ცისკარი №4 (1860)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 შამი ფარვანიანი

▲back to top


შამი ფარვანიანი

(მეფის თეიმურაზისაგან თქმული.)

(განგრძელება)

ფარვანა ეტყვის: სანთელო, მანათობელო ღამისა,
შენითა სიყვარულითა სული ამოსვლად ლამისა,
მეტმან ეშხმან და სურვილმან, მე გული შემიღამისა,
ნუმცა მექნების უშენოდ სიცოცხლე ერთის წამისა,

ამან შემშალა, ვერ ვხედავ ქვეყნათა შენსა დარესა,
ზოგი რამ მზესა მიგიგავს, იგ ზოგი რამე მთვარესა,
შენმან სხივმან და ციმციმმან, ჭირსა დამაბა მწარესა,
თავსა გევლები ნუ მომკლავ, მე შენსა მემუდარესა,

კურთხეულც არის რომელმან ეგრე დაგბადა შენაო,
ბრწყინვალე კამკამებითა შეგამკო დაგაშვენაო,
მეყოფის მუდამ ლახვარი, უწყალოდ გულსა შენაო.
სულისა ამოსასვლელად, შემქნია ბევრი ქშენაო.

სხვას ვერას ვხედავ საწყალი, იგ თუ არ შენსა შუქებსა,
პირი და ენა დაეყო, ყველასა შენსა უქებსა,
სმა-ჭამა დავიწყებია, ნეტარ რა გაასუქებსა,
ფრთასა მე მომწვამ ალითა, ვიცი რომ ჩამსვამ ბუქებსა.

რა შენ ბრწყინვალედ აენთო, მე დასაწვავად მზა ვარდა,
მე შენთვის დაბადებულვარ, სხვა არა ვიცი რა ვარდა,
ჩემის სიცოცხლის მორჩენა, სათუოს იქით ჩავარდა,
შენ ხელქმნილი და მე ხელი, ეს ყოვლს ქვეყანას გავარდა.

ბძანება ღვთისა ეს არის, ამ ნიჭზედ დავიბადეო,
შენი ტყვე ვიყავ საწყალი, შენი მეხვიოს ბადეო,
არც წყალი მასხი საწყალსა არცა წამალი მადეო,
მოინდომე, და მომკვდარვარ, შენ ასე მოიწადეო.

სანთელმან გაჰსცა პასუხი, ძლივსღა აღირსა გვიანად,
მე შენი რაც გავიგონე, არც ერთი მესმა ჭკვიანად,
ღვთისაგან დაბადებული, მე რომ ვნათობდე მზიანად,
რა გრჯის და რისთვის მოკვდები, დავიწვი დანაცცრიანად.

ფარვანას ესმა პასუხი, მის მზისა და დამწველისა,
იგ შორსა გასაშოვარი, არცთუ შეწყობა ზავისა,
თქვა, თუ გავჰსძლებდე უშენოდ, ვისრა შურს ვის რა გავ ისა,
არცა ვარ ცნობის უფალი, არც ხელთ მქონელი თავისა.

გული, ცნობა და გონება, წამართვი ჩემი მზეოდა,
შენ გაქვს საკუთრად ჩემთანა, არც ბეწვი მოიძეოდა,
ჩემი სახლი და სიკვდილი, სულ შენა დაგეზღვეოდა,
როგორიცა ხარ, მე შენი ქება აწ დაგიწყეოდა.

მზისაგან უბრწყინვალეა, ეგ შენი კამკამებანი,
ქვეშეთ თეთრი და ზედ წითლად ალისა მცხინვარებანი,
ვინცა თქვას შენი შუქიდა ანუ შვენების ქებანი,
გულსა და თვალსა ახარებს, შენივე წინა ნოგბანი.

ოქროზე ვინმე აგანთებს, ჩამოსხმული ხარ ტანადო,
დასჩაგრე ბრწყინვალებითა, ვის შვენის შენის თანადო,
ვერცხლისა უთეთრესი ხარ, შენთან არს გასაბანადო,
ის სახლი სახლად არ ვარგა, უშენოდ ბანი ბანადო.

მთვარე რაზომცა ნათობდეს, გავლილი ბნელსა
ღამესა, მისის შუქითა უშენოდ, ვახშამი ვერვინ ჰსჭამოსა,
უშენოდ ლხინი, მეჯლისი, ვერავინ შეიგემესა,
ეგზომმა უებრობამან, გლახ შენმა შეიწვამ ესა.
აწ რა ვქნა ხელმან საწყალმან, სიკვდილი მომეწურაო,
თვალთაგან ცრემლად სისხლი მდის, ერთს წამს არ მომეწურაო,
შენ შეწყალება არა გავს, არ ვიცი რა ვქნა თუ რაო,
ერთ ლუკმად არვის ვეყოფი, მგელი შემჭამს თუ ტურაო.

რისთვის პასუხს არ მიბძანებ, თვალთა საჩენო სულადა,
ვიდრემდის სრულად არ მომკლავ, ნუ ეჭობ დამასულადა,
თავიდგან ჩემო დამცველო, აწ ჩემი აღსასრულადა,
რა გწადს, რას ყოვნი, რასა მრჯი, შენ სულო ამოსულადა.

სანთელმან უთხრა პასუხი, ბრძენი არ ცუდი ყბედობით,
მე ღმერთმან შემქმნა სამადლოდ, შენ საით მომხვდი ბედობით,
ხატთან და ჯვართან წინავარ, სულისა საიმედობით,
შენ რომ შემცდრობით დაიწვა, სისხლი რად ჩემსა ქედობით.

ფარვანას ესმა ატირდა, მეტის მეტითა წყენითა,
ღონე მოეშო საწყალსა, მხარი დაუშვა ფრენითა,
კვლავცა დაუწყო ქება და, ხვეწნა ცრემლისა დენითა,
ჭირსა ჰსჭამს, თავსა ევლება, მას გარეშემო ფრენითა.

ნუ მკლავ უბრალოდ, ნუ გინდა ჩემი ცოდვა და ბრალები,
სხვას შენთვის მკვდარი ვის უნდა, შენ არა შეგებრალები,
შენის სიტურფით, ვერ არის ვერც ბროლი, ვერცა ლალები,
აგავსებ ჩემის ცოდვითა, სიკვდილსა არ ვეკრძალები.

სხვა არვინ ვარგა უშენოდ, მე როგორ ვიყო ხელიდა,
ლხინი, ჭირი და სმა ჭამა უშენოდ ყველა ბნელიდა,
ერთა ჭამა და ქორწილი, მასპინძელ საწვეველიდა,
ტურფა კეკლუცთა ყრილობა, მიჯნურთა სულ დამწველიდა.

ჭამასა გახდი ბრწყინვალედ, სამოთხეს ელვარებითა,
ტურფათა გამომჩენელი, შემმატე ართუ კლებითა,
მას სრასა სახლსა საჯდომსა, აავსებ მათის ქებითა,
გონჯის სიგონჯეს დაჰფარავ შენისა მოხმარებითა,

მტერიც ვერ გასძლებს უშენოდ, ხარ ყოვლთა მოსახმარია,
მოყვარე ვარ და მიჯნური, ნუ ეჭვ რომ გაგეყარია,
ვეღარ მოვიწვდი ასეთი გულსა ლახვარი მკარია,
სიკვდილისაგან აწ ჩემი სიცოცხლე უფრო მწარია.

სანთელმან უთხრა; დამეხსენ, ნეტარ შენ ვინ და მე ვინა,
სამადლოდ შემქმნა, რომელ არს საყდართა მჯდომი ზე ვინა,
ეკკლესიათა მსახურად, სულ ღამე გამათევინა,
მკვდარსა ამიტო უნთივარ, მას ცოდვა არ აზღვევინა,

სულ ჩემი საქმე საღმრთოა, მე ვინ და მიჯნურობანი,
მუდამ მით ვნათობ არა აქვს, მითვე ვარ სამაზრობანი,
ეგ შენგან არ მეკადრების, ეს არის მართლის თხრობანი,
სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, არ გინდა შესუდრობანი,

ფარვანა ეტყვის მტირალი, ის საწყლად მოუბარადო,
სულ ბრწყინავ უამხანაგოდ, მისთვის ხარ საქებარადო,
მინდა თავს რომ გევლებოდე, სრულად თესლად და გვარადო,
ვიდრემდი დავიწვებოდე, გარე ვირბინო ჩქარადო.

ვითა ბულბული ვარდისთვის, გაჭრილი გახელებული,
შენ ჰსჯობხარ ვარდსა სინათლით, მეტი ხარ ართუ კლებული,
ბულბულს მე ვჯობვარ მიჯნურად, გული უწყალოდ ლებული,
შენთა სხივთა და შუქთაგან, დამწვარი დავალებული.

იგი იმღერის, იძახის, ჰყეფს რასმე ხმასა ამოსა,
არც იწვის, არცა მოკვდების, არცარა გაიმწაროსა,
პირსა გიყურებს მნათობსა, და ტანსა ალვა საროსა,
რა ვეგდო მკვდარი დამწვარი, შენც მნახავ უსუდაროსა.

ვინც აქო ვარდი, ბულბული, იმას ფარვანაც უქია,
ბულბულს ჰკლავს ვარდის შვენება, ფარვანას სანთლის შუქია,
ვარდს უმზეობა დააჭკნობს, სანთელს დაავსებს ბუქია,
საბრალოს მათსა მიჯნურსა, ჭირი ჰსჭირს არ სუბუქია.

დრო მოეახლა ლხინისა, სიკვდილი მონაწურია,
აღარცა მინდა სიცოცხლე, რადგან შენც აგრე გსურია,
რად არ გეწყალვი უღთოო, თურმე ხარ ვარა ურია,
ეს აგრემც მიყავ დამმარხე, ცოტა რამ სამსახურია.

სანთელმან უთხრა საწყალო, რად გადასულხარ ჭკვისაგან,
ვით გიძლებს ჭირსა ეგზომსა, გული უმაგრე ქვისაგან,
მე შენ სიბრალულს ჩამომხსენ, შენ მომეცალე წვისაგან,
შადი და თავსა ეწიე, მუდამ ლახვრისა ჭრისაგან.

ღმერთსა გაფიცებ დამეხსენ, აწ სხვაგან შენ იარეო,
ცუდად ნუ გინდა სიკვდილი, შენთვის ნუ ამატირეო,
შენისა სიბრალულითა, მე ლხინი დამიძვირეო,
ცეცხლი გწვავს ცხელი უშრეტი, ლახვრითა გაიგმირეო.

ფარვანას ესმა სიტყვები მისისა დამწველისანი,
თქვა ამას იქით ვერ გავჰძლებ, მედგას რომ გული, ქვისანი,
დრო მომივიდა ბედკრულსა, ამ სოფლით გადასვლისანი,
აწ ამას იქით მოვკვდები ამას არ უნდა მისანი.

მხარი გაშალა, მომართა, სად სანთლის შუქი კრთებოდა,
სულ მისთა ჭირთა წაღებად, სადაღად თავს ევლებოდა.
თქვენც აგრე ჰქმენით მიჯნურნო, ვის ვისთვის გული გსდებოდა,
თავგაწირული საკვდავად, ცეცხლშიგან შეიწვებოდა.

მხარნი მოეწუნეს სრულებით, ქვე ჩამოვარდა დაეცა,
მისთვის საკვდავად ლახვარი, უნდოდა მგონივ დაეცა,
ცოტას ხანს მუცლით იღოღა, უნდოდა სული გაეცა,
გასწირა მისმან ხელმქმნილმან, სხვას ვის უნდოდა გაეცა.

მკვდარიც არ მოსხლტა სანთელსა, იგ ზედა ვერა ეხია,
იწამა მისთვის დაიწვა, მოკვდა ლახვარზედ ესია,
მისად წაღებად საკაცე, არც უნაგირი კეხია,
არვინ დამარხა შესუდრა, არცარა ზედრა ესია.

რა ჩამოვარდა სანთლითა, სასანთლეზედა მდებოდა,
მკვდარი, უსულო, დამწვარი, გაცივდა აღარ მდებებოდა,
მისის ცოდვითა სანთელი, თავის დნობასა ნებობდა,
მიჯნურნი მისთვის მტირალნი, ყველა მუნ შემოკრბებოდა.

მუნით ჰსტირს ცხელის ცრემლითა, სანთელს ღვარი სდის წვეთადო,
მისითა სიბრალულითა, გულსა ჰსჭრის დანა კვეთადო,
ნათელი სინანულისა, ჰსჯობს გულს არ მედგას სვეტადო,
ეს უსარგებლო ლაყაფი, მეყოფის მეტის მეტადო.-
გათავდა ესე ანბავი, იგ კითხვა არაკობანი,
სიტყვისა შესხმა რიტორად, ენის სამკაულ მკობანი,
არც სიხარული სულისა, არცარა ზადიკობანი,
უსაქმოს მოწყენილისა, ცუდი რამ ტიკტიკობანი.
ცუდად წოლითა, გდებითა, ეს მომაგონა რაჭამან,
ორმოს ჩამაგდო სოფელმან, შიგ ჩამიტანა რა ჭამან,
ღარიბმა კაცმან იგ თურა, სხვა საყვედური რაჭამან,
იგ ცრემლთა ჩემთა დენამან ზედ გადახეთქა რაჭამან.
ღმერთო ნუ მიწყენ ამ ცუდსა ლაყაფსა ცუდ მიდებასა,
ვეღარ გაუძელ შვიდ ზაფხულ, მოწყენით ცუდად გდებასა,
შეჭირვებასა ცეცხლსა და, გულ სასმილ დიადებასა,
მოველი ღვთისგან დახსნასა და მისგან იმედებასა.

(დასასრული.)

2 ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანი

▲back to top


მესამე ნაწილი.

20 აგვისტო.

ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანი

ძლივს შემატყობინა ამ უცნაურმა სულმა საიდუმლო მიზეზი თავისის გულის შფოთვისა და მღელვარებისა. მაგრამ ნეტავი არ შეეტყობინებინა.

რაც ანბები მე აქ აღვწერე, იმის შემდეგ მადმუაზელ მარგერიტას თითქო ჰრცხვენოდა, ყმაწვილური გამხიარულება რათ დამემართაო და უფრო უარესად დაღონებულის სიამაყით შეიმოსა სახე, უნდობლობითა და მკიცხველობით, და სხვანი რომ სასახლეში ყველანი გამხიარულებულნი იქნებოდნენ, ხშირს წვეულებას რომ ტანცაობა განაცხოველებდა ხოლმე, ის აჩრდილის მსგავსად დავიდოდა, გაჩუმებული, დაუდევნელი, ცივი და ხან და ხან განრისხებულიცა. იმისი კიცხვა რაღაც განუცდელის სიმწარით ეტაკებოდა ხოლმე ხან ისეთს სასიამოვნოსა და უმანკოს რასმე საუბარსა, რომელსაც მეცნიერება და გამოცდილება აწარმოებს; ხან ისეთს პატიოსანსა და კეთილშობილურს გრძნობასა, რომელიც მარად თავისუფალი არის ყოვლის წუნისაგან. იმასთან რომ ლაპარაკი ჰქონიყო ვისმე ვაჟკაცობაზედ, ან სათნოებითსა რასმე მოქმედებაზედ, ის მაშინვე სიტყვას გადუბრუნებდა, აქ უთუოთ თავის მოყვარებისაგან ანგარიშის მიზეზი არის რამეო. ხელოვნებაზედ რომ ქება გაეგონა ვისიმე, მხატვრობისა, მოქანდაკეობისა, მუზიკის ცოდნისა, თუ მომღერლობისა, ქება რომ ცივათ არ გაეტრიზავებინა არ შეიძლებოდა. იმისი მოწყვეტილი და მომწყლველი სიცილი, დაცემულის ანგელოზისაგან[1] მწარესა და მზაკვარს სიცილს რომ მიემსგავსებოდა იმისს მშვენიერს ბაგეებზედ, იქ უფრო იმატებდა და გაძლიერდებოდა, სადაც ცოტას რასმე კაცის სულგრძელებას შეიტყობდა, ამაღლებულს გრძნობას, ანუ გულითადს რასმე ვნებასა. - ეს განსხვავებული სული დამცირებისა და დამდაბლებისა სხვის უმეტესად უფრო ჩემზედ იყო გადაქცეული შეუსვენებელ მდევნელად და მტრობით ზედა დამცემად. მე არ მესმოდა და არც ახლა მესმის კარგათ, რა მიზეზი მივეც ისეთი, რომ განსაკუთრებით მე ვჰყავდი ამოჩემებული; მართალია გულში დანერგილი მაქვს სარწმუნოება და აღვიარებ ყოველსავე რაც გონიერებით არის მისაგნებელი და რასაც თვისება უკვდავებისა აქვს, და ამ სარწმუნოებას ჩემის გულიდამ სიკვდილს გარდა ვერა აღმოფხვრის რა (ან რაღა უნდა დამრჩეს, ღმერთო დიდებულო, ესეც რომ არ გამაჩნდეს); მაგრამ მაინც რასაც ხალხი შეჰხარის, შორსა ვარ მე იმისაგან, და თუ მე შევჰხარი რასმე, თუ შევსტრფი, ვის რას ვაწყენინებ მაგითი. სხვა და სხვა რომანულს[2] ფიქრებს მომაწერდნენ ხოლმე, რომ თვითანვე დაერღვიათ და დაემსხვრიათ, - თითქო საკრავს რასმე მომაჩეჩებდნენ ხელში, რომ მე მჭერიყო და სიმები კი თვითან დაეწყვიტათ; ისეთს რასმე შემომჩემებდნენ განსაკიცხავსა, რომ ფიქრათაც არსად მქონიყოს.

ეს წინააღმდეგობა ყოვლის სიკეთისა, რასაც რამ კაცი ქვეყნიერებასა და ნივთიერებას გარეშე ჰპოვებს სადმე, თუმცა მადმუაზელ მარგერიტასაგან ახალი ანბავი აღარ იყო; მაგრამ ახლა ისე წარუმატა და ისე გადააჭარბა, რომ ვინცავინ ერთგული იყო იმისი, ყველას საწყენათა ჰქონდა, ყველანი ჰსწუხდნენ. მადმუაზელ პორჰოესაც მოჰსწყინდა ეს ანბავი და ჩემთან უთხრა ერთხელ:

- ჩემო კარგო! რამდენიმე ხანია, რაღაც ეშმაკი ჰბუდობს თქვენში და ურიგოს არ იქმოდით რომ აღარ დააგვიანებდეთ, შეალოცვინებდეთ ვისმე და განიდევნიდეთ: თუ არა და თქვენც მადამ ობრისა და მადამსენ-კასტის გაუამხანაგდებით, ეს კარგათ იცოდეთ. ჩემ თავად, მართალია, მე ვერ ვიტყვი, რომანული მქონდეს რამე, ან მქონიყოს როდისმე; მაგრამ სასიამოვნოთ კი მიმაჩნია, რომ მეგულება კიდევ ქვეყანაზედ რამდენიმე სული საამოს აღმაღლებული, მრწამს, რომ ზოგიერთი არც უსასყიდლო მოღვაწებას ერიდება; ვიცი და მჯერა, რომ სულგრძელებაც არის კიდევ ქვეყანაზედ და გმირული პატიოსნებაცა; მე მინახავან გმირნისულითა, ჩემო მშვენიერო! - მიამება ხოლმე, ფრინვლის ჭიკჭიკი რომ მომესმის; სასიამოვნოთ მიმაჩნია, რომ ჰაერში ჩემს სობოროს ვაშენებ. იქნება ეს ყოველივე ძალიან სასაცილოც იყოს, ჩემო დახატულო; გავბედავ და მოგაგონებთ, რომ ამ გვარი გრძნობა, ან ამ გვარი ოცნება, რაცა გნებავთ ის დაარქვით, - საუნჯე რამ არის ღარიბთათვის; - ამაზედ უმეტესი უფალს ოდიოს, ან მე, სხვა არა გაგვაჩნიარა, და იქნება ამაში კი ბრალი გვქონდეს, რომ არა ვსჩივით და არავის ვაწუხებთ. -

ერთხელ კიდევ, ჩემის ჩვეულებით რომ გაჩუმებული ვითმენდი მარგერიტასაგან გესლიანს დაცინებასა, იმისმა დედამ გამიხმო ცალკე და მითხრა:

- უფალო მაქსიმე! გევედრებით მიუტევოთ. თქვენც უნდა ატყობდეთ, რომ რამდენიმე ხანია გამოცვლილი არის.
- მადმუაზელს თქვენს ქალს, უეჭველია, უწიდელზედ უმძიმესი ფიქრი აწუხებს რამე.
- ღმერთო! დიაღ უმიზეზოდ არ არის: ახლა იმ დროში არის, რომ დიაღ მძიმე სარჩევი უნდა არჩიოს და თქვენც მოგეხსენებათ ამ დროს ყმაწვილს ქალს თავისი გონიერება ძვირათ შერჩება, რომ ცოტაც არის ატაცება არ დასჩემდეს.
მე თავი მოვიდრიკე და აღარა ვსთქვირა.
- თქვენ ახლა სარწმუნო მეგობარი ხართ ჩვენის ოჯახისა და უნდა ვალად დაგდვათ, რომ თქვენი აზრი შემატყობინოთ. უფ-ს ბევალლანს როგორ იცნობთ?
- უფ-ს ბევალლანს, მადამ, მგონია ძალიან კარგი შეძლება ჰქონდეს, - თუმცა თქვენზედ კი ნაკლები, მაგრამ მაინც კარგი, - ოთხიოდ ათასი თუმანი ექნება წელიწადში, როგორცა მგონია.
- დიაღ ექნება; მაგრამ თვითან იმას როგორ იცნობთ, რა ხასიათის კაცად მიგაჩნიათ?
- მადამ, რომ იტყვიან საუცხოო კაციაო, მგონია სწორეთ ისეთი იყოს უფ-ი ბევალლანი. გონიერება და ზდილობა არას დროს არ დაეწუნება.
- მაშ გგონიათ, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იქნება იმისს ხელში?
- მე არა მგონია რომ უბედური იქნეს: უფ-ი ბევალლანი ბოროტი კაცი არ არის.
- რა უნდა ვარჩიო, ღმერთო ძლიერო! მე სულ არ მომწონს... მაგრამ მარგერიტას სხვა უფრო არავინ მოსწონს... ამასთან შემოსავალიც ოთხი ათასი თუმანი...თქვენც იცით ჩემს ქალს მთხოვნელი არ დაჰკლებია... ეს ორი თუ სამი წელიწადია მოსვენება არა გვაქვს იმათგანა. უნდა ერთხელაც არის გადაწყდეს როგორმე... მე ავათმყოფი დედაკაცი ვარ; დღესა ვარ, ხვალ აღარა... ჩემი შვილი უპატრონოთ როგორ დარჩეს... რადგან ეს ისეთი კაცია, რომ არასფრით არ დაიწუნება, ქვეყანაში ხომ მე გამოველ დამნაშავე, თუ ხელი არ შეუწყე. ჯერ ახლაც მე მაბრალებენ, რომ მე ვასწავლიდე ვითამ რომანულს ფიქრებსა... მართალი თუ გინდათ, ეს არის, მე სრულებით არა მისწავლებიარა და არცარას ვასწავლი. რაც რამ თავში გააჩნია, თვითან იმისია, სხვისი არავისი. ახლა რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
- ნებას მიბოძებთ ვიკითხო, მადმუაზელ პორჰოე რას ანბობს? გონიერებითაც და გამოცდილებითაც აღვსილი არის და თქვენივე დიდი ერთგული?
- მადმუაზელ პორპოეს თუ ჰკითხეთ, უფ-ის ბევალლანისათვის კარი აქამდინაც უნდა ამოგვექოლა!... მადმუაზელპორჰოე თავისას ანბობს მართალია... მაგრამ ის ხომ ვერ შეირთავს ჩემს ქალსა,ბევალლანიც რომ თავიდამ მოვიშოროთ!
- უეჭველია მადამ თუ იმისს შეძლებაზედ ვილაპარაკეთ, უკეთესი ძვირათღა იქნება,- ამას ვერ დავიფიცავთ; და თუკი თქვენ იმისი ოთხი ათასი თუმანი ისე მიგაჩნიათ, რომ...
- იმისი ოთხი ათასი თუმანი სწორეთ ისე მიმაჩნია, როგორც ოთხი მანყული,- ჩემო საყვარელო უფალომაქსიმე! მაგრამ ჩემს ნებაზედ არ არის საქმე, ჩემის ქალის ნებაზედ არის... ესეცკი, რომ მეგუთნეს ხომ ვერავის მივსცემ? მე რომ მეგუთნესა ვჰყოლოდი, იქნება საკმაოდ ბედნიერი ვჰყოფილვიყავ; მაგრამ რაც ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა, ჩემის ქალისათვის იქნება არ იყოს და იმისს გათხოვებაზედ ჩემს ფიქრსკი არ უნდა დავეკითხო, რაც შესაფერია და ქვეყანაში ჩვეულებათ მიღებული, იმას უნდა დავადგე.
- მაშ, მადამ, თუ ეს აზრი თქვენც გიჯდებათ ჭკუაში, და მადმუაზელს თქვენს ქალსაც, რაღა?...
- სულაც არა, მე სულაც არ მიჯდება ჭკუაში, არცარაფრად ჩემს ქალსა... ღმერთო ჩემო! აქ ანგარიშია, სხვა არაფერი.
- მაშ უნდა ვიფიქრო, რომ გადაწყვეტილი გქონიათ ეს საქმე?
- გადაწყვეტილი რომ მქონიყო, აღარც რჩევასა გკითხავდით. გადაწყვეტილი რომ ყოფილიყო, ჩემი ქალიც გულ-დამშვიდებული იქნებოდა. ეს არის, გულს უშფოთებს; ამას გარდა...
ამ სიტყვაზედ მადამ ლაროკმა უფრო შიგნით შეიწია თავისს ტალავარს ქვეშა და მკითხა:
- იცით თუ არა იმისს უბედურს თავში რა ფიქრი ჰსტრიალებს ახლა?
- სრულიად არა, მადამ!

თავისი მგზნებარე თვალი შემომაჩერა ცოტას ხანს. მერე ერთი მძიმედ ამოიოხრა და მითხრა ნარნარად, დაღონებულის ხმით:
- რა გაეწყობა: ნახვამდის უფალო!... მე აღარ გაყოვნებთ.

ეს პატივი რომა მცეს და გამანდეს, მაგდენად არ გამკვირვებია. რამდენიმე ხანია ცხადი იყო, რომ მადმუაზელ მარგარიტა უფ-სბევალლანს ჰსწირავდა მსხვერპლად, რაც კი კაცისათვის ყურადღების მოხერხება შეეძლო რამე. მაგრამ ამ ყურადღებაში ისე ტკბილი გრძნობა არა ყოფილარა, როგორც ცარიელი მეგობრული ნიშანი იყო; სხვაზედ ისევ იმას უფრო უგდებდა ყურსა. უნდა ვჰსთქვა, რომ არც ამისი განმარტებაა ძნელი: უფ-იბევალლანი, მართალია, მე არას დროს არა მყვარებია და არც აქ გამომიხატავს ისე, რომ ცოტათ არ დამემახინჯებინოს, მაგრამ ისეთი კაცია, რომ მრავალი თვისება აქვს ქალისაგან მოსაწონი. არა აკლიარა, ერთს სიმშვიდეს გარდა; ეს ნაკლულოვანება უფრო უმჯობესი: ქალებს კაცის სიმშვიდე სულაც არ მოსწონთ. ისე დარწმუნებულია ბევალლანი თავისს გონიერებაზედ, ხუმრობის ცოდნაზედ და დაუმარცხებლობაზედ, რომ იმისი ჩამოყენება არავის შეუძლია; თვითანკი სხვას ადვილად ჩამოაყენებს და ადვილად იშოპვის ხოლმე საზოგადოებაში რაღასაც უფლებასა და უპირატესობასა. იმისი მოსული ტანადობა, გამომჩენი შესახედავობა, სიმარდე, განთქმული ცხენოსნობა და მონადირება, ყოველივე ისეთს რაღასაც სამამაცო თვისებას აძლევს, რომ ნარნარი სქესი დიაღ ადვილად ჰმორჩილებდა. თვალებშიაც ისეთი რამ გამბედავობა, სითამამე და გამარჯვება უმეტყველებს, რომ ქალებს სულს უშფოთებს და გულში ხვაშიადს მსურველებას უტრიალებს. სიმართლისათვის ესეცკი უნდა ვჰსთქვათ, რომ ამ ნაირს თვისებას ფასი არსადა ჰსძევს ისე, როგორც მდაბალს ხალხში; და მადმუაზელ მარგარიტას გული მე რომ მინდოდა იმისს მშვენიერებაზედ უმეტესად ამემაღლებინა და უფრო გამემშვენიერებინა, - თითქო უფრო და უფრო დაბლა იწევდა და მეგონა ახლა, რომ ვეღარ გაუძლებდა და დაჰმორჩილებოდა იმისს ძლიერებასაც და იმისს შესაფერს მეუღლეობასაც.

ახლა მე ჩემი თავი უნდა გამომეტანა აქედამ შესაძლებლის ღირსებითა და ისე ადვილათაც კი გამომქონდა, რომ ამ ერთის თვის წინათ სულაც ვერ ვიფიქრებდი; - ყოველი ჩემი ღონისძიება ვიხმარე, რომ ჩამეჩუმებინა და ჩამექრო ჩემს გულში განსაცდელი და ცეცხლი პირველის სიყვარულისა, რომ არც გონიერებისათვის იყო მოსაწონი, არც პატიოსნებისათვის და ვინცავინ ამ ჩემის გულის ბრძოლაში დაუკითხავათ შემიყვანა, თვითან იმანვე დაუკითხავათვე, ჩემს გამარჯვებაში ხელი შემიწყო. თავისი მშვენიერება მართალია ვერ დაჰფარა ჩემგან მადმუაზელ მარგერიტამ,- მაგრამ, გული რომ გააღო ჩემთან, ჩემი გული სულ დაიკეცა მაშინ. ეს ჩემი გულის დახშვა მილიონერის პატრონის ქალისათვის მაგდენი უბედურება არა არის რა და ჩემთვისკი სწორეთ ბედნიერებაა.

ამასობაში ზოგი მადამ ლაროკის საქმეებისაგამო, ზოგი ჩემი საკუთარი საჭიროებისათვის პარიჟი მოვიარე და ეს ორი დღეა, რაც აქავე მოველ. როგორც რომ სასახლეში ფეხი შევდგი, მითხრეს მაშინვე, უფ-ილაროკი გიბარებთო და დღეს დილიდამ მოკიდებული რამდენჯერ მოუკითხავხართ ვინ იცისო. რასაკვირველია დავაშურე იმასთან მისვლა. როგორც რომ შემომხედა, მაშინვე მკრთალმა ღიმილმა გადურბინა დამჭნარს ლოყებზედ, თვალი შემომაჩერა, თითქო მცბიერს რასმე სიხარულს აცხადებსო, ან უცნაურს გამარჯვებასაო და მერე მითხრა თავისის ხრინწიანის ხმით:

- უფალო! უფალი სენ-კასტი მომკვდარა.

ეს ანბავი, ამ საკვირველს ბერიკაცს რომ უნდოდა თვითან გაემჟღავნებინა ჩემთვისა, სწორე ანბავი იყო. იმ წინაღამე წვეთი დასცემიყო უბედურსა და ნახევარ საათს უკან წარეტაცნა ამ ქვეყნიდამ, სადაც იმდენი სადელიკატო მზრუნველობა პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა გამოცდილი თავისი სასურველის მეუღლისაგან. რას წამს მადამსენ-კასტის დაქვრივება შეიტყეს, მადამობრიმ მაშინვე თურმე მიაშურა თავისს მეგობარს და დილიდამ მოკიდებული დაღამებამდინ სულ ამაზედ თურმე იწუწუნეს, უეცრად მოხდაო, ვეღარ მოვასწარითრაო, მაინც ვეღარას უშველითო, ღვთის განგებას კაცი ვერსად წაუვაო და სხვა! და სხვა! მოსწყინდათ წუწუნიცა და უთხრა ქვრივს მადამ ორბიმ:

- წავიდეთ ახლა; საჭმელი ინებეთ რამე, მადამ! უნდა თავს გაუფრთხილდეთო, ღვთის განგებაა; რა გაეწყობა; ღმერთს ნუ აწყენინებთ მაგდენის მწუხარებითა.-

ქვრივმა ერთი ბოთლი ძველი ღვინო შემოატანინა, განსვენებულს რომ უყვარდა და ჰსთხოვა მადამობრის გემო იხილეთო. მადამობრიმ, მარტო მე არას დროს არ გიახლებიო, და რაღა გაეწყობოდა, ესეც ღვთის განგება იყო, რომ დღევანდელს დაქვრივებულს ერთი სტაქანი ძველი ღვინო მიერთმია; თორემ არც სტუმარი ინებებდა. გამოსწრუტეს წუწუნით ის ბოთლი, ოღონდ გენერლის სადღეგრძელო კი აღარ მიურთმევიათ.

გუშინ დილას მადამ ლაროკი და იმისი ქალი, შავათ მოსილნი, ჩასხდნენ კარეტაში; მეც იმათთან ჩავჯექ. დილით ათს საათზედ შევედით პატარა ქალაქში. მანამდისინ მე მცხედრის გაცილებაში ვიყავი, უნუგეშო ქვრივს ქალებმა მადამობრი მიუჩინეს, მიიხმარეთ ვინმე და უპატრონეთ უნუგეშოსო.

რა მიწა მიწას მივაბარეთ, მე დავბრუნდი და საგლოვს სახლში შემიყვანეს, იმისი მორთულობა რომ ოთხას თუმნად დაჰსჯდომოდათ. ორმოც თუმნიანს დივანზედ შეწუხებული და უნუგეშო მადამსენ-კასტი იჯდა ძვირფასს შავებში გახვეული, გვერთ უჯდა მადამობრი, თითქო საშინლად დაღალული და თითქო ერთის კვირის უძილობით დაუღონოებულიო. ექვსიოდ შვიდი ნათესავი და მეგობარი გარს ეხვისნენ. მანამდისინ სხვანი მეორე მხარეზედ დასხდომას მოვახერხებდით, ფეხის შრიალი, და სკამების ბრაგი-ბრუგი იყო გახშირებული. მერე გაჩუმდა ყოველივე, მდუმარებამ დაიბინავა და მხოლოდ ოხვრაკი გვესმოდა, რომელსაც მადამობრი მაშინვე ხმას მისცემდა ხოლმე, როგორც უდაბური კლდე ან ცალიერი ჭურჭელი გაგონილს ხმას განამეორებს ხოლმე.
ბოლოს ერთი ყმაწვილი კაცი შემოვიდა; გზაზედ შეჰგვიანებოდა მანამდისინ სიგარას გაათვებდა, სასაფლავოზედვე რომ მოჰყოლიყო წევას. ჩვენთან რომ შემოვიდა, მსუბუქი ნიავის ხმითა ჰკითხა მგლოვიარემ:
- არტურ, თქვენა ხართ?
- დიაღ, მამიდავ! მე გახლავარ, მამიდავ, - დიდის ფეხის სიწყნარით მიუახლოვდა და ისე მოახსენა.
- რა ჰქენით? ჰკითხა ქვრივმა იმავე უკიდურესად შეწუხებულის ხმთა: სულ გაათავეთ?
- დიაღ, მამიდავ, სულ გავათავეთ.
გაჩუმდნენ პატარახანს. მერე მოჰყვა ისევ შეწუხებული:
- კარგათ გაათავეთ?
- ძალიან კარგათ, მამიდავ, ძალიან კარგათ.
- ხალხი ბევრი იყო.
- მთელი ქალაქი, მამიდავ, მთელი ქალაქი.
- ჯარიც იყო?
- დიაღ, მამიდავ, მთელი გარნიზონი და მუზიკაცა, მამიდავ! ამოიოხრა მძიმედ ქვრივმა და ჰკითხა კიდევ:
- ცეცხლის გამქრობნიც იყვნენ?
- დიაღ, რასაკვირველია, მამიდავ, ცეცხლის გამქრობნიც იყვნენ.
მომეტებული შესაწუხებელი აქ რა იყო არ ვიცი, მაგრამ, ცეცხლის გამქრობნიც იყვნენო რომ შეიტყო, ქვრივს გული შეუწუხდა, ქალები იმას მისცვივდნენ და ჩვენც ამ შემთხვევაში გარეთ გამოვედით. სწორე უნდა ვჰსთქვა, უკან აღარ მიმიხედავს. აღარ შემეძლო მოთმენა ამდენის მცბიერებით წუხილისა და ღვთის საწყენის მაცთურობისა: სიცოცხლე დაუმწარეს საბრალოს კეთილს კაცსა, სული თვითან ამოართვეს და ახლა ჩვენ გვაჩვენებდეს, ასე საშინლათ ვსწუხვართო.
რამდენსამე ხანს უკან მადამ ლაროკმა მითხრა, აქ ერთი გომის ნახვა მინდა და თან წამომყევითო, თხუთმეტიოდე ვერსტი იქნებაო. სადილი იქ ეგულებოდა: მადმუაზელმარგერიტას ძიძა იყო იქ ავათმყოფი და იმისი ნახვა უნდოდათ. შუადღიდამ მეორე საათი იქნებოდა რომ წავედით. ახირებული სიცხე იყო იმ დღეს. კარეტისა ორივე კარი გაღებული გვქონდა, მაგრამ ბუღისაგან თვითქმის სული გვიგუბდებოდა. სადაც ასეთი სიცხე იცის, მეტად ძნელია იქ არდადეგებში სიარული.
ჩვენმა მუსიაფობამ ვერ გაატანა სიცხისაგან მაშვრალს გონიერებას და გაჩუმებულნი მივდიოდით: მადამ ლაროკი მგზნებარეს ქვეყანაში იყოდაბადებული და ძლივს ჩემი ბეწვეული შემოვიცალეო, სამოთხეში ახლა ვნეტარებო, ჰფიქრობდა, მადმუაზელმარგერიტა ისპანიელი ქალივით მარაოს იტრიალებდა. ამ ულევს მინდორში და ხმა მიწყვეტილს პაპანაქებაში დაქანცულის ცხენებით რომ მივტოტიალებდით, ვიღაცამ მოგვაძახა: „მოიცადეთ, ღმერთი გაგიმარჯვებთო.„ გავიხედეთ: ერთი ფეხშიშველი ვიღაც გოგო მორბოდა ჩვენსკენ ხელში თითისტრიანი: სირბილში რამდენიმე ცხვარი წააქცია, რომელსაც უდგა, და რომ მოგვეწია, მძიმედ თავი დაგვიკრა, და გვითხრა: უკაცრავათ გახლავართ, მაგრამ ერთი ეს წიგნი წამიკითხეთ თქვენი ჭირიმეო! უბიდამ ერთი ძველებურად დაკეცილი წიგნი ამოიღო და მოგვაწოდა.
- წაუკითხეთო, მითხრა სიცილით მადამ ლაროკმა; ხმა მაღლად წაუკითხეთ, თუ შეიძლებაო.

დავჰხედე, სამიჯნურო წიგნი იყო; ზედ ეწერა: მადმუაზელ ქრისტინე ოიდეკს. სოფელს ნ...ს; გომს... ხელი, ეტყობოდა, წერას დაჩვეული არ იყო, მაგრამ გულით კი იყო დაწერილი. რიცხვითა ჰსჩნდა, რომ ორისა თუ სამისა კვირის მიღებული უნდა ჰქონიყო ეს წიგნი მადმუაზელ ქრისტინეს: და თავისს მცნობს რომ იმისი წაკითხვა ვერავის ანდო, ამდენ ხანს თურმე მგზავრს ელოდა ვისმე, რომ წიგნი ჰსცოდნოდა და იმისთვისაც მართალი ეთქვა.

იმისი ჭრელი და მსხვილი თვალი მე მომადგა მაშინ და დიდის მოუთმენლობით შემომყურებდა, მანამდისინ ამოვიკითხავდი; ბოლოს წაუკითხე:

მადმუაზელ! იმ დღეს აქეთ, საღამოზედ რომ „მოგელაპარაკეთ, ამ ნიშნით, რომ ლოცვაც გამოსული იყო, უნდა მოგახსენოთ, ჩემი სურვილი მე არ გამომიცვლია და თქვენთვინა ვსწუხვარ რომ არ ვიცი. ჩემი გული ერთობლივ თქვენია, მადმუაზელ, და მე მინდა თქვენი გული. ერთობლივ ჩემი იყოს; თუ ასრეა რაღა, ასე უნდა ბძანოთ, ჩემისთანა ბედნიერი კაცი აღარც დედამიწაზედ იქნება, აღარც თუ ცაში, - ხელს არ ვაწერ, და ხომ იცით ვინცა ვარ.

- ხომ იცით ვინ არის მეთქი, ვჰკითხე ქრისტინეს წიგნს რომ ვაძლევდი.
- შეიძლებაო, კუდიანობით გვითხრა ამ ლამაზმა, მაგრამ მზისგან შემწვარმა გოგომ; თავისი მშვენიერი სპეტაკი კბილები გვიჩვენა ღიმილითა. გმადლობთო, გვითხრა და გასწია ისევ სირბილით მინდორში, მხიარულმა და ხმამაღლად მომღერალმა.

მადამ ლაროკს ამისთანა ყოფა ცხოვრება რომ ყოველთვის სანატრელათა ჰქონდა, გამხიარულებული თვალი ადევნა მადმუაზელ ოიდეკს და რომ აღარა ჩნდა, მაშინ მოაგონდა: ვაი, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთი ოქრო მეჩუქებინა იმ საწყალი ქალისათვისაო.
- ალენ! აბა ერთი მიაძახეთ, იქნება გაიგონოს და მოვიდეს!
- რისთვის დედაო! ჰკითხა მადმუაზელმარგერიტამ, რომელსაც აქამდისინ თითქო სულ ყური არა უგდიარა ამ საქმისათვის. - ფული გინდათ აჩუქოთ? ოჰ! დედაჩემო! ღვთის გულისათვის ნუ იქთ მაგას; ნუ გაუჩირქიანებთ ბედნიერებას ფულითა!

ამ საკვირველის წმინდა გრძნობის გამოთქმა მადმუაზელ მარგერიტასაგან, სწორე უნდა ჰსთქვა, დიდად გამიკვირდა, თვითქმის მეგონა, თავისებურათა ხუმრობს და დასცინის მეთქი.

მადამ ლაროკი ისევ ჩაფიქრდა; მადმუაზელ მარგერიტამ ისევ დაიწყო მარაოს ტრიალი; კარეტა ისევ გაუდგა თავისს გზას. ერთს საათა უკან მივედით ძიძასთან. უკეთ დაგვხვდა და შეუდგა მაშინვე დიდის ფაციფუცით სადილის მზადებას. სტოლი გარეთ დაგვიდგეს წაბლქვეშ. მადამლაროკისათვისკარეტის ბალიში გამოვიტანეთ და თუმცა თავისებურად განცხრომით აქ ვერ დაჯდებოდა, მაგარმ მაინც დიდს სიამოვნებაში იყო.- ჩვენი აქ ყოფნა მკაში ყოფნას მომაგონებსო და უკეთესი დროს გატარება როგორღა შეიძლებაო. ჩემთვისკი სხვას შემთხვევაში იქნება სასიამოვნო ყოფილიყო ასე შინაურულათ ყოფნა ამათთანა და ასე დაახლოვება; მაგრამ, ბოლოს სინანულში არ შევიდე მეთქი, დიდად ვერიდებოდი იმ გამხიარულებას და იმ სითამამეს, ამ გვარს სადილს რომ შეეფერება და მწარე იყო ჩემთვის ყოველი ლუკმა ამ სადილისა.

სადილი რომ გავათავეთ,-აი იმ სერზედ ჯერ არსადა ყოფილხართო, მკითხა მადამლაროკმა და სერი დამანახვა, ამ მინდორს რომ დაჰყურებდა.
- არა გხლებივართ, მადამ.
- ოჰ! როგორ იქნება! უნდა ნახოთ რა მშვენიერებაა! თვალთათვის უკეთესს ვერას წარმოიდგენთ. მანამდისინ ცხენებს შეგვიბამდნენ,მარგერიტა აგიძღვებათ, თუ გინდათ; განა? მარგერიტა?
- მე, დედა... რახანია მე იქ აღარა ვყოფილვარ... მაგრამ კარგი... წავიდეთ, უფალო, იცოდეთკი, რომ ძნელი აღმართია.

შევჰყევით პატარა ბილიკს, შეღმართში რომ მიიზლაზნებოდა; ყმაწვილი ქალი ხან და ხან შესდგებოდა ხოლმე და მომხედავდა, თან მივდევდი თუ არა და სიარულით აღელვებული, ხან შემომცინებდა ხოლმე. ხმა არ გამოუცია ისე ავედით. ავედით მაღლა პატარა მოვაკებულს ქედზედ და სოფლის ეკკლესია დავინახეთ იქ ერთი, იმისი პატარა ზარი თითქო ჰაერში იყო გამოხატულიო ისე მოჩანდა სინათლით გარემოცული. საყდარს იქით სასაფლაო იყო გალავან შემოვლებული. შეაღომარგერიტამ კარი, სასაფლაო გაიარა და ერთს პატარა ადგილს მიატანა, რომელიც იქითა მხარეს გადაჰყურებდა. რაღაც ხმა ჩარდახივით გადაკიდებული იყო ეს პატარა ადგილი და შუაზედ ერთო ქვის ჯვარი ესვენა. რომ მივიდა იქა, თვალები მზისაგან ხელით მოიჩრდილა და დაუწყო ყურება რაღაცას მოშორებულს. მაშინ მეც მიველ. ეს მშვენიერი ზაფხულის დღე მზის დასვლად იყო მიწევნილი და გადახრილი სინათლით დასცემდა ერთს ისეთს რასმე ვჰრცელსა, განიერს, უდაბურს და საკვირველს გადასახედავს ადგილსა, რომ ჩემს სიცოცხლეში ამგვარი არა მინახავსრა. ჩვენსწინ, ძალიან დაბლა, სადაც ვიდექით იმ მთის ძირობაზედ, თვალ უწდომელი ჭაობიანი ველი დაეფინებოდა, აქა-იქ თითქო მბრწყინავის მინის მანტვრევებით მოფენილიო. წარღვნის წყალი ახლა თუ გასცლია ამ ადგილსაო, იტყოდა კაცი. მომწვანო და შავათ დამცემი ჭალაკები, უპატრონო და უცხოველო, წყალთა შუა ჰბიბინებდნენ და პატარ-პატარა ტბები მზის შუქზედ აქა-იქ გამობრწყინდებოდნენ, და სადაც ამ ერთს წამსა ბრწყინავდნენ, იქ ჰქრებოდნენ, ჩრდილით მოფენილნი. სინათლე და სიბნელე, ელვარება და სიწყვდიადე, თითქო დაუძინებელის მტრობით აღშფოთებულნი ერთმანეთს ებრძოდნენ და თითქო სიბნელე სძლევდა ელვარებისაო, დასავლეთისაკენ მიაშურებდა და აღმოსავლეთის მხარეს უშვებდა დამშვიდებულის, გაჩუმებულსა და ჩრდილში გახვეულს. კაცი იტყოდა, რაც ამ ბრძოლაში ძვირფასი ნივთი იბნევაო, ვეცხლი, ოქრო, იაგუნდი, ალმასი, სად არის ანგარიშიო. მნათობი დავიდა თუ არა, გარეშემო მთებს რომ ნისლი ეხვია, თითქო ცეცხლი მოეკიდაო, ისე აენთო ეს ნისლი და სწორეთ ისე ლაპლაპებდა, სწორეთ ისე ათამაშებდა თავისს ზვირთებსა, როგორც ნამდვილის ცეცხლის მგზნებარებაო; მაშინ დასცხრა დაბლობის ბრძოლაცა და გადეფინა ყოველსავე შეურყეველი ღართი მდუმარებისა და სიბნელისა.- მე სულ ამ საკვირველის სანახავის სინჯვას მოუნდი, ღვთის განუზომელს ძლიერებას შევჰსტრფოდი და ღრმად დაფიქრებულს რომ ქვეყნიერებისა აღარა მახსოვდარა, ვიღამცა ჩუმათ წამოსთქვა ჩემთანა: „ოჰ! ღმერთო! რა მშვენიერება არის!“-

ძალიან შორს ვიყავ, რომ ეს გრძნობა ჩემის ყმაწვილის ამხანაგისაგან მეფიქრებინა. იმავ წამს შევხედე გაკვირვებულმა და ჩემს გაოცებას თუ არ მოემატა არა მოაკლდარა, როდესაც დავინახე, რომ სახე აღელვებული ჰქონდა და პირი უთრთოდა, ყოვლად უეჭველი იყო, რომ გულითა ჰსთქვა, რაცა ჰსთქვა.

- აღიარებთ, რომ მშვენიერებაა? ვჰკითხე მე. ამ კითხვაზედ იმან თავი დაიხარა და ორი მსხვილი ცრემლი გადმოუვარდა თვალებიდამ; ლოყებზედ რომ ჩამოსდიოდნენ, იგრძნო და იწყინა; მერე მივარდა ქვის ჯვარსა, ხელები შემოავლო, შემოეხვია და პატარახანს უკან იმისი ქვითქვითით ტირილი მომესმა.

ამ წმინდა გრძნობის გამოთქმას კაცმა არ უნდა დაუშალოს მეთქი, ვჰსთქვი ჩემს გუნებაში და გავშორდი. მერე რომ წამოდგა და თმებს ხელით ისწორებდა, მიველ:

- ოჰ! რა მრცხვენიანო? მითხრა პირმორიდებით.
- გრცხვენიათ კი არა, ბედნიერად მიგაჩნდეთ თავი და ნურას დროს ნუ ინდომებთ მაგ ცრემლების გაშრობასა; საღმრთო და სასიქადულო არიან ეგ ცრემლები. მეორეთ მაინც ვეღარსად შეესწრებით.
- რაც მოხდა, მოხდაო, რაღაც გულის წყრომითა ჰსთქვა ყმაწვილმა ქალმა;- ამას რაღა ეშველება... რაც რამ მშვენივრება არის ქვეყანაზედ; რაც რამ სატრფო არის, მინდა მეზიზღებოდეს და კიდეც მეზიზღება!
- რატომ, ღმერთო დიდებულო!

შემომხედა და მითხრა გამოუთქმელის მწუხარებით:
- იმიტომ, რომ მე ვარ მშვენიერი და ჩემი სიყვარული შეუძლებელი არის.

მერე, თითქო შეგუბეგული წყალი უეცრად მოვარდაო, მოჰყვა გაცხარებულს ლაპარაკსა:
- ასეა სწორეთ.
- ღმერთა ამ ჩემს გულში ყოველი საუნჯე დაუნერგავს, მე რომ ვჰკიცხავ და ვჰგმობ ნიადაგ საათსა. როდესაც სიმდიდრით გამავსო, რაც ერთის ხელით მომანიჭა, ის მეორე ხელით წამართვა. რის მაქნისია ჩემი მშვენიერება, რის მაქნისია ჩემი ერთგულება, ჩემი სინარნარე, ჩემი გულის სიუხვე, რომლითაც აღსავსე არის ბუნება ჩემი. ეს ის ღირსება ხომ არ არის მრავალნი რომ შემოსტრფიან და მაწუხებენ. ვჰხედავ, ვიცი კარგათ და თუ ერთხელ სულმა ვინმე პატიოსანმა, უანგარომ, უანგარიშომ მე შემიყვარა, როგორიცა ვარ და არა ისე, როგორცა ვჰღირვარ ჩემის სიმდიდრით... მე ამას ვერ შევიტყობ, რომ შევიტყო ვერ დავიჯერებ. ნიადაგი უნდობლობა-აი რა არის ჩემი ტვირთი, ჩემი სასჯელი. გარდაწყვეტილი არის წინასწარვე: სიყვარული არ უნდა მიეკაროს ჩემს გულსა. არას დროს არა ვიქ, რომ გულსა ბოროტსა, უღირსსა, ანგაარს გარდაეცეს წმინდა და უბიწო ტრფიალება ჩემი, ჩემს გულში რომ ამაოდ არის ღვთისაგან ანთებული. ქალწულობით უნდა განვიდეს სული ჩემი და იყავნ! ეს არის სვე ჩემი და ვექვემდებარები; მაგრამ რაც რა, მშვენიერება არის ქვეყანაზედ, რაც რამ სანატრებელია და საოცნებელი; რაც რამ ზეციერებას მოგვაგონებს დახშულსა, რაც გამოუსადეგს ტრფიალების ლამპარს ანთებს ჩემ შორის და სიყვარულის გრძნობათ ცხოველებასა, -ყოველსავე განვაგდებ, ყოველსავე ვიძაგებ და ვჰგმობ ყოველსავე!
ეს ლაპარაკი რომ გაათავა, ჰსთრთოდა და ჰსძრწოდა მრთელის სხეულით; მერე დაწყნარდა, ხმა დაიმდაბლა და მითხრა:
- უფალოოდიო! მე არ მიძებნია ეს შემთხვევა... ანგარიშით არა მითქვამსრა... ეს აღსარებს თქვენთვის არა მქონია გამზადებული; მაგრამ ვჰსთქვი და რაღა გაეწყობა; ახლა იცით ყოველივე... და თუ თქვენს მგრძნობელობას ვაწყენინე როდისმე, იმედი მაქვს, მომიტევებთ.
და ხელი მომაწოდა. ჩემის ბაგეებით რომ ამ რბილსა და ცრემლებისაგან დასველებულს ხელს დავეკონე, სწორეთ სიკვდილის უღონობამ დამირბინა ძარღვებშია მეთქი, ასე მეგონა. თვითანმარგერიტამკი თავი იქით მიიღო, ცოტას ხანს დამწუხრებულს ცას უყურა და სთქვა მერე დაღონებულმა: წავიდე ახლაო. ისე ჩამოვედით, რომ ხმა არ ამოგვიღია. მე რა უნდა მეთქვა? სხვაზედ უმეტესი საეჭვო მე ვიყავ. კარგათა ვგრძნობდი რომ რაც უნდა მეთქვა, ჩემი სიტყვა სხვას ვერასა იქდა, თუ უფრო არ განავრცელებდა იმ სივრცეს, რომელიც უფრო და უფრო შორს მაყენებდა ამ დაღრუბლვილის და სათაყვანებელის სულისაგან.

თვითქმის დაღამებული იყო, - და აღელვებული რომ ვიყავით, ვერა შეგვამჩნიესრა. ჩავსხედითკარეტაში და წამოვედით. მადამლაროკმა ერთხელ კიდევა ჰსთქვა, დიდის სიამოვნებით გავატარე დროო და ჩაფიქრდა თავისებურად. მადმუაზელ მარგერიტა უხილველი და უძრავი, ამ კარეტის სიბნელეში დედასავით მძინარესა ჰგავდა; მაგრამ ერთხელ გზის მისახვევზედ რომ ცოტაოდენი სინათლე მიადგა, თვალები გახელილი ჰქონდა და ეტყობოდა, რომ თავისი უნუგეშო ფიქრი არ აძლევდა ძილის ნებას. მე ვერცკი გამოჰსთქვამ, რას ვჰფიქრობდი მაშინ. რაღამცა საოცარმა გრძნობამ წარმიტაცა, მეტად საამომ და მეტად მწარემაც და მივანებე მეც თავი, როგორც სიზმარს მიანებებს ხომლე კაცი ხან და ხან თავსა, რომ ჰგრძნობს სიზმარიაო, მაგრამ არც გამოღვიძება უნდა, სიამოვნე არ გამიქარვდესო.

შუაღამე იყო რომ მოვედით. კარს რომ მოვადექით გამოველ კარეტიდამ, ბაღი მინდოდა გამომევლო და შინ ამ შემოკლებულის გზით მოვსულვიყავი. ბნელს ხეივანში რომ შემოველ, ერთი რაღაც ჩუმი ფეხის ხმა და ჩურჩული მომესმა და ორი ჩრდილი დავინახე ამ სიწყვდიადეში. მეტად დაგვიანებული იყო, რომ ეჭვი არა ამეღორა და ხეს არ შევჰფარებვიყავ, რომ ისე არ მეთვალიერებინა, ვიღაც იყვნენ ეს შუაღამის დროს ბაღში მოარულნი. წინ გამიარეს დიდის სიფრთხილითა და ვიცან: მადმუაზელჰელუენი და უფ. ბევალლანი, ხელი-ხელს მიეცათ და საიდუმლოდ ჰმუსაიფობდნენ: ამ დროს გამობრუნებულის კარეტის გრიალი მოესმათ და მაშინვე განშორდნენ ერთმანერთს; მადმუაზელჰელუენი სასახლისაკენ გაიქცა დაბევალლანმა ტყეს მიაშურა.

შეველ ჩემს სადგომში და ვჰკითხე ჩემს თავს დიდად განრისხებულმა: მივანებო თავი, თუ ჩაუშალო ამ უფ-ს ბევალლანს, ორგვარი საქმე რომ განუზრახავს და ერთს სახლშო ცოლსაც რომ თხოულობს და ხასაც რომ უნდა დაისვას მეთქი? მართალია, ჩემის ხნის კაცი და ჩემს დროში მყოფი, ზოგიერთს გულისთქმას ვერ განვჰკიცხავ სასტიკის მოძღვრის მსგავსათა, და ამ ფარისევლობას თავს ვერ ვიდებ; მაგრამ ვჰგონებკი, რომ რაც უნდა აღვირ ახსნილი იყოს და გარყვნილი, ამ გვარს საქმეებში ცოტა რამ ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, ცოტა რამ პატიოსნება და ზდილობა. თავ და პირველად არშიყობის განმამართლებელი მიზეზი არის სიყვარული და უფ.ბევალლანისაგან გახშირებული სიუხვე ნარნარებისა სრულიად არას წარმოადგენს წარმტაცებელსა და ნამდვილს გულის სურვილსა. ამ გვარს არშიყობაში შეცთომა მომივიდაო ესეც არ ითქმის. აქ არა არისრა, თუ ის ისეთი ანგარიში, თუ არ ისეთი ვარჯიში, როგორც ცხენის პარვას უნდა, მაგალითად. დღევანდელი და ამაღამინდელი საქმეები რომ ფიქრში წამოვიდგინე, ცხადათ დავინახე, რომ ყოვლად უღირსია ეს კაცი იმ ხელისა და იმ გულისა, რომლისა შერთვასა ჰბედავს. მაგრამ ამასაცკი მაშინვე მივხვდი, რომ მე ამ საზარელს ქორწინებას ვერ დავარღვევ, ვერ მოვშლი ამ იარაღითა, შემთხვევამ რომ მაშოვნინა მე ამაღამ. საქმე როგორც უნდა კარგათ დაბოლოვდეს, ცუდს მოქმედებას მაინც ვერა გაამართლებსრა; დაბეზღება არას დროს არ არის საქებარი: ყოველთვის უპატურებაა დამბეზღებელისათვის.
- მაშ უნდა მოჰხდეს ეს ქორწინებაცა, აუცილებელია. უნდა მიანებოს ღმერთმა ეს საგანგებო და გულგარყვნილსა! უნდა დასთმოს უფალმა შეგინება შეუგინებელისა!
- აჰ რამდენს სხვასა ჰსთმობს უფალი მრავალ-მომთმენი!

ახლა გამოძიებას შეუდექ, რა ჭკუამ აფიქრებინა ყმაწვილს ქალსა, რომ სხვას ყველას ეს კაცი ამჯობინა? მგონია მივჰხვდი. უფ.ბევალლანი ჯერ არის ძალიან მდიდარი; რასაც აქედამ შეიძენს, თვითქმის ერთი იმდენი თვითანაცა აქვს; მაშ ამას მაინც ვერვინ იტყვის, მზითევს გამოეკიდაო; მერე, რადგან არა უჭირსრა, ვინ რას იტყვის დასაძრახავს ან დასაწუნარს? საწუხარიკი არის ეს მიზეზი: შეძლების ზომით უნდა იზომებოდეს ღირსება კაცისა? ოთხში სამჯერ მაინც გაუმაძღრობას სიუხვე აძლიერებს - და უფრო გლახაკნი ისინი არ არიან, ვისაც უფრო უჭირთ.

განა არ შეიძლება, მადმუაზელ მარგერიტამ თვითან გაახილოს როგორმე თვალი თავისის აღრჩეულის უღირსობაზედ და თავისს საკუთარს გულში ჰპოვოს ისეთი რამ ხვაშიადი რჩევა და დარიგება, რომ ჩემგან გასაბედვი არ იყოს? განა არ შეიძლება განიღვიძოს იმისს გულში ახალმა რამ გრძნობამა, მოულოდნელმა, ძლიერმა, და განუქარვოს ის ამაო ანგარიში, რომელმაც ეს კაცი აღარჩევინა? აკი დაბადებული იყო ეს გრძნობა იმისს გულში: მაშ ამდენი სხვა და სხვა ჟინი, ამდენი დაფიქრება, შფოთი, ცრემლი, რომ ხან საგანი ვიყავ მე და ხან მოწამე, სხვა რა იყო, თუ არ გამოჟღავნება იმისი აზრის დაუდგრომლობისა, და იჭვნეულობისა, რომ არ იცოდა რა ექნა? არც ისე ახალი შემოსული ვარ რომ არ ვიცოდე, სადაც იმისთანა გრძნობა გამოცხადდება. სარამოზედ რომ მე შევესწარ და აღსარება უნებლიეთ მე მოვისმინე, იქ არ შეიძლება შინაურს ჰაერში სიგრილე არ ჩამოვარდეს ერთხელაც არის. ამ ნაირს ღელვაზედ, ამ ნაირს რყევაზედ ეფუძნებიან ახლა ორნი სულნი, თვითან რომ შეშფოთებულნი არიან, ან აუცილებლად რომ უნდა შეშფოდნენ.

მაგრამ თუ ეს მართალია, თუ მე უყვარვარ იმასა, რადგან ყოვლად უეჭველია, რომ მე მიყვარს,- ამ სიყვარულისა მეც ის უნდა ვჰსთქვა, რაც იმან ჰსთქვა თავისის მშვენიერებისა: „რის მაქნისია მეთქი,“ ამიტომ რომ იმედს ვერას დროს ვერ ვიქონიებ, რომ განქარდერ როდისმე იჭვნეულება ნიადაგი, რომლითაც აღსავსე არის გული ამ კეთილშობილის ქალისა, იჭვნეულება, რომელსაც, უნდა სწორე ვსთქვა, ჩემი ხასიათი ვერას დროს ვერ შეიწყნარებს და რომელსაც სხვაზედ უმეტესადკი მე უფრო ვექვემდებარები: ისე არავიზედ არის იმისი ეჭვი სამართლით ასაღები, როგორც ჩემზედ. სადაც ამისთანა ბნელი ფიქრი ჰმკვიდრობს და სადაც უნამეტნავესი მორიდება მე მმართებს, რა სასწაული უნდა მოჰხდეს იქ ისეთი, რომ ჩემსა და იმას შუა ეს განუცდელი უფსკრულიამოავსოს და დაგვაახლოვოს.

ან, რომ მოჰხდეს კიდეცა ამისთანა სასწაული, მაღირსებ მერე მე იმ ქალსა, რომლისათვისაც მე ჩემს სიცოცხლეს სიამოვნებით გავსწირავ, მაგრამ თხოვნითკი ჩემ სიცოცხლეში არ ვითხოვ; და თუ მაღირსა, ექნება ბედი ამ კავშირს თუ არა? უნდა მოველოდე როდისმე გაღვიძებას დაძინებულისა იჭვნეულებისასა თუ არა? ან თვითან მე შემიძლია, საწყენი არა ვიფიქრორა ამ გვარად შეძინებულს სიმდიდრეზედ, თუ არა? შემეძლება დანუმწარებლად დატკბობა სიყვარულითა, ამ ნაირად შეძინებულს სიმდიდრეზედ რომ იქნება დამოკიდებული? ჩვენ რომ ქალის მფარველობა და პატრონობა გვმართებს, ყოველის სიპატიოსნის გრძნობისაგან ნაბრძანევი და დაწესებული, ისე გვმართებს, რომ თუ ერთს წამსაც არის ეს ვალი დაირღვა როგორმე, რაგინდ უცოდველიც უნდა იყოს მიზეზი დარღვევისა, შეუძლებელია, იმავ წამს არ მოგვადგეს რაღაც რამ ჩრდილი იჭვნეულებისა და უნდობლობისა. მართალია, სიმდიდრე ისეთი რამ სარგებლობა არ არის, რომ ქვეყანაზედ იმისი შესადარებელი აღარა იპოვებოდესრა; და მე ისე ვჰგონებ, რომ ვინც თავისს ცოლს, რამდენისამე ოქროს პარკის სამაგიეროდ, მიანიჭებს სახელს ჩინებულსა, ან ღირსებას რასმე აღმატებულსა, სიდიდეს ქვეყნიერებაში მყოფისას, ამ მოსალოდნელსა რასმე სასიქადულოს,- მადლობის ვალი აღარ უნდა აწვებოდეს, აღარ უნდა ჰსთრგუნავდეს ამ გვარს ქმარსა. მაგრამ მე... მე მაქვს ხელები ცალიერი; როგორც ახლა არაფერი, ისე არცარა მოსალოდნელი; ყოველის ღირსებისაგან, რასაცკი ქვეყანაში ფასი ჰსძევს, სრულიად არა გამაჩნიარა ერთს გვაროვნობის სახელს გარდა და ეს სახელი, გარდაწყვეტილი მაქვს არსად ვახსენო, რომ არა ჰსთქვან, ეს არის იმისი სავაჭრო ფასიო, იმისი სასყიდელიო. მაშ მე უნდა ყოველივე მივიღო და ნაცვლადკი ვერა მივანიჭორა: მეფემ რომ მწყემსის ქალი შეირთოს, სულგრძელება იქნება საამო, სასიქადულო, მისალოცავი; და თუ მწყემსი ქმრობაზედ დაჰყვა დედოფალსა, მაშიმ მწყემსის საქმე სრულიად სხვა გამოვა.

ღამე ისე გავათენე, რომ ჩემს საბრალოს თავში სულ ამ ფიქრებს ვატრიალებდი, და როგორ დავაბოლოვოთ მეთქი ვეძებდი და დღესაც ვეძებ. იქნება დაუყოვნებლივ უნდა თავი დავანებო ამ სახლსაც და ამ ქვეყანასაც. სიბრძნე ამასა ჰბრძანებს. ბოლო რომ კარგი გამოვიდეს არ შეიძლება.რამდენს მომაკვდინებელს მწუხარებას მოიშორებს კაცი თავიდამ, ერთს წამს რომ სიმხნითა და გაბედვით მოიქცეს. დამძიმებული მაინც უნდა ვჰყოფილვიყავი მწუხარებისაგან და უკეთესი შემთხვევაც არსად მქონია; მაგრამ, არ იქნა, ვერ გავბედე ჩემს აღელვებულს და დატანჯულს გონიერებას საფუძვლად უძევს ახლა ერთი ფიქრი; სხვას ყველას ეს ფიქრი ჰფლობს და გულს მივსებს კაცობრივს სიამოვნეზედ უმეტესის სიამოვნითა. გული ჩემი მსუბუქია, როგორც მფრინველი ჰაერისა. თვალწინ ის პატარა სასაფლავო მიდგია მაღლობის ქედზედ, ის ვრცლად დაფენილი ჭაობიანი მინდორი და ამ გაბრწყინვებულს ქედზედ ის მშვენიერების ანგელოზი, საღმრთო ცრემლებით რომ ჯვარზედ მიყრდომილი თავისის ცრემლებით ირეცხედოდა. ახლაც ვჰგრძნობ ჩემს ბაგეებს იმისს ხელზედ დაკონებულსა; ახლაცა ვჰგრძნობ იმისს ცრემლებს ჩემს თვალებში, ჩემს გულში. მიყვარს. და რადგან გაბედვა საჭიროა, აუცილებელია, რა გაეწყობა,
- ხვალ გავბედავ... და ხვალამდისკი, დამანებონ თავი ღვთის გულისათვის. კაი ხანია ბედისა არა ვიცირა... ეს სიყვარული... იქნება მომკლას ამ სიყვარულმა: და ერთს დღეს მაინც მშვიდობით ვიცხოვრო!

ეს დღე, ეს ერთი დღე რომ მენატრებოდა არ მომეცა ეს დღე. ჩემმა მოკლე უღონობამ არ მოუცადა დაწესებულს ვადას. როგორ დავივიწყე ეს ვადა, არ ვიცი. ზნეობაშიაც ისეთი კანონი, რომ დაუსჯელათ დარღვევა არ შეგვიძლია, რადგან მოქმედება ისეთი აქვთ, რომ ცხადათა ჰსჩანს ნიადაგი მონაწილეობა ღვთის განგებისა ამ ქვეყნის საქმეებში. კაცი ერთი, სუსტი და დიდებული, ერთის ბრძნის აღსთქმასა ჰსწერდა თვითქმის შეშლილი ხელითა და იტყოდა: „კეთილ არს ყოველი, რომელი უფლებასა კაცისასა ემონების, ბოროტ-არს ყოველი, რომელი უფლებასა კაცისასა იმონებს. აღკრძალულ-არს ჩვენდა ბუნებისმიერ, განვრცელება კავშირთა ჩვენთა გარეშე შეძლებისა ჩვენისა; აღკრძალულ-არს ჩვენ და გონიერების-მიერ სურვილი ყოველი, რომელი აღსრულებად არა ძალგვიძს; აღკრძალულ-არს ჩვენდა სვინიდისის-მიერ არა შეცთომა უმეცრებითი, არამედ ძლევა ჩვენზედა საცთურთაგან. არა გულის თქმა არს ნებასაზედან ჩვენსა დასამყარებელ, არამედ ნება ჩვენი ვნებათა და გულის თქმათაზედ; კანონიერ-არიან გრძნობანი ყოველნი-რომელნი უფლებასა ჩვენსა ემორჩილებიან; წარმწყმედელ არიან გრძნობანი ყოველნი, რომელთა ვემორჩილებით. მიუთვისე გული შენი მშვენიერებასა, რომელი არა წარწყმდეს; შეძლებისამებრ შენისა შეჰზღუდე სურვილნი შენნი; თანანადენნი შენნი უწინამძღვრე გულის თქმათა შენთა ვნებითთა; განავჰრცე კანონნი საჭიროებისანი საგანთაზედა კეთილზნეობითთა; ისწავე ნებსით წარგება ყოვლისა, რომლისა ძალთა წარტაცება შენგან შესაძლო-არს; ისწავე დათმობა ყოვლისა, რომლისა დათმობა გებძანების სათნოებისამიერ.„ეს არის სწორეთ, ეს არის ბუნებითი კანონი; ვიცოდი; დავარღვიე და დასჯილიცა ვარ. სამართალი უკეთესი აღარ შეიძლება.
ფეხი ამ უგუნურის ტრფიალების ჩრდილს დავადგი თუ არა, დავჰქანდი მაშინვე და ხუთს დღეში ძლივსღა შევიკრიბე ღონე, რომ კვალი მაინც დამეთვალიერებინა ამ ჩემის სასაცილო დაცემისა საიდამ სად გადმოვარდი მეთქი. მადამლაროკი და იმისი ქალი დილასვე წავიდნენ მადამსენ-კასტის სანახავად და იქიდამ მადამობრის მოსაყვანად. მადმუაზელჰელუენ მარტო იყო სასახლეში და სამისს თთვის ჯამაგირი მიუტანე: საოჯახო ხარჯი თუმცა ჩემს უწყებაში სრულიად არ არის, მაგრამ ქალების სურვილი იყო, რომ ჩემი ჯამაგირი თვითან მე მეღო და მადმუაზელჰელუენისათვისაც მე დეძლია. ეს ყმაწვილი ქალი პატარა ოთახში იყო. ზალის გვერდზედ, დამხვდა ლმობიერი, მაგრამ ცოტათ დაფიქრებული. სიბრალული შემივიდა და მეც ისე ამევსო გული ლმობიერებითა, რომ ტკბილათ და გამოცხადებით ლაპარაკი მოვიწადინე; მინდოდა, მე სულელეს, ხელი მიმეწოდებინა და განსაცდელისაგან გამომეხსნა.

- მადმუაზელ! თქვენ მერიდებით, მაგრამ მე კი ისევ ისე გულითადი მეგობარი ვარ თქვენი. ნებას მომცემთ დაგიმტკიცოთ ესა თუ არა?
შემომხედა და - დიაღი - სიმშვიდით მითხრა.
- თავს რათ იღუპავთ, ჩემო საბრალო?
წამოხტა ზეზე და შემომძახა:
- წუხელის ბაღში მნახეთ განა?
- დიაღ, მადმუაზელ!
- ოჰ! ღმერთო! უფალომაქსიმე! ღმერთსა ვფიცავ, უბრალო ვარ.
- მჯერა, მადმუაზელ! მაგრამ უნდაკი გითხრათ, რომ ამ რომანით, თქვენის მხრით რომ სრულიად უბიწო არის, და მეორეს მხრითკი იქნება აგრე არ იყოს, ისეთს საქმეს ჩადიხართ, რომ სახელს იტეხთ და თქვენს სიმშვიდეს თქვენის ხელით არღვევთ. ღვთის გულისათვის იფიქრეთ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს გარდა, ხორციელი კაცი სიტყვას ვერ გაიგონებს ჩემგან ამ საქმეზედ.

ჩამოვეცალე; მაგრამ ხელი მტაცა, თავი ამ ხელზედ დაასვენა, მუხლებზედ დაეშვა და მოჰყვა ყმაწვილურად ტირილს. დიდი ხანი არ არის, უფრო მშვენიერი, უფრო დასაფასებელი ცრემლები ვნახე, მაგრამ ამან უფრო შემაწუხა.
- აბა ვნახოთ, ჩემო სიყვარულო მემუაზელო... პატიოსნებით გამობრუნება კიდევას შეიძლება, განა?... მაშ, გავმხნევდეთ, ქალოჯან! ნუ გვეშინია. ჩვენ გამოგიხსნით, გვაცალეთ. რა შემიძლია თქვენთვის, აბა ვნახოთ ერთი? ხელში ხომ არა უჭირავსრა იმ კაცს, ნიშანი რამე ან ბარათი თქვენი, რომ თქვენ მაგიერად მოვსთხოვო; ისე გეგულებოდეთ, როგორც ძმა...
მრისხანებით გამომტაცა ხელი და მომაძახა!
- ოჰ! რა შეუბრალებელი ხართ ჩემი!... ჩემს გამოხსნას ანბობთ და თქვენკი ხართ ჩემი დამღუპავი! ჯერ თავი შემაყვარებინეთ და მერე ხელი უკუმკარით!... თქვენა ხართ ჩემი დამმდაბლებელი, ჩემი სასოების წარმკვეთი... თქვენა ხართ მიზეზი რაც ახლა მემართება!
- მადმუაზელ! უსამართლობა არ ვარგა. თავი შევაყვარო მეთქი, ჩემს სიცოცხლეში ფიქრათაც არა მქონია; მე მქონდა და კიდევაც მაქვს გულითადი და წრფელი პატივისცემა თქვენი და არა ტრფიალება. აღვიარებ, რომ თქვენი მშვენიერება, თქვენი გონიერება, თქვენი ნიჭიერება სამართლად მიგიძღვით, რომ უფრო ტკბილსა და ნარნარს გრძნობას ელოდეთ ყოველის კაცისაგან, ვინცკი ახლო იპოვება, დაძმურს სიყვარულზედ უფრო ტკბილსა და ნარნარსა;- მაგრამ ჩემი მდგომარეობა, ჩემი საოჯახო ვალდებულება, მე ნებას არა მაძლევსრა, რომ ამ დაძმობას გადავაჭარბო და პატიოსნებაზენ ხელი ავიღო. გამოტეხით გეუბნებით, რომ მშვენიერი ხართ, მაგრამ არც მე ვჰყოფილვარ აქამდისინ თქვენთან უღირსი. თქვენთვის დასამდაბლებელს მე აქ სულ ვერას ვჰხედავ.- სწორეთ დასამდაბლებელი თქვენი ის იქნებოდა, მადმუაზელ, რომ გარდაწყვეტით შეყვარებული მგონებოდით კაცისაგან, რომელსაც გარდაწყვეტილი მხოლოდ ესა აქვს, რომ ცოლად არ შეგირთოსო.-
ერთი ცუდათ შემომხედა და მითხრა:- თქვენ რა იცით: ყველანი ხომ დიდს მზითევს არ ეკიდებიან!
- თუ ეშმაკური ბოროტება გინდათ დაიჩემოთ, ჩემო პატარა მადმუაზელჰელუენ, მაგას რა გაეწყობა და მაშ მშვიდობით.
- უფალო მაქსიმე,
- მომაძახა, და მტაცა ხელი შესაყენებლად! მომიტევეთ, შემიბრალეთ! ოჰ! გამიგონეთ, როგორი უბედური ვარ! წარმოიდგინეთ, რროგორი რამ უნდა იყოს ფიქრი ისეთის უბედურის სულიერისა, მე რომა ვარ,
- გული რომ მაქვს მონიჭებული, სული, გონიერება და რომ ვერც ერთს ვერაფრად მოვიხმარ, თუ არ სამწუხაროდ, თუ არ გასაკიცხავად! რა არის ჩემი სიცოცხლე, რას უნდა მოველოდე? ჩემი სიცოცხლე ის არის, რომ ჩემს სიღარიბეს უნდა ვჰგრძნობდე სხვების სიმდიდრით გარემოცული. ჩემი მოსალოდნელი ის არის, რომ ერთხელ როდესაც იქნება უნდა ვიტირო და ვიგლოვო ეს დამწარებული სიცოცხლე, ეს მარად საზიზღარს მონებაში ყოფნა. თქვენ ჩემს სიყმაწვილეს ანბობთ, ჩემს გონიერებას, ჩემს ნიჭიერებასა... ოჰ! ნეტავი ჩემს სიცოცხლეში მარტო გზაზედ ქვის მტვრევა მცოდნოდა, სხვა არაფერი, მაშინ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.
- ჩემი ნიჭიერება,
- უსასიამოვნესი დრო ჩემის სიცოცხლისა, იმაში უნდა მოვიხმარო, სხვა ქალი დავაშვენო, რომ ჩემზედ უკეთესი იყოს, ჩემზედ უსატრფოესი, ჩემზედ უამაყესი... და თვითქმის ჩემი უწმინდესი სისხლიც რომ იმისს ძარღვებში გადავიღო, მაინც ის ბედნიერს მეუღლეს უნდა გაჰყვეს, ქვეყნიერებაში იდღესასწაულოს და მეკი მარტო მოხუცებული, დავიწყებული, ერთს კუთხეში უნდა ჩავჰკვდე სადმე, სხვა არაფრის პატრონი, თუ არ ერთის მუახლის ჯამაგირისა. რა დავაშავე ისეთი, რომ ეს ბედი მხვდა, ვნახოთ ერთი? მე რათ უნდა ვიყო ასე და არა ეს ქალები? რათ უნდა მჯობდნენ ეგენი? მე თუ ცუდი ვარ, ჩემი უბედურება არის იმისი მიზეზი; უსამართლოებისაგან არის, სული რომ მაქვს დაბნელებული. მეც ისე ვარ გაჩენილი, როგორც ისინი... იქნება უკეთესითაც,- რომ კარგი ვჰყოფილვიყავ, მოყვარული, გულმოწყალე... ეჰ! ღმერთო ჩემო! მოწყალება ძვირათ არ უზით, ვისაცკი სიმდიდრე არ აკლია და კეთილმოქმედება ვის გაუჭირდება, ვენცკი ბედნიერებაში არის. მე რომ იმათს ადგილს ვჰყოფილვიყავ და ისინი ჩემსას, იმათაც ისე ვეძაგებოდი, როგორც მე მეძაგებიან... საშინელია რასაც აქ ვანბობ, განა! კარგათ ვიცი... ეს არის რომ მაბედვინებს ამ თავის დამდაბლებასა, ამ სირცხვილსა... უბედურო ჩემო თავო! ახლა ხო უმეტესი სიძულვილი გექნებათ ჩემი, უფალო... თქვენა, დიდი სიყვარული რომ მექნებოდა თქვენი, რომ გენებებინათ; თქვენ; რომ შეგეძლოთ მოგენიჭებინათ ჩემთვის რაც რამ დაკარგული მაქვს, სასოება, სიმშვიდე, სიკეთე, თავის გაფრთხილება და პატივი... იყო ერთი წამი, რომ ჩემი თავი განსაცდელისაგან გამოხსნილი მეგონა;
- რაღაც იმედი რომ მომეცა ბედნიერებისა, პატიოსნებით სიცოცხლისა, მე უბადრუკს, მე სატანჯველად დაბადებულს!
მიიფარა თვალებზედ ორივე ჩემი ხელი და გაგიჟებულივით იწყო ტირილი.
- საყვარელო ჩემო მადმუაზელ! მერწმუნეთ, რომ სხვაზედ უკეთესად მესმის, რა სამწუხაროა თქვენი მდგომარეობა; მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, თქვენ თვითან აძნელებთ თქვენს მდგომარეობას მაგნაირი ფიქრებითა. თქვენ რაც უნდა ჰსთქვათ, აქ მაინც მეგობრულად გეკიდებიან; და თუ მომავალისა ვიფიქრეთ, არ ვიცი, თქვენ რაღამ უნდა დაგიშალოთ, რომ თქვენც ბედნიერს მეუღლეს არ გაჰყვეთ ამ სახლიდამ. ჩემთავად მე მარადის მადლობელი ვიქნები თქვენის პატივისცემისა და ყურადღებისათვის; მაგრამ მინდა ერთხელ კიდევ გითხრა გადაწყვეტილი და ეუბრუნებელი სიტყვა, რომ მე, ჩემს ვალდებულებაში მყოფსა, ცოლის შერთვა არცა მსურს, არც შემიძლია.
- არც მარგერიტასი?
- არ ვიცი, მადმუაზელ მარგერიტა რა სახსენებელი არის აქა!
მაშინ ცალის ხელით თმები გადაიწია, შუბლზედ რომ ჰქონდა გადმოშვებული; მეორე ხელი მუქარით მოიშვირა ჩემზედ და მითხრა:
- ის სახსენებელია, რომ ეტრფით თქვენ იმასა, ან იმისს მზითევსა, მაგრამ ვერ იშოვითკი.
- მადმუაზელ ჰელუენ!!...
- ოო! კარგა ყმაწვილი ყოფილხარ კიდევა, თუ გიფიქრიანთ, რომ შეიძლება ქალის მოტყუება, რომელსაც ერთხელ სისულელე დამართვია და თქვენი სიყვარული გულში ჩავარდნია. მე ძალიან ცხადათა ვჰხედავ თქვენს მეცადინეობას, ნუ გეფიქრებათ. ამას გარდა ვიცი, ვინცა ბძანდებით... შორს არ ვიყავი, რომ მადმუაზელპორჰოემ თქვენი პოლიტიკური აღსარება მადამლაროკს გაანდო...
- როგორ? კარიდამ ყურის გდებაც გცოდნიათ!!...
- თქვენს წყრომას მაგდენს აღარას დავსდევ მაგიერს გადაგიხდით და მალე... კარგათ დახელოვნებული კი ბძანებულხართ; უფალო შანსე! მოგილოცავთ. ძალიან კარგათ წარმოადგინეთ დაუდევნელობაცა და სიფრთხილეცა, თქვენმა მეგობარმა ლობეპენმა რომ დაგარიგათ... კარგათა ჰსცოდნია, ვისთანაც გექნებოდათ საქმე... კარგათ ჰსცოდნია ამ სასაცილო ქალის სასაცილო ხასიათი. და ახლა გგონიათ, თქვენი საშოვარი ხელში გეჭიროთ განა, კარგი მილიონები, ძალიან წმინდათ შეძენილი და თქვენის მარკიზობისათვის კარგათ შესაფერი... ნუ გენაღვლებათ... დღეიდან მოკიდებული შეგიძლიანთ სრულებით გადიწყვიტოთ ეგ იმედი; გეფიცებით, რომ ერთს დღესაც აღარ შეგარჩინოთ მე ეგ პირის საბურავი და აი ის ხელი, რომელიც გადაგაძრობს!
მადმუაზელ ჰელუენ! ახლა დრო არის დავაბოლოვით ეს ჩვენი მუსაიფობა, თორემ მასხარაობას მიატანა, ერ არის. კარგათ გადამიხადეთ, რომ დაცემისაგან და დასაცინებელის საქმისაგან გაგაფრთხილეთ. ნება გაქვსთ სრულის თავისუფლებით იაროთ ძირამდის და მე პირობას გაძლევთ თან არ ჩამოგყვეთ. ახლა მშვიდობით.
გულის შეზიზღებით დავანებე თავი ამ უბედურს ქალსა, მაგრამ სიბრალულითაც კი. თუმცა ყოველთვის ვჰფიქრობდი, რომ იმისს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რაც უნდა კარგის გუნებისა იყოს, არ შეიძლება რომ არა სწუხდეს და მრავალს ძნელად მოსათმენს არ იტანდეს, მაგრამ ვერას დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ორმო ისეთი ღრმა ორმო იქნებოდა და ისე ნაღველით გავსილი, როგორც მე ახლა ამ ქალმა თვალწინ წამომიყენა. უეჭველია, რომ ვინც კი ამ ქალის მდგომარეობაში იპოვება სადმე, უმეტესი ნაწილი ასეა გაჭირვებული და გული რომ გაუფუჭებელი შერჩეს, ვერავის დააღწევს თავსა, თუ არ ღვთის შემწეობით და თავისის შეუვალის სიმტკიცითა, მადმუაზელჰელუენს რომ აღარ შერჩენია. მაგრამ მაინც საზარელია ეს მაგალითი. რამდენჯერმე მეც მომივიდა ფიქრში, იქნება ჩემს დასაც ისე გაუჭირდეს საქმე, რომ მასწავლებლად შევიდეს სადმე მდიდარს ოჯახში მეთქი: ახლა ვიფიცე და აღვსთქვი, რომ რაც უნდა გაჭირვებული ვიყო, ერთი მწარე ლუკმის მეტი რომ არა მომეხერხებოდესრა, ეს მწარე ლუკმა უზიარო ხოლმე და ამ ნაირად მომწამლველს სუფრაზედკი არსად მიუშვა.
მადმუაზელ ჰელუენს, მართალია, მეიდანი მივანებე, რომ იმოქმედოს როგორც ჰნებავს და პირობა მივეც, რომ მე არაფერში მივჰყვებოდი, მაგრამ უზრუნველად კი ვერ წარმოვიდგენდი, რა უნდა შესდგომიყო იმისაგან ასე ცხადათ გამოთქმულს მტერობას. რასაც მე ის დამემუქრა, დამუქრება მეტი აღარ შეიძლება: პირ და პირ შეეხება ჩემს სიყვარულს და ჩემს პატიოსნებას. რაკი ერთხელ ჩემი ვინაობაც იცის და ჩემის გულის საიდუმლოცა, სიმართლესა და სიცრუესა ერთმანეთში გადაურევს ისეთის ოსტატობით, რომელიც იმისს სქესს ეკუთვნის და იმ გვარათ წარმოადგენს ყოველს ჩემს მოქმედებას, ყოველს ჩემს სიტყვას და ფეხისგადადგმასა, რომ ადვილად დააჯერებინოს, ვითამ განზრახვა მქონდეს მართლად ისეთი, როგორც თვითან ჰგონია მადმუაზელჰელუენს. შეუძლებელია იყო, რომ მომხვდარვიყავ, როგორ დაატრიალებდა თავისს ბოროტს განზრახვასა. მაგრამ ამაშიკი ვენდობოდი, რომ არ შესცდებოდა და კარგათ იანგარიშებდა, სად რა ოსტატობა იქნებოდა მოსახმარებელი. ვისთანაც საქმე ჰქონდა მოსახერხებელი, ამასავით სხვა იმათ ვერავინ იცნობდა. როგორც მადმუაზელმარგერიტა, ისე დედა იმისი, ამასთან გულ ახსნილი იყვნენ და ენდობოდნენ. უეჭველი იყო, რომ ამისთანა გამოცდილი და გავარჯიშებული ხელი სულის საწამლავს ადვილად შეაპარებდა იმათა. მართალია, ესეცკი უნდა ეფიქრებინა მადმუაზელ ჰელუენს რომ იმათი იმათი მადმუაზელმარგერიტასა და უფ.ბევალლანის დაკავშირებას უფრო მოასწრაფებდა და თავისი საკუთარი განზრახვაკი უსაცილოდ ჩაეშლებოდა; მაგრამ გამწყრალი ქალი აღარც ანგარიშობს და აღარცარაფერს ერიდება. ამ მიზეზით ველოდი, რომ აღარ დამიგვიანებდა აღთქმულს შურისგებასა და არც ამას იანგარიშებდა, როგორი რამ გამოვა ჩემი შურისგებაო; ველოდი და არც შევმცთარვარ.
დიდის მწუხარებით გავატარე რამდენიმე საათი, საამო ფიქრებისათვის რომ მქონდა გაწირული. რაცკი დამოკიდებულებაში შემაძრწუნებელი რამ იპოვება ამპარტავანის სულისათვის; რაც იჭვნეულებაში, უნდობლობაში მწარე რამ იპოვება განწმენდილის სვინიდისისათვის, ან სიძულილში მომწყვლელი ტრფიალის გულისათვის, ყოველივე ვიგრძენ და გამოვჰსცადე. მტერობას და წინააღმდეგობას ამნაირად გავსებული ფიალი არას დროს არ მოუწოდებია ჯერ ჩემთვისა. მაგრამ ჩვეულებბით კიდევ ვჰსაქმობდი ჩემს საქმეს. ხუთს საათზედ შეველ სასახლეში. ზალაში დამხვდნენ მადმუაზელ მარგერიტა, მადამობრი, უფ.ბევალლანი და ორი თუ სამი დროებითი სტუმარი. მადმუაზელ მარგერიტამ თითქო ვერ დამინახა რომ შევედი: უფ-სბევალლანს რაღასაც ისეთის სიცხოველით ელაპარაკებოდა, რომ იმისი ჩვეულება არ იყო. ბოლოს გამოჩნდა, რომ ბაღში წასვლას აპირებდნენ იმ ღამეს ერთს მეზობელს მეპატრონესთან. მადმუაზელ და იმისი დედა უნდა წასულიყვნენ და თან წამოგვყევითო,ბევალლანს აშურებდა; ის ბოდიშს იხდიდა, შინიდამ რომ გამოველ, არ ვიცოდი რომ მეც დაპატიჟებული ვიქნებოდი და საბრალო ტანისამოსი არ მაცვიაო. მადმუაზელ მარგერიტა ისეთის გულით ჩასცივებიყო რომ თვით ან ბევალლანს გასაკვირველად მიაჩნდა, არ შეიძლება არ წამოგვყვეთო, და ჯერ კიდევაც მოასწრებთ შინ მიხვიდეთ, ტანისამოსი გამოიცვალოთ და აქვე მოხვიდეთ, წაგვიყვანოთო. სადილსაც შეგინახავთო. უფალმა ბევალლანმა უპასუხა, ეკიპაჟის ცხენები ჯერ სულ ისევ ბალახზედა მყავან გაშვებულნი, საჯდომს ცხენზედ ხომ საბოლოთ მორთული ვერ შევჰსჯდებიო. - მაშ ჩვენს კალასკას შეგიბმევინებთო, უთხრა მადმუაზელ მარგერიტამ. იმავ წამს პირდაპირ მე მომიბრუნდა, მეხის დამცემი თვალი მომაყენა და მითხრა დიდის ბძანებლობით; - უფალოოდიო! - წადით, ცხენები შეუბმევინეთ!
ეს ბძანება ასე იმ ზომას გარეშე იყო, რომლითაც აქამდისინ მე აქ მელაპარაკებოდნენ და რომლისაც ჩემგან აღსრულებას იფიქრებდა ვინმე, რომ ყველამ ყურები აცქვიტა, ვნახოთ რა გამოვა აქედამაო. საწუხარი რაღაც მდუმარება ჩამოვარდა მთელს ზალაში. უფ.ბევალლანმა ჯერ გაოცებით მადმუაზელმარგერიტას შეჰხედა, მერე ჩემსკენ მოიხედა, თავი აიმაღლა და ზეზედ წამოდგა. თუ ამას ელოდა ვინმე, რომ მე განვრისხდებოდი და უგუნურებას რასმე ჩავიდენდი; მოსტყუვდნენ. რასაკვირველია, ეს გამაუპატიურებელი სიტყვა რომ მეცა ასე მშვენიერის, ასე საყვარელის და ასე მტარვალის პირისაგან, თვითქმის სიკვდილის სიცივე მომხვდა გულში და ყოველს ჩემს აგებულებაში და არ ვიცი, ფოლადი რომ გულში მტაკებოდა, ნეტა თუ უფრო შემაწუხებდა, - მაგრამ ჩემს სიცოცხლეშიაც ისე დამშვიდებული არას დროს არა ვჰყოფილვარ, როგორც ახლა ვიყავ. მადამლაროკს როდესაც კაცის დაძახება დასჭირდებოდა, ზარს დააწკარუნებდა ხოლმე; ეს ზარი იქავე ჩემთან პატარა სტოლზედ იდვა და დავაწკარუნე. შემოვიდა მაშინვე მსახური და უთხარ იმას:
- გონია მადმუაზელ მარგერიტას უნდა რაღაც გიბძანოს მეთქი.
ეს რომ გაიგონა ყმაწვილმა ქალმა, დიდად გაიოცა და განრისხებულმა ანიშნა მოსამსახურეს არ მინდიხარო. მე მინდოდა გავსულვიყავ მაშინვე ამ ზალიდამ, სული მიწუხდა; მაგრამ უფ.ბევალლანი რომ ამაყად მიყურებდა ვეღარ მოვერიდებოდი.
- ეჰუ! ეს კარგი უცხო რამ მოხდაო, ჩაილაპარაკა ევალლანმა.
მე ეს თითქო ვერ გავიგონე. მადმუაზელ მარგერიტამ რაღაც წასჩურჩულა მაშინ.
- ნება თქვენია, მადმუაზელ! ხმამაღლად მიუგო უფ-მა ბევალლანმა. ვემორჩილები თქვენს ბძანებასა: მაგრამ ეს კადნიერება მაინც მქონდეს მოგახსენოთ, რომ დიდათა ვსწუხვარ, რომ ხმის ამოღების ნება არა მაქვს აქა.
მე წამოვდექ მაშინვე და მიველ უფ. ბევალლანთან:
- უფალო, ბევალლან! მაგაზედ სრულიად ნუ სწუხდებით: მე თუ მადმუაზელის ბძანებას არ დავემორჩილე, თქვენს ნებას ეს არას დაუშლის და თქვენთვის მზათ გახლავარ... იმედი მექნება, ბძანებას აღარ დამიგვიანებთ.
- ძალიან კარგი, ძალიან კარგი, უფალო! უკეთესი აღარ შეიძლება, მომატანა ბევალლანმა! ხელის სასიამოვნოდ ქნევითა, რომლითაც ქალებსამშვიდებდა თავისს გუნებაში.
მძიმეთ თავი დაუკარით ერთმანერთსა და გამოველ გარეთ.
სადილათ მარტო ვიყავ ჩემს კოშკში;ალენი მემსახურებოდა ჩვეულებით. რაც ზალაში მოჰხდა, გაგონილი ჰქონდა რასაკვირველია; მწუხარებით შემომყურებდა, ხან და ხან მძიმეთ ამოიოხრამდა ხოლმე და თუმცა ლაპარაკი უყვარდა, მაგრამ ახლა დამუნჯებული იყო. მხოლოდ ესკი მითხრა, რომ ამაღამ ქალები ბაღში აღარ მიბძანდებიანო.
სადილი რომ გავათავე, ქაღალდებს მივჰყავ ხელი, მინდოდა გადამერჩია და ორიოდ სიტყვა ლობეპენისათვის მიმეწერა. ვინ იცის რა მოხდებოდა დაელენე მინდოდა ჩამებარებინა. ვაითუ ელენე უპატრონოთ დარჩეს მეთქი, ეს ფიქრი გულს მიკლავდა, მაგრამ ჩემს განზრახვასკი სრულიად მომიშლიდა. შეიძლება შემცდარი ვიყო, მაგრამ ყოველთვის ამას ვანბობდი, რომ პატიოსნების ვალი, ამ ახლანდელს ჩვენს ცხოვრებაში, სხვას ყოველს ვალდებულებას გარდემატება, პატიოსნება თავისის განუზომელის თვისებით ისეთი რამ ღირსება არის, რომ კანონზედაც უმძიმესია და ზნეობაზედაც უფრო დასაცველი: კიარ ანგარიშობს კაცი, ჰგრძნობს ამ ღირსებასა და აღიარებს როგორც სარწმუნოებას. ჰსჯულის გამტეხი განიდევნება საზოგადოებიდამ; და პატიოსნების გამტეხიკი შერცხვენილი დარჩება საზოგადოებაში.
მაინც ერთი გრძნობა არა არისრა, რაკი ერთხელვე ადამიანს გულში ღრმად დაუმკვიდრდება, რომ გონიერებაც არ ამოწმებდეს იმისს შეურყეველობას. ქალი სულ რომ მარტო იყოს ქვეყანაზედ, ათას წილათა ჰსჯობია შერცხვენილის ძისა, თუ ქმრის ხელად ყოფნასა.
ყოველს წამს მოციქულს ველოდი ახლა უფ.ბევალლანისაგან. მეც ქალაქის ხაზნადართან დავაპირე წასვლა; ყმაწვილი კაცი არის, ყირიმის ომში[3] დაჭრილი აფიცარი და მინდოდა იმისთვის მეთხოვნა, რომ დამსწრეთ ყოფილიყო ჩემთან და ის იყო შინიდამ გასვლას რომ ვაპირებდი, კარიც დამირეკეს. შევჰხედე, თვითანბევალლანი შემოვიდა ჩემთან. ძალიან გამიკვირდა იმისი მოსვლა: რიგი არ იყო რომ ამ შემთხვევაში ის ჩემთან მოსულიყო.
- უფალო ოდიო! ჩემი თქვენთან მოსვლა მართალია ჩვეულების წინააღმდეგი არის; მაგრამ, ისეთს საქმეს ვადგევარ, რომ, ღვთის მადლით, ჩემს გულადობას საკიცხავი არა შეეწამებარა. ამ სარამოზედ ისეთი კმაყოფილება მივიღე, რომ ჩემში მტერობასა და სიძულილს ადგილი აღარა უნდა ჰქონდესრა. ამასთან ბძანებასაც ისეთს ვასრულებ, ახლა უფრო უმეტესად სასიამოვნო ვალი მაქვს მორჩილებისა. ერთის სიტყვით, იმისთვის მოველ, რომ მეგობრულად ხელი ჩამოგართვათ.-
მივაწოდე ხელი; დაბძანდით მეთქი ვანიშნე, და მაშინ მომიყვა: ახლა ანგარიში უნდა მოგაბაროთ ჩემის მოციქულობისა. მადმუაზელ მარგერიტამ, რასაკვირველია ფიქრში იქნებოდა გართული, ისეთი საქმე დაგსაქმათ, რომ თქვენ არ შეგეფერებოდათ. ყველანი აღვიარებთ, რომ თქვენ ეს სწორეთ სამართლიანათ იწყინეთ და ახლა მე გამომგზავნეს ქალებმა, რომ იმათ მაგიერად მწუხარება გამოგიცხადოთ და საზოგადოთაც თქვენთან ბოდიში მოვიხადო, დიდათ შესწუხდებიან, რომ მეტი აღარ შეიძლება, თუ ამ ერთის წამის შეცთომამ, თქვენი მზრუნველობა და პატიოსანიშრომა იმათს ოჯახს მოაცილა. ჩემის მხრით, უფალო, მე ამ საღამოს, ჩემად სასიქადულოდ, ნება შევიძინე, რომ იმათს თქვენთან თხოვნას, გულითადი თხოვნაც დავმატო. ჩემი დიდი ხნის სურვილი სრულდება ახლა და საკუთარს ჩემს დავალებად მივიღებ რომ ახლანდელი ჩემი ბედნიერება არ დამიმწაროთ და არ ინებოთ განშორება, სამწუხაროც და საკიცხავიც რომ იქნება ამ ოჯახისათვის, რომელსაც ახლა მეც ვეკუთვნი.
- უფალო,
- უთხარ მე,
- მე არ შემიძლია გულითადი გრძნობა არ მოგიძღვნათ, რასაც თქვენ ქალების მაგიერათ და თქვენის მხრითაც მიცხადებთ. იმედიკი მაქვს მომიტევებთ, რომ გადაწყვეტილს პასიხს ახლავე ვერ მოგცემთ, რადგან ცოტა უფრო თავისუფალი მოფიქრება უნდა ამასა და ეხლა იმ გუნებაზედ არა ვარ, რომ შევიძლო.
- ამისი ნება მაინც მიბოძეთ, რომ იმედი შევატყობინო. შემთხვევა კარგი გვაქვს და ბარემ აქავე მოვსპოთ მე და თქვენ ყოველი მიზეზი, თუ ცოტაოდენი გულის სიგრილე და უთანხმოება ჩემსა და თქვენში ყოფილა როდისმე. ჩემის მხრით მე ყოვლითურთ მოწადინებული გახლავარ. ამასთან თვით მადამ ლაროკისაგანაც ვიცი, თუმცა კი საიდუმლო არა გამოუცხადებიარა, რომ თქვენ ამ მდგომარეობაში ისეთის მიზეზებითა ბძანდებით რომ თქვენს მაღალს ღირსებას არა შეეხებარა, მერე გულითადი მადლობაცა მმართებს თქვენი, განსაკუთრებითა მე: მე რომ მადმუაზელმარგერიტას ვთხოულობდი, თქვენ დაგკითხვიან და თქვენც ჩემთვის დიაღ სასარგებლო აზრი მიგიციათ.
- მე არა მგონია, უფალო, ღირსი ვიყო თქვენის მადლობისა...
- ოჰ! როგორ არა, როგორ არა! მართალია აჩქარებულათ ქებით არ გაგივსივართ, მაგრამ არც კი გიძაგებივართ, აღვიარებ, რომ თქვენი შორს მხედველობაც დაგიმტკიცებიათ. თქვენ გითქვამსთ, რომ თუ მადმუაზელმარგერიტა ბედნიერი არ იქნება ჩემს ხელში უბედური მაინც არ იქნებაო. გარწმუნებთ, თვითანდანიელ წინასწარმეტყველი ვერ იტყოდა უკეთესსა. მართალი თუ გნებავთ ეს არის, რომ ეს სატრფო ქალი შეუძლებელია სწორეთ ბედნიერი იყოს ვისთანმე; ამიტომ რომ მთელს ქვეყანაში ვერ იპოვნის ისეთს ქმარსა, რომ დილიდამ მოკიდებული საღამომდინ სულ ლექსებითა და შაირებით ემუსიაფებოდეს... ამისთანა კაცი არსად იქნება; ვერც მე ვარ ამისთანა; სწორე უნდა ჰსთქვას კაცმა; მაგრამ, როგორც თქვენვე გიბძანებიათ,- ბოროტი კაცი არავარ, არც გაუზდელი ვარ, როდესაც უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანერთს, მაშინ უფრო დაიჯერებთ. არავარ ბოროტი; გული მართლად კეთილი მაქვს. უნაკლულო ვინ იქნება, ნაკლულევანება ჩემშიაც ბევრი არის, რასაკვირველია; აქამდისინკი უფრო ბევრი მქონდა;
- ლამაზი ქალები მიყვარდა. ამას ვერ დავიფიცავ, მაგრამ რა? ეს უფრო იმას ამტკიცებს, რომ გული ლმობიერი მქონია; ახლა კარს ვადგევარ და მოხარულიცავარ... ჩვენში დარჩება ვიცი... მაგრამ... ჩემი თმაც აპირებს ცოტა ფეხის შეცვლასა; მაშ აღარ მინდა ვიფიქრო ვიზედმე, თუ არ ჩემს ცოლსა და ჩემს შვილებზედ; გათავდა; აქედამ ჰსჩანს, თქვენც რომ გითქვამთ, რომ მადმუაზელმარგერიტა ბედნიერი იქნება ჩემთან,- ისე ბედნიერი, როგორცკი შეიძლება, რომ იმისი ჭკუის პატრონი ბედნიერი იყოს ვისთანმე: იმისი სიამოვნეს მე ყოველთვის ვიმეცადინებ;უარს არაფერში ვეტყვი; თვითქმის ვეცდები, რომ რასაც ისურვებს მე დავასწრო ხოლმე. სხვა რა ვჰქნა? რომ დაიჟინოს, მთვარე და ვარსკვლავები ჩამოიღე ციდამა და მომიტანეო, ესკი არ შემიძლია. მაშ ასე, ჩემო საყვარელო მეგობარო და ერთი ხელი კიდევ!
ხელი მივეც კიდევა და ავდექით.
- მაშ ასე, ასე! იმედი მექნება, რომ დარჩებით ჩვენთან... გაიხსენით ერთი ეგ შუბლი, კარგია... ჩვენ, რასაკვირველია, რაცკი შეიძლება, ვეცდებით გასიამოვნოთ, მაგრამ თქვენცკი ცოტა ხელი უნდა გამოიღოთ... როგორ იქნება?... სულ აგრე ბოდილაობა ხომ არ შეიძლება... თქვენ აგრე დაღონებით ყოფნა თითქო სასიამოვნოდ მიგაჩნდეთ... აგრე ბუსავით გამოყრუება რა სიტყვაა! ნურასკი უკაცრავად და... ისპანიელს რომა ჰგევხართ, აღარცკი რომ სადმე არის, ისეთს ისპანიელსა!... აგრე როგორ იქნება, ჩემო უფალო! აგრეთი ყმაწვილი კაცი, აგრეთი გონიერი, ნიჭიერი! როდი ვარგა სულ აგრე გამოკეტილში ყოფნა, ცოტა უნდა მიიხედ-მოიხედო. აი მაგალითად, პატარა მადმუაზელ ჰელუენს რა უშავს, რომ ცოტა კურკური გაუშალოთ? დროს მაინც გაგატარებინებს... გვარიანი გოგოა და კარგათაც მოვა... მაგრამ მე რაღას ვანბობ გამოშტერებული! თითქო მავიწყდება, რომ აღარ მეთქმის მე ამისთანაები... ჰე! წავიდეთ, გამარჯვებით, მშვიდობით, ჩემო უფალომაქსიმე! ხვალამდის, განა!-
– დიაღ! ხვალამდის.
და ამ ზრდილმა კაცმა, - თვითან რომ ისპანიელსა ჰგავს, ყოველგან რომ მრავალნი არიან, ისეთს ისპანიელსა, - დამანება როგორც იყო თავი და მიმანდო ჩემს ფიქრებს.

(დასასრული იხილეთ მაისის წიგნში.)

________________

1 დაცემული, გადმოვარდნილი, გადმოგდებული, განპატიჟებული ანგელოზი, რასაც ჩვენ მაცთურს უწოდებთ, ანუ სულსა ბოროტსა, იმასა ჰქვია, ანგელოზთა ბრწყინვალეთა შური უძიეს უფალსა ცათაშინა, და განდევლინ იქმნენე უფრსკულად, სადაცა არს სიწყვდიადე და ღრჭენა კბილისა.)

2აი ერთი ლექსი კიდევა, რომ ჩვენს ენაში უნდა შემოვიპატიჟოთ და ადგილი უშოვნოთ. რომანი თუ არ იცი ჩემოთეიმურაზ, რასა ჰნიშნავს, ამ წიგნს რომ წაიკითხავ, მაშინ მაინც შეიტყობ. ღარიბის ყმაწვილი კაცის რომანი გამოდის -ღარიბის ყმაწვილ-კაცის ტრფიალების ანბავი. მაშ რომანი არის ტრფიალების ანბავი; ამ ანბავში ზოგი ისეთი რამ აღიწერება, რომ გამოსადეგი იყოს იმისი ცოდნა, შესამეცნებელი, დამმოძღვრებელი, მაგრამ უმთავრესი საგანი კი ტრფიალება არის, და თუ დამწერმა კარგათ იცის გარჩევა კეთილისა და ბოროტისა, იმ გვარათ აღსწერს ამ ტრფიალებას, ამ სიყვარულს რო პატიოსნებითი გრძნობა მოგაწონოს, გული გაგიწმინდოს, გაგიკეთილშობილუროს და სათნოების სიამოვნე გაგრძნობინოს. ვისაც ამ ნაირი ანბავი უყვარს, იმას რომანების მოყვარული ჰქვია და, რაც რამ ისეთი არის, რომ გამოსადეგი იყოს რომანისათვის, მოქმედება ან საქმე, რომ შეიტანებოდეს რომანში, იმას ჰქვია romanesque, ესე იგი სარომანო, სატრფიალო, რომანული.)

3აქიდამ შეატყობ, რომთეიმურაზ, როგორი ახალი ანბავია ეს რომანი: ყირიმის ომი გათავდა 1856-ში; ამ ომში ნამყოფი აფიცარი (ანუ ოფიცერი) ხაზნადარათ იყო ერთს პატარა ქალაქში როდესაცმაქსიმეოდიო ამ ამბავში იყო.

3 ამაო ძებნა

▲back to top


ამაო ძებნა

მაისის ღამე ბნელ თვალიანი
დილის განთიადს ესალამება
და ვარსკვლავთ კრება უხვ-სხივიანი,
გულ დაწყვეტილი ცაზედა ჰქრება.
იწყო კაშკაში ცისკრის ვარსკვლავმან,
მთვარემ დაუთმო მას თვისი ბინა,
წყნარად დაჰქროლა დილის ნიავმან
და სუნნელება ქვეყნად მოჰფინა.
მამალთ ხმამაღლა იწყეს ყვირილი,
მუშაკთ აუწყეს მით გათენება,
აღიძრნენ ჩიტნი და ერთ-ხმად ტკბილი
გრძნობით ბუნებას შეასხეს ქება.
მშვენიერი ხარ მეტად ბუნება!
შენში ცხადად ჰსჩანს ღვთის ძლიერება!...
ნეტავ თუ იყოს ღვთისა ქმნილება,
გჭვრეტდეს არ იგრძნოს მან ნეტარება?
მაგრამ რას ვხედავ! აჰა ჭაბუკი,
რომელიც შენ ყურს სრულად არ გიგდებს,
კვნესის და ოხრავს, სტირს უბადრუკი
და წარსულს დროსა ოცნებით ეძებს!...
მთა კლდეთ შეჰბღავის, ჩასძახის ქვესკნელს,
წყალსა მიჰყვირის მსწრაფლ მიმავალსა,
მაგრამ ვერ ჰპოებს ნუგეშის მცემელს
და უმრავლდება წყლული საწყალსა!
მთანი და კლდენი სისხლს უჩვენებენ
ქვესკნელი საფლავს და ძვლებთ გამხმართა,
რომელნიც მყუდროდ განისვენებენ
თავ-ნამსხვერპლავთა მის წინაპართა.
საზარელ, უხმო ამა პასუხით
საბრალოს გულში სისხლი სდუღდება;
ისე მდინარეს მტირალისა ხმით
წარსულს დროს ანბავს ის ესედრება.
მაგრამ მდინარე აღქაფებული
ქვე მოაქანებს ას-წლოვანთ ხეთა,
მალმალ ფრთებით სცემს განრისხებული
და ჰსურს გაგლეჯა კლდოვანთ კიდეთა,
რომ მსწრაფლ მორეცხოს მან სისხლი
ძველი მის კიდეებზედ გადათხეული,
მაგრამ კიდეთა შეუკრეს ხელი
და მისთვის არის აღელვებული.

აკ.წერეთელი.

4 დარიგება მოხუცისა

▲back to top


დარიგება მოხუცისა

სარკმლით ვუმზერდი დაფიქრებული
ხესა მაღალსა მწვანეთ მოსილსა,
გარემოს მისა ტურფა ყვავილთა,
სხვა და სხვა ფერათ გარემოცულსა!
ფოთოლნი მისნი მიმოქანობდენ,
ტურფა ყვავილნიც მას შეჰხაროდნენ!
მის ჩრდილსა ქვეშე, კაცი მდუმარედ
იჯდა სახითა განცვიფრებული,-
რაღაც სიმწარე გარემოეცვა,
იყო ამაყად განრისხებული!
გულხელ დაკრეფით, თავქვე დავრდომით,
უმზერდა ადგილს, ცრემლსა აფრქვევდა,
სული უშფოდთა, ჭმუნვარის სახით
ზე იხედვიდა პირჯვარს იწერდა!
რა მიველ მისკენ და მივიახლე,
შემომხედარა მითხრა მან ასე:
ვინა ხარ შვილო, აქ რისთვის მოხვალ
ანუ ვით ჰბედამ ამ ადგილს დახვალ?
აქ საფლავია იმა კაცისა,
რომელი იყო საყვარელ ღვთისა!
ვინ ხარ მამაო! მღვდელი თუ ბერი,
თუ ერთი კაცი, სითგან მოსული?
თუ საღმრთოს მადლით, განგებით ზეცით
შენ ქვეყნიერად ხარ ჩამოსული,
რათ ჰზიხარ აქა ნეტა რას ელი,
ნუთუ არ მოგწონს ესე სოფელი?
მოისმინარა ჩემგან ეს სიტყვა,
დიდისხნობითა აღარ გამცა ხმა,
შემდეგ ჭმუნვითა ამოიოხრა,
გულ დამშვიდებით მან ასე მითხრა:
აქ ვზივარ ვსტირი შვილო ამ დროსა,
სადღაა აბა ღვთის სიყვარული?
ვეღარა ვხედავ თქვენში საღმრთოსა,
ეს მწუხარება მაქვს დაფარული!
და ამ ხეს ქვეშა დღე და ღამ ვჩივი,
ნაკადულს ვაფრქვევ ამა საფლავსა,
მე თვით ცოდვილი ყველაზედ მწირი
როგორც ჩემს თავსა თქვენსასაც ვსტირი!
მენუკვი ჩემსა ვინაობასა,
ნაცვლად გასწავებ კეთილსა გზასა:
გამოიკვლიე განგების ძალი
და აღასრულე შენ მისი ვალი!
უტევე, იჯმნე, ეშმაკთა კრება
და იქონიე ზენათ ვედრება!
აროდეს იტყვი ოი მამაო!
შენ შემიწყალე შენ დამიფარე,
რადგანც საწუთრო არის ამაო
მართალთა შორის მეც შემიფარე!
ეკკლესიაში თუ ოდეს შეხვალ,
ვითა გრძნეული მაშინვე გახვალ,
სად ყრილობაა თვით უბადრუკთა
მიეშურები და მათთან წახვალ!
რატომ არ გესმის ის საღმრთო ძალი,
ქრისტიანე ხარ თუ იცი ვალი,
აბა იფიქრე ოდეს მუნ სდგეხარ
თუ არ უსახურს იმ დროს ვის ჰგევხარ?
აი! საფლავი, შენც სჭვრეტ რომელსა,
მე გამაგონებს კეთილს ყოველსა!
მისი სიწმინდე, მისი ქველობა,
კეთილობაზედ მარად მსჯელობა!
გლახაკთ მოწყალე, მოყვასთ მოყვარე.
დიდი მლოცავი დავრდომილთ შემწე.
მარქვ გულ-წრფელობით, რათ არ მარხულობ,
კრებისა კანონს შენ რათა ჰსწუნობ?
მითხარ რათ არღვევ დიდსა მცნებასა,
რათ არ აღსრულებ წმინდათ ნებასა?
ზე გაქვნდეს გული მადლობდე უფალს,
თუ უძლური ხარ იგი მოგცემს ძალს,
და თუ გულითა მას არ ადიდებ,
ვეროდეს სულსა ვერ დაიმშვიდებ!
სოფლის ცხოვრება მრთლად დაინგრევა,
მიწა მიწადვე გარდაიქცევა,
და თუ დაიცევ მტკიცედ შენ მცნება
მაშინ ექნება სულს განსვენება!
მებრალვი შვილო! ხარ შესაწყალი,
ოდეს მოგერტყის სასტიკი ბრჭყალი,
მაშინ თვით იტყვი: ვაი ჩემი ბრალი!
მაგრამ როდისღა, მაშინ შრომანი,
მაშინ ვედრება და ღაღადება,
როს იქმნა შენზედ გულის წყრომანი
კეთილი ვითღა დაიბადება,
მაშ ასე გირჩევ მოეგე გონსა,
ნუ დაივიწყებ ლოცვას სამღრთოსა!
აღასრულებდე კანონსა მტკიცედ,
როგორც ემბაზით ჩვენ მას შევფიცეთ!
ნუ უყოფ ბოროტს შენსა მოყვასსა,
ნუ დააყვედრებ ჩემებრ მწირ კაცსა,
რომ, მე შენზედა ვარ დიდებული,
ღირსებით, ფულით ყველგან ქებული!
განჰქრების ყველა ამა სოფლისა,
მხოლოდ წინ გვიძღვის კეთილი საქმე,
აბა რა გვახსოვს ამდენის წლისა
ანუ შენ შვილო და ანუ ქა-მე?!!

დიმ.ბერიევი.
10 აგვისტო. 1859 წელსა,

5 სამშობლო ენისადმი

▲back to top


სამშობლო ენისადმი

სამშობლო ენავ, რათ მოგვეფარე?
რათ დაგვაობლე, რათ არ გვემყარე?
აკი ატკბობდი ივერთა ადრე?
ახლა რა გცოდეთ?... რო გაგვეყარე!...
რათ მირბი ძალზე, ზურგ შემოქცევით?
სამშობლო ენავ, გულ შეშფოთებით!
იქნება ჰსწუხდე, ჩვენ გვერდსა ყოფნით
და მისთვის იყო შენ მრისხანებით?...
მართლა! ოხ! ჟამთა გარემოებამ;
გული მოგიწყლა, გიპყრა მით სევდამ
მაგრამ ნუ გვრისხავ,- გვიტევა ზენამ
და ბევრხანს გვჩაგრა, ბედისა წერამ!...
ნუ განგვშორდები, გვედრით ყოველნი;
დიდნი, თუ მცირე, შენნი ქართველნი;
მოგვხედე აბა! ვით სუსტი ხელნი,
შენდა გვაქვს გართხმულ, ვართ მუხლთ დადგმულნი
გვაკმარე წყრომა, გული იბრუნე;
ღიმილით მოვედ ყრმათ მოგვილხინე,
თავსაზედ ჩვენსა მადლი მოჰფინე;
ჩვეულებრ დაფნით დაგვაგვირგვინე!...
ვიცით ცხადათა, რომ ჩვენ არ ძალგვიძს,
კვლავ აღდგინება, იმ ნეტარის დღის,
როს შოთა,შავთელ, ჩანგი ჩახრუხის,
შეადგინებდენ სამკაულს ენის!...
მარამ მაინც ჰგთხოვთ, ცრემლით ივერნი,
სამშობლო ენავ, ჰკურნო ეს სენი,
რომლითა დღემდე, ვით უზრუნველნი,
გულს გიწუხებდით, ღრმათ მძინარენი!...

ი.ბერიძე.
25 ოკტომბერს. 1859 წელსა.
ქ. ტფილისს.

6 ისტორიული მიმოხილვა

▲back to top


ისტორიული მიმოხილვა

ქართველი ქალები

ამ წლის „ცისკრის“ პირველს ნომერში დაბეჭდილია რედაკტორთან წარმოგზავნილი წიგნი, რომელსაც ეწოდება „გარკვევა“ და რომელიც ეკუთვნის კნეინაბარბარეჯორჯაძისას. რასაკვირველია, ჩვენმა საზოგადოებამ ამ წიგნს თავისს დროზედვე შესაფერი ყურადღება მიაქცია. ეს კიდევ არაფერი, რომ მთხზველი არის დედათ-სქესისა. ქართველი ქალები სხვანიც არიან „ცისკრის“ თანამშრომელნი. ღირსება „გარკვევისა“ სძევს თვით იმისს საგანში... „გარკვევა„ არის დაწერილი სასიამოვნოს საუბრის ენით; აზრებია გამოხატული ცხადად და აღბეჭდილინამდვილის დედობრივის გრძნობით. ჰსჩანს, კნეინა ჯორჯაძისა ცნობის-მოყვარეა, კითხვაში და მსჯელობაში დახელოვნებული. ჰსჩანს, სამამულო ენისა და სიტყვიერების წარმატება გულითა სურს. პატივის-საცემი ავტორი თავისს „გარკვევაში“ არღვევს უ. არდაზიანის კრიტიკას, რომლითაც ვითამც ის აღკრძალავს ლექსების საჭიროებას. თავისის სიტყვის დასამტკიცებლად ბუნებითს წესს იხსენებს, რომელსაც ადამიანში სხვა და სხვა ნიჭი დაუნერგია. კნ.ჯორჯაძისა ჰშიშობს, რომ ამ გვარმა უსაფუძვლო და აჩქარებულმა კროტიკამ ახლად დაწესებული საქმე არ დაამციროს. ამას გარდა ისტორიისაკენაც მიაქცევს ჩვენს ყურადღებასა და მოიხსენებს ძველთაგანს საქართველოს მეცადინეობას, სიბრძნეს და ხელოვნებასა. თუმცა ჩვენი მამული დიდს გაჭირვებაში და აღრეულებაში ყოფილანო და, იმისს შვილებს არა ჰქონიათო არც ლიცეები, არც უნივერსიტეტები და არც არიან ზნეობით სრულნი და ვიცით მხოლოდ ერთი ან-ბანი... ეს ან-ბანი არის საღმრთო წერილიო.“ აქ ავტორი გვირკვევს, რა სარგებლობა გამოაქვს საღმრთო წერილის ცოდნითა. ეს სარგებლობა არის - მითვისება ჭეშმარიტებისა, დაწესება სჯულისა, მნიშვნელობა ქრისტიანობისა, დამარხვა მცნებისა სიყვარული მოყვასისა და პატიოსნება. ამ ანბანის ცოდნის უმეტესად ქალნი ეტანებიანო.

უკანასკნელის სიტყვების ჭეშმარიტებას ჩვენ სრულებით აღვიარებთ. საღმრთო-წერილის ცოდნას გარდა, სხვა მრავალი ღირსებაც შეამკობდა საქართველოს ასულთა. იმათი თვისება გარეგანი და ზნეობითი, იმათი მნიშვნელობა მოქალაქეობითი, იმათი განთქმულობა უცხოს ქვეყნებში - დიაღ შესანიშნავია ყოველივე, თუმცა ჩვენ კი ჯერ კარგად არა გვაქვს დაფასებული. ამ საგანზედ ჩვენს დროში საკმაო ყურადღება ჯერ არც ერთს მწერალს არ მიუქცევია,[1] და ამიტომ საჭიროთ ვხადით მოკლედ გამოვირკვიოთ.იმედი გვაქვს „ცისკრის“ მკითხველნი კმაყოფილნი დარჩნენ.

აზიასა და ევროპას მცხოვრებთაგან საქართველო ძველთავეა ცნობილი ქალთა და კაცთ შვენებით. რა არის ამის მიზეზი? - ჰავა და გეოგრაფიული მდებიარობა ადგილისა, რომელნიც ბევრით განასხვავებენ საქართველოს სხვა ქვეყნებისაგან, და რომელნიც იმოქმედებენ ადამიანის აგებულებაზედ და ხასიათზედ, ხალხის წესდებულებაზედ და თვით ისტორიულს მოძრაობაზედაც? ეს აზრი ახლა საზოგადოდ არის მიღებული და ჭეშმარიტია თუ არა, მაშ ჩვენ ამაზედ ნურასღა ვიტყვით. ცხადია მხოლოდ, რომ ქართველი ქალები ყოფილან შესანიშსავნი სიტურით. ფრანცუზები არიან ბუნებით კარგათ დამაფასებელნი სილამაზისა და ერთი იმათგანი შარდენი, რომელმაც საქართველო აღწერა მეჩვიდმეტე საუკუნეში, დიდის აღტაცებით მოიხსენებს ამ მხრით ჩვენს ქვეყანას. „საქართველოს სისხლი არის უკეთესი, ანბობს შარდენი - უკეთესი მთელს აღმოსავლეთზედ და - შემიძლია ვსთქვა, უკეთესი მთელს ქვეყანაზედაც. მე არ შემინიშნავს აქ უშვერი სახე არც ერთს სქესში. იქაური სახეები აღბეჭდილია ანგელოზებრივის გამოხატულებით. ბუნებას მოუფენია უმეტესს ნაწილს ქალებზედ ის სიტურფე, რომელიც სხვაგან არსადა იპოვება. მე არ შემეძლო იმათი ყურება, რომ ჩემს გულში სიყვარული არ აღგზნებულიყო. დახელოვნებული მხატვრობაც ვერ წარმოადგენს უუმშვენიერესს სახესა და მოყვანილობასა. ქართველნი ქალნი არიან ტანოვანნი. საკვირვლად აგებულნი და წელში გასაცვიფრებელად წვლილნი; არიან მახვილის გონებისა, ზრდილნი და თავაზიანნი, ამასთანავე ამაყნი და ამპარტავანნი, ამ სიტყვებით გამოგვიხატავსშარდენი საქართველო იმერეთის ქალებსა. ეს სიტყვები მოგონილნი და უსაფუძვლონი არ არიან, ჩვენ კიდეც გახსენეთ, რომ უუძველესის დროიდგან ქვეყანაზედ განვრცელებულიყო აზრი, რომ ჩვენს მხარეში ბუნებას დაუმკვიდრებია უაღმატებულესი სიტურფე. მამრობითის და მდედრობითის სქესისათვის და ამისთვის დასტრფოდნენ აზიელნი და ევროპიელნი საქართველოს ვაჟ-ქალთა. ამის დამტკიცებას ვპოულობთ ისტორიაში რამდენსამე ასი წლის წინეთ ქრისტეს-შობისა. ერთი ებრაელი მწერალი მოგვითხრობს, - რომ ივერიაში ფინიკიელთ ვაჭრობა ამ საგანზედ იყო დამყარებულიო. ვგონებთ, რომაელთა - აგრეთვე. შემდეგ ქრისტიანობის მიღებისა საქართველოში და სამეფოს მტკიცედ დაფუძნებისა, ვიზანტიის მფლობელნი და დიდებულნი ხშირად ცდილობდნენ შეუღლებასა ქართველს ქალებთან. მოვიხსენებთ აქ რამდენსამე შემთხვევას: მეთერთმეტე საუკუნეში კოსტანტინოპოლის იმპერატორიმიხეილ-დუკა იყო დაქორწინებული ბაგრატ მეოთხის ასულზედ, რომელსაც ერქვამართა, დამართას ბიძაშვილი ირინე ჰყვანდა იმპერატორის ძმას ისაკ-კომნენს; ბაგრატის დის წული ჰყავდა სელეჯუკის სულთანსალფ-ასლანს. მეთორმეტე საუკუნეში დავით მეორეს ჰყავდა ორი ქალი-კატა და თამარ.კატა იცოლა ალექსი-კომნენმა, იმპერატორისნიკიფორებარიანისა და განთქმულის მწერალის ანნა კომნენის შვილმა; თამარ შეუღლდა შირვანის მთავართან, რომელსაც ერქვა ფადლონ და რომელიც თამარისაგანვე იყო გაქრისტიანებული. მეთოთხმეტე საუკ. ტრაპიზონის იმპერატორს ალექსი მეორეს ჰყავდა ცოლად ქალი მესხეთის ათაბეგისა ბექისა. ისტორია ამასაც გვიანბობს, რომ 1450 წ. იმპერატორმა კოსტანტინე-დრაგოზემ წარმოგზავნაო საქართველოში ელჩი დიდის საჩუქრითგიორგი მერვის ქალის სათხოვნელათ, მაგრამ უჟამო კოსტანტინეს სიკვდილმა მოშალაო ამ საქმის დაბოლოება. რუსეთის მხრით ვიცით ორი შემთხვევა: კიევის დიდმა კნიაზმა იზიასლავ სტისლავიჩმა იქორწინა 1154 წ. ჩვენის მეფის ასულზედ, თუმცა არ ვიცით დამტკიცებით ან რომლის მეფის ქალი იყო და ან რა ერქვა. მეჩვიდმეტე საუკ. ბორის გოდუნოვი თხოულობდა გიორგი მეცხრის ქალს ელენეს თავისს შვილისათვის. არაბეთის ხალიფთ მოადგილენი ანუ ემირნი და სპარსეთის მფლობელნი აგრეთვე ეტანებოდნენ ქართველ ქალებსა. ვისაც ჩვენი ისტორია ამოუკითხავს, ის მოიგონებს ჯელალ-ედინს, ახსარტანს, აიხოსრო მეორეს და შაჰ-აბაზს, რომელნიც ქართველი ქალებისაგან იმათთან შეუღლებაზედ უარის თქმისათვის საქართველოზედ გალაშქრდებოდენ და ააოხრებდენ; ის მოიგონებს აგრეთვე ომარ-ხანს, ავარიის მთავარს, რომელმაც სოლომონ პირველის დროს ვახანის ციხე დაარღვია და რა დასტყვევა ორი დები აბაშიძეთ გვარისა, ერთი შეირთო თვითან და მეორე მისცა თავისს ბიძას იბრაჰიმს შუშის ხანს. ყურადღებით უნდა მოვიხსენოთ რასაც ჩვენი და უცხო ტომი მწერლები გვიანბობენ მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე საუკუნესა ამ დროებში სპარსნი და ისმალნი დიდ-ძალს ვაჟ-ქალს სტყვევებდნენ და გაიყვანდნენ საქართველოდგან, ხარკათაც ედვათ ესე უბედურთ ჩვენ მთავრებს და მეფეებს. ეგვიპტე, კოსტანტინოპოლი, ისპაჰანი და სხვა ადგილები ბაზრებათ იყვნენ გადაქცეულნი, სადაც ეს სიტყვიერი სავაჭრო ისყიდებოდა და დიაღ დიდი გასავალი ჰქონდა... ერთი ფრანციელი მწერალი, ჭკვიანი და კარგად ნასწავალი, დიუბუა-დე-მონპერე, ისეთს რასმე გვიანბობს, რომ იქნება სხვა ქვეყნებისათვის სასარგებლო იყო, მაგრამ ქართველს კი სულს აღუშფოთებს. ზეციერმა განგებამ ამიტომ მიაყენაო საქართველოს ეს უბედურება, რომ აღმოსავლეთის ხალხთ სისხლი გაწმენდილიყოო; მაგალითად ასახელებს სპარსთა. ძველნი სპარსნი იყვნენო უშვერნი, მაგრამ უკანასკნელს დროს მოშვენდნენო, რადგანაც იშვიათად ჰნახავდით სპარსს, რომ იმისს სახლში არ ყოფილიყო საქართველოდგამ წაყვანილი ანუ მიტაცებული ქალიო.

ის შესცდება ვინც იფიქრებს ვითომც მხოლოდ გარეგანი თვისება იყო მიზეზი უცხო ტომთაგან ცდისა, - ქართველი ქალები ჰყოლიყოთ. არა, ჩვენ ეს აზრი გვაქვს და ჭეშმარიტადაც აღვიარებთ, რომ სადაც აღადგენს უმაღლესს ადამიანის თესლსა, ან-როგორც ევროპიელნი იტყვიან - ტიპსა, იქ მარტო სახის სიშვენეს არ აკმარებს. ამ ტიპს ბუნება განასხვავებს თვით ზნეობითის ხასიათით, ესე იგი, შეამკობს მაღალის გონიერებით, ხასიათის სიმტკიცით და ძალით, ნამდვილის ზდილობით და მიმზიდავის მიხვრა-მოხვრითა ან მანერებითა. ამ თვისებაებით მეტად თუ ნაკლებად განირჩევიან ის ტომნი, კავკასიის ძირიდგან რომ წარმოსდგნენ - სხვა დაბლა მდგომარე ხალხებში. საქართველოს ხალხი ამ ხასიათით მიაქცევდა თავისს-თავზედ საზოგადო ყურადღებას. საქართველოს ქალებისათვისაც ეს იყო მიზეზად იმათის ბედკრულის ხვედრისა, ისტორია დაწვლილებით არ მოგვითხრობს იმათ მდგომარეობას სამშობლო ადგილებს გარეთ; მაგრამ ეჭვი არ არის, იმათ უნდა ჰქონიყოთ გავლენა სულთნებზედა და შახებზედ და ამ გავლენას სასარგებლოდ მოიხმარებდნენ თავისს სამშობლო ქვეყნისათვისაც რამდენი მე მაგალითი ვიცით, რომ როდესაც საქართველო ყოფილა შიშს ქვეშ განრისხებულის მტრების მხრით, მაშინ ეს განსაცდელი ასცილებია დედაკაცების ცდითა, და მოხერხებულის შუამდგომლობით.

ახლა უნდა დავხედოთ ჩვენის ქალების მდგომარეობას თვით საქართველოში. მართლა და რა ხასიათი ჰსძევს ამ მდგომარეობას, როგორ გამოგვირკვევენ ისტორიის მომთხრობნი. - ჩვენი და უცხო-ტომთანი?

ეჭვი არ არის, რომ ქვეყნის გარემოებაზედ არის დამოკიდებული შინაური ანუ კერძობითი მდგომარეობა. ეჭვი არ არის, რომ დამყუდროებულს სახში დაუბრკოლებლად აღყვავდებიან ადგილ-მამულის მართვა და ჰსწავლის წარმატება. სადაც გარემოება ლაშქრობის ზრუნავას მოითხოვს, იქ ეს თვისება მიყრუებულია; სადაც ამ გვარი გარემოება სამუდამოა, კარგათ ვგრძნობთ ამას რა შეუდგება: იქ სიყრმითვე კაცი შიშშია და სწავლას ვერ დაუდებს თავსა. რასაკვირველია დედაკაცებს აქვსთ ამ გარემოებაში თავისი მონაწილეობა, ასეა ყოველგან; ასეა ევროპასა თუ აზიას ქვეყნებში. საქართთველოს ხვედრი თვითოეულმა იცის. ძველათვე იმისს შვილებს მტრები არ აძლევდენ მოსვენებას. დროს-განმავლობას უფრო და უფრო დიდი განსაცდელი მოაქვნდა. ადგილმამულის პატრონობისათვის ვის ეცალა! დედაკაცები როგორ დაჰსდებდენ გულს თავიანთს შინაურს საქმეებზედ!... მაგრამ სიცრუვე იქნება ჩვენის მხრით, თუ ვჰსთქვით ისინი სრულიად უმეცარნი იყვნენო. არა. ხელთსაქმეობა თვითქმის უმეტესს ნაწილს შეეძლო. ზოგნი იმათს შორის კარგს ნიჭიერებასაც გამოიჩენდნენ. ეს ცხადია: მხოლოდ გულსმოდგინებით განიხილეთ ის ნამუშაკობა, აქამომდე ეკკლესიებში და მონასტრებში დაცული რომ არის. ჩვენ თვითან გვინახავს ქარვაზედ ნაკერი და ქსოვილი საეკკლესიო ნივთები, ამ ორასის წლის წინათ რუსეთში გადასულთ ქართველებს რომ შეუწირავთ სერგიის-ლავრასთვის, მოსკოვის გუბერნიაში იმათს ხელოვნებას ახლაც დიდს ყურადღებას მიაქცევენ პილიგრიმნი ანუ სალოცავათ მიმომსვლელნი... გონების განმსხნელი სწავლაც არ იყო ჩვენის ქალებისაგან სრულებით დატევებული. კითხვა-წერა მრავალთ იცოდნენ. ვისაც საკმაო დრო ჰქონდა, უფრო უპირველესს სათავადო-სააზნაურო წრეში, ისინი უმაღლესს შრომასაც მისდევდნენ: ისინი სტკბებოდნენ ჩვენს ენაზედ დაწერილის, ანუ სხვა ენით გადმოღებულის საერო თხზულებებით; კითხულობდნენ უფრო განთქმულს რუსთაველის „ვეფხვის-ტყაოსანს“, რომელიცა უუმშვენიერებდა სიტყვიერებას და განუწმედდა აზრს და ზნეობითს გემოვნებას და მრავალთ იცოდენ ზეპირათ; კითხულობდნენ საბერძნეთის ფილოსოფოსთა მშობლიურს ენაზედ, მამათა-ცხოვრებასა და საღმრთო წერილებსა. უფრო ამ უკანასკნელს საგანზედ იყო დაარსებული ქართველი ქალების განათლება. საღმრთო-წერილის სწავლა აღბეჭდავდა სამარადისოთ იმათს საუბარს, იმათს მოქმედებას და იმათს მოღვაწეობას ქრისტიანობრივის ხასიათით. ვიცით, რომ რამდენიმე უწერიათ კიდეც და იმათ შრომას ჩვენს დრომდინ მოუწევია. წმინდა-ნინას მოსვლა საქართველოში დამირიანის მოქცევა არის აღწერილი კახეთის დედოფლისაგან. რანის მფლობელის მეუღლემშუშანიკმა, რომელიც იყო ტომით ქართველი, ქმრისაგან ექვალა მეხუთე საუკ. და არის დასაფლავებული მეტეხის ეკკლესიაში, დაუტევა მისგან დაწერილი სომხურს ენაზედ საღმრთო ლიტურგია. მეჩვიდმეტე საუკუნეში ქართველთ წმინდათ საგალობლები, აქამომდე რომ იკითხებიან ჩვენს ეკკლესიაში. იქნება იყო სხვაც რამ ქართველთ ქალებთაგან დაწერილი, რომელთაც ან ჩვენს ცნობამდისინ არ მოუწევიათ, ანუ სამუდამოდ დაკარგულან ჟამთა განმავლობაში და ქვეყნის აღრეულებაში.

ჩვენ ყოველთა ვიცით დედაკაცების მდგომარეობა თვითქმის მთელს აზიაში: ისინი არიან დახშულნი და ქმრებსა ჰყავთ სასტიკს მონებას-ქვეშ. საქართველო აზიაში მდებარებს და ამისთვის ევროპაში მრავალთა ჰქონდათ და კიდევაცა აქვთ აზრი, ვითამც ქართველი ქალებიც ამ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. ეს აზრი სრულიად უსაფუძვლოა. თუმცა ჩვენი მხარე აზიის ქვეყანა იყო, მაგრამ ამ საგანში არც ერთს აზიის ხალხს არ ეთანასწორებოდა. აი ამის მიზეზები: ხალხის ხასიათი აქ განსხვავდებოდა სიცხოვლითა დამოძრაობით; აქ ევროპიის სახელმწიფოთ - საბერძნეთს, რომს და ვიზანტიას ჰქონდათ ხანნრძლივი გავლენა; ისტორიული სვე საქართველოსი ყოფილა მტკიცედ დამყარებული ქრისტიანობრივს სწავლა-ზნეობაზედ. მაშასადამე ქართველთ ქალთ დახშული ცხოვრება და მონებას-ქვეშ ყოფნა უადგილო უნდა ყოფილიყო. ჯერ დიდს დროს არ გაუვლია, რაც ჩვენის მამულის სამოქალაქო მდგომარეობა შეიცვალა, და რასაკვირველია ზნეობითი წესი თვითქმის ისევ ძველია; მაგრამ ვერც ქართლ-კახეთში და ვერც იმერეთის მხარეს ვერა ვპოვებთ ქალების დახშულობის კვალსა... ისევ ისტორიას მივმართოთ: ეს აზრი უფრო ცხადად გამოირკვევა რომელს ქვეყანაშიაც მდედრობითი სქესი მონებაშია, იქ დედაკაცი სრულიად არა სჩანს, ესე იგი, ვერც ხასიათის სიმტკიცეს გამოიჩენს საჭიროების დროს და ვერც სამოქალაქო მართვაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ქვეყანაში ეს არა ყოფილა...

მაშ რა თვისება ჰსძევთ ქართველთ ქალების მნიშვნელობასა და იმათს მოდქმედებას საერო საქმეებში? ჩვენს ისტორიასა სქამს, რომ ივერია წილათ-ხდომია ღვთის-მშობელს და იმისი მადლი მოჰფენია ქართველს ტომს და უნამეტნავესად ქართველ ქალებს. შეიძლება მრავალთ საეჭვოდ მიიღონ ეს აზრი; მაგრამ აი რა არის შესანიშნავი და ჩასაფიქრებელი. ჭეშმარიტის სარწმუნოების დამყარებამდინ საქართველოში, დედაკაცებს ვერა ვხედავთ, შემდეგ ამისა კი ცხადად აღმოსჩნდებიან.ანდრია მოცუქული რომ აბხაზეთსს და მესხეთის მხარეს მოვიდა, დედაკაცისაგან იყო მიღებული; დედაკაცმავე მიიღო პირველად ქრისტიანობა და იმისი მეცადინეობითვე სარწმუნოების საფუძველი დაიდვა იქა. მერე მოვიდანინო და ვიცით ვისის შემწეობითაც განავრცელა ქრისტეს სჯული: ეს შემწენი იყვნენ დედანი - ურიის ქალისიდონია,მირიანის მეუღლენანა და უჯარმის დედოფალი; თვითქმის უკანასკნელისაგან არის მოსჯულებული კახეთის მხარე. მეცხრე საუკუნემდინ ერთი კახეთის ნაწილი, სახელდობრ ჰერეთი, ხალკიდონის კრების შემდეგ, მწვალებელის სარწმუნოებას აღვიარებდა; და აქ მართლმადიდებლობის შემოტანას ისტორია მიაწერს კახეთის დედოფალს დინარის, წმინდათა-შორის შერიცხულს, ვგონებთ ამ მოღვაწეობისათვის. ზემოთ ვახსენეთ შირვანის მთავრის მოქცევა იმისს მე მეუღლისაგან, რომელსაც ეწოდებოდათამარ და იყოდავით მეორის ასული. სხვა რა უნდა ვსთქვათ საქებრათ ჩვენ წინა-პართ დედათა? ისინი სარწმუნოებაზედ ასე მტკიცედ იყვნენ, რომ დაუჯერებელს და შესაძრწუნებელს ტანჯვას ითმენდნენ ურწმუნოთაგან, და ამ გვარის განწირულებით დიაღ დიდს მაგალითს უჩვენებდნენ კაცთა; ისინი გულ-მოდგინებდენ ტაძრებისა და მონასტრების აღშენებაზედ, მოგზაურობდენ აღმოსავლეთის წმინდა ადგილებში, უძღვნიდენ უხვს შემწეობას საბერძნეთის დავრდომილს ქრისტიანებსა და ეკკლესიათა. არა სჩანს, რომ როგორათაც შინ, აგრეთვე გარეთ ჩვენს ქალებს დიდი პატივისცემა უნდა ჰქონიყიოთ? სხვა არა იყოსრა, მარტო მეფობა დიდისთამარისა, იმისი, სამაგალითო საქმეები საქართველოში და უცხო ქვეყანაში, იმისი მეცადინეობა სწავლისა და კეთილზნეობითს გავრცელებაზედ თავისს ხალხში, იმისი შემძლებლობა, რომელიც აღმოიჩინა კავკასიელთ მოქცევით და ტრაპიზონის იმპერიის დაფუძნებით თავისის ნათესავის დავით-კომნენისათვის, იმისი დაკრძალვა, კეძოობითი ცხოვრება და უმანკოება სულისა, - სხვა არა იყოსრა, მარტო ეს შემთხვევა ჩვენს ისტორიაში მოიზიდავს საქვეყნო ყურადღებას არა თუ მხოლოდ იმისს სახელზედ, მთელს საქართველოს დედათა სქესზედაც.

ამ მოქმედებაების შემდეგ, არც მამაცური მხნეობა უნდა გვიკვირდეს ქართველ ქალებში. მართლად ისინი ამ გვარადიყვნენ ცნობილნი ევროპიელთაგან. ზემოხსენებული ფრანცუზი შარდენ გაკვირვებით აღწერს იმათს ახოვანებას. უეჭველია ყველას წაუკითხავს პუშკინის პოემა -ბახჩი-სარაის ფონტანი: აქ არის ერთი საქართველოთგან მოტაცებული მშვენიერი ქალი, რომელიც იმისს პატრონის გულის-წამრთმევს პოლიაჩკას ხანჯლით აშინებს და ეტყვის -მერიდე, თორემ კავკასიის ახლო ვარო შობილი და ხანჯლის ხმარება ვიციო... ჩვენ ვიცით მრავალი შემთხვევა, რომელშიც ქართველ ქალებს გასაოცარი გულადობა და ახოვნება გამოუჩენიათ; ვიცით მაგალითად, რომ როდესაც თურქთ სელუკიდთ ეპყრათ იერუსალიმი, უცხო-თესლნი ხშირად ჰხედავდენ ჩვენ დედაკაცთ აღჭურვილთ და ასე მიმომსვლელთ სალოცავად. ამ გვარადვე იყვნენ ჩვენი ქალები გამოჩენილნი საქართველოს შეჭირვების დროს სპარსთაგან.. აქ ერთი შემთხვევა უნდა შემოვიტანოთ. პოლშური მწერალი კრუზინსკი, რომელიც დიდხანს იმყოფებოდა სპარსეთში მეთვრამეტე საუკუნეში და ამ დროს ქართველთ ლაშქრობის აღწერა დაგვიტევა, აი რას გვიანბობს ერთი დედაკაცი, რომლისაც ქმარი მოეკლათ გულნაბადის ომში, მოიჭრაო საქართველოთგან ისპაჰანს შურის საძიებლათ. ავგანთ ძვირათ დაუჯდათო იმისი ქმრის სიკვდილი; იმან მიკლაო სხვა და სხვა ჩხუბებში ოთხმოც და ათი კაცი, მაშინ იცნესო, რომ დედაკაცთაგანი იყო, როდესაც დასტყვევესო; მაგრამ პატივი თურმე სცეს იმისს გმირულს განწირულებას და გაანთავისუფლეს. რამდენჯერ მომხდარა, რომ ქართველ დედაკაცებს უმხნევებიათ კაცები გაცეცხლებულს ომებში. ხრმალი ლეჩიქში გახვეული -აი რა ღონისძიებას თურმე ხმარობდენ ქმრების გასამხნევებელად ანუ სირცხვილის მისაყენებლად რამდენჯერ მომხდარა, რომ თვით ქალებსაც უწინამძღვრიათ ჯარებისათვის და გაუმარჯვნიათ.

ასრეთნი იყვნენ ძველათ საქართველოს ქალები. ჩვენ ვსცდილობდით კარგათ გამოგვერკვია იმათი თვისება და იმათი მოქმედება. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ქებაში საზღვარს გარეთ გავდივართ, არა გვგონია. ჩვენ წარმოვადგინეთ ფაკტები, რომელნიც თავისს თავადვე მეტყველებენ. ჩვენ ფაკტებიც მოკლედ მოვიხსენეთ, ამისთვის რომ ვშისობდით სიტყვა არ გაგვევრცელებინა. დაწვლილებით რომ შეიკრიფოს, მთელი წიგნი დაიწერება. მართალია, ნაკლულევნება არ გვიჩვენებია; მართალია, ისტორიაში შენახულია მაგალითები ისეთი მანკიერებისა, რომელიც შეჰზარავს ზნეობაში აღზდილს ადამიანს, როგორათაცრუსუდან, უღირსი და ბიწიერებით აღსავსე შვილი დიდისა და ყოვლით შემკულის იაჩრისა, ანუ როგორათაცნესტან-დარეჯან, რომელმაც მეჩვიდმეტე საუკუნეში შესძრა მთელი იმერეთი საზიზღარის ყოფა-ქცევითა, და სხ. მაგრამ რა ვჰქნათ. მთელი ქვეყანა ასეა დაწესებული, რომ სისრულე არაფერშია. სჩანს ეს აუცილებელია. უუმშვენიერესს ადგილებში, ჰავით რომ შემკულნი არიან ხან და ხან - ასე გვიანბობენ სასტიკი გრიგალი საჭირო არისო, რომელიც თუმცა დასცემს და ააოხრებს რასაცკი შეეხება, მაგრამ თურმე სწმენდს ჰაერსა და ვინც უვნებლობას ეძებს იმას აფთხილებს. ასეა ცხოველს ბუნებაშიაც ბიწიერება ზნეობისათვის გრიგალია, რომელიც ორს-სამს იმსხვერპლებს, და ორსს სამასკი გააფრთხილებს. იტორიაც იმ აზრით იწერება, რომ მაგალითებით უჩვენოს რა არის მანკიერება, რა შეუდგება და ან რა თავის დაცვა გვმართებს. ისტორია გვამცნევს, რომ სადაც ზნეობა, უმეტესად ქალის ზნეობა-მაგალითებზედ დაიხშავს თვალსა, იქ ბიწიერება მრავლდება და ვრცელდება, სამოქალაქო წესი ირღვევა და იშლება; იქ გონების ძალი და ხასიათის სიმტკიცე ჰსუსტდება, ღვთის და მამულის სიყვარული აღმოიფხვრება. სხვა მიზეზი არა ჰქონიარა ძველთ აღყვავებულთ სახელმწიფოების აღმოხოცვას; სხვა მიზეზი არა აქვსრა ახალს დროში ზოგი ერთის დაიღონრებას და მოუძლურებას.

ახლანდელი დრო მჭიდროდ არის შეკავშირებული წარსულ დროსთან. როგორათაც კაცი, ისე ქალი თვიქმის ისეთნივე არიან საქართველოში, როგორც უწინ ყუფილან: ისევ ის სისხლი მომდინარეობს ქართველს დედათ-სქესის ძარღვებში და ისეს ის თვისებაები შეადგენენ იმისს ხასიათს, - თვისებები, რომლებითაც მიიქცევენ თვით ევროპიელთ საზოგადო ყურადღებას ესე იგი -სიტურფე, სასიამოვნო საიბარი და მიმზიდავი მანერები საზოგადოებაში და გონების ნიჭიერებანი. კითხვისა და წერის სურვილი, რომელსაც აღმოაჩენენ კნ.ჯორჯაძისა და სხვანი, დიაღ საქებარი არის. სასურველია, რომ ჩვენი ქალები უფრო და უფრო შეეჩვივნენ კითხვასა და წერასა: კითხვა-წერა ადამიანს გონებას გაუხსნის და დონების გახსნა დაგვაყენებს ჭეშმარიტს გზაზედა. სასურველია რომ საღმრთო-წერილის სწავლაში თავისს წინაპართ ჰბაძვიდნენ: ესე სწავლა საფუძველად არის მიღებული დაწინავებულთ ევროპიის ქვეყნებში, რადგანაც ჩვენებს ნამდვილს ქრისტიანობრივს და კაცობრიობითს განათლებას და გულში გააღვიძებს მაღალ გრძნობათა -ჭეშმარიტს სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი, რომელზედაც არის დამყარებული ყოველივე კანონი და წესი, როგორათაც მაცხოვარი გვიბძანებს. სასურველია, რომ ქართველნი დედანი ამ საგანზედ სდებდენ შვილების სწავლის საფუძველს, რადგანაც ნამდვილი განათლება უამისოთ შეუძლებელია და ყოველივე პირველი დაწყება აღბეჭდავს მთელს ადამიანის სიცოცხლეს სიკვდილამდინ...

დიმიტრი ბაქრაძე

_________________

1 აქ ერთი ბოდიში უნდა მოვიხადოთ ამ მშვენიერის მიმოხილვის ავტორთან და ნაკლულევანების შესამცნეველადკი არა, ამ ყოვლად-ღირსეულის შრომის შესავსებელად მოვიხსენიოთ, რომ თუშარდენისაგან ქართველი ქალების ქება, თვითან ავტორს რომ დაბლა მოჰყავს, ჩვენის დროისად არ ჩაითვლება, - ჩვენს დროშიაც არის სასიქადულოდ გამოხატული: 1854-ის „კავკაზში“ იყო დაბეჭდილი რუსული თხზულება უფ.დიმიტრიყიფიანისა, სახელწოდებული ესრედ: Несколько мыслей о матерiaлахъ для исторiи Грузiи - ამ თხზულებით შემდგომს განხილვაში შედის უფ.ყიფიანი.

1. რა ზომად დასახელოვნებულა სასულიერო განათლება ხალხისა?
2. საერო განათლება როგორი ჰსჩანს?
3. მწიგნობრობა, თუ ლიტერატურა როგორი ყოფილა?
4. რა და რა საზღვრები ჰქონია ქართველთ ქვეყანასა, როგორც უმეტესს ძლიერებაში, ისე უძლურებაში. და
5. რა და რა ქვეყნებამდინ მიუწევიათ ქართველებსა, თავისს სამეფოს გარეთ, ომიანობითა თუ სავაჭრო აღებ-მიცემობითა.-

თვითქმის სიტყვა-სიტყვითა ჰსთარგმნით ახლა რაც რამ ასახსნელი მორე კითხვაზედ დაუწერია უფ.ყიფიანს.

„რადგან საქართველო ხშირად ექვემდებარებოდა, სიშორით თუ სიახლოით, ხანგრძლითა თუ ხან-მოკლეობით, - ზერხუშტის (ზოროასტრის) მოძღვრებასა, და უმეტესად მძლეველთ მუსულმანების ზნეობასა და ჩვეულებასა, უეჭველია რომ ქართველების საზოგადოებითს ცხოვრებასაცა და ერთმანერთში დამოკიდებულებასაცა აუცილებლად უნდა დასჩნევიყო კვალი უცხო თესლთაგან მფლობელობისა. არ იქნებოდა არ დარჩენილიყო და დარჩებოდა მარტო ეს კვალი უცხო ქვეყნებიდამ შემოსულის უფლებისა. უმთავრესი და უნამეტნავესად გავრცელებული აქაურის ზნეობის დასაწყისიკი ის თვისება არის მსუფევი, თვითან რომ ბუნების წესით უნდა შემდგარიყო ამ გამარტოებილსა და გაცალკევებულს საქრისტიანო ქვეყანაში, როდესაც გარს მტრები ეხვივნენ დაუცხრომელნი. უნდა თვითან გაჩენილიყო და დამყარებულიყო ქართველებში ისეთი კავშირი საზოგადოობისა და ერთმანერთის დამოკიდებულობა, რომ როგორცკი შეიძლებოდა, წინააღმდეგი ყოფილიყო მტრების ჩვეულებისა და შესაბამი ქრისტიანობრივის წმინდა ზნეობისა, და რადგან არ იქნებოდა რომ ქრისტიანეს მაშინვე თვალწინ არ წამოსდგომიყო ერთის მხრით ის აღმაშფოთელი ჰსჯული ცეცხლის თაყვანის-მცემლებისა, ცოცხალს ცოლსა და მიცვალებულს ქმარს რომ ორთავე ცეცხლით დაწვასა ბძანებს, - და მეორეს მხრით, ის უღირსი დაჩაგვრა და დამცირება, მუსულმანებისაგან რომ ქალისათვის არის დაწესებული; მაშ ყოვლად უეჭველია, რომ ქართველების საერო განათლება უნდა დაწყებულ-იყო იმ ზნეობითს შეხედვიდამა მოყოლებული, როგორც ქალს უყურებდნენ მაშინ თვითან ქართველები; იმ გონიერებითის შემეცნებიდამ, რომელსაც უნდა ემხილებინა, რომ ქალის მნიშვნელობა აღადგინა და განაკეთილშობილურა მოძღვრებამ ღვთიურმა, რადგან ამ ჩვენის სარწმუნოების მოძღვრებით ქალიცა კაც-არს ღვთისა-მიერ შექმნილი სასიხარულოდ და სამეგობროდ კაცისათვის და სულიცა ქალისა ჰსწორ-არს სულისათანა კაცისა ღვთისა წინაშე.-

რა რომ ერთხელ ასე განჰმარტებდნენ ქალნი მნიშვნელობას ქართველები, რასაკვირველია აღარც ის შეიძლებოდა, რომ თაყვანისცემით არ აღეარებინათ წმინდანი ანუ ბრწყინვალენი სახელნინინასი, თამარისა,ქეთევანისა და ამისგამო უმთავრესი ყურადღება ძველის დროებითგანვე მიქცეული იქნებოდა ქალების კეთილს აღზრდაზედა და განათლებაზედ, - რადგან ქალია ის ქვა კუთხედი, რომელზედაც ჰმყარდება ქვეყნიერი ბედნიერება კაცისა.

აქედამ გონიერება ადვილად გამოხატავს, რომ ქალის განათლებით უნდა განიცდებოდეს საზოგადოდ ქვეყნის განათლებაცა.

რასაც ახლა ვიტყვი საისტორიო საქმისას, საისტორიო ფაკტისას, დამოწმება იმისი თვალთწინ გვიდგია, ჩვენ თვითან ვჰხედავთ, საქართველოს კეთილშობილთ გვარებში, ორსავე სქესის პირთა შორის.

კეთილშობილი ქართველი ქალი, ასული თავადისა თუ აზნაურისა, ყოველთვის შინ აღიზრდებოდა; დედისა თუ სხვა უმახლობელესი ნათესავის ხელმძღვანელობას ქვეშე მყოფსა, შინ გაეხსენებოდა გონიერება, მიენიჭებოდა ჰსწავლა და განემტკიცებოდა კეთილზნეობა: წერა-კითხვას ასწავლიდნენ განვითარებამდის, ხელსაქმესა და ოჯახის პატრონობას საღმრთო წერილის კითხვა იყო საძირკველი მწიგნობრობისა; აქედამ შეჰსდგებოდა არათუ საქმითი ცნობა ენის თვისებისა და კანონებისა, - მართლმსაჯულებაცა გონიერებითი, სარწმუნოების შემეცნებაებზედ დაფუძნებული. სიტყვიერებაში განვითარებისათვის წასაკითხავად შეაძლევდნენ. გამოჩინებულის პოეტებისა და მწერალთ თხზულებასა და მოთხრობას რასმე საისტორიოს ან საანბობელსა. ამ გვარს წიგნებს უფროსი ერთად შინა კითხულობდნენ, შინაურს წრეში, და მაშინ კაცებიც ყურს მიუგდებდნენ, როდესაც თავისუფალნი იქნებოდნენ ომიანობისაგან, თუ შინაგანის საქვეყნო საქმებისაგან. ზნეობის გამხრწნელი წიგნი ჩვენში არსად ყოფილა.

ამ გვარად გაკეთილშობილურებული ქალი რასაკვირველია თავისს შინაობასაც გააზდილობიანებდა და რაღა თქმა უნდა რომ ხალხის საზოგადოებითი ერთმანერთის დამოკიდებულებაც უსათუოთ კეთილად უნდა წარმართულიყო.

ესეცკი უნდა მოვიხსენიოთ, რომ შინაურის აღზრდილობის საფუძვლად თუმცა მწიგნობრობა იყო დადებული, მაგრამ ეს მწიგნობრობა მარტო ქალების ხვედრი არა ყოფილა: სამღვდელონი და მოხელენი, თანამდებობაში მყოფნი, თუ მეცნიერების მიმდევნი, შეუძლებელია დამწიგნობრებული არა ყოფილიყვნენ; - მაგრამ საქმე ეს არის, რომ ჩვენში, ვახტანგ-ჯულისმდებელის დრომდინ მაინც, სტანბა სულ არა ყოფილა და ქალები კი, კეთილშობილნი ყოველნივე გამოურიცხველად, დალოცვილნი იყვნენ მწიგნობრობაში, ანუ ლიტერატურაში. ყოვლად შეუძლებელია რომ მოიგონოს ვინმე ან დაასახელოს ახლაცა ქართველი ქალი, ძველებურად, ჩვენებურად გაზდილი, რომ სრულის თავისუფლებით, გაუჭირვებელად არა ჰსწერდეს ქართულსა, და არა ჰსწერდეს მართლწერით, წმინდა ქართულის ენით.

ეს ისეთი ფაკტია, რომ ამას გარდა სხვა ვერა აღჰხსნისრა მეორეს, ესრეთვე დამაფიქრებელს ფაკტსა ქართულის ზრდილობის ისტორიისას: კეთილშობილი ქართველი ქალი ყოფილა როდისმე საზოგადოობაში, თუ თავისს დღეში არა ყოფილა, მაინც რა რომ ერთხელ კრებაში გაერევა სადმე, მაშინვე ღირსების შესაბამს ადგილს დაიპყრობს ისეთის სიმშვიდითა და ისეთის განვითარებულის ზრდილობის გრძნობითა, რომ თითქო მოიხსნა და გარეთ დააგდო ყოველივე სოფლური ჩვეულება და ყოველივე შეკეტილად შინ მყოფის ნიშანიო ჩვენ რომ ამისს განმარტებაში შევდივართ, ვიტყვით ხოლმე, ბუნებითი ტაკტი აქვთ მრავალი ქართველს ქალებსაი. -

იქნება მაგდენი შეცდომა სულაც არ მოგვივიდეს, აქედამ რომ ერთი დიდი საგანი დავინახოთ, რომლისაკენაც მიიმართებოდა ჩვეულებური ჩვენი ქალების პედაგოგია, ანუ აღზრდა: განუწყვეტელი ბრძოლა რომ ჰქონდა ხალხსა თავისის სარწმუნოებისა და თავისის თვითმყოფობის მტრებთანა, შინაური მყუდროება და სიმშვიდე იყო გამამხნევებელი ამ გმირულის ხალხისა: შინ რომ კაცს ეს ნეტარება არ ჰგულებიყო, გარეთ უეჭველია, უფრო გულწამხდარი იქნებოდა: - ეს იყო მიზეზი, რომ დიდს პატივის ცემას ასწავებდნენ ნათესაობითის კავშირისას; პატიოსნების სახიერებას შეაგონებდნენ და ვალდებულების უდრტუნველად მორჩილებასა; და ამ გვარი გრძნობა ხომ ყოველთვის და ყოველგან დამამყარებელი და დამამკვიდრებელი ყოფილა საზოგადოებითისაცა და კერძოობითისაც კეთილდღეობისა.

ამ რიგათ დიდი ხანია, რაც საქართველოში ქალი გამოყვანილი არის კაცის მხევლობისაგან და სიტყვისამებრ საღმრთო მოძღვრებისა, ქალს მიეთვისა, როგორც გონიერსა და ნარნარს მეგობარს კაცისასა, დაარსებითგანვე იმისი კუთვნილი დამამშვიდებელი მნიშვნელობა ჩვენშორის. ასე მოაწია ახალს შთამომავლობამდის ძველებურმა ჩვენმა საერო განათლებამ, რასაკვირველია შორს არის ეს განათლება იმ განათლებაზედ, რომელსაც ამ დროში განათლებას ვეძახით; მაგრამ ეს იყო ის მტკიცე და შეუვალი კავშირი ხალხისა, ვერა რამ გარეგანმა ღონემ რომ ვერ დაარღვია საუკუნოებათ მომდინარეობაში.“

ეს არის 1854-ში თქმული და რედაქცია ჰგონებს, რომ დიდად საკმაოდ იყოს საქართველოს ქალთათვის პანეგირიკად ქება დიდია, მაგრამ რისგან არის, რომ მაგდენათ არაფრად ეტყობა ქალებისაგან წიგნების კითხვის სურვილი? დავიჯეროთ, რომყიფიანი შემცთარი იყოს იმათს ქებაზედა?

რედ.

7 სადილი

▲back to top


სადილი

გორის უეზდის კეთილშობილთ საზოგადოთ.

მრავალთაგან ცნობილი გონიერებითა და სწავლითა თვისითა იმპერატორის სამეცნიერო აკადემიის უფალიბროსსეტ, რომელსა უყვარს ქართველთა ენა და ეძიებს იგი მათთა მიფარულთა სიბრძნესა და ხელოვნებათა, რომელნიცა ყვავილოვანებდნენ წარსულთა დროთა შინა, იყო მიწვეული გორის უეზდის კეთილშობილთ საზოგადოობისაგან მარტის 39-ს დღესა 1848 წელსა უეზდის ქალაქსა შინა გორს სადილათ; აქა ყოველივე ერთბამად მოხალისენი მის უფლისბროსეტის გაცნობისა, მხიარულად მოისმენდნენ კეთილ საამურსა საუბარსა მისსა და განგრძელდებოდა ესრედ ნდაიმი სტოლზე, სადაც ისმოდა სადღეგრძელო ყოვლად მოწყალისა ჩვენისა ხელმწიფე იმპერატორისა ფამილიითურთ სმითა დიდითა ურაა!... შემდგომ, თავადმანგიორგიდავითის ძემ ერისტავმან ფეხზედ მდგომიარემ წარმოსთქვა სიტყვანი ესენი: „უფალობროსსეტ! იმა დროითგან, ოდეს ივერთა მოუხმათ მაღალნი შრომანი თქვენნი განსასწავლებელად ჩვენის ენისა და ქვეყანისა აქხიოლოგიურის და ისტორიულის მხრითა, უმწვერვალეს სურვილად ჩვენდა იყო გვეხილეთ თქვენ მამულსა შინა ჩვენსა, რათამცა გამოგვეცხადებინა თქვენთვის მადლობა ჩვენი! გულითადი სურვილი ჩვენი აღსრულდა! თქვენ გხედავთ საშუალ ჩვენსა.

უფალო ბროსსეტ! უტევე ფიალა სავსე, ესე იყოს წინდად ჩვენისა უღრმესის თქვედამ პატივისცემისა და ესე არის ხმა ერთობრივ ჩვენთა მემამულეთა! ხსოვა შენი გარდავალს ჩვენ შვილითი შვილამდე და იგინი პატიოსნებით წარმოსთქმენ შენსა სახელსა.

„უფალნო! დავლიოთ სადღეგრძელო უფლის ბროსსეტისა, რომელსა უყვარს ენა რუსთაველისა, პეტრიძისა[1] დასონელისა, და რომელოცა აცნობებს ამა ენასა განათლებულთა: ერსა, მხარესა და ქვეყანასა“. დასასრულ ამისა უფალო ბროსსეტ მდგომარე გარდუხდიდა ყოველთა მადლობასა თვისსა მძიმედ თავის დაკვრით და იტყოდა.-

„უფალნო თავად აზნაურნო და ყოველნო გორის კეთილშობილნო! გულითად ვგრძნობ და დიდათ მადლობელი ვარ მოწყალებასა თქვენისა და პატივისცემისათვის, რომელი გიჩვენებიათ ჩემდა; მარამ მე ასეთი პატივით მიღება თქვენმიერ. მე ასე დარწმუნებული ვარ, რომელ ამ აზრზედ მოგიყვანესთ მეცნიერების სურვილმა და მამულის სიყვარულმა იმისთვის ღმერთმან ინება აღმირჩია მე უღირსი საქართველოს ლიტერატურისა განმაღვიძებლად. რა შემეძლო თვინიერ შეწევნისა.

დრო იყო, ოდეს ყვავილობდა საქართველოში ჰსწავლა და ხელოვნებათა წადილი; უნამეტნავესად ბაგრატ მესამიდგან დაწყებული ვიდრე მონგოლების დრომდე, სამი საუკუნე გავიდა ძლიერი და სახელგანთქმული იყო საქართველოს სახლი და მეფობა მათი, მას შემდეგ დროთა ვითარებისაგამო ასე შესწუხდა და დამცირდა საქართველო ოსმალთა და სპარსთა ძალით, ასე დამდაბლდა, რომელ საჭიროდ შეიქნა მოლტოლვილება რუსეთის მფარველობას ქვეშე. წარმართოს ღმერთმან მეფობა დიდის ხელმწიფისა! მას უყვარს საქართველო, ბძანებითა მათითა ასეთი მოადგილე მათი გამოგზავნილია საქართველოში, რომ იგი განაღვიძებს ქართველთა და განაახლებს მათსა ლიტერატურასა. მეცა მათითა ბძანებითა დაბარებულ ვიყავ რუსეთს მეცნიერებათა აკადემიაში, გავწესდი ქართულ სიტყვიერების და ძველის ცხოვრებისა მეძიებელად, ნეტაი წარმემართოს გზა ჩემი.

საქართველოს უფროსნი მფარველნი და მოყვარულნი გამოსჩნდნენ კნიაზმიხაილსიმონიჩი ვარანცოვი და აკადემიის პრეზიდენტი გრაფი სერგეი სემენოვიჩიუვაროვი. ესენი არა მხოლოდ მფარველ შეიქმნენ საქართველოისა და მისის სიტყვიერებისა, ნამეტნავად მათის ნება დართვითა და შემწეობის მიცემითა გამოგზავნილ ვარ აქა იმისთვის, რომ გამოვიძიო რაც არის საქართველოში ღირსი ხსენებისა, სიძველე თუ ახალი მასალა.

ნუ დაგავიწყდებათ თავად-აზნაურნო, ახლა მეფობენ ქვეყანაზე და დედოფლობენ ჰსწავლა და ხელოვნებანი. თქვენცა ეცადენით, რომ განსწავლოთ ყმაწვილნი სხვა და სხვა ხელობითა. შეეწიენით თავსა თვისსა. შევერთდები თქვენთანა გულითა და მუშაკობითა.

აქამდისინ ყოვლის ღონისძიებით შემეწივნენ ვინც არიან თავად-აზნაურთ შვილები და საკუთრად გორის ვეზდის კეთილშობილურმა საზოგადოობამ ასეთი მონაწილეობა მაჩვენა, რომ არ შემიძლია მადლობა არ მოგახსენოთ.

განგიმეორებთ მადლობასა, თქვენ სადღეგრძელოს დავლევ, გთხოვთ თქვენცა შეერთებით ჩემთანა და ერთად ორთავე დიდათ პატიოსანთა გვამთა, ესე იგი კნიაზ ნამესტნიკისა და გრაფუვაროვისა მინისტრისა საზოგადოს განათლებისა აკადემიის პრეზიდენტისა სადღეგრძელო კვალად დავლიოთ. ღმერთმან გაუმარჯოს კნიაზ ნამესტნიკსა და გრაფ უვაროვსა.“

შეიქნა ერთობ ხალისი: ღმერთმან გაუმარჯოს ურაა!... ესრეთის ხმითა განამეორებდნენ სადღეგრძელოს ნამესტნიკისას და გ.უვაროვისა და ამით დასრულდა სამოც და ექვსის თავადაზნაურთა და რუსის ჩინოვნიკთა, რომელთაცა იწყეს შემდგომ ჩვეულებრივი შექცევა დიდხანს.

გაუწყებთრა ამა ფრიად სასიამოვნო შემთხვეულებასა უპატივცემულესნო მკითხველნო, უმორჩილესად გთხოვთ მომიტეოთ, რომელ სუსტსა კალამსა ჩემსა არა ძალუძს სრულიად აღწერა იმა მხიარულებისა, რომელსა შინაცა ვმონაწილეობდი მეცა.[2]

დიმ.მეღვინეთუხუცესოვი.
3 აპრილს 1848 წელსა.
ქ. გორი.

_____________

1რედაქცია ჰგონებს, რომ მას ერქვა პატრიწი, რადგან ჰრომში იყო გაზდილი.

2 ჩვენის მხრით უფ-ს დიმიტრის მეღვინეთხუცისშვილს გულითადს მადლობას შევსწირავთ ამ სადილის აღწერისათვის. მარიოს ივანეს ძე ბროსსეტი ისეთს დიდს ღვაწლსა ჰსდებს ჩვენს ქართულს სიტყვიერებასა და ისტორიაზედ, რომ იმისი ანბავის გაგონება დიდად ძვირფასია ყოვლის ქართველისათვის, და რასაც ვინ იმისს ანბავს შეგვატყობინებს ცისკარში დასაბეჭდათა, სწორეთ ვალს დასდებს მთელს საზოგადოობას. მარად საამოა ჩვენთვის ხსენება იმისი.

8 ლორდი მაკოლეი

▲back to top


ლორდი მაკოლეი

ანგლიამ დაკარგა ერთი უდიდესი კაცი, რომელიცა განსხვასდებოდა თავისს ნიჭითა, თავისს ქვეყანაში და, რომელმაც მოიპოვა იშვიათი დიდება.

თომა ბაზენსტონ მაკოლეი, რომლის სიკვდილმან[1] დასცა საქვეყნო სარი, დაიბადა როტლეი, ტამპლში ლეისეს ტერსირში 25-ს ოკტომბერს, 1800.ს წ. და ჩამომავლობდა ერთის შეტლანდიის ევარისაგან. იმისი მამა ვაჭრობდა აფრიკაში, სადაც დაინახა საშინელი და უსვინიდისო გარემოებაები, რომელშიაც იმყოფებოდნენ ნეგრები და, რომელთაც მიზეზნი იყვნენ თვით განათლებულნი ევროპიელნი. ის ეკუთვნოდა იმ საზოგადოებას, რომელიც ცდილობდა ბოლო მეორე ნეგრებს ყიდვისათვის და მათ მონებისათვის. მამის მაგალითმა დანერგა ყმაწვილისმაკოლეის გულში თავისუფლების გრძნობის სიკეთენი, რომელითაც აღზარდეს იმისი ხასიათი, ნიჭიერება, და მისცეს გზა მისს პოლიტიკურს კარიერას.

იმან ისწავლა სამაის სასწავლებელში კემბრიჯში და მიიღო გაბრწყინვალებული უნივერსიტეტის წარმატებაები. 1826-სა წ. იმან დაიწყო სახელმწიფო კანონების სწავლა.მაკოლეის სტატიებმა, რომელნიც იბეჭდებოდნენ სხვა და სხვა ანგლიურს ჟურნალებში და რომელნიცა აღვეჭდილნი იყვნენ ჭეშმარიტის მსჯელობით და მაღალ ღირსებით. ამ სტატიებმა მიიქციეს საზოგადო ყურადღება იმათ შორის.მილტონის ცხვრების გამოხატულობა ითვლება უწარჩინებულ თხზულებად.

1830-სა წ. მაკოლეი, რომელსაც სახელი იყოკიდევაც განთქმული კალმით, დაინიშნა პარლმენტის წევრათ კალნის ბურღის მხრით და პატარა ხანს შემდეგ განვლენა, რომელიც იმან აჩვენა თავისის ნიჭით, იყო მიზეზი, რომ იმას მისცეს თანამდებობა მომხსენებელისა.

1834-სა წ. ის აღმოირჩია ლედსის ქალაქმა კონტროლის სეკლატრად: ამ თანამდებობას მალე დაანება თვაი, გამგზავრდა ინდოეთში მწევრად უდიდესის შეკრებილებისა. იმას მიანდეს შედგენა ერთის საკუთარის სამოქალაქოს სჯულისა, რომელსაც უწოდეს სახელად შავი კოდეკსი ინდოეთისა. თუმცა ეს კოდეკსი განვითარებულად იყო დაწერილი, მაგრამ შევიდა ხმარებაში.-მაკოლეი დაბრუნდა ანგლიაში 1838-სა წელსა. შემდეგ წელიწადს ის გაგზავნეს პარლამენტში ედემბრმის აღმორჩეულთ და დანიშნეს შემდგომ მიკლეს ჟამისა სამხედრო სეკლატრად. ამ სჯულის მდებლობაში ისმოდამაკოლეის ხმა სასარგებლოს კატოლიკეების თავისუფლებისა. ამ სულგრძელის მონაწილეობისათვის დევნილთ კატოლიკებისადმი იქნა გადადგენილი და აღარ აღმორჩეულ, შემდგომს 1847-სა წ.

განეშორა რა სამოქალაქო სამსახურის ასპარეზიდგან მაკოლეიმ შესწირა თვისი ცხოვრება ანგლიის ისტორიას, რომელსაც უნდა ედიდებინა ამის სახელი. იმან დააბეჭდინა ორი პირველი ტომი 1848-სა წ. და გამოსცა ორი მეორე ტომი 1855-სა წ. წარმატება ამ ისტორიულის შრომისა იყო დიდი. რადგანაც წინათვე ედენბურძის აღმორჩევით ჰქონდა დიდი პატივისცემამაკოლეის, ამისთვის იმათ 1857-სა წ. დანიშნეს ისა ახლად თავიანთ წარმომადგენლი პარლამენტებში, განთქმული უდუდესის ნიჭით დაჯილდოებულ იყო ლორდის ღირსებით და დასჯდა ლორდების პალატაში 1857 წელსა.

როგორათაც ორატორი მაკოლეი განბრწყინდება ჩინებულის თავისუფლებით, რომელთაც აღამაღლეს იგი როგორათაც ისტორიკოსი. საუბრები იმისი განსხვავდებოდნენ აზრების სიღრმით და საკურველის მჭევრმეტყველობით და ენის სიცხადით. ზოგნი ჰპოებენ იმისის თხზულებებში რომელთამე ნაკლულევანებათა. მაგრამ რაც იყოს იმის ანგლიის ისტორია არის პირველი სალიტერატურო მონუმენტი ჩვენის საუკუნისა, საუბედოდ ეს შრომა რჩება დაუსრულებლად და ეს შემთხვევა არის დიდად საწუხარი არა მხოლოდ ანგლიისათვის არამედ მთელის ევროპისათვის.

მაკოლეი დამარხულია ადდისონის გვერდით ვესმასტერის აბატსტვოში, ანგლიის განთქმულთ კაცთა პანტეონში.

თ. ზაქ. ერის-თავი.
ფრანცუზულის ილუსტრაციით.
ფებერვალი, 1860 წ. ქ. ქუთაისით.

________________

1ჩუენის მხრით უფ.–ს დიმიტრის მეღვინეთხუცისშვილს გულითადს მადლობას შევსწირავთ იმ სიკვდილის აღწერისათვის. მარიოს ივანეს ძე ბროხსეტის ღუაწლს ჰსდებს ჩუენს ქართულს სიტყვიერებასა და ისტორიაზედ, რომ იმისი ანბავის გაგონება დიდად ძვირფასია ყოვლის ქართუელისათვის, და რასაც ვინ იმისს აწთავს შეგვატყობინებს ციხკარში დასაბეჭდათა, სწორეთ ვალს დასდებს მთელს საზოგადოებას მარად საამოა ჩუენთვის ხსენება იმისი. – რედ.

9 სხუა და სხუა ანბავი

▲back to top


სხუა და სხუა ანბავი

ხელი მოსწერდება

1860 წელსა.

ქ. ტფილისში, ქართულს ჟურნლის „ცისკრის“ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში. ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში გაუგზავნელად ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით, ანუ სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.

რედაქცია ჰსთხოვს „ცისკრის“ ხელის მომწერთა, ვისაც ჟურნალი დააკლდეს და დროზე არ მიუვიდეს, მაშინვე აცნობოს რედაქციას, ესრეთის ზედ წარწერით:

„ცისკრის“ რედაქციაში, ტფილისს.-

წარსულს თვეში „ცისკარს“ მოემატნენ შემდგომნი ხელისმომწერნი.

ტფილისში.
თ. რევაზ ერისთავი,
გიორგი ანდრონიკოვი.

ქუთაისის უეზდში
გიორგი ჯაფარიძე

ზაქათალაში
კნ.ევდუქსია შალიკოვისა.

გორის უეზდში
ივანე სულხანოვი

თელავის უეზდში.
თ. იოსებ ჯორჯაძე.2წ.
თ.გიორგი ჯორჯაძე.
თ.დავითჯორჯაძე.

ყუბაში

სერგეი უზბაშიანცი.

სრულებით. 9.

სადილი გორის უეზდის კეთილშობილთ საზოგადოთა. - დიმ. მეღვინეთხუცესოვისა. - ლორდი მაკოლეი. - თ. ზაქ. ერის-თავისა.

247 და 249 გვერდზედ ტიპოგრაფის შეცდომით დაბეჭდილია „გამაგონებს და ქა“ გთხოვთ წაიკითხოთ, მომაგონებს, აქ.