ცისკარი №6 (1859)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 სიტყვა თქმული გორის სობოროსაში

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა თქმული გორის სობოროსა-შინა, ბლაღოჩინის სოლომონ ხახანოვისა-მიერ.[1]

ქრისტე აღსდგა!

„ჭირსა შინა მხადე და მე
გიხსნა შენ.“ (ფსალ.)
მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

საღმრთო წერილი ცხადად მოგვითხრობს ჩვენ, რომელ ყოვლისა-შემძლებელმან ღმერთმან შეჰქმნა რა ყოველივე ესე სოფელი, და მასთან აღიღო მიწა ქვეყანით და მისგან შეჰქმნა კაცი ხატად და მზგავსად თვისსა, აკურთხა იგი და ჰრქვა: „აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და უფლებდით ყოველთა ქმნილებათა ზედა“, ამისთვის უხილავი ღმერთი განაგებს სოფელსა და მარადის ზრუნავს იგი ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის.

ჭეშმარიტ-არს ესე. თუმცა ყოვლად მოწყალება და სიყვარული ღვთისა განუზომელ და გამოუკვლეველ-არს ჩვენდა მომართ; თუმცა ყოვლად-სახიერებასა მისსა არა ნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი.

ამისაგამო ღმერთი, წყალობითა და მოწყალებითა თვისითა დროს გვცემს ჩვენ, რათამცა მოვიქცეთ ჩვენ ყოვლისა ბოროტისა და უსამართლობისაგან, ვითარცა იტყვის დავით წინასწარმეტყველი: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას“. გარნა ჩვენ უცნობელნი გონებითა და მძიმენი გულითა, არა ვისმენთ ბრძანებასა ღვთისასა, თვით გარდავხდებით მცნებათა მისთა, თვით განვეშორებით რა ღმერთსა ცთუნებითა მტერთა ჩვენისა და სოფელსა შინა ეშმაკისათა, მაშინ მართლ-მსაჯული ღმერთი ჩვენი, ვითარცა თვალ-უხვავი და პირ-უთნებელი მეუფე მეუფებათა და უფალი უფლებათა. წინააღმდეგობისა და მცნებათა გარდახტომისათვის,მოგვცემს ჩვენ დასჯასა დაგვამხილებს ჩვენ საქმეთაებრ ჩვენთა: ყოველმან ურჩმან და ჰსჯულის გარდამავალმან მიიღოს სასჯელი კვალად გებისა.

ამასთანავე რისხვა ღვთისა-მიერ მოვლენილი ჩვენდა, ესე იგი: სრვანი, ძრვანი, შიმშილი და სხვანი ესე ვითარნი ბოროტვნებანი, მოივლინებიან დასასჯელად ცოდვათა ჩვენთათვის. ძმანო ჩემნო! წარმოიდგინეთ წინაშე თვალთა თქვენთა აქ არა განმრავლებულ არიან თქვენ შორის სულისა და ხორცისა ბოროტბილწებანი? ესე იგი: უზომო და შეუფერებელი განცხრომანი სოფლისანი, და მასთან ამპარტავნება. ზვაობა, გმობა, არაწმინდება, ცილის-წამება, ანგარება, მტერობა და სხვანი უშვერნი და მავნებელნი ბოროტმოქმედებანი, რომელთათვისცა აქა თვითოეულად არა ჯერ არს თქმად საკდემელად თქვენდა.

ქრისტესმიერ საყვარელნო! არა ხედავთა, არა გრძნობთა? სამხილებელად ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთათვის, აქ დაეხშო ცა და არა მოსცა მან წვიმაი ქვეყანასაზედა, არა შეძრწუნებულხართა სულითა, რომელ ნაყოფნი ქვეყანისანი უწვიმროებითა განიხრწნებიან ძუძუნი მაწოვებელტანი განხმებიან, და ამისგამო ნუ ინებოს ღმერთმან, შიმშილითა და შესაძრწუნებელითა სიკვდილითა კაცთა და პირუტყვთა ერთბამად ეგულვების მოწყვეტად.

აწ რა ვჰყოფთ ჩვენ ძმანო! ვითარ განვერეთ ამა მოწევნულისა ჩვენზედა სამართლად რისხვისა ღვთისასა? ნუ თუ ღმერთმან სრულიად დაგვიტევა ჩვენ და აგვხადა ჩვენ საფარველი თვისი? ნუ იყოდინ, ნუ შეძრწუნდებით, ნუ სულ-მოკლე იქნებით! „ჭირსა შინა მხადე და მე გიხსნა შენ“ იტყვის წინასწარ მეტყველი. ღმერთი სულგრძელ და მრავალ მოწყალე არს, არცა ცოდვათა ჩვენთაებრ გვეყოს ჩვენ და არცა უსჯულოებათა ჩვენთაებრ მომაგოს ჩვენ.

კაცთა მიერ შეუძლებელი, ღვთის მიერ შესაძლებელ არის: აი საშუალობა, რომლისაგამო ღმერთი ჩვენ შეგვიქყალებს. დაუტყოთ ყოველი უკეთურება, შევჰწიროთ ღმერთსა სინანული ცოდვათა ჩვენთათვის, მხურვალე გულითადი ვედრება, ცრემლი, მუხლმოდრეკითი ლოცვა, მასთანვე გაქუნდეს ურთიერთისა შორის მშვიდობა, მყუდროება, მოთმინება, ეგრეთვე სარწმუნოება, სასოება და ყოველივე კეთილ-მოქმედებანი, რაიცა სათნო არიან ღვთისა.

ოდესცა ამას ესრეთ აღვასრულებთ შეუორგულებლად, მაშინ ყოვლად მოწყალე ღმერთი, ჩვენ კაცთა მომართ სიყვარულისათვის განხორციელებული შეისმენს ვედრებასა ჩვენ ცოდვილთასა, ვითარცა შეისმინა მან ვედრება და სინანული ნინეველთა და გარეწარაქცია მათზედა მომავალი რისხვა, ვითარცა შეისმინა ცრემლი და ვედრება ეზეკია წინასწარ მეტყველისა, ეგრეთვე მხურვალე ვედრება მანასე მეფისა, და მრავალნი არიან მგზავსნი ამათნი მაგალითნი საღმრთოსა წერილსა შინა, ვითარცა იტყვის მახარებელი: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ირეკდით და განგეღოთ, რასაცა ითხოვდეთ სარწმუნოებით გეყოთ თქვენ: ღმერთი შეისმენს თხოვნასა ჩვენსა მაშინ, ოდესცა თხოვა ჩვენი არა იქმნბის წინააღმდეგი ნებისა მისისა. „ღმერთო განმთხიენ ჩვენ და დამამხვენ ჩვენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩვენ“. ფსალ.

ჭეშმარიტად. უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი და ყოველნივე დამკვიდრებულნი მას შინა. უფალი მოაკვდინებს და აცხოვნებს. უფალი დააგლახაკებს და განამდიდრებს, დაამდაბლებს და აღამაღლებს, აღადგინებს ქვეყანისაგან გლახაკსა და სკორეთაგან აღამაღლებს დავრდომილსა. ამისთვის ილოცეთ და სტიროდეთ ერთბამად ყოველნი წინაშე ღვთისა: მდიდარნი და გლახაკნი, დიდნი და მცირენი მცირე წლოვანთათანა.

უმეტესად თვენ გლახაკნო, ილოცეთ და სტიროდეთ, ვინაიდგან აწვე მოკლებულ-ხართ მდღევარსა საზრდელსა.

სტიროდეთ თქვენცა გულმტკივნეულნო მშობელნო წვრილ-შვილებითა დატვირთულნო, ვინაიდგან რამესამე ჰყოფთ მაშინ, ოდესაც შვილნი თქვენნი მოგთხოვენ თქვენ პურსა საჭმელად, და არა რაი გექნებით თქვენ რაი მისცეთ მათ ჭამად, მაშინ იგინი იწყებენ მოუწყვეტელად ურვასა, ვნებასა და ტირილსა; მაშინ ფრიად შეძრწუნდებით თქვენ სულითა, მაშინ ნაწლევნი თქვენნი მწარედ შეიწვებიან ესრეთისა უბედურებისათვის.

ოხ! რა უძნელეს და შესაძრწუნებელ არს შიმშილისა კაცთათვის ქვეყანასა ზედა.

სტიროდეთ თქვენცა მდიდარნო, და ნუ მინდობილხართ სიმდიდრესა ზედა თქვენსა, იცოდეთ, რომ უკეთუ არსით შესაძლებელ იქმნების სყიდვა საზრდელისა, მაშინ სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი თქვენი იქმნების ვითარცა მიწა და ქვიშა, ვინაიდგან შეჭმად ოქროისა და ვერცხლისა თქვენ არა ძალგიძთ.

თქვენცა სამღვდელოთა კრებულნო! ევედრენით ღმერთსა მზგავსად ილია თეზბიტელისა, რათამცა გარეწარაქციოს ღმერთმან ესე მოწევნული ჩვენზედა საშინელი რისხვა და მოუვლინოს ქვეყანასა ჩვენსა წვიმაი და ნაყოფთა უხვება. აღიღეთ ხელთა შინა წმინდანი ხატნი და ცხოველს-მყოფელი ჯვარი, გავიდეთ გარე ქალაქისა ლიტანიობად და ესრეთ ერთათანა ხმა მაღლად გალობით ვღაღადებდეთ ერთბამად: უფალო შეგვიწყალენ ჩვენ! და ესრეთ მეცა თქვენთანა შევაერთებ ლოცვასა და ვედრებასა ჩემსა, ქვე დავარდები მუხლთმუდრეკით ქვეყანასა ზედა და ზე აღვიხილამ თვალთა ჩემთა ზეცად და ვილოცავ მაცხოვრისა ჩემისა წინაშე მდგომარე ცრემლით. ოი! მეუფეო ჩვენ ყოველთაო, რომელი კაცთ-მოყვარებისათვის განხორციელდი, დაიცე სახიერო კეთილ-მორწმუნე მეფე ჩვენი ერთურთ ამა მოწევნულისა რისხვისაგან, მოგვიტევენ ჩვენ ურიცხვნი შეცოდებანი ჩვენნი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისა ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა ნების ყოფელთა შენთათა, მოანიჭე ყოველსა ქვეყანასა წვიმაი და კეთილი ჰაერი ნაყოფისა გამოღებად, რათა განვძღეთ ჩვენ უღირსნი შენითა პურითა და მით აღვივსნეთ მრავლითა წყალობითა შენითა; და მარადის გულითა გადიდებდეთ შენ ჩვენთვის განხორციელებულსაძესა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდენ. - ამინ.

1859 წელსა.

აპრილის 27-დღესა.
ქ. გორი.

_______________

1 სიტყვა ესე თქმული მეტის გვალვის მიზეზით, რომელიცა იწყო გაზაფხულის დამდეგს. ამ სიტყვის შემდეგ და შემდეგ საზოგადო პარაკლისისა, გასულან ერთურთ პატიოსანნი სამღვდელონი გორისა ქალაქსა გარეთ ხატებით და ჯვრებით, სადაც ექვს ალაგს გარდუხდიათ საღმრთო წესი.ამ სტატიის გამოგზავნისათვის დიდათა გმადლობთ მთქმელსა:)

2 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


2.1 ანგელოზი

▲ზევით დაბრუნება


ანგელოზი

სიწყვდიადე შავად ღამისა
ტფილის ქალაქს ზე გარდმოჰფენოდა,
დათრთვილვა ოდენ ცისგნით ნამისა,
მხიარულთ ყვავილთ მხოლოდ შვენოდა.
სრულად ჩუმობდა გარშემო არე,
ერთობ დუმილი გარსა ეფინა,
ძილს შიგან იყო მუნ არე-მარე,
შრომის შემდგომს თვითც ბატონს ეძინა[1]
მხოლოდ ზოგჯერ სიოს დასავლით მთანი
თითქოს ზეფირსა, უხვად მოჰბერდნენ!
ეს იყო ჟამი შუა ღამისა,-
პირველ ყივილი რა ქათმის ისმა,
ამ დროს გაელვით ცით ციაგისა
ანგელოზის ხმა უცებ მოისმა!
შემდგომს გამოკრთა რა ანგელოზი,
ნელიად ტფილისდაეშვა თავსა,
მოსდევდა გარს სხვათ ანგელოზთ დასი,
რომლნი მოეცვა საღმრთოსა ძალსა.
რა დასდგა ჰაერს, მუნითგან ჯერეთ,
შემოქმედს ოდენ მადლს შესწირვიდა,
მუხლ დადრეკით, ხელ გაპყრობით, ესრეთ
დასიც მხურვალედ მას მიბაძვიდა.
შემდგომს მობრუნდა და ორივე ხელს
ჰფარავდა ერს ვით სხივი მდელოსა,
რა რომ ხედავდა მადლსა მაშინდელს,
ლოცავდა გრძნობით საქართველოსა.
ქათამთ გაკმიტეს ერთბამად ხმანი,
მტკვარიცა ამ დროს თითქოს რომ შესდგა,
განკრეთენ, იკრძალნენ თვით ჭრიჭინანი,
გარემოება დუმილს მოეცვა.
ჭაობნი, მთანი, ღრენი თუ კლდენი,
რა რომ ნაკადთაც მოუკლეს დენას,
ველნი, ყვავილნი, ერთობ ყოველნი,
მიუპყრიდნენ მას ერთობით სმენას.
ესრედ ფრინავდა ხუთიოთ წამი,
ბოლომდენ იყო ზე განხმული ცა,
სრულ-ქმნა რა წმინდამ მან საღმრთო ჟამი,
შემდგომს კმაყოფით უკუნ მიიქცა!...
და ისევ ქალაქს უწინდებრივი,
რამე შეექმნა ჩვეულებრივი!...

ამის შემდგომს განვლეს ბევრთ წელთა,
წელთა მწუხარეთ, დაუდგრომელთა,
ხალხთ ექმნათ შეცვლა ერთობ ყოველთა,
დიდთ, თუ მცირეთა, თვით ჩვენთ მშობელთა.
რავდენნი ხალხნი შემდგომად მისა,
ვით ხეს ფოთოლნი ძირს დაცვივნულან
რამდენის თემის ხალხისა პირსა
უხილავს, მუნვე ბანაკებულან?
აწ ყოვლის კაცის აზრი სხვა არი,
ცვლილება ექმნა ხალხთ მოქმედებას,
ამ საუკუნუთ გარჯის ნაქნარი
ბოროტი ჰფარავს გარემოებას.
განვლეს და განვლეს მრავალთ წელთ კვალად,
თუმც შუაღამეს ბევრსა უნიშნავს,
რომ საქართველო, საწყალად
მას ანგელოზსა აღარ უხილავს.
და მხოლოდ ერთხელ, გათენების ჟამს,
მოვიდა ფრიად ფერით ნამკრთალი;
მოვიდა მხოლოდ თვით მცირესა წამს,
ადრინდელებრ არც მოსდევდა ძალი.
დასდგა, დახედა და დანანებით,
მწუხარებითა მან გაიცინა,
არცა ულოცავს, არც დაულოცავს,
შეჭმუხვნით ოდენ უკუნვე იქცა!
და ესრეთ ლტოლვილთ, ჩვენ საუბედუროთ,
ჰსჩანს რომ დაგვეხვშა ცა საუკუნოთ.

ი. კერესელიძე.
16 მაისს.
1859 წ.
ქ. ტფილის.

________________

1ბატონს ეძახდნენ მეფეს. აქ ბატონს ირაკლი მეფეს ვუწოდებ.

3 რომეო და ჯულიეტა

▲ზევით დაბრუნება


რომეო და ჯულიეტა

დრამა

ხუთ მოქმედებად განყოფილი.

თხზულება შეკსპირისა

ანგლიურიდამ ჶრანცუზულს ენაზედ ახლად გადაღებული, ბენჯამენ ლაროშისაგან. და პარიჟში დაბეჭდილი 1856 წელსა. ფრანცუზულიდამ ქართულს ენაზედ ხელახლად გადმოღებული 1859 წელსა, დიმ. ყიფიანისაგან.

ხილვა I

ქალაქის მეიდანი.

შემოვლენ მერკუსიო, ბენვოლიო და მრავალნი მოსამსახურენი.
ბენველიო.
წავიდეთ ღვთის გულისათვის, მერკუციო. ვერ ატყობ, როგორი სიცხეა; კაპულეტები გარეთ არიან და თუ ერთმანეთს შევხვდით, მე ვიცი უხიფათოთ ვერ გადავრჩებით; ამ სიცხეში სისხლიცა ჰსდუღს.
მერკუციო.
შენ სწორეთ იმათა ჰგავხარ, სასტუმროში რომ შევლენ, ხმლებს მოიხსნიან, კუთხეში მიაყუდებენ და იტყვიან, ღმერთმა ინებოს, რომ არ დაგვჭირდესო. - და მაშინვე კი ხელსა ჰსტაცებენ და მსახურს შეუტევენ, თუ სამსახური დაუგვიანდათ რამე.
ბენვოლიო.
მე ვჰგავარ იმათა?
მერკუციო.
სხვაზედ უფრო ადვილი დასამშვიდებელი არცკი შენა ხარ. შენს შეხურებას მაგდენი არა დასჭირდებარა!
ბენვოლიო.
მაინც სად მივალთ ახლა?
მერკუციო.
შენისთანა რომ ორი იყოს ცოტას ხანში ერთიღა დაგვრჩებოდა; ამიტომ რომ ერთი მეორეს მოჰკლავდა უსათუოთ. შენა? შენ ისეთი ხარ, რომ ვინც უნდა შემოგხვდეს, უთუოთ ჩხუბს აუტეხ, ეგ წვერი რათა გაქვს ან ჩემზე მეტი, ან რომ აქა ვარ, შენ თხილის მტვრევას როგორღა ჰბედავო; თვალები გაქვს თხილის ფერი და ეგრე შორს დამნახავი კიდეც იმიტომა ხარ. შენი თავი კვერცხივით არის გამოტენილი საჩხუბარის მიზეზებითა; მაგრამ, ამისდა ნაცვლად ჭკვაზედ კი თხლათა ბრძანდება; თუ ადრე გაგაჩნდა რამე, ისიც შემოგეხარჯა მრავალს შენებურათ ატეხილს ჩხუბში და ცემა-ტყეპაში. მე მახსოვს, ერთს კაცს რომ ჩხუბი აუტეხე ქუჩაში, რათ ახველებთ ძაღლი რათ გამომიღვიძეო, მზეზე ეძინა თავისთვისაო. შენ არ იყავი, ერთს მკერვალს რომ ხელი ჰსტაცე, როგორ გაბედე, რომ აღდგომამდინ ახალი ჩოხა ჩაიცვიო; და მეწაღეს რომ შეუტიე, როგორ თუ ახალს წაღებზედ ძველი ლენტები დაგიკერებიაო. მე კი მეუბნები ჩხუბს მოერიდეო.
ბენვოლიო.
მე რომ შენსავით მაჩხუბარი ვჰყოფილიყავ, ახლავე დაუმკვიდრებდი ჩემს თავსა, ვინც კი პირობას დამიდებდა, ამ ორ საათში არა აგიტყდესრაო.
მერკუციო.
მამთქნარებინებ მაგისთანა ლაპარაკითა.
მოვა თეიბალდი, რომელსაცა რამდენიმე კაპულეტიანნი თან მოსდევენ.
ბენვოლიო.
ღმერთსა ვჰფიცავ, აგერ კაპულეტებიც მოდიან.
მერკუციო.
მოდიან და მოვიდნენ, რა მენაღვლება.
თეიბალდ. (თავის კაცებს.)
ახლოს იყავით ჩემთანა; ამათ მინდა გამოველაპარაკო. გამარჯვება, ბატონებო; სიტყვა მაქვს თქვენში ერთერთთან.
მერკუციო.
ერთად ერთი სიტყვა ჩვენში ერთერთთან? არ შეიძლება სხვაც თან მოაყოლოთ რამე, ხმალი მაგალითად?
თეიბალდ.
დიაღ მზათ გახლდები, თუმცა თქვენთან მაგდენი მიზეზი არა მაქვსრა.
მერკუციო.
უმუზეზოთ კი ვერ მოახერხებთ?
თეიბალდ.
მერკუციო, გეტყობა შენ და რომეო შეთქმულხართ და ერთად ჰმოქმედებთ.
მერკუციო.
როგორ თუ შევთქმულვართ. მესტვირენი გგონივართ თუ? გაფრთხილდი, ზომას არ გადააცილო; თორემ (ხმალზედ ხელს დაიდებს.) ამ ჭიანურმა არ შეგათამაშოს.
ბენვოლიო.
ხალხში ვართ აქა; ან წავიდეთ საითმე, ან დაწყნარებით ვილაპარაკოთ, არც სათქმელი გვქონდეს. თუ არა და გავჰშორდეთ ერთმანერთსა. ქვეყანა გვიყურებს.
მერკუციო.
რამდენიც ეპრიანებოდეთ, იმდენი გვიყურონ; იმიტომა აქვთ თვალები. მე აქა ვჰრჩები, და იამება თუ ეწყინება, მაგდენს არას დავსდევ.
მოვა რომეო.
თეიბალდ.
თქვენ მშვიდობით წაბრძანდით, ბატონებო. მე აგერ ჩემს კაცსა ვჰხედავ.
მერკუციო.
ის შენი კაცი იყოს, მე ჩამომარჩონ. ხმალში თუ გახველ, მაშინ კი გიახლება; ამ შემთხვევაში სწორეთ ეთქმის შენი კაცობა.
თეიბალდ.
რომეო! ისე მეჯავრები, რომ სხვა სიტყვა ვერ მომიხერხებიარა შენთვის სათქმელათა, ერთს გარდა: შე ფლიდო, შენა!
რომეო.
თეიბალდ! მე მიზეზი მაქვს შენის სიყვარულისა და ეს მიზეზი მატევებინებს შენთვის მაგ გვარს მრისხანებასა. მე ფლიდი არვარ, ძმაო, მშვიდობით. გატყობ, რომ ვერ მიცნობ ჯერა.
თეიბალდ.
მაგით ვერ გადიხდი, რაც შენგან წყენა მახსოვს. აქეთ გამობრუნდი თუ კაცი ხარ და ხმალი მოიმარჯვე.
რომეო.
განმიცხადებია, რომ ჩემს დღეში შენთვის არა მეწყენინებინოს რა და წრფელი პატივისცემაცა მქონდეს შენი; მაგრამ ამ გრძნობას ვიცი ჯერ ვერ მიჰხვდები, მანამდისინ მიზეზს არ გაიგებ. ასე, ჩემო საყვარელო კაპულეტო; - შენი გვარი ისეთ გვარია, რომ პატივსა ვცსცემ, როგორც ჩემს საკუთარსა და -გთხოვ გული დაიმშვიდო.-
მერკუციო.
ვაი სირცხვილო, ვაი თავის გაუპატიურებავ! -აქეთ ჩამომეცალეთ. (ხმალს გაიძრობს და თეიბალდს შეუტევს.) შე საძაგელო, შენა! აქეთ მოეთრიე.
თეიბალდ.
შენ რა გნებავს?
მერკუციო.
სალახანაების მეფეო! რა მნებავს და შენს ცხრას სიცოცხლეში ერთერთის გასტუმრება მინდა ვიკადნიერო და დანარჩენი რვა ჩაგაშხამო მაინცა; ვნახოთ, შენ როგორ მოიქცევი. შენი ხმალი, როგორც ვატყობ, თუ ყურში ხელი არა ჰსტაცე, ქარქაშიდამ ამოსვლას არ აპირებს. დააშურე თორემ, მანამდისინ მაგას ამოიღებდე, ჩემმა ყურში არ წამოგიჩურჩულოს.
თეიბალდ.
(ხმალს გაიძრობს.) გახლავარ.
რომეო.
საყვარელო მერკუციო, ჩააგე ეგ შენი ხმალი.
მერკუციო.
(თეიბალდს.) აბა! (შეიტაკებიან.)
რომეო.
გავაშველოთ, ბენვოლიო! დადექით! სირცხვილია, ბატონებო დადექით! თეიბალდ! - მერკუციო, - ქალაქში ჩხუბი მთავრისაგან სასტიკათ არის აღკრძალული; დადექით, ღვთის გულისათვის; თეიბალდ,მერკუციო, ჩემო საყვარელო მერკუციო! (მერკუციო იკოდება და თეიბალდ წავა თავისის კაცებით).
მერკუციო.
დავიჭერ! ოჰ! წყალსამც წაუღია ორივე ოჯახი, -გამისტუმრეს? - ისე წავიდა, რომ არა დაშავებიარა.-
ბენვოლიო.
როგორ? - დაიჭერი თუ?
მერკუციო.
დიაღ, დიაღ! ცოტა გამკაწრა! მაგრამ ესეცა კმარა. ბიჭო, შენ ეი! აქიმი მომგვარე, მალე. (ბიჭი გაიქცევა.)
რომეო.
ნუ გეშინია, ჩემო მერკუციო! შენი დაჭრილობა აგრე მძიმე არ არის.
მერკუციო.
არა, ორმოსავით ღრმა არა არის, არც ეკკლესიის კარის სიგანე აქვს, მაგრამ როგორც არის, ისიცა კმარა. აბა ხვალ მობძანდი და ჩემი ანბავი იკითხე, თუ ჩემს უკანასკნელს სამყოფში გაშოთვილი არა მნახო. მე ჩემს საქმეს მოვრჩი, ახლაკი გამარჯვებით სოფელო! ჯანაბამდინაც გზა ჰქონიათ ორსავე თქვენს ოჯახსა. - როგორ? სასიკვდილოდ გაკაწრული და მერე ვისგან? - ერთი რაღაც სასაცილო მაწანწალა, ტრაბახით გაბერილი, მხეცი. (რომეოს.) შენ რაღა ჯანაბა გაწვევდა, რომ შუა ჩამოგვერიე; -შენი მკლავის ქვეშიდამ იყო, რომ ხმლის წვერი მატაკა.
რომეო.
თქვენი გაშველება მინდოდა.
მერკუციო.
მიშველეთ ერთი, სახლში შემიყვანეთ სადმე. რომეო, ვატყობ, გონებასა ვჰკარგავ. ჯოჯოხეთსაც დაუნთქამს ორივე თქვენი გვარი. იმათი ბრალია რომ ჭიები უნდა ვაძღო ახლა. მოვრჩი მე ჩემს საქმეს. - წყეულიმც იყოს ორივე გვარი. (ბენვოლიო წაივანს მერკუციოს, დიდად დაუღონოებულს).
რომეო. (მარტო.)
კეთილშობილი კაცი, მთავრის მახლობელი ნათესავი, და ჩემი სარწმუნო მეგობარი, სასიკვდილოთ დაიჭრა ჩემის მიზეზით; და მე, მე ვჰხედავ რომ ჩემს პატიოსნებას ჩირქი მოაცხო თეიბალდმა, თეიბალდმა, ჩემმა მოყვარემ, -რომელსაც ეს არის ეხლა დავემოყვრე, ჯერ ერთს საათსაც არ გაუვლია. ოჰ! ყოვლად სატრფოო ჯულიეტა! შენმა სიყვარულმა გამაქალაჩუნავა? შენმა ტრფობამ მოშალა ჩემი გულადობა.-
მოვა ბენვოლიო.
ბენვოლიო.
ოჰ! რომეო, რომეო! წაიღო შენი ჭირი საბრალო მერკუციომ.
რომეო.
შავი ბედი დღევანდელს დღისა საზაროს ბეჭედს ასვამს მომავალს დღეებსაცა. დღევანდელი დღე იწყობს დიდს უბედურებასა და მომავალმა დღეებმა უნდა დააბოლოვონ.
მოვა თეიბალდი.
ბენვოლიო.
აგერ ის გამხეცებული თეიბალდიცა.
რომეო.
ეს ცოცხალი, გაამაყებული და მერკუციო კი მკვდარი! მოთმინებავ! შენ ცადმიმართ წარიმართე, და მგზნებარე მრისხანებავ, შენ წინა მიძეღ! (დაუახლოვდება თეიბალდს.) თეიბალდ! მე რომ სიფლიდე მიწოდე, შენთვისვე გამომიბრუნებია. მერკუციოს სული ჯერ შორს არ არის წასული,ზედვე დაგვტრიალებს, და შენ გელის გზის ამხანაგათა; ან ერთ-ერთი უნდა გავჰყვეთ, ან ორივე.
თეიბალდ.
ამაყო ყმაწვილო! აქ შენა ხარ იმისი მეგობარი და შენვე გაგისტუმრებ იმასთან.
რომეო. (ხმალს გაიძრობს.)
ამან გაგვარჩიოს. (შეეტაკებიან და თეიბალდ დაეცემა.)
ბენვოლიო.
გაიქეც, რომეო! მოჰშორდი აქაურობას. მოქალაქეები აგერ მორბიან და თეიბალდ მკვდარია. რაღას გაჩერებულხარ. თუ დაგიჭირეს, მთავარი უთუოთ სასიკვდილოდ განგპატიჟებს. წამოდი, წამოდი! დააღწიე თავი! რომეო. ოჰ! ბედის წერაო!
ბენვოლიო.
რაღას უყურებ? (რომეო წავა.) მოსცვივიან მრავალნი მოქალაქენი.
პირველი მოქალაქე.
- საით გაიქცა ის მერკუციოს მკვლელი? თეიბალდი, ის კაც-მკვლელი, საით გაიქცა?
ბენვოლიო.
თეიბალდი აგერა ძევს.
პირველი მოქალაქე.
–თქვენ ჩემთან წამობრძანდით, უფალო. მთავრის სახელით გიბრძანებთ, დამმორჩილდით. (ხელს მოჰკიდებს ბენვოლიოს.)
მობრძანდება მთავარი და დარბაისელნი, კაპულეტი, მონტეგი, დონნა კაპულეტისა, დონნა მონტეგისა და მრავალი ხალხი.
მთავარი.
ამ საქმის დამწყებნი სად არიან?
ბენვოლიო.
კეთილშობილო მათავარო; მე შემიძლია დაწვრილებით მოგახსენო, საქმე როგორც იყო. ამ მკვდარს რომ ჰხედავთ, ამან მერკუციო მოჰკლა, თქვენი ნათესავი, და ეს მოჰკლა ყმაწვილმა რომეომ.
დონნა კაპულეტისა. (დაუახლოვდება თეიბალდის გვამს.)
თეიბალდ! ჩემი ძმის წული! ვაი ჩემს ამისს მოსწრებასა, ჩემის თეიბალდის სისხლი დათხეულა აქა! -მთავარო! თუ თქვენში სამართალი იპოვება, ამ დათხეულის სისხლის სამაგიეროდ მონტეგის სისხლი უნდა აგვაღებინოთ! ვაი ჩემო თეიბალდ, ვაი ჩემო ძმის წულო!
მთავარი.
ბენვოლიო! ვინ იყო ამ საქმეების დამწყები?
ბენვოლიო.
აქ მდებარე თეიბალდი გახლდათ, რომეოსაგან მოკლული. - რომეო დიდის მოთმინებით ამშვიდებდა და ეხვეწებოდა, იფიქრეთ, რა საწყენი იქნება მთავრისათვის თქვენი ჩხუბიო. რომეოს სიმშვიდით ლაპარაკმა, ზრდილობამ, თავაზიანობამ და პატივისცემის თხოვნამ, ვერასფრით ვერ დაამშვიდა თეიბალდი. ყური არ ათხოვა თეიბალდმა, ხმალ ამოღებული მივარდა მერკუციოს და მკერდში რომ წვერის ტაკებას უპირებდა, მაშინ იმანაც ხმალი შეახვედრა და ცალის ხელით რომ სიკვდილი ასე თავიდამ მოიშორა, მეორეს ხელით იმას შეუტია, მაგრამ იმანაც მოიგერია. ამ დროს მივარდა რომეო: „შედექით, ღვთის გულისათვის შედექით, ძმებოო!“ თავისის სიმარდით ორივე ხმლები ძირს დააშვერინა და შუა შევარდა გასაშველებლად.მაშინ გახელებულმა თეიბალდმა რომეოს მკლავს ქვეშ გააძვრინა ხმალი და ატაკა მერკუსიოს. - თეიბალდ გაიქცა მაშინვე, მაგრამ გამოტრიალდა ისევა და ახლა რომეოს მოუბრუნდა. გულდამწვარს და შეწუხებულს რომეოს მოთმინება შური-გებათა ჰქონდა მაშინ გარდაცვლილი. ელვასავით უეცრად ეტაკნენ ერთმანერთსა და მანამდისინ მე ხმალს გავიძრობდი ამათ გასაშველებლად, თეიბალდი მკვდარი დაეცა და რომეო გზას გამოუდგა. ახლავე სული ამომძვრეს, თუ ეს საქმე ჭეშმარიტად ასე არ იყო, უგანათლებულესო მთავარო.[1]
მთავარი.
რომეომ მოკლა ისა, ვისაც მერკუციო მოუკლავს. ესოდენ საყვარელი სისხლი მე ვინღა გადამიხადოს?
ბენვოლიო.
რომეო ნუ იქნება პასუხის მგებელი, მთავარო! მეგობარი იყო და იმისი მკვლელი რომ მოკლა, სხვა იმაზედ მეტი არა უქნიარა, რასაც კანონი არ იქმოდა.
მთავარი.
დაუშავებია და დასასჯელად ახლავე განმიწესებია განდევნა იმისი ამ ქალაქითაგან. თქვენი სიძულვილი მეც მომეცხო; თქვენმა მტრობამ ჩემი სისხლიც ადინა! მაგრამ ისეთს სასჯელს გაგიჩენთ, რომ ამ სისხლის დაქცევა თქვენვე ცრემლით გატირებინოთ. ყრუ ვიქნები თავის-მართლებისათვის და ბოდიშისათვის. ვერცაღა ცრემლი, და ვერცაღა ვედრება, - მოეხმარება თქვენს დამნაშაობას. იმედი არღარა იქონიოთრა.- რომეომ დააჩქაროს თუ ჭკუა აქვს, გასვლა ჩემის ქვეყნიდამ და თუ ჩემს სამფლობელოში მოასწრეს სადმე, უკანასკნელი იმისი ჟამიც ის იქნება. წაიღეთ აქითგან ეს გვამი და ჩემის ბრძანების დარღვევას არავის გირჩევთ: სწორეთ ის მოწყალებაა მომაკვდინებელი, რომელიც კაცკვლას მიუტევებს. (წაბრძანდება და სხვანიც წავლენ.)

ხილვა II.

ოთახი კაპულეტის სასახლეში.
შემოვა ჯულიეტა:
ჯულიეტა.
განამრჩობლეთ სისწრაფე თქვენი ცაში მნათობად მოგზაურებო; დაეშურენით დასავლეთისაკენ, რომ ღამის სიბნელე დაუყოვნებლივ ქვე-ჩამოვარდეს. შეჰსდუგმე შენი მძიმე ფარდები, ღამეო, ღამეო, საიდუმლოდ-მოტრფიალეთამეფაო, და დაუხშე ყველას თვალები, რომ მოვიდეს ჩემი რომეო და ჩემს წიაღს მოეგოს უხილველი, იდუმალი. სხვა რა სინათლეა ტრფიალთათვის საჭირო, თუ არ ყოფნა ერთმანერთთანა. სიყვარული ბრმა არისო და ღამეც იმიტომ შეჰშვენის. მაშ მოდი ღამევ მდუმარეო, მცველო სარწმუნოო, შენის შავით მოსილი და იქ მიმიყვანე, სადაც ჩემი დამმარცხებელი იპოვებოდეს, სადაც ორმა წმინდამ და უბიწო სულმა უნდა აღასრულონ წესი პირველის მსხვერპლის შეწირვისა; მოასხი შავი ღართი შენი ჩემს სიმშვიდის და უმანკოების სიწითლესა, მანამდისინ გათამამებული საყვარელი სხვას ამ საიდუმლოებაში არღა რასა ჰხედავდეს, თუ არ შეუგინებელს აღსრულებასა პატივოსნებითის ვალდებულებისასა. მოდი, რომეო! მოდი! შენ იქნები დღე ჩემის ღამისა: სიბნელეზედ ისე მტკიცედ გამოირკვევა სისპეტაკე შენის სახისა, როგორც ახალი თოვლი ყორნის ფრთაზედა. მოდი, ღამეო მოწყალეო; მოდი ღამეო ტკბილო და წყვდიადო, მომგვარე რომეო ჩემი; და როდესაც სიცოცხლე დაასრულოს, მაშინ აიღე და ვარსკვლავებად დაკუწე: პირსა ქვეყანისასა ისეთის ელვარებით განაბრწყინვებენ მაშინ ისინი, რომ მრთელი ქვეყანა შენ რამეს შემოგეტრფოდეს და აღარ მიჰხედავდეს აღარც მზესა და აღარც იმისს დიდებასა. - ოჰ! ვიყიდე, მართალია, უფლება სიყვარულისა, - მაგრამ ჯერ კი ეს უფლება არ მიმიღია გასყიდული ვარ, და მსყიდველსკი ჯერ არ დაუპყრივარ. ოჰ! რა ნაირათ გაგრძელდა ეს დღე? თითქო დიდის დღესასწაულის წინა ღამე იყოსო პატარა ყმაწვილისათვის, რომელსაც ახალი ტანსაცმელი ეგულება და ჩაცმა მოუთმენლათა ჰსურს. - ოჰ! აგერ ჩემი მამაცა! -
შემოვა ძიძა და მოაქვს ბაწრის კიბე.
ჯულიეტა.
ანბავი მოაქვს რამე; რასაცკი რომეოსას მეტყვის რასმე, ყოველივე მჭევრმეტყველება იქნება ჩემთვის ღვთიური. აბა! ძიძავ! რა ანბავი? ეგ რა არის, ხელში რომ გიჭირავს! ის კიბეა, რომეომ რო დაგაბარა?
ძიძა.
ჰო, ჰო! ბაწრის კიბე. (ძირს დააგდებს კიბეს.)
ჯულიეტა.
ღმერთო ჩემო! ეგ რაღა არის? რათ იმტვრევ აგრე ხელებსა?
ძიძა.
ღმერთო დიდებულო! მოკვდა, მოკვდა, მოკვდა! ვაი ჩემს თავსა. ვაი ჩვენი ბრალი ქალო, ვაი ჩვენი ბრალი. აღარ არის უბედური, - მოკლეს, მოკვდა!
ჯულიეტა.
ღმერთი აგრე უწყალო როგორ იქნება!
ძიძა.
რომეო კი იყო! ოჰ! რომეო, რომეო! ღმერთო! ვინ იფიქრებდა ამასა!
ჯულიეტა.
როგორ სულის მტერი ხარ შენა, რომ აგრე მტანჯავ! ასე მტანჯავ, რომ წყეულნიც გიწყენენ. რომეომ მოიკლა თავი თუ? ჰსთქვი,ჰო-თქო და მარტო ეს ერთი ხმა მომკლავს ისე მსწრაფლადა, რომ ვასილისკოს თვალსაც არ შეეძლოს. თუ რომეო აღარ არის, აღარც მე ვარ. მითხარ, დედაკაცო, ჰო თუ არა? ამ ერთმა ხმამ ან მომკლას, ან მაცოცხლოს.
ძიძა.
მე ვნახე იმისი დაჭრილობა, ჩემის თვალითა ვნახე, -ღმერთო შენ დამისხენ, - შიგ ძუძუში ნაკრავი, ვაი ჩემი ბრალი! მძოვრიღა გდია, სანახავათ საზარელი; ფერი, ფერი იმისი, ცარიელი ნაცარი; -სულ სისხლით შეთუთხვნილი; -გული შემიწუხდა, გონება დავჰკარგე, რომ ვნახე! ვაი, ვაი!
ჯულიეტა.
ოოჰ! გასქდი, გულო, ახლავე გასქდი; დადეგით თვალებო, სინათლე აღარ დაინახოთ; სხეულო მიწიერო, მიწადვე დაიშალე, რაღას აყოვნებ; სულო, განვედ და ეს სხეული რომეოს საფლავს მიუგდე.
ძიძა.
თეიბალდო, თეიბალდო! ვაი შენს ყმაწვილკაცობასა, ვაჲ შენს სიმამაცესა. უკეთესი მეგობარი ვინა მყავდა მე უბედურსა; უკეთესი ზრდილობა ვისღა ჰქონდა; ვაი მე შენის სიკვდილის მნახველსა!
ჯულიეტა.
რა გრიგალი არის ეგა, ორივეს მხრიდამ რომ აგრე მოქრის და ჰგლეჯს ქვეყანასა? რომეო მოკლეს და თეიბალდ მოკვდა? სასურველს ბიძაშვილსაც მოვაკლდი და უმეტესად სასურველს ქმარსაცა? მაშ რას გაუჩუმებიხარ მეორედ მოსვლის საყვირო? ვინღა უნდა იცოცხლოს, რაკი ეს ორნი აღარ არიან?
ძიძა.
თეიბალდი მოკვდა და რომეო გააგდეს; რომეომ რომ მოკლა იმიტომ გააგდეს, დაჰკარგეს ქალაქიდამა.
ჯულიეტა.
ყოვლად ძლიერო! როგორ? რომეომ მოკლა თეიბალდი?
ძიძა.
ჰო, რომეომ, რომეომ, -ვაი მე!
ჯულიეტა.
ოჰ! გულო საზარელო, ტკბილის სახით მოსილო! ოჰ, გველო მზაკვარო, ყვავილებში ჩამალულო! მდგარა როდისმე ვეშაპი ამისთანას მშვენიერს სადგომში? ოჰ! მტარვალო, სიამოვნებით აღსავსე! ეშმაკო ანგელოზებრივო! აფთარო მტრედის ბუმბულით მოსილო! მგელო კრავი ბეწვიანო! ციდვაო ცხოველო, ზეციერის ნათლით მკობილო; ანგელოზო დანთქმულო, ავაზაკო პატიოსნების გამომეტყველო! ეი შენ ღვთის განგებაო! ჯოჯოხეთში რაღა საქმე გაქვს, თუკი წამწყმედი სული ამ სხეულში გიყენია, ამ მოკვდავს სამოთხეში? უნახავს ვისმე თავის დღეში ასე გამრყვნელი წიგნი ასეთის სიმდიდრით ყდა გადაკრული? გაგონილა სადმე, რომ ასეთს განბრწყინვებულს სასახლეში ასეთი ურცხვი სიცრუე მდგარიყოს?
ძიძა.
არ შეიძლება მეთქი, კაცის მინდობა, არა! ყველანი ურჯულონი არიან, ურწმუნონი, უსვინდისონი, უპატიურნი: სულ ფიცისტეხა, სულ სიცრუე, სულ მაცთურება, სულ საძაგლობა; სხვა არაფერი. ახ ღმერთო! ეს პეტრე სად არის? პეტრე, ერთი არაყი! ეს მწუხარება, ეს ნაღველი, ეს ჯაფა დამაბერებს, მაშ რასა იქს. შეარცხვინა ღმერთმა რომეო!
ჯულიეტა.
წყეული იყოს ენა შენი მაგ სიტყვისათვის. როგორ თუ შეარცხვინა; - მერე ვინა? სირცხვილმა როგორ უნდა შეჰბედოს იმისს ნათელს შუბლსა. იცი რა არის იმისი შუბლი? საყდარია პატიოსნებისა; ისეთი შუბლია, რომ ქვეყნის გვირგვინი ზედ ედგას, იმასაც დააშვენებს. მე როგორ ვბედავდი, მე უბადრუკი, რომ ისე ვიხსენიებდი?
ძიძა.
ქა! შენის ბიძაშვილის მკვლელზედ კეთილი რა უნდა ითქმოდეს?
ჯულიეტა.
ჩემი ქმარი მე უნდა ვახსენო ცუდათა? ვაი შენ ჩემო სატრფო და ავბედო მეუღლეო! ვინღა გამოგესარჩლოს, თუ მე, შენი ცოლი, სამის საათის წინათ ჯვარდაწერილი, - მე ვბედავ შენს შეურაცხებით ხსენებასა? -ვაი შენ, უბადრუკო ჩემო თავო, ვაიმე. -მაგრამ რათა. რათ ინებე ბატონო, ხელმწიფეო, რომ ბიძაშვილი მომიკალ? -იქით ჩამომეცალენით, გამოსულელებულო ჩემო ცრემლებო! თქვენც მე შემომბედეთ შეურაცხება, რომ ლოყებზედა მდიოდით, განა? - თქვენსავე წყაროს მიიქეცით; აქ საქმე არა გაქვსრა: ცოცხალია ჩემი მეუღლე, რომელსაც თეიბალდი მოკვლას უპირებდა, და თვითან ის მოკვდა, თეიბალდი, ჩემს მეუღლეს რომ ჰკლავდა. თუ არა სასიხარულო, რა არის აქა? მაშ რა მატირებს მე გამოშტერებულსა? ერთმა ლექსმაკი საკვდავად დამიკოდა გული, -თეიბალდის სიკვდილზედ უმძიმესმა ანბავმა: „თეიბალდ მოკვდა და რომეო გააგდესო.„ მარტო ამ ერთს ლექსი, გააგდესო, მარტო ამაში არის სიკვდილი ერთისაკი არა, ათიათასის თეიბალდისა. თეიბალდის სიკვდილიც კარგათა კმარა; და ჩემი უბედურება იქ უნდა შემდგარიყო. ან არა და, თუ ერთი უბედურება ისე არ მოვა, რომ მეორეც თან არ მოჰყვეს, - რაკი მითხრეს თეიბალდ მოკვდაო, ბარემ მამასაც გამიმჟღავნებდნენ, ან, დედასაც, ანუ ორთავე; ოჰ! საშინელი იქნებოდა ჩემთვის ეს გამჟღავნება; - მაგრამ ჯერ მითხრან: თეიბალდ მოკვდაო, და მაშინვე თან დააყოლონ: რომეო გააგდესო, დაჰკარგესო, ეს ხომ ერთიანი სიკვდილია სულ ყველასი. მამასიც, დედასიც, თეიბალდისაც, რომეოსიცა და ჯულიეტასიცა. ვინღაა ცოცხალი? რომეო დაჰკარგესო, -აქ აღარც ბოლოა, აღარც დასასრული, აღარც ნაპირი, აღარც კიდე იმ გამოუთქმელის მწუხარებისა, რომელსაც ერთხელ წარმოადგენს საყვარლის რომელისამე სიკვდილის გამჟღავნება! ძიძა! მამაჩემი და დედაჩემი? სად არიან?
ძიძა.
უსულოს თეიბალდს დასტირიან. თუ გნებავს წაგიყვან.
ჯულიეტა.
თავისს ცრემლებს ადენენ იმისს წყლულებზედა, როდესაც იმათ შეუშრებათ, მაშინ მე ვადენ რომეოს დაკარგვაზედ. აიღე ეს ბაწარი. საბრალო იარაღი! შენც ჩემსავით გასცრუვდი; რომეო გაგდებულია. ჩემთან უნდა მოგეყვანა და ახლა სად არის? ამაო სასოებავ! მეც ისე ვარ განპატიჟებული, რომ ქალწულად მოვჰკვდე და ქვრივათა. - მოდი, აქ მოდი, - შენცა, ძიძავ! შენც აქ მოდი. მე დავჰსწვები და რომეოს მაგიერათ სიკვდილი მომიწვეს.
ძიძა.
შენ შენს ოთახში შებრძანდი და მე რომეოს მოგიძებნი, მოვიდეს და ნუგეში გცეს. ვიცი სადაც არის. გესმის თუ არა? რომეო აქ მოვა ამაღამ. მე ახლა იმასთან მივალ. პატრი ლავრენტის სენაკშია დამალული.
ჯულიეტა.
ოჰ! წადი, ჩემო ძიძავ! ეს ბეჭედი მიართვი ჩემს კანონიერს ბატონსა და მოახსენე, გამომესალმოს. (გავა.)

ხილვა III.

პატრი ლავრენტის სენაკი.
შემოვლენ პატრი ლავრენტი და რომეო.
ლავრენტი.
გამოიხედე რომეო! გამოდი აქ, მოკვდავო უბადრუკო! ჭმუნვას შეუპყრიხარ და მწუხარებაა სასძლო შენი!
რომეო.
ანბავი, მამაო! რა უნებებია მთავარს? რა ახალი უბედურება უნდა გამოვსცადო კიდევა?
ლავრენტი.
მეტად შეჰსჩვეულხარ უბედურებას, შვილო ჩემო! მთავრის გარდაწყვეტილება მინდა გამოგიცხადო.
რომეო.
სიკვდილი, განა?
ლავრენტი.
პირმან მისმან წარმოსთქვა სამართალი, არა ეგოდენ სასტიკი. არა სიკვდილი, არამედ განდევნა შენი აქითგან.
რომეო.
დაკარგვა! ღმერთო დიდებულო! ოჰ! ღვთის გულისათვის, სიკვდილითქო, მითხარი. სიკვდილზედ გაგდება ბევრით უსაშინელესია ჩემთვის. ნუ, ნუ მეტყვი გაგდებას, მამაო!
ლავრენტი.
შენ მხოლოდ ვერონიდამახარ განპატიჟებული: უნდა თანა წარხდე, ქვეყანა ვრცელია.
რომეო.
ვერონას გარეთ ქვეყანა სადღა არის ჩემთვისა? სხვაგან ჩემთვის აღარა არისრა, თუ არ განსწმენდელი, ტანჯვა და ჯოჯოხეთი. ჩემი აქედამ გაგდება ქვეყანიდამ გაგდებაა; და ეს გაგდება სიკვდილია, სიკვდილი, მაცთურებით გაგდებად წოდებული. სიკვდილს რომ გაგდებას არქმევ, ოქროს ნაჯახითა მჭრი თავსა და იღიმები ჩემს თავის კვეთაზედ.
ლავრენტი.
ოჰ! ცოდვაო მომაკვდინებელო; ოჰ! განმრჩობლებულო უმადურებაო! ჩვენის კანონით შენ სიკვდილით უნდა საჰსჯილ იყავ. მთავარმაკი, თავისის გულის სიკეთით შენივე მხარე დაიპყრა, კანონი შეაყენა და სიკვდილის წილ, მხოლოდ აქითგან განსადევნელად განგპატიჟა. - ეს არის ნიშანი უხვის მოწყალებისა და შენკი ვერ ჰხედავ.
რომეო.
მოწყალებაკი არა, სიმკაცრეა უხვი, შეუწყნარებლობაა უმაგალითო. ჩემი ცა იქ არის დაქნილი, სადაც ჯულიეტა არსებობს. უმცირესი პირუტყვიცა, კატა, ძაღლი, თაგვი, აქა ჰსცხოვრებენ და ამ ცას შეჰსცქერიან; და რომეოსკი აღარ შეუძლია. ბუზი სარგებლობს, უმეტესის სიმართლით, ნებით და პატივით, აქ ყოფნასა და რომეო ვერა. ბუზს შეუძლია ჯულიეტას ხელზედ დააფრინდეს, ამ სპეტაკს ალაბასტროსა; შეუძლია იგემოს უკვდავის სიტკბოების ტუჩები, რომრლსაც ამ ბუზის შეხებაც შეაძრწუნებს და ქალწულობის სიმშვიდეს გაუწითლებს; და რომეოსკი არ შეუძლია ესა; გაგდებულია დასაკარგავად განპატიჟებულია რომეო, ბუზს კი აძლევენ ნებას, იხარებდე და დღესასწაულებდეო და რომეოსკი არა; ბუზი თავის უფალია და მე განდევნილი, გაგდებული. შენკი მეუბნები, გაგდება სიკვდილი არ არისო? ხელში აღარა მოგხვდარა, ან წმინდა რამე საწამლავი, ან დანა გალესილი, ან სხვა მსწრაფლად მომკვლელი რამე იარაღი, რაც უნდა ყოფილიყო? სხვა აღარა გვქონდარა, თუ არ ეგ სიტყვა, რომუმაგისოთაც მოგეკალ? ამ სიტყვას, მამაო, წაწყმენდილნი ამოიძახიან ჯოჯოხეთიდამა. გული შეგრჩა შენ, ადამიანსა, შენ, მღვდელსა ღვთის მსახურსა, შენ ჩემს წმიდას მოძღვარს და სულიერს მამასა, შენ, მეგობარი ვარ შენიო, რომ მეტყოდი ხოლმე, გული შეგრჩა, რომ დამკალი ერთის ლექსითა, გაგაგდესო.
ლავრენტი.
შენ სიყვარული გაუსამართლებს. ნება მომეც ერთი სიტყვა გითხრა. -
რომეო.
ოჰ! ისევ დაკარგვაზედ გინდა ლაპარაკი?
ლავრენტი.
ამ საშინელის ლექსის მოსაგერებელს იარაღს მოგცემ ერთსა: ფილოსოფია არის სძე ტკბილი უბედურებისათვის და ფილოსოფია გცემს ნუგეშსა შენს ექსორიად ყოფნაში.
რომეო.
ექსორიად-ყოფნა; ისევ ის დაკარგვა? ჩამოდგეს შენი ფილოსოფია, მანამდისინ ერთს ჯულიეტას ვერ შეიქმს, ერთს ქალაქს ადგილს ვერ გამოუცვლის, ერთს მთავრის სამართალს ვერ მოუშლის, რის მაქნისია ან ფილოსოფია შენი, ან ყოველი თვისება მისი. აღარა ჰსთქვარა ფილოსოფიაზედ.
ლავრენტი.
ცხადია, რომ გიჟებს სმენა აღარა აქვთ.
რომეო.
როგორ გინდა, გიჟებს სმენა ჰქონდეთ, როდესაც ჭკვიანები ვერასა ჰხედვენ.
ლავრენტი.
მაცალე ერთი, შენს მდგომარეობაზე ვილაპარაკოთ.
რომეო.
რასაც არა ჰგრძნობ, იმაზედ როგორ ილაპარაკებ? შენ რომ ჩემსავით ყმაწვილკაცი ყოფილიყავი, ჩემსავით რომ ჯულიეტას ჰყვარებოდი, ჩემსავით ამ ერთის საათის წინ, მხოლოდ ერთის საათის წინ, გექორწინა იმასთანა, მერე თეიბალდის სისხლით შესვრილ-იყავ, ჩემსავით რომ ტრფიალება გქონიყო და ჩემსავით გასაგდებად განპატიჟებული ყოფილიყავ, -მაშინ შეიძლებდი ლაპარაკსა; მაშინ შენცა განახავდნენ შენის თმების მგლეჯელსა, ჩემსავით ძირს დაცემულსა და მშინჯავსა საფლავად რამდენი მომინდებაო. (გარეთგან კარის რეკა შემოისმის.)
ლავრენტი.
ადეგ ზეზე; კარს გვირეკენ. შიგნით შედი, ჩემო რომეო.
რომეო.
არა, არა! ფეხს არ მოვიცვლი, მანამდისინა ჩემი ოხვრა და ვაება ისეთს ნისლს არ შემომახვევენ, რომ ადამიანის თვალისაგან დამმალონ. (კარსა რეკენ.)
ლავრენტი.
გესმის, როგორ რეკენ კარსა! - ვინა ხარ! -ადეგ ზეზე, ყმაწვილო, თორემ ხომ დაგიჭერენ. -მოითმინეთ! -ადეგ, ჩემს სამწირველოში შედი (კარსა რეკენ კიდევა.) -ამ საათში! - ღმერთო ჩემო! რა გაჯიუტებაა! -მოვდივარ, მოვდივარ. (უფრო რეკენ კარსა.) ვინა ხარ, აგრე რომ ამტვრევს კარსა? საიდამ მოხვალ? რა გნებავს?
ძიძა.
(გარედამ.) შემიშვი, მამაო და მაშინ შეიტყობ. ჯულიეტას გამოგზავნილი გახლავარ.
ლავრენტი.
მაშ მშვიდობა შენს მოსვლასა.
შემოვა ძიძა.
ძიძა.
მამაო, მამაო! მიბრძანე ღვთის გულისათის. სად არის ჩემი ქალბატონის მეუღლე, რომეო სად არის?
ლავრენტი.
აგერ, ძირსა გდია, თავისის ცრემლებით დამთვრალი.
ძიძა.
ოჰ! სწორეთ ისე ყოფილა, როგორც ჩემი ქალბატონია.
ლავრენტი.
ოჰ! საწუხარო შეთანაგრძნობებაო! საგლოველო მყოფობაო!
ძიძა.
დიაღ! სწორეთ ასეა ისიცა. ტირილი და ვაება, ვაება და ტირილი. (რომეოს.) კარგია, ყმაწვილო, ადექით ზეზედა. აგრე როგორ იქნება. კაცი ხართ! ჯულიეტა თუ გიყვართ ადექით. როგორ იქნება, რომ თავს აგრე იწუხებთ.
რომეო.
ძიძა?
ძიძა.
კარგია ახლა, გეყოფათ! ადექით ზეზე.
რომეო.
ძიძა! ჯულიეტა ახსენე შენა და როგორ არის? - საძაგელ კაცის მკვლელათ მივაჩნივარ, განა? ჩვენის ბედნიერების განთიადი რომ სისხლით შევსვარე, მერე იმის მახლობელის სისხლითა? სად არის ახლა ჯულიეტა? როგორ არის? ჩვენის დანგრეულის სოყვარულისას რას ანბობს უცნაური, საიდუმლო მეუღლე ჩემის სულისა? –
ძიძა.
რას ანბობს და არაფერსა, ჩემო ბატონო! სტირის და სტირის. ქვეშაგებზედ დაეცემა, წამოვარდება და თეიბალდს ეძახის; მერე ისევ დაეცემა და რომეოს ეძახის.
რომეო.
თოფიდამ გამოვარდნილს ტყვიასავით მოჰკლა ჯულიეტა ჩემმა სახელმა, როგორც მე ამ წყეულის ხელით იმისი ბიძაშვილი მოვჰკალი. მითხარი, მამაო, მითხარი, ჩემს სხეულში სადა ჰსდგას ეს სახელი, რომ (ხმალს გაიძრობს.) ამ ხმლით ამოვსჭრა ძირიანათა და იქით გადავაგდო.
ლავრენტი.
შეაყენე ეგ სასოწარკვეთილი შენი ხელი. მითხარი ერთი, კაცი ხარ თუ არა? შეხედულობა შენი ანბობს კაციაო, მაგრამ ცრემლები კი უფრო ქალობას ამტკიცებენ, - და შენი უგვანი ყოფა ქცევა ხომ რაღასაც პირურტყვობასა. შენ, კაცის სახით მოსილო ქალო, თუ მხეცო, მოთმინებიდამ გამოგყევარ და ჩემს მადლსა ვჰფიცავ, რომ უკეთესი ჰაზრი მქონდა შენზედა. როგორა? თეიბალდი მოჰკალი: ახლა საუკუნოდ წამწყმენდს თავისს კვლას განიზრახავ, და მაგითი ცოლსაცა ჰკლავ, რომ უშენოთ, იცი, სიცოცხლე არ შეუძლია. რათ აგინებ აგრე შენს დაბადესა, ცასა და ქვეყანასა? ყოველივე ესე შენშია და ვერ უარჰყოფ, თუ შენი ვინაობა არ უარჰყავ! გამეცალე, გამეცალე! არცხვენ შენს თავსაც, შენს ტრფიალებასაც და შენს გონიერებასაცა: ამ სამ ნაწილად გასაოცრადა ხარ დაყოფილი, მაგრამ ფულის გამასარგებლებელის მსგავსად ვერ ასარგებლებ შენს სიმდიდრესაც, როგორც რიგია. მამაცური გულის სიმაგრე რომ აღარა გაქვს, უსულოსა ჰგავხარ სანთლის ჩამოსხმულსა. ცოლსა რომ ჰკლავ, რომელსაც წინაშე ღვთისა სიყვარული აღუთქვი, თვით სიყვარულს ფიცისტეხად უცვლი სახელსა და თვისებასა; გონიერება, ხელმძღვანველად და შემამკობელად რომ უნდა ჰქონოდა შენს ყოფაქცევასა და შენს სიყვარულსა, უგრძნობელობად გარდაიქცევა და ჰკარგავ მაგითი ერთსაცა და მეორესაც, - გამოფხიზლდი, ჩემო შვილო, გამოიღვიძე. ჯულიეტასათვის რომ ჰკვდებოდი, ცოცხალია ჯულიეტა; მაშასადამე ამ შემთხვევაში ბედნიერი ყოფილხარ. -თეიბალდი შენ გიპირებდა სიკვდილსა და შენ თეიბალდი მოჰკალი; ამ შემთხვევაშიაც ბედნიერი ყოფილხარ. კანონი სიკვდილა გიქადოდა და კანონმა როგორც მეგობარმა სიკვდილი განდევნად შეგიცვალა. - ამ შემთხვევაშიაც ათასობით ბედნიერი ყოფილხარ. ყოველი სიკეთე ერთად მოგსვლია; ბედი მხიარულებით გიღიმის და შენკი, დედმამისაგან განებივრებულის ქალის მსგავსად, იბუტები და უწყრები ბედსაცა და სიყვარულსაცა. გაფრთხილდი, მე გირჩევ! თორემ ბოლო ავად დასრულდება. ადექ, წადი და შენს სატრფოს შეუერთდი აღთქმისაებრ; ადი იმისს სადგომში, ეჩვენე და ნუგეში ეცი; მაგრამ ამასკი ნუ დაივიწყებ, რომ უნდა მოჰშორდე, მანამდისინყარაულის დაყენების დრო მოვიდოდეს; თორემ მანტუას ვეღარ წახვალ. მანტუას უნდა დაიბინავო მანამდისინ აქ მოვიხერხებდეთ, შენს ქორწინებას გამოვაცხადებდეთ, შენსა და ჯულიეტას ოჯახს მოვარიგებდეთ, მთავარს მოტევებას გამოვსთხოვდეთ ისეთის სიხარულითა, რომ ათას გზის გადააჭარბოს შენს აქიდგან გასვლაზედ შეწუხებასა. შენ წინ წადი, ძიძავ ჩემ მაგიერ გამოკითხვა მოახსენე შენს ქალბატონსა და ურჩიე მშობელნი ადრე დააძინოს, რადგან მაშვრალნი არიან მწუხარებისაგან; და მერე რომეო მიიღოს. -
ძიძა.
ღმერთო! მრთელს ღამეს აქ დავრჩებოდი და ყურს დაგიგდებდი, ისე მშვენივრად ლაპარაკობ მამაო! აი სწავლა რა არის. (რომეოს.) ბატონო, გიახლები და თქვენს მობრძანებას შევატყობინებ ქალბატონსა.
რომეო.
წადი, ძიძავ და უთხარ კარგი საყვედური დამახვედროს.
ძიძა. (ბეჭედს აძლევს.)
დიაღ! მართლა! ეს ბეჭედი გამომატანა თქვენთან, თქვენც დააჩქარეთ თორემ დაგვიანდება.(გავა.)
რომეო. (ბეჭედსა ჰშინჯავს.)
აჲ, ჩემი ღონის მომცემი!
ლავრენტი.
წადი ახლა კი; ღამე ნებისა. ვერონა ან ამაღამ უნდა განუტევო ყარაულების დაყენებამდინ; ან არა და ხვალ, მანამდისინ გათენდებოდეს, - რომ სიბნელითვე გახვიდე: ყოველი შენი ბედი და უბედურება ახლა ამაზედ არის დამოკიდებული. ბინა მანტუასაგქონდეს და მე აქ შენს კაცს მოველაპარაკები, რომ დღით-დღე გაცნობებდეს ხოლმე, რაც რამ აქ მოხდება შენის საქმის კეთილად წარსამართავი. ხელი ახლა, დრო არის; მღვიდობით (მშვიდობით) და ღამე ნებისა.
რომეო. (ხელს ართმევს.)
ყოველს სიხარულზედ უზესთაესი სიხარული რომ არ მიმელოდეს, შენ ასე მსწრაფლად ვერ მოგშორდებოდი მამაო! მშვიდობით. (ერთი ერთს მხარეზედ გავა, მეორე მეორეზედ.)

ხილვა IV

ერთი ოთახი კაპულეტის სასახლეში.
შემოვლენ კაპულეტი, დონნა კაპულეტისა და გრაფი პარისი.
დონნა.
ჩვენის ოჯახების უბედურებასა და გლოვას ისე მოუნდით, რომ აქამომდე თქვენი სურვილი ჩვენს ქალს ვერ ვაცნობეთ და უნდა მოგვიტეოთ, გრაფო. - დიდი სიყვარული გვქონდა, ჩემს ქალსაცა და მეც განსვენებულის თეიბალდისა; მაგრამ რაღა გაეწყობა. ყოველნივე წარმავალნი ვართ კარგა ღამეა გასული და აღარა მგონია ამაღამ ის აქღა ჩამოვიდეს; თქვენის აქ ყოფნით რომ არ გვესიამოვნა, გაგიტყდებით, რომ ახლა მეც დაძინებული ვიქნებოდი.
პარის.
ახლა მაინც აღარ არის და ღამე მშვიდობისა, ბატონო! უმორჩილესად გთხოვთ თქვენს ასულს თქვენ განუცხადოთ ჩემი გულითადი პატივისცემა.
დონნა.
ბატონი ბრძანდებით; ხვალ ადრე შევიტყობ იმისს სურვილსა. ამ საღამოზედკი მეტად მწუხარედ იყო საწყალი.
კაპულეტი.
ბატონო პარის! მე ვჰგონებ შემიძლია ახლავე აღგითქვათ ჩემის ქალის სიყვარული; იმედი მაქვს, ყოველს შემთხვევაში მე მომენდობა; მეტსაც ვიტყვი: დარწმუნებული ვარ ამაზედ, -ჩემო დონნა, -შენ ადი და ნახე, მანამდისინ დაწვებოდეს; აცნობე სიყვარული ჩემის სიძის პარისისა და უთხარი, კარგათ გახსოვდეს,- რომ ოთხშაბათს, - მაგრამ აცა: დღეს რა დღეა?
პარის.
ორშაბათი, ბატონო!
კაპულეტი.
ორშაბათი?! - მაშ ოთხშაბათი ადრე იქნება, და ხუთშაბათს იყოს. უთხარი, რომ ხუთშაბათს დაიწერენ ჯვარსა ეს კეთილშობილი გრაფი და ისა. - (პარისს.) ხომ მზათ იქნებით ხუთშაბათისათვის, თუ ამ დაშურებამ არ შეგაწუხათ? დიდი წვეულება არა გვექნებარა: ორიოდე მეგობარი და ისარის. მოგეხსენებათ რომ თეიბალდ მახლობელი ნათესავი იყო ჩვენი და ასე მალე დიდი მხიარულება ჩვენგან არ ივარგებს; მაშ ათიოდ თოთხმეტიოდ მეგობარი გვეყოლება, მეტი არა. - მაგრამ ხუთშაბათისას რას იტყვით?
პარისს.
მე, თუ მკითხავთ ბატონო? ხუთშაბათი ნეტა ხვალ იყოს.
კაპულეტი.
დიაღ კარგი და პატიოსანი. - ახლაკი შეიძლება გამოგეთხოვოთ; - მაშ ხუთშაბათს! - ჩემო დედაკაცო, შენ ადი და ნახე ჯულიეტა, მანამდისინ დაწვებოდე და უთხარ, ხუთშაბათისათვის მოემზადოს. - ღამე მშვიდობისა, გრაფო! ბიჭო! სანთელი შეიტანეთ ჩემს ოთახში; მართლა რომ კარგა ღამეა გასული; ლამის გათენებამაც მოატანოს. - ღამე ნებისა. (წავლენ.)

ხილვა V.

ჯულიეტის საწოლი
რომეო და ჯულიეტა.
ჯულიეტა.
როგორ! წასვლას აპირებ? ჯერ გათენება შორს არის. ტოროლა კი არ იყო ისა, ბულბული იყო, ხმამ რომ შეგაშფოთა. ყოველ ღამე აქა ჰყეფს ხოლმე ბულბული; დამიჯერე, ჩემო სულო, ბულბული იყო. -
რომეო.
ტოროლა იყო, გათენების მოციქული, - ტოროლა. ჰხედავ, ჩემო სატრფოო, აღმოსავლეთის ღრუბლები როგორ შეფერიანებულან. მოღიმარი დილა აი იმ მთებს ადგია, ნისლში რომ არიან გახვეულნი. -უნდა წავიდე რომ ვიცოცხლო, ან უნდა დავრჩე, რომ მოვკვდე.
ჯულიეტა.
მე დარწმუნებულ ვარ, რომ ეს დილის სინათლე არ არის; სხვა რაღაც მნათობია, განგებ მოვლენილი, რომ მანტუასკენ გზა მოგინათოს. - ნუ მიხვალ, შენი ჭირიმე; ცოტას ხანს დარჩი კიდევა.
რომეო.
კარგი. გნებავს და მეც თანახმა ვარ. სწორეთ მართალს ანბობ, ეს ყომრალი ფერი დილისა არ არის. ის ტოროლა არ არის, იქ მაღლა, სულმაღლა რომ ჭიკჭიკებს. მე აქ ყოფნა მეტად მიჯობს წასვლასა. რაუყოთ, მომადგეს სიკვდილი, დიდის სიხარულით მივიღებ; -რადგან ჩემს ჯულიეტასა ჰნებავს, შენ რას იტყვი, ჩემო ნეტარებაო? ვიმუსაიფოთ; ჯერ ადრეა,-
ჯულიეტა.
არა, არა! დღეა, დღეა; აჩქარდი, აჩქარდი, შენი ჭირიმე; სწორეთ ტოროლაა, არეულდარეული ჭიკჭიკი რომ მოგვესმის. ოჰ! რა სათქმელი იყო სასიამოვნოთა ჭიკჭიკებსო, რომ უთქვამთ. ღმერთო ის ხმა რა სასიამოვნოა ჩვენ რომ გვაშორებს. - წადი, წადი ახლა! ჰხედავ, თან და თან სინათლე როგორ ჰმატულობს.
რომეო.
სინათლე თან და თან ჰმატულობს და ჩვენი ბედი თან და თან ბნელდება.
შემოვა ძიძა.
ძიძა.
ქალბატონო?
ჯულიეტა.
რაო ძიძა?
ძიძა.
დედა თქვენი აპირებს აქ ამობრძანებასა.გათენდა თითქმის. - ჭკვიანათ იყავით; გაფრთხილება გმართებთ. (ძიძა ისევ გავა.)
ჯულიეტა. (აღებს ბალქონის ფანჯარას.)
გაეღე ფანჯარავ! სინათლე შემოვიდეს და სიცოცხლე გავიდეს.
რომეო.
მშვიდობით, მშვიდობით! ერთი ტუჩი კიდევა და მივალ. (ჰკოცნის. ბალქონზედ გადადის და ქვეით დაეშვება.)
ჯულიეტა.
(ბალქონზედ გადაეკიდება.) წახველ ეგ არის, ჩემო საყვარელო, ჩემო უფალო, ჩემო მეგობარო! შენი ანბავი ყოველდღე უნდა შემატყობინო ხოლმე; ერთი წამი რამდენიმე დღეა ჩემთვის; აბა ანგარიშით ძალაინ დაბერებული ვიქნები, როდესაც კიდევა გნახავ, ჩემო როემო!
რომეო.
მშვიდობით, ჩემო სიტკბოებაო. შემთხვევას არას გაუშვებ, რომ ანბავი არ შეგატყობინო.

ჯულიეტა.
ვაჲ! ხომ გაქვს იმედი, რომ ვნახავთ კიდევ ერთმანერთსა?
რომეო.
ეჭვი სულ არა მაქვს. დღე მოვა, რომ რასაც ახლა მწუხარებას ვიტანთ, სალაპარაკოთა გვქონდეს, როგორც წარსული საქმე.-
ჯულიეტა.
ღმერთო ყოვლად მოწყალეო! გული თითქო რაღასაც საზარელებას მეტყვის და რა ვჰქნა! აი ახლა, მანდ ქვეით რომხარ, საფლავში მდებარესავით მეჩვენები. თვალი მატყუებს,თუ რა არი არ ვიცი და საკვირველი უფერული კი მგონიხარ.
რომეო.
მერწმუნე, ჩემო სიხარულო, რომ შენც აგრე მგონიხარ. დამშრეტი მწუხარება ჰსვამს ჩვენს სისხლსა და ის არის მიზეზი. მშვიდობით, მშვიდობით. (რომეო განშორდება.)
ჯულიეტა.
ჰე! ბედო, ბედო! მფრინავი ხარო, იტყვიან. თუ შენ აგრე დაუდგრომელი ხარ, რა საქმე გაქვს ჩემს რომეოსთანა, ჩემს მედგარს რომეოსთან, რომელიც არის განხორციელებული უცვალებლობა.[2] იფრინე ბედო! იფრინე; იქნება მალე დაანებო თავი ჩემს რომეოსა და მევე გამომიგზავნო.
დონნა. (გარედამ.)
ჯულიეტა, შვილო! ამდგარხარ?
ჯულიეტა.
ვინ მეძახის, დედა ჩემი! რას ჰნიშნავს: ჯერ არ დაწოლილა, თუ ასე ადრე ამდგარა! რა გაჰსჩენია ისეთი, რომ აქ მოდის ახლა?
შემოვა დონნა კაპულეტისა.
დონნა.
აბა! რასაიქ, როგორა ხარ, ჯულიეტა!
ჯულიეტა.
მწუხარეთა ვარ დედა!
დონნა.
სულ შენს ბიძაშვილს დასტირი? გგონია შენმა ცრემლებმა საფლავიდამ ამოიღონ თუ? რომ ამოიღებდნენ კიდეცა, მაინც ხომ ვერ აღადგენენ და რატომ არ დასცხრები: ზომიერი მწუხარება კეთილს გრძნობას ამტკიცებს შვილო, და გარდამეტებული კი უგუნურებაა.
ჯულიეტა.
როგორ არ ვიტირო ასეთი დასაკლისი?
დონნა.
მწუხარება სხვას ვერასა იქს, თუ უფრო არ გაგრძნობინებს დანაკარგსა და იმისი ამოგებაკი აღარ შეუძლია.
ჯულიეტა.
მეტად საგრძნობელია და მეტად მაწუხებს დაკარგვა იმისი, რომ არ ვიტირო.
დონნა.
ჰო! შვილო! ცრემლებს ისე ბიძაშვილის სიკვდილი არ გადენს, როგორც ისა, რომ იმისი მკვლელი ცოცხალია, განა შვილო!
ჯულიეტა.
ოჰ! რა შესარცხვენია!
დონნა.
შესარცხვენი რომეო, განა?
ჯულიეტა.
შესარცხვენსა და იმას შუა დიაღ უზომო სივრცეა. ღმერთმან შეუნდოს; ჩემის მხრით მე სრულის გულით შემინდვია; მაგრამ ქვეყანაზედ კი არას ხორციელს ისე არ შეუწუხებივარ.
დონნა.
შენი საწუხარი ის არის, რომ ეს ავაზაკი, ეს ღვთის მტერი ჰსცოცხლობს.
ჯულიეტა.
დიაღ, დედაო! მე ეს მაწუხებს, რომ შორს არის ჩემზედა, ჩემი ხელი ვერ მისწვდება იმასა. ოჰ! რატომ მე არა მაქვს მონდობილი, რომ მარტო მე გადავახდევინო, როგორც მინდა ჩემი ბიძაშვილის სიკვდილი?
დონნა.
ნუ გეშინია შვილო! ჩვენ გადავახდევინებთ. კარგია, ნუღარა ჰსტირი. მანტუასდაბინავებულა გაგდებული და მე კაცი მყავს იქა. ის ასეთს საწამლავს შეაპარებს, რომ მაშინვე თეიბალდს გამოუყენოს. მაშინ, მგონია, შენც დაიმშვიდო გული.
ჯულიეტა.
მე გულს ვერ დავიმშვიდებ, მანამდისინ რომეოს არა ვნახავ - უსულოდ; ასე შემაწუხა ჩემის ბიძაშვილის სიკლვდილმა. - დედა ჩემო! კაცი იშოვნეთ ვინმე, რომ საწამლავი წაიღოს; საწამლავსკი მე გავაკეთებ. მიიღებს თუ არა, მაშინვე მიიძინებს. ოჰ? რომ იცოდეთ, როგორ ვიტანჯები იმისს სახელს რომ ახსენებე; ჩემი მოსვენება არ შეიძლება, მანამდისინ თეიბალდისათვის მწუხარებას იმას არ გადავახდევინებ.
დონნა.
შენ ღონის ძიება მოახერხე და კაცს მე ვიშოვნი. - ახლა ჩემო შვილო, კარგი ანბავიცა მაქვს შენთვის სათქმელი.
ჯულიეტა.
სიხარულისათვის ამაზედ უკეთესი დრო აღარ შეიძლება. ძალიან საჭიროა ჩვენთვის სიხარული. რა არის, დედაო, ეგ ანბავი?
დონნა.
აჲ, ჩემო შვილო, როგორი მამა გყავს! ჩემი შვილი გავამხიარულოო, ასეთი დღესასწაული მოგიმზადა, რომ არც შენა და არც მე, სიზმრათაც არ გვინახავს.
ჯულიეტა.
რა დღესასწაული უნდა იყოს ეგა დედაო!
დონნა.
ჩემო შვილო! ამ ხუთშაფათს მხნე, ახოვანი და კეთილშობილი გრაფი პარისი წმინდა პავლეში წაგიყვანს და ბედნიერ ცოლად შეგირთავს იქა.
ჯულიეტა.
წმინდა პავლეს ეკკლესიასა და თვით წმინდა პავლესა გჰფიცავ, მე იმან ბედნიერ ცოლად ვერ შემირთოს. - ასეთი დაშურება დიდად მაკვირვებს. -ჩემი გათხოვება უნდათ, და ვისაც მაძლევენ, ჯერ ხმაც არ გამოუცია იმას ჩემთვისა. გევედრებით, დედაო, ჩემს ბატონს მამას ასე მოახსენოთ ჩემმაგიერათა, რომ მე ქმარი არ მინდა ჯერა და როდესაც ვისურვებ, პარისი არ იქნება ისა. - რომეოს კი შევირთავ, -ხომ იცით როგორა მძულს, - და იმას კი არა: - კარგი ანბავი იყო, სწორეთ მოგახსენებთ.
დონნა.
აგერ მამაშენიცა. შენ თვითან მოახსენე შენი პასუხი; ვნახოთ როგორ მიიღებს.
შემოვლენ კაპულეტი და ძიძა.
კაპულეტი.
მზის დასავლეთზედ ჰაერი ცვარს აფრქვევს. ჩემის ძმის მზე რომ დავიდა აი როგორა ჰსწვიმს. - აბა, ჩემო შვილო! სულ ცრემლი, სულ ცრემლი? დასასრულიც უნდა. - ხვამალდი, ზღვა და ქარი, ამ ქალაქში არიან წარმოდგენილნი! შენი თვალები არიან ზღვა, თავისის მიდენითა და მოდენითა; შენი გვამი ხვამალდია, ამ მწარეს ზღვაში დამცურავი; შენი ქარია ისე გახელებული, რომ თუ უეცარმა მყუდროებამ არ ჩააგდო, წაახდენს უთუოთ და დაჰნთქავს ხვამალდსა. - ახლა, ჩემო დონნა, ჩვენი ნება გამოუცხადე თუ ჯერ არა?
დონნა.
დიაღ, ბატონო! მაგრამ ქმარი არ მინდაო, მადლობას მოგახსენებს. უგუნური? საფლავშიამც შეურთავს ქმარი.-
კაპულეტი.
წყნარა ჩემო დედაკაცო, ნუ აჩქარდები. ნახევრად მაინც მეც მაგ ჰაზრისა ვარ. რაო? არ მინდაო? მაშ თავი არ მოსწონს, არ ამპარტავნებს, რომ მაგ უღირსსა ისეთი ღირსი საქმრო უშოვეთ?!
ჯულიეტა.
თავი არ მომწონს, მაგრამ მადლობასკი მოგახსენებთ. საწყენით თავის მოწონება არ შემიძლიან. მადლობასკი მაინც მოგახსენებთ, რადგან განძრახვა თქვენი კეთილია.
კაპულეტი.
რაო, რაო?! ეს სადღაური ლოღიკაა? - თავი მომწონს და არ მომწონს! მადლობას მოგახსენებ და არ მოგახსენებ. -სულელო გომბიოვ! არ შეიძლება ეგ თავის მოწონებაცა და და ეგ მადლობაც იქით გადასდვა და ხუთშაბათისათვის მოემზადო, რომ წმინდა პავლეში წაბრძანდე და იქ პირჯვარი დაიწერო? აჰაი შე პრანჭია შენა, გომბიო, სანთლის კუკო, შენც ხმა ამოიღე?!
დონნა.
რას ანბობ. კაცო, რას ანბობ! გამოსულელდი თუ?
ჯულიეტა.
მამაო! მუხლმოდრეკით გევედრებით, ერთი სიტყვა ისმინეთ, ერთად ერთი სიტყვა.-
კაპულეტი.!
იქით, შვილო მაშფოთარო! ქალო წინააღმდეგო! ყური დამიგდე კარგათა: ან ხუთშაბათს საყდარში უნდა წახვიდე ჯვარის საწერათ, -ან შენს დრეში თვალით აღარ დამენახო! ჩუ! ხმა აღარ ამოიღო, თორემ მე როგორღაც ხელები მექავება. ჩემო დედაკაცო, მე და შენა ვჰსჩიოდით, ღმერთმა ერთს ქალს გარდა, სხვა შვილი აღარ მოგვანიჭაო და ახლა ვჰხედავ, რომ ესეც მეტი ყოფილა, ესეც ღვთის რისხვა ყოფიდა ჩვენზედა. -გაეთრიე იქითა, საძაგელო!- ძიძა. ღმერთო შენ აკურთხე ზეციერო ეს საწყალი! დიდად აშავებთ, ჩემო ბატონო, რომ ამ ქალს აგრე იხსენიებთ.
კაპულეტი.
როგორაო, როგორაო! შენ ეი! ეგ ენა შეიმოკლე შენა, მე გირჩევ! ან არა, წაბრძანდი და შენს ტოლებს ელაპარაკე. ვერ უყურებთ ამასა?!!
ძიძა.
რაც მოგახსენე, მაგითი მე არა დამიშავებია–რა.
კაპულეტი.
მაშ ღამე ნებისა.
ძიძა.
ქა! სიტყვასაც აღარ მათქმევინებენ!
კაპულეტი.
ჩუმათ! გამოყრუებულო! ეგ შენი სიტყვა ისევ შენი ნათლიდედებისათვის შეინახე. აქ არავის უნდა.
დონნა.
წავიდეთ. მეტად იცი ხოლმე გაცხარება.
კაპულეტი.
გაცხარებულიკი არა, რატომ გაგიჟებული არა ვარ. ღამე და დღე, დილასა დასაღამოს, შინა და გარეთ, მარტო და ხალხში, მძინარე და ნღვიძარე, სულ ამ ფიქრში ვჰყოფილვიყავ, რომ რიგიანად გამეთხოვებინა; დღეს საქმრო მეშოვოს მეფის გვარისა, მდიდარი, ყმაწვილკაცი, განათლებული, ყოვლის პატიოსნებით აღსავსე და ყოვლის სიკეთითა, რაც რამ კაცში სანატრელი არის რამე და ახლა ერთი პატარა სულელი, ერთი მტირალა გომბიო, როდესაც ამისთანა ბედი წინ უდგას, მოდიოდეს და მეუბნებოდეს; „მე ქმარი არ მინდაო; -ჯერ დრო არა მაქვსო; გთხოვთ მომიტევოთო!“ -წადი, წადი! მე მოგიტევებ შენა! თუ ჩემი ნაშოვნი ქმარი არ გინდა, -გამეცალე და სადაც გინდოდეს იქ ეთრიე! ჩემს სახლში შენ ადგილი აღარა გაქვს. -კარგათ იფიქრე ამაზედა. მე ხუმრობა ჩემს სიცოცხლეში არა მცოდნია და არც ვიცი. ხუთშაბათი შორს არ არის. დაიდევ გულზედ ხელი და რაც გერჩიოს, ის ირჩიე: თუ ჩემი ქალი ხარ, ჩემს მეგობარს უნდა მიგცე ცოლათა; თუ არა და, ჯაჰნაბამდინაც გზა გქონია. ეთრიე სადაც გინდოდეს, ქუჩაშიამც ამოგსვლია სული. ფიცი დამიდვია, შვილად აღარასდროს არ აღგიარო და რაც გამაჩნია, იმისი შენ არა გერგოსრა. კარგათ იანგარიშე, კარგათ ასწონე. მე ჩემს სიტყვას არ გავსტეხ, იცოდე. (გავა.)
ჯულიეტა.
დავიჯერო, ანგელოზი ზეცაში აღარსად იპოვებოდეს რომ მოწყალების თვალით გადმომხედოს და მიპატრონოს ამ განსაცდელში უსაყვარლესო დედაო, შენ მაინც ნუ განაგდებ შენს შვილსა. ერთს თთვეს მაინც შეიცადეთ, ერთს კვირასა; თუ არა და საქორწილო საწოლი ისევ იქ მომიმზადეთ, სადაც თეიბალდ განისვენებს.
დონნა.
მე ნუ მელაპარაკები; მე ვეღარაფერს გეტყვი. რაც გენებოს ისა ჰქმენ! მე და შენ შუა სათქმელი აღარა არისრა. (გავა.)
ჯულიეტა.
ოჰ! ღმერთო! - ძიძა! რავჰქნა, ჩემო ძიძავ! როგორ მოვშალოთ ეს საქმე. შენ ხომ იცი, რომ მე ქმარი აქა მყავს. (გულზედ აჩვენებს.) აღთქმა წინაშე ღვთისა დამიდვია: როგორღა ჩამოვა ეს არქმა ზეციდამა, თუ თვითან ჩემი ქმარი არავიდა იქა და იმან არ ჩამომიგზავნა! მირჩიე რამე, ჩემო ძიძაო, მირჩიე რამე! - როგორ ვიფიქრო რომ, ზეციერებამ ასე იხუმროს ჩემებრ უძლურს ცხოველზედა. - რაო? რას ანბობ. არა ფერსა? ნუგეშის საცემი სიტყვა არც ერთი არ გაგაჩნია. - ოჰ! გევედრები ჩემო ძიძა, მომეხმარე, მიშველე!
ძიძა.
იცი, რა მოგახსენო: რომეო ხომ გაგდებულია, და ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ ის აქ ვეღარ მოვიდეს და აღთქმა ვეღარ მოგკითხოს; და თუ მოვიდა, მალვით თუ მოვა. - რაკი საქმე ასეა, მე მგონია, უკეთესი ვეღარ არჩიორა, რომ გრაფი შეირთო. - ჰო, შენმა სიცოცხლემ. უკეთესი კაცი აღარ შეიძლება, გარწმუნებ. სად ეს, სად ისა. ღმერთო ძლიერო! რასაც ეს მეორე ქმარი ბედნიერებას გექადის, უმეტესი ვითამღა შეიძლებოდეს? რას ბრძანებ! რამდენით გადააჭარბებს პირველასა. -მერე, შენი პირველი ქმარი მკვდარია და მკვდარი. რის მაქნისია შენთვის იმისი სიცოცხლე, თუ შენკი ვეღარასფერში გამოგადგება.
ჯულიეტა.
მაგას მართალს მეუბნები, თუ ხუმრობ?
ძიძა.
ღმერთმა დამწყევლოს თუ მართალს არ მოგახსენებდე.
ჯულიეტა.
მაშ აგრე იყოს.
ძიძა.
როგორა?
ჯულიეტა.
კარგი. საკვირველი ნუგეში მეცი. - წადი ახლა და დედაცემს მოახსენე, რომ რადგან ღმერთი გამიწყრა და მამას ვაწყენინე, მე სენაკს მივალ, პატრი ლავრენტისთან, რომ ჩემი შეცოდება იქ შევინანიო და იქ განვიწმინდო აღსარებითა.
ძიძა.
მივალ, მივალ? უკეთესს ვეღარას არჩევდი.(გავა.)
ჯულიეტა.
აჰაი შენ მზაკვარო ბებერო! თვალთმაქცობის ეშმაკო. არ ვიცი, რა უფრო ძნელი მისატევებელია, - ფიცს რომ მატეხინებდა თუ ქმარზედ რომ ხელს მაღებინებდა, თვითანვე რომ ცამდინ აჰყავდა ხოლმე ქებითა. წადი, წადი ეშმაკეულო მზრახველო! დღეს ამას იქით შენსა და ჩემს შუა უფსკრული ძევს განუვალი. წავიდე მოძღვარი მოვნახო და რჩევა იმასა ვჰკითხო,როგორ მოვიქცე; თუ იქაც ვერა ვჰპოვე რა, - ერთი საშუალება ხომ მაქვს კიდევა, - სიკვდილი!!

მოქმედება მეოთხე.

ხილვა I.

შემოვლენ პატრი ლავრენტი და პარისი.
ლავრენტი.
ხუთშაფათსაო, ბატონო? მეტად მოკლე დროა!
პარისი.
ჩემის სიმამრის ნებაა ესა.
ლავრენტი.
ქალის სურვილი ჯერაც არ ვიციო, ანბობდით. აქ ცოტა უწესობა გამოდის და ვერ გიწინასწარმეტყველებთ, რომ კეთილი შეუდგეს რამე.
პარისი.
თეიბალდზედ მწუხარებისაგან არის მეტად შეპყრობილი და ამ მიზეზით მაგდენი გამოლაპარაკება ვერცა რა მე მოვახერხე იმასთანა. მამა იმისი ანბობს არვარგაო, რომ მწუხარებას ასე მიანებოს თავიო და ამისთვის აჩქარებს იმისს გათხოვებასა; დარდი და ნაღველი მარტოობისაგან უფრო მოემატებაო და ქმრის ხელში რომ არ განუქარდეს არ იქნებაო. ახლა ხომ იცი მამაო ჩვენი დაჩქარების მიზეზი.
ლავრენტი. (ცალკე.)
ნეტავი დასაშლელი მიზეზი არა ვიცოდირა, თორემ მაგას ვინღა ჰსჩივა. (ხმა მაღლად) აგერ თქვენი დანიშნულიც აქ მობძანდება.
შემოვა ჯულიეტა.
პარისი.
სწორეთ ბედნიერათა ვრაცხ ჩემს თავსა, რომ აქა გხედავთ თქვენა, ამ მოკლეს ხანში ჩემს საცოლოსა.
ჯულიეტა.
შესაძლებელია, თუ ქმარი შევირთე როდისმე.
პარისი.
შესაძლებელია და ამ ხუთშაბათსაც მოხდება, სატრფოო!
ჯულიეტა.
რაც მოსავალია, მოვა!
ლავრენტი.
ჭეშმარიტი სიტყვაა.
პარისი
- აღსარების სათქმელათ მობრძანებულხართ მამა ლავრენტისთან?
ჯულიეტა.
მაგის პასუხი რომ მოგახსენოთ, აღსარება თქვენთან იქნებოდა.
პარისი.
არ დაგავიწყდესთ სათქმელათა, რომ გიყვარვართ.
ჯულიეტა.
აღვიარებ რომ, მიყვარს.
პარისი.
მე ეჭვი არა მაქვს, აღიარებთ, რომ გიყვარვართ.
ჯულიეტა.
ეგ რომ უთქვენოთა ვჰთქვა, უმეტესი ფასი ექნება.
პარისი.
საბრალო ჯულიეტა? მწუხრების ცრემლები დასტყობია თქვენს მშვენიერს სახესა.
ჯულიეტა.
დიდი ძლევა არ შეუმოსავს. ჩემს მშვენიერებაში ადრეც არა ყოფილარა გასაკვირველი. -
პარისი.
ცრემლებზედ უმეტესი შეურაცხებაა ეგ ლექსი თქვენის სახისათვის.
ჯულიეტა.
სიმართლის თქმა საწყენი არ უნდა იყოს. ჩემს სახეზედა ვჰსთქვი, რაცა ვჰსთქვი. პარისი. თქვენი მშვენიერება ჩემია და ჩემსასა ჰკიცხავთ.
ჯულიეტა.
შესაძლებელია, - რაგდან მე არ მეკუთვნის. - (ლავრენტის.) მამაო! გაქვთ დრო, რომ მომისმინოთ; თუ ინებებთ, საღამოზედ მოვალ, -შემდგომ მწუხრის ლოცვისა?
ლავრენტი.
მე ახლაც მზათა ვარ, შვილო ჩემო. (პარისს.) ბატონო! ჩვენ მარტო ყოფნას ვსაჭიროებთ ახლა და თუ შეიძლებოდეს...
პარისი.
ღმერთმა ნუ ჰქმნას, რომ მე მაგას კანონის აღსრულება დაუშალო. ჯულიეტა! ხუთშაბათს ადრე გიახლები თქვენს წამოსაყვანათ და მანამდისინკი მშვიდობით. (წავა.)
ჯულიეტა.
ოჰ! ეგ კარი დაკეტეთ მამაო და მოდით, მომიტირეთ: აღარსად ჩემთვის იმედი, აღარსად ჩემთვის წამალი, ყოველივე მიმეღო!
ლავრენტი.
ჯულიეტა, ჯულიეტა! მესმა თქვენის მწუხარების მიზეზი და განკიდურებულია ჩემი ჭმუნვარებაცა. მესმის, რომ ხუთშაბათსუსაცილოდ გიპირებენ გრაფთან ჯვარის წერას.
ჯულიეტა.
ნუ მეტყვით, ვიციო, მამაო, თუ ამასაც არ მეტყვით, როგორ მოვიშოროთ ეს საშინელება. თუ თქვენმა სიბრძნემ ვეღარა მოახერხარა ჩემთვის სახსნელი, დამლოცეთ მაინცა და ეს მომეხმარება. (ხანჯალს ამოიღებს უბიდამ.) ღმერთმა ჩემი გული რომეოს შეაუღლა; ჩემი ხელი თქვენ ჩაუთვალეთ იმასა; და მანამდისინ ეს ხელი საღმრთოს შეკრულებას დაარღვევდეს და სხვა ხელს შეეხებოდეს, - მანამდისინ ეს წრფელი გული აღთქმას გასტეხდეს და თავისს პატრონს უღალატებდეს, -დღე ამ რკინამ გამოიწყვიტოს. - მაშ მოიძიე ღონისძიება რამე შენს დიდს გამოცდილებაში, მამაო; თუ არა და ჩემსა და ჩემს უბედურებას შუა ეს შემოვა და ეს განგვაშველებს. ნუ გიჭირდებათ ეგრე ჩემი პასუხი; თორემ თუ თქვენს რჩევაში საშველი ვერა ვჰპოვერა, მე სიკვდილი მიგვიანდება.
ლავრენტი.
ყური დამიგდე, შვილო ჩემო! ერთს რასმე იმედსა ვჰხედავ; არის ერთი ღონისძიება; მაგრამ აღსრულებასაცა ასეთი ძლიერი გაბედვა უნდა, როგორც უბედურებაა ძლიერი, რომელშიაც სახსნელად ის ღონისძიება უნდა მოვიხმაროთ. თუ ეს გადაგიწყვეტიათ, რომ უსაცილოდ თავს მოვიკლავო და პარისს კი არ შევირთავო, მაშ ამის განსარინებლად ჩემს საშუალებას აღარ შეუშინდები. სიკვდილს არ ერიდებით და მაშასადამეარც დროებითს სახეს მოერიდებით სიკვდილისასა. თუ ამდენის გულადობის „იმედი გაქვთ, არის საშველი. -
ჯულიეტა.
პარისის შერთვაკი გადამაცილე და მიბრძანე რაც გენებოს: გნებავს, აი იმ კოშკზედ ავალ, აგერ რომ მოჩანს და გადმოვარდები; გზას დავადგები ავაზაკებით სავსესა; ტყეში შევალ სადაც გველები აუარებლად ჰსისინებენ, დათვებს მივეგებები, სიმშილით მოღრიალეებს; ან არა, - წყვდიადს ღამეს სასაფლაოზედ შემაგდეთ, დახრწნილს ძვლებითა და თავებით სავსესა, რომ ყოველს ფეხის გადადგმაზედ იმათი რაკარუკი სისხლს მიშრობდეს ძარღვებში შიშისაგან; ან მიბძანე და ცოცხალი მკვდარს ჩავჰყვები საფლავში და დავეფლობი. ერთის სიტყვით ყოველსავე მოვითმენ, რისიც გამოთქმა აუთრთოლებლად არ შემიძლია, ოღონდკი დავრჩე მეუღლედ წმიდად და ერთგულად ჩემს ყოვლად სატრფოს მეუღლესა.
ლავრენტი.
კარგი და პატიოსანი. მაშ ახლა შინ წაბრძანდით, მამათქვენს მხიარულის სახით ეჩვენეთ და პარისის შერთვაზედ თანახმა ვართქო უთხარით. ხვალ ოთხშაფათია: საქმე ისე მოაწყეთ, რომ ხვალ ღამე მარტო დარჩეთ; ნურც თქვენს ძიძას დააწვენთ თქვენს საწოლში. ეს პატარა ჭიქა თანა გქონდესთ, და რომ დაწვეთ, მაშინ დალიეთ რაც შიგ წამალი არის მაშინვე იგრძნობთ, რომ ძარღვებში რაღაც რამ დამაძინებელი დაგივლის ცივათა; ყოველი თქვენი გრძნობა და გონიერება მილულდება. მაჯა ცემას შეაყენებს და გაჩერდება. აღარც სიტფილე და აღარც ქშენის ორთქლი გექნება, რომ იფიქროს ვინმე ცოცხალიაო. ლოყებზედ და ტუჩებზედ ვარდის ფერი გაგიცრეცდებათ; თვალები დაგეხშობათ ადრევე სინათლე მოკლებულნი; და თქვენი სხეული დაჰკარგავს სილბილესაცა და ყოველს მოძრაობასაცა სწორეთ ისე, როგორც გვამი მიცვალებულისა. ამ სიკვდილის სახის მექონეს მდგომარეობაში დაჰყოფთ ორმოც და ორს საათს და მერე გამოგეღვიძებათ თითქო ტკბილს ძილიგანაო. -ხუთშაბათს დილაზედ რომ თქვენი საქმრო მოვა, თქვენ მკვდრად დაჰხვდებით; მაშინ, ჩვეულებისამებრ საუკეთესო მორთულობით მოგრთვენ, წაგიღებენ და პირახსნილს თქვენის გვარის აკლდამაში განგასვენებენ. ამასობაში მანამდისინ თქვენი გამოღვიძების დრო მოვიდოდეს, -რომეოს ყოველსავე შევატყობინებ და აქ მოვა ჩემთან. მე და ის ერთად მოუცდით თქვენს გამოღვიძებასა და იმავე ღამეს ქმარს გაჰყვებით მანტუაში. ასე განერინებით განსაცდელისაგან, თუ იჭვნეულობამ რამმე ან სულმოკლეობითმა შიშმა ხელი არ შეგიშალათ.- ჯულიეტა. (გამოართმევს ჭიქას.) ოჰ! მიბოძე, მიბოძე, მამაო შიშისას და სულმოკლეობისას ნურას მეტყვი. ლავრენტი. ახლა წაბრძანდი, შვილო ჩემო! გაბედვით იყავით და საქმე კეთილად წარიმართება; მე ახლავე ერთს სამღვდელოს გავგზავნი თქვენს მეუღლესთან და ამ საქმეს საჩქაროთ ვაცნობებ. ჯულიეტა. სიყვარულო! შენ მომეც ღონე მხსნელი განსაცდელისაგან და შენის შეგინებისაგან. მამაო, მშვიდობით. (წავა.)

ხილვა II.

ოთახი კაპულეტის სასახლეში.
შემოვლენ კაპულეტი. დონნა მისი, ძიძა და რამდენიმე მოსამსახურენი.
კაპულეტი. (სიას აძლევს ერთს მსახურს.)
შენ წადი და ვინცა ვინ აქა სწერია, ყველანი დამიპატიჟე. (მსახური გავა.) (ახლა მეორე მსახურს.) შენ, წადი და ერთი ოციოდე კარგი მზარეული დამიქირავე.
მეორე მსახური.
ძალიან კარგს გიშოვით, ბატონო! ისეთს არავის დავიჭერ, რომ თითებს არ ილოკდეს.
კაპულეტი.
ოსტატობას მაგითი შეატყობ თუ?
მეორე მსახური.
დიახ, ბატონო! რაც მზარეული თითებს არ ილოკამს, მე იმისი არა მწამსრა. რა მზარეული იქნება. უკეთესი ნიშანი აღარ შეიძლება
კაპულეტი.
კარგია გაჰსწი. (მსახური გავა.) (ძიძას.) ჯულიეტა იყო გასანდობათ მამა ლავრენტისთან, თუ არა?
ძიძა.
დიაღ კარგი! იმედი მაქვს, იმისი დარიგება ჭკუაზედ დააყენებდა, უნდა. უნდა, დარიგება უნდა ამ პატარა უნამუსოს.
შემოვა ჯულიეტა.
ძიძა.
აგერ, ბატონო, პირმოცინარი მოდის.
კაპულეტი.
ახლა, პატარა გიჟო საიდამ მოხვალ აგრე?
ჯულიეტა.
მე იქიდამ გიახლები, სადაც ჩემი დანაშაული და უგუნურება შევინანიე; ღირსმა მამა ლავრენტმა მირჩია თქვენ ფეხ-ქვეშ დავეგო და მოტევებას გევედროთ. მომიტევეთ, მამავ, და ამას იქით თქვენს ნებას აღარას დროს არ გადავჰსცდები.
კაპულეტი.
გრაფი მომიძებნეთ, გრაფი მომიძებნეთ, შევატყობინოთ. სხვალ დილაზედ უთუოთ უნდა გადავიხადოთ ქორწილი.
ჯულიეტა.
გრაფი მამა ლავრენტის სენაკში დამხვდა და მე თვითან ვაცნობე, როგორც ჩემს ზრდილობას და დაკრძალვას შეეფერებოდა.-
კაპულეტი.
მიხარია, ჭეშმარიტად! ადექ, შვილო. ადექი ზეზე. - საქმე ისე მოდის, როგორც უნდა მოსულ-იყო. - ახლა გრაფი უნდა ვნახო. გრაფი მომიძებნეთ მეთქი, არ გესმით? - ჭეშმარიტად სწორეთ წმიდა და ღირსი - მღვდელია ეს ჩვენი ლავრენტი; დიდად დავალებულია იმისაგან ჩვენი ქალაქი. -
ჯულიეტა.
ძიძა, ჩემს ოთახში წამომყევ; ტანისამოსისა და სამკაულის არჩევაზედ მომეხმარე. კაპულეტი. იახელი, ძიძავ! -ხვალ საყდარში წავალთ (ჯულიეტა და ძიძა წავლენ.) დონნა. მომზადებას ვეღარც კი მოვასწრობთ; აგერ ღამემაც მოატანა.
კაპულეტი.
ფიქრი ნუ გაქვს, ჩემო დედაკაცო; მე ვერევი ამ საქმეშია და ყველა კარგათ მოვა, ფიქრი ნუ გაქვს. შენ მე მაცალე. (იძახის.) ბიჭო! ეჰა! -აღარავინა გდია აქა. -არაუშავსრა, მე წავალ მე მოვძებნი გრაფსა და სახვალიოდ დავაჩქარებ. როგორღაც მეტად მსუბუქათა მაქვს გული, ჩემი პატარა სულელი რომ გონებაზედ მოვიდა.

ხილვა III.

ჯულიეტას საწოლი.
შემოვლენ ჯულიეტა და ძიძა.
ჯულიეტა.
მართალია, კაბა რომ გაიშინჯოს ჰსჯობია. - შენ ამაღამ მარტო გამიშვი, ჩემო ძიძა; მე ბევრი უნდა ვილოცო, რომ ღმერთმა მოწყალების თვალით გარდმომხედოს. შენ ხომ კარგათ იცი რა განსაცდელში ვარ და რა ცოდვაში ვდგები. -

შემოვა დონნა კაპულეტისა.
დონნა.
ბევრი საქმე გაქვს, შვილო, მეც მოგეხმარო?
ჯულიეტა.
არა, დედა, ჩვენ კიდეც ამოვარჩიეთ და ცალკე გადავაწყეთ, რაც ხვალ დაგვჭირდება. ახლა მარტო გამიშვით და ძიძაც თქვენთან იყოს ამაღამ, რადგან თქვენც ხელი სავსე გექნებათ საქმითა ამისთანას დროს.
დონნა.
ღამე ნებისა; დაწექ და დაიძინე შვილო; დაგჭირდება ძილი. (აკოცებს და გავა; ძიძაც თან გაჰყვება.)
ჯულიეტა. (დარჩება მარტო.)
მშვიდობით, დედაჩემო! - ვინ იცის, როდისღა ვნახავთ ერთმანერთსა. - უცნაური რამ მათრთოლებს რაღაცა და ძარღვებში სისხლს მიცივებს. მეშინია. მოდი დაუძახებ. (უძახის.) ძიძა! მაგრამ რა უნდა აქ ძიძასა? ეს საქმე მარტო მე უნდა შევასრულო. (ამოიღებს უბიდამ ჭიქას.) მოდი, სასმელო განუცდელო! (რამდენსამე წამს გაჩუმდება.) ახლა ამ სასმელმა რომ ვერ გაჰსჭრას, ძალათ უნდა დამწერონ ჯვარი გრაფზედ?! (ახლა ხანჯალს ამოიღებს უბიდამ.) არა, არა; აი რამ უნდა დაჰშალოს ეს ძალადობა. (ხანჯალს ისევ უბეში ჩაიდებს.) მანდ იყავ, რკინავ!- გესლი რომ მე მოვჰკვდე და ის სირცხვილს გადარჩეს, ჯერ რომეოზედ რომ დამწერა ჯვარი და ახლა პარისზედ მიპირებს? ვაი, გულო, გეშინია განა? - მაგრამ არა, - ეს შესაძლებელია! წმიდა ბერი, გამოცდილი, ამას როგორ იფიქრებდა! გამეცალე, ფიქრო ბოროტო! -იქ აკლდამაში რომეოს მოსვლამდინ რომ გამომეღვიძოს? ოჰ! რა საზარელი მდგომარეობაა! ჰაერი არ საიდამ შედის იქა; სულის მოუბრუნებლობამ აუცილებლად უნდა დამარჩოს მანამდისინ ჩემი როემო მომეშველებოდეს ან თუ სულის მობრუნება შევიძელ და ვიცოცხლე, რა უნდა ვჰქნა იმ საშინელს სიწყვდიადეში, იმ სიკვდილის მდუმარებაში, - იმ ადგილსა, სადაც რამდენისამე ასის წლის წინათ მიბარებულნი ჩემთ წინაპართ გვამები მდუმარებენ; -სადაც თეიბალდ ლპება ჯერაცა სისხლშეუშრობელი, - სადაც ზოგიერთს ღამის საათში მოჩვენებაები წარმოსდგებიანო, ანბობენ და მოლანდებით უსულოჰქმენ ცოცხალსაო. ღმერთო, ღმერთო! თუ ამ მდგომარეობაში გამომეღვიძა, შიშის ზარი უსათუოთ შემიშლის გონებასა და ხელს მკვდრებისათვის მატაცებინებს; იქნება თვითან თეიბალდსაც ვჰსტაცო ხელი, ეგების ამან მიხსნას მეთქი, და მკვდარი ვის იხსნის სიკვდილისაგან! - იქნება რომელსამე წინაპრის ძვალს წავავლო ხელი და თავში ვიცე. ოჰ! თითქო ახლაც ვჰხედავდე თეიბალდის ლანდსა, - რომეოს ეძებს, იმის მკვლელსა! - შედექ, თეიბალდ! - შენთან მოვალ რომეო! შენთვისა ვჰსვამ. (ჭიქას გამოცლის და ქვეშსაგებზედ დაეცემა.)

ხილვა IV.

ზალა კაპულეტის სასახლეში.
შემოვლენ დონნა და ძიძა.
დონნა.
აჰა, ძიძავ, ეს გასაღებები წაიღე და სანელებელი მოგვიტანე კიდევა.
ძიძა.
სამზარეულოში კომშსა და ლეღვის ჩირს ითხოვენ.
შემოვა კაპულეტი.
კაპულეტი.
მარდათ, მარდათ. დააჩქარეთ, თორემ აგერ მეორეთ უყივლია მამალსა; სამი საათია შუაღამიდამ გასული. (ძიძას.) ჩემო კარგო ძიძავ, ერთი თვალი გადაავლე სამწვადეებსა და ხარჯს ნუ მოერიდები.
ძიძა.
თქვენ რომ წაბრძანდეთ და დაიძინოთ ისა ჰსჯობია; დედაკაცის საქმე რაც არის, იმას ჩვენ გავაკეთებთ; თორემ ღამის თევა თქვენ არას მოგიხდებათ; ავათ გახდებით.
კაპულეტი.
ნეტა რას მიედ-მოედები დედაკაცო. გგონია ღამე არსად გამეტეხოს თუ? იმდენი სიცოცხლე მე მქონდეს, მაგრამ ავათკი არ გამხდარვარ.
დონნა.
დიაღ მართალია, შენს დროში ღამურობისათვის არა დაგიკლიარა. მაგრამ ახლაკი მე გიგდებ ყურსა, რომ ძველებური ჩვეულება მოგაკვეთინო. (დონნა და ძიძა გავლენ.)
კაპულეტი.
ეჭვები, ეჭვები!?... ეგ რა არი, რომ მოგაქვს თქვენა!? მსახურები შემოვლენ და შემოიტანენ შამფურებს, შეშას და კალათებსა.
პირველი მსახური.
მზარეულისათვის გახლავს ესა და რა მოგახსენო, რა არის?
კაპულეტი.
დააჩქარეთ, დააჩქარეთ. (პირველი მსახური გავა.) შე სულელო! ხმელ შეშას ვერ იპოვიდი? პეტრეს დაუძახე და ის გაჩვენებს.
მეორე მსახური.
პეტრეს რომ არ დაუძახო, შეშას მეკი ვერ ვიპოვნი? არც ისეთი ჯირკი გახლავარ, როგორიცა გგონიათ! (გავა.)
კაპულეტი.
მე და ჩემმა ღმერთმა, კარგი პასუხი იყო; ეს ძალიან მხიარული ნათლია მყოლია, ვიღაც არის, და არ ვიცოდი. შეშას უთუოთ ამას ჩავაბარებ, რადგანც კარგი შეშის თავი ყოფილა. ღმერთმან იცის გათენდა. გრაფიც აღარ დაიგვიანებს თავისის მუზიკანტებით: აღმითქვა და პირობას არ გატეხს, რაღა თქმა უნდა. (მუზიკა მოისმის შორიდამ.) აი, მესმის კიდეცა. აბა, ძიძა, ძიძა! - ჩემო დედაკაცო! -
შემოვა ძიძა.
კაპულეტი.
აბა, წადი, ჯულიეტა გამოაღვიძე და ტანთ ჩააცვი; მე სიძეს მივეგებები. მალე, მალე, დააჩქარეთ! აგერ სიძეც მობრძანდება. მალე, მალე მეთქი, არ გესმით? (გავლენ.)
ხილვა V
ჯულიეტას საწოლი. ჯულიეტა გაჭიმული ძევს კრავატზედ.
შემოვა ძიძა.
ძიძა.
ქალო! ქალბატონო! ჯულიეტა! - მე და ჩემმა ღმერთმა კარგათა ჰსძინავს. - ბატკანო! გვრიტო! ქალო! - პატარა მძინარავ! - ჩემო სიხარულო, ჩემო ანგელოზო! ჩემი ახლო რძალო! - ქა! ნეტა რა ვჰქნა. კიდევ ხმას არ იღებს! - მთელი ერთის კვირის ძილს ახლავე აცხობ თუ? ხვალინდელი ღამისას კი პირობას მოგცემ, რომ პარისმა შენ ძილის ნება არ დაგრთოს! - ღმერთო შემიწყალე! ასეთი ძილი გაგონილა! უნდა გავაღვიძო, რა გაეწყობა. - ქალო! - ქალო! - ქალო! ნეტა რა ვჰქნა! -ადექი, ქა, თორემ აქ შემოვა, მე ვიცი შენი დანიშნული, და არც მაშინ წამოჰხტები. - ქა! ტანთჩაცმული! - ტანთჩაუცვამს და ისე დაწოლია. გავაღვიძოთ ახლაკი! - ქალო, ჯულიეტა; დიდება შენთვის უფ... (შუბლზედ ხელს შეახებს და დაიკივლებს მაშინვე.) მიშველეთ; მიშველეთ; თქვენი ჭირიმე მიშველეთ; მომკვდარა! ვაი შენ ჩემო უბედურო თავო; ვაი შენ ამის მომსწრესა; ვაი, ვაი, ვაი ქალბატონო, ბატონო! (ჰკივის რაც შეუძლია.)
შემოვა დონნა.
დონნა.
რა დაგფეთებია ქა, რა გაკივლებს?
ძიძა.
ვაი შენს გათენებასა, დღეო!
დონნა.
რა მოხდა, დედაკაცო?
ძიძა.
დაჰხედე, დაჰხედე! ვაი, ვაი, ვაი, ვაი...
დონნა.
ღმერთო დიდებულო! - შვილო, სიცოცხლევ! თვალი გააღე, შემომხედე შენი ჭირიმე, თორემ მოვჰკვდი, ეს არის. - მიშველეთ, მიშველეთ, ქრისტიანებო... შემოვა კაპულეტი.
კაპულეტი.
რა დაგემართათ, რაღას აგვიანებთ რომ ქალი არ ჩამოგყავთ. სიძე რახანია მოვიდა.
ძიძა.
სადღაა ქალი, მოგიკვდა ქალი, მოგიკვდა; ვაი ჩემს სიცოცხლესა.
დონნა.
ღმერთო, ღმერთო! მომკვდარა, მომკვდარა!...
კაპულეტი.
რაო?... მაჩვენეთ! - ვაიმე გაცივებულა! სისხლი შეჰსდგომია. დიდი ხანია სულს განუტევებია. თითქო მშვენინიერის (მშვენიერის) ყვავილებისათვის ყინვას დაუკრავსო. - ვაი ამ დღის მომსწრესა, დღეო კრულო, ბერო კაცო უბადრუკო!
ძიძა.
ვაი ამ შავის დღის მომსწრესა!
დონნა.
ოჰ! დილავ! რა საშინელი გაგვითენდი!
კაპულეტი.
ენა შემიკრა სიკვდილმა, რომელმაც ქალი მომტაცა და შავი დღე დამაყენა.-
შემოვლენ პატრი ლავრენტი, პარისი და მუზიკანტები.
ლავრენტი.
აბა, მზათ არის სასძლო თუ არა, ეკკლესიაში წავივანოთ.
კაპულეტი.
მზათ არის რომ წავიყვანოთ და ვეღარ გამოიყვანოთ. - (პარისს.) ოჰ! შვილო ჩემო ქორწილის წინაღამესვე სიკვდილი სწვევია შენს დანიშნულსა. აჰა! ყვავილი მისგან გაფურჩქვნილი. სიკვდილი ყოფილა ჩემი სიძე; სიკვდილი ჩემი მემკვიდრე; იმას შეურთავს ჩემი ქალი; მე უნდა მოვჰკვდე და ყოველივე იმას დაუტევო. სადაც სიცოცხლე აღარ არის, იქ რაც არის სულ სიკვდილისაა.-
პარისი.
მე რომ ასე მოუთმენელად ველოდი დღევანდელის დღის გათენებასა, - ეს სანახავი უნდა მენახა?...
დონნა.
დღეო წყეულო, დღეო შეჩვენებულო! გათენებულაღა როდისმე ასეთი კრული, ასეთი შერცხვენილი დილა კიდევა?!... ერთის შვილის მეტი არ გამაჩნდეს, ერთის საბრალოს შვილისა, ერთის სასიხარულოს ქალისა, - ამაზედ მეტი ნუგეში და სასოება არა მქონდესრა დედამიწაზედა და ისიც დედამიწამ გამომგლიჯოს ხელიდამა! ოოოჰ!...
ძიძა.
ვაი უბედურებავ, ვაი შავო დღეო! ვაი, ვაი!...
პარისი.
ვაი საძაგელო სიკვდილო! გამაცრუე, მომატყუე, დამკალი! ვაი ამ დღის მოსწრებასა.ქორწინება დამირღვიე; საცხოვრებელი მომიშალე! ოჰ! ჩემო სატრფო, ჩემო სიცოცხლევ! ვაი ჩემი ბრალი, სიცოცხლე აღარა ხარ, მაგრამ მკვდარიც სატრფო ხარ ჩემთვისა. -
კაპულეტი.
ვაი შვილო უბადრუკო, მწუხარებამ გაწამა და მოგკლა, უიმედობამ გაწამა თან გაგიტანა შვილო! რა საჭირო იყო ასეთი უბედურება შემოგვიხდა, დღესასწაული ჩაგვიშალა და სიხარული ამოგვიფხვრა. ვაი შვილო, ჩემო შვილო, ჩემის სიცოცხლის სულო, როგორ? მკვდარი ხარ, მკვდარი? ვაიმე! მკვდარია ჩემი ქალი, და ჩემი ნუგეშიც იმასთანა.
ლავრენტი.
გაჩუმდით, სირცხვილად უნდა მიგაჩნდეთ, რომ აგრე მიგინებებიათ თავი მწუხარებისათვის? მაგითი ხომ არ ჰფიქრობთ მოვლენილი უბედურება გარდიცილოთ? რატომ არ იფიქრებთ, რომ ამ საყვარელს შვილში ღმერთსაც ედვა თავისი წილი, როგორც თქვენა? რაც თქვენი იყო. იმას სიკვდილისაგან თქვენ ვერ იხსნიდით; რაც ღვთისა იყო, ის იმან მიიღო, რათამცა დაიფაროს სასუფეველსა შინა სამარადისოდ. რასაც აქამდისინ ჰსწუხდით, ჰსდრტვინვიდით, - სხვა რა იყო, თუ არა ბედი მისი, თუ არა აღსრულება ყოვლის თქვენის სურვილისა? და ახლა ცაში რათ აღვიდა განსასვენებლათაო. ოჰ! რა უგრძნობელი ყოფილა თქვენი შვილის სიყვარული თუ უჩივით ამ გვარად იმის განწილვასა? დიდის ხნის სიცოცხლე სულ არ ჰნიშნავს ბედნიერებასა; ბედნიერი ის მეუღლეა, რომელიც სიჭაბუკეშივე განუტევებს სოფელსა. შეაყენეთ ცრემლების დენა და ეს უსულო გვამი მოჰფინეთ სუნნელის ყვავილებით, და ჩვეულებისამებრ საუკეთესო ტანსაცმელით მოჰრთეთ ეკკლესიაში გასასვენებლად. როდესაც ჩვენი სუსტი ბუნება ხმოვანებს, მაშინ ვადენთ ცრემლებსა; მაგრამ გონიერების წინაშე განსაკიცხია ცრემლი.
კაპულეტი.
დღევანდელი სასიხარულო მომზადება საგლოვად გარდაგვეცვალა.
ლავრენტი.
ახლა თქვენ გაბრძანდით აქედამ და განემზადენით გვამის გასაცილებლად. დანაშაული გაქვთ რამე თუ არა არ ვიცი; მაგრამ ზეციერება იჭმუხვის თქვენს თაზედა და ნუღარ განარისხებთ; ნუ წინააღუდგებით უზენაესის ნებასა, განუცდელსა და უცვალებელსა.

(ყოველნივე გავლენ.)

მოქმედება მეხუთე

ხილვა I.

ქალაქი მანტუა. ქუჩა.
მოდის რომეო.
რომეო.
სიზმარსა და მოლანდებასა თუ დაეჯერება, კარგი ანბავი უნდა მომივიდეს რამე: სული ჩემი, ბატონი ჩემის არსებისა, მსუბუქათ და თავისუფლებითა ჰზის თავისს ტახტზედ: მოღიმარი ფიქრები როგორღაც უჩვეულოდ მილმობიერებენ გონებასა და გულსა; და მეტადრე დღევანდელის დილიდამ მოკიდებული თითქო მიწას ფეხს არ ვაკარებდე. - მესიზმარა, ვითომც მკვდარი დავხვდი ჩემს სატრფოსა (ახირებულია სიზმარი, როდესაც მკვდრათა ჰხედავს კაცი თავისა თავსა და გონიერებაცკი შერჩენილი აქვს.) იმისის მგზნებარე კოცნით გამოღვიძებული ავსდექ და ხელმწიფე ვარ მეთქი მეგონა. ოჰ! რა ტკბილი უნდა იყოს ცხადი ტრფიალება, თუ იმის აჩრდილიცა სიზმარი, ასე აღავსებს გულის სიხარულითა.
მოვა ბალთაზარ.
რომეო.
ვერონიდამანბავი? -აბა, ბალთაზარ! პატრი ლავრენტის წიგნი გაქვს თუ არა? როგორ ჰსუფევს სატრფო ჩემი? მამა ჩემი როგორა ბრძანდება? რას მდგომარეობაში იმყოფება ჯულიეტა! მეორეთ იმისთვისა გკითხავ ამასა, რომ თუ ჯულიეტა კარგათ არის, ავათ არა იქნებარა.
ბალთაზარ.
თუ აგრეა ყველა კარგათ არის; ამიტომ რომ ჯულიეტას ამას იქით აღარა უშავსრა. განსვენებით არის იმისი გვამი კაპულეტების აკლდამაში და უკვდავი თუ ჰქონდა რამე, ისე ანგელოზებთან არის ახლა. მე ჩემის თვალითა ვნახე, აკლდამაში რომ მიასვენეს და ბატონს მოვახსენო მეთქი, მაშინვე აქეთ გამოვსწიე; მომიტევე, ბატონო, ამისთანა საწუხარი ანბავი რომ მომაქვს; შენი ბრძანება რომ არა მქონოდა, ვერა გაგიბედავდი.
რომეო.
ნუ თუ მართალია ეს. ღმერთო ძლიერო? ახლა შენი აღარა მჯერარა, ბედო! -შენ ხომ იცი სადაცა ვდეგვარ? საწერკალამი და ქარალდი მომიმზადე და ცხენები მიქირავე, ამავე საღამოზედ მივალ.
ბალთაზარ.
მომიტევე ბატონო! ამ მდგომარეობაში თავს ვერ დაგანებებ. ცუდს ფეხზედა ბრძანდები, მეტად ამრეზილი და მეშინია, არ შეგემთხვასრა.
როემო.
შემცთარი ხარ, ჩემო ბალთაზარ! წადი და რაც გითხარი, ისა ჰქენ მამა ლავრენტის წიგნი არა გამოუტანებიარა?
ბალთაზარ.
არა, ბატონო.
რომეო.
კარგი. წადი და ცხენები დამიმზადე, მეც ეხლავ მოვალ. (ბალთაზარ წავა.)
რომეო. (მარტო.)
ოჰ! ჯულიეტა! ამაღამ მეც შენთან ვჰსწვები. - ხელი უნდა შევიწყოთ ამაზედ.(რამდენსამე ხანს დაფიქრდება.) ოჰ! დამრღვეველო ფიქრო! რა მარდათა ხარ, თუკი ერთხელ გამოგეკიდა იმედ გადაწყვეტილი კაცი. - ერთი მეწვრილმანე მახსოვს, -აქ უნდა იდგეს სადმე; ხშირად შევჰხვდებოდი ხოლმე, -ძენძით მოსილის მაშვრალს, დაღონებულს, წამლები დაჰქონდა ხოლმე. სიგამხდრე მახსოვს იმისი; ეტყობა სიგლახაკეს ძველების გარდა აღარა შეურჩენიარა. ღარიბს დუქანში კუს სადაფი ჰქონდა ჩამოკიდებული, ბზით გატენილი ალიგატორი, სხვა და სხვა თევზების კანი; თაროზედ ჩამორიგებული ჰქონდა უფროსი ერთად ცარიელი კოლობი, - პატარა ჭიქები, -ბუშტები, -დაობებული რაღაც რაღაცა თესლები, ორი თუ სამი ფირფიტა ძველი თასმა და ზონარი და რამდნეიმე გამხმარი ვარდის კონა, არეული დარეული და ცდილობდა საწყალი, რომ ყოველივე ღირეულ ფასიანად ეჩვენებინა მოვაჭრისათვის. ამ უზომო სიღარიბის მნახველი ვიტყოდი: საწამლავის გაყიდვა სასიკვდილოთ არის აღკრძალული მანტუაში; მაგრამ მაინც თუ დასჭირდა ვისმე, ისევ ამ ღატაკისაგან თუ იყიდოს მეთქი. თითქო წინასწარი გრძნობა იყოო, რომ თვითან მე დამჭირდებოდა.- უნდა მომყიდოს საბრალომა. (სახლებს ათვალიერებს გარშემო.) თუ შემცდარი არა ვარ, აქა სდგას მგონია. დღეს რომ უქმეა, დუქანი იმიტომა აქვს დაკეტილი. (კარს ურეკს.) ჰეი! მეწვრილმანევ!-
ერთი კარი გაეღება და მეწვრილმანე გამოიხდავს.
მეწვრილმენე.
ვინ არის ესა, აგრე რომ ჰღრიალებს?
რომეო.
აქმო! - გატყობ, ღარიბიხარ და აჰა, დაიჭი, ორმოცი ოქროა, - ერთი წამალი მომეცი, ასეთი წამალი, რომ, ვისაც სიცოცხლე მოსწყენია, დალიოს და მანამდისინ ძარღვებში დაუვლიდეს, მკვდარი დაეცეს ძირსა; ისეთი წამალი, რომ როგორც ზარბაზნის ტყვია გააქრობს ხოლმე კაცსა, ისე ამან გააქროს.
მეწვრილმანე.
მაქვს მაგისთანა წამალი; მაგრამ მანტუაში სიკვდილით დაისჯება, ვინც გაჰბედავს და გაჰყიდის. –
რომეო.
შენისთანას გლახაკს, ყელთამდინ სიღატაკეში ჩაფლულსა, სიკვდილისა გეშინიან? სიმშილი ზედ გაჭდევია სახეზედა; სიღარიბე და გაჭირვება შენის თვალებიდამ გამოიხედებიან; ზედ გახურავს ძენძი შეუძლებლობისა და კიდევღა ეძებ ხელის გამმართავს მეგობარს ამ ქვეყანაში და იმის კანონში? ისეთი კანონი ხომ არა არისრა რომ შენ გაგამდიდროს; მაშ რას ეპუები კანონსა; გამომართვი და გამოდი სიღარიბიდამ.-
მეწვრილმანე.
ჩემი სიღარიბეა თანახმა და არა ნება ჩემი.
როემო.
მეც შენს სიღარიბეს ვაძლევ ამდენს ფულსა, და არა შენს ნებას. (მეწვრილმანე შინ შევა, ისევ გამოვა მალე და ცოტას ქაღალდში გახვეულს წამალს აძლევს რომეოსა.)
მეწვრილმანე.
დასალევში რაშიმე რომ ჩაჰყაროთ ესა და დალიოთ, ოცი კაცის სიცოცხლეც რომ გქონდეთ მაინც მალე გაგისტუმრებს.
რომეო.
აჰა შენი ოქრო! ეს უფრო ძნელი საწამლავია სულისათვის, ეს ოქრო ერთი ათასად უმეტესს კაცკვლას აწარმოვებს ამ წარმავალს სოფელში, ამ შენს საწყალს რაღასაც წამალზედ რომ გაყიდვის ნებასაც არ გაძლევენ; მაგრამ ამისს გაცემას კანონი არავის უკრძალავს. სწორე საწამლავი მემომყიდე, შენ კი არა. - მშვიდობთ, პური იყიდე და ეცადე მოსუქდე. -აქმოდი, ჩემო მხსენლო მეგობარო, სიცრუვით რომ საწამლავს გეძახიან, თან წამომყე ჯულიეტას კუბომდის და იქ მომეხმარე, როგორც შეგეძლოს. (მეწვრილმენე ფულს დაითვლის და შინ შევა. რომეო წავა.)

ხილვა II.

პატრი ლავრენტის სენაკი.
შემოვა იოანე ბერია.
ბერი.
ღირსო ფრანცისკო, ძმაო ჩემო, სადა ბრძანდები?
ლავრენტი.
ეს ხმა იოანეს ხმასა ჰგავს. - მანტუიდამ მობრძანდები? მშვიდობა შენს მოსვლასა. რას ანბობს რომეო? ან, თუ წიგნი მოუწერია მიბოძე.
ბერი.
მე რომ გიახელ, ერთს ძმას ვეძებდი ჩვენის წესის ფეხშიშველთაგანსა და მინდოდა მეთხოვნა თან წამომყოლიყო;[3] ის თურმე ავათმყოფებში დადიოდა რადგან აქიმობს და ერთს სახლში მივაგენ, რომელზედაც ზედამხედველს ეჭვი აეღო, შესაყარი სნეულება არის აქაო. დაგვამწყვდიეს ორნივე და ქალაქიდამ აღარსად გაგვიშვეს. ამ მიზეზებით ვეღარც მანტუასგიახელ.
ლავრენტი.
მაშ ჩემი წიგნი ვის გაატანე?
ბერი.
აგერ აქვე გახლავს. ვერც გაგზავნა მოვახერხე და ვერც შენთან წამომღები კაცი ვიშოვნე; ყოველნივე გვერიდებოდნენ.
ლავრენტი.
ოჰ! ბედკრულო უბედურებავ! ჩვენის წესის სიწმინდესა და მადლს ვჰფიცავ დიდად საჭირო იყო ეს წიგნი და ღმერთმან ინებოს რომ ასე დაგვიანებას საზარელი უბედურება არა შეუდგესრა, ძმაო იოანე! გასწიე საჩქაროთ, ერთი რკინის კეტი მიშოვნე და აქ მომიტანე როგორც შეგეძლოს ისეთს სიჩქარით.
ბერი.
ახლავე, ძმაო (წავა.)
ლავრენტი. (მარტო.)
მაშ მე მარტო უნდა შევიდე კაპულეტების აკლდამაში: ამ სამს საათზედ ჯულიეტა გამოიღვიძებს; დიდად იწყენს ჩემგან, რომ ვერ ვაცნობე ყოველივე რომეოსა; მაგრამ ახლავე მივწერ კიდევა და მანამდისინ მოვიდოდეს რომეო, ჯულიეტას ამ სენაკში დავმალავ. საბრალო! ცოცხალი სწევს მკვდრის კუბოში. (გავა)

ხილვა III.

სასაფლაო, საფლავებით გავსილი. უმახლობელესად არის კაპულეტის აკლდამის ძეგლი. ღამეა.

შემოვა პარისი და თან შემოჰყვება პატარა ბიჭი: რომელსაც ცალს ხელით სანათი უჭირავს და მეორეს ხელით ყვავილებით სავსე კალათი.
პარისი.
ბიჭო, ეგ სანათი აქ მომეცი, შენ წადი და აიიქ იყავ ფრთხილათა. მაგრამ არა; გააქრე; არ მინდა მნახოს ვინმე. შენ აქ დაწექი და ყური დედამიწაზედ გქონდეს, რომ ფეხის ხმა თუ გაჩნდა სადმე, გაიგონო და დამისტვინო. ეგ ყვავილები აქ მომეცი და როგორც გითხარ, ისე იყავი.
ბიჭი.
ამ სასაფლაოზედ მარტო ყოფნა არაფერია, მაგრამ რასა იქ.
პარისი. (დაუახლოვდება ძეგლსა, ძირს დაემხობა და შემდეგ ყვავილებს დააბნევს.)
ყვავილო მშვენიერო! ყვავილებით მოგიფენ სასძლოსა ამას სარეცელსა! ოჰ! უგრძნობელო საფლავო! შენ იპყრობ შენ შორის რაც რამ უმშვენიერესი იყო და იქნებაღა ცას ქვეშეთსა. ეი! მშვენიერო ჯულიეტა, რომელი ჰსუფევს ანგელოზთა თანა, მიიღე ეს უკანასკნელი პატივის ცემის ნიშანი კაცისაგან, რომელი ცოცხალს გეტრფოდა და მკვდარს უკანასკნელად გესალმება. (სტვენას გაიგონებს.) ეჰუ! უთუოთ მოდის ვინმე (ადგება ზეზე.) ვინ უნდა იყოს, რომ ჰბედავს ამ დროს ფეხით შემოლახვას ამ ადგილებისას? ვის არის რომ მიშლის ჩემს ვალის აღსრულებასა და წესსა ჩემის სიყვარულის სჯულისასა. ნეტა რა ვჰქნა, სანთლითაც მოდის! ღამეო, მანამდისინ შევიტყობდე შენ დამიფარე ცოტას ხანს შენის სიბნელით. (მიეფარება.)
მოვა რომეო და თან მოჰყვება ბალთაზარ. რომელსაც ხელით უჭირავს ბარი და რკინის კეტი.
როემო.
ეგ ბარი და კეტი აქ მომეცი; შენ ეს წიგნი წაიღე და ხვალ დილაზედ ადრე მამაჩემს მიართვი. ეგ სანათიც იქ მომეცი, შენკი წადი ახლა. რაც უნდა ნახო, რაც გაიგონო, არამც და არამც აქეთ გამობრუნება არ გაბედო. მე იმისათვისა ვარ აქ მოსული, რომ ერთი ჩემს სატრფოს დავჰხედო და ბეჭედი ავართვა, რომელიც დიდად ძვირფასია ჩემთვის და დიდად საჭირო ერთის საქმისათვის. სულ გამეცალე აქედამ; ისე წადი რომ აღარ მოიხედო: თუ გამობრუნებულხარ და შემოგიხედავს რასა შვრებაო, ვაი შენი ბრალი; ყოვლისდამბადებელსა ვჰფიცავ ლუკმა-ლუკმა აგკუწო და ეს მშიერი სასაფლაო მოვჰფინო შენის ნაფლეთებითა; საზარელი დრო არის მაგრამ; ჩემი განზრახვა უფრო საზარელია და უფრო მძვინვარეა; მიფრთხილდი თუ ჭკუა გაქვს. შესაძლებელია რომ გამწარებულმა ფოცხვერმა შეგიბრალოს, აღელვებულმა ზღვამა არ დაგარჩოს და ჩემგან შებრალებაკი ყოვლად შეუძლებელი იქნება. ეს იცოდე და მშვიდობით.
ბალთაზარ.
გიახლები ბატონო, გიახლები. სულ აღარ მოგეკარები.
როემო.
მაგითი შენს ერთგულებას დამიმტკიცებ. აჰა, ეს წაიღე. (ერთს ფულით სავსე ქისას აძლევს.) იცოცხლე და ბედნიერი იყავ. მშვიდობით ჩემო ბალთაზარ.
ბალთაზარ. (ცალკე.)
აგრე იყოს. მაგრამ მე აქ მივიმალები სადმე, როგორღაც მეტად არეულია და არა მგონია კარგი ფიქრი ჰქონდეს რამე. (მიეფარება.)
რომეო. (დაუახლოვდება ძელსა.)
საძაგელო უფსკრულო! სიკვდილის ქვესკნელო; შენ დანჰსთქე განა, რაც რამ უძვირფასესი გამაჩნდა ქვეყანაზედ? -აბა ვნახოთ, გამიღებ კარსა თუ არა. (რკინის კეტით დაიწყობს მოქმედებასა და გააღებს ძეგლის კარსა.) ნუ გეშინია, ერთს მსხვერპლს კიდევ შემოჰვწირავ შენს გაღიმებულსა პირსა.
პარისი. (დამალულ მდგომი.)
ეს მგონია ის გაგდებულია, ის საძაგელი მონტეგი, ჩემს სატრფოს ბიძაშვილი რომ მოუკლა და ისიც იმის ნაღველით მოკლა. იქნება აქ შეურაცხება ჰსწადდეს რამე თავისის დახოცილებისა? (დაუახლოვდება რომეოს და შეჰსძახებს) შეაყენე ეგ შენი შრომა, ავაზაკო! მკვდრებსაც აღარ ასვენებ? ჰაი! შე კაცმკვლელო, შენა! სულ წაწყმენდილო! შედექ და აქ წამომყე; მე დამიპყრიხარ კანონის ძალითა, დროა შენის სიკვდილისაცა.
რომეო.
სწორეთ არის დრო და მეც მაგისთვისაცა ვარ აქ მოსული, ყმაწვილო კაცო! ნუ ერჩი სასოწარკვეთილს კაცსა; ჰსჯობია განვლტო, თავი დამანებე. ეს მკვდრები წარმოიდგინე, რომელთაც ფეხითა ჰსთელავ და შენი დამხსნელი მშიშროება ამ ფიქრმან მაინც მოგივლინოს. - ყმაწვილო კაცო გევედრები, მუხლმოდრეკით გევედრები ნუ შეგყევარ განსაცდელში, ნუ გნებავს ჩემი შეშფოთება, ნუ დამაქენჯნინებ სვინდისსა ახლის კაცკვლითა! ოჰ! გამშორდი ღვთის გულისათვის; გაფიცებ ყოველსავე, რაც რამ ძვირფასი მიგაჩნია ქვეყანაზედ, განმშორდი,- შენი სიცოცხლე ჩემსას მირჩევნია ღმერთმა ხომ იცის, რადგან მე სხვა მოსაკლავი მტერი აქა აღარავინ მეგულება ჩემს თავს გარდა. ჩემზედვე ვარ მე აქ აღჭურვილი. იცოცხლე და ჰსთქვი როდისმე, რომ ჰსცოცხლობ უგრძნობელის კაცის მოწყალებითა.
პარისი.
შენც შეგარცხვინა და, შენი ვედრებაცა და შენი მოწყალებაცა. დამნაშავე ხარ და შემიპყრიხარ.
როემო.
მაინც არ იშლი, გაგყევარ? მაშ კარგი და თავი დაიფარე, თუ შეგიძლია. (ხმლებს გაიძრობენ და შეებმიან.)
ბიჭი.
ღმერთო ჩემო, იბრძვიან! გავიქცე, ყარაულს შევატყობინო.
პარისი. (წაიქცევა სასიკვდილოდ დაჭრილი.)
ოჰ! მოჰკვდი! მონტეგო! ღვთის გულისათვის, გააღე ეგ საფლავი და მანდ დამდე, ჯულიეტასთან. (მოკვდება.)
რომეო.
ჩემმა სულმა, აგრე ვიქ. - ვნახოთ ვინ არის. -მერკუციოს ნათესავი, კეთიშობილი გრაფი პარისი. რაღასაც მეუბნებოდა ჩემი მსახური გზაზედ რომ მოვდიოდით და მე ყურს ვერ უგდებდი. ჯულიეტას პარის ირთავდაო, მგონია ამას ანბობდა. იმან მითხრა, თუ მესიზმრა როგორმე? ან იქნება ჯულიეტას ანბავს რომ მეუბნებოდა, ჩემმა არეულმა ფიქრმა წარმომიდგინა ესა? ოჰ! ხელი მომეცი ყმაწვილო კაცო. შენი და ჩემი სახელი ერთად ყოფილან ჩაწერილნი უბედურების წიგნშია და განსასვენებელად საფლავს მოგცემ სახელოვანსა. საფლავსაო? საფლავსკი არა, გაბრწყინვებულს სასახლეს მოგცემ სადაც ჯულიეტა განისვენებს; სადაც ჯულიეტა განისვენებს, იქ საფლავი რას ჰქვია? სასახლეა განათლებული და განშვნებული. (შეიტანს პარისს აკლდამაში.) აქ განისვენე გვამო, სადაცა გფლავს გვამი თვითანაც აქ დაფლული, (რამდენსამე ხანს მდუმარედ არის.) ბევრჯელ უნახავთ ღიმილი მომაკვდავის პირზედა; ეს ღიმილი ის ნათელია, სიკვილის ღამეში რომ ელავს. - მეცა მაქვს ეს ნათელი, მეცა. (დაეკონება ჯულიეტას გვამსა.) ოჰ! ჩემო სატრფოო, სიცოცხლის ფასად საყვარელო ცოლო! სიკვდილმა მოგტაცა სუნნელი სული, მაგრამ მშვენიერებისათვის კი ვერა დაუკლიარა. ვერა, ვერ დაუმარცხებიხარ. ისევ ისე სუფევს შვენიერება შენს მარჯნის ტუჩებზედ, შენს ვარდის ლოყებზედ. სიკვდილის შავი დროშა ვერ გადმოგფენია სახეზედ. ეს იქნება შენ იყო თეიბალდ! -აქ რომ მდებარებ შენს სისხლეულს კუბოში. ოჰ! რასა ვიქ შენის სულის დასამშვიდებლად ამაზედ უმეტესსა, რომ იმავე ხელით გავაქრო შენი მკვლელი, რომელმაც შენი ყმაწვილკაცობა გააქრო! მომიტევე ბრალი, ჩემო საყვარელო ცოლის ძმაო! აჰ! ჯულიეტა, სათაყვანებელო! რათახარ აგრე მშვენიერი; რათ მაფიქრებინებ, რომ უხსეულო სიკვდილი შემოგეტრფა და მე წამართვა შენი თავი? დავიჯერო, რომ ეს ცივი ლანდი, ეს გაუმაძღარი, უხორცო და უცნაური რამ არსება, აქ იმისთვის იყოს შენთანა, ამ სიწყვდიადეში, რომ შენ გიყოლიოს? მერე არ მეშინია იმისი და მეც შენთან ვიქნები, აღარსად გავალ ამ ბნელის სასახლიდამ; მეც აქ დავჰრჩები, საფლავის ჭიებთან, სიკვდილის მოსამსახურეებთან;აქ დავიმკვიდრებ ჩემს საუკუნოს განსასვენებელსა; ყბას მიუშვერ ჩემს მტერს ბედის წერასა და აქ დავასვენებ ამ განსახრწნელს სხეულსა, სიცოცხლით მაშვრალსა; აბა, თვალებო, ერთი შეჰხედეთ კიდევა; ხელებო, ერთი მოეხვიენით კიდევა; აბა, ტუჩებო, უკანასკნელს სუნთქვას რომ გზას აძლევთ ხოლმე, აბა შეჰბეჭდეთ კანონიერის ამბორის ყოფითა ეს შეკრულობა ჩემი ჯულიეტასთანა და გარიგება სიკვდილთან. (უბიდამ პატარა ჭიქას ამოიღებს და საწამლავს შიგ ჩაჰყრის.) მოდი ჩემო წინამძღვარო, ჩემო მწარევ თავის შესაფარებელო! სასოწარკვეთილო მენავეო, შეამსხვრიე კლდესა ეს ძველი ნავი ჩემი, ნუღარ აყოვნებ. ჯულიეტა! შენთვისა ვჰსვამ! (დალევს.) ბარაქალა მეწვრილმანევ! მართალი ჰსთქვი, ჰსჭრის შენი წამალი. უკანასკნელ კოცნა კიდევა და... (ხელს მოკიდებს ჯულიეტას და მოკვდება.)
მეორე მხარედამ მოდის პატრი ლავრენტი, ნიჩბით და რკინის კეტით.
ლავრენტი.
დამიფარე წმიდაო ფრანცისკ! რამდენგზის წავაწყდი ამაღამ საფლავის ქვებსა, დაღალული და ხნიერებისაგან უძლური! -ვინახარ მანდა? - ვინ, რომ ამდენს ხანს მკვდრებთან რჩება?
ბალთაზარ.
მე გახლავარ, კარგათ გიცნობთ მამაო!
ლავრენტი.
ბალთაზარ? ღმერთმან გაკურთხოს, შვილო! ის რა სანათია, რომ აგრე უსარგებლოდ ჭიებს უნათებს იქა? თუ თვალი არ მატყცვებს,(მატყუვებს,) კაპულეტების ძეგლშია მგონია.
ბალთაზარ.
დიახ, მამაო! ჩემი ბატონი გახლავს იქა, თქვენი მეგობარი.
ლავრენტი.
რომელი?
ბალთაზარი.
რომეო.
ლავრენტი.
ღმერთო მოწყალეო? რახანია იქ არის? ბალთაზარ. ნახევარ საათზედ მეტი იქნება.
ლავრენტი.
არ იქა! მეც იქ მივალ: მომყე თანა.
ბალთაზარ.
მე ვერ გიახლები; ბატონს წასული ვჰგონივარ; სიკვდილი მექადა საშინელის ხმითა თუ აქ დარჩი ან მოკარება გამიბედეო.
ლავრენტი.
იყავ მაშ; მარტო მივალ. - შიში მიპყრობს როგორღაცა; ვთრთი, კი არამომხდარიყოსრა?
ბალთაზარ.
მანამდისინ მე მთვლემდა, იქ თითქო ჩემი ბატონი და ერთი სხვა ვიღაც იბრძოდნენ და ის სხვა მკვდარი წაიქცა.
ლავრენტი. (მიმავალი.)
რომეო!... ვაიმე, ვაიმე!... ეს რა სისხლია; - ეს რა სისხლით გასვრილი ხმლები ჰყრია აქა? (შევა ძეგლში.) როემეო! ღმერთო რა ფერ მიხდილია! - ეს ვიღა არის? - როგორ! პარისიც აქა, თავისს სისხლში მცურავი! -დიდებულო! რომელს ცოდვის საათს უნახავს ამგვარი საზარლება? ჯულიეტა იღვიძებს. (ჯულიეტა იღვიძებს და ნელა წაჰმოსდგება)
ჯულიეტა.
მღვდელი მშველელო! - ჩემი მეუღლე სად არის? კარქათ მახსოვს სად უნდა ვიყო და იქაცა ვარ. - ჩემი რომეო სად არის (გარედამ ხმოვანება შემოისმის.)
ლავრენტი. (დიდად შეშინებული.)
გარეთ ხმა ისმის! - შვილო ჩემო, განუტევე ეს სამყოფი: უმაღლემა ძალმა, რომელსაც გამოძიება ჩვენ არ შეგვიძლია, ყოველივე ანგარიში შეგვიშალა. ადექ, წამოდი. შენი მეუღლე აგერ მდებარებს, მკვდარი, პარისიც ისე; წამოდი, წამოდი. წმიდას მონასტერში შეგიყვან და მოღვაწეს დებს მიგაბარებ. გამოკითხვით დროს ნუღარ ჰკარგავ, თორემ მესმის, ყარაულები მორბიან. წამოდი, მე გამოგყე საყვარელო ჯულიეტა. (ხმოვანებას ემატება.) ოჰ! აქ ყოფნა აღარ გაიბედება. (გავა გარეთ..)
ჯულიეტა.
წადი, თუ წასვლა გინდა. მე აქა ვრჩები! ამას რას ვჰხედავ? ჭიქა უჭირავს ხელში ჩემს სატრფოსა. ჰო, საწამლავი დაულევია და იმითი მოუკლავს თავი!! ბოროტო, სულ დალიე განა? შენს ჯულიეტას ერთი წვეთიც აღარ დაუგდე? დამაცალე; ტუჩებს ამოგიწოწნი, ზედ შეგრჩებოდა რამე, რომ მეც მიწამლოს ამდენის ტანჯვისაგან და მეც აგრე საუკუნოდ მიმაძინოს. (ჰკოცნის.) ტუჩები ცხელი გაქვს.
პირველი მცველი.
(გარეთ.) პატარა ბიჭო! წინ გაგვიძეღ! რომელს მხარეზედა?
ჯულიეტა.
- ყაყანი? მოდიან? აბა, მოვრჩეთ და გავათავოთ. (რომეოს ხანჯალსა ჰსტაცებს ხელსა და ამოიძრობს.) ოჰ! ხანჯალო სასურველო! ჩემი გული იქონიე ქარქაშთა. (გულში დაიცემს); მანდ იყავ ჩაგებული, რომ მალე მოჰკვდე (დაეცემა რომეოს გვამზედ და მოკვდება.)
პატარა ბიჭი. (გარეთ.)
აი, ამ მხარეზედ, სანათი რომ ანთია.
პირველი მცველი.
აქ სისხლი აქცევია. ეს სასაფლავო სულ უნდა დათვალიერდეს, თქვენ სამმა შემოიარეთ და ვინცავინ ნახოთ დაიჭირეთ; (სამნი მცელნი წავლენ.) - რაღაც საშინელება მომხდარა აქა! ეს გრაფი პარისი მოუკლავს ვიღასაც! -აგერ, ჯულიეტა! ნეტა რავჰქნა; სისხლი ჰსდის ორის დღის დამარხულსა. თქვენ ირბინეთ და მთავარს მოახსენეთ; - თქვენ კაპულეტთან გასწიეთ; - თქვენ მონტეგისთან; - სხვებმა ეს სასაფლავო მოათვალიერეთ. (მრავალნი მცველთაგანნი აქეთ იქით წავლენ) - საშინელი საქმეები მომხდარა აქა, მაგრამ ჯერკი არა ვიცითრა.
მოვლენ რამდენიმე მცველები და მოჰყვთ ბალთაზარ.
მეორე მცველი.
ეს რომეოს კაცი დავიჭირეთ აქა.
პირველი.
- ყური უგდეთ მანამდისინ მთავარი მობრძანდებოდეს.
მოვლენ სხვა მცველები და პატრს ლავრენტის მოიყვანენ.
მესამე მცველი.
აი ეს ბერი, კანკალებს, ოხრავს და ტირის. ეს ბარი და კეტი ხელში ეჭირა და აიქით მიდიოდა.
პირველი მცველი!
- გასაოცარი ანბავია. მაგასაც ყური უგდეთ. - მობრძანდება მთავარი და მისნი თანამხლებნი.
მთავარი.
ეს რაღა უბედურებაა, რომ გათენებასაც აღარ აცალა და დილის სანსვენება შეგვიშალა?
მოვლენ კაპულეტი, დონნა მის და ხალხი.
კაპულეტი.
რას ჰნიშნავს ეს ღრიალი, ყოვლის მხრიდამ რომ ისმის ქალაქში?
დონნა.
ხალხი სულ გარეთ არის გამოცვინილი? ზოგი რომეოს იძახის; ზოგი ჯულიეტას; ზოგი პარისს და ყველანი აქეთ გამორბიან.
მთავარი.
რა არის, ეს ყაყანი რომ გვესმის?
პირველი მცველი.
აქ, ბატონო, პარისი გდია მოკლული, რომეო უსულო და ჯულიეტა, ორის დღის დამარხული, მაგრამ ჯერ ისევ ტფილი და თითქო სულ ახალი დაკლვილიო!
მთავარი.
ახლავე გამოიკვლიეთ ყოველივე და შეიტყეთ როგორ რა მომხდარა.-
პირველი მცველი.
აი, ბატონო, ეს ბერი და ეს რომეოს მსახური დავიჭირეთ აქა, ძეგლის გასატეხი იარაღი ჰქონდათ თანა.
კაპულეტი.
ღმერთო ძლიერო! შეჰხედე, შეჰხედე ჩემო ცოლო, როგორ გადმოჰსჩხრიალებს სისხლი ჩვენს ქალსა? ხანჯალი გულში ურჭვია და რომეოს ქარქაში კი ალიერია.
დონნა!
ვაი ჩემი ბრალი! ეს გონებით განუზომელი საშინელება რას მოასწავებს, თუ არ ჩემს აღსასრულსა.
მოვა მონტეგი და თან მოჰყვება მრავალი მისი კაცი.
მთავარი.
აქმოდი მონტეგო! გათენებამდის ამდგარხარ რომ შენი შვილი ნახო იმისს გათენებაზედ მომკვდარი.
მონტეგი.
ვაჲ მე, უბედურსა, ბატონო! წუხელის ცოლი მომიკვდა; შვილის გაგდების მწუხარებას გადაჰყვა თანა და სხვა რაღა უბედურება კიდევ ჩემს მოხუც თავსა?
მთავარი.
აქმოდი და ჰნახავ.
მონტეგი.
ოჰ! უწყალო შვილო! ეგ რაღა ავკაცობაა, რომ მამას გადაურბენი წინა, საფლავში არ ჩამასწრასო!
მთავარი.
შეაყენეთ ეგ თქვენი ღრიალი, მანამდისინ საქმეს გამოვარკვევდეთ და როგორ რა მომხდარა შევიტყობდეთ. -მაშინ მე თავს დაგიდგებით: ჩემი მწუხარება წარუძღვება თქვენს მწუხარებას და მიიყვანს, თუ საჭირო იქმნა, თვით საფლავამდის: ახლაკი მწუხარებამ მოთმინებას დაუთმოს ადგილი, რომ გავიგოთ რამე. - აქ მომგვარეთ ეგ დაჭრილები.-
ლავრენტი.
საეჭვო ყველაზედ უმეტესი მე ვარ, მთავარო, თუმცა უბრალოც უმეტესი: დრო და ადგილი მდებს ბრალსა და მე მოგახსენებთ ყოველსავე, ჩემს გასამტყუნარსაცა და გასამართლებელსაცა.
მთავარი. ჰსთქვი და გვამცენ რაც იცოდე.
ლავრენტი.
მოკლედ მოგახსენებ ყოველსავე. რომეოს რომ ხედავთ აქ მიცვალებულსა, მეუღლე იყო ჯულიეტასი; და ჯულიეტა, აქავე მდებარე, ცოლი იყო სარწმუნო რომეოსი. თვით მე დავწერე ჯვარი. იმავე დღეს თეიბალდს შეემთხვა სიკვდილი და ახალს ნაქორწინევს იმისს მკვლელს განპატიჟება, ამ ქვეყნითგან განმდევნი, არა თეიბალდის სიკვდილმა, მეუღლის განპატიჟებამ შეიპყრა ჯულიეტა უზომოს მწუხარებითა. (კაპულეტს.) თქვენ იმის მწუხარებისაგან გამოსაყვანად და გასამხიარულებლად, ძალა დატანება განიზრახეთ, და პარისს შერთვას უპირებდით. -მაშინ მე მომძებნა და სასოწარკვეთილებით აღიარა ჩემთან, რო თუ მე ვერ ვისხენ ამ განსაცდელისაგან, უსაცილოდ თავს დაიკლავდა. მაშინ დასაძინებელი სასმელი მივეცი რომელსაც თვისება გამოცდილი მქონდა და რომელმაც დროებითად სიკვდილის სახე შეჰმოსა. მაშინვე როემოს ვაცნობე ეს ანბავი, რომ ამაღამ აქ მოსულიყო და ჯულიეტას საფლავიდამ ამოყვანაზედ მომხმარებოდა იმისს გამოღვიძების დროსა. მაგრამ წიგნი რომ იოანე ბერს გავატანე, ის ბერი აქ შეიპყრეს, ქალაქიდამ გარეთ აღარ გაუშვეს და წუხელის წიგნი მევე მომიტანა წუხელის. მაშინ მე წაველ მარტო, რომ გამოღვიძებაზედ აქ დავსწრებიყავ ჯულიეტას, გამომეყვანა და ჩემს სენაკში დამემალა, მანამდისინ რომეო მოსვლას მოახერხებდა; და აქ რომ მოველ, დახოცილები დამხვდნენ კეთილშობილი პარისიც და რომეოც.- მაშინ გამოეღვიძა ჯულიეტას. მრავალი ვევედრე რომ თან გამომყოლიყო, მაგრამ თავისის უბედურებით ყოვლად დაპყრობილმა აქ დარჩენა ირჩია და უსათუოდ მოიკლა თავი. ყოველივე რაც მოგახსენე, ვიცოდი მხოლოდ მე და ჩემს გარდა ჯულიეტას ძიძამ. თუ ეს უბედურება ჩემის ბრალით მომხდარ იყოს, დამსაჯოს კანონმა შეუბრალებლად და მათ მომიახლოვოს მეცა ბუნებითის აღსასრულის საათი.
მთავარი.
ჩვენ ყოველთვის პატიოსან კაცად გიცნობდით და ღვთის მოყვარე ბერად, - როემოს მსახური რომელია? - შენ რას იტყვი?
ბალთაზარ.
ჯულიეტას სიკვდილის ანბავი მე მიუტანე აქედამ ჩემს ბატონსა. მაშინვე აქეთ წამოვიდა, ამ სასაფლაოზედ მოვიდა და ძეგლში შევიდა. მამასთან წიგნი მომცა. აი აქ გახლავს ის წიგნი, დამითხოვა და მიბრძანა თუღა გამობრუნებულხარ და მომკარებიხარ, თუოთ მოგკლავო. მთავარი. აქ მაჩვენე ეგ წიგნი: ვნახოთ რასა სწერს. გრაფის ბიჭი სად არის, ყარაულს რომ შეატყობინა? - აბა, ბიჭო, რას შვრებოდა აქ შენი ბატონი?
ბიჭი.
ყვავილების დასაფენად გიახლათ აქა; მე მიბრძანა, შენ იქით იდექიო და იქით ვიდექი. დრო აღარ გამოვიდარა, რომ ვიღაც სანათით მოვიდა და ამ ძეგლის კარს ღება დაუწყო. მაშინ ჩემი ბატონიც დავინახე, ხმალამოღებული მიდიოდა იმ კაცზედა და მე გვიქეც ყარაულს შევატყობინო მეთქი.
მთავარი.
ამ წიგნში სწორეთ ისე სწერია, როგორც ბერმა გვიანბო; - და ბოლოსა ჰსწერს,საწამლავი ვიყიდე მანტუასერთის მეწვრილმანესაგან და აქ მოველ, რომ თავი მოვიკლა და ჯულიეტას მიუწვე სამარადისოთაო. (მიმოიხედავს.) სად არიან ახლა ერთმანეთის დაუძინებელნი მტრები. - კაპულეტო, და მონტეგო! აი, მწარე ნაყოფი თქვენის განხეთქილებისა: ზეციერი განგება სწორეთ იმას გიკლავთ, რაც სიხარული იყო თქვენთვის ამ ქვეყნიერებაში და სიყვარულითა ჰსჯის თქვენს სიძულილსა. და მე, რომ თვალზედ ხელი მივიფარე და თქვენს უთანხმოებას არა დავსდირა, - მე ორს ნათესავს მოვაკლდი. ყველას გარდაგვხდა, ყველანი დავისჯენით.
კაპულეტი.
ოჰ! მონტეგო, ძმაო მონტეგო! ხელი მომეცი, შენი ხელი: სხვას არასა გთხოვ ჩემის ქალის პირის სანახავათა.
მონტეგი.
მეტს მოგცემ. ძმაო! სახსენებელს აუგებ წმიდა ოქროსას: მანამდისინ ვერონასთავისი სახელი ერქმეოდეს, ამპარტავნებით მიიშვერდნენ თითსა და იტყოდნენ: სახსენებლი ჯულიეტასი არისო, ჯულიეტასი, რომლის უკეთესი არცასად ქალი ყოფილა და არცა ცოლიო!
კაპულეტი.
მე რომეოს აუგებ აგრეთს სახსენებელსა. ვაი ამ ჩვენს გარიგებასა.
მთავარი.
ამ განთიადმა ისეთი გული საკვდენი დაზავება გამოაჩინა რომ მზე იმალვის მწუხარებისაგან. წადით და ილაპარაკეთ ამ შემთხვევაზედ.ზოგია დასასჯელი, ზოგია საპატივებელი[4] ისეთი სატრაღედიო ანბავი არსად გაგონილა, როგორც ეს ანბავი ჯულიეტას და რომეოსი.

(დაიშალნენ.)

დასასრული.

__________________

1შესანიშნავია, როგორ ალაპარაკებს აქ ბენვოლიოს ავტორი. ბენვოლიოს ამ დრამის დასაწყისიდამ აქამომდე პატიოსან ყმაწვილ-კაცად ვიცნობთ და პატიოსნების ვალი იყო, არცა რას საქმეს დაუშლიდა, რომ მართალი მოეხსენებინა მთავრისათვის, თეიბალდს პირველად რომეომ შეუტიაო. მაგრამ ეს ბუნებითი წესი დაამტკიცა, რომ კაცი, რაც უნდა გულმართალი და გულწრფელი იყოს, მაინც თავისს მხარეს მიჰკერძავს ყოველს სამოქალაქო უთანხმოებაში.

2ტრფიალს ყოვლითურთ სრული ჰგონია ვისაც ეტრფის. ჯულიეტაც ამ მიზეზით არის დარწმუნებული რომეოს გრძნობის უცვალებლობაზედ, თუმცა კი არ ეთქმის ეს რომეოსა.)

3ფრანცისკანი ბერები გარეთ ფეხს არას დროს არ გადადგამდნენ, თუ არა ორორნი, რომ ერთიერთმანეთზედ ზედამხედველობა ჰქონიყოთ.

4 ეს იმ მოთხრობიდამ არის, რომელზედაც შეგსპირს მთელი ეს დრამა დაუფუძნებია. იქა ჰსწერს, რომ ძიძა დაჰკარგესო, რატომ შენის გაზრდილის ქორწინება არ გამოაცხადეო; რომეოს მსახური განათავისუფლეს, რადგან ბატონი ბრძანებას ასრულებდა და ბრალი არაქონიარაო; მეწვრილმანე ჰსტანჯეს და ჩამოარჩესო და პატრმა ლავრენტმა დღენი თვისნი დაასრულა სინანულში და განდეგილობაშიო.)

4 დამატება

▲ზევით დაბრუნება


დამატება

როდესაც ამ დრამასა ვჰთარგმნიდით, ვიცოდით, რომ უფ. იოსებ გიორგის ძე ზუბალოვი თავისს დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის დროს, ვერონასაცყოფილიყო და რადგან იმისს ცოდნათმოყვარებასა და გამომძიებლობასა საკმაოდ ვიცნობთ, ვჰთხოვეთ შეეტყობინებინა ჩვენთვის, არის რამე კიდეც ხსენება რომეო და ჯულიეტასი ვერონაში, ან როგორ იტყვიან აქ იმათს ანბავსა? რაც პასუხი მივიღეთ, აქავე ვბეჭდავთ:

„ზემო იტალიაში, რომელაც უწოდებენ ლომბარდო ვენეციის სამფლობელოს აწმყო კუთვნილს აუსტრიის იმპერატორისა, არის ქალაქი ვერონა, მდებარე იტალიის ტიროლის მთის ძირსა, სადაც ჩამოუდის მდინარე პო. ეს ქალაქი ყოფილა შუა საუკუნეებში სამთავრო საცხოვრებელი. აქ არის ღირს შესანიშნავი ძველი შნობანი, ამფიტიატრი პირველს საუკუნოებში ჰრომაელებთაგან აღგებული და შუა საუკუნოებს დაშთენილი შენობანი. მათ შორის ამ ქალაქის სიახლოვეს მთაზედ ორი დიდი სასახლეა, ერთი მეორეზედ სამ ვერსზედ მოშორებით, პირ და პირ ერთი წვერზედ აღგებული ორივე მსგავსის არხიტეკტორობისა, კოშკებით და დიდის გალავნებით შემოზრუდულნი, რომელთაც უწოდებენ დღესაც მონტეგის და კაპულეტის სასახლებს. ეს არიან სასახლენი რომეოსი და ჯულიეტასი, შიგ ქალაქშიაც არის დღესაც ჯულიეტას სასახლე, მაგრამ ეს შენობა შეუცვლია აუსტრიისიმპერატორს ახლის შენობით, რომელიც არის შერიცხული სახელმწიფოთ, მხოლოდ უბრძანებია იმპერატორს შესავალი კარი დაუტევონ ხელშეუხებლად ჯულიეტას ანბის მოსახსენებლათ, საიდგანაც შესულა რომეო მასკით დაფარული სანახავათ ამ მშვენიერის ასულისა. ეს კარი არის მსგავსი საქართველოსძველის ჩვეულების ალაკაფის კარისა, აგურით და ნათალის კლდით აღგებული. ამას გარდა არის ძველი სასაფლაო დიდის სივრცისა ქალაქის ნაპირის შუა საუკუნოების დროისა მაღალის გალავნით შემოვლებული, შიგ ბაღით გაკეთებული დღესაც მცენარებით სავსე, როგორც აქვსთ ჩვეულება იტალიაშისასაფლაოს გაკეთებისა. შიგ არის ის ძველი ეკკლესია ისევ ასე აღგებული და საცხოვრებელი მონასტერიც ბერებისა, ესკი დანგრეულია ზოგან და აღარ სცხოვრებენ ბერები. აქ ვნახე ეკკლესიის კარებთან ძველი ერთი დიდი კუბო წითელი მარმარილოსი ორის გვამის ჩასასვენებლათ გაკეთებული, სარქველი აღარ აქვს რომელიც ძველ დროებში მოპარვით წაუღიათ უცხო თესლთა და ნამტვრევებათ გაუყიდიათ. ამ კუბოსაც გარშემო ნაპირები ეხლაც აქვს მომტვრეული წვრილ-წვრილათ რომელსაც მოგზაურნი ყიდულობენ ერთი თეთრიშაურიანის სიდიდე ხუთმანეთათ და მეტათ, როგორათაც მეც ვიყიდე მცირის სახსოვარის ანბის მოსაგონათ. ამას აკეთებინებენ ბეჭდათ ხელისათვის და აწერინებენ ზედ ორ ასოს ჯ. რ. ეს არის ის კუბო, რომელშიაც იყვნენ ვერონისმთავრის ბრძანებით ორნივე გვამნი ერთათ ჩასვენებულნი: ჯულიეტა და რომეო; და ის ეკკლესია, საცა გადუხადეს დასაფლავებელი უკანასკნელი წირვა ჯულიეტასა და იმას გარე ახლო ადგილი, სადაცა ხის ძირედ კუბო დადგმული ყოფილა როგორც აქვთ დღესაც შეძლებულთ ჩვეულება, ვიდრემდის მარმარილოს კუბოს გააკეთებინებდნენ: რომეო, აქ ამ გალავნითგან ჩამოხტომილი. რადგანც კარს ღამით ჰკეტამდნენ, აღსრულებულა ჯულიეტას საფლავთან. ამ ეკკლესიის შესავალთან მონასტრის კარიდორში არის კედელზედ იმ დროსვე დახატული შემთხვევა ესე. რა განკვირვებით გაცვინულან ბერები სანთლებ ანთებულნი ხმიანობის გაგონების გამო და წასდგომიან კუბო ახდილს გვამსა ჯულიეტასასა და მოხვეულს რომეოს, რომელნიც ყოფილან კიდევ ცოცხალნი და მათს თვალწინ აღსრულებულან. ემთხვევა ესე მომხდარი არის ყოვლის ეჭვისაგან გამოსული და არის ჭეშმარიტი ანბავი მიღებული მთელი ევროპიისაგან.

დღესაც ჰყიდიან ვერონაშიფერადით ლიტოგრაფიით ნახატს ჯულიეტას ფორთრეტსა, ღამე ბაღში სასახლიდგან ბალკონზედ გადმომდგარი ჩუმათ მისულა რომეოს ელაპარაკება; ყოველი მოგაზური გამვლელი ამ ქალაქში ყიდულობს თან წასაღებათ, ვითარცა ღირს სახსოვარს ფორთრეთსა. ვიდრემდის იტალიაიქნება, სახელი მათი არ აღმოიფხვრება. ესოდენს ჟამს გაუვლია იქ მყოფს ეს ანბავი როგორც წინა დღით მომხდარიყოს ესრედ აქვსთ დაბეჭდილი გულზედ ყოველთ სულთ პატარიდგან მოხუცებულებამდინ.

იოსებ ზუბალოვი