ცისკარი №7 (1859)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროეთა მწერალთა

▲back to top


1.1 ი. კერ.

▲back to top


ი. კერ. [1]

ოდეს ბულბული ჭიკჭიკობს, გალობს,
და სიყვარულით ვარდს დასტრფიალობს,
მაშინ არ ჰგონებს, ვინ ვისთვის რას ჰხმობს,
მისთვის ერთია ვინც გრთინავს ამკობს.
ბუნებამ იგი წარმოაჩინა,
გალობის არე მშვენიერ მთქმელად,
უმანკოდ ჩვილად, უუწმინდესად,
მოჭიკჭიკეთა შორის ნათელად,
არარად გამა მას სულ ანთებულს,
ღამე ბნელი და ტურად ზახილი,
მას ჰსჭვრეტს მთოვარე და ვარსკვლავები,
შუქი ევლება ნათელ დაბძნილი!
გალობს, ჭიკჭიკობს, ყივის, იძახის,
ფეთქს, კვნეს, ტრფიალებს, თვისის ანგებით,
მაშინ დუმილებს ყოვლი ცხოველი
და მას შეეტრფინ ღვთისა განგებით.
ჩემო პოეტო! დიდ მგალობელო!
თუ ხარ ბუნებით დიდ მგალობელი,
რას დაეძებ შენ, ვინც რაც იუბნას,
შენ შენი ქმენი, შენსას მოელი.
ნუ დასდევ რაც თქვან, ანუ განსაჯონ,
ან რაც შენიშნონ შენსას გალობას,
თუმც ჰსწორე გალობ და ბულბულებრივ ჰსტვენ,
ვინ გაწყენინებს მამა შვილობას!...
კოლხიდელი.
1859 წ.
მაისს, ქ.ტფილისს.

________________

1 ეს ლექსი გამოგზავნილია რედაქციაში პასუხად იმ წინასიტყვაობაზე, რომელიცა დაბეჭდილი იყო, ლექსების თავს, საკუთარ წიგნად გამოწემულს. თხოვნისამებრ ვერა უარვყავით და დავბეჭდეთ.)

1.2 სადილის წინ გალობა

▲back to top


სადილის წინ გალობა

მიბაძვა ლორდ ბაირონისა.

კვლავ ავამსოთ ფიალი,
ვისც გაქვსთ ღვინის ტრფიალი,
ლურჯს სუფრას გარს მოვუსხდეთ,
ვშრიტოთ ფიქრისა ალი!...
მწყურს! დამისხით! ამივსეთ!
მწუხარება დამივსეთ,
მხოლოდ ერთი წითელი
ყოვლისფერს მავიწყებს!
არ გიგრძვნია არაოდეს,
გულო! აწ გიხაროდეს,
ესრეთი სიხარული,
რომლით ესრედ ხარობ დღეს,
მეტყვის უარს მე ვინა,
იყოს უბრძნესიმც გინა,
რომ პირველად ბახუსმა
ბრძენი დააგვირგვინა.
ღვინო, ღვინო, ის არი
სევდის გამქარვებელი,
მისგნით გლახა მდიდარი,
ჭმუნვის გამხარებელი.
ღვინის გარდა სხვა ყველა
(ენაცვალოს მას ყველა,)
ორგულია, ორ პირი,
ფარისევლად აქვსთ მღერა...
რაც წუთ სოფლად მოველი,
ვნახე ხმელი, სოფელი,
რაცკი სიცოცხლე მოგვცემს
გამოვცადე ყოველი.
კეკლუცთაგან შებრალებით,
ბერჯელ ნაზის თვალებით,
რა სხივნი მომხვედრიეს,
გავმთბარვარ თაყვანებით.
საყვარელი მყოლია,
და ვის არა ჰყოლია,
გარნა ვინ მეტყვის რომ დროს
ტრფობაც არ გაჰყოლია...
მწყურს! დამისხით! ამივსეთ!
მწუხარება დამივსეთ,
მხოლოდ ერთი წითელი
ყოვლისფერს მავიწყებს!
გაზაფხულით როს გული,
ხტის და აქვს სიხარული,
ხშირად მეგობართათვის,
ვქმნილვარ დაფიქრებული.
მეგობრები მყოლიან,
და ვის არა ჰყოლიან?
გარნა როგორც კახური
ერთგულ არვინ ყოფილა.
შესაძლოა რომ გული
იყვეს მიტაცებული,
გარნა მეგობრობაცა
დროთგნით არს ცვალებული.
ღვინოს ვინც უნდ ხმარობდეს
არ მუხთლობს მას აროდეს,
მისის ერთგულებისთვის
მეცვით არ მიხაროდეს!
მაშ დამისხით, ამივსეთ,
მწუხარება დამივსეთ,
რადგან ერთი წითელი,
ყოვლისფერსა მავიწყებს,
მაგრამ ეს არს, ბერდება,
და ვინ არა ბერდება?
გარნა მეტყვით, რომ უფრო
მსმელი ბედნიერდება.
როს მივალთ ჩვენ სიბერეს,
და ვტოვებთ სიყმაწვილეს,
მაშინ უფიქრელათა
მივმართავთ სველს საღვინეს:
მოხუცთათვის ის არი,
სარწმუნო მეგობარი,
მხცოვანთ ფერხთ გამმართავი,
კეკლუც ქალისა დარი.
ღვინოს არ უნდა კბილი,
არც ყბებისა მას ქნევა,
გადუსვამ და შეიტყობ,
ძირს რაც არს დალეკილი:
სტაქნის ძირში ჰპოვებ მას,
სიმართლის მის სათავეს,
რომელზედ მეცნიერნი
ხშირად იმტვრევენ თავებს.
როს ჰპოვეს ღვინის ზღვაზედ,
ღვინით სავსე კაცთ გემი,
ნახეს ეწერა მაზედ:
„ეს არს ძალის მიმცემი!“
დღეგრძელება შავს ყურძენს,
ჩვენს ნუგეშს და იმედ ჩვენს,
ეს მიახლებს ძველს სისხლსა,
ეს სიტკბოს ოფლსა გვადენს.
სუს! უნდა მოვკვდეთ განა?
და ვინ არა მომკვდარა:
როს მოვა პურის ყანა,
უნდა მოიმკოს განა?
კახურ ღვინით ავამსოთ,
ხელი მივჰყოთ ფიალებს,
იუპიტერსა მივმართოთ,
ჩვენ ისი შეგვიწყალებს.

ი. კერესელიძე.

1.3 სადადიანოს დედოფლის გადაცვალებაზედ სამძიმრის ნაცვლად დავით დადიანთან მიწერილი

▲back to top


სადადიანოს დედოფლის გადაცვალებაზედ სამძიმრის ნაცვლად დავით დადიანთან მიწერილი

მართებს ბრძენსა თავის სიბრძნით გულსა ჟანგი არ მიაცხოს,
თუ სოფელმა დააკვნესოს ლხინის ნაცვლად აღირაცხოს,
უსარგებლოდ ცრემლთა დენა განაქარვოს გარდაფარცხოს,
სევდისაგან არ იძლიოს სევდა თვითან დაამარცხოს.

მყისვე იცნობს კაცი სოფელს რაჟამს ქვეყნათ თავსა იშობს,
მწუხარებას ვინც მოითმენს, მოთმინება კეთილ ნიშობს,
ბევრი კაცი უსარგებლოდ იგლოვს, კვნესის, ოხრავს, ვიშობს,
გლოვის შემდგომ ლხინიც მოსდევს, ვინც ბრძენია რათა შიშობს?

მე შენ სიყრმით ბრძენათ ვიცან, არ გაუწყებ პირათ სათნოთ,
გლოვის სახმილ დაშრიტე უსარგებლოთ არ აღანთოთ,
სევდისგან მჭიდრო გული გმართებს ლხინში გყვენდეს ფართოთ.
დედოფალსა წირვით, ლოცვით, სულის გზანი წარუმართოთ.

სამეგრელოს დიდ მთავარსა მამა თქვენსა დადიანსა,
ცრუსოფლითგან დაჩაგრულსა, მწუხარებით სევდიანსა,
სიხარულსა განშორებულს, საუნჯეს ღაწვ ვარდიანსა,
გმართებს კეთილ ნუგეშ ვჰსცემდე ბრძნეულსა იმედიანსა.

შენის სამთავროს ვარსკვლავო, მამათქვენის მრჩობლო თვალო,
ამ წერილით რაც მოგწერე გმართებს გულსა დაივალო,
არ დაზოგო საუნჯენი უხვად მამას ანაცვალო.
რაც შეიძლო ანუგეშო, გლოვა ლხინად შეუცვალო.

ამის მეტი ვერ გავბედე სასამძიმროთ მოსაწერათ,
გეაჯები მოგვიტეოთ რაც ვერ იყოს შესაფერათ,
არვის შვენის მეტი გლოვა, არამც იქმნეს თავის მტერათ,
მაშა ჯერ არს ძაძა, ფლასი, გამოსცვალოთ კეთილ ფერათ.

სტეფანე ფერშანგოვი.

1.4 სევდიანი ქალი მდინარის პირზედ მჯდომი

▲back to top


სევდიანი ქალი მდინარის პირზედ მჯდომი

დამკოდველ სევდას მივეცვი ხშირსა,
რით ვიშორებდი მე ამა ჭირსა,
მივმართე მაშინ ინწოპის პირსა,
ეგებ მის ტალღა მეპკურა გულსა.

წყალსა დაჰქროდა ნელი ნიავი,
ქვებზედ დაჰქონდა მკვირცხლი ჩქრიალი,
ისმოდა ფოთოლთ ნაზი შრიალი,
ფრინველთ გაჰქონდათ მაზედ ჟრიალი.

სხვა და სხვა ყვავილთ ახალთ ნაშალთა,
შვენებით სავსეთ ორ ფერ ნამკრთალთა,
ზამთრის კავშირით თავისუფალთა,
მტრისთვის ეძლიათ მზის შარავანდთა.

ყვავილნი მისგან რა მორჩნენ წყლულსა,
მადლობას სარკად უკმევდნენ სუნსა.
მზეც განბრწყინვებით მოფენდა შუქსა,
ემგზავსებოდა ვით ედემს სრულსა.

ოცნებით მზერა იმედს მაძლევდეს,
ბნელი გათენდეს დღეს დამხატვიდეს,
ყვავილთ აღდგომა მე მამხილებდეს,
რომ გული წყრული მეც გამიმთელდეს.

ნუ თუ აქარ გვაქვს ჩვენ დასასრული,
კვალად მოგვივა დღე ცხოვრებისა და სიხარული,
თუ შავმა ბედმა არ გაანათა ჩემი ვარსკვლავი,
იქნება მომცეს მან უხილავმა სასუფეველი.

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.
1850 წელსა. 26 აპრილს.

1.5 მოულოდნელი წვეულება

▲back to top


მოულოდნელი წვეულება

როს უცხო სული უალს ადგილსა,
ჭმუნვით უმზერდეს მზესა დახრილსა,
ჰფიქრობდეს, თუ სად ჰპოოს სადგური,
შორს ნათესავთა, და მეგობრისა!...

მაშინ შენ, - ღმერთავ, გამოუჩნდები,
ოლიმპით ძირსა გარდმოეშვები,
სინაზით იწვევ, და ვით ვენერი,
უგზნებ სიყვარულს, გარე ევლები!...

აბა მას, როგორ არ ჰსძგერდეს გული,
როს განგიცადოს მზე აღმოსრული,
ესმოდეს რა ყურთ ხმა ეგ ციური.
გრძნობით აღსავსე, ნაზი უსული!...

როს თითნი ბროლის ჩანგისა სიმთა,
ჰსცემდენ გულ უხვად, მწვე სინაზითა
აუბნებდნენ მათ, თუმც ნივთიერი,
უტყველად არის თვით ბუნებითა!....

მარქვთ! რით მეტობენ ქალნი იტალის,
ტურფას საიდას ვის, შუქი გულის
მოგტაცებთ თვალთა, და ვით მძინარი
ჰრებთ ბეაბანად, სახითა ბნელის?...

ვიტყვი, როს ქალთა, თვით აზიურთა,
მიიღონ წესი სადონიურთა,
ვერა იგემონ იგი ნეკტარი,
რომელთა ჰსტკბების სული მთიურთა?...

რა ჰსჯობს მას, ოდეს ბუნების შვილი,
უმანკოებით მძლე შემოსილი,
ჰხტოდეს ღელეთა, ანუ სეგნარი,
მოჰფინოს სმითა, ჰსდვას ფერხთა კვალი!...

ი. ბერიძე.
თებერვალს 1859 წელსა
ს. ოჩხემური.

1.6 კვალად ლხინი

▲back to top


კვალად ლხინი

ახლა კი დროა მივსხდეთ ბუჩქის ძირს,
მხიარულებით დავჰმღეროთ რამე!
ზოგნი შეუდგეთ სუფრისა მზადის
რომ მით მოგვეცეს წუთის სიამე!

აბა შეჰხედეთ აგერ იმ კოკორს,
ეკალთ საშუალ მარტოს და ობოლს!
ვითა გვაბრალებს თვისსა ტყვეობას,
და ითხოვს იგი ჩვენს შემწეობას!

კარგათ უყურეთ მისსა სიმწარეს,
თავ-ქვე დახრილსა, ვაებით მოცულს,
ბევრითა უჯობს იდვას სამარეს,
ვიდრე ამ გვარათ უჭვრეტდეთ ტანჯულს!

„შველა არ ძალუძს ჩემო ძამოა,
რადგანც ფესვები შაერთებულა,
ძირით მოსთხარო სხვა ადგილს დარგა,
მაინც კვალადვე ისე ამოა“ მაშ რა ვქნათ?
როგორც ადრე ვსთქვი, ბუჩქის ძირს მივსხდეთ,
გულმხიარულად ვილაპარაკოთ,
სიყვარულითა წუთს მაინც დავსტბეთ,
და ლხინი ჩვენი რიგზედ შევამკოთ!

შეკრბით მოყვასნო, გარს მომისხედით,
სოფელი ესე არს წარმავალი,
მუხლ-მოიკეცეთ, რიგზედ დასხედით,
აგებ დავჰსთრგუნოთ საწუთროს ძალი!

სოფელი ესე ვითა ოცნება,
მოგვეჩვენების ჟამ-სიხარულად,
და როს იღვიძებ, ვით გაოცება
რაღაც რამ არის ძალი ფარულად!

დღესკი მოვილხენთ წუთისა ჟამო,
ხვალე არ ვიცით ჩვენ-ჩვენი ხვედრი,
მარამ ეშხითა წითელო ჟამო,
ამას გიაჟი და ამას გვედრი:

ბედ-კრული გული, ჰყო მხიარული,
უსაზღვროს ჭმუნვათ შენ აგვაცილო,
არ გვჰყოთ უჟამოთ დაობლებული,
ნაცვლათ ურვისა წუთს მოგვალხინო!

მაშ მოდით ძმანო, მოუსხდეთ სუფრას,
დავჰყნოსოთ ყვავილს აი ამ ტურფას!
ზოგთა ვარდს, იას, ზოგთა ზამბახსა,
როგორც მოუხდეს პატარა ბაღსა!

ამგვარად ასე ლხინი შევამკოთ,
სავსე ეშხითა ვილაპარაკოთ,
გენებოს კულაც ჩავარაკრაკოთ,
ტუჩს ტუჩი მტკბარათ, თრთოლით შევახოთ!

აბა თუ რომ ჰსვამ, მოჯექ შენც ახლო
აიღე აბა დაირა ხელში!
დიმლიპიტოსა რომ ხელი ახლო,
სიმღერით როკვით განვიდეთ ველში:

მივჰსხდეთ იმ ალაგს, სად მობიბინეთ
ყვავილნი, რტონი ხარობენ ერთათ!
და თუ ამ დროსა ვენერაც გვცქერს,
რომელსა უწოდთ ტრფობისა ღმერთათ!

მყის შემოვძახოთ ძმანო ქართულათ,
არხალალოთი მკლავ-გადაბმულათ,
დეე უყურონ ამა შვებასა,
ვით დატკბობილნი ქართველთა შვილნი
ამკობენ მარად თვისსა კრებასა...

დიმ. ბერიევი.

1.7 ჩემი სტოლი

▲back to top


ჩემი სტოლი

დღეს ჩემი სტოლი სხვათ მისებრზე აღემატების,
ნახავთ და განჭვრეტთ მისსა ტვირთს განგიკვირდების
მუნით საგანი მრავალ გვარი წარმოგიდგების,
და ესრედ თქვენი გრძნობის თვალი მაზედ დასდგების:
მასში იხილავთ უხვს წყალობას და მზრუნველობას,
ცხადსა საფარველს, განათლების, წესდებულებას,
ველურთ ერთადმი გამოფენილს ესრეთს ქველობას,
ერთ მთავრის მიერ ვაქებ ვისსა მით დიდსულობას.
ნახავთ საგანსა სასარგებლოს სალაროსა მის,
მოთხოვილებას სამსახურად ვით არს წესი ყმის,
აგრეთვე მათსა ერთგულებას ღირსს შემწეობის,
დაჯილდოებას ღირსეულად წილად მხნეობის.
მუნ ჰსცნობთ ამ ერის აღურაცხელს მათ ბოროტებას,
ურთიერთისგან მიმძლავრებას და წარტაცებას,
პარვას, დაჭრას, კაცისა კვლას კვალად აკლებას,
ზოგთაგან თავის სიცოცხლისა თავის მოკლებას.
ბოროტ მომქმედათ შენიშნულსა ჯეროვნათ დასჯილს,
მუნით განიცდით, - ზოგი ელის აღთქმულს ხვედრ ნაწილს,
ამა ტვირთს შიგან თუმცაღა კვლავ მოგსურდაცავის,
ჰპოებთ საგანსა რომლით ხელი დაგიწყებს ქავილს.
ამა სტოლისა ერთსა მხარეს გაკერძოებულს,
ნახავთ დარაჯთა ბროლს და ბინას ზედ გარიგუბულს,
ჰსცნობთ მადის მომცემს და მკრთოლვარეს ლალის მზგავსებულს,
ნოეს ნაღვაწსა ბახუსს უცხოდ ყელმოღერებულს.
გულს მოდგინების დოსტაქანნი ამათ წინარეს,
სდგანან თითქოსა მათ შესთხოვენ წყალობის ცვარებს,
ზემოდან ჩანგი მდუმარებით ამაოდ დაჰყურებს,
ვინ მომალხენად, მომგონებლად დროთა მსახურებს.
ამა ესრეთსა სამძიმოს ტვირთს და მისსა არეს
ცეცხლი მსრბოლიერნი საჭურველნი ჰსცვენ ორსა მხარეს,
მაზედ მოქადულს, მწყრომარეს და ბოროტ მოჰაზრეს,
უკუნაქცევენ საიდუმლოთ ჰყოფენ მძრწოლარეს.

თ. ნ. ვეზიროვი.

1.8 ბედის ვარსკვლავისადმი

▲back to top


ბედის ვარსკვლავისადმი

ბედის ვარსკვლავო, ვით კაშკაშებდი შენ ამოსვლის დროს,
და მით ჩემს გულსა ვით ახარებდი, ცით მომცინარე,
ბედნიერ ვიყავ, როს მომითხრობდი დროებს სასაროს,
მუდამ ვიშვებდი. -ვის ვუნახავარ მაშინ მტირალე?
მაგრამ შვა გზაზედ რა დაბნელდი, მაშინ საწყალი,
გულამოსკვნითა ამაცრემლე ვით...- ბედნიერი?
რადგან ვგონებდი, რომ შენ იყავ ციდამ გამქრალი,
ამოსვლიდამ მარად მღიმარე, სრბითა გზიერი.
მსწრალ, სხივებითა რა განაქარვე ცაზედან ბნელი
და ღრუბელთა შუა, ვითარ პირველად, კვვალად გამოკრთი,
მე საბრალოსა საუკუნოდ მემაშვრე ცრემლი.
ხოლო აწ გვედრი, ბედის ვარსკვლავო არა დაბნელდე,
სანამ მგზავრობა დაწესებული არ შეასრულო,
და სამშვებელად, არ საწუხაროდ, მიკაშკაშებდე

თ. კ. ლ.
1859 წელსა.
აპრილის 7 დღესა. ქ. ქუთაისს.

1.9 საყვარლის განშორებაზედ მწუხარება

▲back to top


საყვარლის განშორებაზედ მწუხარება

კმაყოფის გზანი დავკარგე ვერა ვპოვე სადარია,
ედემად ზრდილო მოგშორდი ვინ მყავს შენი სადარია
კვალადგვედრი არ გამწირო ჩემთვის ცა ჰყო სადარია,
ესე დღე ჩემდა ვაებად სიკვდილის დასადარია.
ყოველივე უბედობა ჩემზედ მოხდა მტრის ენითა,
შემიპყრა გაყრის სევდამან მოულოდნელის სენითა,
რით განვიქარვო ჭმუნვანი მე თუ არ ისევ შენითა,
ვეძებ მკურნალად შენსავე სად სამყოფი სადარია.
თუმცა გპოვე ოი სიცოცხლევ, სად მცირე ჟამს იბანაკე,
ოხვრა, სულთქმით ღამე გზანი გარდმოვლახე მინდორ ვაკე,
ერთსა წამსა მასულდგმულე, მეძვირფასე, მომებაკე,
გარნა ვაი! მყისვე მუნით სად გაფრინდი სადარია.
თვით გიმოწმებ ამა თქმაზედ ყოვლი გრძნობა შენ გემონა,
ერთგულს მოტრფეს შენცა მეტრფი, მაგრამ ესრედ არ მეგონა,
წახველ სული თან წამოგყვა გული სრულად დამეღონა,
არ დამიტევე საყნოსლად სად ვარდი და სადარია.
ჵი სიცოცხლისა ნუგეშავ! მიბრძანე რა ვყო უშენოთ,
გული გამექცა შენთან არს, გთხოვ მას წალკოთი უშენოთ,
შენ მოგაბარებ საბრალოს ტყვესა უუბარს უშენოთ,
გეაჯები შენსა ნაცვლად სად მუშთარი სადარია.

მიხეილ ყაზიბეგი.
ჩყნგ წელსა. აპრილის. დღესა.
ს.სტეფან-წმიდის.

1.10 წარსული დრო ჭაბუკობისა

▲back to top


წარსული დრო ჭაბუკობისა

ჟამთა ჭაბუკთა კისკისად განვლეს
მის ჟამის შვებათ სრულად წარვლეს,
სადა არს იგი და სიტკბოება,
როს სრულ აღნაქვსნი სიმტკიცით მელმნეს.

ჵი ჟამთა მათ მოკლებული,
მის სიტკბოსგან განსვებული,
აწ ჭმუნვით აღვსებული,
სოფლის ტანჯვითა ვნებული.

რავდენ არიან სოფლის ბრუნვანი,
მას შინა მყოფთა მარად ჭმუნვანი,
არ ითქმის კაცი იშვებდეს სრულად,
უფროს სოფლისა ჰქონან მდურვანი.

ჵი ჟამთა მათ მოკლებული.
ნამყოს ჟამს ნიჭით მარად ვსტკბებოდი,
ამოდ ცხოვრებით ვიკვებებოდი,
სად მოვიძიო დრო მის შვებისა,

როს ყოვლის ნიჭით ვიმეფებოდი.
ჵი ჟამთა მათ მოკლებული...
სანატრელია ჟამნი ყრმობისა,
მკვირცხლად სმვლელობა, ღირსი მკობისა,

თვალთ მხედველობა, ყურთა სმენანი,
ვითღა ძალვიდო მის დროს თმობისა.
ჵი ჟამთა მათ მოკლებული...
ჭაბუკო ვით გაქვს ძალი და ღონე,

ეგრეთ შვენება კრძალვის მექონე,
ვეღარ ეწევი მას ბედნიერ დროს,
აწ უძლურებას თავი ამონე.
ჵი ჟამთა მათ მოკლებული...

ზენარმან ჩვენთვის ესრეთ აწესა,
ადამის ცთომით გვმართებს აწ ესა,
ამას არ სჯერა სიცოცხლეს გვაკლებს,
ლახვარ სობილსა მაქვს ჭმუნვა, კვნესა.

ჵი ჟამთა მათ მოკლებული,
მის სიტკბოსგან განსვებული,
აწ ჭმუნვით აღვსებული,
სოფლის ტანჯვითა ვნებული.

ზაალ ზაალოვი.

1.11 სიყვარულისადმი

▲back to top


სიყვარულისადმი

საყვარლისა საგნად გული, უწყალოდ არს დადაგული,
ოხვრით ტანჯულ მყოფს საბრალოს, არსით არა მხდების სული,
ფარულად ტრფობს დაჩაგრული, და შევქმნილვარ გაბასრული,
ინდოთ ისრით მიწყლავს გულსა, მით შევიქმენ დატანჯული.
ოდეს ნარნარ თვალნი მისნი, მიმომზერენ დამდაგველად,
იადონებრ ხმანი მასთან, მიცოცლებენ გულსა მლხენად,
ვარდსა მას ტრფობს გული ჩემი, მისთვისა ვარ ხელი ველად,
არ მომხედავს საწყალობელს, სჯობს რომ მომკლას დასაფვლელად.
ნაზი სარო ვით შეგამკო, ოდეს კეკლუცად ნარნარობს.
ენა გალობს მის სამკობლად, სირინოზიცა მუსიკობს,
სიცოცხლე მის შესაწირად, არ მძინარობით მუშაკობს,
გაშლილი გული საყვარელს, ბადრ მთვარესავე ციმციმობს.
უდარე ვარდსა გაშლილსა, სურნელებით გამდიდრებულს,
ლალ და სპეტაკ ღაწვს სატრფობელს, საყვარლისა დამათრობელს,
იმით ჰკოდავს გულსა ჩემსა, მარად სწყლულავს შეუპყობელს,
აწ არ ვიცი თუ მაცოცხლებს, ან თუ მომკლავს საწყალობელს.

ივ. ტ.
აპრილის 10-სა 1859-სა წელსა.
ქ.ქუთაისს.

2 ხანიზდექ

▲back to top


ხანიზდექ

თავი პირველი

არიან წამნი, როდესაც არა რომელიმე განცხრომილი, და სულის აღმატაცებელი საგანი, არა ალხენს კაცსა. სასიამოვნო გალობა ფრინველთა, დამწყვდეულთა ყაფაზებსა და გალიებში, აღარ ატკბობს კაცისა სასმენელს. არომატებრი კეთილი სუნნელება სხვა და სხვა ფერთ ყვავილთ, დანერგულთ წვრილსა ქილებში, ძნელადღა განაღვიძებს კაცისა საყნოსელს. - მშვენიერი ლიმონის ხეები, რომელთაც მწვანედ, შიგა და შიგ შეხამებით, ყვითლად ასხიათ ლიმონები, მიიზიდვენ კაცისა თვალს.

ყოველივე ესე, და სხვანი ამ გვარნი ბუნების მშვენიერებანი, ვერღა მძლიე იქმნებიან განჰსდევნონ ის მწუხარება, რომელიცა, როგორათაც შავი ღრუბელი, ეგრეთ ზრქლად, და ბნელად გარემოეხვევის კაცისასულს, და არღარ იძლევს ნებას, ნახოს ის და დაჰსტკბეს მით.

ამ გვარსა კაცის სულის მდგომარეობას, თითქმის, რო ვეღარ მოახელებენ კარგა ხნობამდენ, თვითევროფიის სამუსაკო. საკრავნიც, როდესაც კაცს, როგორათაც ყრუს, აღარა ფრად აღარ მიაჩნია ის სიტკბოება, რომელიცა დაიბადების სხვათა და სხვათა სულის აღმატაცებელთა სიმფონიათაგან.

კაცი, ვერ გამომხატველი ამგვარის მისდა ზეგარდმო მოვლენილის სულის მწუხარებისა, ნამეტნავათ მაშინ, როდესაც არა რაიმე მისდა მიზეზი არა უძევს მას წინ, უტევებს სახლს, და მირბის ტყეს, ანუ მინდორში იმედით, რომ ბუნებისა ახლოს ნახვით, უთუოთ გადიყრის ის სულიდამ უცნობელსა მისდა სევდას.

შეპყრობილი ოდესმე ამ გვარის სევდით გამოვიდა სახლიდამ გარეთ მ..და მიმართა მდინარისა კიდეს. წარმოსადეგსა ტანსა მისსა, რომელზედაცა ესხა ახალი მოდის პალტო, უცხოთ ჰშვენოდა ყვითელი ოსურის შალის ჩერქესკავარშავის ვერცხლის მასრებით, და ვერცხლისავე მაგრა წელზედ მოჭერილის ქამრით, რომელზედაცა ეკიდა პატარა ვერცხლით შემოსილი ხანჯალი. მხარ იღლივ გარდმოგდებული თოფის საპირის წამლის ფოჩებიანისირმა ბუზმენტი, თითქო აძლევდა მას სახეს მთის მცხოვრებთაგანისას. გვერდზედ გადმოხრილი ჩერქეზული. სირმებიანი ქუდი წესებრ ჰფარავდა თეთრსა და მაღალსა შუბლსა მისსა, მოგძო წაბლის ფერი თმა დაკულულებული ახალსა მოდაზედ, ხშირ-ხშირად იშლებოდა ნელისა ნიავით. შავი გიშერსავით თვალები, იყვნენ დახრილნი ძირს, თითქო რისამე მეძიებელად. პატარა ქერა ულვაშები, უცხოთ შეახამებდენ ზომურად წამოწვდილსა ცხვირს და ზომიერსავე ბაგესა მისსა.- პრტყლად გარდაშლილს ბრგეს გულს, დაფარულს ორფერს მოვის ახალუხსა ქვეშ, საამოდ ჰშვენოდა გარდმოკიდებული მაზედ საათის ოქროს ჯაჭვი, ოქროსავე გასაღებით.- შავი ლაიკის პერჩატკები, სუფთად და კრძალვით მალავდნენ თეთრსა ბროლისებრ ხელებსა მისსა, ხოლო ფერხები, რომელზედაცა ეცვა აპოიკის ჩექმები, პატარად და კოხტად მოჩანდენ თივთივის ტოტ განიერს შალვარში. -

იყო. მაშინ მაისი, და მეექვსე საათი დღისა... მდინარე ლიახვი, რომლისა ნაპირს გავიდა ხსენებული მ... გაჰყოფდა მშვენიერს ჯავის ღელეს ორ ნაწილად, სადაცა თვალნი კაცისანი სიამოვნებით განიცდიდნენ პატარპატარა მწვანე ვაკეებს, შეხამებულებს მწვანედ გაფოთლილთ ხეხილთ და ნერგთაგან, რომელთა შორის წვრილ წვრილი ტოტები იმა მდინარისა, საამოდ მორბოდენ ნელიადის ხმაურობით. ხოლო ვაკეებს იქით დაინახავდით ფერდობიან გორებს, და დაწყვეტილ ნაწილნაწილად წვრილ ტყიან მთებს, თითქო განგებ ბურჯებად მიცემულებს სიმაგრისათვის უმაღლესთა მთებთადმი, და მათ შორის ადგილ ადგილ, წვრილ წვრილ ველებს და ყანებსაც.

ნუ ჰგონებთ, რომ ესე ყოველი იყო დატევებული უპატრონოდ არა! მოხსენებულს ვაკეებზედ, გორებზედ და თვით ღელეების ნაპირზედაც დაინახავდა კაცი ხუთ-ხუთ და მეტსაც, წვრილ წვრილ ხის სახლებს, თითქო ბუნებითად ამოსულებს ნერგებსა და ხილებში... წარმოიდგინეთ ესეცა, რომ ამ ჯავის მდებიარობას აგვირგვინებდა, კარგი ჰავაც; ეგრეთვე საკმაოდ მყოფნი მუნ გარეულნი ფრინველნი, ნადირნი, თევზნი, განსაკუთრებითად ორაგული, კალმახია და სხვანი. მასთანვე თვით მდინარე ლიახვი იყო კარგის გემოსი და შემრგო, და იპოებოდენცა გარემო. მისი საამო ცივნი წყარონიც.

თითქო არარად შემრაცხველი ესე ვითარის შესანიშვნელის ადგილის მდებიარობისა, ცნობილი ჩვენდა მ... დავიდოდა მდინარისაპირ-თავ ჩამოგდებით, და ღრმად დაფიქრებული, პატარას თეთრის წკეპლით, რომლისა სახე ცხადათ ამტკიცებდა, რომ სულსა მისსა აღაშფოთებდნენ რაღაცა მოუსვენებელნი აზრნი!

მას წარმოუდგნენ თვალწინ ურიცხვნი სხვა და სხვა ჰსჯულის და ნათესავის პირნი, რომელთაც ევლოთ იმა მდინარისა ნაპირს ესე, როგორათაც თვით ის ამ ჟამად დადიოდა.

ჰფიქრობდა, თუ ვინ იცის რამდენნი ურიცხვნი პირნი ჰსტკბებოდნენ ამა ჯავისა მდებიარობით, და გამხიარულებულნი მისის ჭვრეტით ცელქობდენ და ნავარდობდენ მის ღელესა და ვაკეებზედ, ანუ თუ ხმასა ვაჟკაცობისა და სიმღერისას, საამოდ და გარმონიულად შეფრთვიდენ მდინარისა ლიახვის ხმაურობას, და მის გარემო დგომილთ ხეების ფოთოლთ შრიალს.

ვინ იცის, იტყოდა ის, თუ შემდეგ ერთისა საუკუნისა კიდევ რამტენნი, სხვის ჩვეულებისა და ხასიათის მქონებელნი პირნი მოვლენ აქ და ნახვენ ამ საამო ადგილის მდებარეობას ამავე სახით.

დამძიმებულისა ამ გვარის ფიქრებით მ...ს, უეცრივ ამოხდა ღვიძლითგან საშინელი გულის დასაგმირავი სულთქმა, და ჰსთქვა მწუხარებით: „ჭეშმარიტად ამაო, ამაოა, დაყოველივე ამაოა“.

განვლო რამოტენმანმე ჟამმა, და ხსენებული მ... მაინც კიდევ არ ანებებდა თავს მდინარისა პირს სიარულს ღრმათ დაფიქრებითის სახით, საიდამაც არ იყო რო, ღამისა სიცივემ, რომელმაც ის მთის ჩვეულებისამებრ საგრძნობლად შეათრთოლა, გამოარკვია საკმაოდ, მაგრამ რა აიხედა მაღლა შეასწრო თვალი, რო ნაგაყავის მთის წვერზედ აქ იქ ელვარებდენ ნაძვის და სხვა ხეების ფურცლები, რომელთაც ანდამატისებრ მიიზიდვეს თვალნი და ყოველი გრძნობა მისი.

ამა დროს ცოტ ცოტათი ამოემართებოდენ სვეტებსავით იმა მთის წვერს გაბადრულის მთვარის სხივნი, რომელთაც უცებ გაანათლეს რომელიმე ნაწილი ცისა, და პირდაპი მთის წვერებიც, თუმცა კი ფერდობებში, ვაკეებზედ ღელეებში, და თვით ხევებშიაც, ჯერეთ ისევ ჰსუფევდა ბნელი წყვდიადი, სადაცა, მხოლოდ გარეულის თვალით შეეძლო კაცს გეერჩია სამოც ნაბიჯზედ რომელიმე მოდიდო საგანი.

ხმაურობა კაცისა ამ ჟამად სრულებით აღარ საიდამ აღარ მოისმოდა. მხოლოდკი აქა იქ გორეებზედ და ფერდობებზედ დაფანტულის წვრილ წვრილის აულებიდამ, იშვიათად შეარყევდა დამყუდროებელს ჰაერსოთხფეხთა ყეფა.

არ იყო რო მთვარისა ამომაკალობით, რომლისაგამო ადგილ ადგილ იდევნებოდა სიბნელე. მსგავსად ძლეულის მეომარისა, სული ცნობილის მ... რა, ცოტ ცოტაობით მხიარულებასა და აღტაცებაში, მაგრამ ჵი! უბედურებავ! თვით ამა დროს, როდესაც მას ჰსურდა დატკბობა მთვარისა ამოსვლით, უეცრათ რაღაცა სიკვდილის ფერმა გადაჰკრა მას, და საჩქაროთ, მსგავსად დამფრთხვალის კურდღლისა, მიატანა სახლობელს ბუჩქს. არ გაუვლია შემდეგ ამისა ოთხს წამს, რა რომ იმა ბუჩქს, სადაც სულის განაბვით დაიმალა ცნობილი მ... მოახლოვდენ ფერხ აკრეფით ორნი შავ ნაბადიანნი კაცნი. ქუას? დაიწყო დაბლის ხმით პირველმა, როგორ ჰფიქრობ, არც ახლა გეებმის ჩვენი ნადირი მახეში... ამ კითხვაზედ ამხანაგსა მისსა, რომელსაც უცებ დეეკარგა ტუჩების ფერი, თავით ფერხამდენ დაუარა ძარღვებში ჟრუანტელმა, და მოუჭირა რა მაგრად, ორნივე აკანკალებულის მარცხენეს ხელით, თოფს, არ მისცა არა ვითარიმე პასუხი ამხანაგსა თვისსა, მხოლოდ კი ერთი საზარლად და გულისა გასაგმირალად ამოიოხრა. ამისა შემდეგ, შევიდნენ ფერხაკრეფითვე მდებარესა მახლობლად იმა მდინარისაპირს, პატარას ჭალაკში. -

ი. ბერიძე.

განგრძელება შემდგომში.

ოსეთით
14 მაისს 1859-სა წელსა.
ს. ჯავა.

3 მკითხველთადმი

▲back to top


მკითხველთადმი [1]

უპირველესი წყარო ხალხის სიმდიდრისა არის მამულის პატრონობა ანუ სოფლის სახლოსნობა, და ამისთვის დიდი ყურადღება და მზრუნველობა აქვს ამ საგანს მთელევროპაში, უმეტესადგერმანიაში დაანგლიაში, საცა სოფლიური სახლოსნობა მიყვანილია თითქმის უკანასკნელს აღყვავებამდისინ. ამ მხარეთა შინა არა რომელი მცირედი მამული არ არის დატოვებული უნაყოფოდ და უსარგებლოდ პატრონისათვის. ბუნებასსაქართველოისა, გეოგრაფიულის მდებარეობისაგამო, მდიდარია ყოვლითა ნიჭითა, რომელნიც სანატრელნიარიან მრავალთა სხვათა სამეფოთა შინა: ქება მამულისა ჩვენისა ამ შემთხვევაში იქნება, ვგონებ, სრულიად უალაგო. ყოველი ჩვენგანი თვით თვალითა თვისითა ჰახედამს მისსა სიმდიდრესა. გაბედვით შეგვიძლიან ჩვენ ამპარტავნობა, მით რომ ჩვენ ვართ შვილნი ამ მამულისა. გარნა შეუძლიან მასცა ამპარტავნობა შვილობითა ჩვენითა? ვიხმარებთა მისსა ნიჭთა როგორათაც ჯერ არს? პასუხთა მათთა განუშვებთ შემდეგისათვის რაგდანც მათზედ ვიტყვით თავის დროზედ განვრცელებით. ხოლო აწ ვსთქვათ, მოკლედ, რადგანც ნებას არ გვაძლევს დროება, ერთსა მას სოფლიურის სახლოსნობის განვრცელების ღონისძიებასაზედ, რომელიცა შენიშნულია თვით მებატონეთაგან.

არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომსაქართველოში არ იყვნენ პირნი, რომელთათვის ყოველი შრომა მამულის პატრონობისა და მოვლისა ასპარესსა ზედა არ იყოს მიღებული დიდისა სიხარულითა და არა ცდილობდენ მასზედ შეძლებისამებრ თვისისა, უკეთუ მოვინდომებთ ვპოვებთ ამ გვართა პირთა, თუმცა სურვილისა მათსა ხშირად წინააღმდეგობენ მრავალნი მიზეზნი. გარნა არიანსაქართველოში უმეტესი ნაწილი მამულის მებატონეთაგანნი,თუმცა სუყველგან ყოფილან და არიან ამ გვარნი პირნი, რომელთათვის, თითქმის, სიკვდილიაახალი დაწყობილება მათ ცხოვრებაში. როგორც მამასა და პაპასა უხნავს და უთესია ამბობენ იგინი, ისე ჩვენ უნდა ვხნათ სთესოთო. ეს საშინელი სიტყვები, რომელიც მოსპობს ყოველსა კეთილსა და სასარგებლოსა განძრახვასა, მესმა თვით მე ერთის მებატონესაგან და თუმცა შეძლებისამებრ ჩემისა, ვცდილობდი დარღვევასა ამ ჰაზრისა და შევატყეცა რომ განყოფდა იგი ჩემსა ჰაზრსა და გრძნობდაცა უკვე თითქმის კერპობასა თვისსა, მაგრამ უნდა, საყვარელონო მკითხველნო, აღვიარო რომ მან ამ უბნობაში წარმომიდგინა ერთი მიზეზი რომლისაგამო მოკლებულნი არიან იგინი ყოველსა დარიგებასა შესახებ სოფლიურის სახლოსნობისა და დარღვევა მიზეზისა ამისა, გაგიტყდებით, ვეღარ შევიძელ სიმართლე იყო. მის მხარეზედ.

მზრუნველობასა დიდისა ჩვენისა იმპერატორისასა,საქართველოის სოფლიურის სახლოსნობის წარმატებასაზედა, ამტკიცებსკავკასიის საზოგადოება (кавказское общество селыскаго хозяйства) დადგენილი ამ საგნისათვის ქ.ტფილისს 1850 წ, რათა ამ საზოგადოობასა ჰქონდეს მტკიცე ყურადღება განვრცელებასაზედა ამ მხარეზედ სახლოსნობისა ცნობათა და ადგილობითთ აღებმიცემათა. ამ საზოგადოებისა წევრთა შორის არიან, სოფლიურის სახლოსნობის საგნის მცოდნენი და შეუძლიანთ შრომა ამ ასპარეზსა ზედა, ამისთვის შრომა მათი სასარგებლოდსაქართველოისა იბეჭდება წელიწადში რაოდენიმე წიგნებად. ბეჭდვა ამ გვარ შრომათა საზოგადოებამან იწყო 1855 წ. და დაბეჭდილნი არიან მათ შორის მრავალნი სასარგებლო სტატიები. ხოლო სარგებლობა მათი თუმცა უნდა იყოს საერთო. მცხოვრებთათვის და უმეტესად მებატონეთათვის, გარნა გულწრფელობით უნდა აღვიაროთ, რომელ რჩებიან იგინი შარად უნაყოფოდ და უსარგებლოდ თვინიერ ყოვლისა სურვილისა მებატონეთა და სხვათა. იქნება ეს სიტყვები მიიღოთ შეუძლებლად, როგორათაც მივიღე პირველად თვით მე ოდეს მესმა ეს მებატონესაგან რომელთანაც მქონდა მე უბნობა ამ საგანსა ზედა, მაგრამ თუ ვიფიქრებთ, მიზეზსა მას მივიღებთ ღირსად ყურადღებისა, რომლისაგამო ჭეშმარიტად საზოგადოობასა სოფლიურის სახლოსნობისასა არა აქვს წარმატებას. მიზეზი ესე მდგომარეობს მასში, რომ შრომა ამ საზოგადოობისა იბეჭდება რუსულს ენაზედ, რომლის ცოდნასა ჯერ კიდევ მოკლებულნი არიან, არათუ მცხოვრებნი გლეხკაცნი, არამედ თვით ჩვენნიმებატონენიც და ამისთვის შრომა საზოგადოობისა როგორათაც ჰსთქვა დიახ საფუძველიანად ჩემმა წინააღმდეგმა. „იბეჭდება თვით საზოგადოობისათვის.“ ამ ჭეშმარიტებისა დამტკიცება, ვგონებ, საჭირო არ იყოს. მართალია არიან მებატონენი, რომელთა იციან რუსული ენა, გარნა ვინ იწყობს დამტკიცებასა, რომ მათ რუსული ენა იცოდნენ უკეთესად საკუთარის ენისა, ანუ რიცხვი მცოდნეთა მათ იყოს მომატებული შესახებ მათ რიცხვითა, რომელთა ჩვენ უწოდებთ: „შინაურ კაცად“. და რომელთა იციან მხოლოდ ქართული ენა და ყოველსა ამ ენაზედ დაწერილსა რომელსამე სასარგებლო საგანსაზედა წაიკითხვენ დიდის ყურადღებით და უარს არა ჰყოფენ, შეძლების კვალად აღსრულებასა. აჰა! მიზეზი რომლისაგამო შრომა და განძრახვაკავკასიის საზოგადოებისა სოფლურის სახლოსნობისა არ მიიღწევის ყურთადმიკავკასის მცხოვრებთა, რომელთათვის დადგენილ არს საზოგადოობა ესა და რომელთაზედა უნდა აქმდეს განსაკუთრებითი თვისი ყურადღება ამ შემთხვევაში შესაბრალისნი არიან, უკეთუ შევალთ ჰსჯასა, თვით მწერალნიცა, შრომა რომელთა იქნება მხოლოდ წაკითხული ოთახში ნამდვილ სპეციალისტი NN ანუ... რომელიც ან აქებს რასაკვირველია თუ გუნებაზედ არის, ან აძაგებს და ესრეთ რჩება შრომა მათი სრულებით უცნობლად და უნაყოფოდ, როდესაც ამ გვარნი შრომანი და ნაყოფნი მათნი, არ შეეცვლებით უკეთუ ვიტყვით, უნდა მიდიოდნენ ხელი-ხელს გაბმულნი.

გაუწყე რა მიზეზი ესე რომლისაგამო ზემოხსენებულის საზოგადოობის განძრახვათა არა აქვსთ წარმატება, თუმცა მთავრობა ჩვენი არას იშურვებს და აძლევს დიდსა ღონისძიებასა საზოგადოობასა მას, უ. რედაკტორს ამ ჟურნალისას, რომელიც თავდადებულია სარგებლობისათვის და წარმატებისათვის მამულისათვისასა დამტკიცდა იგიცა, როგორათაც მე, ჭეშმარიტად საფუძველიან შენიშვნაზედ ჩემის წინააღმდეგისა და ამისთვის აღგვითქვა და აძლევს, როგორათაც ამტკიცებს ქვემო ამის დაბეჭდილი, ჩვენთა მებატონეთა ღონის ძიებასა კითხვასა ზედა მათ მიერ გასაგონ ენაზედ, ზემოხსენებულ სტატიებისასა, ხოლო საზოგადოობასა, რათა საქებარი და სასარგებლო განძრახვა მისი არ დაშთეს უნაყოფოდ ამ მიზეზისაგამო უ. რედაკტორი დღეის შემდეგ იწყობს თვის ჟურნალში სოფლიურის სახლოსნობის სტატიების ბეჭდვასა იმედითა მით, რომ ზემოხსენებული საზოგადოობაცა და უ. უ. მებატონენიცა, აჩვენებენ ყოველგვარ შემწეობასა და შრომის მოყვარეობას, რომლისა მიერ ბუნებით მდიდარი ქვეყანა ჩვენი გამდიდრდება ისე, როგორათაც არიან მდიდარნი ის მხარენი, რომელნიცა მსგავსობენ მას გეოგრაფიულ მდებიარობაში.

ალ. სავანელი.

_____________

1 რადგანც რედაქციის მეცადინეობა მდგომარეობს მაში რომ ყოველს წელს, სამშობლოს ენის ცისკარი მისცეს წარმატებისა, ამისათვის მოუმატეთ ჟურნალს ერთი ნაწილი, რომელსაც, ვუწოდეთ სოფლიური სახლოსნობა და რომლისათვისაც ვსთხოვეთ ჩვენ ერთგულს თანამშრომელს, მოეღო შრომა ამ საგანზედ თავდაპირველ დაწყებისა. ამისთვის თავის წინასიტყვაობით მივირეთ ესე სტატია, რომელსაცა ვბეჭდავთ დიდის სიამოვნებით. რედ.

4 ღვინის-ძიება მისთვის, თუ ვითა დაიცვას ღვინო სიმჟავისაგან და ვითა შესალო არს დაწმენდა

▲back to top


ღონის-ძიება მისთვის, თუ ვითა დაიცვას ღვინო სიმჟავისაგან და ვითა შესალო არს დაწმენდა

(აზრი გამოკრეფილი ევროპის ჟურნალებითგან.)

ყოველთ განათლებულთ სახელმწიფოებში არის მიღებული უებარი ღონის ძიება ღვინისათვის, დამწვარი თეთრი მიწა (კირი) რომელიცა დაიცვამს ღვინოს სიმჟავისაგან და ამასთანავე შეინახამს წმინდად.

ეს დამწვარი თეთრი მიწა იმისთანა თვისებისა არის, რომელიც შეისვამს წყალსა, რაცკი ღვინოში იმყოფება და აქვს ამასთანავე ისეთი ჩვეულება რომ, რაკი შეისვამს წყალს, მაშინვე შეიკვრის ერტს ალაგს გროვათ, არაოდეს არ აირევიან ისე, როგორათაც ირევიან ხოლმე მელი და თიხა.

ახლანდელ დროში ჩვენს ქალაქში ძნელათ იშოვება იმისთანა ღვინო, რომელსაცა არა ჰქონდეს ერთი რამ სიწუნის მიზეზი; ან არ იყოს მღვრივე, ან არ ჰქონდეს სიმჟავე, ან სხვა რამ გემო, - რათ უნდა ჰქონდეს ესე გვარი ნაკლულოვვანება მაშინ, როდესაც რომ ნაქებიასაქართველო ღვინის მოსავალითა, უმეტესად ჩინებული მხარე კახეთი. ამასთანავე არ უნდა დავივიწყებდეთ ყურძნის ავადმყოფობას, რომელიცა თითქმის არ არის მიზეზი ღვინის წახდენისა ესრეთ, როგორათაც არიან დამყენებელნი ღვინისანი და მეტადრე ისინი, რომელნიცა არიან ასე ვსთქვათ შუამდგომნი ღვინის გამკეთებელთა და მომხმარებელთა შორის, ესე იგი: სირაჯნი, უმეტეასდ მოუსავლობის დროს და სიძვირეში თუმცა ღვინო ჩვენში ყოველთვის იყო უკლებლად; - მაგრამ რა ღვინოები? უგემურნი და მჟავენი! ღვინის სიძვირეში მახსომს კარგათ გვაჩუქეს ერთი ბუთილკა ექვსის წლის ღვინო, რომელიც იყო მღვრიე და მწარე დიდხნის დაყენებისგამო და აგრეთვე ღვინის კურკებისაგამო, რომელიცა ყოველთვის ჰპოებთ ჩვენ ღვინოში. ბუთილკაში ჩავყარეთ ცოტა დანაყილი თეთრი მიწა, კარგათ დაუცეთ, დავხურეთ და დავდგით გრილს ადგილს; შემდგომად რაოდენისამე ხანისა ვნახეთ, რომ თეთრი მიწა დალეკილიყო, დაცოტავებულიყოღვინო ამ მიზეზით, რომ რაც ღვინოში ერია წყალი თეთრმა მიწამ შეისვა ახლა ბუთილკაში ძველმა ღვინომ დაიწყო. კამკამი და სიმწარე საკმაოდ დააკლდა. იქნებოდა რომ კიდევ მოგვემატა თეთრი მიწა, სიმწარე სრულიად დაჰკარგოდა, მაგრამ ჩვენ დავუწყეთ სიამოვნებით სინჯვა და დავრჩით დიდად კმაყოფილნი ამ პირველის მოქმედებით. რა ზომითაც უნდა მიეცეს თეთრი მიწა, რომელიცა არის საჭირო მოსახმარებლად ღვინისათვის, ძნელია და არც შეიძლება რომ დაგვეწერა. ზომიერებით მიცემა დამოკიდებულია მაზე, თუ როგორი სიმჟავე აქვს და წყლიანია, ამასთანავე უნდა ჩავყაროთ თეთრი მიწა წყნარა, ასე რომ თუ საჩქაროთ მოგვივიდა და მაშინ არ შეერთდება და დარჩება წმიდათ არეული ღვინოში, ასე რომ როცა დავასხამთ სტაქანში, მაშინ აიმღვრევა.

თ. დ. ხიმშიაშვილი.

5 სხუა და სხუა ამბავი

▲back to top


5.1 აი რისთვის ვარ დაღონებული

▲back to top


აი რისთვის ვარ დაღონებული

ერთს ქვეყანაში ორნი ძმანი იყვნენ. მათგანი ერთი, რომელიც ხელმწიფეთა სჯდა, მხიარული და დროს გამტარებელი კაცი იყო, ხოლო მეორე ისე მოღრუბლული, რომ თავის დღეში არ გაეცინა. სულ დაღონებული დადიოდა; კაცს ეგონებოდა თუ რა შეწუხება აქვს, ან ვალი მართებსო. ხელმწიფე ყოვლის ღონისძიებასა ხმარობდა, რომ თავის ძმა გაემხიარულებინა, მაგრამ ამაო იყო იმის მეცადინეობა. ამის დარიგება ძმას ერთს ყურითგან მხოლოდ მეორეში უვლიდა.

ძმაო! ეუბნებოდა ხელმწიფე, იქნება მეფედ რო არა ხარ იმისათვის სწუხარო? აი მამიცია შენთვის ჩემი ტახტი, დაჯექ და იხელმწიფეო. არ ვიცი ძმაო რას მიბძანებ? მოახსენებდა დაღონებით ძმა; ხელმწიფობას რას გაქნევ მაშინ, როდესაც მე ისეთი რამ მინახავს, რომ ესეც კარგია ცოცხალი დავიარები ქვეყანაზედაო.

განა რა გინახავს აგრეთიო? განკვირვებით მივარდა მეფე.

- სათქმელი არ არის, თვალით უნდა ნახო. რო მაშინ შეძრწუნდე და შენცა ჩემებრ თავდახრით შეიქნაო.

თუკი აგრეა, რატომ არ მაჩვენებ, რომ შენთან გავიყო მეცა მწუხარებაო.

ხელმწიფე და თავისი ძმა რაოდენიმე ნაზირვეზირით გავიდნენ ქალაქის გარეთ. დაღონებულმა ძმამ, რომელიც ამათ წინ მიუძღოდა ერთს ხევში ჩაიყვანა ისინი.

ერთის კლდის ძირში ისეთი ხვრელი იყო რომ კაცი ძლივს შეახწევდა. უმცროსი ძმა უწინ შევიდა და უკან ხელმწიფე ნაზირვეზირით შეჰყვნენ. რა შევიდნენ საშინელ სანახავი ნახეს: ნახეს პატარა სახლი შავად გალესილი, გარშემო კუპრის და ნავთის წყარო ჩამოდიოდა, რომლითგანაც ჟურღმული გაკეთებულიყო. სახლის შუა გულს ერთი ოთხფეხა ძველი დაფუტურებული სკამი იდგა, ზედ ერთი კაცი კისერგაშეშებული ისე იჯდა, რო თითქმის ტანს ვერ აკარებდა სკამსა. ამ კაცს მარჯვნივ ცეცხლის მახვილით მთავარ ანგელოზი ადგა, მარცხნივ ეშმაკთ ტარტაროზი და თავზედ ამოღებული მახვილი ერთს ბეწვზედ ეკიდა. წარმოიდგინეთ თუ ეს კაცი რა მდგომარეობაში იქნებოდა: მაღლა ვერ აეხედნა მახვილის ჩამოვარდნის ეშინოდა; ძირს ვერ დაეხედნა სკამის გატეხის და ჯურღმულში ჩავარდნისა; აქეთ ვერ მოეხედა მთავარანგელოზი ცეცხლის მახვილით ადგა, იქით ვერმიეხედა ტარტაროზისა ეშინოდა. რა ექნა? ისე უძრავად იჯდა. ხელმწიფე დიდს განცვიფრებაში იყო არ იცოდა თუ რა ეთქვა და რა ექნა? ძმამან ჰკითხა: ხელმწიფეო! რატომ არ იცინი? მიზეზი რა არისო? ამ კითხვაზე მეფემ თრთოლით მიუგო ამ კაცის მდგომარეობის მნახველი განაკი გაიცინებსო!! მაშინ უმცროსმან ძმამან ამოხვრით მოახსენა:

- აი! მეც მაგისთვის არ ვიცინი ხოლმე საყვარელო მეფეო! რომ ეს ქვეყანა, რომელზედაც ვდგევართ ფუტურო სკამია: მიყვები ბიწიერებასა და ტარტაროზთ ჯურღმულში (ცოდვაში) ჩავარდები; ზეცის წინააღმდეგი იქნები ცეცხლის მახვილით გაიპობი. აი რისთვის ვარ დაღონებული! -

ზაალ ხითაროვი

5.2 აი რას იწერებიან შემახიითგან

▲back to top


აი რას იწერებიან შემახიითგან

ვიცი შეტყობილი გექნებათ რა უბედურება მოხდა შამახიას. ახლა დაწვლილებით მოგახსენოთ: 30-სა მაისს, შაფათს, 5 საათზედ სადილს უკან აღიძრა დედამიწა, ასე რომ, გეგონებოდათ ოთხ-კუთხივ ზარბაზნის სროლა არისო. ამორს მინუტში ისე დაინგრა ლამისა, რომ ქვა ქვაზედ აღარ დარჩა: მტვერისაგან, კაცი ერთმანეთ ვეღარა ხედამდა, ამისთანა საცოდაობა და ღვთის რისხვა იყო. კაცისა თუ დედაკაცებისა, ყმაწვილების წივილი და ტირილი ზეცას ადიოდა, რომ ვხედამდით, ხალხი ქვეშ ბევრნი დარჩნენ. შემდგომ განვლო საათის ერთმა ჩეთვერთმა, კიდენ აღიძრა იმაზედ სუბუქათ; გარდა ამისა მეორე დღეს 31 მაისს, კვირას, მეთერთმეტე საათზედ შუადღისას კიდენ აღიძრა და რაც აკლდა დაქცევას, შესრულდა, ისეთი საცოდაობა არის ახლაშამახიაში რომ არ გაგონილა: რაც პრისუტსტვები იყვნენ სულ ერთიან დაინგრა, და საქმეები სულ ქვეშ დარჩა, ხუთას სულამდინ კაცი ქვეშ დარჩა, უფრო ბევრი ნაწილი თათარი დაიხოცა, ახლა ხალხი ვინც გადავრჩით სულ მინდვრათა ვდგევართ. ქალაქში თითქმის ხალხი არ დარჩა რომ კაცი დადგეს, ისე მოისპო სახლები თუ დუქნები და ქარვასლები; სწორამდინ ულ ცოტ-ცოტა იძროდა; მოგახსენებ აქ ისე იცისო ძვრა, მაგრამ ამისთანა ძვრა არ გაგონილა, არც კაცს უნახამსო. ღუბერნატორი ბაღში დგას კარვის ქვეშ. იმის სახლს არა ევნორა, მხოლოდ გალესულობა ჩამოიქცა, მე ღმერთმა შემიბრალა და ჩემი სახლობა, რომ ასე გადავრჩით. პირველს ძვრაში ჭკუა შემეშალა. სადგომში ვიყავ ქარვასლაში, მიწა და ფიცარი მანამ არ ჩამომექცა თავზედ, არ გამოვარდი. როცა გამოვედი, მაშინათვე სულ ერთიან ქარვასლა ჩამოიქცა ძირამდინ. მოწერით ვერას მოგახსენებთ ისეთი ანბავი იყო, ვისაც თვალით არ უნახამს არ დაიჯერებს.

ა. ბ.
10 ივნისს. 1859 წელსა.
დანგრეულის შამახით.