ცისკარი №9 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პოეზია

▲back to top


1.1 ბედი ქართლისა

▲back to top


ბედი ქართლისა

კარი პირველი.

„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო! შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან უფალო მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
რომ აღადგინო დღეს საქართველო!“

ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა, გულით მხურვალი.
ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
მამულისათვის მეფისა ცრემლი!
ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად
დაებანაკა სპარსთან საომრად,
მუნ განრისხებულს აღამამადხანს
პატარა კახი უპირებს შებმას.
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი...
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
ზედ დანათლიდა ბრძოლისა ველსა
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
განამხნევებდა მამობრივის ხმით:
„ჰხედავთ, ვითარის კადნიერებით
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება.
საქართველოსა დღეს გარდუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირვება მამულს მხნეობა;
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი;
დღეს გამოჩნდება ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს ძმანო მამული!“
- შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!-
შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით,
- ჩვენ თუნდა ერთ დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ მეფევ დღეგრძელი!-
მტერი? რა მტერი! ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ჰყავდეს,
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს.-
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს
ოდეს მოყმენი ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავის სიყვარულს!...

დაჰკრეს ნაღარა - გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ესე ბრძოლის,
ვით არ აღგანთებს ოი გმირნო ქართლის!
განგაღვიძებს მხნევ, მხდალო განგამხნევს
და შენც მიჯნურო სულს შეგიშფოთებს!
შეიქმნა მწარე, ძლიერი ომი;
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნეს სპარსთა ივერთ მხედარნი
და მტკვარს ერთვიან სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი.
თამაზ ენისენთ მოურავის ძე,
და იოანე კახთ აბაშიძე,
განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა.
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას,
მაინც ვერ ხედვენ ბოლოს ბრძოლისას.
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ თავისებურად.

ბინდმან გაჰყარნა მებრძოლნი მტერნი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი,
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის,
მრავალთ ყმაწვილთ კაცთ, ნუგეშთა ქართლის
დასდვეს აქ თავი მამულისათვის;
და აწ საფლავიც არსად არს მათთვის,
ჰაერში განქრა მათი სახელი
და ჟამთ მოწამე სადამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა...
მაგრამ, ოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გვაქვს თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების
საშვილის-შვილოდ გარდაიცემის:
ქართლი თქვენი ღვაწლთ, ვერ დაიდუმებს
აღამამადხანს ვიდრე ახსენებს. –

მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ:
„გვიჯობს რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ
და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,
თორემ სიმხნითა ვერრა გავაწყოთ.
აღამამადხან რა აქა გვნახავს
ხომ იცით ჯარი დიდძალი ახლავს,
და იქნება რომ ციხეში დავხვდეთ
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ,
ხამს ვერაგობაც სარდარსა ჰქონდეს
დროზე იგიცა არრას წარუხვდეს.“
ყველა ეთანხმა ამაში მეფეს;
ქალაქს მიიქცნენ იმავე ღამეს
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
ექმნენ საჭურედ ჯართა ქართლისა.
და შეუმცირნა სპარსთ ტკბილნი დღენი.

გათენდა დილა მზისა აღმოსვლად,
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღამამადხან მოადგა ციხეს,
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერ საით.-

დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი
და თურმე ყოვლით იმედ მირხდილი,
ქართლისგან წასვლას დააპირებდა,
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!
აჰა მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი:
მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი.
ჰცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
მოყმეთა თვისთა ესდენ დამცრობა,
მყისვე აღენთო ხელმწიფე გული
მტერზედ ამაყად გამზადებული,
მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე:
აღამამადხან კვლავ თავ მომწონე
შემოეპარა ციხისა კართა
და მოევლინა ქართლისა ჯართა;
გაშფოთებული ეძიებდა მას,
ვინცა თერანის ტახტს ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა:
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი

კარი მეორე.

მორბის არაგვი არაგვიანი,
თან მოჰსძახიან მთანნი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემოს თვისსა ატეხილს ჭალებს.
ჵი ნაპირნო არაგვისპირნო,
მობიბინენო შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს
ოდეს შვენება თქვენი იხილოს.
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს!
როგორ იქნება არ განისვენოს,
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრამს ღვინოს,
თვალს მოატყუებს, ცხენს მოაძუებს
და ნამძინარევს შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს
არაგვომაგ შენს ამწვანებულ მთებს
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს -

მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს
და ამ მშვენიერს არაგვისპირებს
ძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწყენის თვალით გარდმომზირალი.
დაფიქრებული თვისთა ზრახუათა
გაცაართობდა ქარვის მარცვალთა.
თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხად მორტყმული.
ვის არა გახსოვთ სოლომონ ქველი,
მეფის შინ აყმა, ყმათ საყვარელი.
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი!
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ
არაგვისწყალთა, მდენთა მჩქეფარედ.
ბოლოს მაშვრალმან უბრძანა მსაჯულს:
„შენ იცნობ კარგა სოლომან ჩემს გულს;
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
მისი აწ ძალა, კეთილ ცხოვრება.
ბევრჯერ რჩევანი შენი ვითა წყლულს
მსალბუნებიან მე შეწუხებულს!
აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს სულის წადილს
შენ გაგიმჟღავნებ ვით საყვარელს შვილს;
არ მითვისდება ქართველთა გული,
რომ ვიყავ მათი მეფე ეული.
ჩემი მეფობა ზე დავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განუმზადებდი ჟამს კეთილობას,
აი მის ნაცვლად რაი მომაპყრეს
მე ჩემთა ძეთა! და ვინ ახარებს?
ამიერთაგან გაქეზებული
მაჰმადხანისა მოსისხლე გული
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა,
იგი სარგებლობს კარგის ჟამითა.
ეს ხმა ლეკცთაცა აგვიყაყანებს,
ოსმალი მხოლოდ დროსა უყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ძენი ჩემნი ურთი-ერთს ბძარვენ.
მეც თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;
შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რომ გინახვივარ!
აბა რომელს შვილს ვხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?
ოი ღმერთო! ვმადლობ შენს სამართალსა,
ჰგავს ღირსად შევხვდი ამა სასჯელსა!
აბა რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე შვილო ერთგულო.
აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება.
მას მსურს რომ მივცე მემკვიდრეობა
და მან მოსცეს ქართლს კეთილ-დღეობა!...

ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:
მას არ ჰსჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ნახევდა ესრეთ ის შეშფოთებულს,
რასა მიბრძანებ ჰკადრა მან მეფეს, —
ბატონო ღმერთი გადღეგრძელებდეს.
ნუ გაგვაგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესრდეთ შენზედან მსასოებელთა.
ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ…

„ჩემო სოლომან მეფემ უბრძანა,
„მე ეგ ყოველი არ ვიცი განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის,
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვის დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე;
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეში დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე დღითით!
აი ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!
კარგი რომ კიდევ აღამამადხან
ქალაქს დაჰსჯერდა განძვინვებული,
სხვით არ აღივსო მან სასწაული!“
ახლა კი დროა სოლომან რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან საფარს ქვეშე, მხოლოდ რუსეთის,
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვწამდეს:
საფლავზედ ჩვენთა მამა-პაპათა
განცაისვენონ აჩრდილთა მათთა!“
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
- განზრახუა შენი მეფევ მაკვირვებს:
ირაკლიმ იცის რომე ქართველებს
არად მიაჩნისთ უბედურება
თუ აქვსთ თვისთ ჭერთ ქვეშ...!-
„სულ მართალია ჩემო სოლომონ,
მარამ აბა სთქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარღვევის დროს?
აბა ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..
აი მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემთ გულის თქმათა,
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
რომ დღეს იქმნება, თუ ხუალ იქმნება,
ქართლსა დაიცვავს რუსთ ხელმწიფობა!“

ასე ირაკლი და მის მსაჯული,
მამულისათვის გულმტკივნეული
ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ!
ამ დროს აღმოჩნდა ბადრი მთოვარე
და სიამითა მოჰფინა არე.
ცამ მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
მთისა ჰაერმან სავსემ შვებითა
და მთვარის შუქმა არაგვისწყალთა,
თავისუფლებით ჩამოჩქრიალთა
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დამართეს ვით კაცსა ლიტონს:
მას მოაგონდა დრო ყრმაწვილობის,
განტარებული თვისთა კახთ შორის,
როს ჯერ არ ედვა ტვირთი მეფობის,
როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის
და საყვარელი კახეთის გმირი
იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად;
შემდეგ უბრძანა სოლომან მსაჯულს:
„ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს
ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა, რომ ვნახო კიდევ კახეთი:
შევიტყო კახთა საჭიროება,
ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;
შენ კი აქედგან ქალაქში ჩადი
და დამახვედრე ჩემი სამზადი!“
დილაზე ადრე მოვალს მსაჯული
ქსნის ხეობაში, დაფიქრებული.
ვიდრემდის იყო შიშიანობა,
მას აქ ესახლა თავის სახლობა.
მეფის ჰაზრთაგან სულით ღელვილი,
ჰზრახვიდა გულში მამულის შვილი:
„მადლობა ღმერთო შენსა განგებას!

* * *

იქნება მეფე ციხის გატეხას
აბრალებსს მოყმეთ მუხანათობას?
იქნება ამან აჰყარა გული
ბატონს ქართლზედა შეუორგული?..
მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.
მაშ რამ შეშფოთნა მის გული მყარი,
ქართველებისთვის ერთთანა მკვდარი?
მაგრამ, ვინ იცის, იგი იქმნება
უკეთ ფიქრობდეს რაც გვეჭირება:
ბევრჯელ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!“
ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს
მოადგა თავის სახლისა არეს.
წინ მოეგება მას თავის ცოლი;
სათნო სოფიო, სულისა ტოლი.
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
შვენიერება, გულკეთილობა.
რა დაინახა მან თავის ქმარი,
სახე შეცვლილი მონაწყინარი,
ამბავი ჰკითხა მყის ირაკლისა.
ასე საყვარელ იყო ყოვლისა.
- ვეჭობ, სოფიო, რომე ირაკლი,
ქართველებზედა იყოს გულნაკლი.
ზედან ეტყობა, რომ მისი სული
ძლიერად არის აღელებული.
მწარედ უპირებს ბატონი დასჯას
თავის შვილების ამა ურჩებას:
ვეჭობ, რომ იგი სამეფოს ქართლის
აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.
მაშინ უყურე ჩვენს დედაკაცებს,
როს საცხოვრებლად დიდ კაცთა ცოლებს
პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!
მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ:
ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა, დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ...
განცხრომილება, ფუფვნეულება,
მათთა სიმდიდრის პალატთა შორის
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის;
მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად
ბანოვანთათვის გულ გასართობლად
მაშინ ვისაღა მოესურნება,
ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება.
- უწინამც დღე კი დამელევა მე!
...........................
მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს
დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს;
და აწ რა ნახა ცოლი ამ ჰაზრით,
გარდაეხვია მას მხურვალებით...
ოი დედანო! მარად ნეტარნო!
კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ..................
...........................
რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!
პალატნი მისნი გარდმოგრეულან,
სახლნი სამშობლო დანაცრებულან;
მიდამო ხედავს უპატრონობას,
აღოხრებასა და ნატამლობას!
დუმილი ჰხედავს მის არე-მარე!
მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარიმწუხარე,
შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა,
იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!
აღავსო ერმან კვალად ტფილისი,
რა მობრძანება სცნა ირაკლისი.
ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,
თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა!
წარვიდენ წელნი მოსვენებისა,
და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა
აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!
არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად!
სიბერის დროსა მოიცა ძალი
და შეაძრწუნა კვალად ოსმალი;
კვლავ ასახელა თავის სახელი;
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია რომ ბედი ქართლის
გარდაიწყვიტა გულმან ირაკლის!

თ. ნიკოლოზ ბარათაშვილი.

2 პროზა

▲back to top


2.1 ზჳმა

▲back to top


ზჳმა

ქინაქინის ამბავი.

(ჟანლისის თხზულებიდამ გამოკრებილი.)

საყვარელო ძმაო თეიმურაზ! შენი წიგნი მომივიდა და სხუათა შორის ამასაცა მწერ, რისგან არისო, რომ სადაც რა ამერიკის ანბავი ამომიკითხავს, იქაური ხალხი ყოველთვის ინდოელებად იხსენიება და სად ამერიკა, სად ინდოეთიო?

მე როგორც გამიგონია, - ქრისტოფორე კოლომბი დასავლეთის უკიანეს რომ მიეცა, სხუანი აღმოსავლეთით მიდიან ინდოეთსა და აცა თუ მე დასავლეთით არ მივიდეო, იარა, იარა და ამერიკას წააწყდა. - რაც მაშინ იქ ხალხი ნახეს, ინდოელები ესენი არიანო ჰსთქვეს და დარჩათ მას აქეთ ეს ერთი საზოგადო სახელი იქაურს მებატონეებსაცა კაციცებსა თუ ინკებსა, და იმათს ქვეშევრდომებსაცა, ჰერულებს, მეხიკელებს, ნეჩეზებს, იროკელებს, სიმინოლებს, და სხუას ყველასა, ვინცა ვინ იქ იყვნენ. - ჩვენსას რომ ანბობენ, ყველანი ქართველები არიანო, ქართლელები, კახელები, იმერლები, გურულები, მეგრელები, სვანები, აფხაზები, თუ გინდა აჭარლებიცა, ჩვენ ესეც გვიკვირს ხოლმე, თუმცა შეცთომა კი მაგდენი არა არისრა, ყველანი ერთის შთამომავლობისანი მაინცა ვართ და ერთის ენით ვლაპარაკობთ. აფხაზებსა და სვანებს გარდა ლაპარაკში ზოგან და ზოგან დიდი ცვლილება არის, მართალია: დიახ ბატონო, ჰო ბატონო, ქო ბატონო, კი ბატონო; - ან: აქ მო, აქ მობრძანდი, აქანა მობრძანდი, აქანეი მოჰრთე, აშ მორთი, - მაგრამ დედა-ენა კი ერთა. - ზეით დასახელებულს ამერიკელებს, როგორც ჩვენ სპარსული არ გვესმის და ლეკური, ისე ერთმანეთისა არა ესმითრა; მაგრამ რაკი მეცნიერებაზედ თავდადებულმა ევროპიელებმა ერთხელ და ერთხელ ამერიკელებს ინდოელები უწოდეს, რაღა გადაათქმევინებდათ. განა არა, იცოდნენ და აღიარებდნენ კიდეცა, შემცდარნი ვართო, მაგრამ მეცნიერებამ თუ ერთხელვე დაიჟინა რამე, ძნელადღა მოიკვეთინებს. იმდენი დღეგრძელობა მე და შენა გვქონდეს, რამდენი სხუა შეცთომილებაც ესახელებინოთ იქ თავი ჩვენს ევროპელებსა და რამდენი საწუხარი საქმე იმათ იქ მოეხდინოთ. შიგა და შიგზოგი კი ერთი ისეთი საქმეც მომხდარა ღვთის წინაშე, რომ იტყვის კაცი...

ეჰ! ბარემ ერთს ისტორიულს ანბავს გიანბობ, და ალბათ შევიტყობთ, რასაც იტყვი.

რასაკვირველია გახსომს, ჩემო თეიმურაზ, რომ სულ პირველად ვინც ამერიკა აღმოაჩინა და დაიპყრა, ისპანიელები იყვნენ ისინი. კორტეზისა და პიზარროს ანბები რომ დაწვლილებით მოისმინო, ზღაპარსიტყვაობა გეგონება და იტყვი, ნეტავი ზოგი მაინც სიცრუე იყოს და სხუა არა მინდარაო.

ისპანიელები შევიდნენ იქა მეთხუთმეტეს საუკუნეში, 1492. წელსა, - და ახლა რომ ანბავს გიანბობ, ეს მოჰხდა მეჩვიდმეტეს საუკუნეში; ორასი წელიწადი თუა მასაქეთ.

ინდოელები, - ახლა რაღა გაეწყობა. ჩვენც ასე უნდა ვჰსთქვათ-ხოლმე, - ინდოელები ბოროტებით გულსავსენი იყვნენ მაშინ თავისს ახალს ბატონებზედა. მამაპაპათაგან გაგონილი მრავალი საქმე წარმოუდგებოდათ თვალწინ ისპანელების უღთოობისა და უზომო მტარვალობისა. ემონებოდნენ მართალია, და დამორჩილებულნი კი არა ყოფილან.- არ ვიცი ამ ჰაზრს შენს ასე გაჰყოფ თუ არა: ისპანიელებმა რომ იარაღით დაიპყრეს ის ქვეყანა, ხალხის იარაღისავე შიშით დაიმონეს და არა იმ უფლებას სიმართლითა, რომელსაც ნებით ემორჩილება ხალხი. ემონებოდნენ მეთქი, ამ მიზეზითვანბობ.-

პერუს დედა ქალაქს ლიმაში გამგებელად და ბრძანებელად იჯდა მაშინ ვიცეროჲს (კოროლის მოადგილე), კაცი ისეთი ბოროტი და უწყალო, რომ რას იმისს წინა მოადგილეებს სიძულილი ჰქონდათ ხალხში დათესილი, ამან ერთი ორად გადააჭარბა, თუღა გადაჭრბება შეიძლებოდა. - მინისტრად ჰყავდა ამ ვიცეროჲსს სეკრეტარი. უარესად შეუბრალებელი. მკაცრი, ანგაარი, მოქრთამე უძღები. ინდოელებს ბატონზედ ამისაგან უფრო ჰქონდათ თავი მობეზრებული. - ერთს კარგს საღამოს გადაბრუნდა ეს შენი სეკრეტარი და ხმის ამოღება აღარ დასცილებია ისე შენი ჭირი წაიღო. - გამოვარდა ხმა ინდოელებმა მოწამლესო.

დიდის სიმკაცრით შეუდგნენ გამოძიებასა; და როგორც ჩვენშიაც მომხდარა, შენს მტერს ნურა აღმოუჩენიარა, რომ მომწამლავი ვერ აღმოაჩინეს.

ახლა ამაზედ შეჰსდგა დრტვინვა და ყაყანი ისპანიელებში, რადგან ეს მაგალითი პირველი არ იყო და არცა ვის იმედი ჰქონდა, რომ უკანასკნელი ყოფილიყო, ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ინდოელებმა იცოდნენ საწამლავები; ბევრჯელ კიდეც დაუმტკიცეს, კიდეც გამოსტეხეს, და წამლის სახელი კი მაინც ვერას ღონისძიებით ვერ ათქმევინეს და ვერცა რა საწამლავი გამოაჩენინეს.

ამასობაში ვიცეროჲსც გამოიცვალა და იმისს ადგილს განწესდა გრაფი ვინმე, გვარად სინჩონ, ახოვანი, ზრდილი, ლმობიერი, ყოვლის სიკეთითშემკობილი და ამასთან ახალი ნაქორწინევი. ის იყო ცოლად შეერთო მშვენიერი ყმაწვილი ქალი, ისიც გულის ლმობიერებით, ზრდილობით და სიმშვიდით თითქმის უმაგალითო და ისეთის სიყვარულიანის გულის მექონი, რომ ქმარი სწორეთ თავს ერჩივნა.-

- ჩემო სიცოცხლევ, თან რომ არ წამოგყვე არ შეიძლებაო, ეუბნებოდა გრაფსა. - ჩემო ნეტარებაო, ღმერთმან ხომ იცის დიდად მიმძიმს შენი მოშორება, მაგრამ რამდენსამე ხანს აქ უნდა დარჩე, მანამდისინ იქაურს საქმეებს გავიდებდე და დავაწყობდეო, ეუბნებოდა ქმარი გრაფინას.

გაგონილი რომ ჰქონდა ინდოელების ანბავი, იმათი დაუძინებელი მტერობა და სიძულილი ისპანიელებისა, ცალკე ქმარი იშვიშებდა, ამ ჩემს ცოლს ბოროტება არა შეამთხვიონ-რაო; ცალკე ცოლი ანბობდა, მარტო როგორ გაუშვა ჩემი გრაფი იმ ქვეყანაში, სადაც ხუაშიადი შეთქმულება და შურისგება მარადდღე და მარად წამს-უნდა ემუქვრიდეს და გარს ეხვეოდესო.

რაც რამ უკანასკნელი ანბები იქიდამ ისმოდა, ზოგი გავრცელებული, ზოგი უფრო შესაზარად გადათქმულ-გადმოთქმული, აქ უსათუოთ ასე უნდა ეფიქრებინათ, რომ ინდოელები არიან მონანი ბოროტნი, გამომჩვენებლობით მორჩილნი და ერთგულნი, ნამდვილ კი ყოველთვის გამზადებულნი ჩუმს ღალატზედა და ქურდულს კაცკვლაზედ. - ანბობდნენ. საოცარი რამ და გონება მიუწდომელი წამლებიიციან იმ ქვეყანაშიო. -

რამდენიც ამისთანა საზარელი ანბავი ესმა გრაფინას, იმდენი უფრო გადიწყვიტა, უსაცილოდ თან უნდა წავჰყვე ჩემს ქმარსა და ყური უგდო ისეთის მღვიძარებითა და გაფთხილებითა, როგორიცა ტრფიალსა და ერთგულს მეუღლეს ჰმართებსო. -

არა ჰგვანებია ჩვენს კატინასაო, შენც იტყვი.

ამნაირი გარდაწყვეტილება, მეტადრე ამისთანას ტრფიალსა და სულში ჩასაძვრენს ცოლიკასა, მოდი და შენ მოაშლევინე, თუ გიყვარდე.-

სხუა ისპანიელს ქალებს გარდა, რომელიც ლიმაში უნდა წაეყვანა გრაფინას, ერთი თან შეზდილი და გულითადი მეგობარი იყო იმის, სახელად ბეატრისა. - ცოტათი რითიმე თუ ბეატრისა გრაფინაზედ ხნით უფროსი, თორემ როგორც ის გრაფინას დასტრფოდა და ეალერსებოდა, მშობელი დედა თუ არის იმისიო, იტყოდნენ. დიდად ეცადა ბეატრისა, მრავალს ეხვეწა, მრავალს ევედრა, რომ განზრახუა მოეშლევინებინა გრაფინასთვის ამერიკაში წასვლისა, და რომ ვერა გააწყორა, - მაშ მეც უნდა გამოგყვე, შენი მოშორება არ შემიძლიაო, და გაჰყვა თანა.

დიდი სიხარულიც კი შუდგათ ინდოელებს ვიცეროჲსს გამოცვლა რომ შეიტყეს; და არც მაგდენათ გული ახალს ბატონზედ შეიცვალეს. ეგეც ისპანიელიაო, ეგეც ისე უსამართლო, ანგაარი და მტარვალი, როგორც სხუანი ყოფილანო. რომ ესმოდათ, ტკბილის ხასიათისა არისო, კაცთმოყვარე და მართლმსაჯულიო,ისინი ანბობდნენ, - მაინც ისპანიელიაო; და ამას რაკი იტყოდნენ, სწორეთ რაც უკიდურესს სიძულილს შეეფერება, ისა ვჰთქვითო, ეგონათ. იმათი მძვინვარე მგრძნობარება ჯერ არ იყო დამშვიდებული სარწმუნოებითა;- არცა ვინა ჰზრუნავდა მაშინ, რომ ეცნობებინათ საღმრთო ზნეობა ქრისტიანული; ზოგი ერთს წესის აღსრულებას ასწავლიდნენ, მართალია; და ისევ თავისს წარმართობაზე და კერპთ თაყვანისცემაზედა ჰსდგანან, თუ აღარაო, ამას კი ყურს არავინ უგდებდა.

ის ქვეყანა რომ ევროპიელებმა დაიპყრეს, თვალი, ოქრო და სხუა ამ ნაირი საუნჯე ხალხმა იმათ მიანება და სხუაკი, რაც კაცობრიობისათვის უფრო გამოსადეგი გააჩნდათ რამე, ისკი ასე დაუკრძალეს, რომ ევროპიელებს ეჭვიც არა ააღებინეს რა. - თვალის მიმტაცებელი სიმდიდრე იმათა და მართლად სასარგებლო ჩვენიაო. -

ინდოელებმა კარგად იცოდნენ, რაც ღვთისაგან განაჩენი იპოვებოდა იმათს ქვეყანაში გესლის გამქარვებელი, თუ სასწაულებრ გამკურნავი უმძიმესის სენისა და ავათმყოფობისა. იმათ გარდა სხუამ არა ხორციელმა კაცმა არიცოდა. რა სულზედ მისწრებითი თვისება ჰქონდა ქერქსა ერთის ხისას, რომელსაც ეწოდებოდა ქენქინა, ანუ ქინაქინა, და ინდოელები საშინელის ფიცით იყვნენ შეკრულნი, რომ არა ევროპიელისათვის არ გაეცათ ეს საიდუმლო, რაც უნდა განსაცდელი მისდგომოდათ.

მძიმედ იყვნენ დამონებულნი, მაგრამ თავისი შინაური გამგებელობაც კი ჰქონდათ რაღაცა საბრალოინდოელებსა. უფროსი კაცები ჰყავდათ ამორჩეული და იმათში პირველს უფროსს ნება ჰქონდა, რომ, როდესაც საჭიროდ არჩევდა, ხალხი შეეკრიბა ბნელს ღამეში და უცნაურს სადმე ალაგსა; ხან შეთქმასა და ფიცს განაახლებინებდა, ხან სასიკვდილოდ ევროპიელს დაუსახელებდა ვისმე და შენს მტერს ნუღარა ჰშველებია რა, როგორც აქ დასახელებულს აღარა ეშველებოდარა ხოლმე. - ამ ნაირს კრებას რომ დაჰკლებიყო ვინმე, თუ არ მდებიარე და უასაკო, ყოვლად შეუძლებელ იყო, გინდ სოფლად მცხოვრები ყოფილიყო,- გინდ ვიცეროჲსს სასახლის მოხელე ვინმე, ან სახასომუშად გაყვანილი. ასეთს უდაბურს რასმე ადგილს შეიკრიბებოდნენ რომ არათუ წყვდიადს ღამეში, დღისითაც იმათი მიგნება ვერა ევროპიელს ვერ მოეხერხებინა.

ამ დროს იმათში პირველი უფროსი კაცი იყო ხიმეო.

თუმცა ბუნებით კეთილი კაცი იყო ხიმეო და სულგრძელების თვისებისა, მაგრამ სხუა და სხუა უბედურებისაგან და ევროპიელების უსამართლოებისაგან აღშფოთებული ჰქონდა გული და დახშული ყოვლის ლმობიერის გრძნობისათვის. დღითი-დღე გულის წყრომა გულისწყრომაზედ ემატებოდა ხიმეოს, ასე რომ ბოლოს დროს სულ გაბარბაროსებული იყო და სიბრალულისა აღარა ესმოდარა. ესეც კი უნდა ვჰთქვათ, სულმოკლეობასა და საწამლავის შეპარებას ასე ერიდებოდა ხოლმე, რომ ამგვარი შეურისგების იარაღი არცა სად თვითან მოუხმარებია და არცარავისთვის ნება დაურთავს.

ხიმეოსა ჰყავდა ერთი შვილი, სახელად ვანმირ, დიდად საყვარელი მამისა და სამის წლის ნაქორწინევი ზჳმაზედ. ზჳმა იყო ლიმელი ქალი და არც იმ ქალაქში, არც იმ არემარეზედ ინდოელებში იმის უმშვენიერესი არავინ იპოვებოდა. ერთი ორის წლის ვაჟი იმათაცა ჰყავდად, რომელსაცა დასტრფოდნენ და დაჰხაროდნენ. ერთის სიტყვით, იმათს პირუტყულს მონებაში ყოფნას რომ დავივიწყებდეთ, ჰსწორეთ ბედნიერება ჰსუფევდა ხიმეოს სახლში; ზჳმა მიაჩნდა მამამთილს სასიქადულო სძლად, ქმარს ნამდვილ ბედნიერებად, ინდოელებს სამაგალითო ქალად და თვითან ყოველი თავისი სიცოცხლე და სიხარული დამყარებული ჰქონდა ქმრისა და შვილის სიყვარულზედ და მოხუცებულის მამამთილის პატივისცემაზედ. -

ხიმეოს მომდევნო მეორე უფროსი კაცი იყო აზან, ინდოელებში სხუაზედ ყოვლად უძლიერესი. იმისს მხეცურს მძვინვარებასა და სიმძაფრეს ვერა ქვეყნიერი სათნოება ვერა ამშვიდებდარა და აღსავსე იყო მარად უზომო გულის წყრომითა. როგორც ხიმეო, ისე აზან, ორნივე ანბობდნენ, ბრწყინვალეს შთამომავლობისანი ვართო და მართლად, სხუანიც იტყოდნენ, ინკათ გვარისანი არიანო. ინკა როგორც მოგეხსენება, წოდება იყო უწინდელის პერუს ხელმწიფეებისა. -

ახალის ვიცეროჲსს მოსვლის წინადღეებში, ხიმეომ ერთს შუაღამეს შეჰკრიბა ხალხი სიმრთელის ხის სერზედა. სიმრთელის ხე ერქვა ქინაქინის ხეს. -

ყველანი რომ შეიყარნენ: „ძმებო და მეგობრებოო, - მოუყვა ხიმეო, - ახლა სხუა მტარვალმა უნდა იბატონოს ჩვენზედა; დღეს ან ხუალ მოვა კიდეცა და ჩვენი აღთქმები უნდა განვამეოროთ. თუ არ ღამის სიბნელეში და თუ არ ამისთანას უდაბურს ადგილს ხომ მაინც ვერსად წამოვჰსთქვამთ. ვაი ჩვენი ბრალი! მზის უბედური შვილებითავს[1] ვერსად გამოვჰყოფთ, თუ ღამის სიწყვდიადეში არ გავეხვენით. - განვიმეოროთ, ძმებო, ჩვენი ფიცი და აღთქმა ამ სიმრთელის ხის იმრგვლივა, რომ რაც საიდუმლო ჩვენა გვაქვს, სამარადისოდ დაცული გვქონდეს.“

- განვამეოროთ, განვამეოროთ, ხმა ჰყო ხალხმა.

მაშინ წამოდგა ხიმეო, ხალხი გარს შემოიყენა და მაღლის ხმით ჰსთქვა და სხუათაც ათქმევინა შემდგომი ფიცი:

„ვფიცავთ სამარადისოდ დაუმალოთ შვილთა ევროპიისათა ზეციერი ნიჭი საღმრთოსა ხისა ამის, და უკანასკნელი ესე სიკეთე ჩვენი, რაცაღა დაგვრჩენია მამაპაპათაგან. ვაი იმ ორგულს და ფიცის გამტეხსა, ვინც შეცდომითა, თუ შიშითა, თუ სიბრალულითა, ან სხუა რითაც უნდა იყოს მიზეზითა, ამ ჩვენს საიდუმლოს გასცემს და აცნობებს ევრიპიელებსა, რომელთაცა ჰსჯული დაგვირღვიეს, ხელმწიფება მოგვიშალეს, ქვეყანა აგვიოხრეს და ჩვენ უძლები უღელი დაგვადეს! ვაი იმ სულმოკლესა, ვინც ამ ჩვენ სიმრთელეს საუნჯეს მიანიჭებს ვისმე ჩვენთ დამმონებელთაგანსა და დაივიწყებს, რომ იმათმა მამაპაპებმა ტაძრები დაგვინგრიეს, ქალაქები დაგაგვიწვეს, სოფლები და მიწაყანები გაგვივერანავეს, გვიწამეს მამაპაპები უმაგალითო წამებითა, იმათი სისხლით მორწყეს ქვეყანა ჩვენი და ოჯახობა შეგვიგინეს... თვალი და ოქრო რაც წაგვართვეს, წაგვართვეს; ეს ერთი ნიჭი მაინც ჩვენთვის შევინახოთ... თუ ჩვენში მოღალატე გამოჩნდა ვინმე, ვჰფიცავთ იმისს ძირიანათ ამოფხვრასა, გინდ მამა იყოს ჩვენი, გინდ ძმა და გინდ შვილი; თუ ცოლშვილის პატრონი იქნა ვინმე, ვჰფიცავთ იმის ცოლშვილსაც გაწყვეტასა და სახლის გაცივებასა, თუ თვით იმ ცოლმა ან შვილებმა არ გამოგვიცხადეს იმისი ღალატი; და თუ შვილები ძუძუმწოვარნი არიან, ვჰფიცავთ იმათს გაჟლეტასა, რომ საუკუნოდ ამოვარდეს ჩვენში სახსენებელიცა ჩვენის მოღალატისა.- ძმებო და მეგობრებო, სულითა და გულით წამოჰსთქვით თქვენცა ფიცითი აღთქმა ესე, წინაპართა ჩვენთაგან დაწესებული და ჩვენგანცა აქ რაოდენჯერმე თქმული“. - ვჰფიცავთ, ვჰფიცავთ, - დაიძახა ხალხმა, - ვჰფიცავთ ამ აღთქმის აღსრულებასა, ვინცა ვინ იყოს ამ ჩვენის საიდმულოს გამცემი; ვჰფიცავთ ამ საიდუმლოს დაცვასა შეურყეველად, რაც უნდა ტანჯვა და სასიკვდილო წამება მოგვადგეს. -

- გახსოვდეთ, ჰსთქვა ახლა მხეც-მსგავსმა აზანმა, გახსოვდეთ, რომ ჩვენის დამონების პირველს დროებშიაცა ჩვენი მამაპაპები ათასობით იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ, თავი სიკვდილისაგან კი არავის დაუხსნია ამ საიდუმლოს გაცემითა და არც ამ ორასს წელიწადში გაცემულა ვისგანმე; და თუ ახლა აღმოჩნდა ვინმე ჩვენში გამცემი, ვფიცავ ამ ჩემის ხელით დავჰკლა და თუ ცოლი ჰყავს ან შვილი ძუძუმწოვარი, ამავე ხელით გავჰსწყვიტო ყველანი“.

ეს აზანის დამუქრება უსაგნო არ იყო. ვანმირი ჰსძულდა, ხიმეოს შვილი, არათუ იმისათვის, რომ ისპანიელების სიძულილი სხუაზედ ნაკლებათა ჰქონიყო, იმისთვის უფრო, რომ შეჰშურდა, რათ არის ისეთი ბედნიერი, რომ ცოლად მშვენიერი ზჳმა ჰყავსო და იმასთან შვილი სასიხარულოო. -

შური ყოველთვის ბოროტებაა და ბოროტება ყოველთვის უსამართლოება, თუ დაიჯერება.-

„ჰეი აზან! უთხრა ვანმირმა! შეიძლება ფიცის ერთგულიც იყოს კაცი და არც მხეცობა იქონიოს. შენი მუქარა ვერცარავის შეაშინებს და არცარავის გამოადგება, ვინ არ იცის, რომ თუ სისხლი გწყურია, შენ არც ბრალიანს დაუწყებ ძებნასა და არც უბრალოს!...

განრისხებულმა აზანმა რომ პასუხი დაუპირა, ხიმეომ შეატყო მაშინვე და - არც დრო არის, არც რიგი ამ გვარის ლაპარაკისაო; რადგან ფიცი გათავებული იყო; კრებაც დაჰშალა და ყველანი თავ-თავისად წავიდ-წამოვიდნენ. -

არას მიგვიხდნენო, ინდოელები ისპანიელებს პირში ყოველთვის მორჩილებითა და პატივისცემით ექცეოდნენ.

ამ მიზეზითა ახალის ვიცეროჲსსა და იმის მეუღლის მისაგებებლად ლიმას გარეთ იქაური დარჩეული ყმაწვილი ქალების ჯარი დაამწკრიეს; ყველანი სადღესასწაულოდ მორთულნი იყვნენ და საფიანდაზედ ხელში მშვენიერი ყვავილები ეჭირათ. ზჳმაც რასაკვირველია იმათში იყო. - რომ მიეგებნენ, გრაფინამ თვალი მოჰკრა ზჳმას და შეაჩერდა. იმისი სიკეკლუცე და განსხუავებული, ევროპიელისათვის უცხო რაღაც რამ მშვენიერენა ასე მოეწონა, რომ ეს თუ არ დავიახლოვე არ იქნებაო. და რაკი ეს სურვილი შეატყეს, სხუა იქაურს მოსამსახურეთაშორის ზჳმაც მუახლედ აახლეს. ცოტას ხანში ასე შეიყვარა და შეიტკბო ზჳმა გრაფინამ, რომ თავისს საკუთარს ოთახში შეაყვანინა და ყველაზედ უმეტესად დაიახლოვა, თითქმის გაიმეგობრა. -

ბეატრისას კი არაფრად ეპიტნავა ამისთანა დაახლოვება ზჳმასი. რაც რამ ანბავი მოაგონდებოდა ინდოელების სიმუხთლისა და ღალატისა, უფრო მძიმეს ეჭვებში შედიოდა, ამან ჩემს გრაფინას არა აუტეხოსრაო. - სხუა ევროპიელმა ქალებმა რომ ეს ეჭვი ბეატრისას შეამჩნიეს, თვითან მეტად გულდამწვრები იყვნენ და რასაკვირველია კვერი დაუკრეს როგორც შეეძლოთ. - ისე დღე არ გავიდოდა, რომ ზჳმაზედ ენა არა მიეტანათრა ბეატრისასთან: ბოროტებით სავსეც ის იყო, მცბიერებითაც, პატივისმოყვარებითაც, გამომჩვენებლობითაცა. - ამ ასეთსა და ამ ისეთსა არათუ გრაფინა არ უყვარს, ისპანიელები ყველანი ისე გულამოღებითა ჰსძულან, რომ თუ დრო იხელთა სასიკვდილოთაც არავის დაინდობსო. -

ამნაირს ცილის წამებას მრავალი კიდევ ისეთი რამ დაჰმატეს, ვითამ ზჳმას ნალაპარაკევი, რომ იმისს ბოროტებაზედ ეჭვი აღარა უნდა ყოფილიყორა, - ბეატრისა გონიერი და განათლებული ქალი იყო და ზჳმასაგან ნალაპარაკევათ მიტანილი არა ჰსჯეროდა რა; გულში კი მაინც ჯერ საწუხარათა ჰქონდა ზჳმას დაახლოვება გრაფინასთან და მერე რომ შეატყო, დაშორება აღარ შეიძლება და თან და თან გრაფინაც უფრო ესარჩლებაო, - ისე შეუშფოთდა გული, რომ რაც უნდა უცნაური რამ მოეგონებინათ, ახლა ყოველსავე ადვილად დაუგდებდა ყურსა. –

ზჳმამ კი მართლად ისე დაუახლოვა გული თავისს ქალბატონსა, ისე მიეთვისა და გაუერთგულდა, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა; სხვებმა არ იწყინონო ჩემი დაახლოვებაო, ასე მორიდებით კი იყო, რომ იჯდა შეკეტილ ოთახში და მანამდისინ არ დაუძახებდნენ, გარეთ არ გამოდიოდა. -

ამასობაში გრაფი სინჩონ თუმცა დიდათა ცდილობდა ინდოელების გულის მოგებას; ისინი მაინც ამას ანბობდნენ: პირველში ყველანი აგრე იქცეოდნენ, რომ პირუთნებელი მართლმსაჯულება ეჩვენებინათ ხალხისათვის, კაცთმოყვარება, ზდილობა დალმობიერება; და ბოლოს კი ყველანი გადაგვიბრუნდებოდნენ ხოლმეო. - ამ მიზეზით ახალი ვიცეროჲსს მეცადინეობის მადლი არა ჰქონდა: ან გვატყუვებს და ან უეცარის სიკვდილისა ეშინია, სეკრეტრის ანბავი რომ გაუგონია, და ჩვენს გულისმოგებას იმიტომა ცდილობსო.

გამოვიდა ოთხი თვე, რომ გრაფინა ლიმას იმყოფებოდა და არ იყო, რომ ცოტა რაღაც სიმრთელის მოშლა დაეტყო. ჯერა სთქვეს აქაურის არდადეგების მიზეზიაო; მერე უძლებლობა რომ უფრო და უფრო მოემატა. ფიქრში შევიდნენ; ბოლოს იქაური სამდღიური დამპალი ცივება გამოაჩნდა და ლოგინათ ჩააგდო.

რაც რამ მაშინდელს ევროპიულს მკურნალობას ცივების წამალი ეგულებოდა, ყოველივე მოიხმარეს, და ავათმყოფს შვება არა მიეცა რა.

ბეატრისას მწუხარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. ერთხელ მკურნალი გაიხმო და გამოკითხუა დაუწყო. ისიც დიდის საიდუმლოებით გამოუტყდა, გრაფინას ავათმყოფობა რაღაც რამ უცნაურის მიზეზით არისო, რომ იმისი შეტყობა და განკურნვა ვერავის მოგვიხერხებიაო. -

ამგვარმა უიმედო მკურნალის აღსარებამ ბეატრისას აუცილებლად ეს აფიქრებინა, რომ გრაფინა სწორეთ მოწამლული არისო. იქიდამ მოკიდებული ბეატრისას ერთი წუთი მოსვენება აღარა ჰქონია. რა საკვირველია, არათუ გრაფინას, ჯერ გრაფსაც ვერა გაუმხილარა; ორს ქალთანკი დაუფარავილაპარაკი ჰქონდა, რომელნიც სხუაზედ უფრო დაახლოვებულნი იყვნენ გრაფინასთან.

სამთავე ჯერ გული ამაზედ დააჯერეს, სწორეთ მოწამლული არისო. მერე ჰრჩევას შეუდგნენ, ვინ გაჰბედავდა ამ უღთოობასაო, თითქო უწინ არავინ დაესახელებინოთ, მალეკი ჰსთქვეს:

- სხუა ვინ, თუ არ ზჳმაო, ზჳმა, რომელსაც ყოველთვის თავისუფალი შესვლა-გასვლა ჰქონდა გრაფინასთან. ესეც კი, რომ გრაფინასაგან ყოველის სიკეთით აღვსილი, გაკეთებული, გაბედნიერებული და გულით საყვარელი, როგორ გაჰბედავდა ზჳმა ამ საქმესაო?

ამნაირის ფიქრის პასუხისმგებელად ყოველთვის გულითადი სიძულილი წარმოუდგებოდა ხოლმე ბეატრისას ზჳმასი. - ზჳმა პირმოთნე, ზჳმა პატივისმოყვარე. ზჳმა გამომჩვენი და ვინ იცის, ფარულად იქნება გრაფის არშიყიცა; ზჳმა ინდოელი და დედის ძუძუთივე შეჩვეული ყოველს მოუფიქრებელს ბოროტებასა და კაცკვლასა; - სხუა ვინ იქმოდა ამას, თუ არ ეს კრული ზჳმაო,- ასე ეჩიჩინებოდა თავისი საკუთარი ფიქრი მწუხარეს ბეატრისას.

რამდენსამე დღეს მაინც კიდევა ცდილობდა ბეატრისა ამ ფიქრების თავიდამ მოშორებასა. იმის საყვარელი გრაფინა კი ამასობაში უფრო და უფრო ილევოდა და ჰქრებოდა. - იმისი მაყურებელი როგორღა შევიდოდა ბეატრისა გულდამშვიდებით საქმეს განხილვაში; ან როგორღა შესძლებდა, რომ თუ თვალით არ ენახა, არ დაეჯერებინა, რასაც ზჳმაზედ

ეჩურჩულებოდნენ და რასაც თვითანა ჰფიქრობდა.- „როგორ შეიძლება, რომ ჩემი გულიც შემცთარი იყოს და სხუანიც ისეთს საშინელს ცილსა ჰსწამებდნენ ამ დედაკაცსაო“. - ავათ არ იყო ბეატრისა მართალია, და არც ნაკლებად იტანჯებოდა ამ ფიქრებისაგან.

გრაფიც რა საკვირველია ძალიან დაღონებული იყო, - თუმცა ამ ეჭვებისა არა იცოდარა; თავისს სატრფოს მეუღლეს რომ იმ მდგომარეობაში ჰხედავდა, სულ გული უკვდებოდა უზომო მწუხარებითა. -

ერთხელ ცოტა რამ უკეთყოფნა შეეტყო გრაფინას. დიდი სიხარული შეუდგათ სასახლეში.- ახლა მკურნალი ანბობდა, სრული იმედი მაქვს მორჩენისაო.- ეჭვები დაჰსცხრენ და ბეატრისამაც სული მოიბრუნა. რაც იმას წინეთ საიდუმლოთ გარიგება მოეხდინა, რომ ზჳმასათვის ედარაჯებინათ და გრაფინას საწოლში მარტო აღარასგზით არ შეეშვათ, ის კი დაავიწყდა, თუ როგორ მოხდა, არა მოშალარა.

ახლა საბრალო ზჳმასაც მივჰხედოთ.

გრაფინას ავათმყოფობას, უეჭველია, ისე არავინა ჰსწუხდა, როგორც ზჳმა. როგორც რომ უმანკო გულით და წრფელის სულით ერთგულება და სიყვარული შეიძლება, ისეთი ერთგულება და სიყვარული ჰქონდა გრაფინასი; ამასთან იცოდა რითაც შეიძლებოდა მორჩენა იმისი და მორჩენა კი არ შეეძლო. ზჳმა სხუათა შორის ერია იმ ფიცში, რომლითაც ინდოელები შეკრულნი იყვნენ დარომელიც უკანასკნელად სიმრთელის ხეს ქვეშ განმეორებით იფიცეს. ამ ფიცის გატეხა მარტო იმას რომ გარდაჰხედოდა, კიდევ არას ინაღვლიდა; იმისა ქმარიც უსაცილოდ სიკვდილით უნდა დაჰსჯილიყო და პაწაწა შვილიცა. ზჳმა რომ სასახლეში შეიყვანეს და გრაფინას და ავათმყოფობის ხმა გამოვიდა,- ამ ჩემმა სძალმა საიდუმლო არ გაგვიცესო, აიყვანა ხიმეომ თავისი შვილის შვილი და თამირს მიაბარა, მესამე უფროსს კაცსა. ეს თამირი თუ ისეთი მხეცი არ იყო, როგორც აზან, - არც ნაკლები მტერი იყო ისპანიელებისა. ზჳმამ ეს ყოველივე რომ კარგათ იცოდა, თავისი გულის პასუხი ვანმირსაც ვეღრ ანდო. იჯდა საწყალი თავისს ოთახში და ცხარის ცრემლითა ჰსტიროდა. - გრაფინამ მოიხედაო, რომა ჰსთქვეს, არცარაფერი იმედი ამით მიეცა ზჳმას, რადგან კარგად იცოდა თვისება იმის ავათმყოფობისა, რომ უწამლელად არა ეშველებოდარა. -

მართლადაც, ისევ შეუბრუნდა ის საშინელი ცივება გრაფინასა. მკურნალმა ახლა გადასთქვა თავისი იმედი და მოსარჩენი საშუალობა, აღარა ვიცითრაო, დაუფარავად ანბობდა. მთელი ლიმას სასახლე თავზარდაცემული იყო და შიშისაგან დადუმებული. - გრაფისა და ბეატრისას საცოდაობა გულს უკლავდა ყოველს კაცსა.

გრაფინამ იცოდა, რომ ძალიან ცუდათ იყო იმისი საქმე; მაინც ყველაზედ უფრო მხნეთა და გულმოწყალეთ ის იყო.

სიცოცხლეს ადვილად დასთმობს, რაგინდ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, ვისაც გრაფინასაებ განწმენდილის სინიდისით უცხოვრია: სინანული არ ამძიმებს, სვინდისი არ აწუხებს, არა ჰქენჯნის და რამან შეაშინა?

შენც კარგათ იცი, თეიმურაზ, რომ დიდი საუნჯეა განწმენდილი სინიდისი.

წმინდა საიდუმლო მიიღო სიმშვიდითა და მოწიწებით. ნარნარებით გამოესალმა თავისს საყვარელს ბეატრისას; სასურველს ქმარს გულსაკვდავად უალერსა და სხუათა შორის დაუბარა, ინდოელები გებრალებოდნენ და უმეტესად ჩემი საყვარელი ზჳმაო; შენდობა მოსთხოვა ყველას და ბოლოს მიანდო თავი თვისი ყოვლად და ყოვლითურთ განგებასა ღვთისასა.

ამ მწუხარებაში და სულით ტანჯვაში ყოფნამ ზჳმა ისე მოაუძლურა, ისე დააუღონოვა, რომ როდესაც გრაფინა აზიარეს, ისიც ავათ გახდა იმისთანავე ცივებით. ვანმირმა რა საკვირველია მაშინვე შეიტყო და თავისის მოძმების ნებადართვით ცივების წამალი შემოუტანა ჩუმათ, იმ ხის ქერქის ნაფშვნეტი, ერთათ ერთი დასალევი; დღეში თითო დასალევზედ მეტს ვერ მოუტანდა. ის წამალი ღამე დაძინების დროს უნდა მიეღო.

ზჳმამ შემოპარებული წამალი სიფრთხილით გამოართვა თავისს ქმარსა, თვალი არავინ შეგვასწრასო და მარტო რომ დარჩა, აიღო ეს ფერფლი, ცრემლით აღვსილი თვალები აღახვნა ცადმიმართ და ჰსთქვა: „ღმერთო დიდებულო! შენ მამხილებ და შენის სახიერების მორჩილი სიხარულით გავსწირავ ჩემს თავსა, ოღონდკი ჩემი გრაფინა გადარჩეს. ნება შენი აღსრულდეს საშინელსა ამას ჩვენს საიდუმლოს მე არ გავსცემ.- ჩემში მაგვარს ერთგულებას და თავის განწირვას ხომ არავინ იფიქრებს და იტყვიან აქიმებმა მოარჩინეს გრაფინაო. განსაცდელი არცარა ვანმირს მიადგება, არცარა ჩემს შვილსა და არც ფიცი გატყდება ჩვენი. გრაფინა განთავისუფლდეს და მე იმის ჭირის სანაცვლო ვიქნე. რის მაქნისია მაინც საბრალო ზჳმას სიცოცხლე? რამდენით უფრო საჭირო და გამოსადეგი არის ქვეყნისათვის სიცოცხლე გრაფინასი, გრაფინასი, რომელი არის შვილი ზეციერი, ნუგეში მწუხარეთა, მფარველი და შემასვენებელი მაშვრალთა, შემწყნარებელი გლახაკთა და მონათა. ახლა არ იყო, რომ დაუღონოებულის ხმით ღმერთს ევედრებოდა, შენ განარინე განსაცდელთაგან უბადრუკნი ინდოელნიო! ზეციერო გრაფინა! ინდოელებისათვის ევედრებოდი ღმერთსა, რომელთაც შენი მორჩენა შეუძლიანთ და არ გარჩენენ. - სასიკვდილოდ განემზადებოდი დღესა და მაშინაც არ დაივიწყე შენი უბედური ზჳმა, ჰლოცავდი და ღმერთს ავედრებდი. - ვჰფიცავ, ვჰფიცავ მზესა მანათობელსა[2], თავი განაცვალო და გიხსნაკი სიკვდილისაგან.“

ჰსთქვა ეს ზჳმამ, შეახვია ქინაქინის ქერქის ნაფშვენი, უბეში ჩაიდვა და ზე წამოსდგა. შეფიქრდა ცოტას ხანს, როგორ შევიდე ისე გრაფინას საწოლში, სადაც სასმელი უდგია გამზადებული, რომ არავინ დამიშალოსო.- იმისი სრულიად არა იცოდარა, როგორი ეჭვები ჰქონდათ ამაზედ აღებული და რა ნაირათ იყო დაკრძალული როგორც ამითვის, ისე სხუა ინდოელებისათვის, გრაფინას ოთახის კარი. - სხუა ამის მეტი ფიქრი არა აწუხებდარა, რომ ავათმყოფის მოვლა მარტო ევროპიელს ქალებსა ჰქონდა მინდობილი და ინდოელს კი მარტო აღარა ვის აკარებდნენ. - თუ შევალ, ღამე უნდა შევიდე და თუ მღვიძარე დამხვდა ვინმე, ვიტყვი, ვეღარ მოვითმინე და ანბის შესატყობად მოვედი მეთქიო. ახლა გზას დავათვალიერებ, იქნება მოხერხდებოდეს, ცალკე შესავალი რომ აქვს გრაფინას საწოლსა, იქიდამ შევიდე და სხუა წინა ოთახებს ავჰსცდე როგორმეო -

კიბე ჩაიარა, კარიდორს გაჰსცდა, მეორე კიბით ზევით ავიდა, ნახა რომ იმ ცალკე კარის გასაღები ზედვე იყო, - მაშ აქიდამ შევალ ამაღამაო ჰსთქვა და თავისსავე სადგომისაკენ გამობრუნდა. -

ბეატრისას რომ ადრევე გარიგება მოეხდინა, ზჳმაზედ თვალყური გეჭიროთ, მას აქეთ ზჳმას ისე ფეხი არსაით გადაუდგამს რომ არავის ედარაჯებინოს. ახლაც მოახსენეს ბეატრისას: „დღეს ზჳმასთან ვანმირ იყო; ყური კარს მივაკარით, მაგრამ იმათი ლაპარაკისა ვერა გავიგეთრა: ვანმირ რომ წავიდა, ცოტა არ იყო, როგორღაც დაფიქრებულსა ჰგავდა; პატარა ხანს უკან ზჳმა გამოვიდა თავისს სადგომიდამ,ის უფრო ფერმიხდილი, - ქვევით ჩავიდა, კარიდორი გაირბინა, იქით კიბეზედ აიპარა, ყოველი კარი გაშინჯა, საწოლის კართან შედგა დიდის სიფრთხილით, თვალი არავინ მომკრასო და მერე ისევ ისე შინ შებრუნდაო.

ამ ანბავმა ბეატრისა სულ შეაჟრჟოლა. ცხადია, უთუოთ შეპარვას აპირებს ამაღამ გრაფინას საწოლშიო, ასე გადაჰსწყვიტა და მუახლებს დარიგება მისცა, შინიდამ რომ გამოვიდეს, იმავ წამს შემატყობინეთო და კარებები დაკეტილი არსად დაგრჩეთო. - თვითან მაშინვე გრაფთან შევიდა და - ასე ანბობენ, ასეო, ყოველივე უანბო. - გრაფმან თუმცა ბოროტი განზრახუა ზჳმასი არა დაიჯერარა, მაგრამ აქ რაღაც ანბავიაო, ჰსთქვა, და პირობა მისცა ბეატრისას, მეც იქ მოვალ და ერთათ დავემალნეთო. გავიდა ღამისა ორი საათი და მოახსენეს ბეატრისას, ზჳმა იმავ გზას დაადგაო.

ბეატრისა და გრაფი გასცვიდნენ მაშინვე გრაფინას საწოლში დასამალავათ. სულშეგუბებულები ისხდნენ ფარდას იქით და ცოტას ხანს უკან დაინახეს, კარი გაეღო სიფრთხილითა და ზჳმა შემოვიდა საკურველი ფერმიხდილი, მთრთოლარე და ძლივს მავალი. თუ ბოროტი განზრახუა არა აქსვრა, (აქვსრა,) ასე რა აძრწუნებს და რა ათრთოლებსო, იფიქრეს. - ზჳმამ მეორე კარს მიჰმართა, ყური დაუგდო, იქით ოთახებში მღვიძარე ხომ არავინ არისო და ხმიანობა რომ არა ისმოდარა, სტოლს გამოუბრუნდა, სადაც სასმელი იდგა ავათმყოფისათვის მომზადებული,სიჩქარით ამოიღო თავისი წამალი და შიგ ჩაყარა. გამოვარდა მაშინ გრაფი, ჰსტაცა ხელი შეჰსძახა, „უბედურო! რა იყო ეგ რომ ჩაყარეო!“

ელდა ეცა საშინელი ზჳმას, - ჰსთქვა - ვაიმეო, მუხლები ჩაეკეცა მაშინვე და გულშემოყრილი დაეცა ძირს აიღეს და იმისს სადგომში შეიტანეს. ავათმყოფს ეს არა გაუგიარა. გრაფმა და ბეატრისამ პირობა დასდეს ნურცა რას გავაგებინებთო; „თხოვნას დამიწყებს, ღვთის გულისათვის აპატივეო, და ეს აღარ შეიძლება: სამაგალითოთ დაჰსჯა აუცილებელი არისო“ - ჰსთქვა გრაფმა და გამოვიდა უზომოდ განრისხებული და გულ აღშფოთებული.

რაღა ეჭვი უნდოდა. ცხადი იყო, რომ ზჳმა ჰსწამლავდა საცოდავს გრაფინას. თავის თვალით დაინახეს ეს ბეატრისამაც და გრაფმაც.

აი, ჩემო თეიმურაზ! ნურას საქმეს ნუ აუპრიალდები, ბევრჯელ თვალით ნახულსაც ნუ დაუჯერებ, თუ გულდამშვიდებით არ გამოიკვლივე. რისგან მოჰხდა ის თვალით ნახული, თორემ შეჰსცდები და როგორ შეჰსცდები! -

იმავ წამს ხმა გავარდა სასახლეში და მრთელს ქალაქს ლიმაში, ზჳმას ზედ მიასწრეს, სასახლეში რომ საწამლავს უყრიდა გრაფინასაო.-

კეთილი მითხარ, თორემ ბოროტი ხმა ადვილად გავარდება ხალხში და ათასში ერთის არი თუ დაფიქრდა და მაშინვე არ დაიჯერა, დიდი ანბავია. -

ეს საქმე მაშინვე სამართლას მიაჩემეს, ზჳმა დაჯაჭვეს და საპყრობილეში გაისტუმრეს.

ვანმირმა რომ ეს შეიტყო, იმავ წამს მიხვდა რაც უნდა ყოფილ იყო და გასწია მაშინვე აზანთან და თამირთან.

„ჩემი შვილი ხომ თქვენ გაბარიათ, ახლა პირობა უნდა მომცეთ, თუ ფიცი არ გავსტეხეთ და საიდუმლო არ გავეცით, ჩემი შვილი მამა ჩემს დაუბრუნოთ, როდესაც მე და ზჳმა დავიხოცებითო“.

- გაძლევთ მაგ პირობას, უთხრა აზანმა, მაგრამ მგონია არც ამაზედა გქონდეს ეჭვი, რომ თუ ცოტაოდენიც არის გაამხილეთ რამე, სიცოცხლის ფასად დაუჯდება ეგ შენს შვილსა. -

„ის ჩვენ ვიცით, როგორც დავიხოცებითო, უპასუხა ვანმირმან და გამოვიდა. გასწია მოსამართლეებთან და გამოუცხადა: „ნებით აღმიარებია, რომ ზჳმას საქმეში მეც ურევივარო“. -

ესეც დაჯაჭვეს და საპყრობილეში შეაგდეს.

მეორეს დილის განთიადზედ შეკრბენ მსაჯულნი საქმის გამოსაკვლეველად და მაშინვე დამნაშავეების განსაპატიჟებელად. გააღეს სამსჯავრო დარბაზის კარები და ხალხს აცნობეს, ვისაც გენებოთ შემოდითო. იქაურს სამართალს სახალხოდ აწარმოებდნენ.

მრავალი ხალხი შევიდა და საიდუმლო უფროსი კაცებიც იმათ შორის: თვითან ხიმეო, აზან და თამირ.

შემოიყვანეს უბედური ცოლქმარი ხელ-ფეხ დაბორკილებულნი. ზჳმამ რომ ვანმირიც დაჭერილი დაინახა, დაიძახა: „ამას რა ბრალი აქვს? რაც მე მწადოდა, მაგან სრულიად არა იცისრაო.“

- გაჩუმდი ზჳმავ! ბძანებით უთხრა ვანმირმა; შენი სიკვდილი აუცილებელია და ჩემი სიცოცხლე რაღამ გაფიქრებინა. მე ხომ არავის დაუბეზღებივარ; ჩემის ნებითა ვარ აქა და რაც შენ დაგემართება, მეც ის დამემართოსო; ჩვენი შვილი მაინც გადარჩეს.“

ახლა ზჳმა მიჰხვდა ვანმირის აზრსა, გაჩუმდა და ცრემლს მიანება თავი.

მსაჯულნი შეუდგნენ გამოკითხუას.

რასაც ბეატრისა და თვით ვიცეროჲს თვალით ნახულად ამოწმებდნენ, იმისი უარისყოფა ხომ აღარ შეიძლებოდა და ეს მოქმედება დამტკიცებულად დასდვეს. მერე ჰკითხეს ზჳმას:

„ვისგან მიიღე ის საწამლავი?

- ჩემგანაო, ჰსთქვა ვანმირმა.

- ვჰსთქვი და კიდევაც ვიტყვი, რომ ვანმირს ჩემის განზრახვისა სრულებით არა ჰსცოდნიარაო, მიუგო ზჳმამ.

„განზრახუა შენი რა იყო, ჰკითხეს.

- ჩემი განზრახუა მოწამლვა არა ყოფილა.

„თუ მოწამლვა არ იყო, მორჩენას ხომ არ ჰფიქრობდი ავათმყოფისასა?

ამ კითხუაში ზჳმამ თვალი მოჰკრა აზანს; თუ წამომცდა რამე შვილს დამიკლავსო იფიქრა და ჰსთქვა:

- არა, არა, მე ავათმყოფის მოსარჩენი წამალი არა ვიცირა.-

„თუ წამალი არ იყო, მაშ საწამლავი ყოფილა, აღგიარებია?

- მე არა აღმიარებიარა!

„მაშ რა იყო, გვიპასუხე!

- ამაზედ მეტს ვერას გიპასუხებთ.

მაშინ წამოსდგა ხიმეო, შვილსა და სძალს შუა ჩაუდგა და ჰსთქვა: მოიტანეთ ჯაჭვები; მეც ამათთან გამსაჯეთ.

- ჩვენს შვილს რაღას უპირებ მამაო, ჰკითხეს ვანმირმა და ზჳმამ? მაინც არ დაიშალა ხიმეომ.

ამდროს მსაჯულებს ბძანება მოუვიდათ, გამოკითხუაში საწვალებელს იარაღს ნურას მოიხმარებთ, ნურცაღა მონაწილეების გამოჩენას გამოეკიდებით და საჩქაროდ გადასწყვიტეთო.

მაშინ ხიმეო განაშორებინეს და ცოლქმარი ისევ საპყრობილეში გაგზავნეს. იხმეს გრაფინას მკურნალი და გამოკითხუა დაუწყეს.

მკურნალმა ჰსთქვა: გრაფინას ავათმყოფობა ეწინააღმდეგა და გაუძნელდა ყოველს წამალს, რაცა ოდენ ამ გვარის სენის გამკურნავად მიგვაჩნია. ყოველი ეჭვი დასაჯერებელად გარდაიქცა და ახლა ცხადად ვჰხედავ, რომ ეს ფლიდი და გარყვნილი დიაცი, ზჳმად სახელდებული, საწამლავს შეაპარებდა სასმელებში და ამით განაგრძობდა გრაფინას ავათმყოფობას. როდესაც განაშორეს გრაფინას საწოლიდამ და სამსახური აღუკრძალეს, მაშინ უეჭველია იფიქრა, ყმაწვილქალობის აგებულება და ევროპიული სამკურნალო წამლები უთუოთ ჰსძლევენ ავათმყოფობას და მოარჩენენო; მსხვერპლი ხელიდამ გამოგვეცლება თუ ბოლო ახლავე არ მოუღეთო დადასასრულ იმდენი წასამლავი ჩაუყარა სასმელში, რომ იმისი დალევა და სული დალევაც ერთი უნდა ყოფილიყო გრაფინასათვის.

ამ მკურნალის ლაპარაკში მსაჯულნი სულ ჰსძრწოდენ გულის წყრომითა და მრისხანებითა.-

ვაი იმ მსაჯულის ბრალი, რომელიც მრისხანებს და გულს იწყრომებს. გულაღშფოთებულის კაცის სამართალი ჩემს მტერს მოასმენინა, -

მოილაპარაკეს ერთმანეთში გაჯავრებულმა მსაჯულებმა, ხმა შეჰკრიბეს და განაჩინეს:

„ვინაიდგან ვანმირ და ზჳმა მოწამლვით კაცკვლაში თავით თვისით გამოტყდნენ და დამნაშაობა ესე აღიარეს; ამისგამო სიკვდილითვე დასაჰსჯელად განპატიჟდებიან; ხოლო განპატიჟება ესე აღსრულდეს დღესავე ამას ჟამსა შუადღისასა შთაგდებითა მათითა ცოცხლად ხროვასა შინა შეშისასა ცეცხლით მგზნებარესა.“

შემოიყვანეს პყრობილნი და განჩინება წაუკითხეს. ვანმირმა მოისმინა უძრწუნველად და სულის სიმშვიდითა. მაშინ ზჳმა დაეგო იმის ფეხქვეშ და უთხრა: „შენ მე დაგღუპე და მხოლოდ ეს არის ჩემი საწუხარი! მომიტევე, ოჰ, მომიტევე, ვანმირ!

- ადექ ზეზე, ზჳმავ, უთხრა ვანმირმა: ჩვენს მსაჯულებს გარდა ბრალი არა ვისა აქვს. ნუგეში ამითი ეც შენს თავს ზჳმავ, რომ ამათმა სამართალმა საშინელი უღელი აგვყარა და რამდენსამე საათში სრულიად განვთავისუფლდებით ამათის მონებისაგან.-

ამ სიტყვებმა თვით მხეცს აზანსაც დაულბეს გული.

- შვილისათვის ნუ ჰსწუხარ, მიაძახა ვანმირს, ამას იქით ვჰფიცავ ისე უპატრონო, როგორც ჩემს საკუთარს შვილსა.

ცხრა საათი იყო მაშინ დილისა. ბძანება გასცეს შეშის ხროვა დაამზადეთო.

გრაფინა მაშინ ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ მკურნალმა გამოცხადებით მოახსენა გრაფს, ხუთიოდ ექვსი დღე რომ კიდევ იცოცხლოს, მეტი აღარ შეიძლებაო.

გრაფი და ბეატრისა ისეთს განწირულს მწუხარებაში იყვნენ, რომ იმათი გული ყოვლად დახშული იყო ლმობიერებისა და მოწყალებისათვის - ზჳმა მაინც ახლა ისეთს რათმე საზარელ და საზიზღარ მხეცად მიაჩნდათ, რომ იმის შებრალებას გესლიანის გველის შებრალებაზედ უმძიმესად მიიჩნევდნენ, ვანმირისთვის კი ჰბძანა ვიცეროჲსმ დანაშაულის მიუტევებ, თუ გულის სიწრფელით აღიარებს თავისს ბრალსაო.

„ჩემ მაგიერათ ვიცეროჲსს ასე მოახსენეთო, დააბარა მოციქულებს ვანმირმა, რომ არათუ ჩემი, ზჳმას პატივებაც რომ აღმითქვან, მაინც რაცა ვჰსთქვი და გავათავე; ამაზედ მეტს ერთს სიტყვასაც ვეღარ მათქმევინებენ.

ვიცეროჲ, განჩინების აღსრულებას აქ არ დავესწრაო,- ქალაქს გარეთ საზაფხულო სასახლე ჰქონდა და იქ წავიდა; საღამომდინ იქ დავჰყოფ დამერე ისევ მოვალო.

ამასობაში უბადრუკი ბერიკაცი ხიმეო ათასნაირს ფიქრში იყო, რა ვჰქნა, ჩემი ვანმირ და ზჳმა როგორ ვიხსნა ამ საშინელის განსაცდელისაგანაო. ჯერ ხალხის შეგროვება დააპირა; მაგრამ დილიდანვე ისეთი ზედამხედველობა იყო ხალხზედ გამართული, რომ საიდუმლოთ მოლაპარაკება არათუ ხალხთან, მარტო აზანთან და თამირთანაც აღარ მოხერხდებოდა. - მერე სახალხოთ ბძანება გამოსცეს, ვინცავინ ინდოელები ლიმაში იპოვება, ყველანი დამნაშავეების დაწვას უნდა დაესწრანო. ინდოელებს იარაღი არა ჰქონდათრა; ისპანიელების ჯარი ერთი ორათ იყო მომატებული; ამას გარდა როდესაც პყრობილებს დასაწვავად წაიყვანდნენ, ორასი სალდათი ყარაულად უნდა ყოფილიყო. ინდოელებისათვის მორჩილების მეტი სხუა ღონე აღარა იყორა და სასოწარკვეთილმა ხიმეობ (ხიმეომ) ბოლოს ეს განიზრახა თუკი შვილები დამეხოცებიან, მე რაღათ მინდა თავი ცოცხალიო და როდესაც იმათ ცეცხლში ჩაჰყრიან, მეც თან გადავჰყვებიო.

როდესაც მთელი ქალაქი ამ საზარელის სანახავის მოლოდინში იყო, მაშინ საბრალო გრაფინა ქვეშსაგებში იწვა მეტა დასუსტებული და შეწუხებული. ქალაქში რა ანბავი იყო სრულებით არა გაეგებოდარა. შესვლა გასვლა კი როგორღაც უფრო გახშირდა ამ დილას იმის საწოლში; ყველას რაღაც გულისშფოთვა ეტყობოდა, ასე რომ ავათმყოფმაც კი იგრძნო რაღაც ალიაქოთი არისო და კითხუადაიწყო, რა ანბავიაო? შეატყო, რომ რაღასაც უმალავდნენ.

ბეატრისა მეტადრე ხშირად გამოდიოდა საწოლიდამ, თავისუფლებით მაინც ვიტირებო და ერთხელ, ბეატრისა რომ გარეთ იყო, გრაფინა ერთს მუახლეს ჩააცივდა, თითქმის ვედრება დაუწყო, მითხარ რა ანბავიაო. ბოლოს ისეთის უფლებით უბძანა, ახლავე მითხარიო, რომ მუახლემაც ვეღარა დაუმალა და მოახსენა, ასე მოხდა, ასეო; ვანმირ და ზჳმა არათუ აღარა ჰფიცვენ, სატრაბახოთაც თურმე მიაჩნიათ თავისი მოქმედებაო.

უზომოდ გაოცდა და განცვიფრდა ავათმყოფი ამ ანბისაგან.

„ოჲ! უზესთაესო კაცთმოყვარებაო! შენდამომართ მოვილტვი სასოებითა ჩემითა, შენდა ხმავჰყოფ მეუფეო, მამხილე სიმართლენი შენნი“...

დასუსტებულმა ლექსით ვეღარ დააბოლავა ლოცვა, - და ან რა საჭიროა ლექსი გულთამხილველის წინაშე?...

- გადახსნილი ტახტრავანი მომიმზადებინეთ, რომ ახლავე წამიყვანონო, ჰბძანა გრაფინამ.

მისცვივდნენ ყოველნი და ტირილითა და გოდებით ეხვეწებოდნენ ნუ ინებებო; ბეატრისა ცრემლის ფრქვევით ევედრებოდა, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალოს შენი უბედური ბეატრისა, ღვთის გულისათვის ნუ იქ, ნუ ინებებ გარეთ გასვლასაო, მაგრამ არ იქნა.

მუახლეები მოიხმო, გრძელი მუსლინის შესამოსი მოასხმევინა, ტახტრევანზედ დაეწვენინა; ოთხს კაცს ტახტრავანი ააღებინებინა. მეხუთე სამზეურით თავს დაიყენებინა, პირზედ თეთრი გაზის ბადე გადიფარებინა და ჰბძანა, ასე მიმიტანონ სადაც ცეცხლი არის გამზადებულიო.

შუადღე მოტანებული იყო და ისიყო ვანმირ და ზჳმაც გამოეყვანათ საპყრობილიდამ და სასიკვდილოდ მიჰყავდათ. ზჳმა ცალკე თავისის ავათმყოფობისაგან და ცალკე ამ საშინელის განსაცდელისაგან დაუღონოებული, სიარულს თვითან რომ ვეღარ ახერხებდა, მღვდელს მიჰყავდა და თან ორი ყარაული მისდევდა. აუარებელი ხალხი აწყდებოდა ერთმანეთს, ერთი შევჰხედოთ, ერთი თვალი მოვჰკრათ ჩვენს ზჳმასაო. ამ ხალხში აზან დაინახა ზჳმამ, რომ იმისი შვილიც ხელთ ეჭირა. როგორც რომ ამას თვალი მოჰკრა, ერთი შეჰკივლა და იმავ წამს მღვდელსაც მოშორდა, ყარაულსაც თავი დააღწია, მივარდა აზანს, შვილი გამოჰგლიჯა ხელიდამ. დაუწყო გაგიჟებით კოცნა და გული რომ ვეღარ შეიმაგრა ისეთს ტირილს მოჰყვა, რომ ხალხიც სულ გულამოჯდომით აატირა. - ამასობაში აზანმა წასჩურჩულა: „გამხნევდი ზჳმამ! შენი სიკვდილი სასიქადულოა ჩვენთვისა; უფრო ვეღარავინ გაბედავს ფიცის გატეხასა“...

- ვაი, ნეტავი გრაფინა მომირჩებოდეს და სხუას რას ვინაღვლი...

მეტი ვეღარა ჰსთქვა რა ზჳმამ; სალდათები მოეწივნენ, და შვილი რომ ხელიდამ გამოსტაცეს, -ახლა კი მოვჰკვდი, - ჩემი სიცოცხლე შვილისთვის შემიწირავსო. ჰსთქვა და გაუყენეს გზასა. - სამასიოდე ნაბიჯიღა თუ იყო კიდევ ხროვამდინ. ამ დროს საყვირმა აცნობა ჯარსა, დასაწვავნი ახლოს არიანო და ხმელი შეშის ხროვას ცეცხლი შეუკეთეს. - ზჳმამ რომ თითქმის ცამდინ ავარდნილი ალი დაინახა, თავს ისეთი ზარი დაეცა, რომ ქმარიც დაავიწყდა და შვილიც; თვალწინ აღარა უდგარა სიკვდილის მეტი, რომელიც ისე მოახლოებული და ასე აუცილებელი იყო; მერე როგორი სიკვდილი! სიცოცხლის ღონე თითქმის ყოველივე ახლა მიეღო. პირზედ სიკვდილის ფერმა გადაჰკრა და მღვდელს რომ არ ეტაცნა ხელი, უთუოთ წაიქცევოდა.

- ზჳმავ! ჩვენი წამება მალე გათავხებაო, უთხრა ვანმირმა; შეჰხედე როგორი გუგუნი გააქვს ცეცხლსა. ერთს წამს მოვრჩებით!

- ოჰ! ვჰხედავ... ვჰხედავ... ამ ცოცხლსა... ძლივსღა ჰსთქვა ზჳმამ.

რამდენსაც უფრო დაუახლოვდნენ, იმდენით უფრო და უფრო დაიძაბუნა საზარელებამ უბედური ზჳმა. აგერ მიატანეს კიდეცა; ინდოელები ცეცხლს გარს არტყიან და გლოვის ნიშნად კვიპაროზის რტოები უჭირავთ ხელში, მდუმარეებსა, თვალდაშვებულებს, დაღონებულებს. ამათ გარს არტყია ჯარი. უფრო მდუმარე უფრო უძრავი - სახე ამ აუარებელის ხალხისა გამომეტყველებს მხოლოდ ამას რომ ყველანი სულ შეგუბებით ელიან ორის ადამიანის, ცოლქმარის, საშინელს სასჯელსა, რომელიც ეს არის ეხლა უნდა აღსრულდეს. -

აი! ეს უბედურებიც! ორიოდ ნაბიჯი კიდევ და...

ამ დროს ხალხში რაღაცა ხმამ იელვა და ყველამ პირი ქალაქისაკენ აქცია. დაინახეს, ვიღაც ცხენოსანი ხალხის ზღუდეს დაუხედავად არღვევს და მოიძახის:

- „შედეგით, შედეგით! - გრაფინა მობძანდება; „თვითან მობრძანდება აქ; აგერ თან მომდევს!“...

შეჰსდგა ყოველივე. ზჳმამ ხელები ცადმიმართ ააპყრა; თუმცა იმისს დათრგუნვილს გულში იმედის ნაბერწკალი არა ჩავარდნილ რა.

გაირღვა კიდევ ხალხი და გამოჩნდა ტახტრავანი. გამოჩქარებით მოჰქონდათ როგორც შეიძლებოდა. მოატანეს უბედურს პყრობილებთან და შეაყენეს. გარს შემოერტყა დედოფალს ღვარდია, და ღვარდიას გარს შემოეხვია ხალხი.

ამ დროს გრაფინამ პირბადე გარდიხსნა და გამოიჩინა სახე ფერდაკარგული, უკიდურესაც დასუსტებული, მაგრამ მაინც ლმობიერებისა და მოწყალების გამომეტყველი: „მე, მართალია ნება არა მაქვსო, - ჰსთქვა უღონოთ, ჩემით გამოვჰსთქვა ამათი დახსნა განსაცდელისაგან; იმედიკი მაქვს ჩემი მეუღლე მაპატივებს და მანამდისინი იმისი ბძანება გამოვიდოდეს, ჩემს საფარველს ქვეშე მიმიღია ესენი. ჯაჭვები შეახსენით. ცეცხლი ჩააქრეთ აქამდისინ რომ შემეტყო რამე, ანთებაც არ დაგჭირდებოდათ; ღმერთმა ხომ იცის რომ არა ვიცოდირა.“

ინდოელებმა რომ ეს გაიგონეს, რტოები გადაყარეს და ერთხმად შეჰსძახეს: „დღეგრძელ იყავნ დედოფალი ჩვენი!“-

ამ აღტაცებულს გრიალში ხიმეომ ხალხის სიზრქე შემოაპო, ტახტრავანზედ მდებარეს გრაფინას ხელი შეახო და ხალხს შესძახა: „უნდა იცოცხლოს ამან თუ არა?“

- იცოცხლოს, იცოცხლოს,- მოაძახა მთელმა ქალაქმა. და გავარდა ხიმეო ისევ გარეთ.

ზჳმა მუხლებზედ დაეშვა და ჰსთქვა: „ღმერთო ყოვლის შემძლებელო, სრულ ჰყავ სასწაული შენი!“

ვანმირ და ზჳმა თანგაიყოლია გრაფინამ და ტახტრავანი შინისკენვე გააბრუნებინა. ხალხი თან დაედევნა ლოცვითა და კურთხევით.

შინ გარდამეტებით დაღალული ისევ ქვეშაგებში ჩაწვა გრაფინა და ცოლქმარს ანიშნა თავით მომისხედითო. ეს არის მოატანა ჩემმან უკანასკნელმა ჟამმაო იფიქრა და რომ ვეღარა ჰსთქვარა, ერთი ხელი ვანმირს მიაწოდა, და მეორე ზჳმას.- ზჳმა დაეკონა ამ კეთილის მყოფელს მარჯვენასა და განჰბანა ცრემლის ნაკადულებით.

ამის მაყურებელს ბეატრისას გულმა ვეღარ მოუთმინა და უბძანა მოსამსახურება: გაიყვანეთ ესენი აქედამ და იმ ოთახში გყავდეთო.

- არა, არა ჰსთქვა გრაფინამ! მე ვარ მოპასუხე მაგათი წინაშე ღვთისა... ღმერთი თანასწორად განგვსჯის ყოველსავე... მინდა აქ იყვნენ... ესენი არიან კარის გამღებნი ჩემნი სასუფეველისა მიმართ...

- ღმერთო ყოვლად-ძლიერო! უპასუხა ბეატრისამ!როგორ მიგანებოთ ამ უჰსჯულოებსა, ამ შენს მკვლელებსა!

- უკეთესს ვერავის მიმცემთ, ბეატრისა. ვატყობ, რომ ღონეს მიმატებს ეს მთრთოლარე ხელი; განსვენებით არის ჩემი ხელი ამ ხელში.

„ოჰ! სათნოო და სახიერო, გულამოჯდომით მოახსენა ზჳმამ გრაფინას. თუ ღმერთმა არ ინება გამართლება ჩემის იმედისა, ქვეყანა მაშინ დაინახავს. როგორიც სიყვარული და ერთგულება ჰქონდა შენი შენს უბედურს ზჳმას... უშენოთ სიცოცხლე ყოვლად შეუძლებელია ზჳმასთვის.

ამ სიტყვებმა ბეატრისა უმეტესად განარისხეს:

„შე წყეულო მაცთურო!...

- ნუ, ბეატრისავ, უთხრა გრაფინამ! ნუ ჰსწყევლი, ჩემო ბეატრისავ! მიჰხედე ამათს ცრემლოვანს თვალებს... ზჳმავ! შენი სახე ზეციერის სახიერების გამომეტყველი იყო მარად ჩემთვის. გულითად საყვარელი იყავ ჩემი; როგორ შემიძლია გულში შენი ძვირი ვიქონიო რამე... შენცა და შენი ქმარიც საუკუნო ცხოვრებისათვის მოვლინებულად მიმაჩნიხართ ჩემდა, სრულის გულით მომიტევებია თუ დანაშაული გაქვთ რამე,- ისე ღმერთმან მე მომიტევოს თანანადებნი და შეცოდებანი ჩემნი!...

ამისმა გამგონემ ზჳმამ ყოველი მოთმინება დაჰკარგა და გულახსნით ლაპარაკი დააპირა; ვანმირმა რომ შეატყო, ახლა უთუოთ წამოსთქვამს რასმეო, უთხრა: „ზჳმავ ჩუმათ ვიყვნეთ ჯერ კიდევა ჩვენის დედოფლის სიმართლე თვითან ჩამოიყვანს ჭეშმარიტებასზეციდამა; ჩვენ იმ ღმერთს მივენდნეთ. რომელსაც ეგ ესავს; ის დაიხსნის ამისს სანატრელს სიცოცხლეს განსაცდელისაგან და ჩვენც ისევ გაგვამართლებს. ახლა ჩუმათ ვიყვნეთ.

ასეთის გულის სიწრფელითა ჰსთქვა ეს ვანმირმა და ისეთით რიღათიც სულის სიდიდითა, რომ თვით ბეატრისაც გაოცდა გრაფინამ გამოკითხუა დაუწყო ვანმირს, მაგრამ იმან აღარა თქვარა. ღვთის გულისათვის ნუღა რას მკითხამო და ორის საათის განმავლობაში ისე გაჩუმებულნი იყვნენ ორნივე ცოლ-ქმარი, რომ ხმა აღარ ამოუღიათ. შეჰყურებდნენ გრაფინას და მდუღარედ ცრემლებს აფრქვევდნენ.

გრაფინამ როდესაც ამათი გამოხსნა დააპირა, კაცი უფრინა მაშინვე გრაფსა და ჰსთხოვა, როგორც შეგეძლოს ისე საჩქაროდ მობრძანდიო.- ამდენი ხანი რომ გამოვიდა, მეორე კაცის გაგზავნა დააპირა და ამასობაში გარედამ რაღაც ხმიანობა და ღაღადი მოესმათ. უცნაური რამ იყო ეს ხმა. არ გავიდა ერთი წამი რომ გრაფის ხმაც გაარჩიეს.

გრაფინამ გააღებინა მაშინვე კარები და ჯერ გრაფი შემოსული არ იყო, მიატანა მდებიარემ, „ღვთის გულისათვის, ღვთის გულისათვის, მოწყალე ვქმენ ბრალეულთა!

- ბრალეულნი კი არა, მხსნელნი არიან შენნიო, ჰსთქვა შემომავალმა გრაფმა, და ამ სიტყვისაგან ვინცა ვინ ოთახში იყო თითქო გაქვავდნენო, ისე განჰკვირდნენ.

ვიცეროჲს ყმაწვილი ეპყრა ხელში: შვილი იყო ზჳმასი.

მიჰგვარა ზჳმას, მუხლი მოიდრიკა ამ ინდოელის დედაკაცის წინაშე და ისე ჩააბარა თავისი შვილი. ხიმეოც თან შემოჰყვა გრაფსა, მივიდა ვანმირთან და უთხრა: ახლა კი შეგიძლია ჰსთქვა ყოველივეო. ჩვენები ყველანი თანახმანი არიან და დაფარული აღარა გვაქვსრა; ჩვენი წამალი ყველამ მივიღეთ ბატონის წინაშე და თვითონაც მიიღო მანამდისინ აქეთ წამობრძანდებოდა.

ამ სიტყვაზედ ზჳმა ისეთმა სიხარულმა აღიტაცა, რომ კინაღამ დაარჩო თავისი შვილი ალერსით. ვანმირ მამას გარდაეხვია.

გრაფი ისევ მუხლმოდრეკილი და გამოუთქმელის მადლობით გულსავსე ზჳმას კალთასა ჰკოცნიდა. -

გრაფინამ- რა მოხდა, ღვთის გულისათვის შემატყობინეთო.

მაშინ წამოდგა გრაფი და შემოკლებით განაცხადა, რაც ინდოელებისაგან ჰქონდა შეტყობილი.

- ღმერთო დიდებულო, ჰსთქვა გრაფინამ და ხელი მოჰხვია ზჳმას: ეს ღვთის ანგელოზი ჩემთვის თავგაწირული თურმე იყო და ამასავე დაწვას უპირებდნენ; ჩემთვის ჰკვდებოდა და ჩემს სიკვდილს ამასა ჰსწამებდნენ! ოჰ! ღმერთო ძლიერო!

- შენაჰ? დედოფალო, მოახსენამ ზჳმამ. შენს მკვლელად მიგიჩნდით, შენის ავათმყოფობისა, მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზად, მომწამლველად დაშენვე დაგვიფარე. შენვე გვიხსენ სასჯელისაგან! ვისი უფრო არის აქ ღვთიური სათნოება და კეთილისმოქმედება?

- ეგეც მიიღებს თავისს ჯილდოსაო, ჰსთქვა გრაფმა; ეგეც მორჩება თავისს ავათმყოფობასა, მორჩება თქვენის ხელითა.- აი ორი ჯერი გამკურნავი წამალი: ერთი ზჳმას, მეორე გრაფინას!

ჰსთქვა ეს გრაფმა და თვითანვე ჩაჰყარა წამალი ორს ფიალაში: ზჳმამ აიღო, ერთი თვითან დალია და მეორე გრაფინას დაალევინა, აღტაცებულმა, სიხარულისაგან გაგიჟებულმა.

ამისი მაყურებელნი ყველანი ცრემლებით ირეცხებოდნენ.

გახარებულმა გრაფინამ უფრო აღტაცებით მიიღო ალერსი თავის მეუღლისა, ბეატრისასი და ზჳმასი. როგორც ერთხორცნი ისე ეხვეოდნენ ერთმანეთს. გრაფინამ მერე ზჳმას შვილი მოაყვანინა, გულს მიიკრა, მშობლიურის ალერსით აღავსო და ჰსთქვა: დღეის იქით ისე ვექმნე მე ამას ჭეშმარიტად, როგორც მშობელი დედაო.

ახლა ბეატრისა და სხუა ისპანიელი ქალები ყველანი ზჳმას შემოხვივნენ. იმათს ამის წინაშე მოწიწებას და თითქმის თაყვანისცემას ზომა აღარა ჰქონდა. ბეატრისა, თითქო ტრფიალების ცეცხლით აღტყინებულიო, სულ ხელებს უკოცნიდა, იმ ხელებსა, რომელსაც წუხელის ისეთი საშინელი ცილი დასწამა.

ეს სიხარული და აღტაცება რომ დაჰსცხრა ცოტაოდნად, მაშინ ვიცეროჲსმ ხელები მოჰკიდა ვანმირს და ზჳმას, გაიყვანა მოაჯირზედ, რომელიც დიდის ყაბახისაკენ იყო გადაკიდებული, ის ყაბახიც ხალხით გავსილი და დაუწყო იქიდამ ხალხს ლაპარაკი:

„აჲ ნებსითნი მსხვერპლნი ფიცისა და აღთქმისა, ვანმირ და ზჳმა! ინდოელებო! ამათმა ღვთიურმა სათნოებამ და ჩემის გრაფინას გულის სიკეთემ მოგაშორათ თქვენ დღეს სიძულილი, რომელიცა ჰქონდათ თქვენზედ ევროპიელებსა და რომელიც ახლა უსამართლოებაღა იქნება. რაც თქვენ სამართლიანმა შურისძიებამ აღთქმა დაგადებინათ ძველთაგანვე, თუ არა თქვენვე, - სხუა ვერავინ აგხსნიდათ ამ აღთქმას და ახლა თქვენვე თქვენის ნებით აიხსენით. აქამდისინ მტერნი იყავით ჩვენნი და დღეის იქით კეთილისმყოფელნი ხართ. ახლა არათუ კაცობრიობითი ვალი იქნება ჩვენი ყოვლის გულისმოდგინებით ვიზრუნოთ თქვენთვის და კეთილდღეობისა თქვენისათვის, - ვალი იქნება მადლობისა და თუ კაცნი ვართ, გარდავიხდით ამ ვალსა. ინდოელებო, ვინცა ვინ ახლა ამ სამარადისოდ კეთილსახსენებელს შეკრებილებაში იმყოფებით და არ იმყოფებით, დღეისიქით თავისუფალნი ხართ ყოველნივე მონებისაგან და თანასწორნი ჩვენნი, რომელნიც აქამომდე თქვენდა პყრობელად მიგაჩნდით. გიყვარდეთ ხელმწიფე და ერთგულექმენით, როგორც ჩვენა ვართ, მოძმენი ახლა თქვენნი; იხარეთ და იდღესასწაულეთ დღეს შეძინებული თავისუფლება თქვენნი; შეიმუშავეთ მამულები, რომელსაცა გიმტკიცებთ საშვილი-შვილოთ და უმეტეს მომლელიექმენით ხესა მას სიმრთელისასა, რომელიცა ნიჭი არს ღვთისა მიერ თქვენთვის გაჩენილი და თქვენმიერ ახლა ევროპიელთათვისცა ნაზიარები.“

რასაკვირველია სიხარული დიდი შეუყენა ქვეყანასა ამ ვიცეროჲსს განცხადებამ.

ამავე დღეს ზჳმა მოჰრთეს სადღესასწაულო ტანისამოსით და სადედოფლო სამკაულებითა, დაჰსვეს მდიდრულად შემკობილს ტახტრავანზედ; ბეატრისა და სხუა სასახლის ქალები, ისინიც სადღესასწაულოდ მორთულნი, თან გააყოლეს, ვიცეროჲსს კარის ღვარდია მიადევნეს და მთელი ლიმა ასე შემოატარეს. წინ ცხენოსანი ჰეროლდი მიუძღოდა და მხსნელი დედოფლისა ჩვენისა.“-

იმავ სასახლეში რაოდენიმე ოთახი ვანმირსა და ზჳმას განუმზადეს, მოსამსახურეები მიუჩინეს და ისე ეპყრობოდნენ, როგორც ბატონების ტოლებს და სარწმუნო მეგობრებს.

გრაფინას გული აღვსილი იყო ახლა მორჩენის იმედით, სიხარულით და ზჳმას გამრჩობლებულის სიყვარულითა.

ცივებამაც გაუშვა ორნივე ავათმყოფები.

ერთს კვირეზედ გრაფინა ასე უკეთ შეიქნა, რომ ცოტას უღონობის მეტი აღარა უჭირდარა. -

სადაც ხროვა იყო ზჳმას დასაწვავად დამზადებული, ზედ იმ ალაგს გრაფმა სინჩომ მარმარილოს ძეგლი აღამართვინა და ზედ ოქროს ასოებით დააწერინა:

ზჳმას,

მეგობარსა და სიკვდილისაგან.
მხსნელსა ვიცეროჲსს მეუღლისასა
და კეთილის მყოფელსა ძველის ქვეყნისასა
სამარადისო სახსენებელად
აღგებულ-ექმნა ძეგლი ესე.

ის ქინაქინის ქერქის ნაფქვი ვიცეროჲსმა მაშინვე ევროპაში გამოგზავნა და მას აქეთ გაჩნდა ჩვენს ქვეყანაშიაც ეს უებრო ცივების წამალი. აფთიაქებში დიდხანს ეწოდებოდა ამ წამალს სახელად გრაფინას პარაშოკი და შემდგომ დაერქვა, ქინაქინის მარილი. ზოგი ამისთანა საქმეებიც კი მომხდარა ამერიკაში, ჩემო თეიმურაზ. რას იტყვი, ვნახოთ.

შენი ბაქარ ქართლელი.
ქვენტკოცით.
19. ივლისი 1858.

_______________

1 ინკები, ანუ პერუს ხელმწიფეები ანბობდნენ, მზის შვილები ვართო

2მზე დიდი საფიცარი იყო მაშინ იმათში

2.2 ორბელიანთ ანბავი

▲back to top


ორბელიანთ ანბავი

ჩემმა მახლობელმა მცნობმა, სტეფანე მდივანოვმა მომიტანა თავისი ნათარგმნი, სომხურიდგან ქართულად, სხუა და სხუა საქართველოს ძველი ანბავი: სასომხითოს ძველი უბნობა. ამას სომეხნი, სომეხთ სასწავლებლებში აჰსწავლიან ისტორიად ყმაწვილებს, სადაც ორბელიანთ მცირედი ანბავიც არის დაწერილი. მე ეს დიდის მკაყოფილებით აღმოვწერე ცისკარში დასაბეჭდავათ. ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ორბელიანი საიმოვნით წაიკითხავს ამას. გარდა ამისა, სტეფანე მდივანოვი დაგვპირდა: ორბელიანთ ისტორიას სრულად გადმოვთარგმნიო. ჩვენც ამ შრომისათვის დიდს მადლობას განუცხადებთ, მაგრამ ვთხოვთ, რას საქართველოს შეეხებოდეს სხვებიც გადათარგმნოს, რომლისათვისაც უფროს მადლობელი ვიქნებით.

სასომხითოს ძველს უბნობაში:

მასჰწავლებელი ჰკითხავს მოწაფეს: - საიდგან მომდინარებულ იქმნენ ორბელიანნი, ანუ ვორბელიანის (სომხურად) ნათესავი? მოწაფე: ორბელიანთ ნათესავი, (ჭინელთ) ჩინელთ ნათესავთაგან არიან, რამეთუ (ჭენბაკურ) ჯამბაკურ ჩინელთ მეფის დროს აღრეულობისაგამო, ძეთა მეფისათა იწყეს ურთიერთისადმი ბრძოლა, და მას დროს ერთ კერძოდ, თვისის კერძოობითურთ საქართველოსა შინა განივლტო, და ქართველთ იხილეს, რამეთუ იგინი არიან ფრიად მამაცნი, მისცეს ორბეთის ციხე, და სხუანიცა მრავალნი ადგილნი სამკვიდრებელად; ამ ციხის ორბეთის სახელწოდებისაგამო, შემდეგ ეწოდათ ორბელნი, ანუ ორბელიანნი, ესე იგი ორბეთელნი. ესე ნათესავნი, ვითარცა ქართველთათანა, ეგრეთვე სომეხთათანა აღირივნენ და ბაგრატიონთ კვერიკიანთ მეფეთათანა იმძახლეს[1].

- ორბელიანთ, ვითარი პატივი და პირველობა აქვნდათ? -

„ორბელიანთ საქართველოსა შინა სპასპეტობა აქვნდათ, და იყვნენ ყოველნი მეფის თანამდებობის აღმასრულებელნი. მათს უფლებასა ქვეშე იყვნენ და აქვნდათ 12 საკუთარი დროშა, და თვითოეულის დროშას ქვეშე 1000 მხედრობა ჰყვანდათ. რადგანც მეფეთ ნიშანი დროშისა წითელი იქნებოდა თეთრსა ზედა, ამისათვის ბძანეს, რამეთუ განსხუაებულ იყოს, რომ თეთრი იყოს წითელსა ზედა, და ოდესაც მეფის პირისპირ მივიდოდნენ, ეპყრათ ხელთა შინა არწივის თავიანი კვერთხი და მეფეთ მეჯლიშსა შინა, ყოველთ მეინახეთა ზემოთ დასხდებოდნენ, და თვინიერ ამა პატივისა, ქართველთ მეფეთ გვირგვინის დამდგმელნიც იყვნენ.“

- ოდეს დასრულდა ნათესაობა ორბელიანთა?

„მეთორმეტეს საუკუნესა შინა, ქართველთ მეფემ დავითმა, ძე თვისი დემნა, მცირე წლოვანი, მიანდო დიდებულთა თვისთა და ივანე სპასპეტსა, რომელიც იყო ორბელიანთ ნათესავი, რამეთუ ოდესაც დემნა აღიზარდოს, იგი ჰყონ მეფედ, და როდესაც აღიზარდა ყრმა იგი, იოანეს ჰსურდა გამეფება მისი, და გიორგიმ დავითის ძმამ, რომელიც ქართველთა ზედა მეფობდა, შეიპყრა ივანე და დემნა და ორნივე თვალთაგან მოაკლო, და უბძანა, რომ ორბელიანთ ნათესავი ერთობ აღხოცონ, რომელთაცა მოსვლა ჭინელს ქვეყნისაგან, ათას წელიწადსა ზედა უმეტეს იყო, და ამ ნათესავის ამოწყვეტა იყო 1177-სა წელსა შინა, მხოლოდ განთავისუფლდა ივანეს ძმა ლიპარიტ, თვისის ორის შვილით, ელიკუმის და ივანეთი, სპატსეთსა შინა წარსულნი, და მათგანკიდევ იწყო გამრავლება, თამარ დედოფლის დროსა, რომელიც გიორგის მოადგილედ იქმნა, და ივანე განჯის ამირასთან მისრულ იყო, და უკუმოაქციეს თვისსავე ორბეთის ციხესა შინა.“

- ორბელიანთ ქვეყანა სად იყო?

„ორბელიანნი პირველად დაემკვიდრნენ ორბეთის ციხესა შინა, რომელიც იგი არს სამშვილდესთანა. თქმულ არს, რამეთუ პირველი მათი სამკვიდრებელი იყო სომხითსა, გუგარის ტაშირის თემსა შინა, და ჰფლეს ეგრეთვე დმანისსა, ხუნას და ქალაქებს; და რადგან გუგარის თემი მას დროსა მფლობელობასა ქართველთა ქვეშე იყო, და ამისთვის მუნ მრავალნი ქართველნიც იპოებოდნენ, და შემდეგ 11-სა და 12-სა საუნჯესა შინა ორბელიანთ ნათესავი განფენილ იქმნა სივნელთა ქვეყანასა და მუნ მრავლის პატრონი შეიქმნენ, და ვაჰიელთ ხეობის თემისა, და სხუა მრავალნი ადგილნი დაისაკუთრეს, და მოყვრობით აღერივნენ და შეერთდნენ სომეხთათანა. ამ ნათესავთაგან იყო სტეფანე ორბელიანი, ანუ ვორბელიან (სომხური) ტარსაიჭი, ათაბაგის შვილი, რომელიც შემდეგ 1285-სა წელსა, სივინელთ ეპისკოპოზი იქმნა, რომელმაც ორბელიანთ და სივნელთ ნათესავის მოთხრობა აღწერა.“

- ორბელიანნი სად დაეფლვოდნენ?

„ქართველთ ქვეყანასა შინა მყოფთა, სასაფლავო იყო ბეთანიის მონასტერი[2]; სივნელთ ქვეყანასა შინა მყოფთ ორბელიანთ სასაფლავო იყო ახალმონასტრად წოდებული მარტომყოფელთა ვაჰათელთ ხევთ თემსა შინა, და ცოტაოდენ დაფლულ, ტათევისა მონასტერსა შინა.“

- ორბელიანთ ნათესავთაგან ვითარნი გამოჩენილნი კაცნი ჰყოფილან?

„ესე ნათესავნი ფრიად მამაცნი და მხნე გულის მექონნი იყვნენ, და დროსა და დროსა შინა ძლიერ გამოჩენილნი მხედარნი იყვნენ: რომელნიმე ქართველთ მეფეთა შორის და მასთანვე სომხეთის სამძღვრებსა შინა 10-ის საუკუნიდგან, და შემდეგ დიდისმამაცობით დაიცევდნენ, ოდეს თათარნი და სპარსნი წამოემართებოდნენ.“

- ზემო ხსენებულთ უპირველესობისა, სხუა რაი უპირველესობა აქვნდათ სომხეთსა შინა?

„თვინიერ ამისა არიან სხუანი უპირველესობანი და ნათესაობანიცა, რომელთა დასაბამის და ქვეყნის უცნობელობისათვის, ამასა რიგსა შინა არა დავსდევით, და უკეთუ იხსენებიან, ისევ ჩვენის მეისტორიეთაგან: ვითარცა ბაგრატიონთ ნათესავთ მომდინარეობა, მამაკონიანთი და არწრუნიანთი.“

ესე ყოველი მოთხრობა ქართველთა და ორბელიანთა, აღწერილი არს კითხუა მიგებით, რათა ყოველთა სომეხთა გამოჩენილთა სასწავლებელთა შინა, კითხუა მიგებით ასწაონ, ვითარცა ვენეციასა შინა, ეგრეთვე ყოველს ქვეყანაში, სადაცა არიან სომეხნი.

თ. ალ. ჯ. ორბელიანი.

_______________

1მგონია ეს კვირიკე კახეთს გამეფდა; ამან მიიღო პირველად კახეთს მეფობა, მარამ ეს კვირიკე ბაგრატიონი არ იყო. ეს იყო კახეთის მთავარი ანუ ქორიკოზის ფადალი, არენმანელის ჩამომავლობა. - ნახე ქართლის ცხოვრება.

2 დიდი ხანია ბარათიანთ და ორბელიანთ, ერთ გვარის ჩამომავლობას ვეძეფ, წერილით დამტკიცებას, რომელიცა ამაზე დარწმუნებული ვიყავ. ბარათიანიც ორბელიანთ გვარისანი იყვნენ, მაგრამ დაუმტკიცებლივ, რომ დამწერა, რა იქნებოდა? - ახლა დაამტკიცებს, ეს სომხური ისტორია: ძველს დროში ორბელიანნი იმარხებოდნენ ბეთანიის მონასტერში და შემდეგ ბარათიანად წოდებულთ სასაფლავო ყოფილა, ვიდრე სომხითი წახდებოდა. პირველი თქმული ესე ისტორიით დამტკიცდა და მეორე ცხადია ჩვენთვის. აქ ცხადად გამოვიდა ორბელიანთ სასაფლავო. ისევ იმას გვარისვე დარჩებოდა, სადაც სხუა გარეშე გვარი არავინ არ შამოსულა იმათ მამულზე, თორემ გამოჩნდებოდა და არცა დაგვემალებოდა ჩვენ.)