ივერია (41)1877.08.12



1877.08.12

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორესპონდენციები)

გორის საოსტატო სემინარია. ვინ არ იცის რომ ქართველები და ერთობ საქართველო შორს ჩამორჩა განათლებას და სწავლას. ესეც ვიცით, რომ საქართველოში ცოტა თუ ბევრი სასოფლო შკოლებია, რომელთაც აზრად აქვსთ ხალხს განათლების გზაზედ ცოტათი მაინც ბიჯი წინ გადაადგმევინონ. ჩვენდა სამწუხაროდ ეს უნდა ვსთქვა, რომ შკოლები კი გაამრავლეს, მაგრამ ოსტატების შოვნა გაჭირდა, რადგანაც ამ საგანზედ მეტად ხელნაკლებნი ვართ. იყვნენ და არიან, რასაკვირველია, ოსტატები, მაგრამ უმრავლესი მათგანი მარტო ჯამაგირს მიეზიდებოდა და მოვალეობის აღსრულებას კი ბევრს არას დასდევდა. ამ ნაკლის შესავსებლად განათლების მზრუნველთა გამართეს საოსტატო სემინარიები, სადაც ყმაწვილნი კაცნი უნდა მომზადდნენ სოფლის შკოლის ოსტატებათ. ამ აზრით სხვათა შორის ქ. გორშიაც გამართეს საოსტატო სემინარია.

ამ სემინარიაში დირექტორად არის უფ. დივარი, რომელიც ზრუნავს, რომ ამ შკოლაში სწავლას ფესვი გაუდგას. ეს მზრუნველობა იქნება მედგარიც იყოს, მაგრამ საქმე ის არის, არ იციან როგორ და რა გზით თავი-თავს მოიყვანონ.

აი რა ამბებია ამ სემინარიაში. მე დამარწმუნეს, რომ აქ ყმაწვილები, სახელმწიფო ხარჯზედ მიღებულნი, ისე იკვებებიან, რომ არა ვინ იცის რას სჭამენ და რას სმენ. ამ საგანზედ ყურადღება არ არის მიქცეული. ამ შკოლის გამგებელი სასადილო ოთახში ძალიან იშვიათად შევა ხოლმეო. მისცემენ თურმე ფულს მზვარეულს და ეტყვიან სადილად გააკეთე რამეო და მერე თავს დაანებებენ და ვინ იცის მზვარეული რას აჭმევს და რას არა. მზვარეულიც ხორცს იყიდის თურმე, მოხარშავს რასმეს წვნიანს. ზედ მიართმევს ცოტაოდენს ქართულს პურს და ხანდისხან ფაფას (ქაშს) და თითო ბეწო კერძს დაუდგმენ შეგირდებს. შეგირდები ნახევარზედ მშივრები არიანო...

ყმაწვილები ამბობენ, ნეტავი იმას ვისაც თავისი ფულები აქვსო. იმას რა უჭირსო! გაგზავნის, იყიდის პურსა, მიჯდება საიდუმლოდ კუთხეში სადმე, მიემალება მშიერს ამხანაგებს და რაც შეუძლიან სხაპა-სხუპითა სჭამს, ვითომ ამხანაგი ვინმე ჩემსავით მშიერი არ მომესწროსო და არ გამიზიაროს პურიო. ვაი იმას ვისაც ფული არა აქვს! ის ან მშიერი უნდა დარჩეს თურმე, ან ვალი აიღოს ამხანაგთაგან და ისე გამოიკვებოს თავი.

ერთს დამშეულს შეგირდს ვკითხე, რატომ არ შეატყობინებთ ზედამხედველს მეთქი. იმან მიპასუხა: შარშან შევატყობინეთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციაო; პასუხად გვითხრაო, — ვისაც არ მოსწონს აქ ყოფნა, გაბძანდეს. დამითხოვნიაო.

ამას გარდა აქ არის ერთი მასწავლებელი სხვა და სხვა საგნებისა, რომელსაც უჩივიან შეგირდები და რომლისაგანაც ყმაწვილები დაჩაგრულნი არიან. რაღა დაჩაგვრა უნდა შიმშილისაგან კუჭ-გამხმარ შეგირდებს.

იგი მასწავლებელი გახლავთ ნამდვილი იმ წესისა და დროს მიმდევარი, როდესაც სუფევდა ნერგის წკეპლა, ლაზათიანი სილა და დედ-მამის გინება. მეტად ფიცხი კაციც არის თურმე ამასთან. როცა გაფიცხდება, მისდგება თურმე და ასე შეაქცევს თავის დროებით შვილებს: თქვე ღორებო, ვირებო, პადლეცებო, კავკასიელები სულ ღორ-ვირები ხართო და სხვა ამ გვარები. გარე-შეგირდებს თურმე ქურდებს, ავაზაკებს ეძახის და სადილს შემდეგ შკოლაში არ უშვებს. ერთხელ დიდის დარიგების მაგივრად ერთის ყმაწვილ-კაცისთვის მამა შეუკურთხებია.

მართალია, თუ არა ესე ყოველი — მაინც და მაინც ყურადღების ღირსია იმიტომ-რომ ამ გვარი ხმები დადის და სახელს უხდენს თვითონ სასწავლებელს. საჭიროა, ვისაც უფლება აქვს, ამ საგანს ყურადღება მიაქციოს და თუ ყოველივე ესე დამტკიცდა, ჯეროვანი განკარგულება მოახდინოს. მე ესე ყოველი გაცნობეთ, იმისთვის კი არა, რომ გაკიცხვა ვისიმე მინდოდეს, მე მარტო მსურს იცოდეს მან, „ვისიც ჯერ არს“ რა ხმები დიდის გორის სემინარიაზედ და თუ მოსავლელია რამ, მოუაროს.

დაჯდებაშვილი.

თელავი 28 გიორგობისთვეს. ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც მიემატაო“ სწორეთ ასე მოუვიდა ჩვენს თელავს! ქურდობა და ავაზაკობა თელავში სრულებით არ იყო და ესეც გაჩნდა. ეს ორი კვირაა, რაც თითქმის ყოველ ღამე ხან სახლებს და ხან დუქნებს სტეხენ, ვინ არის ყურის მგდებელი!? პოლიცია აქ არ ეტყობა და... აქაური პოლიცია პრისტავი და მისი თანაშემწეა, რომელიც თვეობით თავის სახლში (კონდოლში) ბრძანდება, და სამი-თუ ოთხი დესეტნიკი; მაგრამ ამათი აქ ყოფნა თელავის კეთილ-განწყობილებას არ ეტყობა. ვინ არის დამნაშავე?...გამოიცნოს თვითონ მკითხველმა და იმან ვისიც ვალია..

X

კახეთი. კახეთმა ძალიან გულმოდგინეობა გამოიჩინა შკოლების გახსნაში. ყოველის სოფლის ხალხი კახეთის გულმხურვალედ მიეგება სასოფლო შკოლების დირექტორის (რომელიც ეხლა აქ იყო) წინადადებას, რომ ზოგიერთ სოფლებში შკოლები გაემართნათ. დირექტორს უნდოდა, რომ ორ-ორ სოფელში შკოლა ყოფილიყო, სანახევროდ, მაგრამ აქ სოფლებმა უფრო გულმოდგინედ და მხურვალე თანაგრძნობა გაო მოაცხადეს: თითქო ეწყინათო, რომ როგორ გაგვიბედეთო, რომ ორმა სოფელმა ერთი შკოლა გავხსნათო და გამოაცხადეს, რომ თითო თითო სოფელში შკოლას შევინახამთო. დირექტორს უნდოდა, რომ კონდოლში და კისისხევში ერთი შკოლა გაეხსნათ სანახევროდ, ახატელში და რუისპირში ერთი, მაგრამ ამ სოფლებმა იკისრეს თითო შკოლის შენახვა ოთხივე სოფელში. ჯამაგირებიც კარგად საკმაო დააწესეს: 300 მ. და მეტიც, შკოლის კუთვნილების ხარჯის გარდა. ღმერთმა ინებოს, რომ ქართველებში უფრო გულმხურვალეობა გამოჩნდეს სწავლისადმი! ეხლა ჩვენ ამას ვიტყვით, რომ თუ ამ ახალის შკოლების მასწავლებლებათ ხალხის გულ-შემატკივარი და თანამგრძნობელი ახალ-გაზდები დანიშნეს საქმე კარგად წავა.

ტაროსები ცუდია კახეთში. ისეთი სიცივეა რომ დილით კაცი თუ კარგად არ გაეხვია თბილ ტანისამოსში ვერ გამოვა გარედ. ლეკების მხრით შიში სრულებით აღარ არის. ჯარებიც, რომლებიც გაღმა მხარში იდგნენ - დაითხოვეს, ზოგის გარდა.

ძლივს ეღირსათ კახელებს თავისუფლად ამოსუნთქვა. ლეკები დაამშვიდეს, იმათი „იმამიც“ დაიჭირეს. ამ ერთ კვირაში ს. ყვარელში მომიხდა ყოფნა და იქ შევიტყე რამოდენიმე ღირს საცნობი ამბები. დაღისტანში ლეკები დაუმშვიდებიათ, და ამ დამშვიდებაში დიდი მონაწილეობა მიუღია მისს იმპერატორებითის უდიდესობის სვიტის ღენერალ-მაიორს, განჯის ღუბერ ატორს თ. ნ. ჭავჭავაძეს კახეთში (გაღმა მხარში) კაპუჭელები და დიდოელებიც ჩამოვიდნენ ბლომად თავის ცოლ-შვილით და ბარგი-ბარხანით, ესენი ამბობენ, თუ გინდა დაგვხოცეთ და თუ გინდა არაო და თოფ-იარაღსაც აბარებენ სოფლის და „დროებითის მილიციის“ უფროსებს. მე მითხრეს, რომ გავაზელებმა შესჩივლეს გ. ჯორჯაძეს, რომ ზოგიერთი ლეკები იარაღით დადიანო. ვითომც გ. ჯორჯაძეს მოეხდინოს განკარგულება, რომლის ძალითაც ქართველებს - კახეთის ხალხს უფლება აქვს, რომ იარაღი ჩამოართვან ყველა ლეკს, და თუ გაუძალიანდე ბიან — დახოცონ, დაღისტანში, როგორცა ვსთქვი, „იმამი“ და მასთანავე 250 მოთავე აჯანყებისა და 16 ნაიბი „იმამისაგან“ დაყენებული, დაუჭერიათ. იმამს თურმე ჰკითხეს: რათ ააჯანყე ხალხიო? მან მიუგო თურმე: „ღვთის ნება იყოვო!“ ლეკებს ვითომ წმინდა კაცათ მიაჩნდათ იმამი და ყველა დაჯერებული იყო. რომ მათი ახალი (წინად შამილი იყო) იმამი სამ დღეს მიდის და მოდის ქაბაშიო (მექაში, სადაც ასაფლავია მამადი).

საქონლის ჭირი თითქმის მოისპო სრულებით; მაგრამ საუბედუროდ ყვავილმა გააწყო ხალხი, მომეტებულ ნაწილად ს. საბუეში, სადაც ზოგ ოჯახიდამ ერთი კვირის განმავლობაში სამი და ოთხი მცხედარი გამოქონდათ. სად არის მშველელი!? ცივიდამ თუმცა თოვლი დაჰყურებს კახეთს, მაგრამ ჯერ კახეთში ვერა ბედავს მოსვლას. თუმცა თოვლი არ არის, მაგრამ ძრიელ ცივა, გაღმა სოფლებში კიდევ ჯერ არ გაუთავებიათ ხვნა-თესვა, არეულობის გამო დროებით მილიციები კახეთში ჯერ არ მოშლილან, გარდა თიონეთისა, იქ კი დაითხოვეს და დაშალეს. ღვინო ძალიან დაძვირდა, მაგრამ თელაველები მაინც არ იშლიან ღვინის სმას. ნეტავი თელაველებს, რომ ამისთანა ლაფებში დასეირნობენ!.

ქართველი.

— ჩვენ შევიტყეთ, რომ ტფილისში აპირობენ ამ მოკლე ხანში დაბეჭვდას თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებისას და სხვას მის თხზულებისას; შეუგროვებიათ კიდეც რაც შესაძლო იყო, მისი წვრილი ლექსები და მისი ნაწერები. ორ წიგნად გამოვა მისი თხზულება. ერთში, რომელიც წინ დაიბეჭდება, იქნება წვრილი ლექსები და მეორე წიგნში მისი ნათარგმნი ტრაგედიები. დამბეჭდავთ სურვილი აქვთ ჩაურთონ პირველს წიგნს თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახე-სურათი და ბიოგრაფია, თუ ამ უკანასკნელისათვის საჭირო ცნობების შეკრება შესაძლო იქმნება. დამბეჭდავნი სთხოვენ საზოგადოებას რომ თუ ვისმეს, შინ ანუ გარედ, ეგულება თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი, თხზულება, ან რაიმე ცნობა მისას ცხოვრების შესახებ აცნობოს „ივერიის“ რედაქციას, რომელიც ყოველს ამას მადლობით მიიღებს და გადაჰსცემს დამბეჭდავებს.

— 4 ნოემბერს ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკში შეიყარნენ წევრნი-დამდგენელნი საზოგადოებისა შეუძლებელთ მოსწავლეთა შეწევნისათვის. შეიყარა 25 კაცამდე. წაკითხულ იქმნა ამ საზოგადოების წესდება. წესდება მიიღო კრებამ ერთხმად და გადასწყვიტა ეგ წესდება მიერთოს გუბერნიის მარშალს, რათა მან წარუდგინოს მთავრობას დასმტკიცებლად. ჩვენ შევიტყეთ, რომ ორას კაცამდე გამოაცხადეს სურვილი ამ საზოგადოებაში წევრად შემოსვლისა.

— სოფელს ჩუმლაყში (სიღნაღის მაზრაშია) გლეხთა მოუნდომებიათ, რომ შიგნით სოფელში იმ ოღრო- ჩოღრო გზების მაგივრად, რომელიც ეხლა არის, გზატკეცილი (შოსსე) გაიყვანონ თავსის საკუთარის ხარჯითა. მხოლოდ დაბრკოლება იმაშია, რომ ვერას გზით ვერ მოუხერხებიათ მთავრობას გამოჰსთხოვონ „კონდუკტორი“ გზის ლარის გასატანად და თვით გზის კეთების მასწავლებლად. გარდა ამისა ეს სოფელი ძალიან მოწადინებულია თურმე საამხანაგო ბანკისა და შკოლის გამართვისათვის. თუმცა ამ სამივე სასარგებლო საქმის წადილი დადის ხალხში, მაგრამ საწყალს გლეხებს ვერას გზით ვერ მოუხერხებიათ მის აღსრულება: მეთაური არ ჰყავთ თურმე, რომ ამ წადილს ხელი ჩაჰკიდოს და საქმე საქმეზედ მოიყვანოს. ამბობენ, რომ ერთს იქაურს თავადიშვილს უკისრნია გლეხთა შემწეობა და ხელის შეწყობა ამ სამივე წადილის აღსასრულებლად. ღმერთმა ქმნას ამ სასარგებლო წადილმა ფეხი აიდგას და წადილი საქმით დაგვირგვინდეს.

გაკვრით. ძრიელ სანატრელია, რომ ჩვენს საქართველოში ყოველს მაზრას ჰყვანდეს ისეთი კეთილ სინიდისიანი და შრომის მოყვარე უფროსი (Начальникъ), როგორიც ჰყავს თიონეთის მაზრასა. ვინც კი იცის თიონეთის მაზრის გარემოება ეხლანდელს დროში, დარწმუნებული იქმნება, რომ პატივცემული თიონეთის მაზრის უფროსი ნ. ზ. ჩოლოყაშვილი ძრიელ ბევრსა ცდილობს თვისის ხალხისათვის. მგონი, უნდა იცოდეს მკითხველმა საზოგადოებამ, რომ ამ უფროსმა თვის საკუთარის მეცადინეობითა დაარსა სოფელს თიონეთში სასოფლო საამხანაგო ბანკი. ამ ბანკის საქმე უკანასკნელ დღემდე ძრიელ კარგად მიდის, ასე რომ ამის მოლოდინიც არა გვქონოდა. იქ, სადაც არის ისეთი მუშაკი, ისეთი საზოგადოების წინამძღოლელი, როგორც ნ. ზ. ჩ. და უეჭველია, რომ ყოველისფერი კარგათ იქმნება. ეს პატივცემული პირი კარგა ხანია, რაც შეუდგა მეორე სასარგებლო და საჭირო დაწყობილებასა. ეს დაწყობილება არის „სააღებ-მიცემო ამხანაგობა.“ როგორც მე გავიგე, ჯერ საცდელათ ს. თიონეთში სურს ამ უფროსს სავაჭრო და სააღებ-მიმცემო ამხანაგობის დაფუძნება და შემდეგ ამისდაგვარად სს. ახმეტაში და მატანში (სოფლები თიონეთის მაზრაში). უეჭველია, რომ თ. ნ. ზ. ჩოლოყაშვილი კიდეც მოიყვანდა აქამდინ ამ დაწყობილებას აღსრულებაში, უკეთუ არ შეეყენებინა ამ წყეულს ომიანობას საზოგადოდ და დაღესტნის არეულობასა კიდევ საკუთრივ. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ საზოგადოდ ეს დაწყობილება ძრიელ სასარგებლოა, მაგრამ ს. ახმეტისათვის არამც თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელი საჭიროება არის. ძნელია წარმოსადგენად, თუ როგორ ატყუვებენ ის წყეული სომხები იმათგანვე გაღარიბებულს ახმეტასა! ეს ძრიელ კარგად იცის თვით პატივცემულმა ნ. ზ. და ცდილობს, როგორმე გლეხები გადაარჩინოს სომხების მტაცებლობას, — ამისათვის წელს გამოუცხადა გლეხებს ახმეტაში, რომ თითონვე დაედგინათ პურისა და ქერის ფასი, თუ რას ნაკლებ არ მიეყიდნათ მედუქნეებისათვის, მაგრამ ყოველივე ესე იყო ამაო, გლეხებმა ვერაფერი მოახერხეს რა აგეთი, და ვერც შეეძლოთ ყოველს ამისთანა საქმეში გლეხებს უნდათ კარგი მოთავე, მაგრამ გლეხს ვინ მიაქვავათ იგეთი კაცი! გლეხები ვერაფერს საქმეს გახდნენ და მედუქნეები იღებდნენ პურს ისე, როგორც უნდოდათ. თუნდა რომ კიდეც ფასი დაედოთ, თვითონ სომხები ამბობდნენ ეგ ორივე ერთია ჩვენთვისაო. თუ გლეხები სამ მანეთად გახდიან კოდ პურს, ჩვენ კიდენ სამ-შაურიანს ჩითს ექვს შაურათ გავხდითო. საკვირველიც არ არის ამის თანა მუქარას გლეხი შეუშინდეს! ერთის სიტყვით ყოველივე ღონისძიება ამაოა, გარდა იმისა, რომ თვით გლეხთა ამხანაგობა შეადგინონ და ამ ამ ხანაგობამ აღებ-მიცემობა გასწიოს თავის სოფელში. გარდა იმისა, რომ ეს ამხანაგობა დაუნარჩუმებს სოფელს თითქმის მომეტებულს ნაწილს თავისის წლიურის მოსავლისას; გარდა იმისა, რომ მთელს სოფლის საზოგადოებას მისცემს ღონისძიებას შესაფერის ფასით საჭირო ნივთების მოპოებისას, თვით გლეხნი იქმნებიან ამღებნიცა და მიმცემნიცა, თუ რამ გამორჩომა იქმნება თვითონვე შინ დარჩებათ და არა გარმიანელ ვაჭრებს. ეს ამხანაგობა კარგა ხელს მოუმართავს უფრო ახმეტასა და მის მგზავს სოფლებს, სადაც სახნავ-სათესი ასე უსწორ-მასწოროთ არის განაწილებული გლეხებსა და თავადებ შორის (მე ამით ის მინდა ვსთქვა, რომ ს. ახმეტაში თითქმის სულ თავადების ხელშია სახნავ-სათესი). ამაზედ მე შემდეგ მოვილაპარაკებ. ხოლო ეხლა ვისურვებდი, რომ ზემოხსენებული ამხანაგობა ძრიელ მალე დაარსდეს, რემ რამდენიც გვიანდება, იმდენი უფრო საქმე რთულდება და ძნელი იქმნება სომხების ხელიდამ თავის დასწევა. ურიას ერთი დღე ერგო და ისიც შაბათიო. ძლივს მოჰხედა ღმერთმან ახმეტელებს, და ნუ თუ ეხლაც ამ წყეულმა ომიანობამ კიდევ უნდა ალოდინოს დიდს ხანსა!

X

ძნელია კაცმა წარმოიდგინოს, თუ როგორის სიმარდით მუშავობენ ჩვენი მენახშირეები ტყეებში. როგორც ვიცით, ერთი წყობას მენახშირებისას მოაქვთ ნახშირი გლდნის ზემოდან რომ ტყეები არის, ერწოს გზაზედ. იქმნება რამდენიმე წელიწადი, რაც მე დავიარები ხოლმე აქეთკენ, და მიკვირს, როგორის სიმარდით აცარიელებენ მენახშირეები ტყეებსა, მოყოლებული მამკოდის ზემოდან, ცხვარიჭამიის მთა სულ გატიალებულია. იქ, სადაც ამას წინად შეხვდებოდი მშვენიერს დაბურულს ტყესა, ეხლა სულ მოტიტვლებული მთებიღა არის, ისე მარდათ ატიალებენ ტყეს მენახშირეები, რომ ძრიელ მალე გადაიხედავენ ერწოშიაც, თუ ჯერ არ გადაუხედნიათ. რასაკვირველია, ესე მალე ვერ მოასწრობდნენ მენახშირეები ამისთანა უხვის ტყეების გატიალებასა, რომ ისე დაუნდობლათ და გაუფთხილებლათ არ ეკიდებოდნენ იმ საგანსა, რომლის წყალობითაც ისინი ცხოვრობენ. როგორც ეხლა ვხედავთ, უთოოთ არ უნდა იყოს ძრიელ შორს ის დრო, როდესაც ტყეებიც ისე გაქრებიან, როგორც გაქრნენ თბილისის გარეშემო, თუ ამ მოკლე დროში არ იქმნება წინად მიღებული ზომა რამ ტყეების გასაფრთხილებლად.

X

დალოცვილი თელაველი კორრესპონდენტები! აი, მე და ჩემმა ღმერთმა, სიფხიზლე სწორედ ეგეთი უნდა! არც დღისით ისვენებენ და არც ღამითა. ერთის სიტყვით, თელაველს კორრესპონდენტებს შეუდგენიათ ამქარი და მისცემიან ყოვლის ღონისძიებით ერთს განზრახვას — შეკრიბონ ყოველგვარი ამბავი თელავში. მკითხავებსა ვჩიოდით და ეხლა ჭკვიან-შეშლილებიც ზედ მოაყოლეს მკითხავებს. აი რას იწერება ერთი ვიღაცა თელავიდან: „წარსულს კვირაში თელავში მოხდა ერთი ქორწილი და როდესაც მეფე, ჩვეულობისა მებრ მესამეს დღეს ფეხის საბრუნებლათ წავიდა ცოლეურს (არ იქმნებოდა ურიგო, რომ კორრესპოდენტს დაწვრილებით ეწერა, ან როგორ წავიდა მეფე, ან ვინ გაჰყვა თან და ამისთანა სხვები) და ვახშამს შეექცეოდა, იმ დროს იმისი უფროსი ჭკვა-სუსტი ძმა შევარდა უცებ კამპანიაში და ლანძღვით უთხრა საერთოდ ყველასა: თქვე მ....ბო. (ჯან, კორრესპონდენტო!) მე რაღა დაგიშავეთ, რომ ერთი ქალი მეც არ მომეცით....“ (183 №„დროება“). საწყალო გიჟებო! თქვენი ჯავრი კი არ გეყოთ, რომ გაზეთებშიაც კი გწერენ!?. ვფიქრობ, ვფიქრობ, და ვერ მომიფიქრებია, ის გმირი „ჭკუა-სუსტი“ უფრო უჭკო იქმნება, თუ ამისთაანა სანარევო ამბავის დამწერი.

დ. რ.

2 ომის ამბები

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები

— აი რას იწერება მთავრობა მასზედ თუ რა ზარალი მოუვიდა ჩვენებს პლევნის აღებაზედა და რამოდენი ტყვე და დავლა დარჩათ. მოკლულია ორი შტაბ-აფიცერი და 582 ჯარის-კაცი. დაჭრილია: ხუთი შტაბ-აფიცერი 40 ობერ-ფირერი და 1207 ჯარის-კაცი. გაკენწლილია: ორი ობერ-ავიცერი, სამი ჯარის-კაცი — სულ ესენი ერთად შეადგენენ 57 აფიცერს და 1,792 ჯარის-კაცსა. ზარალი ოსმალთა, თევერინ-ფაშის სიტყვით, 4,000-ზედ მეტია. ჩვენებს დარჩენიათ ტყვედ ათი ფაშა, 128 შტაბ-აფიცერი, 2,000 ობერ-აფიცერი და 36,000 ჯარის-კაცი, ზემოხსენებულ ოთხი ათას კაცს გარეითად; ეს ქვევითი ჯარი. ცხენოსანი ჯარი 1,200 კაცია ტყვედ დარჩენილი; ზარბაზანია აღებული რიცხვით 77-ტი. ტყვედ დარჩენილნი ფაშები 30-ს ნოემბერს მოუყვანიათ ბოგოტში, საცა დუნაიის ჯარის უმთავრესი სადგურია. ოსმან-ფაშის სადგურთან, მთავარსარდლის ბძანებით, დაუყენებიათ საპატიო ყარაული, რომელსაც ოსმან-ფაშა მოსულა თუ არა, სამხედრო პატივი უცია და პატივის ნიშნად დაფი დაუკრავს.

— 29 ნოემბერს 4-ს საათზედ შუადღის შემდეგ. ოსმალის დიდ-ძალი ჯარი გადასულა ლომის წყალს კრასნის სოფელთან. საღამომდე ორმოც ბატალიონზედ მეტი გასულა. 30 ნოემბერს მთელის ძალით ოსმალნი იერიშით მისულან ხელმწიფის შვილის ვლადიმირ ალექსანდრეს ძის ლაშქარზედ, უმთავრესი ძალა მეჩკაზედ მიუმართავთ. ძლიერის ომის შემდეგ დიდის მთავრის ჯარს სახელოვანად უკუ უქცევია ოსმალოს ჯარი და თვით მიუტანია ოსმალზედ იერიში. ხელმწიფე მემკვიდრის ბძანებით, რომელიც თვითონ ბძანებულა ამ ომში, ორი პოლკი 35 დივიზიისა დასცემია ოსმალთ გვერდიდამ. ომი სწორედ სახელოვანი იყოო. სხვა ადგილებში მშვიდობიანობა არისო.

— ამავე ომის ამბავს მთავრობის ტელეგრამა 1-ის დეკემბრიდამ სხვათა შორის უმატებს, რომ ოსმალნი ექვსჯერ მოვიდნენ იერიშით მეჩკაზედ, მაგრამ ექვსჯერკე უკუ-ქცეულ იქმნენ დიდის ზარალითა. როცა ზეძოსსენებული ორი პოლკი მოშველებია ჩვენებს და ომში შესულა, მაშინ მთელს ჯარს დიდის მთავრის ვლადიმირ ალექსანდრის ძისას შეუტყვია ოსმალთათვის, გაუქცევია და უდევნია კრასნამდე ვიდრე დაღამდებოდა. ოსმალთა ზარალი დიდი უნდა იყოსო, ნაომარი ადგილი სავსეა მათის მკვდრებითა და დარჩენილ დაჭრილებითო. ჩვენი ზარალი ჯერ ცნობაში არ არის მოყვანილიო. დიდის მთავრის მხლებელთა შორის ორნი არიან დაჭრილნი, ერთი ტყვიით დაჭრილს იქავ, საცა თვით დიდი მთავარი მდგარა.

— ინგლისის გაზეთს „Times“-ში დაბეჭდილია კორრესპონდენცია, ცოტად დაგვიანებული კი, ესე იგი, 9 ნოემბრიდამ. კორრესპონდენტი იწერება: „შეუძლებელია რომ არზრუმმა დიდხანს თავი დაიჭიროს. სურსათზედ ძალიან ნაკლებათა ვართ, ჯარი ცოტაა და რუსებს კი უჭველია ერთი სამად მეტი ჯარი ეყოლება. როცა გზის კეთებას დევი-დაღზედ გაათავებენ, მაშინ რუსებს შესაძლოდ ექმნებდა ყოველ მხრით გარს მოგვეხვივნენ და ამით სრულიად გზა შეუკრან სურსათის მოშველებასაც და ჯარისაცა. მის შემდეგ, რასაკვირველია, დაგვიშენეს ყუმბარებს და მე მგონია ერთი თვეც ძლივს გასწევს, რომ ან აიღებენ ციხეს, ან კიდევ ჩვენ თვითონ მივეცემით.“

იგივე კორრესპონდენტი სწერს დევე-ბოინის ომის ამბავს და სხვათა შორის იხსენიებს შემდეგს: „სმართლას ითხოვს მიუძღვნა მუხთარ-ფაშას სახელი და დიდება, ამისი მოქმედება და ქცევა მთელს ამ ომებში დიდის მამაცობას მაგალითია. ალაჯაზედ დამარცხების დღის შემდეგ ერთს წუთსაც არ შეუსვენია და სულ იმის ცდაშია, რომ როგორმე ხელიდამ არ წაუვიდეს ეს ადგლები. ყარსში გაისტუმრა რაც კი მეომარი ჯარი ყვანდა — სულ 10.000 კაცი და თვითონ მრტო სამი ათასის კაცით, და ამაზედაც ნაკლებითაც მგონი, გადავიდა სოღანლუღს და მაშინვე დაჰკრა დეპეშა სტამბოლში ჯარი მომაშველეთო. იზმაილ-ფაშას რომ ყური; ეთხოვებინა მუხთარ ფაშის ბძანებისათვის, რუსებს; დიდი და თითქმის უძლეველი დაბრკოლება დახვდებოდათ დევე-ბოინასთან. მაგრამ იზმაილმა იმის მგიერ რომ ალაშკირზედ წამოსულიყო და ოცი ათასი კაცი მოეყვანა, კეპრიკოიზედ წამოვიდა და სულ რვა ათასი კაცი მოჰყვა. ეს მცირედი ჯარიც გულ-წამხდარი იყო, ყარსის ჯარზედ უფრო უარესად, თუმცა არსად კი ჯერ არ დამარცხებულიყო. მრავალს შემთხვევაში მუხთარმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა. თუმცა მარცხი მოუვიდა, მაგრამ იმ ყოიფაში რა ყოფაშიაც მუხთარ-ფაშა იყო არა მგოანია რომელსამე ღენერალს შესძლებიყო ის, რაც მან შესძლო. წარმოიდგინეთ: ცარიელი ხაზინა, ჯარი რომელსაც ჯამაგირი არ ეძლევოდა, სურსათ მოკლებული, - არსად ცხენი, არსად ურემი სიმძიმის საზიდად, ორგულნი ღენერლები, ყოვლად უხეირო მემარჯვენე ჯარის წინამძღვანი — სულ ყოველივე ესე შეადგენდა იმ გარემოებას, რომლითაც მოცული იყო მუხთარ-ფაშა, აბა ამათ ვინ რას ჩაიდენდა მასზედ მეტს რაც ჩაიდინა მუხთარ- ფაშამ?“

— კონსტანტინეპოლის კორრესპონდენტი იმავე გაზეთისა იწერება: კერძო გვამნი არზრუმიდამ იწერებიან, რომ იქ ძალიან ავი დარი ყოფილა ნახევარ ნოემბრამდე. მუხთარ-ფაშას მარტო ამ ავ-დარზე იმედიღა აქვს, იქნება ამან მიშველოს რამე მაინცო. მაგრამ ეს იმედი თან და თან ეკარგება, რადგანაც რუსები მინდორზედ დადგნენ და გზა გადუჭრეს ტრაპიზონისა. ამ წერილებში მოხსენებულია, რომ ოსმალნი საშინლად უღვთოდ და მხეცებრ ექცევიან რუსის მკვდრებს და დაჭრილებს, არამც თუ მარტო მამა-კაცნიო, დედა-კაცნიც კიო. მუხთარ-ფაშას განუზრახავს, უკანასკნელ განწირულებამდე ვეცდებიო, რომ ეს ქვეყანა რუსებს არ ჩაუგდო ხელშიო. თვით სტამბოლში კი იმედი გადაწყვეტილები არიან“

— იმ ომზედ, რომელიც ღენერალს სვიატოპოლკ მირსკის ჰქონია 22 ნოემბერს ელენასთან და რომელიც „ივერიის“ წინა ნომერში იყო მოხსენებული, თავისის მთავრობისათვის სულეიმან-ფაშას მიუწერია, რომ ხსენებულს დღეს ელენის სიმაგრეები რუსებს ფუად-ფაშამ წაართო და რუსებმა უკან დაიწივეს ტირნოვისაკენაო. სულეიმან-ფაშის სიტყვით ოსმალთა მხრით ყოფილა სამი ბრიგადა და რუსის მხრით კი 46 ბატალიონი ქვევითი ჯარი 24-ის ზარბაზნითა. ოსმალოს ჯარმაო ჯერ მარენა დაიჭირაო და მერე თანდათან დაიპყროვო ელენის სიმაგრეებიცაო.

აი მუხთარ-ფაშას რა მოუხსენებია ოსმალთა სამხედრო. მინისტრისათვის იმ უკანასკნელ ომზედ, რომელიც ჩვენებს ქონდათ არზრუმთან 9 ნოემბერსა: „დღეს დილის სამის საათის ნახევარზედ რუსებმა იერიშისათვის ორი რაზმი დააწყეს; ერთს უნდა ტყუილი იერიში მოეხდინა და მეორეს კი — მართალი, პირველი რაზმი მიემართა აბდურაზმან-გაზის სიმაგრეს, არზრუმის სმხრეთ; აქ იყო ჩვენის მხრით სარდლად იზმაილ-ჰაკკი-ფაშა. მეორე რაზმი დაეცა აზიზს, რომელიც ნაწილია თოფ-დაღის სიმაგრისა. აქ ჩვენის მხრით სარდლად იყო ჰასსან-თაჰსინ-ფაშა. რუსნი სიბნელის შემწეობით წამოვიდნენ წინ იმ განზრახვით, რომ დაეპყრათ ერთი მხარე აზიზის სიმაგრის მარცხნივ. ეს მხარე ეჭირა ჩვენს ერთს ბატალიონს, მაგრამ ამ ბატალიონმა ვერ გაუძლო, რუსნი შემოვიდნენ, დაიჭირეს ის მხარე და მთელი ბატალიონი ტყვედ დაინარჩუნეს. პოდპოლკოვნიკის ბეხრი-ბეის ბატალიონმა, რომელიც იქავ ახლო. სიმაგრეში იდგა, ძალიან ხერხიანად და მედგრად იმოქმედა, ასე რომ რუსებს გარს შემოერტყა, მოიმწყვდია, ისევ დაიბრუნა სიმაგრე და გათენებამდე შიგ იდგა. როცა მას შემდეგ ის სიმაგრე ისევ რუსებმა დაიპყრეს, მე მაშინვე მივაშველე ორი ბატალიონი ქვევითა ჯარის ღენერალ კუპიდან მაჰმედ-ფაშის წინამძღოლობით. ეს ბატალიონები მისვლისვე უმალ მიესივნენ რუსებს, შეუცვივდნენ სამაგრეში და შტიკებით შეუტიეს. სიმაგრის შიგნით ადგილი აივსო მტრის მკვდრებითა და ჩვენი ერთი ბატალიონი ტყვედ დარჩენილი გამოხსნილ იქმნა. იქ ახლო-მახლო მყოფმა რუსის ჯარმა რაკი შეიტყო, რომ ჩვენ სიმაგრეები ისევ უკან წავართვით, მაშინვე დაფთხა და უკან წავიდა. ცხენოსანის ჯვარის ღენერლები ჰასან-თაყსი-ფაშა და მუსა-ფაშა მტერს უკან გამოუდგნენ და სულ დევე-ბოინამდე თოფის სროლით სდიეს. მივიდნენ რუსნი დევე-ბოინთან თუ არა, შეიკრიბეს ძალა და უკუაქციეს ჩვენი ჯარი. მას შემდეგ ჩვენმა ჯარმა ხელახლად შეუტივა რუსებს და ხელახლადვე უკან დევე-ბოინასაკენ დაჰსწია რუსნი. იერიში იზმაილ-ჰაკკიფაშის ჯარის წინააღმდეგ ტყუილი გამოდგა. რუსებმა ვერ გაუძლეს ჩვენს მთის-ზარბაზნებს, რომელნიც იდგნენ. გიუმიუშლი-კიუმ-ბეთის სიმაგრეზედ და თავის გადასარჩენად გაიქცნენ და გავიდნენ ვიწრო გასავალში, საცა აბდურახმან–გაზის აკლდამაა და აქედამ მიიმალნენ მთებში. ამ ომის დროს არზრუმიდამ გამოვიდა ქუდზედ-კაცი, ბაშვებიც კი და გვშველოდნენ ჩვენ ჩვენის მტრის წინააღმდეგ“.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. მაკ-მაჰონს ძალიან გაუჭირდა საქმე. პალატა სახელმწიფოს ხარჯის ფულს არ აძლევს და მაკ-მაჰონმა და მის ნაცარქექია სამინისტრომ არ იცის რა ჰქმნას. საწყალი მაკ-მაჰონი, რომელსაც ბურთსავით ათამაშებენ ხელში ხან ბონაპარტიელნი, ხან კლერიკალნი, ტოკავს და ტრიალებს როგორც ბუმბული კუდიანის ქარისაგან. ხან იძახის, რომ თუ ბრძოლა უნდაო პალატს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებო პალატის წინააღმდეგ, ზან იძახის რომ მე მორიგებაზედაც შორს არა ვარო. რასაკვირველია ამდენს ტოკვას და უთავბოლო ტრიალს მაკ-მაჰონისას ბოლო მალე მოეღებოდა, თუ რომ სენატის იმედი არა ჰქონდეს. სენატში, როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა თითქო მაკ–მაჰონისაკენ არის. ეს დამტკიცდა მით, რომ ამ უკანასკნელს დროს ორის სენატორის არჩევანი იყო და ორივე მაკ-მაჰონის პოლიტიკის მომხრე ამოირჩივა სენატმა ცამეტისა, თუ თქვმეტის ხმის გარდამეტებით. ამ ამბავმა ძალიან გული გაუკეთა თურმე მაკ-მაჰონს და იმედი განუმტკიცა, რომ თუ ვინიცობაა საქმე ამ პალტის გადაყენებაზედ და დაშლაზედ მიდგაო, სენატი უარს არ მეტყვის მაგაზედო. მაგრამ მაკ-მაჰონს ეძნელება. ჯერ სანდო პალატის დაშლა მოითხოვოს; ხალხის არევის და ანღრევის შიში აქვს. გარდა ამისა ხმა დადის, რომ თუ სენატმა მაკ-მაჰონს ეგ წადილი აუსრულაო, პალატი თავისის ნებით არ დაიშლებაო და რამოდენადაც შეიძლება თვის ღირსეაბას, თვის მოვალეობას ხალხის წინაშე ფეხ-ქვეშ არ გაუშლის რესპუბლიკის მტერსო, ერთის სიტყვით, არ დაემორჩილებაო არც სენატს და არც მაკ-მაჰონს, რომელნიც ამ შემთხვევაში საფრანგეთის სურვილის წინაააღმდეგად გამოჩნდებიანო. ყოველ მხრიდამ წერილები მოჰსდის და თხოვნა მაკ-მაჰონს შენს პოლიტიკას თავი დაანებეო, საქმეს უკანასკნელ განწირულებამდე ნუ მიიყვანო და ამით დაიხსენო ვაჭრობა, სარეწაობა და თვითონ ხალხიცა იმ ზარალისაგან, რომელშიაც შენმა პოლიტიკამ ჩააგდოო. საფრანგეთის ხალხი, ― გაზეთების შემწეობით თუ ისე, — ხმა მაღლა თხოულობს, რომ მაკ-მაჰონი დაემორჩილოს პალატს, როგორც ხალხის წარმომადგენელს კრებას, და მარტო პალატის სურვილს აჰყვეს.

რა არის მიზეზი განსეთქილებისა მაკ-მაჰონისა და პალატის შუა? მრავალთა მიზეზთა შორის, რომელთაც ცხადად, თუ ფარულად, საგნად აქვთ რესპუბლიკის დამხობა, ერთი უმთავრესი ის არის, რომ ბროლი-ფურტუს სამინისტროს დამხობის შემდეგ, მაკ-მაჰონმა ამოირჩია ახალი მინისტრები, იმისთანანი, რომელნიც არ ეკუთვნიან არამც თუ უმრავლესობას პარლამენტისას, არამედ არც რომელსამე წყობას, არც სენატისას და არც პალატისას. ამ გვარი მოქმედება მაკ-მაჰონისა ნიშნავდა მას, რომ კონსტიტუციის წესი, ხალხის სურვილი, ხალხის წარმომადგენელნი მაკ-მაჰონს არაფრად მიაჩნია. ეს უდიერობა მაკ-მაჰონისა იგრძნეს მათ, ვისთვისაც ყოველივე ზემოხსენებული წესი, ხალხის სურვილი, წარმომადგენელობა ფუჭ სიტყვათ არ მიაჩნიათ, არამედ თვის უწმინდაესს მოვალეობით, თვის საკუთარ ღირსებათ და პატივათ. მაკ-მაჰონის წინდაუხედაობას რესპუბლიკელთა ეს პასუხი მისცეს: ჩვენ ხალხის წარმომადგენელთ შენ არაფრად გვაგდებო, მაშ ჩვენც შენს სამინისტროს არაფრად ჩავაგდებთო. და მასთან არა რა საქმეს არ დავიჭერთო. თუ კიდევ გაგვიძალიანდებიო. არც ფულს მოქცემთო, რომ სახელმწიფო საქმეები აწარმოვო და ჯამაგირები ურიგო შენს ყურ-მოჭრილს ხელისუფალთაო. შაფუცხუნდა ამაზედ მაკ-მაჰონი და მისი სამინისტრო. ბევრი მუქარა გაუწია, ბევრი იფირეს, რომ თუ მაგ წინააღმდეგობაზედ დადგებითო ხელახლად დავითხოვ პალატსო და ახალს ამოვარჩევინებო. ამასაც წამალი უპოვა პალატმა და პასუხად ეს გამოაცხადა, რომ პალატის დათხოვნის საქმე გადაწყდებოდეს ხოლმე სენატში არა მარტო ერთისა და ორის ხმის გარდამეტებით, არამედ მთელის სენატის ორი მესამედის ხმითა და ეს ჩვენი გარდაწყვეტილება კანონად უნდა დაიდვას საკულაოდაცაო.

ბოლოს მაკ-მაჰონს საქმე ისე გაუძნელდა, რომ იფიქრა მოურიგდე ისა სჯობიაო და შეუდგა იმისთანა სამინისტროს შედგენას, რომელიც პალატის უმრავლესობას ეკუთნება. დაიბარა თავისთან ზომიერი რესპუბლიკელი დიუფორი და ჰსთხოვა შუამავლობა იკისრეო და როგორმე მოგვარიგეო. მე და პალატიო, მაკ-მაჰონმა ესეც დაუმატა, პალატმა გარკვევით გამოაცხადოსო. რა სურსო და იმისთანა პირობასაც ნუ დამიდებსო, რომლის აღსრულებაც ჩემთვის შეუძლებელი და სათაკილო იქმნებაო. დიუფურს მოეხსენებინა, რომ ყოველს ღონისძიებას იხმარებს რათა მორიგება ჩამოაგდოს. მაგრამ დიუფურს პირველ ხანში მოუცდა მორიგების ჩამოგდება. რესპუბლიკელთ იმისთანა პირობები გამოაცხადეს, რომ მაკ–მაჰონმა არ იყაბულა. აი რა პირობებია, შედგენილი დიუკლერისაგან და მოწონებული გამოჩენილთა რესპუბლიკელთაგან 1) სამინისტრო უნდა შეჰსდგეს პალატის რესპუბლიკელთ დასის წევრთაგან და მიეცეთ სრული თავისუფლება მოხელეების გარდაყენებასა და გამოცვლისა; 2) მეექვსე მუხლი კონსტიტუციისა შეიცვალოს ისე, რომ პალატის დათხოვნის საქმე სენატში გადაწედებოდეს ორი-მესამედის ხმის უმრავლესობით; 3) რესპუბლიკა აღირებულ იქმნას საუკუნოდ და საბოლოოდ, ასე რომ ყოველივე შეურაცხება მისი და მის წინააღმდეგ შეთქმულობა ბონაპარტიელებისა და მოსარსიელებისა დევნილ იყოს სასტიკად.

უმრავლესი ნაწილი რესპუბლიკის დასისა ამ პირობებს მიემხრო, მაგრამ ხმა გავარდა, რომ მეორე მუხლი ამ პირობებისა ვერ ეჭაშნიკა მაკ-მაოჰნსო, დიუფურს, ოდიფრე-პაკიეს შემწეობით, შეუდგენია თვისი პირობები და გაუსინჯინებია მაკ-მაჰონისათვის და ამ პირობებიდამ გამოურიცხავთ ის მუხლი, რომელიც არ მოჰსწონებია მაკ-მაჰონს.

უსათუოდ ამ დიუფურის პირობებზედ დათანხმებულან. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ამ ბოლოს დროს ტფილისში ამბავი მოვიდა მაკ-მაჰონმა დიუფორი ამოირჩივა პირველ მინისტრათო და მას მიანდო სხვა მინისტრების ამორჩევაცაო. თუ ესეა საფრანგეთი ცოტად მაინც დამშვიდდება.

ინგლისი. 29 ნოემბერს ინგლისის გაზეთებს დიდი ლაპარაკი ქონიათ პლევნის აღების თაობაზედ. იქიდამ მოსული დეპეშა, დაბეჭდილი რუსულ გაზეთში ««Московскія вѣдомости»»-ში გვაცნობებს, რომ ყველა გაზეთები ოსმალოს ერთ ხმად ურჩევენ შერიგებას. ინგლისის გაზეთი „Times“ ქადაგობს, რომ ეხლა ძალიან მარჯვე დროაო შუამდგომლობისათვის და იმედს აცხადებს. რომ ინგლისის მთავრობა ყოველ მეცადინეობას იხმარებს ამ შუამდგომლობისათვის. გაზეთი „Daily Telegraph“ იბრძვის მისთვის, რომ მთელმა ევროპამ იკისროს საერთოდ ეგ შუამდგომელობა „Standard“ და „Morning Post“-ი ამბობენ, რომ ინგლისის ინტერესების საქმე დიდს განსაცდელშიაო.

გერმანია. ბერლინიდამ რუსულ გაზეთებში იწერებიან, რომ, ნემენცების გაზეთების სიტყვით, გერმანიას და ავსტრიას ამ უკანასკნელს დროს ლაპარაკი ჰქონიათ ცალკედ მორიგებაზედ რუსეთისა და ოსმალოს შორის. ეს ორივე სახელმწიფო მორიგებულან ერთმანეთში და დამყარებულან მასზედ, რომ მარტო რუსეთმა და ოსმალომ უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში და სხვის გაურევლად გაათავონ საქმეო. ავსტრიამ გული დაარწმუნაო, რომ ინგლისი მარტო თავისის საკუთარის სარგებლობისთვის იღვწისო და ავსტრიის სარგებლობას არას დასდევსო და ამიტომაც ავსტრია უფრო დაუახლოვდა გერმანიასო. ეხლა ინგლისი იმისთანა მდგომარეობაში არისო, რომ ძალა-უნებურად უნდა მიემხროს მას, რასაც მოინდომეს ავსტრია, გერმანია და რუსეთიო.

ოსმალეთი. ყოფილს დიდს ვეზირს მიდჰად-ფაშას ერთის თავის ნაცნობისათვის წიგნი მიუწერია, რომელშიაც ის ურჩევს ოსმალოს მთავრობასა, არამც და არამც ცალკე რუსეთთან მორიგებაზედ ლაპარაკი არ დაიწყოსო; ეცადენით რომ ევროპიის უმთავრესნი სახელმწიფონიც გაერივნენ მაგ საქმეში, თორემ ოსმალეთი დიდ განსაცდელში ჩავარდებაო. ვენის გაზეთს „Presse -ს მოსვლია ცნობა სტამბოლიდამ, რომ ქუჩებზედ გამოკიდებული იყოო განცხადებანი, რომელშიაც ხალხი შერიგებას თხოულობსო. ეგ განცხადებანი ასე მოჰსწონებია ხონთქარს, რომ დაუბარებია პოლიციის უფროსი გამდი-ფაშა, მადლობა უთქვამს და უჩუქებია მშვენიერ ეტლი თავისის გამართულობით და ცხენებითა თავისის საკუთარის საჯინიბოდამ, ყველანი ამბობენ, რომ ეგ განცხადებანი მაჰმუდ დამატის წყალობით არისო გამოკიდებული ქუჩაზედ იმ აზრით, რომ ხალხის ყური შურიგების ხმას მიაჩვიოსო.

ამ უკანასკნელს დროს უწინდელის ხონთქრის მურადის მომხრენი ძალიან ბეჯითობას იჩენენ და ცდილობენ მის ტახტზედ აყვანას ხელახლად ხმა დაჰყარეს ხალხში, რომ ეხლანდელი ხონთქარი დროებით არის. ეგ იმ დრომდე დააყენეს ხონთქრის მოადგილეთო, ვიდრე უწინდელი ხონთქარი მურადი სნეულებიდამ განთავისუფლდებოდაო. რადგანაც ეხლა მურადი სრულიად კარგად არისო, ამიტომაც დროაო სახელმწიფო ტახტი ისევ ამას ჩაბარდესო, ამბობენ, რომ მურადის ტახტზედ აყვანის სურვილმა ფეხი გაიდგა დაბალ ხალხშიაცაო.

პეტერგურგიდამ მიწერილ წიგნში, რომელიც დაბეჭდილია ვენის გაზეთში „Wiener Abendpost“-ში, ჰსწერია, რომ რუსეთს შემდეგ პირობებზედ სურს ოსმალოსთან მორიგებაო: ოსმალომ აზიაში ბათომის ნავდ-სადგური უნდა დაჰსთმოსო, სომხეთი (არმენია) რუსეთს ხელში უნდა ეპყრასო იმ დრომდე, ვიდრე ოსმალეთი ამ ომების ხარჯს უზღამსო რუსეთს; ევროპაში რუსეთს არაფრის დაპყრობა არა სურსო, ხოლო ყველგან განთავისუფლებულ სლავიანთა ქვეყნებში უნდა ქრისტიანული მართებლობა დაიდგინოსო, ქრისტიანთაგანი მთავარი ვინმე მიეჩინოსო მმართველად და ყველა ეს ქვეყნები ევროპამ თვის მფარველობას ქვეშ უნდა მიიღოსო.

ავსტრია და ვენგრია. ვენის ოსმალთა მომხრე გაზეთები ძალიან ემდურიან ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის დერბის, რომ ამას წინად ოსმალოს სასარგებლოდ არ წარმოჰსთქვა სიტყვა და მით იმედი დაუკარგა ინგლისზედ ყველას ვინც კი მომხრე იყო ოსმალეთისა. ვენის გაზეთი „Neue Freie Presse“ ამბობს რომ ინგლისის მინისტრი მაგაზე უარესის სულდაბლობით ვერრას იტყოდა აღმოსავლეთის საქმისა და ინგლისის პოლიტიკის თაობაზუდაო. გაზეთი „Morgen Post" ამბობს, რომ პატივცემული ლორდ-დერბიო. სწორედ ჩვენი ანდრაში გახდაო. დერბის სიტყვა ძალიან ჰგავსო ანდრაიშის უფერულს და გაუბედავს პოლიტიკასო. ერთი გაზეთი კიდევ ამბობს, რომ ამას იქით ოსმალომ სრულად იმედი უნდა გადიწყვიტოს ინგლისზედაო, როგორც გადაწევეტილი აქვს ავსტრიაზედაო. გაზეთი „Frem-denblat“-ი კი ამბობს შემდეგს: „ჩვენ თავის დღეში სხვას არას მოველოდით ინგლისისაგან, ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ინგლისის პოლიტიკა მარტო თავის საკუთარის სარგებლობის დაცვას და განვითარებას ეცდებოდა. ამის გამო ჩვენ სიხარულით ვხედავთ ეხლა, რომ აღმოსავლეესთის საქმის დაწყების დღიდამვე ჩვენი მთავრობა ერთს წუთსაც არ შემცდარა ინგლისის მთავრობის განზრახვის თაობაზედ. ჩვენ ვცხოვრობთ იმისთანა დროში, როცა ყოველი ჩვენგანი მარტო თავისთვის ჰფიქრობს და საკუთარს სარგებლობას დაეძებს. ინგლისის მინისტრები ხმა მაღლა ჰქადაგობენ ამისთანა და წესსა და ეგ დროთა ბრუნვის ნიშანია. დერბის სიტყვაში ჩვენ ყველაზედ მეტად ის მოგვეწონა, რომ ავსტრია რუსთა წინააღმდეგ ფეხსაც არ წარსდგამდაო, თუნდა თვით ინგლისიც ამისთვის მხარის მიცემას დაჰპირებოდაო. რაც გამოვცადეთ მეტად ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ მაგ გამოცდილებამ ნაყოფი კი მოგვიტანა. ამ დღიდამ ჩვენ აღარა გვსურს ჩვენის ხელით ღველფიდამ წაბლი გამოვიღოთ სხვისათვის.“

ღირს საცნობია, რომ ამ ბოლოს დროს ავსტრი-ვენგრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრაშიმ, ამბობენ, წარმოსთქვაო თვისი აზრი აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ გარკვევით და გადაწყვეტილად. მას უთქვამს ვითომც, რომ ხელშეკრულობის წერილებთან ერთად სხვა საგანიც არისო, სახელდობრ, ძალ-ღონე, რომელსაც ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვაო და თვით ხელშეკრულობის წერილის აღსრულებაც იმოდენად შესაძლოა, რამოდენადაც დამყარებულია ძალ-ღონეზედაო. სამთა იმპერატორთა (რუსეთისა, ავსტრიისა და გერმანიისა) ზავის შესახებ ანდრაშის უთქვამს შემდეგი: „ჩვენი სახელმწიფო სრულიად ხელგახსნილი და თავისუფალია და თავის ბედს როგორც უნდა, ისე აწარმოებსო; არც ერთს სახელმწიფოს ევროპიისას არ ძალუძს ისე მტკიცედ დაიმედებული იყოს, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნილებანი აღსრულებულ იქმნებიან, როგორც ჩვენი სახელმწიფოა დაიმედებულიო..“ როცა ანდრაშიმ დაიწყო. თურმე მესამზღვრე წვრილ სახელმწიფოებზედ ლაპარაკი, პირ-და-პირ და აშკარად გამოსთქვა, რომ შეუძლებელი საქმეა საქრისტიანო ხოლხნი აღმოსავლეთისა ისე ცის ანაბარად დარჩესო: განა ავსტრი-ვენგრიას კი არა აქვს გულის ტკივილი მთის კეთილ-დღეობისათვის; განა ჩვენი ინტრესები იმას მოითხოვსო, რომ ოსმალოს ზურგი მივცეთო და ამით იმავე მდგომარეობაში დავარჩინოთო, როგორც ომამდე იყოვო ანდრაშის პირ-და-პირ გამოუცხადებია, მე სინიდისი ნებას არ მაძლევსო. თავი გამოვიდოო, რომ ოსმალეთი ისევ იმ ოსმალეთად დარჩეს, როგორადაც აქამომდე იყოვო; ჩვენის სახელმწიფოს ძალღონეს ვერ გამოვიმეტებო. იმისთანა საქმისათვის, რომლის სიმართლე და აღსრულება არა ჰსწამს არც ერთს სახელმწიფო კაცს ევროპაში და თვით ოსმალეთშიაცაო.

თუ ეს ყოველივე მართალია და არ არის მოგონილი გაზეთებისაგან, ცხადია, რომ ოსმალეთს დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს ავსტრიისა. ავსტრიას, რასაკვირველია, კარგი ლუკმის მოლოდინი ექმნება თუ რომ საქმე ოსმალეთის გაწეწაზედ მიდგა. თუნდაც ოსმალეთის სულის ამოხდამდე არ მივიდეს საქმე, და ჩვენის ფიქრით უეჭველია ესეც მოხდება, მაინც ავსტრია კლანჭს გამოსდებს რომელსამე ოსმალეთის კუთვნილებას. ამბობენ, ავსტრია მუშტრის თვალით უყურებსო ბოსნიას იმის ხელში ჩაგდება უნდაო, მაგრამ ჩეხების გაზეთები ამბობენ, რომ ბოსნიელებმა გამოაცხადესო, ჩვენ ამდვენა სისხლი დავღვარეთო და გვინდაო. თავისუფლად ყოფნაო. ჩვენ თუ რამ გვინდა ისევ ჩვენს თვისტომ სერბიასთან შეერთება გვინდაო. ყოველი ჩვენი თანამემამულეო, რომელსაც ეს არ სწადიან და სხვას რასმეს ფიქრობსო, ჩვენ გამოგვიცხადებია ქვეყნის მგმობელად და მოღალატეთაო. ჩვენ ფიცი დაგვიდვინო იარაღით ხელში წინააღუდგეთო. ყოველს იმას, ვინც კი მოინდომებს ჩვენის თავისუფლების და სიმართლის ჩამორთმევასაო. რომელიც არა სცემს პატივს ჩვენს თავისუფლებას და სიმართლეს, იმან თუნდაც დღეში ასჯერ ილოცოს, ქრისტიანულად, თუ მაჰმადის წესით, — მაინც ჩვენი სისხლის მსმელი იქმნებაო.

4 მუშა ხალხის მოძრაობა დასავლეთ ევროპაში და მის გამო ფიქრი ჩვენ ხალხზედ

▲ზევით დაბრუნება


მუშა ხალხის მოძრაობა დასავლეთ ევროპაში და მის გამო ფიქრი ჩვენ ხალხზედ.

„საზოგადო სენის წინ დასწრება ან მოსპობა შეუძლებელია, თუ არ გილაპარაკებთ მასზე გულ-ახდილათ.“

ჯ. სტ. მილლი.

I.

საზოგადო სენი, რომელზედაც მე მინდა აქ ვილაპარაკო — საშინელი რამ სენია. ეს სენი მოედვა მთელ ევროპას; ათასობით და ასი ათასობით ისტუმრებს უბრალო ხალხს უდროოდ სამარისაკენ; სულთამხუთავივით უჭერს კისერში თავის კლანჭებს ბოვშს, მოზდილს, მოხუცს, ქალსა და ვაჟსა და უმწარებს სიცოცხლეს; გირგალივით დასტრიალებს მათშორის და ატიალებს ნიადაგს ცხოველის ადამიანისს, ავისა და გარყვნილების სნეულებით ჰსჭამს, სწოწნის და ალპობს მათს ცოცხალ გვამებს, უკარგავს ადამინის სახეს და ადამიანს ხდის პირუტყვათ. ამ სენს სახელით ჰქვია — პროლეტარიობა. პროლეტარი ნიშნავს უადგილ-მამულო, უქონო. მუშას, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან, ბოგანას. ბოგანა კაცს, პროლეტარის, გართხმული აქვს თვისი მარჯვენა გასასყიდად: მას შიმშილი იძულებულ ჰყოფს მიიღოს ყოველნაირად დატვირთული პირობა, ოღონდ შიმშილით არ მოვკვდეო.

ეს სენი ახლა რამ არ არის. რომის ისტორიის ფურცელი ცხადად გვიხატავს ამ სენის სურათს თითქმის იმ ნაირადვე გვიხატავს, როგორადაც ახლანდელ მუშა-ხალსის მდგომარეობას გვამცნებენ ეხლანდელი მეცნიერთ ნაწერნი. თავათ სიტყვა: პროლეტარიატი (Proletarias) ლათინურია, ასე რომ რომი ჭეშმარიტად იწოდების მის აკვნათ და ბუდეთ. აქ იწყო მან პირველათ ბუტ-ბუტი, რომელიც ბოლოს გადიქცა ლომის ღრიალათ; დღე და ღამ იბრძოდა თავის კაცობრიულ უფლებებისათვის და დაიცვა კიდეც, მაგრამ მაინც უმიწა-წყლოთ დარჩა. ყოველნაირი სამოქალაქო უფლებები მოიპოვა და ამ მხრით, შეუსწორდა მაღალ საზოგადოებას, მაგრამ მაინც ღრიალებდა: Panis et circenges: პური და ცირკიო (გასართობი რამე). ამას გამოძიებას დროც უნდა და მასალებიც მე ეხლა არც ერთი მაქვს და არც მეორე შემდეგ როდისმე, შეიძლება მაგასაც მოვკიდო ხელი, თუ დავინახეთ საჭიროთ მე და „ივერიის“ მოხელეებმა. მანამდის საკმაოდ ვრაცხს გაკვრით გადავავლო თვალი მის წყაროს და გზას, რომლითაც ეს თავდაპირველ პაწია ღელე თან-და-თან გადიდებული და გაზვიადებული ჩაერთვის ეხლანდელ პროლეტარიობის მორევსა.

ვინ იცის, რომის პროლეტარიობას არ დასცალდა, თუ არ ჰქონდა იმდენი ძალა, რომ მთლად მიეხწივა თვისთა განზრახულ საგნამდე, ე. ი. ეშოვნა საკუთრებაც; - ეს კი აშკარაა, რომ პროლეტარიობის საქმე არ გადაწყვეტილა მაშინ. იმ დროს მოაწვა ველურის ხალხის ურდო რომის სამფლობელოს და შელეწა მისი კარები; მისრის-მოსრისა იქაურობა და დაადგინა ახალი წერილება და კანონები ყველაფერი დამყარდა ძალაზე. გამარჯვებულები შეიქმნენ ბატონებათ და უფროსებათ; დამარცხებულნი მათ შინაყმათ და ქვეშევრდომთ. შეჰსწყდა აღებ-მიცემობა, ხელოსნობა და სარეწაობა: აირ-დაირია მყუდრო და მშვიდი განწყობილება: დაიმხო. დიდი ქალაქები და აირივა მათთან განუშორებელი პროლეტარიობაც. პროლეტარიობის დედა დიდი ქალაქებია, თავის ხელოსნობით და წარმოებით; მხეცურ ხასიათს ესეები ვერ იშვნევენ. პროლეტარიონამ თავისი ტვირთი გადასცა სოფლის გლეხ-კაცობას. ამ უკანასკნელს დარჩა სასარგებლოდ ადგილ-მამული, მაგრამ ვაი მისთანა დარჩენას! ღალა და ბეგარა ჭაპანს აწყვეტინებდა. ამას დაემატა კიდევ ის, რომ ყოველნაირი სამოქალაქო უფლებანი, რომელნიც პროლეტარიობის მოპოებული ქონდა — გლეხ-კაცობას ჩამოერთო ასე რომ ხელმეორეთ შექმნა მოსაპოებელად. მაგრამ იმისთვის ვის ჰქონდა დრო საშუალ საუკუნეების დასაწუისში? გლეხ-კაცების სუსტ ხმას ვინ გაიგონებდა იმ გაცხარებულ და მხეცურ დროთა ტრიალში? მაშინ სულ სსვაზედ იყო მიქცეული ყურადღება.

გამარჯვებულმა ხალხმა დაჰბადა თავის გვამიდგან ერთის მხრით მთავარნი თავისას ამალით, ვასალლებით, რაინდებით; და მეორეს მხრით მაღალი წოდების სამღვდელოება — მოთავე პაპით. შეიქნა ბრძოლა და ქიშპი მუდმი და შეუწყნარებული ერთის მხრით ეკკლესიებს და სახელმწიფო. შუა, ესე იგი, მღვდელსა და მოეკლა შუა, ბატონობაზე, და მეორეს მხრით მთავრებსა და რაინდებს შუა, მთელი საშუალო ისტორიის აზრი ამ ბრძოლაზე და ქიშპზეა დამყარებული. ეს აზრი ნამდვილად გამოხატულია ამ სიტყვებით: Homo homines lupusest - კაცი კაცისთვის მგლათ გადიქცაო, რა ადგილი ეჭირა ამ ტრაგედიაში გლეხ-კაცობას? ძრიელ საცოდავი და არა სანატრელი ეს იყო. მსხვერპლი ყოველის აყალ-მაყალისა და დავი-დარაბისა. ერთი რაინდი დაეცემა მეორეს. ეს შეიკეტება თავს კოშკში. მაგრამ ამითი არ თავდება საქმე. პირველი ამოსწყვეტს, გადასწვავს მის გლეხ-კაცებს; გაუოხრებს ენებს, და დაბრუნდება სახლში გულშეჯერებული. გლეხ-კაცობას მაშინ იმისთანა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც რაიმე საქონელსა გლეხ-კაცის ოჯახში, არც მეტი არც ნაკლები, მას ყავდა ათასი ბატონი, რომელიც როდისაც ინებებდა, მაშინ ამოართმევდა სულს. ამისათვის საჭირო იყო, რომ სცოდნოდა რომელიმე ერთი მათგანი ნამდვილ ბატონად და მსახურებოდა მას. ერთი რომ უფრო ადვილად ემსახურება ერთ ბატონს, ვინემ ასს; და მეორე, თუ გაჭირდა, ამ ერთის მოშორება თავიდამ უფრო ადვილია, ვინემ ასისა. ამ მხრით, რასაკვირველია, ტყილად არ ჩაუვლია რამოდენიმე საუკუნეების წეწა-გლეჯას. ბოლოს როცა იქნებოდა ხომ უნდა გაემარჯვნა ამ ასში ერთსა რომელსამე. ეს ერთი პაპი იყო.

პაპის მედიდურებამ და თვალ ახვეულმა სიამაყემ ყველას მოაბეზრა თავი. სულიერი მამა, წოდებული ქრისტეს მოადგილედ ამ ქვეყნიერობაზე, ხმარობდა სრულიად შეუფერებელ ღონეს თავის ღირსების დასაცველად მან ააყროლა მთელი ევროპა დამწვარის კაცის ხორცის სუნითა და ათასით სხვა ავკაცურის მოქმედებითა, რომელნიც არ ღირს მოსახსენებლად. მან გადააფინა ბადე მთელ ევროპას, სახელდობრ — ეზუიტობა და მკვიდრად ჩაჰკიდა გრძელი ბრჭყალები თავის მდიდარ მსხვერპლს. ამ ბადეს ვერ ეხებოდა რაინდების და კაროლების ბასრი, რადგან სულ სხვანაირი ძაფებით იყო ნაქსოვი ზნეობით ძალას ნაჯახით ვერ გაეკაფავ; მას უნდა თვისი საფერი იარაღი, და აჰა გამოჩნდენ აზრის გმირები; ამათ მიჰყვეს ხელი პაპის ძლიერების დამხობას; იგინი არ შეუშინდენ იმ ცეცხლის ქურას, რომელშიაც უნდა დამწვარიყვნენ. ეკლის გვირგვინი მწვავია, მაგრამ ყოველთვის მიმზიდველია გმირთა-კაცთათვის. ამ საგანს ჰქონდა, აქვს და ექმნება კიდეც მისთანა მნიშვნელობა, რომ ასე ადვილად ვერ შეელევა კაცობრიობას. შეიძლება ეს გვირგვინი დაბნელდეს, ანუ გამშვენიერდეს, სხვა სახე მიიღოს, მაგრამ თავის წარმტყვეველს ძალას არ დაკარგავს, სანამ ისტორია არსებობს. ეკლით მოსილნი გმირები: ჯორდანო, სავანაროლლა, ვიკლეფ, გუსი უმოწყალოდ ჰსწეწდენ და ჰგლეჯდენ პაპის ბადეს. ბოლოს ლიუტერმა დასცა მეხი პაპას და შემუსრა ეს საშინელი ვეშაპი. რაც ვერ შესძლო ნაჯახის ძალამ, ის გაიტანა ზნეობითმა.

მაინც კიდევ საკმაოდ დარჩა. გლეხკაცის კისერზედ ტვირთი. აუარებელი რაინდები, წვრილი და სხვილი მებატონეები სვავივით დაჩხაოდნენ კიდის-კიდემდე. მჯილის (მუშტის) უფლება ძრიელ გავრცელებული იყო მაინ კიდევ. რაინდები მტაცებლობდენ და ფირალობდენ, ჩხუბობდენ და იკლებდენ გლეხებსაც და სხვებსაც. კაროლები თავდაპირველად ძრიელ სუსტნი იყვნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გამძლავრდენ და ჩალაგმეს თვით-რჯული აზნაურები და თავადები. თითქმის იმავე დროს ილაჯგაწყვეტილმა და გაქელილმა გლეხ-კაცობამ იწყო შმაშური. შვეიცარიაში მან აიღო თვისი ფარ-ხმალი თავისუფლებისათვის და გარეკა მტარვალი მეუფლეები თავისის ქვეყნიდგან. იფლანდრიაში დიდი ხანია იბრძოდნე და იდევნებოდნენ რაინდთაგან. გერმანიაში ლიუტერის დროს იგრიალა გლეხ-კაცების ომებმა და მიამტვრივ-მოამტვრია მებატონეების სახლ-კარი და კოშკები. ამ სახით დაცემულმა და დავარდნილმა ადამიანმა წამოჰყო თავი კაცობრიულის უფლებათათვის, რომელნიც მათთვის საჭირო იყო, როგორც ეხლა პროლეტიარიობისათვის— სახლ-კარი მიწა-მამული, ანუ სხვა რამე საკუთრებაა საჭირო.

(შემდეგი იქნება.)

9 ოკტომბერი 77 წ.

ციურიხი

5 პროვინციის მეთვალყურეს შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


პროვინციის მეთვალყურეს შენიშვნები

პროვინციის მეთვალყურეს შენიშვნები

წერილები მეგობართან

(ვუძღვნი ჩემს მეგობარს ვ-ს)

III.

ჩემ გულ-ანჩხლს მკითხველს გაუკვირდება, როგორც წინა წერილშიაც მოვიხსენეთ, და ტუჩის აბზუკვით იტყვის: „სათაური რა აქვს და რაზედ ლაპარაკობსო; ის რომ მეგობრის წერის გადაებიროს, ჩვენის სიამოვნებისა რა ბრალიაო!“ ვიცი ამას იტყვით, რა ვქნა, ნათქვამი: ხმა ღვთისა და ხმა ერისაო; აღარ მოვიყვან მეგობრის წერილს, თქვენ შემოგწირავთ, მკითხველო, და შენ, ჩემო მეგობარო, ვიცი არ გეწყინება; შენთვის ისიც დიდი რამ არის, რომ წერილით იმოქმედე! - ჩემო მეგობარო, მაშ დავიწყოთ: დიდი ხანია მინდოდა ამ ჩემის უდაბნო ქართლის აღწერა; მსურდა გამეცნო თქვენთვის ხალხის ცხოვრუბა. აქ უნდა იცოდეთ, ხალხი ძალიან ცოტაა, ძალიან, უფრო დათვები, ტურები, მგლები და მელებია, მელებს ხომ ვერ აუქცევს კაცი ფეხს . ჰაერი, სიტყვით, მთელი ბუნება, ამ ჩვენ უდაბნოში მშვენიერია. ყველაი რით შემკობილი ყოფილა, მაშ რაღად უძახის უდაბნოსო?! — პირველი წერილი წაიკითხეთ? ჯერ ეს მითხარით. მაგრამ ეს რა საჭიროა, – იმიტომ ვეძახი, რომ ხალხი ცოტაა.

დიაღ, ბუნება უმშვენიერესია ამ უდაბნოში; გარეშემორტყმულია უდაბნო მაღალის მთებით, რომლებიც პირ-მქუშად დაჰბღვერიინ მცხოვრებლებს, თითქოს უნდათო გადმოგორდნენ და გაანადგურონო, შიგა და შიგ გველივით გახლახნილან სერები, აბიბინებულნი სუნელოვანის ყვავილებით; მთებს შორის გაწოლილან მინდვრები, გადახნულნი უდაბნოელისაგან სისხლის ნაკადლით ირწყვიან ეს მინდვრები, თუმცა მდინარეები მოჩხრიალებენ, უხვად მოარბევინებენ წყალს შემოგოს, როგორც საკმელი. ჰხედავთ უდაბნოელი ჰსდგას ერთი იქ, ერთი აქ, აჩქარებული მუშაობს; შუბლიდგან ჩამოჰსდის წურწურით ოფლი ოფლის ნამით ეხაზება ჭუჭყიანი ლოყა: ეს დასაქცევიც კი თავის დაღს ასვამს. ჰხედავთ იქ მეორე ჰრწყავს ხნულს „სისხლის ნაკადულით.“ — რა ბუნება და! თუ კაცია დაიწუნებს ვინმე. აბა, ერთი მიჩვნეთ ქვეყანა „ცათა შინა და ქვეყანსა ზედა“, რომ კაცი სისხლის ნაკადლით ჰრწყავდეს; ცეცხლის პურსა ჰსჭამდეს; ეკლის ტანთსამოსი ეცვას; ეკლის გზაზედ დადიოდეს და ბუნება კი გასაკვირველად მდიდარი ჰქონდეს? ჩემო ბატონო. მკითხველო, არსად შეგვხვედრია, რომ დაგცხება, ოფლში იწურები, იხრჩობი თითქოს; ტანში ეკლებივით რაღაც გივლის და ეს ყვლა გეხამუხება. ჰმ, ჩვენ უდაბნოში ნეტა შემოგახედა და მა შინ უყურე, რომ ეკლების მაგივრად სადგისებმა გაგიაროს... დიაღ, ჰრწყავს კიდევ აგერ მეორე დაღუნულა, ეკალს იძრობს „ტუფლებით“ მორთულ ფეხიდგან და თან მზეს უცქერის, რატომ ჩემმა დედა-კაცმა დაიგვიანა, ჯერი რომ მოაქვს, მზემ რომ ასრე გადიხარო. ჰხედავთ მოდისს ლობიოს ქოთნით გლეხი-დედა-კაცი დახეთქილის ფეხებით, კაბის უკანა კალთა წელში გაურჭვია, მჭად-პურა იღლიაში ამოუჩრია: უკან მოსდევს ჩხავილით პერანგის ამარა ბიჭი — შვილი, მუცელ-გადმოგდებული. გაზებ შეგლეჯილი, თავ–შიშველა აბურძგნული, სავსე პაწაწკინტელა ცსოველებითა …

მამული ამ ჩვენ უდაბნოში ყოველგან ერთ ნაირად მომცემი არ არის. ზოგან უფრო ძრიელ მოდის პური, მაგ. შუა უდაბნოში; რაღა მოგახსენო, პური მოდის, რომ მტერსაც კი გაუკვირდება. ეს ნაწილი უდაბნოისა სარწყავი გახლავსთ; ზემო და ქვემო მხარეს უფრო ქერი და თივა მოდის, მაგრამ არც პური და სიმინდი მოდის ნაკლებად. რას იტყვის კაცის ენა და პირი, რომ უდაბნოელს არ მოჰყვანდს. ყველა ნაირი მიწის მოსავალი ზოგი ცოტა, ზოგი ბევრი უთუოდ აქვს ჩვენებურ გლეხსა. იფიქრებს კაცი: სხვა რაღა უნდა, სრული სახლის პატრონი, სრული მეურნე ყოფილა ჩვენი გლეხიო; უვნებელად, რიგიანად აცხოვრებს სახლობას, კუჭს და სულს დააკმაყოფილებს. მაგრამ ახლო ნახეთ, ჩააცქერდით, თვალები ჩააცეცეთ, რამდენი ჯუჯრუტანა აქვს გლეხის ჯიბეს. ისრე მალე გამოიფხიკება ხოლმე, რომ თითონაც ვერ გაიგებს, ვინემ ხახა არ ამოუშრება.

შეიტანა გლეხმა მოსავალი, დააბინავა; თუ რიგიანი მოსავალიც მოუვიდა, იცით რა ნაირ სტკბება იმისი გული და სული? — „დედა-კაცო, ეტყვის ცოლს, ღვთის მადლით ცოტა სული მოვიდგით წელს. ი მამა ოხერ ურიებს ნუ ამოაცლევინებ გოგროხაებს, პატარა თვალით დავინახოთ რამე. ერთი უღელი ზაქი ეგებ ვიყიდო და სამემრისოთ თუ ერთი სამიოდ დღისაც წაემემატა ნახნავი, გავკეთდი კაცი! ყმა გოგოს ვალსაც მოვიშორებ, მიუგდებ ვისმეს.“ — ხედავს, მიდის კვერთხით მღვდელი თავის განუშორებელის ჩრდილით — დიაკკნით, რომელსაც ტომარა და ჩანახი კიდია მხარზედ: „ნინიკო, შვილო, აბა პირველი მოვალეობა გაწევს, რომ შენი მამა-მოძღვარით გაისტუმრო პირნათლად“. მღვდელი და თან და თან დიაკვანიც წაუჩინჩხალებს, ორ კოდს ფეხს დააჭერს. გლეხი შესთხოვს: შენს მადლს ნუ ინებებთ მაგას, კოდს დამჯერდი და სხვარიგ მიმსახურე. თავდება საქმე კოდნახევარზე. „ერთი ორი ჩანახი დამიკელ, შენი შვილების სადღეგრძელოთ.“ — რათა შვილო, ჩემო სულიერო შვილო, სახლი არ გამინათლავს, წირვა-ლოცვა დამიკლია, დროზედ არ ამისრულებია, რაც გითხოვნია?, რა მამა შვილობა, მკითხველო, მერე ისიც სულიერი! რა სიყვარული უნდა იყოს ამათში!?. და აკი არც არის. ღმერთმანი, გლეხს ეტყვის, შვილო, აბა რა გაჭირვება გადგია, რომ გიჩვენო გზა თავის დახსნისა! ღმერთმანი, ქადაგებით მოსდის ძალა, რომელშიაც სხვა და სხვა სასარგებლო აზრს გამოუთქვამს გლეხს მისის სულის და გულის განათლებისივინ! ვერ იპოვნით გლეხს, რომ იცოდეს დაჭეშმარიტებით თუ რისთვის მიდის ეკკლესიაში. გაუგონია სადმე იმას ერთად-ერთიც არის შესანიშნავი სიტყვა თავისის მაცხოვრისა?! განა გაუგონია როდისმე და ვისგანმე ეკკლესიაში სიტყვა თვისის ზნეობის უხეირობაზედ და მის განკარგებაზედ?!...ღვდელს რომ კითხოთ ყველა ესენი რა საჭიროა, რად უნდა, სად უწერია. გარეგანი მხარე კი შეასრულონ სარწმუნოების და რაც თავი და თავი „იმათ ფეხებზედ ჰკიდიათ“. ოღონდ ამათ ტაბლა აკურთხონ, ბეჭი ხელსახოცში ჩასდონ, სახლი განათლონ და სხვა ამ გვარი წესები შეასრულონ, სხვას რას დასდევენ. თქვენგან არ მიკვირს, რა სარფა ექნებათ, რომ ქადაგება უთხრან, დაარიგონ, კეთილი მიგზა უჩვენონ, იმათ საცოდავ შვილებზედ კეთილი გავლენა იქონიონ? რა სასყიდელს მიიღებენ? ჩემი ურგები ქოთანი ქვას და შეჭამანდი ძაღლსო, ამბობენ ესენი. ამათთვინ სარფაა რამდენიც გაუნათლებელი იქნება გლეხი, უფრო მოუვლიან, უფრო გამოხვრენ მის ქონებას.

გაისტუმრა ერთი, მოვა მეორე მგელი, თუ გინდ ტურა მამუცი ღლაო; მუჭს არ დავიკლებ, მუს. გაუწყრა ღმერთი და მოაფხანინა კისერი. რათა, ძმაო, რისთვის არ იკლებ, მოდი ჩვენა ვკითხოთ, მკითხველო? გიპასუხებს ჩემი ჩემი და იმიტომო, ხუმრობა ხომ არ არის ამმის მამა–პაპას სისხლი დაუთხვია და ისრე შეუძენია, ე.ი. ამავე გლეხს დაუნთსენია და რადგან მთელი გლეხობა უთავბოლო ყოფილა, ერთს მათგანს უსარგებლნია, ხელში უგდია და წურბელად გარდაქცევია. ესეც. ვსთქვათ, მოიშორა, ჩამოუვლის მსუნაგი ვაჭარი და ძვალ-ტყავზედ გაიყვანს. ესრედ დაფშუტავს წლის მოსავალს და გავა საწყალი გლეხი თხლეზედ და მჭადზედ.

წელს ძრიელ კარგი მოსავალი მოვიდა; რომ იტყვიან ზღვათ გასკდაო, სწორედ ეს არის. უკანასკნელმა გლეხმა კაცმა, რომელმაც ფულის დამღაც არ იცოდა, წელს გაიცნო და ნახა. სული მოადგმევინა თითქოს. გამოვიდნენ ვაჭრები სოფლად, მოხვეტეს ტყლაპიდგან მოკიდებული ხორბლამდინ და სულ გამოხიწნეს სოფელი; მანათიანში ორ მანეთს აძლევდნენ. გვიკვირდა ამ გვარი სიუხვე ვაჭრებისა; მაგრამ, ნუ ბრძანებთ, მომეტებულ ნაწილად ყალბ ფულს აპარებდნენ ამ საცოდავებს. ამ დასაქცევ ვაჭრებს, ამ დაუნდობელ სვავებს (როგორიც გინდათ სახელი დაარქვით მაინც და მაინც მაგას სრულს სულის სიქარწყლეს ვერ გამოსატავთ) ნეტა მაცოდინა, თუ რა უდევსთ გულის ალაგას, ქვა თუ ჟანგ გადაკრული ხორცი; გაფხეკდეს ვინმე მანიცა, იქნებ გამოდნეს რამე!.. დიაღ, საცოდავებს შეაპარეს ყალბი ფული და წრევანდელი გულის ხალისი, სიამოვნება, რომელნიც ათს წელიწადში ძლივს ერთხელ გლეხს სტუმრად ეწვევიან ხეირიანის მოსავლის გამო, ჩაუკუჭეს, მოუკლეს შიგ ბუდეში. — „გლეხი კაცი წელს ფულიანია“, იძახიან ეს ბატონები, და ასე სიძვირეა კი ყველაფრისაო. გულ-შემატკივარნო თქვენის ცოლ-შვილისათვინ! რატომ თქვენ არასფერს უიაფებთ? აბაზიანში რად იღებთ მანეთს მაგ კეთილ-მოღვაწეთაგან? კაი, რა უხეიროები სართ! მეტის- მეტ სიხარბეს ნუ მისდევთ, ბატონებო! თქვენს მარჩენელს სინათლე არ გამოელიოს და ეშვით ქენჯნა არ თაგიწყოთ: ახლა თქვენი რიგიაო.

საკვირველი განსხვავებაა, ჩემო მეგობარო, უდაბნოს ბუნებასა და მცხოვრებთა შორის, არა? ― ერთის მხრივ გაფუფნებული, ფრთები შესხმული, დახატული,ვეფხვის, ტყავისავით აჭრელებული ბუნება; მეორეთი, უფერული, დანაცრებული მდგომარეობა ხალხისა. ბუნების დიადი სანახაობა. ამაყად გადმომყურებული ზე აღზიდული მთის წვერები თეთრის სავანით მოსილნი, ჰბადავენ რაღაც გამოუთქმელ გრძნობას, რაღაც გამბედაობას. სიმხნეს, სიმამაცეს გრძნობს კაცი თავის გულში, მაგრამ დანახვა ჩვენის გლეხისა იმ დროს, როცა ეს გრძნობები გებადება, გულის საათის მავთულსავით. ამ ძლიერ ბუნებას, რომ არა რაიმე გავლენა არა აქვს? ერთხელ ჩაუჩოქნია საფლობში და რომ ვეღარ წამოუწევია. ძალიან ძლიერი, ძვლიან მაგარი ფოლადის ჩაქუჩი თუ არ მოხვდა თავის ულაზათო ცხოვრებისა, მინამ არა იქნება რა - ეჰ, მახლას, ჩემო მეგობარო, მოდი ერთი ვიგალობოთ „მაყრულის კილოზედ“ თანხმად პოეტისა; იქნება სიმღერით ვიმოქმედოთ გონებით მძინარა ქართველზედ. ღმეთმანი, მეგობარო, კარგი წამალი მოვიგონე, აი! სიმღერა უყვარს ჩვენ ქართველს; ვუმღეროთ, ვუმღეროთ:

„რითია გლეხის სვე უბედური!
მას ხელთ უპყრია ღვინო და პური...
იმის ოფლითა ქვეყანა ირწყვის,
მის შრომით გულნი იმოსებიან,
რომ ის არ იყოს ქვეყანამ იცის
უქმნი შიმშილით ამოსწყდებიან....“

წაკოლა—ც.

ჩვენ მოგვივიდა ამის ქვემოდ დაბეჭდილი წერილი უფ. ყორღანოვისა, შემდეგის წინასიტყვაობით:

უფ. რედაქტორო! თქვენს პატივ-ცემულს „ივერიის“ ჟურნალის მე 37 №-ში წავიკითხე — „ივერიის“ კორრესპონდენციები, სადაცა სხვათაშორის ჩემზედაც ეწერა მრავალი სიცრუე, ამისთვის ჩემის სიმართლის აღსადგენათ უმორჩილესათა გთხოვთ, ამასთანავე გამოგზავნილი ჩემი პასუხიც დაბეჭდოთ თქვენს ჟურნალში „ივერიაში“ და მით კმაყოფილი მყოთ.

უფალო „მუროს“ ავტორო!

ერთი მითხარი ჩემო მართლადაც მუროვ, რამ მოგაგონა იმისთანა სიცრუე, რომელიც დაგიწერია შენ ჩემზედ „ივერიის“ ჟურნალის მე 37№--ში.

როდესაც აჭარელები დაეცნენ ს. უდეს მცხოვრებთ მაშინ როდის იყო იქ მილიცია იმათ დასაცველად დაყენებული? ან ყაზახები როდის მოეშველნენ, ან დედაკაცები და ბავშვები ეკკლესიას როდის შეეხიზნენ, ან მილიციონერები ჭერებში როდის დაიმალნენ, საცა კატებიც ვერ დაიმალებიან, ან მე ორმოში როდის ჩავვარდი, ას იქიდგან თოკით როდის ამომიყვანეს, ან ვინ ამომიყვანდა, როდესაც მთელ სოფელში მილიციონერების გარდა ერთი კაცი არ დარჩა შინ, სულ ხევებში და ბაღებში გაცვივდნენ ცოლ-შვილით და ყველა ოხრათ დაჰყარეს? მაშ საიდამ მოიგონე, უფალო, ამოდენა სცრუე? შენ როგორც გეტყობა სიყმაწვილითვე ყოფილხარ შეჩვეული მაგ სიცრუეს და გვამში ისრე გაგჯდომია, რომ საზრდოთ გარდაქცევია, თორემ რტომ როგორც იყო იმას არა სწერ.

როდესაც აჭარულები დაეცნენ ს. უდეს მცხოვრებთ ეს ხომ ყველამ იცის, რომ მე ჩემის თანაშემწით და თორმეტის მილიციონერით შემთხვევით შევესწარით იქა, და თუმცა მართალია ხმალ და ხმალაც არ გადავრეული ვართ, რადგანაც ეს დიდი სისულელე იქმნებოდა ჩემის მხრით პირ-და-პირ შეკრბოდი სამას კაცს თორმეტის კაცით, მაგრამ კი არც დავმალულვარ ამას დაამტკიცებენ როგორათაც უდელები აგრეთვე იქაური მოლლა, რომელიც აჭარელებს დაეჭირათ და ძალას ატანდნენ რათა მღვდლისა და მდიდარი კაცების სახლებზედ მისძღოლოდა, თუ ჩვენც დავიმალეთ, ვიღა დაუდგა იმათ წინ და რატომ არ აიკლეს მთელი სოფელი? ეს ხომ ცხადია, რომ იმათ ოთხი თუ ექვსი ხარის მეტი არა წაუსხავთ რა, მაშ ვინ იყო მიზეზი, რომ ასე ცოტა ნადავლს დასჯერდნენ? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ თქვენს ცრუ პენტელობას არ დაუფრთხია ისინი.

თუ გნებავთ სწორეთ შეიტყოთ მე ჩემის მილიციონერებით როგორი სარგებლობა მოუტანე უდელებს, კი მოგახსენებ: როდესაც აჭარელები ეკლესიასთან შეგროვილები წამოვიდნენ თოფების სროლით სახლებისაკენ, ჩვენ სახლის კედელს ამოფარებულებმა ერთბაშად თოფები დავახალეთ და ეს სროლა ზედი-ზედ ისრეთის სისწრაფით რამდენჯერმე განუმეორეთ, რომ ისინი შესდგნენ, მოლლას კითხეს ესენი ვინ არიანო და, როცა მოლლამ უთხრა რომ მილიცია მოვიდაო, შეშინდნენ და გაიქცნენ, უთუოთ ბევრნი ვეგონეთ თორემ არ გაიქცევოდნენ, მაგრამ ხომ გავაქციეთ და სხვა რა გნებას ჩემო სიცრუის გუდავ? რაიცა შეეხება იმას, რომ ბრძანებ ვინ განიერი შალვარა და დიდ-მუცელა სომეხი და ვინ ასის თაობაო, ამაზედ მე მოგახსენებ, რომ შენ ჩემი შთამამავლობა არა გცოდნია თორემ, რომ გეკითხა ვისთვისმე უთოოთ გაიგებდი, რომ ყორღანაშვილები არამც თუ თავად თავათაც ბევრჯერ ყოფილან, როგორც ჩვენის საქართველოს მეფეების დროს, აგრეთვე ახლაც და იმათი ვაჟკაცობა არსად არა წასულა. ან რა თან გგონია, რომ შალვარსა და სარწმუნოებას გავლენა ქონდეს რამე გულადობაზე, სომხები განა გულადები და ვაჟკაცები არ არიან? ერთი მიიხედე თუ ბრმა არა ბრძანდები, ჩვენი აზიის ბრძოლის ველზედ ჯარის სარდლები ვინ არიან? თორემ მე ხომ ჩემდა საუბედუროთ სარწმუნოების მეტი სომხისა არა გამაჩნია რა. მე საქართველოს შვილი ვარ, ყველამ იცის ვაჟკაცობაში ჩვენი წინაპარი არავის ჩამორჩენია, თუ წინ არ ყოფილა, და ერთი ბრძანე როგორი შალვრები ეცოთ ხოლმე იმათა? ეს მაინც როგორ არ გაგიგონია მეფე ერეკლეს რომ მოახსენეს სამი დღეა ერთი მკვდარი კაცი გდია ერთს ადგილს და ნადირს არ შეუჭამიაო, მეფემ თურმე ბრძანა უთუოთ ყორღანაშვილი იქნებაო და შეშინებიათო, მართლა ნახეს და ყორღანაშვილი კი გამოდგა. თუ ამაებს არ დამჯერდები, ჩემო მუროვ, და კიდევ ყეფას არ დაიშლი მე კიდევ სხვა საბუთებიცა მაქვს კანონიერი, რომელნიც ჩემს ვაჟ-კაცობას დაგიმტკიცებენ. თუ გინდა მიბძანდი ახალციხის მაზრის უპრავლენიში, რომლის ძველ საქმეებში იპოვნი თუ რამდენი და ან ვინ გავარდნილი ავაზაკი გამითოკავს და წარმიდგენია მთავრობაში, როდესაც მე მდივან-ბეგად ვიყავი, მაგრამ შენ რათ გინდა საბუთები, განა განმხოლოებული სიცრუე სიმართთლეს მიეკარება? შენ ისეთი ზედ-გამოჭრილი სახელი მიგითვისებია, რომ იმ ერთი ანდაზისა არ იყოს არა ღირს რომ კაცმა იწყინოს რამე, მაშ ესღა დამშთენია შემდეგის ანდაზით გავათავო შენთან ბაასი: ერთს საქართველოს მოხუცს თავადს ერთი ვაჟი თურმე ჰყავდა, რომელმანც შეირთო ცოლათ ევროპიულათ გაზდილი ქალი ევროპიულათვე ჩაცმული. ამ ქალს დედამთილიცა ჰყავდა და მულიცა ქართულათ გაზდილები, მაგრამ მათ სრულებით ყურს არ უგდებდა, ის თავისებურათ თამამათ და თავისუფლათ იქცეოდა. ბევრს უშლიდნენ, მაგრამ არავის რას უგონებდა. ერთხელ მოხუცებულს მამამთილს შეშჩივლეს და სთხოვეს დაუშალეთ და დაარიგეთ თორემ მეტად ცუდათ იქცევაო. ამ მოხუცებულმა პასუხათ უთხრა: ჩვენმა მეფეებმა იცოდნენ დედა-კაცი რომ დააშვებდაო ლეჩაქს მოხდიდნენ და პერანგის ამხანაგს გახდიდნენო და ამით შეარცხვენდნენო, მაგას არც ერთი არა აქვსო და აბა რა ველაპარაკოვო.

24 გიორგობისთგეს 1877 წ.

ასის თავი გაბრიელ ყორღანოვი

ახალციხით.

6 წერილები „ივერიის“ რედაქციას

▲ზევით დაბრუნება


წერილები „ივერიის“ რედაქციას

პატივი მაქვს განუცხადო პატივცემულ „ივერიის“ რედაქციას, რომ მე დიდის სიხარულით ვინატრი ვირიცხებოდე წევრათ (ხუთი მანეთი წილის ფულით წელიწადში) ამა საზოგადოებისა, რომელიც სდგება ჩვვენში გიორგი რ. ერისთავის მეცადინეობით და რომელსაც თვის მიზნათ ექმნება ხელი შეუწყოს ჩვენის ქვეყნის ღარიბ ხალხს და ნამეტნავად ღარიბ თავად აზნაურებს, რომ ამ უკანასკნელებმა თავიანთ შვილებს რიგიანის სწავლისა და განათლების გზა მისცენ დაბალ თუ მაღალ სასწავლებლებში. ღმერთმან ხელი მოგვიმართოს!

კახის მასწავლებელი ი. პ. როსტომაშვილი

18 ნოემბერს 1877 წ.

№ 37 თქვენის გაზეთისა იყო გამოცხადებული დაარსება საზოგადოებისა შესაწევნელად მოსწავლეებისა გასავრცელებლად სწავლისა. ვითარცა თანამგრძნობნი ამ საზოგადოებისა გთხოვთ ჩაგვრიცხოთ ჩვენ მწევრად:

პოლკოვნიკი ალექსანდრე ივანესძე მუსხელაშვილი,

ანნა ბესარიონის ასული მუსხელაშვილისა

და ელენე ქრისტეფორეს ასული მუსხელაშვილისა.

ამასთანავე წერილი მოგვივიდა ქვემოხსენებულთაგან და წევრად ითხოვენ ჩაწერას:

ნინა სოლომონის ასული ანდრონიკაშვილისა,

ელენე ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ასული,

დავით კონსტანტინეს ძე ჩოლაყაშვილი

ბაბო კონსტანტინეს ასული ჩოლაყაშვილისა,

სოლომონ ასლანოვი.

7 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


განცხადება

ტფილისში, ყველა წიგნის მაღაზიებში ისყიდება:

გოგია მეჩაგურე, მოთხრობა აკაკი წერეთლისა. ფასი ერთი შაური.

ისყიდება ქალაქს, ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“ რედაქციაში.

ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

გორს, ფარნაოზ ნათიევისას.

ახალციხეს, ალექსეევ-მესხიევისას (მიროვო-პოსრედნიკი)

ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათშვილისაგან. ფასი 20კ.

მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა ფასი 60კ.