![]() |
ივერია (23)1877.04.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 ომის ამბები |
▲back to top |
|
ომის ამბები
რუსის ჯარი, როგორც მოგეხსენებათ, ორჯელ დაეცა პლევნას, მაგრამ ოსმალოს ჯარს ვერ აუვიდა და ორჯელვე დამარცხებული გამოვიდა, ბრძოლიდამ. ამ კვირია ამბავი მოვიდა, რომ რუსები მესამედ დასცემიან, ოსმალები დაუმარცხებიათ და პლევნა დაუჭერიათ. თუ ეს ამბავი, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის დამტკიცებული, მართალი გამოდგა, დიდს განსაცდელს გადარჩენია რუსის ჯარი. პლევნას დიდი მნიშვნელობა მიეცა ამ ჟამად ოსმალებს. რომ კიდევ დაემარცხებინათ რუსის ჯარი, მაშინ ოსმალოს დიდი ძალი ჯარი პლევნიდამ დაიძვროდა და რუსის ჯარის შუა ნაწილს გზას გადუჭრიდა მეტადრე თუ შუმლიდამ წამოსულს ჯარს შეუერთდებოდა. მაშინ ბალკანის მთის იქით გადასულს რუსის ჯარს ძალიან გაუჭირდებოდა საქმე, რადგანაც სამხრეთიდგანაც რუსეთზედ მოდის სულეიმან-ფაშის ჯარი, რომელსაც ხელმეორედ კაზანლიკი დაუჭერია (თუ ეს ამბავიც მართალია).
– თუ ოსმან-ფაშის ტელეგრამმა მართალია, 26 მკათათვეს ლოვჩასთან (პლევნის სამხრეთით) ბრძოლა გამართულა, რომელშიაც სამასი რუსი მოუკლავთ და შვიდასი დაუჭრიათ.
– გაზეთს „Новое Время“–ს შემდეგი დეპეშა მისვლია ბუხარესტიდამ: „ტირნოვის ახლო-მახლო მაღლობებს ძალიან ამაგრებენ; მეჰმედ-ალის მხედრობა რვა საათის სავალზედ უდგას რუსის მხედრობას. რუმინია დობრუჯასა თხოულობს ომშიკ მონაწილეობის მიღების სამაგიეროდ“.
– ბერძნის მხედრობა ოსმალეთის სამზღვარზედ გასულა.
– 24 მკათათვეს ოსმალოს ჯარი, რომელიც ჩინგილისა და ქარავან-სარაის მაღლობთა შორის იდგა, წინ წამოწეულა და სოფ. ალიკოჩაკს (საზღვრიდამ ათ ვერსტზედ) დამდგარა ღენერ. ტერგუკასოვის ჯარის პირდაპირ. ბაშიბუზუქებისა და ქურთების გროვა და აგრეთვე ბატალიონი ჯარი სოფ. ზორადამ და ქუნჯოხიდამ ჩამოსულან და ჩვენი მზვერავები გაუყრიათ. შემდეგ სოფ. ხოლფამიც (აგრეთვე ათ ვერსტზედ საზღვრიდამ) დაჭერაც მოუნდომებიათ, მაგრამ დრაგუნებს არ დაუთმიათ და უკან გაუდევნიათ ოსმალები. ჩვენის მხრით მოუკლავთ 4 ჯარის კაცი და დაჭრილთა შორის 13 ჯარის კაცია და ორი აფიცერი.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთის საქმეთა შესახებ ვერაფერს შესანიშნავს ვერ მოგახსენებთ, გარდა იმისა, რომ ბონაპარტიელთა დასშიაც განხეთქილება ჩამოვარდა. ერთის ნაწილის მოთავე რუერი არის, მეორისა პოლკასანიაკი. ამ მეორე ნაწილის ბონაპარტიელთა ჰსურთ დროებით მაკ-მაგონთან მორიგება, რომ მით უფრო მტკიცედ დაამარცხონ რესპუბლიკელები; რუერი კი აცხადებს, რომ ჩვენ ჩვენთავად ვიშრომოთო, ნურც ნურავის რას დაუთმობთო და ნურც ნურავის შემწეობას ვჰსთხოვთო. ამ გვარი განხეთქილება მარტო სიცილს უტეხს რესპუბლიკელებს და უფრო მეტს იმედს უღვიძებს, რომ მომავალი მათი იქნება.
– ვენგრიაში ამ ჟამად დიდი მოძრაობაა აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. ამის წინეთ პეშტში დიდი ყრილობა გაიმართა, რომელშიაც სხვათა შორის ღენერალმა კლაპკამაც მიიღო მონაწილეობა. მიტინგმა აღიარა თავისი წინააღმდეგობა აწინდელის ომიანობის შესახებ, რომლის მსხვერპლად ბოლგარიის მშვიდი მცხოვრებნი არიან. გარდა ამისა ყრილობამ გამოაცხადა თავისი წინააღმდეგობა რუსეთის განძლიერებისათვის და ამოირჩია კომიტეტი, რომელმაც მთავრობას უნდა ჰსთხოვოს დაიცვას კაცთმოყვარეობა და ავსტრი-ვენგრიის სარგებლობა.
კლაპკამ სხვათა შორის ის იმედი აღიარა, რომ თუ ოსმალებმა აზიიდამ გაყარეს რუსებიო, ევროპიიდამაც გაჰყრიანო. გარდა ამისა კლაპკა წინააღმდეგია ჰერცეგოვინისა და ბოსნიის დაჭერისა ავსტრიის ჯარის მიერ.
მეორე ორატორმა ჰელფიმ მოითხოვა, რომ რუსეთი თუ შეიძლება დიპლომატიის მეოხებით შეაყენონო თუ არა და ზარბაზნების ძალითაო.
– ამას წინედ ბრედფორდში (ინგლისში) ბრაიტმა ვრცელი სიტყვა წარმოჩთქვა ერთს ყრილობაში და, სხვათა შორის, აღმოსავლეთის საქმის შესახებ სთქვა შემდეგი: „ეს (ე. ი. აღმოსავლეთის საქმე) ძველი ამბავია და ძველი საფრთხეც მოჰყვა და დაგვიდგა წინ. ოსმალები მათთა მეგობრების სიტყვითვე, (სიცილი, ძალიან კარგი, ძალიან კარგი!) ძალიან ცუდათ მოიქცნენ. იგინი მიწვეულნი იყვნენ სტამბოლის კონფერენციის წინაშე, მაგრამ აქედგან არა გამოვიდა რა, რადგანაც ევროპას ერთი პირი არა ჰქონდა. ჩემდა სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ ინგლისის პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ ევროპაში თანხმობა ჩამოვარდნილიყო. (ძალიან კარგი! ძალიან კარგი!) წინადვე უნდა გვცოდნოდა, რომ თუ კი ჩვენვე არ მოვითხოვეთ კონფერენციის განკარგულების აღსრულება, მარტონი დავრჩებოდით და ოსმალეთიც თავის ანაბარას დარჩებოდა. ამ განკარგულების აღსრულება რუსეთმა იკისრა. მე ერთში ვესარჩლები რუსეთს: თუ ყველა სახელმწიფონი საერთოდ და ერთი ერთმანეთის თანხმობით გაერივნენ საქმეში, ცხადია რომ ერთმა რომელიმემ უნდა მოიყვანოს აღსრულებაში მათი საერთო განკარგულება. რუსეთი, რომელიც ოსმალეთის საზღვარზედ მდებარეობს, უფრო მომეტებულად ჰგრძნობს იმ არეულობის ვნებას, რომელიც ოსმალოს ქვეყანაში სუფევს; რუსეთის ხალხი თანაუგრძნობს ოსმალეთის ქრისტიანეთ. ამ თანაგრძნობას დიდი გავლენა აქვს რუსეთის მთავრობაზედ, და ამის გამო რუსეთი აღდგა ქრისტიანთა დასაცველად და ბოროტებისა და არეულობის მოსასპობლად (ძალიან კარგი! ძალიან კარგი!) ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი მთავრობა არ ჩაერევა ამ ომიანობაში, მაგრამ ეს არ ჩარევა ისეთი არ არის, როგორის იმედიც გვქონდა (ძალიან კარგი! ძალიან კარგი!) მაგალითად., ჩვენ ვეუბნებით რუსეთს ეგვიპტეს ნუ შეეხებიო, თუმცა ეგვიპტე ეომება რუსეთს, რადგანაც ხონთქარს ჯარსა და ხომალდებს უგზავნის. რუსეთი, რომელსაც არა ჰსურს ინგლისთან ომიანობა, პირობას აძლევს, რომ ეგვიპტეში ომს არ გადავიტანო. გარდა ამისა ამბობენ, რომ რუსეთს ნებას არ მივცემთო სტამბოლს მიეკაროსო. ხოლო თუ რუსეთს სტამბოლის დაჭერის ნებას არ მივცემთ რა გამოვა აქედგან გარდა იმისა, რომ ომიანობას ბოლო აღარ ექმნება? (ძალიან კარგი!) ეს ოსმალეთის წახალისებაა, რომ არ შეურიგდეს რუსეთსა, რომელსაც ამით ერთმევა უპირველესი უფლება გამარჯვებისა. უნდა აღვიაროთ, რომ მტრის სატახტო ქალაქის დაჭერა უკეთესი ღონისძიებაა საჩქაროდ ომიანობის შეწყვეტისა.
„სტამბოლის შესახებ მოგახსენებთ, რომ დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა ომიანობიდამ, სტამბოლის ბედი მინდობილი იქმნება ევროპიის სახელმწიფოთა საერთო განკარგულებას. ათასჯერ გამოაცხადა რუსეთმა, რომ სტამბოლის დაპყრობა არა მსურს და არც იმას შევიწყნარებო, რომ სხვამ რომელმე სახელმწიფომ ჩაიგდოს ხელშიო; სტამბოლის მომავალი საპოლიტიკო ცხოვრება ევროპიის საერთო სარგებლობის მიხედვით უნდა გადაწყდესო.
გარდა ამისა დარდანელისა და ბოსფორის საქმეა წამოყენებული. ეს სრუტე შეაერთებს, როგორც მოგეხსებათ, შავსა და შუა-ზღვას (Средиземное море) იგი ძლიერ ვიწროა და მისი დაცვა ორივე ნაპირიდამ ადვილია, და რუსებს კი, რომელთაც შავი ზღვის გარშემო დიდ-ძალი ადგილი უპყრიათ, ნება არა აქვსთ შავი ზღვიდამ შუა-ზღვაში ან აქედამ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდი ამუშავონ. სრუტე ყველა ხალხის ვაჭრობისათვის თავისუფალია. სრუტეს განთავისუფლება აუცილებლად მიმაჩნია, მაგრამ იმ რიგით, რომლის დაწესება ევროპიის სახელმწიფოებს ადვილად შეუძლიანთ. ორი რამ ითქმის სრუტეს თავისუფლების წინააღმდეგ: თუ სრუტე თავისუფალი იქმნება ოსმალეთი ყოველთვის შიშში იქნება რუსეთის ან სხვა რომელიმე სამხედრო ხომალდი სტამბოლს არ მიადგესო. მეორეც ესა, რომ რუსეთის ფლოტი თუ შუა ზღვაში შევიდა, სუეცის არხს მიუახლოვდება და ვნებას მოგვიტანს ჩვენ ინდოეთის მხრით. მართალია, მაგრამ ავსტრიასაც და იტალიასაც შეუძლიანთ ამგვარადვე იმოქმედონ და ომი აუტეხონ ინგლისს. თუ რუსეთს სუეცის არხის შეკვრას ჰსწამებენ, საფრანგეთს უფრო არ უნდა შეჰსწამონ? (ძალიან კარგი).
ბოლოს ბრაიტმა ჰსთქვა შემდეგი: „მე მგონია, რომ უმჯობესი პოლიტიკა ინგლისისათვის არის ნეიტრალიტეტი, არამც თუ მარტო ზნეობის მხრით არამედ საპოლიტიკო მხრითაც; გარნა ზნეობას და პოლიტიკას მე არასდროს არ ვარჩევ ერთიერთმანეთში; რაც ერთისათვის არის კარგი, ის მეორესთვისაც გამოსადეგია,“ (ტაშის კვრა). „მე მოგახსენეთ რომ ჩვენი სახელმწიფო დიდებული იმპერიაა და დიდებულმა სახელმწიფომ დიდებული და კეთილშობილი მაგალითი უნდა უჩვენოს ქვეყანასა.“
– აფრიკის სამხრეთით არის ერთი ქვეყანა, რომლის სივრცე თითქმის საფრანგეთის ოდენაა. ეს ქვეყანა დასახლებულია მთლად ჰოლანდიელთ მიერ. ამ საუკუნის დასაწყისში ეს ქვეყანა ინგლისმა თავის მფარველობის ქვეშ აიყვანა ვითომ იმ მიზეზით, რომ საფრანგეთს მოვარიდოვო. ჰოლანდიელნი ძალიან შეწუხებულნი იყვნენ ადგილობრივ მცხოვრებთაგან და ამიტომ მათის დასამორჩილებლად სულ ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. წინაპირველად ინგლისიც ეხმარებოდა ჰოლანდიელებს ამ საქმეში და ჯარსაც აშველებდა; მაგრამ რამდენიმე წლის წინად, როდესაც ინგლისმა დაინახა, რომ ჰოლანდიელები დიდ მანძილზედ არიან ჩრდილოეთისკენ წაწეულნი, გაანება მათ თავი. ბოლოს ჰოლანდიელებმა დაამყარეს აქ ორი თავისუფალი-რესპუბლიკა, რომელთა შორის ერთს უწოდენენ ტრანსვაალის რესპუბლიკას, სადაც ამის წინად დიდძალი ბრილიანტი იპოვეს. აქ საზოგადოთ მდიდარი ბუნებაა და ხალხიც დიდი შრომის მოყვარეა. წრეულ ინგლისის კოლონიის მთავრობამ დაუფიქრებლივ აიღო და დაიჭირა ტრანსვაალის რესპუბლიკა–ეს ჩემიაო. მე ვიცი მიზეზს ვერ იპოვიდა ინგლისის მთავრობა: ტრანსვალიის მცხოვრებნი თვითონ ვერ იმორჩილებენ ადგილობრივ მცხოვრებსაო (აფრიკელებს) და დაუდგრომელი შფოთი ჩვენ კოლონიებს აწუხებსო. ბევრი ქვა იცეს თავში ჰოლანდიელებმა, ბევრი უარი ჰსთქვეს საკუთარის პარლამენტისა და პრეზიდენტის პირით, მაგრამ ვერა გააწყეს რა; ჰოლანდიელებმა გამოაცხადეს, რომ ინგლისის ძალას ვერ აუვალთო. ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა კოლონიის მინისტრის განკარგულება ტრანსვაალის დაჩემების შესახებ.
შეიტყეს თუ არა ეს ამბავი ჰოლანდიაში, მაშინვე მიტინგები მოახდინეს სხვა და სხვა ქალაქებში და მტკიცე წინააღმდეგობა გამოუცხადეს ინგლისის მთავრობას. მოწინააღმდეგენი (რომელთა შორის ბევრი გამოჩენილი პირიც ურევია) უცხადებენ ინგლისის მთავრობას, რომ ტრანსვალიის დაჩემება ძალადობა არისო და დარწმუნებულნი ვართო, რომ ინგლისის კაბინეთი ვერ შეიწყნარებს ხალხთა შორის უფლების ამ გვარად დარღვევასაო. გარდა ამისა ჰოლანდიიდამ ინგლისის მთავრობას წერილი მისვლია, რომელსაც სათაურად აქვს: „მეგობრული რჩევა“. ამ წერილში მოხსენებულია შემდეგი: „თითქმის ასის წლის წინედ პიტტმა თვის შეცდომებით მოთმინებიდამ გამოიყვანა და განარისხა ამერიკელები. ამ ჟამად ლორდი კერნერვონი (კოლონიის მინისტრი) ერთს მეორეზედ უარესს შეცდომას სჩადის და ბოლოს აფრიკელებს უარესს შეცდომას სჩადის და ბოლოს აფრიკელებს გაუწყვეტს ილაჯს. რა გამოვა აქედგან? თავისუფალ ხალხთან ჭკუა მეგობრულს მოქცევას მოითხოვს და არა გაბოროტებას და გულის ტკენას. ამერიკის მაგალითმა ინგლისის მმართველთ უნდა ჩააგონოს, რომ ხალხში დათესილი მძულვარება ადვილად არა ამოიფხვრება. თუ კერნერვონი, პილის მიხედვით, დროზედ გამოიცვლის თავის პოლიტიკას, მაშინ იქნება მართლადა გამოჩენილი სახელმწიფო კაცი შეიქმნას, როგორც თვითონ უიმისოდ ჰგონია.
საეჭვო კია, რომ ინგლისმა გემრიელი ლუკმა გაიგდებინოს პირიდამ.
– 24 მკათათვეს აგრამში ხორვატებს დიდი მიტინგი გაუმართავთ, სადაც ათასზედ მეტი კაცი დასწრებულა, მომეტებულად ყმაწვილი კაცები, და დიდი თანაგრძნობა აღიარებულა სლავიანებისადმი. ამ ყრილობაში უფრო მომეტებული თანაგრძნობა ფოლპეგოვიჩს აღუძრავს, რომელსაც დიდი სამშობლოს სიყვარული გამოუცხადებია და ბოლოს ავსტრიის იმპერატორი ხორვატიის კოროლად უხსენებია.
ერთს წევრს რუსეთის წინააღმდეგი სიტყვა უთქვამს მაგრამ მაშინვე გაუჩუმებიათ.
მიტინგს შემდეგი წინადადება მიუღია: ოსმალების მფლობელობის გაუქმება ევროპაში, ბალკანის სლავიანებთან და რუსებთან ერთობა, ხორვატის საკოროლოს აღდგინება და მასთან დალმაციისა, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის შეერთება.
![]() |
3 ორიოდე სიტყვა აწინდელს ბოლგარიაზედ |
▲back to top |
ორიოდე სიტყვა აწინდელს ბოლგარიაზედ
რამდენიმე ცნობა ბოლგარიის შესახებ, ვგონებთ, მეტი არ იქნება ამ ჟამად, როდესაც მისი სვე-ბედი შეადგენს აწინდელის ომიანობის დედაძარღვს. დიდ ძალი ადგილი უჭირავთ ბოლგარიელთ ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ: დუნაის დაყოლებაზედ პინდის მთებამდე (საბერძნეთის ჩრდილოეთით) სულ ბოლგარიელნი არიან დასახელებულნი, ასე რომ მათი ადგილ-მამული მხოლოდ იმ ადგილს კი არ შეიცავს, რომელიც დუნაის მდინარისა და ბალკანიის მთების შუა მდებარეობს და რომელსაც საკუთრად ბოლგარიას უწოდებენ, არამედ სამს ამოდენა ადგილს. ბოლგარიელთა რიცხვი 4 1 /2 მილიონამდისინ ადის.
ამბობენ, რომ ბოლგარიელებმა თავისი სახელი მდ. ვოლგიდამ გადმოიტანესო, საიდამაც პირველად გადმოსახლდნენ ევროპაში და დაიპყრეს ფრაკიელნი და სხვ. საკვირვლად ჩქარა დაკარგეს ბოლგარიელებმა თავისი გვარ-ტომობა, საკუთარი ენა, ჩვეულება და სრულიად სლავიანებათ გარდაიქცნენ. ზოგი ამის მიზეზს ბოლგარიელთ ჩვილ ბუნებაში ჰხედავს, რომლის ძალითაც ბოლგარიელი ძალიან ჩქარა ითვისებს სხვისასა. მაგრამ ზოგი კი (მაგალით. ელ. რეკლუ) იმ აზრისაა, რომ დამარცხებულნი სერბიელნი და გამარჯვებულნი ბოლგარიელნი ერთი-ერთმანეთში აერივნენ და ამ შერეულ ხალხს სერბიელებმა მისცეს თავისი ენა, ზნეობა, საკუთარი თვისებანი და ბოლგარიელებმა – სახელი. ასეა თუ ისე ამ ჟამად ბოლგარიელნი სლავიანთ ეკუთვნიან.
აი რას იწერება ბოლგარიელებზედ ელ. რეკლუ: საზოგადოდ ბოლგარიელნი სერბიელებზედ უფრო ტანმდაბალნი არიან, მაგარის აგებულებისა, დიდთავიანი და განიერ მხარ-ბეჭიანი. ზოგიერთა მოგზაურები, ბრეტონელი ლეჟანიც, ბოლგარიელებს ძალიან ამზგავსებენ ბრეტონელებს (საფრანგეთში). ზოგან, მაგალითებრ ფილიპპოპოლის ახლომახლო, ბოლგარიელნი თავს იპარსვენ და მხოლოდ ერთ ნაწნავს იშვებენ, როგორც ჩინელები. ბერძნებსა და გლახებსა სასაცილოთ ჰყავთ ბოლგარიელნი აგდებულნი, სიბრიყვეს და მიუმხვდარობას სწამებენ. მაგრამ ეს მასხარად აგდება სრულიად უსამართლოა. თუმცა ბოლგარიელი ისე ცოცხალი და ჭკვა მკვეთრი არ არის, როგორც რუმინიელი და ბერძენი, მაგრამ მაინც კაი გონებიანია. მონებამ ძალიან ცუდი ზედმოქმედება იქონია ბოლგარიელზედ და ამიტომ იმ ალაგს, სადაც ოსმალო უფრო მომეტებულად აწუხებს და ბერძენი ჰყვლეფს, იქ შესაბრალისი და მოგვალული სანახაობა აქვს; მაგრამ ჩრდილოეთით და ოსმალებზედ შორს სოფლებში კი, სადაც ნაკლებ ტანჯვაშია, იქ ბოლგარიელი უფრო მხიარულია, უფრო ცოცხალი სიტყვა პასუხი იცის და შექცევაც უყვარს.
ბოლგარიელნი, მეტადრე ბარად მცხოვრებნი, საზოგადოთ მშვიდი ხალხია და სრულებით არ ემსგავსება თვის წინაპარს, რომელთაც აიკლეს ვიზანტიის იმპერია. ბოლგარიელებს სრულიად არა აქვსთ მეომარის გულზვიადობა და ამპარტავნება. თვით საომარს სიმღერებსაც არა მღერიან ძველის დროისას და თვისნი მამა-პაპანი თითქმის სრულიად დავიწყებულნი ჰყავთ. მათ სიმღერებში იხატება მხოლოდ ჩვეულებრივი საყოველდღეო ცხოვრება, ან ჩაგრულთა ტანჯვა როგორც დამონებულ ხალხს შეეფერება. აწინდელი ბოლგარიელი არის დარბაისელი, შრომის მოყვარე და გონებიანი სოფლის კაცი, კეთილი ქმარი და ოჯახობის მოყვარე მამა. რაც ოსმალეთს სამზღვარ გარეთ მიწის მოსავალი გააქვს თითქმის მთლად ბოლგარიის გლეხის მონაგარია. ბალკანის სამხრეთით, ესკიზაგრაში ბოლგარიელთ მოჰყავთ მშვენიერი აბრეშუმი და საუკეთესო პური მთელს ოსმალეთში. იმავე ბოლგარიელებმა კაზანლიკის ხეობა მდიდარ სახნავ-სათეს ადგილად აქციეს. თვითონ ქალაქს კაზანლიკს გარს ახვევია მშვენიერი კაკლის ხეები და ვარდით მოფენილნი მინდვრები. აქ კეთდება ვარდის ზეთი, რომელიც მთელს ევროპაში გააქვთ. ბოლგარიელნი, რომელნიც ბალკანის ჩრდილოეთით სცხოვრებენ, ხელოსნობასაც და სარეწაობასაც მიჰსდევენ. ყველა სოფელს თავ-თავისი სახელოსნო აქვს. ერთში დანებს აკეთებენ, მეორეში ხალიჩებს, მესამეში თიხის ჭურჭელს, და ყველგან ეს უბრალო მუშები დიდს ხერხსა და კარგ გემოვნებას იჩენენ.
ამ მშიდსა და შრომის მოყვარე ხალხს ბოლოს გაუღვივდა თავისუფლების გრძნობა და ისურვა მონების უღლიდამ გამოსვლა. პირველად მათთა გვარტომობის დაცვა სარწმუნოებაში გამოიხატა. როდესაც ოსმალები შევიდნენ მათ ქვეყანაში, რასაკვირველია, ბევრმა ბოლგარიელმა მაჰმადიანობა მიიღო. მაგრამ, თუმცა მეჩითში დაიარებოდნენ, მაინც გულში ისევ თავისი სარწმუნოება ჰქონდათ დაცული და ისევ თავისის სარწმუნოებითს ჩვეულებას მისდევდნენ.
ოსმალების შემდეგ ბოლგარიაში დიდი მნიშვნელობა ბერძნებსა აქვთ, ბერძნები უფრო მომეტებულად ბალკანის სამხრეთით სცხოვრებენ, ასე რომ ყველა სოფელში ერთი ან ორი ბერძენი უსათუოდ მოიპოვება, ბერძნები აქ ვაჭრობენ და ხელოსნობენ. თუმცა ბერძნების რიცხვი ბოლგარიაში მცირეა, მაგრამ მათი გავლენა დიდია, რადგანაც ძალიან ხერხიანი, ცნობის მოყვარე და ერთი-ერთმანეთის შემწენი არიან. საცა კი ორიოდე ბერძენია – ბურთი და მეიდანი საზოგადოებაში მათია.
„გულჩვილი და ადვილად ამყოლი ბოლგარიის ხალხი – ამბობს ელ. რეკლუ – რასაკვირველია ჩქარა გამოიცვლის თავის ზნესა და ჩვეულებას აღებ-მიცემობისა და სხვა და სხვა ძალთა გავლენისა გამო, მაგრამ მაინც კი ხალხის აღდგენა საჭიროა. ბოლგარიელნი ძალიან დაცემულნი არიან მონებისაგან მეტადრე ქალაქებში. ოსმალების მიერ მარადმა შეურაცხყოფამ და ზიზღობამ დასცა ბოლგარიის ხალხი და მისივე თავი მასვე შეაძულა. მაგრამ როგორიც უნდა იყოს წარსული მდგომარეობა, ეხლა საქმე სხვაფრივ მიდის. ოსმალებს თან და თან ეკარგებათ ადრინდელი გავლენა და მნიშვნელობა. სოფლებში მიწა „რაიებს“ უვარდებათ ხელში, და ქალაქებში აღებ-მიცემობა თითქმის მთლად მათვე უპყრიათ გარდა ამისა – ეს უფრო შესანიშნავია – ბოლგარიელებმა იგრძნეს განათლების საჭიროება და დაიწყეს სასწავლებელთ დაარსება, წიგნების გამოცემა და ყმაწვილების ევროპის უნივერსიტეტებში გზავნა. ზოგიერთ მაზრებში, მაგალითებრ ფილიპოპოლში და ბაზარჯიკში ყველა სახლობამ თავის ნებით ხარჯი დაიდვეს შვილების გასაზდელად. სტამბოლის სასწავლებლებში ბოლგარიელნი უფრო მეტ წარმატებას იჩენენ ვიდრე სხვები და ეს ნიშანია ხალხის დიდის სიკეთისა. თუ ამ გზას აჰყვა ბოლგარიის ტომი, აქამომდე ისტორიის მიერ თითქმის დავიწყებული, ხელმეორედ გამოვა ქვეყნიერობის ასპარეზზედ.“
ამ ჟამად, როგორც მოგეხსენებათ, ბოლგარიელები ამ ასპარეზზედ რუსებს გამოჰყავთ.
![]() |
4 ოსმალოს საქართველო |
▲back to top |
ოსმალოს საქართველო
ტაოს-კარი და კოლა[1]
ამ ორს ნაწილზე საქართველოისა საჭირო იყო რაიმე მოხსენებულიყო ჩვენს მიმოხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ ცნობა თითქმის არავითარი არ მოიპოვება იმის გარდა რომ ტაოსკარში მდებარეობს ოლთისი და კოლაში მდებარებს არტანუჯი და არტაანი. ამ ქალაქებში მცხოვრებნი მომატებულად ოსმალნი და სომეხნი არიან, მაგრამ გარშემო მცხოვრებს ხალხში ქართველობა გახშირებულია ძველის ქართველების გვარებითა. მაგალითად ამ უკანასკნელ დროს სანამ რუსები არტაანს დაიჭერდნენ, იქაურ მაზრაში სანჯახის მმართველად ყოფილა ქართველი, გვარად ორბელიანი. არტაანის დაჭერის დროს ეს ორბელიანი არ დარჩენილა. იმედია ამ ჟამად იქ მყოფნი ცოტაოდენს ამბავს შემოიტანენ ჩვენში და რასმე ნაწყვეტ-ნაწყვეტად მაინც გვაცოდინებენ.
ჭანეთი
ჭანეთი ანუ ევროპიელების სახელწოდებით ლაზისტანი ვიწრო ზღვის ნაპირსა ჰქვიან ბათუმიდამ წადევნებით ოთხმოც და ათ ვერსის სიგძეთ ვიდრე ძველ საქართველოს საზღვრამდე რკინის პალომდე. ეს რკინის პალო სოფელ ათინას დასავლეთსა მთის ცხვირზე სახელად კემერზე ყოფილა. ვახუშტი ამბობს „ესე არს სამზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა.“ (გვ. 128) სიგანე აქვს ჭანეთის მთისა და ზღვის პირს შუა ათის ვერსიდამ ორმოცამდე.
სხვათა მგზავრთა და ზოგიერთ აღმწერთა აზრით ჭანები – სცხოვრებენ ბათუმიდამ თვით ტრაპიზონამდე ესე იგი 170 ვერსის წადევნებით ზღვის პირასა. ბოლოს არის კიდევ სხვა აზრი, რომ ჭანები სცხოვრობენ აგრეთვე ზღვის პირას ყიზილ-ირმაკის მდინარის შესართავამდე ესე იგი ბათუმიდამ 470 ვერსამდე. ეს აზრი ევროპიელების აზრია, რომელსაც ამყარებენ ჭანურის ენის მოფენაზე, საკუთარ სახელწოდებათა დარჩენაზე. რასაკვირველია ეს ფრიად საინტერესო გამოსაკვლევი რამ არის მსწავლულთათვის, და უმეტესად ჩვენთვის. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენდა აქამომდე იმ მიჯნას იქით მხარეზე ცოტაოდენ ვრცლათ ამბავი რაც ვახუშტსა აქვს მოხსენებული არ ვიცით იმის მეტი, რომ ტრაპეზუნს გარშემო ჭანები სცხოვრებენო.
ჭანეთს აღმოსავლეთით და სამხრეთით საზღვრავს ჭანეთის ანუ ატონტის მთა, რომელიც კლარჯეთისა და ლივანასაგანა ჰყოფს ამ ნაწილს საქართველოისას. მთები მაღალია და უმაღლესი 1, 000 ფუდამდე აუწევს, ამისაგამო ძალიან დაქანებულია, ვიწრო ვიწრო ხეობანი მიჰყვებიან ნაპირამდე და მხოლოდ ზღვის პირას წვრილ წვრილ მინდვრათ იშლებიან. ამ ვიწროობისა გამო ხალხი ზღვის პირად დასახლებულა.
ყოველ გვარი მოსავალი მოდის ამ ვიწრო ადგილებში რაც კი საქართველოს სხვა კუთხეებშია და ამას გარდა აპელსინი (ფორთოხალი), ლიმონი და ზეთის ხილი. მთები ტყით არის შემოსილი, მაგრამ სახნავ სათესი ადგილი ძალიან ნაკლებათ არის ვიწროობისა გამო.
ეს ვიწროობაა მიზეზი, რომ ჭანი ზღვას შვილად გახდომია, თავისი ბედი იმისთვის მიუნდვია ძველის დროს ფინიკიელსავითა და ვაჭრობს, როგორც „სამის თვის“ ავტორი ამბობს,“ ამის გამო ჭანეთის მრთელი ცხოვრება, მრთელი იმისი ნამყო, აწმყო და მყობადი ბედი ზღვის ზვირთებს მიაქვთ და მოაქვთო.“ უმეტესი ნაწილი მცხოვრებთა უცხო ქვეყნებში დადის. ამ სიარულმა ერთის მხრით საკვირვლად დაახელოვნა ნავსანდლებისა და ხომალდების ტარებაში და შავს ზღვაზე პირველი მეხომალდენი გახადა. იმათს ოსტატობას და სიმარდეს პირველი ზღვაში მოსიარულე ევროპიელები ჰკვირობენ: დიდს აღელვებულს ზღვაში და მერე ისიც მრისხანეს შავ ზღვაში უბრალო ნავებსა და სანდლებს ისე ატარებენ, რომ ორთქლ-მავალა ხომალდს გაუჭირდება. იშვიათადა ხდება უბედურება იმათ ხელშია. ამ გვარად საქართველო შემკული სხვა და სხვა მრავალ გვარის ხელოვნებითის ნიჭით, მეხომალდების ხელოვნებითაც შემკულია.
ადგილის ვიწროებამ ჭანებს მეორე ძვირფასი მხარე შესძინა ისა, რომ ვაჭრობისათვის სიარულს შეაჩვია, ხალხში მოძრავი, გამბედავი და ახალ-ახალის საქმის ხელის მჭიდებელი ხასიათი დაჰბადა. ამისა გამო ხალხი ღატაკი არ არის, პირიქით შემძლე და საკმაოდ მდიდარია.
შინაურობაში ჭანი ძალიან ცოტასა სთესავს სიმიდს და ფეტვს, ამ მუშაობას თითქმის მარტო დედაკაცები ასრულებენ, აგრეთვე შეშას ეზიდებიან, ლიმონსა ფორთოხალს და ზეთის ხილსა ჰკრეფენ. ამ შემთხვევაში ჯაფით ჭანის დედაკაცები ჩვენ მთიულის დედაკაცებსა ჰგვანან და ამოდენა შრომას ქალი არც ქართლ კახეთში, არც იმერეთ-გურიაში და არც აჭარა–შავშეთში არ ეწევაო.
უმეტესი ნაწილი სულადისა, საკუთრად სიმიდი და ფეტვი ბათუმიდამ და ფოთიდამ მოაქვთ თავისთვის სახმარებლად და აგრეთვე სხვა ქვეყნებში გასაყიდათ.
როგორც წინათა ვთქვით, ჭანები ხვნათესვას არ მისდევენ, ვახუშტისაგან ხსენებული ბამბა და ბრინჯი ამ ჟამად არსად არ მოჰყავთ, აგრეთვე პირუტყვს თითქმის სრულებით არ ინახვენ, მაგალითად ცხვარი ძალიან ნაკლებათა ჰყავთ, თხას კი ცოტა უფრო მომატებით ინახვენ; ცხენსა და ძროხას ვერა ნახავთ, ურემს არ ატარებენ და მისვლა-მოსვლისათვის მარტო ნავები და სანდლები (ფილუვები) აქვთ, ყველას რამდენიმე.
ცხოვრების სახსარი ჭანებისა ვაჭრობა, სანდლების ქირა და ხუროობაა. მთელ ოსმალოს საქართველოში, აგრეთვე გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში და ზემო ქართლში – ხის სახლის ამშენებელნი ისინი არიან. შავი ზღვის პირებზე ფოთიდამ სტამბოლამდე სანდლებით საქონლის მიტან მოტანა თითქმის მარტო ჭანების ხელთ არის. ვაჭრობით ჭანეთიდამ გააქვთ ტყე, ბზა, ლიმონი, ფორთოხალი და ზეთის ხილი. იმერეთიდამ, გურიიდამ და სამეგრელოდამ გააქვთ სტამბოლს და მარსელს გასაყიდათ სიმინდი, ღომი, აბრეშუმი, ბზა და სხვა საქონელი. ამას გარდა შავი ზღვის ნაპირს სამეგრელოდამ მოყოლებული ტრაპიზონამდე და იმას იქით სინოპამდე ქალაქებში და სოფლებში სავაჭრო დუქნები აქვთ. დიდი ნაწილი მოვაჭრეთა გურიაში და თვით ოზურგეთში ჭანები არიან. ერთი გარემოებაა შესანიშნავი რომ რაკი სურამს გავცილდებით შავ ზღვამდე მთელ იმერეთში მეგრელები ვაჭრობენ და არა სომხები. ეს მეგრელები ენით იგივე ჭანები არიან. ამ გვარათ შავის ზღვის პირის ადგილების მოვაჭრე – მედუქნენი ჭანები და მეგრელები არიან, ესე იგი ქართველის ტომის კაცები. ეს გარემოება ამტყუნებს ჩვენში დამყარებულ აზრსა, ვითომც ქართველი დუქანზე არ გამოდგებაო.
ზღვის ნაპირს მცხოვრებელი ჭანები და საზოგადოთ თითქმის ხეობებშიაც დასახლებულნი მშვიდობის მოყვარენი არიან. ტყუილი აზრია გავრცელებული ევროპაში და ჩვენში ვითომც ჭანები ანუ ლაზები ქურდ-ბაცაცები და მცარცველები იყვნენ. მართალია ძველ დროში ყოფილა იმათში ცარცვა – ქურდობა, როგორც საბა ორბელიანის მოგზაურობა (1719 წელს) გვიმტკიცებს, რომ შიშველი ბარე ცხრა ჯერ გასცარცვეს. მაგრამ ამ ჟამად ავკაცობის ხსენება აღარ არის, პირ იქით ყოველი ჭანი თუმცა მარდი მეომარი კაცია, მაგრამ ამასთანავე დარბაისელი მოვაჭრეა. „სამითვის“ ავტორი ამბობს:“ გაბედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ აქ უფრო ნაკლებ არის ქურდობა და მცარცველობა, ვიდრე კავკასიის მრავალ ადგილსა... პატიოსნება და კეთილ მოქმედება აქ მომატებულია, ვიდრე დანარჩენ ოსმალოს საქართველოში“.
სიამოვნებით ნახავთ იმის სახლის დარბაისლურ მოწყობილებასა. სახლი შიგნიდამ და გარედამ გალესილი და თეთრად გაცარცულია, ავეჯულობა ლამაზად დალაგებული და ისე გაშინჯეთ სახლის მორთულობაც კი იცის. დედაკაცი მშვენიერის შეხედულობისაა, კარგი ხელის შემწყობი და ოჯახის გამძღოლია. კაცი და დედაკაცი ტანთ ისე იმოსება როგორც გურული, მაგრამ უფრო ძვირფასის, ტანთ საცმელითა, მაუდი, შალი და აბრეშუმეული თითქმის ყველას გააჩნია. კაცებს ნაბდის მაგიერად იტალიანური კუნკულიანი პალტო ხურავთ. ყაბალახის ნაცვლად წითელი ოსმალური ფასი. დედაკაცებს ჭრელი ტანისამოსი უყვართ.
ჭანებში წერაკითხვა ძალიან გავრცელებულია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენდა ქართული ასოების მაგიერად არაბულსა ხმარობენ. სწერენ ლაპარაკობენ ჭანურად, რომელსაც მეგრულ ენასთან მცირე განსხვავება აქვს. ქართული ენა მეგრელებზე წმინდათ იციან. როგორც მეგრელები ორ სამ კვირაზე კარგა სწავლობენ ქართულსა, ისე ისინი და რადგანაც საქართველოში მისვლა-მოსვლა ხშირათ აქვთ, ქართული ენის ცოდნა ჭანეთში თან და თან ვრცელდება. გურულებმა და იმერლებმა ცოტაოდენი მეცადინეობა და მოწადინება რომ იქონიონ, ჭანები ქართულ წერა კითხვასაც მალე ისწავლიან.
ჭანეთი თითქმის თავისუფალი მხარე იყო ამ ორმოც და ათის წლის წინა დრომდე. ქართველობის ერთობის დროს ჭანეთი შემოერთებული იყო საქართველოსთან, როგორც სხვა ნაწილები. თამარ დედოფლის სახელი იქაც ცოცხალია. როგორც თქმულობაა საქართველოს ერში პირველად ქრისტიანობა აქ დანერგა ანდრია მოციქულმა, შემდეგ მეოთხე საუკუნეში ნინო წმინდის დროს აქაც მოიფინა და გავრცელდა ქრისტიანობა. ნასაყდრალი ადგილები ისე ხშირი არ არის, როგორც ლივანაშავშეთში და სხვაგან, როგორცა ჩანს, ქრისტიანობას აქ ძალიან ღრმად ფესვები არ გაუდგამს და ამის გამო საქართველოს ყველა ნაწილზე წინათ მაჰმადიანობა ჭანეთს მიუღია
ამ რამდენსამე ასის წლის წინათ ჭანეთი სრულიად თავისუფალი ოსმალებისაგან თერთმეტ თემად ანუ ხეობად ყოფილა დაყოფილი. ყოველ თემს ჰყოლია ხევის თავი ხევის-ბერი (დერებეი). ეს თემები და ხევის თავები ხონთქარს არ ემსახურებოდნენ, თუმცა ხონთქარი თავისის მხრით ჭანეთს იჩემებდა. ხალხი უმეტესად მაჰმადიანი ყოფილა და მცირეოდენი ქრისტიანი. ამ ხევის – თავებში 260 წლის წინათ უძლიერესი სოფელ ვიცეში მცხოვრებელი ყოფილა სახელად თოფჩა-ოლღი. ამ თოფჩა ოღლის თავისი საკუთარი ხომალდები ჰქონია და ხვანთქრის მორჩილი ყიფილა. ამას, ერთი ქალი საბერძნეთის მაჰმადიანისათვის მიუთხოვებია. ამ სიძემ სახელად, შაინმა სიმამრის სიკვდილის შემდეგ ცოლის ძმები დახოცა, ქონება და მამულები დაიჩემა და ხევის თავად შეიქნა. შემდეგ ქაბას წავიდა და ამის გამო ხოჯა – შაინს უწოდებდნენ. ეს კაცი თუმცა ძალიან ჭკვიანი ყოფილა, მაგრამ მკაცრი და უწყალო ხასიათი ჰქონია. გადაცვლილა ამ 225 წლის წინად.
ხოჯა შაინის შვილები გამჭრიახენი იყვნენ და ხალხზე დიდი გავლენა ჰქონიათ. ერთი იმათგანი ტრაპიზონში ფაშად იჯდა და სოხუმამდინ ზღვის პირზე ბძანებლობდა. ფოთი, გონია და თითქმის სოხუმიც იმან დააფუძნაო. ამას გარდა კიდევ ორი სხვა ფაშებიც ყოფილან შაინოღლის გვარისანი. უკანასკნელ ფაშის დროს რუსებმა ფოთი აიღეს. ამ ამბის შემდეგ შაინ-ოღლის ბეგებს ხვანთქრის ღალატი შესწამეს, დაუწყეს დევნა, მაგრამ ჭანეთში ოსმალები შემოსვლას ვერა ბედავდნენ. და შაინოღლის გვარმა ჭანეთში ძლიერება არ დაჰკარგა. თუმცა ჭანეთის ბეგები ხვანთქრის ჯარში უნდა წასულიყვნენ ხოლმე და თანასწორად ხარჯი ეძლიათ, მაგრამ ხალხს თავის მთავრად ხოჯა-შაინ-ოღლის გვარი მიაჩნდა.
შემდეგ ხანებში ჭანეთის სხვა და სხვა თემში ხევის-თავები გაძლიერდნენ: ხოფაში – შაჰბენდერი, ახავეში – ჟურდან – ოღლი, კაპისტრაში – ქიბარაღა და ათინაში – ბაცა-ოღლი. ამათ დაიწყეს თავის სამფლობელოს შემოფარგვლა და უფლების აღმოჩენა, ამისგამო ასტყდა ისეთი დავა, რომ მთელი ჭანეთი ბრძოლის ველად შეიქნა.
ამისთანა არეულობის დროს კარგი მარჯვე და მოხერხებული დრო იყო ჭანეთში ხვანთქრის უფლების დამკვიდრებისათვის. ამ განზრახვით ტრაპიზონის ოსმან – ფაშამ ჭანების დამორჩილება მოინდომა; მაგრამ ოსმალოს ჯარი საიმედო ჯარი არ იყო. ამიტომ ოსმან – ფაშამ მოიწვია აჭარის ბეგი ახმეთ ხიმშიაშვილი. ეს ამბავი 1820 წელს მოხდა. ახმეთ– ბეგმა შეჰკრიბა აჭარლები, შევიდა ჭანეთში ბორჩხისა და ჩხალის გზით. ტრაპიზონის მხრით ოსმან-ფაშა მივიდა. აჭარლები მოედვნენ ზღვის ნაპირა სოფლებსა, დასწვეს, აიკლეს და დაჰხოცეს ხალხი. ჭანებს ერთი პირი არა ჰქონდათ და ამიტომ წინ ვერ დაუდგნენ; ნებით არ დაუთმეს ოსმალებს თავისი მიწა-წყალი და ქონება. განსაკუთრებულის მხნეობით იბრძოდნენ თურმე კაპისტრის მცხოვრებელთა შორის ჭანის დედაკაცები. აქამომდე ჭანები მოიხსენებენ ამ გმირ კაცების და დედაკაცების სახელებსა. აჭარლები ექვსი თვე დადგნენ ჭანეთში, ბეგებს სახლები დაუნგრიეს და დაუწვეს რიზაში ტუტჩი-ოღლის და შაინ-ოღლის ვიცეში დიდი სასახლეები დაუქციეს. ერთის სიტყვით აჭარლებმა ჭანებს დაურღვიეს თავისუფლება, ოსმალური წესები შეატანინეს, ოსმალოს მოხელენი მიაღებინეს და ჯარში კაცის გაყვანა დაუკვეთეს. რაც კი აჭარლებს უკანასკნელ დრომდე თითონ ეჯავრებოდათ და რისაც მიიღება არ უნდოდათ, სწორეთ ის მიაღებინეს ჭანებსა.
ოსმალოს მმართებლობამ 1820 წელს შემდეგ ჭანეთში ნელნელა შეიტანა თავისი კანონები და ამ ჟამად ჭანეთი უფრო მორჩილია ხვანთქრისა, ვიდრე თვით აჭარა, ლივან, და კლარჯეთი.
წინათ ბეგებს ისეთივე უფლება ჰქონდათ, როგორც ჩვენს თავადებს და ყმები ჰყვანდათ. ოსმალოს მმართებლობამ ჭანეთში ძლიერება იმით მოიპოვა, რომ ყმები გაანთავისუფლა. ახლანდელ ბეგებს ახლა არამც თუ შეიარაღებული ყმების ყოლა არ შეუძლიათ, ყოველ გვარი სახელმწიფო ხარჯი და გადასახადი უნდა გადიხადონ და გზებზე ბეგრათ მუშაობაზედაც კი უნდა გავიდნენ. ამ გვარად ჭანეთში წოდებათა განსხვავება არ არის, აჭარაში და შავშეთში ბეგებს მამულები მაინც აქვთ და ამით ხალხზე გავლენა არ დაუკარგავთ. ჭანეთში დიდი მამულები არ არის, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. აი ამის გამოთ ბეგებიც ვაჭრობენ. შაინოღლის ჩამომავალი ემინ-ბეგ ზღვის პირის ფრინვლის ბუმბლიანს ტყავს გზავნიდა მარსელში ამ ხუთი ექვსი წლის წინათ, კარგი მოგენა ნახა და ახლა ხუთი სანდლის პატრონია. ვაჭრობა და მისვლა მოსვლა აქვს ბათუმს, ტრაპიზონს და სტამბოლს.
ამ ჟამად ამ ჩვენს მოხსენებულ ნაწილში ასი ათასი მცხოვრებელი მეტი ითვლება და, როგორც წინათ მოვიხსენეთ, ლაპარაკობს ჭანურის ენით, რომელიც მეგრულ ენასთან თითქმის არცკი განსხვავდება. იციან ბევრმა ქართული ენა.
მომატებულად დასახლებული სოფლები არიან: გონია, ხოფა, არხავე, ვიცე, ათინა.
პ. უ.
––––––––––––––
1 21 ნომერში სტატიაში „ოსმალოს საქართველო“ შემდეგი შეცდომანი უნდა გასწორდეს: 8 გვერდზე 1 სვეტში 25 სტრიქონში არის. და სიგანე აქვს – უნდა იყოს და საგანე ხეობასა აქვს. – იქვე 8 გვერდზე 27 სტრიქონში და სიგანე თითქმის – უნდა იყოს და სიგანე ხეობასთით - ქმის. 9 გვერდზე, 2 სვეტში 20 და 21 სტრიქონში და იქვე ხევში სიონის ხეობაზე – უნდა იყოს და იქვე ხევში სნოს ხეობაზე.
![]() |
5 მგზავრის წერილები |
▲back to top |
მგზავრის წერილები
სვანეთზედ
(შემდეგი)
პირველი რიცხვის მარიამობისთვისა, საღამო, ჩვენ კარგა სასიამოვნოთ გავატარეთ ამ ჩვენს მესტიის მღვდლის სახლში; მშვენიერი ვახშამი ჰქონდა, თვისის მრავალის სტუმრებისათვის; კარგს ოთახში, რბილს ბუმბულის დოშაკებზე დაგვაწვინა, ასე რომ, რაც ქუთაისს გამოვსცილდით ჩვენ აქამდის არა გვქონდა ასე ლაზათიანად მომზადებული დასაძინებელი და დასასვენებელი ბინა. როგორც რომ ღრმა ძილმა დაგვსძლია, უცებ რაღაც ნაირი ქუხილი, ჭექა და ვაი ვაგლახი ატყდა ზეცაში და დაუშინა ქვეყანას საშინელი ნიაღვარი – წვიმა. სუყველას გვეგონა, რომ დილას ჩვენი მგზავრობა შეუძლებელი იქნებოდა, რადგანაც ისეთი გზები უნდა გაგვევლო, რომ ცხენს ფეხი თუ წაუსხლტებოდა, ვაი ჩვენი ბრალი მაშინ; ამ ჰაზრით დაგვეძინა კიდეც. მაგრამ, გასაკვირვალი ის იყო, რომ მიწას, მეორე დღეს არც კი ეტყობოდა რაიმე სისველე წვიმისაგან; თურმე დედა-მიწა ისე ყოფილა გახურებული და გამხმარი სხივისაგან, რომ წვიმა სულ მიწას გაუვიდა.
მარიამობისთვის მეორე დღეს გამოვესალმეთ ჩვენს პატივცემულს თავადს თენგიზს და „ბეჭოს“ გზას დავადექით; ჩვენთანვე წამოვიდა ჩვენი მღვდელი – მასპინძელიც. ამ გზაზედ ცოტა გაწყდა მე მეორეთ არ გადავიჩეხე ხრამში; სვანეთის პრისტავის ცხენმა რანაირათაც და როგორღაც გზაზე ნაგდებ კეტს ფეხი დაადგა, აყირავდა ეს კეტი და შიგ მუცელს, ერთ მტკაველზედ შეეცო ცხენსა; ერთმა ჩვენმა ჩაფარმა თავი ვერ მოარიდა ხის ტოტსა, და ტოტმა ისეთი ტყლაშანი გაადინა, რომ სულ პირისახიდამ სისხლი ადენინა; ჩვენი მღვდელიც ცხენიდამ გადმოვარდა და თავისი ანაფორა ნაკუწ-ნაკუწათ გაიხია. ამ გვარი შემთხვევაები კიდევ ბევრი რამ მოხდა და მღვდელმა სულ ქაჯებსა და ეშმაკებს მიაწერა, ვითამც ამ ადგილებში დაბინავებულებს. მაგრამ მაინცა და მანც მშვიდობიანათ მივედით, იმავე საღამოს, სოფელს „ბეჭოს.“
სოფელი „ბეჭო“ ანუ „ბეჩო“, მდებარებს ჩქარის მდინარის „ჭალაის პირზედ, რომელიც ამ სოფლიდამ შვიდ ვერსტზედ გამომდინარებს მთა „უჟბის“ მუდამის თოვლის ძირიდამ, მისი სათავე სოფლიდამ ძალიან კარგადა სჩანს, რომელიც განიერის ზოლით – გამოხტის თოვლის ძირიდამ. სოფლის გარშამო ტყიანი მთებია, და შიგა და შიგ ბეჩოლების სახნავი მიწები და მშვენიერი საბალახეები და სათივეები; თვით „ბეჩო“ წარმოადგენს დიდ ჭალას 150 საჟენი სიგანით და ერთი ვერსტი სიგძით. ამ „ბეჩოს“ უკანამხარეს, ცოტა მაღლობზედ, მთის გვერდობზედ მდებარეობს თვით სვანების „ბეჩო“, რომელიც რუსის როტის შტაბ-კვარტირას რომ ეძახიან, გადაჰყურებს. სვანების სოფელს რაღაცა ბნელი, მოწყენილი შეხედულობა აქვს, თავისი დაბალი ხის სახლებითა, ერთმანეთთან მიკრულის და ერთ ჯგუფათ მოგროვილის შენობებითა.
ამისთანა ხამს ადგილებში, და თითქმის ველურს ხალხს შუა, რომელნიც მიუკარებელს მთებში არიან გადაგდებული ქუთაისიდამ თითქმის 400 ვერსტზედ, უკანასკნელს ადგილიდამ საცა მოჩანს რაიმე ცივილიზაციის ყოფა-ქცევა, აქა, ბეჩოს, უცხოთ გვეჩვენებოდა ჩვენ. სალდათების ნახვა, მათი რიგზედ სიარული, მათი დოლების ყოველს საღამოს და დილას ხმა, მათის მცველების გაცვლა-გამოცვლა, და აფიცრების ნახვა, მშვენიერი და ლამაზი ორი სალდათების კაზარმებისა, ორი აფიცრების სახლებისა და პრისტავის ნახვა, მისი სახლითურთ, სულ უცხოთ გვეჩვენებოდა, გვეჩოთირებოდა აქა, ამ ადგილას, საცა ეს ჭეშმარიტი ნახვა ჩვენს ფიქრსა და ჰაზრს – როგორღაც არ ეთანხმებოდა. სული და გული სწუხდა, მაგ სალდათების გულისათვის – თუ, რომ ბედმა, მაგათ, აქ ყოფნა მიანიჭა? თუ – თვითან ველური სვანების შეწუხება მაგათგან, რომ ამათა იმათი ტკბილი, და თავისუფალი სიცოცხლე, ცხოვრება, ყოფა-ქცევა – შეავიწროვეს – ეს არ ვიცი. მაგრამ, ორივე ერთად, ვერ ეთანხმებოდნენ ჩვენს თვალში; აქა, თითქმის ჩვენს თვალთან, ყოველს ჟამს, ჩვენ ვხედამდით იმასა, რასაც ვხედამთ ჩვენს ქალაქებში საცა ჯარი არის, და აქვე გვერდით, სხვა სულ სხვა მდგომარეობასა, უთანხმურს მდგომარეობასა. ეს გრძნობა ხშირად გვავიწყდება ჩვენ, რომ სვანეთის შუაგულში ვიყავით!
ეს როტა სალდათი აქ 1871 წელს დააბინავეს; და როგორც მითხრეს, ერთხელაც ავათ არავინ გამხდარა კარგი ჰავისა და ბუნების მოქმედებისაგან. ამ მიგდებულს ქვეყნის კუთხეში, ბედმა ორი ქართველი აფიცარი დააბინავა; მაგრამ ვაი მაგათ დაბინავებას! ერთ-ერთმანეთთან ვერ მოთავსდნენ, მუდამ უკმაყოფილება აქვსთ მაგათა, ერთ-მანეთის ბეზღება, და საშინელი განხეთქილება, რომელსაც, რასაკვირველია, მათ მინდობილს სალდათებზედაც კარგი გავლენა არა აქვს; მაგრამ ბუნება და მშვენიერი ჰავა თავისას იღებს მაინც.
წინათვე უნდა მეთქვა, მე, რასაკვირველია, რა მიზნისათვისაც გავემგზავრეთ ჩვენ სვანეთისაკენ, და ვინ შეადგინა ჩვენი წრე. 1873 წელს, მკათათვეში მთავრობამ აქციზი შემოიღო, ესე იგი ოტკისა და თამბაქოს ბაჟი, და რადგანაც მე ქუთაისის აქციზის უპრავლენიის ჩინოვნიკათ ვირიცხებოდი, რის გამოც მე მქონდა მონდობილი, ბაჟის ასაღებათ: მთელი რაჭის უეზდი, საჩხერის პოლიციის უჩასტკა, მთელი ლეჩხუმის უეზდი და სვანეთის საპრისტაოც. რადგანაც სვანებზედ ხმა იყო გავარდნილი, რომ ვითამც ყოველს განკარგულებას მთავრობისას უთანხმოებას უცხადებდნენ, მეტადრე „თავისუფალ სვანეთის“ მცხოვრებლები და ვითამც ყოველთვის სხვა და სხვა ჩინოვნიკებს იქ გლახათ მიიღებდნენ ხოლმე და აწყენინებდნენ; ასე რომ ჯერ ახალი სუდებნი რეფორმაც ვერ სწარმოობს თავის რიგზედ სვანეთში, ამისათვის 1871 წელსა, ქუთაისის სამხედრო ღუბერნატორმა, გრაფმა ლევაშOოვმა, ვითამც დაუმორჩილებელ ხალხის დასამშვიდებლად – პატარა ჯარი წაასხა იქა; მაგრამ ვერაფერი ვერ გაარიგეს ამ ხალხთან, და ამისათვის მათ გასაფრთხილებლად დასტოვეს სვანეთში ერთი როტა სალდათი. დამშვიდება არა ვის და არაფერს არა სჭირდებოდა; და არავის არცა ჰქონდათ ჰაზრათ რაიმე წინააღმდეგობა, ასე რომ სვანები დარჩნენ იმითივე, რითიც მანამდის იყვნენ. ამ გვარივე ჯარის გაგზავნა სვანეთში მოხდა შარშან, 1876 წელსა, რომელიც ისევ ისე, წინანდელად, დაბრუნდა იქიდგან და ვერაფერი ვერ გაარიგა, მხოლოდ რამოდენიმე სვანი, ვითამც აჯანყებული, მოჰკლეს და დაატუსაღეს. სვანეთი ძალიან შორს იმყოფება მთავრობის კენტროდამ და არის განცალკევებულად დაკეტილი ქვეყანა; ისე რჩება თავის ბუნებით მთებში ჩაკეტილი, და სცხოვრობენ სვანები იმავე სიცოცხლითა, როგორითაც სცხოვრებდა უწინდელს დროებას. მე როგორც კავკასიის მემკვიდრე კაცი, როგორც მცოდნე ქართულის ენისა, როგორც ერთი გვარისას იმ აზნაურთა, რომელნიც სვანეთში იყოფებიან, და სვანებს დიდი პატივის-ცემა აქვთ, მთავრობამ გამგზავნა სვანეთის აქციზის შემოსაღებათ, იმ იმედით, რომ მე შემეძლოს, ვითამც, რაიმე ახალი შემოღებულის კანონის გავრცელება ამ ხალხში რა ნაირი კანონი, ანუ დაწყობილობა ყოფილიყოს, რომელიც ამ ველურს ხალხს უსათუოთ მხეცურ საქმეთ ეჩვენებოდეს. რასაკვირველია, ჩემმა ბედმა მე არ მიღიმა, რომ შემძლებიყო იმისთანა საქმის დაფუძნება სვანებს შუა, რომლის ჰაზრიც სვანებისათვის მიუკარებელი და შეუძლებელი იყო. მაგრამ იმედის ჰაზრმა, მაინც-და-მაინც გამაბედვინა იქ წასვლა, ვინ იცის, იქნება რასმე ჩემის საქმის ნაყოფს მოვიტანდი იქიდგანა. მე გამყვა ერთი ყმაწვილი კაცი, საკუთრად ამ ქვეყნის ნახვისათვის; მერმედ ჩვენ შეგვიერთდა, როგორც წინათვე ვსთქვი, სვანეთის პრისტავი, რომელსაც მოწერილობა ჰქონდა, რომ მე უნდა გამომყოლიყო; ლეჩხუმის უეზდის უპრავლენიის ცალკე ჩინოვნიკი, მისი მთარგმნელითა, პერევოდჩიკითა; მერე მთარგმნელი ქართულიდამ-სვანურად და სხვა და სხვა ჩაფრები და გზის მაჩვენებლები. ჩვენ ვიყავით, როგორცა ვსთქვი, რვანი. წინაპირველად კარგა მხიარულად ვიარეთ, მაგრამ მერმედ კი შევჩუმდით, მგზავრობის ტანჯვისაგან, და უფრო იმ აზრისაგან, რომ სულ ფუჭათ ჩაივლის ჩვენი დამიზნული მგზავრობა; მხოლოდ ჩვენ გვამხნევებდა ის აზრი, რომ ჩვენ შეგვეძლო ჩვენის სიამოვნებისათვის სხვა და სხვა მგზავრობის წერილების შედგენა და ჩვენი შთაბეჭდილების დანიშვნა. ასე იყო ჩვენი საქმე!
სოფელს ბეჩოს ჩვენ შეგვხდა ორი რუსის პოლკოვნიკი, რომელნიც ორი დღის წინათ ქუთაისიდამ აქ გადმოვიდნენ თავის სამხედრო მინდობილ საქმეებიის თაობაზედ. ერთი იყო – ქუთაისის ღუბერნიაში მყოფი რუსის ჯარის ნაჩალნიკის პომოშნიკი, თანამშრომელი, რომელიც ბეჩოს მყოფ როტა სალდათის გასაშინჯავათ მოვიდა; და მეორე – სამხედრო, ვოენნი ინჟინერი, რომელიც მოვიდა ბეჩოს სახელმწიფო სახლების, ესე იგი კაზარმების გასინჯვისათვის და ახალი სახელმწიფო შენობის დასადგმელათ, სამსჯავრო სუდისათვის და პრისტავის უპრავლენიისათვის და მართლ-მადიდებელი ეკკლესიის საძირკვლის ჩასაყრელათ, ამ როტისათვის. მაგათ ახლდა ერთი ადიუტანტი და მთარგმნელი, ასე რომ, ჩვენ ბეჩოს კარგა მოზდილი წრე შევადგინეთ, ამ მივარდნილს ალაგას, საცა ჩვენ ადვილად შეგვეძლო მუსაიფი და სასიამოვნო ლაპარაკში თავის გართობა. რასაკვირველია მოწყენილად არ ვიყავით; ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმუსაიფეთ იმ საგნებზედ, რომლის გარკვევა და გაგება გვინდოდა; ვილაპარაკეთ სვანეთის გზაზედ, ქუთაისიდამ მოყოლებულსა; ამ ხალხის სამეურნეო თაობაზედ, რომელიც 40 ათასამდინ ირიცხება და სხვა ამ გვარს საგნებზედ. რაც აქ შევიტყეთ და ვნახეთ ეხლა იმაზე მექნება მე მუსაიფი, პატივცემულ მკითხველთან. ყოველი ჩვენგანი, როდესაც დღე მთავრობის მინდობილს საქმეს შევასრულებდით, ყოველს საღამოს ერთად შევგროვდებოდით ხოლმე და ამ დროს გვქონდა მუსაიფი და სალდათების სიმღერითა და მუზიკის კვრით, თავს გავირთობდით ხოლმე, ბეჩოს ყაბასზე, ორს კაზარმას შუა. ბეჩო იყო ჩვენი ბინა და როდესაც დღე ჩვენ-ჩვენ საქმეზედ წავიდოდით, საღამოს ისევ ბეჩოს უნდა მივსულიყავით. მე თითქმის ყოველ დღე, მომიხდებოდა შიგნითის სვანების სოფლებში წასვლა საქმის თაობაზედ, რომელთაც იმნაირივე შეხედულება აქვს, რა ნაირიც ზემოთ არის აღწერილი.
ქვს, რა ნაირიც ზემოთ არის აღწერილი. მე დიდათ-მინდა, მოვახსენო პატივცემულ მკითხველს, ყოველისფერი ჩემით გაგებული აქა, ნახული და შეტყობილი, ხოლო სხვა და სხვა მიზეზებით, მე ზოგიერთ საგნებზედ გავჩუმდები. მაგრამ ამისათვის, ბოდიშს ვიხდი და ვსთხოვ მკითხველს ნება მომცეს ისე დავიწყო ჩემი საუბარი, რა ნაირათაც მე მიმგზავრნია ქუთაისის ღუბერნიაში, ასე რომ მერმედ ჩვენ, ისევ სვანეთისაკენ დავბრუნდებით.
ქუთაისის ღუბერნიაში და აგრეთვე მთელს კავკასიაში, ერობის წესდებულება ჯერეთ არ არის, მთავრობისაგან შემოღებული, ესე იგი „ზემსტკო,“ რომ ჰქვიან რუსულად; ამისათვის შიგნითს სოფლებსა და მაზრებს გზების გაყვანა, გამართა და გაკეთება, ვალად სდევს ღუბერნსკის პრავლენიას; ესე იგი ეს საქმე მაგისი ზრუნვა უნდა იყოს. ღუბერნსკი პრავლენიამ ეს ზრუნვა უეზდის ნაჩალნიკებს მიანდო, ასე რომ, ამათ უნდა შეაახლონ ძველი გზები, და ამათვე უნდა აკეთონ ახალი გზებიც. მართლაც რომ ეს უეზდის ნაჩალნიკები აკეთებენ–ქუთაისიდამ– ლეჩხუმის უეზდში, სოფელს მურამდინ, სვანეთის ვიწროებამდის; ისევ ქუთაისიდამ–რაჭის უეზდში, სოფელს ანუ დაბა „ონამდინ“, აქედგან ჩრდილოეთთ კავკასიის მთებზედ, თერგის მაზრამდინ; ისევ ქუთაისიდამ–მთელს ქუთაისის უეზდში და შორაპნის უეზდშიაც დაბა „საჩხერემდინ,“ და აქედგან–ისევ რაჭისაკენ, დაბა „ონამდინ“ ყოველს ამ გზებზედ მე ბევრჯელ მივლია და ბევრჯელაც მიგრძნობია მაგათი უმარჯვეობა და სიძნელე. ამ გზებს, საზოგადოთ, ერთი და იგივე შეხედულება აქვს; რომელიც მისდევენ მდინარე „რიონის,“ „ყვირილას,“ „დძერულას,“ „ცხენი-წყლის“ და მრავალს სხვა მთის წყლების ვიწრო და მაღალს ხეობებს; ხან მთებზედ ადის გზა, საშინელს სიმაღლეზედ, ხან ხრამებAში და ღელეებში ჩადის, ასე რომ ხშირად, მგზავრს ალაყის (ტორმოზის) მნიშვნელობა მოაგონდება ხოლმე და ისურვებს ხოლმე, როგორმე, თავისი თავი შეიმაგროს ამ დაქანებულს გზებზედ. ამ გზებზე მოსიარულეს უსათუოდ რამე კავი უნდა ჰქონდეს, რომ მითი აცოცვა შეეძლოს და თავის შემაგრება, რომ ხრამში ანუ უდაბნოში უცებ თავი არ ამოაყოფინოს გზამა, მაგალითად, გზა რაჭის უეზდისაკენ; მთა „ნაქერალაზედ“ გადადის გზა და მე, ცხენზედ მჯდომი, წამ და უწუმ ჩამოვხტებოდი, რომ ცხენის კუდზედ არ გადმოვსცურვიყავი, საშინელს გზის სიმაღლის მიზეზით; და თუ ჩამოხტა ცხენიდამ კაცი, უსათუოთ ხელით ან ქვას, კლდეს უნდა მოჰკიდოს, ან ჩიგვსა და ჯირკსა, რომ სიარული შაიძლოს. თუ რომ პატარა ეკიპაჟით, შარაბანით, წავიდა ვინმე ამ გზაზედ, ნაქერალას გადასვლისათვის ექვსი ან შვიდი უღელი ხარი უნდა შეაბმევინოს, ამ უმჩატესს ეკიპაჟში. გზიდამ გადმოვარდნა და გადმოჩეხა, ასეთი ადვილი საქმე არის, რომ როდესაც ეს ხიფათი მგზავრს არ შეემთხვევა–სუყველას უკვირს, რომ ადვილად გადარჩა. სუყველა ეს გზები ისე ვიწრო არიან, რომ თუ ორი ეკიპაჟი შეხვდა ერთად, ყოვლად შეუძლებელია რომ ერთი-ერთმანეთს გზა აუხვიონ. სიგანე ორ არშინზე მეტი არ არის, და უფრო განიერი ადგილი–ძალიან იშვიათია. მაშინ მეტი ღონე არ არის, მახლობელს სოფელში უნდა მივიდეს კაცი და შველა მოითხოვოს, ხშირად დიდ ფასათ; მოვლენ მუშები და დაუწყებენ გზას თხრას, გაგანიერებას, იმ ადგილსა საცა ორი ეკიპაჟი შეხვდნენ. კარგია, თუ ნაშალი მიწა ნახეს იმ ადგილსა, და თუ კლდეა, ბევრს არ ჰფიქრობენ, მგზავრის ფეხ-წინ დაუწყებენ ნაღმით მორღვევას და კარგია თუ ამ ნაღმა არც მგზავრი და არც მისი ეკიპაჟი ზეცაში არ შეაგდო. ხშირად კი მოხდება ხოლმე ამ გვარი საქმე. ან არა და, მიდის მგზავრი, ცხენიანი თუ ეკიპაჟიანი, და ჰლოცამს გზის გამკეთებელს, რომ იზრუნვა და ბოგირებიც დადგა და ხიდებიც ხრამებზედ და ღელეებზედ. მიუახლოვდება მგზავრი ერთს ამ გვარ ხიდს–და ჰხედამს, რომ ხიდსა პირი დაუღია. უსათუოდ უნდა ან ფიცარი იშოვოს ან წნელი, ან ხის ტოტები, რომ პირდაღებულს ხიდს დააფაროს და გადავიდეს შიშით და კანკალით, იმ აზრით, რომ აი ეხლა ჩატყდება ხიდი და შენც თან ჩაგიტანს. მიუახოოვდებით მეორე ხიდსა, ჰხედამთ რომ აქ ყოველისფერი თავის რიგზედ არის, კარგათ არის; მაგრამ უცებ ხიდი ტყდება და თქვენ ხრამიდამ ამოჰყოფთ თავსა! თუ არა იღრძენით რა, ათვალიერებთ ამ ხიდსა, და შეამჩნევთ, რომ ფიცრის მაგივრად, ხიდის ღია-პირი, ფიჩხით ყოფილა დაფარული და ზევიდამ მიწით დაყრილი; ფიჩხი თავის დროზედ დალპა, და თქვენი სიმძიმე ვეღარ აიტანა. მე რამდენჯერმე გამომიცდია ეს სიამოვნება; მაგრამ მადლობა ღმერთსა, რომ ცხვირიც დამრჩენია და მკლავიც და ფეხებიც, მაგრამ ჩემი გვერდებისა კი რა მოგახსენოთ; თქვენს მტერს ისე ჰქონდეს, როგორათაც მე მქონდა გვერდები ჩაქელილი. „საჩხერეს“ მეუბნებიან მე, რომ „ზესტაფონამდინ“ ძალიან კარგათ ფაიტონით წახვალთო; გზა განიერიაო და სულ შოსსეთ დაგებულიო. მეც დავიჯერე და წავედი „ზესტაფონს“ ფაიტონით, რომელშიაც ოთხი ცხენი ება; იმ ანგარიშით წავედი, რომ „ზესტაფონს“ ჰრკინის გზის მგზავრების მატარებელს, ესე იგი პოეზდს მივსწრებიყავი. მეფაიტონეც იმ ანგარიშით ვიქირავე, რომ თუ დამაგვიანებს და პოეზდს ვეღარ მიუსწრებ მაშინ, ნახევარი ფასი უნდა მიმეცა. საჩხერიდამ ზესტაფონამდინ 52 ვერსტია; მთელი გზა მშვენივრათ შოსსეთ დაგებული არის; ამ გზას ისევ იმისთანა აღმართ-დაღმართები აქვს, როგორც სხვა გზებსა. ჩემი ფაიტონის ოთხი ცხენი ძლივს ეტევოდა გზის სიგანეზედ. ნახევარი გზა გავიარეთ დიდის ჯაფით აღმართ დაღმართებში, და როგორღაც უცებ თვალში რაღაცამ გამიელვა; ამოვარდა საშინელი მტვერი და ჩემი ფაიტონიც გვერდზე მოიქცა; რასაკვირველია გადმოვხტი და ვნახე რომ, ცხენს ქვეშ შოსსე ორი არშინი სიგანით ჩაქცეულა და ცხენიც თან ჩაუყვანია რვა საჟენ სიმაღლიდამ მდინარე „ყვირილას“ ხრამში. მე და ჩემმა მეფაიტონემ შორიდამ მოვიარეთ და წყლის პირას ჩავედით ცხენის სანახავათ, რომელსაც უბედურს, ფეხი მოსტეხოდა და ზურგიც მთლად გადაჰყვლეფოდა. ცხენის ტანჯვის ცქერა – საცოდავობა იყო. დამიწყო წყევლა მე მეფაიტონემ, ჰსწყევლიდა თვით გზასა, ცხენსაც და სუყველას, მაგრამ თავის ცხენს ამითი ვერა უშველარა; დაჰკლა ცხენი, და საცა მთელი ტყავი დარჩა – გაატყავა, ნალებიც აჰყარა – და ჩვენ დანარჩენის სამის ცხენით დავადექით ჩვენს საშინელს გზასა. ჩვენი ფაიტონი კარგა დაძველებული იყო; მივედით რაღაცა ბოგირთან, პატარა ღელეზედ, რომელმაც ბევრ გან პირი დააღო, და ჩემმა მეფაიტონემ იფიქრა, რომ ცხენებს ფეხები ბოგირის ღია ადგილებში არ ჩავარდნოდათ, ამჯობინა, რომ გაქანებული გადავალო; გარეკა ცხენები, უცებ ჩატყდა ბოგირი და ფაიტონიც მთლად დაილეწა. ამ ფაიტონით სიარული აღარ შეიძლებოდა, რასაკვირველია, და მე, სხვა რა მექნა, შევჯექი უბელო შესაბმელს ცხენზედ; ჩემი მეფაიტონეც მეორე ცხენზედ შეჯდა, და მესამეს ჩემი პატარა ბარგი ავჰკიდეთ და ჰაიდა – წავედით ასე „ზესტაფონისაკენ,“ ფაიტონი რასაკვირველია დავსტოვეთ ღელეში; პოეზდსაც ვეღარ მივუსწარით. ამ გზაზედ ხომ დადიან? რა იქნებოდა რომ უფრო მაგრათ გაეკეთებინათ? რა იქნებოდა, რომ გზაც გაეგანიერებინათ და ბოგირებიც გაემაგრებინათ?– არა!-იმას ელიან, რომ ვისმე ფეხი მოსტეხოდეს ან კისერი მოჰგრეხოდეს! 1873 წელს, ჩრდილოეთის კავკასიიდამ, ერთი სოტნა ყაზახი მოდიოდა ქუთაისისაკენ; ამათთვის გზა გასშინჯეს და აქაიქ შეაკეთეს, მაგრამ მაინც, ყაზახები, ცხენებიანათ ხრამში ცვიოდნენ, ასე რომ ერთი მთლათ დამტვრეულა და ცხენიც მოჰკვდომია,–სხვანი კი ადვილათ გადარჩომილან. როდესაც მე ვჩივოდი, რომ ამისთანა გზები რათა გაქვსთ მეთქი, მე მიპასუხეს: „ეჰ! რა ვქნათ; ჰალბათ ჩვენი ბედის წერაა; რუსეთი, ხომ არ არის–კავკასიაა“!–
გზების გასაკეთებელი ფული, ხშირად კარგა ბლომათ, ღუბერნსკი პლავლენიიდან, ეძლევათ ადმინისტრაციის, ანუ მმართებლობის, გამგეობის პირს, რომელსაც რამდენიმე ათი-თუმანი ჯამაგირი აქვს წელიწადში. ეს პირი იმ წამსვე გზის კეთებას იწყობს, თუმცა ტეხნიკური ცოდნა სრულებით არა-აქვსრა; და პატარ-პატარა, წვრილ-წვრილს ფოდრაჩიკებს აძლევს გზის აშენებას. არც პლანები აქვთ, არც გამოანგარიშება ამგვარის შენობისა, არაფერი ესენი არა აქვთ რა; მხოლოდ „თვალად“ კეთდება ყოველისფერი. ფოდრაჩიკი, საქმეს იღებს– მოგებისთვის ; და თითო მუშა კაცზედ, დღეში ეძლევა ორი აბაზი თეთრი ფული, და თითო კვადრატი საჟენი მიწის ანუ კლდის გათხრისათვის – თუ ნაღმისათვის, ეძლევა თითო ფუთი თოფის წამალი. აგროვებენმუშა ხალხს; მაგრამ თვითონ ხალხის ნებით კი არა, არამედ ძალით, ბეგარაში იწვევენ მიწერილობის ძალისა და გვარად, ოჯახიდამ, ორ-ორ კაცს, ორი კვირის ვადით. მოდიან მუშები ას, ას ორმოც და ათ ვერსტიდამ, და თავისი ორი კვირის ხარჯი, თვითონ გუდებითა თუ ხურჯინებით მოაქვთ; და არა თუ მარტო ხარჯი – საკუთარი იარაღიც უნდა მოიტანონ. ეს მუშაობა მოხდება ხოლმე ზაფხულში ან გაზაფხულზე, როდესაც გლეხ-კაცს ერთი საათის დრო – ძვირათ უღირს თავის ოჯახისთვის; და როცა ორი კვირით, თავის ოჯახებს უპატრონოთა სტოვებენ, გლეხ კაცებს არა აქვთ ღონისძიება, რომ შიმშილიდამ და გაჭირებიდამ გამოიყვანონ თავისი ცოლ–შვილი. ამ გვარი მუშა-ხალხი, ყოველს ფოდრაჩიკს, ორასიდამ – ხუთას კაცამდინა ჰყავს, რომელნიც ამდროს, დღეში ორ მანათათაც არავინ დადგებოდა სამუშავოთ. ორი კვირის ვადა გადის და ხალხსაც თავ-თავისათვის უშვებენ და ხშირად არაფერს აძლევენ, კაპეიკ-გროშს, თუმცა ფოდრაჩიკს კი მაგათთვის, თითო კაცის ანგარიშზედ, ორ-ორი აბაზი მოსდის. რომელიც განზე გაიწევს, ამ ხალხში, ორ აბაზს მაგირვად – თითო შაურს აძლევენ; ან ეს უნდა აიღოვო ან არა და არაფერს მოგცემთო. შესრულდა წელიწადი, რაც გზასა მუშაობენ; გამოჩნდა, რომ ფოდრაჩიკი ან ბიძაშვილი ყოფილა ადმინისტრაციის პირისა, რომელსაც ღუბერნსკი პრავლენია ფულს აძლევს გზის გაკეთებისათვის, ან სიძე, ან მოყვარე, ნათლია და ხშირათ ხელზედ მოსამსახურეც, ლაქია. რასაკვირველია მოგებაც ამ რიგათ გაინაწილება ხოლმე მუდამ.
არ ვიცი, ღუბერნსკი ინჟინერი ათვალიერებს ამ გვარათ აშენებულს გზებს თუ არა, მაგრამ – ის ვიცი, რომ ამ ფულით ეს გზები უფრო, ერთი ათასად უფრო კარგათ უნდა გაკეთებულიყო. ეს ადმინისტრაციის პირი, რომელსაც მთავრობიდამ რამდენიმე ათი თუმანი აქვს ჯამაგირი წელიწადში, და რომელსაც მთავრობიდამ ფული ეძლევა გზის გაყვანისათვის და რომელიც მთავრობიდამ გზის ზედამხედველათ არის დანიშნული, ჰხედამ რომ, წელიწადი რომ შესრულდება, დიდს მამულსა ჰყიდულობს, რომლის შემოსავალი მის ჯამაგირზედ, ერთი ორად უფრო მეტია; მერე – ჰხედამ – ამ ახალს მამულში ბაღებსა ჰმართავს, ბოსტნებსა, საგუბრებს აკეთებს, რომელშიაც, რუსეთიდამ აკვარიუმში – ოქროს თევზებს უშვებს! მშვენიერს შვეიცარიის გემოთი სახლებს იკეთებს და სხვა ამ გვარს ხარჯს ეწევა, რომელსაც ჯამაგირი ვერაფრის მოხერხებით ვერ დაჰფარავს. ბარაქა ყოფილა! მადლი! ეს მუშა ხალხი და გზა – მაგათთვის მწველელი ძროხა ყოფილა! ფოდრაჩიკი – კი, წელიწადი რომ გავა – ჩოხას აღარა კადრულობს და ჩუსტებს – არა, პირდაპირ ვარშავიდამ მოსდის წაღები და თბილისიდამ ახალ – ახალი სერთუკები; ათ თუმნიან ცხენზედ შებძანდება, ჯორის მაგივრად, და ქვით-კირის სახლს გადმოჭიმავს სადმე! გლეხები კი ამ მუშაობის შემდეგ, ვისიც სისხლი და ოფლია დაღვრილი ყოველს გზის ნაბიჯზედ, მთლად აოხრებული რჩებიან, და თავის ნაშრომ ორ აბაზის მაგივრად, ყოველ დღეში, ორი კვირის განმავლობისა, მოსდის კისერში ჩაქელვა, ან კარგი – ლაზათიანი პანჩური! ჩვენ კი, ერობის ხალხი, მგზავრი, ცხვირპირს ვიმტვრევთ ამ გზებზედ, და ამშენებლებს მაინც პატივი უნდა ვსცეთ, რომ ეს მაინც გაგვიკეთეს და მთლათ, მთელი ხაზინა თავის ჯიბეში არ ჩაიდეს – და ჩვენც გვარგუნეს რაიმე – ბილიკი!
რა იქნებოდა, რომ ამ ფულის, რაც ამ გზებზედ დაიხარჯა, მეათედი, მეასედი მაინც, სვანეთის ბილიკა გზას მოჰხმარდებოდა? სვანეთში ეხლა ისეთი ბილიკი მიდის, რომ თუ შეხვდა ცხენსა – ცხენი, მათი გზის ახვევა, თითქმის, შეუძლებელია; და თუ ვინიცობაა ცხენს შაეშინდა რისიმე, ან შეკრთა უცებ, ან ფეხი წაუსხლტა მგზავრის დაღუპვა საეჭვო არ არის. 1871 წელსა, როტა სალდათი სვანეთს მიდიოდა, თვითან საკუთრად გათხარა ბილიკი და ისე მისდევდა მთებსა და ეს ბილიკა ეხლაც, ამ ჟამად, დარჩა პირველი და უკანასკნელი სვანეთში მისვლის ღონის-ძიებათ. რა იქნებოდა, რომ, ვისმე ცოტათი მაინც ნიჩაბი ეტრიალა ამ ბილიკაზედ?! – იქნება მითხრან მე, რომ სვანეთში გზის გაკეთება საჭირო არ არისო? – ამაზედ მე გავბედავ და ვუპასუხებ, რომ თუ ქუთაისიდამ ჩრდილოეთის კავკასიაში, რამდენიმე ოსის სოფლებისათვის, სოფელს ონზედ, გზის გაკეთება საჭიროთ ნახეს, სვანეთში მეტადრე, უფრო საჭიროა გზა, რადგანაც საჭიროთ იცნეს როტა სალდათის დაყენებაც, პრისტავის გამწესესებაც, და სამსჯავრო სუდის გამართვაც, აქციზის შემოღებაც აქ გზა, რასაკვირველია, უფრო და უფრო საჭიროა – ვიდრე ჩრდილოეთის კავკასიაში, თერგის მაზრისაკენ! გარნა სვანეთში ისეთი გზა მიდის, რომ ქუთაისიდამ ღუბერნსკი პრავლენიიდამ სვანეთის პრისტავთან გაგზავნილი ქაღალდი, მიწერიილობა, სოფელს ბეჩოს, ჯერ მიდის ლაილაშზედ, ფოჩტით, იმ რიგათ, როგორც ზევით არის მოხსენებული ფოჩტების გამართვის თაობაზედ; და მერმედ ლაილაშიდამ – ბეჩოს მეათე დღეს მივა ხოლმე ეს ქაღალდი! – ქუთაისიდამ – ბეჩომდინ – 300, 400. ვერსტი არც კი იქნება!
(შემდეგი იქნება)
(კოტე სანინელი)
![]() |
6 ბრძოლა რომის დასაპყრობლად |
▲back to top |
ბრძოლა რომის დასაპყრობლად
(შემდეგი)[1]
იტალია
– მაშ გათავებულია. აბა ერთი კიდევ გადვიკითხოთ შეკრულობის წერილი თვითო თვითო მუხლი ცალკე პირველი. კოროლი თეოდაღადი ხელს იღებს იტალიასა და მის – და კუთვნილს კუნძულებზედა. მეორე. კოროლმა თეოდაღიდმა უნდა მოიხმაროს ყოველივე ღონისძიება, რომ გოთთა ლაშკარს იარაღი დააყრევინოს და ცოტ-ცოტაობით ალპის იქით გადიყვანოს. მესამე. ყოველ ამის სამაგიეროდ იმპერატორი იუსტინიანე უტევებს კოროლს თეოდაღადს და მის მეუღლეს გოდელინდას კოროლობის ხარისხსა. მეოთხე.....
– ეგ მუხლი მე ჩემის საკუთარის თვალით უნდა გადვიკითხო, გააწყვეტინა სიტყვა კოროლმა თეოდოღადმა და ჩაიხედა ქაღალდში, რომელიც ხელში ეჭირა იმპერატორის დესპანს – პეტროსსა. იგინი ისხდნენ კოროლის ოთახში რავენნაში და ძირის სახლებიდამ კი დიდი ხმაურობა ამოდიოდა გოთთაგან, რომელიც დღესასწაულობდნენ ახალის კოროლის თეოდაღადის ტახტზედ ასვლას. მას შემდეგ რაკი უწინდელს დედოფალს ამალასვინტას ძალად ტახტზედ ხელი ააღებინეს, თეოდაღადი ამოერჩიათ ახალ კოროლად.
– მეოთხე, განაგრძო კითხვა პეტროსმა: – იმპერატორი აკუთნებს კოროლს თეოდაღადს არამც თუ იმ მამულებსა და განძსა, რომელსაც თვით კოროლი თავის საკუთრებად აჩვენებს, არამედ უთმობს მთელს გოთთა სახელმწიფო ხაზინასაც და ნახევარს შემოსავალს იმ ადგილებისას, რომელნიც ამ შეკრულობის ძალით უკუვ-უბრუნდება იმპერატორსა.
– ყური მომიგდე, პეტროს,
– არ შეიძლება რომ სამი მეოთხედი მოვითხოვო?
– ყველა ფერის თხოვნა შესაძლოა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იუსტინიანემ შენ ეგ თხოვნა აღგისრულოს. – მე მაინც ჩემსას ვეცდები. იუსტინიანემ იქნება დამიკლოს რამე, ან ვინ იცის სამაგიეროც რამ დამინიშნოს.
ამ დროს სასახლის მარმარილოს დერეფნიდამ მოისმა ფეხის ხმა და ამ მოლაპარაკეთა წინაშე წარმოსდგა ქალი, რომელსაც შავი წამოსასხამი ესხა და პირზედ ჰქონდა შავი პირ-ბადე ვერცხლის ვარსკვლავებით მოწინწკლული. ეს იყო ამალასვინტა, უწინდელი დედოფალი გოთებისა. სახე გაფითრებული ჰქონდა, ხოლო მისი წარმოსადეგი სანააობა სავსე იყო კეთილშობილებითა; სახეს მისას ემჩნეოდა თავმოუხრელი მწუხარება.
– გოთთა კოროლო, წარმოჰსთქვა მან: მომიტევე, რომ ჩემის აქ მოსვლით ავამღვრიე შენი დღესასწაულობა. მე აქ უკანასკნელად მოვსულვარ.
კოროლი და პეტროსი ფეხზედ წამოდგნენ ზარდაცემულნი.
– დედოფალო...... წამოიბუტბუტა თეოდაღადმა. – დედოფალოო! ოჰ ნეტავი თავის დღეში მე დედოფლად არ ვყოფილვიყავ! ჰსთქვა ამალასვინტამ:
– მე მოვედი შენთან გოთთა კოროლო, იქიდამ, საცა ჩემი შვილი მარხია. მის საფლავზედ მე შევინანე ჩემი ცოდვანი და ჩემი ხანგრძლივი სიბრმავე. შენთან, ამ შუაღამის დროს, მე ვხედავ არა კეთილს სტუმარსა. ნუ ენდობი ბიზანტიას; ეგ იმისთანა ფარია, რომ რომელსაც დაეფარება, მასსვე გასრესს. – შენ უსამართლო ხარ, ამალასვინტავ, უთხრა პეტროსმა: და უმადურიცა.
– ნუ დაეთანხმები, ჩემო ხელმწიფე ნათესავო, განაგრძო ამალასვინტამ სიტყვა, რომელიც კოროლსავე მიჰმართა. ნუ დაეთანხმები მასზედ, რასაც ეს ბატონი შენგან თხოულობს. ჯერ კიდევ დრო არ არის დაკარგული.
– მითომ რა გნებავს შენ, გადამდგარო დედუფალო! გაბოროტებით ჰსთქვა პეტროსმა: შენი დრო და ძლიერება წარვიდნენ და განჰქრნენ.
– თავიდამ მოგვშორდი, კვერი დაუკრა პეტროსსა თეოდაღადმა: შენ ვერ წამაჩხუბებ მე ჩემს ბიზანტიის კეთილ მყოფელებთან. აი უყურე: მე შენ თვალწინ იმათ ზავით შევეკვრი.
ჰსთქვა ესა და მოაწერა ხელი კიდეც შეკრულობის წერილსა, რომლის ძალითაც იგი უთმობდა მთელს იტალიას იუსტინიანეს.
– ეხლა რაღას იტყვი, დაიცინა პეტროსმა: შენ სწორედ მოსწრებაზედ მოხვედი, რომ ხელი მოაწერო ამ სიგელს როგორც მოწამემ.
ამალასვინტას თვალები ცეცხლით აენთო.
– ეგ არ მოხდება, დაიძახა მან მრისხანედ: მე თქვენს დაწყობილებას ბოლოს მოვუღებ. აქედამ პირდაპირ ჯართან წავალ, ჩემს ხალხს შევყრი და ვუამბობ, რომ კოროლმა ხალხს უღალატა.
– შენ მაგითი შენს თავს დაღუპავ, უთხრა გულდინჯად პეტროსმა.
– დეე დავიღუპო! მე მსურს აღვიარო ყოველთა წინაშე ჩემი დანაშაული სისხლისა და მერე თუნდაც მამკლან არას ვინაღვლი, რადგანაც მე თვითონ ვგრძნობ, რომ სიკვდილის ღირსი ვარ.
ჰსთქვა და კეთილშობილებით აღსავსე გულის წყრომითა გავიდა ოთახიდამ გარეთ.
თეოდაღადი სულ დაიფანტა და ხმა ამოუღებლივ შეჰყურებდა პეტროსსა.
– მირჩიე რამ, მიშველე, ჰსთქვა მან ბოლოს.
– გირჩიო? აქ მარტო ერთი რამ შეიძლება კაცმა გირჩიოს: მას მისი საწადელი არ უნდა აღასრულებინო, და შენ შეგიძლიან ხელი შეუშალო.
– მე? წამოიძახა შეშინებით თეოდაღადმა: არა, მე ეგ არ შემიძლიან. სად არის ნეტა გოდელინდა? მას, მას მხოლოდ შეუძლიან. – კაცი გაგზავნე და აქ დაიბარე, უთხრა პეტროსმა.
რამოდენიმე წუთი გავიდა და თვით კოროლის მეუღლე გოდელინდა შემოვიდა. ურიგო თვალადი არ იქნებოდა, რომ მარცხენა თვალი ამომშრალი არ ჰქონოდა და მარცხენა ლოყაზედ გამთელებული დაჭრილობა არ დაჰსტყობოდა.
პეტროსმა ორიოდე სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ გოდელინდა მაშინვე მიხვდა საქმე რაშიაც იყო.
– შეიძლება და იქნება კიდეც, გააწყვეტინა სიტყვა გოდელინდამ პეტროსსა: მას საწადელი არ აუსრულდება.
ჰსთქვა ეს გოდელინდამ და მსწრაფლ გამოვიდა ოთახიდამ.
მას შემდეგ ორი დღე ამალასვინტამ თავის სასახლეში გაატარა. ყოველთვის, როცა კი იგი დააპირებდა სასახლიდამ გარედ გამოსვლას, ისე ეჩვენებოდა, თითქო უკან აედევნებოდნენ ხოლმე. რაღაც სულიერნი და მიიხედავდა იმათკენ თუარა, მაშინვე თვალთაგან განჰქრებოდნენ.
გულის შემაღონებელმა გრძნობამ მარტოობისამ და მოწყენილობამ შეი პყრო იგი. ხალხს გამოუცხადო ყოველი ფერიო და მით ხალხი განსაცდელისაგან დავიხსნაო, – მხოლოდ ეს ერთი განსაკუთრებითი წადილიღა ამხნევებდა მას. მაგრამ ამ წადილისა აღსრულება როგორღაც ვერ მოსდიოდა.
ბოლოს მესამეს დღეს, როცა შვილის სასაფლაოდამ შინ მოვიდა, ბნელა დერეფანში ვიღაცამ ხელში ჩაუდო წმინდა სანთლის ფირფიტა და მსწრაფლვე განჰქრა.
თავის ოთახში რომ შევიდა, გასინჯა ფირფიტა და იცნა ნაწერი თავისის ყოფილის მინისტრისა კასსიოდორისა. იგი ჰსწერდა, სასახლეში დიდი ფათერაკი მოგელისო და იწევდა ჩუმად გამოი პარეთო და ჩემს აგარაკში მიბძანდითო ბოლზენერის ტბის პირსაო. მზის ჩასვლის დროს ვენერის ტაძართან ბაღში გამოდითო და იქ მზად დაგხვდებათო ტრახტრევანი და ჩემი სარწმუნო მონაო
სიხარულით სავსე გრძნობამ აუმსო გული ამალასვინტას. იმ აგარაკში, საცა იწვევდნენ, ამალასვინტას გაეტარებინა ოთხი უკეთესი წელიწადი თავისის ყმაწვილ-ქალობისა, იქ მოხდა მისი ქორწილიცა, იქ შეეუღლა იგი თავის ქმარს ევტარიხსა, ამელუნგების ჩამომავლობისას. მარტო ამისი ხსოვნა და მოგონება სამყოფი იყო, რომ ამალასვინტას კასსიოდორის მიწვევაზედ უარი არ ეთქვა. ამას გარდა კასსიოდორის აგარაკზედ გადიოდა გზა ხეგეტაში, საცა გოთთა ხალხის ყრილობა იყო დანიშნული. მაგრამ მაინც რომ თვისის საწადლის საქმე წინ წააგდოს, ამალასვინტამ მაშინვე კასსიოდორს წიგნი მიჰსწერა და აცნობა რა განსაცდელშიაც უნდათ იტალიის ჩაგდება. ეს წიგნი გაუგზავნა რა მონასტერში, რომელშიაც ყოფილი მინისტრი იმყოფებოდა, მყის მიეცა იმის ფიქრს, თუ როგორ მოახერხოს თვისი გაპარვა სახლიდამ.
ისე გაჭიანურდა ისდღე, რომ ლოდინით გული დაეღალა. ბოლოს, როგორც იყო მზე ჩავიდა და ამალასვინტამ დაითხოვა რა თვისი მოახლენი, შეჰკრიბა საჭირო ქაღალდები, მიჰმალა წამოსასხამის ქვეშ, გამოვიდა ოთახიდამ დახურულ დერეფანში, რომელიც ბაღში გადიოდა, სიარულში წამ და უწუმ უკან იხედებოდა, ნიშებშიაც კი შეიყურებოდა, მაგრამ არსაიდან ხმაც არ ისმოდა. სასახლის დირეზედ რომ მოდგა, იქიდამ დაინახა ბილიკი, რომელიც ბაღში მიდიოდა და იმ ბილიკზედ არა სულიერი არ მოჩანდა.
ამალასვინტა შაშინდა; როცა ძირს ჩამოვიდა, შეხედა იმ ბნელსა და უზარმაზარს სასახლეს, საცა იგი ჯერ კიდევ ამ მოკლე ხანში დედუფლობდა და საიდაც იგი ეხლა მარტოდ-მარტო ი პარებოდა, ვითარცა ავაზაკი. მას მოაგონდა შვილი, რომელიც სასახლის აკლდამაში იყო დამარხული, მოაგონდა თვისი ქალი, რომელიც თვითვე გამოაგდო ამ სასახლიდამ. ამ მოგონებამ ისე გარემოიცო ამალასვინტა, რომ ერთს წუთს შედგა და წასვლა აღარ უნდოდა.
– ეგ კარგი, მაგრამ ჩემს ხალხს რაღა ეშველება! ჩემი სინანული ხომ ფუჭად ჩაივლის! გაიფიქრა მან და წინ წავიდა.
ვენერის ტაძართან ერთი ადამიანიც არა ჩანდა. გარშემო სიკვდილივით ყოველი ფერი გაჩუმებული იყო, მხოლოდ ხანდისხან ხეებს რაღაც სევდიანი შრიალი გაჰქონდათ. საიდამაც უეცრად ცხენმა დაიხვიხვინდა. ამალასვინტამ მიიხედა იქით, საიდამაც ხვიხვინის ხმა მოესმა; კედელ-კედელ აჩქარებით ვიღაც კაცი მოდიოდა. იგი იყო დელიოს კასსიოდორის მსახური. მან ანიშნა და ამალასვინტა იმას თან აედევნა. კედლის კუთხეში სამის ცხენით შემბული იდგა ნაცნობი ეტლი ამალასვინტის ერთგულის მეგობრისა.
– აჩქარდით დედუფალო, წაჰსჩურჩულა დელიოსმა: ტახტრევანით შორს ვერ წაუვალთ თქვენს მტრებსა.
დელიოსმა გააღო კარი ბაღისა და ამალასვინტა ჩასვაკასსიოდორის მოხდენილს ეტლში. რომლის შორი ახლო ორი შეკაზმული ცხენი ცალკე იდგა. ბუჩქებიდამ გამოვიდა ორი სხვა კაცი. ერთი დაუჯდა ეტლს და მეორე მოახტა ერთს ცხენს, დელიოსი მეორეს. მყის დაიძრა ეტლი და მეტის სისწრაფით წავიდა.
(შემდეგი იქნება)
–––––––––––––
1 ივერია №19, 21 22 და 23.
![]() |
7 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები |
▲back to top |
გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები
– ბერნიდამ (შვეიცარიის ქალაქია) 17 ივლისს მოვიდა ამბავი, რომ შვეიცარიის მთავრობას 6 აგვისტოს დანიშნავს ლოზანნაში საქვეყნო კრება. ეს კრება საკუთრად იმისათვის იქმნება, რომ გამოიძიონ რით უნდა მოისპოს ფილოქსერა, რომელიც ვენახებს აოხრებს. ამ კრების თავ-მჯდომარედ დანიშნულია შვეიცარიის საბჭოს მწევრი უფ. დროზი. გამოჩენილს პროფესორს ფოღტსა მიანდეს, რომ მან ამ საგანზედ მოხსენება შეადგინოს მეცნიერების მიხედვითა.
– საოცარი მოქმედება ელექტრონისა. საფრანგეთის გაზეთი „Temps“ მოგვითხრობს ერთს ღირს შესანიშნავ ამბავს, რომელიც მომხდარა 19 ს (ჩვენებურად 7-ს ) ივნისს საფრანგეთში დიდის ელვა-ჭექის დროს ერთი მოქალაქე ქალაქის სერკესი მინდვრად ყოფილა მაშინ, როცა ელვა-ჭექა თვისის გაძლიერების უდიდეს ხარისხამდე მიღწეულა. მაშინ იგი უეცრად ელექტრონით გარემოცულა. ელექტრონს სულ ერთიანად ტანისამოსი შამოუცლია ასე, რომ კაცი სულ გაუტიტვლებია. ამის თაობაზედ ოქმი შეუდგენიათ. დაუბარებიათ ექიმები და გაუსინჯინებიათ ის კაცი, რომელსაც ელექტრონმა ასეთი მოულოდნელი ამბავი დააწია, ექიმებს იმ კაცის ტანზედ არავითარის ვნების ნიშანი არ უპოვიათ.
– ერთი ნემენცური გაზეთი მოგვითხრობს ერთს ამბავს რომელიც მომხდარა ემსში, საცა ხშირად ზაფხულობით მიდის ხოლმე გერმანიის იმპერატორი. უფროსი მკურნალი რუსის იმპერატორისა კარელლი ძალიან თურმე ჰგავს გერმანიის იმპერატორს, მხოლოდ ამაზედ ცოტა ახალგაზდაა და გამხდარი. კარელლი ამ ათის წლის წინად ემსში იყო და იქ ერთს დღეს ერთმა ქალმა სააქიმოთ მიიწვია. ამას რაღაც წამალი დაუწერია და მიუცია. მეორე დღეს ამ ქალს წინ შემოეყარა გერმანიის იმპერატორი. ქალი მსწრაფლ მიიქცა იმისაკენ და სიხარულით ხელები გაუწოდა ამ სიტყვებით: „რა რიგად მოხარული ვარ, ექიმო, რომ თქვენ ისევ აქ ყოფილხართ.“ იმპერატორმა მშვიდობიანის ხმით უპასუხა: მე მგონია, შვილო ჩემო თქვენ ჰსცდებით.“ გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა: „მაშ თქვენ განა ექიმი კარელლი არა ბძანდებით? იმპერატორმა მიუგო: „არა, ბატონო, მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ პატიოსანს კაცს ვგვანებივარ.“ იმპერატორს უბძანებია, რომ ეს ამბავი კარელლისათვის ეცნობებინათ და მერე თვითონ კარელლს ეს ამბავი უანბნია გაზეთის დამწერისათვის.
– ტეპლიცის ახლო ერთს ტყეში დიდი ხანია თურმე იდუმალად იკრიბებიან ახალის რჯულის მწევრნი, ამ რჯულის საზოგადოებას ჰქვიან: „მოციქულთა კავშირი.“ ამ ახალის სარწმუნოების „წინასწარ მეტყველთ“ მოიპოვეს მრავალნი მომხრენი მუშა ხალხთა შორის და ამ საზოგადოებაში 300 მწევრზედ მეტი სული ქალი თუ კაცი ითვლება. ყოველმა მწევრმა დადებული ფული უნდა შეიტანოს „საძმო თანხისათვის“. უმთავრესნი დებულებანი ამ რჯულისა ისეთები არიან, რომ ბევრს წარიტყუებს. აი ზოგიერთი იმ დებულებათაგანი: „ვისაც ვალი მართებს, ვალი არ უნდა მოიშოროს; სამხედრო სამსახურში არავინ არ უნდა შევიდეს; საკუთრებაქურდობაა, ყოველივე ქონება „მოციქულთა კავშირის“ მწევრთა საერთო უნდა იყოს“ და სხვა ამ გვარი. 8-ს ივლისს ჟანდარმებს მოუსწვრიათ ამ კრებისათვის და იმისი მოთავე დერციკი საკსონიიდამ დაუჭერიათ, ბევრი ქაღალდები ჩაუგდიათ ხელში და გამოძიება დაუნიშნავთ.
– შვეიცარიაში ერთი ღირს საცნობი ბუნების მოვლენაა, ამ ჟამად თურმე. რამდენიმე დღის წინად ჟენევის ტბის წყალი იმოდენად ადიდებულა, რომ ეშინიანთ იქაურობა არ წარღვნასო; იმავე დროს სხვა ტბებშიაც წყალი ადიდებული და რამდენსამე ახლო-მახლო სახლში შევარდნილა.
– რომში ეხლა ერთი მეტად ოხუჯობით სავსე სიტყვაპასუხია ხალხში გავრცებული. ვითომ ორი ლუსკუმა პასკინო და მორფორიო ერთმანეთში პაპზედ ლაპარაკობენ. ერთი ჰკითხავს: – „რა ხმა ისმის პაპზედ“ (Bumore რუმორე, იტალიანური სიტყვაა, ნიშნავს ხმას ჭორსა)? ამბობენ იგი ტყვედ არისო? – „ვინ არის იმისი დამტყვევებელი?“ პირველი ასო მოაცალე რუმორეს და გამოიცნობ. – „უმორე (umore) თავის საკუთარი ოცნება). მძიმე ტყვეობაა“? – ერთი ასო კიდევ ჩამოაცალე. – „მორე (More სიკვდილია) მაშ ტყვეობაში მოკვდება როგორც ჰსჩანს.“ როდის მოხდება ეგ?“ – კიდევ ერთი ასო ჩამოაცალე. – „ორე (Ore-მალე). „ვინ დარჩება მემკვიდრედ?“ – კიდევ ერთი ასო ჩამოაცალე. – „რე (Re-კოროლი) რომელი კოროლი?“ – ერთი ასოც მოჰკვეთე. – „ე. ემმანუელი.“[1]
– ლონდონში ამ წლის შემოდგომის დამლევს ან ზამთრის დასაწყის დაიბეჭდება ერთი წიგნი, დაწერილი ინგლისელისაგან ბისმარკის ყოფა-ცხოვრებაზედ. ამ წიგნში სჩვათა შორის დაურღვეველი საბუთები იქნება მოყვანილი მასზედ, რომ ბისმარკი სლავიანთა შთამომავლობისაა.
––––––––––––––––
1 იტალიის კოროლია ეხლანდელი.