ცისკარი №11 (1860)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 „ცისკრის“ გამოცემისათვის 1861 წელს

▲back to top


„ცისკრის“ გამოცემისათვის 1861 წელს

„ცისკარი“ მომავალს 1861 წელს გამოვა იმ სახით, რა სახითაც გამოდის ამ წელს.

საზოგადოება ისე შეეჩვია ჩვენის სამშობლოს ენის ჟურნალის კითხვასა, ისე კარგათ მოეხსენება ღირსება და მნიშვნელობა, რომ მომატებული იქნება და უალაგო ითქვას ის, რაიცა რამდენჯერმე თქმულა წინათ გამოცემულს წიგნებში. ახლა მხოლოდ შეგვიძლია დაუმატოთ, რომ მომავალს წელიწადს შეუდგებით პირველს შესავალს ნაწილში იმ ძველის წიგნების ბეჭვდასა, რომელიცა იშვიათათ მოიპოვება საქართველოში და რომელისაცა კითხვის სურვილი ბევრსა აქვს. ამასთანავე ნახეს, საყვარელთა მკითხველთა და გაიცნეს ის მწერლები, რომელნიცა ჩვენ ქართველებს მიგვაჩნია სასიქადულოდ. -მომავალს წელიწადს, უპირველესნი ჩვენი ჟურნლის თანამშრომელნი: კნ. გრ. ორბელიანი, კნ. ალ. ორბელიანი, ზაქარ ქართლელი, კოლხიდელი, კნ. ზაქ. ერის-თავი, დიმ. ბაქრაძე და სხვანი, მიიღებენ იმავე მონაწილეობას, რა მონაწილეობაც და შრომაც ჩვენეს ამ წელს ჩვენს ლიტერატურასა.-პირველის იანვითგან იხილვენ მკითხველნი იმ სასიამოვნოსა ანბავსა, რომლისაცა კითხვის სურვილი ბევრსა აქვს: ეს ანბავი იქნება ნათარგმნი ქალის დრანსეს თხზულებითგან, რომელიცა ჩინებულად აღწერს თავისს შამილისგნით დატყვევებასა, კნ. ილ. ორბელიანის და კნ. დ. ჭავჭავაძის სახლობისას. -რედაქცია ყოვლის ღონის ძიებით ეცდება ამ ჟურნალის განმშვენიერებისათვის და წარმატების მიცემისათვის, მხოლოდ თუ საზოგადოებაც დაგვეხმარა ამ საზოგადოდ კეთილს საქმეზედ, ხელის მომწერთ ე.ი. მკითხველთ მოპოებით. -ფასი ისევე შვიდი მანეთი დარჩების, რაც უნდა ჟურნალი განვრცელდეს და მოემატოს.-

რედ. ივ. კერესელიძე.

2 სიტყვა: თქმული ქუთაისის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისა მიერ

▲back to top


სიტყვა: თქმული ქუთაისის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისა მიერ[1]

ძმანო ქრისტიანენო! დღეს წაკითხულისა სახარებისაგან გესმათ იგავი, რომელი მაცხოვარმან ჩვენმან უთხრა მოწაფეთა თვისთა. სასუფეველი ღვთისა, სთქვა უფალმან, ემსგავსება კაცსა, რომელმან მოუწოდა თვისთა მონათა და მისცა მათ ტალანტნი, ანუ დიდი ფასნი ვერცხლნი, თითოეულსა ძალისამებრ თვისისა. ერთსა მათგანსა მისცა ხუთი ტალანტი, მეორესა ორი; ხოლო მესამესა ერთი, უბძანა მათ რათა ამუშაონ ანუ ასარგებლონ ტალანტნი მიღებულნი და მოიგონ სხვანი ტალანტნი. პირველმან მონამან ასარგებლა ხუთი თვისი ტალანტი და მოიგო სხვა ხუთი ტალანტი, ესრეთვე ქნა მეორემან, რომელმან ორითა მით ტალანტითა მოიგო სხვა ორი; ხოლო მესამემან წარვიდა და დაფლა ტალანტი თვისი მიწასა შინა და მით დაღუპა იგი. შემდეგ რაოდენისამე ჟამისა მოუწოდა კაცმან მან მონათა თვისთა, აქო და განადიდა ორი იგინი მონანი, რომელთა კეთილად მოიხმარეს მათი ტალანტი, ხოლო აყვედრა და მისცა სასჯელსა უხმარი იგი მონა, რომელმან არა მოიხმარა ვერცხლი თვისი.

რასა ნიშნავს ძმანო იგავი ესე? ნიშნავს შემდეგსა: კაცი იგი, რომელმან დაარიგა ტალანტნი არის თვით ღმერთი; მონანი რომელთა მიიღეს ვერცხლნი ვართ ჩვენ ყოველნი ადამიანნი; ხოლო ტალანტი ნიშნავს ყოველსა ნიჭთა, ესე იგი გონებასა ანუ სწავლასა, სიმდიდრესა ანუ კეთილშობილებასა, პატივსა ანუ თანამდებობასა, ერთი სიტყვით ყოველსა, რომელსა ღმერთი მისცემს კაცსა. ორნი იგი მონანი, რომელთა განამრავლეს ვერცხლნი თვისნი და მიიღეს უფლისაგან ქება და აღმატება, მოასწავებენ ქრისტიანეთა მათ, რომელნი კეთილად და სასარგებლოს ხმარობენ ყოველთა ღვთისაგან მონიჭბულთა ნივთთა; ხოლო უხმარი იგი მონა მოასწავებს კაცსა მას, რომელი მცონარეობითა, უზრუნველობითა, ცუდი ყოფაქცებითა დაღუპავს თვისსა ნიჭსა. ახლა, ვიცანით რა რასა მოასწავებს და ნიშნავს იგავი ესე, ვეცადოთ რომ გამოვიყენოთ მისგან ჩვენთვის სწავლა და სულიერი აღშენება.

წინაპირველად ვიტყვი ჩემზედ: განგებამან ღვთისამან დამაყენა მე მწყემს მთავრად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა. დიდ არს ტალანტი ესე; არა ვარ მე ღირსი ესოდენისა ნიჭისა; გარნა, ძმანო ჩემნო, ვინაიდგან ღმერთმან ინება მოცემა ჩემთვის ტალანტისა ამის მე უნდა ვასარგებლო იგი, განვამრავლო, მოვიგო სულიერი ნაყოფი მისგან, რათა წარუდგინო იგი უფალსა დღესა განკითხვისასა. ხოლო ვითარითა სახითა ძალმიძს ვასარგებლო ტალანტი ჩემი? მსახურება ანუ საქმე ჩემი მას შინა მდგომარეობს, რათა გასწავლიდე თქვენ განგამტკიცებდე, მოკლედ ვსთქვათ, გამოვაჩინო თქვენ შორის სულიერი ნაყოფი სათნოებისა, ხოლო ძმანო ჩემნო, თქვენ უნდა შემეწიოთ ამ საქმეში; თქვენ უნდა მიიღებდეთ ჩემგნით სწავლასა და დარიგებასა გულმოდგინებით და აღასრულებდეთ მათ. უკეთუ თქვენ შორის ვნახავ სულიერსა წარმატებასა, უკეთუ თქვენ ყოველთა გიხილავ კეთილად და სათნოებით მცხოვრებთა, მაშინ მადლობასა შევსწირავ უფალსა და ვიტყვი, რომელ არა ამაოდ დავკარგე ტალანტი ჩემი.

ახლა ვიტყვი თქვენ ზედა, რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი, არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრედ წოდებულნი ჩინოვნიკნი. მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, და ჰსაჯონ სჯულის გადამსვლელნი, დაჰფარონ ქვრივი და ობოლნი და დაამდაბლონ ამაყნი და მტაცებელნი; უკეთუ იგინი ესრედ იზამენ არა დაუკარგავთ ტალანტი თვისი. ხოლო უკეთუ სიმართლისა წილ იზამენ უსამართლოებასა; უკეთუ გამოსჩნდებიან თავხედნი, უწყალონი, მოქრთამენი, მაშინ მიიღებენ ღვთისაგან ნაწილსა უხმარისა მის მონისასა.

ზოგნი თქვენს შორის არიან მოვაჭრენი. ვაჭრობა დიდი ტალანტი არს, ვინაიდგან ვაჭრობა ფრიად საჭირო არს ქვეყნისათვის, და კეთილნი ვაჭარნი დიდსა სარგებლობასა მისცემენ სოფელსა; გარნა ვაჭარმა უნდა დაიმარხოს პატიოსნება, აღეკრძალოს მოტყუვებასა და ფრიადსა სიხარბესა, გასცეს რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა თვისისა გლახაკთა და ეკკლესიისათვის და მაშინ მიიღებს იგი ღვთისაგან, მეორესა საუკუნესა შინა, დაუფასებელს სიმდიდრესა.

ხოლო უმრავლესი რიცხვი მცხოვრებთა შორის ამა ქალაქისათა არიან უბრალონი მუშაკნი, რომელნი ოფლითა თვისითა იზრდიან თავსა თვისსა, და ისინიცა უნდა მადლობდენ უფალსა და არა იფიქრონ ვითარმედ ფრიად მცირე არს ტალანტი მათი და არა დაემსგავსოს მონასა მას, რომელი ემდურებოდა უფალსა თვისსა მიიღო რა ერთი მხოლოდ ტალანტი. თუმცაღა მცირედ გვეჩვენება ტალანტი მათი, გარნა ოდეს ღრმათ განვიხილავთ მაშინ მივხვდებით, რომელ მცირენიცა მუშაკნი არა რაით დაკლებულ არიან სხვათა შორის. პირველი და თვით მიუცილებელი ნივთი, ანუ ტალანტი ქრისტიანესათვის არს კეთილ მორწმუნეობა კეთილ მსახურება, კეთილ ყოფაქცევა, ერთი სიტყვით, სათნოება; ხოლო გზა სათნოებისადმი არს ერთობ ყოველთათვის; ვითარცა მდიდართა, ეგრეთვე ღარიბთათვის. უმეტეს ამისა, მე ვგონებ რომელ მცირენი და ღარიბნი მუშაკნი უმახლობელესს არიან სათნოებისადმი, ვიდრემდის მდიდარნი და აღმატებულნი პატივითა; ვინაიდგან თვით სიმდიდრე და სიმრავლე პატივისა უშლის ზოგთა სვლად სათნოებისა გზასა ზედა.

ახლა ვსთქვათ რამდენიმე აზრი საზოგადოდ ამ ჩვენი ქვეყნისათვის. უფალმან ღმერთმან არა მოაკლო არცა ერთი ტალანტი ანუ ნიჭი ამ ჩვენ მხარესა. ქვეყანა ესე ემსგავსება სამოთხეს მშვენიერი მდებარეობითა, ასრე რომ არცა ერთი სხვა მხარე კავკასიის აქეთ მას აჯობებს; ხალხსა ჩვენსა, მადლითა ღვთისათა, აქვს ყოველი ნიჭიერება, ადვილად მიიღებს განათლებასა, ადვილად მიეჩვევა ყოველსა სასარგებლოსა საქმესა, ცოდნასა, გარნა, ჭეშმარიტებასა ვიტყვი, ვიდრე აქამომდე ვერ ვასარგებლეთ ჩვენ მრავალნი და დიდნი ჩვენნი ტალანტნი, დავიმარხეთ მიწასა შინა საუნჯე ჩვენი, ღვთისაგან მიღებული, ვემსგავსებოდით, ვიდრე აქამომდე, მესამესა მას მონასა; ხოლო აწ ვეცადოთ ძმანო და ვიწყოთ ბაძვა ორთა მათ სახიერთა მონათა.

კვალად ვიტყვი, მრავალნი მოგვცა ღმერთმან ტალანტნი და ყოველივე დაფარულ და დამარხულ გვქონდა ვიდრე აქამომდე; ხოლო აწ მადლითა ღვთისათა მოიწია მარჯვე ჟამი რათა ვასარგებლოთ და განვამართლოთ ყოველნი ნიჭნი ჩვენნი.

ხოლო უმეტეს ყოვლისა იმას ვეცადოთ რათა გამოვიცვალოთ ყოფაქცევა, შევიძინოთ შიში ღვთისა, ვინაიდგან კეთილი ქრისტიანობრივი ყოფაქცევა არს დასაწყისი ყოვლისა წარმატებისა. მოვიხსენოთ სიტყვანიცა იგინი, რომელნი გვესმა დღეს წაკითხულისა სამოციქულოსაგან: „ნურავინ ნურა რაჲთ ნურცა ერთსა დაბრკოლებასა ვის ჰსცემთ რათა არა იგმოს მსახურება ეგე თქვენი“.

ძმანო ჩემნო საყვარელნო! ჩვენ ვართ მართმადიდებელნი ქრისტიანენი ხოლო ქალაქსა ამას შინა არიან მრავალნი ერნი სხვა სჯულისანი. ჩვენ მოგვცა ღმერთმან ტალანტი ესე დაფასებული, და ამისთვის თანა გვამს განვამართლოთ ნიჭი ღვთისა. უკეთუ ყოფაქცევა ჩვენი იქმნება კეთილი, მაშინ სჯული ჩვენი განმართლდება და სახელი ქრისტესი მიიღებს ქებასა, ეკკლესია ჩვენი აღემატება; ხოლო უკეთუ ცხოვრება ჩვენი არ იქმნება მსგავსად სჯულისა ჩვენისა, მაშინ სახელი ჩვენი და წმიდა ეკკლესია მიიღებს შეურაცსყოფას სხვათა შორის სჯულის აღმსარებელთა. ვითარი სირცხვილიულ იქნება დიდი იგი და კეთილშობილი კაცი, რომლის მე არს უღირსი, განრყვნილ ანუ უგნური! ესრეთივე სირცხვილი არს ჩვენისადმი ეკკლესიისა და სარწმუნოებისათვის, უკეთუ ჩვენ ვსცხოვრობთ უღირსათ. ქრისტემან ღმერთმან გვიწოდა ჩვენ ძედ თვისად, მოგვცა სახელი თვისი, და საშინელ არს, უკეთუ ჩვენგან იგმობა სახელი მისი. ამისთვის ძმანო ვეცადოთ და განვამართლოთ სჯული ჩვენი ხოლო მადლი უფლისა იყოს შემწედ ჩვენდა.

___________

1 ჩყჲ-სა წელსა, სეკდ. ია_სა. პირველი მისგან თქმულიქუთაისს

3 ჰაჯი-აბრეკი

▲back to top


ჰაჯი-აბრეკი

ჯემათი არის დიდი სოფელი
იგი მდიდარი არვის აძლევს ხარჯს;
მისი ხმალია მისი კედელი,
მისი მეჩითი ბრძოლის ველზედ დგას.
მისს თავის უფალთ შვილთა გულები
ომის ცეცხლში აქვთ მოკალულები,
იმათ საქმესა მთელს კავკასშია
შორეულ თემშუ, უცხო ხალხშია
როგორც ქუხილსა გაურბენია
და რუსის გულსა იმათი ტყვია
არცა ერთხელა არ ასცდენია.
გოლვიანი დღე ცაზედ მოსცურავს,
კლდით ბოლავს ორთქლი გახურებული;
არწივი შავათ ღრუბლებში მოჩანს,
უძრავად ფრთებზედ შეყენებული.
ხეობას სძინავს; გარნა სოფელი
შეშინებული, თითქო, იცლება...
და იქ, სადაც ჰქრის ნიავი ნელი
და კლდიდამ ცივი წყარო ირვრება-
იქ სიმგრგვლივ ხალხი დგას მთის ძირას
რაზედ მოუბნობს, ანუ სჯის რასა
ჯემათის ვაჟკავთ ამაყი კრება?
ხომ არ სურსთ იმათ მთების აკლება?
ან მთით დაშვება ველზედ ხელახლათ
მტრის ცხენის ჯოგთა მოსატაცებლათ?
ხომ არ ელიან რუსისა ჯარსა-
იმ სამსხვერპლოთა სატკბო სტუმარსა?
არა,- მათ ნიაბთ თვალებში სჩნდება
ხოლოთა ჯავრი და შებრალება.
მათ შორის უცხოს სამოსელითა
ქვაზედ ზის ლეკი თავმოწყენითა,
ლეკი უძლური, დაბერებული,
მთით ვით თოვლითა აღთეთრებული.
წყაროსებრ სრბობდნენ მისნი სიტყვანი,
და მის გარემო მის მნათნი თვალნი
შეწუხებულათ ხშირათ დარბოდნენ.
ბებერ ლეკისა მწუხარ მოთხრობას
ყველანი ყურსა იქ მიუოყრობდნენ
და იგი ლეკი მოსთქვამდა ამას:
„სამი ვაჟ-შვილი და სამი ქალი
ღმერთმან აჩუქა ჩემ სიბერესა
მაგრამ აღშფოთდა ავი გრიგალი
და ჩამოცვივდნენ შტოები ხესა.
აწ ვსდგევარ მარტო, სულ მარტოხელი
ვითა ხე მინდვრებ შორის შიშველი.
ვაი, მოვხუცდი! იმ მთის თოვლზედაც
უფრორე თეთრობს ჩემ თმის ჭაღარა,
მაგრამკი ზოგჯერ თვით თოვლის ქვეშაც
სცემს და რბის ხოლმე წყალი მდუღარი.
ჯამათის გმირნო! მოგროვდით!... აქეთ!
თქვენი სახელი ჩემ წინაც აქეთ!
ვინ იცნობს თავადს ბეი-ბულათსა?
ვინ დამიბრუნებს მე ჩემსა ქალსა?
ტყვეობას დაჭკნენ მის ორივ დები,
უსწორო ომში მოკვდნენ მის ძმები,
ორი სხვა ქვეყნათ და უმცროსი ძმა
ჩემ წინ განჰგმირა წყეულმა შტიკმა.
რა კვდებოდა ის, გაიღიმებდა!
იგი, უთუოთ, მაშინა სჭვრეტდა,
ვით სამოთხისა ნაზი ქალწული
მის თავზედ ფერადს გვირგვინს არხევდა
აღსრულების წინ ცით ჩამოსული
და უკანასკნელ იმ ჩემ ქალითა
უდაბნოს წაველ მე საცხოვრებლათ;
მას ვინახავდი სამღრთოსავითა
ჩემ სიბერისა სანუგეშებლათ.
რაც კი რამ მქონდა ამ ყვეყანაში
ყველა შეერთდა მარტო იმ ქალში!
უდაბნოს წამყვნენ მე თანა მარტო.
ერთგული თოფი და ის ნორჩი შტო;
ქვაბში დავსახლდი მათთან ბედ კრული
მშობლიურ ქოხსა მოშორებული.
და ჩემ სისაწყლის უბედურებას
იქ შევეჩვივე დიაღ სწრაფათა,
შეჩვეულ ვიყავ თავისუფლებას
მას აქეთ რაც მე ვახილებ თვალთა.
მარამ ბედისა საათმა დაჰკრა
და ჩემი გვრიტი გაფრინდა, გაქრა!...
ერთხელ დგა ღამე ყრუ უდაბნოსი
მე ჩამეძინა -და გვერდით მეჯდა
ჩემი ყმაწვილი ის ანგელოზი
და მწვანე ფოთლით მინიავებდა.
გამომეღვიძა; ჩემსა ჩურჩური,
მესმა ძახილი რადაც უძლური,
ცხენის ფეხის ხმა ქარს ამოსდევდა
გავიქეცი და ვნახე -მხედარი
თავდაღმა ცხენსა მიაქროლებდა!...
მას გულზედ ეკრა ჩემი ნარნარი!
ვიხმე საშველად მიწა და ცანი:
თან გავაყოლე ჩემნი წყევლანი,
ზუზუნით ტყვია შევსტყორცნე მკვდარმა!
ოჰ! იმ ტყვიამაც ვერა რა მმატა:
ჩემ ერთგულ თოფმა, გაწურთვნილ მკლავმა
მაშინ პირველათ იქ მიღალატა,
და იქ ჩამარხულ სისხლის შურითა,
ფიქრით, რომ ამა ჩემსა სირცხვილსა
ჩემ სიბერითა, სიუძლურითა
ვერ გადავასხამ ჩემ მტრისა სისხლსა;
მას აქეთ, ვანბობ, ამ მტანჯველ ფიქრით
მე დავეთრევი აი ამ მთებზედ
როგორცა გველი ცხენისა ჩლიქით
გადასრესილი ეთრევა ველზედ.
იმ წყეულ დღიდამ ბედმა წარმტაცა
გულის მშვიდობაც, მოსვენებაცა...
ჯემათის გმირნო! მოგროვდით... აქეთ!
თქვენი სახელი ჩემ წინაც აქეთ!
ვინ იცნობს თავადს ბეი-ბულათსა?
თქვენში ვინ მამგვრის მე ჩემსა ქალსა?“
- „მეო!“ თქვა გმირმა შავ-თვალიანმა
ხელი დაიდო რა პრტყელ ხანჯალზედ;
და განცვიფრებით გარშემო ხალხმა
მსწრაფლ გაიწია და გადგა განზედ.
- „მე ვიცნობ თავადს წასვლას ვბედავ მე!..
შენ მომიცადე აქ ორი ღამე;
თვით ცხენზედ ჰაჯის, ჰაჯის უშიშარს
უბრალოთ ფეხი ჯერ არ შეუდგავს.
და თუ ვადაზედ ვერ დავბრუნდები
შენ დაივიწყებ ჩემსა აღთქმასა,
და შენ, შენს გზასა რა შეუდგები,
სულს შემივედრებ ძრიელს მაჰმადსა.“
იშვა ცისკარი დილისა ცაზედ
მის ლაჟვარდიან ღრმა კამარაზედ
ჯანღებიდამა მთები აღმოჩნდნენ.
დაგვირგვინებულ ყინვით ბრწყინავნი
ცისა და ქვეყნის შუა გადმომწვნენ
მათნი ურყევნი დიადნი თავნი.
ხევშიც ღრუბელი მსწრაფლ აიშალა
და, როგორც აფრა ვარდისა ფერი,
გაგონიერდა, ფრთა გაიშალა,
და ესრეთ მჩატე და მშვენიერი
აცურდა მაღლა და ჩაიმალა.
ჯერ ფშვენდა დილა ხევის გადაღმა,
ბედაურ ცხენით მოდის თავ-დაღმა
მძიმე ნაბიჯით მხედარი მთისა.
ჯერ უძლურია სიცხოვლე მზისა,
ჯერ კიდევ იმის ზარმაც სხივებსა
არ შეუშრიათ ქედისა ცვარი;
კლდიდამ ორივე გზისა პირებსა
ხეთა შტოები წამოყრილ არი;
და მათ ფოთოლთა დილისა ცვარი
ცვივოდა გზაზედ -და ცხენს და კაცსა
ზედ შეაყრიდა ვერცხლისა ნამსა.
სადავე ჰქონდა რა ცხენს მიყრილი
ჩერქეზი მათრახს ათამაშებდა
ზოგჯერ ფაფარზედ წინ გადახრილი
მამათ სიმღერას დაიძახებდა.
და მის სიმღერას მთისა გადაღმა
ხეობა დიდი ბანსა აძლევდა
და ნაღვლიანი შორიდამა ხმა
მწუხარეთ იმ ხმას იმეორებდა.
მოსახვევია - და გზა, გაჭრილი
მჭრიჭინე ურმის განიერ თვალითა,
იქ, სადაც ლამაზ კლდის თავნი თლილი
ერთათ იკვრება გვირგვინივითა.
იქიდამ, როგორც თვის ფეხ-ქვეშისა
გამოარჩევდა სოფელსა მშვიდსა,
მტვერსა ცხვართაგან აყენებულსა
და გაღვიძების პირველ გუგუნსა.
და გადმოგრეხილ თავ დაღმართზედა
ბეი-ბულათის სახლს განარჩევდა,
და არწივსავით იმის ბანზედა
უძრავ თვალებსა დააშტერებდა.
კარებში, ჩრდილნი დაღონებული
მოჩანდა ლეკის ყმაწვილი ქალი
მის თვალ წინა გზა გაგძელებული
იგრიხებოდა, მაგრამ მის თვალი
შორს გაჰყურებდა ნაღვლიანითა.
ვის ელი ეგრე დარდიანათა,
აღმოსავლეთის ცისა ლამპარო?
ვის ელი, მითხარ, ნაზო ცისკარო!
მაგ მინაზებულ საოცარ ზრუნვით,
ემაგ დუმილით და ემაგ ურვით?
მეგობარს ხომ არ ელი შორიდამ?
ან საყვარელს ძმას წყეულ ბრძოლიდამ?
დღისა სიცხითა მისუსტებული
ნაზი თავი გაქვს გამზადებული
დასაცემათა მაღალ მკერდზედა,
ხელი გისხლტება შენ მუხლებზედა;
და სურვილისა ტკბილმა ძალამა
მხარი დაგიხსნა ტყვეობიდამა;
და მარგალიტის აღვსილნი ნამით
ნათელნი თვალნი დაგმძიმებია,
და სამხრეთისა სისხლისა ალით
ლამაზნი ღაწვნი აგწითლენია;
ტუჩნი გრძნეულნი გასაოცარნი
სიყვარულისაც კოცნას ითხოვენ,
და მის ლოდნაში თითქმის დამდნარნი
იმ დამატკბობელს კოცნას იხმობენ.
აღტაცებული დიდ სურვილითა
რაღაცას ეძებ შენ მოსახვევნათ
და ხელი შენი უძლურ თრთოლითა
სახურავს ელტვის გადასახდელათ.
ო! სადახარ, ძვირფასო ჩემო!
და აჰა ცხენის ფეხის თქრიალი,
და აგერ მტვერიც გზის გარეშემო...
„თავადიაო“ ჩურჩულებს ქალი.
ადვილათ გვაძლევს იმედი ნუგეშს,
თვალიც ადვილათ ბევრჯელ გვატყუებს;
აგერ მხედარი სახლს მოახლოვდა...
და ვაი! ქალი მხედარს ვერ ჰსცნობდა,
იგი პირველათ ხედავდა იმას!
ეგ ყარიბია, შორით მოსული,
სტუმრის მოყვარულს დაეძებს ხალხსა.
ჰბოლავს მის ცხენი აღქაფებული,
ჩამოსახტომათ კიდეც მზად არი...
და რათ არ ხტება? რას დგას მხედარი?
თითქო სახლმაო ის შეაშინა...
ის იყურება - ამოიქშინა...
და ერთი მოკლე, მწუხარე კვნესა
მოშორდა იმის შეკრულ ტუჩებსა,
როგორც მეხისა დაცემის დროსა
შორდება ხოლმე ფოთოლი შტოსა
„რას იცდი, მგზავრო, ემაგ კარებზედ,
რარათა ზიხარ მაგ დაღლილ ცხენზედ?
მოულოდნელი მგზავრი, სტუმარი,
თვით იცი, არის ღვთის საჩუქარი.
ჩამოხედ, ბოზაც, თაფლიც ბევრი მაქვს!
შენ ხარ საწყალი, მე ვარ მდიდარი;
პატივ-ეც ბეი-ბულათის სახლს,
სტუმრისთვის მუდამ ის ღია არი.
და შენ ლოცვაში, როს გაიმგზავრებ,
ჩვენს მოხსენებას ნუ დაიზარებ.
ჰაჯი-აბრეკი.
ალერსით დამხვდი უცხო სტუმარსა,
ლეილავ! გიხსნას ძლიერ ალლახმან!
მის სამაგიეროთ საყვარელ ქალსა
მამის სალამი მოგიტანა მან.
ლეილა.
ვით! მამა ჩემი? ნუ თუ თავის ქალსა
ის არ ივიწყებს ამოდენ ხანსა?
ნუ თუ კიდევა ის მე მიგონებს?
მითხარი, იგი ეხლა სად ცხოვრებს?
ჰაჯი-აბრეკი.
სადაც სცხოვრობდა-ხან სხვისა ქოხში
ხან ხის ძირასა, ხან უდაბნოში.
ლეილა.
ბედნიერია, მხიარულია,
მითხარ მე, ეხლა იგი, თუ არა?
თუ უჩემოთა დაჩაგრულია?
ოჰ, მიპასუხე, მითხარი ჩქარა...
ჰაჯი-აბრეკი.
ის ცოცხალია-თუმცა ხანდისხან
ვერცა წვიმისგან და ვერც ყივნისგან
ვერ დაუფარავს მას თავი თვისი.
შენ როგორღა ხარ?
ლეილა.
ისე მფრინავი
ჩიტიც არ არის სულ ბედნიერი
როგორც მე ვარ.
ჰაჯი აბრეკი. (ჩუმათ).
მით უფრო ავუი.
ლეილა.
რაო? რა სთქვი შენ?
ჰაჯი-აბრეკი.
მე? არა ფერი.
ჰაჯი ზის; სუფრა მას წინ უშლია
და არც ბოზასთვის, არც ბრინჯისათვისა
ჯერეთა ხელი მას არ უხლია.
საკურველია, მართლათაც, ისა!
მის სასტიკს შუბლზედ რა რიგ იძვრება
შეკეცილება, დაჭმუჭვნილება!
მიზეზი დროა, თუ წუხილია
რომ ეგრეთ იგი გადახნულია.
სურს რა სტუმრისა ურვის გადაყრა,
ლეილა ხელში დაირას იპყრობს;
აჰა მშვენიერ თითებით ჩაჰკრა
და აჰა ლეკურს იმღერს, თამაშობს
თვალნი ვარსკვლავებრ სხივთა ისვრიან,
კოკრათ ძუძუნი მკერდზედა თრთიან.
ცხოველ ყმაწვილურ აღტაცებითა
უმანკო სული გარემოცულა
და გაუგებარ ლხენით, შვებითა
გახარებულა, განათლებულა,
იგი ტრიალებს სტუმრისა წინა
ვითა პეპელა მზის სხივთა შინა.
მყის მოჟღრიალეს დაირას თვისა
თეთრი ხელებით თავს იცილებდა,
თავზედ ივლებდა-და ეგრეთ ისა
დიდ ხანს თვით ზემო აჟღრიალებდა;
და ანთებულსა შავ-თვალსა მკვირცხლსა
მშვიდათ გარშამო მიმოავლენდა.
უსიტყვოთ იმის ლამაზ ტუჩებსა
ტურფა ღიმილით სურდათ თქმა ესა:
„რათ მოღრუბლულხარ? რაზედ შესწუხდი?
„შენს თვალში რაღაც მწუხარებაა!...
„ჩემო სტუმარო! გამხიარულდი,-
ბედი და ურვა-სულ ოცნებაა!...“
ჰაჯი-აბრეკი.
ლეილავ! გეყო, კარგი დადუმდი!
ერთს წუთს მოიკალ მხიარულება!
მრქვი! ნუ თუ არ დროს სიკვდილი ფიქრათ
არა გწვევია შენს აღმა შაკოთრათ?
გვერდრებ, პასუხი იმის მითხარი,
მხიარულება ერთს წუთს დასტოვე.
ლეილა.
არა: რათ მინდა ცივი სამარე?
მე ქვეყნათ ჩემი სამოთხე ვპოვე.
ჰაჯი-აბრეკი.
ერთს კიდევ გკითხავ: არ გიდარდნია
მასზედ, სად ყმაწვილს გინავარდნია,-
შენს განშორებულ ტკბილ სამშობლოზედ
და დაღისტნისა გადახსნილ ცაზედ?
ლეილა.
ნეტა რისთვისა? ამ ნისლებშიაც
უფრო მაქვს შვება, მხიარულება;
დამიჯერე რომ, ამ ცივ მთებშიაც
მოიპოვება ბედნიერება;
უფლისა ჩვენის უხვი ქვეყანა
მშვენიერია; მენდე, ყველგანა.
გულსკი არა აქვს არსად მამული!
ის ვერ იქმნება დაძალებული,
და ძალადობის არც ეშინიან,
მის სურვილს ვერ ფრით ვერ დაუშლიან;
იგი ჩიტსავით სწრაფათ დაფთხება,
გამოვარდება და გაფრინდება
ისე, რომ მის კვალს ვერც ესწრობიან;
მენდე-იქ არის ბედნიერება
სადაც უყვარვართ და გვენდობიან.
ჰაჯი-აბრეკი.
სიყვარულიო!... მაგრამ შენ იცი
ამ ქვეყნათ კიდევ მეორე რა არს
დიდ ნეტარება და დიდი ფიცი
მისთვის, ვინ მისცა ტანჯვითა საფლავს
ყოველი ფერი რაც კი მას სწამდა,
რასაც ეტრფოდა და რაც უყვარდა?
ის ნეტარება და იგი ფიცი
სიყვარულზედა არს უფრო მტკიცი.
არც არას ეტრფის არც, ელის ისა
და ითხოვს მარტო ცრემლსა და სისხლსა.
მასში კაცისთვის ნუგეში არის
რომ მოუკვდება მას ნეტარება;
მასშია ცოდვის, ცოდვის მწუხარის
სული სიცოცხლე და სიტკბოება;
მასშია ჩემი სულისა ღმერთი,
მთელი სამოთხე და ჯოჯოხეთი.
ის მუდამ სცხოვრობს ჩვენს არსებაში
ხან მოგვცემს ტანჯვას და ხან ლხენასა
არა, ვფიცავ! ერთს სისხლს ზღვევის წამში
მე არ ავიღებ მთელს ქვეყანასა!
ლეილა.
რაზედ გაყვითლდი? რამ გაგაფითრა?
ჰაჯი-აბრეკი.
მომისმინე მე და ყველა გითხრა.
დიდი ხანია რაც მყვანდა მე ძმა
და ის-მის წერა იყო უთუოთ-
ტყვიით განხვრიტა ბეი-ბულათმა
და ძმა მამიკვდა მე უსახელოთ,
განა თუ ომში? ვით მხეცი ტყისა!
არცკი უნახავს სახე თვის მტრისა.
როცა კვდებოდა მაფიცა ძმობა,
მერეთ თვის სისხლი და თვისი მტრობა
მე მიანდერძა და მისი მკვლელი
მალე ვიპოვე, ხანჯალი მჭრელი
მზათ მქონდა გულში დასაცემათა
და მის სიცოცხლის დასანთხევათა,
მარამ ვიფიქრე: „ზღვევა ეს არის?...
რა არს სიკვდილი? ანუ თუ ერთს წამის
მის ტანჯვათ მიღირს ამოდენ ხნისა
ჩემი წუხილი, ტანჯვა, ვაება?
არა! უთუოთ ამ ქვეყნათ ისა
რასმესა ეტრფის, რამ ეყვარება!!...
ვპოვებ ტრფობისა საგანსა მისა
და იმ დანსთქამს ჩემი კვეთება!„
ბოლოს აღსრულდა. ეხლა დრო არი!
გუშინვე დაჰკრა შენმა საათმა,
უყურე, ჩადის მზეცა მღვიმარი!...
დროა! მომესმა საფლავით ძმის ხმა...
როს პირველათ მე დღეს დავინახე
ეგ შენი მშვიდი და ნაზი სახე,
მწუხარებითა ბნელით და მწარით
სული აღმენთო ჯოჯოხეთსავით.
მაგრამ გაფრინდა აწ გრძნობა ისა
ის შებრალება გამიქრა სრულებ
და ჩემს აღთქმასა და ჩემსა ფიცსა,
ვალლახ! თამამათ მე აღვასრულებ!“
ვით ზამთრის თოვლი მთებშია მქრალი
მის წინ მუხლებზედ დაეცა ქალი;
გოდებას, კვნესას, ვედრებას და ცრემლს
იმ უწყალოს წინ საბრალო აბრქვევს.
„ოჰ! საშიშარ ხარ მაგ ცივ თვალითა!
ეგრეთ უწყალოთ ნუ იყურები!...
იქით მიბრუნდი!... ცივ გესლსავითა
მე ზედ გადმესხა შენი სიტყვები...
ოჰ, ღმერთო ჩემო, ნუ თუ დამცინი!...
მითხარი, თორემ შემერყა ტვინი...
შენ წინა ვსდგევარ სულ უბრალული!...
ნუ თუ უცოდვლის ცრემლთ ნაკადული
არა რათ გიჩანს შენ შენსა თვალში?
ოჰ! შემიბრალე!... მრქვი ვით სტირიან
შენს სამშობლოში, შენს ქვეყანაში!
მრქვი, ცრემლსა იქა რა რიგათ ღვრიან,
რომ მათებრ მაინც დაგილბო გული
და შებრალებიტ აღგინთო სული?
ადრეა, ადრე ჩემთვის სიკვდილი!...
შემარჩინე მე სიცოცხლე ტკბილი!...
ნუ მართმევ სურვილს, ნუ მართმევ გრძნობას,
გვედრებ, ნუ მართმევ ყმაწვილ ქალობას!
რა არის იცი შენ სიხარული?
გყვარებია შენ ვინმე? თუ არა?
ყოფილხარ შენ დროს შეყვარებული
ისე როგორც მე? უთუოთ, არა!“
ჰაჯი კი იდგა შუბლ შეჭმუხვნილი,
სიკდილისავით დაჩუმებული.
„- შენს თვალში არ სჩანს არც შებრალება,
რომელიც, უწყალოვ, არ იბადება!...
ვიშ! ვიშ! ოჰ! უღთოვ! რისთვისა მკარგამ!...
ჯერ ყმაწვილივარ და რისთვისა მკლამ!...
ოჰ, მომითმინე!... ერთს საათსაცა...
ერთს წუთსა კიდევ... ოჰ!... ერთს წამსაცა!...
მარამ წყეული ხმალი გამოჰკრა
და თავი სხეულს სწრაფათ განშორდა.
და გასისხლებულ უწყალო ხელით
დასწვდა მიწისგან აიღო ისა,
და მის მღელვარე შავ-ნაწნავებით
წმენდა დაუწყო თავის ხლმის პირსა.
მეორეთ მოზიდა ნაბადი შავი
და, რა შეხვისა უსულო თავი,
გამოვარდა და მოახტა ცხენსა
და გაემართა გზას საშურველსა.
მორჩილი ცხენიც მისი ერთგული
უეცრათ რითღაც შეშინებული
მის ქვეშ მიქუხდა, იგრიხებოდა,
მიხვიხვინებდა, შიშობდა, ფთხობდა;
და გაიშლიდა ხშირსა ფაფარსა
მოუთმენლობით ღრღნიდა ლაგამსა
აღქაფებული, გაფიცხებული
მიქროდა მთებში როგორც შურდული.
მგზავრო! გვიან არს, ცისკარიც ქრება;
ახლოა ღამე ბურუსიანი:
კავკასის წვერით გველივით სხლტება
ღრუბელნი ბნელნი და ჟინჟლიანი.
იგინი ჯგუფათ შეგროვდებიან
და ბნელს ხნარცებში შავათ ჩადიან
და, რა ფუჩქებსა შეეხებიან,
მარგალიტებსა ფოთლებზედ ჰყრიან.
წყარო სრბის მღვრიე ნაცრისა ფრათა
ბალახიდამ სცემს იგი ქაფათა,
ნისლიან ხევში მობრწყინავს ისა
როგორც თვალები მოჭრილ თავისა.
ჩქარა, მხედარო! ჰა! ჩქარა წადი!
მხრებზედ მოიგდე შავი ნაბადი,
თასმის სადავე აიკრიფე ხელს,
თასმის მათრახი მოუქნივე ცხენს;
თუმც ჯერ არ მოგდევს არც ავი სული,
არც მხეცი ტყისა. არც ტყვია მტრული
მარამ თუ ლოცვა შენ შეგეძლება
ილოცე- მეტი აქ არ იქნება.
„ჰა! გასწი ცხენო! მშიშრათა თვალსა
რაზედ უშტერებ შენ ეინა გზასა?
აგე ის ქვაა წყლით გაქლესილი,
ის გველი ბრწყინავს წელ დაგრეხილი.
ჰე, ამხანაკო! ბრძოლის ველზედა
ბევრჯელ მიწმინდამს შენს ფაფარზედა
ჩემ მკლავთა სისხლი. უბედურ წამში
არა ერთხელა შენ მე დამიხსენ;
მაცადე, მივალთ ჩვენ ქვეყანაში
და იქ, ერთგულო, შეგასვენებ შენ.
ემაგ შენს ლაგამს იქ უფრო ბევრსა
შევასხამ რუსის ოქროს და ვერცხლსა,
და იქნები შენ მშობელ მთებზედა
მინებებული შენს ნებაზედა.
როდის და როდის გამომეცვალე,
მრქვი, ამხანაკო ჩემო ძვირფასო?
რატომ აღქაფდი შენ ეგრე მალე?
მრქვი, რამ შეგცვალა და რამ დამავსო?
რათა ქშენ ეგრეთ მძიმეთ ჩემ ქვეშა!
აგერ გამოჩნდა მთვარეც ნისლქვეშა!
ნისლით გამოვა და მძინარ ხეებს
ვერცხლათ შეასხამს გარს თავის სხივებს
მაშინ განვარჩევთ მთებში ველ მწოლელს
სადაცა ბნელში სძინავს ჩვენს სოფელს.
და ჯემათის მწყემსთ ცეცხლისა ბრწყინვას
ღამის სიოში შორითა მთრთოლარს
ტყეში და მთებზედ ჩვენ დავინახამთ,
და გავიგონებთ, რა ახლო მივალთ,
ჯოგისა ყრუ ხრამუნს და ყრუ ხვიხვინსა.
ცხენები შენს გარს მოგროვდებიან,
მარამ რომ ფეხზედ წარმოვზდეგ, მყისა
ფრუტუნით უკუვ შორს გახტებიან:
შორით გვიგრძნობენ იგი ცხენები,
რომ მე და შენ ვართ წერის შვილები!“
ველებსა ღამე ჯერ კიდევ ჰფარავს
სოფელს ჯემათსა მშვიდათა სთვლემავს,
იქ მოხუცია მარტო მღვიძარი-
მარტო, ვით ძეგლი ყრუ საფლავისა
უძრავათ ქვაზედ ის იყო მჯდარი,
გამტვრიანებულ გძელ გზისა პირსა;
ღრმა მწუხარებიტ აღვსებულ თვალსა
ის არ აშორებს შორეულ გზასა.
„ვინ არს ის მგზავრი? ის სიფთხილითა
ძირსა ჩამოდის დაგრეხილ მთითა;
გძელ ფაფრიანსა მის ამხანაკსა
წინ წაუწვდია დაღლილი თავი;
ნაბდის ქვეშ რაღაც უჭირავს მგზავრსა,
მას უფრთხილდება როგორთ თვის თავსა.“
და ფიქრობს იგი მამა ბედ შავი,
„უთუოთ ძღვენი არის ჩემთანა
ჩემ ლამაზ ტურფა ლეილასაგან.“
აჰა, მხედარი კიდეც მოვიდა,
მან შეაყენა მთის ძირში ცხენი;
მთრთოლარე ხელით ნაბადსა შლიდა
და რა გაშალა- მის სისხლის ძღვენი
ბალახებზედა მძიმეთ გაგორდა
ოჰ! ღმერთო! მაშინ მამა რას გრძნობდა,
როს ის ხედავდა- ვაი საწყალსა! -
თავის საყვარელ ლეილას თავსა?
და ის უგუნურ აღტაცებაში
მაგრათ ტუჩებზედ მიიკრამს მკვდარ თავს,
თითქო გარდასცემს მას იმა წამში
თვის უკანასკნელ, ბოლონდელ ტანჯვას
და ერთ კვნესაში და ერთ კოცნაში
მთელი სიცოცხლე, გრძნობა და ძალი
იმ უბედურმა სრულად შთაცალა.
ეყო, რაც კაცთა და ვაებათა
დასჩაგრეს, სჯიჯგნეს იმ საწყლის გული!...
გაწყდა მის გული აწ უეცრათა
ვით ძაფი დიდ ხნის გახრწნილებული.
მის უძრავ სახეს, მის უძრავ პირსა
გადედო ფერი ბნელ სიკვდილისა.
ისე სწრაფათ მან სული განდევნა,
რომ მის ბოლონდელ წამისა აზრმა
ვეღარ მოასწრო სულთან გაფრენა
და შეირჩინა ზედ სახემ მკვდარმა.
ინახავდარა ბნელ სიჩუმესა
ჰაჯი იმ ლეკზედ სულ არ გაკვირდა;
დახედა ხმალსა, შეხედა ცხენსა
და ისევ სწრაფათ მთებში წავიდა.
წარვიდა წელი. ყრუ ვიწროებში
ორი გახრწნილი კაცისა ლეში
გამვლელთა მგზავრთა გზაზედ ენახათ
და მთის წვერზედა ღრმათ დაემარხათ.
და იმათ შუბლზედ ნათლათ ვით ელვა
ზედ აღებეჭდნა მტრობასა წყევლა.
ორივ სისხლითა გარდასხმულ იყვნენ,
მაგრად ჩაკრულნი მიწაზედ იწვნენ
გაშეშებულნი, გაყინულები,-
მეგობრათ სჩანდნენ- იყვნენკი მტრები!
იქნება ეს არს ხოლოც ოცნება...
მარამ ეჩვენათ იმ საწყალ მგზავრებს
რომ ხანდისხან მათი სახე იცვლება
და ეუქროდნენ ტუჩნი ერთურთს.
მდიდარი იყო საცმელი მათი
ბაშლაყი მათ ქუდთ ეფარებოდა,
ერთშიკი იცნეს ბეი-ბულათი
მეორეს კია ვერავინ ჰსცნობდა.

ლერმანტოვით გადმოთარგმნილი თ. ილია ჭავჭავაძისა.
1859-სა წელსა, 16-სა მარტსა.
ს. პეტერბურღი.

4 ისტორიული მოთხრობა

▲back to top


ისტორიული მოთხრობა

ანუკა ბატონის შვილი

თავი პირველი

შუა მთის მონასტერი დავალებული არის თვის აღშენებით თეთრის შინდისაგან. როდესაც კახეთის მეფემ ლევანსა ეთხოვნა ცოლად მამია გურიელის ქალი თინათინი და გურიიდგან მოჰყვანდათ გრემსა ჰჯვარის დასაწერათ, ამ ქალმა მომავლობაში გზაზედ იხილა სიზმრად თეთრ წვერიანი ბერი, მდგომარე საუცხოვოს მწვანით მოსილს ველზედ, რომელმაც, რა მიაწოდა ამ ქალს პატარა შტო თეთრის შვინდისა, უთხრა მას:„შვილო! შენ შეიქმნები ცოლი დიდებულის კაცისა; მაგრამ შენი დიდება არა მდგომარეობს ქვეყნიერების კმაყოფილებაში; არამედ მოჰსძებნე ხე ამა შვინდისა და მუნ აღაშენე ტაძარი ღვთისა; იგი იქმნება შენი დიდებადა შენი მფარველი.“ -სიზმარი ესე ჰქონდა ამ ქალსა შთაბეჭდილი გულში და არავის არ უმხელდა მას; მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც საჭიროდ დაინახა ამ ქალმა ძებნა თეთრის შვინდის ხისა. - ქმარი მისი ლევან იყო დიდი ვაჟკაცი, ჰყვანდა ლეკნი დამონავებული ისე, რომ იმის დროს კახეთში ძროხა არ დაიკარგებოდა; მაგრამ ბევრთა კარგთა ხასიათთა შორის, აქვნდა მას ბევრი ბიწიცა. თინათინ დედოფალი, აღვსილი ყოვლის კეთილის სათნოებითა და ღვთის მოშიშარი, უთმენდა ლევანს მრავალს ავ საქმესა, მაგრამ ისკი ცდილობდა გამოეყვანა ცოლი მოთმინებიდგან. მობეზრებულმან ლევანის ცუდის ყოფაქცევითა, თინათინმა ჰსთხოვა ერთხელ მას - მიჰსცეს ნება აღმოირჩიოს თვის საცხოვრებლად მონასტერი. ლევან მეფე სიამოვნებით ეთანხმა მასზედ. მაშინ დედოფალმა გაგზავნა საძებნელად იმ თეთრის შვინდის ხისა, რომელიც ენახა მას სიზმარში, და რამდენსამე დღეზედ მოართვეს მას მხსომიარე ტოტი თეთრის შვინდისა, რომლის ხეც დგომილიყო უცხოს ალაგს შუა მთაში. დედოფალმა ქრმის შემწეობით და თავის მზითვით იქ აღაშენებინა ჩინებული მონასტერი და შვილითა თვისითა მცირე წლოვნის ალექსანდრეთი განშორდა მუნ სიკვდილამდინ.-

ხოლო ლევან მეფემ თინათინის სიკვდილის შემდეგ ითხოვა ცოლად შამხლის ასული, რომელიც მონათლა ქრისტიანულად. ამასთან მიეცა ორი ქალი და ოთხი ვაჟი: გიორგი, ელიმურზა, ვახტანგ, და ხოსრო. უფროსმა ქალმა მისმა მოუპოვა მას სიძედ ქართლის მეფე სვიმინ; მაგრამ ეს მხიარულება არ იყო ლევანისათვის ხანგრძლივი. სვიმონმა სთხოვა მას შემწეობა განსაყრელად ქართლიდგან სპარსთა, რომელთაც ეჭირათ მრავალნი სიმაგრენი და ხშირის დარბევით აწუხებდნენ ქართლსა, ხოლო ლევანი იყო იმ ჟამად მეგობრად სპარსეთის შაითამაზისა და ამისგამო თვითონ ვერ გაბედა მიეცა თავის სიძისათვის შემწეობა, არამედ ჩუმად გაუგზავნა მას შვილი თვისი გიორგი ჯარითა. ამათ დაესხათ ძეგვთან აღდგომა ღამეს შავედრი სულთანი ჯარით; ბრძოლაში მოკლეს გიორგი და ამოწყვიტეს მრავალნი კახნი. - შვილის უბედურების მსმენელმა, ლევან მეფემ ვერ აიტანა მწუხარება ესე და ჩქარა თვითონაც შთავიდა საფლავად.-

სადაც ბევრნი ბრძანებელნი არიან, იქ ცოტა გამგონენი ეყოლებათ. ლევან მეფის შემდეგ თუმცა შვილნი მისი განაგებდნენ კახეთსა, მაგრამ ხშირად იყო ხოლმე მათში განხეთქილება პირველობაზედა.

ლევანის უფროს შვილსაც, თინათინისაგან შობილს ალექსანდრეს შეჰსწყინდა დაბადების კითხვა მონასტერში. მამის შემდეგ მან შემოიკრიბა ზემოკახეთი და წავიდა ქართლს ბედის საძებნელად. აქ დაუმოყვრდა ალექსანდრე ბარძიმ ამილახვარსა; ესა და ქსნის ერსთავი ელისბარ ეყვნენ მას შემწედ და ალექსანდრე დიდის ჯარით მოვიდა კახეთის დასაპყრობლად. მისი ძმანი: ელიმურზა, ვახტანგ და ხოსრო შეებნენ მას თორღასთან; მაგრამ იძლიეს; თვითონაც ბრძოლაში ამოიხოცნენ და ალექსანდრე 1574 წელსა მარტო შეიქმნა მპყრობელი მთელის კახეთისა. სატახტო ქალაქი მაშინ იყო გრემი.-

თავი მეორე.

გრემს, მაღალს კოშკში, რომელიც იყო გარე შემორტყმული ქვიტკირის კბილებიანის გალავნითა, ეჩოქა ძვირფასის ხალებით მოფენილს ოთახში, ღვთის მშობლის წინაშე, ყმაწვილი ქალი მშვენიერის სახისა, მცირე ფერ მიხდილი; ეს ფერ ნაკლულება თითქო უფრო ანშვენებდა ამ ქალის დიდრონს შავს თვალებსა, დაწითლებულთა იმ ჟამად ცრემლისაგან, რომელსაც გაევლო რემდენიმესველი ხაზი მის ლოყებზედ.-

- ოჰ, წმინდაო წალწულო მარიამ! წარმოჰსთქო კვალად ამ ქალმა: ნუ მიჰსცემ ეშმაკს ჩემზედ ძლევასა; მომეც ძალა მოთმინებისა; ნუ გამომილევ შენს შიშსა, და ნუ გამხდი მოღალატეს ჩემის ვალდებულებისა, ჩემის ქრმისა, ჩემის შვილისა!... მე აღარ შემიძლიან ბრძოლა ჩემს გულთან, ჩემს სიყვარულთან, რომელიც არ მაძლევს არც დღე და არც ღამე მოსვენებასა, რომელიც მიხრუკამს გულღვიძლსა, რომელიც მინთია, ესრედ იდულამად... დედაო მარიამ! შენ განანელე ეს ცეცხლი, შენ გამიგრილე ეს გული, რომელშიაც ვინც ჩაიხედავს, აღშფოთდებიან სირცხვილით... მაგრამ სული ჩემი დუმდება ამ ბრძოლაში. სისხლი მეწვის სიყვარულისაგან. მე ვჰგრძნობ, რომ ახლოვდება ჩემთვის ის დრო, როდესაც განიხსენება ჩემთ ფეხთ ქვეშა უფსკრული და იგი შთანთქამს ჩემს ნამუსსაცა, ჩემს პატიოსნებასაცა, ჩემს მოვალეობასაცა, ჩემს სულსაც...

ამ დროს ოთახის კარი განიღო ჩუმად და მაღალის ტანის კაცი, მამაცურის შეხედულებისა, წაადგა თავს ამ ქალსა.

- ანუკი! წარმოჰსთქო მან.

ქალი შეკრთა ამ ხმაზედ; იგი გაყვითლდა, ტუჩებმა დაუწყეს ცმაცუნი, თვალნი მიხუჭნა და თითქო ლამოდა გულის წასვლასა.

- ანუკი! განიმეორა კაცმა: შენ რაღაცა გაქვს გულში, რომელსაც მიმალამ... ნუ თუ ჩემი სიყვარული ეგრე მცირე არის შენს თვალში, რომ ვერ მოგინდვია ჩემთვის შენ საიდუმლო?... ანუ შენა გგონია, რომ მე ვერ დავფარამ მას?... მაგრამ მე უგუნური, რასა გკითხამ? მე უკვე მიხვდი, რაზედაც ლოცულობ ეგრე მხურვალედ, თვალ ცრემლიანი. შენ ლოცულობ განთავისუფლებაზედ სიყვარულისაგან, ესე იგი ლოცულობ ჩემს სიკვდილზედა!... ილოცე, ანუკი, ილოცე! მეც შემოვარეთებ ჩემს ლოცვასა. შენის სიყვარულის დაკარგვასთან მეც მომესპოს სიცოცხლე! და ეს კაციც დაეცა მუხლებზედ ამ ქალთან.- მაგრამ ეს არ იყო ის წმინდა ლოცვა, რომელიც ამსუბუქებს და ანუგეშებს ნაღვლიანს გულსა. არა სიმშვიდე და დაწყნარება, არამედ მხურვალება ეწერათ მათ სახეზედა, და მათ ლოცვამა, აღვსილმა ქვეყნიერების სიტკბოებითა, ვერ მიახწია სამოთხის კარამდე. თვით მლოცველთ ეშინოდათ, რომ არ უსმინოს მათ უფალმა და სურდათ დაებრუნებინათ უკანვე ყოველი თავიანთი ნათქვამი სიტყვა. შემდეგ მათ შეხედეს ერთმანერთსა, კლავნი მათნი გადეხვივნენ, ტუჩები შეეწებნენ ერთმანეთსა, და ლოცვა მათი დასრულდა ფიცით ერთმანეთის საუკუნოდ სიყვარულში.- სახლობის კავშირი, სახელი პატიოსნებისა, შიში ღვთისა და დაძრახვისა.- ყოველი დაავიწყდათ მათ. მაგრამ განგებამ დაწერამათი საქმე იმ ფურცელზედ, რომლისაგანაც არა იწმინდებარა უსისხლოდ.-

ეს ყმაწვილი ქალი ანუკა იყო ალექსანდრე მეფის დაი მამით ერთნი და დედით ცალცალკენი ესე იგი შამხალის ქალისაგან ნაყოლი.- იქნებოდა ოთხი წელი, რაც ამ ქალის ქმარი, ოთარ ჩოლაყაშვილი, გაეყოლებინა მეფე ალექსანდრეს სპარსეთში თავის შვილის კოსტანტილესათვის, რომელიც მოეთხოვნა შაჰბაზსა ძევლად კახეთის ერთგულების თვისადმი.

მაღალი კაცი, რომელსაც შეეპყრა გული ანუკასი, იყო კეთილშობილთაგანი, სიყრმით შეყენებული თვის დედისაგან ბერად, და თუმცა იგი კიდეც იყო შესული უდაბნოში, სადაც მიიღო სახელი უდაბნოელისა, მაგრამ ჩქარა აღმოაჩინა მან თავისი საქებარი ხასიათი, რომ იგი ცოცხალთ ცოდვილთ ქალებს უფრო თაყვანსა ჰცემდა, ვიდრე განსვენებულთ წმინდანებსა, და ამისთვის, რა ვერ დაჰსთმო უდაბნოელმა სოფლიური კმაყოფილება, იგი იძულებული იყო მოეხსნა ეს წოდება თვისი და გამოპარულ იყო უდაბნოიდგან. აღშფოთებულმა ამ ვაჟის დედამ მომართა ოთარ ჩოლაყაშვილსა და შეევედრა აღუჩინოს რამ უდაბნოელსა შესაფერი საქმე თავისთან.

ოთარმა იმყოფინა ეს ყმაწვილ კაცი თავისთან, და რა ბოლოს შეამცნია მას სიმალხაზე, გამრჯელობა და სხვა მრავალი კარგნი ნიჭნი, მიჰსცა თავის ყმა მამულის მოურაობა. ხოლო როდესაც ოთარ იპირებდა სპარსეთში წასვლასა, მან ჩააბარა უდაბნოელს თავისი სახლ კარიცა,- ვითარცა ერთგულს თავის შინაურს კაცსა.- მრავალთა მხლებლებთა შორის ანუკას ახლდა თხუთმეტის წლის ყმაწვილი, საამილახვრო აზნაურშვილი, სახელად ტიტიკო. იქმნებოდა სამი წელი, რაც ტიტიკო ემსახურებოდა ანუკასა და ასე შეეჩვია იმის ხასიეთსა, რომ ყოვლის მის თვალისა და წარბის მოძრაობით იცოდა რაც სურდა, და ვიდრე ანუკა ენით გამოჰსთქვამდა თვის სურვილსა, ტიტიკო უკვე აღასრულებდა ხოლმე მას. ამ გონიერებისათვის და სხვა ფრივ მალხაზობისათვის ანუკას მეტად შეუყვარდა ეს ყმაწვილი და ეკიდებოდა მას ისეთის ალერსით, ვითარც თავის საკუთარს შვილსა. მაგრამ ტიტიკოსათვის განვლო უკვე იმ სანატროსიყმაწვილის დრომ, როდესაც ერთის ვარდის ბუჩქის დანახვა ერჩივნა მას ერთს ჯგუფა ვარდივით ქალების დანახვასა; და როდესაც მას კურდღლისა და მელის დევნა ტყეში ერჩივნა ლამაზ ქალებთან ლაპარაკსა.-

ტიტიკო შეიპყრა რაღაც მძიმე ნაღველმა: ვარდის სიწითლე მის ლოყებზედ შეიცვალა სიყვითლით, თვალები ჩაუცვივდა, და სახემ მიიღო ჭმუნვარებით გამოთქმა. მას შეუყვარდა განმარტოებითი ყოფნა ტყეში ანუ ბაღში; მაგრამ უფრო ხშირათ იგი ავიდოდა ხოლმე მაღალს კლდეზედ, საიდგანაც დაფიქრებული უყურებდა ჩამამავალს მზესა, როდესაც ეს მეფე ბუნებისა ამშვენებს ხოლმე გამოსალმების დროს მიწასთან ლაჟვარდ ცასა ოქროთი, ვერცხლით, პურპურით.- ამაოდ ხიხვინებდა ტიტიკოს ყარაბაღული ცხენი და ცდილობდა გაეღვიძებინა თავის პატრონში ადრინდელი სიყვარული; ამაოდ ელაქუცებოდნენ, და წმუკუნით დაუხტოდნენ მას საყვარელნი მწევარ მეძებარნი, რომელნიც ცდილობდნენ მოეგონებინათ ტიტიკოსათვის სასიამოვნო კურდღლაობა.- მაგრამ მას ესენი აღარ ესიამოვნებოდა. ტიტიკო ისარივით გაექანებოდა ხოლმე მხოლოდ იქითკენ, საიდგანაც მოესმოდა მას ნარნარი სიმღერის ხმა ანუკასი, რომელსაც მარტო მყოფობის ჟამს უყვარდა ხშირათ მღერა სხვა და სხვა სამიჯნურო მუხამბაზებისა.- ამ დროს ტიტიკო მიიპარებოდა ხოლმე ჩუმად ანუ ოთახის კარებთან, ანუ ამოეფარებოდა ხესა და ჰსტკბებოდა ამ ზეციურის ხმით, რომელსაც მოჰყვანდა ეს ყმაწვილი აღტაცებაში და აფრქვევინებდა მდუღარებასა... ერთ ხანად როდესაც ანუკა შინ არ იყო, ტიტიკო შევიდა მის ოთახში, იპოვნა იმისი ლექსების წიგნი; ჯერ მხურვალებით დაჰკოცნა მას, შემდეგ ჩაიჭრა ბაღში, საჩქაროდ გადაჰსწერა რამდენიმე მუხანბაზი, და რამდენიმე დღე ჩუმათ იხეთქდა თავსა მათ ზეპირად დასასწავლებლად.

ერთხელ, მარტო მყოფი ბაღი, ტიტიკო მღეროდა ანუკას სიყვარულს მუხანბაზსა, ჯერ გაუბედაობით ღიღინებდა, შემდეგ და შემდეგ მიჰსცა მან თავის ხმასა სრული თავისუფლება. ამ ხმამ მოიზიდა სახლითგან ბაღში ანუკა, რომელიც ჩუმად კარგა ხანს ყურნს უგდებდა, როდესაც ტიტიკომ დაასრულა, ქალმა ალერსით ხელი დაადო მას თავზედა.

- ვინ გაჰსწავლა, ტიტიკო აგრე კარგათ მღერა?

- სიყვარულმა... დიდმა ლექსების სიყვარულმა ქალბატონო.

- მიჰყევი, შვილო, ბოლომდინ. კარგი ლექსები უმაღლებს გულსა და უწმენდს სულსა. და რა ამეებს ეუბნებოდა, ანუკა უსვამდა მას თავზედ ხელსა. მაგრამ ტიტიკომ შეჰყვირა აღრეულის ხმით:

- ქალბატონო! თუ ღმერთი გწამს, ქალბატონო!... ხელი ამართვი თავიდგან!

- რა იყო, შვილო?

- ოჰ, ქალბატონო, მომიტევე! მე მეგონა, რომ ტვინი მეწვოდა შენის ხელის შეხებით.

- როგორ? განა ჩემი ხელი მოწამლულია?

- რა მოგახსენო... მეკი რაღასაც წვასა ვგრძნობდი.- ტიტიკომ წარმოსთქვა ეს სიტყვები ესრეთის მთრთოლვარების ხმითა და ასეთი ფერი დაედო, რომ ანუკამ კვალად მიადო მას შუბლზედ ხელი და შეჰყვირა:

- ღმერთო დიდებულო! რა სახით გენთება თავი! მეშინიან ავათ არ გახდე!... არც არავინ არის, რომ მამეშველოს!... ტიტიკო! რა დაგემართა?... ოჰ, ღმერთო! გული მიჰსდის!... მართცალ, ტიტიკო გაყვითლდა, ვითარცა წმინდა სამთელი, ცივმა ოფლმა დაასხა მას ტანზედ, თავლნი მიხუჭნა და თავი დაჰკიდა ანუკას მხარზედ, რომელიც გულზედ მიიყუდნა და ყოვლის საშუალობით ცდილობდა მოებრუნებინა.

ტიტიკოც ჩქარა მოვიდა გონზედ და ღრმის აღმოსვრით განახილნა თვალნი, მან მოიგონა ყოველი, რაც შეემთხვა და ჰსთქვა მწუხარებით.

- მე მეგონა, რომ ვკვდებოდი!... ოჰ, რა.ტომ არ მოვჰკვდი?...

- რათა, შვილო? უთხრა ანუკამ: რას ნიშნამს შენი ესრეთი უეცარი ავადმყოფობა? მითხარ, ტიტიკო, გამიხსენ შენი გული, ვითარც დედა შენსა; წლოვნებით თითქმის შეგეფერები კიდეც დედად და სიყვარულით- ხომ უფრო... მე კარგა ხანია გამცნევ, რომ სახის ფერი სრულიად დაგეკარგა, თან და თან ხდები, ნადირობაზედაც ხელი აიღე, შენი ხელები ჰთრთის ხოლმე, როდესაც მშველი ცხენზედ შეჯდომასა. ხომ არავინ შეგყვარებია, შვილო? ტყუილად ნუ მიმალამ. მე მესმის და ვიცი ტანჯვა სიყვარულისაგან... ესრეთ კეთილშობილიხარ გულითა და ხასიათითა, რომ რასაკვირველია არ ამოირჩევ შენს უღირსსა. რაც ჩემგან შესაძლებელია, მეც ვეცდები დაგეხმარო შენის ბედნიერების შესადგენლად.

- რას მიბძანებ, ქალბატონო! მოახსენა ტიტიკომ მორცხობოთ: განა ჩვიდმეტ-თვრამეტის წლის ყმაწვილებს მაგისთანა ფიქრი მოუვათ?... ან რა არის სიყვარული?... ანბობენ, ყმაწვილ კაცები სიყვარულისაგან პირველად ხდებიან და ავათმყოფობენ და შემდეგ ისევ კეთდებიანო. მე მადლობა ღმერთსა, დამშვიდებული და კმაყოფილი ვარ ყოვლითა. მხოლოდ, ქალბატონო!... ნუ მომაკლებთ თქვენს სიყვარულსა და წყალობასა...

- ოჰ, შვილო! უთხრა აღმოხვრით ანუკამ: მე უფრო მეტად ვსაჭიროებ გულითადს სიყვარულში, ესე იგი ერთგულებაში, ვიდრე შენ შეგიძლიან წარმოიდგინო. მე უბედური დედაკაცი ვარ და ქვეყანაზედ არავის არ უყვარვარ... ყველასაგან დატევებული ვარ, რაც უნდა ნაღველი მტანჯამდეს, არავინ არა მყამს ერთი ნუგეშის მცემელი, ერთი რჩევის მომცემი...

- ნეტავი ჩემი ლუკმა-ლუკმად აკუწვა საჭირო იყოს შენის მწუხარების განსაქარვებლად! ოჰ, ქალბატონო! შენ შემომივლე თავსა, შენის ფეხის მტვრად მაქციე, ჩემთვის ქვეყანაზედ მხოლოდ ეგ იქნება ბედნიერება,- რომ მე შენ შემოგწირო ჩემი სიცოცხლე!...

ანუკას შეეშინდა ტიტიკოს აღგზნებულის თვალებისა, რომელითაც წარმოჰსთქვო მან ეს სიტყვანი; ანუკამა ნახა, რომ მეტად შორს შევიდა უნებურად ლაპარაკში ამ ყმაწვილთანა, და რა უნდოდა გამოეცვალა საგანი ლაპარაკისა, უთხრა:

- გესმის, ტიტიკო! მე არ მინდა, რომ ეგრეთი საუნჯე, როგორც შენი ხმა უბრალოდ დაიკარგოს. ამის შემდეგ ნუღარ იმღერი ისე, როგორც მოგხვდება. ჩემთან მოდი ხოლმე: მე გასწავლი ჰანგებს, სად უნდა იღიღინო, სად უნდა აამაღლო და დაიმდაბლო ხმა. - ეხლა დაიწყე აი ეს მუხანბაზი. ყოველი სიტყვა ამ სიმღერისა სიამოვნებით ჰხვდება ადამიანის გულსა.

- ვისი შეთხზული გახლავს ეს ლექსი? ჰკითხა ტიტიკომ.

- უდაბნოელისა.

- ოჰ, თუ რომ მცოდნოდა, რომ იმისია, მე არასოდეს არ ვისწავლიდი მაგას ზეპირად, არამცთუ ვიმღერდი.

- რატომ, ტიტიკო? იქნება შენ მწყრალათა ხარ იმასთან?

- არა, ქალბატონო! ჩვენ ერთმანეთისათვის ორი სიტყვას ერთად არ გვითქვამს. მაგრამ, არ ვიცი რათა, როცა იმას დავინახამ ხოლმე, ასე მგონია ეკლები თვალში მირჭვია... იუდა რომ გაუყიდნია ქრისტე, მე უდაბნოელი ის იუდა მგონია.

- ნუ შენ გაზდას ტიტიკო, როდი უნდა კაცი გძულდეს, მეტადრე უმიზეზოდ. ღმერთი ყველას განჰსჯის თავის საქმის კვალად. ეცადე უყურო ყოველსა კაცს ტკბილის და კეთილის გულით, და მაშინ სიცოცხლე არ გეჩვენება შენ ისე შავად და ბნელად, როგორც სხვებსა... დაიწყე ამ მუხანბაზის მღერა. არა მგონია, რომ ამისთანა სიტყვების დამწყობსა ცუდი გული ჰქონდეს.

ანუკამ მიისო ტიტიკო გვერდით და დააწყებინა მღერა და თვითონაც მიაყოლებდა ხოლმე ბანსა, ხან და ხან ტიტიკო შუა ალაგს გაჰსწყვეტდა სიტყვასა, თითქოს დაავიწყდაო და დაშტერებით შეჰსცქეროდა აღგზნებულის თვალებით მშვენიერს სახეს ქალისასა, ანუ ხან და ხან მღერაში ასე ათამაშებდა თავსა, რომ, მითომ უეცრად, მიიტანდა ხოლმე ქალთან ახლოს, რა სურდა, რომ შეხედოდა მის სახესა ანუ ლეჩაქის წვერი ანუ კავები ანუკასი, და მაშინ ტიტიკო გრძნობდა გამოუთქმელ ნეტარებასა: ტანში დაუვლიდა რაღაც ჟრუანტელი, ტუჩებს ჰკუმამდა, თვალში ცრემლი უბრწყინამდა. - მათ ვერ გაიგეს, როგორ გაფრინდა დრო. ბოლოს ანუკამ უეცრად აწია თავი მაღლა და ნახა თავის წინ მდგომარე უდაბნოელი, რომელიც შეჭმუხვნილის წარბებით და მრისხანის თვალებით უყურებდა მათ ერთად მსხდომთა და ტკბილათ მღერალთა. მაგრამ ანუკამ, მითობ ვერ შეამცნია მისი მუქარება, ანუ ყური არ მიაგდო მას, უთხრა გულგრილად:

- მშვიდობა შენი ნახვა, უდაბნოელო! გიხაროდეს შენც ჩემსავით: მე ვჰპოვე ამ ყმაწვილში ახალი ღირსება: ეს მღერის საუცხოვოდ და მე მსურს, რომ სრულიად განვითარებული შეიქმნას სიმღერაში. ეს მოუპოვებს იმის მოხუცებულს დედამამას დიდს სიხარულსა.

- მე თქვენზედ ადრე შევამცნიე, ბატონის შვილო, თუ რომ მაგას აქვს ნიჭი, უნდა მხოლოდ ბლიაძობის ნიჭი ჰქონდეს, უთხრა უდაბნოელმა.

ტიტიკო მიხვდა იმის დაცინვასა; მას თვალებში სისხლი მოუვიდა და სახე აელანმა, მაგრამ თავი შეიმაგრა.

- ბატონის შვილო! განაგრძელა უდაბნოელმა; მე მსურს თქვენთან მოლაპარაკება ერთს საგანზედ, რომელიც არ ითმენს უკუნდებასა. გთხოვ მომისმინოთ... აზნაურშვილო! წაიღე ეს ჩემი ხმალი ჩემს ოთახში და ნუღარ მოხვალ, ვიდრე არ დაგიძახოთ-

- უკაცრაოდ, ბატონის მოურავო! უთხრა ტიტიკომ ამაყად; მე ვემსახურები აქ მხოლოდ ბატონის შვილს ანუკას და არა უდაბნოელსა!

ახლა უდაბნოელი შეიცვალა სახეზედ. ტუჩებმა უწყეს მას ცმაცუნი მწარის პასუხის სათქმელად, მაგრამ ანუკა დაეჩქარა მათ გასაშველებლად და უთხრა; ტიტიკო, დაუჯერე უდაბნოელსა.

ტიტიკომ თავი დაუკრა ნიშნად მორჩილებისა, ჩამოართო უდაბნოელს ხმალი და ლაზ-ლაზნით მიდიოდა შინისკენ.

- აზნაურიშვილო! შეჰყვირა უდაბნოელმა; ორის ხელით დაიჭირე ეგ ხმალი, არ გააგდო და არ გამიტეხო, შენ თავზედ მეტათა ღირს.

ტიტიკომ მსწრაფლად ამოაძრო ქარქაშითგან ხმალი და რა მსუბუქათ ჰაერში გაიქნია-გამოიქნია, უპასუხა;

- დამშვიდებული ბძანდებოდე! იმდენი ღონე იპოვება ჩემში, რომ შემიძლიან მოვიგერო ყველანი, ვინც უნდა იყოს... გესმის, ვინც უნდა იყოს.- დანაშთენი სიტყვები ტიტიკოსი უდაბნოელმა ვეღარ გაიგონა, რადგანც ის კარგა მანძილს გაჰსცილდა.

შენი მხლებელნი მეტად კადნიერდებიან, ბატონის შვილო, შენის სისუსტით მოპყრობითა, უთხრა წყენის ხმით უდაბნოელმა.

- მე აქ უმადურს უფრო ვხედამ, ვიდრე კადნიერებსა, უპასუხა ცივათ ქალმა.

უდაბნოელი მიუჯდა მას ახლოს და იგინი დიდ ხანს ლაპარაკობდნენ ერთათ. მათი სიტყვები თუმცა თავაზიანი იყვნენ, მაგრამ როგორც მახვილნი; მათ სახეზედ და მოძრაობაზედ ეტყობოდათ, რომ საგანი ლაპარაკისა იყო არა სიყვარული, არა ადრინდელი ნარნარება, არამედ ორივეს მხრით რაღაც შიში, ყვედრება, მუქარება.- განგებულებას გარდაუწყვეტია თავის საუკუნე კანონებში, რომელ იგი, რაიც შემდგარ არის ცოდვისაგან, არ დასტკბების დიდხანს მოსვენებით.

განევლო უკვე სამს წელსა, რაც უდაბნოელს და ანუკას შეეფიცნათ ერთმანეთისათის საუკუნოდ სიყვარულში, რომელიც უკეთესი იქმნებოდა, რომ არც ერთს არ ჩანერგოდათ. ხოლო სამი წელი სამიჯნურო საქმეში -სამი საუკუნე არის. მათთვის ეხლა ის დრო მოსულ იყო, როდესაც პირველად ვარდის ფურცელისაგან დაწნილი ძეწკვი რკინის ბორკილად გარდიქცევა ხოლმე, რომლის სიმძიმესაც ვერც ერთი მხარე იტანს და ცდილობენ მოიხსნან როგორმე; როდესაც სიყვარულის მაგიერად საგანი მათის ლაპარაკისა შეიქმნება ხოლმე ერთმანერთის ყვედრება, ანჩხლობა, შემოწყრომა, შხამიანობა... ანუკა ეხლა ხედამდა, რა უგრძნობ კაცს შესწირა მან პატიოსნება და ნამუსი თვისი; ვისთვის შეიქმნა დამარღვეველი ერთგულებისა ქმრისა თვისისა. - და ყოველი მოგონება ამაზედ ჰსტანჯამდა მას მოუთქმელად.

ამ მძიმეს და სატანჯველსა ფიქრში იყო შესული ანუკა, როდესაც მას მოახსენეს, რომ რევაზ ჯორჯაძე გიახლათო. ეს იყო მაღალი და გამხდარი კაცი, ოც და თორმეტის წლისა, მაგრამ ხშირს ავადმყოფობას ადრე გამოეწოდა მის თავზედ ჭაღარა. რა შევიდა, რევაზმა მძიმედ დაუკრა ანუკას თავი.

- მშვიდობა შენი ნახვა, რევაზ! გმადლობ რომ ჩემი კარის გზა კიდევ გახსომს. რისგან არის გაგიბედნია... დაბრძანდით.

- კარგად მოგეხსენება, ბატონიშვილო, რომ ტყვე გახლავარ ლოგინისა, ამ წყეულის ჩემის სენისაგან ვარ მოკლებული სიამოვნებას, ათასში ერთხელ მაინც გიახლოთ ხოლმე.

- ეგეც ჩემი ბედი, უთხრა ქალმა ამოხვრით: ვიზედაცკი გული მინდობილი მქონდა ყველანი შემომეფანტნენ?.. მაინც რა გემიზეზებათ?... აღარც დედა თქვენმა გაიარა ერთხელ.

- ოჰ, ბატონიშვილო! ჩემი სნეულება გულშია. მარად ღმერთს ვევედრები, რომ მომანიჭოს საუკუნო მოსვენება. ვგონებ თავის მოწყალებაში ეხლაკი სმენულობს უფალი ჩემს ხვეწნასა - მაგრამ კმარა, ბატონის შვილო, ჩემზედ ლაპარაკი. მე ამისთვის არა გხლებივარ... გევედრები ანუკი, მოთმინებით მომისმინოთ, ვითარც თქვენს ერთგულს ყმასა და ნათესავსა... ვიდრე ვიცოდი, რომ თქვენ უშიშროებაში ბძანდებოდით, მე განშორებული გახლდი თქვენგან. მაგრამ ეხლაც მეშინიან როგორ გაგიბედო იმ საგანზედ ლაპარაკი, რომლისათვისაც აქ გიახელით... ანუკაც! თქვენ ჩემთვის არა უნდა დაგემალათ რა. თქვენ იცოდით, რომ თქვენი ერთგული ვყოფილვარ და ვარ.. მაგრამ მე არ შევალ გამოძიებაში თქვენის გულის საიდუმლოისა. თუ რომ თქვენ არა მხდით მაგის ცოდნის ღირსად, მე მზათავარ დავშთე ჩემს უცნობლობაში. მაგრამ შეიტყვეთ, რასაც ლაპარაკობენ შენზედ, იცოდე საშიშროები, რომელსაც ეძლევი და ერთად მოვიფიქროთ, როგორ აღვაცილოთ იგი.

- მე არ მესმის, რევაზ, რას მეუბნები, ანუ რა საიდუმლოს გიმალავ. ვისგან მომელის შიში, ანუ რა მიზეზით?...

რევაზმა აავლო თვალი ოთახს, მიახლოვდა ანუკას და ყურში უჩურჩულა: „ანბობენ მიზეზი აკვანში გეწვესო.“-

- ვაი თვალები დამიდგა! დაიკივლა ანუკამ და წამოიჭრა ფეხზედ. ვინ გამცა! ვინ გახდა ჩემი მკვლელი?... და იგი კვალად მიეშო ტახტზედ ღონე მიღებული.

- ნუ ეძლევით უბრალოდ სასოწარკვეთილებას უთხრა რევაზმა; ეხლა უნდა დავიწყოთ, რა უნდა ვქმნათ.-

ანუკამ შეკრიბა უკანასკნელი მხნეობა და რა მიიღო ამპარტავნებითი სახე, ჰსთქვა;

მართალია, მე დანაშაული მაქვს ღმერთთან და ჩემს ქმართანა. იმათ გარდა ვის შეუძლიან მომთხოვოს ანგარიში ჩემს ქცევაში?... ნუ თუ ჩემი ძმა ალექსანდრე? მაშინ ის დაჰსჯის ჩემში თავის საკუთარს ცოდოსა... ერთის წლის ჯვარდაწერილი ქმარი ამგლიჯა გულიდგანა და გაატანა თავის სასიკვდილო შვილს ურჯულოს ქვეყანაში!... რას ჰფიქრობდა, ნუ თუ მე არ ვიყავ შედგენილი სისხლისა და ხორცისაგან?...

- გამიგონეთ. ალექსანდრე მეფეს გაუგია, რომ რომელნიმე იმის ბოროტნი მტერთაგანნი ცდილობენ დაამდაბლონ პატიოსნება იმის სახლობისა და ამისთვის ჰყრიან შენზედ სხვა და სხვა ავ ხმებსა.- რასაკვირველია, თუმცა მართალიც იყოს, დამნაშავე იმაში არის თვითონ ალექსანდრე; მაგრამ ის მიუტევებს თავის თავს იმას, სხვებშიკი არ მოითმენს. ამასთანავე იმას განუზრახამს, რომ სხვების შესაშინებლად შენზედ მოიღოს სასტიკი მაგალითი... - გამიგონე, რევაზ! თქვენ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ამისთანა საქმეში ცარიელი სიტყვა მეტად მცირე არის დასაჯერებლად. იქნება მართლად, ცოტა ანუ ბევრი მელოდეს რამ საშიშროება, მაგრამ ჯერ ფიქრიდგან გარდაწყვეტამდინა და გარდაწყვეტიდგან აღსრულებამდინ - კიდე შორს არის. ალექსანდრე ვერ გაჰბედამს დასაჯოს თავის მამის სისხლი და ხორცი.

- ეგ მართალი ბძანება არის; მაგრამ პირველად იცოდეთ, ანუკი, რომ მე აქ უსაბუთოდ არ გიახლებოდი და არ გაგიბედამდი ამ საგანზედ ლაპარაკსა; მეორედ - განვიზრახე აღარ დამეზოგა ჩემი სიცოცხლე, და თუ რომ ვთხოვ იყოთ ფრთხილად, გთხოვ არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის და მათთვის, რომელნიც გიღირან რათმედ.

- კარგი, კარგი, რევაზ! ნუ მტანჯამ. მითხარი რაც იცი.

- დღეს ალექსანდრე მეფემ დამიბარა, ვგონებ რაღაც წიგნების გადასაწერად. რა შეველ იმის ოთახში, ვნახე ის ელაპარაკებოდა ვიღასაც ქალაქიდგან მოსულს ჩაფარსა. ვიდრე მასთან ლაპარაკს დაასრულებდა, მე მიბძანა მოვიცადო მეორეს ოთახში. ჩაფარი გავიდა და მეფე დიდხანს იყო დაფიქრებული და თითქოს მე კიდეც დავავიწყდი. შემდეგ იგი წამოდგა, დაიწყო ბოლთის კვრა და ხმა მაღლივ ლაპარაკი, ასე რომ უნებურად მესმოსა იმისი ნაწყვეტი სიტყვები: „ანუკამ შემირცხვინა ოჯახი და გააცინა ჩემზედა მტერიო. ამბობდა იგი; იმას არ ასვენებს ჰარიში შამხალის სისხლი, რომლისაგანაც უნდა დაიცალოს, და რამდენიც დროით, ის უკეთესი იქმნებაო... მე არ გავისვრი იმის სისხლში ხელსა. ეს ეკუთვნის თავის ქმარსა. იმას უნდა ვაცნობო ყოველი და დავიბარო სპარსეთიდგან. მსაჯული თავისი ცოლის მოქმედებისა თვითონ უნდა იყოსო... მე მანამ არ მოვისვენებ, ვიდრე ორივეს ანუკასაცა და უდაბნოელსაცა არა ვნახამ შავ მიწის ქვეშაო.“ ამ დროს მე მომივიდა ხველა და ამის ხმამ მოაგონა მეფეს ჩემი თავი. იგი შემობძანდა და მიბძანა;

ჩაფარმა უსიამოვნო ამბავი მომიტანა ტფილისიდგანო: იმის ფიქრმა და სხვა ჯავრმა დამავიწყა შენი აქ მყოფობაო; ჩემი შვილები დავით და გიორგი წაკიდებულან; ნასვამნი ყოფილან და ხანჯლებით უწევიათ ერთმანერთზედაო. გიორგის უყვედრებია დავითისათვის, რომ შენ შეთქმა გქონიაო ჩემს სასიკვდინოთაო: დაუჭერინებია დავითი და იმასტან რამდენიმე თავადის შვილი და დაუპატიმრიაო... ცოტა აღრეული ვარ და მე ეხლა ვეღარას გეტყვი, რისთვისაც დაგიბარეო. კვალავ იყოსო.“

მე თავი დაუკარ და მაშინვე თქვენკენ გამოვსწიე. ახლა თუ საჭირო ვარ რაშიმე თქვენი, გთხოვ მომისმინოთ.-

ანუკას სისხლი გაუშრა შიშისაგან, რა შეიტყო რომ იმის ქმარს იბარებენ სპარსეთიგდან.

- გამხნევდი, ანუკი ღმერთი მოწყალეა, უთხრა ვრევაზმა.

- ახლა შენ იცი, უთხრა ქალმა: მე შიშმა წამართო სიმხნევეც და გონებაც; რასაც მირჩევ, ყველაში დაგემორჩილები.

- მაშ დროს ნუღარ დაჰკარგამ, ბატონის შვილო. ეხლავ მისწერე წიგნი შენს ძმის წულსა მანუჩარ დადიანის ცოლს ნესტან დარეჯან დედოფალსა. ღვთიური ხასიეთის ქალია: ის არ მოინდომებს, რომ თავის მამის ოჯახში ამ გვარი სისხლი დატრიალდეს და ამით უფრო სახლის უპატიურობა უმეტესად გამოცხადდეს. ის გაჰბედამს აქედგან ჩუმათ გაგაპაროს და ჩუმათ შეგინახოს... მე ვკისრულობ შენის წიგნის გაგზავნასა ერთგულის კაცის ხელით... რაკი დედოფლისაგან მიიღებ პასუხსა, შენ შეგიძლიან გაუჭირებლივ ჩასვიდე გორამდინ ანუ სურამამდინ, ხოლო იქ თქვენ აღარას ფრის შიში აღარ გექნებათ... ინებეთ წიგნი დაწერეთ.-

ანუკამ იწყო წერა; მაგრამ ჩვეულებრივმა მჭევრ-მეთქველობამ უღალატა მას: იგი ვერა ჰპოვებდა სიტყვათა გამოსათქმელად თავის ჰაზრისა; შლიდა წერილსა და რამდენჯერმე ახლად იწყობდა წერასა. გული მისი არშფოთებული იყო საშინლად. დასასრულ როგორც იყო გაათავა, და რა მისცა რევაზს, უთხრა:

- წაიკითხე; როგორც რიგია, ისე დამიწერია თუ არა? მგონია, არა არისრა ქალისათვის ისე ძნელი საწერი, რაც თვაის ცოდვის აღწერა.

რევაზმა გამოართო და წაიკითხა: „ჩემის ფიქრიდგან განუშორებელო, პატივცემულო ჩემო ძმის წულო ნესტან დარეჯან დედოფალო!

შენი უბედური მამის დაი გვეუბნება დაიხსნა იგი სიკვდილისაგან. დამნაშავე ვარ თუ არა იმ სამქეში, რომელიც უნდა მობანონ ჩემის სისხლით, ნება მომეცით გავჩუმდე ამაზედ. მაგრამ დამნაშავეც - რომ ვიყო, ნუ თუ ჩემი ახალგაზრდობა, მოშორება ქმართან და სისუსტე დედაკაცის გულისა არა კმარან მოსატევებელად ჩემის შეცთომილებისა?... მე მეშნის ჩემის ქმრისა, მაგრამ უმეტესად ჩემის ძმის ალექსანდრესი. გევედრები დედოფალო, გამომიხსენით უპატიურის სიკვდილისაგან, რომელიც ახლო და აუცილებელი არის. მე მზათა ვარ საუკუნოდ შევაფარო ჩემი ცოდვილი თავი რომელიმე მონასტერსა, რომელსაც თქვენ დამინიშნამთ და შევჰსწირო დანაშთენი უბედურნი დღენი ჩემი ღმერთსა, რათამცა მოვინანიო ჩემი ცოდონი.“-

- მე ვგონებ, მეტი აღარა უნდარა, უთხრა რევაზმა: გადაჰსწერეთ და მხოლოდ ეს მოუმატეთ, რომ პასუხი ჩემს სახლზედ მოიწეროს დედოფალმა.

- უდაბნოელი? ჰსთქვა თავ დახრილმა ანუკამ, რომლის ლოყებიც შეიწო წითლად სირცხვილით... ნუ თუ ის უნდა დავუტეო თავის ბედის სინაბრად?... - უდაბნოელმა იცის, რომ ურჯულონი ემტერებიან საქართველოს, უპასუხა რევაზმა მტკიცედ: იგი უნდა წავიდეს და ჯვარის მტერთან ბრძოლაში დაჰსთხიოს სისხლი, რომ პატიოსნურის სიკვდილით მიიღოს ღვთისაგან მოტევება... უმეტეს უდაბნოელმა არ უნდა იცოდეს ჩვენი დაწყობილება; თავის თავის მოსარჩენლად, იგი არ დაგინდობს თქვენ დასაღუპავად.-

ანუკამ მძიმედ ამოიოხრა და დაუწყო წიგნს გადაწერა მთრთოლვარის ხელით. როდესაც მან გაათავა, რევაზმა საჩქაროდ დაწო შავი ამ წიგნისა; დაბეჭდა ახალი წმინდა სამართლით და როდესაც ზევიდგან აწერდა ადრესსა, ამ, დროს კარებს უკან მოესმათ მათ ჯერ ყრუ ლაპარაკი, შემდეგ ხმაურობა ჭიდაობისა და რახვანი ადამიანის დაცემისა. -კარი მსწრაფლად შემოჯახებით გაიღო და კარებზედ გამოცხადდა უდაბნოელი, რომელიც გაანჩხლებული უკან ვიღასაც უყვიროდა: „შენ უთუოთ სიცოცხლე მოგჭარბებია“. -

რევაზმა საჩქაროდ წიგნი უბეში ჩაიდო; მაგრამ უდაბნოელმა შეამცნია ეს მოძრაობა; მან წარდგა ორი ნაბიჯი წინა და რა გარდაავლო მრისხანე თვალი ოთახსა, უთხრა ანუკას მწარეს ღიმილით:

- თუ რომ არ დაგიშალა ბატონის შვილო, მცველების დაყენება კარებზედა, მე გირჩევ, რომ აღმოარციოთ ხოლმე მაინც კაცნი უმეტეს ღონიერნი... თუმცა იმაზე კადნიერნიკი აღარ შეიძლება.

- მე მგონია, რომ ჩემს სახლში საკმაო უნდა ყოფილიყო ჩემი ბძანება, რომ ვერავის გაებედნა აქ შემოსვლა დაუკითხავად, - უთხრა ამპარტავნებით ანუკამ.

- თქვენ შეცთომით გგონებიათ, როგორც ხედავთ, ამიტომ რომ მე შემოველ როგორც იყო. აქ ღიმილი შესწყდა ტუჩებზედ უდაბნოელსა, და რა მისცა თავს ნება ცოფიანობასა, შეჰყვირა: „რა საიდუმლოება გაქვსთ ერთმანეთთან? ვის უგებთ მახესა?... დარწმუნებული ბრძანდებოდე, რევაზ ჯორჯაძე, რომ მე ისე არ ვაკბენინებ ძაღლსა, რომელსაც მეც არ გამოვგლიჯო ერთი მღუჯი ბალანი...რა წერილი დამალე უბეში? აქ მაჩვენე...

- უდაბნოელო, ეგ თქვენ არ შეგეხებათ, უპასუხა რევაზმა დაწყნარების ხმით.

- მაგას მე გავარჩევ, როცა წიგნს წავიკითხამ.

- უკაცრაოდ, უდაბნოელო, მე არა მაქვს ჩვეულება აღვასრულო იგი, რაც მე თვითონ არა მსურს.

- რევაზ! მე არ მიყვარს არც მოთმენა არც წინააღმდეგობა. აქ მიბოძე წიგნი, თორემ...

- უდაბნოელო, თუ რომ ჩემი პატივისცემა კიდევ გიღირს რათმე, უთხრა ანუკამ, დაჩუმდი და აქედგან გადი პატარა ხანს, აქ ჩვენ საკუთარს საქმეზედ ვლაპარაკობთ, და არა ვის საიდუმლოზედა.

- ბატონის შვილო ანუკი! დრო არის დაუტევოთ ხასიათი ბრძანებლობისა: მე ამ სახლის მოურავი ვარ თქვენის ქმრისაგან დაყენებული, და ყოველივე უნდა ვიცოდე.

- ბატონო უდაბნოელო გარწმუნებ ღვთის სახელით, რომ ეს წერილი შენ არ შეგეხება, და როგორც შენს სახელს ცაში ვერ იპოვნი, ისე ამ წიგნში, უთხრა რევაზმა.

ჯერ შენ ემზადები ცაში ასასვლელად. შენი სახელი ეძებე იქა, და არა ჩემი... მამე ეგ წიგნი... თუ რომ თქვენ წმიდა საქმეს იწერდეთ, ეგრე უარზედაც არ იქნები მაგ წიგნის წაკითხვინებაში.

- ეგ ახირებულია! მე შენს დაწერილს წიგნებს როდი ვჩხრეკამ, რომ მე ჩემი ნაწერი წაგაკიტხო!... ან რა მიზეზითა ანუ რა ნებითა მთხოვ ამ წიგნსა?

- მე? იმის ნებითა, ვისაც ჩააბარა თავისი ოჯახი და ცოლ შვილი სიძემ ოთარ ჩოლოყაშვილმა.

- შენ კიდევ ჰბედამ მაგის მოგონებასა?... ოო, უდაბნოელო! გიჯობს გაჩუმდე...

- მიფრთხილდი, რევაზ! ენაზედ გაკბენინებ მაგ სიტყვისათვის!... აქ მიბოძე ეგ წიგნი.

- ვერასოდეს ვერ გიბოძებ.

- ძალით წაგართმევ და უდაბნოელმა მიიწია რევაზისაკენ.

- რას შვები, შე უგუნურო! უთხრა ქალმა, რა ჩაუდგა მათ შუაში: რა ეშმაკის ცხენზედ შემჯდარხარ!

- თქვენი საქმე არ არის, ბატონის შვილო! ეს არც თქვენ დაგაყრის კეთილსა... მიბოძე რევაზ წიგნი.

- გეუბნები, ვერ მოგცემ. წიგნი ჩემს გულშია; შეგიძლიან შენის ხანჯლით ამომართო. მხედამ მე რაღაც არ მიჭირამს ხელში.

უდაბნოელმა წაივლო ხმალს ხელი და გაბრაზებულმა მიიწია რევაზისაკენ, რომელიც დულხელ დაკრეფილი იდგა უძრავად და უშიშრად ერთს ალაგს. ამ დროს კარები რახუნით გააღო და რა აღრეულის სახით შემოვარდა ტიტიკო, წარმოჰსთქო ხმა მაღლა:

- ბატონის სიძე ოთარ...

ამ სახელის ხსენებაზედ ყველას თითქოს ელვამ დაუარა ტანშიო. უდაბნოელმა გარდასდგა ორიოდ ნაბიჯი უკან და რა საჩქაროდ ჩააგო ხმალი ქარქაშში, ცდილობდა მიეცა ტავის სახისათვის დამშვიდებით მდგომარეობა.- ანუკა, თითქოს გულშეღონებული მიმჯდარი ტახტზედ, წამოხტა მსწრაფლად ფეხზედ და უძრავად მიიქცია თვალნი კარებისაკენ.- რევაზმაც იფიქრა, რომ ამ დროს იმისი იქ ყოფნა საჭირო არ არის, რადგანაც არ ეკუთვნიდა იმ სახლობასა, ამჯობინა თავის მორიდება და ჩუმად, დაწყნარების ნაბიჯით გავიდა კარზედ; მაგრამ დიდად განჰკვირდა იგი, რომ არათუ მას კარებში არ შემოხვდა ანუკას ქმარი ოთარ ჩოლაყაშვილი, არამედ გალავანშიც ვერ ნახა არა ვითარი ნიშანი იმის მოსვლისა.

ანუკა და უდაბნოელი უყურებდნენ გაჩერებულნი რამდენსამე ხანს კარებსა და ელოდნენ ოთარის შემოსვლასა. დასასრულ უდაბნოელმა ჰკითხა ტიტიკოს:

- რა იქნა ბატონი ოთარ?-

ხოლო რა იანგარიშა ტიტიკომა, რომ რევაზი, უკვე გასული იქნება გალავანსა, მიიღო დაცინვითი სახე და რა მიუბრუნდა ანუკას, განაგრძელა გაწყვეტილი სიტყვა თვისი:

- ბატონის სიძე ოთარ ჩოლაყაშვილი გიგზავნისთ, ქალბატონო, მოკითხვასა და ითვლევინება, რომ მას იმედი აქვს გნახოსთ მარიამობის თვის თხუთმეტამდინ.- ამასთან ტიტიკომ მდაბლად დაუკრა თავი და გაბრუნდა, რა მიაქცია გვერდზედ უდაბნოელს დაცინვითი ჭვრეტა.- უდაბნოელი მიხვდა, რომ იგი გააბრიყვეს და რა იწყო მან თითებზედ კბენა და კბილების კრაჭუნი, წაიბუტბუტა ჩუმად: გარდიხდი ამის სამაგიეროს, ავო ძაღლო!“-

თავი მესამე.

ამის შემდეგ ანუკა ერიდებოდა უდაბნოელთან შეყრასა, ანუ ცდილობდა მარტო მაინც არ დარჩენილიყო მასთან. ხოლო ტიტიკოს მყოფობაკი შეიქმნა საჭიროდ ქალისათვის, რომელიც ხედამდა მასში, ერთგულსა და სანდოს ყმაწვილსა კაცსა, და ამისთვის მან მოუმატა მისდამი ჩვეულებრივი ალერსი. ხან ლოყებზედ უსვამდა მშვენიერს ხელსა, ხან მის კიკინებს ეთამაშებოდა ხოლმე, და ანუკას არ აგონდებოდა, რომ ტიტიკო იმ ჰასაკში შესული, როდესაც სიყვარული ქარიშხალივით აოხრებს კაცის გულსა. ხოლო ვისაც გამოუცდია ძალა პირველის სიყვარულისა, იგი გაიგებს, რომ ეს ალერსი ქალისა ემსგავსებოდა ქარსა, რომელიც უძლიერესად უკიდებს ანთებულს ცეცხლსა. ერთხელ, მშვენიერს საღამოზედ, ანუკა ჩავიდა ბაღში სასეირნოდ, და დაყურდნებული ტიტიკოს მხარზედ, შეჰსცქეროდა დაფიქრებული კაცსა, რომელიც დაფეროვნებული იყო ათას ფრად ახლად ჩასულის მზის სხივისაგან, ხოლო ტიტიკო კი შეჰსცქეროდა ამ ქალს სახეში, რასაცა ჰპოვებდა თავის სამოთხეს, თავის მზეს და ყოველს ცის მშვენიერებასა. თვალნი ყმაწვილის ვაჟისა ცოტ ცოტად აიმსნენ ცრემლითა, რომელთაც უტირლად იწყეს დინება ლოყებზედ.- მაგრამ მეყვსეულად მას გაუშრა ცრემლი, თვალები გაუგანიერდა და გამოჰსცეს მათ რაღაც ცეცხლებრივი ბრწყინვა; ციების თრთოლამ დაუარა მას ტანსი, და რა ვერარ შეიმაგრა თავი, და თვითონ არ იცოდა რას შვრებოდა, ტიტიკომ მოხვია ხელები ანუკასა კისერზედ და უგუნურად უწყო მას კოცნა პირზედ, გულზედ, ხელებზედ.-

შემკრთალსა ერთს წამს ამ მოქმედებითა, ანუკას მოუვიდა კანკალი მრისხანებისაგან, და რა ძრიელად ჰკრა ხელი ტიტიკოსა, მოიშორა თავიდგანა. ჯავრისაგან ქალმა ხმა ვეღარ ამოიღო, თუმც მრისხანება თვალებში უდგა მას. იგი გამობრუნდა შინისაკენ; ტიტიკოც თავ დაღუნვილი მოჰსდევდა თითქოს არა დაუშავებიარაო.

- დამიძახეთ ინდო აქა! უბძანა ანუკამ გოგოს, რა შევიდა შინ.

რამდენსა წამს ინდო შემოვიდა. ეს იყო ლეკი, ქრისტიანულად მონათლული, ყმაწვილობისას მოყოლილი ანუკას დედასთან; ერთგული და ჩუმი, ვაჟკაცურის შეხედულობით, იგი ძვირად გაიცინებდა ხოლმე და ვერავინ ვერ გაიგონებდა მისგან თვეში სამ სიტყვასა, გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო სათქმელად.-

- ჩემო ინდო, უთხრა ქალმა: ჩვენმა ტიტიკომ მოისურვა შინ წასვლა, თავის მოხუცებულთ მშობელთანა. მეც არ შემიძლიან დაუშალო წასვლა. საწყალი დედა ვგონებ რამდენი ხანია ელის ამის ნახვასა. დაეხსენ ნახოს თავისი შვილი გაზდილი ვითარც შეშვენის კეთილშობილთა; ეს ეყოლება ნუგესად იმის მოხუცებულებასა... ინდო, გააცილე ტიტიკო ქართლამდინ და ეტყვი ამის მშობელთა, რომ ტიტიკო გვემსახურება ერთგულად და პატიოსნურად; თუ რომ მოუნდებათ მათ ჩემი შეწევნა ამაზედ, მე ვთხოვ გაბედვით მომმართონ მე. დაარწმუნე საკუთრად ტიტიკოს დედა, რომ მე კმაყოფილი ვიყავ ამის ქცევით,ზოგი ერთის ყმაწვილურის ქცევის გარდა, რომელნც მიეტევება, ამიტომ რომ ყოფილა ყმაწვილური. აგრეთვე ურჩიე ჩემ მაგიერად, დაეშუროს რომ შერთოს ტიტიკოს ცოლი იმისთანა ქალი, რომელსაც შეეძლოს თავისისილამაზით, კარგის ხასიათით და ყოფაქცევით გაუნელოს ტიტიკოს მეტად აღგზნებული გული. - მიე წაიყვანოს თავის ყარაბაღული ლურჯი ცხენი თავისის სამკაულით, აგრეთვე ბატონის საჭერავიდგან მიეცი თოფიარაღი, ხმალი, ხანჯალი გაწყობილებით. - მშვიდობით. ხვალ, ვიდრე მზე თავს ამოჰყოფს, უნდა გასულნი იყვნენ გრემიდგან. ოუ გზაზედავად გაგიხდეს, ურემს შეუბნევინებ დასიბრთხილით წაიყვან.- ვიდრ მშვიდობით არ ჩააბარო დედმასა, მარამ არ დაბრუნდე...

- წადი, ტიტიკო, ღმერთმან ხელი მოგიმართოს; კარგი ანბავი შენსგამო, ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნო საჩუქარი იქნება... აჰა ეს ბეჭედი, ჩემს მაგიერად დედ აშენს მიეც. (მან წაიძრო თითიდგან ზურმუხტის ბეჭედი და მიჰსცა): აჰა ეს ოც და ათი ოქროც მამაშენს მიირთვი.

- ტიტიკო გაყვითლებული, თვალებ დახრილი, მწუხარებისაგან შეწუხებული გამოჰყვა ოთხითგან ინდოსა, ვითარც მსხვერპლი სასიკვდინოდ განმზადებულიმიჰსდევს თავის პალაჩსა.

ქალი კარგახანს უყურებდა ტიტიკოს, რომელსაც ფეხები ებლანდებოდა სიარულში.- შემდეგ ქალმა მიფარა ხელი თვალებზედ და ჰსთქვა: ოჰ! მე ბედკრული! რამდენის უბედურების მიზეზი ვარ!

უკვე დაღამდა. ანუკამ დაითხოვა მოახლეები უბძანა მათ, რომ თვითონ გაიხდის, და ნუღარავინ ნუ შეაწუხებს მას შემოსვლითა.

მან უკვე აჰსწია საბნის წვერი დასაწოლად, მაგრამ მურასა ქვეშსაგების სისუფთავემ შეაყენა იგი:

„ჩემო საქორწინო საწოლო, ამბობდა ქალი: შენ ეხლაც იმ სიწმინდავის სუნი გიდის, ვითარც ჩემის ქორწინების პირველს ღამესა; შენ თვალისათვის ისეთივე თეთრი ხარ, ვითარც ზეციდგან პირველი ჩამოვარდნილი თოვლი, მაგრამ ღვთის თვალქვეშკი, განა არის ვინმე ამისთანა ღარიბი, რომელსაც კი ამაზედ ჭუჭყიანი ქვეშსაგები ჰქონდეს?...

მეკი აქ გამოვსცადე წამნი ნეტარებისანი; აქ მომილოცეს მე პირველად ტკბილი სახელი ვაჟის დედობისა... ოჰ! ნეტავი მაშინ დამეძინა საუკუნედ და გამომეღვიძა ცაში! მახსომს მე ის წამიცა, როდესაც ჯვარ დაწერილნი და დაბრუნებულნი ეკკლესიიდგან, შემოვედით მე და ოთარი ამ ოთახში.- მან მითხრა მაშინ: ჩემო ცოლო, ბატონის შვილო! მიანდერძებია შენთვის ეს სარეცელი, და მასთან ჩემი პატიოსნება და ოჯახის ნამუსი. მე ხშირად შემხვდება ცხოვრება შორს შენგან, და არავინ არ გეყოლება კეთილის დარგების მომცემი, და შეცთომილებისაგან შემყენებელი. ისწავლე შენ თვითონ უყურე შენს თავსა, ეცადე გაამაგრო გული და სული შენი. გახსოვდეს, რომ შენი ცოლებრიური ერტგულება, სასიამოვნო ღვთისა, იქნება ჩემთვის და ჩვენის მომავალის შვილებისათვის უძვირფასეს ყოვლისა, რაიც კი იპოვება ქვეყანაზედა.- სიწმინდე ცოლისა არის გვირგვინი დიდებისა მის ქრმისათვის; სიწმინდე დედისა-არის საუკეთესო მზითევი მის ქალებისათვის. - დედის უნამუსოება ჰსდებს საუკუნოდ ლაქასა იმის შვილის შვილებსაცა.“- ეხლა რომოთარმა მკითხოს მე: „გახსომს შენი აღთქმანი?“ არ მისცემდაა ჩემს მაგიერად პასუხსა სიწითლე ჩემი სირცხვილისა?... ეს საქორწინო საწოლი, ეს წმინდანების სახენი ხომ ერთის ხმით დაიძახებენ: ჩვენ შეგინებულნი ვართ! შებილწებულნი ვართ!... ოო, რატომ არ გაულაყდი მე დედას მუცელში!... რათ დავიბადე, რატომ არ მოვჰკვდი ჩემის უცოდველობის დროსა!... იტირე, იტირე, ანუკი! ცრემლი არის პირველი ნიშანი შეწყალებისა ღვთის რისხვისაგან.„- და ანუკამ ჩაყო ბალიშში თავი და ჩუმად ქვითქვითებდა. დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში ბატონის შვილო; მაგრამ უეცრად მას მოესმა, რომ მეორეს ოთახში- ფანჯირდგან ვიღაც ჩამოხტა; მერე მოეცმა ფეხის ხმა. ქალი მსწრაფლად წამოხტა და წინაშე მისა იდგა ტიტიკო. თუმცა გული ქალისა შეიწროვდა რაღაც საშიშო წინათ გრძნობითა, მაგრამ მტკიცის ხმით ჰკითხა:

- აქ რაღათ მოსულხარ? რა გინდა ტიტიკო?

- მე მოველი საკითხავად: სად არის ჩემი გული, რომელიც შენ შეამსხვრიე; სად არის სიცოცხლე, რომელსაც მოუღე ბოლო; სად არის ჩემი სული, რომელიც წაწყმიდე: - სად არის ჩემი მოსვენება, რომელიც არაშფოთე?

- ტიტიკო! შემიბრალე, ნუ მომიმატებ ტანჯვაზედ ტანჯვასა უიმისოთაც აუტანელსა...

- შენკი გებრალებოდი? შენ ვითარც დამჭკნატი ვარდი, მომგლიჯე და დამაგდე; ვითარც უგრძნობელი ქვა, ჩემი გული დათრგუნე... შენის სიმკაცრით განაღვიძე ჩემი ნაღველიცა: მე მოვსულვარ...

- რისთვის უგუნურო? აკი გაგისტუმმრე შინა!

- მე. მოვსულვარ მოგთხოვო სიყვარული, რომელსაც მპირდებოდი, რომლითაც მაქეზებდი...

- რას ანბობ, შვილო ტიტიკო! როდის გპირდებოდი, ვინ გაქეზებდა?... შენ თვითონ არ გესმის რას ჰბოდამ.-

- მაშინ შენ არა მკოცნიდი ხოლმე თავზედ? ლოყებზედ ხელს არ მისომდი, ჩემს თმას არ ეთამაშებოდი, ნარნარად არ მელაპარაკებოდი?.. მე ყოველივე მახსომს, რისგანაც აინთო ჩემს გულში ეს შემჭმელი ალი... მართალია, შენ სიტყვით არა გითქომსრა; მაგრამ რას ნიშნამენ სიტყვანი? რისთვის არიან? ენას როგორ შეუძლიან გამოჰსთქვას ის, რასაც მე ვხედამდი შენს თვალებში, შენს სახეში, შენს ალერსში... ნუ თუ გეგონა, რომ ჩემი საცოდავი გული აიტანდა ამაებს უგრძნობლად? შემიბრალე, მომეცი მცირედი ნაწილი შენის სიყვარულისა, ბატონის შვილო!...

- ჭკუაზედ მოდი, ტიტიკო! მე დედად გეფერები...

- მე რას დავჰსდევ მაგას. შენ შვენიერება ხარ, შენ ჩემი სალოცავი ხარ. განა ვკითხულობ როდის დაბადებულხარ? რა არის დრო? ჩვენი მთელი სიცოცხლე ერთი წამია. ერთის წვეთის სიყვარულით დამატკბე...

- ტიტიკო! ხომ იცი, რომ სხვის ცოლი ვარ...

- სხვისთვის რატომ არ გაბრკოლებდა ეგ წოდება? სხვას, შენს უღირს კაცს, რათ ამსებდი ეგრე უხვად ჯილდოთი, რომლისაც ერთი ნამეცი ჩემთვის არგემეტება?...

- შემარცხვინე, ტიტიკო, ყელი გამომჭერ, მე არ შემიძლიან ვიწყინო შენის სიტყვებით: მაგრამ იფიქრე ჩემის სულისათვის მაინც...

- მე რომ ჩემი თავი მოვიკლა, მაშინ შენი სული დაიხსნება?-

- კარგი, ტიტიკო! შემომხედე: მე ვიმდაბლებ თავსა, ვივიწყებ ბატონის შვილობასა; მუხლ დაჩოქით გევედრები მე ცოდვილი, გადი მომეც მოსვენება მონანებისა...

- ჯერ შემიყვარე და მერე მოინანიებ.-

- არ შემიძლიან შვილო!

- მაშ ნუ მიშლი მე მიყვარდე.

- მეტად კადნიერები შენა... ეხლავ გადი, თორემ ბიჭებს დაუძახებ.

- ნუ დაუძახებ, თორემ მე გადმიწყვეტი ჩემი თავიც მოვჰკლა და...

- ოჰ, წმინდაო ქალწულო!... ტიტიკო, დედა შენი მაინც გებრალებოდეს.გაეშურე იმის ნახვასა, მ საცოდავს შენის გზისაკენ ეჭირება თვალი...

- შენ დედაც დამავიწყე და მამაცა!... შენკი გებრალებოდა ისინი? შენ უბრუნებ იმათ საყვარლის შვილის მაგიერად ცხედარსა... შემიბრალე ანუკი, შენ ხარ მთელი ჩემი სიცოცხლე... დამინიშნე რამ ძნელი ახღსრულება დაჯილდოდ მომეც შენი სიყვარული... მითხარი, რა გნებავს მოვიქმედო?... გინდა მკვლელი შევიქმნა ვისიმე? მზათა ვარ.- გინდა ამ ფანჯრიდგან გადავარდე, საიდგანაც ძლივს ამოველი? მაგასაც აღვასრულებ. მხოლოდ მითხარ, რომ გიყვარვარ... ერთის ყლუმპის სიყვარულით განაგრილე ჩემი მწყურვალე ტუჩები... მხოლოდ ერთის ყლუმპით...

- ოჰ, ღმერთო! მკაცრად მტანჯამ და მახდევინებ ჩემს ცოდოსა... გული მეგლიჯება...

- გამიგონე ბატონიშვილო! როდესაც მე შევამცნიე შენი სიყვარული უდაბნოელთან, მე უკვე მიყვარდი შენა, გაგიჟებით მიყვარდი; მაგრამ გული ჩავიჩუმე. ეს კიდევ არაფერი: რომ არ შემეწუხებინე, მე შენ არ გეუბნებოდი, რომ შენი აღმორჩეული მიჯნური უხვად ურიგებდა სიყვარულსა თვისსა თქვენ გოგოებსაცა განურჩევლად. ჩემგან ხარ დავალებული იმით, რომელ აქამომე თქვენის სიყვარულის ამბავს არ მიუხწევია არც თქვენს ქმარამდინ და არც ალექსანდრე მეფემდინა. მე გიფრთხილდებოდით დღიტაც და ღამითაც... როდესაც უდაბნოელი მოდიოდა ხოლმე ღამე თქვენს საიდუმლოდ სანახავად, მე მას დავსდევდი უკან უჩინრად... მე შემეძლო მომეკლა იგი, და ღმერთმა იცის, რა მოთმინებას ვაძლევდი ჩემს თავსა, რომ ეს არ აღვასრულე... მაგრამ არ მოვჰკალ შენი სიყვარული, რომ შენ არ გემწუხარნა.- თქვენს დასაცველად, მე დავაგდე ხმა, რომ ამ მხარეს ეშმაკები დადიან გათენებიმდინ; მე ყარაულად გიდექით ხოლმე კარებთან, არც სიცივისა მერიდებოდა და არც უძილობისა, ამიტომ რომ მეშინოდა არავის არ ენახეთ უდროვოდ, რადგანც თქვენ თვითონ უზრნველობით გავიწყდებოდათ ყოველი სიში... შეგიძლიან წარმოიდგინო, რა სატანჯველსა ვგრძნოპდი ხოლმე, როდესაც მესმოდა ხმა თქვენის კოცნისა, დაპირება მეორეს ღამის მოსვლისა!.. მე ყოველს ამას ვითმენდი შენის სიყვარულის გულისათვის... მე კიდევ დავიტანჯებოდი ჩუმად, რომ შენ კიდევ გყვარებოდა უდაბნოელი; მაგრამ ახლა შენ თვითონ იცანი იგი, დაწვრილებით გაიგე იმისი ხასიათი; ის შეიქმნა შენი მტერი. შენ ყველაზედ უმეტესად იმისი უფრო უნდა გეშინოდეს, და კიდეც გეშინიან... ეხლა შემიძლიან მოგთხოვო, შემიყვარო მე, შენი ერთგული, შენი შენი საუკუნოდ მონა...

- დამშვიდდი, შვილო ტიტიკო! მე მესმის შენი ტანჯვა, ჩემს შესარცხვენად. შენ იჯდები ჩემს გულში იმ დრომდინ, ვიდრე ჩემი ძვლები განშორდებიან ერთმანეთს საფლავში... მაგრამ, შვილო, ამოიფხვნენ ჩემი სიყვარული; მე არავარ შენის წმიდა გულის ღირსი. დრო ჩქარა მოგირჩენს მაგ წყლულსა. ნუ თუ ჩემისთანა უბედურს დედაკაცს კიდევ მიმატება უნდა უბედურებისა?... დამიმტკიცე ტიტიკო შენი სიყვარული შენის სიმტკიცით, მოთმენით...

- ეხლა გეშინის ჩემი და სიტყვები მოალბილე?.. ეხლა არ იყო, ინდოს რა მწარე სიტყვებით მატანდი. შენ მაგდენი შენის ხალხიდგან, შენის გულიდგან, და თუ არ გშინებიყო სულისა, ამ სიცოცლიდგანაც გამაგდებდი. დასაცინავად მომიყარე ერთი მუჭა ოქრო მოსარჩენად ჩემის გულის წყლულისა!... ოჰ, ამოლაყდი, ამოიფხვენ ჩემო სიყვარულო ამისთანა შეუბრალებელს, ცივს უგრძნობს დედაკაცთან!... არ ვიცი რა მაბრკოლებს მე? რატომ არ მოვახსენებ მეფეს შენს ქცევას? რატომ არ დავჰსტკბები სახილველით შენის უპატიურობითის სიკვდილისა?...

- წადი დამაბეზღე...

- არა, მე თვითონ მოგკლამ შენა...

- მომკალ ჩქარა!...

- დაგაბეზღო! მომკალ! რას ვროტამ მე უგუნური?... ბატონის შვილო! შენის სიყვარულის მეტი არა მინდარა...

- დაიკარგე!

- შენ ჩემი უნდა გახდე!... შემდეგ - თუგინდ ჯოჯოხეთმა, თუგინდ ეშმაკებმა ჩამთქვან!... მე ვგიჟდები, ტვინი მეწვის, აღარ შემიძლიან მოთმენა... და ტიტიკო მივარდა ანუკას. ქალმა ხელი ჰკრა მას; საშინელი თრთოლა და სისუსტე მოუვიდა თითქოს უკანასკნელი ღონე გამოელია, და რა არავისაგან არ ელოდა შველასა, ქალი რაცხამდა თავის თავს უკვე შერცხვენილად... მაგრამ ამ დროს იმის მხრების ზემოდგან, გაიელვა გრძელმა ხანჯალმა და ელვასავით დაერჭო ტიტიკოს გულში. დაჭრილმა გადასდგა ერთი ფეხი უკან, გაიქნია ხელები, ცდილობდა სიტყვის ამოღებასა, მაგრამ მხოლოდ გაუგებარი ჩურჩული მოისმოდა; ცხელის სისხლის ლულამ წამოხეთქა და გააქრო სამთელი.- სიბნელეში მოისმა ხმა ადამიანის დაცემისა და შამდნის რახარუხი.-

ანუკამ შეჰსწივლა საშინელის ხმითა და დაეცა იგიც უგრძნობლად იატაკზედ. დიდ ხანს იყო იგი ამ მდგომარეობაში.- დასასრულ, საშუალ რაღაც ბურანისა, მას მოეზმანა ტიტიკო სისხლით მოსვრილი, რომელიც მუჭით იღებდა გულიდგან შედედებულს სისხლსა და ამ ქალს პირზედ ასხამდა. შემდეგ მითომ მოესმა მოხუცებულის დედაკაცის ტირილი და ხმა, რომელიც ჰსწყევლიდა ანუკას და ჰსთხოვდა თავის შვილს ტიტიკოსა.- აქ ანუკას გამოეღვიძა, შიშით გარდაავლო მან თვალნი ოთახსა. რას ნიშნამს ეს? იგი იჯდა თავის ქვეშაგებში სამთელი სუსტათ ბჟუტამდა; არეულობა არაფერში არა ჰსჩანდა და არსად სისხლით არა იყორა შესვრილი. ქალმა არ იცოდა რა ეფიქრებინა.

ნუ თუ ყოველი ესე სიზმარი იყო? ჰფიქრობდა იგი და თითქოს კიდეც დარწმუნდა ბოლოს ამაზედ. ანუკამ გააღო ბალკონის კარი და ის იყო ალიონი ამოდიოდა, სასახლის ეკკლესიისაც ჩამოჰკრეს ცისკრის ზარი. მწუხარება ჰგრძნობს საჭიროებასა ლოცვაში. მან საჩქაროდ გარდიცვა სამოსი და წავიდა ცისკარზედ. იგი დაჰსდგა კარებთან სვეტის ძირზედ, და როდესაც მღვდელმა ჩამოილოცა, ანუკამ მოიდრიკა მუხლი, მაგრამ მიწა შეირყა ამის ფეხს ქვეშ, და შიშისაგან,რომ არსად ჩავარდეს, ხელები გაშალა რისამე მოსაჭიდავად; მას შეხვდა ვიღასიც მკლავი, რომელმაც შეიმაგრა წაქცევისაგნ. ქალმა შეხედა ვის ეკუთვნოდა ეს ხელი და ნახა თავის სიახლოვეს დაჩოქილი უდაბნოელი. - ოჰ ჩვენის ცოდვილის ფეხ ქვეშ ღმერთი მიწას არყევს, უთხრა ქალმა. –

დამშვიდდით, პასუხი უდაბნოელმა: წხელის გათხარეს ეს საფლავი და ჰსჩანს ჯერ ახალი მიწა არ დამჯდარა.

ანუკამ მიიდონ ხელი თვალებზედ და დაუწყო ტუჩებს კვნეტა, რომ უნებურად არ შაეკივლა. იგი გამოვარდა საჩქაროდ ეკკლესიიდგან ვიტარც გიჟი, და მოვიდა შინ არეული,გაყვითლებული, გულ მოწყვეტილი.

- ოჰ, საცოდავო ტიტიკო! შეჰყვირა მან: ნეტა რა პასუხი გავსცე შენს სიკვდილში დედა შენსა, ღმერთსა, ჩემს სინიდისსა?... ოჰ, თუ უბედურათა ვარ ქვეყანაზედ გაჩენილი!...

თავი მეოთხე.

ალექსანდრე მეფე იჯდა შეჭმუხვნილი თავის სასახლეში; წინ ედო მას დიდი ფარჩის ბალიში და მაზედაც ქარალდი.- იმას უკვე დაეწერა ორი წიგნი და მესამეს ათავებდა. ერთი იყო შააბაზთან, მეორე თავის შვილთან კოსტანტილესთან და მესამე თავის სიძესთან ოთარ ჩოლაყაშვილთან რასა ჰსწერდა მეფე შააბას და კოსტანტილე, ცნობას ამაზედ ჩვენამდინ არ მოუხწევია; ხოლო ოთართან კი ეს მიეწერა:

„პატივცემულო ჩემო სიძევ ოთარ ჩოლაყაშვილო! მიღების უმალ ამ წერილისა ადექდა გამოეშურე კახეთს. შააბაზისა და კოსტანტილესათვის შენი დაჩქარების მიზეზი იქნება შენი ცოლის მძიმედ ავადმყოფობა, რომელთაც მეცა ვწერ ამაზედ; ხოლო მანდვილი მიზეზი არ მინდა მივანდო ამ ქაღალდსა, და როდესაც ღმერთი მშვიდობით ჩამოგახწევინებს აქამდინ, მაშინ მე თვითონ პირად გეტყვი, მხოლოდ ესკი უნდა იცოდე, რომ რა საქმისათვისაც გიწოდებ, შეგეხება საკუთრად შენა და შენს ოჯახს, თუმცა ჩემზედაც შორს არ არის.- წამოსვლა შენი უნდა იყოს ჩუმად, ორიოდე სამის კაცით; ხოლო აქ მოსვლაკი უფრო უჩუმესად, ასე რომ, მანამ მე არა გნახო, არავინ არ იცოდეს შენი ჩამოსვლა.- პირდაპირ ჩემსას მოხვალ, და ეცადე რომ შენი მოსვლა დაჰფაროს ბნელმა ღამემ.“-

ერთის თთვის შემდეგ კახეთიდგან ჩაფარის გაგზავნისა თეირანში, ალექსანდრე მეფეს მოახსენეს ერთს ღამეს, რომ ვიღაც თეირანითგან მოსულს ვაჭარსა სურს მისი ნახვა. ალექსანდრე მიხვდა ვინ უნდა იყოს ის ვაჭარი და უბძანა მიღება მისი.- ეს ვაჭრულად ჩაცმული იყო ოთარ ჩოლაყაშვილი მაღალი ვაჟკაცი, მზისაგან შემწვარი, შავის წვერ ულვაშით მობუმბული.

მეფემ აკოცა მას შუბლზედ, იმანაც კალთაზედ და მხარზედ. მეფემ ჰკითხა ამბავი თეირანისა, შააბაზისა, და თავის შვილის კოსტანტილესი. ოთარმა მიართო მათგან გამოგზავნილი უხვი მოსართმევი, მაგრამ შვილის გამოკი არ მიუტანა სასიხარულო ანბავი: მცბიერი შააბაზ ცდილობდა კოსტანტილეს გათათრებასა და იმასაც ჰქონდა მიდრეკილება- იმათ სარწმუნოებისადმი.

- დაღალული იქნები ჩემო სიძევ, უთხრა მეფემ, როდესაც მწუხარებით მოისმინა თავის შვილის ანბავი: ამაღამ მოისვენე და ხვალ გაცნობებ რისთვისაც მოგიწოდე სპარსეთიდგან. ერთი ფიქრი ამ საგანზედ მიხურებს სახესა სირცხვილით.-

- მომიტევეთ, მეფევ, ერთი თვე არის ჩემა თვალმა და გულმა არ იციან მოსვენება, რაც თქვენგან წიგნი მივიღე. რაღაც სასტიკი წინათ გრძნობა მტანჯამს. ჰსჯობს ყოველი უბედურება ჩემი ეხლავ ერთად გავიგო, ვიდრე ამაღამ თითო წვეთობიტა ვყლაპო.

- მაშ მოამზადე ყურები სამძიმოს გასაგონებლად: იცოდე ჩემო სიძევ, რომ მე შენში და შენ ჩემში შერცხვენილნი ვართ; გავხდით მტრის დასაცინავნი და დასაძრახნი; ოჯახი შეგვირცხვა, და მიზეზი ამ შერცხვენისა არის ავი სისხლი შამხლის ქალისა, ჩემი დაი, შენი ცოლი...

- ანუკა?

- ჰო! მიბძანეთ, ვინა არის ის უბედური?... გულღვიძლს ამოვგლეჯ მკერდიდგან, ვინც უნდა იყოს!... შეჰყვირა ოთარმა.

- ისიც შენი ერთგული უდაბნოელი!

- ისა?... ჩემი მოურავი?... რომელსაც მე მშიერი მუცელი გაუძღე, რომელსაც მამობას უშვრებოდი, რომელსაც მივანდე ჩემი ოჯახი!... ოო, ღმერთო!

- ოჰ, იმან დათრგუნა წიხლით კავშირი მეგობრობისა, იმან გიორგულა შენ, საყვარელს ბატონს, თავის კეთილის მყოფელს...

- ოჰ, ყურებო ნუ დამეცმით! თავის სარქველო ნუ ამვარდები, თვალებო ნუ დამეხუჭებით?...

ოჰ, ოჰ! ეგ რა მიბძანეთ, ჩემო ხელმწიფევ!... და აქამდინ ის კიდევ მზეს უყურებს, კიდევა ჰსტკბება დღის სინათლითა?...

- ეგ შენი საქმე იყო, და იმისთვისაც მოგიწოდე სპარსეთიდგან, რომ ღირსეულად ყველას თავისი მიაგო.-

მეფევ, შენი ჭირიმე! დარწმუნებული ბრძანდებით, რასაც მიბძანებთ? თვით ბრძენ კაცს არ შეუძლიან ყოველი ნახოს თავის თვალითა, და ხან და ხან უნდა მიენდოს სხვასა...

- მე ყველას თვითონ ვხედამ... განა მისთანა საქმეს დაურწმუნებლივ იტყვიან?... დაბძანდი ჩემო სიძევ, მხნეობა იქონიე, და გარდავჰსჭრათ რა უნდა ვჰქნათ. აჰა მე რა განმიზრახამს ამისგამო... და მეფე ხმა მდაბლივ, რაღასაც უჩურჩულებდა, დაწყნარებით, დაყოვნებით.- ოთარი მკვდარს ემგზავსებოდა, და მხოლოდ მარჯვენა ხელი მისი იძროდა: ხან ხანჯლის ტარს უჭერდა, ხან მუშტსა, ხან თითებს იტკაცუნებდა. ბოლოს, თითქოს იგი გამოვიდაო ბურანიდგან, ჰსთქვა ყრუის ხმით:

- თქვენ დანერგეთ ჩემს გულში ჯოჯოხეთი... რა უნდა უთხრა მე ჩემს შვილს ერასტის; ოდესმე რომ მკითხოს იმან: „სად არის დედა ჩემი?“

- ერასტის არა ეცოდინებარა, და თუ შეიტყობს, იტყვის: „ეგრე უნდა გექნათო“. - მე იმას დედასთან აღარა ვგზავნი, ჩემთან იზდება.

ოთარმა ღრმად ამოიოხრა.

- რატომ ეგრე სუსტათ ექცევი ამ საქმესა, ოთარ? უთხრა მეფემ: მე დავიყრუე გულში ხმა ჩემის სისხლისა და ჩემს დას ხელში გაძლევ; ხოლო შენკი არ შეგიძლიან დაამარცხო შებრალება შენს დამნაშავეს ცოლისადმი?

- შენი ჭირიმე მეფევ, იგი დედა არის ჩემის შვილის ერასტისა... მაინც მე ვერ გავბედამ, მე არ შემიძლიან დავრწმუნდე ერთის თქვენის დარწმუნებითა. მე უნდა ვნახო ჩემის თვალითა... ნება მომეცით მოვიხმარო, ჯერ ღონისძიება, რასაც მე დავინახამ საჭიროდ.-

- მოიქეცი, როგორც მსურს, უთხრა მეფემ: მაგრამ - სიჩუმით, უხმიეროდ... დაიმარხე საიდუმლო ჩვენის ლაპარაკისა, და როდესაც დარწმუნდეთ მწარეს სიმართლეში, მაშინ მოიგონე რომ თავადისშვილიხარ და ქუდი უნდა გეხუროს ნამუსიანი:... ამარამ ქვეით სახლში ჩადი. იქ შენთვის ყოველი მომზადებულია.

ოთარ წამოდგა შეიწროებულის გულითა, და გამოვიდა სასახლიდგან ბარბაცით, ვითარც დაჭრილი კაცი.

თავი მეხუთე.

ნესტანდარეჯან დედოფალმა, რა მიიღო ანუკას წერილი, მაშინვე მოსწერა პასუხი და ჰსთხოვდა სურამამდინ როგორმე მოსულიყო და იქ მოაშველებდა კაცებსა და გარდიყვანდა თავისთან სადადიანოში, სადაც შეეძო მას ეცხოვრნა უშიშრად და თავისუფლად. მაგრამ ვიდრე ეს წერილი მოუვიდოდა, ანუკამ უკვე გულიდგან ამოიღო გაქცევა იმერეთში; იგი თითქოს ჰგრძნობდა თავის გარდასახედსა და არა ცდილობდა ბედთან ბრძოლასა.

სიყმაწვილეში ანუკასა ჰყავდა დობილად თავის გამდლის დის წული, თავისავით ლამაზი და იმისივე ტოლი, სახელად მარიკო. თავის გათხოვების შემდეგ ანუკამ მარიკოც გაათხოვა ერთს ღვდლის შვილზედ სოსიკაზედ, რომელიც ექვსის თვის შემდეგ ჯვარის წერისა, იძულებულ იყო გაჰყოლოდა თეირანში ოთარ ჩოლოყაშვილსა, რადგანაც იმისი ყმა იყო. ანუკა, როგორც ყმაწვილობაში, ეგრეთვე ქმრის დროსაცა, მიანდობდა ხოლმე მარიკოსა თავის საიდუმლოსა, რომლისაც დაცვა მან კარგად იცოდა. ხოლო როდესაც ანუკამ გარდიცვალა ფეხი ჰსწორის გზიდგან, ბრუნდეს გზაზედ და დაიჭირა შესაკიცხავი საქმე უდაბნოელთანა, მაშინ არათუ მხოლოდ იმან მოაკლო მარიკოს ნდომა თვისი არამედ მძიმეთაც ეჩვენებოდა იმისი თავისთან ყოფნა, თუმცა ხედამდა, რომ მარიკოს გაგიჟებით უყვარს იგი და მზათ არის თავი შეჰსწიროს იმის გულისათვის.

მარიკო იჯდა თავის სახში ჩაფიქრებული და ვიღამც უეცრად კარი დაურახუნა. მარიკო შეხტა მაგრამ მაშინვე წამოდგა და გააღო კარები. იმისა წინ იდგა ინდო, ანუკას მსახური.

- მშვიდობა შენი ნახვა ინდო! ეს საიდგან გარჯილხარ ჩემთან? ჰკითხა მარიკომ.

- ქალბატონმა შემოგითვალა, ამაღამ შუა ღამისას ჩემთან მოდიო, საჭირო საქმე მაქვსო. მოხვალ, ჩემი ოთახის კარებს თითს დაჰკრამ და მაშინვე გაგიღებ. ეცადე არავინა გნახოსო; ინდომ დაუკრა თავი და გამობრუნდა კარებისაკენ.

– ქა, მოიცადე ინდო!... რას მიეჩქარები... მაგრამ ინდო უკვე შორს იყო.

რა მარტო დარჩა, მარიკო შევიდა ფიქრში: რისთვის მიბარებს ნეტა ქალბატონი? ისიც ჩუმათ შუაღამისას!... ჰსჩანს ნდობა სრულებით არ მოუკლია ჩემთვის? მე კიდევ შემიძლიან გამოვადგე რაშიმე, ვასიამოვნო რითმე? - ამ ფიქრმა გაამხიარულა მარიკო. მან დაივარცხნა თმები, თავი გაისწორა, კაბა გამოიცვალა. მაგრამ მარიკოს ეგონა, რომ დრო არ იძროდა. შუაღამე უნდა გაეგო მამლის ყივილზედ; თითქოს ყველა მეზობლის მამლებს ხრინწი შეეყარათ და გაჩუმდნენ, ანუ ტურამ დაახრჩო ყველა... მაგრამ აჰა, იმათმა მამლაყუჩამ ფრთა შემოჰკრა ფრთასა. მარიკო უკვე კარზედ გავარდა, და კლიტეს ადებს კარებსა. - თავის მხრით ანუკაც ელოდა მას ეგრეთვე მოუთმენლად. იმასაც ეგონა, რომ უთუოთ მარიკო მშობიარეთ არის, რომ ესრედ დაიგვიანაო. - პირველ თითის შეხებითა მარიკოს წინ კარი გაიღო, ანუკა იჯდა კიბეზედ, გაყვითლებული ვით მომაკვდავი. მის მოშორებით სამთელი ბჟუტავდა და ანათებდა მას უთანასწოროს მწუხარეს სინათლითა. რა მარიკო დაინახა, ბატონის შვილი წამოდგა და მოეხვია მას. იგინი შევიდნენ შინ.

მარიკო გაცვიფრდა, რა დაინახა მშვენივრად მორთული აკვანი, მაგრამ ამის მშვენიერებას უმეტესად ამაღლებდა შიგ მწოლიარე ყმაწვილი. მარიკო მივარდა მას და დედაკაცების ჩვეულებისამებრ, დაუწყო ამ ყმაწვილს ალერსი და კოცნა; ისიც წვრილ თათებს ათამაშებდა და უცინოდა, თითქოს ესმოდაო იმისი ალერსი.

ანუკა შეიწროებულის გულით, მდუმარე უყურებდა ამ სახილველსა, და რა ეშურებოდა, რომ ძვირფასი დრო არ დაეკარგა, ჰსთქვა მან ძალადატანებით:

- ამ მშვენიერს თავს ჩქარა შეუმტვრევენ კედელზედ; ამ მშვენიერს გაფურჩქნულს ხელებს და გულს ჩქარა გარდააქცევენ საზარლად შეზელილ სისხლად და ხორცად...

- რას ბძანებ, ბატონის შვილო? რომელი ღვთის მტერი იქმნება მაგისი მქნელი? ან ვინ გაბედამს მაგასაა ოთარ ჩოლაყაშვილის სახლში?

- თვით ჩოლაყაშვილი.

- არ მესმის; ჰსთქვა თრთლოლით მარიკომა ბატონი ხომ ქრისტიანია...

- ეს ყმაწვილი მარტო მე მეკუთვნის, და არა ჩემს ქმარსა... გესმის ეხლა, მარიკო?

- ოჰ, წმინდაო დედაო!... რა უყოთ, ჩვენ ქრისტიანები რათა ვართ, თუ არ მიუტევებთ, განა ქმარი რომ არის, შებრალება არ უნდა ჰქონდეს?... ყმაწვილი ღვთისა არის!...

- ის მომკლამს მეცა და ამ ყმაწვილსაცა.

- თქვენ ძმა მეფესთან მიბძანდით.

- ეგრეთვე ის მომკლამს მეცა და ამასაცა...

- რა იცით? ლეკნი ხომ არ არიან?... განა ისინი მონათლულნი არ არიან ქრისტიანულად?...

- ოჰ, მარიკო! შენ არ იცნობ კაცებსა: იმათ უყვარვართ ჩვენ, როდესაც მათ მოიზიდამს ჩვენადმი ჟინი; და თუ ჩვენ აღარ შევიყვარებთ მათ, ისინი გვჯიან ვითარც დამნაშავესა.- ცოლი რომ დნებოდეს ქრმის სიყვარულითა, და იხრჩობოდეს წყურვილითა, ქმარი ერთს ნაბიჯს არ გადაჰსდგამს, წყლის მისაწოდებლად, და თუ გაიგო რომ ცოლი აღარა ჰფიქრობს ქმარზედ, იგი მშვილდისარისავით გამოექანება სპარსეთიდგან ცოლშვილის ამოსახოცავად.

- მაშ რაღას უყურებთ, ბატონის შვილო! გაიქეცით სადმე: ან მონასტერში შედით სადმე, იქ ღმერთი მოგიტევებსთ...

- მე არ შემიძლიან გაქცევა: მე ვგრძნობ ჩემს დანაშაულსა... დაე დამეცეს ღვთისაგან მოვლინებული რისხვა! რათ მინდა სიცოცხლე, როდესაც სინიდისით უნდა ვიტანჯებოდე, როდესაც ნამუსი ჩემი გასვრილიიქმნება ყველას წინ? მე უნდა ყველას პირი ვარიდო, ვისაც შემოვხვდე... მეფის ქალისათვის სიკვდილი უმჯობესია, ვიდრე თავს კისრამდე ძირსა, და სირცხვილით შუბლი მეწოდეს... მაგრამ ამ ყმაწვილს რაღა შეცოდება აქვს? ეს უმანკოა და არ უნდა გაიტანჯოს ჩემის გულისათვის... უნდა ჩამოვარჩინოთ-

- რასაკვირველია, უნდა მოვარჩინოთ! სთქვა მარიკომა.

- ოჰ, მარიკო! შენ გამოჩნდი ჩემს მანუგეშებლად, ამ მწუხარებაში!... წაიყვანე ყმაწვილი... შენი იყოს... დაიფარე და გაუფრთხილდი ისე, როგორც შენი საკუთარი... ამ სიტყვებთან ანუკამ ამოგლიჯა აკვანიდგან ყმაწვილი და კალთაში ჩაუგორა მარიკოსა. ყმაწვილი უცინოდა და ხელებით მის თმის ნაწნავს ეთამაშებოდა.

მარიკო ჰკოცნიდა მას ცრემლიანის თვალებით და ეუბნებოდა: ნუ გეშინიან, ჩემო პატარა ანგელოზო! მე მოგარჩენ შენ. ვერავინ შემოგეხება შენ; დიდხანს უნდა იცოცხლო დედისათვის... თუ რომ კაცებუ უღთონი და შეუბრალებლები არიან, დედაკაცები კარგნი და კეთილნი არიან და ღმერთიც უშველის მათ...

- მარიკო, შენგან ველოდი მაგას... არა ვითარი საჩუქარი და მადლობა ჩემი ვერ გარდაგიხდიან ამ სიკეთეს: მხოლოდ ღმერთი იქნება იმისი გარდამხდელი. სინიდისისაგან ვიტანჯები, რა მაგონდება, რომ ვცდილობდი ოდესმე შენს მოშორებასა ჩემგან, როდესაც ცოდოსაგან ვიყავ დაბრმავებული. ღმერთმაც გარდამახდევინა სამაგიერო... მომიტევე...

- კარგი ქალბატონო, შენ გენაცვალე! უთხრა მარიკომ რა თვალებში ცრემლი მოუვიდა: თქვენ შორიდგანაც მწყალობელი იყავით ჩემი... მიბძანე, რა უნდა ვქნა მე. დავეშუროთ ღამის სიბნელესა. ვერავინ გაიგებს, რომ მე აქა ვყოფილვარ.

- აჰა, ჩემო საყვარელო მარიკო!... მე ყოველი მომიმზადებია. აიღე ეს პატარა ყუთი, ამაში ფული და ძვირფასი ქვებია. ეს საკმაო არის; თუ ცოცხალი იქნება, ყმაწვილის გასაზდელად და შენ საცხოვრებლად... თუ ღმერთი არ შეგვარჩენს, მაშინ სულ შენი იყოს... აი კიდევ წერილი, რომელსაც გთხოვ შეინახო საიდუმლოდ. როდესაც სადადიანოში მიხვალ დედოფალთან. მხოლოდ იმას მიართვი...

- სადადიანოში! რას ბძანებ ბატონის შვილო? მე მეგონა, რომ...

- რა გეგონა?

- რომ მხოლოდ სახლს გამოვიცვლიდი, დავდგებოდი სადმე მიყრუებულს ქუჩაში და ჩემს შვილობას დავარქმევდი...

- მაგითი ვერ გადაარჩენ ჩემს შვილს სიკვდილსა. მაგას დაუწყებენ დევნას, ვითარც გარეულ მხეცსა. შენც მხოლოდ საშიშროებაში ჩააგდებ შენს თავსა. ათასი აღაჯის სივრცე ძლივს დაჰფარამს მაგას მტრის თვალებისაგან.

- ქალბატონო, მე როგორ შემიძლიან იმერეთში წასვლა: თქვენ ხომ მოგეხსენებათ ქმარი მყავს, რომელიც ეხლა აქ არ არის. უიმისო დაუკითხავად როგორ წავიდე? როცა მოვა რას იტყვის?... არ იფიქრებს, რომ გავპარულვარ ვისთანმე, ეჭვში არ შევა?... ვერა, ქალბატონოჯან...

- ნუ გეშინიან, მარიკო! რაკი სოსიკო გრემში ფეხს შემოჰსდგამს, გეფიცები მამის ჩემის სულსა, მასინვე დავიბარებ და ყველას ვეტყვი, იმასაც მაშინვე თან გამოგადევნებ იმერეთში.

- რა ვქნა, ქალბატონო! აქ რომ ლუკმა ლუკმა ამკუცონ იმას ვირჩევ იმერეთში წასვლას... ჩემი დედმამის საფლავი აქ არის, ყველა ჩემი მცნობი, ნათესაობა... სხვა ქვეყანაში კი, ყველანი სხვა თვალებით დამიწყებენ ცქერასა; ასე მეგონება ყველანი მე დამაყვედრებენ: ჩვენს წყალს რათა სომ, ჩვენს ჰაერს რათა ჰყლაპამ, ჩვენის მზით რათა თბებიო...

ანუკა ამის ლაპარაკში რამდენჯერმე შეიცვალა სახეზედ, და ბოლოს ხელებზედ მივარდა მარიკოს:

- მარიკო ნუ თუ ესრედ შეწუხებულს დედას კიდევ ნახამ სადმე?. შენ ისევ ჩქარა დაბრუნდები შენს სამშობლო ქვეყანაში, ამიტომ რომ ჩემი და შენი შვილის მდევნელნი ჩქარა ჩამომყვებიან მე საფლავში...

საყვარელო ცოდვის შვილო ჩემო, უბედურს მასკვლავზედ დაბადებულო. შეეხვეწე მარიკოს დაგიხსნას სიკვდილისაგან. ამის ხელშია შენი სიცოცხლე. მე არ შემიძლიან შენი გამოხსნა... მარიკო, მარიკო! გებრალებოდეს დედა, რომლის თვალ წინაც ყელსა ჰსჭრიან შვილსა!

რა ნახა, რომ მარიკო ჰსდგას გაქვავებული, ანუკამ წაავლო ხელი ყმაწვილსა სასოწარკვეთილებაში, და გავარდა ბალკონისაკენ:

- თუ შენი შველა არ შემიძლიან, შვილო ჩემო, შენთან სიკვდილს კი შევიძლებ... ღმერთმა გიშველოს მარიკო! ნუ გკითხოს მან ჩვენი ცოდო...

მარიკო მივარდა ანუკას კალთაში და შეჰყვირა:

- ვაი ჩემს სიცოცხლეს! რას შვრები ქალბატონო!... მივდივარ! წავალ, ეხლავ წავალ თუ გინდ ჯანაბაში... და ხელიდგან გამოგლიჯა ყმაწვილი, რომელიც ხმა მაღლივ გაჰკიოდა.

- დრო მიდის: გავეჩქარნეტ, ჰსთქვა ანუკამ გულ ამოსკვნით. მშვიდობით შვილო! შენ არ უნდა გახსოვდეს შენი შთამომავლობა... მარიკო, გაძლევ სრულს დედობრიობის ნებას ამ ყმაწვილზედ, გაზარდე ღვთის შიშში და სიყვარულში, აჰსწავლე წიგნი და ლოცვები. ნუ გაუხსენებ ვისი შვილი არის და ნუ ეტყვი ჩემს სახელსა... ნუ მოახსნევინებ კისრიდგან იმ წმინდა ნაწილსა, რომელსაც ჩემის გულიდგან გაძლევ... ეგ დაიფარამს ყოვლის განსაცდელისაგან!... მშვიდობით შვილო! - მომიტევე სიცოცხლე, რომელიც მოგანიჭე; მომიტევე ცოდო, რომელშიაც გშობე!...

მშვიდობით! ჩვენ ამ წვეყანაში ერთმანერთს ვეღარა ვნახამთ. მაგრამ იქნება ღმერთმა თავისი მოწყალებით იქ შეგვყაროს ერთად. ყოველ დღე და ღამ ცრემლით მაგის ვედრებაში ვიქნები, სისხლით დავიბან ჩემს ცოდოსა... წაიყვანე, მარიკო: მე მეშინიან პირჯვარი გადავსწერო: ჩემმა კურთხევამ იქმნება კარგი არა მოუპოვოსრა...

- აკურთხე, აკურთხე შენი შვილი! ღმერთი შეიწყნარებს შენს კურთხევასა და შეისმენს დამწვრის დედის ლოცვასა.

- უფალო! გაჰსწმინდე ერთს წამს ჩემი ცოდვილი ხელი, რომ შემეძლოს ჯვარი გარდავსწერო ამ უმანკო კრავსა. ანუკამ აღწია თვალნი ზეცისადმი მხურვალეს, გულითადის ლოცვით. მან გადაჰსწერა ჯვარი და სასოებით უთხრა:

- წადი, შვილო ჩემო! შეერთდეს ღვთის კურთხევაც ჩემს ლოცვასთან შენზედ... ყოველი ჭირი და უბედურება შენი მიეცეს დედა შენსა... წაიყვანე მარიკო... გათენებამდინ მოვა ვინმე ჩემგან, რომელსაც გაჰყვები.-

მარიკომ გაახვია საბანში ყმაწვილი და რა მიიკრა გულზედ, გამოეშურა კარებისაკენ.

- მაიტა ერთი კიდევ ვაკოცო, მარიკო, უთხრა ტირილით ანუკამ: ერთი კიდევ... კიდევ... შვილო, მშვიდობით სამუდამოდ!...

მარიკოც გულ ამომჯდარი გამოვარდა საჩქაროდ სახლიდგან. -

თავი მეექვსე.

რა ოთარ ჩოლაყაშვილი გამოვიდა მეფიდგან და დანიშნულს სახლში ჩავიდა, იგი მიეცა ღრმა ფიქრსა. იგი ხან შუბლზედ მიიჭერდა ხელსა და ხან გულზედ, თითქოს ეშინოდა, რომ ან თავი არ გაზეთქოდა ან გული არ ამოვარდნოდა მკერდიდგან.

- სოსიკო! მარტირუზ! დაუძახა დასასრულ ოთარმა მსახურებსა, რომლებიც თან მოჰყვნენ თეირანიდგან: თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ეხლა თქვენი ერთგულება და სიჩუმე. - წადით სასახლეში, უთხარით ჩემს ცოლს ანუკას... არა! მოიცადეთ... საწერ კალამი მომეცით... ოთარმა დაიწყო წერა; მაგრამ ხელი უკანკალებდა და არ ემორჩილებოდა. რა ცოტად დაიმშვიდა ღელვა სისხლისა, მან როგორც იყო დაწერა ორიოდ სიტყვა და რა მიჰსცა ბარათი მარტირუზას, უთხრა:

- ეს მიართვი ქალბატონს და მოახსენე რომ მითომ თქვენ ორიოთი დღით დაწინაურდით. ჩემზედ. მე ჯერ კახეთში არავარ... მედმით? მე მითომ ჯერ ისევ გზაზედა ვარ...ეცადეთ შეამცნიოთ ყოველი, რასაც ლაპარაკობენ ანუ რასაც შვრებიან ჩემს სახლში, და თუ გეჩვენათ რამა ღირსი ყურადღებისა, მაშინვე მომახსენებთ... მე აქედგან ჯერ არ გამოვალ. - წადით... იყავით ერთგულნი თქვენის პატრონისა და ისიც არ დაგივიწყებსთ. ოთარმა ხელით ანიშნა და ბიჭები გამოვიდნენ.

რა გამოჰსცილდნენ რამდენსამე ნაბიჯს, სოსიკომ უთხრა მარტირუზას:

- მარტირუზ, მე ეხლა აქედანვე შინ წავალ და შენ მარტო მიართვი ქალბატონს ეგ წერილი და საჩუქარიც მარტო შენი იყოს. მე მაგაში წილი არ მინდა.

- შინ თუ წახველ უთუოთ შენი ცოლი კარზედ იდგება ყარაულათ შენს მოსაგებებლად... ამ დროს უეცრად რომ მიხვიდე და შენს მაგიერად ნახო ვინმე, შენც ხომ ბატონი ოთარივით გულზედ გეცემა და ფიქრში შეხვალ.

- რას ტუტუცობ, მარტირუზ! ყველა დედაკაცი ხომ ერთნი არ არიან.

- მაშ რა არიან? - თაფლი ტკბილი რათ არის? იმიტომ, რომ ფუტკრებს უყვარსთ ერთის ყვავილიდგან მეორეზედ გადაჯდომა, განა? დედაკაცებიც იმათი მგზავსნი არიან: იმათ გული ყველასათვის ტკბილი აქვსთ, მაგრამ ისინი მარტო ქრმებსკი ჰკბენენ ფუტკარივით.

შენ რაც გინდა ჰსთქვი, მარტირუზ, მაგრამ აი მე ჩემს სახლსა ვხედამ, სადაც დავბადებულ ვარ... სინათლე მოჩანს კარებიდგან... აბა შეხედე მარტირუზ, კარებზედ ხომ არავინ დგას? მე თვალები ცრემლით ამევსო, ვეღარასა ვხედამ... ღმერთო! რაღაც ჩრდილი ჰსჩანს, ვიღაც დგას კარებზედ, არა მარტირუზ?...

- ჰო, ვიღაც დედაკაცია...

- ჩემი მარიკო იქმნება!... საწყალი, უთუოთ მელის, ვინ იცის, რამდენი ღამე გაუტარებია ესრედ უძილოდ ჩემს ლოდინში...

სოსიკომ აიჩქარა ფეხი სიხარულით და შეჰსძახა მოუთმენლობით: მარიკო!

- სოსიკო! მოისმა ქალის მხიარული ხმა და ერთს წამს გარდაეხვივნენ ერთმანერთს... სიღრმეს მათის სიყვარულისას ამტკიცებდნენ მათი ცრემლი და კოცნანი.-

მარტირუზა შორიდგან უყურებდა ამათ სიხარულსა, და ოხრამდა.

- მეც სასახლეში მყავს ჩემი ალვის სასარა; მეც იმას მოვეხვევი, ის ქალბატონის შინაურს ამბავსაც მეტყვის იმდენს, რომ მე ვერცკი დავისწავლი.-

მარიკოს სიხარულისაგან თვალები უელამდა და სახე გაჰსწითლებოდა.

- მარიკოჯან, მარტო სიხარული და სიყვარული კაცს არ აძღობს. დაღალული ვარ. ძალიანაც მშიან; არა გაქვს რა ვახშმათ?

- განა შენ და ბატონი ოთარი ერთათ არ მოხველით? ჯერ სასახლეში არა ყოფილხართ?

- ერთათ მოველით, მაგრამ ბატონს არ უნდა რომ სხვამ იცოდეს იმისი მოსვლა. მაგრამ ამაზედ მერე ვილაპარაკოთ.

მარიკომ საჩქაროდ წაგლიჯა თავი ვარიასა დამოატაბაკა. ერბოკვერცხმა და ცივმა ღვინომ შეამსო ამათი სუფრა:

- ბატონი ოთარიც მობძანდა? რა მიზეზი არის, რომ თვითონ ჯერ არა ცხადდება? ჰკითხა მარიკომ თავის ქმარსა.

- მიზეზი ცხადია, უთხრა ქმარმა ხმა დაბლივ:თეირანშიაც ლაპარაკობდნენ აქაურნი ბეზირგნები ანუკას ქცევაზედ. მე მგონია ოთარი იმიტომ მოვიდა, რომ სამუდამოდ მოაშლევინოს თავის ცოლს ეგ ამბავები.-

- არა გრცხვენიან მაგას ანბობ? განა ყველა ხმას კაცი უნდა ერწმუნოს?... ჰსჩანს ამას იქით ნამუსიანი სახელი პატიოსნის დედაკაცისა არის დამოკიდებული პირველს დამბეზღებელზედ?... ეგები მტრობით, ჯავრით, შურით მოიგონეს?... ან თვითონ ბატონიკი აქამდინ თეირანში მონასტერში ატარებდა დროსა!- იმასკი არ შეუხედნია ბრუნდეს თვალით არავისათვის? მაშ იმასაც უნდა გარდაახდევინონ სამაგიერო!...

- კაცი სხვა არის და ქალი სხვა, უთხრა ქმარმა. უნამუსო დედაკაცს შეჰყავს სახლში უკანონო შვილები, აძლევს მათ მამულიდგან წილსა, რომელზედაც ნება არა აქვსთ; ძმებში იბადება მძულვარება, მერმე ჩხუბი და ხან და ხან სისხლიც მოხდება ხოლმე. აი ქალის უნამუსობა რას მოასწავებს; მაგრამ კაცისა კი არაფერია.

- რაც სასარგებლო ყოფილა, ის თქვენ კაცებს კანონად დაგიდვიათ.- კაცი და დედაკაცი ავს ერთ გვარად უნდა გადახდეს, ამიტომ რომ ორივეს მოვალეობა ღმერთთან ერთნაირია.-

- შენ ძალიან გიჰსწავლია ჭრელი ლაპარაკი! უთხრა შეჭმუხვნით ქმარმა: საიდგან ჰკრეფამ მაგ ურცხვს სიტყვებსა?

- ჩემის საკუთრის გონებიდგანა...

- თუ უფრო იქიდგანა, რომ გინდა შენი ქცევაც დაიფარო? - გაჩუმდი მე ეხლა ვხედამ, რომ შენ და ბატონის შვილს ანუკას მხიარულად გაგიტარებიათ აქ დრო... მაშ მაგასა ნიშნამდა შენი კოცნა და სიხარულით მოგებება? ვაი, უბედურო, უბედურო ჩემო თავო!... მარტირუზა მართლათ მეუბნეობოდა, რომ ქალებსაც ფუტკარივით სხვა და სხვა ყვავილებზედ დაჯდომა უყვართო... მეკი თავ გატეხილი მოვეჩქარებოდი შინა... ეს რაღა სიცოცხლეა. მაგრამ შენც რა გაგახარებს ჩემი სიკვდილი, მარიკო!... შენ მე მომატყუე და შენც მოტყუებული იქმნები... სიცოცხლე შენი მწარე იქნება და სიკვდილი- უარესი...

ამ დროს მოისმა პატარა ყმაწვილის ტირილი.

ამ ხმაზედ სოსიკოს ასე ეგონა ცივი წყალი დაასხესო. - იგი გაყვითლდა საზარლად; ტუჩები აუკანკალდა; თვალებმა უწყეს ბრიალი ვითარც ცოფიანი მხეცი მივარდა იგი მარიკოსა, ჰსტაცა მკლავში ხელი და შეათრია იმ ოთახში, საიდგანაც ყმაწვილის ტირილი მოისმოდა. რა მარიკო დაინახა, ყმაწვილი გაჩუმდა და იწყო ტიტინი: ტატა! ტატა!

- ოჰ! ოჰ! შეჰყვირა საზარლის ხმით სოსიკომა: შე უნამუსო, ეს რა დამახვედრე!... და ასე ძლიერათა ჰკრა ხელი მარიკოსა, რომ იგი დაეჯახა აკვანსა, აკვანი რახარუხით წაიქცა და ყმაწვილმა შეჰკივლა. განცვიფრებულმა, შეშინებულმა, მარიკომ ხმა ვეღარ ამოიღო თავის გასასამართლებლად ღელვისაგან; იგი ჰსწორეთ ვერ მოეგო გონზედა, რომ ეთქო რამ ქრმისათვის, რომელიც მაღლის ხმით გაანჩხლებული ღრიალებდა, შე ურცხვო! შე ჩემო ჯოჯოხეთო! უნდა მოგკლა! შენც მოგკლამ, მაგასაცა და ჩემს თავსაცა და საშინელმა ხანჯალმა გაიელვა იმის მთრთოლვარეს ხელში.

- გამიგონე სოსიკო!... ლუღლუღებდა მარიკო და ტირილისაგან ვერ გაეგრძელებინა ლაპარაკი.

- გაჩუმდი, შე უნამუსოვ!... უნდა მოგკლა, ეხლავ, ემ წამს...

- დამაცა...

- არ იქნება დაცდა ჰსთხოვე ღმერთსა გაპატიოს... გაათავე?

საცოდავმა მარიკომ, რომელსაც ცრემლი ახრჩობდა და შიში ენას უკრამდა, მიაშველა ხელი დარტყმის ასაცილებლად. სოსოკო გაგიჟებული ელოდა წამსა, რომ ცოლის სისხლში ამოებანა ხელები.

- დამაცადე!... ერთი სიტყვა!...

- მე აღარ ვიცდი... გაათავე ლოცვა?... ჯოჯოხეთი იყოს შენი სამყოფელი აქაც და იქაცა.. სოსიკო მივარდა მარიკოსა, რომელსაც მაშინვე გული წაუვიდა. სოსიკო აღარ ფიქრობდა იმის შებრალებაზედ. მან მოგლიჯა ქალს გულის პირი და ასწია ხელი გულში ხანჯლის დასაცემად; მაგრამ ამ დროს უბიდგან მარიკოს გავარდა წიგნი, რომელმაც შეაყენა სოსიკო. რა იფიქრა - რომ ეს იქნება მიწერილი საყვარელთან, სოსიკომ მსწრაფლად აიტაცა წიგნი, რომ შეიტყოს სახელი თავის ცოლის საყვარლისა და მერმე იმასთანაც გაჰსწორებულ იყოს. წიგნი მიიტანა სამთელთანა და წაიკითხა ზედ დაწერილი: „ნესტან დარეჯან დედოფალსა მანუჩარ დადიანის მეუღლეს - მდაბლად მიერთოს“. - სოსიკო არ ერწმუნებოდა თავის თვალებსა, ხელ მეორედ წაიკითხა ნაწერი, ხელში ატრიალებდა ამ წიგნს,- ბოლოს გახსნა და წაიკითხა:

„სულითა და ხორცით განათლებულო, ჩემის „გონებიდგან განუშორებელო ჩემო ძმის წულო“ ნესტან დარეჯან დედოფალო.

„მიიღეთ თქვენი შემაწუხებელი, მაგრამ უკანასკნელი, თხოვნა შენის უბედურის მამის დისა. ჩემა ცოდამ დამაბა მე აქა ამ იმედითა, რომ იქნება ქვეყნიერების ტანჯვის გამოვლილი, ვეღირსო ღვთის შეწყალებასა. მე განვიზრაზე მივენდო ბედსა, რომელიც არ მიბრალებს; მაგრამ არ მინდა ჩავიყოლიო ჩემს უბედურებაში უმანკო ყმაწვილი, რომელიც ღირსია ყველასაგან შებრალებისა დაეხმარეთ ჩემს უბედურს შვილსა. აკვანი მისი გარე შემორტყმულია გველებითა. ამისი მკვლელი მიიღებს საჩუქარსა, ვითარც მკვლელი საშინლის მხეცისა. მხოლოდ თქვენს დედოფლურს ძლიერებას შეუძლიან გადაარჩინოს ეს ბედკრული სიკვდილსა... დედაკაცი, რომელიც მოგართმევს ამ ყმაწვილსა, არის ჩემი გამდლის დის წული, ჩემი ერთგული და ჩემთვის თავ გადადებული. იგი განმშორდა მე ჟამსა ჩემის შეცდომისასა და ცოდვისაგან დაბრმავებისასა, და დამიბრუნდა, როდესაც მოვთხოვე შეწევნა. ეს ქალი მოდის მარტო; მაგრამ ვეცდები, როცა ქმარი მოუვა, ისიც მოვწიო გზაზედ. გთხოვ დედალო, მოწყალე ბძანდებოდეთ ამათზედ. სიკეთე რომელსაც დაჰსთესამ ჩემს შვილზედ, მიეგებება შენს პატარა შვილს ლევანსაცა. მაგის სადღეგრძელოთა გთხოვ, დედოფალო, უპატრონო ჩემს შვილსაცა, რომელიც იქმნება კავშირი ჩემი იმ ქვეყნიდგან ამ ქვეყნამდინ... როდესაც მიიღოთ ცხობა ჩემს სიკვდილზედ, ნუ დამივიწყებთ მომიგონოთ თქვენს წმინდა ლოცვაში და პანაშვიდიც გარდაახდევინეთ ჩემის ცოდვილის სულისათვის. ღმერთმა მოგცეს ამ ქვეყნად ბედნიერება, რომლისაც ღირსი ხართ თქვენის უმაღლესის სულოვნებით, და კეთილის გულით. დავშთები შენის ბროლის ხელების მკოცნელი უღირსი, მაგრამ საფლავადმდე პატივისმცემელი, ბატონის შვილი მამიდა ანუკა ჩოლაყაევისა.“-

სოსიკო მიხვდა თავის შეცთომილებასა ამ წიგნით. მან მაშინვე მიაგდო ტახტზედ ხანჯალი და მივარდა მარიკოს მოსაბრუნებლად; ხან წყლით, ხან ძრმით უზელდა ყურებსა და ცხვირსა, დასასრულ ქალმა თვალები აახილა, და ნახა, რომ ქმარი მზრუნველობით უვლიდა. მას ქალი ცოტ ცოტად მოვიდა გონსა და მოაგონდა ყოველი, რაც მოხდა. აკვანზედ დაგდებულმა გახსნილმა წიგნმა აცნობა ქალსა, საიდგან დაიბადა იმის ქმარში ეს მზრუნველობა.

- რა? გამოხველ ეჭვიდგანა? უთხრა წყრომით ქალმა.

- ოჰ, მარიკო! რა მხეცური ფიქრი მომივიდ!.. ნუ თუ ეჭვი შემოვიტანე შენზედ?... ღმერთო, ჭკუა სად მქონდა!.. რამ გამაგიჟა!...

- კარგი, დრო აღარ არის მაგისი. სადაც არის მოვლენ... მანამ მე ყმაწვილს ჩავაცო, შენ ჩაიკერე ახალუხი ეგ ოქროები და ძვირფასი ქვები, რომელიც ანუკამ მიბოძა ამ ყმაწვილის გასაზდელად.

მართლაც ამ დროს მოესმათ კარების დარაკუნება. სოსიკომ გაიხედა და ნახა ორი კაცი ხცენებ შეკმაზულნი, ანუკასაგან გამოგზავნილნი. ცოლქმარმა საჩქაროდ გამოჰკრეს ბოხჩაში, რაც კი ებადებოდათ ღირსი წასაღებად; მუხლი მოიდრიკეს ღვთის მშობლის ხატის წინ, რომელიც ესვენა კუთხეში, და მხურვალედ ვედრების შემდეგ მარიკომ აიყვანა ყმაწვილი, სოსიკომაც აიღო ხურჯინი და სახლითგან გამოვიდნენ; კარზედ კიდევ დაიწერეს პირჯვარი და შესხდნენ ცხენებზედ. ერთი კიდევ შეხედეს თავიანთ ქოხსა და ჩუმად ამოხვრა ჩაყლაპეს. მშვიდობით ქოხო, სთქვა სოსიკომ: კიდევ როდისმე თავ შეგვაფარებინებ, თუ ბედისაგან გვიწერია სხვა ქვეყანაში სიკვდილი?...

რა სოსიკოს მოშორდა თავისი ამხანაგი მარტირუზა, იგი გაეშურა ოთარ ჩოლაყაშვილის სასახლეში და დაარახუნა ალაყაფის კარები; რამდენჯერმე კიდევ განიმეორა კარების რაკარუკი, მაგრამ ხმა არავინ გაჰსცა.

„ჰსჩანს ქმარი შინ არა ჰყავს, და არც სიხარულით ელიან მას, იფიქრა მარტირუზამ: უეცრად მოსულნი ქმარნი უნდა ელოდნენ ამ გვარს მიღებასა; მაგრამ, რადგანაც მე ქმარი არა ვარ, არც ლოდინის მოთმენა მაქვს. მარტირუზამ აიღო ერთი ლოდი, და ასე ნაირად იწყო კარის მტვრევა რომ, ერთს წამს სახლში ყველანი გამოაღვიძა და შიშით მოვარდნენ კარებთან შესატყობრად, რა მოხდაო. -

- როდესაც მარტირუზას შემოერტყნენ მსახურნი ის მიუბრუნდა ინდოსა და უთხრა:

- მე გამოგზავნილი ვარ ოთარ ჩოლაყაშვილისაგან და მინდა წიგნი მივართო ანუკა ბატონის შვილსა, ეს არის გზიდგან მოვდივარ. ინდომ შეიყვანა მარტირუზა თავის ოთახში, დააბანინა პირი, გაუწმინდა მტვერ დადებული ტანისამოსი და წარუდგინა ანუკასა.

ანუკას არ ეძინა, თუმცა დიდი ხანი იყო იმისმა თვალებმა ძილი არ იცოდნენ, მაგრამ იმ ღამეს უფრო შვილის გასტუმრების ღელვისაგან მოუსვენებელ მდგომარეობაში იყო. მარტირუზამ დაიჩოქა ერთს მუხლზედ და წიგნი მიართო. ქალმა ჩამოართო, წაიკითხა და გულგრილად უბძანა: ინდო, მგზავრს, მიეცი საჩუქარი ხუთი ოქრო... არა, მეტი მიეცი, ათი ოქრო მიეცი, ამიტომ რომ მაგისგან მოტანილი ამბავი უფრო სასიამოვნოა: ბატონი ოთარ ჩქარა აპირებს მობრძანებასა. წადით. - პური აჭამე ინდო.

როდესაც ესენი გამოვიდნენ, ანუკა მიუბრუნდა რევაზ ჯორჯაძეს დედას ელენეს, რომელიც ერთი თვე იმ ჟამად განუყრელად იყო ხოლმე მასთან სასაუბროდ, და უთხრა:

- ელენე, ჩემი სიკვდილი მოახლოებულა: არ იქნება ურიგო ვეზიარო.

- რას ბძანებ, შენს მზესა, ბატონის შვილო? რა გიჭირსთ სასიკვდინოდ?... ღვთის მოწყალებით შეუძლოთ არა არა ბრძანდები და სიხარულიც დღეს ხვალ მოგელის: თქვენი მეუღლე გზაზედ არის. მაგრამ წმინდა საიდუმლო ყოველთვის მარგებელია სულისაცა და ხორცისაცა. ეს მარიამობის მარხვაც დიდ მარხვის თანასწორია.- მეც მინდოდა გავნდობოდი მამა ზაქარიასა, მაგრამ ის ჩემის ცოდვით სამსეს, თავპირი დასიებია: თურმე ფუტკარი უნელებიათ და ამ დროს იმას გაუვლია ახლოს; დახვევიან ფუტკრები და სულ დაუსუსხამთ ასე, რომ თავ პირ შახვეული შინ თურმე წევს, კარზედ აღარ გამოდისო.-

- მაშინ ისე უნდა შეუთვალოთ, უთხრა ანუკამა, რომ აქ კი აღარ მოვიდეს, ეკკლესიაშივე, ზეგ დილით, ცისკრის წინად გაგვანდოს; მანამდისინაც ხალხს ნუ შაუშვებს.

- ეგრე კარგი იქმნება, მოახსენა ელენემ; ეგრე შეუთვლი ხვალა მამა ზაქარიასა.

არც ერთი მოგზაური, არც ერთი მლოცავი არ მისულა თავის ბინაზედ იმ კმაყოფილებით, რომლითაც მოუჯდა დასასრულ მარტირუზა გაშლილს სუფრასა. უხვმა ვახშამმა ჩქარა გააძღო იგი; მაგრამ რამდენსაც ბევრსა სომდა, იმდენი წყურვილი კი ემატებოდა, ვითარც ცეცხლს ემატება ხოლმე შეშის მიმატებით. მაგრამ მარტირუზა ღვინოში იყი მონათლული; ის გონებას არა ჰკარგამდა სმაში, არამედ უფრო ფრთხილი, ეშმაკი და ოხუნჯი შეიქნებოდა ხოლმე. ბევრი კაცია, სიმთვრალეში უფრო გონებიანათა ჰსჯის და ლაპარაკობს, ვიდრე სიფხიზლეში.- ამათგანი იყო მარტირუზაცა. - რა მოსამსახურეთა ნახეს, რომ მარტირუზას ვახშამი დაუსრულებელია, იგინი თითო თითოთ შემოეცალნენ და წავიდნენ დასაძინებლად, მაშ შერჩა მხოლოდ ალვისსახარა, და იმასაც ის უნდოდა.-

- ოო, ჩემო ბედის ვარსკვლავო ალვისახარ!- უთხრა მარტირუზამ: რა იქნებოდა ცა უვარსკვლავებოდა, რა იქნებოდა ჩემი სიცოცხლე უშენოდ! შორს, თეირანშიაც შენ იყავ ჩემ გვერდიდგან განუშორებლივ: სიზმარშიაც და ცხადათაც შენ გელაპარაკებოდი, შენკენ მოფრინამდა ეს ბებერი, მაგრამ სიყვარულით სამსე გული...

- ნუ ყბედობ ლოთო! უთხრა ალვისახარმა: მგონია, რამდენისათვის გაგიმეორებია ეგ გაზეპირებული სიტყვები, რომელნიც ემგზავსებიან ძველს ტანისამოსსა: ერთი ძაფი რომ გამოჰსძვრეს, თავის თავათ იშლება.

- ალვისსახარ! შენი კოკობის სულის მზემა, მამი ჩემის ალაბაგის საფლავის მზემა, ერთისთვინაც არ მითქომს მე სიყვარული.

- ვიცი, ერთს არ ეტყოდი.

- არც ბევრსა, დედი ჩემის მათუას ცხონებამ... ვისაც შენი სახე თან გაჰყვებოდა სხვისთვინ?...

- მაშ ერთხელ რატომ წიგნი მაინც არ მომწერე? უთხრა ალვისსახარამ: შენ გეგონა, რომ შენის მეტს თვალები არა ვისა აქვს?... რამდენნი მთხოულობდნენ; მაგრამ ზედაც არავის შევხედე ერთი ყმაწვილი კაციკი... საწყალი, მგონია აზნაურიშვილიც იყო. შავის ულვაშებით... მწუხარებისაგან ჩავარდა...

- სად? ღვინის ქვევრში?

შენ მგონია, არა გჯერა რასაც გეუბნები: უთხრა ქალმა წყენით.

- ნუ ჯავრობ, ჩემო ალვისსახარ. ახლო მოიწიე ჩემკენ! როდესაც მე შენ გეხვევი, ასე მგონია მთელ ქვეყანას ვეხვევი... წარსულს თავი დავანებოთ... განა მწყურვალი კაცი, როდესაც, წყაროს დაინახამს და დაეწაფება ხოლმე ჰკითხამს იმას: გუშინ ვინ დაგლიაო?- სიყმაწვილე მიდის, ალვისახარ, უნდა სიბერეზედ ვიფიქროთ. ურიგო არ იქმნება ბეზირგნობა დავიწყო.მე თეირანიდგან გამოვგზავნი კარგს ჰინდის ყალანქარებს, მარჯნის კრიალოსნებს, ფირუზის ბეჭდებს და შენ აქ გაჰყიდი...

- რასაკურველია, ეგ კარგი იქმნება, მაგრამ მაგას ხომ ფული უნდა?

- დიაღ, ჩემო თვალის ჩინო, ყველას ფული უნდა; უფულოდ, ჩემო ალვისახარ, შენი ბრილიანტის თვალებიც ზიზილაკათ გამოჩნდება... სხვის თვალში... იმედი მაქვს, რომ შენი მზითევი...

- მე მზითევი არა მაქვს.

- ოო! მაშ მშვიდობით ჰინდის ყამანქრებო, ფირუზის ბეჭდებო! შეჰყვირა მარტირუზამ.

– განა ჩვენ უმზითოთ არ შეგვიძლიან ჯვარის წერა?

- რატომ არა, ჩემო სიბერის იმედო; მაგრამ შენ ხომ კარგათ იცი, რომ მზითევი არის ქორწინების ტანსაცმელი; უიმისოთ ქორწილი ტიტველა იქმნება, და შენ რასაკვირველია მიხვდები, რომ ტიტველა სიარული ურიგობა და მოუხდომელი არის.

- მე არა მჯერა, რომ ამდენი ხნის თეირანში ნამყოფსა, შენ ფული არა გქონდეს, უთხრა ალვის სახარამ: რა გიქნია?

- შენ ხომ მიცნობ, ჩემო ვარდის კონავ, რა სალვათი გულის პატრონი ვარ. მე დაჭირების ტალკვესი ვიყავ ყველასთვის... ხელი და ჯიბე ღია მქონდა, ვისაცკი მოუნდებოდა რამა. რასაკურველია, თუმცა დაკარგულად არა ვრაცხამ ჩემს გაცემულებსა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ ნაღდი ჰსჯობია იმას.-

- ცხონებით გამიძღები, რაც შენ ხელი და გული ღია გქონდეს!... მაშ ჩემთვისა გაქვს თვალები დაბრმავებული და გული მოხურული?... ერთხელ ერთი ბეჭედი არ ვიცი შენგან... მაშ ისევ მე უფრო მაგფრთხილებელი ვყოფილვარ შენზედ: მე კიდე მეპოვება ათ თუმნამდინ.

- ათი თუმანი! მითომ ზღვაში ერთი კაპლი მეტი ყოფილა; ეგ სულ ერთია, მითომ სულ არა გქონიარა, ჩემო თვალის სინათლევ; მაგრამ თუ შენ ერთ რაშიმე შემეწევი, ჩვენ კიდევ შეგვიძლიან ბედი დავიმეგობროთ. გამიგონე ლამაზო, აქეთ მოიწიე, ყური არავინ მოგვიგდოს... შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენი ბატონი ოთარი ძალიან ძაღლი კაცია; იმასა სურს შეიტყოს, მართლა ცოლი ატყუებს იმას თუ არა. იმან გამომგზავნა მე აქა, ამიტომ, რომ მე აქ უთვალთვალო ყოველს და რაც მოხდება, ანუ რასაც ვნახამ, იმას მოვახსენო ხოლმე. თუ რომ მე წარუდგენ ბატონს ოთარსა საბუთს რასმეს იმაზედ, რაზედაც ის ეჭვში არის, მაშინ მივიღებ იმისაგან ოც და ათ თუმანს საჩუქრად, დანაშთენი წყალობის გარდა... ახლა, ჩემო სიცოცხლევ ალვის სახარ, შენზედ არის დამოკიდებული მივიღოთ ის ფული, და რაკი ამას მიუმატებთ შენს ოც და ათს თუმანსაცა...

- მე ოც და ათი თუმანი არ მითქვამს და არცა მაქვს მეთქი! ათი თუმანი მხოლოდ.

- შენი ათი თუმანი და ისიც ოც და ათი, შეადგენს ორმოცსა. მაშინ ჩემო ბედის ვარსკვლავო, ჩვენ შევიძლებთ ჯვარის წერასა და შემდეგ ვაჭრობასაცა.

რა ეს თანხები მოისმინა მარტირუზისაგან მაშინ ჭკუა მსუბუქმა და ანგაარმა ალვის სახარმა მოუთხრო მარტირუზას თავის ქალბატონზედ ყოველი, რაცკი იცოდა რამ, და იცოდა ამან მეტად ბევრი, ამიტომ რომ ანუკას განსაკუთრებით უყვარდა იგი და განუშორებლივ იმას იმსახურებდა ხოლმე. სხვათა შორის ალვის სახარამ უთხრა, ისიც რომ ის თავის ჩვეულებრივ კარებიდგან ყურს უგდებდა და შეიტყო, რომ ქალბატონი ხვალ თუ ზეგ აპირებს ცისკარზედ გაენდოს ზაქარია დეკანოზსა. - მარტირუზამ იცოდა უკვე უფრო მეტი ვიდრე რაც საჭირო იყო; მაგრამ ეს გოგო არა ჰსცხრებოდა ყბედობისაგან, ვითარც ზოგი ერთი ბლიაძენი, რომელნიცა ერთის შაურისათვის დაიწყობენ და ერთ მანეთათ აღარ გაათავებენ.- რა მარტირუზამ ნახა, რომ იმისი ყბედობა აღარა ღირდა ყურის გდებათა, მან დაიწყო თვლემა, და ალვის სახარი მხოლოდ ამშინ გაჩუმდა, როდესაც მაშ შემოესმა ხვრინვა თავის საქმროსი.

- ეხლა რომ ამას არ ესიამოვნება ჩემი ლაპარაკი და ხვრინვა ამოუშო, როცა ჯვარს დაიწერს ჩემზედ, მაშინ რაღასა იქს? ჰსთქვა ალვის სახარამ თავისათვის და გაჯავრებულმა რა ერთი კარგად უჩქმიტა მძინარეს, გავიდა იმ სახლიდგან.-

ღამე იყო წყნარი და ნათელი; ამ მშვენიერს ღამეს ერთი კაცი ფრთხილად მიიპარებოდა გრემის ვიწყო ქუჩებში, მთავარ ანგელოზის ეკკლესიისაკენ, და რა შემოუხვია საყდრის გალავანსა, მივიდა ერთს სახლის კარებთან, რომელიც დააკაკუნა მან ჩუმად; გავიდა რამდენიმე ხანი და ხმა არავინ გასცა; მერმე განიმეორა კარის რაკუნი უძლიერესად.

- ვინ არის? შემოჰსძახა ბოხმა ხმამ შიგნიდგან.

- წმინდაო მამავ! უპასუხა უცნობმა: ერთი მგზავრი არის ქალაქიდგან მოსული, რომელიც გზაზედ ავად გამხდარა და ეხლა უკანასკნელ დღეშია. გთხოვს უმორჩილესად, გაანდო და წმინდა საიდუმლო მიაღებინო.

- ავათა ვარ, შვილო! ფუტკრებმა დამსუნთქეს. მამა ივანესთან მიდით.

- არა, მამაო! მე ვიცოდი შენი ავადმყოფობა და მომაკვდავსაც უთხარი, მაგრამ იმან თავი მოიკლა; მე სხვას არავის გავენდობი, თუ არ მამა ზაქარიასაო; ჰსჩანს ის კაცი კარგად გიცნობსთ. რაც თან ფული მაქვსო, ვერავის ვერ ვანდობ იმის მეტსაო... საწყალი, ვისთვისა აგროვებდა იმდენ ფულსა?... არც ცოლი ჰყავს არც შვილი...

- კარგი შვილო! შემოჰყვირა წმინდა დეკანოზმა, რა შეიტყო ფულის ხმა: რაკი თვითონ მოუნდომებია ჩემთან განდობა, აღარ დავზარდები. მანდ მომიცადე შვილო, ეხლავ გარდვიცომ ტანთა.

- მამაო, ოლარი არ დაგავიწყდესთ, თავზედ უნდა დაიდოს; აგრეთვე საყდრის გასაღებიც ჯიბეში გქონდეს; წმინდანის ნაბანს თხოულობდა.

- კარგი, კარგი შვილო! ყველას წამოვიღებ. დეკანოზი გამოვიდა და გაჰყვა უცნობსა. ეს უცნობი იყო მარტირუზა, რომელიც ნაბადს იფარებდა პირზედ, რომ არ შეემცნია მოძღვარს. მათ გაიარეს რამდენიმე ვიწრო ორღობე, და რა მივიდნენ ერთს შემოსახვევ გზასთან, მარტირუზამ დაახველა

ამ ხმაზედ მსწრაფლ გამოვარდნენ ორი კაცი და შემოეხვივნენ დეკანოზსა, რომელმაც ჰსტაცა მარტირუზას მაჯაში ხელი და შეჰყვირა: „შე ურჯულოვ, მამატყუე? რა დამიშავებია თქვენთვის? რათ გინდათ ჩემი სიკვდილი? შეიბრალეთ ჩემი ცოლშვილი?“

- არა, მამაო, გეფიცები ღმერთსა, ჩვენ ავს არას გიზამთ; ჩვენთვის საჭირო არის ესლა შენი ანაფორა და ფილონი, და არა შენი სიცოცხლე. მერმე ჩვენ ისევ შინ მიგიყვანთ უვნებელად... მანამდისინ, მამაო, ნება მოგვეცი თვალები აგიკრათ.

- რაც გინდათ მიყავით, შვილნო! ეხლა მე თქვენს ხელში ვარ. ჩვენი საზოგადო მამა უფრო ბევრს ეწვალა ჩვენთვის. მე უფრო ჩემს თავს არა ვნანობ, არამედ იმათ, რომელნიც გინდათ მოატყუოთ ჩემის ტანისამოსით:

დეკანოზს აუკრეს ხელცახოცით თვალები და რა პატარას ხანს აქეთ იქით ატარეს, შეიყვანეს ერთს ცარიელ გომში; იქ გახადეს მას ანაფორა და მოხსნეს ოლარი; შემდეგ ესენი მარტირუზამ გამოიტანა და გამოვიდა და დანაშთენი დეკანოზის ყარაულად დაშთნენ-იქა.

ცამ მიითო მტრედის ფერი; მთავარ-ანგელოზის ეკკლესიაში ორიოდე წმიდა სამტელი აქა იქ ბჟუტამდა, რომლის მკრთალ სინათლეზედ ადამიანი შეამცნევდა საკურთხევლის კარებთან მდგომარეს მარალ მღვდელსა თავ-პირ ახვეულსა; იმის ქვემოდგან იდგა დიაკვანი, და ჰსჩნდა იგინი ვიღასაც მოუთმენლად ელოდნენ. განვლო მცირე ჟამმა, ორნი მძიმედ შალებში გახვეულნი ქალნი შევიდნენ ეკკლესიაში, და რა მოიყარეს მუხლი ხატ წინ, ერთი მათგანი გაბრუნდა კარებისაკენ და მეორე მიახლოვდა საკურთხეველსა, საიდგანაც მოიცმოდა ყრუ ლოცვის ბუტბუტი მოძღვრისა.

- მამაო ზაქარიავ! მე მსურს გავენდო, უთხრა ქალმა: მომიტევე, რომ შეგაწუხე ავადმყოფი.

- ღმერთმა მოგიტევოს, ბატონის შვილო! ჩვენ ღვთის მომსახურენი ვართ; ყოველს ჟამს მზათ უნდა ვიყვნეთ ჩვენის ვალის აღსასრულებლად... დიაკვანო, კარზედ გადი.

- ეს დიაკვანი იყო ჩვეენი მცნობი მარტირუზა, რომელიც გამოსვლის დროს დიდ ხანს დააცქერდა მწუხარებით ქალსა, რომელიც აპირებდა განდობასა.

ქალი შევიდა საკურთხეველში და მუხლი მოიდრიკა წინაშე მოძღვრისა, რომელმაც ბუტ-ბუტით გარდააფარა მას თავზედ ოლარი.

- მამაო! უთხარ ქალმა: მართალია, რომ ღმერთი მიუტევებს ყოველს ცოდოს, თუ რომ ადამიანი არ დამალამს თავის მოძღვართან და ბოლოს მოინანიებს?

- დიდი ცოდვილი ის არის, შვილო, რომელსაც მაგაში ეჭვი აქვს, უთხრა დეკანოზმა აღშფოთებით. ადამიანს უფრო ჩქარა მოჰსწყინდება ცოდვის ქმნა, ვიდრე ღმერთს მიტევება.

- ამინ, წმინდაო მამაო, ამინ! მე ვაღვიარებ შენს წინაშე ყოველს ჩემს ცოდოს, ამ ტკბილის იმედით, რომ ღმერთი მომიტევებს, არა თუ იმიტომ, რომ მე ღირსი ვიყო მოტევებისა, არამედ ამიტომ, რომ ღმერთი დიდ სულოვანი და მოწყალე არის.

- აღვიარე შვილო ყოველი ცოდო, რამეთუ ჩვენ ცოდოსაგან ვართ შედგენილნი და ელოდე ღვთისაგან სულის განკურნებასა, უთხრა დეკანოზმა ნერწყვის ყლაპვით.

- მამაო, მე ცოდვილი ვარ ყველაფერში. თუმცა მრავალი კეთილიც მიქმნია, მაგრამ უფრო სახელის გულისათვის, სიდრე სულისა; ისე არ მიძლევია მოწყალება მარჯვეენის ხელით, რომ მარცხენას არ გაეგო, და თითქმის მიხაროდა, როდესაც ხმა ჩემს კეთილმოქმედებაზედ გრძელდებოდა სახლში, და მე მაქებდნენ ამისგამო.

- შენ, შვილო, შენის კეთილის მოქმედებით გიყიდნია ამ ქვეყნადვე დიდება: ნუ მოელი მაგისათვის ცაში ჯილდოსა. შენ შენი აქვე მიგიღია... ეგ ამაოება არის... განაგრძელე.

- მამაო, მე ცოდვილი ვარ ღმერთთანაც და ჩემ ქმართანაც... მე უღალატე მას.- გულმა მომატყუა... ასე მეგონა ბედის წერას ავეტანე და იყვარულს ვერსად ვერ დავემალებოდი,. ბოლოს ვნახე, რომ მხოლოდ ჩემის აღგზნებულის თავიდგან იყო წარმოდგენილი ის მაღალი სიყვარული, რომელსაც მე ვხედამდი ზეციდგან მოვლინებულად… მე თვითონ ჩემის ხელით მოვითხოვე ჩემს ფერხთ ქვეშ უფსკრული და ჩავარდი... რა მცირე დრომ განვლო, მე მოველ გონებაზედ და ვიხილე ჩემი თავი შერცხვენილი, წაწყმედილი... ვარ მას აქეთ დიდს სინანულში, სატანჯელში, ვარფრქვევ მწარეს ცრემლსა... არ ვიცი, ღმერთი მომიტევებს, თუ არა?...

- ბევრჯერლ შეგიცოდამს? ჰკითხა მოძღვარმა ყრუის, განგრძელებითის ხმით.

- ოჰ, მამაო, საკმაოდ... ნუ მკითხამ მაგას, თუ რომ გინდა, რომ სირცხვილისაგან აქვე შენ ფერხთან არ მოვჰკვდე...

- ვისთან გიცოდამს?... შენი შემაცდენელი შენი ნათესავი ხომ არ არის?... რა ჰქვიან?

- რათა მკითხამ, მამაო, ვინც არის? მე ვამტყუვნებ მხოლოდ ჩემს თავსა და არა სხვასა. მე არ შემიძლიან გითხრა ვინც არის. -

- საჭიროა, შვილო! უთხრა კანკალით მოძღვარმა: მასთან ახლოს და შორის ნათესაობის კვალად იქნება შენი ცოდოც ანუ მძიმე ანუ მსუბუქი...

- შენ მაგითი მაშინებ, მამაო!

- მითხარ ნათესავია შენი?

- ნათესავი არ არის; მოურავია ჩემის ქრმისა...

- მოურავი!

- გარდა მაგისა, მამაო, მე ვარ დედა... ვაჟი შვილი მყავს იმისაგან...

- შვილი?... რა ჰქვიან? რამდენის ხნისა არის?

- ჯერ წლისა არ არის...

- ჰსწორედ ამბობ? სად არის? ვისთან გყავს?..

- რათა კითხულობ მაგას, მამაო! ვითარც არწივმა, მე მაღლა აუშენე მას ბუდე, სადაც ვერ მიჰსწვდება მტრის ხელი...

- ერასტი ვისი შვილია? ჰკითხარ მთრთოლვარის ხმით მოძღვარმა, რომელიც აქეთ იქით ტოკამდა, თითქოს ფეხ ქვეშ ნაღვერდალი უყრიაო. - იმაში ვირას სისხლი ჰსდგას? ნუ ჰსცოდამ ღმერთსა, ჰსწორეთა სთქვი.

- ნუ მკლამ სირცხვილით, მამაო! ერასტი საკუთარი ჩემი და ჩემის ქრმის ოთარის სისხლია... ნუ თუ აქ რომ მყოლოდა ქმარი, მე შევიქმნებოდი დამარღვეველი იმის მოვალეობისა?...

რამდენსამე წამმა განვლო მდუმარებაში.

- რათ დაჩუმდით, მამაო? ნუ თუ ჩემი ცოდო ისეთი მძიმეა, რომ უფალი ვერ იპოვის მისთვის მიტევებას თავის მოწყალებაში?... გახსენი, მამაო, ჩემის ცოდოს კავშირი, ნუ წამართმევო სასოებას... მე სიკვდილის კარებთანა ვჰსდგევარ... დიდ ხანს აღარა მაქვს სიცოცხლე... მანუგეშე რითმე, - ნუ თუ არა გაქვს იმედი დაიხსნას როგორმე სული ჩემი ცოდვისაგან, როდესაც წარვჰსდგები თვთის სამართლის წინაშე?...

ამ დროს მოძღვარმა გაიძრო ანაფორა, მოიგლიჯა ხელსახოცი, რომლითაც, რომლითაც ახვეული ჰქონდა მას პირი, და რა მიიტანა ანთებული სამთელი ქალის თვალებთანა, თვითონაც დაიდრიკა მისკენ თავი და უთხრა აღრეულის ხმით:

- მიცნობ, თუ ვეღარ, საყვარელო ანუკი?... ეს ტაძარი არ იყო პირველად მოწამე ჩვენის აღთქმისა?... აქ არ წარმოვჰსთქვით ჩვენ პირველი ფიცი ერთმანეთის სიყვარულისა?... აქ არ მივიღეთ ჩვენ პირველი ბედნიერება ქვეყნიერებისა?... ნუ თუ ყოველი ეს იყო სიზმარი, და ჩვენ მხოლოდ ეხლა ვიღვიძებთ მძიმეს ძილისაგან?... ნუ თუ მაგაებს ველოდი გამეგონა შენგან?...

- ვვე ჩემ სიცოცხლესა!... ოთარ!... შეჰყვირა ანუკამ და გარდაიქცა გულდაღმა.

ქმარი დიდხანს ადგა მას თავზედა, თითქოს გონება დაფანტული. შემდეგ მიახლოვდა მას და ჰსთქვა: ღმერთმა მოგიტევოს ანუკი შენი ცოდოც და ჩემი ტანჯვას, რომელშიაც ამას იქით მე გავატარებ ჩემს სიცოცხლესა... ჩვენი ერასტი იქმნება ამას შემდეგ დამატკბობელი ჩემის ობოლის სიცოცხლისა და მომაგონებელი იმ ნეტარის დროისა, რომელიც ოდესმე შენთან გამიტარებია... იმას არ ვაცოდინებ შენს ორგუმობასა... წადი და მოიგე სული მონასტერში. იქნება ღმერთმა შეიწიროს შენი ცრემლი და მოგიტევოს ის ცოდონი, რომელთაც ვერ მოგიტევებს ქმარი და შვილი!... ამა სიტყვებით ოთარმა დაჭირა ქალს ხელი ასაყენებლად; მაგრამ ქალს მაჯა აღარ უცემდა. ქმარმა გულში ხელი ჩაუდო, აღარც გული ჰსცემდა... ოთარი ჰგრძნობდა თავის ხელქვეშ, რომ სხეული ანუკასი თან და თან ცივდებოდა და შეშთებოდა... ოთარმა შიშით დაიწერა პირჯვარი და გამოვიდა ეკკლესიიდგან.

მესამე დღეს იმავე ეკკლესიამ მიიღო დიდის ყოფით გვამი საბრალო ანუკასი, რომლის უეცარი სიკვდილი მიაწერეს სიდამბლესა. -

(დასასრული.)

გრიგოლ რჩეულოვი.

1860 წელსა,

15-ს ენკენის თთვისა.

ტფილისი

5 სული ობოლი. (თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებიდგან.)

▲back to top


სული ობოლი. (თ. ნიკოლოზ ბარათოვის ლექსებიდგან.)

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას
ნუ ვინ ჰსჩივის თავის უთვის ტომობას
საბრალოა სულით მხოლოდ ობოლი:
ძნლღა ჰპოოს რა დაჰკარგოს მან ტოლი.
მეგობართა, ნათესავ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული,
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს ნდომა მას ამა სოფლის;
ეშინიან, ეკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა:
ეფიქრება ხელ მეორედ მას ნდობა.
ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა?

1839 წელსა.

6 კ.ჭ.

▲back to top


კ.ჭ.

წინანდლის ვარდო!
სულითა ტრედო!
გულითა წმინდა, ვით კამკამ წყარო!
ვითა ცისკარი
ხარ მოცინარი,
რათა მხილველის გული ახარო!
იმხიარულე,
ვიდრე სიცოცხლე
შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი;
ვიდრემდის შენზე
დაგნათის ვით მზე,
სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!
ჭმუნვის ღრუბელი,
გულ დამაბნელი,
ვიდრე მხიარულს არ შემხებია!
ვიდრე ამ სოფლის
დაუდგრომელის,
ვარდი ეკლადა არ გარდაგცვლია!
თ. გრიგ. ორბელიანი.

7 სოფელი

▲back to top


სოფელი

ოჰ მუხთალო სოფელო. მეტად ცრუ და ოხერო
ყოვლი შენი მიმდობი ჩემებრივა ოხვრენო!
ხარ მეტად გემრიელი;
ვისაც კეთილად წყალობ-
არ დარჩება მშიერი.
ოჰ მუხთალო სოფელო...
ბოროტობით სავსე ხარ,
თვალათ კეთილსა გევხარ,
აგრე ტკბილო საჭმელო
ნეტარ თუ რაში ძევხარ!
ოჰ მუხთალო სოფელო…
ჯერამ გვაჩვენებ ტკბილსა
რა არს შენზედ უტკბესი,
მაგრამ ბოლოს ამწარებ,
დღესაც შენგნითა ვკვნესი.
ოჰ მუხთალო სოფელო...
ხარ მეტად დაუნდობი,
საძაგელი მუხთალი;
ვინც რომ შენ მოგენდობა,
უდგება ორთავ თვალი.
ოჰ მუხთალო სოფელო...
შენი არს მოჩივარი,
კაცი ბეძენი, ჭკვიანი,
არავისაც არ სტოვებ,
არ აჩვენო ზიანი.
ოჰ მუხთალო სოფელო...
პირველ ისრე ააყვავებ
ვით ყვავილი ველისა;
მერმეთ ისრე დააჭკნობ,
ვით ნათიბი ცელისა.
ოჰ მუხთალო სოფელო...
მისცემ კაცს ძლიერებას,
ეძლოს ზიდვა ძელისა,
ბოლოს ისრე დაამხობ.
ვეღარც გაშლა ხელისა.
ოჰ მუხთალო სოფელო...
ანგარებით სავსეო,
კაცსაც აყვარებ ფულსა.
აქ ყველას შეაძულებ,
მერმედ უწყმედავ სულსა.
ოჰ მუხთალო სოფელო...
ვერ რას წაიღებს შენსგან,
თუ გინდ იყოს მდიდარი,
ბოლოს შიშვლად ისტუმრებ,
მისდევს მარტო სუდარი.
ოჰ მუხთალო სოფელო...
უსჯულობით სავსეო,
ყველანი გიჩივიან,
შენგანა დაკოდილი,
დღესაც წყლულნი სტკივიან.
ოჰ მუხთალო სოფელო...
ვინმე გყავს მადრიელი?
თუნდა ფულით ძრიელი?
ბოლოს ხომ უღალატებ,
ისევ წავა მშიერი
ოჰ მუხთალო სოფელო...
ნეტარ რას ხედვენ შენში,
ყველას ასრე უყვარხარ;
მაგრამ ვერავინ გიცნობს,
თუ რა რიგათა ყარხარ.
ოჰ მუხთალო სოფელო...
შენი მომდომი კაცი,
მე ვერა სადა ვნახე,
რომ ბოლოს იმისათვის
შენ არ დაგეგოს მახე.
ოჰ მუხთალო სოფელო...
ჭკვიანსაც ბევრს იზიდავს.
შენივე შვენებანი
და შენი სიყვარულიც
არ არს ღვთისა ნებანი.
ოჰ მუხთალო სოფელო...
მახარობელის სიტყვა
სამღრთო წიგნში სწერია.
ვისაც სოფელი უყვარს,
იგი ღვთისა მტერია.
ს.გ.დ.

8 ქართული სუფრა

▲back to top


ქართული სუფრა

სადღაა - აბა ქართული სუფრა,
ან ის კეკლუცი და ან ის ტურფა...
როს მხიარულად ტახტზედ გაშლიდა
და თავისუფლად გულს მოაცლიდა!
თავ-მოდგმულს ხონჩას, თეთრის შოთებით-
ლავაშ-ნაზუქით იქ მოიტანდა.
ჩაფსა სავსესა, წითელს საღვინეს-
ტუჩებ-ღიმილით შემოიტანდა!
სახლთ-უხუცესი შეუძახებდა,
აქ წინ დამიდგი სავსე საღვინე!
უნცროსსა შვილსა დაუძახებდა
წინ დამიჩოქე და მომალხინე!
ამ დროს სუფრის წინ დამწკრივდებოდა
პირ-მოხვეული, გინა ორ-ყური!
პირ განიერი, აქვე ყელ წვრილი
და მასპინძელი ევედრებოდა!
ღვთის-გულისათვის არ მოიწყინოთ,
რაც ღმერთმა მოგვცეს, ისე ვილხინოთ
ოღონდ დღეგრძელდეს ჩვენი პატრონი
დიდი ერეკლე ჩვენი ბატონი!
მომიტა შვილო ჩემი ბადია
ბევრჯემ მეფის წინ მე დაჩოქილსა,
ამ თეთრის წვერით დამიქადია -
რომ, მსხვერპლად უძღვნი პირმშოსა შვილსა!
ვით დაგივიწყოთ ის ჩვეულება
სად ჩვენი გული და ჩვენი გრძნობა -
სიყვარულითა აღივსებოდა
და სამღრთოს ძალით იდიდებოდა!
ის ჩვეულება და ისივ გული,
კვალად მოალხენს ქართველთა ერსა!
ის მგრძნობელობა და ისივ სული
არ დაავიწყებს მჭვარტლიანს ჭერსა!
არად მიაჩნის მას ეს დიდება,
სად არ სუფევდეს თავისუფლება.
თუ გული კვნესის არ დამშვიდდება -
რა არის მისი თუნდ მეუფება!
მე მირჩევნია კვალად იგი ტყე,
სად მაგრილობდეს ფოთოლთ შრიალი!
ფანტურის ხმაზედ ცუნცრუკით ავყვე,
ხელში მეჭიროს სავსე ფიალი!!!
დიმ. ბერიევი.
აგვისტოსა 1860 წელსა.

9 პასუხი დიმიტრი ბაქრაძესთან შესახებ იმისგნით მოწერილის წიგნისა

▲back to top


პასუხი დიმიტრი ბაქრაძესთან შესახებ იმისგნით მოწერილის წიგნისა

კარგისათის კარგი უნდა ითქვას და ცუდისათვის ცუდი, სწორე სვინიდისი ამას გვეუბნება. იცით როგორ მესიამოვნება თქვენი გარკვევვა, ჩემს ქართულს უბნობაზე? მე თქვენს მემამულეს იცით რავდენი ათასის წლისას? ხედავთ დიმიტრი რას მოვესწარ? ჩვენს ქართულს ჟურნალს და ერთმანერთის წერილებზედ განხილვის დაწერას მხოლოდ იმ ერთმა ღმერთმა იცის ამ ჩემის გულის ანბავი, როგორ კმაყოფილებაში ვარ ეხლა მე. მომატებულს აღარას ვიტყვი, მხოლოდ ამის მეტს, რომ ნურაფერში ნუ დაზოგავ, ყოველს ჩემს წერილებზედ მეტყოდეთ გულახდით, თქვენსა აზრსა სრულსა, რომლითაც დიდი მადლობელი გახლდებით ჭეშმარიტად და დიდათაც დამავალებთ. ამით მეც მიზეზი მექნება, იქნება ჩემი აზრიც წარმოვსთქვა ანუ წარმოვსთქო ხოლმე. სხვებრ ვინატრებ მრავალს წლების სიცოცხლესა თქვენსა კარგო დიმიტრი და ამასთანავე მიგულვეთ მარადის თქვენად.

თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.

10 გულისადმი

▲back to top


გულისადმი

გულო მღელვარევ! მოუძლურდი მაგა ვნებითა,
მიწა ხარ ცივი, სული გატფობს მხურვალებითა!
შენ რასა სჭმუნავ საუკუნოს აქ ცხოვრებითა?
ამა სოფელსა ხარ ნათხოვრად დაარსებითა.
გონება, გრძნობა და სიტყვანი რად გეკარგება?
ხედავ ამ საგანთ აქვსთ შენზედა დამოკიდება,
როს სული გიდგან გვამსა შიგან გაქვს ეგ ღირსება,
სულს განეყრები და დალპები, რას გეშურება?
მოგივა დრონი შენცა იყო მხოლოდღა მტვერი,
ვინ წარმოგიდგენს შენ მნახველი, ბერი, თუ ერი,
რომლის ტახტისა იყავ მფლობელ ან ლმობიერი,
რასა ღელავდი, არა გსურდა ხომ ესე დღენი?
შენ სამწუხაროდ დაგიდგინეს კაცთ მფლობელობა,
ყოველს საგანში გაქვს ტანჯვისა მონაწილობა,
თუ არს მწუხარე აქვს რისამე მტკივნეულობა,
მით შენ შეჰკრთები, შენ გექნება მეტი წყლულობა!
გარნა თუ ძვალნი მიეცემა აქ განხრწნილებას,
ერღვევა ჯაჭვი ყოველსავე შენ კავშირებას,
სული გაფრენით განშორდება ჩვენს ანბოხებას,
არღა მიხედავს მისთვის მსხვერპლთა შეწირულებას.
ნუთუ ეგ ოხვრა არ იკმარო, მწარე ხენეში,
აქაც იქნები მაგრე გულო, იქ გარესკნელში,
სიმშვიდე გაქვნდეს და დაიცევ ქალაქი შენი,
რომ სული მაინც არ ჩავარდეს ბნელს სატანჯველოში!

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.

11 ორჯერ დაბრმავებულნი

▲back to top


ორჯერ დაბრმავებულნი

(ე-ე. მ-ს.)

ერთი ყარიბი ჩიოდა, თვისსა ბედს ემდურებოდა:
სიყრმითვე თვალთა კილონი ერთმანერთს შესწებებოდა,
რა განეკურნა მკურნალსა, მზეს სადმე დაჰმზირებოდა,-
რასა ჰგონებდა საბრალო- ხელ-ახლად დაბრმავდებოდა!...
- მსგავსად მისსა მეც ბრმა ვიყავ: დახშულ მქონდა გრძნობა, ჟინი,
სიყვარული გულს ვერ ჰსძრავდა, არსად იყო ჩემთვის ლხინი,
შენ მკურნალად გამომიჩნდი იმა სენსა მომარჩინე,
მაგრამ, რა გნახე შენ მზეო, კვლავ წამერთვა თვალთა ჩინი!...

თ. რაფიელ ერისთოვი.

12 * * *

▲back to top


* * *

ვიხილე არე ჰაეროვანი,
შიგან წალკოტი მწვანილოვანი,
რგული ხშირ ხშირად ხე ხილოვანი,
რტო გადმოფენით მაგრილოვანი.
მებაღე კარს ჯდა ფრიად მცხოვანი,
მკაცრად დაეხშო ბჭე ზღუდოვანი,
ღობე მოევლო ჯალჯეკლოვანი,
ვგრძნე მუნ ფრინველთ ხმა მაღლა ხმოვანი.
ამად შევსთხოვე შესვლა წალკოტად,
ხილნარის ხილვად სევდის მატებად,
ბჭენი გაახვნა გაღიმდა ცოტად.
შეველ ყვავილთ ფშვა ვგრძნე გასაოცრად.
ვსთხოვე მას ნება ხელის ხლებისა,
ვარდის კურკურის და არა სხვისა,
და თუ პატრონად მაზედ გამხდისა,
ყოველ მტანჯველ ფიქრს ის მით ამხდისა.
აღუთქვი ვიყო. მე მისი მარად,
მსურს ვსჭვრეტდე მისს შუქს მინდა სხვად არად,
ჩვენთან აყვავდეს ჩემს გასახარად,
ბულბულმა სტვენა მოფინოს ბარად.

თ. აბ. მაჩაბელი.
ჩყი-სა წელსა. ივლისის 10-სა. ქ. ქუთაისს.

13 მარიამს

▲back to top


მარიამს

შენ აღუნთე სიყვარული!
შენგან არის ცოცხალ მკვდარი!
რათ მოსტაცე სიხარული,
დამიტანჯე მეგობარი?
რად გამოჩნდი მისად მეხად,
ცრემლსა ადენ და ატირებ,
თუ რომ მხოლოდ დასაკვეხად,
ცივ სისხლოვნებით უყურებ?
დამიშამათე ღიმილით,
შემიძრწუნე მეგობარი,
არ ასვენებ აღარც ძილით,
სტანჯავს სასტიკი სიზმარი?
არ დაეძებ მის ცრემლთ ღვრასა,
თავი გაქვს სავსე ქარითა
და მისსა ტანჯვა, ოხვრასა
პასუხს აძლევ ხარხარითა!...
შენ აღუნთე ტრფობის ალი,
შენგან არის ცოცხალ მკვდარი!
ხუმრობითა, შესაბრალი
რათ მომიკალ მეგობარი?-

თ. აკ. წერეთელი.

14 ბატონის-შვილის თეკლასაგან მიწერილი წიგნი

▲back to top


ბატონის-შვილის თეკლასაგან მიწერილი წიგნი, გარსევან ჭავჭავაძის მეუღლესთან კნ. მაიასთან, რომლისაგანაც მიუღია სამძიმრის წიგნი და, რომელსაცა ჰსწერს პასუხს

ბრწყინვალეო კნეინავ დაო და სარწმუნო მეგობარო ჩემო,

და ხელმწიფეცა ჩემო!

ცვალებამან მრავალ საგლოველისა ამის სოფლისამან, განკვეთა გული ჩემი საშვებელისა ხედვისაგან, დამაკლო სატრფიალოსა სიცოცლესა, აღავსო საცრემლე თვალთა ჩემთა, დასტვა სიცოცხლე ჩემი პირსა სიკვდილისასა, ვნატრი დამიწებულთა ძმათა და დათა ჩემთა, მაქვს სირცხვილად საიგაო სულის დგმა ჩემი, რომლითა გეკრძალავი რათა ამიერითგან არღა მიცოდე ცოცხლად სატრფვო დაო ჩემო!

წიგნი ბრწყინვალებისა თქვენისა, შესაფერი ყოვლისა სოფლისაგან სატკივრად საგლოველისა ამის დღისა, სახელ დიდებულისა ხელმწიფისა და სახსოვარისა მამისაგან გულ დაწყლულებულმან ქალმან, გულად ვიღე რა, მიმეღო ცნობა, განმიახლდა სახმილი. რა ვსთქვა სიცოცხლე მიღებულმან; ზეცას ანგელოზთან სამწიგნობროდ დიდებულსა მას, და ქვეყანასა ზედა კეისართაგან საგლოველად პატივ საცმელსა; ხელმწიფის მამის დატირებას თვით მპყრობელთ ხელმწიფეთ დავანებებ; მათავ! მე შემიბრალე სიკვდილის უმწარესის სიცოცოხლისათვის, მე მიწუხე მტირალი დავითიანთ სახლის დიდების მამისათვის, ბედნიერობის ტახტზედ ამაღლებულის ხელმწიფე დედის სატკივრად დაქვრიებისათვის, გულ დაწყლულებულთ მტირალთ მისთა შვილთა ობლად დატევებისათვის, მეფის ირაკლის დაცლილის სამეფოს ტახტისათვის. იწუხე საქართველო სახელოვანის ხელმწიფისა და საზოგადოს მამისაგან დაობლებისათვის, მრავალჯერ სახელოვნად გამარჯვებულის დროშისათვის. იწუხე დაო! სახელი მემკვიდრისა შენისა, პატივცემული მშობელთა და სასძლოსა შენისა, რომელშიაც მეფის ირაკლის ბედნიერი ტახტზედ ჯდომა იხილვებოდა, და მრავალს საგალობელის საუკუნოს მათის მედღესასწაულე მეფის ირაკლის ხმა აღარ ისმის; მე შემიბრალე მეფის ირაკლის სანატრელის სულის ხორცთაგან გაყრის დასწრებისათვის; ხელმწიფის მამის საკვდავად დაზარებულის კვნესისაგან გამწარებულის ცეცხლისათვის; ქვეყნის მპყრობელისა და უძლეველის ხელის კაცთ მოყვარეს გულზედ დაკრეფისათვის; კეისრისაგან ხელმწიფედ დაგვირგვინებულის უმაღლესის თავის მიწად მიღებისათვის!

ვითარ ყოველთაგან უმეტეს ბედნიერებით აღვსილ ვიყავ; ვითარ ყოველთგან უმეტეს სიხარულით აღვსილის სიცოცხლის მქონებელ ვიყავ და ვითარ უმეტეს ყოველთაგან გაამაყებულის გულის მქონებელ ვიყავ, ეგრეთცა უმეტეს ყოველთაგან უბედო ვიქმენ და ყოველთაგან უმეტეს მწუხარებით აღვსილის სიცოცხლის მქონებელ ვიქმენ და ყოველთაგან უმეტეს გულ დამდაბლებულ ვიქმენ მოწევნისა მის დღისათვის; მე გტკიოდე, მე გეწყალვოდე, მე მიწუხე, მე შემიბრალე, სიცოცხლე მწარე სიკვდილად მოხალისე: დაო! ჩემთვის იწადე და სთხოვე რათა დაუთმენელისა ამის ცეცხლისაგან გამომიხსნას სიკდილისაგან.

მარადის ცრემლ მომდინარე, მრავლის მწუხარებით გულ სისხლ მჩქეფარე, მეფის ასული თეკლა.

წელთა. ჩღჟჱ. მაისის იე. თელავით.

15 რამდენიმე აზრი ახლანდელს მდგომარეობაზე

▲back to top


რამდენიმე აზრი ახლანდელს მდგომარეობაზე

გამოთქმა ესე იქნება იყოს ჩემგან კადნიერება, მაგრამ ამგვარი კრძალულებაცა, საფარველია უდებებისა. გული სიმართლისათვის არას ბოროტსა ამხილებს სინიდისს და უმჯობესი არის, რომ განვიშორო დამაბნელებელი ნისლი, რომელსაცა გარე მოუცავარ და მით ჩავარდნილვარ სევდის ჯურღმულში.- სადაც იპოვება ნაპერწკალი ჭეშმარიტებისა, განაბრწყინვოს სხივი, რომელმანაც იქნება განგვაღვიძოს.-

რასაკვირველია, ძველს დროში წინა-პარნი ჩვენნი, არ მოიგონებდნენ შემდგომთა მდგომარეობათა თვისის ჩამომავლობისათა, რომელ სავსება ბუნებისა და სიმრავლე წეს-დებულებისა გარდაიქცეოდა ხრწნილებად და ცრემლნი სარწმუნოსა ქრისტეს მოყვარეთანი მიიქცეოდნენ უქმად.- ახალი ესე ყოფაქცევა, რომელიც ზოგი-ერთთ ეგე-ოდენს იდუმალობითს მწუხარების ბორბალს დაგვიტრიალებს თავსზედ და არ უწყით რაღა ვჰყოთ, ცოცხლივ სიკვდილისა გემოსა მხილველთა.- მათ წინაპართათვის წარმოსადგენელად რა სასმილი აღგზნებული იქნებოდა სასჯელად,- ეს ნეტარება იყო, რომ ღმერთს როგორც კაცება სრული მოუნიჭებია, ეგრეთვე ერთი წესი და მდგომარეობა თანავე დაედევნებინა; როგორათაც ერთი მნათობთაგანი ვარსკვლავი თავისუფლებით მირბის უზრუნველად და არა აბრკოლებსრა, რადგან ისე დაწესებულა; გარნა ჩვენკი ამისთანას მძიმეს კავშირით შევჰკრულვართ. ეს ტანჯვა და უხილავი ძალა რავდენ რიგათ გულში განგველტვის.- ნეტა არის საკმარისი ეს ცხოვრება, რომელიც უნამეტნავესი ნაწილი სიმწარით გვეჩვენება; არა გვმართებს გონების შემოკრება? რომ შეიმუსროს უწესობანი და ვნებანი, მოგვეცეს რაიმე სულის სიმშვიდე, რომ არ ვსწყევდეთ ყოველს ჟამს ჩვენს ეტლს.-

ნათლად ვხედავთ, წარსული, განმქრალა, ფერფლიც აღარ იპოვება ძველის ყოფა-ქცევისა, მათ წინა-პართა თანავე დაგვიკარგავს, ცარიელი სურვილიღა მოგონებისა ჩვენ სამწუხაროდ.-

ამასკი ყოველი პირი იტყვის: როგორ მტრის ტანჯულობისა და დახშულობისაგან გამოვსულვართ, ნუ თუ ჩვენ ამ დროებისაგან უნდა დავმდაბლებულვიყავით, სადაც იმ ყოვლის მხრით შევიწროვებულს მდგომარეობაში.- ვისაც სისხლის წვეთნი ჩვენა ვართ, ისე აღუმაღლებიათ განთლებით თავი, რომ თვისი ენა ტკბილ გემოვნებით, ბუნებით შხამიც წარუხოცნიათ სხვათა შორის. რასაც განათლების ნაწილად ეხლა ხდიან, მგონია მზგავსება არა ჰქონდეს, ერთი სულელისა და უგვაროსთვის მხვედრს, რომ ოქრო მიუცია რომელმაც არცკი იცის მომხმარება რა არის და იმ სიმდიდრესთან ეს გამოხატულებაცა აქვს ყოველს გვარიანსა და საჩინოზედ შური იძიოს, და დაამდაბლოს. - მეორედ ენის გამახვილება, რომელიც საზოგადოებაში, სამხალათ მუშაობს და ბუნების ზნეობისათვის გადაუჭარბებია და რავდენის ბოროტობით აყივნებს უმანკო სულთ.

ამ გვარს ლაპარაკზედ ვინ უნდა დაემოწმოს, ცოცხალი ვინ უნდა დამარხოს, მარამ ბეჭედს ისე ასმენ როგორც თვალით ნახულს რასმე, ვინა ცდილობს მაშინ იქ სამართალს? ისე მიზდევენ იმ სიტყვას, როგორც მზისაგან გაბრწყინვებულს ნათელს დღეს. - ყოველნი პირში შეჰყურებენ და რაცხვენ ახალ ანბით ერთმანერთის მოთხრობით. - ამასკი აღარ ფიქრობენ, დღეს თუ ერთს მოჰკლავს, ხვალ მეორეს. ნათქვამია: ბრმა ბრმასა რა წინაუძღოდეს ორნივ მთხრობელსა შთაცვივიანო.

განა ამისთვის გვმართებს ოხვრა ძველის ყოფა-ქცევისა, ჩემს უფროსთან, რომ მე შევეჭამე ბუზებს და ხელი არ გამექნივა: იმ მოთმინებისთვის, იმ პატივის ცემისათვის, რომელიც დაემკვიდრებიანათ, იმ გულის შეურყეველობისათვის, რომელიც სიმდიდრით ვერ მიიზიდვიდნენ, ღვთისა და კაცის სიყვარულისაგან; იმ წრფელის სიტყვის და წესის დაკრძალულებისათვის, რომ ჭეშმარიტის დამნაშავესათვისაც ისე დაუფარებიათ კალთა და არ შეუბღალავთ განქიქებით.-

რადგან კაცი პირველიდგანვე ამაოებას დამორჩილებია, ამისთვის ერთის ძალითაცა ვჰკვნესით და არავინ არის უცოდველ. - თუ მაშინ დარჩენილიყო უბარლო, ჩვენც მზგავსადვე ვიქნებოდით. ამის განმკითხველია თვით მხოლო, რომელსაც მიტევებაც სამოც და შვიდ გზის უბძანებია. ეს საგანი და ის საგანი ერთმანერთს არავის შეამზგავსოს, თუ კაცს თვისი ცხოვრება ზეცის მნიშვნელობაში გარდაუტანია, ეს სოფელი სრულებით ეჩვენება ნივთიერად და ამაოდ.

ჩვენ ეს უნდა ვსთქვათ რაიც ჩვენს მოქალაქეობას მიეწერება და ახლანდელს ცბიერს სასოებას და ცბიერს სიყვარულს გარდასცვლის ანუ მომწყვლელს ენას შეაბორკილებს. - დრო არის შევიკრიბოთ ძველის ყოფა ქცევის განმანათლებელი და შესანიშნავი, აგრეთვე ახლის ყოფა-ქცევით, რომ იმ შეკრებით გამოხდეს ალაბასტრი ჩვენ სამკურნალოდ და დაგვინერგოს ნაყოფი სიტკბოებისა.-

მივხედოთ, როგორ სიზმარივით განმქრალა, აჩრდილიც აღარ იპოვება კვალთა, რითაც ჩვენ ვიყავით აღმაღლებულნი და რაი დიდს გვარსა და კეთილშობილებას ეკუთვნოდა და ამ სახელს აქვნდა შთამომავლობით შეძინებული.- დაირღვა, დავმდაბლდით ნუ თუ ამაზედ არავისა აქვს გულის ტკივილი? ვინ შეგვიმზადა ეს თილისმა, ცისკრის სხივს რას დავინახავთ მძინარენი. დავრწმუნდეთ, რომ ბედს მოსწყენია ჩვენთან ცხოვრება და უსაჩუქროებივართ ტანჯვისათვის.-

გუშინდელი ანბავი და საცოდავობა ვის არ ეხსოვება, ორთ შეთვისთ მოხუცებულობის ჟამს ცუდმა ენამ რომ განუქროთ სანთელი; მე თითონ ჩემის თვალით ვნახე.- მაისის 27-სა მშვენიერი საღამო იყო, თვითქმის ყოველს სულს გაიწვევდა სასეირნოთ, და მეც გამოველ ნადიკურზედ,[] შორითვე მოჩანდა რომ კიდევ რამდენიმე ბანოვანნი აშვენებდნენ მდელოს.- მიახლოვებულს ისინიც მომეგებნენ წინ და ღიმილით მოვიკითხეთ მცნობთ ერთმანერთი; ამათში ერთს ყმაწვილს-ქალს თვალი შევასწარ, ჯერ ნაცნობს სახეთ აღმიჩნდა, შემდეგომ შეცთომას მივაწერე. ხმა არ გავე. ერთს ჩემს მეგობარს იმისი ვინაობა ვჰკითხე:-

- რას ბრძანებ! მართლა ვეღარ იცანო? ეგ ჩემი ბიძაშვილი არისო.

- ოჰ! ეს იმ მშვენიერების მაგალითი როგორ იქნება, რამ წაიღო მაგის ფეროვნება? სასტიკი სნეულება შეხებია მაგის უმანკოებას! ჩუმის ხმით მიპასუხა.-

- გეტყვი, იქით გავიაროთო, მაგასკი ნუ გააგონებ თუ ვერ იცან, ეწყინება საცოდავსაო.

ორნივ განსაკუთრებით შორს გავდექით და დავდიოდით, ჩემი გული ღელავდა მანამ მოჰყვებოდა ლაპარაკს. ბულბულის ხმა ბუთქებიდან კვნესასავით მოისმოდა და გულში რაღაც მტკივნეულებას მაგრძნობინებდა; გაკაშკაშებული მთვარე საამოდ თავს დაგვტრიალებდა.-

- ვიცი საყვარელო მეგობარო! ჩემი დამოწაფებული გული დაიცვამს ამ საიდუმლოს. ეს ქალი ერთი წელიწადია დანიშნულია, კარგსა და ჩინებულს ყმაწვილს კაცზედ, ახლა როგორც ამ დროებას შეეფერბა გახშირებული მისვლა-მოსვლა საქრმოსი, სჩნდა რომ დიდი სიყვარული ანთებულ იყო ორთავეს გულში, მაგრამ მაგათს ოჯახის მტერთ ასეთი ძაგება განუფენიათ ქვეყანაში ყოვლის შინაგანის თვისებისა და რომ ცუდს ლაპარაკს ასე დაუშრეტნია იმ ყმაწვილის აპრიალებული სიყვარული, რომ აღარც თითონ გაუვლია, სამსახურს იმიზეზებს და წიგნიც მოსწყვიტა, ამით ესენი დიდ ეჭვებში ჩაცვივდნენ, და ეგ უმანკო ქალი ფიქრით მაგრე ჩამოჭკნა.-

- მე დაგარწმუნებ ღვთის სახელით, რომ სახის მშენიერებას სრულებით დაგავიწყებს მაგის ხასიათი, ზეციური სიმშვიდე თითქოს მარგალიტი შეერჩიოს, ისეთის სიფრთხილით შეურჩევია ყოფა-ქცევა. საზოგადოებაში ისე რიგათ არის გამოსული, თითქო ეს სოფელი არა რად მიაჩნიაო, ამაყობაშიაც ართმევენ იმ ნაზობას, შურით თვალებსა ხუჭვენ მზგავსი, მაგრამ ვინ იცის რას არ ანბობენ, ისინიცკი ვისაც თვალი არცკი მოუკრავთ მაგ ქალისათვის და რომ ჰკითხო ფიცით ღმერთს ჰგმობენ.-

- იმ ყმაწვილს რაღათ დაუჯერებია ისე გაუსინჯავათ? ხომ ჰხედავს რაც არის, ეგ საწყალი ქალი ფიქრს რომ მაგრე მოუკლავს, სახე სახეს ვეღარ მოუმზგავსე რა უბედურებაა!-

- რაკი ერთი და ორი პირი იტყვის რასმე თვალით ნახულს ისე ვიღა ერწმუნება როგორც ჭორით გაგონილს, მეტადრე ცუდს ანბავს, იმისთანას საუკუნეში ვართ. -მე მეფიცებოდა გუშინ, რომ ვანუგეშებდი, ჩემი გული სიკვდილის გარდა არავის ეკუთვნისო და ღვთისთვის შემიწირავს გუნდრუკის წილ ჩემი სულიო. მგონია დასჯისკი ჭეშმარიტი ღმერთი ჩემს უბრალოდ მკვლელთაო.

- მგზნებარე ცეცხლი მეკიდება. ღმერთო! ეს რა ცვლილებაა, ჩვენ ახლა უთუოთ თუჯის ადამიანები უნდა შევიქნეთ, თორემ ვინ გასძლებს, თუ ძველის ყოფა-ქცევით იქმნება, ხალხისაგან მოძაგებულია და უზრდელათა სჩანთ, თუ ამ დროების ყოფაქცევით, და ვინ იცის რას იტყვიან, თუ თვალში ჩინიცა გაქვს, როგორც მაგ ქალს! რამდენის კიცხვით გაათავებენ, ნეტა რომელს უნდა დავემყარნეთ.

- ამისთვისაც თანა წარვხდით, მე არ ამიგდეს მასხრათ და კამედიათ გამხადეს. -დეკემბრის 6 სა ერთის თავადის დაბადების დღეს მიმიწვიეს, დღესაც რომ სტოლი დასდგეს სულ სახსნილო საჭმელები მოჰქონდათ, და ყოველი ხელი მიჰყვეს. მე ჩემს დღეში არ შევხებივარ და მაშინ მითომ რაღათა ვსჭამდი; უყურე, ბევრმა გაიცინა ჩემზედ და ანიშნებდნენ ერთმანერთს. წარმოსთქვა ერთმა: ნეტა ეს მარხვა ვიღა სულელს კაცს შემოუღიაო რომ ასე სწამთო? მეორე: დიახ, ესკი დიდი რამ არის მარხვის საჭმელმა მომკლას და სხვაკი არა მესმოდესრა. - დამიწვიეს: აიღე მიირთვი, თორემ გაუნათლებლობაში ჩამოგართმევენო. - მე ძალიან მეწყინა და უპასუხე, ნეტა რას ბძანებთ! ებრაელნიკი არ იმარხვიდნენ რაღაცა სარგებლობა ნახესო. - დიახ ეგ წეშმარიტი, ისინი იმარხვიდნენ სჯულის დებიდგან შვიდეულს და ოც და მეერთემან აბრამმა სამკეც გარდასცვალა, და უფალმან ჩვენმან ორმეოცად, მგონია სულელს კაცს არ შემოეღოს. - რადგან მაგრე გრწამთ, რატომ მონასტერს არ შეუდგებითო.

გარწმუნეთ, იქ უფრო საუკუნო განსასვენებელს და ნეტარებას დავიმკვიდრებთ, მარამ ეგეც თვაისუფლებაზედ არის დამოკიდებული. - ოჰ! რაო? თავისუფალი არა ხართ, ერთის სიტყვით ყოველი პირი თავისუფალია მე გარწმუნებთ, ღმერთმა როდესაც კაცი დაბადა სრული უფლებაც მისცა. რას დროს, რაკი უბძანა ამ ძელს არ შეეხო სხვის ყოვლის ხისა შეგიძლიან იგემოვო ის თავისუფლების აღკრძალვის ნიშანი არ გახლდათ და თუ ეს არ ყოფილიყო ბოროტი ძალი თვისი წილ მდგმომს რაღაზედ შეაცდენდა? - ეგ კარგი, მარამ, თუ თავისუფლება არა ჰქონიყო ხომ იმ ძელს ვერც შეეხებოდა, და ჩვენც შეგვიძლიან ბოროტი, თუ კეთილი აღსრულებაში მოვიყვანოვო. -

- იმ აღსრულებამ, თუ თავისუფალი ხარ აღარც უნდა დაგსაჯოს, კაცსა აქვს სინიდისი, სიყვარული და სჯული, უღელი შებორკილებისა, და ეს თქვენ წარმოიდგინეთ რა სწარმოებს მათ მიერ, კაცი მართალია მღვთისაგან არის თავისუფალი, ამ სოფლად არ განიკითხავს დამნაშავეს.

- მაგას უსწავლელი ხალხი ანბობს მეკი არა მწამსო. -

ამ საგანზედ ბევრი ლაპარაკი შესდგა, მაგრამ სახლის პატრონმა გაგვაწყვეტინა, და ერთს ქალს ჰკითხა: თქვენ როგორ გადარჩით? 1854-ს ივლისის 4-სა, შამილმა რომ ჯარი წარმოგზავნა და მოეფინა კახეთის სოფლებს? -ვინ მოიგონებს მაშინდელს ანბებს. ამ სოფლის ღელვას არა აქვს საზღვარი.-

- გამიგონია თქვენი სულგრძელობით დიდი მოთმენა, უთოთ უნდა გვიანბოთ.

- დიახ, მე მაშინ ჩემს სახლში ვიყავიო, კარებიდან დავინახე, რომ რამდენიმე სოფლის კაცნი და დედაკაცნი მირბოდნენ ყვირილით, აქ იქა ჯარი შემოვიდაო, დილის ცხრა საათი იყო, ჩემი მოსამსახურენი აქეთ იქით საქმეზედ მყვანდა გაგაზავნილი. წამოვხტი საცქაროდ, გამოველ გარეთ, აღარსად კერძობა, აღარსად ცხენი და ჩასაჯდომი რამ, შევბრუნდი შინვე, შევიხედე, ყოველი ჩემი საცხოვრებელი გაშლილი ჰერია, ვიფიქრე ნივთი რამ გამეტაცნა და ავიღე ხელში, მაგრამ, რომ მივიხედე და დავინახე ჩემი სასოება მშვენიერი ხატები იქ მრჩებოდნენ, მოვიქნიე რაც მეჭირა და გადავყარე, გავხსენ შალი და ჩავაწყე ოთხი მძიმეთ შეჭედილი ხატები, წამოვიკიდე და მეც გამოუდექ მდაბალს სახსს ქვეით, ისინი მირბოდნენ მთისკენ და მე უკან მივსდევდი. რა რომე დავიღალე, ვიფიქრე იქ დამეწყო სადმე, მაგრამ შიშის ზარი განმკლტოდა გულში, და არ მივხედე იმ დაღალულობას. სამი დღე იმ ყოფით ვირბინეთ აქა-იქ, შიმშილით შესუსტებულს ვინ იცის ვინ მომაწოდა მადლისათვის ერთი ლუკმა პური და როდესაც მიმეძინებოდა სადმე რამდენი მავნე წარმომიდგებოდა თვალებში. როდესაც მოვბრუნდით შინ და ვნახე ჩემი სახლი დამწვარი, და საცხოვრებელი შამილის ჯარისაგან გაზიდული, წარმოიდგინეთ რა რიგატ შევსწუხდებოდი და როგორს შევიწროებულს მდგომარეობას მივეცემოდი, მაშინვე ჩემს მონათესავეთ ვსთხოვე შემწეობა, რომ სული მომებრუნებინა, მაგრამ ერთმა ზედ არავინ შემომხედა და ვისაც გაეგონა ეს ანბავი ჯავრობდნენ თურმე ჩემზედ რა უგუნურებაა, რათ უნდოდა იმ სულელს ის ხატებიო, ნივთი რამ გაეტანა ის არ ერჩივნაო. რაც უნდა სთქონ, მე მფარველად რისაც სახე წარვიმძღვარე იმათვე შემომზღეს და შემიძლიან ისევ ვიცხოვრო.-

- მოთმინებისაგან იყო ყოველი გამოცხადება ქვეყანაზედ ჩემო საყვარელოვო! უპასუხა სახლის პატრონმა, ნუ მოგხედვენ, შენ ძალი ღვთისა გიყვარდეს, გეყოფა მგონია, იმათ იცინონ შენზედ.

- აი ამ საუკუნის ხალხი, სიყვარული და ქრისტიანობა, მიკვირს ღმერთმანიცი ქრისტიანობის ბეჭედით რიღასთვისა ვართ შებეჭდილნიო.

- მე უთხარ: მართალსა ჰბრძანებთ ჭეშმარიტათ, ეხლა ღვთის სიყვარული დაიჩემეთ. იცოდეთ ხალხი ტუჩს აიბზუკებთ, როგორც მე წეღან მარხვის უჭმელობაზედა მეთქი.-

- უცხოთ გავერთვი ამ ლაპარაკს, მაგრამ აგერ ქალები გვეძახიან, მგონია დრო არისკი შინ წასვლისა, შეგაწუხე ამთენის გამოკითხვით, მშვიდობითო! და გამოვეთხოვეთ ერთმანერთს. გავსწიეთ თავ-თავის სახლებისაკენ.

ეს ჩვენი ლაპარაკი და საიდუმლო, ერთის თვის შემდგომ ასე გამოცხადდა, რომ იმ ქალის საქრმომ დაიწერა ჯვარი ერთის დაბღაჯულის დაბალის კაცის ქალზედ, მაგრამ დიდის მზითვით, და ის მაძაგებელნი ქალისა უგზავნიდნენ მოციქულებს იმ ქალის მაამს და თავიანთთვის თხოულობდნენ მეუღლედ.- არ გასულა შემდგომ ოთხი თთვე, რომ ერთმა თალხათ მოსილმა მსახურმა შემოიტანა სია მიპატიჟებისა, გარდაცვალებისათვის იმ მშვენიერის უმანკოს ქალისა. ოჰ! ვინ მოსპო, ვინ არის პასუხის მგებელი? განიხაროს მხოლოდ იქ, სადაც არის საუკუნო განსასვენებელი და ვიცით წარსდგება სამსჯავროში პირნათლად, როდესაც მოვა ის მეშვიდე დღესასწაული, დღე მოლოდინებისა, რომელსაცა სასოებით მოველით მორწმუნენი.- იტანჯოს, იტანჯოს, მცირეს ხანს გაგლეჯილი გული მოხუცებულის დედ მამისა: ჩქარა მოეწევიან კვალსა თავიანთ სასურველისას.-

ჩვენ დავინახოთ ეს და შევაბორკილოთ მწარე მომწყვლელი ენა, არ შევიბრალებთ მოყვასნი ურთიერთს? აბა რა ვართ და რას უმზერთ ცასა ხილულს, ანუ სოფლის მშვენიერებას, გონების მატყვევებელის; ეს არის უპირატესი ქვეყანაზედ ჩემს გამოხატულებაში მდუმარება და მყუდროება, რომელიც ამ სოფლის მიუხდომელია და უცნობელი, ის არ იქნება უთოოთ ბედის მგლოვიარე და მისთვის აქ დაშენებულია სასუფეველი.

მივხედოთ იმ სამართლის მამასაც, როგორის გულის შემატკივრობით გვამხილებს ჩვენს უწესობაში, თვით რომ უწოდებია სახელი მოლაყბეობისა, რომელსაც აღუწერია ქალების შესახები ხაბარდა. ჩვენ ამაზედ ერთ პირად არა გვმართებს მადლობა? - თუმცა ჩემის აზრით მოდა განსაკუთრებით არ მიეწერებათ ქალებს, რომელთაც თვისი უბრძნულის სიტყვიერებით გამოუყვანიათ დაუღამებელ მთიებად საქართველო; თუ ასე იქნება, ვითა პლანეტნი გვშორვენ, ეგრეთ ჩვენ დავშთებით.

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა.

1860 წ. სეკტემბრის 27-სა.

ს. გრემს.

_________________

1 ნადიკური სახელი არის თელავის განაპირებულის მაღლობის ადგილისა.

16 აბასთუმანი

▲back to top


აბასთუმანი

ვიდრე დავიწყობ ამ ალაგის აღწერასა, მე თქვენ უნდა აღგიხსნათ, რომ ამ წყლებისათვინ, ხეობისათვინ და დუქან-ბაზრებისათვინ რუსებს შეცდომით მიუციათ სახელი აბა-სტუმნისა, რადგან ამ სახელს ხმარობს ერთი, რომელიც არის ექვს ვერსზედ ქვემოთ ამ ტფილის წყლებისა, და ალაგს რომელსაც ჩვენ აღვსწერთ ძველათვე ერქვა სახელი ოცხისი. მიზეზი ამ განმარტებისა ის არის, რომ რადგანც მე მომინდება რამდენჯერმე განმეორება ოცხის სახელის, - მკითხველთ არ ეჩვენოსთ უცხოდ.

ეხლა მე შემიძლიან თავისუფლად შევუდგე აღწერას: ტფილი წყლები და დუქან-ბაზარი აბასტუმანი იმყოფებიან ოცხის ხეობასიდ, რომელიცა იწყობა აჭარო ახალციხის მთებიდგან, აქვს მომართება ჩრდილოეთიდგან სამხრეთისაკენ, განგრძელდება 20-ს მეტს ვერსზედ და შეერთდება ქობულეთის ხეობას. ხეობა ოცხისა არ არის ძალიან ვიწრო და მთები, რომელიც იმათ შეადგენენ, წარმოადგენენ ნაწილად უწესობაშიდ ტიტველ-კლდეებს, და ნაწილად დაბურვილს დიდს ფიჭვის და ნაძვის ტყეს, რომელზედაც ათასნი მცენარენი აირბენენ და გადასვლაჯენ მათ ერთი ერთმანერთზედ, მაგრამ ეს ტყე მეტად სუსტდება მრავლის შენობის ტყის გამოტანით; ხეობაში არ არის ამისთანა გაშლილი ალაგები, სადაც შეეძლოს სოფელს მოთავსება და ამიტომ აქ არავინ სცხოვრებს. ჰაერი აქ არის ძრიელ კარგი, წმინდა და სუბუქი. ზაფხულშიდ სიცხეები არ იცის, შემოდგომა დიდად წვიმიანია და მაშინ კიდეც აცივდება; ზამთარი მოქუხებულია, თოვლს ჩამოყრის ნოემბერშიდ და დასდებს დიდს ხანს; წყაროები მრავალნი არიან და განსხვავდებიან თავიანთ სიგრილით და ძალიან მარგებელნიც არიან. მდინარე ოცხე არ არის დიდი, ცივია, მრავალი იცის კალმახი და აქვს დაკლაკნული და ჩქარი მდინარეობა. ოცხის ხეობაზედ ეხლა აკეთებენ გზას ეკიპაჟისას, რომელიც რა გადავა აჭარო ახალ-ციხის მთასა, წავა პირდაპირ ქუთაისს, ამით ასცდება სხვის ღუბერნიას, ესე იგი ტფილისსა და 100-ს მეტს ვერს, რადგან ახალ-ციხიდგან ქუთაისამდე არ იქნება ასი ვერსი. იქნება სასარგებლო საჭრობისათვინ, ამ გზით წავა ტრანზიტი სპარსეთშიდ; გარდა მაგისა ახალციხის უეზდის მცხოვრებელთ ექნებათ მეტი მისვლა-მოსვლა იმერლებთან და ერთი ერთმანერთში ცვლა თავიანთი მხრის მოსავალისა.

სახლები დგანან ორივეს მდინარისა: ოც და ოთხზედ მეტი არ არის, სულ არიან ხისანი და დაუტეველნი, უდიდეს მათშიდ შეიცავს ხუთს ოთახს, გარეშემო ყოველს სახლს არტყია ბალკონი, სამყოფად განიერი, მასთან კარგი დიდი ეზოები. ისინი არიან აღშენებული ნემეცების კალონისტებისაგან, რომელნიცა აქ სცხოვრებდენ ამ ათს წელიწადს წინეთ და, რომელთაც მისცეს სახელი ამ კალონის ფრედენტალის, მაგრამ უსარგებლო მოსავალის და ავის გამო ძალ დატანებულნი იქნენ ამ ალაგის დატოებისა. მცირე რიცხვი სახლებისა და სხვა. შევიწროვება აუცხოვებს მოსვლით აბასტუმანში, მაგრამ ეხლა ყველა დაუჭერელი ალაგები დაურიგეს და მერმისის წელიწადებისათვინ, ოცი მეტი კარგი სახლი თავისის მოხერხებულობით იქნებიან. მეტი ნაწილი მათგანი კიდეც დაწყობილნი არიან და შენობა მიდის ჩქარა. აქ არ არის ბევრი დუქნები და ხორაგს მომსვლელნი ყიდულობენ მახლობელთ სოფელთ მცხოვრებლებისაგან, რომელთაც ყოველი ჩამოაქვთ ბლომათ და ყიდიან არა ძვირად. მახლობელთ მარალ მთებზედ სჩანან დადგმულნი ჯვრები ავად მყოფებისაგან, რომელნიც აქ მორჩენილან; მათ აღუთქვამთ ესე დუქან-ბაზარს შუა აღმაღლდება კლდე, რომელიც იბანება მდინარით. მასზედ სდგას ბესედკა საიდამაც მშვენივრად ჩანს ტფილი წყლები სხვა და სხვა მთები და ოცხის თლილის ციხე, რომელიც ყოფილა აღშენებული არა სახსოვარის დროიდამ ოზრახორისგან: სდგას შეუშლელად, შიგნით და გარეთ დაბურვილია ტყით, მცენარეთ ქვებს შუა გამოუყვიათ თავი და მფლობელობს მახლობელს ალაგებს, მის ძირშიდ დღევანდლამდე სჩანან მრავალნი ნამგრევებნი ქალაქისა, ეგრეთვე აღშენებულისა ოზრახორისაგან. ეს ციხე და ქალაქი ამტკიცებენ ყოველს დიდებას, სიძლიერეს და სიჭკვიანეს მათ აღმშენებელისას! არა მგონია? რომ გავიდეს იმდენი დროები, რომ დაავიწყდეს ჩვენს შთამომავლობას ეს სიძლიერე ჩვენის მამაპაპისა. გაკურთხოთ ღმერთმან ჩვენო მამანო, რომ ამდენს ცდილხართ მამულისათვინ, გიღვრიათ სისიხლი და არ დაგინებებიათ არც ერთი კუთხე მტრისათვინ. ვეცდებით ჩვენცა გავხდეთ ღირსნი შთამომავლობისა და წავიდეთ იმ კვალზედ ღვთის შეწევნით. დაუბრუნდეთ ისევ ბესეტკასა. აქ ყოველს დღეს უკრამს მუზიკა და მხოლოდ მაშინ ყოველნი ავათმყოფნი და აქ მოსულნი საგულაოდ გამოდიან ხეობაშიდ ზემოთ და ქვემოთ, რადგანაც აქ არ არის არც გალერეა და არც ბულვარი, რომ იყნოსონ აქაური მშვენიერი ჰაერი და სჭვრიტონ ღვთისაგან დალოცვილს ბუნებასა, ამიტომ, რომ აქ სწამლობენ ძალიან უხუმრად და ეს წამლობა ართმევს მათ თვითქმის მთელს დღეს, ისენი სმენ წყალს, ბანაობენ დღეში ორჯელ, ინახამენ დიდე დიეტას და იცმენ ტფილად.

ახლა გავედეთ ვანებთან. ისენი არიან კარგათ გაკეთებულნი, შენობა მათი არის ხისა, ვანები გათლილს კლდისა, რომელსაც აქვე ამტვრევენ. ტფილნი წყლები სამს ალაგს სცემენ: პირველს ქვან ბოღატირსკი 42-ი გრადუსიანი, მეორეს მზეინი 36-ი გრადუსიანი და მესამეს ზოლოტუშნი. დუქანბაზრის გარეთ 32-ი გრადუსიანი. ყოველთ მათგანთან არიან გამართულნი რეზერუარები, სასმელათ რომელთშიაც წყალი სცემს დიდათ. ამ წყლებს აქვთ სამკურნალო თვისება, არგებენ დაქარიანებულს, სიდამბლეს და ბუასილს. ამასთანავე ელქუნს და სხვა და სხვა სენს ეს წყლები განთქმულან ძველათვე ქართველს ხელმძიფეთ დროებშიდ. ზმეინის ვანებთან დღევანდლამდე არის კლდის შენობა, რომელშიაც ბანობდნენ მომსვლელნი ვიდრე დაიჭერდნენ ამ ალაგებს რუსები და გააკეთებდნენ აქ სხვა და სხვა აბანოებს.

ამ აღწერით სცნობენ მკითხველები რომ ეს ალაგი ყოველი ფრით შემკულია, ესე იგი ჰერით, მდებარეობით და წყლით. გარდა ამისა იმ ტფილს წყლებს, რომელსაც ბევრნი აქ მყოფნი და ავათ მყოფნი დაამტკიცებენ და როს მერმისათვის დასრულდება სახლები. აბასთუმანი ცოტაში ჩამოუვა ევროპიულს უკეთესს ტფილს წყლებს.

თ. ზაქ. ერის-თავი.

ქუთაისით. ოკტომბერი. 1860 წ.

17 საღამო აბასტუმანში

▲back to top


საღამო აბასტუმანში

იმ გრძნობას და იმ აღტაცებას, რომელთაც ვცდიდი, რა მეტად და მეტად უყურებდი იმ მშვენიერს საღამოს, არ ჰქონდა სამძღვარი და ამიტომაც არ ვაგვიანებ და ვიღებ ხელში ჩემს გამოუცდელს კალამს რომ ახალი ჩემი ხსოვნები გარდმოვიღო ქაღალდზედ უმეტეს დასამტკიცებელად ჩემს გონებაშიდ.

კარგსა დღესა მოზდევდა კაი საღამო,დღე იყო ცხელი და, რა მზემ შეასრულა კვალად დიდებული გზა, დაახლოვდებოდა სამზღვარს, თუმცა არ უკანასკნელს გორიზონტისას და კიდევ ერთზედ პირისპირ მდებარე მთებთ დაბურვილთ ფიჭვით და ნაძვით გარდაასხამდა თავის სუსტთ ოქროსთ სხივებთ. ხეობაში მოჩანდნენ პირველნი აჩრდილნი. ცა დაჭერილი იყო გრუპებთან ღრუბლებისა, რომელნიც დანაწილდებოდნენ და იცვლიდნენ ფერს წითლიდგან ლურჯზედ და სხვაზედ. ერთ ბაშად გაირბინა გრილმა მაცოცხლებელმა სიგრილემ და გადაასხა ერთი რაიმე ტენი ძრიელი, მაგრამ მასთან სასიამოვნო არომატის ყვავილებისა ანებიერებდა ჩვენს ყნოსვას. ნაზი ჭიკჭიკი ბულბულისა მოგვესმა მახლობლად, ჩვენს განსაკვირვებლად; ბულბული, რომელიც დამალული ჯაგებში და ბალახებშიდ სიცხისაგამო გამოსულიყო სასუნთქველად ამა შეზავებულის ჰაერისა და გასართობლად დაფიქრებულის მიმომსვლელთა თავის დამატკბობელის ხმით მთიდგან ჩამოდიოდა საქონელი დუქან ბაზრისა თავისის ერთგულის მეხრეთი. ის იყო კიდეც ახლო. დედაკაცებს შეუდგათ ფაციფუცი, წინ და უკან დარბოდნენ პატარა გოგოები ჯოხებით, შესაყრელად სბორებისა, რომელნიცა კუდის ქნევით და ხტუნაობით არ უჯერებდნენ მათ. ჰაერშიდ ისმოდნენ განსხვავებულნი გრძნობანი, აქ ბღავილი ძროხათა, იქ ძაღლის ყეფა და უშვერის ხმას მენახირისას მქონდა ყურები.

პატარა ნიავის ქროლამ გააგრილა თვითქმის გახურებული ატმოსფერა; ავადმყოფნი ჩვენნი და აქ მომსვლელნი, მოსარიდებლად ქალაქების სიცხეებისა ნელნელა გამოდიან თავიანთის არა ჩინებულის სახლებითგან გასავლელად ზევით და ქვეით ხეობაში, მუზიკა წვეტიან კდიდგან, რომელიც არის შუა დუქან-ბაზრისა ასმენდა თავის მელოდიის ხმებს. რამდენთამე პირთა დაიმონავებდა მელან ხოლია. გროვა მოსეირენთა, ტრიალებდენ, დადგებოდნენ წინ მიდიან და ლაპარაკობდნენ; აი ლაპარაკში ისმოდნენ მოსწრებულნი სიტყვები ვისიმეზედ, ჟღეროვანმა სიცილმა გაარბინა აი იქ. აღსავსებლად კარტინისა მე მეგონა, რომ აკლდა რაიმე, რომ აქ მიყრუებულს გამარტოებულს კუთხეში მიჯნურობს ორთ სქეს შუა აქ არ იპოებოდა, მაგრამ შევსცდი. აი ჩემს თვალს წინ გრუპა ყმაწვილთა და კაცთა გვშორდებიან, ლაპარაკობენ და ღიმილით მე ვამჩნემ რომ სიყვარულს აქვს აქაცკი თავისი მეფობა. ბინდმა გაიარა და სიბნელე მოეფინა დედა მიწაზედ; ცა შემოსა მილლიონის ვარსკვლავებითა, რომელთაც შუა ამპარტავნად ამოდიოდა მთვარე, მშვენივრად იხატებოდნენ ციაგცაზედ კონტერები მთათა. დასაქანებზედ ღელეებზედ იწვნენ კიდევაც შეუძრავად ჩრდილონი, რომელთათვინაც მთოვარეს არ შეესწრო თავის სხივის გარდასხმა; შორს ქედზედ მაღალზედ სდგანან ნანგრევები ოცხის ციხისა, როგორადაც მოწამენი გავლილის და თვალ მადევნებელის აწინდელისა. მთვარე ნელა იძროდა, გარშემოხვეული თავისის თანა მოგზაურობით ვარსკვლავებით და იყურებოდა ქვეყანაზედ. თქვენს წინ დაკნაკნული და ქაფიანი მირზის წყალი; ხმა ჩანჩქერისა ისმოდა შორიდამ; მაგრამ წმინდა და მშიდია მისი ეპიფანია, სწორედ ნათლია მისი სარკე, რომელშიაც ლაპარაკობდენ ვერცხლის მთვარე და ურიცხვი ვარსკვლავი, ნელა განებიერებით და გელლერწესებათა ტენიანი ჰაერი საღამოსი. ბუნებაში მფლობელობს საფლავისა სიდუმე და არც ერთი გმობა გარდა მოსეირედ ფეხების გარდადგმისა და გაფრენა რაიმე ღამის ჩიტისა, რომელმანც გადაიარა ჩვენს თავზედ ჯახა-ჯუხით არ ააღშფოთებს ამ არე მარეს ლიტარგის. გაიარა 11 საათმა და არავინ არ შამოსულა ჯერ შინ ვერ გამაძღარიყვნენ ჯერეთ ყურებით ამ მშვენიერის ბუნებისა; ერთ-ბაშათ 5 წუთს გამოჩნდა სახლებში სინათლე და ჩქარა გაქრა და ბუნების სიდუმესა და დამშვიდებას მოსდევდა კაცის დამშვიდება. ყოველივე დაჩუმდა და აბასთუმანი დაინთქა ძილში, მხოლოდ ერთი მთვარე თავის მეგობრებით დაშთა მოწამედ ამ დუმილისა. მე დიდ ხანს ვტკბებოდი ამ კარტით ჩემის ბალკონიდგან, მაგრამ მომეკიდა საშინელი ძილი, მე შაველ ჩემს ოთახშიდ, სადაც დიდხანს მიცდიდა ჩემი ქვეშსაგები. ამ მშვენიერებით დამთვრალმა, დაღალულმა ჩქანჩქარით მდინარისა, რომელიც მორბოდა ჩემის სახლის ახლო მე დამეძინა, როგორათაც მკვდარს.

ოჰ! მე მიყვარხარ ველურო და არვისგან ხელშეხებულო მხარეო! მე მიყვარს შენი სიფართოე და გულწრფელობა შენის მცხოვრებლებისა!

თ. ზაქ. ერის-თავი.

18 რედაკტორისაგან.

▲back to top


რედაკტორისაგან

ჩვენო სასიქადულნო და საყვარელნო კახელნო!

მე ვიყავ თქვენს კურთხეულს კახეთში წარსულს თვეს, რომლის განმავლობაში მიჩვენეთ ყოვლის მხრივ შემწეობა როგორც მე, აგრეთვე ჩვენს სამშბლოს ლიტერატურას; მე ვიყავ კახოსისგნით დაფუძნებულს თქვენს მდიდარ მხარეზედ, სადაცა ერთგულთ იმის შვილის-შვილთ არ დაუკარგავთ ძველი ჩვეულება, ძველთაგანვე შემოსული და სამკვიდროდ გადმოცემული პურადობა და სიხარულით სტუმართ მიღება. ამ გვარ თქვენის სასიქადულო ჩვეულებისათვის; ამ გვარ თქვენის ჩემდამო პატივის-ცემის, კეთილად მიღების და ყოვლის შესანიშნავთ საგნით ჩვენებისათვის მოგახსენებთ უღრმესის გულით ჩემს უუგულითადეს მადლობას. –

თქვენის, ყოვლად სანატრელის ძველის ჩვეულების მტკიცედ და შეურყეველად დაცვის გულმხურვალედ მსურველი.

ივ. კერესელიძე.

19 პასუხი რედაქციისაგან

▲back to top


პასუხი რედაქციისაგან

- უფ. ფიც-კაცელს. -როგორც რედაქციის, აგრეთვე ცენზურის კანონით თქვენგნით გამოგზავნილი ორი ლექსი ვერ დაიბეჭდება „ცისკარში“. რამდენჯერმე გამოგვიცხადებია, რომ ავტორს შეუძლიან თავისის გვარის დაფარვა, მხოლოდ რედაქცია და ცენზურა კი უნდა ჰსცნობდეს მთხვზელს.-

- უფ. ნიკოლაძეს. - თქვენგნით გამოგზავნილი მოთხრობა: „ჩამორჩობილი“. თუმცა კარგია, მაგრამ რადგანც ჩვენის ქვეყნის საზოგადოების ჩვეულებას არ მიუდგება, ამისათვის ვერ ვბეჭდავთ.

- უ. მეგრელს. - თქვენი „ჰოფოფი“ იმავე კანონით არ იბეჭდება, რა კანონითაც მოვახსენეთ უარი უ. ფიც-კაცელს.

- უ. დ. ღოღობერიძეს. - თუმცა მეტად სასიამოვნო იყო დაგვებეჭდა თქვენგნით წარმოგზავნილი სტატია; „გაპარვა შოტლანდიის კოროლევასი მარიამ სტიუარტის ლოსილევენის ციხე დარბაზიდამ“ მაგრამ რადგანც ჩვენ ქართველებში ბევრთა არ იციან გარემოება ამ კოროლევასი და არც ჩვენის მხრის ჩვეულებას მიუდგება, ამისთვის ვერ ვბედავთ ამ ყოვლად ჩინებულს თხზულების ბეჭვდასა.-

- უ. გ. ჯაფარიძეს. - სხვა და სხვა შემთხვევით დარჩა დაუბეჭდავთ თქვენი „ყვავის ციხის მოთხრობა“ რომელსაც შემდგომს ნომერში უეჭველად დავბეჭდავთ.

- უფ. მოლაყბეს. -ყოვლად ჩინებული და ყოვლად მშვენიერი თქვენი „სალაყბოს ფურცელი“ შესახებ კენჭისა, რომელიცა უნდა მოხდეს კეთილშობილთაგან, ვერ იბეჭდება, რაგდან ამ გვარს სამართლიანს და მეტად სასარგებლო სტატიას, მრავალნი წინა აღუდგნენ დაბეჭდამდინ.-

- კახეთითგან ჩამოვიტანეთ ზოგი ერთი ძველი წიგნები, რომელნიცა პირველსავე თხოვნით დაგვითმეს და, რომელნიცა ისჯებიან რედაქციაში, მომავალ წელიწადს ყოვლის ღონისძიებით ვეცდებით დავბეჭდოთ ცალკე წიგნებად და წავაკითხოთ საყვარელთ ჩვენის „ცისკრის„ მკითხველთ

რედ. კერ.

20 სხვა და სხვა ანბავი.

▲back to top


სხვა და სხვა ანბავი

აბასტუმანი. - საღამო აბასტუმანში.- თ. ზაქ. ერის-თავისა. რედაკტორისაგან მიწერილი წიგნი კახელებთან.- რედაქციისაგან პასუხი.- ი. კერესელიძისა.

ხელი მოსწერდება

1860 წელსა.

ქ. ტფილისში, ქართულს ჟურნლის „ცისკრის„ რედაქციაში,კუკიას, კერესელიძის სახლებში.

ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში გაუგზავნელად ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით, ანუ სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.

რედაქცია ჰსთხოვს „ცისკრის“ ხელის მომწერთა, ვისაც ჯურნალი დააკლდეს და დროზე არ მიუვიდეს, მაშინვე აცნობოს რედაქციას, ესრეთის ზედ წარწერით: „ცისკრის“ რედაქციაში, ტფილისს.-