ივერია (3)1877.03.17



ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 სლავიანების მოძრაობა სერბიის დამარცხებიდგან დღეისამდე

▲back to top


სლავიანების მოძრაობა სერბიის დამარცხებიდგან დღეისამდე[1]

სლავიანების აწინდელის მოძრაობის შინაგანს თვისებას რომ დავაკვირდეთ, ცხადათ დავინახავთ, რომ მისგან წარმომდგარის საქმის აღსრულებაზედ ადვილი არა არის რა. სლავიანთა გულის წადილი ის რომ იყო. მოსულიყვნენ ოსმალეთის მიფლობელობიდგან, აეცილებინათ თავიდგან ის მმართებლობა, რომლის უმსგავსობა და უსეირობა ყველასათვის ცხადია. მთელმა ევროპამ ნათლად დაინასა რომ ოსმალეთის ქვეშევრდომი ხალხი საშინელს მწუხარებაშია და ამ მწუხარების შემსუბუქება თვითონ ოსმალეთისაგან მოულოდნელია. მაშასადამე ევროპის სახელმწიფოებისათვის, რომელთაც სლავიანის ხალხმა მიმართა თავისი ვედრება, ყოველთვის შესაძლებელი იყო ზემოხსენებული წადილი სლავიანებისა აესრულებინათ, რას უზამდა ოსმალეთი მთელს ევროპას? მის ერთ ხმიანს სურვილს და ძალდატანებას სად წაუვიდოდა? მაგრამ უბედურება ის არის, რომ საზოგადო კაცობრიულ გრძნობას, რომელიც ევროპას მოვალედ ხდიდა ამ საქმეში ჭეშმარიტი მონაწილეობა მიეღო, მოვა კიდევ სხვა გარემოებაც, ამ ჟამად უფრო ძლიერი ვიდრე კაცობრიობის უანგარო სიუვარული. ვიმეორებ: რატომ არა ქმნა ევროპამ ის, რაც მისთვის ადვილად შესაძლებელი იყო, რასაც კისრად სდებდა მას მისი განათლება, მისი ჭკუითი და ზნეობით სიმაღლე?

სხვა და სხვა სახელმწიფოთა საპოლიტიკო ისტორიაში ერთი გარემოებაა დიდად შესანიშნავი - ეს არის საპოლიტიკო სიფრთხილე, რომ ერთმა მეორეს ძლიერბაში არ გადაამეტოს. როდესაც რომლისამე სახელმწი ფოს სივრცე მატულობს იმ წამსვე მისი მეზობელი ეურს აცქვეტს და თვალს იჭერს მე არ გადამემეტოსო, შემდეგ თავისი მსუნაგობა ჩემკენ არ მიმართოსო. ამ თვალით უუურებს დიპლომატია ყოველს - საპოლიტიკო მოვლენას; ამ თვალითვე შეხედა მან სლავიანების მოძრაობასა.

რა ფიქრები უშალა ავსტრიას ამ მოძრაობამ, წარსულ წერილში იყო მოხსენებული. გარდა იმისა, რომ ჩემი სლავიანები ოსმალეთის სლავიანების მიბაძვით წინა არ აღმიდგნენო, ავსტრიას ეშინოდა, აგრეთვე, რუსეთმა ან სერბიამ ამ მოძრაობით არა ირგოს რამეო, და მათ სივრცემ და ძალამ არ იმატოსო.

ინგლისსაც ელდა ეცა. მხოლოდ ამას საპოლიტიკო სიფრთხილის გარდა სხვა მიზეზიც მოჰყვა. ინგლისის ეკონომიური ძალა დამყარებულია სარეწავს შრომაზედ. დიდ-ძალი მუშა - ხალხია მის ქარხნებში და დიდ-ძალი მასალა უნდა შემოზიდოს სხვა ქვევნებიდგან, რომ ამდენი ხალხი ამუშავოს, რადგანაც ქარხნის მუშას, თავისი მკლავების მეტი, არა ვითარი სხვა საშუალება არა აქვს მოიპოვოს საცხოვრებელი საზდოება. ეს შეუმუშავებელი მასალა ინგლისს გამოაქვს, სხვათაშორის, ოსმალეთიდგანაც ოსმალეთის სახელმწიფო არა ვითარ ღონისძიებას არა ხმარობს სარეწავობას ფეხი აადგმევინოს თავის ქვეყანაში და თავისივე მასალა შინვე შეიმუშავოს. ამით სარგებლობს ინგლისი და გააქვს ოსმალეთიდგან რის გატანაც კი შეუძლიან. მეორის მხრით, ინგლისმა იცის, რომ თუ ოსმალეთის ნაცვლად სხვა სახელმწიფო დაარსდა ბალკანეთის ნახევარ-კუნძულზე, უეჭველია ხელიდგან გაეცლება იმ ნახევარ-კუნძულის მდიდარი ბუნების ნივთიერება, რადგანაც სხვა სახელმწიფო თვითონვე ისარგებლებს თვითვე შეიმუშავებს ყოველს თვის მონაგარსა. რაღა უნდა ქმნას მაშინ ინგლისმა? რითი უნდა გააძღოს თავისი აუარებელი მუშა ხალხი? თუ არ გააძღობს და სამუშაოს არ მისცემს, ვინ იცის რა ვაივაგლახი და არეულობა შუდგება თვით ინგლისის სახელმწიფოს? იქნები, რასაც ეხლა სხელმწიფო თავის ნებით არ აძლევს ხალხს. მაშინ ძალდატანებით წაერთვას მას? თუ ხალხს ცხოვრების ილაჯი უწყდება ვინ იცის, თვით სახელმწიფოს რა დაემართება? აი რა ფიქრები აუშალა ინგლისს, როდესაც გავარდა ხმა სლავიანების აჯანებისა.

გერმანია რაღას ფიქრობდა? ამისი კი არავინ არ იცოდა რა. თითქმის მთელი ევროპა პირში შესცქეროდა გერმანიას, მაგრამ ვერა შეიტყო რა იმის მეტი, რომ გერმანიას მშვიდობიანობის დაცვა უნდაო. ამ სიტყვას, რასაკვირველია, არავითარი მნიშვნელობა არა ქონდა რა, და არც ახალი ამბავი იყო. მხოლოდ ყველამ კი იცოდა, რომ გერმანიას, ღენერალის მოლტკეს სიტყვით, შეძლება აქვს და მზათაც არის ერთსა და იმავე დროს ორი დიდი ომი გადიხადოს. ეს უშველებელი სამხედრო ძალა მართლა, რომ საშიშია ყველასთვის. თუ ავსტრიის საქმე ცუდათ წავიდა, იქნება გერმანიამ წაართვას მისი ის ნაწილი, საცა ნემენცის ტომია? ესეც ფიქრში მოსასვლელია, რომ გერმანიამ ჯერ ხელი მოუმართოს ავსტრიას და, როდესაც იგი გაანემენცებს თავის სლავიანებს, მაშინ მოგვერდი უგდოს.

რაც შეეხება საფრანგეთს, იგი ისეთ ნაირად გართული იყო თავის შინაურ სამებში, რომ არავითარი შესანიშნავი მონაწილეობა არ მიუღია გარეგან საპოლიტიკო ცხოვრებაში.

ერთის სიტყვით, თუმცა თვითვეულს ევროპის სახელმწიფოებს სხვა და სხვა ტკივილი აეშალა, მაგრამ მათ შორის ერთი იმისთნა ტკივილი იყო, რომელიც საერთოდ ყველას ეკუთვნოდა: ვინიცობაა ოსმლეთის სახელმწიფო დაიშლოსო, ვინ რა უნდა ირგუნოსო. როგორ დავიწყოთო? რადგანაც ამ საგანზე ერთმანეთის დაყოლიება და დათანხმება თითქმის შეუძლებელია ამის გამო ყველა სახელმწიფო მარტო იმას ფიქრობდა აგები როგორმე ჩქარა მოგუღოთ ბოლო მოუსვენარს სლავიანების არეულობასაო, რომ ოსმალეთი ისევ ისე ხელუხლებლად დარჩესო ვიდრე დროთა ვითარებანი გამოიცვლებიანო.

როდესაც რუსეთის თოსნობით სერბიისა და ოსმალეთის შორის დროებით შერიგება ჩამოვარდა, ინგლისმა სხვა სახელმწიფოებს უძღვნა. წინადადება, რომლის ძალითაც შეიყარა სტამბოლში კონფერენცია, ე.ი., ყველა უპირატესთა სახელმწიფოთა წარმომადგენელთა კრება. ამ კრებას უნდა მოეპოებინა ის ღონისძიება, რომლითაც შესაძლებელი ყოფილიყო სლავიანების არეულობის მოსპობა და ორივე მებრძოლთა მხარეთა დაკმაყოფილება.

რა უფლებით გაერია ევროპა ოსმალეთის შინაურს საქმეში? საქმე ის არის რომ პარიჟის შეკრულობის (ტრაქტატის) ძალით ევროპის უპირატესნი სახელმწიფონი თავდებათ დაუდგნენ ერთის მხრით ოსმალეთს, რომ მისი სახელმწიფო, მისი სამფლობელო დაურღვეველი უნდა დარჩესო; მეორის მხრით სლავიანებს, რომ ოსმალეთმა უნდა მოახდინოს ცვლილებანი მათის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის, რადგანაც ოსმალეთმა აღსრულებაში არ მოიყვანა თავისი ვალდებულება, ევროპას სრული უფლება ჰქონდა, ამ შეკრულობის ძალით, გარეულიყო ოსმალეთის საქმეში და სლავიანთათვის შუამდგომელობა ეკისრა.

30 ნოემბერს 1876 წ. დაიწყო კონფერენციამ თავისი წინ-სამზადისი მუსაიფი.

ოსმალეთმა კარგად იცოდა, რომ ამ კონფერენციიდგან არა გამოვიდოდა რა. ადვილად სიფიქრებელია აგრეთვე, რომ თვითონ დიპლომატია ამაზედ გულდაჯურებული ყოფილიყო. მართლა და რა უნდა გამოსულიყო? კონფერენცია შეიყარა იმ განზრახვით, რომ ოსმალეთი დაეყოლიებინა სლავიანების კეთილმდგომარეობის დადგენისთვის, ესე იგი, შეიკრიბა მისთვის. რომ გამოეკვლივა ის ცვლილებანი, რომელიც უცილებლად უნდა მოეხდინა ოსმალეთს სლავიანთა სასარგებლოდ. ის კი აღარ მოიფიქრა დიპლომატიამ თუ როგორ უნდა მოიქცეს, ვინიცობაა ოსმალეთმა უარი ჰყოს ყოველი მისი წინადადება. ოსმალეთმა კარგად იცოდა თავის მდგომარეობა, კარგად გრძნობდა, რომ ევროპის სახელმწიფონი მხოლოდ იმ დრომდინ არიან თანახმანი, ვიდრე სიტყვა საქმეზედ არ მიმდგარა. ამიტომაც ყოველ წინადადებას კონფერენციისას სლავიანების შესახებ ოსმალეთი უარს ჰყოფდა; ამიტომაც კონფერეცია თან და თან ჰსთმობდა, ქვევით - ქვევით იწევდა და ბოლოს იქამდინაც მივიდა, რომ ანდრაშის ცვლილებანიც ვეღარ დააკისრა ოსმალეთსა. ოსმალეთი იძახდა. რომ პარიჟის შეკრულობის ძალით ჩემი უფლება, ჩემი მფლობელობა დაურღვეველიაო; ჩემ სახელმწიფოში რაც მსურს, იმას ვიქმო. ევროპა, თავის მხრით პასუხს უგებდა, რომ პარიჟის შეკრულობის ძალით ოსმალეთი ვალდებულია სლავიანებისთვის ცვლილება რამ მოახდინოსო. მაგრამ თავდებობა და ხელშეკრულობა კი უნდა დაედო ევროპის დასაჯერებლად, რომ მართლა მაგ ცვლილებას მოახდენდა და მით სლავიანებას ბედს როგორმე შეღავათს მიჰცემდა. ყოველი ამგვარი ხელშეკრულობა ბოლოს იმას მოსწავებდა, რომ ხონთქრის უფლება უნდა დარღვეულიყო და მაშინ რა ეშველებოდა ევროპას? ყველა ამ მიზეზთა გამო კონფერენცია გულმოდგინედ ვერ მოეკიდებოდა საქმეს. მართლადაც კონფერენცია ისე იქცეოდა თითქოს მარტო იმისთვის შეიყარაო, რომ მასლაათი გაეწიათ განგებ არა გაერიგებინათ რა; რომ ამასობაში ილაჯ, გაწვეტილთა სლავიანთა მოსწყენოდათ მათგანვე დაწყებული საქმე და აგებ ძალაუნებურად სასოწარკვეთილების გამო თავიც დაენებებინათ. წინად ვჰსთქვით, საბუთიანი და მაგარი ხელშეკრულობა ოსმალეთის სახელმწიფოს დაარღვევდაო. ამ საგანზედ რომ კონფერენციის წინადადება გავსინჯოთ, ეგ აზრი სწორედ მართალი გამოვა. კონფერენციას სურდა მიეჩინა ოსმალეთისათვის კომისია და მისთვის მიენიჭებინა უმთავრესი ზედამხედველობა, რომ ოსმალეთს თავისივე დაპირებული საჭირო ცვლილებანი სწორედ და უტყუარად მოეხდინა. ნახევარი წევრნი ამ კომისიისა ოსმალონი უნდა ყოფილიყვნენ და ნახევარი ევროპიელნი. რა იყო ეს კომმისია, თუ არ ერთს მთავრობაზედ წამომდგარი მეორე მთავრობა ერთსა და იგივე სახელმწიფოში?

ვიდრე დიპლომატია მასლაათში დროს ატარებდა, ოსმალეთმა წინ ასწრო და გამოუცხადა თავის ხალხს კონსტიტუცია. „მობრძანებულხართ, ბატონებო, ეუბნებოდა ოსმალეთი ევროპას. და მომდგომიხართ გინდა თუ არა ანდრაშის წინადადება მიიღეო. საცა კონსტიტუციაა რაღა ანდრაშის პროექტი უნდა. მით უფრო რომ იგი გროშათ არა ღირსო“. ამ რიგად ოსმალეთმა დიდის მოწიწებით ზურგი შეაქცია. კონფერენციას და შინისაკენ მშვიდობით გაისტუმრა.

სლავიანების განთავისუფლებაღაო იკითხავს მკითხველი. ეს საქმე დიპლომატიამ ჯერჯერობით დროთა ბრუნვას მიანდო.

დაღალული, დაქანცული ღონე მიხდილი სერბია დამარცხებული და ყველასაგან თავდანებებული, იძულებულ იქმნა ოსმალეთს შერიგებოდა. შეურიგდა კი, მაგრამ ვინ იცის რამოდენა ხანს გასწევს ეგ შერიგება. გამარჯვებული ჩერნოგორია კი მაგრად დგას და არა რიგდება ჯერ ოსმალეთსა.

თვითვეულთა სახელმწიფოთა ანგარების მახეში გაბმული სლავიანების მოძრაობა თავს გაიტანს თუ არა მომავალი გვიჩვენებს.

———————

1 .„ივერია“ №2

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

„დროების“ 28 და 29 №№-ში დაბეჭდილია ფრიად შესანიშნავი ამბავი შესახებ კახის სასწავლებლისა. ამ ამბავს იწერება თვით სასწავლებლის ოსტატი, უფ. როსტომაშვილი, რომელმაც, რასაკვირველია, კარგად უნდა იცოდეს თავისის სასწავლებლის გარემოება და ამის გამო ყოველი, რასაც იგი იწერება ამ საგანზედ, სარწმუნო და დასაჯერი უნდა იყოს. ეს ამბავი, ცხადად გვიმტკიცებს იმ მსჯელობის სრულს სიმართლესა, რაიც გამოთქმული იყო „ტფილისის მოამბეში“ შესახებ იმ სასწავლებლებისა, რომელნიც ეკუთვნიან კავკასიის ქრისტიანოსის აღმადგინებელს საზოგადოებასა. უფ. როსტომაშვილი გვაუწყებს, რომ იმ საშუალებით, იმ ღონისძიებით, რაც კახის სასწავლებელსა ქონდა და აქვსო, იმ ფულით რასაც დღეს მასზედ ხარჯავს ზემოხსენებული სზოგადოებაო, სასწავლებელს იმისი მეათედი სარგებლობაც არ მოუტანია, რისაც მოლოდინი უნდა გვქონოდაო. კახის სასწავლებული არსებობს რვა წელიწადი. ოთხ წელიწადში სამოციდამ ოთხმოცამდე მოწაფის გაწვრთნის შეძლება ქონდა თურმე, მაგრამ ამ რვა წელიწადში მხოლოდ ხუთმეტიოდ მოწაფეს შეუსრულებია სწავლა, რომელთა შორისაც ნასამედმა თითქმის არ იციან ის, რაც სასწავლებელს შეეძლო მათთვის მიენიჭებინაო.

რა მიზეზია ამ უნაყოფოდ მოქმედებისა? რისგან უნდა მომხდრიყო, რომ უკეთესმა, ყოლის ღონისძიებით სრულმა, ერთობ ჩინებულად მომართულმა სასწავლებელმა, რომელსაც მშვენიერი ქვითკირის სახლი აქვს, ფართო ეზო, რიგიანი ბაღის ადგილი, რომელზედაც ქველის - მოქმედი საზოგადოება ყოველწლივ ოთხმოცდაათს თუმნამდე ხარჯავდა, რომელსაც კარგად მომზადებული ოსტატები არ აკლდა, რისგან უნდა მომხდარიეო, ვამბოთ ჩვენ, რომ ამისთანა სასწავლებელმა ესეთი უხეირო და უნუგეშო ნაყოფი გამოიღო? რისგან უნდა მომხდარიყო, რომ ამისთანა სასწავლებელმა რვა წელიწადში მხოლოდ ხუთმეტს შეაძლებინა სწავლის შეთავება ისიც ისე, რომ მათგან მესამედსაც მაგდონი ვერაფერი უსწავლია? მისი მიზეზი ერთად ერთი რამ არის, სახელდობრ, დედა - ენის შუამდგომლობის უარყოფა პირველ დაწყებითის სწავლის მსვლელობაში. ბუნებამ სასტიკი და პირუთვნელი დასჯა იცის, როცა მის კანონსა და წესს ღალატობენ დედა-ენის განდევნა სასწავლებლებიდამ ბუნების წინააღმდეგია და რაც უნდა კაცმა იხერხოს, ბუნება ამ წინააღმდეგობას არავის დაუთმობს. როგორც შეუძლებელია წყლის ასვლა აღმართზედ, ისეც შეუძლებელია მსვლელობა სწავლისა სახალხო სასწავლებელში უდედაენოთ. უამისოდ უოველივე მეცდინეობა უქმია და ყოველივე ხარჯი წყლში გადაყრილია. დღესა თუ ხვალ უჯერონიც ამ აზრზედ დადგებიან, იმიტომ, რომ კახის სასწავლებლის მაგალითი ბრმასაც აუხილებს თვალსა. მაგრამ ვაი რომ იქამდინ დრო და ხარჯი უქმად ჩაივლის.

———

ტფილისში ახალი თეატრის აშენება გადაწყვეტილი საქმეა და ამ ორ-სამ წელიწადს სრულად გათავებულიც იქნება. რას უზმენ ეხლანდელს საზაფხულო თეატრსა, ზამთრობით მაინც, თუ არ ზფსულობით? ზამთარში ხომ იგი სრულად უქმად იქნება. ვითომ რა დაუშლის, რომ იქ ქართული და სომხური თეატრი სამუდამოდ გაიმართოს! ნუ თუ ჩვენში არავინ არ გამოჩნდება, რომ მთავრობის წინაშე ამის გამო ჯეროვანი შუამდგომლობა იკისროს? საზოგადოების ზნეობის და გონების აღმატებისათვის, განვითარებისათვის თეატრს დიდი მნიშვნელობა აქვს. მწიგნობრობა ცხოვრებას ყურით გვაყურებინებს, - თუ ესე ითქმის, - თეატრი კი თვალითა, იმიტომ - რომ ცხოვრების ავ-კარგიანობას თვალ წინ გაგვიტარებს ხოლმე. თუნდ ეგეც არ იყოს დიდი რამ არის ჩვენისთანა ხალხისათვის, რომ მისს ღვიძლს - ენას, მის დედა-ენას ერთი საჯარო ადგილი ქონდეს ვარჯიშოისათვის და ცხოველად მოქმედებისათვის. თეატრი ერთ მხრითაც გვიშველის და მეორე მხრითაცა კარგი იქმნება, რომ ეს ეხლანდელი „საზაფხულო თეატრი“ მთავრობას გამოვსთხოვოთ ქართულისა და სომხურის წარმოდგენათათვის.

———

ჩვენ შევიტყეთ, რომ ეხლანდელი ტფილისის მაზრა ორად იყოფაო: ყაზახ-ბორჩლოსაგან თურმე ერთი ცალკე მაზრა უნდა გაიმართოსო, თავისის ცალკე მაზრის უფროსი ჰყვანდესო და თავისი ცალკე მაზრის გამგეობა დაუწესდესო. ჯერ ხანად ეგ გაყოფა დროებით იქნებაო. დიდი ხანია საჭირო იყო ამგვარი განკარგულება, იმიტომ რომ ტფილისის მაზრა მეტად დიდია და ამისგამო მოვლა მისი ერთს უფროსს მაზრისას უძნელდება. ტფილისის უეზდი მთელის გუბერნიის მეოთხედზედ მეტია (261/2%), ცხრა ათას სამას ოცდა ორი (9,322) ოთხ-კუთხე ვერსტის ანუ 1921/2, ოთხ-კუთხე მილის სივრცე უჭირავს; სამჯერ მეტია დუშეთის მაზრაზედ, (78 ოთხ-კუთხე მილია), ორჯერ მეტია სიღნაღის მაზრაზედ (98 ოთხ-კუთხე მილია), ორჯერ მეტია ახალციხისა და ახალ - ქალაქის მაზრებზედ ერთად (9,9 ოთხ-კუთხე მილია), კარგა მეტია გორის მაზრაზედ (123 ოთს-კუთხე მილია), აგრეთვე მეტია თელავისა და თიანეთას მაზრებზედ ერთად (145 ოთხ-კუთხე მილი). მცხოვრებთა რიცსვი ტფილისის მაზრისა ოც-და-ათი ასეულია (30%) მთელის გუბერნიისა, ესე იგი, თითქმის ერთი მესამედია. თუმცა ისე მჭიდროდ არ არის დასახლებული შვიდს ოთხ-კუთხიანს ვერსტზედ მოდის რვაას თვრამეტი (818) სული, როგორც სხვა მაზრები, მაგრამ მით უფრო ძნელი მოსავლელია, რადგანაც მცსორებნი დიდს სივრცეზედ არიან გაფანტულნი.

———

გაზეთს „კავკაზში“ დაბეჭდილია მთავრობისაგან დამტკიცებული ფასი სახასო მარილისა კავკასიის ამიერ მხრისათვის: მარილის ქვა ფუთი სამი შაურია, ფხვნილი მარილი ფუთი რვა კაპეიკია.

———

პეტერბურღის ბირჟის გოფ-მაკლერის სქემიდამა ჰსჩანს, რომ ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკის გირავნობის ფურცელნი 1-ს თებერვლიდამ გამოჩენილან ბირჟაზედ გასასყიდლად.

———

ერთი რუსის გაზეთი (Финансовое обозрЋнiе) გვაუწყებს, რომ ბაქოს გარეშემოში ორი შაქრის ქარხანა შენდებაო. ერთი ბაილოვისა და მეორე ზიგის ზღვისყურესთანაო. ამ ქარხანებში შეშის მაგიერ თურმე ნავთი უნდა იხმარონ; შაქრის ლერწამი მაზანდარანიდამ უნდა ზიდონო. ამ ქარხანების შაქარი ერთობ აზიის ბაზრებისათვის არის დანიშნულიო.

———

„კავკასის“ 46№-ში წავიკითხეთ წიგნი რედაქტორთან მიწერილი უფ. ლიხაჩოვის მიერ, რომელიც კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელის საზოგადოების სასწავლებელთ ინსპეკტორია. ამ წერილში უფ. ლიხაჩოვი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართულის ენისათვის მას არა ვითარი დაბრკოლება არ მიუცია და კიდევაც გაგზავნა სასწავლებლებში იანვრის შემდეგ ქართული სახარება და „დედა-ენა“. ეს ფიცი კი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს. აი ამ საგანზე რასა გვწერს ფებერვლის დამდეგს ერთი სახალხო სასწავლებელთან ახლო მდგომელი პირი, რომელსაც არა ვითარი მიზეზი არა გვაქვს, სიტყვა არ დუჯეროთ: „ამასწინეთ აქ იყო. ლიხაჩოვი, რომელიც სტრელეცკის მაგივრად არის დანიშნული, და ეს სიტყვები უბრძანა მასწავლებლებსა: „დაანებეთ თავი თქვენს ენას, ჯანაბას დაიკარგოს“. - სამშობლო ენისათვის უროკები არ არის დადებული, და სახელმძღვანელო წიგნები სასწავლებლებში არ მოიძებნება. - დედ - მამანი მაგრე რიგად არ თანაუგრძნობენ სასწავლებლებს იმ მიზეზის გამო, რომ დედა - ენას არ ასწავლიან, რის გამოთაც თავში მტკიცედ უზისო გლეხებს ის ჰაზრი, რომ სალდათათ წაევანა უნდათ ჩვენი შვილებისაო და ამის გამო მარტო რუსულს ასწავლიანო“. რაც შეხება სახარების და „დედა-ენის“ გაგზავნას თებერვლის გასულს, ეგ მართალია, მაგრამ ათიოდე ეგზემპლიარის მიწოდება სასწავლებლებში სადაც ორასამდის ქართველი ბავშვი სწავლობს, რაიმე ხელმოსაჭიდებელ საბუთათ თუ გამოდგება, თორემ ენის სწავლას კი ეს, ცხადია, ვერას დაეხმარება.

3 ლექსნი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა

▲back to top


ლექსნი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა

I

ეს სოფელი სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა!.

არ ვიშვებით, მყისვე ვსტირით, ვით წინად-მგრძნი მომავალთა,

მოვიზდებით წიგნის კითხვით არ გაგვიშრობს მწვრთელი თვალთა,

ჟამი გვიროკს, იგი გვიძახს, შეუდექით სიბრძნის კვალთა.

რა ასაკსა შევალთ, ახლად ჭირი უფრო გვემრავლების:

თვალი გულს ჰსცვლის, გული გრძნობას, გრძნობა ტრფობას ემსჭვალვების,

სახე რამე საუვარელი დაგვატყვევებს თვის მებრ ნების,

და გლახ შეგვიქმს პატიმარად, მკვნესარად და მთქმელად ვების.

ოდეს შევალთ ხანსა სრულსა, მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა:

არა ვჰკმაობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უზომ, უხვა;

გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქუხვა;

რა ვერ ვპოვებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.

ოდეს წელთა ტვირთის ზიდვით ქუდსა მშვილდებრ მოვიხრებით,

ყოველთავე მოვძაგდებით, ზნე გვეცვლების გრძნობის კლებით,

სიკვდილისა წინა - მძღვარად მოვლენ სუნნი მახვილ - ღებით,

მათგან ერთი გვცემს და გვეტვის, „ახით ნაშვნო, მოკვდით ვებით!“

II

ეჰა ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე

და დასი მცნობთ ჩვენებათ უბრალოდ რად მომფინე?

რად მიჩვენებ სახესა წარსულთა მათ ნუგეშთა, -

ერთხელ ჩემის სიცოცხლის ნაზად დამატკბობელთა,

რომელნიცა მე ბედმან უწყალოდ დამითრგუნა

და გლას მე მარად მტირალს მცირედიც არ მიბრუნა.

ნუ მიტევებ, ოცნებავ, მომეც ძველნი ხილვანი,

მომეც მე ძველნი ცრემლნი და ძველნიცა ოხვრანი;

წარსულისა სიცოცხლის ნიავი კვლავ დამქროლე

და დამაშვრალს სულსა ჩემს სიტკბო მით განუახლე.

გვედრებ, ნუღა მშორდები, განმიგრძე სიხარული,

რომე ხსოვნითა ოდენ დავიტკბო წულული გული.

4 ცხოვრება და კანონი

▲back to top


ცხოვრება და კანონი

წერილი მესამე

ჩვენ წინა წერილებით ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ წილზედ - ჭერა მამულისა: 1) მიზეზიანი და სადავიდარაბო უფლება – მოვალეობაა ორთა წოდებათა შორის; 2) ჩვენის ხალხის ჩვეულებაზედ არ არის აღმოცენილი იმ სახით მაინც, რა სახითაც იგი გლეხთა განთავისუფლების დებულებამ ჩვენში შემოიტანა; 3) ეკონომიურის მხრით, თუმცა ყმობაზედ ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც მავნებელია; 4) მიწის - ჭერაში ჩვეულება ყველა სხვა ძალზედ მტკიცეა, თვით რჯული და 5) ამის გამო პირველი და უპირატესი ყურადღება მიქცეულ უნდა იქმნას ჩვეულებაზედ, როცა მიწის - ჭერის შესახებ რაიმე ცვლილება საჭიროდ დანახულია.

რომ ნაყმევის მიწის - ჭერის შესახებ ცვლილება საჭიროდ დანახულია თვით მთავრობისაგანაც, - ამას ცხადად გვიმტკიცებს 172 მუხლი[1] გლეხთა განთავისუფლების დებულებისა. მაგ მუხლშია გამოცხადებული მტკიცე განზრხვა მთავრობისა მიქცეული მასზედ, რომ წილზედ - ჭერა მამულისა ეგ სადავიდარაბო, წინადვე განუსაზღვრელი ღალა ერთს გარდაკვეთილ გარდასახადად იქცეს. ეს განზრახვა ამ მხრით და მხოლოდ ამ მხრით ეთანხმება ჩვენის ხალხის ჩვეულებასა, რადგანაც წინა წერილიდამ ვიცით, რომ ჩვენში თითქმის ყველგან ღალა გარდაკვეთილი ჰსწარმოებდა და არა საწილო. როგორ უნდა მოვიდეს ეს აღსრულებაში? დებულებაში მოხსენე- ბულია, რომ: 1) ჯერ უნდა წესი დაიდოსო. მასზედ თუ როგორ მოიყვანონ ცნობაში აწინდელის წილადობილის ღალის რაოდენობაო; 2) მერე ადგილობრივის გარემოების მიხედვით ეგ რაოდენობა ღალისა ფულად დაფასდესო და 3) მას შემდეგ ნაყმევის გარდასახადი ღალა ერთობ ფულად განისაზღვროსო, ესე იგი, ჩვეულებრივი მიწის მოსავლით გარდასასადი მასტად გადიქცესო.

ამ კანონმდებლობას რომ თვალი დავაკვირვოთ, ერთს განსაკუთრებითს ღირსებას ვიპოვით. აქ ცხადად გამოხატულია მთავრობის გულითადი მეცადინეობა, რომ ეს აუცილებელი ცვლილება ორივე მხრისათვის სამრთლიანად მოახდინოს. ამაში მთავრობას ყოველივე ჩვენი თანაგრძნობა ეკუთვნის. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მთავრობისაგან აღნიშნულის გზით განზრახული მისგან ცვლილება აუსრულებულა. ამას ამტკიცებს ის თვალსაჩინო მაგალითი, რომ აი მეცამეტე წელიწადი მიდის და ამ მხრით საქმის წინ წაწევისათვის არავის არც ხელი გაუნძრევია, არც ერთი ბიჯიც არ გადუდგამს. ჩვენის ფიქრით, თუნდა მოეწადინებინა ვისმეს, აუარებელი დაბრკოლება წინ დახვდებოდა და პირველის ბიჯის გადადგმაზედვე გულს დააჯერებდა, რომ აღნიშნულს გზაზედ სვლა ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ ვერ მოგვიფიქრებია რა წესი უნდა იყოს იმისთანა, რომ სახნავ-მიწისა და ვენახის მეოთხედი, ანუ სათიბის-მიწის მესამედი ცნობაში მოიყვანოს და ეს მოყვანილი ცნობა მართალი და უტყუარი იყოს. აქ, ჩვენის ფიქრით, ერთს რასმეს შეეძლო შველა: მას რომ ცნობილი იყოს ვის ვისგან რამდენი რგებია მეოთხედობიდამ ამ ცამეტს წელიწადში და მერე რიცხვთა შუა ანგარიშით კაცს გამოუვანა თვითვეულის მებატონისათვის და თვითვეულის ნაყმევისათვის მაგ წილადობილის ღალის რაოდენობა. განა ეს შესაძლებელია? ან ერთმა მებატონემ, ან ერთმა ნაყმევმა იცის ეგა? თუნდ იცოდნენ კიდეც, - რამოდენა ხანი უნდა, რამოდენა კაცი, რომ თვითვეულის მებატონისა და თვითვეულის გლეხისაგან ეგ ცნობა მოეკრიფათ და საბუთიც მოეთხოვათ. უამისოდ ხომ არა რაიმე ცნობა დასაჯერი არ არის და არც იქნება. თუ ეგრეა, განა ამ გვარად ცნობის შეკრეფას ბოლო მოეღებოდაღა როდისმე? არ გვგონია.

ვჰსთქვათ, რომ შეუძლებელი შესაძლოა ვჰსთქვათ რომ რაოდენობა ცნობაში ასე თუ ისე მოყვანილ იქმნას, მას შემდეგ ერთი სადავიდარაბო - იმ რაოდენიმის დაფასება იქმნებოდა. ნუთუ ეს ვისმე ადვილი ჰგონია? ფასის აწევ-დაწევაზედ ათასი მიზეზი მოქმედობს, ეგ მიზეზნი დღეს ერთია, ხვალე სხვა. ადგილობრივის გარემოების მიხედვით ეგ უნდა მოხდესო, ამბობს კანონი. რა რიგად ზედ-მიწევნით უნდა აღინუსხოს ეგ გარემოება, რომელიც მრავალ გვარია, რა რიგად ზედ-მიწევნით უნდა დაიდვას სასწორზედ ყოველი იგი, რომ ამ შემთხვევაში არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. სად არის ამის ღონისძიება? მერე დღეს დადგენილი ფასი, დღევანდელს გარემოებაზედ დაფუძნებული ხვალაც ისე იქნება? ვის შეუძლიან ამისი თქმა? ვის შეუძლიან სთქვას, რომ ამ შემთხვევაში ან მებატონე არ დაჰკარგავს და ან გლეხი? თუ ესეა, მაშ მაგ დაფასებაში სამართლიანობაზედ იმედს უნდა გამოვეთხოვოთ. თუ სამართლიანობა არ იქნება, მაშ ან გლეხს რა გაუმთელებს ნატკენს გულს, ან მებატონესა? სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო, ამბობს ჩვენი ქართველი კაცი. ყურადღების ღირსია ამისთანა რწმენა ხალხისა. თვით ღალის ფულად ქცევა, ესე იგი, მახტის დადგენა მიწის - ჭერაში დიდად გაუძნელებს გლეხს თავისას მოვალეობის აღსრულებას და ნაბატონარსაც არას შემატებს. პირველი, იმიტომ რომ ღალის ხდა ფულად ჩვენს ჩვეულებაში თითქმის არა ყოფილა, გარდა ორიოდ მაგალითისა, რომელიც მხედველობაში არ მიიღება, და მეორე, იმიტომ - რომ ფული ძნლად ჩაუვარდება გლეხს, რომლის სიმდიდრე დღესაც ფულიანობით კი არ იზომება, არამედ პურისა და ღვინის მეტ-ნაკლებობითა, ესე იგი, მიწის მოსავლითა. თუნდ ეგეც არ იყოს, ჩვენ ვერ მიმხვდარვართ - რა საჭიროება მოითხოვს, რომ სულადით გარდასახადი ფულად იქცეს? საქმე მაგ გარდასახადის განსაზღვრაა. რაკი ეგ განისაზღვრება, მაშინ უოველივე წილადობილის ღალის მავნებელნი შედეგნი მოისპობიან ცოტად თუ ბევრად და ამაში სულადით გარდასახადს, თუ ფულად გარდასახადს არავითარი ზედ - მოქმედება არა აქვს. თუ ესეა, რად უნდა ტყუილ - უბრალოდ შეირყეს ჩვეულება, რომლის მეოხებითაც გლეხი დღეს აქამომდე ღალას თუ კულუხს მიწის მოსავლით იხდიდა და ფულით გარდასახადს ერიდებოდა. ჭირი ხომ ჭირია, მაგრამ ჩვენი ხალხი ამაზედაც ამბობს, რომ შეჩვეული სჯობია შეუჩვევარსაო.

ერთის სიტყვით იმ გზით და სახით, რა გზითაც და სახით ნაჩვენებია დებულებაში გლეხის აწინდელის გარდასახადის გადაკვეთა ჯერ შეუძლებელია და მერე თუნდაც შესაძლო იყოს, ერთს მხარეს მოვალეობას უმძიმებს და მეორეს ამით არას მატებს. ჩვენ ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ წილზედ - ჭერას შველა არ აქვს, არსაიდამ მოევლება. შველა აქვს და ძალიან ადვილიცა, ოღონდ კი მივმართოთ ჩვეულებას და იგი დაგვანახებს ხსნის გზასა. თუ არ მხარე და მხარე, მაზრა და მაზრა მაინცა ამ შემთხვევაში დიდს ერთ-ფერობას და ერთ-გვარობას წარმოგვიდგენს. არ არის მხარე, არ არის მაზრა საცა დღიურზედ გადაწყვეტილის ზომისა და დადგენილის სახის ღალა არ ჰსწარმოებდეს. სად როგორი ჩვეულებაა, სად რა სახის და რა ზომის ღალაა - ეგ ადვილად საცნობია, იმიტომ რომ ეგ ადგილობრივ დიდმა და პატარამ შეუცდომლად იცის. გამოიძიონ ეს, ცნობაში მოიყვანონ ჩვეულებით დადგენილი ღალის რაოდენობა და სახე და ყოველ ამის კვალად გადაკვეთონ აწინდელი წილადობილი ღალა თავ-თავისის ადგილის მიხედვითა. არც გლეხი იწყენს ამასა და არც ნაბატონარი, იმიტომ - რომ მათს გარეშემო მწარმოებელს ჩვეულებაზედ იქმნება ყოველივე ეს დამყარებული და ამით არც მწვადი დაიწვის და არც შამფური.

ესე ყოველი რაცა ვჰსთქვით, მსოლოდ მინდვრის მიწებს შეეხება და ჩვენის ფიქრით, ვენახების თაობაზედ უფრო ადვილად შეიძლება საქმის გათავება. აქ ჩვეულებამ თავისი ჰქმნა კიდეც და ამ ჩვეულებას თუ გარედამაც ხელი შეეწყო, არ გავა ხუთი, ექვსი წელიწადი, რომ ნაყმევნი ვენახების პატრონად შეიქმნებიან. ჩვენში ჩვეულება იყო, რომ ვინც სხვის მიწაზედ ვენახს გააშენებდა, ნახევარი გამშენებლისა იყო და ნახევრი მიწის პატრონისა. აქაც ჩვეულებამ დაგვიმტკიცა, რომ მიწის-ჭერაში უძლეველია. თითქმის მთელი კახეთი მორიგდა გლეხობას ვენახების თაობაზედ მაგ ჩვეულების წინამძღომელობითა და ძალითა. თუმცა აქაც მეოთხედი იყო კულუხად დაწესებული მთავრობისაგან, მაგრამ არც ნაბატონარმა ინდომა ეგ და არც ნყმევმა. აიღეს მათ და უდრტვინველად, უდავიდარაბოდ, მშვიდობიანად ვენახები შუაზედ დაიყვეს, და ამ რიგად გლეხი ვენახის პატრონად შეიქმნა. ამ გვარი მორიგება წენარ-წყნარად გადადის ტფილისის გუბერნიის სხვა ადგილებშიაც. ამაში შესანიშნავი ის არის, რომ გლეხი უფრო ეტანებოდა ამ გვარად საქმის გათავებას, ვიდრე ნაბატონარი; დღესაც გლეხს უფრო უნდა მაგ გვარად საქმის გათავება ვიდრე ნაბატონარსა. ნაბატონარი ამ შემთხვევაში უკან იწევს იმიტომ კი არა, რომ ეგ საზარალო ეგონოს. არა, ნაბატონარმა კარგად იცის, რომ აქ არა ეკარგება რა, რადგანაც იმ ნახევარს ვენახისას ყველა სანახევროდ აიღებს და ნახევრიდამ ნახევარი ისევ იმ მეოთხედს რომლიდამაც ხუთი სარგებელში წავაო და ერთი თავნშიო. მეორე იმის ფიქრი ჰქონიათ, რომ გლეხობა თავ-თავის ვადაზედ ფულს ვერ შემოიტანსო. და ამით სახელმწიფო ხაზინა იზარალებსო. ამისათვის 49 წელიწადი დანიშნეს სესხის ვადად, თუმცა ასზედ ერთი მანეთი თავნს 37 წელიწადს ასწორებს და იშორებს. აქ თორმეტი წელიწადი მეტია დანიშნული, იმიტომ რომ ხაზინას რაც 37 წელიწადში დააკლდება ამ თორმეტის წლის შემოსატანის ფულით შეისრულოს.

იქნება ამ ორს ჭკუაში მოსასვლელს საგანს რაიმე საბუთი ჰქონდეს რუსეთში, მაგრამ ჩვენში კი არა მგონია, ჩვენი ხალხი თავისის ბინადრობის დიდი და მკვიდრი მოყვარეა. იგი სოფელი საცა მის მამა პაპას უცხოვრია, საცა მამა პაპის ძვლები უმარხია, საცა მამა პაპის სალოცავია ჩვენის გლეხისათვის მეტად ძვირფასი რამ არის. დღესაც თუ ბედის ბრუნვას ერთის ადგილიდამ მეორეში გადმოუსახლებია ვინმე, იმის შვილი შვილნი და უფრო შორეული შთამომავლობა თითქმის ყოველ წლივ უწინდელის ბინის დასახედად მიდის, მამა პაპის ხატისა და სალოცავის თაყვანის საცემლად დაიარება. ამისთვის არც ხარჯს, არც დროს და არც გზაზედ სიარულის შრომას არა ზოგავს. თუნდ ეგეც არ იყოს, ყველასაგან და ყველგან ცნობილია, რომ მუშა კაცი ყოველთვის იმის ნატვრაშია სადმე ბინა მოიკიდოს, სადმე თავისი საკუთრება იქონიოს და მიწის-მომქმედი მუშა ისე არა ქონებას არ ეტანება, როგორც უძრავსა, ესე იგი, მიწასა, ადგილ-მამულსა. ამ გვარებში ნამეტნავად ჩვენი გლეხია ღირს-შესანიშსავი. თუ კი თავის ახლო-მახლო. მამულს როგორმე შეიგულებს, თავს დაიგირავებს, ცოლ შვილს დაატევევებს ხოლმე, ვალში, ვახში ჩავარდება და მამულის სყიდვის შემთხვევას კი არ დაჰკარგავს. ჩვენებური გლეხი წელს გაიმაგრებს თუ არა, მარტო იმის ნატვრაშია, რომ მამული იყიდოს.

რომ ჩვენის გლეხის მიდრეკილება მამულის სყიდვისადმი ძლიერი და დაუძინებელია - ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ სამს თვალთ-საჩინოს, უცილოს მაგალითს: 1) ჩვენებური გლეხი რაკი მამულის სასყიდლად გაიწევს, მას არა ფასი არ აშინებს უკან არ დაახევინებს და ამის გამო რასაც გლეხი იმეტებს მამულის სასყიდლად, იმოდენას თავის დღეში სხვა კაცი ვერ გაიმეტებს. ფასის აღმატებში გლეხს სხვა კაცი წინ ვერ წაუვა და ვერც შეეცილება. ეს ყველასაგან ცნობილია. ჩვენ იმისთანა მაგალითიც ვიცით, რომ ასს საჟენს სოფლის ცარიელს მიწაში გლეხს ოცი თუმანი მიეცეს. ვჰსთქვათ რომ ეს მხოლოობითი შემთხვევაა, მაგრამ მაინც ყველამ იცის რომ ჩვენებური გლეხი, რაკი ღონისძიებას ხელთ იგდებს, გიჟურის ფასის მძლეველია. ცხადია, რომ ესე გულუხვად ფასის გამომეტება განსაკუთრებით გლეხის მიდრეკილებისაგან არის წარმომდგარი, და აქ სხვა რაიმე ეკონომიური მოსაზრება და ანგარიში არ მოქმედობს. 2)აუარებელი ნასყიდობის ქაღალდები წარმოადგინა ჩვენმა ნაყმევ-გლეხობამა საგლეხო სასამართლოში დასამტკიცებლად იმ მამულების თაობაზედ, რომელნიც ჯერ კიდევ ბატონ-ყმობის გადავარდნის უწინ ეყიდნათ, ესე იგი, მაშინ, როცა გლეხების საკუთარი და ამგვარად შეძენილი მამულიც ბატონის ნებაზედ იყო მინებებული და ბატონის საკუთრებათ ითვლებოდა, ჩვეულებით თუ არა, კანონით მაინცა, და როცა კანონი გლეხს საკუთრების სიმტკიცისათვის მფარველობას არც ჰპირდებოდა და არც უწევდა. რა ძლიერი მიდრეკილება უნდა ჰქონოდა, რომ ამგვარის წყობილების წინაშე გლეხი მამულის სყიდვაში მაინც უკან არ იხევდა და მაინც მამულს ყიდულობდა. 3) მარტო ქუთაისის გუბერნიაში, საცა გლეხობა ყველას უფრო ღარიბათ მიგვაჩნია, ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ რვა ათას სამოც-და-ხუთმეტმა (8075) ნაყმევთა კომლმა შეისყიდა თვისი ნაჭერი ადგილ-მამულები ნაბტონართაგან და ერთი მილიონი ას ოთხი ათას რვაას სამოც-და-ათი (1,104,870) მანეთი თავისის საკუთარის ჯიბიდამ მიჰსცა, ასე რომ მთავრობის შემწეობაც არ ითხოვა. გერმანიაში ოცდა შვიდს წელიწადში ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ნაწილმა ძლივს დაისხნა თავისი ადგილ-მამულები. ისიც მთავრობის შეწევნითა, და იმერეთში კი (გარდა სამეგროლოსი) ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოისხნა თავისი მამულები, ისიც მთავრობის დაუხმარებლად. ნუ თუ ეს მაგალითები არ ამტკიცებენ მას, რომ ჩვენებურს გლეხში დიდი მიდრეკილებაა მამულის შეძენისადმი. აქედამ ჰსჩანს, რომ ის კი არ უნდა ეფიქრათ გლეხი მამულის სყიდვას არ ინდომებსო, ფიქრი მებატონისა უნდა ჰქონოდათ, რომ იგი მამულს არ გაჰყიდდა. ამის წამალი უნდა მოეპოებინათ. უველგან ყოველის ხალხის კანონებში ის კი თქმულაო, ამბობს ერთი რუსის მწერალი, რომ სახელმწიფო. საჭიროებისათვის, საყოველთაო სიკეთისათვის ძალად გააყიდინონ ადგილ-მამულიო და ძალად აყიდვინონ კი - ეგ არსად გაგონილაო.

ჩვენის ფიქრით, მეორე შიშიც რომ გლეხი პირნათლად ვერ გამოვაო მთავრობისაგან ნასესხის ფულის გადახდაშიაო, ჩვენის გლეხ-კაცის ავ-კარგიანობაზედ არ არის დამყარებული. ოღონდ გაუადვილდეს გლეხს მამულის სყიდვა, ოღონდ კისერზედ ნუ მოეხვევა უხეირო უხმარი მამულები და ამითი გული ნუ გაუტყდება და იგი ნასესხის ფულის გადახდის თაობაზედ პირშავად არ გამოვა. სასოფლო ბანკები, თითო ოროლა მაგალითი საადგილ-მამულო ბანკისა ცხადად გვიმტკიცებენ, რომ გლეხნი ვალის მოშორებაში უტყუარნი არიან. ეგ იციან არამც თუ მათ, ვისაც გლეხთან გულ შემატკივრად საქმე დაუჭერიათ, არამედ იმათაც ვისაც მათთვის მამასისხლათ ფული უსესხებიათ. ამიტომაც სესხის ჯეროვანს ვადას გარდამეტებული თორმეტი წელიწადი, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მეტის მეტი სიფრთხილეა, მით უფრო რომ ეგ სიფთხილე გლეხს აწვება კისერზედ, მაშინ როდესაც იგი მაგის მიზეზი არ არის. დიდი შეღავათი იქნებოდა გლეხისათვის, რომ ერთისა და იგივე გარდასახადით ვალი ოცდა ჩვიდმეტს წელიწადს მოეშორებინა და არა ორმოცდა ცხრასა, როგორც ამ ჟამად არის დაწესებული.

თუ გლეხს მაგისთანა წყურვილი აქვს მამულის სყიდვისაო, თუ მთავრობისაგანაც მამულისათვის საჭირო ფულს ეგრე იაფად შოულობსო (თუმანზე სამი აბაზი თავნში და სარგებელში 49 წლის ვადით), მაშ ნაყმევთაგან მამულების დასხნა ეგრე ტაატით რად მიდისო, გვეტევიან ჩვენ. ამისი მიზეზი ბევრია, და მათში არც ერთი იმისთანა არ არის, რომ გლეხის ბრლი იყოს. ჩვენ ამჟამად მარტო უმთავრესს მიზეზებს მოვიხსენიებთ.

კანონით ნყმევსა ორის გზით შეუძლიან მამულის სყიდვა: ერთი - თავისის ფულით მთავრობის შეუწევნელად და მეორე - მთავრობისგან ნასესხის ფულითა. გლეხი ერიდება თავისის მამულის დასხნას საკუთარის ფულით, იმიტომ რომ ბევრს მაგალითებს ხედავს, რომ ამ რიგადაც მამულის შეძენისათვის კანონიერის სიგელის გამოტანა უძნელდებათ და უგვიანდებათ, რადგანაც ამ გვარად სყიდვაშიაც მომრიგებელი შუამდგომელი (Mиpoвoй посредникъ) და ერთობ საგლეხო გამგეობა არ ვიცით რისთვის ერევა[2] და უამისოდაც რთულს საქმეს სიგელის დამტკიცებისას საზოგადო კანონისამებრ უფრო აძნელებს. მაგალითებრ, თვით მთავრობას ცნობილი აქვს, რომ ქუთაისის საგლეხო გამგეობას თითქმის 1877 წლამდე არც ერთი ამგვარი სიგელი არამც თუ დაუმტკიცებია, არც კი განუხილავს. ნუ დავივიწყებთ, რომ 8075 კომლის სიგელი მაინც უნდა იყოს ქუთაისის გუბერნიაში ამ ჟამად. რასაკვირველია, გლეხკაცობას ამ გვარი საქმის გაძნელება და დაგვიანება, ყოველს ხალისს თუ არ მოუკლავდა, სყიდვის სურვილს მაინც და მაინც დიდად შეუყენებდა.

საკვირველია, რომ მთავრობის შემწეობით სყიდვას გლეხი უფრო ერიდება, თუმცა, ადგილობრივის მიხედვისა კვალად, მთავრობა ბევრით იაფად აძლევს გლეხს სესხსა. ამისი მიზეზი ის არის, რომ სესხის გადასახდელად ურთიერთის თავ - დებობაა კანონად დადგენილი. ეგ ჩვენებურის გლეხის ჩვეულების პირ-და-პირ წინააღმდეგია, წინააღმდეგია მისის მეურნოების გამართულობისა, მისის ეკონომიურის მდგომარეობისა და მოწეობილებისა. რუსეთში მაგას თავისი ადგილი აქვს და თავისი ჯეროვანი საბუთიცა. იქ მამულების საერთოდ-სასოფლოდ (Mipскoe) მფლობელობა არის და საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობას საერთო მოვალეობაც მოსდევს. კარგია თუ ავია საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობა მიწისა ჩვენ ამის გამოძიებაში არ შევალთ. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ურთიერთის თავდებობა უსაბუთოა, იქ საცა საერთო თანასწორი მიწის მფლობელობა არ არის. ლაველე ამბობს, რომ ურთიერთის თავდებობას მაშინ აქვს ადგილი და საბუთიო, როცა მიწის საერთოდ მფლობელობიდამ არის წარმომდგარიო. ჩვენში მფლობელობა ადგილ-მამულისა, მეურნოების გამართულობა, ეკონომიური მოწყობილება კომლეულია, განსაკუთრებით სოჯახოა და არა საერთო-სასოფლო. ამის გამო ჩვენში ურთიერთის თავდებობას მარტო მოვალეობის თვისება აქვს გლეხისათვის. და რაც მაგ მოვალეობას უფლება მოსდევს. იმ უფლებას კი ჩვენებური გლეხი მოკლებულია. რადგანაც ჩვენს დებულებაში ისევ ის ჩვეულებრივი კომლეული მიწის მფლობელობაა ჩვენის გლეხის მდგომარეობის დედა-ბოძათ მიღებული, ამის გამო არავითარი საბუთი არ იყო, რომ ურთიერთი თავდებობა შემოეღოთ და ვალის ხდა კომლეულობით არ მოესაზრათ. ჩვენებურს გლეხს არ ესმის და, სწორედ გითხრათ, ვერც გაიგებს რისთვის უნდა იხადოს სხვის მაგიური ვალი, მაშინ როდესაც იმ სხვას თავისი საკუთარი ბინა აქვს, თავისი მიწა და ქონება; იმ მიწასა და ქონებაზედ თვით არა ვითარი უფლება არ მიუძღვის არც საზოგადოებრივი, არც კერძობრივი. ერთობ ეგ ურთიერთის თავდებობა დიდად აშინებს გლეხსა და მთავრობის კეთილ განზრახულს შემწეობაზედ ხელს აღებინებს გლეხს ამას გარდა კიდევ ის აფხთობს, რომ ხაზინასთან საქმის დაჭერა ეძნელება. მრავალის მაგალითით გული დაუჯერებია, რომ მოთანამდე პირთა გულმოდგინებისაგამო, ხაზინის გარდასახადი ერთი აბაზი სშირად მანეთად დაჰსჯდომია.

თუ ეს არ იყოს რად უნდა ერიდებოდეს გლეხი მთავრობისაგან ვალის აღებას? რომ ერიდება ამის მაგალითად იმას მოვიყვანთ, რომ იმერეთში გლეხ-კაცობამ ერთ მილიონზედ მეტი ფული მისცა თავის მამულების დასახსნელად, ისე რომ მთავრობას ერთი გროშიც არ ესესხა. თუმცა ტფილისის გუბერნიაში ათას ორას ოცმა (1220) კომლმა გამოისყიდა მამულები და ამისათვის მთავრობისაგან სამას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ხუთი (314, 983) მანეთი ისესხა, მაგრამ ამათაც კი გამოუცხადებიათ სურვილი, რომ ეგ ფული სულ ერთბაშად შეიტანონ ხაზინაში.[3] გულდაჯერებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ ამ ორს ზემოხსენებულს შემთხვევაში გლეხი ვლის აღებას არ გადურჩებოდა და იმაზედ იაფად, როგორც მთავრობას განუზრახავს, სად იშოვის გლეხი მაგ ვალსა? არსად, და მაინც, როგორც ეტყობა, გლეხ-კაცობა მამასისხლად ვალის აღებას უფრო რჩეობს, ვიდრე ხაზინისაგან დიდის შუღავათით ხელის გამართვასა.

ყველაზედ უმთავრესი მიზეზი, რომელიც ნაყმევთა მამულების დასხნას ხელს უშლის და დიდად აბრკოლებს, ის არის რომ ნაყმევი მამულს ვერ იყიდის, თუ მებატონე ამას არ მოიწადინებს. ამ საგანზედ ჩვენ ჩვენი აზრი ზემოდ გამოჰვსთქვით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ თუ რა აბრკოლებს, რომ აქამომდე ეგ წადილი იმოდენად ფეხ-ადგმული არ არის, რამოდენადაც სასურველია. აი ჩვენის ფიქრით, რა აბრკოლებს: ზოგი მებატონეა დღესაც, რომ მისი დღეობაა, როცა გლეხი მასთან სახვეწრად მოვა და მძიმედ თავს დაუკრავს. აწინდელი მიზეზით სავსე კავშირი მათ შორის ამ თავ-მოუვარეობას ცოტად თუ ბევრად ხელს უმართავს და მებატონე ამით კმაყოფილია. ბატონ-ყმობაში დაბადებულს, ბატონ-ყმობაში გამოზდილს მებატონეს, რასაკვირველია, ეძნელება, გული ეთანაღრება, რომ მის გარეშემო ბატონობას ავალა აღარა აქვს და ფიქრობს, რაკი წელს მივყევარო, ხავს მაინც მოვეჭიდოო. ხავსათ კიდევ მიზეზიანი მეოთხედობა გაუხდია და ამას მაგრად ეჭიდება. ჩვენდა სასახელოდ, ამისთანანი ბევრნი არ არიან. ზოგი მებატონეა რომ თუმცა დებულების ოქმში მეოთხედობა მოუხსენებია, მაგრამ ამ მიზეზიანის მოვალეობის შემწეობით გლეხი იქამდე მიუყვანია, რომ იგი ძალა-უნებურად მორიგებია მებატონეს შინაურულად, სიტყვით და უწინდებულად გაუბეგრავს თავი, ესე იგი, გარდა გარდაკვეთილის ღალისა და კულუხისა გლეხს მეტონისათვის მუშაობაც უკისრნია. რასაკვირველია, ამ გვარის მებატონისთვის მამულის გასყიდვა, რომელიც გლეხის სრულს განთავისუფლებას მოასწავებს, სანატრელი არ იქმნება, რადგანაც ამით მოისპობა ის მიზეზი, რა მიზეზითაც დღეს გლეხი ძალაუნებურად ბეგარასა უწევს. ზოგი მებატონეა და, ჩვენდა სანუგეშოდ, მომეტებული ნაწილიც, რომ მამულის გაჰსყიდვა უნდა და მარტო იმისთვის არ აცხადებს სურვილს, რომ ეშინიან დავიწყობ საქმესო, ტყუილ-უბრალოდ გავებმიო, თრევას და ხარჯს ვეღარ გავუვალო და ბოლო კი არ მოეღებაო. ორს პირველს მიზეზს კბილს მოჰსჭრის ის, რომ, ზემოხსენებულის 172 მუხლის ძალით, აწინდეული წილადობილი გლეხის გარდასახადი ყოველგან მალე გადიკვეთოს და განისაზღვროს ადგილობრივვის ჩვეულების მიხედვითა, - და მესამეს კი ის, რომ ერთობ უსაბუთოდ რთული და დაუბოლოებელი წარმოება მამულის დასხნის თაობაზედ გამარტივდეს და სწრაფად აღსრულებაში მოდიოდეს.

ამ უკანასკნელის მიზეზის მოსასპობლად ამ ახლო ხანებში ჩვენის მთავრობის წინაშე წარდგენილა ახალი წინადადება. ამ წინადადების ქვა-კუთხედი და დედა-აზრი იგია, რომ მთავრობამ ნაყმევთა მამულების დასხნისათვის იმისთანა რამ ადგილობრივ გამართოს როგორც საადგილ-მამულო ბანკია, საიდამაც გლეხთა მამულის დასხნისათვის ფულის სესხად აღება შეეძლოთ იმავე წესით და პირობით, როგორც ეგე ყოველი საადლ-მამულო ბანკშია მიღებული. ეს ქვეყნიერებაზედ ახალი ამბავი არ არის. მაგ გვარი წყობილება ევროპაში, სახელდობრ გერმანიაში დიდი ხანია შემოღებული იყო ნაყმევთა მამულების დასხნისათვის და იქ, საცა იყო შემოღებული, ამ გვარმა წყობილებამ მეტად ააჩქარა ბატონ-ყმობის საქმის დაბოლოვება საყოველთავო საკეთილოდ. დანიაში 1806 წ. დაწესდა მაგ გვარი ბანკი, ჰესსენ - კასსელში 1832, ჰანოვერში 1841წ. ნსსაუში 1849 და სხვა. რადგანაც ჰანოვერის ბანკს მოქმედობას მეტად უქებდნენ, ამას გამო მის აგებულებაზედ და განწყობილებაზედ ზოგიერთს უმთავრესს ცნობას მოვიყვანთ. ჯერ კიდევ 1830 წლიდამ, ჰანოვერში გამოთქმულ იქმნა ის აზრი, რომ ნაყმევთა სრულიად განთავისუფლებისათვის ბანკი რამ გაიმართოს მთავრობის დახმარებითა. ნემენცთა, ჩვეულებისამებრ, ეგ აზრი სინჯეს, გაზომ-გამოზომეს, აიღეს დაიღეს და ბოლოს 1841 წ. აღსრულებაშიაც მოიყვანეს. ბანკი დააწესეს და საგნათ მარტო გლეხთა მამულების გარდასახადის დასხნა დაუნიშნეს. მაგრამ თითქმის იმავე დროს მთავრობამ გამოაცხადა სურვილი და აღსრულებაშიაც მოიყვანა, რომ ეგ ბანკი მარტო გლეხთა მამულების გამოსხნას არ მიჰყვეს და თვისი მოქმედება განავრცოს, ესე იგი, სესხი აძლიოს ყოველს უძრავს ქონებაზედაც - ნაყმევისა იქნება თუ სხვა პირასა. პირველს და მეორეს შემთხკევაშიაც გირაოდ მიიღებოდა უძრავი ქონება. მთავრობამ ნახევარ მილიონი ტალერი (91 1/4 კაპეიკია) დაუნიშნა, რომ, თუ ვინიცობაა გაჭირებამ მოითხოვოს, ბანკმა ხელი გაიმართოს. ამ ფულიდამ ბანკს ნება ჰქონდა მოეთხოვნა სახელმწიფო ხაზინისაგან ერთ ხანად 100.000 ტალერი; ხაზინას სარგებლად უნდა ერთმია ათს თუმანზედ სამი მანეთი წელიწადში. ამას გარდა ყოველივე პასუხის-გება ბანკის მოვალეთა წინაშე თვით მთავრობამ იკისრა. ჰანოვერის ბანკი შინაგანის საქმეთა მინისტრის გამგეობით ჰსწარმოებდა. თვითონ ბანკსა ჰმართავდა მთავრობისაგან დანიშნული სამი კაცი, რომელნიც ბანკის მართველობას შეადგენდნენ. მსესხებელთ შორის ურთიერთის თავდებობა მიღებული არ იყო. ამ ბანკში შესანიშნავი ორი რამ არის. ერთი ის, რომ სესხის მოსშორებლად ერთი ვადა კი არ იყო დაწესებული, არამედ რამდენიმე. მსესხებელის ნებაზედ იყო მიგდებული ან ერთს ვადაზედ დამდგარიყო, ან მორეზედ. მეორე ისა, რომ რაკი ბანკში მამული გირაოდ შევიდოდა, არა რაიმეს კერძოობითს მთავრობითსა ან სასამართლოს განკარგულებას არავითარი ძალა არ ჰქონდა იმ მამულის თობაზედ, თუ რომ იმ განკარგულებას ბანკისათვის რაიმე ზარალი და ვნება მოსდევდა. 1841 წლიდამ 1850 წლამდე, ესე იგი, ათის წლის განმავლობაში ამ ბანკმა შვიდ მილიონზედ მეტის ფასის (7, 249, 779 ტალერი) მამულები დაასხნევინა ნაყმევებსა.

ჩვენი პირდაპირი საგანი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად ამ წერილების სათაური აცხადებს. სულ სხვა არის, ამიტომაც ზემოხსნებულს წინადადებას ამ ჟამად ჯეროვანად და ვრცლად ვერ გამოვიძიებთ.

ბატონ-ყმობის გაუქმებას ჩვენში ზედ მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულებაცა ამაზედ ლაპარაკი შემდეგ გვექნება.

———————

1 აი ნამდვილი სიტყვები 172 მუხლისა: კავკასიის ნამესტნიკის მიენდობა დასდვას კანონნი მოყვანისათვის ცნობაში გარდასახადთა რაოდენობისა მიწისა მოსავლითა გლეხთა მინდვრისა მიწათაგან და ძალთაგან; გარდასახადნი ესენი დაფასდეს ფულად შეთანასწორებით ადგილობრივთა მოთხოვნილებათა ნამდვილისა მოსავალთა ღირებულობისა და დაწესდეს ამ დაფასებით გარდასახადი მოხსენებულია მინდვრისა მიწათა და ბაღთათვისა.

2 იხილეთ: Приложениіе к(…) (примЋч. 2) наказа по выкупной операціи въ Тифлисской и Кутаисской губерніяхъ მუხლნი: 8,9

3 იხილე Донесеніе губернскаго по крестьянскимъдЋлапъ присутствія отъ 15 Iюня 1876 г. №471

5 მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის

▲back to top


მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის

ავსტრი-ვენგრია.[1] წარსულს წერილში მოხსენებულთა ავსტრი-ვენგრიის მცხოვრებთა რიცხვის სქემიდამ ჰსჩანს, რომ იმპერია ერთ გვარ-ტომითის ხალხით არ არის შემდგარი. იგი წარმოადგენს იმისთანა კავშირს, საცა თვითვეულს ხალხს თავისი საკუთარი ენა აქვს, საკუთარი ისტორია, საკუთარი მწიგნობრობა, ხასიათი, ჩვეულება, მიდრეკილება და ყოფა-ცხოვრება. ესე ყოველი ერთად ხალხის განსაკუთრებულს სახეს, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, თვისებას შეადგენს. ეგ თვისება, ეგ საკუთარი სახე მეტად ძვირფასი რამ არის ყოვლის ხალხისათვის, იმიტომ რომ იგია შთამომავლობითი მემკვიდრეობა ყოველ იმისა, რისთვისაც უღვწია, უბრძოლია მამასა და პაპასა. თუ იგი მამა-პაპათა აკლდამაა, საცა მარხია ყოველი საუნჯე და დიდება შვილისა, მეორეს მხრით იგი ნერგია, რომელზედაც უნდა აღმოცენდეს და აყვავდეს შვილის ბედნიერება. ამის შემდეგ საკვირველი არ არის რომ როცა ერთის ტომის ხალხი მეორე ტომის ხალხს.

ავსტრიის იმპერიაში სწორედ ესე მოხდა. ავსტრიის მთავრობამ, რომელიც ნემენცის შთამავლობისაა, განიზრახა თვისი სხვა და სხვა ტომის ხალხი გაენემეცებინა და მით წაეშალა განსაკუთრებული თვისება თვითვეულის ხალხისა. ამისათვის მან გამოდევნა ვენგრიისა და სლავიანების სასამართლოებიდამ, სამმართველოებიდამ და სასწავლებლებიდამ ვენგერთა და სლავიანთა სამშობლო ენა და ნემეცური ენა შემოიღო, მოსპო ყოველი მათი თვითმოქმედება და თვით-მმართველობა, ჰსდევნიდა მათს თავისუფლებას, მწერლობას, ერთის სიტყვით ყოველს მას რითაც ხალხი თავის-თავს ხალხათ აღიარებს. მაგრამ ამ გვარი წინდაუხედავი და ულმობლობით აღსავსე საქციელი ძვირად დაუჯდა ავსტრიასა, მან ამით გადიმტერა თავისი ქვეშევრდომი ხალხი ტყუილ-უბრალოდ, იმიტომ რომ თავის განზრახულს საქმეს მაგით ვერ მიჰსწვდა და მტრობა კი მტრობათ დარჩა. ეს გადამტერება, შემოწყრომა დევნილის ხალხისა და ხალხის გულის - აყრა - სხვათაშორის შეიქმნა მიზეზად, რომ ავსტრია 1860 წ. დაამარცხა იტალიამ და 1866 წ. პრუსიამ კიდევ ასეთი საქმე დაჰმართა, რომ ავსტრიამ თითქმის ორ კვირასაც ვერ გაუძლო პრუსიის ჯარსა და დამარცხებულმა პრუსიის წინაშე თავი მოიხარა. ამ მაგალითების შემდეგ თვითონ ავსტრიაც მიხვდა, რომ იმპერიის მშვიდობისა, სიმრთელისა და სიმაგრისათვის გულ-აყრილი, შემომწყრალი ქვეშევრდომი ხალხი საიმედო არ არის და ამიტომაც შეუდგა იმის ცდას, რომ ხელახლად შეირიგოს, როგორმე ხალხის გული მოიგოს. ბევრის ცდისა და ტორტმანის შემდეგ 1867 წ. იმპერატორმა მიანიჭა იმპერიას ახალი - მთავრობითი წესი, ესე იგი ახალი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც მოქმედებს. ამ წესის ძალით ვენგრიამ იმისთანავე სახელმწიფო უფლებანი მიიღო, როგორც ავსტრიასა აქვს. ხოლო ზოგიერთმა სლავიანების ქვეყნებმა მარტო თავისი შინაურის საქმეების თვით-მმართველობის, გამგებლობის უფლება შეიძინეს. ამ კონსტიტუციამ სლავიანები არ დააკმაყოფილა. ესენი ცდილობენ ეხლა იგივე უფლება შეიძინონ, როგორიც დღეს კონსტიტუციით აქვს ვენგრებსა.

ერთის სიტყვით, ავსტრი-ვენგრიის იმპერია ძალაუნებურად დღეს იმ გზას ადგია, რომელმაც დღესა თუ ხვალე აუცილებლად ფედერაციამდე მაინც უნდა მიიყვანოს, ესე იგი, იმისთანა სახელმწიფო წყობილებამდე რომლის ძალითაც თვითეულს ხალხს იმპერიისას თავისის საკუთარის საქმეების გამგეობა და მმართვა მის ნებაზედ ექმნება მინებებული, ხოლო საერთო სახელმწიფო საქმეთათვის ექმნებათ საერთო სახელმწიფო მმართებლობა, სულ ყველასაგან დადგენილი. ეს იქმნება თავისუფალთა ხალხთა კავშირ-ზავობა როგორც ეხლა შვეიცარიასა და ამერიკაშია. ესეა, თუ არა, დღეს ავსტრიის საშიშარი ტკივილი ის არის, რომ ყოველი ტომის ხალხი თავისასა თხოულობს და ამას დაკმაყოფილება უნდა. ავსტრიის ბედი და უბედობა, მისი ძალა, მისი გამძლეობა და არსებობა იმაზედ დამოკიდებულია თუ როგორ დააკმყოფილებს იგი თვის ქვეშევრდომთა ხალხთა სამართლიანს თხოვნსა.

დღეს მთელის ევროპის წინაშე წამოყენებულია ფეხზე აღმოსავლეთის რთული საქმე და ეს საქმე უმთავრესად სლავიანებზედ ტრიალებს. რადგანაც ავსტრიაში იმოდენა სლავიანები არიან, მკითხველი ადვილად მიხვდება იმ საჭიროებას, რომელიც ავსტრიას ძალას ატანს მხურვალე მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთის საქმის გადაწყვეტაში.

———

გერმანია. - ძალიან შესანიშავი რამ არის ეს გერმანიის იმპერია. მისი კონსტიტუცია, ესე იგი, მისი მთავრობითი განწყობილება, მისი შინაგანი მმართებლობითი აგებულება ისეთ ნაირად არა ჰგავს სხვა სახელმწიფოთა განწყობილებას და აგებულებას, რომ საჭიროდ მიგვაჩნია ამ კონსტიტუციაზე და ცოტაოდნად დაწვრილებული მოთხრობა.[2] გერმანია შესდგება 25 სახელმწიფოთაგან: პრუსია, ბავარია, საქსონია, ვირტემბერღი, ბადენი, ჰესსენი, მეკლენბურღ-შვერინი, მეკლემბურღ-სტრელიცი, საქსენ-ვეიმარი, საქსენ-მეინინგენი, საქსენ-ალტენბურღი, საქსენ-კობურ-გოტა, ბრუნშვეიღი, ოლდენბურღი, ანგალტი, შვარცბურღ-რუდოლ-შტატი, ვალდეკი, რუისსიუმიფროსი, რეისს-უმცროსი, ლიპპე, ლიპპე - შუმბურღი, თვისუფლი ქალაქები ლიუბეკი, ბრემენი და ჰამბურღი. ამას უნდა მიუმატოთ ელზას - ლოტარინგია, რომელიც გერმანიამ წაართვა საფრანგეთს უკანასკვნელის ომის შემდეგ. ის კი უნდა შევნიშნოთ, რომ ელზასლოტარინგიას არა აქვს თავისი საკუთარი კონსტიტუცია და ამიტომ ჩვენ არ ჩავთვალეთ იმ სახელმწიფოთა შორის, რომელთაც ურთიერთის მოზავეობით დაარსეს ეხლანდელი იმპერია. გარდა ამისა ეხლანდელი გერმანიის კონსტიტუცია კიდეც შედგენილი იყო, როდესაც გერმანიამ ჩაიგდო ხელში ელზას - ლოტარინგია.

წინაპირველად უნდა მოვიხსენიოთ, რომ ყოველი ზემოხსენებული სახელმწიფო არის, ერთის მხრით. თავისუფალი, სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომულსაც აქვს თავისი მმართებლობა, საკუთარი შინაგანი განწყობილება; მეორის მხრით - არის წევრი-მოზავე იმ განურღვეველის ზავისა, რომელსაც უწოდებენ გერმანიის იმპერიას და რომელსაც, თავის მხრით, აქვს საკუთარი საგანი და დანიშნულება. ერთის სიტუვით, ყველა ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთის მოზაობა დაადგინეს მასზედ, რომ საერთო, სყოველთაო საქმე საერთოდ განვაგოთო და სხვაფრივ კი თავისუფალნი ვიქმნეთო. ჩვენ ამ ჟამად განვიხილავთ მხოლოდ მას, რაც გერმანიას საერთოდ შეეხება.

გერმანიის ზავს მინიჭებული აქვს უმაღლესი მმართებლობითი უფლება, რომლის წარმოება ეკუთვნის პრუსიის კოროლს, გერმანიის იმპერატორათ სახელწოდებულს, და მოზავეთა საბჭოს რომელიც შესდგება გერმანიის თვითეულის სახელმწიფოების წარმომადგენელთაგან. კანონთ - მდებული უფლება ეკუთვნის როგორც მოზავეთა საბჭოს, აგრეთვე გერმანიის ხალხის წარმომადგენელთა კრებას, რომელ საც უწოდებენ რეიხსტაღს.

იმპერია საერთოდ განაგებს მხოლოდ იმ საქმეებს, რომელნიც შეეხებიან ლაშქრობას, იმპერიის ფინანსებს, აღებ-მიცემობას, ფოშტას, ტელეგრაფს, რკინის გზებს, მწიგნობრობას და სხვ. რაც ამ საგნებს არ შეეხება, ყველაფერი მინდობილი აქვს თვითოეულ სახელმწიფოს ცალკედ, ისე რომ ყოველი მათგანი როგორც ჰსურს, ისე განაგებს. მოზვეთა საბჭო არის შემდგარი, ზავის წევრთა (მათის მთავრობის) წარმომადგენელთაგან. მაგრამ ამ წევრთა თანასწორი მონაწილეობა არა აქვთ საბჭოში: პრუსიას ეკუთვნის 17 კენჭი, ბავარიას 6, საქსონიას 4, ვირტუმბურღს 4, ბადენსა და ჰესსენს სამ - სამი კენჭი, მეკლემიურღ - შვერინს 2, და დანარჩენ სახელმწიფოებს თვითო თითო კენჭი. ყოველ სახელმწიფოს აქვს უფლება გაგზავნოს მოზავეთა საბჭოში იმდენი წარმომადგენელი, რამდენიც კენჭი აქვს მინიჭებული, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ ერთ და იმავე საგანზედ კენჭი უნდა შეაერთონ ისე, ვითომც ერთი წარმომადგენელი ყოფილა. რასაკვირველია, ეს ასე უნდა მოხდეს, რადგანაც ყოველი წარმომადგენელი წინადვე დარიგებულია თავის მთავრობის მიერ, როგორ უნდა მოიქცეს მოზავეთა საბჭოში, კენჭი ვის და რას უნდა მიჰსცეს.

ამ საბჭოს პრეზიდენტი არის იმპერიის კანცლერი,[3] რომელსაც ნიშნავს იმპერატორი. ყოველ საბჭოში, ყოველ საზოგადო ყრილობაში შემოღებულია, რომ თუ ვინიცობაა დადებულს რიცხვზედ ნაკლები წევრი შეიყარა, საზოგადოება ვერა საქმეს ვერ განგებს და მის განაჩენს კანონიერი ძალა არ ექმნება. გერმანიის მოზავეთა საბჭოში კი სრულებით სხვა ფრივ არის დაწესებული. ერთი წევრიც რო მოვიდეს, მინც მის განაჩენს კანონიერი ძალა ეძლევა. ამ შემთხვევაში, ეს ერთი წევრი უთუოდ პრეზიდენტი უნდა იყოს, რადგანაც უამისოდ კრება უკანონოდ ჩაითვლება. ერთის სიტყვით საბჭოში ბურთი და მოედანი პრუსიისაა. მოზავეთა საბჭოს შეყრის უფლება ეკუთვნის მხოლოდ იმპერატორს. ეს საბჭო და რეიხსტაღი შეიყრებიან ყოველ წლივ. მოზავეთა საბჭო შეიძლება შეყრილ იქმნას ურეიხსტაღოთაცა, მაგრამ რეიხსტაღის შეყრა კი შეუძლებელია უიმისოთ, რომ იმავე დროს საბჭო არ იყოს შეყრილი.

მოზავეთა საბჭოში ბჭობა საიდუმლოა, ე.ი. უცხო კაცი ვერ დაესწრობა და თვით საბჭოს პროტოკოლიც ვერ გამოცხადდება არც ბეჭვდით და არც სხვა გვარ.

რეისტაღი არის მთელი გერმანიის სალხის წარმომადგენელთა კრება. ეს წარმომადგენელნი აღმოირჩევიან საყოველთაო კენჭის ყრით. მთელი გერმანია განაყოფება რამდენიმე არჩევანის მაზრად; 100,000 მცხოვრებ სულზე დანიშნულია ერთი დეპუტატი, პატარა გერმანიის სახელმწიფოს, თუნდა მისი ხალხის რიცხვი 100,000-ზედ ნაკლები იყოს, მაინც შეუძლიან იყოლიოს ერთი დეპუტატი. ამ ჟამად რვიხსტაღში 397 დეპუტატია. მათ შორის:

პრუსიას ეკუთვნის ............. .. 235

ბავარიას...................................48

საქსონიას ................................17

ელზასლოტარინგიას ............15

ბადენს ....................................14

ჰესსენს ....................................9

საქსენ-გეიმარს ........................3

ოლდენბურღს .........................3

ბრაუნშვეიღს ...........................3

საქსენ - მეინინგეს ..................2

აქსენ-კობურღ - გოტას ...........2

ანგალტს ................................... 2

დანარჩენ თორმეტ სახელმწიფოთაგან თითო დეპუტატია. ყოველს გერმანიელს, რომელიც კი 25 წლისა შესრულდება, აქვს არჩევანის უფლება. ამ უფლებას რასაკვირველია, აქვს იგივე საზღვარი, როგორც სხვა კონსტიტუციებშია მოყვანილი. ამას უნდა დავუმატოთ ერთი შესანიშნავი გარემოება: რეიხსტაღის დეპუტატებს ჯამაგირი არა აქვთ დანიშნული. ამის გამო ღარიბის ხალხისათვის არჩევანით წარმომადგენელობა სრულებით ფუჭია, რადგანაც ღარიბთა არავითარი შეძლება არა აქვსთ, გაგზავნონ რეიხსტაღში თავისი მოძმე ღარიბი კაცი თავისის კეთილმდგომარეობის დასაცველად. რეიხსტაღის კრებაში ყ ველას შეუძლიან დაესწროს. კანონთ - მდებელი თაოსნობა ეკუთვნის როგორც მოზავეთა საბჭოს, აგრეთვე რეიხსტაღს.

ახლა გადავავლოთ თვალი იმპერატორის (რომელიც პრუსიის კოროლია) უფლების თვისებას. რადგანაც გერმანიის იმპერია შედგენილია სხვა და სხვა სახელმწიფოთაგან, რომლებსაც თავ-თავისი მმართებლობითი უფლება უპყრიათ, ამიტომ გერმანიის იმპერატორს არა აქვს ის უფლება, რომელიც ეკუთვნის ცალკე სახელმწიფოს მეუფებასა. ნამდვილი წარმომადგენელი გერმანიისა არის მოზავეთა საòჭო, ე.ი., სხვა და სხვა გერმანიის სახელმწიფოთა წარმომადგენელთა კრება. მთავრობითი უფლება ეკუთვნის როგორც ამ კრებას, აგრეთვე იმპერატორსაც. იმპერატორს, მაგალითებრ, არა აქვს უფლება უარჰყოს იგი კანონი, რომელიც დააწესა რეიხსტაღმა და მოზავეთა საბჭომ. ისიც უნდა ვთქვათ რომ თუმცა კანონით ეს ასეა, თუმცა კანონის ძალით იმპერატორის უფლება განსაზღვრულია, მაგრამ ნამდვილად კი იმპერატორს რაც უნდა, იმასა იქმს, რადგანაც არც მოზავეთა საბჭოს, არც რეიხსტაღს არავითარი ღონისძიება არა აქვთ, კონსტიტუციით მინიჭებული, ძალა დაატანონ იმპერატორს უსათუოდ დაამტკიცოს და მოქმედებაში მოიყვანოს მათ მიერ დაწესებული კანონი. იმპერატორს ყოველთვის შეუძლიან თქვას, რომ იგი კანონი კონსტიტუციის წინააღმდეგიაო, და ამის გამო იგი კანონი უქმად დარჩეს და არ გამოცხადდეს. აღმასრულებელს უფლებას ჰავს მარტო ერთი პირი, კანცლერი, რომელიც პასუხის მგებელია რეიხსტაღისა და მოზავეთა საბჭოს წინაშე. მთელი გერმანიის ლაშქართ მთავრი არის იმპერატორი, რომელსაც ხელთ უპურია გერმანიის სამხედრო ძალა, ამით პრუსიას ეძლევა უპირატესი მნიშვნელობა მთელს იმპერიაში.

მაინც მთელი გერმანიის კონსტიტუცია ისეთ ნაირად არის შედგენილი, თითქო მარტო პრუსიისათვის იყოს დანიშნულიო. მეტადრე გერმანიის კანცლერს (ამ ჟამად ბისმარკს) აუარებელი უფლება აქვს მინიჭებული, ერთი ფრანციელი მწერალი შერბულიე, ამბობს რომ გერმანიის კონსტიტუცია ერთის კაცის მიერ და ერთი კაცისათვის არის დადგენილიო. მართალიც არის.

რადგანაც ყოველს მთავრობის მოქმედებაში პასუხის გამცემი რეიხსტაღისა და მოზავეთ საბჭოს წინაშე მხოლოდ კანცლერია, მაშასადამე მასზედ არის დამყარებული მთელი იმპერიის გამგეობა. ყოველს განკარგულებას იმპერატორისას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როდესაც კანცლერს უწერია მასზედ ხელი. მაშასადამე, კანცლერი ვითომც საზღვარს უდებს იმპერატორის უფლებისა.

გერმანიის დიდება დამყარებულია სამხედრო ძალაზე. სამხედრო სამსახური უველასათვის აუცილებელია. სამსახურის ვადა 12 წლიწადია: 3 წელიწადი მომქმედ ლაშქარში, 4 წელიწადი რეზერვში და 5 წელიწადი ლანდბერში. ვინც ლანდვერში ითვლება მშვიდობიანობის დროს დროებით დათხოვნილ არიან სამსახურიდგან, და ხუთის წლის განმავალობაში მხოლოდ ორჯელ გამოიწვევიან სამხედრო წესისა და რიგის შესასწავლებლად. ყოველი კაცი, რომელიც კი არ ითვლება არც ერთ ამ ლაშქრის განყოფილებაში, ირიცხება ლანდშტურმში, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოდის ლაშქრათ, როდესაც სახელმწიფოში მტერი შემოვა. მშვიდობიანობის დროს გერმანიის ჯარის რიცხვი ადის 418,670-მდე. ომიანობის დროს კი 1,315,634 კაცი შეუძლიან გერმანიას გამოიყვანოს. გერმანიის შემოსავალ - გასავალი 150 მილიონამდეა. გერმანიაში არის ოცი (20) უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს თოთხმეტ ათასამდე (14,000) სტუდენტი. არის სამას თვრამეტი (318) გიმნაზია. საშუალო სასწავლებლებში მოსწავლეთა რიცხვი ას ოთხმოცი ათასია (180,000). სამოცი ათასი (60,000) სახალხო სასწავლებელია; მათში მოსწავლეთა რიცხვი ექვსი მილიონია (6,000,000); ათას რვაას ოცდა თვრამეტი (1,838) საპოლიტიკო გაზეთი იბეჭდება და ათას ექვსას რვა (1,608) სხვა და სხვა დრო - გამოშვებითი ჟურნალი.

———————

1 „ივერია“, №2 1877

2 გერმანიის სივრცე შეადგენს 9,818 ოთხ.კ. მილს, რომელზედაც სცხოვრობს 24,752,554 სული. მათ შორის 37,820,000 ნემენცია, 2,600,000-მდინ სლაგიანი, დანარჩენი სხვა ტომის ხალხია.

3 ამ ჟამად ბისმარკი

6 ქალაქის სცენები

▲back to top


ქალაქის სცენები

ერთის დღის აღწერის 1876 წ.

III.1

(ქუჩის კარებში შუახნის დედაკაცი ზის, წინდასა ქსოვს.)

- ნება მიბოძეთ თქვენს სახლში შესვლისა.

- ვიღაც ოხერი ხარ, ჩემს სახლში რა ხელი გაქვს? წადი, გაეთრიე შენ გზაზედ!

- მთავრობის ბძანებით ყველა სახლები და ოჯახები უნდა ავწეროთ. მე ამწერი გახლავარ.

- წადი, წადი შენ გზაზედა მეთქი, კარის ღრუბლსაც ვერა ნახამ.

- არ შეიძლება, ბატონო; წინააღმდეგობას ნუ ინებებთ, უეჭველათ უნდა დაგწეროთ.

- დაწერ - მწერისა არა ვიცი რა! გასწი შენ შენს გზაზედა მეთქი, თორემ ასე კი ნუ მიყურებ, დედაკაციაო, შენისთანა პანკვლიანებისთვის შავი დღე დამიყენებია.

- ბატონო, გნებავთ პოლიცია დავიბარო და ისე აგწეროთ?

- პოლიცია მოვიყვანოვო! ოჰ, ოჰ, ოჰ, ყურებზე ხახვი არ დამაჭრა შენის პოლიციითა. შენ ვინ ოხერი ხარ, რომ პოლიციით მოდიხარ? ორ მოც-და-ათი წლის დედაკაცი ვარ, ჩემ კარზე არავინ არ მამდგარა. ახლა შენ მომდგომიხარ თარხან კაცს და მემუქრები კიდეცა? შენ ვინა ბძანდები ჰა? სამი გასათხოვარი ქალი შინ მიზის, სახლში მივარდები? დაიკარგე აქედამ, თორემ მთელ ქუჩას თავს დაგახვევ და ერთ ბეაბრუობას გაჭმევ.

- ტყვილათა ლაპარაკობთ. ათასიც რომ უარი სთქვათ, უეჭველათ უნდა დაგწეროთ.

- თქვენ უფლება ვინ მოგცათ, თარხან კაცს კარზე მოადგეთ?

- გინდა თარხანი იყვეთ, გინდ არა. რაც უნდა დიდი ჩინის პატრონი იყვეს, ბძანებაა ყველანი უნდა ავწეროთ.

- ახა ღმერთო ჩემო! მაშ თქვენ არ იცით თარხანი რა არის?

- ჩემთვის საჭიროც არ არის.

- მე გაჩვენებთ, თუ საჭირო არ არის, გასათხოვარი ქალები შინ მიზის, სახლში მივარდები თარხან კაცსა და იძახი თარხანი ფეხებზე მკიდიაო? (უძახის ქალს) გოგო, სითარხნის წიგნი მაიტანე. (ამწერს) აი შეგატყობინებ რაცა ვარ და თარხანი რაც არის. აბა წაიკითხე! მაგრამ ხელი იქით; მე დავიჭერ და შენ წაიკითხე, ხელი არ ახლო, თორემ მე ტაცია კაცების წამალი ვიცი.

- ტყუილი არ არის კითხვა საჭიროც არ არის.

- არა, ერთი წაიკითხე მაგ ბრეცია თვალებით და მერე მელაპარაკე.

- აჰა ღმერთო ჩემო! მოიტა, მოიტა წავიკითხო: „ქ. წყალობითა ღვთისათა ჩვენ ღვთივ აღმატებულმან და ღვთივ დამყარებულმან, ღვთივ ცხებით გვირგვინოსანმან იესიან, დავითიან, სოლომონიანმან, ბაგრატიონმან, საქართველოს ტახტისა და საპატრონოს მტკიცეთბლობით მპყრობელმან და მქონებელმან ყაზახისა და ბორჩალუს მჭირავმან მეფეთ მეფემ...

- მეფეთ მეფემაო, გესმის?

- მოითმინეთ და წამაკითხეთ. - „თვით ხელმწიფემ პატრონმან თეიმურაზ და თანა მეცხედრემან ჩვენმან დედოფალთა დედოფალმა ანახანუმ, პირმშომან და სასურველმა ძის ძემან და უფლის წულმან ბატონისშვილმა ვახტანგ ესე უკუნისამდე ხანთა და ჟამთა გამოსადეგი...

- დაკვირდი, როგორა სწერია! უკუნისამდე ხანთა გამოსადეგიო.

- „ხანთა და ჟამთა გამოსადეგი წყალობის და სითარხნის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენსა დიდათ ერთგულსა და მრავალ გვარათ ჩვენთვის თავდადებით ნამსახურს მოქალაქეს ყმასა ჩვენსა კენკაანთ გიორგის შვილის იოანეს და შვილსა შენსა გიორგის, ფირუზას და ფარემუზას შვილთა და მამავალთა სახლისა შენისათა....

- გაიგონე კარგა, მამავალთა შვილისშვილთაო. აი თუ ჩაწერა გინდა, ეს ჩაწერე. კენკაათ რძალი ვარ და სამი ქალიცა მყავს (ამწერი სწერს) აი აგრე.

- „ასე რომე, ამას წინათ რომელსაც ქურქჩიბაში ჩვენის პაპისა და მამისთვის უმსახურებია, ყოველის ხემწიფისაგან თარხანი ყოფილან და ჩვენც მოვიკითხეთ და როგორადაც ძველადგან ხელმწიფების დროში ქურქჩი თარხანი ყოფილიყოს, იმ რიგათ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ასე გათარხნეთ და განგანთავისუფლეთ; არაფერი საჩვენო გამოსაღები არა გეთხოებოდესრა

- ხედამ, „არა“, როგორა სწერია? წინა და უკან ორ-ორი წინწკლები უზის, მითომ არაფრისათანა, არა გეთხოებოდეს.

- „არა გეთხოებოდეს რა. ესე წყალობა გიყავით და გათავისუფლეთ. ერთის იოტის დანაფასევი არაფერი სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოოსრა: არა მალი, არა ხარჯი, არა სატარუღო, არა დუქნის ხარჯი, არა ტიკი და ტომარა, არცა შენს სახლში მდგმური დადგეს, არცა სხვა ხარჯი და საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები ცოტათ თუ ბევრამდინ, ასე რომე ერთის მზისა და წვიმის მეტი თქვენს კარზე არაფერი არა მოდგეს რა...

- დაუდგეს ყურის ვისაც არ ესმის! გაიგე, ჩემო მოთრეულო ბატონო? ერთის მზისა და მთვარის მეტი თქვენს კარზე არაფერი არა მოდგეს რაო. შენ მობძანებულხარ და სახლში მივარდები! მაგრამ ჯერ გაათავე!

- ბატონო დამაცა თუ მაკითხებ... „არაფერი არა მოდგეს რა, არაოდენს არ მოგეშალოს წყალობა და სითარხნე ესე არა ჩვენგან და არა შემდგომთა მეფეთა და მეპარტონეთაგან“..

- აკი მობძანებულა ეს ბატონი და შლის! მეხი კი დაგაყარე! წაიკითხე, წაიკითხე!

- „და მეპატრონეთაგან. გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილა ვეზირნო და მწიგნობარნო“...

- მწიგნობარიც თქვენა ბძანდებით და ყურიდამ ბამბა ამოიღე, რომ კარგა შეიტყო.

- და მწიგნობარნო და ქალაქის მოურაო, მელიქო, მამასახლისო და ნაცვალო, სხვანო მოსაქმენო წყალობა და ფარმანი ესე თქვენც ასრევ დაუმტკიცეთ და ნურვინ მოუშლით...

- მოშალე რაღა! აბა მოშალე?

- „და ნურვინ მოუშლით შეწევნისა და თანამდგომობისგან კიდე...

- აი გესმის? შეწევნა უნდა მამცე მე ქვრივ ოხერსა, და შენ პირიქით გასათხოვარ ქალებთან შინ მივარდები?! წაიკითხე, წაიკითხე.

- „თანამდგომობისგან კიდე. დაიწერა ხელითა კარისა ჩვენისა მდივან მწიგნობრის თუმანიშვილის ედიშერისითა, იანვრის კე გასულს: ქკს ულჰ.

- არა, ჯერ არ გათავებულა. აბა გვერდებზე წაიკითხე! მეფე ერეკლეს დამტკიცებულიც არის და დარეჯან დედოფლისაცა.

- კმარა დედი. მეც მოთმინებიდამ გამომიყვანე მაგდენი ლაპარაკითა! ახლა რო ლაპარაკობ, ჯერ ერთი ესა, რომ მაგ ქაღალდს ძალა აღარა აქვს.

- მაშ შენ დაწერილსა აქვს ძალა რაღა? აი გამიოხრდეს შენი ნაწერი ქაღალდიცა!

- ღმერთო ჩემო! ბატონო, რაზე მალაპარაკებ და ან თავს იტკივებთ? ვთქვათ ძალა აქვს; ამას არა მკითხამთ, რათა და რისთვისა გწერთ?

- არცა გკითხავ და არც საჭიროა ამ ქაღალდში სწერია ღვთივ გვირგინოსან მეფეების სიტყვა, რომ შენს კარზე მზისა და მთვარის მეტი არაფრისთანა არა მოდგეს რაო. შენ მობძანებულხარ სახლში მივარდები და იძახი, უნდა ჩაგწეროვო. ამას დაგითმობ?

- ხარჯის გაწერა ხომ არ არის, რომ ხარჯი გამოგერთვას ამ აწერითა? მთავრობას მარტო საცოდნელათ უნდა.

- გინდ ხარჯის გაწერა იყოს, გინდ არა; ჩემთვის სულ ერთია. ხარჯში ჩასაგდები არავინ არა მყავს. ერთი დედა ვარ, სამი გასათხოვარი ქალი მყავს, ნემსის წვერით თავს ვირჩენთ. ვის შეუძლია. დედაკაცს ხარჯი გამოართოს?

- რამდენი წლისანი იქნებიან თქვენი ქალები?

- დახე, დახე ამ ურცხვსა! ქალების წლოვანობასაცა მკითხავს. შენ რაში გეკითხება? რამდენი წლისანიც უნდა იყვნენ, დედაკაცს ხარჯი არ გამოერთმევა. კანონები ჩვენც ვიცით. გასწი გაიარე მეთქი. გაგიგონიანთ, გეთაყვა, ეს რა გადამეკიდა თქვენი ჭირიმე! შენი მეშინიან თუ. ნელა ხარჯი არ გამოგვართვა. უფროსი ქალი ოცდა ორი წლისაა და მეორები იმის მომდევნონი არიან. წადი, როცა ჩვენგან ხარჯი მოკრიფო, დაიკვეხე.

- ერთი არ იქნება სახლი ვნახო? კედლებს ხომ არ შევჭამ.

- კიდევ არ იშლის გეთაყვა. რას ჩამაცივდა. საჭმელი იყოს ერთ ოთახში არ მოვიკუნტები, მდგმურებს დავიყენებდი.

- თქვენი სახელი რა არის?

- გაგიწყდა სახსენებელი! თავს აღარ მანებებს ეს წყეულ - შეჩვენებული! თავიდამ მამშორდი, თორემ მე ეურქჩიანთ ელენეს მეძახიან და მე შენი ოხტიდან მოვალ.

- გავათავე ბატონო, მივდივარ.

- წადი, წადი აგრე. საიდამაც მოთრეულხარ, იქავ წაბძანდი! ხომ გაიგე ახლა, თარხანი რა არის? ბევრი რამ წაიღე, არა?

ანჩისხატისუბნელი.

———————

1. №2 „ივერიისა“.1877წ.

(შემდეგი იქნება. „ივერია“ №4)

7 შენიშვნა

▲back to top


შენიშვნა

ჩვენის გაზეთის მეორე ნომერში. მეხუთე გვერდზედ მეთერთმეტე და მეთორმეტე სტრიქონი ქვევიდგან ასე უნდა წაიკითხოთ: აგრეთვე შევიტყეთ, რომ კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელის საზოგადოების სასწავლებელთათვის ახლად დანიშნული ინსპეკტორი.

8 განცხადება

▲back to top


განცხადება

ისყიდება:

ქალაქს, ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“ რედაქციაში.

ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში

გორს, ფარნაოზ ნათიევისას.

ახალციხეს, ალექსეევ - მესხიევიხას (მიროვო - პოსრედნიკი)

ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათაშვილისაგან ფასი ....... 20 კ.

ზ. ნ. ანტონოვის თხუზულეგან, ფასი 1 მ.

ქართული ანდაზები. ფასი ..................10 კ.

მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა ფასი 60 კ.