![]() |
ივერია (4)1877.03.24 |
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 ჩვენი ქალაქის ჯანმრთელობის საქმე |
▲back to top |
|
ჩვენი ქალაქის ჯან-მრთელობის საქმე
ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობის საქმე ხან მიგვეფარება ხოლმე თვალთაგან და ხან ისევ გამოჰყოფს თავსა. აი ამჟამადაც ჩვენ შევიტყვეთ, რომ ქალაქის საბჭოს (Дума) მოუსურვებია თურმე შეადგინოს კამმისია, რომელსაც მინდობილ ექმნება კეთილგანწყობა ქალაქისა ჯანმრთელობის შესახებ. ღმერთმა ჰქმნას, რომ მაგ კეთილმა სურვილსა, ჩვეულებასამებრ, უქმად არ ჩაიაროს და ეგ ყოვლად საჭირო საქმე უწინდელებრ შორს არ გადიდვას. ღმერთმა ჰქმნას, რომ ამ კამისიას ჯეროვანის ღირსების წევრნი შეხვდნენ. მხნენი, გულმოდგინენი და ნამეტნავად მცოდნენი. ყოველი ეს ამ კამმისიისათვის მით უფრო საჭიროა, რომ ჩვენს წარსულში იგი მისდა მინდობილის საქმის თაობაზედ თითქმის ვერა ცნობას ვერ მოიპოვის. ამ საგანზედ ჩვენში არარაიმე წინსამზადისი მოღვაწეობა არავისა ჰქონია. თვით ჩვენს „კავკასიის საექიმო საზოგადოებას“, რომლის მოვალეობაც სხვათაშორის ჩვენის მხრის მცხოვრებთა ჯანმრთელობის მზრუნველობაა, თვით ამ საზოგადოებასაც ამ საქმეში თითქმის არავითარი ღვაწლი არ მიუძღვის. თუ ოდესმე ამ „საზოგადოებაში“ ჩამოუგდია ვისმეს სიტყვა მასზედ, რომ ჩვენს ქალაქში არის ზოგიერთი უმგზავსობა, რომელსაც სნეულება მოსდევს, ამ სიტყვას ისე მიჰსცვივდებოდნენ ხოლმე მომეტებულნი წევრნი, თითქო დაუჯერებელს ზღაპარს ისმენენო. მაგალითებრ, ამ ცხრა წელიწადს წინად ერთმა წევრმა, არა ექიმთაგანმა, წარმოსთქვა, რომ მტკვრის წყალში ბევრი იმისთანა უწმინდურება ერევაო, რომელიც ჯანმრთელობისთვის, თუ არ სავნებელი, სასარგებლო არ უნდა იყოსო. წევრთა - ექიმთა სიტყვა დაუწუნეს და უპასუხეს, რომ მისი შიში სრულად უსას ბუთოაო; რომ მტკვრის წყალი არამც თუ მავნებელია, არამედ ხალხში ნაქებია, როგორც მარგებელი წყალიო; რომ რადგანაც ჩქარი მდინარეობა აქვს, ამისათვის უწმინდურება მტკვრის წყალში დიდხანს არა რჩებაო და წყალსვე გააქვსო. როცა წინადადების შემტანმა ამის პასუხად ის მიუგო, რომ წყალს სასმელად იქიდამ კი არ იღებენო, საცა ჩქარი მდინარეობა აქვსო. - მტკვარსა, ესე იგი, შუა მდინარიდამ, არამედ ნაპირიდამაო, მაშინ ერთმა, რომ სიტყვა ვერაფრით მოუჭრა, ეს უთხრა: „ჩემი ჩვეულებრივი გამოცდილება და თვალყურის დევნა, მერწმუნეთ, ამტკიცებსო, რომ თქვენი შიში მეტიაო“. იმისთანანიც იყვნენ თურმე იმ საზოგადოებაში, რომელსაც ვთქვათ, რომ რა საკადრისია ჩვენის სამეცნიერო საზოგადოებისათვის მაგ უბრალო საგანზედ მსჯელობა გასწიოსო. მაგრამ სხვებმა იმოდენად პატივი დასდეს ამ საგანსა, რომ თუ არაფერი ჰქმნეს, მასლაათი მაინც გასწიეს მტკვრის წყალის ავკარგიანობის თაობაზედ და ამით დაასრულეს საქმე.
ჩვენ ეს ამბავი იმიტომ მოვიყვანეთ აქ, რომ გვეჩვენებინა, რა იმედი უნდა ჰქონდეს კამმისიას ჩვენს წარსულზედა. საცა ამგვარს მსჯელობას, როგორიც ზევითა ვჰსთქვით, მეცნიერთა კრებაში ადგილი ჰქონია, სხვისა რა უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ჩვენდა საკეთილოდ, ყოველივე ზემოდ თქმული დიდი ხნის ამბავია. დღეს კი იგივე საზოგადოება უფრო მეტის თანაგრძნობით უყურებს ხალხის ჯანმრთელობის საქმესა. შარშანდელი წლის დასასრულს მაგ საზოგადოებამ კვლავ მიაქცია თავისი ყურადღება ჩვენის ქალაქის ვითარებას შესახებ ხალხის ჯანმრთელობისა და იმ საზოგადოების გულმტკივნეულობა იქამდინაც მივიდა, რომ ძლივ-ძლიობით დაინახა ჩვენის ქალაქის უმგზავს მდგომარეობა მცხოვრებთა ჯანმრთელობისათვის, თვით მტკვრის უწმინდურება, და იმ უწმინდურების მავნეობა, რომელიც ცხრას წელიწადს წინად თითქმის სასაცილოდ აგდებულიქმნა, ეხლა საფიქრებელი და ღირსსაძიებელი გაუხდათ. ერთის სიტყვით ჩვენი ქალაქის სიმრთელისათვის მზრუნავთა ამ მეცნიერის საზოგადოებიდამ ბევრი არაფრის გამოტანა შეუძლიან, გარდა იმისა, რომ ქალაქის განწყობილება ამ მხრით ცუდს მდგომარობაშია და ამ მდგომიარობის გამოცვლა საჭიროა. მაგრამ ქალაქის საბჭომ ეს ამბავი უამისოთაც კარგად ველი იცოდა, ამას ამტკიცებს წინად ხსენებულის კამისიის შედგენის სურვილი. თუნდ ეგეც არ იყოს. კაცმა რომ თვალი დააკვირვოს ყოველწლივ რამდენი კაცი უკვდება ქალაქსა, უტყუარად შეიტყობს ჩვენი ქალაქის ავკარგიანობის ვითარებას ჯანმრთელობის შესახებ. უკანასკნელის აღწერითა ტფილისში 90,000 სულია. რიცხვთა შუა რომ ვიანგარიშოთ, გამოვა, რომ ტფილისს, სამხედროთა გარდა 2,500-დამ 2,700 კაცამდე მოქალაქე ყოველ წლივ ეხოცება, ასე რომ ათასს სულზედ ოცდარვა, ოცდაათი კაცი მოდის. ეს ცოტა არ არის, მით უფრო ქალაქის ჰავა არავისგან ცნობილარის ავის თვისების ჰავად. იმ ქვეყნებში, სადაც ხალხის ჯანმრთელობისათვის მზრუნველობას დიდი ადგილი უჭირავს, მაგალითებრ ინგლისში, მიღებულია, რომ თუ ვინცობაა რიცხვთა შუა ანგარიშით ათასში ოცდა სამს კაცზედ მეტი კვდება, ჰსჩანს ჯანმრთელობის საქმე ცუდად არის მოწყობილი და გასწორება უნდაო.
ზემოხსენებულის ანგარიშიდამ ჰსჩანს, რომ ტფილისს ტყუილად უბრალოდ და დღენაკლულად ეხოცება ყოველწლივ ოთხას ორმოცდაათს კაციდამ ექვსას ოცდაათამდე, მაშინ როდესაც ქალაქის ჯანმრთელობას რომ უკეთესი მზრუნველობა ჰქონდეს, ამოდენა ხალხს სიცოცხლე უდროოდ არ მოესპობოდა, ეს ხალხი ქალაქს შერჩებოდა და ამის გამო მწარმოებელნი და მშრომელი. ძალნი მეტი ექმნებოდნენ ქალაქის სიმდიდრისა და კეთილდღეობისათვის. ეს ამოდენა უბედურობა, ეს ამოდენა ხალხის ტყუილუბრალოდ, უდროოდ დაკარგვა რომ ფულად ვაქციოთ და წარმოვიდგინოთ, რომ თვითვეულს კაცს წელიწადში ხუთის თუმნის სიმდიდრის შექმნა და მოპოება შეუძლიან, გამოვა, რომ ტფილისი ყოველ წლივ ჰკარგავს ორი ათას თუმნიდამ სამი ათას თუმანზედ მეტსა. ზნეობითს გულმტკივნეულებას ავყვებით, თუ ეკონომიურ ანგარიშსა, ორივეს მხრით ცხადია, რომ ქალაქის ჯანმრთელობის საქმე იმისთანა საქმეა, რომელსაც დიდის ყურადღების მიქცევა უნდა, გულმოდგინებით ხელის მოჭიდება, ერთის სიტყვით, ღირს რომ ამაზედ ქალაქის გამგეობამ თვისი შრომა და ღვაწლი დასდოს.
მიზეზნი ამოდენა ხალხის უბრალოდ დაღუპვისა და ღონისძიებანიცა ამა მიზეზთა მოსპობისათვის ნაჩვენებნი არიან. ამას წინედ ექიმმა უფ. სოკოლოვმა კავკასიის საექიმო საზოგი გადოებაში წინადადება შეიტანა ქალაქის ჯანმრთელობის თაობაზედ და სხვათაშორის სთქვა შემდეგი: „ამოდენა ხალხის ტყუილუბრალო, ადრეული სიკვდილის მიზეზი ქალაქის შინაგანი გარემოებანი არიან. მისი მოედნები და ბაზრები ასეთს უწმინდურებას წარმოგვიდგენენ, რომ საღი კაცი, რომელსაც კი უწმინდურების ხაროს ჰაერით არ უცხოვრია, ისე ვერ გაივლის, რომ ცხვირზე ხელი არ მოიჭიროს და სუნთქვა არ შეიკავოს. თვითონ მტკვარიცა, რომელიც დაქანებულს ფერდობებშუა მომდინარეობს და რომელშიაც ამის გამო ჩადის ქალაქის ყოველგვარი უწმინდურება, სასმელი წყალიც არის და, ერთსა და იმავე დროს, უწმინდურების წამღებ-წამომღებიცა. ძველს ქალაქში კიდევ ასეთი ვიწრო ქუჩებია, რომ კაცს ადვილად შეუძლიან ერთის ბანიდამ მეორეზე გადახტომა და ამას გამო ჰაერი ასეთი დახშულიაო, რომ დიდს ქარშიაც ფოთოლი არ შეინძრევა. ყოველს ამ მიზეზების მოსასპობად საჭიროაო, - ჰსთქვა შემდეგ უფ. სოკოლოვმა, - ქალაქს სასმელი წყალი ბლომად და, ჯანმრთელობის მიხედვით, წმინდა ჰქონდესო; უწმინდურების გასატანად არხები რიგიანის წესით გაიჭრასო; ქალაქი ერთობ ფაქიზად ინახებოდესო და ჰაერის სამუშაოდ შენობათა შორის ფართოობა იყოსო. ეს ყოველი აუცილებლად საჭიროა, რომ სნეულება და სიკვდილიანობა ერთობ შემცირდესო და თვით იმ ავათმყოფობას, რომელიც გარედამ წარმოსდგებაო, მომაკვდინებელი ძალა ცოტად თუ ბევრად მოაკლდესო“. უფ. სოკოლოვის ანგარიშით, 1875 წელს ასს მკვდარში ორმოცი ყოფილა იმისთანა სნეულებისაგან (инфекционныя балезни) მკვდარი, რომლის დასაბამი გარეგანი უწმინდურება არის, და 1876 წ. ექიმის უფ. ზელინსკის ანგარიშით, ორმოცდაერთზე მეტიცა (41,5%) ყოფილა. უფ. ზელინსკის თავის „ახალს თხზულებაში (Обший обзор санитарного состояния и судебно-медицин. деят. в Тиф. Губ. за 1876 год) მოჰყავს, რომ უეცარი სიკვდილით და სამკურნალოებში დახოცილთ გარდა, ქალაქში 1876 წ. ორი ათას სამას ორმოცდა თოთხმეტი სული მომკვდარა. აქედამ მხოლოდ ათას ექვსი თავისის მიზეზით დახოცილა, ესე იგი იმ მიზეზით, რომლის მოსპობაც კაცის ხელთ არ არის. ამის გამო უფ. ზელინსკი ამბობს: „მაშასადამე, ნახევარზე მეტი წილი დახოცილთა უნდა მიეწეროს ქალაქის ცუდს განწყობილებასა ჯანმრთელობის შესახებ, ესე იგი, მას რომ მიწა, წყალი, ჰაერი უწმინდურებისაგან წამხდარია და მავნებელი. ამაების მოსპობა კი შესაძლოა. ქალაქმა რომ კარგი წმინდა წყალი იქონიოს, რიგიანად და ნამდვილად გამოსაყენი არხები - უწმინდურებისათვის, სიფართოე - ჰაერის თავისუფლად მოძრაობისათვის, ქალაქში ძალიან შემცირდება როგორც სნეულება, ისეც სიკვდილიანობა გარედან წარმომდგარის ავათმყოფობისაგან და ამ სახით ქალაქი დაისხნიდა რამდენიმე ასს კაცს ყოველ წლივ უდროოდ სიკვდილისაგან. ბოლოს უფ. ზელინსკი ამბობს: „არამც თუ მარტო უგულო ეკონომიური ანგარიში გვიწევს, საზოგადოების ყურადღება აღვძრათო და ხან დაუყოვნებლივ შეუდგეთ ქალაქის ჯანმრთელობის თადარიგსაო, არამედ ზნეობითი მოვალეობა იმ მცხოვრებთა წინაშე, რომელთ ოჯახსაც ულმობელის სიკვდილის ჯერი ხვდებაო“.
ამას ითხოვენ არამც თუ კერძო კაცი და მისი გულის ტკივილი, არამედ ისინიცა, რომელნიც ჩვენს ქალაქის უთავბოლო მოწყობილებისა გამო სხვერპლს იხდიან, უბედურებაში ცვივიან, იტანჯებიან. წრფელი გულით ვიმედოვნებთ, რომ ქალაქის გამგეობა ამ კაცთმოყვარეობის საქმეს რაკი შეუდგა, ყოველს ღონეს იხმარებს, რათა დაწყებული საქმე დააგვირგვინოს კიდეც თავის სასახელოდ და ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა სამადლოდ.
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
საქართველოს მატიანე
სახელმწიფო შემოსავალი ამიერ-კავკასიისა.
ამ უკანასკნელს ხუთს წელიწადში ამიერ კავკასიის შემოსავალმა მოიმატა ერთი მილიონი ორას ერთი ათას ოთხას ოცდა ათი მანეთი(1,201,430).
1871 წლის შემოსავალი იუო 5.064.395 მანეთი. ამათ შორის შემოვიდა:[1]
ფოშტის ფული და მასტა ------------ 1,449,557 მ.
სასმელთა ბაჟისა ---------------------- 439,252-
მარილისა და შაბისა -------------- 253,137-
დამოჟნისა ---------------------------- 1,422,345-
საიჯაროდ გაცემულის მამულების ---- 441,607-
სახელმწიფო ტყისა ------------ 96,878-
ღერბის ქაღალდისა ------------ 159,974-
1872 წლის შემოსავალი იყო: 5.6000.843 მანეთი. ამათ შორის შემოვიდა:
ფოშტის ფული და მახტა: --------1,579,789-
სასმელთა ბაჟისა ------------------- 483,792-
მარილისა და შაბისა -------------- 228,807
დამოჟნისა ------------------------ 1,659,387-
საიჯაროდ გაცემულის მამულებისა --- 647,974-
სახელმწიფო ტყისა -------------- 128,174-
ღერბის ქაღალდისა ------------- 204,033-
1873 წლის შემოსავალი იყო; 5,727,179 მანეთი. ამათ შორის შემოვიდა:
ფოშტის ფული და მახტა -------- 1,597,192-
სასმელთა ბაჟი ------------------- 639,259-
ნავთისა[2] -------------------------- 211,952-
თამბაქოსი ----------------------- 162,893-
მარილისა და შაბისა ------------ 177,603-
დამოჟნისა ---------------------- 1,348,635-
საიჯაროდ გაცემულის მამულებისა ----- 534.989-
სახელმწიფო. ტყისა ------------ 125,064-
ღერბის ქაღალდისა --------------- 204,303-
1874 წლის შემოსავალი იყო: 6,141,761 მანეთი ამათ შორის შემოვიდა:
ფოშტის ფული და მახტა -------- 1,651,607-
სასმელთა ბაჟისა ---------------- 790,891-
ნავთისა ------------------------- 292,974-
თამბაქოსი ------- 403,699-
მარილისა და შაბისა -------- 228,807-
დამოჟნისა --------- 1,280,409-
საიჯარო მამულებისა ------- 520,779-
სახელმწიფო ტყისა -------- 134,030-
ღერბის ქაღალდისა ------- 170,980-
1873 წლის შემოსავალი იუო 6,265.825 მანეთი. მათ შორის შემოვიდა:
ფოშტის ფული და მახტა ---------- 1,934,218-
სასმელთა ბაჟისა -------- 684,861-
ნავთისა -------- 191,061-
თამბაქოსი ------- 421,967-
მარილისა და შაბისა -------- 107,334-
დამოჟნისა --------- 1,188,088-
საიჯარო მამულებისა ------------ 592,600
სახელმწიიფო ტყისა. ------ 128,400-
ღერბის ქაღალდისა ---------- 222,376-
როგორც მოგეხსენებათ, ტფილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობს საქალაქო სასწავლებელიცა, რომელშიაც მხოლოდ ეხლახან დააწვებინეს ქართულის სწავლა. ჩვენ შევიტყეთ, რომ ამ სასწავლებელში ქართულის ენის სწავლა მიუნდვიათ ზემო ხსენებულის ინსტიტუტის მოწაფეთათვის, რომელთაც ქართული არ უსწავლიათ, რადგანაც არ უსწავლებიათ, იმიტომ რომ ქართული ენის სწავლება ამ ინსტიტუტში მიღებული არ არის, მოწაფენი ჩივიან თურმე, ჩვენთვის რომ ქართული არა ვის უსწავლებია. ჩვენ სხვას როგორღა უნდა ვასწავლოთო. გულისხმიერს უფროსს უკვირს თურმე ეს ჩივილი და ეუბნება: ქართველები ხართო საქართველოში დაბადებულნიო. და როგორ არ შეგიძლიანთ ქართულის ენის სწავლებაო! აი დამჯდარის ჭკუის პასუხი? რუსეთში რომ ვისაც არა მგონია წაავლოს ხელი კაცმა და უთრას. რუსი ხარ და რუსულის ენის სწავლება გეცოდინებაო, მოდი იოსტატეო, ნეტა გვითხრან – მაშინ მოწაფე ვინღა იქნება?
———
Тифлисскiй ВЋстникъ-ში №61 მოხსენებულია, რომ ადგილ-მამულის გამიჯნავებისათვის დაწესებულს სასამართლოსაო. ახალი ცვლილება მოელისო. ეს ცვლილება იმაზედ არის მიმართულიო, რომ მომქმედნი პირნი მოუმატონო, გამიჯნავების სასამართლოს წევრნი გაანთავისუფლონო იმა შრომისაგან, რომელიც მათ პირ-და- პირს დანიშნულებას არ ეშესაბამებაო და ზედა-მხედველობა გამიჯნავების საქმეთა წარმოებისათვის უფრო რიგიანი და განძლიერებული მიღებული იქმნასო. ბოლოსვე Тифлисскiй ВЋстникъ-ი ამბობს, რომ მეტად ნაკლულს ჯამაგირებს მიწის მზომელთათვის (землемЋры) დანიშნულსა აქამომდე ის შედეგი ჰქონდაო, რომ ბევრს მათგანს აიძულებდაო სხვაგან სამსახურში გადასულიუოო და შესწავლულის ხელობისათვის თავი დაენებებინაო.
სიხარულით მივეგებით ამ ცვლილებას, რომელიც გამიჯნავების, ამ მეტად საჭიროს საქმის, აჩქარებას გვიქდის. ამასთანავე სასურველია, რომ ამ ცვლილებაში დავიწყებულ არ იქმნას ის ეკონომიური ზოგადი კანონი, რომ რამოდენადაც ჯაფის-ფასი მცირეაო, იმოდენადაც თვითონ ჯაფაც სუსტიაო.
________________
1 ყოველის წლის შემოსავალში გაჩვენებთ მხოლოდ შესანიშნავს საგანთაგან შემოსავლსა.
2 ამ ორის საგანის შემოსავალი პირველს ორ წელიწადში არ იყო
![]() |
3 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი |
▲back to top |
თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი
უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად?
რისთვისა მჰყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
რად მაჩვენე შვენება გულის დასტყვევნელად,
სახე სხვათა სახეთა შობილი დამჩაგვრელად?
ვიცი,— მისი იხმარენ მშვილდი ჩემად საწყლველად
და ჰინდელნი ლესულნი საკვდად. განსაისრველად.
უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად?
რისთვისა მჰყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
გრძნეულთა მათ მახვილთა ესე რა ჰსჭირვებიან,
ყოვლნი მათგან კოდვილნი მათვე ემჰსჭვალვებიან;
გული მიწყდეს, გრძნობანიც სრულიად მათკენ ჰრბიან,
ეს ზომად ჰსწყურთ სიახლე, რაზომთაც ივნებიან,
თვით გონებაც მათ მისდევს, ვაი რჩომილსა ხელად!
უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად?
რისთვისა მჰყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
მათ მოსისხლეთა ჩემთა ოდეს განვიცდი თვალით,
მიზიდულ ვარ მათდამი უხილავითა ძლით,
ხან აღმიტაცებს თრთოლა, ხან შმაგი ცნობა მთვრალი
უძრავად ვდუმარეობ და ვიწვი წვლილის ალით,
ოხვრაღა მაქვს სიცოცხლის ნიშნად, შესამცნეველად.
უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად?
რისთვის მჰყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
ოდეს ვჰშორავ მას მიზეზს ჩემისა ვალალების,
სოფელი მჩანს სამარედ, სადგურად ოდენ მკვდრების;
ვჰრბი და მსდევენ დასები სევდის და მწუხარების;
მასვე საგანს ვეძიებ, გარნა რა ვერსად მხვდების;
სულთქმა ჰქუხს, ჰსწვიმენ ცრემლნი, დღე შემექმნების ბნელად.
უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად?
რისთვისა მჰყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
ბედნიერნო ჭაბუკნო,თუ გწადსთ მრთლად დაცვა გულთა,
ეკრძალენით ვარდთ ზამბახთ, საროზედ აღზარდულთა;
თვარა თვალთავე თქვენთა, მათ მიერ მიზიდულთა,
ძალ-უძსთ. მონად ქმნა თქვენი ვითა ტყვედ მისყიდულთა;
ვერღა გკურნოსთ ჩივილმან, გინა ჰსხდეთ ჩემებრ მთქმელად!
უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად?
რისთვისა მჰყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
![]() |
4 უცხოეთი |
▲back to top |
უცხოეთი
საპოლიტიკო მიმოხილვა. - სტამბოლის კონფერენცია რომ დაიშალა, ევროპის საზოგადოება დიდის მოუთმენლობით მოელოდა თუ რა გზას დაადგებიან ეხლა უპირატესნი სახელმწიფონი, იმისთანას რას მოიგონებენ, რომ, ერთის მხრით, საყოველთაო მშვიდობიანობა არ დაირღვას და, მეორეს მხრით, მათს პატიოსნებას და ღირსებას არაფერი არ მოეცხოს, რადგანაც კონფერანციის ეგრე უნაყოფოდ დაშლას ცოტად თუ ბევრად სირცხვილი მოსდევდა ყველასათვის. თქმა აღარ უნდა, რომ დიპლომატიას მარტო ეს ორი საგანი აწუხებდა. ინგლისის მინისტრმა აკი აღიარა კიდეც პარლამენტში, რომ სლავიანთა ბედის გასწორებასა მცირე მნიშვნელობა აქვსო. აღმოსავლეთის საქმეში; უპირატესი და უაღრესი საგანი ამა საქმის ოსმალეთის დაურღვეველობა არისო. თუ ოსმალეთი დაიშლებო, მას მოჰყვება საშინელი არეულობაო. რადგანაც ამ უკანასკნელს საგანზედ სხვა და სხვა სახელმწიფოთა შორის თანხმობა შეუძლებელი იყო, დიპლომატიამ განიზრასა თავი დაეხწია ამ რთულისა და ძნელის საქმიდამ ასე რომ მშვიდობიანობაც არ დაერღვია და თავისი ღირსებაც არ დაემხო. ამიტომაც ჩვენ საბუთი გვაქვს ვჰსთქვათ, რომ ევროპის დიპლომატის კონფერენციის დაშლის შემდეგ მარტო ამ ორ ნაირის სურვილის აღსრულების ზრუნვაღა ჰქონდა.
ამ შემთხვევის გამო ევროპის საზოგადოებას დიდი ლოდინი ჰქონდა ინგლისის პარლამენტისა, რომელიც 8 თებერვალს უნდა შეყრილიყო — ყველა ამას ჰფიქრობდა: აბა ვნახოთ რას იტყვის ახლა ინგლისი, რომლის თაოსნობითაც გაიმართაო კონფერანცია და რომელიც ისე გაცხარებით სცდილობდა დაეცვა ოსმალეთის ერთობაო. გარდა ამისა, ახლად შეყრილს პარლამენტს ინგლისისას სხვაფრივაც დიდი მნიშვნელობა ეძლევოდა. ყველასთვის ცხადი იყო რომ ინგლისის მთავრობა ცოტად თუ ბევრად, მხარს აძლევდა ოსმალეთის სახელმწიფოს და სლავიანებისა კი ბევრი არა ენაღვლებოდა რა. ამ რიგი საქციელი მთავრობისა სრულებით არ მოსწონდა ინგლისის მთელს საზოგადოებას თუ არა, მის შესანიშნავს ნაწილს მაინც. ეს ნაწილი დიდად თანაუგრძნობდა სლავიანებს და წამ და უწუმ ისმოდა ინგლისიდგან, რომ ამა და ამ ალაგას დიდ-ძალი ხალხი შეიყარაო და თავისი გულ-წრფელი სამდურავი გამოუცხადა მთავრობასაო, ერთის სიტყვით ინგლისის საზოგადოების აზრი და მთავრობის მიმართულება ისეთ ნაირად შორის შორს იყვნენ ერთმანერთზედ ამ შემთხვევაში, რომ ყველა დიდს განხეთქილებას მოელიდა მათ შორის რა წამსაც შეიკრიბებოდა პარლამენტი. ყველა დარწმუნებული იყო რომ ინგლისის პოლიტიკა სრულებით გამოიცვლებოდა და აწმყო. კაბინეთი უსათუოდ გადადგებოდა, რადგანაც ინგლისში საზოგადოების ხმას დიდი ძალი და გავლენა აქვს, ვიდრე სხვა სახელმწიფოში სადმე.
ამ იმედმა, ცოტად თუ ბევრად, ამაოდ ჩაიარა. თუმცა ბევრი მთავრობის წინააღმდეგი სიტყვა წარმოითქვა პარლამენტში, მაგრამ არც სამინისტრო გადადგა და არც არავითარი შესანიშნავი ცვლილება არ დაეტყო ინგლისის პოლიტიკასა. „ძალიან სამწუხაროაო“, სმეფო სიტყვით (тронная рЋчь) წარმოთქმულ იქმნა, „რომ კონფერენციამ ფუჭად ჩაიარო, მაგრამ ჩვენდა სანუგეშოდ ამ კონფერენციას ერთი სასიამოვნო შედეგი მოჰჰყვაო: მან ცხადად გვიჩვენაო რომ ევროპის სახელმწიფოთა შორის თანხმობა და ერთ გვარი სურვილი სუფევსო. იმედი ვიქონიოთო, რომ ეს თანხმობა შემდეგშიაც არ დაირღვევაო.
ჯერ პარლამენტი არ შეყრილიყო როდესაც რუსეთმა წარუდგინა ევროპის სახელმწიფოებს და, სხვათა შორის, ინგლისსაც, წინადადება და ჰსთხოვა გამოეცხადათ მათ, რას აპირობენ შემდეგში, როგორ ჰსურთ მოექცნენ ოსმალეთს კონფერენციის დაშლის შემდეგ. ინგლისის სამეფო სიტყვაში ამ წინადადებისა ხსენებაც არ იყო. ამასობაში გავარდა ხმა რომ ოსმალეთი ერთის წლის ვადას თხოულობსო დაპირებული ცვლილებების აღსრულებაში მოყვანისთვისაო. და ინგლისიც სცდილობსო. ამ თხოვნას ჯეროვანი ყურადღება მიეცესო.
შემდეგ, როდესაც რუსეთის ზემოხსენებულმა წინადადებამ უნაყოფოდ ჩაიარა, რუსეთმა მიანდო თავისის განზრახვის უფრო მტკიცედ აღსრულება ღენერალს იგნატიევს, რუსეთის ელჩს ოსმალეთის წინაშე ღენერალი იგნატიევი უნდა წასულიყო ბერლინსა, ვენასა და პარიჟში. ეს თანამდებობა ღენერალ იგნატიევის ჯერაც არ შესრულებულა. რუსეთმა ღენერალ იგნატიევის პირით შეუთვალა სხვა სახელმწიფოებს შემდეგი წინადადება: ევროპამ ხელმეორედ მტკიცედ უნდა წარუდგინოს ოსმალეთს კონფერენციის განაჩენიო. ამ განაჩენს ორში ერთი სახე უნდა მიეცეს: ან ექვსმა უპირატესმა სახელმწიფომ უნდა ერთმანერთის ხელშეკრულობით,დაადგინონ სიგელი (протоколъ), რომლის ძალითაც ევროპამ უნდა გამოუცხადოს ოსმალეთს თავისი გადაწყვეტილი სურვილი იმა ცვლილებათა აღსრულების შესახებ, რომელნიც წარდგენილნი იყვნენ კონფერენციის მიერ; ან არა და, ევროპამ უნდა ჩამოართოს ოსმალეთს ხელწერილი, რომ იგი უსათუოდ მოახდენს კონფერენციის მიერ წარდგენილს ცვლილებასა ამ ორივე შემთხვევაში ოსმალეთს უნდა მიეცეს მხოლოდ ექვსი კვირის ან ორი თვის ვადა, რომლის განმავლობაში მან უნდა აასრულოს ევროპის ნება - და ბოლოს თუ ოსმალეთი ამ ვადაზედ ევროპის ნებას არ აღასრულებს, მაშინ ევროპის სახელმწიფონი თუმცა ვალდებული არ იქმნებიან საერთოდ რაიმე ძალა და იარაღი იხმარონ ოსმალეთზედ, მაგრამ კი თუ რომელიმე სახელმწიფო ცალკე ომს გამოუცხადებს ოსმალეთსა, არც ერთმა სხვა სახელმწიფომ არ უნდა დააბრკოლოსო. აი რაში მდგომარეობს ის წინადადება, რომელიც ღენერალ იგნატიევის პირით რუსეთმა ევროპას შეუთვალა და რომლის პასუხსაც ამ ჟამად მოელიან, სიგელზედ ხელის მოწერის შესახებ ინგლისი ყოყმანობს და ჯერჯერობით საქმე ამაზედ არის შემდგარი.
რაც შეეხება სლავიანებს, აი რას იწერება ერთის რუსულის გაზეთის კორრესპონდენტი: „როგორცა ჰსჩანს. ჰერცოგოვინაში და ბოსნიაში ოსმალებმა ხელმეორედ დაიწყეს ქრისტიანების დევნა და ტანჯვა. აქაოდა გავიმარჯვენითო და სლავიანები დავამარცხეთო ეხლა თავის ჯავრს ქრისტიანებზედ იყრიან და უდიერად ეკიდებიან. თუმცა ოსმალეთის სახელმწიფოში თავისუფლობაც გამოცხადებულია, თანასწორობაც და კონსტიტუციაც, მაგრამ სლავიანები, მეტადრე ბოსნიის ღარიბი მაზრები, საშინელ ტანჯვაში არიან“. შემდეგ, ამის დასამტკიცებლად კორრესპონდენტს მრავალი მაგალითი მოჰყავს. აბა ახლა შეადარეთ ერთმანერთს ის დიპლომატიის უქმი გულის ტკივილი და ეს ნამდვილი ოხვრა და კვნესა ხალხისა. თითქმის ორი წელიწადია მას აქეთ რაც სლავიანები გადუდგნენ ოსმალეთს: ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიარეს. ბევრი სისხლი და ცრემლი დაიღვარა. მაგრამ სლავიანების მდგომარეობა კი იგივეა. -
- ეს წელიწადი ძალიან შესანიშნავი იქმნება გერმანიისათვის. ახლად ამორჩეულმა რეიხსტაღმა[1] დიდად ჩააფიქრა მთავრობა, რადგანაც მის წევრთა შორის იმ რიგი კაცები ამოურჩევიათ, რომელნიც ყოველთვის მთავრობის მომდურავნი და წინააღმდეგნი ყოფილან და არიან კიდეც. ახალმა რეიხსტაღმა ცხადად დაუმტკიცა მთავრობას, რომ იმ დასსა, რომელსაც ეკუთვნიან ეს ახლად აღმორჩეულნი მოწინააღმდეგენი, უკანასკნელ სამ ოთხ წელიწადში ძალიან ფეხი გაუდგამს ხალხში, თანაგრძნობა მოუპოვებია და გავრცელებულა. ამის შიში იმ სამეუფო სიტყვასაც დაეტყო, რომელიც იმპერატორმა ჩვეულებისამებრ წარმოსთქვა რეიხსტაღის პირველს ყრილობაში, 10-ს თებერვალსა. აი რა სთქვა მან სხვათა-შორის: „მართალია, ჩვენი ეკონომიური მოძრობა ცოტად მიძინებულია. ბევრნი ამის მიზეზს ეძებენ იმ გარემოებაში, ვითომ ჩვენი შინაგანი კანონიერი განწეობილება მკვიდრი არ არისო. მაგრამ, ვგონებ, თქვენც იმ აზრისა უნდა იყოთ. რომ ამას არა ვითარი საბუთი არა აქვს. იმპერიის განწყობილება და გერმანიის ხალხის კეთილ-გონიერება დიდძალი სიმაგრეა აღმშფოთვენ ლობის მიდრეკილების წინაშე, რომელსაც კი განზრახვათ - აქვს შეარყიოს ჩვენი წესდებულებანი და გზა გადაუღობოს მართებულს განვითარებას ჩვენის ცხოვრებისსა. ეს „ამშფოთველობის მიდრეკილება“ ნათქვამია იმ დასზედ, რომელმაც გაგზავნა რეიხსტაღში ათიოდე სოციალ-დემოკრატი სოციალ-დემოკრატის წყობის კაცი თერთმეტია მთელს რეიხსტაღში, სადაც სულ სამას ოთხმოცდა ჩვიდმეტი წევრია. მაშ ძალიან საშიში კაცები ყოფილან ეს სოციალ-დემოკრატები, თუ კი ათიოდმა კაცმა შეაწუხა და ჩაფიქრა თვითონ იმპერატორიცა. ვეცდებით რამდენიმე სიტყვით აუხსნათ მკითთხველს ამ დასის გულის წადილი და რწმენა.
ამოდენა ხანია სუფევს კაცობრიობა, ამდენი საუკუნე გაუტარებია მას ისტორიაში, ამდენი შრომა გაუწევია ადამიანის ჭკუას და გონებას, ამოდენად წინ წამდგარია მეცნიერება და განათლება, მაგრამ კაცობრიობის უმრავლესს ნაწილს კი არ უშველა რა. იგი შედარებით, იმავე სიღარიბეშია, იშავე ტანჯვაში და ვაი-ვაგლახშია, როგორც ათასის წლის წინედ იყო. რა არის ამის მიზეზი? რა ღონისძიებაა იმისთანა, რომ ძირიანად ამოგლიჯოს ეს სატკივარი და ყველას თანასწორი ბედნიერება მიეცეს? ცხოვრების დაკვირვება უჩვენებს სოციალ-დემოკრატებს, რომ ყოველ უბედურობის მიზეზი საზოგადო ცხოვრებაში ეკონომიური უთანასწორობააო. ეკონომიურის მხრით კაცობრიობა განიყოფებაო ორ ნაწილად: ერთს, უმრავლეს ნაწილს, დაშთენია მხოლოდ შრომა, მეორეს (უმცირესს) - სამუშაო მასალა და იარაღიო. ეს ორი ღონე, ერთ გვარად-აუცილებელნი ეკონომიურის წარმოებისათვის, ერთი ერთმანეთზედ დაშორებულნი და მტრად გადაკიდებულნი არიანო. ეს განხეთქილება არისო ძირეული, თავდაპირველი მიზეზი საზოგადო უბედურებისაო. ამ განხეთქილებას მოსდევს ის შეურყეველი, ლასსალის სიტყვით რკინის კანონი ეხლანდელ ეკონომიურის ცხოვრებისა რომელიც შემდეგში მდგომარეობს: რაც უნდა ბევრი იშრომოს, მუშა-კაცი იმაზედ მეტს ვერ მოიგებს, რაც საჭიროა მარტო მისის სხეულის უპირველესის მოთხოვნილებისათვის, ე.ი. რაც საჭიროა იმისთვის, რომ შიმშილით არ მოკვდეს. მაშასადამე, უკეთესი და უმთავრესი ღვაწლი საზოგადოებისა იმაზედ უნდა მიიმართოს, რომ მოისპოს ეს ძირეული მიზეზიო, მოისპოს ეს შრომის ქონების შორის განხეთქილება და ამ ორთა ეკონომიურ კავშირთა შორის თანასწორობადა მორიგება ჩამოაგდოსო. ამისათვის მუშა ხალხს უნდა მიეცეს შრომისათვის საკუთარი ქონება, რომ თვით მუშაც იყოს და მუშაობის ნაყოფის პატრონიცაო; რომ ყოველი ნაყოფი მისის ნაწარმოებისა განუყოფლად მასვე მოხმარდესო და ამით თავდასხნილი იყოს იმათგანა, რომელთა სულშიაც ამ ჟამად ქონება მოგროვებულია და გროვდება კიდეც იმავე მუშა-ხალხის მეოხებითაო. თვით მუშა-ხალხი ამას ვერ იქმსო თუ ამისთანა წყობა იქნებაო. ამისგამო მას გარედამ შემწეობა რაიმე უნდა მიეცესო. ვისგან უნდა მოველოდეთ ამ შემწეობასაო? ვის აქვს ამოდენა სახსარი და ღონე, რომ ეგ შემწეობა იკისროს და მაგ შემწეობის თანამდები იყოსო? სხვას არავის, თუ თვით სახელმწიფოს, თუ არა თვით მთავრობასაო. ხოლო რადგანც აწინდელი წყობილება მხოლოდ ქონების პატრონთათვის არის სასეიროო და თვით მთავრობის წევრნიც ამათგანივე არიანო, ამიტომაც ეხლანდელს მთავრობაზედ იმედი არ უნდა გვქონდესო, ვიდრუ თვით მუშა-ხალხი არ მოიპოებს პოლიტიკურს ძალასა, ვიდრე თვით მუშა-ხალხს თავისი საჭიროების წარმომადგენელნი მთავრობაში არ ეყოლებაო. ვიდრე თვით მუშა ხალხი არ მიიღებს მონაწილეობას კანონ-მდებლობასა და მმართველობაშიო, მას აწინდელი მთავრობა ხელს არ მოუმართავსო. მაშასადამე, მუშა ხალხის ყოველივე მეცადინეობა იმაზე უნდა იყოსო მიქცეული, რომ მთავრობითი უფლება და ხმა შეიძინოსო, ე.ი. კანონთ-მდებელს პალატასა და რეიხსტაღში თავისი გულშემატკივარი წარმომადგენელი უნდა გაგზავნოსო. რაც შეიძლება ბლომათაო. რომ ამით მოახდინოს სახელმწიფოში თვისი სანატრელი ეკონომიური და საზოგადოებრივი ცვლილებაო.
აი ამ აზრისანი და მოძღვრებისანი არიან ის თერთმეტი დეპუტატი, რომელთაც ისე გადაჰკრა სიტყვა გერმანიის იმპერატორმა და რომელთაც ცოტად, თუ ბევრად მაფიქრეს აწინდელი მისი მთავრობა. „ცვლილებაარის სამწუხარო ბედნიერთათვის, ბედკრულნი კი მას სიხარულით მიეგებიანო“, ამბობს გულთა მხილავი შექსპირი.
მართლა და სოციალ-დემოკრატის დასმა ძალიან ფეხი გაიდგა გერმანიაში ამ უკანასკნულ სამ-ოთხ წელიწაასა. მაგალითებრ, ბერლინში 1874წ. მხოლოდ 13,000 ამომრჩეველი იყო, რომელიც ამ დასს ეკუთვნოდა წრეულს კი ეს რიცხვი 34,000-მდინ ავიდა. ბერლინი ექვს დეპუტატს გზავნის რეიხსტაღში. ამ ექვსიდგანს წელს ახალ რეიხსტაღში ორი სოციალ-დემოკრტია. აქედამ სჩანს, რომ გერმანიის იმპერიის სატახტო ქალაქს ამომრჩეველთა რიცხვის მესამედი ნაწილი სოციალ-დემოკრატის დასისა არის. აბა როგორ არ ჩიფიქრდეს ამაზედ ბისმარკი, ანუ თვით გერმანიის იმპერატორი?
ამ ბოლოს დროს კიდევ ერთმა გარემოებამ ბისმარკს მოსვენება დაუფთხო. შარშან დაწესდა, რომ მთელ გერმანიაში სამსჯავრო კანონები ერთგვარნი უნდა იყვნენ და მათს მოქედებისათვის ერთგვარნივე სამსჯავრო სასამართლოები უნდა დაწესდესო ყველა ნაწილებში. ხოლო ამ სასამართლოების უმაღლეს ერთი სასამართლო უნდა ჰქონდეს მთელს გერმანიასა საერთოდაო. წრეულ ჩამოვარდა ლაპარაკი მასზედ თუ სად უნდა იმყოფებოდეს ეს უმაღლესი სასამართლო? პრუსიას რასაკვირველია უნდოდა რომ ბერლინში ყოფილიყო (ბურთი და მოედანი გერმანიისა ხომ პრუსიისა და ბისმარკისაა). მოზვეთა საბჭომ კი გადაწყვიტა რომ ეს სასამართლო ლეიბციღში უნდა იყოსო. რეიხსტაღმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო. ეს სწორედ მოგახსენოთ, ვერაფერი ჯილდოა ბისმარკისათვის. ვინ იცის? იქნება ეს დასაწყისია დასასრულისა!.. ნუ თუ გერმანიის შეერთებულს იმპერიას ამით მომავალმა რაღაც ანიშნა?
– ეს მიმოხილვა. დაწერილი იყო, როდესაც მოვიდა პარიჟიდამ ამავი, რომ ინგლისს რუსეთის წინადადება მიუღია, ღენერალ იგნატიევის წინადადების სიგელზედ თანახმობა გამოუცხადებია და როგორც თვით ინგლისს ისე გერმანიას, საფრანგეთსა, ავსტრი-ვენგრიას და იტალიას თანხმობის ნიშნად ხელიც მოუწერიათ. მხოლოდ ამ სიგელში, როგორც იწერებიან. არც ორი თვის ვადაა დანიშნული, არც არაფერია მოხსენებული რუსისა და ოსმალოს ჯარის დაშლის შესახებ.
———————
1 ხალხი რეიხსტაღის წევრთა მოლოდ სამის წლის ვადით ირჩევს. უკანასკნელად. რეიხსტაღი ამორჩეულიყო 1874 წელს, მაშასადამე წრეულ გაუთავდა მას ვადა და იანვარში ხელახლად არჩევანი მოსდა.
![]() |
5 კ. ბ. მ - სას. |
▲back to top |
კ. ბ. მ - სას.
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩემგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარ-ვჰოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიდაბლეს, შხამსა მტრობისას...
მე კაცთ სიკეთის მხურვალე რწმენა
ჭირში თუ ლხინში წინ მიმიძღოდა;
გული თრობილი მის წმინდა მადლით
ჭკუის ცივს თათბირს ეურჩებოდა.
ნუ მეუბნები, რომ იგი იყო
უგუნურება და ცდომილება....
ოღონდ კვლავ მომე: ის ცდომა მიჯობს,
ვიდრე უცდომი გამოცდილება!
დავკარგე იგი!.. აწ მის დამკარგავს
უმადლ, უნუგეშ მივის-ღა გული;
უმისოდ გული ცივია, ბნელი
ვითა სადგური გაუქმებული.
ნეტა მას, ვისაც იმ რწმენის შუქი
ერთხელ მაინცა გულსა ჰფენია!
უფრო ნეტა მას ვისც სამარემდე
გულით რწმენილი გულსვე ჰშთენია!
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩემგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარ-ვჰყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიდაბლეს, შხამსა მტრობისას!...
* * *
![]() |
6 ცხოვრება და კანონი |
▲back to top |
ცხოვრება და კანონი
წერილი მეოთხე
1865 წელსა დამტკიცებულ იქმნა და აღსრულებაშიაც მოვიდა სასოფლო მმართველობის წესებულება. ვიდრე გავარჩევთ მას, თუ რამოდენად მოუხდა იგი ჩვენს ცხოვრებასა, რამოდენად აღგვისრულა მასზედ დანდობილი იმედი, არ იქმნება მეტი, რაც შეიძლება მოკლედ, გამოვსთქვათ ზოგიერთი აზრი შინაგანს მმართველობაზედ (внутреннее управленiе) საზოგადოდ.
ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს. მაგალითებრ, რუსის იმპერია დაყოფილია გუბერნიებად, გუბერნიები მაზრებად, მაზრები სოფლის საზოგადოებად. ყოველს სახელმწიფოში ორი დიდი მდინარებაა: ერთი - მთელის სახელმწიფოს საჭიროებისა და მეორე - საზოგადოებისა. ეს ორივეგვარი საჭიროება ყოველს ნაწილში მომდინარეობს იმდენად მეტ-ნაკლებად, რამოდენადაც თვით ნაწილი მეტ-ნაკლებია; განსხვავება თითქმის ამ მეტ-ნაკლებობაშია და სხვა არაფერში. ამიტომაც მთელს სახელმწიფოში, თუ თვითოეულს მის ნაწილში, ამ ორგვარის საჭიროების მზრუნველობა და გამგეობა საჭირო არის. ეგ მზრუნველობა და გამგეობა არის აუცილებელი და უსათუო საგანი ყოვლის მმართველობისა.
ქვეყნიერობაზედ მმართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველ ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყობი და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, - ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.
მეორე გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოს საჭიროების საქმენ, და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებაა, მერე ასე, რომ ყოველ ნაწილს თვისი ადგილობრივი საქმენი აქვთ ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვით-მმართველობას (самоуправленiе, десентрализацiя) უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითვეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარ საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს. ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი, საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს..
ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის ჰსწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუსხნია.
ერთი მწერალი ამბობს: „ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდ-კაცობაა (аристократiя) ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხ-კუთხ მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილოამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა ველური ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კალონიებში“.
თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობსტყუილ-უბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო - საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო.
როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი რა ჰსთქვა: „ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივი მმართველობისათვისაო. ამ კრებათაგან უფრი უკედ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა (чиновникъ). ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებული მოხელენი ჩვენთვის არავითარ შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხი) კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი“.
თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინცდამაინც არ არის, ასე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვით-მმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის.
ამ თვითმმართველობის დადგენისათვის ყველაზე ძნელი იმ ზომის პოვნაა, რომლითაც საერთო სახელმწიფო საჭიროებისა საქმენი მიზომება ხოლმე სახელმწიფოს მთავრობასა, და საზოგადოებრივი კი - ადგილობრივ საზოგადოებასა. ამ ორთა შუა ნამდვილის საზღვარის პოვნაც ძნელია, იმიტომ რომ თვით ბუნებითად ამ ორივე საჭიროების ძაფები ერთი-ერთმანეთში ჩართულ და გადაბმულ არიან, თუ ყოველსფერში არა, ბევრში მაინცა. მაგრამ თვითმმართველობის საქებარად ეს კი უნდა ვჰსთქვათ, რომ აქ გადამეტებულსა, თუ არ სარგებლობა, ისეთი ვნება მაინც არ მოსდევს, როგორც მას, როცა სახელმწიფოს, მთავრობას გადამეტებულის ზომით დაუჭერია ცხოვრებაში ადგილი. ღირსება და სიკეთე შინაგანის მმართველობისა ჯერ იმაზედ არის დამოკიდებული, რომ განაწილებულია თუ არა სახელმწიფოსა და საზოგადოების შორის მათდამი
კუთვნილთა საქმეთა გამგეობა, და თუ განაწილებულია - როგორ და რამოდენის სიმართლით არის ეგ მომხდარი. ყოველივე შინაგანის მმართველობის ღირსება და სიკეთე ამ სასწორით უნდა აწონილ იქმნას.
(შემდეგი იქნება. „ივერია“№5)
![]() |
7 მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის |
▲back to top |
მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის
დიდი ბლიტანია ანუ ინგლისი. — ევროპის დასავლეთის მხარეს მდებარეობს ორი კუნძული, რომელნიც ატლანტიის ოკეანეში უდიდესნი არიან და რომელთაც უწოდებენ დიდ-ბრიტანიას. ამ ქვეყანას უპყრია სამი სამეფო: ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია. ეს სამივე შეერთებული არიან ერთის სკიპტროს ქვეშ, ამიტომაც დიდ ბრიტანიის გარდა ზოგჯერ შეერთებულ სამეფოთაც იხსენიებენ, მაგრამ უფრო ხშირათ კი — ინგლისს უწოდებენ.
დიდ ბრიტანიის ორივე კუნძულს ერთად ექვს ათასამდე ოთხ-კუთხე მილი ხმელეთი უჭირავს და ამ ადგილზე ოცდა თორმეტ მილიონამდე მცხოვრებია დასახლებული.
გვარ-ტომობით დიდ-ბრიტანიის ხალხი ანგლოსაქსონის ტომისაა რომელიც ენათესავება გერმანიელთა ტომსა. ინგლისური ენა წარმოსდგა ძველებურ-გერმანიელების ენიდამ, ხოლო დროთა მიმდინარეობით შეიცვალა და მრავალნი ფრანციელნი სიტყვანი შეიმატა და შეითვისა.
დიდ-ბრიტანიის ხალხი განიყოფება სამს ნაწილად: ინგლისნი — ოცდა სამი მილიონი, შოტლანდიელნი — სამი მილიონი და ირლანდიელნი — ხუთ მილიონ-ნახევარი.— სახელმწიფო სარწმუნოებათ ანგლიკანის სარწმუნოებაა აღიარებული. ეს სარწმუნოება, რომელიც თავისის დოღმატებით ლიუტერის და კათოლიკეთა სარწმუნოების შუა ადგილი უჭირავს, გავრცელებულია ერთობ ინგლისში და 18 მილიონ-ნახევარ სულსა სწამს; შოტლანდიაში პრესბიტერიანის სარწმუნოებისა ითვლება შვიდ-მილიონ-ნახევარი სული და ირლანდიაში კი თითქმის ყველანი კათოლიკენი არიან.
თუმცა დიდ-ბრიტანიის კუნძულნი ბუნებით ღარიბნი არიან, მაგრამ არც ერთს ხალხს დედა-მიწისას დღევანდლამდე არ მიუღწევნია ინგლისის ხალხის სიმდიდრემდე. მიწით ღარიბმა, გარშემო ზღვით დამწყვდეულმა. ნისლით და ბურუსით მზის შუქს მოკლებულმა, მაგრამ გონიერმა, მხნემ და თავისუფალმა ხალხმა მხოლოდ თავისის შრომით და გამბედაობით შეიძინა უთვალავი სიმდიდრე, უპირატესი ადგილი დაიჭირა სხვა ებროპის სახელმწიფოთა შორის, ხელთ იგდო და დაიმორჩილა თვალ-უწვდენელნი მიწანი აზიას, ამერიკას, აფრიკას და ავსტრალიაში, ასე რომ დიდ-ბრიტანიის გარედ ასს მილიონზედ ბევრად მეტი ქვეშევრდომი ჰყავს, მთელი ინდოსტანი თითქმის ხელთ უპურია. ღარიბი მიწა ინგლისის ხალხის მხნეობამ ნაყოფიერ სახნავ-სათესად და მინდვრებად გადააქცია. იშვიათად მოიპოება ევროპაში უკეთესად შემუშავებული მიწა და ინგლისის პირუტყვთ მოშენება ხომ სამაგალითოა. ამის გარდა ინგლისელებმა მოიპოვეს ულეველი სიმდიდრე დედა-მიწის გულში: ქვანახშირი, რკინა და სხვა მადნეულობა მრავალი აქვს. გარშემორტყმული ზღვა-ოკეანე ინგლისის ერთობის და დაუმოკიდებლობის ზღუდეთ შეიქმნა მტრისა წინაშე, ხოლო თვით ინგლისმა კი ეს ზღვა თავისის აღებ-მიცემობის და მფლობელობის შარა გზათ გამოიყვანა.
ინგლისის ძლიერება და კეთილ-დღეობა, მისი ჭკუითი და ზნეობითი ძალა — ყველა ეს ინგლისელთა თავისუფლების შედეგი და ნაყოფია. თავისუფლების სიყვარული, თვით-მმართებლობის (self governement) ჩვეულობა, - აი ინგლისის სახელმწიფოს მტკიცე დედა-ბოძი. ამ დედა-ბოძზედ დადგენილი სახელმწიფო წყობა თვითვეულს ინგლისელს სრულსა და ხელშეუვალს ღონისძიებას აძლევს თავისი თვით-მოქმედება, მხნეობა, ნიჭი და ძალა მოიხმაროს თავისის მიდრეკილობის დაგვარად. ესე ადამიანის კეთილ-დღეობისთვის აუცილებლნი საჭიროებანი, ხალხისთვის მინიჭებულნი, ხალხს ბუდნიერების გზას უხსნიან და ხელს უწეობენ.
თუმცა ეს ასეა, მაგრამ ინგლისის სახელმწიფოს აქვს თავისი ტკივილიცა.
რასაკვირველია თვითვეულთა ინგლისელთა სიმდიდრე ერთად აღებული მთელის ინგლისის სიმდიდრეა, ხოლო ერთობ ხალხის კეთილ დღეობისათვის ეგ სამყოფი არ არის. საქმეიმაშია თუ როგორ არის ეს სიმდიდრე საყოველთავოდ განწილადებული. შეიძლება ხალხის სიმდიდრე ერთობ მცირე იყოს, მაგრამ კაცთაშორის ცოტად თუ ბევრად თანასწორად იყოს გაყოფილი, ასე რომ თვითვეულს კაცს თავისი საკმარისი ჰქონდეს. შეიძლება კიდევაც სიმდიდრე დიდი იყოს და თანასწორად არ იყოს. გაწილადებული, ასე რომ ერთს უხვად ჰქონდეს და მეორე სრულად ხელ-ცარიელი იყოს. ეს უვანასკნელი მაგალითი ე.ი. სიმდიდრის უთანასწოროდ განაწილება, ღარიბთა და მდიდართა შორის რისხვისა შფოთის, მტრობისა და შურის დამბადი, ინგლისში უფროა, ვიდრე სხვაგან სადმე. ეს არის ის ტკივილი, ის სენი, რომელიც ინგლისის კეთილ-დღეობას მუქარას უწევს. ამ უთანასწორობის გამო ინგლისში ერთის მხრით უთვალავი სიმდიდრე და ქონებაა მოძრავი თუ უძრავი და ამისაგან წარმომდგარი განათლება დიდება და ძალა; მეორეს მხრით საშინელი სიღარიბეა და მისგან წარმომდგარი უმეცრება, გარყვნილება და ბიწიერება! — გონიერნი და გამბედავნი ინგლისელნი კარგათა გრძნობენ ამ საშინელს ტკივილსა, კარგათა ხედვენ რაც შეუდგება ამ სენსა და ყოველს მეცადინეობას ხმარობენ მოიპოვონ რაიმე სახსარი, რათა მოისპოს ეს საზოგადო საშიშარი სნეულება, რადგანაც წინადვე ცნობილი აქვსთ, რომ ამ სნეულების აცილებაზედ დამოკიდებულია ინგლისის შინაგანი გამძლეობა, მშვიდობა დაბედი.
ეს აუარებელი სიმდიდრე ერთის მხრით და დაუჯერებული სიგლახაკე მეორეს მხრით ინგლისში იქიდამ წარმოსდგა, რომ მთელი ინგლისის მიწა ხალხის მცირე ნაწილმა გაისაკუთრა და უმრავლესობა, ესე იგი, გლეხობა კი უმამულოდ დარჩა. სოფლად ცხოვრების სახსარს მოკლებული უმამულო მუშა ხალხი დიდ-ქალაქებში შეგროვდა ლუკმა პურის მოსაპოებლად და ის გულსაკვდავი, საშინელი სიღატაკე მთელის თვისის სასოწარკვეთილებით და ჯოჯოხეთით ამ მუშა ხალხს დააწვა. ეს მუშა-ხალხი დიდ-ქალაქებში მოგროვილნი ქარხანებში მუშაობისათვის იბრძვიან, რომ ამით მაინც როგორმე მოიპოვონ ლუკმა პური. ზოგჯერ ამ სამუშაოსაც ვერ შოულობენ.
არც ერთი ქვეყანა არ შეედრება ინგლისს ხელოსნობასა და სარეწაობაში, — მთელი ხმელეთის ხალხი ინგლისის მუშტარია. რასაკვირველია დიდძალს წარმოებას ბევრი მუშა-კაციც უნდა,[1] მაგრამ ის მასალა, რომლის შემუშავებისთვისაც მუშა-კაცია ქარხანაში საჭირო, ის მასალა თვით ინგლისს თავისი არა ჰყოფნის და იძულებულია სხვა ქვეუნებიდამ შემოზიდოს. წარმოიდგინეთ ახლა რომ ომისა, მოუსავლობისა ანუ კიდევ სხვა შემთხვევის გამო, ეს სამუშაო მასალა ინგლისს მოაკლდა, ანუ გარშემოზიდა,―ცხდია რომ მასალა მოკლებული ქარხანა დადგება და ქარხნის მუშა ხალხი უსაქმოდ დარჩება და მაშასადამე უპუროდაც. ეს მოხდა მაგალითებრ, 1865 წელს, ამერიკის ომის დროს, როდესაც ამერიკაში ბამბის მოსავალი ძლიან ნაკლებათ მოვიდა, და ამისგამო ინგლისში მრავალი ქარხანა დადგა.[2]
ხალხის სიღარიბის აცილებისათვის ინგლისმა დიდი ხანია მოიპოვა ერთი ძლიერი საშუალება — უცხო ქვეყნებში გადასახლება, საცა მიწა უფრო მსუქანია და ბუნება უხვი. ამ გვარ მამულის დატოვებას და სხვა ქვეყანაში გადასახლებას ჰქვიან კოლონიზაცია. ყოველ წლივ დიდ-ძალი ხალხი გადის ინგლისიდამ სხვა და სხვა ქვეყნებში. იკეთებს ბინას და სადგურს, იშენებს კოლონიებს ველურს ხალხთა შორის აფრიკას, ამერიკას, ავსტრალიას და აზიაში, და ამგვარად ინგლისის მფლობელობას და აღებ-მიცემობას გზას უხსნის და ავრცელებს. ესრედ დაიწყო და დაარსდა. მე-XVII საუკუნეს ამერიკის კოლონია, რომელიც მე-XVIII საუკუნეს გამრავლებული და გაძლიერებული, განთავისუფლდა ინგლისის ქვეშევრდომობისგან და დაამყარა სასელმწიფო, ამერიკის შეერთებულ შტატებათ წოდებული. ინგლისის ჭეშმარიტი ძლიერება და სიმდიდრე უფრო კალონიებზედ არის დამყარებული, დედა-მიწის ზურგზე მოფენილნი ეს კოლონიები უგზავნიან ინგლისს სამუშაო მასალას და ამ მასალას, ინგლისის ქარხანებში სავაჭრო საქონლად გარდაკეთებულსა, თვითვე კოლონიები ყიდულობენ და ამით ავრცელებენ ინგლისის ვაჭრობას და გავლენასა.
ამ კალონიების მეოხებით ინგლისს, რაც თვითონ დიდ-ბრიტანია არის, იმაზედ ორმოცდა შვიდმეტ ჯერ მეტი ადგილი უპყრია ქვეყანაზედ და რაც თვითონ ხალხი ყავს დიდ-ბრიტანიაში იმაზედ ექვს ჯერ მეტი ქვეშევრდომი კალონიებში უსახლია.
უცხო ქვეყნებთან და კოლონიებთან აღებ-მიცემობისთვის ინგლისი ოცდა შვიდმეტი ათასს ხომალდს და ცეცხლის გემს სხვა და სხვა ზღვებში ამუშავეს და ამ ხომალდზე ორას ათასამდე მენავე ჰყავს. 1875 წ. ინგლისში ორი ათას ხუთას მილიონ მანეთის საქონელი შემოზიდულა და ორი ათას მილიონ მანეთისა გატანილა.
სახელმწიფო შემოსავალი ოთხი ათას სამოცდა ორი მილიონი მანეთი აქვს. გასავალი – ამაზედ ცოტა ნაკლებ. – სახელმწიფო ვალი – ხუთი ათას რვაას მილიონ მანეთია.
ინგლისის ჯარში შესული ჯარისკაცი ვალდებულია ექვსი წელიწადი მომქმედ ლაშქარში იმსახუროს და ექვსიც რეზერვში. თუ ჯარის კაცი ამას გარდა ათს წელიწადს კიდევ იმსახურებს, სამუდამოდ ჯამაგირს (პენსია) მოიპოებს. ინგლისის ჯარში ირიცხება ექვსას ათასზედ მეტი მხედარი და სახელმწიფოს ეს ლაშქარი ყოველ წლივ ორას მილიონამდე მანეთი უჯდება. სამხედრო ხომალდი ორას ორმოცდა თორმეტია.
ეხლანდელი ინგლისის დედოფალი ვიქტორია I ინგლისის, შოტლანდიის კოროლათაც სახელ-წოდებულია და ინდოეთის იმპერატორათაცა. თუმცა ყველა კანონდებულება და განკარგულება კოროლის სახელით გამოიცხადების და კოროლის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული, მაგრამ ნამდვილად სახელმწიფოს მმართვა პარლამენტისა[3] და მინისტრთა კრების (კაბინეტი) ხელშია.
კანონდებლობითი უფლება ეკუთვნის ორს პალატს, რომელთაც ერთად უწოდებენ პარლამენტს, ხოლო პარლამენტის განაჩენის აღმასრულებელად მინისტრთა კრებაა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი ჰქვიან.
დიდ-ბრიტანიის პარლამენტი განიყოფება ორს პალატად: დიდებულთა ანუ ლორდთა პალატი და ხალხის წარმომადგენელთა ანუ დეპუტატთა პალატი.[4] ლორდთა პალატს შეადგენენ ინგლისის კეთილ-შობილთა გვართა მოთავენი (ეს უფლება ლორდებს სამუდამოდ აქვსთ მინიჭებული და მამიდამ შვილზედ გადადის), პირნი დანიშნულნი კოროლის მიერ, ეპისკოპოსნი, ირლანდიის ლორდნი (29 წევრი) და შოტლანდიის ლორდნი (16 წევრი) სულ — 478 წევრია. დეპუტატთა პალატში სხედან ხალხის წარმომადგენელნი შვიდი წლის ვადით ამორჩეულნი. ამ პალატაში საკუთრად ინგლისის დეპუტატი ოთხას ოთხმოცდა ცამეტია (493), შოტლანდიისა სამოცი, და ირლანდიის ას ხუთი. სულ პალატაში ექვსას ორმოცდა ცამეტი წევრია. ამა რიცხვებიდამ ცხადად სჩანს რომ ორივე პალატში წევრთა სიმრავლე ინგლისის მხრივ არის. დეპუტატის ამორჩევის. უფლება ყველა დიდ-ბრიტანიის ქვეშევრდომს არა აქვს. მოქალაქეთა მაშინ აქვთ არჩევანის უფლება, თუ ქალაქის ადგილას ერთი წელიწადი მაინც უცხოვრია, სახლი ჰსჭერია ამ ხნის განმავლობაში, ან საკუთარი ან ქირით, წელიწადში შვიდ თუმნიანზედ არა ნაკლებ და სახლის დაწესებული ხარჯი უხდია. თუ სოფლად მცხოვრებია, მას უნდა ქონდეს ან საკუთარი უძრავი ქონება, ან იჯარით აღებული სამოცის წლის ვადაზედ არა ნაკლებ, და ამ საკუთარს თუ იჯრით აღებულს მამულს უნდა შემოსდიოდეს, სახელმწიფო გარდასახადისა და ხარჯის გარდა ოცდა შვიდმეტი მანეთი მაინცა ყოველ წლივ აქედამ სჩანს, რომ ღარიბი ხალხი ინგლისში არჩევანის უფლებას მოკლებულია, რომ მათ თვისის სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობა არა აქვსთ. 1872 წლამდე კენჭის ყრა დაფარული არ იყო, მას შემდეგ კი, ახლად დადგენილის კანონის ძალით, დაფარულია ყოველი ქვეშევრდომი დიდ-ბრიტანიისა ოცდა ერთის წლისა შესრულდება თუ არა, შეიძლება დეპუტატად ამორჩეულ იქმნას. მხოლოდ აკრძალულია ამორჩევა მღვდლისა და ფინანსთ სამინისტროს მოთანამდე პირთა. პარლამენტის წევრი კანონის წინაშე ხელშეუხებელია, არავის შეუძლიან მისი დატუსაღება, თუ არ პარლამენტის ნება-რთვითა. არა დეპუტატი არვის წინაშე პასუხის მგებელი არ არის მასზედ, რასაც წარმოსთქვამს პალატში. ყოველს წევრს, ლორდთა პალატისა უფლება აქვს პირდაპირ მოახსენოს. კოროლს თავისი აზრი, ხოლო დეპუტატთა პალატის წევრს ეგ უფლება არა აქვს, მას შეუძლიან მიჰმართოს ხელმწიფეს მხოლოდ თავისის პრეზიდენტის პირით და შუამდგომლობით. თუმცა პარლამენტების შეყრა და დათხოვნა კოროლის ნებაზეა და მოკიდებული, მაგრამ კოროლი ვალდებულია შვიდ წელიწადს ერთხელ მაინც უსათუოდ შეჰკრიფოს ორივე პალატი. პარლამენტი ირჩევს ხუთს მინისტრს, რომელთაც მიანდობს თავისს განაჩენის აღსრულებას და რომელნიც პასუხის მგებელნი არიან პარლამენტის წინაშე. ეს მინისტრები და ხუთი კიდევ სხვა კოროლის მიერ დანიშნულნი შეადგენენ უმაღლეს მთავრობითსა კრებას, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი ჰქვიან. თუ პალატის უმრავლესობა დაუწუნებს სამინისტროს რომელსამე წინა-დადებას ანუ საქციელს და ამით თვის უკმაყოფილებას გამოაცხადებს, მაშინ სამინისტრო იძულებულია თანამდებობიდამ გადადგეს და ახალს სამინისტროს დაუთმოს თვისი ადგილი.
პარლამენტს აქვს უფლება: ახალნი კანონნი დააწესოს, ან უწინდელნი შესცვალოს, სრულადაც გააუქმოს ყოველგვარის საქმეების შესახებ, საერო იქნება, თუ სასულიერო თუ სამხედრო. ყოველ პარლამენტის წევრს, ლორდთა თუ დეპუტატთა პალატისას და თვით კოროლს აქვს უფლება რაიმე კანონის ანუ განკარგულების წინადადება შეიტანოს პარლამენტში. ყოველივე წინადადება ჯერ უსათუოდ დეპუტატთა პალატაში უნდა შეიტანონ. პალატაში შემოტანილი წინადადება სამჯერ უნდა წაკითხულ იქმნას. პირველის წაკითხვის შემდეგ წინადადებას ჰბეჭდვენ და პალატის წევრთ ურიგებენ. მას შემდეგ მეორედ კითხულობენ და ამ მეორედ წაკითხვაზედ ბაასსა და სჯას გამართვეს. თუ პალატი საჭიროდ დაინახვს, ნიშნავს კომისიას წინადადების უფრო დაახლოვებით და დაწვრილებით გარჩევისთვის, როცა ამისი, შეასრულებს თვისდა მინდობილს საქმეს, მაშინ წინადადებას მესამედ კითხულობენ პალატის წინაშე და ბაასის და ბჭობის შემდეგ წინადადებას ან მიიღებენ ან უარ-ჰყოფენ. დეპუტატთა პალატში მიღებულს წინადადებას ჯერ მაინც კანონის ძალა არა აქვს ვიდრე ლორთა პალატიც არ მიიღებს. ორივე პალატით მიღებული წინადადება კოროლს უნდა წარედგინონ დასამტკიცებლად და მხოლოდ კოროლის დამტკიცების შემდეგ წინადადებას კანონის ძლა მიენიჭება. მართალია თუმცა კოროლს აქვს უფლება პარლამენტის წინადადება არ დაამტკიცოს, მაგრამ ეს მეორე სუკუნეა რაც ამისთანა შემთხვევა დიდ-ბრიტანიაში არ მომხდარა. კოროლს გარგად ესმის რომ ხალხთა წარმომადგენელობის წინააღმდეგობა ამაოა და თავის თავს ნებას არ აძლევს რომ რომელიმე მისი წინადადება უარ-ჰოს.
პარლამენტი ამასთანავე უმაღლესი სამსჯავროა დიდ ბრიტანიის სახელმწიფოისა კოროლს შეუძლიან მისგან დასჯილს პირს მსჯავრი აპატიოს და ახსნას, მხოლოდ, ამაშიც კი პარლამენტს უნდა დაეკითხოს.
———————
1 მარტო ბამბეულობის კეთებას ერთ მილიონამდე მუშა-ხალხი უნდება.
2 მერე ინგლისის მუშა ხალხის ბედს კიდევ სხვა მიეზიც უხლართავს გზას, და მის თაობაზე ბევრი რამ შესანიშნავი თქმულა და დაწერილა, ხოლო ამ საგანზე მეტი საუბარი ჩგენ ამჟამად არ შეგვიძლიან, რადგანაც ამ წერილს ამის გარდა გიდეგ სხვა დანიშნულებაცა აქვს.
3 პარლამენტი, Parlement, ქართულ და საბაასოს, საბჭოს ნიშნავს,
4ლორდთა პალატს კიდევ ზენა-პალატს უწოდებენ და დეპუტატთა პალატს ქვენა პალატისა.
![]() |
8 ქალაქის სცენები |
▲back to top |
ქალაქის სცენები
ერთის დღის აღწერის 1876 წ.
IV.1
(ღამეა. ასწერი დაკეტილ კარს აკაკუნებს)
(შინიდამ) ვინ არის?
– გააღეთ. ამწერლები ვართ.
– ვინ ამწერლები?
– გააღეთ და მოგახსენებთ.
(შინ კარებთან ჩოჩქოლია)
– ვინ ამწერლები ხართ? არ გიცნობთ.
– გაგვიღეთ, და მოგახსენებთ.
– კაი კაცები იყოთ, ღამე არ ივლით. დაიკარგეთ საიდამაც მოთრეულხართ, თქვე ძაღლო, ძაღლის გვერდებო!
– მთავრობის დანიშნული კაცები ვართ, ყველა სახლი უნდა ავწეროთ.
– მთავრობას ჩვენთან რა საქმე აქვს? ვალი არა ვისი გვმართებს და ხარჯი შეგვიტანია. გასწით დაიკარგენით! ქურდ-ბაცაცობაზე დადიხართ, ახლა ეგ მოგიგონიათ?
– გაგვიღეთ კარი! გეუბნებით, პატიოსანი კაცები ვართ თორემ პოლიციას მოვიყვანთ.
(ჩოჩქოლი და წივილია) ვუი დამიდგა თვალი.
– ნუღარ გვაყენებთ. გაგვიღეთ, თორემ აღარ მოვიცდით.
– ბატონო, ნუ სწუხართ, გული მოიბრუნეთ, ერთ წამზე გავალთ, არაფერს დაგაკლებთ; ქრისტიანი ადამიანები ვართ.
– ვუი გული...წყალი...მიშველეთ! ეს რა ამბავია ჩვენთავს!
– გული მოიბრუნე ქალოჯან, ჩემო რძალო! დალიე წყალი, პირი გააღე, რა დაგემართა! ქურდები არ არიან, ჩინოვნიკები არიან.
– ბატონო, ნუ სწუხართ, თქვენ შესაწუხებლათ არ მოვსულვართ. ჩალის ოდენა ამ სახლს არაფერი არ დააკლდება.
– ვიშ! მე კი გული გამიხეთქეთ და!
(შემოდის ოჯასის პატრონი)
– რა ამბავია? რა ამბავია ჩვენ თავსა? ეს ვინ არიან აქა?
– ვიშ, შვილო. აი შენ ცოლს გული წაუვიდა. ეს ვიღაებიც მოვიდნენ, ჩაგვიდგნენ კარებში, პოლიციას მოვიყვანთო, დასწყევლა ამათი თავი.
– ქალოჯან, დედა-კაცო, გული მოიბრუნე —
– კარგათა ვარ, ეხლა გული მომიბრუნდა ერთი მითხარით, ეს ვინ არიან?
– ერთი მიბძანეთ თქვენ ვინა ხართ, ღამე სახლში მოვარდებით, ჰა?
– ჩვენ დანიშნულები ვართ, რომ ავწეროთ ქალაქის ყველა სახლები და ყველა ხალხი.
– აი კამერალიას რო ამბობენ რაღასაცა?
– ჰო, ის გახლავს.
– ძალიან კარგი და პატიოსანი. მაგრამ, განა ეგრეც არის, რომ დედა-კაცებთან ღამე სახლში მივიდნენ?
– დიახ, ესეც გახლამს.
– მაგრე მაშა? ახლა ეს ჩემი ცოლი რომ, უკაცრავათ არ ვიყო, ფეხმძიმეთ ყოფილიყო. და ერთი რამე მოსვლოდა, პასუხის გამცემი ვინ იქნებოდა?
(ცოლი ტირის)
– თქვენი კი...კი...ახ, რა ვთქვა! დაყუჩდი დედა-კაცოჯან; ფიქრი ნუ გაქვს.
– არა, პოლიციაო! გული გამიხეთქეს და!
– თქვენი სახელი, გვარი და ხელობა.
– ახლა ბძანეთ, რა გნებავთ ჩემგან?
– გიორგი სიმონასძე ხანჯალოვი; მკერვალი ვარ.
– რამდენი წლისა ხართ?
– რამდენისა ვარ? ჰა? რამდენისა? მოითმინე, ჩემ ცოლს უნდა ახსომდეს. ეი ჩემო დედა-კაცო, მე რამდენი წლისა უნდა ვიყო; ერთხელ რომ ვიანგარიშეთ, არ გახსომს?
– არა. მე არ მახსომს, იქნება დედას ახსომდეს.
– კარგა კი არ მახსომს, მაგრამ ისე ანგარიშით კი ეხლავე შეიტყობთ. ჩემო რძალო, ჩვენი მღვდელი რო მოკვდა რამდენი წელიწადია.
– რომელი მღდელი?
– აი, ქა, რამ დამავიწყა, ათანასე მღვდელი. ათანასე მღვდელი აგერ რვა-ცხრა წელიწადი იქნება.
– ის იტყოდა, რომ ჩემი ქორწილის წელიწადს დაიბადაო, და მე რომ ცოლი შევირთე, ოცდახუთი წლისა ვიყავიო.
– აბა ახლა დედი, რომელ წელს დაბადებულა?
– ეგ არ ვიცი.
– არა; რამდენი წლისა იყო რო მოკვდა?
– ვერც მაგას მოგახსენებთ. ეს კი მახსომს იტყოდა, ყეენობის უკან,აღარ მახსოვს, ცხონებული როგორ იტყოდა, – ესე სამ-ოთხი წელიწადს გაუვლია, რომ მე დავბადებულვარო.
– ბატონო, მე რა ვიცი. ყეენი როდის მოსულა?
– ქა, ნასწავლ კაცსა გავხარ, ასე მგონია ყველა იცი მეთქი. თუ კი პოლიციის მოყვანა შეგიძლია, მაგას კი ვერ იკითხამ პოლიცაში? იქ ეცოდინებათ.
– ეჰ, როგორცა ვხედამ, სჯობს ყეენობასა და პოლიციას თავი დავანებოთ. ისე, ვარაუდით, რამდენი წლისა იყოთ?
– აკი მოგახსენეთ. სწორე ანგარიში თუ გნებავთ, ეს იყო; და თუ ნასწავლი ბძანდებით, ჩოტკი ჩააგდეთ და გაიგებთ.
– ეჰ, შე დალოცვილო! მოკლეთა თქვით და გაათავეთ.
– ასე ვიქნები...ჰა, დედი? ორმოცდა ათისა, არა? მგონია, მეტისა არ ვიყო.
– არა, შვილო. არც კი იქნები.
– რამდენი შვილი გყავთ?
– ოთხი შვილი მყავს, ოთხიც მომიკვდა სულ რვა შვილი მყოლია, რაც ჯვარი დამიწერია. ჯინშიანი გვარია ჩვენი გვარი, სხვებსავით ღორის ჯინშს კი არა გავს, წელიწადს რომ არ ააცდენენ. რამდენი წლისანი არიან?
– ეგ კი დედა ჩემმა კარგა ნამდვილათ იცის. აბა დედი შენ თქვი.
– აბა ბძანეთ, გახსომთ ამათი დაბადება!
– მახსომს, შვილო, როგორ არ მახსომს. თითო კოჭობი და ლობიო ხომ არ გაწყვეტილა.
– არა, ბატონო! მე ყმაწვილების წლოვანობასა გკითხავთ. ლობიოსა და კოჭობს აქ რა საქმე აქვს?
– მოითმინე და გაჩვენებ. (გადის და კოჭბები მოაქვს)
– აი ამ კოჭობში მეტი ლობიოა, ეს უფროსისაა, აბა დავთვალოთ: ერთი, ორი, შვიდი, ათი, თვრამეტი, ცხრამეტი...ცხრამეტის წლისაა. აი მეორეც დავთვალოთ: ერთი, ხუთი, ცამეტი, ცამეტისაა. ახლა მესამე ეს ცხრისაა; მეოთხე ოთხისა. კარგა მოგახსენეთ ხომა?
– კარგი მოგონებაა. ახლა რამდენი შვილიცა გყოლიათ, თითოსთვის აგრე კოჭბები გაგიმართ თავთ?
– ყველა შვილებისთვისა, მაშ როგორ უნდა? დადგება ახალ წელიწადი და თითო კოჭობში თითო. ლობიოს ჩავაგდებ.
– თაგვმა რომ შესჭამოს, რაღას იზამთ?
– ქა, იქნება მართლა! ხან და ხან რომ პირღია ვაგდებთ! ეგ კარგა მამაგონეთ, ახლა სიპის ქვას დავხურამთ.
– დედი, თქვენ რამდენი წლისა ბძანდებით?
– იჰ, კარგია, დედა-შვილობას, ხუმრობა!
– არა, ბატონო, უნდა ჩაგწეროთ.
– რა ჩასაწერი ვარ, დედა-შვილობას? ვის რათ უნდივარ?
– არა, მაიც საჭიროა.
– რა მახსომს, რამდენი წლისა ვარ? ამდენი ვაი ვაგლახი მინახამს, რომ თავში აღარაფერი დამრჩენია. ასეთი დღეები გამომივლია, რომ დიდ მარხვაში ორჯელ ზეთის ხილი არ მიჭამია და თუ მიჭამია თითოსთვის შვიდჯერ მაინც მიკბენია.
– სამოც-და-ათის წლისა ხომ იქნებით?
– არა, დედა-შვილობამ. ბევრი ვიყო, ბევრი ვიყო – სამოცისა
– მაშ, თქვენ შვილზე ათის წლით დიდი ყოფილხართ?
– იქნება არც კი ვიყო! ცხრა წლისა ვიქნებოდი, რომ ჯვარი დამწერეს.
– მაშ ათის წლისას შვილი მოგცემიათ! ეს როგორ შეიძლება?
– დედა-შვილობამ, აქ ერთი მეზობელი გვყვანდა, ასე იტყოდა, შვიდის წლისა ვიყავი რომ პირველი შვილი მამეცაო. დედა და შვილი ტიკნებს ვთამაშობდითო. რატო არ შეიძლება?
– რა გვარი ხართ?
– აკი მოგახსენეთ. ხანჯალაანი.
– არა, მაგას არა გკითხამთ....
– ძველი გვარია, დედაშვილობამა! ჩემი დედამთილისაგან გამიგონია, ჯერ ნარიყალის ციხე არა ყოფილა აშენებული, რომ ჩვენი გვარი ქალაქში ყოფილა. ხომ გაგიგონიათ თამარ დედოფალი, წმინდანი ყოფილა; იმის წინათ ჩვენი გვარი ქალაქში მკვიდრ მოქალაქეთ ხსენებულა.
– არა ბატონო, მაგას კი არა გკითხავთ, იმასა გკითხავთ, რა მილეთის კაცი ხართ, სომხის სისხლისა, თუ ქართველისა?
– ჰო, ეგრე ბძანეთ! სომხისაც არის ჩვენ სისხლში, ქართველისაც, თათრისაც.
– როგორ?
– აი ასე, რომ სარკინეთის ქვეყნიდამ თუ ბაღდადის ქალაქიდამ ქალაქში არაბები ყოფილან ერთხელა. ერთი ჩვენი გვარისაც...
– ეჰ, დედა ჩემო, თათრები ყოფილან. არა, დედაშვილობამ. აბა შენთვის რამდენ ჯერ მითქვამს, რომ მამაპაპის ოჯახის ამბავი კარგა უნდა იცოდე. არაბიცკი თათარია, მაგრამ სულ სხვა თათარია. თათარიც არის თათარიცა: ყიზილბაშსაც თათარი ჰქვიან და ოსმალოსაცა, სულ ხომ ერთი არ არის? არაბები სახით შავები არიან, განა არ გინახამს.
– მერე ჩვენ რატო შავები აღარა ვართ?
– ეჰ. დამაცა შვილო და, არაბები ყოფილან, მერე ქალაქის თათარი შეურთამთ, თათრათა ყოფილან, ხან ყიზილბაშის თათრის ქალები ჰყოლიათ, ხან ოსმალოს თათრისა; აი ამ ნიშნით თათრები ყოფილან, რომ დროშკის მეიდანთან, ჯვარი-მამის ზემოთ რომ ძველი პურის მაღაზია იყო, ის მეჩითი ყოფილა და იქ უფლიათ. მერე სომხობა მიუღიათ, ბევრ თაობას გაუვლია. ახლა. მერმე ქართველათ მონათლულან და ქართველის ქალები ჰყოლიათ. ასე გამიგონია, რომ ჩვენ გვარში რძლათ ორი ბერძნის ქალიცა ყოფილა. აბა ახლა ბძანეთ, როგორ მოგახსენო, რომელი სისხლია?
– მაინც რა ენითა ლაპარაკობთ?
– აი ხომ გელაპარაკებით ქართულათ. ეს პატარა აგერ ოთხისა არის და ჯერ ლაპარაკი არ იცის. თქვენ ნასწავლი ხართ და იქნება წამალი რამე იცოდეთ?
– არა ბატონო, ექიმი ნახეთ.
– ვნახეთ, ჩვენ მეზობლათა დგას. კაი ბებიობაც იცის და კარგი მკითხავიც არის.
– არა ბატონო, ნასწავლი ექიმი უნდა ნახოთ.
– თქვენმა მზემ კარგი ნასწავლიც არის და ასეთია მაგისი კარი, თითქოს ხატის კარი იყოსო, იმოდენა ხალხი დაიარება. ეს გამოცდილი და უებარი რამ მასწავლა, რომ ბაგრატიონის გვარის ვაჟკაცს სამი სილა შემაკრევინეო და მაშინვე ენას აიდგამსო. ბევრს უცდიათ და სხვებისგანაც გამიგონია. მუხრანს უნდა წავსულიყავით ბაგრატიონების გვარნი იქ არიანო მაგრამ შორს არის და გზის შიშიცა გვაქვს. ბაგრატიონის გვარისა ხომ არავინ გეცოდინებათ ქალაქში, ეგება მიგვასწავლოთ.
– აბა ეგ რა ჩემი საქმეა? რამდენი ოთახია?
– რამდენია შვილო? აი ეს ერთი და ისიც ერთი ოთახი. ერთი დრო გვქონია ჩვენც, გვერდებზე ბევრი სახლ-სათორნე და საკუჭნაოცა შენებულა. ჩემი მამამთილის პაპის დროს აი ამ დარბაზში მეფე შანავაზი ბძანებულა. ჩემი მამამთილის პაპა პირველი მეზარ-ნიშნე ყოფილა და დასახედათ მოსულა, თურმე მეფის ხმალს ზარ-ნიშანს უკეთებდა.
– სარდაფი არა აქვს?
– გახლამს. მობძანდებით? ასეთი სარდაფებია, რომ სარდაფში სარდაფებია და ქუჩის იქით პირ-და-პირ სახლქვეშ გადის. იმ ადგილსაც, რაც ზემოთ სახლებია, ვდავობთ. გეთაყვა ესეც ჩასწერეთ, სასამართლოში წაიკითხონ.
– აი ჯან დედიჯან! რა კარგა მოიფიქრე.
ანჩისხატისუბნელი
———————
1. №3 „ივერიისა“. 1877 წ.
![]() |
9 გაზეთებიდან ამოკრეფილი ამბები |
▲back to top |
გაზეთებიდან ამოკრეფილი ამბები
———
გაზეთების სიტყვით: რუსეთში ხმა დავარდაო რომ აწინდელის სახელმწიფო ხარჯის მხდელთა გარდა სხვა წოდებანიც მოიწვევიანო სახელმწიფო ხარჯის გამოსაღებათაო; რომ ამაზედ საქმე კიდეც გადაწყვეტილიაო და ამის აღსრულებაში მოუვანა ჯერ ხანობით გადუდვიათო. ამბობენ, რომ ამითი ათი მილიონის შემოსავლის იმედინო.
———
17 იანვარს ოდესაში დანიშნულ იყო გასასყიდლად იქაურს საადგილ-მამულო ბანკისაგან ასი ადგილი-მამულიო სასყიდლად თუმცა სამოცი კაცი გამოცხადდაო, მაგრამ მათში ერთის მეტი ფასის მძლეველი არ აღმოჩენილა და ამის გამო არც ერთი მამული არ გაუიდულა. 24 იანვარს კიდევ ხელმეორედ დაუნიშნავთ გასყიდვა და ერთის მამულის მეტი არ გაყიდულა.
———
სახალხო განათლების სამინისტროს განუზრახავს ამ წლის განმავლობაში ცნობაში მოიყვანოს სახალხო სასწავლებლების მასწავლებელთა შორის რომელს როგორი სწავლა მიუღია, რადგანაც ზოგს იმათგანს თურმე სწავლის ნიშნად დაწესებული მოწმობა არა აქვთ; გარდა ამისა განუზრახავს ყოველს ამ გვარს მასწავლებელს ვალად დასდოს, რომ სამინისტროს წარუდგინოს ხოლმე ცნობა მასზედ თუ სასწავლებელში რამდენი მოწაფეა და მათი სწავლა როგორ სწარმოებს ან როგორ მიდის.
———
გერმანიაში დიდი ბაასი გამართულა სახელგანთქმულის მეცნიერის ფირხოვის ახლად აღმოჩენილს საგანზედა ფირხოვი იძიებდა ბოლგარიელთა შთამომავლობას და იმ აზრზედ დადგა, რომ ბოლგარიელნი სლავიანები კი არა ფინნების შთამომავალნი არიანო. ეს აზრი უფრო იმაზედ დაუმყარებია, რომ კაცის თავის ქალა ბოლგარიაში ნაპოვნი, უსინჯავს და დაუნახავს რომ ბოლგარიელთა თავის ქალა არამც თუ ფინნების ქალას უმზგავსება, არა მედ ზანგთა (Негръ) ქალასაც და სლავიანების ქალას თან კი არა ფერი მგზავსება არა აქვსო.
———
ერთს რუსულ გაზეთში იწერებიან რომ ამ ცოტას ხანში ჩაის ფასმა უნდა აიწიოს, რადგანაც რუსეთში ჩაის ვაჭრობა ინგლისელების ხელშიაო და ამათ ყისტით ვაჭრობა რუსების ვაჭრებს მოუკვეთესო.
———
ერთს რუსულ გაზეთს შეუტყვია, რომ შემოსავლის კვალობაზედ სახელმწიფო ხარჯის დადგენა და ამ ხარჯის გაწერა ყოველის წოდების პირთა ზედა ფინანსთ სამინისტროს კიდეც გადუწყვეტიაო და ამ ცოტას ხანში გადასცემსო. უმაღლესს მთავრობასა განსახილველად და დასამტკიცებლადაო. ეხლანდელი სახელმწიფო ხარჯი სოფლისა და ქალაქის გლეხთათვის დაწესებულიო, ჯერ-ჯერობით ისევ იმ სახით დარჩება, როგორც აქამომდე იყოო.
———
რუსეთში ქაღალდის ფული (ასიგნაცია) 4864 წელსა ყოიფილა ექვსას ოცდა თექვსმეტის მილიონისა, 1876 წლის პირველს იანვარს – შვიდას ოთხმოცდა ჩვიდმეტის მილიონისა.
———
ერთს გაზეთს („Новости“) შეუტყვია, რომ ოცდა ხუთ მანეთიანი ასიგნაციები ხელა ახლად გამოცვლილ იქნებიანო.
———
ერთს გაზეთში (Бирж. ВЋд.) ჰსწერენ, რომ პეტერბურგის ოლქის სასამართლოში ამ დღეებში შევა ისეთი საქმე, რომელიც „ჩერვონის ვალეტის“ საქმის მაგვარიაო. ამ საქმეში ბრალდებულნი არიან სამი კაცი და ორი ქალი, რომელნიც განათლებულს საზოგადოებას ეკუთვნიანო.. მრავალი გვარის მაცდურებითა და სიცრუითა ზემოხსენებულთ ხუთს გვამს ბევრი სიყალბე მოუხდენია, მაგალითებრ: მაღაზიებსა და დუქნებში სხვის სახელით უვლიათ და საქონელი ნისიად უღიათ ვითომც იმ პირთა მონდობილობით, რომელთაც იმ მაღაზიებსა თუ დუქნებში ესტიბარი ჰქონიათ. ამისთვის ტყუილი ვექილობა მოუგონიათ. ამას გარდა თავისი გვარ-წოდება დაუტოვებიათ, სხვისა მიუღიათ და ამის შემწეობით ფული უგროვებიათ ვითომც სათნო საქმისათვის შესაწირავად.
———
ფრანციული გაზეთი „Agence Générale Russe“ რომელიც პეტერბურღში გამოდის, იწერება, რომ ამ ჟამად რუსეთს დამზადებული ყავს 550,000 ჯარის კაცი, რობელთა შორის 270,000-ს შეუძლიანთ იმ წამსვე საომრად გავიდესო, რა წამსაც ბძანება გამოვაო.