ივერია (6)1877.04.07



1877.04.07

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 ცხოვრება და კანონი.

▲back to top


ცხოვრება და კანონი.

მეოთხე წერილის შემდეგი[1]

ადგილობრივი თვით-მმართველობა (мЋстное самоуправленiе) და უმაღლესი მთავრობა (верховное правленiе) არც ერთი და იგივეა, არც ურთიერთის მოკამათე და მოცილენი არიან. ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე სახელმწიფოში ორნივ მშვიდობიანად თავსდებიან და ურთიერთის სასეიროდ მოქმედობენ. ზემოდ მოვიხსენეთ, რომ ძნელია ამათ შუა ნამდვილის სამძღვარის დადება თუ ყველაფერში არა, ზოგიერთში მაინცა. თუმცა ეს ასეა, მაგრამ საზოგადოდ ერთსაც და მეორესაც ისეთი თვალ-საჩინო თვისების კუთვნილება აქვს, რომ მის მეოხებით კაცს შეუძლიან, თითქმის ყოველს შემთხვევაში, გაარჩიოს ან ერთი რის მოღვაწე და პატრონი უნდა იყოს, ან მეორე. ჩვენ თვისება თვითვეულისა ზემოდ გაკვრით მოვიხსენიეთ. მაგრამ ვხედავთ, რომ იგი ჩვენის უმთავრესის საგნის უკედ ცნობისათვისა ცოტაა. ამისათვის გვსურს ამ ჟამად ეგ თვისება ცოტაოდნად დაწვრილებით აღვნიშნოთ.

ყოველი სახელმწიფო, თუნდ გვარ-ტომობით ერთისა და იგივე ხალხით იყოს შემდგარი, მაინც, ადგილობრივის სხვა და სსვაობისაგამო, ბევრს სხვა და სხვა თვისების მხარესა და მხარეს წარმოგვიდგენს. ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირ-უთვნელად, ზედ მიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავ-კარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია რომ უმაღლესს მთავრობას თვითონ, სხვის დაუხმარებლად ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ-მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ-რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია. ჩემთვის ისე გული არ შეჰსტკივა, როგორც მე თვითონ; სხვა ჩემ ავ-კარგიანობას ჩემსავით ვერ შეიტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის დღეში არ ეცოდინება. ეს ყველგან ესე ჰსცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იმქნა და უარყოფილი. სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალ-ყურეთ, მოხელეთა და ადგილობრივთა საქმეთა გამგეთ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თვისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ამ შემთხვევაში ერთის მხრით – ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიხწეულია, მეორეს მხრით – უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულის ტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი.

აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას სამზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვით-მმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი, იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია. მაგ გვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონ-მდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთავო მხედრობის განწყობილებასა. ესე ყოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვით-მმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული. თვით-მმართველობა ხელქვევითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი. რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმრთველობის უცილო კუთვნილებაა. თვით მმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის გნმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნელია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვით-მმართველობა ერთის მხრით ადგილობრივის საქმეთა დამწყობის დაგამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელის-უფალი[2] (исполнительный) ორღანოა.

ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

ცხადია, რომ როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა თვით-მპყრობელობითი, მონარხიული-წარმომადგენელობითი, თუ რესპუბლიკის სახისა – ერთშიც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვით-მმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით-ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ კუთხემდე მიწვდენილი.

რუსეთშია მაგ თვით-მმართველობას დიდი ფართო გზა გაეხსნა უმაღლესის მთავრობისაგან და თითქმის მთელი რუსეთი ამას სიხარულით მიეგება. იქ ჯერ სოფლის გლეხთა საზოგადოებას მიენიჭა თვით-მმართველობის უფლება, მერე მაზრასა და გუბერნიასა ერთად (земство) და ამ სახით ყოველს განყოფილებაში დაიდგინა თვით-მმართველობითი გამგეობა ადგილობრივთა საქმეთა. იგი დიდიხანია მოქმედებს ინგლისშიაც, საცა მონარხიული – წარმომადგენელობითის სახის მთავრობაა და ჩრდილო-ამერიკაშიაც, საცა რესპუბლიკაა. ეს მაგალითები ცხადად გვიჩვენებს ჩვენ, რომ თვით-მმართველობა უმაღლესის მთავრობის სხვა და სსვა გვარობაზედ არ არის დამოკიდებული; რომ იგი ყოველ გვარს უმაღლეს მთავრობას უხდება.

თვით-მმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვას. თუ ეს სიფთხილე არ იხმარა ადამიანმა თვით-მმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქმნება, ვიდრე სახრავი.

უმთავრესნი კუთვნილებანი თვით-მმართველობისანი არიან: 1) ადგილობრივის საქმეთა ადგილობრივის განსამართლების უფლება. ამაზედ არის დამყარებული მცხოვრებთა პატივის, ღირსების და ქონების ნამდვილი მფრველობა და ხელშეუხებლობა. 2) უმაღლესის მთავრობისაგან განწესებულის ხარჯისა, – ბეგარისა და სამსახურისა ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განაწილება. ეს უკეთესი ღონის-ძიება რომ ყოველმა სამართლიანად და უმეტ-ნაკლოდ გადუხადოს სახელმწიფოს თვისი შესახვედრი მოვალეობა; 3) ადგილობრივის საჭიროებისათვის გარდასახადის დადგენა, გაწერა და აქედამ შემოსულის ფულის თავისუფლად გამგეობა. 4) სხვა და სხვა წესისა და რიგის დადგენის უფლება ადგილობრივის საზოგადოების კანონად, მაგრამ ისე კი, რომ იგი წესი და რიგი საყოველთაო კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს; 5) ადგილობრივის საზოგადოების პირველ დაწყებითის სწავლის მოწყობა და თავისუფალი გამგეობა; 6) ადგილობრივის საზოგადოებისათვის მზრუნველობა და ღონისძიების მოხმარება. 7) ადგილობრივის საზოგადოების საზრდოებისათვის თავდარიგის დაჭერა და ღონისძიების მოპოება; 8) ადგილობრივის გზებისა, ხიდებისა კეთება, მოვლა და თავისუფალი გამგეობა. 9) უმაღლესის მთავრობის წინაშე შუამდგომელობა ყოველს მასზედ, რაც ადგილობრივის საზოგადოების საჭიროებას და მოთხოვნილებას შეადგენს.

უმთავრესნი საფუძველნი თვით-მართველობისანი არიან: 1) ხმა და არჩევანის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს. ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რაკი სრული წლოვანია; მაშასადამე ყოველს მოვალეობაშიაც ყოველს მცხოვრებს წილი უნდა ედვას; 2) ადგილობრივის სამმართველოს ხელქვევით უნდა იყვნენ ყოველნი, ვინც კი სამმართველოს წრეში სცხოვრობს, აქ როგორც პირველს შემთხვევაში, წოდებათა შორის განყოფილება და ხარიხების გადება მავნებელია და თვით-მმართველობის ბუნების წინააღმდეგია. 3) ადგილობრივი მოსამართლენი აგრეთვე მოსულნიცა უნდა ამოირჩიონ ადგილობრივთა მცხოვრებთა, 4) ყოველივე ადგილობრივის თანამდებობის მექონი კაცი პასუხის მგებელი უნდა იყოს წინაშე საზოგადო სამართლისა და სამსჯავროსა და არა თვისთა უფროსთა წინაშე.

ჩვენის სასოფლო მმართველობის წესდებულებას ვინც თვალს გადაავლებს დაინახავს, რომ იგი ცოტად თუ ბევრად თვით-მმართველობის საფუძველზედ არის ამოყვანილი. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვით-მმართველობა ეგ არის, მაშ ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვით-მმრთველობამ არ ააყვავა სოფელი, თვით გლეხობა ეგრე ერთ-ხმად რად უჩივისო?

ჩვენ ვეცდებით ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერი პასუხი მივსცეთ შემდეგს წერილში.

_________

1 დასაწყისი ამ წერილისა „ივერიის“ № 4-შია.

2 „ხელის-უფლება“ სწორედ ამ აზრით არის ხმარებული ჩვენის დასტულამაში. აქედამ არის წარმომდგარი სიტყვა „მოხელე“. თვითონ დასტულამაში მეფის და მდივანბეგის განჩინების აღმასრულებელნი კაცნი საერთოდ „ხელის-უფალათ“ წოდებულ არიან.

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ამიერ და იმიერ კავკასიის მცხოვრებთა რიცხვი გვარტომობისა და კვალად. – პეტერბურღში დაბეჭდილა ამიერ და იმიერ კავკასიის ეთნოღრაფიული რუკა, რომელშიაც მოყვანილია კავკასიის მცხოვრებთა რიცხვი გვარტომობისა კვალობაზედ. შემადგენელი იმა რუკისა უფ. რუტტიხი გვიქადის, რომ მასში მოყვანილნი ცნობანი სულ ბოლონდელის დროისანი არიანო. იმ რუკაში ესეა დაყოფილი კავკასიის მცხოვრებნი გვარტომობის მიხედვითა:

I ქართველთა ტომისანი:

1) ქართველნი – – – 375,452.

2) იმერნი – – – 264,211.

3) გურულნი – – – 59.432.

4) მენგრელნი – – – 205,212.

5) ფშავნი – – – 12,490.

6) ხევსურნი – – – 5,050.

7) თუშნი – – – 5,210.

8) სვანნი – – – 9,110.

II ირანის ტომისანი:

1) სომეხნი – – – 515,811.

2) ოსნი – – – 75,604.

3) არაბნი – – – 9,881.

4) თათნი – – – 64,656.

5) თალიშნი – – – 51,221.

III სლავიანის ტომისანი:

1) ველიკორუსნი – – – 676,595,

2) მალორუსნი – – – 346,928.

IV ლიტველთა ტომისანი:

ლატიშნი – – – 118.

V ბერძენთ-რომანელთა ტომისანი:

ბერძნები – – – 10,517.

VI გერმანიელთ ტომისანი:

1) ნემენცნი – – – 9,475.

2) შოტლანდელნი – – – 500.

3) სპარსელნი – – – 782.

VII კავკასია-კასპიის გუნდისანი (группа).

4) ავარელნი – – – 116,313.

2) ყუაულნი (ანდიელნი) – – – 3,693.

3) ქირდნი (ყარატელნი) – – – 4,952.

4) ახვაყნი – – – 2,142.

5) ბოღულალნი – – – 1,989.

6) იდერნი (თინდიხელნი) – – –2,515.

7) ჭამალალნი – – – 2,418.

8) ხვარჭინელნი – – – 1,094.

9) დიდოელნი (ცეზნი) – – – 4,010.

10) კაპუჭელნი – – – 1,703.

11) ხუუნძახელნი (ენზება) – – – 568.

12) ბოთლიხელნი – – – 1,102.

13) უდნი – – – 300.

14) ჩაჩანნი – – – 139,652.

15) ლეკნი – – – 33,982.

16) არჭინელნი – – – 562

17) დარღოელნი (ხურკილელნი) – 83,588.

18) ყარაყაითალელნი – – – 5431.

19) ყუბაჩელნი – – – 3757.

20) თაბახარელნი – – – 14,667.

21) აღულელნი – – – 5,022.

22) ქიურინელნი – – – 105,688.

23) მუხადარნი (რუთულელნი) – 10,009.

24) ნოხურელნი – – – 3,428.

25) გაპუტლელნი – – – 659.

26) ბუდუხელნი – – – 3420.

27) ჯიქნი – – – 9,767.

28) ხანალუხელნი – – – 2315.

28) ყრიზნი – – – 3200.

...........................567,649.

VIII კავკასია-შავის-ზღვის გუნდისანი:

1) ადიღნი – – – 75,360.

2) ყაბარდოელნი – – – 53,098.

3) აბხაზნი – – – 71,933.

IX სემიტელნი:

1) ებრაელნი – – – 15,680.

X თიურკო-თათრის ტომისანი:

1) თათარნი – – – 828,203.

2) დარუმანდელნი – – – 22,917.

3) ყარაჩაელნი – – – 10,000.

4) ნოღაელნი – – – 75,415.

5) ყირგიზელნი – – – 11,554.

6) შახსელნელნი – – – 3.821.

7) თურქმენნი – – – 3,207.

8) ყუმისელნი – – – 72,329.

XI ფინნის ტომისა:

1) ესტნი – – – 300.

XII მონგოლთა ტომისა:

1) ყალმუხელნი – – – 10.374.

2) მუღანლელნი – – – 24,745.

XIII უცნობთა ტომისანი:

1) ბუშნი – – – 131.

2) კურდნი – – – 23,225.

სულ ამიერ და იმერ კავკასიის მცხოვრებნი არიან: – – 2,699,386.

ტფილისის შემოსავალ-გასავლის სქემა, აღრიცხული 1877 წლისათვის, გვაცნობებს ჩვენ, რომ ქალაქს ტფილისს ჰქონია:

შემოსავალი 1876 წ. – – – – 339,551 მან. – – 1877 წ. კი მოელიან – – 439.887 მან.

მათ შორის:

ქალაქის ქონებიდამ და საიჯარადრო მამულებიდამ – – – 47,155.

უძრავი ქონების პატრონთაგან მალი – – – – – 153,806.

სავაჭრო და სარეწავო ადგილებიდამ გადასახადი – – – 54,671.

ნოტარიულთ სიგელთაგან და სხვა და სხვა საგანთაგან – – – 36.360.

ხაზინიდამ და ერობისაგან მონაშველი – – – 147.895.

სულ დაიჭერს – – – 43 9.880 მან.

შარშანდელი შემოსვლის ჯამი ყოფილა – 339.555.

მაშასადამე წლევანდელი შემოსავალი შარშანდელზედ მეტია – – – 100,336 მან.

გასავალი 1876 წელს იყო – – – 320,042.

– – 1877 წლისათვის დანიშნულია – – 429,404.

ამათ შორის:

ქალაქის საზოგადო გამგეობისთვის – – – 79,638.

ქალაქის პოლიციისა, საექიმო ნაწილისა და ტუსაღთა ციხისათვის – – – 86,707.

ქალაქის საზოგადო ქონების მოვლისათვის და ქალაქის კეთილ-კარგიერებისათვის – 67,847.

სამხედროთა სადგომისათვის – – – 131,582.

ვალთა მოსაშორებლად – – – 41.326.

სხვა და სხუა გასავალი – – – 22.304.

სულ ჯამი გასავლის დაიჭერს – – 429.402.

შარშან 1876 წ. გასავალის ჯამი ყოფილა – 320.042.

მაშასადამე 1877 წ. გასავალის ჯამი მეტია შარშანდელზედ – – – 109.362 მან.

– ჩვენ მოგვივიდა შემდეგი წერილი ტფილისის სემინარიის უფ. კუშინსკის პასუხის[1] პასუხად:

„უფ. კუშინსკი ამბობს, რომ „სემინარიაში ქართულის ენის კათედრა არის დანიშნულიო, მასწავლებელნი ქართულის ენისა ყოველთვის ყოფილანო“. ჩვენც მაგას ვჩივით, რომ ყოველივე ეს უმაღლესის მთავრობისგან მონიჭებული გვაქვს, მაგრამ უმდაბლესისაგან წართმეული 1872 წლიდამ ქართულის ენის მასწავლებლი ხან იყო და ხან არა. უფ. ტურიევს ეპყრო ეგ თანამდებობა და დიდად ცდილობდა კეთილსინიდისიანად შეესრულებინა თავის მოვალეობა. მაგრამ უფ. კუშინსკისა და რექტორის ვალენტინის შემწეობით უფ. ტურიევი სემინარიიდამ დაითხოვეს და 1874 წლამდე ქართულის ენის მასწავლებელი სემინარიას არა ჰყოლია. ამ წლის ენკენისთვეში მასწავლებულად დანიშნეს უფ. ტატიევი, რომელსაც თვითონ შეგირდები ასწავლიდნენ ზოგ-ზოგი ხუცურს ასოებსა, ასეთი მცოდნე გახლდათ ქართულისა. ამისთანა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ქართული ენა? ნუთუ ეს უმაღლესის მთავრობის კეთილ-ნების გაუქმება არ არის?

უფ. კუშინსკი ამბობს, რომ „სემინარიის მოწაფენი, როგორც მომავალნი სამღვდელონი ქართულის მრევლისა, აქვე სემინარიაში იმართებიან ქართულის ქადაგებისათვისაო“. ამისთვის უფ. კუშინსკი აკითხებს მოწაფეთა ფილარეტის, ინოკენტის, სმოლენსკის, იაკიმოვის და ევსევის რუსულს ენაზედ წარმოთქმულთა ქადაგებათა. იქმნება ეს ქადაგებანი ძალიან კარგნი იყვნენ, მაგრამ რუსულმა ქადაგებამ რომ ქართული ასწავლოს მოწაფესა, მაგისი კი რა მოგახსენოთ. აბა უფ. კუშინსკიმ დაგვისახელოს ერთი ქართულად თქმული ქადაგება, რომ მოწაფეებისათვის წაეკითხებინოს ენის გასამართავად. უფ. კუშინსკის მოსვლის შემდეგ სემინარიის ეკლესიაში ქართულს ენაზედ ქადაგება სრულიად მოსპობილია. ეხლა ვკითხოთ: როგორ და რით იმართებიან მოწაფენი ქართულის ქადაგებისათვისა?

უფ. კუშინსკი ბძანებს, რომ „მოწაფენი ვალდებულნი არიან რუსულს საეკლესიო გალობასთან შეისწავლონ ქართული გალობაცა, ამისათვის დანიშნულია მასწავლებელიო“. ბატონო, ვჰსთქვათ რომ მოწაფენი მოვალენი არიან ისწავლონ ქართული გალობაცა. მაშ თქვენც ხომ მოვალე იქნებით ასწავლოთ ქართული გალობა. ასწავლით კი? რომ ბძანებთ მასწავლებელია ამისათვისო, არ შეიძლება დაგვისახელოთ, ვინ არის. რომ არა გყავთ ეგ მასწავლებელი ვის დაასახელებთ!..

უფ. კუშინსკი ბძანებს, რომ უწმინდესი სინოდი თხოულობსო. ქართულს ენას ისეთივე ადგილი ეჭიროსო სემინარიაშიო როგორც სხვა საგნებსაო. ბატონო, ეგ ყველამ ვიცით. რომ უმაღლესის მთავრობისგან ეგრეა განწესებული. და ჩვენ მით უფრო გვტკივა გული, რომ უმდაბლესნი მაგ წესს უშიშრად არღვევენ და ჩვენს შვილთა თვის საუნჯე-დედა-ენას ავიწყებინებენ.

უფ.კუშინსკი ბძანებს, რომ „უწმინდესის სინოდის განკარგულებითო მოწაფენი ვალდებულნი არიანო იცოდნენ შესანიშნავნი წერილნი ქართულის საერო და საეკლესიო ისტორიისაო“. განა ეს სემინარიაში აღსრულებაში მოდის? აბა რომელი წიგნი გიძლევიათ მოწაფეთათვის, რომ ეგ უწმინდესის სინოდის მოთხოვნილება მოწაფეს აესრულებინა? მაშ თქვენი მოწაფე პ. კ-ვი ვალდებული არ იყო თავის ქვეყნის ისტორია შეესწავლა? რად წაართვა

უფ. კუშინსკიმ, დასტუქსა, და მხოლოდ ცრემლით ხვეწნისა შემდეგ დაუბრუნა პ. კ-ვს ქართული ხელნაწერი ისტორია? რათ წაართვა ერთს მოწაფეს ქართული „დავითიანი“ მეორეს „საყმაწვილო კონა“ და ბიბლიოთეკაში შეიტანა?“

––––––––––

თუმცა ჩვენში ქართული წარმოდგენა ისე ხშირი არ არის, მაგრამ მაინც დიდი ხანია არ დავსწრებივართ იმისთანა მშვენიერს ქართულს წარმოდგენას, როგორიც წუხელ გაიმართა საზაფხულო თეატრში. წარმოადგინეს უფ. სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალა“, სომხურიდამ გადმოღებული. ეს წარმოდგენა მეტადრე მომქმედთა პირთა თამაშობით არის შესანიშნავი, ვიდრე თვითონ კომედიის შინაარსით. დედა-საგანი ამ კომედიისა არის ერთი ამჟამადაც გახშირებული უმეცარი მოვლენა ჩვენის ცხოვრებისა – მაჭანკლით ქალის გათხოვება. ალაგი ნებს არ გვაძლევს აქ დაწვრილებით ვუამბოთ მკითხველს ეს კომედია. მხოლოდ ის კი უნდა აღვიაროთ, რომ ამის დამწერს ცოტა გადაჭარბებით გრძელი ლაპარაკი მიუნდვია მომქმედ პირთათვის ასე რომ კომედიის საგანს არ უხდება. ამ კომედიის საზოგადო ხასიათი იმ რიგია, რომ მოქმედება ჩქარა უნდა მიმდინარეობდეს. მაგრამ ჩინებულმა აღსრულებამ ვერც კი შეამჩნევინა მაყურებელს ეს ნაკლულევანება კომედიისა. მეტადრე სასიამოვნონი იყვნენ წარმოადგენაში ელ. ყიფიანისა, უფ. კოსტ. ყიფიანი და ვას. აბაშიძე. ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი მაყურებელი არ დასწრებია წუხანდელ წარმოდგენას. ნუ თუ ქართული წარმოდგენა ისე ხშირია,რომ მობეზრდა კიდეც ჩვენს საზოგადოებას!

___________

1 უფ. კუშინსკის პასუსი „დროების“ 35№-ში იყო დაბეჭდილი.

3 თამარ მეფის სახე ბეთანის ეკკლესიაში

▲back to top


თამარ მეფის სახე ბეთანის ეკკლესიაში

შენს წმიდას სახეს,

შვენებით სავსეს,

სახიერებით განსივებულსა,

ვუმზერ კრძალვითა,

თაყვან-ცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

*

მიხარის, – გიმზერ!

ვჰსწუხარ – და გიმზერ!

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვგრძნობდე

ჩემის სამშობლოს სულით დაცემას!....

*

ყვავილოვანი

წალკოტი შენი,

შენის დიდების სხივ-მოკლებული,

აღარა ჰშვენის,

აღარ გვიბრწყინვის,

შაკ-დროთა ძალით ფერ-წახდენილი!....[1]

*

და ვით წასულსა,

სიზმარსა ტკბილსა,

მზეს, დიდებულად ჩასვენებულსა,

ვიგონებთ შენს დროს,

გული გვიმაგროს.

სრულად არ წავჰსწედეთ ცით შერისხულნი!...

*

ხნით დამაშვრალი,

დაღონებული,

შენადვე. მეფევ, მოველ ვედრებით:

მოხედო ბედკრულს,

შენს სატრფოს მამულს,

და ჯვრით შენით აკურთხო კვალად.[2]

შენი ივერი:

იქმნეს ძლიერი

სარწმუნოების გულსში დანერგვით!....

წმიდით საყდარით,

ენით მდიდარით.

სწავლისა შუქით განათებული!

ზნე ამაღლებით,

შრომით. მხნეობით.

და განჰქრეს ბნელი უმეცრებისა!...

და გაგვიცოცხლდეს,

რომ კვლავც [მ]ოგვესმეს,

რუსთაველის ხმა გულის მიმტაცი!..

*

....... მარამ ცად თვალნი,

გაქვს მიქცეულნი,

და მე ვეღარ მცნობ დამცირებულსა,

სულითა მოკლეს, უდებად ქმნილსა,

შორს შორეულსა,

შენს უღირსს შვილსა!...

*

.....ვა თუ რაც წახდეს,

ვეღარა აღჰსდგეს,

ვეღარ აღჰყვავდეს ახლის შვენებით?

და რაც დაეცა,

ის წარიტაცა,

შავმან ყორანმა, ვით უმწე მსხვერპლი?

*

.....ჰე, ცრუ სოფელო,

დაუნდობელო,

შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?

დიდება ჩვენი,

ცად სხივ-მიმფენი,

ნუთუ ესღა გვაქვს. ვჰხედავ რასაცა?

დაყრუებულსა,

გზა-შეუვალსა,

უდაბურს ტყეში, – ტაძარს დარღვეულს,

სად სახე მეფის,

დიდის თამრის,

სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!...

ქსნისხეველი.

_______________

1 ქართველებმა, შავი დრო, დაარქვეს სახელად ლანგთემურის და შაჰამბაზის შემოსვლასა, რომელთაც სრულებით გააოხრეს საქართველო.

2 თამარ მეფე ყოველთვის ჯვარითა აკურთხებდა ჯარსა, სალაშქროდ განმზადებულსა.

4 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ოსმალეთი. – ოსმალეთის სახელმწიფომ არც ლონდონის სიგელი მიიღო, არც ჩერნოგორიას შეურიგდა და არც დესპანი გაგზავნა რუსეთში. ახლა? ახლა ყველანი ომის ლოდინში არიან.

ამბები ისე სწრაფად მიმდინარეობენ, ისე ჩქარა სცვლიან ერთი ერთმანეთს, რომ კაცი ვერ ასწრობს დაფიქრდეს და რომელიმე შეხედულობა იქონიოს. მეტადრე კვირა გამოშვებითს გაზეთს, რასაკვირველია, არ შეუძლიან დროზე გაუწიოს თავის მკითხველს ამ ამბებზე მუსაიფი. დღევანდელი ახალი ამბავი ხვალ დაძველდება კიდეც ხოლმე.

–––––––––

გერმანია. – ამას წინედ გერმანიის რეიღსტაღში დიდი ბაასი გაიმართა შესახებ იმისა, რომ ელზასსა და ლოტარინგიას ახალი მმართველობა მიეცესო. როგორც მოგეხსენებათ, აქამდისინ ელზას-ლოტარინგიის საქმეებს განაგებდა ცალკე განყოფილება იმპერიის კანცლერისა, რომლის წარმომადგენელად თვითონ ელზას-ლოტარინგიაში არის უმაღლესი გამგეობა. გარდა ამისა ელზას-ლოტარინგიაში არის საერო საბჭო, რომელსაც არავითარი კანონ-მდებლობითი უფლება არა აქვს და მხოლოდ რჩევას აძლევს უმაღლესს გამგეობას, როდესაც ახალ ადგილობრივ კანონზე ჩამოვარდება ლაპარაკი.

საზოგადო კანონებს კი როგორც მთელ გერმანიისათვის, აგრეთვე ელზას-ლოტარინგიისათვის სდებს რეიხსტაღი და მოზავეთა საბჭო.

ახლის წესდებულების დედა-აზრი იმაში მდგომარეობას, რომ ეს საზოგადო კანონთ-მდებლობა ელზას-ლოტარინგიისათვის მიენიჭოს საკუთრივ იმპერიის მთავრობასა ელზას-ლოტარინგიის საერო საბჭოს დაკითხვით, ე.ი. მთავრობას როგორიც კანონი უნდა ისეთს გამოსცემს. მხოლოდ რჩევა კი უნდა მოსთხოვონ საერო საბჭოს. თუ ვინიცობაა საერო საბჭო მთავრობას არ დაეთანხმა, მას არ ექმნება უფლება თავისი ჩივილი გერმანიის პარლამენტს წარუდგინოს. მაშ ვის ექმნება ამ უთანხმობის მოსპობის უფლება? რასაკვირველია თვითონ გერმანიის მთავრობას. აი ბრძნული განკარგულება ეს არის! მაშ რიღას დამაშვენებელნი იქმნებიან ის თხუთმეტი დეპუტატი, რომლებსაც ელზას-ლოტარინგია გზავნის რეიხსტაღში? ესღა აკლდა გერმანიის კონსტიტუციას, და მეორის მხრით, ესღა აკლდა საცოდავს ელზას-ლოტარინგიასაც.

ელზასის დეპუტატებმა ბევრი ღონისძიება იხმარეს, რომ ახალის განკარგულების უსამართლობა დაემტკიცებინათ, მაგრამ ვერა გააწყეს რა. ეს განკარგულება მით უფრო უსამართლოა, რომ გერმანიამ ხალხის დაუკითხავად დაიჩემა ელზას-ლიტარინგია და მისი მდგომარეობა უამისოდაც სამწუხარო და უბედური იყო პრუსიელების ხელში.

– ამბობენ, რომ ბისმარკის დროებით სამსახურიდგან გამოსვლის მიზეზი მითომ ის არისო, რომ იგი და გერმანიის იმპერატორი სხვა და სხვა აზრისანი არიანო. აღმოსავლეთის საქმის შესახებ: გერმანიის იმპერატორი თურმე რუსეთისკენ არის, და ბისმარკი კი მისი წინააღმდეგიაო. მართალია ეს თუ არა, რა მოგახსენოთ: ბისმარკი ისეთი ოსტატი კაცია, რომ ხორციელი ადამიანი ძნელად გაიგებს გულში რა აქვს.

––––––––

იტალია. – მომავალ ამბებში აღმოსავლეთის საქმის შესახებ იტალიაც მიიღებს, რასაკვირველია, ჯეროვანს მონაწილეობას ავსტრი-ვენგრია ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ აგები როგორმე დაიმეგობროს იტალია და მით აიცილოს თავიდგან ყოველი დაბრკოლება აღმოსავლეთის საქმეში. მაგრამ ეს მეგობრობა იტალიელებს ვერაფრად ეჭაშნიკებათ. აი ამას

წინედ მილანში რა მოხდა. ლომბარდიაში (იტალიის ჩრდილოეთი ნაწილია) რამდენსამე სამშობლოს მოყვარეს მოაგონდათ ერთი სამწუხარო ამბავი იმ დროისა, როდესაც იტალიის ჩრდილოეთი ავსტრიის მფლობელობის ქვეშ იმყოფებოდა. სახელდობრ: 1853 წ. რამდენიმე კაცი დაეცა ავსტრიის გუშაგს და ასტყდა შეტაკება და სისხლის ღვრა. ავსტრიის მთავრობამ, რასაკვირველია, ეს საქმე იტალიელებს დააბრალა; ის არა თუ, როგორც ბოლოს გამოჩნდა, ეს შეტაკება თვითონ ავსტრიელებმა მოიგონეს და თავისივე კაცები დაარიგეს გუშაგს დაეცითო. ეს უმგზავსი ამბავი მოაგონდათ მილანელებს და ისურვეს დღესასწაული გაემართათ თავის მოძმეთათვის, რომელნიც უბრალოდ დაიტანჯნენ რადგანაც არავითარი მონაწილეობა არ მიეღოთ ზემოხსენებულს ჩხუბში. ამ დღესასწაულის შესახებ წინადადება წარუდგინეს დეპუტატთა პალატს, რომელმაც თავისი ნება-რთვა გამოაცხადა და გადაწყვიტა დეპუტაცია გაეგზავნა მილანში. გაიგო ეს ამბავი ავსტრიის მთავრობამ თუ არა, მაშინვე მის-და იტალიის მთავრობის შორის შეიქმნა გრძელი მიწერ-მოწერა, მაგრამ ავსტრიის მთავრობამ ვერა გააწყო რა, გარდა იმისა, რომ სთხოვა მეორე დროსათვის გადედვათ დღესასწაულობა.

5 მუშის სიმღერა

▲back to top


მუშის სიმღერა

(ტომას გუდასებრივი)

მამეცით ცელი ყანების გასაცელავად,

მამეცით ფოცხი თავთავების მოსაფოცხავად;

მამეცით დანა, წალდი, ცული, – ან რაც გენებოთ,

რომ მეცა დავრჩე ცოლ-შვილითა თქვენც დაგარჩინოთ!

აჰა თქვენც ჩემი მიჩვეულნი შრომას ხელები,

ჯაფის სწავლაში ნაწურთნი და ნავარჯიშები.

რუს გაყვანა გსურთ, თუ მინდვრისა გაპატივება,

ყანის ძნად შეკვრა, ანუ ისე აბულულება, –

ყველა შრომისთვის ყოველ დღეს ვარ გამზადებული,

ოღონდ შიმშილით არ ამოხდეთ ჩემ ცოლ-შვილს სული!

თქვენც ნუ შეკრთებით: მე არ მიძევს გუნებაშია,

რომ თქვენი სარჩო, ჩემი ღვაწლი დავწვა ცეცხლშია!

მე თავის დღეში ფიქრათაც არ წარმომიდგება

ჩემგნით ცეცხლითა გადაწული თქვენი ცხოვრება;

მე მინდა ცეცხლი ენთოს მხოლოდ ჩემსა კერაზედ,

რომ სიცივისა და ყინვის დროს ჩემი შვილები

მის გარეშემო დამშვიდებით ისხდნენ ჭილობზედ

ჯანით საღები, ტანთ მოსილნი, პურით მაძღრები!..

მან, ვისგნითაცა სცხოვრებს მთელი ქვეყნიერება,

ვისგნითაც ყანებს კალიები მოევლინება, –

დაე მან მეხით დაანგრიოს მისი ცხოვრება,

ვინც არ ისმინოს გულითადი ჩემი ვედრება

და ეხლავე არ გამიჩინოს მე სამუშაო.

რაღას უყურებთ. დამიძახეთ: „მოდი მუშაო!“

მამეცით წალდი, ცული ტყეთა გასაჩეხელად,

ნამგალი ყანის მოსამკალად, ცელი საცელად;

როგორიც უნდა საქმე იყოს მე ავასრულებ,

მაშინ არავის ცხოვრებას ხელს აღარ ვახლებ.

თუ არა შრომით, მაშ მითხარით რითი ვიცხოვრო?

ჩემს გაჩენაში ურევიხარ შენ, მაცხოვარო?!...

ქვეყნაზედა მე მსურს ერთი ბედნიერება:

ჩემის ოფლითა და შრომითა ტკბილად ცხოვრება.

მამეცით საქმე. აჰა თქვენცა ჩემი ხელები,

ჯაფის სწავლაში ნაწურთვნი და ნავარჯიშები.

ამ ხელებითა და ფეხებით მსურს ვიმუშაო,

და არა ქვეყნად ვიწანწალო და ვიგლახაო!

მე არ ვთხოულობ არავისგან მოწყალებასა

და ამითი არ დავამცირებ ჩემს ღირსებასა;

შრომის დაგვარად ვითხოვ თქვენგნით დაჯილდოებას.

ქვის გულისანო! ყურს არ უგდებთ ჩემსა ვედრებას?

გაიგონევით! მსურს ვიცხოვრო ჩემის ოფლითა

და არა თქვენის საჩუქრით და მოწყალებითა.

ოღონდ კი მქონდეს ლუკმა პური, სახლი პატარა

სხვა ამის მეტი, მერწმუნეთ მე, რა მინდარა!...

მამეცით წალდი, ცული, დანა ფოცხი, ნიჩბები,

ნამგალი, ცელი – ყველა შრომის იარაღები!

როგორიც უნდა საქმე იყოს მუდამ მზათა ვარ,

ვიდრე ცოცხალ ვარ მე იმისი ერთგული ყმა ვარ!

ნეტავი იმას, ვინც ამ თხოვნას აგვისრულებდეს

ან ჩვენის შრომის ფასს სრულიად ჩაგვაბარებდეს!..

ს. ოქრიაშვილი.

1877 წ. თებერვლის 20-სა

6 მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელ-მწიფოთათვის

▲back to top


მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელ-მწიფოთათვის

იტალია: დიდი ხანი არ არის, რაც ეხლანდელის იტალიის საკოროლო სუფევს. თითქმის 1860 წლამდე იტალიის ნახევარ კუნძული განყოფილი იყო რამდენსამე სამეფოდ, რომელნიც ოთხის წლის განმავალობაში (1856-1860 წ.) შეუერთდენენ ერთს მათთა შორის უძლიერეს სამეფოს – სარდინიის საკოროლოს, და ამ რიგად დაარსდა ეხლანდელი იტალიის სახელმწიფო (17 მარტს 1861 წ.) თუმცა ის ხალხის მოძრაობა რომლის ძალითაც მოხდა ეს ამბავი, დიდად შესანიშნავი და ღირს-საცნობია, მაგრამ ამ ჟამად მის მოთხრობას ვერ შეუდგებით. ეს თვალ-საჩინო ხანა იტალიის ისტორიისა უფრო ვრცელი ადგილის ღირსია, ვიდრე ამ მოკლე წერილისა.

ეხლანდელი კონსტიტუცია იტალიისა იგივეა, რომელიც არსებობდა სარდინიის საკოროლოში, გარდა რამდენიმე მცირე ცვლილებისა. ხელის (აღმასრულებელი) უფლება ეკუთვნის კოროლს, მის მინისტრებს და სხვა მინისტრთა ხელქვეით მოხელეებს. კანონ-მდებლობითი უფლება ეკუთვნის კოროლს, სენატს და დეპუტატთა პალატს. კოროლი არის უმაღლესი ლაშქარ-მთავარი. მას აქვს უფლება გამოაცხადოს ომი ან შერიგება, გამოსცეს სხვა და სხვა ბრძანება კანონთა აღსრულების შესახებ, კოროლი ყოველ წლივ შეჰყრის ორთავე პალატს; მას აქვს უფლება გადასდვას მათი ყრილობა, და სრულებით გადააყენოს დეპუტატთა პალატი, მაგრამ იმ პირობით კი რომ ერთს თვეს უნდა მოიწვიოს სხვა ახალი პალატი. კანონმდებლობითის თაოსნობის უფლება ეკუთვნის როგორც კოროლს, აგრეთვე სენატს და დეპუტატთა პალატს. ყოველი კანონი, რომელსაც საგნად აქვს რომელიმე ახალი გარდასახადი, წინაპირველად უნდა გარჩეულ იქმნას დეპუტატთა პალატში. სხვა ყოველი კანონი ჯერ ერთს საბჭოში გაისინჯება, მერე მეორეში და შემდეგ კოროლის მიერ დამტკიცდება. კოროლი. ანწესებს და ითხოვს სამსახურიდგან თავის მინისტრებს. ყოველი განკარგულება კოროლისა მინისტრის მიერ უნდა ხელმოწერილი იყოს, თორემ არავითარი ძალა არ ექმნება და უქმია. ყოველს განკარგულებაში, რომელსაც მოახდენს ხელისუფლება, პასუხის მგებელნი მინისტრები არიან, და არა კოროლი. ზემოდ მოხსენებული იყო, რომ კანონ-მდებლობითი უფლება ეკუთვნის ორს საბჭოს სენატს და დეპუტატთა პალატს. ამ ორთავე საბჭოს წევრთა არავითარი ჯამაგირი არა აქვსთ დანიშნული, და ამის გამო დაბალი და ღარიბი ხალხი ვერ გზავნის თავის წარმომადგენელს პარლამენტში. ყოველი იტალიელი, რომელიც ოცდა ათის წლისა, შეიძლება ამორჩეულ იქმნას პარლამენტის წევრად. დეპუტატებს ირჩევენ ხუთის წლის ვადით, არჩევანის უფლება კი, რა საკვირველია, ყველს არ ეკუთვნის. ამორჩეულს უნდა ჰქონდეს კანონით დადებულის ღირებულობის ქონება, 25 წლისა მაინც უნდა იყოს და წერა-კითხვა უსათუოდ იცოდეს.

ამომრჩეველთა რიცხვი ამ ჟამად არის 528,000 კაცი (იტალიაში სცხოვრებს 27.482,174 სული). დეპუტატთა პალატში 508 წერია 40 ათასს სულზე ერთი დეპუტატი მოდის.

სენატის წევრთა ნიშნავს თვითონ კოროლი, მათი რიცხვი არ არის განსაზღვრული. ხოლო ამ ჟამად 322 სენატორია. იგინი აღსრულებენ თანამდებობას ვიდრე ცოცხალნი არიან. ყოველი სენატორი ორმოცის წლისა მაინც უნდა იყოს. ყოველი სრულიწლოვანი შვილი კოროლის ოჯახისა სენატის წევრია. სენატი არის აგრეთვე უმაღლესი სამსჯავრო. იტალიის სახელმწიფოში.

იტალიის სივრცე შეადგენს 3.324 ოთხკუთ. მილს, რომელზედაც სცხოვრებს 27,482,174 სული. სარწმუნოებით იტალიელნი თითქმის განსაკუთრებით კათოლიკენი არიან. ყოველი სრული წლოვანი იტალიელი ვალდებულია ლაშქარში ემსახუროს ვიდრე ორმოცის წლისა შესრულდება.

მშვიდობიანობის დროს თოფ-ქვეშ იმყოფება 205,314 კაცი (აფიცრების რიცხვი 12.196). ომიანობის დროს იტალიის ჯარის კაცთა რიცხვი ადის 867.886-მდე.

იტალიის სახელმწიფოს-შემოსავალი 1,321,142,386 ფრანკია,[1] და გასავალი კი 1318,612,252, ასე რომ ძირსა რჩება 2,530,134 ფრანკი.

______________

1 ჩვეულებრივად მიღებულია ოთხი ფრანკი ერთ მანეთად.

7 უკანასკნელი გასაკვეთი.

▲back to top


უკანასკნელი გასაკვეთი.

ნაამბობი პატარა ალზასელისა [7]

(მოთხრობა ალფონს დოდესი.)

იმ დილით მე სასწავლებელში წასასვლელად ცოტად დავგვიანდი და ძალიან მეშინოდა საყვედურისა მით უფრო, რომ ჩვენმა ოსტატმა გამელმა წინადვე გვითრხა ღრამმატიკა გაიკვეთეთო, იმასა გკითხავთო და მე კი ერთი სიტყვაც არ გამეკვეთნა ჯერ. მსწრაფლ ფიქრად გამიარა – მოდი დღეს არ წავალ სასწავლებელში, მეთქი. ვსთქვი და ავასრულე კიდეც. მინდორში გავიქეცი.

– ასე თბილოდა, ასეთი ნათელი იყო ქვეყანაზედ მოფენილი!

ტყის პირში შაშვების შტვენის ხმა ისმოდა, პრუსიის ჯარის-კაცნი რიპერის ქარხანის ახლოს მინდორზედ ვარჯიშობდნენ და სწავლობდნენ. ჩემთვის ყოველივე ეს უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ღრამმატიკის გაზეპირება, მაგრამ ჩემი ჯიუტობა გავტეხე, მყის გამოვბრუნდი და ჩქარის სირბილით ისევ სასწავლებლისაკენ გამოვიქეც.

მოვუახლოვდი ქალაქის სამმართველოს თუ არა, თვალი შევასწარ, რომ ხალხი მოგროვილა და რაღაც განცხადებას კითხულობს. აი ორი წელიწადი იყო გასული რაც ამ სამმართველოდამ სულ ცუდი ამბები გვესმოდა: ხან ისა, რომ აი ამა და ამ ადგილას ჩვენი ჯარი დამარცხდაო, ხან ისა რომ პრუსიელებმა დაგვარბიესო, ხან ეს ბძანება გამოვიდა პრუსიელებთაგანაო, ხან ისაო და სხვა ამ გვარი.

– „ნეტა მითხრა რა მომხდარა კიდევ“ გავიფიქრე გულში და სირბილით გავეშურე. გზაზედ შემეყარა მჭედელი ფანტერი. იმას და მის შეგირდს წაეკითხნათ განცხადება და რაკი დამინახა დამიყვირა:

– რას მიეშურები, ჯერ მაინც ადრეა, სასწავლებელში თავის დროზედ მიხვალ.

მე მეგონა რომ დამცინის. დაღალული და დაქანცული შევარდი უფ. გამელის პატარა ეზოში, სადაც ჩვენი სასწავლებელი იმყოფებოდა:

სხვა დროს ვიდრე სწავლა დაიწყებოდა ასეთი ალიანქოთი და ჟრიამული იყო ხოლმე სასწავლებლის ოთახში რომ ქუჩაში ისმოდა. ზოგი სტოლის უჯრებს გამოაღებდა და შეაღებდა, ზოგნი ხმა მაღლა იზეპირებდნენ გასაკვეთსა, ყურები კი დაეცოთ, რომ უფრო კარგად დაეხსომნათ. ოსტატი კი თავისის მოზდილის სახაზავით დადიოდა და წამი და უწუმ ამბობდა: ყმაწვილებო, თუ შეიძლება ცოტა ნელა. მე ამ ჟღრიანულის იმედი მქონდა ჩემს ადგილას ისე დავმჯდარვიყავ, რომ ოსტატს არ დავენახე. მაგრამ იმ დღეს ასეთი მშვიდობიანობა და სიჩუმე იყო თითქო კვირა დღე არისო. გაღებულს ფანჯარაში შევიხედე და დავინახე, რომ სულ ყველანი ჩემი ამხანაგები თავის ადგილას სხედან, ოსტატი კი, თავისი საშინელის რკინის სახაზავით იღლიის ქვეშ, წინ და უკან დადის. მეტი ჩარა არ იყო. უნდა გამეღო კარი იმ სიჩუმეში და გამებედნა ოთახში შესვლა. ვინ იცის რა ფერი მედო შიშისა გამო!.. რა გგონიათ? ჩემმა შიშმა უქმად ჩაიარა. უფალმა გამელმა შემომხედა მე გაუჯავრებლად. და მშვიდობიანად მითხრა:

„ჩქარა დაჯექ, პატარა ფრანცო, შენს ადგილას. ჩვენ უშენოდ გვინდოდა დაგვეწყო კიდეც“.

გადავცოცდი ჩემს ადგილისაკენ და დავჯექი. როცა ცოტად გული დამიმშვიდდა და მივიხედ-მოვიხედე ვნახე რომ ჩვენს ოსტატს კარგი მწვანე სერთუკი ეცვა, თეთრი, ჩინებულად გაუთუებული პერანგის საყელო უჩანდა და თავზედ ეხურა აბრეშუმით ნაკერი ქუდი, რომელსაც იხურავდა მხოლოდ განსაკუთრებულს შემთხვევაში, მაგალითად, როცა უფროსი ეწვეოდა სასწავლებლის გასაჩხრეკად, ანუ ჯილდოების დარიგების დრო იქნებოდა. თვითონ ოთახში კი რაღაც საოცარი მედიდურობა იყო, თითქოს სადღესასწაულო რამ არისო.

მე უფრო იმან გამაკვირვა, რომ სასხდომი ადგილები ოთახის ბოლოს, სხვა დროს ცარიელი იყო ხოლმე, ეხლა კი სულ დაეჭირათ სოფლის ხალხს, რომელნიც ისე ხმა გაკმენდილნი იყვნენ, როგორც ჩვენ. იქ ისხდნენ ბებერი ხაუზერიც თავისის განუშორებელის სამ-კუთხიანის ქუდითა, უწინდელი სოფლის უფროსი, მისი უწინდელი მწერალი და ბევრნი სხვანი. ყველა დაღონებულის და შეწუხებულის სახით იჯდა თავის ადგილას. ხაუზერს მოეტანა თავისი ძველი, პირებ-მოჭმული ანბანი, გადეშალა მუხლებზედ და ზედ გადაშლილზედა გარდი-გარდმოდ დაედვა თავისი უშველებელი სათვალები.

ვიდრე ყოველს ამას ვათვალიერებდი და გაკვირვებაში ვიყავ, უფალი გამელი ავიდა თავის კათედრაზე და გვითხრა იმ ტკბილის და რიხიანის ხმით, როგორითაც მე შემოსვლის დროს მომმართა:

„ყმაწვილებო! დღეს ჩემი უკანასკნელი სწავლების დღეა. ბერლინიდამ ბძანება მოვიდა, რომ ალზას ლოტარინგიაში მარტო ნემეცურიღა უნდა ასწავლონ. ხვალ სხვა ახალი მასწავლებელი გეყოლებათ. დღეს უკანასკნელად უნდა გაიკვეთოთ ფრანციული ენა. გთხოვთ ყურადღებით იყვნეთ“.

ეს სიტყვები როგორც ისარი ისე მეცა გულს. ჰოი ბარბაროზნო! აი თურმე რა გამოცხადება ყოფილა სამმართველოს კედელზედ გამოკიდებული!...

უკანასკნელად უნდა გაიკვეთოთ ფრანსიული ენაო!.. მე კი ჯერ ძლივს ვჯღაბნიდი ასოებსა! ჰსჩანს თავის დღეში ვეღარ ვისწავლი. ნუ თუ ამაზედღა უნდა გავჩერდე!... ოხ, რა რიგად. ვწუხდი დაკარგულ დროისათვის. როდესაც უნდა მესწავლა. მაშინ დავრბოდი ჩიტის ბუდეების საძებნელად.

ანუ ვსრიალებდი ყინულზედ!... ჩემი წიგნები, რომელნიც იმ დღემდე თვალის დასანახავად მემძიმებოდნენ, ჩემი ღრამმატიკა, სამღთო წერილი ოსტატის სიტყვების შემდეგ შემიყვარდნენ როგორც მეგობრები, რომელთაც მოშორება და დათმობა ძნელია.

თვითონ უფალი გამელი!... რაკი წარმომიდგა რომ იგი მიდის და ამის შემდეგ ვეღარ ვინახულებ, წელი მომწყდა. მე ამ ფიქრში გართულს დამავიწყდა მისი სახაზავით ცემაცა და ყოველივე მისგან მოყენებული სასჯელიცა.

საწყალი! ეხლა კი მივხდი რისთვისაც ჩაეცვა ახალი ტანსაცმელი და რისთვისაც მოსულიყვნენ ჩვენი მოხუცებული სოფლელები. თურმე უკანასკნელი გასაკვეთის მოსასმენლად მოგროვილიყვნენ, რომ ამით გამოეცხადებინათ უფალის გამელისათვის თავისი გულითადი მადლობა ორმოცის წლის სამსახურისათვის და საფრანგეთისათვის, თავისის საყვარელის მამულისათვის, რომელიც მათ შორდებოდათ, პატივი მიეცათ.

მე სრულიად ფიქრებმა წამიღეს; უეცრად ჩემი სახელი წარმოითქვა. ყურები ვაცქვიტე, თურმე ჩემი ჯერი მოვიდა პასუხის გებისა. რა რიგად მინდოდა, რომ თავიდამ ბოლომდე შეუცდომელად ამესხნა მშვენიერი წესები ჩვენის ენის თანდებულისა. მაგრამ პარველ სიტყვაშივე ავირიე და მწუხარის გულით, როგორც კეტი, ისე ვიდექ ჩემს ადგილას, სირცხვილით თავი მაღლა ვერ ამეღო. უფალი გამელი მეუბნებოდა:

„ამ ხანად. ფრანცო, მე არ გისაყვედურებ. შენ უმისოდაც დასჯილი ხარ...მით, რომ არ იცი. იქნება შენ ფიქრობდე: ეჰ, ეგ არა ფერია! თუ დღეს არა, ხვალ ხომ ვისწავლიო! აი ხომ ხედავ რა მოხდა... დიახ, მაგ დღე-ხვალიობამ, სწავლის გადადებამ სახვალიოდ გააუბედურა ალზასი. ეხლა ნემენცებს საბუთი აქვთ გვითხრან: რა მიგიგავთ ფრანსიელებს, რომ იძახით ფრანსიელნი ვართო, როდესაც არც კითხვა, არც წერა თქვენს ენაზედ არ იცით? ყოველს ამაში მარტო შენ არა ხარ დამნაშავე, ჩემო საწყალო. ფრანცო! არა, ყოველმა ჩვენგანმა უნდა უსაყვედუროს თავის თავსა.

„თქვენი ნათესავები თქვენის განათლებისათვის ბევრს არას ზრუნავდნენ, ოღონდ კი ერთი მეტი გროში შეეძინათ და ისინი სხვას არას დასდევდნენ, და ამისათვის ხან სამუშაოდ გისტუმრებდნენ ქარხანაში, ხან მიწის სახვნელად. არც კი მე ვარ უდანაშაულო. განა მე კი არ უნდა ვუსაყვედურო ჩემს თავს? განა სწავლის მაგიერ ხან და ხან ჩემს ბაღს არ გარწყვევინებდით ხოლმე? განა როცა სათევზაოდ მივდიოდი, თქვენის დათხოვნის ფიქრი მაწუხებდა?“

უფალს გამელს სიტყვა ერთის საგნიდამ მეორეზედ გადაჰქონდა და ბოლოს ლაპარაკი ჩამოაგდო ფრანსიულს ენის თაობაზედაც. გვეუბნებოდა, რომ ფრანსიული ენა ყველაზედ მშვენიერი, ყველაზედ ცხადი, ყველაზედ მტკიცე ენა არის მთელ ქვეყნიერობაზედაო; იგი არ უნდა დავიწყებულ იქმნასო. და თუ ვინმე მონების ქვეშ ჩავარდებაო, მისთვის სამშობლო დედა-ენა უკეთესი ღონეა, რომ უბედურებიდამ თავი იხსნასო... მერე გადასხნა ღრამმატიკა და აგვიხსნა გასაკვეთი. მე მიკვირდა, რომ ყოველი ფერი ისე ადვილად მესმოდა. რაზედაც კი იგი იმ ჟამად მოგვითხრობდა, ყოველივე მეადვილა. მე მგონია რომ ჩემს დღეში ისეთის ყურადღებით არ მიგდია იმისათვის ყური და თვითონაც, მგონია, თავის დღეში ისეთის მოთმინებით არ აუსხნია გასაკვეთი, როგორც მაშინ. ადამიანს ეგონებოდა, რომ რაკი გვშორდება, ჰსურსო. რაც იცის ყოველივე ერთხანად და ერთბამად გადმოქვცესო. და სულ ერთად თავში ჩაგვიდოსო.

გასაკვეთის ახსნის შემდეგ წერა დაგვაწყობინა. ამ ჯერად უფალს გამელს თვითვეულისათვის ცალკე ახალი დედანები შეედგინა; იმ დედანებში მხოლოდ ეს ეწერა: „საფრანგეთი, ალზასი, საფრანგეთი, ალზასი“. ავიღეთ დედნები და მაღლა ჩამოვკიდეთ; როგორც ბაირაღები ისე ფარფარებდნენ თვალწინ. უნდა გენახათ როგორის ყურადღებით ვწერდით ამ სიტყვებს, რა რიგი ხმა გაკმენდილი მდუმარება იყო! მხოლოდ ერთი კალმის წრიპინი ღა ისმოდა. ზოგჯერ მაისის ბუზები შემოფრინდებოდნენ ოთახში, მაგრამ იმათ ყურს არავინ ათხოებდა, პაწაწინა შაგირდებიც კი თვალს ქაღალდიდამ არ აშორებდნენ და ისეთის გულმოდგინებით გამოჰყვანდათ თავიანთი ხაზები, თითქო ის ხაზებიც საფრანგეთისანი არიანო... ჩარდახზედ მტრედები ღუღუნებდნენ და მე გავიფიქრე:

„ამათაც ხომ ნემენცურად არ დააწყებინებენ ღუღუნსა“.დრო გამოშვებით ზე ავიხედავდი და ვხედავდი, რომ უფალი გამელი მდუმარედ იდგა კათედრაზედ და რაღაც გულის-ტკივილით თვალს აკვირვებდა ყოველს საგანს, რაც მის გარეშემო იყო, თითქო. ცდილობსო საუკუნოდ დაეხსომებინა ეს პატარა სახლი და ყოველი ის, რაც შიგ არის. როგორც გინდათ

იფიქრეთ, – ის კაცი ორმოცი წელიწადი იყო ამ ადგილას, ორმოცი წელიწადი იყო მაყურებელი ერთისა და იმავე ეზოსი, ერთისა და იმავე სასწავლებლისა. ყოველივეს უწინდელი ფერი და სახე ედო, მხოლოდ შეგირდების სკამები და რუკა დროთა ბრუნვას მოეცვეთნა, კაკლის ხე ეზოში გაზდილიყო, სვია, რომელიც თვითონ დაერგა, გარს შემოჰფენოდა ფანჯრებს და სახლის სახურავამდე ასულიყო. უსათუოდ ძალიან უკვნესდა, ძალიან ჰსტკიოდა გული, რომ ყოველს ამას თავი უნდა დაანებოს; რომ მისი და აქედამ აყრისათვის წინა და უკან დარბოდა ზემო ოთახში და ბარგს ალაგებდა. დიაღ, ხვალ ზევით უნდა აყრილიყვნენ და სამუდამოდ გამოჰსთხოებოდნენ ამ მხარესა.

ხოლო მას მაინც კიდევ ღონე და მოთმინება შერჩა, რომ რაც იმ დღეს სასწავლებელი იყო ყველა შეესრულებინა. წერის შემდეგ, ისტორია გაგვიკვეთა, მას მერმედ პაწაწინა ბავშვებმა ჩვეულებრივად უგალობეს თავისი ბა, ბე, ბი, ბო, ბუ. იქ კიდევ, კუთხეში ხაუზერს ცხვირზედ გაეკეთებინა სათვალები, ხელში აეღო ანბანი და ბავშვებთან ერთად ხმამაღლა იმეორებდა იმავე ბა, ბე, ბუ-ს. ეტყობოდა, რომ ისიც დიდ მეცადინეობაშია. შეშფოთებისა გამო ხმის კანკალი დამართოდა და ისე უცნაურად მოისმოდა იმისი ხმა, რომ ჩვენ ტირილიც მოგვდიოდა და სიცილიცა. ოხ, ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის უკანასკნელი ჩვენის სწავლის დღე!...

უეცრად დაჰკრა საყდრის საათმა შუადღე. ამასთანავე ჩვენის ფანჯრების წინ დაიგრიალა სამხედრო მუსიკის ხმამაც: პრუსიელების ჯარს გაეთავებინა თავისი სწავლა და მოდიოდა მინდვრიდამ... უფალი გამელი გაფითრებული და ფერმიხდილი ჩამოვიდა კათედრიდამ. მე იგი თავის დღეში არ მომჩვენებია იმოდენა ტანისად, როგორც იმ ჟამად მეჩვენა, თითქო ტანი აიყარაო.

„მეგობარნო!...გვითხრა ჩვენ: „მეგობარნო... მე...მე....

რაღაცა მოაწვა გულზედ, რაღაცამ სული შეუხუთა და სიტყვა აღარ დაასრულებინა.

მაშინ მიუბრუნდა კედელზედ ჩამოკიდებულს საწერს ფიცარს, აიღო ხელში მელი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა დააჭირა ფიცარს მელი და უშველებელის ასოებით ეს დაწერა:

„გაუმარჯოს საფრნგეთსა!“ ა

მის შემდეგ შედგა. თავი დაჰკიდა და კედელს მიეყრდო. სხვა აღარა უთქვამს რა, სიტყვის ილაჯი აღარა ჰქონდა, მხოლოდ ხელით გვანიშნა: „ეხლა წადით!... გასაკვეთი დასრულდა!“

_______________

1ალზასი ის ქვეყანაა, რომელიც პრუსიამ წაართო საფრანგეთსა ამ უკანასკნელს დროს და რომლისაც სული და გული დღესაც საფრანგეთისკენ არის.

8 ჩვენის ისტორიისათვის მასალა.

▲back to top


ჩვენის ისტორიისათვის მასალა.

(შემდეგი)[1]

იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ ძე არჩილისა და დაიპყრა ყოვლი იმერეთი და იქმნა დიდი სიყვარული შორის მეფისა და დადიანისა. ხოლო ჟამსა მას მთავრობდა გურიასა შინა სიმონ გიორგი გურიელის ძე, და აფხაზთა შორის ქელაიშ აჰმედ ბეგ შარვაშიძე. ჟამსა ამას მოიყვანა მეუღლედ გრიგორი დადიანმა საქართველოსა და კახთა მეფის ერეკლეს შვილის შვილი ნინა, და ამის შემდგომად წარიყვანა მეუღლე თვისი მეფემან სოლომონ მარიამ გრიგოლ დადიანის დაი, და იყო მშვიდობა და მხიარულება ამათ შორის. გარდავარდნილი მეფე დავით იყო თათართა შორის ახალ-ციხეს და მოიცა მუნით ძალი და ჩამოიყვანა რამდენიმე ლეკთა და თათართა მხედრობა და მოვიდა იმერეთად და დასდგა ზორეთს. მცნობმან ამისმან ახალმან მეფემან სოლომონ შეიკრიბა სპანი იმერელთანი და მიმართა მათ, და ვინათგან იყვნენ მცირე მხედრობა დავითისა, ამისთვის შემოივლეს სანგარნი და დადგენ მას შინა. და ვინათგან იხილეს სოლომონისთა სიმცირე მათი არ დარიდეს სიმაგრესა სანგრისასა და შეუტივეს იმერთა, მაშინ გამოვიდა სანგრიდამან სიმონ აბაშიძე ნიკოლოზის ძე, რომელი ახლდა დავით მეფესა ვინათგან იყო სიძე მისი და დაუდგა შეტევებულსა სიმაგრესა. მაშინ მიმართა რა მებაირახემან მეფისა სოლომონისამან, გარდმოაგდო. მებაირახე და წარიღო ბაირახი მეფისა და დასცა თავსა სანგრისა მათისასა, და ოდეს იხილეს ესე იმერთა უკუნიქცენ და ივლტოდენ იმერნი და სდევდენ თათარნი და ლეკნი. და რომელნიმე შეიპყრეს, და რომელნიმე მოჰკლეს და გაემარჯვა დავითს მეფესა. წარმოვიდა მეფე დავით და მოვიდა ლომიასთხევს, და რომელნიმე იმერნი შეიკრიბნა, ხოლო სოლომონ წარვიდა საჩხერეს სასახლეს წერეთლისასა, რომელ წერეთელი პაპუნა და ზურაბ დიდათ ერთგულობდა სოლომონს, და ჟამსა ამას მოკვდა წერეთელი პაპუნა. მაშინ მუნ მყოფმან სოლომონ მეფემან სთხოვა შეწევნა საქართველოისა მეფესა ირაკლის, პაპასა თვისსა, და ცოლის ძმასა თვისსა გრიგორი დადიანსა, და წარმოავლინა ირაკლი მეფემან შვილის შვილი თვისი იოანე სპითა შესაწევნელად სოლომონისა, ხოლო გრიგორი დადიანი აქეთ სპითა თვისითა. მოვიდა რა საზღვარსა იმერეთისასა მეფის-ძე იოანე, მიეგება სოლომონ მეფე და მოუხდენ დავითს და ქმნეს ბრძოლა დაიოტეს დავით, და აქით მოვიდა გრიგორ დადიანი დიდისა სპითა და აღიღო ქუთათისი გამაგრებული დავით მეფისაგან. მაშინ შეკრბენ სპანი საქართველოისა მეფისანი და დადიანისნი, და დაიპყრეს ყოველი იმერეთი და მიათვალეს კვალად მეფესა სოლომონს და წარვიდენ მეფის-ძე იოანე და გრიგოლ დადიანი სახლად მათდად გამარჯვებულნი, ხოლო ლტოლვილმან დავითმან ვერღა იშოვნა ვისგანმე შეწევნა და მოვიდა კვალად იმერეთად, მორჩილ ექმნა სოლომონს და ქმნეს მშვიდობა, და მისცა მეფემან სოლომონ საბატონიშვილო და სცხოვრებდა მუნ, დაეგნენ მშვიდობით რამოდენსამე ჟამსა და სცხოვრებდენ სიხარულისა კმა-ყოფილნი. გარნა ბოროტ მოჰაზრეთა კაცთა, რომელნი უთანხმოებისა გამო. ანგარებითა სარგებლობდენ, კვალად ქმნეს აღრეულება შორის მეფისა და დადიანისა, და იქმნა განხეთქილება. ჟამსა მას იყო დიდ შემძლე კაცი ყმა დადიანისა გელოანი ქაიხოსრო, რომელი მოურაობდა ლეჩხუმს და მძლავრებდა ოდიშსაცა. ესე მიდრკა გრიგოლ დადიანის ერთ-გულებისაგან და მიიბირა ძმა გრიგორი დადიანისა მანუჩარ, მოიყენა მეფე სოლომონ წერეთლისა გამო, ამისთვის რომელ ზურაბ წერეთელის ძმის-წული ყავდა ცოლად ქაიხოსროს გელოანის ძესა და ზურაბ წერეთელი ჟამსა მას პირველობდა სრულსა იმერეთსა ზედა. და ესე ვითარითა შეთქმულებითა გარდააგდეს დადიანი გრიგოლ და ქმნეს დადიანად მანუჩარ, და გრიგოლ წარვიდა სამურზაყანო ავხაზთ შორის და იყო მუნ. ჟამსა ამას მყოფმან იმერეთსა შინა მეფედ ყოფილმან დავით იმოქმედა ახალ-ციხეს და შთამოიყვანა ლეკნი და მიერთდა მათდა და მოვიდენ მახლობლად ქუთაისისა. აქათ მეფემან სოლომონ შეიკრიბნა სპანი იმერეთისანი და განმაგრდა ქუთათის და მოიწვია შესაწევნელად დადიანი მანუჩარ და მოვიდა ქუთაის ოდიშ ლეჩხუმითა სპითა, სადა პირველობდა ქაიხოსრო გელოვანი ოდიშ ლეჩხუმთა შორის. ჟამსა ამას შეკრბენ სამურზაყანო. ავხაზნი შესაწევნელად გრიგოლ დადიანისა, ვინათგან იხილეს მფლობელი მათი განძებული უსამართლოდ, წარმოემართნენ და დაიბანაკეს მარსილს მხლობელად ბანძისა. მსმენელი ამისი მეფე სოლომონ და დადიანი მანუჩარ უღონო იქმნენ, აქით ლეკის სპითა დავით, ხოლო აქათ ავხაზითა გრიგორი დადიანი. გარნა უღონო-ქმნილთა მოიპოვეს ესე წარსამართებული საქმე,. წავიდა ლეჩსუმის ჯარითა ქაიხოსრო გელოანი და წარმოიტანა მოყევარე თვისი ქაიხოსრო წერეთელი, ძმის-წული ზურაბ წერეთლისა რამოდენიმე იმერელისა სპითა და დაესხა ღამით მარსილს აფხაზთა და გაიქცენ აფხაზნი და დიდითა ალაფითა სავსე. ვიდრემდის სცნობდა დავით მეფე დაბანაკებული მახლობელად ქუთათისა, მუნემდის მივიდა გელანი უკმო-ქცეული ქუთათის, ხოლო დადიანი გრიგოლი კვალად წარვიდა აფხაზეთს. მსმენელი ამა საქმისა დავით მოკლებულ იქნმა ძალისა, ვერღა ებრძოლა ქუთათის სოლომონს და მანუჩარს გამაგრებულთა, წარმოვიდა მუნით გამოვლო იმერეთი და მივიდა მათხოჯის და დაიბანაკა მუნ. ხოლო ერთი ბელადი ლეკის სახელით დურმამა თვისისა საბელადოთი დასდგა ზემოთ დარღვეულსა ნასაყდრსა ზედა. მაშინ მიესმა ჰანბავი სოლომონს, რომელ საქართველოისა მეფესა ერეკლეს წარმოუგზავნია შვილი თვისი ალექსანდრე სპითა და არტილერიითა შესაწევნელად სოლომონისა, ვინათგან ეთხოვნა ამას შეწევნა პაპისა თვისისათვის. მსმენელი ამისი მეფე სოლომონ მხიარულ იქმნა, მიეგება ბიძასა თვისსა ალექსანდრეს, ერეკლეს ძესა, და შეერთდენ სპანი საქართველო, იმერეთისა, ოდიშ-ლეჩხუმისა, და მივიდენ მახლობელად მათხოჯისა და დაიბანაკეს მუნ. ხოლო დავითმან სიმცირისა გამო შემოივლო სანგარი და განმაგრდა მას შინა, მოვიდა დავითთანა გრიგორი დადიანი აფხაზეთიდამ. შეიზრახენ დავით და გრიგორი დადიანი და გრიგორ წარვიდა აფხაზეთს ქელაიშ-აჰმედ-ბეგისათანა, რათა მუნით მოიცეს ძალი და დავით იყო მათხოჯს გამაგრებული. ხოლო სოლომონ მეფე და დადიანი მანუჩარ, და ალექსანდრე საქართველოს მეფის ძე იდგნენ ნახახულევს რაოდენსამე ჟამსა. ხოლო დადიანი გრიგოლ მისრული ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა თანა მთხოველსა მისცა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან შეწევნა და წარმოყვა აფხაზთ სპითა და მოვიდენ ხიბულს და დასდგენ მუნ. გარნა აქათ მისცეს თეთრი რამოდენიმე ზემოთ ხსენებულს დურმამა ბელადს და განუდგა დავითს და დანაშთომთა ლეკთა შემოადგენ ზემოხსენებულითა სპითა, მეფე სოლომონ. დადიანი მანუჩარ და ლეკნი სანგრიდ–გამო. იბრძოდენ ძლიერად, და სიმონ აბაშიძე ყოველსა ჟამს ქებული მამაცობასა შინა იბრძოდა გარეთ სანგრისა მხილველთა გასააცვიფრებლად. და მას-თანა ლეკი ერთი სახელოვანი სახელად ამირხან. გარნა ვერ დაუდგა სიმცირე სიმრავლესა და ივლტოდენ დავით და მხლენი მისნი ლეკნი, და წარმოვიდენ ოდიშით და მოვიდენ ხიბულას, სად იყვნენ დაბანაკებულნი ქელეშ-ბეგი და გრიგორი დადიანი. მხილველი ამისი ქელიშ-აჰმედ-ბეგი შეშინდა და უკუნ-იქცა კვალად აფხაზეთად, და დავითი და გრიგორ დადიანი წარვიდენ ფოთს. გრიგორი თვისის მეუღლით დასდგა ფოთს, ხოლო დავით წარვიდა თვისის მხლე ლეკითა ახალ-ციხეს, და მცირის ხანისა შემდგომად დავით გარდაიცვალა ახალ-ციხეს ყვავილისა სენითა. ხოლო გრიგორი დადიანი რაოდენისამე ჟამისა შემდგომად ვერღა დასდგა ფოთს და მეუღლე თვისი წარმოგზავნა ოდიშად და მიაბარა ძმასა თვისსა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს ბესარიონს და თვით წარვიდა ახალ-ციხეს. ხოლო ოდიშს იყო ციხე ჭაქვითისა გამგრებული მხეიძის პეტრე ბეჟანის ძისაგან, და ლეჩხუმს მური გასვიანი ხოსიასაგანი, და ერთ-გულებდა ბიძა თვისი გიორგი გრიგოლ დადიანსა, ვინათგან ზრდიდა შვილსა მისსა ლეონს, ბიძა თვისი გიორგი. და ამათ გარდა დაიპყრა ყოველი სამენგრელო. სამთავრო მანუჩარ დადიანმა და მთავრობდა. ჟამსა ამას გარდაიცვალა გურიელი სიმონ და იქმნა გურიელად ძე მისი მცირ-წლოვანი მამია. გარნა მოურნეობდა დედა მისი და დაი ზემოთ ხსენებულისა ზურაბ წერეთლისა მარინა, და ბიძა თვისი ქაიხოსრო გურიელის ძე. მაშინ შეიშურა ბიძამან მისმან ვახტანგ გურიელის ძემან და მიბირებითა მეფისათა მიუღო მამიას გურიელობა, და ესრეთ მეფისა გამო ხან იგი მიუღებდა გურიელობას და ხან იგი, გარნა შემდგომად დაშთა მამიას და მთავრობს აწმყოსა ჟამსაცა. გარნა ჟამსა ამას დიდათ ეკირთებოდენ თათარნი გურიასა და აწუხებდენ მოხდომითა, კაცის კვლითა და წარყვანითა ტყვეთათა, კნინღა და ყოველი გურია აღიხოცა, რომელნიმე თათართა მიყავდა და რომელნიმე განიბნინენ იმერეთად თუ ოდიშად. თუცა გურულნი მამაცად და მხნედ იბრძოდენ მრავალსა ხოცდენ და შეიპყრობდენ და ამარცხებდენ, გარნა სიმრავლისა-გამო თათართა ვერ-ეკმავენ გურულნი. ხოლო ახალ-ციხეს მყოფმან გრიგოლ დადიანმა ვერა რაიმე ჰპოვა შეწევნა, და მუნით წარვიდა საქართველოდ ერეკლე მეფისა თანა, და სიმამრისა თვისისა მეფის ძის გიორგისათანა, გარნა ვერ მიიღო ვერცა მუნით თვისის საწადისა კმა-ყოფა და წარმოატანა მეფემან ერეკლემ შვილი თვისი ალექსანდრე, და შვილის შვილი თვისი იოანე რათა იზრუნოს მეფემან იმერეთისამან სოლომონ თხოვისათვის პაპისა და ქმნეს მშვიდობა გრიგორისა და მანუჩარისა შორის და მოვიდენ ქუთაის. გარნა ვერა რაისა საქმის გარდამწყვეტელნი მეფის ძენი წარვიდენ ქართლს, და გრიგოლ დადიანი ცოლშვილითა თვისითა იყო მეფისა თანა იმერეთს და იზრდებოდა და არა სწადოდა მეფესა მთავრობა გრიგოლისა არამედ მანუჩარისა, და მრავლისა თხოვნისა და ხვეწნის შემდგომად სცნა რა ჭეშმარიტი გრიგორიმ, რომელ მეფე სოლომონ არა მართლიად იზრახავს მას და უმეტეს მეცადინობს დაბრკოლებასა, ამისთვის ეზრახა ბიძასა თვისსა გიორგი დადიანის ძესა, რათა მან გარდმოიბიროს გრიგოლის ერთ-გულებისადმი ქაიხოსრო გელოანი. ამისთვის იმეცადინა გიორგიმ დადიანის ძემ და მიიბირა გელოანი ქაიხოსრო, და მოუწოდა გრიგოლს თვისსა სასახლესა შინა ნოჯიხევს. წარმოვიდა ღამით მალვით გრიგორი ქუთათისით და მოვიდა ნოჯიხევს ბიძისა თვისისა გიორგისთანა, წარმოუძღვა ბიძა თვისი და მოვიდენ ციხესა ზედა გიორგი დადიანის ძისასა ნოღას და იმყოფებოდენ მუნ. ხოლო მეუღლე გრიგორ დადიანისა საქართველოს მეფის ასული ნინა წარიყვანეს ღამით მალვით და მიიყვანეს ლეჩხუმს. მოეგება ქაიხოსრო გელოანი და ყოველნი ლეჩხუმნი და მისცეს პირი ერთ-გულებისა ქრმისა თვისისა გრიგორ დადიანისა. ხოლო გრიგორ დადიანმა ბიძისა თვისისა გიორგის ციხეს ნოღას მყოფმან შემოიკრიბა რომელნიმე ოდიშარნი დაიდგა მუნ. სცნა რა ესე ვითარი მოქმედება მეფემან სოლომონ გრიგორისაგან, შერაცხა განბასვრად თვისად და შემოიკრიბა სპანი იმერეთისანი, მიეგება მნუჩარ, გრიგორ დადიანის ძმა სპითა ოდიშისათა, წარმოემგზავრენ და მოვიდენ ნოღას და დაებარგენ ლეგერცამეს გაღმით ციხისა. და სწადოდა მეფესა დამხობა ნოღის ციხისა, მაგრამ რადგანაც გრიგორ დადიანი და გიორგი ბიძა მისი იდგენ მამაცად და მხნედ და დაამარცხეს წასრულნი ჯარნი მეფისანი იქით აქათ გრიგორის და გიორგისთა. ამისთვის ვეღარ შემართა მეფემან და მოიგონა ესე არა მსგავსიერი საქმე: იწყო ლაპარაკი გრიგორისთანა და ბიძისა მისისათანა, მოდით ჩემთანა ქუთათის და იქ შევკრათ პირობა შენ ჩემთვის, ხოლო მე შენთვის, და მიითვალე დადიანობა. ამა აზრსა ზედა ნება-სცა გრიგორიმ დადიანმა, და განიზრახა მეფემან ოდეს მოვალს ქუთაის ჩემთანა გრიგორ მოვკლავ და ბიძასა მისსა და ანუ შევიპყრობ. და ამა აზრითა და წარვიდა მეფე ქუთაის. თუმცაღა იცოდენ გრიგორმა და ბიძამან მისმან, რომელ ცბიერებს მეფე და მიყავს ღალატისათვის, გარნა იმამაცეს, გული და შემდგომად რამოდენისამე დღისა წარვიდენ ესენიცა და მივიდენ ბანძას. მუნითგან წარგზავნეს კაცი და ითხოვეს მომგებელად მირტოპოლიტნი ორნი ქუთათელი დოსითეოს წერეთელი, გენათელი ეფთვიმი გურიის ერისთვის-ძე, ამასთან სახლთუხუცესი წერეთელი ზურაბ, და წულუკიძე გიორგი. მოვიდენ ესენი ბანძას, წარუძღვენ დადიანსა და მივიდენ ქუთათის სასახლესა შინა ქუთათლისასა, და ვინათგან გრძნობილ-იყო მათგან ღალატი მეფისა, გრიგორ დადიანი აღარ შთავიდა სასახლეს მეფისასა, და ბიძა მისი გიორგი შთავიდა მეფისათანა სასაუბროთ, და სცნა ჭეშმარიტებით რომელ გამზადებულ-არს მეფე ღალატად და ნახა დამდგარნი კაცნი. მაშინ წარმოვიდა და მოვიდა გრიგორის თანა, უთხრა ცხადათ მეფისაგან ღალატი. მაშინ მსწრაფლ აღმხედრდა და წარმოვიდენ და წარმოჰყვენ ზემოთ თქმულნი მიტროპოლიტები და თავადნი იმერელთანი, და მეფემან ვერღა შემართა ღალატსა და დაუტევეს განბასრებული და დადიანი მოვიდა ხუნწს, და იმერთა მღვდელ-მთავარნი დათავადნი განუტევა დიდითა მადლობითა და წარვიდენ. შემდგომად ამისა წარვიდა გრიგორი დადიანი ლეჩხუმად, მუნ მისვლას თანა მოეგება ლეჩხუმის მოურავი გელოანი ქაიხოსრო და სრულიად ლეჩხუმი, მისცეს ფიცი დადიანსა ერთ-გულებისა და ციხენი ყოველნი და დაიპყრა დადიანმა სრულიად ლეჩხუმი. მეფე ვერა-რაისა თვისის განზრახვისა აღმსრულებელმან, წარმოვიდა და მოვიდა ოჯალას, და დაიწყო სუბარი დადიანისადმი მშვიდობისა, ექიდამ წარვიდა ბიძა დადიანისა და გიორგი და გელოვანი ქაიხოსრო და ქმნეს დადიანისა და მეფისა შორის მშვიდობა და წარვიდა მეფე კვალად ქუთათის. ხოლო დადიანის ძე გიორგი. ბიძა დადიანის შეიქმნა ავათ ჟამსა ამას დღორისას, მოიყვანეს გიორგი ზოგიშს და გარდაიცვალა მუნ წელს ქრისტესის 1799, დეკემბერს 15. მცნობი ამისი დადიანი გრიგოლ დიდათ მწუხარე იქმნა ვინათგან მოუკვდა საქმისა თვისისა გამგებელი ბიძა, წარმოიღო დიდის პატივით და მოასვენა სამარხოსა მამა პაპათა თვისთა და დამარხა მარტვილს შესაფერითა პატივითა. ხოლო დადიანმა მოიმტკიცა ყოველი ოდიშარი და იქმნა დადიანად და ძმასა მისსა მანუჩარს უბოძა სალიპარტიანო და მუნ იზრდებოდა, გარდა ერთმან-ერთთანა არა მივიდოდენ და არცა იხილ ვიდენ ურთი-ერთთა, ვინათგან იყო შური დიდი შორის მათსა მეფისა მიერ დათესლი. ჟამ რაოდენმე ფლობდა გრიგორი სამთავროსა თვისსა ნებასა თვისსა ზედა, ნა მძლავრებდა ყოველსა ოდიშ ლეჩხუმსა კვალად გელოანი ქაიხოსრო. ამისთვის ვერა მომთმენელმან გელოანის ქაიხოსროს საქციელისაგან გრიგორი დადიანმან, ეზრახა მეფესა სოლომონს საიდუმლოთ, და ურთი-ერთის პირის შეთქმითა მოკლა გრიგორი დადიანმა გელოანი ქაიხოსრო გორდს, და უმეტესად შემოიმტკიცა გრიგორი დადიანმა ოდიშ ლეჩხუმი. და ყოველი მიმდგომი ქაიხოსრო გულოანისა დაამდაბლა. იყვნენ ჟამ რაოდენმე სიყვარულსა ზედა მეფე სოლომონ და დადიანი გრიგორი. გარნა მეფემან არა დაუტევა თვისი განზრახვა და სწადოდა თვისად დაპყრობა ოდიშ ლეჩხუმისა, ამისთვის კვალად მიიბირა ძმა გრიგორ დადიანისა მანუჩარ და წარმოემართა გრიგორსა ზედა სპითა მრავლითა იმერელ ლეკითა, და გარდააგდო გრიგორი და ქმნა დადიანად მანუჩარ.

(შემდეგი იქნება).

_______________

1 დასაწყისი №5-შია

9 გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები.

▲back to top


გაზეთებიდამ ამოკრეფილი ამბები.

– სახელმწიფო საბჭოს გადუწყვეტია საქმე თავნზედ. სარგებლის აღების თაობაზედ. ამბობენ, კანონად დაუდვია, რომ სარგებლის რაოდენობა სესხის მიცემის და სესხის ამღების ნებაზედ იქმნება დამოკიდებულიო.

– რუსეთში მელიტოპოლის მაზრაში განუზრახავთ იმისთანავე ამხანაგობა გამართონ პურის შენახვის და სესხის შესახებ, როგორც ფულის შესახებ სოფლის ბანკებია. ამ ამხანაგობისთვის უწოდებიათ: „არსებითი საჭიროება“. საგანი ამ ამხანაგობისა ის არის, რომ თვისთა წევრთა მოუპოვონ გაჭირების დროს პური იაფად და ადვილად. წესდებულება შეუდგენიათ, ორმოცს კაცს ხელი მოუწერია და წარუდგენიათ ფინანსთა მინისტრისათვის დასამტკიცებლად.

– ევროპიის უმთავრესთა ქალაქთა შორის აი რამდენი სული იხოცება თურმე რიცხვთა შუა ანგარიშით ერთს თვეში ათას სულზედ: ლონდონში – 24 1/4; ედინბურგში – 18 3/4 ; გლაზგოვში – 25 1/4; დუბლინში – 26. პარიჟში – 29, რომში – 29, ვენაში – 26, ბრიუსსელში – 21, ბერლინში – 25, გამბურგში – 23, ამსტერდამში – 28, ქრისტიანიში – 22, ბრესლავში – 28, ფეშტში – 38, ტურინში – 24, კოპენგაგენში – 23, მუნხენში – 34, ნეაპოლში – 30.

– ვიტებსკში შემდგარა „სოფლის მეურნოეთა საზოგადოება“. ამ საზოგადოების საგანი ის არის, რომ მეურნოენი ერთმანეთს დაუახლოვოს, მოუმართოს ხელი და წარმატებას მიჰსცეს ადგილობრივი მიწათ-მოქმედობის წარმოება, გაადვილოს მიწის მოსავლის გასაღება და მუშა ხალხის მოპოება. წესდებულება ამ საზოგადოებისა დაუმტკიცებია კიდეც სახელმწიფო ქონებათა მინისტრსა.

– ოდესაში ქალაქის გამგეობას ახალი ხარჯი შემოუღია ქალაქის მცხოვრებთათვისა. ეგ ხარჯი განსაზღრულია სახლის ქირაობის ფასის კვალობაზედ, და ედებათ მხოლოდ სახლის ქირით დამჭერთა.

– შვიდს მარტსა სახელოვანის გარიბალდის დაბადების დღე იყო. ამისგამო ოდესაში ამ დღეს დიდი ნადიმი გაუმართავთ ოდესაში მცხოვრებთ იტალიელთა და ეგ დღე უდღესასწაულნიათ. მეთაური ნადიმობისა ყოფილა იტალიის დესპანი (კონსული) კასტელიო. წვეულება ქონიათ ერთს სასტუმროში, რომელსაც ქვიან „ჩრდილოეთის სასტუმრო“ (Сѣверная гостиница). ზალა მდიდრულად მორთული ყოფილა მრავალის ყვავილებითა, რუსისა და იტალიის ხალხის დროშებითა. კედლებზედ ამართული ყოფილა ხელმწიფე იმპერატორის ალექსანდრე ნიკოლოოზის ძის სახე, ღენერალის გარიბალდის, იტალიის მინისტრის კაურისა, იტალიის გამოჩენილის მამულის შვილის მაძძინისა და სხვათა. მრავალი სიტყვა წარმოითქვა თურმე, მრავალი სადღეგრძელო დაილია. გარიბალდისათვის მისალოცავი ტელეგრამმა გაუგზავნიათ.

– 1846 წლიდამ დაწყობილი 1870 წლამდე საქართველოში დოღები იყო განწესებული მარბენალთა ცხენთა საცდელად და ჯიშის განსაკარგებლად. 1870 წ. ადგილობრივმა მთავრობამ მოსპო საქართველოში დოღები, რადგანაც აქაური ცხენების ავ-კარგიანობას მაგ დოღების დაწესებით არა დაეტყო რა. ეხლა აქაურს უმაღლეს მთავრობას გადუწყვეტია, რომ დოღები კვლავ იქმნან საქართველოშიაო. ამ 1877 წელს იქმნება დანიშნული დოღი. დრო და ადგილი დოღისა თავის დროზედ გამოცხადებული იქნება.

– ბზიბის (აფხაზეთშია) ტყის თაობაზედ ვიღაც ო. ა. ფონ-ლიპხორტსა წინადადება შეუდგენია და წარუდგენია ერთს საზოგადოებისათვის რუსეთში, რომელსაც ჰქვიან «Общество для содЋйствія русскому мореходству». ფონ-ლიჰხორტი ამბობს თურმე, რომ ბზიბის ტყე 60.000 დღიური მშვენიერი რამ არისო, დღევანდლამდე უქმად დევსო და ხაზინას არაფერს სარგებელს არ აძლევსო, მაშინ როდესაცა მაგ ტყეს შეუძლიან ათი ათასი თუმანი შემოუტანოს ხაზინასაო, თუ კი ხაზინა ფონ-ლიპხორტისგან შეტანილს წინადადებაზედ დადგებაო. ეგ საზოგადოება გარდა იმისა რომ ტყეს გაიტანს სამზღვართ გარედ, თავის ხომალდებსაც გამართავსო. შავის ზღვის პირზედ ვაჭრობის სასვლელადო. რომ ამ საზოგადოებამ თავისი დანიშნულება აღასრულოს, ლიპხორტის სიტყვით, ექვსი მილიონია საჭირო. ამ ფულს ადვილად ვიშოვითო. ამბობს ლიპხორტი, თუ მთავრობა ათს თუმასზედ ხუთს მანეთს სარგებელს აღუთქვამსო ფულის პატრონთაო.

ეს წინადადება ფონ-ლიპხორტისა «Общество для содѣйствія русскаго торговаго мореходства»-სა ყურადღების ღირსად უცვნია და გადუწყვეტია რომ ფონ-ლიპხორტის წინად ადება წარუდგინონ დიდს მთავარს, კავკასიის მთავარ-მმართებელსა.

– მას შემდეგ რაკი 17 აპრილის 1874 წელს ახალის ღერბის ფული დაწესდა ზოგიერთი ნაყმევთა გლეხთა საქმის სასამართლონი (учрежденія по крестьянскимъ дѣлам) არზებს და საჩივრებს უბრუნებდნენ მოჩივართ თუ ორ აბაზიანი მარკა არ ჰქონდა ქაღალდს. ეხლა კი, გაზეთების სიტყვით. შინაგან საქმეთა მინისტრს აუსხნია, რომ მაგ სასამართლოებში საქმის წარმოება სრულად თავისუფალი უნდა იქმნასო ღერბის ფულისაგანაო.

– ინგლისის გაზეთში იწერებიან, რომ ამ ცოტანს ხანში აუქციონით გაიყიდაო. ერთი მუხის ხის სელი (кресло), რომელზედაც თურმე ვილლიამ შექსპირი იჯდა, როცა თავის სახელოვანს დრამებს ჰსწერდა. თვითონ სული უბრალო რამ არისო, მაგრამ აუარებელი ხალხი მოაწყდა სასყიდლათაო და გაყიდულა ოცდა შვიდ თუმნათ. აქავ გაყიდულა ერთი ძველად ნაბეჭდი თხზულება შექსპირისა ასს თუმნად.

10 რედაქციისაგან

▲back to top


რედაქციისაგან

ზოგჯერ მოგვდის ხოლმე წერილები, ლექსები და სსვა და სხვა კორრესპონდენციები და დამწერნი გვთხოვენ ცალკე ბარათით ვაცნობოთ დავბეჭდავთ თუ არა გამოგზავნილთა წერილთა და სხვ. რადგანაც ამ ბარათების წერას დრო უნდა და ამას გარდა არც რაიმე სასარგებლო შედეგი მოჰსდევს, ამისათვის ჩვენ ვარჩიეთ პასუხი შევუთვალოთ ჩვენის გაზეთის პირით იმ მწერალთა, რომელთ ნაწერსაც ვერ დავბეჭდავთ. პირველს შემთსვევაში ჩვენს პასუხს ვუგზავნით შემდეგ გვამთა:

1) „ქუთათურს“ – თქვენი წერილი „ივერიაში“ არ დაიბეჭდება. მაგ გვარს უთავ-ბოლო და გამოუსადეგარს საგანს. რომელსაც თქვენ გვაუწყებთ, „ივერიაში“ ადგილი არ ექმნება არას დროს. „ივერია“ კერძო პირის წადილს არ ემსახურება.

2) მღვდელს ს. ბ-ს – თქვენის თხზულების დაბეჭვდის პირობას ვერ გაძლევთ, იმიტომ რომ თვითონ თხზულება არ გამოგიგზავნიათ. თუმცა დაგვისახელეთ ის გვამი, რომელსაც, თქვენის სიტყვით, ის თხზულება უნდა გამოვთხოვოთ, მაგრამ არც დრო გვაქვს უკან დევნისათვის და არც ცნობა თქვენგან დასახელებულის გვამისა.

3) „უფ. მოგლეჯილაძეს“ – თქვენი წერილი ეგრედ უსაბუთოდ ლაპარაკი ზოგიერთის ავ-ზნეობაზედ, იქნება ზოგიერთისათვის გამოსადეგი იყოს და არა „ივერისათვის“.თუ ადამიანს ჰკიცხავთ, მისი საბუთი.საქმე და ნამოქმედარი გვაუწყეთ. სხვა გვარ განკიცხვა, ჩვენის ფიქრით ლანძღვაა და ლანძღვას ჩვენს გაზეთში ადგილი არა აქვს.

4) „კონსტანტინე გეგიაძეს“ – თქვენის წერილით ნუწყი ამბავი არ „ახალია ძველია“. თვალი დააკვირვეთ თქვენს გარეშემო ცხოვრების მიმდინარეობას და რაც ახალი შესანიშნავი რამ ნახოთ ყველასათვის ღირს-საცნობი, ის გვაუწყეთ: სიხარულით დავბეჭდავთ.

5) თ. ი. ყ-ს თქვენი ლექსი ვერ გავარჩიეთ, რადგანაც ცუდის ხელით არის გადაწერილი და რაც კი გავარჩიეთ ვცანით რომ ულმობელს ბედს თქვენთვის პოეზიაში ადგილი არ მოუზომავს.

6) ი. ჯ-ს. – თქვენი წერილი უსარგებლოდ დიდია. ხალხის პატივის დაცვა დიდი საქმეა, მაგრამ თვითონ ხალხის პატივიც ისე დიდია, რომ იგი იმით არც ამაღლდება, რასაც თქვენ გვაუწყებთ. თქვენ მარტო ამ წერილით არ გიცნობთ: თქვენი მწერლობითი ღვაწლი ცნობილი გვაქვს. პასუხზედ არ დგვემდუროთ და თქვენი შრომა ამის გამო არ მოგვაკლოთ.

11 განცხადება

▲back to top


განცხადება

ტფილისში, ყველა წიგნის მაღაზიებში ისყიდება გოგია მეჩანგურე, ლეგენდა თ. აკაკი წერეთლისა. ფასი ერთი შაური. დავრიშიანი, ანუ ზღაპრული მოთხრობა, გამოცემა პირველი. ფასი შვიდი შაური.