ივერია (7)1877.04.14



1877.04.14

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 ბძანება

▲back to top


ბძანება

კავკასიის მხედრობისადმი

აპრილის 12-სა დღესა, 1877 წ. ტფილისი.

კავკასიის მხედრობის ლაშქარნო!

უმაღლესი ნება ხელმწიფე იმპერატორისა გიწვევთ თქვენ, რათა თოფ-იარაღით დაიცვათ ჩვენის მამულის პატივი და ღირსება.

– თქვენს უკან – კავკასიის მხედრობის სახელოვანი წარსულია, თქვენ წინ – მინდორნი და სიმაგრენია, სადაც თქვენს მამებს და ძმებს თავისი სისხლი დაუნთხევიათ.

ამხედრდდით და წარემართენით ღვთით სამშობლოისა და დიდის ხელმწიფისათვის!

ნამდვილს აწერია:

მთავარ-სარდალი კავკასიის მხედრობისა გენერალ ფელცეხმეისტერი მიხეილ.

2 კიდევ აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ

▲back to top


კიდევ აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ

ორ წელ შუა დგომა როგორც მოგეხსენებათ ჯერ არ გათავებულა და არავითარი გადაწყვეტილი ამბავი არა ისმის რა აღმოსავლეთის საქმის შესახებ. რუსეთისა და ევროპიის ჟურნალ-გაზეთობაში არავითარი ერთგვარი რწმენა და მხედველობა მომავალზედ არ მოიძებნება. ზოგი (რასაკვირველია უმეტესი ნაწილი) დღე დღეზე ომის ლოდინშია, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ომი არ იქნება და საქმე დიპლომატიის მიწერ-მოწერით გათავდებაო. ვინ არის აქ მართალი და ვინ არის მტყუანი, ამის პასუხს ჩვენ თავიდამ ავიცილებთ მით უფრო, რომ ამ ქვეყნიერობის ბედი და უბედობა მე და შენ მკითხველო ხომ არ გაგვიზიარებს თავის იდუმალს აზრს და არც დაგვეკითხება. რაც მოხდა გუშინ, თუ დღეს – ამაზედ კი შეგვიძლიან სჯა და საუბარი.

ევროპიის სახელმწიფოებმა ვითომ ჩალადაც არ ჩააგდეს ოსმალეთის კონსტიტუცია. „აბა კონსტიტუცია რა ოსმალეთის საქმეაო! არა, ბრიყვი ქოშებიანი თათარი და კონსტიტუცია რომ არ გაგონილაო“! აი ეს ერთი საბუთი, რომლის ძალითაც სახელმწიფოებმა თავსაცილად აიგდეს ოსმალეთის კონსტიტუცია. ამას მოჰყვა კიდევ მეორე: ცარიელი კონსტიტუციით რა გამოვიდაო, საქმე ის არის ნამდვილი, ძირეული ცვლილება მოახდინოს ოსმალეთმა და პატარა შეღავათი მისცეს თავის სლავიანებსო. ეს კი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფერი ქებაა ევროპიის სახელმწიფო განწყობილებისათვის. მაშ კონსტიტუცია ფუჭი სიტყვა ყოფილა! ამით ევროპიის მთავრობანი თითქო ეუბნებოდნენ თავის ქვეშევრდომებს კონსტიტუციის დადგენა და ცხვირის დაცემინება ჩვენთვის ერთნაირად ადვილიაო; რომ მოვინდომოთ თუნდ თხუთმეტ კონსტიტუციას დავადგენთ ერთსა და იმავე დროსაო, და ამით ვითომ ან ჩვენ რა დაგვაკლდებაო. ან თქვენ რა მოგემატებათო! მაგრამ ვინ იცის იქნება პირად ამას ამბობენ და გულში კი ჰსწამთ ოსმალეთის კონსტიტუციის ძალა. იქმნება გულში ამას ფიქრობენ: „დახე ამ წყეულ ოსმალეთმა რა დაგვმართაო! აკი დაგვასწრო და პირიდგან ლუკმა გამოგგვლიჯაო“. იქნება მართლა ყველას ამისათვის ქონდა საღერღელი აშლილი და რაღაც ძირეულის ცვლილების თაობაზედ გააბეს ლაპარაკი მარტო იმიტომ, რომ ამასობაში აგები როგორმე ერთმანეთი დავიყოლიოთო. და სლავიანები და მათი ქვეყანა ერთმანეთში დავიყოთო. ვინ იცის? მაგრამ ის კი ცხადად ამოჩნდა ერთხელ კიდევ, რომ ევროპის სახელმწიფოებს სლავიანების დარდი არა აქვთ; რომ იგინი მხოლოდ თავის კერძო სარგებლობას ადგანან და არა სიმართლისა და თავისუფლების დაცვის გზასა.

მოგვიტევეთ მკითხველო, თუ თავი მოგაბეზრეთ ამ აზრის ხშირად წინ წამოყენებით, როდესაც აღმოსავლეთის საქმეზე მოგიყვებით ხოლმე საუბარსა. რა ვუყოთ! თუ კაცს ცნობიერად თვალ-ყურის დევნა უნდა რომელიმე საქმისა, მან ყველაზედ უწინარეს იმ საქმის არსებითი ძარღვი უნდა შეიგნოს, იპოვოს; მასზედ უნდა დაასკვნას თვისი დედა-აზრი და მით უნდა ამოქმედოს თვისი მხედველობა. ეს დედა აზრი მტკიცედ უნდა გვახსოვდეს ნამეტნავად მაშინ, როდესაც ვიკვლევთ იმისთანა რთულს და დახლართულს საგანს, როგორც საპოლიტიკო და საზოგადობრივი ცხოვრებაა. ჩვენ რას ვეძიებთ, ვჰსთქვათ, აღმოსავლეთის საქმეში? სლავიანების განთავისუფლებას? მაშ თუ აგრეა, ყოველივე მოძრაობა, რომელიც ამაზედ არ არის მიმართული ღობე-ყორეს მოდებაა, აქეთ-იქით ხეტებაა, გზიდამ გადახვევაა. ხომ თავი და თავი აღმოსავლეთის საქმისა სლავიანების განთავისუფლება იყო. ჩვენ ამის დავიწყება არ გვინდა. ხშირად მოგვყავს ეს აზრი იმიტომ, რომ გზა არ დაგვებნიოს იმ დაბნებულს და დაბურულს ტყეში, რომელსაც აღმოსავლეთის საქმეს ეძახიან.

დიპლომატიამ ამ აზრს გზა აუქცია. თუმცა ამ ბოლოს დროს ვითომ გულმტკივნეულობაც გამოაჩინა სლავიანებისადმი. მისი უკანასკნელი ღვაწლი ლონდონის სიგელია, რომელშიაც, სხვათა შორის, აი რა არის მოხსენებული: „უპირატესნი სახელმწიფონი თვისთა წარმომადგენელთა მეოხებით თვალ-ყურს დაიჭერენ, რომ ოსმალეთმა აღსრულებაში მოიყვანოს მის მიერ დაპირებული ცვლილებანი.

თუ ვინიცობაა უპირატესთა სახელმწიფოთა მოლოდინი არ გამართლდა და ოსმალეთის ქრისტიანების ბედი იმდენად არ გაკეთდა, რომ სამუდამოდ მოისპოს ეს დრო-გამოშვებითის შფოთის მიზეზი, სახელმწიფონი ვალდებულნი არიან გამოუცხადონ, რომ ამ რიგი მდგომარეობა საქმისა მათთა და აგრეთვე მთელის ევროპიის წინააღმდეგი იქმნებაო. ამ შემთხვევაში უპირატესთ სახელმწიფოებს სრული უფლება ექმნებათ საერთოდ მოიპოვონ ის საშუალება, რომელიც უფრო მტკიცედ დაეხმარება ქრისტიანების კეთილ-მდგომარეობას და საყოველთაო მშვიდობიანობას“. გარდა ამისა სიგელში გამოთქმულია უპირატესთა სახელმწიფოთა იმედი, რომ „ოსმალეთი აწმყო მშვიდობიანობით ისარგებლებს და მოახდენს იმ ცვლილებას, რომელიც აუცილებელი არის ქრისტიანთა მდგომარეობის გაკეთებისთვის“. გამოთქმულია აგრეთვე სურვილი, რომ ოსმალეთმა დაშალოს თავისი ჯარი და მშვიდობიანობის ფეხზე დააყენოს.

აი მაგალითი დიპლომატიის მოღვაწეობისა. რა არის აქ მტკიცე და გადაწყვეტილი? „თუ ვინიცობაა. უფლება ექმნებათ მოიპოვონ საშუალება“ და სხვა ამგვარი სიტყვები რის მაქნისია? რის გამოსადეგია ამგვარის სიტყვებით სავსე სიგელი ან ევროპიისათვის და ან ოსმალეთისათვის? ამისი პასუხი თვითონ ოსმალეთს მიანდეს: ინგლისმა თავისის მინისტრის, დერბის პირით გამოაცხადა, რომ თუ ვინიცობაა ოსმალეთმა არ მიიღო ყველა ის, რაც სიგელში არის მოხსენებულიო, მაშინ ამ სიგელს ჩამოერთმევა ყოველივე მნიშვნელობაო. ოსმალეთმა, რასაკვირველია, უარ-ჰყო სიგელი და მით გააუქმა და ფუჭად აქცია. ლონდონის სიგელს მოჰყვა ცალკე დეკლარაცია (განცხადება) რუსეთის მიერ. ამ დეკლარაციაში მოხსენებულია, რომ „თუ ოსმალეთი ჩერნოგორიას მო ურიგდება, თუ მიიღებს უპირატესთა სახელმწიფოთა რჩევას და თავის ჯარს დაშლის, თუ ამასთან მტკიცე სურვილსაც გამოიჩენს ცვლილების აღსრულებისას, მაშინ გამოგზავნოს რუსეთში ცალკე დესპანი ჯარის დაშლის თაობაზედ მოსალაპარაკებლად“. რაღა თქმა უნდა, რომ ამ დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ, გულსაწყენი ოსმალეთი სიგელის ხსენებასაც ვერ მოინელებდა.

ევროპიის დიპლომატიის მოღვაწეობას ერთი ხასიათი სჭირს: მას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს სლავიანების განთავისუფლებისათვის. ვისთვის ან რისთვის შრომობს დიპლომატია, ღმერთმა უწყის. ეს კი ვიცით, რომ ბედკრული თავისუფლობა სადღაც კუთხეშია მიმალული. მართლა და ვსთქვათ ოსმალეთმა მიიღო. ლონდონის სიგელი, ე.ი. მტკიცე სურვილი გამოიჩინა ცვლილების მოხდენისა და ჯარის მშვიდობიანობის ფერზე დაყენებისა; ვსთქვათ, რომ დესპანიც გაგზავნა რუსეთში და ერთის სიტვით, მშვიდობიანობა ჩამოვარდა ევროპაში. ამით სლავიანებს რა ერგოთ? „ოსმალეთზედ თვალ-ყური გვეჭირებაო“, ამბობს დიპლომატი. იმდენი დაიჭირეთ ვიდრე მოგეწყინოთო, – ეტყვის მათ ოსმალეთი – მაგაზე მეტს ხომ ვერას გაარიგებთო. ოსმალეთმა რომ არვითარი ცვლილება არ მოახდინოს თავის სახელმწიფოში, ვინ იქმნება სლავიანების პატრონი? ევროპას ხომ არავითარი მტკიცე გადაწუვეტილება არ მიუღია ამ შემთხვევისათვის!

მაშ სადღაა სლავიანების განთავისუფლება? ოსმლეთს რომ ლონდონის სიგელი მიეღო, მაშინ უფრო ცხადად გამოჩნდებოდა, რომ ევროპას სლავიანებისა ბევრი არ ენაღვლება რა: მაშინ თვით საქმე გვაჩვენებდა, რომ იგი სიგელი სლავიანთა ბედისათვის არ არის მომართული. ეხლა კი....ეხლა კი რაღა ეთქმის კაცსა: ომი გამოცხადებულია და სლავიანების ბედი იმის მიმდინარეობაზედ და შედეგზედ არის დამყარებული.

3 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

– 12-ს აპრილს ხელმწიფე იმპერატორმა კიშინევში მოაწერა ხელი უმაღლესს მანიფესტსა, რომლითაც ომი გამოეცხადა ოსმალეთს, – და მხედრობას რუსეთისასა, სამზღვრებზედ შეკრებილსა. ბძანება მიეცა ოსმალეთის იმპერიაში შესვლისათვის.

–12 აპრილს, შუადღის შემდეგ ქალაქში ხმა გავარდა, რომ ომი გამოცხადებული იქნებაო. ეს ხმა ელვაზედ უმალესს მოედო მთელს ქალაქსა და ყველანი მარტო ამას კითხულობდნენ: სად იქნება გამოცხადებაო. ორის ნახევარიდამ ეტლი ეტლზედ მიგრიალებდა შუა ბაზრისაკენ. გამოჩნდა რომ სიონში იყვნენ მიწვეულნი ყველანი, სამხედრო და სამოქალაქო ხარისხის მექონნი გვამნი. ორს საათზედ მთელი სიონის სობორო აივსო. ხალხითა კაცითა, თუ ქალითა, სიონის ზემოდ, მკერვლების დუქნებთან დამწკრივებული იყო ცოტაოდენი ჯარი. ბანებზედ, ჩვეულებისამებრ, ხალხი მოგროვდა. სამს საათზედ მობძანდნენ სიონში მათი იმპერატორებითი უმაღლესობანი. შემოასვენეს სიონში დროშა მხედრობისა. არქიელმა პარაკლისი გადიხადა, აკურთხა დროშა ასხურა აიაზმა, მას შემდეგ არქიელი და სამღვდელონი გამოვიდნენ გარედ და აიაზმა ჯარს ასხურეს. მის იმპერატორებითის უმაღლესობა მიხეილ ნიკოლოოზის ძე რომ გამობძანდა და ჩაბძანდა ეტლში, ჯარმა და აქ მდგომმა ხალხმა ერთხმად ურა დაიძახეს და რამდენჯერმე განიმეორეს.

სიონში მოგროვილთა გვამთა სახის მეტეველება ერთობ შეწუხებულად გვეჩვენ; ყველა დაფიქრებული იყო. და ნაღვლიანი, ქალთა შორის ზოგნი ტიროდნენ კიდეც. განა კი სატირელი არ არის? რამდენი დედა ვეღარ ინახულებს შვილს. რამდენი და ვეღარ გადეხვევა ძმას, რამდენი შვილი იტირებს მამასა!.. სისხლი, სისხლი და კვალად სისხლი! ნეტა რით ვერ გაძღა ეს გაუმაძღარი დედა-მიწა ამოდენა ადამიანის სისხლითა! ნუ თუ კაცობრიობის ბედს ესე უწერია, რომ თუ არ სისხლის ღვრით, იგი კეთილს ვერ მოიპოვებს! ეჰა ადამიანის სვევ, შენ სისხლში ამოვლებულის ტყვიის მეტი არა ყოფილხარ რა! მაგრამ ეხლა რაღა? დღეს ომია, ხვალ თუ ზეგ ბრძოლის ჭექა-ჭუხილსაც შევიტყობთ.

თვით მშვიდობის-მოყვარე ხელმწიფე იმპერატორი ჰსწუხდა. მაგრამ ეხლა იძულებულ იქმნა და ბძანა ომი. ჩვენც ხმალს ხელი უნდა ვიკრათ და ჩვენს ძმებთან ერთად ვღვაროთ სისხლი.

– 12-ს აპრილს დილით ოთხივე ჩვენის კავკასიის ლაშქარი გუმბრისა, ერევნისა, ახალ-ციხისა და რიონისა ბინიდამ დაძრულა და ოსმალეთის სამზღვრებს მშვიდობით გადასულა. დაძრულა დუნაის მხედრობაცა.

– ხვალ, პარასკევს, საზაფხულო თეატრში ქართულის სცენის მოყვარენი წარმოადგენენ უფ. სუნდუკიანცის სამ მოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“. იმედი გვაქვს, რომ ამ წარმოდგენას უფრო მომეტებული მაყურებელი დაესწრება, ვიდრე პირველ წარმოდგენას. 5 აპრილს.

– 12 მარტს ზედამხედველს კამიტეტს გაუსინჯავს წლის ანგარიში ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა, უცვნია მისი სიმართლე და დაუმტკიცებია. ამ ანგარიშიდამ სჩანს, რომ ბანკს გრძელ ვადით გაუცია 592,500 მანეთი და სესხი რიცხვით ყოფილა ოთხმოც და თერთმეტი. აქედამ სოფლის მამულებზედ გაცემულა. 184,400 მანეთი და სესხი ყოფილა ოცდა ხუთი. ქალაქისაზედ – 408,400 მანეთი და სესხი ყოფილა სამოც და ექვსი. ამას გარდა გასაცემად გადაწყვეტილი და დანიშნული ყოფილა ცხრა სესხი 36,300 მანეთისა. აქედამ სოფლის მამულზე ხუთი სესხი 18,800 მანეთისა, ქალაქისაზედ ოთხი სესხი 17,500 მანეთისა. სოფლის მამულებზედ გაცემული სესხი მაზრებთა შორის მოწყობილა ამ რიგად:

ტფილისის მაზრაში – 18 სესხი – 111,000 მან.

გორის – – – – – 7 – – – 73,200 – –

სიღნაღის – – – – 1 – – – 5,000 – –

თელავის – – – – 1 – – – 3,000 – –

თიანეთის – – – 2 – – – 10,200 – –

დუშთის – – – 1 – – – 800 – –

სოფლის მამულებზედ გაცემულს და გასცემად დანიშნულს ოც და ხუთს სესხში გირაოდ მიღებულია 29,869 დღიური და ასი საჟენი, რომელიც დაფასებულია 413.800; 70 ქალაქის სესხში მიღებულია გირაოდ ქალაქის უძრავი ქონება, რომელიც დაფასებულია 778,300 მან.[1]

მოკლე ვადითი სესხი ყოფილა სულ ორმოცდაათი 62,900 მანეთისა. აქედამ ქალაქის მამულზედ ხუთმეტი 14,400 მანეთისა, სოფლის მამულზედ ოცდახუთმეტი 48.500 მანეთისა. ამათშორის ყოფილა:

ასს თუმანზედ ნაკლებ – – – 14 სესხი – – – 7,200 მან.

ასის თუმნიდამ ორასამდე – 36 – – – 55,700 მან.

ოცდა ხუთმეტი სესხი სოფლის მამულზედ ამ რიგად მორიგებულა სხვა და სხვა მაზრაში:

ტფილისისაში – – 6 სესხი – – – 9,600 მნ.

გორისაში – – – 12 – – – 12,400 –

თელავისაში – – 6 – – – 7,600 –

სიღნაღისაში – – 7 – – – 12,200 –

დუშეთისაში – – – 4 – – – 6,700

რაც ბანკი მოქმედობს 1877 წლამდე სულ ორი სოფლის მამული ყოფილა გასასყიდად დანიშნული. ერთი იმათგანი არ გაყიდულა და დარჩენია ბანკს, მეორე თუმცა გაყიდულა და ხვედრი ფული სრულად შემოსულა, მაგრამ ნასყიდობის სიგელი მსყიდველს არ გაუტანია.

ბანკს 1876 წლის მოქმედებიდამ დარჩენის ხარჯ-გარეითად წმინდა მოგება სამი ათას ორმოცდა შვიდმეტი თუმანი ერთი მნეთი, ოთხ აბაზ უზალთუნი და 1/2 კაპ.

– ყველას მოგეხსენებათ, რომ სახალხო სასწავლებელში ბოლოს ჟამს მასწავლებელათ წესდებიან ყმაწვილი კაცები. ეს თურმე არაფრად მოჰსწონთ მღვდლებსა, რომელთაც მასწავლებელთა თანამდებობა ებარათ დღეის აქამომდე. გაბოროტებულნი ცდილობენ, რომ სასწავლებლის საქმეს ხელი შეუშალონ, ამისთვის ხალხში ცუდს ხმებს უყრიან ახალგაზდა მასწავლებელთ, ჩაჰსძახიან თურმე სოფლელთ, რომ სასწავლებელი ზარალის მეტს არავითარს სიკეთეს არ მოგცემთო, შვილები თუ არ გაგერყვნებათო, თორემ სწავლით კი ვერას ისწავლიანო და სხვა ამ გვარი. ამ სახით ისინი თურმე სრულად გულს უცრუებენ უამისოდაც, შვილების სწავლაზედ, გულგრილს გლეხობასა ასე რომ, ამ ბოლოს დროს მოწაფეთა რიცხვმა ზოგიერთ სასწავლებელში არამც თუ იმატა, არამედ იკლო. კიდეც. ესღა აკლდა ჩვენს უბედურს სვეზედ გაჩენილს სახალხო სასწავლებელსა! კარგს იქმოდა სასულიერო მმართველობა, რომ ამ გარემოებისათვის ჯეროვანი ყურადღება მიექცია და მღვდლებისათვის საზოგადოდ ბძანება მიეცა მასზედ რომ იგინი ვალდებულ არიან სული წარუმართონ სწავლის საქმესა და ყოველი გვარი შემწეობა გაუწიონ.

– ჩვენ შევიტვეთ, რომ სასოფლო სასწავლებელთ თავ-თავის დროზედ არ მისდით სასწავლებელში სახმარი წიგნები და სხვა საჭირო ნივთები. ამის გამო სწავლა ბევრად ბრკოლდება. ზოგიერთნი სასწავლებელნი ნახევარ წლობით მოკლებულ არიან თურმე ამ უსაჭიროესს ნივთებს. ამის მიზეზი ის არის, რომ წიგნების, თუ რისამე დაბარებისათვის მრავალ კიბიანი და დახლართული გზა არსებობს. იქნება მკითხველს მოხსენებული ქონდეს, რომ სასწავლებლის ფულს გლეხობა იხდის სახელმწიფო ხარჯთან ერთად და სამაზრო ხაზინაში შეაქვთ შესანახავად. როცა სოფლის მასწავლებელს წიგნების დაბარება სურს, ტფილისის დირექტორს უნდა გაუგზავნოს ქაღალდი და აცნობოს რიცხვი და ფასი საჭირო წიგნებისა. დირექტორი ჰსწერს სამაზრო ხაზინას ამ და ამ მასწავლებელს ამდენი და ამდენი ფული მიეცითო. მიდის სოფლიდამ მასწავლებელი სამაზრო ქალაქში ფულის ასაღებათ და სტოვებს სასწავლებელს. აიღებს ფულს და ტფილისსში გზავნის კამმისიონერთან და სთხოვს ამ ფულში ეს და ეს წიგნი გამომიგზავნეო. კამმისიონერი უგზავნის წიგნებს სამაზრო ქალაქში და მასწავლებელი კიდევ ხელმეორედ უნდა ჩამოვიდეს სოფლიდამ მაზრის ქალაქს, რომ წიგნები მიიღოს. ახლა თუ სახეში ვიქონიებთ იმ ტაატით და აუჩქარებლივ საქმის წარმოებას, რაიცა თან სდევს ყველა მიწერ-მოწერასა, ადვილად მიხვდებით, – რად არიან ხოლმე სასწავლებლნი ნახევარ-წლობით უწიგნოთ და ურარაოთ დარჩენილნი. ამ უმიზეზოდ და უსაბუთოდ დახლართულს რიგს განა შველა არა აქვს! განა არ შეიძლება, მასწავლებელმა მოსწეროს დირექტორს ესა და ეს წიგნი, თუ ნივთი საჭიროა, დირექტორმა კიდევ მაშინვე კამმისიონერს მისწეროს დაბარებული გაუგზავნეო პირველისავე ფოშტით და ამასთანავე მაზრის ხაზინასაც აცნობოს, რომ კამმისიონერს გამოუგზავნოს ხვედრი ფული. ამ გვარი სწორი გზა საქმესაც ხომ დაეხმარებოდა და თვით მიწერ- მოწერასაც შეამოკლებდა.

– სომხური გაზეთი „მშაკი“ ამბობს, რომ ზოგიერთს ადგილას ტფილისის გუბერნიაში კალია გაჩნდაო.

– „ამბობენ ერთს რომელსამე ქალაქში, ვინ იცის იქნება ქართლისაშიც, სამი „პრისტავიაო“ პოლიციისა და სამი „დესეტნიკიო“: ერთი ერთსა ჰყავს, მეორე – მეორეს და მესამე მესამეს და მოჯამაგირეებსავით ემსახურებიანო. რაც უნდა მოხდეს ეს „დესეტნიკები“ ყურს თურმე არ იბერტყენ, რა ჩვენი საქმეაო.“.

– „გორის სასეირნო ბაღში, რომელიც მტკვრის პირზედ მდებარეობს, არის აშენებული ფიცრული. ამას „როტონდას“ ეძახიან. ამ ჟამად ამ ფიცრულს ქართულის თეატრისათვის ჰმართვენ. სადურგლო მუშაობა ორი კვირაც არის დაიწყეს და სცენა ეხლა მზად არის და მომავალის კვირიდამ წარმოდგენაც დაიწყობა გორის საქალო სასწავლებლის სასარგებლოდ.“

– „ქართლში ერთის სოფლის მამასახლისს მართებია ვალი ერთის პირისა, რომულიც „შტატ“ გარეთი მოხელე თურმეა რომელიღაც სასამართლოსი. მამასახლისს არ ჰქონებია დეზად ფული, რომ ვალი მოეშორებინა. ამდგარა და უხმარია ეს ყურადღების ღირსი ხერხი: სოფელში გამოუცხადებია, რომ კომლეულად ბეგარა არის შემოწერილიო, მაგრამ მე, როგორც მამასახლისს, შემიძლიან თავიდამ აგაცილოთ ეს ბეგარაო, თუ რომ თითო აბაზს გამოიღებთო. ყველას სიხარულით მიუცია. ერთს დედა-კაცს ქვრივსა და მოხუცსა არა ჰქონია ის წყეული ერთი აბაზი, რომ ამ საყოველთავო სიხარულში მონაწილეობა მიეღო. აუკიდნია საწყალს ორ ჩანახამდე ქერი, თუ პური და კრის-კარ უვლია თხოვნით: თქვენი ჭირიმე, იყიდეთ, რაც გინდა მომეცითო, მაწუ ხებენ ბეგრის ფულისთვისაო, ორი ჩანახ ორ შურად გაეყიდნა უბედურს, ასე გაჰსჭირებოდა საქმე. ორ შაურადაც წინდები გაეყიდნა და ისრე გადაეხადნა მელაძუა მამასახლისის ვალი. ესრე ავაზაკურად შეაგროვა მამასახლისმა ფულიო და თავის მოვალეს მიჰსცაო, ამბობს ბოლოს გულმოწყვეტილად ჩვენი კორრესპონდენტი: მოხელე კაცი რომ, მფარველობის ნაცვლად, ასე ექცევა გლეხებს, სხვისაგან რაღას უნდა მოველოდეთ. გადამთიელი ვინმე რომ მოვიდეს სოფელში და ჰსთქვას მე ჩაფარი ან „ჩინოვნიკი“ ვარო, რასაც უნდა მას ჩაიდენს. ხმის გამცემს კი ნუ იკითხამთო,“

_______________

1 აქედმ ერთი ქალაქის 500 მანეთის გასაცემად დანიშნულ ყოფილა.

4 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

აღმოსავლეთის საქმე. – დღეს ოსმალეთისა და რუსეთის შორის ომი გამოცხადებულია. ეხლა ყველას ფიქრში ეს მოდის სხვა სახელმწიფოსაც გადაედება ეს ომი, თუ მარტო ამ ორთა შორის გაიმართება ბრძოლა! და თუ სხვასაც გადაედება, ვინ იქმნება რუსეთის მომხრე და ვინ მისი წინააღმდეგი? თუ მთელის ევროპიის ომიანობა ასტყდება, ამის ბოლო რა უნდა იყოს? გულთმისნი უნდა იყოს კაცი, რომ ყოველის ამის პასუხი გადაწყვეტილად გამოსთქვას; სჯა და მოსაზრება კი, რასაკვირველია, შესაძლებელია და აქ მოგახსენებთ რას ფიქრობენ ამ საგანზედ სხვა და სხვა გაზეთები.

აი რას იწერება პეტერბურღიდგან ერთის ინგლისის გაზეთის კორრესპონდენტი: „ინგლისის ყოფა-ქცევა გაუგებარია. ლორდის დერბის (ინგლისის უცხოთა საქმეთა მინისტრია) პირით ინგლისის მთავრობა მარტო იმასაც ცდილობდა აგები როგორმე მთელი ევროპიის ომი არ ატყდესო. მაგრამ ვისაც ოსმალეთისა და ევროპიის მდგომარეობა ესმის, მის თვალში ინგლისის მოქმედება თითქო განგებ საყოველთაო. ომის ატეხისათვის მომართულიაო. ომის თავიდგან აცილება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ევროპიის კონცერტი (თანხმობა) არ დაირღვა. ინგლისი კი თავის მოქმედებით ამ თანხმობას სრულებით ძირს უთხრის. ოსმალოს იმპერიის დაცემა და დარღვევა აუცილებელი საქმეა. თუ ეს დარღვევა ისე მოხდა, რომ მის შესახებ უპირატესთა სახელმწიფოებმა არავითარი. პირობა არ შეკრეს ერთიერთმანეთში, მაშინ, რასაკვირველი, მთელის ევროპიის ომიც თან მოჰყვბა. თუმცა არავინ იცის რა სურს ლორდს დერბის მომავალში და რა საშუალებას იხმარებს თავის სურვილის აღსასრულებლად, მაგრამ რუსეთში კი გაოცებით და აღელვებით უყურებენ ინგლისის მოქმედებას, და ფიქრობენ, რომ ინგლისს მართლა ოსმლეთის დაცემა უნდო და საყოველთაო ომის ატეხაო“.

მართლა და თუ არავითარი პირობა და შეკრულობა არ მოხდა ოსმალოს იმპერიის დარღვევის თაობაზედ საყოველთაო ომი მოსალოდნელია, უფრო იმიტომ რომ არავინ იცის, – სადამდე მიაღწევს ომი რუსეთისა და ოსმალეთის შორის. ჯერ ჯერობით მაინც რას უნდა მოელოდეს რუსეთი სხვა და სხვა სახელმწიფოებისაგან? რომ ინგლისი რუსეთის მოწინააღმდეგე იქმნება ამას ეჭვი არა აქვს. მაგრამ ინგლისი ომის დაწყების უმალვე მიიღებს მონაწილეობას, თუ მართლა მოუცდის ვიდრე მის პირდა პირ სარგებლობას ვნება რამე მიეცემა, რა მოგახსენოთ. ერთი ნემეცურის გაზეთის კორრესპონდენტი კი დარწმუნებით ამბობს, რომ თუ საკუთრივ ინგლისს არავითარი ვნება არ მიეცაო, იგი ომში მონაწილეობას არ მიიღებსო.

ავსტრიის შესახებ კი სხვა და სხვა ამბავი ისმის. მაგრამ ბოლოს დროს ეს ხმა დავარდა, რომ რა წამსაც რუსის ჯარი ბოლგარიაში შევა, ავსტრია ბოსნიას და ჰერცოგოვინას დაიჭერსო. რა შედეგი ექმნება ამას მომავალში, ის ღმერთმა უწყის. აი რას იწერება ერთი ნემენცური გაზეთი: „თუ ვინიცობაა ოსმალო-რუსის ომმა იქამდინ მიახწია, რომ ოსმალეთი დაირღვა (ეს შესაძლებელიაო), მაშინ ჩაერევა ავსტრია მარტო მისთვის, რომ რუსეთთან ერთად დააკმაყოფილოს თავისი კანონიერი უფლებანი. ავსტრია, რასაკვირველია, ძალადობას არ იხმარებს რაიმეს შეძენისათვის, მაგრამ თავის სარგებლობის დაცვისათვის კი არაფერს არ დაზოგავს.“

გერმანიაზედაც სხვა და სხვა ხმა ისმის. ამას წინედ ამბობდნენ, ვითომ ბისმარკი იმიტომ გამოდის სამსახურიდგანო, რომ გერმანიის იმპერატორს არ ეთანხმება რუსეთის პოლიტიკის შესახებ, ვითომ ბისმარკი რუსეთის წინააღმდეგი იყოს და იმპერატორი კი მომხრე. მართალია ეს თუ არა, ამისიც გულდაჯერებით არავინ არ იცის რა. მხოლოდ ის კი ვიცით რომ გარეგან საქმეებში ბისმარკის დროებით სამსახურიდგან გამოსვლას არავითარი გავლენა არ ექმნება, და გერმანიის პოლიტიკა მით არ გამოიცვლება. ბისმარკი რომ შორიდგანაც ძლიერია, ამაზედ გვარწმუნებს ის გარემოება რომ მთავრობის ყოველის განკარგულების პასუხის მგებელი იგივე ბისმარკია. რაც უნდა იყოს გერმანიის მხრიდგან რუსეთი მეგობრობას მოელის.

საფრანგეთს სრულებით არ უნდა ომი და თუ მოხდა არავითარ მონაწილეობას არ მიიღებს.

იტალია კი როგორღაც ორპირათ იქცევა. ისიც თავის ლუკმას აღმოსავლეთის საქმიდგან მოელის.

ოსმალეთი. – რუმინიიდგან იწერებიან, რომ ოსმალეთის ბეჯითობა მართლა გასაოცარიაო. დუნაიის ნაპირების დასაცველად 24 კრუპოვის ზარბაზანი გაუგზავნია. ვიდდინში გაუგზავნია 30,000 ტომარა ფქვილი. ამბობენ, რომ დუნაის ლაშქარი 200-ს ბატალიონისაგან არის შემდგარიო.

– საშინელი მოძრაობაა ამ ჟამად სტამბოლში, რადგანაც დღე-დღეზე ომის ლოდინში არიან. „მშიერი და მწყურვალის ჯარის დაშლა შეუძლებელიაო, და სხვაც რომ არა იყოს რა ხონთქარს მარტო ამის გამოისობით უნდა ომიო, რომ ამდენს მშიერ-მწყურვალს ხალხს საქმე აუჩინოსო“, იწერებიან სტამბოლიდგან. იმავე ქალაქიდამ გაზეთის „France“-ის კორრესპონდენტი იწერება: „მართალია ოსმალეთის სახელმწიფოს მოთავე კაცთა შორის იმისთანანიც მოიპოვებიან, რომელთაც გულით ჰსურთ ომი აიცილონ თავიდგან, მაგრამ ბევრი რამ აბრკოლებს მათის წადილის აღსრულებას ოსმალეთის ქვეყანა იმისთანა მდგომარეობაშია ჩავარდნილი – ზნეობითისა თუ ეკონომიურის მხრით, – რომ დაშლა ჯარისა საშინელი არეულობას და აჯანყებას მოასწავებს. ამ ჟამად ოსმალეთში თითქმის 400,000 ჯარისკაცია, რომელთაც რამდენიმე თვე ჯამაგირი არ მიუღიათ და ძლივს იკვებებიან, ყოველ წამს მზად არიან აკლებისა და ავაზაკობისათვის. ამოდენა ხალხის დაშლა და შინისკენ გასტუმრება ძნელია, თუ გზის ხარჯი მაინც არ მიეცათ; მაგრამ ოსმალეთის სახელმწიფო თვითონაც დიდ გაჭირებაშია და იმათ რა უნდა მისცეს. თუ ხარჯი არ მისცა და ისე გაისტუმრა – ეს ხომ მთელის ქვეყნის აოხრების მიზეზათ შეიქმნება“.

– სტამბოლიდგან ერთს ვითომ საკვირველ რასმეს იწერებიან ფრანციულს გაზეთში „Temps“-ში: „კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლში მოხსენებულია, რომ ბეჭვდითი სიტყვა თავისუფალიაო. ეს მუხლი, რასაკვირველია, დიდად სასიამოვნოა ყველა ჟურნალ–გაზეთობის წარმომადგენელთათვის, მაგრამ ოსმალეთში სუფევს ერთი მინისტრის განკარგულება, რომლის ძალითაც მწიგნობრობის ყელის საბელი ადმინისტრაციის ხელშია ჩავარდნილი, ეს განკარგულება მოხდა 1867 წელს, როდესაც კანდია წინა აღუდგა ოსმალეთს და მით პირში ლაგამი ამოსდეს ბერძნის ჟურნალ-გაზეთებსა, რომელნიც მხურვალის გულით ესარჩლებოდნენ კანდიელებს და მით დიდად ჩააფიქრეს ოსმალეთის მთავრობა. მას აქედ ბევრი კოკა წყალი დაიღვარა, მაგრამ ეს განკარგულება ისევ ისე სუფევს და ხუთავს მწიგნობრობას. მწერალს ამ განკარგულების შიშით არ შეუძლიან თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი და თუ გაბედა ცენზურები კაი დღეს არ დააყრიან.“

აბა ყოველივე ეს რად უნდა გვიკვირდეს მე და შენ მაინც მკითხველო? ვითომ განათლებულს სახელმწიფოებში კი ამისთანა არა მოიპოვება რა. ის დალოცვილი „Temps“ თავის ქვეყანას მაინც გადახედავდა, საცა რესპუბლიკა სუფევს და მწიგნობრობის კანონები კი ისევ სულთა მხუთავის იმპერიისა. მაგრამ საფრანგეთს კიდევ არაუშავს რა, რადგანაც ეს კანონები დღეს არა ხვალ შეიცვლებიან, თქვენ სხვისა ინაღვლეთ.

– ერთ ფრანციულ გაზეთში აღწერილია ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიც ჰერცოგოვინა იმყოიფება ამ ჟამად. ოთხმოცი ათას (80,000) სული ბერძნის სარწმუნოებისა ჰერცოგოვინიდამ გადასახლებულაო ჩერნოგორიაში, ოცდა ხუთი ათასი დალმაციაში,[1] ოცდა თხუთმეტი ათასი დაღუპულაო. ზოგი შიმშილისაგან, ზოგი ოსმალებისაგან და ექვსი ათასი კაცი საომრად გასულაო. მაშ ამ ჟამად გერცოგოვინაში ორმოცი ათას სულამდე დარჩენილა, რადგანაც ამ ქვეყანაში სულ 480,000 მცხოვრები სული ითვლებოდა.

ჰერცოგოვინა სრულებით დაცარიელდა და თითქმის არსად არ მოიპოვება არამც თუ ადამიანის სული, არამედ არავითარი სადგომიც ისე საშინლად არის აკლებული და აოხრებული. შეუმუშავებული ყანები, გაწყვეტილი საქონელი, გადამწვარი სახლები და ეკლესიები – აი რა სურათს წარმოგვიდგენს ამ ჟამად ჰერცოგოვინის ქვეყანა. ბოსნიის ყოფაც თითქმის ესეთივეა. მის მცხოვრებთა შორის აქამდისინ 82,000 გადასახლებულა კროაციაში[2] და თითქმის 10,000 დალმაციაში.

სერბია. – როგორც ისმის სერბია ხელმეორედ აპირობს ოსმალეთთან ომსა, თუ რუსეთი ომს დაიწყებსო. თუ ეს ამბავი მართალია, მაშ ეხლა, როდესაც რუსის ჯარი სამზღვარს გადასულია, უნდა მოველოდეთ სერბიას და ოსმალეთის შორის ომიანობას. კარგი არა დაეყრება რა ოსმალეთის სახელმწიფოს, მეტადრე თუ საბერძნეთმაც აუტეხა ომი. ბარემ აუტეხდა კიდეც, მაგრამ ინგლისისა ეშინიან. ეს კი გამოაცხადა საბერძნეთმა, რომ სხვაფრივ ყოველ გვარს შემწეობას მივცემო აჯანყებულს სლავიანებსაო..

გერმანია. – აი რა წერილი გამოუგზავნა ბისმარკმა რეისსტაღის პრეზიდენტის სახელზე:

მაქვს პატივი უმდაბლესად ვაცნობო „თქვენს მაღალ კეთილშობილებასა“, რომ ჩემის სიმრთელის მდგომარეობა, ჩემდა გულითად სამწუხაროდ, ნებას არ მაძლევს მივიღო მონაწილეობა აწინდელის რეიხსტაღის შრომაში. ჩემის სიმრთელის აღდგენისათვის მისმა დიდებულებამ იმპერატორმა ინება ჩემი დროებით დათხოვნა და დათხოვნის ვადამდე წარმოება მომდინარეთა საქმეთა მიენდობა: შინაგანთა – იმპერიის საკანცლერო პრეზიდენტს და უცხოეთის საქმეთა – სტატს-სეკრეტარს უფ. ფონ-ბიულოვს. ვსთხოვ თქვენს მაღალ კეთილშობილებას ყოველივე ეს აცნობოთ რეიხსტაღსა. ბისმარკი.

ეჭვი არ არის რომ ბისმარკი ჩქარა დაუბრუნდება საქმეებს; უიმისოდ ამისთანა დროში გერმანიას საქმე გაუჭირდება – ნემენცურ გაზეთებში სწერია, რომ იმპერატორი ვილგელმი ელზას-ლოტარინგიაში აპირებს წასვლასო. მაგრამ ჯერ ეს წასვლა გადაწყვეტილი არ არის და დამოკიდებულიაო „გარეგან საქმეებზე“. ეხლა ეს „გარეგანი საქმე“ ხომ ცხადია. მაშ იმპერატორს ელზასში მოგზაურობა მოუცდება.

– რეიღსტაღის დეპუტატებმა, რომელნიც სოციალ-დემოკრატის დასს ეკუთვნიან, გამოაცხადეს რომ 27-30 მაისს ქალაქს გოტას გაიმართება სოციალ-დემოკრატების კონგრესსი (ყრილობა), სადაც მიიწვევა ყველა ვინც კი ამ დასის კაცებს თანაუგრძნობს. ამ კონგრესს დაესწრებიან მხოლოდ მუშა-ხალხის წარმომადგენელნი, თვითონ ხალხის მიერ აღმორჩეულნი. ზემოხსენებულნი დეპუტატნი წარუდგენენ კონგრესს ცნობას მასზედ თუ მათგანს ვის რა უღვაწნია.

რაღა თქმა უნდა, რომ ამ დეპუტატთა მოღვაწეობა გულმტკივნეულობით და თავგანწირულებით აღსავსეა. იქნება თვით პარლამენტშიაც მიეცეთ მათ შემთხვევა გამოაჩინონ მათთა აღმომრჩეველთა წინაშე თავისი მტკიცე სამსახური სოციალ-დემოკრატების საქმისა და წადილის დაცვისათვის. საქმე იმაშია, რომ ამ ცოტა ხანში გერმანიის პარლამენტის წინაშე წარდგენილ იქმნება კანონი შესახებ მუშა-ხალხის მფარველობისა. ეს კანონი შემზადებულია სოციალ-დემოკრატის დეპუტატთა მიერ და მათგანვე შეტანილ იქმნება რეიხსტაღში. თქმა აღარ უნდა რომ ამ საქმის თაობაზედ დიდ ღირს-საცნობი ბაასი გაიმართება პარლამენტში.

საფრანგეთი. – ერთს ინგლისურს გაზეთს მოჰყავს შემდეგი რიცხვი საფრანგეთის ლაშქრისა: მომქმედი ლაშქარი შეადგენს 1,300,000 კაცს. ამას ტერრიტორიის ჯარიც რომ მიუმატოო სულ ერთიანად შესდგება 1,825,000 კაცი. ამის ნახევარს საფრანგეთი სამი კვირის განმავლობაში ადვილად აამხედრებსო და საომრად გამოიყვანსო. გერმანია რომ ხელმეორედ მიესიოს საფრანგეთს, – ამბობს იგივე გაზეთი, – როგორც ორის წლის წინედ მიესია, ფრანციელთ აღარ მოუნდება ევროპის შველა, რადგანაც თვისის ღონითაც ძლიერნი არიანო. ამ ჟამად შეუძლებელიღააო, რომ მტერი დაუსჯელად შევიდეს საფრანგეთში. თუ გერმანიამ ხელმეორედ ისურვა საფრანგეთის აოხრება და მიწასთან გასწორება, საფრანგეთი წარბსაც არ შეიტოკსო და, თავის ძალაზედ დარწმუნებული, უპასუხებს: „ეხლა გვიანღააო“.

––––––––––––––

1 დელმაცია ავსტრიას ეკუთვნის.

2 ავსტრიის ქვეყანა

5 მუშა ბოქულაძე

▲back to top


მუშა ბოქულაძე.

რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,

ნუ თუ სახე არ გინახავს მუშისა?

მკერდი ღია, ოფლით გასკვრილ, მტვრიანი,

ფერით რკინა, კისერ-ჩაჟანგებული,

კაცი გულით დაჩაგრული ბედითა,

სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,

ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია

შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა-პურისა!..

*

ან რა გიკვირს? ჩემს შუბლზედა ღარები,

წვერ-ულვაში უდროდ გათეთრებული

ნიშანია გულში ღრმათა ტკივილთა,

დიდთა შრომათ. ღრმათ ფიქრებთა მწარეთა,

უიმედოდ, უნუგეშოდ ყოფნისა!...

ჰსჩანს, არ იცი, რომ, არიან ღარიბნიც,

არის სადმე სიმწარითა ცხოვრება!..

*

ნუ გიკვირს კი, ჰსჯობს ჩემს გულში ჩახედო,

წაიკითხო. სიმწარისა ამბები:

ძმის ღალატი, მოყვასთაგან დაჩაგვრა,

მეგობრისგან იუდასი ამბორი,

საყვარლისგან – წყეული სიყვარული,

ნაზის ხელით გულს დასმულნი დაღები!..

სოფლის გარე უწყალოდ განდევნილსა

დამავიწყდა რაცა ვიყავ ოდესმე!..

და აწ მხოლოდ დამჰშთა ჩემს ბედად ესე:

ტანჯვით შრომა, ოფლით ძებნა ლუკმისა...

და მიდის დღე, მიდის ღამე ამყოფით!

*

ნუ მიყურებ ასე გამწარებულსა?

სიღარიბე მეტად ძნელი ყოფილა...

მე ვმუშაობ... სხვანი კი იმღერიან,

ბედნიერნი, გულითა უზრუნველნი!...

ბაღით მესმის ჭიანურის, ლხინის ხმა,

სავათნავას გულ-დამწველნი სიტყვები...

გულით მინდა მეც აქედამ ხმა მივჰსცე;

მაგრამ მრცხვენის: მე მათი რა ტოლი ვარ.

და ღრმად ვჰმალავ გულში სიმწარის ოხვრვას,

მალვით ვიწმენდ თვალში მორეულს ცრემლსა...

ეჰ, ვის ესმის, თუ სადღაც მუშა ჰკვნესის!...

*

მაშ ვინა ვარ, რა მქვიან ამ სოფელში,

თუ სიამის ერთი დღეც არ მახსოვდეს?

სიჭაბუკე ტანჯვით შრომამ წაიღო

და ვერ ვხედავ მომავალშიც ნუგეშსა,

მცირედს სხივსა სიხარულის ნათლისას...

წყეულ იყოს, ვინცა მუშა აკურთხა,

მოკლებული ყოველგვარის შვებისა,

კაცთაშორის კაცად არ მიჩნეული!..

*

რას მიყურებ დაღონებულს, ფერ-მიხდილს?

მოვჰხუცდი და რა მაქვს მოსაგონებლად,

თუ არ ჩემივ ვაებითა ცხოვრება?

რა მიამა? რომ მოვკვდე, რა ვინანო?..

როგორც მოველ, ისე განვალ ამ სოფლით,

სიცოცხლისვე დროსა დავიწყბული!...

რათ ვიშობე, თუ ეს ბედი თან დამჰყვა?

ვინ ვადიდო, ვინ დავჰსწყევლო? არ ვიცი!

მაგრამ ჩემთვის დღე სიმწარით ღამდება...

რათა? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარე?...

*

რათ მიყურებ აგრე გაოცებული?

ნუ თუ მართლა, კაციც არა გგონივარ,

რადგანაც ვარ სიღარიბის სამოსლით

არა მქონდეს კეთილისა გრძნობაცა!..

მაშა მღვდელი ლაპარაკს რომ დამიწყებს,

ყურს რათ ვუგდებ გონება-მიზიდული?...

მის სიტყვები, ზოგჯერ თუმცა არ მესმის,

მაგრამ გულს კი უხარიან მათ სმენა!

სულს მიმაგრებს ძალი ნუგეშ-ცემისა,

ზეციურის მადლით განათებული.

გულში ჰქრება ღელვა სიბოროტისა....

ვგრძნობ სიმშვიდეს.... ლოცვაებსა ვიგონებ...

მაგონდება დღენი ყმაწვილობისა,

ხმა დედისა. მისი ტკბილი ალერსი...

თვალ-წინ ვხედავ დიდსხანს დავიწყებულთა...

და აღარ ვჰსწყევ ჩემს შობის დღეს. ჩემს ბედსა!..

მაშინ შრომაც დიდად მიადვილდება,

და მას ღამეს მძინავს ისე მშვიდობით,

თითქოს ჩემს ქოხს დაჰფრინვენ ანგელოზნი!...

*

განცხრომის ძევ, ნებიერად გაზდილო,

ეს ქვეყანა შენთვის არის შექმნილი!

ველთ სიმწვანე, ცის ლაჟვარდი, მზის შუქი,

გაზაფხული სუნნელების ნიავით,

შენ გეტრფიან, გახარებენ, გატკბობენ!

შენთვის ჰბრწყინვენ თვით ლამაზნი თვალებიც;

ნაზი წელი რხევით შენკენ რონინებს;

მიმოჰქრიან შენთვის ზღვაში ხომალდნიც;

თვით მეც, მუშა, ჩემის ღონით, ოფლითა,

შენთვისა ვარ დაბადებით მსახურად:

კრძალვით გიმზერ, შორით მლოდე წყალობის...

შენ ხარ მეფე... მე ძაღლადაც არ მაგდებ!...

რათა? რისთვის? ვის რა ვირი მოვჰპარე?

*

რაღა გითხრა, ნუ თუ ეხლაც ვერ მიხვდი,

რა ძნელია შოვნა ლუკმა-პურისა?

და როგორ ახდენს სიღარიბე კაცის გულს

და აბნელებს სულის სხივსა, გონებას?...

ეჰ, ძმავ, წადი შენ-შენს გზაზე სიმღერით...

მე ჩემს ბარგსა როგორმე იქ მოვიხსნი...

სად მე და შენ ვიქმნებით თანა-სწორნი,

საუკუნოდ განსასვენსა ალაგსა!...

ქსნის ხეველი

6 რუსეთი.

▲back to top


რუსეთი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა და სხვა გუბერნატორებს წარუდგენიათ ცნობები შესახებ იმ ხალხისა, რომელიც სრულებით უსაქმოთ დარჩა და ამის გამოისობით ლუკმა პური გაუწყდა, რადგანაც ქარხანებს სამუშაო შემოჰკლებიათ. რაც შეეხება პეტერბურღს და მის ახლო-მახლო ადგილებს, ჩვენს გაზეთში მგონი კიდეც მოხსენებული იყო, რომ უსაქმოდ დარჩენილთა რიცხვი 96 ათასამდე ადის. კალიშის გუბერნიაში ათი ათასიდამ 800 მუშა სრულებით უსაქმოდ დარჩენილა. ორი ათასამდე შოობს მხოლოდ მეოთხედს, ნაწილს იმისას, რასაც უწინ შოულობდა, დანარჩენი კი ნახევარს.

გარდა ამისა, იმათაც, ვისაც მუშაობა არ მოჰკლებია, ჯაფის ფასი ფულათ კი არ ეძლევათ, არამედ საქონლით, რომელსაც დიდის ზარალით ასაღებენ.

ამას უნდა დავუმატოთ, რომ ქარხნების წარმოება დღე და დღე კლებულობს და ბევრი ქარხანა სრულებით უქმდება კიდეც, მაგალითებრ: პოდოლის გუბერნიაში ბოლოს დროს 46 შაქრის ქარხანა გაუქმებულა და სხვა ათის გაუქმებასაც მოელიან.

რა ეშველებათ ამ უბედურებს ამისთანა დროს, როდესაც არავინ იცის ხვალინდელი დღე რას მოასწავებს?

– უკანასკნელ დროს რუსეთში ერთი დიდად სამწუხარო მოვლენა გახშირდა: წამ დაუწუმ ისმის ამა და ამ სასწავლებელში შეგირდმა თავი მოიკლაო. მაგალითებრ, კიშენოვში შარშან სამმა შეგირდმა მოიკლა თავი და წრეულსაც ერთმა. სხვა ქალაქებშიაც ბევრი ამისთანა სამწუხარო ამბავი მოხდა. ამ ჟამად, როგორც გაზეთი «Hoвoe Bpемя» იწერება, ერთს რუსის ექიმს გამოუკვლევია ეს სამწუხარო მოვლენა, და შეუდგენია ამის თაობაზედ წერილი, რომელშიაც, სხვათა შორის, ის დასკვნა გამოყავს, რომ ვითომც თავის მკვლელობის მიზეზი თვითონ იმ გარემოებებში უნდა მოიძებნოსო, რომელნიც ახვევიან ცხოვრების მომდინარეობასა.

თქმა აღარ უნდა, რომ ეს წერილი დიდის ყურადღების ღირსი იქმნება: თუ პირ და პირ არავითარს წამალს არ დასდებს ამ სამწუხაროს მოვლენას, ამას მაინც იქმს, რომ მთელს მის სურათს წარმოგვიდგენს.

– კიევის უნივერსიტეტში ცალკე სწავლა დაუწესებიათ საკუთრივ ქალებისათვის. ეს სწავლა ორ ნაწილათ არის გაყოფილი: ერთი – საისტორიო და სფილოლოგიო მეცნიერებისათვის, მეორე – საფიზიკო და სამათემატიკო მეცნიერებისათვის. პირველ განყოფილებას შეადგენენ შემდეგი მეცნიერებანი: რუსული მწიგნობრობა, საყოველთაო ისტორია, რუსეთის ისტორია, პედაგოგია და ერთი რომელიმე ახალი ენა. მეორე განყოფილებას შეადგენენ: მათემატიკა, ფიზიკა, კოსმოგრაფია, პედაგოგია და ერთი რომელიმე ახალი ენა.

ამ უნივერსიტეტში კურს დასრულებულს ქალებს მიეცემათ მოწმობა, რომლის ძალითაც იმათ უფრო მეტი უფლება ექმნებათ შუათანა სასწავლებელში მასწავლებელის თანამდებობა მიიღონ, ვიდრე სხვაგან კურს დასრულებულ ქალებსა.

– „St. Peters burger Herold“-ში ჰსწერია: ჯეროვანს ადგილას დაჯერებულნი არიანო, რომ რუსეთში თამბაქოს ბანდეროლები მალე მოისპობა და მის მაგიერად ბაჟი დაედება დაუჭრელს თამბაქოსაო, უპირატესთა თამბაქოს სოვდაგართა ფინანსთა მინისტრს არზა მიჰსცესო, რომელშიაც სხვათა შორის მოუხსენებიათ. რომ უბანდეროლოდ გასყიდვა სიგარისა და პაპიროსისა მეტად გახშირდაო და ამით ხაზინას შემოსავალი აკლდებაო..

– Hoвoe Bpeмя-ში ჰსწერია: „ამას წინედ ერთმა გაზეთმა წარმოსთქვა, რომ კერძო ვექილთა ნება მიეცემათ ნაფიც ვექილად (Пpиcяжные повѣренные) შეირიცხონ თავიო, თუ დადებულს წელთა რიცხვს კერძო ვექილობაში გაატარებენო და ამას გარდა გამოცდის შემდეგ ვექილობის ღირსად იცნობებიანო. ეხლა ჩვენ შევიტყეთ, რომ ეგ ნება მიეცემათ მარტო იმისთანა კერძო-ვექილთა, რომელთაც რომელიმე შუათანა სასწავლებელი შეუსრულებიათ, ანუ რომელნიც, გამოცდის შემდეგ, დაამტკიცებენ, რომ შუათანა სასწავლებელის სრული სწავლა შეუძენიათ.

7 პროვინციალური წერილები

▲back to top


პროვინციალური წერილები

წერილი პირველი

ქართლი. 1877 წ. მარტის 31-ს.

ორი ფილოსოფოსის აზრი გორზედ. – გორის ახალი ქალაქის სამმართველო. – ხმის-მექონნი – ვაჭრები ბაზები, ბაყლები, იმერელი ხაბაზები, – იმერული მელა. – ა. თუთაევი.

ჩვენ გორზედ ბევრი რამ წერებულა რუსულ თუ ქართულ გაზეთებში მისს გარეგანი შეხედულობის უსუფთაობაზედ, ხალხის უზნეობაზედ და სხვ. მაგრამ მაინც და მაინც ეს ჩვენი ქალაქი ყურს არ იბერტყავს, კიბოსავით მიიკაკვება გაუმჯობესობის გზისკენ. თუმცა გაუვალ ტალახებს ყოველ ქუჩებში, როგორც უწინ ვერ შევხვდებით; თუმცა თევზის საჭერი გუბეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ფოჩტის კანტორის ახლო, თითქმის დააშრეს, ბოგირებიც აქა-იქ გააკეთეს, მაგრამ ბევრი რამ აკლია ამ საცოდავ ქალაქს. სწორე გითხრათ, ეს თევზის საჭერი გუბეები რომ დააშრეს კი ვერაფერი მოუვიდათ. მერე წრეულს რა ნაირი ძვირი იყო ახალი თევზი? სწორედ დავნატრულდით! მაგრამ ერთით კი კარგი ჰქმნეს, რომ დააშრეს: წვიმის შემდეგ ალაგ-ალაგ დადგებოდა საშინელი გუბე, ქუჩებს შეკრავდა და ქვეითი კაცისთვინ სწორეთ საფრთხე იყო. იდგა ეს გუბე, აზდიოდა ბრაზი სუნი, ხრო ბუზებისა დასტრიალებდა თავს. – ერთი ვიღაც სხვა მხრის კაცი ცნობის მოყვარეობისგამო გამოსულიყო ამ ჩვენის ქალაქის სანახავად იმ დროს, როდესაც ეს განისვენებდა ლაფ-გუბეებში, და დაათვალიერა რა ქალაქი, წარმოსთქვა შემდეგი აზრი: დუნია მამივლია და ამაზედ უსუფთავო ქალაქი, ამაზედ უთავდარიგო თვით კმაყოფილი ხალხი, როგორც ღორიო, ჯერ არ მინახმსო. – სხვა მხრის კაცისა რა მოგახსენო, მართალია ეს თქმა თუ არა, მაგრამ მე მახსომს, ერთმა ფილოსოფოსმა, მგონი დუნგელ ველლინგმა, ფილოლოღიურად გაარჩია სიტყვა გორი და რაც კი შეეძლო. ამტკიცებდა, რომ გორი წარმოსდგება სიტყვისაგან ღორი და არა გორი. აი დასწყევლოს ღმერთმა! დავიჯერო იმ ფილოსოფოსს წინასწარ-მეტყველური ნიჭი ჰქონდა? აბა, გეთაყვანეთ, საიდგან სადაო, წმინდაო საბაო! რომ არ შეეფერება ეს სახელი!...ბევრში. ვსთქვათ, ცოტათი კი მიაგავს, მაგრამ განა სხვა ქალაქები არა ჰგვანან. ვის რას შევეპოვებით! ეს კი ასრე, მაგრამ სირცხვილი იმ ორთავ ფილოსოფოსებს, ჩვენსა უფრო, რომ ასე მიწასთან გაგვასწორეს. აბა, ეხლა მობრძანდნენ და გვნახონ როგორ გაგვჩალხა, ბატკნებად გარდაგვაქცია ქალაქის სამმართველომ.

მართლაც და სულზედ მოესწრო გორს ქალაქის სამმართველო და ძალიანაც მოუხდა ამ საცოდავს. ყოვლის ფერზედ თვალ-ყური უჭირავს. მოჩივრებს, მოსაქმეებს „ხვალე ხვალეს“ არ ეუბნება. მივა თუ არა მოქალაქე საქმისთვინ იმ საათშივე გაუთავებენ საქმეს. მაღალ-მდაბლობა არ იღება: ვინც ტყუის ტყუის. „გაბღენძილობა“ ვერ უშველის. ხმის-მექონათ არიან აღმორჩეულნი მამულ-ადგილის მქონე მოქალაქენი. მომეტებულმა ნაწილმა რუსული ენა არ იცის – „მოია ტვოი“ ხომ რუსულში არ ჩაითვლება და თუნდ ქართულ ენაზედაც ელაპარაკო, სულ ერთია. იმათ თავში ზარბაზნის ტყვია ვერ შეატანს. ნეტავი ერთი დაგანახვა თუ როგორ პირდაღებულნი სხედან და მარტო არშინი და ნახევარ თუნგიანი უდგიათ თვალწინ. ერთმა მათგანმა სთქვა: რომ მობეზრდებიან, მოჰყვებიან თვლემას, თავის ქნევას, თითქო ბუზები დახვევიათო. ვგონებ, რამდენი დაარტყამს თავს სტოლს, კედელს და კოპს დაისვამს. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ესენიც გამოსადეგნი არ იყვნენ. მშვიდობაა, აგერ გაზაფხული დადგა, როგორც მოგეხსენებათ გაიღვიძებენ ღრმა ძილისაგან სხვა და სხვა მწერნი, ბუზები და სხვ. შესაძლებელია ქალაქის სამმართველოს ზალაშიაც ფეხს შესდგმენ ეს მოუსვენარნი. ზოგიერთა ხმის-მექონმა ძილის და კოპის დასმის მაგიერ ეს წყეული ბუზები იჭირონ ხელით და პირით, ძალიან არ დაავალებენ სხვებს ვინც საქმეს არიგებენ. უჰ, რა საქმეა! რას ბძანებთ. უკეთესი აღარ შეიძლება! ოჰ, ნეტა ერთი ან მოთავე მქნა, ან, ეს ოხერი, წევრი მაინც.... ზოგი რა უბედურ ვარსკვლავზედ იბადება....მაშინ მაგათ მებუზე ხმის-მექონათ არ დავხდიდი!? ზაფხულობით მაინც!.

გორის სამმართველო ღირსია ქებისა იმ მხრივ მაინც, რომ აირჩია ზოგიერთნი წევრნი ისეთ პირთაგან, რომელთაც ქალაქის ცხოვრებისა, მისი ვაჭრობისა, ჩვეულებისა არა გამოეპარებათ რა. ამ პირთაგანი არის შესანიშნავი თვისი მოქმედებით უფ. თუთაევი, რომელსაც, როგორც დახელოვნებით მცოდნეს, ჩააბარეს ყოველის გვარის ვაჭრების ზედამხედველობა.

ბევრგან შემმთხვევია წვრილმანი რამეს სყიდვა სხვათა ქალაქებში და თუ არ შემხვედრია, გამიგონია მაინც, ან წამიკითხავს, მაგრამ ასრე მამასისხლად. ასრე ცეცხლ მოკიდებით, ორკეცად განსყიდვა საჭირო ნივთებისა არ შეიძლება, როგორც გორშია. ჯანი გავარდეს, ფასი მეტი აიღონ და ნუღარ მოგვატყუებენ წონაში, საწყაოში, ნივთის სიკარგეში. ისრე საშინლად ატყუებენ ეს ჩვენი ვაჭრები – სომხები წონაში, ბატონებო, საწყალ ხალხს, რომ შემდეგში ეს ბოროტება რომ აღმოსჩნდა, სწორედ ყურებში თითს დასაცობ საქმეს გვიშვრებოდნენ, მაგ: ამ ბოლო ჟამს გაგვიძვირდა ნავთი, გირვანქა შაურ-ნახევარი და ხან სამი შაური იყო; მეტი ჩარა არ იყო, უნდა გვეყიდნა, რადგან სამთელზედ კიდევ ის იაფად ჯდება. ამ ფულს ვინა სჩივის, მაგრამ მაგარი ეს არის, რომ ნავთის გირვანქიან სარწყაოში ამოდენი ხანია გვატყუეს: მარტის თვეში რაღაც ჩემი საქმისთვინ ჩავიარე დახურულ ბაზარში და ვნახე, რომ ნავთის სარწყაოებს აჭყლეტინებს უფ. თუთაევი. თურმე ნუ იტყვით, რამდენიმე მისხალი ნაკლებნი იყვნენ სარწყაოები და ერთი მეტად უღმერთოდ – თექვსმეტი მისხლით. საკვირველია, აქამომდე ერთმა ვალდებულმა პირმა არ მიაქცია ამ ცარცვა-ყვლეფას ყური, თუმცა მე ვგონებ, ბევრმა იცოდა.

ესრედ გვატყუეს და გვცარცვეს იმ დროიდგან, საიდგანაც ნავთის წვა დაიწყეს აქ. ვინ იცის, იქნება საუკუნომდინ ვეტყუებინეთ ასრე ბაყლებს და ბაზაზებს, რომ ქალაქის სამმართველოს არ მიექცია ყურადღება და დროებითაც არის არ მოეღო ბოლო. ამ ბოროტებისთვინ. ზემოხსენებულმა თუთაევმა პირველად მიაქცია თვალი ვაჭრობას და, ზემოხსენებულს გარდა, აღმოაჩინა სიბოროტენი, რომელთაც ჩამოვთვლი (შესანიშნავებს მაინც), რადგანაც ცხადად დაგვიხატვენ ჩვენებურის მოვაჭრეების უზნეობას, დაუნდობლობას, სიავაზკეს.

ბაყლები და ბაზაზები სასწვრის ტოტებად აქნამდინ ხმარობდნენ თასმას, თოკს და ყაითანს: იმ გვერდზედ, საითაც უნდა დაუწონონ მსყიდველს რამე, თასმებს ჰქონამდნენ, ასველებდნენ, ჰკიდებდნენ თვალ-უჩენად სხვა და სხვა ნივთებს – ყველა ეს ამძიმებდა სასწვრის ერთ გვერდს და გირვანქაში რამდენიმე მისხალს აქაც იპარამდნენ. ეს თასმები სულ ერთიანად ჩამოუჭრა ზემოხსენებულმა პირმა და ტოტებათ თითქმის ჯაჭვები შეაბმევინა, თუმცა აქაც შეიძლება თაღლითობა, მაგრამ ჯერ ერთი ეს, რომ ყურადღება აქვთ მოქცეული და მეორეც ესა, რომ ჯაჭვს ხომ ვეღარ დაალბობენ. ამას გარდა საწონად ხმარობდნენ ჟანგისაგან შეჭმულ, ყალბ გირვანქიანებს, რომელთაც რამდენიმე მისხალი აკლდათ. უკანასკნელი ათ ფუთამდინ შეაკრებინეს და ახლებად შეაცვლევინეს. – მამასისხლად განსყიდვა ერთის მხრივ, საწონში ღალატი მეორეთი, ჯიბეს უსქელებს ჩვენ ვაჭარ სომხებს, გული ქონით ევსებათ, უდარდელი, მცონარე ცხოვრებისაგან იბღინძებიან ჩვენის ხარჯით და ჩვენ კი ლამის გვერდებში სინათლე გაგვივიდეს.

ბატონებო, ამას ვიღა მოიფიქრებდა თუ ჩვენი ღვიძლები ქართველები – იმერლები უარეს დღეს დაგვაყენებდნენ ვაჭრობაში გაჩვეული იმერლები არამც თუ სომეხს და ურიას აჭარბებს. ჭირზედ უარესნი ყოფილან. ჯერ იმერული მელა რა ყოფილა მერე ვაჭარი რა იყვეს. მე ვნახე ერთი იმერული მელა სადღაც, ჰო, მგონი სახაბაზოში. დიახ, ვნახე, უკუდო, სწორედ ბოლო დაგლეჯილ კაჭკაჭსა ჰგვანდა. დალახვროს ღმერთმა! იმის ნახვას ეხლაც ვინანი: სულ ერთიანად დაგვამწარა სიცოცხლე, ბატონებო! ამდენი ინდოურები დაგვიჭამა და კიდევ ვერ გაძღა სისხლით...ერი ჰა! მე ძალიან გავები...ჰო, იმას ვამბობდი რომ იმერლები ძლიან გვატყუებენ. ხაბაზებად სულ ისინი არიან, ასეთ პურს გვიცხობენ, რომ ურიას რომ დაარტყა, სამჯერ წმინდაო ღმერთოს ათქმევინებს. როგორც არ მოგკლამ, კბილი არ დაედგმის, კბილი! წარმოიდგინეთ, ახლად ამოვლილ ალიან თონეზედ დაკრული პური როგორი იქნება. შხამია რაღა! ამათთვინ კი სარფაა. თონეს არ ანელებენ და ორ-სამ ხელს ამოჰყრიან. არც ამათ შერჩათ კუდის ქნევა, გაიძვერაობა: გაუგეს. მოუქექეს თავი, რომ მეოთხედ გირვანქისას აკლებდნენ პურსა. უ. თუთაევმა ძალიან დააფრთხო ყველა მოვაჭრენი. ხაბაზებს კი მალე შეეტყოთ (იმერლის შიში ხომ მოგეხსენებათ): დღეს და ხვალ კარგი პური სჩანს სახაბაზოში.

სხვა მოვაჭრეებზედ რაღა მოგახსენოთ. სულ ჩამოვთვალოთ არა ღირს, ესეც საკმაოა. ამდენიც არ უნდა მეთქვა, მაგრამ ერთობ გვახჩობდნენ. აი, მაინც გული არ მითმენს, რომ ორიოდე შხამიანი სიტყვა არ ვსთქვა ყასბებზედაც: ასეთ დუჟიან ხორცს გამოჰკიდებენ გადაყრუებულის პირუტყვისას, რომ შეზარამს კაცსა. მკითხველო, გეხსომება რომ პარიჟი შიმშილმა როდესაც შეაწუხა, ხალხმა გაუსვა ხელი ძაღლებს, კატებს, თაგვებს და სხვ. და მუსრი გაავლეს. რამდენჯერ ამის გაგონება ზედ ზიზღით გადაგვიფურთხებია, და აბა თუ ჩვენის ყასბების ხორცზედ გააფურთხოს კი არა, ცოტათი შეიზიზღოს ვინმემ, რომ ცუდია. ნეტავი ძაღლის და კატისა იყვეს და კარგი.

თუმცა უფ. თუთაევი ძალიან ირჯება. რაც შეუძლიან ცდილობს, რომ ყველაფერი კარგი იყიდებოდეს, ყველას სძულდება, მაგრამ – ვაი! – თუ გადაუხვიოს! შენი მტერი, თუ აბი ჩააყლაპეს, მშვიდობით! ძველი სარწყაოები და სასწვრები ისევ დაბრუნდებიან. არა მგონია სულს გადაუდგეს თუთაევი – ეჰ, ამაშიაც უმაგრამოთ ვერ მოვრჩი, ხელის ჭუჭყი, ეს ოხერი ვის არ დაარეტიანებს!?

წაკოლა–ც.

8 ახალგაზდა გლეხის ნაამბობი

▲back to top


ახალგაზდა გლეხის ნაამბობი

(სცენისათვის.)

I.

ნათქომია: „თებერვალი ჰბერამსო, მარტი ტყავსა ჰკერამსო“. – თებერვალმა საქონელი გამიწყვიტა და მარტმა ასეთი სირცხვილი მაჭამა, თავი, არ მომიკვდება, რომ პირში ვეღარავისთვის შამიხედნია... აი, როგორ გახლდათ ეს ამბავი.

ამ გაზაფხულზედ, რა კი დადგა მარტი, ჩვენს ბანზედ ასეთი კატების ჩხავილი შეიქნა, რომ კაცი გაშტერდებოდა... აი, დასწყევლოს ღმერთმა! ვიფიქრე, რა აჩხავლებთ მეთქი, ამ დასაქცევებსა?... ყურს ვუგდებ: დასდევენ ერთმანერთს და იყო ერთი ნგრევა, გრიალი და ზანზარი, ხან მაღლა და ხან დერეფანში... იქ კიდენ, კასრისკენ, თუ ხოკრისკენ, არ ვიცი, შაიქნა ისეთი ფხაკუნი, თითქოს ქვეყანაზედ. რაც თაგვია, ყველა ჩვენ დაგვესია მეთქი!.. მაგრამ... მაგარი ეს არის რომა, ვფიქრობ, თუ თაგვები ბუდრუგანაობენ მეთქი, ამ ოხერი კატებისა მაინც რატომ აღარ ერიდებათ მეთქი და ან, ამ გასაწყვეტებს, რა აჩხავლებსთ მეთქი?..

ეჰ!.. გაიარა ამ ამბავმაც, გავუძელით როგორც იყო... გავიდა ერთი კვირა, ორი, ერთი თვე, ორი სამი... რას მოვიფიქრებდი, თუ აქ სხვა ამბავი იყო რამე?.. რაღა გავაგრძელო, – გაგიგძელდეთ სიცოცხლე – თქვენს მტერსა დუშმანს, ჩვენ რომ გამოგვაჩნდა... ნეტავი ისევ სახადი გამოგვჩენოდა!.. აკი ჩვენი გოგო, თამრო, თავმძიმე გამოდგა ი დასაქცევი!.. რა ეშმაკმა გააბრიყვა, ეხლაც არ ვიცი გამჩენის მადლმა!..

ასე სახიფათო კი ყოფილა მარტში კატების ჩხავილი და თაგვების ფხაკუნი!.. აი, დალახვრათ ღმერთმა!...

მისივე ნაამბობი.

(სცენისათვის.)

II.

.... ქვეიდან მოვდიოდი. ჩვენი ჭრელი მოზვერი დავკარგე და ოხერს დავეძებდი. ამოვიარე წყაროსკენ და შავხედე, ასეთი ლამაზი დოდონა კი გაჩერებულა იქა, როგოც ჯეირნის ნუკრი!.. მხარზედ კოკა გაუდვია და დგას. მე რომ დამინახა, ზურგი შამომაქცია... აი, გამიწყრა ღმერთი! გაუარე გვერდით, განგებ ერთი წავეხახუნე და ვკითხე: ჩვენი მოზვერა ხომ არ გინახამს მეთქი... შაფხუკიანდა იმერელივით ჩემი ქალბატონი და შამომიძახა: თვალი შენც დაგიდგებაო და შენსა მოზვერსაცაო!..“ „თავი მოვიკატუნე და უთხარ სიყვარულიანათ: შენ კი გეთაყვანე, მაგ შავ თვალებში მეთქი!.. ამ დროს დადგა გოგომ კოკა ძირსა, წამოავლო ქვას ხელი და შამომიტივა: „მეხი კი დაგაყარე მაგ ქეციან თავზედაო!.. იქით გამეცალეო. თორემ ასეთ ქვასა გდრუზამო, რომ შენცა სთქვა, რა დამემართაო!..“ დავანებე თავი და წამოველ... აბა, რაღას ვიქმოდი?.. მასუკან შავადექ ი დასაქცევს: აი დღეს, აი ხვალ, ბევრი ვეღრიჭე, მაგრამ, არ იქნა, პირჯვარი ვერ გადავაწერინე... ბოლოს შევუყენე მოციქულები იმის დედ-მამას და როგორც იყო, პირი ძლივს ვაქნეინე ჩემკენ... ნათქომია: „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო...“ მეც ერთი ხარი სასიმამროს მივართვი, ერთი თავშალი – სასიდედროს და ერთი წყვილი წუღებიც ჩემ შავთვალას...

ახლა ქორწილი მაქვს ხვალა და ესე ყელგამოწევით გეხვეწებით, გამაბედნიერეთ, თითო ყანწი ღვინო დამილიეთ და დაგვლოცეთ მე და ჩემი დოდონა!.. საწყლის პური გემრიელია.

1 აპრილს 1877 წელს.

თ. რაფიელ ერისთავი.

9 ჩვენის ისტორიისათვის მასალა..

▲back to top


ჩვენის ისტორიისათვის მასალა.

(შემდეგი)[1]

გარნა გრიგორი არა განეშორა ოდიშსა და იმყოფებოდა ხან ხორგას, ხან ხეთას, ხან ჭაქვიჯს, ხან ნოღას, ვინაიდგან მოურავნი თუ ბატონნი ამა სოფელთანი ერთგულებდენ გრიგორის, და ოდეს წარვიდოდა მეფე სპითა თვისითა იმერეთად, კვალად დაიპყრობდა გრიგორი დადიანობასა, და ოდეს მოვიდოდა მეფე სპითა თვისითა ოდიშად, მისცემდა მანუჩარს დადიანობასა. და ვინადგან გრიგორი ვერ განსდევნა მეფემან სამფლობელოთ თვისით და ვერ აღასრულა საწადი თვისი, ამისთვის განძვინდა და აქცევდა ოდიშს. ყოველ წელ და აოხრებდა სპითა იმერელ ლეკითა და სტყვენვიდა მრავალსა ქრისტიანთა ტყვეთა, სწვიდა და აოხრებდა ოდიშსა, და მისცა ოდიში დიდსა მწუხარებასა, სადა ურწმუნოთა ლეკთა მრავალნი ეკკლესია შებღალნეს და მრავალნი გლახაკნი საცინელად და საბასრობელად მართმადიდებლობის სჯულისათვის მოჰკლეს. განაგრძო ესე ვითარი მოქმედება მეფემან სოლომონ, შეიკრიბა სპანი თვისნი, იწინამძღვარა მანუჩარ დადიანის ძე და მოადგა ლეჩხუმს ჭყვიშით. მიდრკენ მრავალნი მანუჩარისაკენ ლეჩხუმელნი, ვერღა დაუდგა წინ გრიგორი, ვინაგან ლეჩხუმელთა მრავალთ უღალატეს და უფრორე ბააკა ჩიქოანმა, რომელი იყო ჟამსა მას ლეჩხუმსა შინა შემძლე კაცი და შემოვიდა მეფე ლეჩხუმს და აოხრებდა.

ხოლო გრიგორი იდგა მურს, იწყო ზრახვად მეფისადმი გრიგორიმ, უკეთუ მანუჩარს დაიტოვებ და წარხვალ თქვენ უკუნვე, რასაცა მეტყვი მოგცე შენ. სთხოვა მეფემან უკეთუ მომცემ ციხესა ჭყვიშირსა და შემდგომსა მისსა, მე დაუტევებ მანუჩარს ყოვლად შეუწევნელად. აღუთქვა გრიგორიმ თხოვილი თვისი მეფესა, და ვინათგან დიდი სურვილი იყო მეფისა დაპყრობა ლეჩხუმისა, და ჭყვიშის შოვნისათვის არა მიხედა ფიცის უარის-ყოფასა, და არცა სირცხვილსა, დაუტევა მანუჩარ დეხვირს და თვით წარვიდა და დაებარგა საყიფიანოსა შინა რაჭას.

იხილა რა მანუჩარმან თავი თვისი უარ-ყოფილი მეფისაგან, ვერას ღონის-მპოებელი ივლტოდა და შევიდა ციხესა შინა ორბელს, ვინათგან ციხე იგი იყო სამოურაო ბააკა ჩიქოანისა, ხოლო გრიგორი გამოვიდა მურიდამ და დაიშურა ყოველი ლეჩხუმი. იცნა რა მანუჩარმან ვიდრე მეფესა არა სწადს არა რომლისამე ძეთა დადიანისათა კეთილი, ამისთვის მოვიდა გრიგორისათანა ძმისა თვისისა და შეურდა და სთხოვა მიტევება თვისის უწინდელის წინა-აღმდგომობისა, ხოლო გრიგორიმ სულ-გრძელებითა და სიხარულითა მიუტევა მას ქმნეს ძმათა შორის დიდი შეკრულება, და ვინათგან ძმანი ესე შეერთდენ არღა მისცა გრიგორიმ მეფესა ჭყვიში და დაპირება არღა აღუსრულა. ამისთვის უკმო-იქცა მეფე და მოადგა გარს ჭყვიშის ციხესა და რაოდენისამე ჟამისა სუსტთა და უსირცხვილოთა მეციხოანეთა მისცეს ჭყვიში მეფესა, და აღიღეს ჭყვიში, და შემდგომად წარმოემართა მეფე დასაპყრობელათ სრულიად ლეჩხუმისა და დაებანაკა ლაილაშს. აქეთ გრიგორიმ შეიკრიბნა ლეჩხუმნი მხოლოდ და დასდგა ურხელოს. დღისა რაოდენისამე შემდგომად იქმნა ბრძოლა უსახელოს, თუმცა სახელოვნად ბრძოდენ ლეჩხუმულნი, გარნა სძლო სიმრავლემან სიმცირესა და ივლტოდენ გრიგორისნი, და გაემარჯვა მეფესა, მოადგა ციხესა დეხვირისასა და მეციხოანემან დეხვირისამან ბეჟან ყრუაშვილმან სახელოვნად და საქებელად განამაგრა ციხე დეხვირისა, იბრძოლა მამაცად, მოჰკლნა მრავალნი იმერელნი და ლეკნი გარე მოდგომილნი. და შემდგომად შესთხარეს ციხე და ნახევარი ციხისა გარდმოიქცა, და რა სცნა ბეჟან ყრუაშვილმა არღა შესაძლებელ არს ციხესა მას შინა ყოფნა, ამისთვის იმამაცა გული და გამოვიდა ღამით თვისის ხელქვეშეთის კაცით, გამოვლო გარე შემომდგარნი იმერნი და ლეკნი და მშვიდობით მოვიდა მურს გრიგოლ დადიანთან.

მცნობი ამისი ვერღა დასდგა გრიგოლი ლეჩხუმს და წარვიდა ოდიშად და დაიპყრა მეფემ. ლეჩხუმი, და დაადგინა ლეჩხუმის მოურავად ბერი ქაიხოსროს ძე გელოანი და თვით წარვიდა იმერეთად. ჟამსა ამას შეიშურვენ ურთი-ერთისა შორის ახალ-ციხის ფაშანი შერიф ფაშა, და ზაბუთ ფაშა და გარდმოაგდო ზაბუთ ფაშა შეჰრიф ფაშამ, და ვერა სადა ღონის მპოებელი მოვიდა იმერეთის მეფის სოლომონისათანა, ვინათგან იყო გვარით ძველი ათაბაკისა შთამომავლობა, ამისთვის მოვიდა ბაგრატიონისა თანა და იმყოფებოდა მეფისაგან იმედეული. მაშინ შერიф ფაშამან დაიწყო ზრახვა მეფის ვეზირებთა თანა და აღუთქვათ მრავალი თეთრი უკეთუ მოჰკლან ზაბით ფაშა. ვეზირნი მეფისანი ბირებულნი თეთრისაგან შეკრბენ მეფისა წინაშე და სხვა და სხვა საქმისა მჩვენებელთ შეაცთუნეს მეფე და მოაკვლევინეს ზაბით ფაშა, მოსჭრეს თავი და წარუგზავნეს შერიფ ფაშას, შემდგომად რაოდენისამე ხანისა წარგზავნეს მეფის ვაზირთ კაცი და სთხოვეს შერიф, ფაშასა დანაპირები თეთრი მეფისადმი და მათდაცა, გარნა მან არცა ერთი ფული წარმოგზავნა და მოაცთუნა შერიф ფაშამ მეფე და ვაზირნი მისნი და დაშთენ განბასრეაულნი შერიф ფაშისაგან.

აწ კვალად გრიგოლისას ვიტყოდეთ. გრიგოლი რა შთავიდა ოდიშს სთხოვა შეწევნა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა შარვაშიძესა, რომელსა ეპყრა ყოველი აფხაზეთი ვიდრე ღალიძგამდე და მძლავრებდაცა დადიანის სამფლობელო სამურზაყანო აფხაზეთსა. ხოლო მან სთხოვა უპირმშოესი შვილი თვისი ლეონ მძევლად, უკე-თუ შეეწიოს მეფესა ზედა მისცეს მან მრავალი თეთრი, და წარუგზავნა დადიანმან ძე თვისი ლეონ მძევლად.

მაშინ შეიკრიბა ქელაიშ-აჰმედ ბეგმან ყოველი აფხაზეთი და წარმოვიდა, მოვიდა და დაებანაკა აბედათს, იქით მოვიდა მეფე სპითა იმერთა და ლეკთათა და დაებანაკა ივანდიდს. დაიწყეს ზრახვად მეფემან და ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან და ვერა შემართა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან ბრძოლად. მეფისა, და სთხოვა რათა არა ავნოს დადიანსა, აღუთქვა მეფემან ფიცით არა ვნებად დადიანისა და წარვიდა ქელიაშ-აჰმედ-ბეგი კვალად აფხაზეთად. გარნა მეფემან არა დაიცვა აღთქმული ქელაიშ-ახმედ-ბეგისადმი და შემდგომად წარსვლისა მისისა გამოვიდა ოდიშს და მრავალნი ადგილებნი მოაოხრა და მოადგა ციხესა თამაკონისასა, და აღიღო იგი. და შემდგომად მოადგა გორდის ციხესა, გარნა იგი ვერ აღიღო. ვინადგან მამაცად ბრძოდენ მაშინა მყოფნი მეციხოვნენი სამნი ძმანი სახლთ-უხუცის ძენი დავით, მიქელ და ოტია ჩიქვანნი და წარვიდა მეფე იმერეთად. თუმცა მრავალ გზის ევედრა გრიგოლი დადიანი მეფესა რათა დააცხროს მასზედა ესე ვითარი მოქმედება და მოიხსენოს უწინდელი მსახურება მისი და რაიცა სთხოოს აღუსრულოს მას, გარნა არა ისმინა მეფემან და უმეტეს შესძინა დევნა გრიგორისა, ვინათგან თან გამზრახნი მეფისანი და ვაზირნი მისნი ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთელი, ორნი ძმანი წულუკიძენი ოტია, და სეხნია, და როსტომ ნიჟარაძე, ესრეთ ურჩევდენ მეფესა და ეტყოდენ გრიგორის არ შეწყნარებასა.

ხოლო მეფე თქმულთა მათთა ვერ წინააღუდგებოდა, გარნა გრიგორი ვერ განდევნეს სამფლობელოთ თვისით. მაშინ გრიგორიმ ვერა რაისა საქმისა მპოვნელმან. განიზრახა რათა მისცეს თავი თვისი როსიის იმპერატორსა და დაიფაროს მტერთაგან. მაშინ იყო. საქართველოსა შინა მთავარ-მართებლად ალექსანდრე პირველის როსიის იმპერატორისაგან დადგენილად, თავადი პავლე დიმიტრივიჩი ციციანოვი ღენერალ ონტინ фანტერი. და ვინათგან იმერეთით ვერ იშოვნა გზა დადიანმა რათა წარგზავნოს კაცი საქართველოდ, მაშინ ნოღას ციხიდამ განმზადა კარისა თვისისა მღვდელი სიმონ ასათიანი, და აზნაური გიორგი გუგუშვილი, და წარგზავნა ასხის მთით და ჩავიდენ ლენტეხს და ლენტეხიდამ ჩოლულს, და ჩოლულიდამ წარუძღვა გარდაფხაძე გიგო, რომელი დიდათ ერთგულებდა გრიგორ დადიანსა, გარდავლეს კავკასი, და ოსეთი და შთავიდენ მოსდოქს, ხოლო მუნით მოქცეულნი მოვიდენ ტფილისს კნიაზ ციციანოვთან. სთხოვა გრიგორი დადიანმა რათა შუამდეგობითა მისითა განუღოს კარი მოწყალებისა და მიიღოს საფარველსა შინა თვისსა დიდმან როსიის იმპერატორმან და დაიფაროს მტერთაგან. შეიწყნარა თავადმან ციციანოვმან ელჩნიცა და თხოვაცა გრიგორი დადიანისა, და მიიღო ხელმწიფე იმპერატორმან საფარველსა შინა თვისსა, და წარმოუგზავნა კავალერი წმინდისა ალექსანდრე ნევსკისა, ხელითა პოლკოვნიკის მაინოვისათა ახალ-ციხით, ვინათგან იმერეთით მეფე არა მისცემდა გზასა.

მოვიდა პოლკოვნიკი მაინოვი ჭალადიდს ფოთით და მოუტანა კავალერი, და ამისთვის დიდათ მხიარულ ქმნილმან დადიანმან დიდის საჩუქრით კვალად განუტევა, პოლკოვნიკი მაინოვი. ამით განძლიერებულმან დადიანმან იწყო საქმედ ლეჩხუმის მოურავს ბერი გელოანთან, რათა ქმნას ერთგულება მისი და დაუტევოს ერთგულება მეფისა. მიიღო ბრძანება დადიანისა გრიგორისა ბერმანი გელოანმან, დაუტევა ერთგულება მეფისა და იქმნა ერთგულ დადიანისა გრიგორისა, ვინათგან მემკვიდრეობით იყო ყმა დადიანისა გრიგოლისა და სახლი გელოანთა ამაღლებულ-იყო. კაცია დადიანისაგან. ამისთვის მიუწოდა დადიანს ლეჩხუმს, წარვიდა დადიანი ნოღიდამ და მივიდა თამაკონს და მოსცა თამაკონი ჯოღორია დგებუაძემ, წარვიდა მუნით და შევიდა ლეჩხუმს და მოეგება ბერი გელოანი და სრულიად ლეჩხუმი და დაიპყრა გრიგორიმ სრულიად ლეჩხუმი, გარდა ჭყვიშისა, და ჭყვიში დაშთა ხელთა შინა მეფისათა. ლეჩხუმით წარმოვიდა და შემოიმტკიცა სრულიად ოდიში და დაიხურა ყოველი სამთავრო მენგრელის მშვიდობით. ჟამსა ამას წარმოავლინა თავადმა ციციანოვმა უფალი სტაცკი სოვეტნიკი პეტრე მაქსიმოვიჩი ლითვინოვი, და მათთანა მაიორი იზოთ და როტა ერთი მხედრობა, და აუწყა გრიგორი დადიანსა რომელი მოვალს ყირიმით მხედრობა დამცველი შენი და უჩვენეთ ამათ ლიმენა გამოსასლველი მათ მხედრობათა შავის ზღვის პირსა. და მოვიდენ რა დადიანის თანა, თვით წარუძღვა დადიანი და შთაიყვანა მხედრობა ყულევს, და უჩვენა ლიმენა ხობის-წყლისა პირსა და მუნ დააბანაკა რუსნი, და ვინათგან ჯერეთ ხელ-შეუწევნელნი იყვნენ რუსნი, ამისთვის მისცა ზარბაზანნი და სხვა და სხვა საჭირონი სახმარნი, სასმელ საჭმელნი, შამოავლო ირგვლივ სიმაგრე და ესრეთ დაუტევა მუნ და თვით წარმოვიდა, გამოვლო ოდიში და შევიდა ლეჩხუმს სასახლესა შინა თვისსა მურს. გარნა აღმოყვა ზღვის პირიდამ ცივებ-ცხელება და შეიქმნა ავათ და შემდგომად მოჯობინებისა და უკეთ-ყოფნისა, კვალად შეიქმნა უძლურათ და გარდაიცვალა წელს ქრისტესით, 1804 ოკდომბრის 23 და დაფლეს. ცაგერს (იტყვიან გრიგოლისათვის სამსალითა სიკვდილსა). მაშინ დაშთა სამთავრო სამენგრელო უმემკვიდროდ, ვინათგან ძე გრიგოლისა პირმშო ლეონ ჰყვანდა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა, და ამისთვის იწყეს. ძმათა დადიანისათა განზრახვად და დაპყრობად მთავრობისა, გარნა ერთგულთა გრიგოლისთა არა ინებესთ და უჩვენეს ერთგულება მეუღლესსა მისსა საქართველოს მეფის ასულს დედოფალს ნინას, და ამით ვერღა ეუფლნენ ნებასა მათსა ძმანი დადიანისანი. მაშინ მოვიდნენ ზღვით მხედრობა რუსთა ყულევს, რომლისა მხედართ მძღვანათ იყო ღენერალ მაიორი და კავალერი იონ იონვიჩი რიკხოფი. და რა ესმათ ერთგულთა გრიგოლისთა ძმასა გრიგოლისასა ჭყონდიდელ მიტროპოლლიტს ბესარიონს, თავადს მხეიძეს პეტრეს და თავადს ჯაიანს ქაიხოსროს, თავადს სახლთ-უხუცეს ჩიქოანს გიორგის, და მეცა მათთანა ვიყავ. მივეგებენით სიხრულით და აღმოუტანეთ ყოველნი ტვირთნი მათნი და წარმოუძეხვით მხედრობასა და პოლკოვნიკი ტარასოვი და რამოდენიმე მხედრობა დავაბანაკეთ ხუნწს, ხოლო იანარალი და სრული მხედრობა დასდგენ ხონს. მაშინ შეიზრახნენ დედოფლი ნინა და ერთგულნი მისნი და მათთანა ღენერალ მაიორი რიკხოფ, დეისტვიტულნი სტაცკი სოვეტნიკი ლიტვინოვი, რათა წარგზავნონ დეპუტატნი მისის იმპერატორების დიდებულების როსიის ხელმწიფის წინაშე და ვინათგან არ დასცალდა გრიგოლ დადიანსა, ნაცვლად მისა მოახსენოს მეუღლემან და ქვეყანამანცა მადლობა საფარველის დადებისათვის, და აწცა ითხოვონ რაიცა საჭირო არს მათთვის. მაშინ ღენერალისა და დესტვიტელნის სტაცკის სოვეტნიკის ლიტვინოვისა თან-ხმობითა, აღმოარჩიეს დეპუტატათ, პირველად თვით მე, შემდგომ ჩემს ბეჟან მანუჩარის ძე დადიანოვი, და კარის დეკანოზი იოანე სიმეონის ძე იოსელიანი. თუმცაღა მაშინ შესაშინებელ-იყო რუსეთათ წასვლა, ვინათგან უწინარეს ჩემსა არავინ ყოფილ-იყო ჩვენისა სამთავროისა კაცი რუსეთად, გარნა უმხურვალესის ერთგულებისა გამო არა ვრიდეთ თავსა ჩვენსა და არცა მივხედეთ ცრემლთა მახლობელისა ჩვენისათა და წარვედით.

ხოლო შემდგომად წარსლვისა ჩვენისა ნინა დედოფალმან და შეკრებულთა ერთგულთა, წარგზავნეს კაცი ქელაიშ-აჰმედ-ბეგთა-თანა და სთხოვეს ლეონ ძე გრიგოლისა, გარნა მან თეთრის ანგარების-მოყვარემან ითხოვა მრავალი თეთრი და არა წარმოგზავნა ლეონ. მცნობელმან ამისმან თავადმან კნიაზ ციციანოვმან განრისხებულმან, უბრძანა ღენერალს რიკხობს რათა წარვიდეს თვისითა რწმუნებულითა მხედრობითა აყუს და შემუსროს, რათა არა დაშთეს ქვა ქვასა ზედა რომელ არა დაირღვეს, და გამოიყვანოს ლეონ და ქმნას თვისსა სამკვიდროსა ზედა მთავრად. წარვიდა რიკხოფ თვისითა მხედრებითა და მისთანა სპანი ოდიშ ლეჩხუმისანი და მივიდა ანაკლიას ციხესა ზედა, რომელი მას ჟამსა მძლავრებით ეპყრა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა და იყო გამაგრებულ დიდითა მომზადებულებითა. და რა მივიდენ მეორეს დღეს შეუტიეს მხედრობათა და ეგრეთვე ჩვენთცა და სამსა საათსა ზედა აღიღეს იგი. ამის სმენითა შიშით შეპყრობილმან ქულაიშ-აჰმედ-ბეგმან მსწრაფლად წარმოავლინა ლეონ გრიგოლის ძე, და მოიყვანეს ანაკლიას, და მუნით წარმოიყვანეს და მოვიდენ მხედრობაცა და სხვანიცა ზუგდიდს, მიულოცეს მთავრობა ლეონს და მიათვალეს ყოველი სამთავრო. სამენგრელოისა საზღვრითი საზღვრამდე. და შემდგომად ღენერალი რიკხობი თვისის მხედრებითა კვალად წარვიდა ბანაკსა თვისსა ხონს, და შემდგომად მცირისა ხანისა მივიდა ქუთათის და მუნ დაებანაკა. გარნა მეფე იმერეთისა არა მივიდოდა ქუთათის და არცა ნახევდა მხედრობასა და იმყოფებოდა ზამთარ ვარციხეს, ხოლო ზაფხულ ოკრიბას და გოგს.

__________

1 დასაწყისი №5 შია

(შემდეგი იქნება).

10 გაზეთებიდან ამოკრეფილი ამბები

▲back to top


გაზეთებიდან ამოკრეფილი ამბები

– «Финансовое обозрЋнiе»-ში № 58 ჰსწერია: „ამ დღეებში კავკასიიდამ მოვიდა პეტერბურგს ინგლისის ტეხნოლოღი ჟ. გარტი. ეს ჟ. გარტი წარმოგზავნილ-იყო ინგლისის ფულიან კაცთაგან. დაეთვალიერებინა ნავთის მომცემი ადგილნი, გაეგო მათი ვითარება, და როგორმე იჯარით აეღო კავკასიაში ის ადგილები, საცა ნავთი ამოდის.

– ყველამ კარგად იცის, რომ ომისათვის ორი რამ არის საჭირო ერთი – ხელი და მეორე ფული. ეს მეორე თუ პირველზედ უფრო საჭირო არ არის, არცკი ნაკლებია. ამიტომ მეტი არ იქნება წარმოვუდგინოთ მკითხველს ფულით შეძლება თვითვეულის ევროპიის უპირატესის სახელმწიფოსი:

შემოსავალი, – გასავალი

ინგლისისა – 77,131,698 – 80,871,773-[1]

საფრანგეთისა 103.001.140 – 102.800.016.

ავსტრია– – 37,270,234 – 40.317,054.

ვენგრიისა – 20,700,000 – 22,300,000.

იტალიისა – 53,776,564 – 63,019,484 (1876 წ.)

გერმანიისა – 23,432,699 – 23,722,919.

– პარიჟში 4-ს აპრილს გამოვიდა ერთი უცნაური გაზეთი, რომელმაც აუარებელი მუშტარი მოიპოვა. რაც დაბეჭდილი იყო, ხუთის წუთის განმავლობაში სულ გაიყიდა თურმე იმ გაზეთისათვის სახელად დაურქმევიათ „საიქიო“ და შექნილა „საუკუნოში გარდასრულთა“ ორგანოდ. იგი იყო დაბეჭდილი შავს ქაღალდზედ თეთრის ასოებითა. რედაქცია იმყოფებაო, ჰსწერია იმ გაზეთის სათაურში, სტიქსის პირზედ № 13, ხელის-მოწერა მიიღებაო. პარიჟის აკლდამებში. სათაურში გამოხატულია კაცის ქალა და ძვლები. წელიწადი ნაჩვენებია 3753. რედაქცია ერთს წერილში ეუბნება საზოგადოებას: ნურავინ ნუ იტყვით, რომ ჩვენი გაზეთი ვითომ საჭირო არ იყოს. ჩვენ ამის თქმის ნებას არავის არ მივსცემთ. ადამიანები ყოველ დღე იხოცებიან, ჰსტოვებენ ქონებასა, შეძლებასა, რომელთაცა ხარბი მემკვიდრე-ნათესავნი კლანჭს ჩაავლებენ ხოლმე მარტო იმისთვის, რომ მეორე დღესვე დაივიწყონ გარდაცვალებულნი. ადამიანები იმოდენად ფიქრობენ თავიანთ განსვენებულს ნათესავებზედ, რამოდენადაც შარშანდელს თოვლზედ და ამის შემდეგ ჰბედავენ კიდევ თქმას, რომ „საიქიო“ ჩვენთვის საჭირო არ არისო! არა, ბატონებო, საჭიროა და ძალიანაც საჭიროა იმისათვის, რომ ზოგიერთს ქმარს ზოგიერთი რამ წააყვედროს, ლამაზი ცოლები ცოტა ოდნად შააფუცხუნოს და ზოგიერთს სიდედრს მოაგონოს სიძეები“. ყოველი გვარი წერილი ხუმრობით არის სავსე თურმე ამ უცნაურს გაზეთში და ზოგან ბევრი რამ სასაცილოა და საოხუჯო.

– იტალიის გაზეთებში აწერილია ერთი დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც შეაძრწუნა თურმე და თავზარი დასცა მთელის კაპუის მცხოვრებთა. ერთს იქაურს სასწავლებელში მოთავეთა შორის ყოფილა ერთი მღვდელიცა, რომელსაც მართებული და რიგიან კაცად იცნობდნენ ყველანი. იმ ოთახში, საცა ყმაწვილები მოგროვდებოდნენ ხოლმე, ჰკიდებია გალია, რომელშიაც მჯდარა ჩიტი, მეტად საყვარელი მღვდლისა. ერთხელ მღვდელი სადღაც წასულიყო რამდენიმე დღით და ყმაწვილებს ეთამაშნათ იმ გალიის ახლო-მახლო. გალიის კარი უეცრად გაიღო თურმე, ჩიტი გამოფრინდა და წავიდა. როცა მღვდელი დაბრუნებულიყო, მოეთხოვნა ყმაწვილებისათვის რომ დამნაშავე დაესახელებინათ. ყმაწვილებს ეჩვენებინათ ერთის ყასბის თორმეტის წლის ბავშვზედ. მღვდელი მიჰბრუნებოდა ბავშვს და მშვიდობიანად ეთქვა: „დაიჩოქე. შენ დღეს შინ სადილად არ წახვალ“. სადილობის დროს ყმაწვილები დაიშალნენ და თავ-თავისად, ჩვეულებისამებრ, წავიდნენ. გზაზედ შეევლოთ და ყასბისათვის და მის ცოლისათვის ეთქვათ, რომ შვილს ნუ მოუცდიან სადილად, რადგანაც მღვდელმა უსადილოდ დააგდო და არ გამოუშვაო. მღვდელი და დასჯილი ბავშვი ორნი დარჩნენ თურმე სასწავლებელში. ერთს საათს შემდეგ დასჯილის ბავშვის მშობელნი წასულიყვნენ სასწავლებელში, რომ შვილი ეპატივებინათ. დაარაკუნეს ერთხელ, კარი არავინ გაუღო, მეორედაც – ხმა არავინ გასცა. მესამედაც – მაინც კართან არავინ მოდგა. ბოლოს ყასაბმა რომ ვერა ქნარა, მიაწვა კარს, გააღო და ისე შევიდა თავის ცოლით ოთახში. თვალთ წარმოუდგათ საშინელი, შემზარავი სანასობა მათი შვილი განცმული იყო. სტოლზედ, ხელები ლურსმით ჰქონდა დაკრული და ფეხები მოჭრილი, რადგანაც სტოლს გრძლად მოსვლოდნენ ერთი საზაროდ შეჰკივლეს თურმე საწყლებმა. მაგრამ მწუხარებას, ყასბისას მალე დაეთმო ადგილი გააფთრებისათვის. იხმო შვილის მკვლელი, მაგრამ ვინ გამოუჩნდებოდა. მაშინ გაფეთებით დაიწყო ძებნა მკვლელისა და ბოლოს ნახა, რომ ერთს ოთახის კუთხეში მიმალულიყო. მღვდელი. დაინახა ყასაბმა იგი თუ არა, მყის ამოიძრო სარტყლიდამ საყასბო დანა და ჩასცა გულში იმ ბოროტს-მომქმედსა და ავაზაკსა.

– ერთს რუსის გაზეთში „Новость“ ჰსწერია, რომ ვითომც რუსის ვაჭრებსა აუღიათ ნარდი იარაღის და ტანსაცმელის მისაზიდად სპარსეთის მხედრობისათვის და ამისგამო ცეცხლის გემები ბაქოდამ სპარსეთში წასასვლელად აჩქარებით იტვირთებიანო.

________

1 ნაანგარიშნია ინგლისის ფულზედ, რომელსაც ჰქვიან. გირვანქა სტერლინგი და რომელიც რუსის შვიდს მანეთს უდრის. «Биржевые ВЋдомости» №88.

11 ისყიდება

▲back to top


ისყიდება

ქალაქს, ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

გორს, ფარნაოზ ნათიევისას.

ახალციხეს, ალექსეევ-მესხიევისას (მიროვო-პოსრედნიკი)

ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათაშვილისაგან ფასი ..................................... 20 კ.

ზ. ნ. ანტონოვის თხუზულებან, ფასი 1 მ.

ქართული ანდაზები, ფასი ..................................................10 კ.

მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა ფასი ................... 60 კ.