ივერია (8)1877.04.21



1877.04.21

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებნო!

▲back to top


აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებნო!

მისმა იმპერატორებითმა უმაღლესობამ კავკასიის მხედრობის მთავარ-სარდალმა ინება და შეუთვალა აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებთა შემდეგი:

„სრულიად რუსეთის ხელმწიფე იმპერატორმა ინება და ჯარი ჩემდამი მონდობილის კავკასიის მხედრობისა მოდის თქვენს ქვეყანაში.

ჩვენმა კეთილის-მყოფელმა და კაცთ მოყვარემ ხელმწიფემ ამოიღო. ხმალი არა იმისთვის, რომ დაჰსჩაგროს მშვიდობის-მოყვარე მცხოვრებნი. ხელმწიფე ჩვენი არ ერჩის უიარაღოსა და არც უიარაღო კაცის წახდენაში ეძიებს თვისის მხედრობის სახელსა და დიდებასა: იგი გზავნის ჯარს ჩაგრულთა დასაფარველად და მჩაგვრელთა შესაკავებლად. ხელმწიფესა სურს დაიცვას სიმართლე და კაცობრივი პატივი.

მაშასადამე არც მუქარით მოდის თქვენს ქვეყანაში მხედრობა რუსთა ხელმწიფისა და არც რაიმე შიში მოსდევს მას მშვიდობის-მყოფელ მცხოვრებთათვის. ნუ გეშინისთ! ყოველს თქვენგანს, რომელიც მტრად არ მოგვექცევა, ჩვენ მივიღებთ მეგობრად, – და მის ცოლშვილსა, ოჯახსა და ქონებასა ჩვენ თვითონ მფარველად ვეყოლებით. რუსის ჯარის ყოფნამ თქვენს ქვეყანაში უნდა გვაშოროს ერთმანეთის მტრობა-სიძულვილი და გულით შეგვათვისოს და დაგვაახლოვოს ჩვენ თქვენთან, ჰოი, ძენო კეთილ-შობილის ქართველის ტომისანო, ძმანო ყოველთვის ერთგულთა და საყვარელთა ქვეშევრდომთა რუსის იმპერატორისათა.

მთავარ სარდალი კავკასიის მხედრობისა და დიდის იმპერატორის მოადგილე კავკასიაში მიხეილ.

ტფილისი, 21 აპრილს.

ასტყდა ომი!...ამის მსმენელს გული თავის ადგილს აღარ აქვს. ომი სისხლის ღვრა, ომი უბედურებაა, ომი დამთქმელია ადამიანის სიცოცხლისა, ადამიანის ღვაწლისა, მონაგარისა. გული სწუხს და იტანჯება, როცა ეს აგონდება. თუმცა ეს ასეა, მაგრამ რა რიგს მედიდურს, დიდებულს სანახაობას წარმოგვიდგენს ხოლმე ის სურათი, როცა თავ-გაწირული ერი აზღვავებულია, ამხედრებულია, თავისის პატივის, თავისის ღირსების, თავისის ვინაობის და თვითების დაცვისათვის. მაშინ გულს ავიწყდება სიკვდილის მეხიც და სიცოცხლის სიტკბოებაც, მაშინ კაცი გმირია; მაშინ გული ძგერს სულგრძელებისათვის, ვაჟკაცობისათვის, პატიოსნებისთვის. საყოველდღეო ჭუჭყი საყოველდღეო ცხოვრებისა შორდება კაცსა და კაცი კაცად გამოდის მოედანზედ ან სახელოვანის სიკვდილისათვის, ან პატიოსანის სიცოცხლისათვის. რამოდენად უფრო მედიდურია, უფრო დიდებულია, როცა ერი ამხედრდება და თავსა სდებს სხვა ერის დასახსნელად, სხვა ერის საფარველად!.. აქ მარტო კერძოობითი გრძნობა კი არ იტაცებს ადამიანის გულს, არამედ გრძნობა საერთო კაცობრიობისა, რომელსაც, როგორც ზღვას მდინარენი, ესე მიერთმევიან ხოლმე კერძოობითი გრძნობანი ადამიანისა.

დღევანდელს ომს ეს გულის აღმტაცი, ეს ზოგადი ღვთაებრივი კაცობრიობის გრძნობა მიუძღვის წინ.

დღეს საომრად გამოსულს მხედრობას ეს უწერია დროშაზედ: „ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა შესაკავებლად ამოიღო ხმალიო ხელწიფე იმპერატორმა“. ამაზედ უმშვენიერესი, ამაზედ უპატიოსნესი, ამაზედ უწმინდესი საგანი ბევრჯელ არა ჰქონია ომსა. ადამიანის სულგრძელებას უკეთესი საზრდო აღარ უნდა, ადამიანის თავ-გამომეტებულს მხნეობას უკეთესი ჯილდო.

სიცოცხლე შეწირული დევნულთათვის სახელოვანია, სისხლი დაღვრილი ჩაგრულთათვის წმინდაა!....

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

– ყოვლის მხრიდამ კაი ამბავი გვესმის წლევანდელ მოსავალზედ. ყანები თურმე ჩინებულია, ვენახებსაც ძალიან კარგი პირი აქვთ. ღმერთმა ქნას და შერჩეს ბოლომდინ ჩვენს ქვეყანასა ეს პირიანი მოსავალი. მაგრამ ვინ იცის? საშინელი კალიაა თურმე ატეხილი ტფილისის მაზრაში. ჯერ კუტია და ამიტომაც მისი გაჟლეტა ადვილია. თუ ეხლავ არ უშველა მას, მერე გვიანღა იქმნება. რაკი კალია ფრთას გაიკეთებს, წინ რაღა დაუდგება, მოედება მთელს ჩვენს ქვეენასა და საიმედო მოსავალს ბოლოს მოუღებს კიდეც. ფრიად საშიშია ეს გარემოება და ყველასათვის ერთნაირად საფიქრებელი და მავნებელი. ვიდრე დროა უნდა უშველოს რამე. ტფილისის მაზრის უფროსის თანაშემწე თ. ალ. აბხაზი დიდს ცდაშია თურმე, რომ, ვიდრე კალია კუტად არის, ადგილობრივვე ამოხოცოს. მას გამოუწვევია ხალხი, გაუთხრევინებია არხები, ხალხი თურმე ფიჩხებით აფთხობს კალიას, კალია მიდის და ცვივა გათხრილს არხებში. მერე თურმე ამ რიგად არხში მომწყვდეულს კალიას ხალხი ფეხითა ჰსრესს. ეს ღონე მოუგონიათ, იმიტომ რომ იმ ადგილებში, საცა კალიაა გაჩენილი, არც წყალია, არც ტყე, რომ ან წყალით ამოხოცონ კალია ან ცეცხლითა. თუმცა გლეხობა გამოსულა კალიის სახოცველად, მაგრამ დიდს გაჭირვებაში თურმეა უპურობისაგამო. საწყლებს თურმე პური არც შინა აქვთ და არც გარედ. ზოგი შიმშილით წაქცეულა კიდეც მუშაობის დროს. არსაიდამ არავინ ამ მხრით არა შველის თურმე ხალხსა, თუმცა იგი ამ შემთხვევაში საყოველთავო ჭირს ებრძვის. მაგრამ, ჩვენდა სანუგეშოდ, ზოგიერთს წევრს ჩვენის ბანკის ზედამხედველის კამიტეტისას ფიქრად მოსვლით კეთილი აზრი, რომ ბანკის მოგებიდამ იმ გაჭირებულს ხალხს ფული მიაშველონ და მით მოუმართონ ხელი ამ საყოველთაო საქმეში.

– ჩვენა გვწერენ რომ ახალციხეში გროვდება მილიცია და მის მოთავედ თურმე ნიკოლოოზ იაკინთეს ძე მესხიევი უნდა ამოერჩიათო. მაგრამ უფ. მესხიევი სხვა თანამდებობისათვის უფრო საჭიროდ დაუნახავთ და იმის გამო იქნება მილიციის მოთავედ სხვა დაინიშნოსო.

– ჩვენ დავესწარით „ხათაბალის“ მეორე წარმოდგენას. უფ. სუნდუკიანცი, რომელსაც ხათაბალა დაუწერია, უეჭველი ნიჭია და ამასთან სცენის კარგი მცოდნე ყოფილა. ამ „ხთაბალაში“ ბევრი იმისთანა ადგილებია, რომ კაცს მართლა ჩააფიქრებს და ამასთანავე გააფხიზლებს. ამ კომედიის სიკეთეს ბევრად უშლის ერთისა და იგივეს შიგა და შიგ განმეორება და მეტად გძელი საუბარი მომქმედ პირთა შორის. ჩვენ გაზეთში უწინაც იყო შენიშნული. წარმოადგინეს ჩინებულად. ძალიან კარგად წარმოადგინა უფ. ვასილ აბაშიძემ, რომელმაც პირველ გამოსვლაშივე მიიზიდა ჩვენი ყურადღება. მის თამაშობას ძალიან დავაკვირვეთ თვალი და სწორედ გითხრათ, ვერსად ვერ შევამცნიეთ ან ისე გადაემატნოს რამე, ან ისე დაეკლოს, რომ მით წაეხდინოს როლი. ჩვენის ფიქრით, მაგის ნიჭს დიდი მანძილი აქვს. ერთი იმისი ძახილი: „გარასიმ იაკულიჩ“ რათაც უნდა ღირდა. ცოტად როლი არ იცოდა და მაგისთანა ნიჭიანი და ოსტატ მოთამაშესთვის ეგ შეუნდობელი ცოდვაა. ძალიან კარგად ითამაშა დედის როლი მარ. ყიფიანისამ. და ძმანი ყიფიანნი ჩვეულებისამები კარგად იყვნენ. უფ. კონ. ყიფიანი ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, რომ როლს იზეპირებდეს და სიტყვებს ბოლოს არ აკვნეტდეს ხოლმე. მის მშვენიერს თამაშობს ეს ორი ნაკლულევანება ბევრად აზიანებს. იმედია რომ ამ ნაკლულოვანებას უფ. კონ. ყიფიანი ადვილად აიცილებს, თუ მოინდომა.

– «Тифлисский вЋстник»-ში ჰსწერია, რომ 16 აპრილს უფროსს პოლიცმეისტერის სამმართვულოს წინ მოუგროვებიათ ასსასები და გამოუცხადებიათ ქალაქის მმართველობის გარდაწყვეტილობა, რომ ღამით ბეჯითი გუშაგობა გასწიონ და თავ-თავის ადგილას ქუჩები წმინდად შეინახონ.

– „სასოფლო გაზეთში“ ჰსწერია, რომ ქ. თელავში შვიდი ათასამდე სული მცხოვრები ითვლებაო და ორს თვეში იანვარში, და თებერვალში, სამასს ორმოცამდე სული გადაცვლილაო. ამასთანავე გვაუწყებს, რომ იქ არცა ჭირი და არც სხვა რაიმე გადასადები ავათმყოფობა არ ყოფილაო. ნუ თუ ადგილობრივს მმართველობას არა რაიმე განკარგულება არ მოუხდენია, რომ ამისთანა უბედურების მიზეზი გამოიკვლივოს და ხალხი ამოდენა ხოცვისგან დაიხსნას!....

– «Кавказъ»-ში მოხსენებულია, რომ რკინის გზა რიონის სადგომიდამ ქუთაისამდე შესრულებულია და წელს 1-ს მაისს სვლაც დაიწყობაო.

– ამას წინად ტფილისში შესდგა პირუტყვთა მფარველობის საზოგადოება. ეხლა გაზეთი Кавказъ-ი გვაცნობებს, რომ მისი წესდება ამ დღეებში დამტკიცდებაო. ახ, ნეტავი ერთი საზოგადოება მეტყველთათვისაც შეჰსდგეს.

– საგარეჯოდამ გვწერენ: „წელს გაზაფხული ადრე დაგვიდგა; ხეხილი სრულიად გაიშალა ეხლა ბაღებში შესვლა მაისის დროს წარმოგვიდგენს. მინდორში ყანებმაც შეითამაშეს, ღვთის მადლით ხალხი წელს უხვს მოსავალს მოელის, თუ ბოლოს არ უმტყუნა ამინდმა.

მეტად სასიამოვნო დღეებია, დილით გრილა, შუადღისას ცხელი საღამოთი ცა იღრუბლება და ხანდის ხან კიდეც გვნამავს. მაგრამ ამ ჰაერის ცვლილებას მოჰყვა საშინელი ავათმყოფობა, რომელმაც ხალხი ფრიად შეაშინა და მრავალნი იმსხვერპლა კიდეც. ამ ავათმყოფობას ჭვალს ეძახიან, მაგრამ ეს სრულებით ჭვალი არ არის. ეს ავათმყოფობა უჩნდება ადამიანს თუ არა, მაშინვე ხმას აკმენდინებს ასე, რომ ავათმყობი თავის სტკივარს ვეღარავის ატყობინებს. ეს ავათ-მეფობა არც ხოლერას ჰგავს: ფაღარათობა და პირ-საქმობა ავათმყოფებს სრულიად არა აქვთ. მკვდარს ფერი საღი ადამინისა აქვს. ამ ავათმყოფობას რაც უნდა მაგარი აგებულების ადამიანი იყოს, ორ დღეს ვერ უძლებს ჩვენი მღვდლები დღეში სამ-ოთხს მარხამენ ამ სოფელში, გასაკვირველი უფრო ის არის, რომ ეს ავათ-მყოფობა უფრო მამაკაცთა ერჩის.

რა ქნას. აქ კაცმა? გაჭირვების დროს ვის მიმართოს? ამოდენა მაზრაა და ერთი ექიმი არ მოიპოვება. იხოცება უპატრონო ხალხი და მეშველი არსით არის. ექიმს ვინ ჩივის, მთელი აქაურობა რომ ერთმანეთს აჯახო მუცლის გვრემის წამალს ვერ იშოვით, ხარდალს ვერ იშოვით. ხარდალს რომ წამლად გინდოდეთ. საწყალს გლეხობას რომ ვეღარასფრით უშველია თავის თავისთვის, მოყავთ დალაქი და სნეულებს სისხლიდამ ჰსცლიან. უწყალოდ იხოცება ხალხი და აბა თუ ვინმემ ყური შეიბერტყოს“.

3 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

ჩვენს მკითხველთ მოეხსენებათ, რომ 12-ს აპრილს დუნაის მხედრობა და ოთხივე კავკასიის ლაშქარი დაიძრა ბინიდგან და გადვიდა ოსმალეთში უმაღლესის მანიფესტის ძალითა.

აი მას შემდეგ რა ცნობებია მიღებული ტფილისში ომის წარმოების შესახებ.

– 12-ს აპრილს კავკას-ოსმალეთის მიჯნაზე დაბანაკებული მხედრობა გადვიდა ოსმლეთის სამზღვარს. რაც საზღვარზედ ოსმალეთის საყარაულონი ყოფილნ დაუჭერიათ და თვით იქ მყოფნი ჯარის კაცნიც ტყვეთ მოჰსცემიან. ხოლო ერთგან ოსმალონი გამაჰგრებიან, სროლა აუტეხნიათ, იმათ მოჰკდომიათ ოთხი კაცი და ჩვენ ერთი ყაზახი. მერე ნიჟნეგოროდის დრაგუნებს და ყაზახებს ჰქონიათ მცირედი სროლა კურტის ცხენოსან ჯართან, რომელიც ლტოლვილა. ყოველს ამ საქმეებში ჩვენებს ტყვეთ დარჩენიათ შვიდი ოსმალის აფიცერი და ოთხმოცდა ცამეტი დაბალი ჯარის კაცი.

– იმავე 12-ს აპრილს გუმბრის ლაშქრის სარდალს მორთმევია ორასი კაცი ყარაფაფახნი თავისის უფროსებითა და ალმებითა და უთხოვნიათ რუსის სამსახურში მიღება.

– რიონის ლაშქრის ერთს ნაწილს, რომელიც ღენერალ დენიბეკოვს აბარია, ფიცხელი ომი გადუხდია. 13-ს აპრილს საღამოს 6 საათზედ ამ ომის შემდეგ ოსმალთა თავი დაუნებებიათ თავისის ბანაკისათვის და ის ბანაკი ჩვენებს დაუპყრიათ. ამ საქმეში განსაკუთრებით თავი უსახელებიათ გურიის მილიციას. ამ საქმეში დაჭრილა პოდპოლკოვნიკი მუსხელოვი.

– 14 აპრილს ოსმალოს სამხედრო ხომალდნი მოსდგომიან წმ. ნიკოლაის სიმაგრესა და ყუმბარის სროლა დაუწყვიათ. რამდენსამე საათის შემდეგ ხომალდნი ისევ უკან გაბრუნებულან. ჩვენგანი ერთი მოუკლამთ და ერთი დაუჭრიათ.

– 14 აპრილს გუმბრიდამ ამბავი მოვიდა, რომ ექვსი ოსმალოს ბატალიონი და მასთან ერთი ბატარეია, რომელნიც ხოჯი-ვანქსა და სუბოტანას მდგარა, აყრილა და ყარსისკენ წასულა 12-ს აპრილს, რაკი ჩვენის ჯარის მიახლოვება შეუტყვია.

– 15 აპრილს ოზურგეთიდამ ამბავი მოვიდა. რომ გენერალს ოკლობჟიოს სრულად დაუპყრია ოსმალოთ ადგილი მუხა-ესტატე. თუმცა ოსმალონი თოფის სროლას არა ჰსწყვტენ, მაგრამ ჩვენებს მათ ვნება არა ეძლევათ რა. სულ რაც ჩვენი ჯარი თავის ბინიდამ დაძრულა ერთი მკვდარიც არ არის. მხოლოღ ოცდა ჩვიდმეტი კაცია დაჭრილი.

– 16 აპრილს ახალციხის ლაშქრის ერთს ნაწილს პოლკოვნიკის კამაროვის წინამძღოლობით დაუჭერია დღვინი. იქაური ხალხი შვიდობიანად ექცევა ჩვენს ჯარს, ჩვენს მომხრეობას აცხადებს და თოფ-იარაღსაც თავისის ნებით იძლევა.

– 18 აპრილს ფოთიდამ ამბავი მოვიდა, რომ სამი სამხედრო ხომალდი ოსმალეთისა გამოჩენილა ფოთის სიახლოეს და სოხუმისაკენ წასულა.

– 18 აპრილს დილის შვიდს საათზედ მოწინავე ჯარი ერივანის ლაშქრის გენერალ ტერგუქასოვის წინამძღოლობით ბაიაზეთთან მისულა. რაკი ოსმალოს მეციხოვნეთ, რომელნიც ათას შვიდასი კაცი ყოფილან, ეს უცვნიათ, მსწრაფლად გამოსულან, ქალაქისათვის და ციხისათვის თავი დაუნებებიათ და ალადაღის მთებისაკენ გაუწევნით, ქალაქი და ციხე ჩვენებს დაუპყრიათ. სურსათი და სამხედრო ნივთი კარგა ბლომად დარჩენიათ ჩვენებსა.

– დუნაისს მხედრობა თუმცა წინ მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ არვითარი შესანიშნავი საქმე არ ჰქონია ოსმალოს მხედრობასთან. კიშინევიდამ 16 აპრილს იწერებიან: „მეთერთმეტე კორპუსის წინამძღომელმა თ. შახავსკოიმ გუშინ დაიპყრო გალაცი, ბრაილოვი; 36 დივიზიამ დაიბყრო იზმაილი, კილია. ჩვენი ჯარი ყველგან ხალხის მხრით აღტაცებით მიღებულია“.

4 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ამ ჟამად, როგორც მოგეხსენებათ, კაცს თუ ომიანობისა სხვისა არაფრის თავი არა აქვს; ომის გარდა სხვა არა ვითარი საგანი არ იპყრობს მის ყურადღებას და სხვა არავითარს ლაპარაკს არ უგდებს იგი ყურს. გაზეთებში კაცი მხოლოდ იმ ცნობებს დაეძებს, რომელნიც ცოტად თუ ბევრად ომს შეეხებიან და ომის გარემოებას აუწყებენ. ამ ძებნას იგივე ჩქარი და მოუსვენარი ხასიათი სჭირს როგორიც თვითონ ამ დროის ცხოვრებას შეეფერება. კაცს გრძელი და დამჯდარი ლაპარაკის გული აღარა აქვს. მას უნდა ახალი და ცხელ-ცხელი ამბები, რომელთა შემუშავება და განვითარებითი გამოკვლევა მომავალს უნდა ეკუთვნოდეს და არა ამ აღელვებულს წუთს, როდესაც კაცმა ისიც კი კარგად არ იცის თუ რას უქადის მას ხვალინდელი დღე. მის გამოისობით ჩვენი საპოლიტიკო მიმოხილვაც ნაწყვეტ-ნაწყვეტი იქმნება.

ოსმალეთი. – ამბობენ რომ ოსმალეთს დუნაის დაცვისათვის მომზადებული ყავს 199,815 მარტო რეგულიარის ჯარის კაციო. ეს ლაშქარი, რომლის სარდლათ აბდულ-ქერიმ-ფაშა არის დანიშნული, განიყოფება სამ კორპუსათ ანუ თორმეტ დივიზიათ, რომელთაც ცალ-ცალკე მოქმედება შეუძლიანთ.

– ერთს ნემენცურ გაზეთში იწერებიან, რომ დერვიშ-ფაშა თავის ხელქვეით ჯარს აგროვებს აგები როგორმე სურსათი მივაწვდინო. პოდგორიცასაო[1]. ამ სიმაგრეში არიან მეციხოვნეთ 3,000 კაცი. რადგანაც ჩერნოგორიელებმა ამ ქალაქს ალყა შემოარტყეს და მჭიდროდაც, ამის გამოისობით აქ დღე-დღეზე ცხარს შეტაკებას მოელიან.

– აი რას იწერება ბოსნიიდგან ერთის რუსულის გაზეთის კორრესპონდენტი: „ბოსნიის მდგომარეობაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა აღები და ბეგები რას დასდევენ კონსტიტუციას და ისევ ისე თავის ნებით იქცევიან, როგორც ადრევ. ოსმალების მეცადინეობა მხოლოდ ომზედ არის მიქცეული, ამათ ბრაზი მოსდით, რომ აჯანყებული ქრისტიანები ისე მტკიცედ და მედგრად უპირდაპირებიან ხონთქრის ჯარს.

აჯანებულთა სარდლათ ბოსნიაში დანიშნულია დესპოტოვიჩი, რომელიც უწინ სერბიაში ემსახურებოდა. მის ხელქვეით სამი ათასი კაცია, რომელთა შორის მხოლოდ ნახევარია ხეირიანად აღჭურვილი. ინსურგენტები რომ კარგად იყვნენ დაიარღებულნი, აჯანყებას დიდი მნიშვნელობა ექმნებოდა მომავალ ომში, მით უფრო რომ იგინი ჯარში გამოცდილნი არიან, ადვილად იტანენ ჯარის კაცის ყოფა-ცხოვრებას და თავ-გამოდებულნი არიან. ინსურგენტები მოუთმენელობით ელოდნენ თუ ან რუსეთი როდის გამოუცხადებს, ან ჩერნოგორია როდის აუტეხს ომს ოსმალეთსა და მით როდის მოგვეცემა შემთხვევა საქმით დავამტკიცოთო, რომ ჩვენს გულში არ ჩამქრალა ის გულადობის და ვაჟ-კაცობის ცეცხლი, რომელიც ჩვენთა მამაპაპებს უღვიოდათო.

– მაგრამ სლავიანების მდგომარეობა უფრო უარესს დღეს უნდა მოელოდეს, რადგანაც ომი გამოცხადებულია და ოსმალების რისხვას რასაკვირველია საზღვარი არ ექმნება. რას იწერება გაზეთი „France“ ომის გამოცხადების წინ: „მაჰმადიანები ისეთ ნაირად გაბრაზებულნი არიან, რომ იმ დღეისთვის, როდესაც ომი გამოცხადებული იქმნება და რუსის ჯარი პრუტს გადავა, ქრისტიანების ამოწყვეტას აპირობენ. ამის გამოისობით თვით სტამბოლში მცხოვრებნი ევროპიელები ისეთ ნაირად არიან დაშინებულნი, რომ დას-დასად იპარებიან ქალაქიდგან. რაღა თქმა უნდა, რომ სხვა და სხვა სახელმწიფოებმა გამოსცეს ბრძანება, რომ დარდანელში სამხედრო ხომალდები უნდა იყვნენ მათთა ქვეშევრდომთა სიცოცხლისა და ქონების დასაცველად.

„ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ხალილ-შერიფ-ფაშამ[2] უთხრა ჰერცოგ დეკაზს, (საფრანგეთის გარეშე საქმეთა მინისტრს) რომ ოსმალეთის ქრისტიანებს დიდი უბედურება მოელითო. მეტადრე ბოლგარიაში, თუ რუსეთმა ომზე ხელი არ აიღო. რუსის მთავრობა თავის მხრით დარწმუნებულია, რომ ოსმალეთს მხოლოდ ერთი ღონისძიებაღა აქვს აიცილოს ომი თავიდგან, სახელდობრ: ეხლანდელი მთავრობა უნდა გამოსცვალოს და მის მაგიერად იმისთანა კაცები დააყენოს, რომელნიც მოურიგდებიან რუსეთს და დაიცვენ ოსმალეთს ევროპის მზრუნველობისაგან. თუ ეს ცვლილება მოხდა, მაშინ მშვიდობიანობა უეჭველია. მაგრამ ინგლისის მთავრობა ამისთანა პირობის წინააღმდეგია“.

– ამ ბოლოს დროს, ოსმალეთს ძალიან აწუხებდნენ მირიდიტები. მგონია, რამდენიმე ცნობა ამ ხალხის შესახებ მეტი არ იქმნება. თუმცა მირიდიტები ალანიელებათ ირიცხებიან, მაგრამ როგორც ენით, აგრეთვე გვარტომობით ძალიან განირჩევიან ერთმანეთისაგან. მირიდიტების ენა არც ერთს ევროპიელს ენას არ ემგზავსება. სარწმუნოებით კათოლიკები არიან და მათთა სამღვდელოს ყოველ წლივ დიდი შემწეობა (субсидiя) ეძლევა თურმე ავსტრიისაგან. აი რას ამბობენ მასზედ თუ საიდგან წარმოსდგა სიტყვა „მირიდიტი“: როდესაც ხონთქრის მურადის III დროს სერბია წინაღუდგა ოსმალეთს, სოფრის მეომარმა ხალხმა თავისი კაცები გაუგზავნა ხონთქარს და მით შემწეობა მისცა აჯანყებული სერბია დაემორჩილებინა. ხონთქარმაც თურმე მადლობა გადუხადა და ეს ხალხი სამუდამოდ გაანთავისუფლა ყოველის გარდასახადისაგან. ამის გარდა ხონთქარმა ნება მისცა თვითონ ამოირჩიონ თავისი უფროსი, რომელსაც მირიდიტები კაპიტანს ანუ პრინცს უწოდებენ.

როდესაც ხალხმა შეიტყო ეს ხონთქრის განკარგულება, სიხარულით თურმე დაიძახა – „მირდიტ“ (ე. ი. მირ – კეთილი და დიტ – დღე). იმ დღეიდგან ამ ხალხის შთამომავლობას დაერქვა თურმე „მირდიტი“. მაგრამ ეს ხონთქრის წყალობა ვერაფრად მოხდენია მირიდიტებს. რადგანაც ეხლა აჯანყდნენ და ჩერნოგორიელებს მიუდგნენ.

ჩერნოგორია. – ერთი ნემენცური გაზეთი იწერება: „ამ ჟამად ჩერნოგორიის ჯარის რიცხვი 23,000-მდე ადის, რომელთა შორის 16,000 საკუთრივ ჩერნოგორიელია; 8,000 ჰერცოგოვინელი, 2000 ალბანიელი. ჩერნოგორიის მთავარს განზრახვა აქვს გამოიწვიოს 8000 კაცი მეორე რეზერვისა; იმედი აქვს, რომ 2000 ჰერცოგოვინელი და 8000 მირიდიტი მოემხრობიან. ლაშქარი ძალიან კარგად არის შეჭურვილი ასე, რომ უკეთესი აღარ უნდა. ტყვია, თოფის წამალი და სხვა საომარი ნივთი ბლომად აქვსთ, სურსათი იმდენი აქვსთო, რომ წელიწად ნახევარს გასწვდებაო. ფულიც იმედია არ შემოაკლდებათ. რაღა თქმა უნდა რომ ამჟამად ჩერნოგორიელები დიდს აღტაცებაში იქმნებიან და უფრო გამხნევდებიან. ყველა დარწმუნებულია, რომ ოსმალეთის დარღვევის დრო მოვიდაო.

რუმინია. – გაზეთი „France“ ამბობს, რომ როდესაც ომი ასტყდებაო, რუმინია ჯერ-ჯერობით არავითარ გადაწყვეტილ გზას არ დაადგება და ლოდინში იქმნებაო. „როგორც რომ რუსის ჯარი შემოვა რუმინიაში, მაშინვე მთავარი კარლო მოიწვევს ორთა პალატის წევრს და შეჰყრის პარლამენტს, რომელსაც წარუდგენს ცირკულიარს, საცა მოხსენებული იქმნება თუ რა პოლიტიკას შეუდგა მთავრობა. შემდეგ ეს ცირკულირი გაგზავნილ იქმნება უცხო სახელმწიფოთა წინაშე“. „თუ ოსმალები გადავიდნენ მდ. დუნაის, რუმინიის ჯარი არა დაბრკოლებას არ მისცემს, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ ოსმალეთის ჯარმა არავითარი ვნება არ მოუტანოს რუმინიელების სიცოცხლეს და ქონებას“. ამას წინედ რუმინიის სამხედრო მინისტრმა განკარგულება გამოსცა, რომლის ძალითაც ფიცხლავ რეზერვები უნდა მოგროვდნენ. რუმინიის ჯარი დაიჭერს იმ ადგილებს, სადაც ომი არ იქმნება ატეხილი და მხოლოდ მაშინ გაერევა ბრძოლაში, როდესაც ერთი რომელიმე მებრძოლთაგანი რუმინელებისაკენ ხელს გაიწვდის. „თქმა აღარ უნდაო, ამბობს იგივე გაზეთი, რომ რუმინიის მთავრობის გული რუსეთისკენ არის მიზიდული“.

რუმინიას შეუძლიან გამოიყვანოს საომრად 100,000-ზე მეტი კაცი, ყველა ლაშქრის განყოფილება რომ ვიანგარიშოთ.

ავსტრი-ვენგრია. ამას წინედ ხმა დავარდა, რომ ოსმალეთი ცდილობს აგები როგორმე ავსტრია მოიბიროს და თავისკენ მიიზიდოს. ამისთვის ოსმალეთი ვითომ ჰერცოგოვინის ნაწილს დაჰპირებია ავსტრიას. აი რას იწერება პეშტიდამ[3] ერთის ნემენცურის გაზეთის კორრესპონდენტი: „ოსმალეთის მთავრობამ ღენერალ კლაპკას[4] რაღაც საქმე დააბარა ანდრაშისთან. ამ საქმის აღსრულების შემდეგ კლაპკა ნიცცაში უნდა წასულიყო და მერე ისევ სტამბოლში დაბრუნებულიყო. მე შევიტყე რომ კლაპკას ანდრაში უნდა დაერწმუნებინა, რომ ოსმალეთის მთავრობას ფიქრშიაც არა აქვს ვენგერების ჯარი შეადგინოს, თუმცა იმედი კი აქვს. თუ დასჭირდა, 50,000 ვენგრიელებს მოაგროებს საომრად გასაყვანად.ოსმალოს მარტო. ეს უნდა ავსტრი-ვენგრიისაგან, რომ ავსტრი-ვენგრია გულით და თანაგრძნობით ოსმალეთისაკენ იყოს.

„თუმცა ოსმალეთმა უარ-ჰყო ავსტრიის წინადადება ჩერნოგორიასთან მორიგების შესახებ, ე.ი. ის წინადადება, რომლის ძალითაც ჩერნოგორიის ადგილ-მდებარეობა უნდა გადიდებულიყო, მაგრამ ხონთქრის მთავრობა მაინც თანახმა არის დაუთმოს „ვენგრიის კოროლს“ ის ნაწილი ჰერცოგოვინისა, რომელიც უფრო საჭიროა ავსტრი-ვენგრიისათვის დალმაციის უკედ დასაცველათ. როგორ მიიღეს ეს წინადადება ვენაში, არა ვინ იცის. მე რო მკითხოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ანდრაშიმ უარ-ჰყო ეს წინადადება, რადგანც მას სრულებით არა სურს სამთა იმპერიის ზავის ღალატი.“ აქ ტყუილად კი არ არის მოხსენებული „ვენგრიის კოროლი“ და არა ავსტრი-ვენგრიის იმპერატორი. ვენგრიელების გულის წადილი ის არის, რომ როგორმე გადუდგნენ ავსტრიას და სრულებით თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო დაარსონ. ისინი არას ფერს არა ზოგვენ და ყოველის შემთხვევით სარგებლობენ, რომ როგორმე აისრულონ თავისი საწადელი. ამიტომ ხელს უმართვენ ეხლა ოსმალეთს, რომ თავის დროზედ შემწეობას რასმეს გამორჩნენ. მეორის მხრით ოსმალეთიც ვენგრიას ეხმარება, რომ მეტი მომხრე მოიპოვოს მტრის განდევნისათვის. ამ ჟამად, როგორც ისმის, ავსტრია ოსმალეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკას დაიჭერსო. საკვირველიც არ არის: უმეტესი ნაწილი ავსტრი-ვენგრიის ხალხისა სლავიანები არიან, და თუ ავსტრიას სურს სიყვარული მოიპოვოს თვის ქვევრდომთა შორის, ამ გზას უნდა დაადგეს. თორემ ვენგრიას რომ აყვეს, თავის საქმეს წაიხდენს, რადგანაც ვენგრია დღეს თუ ხვალე ასვტრიას უკუ უდგება. ძალიან მტკიცე სიტყვის ხალხია ვენგრიის ხალხი, და იგი თავის დღეში შემთხვევას რ დაკარგავს თავისი წადილი აისრულოს.

საფრანგეთი. – საფრანგეთს მეტად არ უნდოდა ომი, მით უფრო რომ დარწმუნებული იყო მომავალი ომი მარტო რუსეთისა და ოსმალეთის შორის არ გათავდებაო, არამედ სხვა სახელმწიფოსაც თან ჩიყოლიებსო, მაშასადამე გერმანიაც ისარგებლებს ამ შემთხვევით და ხელმეორედ აუტეხს ომს საფრანგეთს, რომ რაც 1870 წელს ვერ დააკლო მას, ეხლა გადუხადოს. ეს შიში ამიტომ კი არ აეშალა საფრანგეთს, რომ თავის სუსტობას გრძნობდეს და გული დამარცხებას უთქვამდეს. სრულებით არა. საფრანგეთი რომ ღონე მიხდილი არ არის და ომში გერმანიას არ დაუვარდება, ამას გვიმტკიცებს პირველად ის უშველებელი სამხედრო ძალა, რომელიც ჩვენ წარსულ ნომერში მოვიხსენეთ, და მეორეა ის სიტყვა, რომელიც ამ დღეებში ღენერალ მოლტკეს წარმოუთქვამს რეიხსტაღში. მოლტკემა სთქვა, რომ საფრანგეთი მშვიდობიანობის დროსაც მზად არის ომისათვისაო, და ამის გამოისობით იმის დაკვალად უნდა ჩვენც მოვემზადნეთო. მოლტკემ სთხოვა რეიხსტაღს, რომ მთავრობას ნება მიეცეს ისესხოს ამისთვის საჭირო ფული. მაშ საფრანგეთის შიშს სხვა რომელიმე მიზეზი და სათავე უნდა ჰქონდეს: თუ არ გარეგან მდგომარეობაში ეს მიზეზი შინაგან განწყობილებაში უნდა მოიპოვებოდეს.

მართლა და რესპუბლიკა მხოლოდ ეხლა მკვიდრდება და მხოლოდ ეხლა უშვებს ღრმად ფესვებს. სამერმისოდ საფრანგეთი აპირებდა საქვეყნოდ გამოეჩინა თავისი განახლება და აღდგენა სულით თუ ხორცით. მას უნდოდა ეჩვენებინა. და რომ საფრანგეთში არამც თუ არ გამქრალა მაცხოვარი ნაპერწკალი, არამედ უფრო მომეტებულად გაძლიერდა და გაპრიალდა. უნდოდა ეჩვენებინა, რომ თუმცა საფრანგეთი დამარცხებულ იქმნა გერმანიის მიერ, მაგრამ მას მაინც კიდევ ყველაზედ მაღლა უჭირავს ის დროშა, რომელზედაც წარწერილია უკეთესი სიტყვა, უკეთესი აზრი და უკეთესი ღვაწლი კაცობრიობის ისტორიისა. მაგრამ ვინ იცის რას მოასწავებს მომავალი ომი? იქნება გარეგან მტერს შინაგანი რესპუბლიკის მტერიც მიუდგეს, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ბევრგვარი ჰყავს საფრანგეთს, და თუ მიუდგა შენი მტერი, – ავი დღე დაადგება საფრანგეთს. მაშინ ამოდენა შრომა და ღვაწლი ფუჭად ჩაივლის; მაშინ საფრანგეთს ხელმეორედ მოუნდება გაიაროს ის გზა, რომელზედაც ამ ჟამად დიდი ბიჯი აქვს გადადგმული. რასაკვირველია გერმანია რაც უნდა ეცადოს, საფრანგეთს მაინც სამუდამოდ ვერ მოუღებს ბოლოს. მაგრამ ისიც დიდი უბედურებაა, რომ სიკეთეს და ხალხის კეთილ-მდგომარეობას ერთხელ კიდევ გადუღობონ გზა და ერთხელ კიდევ გაუბან მახე.

აი რისა ეშინიან საფრანგეთს, თუ ომი სხვა სახელმწიფოებსაც გადაედვა.

ბოლოს დროს ისმის, რომ ეს შიში სრულებით უსაფუძვლოაო, რადგან ამ ჟამად გერმანიის შინაგანი მდგომარეობა იმისთანაა, რომ გერმანია ომს ვერ გაუბედავსო. გარდა სოციალ-დემოკრატების მოძრაობისა, სხვა მიდრეკილებაც არის, რომელიც ფეხს უჭრის გერმანიის ერთობას და ისევ ადრინდელ ცალ-ცალკედ დაყოფას ემუქრება. ამის გამოისობით გერმანია ცდილობს თურმე დააჯეროს საფრანგეთი, რომ მას ფიქრშიც არ აქვს ომი. ღმერთმა ქნას!

– აბა საფრანგეთი ომს როგორ არ უნდა ერიდებოდეს, როდესაც რესპუბლიკა დღე-დღეზედ უფრო ვრცელდება, უფრო მეტს თანაგრძნობას პოულობს თავის ქვეყანაში და მით გული უღონდებათ სხვა და სხვა მონარხიელთა დასის კაცებს. ამას წინად დეპუტატთა პალატში რამდენიმე ალაგი დაიცალა და ხელახლად გაიმართა არჩევანი, არჩევანის კენჭი რესპუბლიკელთა კანდიდატებს ამოუვიდათ. მონარხიელებმა ეხლა აღარ იციან რა ქნან, ხან რას აბრალებენ თავის დამარცხებს, ხან რას. ახლა იძახიან რომ საყოველთავო არჩევანის უფლება (suffrage universelle) სsფრანგეთისთვის მავნებელიაო და მას ბოროტი შედეგი მოსდევსო. მაგრამ რადგანაც ამ არჩევანის უფლების გაუქმება შეუძლებელია ვიდრე რესპუბლიკა მკვიდრად არის, ამისათვის მონარხიელები ცდილობენ როგორმე თვითონ რესპუბლიკას მოუთხარონ ძირი. ისინი ყოველ ღონისძიებას ხმარობენ აგები როგორმე ეხლანდელის სამინისტროს მოთავე, ჟიულ-სიმონი სამსახურიდგან გამოიყვანონ და შემდეგ თავისი მომხრე კაცები დასვან მინისტრების ადგილებზე. პირდაპირ მაკ-მაჰონსაცა სთხოვეს ჟიულ-სიმონი დაითხოვეო. მაგრამ რესპუბლიკის პრეზიდენტმა უარი უთხრა, რადგანაც კარგად იცის რომ ამ ჟამად რესპუბლიკელები ისე მტკიცედ არიან ხელი-ხელს გაყრილნი და ერთი ერთმანეთისათვის თავ-დადებულნი, რომ თუ რესპუბლიკის წინააღმდეგ მოიქცა, იგი ვეღარ ეღირსება 1880 წელს რესპუბლიკის პრეზიდენტობას[5]

ინგლისი. სწორედ გითხრათ, ვერაფერს ვერ გაიგებს ადამიანი ინგლისის პოლიტიკისას. ინგლისმა შეუთვალა გომარ-ფაშას რომელიც ოსმალოს სამსახურშია, რომ თუ რუსეთისა და ოსმალეთის შორის ომში მონაწილეობა მიიღეო, მაშინ ინგლისის სამსახურიდგან გამორიცხული იქნებიო. გარდა ამისა ყველა ინგლისის აფიცრები, რომელნიც დროებით დათხოვნილნი იყვნენ, ხელმეორედ თავ-თავის ალაგას არიან მიწვეულნი. ეს ამბავი, რასაკვირველია, იმას ნიშნავს. რო ინგლისს, ჯერ-ჯერობით მაინც, არა სურს ომში მონაწილეობის მიღება. შემდეგ, ლონდონიდგან დეპეშა მოვიდა, რომელშიც აი რა არის მოხსენებული: გუშინ ლორდთა პალატაში ლორდმა სტრატედესმა რუსეთის მოქმედების შესახებ სთქვაო, რომ ეხლა რუსეთის ევროპიის სურვილის წარმომადგენელი აღარ არისო. ლორდმა დერბიმ სთქვა, რომ ინგლისის მთავრობა არამც თუ არ ეთანხმება იმ აზრებს, რომელნიც გორჩაკოვის ცირკულიარში[6] არიან მოხსენებულნი, არამედ უარ-ყოფს ყველა ამ ცირკულიარის საბუთსა და დასკვნასო. რა არის ამ ცირკულიარში მოხსენებული ჯერ არ ვიცით; მაგრამ რაც უნდა იყოს, აქედამ ის გამოდის, რომ ინგლისი რუსეთისაკენ არ არის. და ამ ორპირს ქცევაში რომელი გამოიჩენს თავს, ამას შემდეგი გვიჩვენებს.

წვრილი ამბები. ხონთქარი აბდულ-ჰამიდი დუნაის ლაშქარში აპირებს წასვლას. იმას გამოუცხადებია თურმე თავის ჯარის წინაშე, რომ ან მოვკვდები, ან არა და სტამბოლს გამარჯვებული დავბრუნდებიო.

– ამბობენ ტყუილიაო რომ ოსმალეთს ჰსურს სერბიის მშვიდობიანობა დაარღვიოსო.

– კიშინევში მოსულა ღერენალი ჩერნიაევი, რომელმაც სერბიის ომში ვერაფრად გამოიჩინა თავი. ამას წინედ ხმა დავარდა, რომ ჩერნიაევი რუმინიის ლაშქრის სარდლად დაინიშნებაო. ეხლა ამაზედ არა ისმის რა.

– ოსმალეთს რუსის მანიფესტის (ომის გამოცხადებისა) პასუხად ცირკულიარი გაუგზავნია უპირატესთა სახელმწიფოთათვის. ამ ცირკულირში ოსმალეთი ამბობს, რომ ვერ გაგვიგიაო. რუსეთი რისთვის ამხედრდა ჩვენზედაო და პარიჟის შეკრულობის ძალით სთხოვს უპირატესთა სახელმწიფოებს შუამდგომლობა იკისრონ.

– ჩერნოგორიის მთავარს ნიკოლოოზს უთქვამს თურმე, რომ სულის დალევამდე ჩემის ქვეყნისათვის ვიბრძოლებო.

– ამერიკის შეერთებულთა შტატების მთავრობამ ბრძანება გასცა, რათა უფრო განაძლიეროს თავის ზღვის მხედრობა, რომელსაც სტამბოლისაკენ უპირობს გაგზავნასა.

––––––––––––––

1 პოდგორიცა არის გამაგრებული ოსმალეთის ქალაქი, ჩერნოგორიის ახლოს.

2 ოსმალეთის ელჩი საფრანგეთის წინაშე.

3 პეშტი – ვენგრიის სტახტო ქალაქია.

4 კლაპკა – ვენგრიის ღენერალია, რომელიც ამას წინეთ სტამბოლში იყო.

5 მაკ-მაჰონი 1880 წლამდე არის რესპუბლიკის პრეზიდენტად ამორჩეული.

6 ეს ცირკულიარი უთუოდ ომის გამოცხადების თაობაზედ არის გაგზავნილი.

5 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი

▲back to top


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი

I.

სახე შენი მემახევა. მებადა,

სრულ გამძარცვა რაცღა ცნობა მებადა

პატიმრობას მიმცა დაუსრულებელს

მღერად ოხვრა, ლხინად გლოვა მებადა.

მე მოგმართე შენ მკურნალად დანაგულს,

შენ წამლის წილ მყის მომაპყარ დანა გულს.

ზილფნი ჰრყევით უარის-თქმის მსახენი

მიჩვენებდენ ბალახშის-კარს დანაგულს.

გული ჩემი მუჯამარი ახალი

სურვილს აკმევს სიყვარულის, ახ! ალი,

არ ვიკვირვო, მაშ რა ვჰყო ბედ-კრულმან?

იგი გტრფობდა, შენ მახვილი ახალი.

რა მეხშირა შენთა ისართ მალება,

მეტმან ცრემლმან ლაჟვარდის-ფერ მალება,

გლახ პყრობილი ამას ვაებს, ვალლებს

ვერ განერა, ესრედ ვითაც მალება.

II.

ჰსძგერს გლახ-გული. საყვარელო. მლოდე შენი უწყლავს თმენას.

ჰსცემს სურვილის წამთა ხშირად, მარამ აგრძნოს ვისსა სმენას?

გზის გუშაგად მდგომარეს ხან აჩრდილნი მაცთუნებენ,

ხან ფოთელნი შერხეულნი შრიალითა მცემენ ზრზენას;

ზოგჯერ ღამის სიწყვდიადე მომაჩვენეს გიშრის თმასა,

ზოგჯერ ცისა გაელვება ბროლის ფიცრით შუქთა ფენას.

თვით ნიავთა, ნელი ქროლაც წარმომიდგენს სუნთქვას ტკბილსა,

რომელიცა ცეცხლმოდებულს ლალით გამომბერდა ლხენას.

მახსოვს, ოდეს ტრფობის წინად შეიწირე სული ჩემი,

აბა ბაგით შენსა ბალახშს გარდმოვიდა... ჰმადლა ზენას!..

იგი ამად არ გემსხვერპლა რომე მომკლა მოშორვებით...

კავშირ ექმნა ორთა გვამთა ცხოვრებისა ერთად დენას!...

ნუ თუ დაჰგმო შენსა პყრობილს თვისთა გრძნობათ ლაღად მოთქმა?!

რა ვჰყო, ენა აშიკისა არ გავს სხვასა გრილთა ენას.

6 პროვინციალური წერილები

▲back to top


პროვინციალური წერილები

წერილი მეორე

ქართლი. 1877 წ. მარტის 31-ს.

გლეხი და ვაჭრები. – საზოგადო სასწორი. – ტყუილ-გაკოტრებულის ვაჭრების ჩარჩობა. – გლეხზედ საყვედური. – ხარაზხანის ბირჟა. – მეფაიტონეები.

ჩვენი გლეხობა, როგორც მოგეხსენებათ მკითხველო, მიწის ნაწარმოებით სცხოვრობს. ყოვლისფერს გადასახადს იმის საშუალობით იხდის; არ გაჰყიდოს ეს ნაწარმოები, არ გადასცვალოს მარილზედ, ფართალზედ და სხვ., შიმშილ-წყურვილით სული ამოსძვრება. გაყიდის და შრომას არავინ უფასებს, პირიქით ატყუებენ. ქვეყნის მაცხოვრებელთ, გამომკვებელთ გამოსაკვებნი – თუ შეიძლება ასრე ვსთქვათ – სხვას ნურას ვიტყვით, არცკი უმადლიან, ე.ი. მარილიან სიტყვასაც არ აგონებენ – ქალაქის მცხოვრებლებს კიდევ ისრე ვერ მოატყუებენ, როგორც სოფლიდგან შემოსულებს, ამიტომ რომ ამათ ცოტად თუ ბევრად გაგებული აქვთ ვაჭრების პატიოსნება. რა ჰქნას საწყალმა გლეხმა? ყველგან და ყველასაგან ამას ხვდება რკინის მათრახი, რომლის დაღიც საფლავამდინ არ ანებებს თავს. აი, ხედავთ, მოდის საცოდავათ წელში მოკაკული გლეხი ხურჯინით მხარზედ; მოაქვს ცოტა რამ გასასყიდი გორში. მისი დამწვარ-დადაგული შეხედულობა: კანჭ შეგლეჯილი და ეკლისაგან დაგაწრული გაზები, მეტის მუშაობით გაფიჩხებული და დამსკდარი ხელები, დაბინდული, ზარმაცულად გამომხედი თვალები – ყველა ეს ერთად არა რაიმე, იოტის ტოლას მაინც, თანაგრძნობას არ აღძრავს გულ-ქვა ვაჭრებ-სომხებში. პირიქით მოუყვებიან დაცინვას, თავში ცემას, ხან კი ლაქუცობას, რომ რა არის ეგები როგორმე იაფად დასტყუონ გასასყიდი რამე და ან დამპალ ფართალში გაუცვალონ. თუ საზოგადო სასწორზედ ჩაიტანს სიმინდს, ქერს და სხვ., იქაც ხვდებათ ღვიძლი ძმა დაუნდობლობისა.

გორის საზოგადო სასწორზედ სოფლის გლეხობას ყოველივე საჭირო საქონელი შემოაქვს, რასაც კი ენა და პირი იტყვის. ეს ადგილი არის ყოველ დილით გადამდგარის ვაჭრებით სავსე, იმ ვაჭრებით, რომელთაც ჯიბე გაუტენიათ ტყუილის გაკოტრებით, ან გული მოუსუყებიათ ფულებით, ან მოსწყენიათ ფართალ-ფურთალის სყიდვა-გასყიდვა და სხვა მოსახვეჭ გზას შესდგომიან. იტყვის კაცი, ამ სვავებს რა უნდათ, რად ეცილებიან ღარიბებს, რომ იაფად იყიდონ რამე? ხომ ამ სვავებს წლის სარჩო, ყოველივე სანოვაგე სახლში აქვთ და რაღად უშლიან ხელს საცოდავებს? ამ ადამიანის ტკიპებს გესლიანი სისხლი არ ასვენებთ, საფლავშიც რომ ჩასძახონ: ადექი სული ამოჰხუთე ვისმესო, იქაც კი შეინძრევიან. – შემოვა თუ არა რამე სასწორზედ, მაშინვე ესენი მისცვივიან გლეხებს, შეევაჭრებიან, დაუწყობენ ჩარჩობას, დაუფოლებენ საქონელს, ჩააცივდებიან ცხენის ბუზივით, რომ იაფად დასცინცლონ. ქერს, სიმინდს, ლობიოს – ერთის სიტყვით, ყოველ ხორბლეულს ხელიდგან არ გაუშვებენ, აგროვებენ ბლომად სარდაფებში და მერმე ერთბაშად მამასისხლად ჰყიდიან. დებულებისა და ჩვეულების ძალით კი ნება არა ვისა აქვს სყიდვისა, უკეთუ სახლში საზრდო უკვე შეტანილი აქვს. – ჰხედავთ და მოდის საცოდავი ქვრივ-ოხერი, ჩადრში ამოსუსული სდგას, და რომ არავინ დააცლის ყიდვას, წავა გულ ჩათუთქული სახლში.

გაძღა ქეთხუდობა ტყუილის ლაპარაკით, ჩაიგდო ხელში იაფად სისხლის ოფლით მონაღვაწი გლეხისა, დაბრუნდა სახლში, გზაზედ შეხვდება თვისივე ჯიშის კაცი და შეებმით ამგვარი ლაპარაკი: „ოო, პეტრუზ, საით ყოფილხარ, რაები გივაჭრია?“ ეუბნება სერგუნი – ბევრი არაფერი, ერთი ათიოდ კოდი სიმინდი ვიყიდე. ამბობენ კაი ფასს დაიჭერსო. რა ვქნა, ჩემო სერგო, ცხოვრება გაძნელდა, თუ ესრე არ ვიფორფოტე არ იქნება, თავს არ მოვა... ერთი ვარაუდი გააქვს, თუ რა ნირ გაცუღლუტდა გლეხ-კაცობა: ყბები გვერდზედ მამიქციეს. „ჰო თუ იაფად მიირთმევთ, გაუმაძღარო წურბელებო, მაშინ გაბატკნებულან გლეხები, თუ არა და გაოსტატებულან? – ნუ გეშინიანთ, მაინც თქვენ ვერ მოგივლენ ოხტში, ბევრი ხანი გაივლის, მაგრამ თქვენც კი მოგივათ დრო – „უტეხ ტყეში გლიჯინისა“.

ისადილებენ, წაიძინებენ და გამოისეირნებენ შუა ბაზრისკენ. აქ აქვთ ერთი ადგილი ამოჩემებული. ყოველი ქეთხუდა ვალდებულად რაცხს თვის თავს, რომ უთუოდ ამ „ბირჟაზედ“ გავიდეს, რომელსაც მე ხარაზ-ხანის ბირჟას დავარქმევ, რადგანაც შუა დახურულ ბაზრიდგან ჯვარედინად ჩადის ქუჩა, რომლის ორთავ მხარეზედ ხარაზები სხედან.[1] შეიკრიბებიან, მოჰყვებიან და ამ მთისას, იმ მთისას, ჭორიკნობენ დედა-კაცებივით, ჰკილამენ ხალხს. ჩურჩული არ გამოეპარებათ ქალაქისა, რომ ამათ არ იცოდნენ: „გაიგე იმის ქალს რა უქნია? წუხელის აფიცრებს თურმე დასდევდა!?“ – „ეგ რა არის, აი, „ისემიაანთ“ ქალს ბუში გაუგდია!“ – უფრო საკვირველი არ გავიგონე: წუხელის მეფაიტონეს ქალი მოუტაცნია. გაიგე რა ამბავია! სწორედ შამილობაა! აი, შეარცხვინათ ღმერთმა!“ ამ გვარს ლაპარაკს ბევრს გაიგონებთ მკითხველო, ხედამთ როგორ მცხარედ სჯიან პატიოსნებაზედ, ზნეობაზედ, როგორ დაიცინებიან ამან ეს ცუდი ჩაიდინა და იმან ესაო. რა ძნელია ეს ოხერი, რომ კაცი თავის თვალში ტივის ხეს ვერ ხედავს. ესენი არ იყვნენ ამავე დილით, რომ ტვინსა სწოვდნენ გლეხობას, ეგენი არ იყვნენ დილიდგან ბირჟაზედ გამოსვლამდინ მატყუარობდნენ?

ჩვენებური მეფაიტონეები, რომ საშიში ხალხია – ამაში ეჭვი არ არის. რა კი მობინდდება, ქალი მარტოკა, ბავშვის სინაბარა, ვერ ჩაჯდება ფაეტონში. მეფაიტონე მაშინვე ქალაქს გარედ რომელიმე მოშორებულ დუქანში ამოაყოფინებს თავს საცოდავს მსხვერპლს და მიუგდებს პაჟარნებს. ერთმა ამ გვარმა მაგალითმა დაგვიმტკიცა ეს ცხადად. ქალაქის კლუბში, საღამოთი, იყო რეპეტიცია კომედიისა „ქმარი ხუთის ცოლისა“. რომ გათავებულა რეპეტიცია, ერთი ხნიანი ქალი ჩამოსულა, შალში გახვეული, დაუჭერია ფაიტონი შინ წასასვლელად. მეფაიტონეს ჰგონებია, რომ უთუოდ ყმაწვილი ქალი მომქმედთა პირთაგანი არისო და გაუქანები ქალაქს გარედ. გადმოუსვამს რა დუქანში და შეუხედნია სახეზედ. მაშინვე უნებებია თავი ქალისთვინ ფაიტონიანათ და მოუქუსლნია. მედუქნემღა მიიყვანა ქალი ბინაზედ. წარმოიდგინეთ, მეფაიტონე ვერ იპოვეს. განა ვერ იპოვნიდნენ? ფაეტონი ხელში არ ქონდათ? მედუქნეს ვერ აპოვნინებდნენ? ფაიტონი ხომ ამის ხელში იყო? მედუქნეს შეუტიეს, ერთი დღით შეამწყვდიეს ჯურღმულში და მასუკან თურმე დიდი სასჯელი მისცეს. არც ამისთანა სასჯელი უნდა. ერთიც ვნახოთ ვერ აეტანა. მერე?... იცი. მკითხველო, რა საშინელი სასჯელი მისცეს? ლამის ენამ ვერ გამოსთქვას... არაფერი!!! რა უშავს, რა უშავს!

ყმაწვილი ქალწული ქალი, რომ წაეყვანათ, უნამუსობა ეჭმიათ, სამუდამოდ სახელი გასტეხიყო, მაშინ რაღას იქმოდნენ, მკითხავს მკითხველი. ეე, შე დალოცვილო! რა დაგემართა! რით ვერ მიხვდით. თქვენ ნუ მომიკვდებით, მგონია აქაც... „არასფერით“ დასჯიდნენ... რა უშავს, რა უშავს!

____________

1ეს „ხარაზხანის ბირჟა“ ღირსია ყურადღებისა, მაგრამა აქ იმაზედ ბევრს არას ვიტყვი და შემდეგში წარმოვუდგენ მკითხველს უფრო ვრცლად მის სახეს.

წაკოლა – ც.

7 ახალგაზდა გლეხის ნაამბობი

▲back to top


ოსმალოს საქართველო

სახელოვანის თამარ მეფის შემდეგ მთელის ექვსასის წლის განმავალობაში აუარებელმა მტრის შემოსევამ დაასუსტა ჩვენი შინაგანი ერთობა, ერთმთავრობა და დაჰყო საქართველო. ნაწილ-ნაწილად. ჩვენი დამდაბლება, ჩვენი მიწასთან გასწორება, ჩვენი ქელვა ამ დაყობიდამ დაიწყო. ჩვენ ერთის დიადის ოჯახის შვილნი, ერთის სისხლისა და ხორცისანი, ურთიერთის ძმები განვშორდით ერთმანეთსა და ეს მშვენიერი საქართველო, ერთობით ძლიერი, დაირღვა, დასუსტდა. შევიქენით ურთიერთის მოპირდაპირედ, ძმები ერთმანეთის მტრად გადავიქეცით, ვქიშპობდით, ძმა ძმასა ვხოცდით და ამაში დაილია კიდეც ძლიერი სული საქართველოსი. დაიყო. საქართველო სამეფოდ (ქართლი, კახეთი, იმერეთი) და სამთავროებად (სათაბაგო, ოდიშ-ლეჩხუმი ანუ სამენგრელო, გურია, სვანეთი და აფხაზეთი.) იმოდენა ღვაწლი მამა-პაპათა საქართველოს ნაწილების შეერთებისათვის, იმოდენა სისხლი, ვახტანგ გორგასლანიდამ დავით აღმაშენებლამდე დარღვრილი ქართველთა ერთობისათვის და დასასრულ თვით ამ ერთობის დამკვიდრება ჩვენის სასიქადულო თამარ მეფისაგან, – ეს დიადი შრომა და ღვაწლი ისტორიული გაუქმდა და გაუქარწყლდა საქართველოს

ერსა უწყალო ბედის ბრუნვითა. წასრულს საუკუნემდე ვიყავით ესე ერთმანეთს მოშორებულნი. ხოლო ამ დროდამ იწყობა ხელახლად ღვაწლი და მეცადინეობა დარღვეულთა ნაწილთა შეერთებისთვის. ქართლ-კახეთი შეერთდა მეფე ერეკლე II დროს. იმერეთსაც სურდა შემოერთება და სთხოვდა მეფეს ერეკლეს იმერეთის სამეფოის მიღებას, მაგრმ მეფე ერეკლემ უარ-ყო თხოვნა იგი, „ჩემს შვილს როგორ გამოვწირავო“. მაინც და მაინც შეჰსდგა შეკრულობის კავშირი მეფეთ-მეფის საქართველოისა, ესე იგი, ქართლ-კახეთისა, იმერთა მეფისა, და მთავართა ოდიშ-ლეჩხუმ-სამეგრელოსი და გურიისა. ეს კავშირი იყო. მტრისაგან საერთოდ დაცვისათვის, ანუ მტერზედ საერთოდ ამხედრებისათვის.[1]

ამ ბოლოს ჟამს ბედი სხვა ფრივ დატრიალდა და ამ ჟამად საქართველოს ვხედავთ ორად გაყოფილს რუსეთისა და ოსმალოს შორის.

რუსეთს უჭირავს ძველი ქართლ-კახეთის სამეფო, საათაბაგოს ნაწილი (ახალციხის და ახალქალაქის მაზრები), იმერეთის სამეფო, ოდიშ-ლეჩხუმ-სამეგრელოსი, სვანეთისა. აფხაზეთის სამთავრონი და ნაწილი გურიის სამთავროსი. ესენი შეადგენენ ტფილისის და ქუთაისის გუბერნიებს და სოხუმის სამხედრო განყოფილებასა.

ოსმალეთს უჭირავს გურიის სამთავროს და საათაბაგოს ნაწილები: ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, ერუშეთი, ლივანი (ძველი ლიგანი) და ჭანეთი, ანუ ლაზისტანი. ეს ნაწილები ამ ჟამად ერთს სანჯახს შეადგენენ და ჰქვიან ლაზისტანის სანჯახი.

ოსმალოს საქართველო მდებარეობს შავის ზღვის პირად, დაიწყობა საცა ჩოლოქი მდინარე ზღვას ერთვის და ვრცელდება ტრაპიზონამდე თითქმის ორასს ვერსტამდე, ხოლო ჩოლოქი შესართავიდამ გურიის, ახალციხის და ახლქალაქის მაზრათა სამზღვრებზე განზიდულია ას სამოც ვერსტამდე.

გურიის მიჯნაზე ქობულეთია, მისის ქალაქით ბათუმით: ამის სამხრედ ახალციხის მაზრის მოსამზღვრედ ზედა და ქვედა აჭარაა; ამის სამხრედ ახალქალაქის მაზრის მოსამზღვრედ ერუშეთია. აჭარას სამხრეთ და ერუშეთის დასავლედ შავშეთია, აჭარასა და შავშეთის დასავლეთს ლივანაა (ძველი ლიგანი), ლივანის დასავლეთ ჭანეთი, ანუ ლაზისტანი.

ოსმალოს საქართველოს, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, თითქმის ამოდენა ადგილი უჭირავს რამოდენაც ქართლ-კახეთსა. ადგილ მდებარეობა მთიანია ასე, რომ ვაკე მინდვრები ქართლსა და სამეგრლოსავით ფართო აქ ვერ მოიპოვება. უფრო ვიწრო მინდვრები ჭოროხის გაღმა-გამოღმაა და აგრეთვე ჭანეთშიაც. უმთავრესი მთები არიან ჭანეთისა, ანუ პონტოსი, რომლნიც ბათუმს იქით დასავლეთიდ იწყება, მიდის შავის ზღვის დასწვრივ, ზღვისა და ჭოროხის შორის და ტრაპიზონს იქით გადადის.

მერე აჭარის და ახალციხის მთა, რომელიც გურიასა და ახალციხის მაზრისა და აჭარის სამზღვარზეა. ამის სამხრეთ ერუშეთსა და შავშეთს შუა არსიანის მთა მისდევს. ჭანეთის ანუ პონტოს მთის უდიდესი წვერი თითქმის სამის ვერსტის სიმაღლისა. ეს მთები ყოველ მხრივ სერ-სერად და ქედ-ქედათ არიან დაყოფილნი, ამის გამო მთელ ოსმალოს საქართველოს იმ გვარივე სანახაობა აქვს, როგორც ზემო იმერეთს, ანუ ქსნის და არაგვის ხეობასა.

ოსმალოს საქართველო წყლებით მდიდარია. უმთავრესი მდინარენი არიან ჭოროხი, რომელიც ორას ორ მოცდაათ (250) ვერსტზე მიმდინარეობს ზღვის ჩასართავამდის ჭოროხის ხეობაზე, ზოგან ეს წყალი ნავთ მატარებელია. მეორე არის მტკვარი, რომელიც მომდინარეობს 150 ვერსტს და ჩამოუდის ქალაქ არტაანს არიან კიდევ მდინარენი ფოცხოვი, აჭარის წყალი და გურიის სამზღვარზე ჩოლოქი, და სხვა მრავალი წვრილი წყლები. ეს წყლის სიუხვე და აგრეთვე შავის ზღვის სიახლოვე დედა მიწას და მთებს ნაყოფიერ ადგილათა ხდის და როგორც იტყვიან ქვაზედაც კი ხე ხარობს. როგორც გურია და არაგვის ხეობაა მწვანით შემოსილი, აგრეთვე ეს ადგილები მშვენიერის მდიდარის მცენრეობით აღყვავებულია და ყოველი მცენარე, რომელიც ქარლ-კახთ-იმერეთშია, იქაც მოდის. ამას გარდა ხარობს ზეთის ხილი, ლიმონი და ფორთოხალი, რომელიც ჩვენში იქიდამ მოაქვთ.

უპირველესი სარჩო. ხალხისა სიმინდი, ღომი, ქერი და ხორბალია, შესანიშნავია ერთი გარემოება, რომ ჭანეთში მინდვრის მუშაობაზე დედაკაცია და მამაკაცი კი ვაჭრობს. სულადის მოყვანის გარდა აქაური მცხოვრებნი საქონელის და პირუტყვის მოშენებას მისდევენ, ძროხის, ცხენის, ცხვარისა და თხის შენახვა იციან. მოჰყავთ თამბაქო და ზეთის ხილი. საერთოდ ხალხი ფრიად შრომის მოყვარეა. ზღვის პირას მცხოვრებელი უფრო ვაჭრობას მისდევენ, თავისი საკუთარი ნავები და გემები აქვთ და სხვა და სხვა მოსავალი სავაჭროთ მიაქვთ სტამბოლს და მარსელს. – ზღვის პირს მოშორებულნი ხეობათა მცხოვრებელნი ხვნა თესვაზე და საქონლის მოშენებაზე არიან. ჭანები ძალიან მოვაჭრენი არიან, შორს დადიან ხელოსნობაც იციან, ასე რომ ხუროები იმათგან ბევრნი გამოდიან, გურიას იმერეთს და თვით ქართლს.

იქაურ ცხოვრების მოთხოვნილების დაგვარად, ხალხს კმასაყოფელი სარჩო მოსდის. ოჯახობა და სახლ-კარი კარგად და ფაქიზად მოწყობილი აქვთ. იქ ყოფილს კაცს უკვირს იმათი სისუფთავე და სიფაქიზე. შენობა ადგილისა დაგვარად ზოგან ქვითკირისაა, ზოგან ხისა. ქვითკირის შინადგან გალესილია. მთელი ეს ქვეყანა მოფენილია ძველის მეფეების ციხეებითა და ეკლესიებითა.

უმთავრესი ქალაქები საქართველოს ოსმალეთისანი არიან, ბათუმი ზღვის პირას, მთელი შავი ზღვის ნაპირების ნავთსაყუდელთა შორის უკეთესი ადგილია. მეორე უმთავრესი ქალაქი სანჯახის შუა ადგილას ჭოროხზე ართვინია, რომელშიაც სცხოვრებს 45,000 სული, მათში უმეტესი ნაწილი ქართველია, სხვანი სომეხი და ოსმალონი არიან. ამათ გარდა სხვა ბევრი პატარა ქალაქები და დაბებია.

საერთოდ მთელი ოსმალოს საქართველო მცხოვრებლებით მჭიდროთ არის დასახლებული ასე, რომ ზოგნი ჰგონებენ ნახევარ მილიონს სულს და ზოგნი ჭანეთით ერთ მილიონ სულამდინ ჰსთვლიან, ესე იგი თითქმის იმოდენა ხალხსა სთვლიან რაც ქართლ-კახეთ-იმერეთში მცხოვრებელია. მარტო ქვედა და ზედა აჭარაში მცხოვრებელთ სთვლიან 200 დგან 300 ათასამდე, რომელთაგან 60,000 მესროლი მეთოფე გამოდიოდა თურმე.

მთელი ოსმალოს საქართველო დასახლებულია უმეტესად ქართველებით და ჭანებით. ძალიან ცოტ-ცოტად არიან აქა იქ გაფანტულნი სომეხნი, ბერძენნი, ოსმლონი და ჩერქეზნი. ამათი რიცხვი ხუთი ათასი კომლზედ მტი არ არის.

ქართველები ლაპარაკობენ ქართულად და ჭანები მეგრულად, მაგრამ საერთოდ განვრცელებულია ქართული ენა, რადგანაც ჭანებს დიდი მისვლა-მოსვლა აქვთ, როგორც აჭარისაკენ, აგრეთვე გურიას, ქართლს და თვით ტფილისშიაც. ერთობა სისხლისა დღევანდლამდე ახსოვთ. იციან, რომ ისინი ქართველის ტომისანი არიან, ერთ დროს საქართველოს სამეფოსთან შეერთებულნი იყვნენ და ვახტანგ გორგასლანს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს და თვით მეფე ერეკლესაც იგონებენ, თუმცა ამ უკანასკელის მეფის დროს იგინი ჩვენგან განშორებულნი იყვნენ.

ჩვეულება, ხალხის რწმუნება, ყოფა-ცხოვრება იგივეა რაც ქართლ-კახეთში. ძველი ეკლესიების პატივის ცემა, და დღესასწაულის გადახდა, სამღვთოს შეწირვა ისევე დარჩენილა, რაც აქეთ არის. სარწმუნოებით ისინი მაჰმადიანები არიან, მაგრამ ჩვეულებით ხასიათით და ენით დღესაც ქართველნი არიან თითქმის ყოველსფერში.

ქართული ენა თითქმის შეუცვლელი აქვთ, შინაურობაში დღესაც დიდი და პატარა სულ ქართულს ლაპარაკობს, მიწერ-მოწერაშიაც ერთმანეთში ქართულს ხმარობენ რომ ქართული ენა თითქმის შეუცვლელია ოსმალოს საქართველოში, ამის დასამტკიცებლად მოგვყავს აქ სოლაღას ლექსი, რომელსაც აჭარაში ყველგან სამღერალათა აქვთ და რომელიც საქართველოს ყოველ კუთხეში იმერეთში და თუ ქართლ-კახეთში, ხევსურეთში და სხვაგან, საკვირვლად მოფენილი და გავრცელებულია. ეს ლექსი ქართლ-კახეთის კილოთია აქამომდე დაბეჭდილი სხვათა შორის „დედა ენაში“ და აქ ვბეჭდავთ ნამდვილის აჭარულის კილოთი. [2]

______________

1 იხილე „ცისკარი“ გიორგი XIII, პლატონ იოსელიანისა.

2 დაწერილია ქვედა-აჭარის სოფლის მერისის მცხოვრებელის სიტყვით

8 სოლაღას ლექსი

▲back to top


სოლაღას ლექსი

სოლაღა სტამბოლს წავიდა თავის სიმამრის ბარზეა,

რვა დღე და ღამე იარა, ჩევდა ხონთქარის კარზეა.

რაცაღა ბედმა უსაქმა, ვეზირი დახუდა კარზეა.

სოლაღა კოცნის კალთასა, ვეზირი კოცნის თავზეა.

– ჩვენცა ერთი არაბი გუყავს, გათქმული გურჯისტანზეა.

შენ თუ იმას ეჯირითო, თუღებ[1] დაგადგამ თავზეა.

ფაშიობას შენ გაჩუქამ იმ ახალციხის კარზეა.

სეისები[2] გამოცვივდნენ: რა გადახდება თავზეა?

– სეისებო. ნუ გუშანჲა,[3] ცხენი მომგვარეთ კარზეა.

უოუშვეს და გამეჲყვანეს, ნაბამი შვიდსა ჯაჭვზეა.

ხუთსა სეისსა უჭირავს, ვერ იმაგრებენ გზაზეა.

გეჲარა და გამჲარა იმ ჯირით-მეიდანზეა;

შავარდნულებ შამოკივლა, ხონთქარი დასძრა ტანზეა.

არაბი მოდის-მოკივის, ვით ნიავქარი მთაზეა;

სამი ჯირითი უძევს იმ გაშვებულ მკლავზეა,

სამსავ სოლაღას აქადნის, რა გადახდება თავზეა.

– აბა გემექეც სოლაღა, მოგყვე უღურის[4] კვალზეა.

ერთი ჯირითი ესროლა, არ წეიკარა ტანზეა,

მეორეც რომ გაისროლა, მოხუდა ცალ აბჯანდაზეა.

ცალჲ აბჯანდა შეაწყვიტა. გადგა ცალ აბჯანდაზეა.

რას შურები ოხერო. მკლავო, თვალი მეჭირა სხვაზეა!

– აბა მობრუნდი, არაბო! მოგყვე ღუთის სამართალზეა.

ერთი ასეთი დაჰკივლა, ფერი უცვალა ტანზეა:

ცხენი ცხენზე შეაჯდინა, ჯირითი დაკრა ბეჭზეა.

არაბი ძირს გადმოვარდა, სული არ დაჰყვა ტანზეა!

მოლიები, ხოჯიები ქითაბსა[5] ბერტყენ თავზეა.

ქთამ-მითაბი ქარს არ იქს, ქურქი წაბურეთ თავზეა.

სოლაღასა შეეშინა, პაპუცებს ჰყრიდა გზაზეა.

შენ სოლაღა ნუ გეშინია, თუღებ დაგადგამ თავზეა.

ფაშიობას შენ გაჩუქამ იმ ახალციხის კარზეა.

– მურად–მურადის[6] ჭირიმე, კარგა ისაქმე გზაზეა,

საცაღა მიგიყვან თემსა, ქილიკით,[7] დაგიდგამ ქერსა.

აბრეშუმის ფორბას[8]. მოგცემ,. საპნითა დაგბან ფერხსა,

ყოვლისა ვახტის[9] ლოცვაზედ შენ შეგახვეწებ ღმერთსა

__________

1 თუღი, ჯიღა, ფაშის ნიშანი თავზე დასადგმელი.

2 სეისი – მეჯინიბე.

3 გეშინჲა – უნდა წაიკითხებოდეს როგორც გეშინიя.

4 უღური – ბედი

5 ქითაბი – მაჰმადიანთა სამღრთოს წიგნია.

6 მურად-მურადი – ცხენის სახელი სიტყვა მურად ნიშნავს წადილი.

7 ქილიკი – საწყაოა როგორც კოდი.

8 ფორბა – თოფრა

9 გახტის – ჟამის დროს,

9 ზოგიერთი რამ

▲back to top


ზოგიერთი რამ

ჩვენ ისტორიაზე, არხეოლოგიაზე.ყოფა-ცხოვრებაზე და სხ.

I.

ათონის მთიდამ მოტანილის ძველის წიგნის გამო

ამას წინად ათონის მთიდამ მოვიდა ერთი ქართველი ბერი, სახელად ბენედიკტე. ბენედიკტემ გვიამბო, თუ რა მდგომარეობაშია ახლა ძველი ქართველების მონასტერი ათონის მთაზე, სადაც ამ ჟამად იღვწიან 15-20 ბერი ქართველთაგანნი, უფრო იმერეთიდამ გასულნი. ივერიის ანუ ქართველების მონასტერს ძველადვე პორტაიტის მონასტერს უწოდებენ. ამ მონასტრისთვის საქართველოს მეფეებს და კერძო პირთ მრავალი განძი და უძრავი მამული უძღვნიათ. მეათე საუკუნიდამ დაწეობილი ვიდრე ჩვენ დრომდე ქართველნი ბერნი შეუწყვეტელად მოღვაწეობდნენ ამ მონასტერში, სადაც სამღვთო და საეკლესიო წიგნებია ნათარგმნი ბერძნულით ქართულს ენაზე და აქამომდე დაცულია შესანიშნავი ქართული ბიბლიოტეკა. ახლა ეს მონასტერი სრულებით დახშულია თურმე ქართველებისათვის. ბერძნის ბერები ქართველ ბერებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის გამო მამა ბენედიკტეს თაოსნობით იქაურ ჩვენ ბერებს ივერიის მონასტრის მახლობლად უყიდნიათ პატარა ადგილი, სადაც აღუშენებიათ ახალი მონასტერი და სადგომი სენაკები.

ბენედიკტემ გვიჩვენა მისგანვე ათონიდამ მოტანილი ძველი ეტრადრზე ნაწერი წიგნი. მხოლოდ ეს ერთადერთი წიგნი როგორღაც შემთხვევით გამოუტანიათ ჩვენ ბერებს პორტაიტის მონასტრის ბიბლიოტეკიდამ. აქ შესვლა იმათთვის ისეა აკრძალული, როგორც მონასტერში წიგნი არის დაწერილი სხვა და სხვა ხუცურის ხელით და ადვილად საკითხი. ამ წიგნს ჩვენ განსაკუთრებითი ყურდღება მივაქციეთ იმისთვის, რომ მომატებულად ის დაწერილია გიორგი მთაწმინდელისაგნ, რომელსაც ჩვენ ვწამებთ თარგმანს სახარებისას ანუ როგორც უწინ იტყოდნენ, ოთხ-თავისას. ერთის სიტყვით ის ეკუთნის მეთერთმეტე საუკუნეს და შეიცავს: 1) იოანე დიდის და წმინდა ექვთიმეს ცხოვრების გარდმოცემას, იოანე მთაწმინდელისაგან შედგენილს და გადაწერილს. აქ არის ნაამბობი, ვინ იყვნენ იოანე და ექვთიმე, ვინ იყო თორნიკე და რა სამსახური გაუწია მან საბერძნეთს განდგომილის სკლერუსის დამარცხებით და აგრეთვე რა გვარ იყო ის ცნობილი დავით-კუროპალატის სამსახურში და ათონის მთაზე. აქვეა მოხსენებული ივერიის მონასტრის აღშენება მეათე საუკუნეში ათანასესგან და სხ., 2) ილარიონ ქართველისა ცხოვრება, 3) იოანე ღვთის-მეტყველის ცხოვრება, „თარგმნილი წმინდისა მამისა და განმანათლებელისა ჩვენისა ახლისა ოქროპირისა ეფთიმე მთა-წმინდელისა,“ დაწერილი მიქელ დაღალისონელისაგან, 4) სალოცავები და ზ) „აღაპნი მონასტრისა ჩვენისანი, ვინაითგან აღშენებულ არს ვიდრე აქამომდე.“

ამ წიგნში როგორათაც გიორგისა და ექვთიმეს ცხოვრება, აგრეთვე „აღაპნი“ შესანიშნავნი არიან ჩვენთვის, რადგანაც დიდ მასალას შეიცავენ ქართლის ცხოვრებისათვის მეათე საუკუნიდამ დაწყობილი ვიდრე მეთორმეტე საუკუნემდე. გიორგისა და ექვთიმეს ცხოვრების პირი იპოვება სანკტ-პეტერბურღის სამეცნიერო აკადემიაში. აქედამ გამოუკრებია ძველის დროს ქართლის-ცხოვრებას ზოგიერთი თავისი ცნობები; „აღაპთ“ ცნობები კი არსად არ შეგვხვედრია. რას ნიშნავს აღაპი ჩვენში. ვგონებთ, ყველამ იცის. ვთქვათ რომელსამე პირმა რაიმე ღვაწლი დასდო, რაიმე განძი შესწირა ეკკლესიას ანუ მონასტერს, იმის სახელს აღაპად დასდებდნენ. ესე იგი, კრება დააწესებდა, რომ ამა და ამ დღეს იმ პირს უწირონ ანუ ულოცონ. მრავალია საქართველოში ძველი წიგნი აღაპი წარწერილები. ჩვენ ვიცით რამდენიმე ამ გვარი წიგნი, პარიჟში ანუ პეტერბურღში შემთხვევით წაღებული, რომელთაც იქაურნი მეცნიერნი-არხეოლოგნი აღაპების გამო დიდ მნიშვნელობას მიაწერენ, რადგანაც აღაპები ხან და ხან მოიხსენებენ ისტორიულ პირთ, რომელნიც ან არ არიან თვით ისტორიაში, მოხსენებულნი, ან რომელსამე შემთხვევას. ნათელს მოჰფენენ. ამგვარნი არიან ათონის მთის წიგნის „აღაპნი.“ ისინი შესდგებიან, 150 კერძო აღაპებით. აი სხვათა შორის, ის პირნი, რომელნიც აღაპებში არიან მოხსენებულნი და რომელთა შორის ზოგნი ცნობილნი არიან ქართლის ცხოვრებაში. ზოგნი ეჭვ-ქვეშ გვყვანდენ და ზოგნი სრულებით არსად არიან მოხსენებულნი. იოანე სვინგელოზი (დიდი იოანე), ნიკოლა პეტრიწონელი, პეტრიკი და ძმა მისი იოანე (ბაგრატ მეოთხის დროს მეათე საუკუნის გასულს). ბაგრატ აფხაზთა მეფე, ლიპარიტ ორბელიანი (იმავე დროს), ფარსმან და გიორგი ჩორჩანელნი (თორნიკის ნათესავნი), გრიგოლ და იოანე ქობულისძენი, ერისთავთ ერისთავი აბუსერისძე, ლიპარიტის ძე იოანე; გიორგი ოლთისარი, კოსტანტინე პრაოდროსი; იოანე ექვთიმეს ძმა, ფარსმან თმოგველი, ბაგრატ კუროპალატი, გიორგი მაგისტროსი, კონსტანტინე მონომახი, მარიამ დედოფალი, ბაგრატ კუროპალატის დედა, სამოელ ქუთათელ-მთავარ-ეპისკოპოსი, აბულა სანისძე, მისაელ მჟფე (ბერძენი), მამა არსენი ფარსმანი ყოფილი, აბაზ ბაკურისძე და ძე მისი გრიგოლ, იოანე ხარტულალი, ილარიონ პრადროსი, სუმბატ კუროპალატი და ცოლი მისი მარიამ, დავით ასური, გიორგი ზეფე (დავით აღმაშენებელის მამა), დედოფალი მარიამ, მართა ყოფილი და ძე მისი კონსტანტინე პორფიროგენი, ეფროსინე პროტოსევასტოსი მეუღლე მიხაელ პროტოსევასტოსი ვარმან კონსტანტის ძე და მეუღლე მისი ბასილაკის ასული მარიამ, თამარ დედოფალი და სხვანი. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ თამარ დედოფლის აღაპი ჩართულია შემდეგ საუკუნეში, ესე იგი თვით თამარ დედოფლის დროს. ყოველნი პირნი „აღაპთანი“ ეკუთვნიან უმაღლეს საზოგადოებას. ჩვენ მხოლოდ აქედამ ვყტობილობთ, რომ ქართველი ქალი ყოფილა დედა, კონსტანტინე პორფიროგენისა, რომელიც იყო ვიზანტიის იმპერატორი მეათე საუკუნეში და რომელიც თავის თხზულებაში აგვიწერს საქართველოს ნაწილს მესხეთს. აღაპებში ჩართულია აგრეთვე ქაიხოსროს ცხოვრება (1448 წლის), და სხვათა ათაბაგთა შემდეგში. აქვე ვპოულობთ სამ წარწერას, იმათში შესანიშნავია ორი: თბილელ ეპისკოპოსი ელისესი 1640 წ. და ქუთათელ ყოფილისა ქართლის არქიეპისკოპოსის ტიმოთესი 1755. ეს ის ტიმოთეა, რომელიც, როგორც ვიცით, ამ წელს საქართველოდამ ათონის მთას მივიდა და თავის „მოგზაურობაში“ გადმოგვცა ცნობანი ივერიის მონასტერზე. ტიმოთეს ზოგიერთი თავისი .ცნობა თვით აქ მოხსენებულის წიგნიდამ აქვს გამოკრებული. ჩვენ არა გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საზოგადოებამ ამ არხეოლოგიურ საგანს ყურადღება მიაქციოს, რადგანაც ის ამგვარ საგანს არ ეწყობა. ჩვენ არც იმ განზრახვით შევეხენით ამას, რომ საზოგადოებისთვის გვეხარებინა რომ აი ეს და ეს დიდად შესანიშნავი ძველი წიგნი ვიპოვეთო. ჩვენი გულის წადილი აქ სრულებით სხვა არის, რომელსაც ვიმედოვნებთ, ყველანი თუ არა, ის პირნი მაინც მიაქცევენ ყურადღებას, რომელნიც ჩვენ წინაპართ მოღვაწეობას და ცხოვრებას ბევრად თუ ცოტად აფასებენ. არა ვკარგავთ ნუგეშს, რომ ამგვარნი პირნი იპოებიან ჩვენ შორის.

საქმე აი რაშია. იქ, სადაც ხალხს გონება გახსნილი აქვს, სადაც ესმის, რაში მდგომარეობს იმისი აწმყო და მომავალი კეთილ-დღეობა, იქ საკუთარს წრსულს ცხოვრებასაც საზოგადოების აზრში ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორათაც იმის აწინდელს და მომავალ სვეს. იქ ამბობენ: თუ გვსურს წარმატების გზას დავადგეთ, უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი საზოგადო თვისება, შევისწავლოთ ჩვენი ბუნება. ძველი და აწინდელი. კერძო პირნი, სახლის-წულნი, რომელთაც კი ესმისთ თავისი სახლის ღირსება და პატიოსნება, ყოველთვის იხსენიებენ თავიანთ მამა-პაპათ სურათებს და ღირს-სახსოვარ საქმეებს, რომელნიც ადამიანს ამხნევებენ და სწვრთნიან. თუ რომელიმე სახლის-წული ივიწყებს თავის წინაპართ, ის ივიწყებს და ამცირებს თავის თავს. ასეა მთელი ხალხიც... განათლებულ ქვეყნებში, წარსულის დროების ცნობის მოყვარეობას საზღვარი არა აქვს. არა თუ მართებლობანი, თვით კერძო პირნიც არა ჰზოგვენ ღონისძიებას ძველისა და უძველესის დროთ გამოსაკვლევად. ღრმად სთხრიან დედა-მიწის გულს, იქ ეძებენ თავიანთ წინაპართა კვალს და სამკაულს, რომ მისკდნენ რა თვისებისანი ყოფილან, რა გვარი ცხოვრება ჰქონიათ. ძველ ტაძრებს და სხვა გვარ შენობებს უფრთხილდებიან და უვლიან, რომ საშვილი-შვილოდ დარჩნენო, რომ ბოლოს ჩვენი სახელი ძვირად არ მოიხსენიონო. თვით მმართველობათაგან სასტიკად და სასჯელ ქვეშ არის აღკრძალული იმათი ხელ-ხლება და შეურაცხეოფა. ძველი ხელ-წერილები, ძველი სამკაულები ამ გვარადვეა დაცული.

ჩვენის აზრით, ბევრ მხარეს ვერ ნახავთ ქვეყნის პირზე, რომ იქ იმოდენა რამ იყოს უძველესის დროებიდამ დატოვებული ღირს-სახსოვარი და ღირს საცნობი, როგორათაც საქართველოში, უბრალო შემთხვევას რომ არ ამოეჩინა 1870 წელს. ჩვენ აქამომდე არაფერი გვეცოდინებოდა თუ რა არხეოლოგიური საუნჯე ძევს დედა-მიწის გულში სამთავროს გვერდით მცხეთაში. ცოტაოდენმა რამ, რაც კი იქიდამ ამოვიღეთ, დიდი ყურადღება მოაქცია ჩვენ მხარეზე ევროპიისაც და რუსეთისაც. ამ გვარივე ყურადღება აღძრა მეცნიერებშორის საქართველოს ძველმა ტაძრებმა და მონასტრებმა,რომელთაც ჩვენ გულ-გრილად შევსცქერით და უპატიურად ვეპყრობით. რუსეთიდამ და ევროპიდამ ამ მოკლე ხანში 1870 წლიდამ იწყეს სიარული მსწავლულ პირთა, რომ ისინი გადიღონ და ჩვენი ძველი ხელოვნება შეისწავლონ. თუმცა საქართველოში უმეტესი ნაწილი ძვლის სამკაულებისა სამუდამოდ დაკარგულია ჩვენის უმეცრებისა და უთაურობისაგან, მაინც კიდევ ბლომად არიან დარჩენილნი. მაგრამ რა მდგომარეობაში ვპოულობთ იმათ? თუ ისინი არიან კერძო სახლებში, ხშირად იმათ უმიზეზოდ ადნობენ, ალპობენ, აგირავებენ და უბრალო ფასათ ჰყიდიან. ეკკლესიებში და მონასტრებში ჩვენ თვითონ გვინახავს ბევრ ადგილს ძვირფასი ნივთეულობა, ვერცხლისა, ოქროსი, სხვა და სხვა გვარი ხელ-ნაწარმოები მტვერში და ნაგავში. ჩვენი მღვდლები და მამა ბერები ისე უყურებენ, როგორითაც უბრალოსა და გამოუსადეგს ნივთებს. ძველი ხელ-წერილები? რამდენი იმათგანი შეიცავს ძვირფასს მასალას ჩვენის ისტორიისათვის, მაგრამ ჩვენთვის დახშულარიან. ისტორიას არ შეუძლიან იმათით ისარგებლოს, რადგანაც დაფანტულნი არიან აქა-იქ კერძო სახლებშივე, და მონასტრებშივე, ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში და სხვაგან. კარგი თუ რომელიმე იმათგანი შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში, როგორათაც ბენედიკტესაგან მოტანილი ივერიის მონასტრიდამ! უკეთეს მდგომარეობაშია სიგლები, რადგანაც ამათი პირები, მთავარ მართებულის ერმოლოვის ბრძანებით ქართლ-კახეთში, და კნ. ვარანცოვის ბრძანებით იმერეთში გადმოიღეს და დიდ წიგნებად შეკრული დაცულია გუბერნიის სამმართველო არხივებში – თბილისში 83 და ქუთაისში 200 მეტი წიგნი. მომატებული ნაწილი საეკლესიო გუჯრებისაც ორ-სამ ადგილს არის შეკრებილი თბილისში და ქუთაისში.

სხვა ქვეყნებში თითქმის ყველგან ძველ ნაწარმოებს ძველ ხელ-ნაწერებს ყველანი ისე უყურებენ, როგორათაც კუთვნილებას მთელის ხალხისას, ამისთვის იქ იმათ აგროვებენ ერთს რომელსამე ადგილს, სადაც ვისაც სურს უფრო ადვილად შეუძლიან იმათით ისარგებლოს. იმათთვის არის ისტორიული ანუ არხეოლოგიური მუზეუმები. მხოლოდ იმ ხალხს შეუძლიან იქონიოს საკუთარი ნამდვილი ისტორია, რომელსაც თავისი მუზეუმი აქვს, კარ-ღია ყველა ისტორიულის მასალეების შემუშავების მოსურნესათვის უამისოდ შეუძლებელი საქმეა ხალხმა ისტორია იქონიოს.

ჩვენ ჯერ ამ გვარი საჭიროება არ გვესმის. გვსურს კი ვიქონიოთ ისტორია, მაგრამ შესაძლებელი კია ოდესმე ის შევიძინოთ? გინდათ სახლი აიშენოთ? ჯერ აირჩიეთ ადგილი, მასუკან იმ ადგილს მიზიდეთ ყველა საჭირო მასალა; თორემ უამისოთ სახლს ვერ იშენებთ. მართალია ესა თუ არა? ისტორიაც სახლია, რომელშიაც უნდა იცხოვროს მთელმა ხალხმა. მივიღოთ ყველამ მონაწილეობა, ერთ ადგილს მოვზიდოთ ყველი მასალა, ვისაც რა გვაქვს, და შემდეგ მოვითხოვოთ ისტორიის აშენებაც.

მოიფიქრეთ, ბატონო ქართველებო, ამ საგანზე და დააწესეთ თბილისში ისტორიული მუზეუმი; თუ არა და იყავნ ნება თქვენი!

დ. ბ.

10 განცხადება

▲back to top


განცხადება

ტფილისში, ყველა წიგნის მაღაზიებში ისყიდება:

გოგია მეჩანგურე, ლეგენდა თ. აკაკი წერეთლისა. ფასი ერთი შაური.

დავრიშიანი, ანუ ზღაპრული მოთხრობა, გამოცემა პირველი. ფასი შვიდი შაური.

–––––––––

ქალაქს, ვართანოვის და გრიქუროვის წიგნ ნის მაღაზიებსა და „ივერიის“ რედაქციაში.

ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

გორს, ფარნაოზ ნათიევისას.

ახალციხეს, ალექსეევ-მესხიევისას (მიროვო-პოსრედნიკი)

ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათაშვილისაგან

ფასი ................ 20. კ.

ზ. ნ. ანტონოვის თხუზულება, ფასი .....1 მ.

ქართული ანდაზები. ფასი ................10 კ.

მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა ფასი 60 კ.

11 ბალანსი

▲back to top


ბალანსი

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა 1877 წლის 1-ს იანვრისათვის.

აკტივი

მანეთი კაპ. მანეთი კაპ.

1) ბანკის კასსაში ნაღდი ფული

– – 216 15

2) მიმომავალს ანგარიშზედ მიბარებული:

60,678 48    

ა) სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში..............

 

 

 

ბ) ტფილისის კამმერციის ბანკში.......................

457 53  

გ) ტფილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოებში

1259 83    

დ) კორრესპონდენტებთან (ბანკირი ვინეკენი და კომპანია)......

137,322 19 199,718 3

3) კორრესპონდენტნი:

ა) კორრესპონდენტნი

– – 500

4) საწევროდ შეტანილი ტფ. საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაში

– – 30

5) მიბრებული სარგებელზედ და ვადით:

– –    

ა) ტფილისის კომმერციის ბანკში

    1,052 83

6) სახელმწიიფო და მთავრობისგან გარანტია მინიჭებული ღირებული ქაღალდები, მიბრებულნი:

       

ა) სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში (58.550 მნ.)

59,129 59    

7) სარგებლის მომცემნი ქაღალდნი, რომელნიც ბანკს ეკუთვნიან (800 მან.)

655 59,784 59

8) გრძელ-ვადითი სესხი გაცემული:

       

ა) სოფლის მამულზედ 54 1/2, წლითა

296,200    

ბ) ქალაქის მამულზედ 27 1/2 წლითა

565,500    

გ) ..............18 წლით და შვიდის თვითა

41,300 903,000  

9) გრძელ-ვადითი სესხი გასაცემად დანიშნული:

       

ა) სოფლის მამულზედ 54 1/2 წლითა

14,000    

ბ) ქალაქის მამულზედ 27 1/2, წლითა

9,500 23,500

10) გრძელ-ვადითი სესხი, რომელზედაც მსესხებელთა უარი ჰსთქვეს:

       

ა) სოფლის მამულზედ .............

   

ბ) ქალაქის მამულზედ................

37,900  

11) ვადაზედ უწინარეს მოშორებული სესხი:

       

ა) გირავნობის ფურცლითა

16,100      

ბ) ნაღდი ფულითა

150 32 16,250 32

12) მოკლე-ვადითი სესხი

96,215

13) გირავნობის ფურცელნი, გასასყიდლად მიღებულნი

14) სესხის ამღებნი:

       

ა) შემოსატანი ფული პირველს ვადას გადაცილებული და მეორეში გადამდგარი (14§ ბანკის წესდებულებისა) გრძელ-ვადის სესხისა

34,090 89    

ბ)– – – – – –მოკლე ვადის სესხისა

2258 19 36,349 8

13) შემოსატანი ფული უკანასკნელს ვადას გადაცილებული

   

16) უკუვ მოსაქცევი ხარჯი

    4401 57

47) გასავალი ბანკისა:

       

ა) ბანკის მოწყობის და დადგენისათვის

4072 18

ბ) დანახარჯი 1877 წლისათვის

1,584 13

გ) ბანკის მმართველობისა და ჯამაგირთათვის.

ბალანსი................................

1,384,574 98


პასსივი

  მანეთი კაპ. მანეთი კაპ.

1) ძირი სათავნო ფული

       

ა) გრძელ-ვადითის სესხისათვის დანიშნული

161,397 96    

ბ) მოკლე-ვადითის სესხისათვის

100,131 15½ 264,529 11½

2) ზარალის ასაყენებლად დანიშნული სათავნო ფული

1,694 53

3) საერთო სასარგებლოდ მოსახმარი სათავნო ფული.

4,290 80

4) საეკსტრეორდინარო. სათავნო ფული

698 98

ა) 54½, წლიანი

296,200    

ბ)27½

565,500    

 გ) 18 წლიანი და შვიდ თვიანი

41,300    

6) გირავნოების ფურცელნი, დანიშნული და ჯერ არ გაცემულნი:

       

ა) 54 ½, წლიანი

14,000    

27½

9.500 23,500

7) გირავნობის ფურცელნი გასაუქმებელად დანიშნულნი

37,900

8) ვადაზედ უწინარეს მოშორებულნი სესხნი:

       

ა) გირავნობის ფურცლითა

16,100    

ბ) ნაღდის ფულითა

150 32 16.250 32

9) გირავნობის ფურცელნი ტირაჟში გამოსულნი და ჯერ არ წარმოდგენილნი ფულის მისაღებად

3,100

10) კუპონები გირავნობის ფურცლისა, რომელნიც არ წარმოდგენილან ფულის მისაღებად

3,110 50

11) სარგებლის ფონდი

27,090

12) თავნის მოსაშორებელი ფონდი 54½, წლის ვადისა.

369 83    

............ „– „– „ – „– „27½

4,498 27    

......... „ – „ – „ – „ – „16½

782 7 5,650 17

13) გარდასაცემი ფული

8,133 6

14) სხვა და სხვა კრედიტორნი

15) კორრესპონდენტნი

16) სესხის ამღებნი

  58,055 60

17) სარგებელი მოკლე ვადითის სესხისა

18) ჯარიმის ფული

19) სხვა და სხვა სარგებელი

20) წმინდა მოგება

30,571 90½

ბალანსი

1,384,574 98