ივერია (25)1877.18.08



1877.18.08

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 რესპუბლიკელი საფრანგეთი და გერმანია

▲back to top


რესპუბლიკელი საფრანგეთი და გერმანია

საკვირველი ზედმოქმედება იცის საფრანგეთმა სხვა ქვეყნებზედ. 1789 წ. აქეთ, როდესაც საფრანგეთმა ყველა ევროპიის სახელმწიფოთა უწინარეს აღმართა თავისუფლების დროშა, საფრანგეთის ხმაურობა ნაღარასავით გაისმოდა მთელ ევროპაში და ხან აქ ეძლევოდა ბანი და ხან იქ. ასე იყო წარსულში და ამ ჟამადაც თითქმის ასე არის, რად იყო ასე — ამის გამოკვლევას ეხლა ვერ შევუდგებით. ჩვენ აქ მოგახსენებთ მხოლოდ მას, რომ აწინდელს საფრანგეთის მოძრაობასაც არამც თუ მარტო თვით საფრანგეთისათვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მისი ავი თუ კარგი სხვა სახელმწიფოს ბედსაც ერჩის, მართლა და დავაკვირდეთ აწინდელს საფრანგეთის მოძრაობის დედა-აზრს.

ამ ჟამად საფრანგეთში ორი ძალა, ორი მიმართულება ებრძვის ერთი ერთმანერთს — რესპუბლიკა და მონარხია. გულწრფელთა რესპუბლიკელთა აზრით საფრანგეთის ვაი-ვაგლახი და განუსაზღვრელი ჩაგვრა იქიდგან წარა მოსდგა, რომ მისი ბედი მის ხელშივე არ იყო, და ვის ხელშიაც იყო — მათს სარგებლობას ხალხის დაჩაგვრა უეჭველად მოსდევდა. მაშასადამე ფრანგეთის განწყობილებასა იმ გვარი უნდა იყოს, რომ საპოლიტიკო ძალა, საქმეთ - განჩინება და მიმდინარეობა თვით საზოგადოების უმრავლესობას, ე.ი. ხალხის ხელთ იყოსო. ამ გვარი განწყობილება არის მხოლოდ რესპუბლიკაო, მონრხიული საფრანგეთის საზოგადოებაში უპირატესობა უპყრიაო სიმდიდრეს, გვარიშვილობას და სხვა ამ გვარ გარეგანს ვითარებას; რესპუბლიკაში კი ჯილდო და პატივი ეკუთვნის მხოლოდ ჭკუას, ცოდნას, ზნეობას, მხნეობას და გულ-წრფელს მამულის მოყვარეობასო. ამ გვარი მიმართულება და განწყობილება მონარხიელთათვის სიკვდიილია. სადღაა ის ნეტარი დრო, როდესაც მათი ფუჭი გარეგანი ბრწყინვალება არამც თუ მარტო საკუთარს - ხალხს უხვევდა თვალს, არამედ მისი სხივები მთელს ევროპას სწვდებოდა? აბა რესპუბლიკის ყურებაში - როგორ არ უნდა აემღვრას გული კარლო X-ს, ლუი ფილიპპისა და ნაპოლეონ III-ს შთამომავლობას და მათის წყობილობით გამოკვებულ პირთა?

აი, მოკლეს სიტყვით, რაში მდგომარეობს საფრანგეთის დასთა დედა–ბრძოლა. მისი მნიშვნელობა თვით საფრანგეთისათვის ცხადია და ლაპარაკიც საჭირო არ არის, ახლა ვნახოთ როგორ უნდა მოუხდეს ეს მოძრაობა საფრანგეთის სხვას იმისუახლო ეს მოსაზღვრე სახელმწიფოს გერმანიას....გერმანიის მაგალითი მით უფრო გვეხერხება რომ იგი, როგორც მოგეხსენებათ, გადამტერებულია საფრანგეთზედ, და ამ მტრობის დედა-მიზეზიც გმოგვიჩნდება ამ მოკლე წერილში.

გერმანიაში თუმცა კონსტიტუცია სუფევს, მაგრამ კაი იმ კონსტიტუციას, რომელიც მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად არის დადგენილი და არა მისის ნამდვილის ბედნიერებისთვის. რომ გერმანიის კონსტიტუცია მართლა ამ გვარია, ეს „ივერიის“ მკითხველმა კარგათ იცის. გურმანიაში მმართველთა და ხალხის შორის იმ გვარივე განხეთქილება სუფევს, რომლის მოსპობისათვის იღვწის რესპუბლიკის არსებითი მიდრეკილება. თუმც ცარიელი რესპუბლიკა გერმანიის ხალხის ცხოვრების პირ და პირ ძირიანად ვერ შესცვლის, მაგრამ ხალხს ამ ცვლილების მძლავრს ფარ-ხმალს აძლევს ხელში, ე.ი. საპოლიტიკო ძალას. გერმანიაში, როგორც მოგეხსენებათ. არსებობს სოციალ-დემოკრატების დასი, რომლის გულითადი სურვილი ამ საპოლიტიკო ძალის მოპოვებ გარდა ამისა ჩაგრულთ მდგომარეობაო, ამბობენ რუსპუბლიკელნი, გერმანიაში თუ საფრანგეთში ერთი და იგივეაო. მაშასადამე მათი ერთ ადგილს წარმატება და წინ წადგომა მეორე ადგილშიაც იმედს უღვიძებს ხალის და გულს უკეთებს. გარდა ამისა მაგალითი დიდი წამა. ხალისებელი რამ არისო.

აი ამ მხრით არის საფრანგეთის რესპუბლიკა საშიში იმ გვარ სახელმწიფოსათვის, როგორიც გერმანია, მართლა და წარმოიდგინეთ, რომ იმისთანა მძლავრ სახელმწიფოში, როგორიც საფრანგეთია, სამუდამოდ მკვიდრდება რესპუბლიკა, რომლის დედა-აზრი ზემოთ მოვიხსენიეთ. რა ელდა უნდა ეცეს და რა სევდა უნდა აეშალოს მის მეზობელს სახელმწიფოს ამისგამო? მეორეს მხრით, რა გრძნობამ უნდა იფეთქოს ამ სახელმწიფოის ქვეშევრდომთა გულში? დაჩაგრული, ილაჯ-გაწყვეტილი გერმანიელი იტყვის: მართალია ვიტანჯები, მაგრამ თავს არა მოვიხრი, რადგანაც მძლავრი და გულწრფელი მეგობარი მყავს, რომელიც ყოველთვის წამომესარჩლება. ამას მოჰევება სულის აღმატებულება და გულის სიცხოველე.

მაშასადამე საფრანგეთში რესპუნლიკის დამკვიდრება გერმანიისათვის სასურველი არ უნდა იყოს. გერმანია უყურებს საფრანგეთს როგორც რევოლიუციის ბუდეს, საიდამაც მის ფიქრით, იბადება ყოველი ბოროტება და ყოველგვარი შფოთის ჩამომგდები თესლი. მისის მტრობაში ყოველთვის დიდ-ძალი ალაგი უჭირს მასაც, რომ გერმანიას შურდა საფრანგეთის გავლენა და ღონიერობა. ძნელი სათქმელი კია ამ ორთა მიზეზთა შორის რომელმა უფრო ძლიერ იმოქმედა გერმანიაზედ. რაც უნდა იყოს ეს ორივე მიზეზნი მაინც ღვიძლი ძმანი არიან.

1870 წ. გერმანიამ საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ მე მხოლოდ ნაპოლეონის ჯავრი მჭირსო და მხოლოდ იმას ვეომებიო, და თვით სფრანგეთს და მის ხალხს კი არ შევეხებიო. მაგრამ როდესაც 4 სეკტემბერს საფრანგეთმა ნაპოლეონი ტახტიდამ ჩამოაბძანა და რესპუბლი კა დაადგინა, გერმანიამ არამც თუ თოფ-იარაღი არ დააწყო, არამედ უკადრისი იკადრა და თავის სიტყვას გადუდგა. მაშინ არც ერთმა სახელმწიფომ ხელიც არ გაანძრია, რომ გერმანია შეეყენებინა. გერმანია დიდი მადლობელი იყო რომ ეს ასე მოხდა. . . . .

გერმანია უთუოდ ასე ფიქრობს — ოსმალეთში რაც უნდა მოხდეს ხმას არ ამოვიღებო, ოღონდ კი საფრანგეთის მოხრებაში კი დაბრკოლებას ნუ მომცემენო. იქნება გერმანია იმ აზრისაა, რომ საფრანგეთის გაქარწყლების უფრო ნაკლები დაბკროლება მოელის, ვიდრე ოსმალეთისას.

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ყვარლიდამ ჩამოსულმა გლეხმა დიდი ქება გვიამბო იქაურის პოლიციის პრისტავისა. „ყვარელიო, ჰსთქვა გლეხმა, ხომ მოგეხსენებათ გაჩანაგებული იყო ქურდობისა და ცეცხლის წამკიდებლებისაგან, რაც ეს დალოცვილი ახალი პრისტავი მოგვივიდა, ყოველივე ავაზაკობა მოისპო. პრისტავმა თუ სადმე ბორკილ შეყრილი ცხენი დაინახაო, იმის პატრონს დაიბარებს და დასტუქსავსო. ბორკილი რად შეგიყრია? ნუ თუ ქურდობისა გეშინიანო, ეუბნება პრისტავი: მაშ რისთვისა ვარ აქაო. თუ ცხენსაც ვერ შეგინახავო. გამოუყარე ბორკილიო, აბა ვნახოთ ვინ გაბედავს და მოიპარავსო.“ მართლაც, დაუმატა გლეხმა, ჩვენს სოფელშიო ქურდობის და ავკაცობის ხმა მიჰსწყდაო. მას აქედ, რაც ის ღვთისაგან დალოცვილი კაცი ჩვენში პრისტა გადმოვიდაო“.

ესევე გავიგონეთ ჩვენ იქაურ თავადის შვილისა განაც, ძლივს ხალხის გულ-შემატკივარი კაცი არ გამოჩენილა!

ქალაქში ამბავი ჩამოვიდა, რომ კახეთში ამ მოკლე ხანში სამი ოსმალო სალდათის ტანისამოსით კახეთში ყოფილა, საცა სოფელში მისულან, მოუტყუებიათ რომ რუსის ჯარები მოდისო და ჩვენ წინ გამოგიგზავნეხო სურსათის და სადგომების მოსამზადებლადო ერთი მათგანი თურმე რუსულს ლაპარაკობდა. ამ მოტყუებით უვლიათ სოფელ-სოფელ და ბოლოს მთებზედ გადასულან და სალეკოში მისულან . მხოლოდ მაშინ შეუტევიათ, ვინცა ყოფილან ეს ვაჟბატონები.

„ივერიის“ კორრესპონდენციები.

მინგრელიის სასულიერო სასწავლებელი - მრთელს მინგრელიის სამღვდელოებას აქვს ერთი ოთ კლასიანი სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ეხლა არსებობს დაბა მარტვილში. ეს სასწავლებელი არის საუნჯე განათლებისა, არამც თუ მარტო მინგრელიის სამღვდელოებისათვის, არამედ საეროსათვისაც, განსაკუთრებით სენაკის მაზრაში, სადაცა, გარდა საგლეხო შკოლებისა, არ არსებობს არც ერთი სასწავლებელი, რომელშიდაც შეეძლოთ მიღება დასაწყისი განათლებისა თავად–აზნაურის შვილებსა. ღარიბ თავად-აზნაურების შვილები მხოლოდ ამ სასწავლებელში პოულობენ პირველს და უკანასკნელს იმედს თავის განათლების მიღებისას. აქიდან ცხადათ სჩანს, რომ ყოველი ნამდვილი შვილი მინგრელიის როგორც სასულიერო, აგრეთვე საერო წოდებისაცა, რომელსაც კი სწამს განათლება, როგორც პირველი პირობა საზოგადო ცხოვრების განკარგებისა, უნდა ცდილობდეს სიტყვით თუ საქმით, ამ სასწავლებლის წარმატებაზედ. მაგრამ, საუბედუროთ ჩვენდა, ძლიერ ნაკლებ ხედავთ ასეთს პირებს მინგრელიაში. აგერ ხუთი წელიწადი გადის, რაც მინგრელიის სასულიერო სასწავლებელში უმსგავსოდ და უხეიროდ მიდის ყოველივე საქმე თვით ზედამხედველის წვალობით, მაგრამ ამ უკანასკნელს დრომდის არა თქმულა რა ამაზედ. — მინგრელიის სასულიერო სასწავლებელი ეხლა არის უკიდურესს მდგომარეობაში: ის არის დაცემულ და დაუძლურებულ სულით და ხორცით, მოკლებულ იმ ზნეობითს ძალას, რომელიც მუდამ აღვიძებს და აცხოველებს ახალგაზდობას. სწავლა მიდის უსულოთ და აძაგებით; მასთან ზნეობითი მხარეც შაგირდებისა თან-და-თან ფუჭდება. იშვიათად იპოვით ამ სასწავლებელში შაგირდს, რომელსაც შეეძლოს კანონიერად შედგენა ორ-სამ ფრაზისა ქართულს ან რუსულს ენაზედ. არითმეტიკაზედ ნურასფერს მკითხავთ. სად სასულიერო სასწავლებელი და სად არითმეტიკა: ესენი ერთმანეთში არ მოთავსდებიან. ამ სასწავლებელში არითმეტიკიდან იმდენი იციან, რამდენიც საჭიროა ნოეს კიდობნის დასაზომად, თუ რამდენი წყრთა ჰქონია მას სიგძე, სიგანე და სიმაღლე. როგორც ხედავთ მკითხველო, ამ უპირატეს საგნებში მოსწავლეები ძლიერ სუსტათ არიან. თუ ამ უმთავრესს საგნებს ასე უხეიროთ ასწავლიან, სხვა საგნებზედ რაღა უნდა ვსთქვათ. —

რა არის მიზეზი ამ ნაირად საქმის მიმდინარეობისა მინგრელიის სასულიერო სასწავლებელში? ამის მიზეზი არ არის არც სამღვდელოება, რომელიც საკმაოდ აძლევს ნივთიერს ღონეს, და არც ადგილის მდებიარება, სადაც ეხლა არსებობს ეს სასწავლებელი. ამის მიზეზი არის ზედამხედველი სასწავლებლისა და მის თანა-შემწენი მასწავლებელნი. ეხლა მოკლეთ მოგითხრობთ მათს ვითარებას, რომლისაგამოც არ ხეირობს ეს სასწავლებელი. უმთავრესი საგანი მათის ცხოვრებისა არის სმა და ჭამა, მხიარულება და სხვა და სხვა საქმეში დროს გატარება.

განათლებულმა ზედამხედველმა ზარმაცობაში ყველას გადააჭარბა. მას ყოველ დღეს აქვს რამოდენიმე გაკვეთილები, მაგრამ კვირეში ორ-სამ ჯერ მეტათ არ შედის კლასში, და მისი გაკვეთილი მეოთხედს ან, დიდი რომ ვსთქვათ, ნახევარ საათსა გრძელდება, რადგანც სათუთი ბუნება ზედამხედველისა გრძელ შრომას ვერ იტანს, თუმცაღა კარგათ შეუძლია მას სამი-ოთხი დღე გაატაროს, თითქმის ფეხ შიშველად, ნადირობაში მთაზედ და ზდიოს შინაურ ცხოველებს. წრეულს ეკზამენიებიც ცხრა-ათს საათზედ იწვებოდა, რადგანც ზედამხედველი თერთმეტ საათამდის არ გაიღვიძებდა. ამისთანა გულ-მოდგინების და შრომის წარმომადგენელმა ზედამხედველმა ამას წინეთ სთხოვა სამღვდელოებას, რომ ჩემი ჯამაგირი არ მყოფნის და მომიმატეთო. ვინ თხოულობს ჯამაგირის მომატებას? ნუ თუ ბრმა ჰგონია მას მინგრელის სამღვდელოება, როგორც… გარდა ამისა აგერ ხუთი წელიწადი გადის, რაც ზედამხედველი არ აძლევს სამღვდელოებას ანგარიშებს, თუ რამდენი ფული შამოდის ერის კაცის შვილებისაგან, რამდვნი რაზედ იხარჯება და რამდენი რჩება. ერის კაცის შვილებს ახდევინებენ ყოველი წლობით თორმეტ-თორმეტ მანეთს იმასაც ერთბაშად პირველ შესვლაზედ. რიცხვი ერის კაცის შვილებისა ყოველ წლივ ასზედ მეტია. ნუთუ სასწავლებელს, ამდენის განსაკუთრებითის ღონის მქონეს, არ უნდა ჰქონდეს სწავლაში სახმარი ნივთები მაინცა, არაერთ გზით უთქვამს უფალს ზედამხედველს, რომე აწი არ მივიღებ სასწავლებელში მინგრელიის ერის კაცის შვილებსო. რა მიზეზისათვის არ უნდა მიიღოს ერის კაცის შვილები? ან რა უფლებით ამბობს ამას ზედამხედველი, როდესაც ამის უფლება ეკუთვნის სამღვდელოებასა, და არა მას.

ამ უწესოებისა გამო წასრულს ივნისში მამავლის წლისას, მოხდა უკმაყოფილება ზედამხედველის და სამღვდელოების წარმომადგენის წევრთა შორის. განათლებულმა ზედამხედველმან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა მრთელს მინგრელიის სამღვდელოებას უმართებულო სიტყვებით და მათს წევრთა კი საქმითაც. ეს გარემოება სამღვდელოების წევრთაგან მოხსენდა მისს ყოვლად უსამღვდელოესობას იმერეთის ეპისკოპოსს, და იმედია ამ მოკლეს დროშიდ მოხდეს გამოძიება ამ საქმისა უწმინდესის საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის განკარგულებით. გისურვებთ მხოლოდ, რომ ეს გამოძიება მოხდეს რიგიანად, და მაშინ ვნახავთ რა ბოლოს მოელის ჭეშმარიტების მოღალატე კაცი. ჩვენდა სანუგეშოთ, მინგრელიის სამღვდელოებას აქვს იმდენი ღონე, რომ ერთი რიგიანი ზედამსვაგელი იშოვოს, მის წონა ოქროთაც რომ გახთეს, მაინცა.

მეგრელიშვილი

გურია. 7 აგვისტოს. ვეჭვობ რომ რომელსამე სხვას მოსამზღვრე მაზრას (გარდა. . . . . აბხაზეთისა) მოსვლოდეს იმდენი ზიანი, რამდენიც გურიას მოუვიდა ყოველ მხრივ.

ამ ზიანის გასაგებად საჭიროა მოკლეთ განვიხილოთ მისი ცხოვრების ვითარება.

გურიაში უკანასკნელი სტატისტიკურის ცნობით სახლობენ 59,432 სულნი. ამ რიცხვის მთელს ნახევარს შეადგენს . . . . . . . . . . . . . . .თავად-აზნაურობა; ძრიელ ბლომა ნაწილი სხვა და სხვა მაზრაში არის გასული მოსამსახურეთ; ქუთაისის ცხენოსანი სპის გუნდი, რომელშიდაც 700 მხედარია, თითქმის მთლათ გურულებიდგანაა შემდგარი. ასე რომ ესენი გამოვთვალოთ. ზემო მოყვანილის რიცხვიდამ დაგვრჩება 20-22 ათასი გლეხობის მოსახლეობა, რომლის ნახევარზედ მეტს ნაწილს შეადგენს მდედრობითი სქესი, მაშასადამე მუშაობის ველზედ 10 - 12 ათასი მუშაკი თუ გამოვა, ისიც კარგია. აქ უნდა მოგახსენოთ რომ გურულები მაინც-და-მაინც გულს მოდგინე მუშაკით ვერ არიან ცნობილნი. ამისი და მუშაკზედ ტყუილა მჭამლების უმრავლესობის შედეგი ის იყო და არის რომ ჭირნახული კარგ მოსავლიან წელიწადშიაც ძლივსღა ჰყოფნის ადგილობრივ მცხოვრებლებს. გასასყიდათ თითქმის არა გამოაქვთ რა, ასე გასინჯეთ ოზურგეთის სავაჭრო მოედანზედაც, სადაც ორიოდე კოთხოს თუ იშოვი ბადის და პურის ფქვილსა და სხვა ამ გვარებს, თორემ ბათმანი რომ დაგჭირდეს ჩიტის რძის ფასთაც ვერ იპოვი. კოთხოთი გამომყიდველ გურულს, რომ ამის მიზეზი ჰკითხო მოგიგებს: „ერთი ბათმანი ფქვილი მქონდეს თუ არა, აბდალაი ვიქნებოდი ქალაქში გასაყიდათ წამოვიღო.“

ამ რიგ მდგომარეობაში იყო გურია აწმყო რუს-ოსმალოს ომამდინ.

დადგა ეს ომი თავის ჭექა-ქუხილით და მოსთხოვა გურიას სხვერპლი კაცითა და ნივთიერებითა, როგორც მოსამზღვრე მაზრას და ერთის მეომართაგანის მომხრეს. ომის დაწყებისთანავე გურულებიგან შესდგა ოთხი „დრუჟინა.“ თითოში 800 კაცია. გარდა ამისა ქუთაისის ცხენოსანი სპის გუნდს. ასი კაცი მოუმატეს გურულებიდგან. ამათში თავად-აზნაურნი 400-500 კაცზედ მეტი არ იქნება. ამ რიგად უიმისოთაც მცირე მუშაკებთა რიცხვი კიდევ შემცირდა და ყანები სანახევროდ სრულიად შეუმუშავებელნი დარჩნენ, სანახევროდ მოვლა მოაკლდათ და ერთობ დიდი ზიანი მიეცათ. აი როგორ: ყველას, ვინც ომში არის, სახლში დედ-მამის გარდა ნათესავნიც ჰყავს. მოკლულ იქნება თუ არა რომელიმე „დრუჟინელთაგანი,“ ესენი მიეშურებიან იმ წამსვე თავის მოკლულ ნათესავთან. დიდის ვაი-ვაგლახით და ხარჯით მოასვენებენ სახლში, სადაც მიცვალებული ხუთიოდე დღე სდევს, მერმე ნიშნავენ „სახალხოდ ტირილისს“ დღეს, რომელიც იმ დროსვე დამარხვის დღეც არის. (თუმც ამ ხუთიოდე დღის განმავლობაშიდაც ჰსტირიან, მაგრამ ეს ნათესავთა შორის მოხდება ხოლმე)... ამ ტირილზედ საწყალი გლეხი თითქმის ვალდებულია რაც შეიძლება მეტი ხალხი მოიწვიოს, მიცვალებულის დასაფლავების შემდეგ ჩვეულებრივ სადილი გაუმართოს, რომელიც 30 - 40 მანეთზედ ნაკლებად არას დროს არ დამჯდარა. რაც უნდა ღარიბი იყოს გლეხი, არ შეიძლება რომ ამ გვარი სადილის გაკეთებაზედ უარი ჰსთქვას: სულ რომ პერანგი გაჰყიდოს, მისს ამომგდებელ სადილს მაინც გააკეთებს. აქ უნდა ვსთქვა, რომ გლეხს თუნდაც რომ სურდეს ამ გვარ სადილის გაუკეთებლობა, უარს მაინც ვერ იტყვის, ისრე გამჯდარია მათ ძვალს და რბილში ეს მავნე ჩვეულება. ამ სადილის გარდა ჭირისუფალი ეკკლესიაში საკურთხს ჰგზავნის, ღვდლის და დიაკონის კუჭის გასაძღომად. ეს საკურთხი მანეთზედ იაფად არასდროს არ დააჯდება, უფრო ძვირად კი ყოველთვის. საკურთხის გარდა იგი ხელ-ახლავ აკეთებინებს აღაპს, რომელიც „სახალხოდ ტირილის“ დღეს გლეხის სადილზედ იაფად არ ჯდება....

ამ გვარად მშობლები იღუპებიან ერთობ დიდის ხარჯით და ნათესავნი გლოვის გამო უმუშავრობით.

„დრუჟინელთა“ სიკვდილი ხშირია და რადგანც იგინი თითო ოროლათ კი არა, არამედ ოცობით და ორმოცობით იხოცებიან მტრის ტყვიებისაგან, ამიტომაც ზემოთ აღწერილი ჩვეულებისთვინ ხარჯიც ხშირია. ხშირათ მოხდება ხოლმე რომ ერთს ომში სულ თანა-მესოფლენი სწყდებიან, ამიტომაც ნახავთ რომ მთელი სოფელი ერთსა და იმავე დროს ჰგლოვს, ჰსტირის, საშინლად ხარჯავს და თან არაფერს აკეთებს კარგა ხანს…

ამ უბედურ მდგომარეობას ბუნების რისხვაც მოემატა; სანგრძლივმა გვალვამ ერთიანად გაახმო, ისეთაც შეუმუშავრობის გამო წამხდარი ყანები, ვაზს ნაცარი მოეკიდა, პირუტყვები თურქულის გამო იხოცებიან; თვით მცხოვრებლებთა შორის გაჩნდა სხვა და სხვა სნეულება; მათ შორის წითელა, ციებ-ცხელება, ეს მუდმივი სტუმრები გურიისა, და მუცელა კაი ძალ ხარს ჰკრეფენ გურულებისაგან. მარტო ბასილეთის საზოგადოებას გარდაახდევინეს ორმოცი სული... მაგრამ კანონიერი მმართებლობის წარმომადგენელი, უფ. მაზრის უფროსი, მასთანავე ვითომ სიცოცხლის შემნახველი სწავლის მიმდევარი ადგილობრივი აქიმი სრულიადაც ყურადღებას არ აძლევენ ზემოთ ჩამოთვლილ მოხარკეების მოქმედებას.... ამბობენ რომ როდესაც ავათმყოფობა გადივლის, მიცვალებულებს და მარხვენ და ჰაერი სოფლებში გაიწმინდება, უფ. აქიმი მაშინ წაბრძანდება სოფლებში, და უხვ-სიტყვაობით აღწერს ავათ-მყოფობანი საიდგან და რა მიზეზით წარმოსდგნენ და მან რა ზომები მიიღო.

თუმც გურულები თითქმის მარტო შიმშილს მოელიან მყოობადში, მაგრამ მათ იმდენი გაბედულება კიდევ აქვთ, რომ შარშანდელის მოსავლიდგანაც ჰყიდიან...საშინელი ხალხია ჩვენი ხალხი....

ი-ა ი-ძე

იმერეთი. — სიზმარში ყოფილა ის კორრესპონდენტი, რომელიც ატყობინებს „დროებას“ იმერეთიდამ (იხილე №104), რომ აქ კარგი ამინდებიაო და ყურძენს ნაცარი არ აჩნიაო. ეს კი არა წარსულ დღეებ ში (25 ივლისის წინედ) იმისთანა ღვთის რისხვა ზენა-ქარი ამოტყდა, რომ თითქმის აღარაფერი დაუტოვებია გაუხმობელი. ვაზის ავათმყოფობაზედ უწინაც გწერდით და ახლაც უნდა მოგახსენოთ, რომ ამ რიგი ვაზის აგათმყოფობა არასოდეს ამ 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ასე მითხრეს საპატიო კაცებმა, ქვემო და ზემო იმერეთიდამ, გურიიდამ და სამეგრელოდამ ჩამოსულებმა. ასრე გასინჯეთ, რომ ყირიმის გაზსაც კი გამოაჩნდა სნეულობა.

ი-ა ი-ძე

3 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

6 მარიამობისთვეს ღენერალის ლორის-მელიქოვის ჯარის ერთი ნაწილი მუხთარ-ფაშის ბანაკისაკენ. გასულა, იმ განზრახვით, რომ მუხთარ-ფაშა არ მიეშველოს იზმაილ-ფაშას, რომლის წინააღმდეგ ღენერალი ტერგუკასოვი არის გასული. მართლა და მუხთარ ფაშა შეშინებულა და ბევრი ჯარი გამოუყვანია ლორის-მელიქოვის ჯარის დასახვედრად. აქ მომხდარა ომი, რომელსაც არტაანიდამ მოსული პოლკოვნიკი კომაროვიც დასწრებია, ომის შემდეგ ჩვენი მოწინავე ჯარი სოფ. ქულვერანს დაბანაკებულა და უმთავრესი ძალა კი ისევ ქურუქდარას დაბრუნებულა. ჩვენის მხრით მოუკლავთ ვლადაკავკასის პოლკის პრაპორშჩიკი კომაროვი და სამოცი ჯარის კაცი; დაუჭრიათ სევასტოპოლის პოლკის შტაბს-კაპიტანი ვაშჩენკო და პორტუპეი-იუნკერი ხორუჟენსკი; ვლადიკავკასის პოლკის მაიორი გრიგოროვიჩი და შტაბს-კაპიტნები - მიშლაევი და მაკროპოლიო; პეტერბურღის გრენადერის პოლკისა შტაბს-კაპიტანი უმანეცი; ნიჟეგოროდსკის პრაპორშჩიკი ევსტაფიევი, პორუჩიკი პრინცი მაჰმუდ-მირზა და 275 ჯარის კაცი, ოსმალოს მხრით ზარალი 800 კაცამდეა.

— 7 მარიამობისთვეს, ღამე ცხენოსანი ჯარა თ. ღენერალ-ლეიტენანტის ჭავჭავაძის წინამძღომლობით სოფ. ბულანნახისკენ გასულა და ოსმალოს ჯარს დაჰსცემია. ამ ომში მტერს შემდეგი ზარალი მისცემია: სამოცი კაცი მოუკლავთ და ერთი აფიცერი და ექვსი ჯარის კაცი ტყვეთ წამოუყვანიათ. გარდა ამისა ჩვენებს 20 ცხენი წაურთმევიათ და ბევრი იარაღი. ამ საქმეში ჩვენგანი დაჭრილან მაიორი ვიტტე და კაპიტანი ჩერნიშოვი. ჯარის კაცთა შორის არავითარი ზარალი არ მოსვლიათ.

— რაც შეეხება ბოლგარიის ომებსა, იქ როგორც მოგეხსენებათ ოსმალოს ჯარი სცდილობს რუსები ბალკანიის მთის იქით განდევნონ და მეორეს მხრით რაზგრადიდამ და პლევნიდამ გზა გადუღობოს რუსის მხედრობის შუა ნაწილს. პირველ საქმისათვის დანიშნულია სულეიმანის მხედრობა, რომელიც 40 ბატალიონიდამ არის შემდგარი. 9 მარიამობისთვეს სულეიმან ფაშა შიბკას დასცემია. სოფ. შიბკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბალკანიის მთის უმთავრესი გარდასავალი გაბროვზედ და შიბკაზედ გადის, ე.ი. თავი გაბროვში აქვს და ბოლო შიბკაზედ. ამიტომაც როდესაც ღენერალმა გურკომ ვიწრო ბილიკით გადიარა ბალკანიის მთა, მაშინვე შიბკა დაიჭირა. ეს გარდასავალი გზა ამ ჟამად რუსის ხელშია. შიბკას სულემან-ფაშა ეტანება და გაბროვისკენაც ლოვჩიდამ სელვაზედ ოსმალოს ჯარი მოძრაობს. დიდის აღტაცებით და თავგანწირულად ებრძვიან ოსმალები შიბკაში მყოფს რუსის ჯარს. ხუთი დღე (9, 10, 11, 12, 13-ს) ომი თითქმის არ შეწყვეტილა. 9 მკათათვეს ჩვენის მხრით ორას კაცამდე დაიღუპა, 10-ს ბევრად ნაკლები. ოთხის დღის განმავლობაში გაბროვში მიუყვანიათ 26 დაჭრილი რუსის აფიცერი და 100-მდე დაჭრილი ჯარის კაცი.

— ქურუკდარა. 13. მარიამობისთვეს ოსმალოს ჯარს კიზილ-ტაპის მთა დაუჭერია და წინ წამოწეულა. ოსმალოს ჯარის მარცხენა მხარეს რუსის ჯარი დასცემია და დიდ იაგნის მთაში შეურეკია. კიზილ-ტაპის მთა ოსმალოს შერჩენია. ჩვენის მხრით 20 ბატალიონი ყოფილა ომში მუხთარ-ფაშის მთელის მხედრობის წინააღმდეგ. ჩვენნი 9 აფიცერია მკვდარი და 62 ჯარის კაცი, 25 აფიცერი და 627 ჯარის კაცი დაჭრილი ამ ომში დაუჭრიათ თავში სუბუქად ღენერალ ლეიტენანტი თ. ზაქარია ჭავჭავაძე.

პოლკოვნიკის შელკოვნიკოვს გუნდს 7 მკათათვეს ღამე გაგრის გარდასავალი გადუვლია, რომელსაც აბხაზები და ოსმალოს ხომალდები იცავდნენ. ბევრი თოფ-იათაღი წაურთმევიათ მტრისათვის, აგრეთვე სამი ათასი თავი საქონელი. ჩვენის მხრით ორი მოკლულია და რვა დაჭრილი. 8-ს ჩვენებს კოლდახვარის გარდასავალი დაუჭერიათ. მეორე დღეს აბხაზებს მოუგზავნიათ მოციქულები, რომელთაც უთქვამთ თურმე იარაღს დავყრითო და რასაც გვიბძანებთ ავასრულებთო.

9. მკათათვეს იმავე შელკოვნიკოვის ჯარის ნაწილი ბიწუნდაში მდგომს ოსმალოს ჯარს დასცემია, რომელიც გაფანტულა და ხომალდებში შეფარულა. ჯავშნიან ხომალდებს 250 ყუმბარა უსროლიათ. ჩვენი რვა არის დაჭრილი. ხუთი კაცი აჩვენებს ტყვეთ დარჩენიათ; გარდა ამისა ჩვენებს 1,500 სული საქონელი წაურთმევიათ და 30ცხენი.

გარდა ამისა „ტფილისის მოამბეს“ ატსლეგრამმა ამბობს, რომ შელკოვნიკოვს გუდაუტი დაუჭერია, რომელიც ოსმალებს სრულებით გადუწვამთ.

4 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი მაკ-მაგონი, როგორც მოგეხსენებათ, ჯარის კაცია, და ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ეხლა კი, რაც საფრანგეთის დაცვა მოინდომა, ძნელი საქმე დაემართა. მისი მინისტრები ძალას ატანენ წადი საფრანგეთი დაიარეო, აქა-იქ სიტყვა წარმოთქვიო. აგები როგორმე სახელი გაგიკეთდესო. მაკ-მაგონიც აიბარგა და ჯერ ნორმანდიას მიჰმართა თავისი წყალობა და ქალაქსა ეკრეს მივიდა. რკინის გზის სადგურზედ ადგილობრივნი მოხელენი დაუხვდნენ. შემდეგ პრეფეკტურაში წაბძანდა, სადაც სხვა და სხვა მოხელენი მიიღო. ჯერ-ჯერობდით ქალაქის მოთავის თანაშემწემ (თვითონ მოთავე ორის დღას წინ გადაყენებული იყო, რადგანაც რესპუბლიკის მომხრეა) გააცნო. მუნიციპლის საბჭოს წევრნი. მოთავის თანაშემწემ შემდეგი სიტყვა უძღვნა მარშალს: „უფ. რესპუბლიკის პრეზიდენტო! ჩემი თანამდებობა პატივს მაძლევს დავუხვდე უპირატესს გვამს რესპუბლიკისას. მე მოგეგებით თქვენ ქალაქის ევრეს მცხოვრებთა წარმომადგენელათ. თქვენ ისურვეთ ეს მოგზაურობა, როგორც ვიცით, იმ განზრახვით, რომ გაიცნოთ საფრანგეთის ხალხის მოთხოვნილება და ლოდინი; გულითადს მადლობას გიცხადებთ თქვენ ამისთვის. ეგრე — პირველი ქალაქია, რომელსაც ეწვიეთ თქვენ ამ მოგზაურობაში; ნება მოგვეცით გულახდილათ აღვიაროთ ჩვენი გრძნობა და გითხრათ, რომ მცხოვრებნი, რომელთა წარმომადგენელნი ჩვენ გახლავართ, გულწრფელი ხელქვევითნი არიან რესპუბლიკის მმართველობისა, და ყოველი თქვენ მიერ ხმარებული ღონისძიება ამ მმართველობის დამკვიდრებისათვის გულითადს თანაგრძნობას მოიპოვებს ჩვენის ქალაქის მცხოვრებთაგან. თქვენ მოგზაურობაში ცხადათ დინახავთ. რომ ყოველს კთილ-გონიერს მცხოვრებს ჩვენის ნორმანდიისას ამ გვარივე გრძნობა უღვივის გულში და ამასთან ის მხურვალე სურვილიც, რომ აწინდელი კრიზისი საჩქაროდ დაბოლოვდეს და მით ყოველი სული უშიშრათ მიეცეს თავის საქმეს.“ ამაზედ მარშალმა უპსუხა შემდეგი: „მართალი მოხსენებაა, რომ კონსტიტუციას არავითარი შიში არ მოელის იმისგან, ვისაცა მო აქვს მინდობილი მისი დაცვა; შიში მხოლოდ იმათგან მოელის, ვისიც მოძღვრება და ქადაგება მავნებელია ყველა ინტერესებისათვის და აგრეთვე იმ დედა-ბოძთათვის, რომელთა სიმკვიდრე საჭიროა ყოველის მართველობისათვის, რა გვარიც უნდა იეთს ეს მმართველობა.“

მაკ-მაგონს რომ ადრევე სცოდნოდა ევრის მოთავის თანაშემწის სიტყვა, ამ თანაშემწესაც გადააყენებდა, ან არა და სრულებით აიცილებდა თავიდგან ამ მოგზაურობას. მაკ-მაგონი გულში უნდა დარწმუნებულიყო, რომ მომავალი საიკრანგეთში რესპუბლიკისაა, სხვა რაც უნდა ჩასჩურჩულონ მისმა მინისტრებმა. ამას უნდა დავუამატოთ, რომ სენ-ლოს და შერბურღის მუნიციპალის საბჭომ გროშიც არ გადასდვა მაკ მაგონის დასახვედრად.

სერბია. გაზეთს Северный Вестникъ-ში დაბეჭდილია შემდეგი კორრესპონდენცია ბელგრადიდამ: ჩვენდა სამწუხაროდ უმეტესი ნაწილი სერბიის ინტელიგენციისა (განათლებულთა პირთა) გახარებულია რუსის ჯარის დამარცხების თაობაზედ პლევნაში. რამდენადაც მესმის, ეს სიხარული მისგან წარმოსდგება, რომ, იმათის აზრი, რუსის ჯარის დამარცხებაზედ დამოკიდებულია სერბიის მომავალი, ე.ი. სერბიასთან შეერთება ბოსნიისა, ჰერცეგოვინისა და ძველის სერბიისა, თუ მთლად არა, მომეტებულის ნაწილისა მაინც. აი რას ფიქრობენ სერბიულნი: ეს ომიანობა რომ რუსეთისათვის კარგად წავიდეს, მაშინ რუსეთი არავითარ ყურადღებას არ მიაქცევსო სერბიას და ჩვენი ქვეყანა იმავე საზღვართა შორის დარჩებაო, როგორც ამ ჟამად არის. მაგრამ რუსეთს თუ საქმე გაუჭირდა, მაშინ სერბიის შემწეობას ისურვებს და სერბიას სამაგიეროდ ის ერგება, რაცა სურს. რუსების დამარცხება კიდევ იმიტომ უხარიანთა სერბიელებს, რომ ეხლა ქვეყანა დაინახავს რამდენად მძლავრია ოსმალეთი და რამდენად ყოჩაღნი იყვნენ სერბიელნი, რომ მას ეომებოდნენ და გაუმაგრდნენო. ეხლა — ამბობენ სერბიელნი, რუსები ვეღარ იტყვიანო, რომ სერბიელნი მარტო იმაში ვარგა ნანო, რომ დაჭრილობის ნიშნად თვითონ მოიკვნიტონ თითებიო და სიმინდებში დაიმალნენო. რუსები დინახავენ, რომ ოსმალეთთან ბრძოლა ადვილი არ ყოფილა, და სერბიაც ისეთი უხეირო არ არის, თუ კი შეიძლო ისეთი სანგრძლივი ბრძოლა ოსმალეთთანო.

„სერბიის ფიცრები ბევრს ლაპარაკობენ მომავალს ომზედ, მასზედ თუ სად უნდა გაიგზავნოს უმთავრესი ჯარი სერბიისა“.

— ავსტრიას რაღას უზამთ? ვკითხე მე ერთს ამ აფიცერთაგანს.

რა არის ავსტრია? – არაფერი! აბა დაიძრას: თვითონვე ლუკმა-ლუკმა იქცევა.“

ამჟამად ამბავი მოვიდა, რომ სერბია დღე დღეზე ომს მოელისო. მაგრამ ვიდრე ნამდვილად არ დამტკიცდება ეს ამბავი, ძნელად დასაჯერია.

ავსტრი-ვენგრია. — ამ ჟამად ავსტრი–ვენგრინში, როგორც მოგეხსენებათ, დიდი მღელვარებაა აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. ცალკე ვენგრიელები და ცალკე სლავიანები წამ და უწუმ მიტინგებსს მართვენ პირველნი ოსმალეთისადმი თანაგრძნობით აღსავსენი, მეორენი ამ თანაგრძნობის წინააღმდეგნი. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ავსტრი-ვენგრიის მთავრობა არც ერთს მისდევს, არც მეორეს, და თავისი საკუთარი განზრახვა და წადილი აქვს. კარგადაცა შვრებაო — ამბობს Indépendance Belge ის კორრესპონდენტი და აი რად. ავსტრი-ვენგრიის სახელმწიფო, თუ ესე შეიძლება ვსთქვათ, ორთავა — ერთის მხრით ვენგრია, მეორეს მხრით ავსტრია. სლავიანის ტომის ხალხი, ზოგი ერთს ემორჩილება (პირ-და-პირ) ზოგი მეორეს. ამის გამოისობით ვენგრიელნი ამბობენ, რომ მთავრობა მხოლოდ ჩვენსა და ნემენცების აზრს უნდა აუგესო და არა სლავიანებისასაო. ზემოსსენებული კორრესპონდენტი ამაზედ აი რას ამბობს: დიდი შეცდომა იქნება და დიდი განსაცდელიც მოეგება თუ მთავრობა ვენგრიის პოლიტიკას აუვა, მაგრამ ღვთით ეს ასე არ არის, მთავრობა კარგათ გრძნობს. რომ სახელმწიფოს დაცვისათვის ზომიერსა და მშვიდობის მყოფელს პოლიტიკას უნდა დაადგეს ამ მპიმე საქმეში.

„მთავრობა რომ მარტო მადიარების (ვენგრიელების) განსაკუთრებულ პოლიტიკას აევესო, მაშინ თვითონ ავსტრო-გენგრიის სახელმწიფოს დიდი განსაცდელი მოელისო“

მიტჰად-ფაშა რომ 16 მარიამობისთვეს (ე.ი. 4-ს) პარიჟს მისულა მას გაზეთის Temps-ის თანამშრომელი სწვევია, რომელიც ამ შემთხვევისაგამო შემდეგს იწერება: „მიტჰად-ფაშა, როგორც მოგეხსენებათ, ლონდონს აპირებს წასვლას. იქნება ეს მოგზაურობა ინგლისში უმთავრესი საგანია ამ პატრიოტულის მოვალეობისა, რომელიც იკისრა მიტჰად-ფაშამ. მაგრამ ამ ჟამად ეს გარდაყნებული ვეზირთ-უხუცესი უფრო დიდხანს დარჩება პარიჟში, ვიდრე ადრევ აპირებდა. შესაძლებელია, რომ ვიდრე ინგლისის დიპლომატებთან მოილაპარაკებს, შესანიშნავს ამბავს რასმეს მოუცდის საომარ ველიდამ. თუ მართლა ასეა, მაშ მიტჰად-ფაშა ორი კვირა მაინც დარჩება პარიჟში, რადგანაც ძნელი საფიქრებელია, რომ რუსებმა ამ თვის განმავლობაში წინ წაიწიონ და იერიშით მივიდნენ ოსმალებზედ... ოსმალებსაც არა ვითარი საბუთი არ აქვთ თავისის სიმაგრეებიდამ გამოვიდნენ და შეუტიონ რუსებს. გარდა ამისა ინგლისის პარლამენტი დაიშალა და მისი წევრნი ლონდონიდამ გასულნი არიან. მიტჰად-ფაშას რასაკვირველია ჰსურს მოლაპარაკება არამც თუ მარტო მინისტრებთან, არამედ პარლამენტის წევრთათანაც. მიტჰად-ფაშას იმედი აქვს, რომ ომი დიპლომატიის შუამდგომელობით შესწვდება შემოდგომის ბოლოს ან ზამთარში. მიტად-ფაშა ამ აზრისაა: ოსმალოს ჯარს ძალიან კარგი მაგარი ადგილები უჭირავს, და სიმაგრის დაცვაც კარგად იცის. ეს ცხადად დაამტკიცა კიდეცო. გამარჯვებამ ძალიან აამაღლა ოსმალოს ჯარის მხნეობა და განუძლიერა საომარი ძალა. სულეიმან-ფაშა და ოსმან-ფაშა საცაა შეუერთდებიან ერთი ერთმანეთს ტირნოვის ახლოს, და რა წამსაც შეურეთდებიან იმ წამსვე რუსები მომწყვდეულ იქნებიან ამ ორის ღენარლისა და მეჰმედ-ალის მხედრობის შუა, ხოლო ზურგთ უკან დუნია დარჩებათ. თუ ოსმლოს ჯარს დიდხანს ეყოლება მომწვდეული რუსები, და თუ რუსები თავის დასასსნელად დაეცემიან ოსმალებს, მაშინ რუსებს გამარჯვებისთვის იმდენი ჯარი დასჭირდებათ, რომ იმოდენას ვერც იშოვიან და ვერც შეინახვენ. რაც უნდა იყოს, თუ ოსმალოს ღენერლებმა კარგად მოიხმარეს დრო და გარემოება, ომი დიდხანს გასწევს. რუსებს დიდი იმედი ჰქონდათ ბოლგარების აჯანყებისა, მაგრამ ბოლგარიელნი ძალიან სუსტი მოზავენი გამოდგნენ. თუმცა ბოლგარიელნი მართალია აჯანებისთვის გამზადებულნი არიან, მაგრამ ისე უძლურნი და მშიშარანი არიან, რომ მათი დახმარება სრულებით გამოუსადეგია. ეხლა რუსებს გამარჯვებისათვის ხანგრძლივი და დიდი ჯაფა და ცდა მოუნდებათ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ომი ზამთრამდე არ გათავდება და ბრძოლას დროებით შეაყენებენ და გაზაფხულს სულმეორედ დაიწყობენ. განა უპირატესნი სახელმწიფონი შეიწყნარებენ ამ გვარს მდგომარეობას? ეს ომიანობა მთელს ევროპას ზიანს აძლევს, და რაც უფრო დიდხანს გასწევს იმდენად უფრო საზიანო იქნება, ომის ხანგრძლივობა თვითონ რუსეთისთვის დიდი გამბედაობა იქნება გარდა ფინანსებისა, სხვა მიზეზების გამოც. მაშასადამე ყველა სახელმწიფოთა სარგებლობა მოითხოვს დიპლომატიის შუამდგომლობას, თუ ვინიცობაა ომმა დიდხანს განსწავა. ასე ფიქრობს მიდად-ფაშა, და იმედი აქვს, რომ როცა დრო მოვა დიპლომატიის შუამდგომლობას, მოახერხებს და ოსმალეთს ღირსეულს და მართებულს მშვიდობიანობას ჩამოუგდებს.

თუ მიდჰად-ფაშა თავის ნებით დაიარება ევროპაში, მაშინ რასაკვირველია მის მოსაზრებას და ლაპარაკს არავითარი საპოლიტიკო მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ საფიქრებელია, რომ მიდჰად-ფაშა საიდუმლო მოციქული იყოს ხონთქრისა. იგი ისეთი სულელი კაცი არ არის, რომ თავისთავად გამოტყვრეს და ტყუილ უბრალოდ მეტიჩრობა გასწიოს.

ღირსშესანიშნავია აგრეთვე, რომ მიდად-ფაშა მორიგების ნიადაგს სხვათა შორის ინგლისში დაეძებს, იმ ინგლისში, რომელსაც ცეცხლი და ნავთი გასდიოდა შირიგან რუსეთის წინააღმდეგ. ეს გარემოებაც გვიმტკიცებს, რომ ინგლისის პოლიტიკა შეიცვალა.

5 თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა ქ თელავში

▲back to top


თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა ქ თელავში

1875-1877 წ.

მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარგა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!
წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების
და ძრახვავე სჯობს სარაძრახვთა,ძრახვას კაცი მოუფრთხების.“

დავით გურამიშვილი.

სამღვდელოთ ყრილობა თელავში დაიწყო 1867 წლიდგან, იმ დროდგან როდესაც სასულიერო სასწავლებლის ძველი კანონების მაგიერ დამტკიცდა ახალი კანონები. ამ კანონებმა დიდი უფლება მიანიჭეს სამღვდელოებას სასულიერო სასწავლებლის საქმეში. სამღვდელოებას მიეცა უფლება იყოლიოს თავის მხრით ორი წევრი სასწავლებლის სამმართველოში, რომელთაც აქვს სრული ხმის უფლება ყოველ საქმის განხილვაში. ამ უკლებასთან სამღვდელოებას ისიც მიენიჭა, რომ ამან უნდა იზრუნოს სასწავლებლის წარმატებაზედ, მის ნივთიერ (მატერიალურად) განკარგებაზედ და უნდა სწირავდეს სასწავლებლის სასარგებლოდ რავდენსამე შესაწირავს როგორც თავისის, ეგრეთვე ეკკლესიის შემოსავალიდგან. ესრეთი უფლება და მოვალეობა, სამღვდელოებისა, მინიჭებულნი ახალის კანონების ძალით, 1867 -1875-მდის დარჩნენ ჩვენდა სამწუხაროდ, თითქმის უნაყოფოდ. თელავის სასულიერო სასწავლებლისთვის სამღვდელოთ შეწირულობა, აღნიშნულის დროის განმავლობაში თავისის სიმცირით სათქმელი არ არის, თუმცა სასწავლებლის საჭიროებანი ბრმებისათვისაც ადვილი დასანახავნი იყვნენ. ჩვენი სამღვდელოება კი აქამდის თვალებსა ხუჭავდა და არ უნდოდა მისი ნაკლულევანების დანახვა და განსაკუთრებით მისი შევსება; ის ჩვეულობისამებრ უმაღლესის მთავრობიდგან . ელოდა შემწეობას და ზრუნვას. რომ ეს შემცდარი იყო თავის შეხედულობაში და რომ მისი ფიქრები სასწავლებლის შესახებ იყვნენ უსაფუძვლონი, ამაში დაარწმუნა თვით საქმემ; რვა წლის განმავლობაში ამას ყური არა ვინ ათხოვა უწინდებულად. მოსწავლეთ და თვით სწავლამ ძლიერ ძირს დაიწივა სასწავლებელში, ასე რომ საქართველოს კანტორამ ამ მიზეზის ძალით განიზრახა კიდეც ამ სასწავლებლის გაუქმება და რამდენჯერმე სთხოვა უწმ. სინოდს, რომ ეს სასწავლებელი გაუქმებულ იყო. თქვენი მტერი იყოს, ჩვენს სამღვდელოებას საქმე დაემართებოდა, რომ უწმ. სინოდი დთანხმებულიყო. კანტორის წარდგენაზედ და სასწავლებელი გაეუქმებინა. მაგრამ ჩვენი სამღვდელოთ შვილების სასიხარულოდ, სინოდმა უარი სთქვა სასწავლებლის გაუქმებაზედ, და ამასთანავე სამღვდელოებას აცნობა, რომ უთუოდ ნივთიერი (მატერიალური) შემწეობა რამე მისცენ სასწავლებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასწავლებელი გაუქმდებაო. ამ შემთხვევამ ცოტა არ იყო, ჩვენი სამღვდელოება გამოაფხიზლა. ამას გარდა საქმემაც აჩვენა, რომ ისინი თვითონ ვერ ამზადებდნენ პირკელის კლასისათვის თავიანთ შვილებს და რჩებოდათ უსწავლელნი. ამისთანა გარემოებამ გამოაღვიძეს ჩვენი სამღვდელოება, აუხილეს მათ თვალი და ჩააფიქრეს თავიანთ შვილების ბედსა და უბედობაზედ. უნდა შევნიშნოთ ამასთანავე რომ ესრეთი გამოღვიძება არ იყო ძირეული, გულითადი; ეს იყო დროებითი აღელვება სამღვდელოებისა, რომელიც ჩქარა ჩაივლიდა და სამღვდელოება უწინდელს უაზრო მდგომარეობას მიეცემოდა, — თუ რომ ამათ არ გამოუჩნდებოდათ თავიანთ მოძმეთაგანივე გულითადი წინამძღომელნი. ამ გვართ წინამძღომლობაზედ შეიძლება მხოლოდ იმედი გვქონოდა, რომ ესენი კარგად წაიყვანდნენ საქმეს, და უკეთუ ეს წინამძღომლობა ერგებოდათ გონებით ბრმებს და გულით შემუსვრილ პირებს, მაშინ საქმე უკან დ იწევდა და წარმატების მაგიერ ვნებას მიეცემოდა სასწავლებელი. თუ რამდენათ საფუძვლიანია ეს აზრი, ამაზედ უნდა ილაპარაკოს თვით საქმემ, რომლის გულწრფელ აღწერას შევუდგებით.

ორის წლის განმავლობაში 1875-1877 წლამდის (სეკდემბ. 1879 — ივლის 1877) ხუთჯერ იყო სამღვდელოთ ერილობა, რომელთაგან თვითვეულს ცალკე ავუწერ „ივერიის“ მკითხველებს.

I.

„ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის კვლავ აღარ ჩაიდინოს, სხვა გაფრთხილდეს,მისებრ ცრემლი თვალთ არავინ ჩაიდნოს, კაცმა უნდა თავიდგანვე საქმე კარგად მოიხდინოს, თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ რახვა დაიცდინოს.“

დავით გურამიშვილი

სამღვდელოთ ყრილობა 19 სეკტემბერს 1875 წ. — უპირველესი დანიშნულება ამ ურილობის. მდგომარეობდა იმაში, რომ სასწავლებლის ზედამხედველი უნდა მოერჩივნათ და ამის შემდეგ განეხილათ სხვა და სხვა საგნები სასწავლებლის საჭიროების შესახებ. ამ ყრილობის თავს მჯდომარედ იყო ამორჩეული სიღნაღის მღვდელი ლ. ტურიევი, ეხლანდელი სამღრთო წერილის მასწავლებელი საოსტატო სემინარიისა ქ. გორში. ამის შესახებ უნდა შევნიშნოთ, რომ მას თავის მოქმედებით, როგორც თავს მჯდომარეს სამღვდელოთ ყრილობაში სხვა და სხვა დროს, შედარებით რომ ვსთქვათ, უფრო ზარალი მოჰქონდა, ვიდრემდე სარგებლობა. ამისთვის საზოგადო სიკეთეს და მისთვის ზრუნვას დიდი მნიშვნელობა არა ჰქონია; ეს იქ და იმ საქმეში იყო თავგამოდებული, სადაც პირის სარგებლობას ან რომელსამე ვიწრო წრეს ეხებოდა საქმე. როდესაც ამას თავსმჯდომარედ ირჩევდნენ ხოლმე, მაშინ სიღნაღის მაზრის სამღვდელოებას ის საზოგადო სენი ჰქონდა გადადებული, რომ ყველა იმათ განი წინდაუხედავად და ჩაუფიქრებლად ყვიროდა — სასწავლებელი სიღნაღში ანუ წმ. ნინას-ბოდბის (ს. ქედელშია ეს მონასტერი) მონასტერის სახლებში უნდა გადავიტანოთო. ამ უმეცარ და ყოვლის მხრით აუწონავ აზრს მომეტებული ვნება მოჰქონდა მისთვის უფრო რომ იმისთანა პირები, როგორც ლაზარე ტურიევი გამოუცვლელი თავს მჯდომარე სამღვდელოთ ყრილობისა, თანაუგრძნობდნენ და ამ აზრის აღსრულებას ცდილობდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ 1867 წლიდგან თელავისა და სიღნაღის მაზრების სამღვდელოთ შუა თანხმობა არა ყოფილა არც მოსამზადებელის კლასის გახსნაზედ და არც სასწავლებლის სხვა საჭიროებაზედ. სიღნაღის მაზრის სამღვდელოებს კი ეგონა, რომ თელვიდგან სასწავლებლის გადმოტანისთვის სიღნაღს, საჭიროა მხოლოდ იმათი წადილი, რომელსაც ვითომ არავითარი დაბრკოლება არ ექმნება. სამწუხარო ამ შემთხვევაში უფრო ის იყო, რომ ამ საქმის მომხრეთ, როგორც მაშინ ისმოდა, გამოჩნდა თავმჯდომარის ლ. ტურიევის ძმაც (თომა ტურიევი), რომელიც იმ დროს იყო მასწავლებლად თბილისის სემინარიაში და რომელსაც უფრო გავლენა ექმნებოდა ქიზიყის სამღვდელოებაზედ. ამ ორთავე ძმების წინამძღომელობას ის შედეგი ჰქონდა, რომ 1878 წლამდის შეუძლებელი და მოუხერხებელი გახდა მოსმზადებულის კლასის გახსნა თელავში სასულიერო სასწავლებელთანვე. თუმცა ეს განხეთქილება სუფევდა ქიზიყისა და კახეთის სამღვდელოთ შუა, მაგრამ მთელი სამღვდელოება მაინც კიდევ ისე არ იყო დაბრმავებული და გონებით დახშული, რომ ვერ ეგრძნო თუ რა ზარალი მოსდიოდათ მათ შვილებს ამისთანა მათის ქცევისაგან,— და ამის წინააღმდეგ არ მიეღოთ შესაფერი საშუალება თუ რა ზრალი მოუვიდათ ნამდვილად სამღვდელოთ შვილებს აღნიშნულის მზეზით, ეს ცხადად სჩანს თელავის სასულიერო სასწავლებლის პასუხიდგან უ. „დ. რ.“ კორრესპონდენციაზედ, რომელიც დიბეჭდა შარშანდელს „დროების“ №№116, 117და 118-ში, მაშასადამე თვით გამოცდილება ეუბნებოდა სამღვდელოებას, რომ იმას გამოეცვალა თავისი უწინდებური მიმოქცევა სასწავლებელთან და ორგულობის მაგიერ გაეწივა მისთვის ერთგულება როგორც სიტყვით, ეგრეთვე საქმითაც. აღნიშნულ ყრილობის დროს ამოირჩივეს ზედამხედველად იმ დროს ახლად კურს შესრულებული ნ. - მთვარელოვი.

ურიგო არ იქნება, რომ ორიოდე სიტყვა ვსთქვათ ახლად ამორჩეულს ზედამხედველის ვინაობაზე. ეს არის შობით თელავისავე მაზრიდგან და თელავისავე სასულიერო სასწავლეულში ნასწავლი. თბილისის სემინარიაში კურს შესრულების შემდეგ, ამას უარი უთქვამს მღვდელობის თანამდებობაზედ და თავისზედ დამტკიცებული მამის ადგილი მღვდლობის სხვისთვის დაუთმია და თვითონ მასწავლებლის ადგილი დაუჭერია თელავშივე. ოთხის წლის სამსახურის შემდეგ ამ თანამდებობაში, ეს წასულა პეტერბურგში სწავლის შესავსებლად და შესულა სასულიერო აკადემიაში. აკადემიის შემდეგ ამას ერგო ისევ თელავში ადგილის შოვნა, — ზედამხედველობა სასწავლებლისა. უნდა ვსთქვათ, რომ ეს გარემოება დიდს მნიშვნელობას აძლევს აღნიშნულს ზედამხედველს თელავის სასულიერო სასწავლებლისთვის, რადგან მას შეეძლო დაახლოებით გაეცნო ადგილობრივი საზოგადოება სამღვდელოთა, მათი საჭიროება და ამის მიხედულობით ემოქმედნა სამღვდელოთ სიკეთისათვის. სამღვდელოთაც ესევე მიიღეს სახეში, როდსაც ამის ზედამხედველობა ისურვეს. მართლაც მისთანა პირს შეეძლო ძრიელ ჩქარა დაემჩნია სასწავლებლისათვის წარმატება, მხოლოდ იმ პირობით, თუ სამღვდელონი ყველა მისს სიფუძლიანს დაწყებას ხელს მოუმართავდნენ ნივთიერებითის (მატერიალური) შეწირულობით. თვით ზედამსედველმა უთხრა ამაზედ თავის აზრი დეპუტატებს, როდესაც ამათ ერთხმად ამოირჩივეს ეს ახალ თანამდებობაზედ. დაახლოვებით ესრედ შეიძლება გამოვხატო მაშინდელ მისი სიტყვები, მიცქეული დეპუტატთადმი; „ბევრი ლაპარაკი აღარ არის საჭირო იმაზედ, რომ თელავის სასწავლებელი დაბლა დგას ყოვლის მხრით ყველა საქართველოს სასწავლებლებზედ, მაშასადამე აღდგენისა და წარმატებისათვის დიდი შრომა არის საჭირო ყველა სასწავლებლის მოსამსახურეთაგან და განსაკუთრებით ზედამხედველისაგან. მაგრამ ამასთანავე უნდა ისიც გამოგიცხადოთ რომ ყველა ჩვენი, აქ მოსამსახურეთ, მეცადინეობა უნაყოფოდ დარჩება, თუ რომ თქვენგნით ერთგული შემწეობა არ მიეცა სასწავლებელს; იცოდეთ, რომ მაშინ წავა სასწავლებლის საქმე კარგად, თუ რომ ყოველს საფუძვლიანს თხოვნას და წინადადებას სასწავლებლის მმართველობისას, ერთგულად მოეკიდებით და ნათხოვნი შემწეობას მისცემთ. თუ გითხრათ ვინმე, ან გეუბნებიან და ან გეტყვიან როდისმე, რომ ჩვენ შევიძლებთ სასწავლებლის გაუკეთესობას ყოვლის მხრივ უფულოდ, ისინი დაგარწმუნებთ, თქვენ გატყუებენ. მე წინააღმდეგ ამისა, უთქვენოთ, ანუ უკეთ, ნივთიერ შეუწევნელად თქვენგან, ვერაფერს იმედს ვერ მოგცემთ, რადგან, დარწმუნებული ვარ, ამისთანა იმედი თქვენი და ჩემი თავის მოტყუება იქნება უხლანდელი თქვენი შეწირულობა ღირსია ყურადღებისა და წაქეზებისა; იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს იქნება დასაწყისი სამღვდელოთ თანაგრძნობის სასწავლებლისადმი და ამით არ გათავდება თქვენი შემწეობა და ზრუნვა მას ზედა. ამასთანავე იმას გეტყვით, რომ იქნება ოდესმე ბლომა შეწირულობაც გადასდოთ სასწავლებლისათვის, მაგრამ ხეირიანი — ერთგული და მცოდნე კაცი კი არა გყვანდეთ, რომ ეს შეწირულობა ნაყოფიერად გამოუყენოს თქვენს შვილებს. ამის მაგალითს ბევრს ვხედავთ ჩვენშიაც და სხვაგანაც თქვენ, ჩემის ფიქრით. უნდა ეცადოთ ისარგებლოთ შემთხვევით და გარემოებით, რომლებიც ყოველთვის ერთნაირნი არ იქნებიან. უკეთუ თქვენ თანაგრძნობას გამოუცხადებთ სასწავლებელს, მე იმედს გაძლევთ, რომ ჩვენი სასწავლებელი ოთხს წლის შემდეგ, თუ არ დაემჯობინება, არაფრით ჩამოუვარდება სხვა მასთან თანასწორ სასწავლებლებს, და თუ თქვენის მხრით შემწეობა არ ექმნება, შეიძლება სასწავლებელი წარმატების მაგიერ, უკან და უკან წავიდეს.“ ამ დროს ერთმა დეპუტატთაგანმა უთხრა მოლაპარაკეს: „გახსოვთ, რომ ერთ ყრილობაზედ, როდესაც თქვენ მასწავლებლად იყავით, თქვენის რჩევით ჩვენ შევსწირეთ ბიბლიოტეკისათვის ანუ ყმაწვილების წიგნებისათვის კრებულზედ ათ ათი შაური. ჩვენ ეს ფული შემოგვაქვს და ჩვენს შვილებს კი არც ერთს წიგნს არ აძლევენ უფასოდ, თქვენ კი მაშინ გვითხარით, რომ ხუთის წლის შემდეგ თქვენს შვილებს ყველას სახელმწიფოთ ექმნებათ წიგნებიო. მე მაგაზედ ეხლა პასუხს ვერ მოგცემ. რადგან მე შეწირულობის შემდეგვე ჩქარა დავანებე თავი სასწავლებელს და არ ვიცი რა დანიშნულება მიეცა თქვენ ფულებს შემდგომში, — უპასუხა მთვარელოვმა, როგორც აღმოჩნდა ბოლოს, ეს ფული შემოეტანათ ზოგიერთ ბლაღოჩინებს მხოლოდ ერთის წლისა, დანაშთენ ფულების მოკრეფაზედ და სასწავლებლის მმართვულობისათვის წარდგენაზედ თავს არავინ იცხელებდა. მხოლოდ ახალმა ზედამხედველმა მოაგონათ ბლაღოჩინებს მათი ძველი შეწირულობა და ურიცხვი მიწერ-მოწერის შემდეგ ბლაღოჩინებთან, ძლივს შეიკრიბა ეს ფული. როგორც ნამდვილის წყაროებიდგან ვიცით, ეხლა მომეტებულ ნაწილს მოსწავლეთა მუქთათაც ეძლევათ სასწავლი წიგნები (учебники), რომლებიც არიან ნასყიდნი აღნიშნულის ზემორე შემოწირულობით, წინანდელ ზედამხედვლებს კი ეს ფული ამ საგნისათვის არ მოუხმარნიათ. ესრეთი ერთგული მოქცევა ზედამხედველის მხრივ, რასაკვირველია, არ ესიამოვნათ სამღვდელოთ, რომელნიც დახვეულნი იყვნენ შეწირვას მხოლოდ ქაღალდზედ დაწერით და არა ფულით. თუ გინდა რომ სამღვდელოება გადაგემტეროს, მოსთხოვეორიოდე გროშის შეწირვა საზოგადო კეთილის საქმისათვის და მაშინ იმედი გქონდეს, რომ შენზედ მეჭორეებს ათასობით შეხვდები მღვდლებში.

როდესაც ზედამხედველის არჩევნის საქმე გაათავეს, მაშინ დაიწყეს საუბარი მოსამზადებელის კლასის გახსნაზედაც. ეხლაღა აღმოჩნდა თანხმობა ამ კითხვის შესახებ ქიზიყებსა და კახეთის სამღვდელოთ შუა. ამ ყრილობაზედ შესწირეს სამღვდელოებამ სასწავლებლის სასარგებლოდ 1057 მ., რომლისაგან თვითვეულს კრებულს შეხვდა 7 მანეთი. ეს ფული ყრილობის გადაწევეტილებით, უნდა განაწილებულიყო. შემდგომის სახით:

1) მოსამზდებელას კლასის მასწავლებელს წელიწ. 360 მ.

2) იმასვე მიეცეს სახლის ქირა — — — — 40 მ.

3) მოსამზადებელი კლასის ოთახისთვის ქირა — 40მ.

4) ამავე კლასის გასათბობლად და კანცელარიისათ. 30მ.

5) პირველად ამ კლასის მოსაწყობლად — — 60მ

6.) ქართული ენის მასწავლებელს ჯამაგირი — — 150მ.

7) ზედამხედველის თანაშემწის სახლის ქირა 50 მ.

8) სასწავლებლის სახლის შენახვის ხარჯად — 60მ.
——
800მ.

სასწავლებლის სამმართველომ უნდა დანაშთენი 1057 მანეთიდგან ფული შეიტანოს თვილისის სავაჭრო ბანკში გასამრავლებლად სარგებლით, სახელდობრ 257 მანეთი 1875 წ., ხოლო შემდეგ 317 წლიწადში.

თუმცა ეს განჩინება არქიერმა დაამტკიცა 1 ოკტომბერსვე და ამ განჩინების ძალით მოსამზადებელი კლასი უნდა გახსნილიყო ოკტომბრიდგანვე 1875 წ., მაგრამ საქმე სრულებით სხვა ნაირად წავიდა. უცოდინარობის გამო ექსარხოსის კანცელარიამ, იმის მაგიერ, რომ აღნიშნული განჩინება, უწ. სინოდის გარდაწუვეტილობის ძალით, გამოეგზავნა სასწავლებლის სასამართლოში, ამან, წინააღმდეგ ამისა გაუგზავნა ეს განჩინება ყრილობის თავმჯდომარეს, რომელმაც ერთის თვის განმავლობაში შეიკავა ხელში და თავის დროს არ გადასცა წესისამებრ სადაც ჯერ იყო. ეს შეიქმნა იმის მიზეზად, რომ მოსამზადებელი კლასი თელავის სასულიერო სასწავლებელთან გაიხსნა 1 ნოემბერს 1875 წ. მაინც უნდა ვსთქვათ, რომ აღნიშნული სამღვდელოთ ერილობა გათავდა სასარგებლოდ. ვგონებ ეს იყო პირველი სამღვდელოთ ყრილობა მღვდლის ლაზარე ტურიევის თავმჯდომარეობით, რომელშიაც სამღვდელოებამ პირველად გამოაცხადა თავისი თანაგრძნობა თავისის შვილების გონებით წარმატებისათვის. უნდა კი შევნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, როგორც წინათაც თავმჯდომარეს დიდათ თავი არ შეუწუხებია, რომ ეს საქმე ასე სასარგებლოდ გათავებულიყო. ქიზიყის მღვდლები კი ხშირად იქადიდნენ, რომ იმათში გამოჩნდა ამისთანა მღვდლების მომხრე და მათის ინტერესების დამცველი პირი. მე კი ვისურვებდი, რომ ამისთანა პირებს ჩვენს სამღვდელოებაში და მათს ყრილობებში არ ეჭიროთ მეთაურის ადგილები, რადგან ისინი წარმატების მაგიერ თავიანთ მოძმეთ ყველაფერში უკან სწევენ, და მხოლოდ თავიანთი პიროვნება შეჰყავთ თავიანთებურს წარმატებაში.

(შემდეგი იქნება.)

6 გზავრის წერილები

▲back to top


გზავრის წერილები

სვანეთზედ

(შემდეგი)[1]

სამეურნეო ნაწილი სვანეთში, საშინელს ცუდს მდგომარეობაშია, თავისის ცივი ჰავის მიზეზით, რომელიც მეურნეობას ბევრს ავნებს. მიწის შემუშავების იარაღები სვანებს ნამდვილი იმისთანა აქვთ, რა ნაირსა ხმარობენ იმერეთში, სამეგრელოში და ქართლში, მდელოების მცენარეებიდამ, სვანეთში კარგათ მოდის სიმინდი, ქერი, შვრია და პური ძალიან ცოტა; უმეტესად კი სიმინდსა და ქერსა ჰსთესვენ; შვრიას - უფრო ხშირად ვიდრე პურსა და დიკასა, პურსა მაგ რიგად არა ჰსთესვენ უთუოთ იმიტომ, რომ არ იციან პურის მოყვანის ანგარიში და იმიტომაც, რომ დაჩვეულნი არიან — ჭადსა, რომლითაც მთელი იმერეთი თავს ირჩენს. ვისაც პური აქვს — ის მდიდარ კაცათ მიაჩნიათ; და საცა არ უთესიათ პური, ის ხალხი ღარიბათ ირიცხება. „თავისუფალ-სვანეთის“ უმუტესს ადგილებში მდ. „კალარას“ და „მულხრეს“ ხეობებს გარდა, „უშკულის“ საზოგადოებაში, და მრთელს „სათავადო სვანეთში“, პური კარგათ მოდის, მაგრამ ძალიან დაბალის ღირსებისა. ზოგიერთ ადგილებში „უშკულის“ საზოგადოებისაში მოდის მხოლოდ — ქერი. ასე რომ, ბევრი სვანი, თავის სარჩოს შოვნისათვის სამუშაოთ გადის ლეჩხუმში და რაჭაშიაც, თუმცა კი სვანებს არა აქვთ ხასიათში, რაიმე კავშირის დაჭერა სხვა სამეზობლო ხალხებთან. უკეთესი სახლოსნობა, მეურნეოაბა, სვანეთში არის სოიფელს „ბეჩოს“ და სოფ. „ცხმარს, სათავადო. სვანეთში. ყოველი ოჯახის პატრონი სთესავს ორკოდიდამ ათ კოდამდინ ჭირნახულსა, თუმცა სვანეთში ცოტაა გამოსადეგი — სახნავი მიწები, მაგრამ ისეთი მძლავრი ყამირი ქონია სვანეთის ნიადაგსა, რომ ერთ კოდ თესლსა, თვრამეტი კოდი ჭირნახული მოაქვს, და ეს საშუალი შემოსავალია; ასე რომ მთელს სვანეთში, იმას გარდა რაც თვითან ხალხს თავის ოჯახებისათვის სჭირდებათ ჭირნახული — მეტი მოსდისთ ხუთი ათას კოდამდინა. აქედამ ზოგი ინახება მომავალის წლისათვის, თესლთ, და ზოგი, ძალიან ცოტა, იცვლება სხვა და სხვა სავაჭრო ნივთებზედ და უმეტესის ნაწილიდამ არაყსა ჰხდიან, რომელსაც ღვინის მაგივრათა ხმარობენ, რადგანაც სვანეთში ვაზი სრულებით არ ხეირობს. ამ ჭირნახულის გარეთ გატანა გასასუიდათ, სვანებისათვის, შეუძლებელია უგზოობისა გამო.

საბალახები და სათიბეები სვანეთში — მრავალია, რომელშიაც თავის საქონელს საძოვრათ ჰრეკენ ხოლმე; ზამთრისათვის კი თივასა სთიბვენ და ინახავენ ახალს მოსავლამდინ. მიწებს არასდროს არა ჰრწყვენ; და თუ ვისმე ორჯელ დასჭირდება სათივის გათიბვა — სათივეებს ბლომათა ჰრწყვენ და ამითი ერთ ზაფხულს ორი მოსავალი მოჰყავთ. სვანეთის მიწებს ისეთი მძლავრი ნაყოფიერება აქვს, რომ მოკლე ზაფხულში, ესე იგი ორ თვე ნახევარში, ორი მოსავალი მოჰყავთ სუყველაფრისა, რასაც კი დასთესვენ, თუ მომჭირნეთ გაიხარჯეს. ვენახები მსოლოდ „სადადიანო სვანეთში“ არის და ისიც ძალიან ცოტა და გლახა ვაზი იცის, მხოლოდ ერთს „ლაშხეთის“ საზოგადოებაში; ამ ვაზის ღვინოს არა სმენ სვანები, მისის უგემურობისა გამო, მხოლოდ ან დაძმარებენ, ან არა და არაყში ურევენ.

მთელი ქვეანა დიდი ტყეებით არის დაფარული, რომელშიაც ვერხვი, ქედრის-ხე, არაყის-ხე, წაბლი, ძელქვა, ფიჭვი, ნაძვი, კოწახური, რომელიც ყოველგან მრავალია და აწითლებს ბუნებას, შინდი, დაფნის-ხე, მჭნავი და სხვა ამ გვარი მცენარეა. სახმარი ხე სვანეთში უკეთესია: მუხა, იფნა, ქედრის-ხე, წაბლი, წიფელა, ნაძვი, ფიჭვი და ძელქვა; მაგრამ სვანები ამ ხის მასალებს ძალიან ცოტასა ხმარობენ თავის შენობებისთვის; მათი შენობა უმეტესად, ქვითკირისა. ეს ტყის მასალის სიმდიდრე არც კი იჩეხება, რადგანაც არც გზები აქვს სვანეთის ტყეებს და არც ტყის მასალის ვაჭრები არიან იქა ბოსტნეულობის მცენარეებში სვანები ძალიან ხმარობენ ლობიოს, ხახვსა, და ნიორსა; კართოფილსაც სთესვენ, მაგრამ ძალიან ცოტასა და აგრეთვე ცოტა კიტრსა, კვახსა და სხვა ამ გვარს მცენარეებს, ძალიან ჰყვარებიათ— ქინძი და ნიორი. ზეთის სახდელ მცენარეებში და ბუსუსიანი მცენარეებში სვანები სთესვენ — ბამბას, მხოლოდ საკუთარის ოჯახისათვის; მრავალს — სელსა და კანაფსა; თუთუნს ისე ცოტასა სთესვენ, რომ სვანეთის მცენარეებში არ ჩაირიცხება. ხეხსილი, სვანეთში იპოვება ბევრი: მსხალი, პანტა, ვაშლი სხვა და სსვა ქლიავი და ტყემალი. ბალახებში, სვანები სამკურნალო ბალახებს აგროვებენ და თავის დროზედა ხმარობენ.

საქონელი, სვანებს, —საჭიროებისა და გვარათ ჰყავთ; თითქმის ყოველ სვანს, ხუთი ან ექვსი წყვილი რქიანი პირუტყვი ჰყავს, ძროხებიანა; და ოცი და ორმოცი წყვილი — ცხვარი, უსათუოთ უნდა ჰყავდეს. ამათი ხარი და ძროხა უფრო დიდი და მსხვილია, ვიდრე იმერეთის საქონელი, ანუ მთელის ქუთაისის ღუბერნიისა. კამბეჩები აქა სრულებით არ არის, სიცივის გამოისობით, რომელსაც კამბეჩი ვერ აიტანს ხოლმე; ცხენები და ჯორები აქა მოჰყავთ სამეგრელოდამ, ქუთაისიდამ და ლეჩხუმიდამაც; მხოლოთ რომელიმე თავადიშვილებსა ჰყავთ ცხენები და ჯორები კი აზნაურებსაც. სვანები ამბობენ, რომ ცხენებს და ჯორებს იმიტომა არ ვაშენებთო, რომ სასიარულო გზა არა გვაქვსო, სულ მთა და მთა არისო და ვაკე ადგილი კი — სულ დათესილიაო. ცხვარი ბევრი ჰყავთ, და ხორცს თითქმის მთელ წელიწადსა სჭამენ და ტყავისას ფაფახებსა და ქურქებს იკერვენ ხოლმე; მათის მატყლისას კი სხვა და სხვა ნაქსოვებსა ქსოვენ. მაგთი ცხვარი მსხვილ მატყლიანია, და დუმის მაგივრათ კუდები აქვსთ, როგორც მთელ იმერეთის ცხვარსა. აგრეთვე ბევრს ღორს ამრავლებენ, რომელთაც არც არა მოვლა უნდა და არც არაფერი საკვების შენახვა. ძაღლები უმრავლესია; ცხვრის-ფარის ძაღლი კარგის ჯინშის არის. წვრილ–ფეხა კი იმდენია, რომ თვითან პატრონები არს დროს არა სთვლიან, რამდენი ჰყავთ. განა იქნება სადმე, მართლა, კუთხე ქვეყნისა, საცა კაცი სცხოვრებდეს რომ იქ წვრილ-ფესაც არ გაჩნდეს? — ჩვენ სულ ამათის ხორცით ვირჩენდით თავსა — სვანეთში. გარეული მფრინვლებში. მე შევამჩნიე: ღალღა, მწყერი, კაცის უღალატი — ჭივჭავი, ყვავი და შროშანი; მტაცებელ მფრინველთაგანი ჩვენ შეგვხვდა: არწივი, ორბი, და მიმინო მერცხალი და ბულბული სრულებით არ გვინახავს სვანეთში. ნადირიც ბევრი ყოფილა: მგელი, მელა, ტურა და დათვი; ესენი ძალიან გამრავლებული არის; სხვათა შორის ჯიხვი, ირემი, ტახი, კურდღელი, და თაგვ-გვარი მღრღინავიც ბევრია სვანეთში. სუყველა ამ ტყის მცხოვრებლებს მგზავრი ძალიან ხშირად შეხვდება ხოლმე გზაში და ხშირად დიდს ხათაბალას უტეხენ ხოლმე. თევზებში, სვანეთში, მხოლოდ არის ერთი კალმახი, ყოველ ნაირს წყალში. ქვე-მძრომ ცხოველთაგანი, მე ვნახე მხოლოდ ბაყაყი და ანკარა. ჭიებში მხოლოდ სხვა და სხვა ჯუჯუმკალა და ძალიან ცოტა ჭიანჭველა ეს არის სვანეთის ტყეების გარეული მცხოვრებელნი, ფაუნა რომ ჰქვიან.

სათხრელს ნივთთაგანი იპოვება ბევრგან რკინისა და სპილენძის მადნები; ვერცხლის მადნებსაც პოულობენ; აქა იქ ტყვიაც არის. ამბობენ, რომ „უშკულის“ საზოგადოებაში ტყვიას ბევრსა პოულობენ; სოფელს „ლატალის“ საზოგადოებაში კი, ამბობენ, თურმე მთელი მთებიაო ვერცხლისა და ტყვიისაო. აქა იქ არის ფორფირის ქვაცა; კლდის ჯავარიანი ქვაც, ესე იგი გრანიტი და სხვას ბევრს ამ გვარ ძვირფას ქვებსაცა პოულობენ. თოვლი რომ დადნება, ბევრი გოგირდი ამოჩნდება ხოლმე - თეთრი თიხით არეული და სხვა მადნეულის საგნითა კირი მრავალია; მაგრამ ვერ არის კარგი, რადგანაც ბევრი თიხა ურევია. ზოგან ნავთის ჭებიც ყოფილა; და სხვა ბევრი მკურნალი წყლებიც. სოფელს ბეჩოს არის მკურნალი და ჰრკინის წელი და ნახშირ-მჟავუდიანიცა; და სოფელს სესტიას მახლობლად არის გოგირდოვან-ნაცარტუტიანი წყარო. სვანეთის გზებზედ კი ჩვენ ბევრი მწარ-მლაშე წყაროები ვნახეთ, როგორც ზღვის წყალი მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც სოფელს ბეჩოს, საქონელსა და ცხვარსა ნახშირი მჟავედის წყაროს წყალს ასმევდნენ; მითრხრეს, თურმე რომ, საქონელი ამ წელს ძალიან ეტანებაო და ალბათ მაგათთვის მარგებელი არისო, რომ სმენო; თორემ თუ მავნებელი იქნებოდა საქონლისათვისაო. საქონელი არ მიეკარებოდაო. ესეც მართალი ყოფილა! ბევრგან ისეთი ნახშირ-მჟავური სერი ამოდის მიწიდამ, რომ ჩემ თვალს წინ, ერთმა ჩემმა ჩაფარმა სვანმა, მიწაში ნახევარ არშინზედ ჩიბუხის ტარი ჩაარჭო და ეს ჰაზი ანუ ჰაერი იმ წამსვე ამოხტა მიწიდამ; მერე ცოტა მოშორებით ისევ განვიმეორეთ ჩვენ ეს და ისევ ის სანახავი ვნახეთ.

მრავალი ასპიტის ქვა არის სვანეთში, რომელსაც სვანები შენობებში ჰხმარობენ; და ამის მიზეზით თუ შენობა კირით არ არის გალესილი, შავი შესედულობა აქვს გარედამ და შიგნიდამაც; აგრეთვე მრავალი თაგვ-მარილს ქვა, სქელ-სქელ ნაჭრებში, თეთრ მარმარილოს მზგავსი ყოფილა სვანეთში; და სხვა ბევრი ამ გვარი სიმდიდრეა ამ ქვეანაში, არავის არ უხლია! ხალხმა რასაკვირველია არც იცის და მოხერხებაც არა აქვსო, რომ მოიხმარონ ეს სიმდიდრე, იმ მიზეზით უფრო, რომ მათი ქვევანა სულ მრთლათ გარეშამო მთებში ჩაკეტილია, და უფრო იმიტომაც, რომ სვანების სხვა და სხვა საზოგადოებას შუა არის მუდამ რაიმე უსიამოვნობა და განხეთქილება.

ამ ხალხს უმთავრესი საქმე, შრომა აქვს ნადირობაში და ამასთანავე მცირედი შრომა და ჯაფა — მეოჯახეობაში და მეურნეობაში იმოდენად, რომ მათს ცოლ- შვილს მომავალს მოსავალამდინ თავისი-თავის შენახვა შევძლოთ ვაჭრობა სრულებით არ არის; ვაჭრობის მნიშვნელობაც ჯერ სვანებს კარგათ ვერ გაუგიათ და ესენი ძლიან ემდურიან იმ კაცებს, რომელნიც სვანეთში დადიან სავაჭროთა და რქიან საქონელს, ცხენებს და ცხვრებს ყიდიან. სვანებში ამისთანა ვაჭარს ხალხს სრულებით არავითარი პატივისცემა არა აქვთ. ყოველი საგანი, ნივთი, ყოველი სავაჭრო რაიმე, გაჭირების დროს გაიყიდება სვანისაგან, მხოლოდ ისევ თავის სოფლის კაცებში და ფულზედ კი არა. — გაცვლიან ხოლმე ამ გვარს სასყიდელს რაიმე საოჯახო საგანზედ, ან რაიმე ნაყოფზედ; ერთი სიტყვით, ვაჭრობაში ფული არა ტრიალობს, მხოლოდ გაცვლა-გამოცვლა აქვთ სავაჭრო საქონელისა. როცა როტა სალდათი დაბინავდა სვანეთში, მხოლოდ მაშინ გაჩნდა, მთელს სვანეთის ქვეყანაში, ერთი ვაჭარი, ამ როტის მიკიტანი, და ისიც სვანი კი არა, არამედ ქუთაისელი სომეხი, რომელიც ყიდის თავის სავაჭრო საქონელს; არაყსა, ჩაის, შაქარს, თუთუნს, პაპიროზს, საპონს და სხვა ამ გვარს საწვრიმალოს; საკუთრად სალდათებში ჰყიდის და მათ უფროსებში. სვანებს კი, ამ მიკიტანთან აღებ-მიცემა, უფულობის გამო, სრულებით არ შეუძლიათ არც ერთი სვანი ფულზედ არაფერს არ ყიდულობს ამ მიკიტნის დუქანში, სვანმა არ იცის ფული რა არის; იმიტომ რომ ფული სვანეთში ძალიან ძვირია. თუ ერთი მუჭა თუთუნის ყიდვა უნდა სვანსა, რომელიც ღირს, ბევრი-ბევრი, ერთი აბაზი, სვანი მაგივრად, მიკიტანს რაუს მოუტანს, ან ცხვარსა, ან არა და ხბოს, რომელიც ერთი-ასად უფრო მეტათ ღირს, ვიდრე ერთი მუჭა თუთუნი. მიკიტანიც თავის მხრით ამისთანა-აღებ-მიცემობის მნიშვნელობას ვერ მიხვდა კარგათა, და ამ მიზეზით სვანებსა და მაგას ყოველთვის დიდი უკმაყოფილება აქვსთ: და მაგის ჯიბრზედ, სვანები, ხშირად არვენ ხოლმე დუქნიდამ იმ სავაჭროს, რაცა სჭირდებათ, მრთელს სვანეთში, სადაც ორმოცი ათასამდინ ხალხი ითვლება, არც ერთი ვაჭარი არ არის: არც ურთი დუქანი, არც ერთი ბაზარი, სრულებით, ერთი სიტყვით არსფერი ვაჭრობა, როგორც რიგია, და როგორც სხვა კავკასიის მაზრებმა იციან — არ არის ამ ქვეყანაში.

საკვირველი შენობები აქვთ სვანებს. „სათავადო“ და „სადადიანო“ სვანეთის სოფლები. სრულებით „თვისუფალ“ სვანეთის სოფლებს არა გვანან. „სათავადო“ და „სადადიანო“ სვანეთში, სახლები — პატარები არიან და ძალიან დაბალი; ძალიან იშვიათია ქვის სახლები; სულ ხისაა. „თვის-უფალს“ სანეთში კი — სუყველა სახლები და შენობები — ქვითკირისა, ორი, სამი და ოთხი წყებისა, ეტაჟიანი, რიან; სულ კირით არიან გარედამ გათეთრებული და ასპიტის ქვით დახურული; პატარა ფანჯრები. სათოფეებივით აქვს დატანებული ყოველს შენობას. ამის თანა სახლებთან, გარუდამ ხის კიბები აქვს მიდგმული და თუ ვინმე მტერი დაეცა ამისთანა სახლს, ამ კიბეებს გადიგდებენ და ყოველი სახლი მაშინ კოშკებათ გადიქცევა ხოლმე. სახლებში — ოთახები მაღალი და განიერია, უმთავრესად სულ ასიტის ქვით დაგებული, მაგრამ მათი ჭერი და კედლები ისე გაშავებულია ჭვარტლისაგან რომ, გეგონება სულ ნახშირი უნდა იყოსო და ისე შავია, რომ ბრჭყინავს ოთასი. ცეცხლი დღე და ღამე უნთიათ, ზაფხულსაც და ზამთარში ხომ მეტადრე და ყოველთვის ოთახის შუაგულზე; კომლისათვის ურდოსავით ღია ჭური აქვთ. ამ მიზეზით იყო გული ოთახი წარმოადგენს საშინელს უწმინდურებას; ნაცარი იმდენი გროვდება ყოველ ოთახში, რომ ბავშვები და ბიჭ-ბუჭები, სულ მთლათ ტიტველი, სიცივისაგან თბილს ნაცარში იფლებიან აქვე ტახტზედ — სახლი-პატრონის ოჯახის ბინა; ტახტებს ქვეშ ცხვრებია, ხბორები და ძაღლებიც; იმავე ოთახში ძროხებსაც ბინა აქვს, ხარებსაც წვრილფეხა შინაურს მფრინველებსაც. ერთი სიტყვით, ყოველნაირი ეს ცხოველი, სულ ერთათ, წარმოადგენს ერთსა მრთელს, გაუყოფელს თითო, ოჯახს, და სუყველა ერთათ, ერთსა და იმავე ცეცხლთანა თბება. ახლა წარმოიდგინეთ, პატივცემულო მკითხველო, რა ნაირი მყრალი სუნი დგება ოთახში — ეს უწმინდურება, ნაგავი, ტალახი, სიმურტლე — და ამითი სუნთქამს სვანი თავის ცოლ-შვილით, და ეს უწმინდურებს ძალიან იშვიათათ იწმინდება. ამავე ოთახში, რომელიმე კუთხეში ამოთხრილია ორმო, სადაც ყოველნაირს ნაგავს აგროვებენ ნეხვს და განავლსაც და ეს გროვა ყარს, ასდის. საშინელი მწარე სუნი; მხოლოდ ზაფხულის თვეებში გააქვთ გარეთ და მინდვრებში სტოვებენ — პატივათ. ყოველს ოჯახში და ყოველს სვანურს ოთახში ამისთანა უწმინდურებაა; მაგრამ — ხალხი კი ძალიან ჯანმრთელი ყოფილა — ყოველს სახლს აქვს რვა ან ცხრა საჟენის სიმაღლის კოშკები; მათი კედლები კლდის ნაღმის ქვისანი არიან; ხშირად მშრალი შენობაა, ესე იგი კირს ან ტალხს არ ურევენ, ასე რომ ქვა ქვაზედა ზდევს და თურმე, სვანები ამბობენ, რომ ამგვარი მშრალი შენობა კირით არეულს ქვით-კირსა სჯობიანო თვის სიმაგრისაგამო. როდესაც ამისთანა შენობა აღარ სჭირდებათ, სვანები ადვილათ დააქცევენ ხოლმე და ამ ქვას სხვა რამე შენობას ახმარენ. რადგანაც უმთავრესი ნაწილი გვარი შენობებისა სულ კირით არის გათეთრებული — ძალიან ლამაზი და სასიამოვნო შეხედულობ აქვსთ ამწვანებულს ბუნებაში. მხოლოდ მოშორებულს „კალას“ და „უშკულის“ საზოგადოებაში შენობები მაგი ასპიტის ქვისა აქვთ და მათი შეხედულობა კაცის გულს აწუხებს, თითქო სულ ჭვარტლით არიან გაშავებულიო.

სვანეთში ძალიან ბევრი საყდრებია; არა თუ დიდს სოფლებში, არამედ ძალიან პატარა დასახლებულს ადგილებშიაც კი არის საყდარი. ზოგიერთ სოფლებში კი — ხუთ-ხუთი, ექვს-ექვსი საყდარია; მეტადრე „თავის-უფალ“ სვანეთში — ძალიან ბევრია ამ სახტრებში, უმთავრესი ეკკლესია — უფრო დიდი შენობაა და სხვანაირი ნაშენობისა; გუმბათები ეკკლესიებს და საედრებს; სამ-სამი განყოფილება აქვს ეკკლესიებს და საყდრებს, რომელშიაც შუა განყოფილება, სხვებზედ უფრო მაღალია და განიერი ხშირად, გარეთი კედლები სხვა და სხვა ფრათ შეღებილია; ხან გამოხატულია სხვა და სხვა წმინდანი, ანუ ვინმე სვანი-გმირი და სხვა ამ გვარი სურათებია დახატული. ყოველს საყდარს და ეკკლესიას და მონასტერსაც გარშემო მაღალი ქვით-კირის კედელი არტყია. საუბედუროთ ყოველი საყდარი და ეკკლესია — სავსეა უწმინდურობითა! ძველს ამგვარ შენობებში, საკურთხეველში სჩანს, რომ უწინ აქა ცეცხლებიც ქონდათ გაჩაღებული და მის ნაცარში და ნახშირში მრავალი — ძვლები და ყოველნაირი ნაგავი ყრია; საყდრის ჭერზედ, გრძელ ლატნებზედ ჰკიდია მრავალი ძვლები და ყბები რაღაც პირუტყვებისა. თურმე, ეკკლესიაში ლოცვისა და წირვის შემდეგ, ცეცხლებს ანთებდნენ და აქვე საქონელსა ხოცვიდნენ, მერმედ ხალხი საჭმელათ იტაცებდა ხორცსა, — და ძვლებს და ყოველისფერს გადასაგდებსა — აქვე სტოვებდა. საზარელი შეხედულობა აქვს ყოველს საყდარს ამ უწმინდურობისა გამო. ეკკლესიის კუთხეებში გდია სხვა და სხვა-ნაირი დამტვრეული იარაღი, კეტები, შვილდისრები შუბები და სხვა ამ გვარი სახმარისი იარაღი ნადირობაში და ჩხუბში.

უწინდელის მღვდლების ჩამომავლობის წარმომდგენელნი, რომელთაც ეძახიან „დეკანოზს,“ ბევრნი არიან სვანეთში და თავის ტანისამოსით და ყოფა-ქცევით და ცხოვრებით არ განირჩევიან თავის მეზობლებში. ეს დეკანოზები, საყდრებში ხან-და-ხან სწირავენ და ლოცულობენ ხოლმე, და ლოცვებს ისე ურევენ რაღაცა ლექსებში და სიტყვებში, რომ მათი გამოთქმა და შინაარსი ლოცვისა არა თუ ხალხს, თვითან დეკანოზებსაც არ ესმით. მათ სრულებით არც წერა იციან და არც კითხვა; არავის ხმა საშინლათ უყვართ და ისე ექცევიან ხალსსა, რომ სრულებით ყოველი პატივის-ცემა დაკარგვით ხალხში. სვანები მიხვდნენ, რომ ეს დეკანოზები, თავის წოდებულ ღირსებისა სრულებით ღირსნი არ არიან. და ამიტომ, დაცინვით, ეძახიან მაგათა—„პაპი,“ ესე იგი — მღვდელიო. თვითონ ეს „პაპები“ გრძნობენ, რომ მა თი საქმე არ ყოფილა, ჩამომავლობითის მოვალეობის აღსრულება. ეხლა სვანეთში არიან ნამდვილი მართლ-მადიდებელი მღვდლები, ქართველები და იმერლები, რომელნიც მთავრობისგან, ჯამაგირზე, არიან გამწესებულნი, და რომელნიც წესიერად ჰსწირვენ და ლოცულობენ ეკკლესიებში, თავ-თავის მრევლში, ანუ შტატის ეკკლესიაში. მაგრამ, ძველი „პაპები,“ მაინც თავისას არ იშლიან, და ხან-და-ხან ჩვენის მღვდლების მაგივრად ასრულებენ თანამდებობას, თუმცა კი მტკიცეთ და სასტიკათ აკრძალული აქვთ ამ გვარი მოქმედება. ხალხს ძველებური მამა პაპის ჩვეულების გადაგდება არა ნდომია და ამისათვის აძლევს ხალხი, „პაპებს“ ნებას, რომ ასრულონ ხოლმე ძველებურათ დადებული წესი და ჩვეულება. ერთი სიტვით სვანები „პაპებს“ შეჩვევიან და მათ მოშორებას ვერა ბედვენ თავის გაშმაგებულ ცუდმორწმუნეობითა. „პაპები,“ უმეტესად, როცა მოიწვევენ, შედიან საყდრში და ზოგიერთს ლოცვას იტყვიან ხოლმე და ამისთვის მომწვეველმა „პაპას“ ან ცხვარი უნდა დაუკლას ან ხბო, და სადილიც მოართვას, ხორაგი და „პაპას“ სულერთიანად თან მიაქვს თავის სახლში, და ამითი ირჩენს თავსა; ნათლობა, ჯვარის-წერა, დამარხვა და წირვა — სულ ამ გვარათ ჩაივლის ხოლმე სვანისათვის, როცა „პაპის“ ხელში ჩავარდება ეს საქმე.

მე ბევრჯელ მიკითხამს სვანებისათვის, რომ რა მიზეზით ეკკლესიებს და საყდრებს არა სწმენდენ ხოლმე, და წმინდათ და სუფთათ არ ინახვეს; მე მიპასუხეს რომ ჩვენ ისე ცოდვიანი ვართო, რომ ცოდვილის ხელით წმინდა საგანს ჩვენ არ უნდა მივეკაროთო. თუ მართლა ამისთანა რწმენა ქონიათ, ადვილათ დაეთმობათ და ეპატიებათ უწმინდურება ძველს სახტრებში.

სვანების სოფლები უმთავრესად მთის გვერდებზედ მდებარებს, ხეობებში და ხრამებშიაც და ჯგუფ-ჯგუფათ არიან აშენებული; სოფელსა და სოფელს შუა, როგორც ზემოთა ვსთქვით, ბუნებითი სამზღვრებია. სოფელი შეიცავს ხუთი მოსახლე ოჯახიდმ — ოც-და-ათამდის; ხან- და-ხან მეტსაც; ათი ან თხუთმეტი სოფელი, წარმოადგენს ერთს საზოგადოებას, ერთს სამამასახლისოს. რომელიმე დიდი სოფლის სახელი— ეძლევა მრთელს სამამასახლისოს; ასე მაგალითად: „უშკულის“ საზოგადოება დაარქვეს სოფელ „უშკულის“ სახელი; „ბეჩოს“ საზოგადოება, „კალას,“ „მესტიას,“ „მულახის,“ „წვირმიშის“ „იფარის“ „ხალდეს“ და სხვა საზოგადოება — სულ ამ სოფლების სახელებით იხსენებიან. სვანეთში არის ცხრამეტი საზოგადოება და თითო საზოგადოებაში მთავრობიდამ არის დაყენებული მამასახლისი, რომელსაც ყოველს სოფელში თითო თანამშრომელი, პომოშნიკი ჰყავთ. აი მაგალითად ამ საზოგადოების ან მამასახლისოების სახელები: „უშკული,“ „კალა,“ „ადიში,“ „მუჟალი,“ „იფარი,“ „წვირმიში,“ „მულახი,“ „მესტია,“ „ლენჟერი,“ „ლატალი,“ „ბეჩო“ ეს თერთმეტი საზოგადოება „თავის-უფალ“ სვანეთშია; დანარჩენი სხვა ორს სვანეთში: „ფარი,“ „ჩუბიხევი,“ „ეწერი,“ „წყომარი,“ „ელი,“ „ლენტეხი,“ „ხალდე“ „ჭოლური.“ ეს ყველაზე დიდი სოფლებია, სადაც ორმოც-ორმოცი და ას-ასი კომლი კაცი ცხოვრობს და თითო კომლში ათი და ოც-და-ათი სული. თითო ამ სამამასახლისოებს მრავალი პატარ-პატარა, ასე ოცი და ორმოცი კომლიანი სოფლები ეკუთვნის; ზოგან ორი-და სამი კომლიანიც. გულს თუ არ გაგიწვრილებთ, პატივცემულო მკითხველო, აქ დაგისახელებთ უმთავრეს სვანეთის სოფლებს, იმას გარდა რაც ეხლა, ზემოთ მოვიხსენე: „იბლიანი; ჭუბიანი; ჭაშარი; მურყმერი; ვიჩნაში; ლაიხორი; ლაღვირკა; აქ მონასტერიც არის ამავე სახელისა; ისფრარი; დივბერი; ადიში; ზეგანი; ბოღრეში, სუპი; ზაგიარი; ტვიბერი; ჭაბანი; ნილაუბანი; ლამუნტი; ჭვანიანი; წალდაში; ჯაბეში; ჟამუში; ჩოლი; ლახირი; არცხელი; მუშქერი; ღვებრი; ზარდლაში; ლაგამი; ლანჭვანი; სეტი; ლესთანი; ნეგული; ლემსი; ქაშუეთი; ასკატი; ნექსი; აწ; სოლი; ლახუშტი; ლამი; ენაში; ღიბაში; ლიშუყი; იფახი; ლაშქვაში; მაცხოვარში; შქალერი; ყვანჩიანი; ლაიალი; ბაშდოლი; დოლი; უშხვნარი; თებიში; თეთნაში; მაზერი; ნაშთი; ბოღვდალარი; ებათი; ნამსორი; ქვართვანი; სუნი; ტვიბერი; მაგარდერი; ლაფეხარი; ლეზგარი; ლაშხრელი; ლანტელი უღვალი; ისქორი; ბარში; ყურაში; ჭერირი; კაცხი; ზემოლია; ჯაბელასმულდი; ლაკური; თოღითერი; ხოსრუარი; ფალეთი; თადმარი; ჩუბანი; კიჩხლიდა; ჯეგერანი; ლიხრიაში; წალერი; ჯუხლანი; ერქვანი. მრავალი კიდევ სხვა პატარ–პატარა სოფლებია; იმათ სახელებს არა ვსწერ, იმიტომ რომ ბევრს ადგილს დაიჭერს ჩვენს სტატიაში; და ამ ოთხმოც-და-თოთხმეტ სოფელმა მაინც შეგაწუხათ მგონია.

სვანებს აქვსთ ყოველისფერი, რაც რომ სჭირდებათ ცხოვრებაში; ტანსაცმელ ნაქსოვებს — თვითონა ქსოვენ; იარაღს - თვითონვე აკეთებენ; თოფის-წამალსაც, ვერცხლეულობასაც, ხან-და-ხან ოქროთი მოჭედილსაც თვითონვე სჭედენ, ერთი სიტყვით სვანებს სუყველაფერი საკუთარი აქვთ, ასე რომ სხვა მაზრებიდამ იქ არაფერი არ მიდის.

სვანეთში, სახელმწიფო გარდასახადს, ფოშტის ფულს, წელიწადში ოთხ-ოთხ მანათს იხდის ყოველი სვანი; და ამ ფულს ვერას გზით ვერ სშოულობს თავისის შრომით; ასე რომ ფულის საშოვნელათ ან პოლიციის ჩინოვნიკებს უნდა მიმართონ, ან უფრო ხშირად – მღვდლებს; და ფულში აძლევენ ცხვარსა, ხარს, ძროხას, რასმე ჭირნახულს, არაყსა იარაღსა რასმე ან რაიმე ნაქსოვებს. ეს ჩინოვნიკები და მღვდლები თავის ჯამაგი რიდამ სვანების ფოშტის ფულს ისტუმრებენ და გამორთმეულ საქონელს აგზავნიან სამეზობლო მაზრებში. გასასყიდათ. ასე რომ თავნ-ფულზე ამათა, თითქმის ხუთასი სარგებელი (პროცენტი) მოსდით; ამ რიგათ, სვანებზედ არასდროს მთავრობის ვალი არა რჩება, თუმცა კი ხალხს ძალიან ძვირათ უჯდება ეს გარდასასადი.

(შემდეგი იქნება)

კოტე სანინელი

_____________

1 ივერია №№ 19, 21, 22, 23 და 24