![]() |
ივერია (16)1877.06.16 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი |
▲back to top |
|
ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი
ათმა წელიწადმა გაიარა მას აქეთ, რაც ქალებმა პირველად არჩევანის უფლება ითხოვეს ინგლისის პარლამენტში. მაშინ ეს თხოვნა ჯონ სტუარტ მილლმა შეიტანა ლონდონის პალატაში. არზაზედ 1500 კაცს ეწერა ხელი. მას აქეთ ეს საქმე არამცთუ არ შემწყდარა, არამედ საკვირვლად გაძლიერდა, სიმტკიცე და სიბეჯითე მოემატა, უფრო გავრცელდა და თითქმის მთელს საზოგადოებას მოედო. ეს გარემოება მით უფროა საკვირველი, რომ ამ ათის წლის განმავლობაში ქალებს ყოველწლივ შეჰქონდათ პარლამენტში ერთი და იგივე თხოვნა და პარლამენტი ყოველწლივ ერთსა და იმავე უარს ეუბნებოდა. აბა ვის არ გაუგრილდებოდა გული და ვინ არ დაჰკარგავდა სასოებას? მაგრამ ლონდონის ქალებმა კარგად იციან, რომ ინგლისში ყოველგვარი ცვლილება შეუძლებელია, თუ ამ ცვლილებამ საზოგადოების აზრი არ მიიზიდა და არ დაიყოლია. საზოგადოების აზრის გამოცვლა და დაყოლიება, თუ თქვენც იტყვით მკითხველო, ადვილი საქმე არ არის და ჩქარა არ მოხერხდება. საზოგადოება არამცთუ მარტო იმისთანა მძიმე საქმეში, როგორიც ქალთათვის საპოლიტიკო უფლების მინიჭებაა, არამედ მცირე საქმეშიაც ძნელად ჰსთმობს ჩვეულებრივს, გათელილს გზას და დიდის ჭოჭმანებით გამოდის ახალზედ. ბევრს ტანჯვას და ვაი-ვაგლახს გამოივლის ახალი აზრის მქადაგებელი, ბევრს რისხვას და შეჩვენებას განიცდის, ვიდრე დაიყოლიებს საზოგადოებას და ჩააგონებს თავის საკუთარ რწმენას. ახალის აზრისა და რწმენის მიმდევარს დიდი სიმტკიცე ხასიათისა და რეპე დიდი სასოება გამარჯვებისა უნდა ჰქონდეს, რომ გული არ გაუგრილდეს და ხელიდამ არ გაუშვას მის მიერ დაწყებული საქმე. ამგვარი სიმტკიცე და სასოება ინგლისის ქალებმა გამოიჩინეს ამ ათის წლის განმავლობაში. იგინი წერა-ბეჭდვით და ლაპარაკით განუწყვეტლად ქადაგობდნენ და, თუმცა პარლამენტი უარს ჰყოფდა მათ თხოვნას, მაგრამ ამ ქადაგებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ეხლა მათ თხოვნას, რომელიც ბრაიტის ხელით წარუდგინეს პარლამენტს, 430.000 პირს უწერია ხელი, მაშინ როდესაც ათის წლის წინად 1.500 კაცს ეწერა ხელი.
აი რაში მდგომარეობს ქალების გულისტკივილი ამ შემთხვევაში. 5 თიბათვეს (24 მაისს) ქალების დეპუტაცია მივიდა მინისტრ ნორტკოტთან და თხოვნა წარუდგინა. ეშვორტის ქალმა უთხრა, რომ ბევრგან უმთავრესი ნაწილი მამულდედულისა ქალების საკუთრებააო და ადგილობრივთა მოხელეთა ამორჩევისათვის კი არა აქვთ უფლება. ეს უსამართლობააო და ამიტომ გთხოვთ პარლამენტში ჩვენ მოგვემხროთო, როდესაც ჩვენი თხოვნა განირჩევაო. ნორტკოტმა უპასუხა: „საქმე რომ მარტო დედააზრზედ იყოს მიგდებული, მაშის, რასაკვირველია, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ იგივე უფლება, როგორიც კაცებსა აქვთ. ხოლო ამ შემთხვევაში საქმე სხვაფრივ უნდა გაიშინჯოს. ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რა შედეგი ექმნება ამ ცვლილებას, რომელსაც თხოულობთ, და მერე - კაი დრო შეგირჩევიათ თუ არა მაგ თხოვნის წარმოსადგენად და გასარჩევად. პირველ შახედვით მართლა უსამართლობაა, რომ ქალებს არჩევანში არა აქვსთ მონაწილეობა, როდესაც იგინი იმავე ხარჯს იხდიან სახელმწიფოს წინაშე, როგორსაც კაცები. იმ არზაში, რომელიც ეხლა პარლამენტშია შეტანილი, მოხსენებულია, რომ ქალებს არჩევანის უფლება ყველა იმ შემთხვევაში უნდა მიეცეთ, რა შემთხვევაშიაც კაცებს ეძლევათ, გარდა ქმრიანის ქალებისა.
ეს უკანასკნელი პირობა შესანიშნავია და კარგი დაკვირვება და შესწავლა უნდა, რომ კაცმა მოიაზროს მისი ყოველგვარი შედეგი. უნდა მოგახსენოთ, რომ უდროო დროს დაიწყეთ ეს საქმე. მე იმ პირთა აზრისა არ გახლავარ, რომელნიც ამბობენ, რომ ქალებს კენჭის ხმარება ხეირიანად არ შეუძლიანთო. მაგრამ, როგორც წინად მოგახსენეთ, პარლამენტი, ვიდრე თქვენ თხოვნას აგისრულებთ, კარგა უნდა დააკვირდეს და შეისწავლოს ყოველივე ის, რაც თქვენ მიერ თხოვნილს ცვლილებას შეუდგება“.
ქალებს რომ ეგ სურვილი აუსრულდეს, რა შედეგი ექნება? ქალთათვის არჩევანის უფლების მინიჭება მავნებელია თუ საკეთილო? ამ კითხვის ვრცელი პასუხი მოკლე მიმოხილვაში, რასაკვირველია, შეუძლებელია და ცალკე წერილის ღირსია. აქ მხოლოდ მოგახსენებთ, თუ რა ითქვა იმ კითხვის შესახებ ლონდონის პარლამენტში.
6 თიბათვეს, როდესაც ამ საგანზედ ბაასი გაიმართა, პარლამენტში ახალი არა თქმულა რა. რაც ათის წლის განმავლობაში თქმულა ქალების უფლების წინააღმდეგ, ყველა ის განმეორეს ეხლაც. ხელმეორედ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქალებს რო არჩევანის უფლება მივცეთო - ოჯახობა დაირღვევაო, ქალებს სინაზე დაეკარგებათო, კაცებისაგან რაინდულს პატივისცემას დაჰკარგვენო, საზოგადოებრივი ზნეობა დაეცემაო და სხვა. ეს რაინდული პატივისცემა, ერთის დეპუტატის სიტყვით, იმაში მდგომარეობს, რომ კაცები უკეთეს ადგილს ქალებს უთმობენ ყველგან, საცა კი ერთმანეთს შეხვდებიანო, დღესასწაული იქნება, თუ დიდი რამ თამაშაო. ეს პატივისცემა უპირატესობააო ქალებისათვის და თუ ამ უპირატესობის დაკარგვა არა ჰსურთო, არჩევანის უფლებისგან ხელი უნდა აიღონო!
გარდა ამისა, კიდევ სხვა ბევრი უცნაური საბუთი მოიყვანეს ქალების თხოვნის წინააღმდეგ. მაგალითებრ, დეპუტატმა ჰენბერიმ ჰსთქვა, რომ თუ უქმრო ქალებს მივეცით კენჭიო, მაშინ არა ქალი არ გათხოვდებაო, არჩევანის უფლება გაუთხოვრობის ჯილდო იქნებაო. ამავე დეპუტატმა სთქვა, სხვათაშორის, შემდეგი: „თუმცა ქალები ჭკუა-გონებით კაცებს არ დაუვარდებიან, მაგრამ მათის მოქმედების ასპარეზი სულ სხვა არის. ამის გარდა, სად უნდა შეისწავლონ ქალებმა ის საპოლიტიკო საგნები, რომელთ თაობაზედაც კენჭი ჩამოიტარება ხოლმე. ორში ერთი: ან ხალხში უნდა გამოვიდნენ და საპოლიტიკო ყრილობებში მონაწილეობა მიიღონ, ან არადა ახალი საპოლიტიკო მოძღვრები გამოჩნდებიან, რომელნიც ფეხს შეჰსდგმენ ოჯახობაში, რომ ჩვენ ქალებს პოლიტიკა ასწავლონ. ისიც უნდა აღვიაროთ, რომ საზოგადო საქმეებში მომეტებული მნიშვნელობა თანდათან ძალას ეძლევა. ამ შემთხვევაში რა შემწეობას უნდა მოველოდეთ ქალთაგან, გულის სისუსტის პოლიტიკას ისეც დიდი გავლენა აქვს ამჟამად და წინადადების მიღების შემდეგ ხომ უფრო გაძლიერდება“. აქ უფ. ჰენბერი იმ მოძრაობაზედ ამბობს, უსათუოდ, რომელიც ომის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს გულშემატკივარი პოლიტიკა უფ. ჰენბერს ქალურ საქმედ უცვნია!
მეორე დეპუტატმა კი ჰსთქვა, რომ თუ ქალებს არჩევანის უფლება მივეცითო, დიდად მავნებელი იქმნებაო, და აი რაო. თუ ქალები პირდაპირს მონაწილეობას მიიღებენ არჩევანში) (უსათუოდ ასეც იქნება), მაშინ ოჯახობის ლაზათი დაიკარგებაო; და თუ შინიდგან გარეთ არ გამოვლენო, მაშინ უცოდინარნი დარჩებიანო. ამ შემთხვევით სამღვდელოება ისარგებლებს და ქალების შემწეობით არჩევანზედ გავლენას იქონიებსო.
ყველა ამ პირთა უპასუხა დეპუტატმა ფორსაიტმა, რომელმაც სთქვა შემდეგი:
„რაც უნდა სთქვან, მაინც არც ერთი საქმე იმდენად წინ არ წამდგარა, როგორც ქალების არჩევანის უფლების საქმეა წამდგარი. თუმცა ხსენებული წინადადება ქალებს არ დაიხსნის ყოვლის მწუხარებისაგან, მაგრამ იმას ხომ მიანიჭებს, რასაც თხოულობენ. ტყუილი თქმა არის, ვითომ ეს წინადადება ქმრიანის ქალების განთავისუფლებასაც მოასწავებსო[1] რაც შეეხება მას, ვითომ ახალი მოძღვრები პოლიტიკისა გაჩნდეს 3 ბიანო, ეს აზრიც უსაფუძვლოა: ვითომ რა დაუშლით ქალებს იკითხონ ჟურნალ-გაზეთები, წიგნები და სხვა, ე.ი. იმავე გზით ისწავლონ პოლიტიკა, რა გზითაც კაცები სწავლობენ. ეჭვი არ არის, რომ ქალები ისე გონივრულად მოიხმარებენ არჩევანის უფლებას, როგორც ამომრჩეველნი კაცები“. გარდა ამისა, ფორსაიტმა სთქვა, რომ ქალები არჩევანის უფლებას იმიტომ კი არა თხოულობენო, რომ ქალები არიანო, არამედ იმიტომ, რომ საკუთრება აქვსთ და სახელმწიფოს წინაშე ხარჯს იხდიანო. ინგლისში ყველა მამულის პატრონთა შორის ქალები მეშვიდე ნაწილს შეადგენენო, ყველა ხარჯს იხდიანო და დეპუტატის ამორჩევის უფლება კი არა აქვთო. ამის გამართლება არავის არ შეუძლიანო. მე დარწმუნებული ვარო, სთქვა ბოლოს ფორსაიტმა, რომ დრო მოვა, როდესაც ამ წინადადების წინააღმდეგთა სათაკილოდ გაუხდებათ თავისი ცრუმორწმუნოება, როგორც სათაკილოთ გაუხდათ მათ, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ქალებს განათლება არ უნდა მიეცეთო.
ბოლოს წამოდგა ბრაიტი და სთქვა: „ადრე თუ გვიან პარლამენტი იძულებული იქნება კენჭი უყაროს ჩემს წინადადებას, რადგანაც ამ წინადადებას მომხრე ემატება თანდათან. გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი ხეირიანად ვერც-კი დასდებს ქალების შესახებ კანონს, თუ მათ პირდაპირი წარმომადგენელი არ ეყოლებათ პარლამენტში“.
_____________
1 არჩევანის უფლება, როგორც მოგეხსენებათ, ქონებაზედ არის. დამყარებული. ვისაც საკუთრება არა აქვს, არც ეს უფლება აქვს მინიჭებული. ინგლისში ქმრიან ქალს არავითარი საკუთრება არა აქვს. ყოველი მისი ქონება ქმარს ეკუთვნის. გასათხოვარ ქალს კი აქვს უფლება იქონიოს ყოველგვარი საკუთრება. მაინც ინგლისში გასათხოვარი ქალი უფრო თავისუფალია, ვიდრე ქმრიანი. ბრაიტის წინადადებაში მარტო უქმრო ქალები არიან მოხსენებულნი, რადგანაც იმათ აქვთ საკუთრება, მაშასადამე არჩევანის უფლებაც უნდა ჰქონდეთო, როგორც კაცებს. მაგრამ ბევრს ეშინია, ეს კანონი რომ დავდოთო, ვაი თუ შემდეგ ქმრიანმა ქალებმაც იგივე მოინდომონო. - აი ამაზედ ამბობს ფორსაიტი
![]() |
2 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
წარსულს კვირას ბევრი შესანიშნავი ამბავი მოვიდა საომარის ადგილიდამ. პირველი ესა რომ 5 თიბათვიდამ დამ რუსებს ყუმბარების სროლა დაუწყვიათ ყარსისთვის.
4 თიბათვეს ღენერალ ტერგუკასოვის გუნდს, (რომელიც, როგორც მოგეხსენებათ. ბიაზეთიდამ აზრუმის გზაზედ მიმოვალობს) ფერიქ მაჰმედ-ფაშის მხედრობა დაუმარცხებია ზეიდეკანისა და დალაბაბის შუა. ძალიან გაუმარჯვნია რუსის ჯარსა, გაუდვნია ოსმალნი და თვით მაჰმედ ფაშაც მოუკლავთ. ჩვენ მხარეს ერთი აფიცერია მკდარი და ოცდაექვსი ჯარის კაცი; დაჭრილთა რიცხვი ასოცია. მათ შორის ერთი მაიორი სკიოტნიცკი და119 ჯარის კაცი. გარდა ამისა გაუკაწრავს მაიორი ნუდჟევსკი ღენერალ ტერგუკასოვი ჰმოწმობს, რომ ალტილერიას დიდი ხელოვნება და მამაცობა გამოუჩენია.
დუნაიის მხედრობის შესახებ მის რა ამავი მოკიდა წარსულ კვირას: 9 თიბათვეს ღამით ათი როტა დუნიის იქითა ნაპირას გადასულა ქ. გალაცის პირდაპირ და დაუპყრიათ. მაღლობი, საიდამაც ოსმალები გაუდევნით, დილის შვიდ საათზედ ოსმალებს ხელმეორედ დაუწყვიათ ომი, მაგრამ ვერ გაუწყვიათ რა და თვითონვე უკან დაწეულან. ამ ომში ოსმალების ქვეითა ჯარის რიცხვი სამი ათასი ყოფილა და ცხენოსანისა სამახი. ჩვენ მხარეს
შვიდი აფიცერია მკვდარი და ორმოცდა ერთი ჯარის კაცი, დაჭრილთა შორის ორი აფიცერია და ოთხმოცდა რვა ჯარის კაცი.
მეორდ დღეს ე.ი. 11 თიბათვეს ერთი ბრიგადა (ორი პოლკი) ღენერალის ჟუკოვის წინამძღომლობით დუნაიის იქითა ნაპირას გადასულა გალაცის პირდაპირ. ამ საქმეში ჩვენს მხარეს ორი აფიცურია მკვდარი და ორმოცი ჯარისკაცი; დაჭრილი ორი აფიცერია და ოთხმოცდა თოთხმეტი ჯარისკაცი.
– 10 თიბათვეს ხელმწიფე იმპერატორი გალცში მიბძანებულა და დაჭრილები უნახავს სამკურნალოში. ხელმწიფე იმპერატორს საკუთარის ხელით წმინდა გიორგის ჯვარი უბოძებია პორუჩიკი ელსნერისათვის, რადგანაც პირველი გადასულა დუნიაზედ და ამასთანავე დაჭრილა კიდეც.
— ორს რუსის ხომალდს გაუმარჯვნია შავ ზღვა ში; კოსტანტინე და ვლადიმირს (ხომალდების სახელია). პირველს დაუღუნავს ოთხი ოსმალოს სავაჭრო გემი და მეორეს ოსმალების პატარა სავაჭრო გემი მოუტაცნია და თექვსმეტი ხომალდის კაცი ტყვეთ წამოყვანია.
— 9 თიბათვეს ღენერალი ტურგუკასოვის ატრიადს დაეცა ოსმალების ჯარი, რომლთა შორის ყოფილა ოცი ბატალიონი ქვეითა ჯარი, თორმეტი ზარბაზანი და 4,500 ცხენოსანი ჯარის კაცი. მთელს ათს საათს იომეს შეუწყვეტლივ. ბოლოს რუსებმა დაამარცხეს ოსმალები. ჩვენს მხარეს მოკლეს სამი აფიცერი (კაპიტანი ვასენკოვი, პოდპორუჩიკი პოლიაკოვი, პრაპორშჩი თ. ბებუთოვი) და 51 ჯარის-კაცი; დაჭრილთა შორის არიან: ყირიმის პოლკის უმფროსი (კამანდირი) სლუსარენკო, შტაბ-კაპიტანი იურგენსი, პრაპორშჩიკი კოლპაკოვი, მაიორი კარპინსკი, პარუჩიკი შლენევი პოდპორუჩიკები ესიპოვი, სტაცევიჩი და ბარშევსკი პრაპორშჩიკი ალამპინი და 363 ჯარისკაცი.
— ღენერალ ოკლობჟიოს ატრიდი ციხის ძირთან ოსმალებს დასცემიან და დიდი ბრძოლა გამართულა. ჩვენს მხარეს 11 აფიცერია მკვდარი; დაჭრილთა და მოკლულთა ჯარისკაცთა რიცხვი ოთხასია.
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
წვრილი ამბები — ეშველა მაკ-მაგონს: სენატის უმრავლესობა (150 თეთრი და 130 შავი კენჭი) დათანხმდა და დეპუტატთა პალატის დაშლის ნება-რთვა გამოაცხადა. სამის თვის განმავლობაში ახალი პალატი უნდა ამორჩეულ იქმნას.
ვიდრე ლეგიტიმისტებისა და სხვა მონარხიელთა შორის უთანხმოება სუფევდა ყველასთვის ცხადი იყო, რომ სენატი არ დაშლის პალატას, რადგანაც ულეგიტიმისტებოთ სენატში უმრავლესობა ვერ შესდგებოდა. მაგ. რამ მაკ-მაგონმა გამოაცხადა, რომ იგი სიკვდილამდის პრეზიდენტობას არ ეძებს და მომავალ არჩევანში ლეგიტიმისტებს იგივე მონაწილეობა ექმნებათ, როგორც სხვა მონარხიელთა დასის კაცებს. რა კი ეს შეიტეეს ლეგიტიმისტებმა, რასაკვირველია, არავითარი დაბრკოლებ აღარ მისცეს მთავრობას პალატის დაშლის შესახებ, რადგანაც მათი გულის ტკივილიც ის იყო რომ რითიმე ესარგებლათ მომავალში.
რა უნდათ მონარხიელებს? ძნელი გასაგებია სწორე მოგახსენოთ. თუმცა მათ ერთი მტერი ჰყავთ – რესპუბლიკა, მაგრამ მტრის განდევნის შემდეგ ხომ რისამე დადგენაა საჭირო. რას დაადგნენ, — თვითონაც არ იციან რადგანაც მათ შორის მუდამი უთანხმოება და განხეთქი- ლება ჰსუფევს.
მაგრამ ჯერ-ჯერობით, როგორც უწინ იყო მოხსენებული, ბურთი და მოედანი ბონაპარტიელებისაა, და ესენი არასა ზოგვენ, რომ თავისი გაიტანონ და ნაპოლეონ IV ააბძანონ ტახტზედ. იგინი ყოველ ღონისძიებას ხმარობენ რომ როგორმე შეიტყუონ ხალხი. აი მაგალითებრ, რა არის სხვათა შორის, მოხსენებული იმ პრაკლამაციაში (განცხადებაში), რომელსაც ბონაპარტიელნი ხალხში ავრცელებენ: „იმპერია თავს იჩენს და ხელმეორედ ჩვენდა კანონიერ მმართველობად შეიქმნება მისი ახალგაზდა მემკვიდრე (ე.ი. ნაპოლეონ IV) ბრძოლას აპირებს თვის გაუქმებულთ უფლებათათვის. მესამე იმპერია სამხედრო სამსახურის ვადას სამ წლამდე შეამოკლებს, უკუაგდებს არა — პირდაპირს ხარკს (косвенные налоги), სამუშავო ფასს ასწევს, წმინდა ტრაპეზს (ი. ი. ჰას) მის თავისუფლებას დაუბრუნებს და სამშობლოს — დაკარგულს ქვეყნებს (ე.ი. ელზას- ლოტარინგიას) . იმპერია შველაზედ უწინარესს მოტყუებულთ შვილებს საფრანგეთისას აპატიებს და განდევნის რესპუბლიკელებს და ყოველ გვარ აღმაშფოთველებს (агитаторовъ). მეგობარნო! განთავისუფლების დღე ახლოა. მაკ-მაგონი, მხედრობა და მოხელენი ჩვენკენ არიან; მაშ ძმურად მივცეთ ამათ მხარი! დაუბრუნოთ საიფრანგეთს მშვიდობიანობა, სახელი, წესიერება და თავისუფლება. გაუმარჯოს იმპერატორს! გაუმარჯოს მაკ- მაგონს“!
ახლა იფიქრეთ ვინ არის ნამდვილი ხალსის აღმშფოთებელი — ამის დამწერნი ბონაპარტიელნი, თუ რესპუბლიკელნი, რომელნიც ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ როგორმე შეიმაგრონ ხალხი სამართლიანი სამაგიერო არ გადუხადონ ამისთანა განცხადების დამწერსა?
რას იქმონენ მთავრობა და მაკ-მგონი თუ ახალი პალატი უფრო რესპუბლიკელი იქნება ვიდრე ძველი? ორში ერთს: ან სამსახურს თავი უნდა დაანებონ და ან ძალა იხმარონ. რაც შეესება მხედრობას მისი მიდრეკილება ღმერთმა უწყის. სამხედრო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ მხედრობა მთავრობისკენ არ იქნებაო.
– გერმანიელნი დარწმუნებულნი არიან, ადრე თუ გვიან საფრანგეთისა და გერმანიის შორის ომი ასტყდება, რადგანაც საფრანგეთში საქმე ისე მიმდინარეობსო, მაგრამ თვითონ ბონაპარტიელებიც არა მალვენ ამას და დიდი იმედი აქვთ ავსტრიისა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ გრაფი ანდრაში სამსახურიდამ გამოვიდაო, ავსტრია გერმანიას გაეყრებაო და საფრანგეთსა და ინგლისს მიუდგებაო. უსათუოდ ამის გამოისობით წინასწარმეტყველებს ერთი ბერლინელი კორრსპონდენტი და ამბობს, რომ რომელიმე მოულოდნელ შემთხვევა იძულებულ გახდის ევროპას ძირეულად გადასწყვიტოს და გაათავოს აღმოსავლეთის საქმეო.
— ამ აღმოსავლეთის საქმეზედ ახალი არ ისმის რა, მშვიდობიანობაზედ ლაპრაკიც შესწყდა. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ თ. რომ თ. გარჩაკოვის მიწერილობას ინგლისთან არავითარი მტკიცე მნიშვნელობა არა აქვსო.
— სტამბოლში დიდი უკმაყოფილებაა თურმე. ყველა დარწმუნებულია, რომ არზრუმი ვერ გაუმაგრდება რუსის ჯარს, რომელიც სამის მხრიდამ ეტანება ამ ქალაქსა.
— ერთს ინგლისურს გაზეთში სტამბოლიდამ იწერებიან, რომ ლეიარდი (ინგლისის ელჩი ოსმალეთის წინაშე) ძალიან გაჭირებულს მდგომარეობაშიაო, რადგანაც ხონთქრის მთავრობა აღარას მოელის ინგლისისაგანო. ოსმალეთი უფრო გერმანიას ენდობა, თუ გაუჭირდა ყველაზედ უწინარესს ბისმარკს მოსთხოვს შუამდგომლობისაო. აბა ეხლა მობძანდით და გაიგეთ რამ ამ აღმოსავლეთის საქმისა. მაგრამ იქნებ ამ გაზეთს ინგლისის წახალისება უნდა და იმიტომ ლაპარაკობს ასე. პოლიტიკის ეშმაკობას ვინ აუვა?
— ლონდონის პალატში ფინანსთ-მინისტრს. ნორტკოტს შემდეგი უთქვამს თურმე: თუმცა ევროპის საქმეთა მდგომარეობა ამ ჟამად მძიმეაო, მაგრამ ინგლისის პოლიტიკა კი სანდოაო, რადგანაც ყოველი ღონის ძიება მთავრობისა ჩვენის ქვეყნის სარგებლობისაკენ არის მიმართულიო. თუ საჭიროება მოითხოვს ინგლისს შეეძლება მტკიცედ და თამამად ამოქმედოს თავისი საქმეო და სხვაც იძულებულ ჰქმნას, რომ ინგლისის ხმას პატივი სცესო. რა მიმართულებაც უნდა მიიღოს საქმეთა წარმოებამ, მაინც ბოლოს ინგლისი იძულებული იქნება თვისისა და მთელის ევროპიის სასარგებლოდ ფიცხი მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთის საქმის დაბოლოვებაშიო.
— ლონდონის პალატს გარდუწუვეტია ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგი ისესხონ ინდოეთისათვის, სადაც, როგორც მოგეხსენებათ. ხალხი ლამის შიმშილისაგან გაწყდეს.
— ინგლისურს გაზეთს Times-ს შემდეგი ცნობა მოსვლია სტამბოლიდამ: ამბობენ ოსმალეთის მთავრობას მოუწადინებია ინგლისს წერილით პასუხი მისცეს სუეცის არხის შესახებ. ოსმალეთს სუეცის არხი თავის საკუთრებად მიაჩნიაო და ამბობსო, რომ თუ კი შუაზღვაში შემიძლიან ვეომო ჩემს მტერსაო, ცხადიაო, რომ ჩემს საკუთარს მიწა-წყალზედაც შემიძლიანო. ოსმალეთს კარგად ესმისო. სუეცის არხის ხალხთა შორისი მნიშვნელობა და ამიტომ ეცდება რომ ამ ალაგს ბრძოლა არ გაიმართოსო. ამის გულისთვის ოსმალეთი არხის შესავალში თავის ჯარს დააყენებსო რომ რუსების ხომალდები არ შემოვიდნენო.
— სტამბოლის მდგომიარობის შესასებ ერთს ავსტრიის გაზეთში მოხსენებულია, რომ თუმცა ოსმალეთის მთავრობა ძალიან სასტიკად ეკიდებაო. ხალხს უკმაყოფილობის გამოცხადების გამო, მაგრამ მაინც საქმე ძალიან ცუდათ მიდისო. დატუსაღება და განდევნა არამც თუ კლებულობსო, არამუდ ყოველი დღე მატულობსო. ერთი კვირის განმვალობაში ორასი კაცი განდევნესო. ეს გარემოება არავის არ აშინებსო და ხალხს უფრო აშფოთებსო. ყველა მიტხად-ფაშის დაბრუნებას თხოულობსო. თუმცა მთავრობა ყოველ ღონისძიებას ხმარობსო, რომ არ გამოაშკარავდეს ნამდვილი მდგომარეობა ოსმალეთის მხედრობისა, მაგრამ მისი ავ-კარგიანობა ყველამ კარგად იცისო.
– როგორც ბუხარესტიდამ ერთს ავსტრიის გაზეთში იწერებიან, გორჩაკოვს უთქვამს ნოვიკოვისათვის (რუსეთის ელჩია ავსტრიის წინაშე) ავსტრიის მთავრობას საიდუმლოთ შეატყობინეთო, რომ მთავარი მილანის ვიზიტი (მთავარი მილანი ხელმწიფე იმპერატორის სანახავად იყო წასული პლოეშტში) მხოლოდ მართებულობისა და პატივის ცემისთვის იქმნაო. და სხვა არა რა მნიშვნელობა არა აქვსო და რუსეთი თავის სიტყვას არ გადაუდგება სერბიის შესახებო. იგივე ტელეგრამმა ამბობს, რომ მაინც ბუხარესტში არა სჯერათო, რომ სერბია ომში მონაწილეობას არ მიიღებსო.
— მეორეს მხრით ბელგრადიდამ სხვა გაზეთში იწერებიან, რომ სერბია დიდ მზადებაშიო; მთავრობას უბძანებია, რომ ყველა აფიცრები და მოხელენი მზად იყვნენო. სერბიის საზღვარზედ ოსმლებსაც დიდი მზადება აქვსთ თურმე.
— გერმანიის იმპერატორს ემსში წასვლის დროს შეუყრია თურმე თავისი მინისტრები და თავისი მწუხრება გამოუცხადებია მასზედ, რომ სამღვდელოებას და სოციალისტებს რაღაც აღმაშფოთებელი მიდრეკილება დაეტყოვო და იმედი მაქვსო, რომ სიმტკიცეს გამოიჩენთ თქვენის მოვალეობის აღსრულებაშიო. უნდა მოგახსენოთ გერმანიის იმპერიას ორგვარი მტერი ჰყავს შინაობაში: კათოლიკის სამღვდელო და სოციალ-დემოკრატები. ამას დაუმატეთ, რომ შინაურობაში ყოველი სახელმწიფო გერმანიისა ცალკე მიიწევს და ერთობას როგორღაც ვერ ემორჩილება და მაშინ ცხადად დავინასავთ. რომ გერმანიის იმპერია მტკიცე და საიმედო ნიადაგზედ არა დგას. მაშ საკვირველი არ არის, რომ გერმანიის იმპერატორი ვილჰელმი შეწუხებულა მასზედ, რაც გამოუცხადებია მინისტრებისათვის.
![]() |
4 კავთობა სოფელს კურდღელაურში |
▲back to top |
კავთობა სოფელს კურდღელაურში
(„ივერიის“ კორრესპონდენცია.)
სოფელი კურდღელაური მდებრებს ქ. თელავის ჩრდილოეთით და ისე ახლოა თელავზედ, რომ თითქმის ამისვე ნაწილს შეადგენს. ეს სოფელი გაყოფილია ორს სამრევლოდ (პრიხოდად) თავ-თავის მღვდლებით – ერთს უწო- დებენ ქვემო-კურდღელაურად, მეორეს ზემო-კურდღელაურად. ამ უკანასკნელ სამრევლოში არის ეკკლესია — სალო – ცავი „კავთა“, რომლის დღესასწაულსაც ჩვენი ხალხი წელიწადში ერთხელ იხდის. ეს დღესასწაული ყოველ წლივ მოდის პეტრეპავლობის აღების ღამის დღეს, რომელიც წელს იყო 22 მაისს. ვინ კავთა ვინ ეკკლესიის დღესასწაულიო, რა წმინდანია „კავთა“ და რა მიზეზია, რომ ხალხი მას ამ სახელს უწოდებს და იმისთანა პატივსა სცემს, როგორიც შეშვენის მხოლოდ წმინდანებსაო იკითხავს მკითხველი. ამის პასუხად მე გარდავცემ მკითხველს ერთის მოხუცის ნაამბობს, რომელიც ამ შემთსვევაში ღირსია შენიშვნისა: „უწინდელ დროშიაც, როგორც ეხლა, თურმე ხშირად გადმოსახლებულან კახეთში ქართლიდგან, იმერეთიდგან და სხვა საქართველოს კუთხეებიდგან. ალბათ მოსწონდათ და მოსწონთ რამე იმათ ჩვენს ქვეყანაში, თორემ ისინი თავიანთ მამა-პაპის მიწა-წყალს ადვილად თავს არ დაანებებდნენ. ამისთანა გადმოსახლების დროს, რასაკვირველია, თავიანთი ყოველივე სარჩო-საბადებელი უნდა თან წამოეღოთ. ეს კი იყო, ერთი მიზეზი ძრიელ აბრკოლებდა გადმოსახლებულთ. ეგ მიზეზი იყო იმათი ეკკლესიები — სალოცავები, სადაც იმათ ჟამითი ჟამად უნდა ეარნათ სალოცავად, როდესაც ისინი ან სიზმარს ნახავდნენ, ან მკითხავი ეტყოდათ რასმეს ამაზედ და ან თვითონ გამოიძიებდნენ თავიანთას უბედურების მიზეზს. მაგრამ ნათქვამია „გაჭირება მჩვენე, გაქცევას გიჩვენებო“, სწორედ ჩვენებსაც ესე მოუფიქრნიათ, ამის მაგივრად, რომ იმათ არ ეარნათ კახეთადგან თავიანთ მამა-პაპის სალოცავებში, იმათ თურმე გადმოუღებინებით მამა-პაპის სალოცავის ხატისპირი და ეს გადმოღებული ხატი თან წამოუღიათ სალოცავად ახალ ადგილს, ამ სახით გადმოღებული ხატი ხიზნებისთვის ახალ სალოცავად შეიქნებოდა ხოლმე და მისის მეოხებით აღარა საჭიროებდნენ, რომ ძველ სალოცავში ეარნათ ჟამთა ვითარების მოთხოვნილების დროს. ამასთანავე შემთხვევით გადმოუტანიათ ს. კავთის-ხევიდგან (ქართლში) ს, კურდღელაურში წმინდა გიორგის ხატი იქიდგან გადმოსახლებულებს, გვარით, „ბაჩიძეს“, გაუკეთებიათ პატარა ფიცრული ეკკლესია (ეს ძველი ფიცრული ეკკლესია 1870 წ. ისევ იდგა უწინდელს ადგილს და გარს აშენებდნენ ახალს ქვითკირის ეკკლესიას, რომელიც ესლა დახურულია) და შიგ დაუსვენებიათ. ეს იყო ამათი სალოცავი ხატი. რადგან ამ ხატმა ძრიელება გამოიჩინა, სხვა ხალხმაც იწყო ლოცვა და აი ეხლა მთელი თელავი, ახლომახლო და შორეული სოფლებიც სულ აქ დაიარებიან. ამასთან ძლიერებამ და მლოცავის სიმრავლემ აფიქრებინა ერთს უწინდელის ხატის გადმომტანელის გვარის კაცს აშენება ქვითკირის ეკკლესიისა და კიდეც დაიწყო მისი შენება თავად ვახვახოვთაგან ნაქუჩებს ადგილსა. ეს იყო ივანე ბაჩიძე. როდესაც ამან ოთხ არშინზედ აიყვანა ეკლესიის კედელი, ეს მაშინ მოკვდა და ეკკლესიაც დაუთავებელი დარჩა. ამის შემდეგ ეთხოვნა ეკლესიის დათავება ერთს სომეხთაგანს, მაგრამ საქრთველოს არქიერს ნება არ მიემეცა, როგორც ამბობენ,..................... 1871 წ. ერთმა უბანმა ს. კურდღელაურისამ ითავა დასრულება დაწყობილის ეკკლესიისა და კიდეც შეასრულა თავის წადილი 1876 წ. ეხლა ეკკლესია მზათ არის, მხოლოდ კანკელი არა ქვს“. ამით გაათავა მოხუცმა თვის საუბარი. რომ კავთობა უბრალო დღესასწაული არა ყოფილა კახელებისათვის, სხვათა შორის, ჰჩანს იქიდგან, რომ ამ ეკკლესიაზედ და სალოცავ ხატზედ მიუქცევია ყურადღება ჩვენს ბატონიშვილს თეიმურაზ გიორგი მეფის-ძეს. ამის შემოწირული მდიდრად შემკული ხატი ასვენია ეხლა კავთის ეკკლესიაში უწინდელის უბრალო ფიცრის ხატის მაგიერ. აი ამ ხატს რა აწერია ზურგზედ: „წმინდა ესე ხატი მთავარ-მოწამისა გიორგისა, შევამკევ მეფის გიორგის-ძემ თეიმურაზი და შთავასვენე ამას შინა სისხლი წ-ისა გიორგისა და კახეთს თელავი კურდღელაურში, რომ მცირე კავთის წმინდის გიორგის საყდარი არის იმისთვის შემიწირავს. იქ დასვენდეს ჩემს მოსახსენებლად, მეუღლისა ჩემისა მეფის სძლის ელენესა, ვითხოვ ყოველთაგან რომ ამ საყდარს კავთისას ამ ხატს ნურავინ მოაშორებს — წელსა ქ-სით ჩყმდ.მაისის კა. მოქცევასა მეათოთხმეტისა ქორონიკონისასა. ფლბ: —“ ხატს აწერია ზემოდგან თავზედ ქართულად „წ. გ-ის ხატი“ და რუსულად: „с. Му. Геор.“ ოთხსავ კუთხივ ამ ხატს აქვს 4 ზურმუხტის თვალი, 3 იაგუნდი, 4 ფირუზი და 7 ალმასი. თვით ხატი არის ოქროსი, სიგე აქვს ორგოჯ — (ვევშოკ) ნახევარი სიგანე — ორგოჯს ცოტა ნაკლები. მე მითხრეს, ვითომც ეს ხატი გამოეგზავნოს თეიმურაზ ბატონიშვილს პეტერბურგიდამ ილია ჩოლაყაშვილის (რომელიც 11 მაისს გარდაიცვალა ომში დაჭრილობისაგან) ხელით.
დღესასწაული თავის დროს გატარებით არ ყოფილა შესანიშნავი. თუ რამე მნიშვნელობა აქვს ამას, უფრო თელაველებისათვის, რადგანაც აქედან ბევრი ხალხი მიდის იქ უფრო სასეირნოდ, ვიდრე სალოცავად. ეკკლესიის პატარა ეზოში დღესასწაულის წინა დღეს საღამოთი თქვენ ხედავთ ორიოდე ურემს სოფლელის მლოცავებისას, ქოხების მზადებას სომხებისაგან მეორეს დღისათვის, ცოტაოდენ ხალხს თელავიდგან და კურდღელაურიდან. მიკიტანს ჯერ ყურს არავინ უგდებს, თუმცა ეს ხალისიანად იწვევს სტუმრებს. მეორეს დღეს ეს სურათი ცოტათი იცვლება, მთელი ეკკლესიის ეზო სავსეა ხალხით, ორიოდე ადგილიდგან ისმის ქალების დაირა და კაცების სიმღერა და ლხინი. სამიკიტნოში ოციოდე კაცი ზის ჯგუფ-ჯგუფად. იმათში მომეტებული ნაწილი თელაველები არიან. ესენი უმეტესად კუჭის გავსებას ცდილობენ, ვიდრე ლხინით დროის გატარებას. მომეტებული ნაწილი ქალებისა და კაცებს უქმად დგანან და იყურებიან. მოვაჭრე ხალხს მაგრე რიგად ყურს არავინ უგდებს. დაბალი ხალხი მომეტებულად გარს ეხვევა მორგვალ სტოლებს რომლებზედაც უბრალო ნივთები, აწყვია და რაღაცაა ლატარიასავით გამართული. საწყალს გლეხს სურს თავის ბედი ჰსცადოს და რომელიმე ძვირფასი ნივთი მოიგოს, მაგრამ უბედური ვერა ხედავს, თუ რანაირად მოტყუებულია. ვინ უგდებს ამას ყურს, დროს გატარება გახლავთ. საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ხალხს ანუ მლოცავს, არ ეტყობა მხიარულობის ნიშნი; ხალხი რადაც გულჩათხრობილია. კურდღელაურელების შესახებ ეს ადვილად შეიძლება აიხსნას, რადგან ისინი ამ ცოტახანში ძრიელ დაისეტყვნენ, მაგრამ სხვაზედ რაღა მოქმედებდა? მაგრამ რა?. . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . ამისთანა დროს ზნეობას და სასოებას მაინც უნდა ეჩინა თავი. მაგრამ ამის შესახებ აი რას ვხედავთ აქ: მლოცავი ეკკლესიასთან; მომეტებული ნაწილი ეკკლესიაში არც კი შედის და თავის ზნეობითს ვალს იმით ათავებს, რომ ეკკლესიის კარებთან ხელს უაზროდ აფოთინებს გულზედ, ვითომც და პირჯვარს ვიწერო. ეკკლესიაში შესდიხარ, იმ იმედით რომ აი აქ მაინც მლოცავებს ნახავთ და ამასთან შესაფერს წესს, სიწმინდეს, კრძალულებას. ეკლესიაში ჯერ კანკელი არ არის გაკეთებული; საკურთხეველში ჰყრია ცხვრის ტყავები, რომლებშიაც არის გახვეული მღვდლის ულუფა ანუ ეკკელესიის შესაწირავი – ცხვრის მხრები; იქვე ასვენია ტიკი ზედაშისათვის და სხვა ამ გვარი ხარახურა. ნუ თუ სხვა ადგილი აღარ იპოვებოდეს ამისთანა შესაწევრის შესანახავად, თუ არ ეკკლესია და უპირველესი მისი ნაწილი საკურთხეველი!..
ეკკლესიაში დგას, რაოდენიმე ქალი და კაცი; აქვე დგას ერთი ადგილობრივი თავადთაგანი. მან სთქვა ორიოდე სიტყვა იმაზედ რომ ეს ეკკლესია აქამდის უნდა გათავებული ყოფილიყო და ნაკურთხიც. მაგრამ, საუბედუროდ, ადგილობრივი ბლაღოჩინი ამ საქმეს ჯეროვანს ყურადღებას არ აქცევს. რომლის მიზეზით ეს საქმე აქამდის დარჩომილია. მანვე სთქვა, რომ გლეხების თხოვნის თანხმად უთუოდ ამ საქმის შესახებ ეტყვის ორიოდე სიტყვას ადგილობრივ ბლაღოჩინს, როდესაც ეს უკანასკნელი მოვა ეკკლესიაში. მართლაც ბლაღოჩინის მოსვლის შემდეგ მოსვლიათ ისეთი გაცხარებული ლაპარაკი ბლაღოჩინსა და ამ თავადს, რომ ეხლა ამაზედ თელავში უყველა კუთხეში ლაპარაკობენ, ზოგი ასე სჯის, ზოგი ისე. რადგანაც ყველანი ულიან და თვით მეკამათენიც იქადიან, რომ ამ საქმეს ისინი შინაურულად არ გაათავებენ, არ იქნება უსარგებლო მოკლეთ გამოვხატოთ იმათი ჩხუბის საგანი ისე როგორც შეგვიტყვია თვით მეკამათეთაგან და ახალის ამბის მოყვარეთაგან.
დილის თერთმეტს საათზედ შემოდის ზემორე აღწერილს ეკკლესიაში გაოფლიანებული ბლაღოჩინი შუბლის წმენდით. ცოტა ხნის შემდეგ შემოდის ზემორე აღნიშნული თავადიც. „რატომ კანკელი არა აქვს გაკეთებული ამ ეკკლესიას აქამდის? კითხა თავადმა ბლა ღოჩინს.
– ამისთვის რომ ფული არ გახლავთ, უპასუხა ბლაღოჩინმა.
– რა უყავით 170 მ. ეკკლესიის ფული, რომლითაც კანკელი უნდა გაგეკეთებინათ?
– მე შევჭამე, ვითომ ხუმრობით და დაცინვითა მიუგო ბლაღოჩინმა.
– მართლაც რომ თქვენ შესჭამეთ და აქამდის თქვენის მიზეზით კანკელი გაუკეთებელი რჩება.
– თქვენ ამ საქმეში ხელი არ გაქვსთ და არც ამ ეკკლესის მრევლი ბრძანდებით, რომ მაგისთანა განხილვაში შემოდიხარ.
– მე აქაური მცხოვრები ვარ და ჩემი მოყმენიც აქ სცხოვრობენ მე სრული ნება მაქვს ხმა ამოვიღო ამ საქმეზედ და მოვითხოვო შენგან ანგარიში, მით უმეტეს. რომ თვით აქაურ მცხოვრებთ ჰსურთ შეიტყონ, თუ რატომ არ აძლევთ ამათ კანკელისათვის დანიშნულს ფულს და ან თვით თქვენ რატომ არ აკეთებინებთ კანკელსა.
– შენ თუ ტაძრები გიყვარდეს და იმათთვის ზრუნავდე, უთუოდ არ გაჰყიდდი შენს კარის ეკლესიას, შენ ეკლესიის თავი ვინ მოგცა და ან იმის განშვენებაზედ ზრუნვისა.
მაზდა შეჰყოლიან და კაი ლაზათიანი ჩხუბი გაუ|მართავთ შიგ ეკკლესიაში.
ბლაღოჩინს მეტად ხმა აუმაღლებია და ადგილის შეუფერებელი სიტყვა უხარიაო, ამბობენ. ბოლოს დაუყვირნია თავადისთვის: „შენ ნება არა გაქვს ეკკლესიაში ამ გვარად ლაპარაკისა ― გადი კარში!“ ამასთანავე უბრძანებია ადგილობრივის მღვდლისათვის, რომელსაც ამ დროს, როგორც ამბობენ, ყმაწვილი უნათლავს, რომ თავი დაანებოს ნათლობას (ბლაღაღოჩინი რომ ჩხუბობდეს, ყმაწვილის რა ბრალია ან რომელი ტიბიკონი ანუ კანონი მოითხოვდა იმას, რომ ამ მღვდლისათვის, რომელიც საიდუმლოს აღასრულებდა და ჩხუბში არაფერს მონაწილეობას არ იღებდა, მაჩხუბარს ბლაღოჩინს გაეწყვეტინებინა საიდუმლოს აღსრულება.) ჩემის ფიქრით, მღვდელს პასუხი უნდა მიეცა, რომ მამაო ბლაღოჩინო, თქვენ თვითონ, როგორც მაჩხუბის და წესიერების დამარღვეველს, შეგიძლიანთ მიბძანდეთ კარში და ჩვენ მაშინ დამშვიდებით აღვასრულეთ ჩვენს საღმრთო ვალს“.
ჩხუბი გათავდა ორივეს მხრით, იმით რომ ერთმანერთს ჩივილს დამუქრებიან. ამბობენ ვითომც ბლაღოჩინს კიდეც შეეტანოს ამაზედ საჩივარი ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლესთან.
ეს შემთხვევა, როგორც ჰხედავს მკითხველი, სხვა დროს სხვა ადგილს და სხვა პირის შესახებ რომ მომხდარიყო რასაკვირველია ყურადღების ღირსი არ შეიქნებოდა, მაგრამ ეხლა კი ამას თვის ღირსეული ფასი უნდა მიეცეს, რადგან ეს ამბავი მოხდა ეკკლესიაში, როცა ეკკლესიაში მლოცავნი იყვნენ და მღვდელი ნათლობის საიდუმლოს აღსრულებდა, მოხდა თვით ბლაღოჩინისაგან იმ კაცის წინააღმდეგ, რომელმაც მრევლის მაგიერ ხმა ამოიღო კანკელის თაობაზედ. ჩემის ფიქრით, საქმე ამ გარემოებაშია.
თავადი ამ შემთხვევაში გამოსულა შუამდგომელად ხალხისა და ბლაღოჩინის შუა. ეს შუამდგომელობა, საქებია და არა განსაკიცხავი.
![]() |
5 ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა |
▲back to top |
ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა.[*]
(შემდეგი).
III. ძველნი და ახალნი მკვიდრნი მოსახლენი პონტოს სამეფოსი, მონათესაობა მათი საქართველოს ერთან და იგივეობა იმათის ენისა.
პირველ უწყებასა ხალხთათვის, რომელნიცა მკვიდრობდნენ პონტოს სამეფოში და კოლხიდას. ვჰსცნობთ ჩვენ ქსენოფონტის წიგნისაგან, ცნობის სახელსა ქვეშე ანაბაზის, ე.ი. უკან დაბრუნება ათი ათასისა ბერძენთ მხედართა. ქსენოფონტი ჰსცხოვრებდა 200 წლის წინათ ქრისტეს შობისა, გამოიარა მთლად ჯერ კოლხიდის ადგილები და მასუკან პონტოს სამეფოსი და აღსწერა მკვიდრნი მოსახლენი და ადგილები დაწვლილებით და გასაოცებლის სისწორით. შემდგომნი ბერძენთა მწერალნი მხოლოდ განამეორებენ მის უწყებათა; ამისთვის ვრაცხე საჭიროდ, რაც შეეხების ხალხთა ან ამ ადგილების აღწერასა შემოკლებით განვიხილო, ქსენოფონტ მოუთხრობს:
„ჩვენ რომ გავიარეთ სათავე ტიგრის მდინარისა, სამის ახმით, მივედით თელებოას[1] მდინარის ნაპირს, სადაცა სახლობენ სომეხნი, ყმანი ტირიბაზისა, მთავრისა ფაზიანთა და ჰესპერიტთა,[2] რომელიც იდგა აქ თავის მხედრობითა და გვიპირობდა ომსა. ჩვენ რომ დავუახლოვდით ბარბაროზთა შეეშინდათ და გაიქცნენ. ამითი გაგვინდვილდა ჩვენ წინამდებარე გზა, თუმცა სიცივემ თოვლმა ძალიან შეგვაწუხა, გავედით ეფრატის მდინარესა და მივედით ფაზის მდინარის ნაპირსა[3] , სადაცა მრე ვექმენით ხალიბთა, ტაოელთა და ფოზიანელთა; ამის შემდგომ შევედით ქვეყანასა ტოელთ და მასუკან ხალიბთა. ხალიბები არიან შემმართებელნი და უშიშარნი ომისა, ტანზედ აცვიათ მოკლე კურტაკი, წვივზედ პაიჭები, თავზედ ჰხურავთ ზეჩი და საომრად სახმარნი იარაღნი აქვსთ ხანჯალი, შუბი და წელზედ ჰკიდიათ თოკები[4]. ხალიბები იყვნენ ჩასაფრებულნი მთებში და ძალიან გვავნებდნენ. გავედით რა არისის მდინარესა[5] მივედით ქალაქსა ღიმნიას.[6] ამ ქალაქის მოურავმან მოგვცა ჩვენ ეტიკი, რომელმან მიგვიყვანა ტიხის მთამდე[7]; ამ მთის ქედიდამ დავინახეთ პონტოს ზღვა და შეგვექმნა სიხარული, რიგიანად დავსაჩუქრეთ ჩვენი ეტიკი და გადვედით მაკრონების ქვეყანაში. მაკრონებსა საჭურველად ჰქონდათ: ხის ფარი, შუბი და იყვნენ მოსილნი ნაბდებითა. ჩვენს მხედრობაში იყო ერთი მეომარი ნათესავით მაკრონი[8] რომელიც გავგზავნეთ მოსალაპარაკებლად მაკრონებთან, რომ ჩვენ უვნებლად გაგვიშონ და საგაზალი მოგვცენ. მაკრონებმა სიხარულით აღასრულეს ჩვენი თხოვნა, მოგვცეს საგზალი და გვიჩვენეს გზა, შეგვიყვანეს კოლხიდაში, რომელიც ძალიან მოშენებული არის, და დაუახლოვდით ტრაპეზუნსა. ტრაპეზუნი არის ქალაქი შავის ზღვის პირზედ, აშენებული მოვაჭრეთა ბერძენთაგან კოლხელების ქვეყანაში. ამ ქალაქის მცხოვრებმა კარგათ მიგვიღეს, სულადს ვჰშოულობდით დრილებისგან[9] და ვინც უძლური და დაჭრილი იყო ჩავსხათ ნავებში და გავისტუმრეთ საბერძნეთში, სხვანი, ვისაც ღონე ჰქონდა შევუდეგით გზასა ზღვის ნაპირზედ და მივედით კერსენს ქალაქსა, რომელიც იყო დაარსებული კოლხიდაში, იქ დავისვენეთ რამთონიმე ხანი; იქიდამ გადავედით მოსინაკთა ქვეყანაში. მოსინაკებს მაშინ ჰქონდათ ენრთმანერთში ბრძოლა, ჩვენ უშველეთ ერთ მებრძოლსა მხარეს, მრე ვექმენით მოპირდაპირეთა. ავიღეთ მათი ტახტის ქალაქი, სადაცა ვჰპოვეთ მრავალი სანოვაგე. მოსინავნი არიან მოქერაონი, ტანადნი, ბრგენი, იღებენ ტანსა სხვისა და სხვისა ფერითა და განსცხრებიან ავხორცობით აშქარად თავზედ ხურავსთ რკინის ზუჩები, ტანზედ აცვიათ მოკლე კაბა, საომარი იარაღი აქვსთ: ხის ფარი, ხელ-შუბა და ორპირი ნაჯახი. მოსინაკების შემდგომ ზღვის პირზედ სცხოვრებენ ხალიბნი და მათ შემდგომ ტიბარენნი, მახლობელ ქალაქისა კოტიორა, ტიბარენთა ადგილი არის ვაკე და მდიდარი ნუოფიერებითა,“ და სხვანი.
პირველი ხალხი, რომელიც მოიხსენება ზემოხსენებულს განხილვაში, არის ფაზიანი, ქართველთა ბასიანელი. ბასიანსა, როგორც ჰსჩანს ქსენოფონტის აღწერისაგან. ჰრწვავს მდინარე არეზი, რომელიც ადგილის გამო ისახელებოდა, აწცა ისახელების ფაზის მდინარედ (ფასინ სუ ოსმალთა). მცხოვრებნი ბასიანისა ან ფაზიანნი ქსენოფონტისა[10] არ ეკუთნვოდენ ნათესაობით არცა საქართველოს ხალხთა, არცა სომხისა[11] და ღეროდოტის დროს იწოდებოდნენ ალაროდიანად[12]. ვახუშტი თავის საქართველოს აღწერაში ჰსწერს, რომ ეს ადგილი წინაპირველად ეჭირათ სომეხთა. მათ შემდგომ დაიმონიეს ბაგრატიონთა და შემოაერთეს სამცხესა და მუნიდგან ეკუთნვის საქართველოს[13]. აწ ბასიანი შეადგენს არზრუმის ქვეყანასა.
მეორე ხალხი ხსენებული ქსენოფონტესაგან არიან ტაოხნი ე.ი. ტაოელნი, ან ტაოს მცხოვრებნი1[14]. ტაო, ცნობილი საქართველოს თემი, აწცა მდებარებს მარცსნივ ნაპირასა ჭოროხის მდინარისა, გარნა მაჯვნივ ნაპირზედ იყო არტანუჯის საერისთაო. უპირველესი ქალაქი ტაოში იყო და აწცა არის ოლთისი; ტაოსი ჰრწყამდა თორთომის მდინარე, ტოტი ისპირის მდინარისა: სამზღვრად ჰქონდა ჩრდილოეთით მთები, რომელნიც შეუდგებიან ისპირის ხეობას და სამხრეთით ირაჯლუს მთა (აწ კარგა ბაზარი და მოსხის მთა), რომელიც გაჰყოფდა ტაოს ბზიანისაგან. აქ სათანადო არის შენიშნვა რომელ კიპარტის ქარტებზედ ჭოროხს სახელს ჰსდებენ ისპირის ხეობად, და ნამდვილს ჭოროხსა თავასუდ და ოლთისსუდ, წინააღმდეგ ძველთა მწერალთა და ვახუშტისა აღწერისა[15]. მას ზევით მდებარემდა სპერი ქართველთა მწერალთა ისპირის ხეობა; ტაო და სპერი შეადგენდნენ კლარჯეთის საერისთოსა.[16]
აწინდელთა სომხების მწერალთა და ჰგონიათ, რომ ორივე ეს თემი. ე.ი. ტაო და სპერი ეკუთნვოდათ მათ და იყვნენ მუნ მკვიდრნი მოსახლენი; ეს აზრი ტყუილია, ძველნი მწერალნი თვით სომეხნი ამტკიცებენ წინააღმდეგსა[17]. აქ არ იყო სომხობა, ეს იყო ნამდვილი საქართველო, სახელ-ედებოდა ზემო ქართლი და არა სომხითი. აწცა იწოდების ოსმალთაგან გურჯის ტანად და მკვიდრნი მოსახლენი არიან გათათრებულნი ქართველები, რომელთაც არ დაუვიწყნიათ ქართული ენა.
აქ გამოჩნდნენ პირველად ბაგრატიონები. ეს იყო მათი სამშობლომამული. სომხებსა ჰგონიათ, რომ რაც ბაგრარიონებს ეჭირათ მამული და ადგილები იქ სულ სომხობა იყო, მაზედ ძალიან ჰსცთებიან: ჯერ თვით ბაგრატიონები არ იყვნენ სომხები. მოსე ხორენაცი მოუთხრობს რომ „შამბა (სუმბატ) ბაგრატიონი, თვის ნებით შევიდა მფარველობის ქვეშე ვაღარშაკისა სომეხთა მეფისა, რომელმან ნამსახურობისათვის უბოძა ერისთობა დასავლეთის მხრისა, სადაც არ ლაპარაკობენ სომხურად[18].“ დასავლეთი სომხითისა არის: ბასიანი, ტაო, სპერი, არტანუჯი, და სხვ. რომ ბაგრატიონები არ იყვნენ სომხები და არცა რწმენათ სომხებს სარწმუნოება მოსე ხორენაცი მრავალჯერ განამეორებს. ჩვენი ცხოვრება მოუთხრობს რომელ ბაგრატიონნი, ჩამომავალნი დაკით წინასწარ-მეტეველისა და მეფისა მოვიდნენ IV საუკუნეში[19] ეკლეცად. და ნათელ-იღეს ხელითა რაქილ დედოფილისათა[20]. ჭეშმამარიტად პირველი ბინადრობა ბაგრატიონთა ამ ადგილებშია და არა სომხითში, ეს იყო როგორცა ვსთქვით, მათი სამშობლო. ქვეყანა. შემდგომ ქართლისა და კახეთის და ერობისა არაბთაგან ქართველობა განძლიერდა ამ ადგილებში. მეშვიდე საუკუნეში ქართველებმა, დავით გარეჯჯის უდაბნოს მაგიერად, აქ დააფუძნეს ოლთისის მონასტერი, თავი და დასაბამი სამღვთო და საეროთა სწავლათა, აქ განვრცელდა, წინააღმდეგ მაჰმადიანობისა, ქრისტიანობის სარწმუნოება, ასე რომ IX საუკუნეში აქ იყო 31 სამღვდელმთავრო საყდარი ან ეპრხია: მაწყურელი (აწყვერში); კუმურდოელი (კუმურდოისა ან ჯავახეთის); იშხნელი (ან სპერისა); ანჩელი (აჭარისა); მტბევარი (ტბეთისა ან შავშეთისა); წურწყამელი (წურწუმისა); წყაროსთველისა (ფოსოჩუღურეთისა); ვალაშვერთული, ანელი კარელი (კარი და ოლთისი); ბანელი (ტაოსკარი და ფანასვერტ); დადაშნელი (კოლა და არტაანი); ამათ გარდა ბაიბერთის ახლოს აშენებული იყო ხახულის მონასტერი. ეს იყო სამშობლო ქვეყანა ჩინებულთა სამღვთო მწერალთა, წმინდათა მამათა იოანესა, ევთვიმისა, გიორგი მთაწმინდისა, გიორგი ოლთისელისა და სხვათა მრავალთა, რომელთაც ხელ ახლად გვითარგმნეს სამღვთო წერილები. აქ იშვა ერისთავი თორნიკი, აღმაშენებელი დიდის ივერიის მონასტრისა ათონის მთაზედ, აქ გამოჩნდნენ უწარჩინებულ ამბავთა მწერალნი და მოშაირენი, ვითარ: შოთა-რუსთველი, სარგის თმოგველი, აბდულ მესსია შავთელი და სხვანი.
მესამე ხალხი იყვნენ ხალიბნი. ქსენოფონტი ორჯელ მოიხსენებს ამ ხალხს, პირველად, ვითარცა მცხოვრებთა, ტაოელთ შემდგომ, ისპირზედ, და მეორედ შავის ზღვის პირზედ მახლობელ კერასენის ქალაქისა. სტრაბონი ჰგონებს რომ ხალიბები ის ხალხნი არიან, რომელთაც უმიროს[21] სახელჰსდებს ჰალიზონად, ან ალაზნელად[22], აქ მოსუსულან ადგილიდამ პალიბე, სადაც იპოვება ვეცხლის მადანი. ვივიენ სენ-მარტენი გვაუწყებს[23], რომელ ჰალიზონები აწ ალაზნელები იყვნენ აქ მოსულნი და დასახლებულნი თერმადონის მდინარის პირზედ, ტროადის ბრძოლის უწინ. უფ. დუბოა[24] დარწმუნებით ამბობს, რომ ხალიბები ან ჰალისონები, ან ალაზნელები ჰსცხოვრებდნენ წინაპირველად ალაზნის მდინარის ნაპირზედ კახეთში. ეს აზრი დასაჯერებელია პირველად ამიტომ რომ ძველნი მწერალნი, მაგალ. სცილაქს კორიანდელი[25] და პლინი[26] ჰსწერენ, რომ ხალიბები მო სახლეობდნენ როგორც აქ პონტოს სამეფოში, ისე ქართლში, — და ამითი ჰჩანს რომ იყვნენ ერთი და იგივე ხალხი. მეორე, — მცირეს აზიაში აწცა იპოვებიან მრავალნი სახელნი მდინარეთა, ქალაქთა, ადგილია, რომელნიც იხილებიან საქართველოშიაც, მაგალ. ქიზიკი ქალაქი მდებარე მარმარილოს ზღვის პირზედ და ქიზიყი, მდებრე კახეთში; ქუთაია, ქალაქი, მდებარი ფარსაკის მდინარის სათავეზედ და ქუთაისი იმერეთისა; მდინარე ენგური რომელზედაცა სდგას ქალაქი ანგორა ან ენგური და მდინარე სამეგრელოსი ენგური; ონის ქალაქი შავის ზღვის პირზედ მახლობელი ჰალისის ან კიზილერმაკის შესართავისა და ონი იმერეთში: ჰალიზი ან ალაზანი და ალაზანი კახეთში და სხვანი მრავალნი.
მეოთხე ხალხი ქსენოკონტისა არიან მაკრონნი, სტრაბონი ამბობს რომელ მაკრონები იმის დროს იწოდებოდნენ სანად[27], რომელთაც პლინი[28] სახელ ჰსდებს სანად გენიოსად, არიანი ტანად[29] და ვიზანტის მწერალნი ტცანად[30]. ყველამ ვიცით რომ ბერძნებს არა აქვსთ ასო ჭ. ამისთვის ჭ მაგიერად ზოგს უხმარია „ს“ ზოგს „ტ“. ზოგს „ტც“. სანი ან ტანი ან ტცანი არის ქართველებისა ჭანი[31]. ღეროდოტიც მოიხსენებს მაკრონებსა და მოუთხრობს, რომ მათ ჰქონდათ ჩვეულება წინადაცვეთისა. როგორც კოლხიდელებსა[32], სცილაქსი უწოდებს მაკრონებს მაკროცეფალი[33]. მაკრონები სახლობდნენ ჭოროხის მდინარის მარცხნივ ნაპირზედ, სადაც ეხლა ლაზები დგანან[34], და მარჯვნივ ნაპირი ეჭირათ ივერიელთა. ქსენოფონტის აღწერა ამას სრულებით ეთანხმება, როდისაც ქსენოიონტი ჰარპასის მდინარეს გავიდა (ისპირის ხეობა), და გადიარა ნაჭილობევის მთები, რო მელნიც აწცა განსაზღვრენ ჭანეთს სამცხისაგან, მაშინ შევიდა მაკრონების ქვეყანაში, რომელიც ამ სასით მდებარებს მარცხნივ ნაპირსა ჭოროხის მდინარისა. მაკრონებს, ე.ი. ჭანებს, რომელნიც ჰსახლობდნენ მთებში, უწოდებს ხეპტაკომედად (ე.ი. შვიდი კოშკი), და დაუმატებს, რომ ხეპტაკომეტებს ძველად ერქვათ მოსინაკები ე. ი. კოშკებზედ ან ბურჯებზედ მცხოვრებნი[35]; ამისაგან ჰსჩანს რომ მოსინაკები და მაკრონები ერთი და იგივე ხალხია, ჭანად წოდებულნი. ამას გარდა სტრაბონი გვაუწყებს რომელ სანებმა (ჭანელებმა) მოსრეს სამი გუნდი რომაელთა მხედრობისა, მიდრიდატის დიდის ომის დროს პირის პირ რომაელთა. იუსტინიანე იმპერატორის დროს შევიდნენ მორჩილებას ქვეშე ვიზანტიისა და მიიღეს ქრისტიანობის სარწმუნოება.
მეხუთე ხალხი იყვნენ ტიბარენნი, სახლობდნენ ვაკე ადგილებზედ, გარემოს თერმეს მდინარისა, მახლობელ კოტიორა (აწ ორდუ) ქალაქისა, შეიმუშავებდნენ მიწასა და ჰყვნდათ მრავალი საქონელი, წესი და ჩვეულობა ჰქონდათ მსგავსად ივერიელთა[36]. ტიბარენნი, ხალიბები სახლობდნენ როგორც აქა, ისე სამცხეში და ქართლში[37]. სამღვთო წერილში და გეროდოტის აღწერაში მოსხნი და ტიბარენნი ან თობალი ერთად მოიხსენებიან, ვითარცა ერთად ერთი ხალსი[38]. ვიზანტის მწერლები არ მოიხსენებენ ამ ხალხსა, რადგანაც მათი სადგომი ადგილები იმ დროს უჭირთ ჭანელებსა.
დავით ჩუბინოვი.
(შემდეგი იქნება)
_______________
* „ივერია“ №15.
1 თელებოას მდ. ერთვის ეფრატსა, ნახე ტექსიეს კარტები,
2 ფაზიანი ქართველთა ბასიანი, ჰესცერიტი ქართგელთ ისპირის ხეობა
3 ფასის მდ. აქ არეზის მდინარეა, რომელსაც დასაბამი აქვს ბაზიანში და არა ჭოროხი, მისთვის, რომ ამ მდინარეს რომ გავიდა, შევიდა ტაოს ქვეყანაში, სადაც ჰდის ჭოროხი.
4 როგორც ახლანდელს გურულებსა
5ჰარფასე არის ისპირი, ერთი ტოტი ჭოროხის მდინარისა და არა არპაჩ, როგორც ჰგონებს აი ინგლისის მწერალი ა. ინსვორტი და ვივიენ სენმარტენი, გვ. 321 ტომი I.
6 ღიმნიას ქალაქი, აწ ჯიმილი და არა ჯინისი, რომელიც მდებარეობს მახლობელ არზრუმისა, როგორც ჰგონებს აინსვორტი ან ვივიენ სენ მარტენი. ჯერ არზრუმს გაივლიან და მასუკან ტაოს ქვეუნაში შევლენ, აქ კი წინაუკუღმად არის. ჯერ ტაო გაუვლიათ დ მასუკან არზრუმს მისულან. ქსენოფონტს უკეთ ჰცოდნია ეს ადგილები ვიდრე განათლებულთ ევროპიელთა.
7ქართული სახელი ტიხა, ტიხის მთა აწ ჭარანტაში ნახე ტექსიეს კარტები.
8 მაკრონები არიან სანი ან ჭანები. სტრაბონის წიგნი 12. ამითი ჰჩანს რომ ტაოელნი, ხალიბნი და ისპირის ხეველნი იყვნენ ქართველნი და მაკრონი ჭანნი: მხედარმა იცოდა ჭანური ენა, და არ იცოდა ქართული, რომ ელაპარაკნა ქართველებთან.
9 დრილები არიან ჭანელები ან სანები, როგორც ამტკიცებს არრიენი, გვერდი 54, 55.
10 წიგნი 4 § 6.
11 სტრაბ. წიგნი 12 თავი I. 1.
12ღეროდ. წიგნი 3 § 90, 94.
13ვახუშტისა. გამოც. უფ. ბროსეტისაგან გვ. 120.
14 ქსენ. წიგნი 4 § 7.
15ვახუშტის ქარტა და აღწერა, გვ. 120. ისპირის მდინარეს ქსენოფონტი ახსენებს ჰარფასად. ნახე ზევით შენიშნულობა.
16 სპერი, ან ისპირი ცნობილიყო ძველთა მწერალთაგანცა; ღეროდოტე უწოდებს ჰესპერად, ან სასპირად.
17 მოსე ხორენაცის ღეოღრაფია,. სენ-მარტენის ნათარგმნი. ტ. 2, გვ. 357, სადაც კლარჯეთს ეწოდება გეხარდი: ვარდანის გეოგრაფია სენ-მარტენის ნათარგმნი გვ. 427, სადაც სინათლით ამბობს რომ დიკი, ე.ი. ტაო, ეკუთნის იბერიას და მოუდის ისპირის მდინარე.
18 მოსე ხორენაცი ებინის ნათარგმნი გვერდი 79
19 უფ. ბროსსეტის ქართლის ცხოვრება.
20ეკლეცი არის ეკესეირი სცილაქსისა, აწ ლახისტანი და არა აქცილინა, როგორც მოუთსრობს უფ. ს. მარტენი.
21 სტრაბონი წიგნი 12, თავი ორი, 19 და 24; ილიადასტისი 856 857.
22 ე.ი. მცხოვრებნი ჰალიზის (კილერმაკი) ან ალაზნის მდინარის ნაპირზედ. სტრაბ. მუნვე.
23 მცირე აზიის აღწერა, ტ. 1. გვერ. 250, 251.
24 მოგზაურობა ტომ. 4, გვერ. 133. 139.
25 დუბუას ძველი ქარტები ატლასში
26წიგნი თავი 6, 10.
27სტრაბ. წიგნი 12, თავი 2. 19.
28წიგნი 6. თავი 3.
29 არიენის აღწერა შავის ზღვისა, გამოც. გფმანისა
30 სტრიტერის მატიანე ტ. 4 გვ. 220, 225, 220.
31ჭანი ქართულად ნიშნავს გამხდარსა, ჭნავსა,
32 ღეროდ. წიგნი 2, 104.
33დუბუას ძველი ქარტები ატლასში. მაკროცტფლი, ბერძნ. გრლელ თავიანი.
34სტატისტირის მატიანე 4 ტ. გვ.395
35 წიგნი 12, თავი 2. 19.
36 სტრა. ტ. 1 გვერდი 484.
37გეროდ. წიგნი 3. 94; სცილაქს კორიანდელი, დუბას ძველი კარტები ატლასში.
38 დაბად. მესაქმეს წიგნი თავი 10 მუხლი 2; ეზეკიის წინასწარ-მეტყველება თავი 27, მუხლი 13-21; კვალად 32-26; 38-2.
![]() |
6 ფიცი გვწამს და ბოლო გაკვირვებს |
▲back to top |
ფიცი გვწამს და ბოლო გაკვირვებს [1]
უფ. ნათიევმა გამოილაშქრა „ივერიის მემატიანეზედ“ და მერე რარიგად გამოილაშქრა!... სწორედ მოგახსენოთ, დიდად ღირსშესანიშნავი კაცი ყოფილა უფ. ნათიევი.
უფ. ნათიევი გვეფიცება, რომ თუმცა ჩემს შაგირდებს „კაცია-ადამიანის“ კითხვით თავს არ უხეთქამო, (რა სხარტული და ფხიანი ოხუნჯობა მოსვლია უფ. ნათიევს!..) მაგრამ „ბუნების კარს“ კი, კარგად გარკვევით კითხულობენ და არჩევენ ლოგ[ღ]იკურად და გ[ღ]რამმატიკულათაც“. თუ მართლა თქვენა ხართ იმ ბავშვების ოსტატი, - ეგ დაუჯერებელია. თუ თქვენი საწყენი არ იქნება, ჩვენ ამის დასამტკიცებელს საბუთებს მოვიყვანთ თქვენის წერილიდამვე, რომელიც „დროების“№59-შია დაბეჭდილი. ჩვენ გაჩვენებთ, რომ თქვენ თვითონ ლოღიკაზედ და ღრამმატიკაზედ მწყრალად ბძანებულხართ. როგორ გგონიათ, ოსტატი რომ ლოღიკასთან და ღრამმატიკასთან უმძრახად ბძანდებოდეს, მას შეუძლიან შაგირდებს ლოღიკურად და ღრამმატიკულად გაარჩევინოს წაკითხული წიგნი?
თქვენა ბძანებთ: „მაგრამ არ არის რა ისეთი შემარცხვენელი კაცისათვის, როდესაც (ვიშ ამ ქართულსა!... „არა არის რა ისეთი როდესაც!..“) ის სჯის საგანზედ, რომელიც მას არ ეყურება (ოღონდაც!) და მომეტებული უფრო არა არის რა, (რა მოგახსენოს ქართულმა) ისეთი შემაძრწუნებელი და საზიზღარი მასმენელისათვის[2], როდესაც, კაცი სჯის კაცზედ და მის მოქმედებაზედ, ოდესაც მას არც თვალით უნახავს ეს კაცი და მისი მოქმედება და არც თვით საკუთარის ყურით გაუგონია მისი სჯა ამ მოქმედებაზედ“. (აფერუმ ქართულის მასწავლებელო!)
რამდენსამე სტრიქონის ქვემოდ ბძანებს უფ. ნათიევი: „ფრიად მიკვირს უცერემონიობა მისი („ივერიის მემატიანისა“), რომელმაც ასე თავგამოდებით და ამაყად გაბედა (ნუ თუ!...) სჯა იმ სასწავლებელზედ, რომელიც არამც თუ მას, არამედ სხვასაც კი; გარდა თვით სემინარიის მასწავლებელისა, არ უნახამთ ჩემი მოქმედება“ და სხვ. როგორ მოგწონთ ეს ქართული? როგორ გაბედაო სჯა იმ სასწავლებელზედ, რომელიც არ უნდახავთ ჩემი მოქმედებაო. ამ ლოღიკით და ღრამმატიკით ასწავლით საწყალს ბავშვებსა?... კიდევ აფერუმ!...
თუმცა უფ. ნათიევი ასე ბღაჯნის ქართულსა, მაინც გვეფიცება ჩემმა შეგირდებმა რვა თვე ნახევარში ძალიან კარგად ისწავლეს ჩემგან ქართულიო, ლოღიკურად და გრამატიკულად არჩევენო. აბა ერთი „ლოღიკურად და ღრამმატიკულად“ დააკვირდით ამ თქვენგან თქმულსა, თუ მანდ ლოღიკა და ღრამმატიკა იპოვოთ. ბატონო, სხვა არა იყოს რა, თქვენ ისიც არა გცოდნიათ, რომ „როდესაც“ და „ოდესაც“ ერთი და იგივე სიტყვაა და თქვენ უნდა დაგვაჯეროთ, რომ თქვენმა შეგირდებმა თქვენგან კარგად ისწავლეს ქართული, ისიც რვა თვე ნახევარში!... სიტყვა „რომელი“-ს ხმარება არა გცოდნიათ და გვეფიცებით, რომ თქვენი შეგირდები ქართულს ლოღიკურად და ღრამატიკულად არჩევენ! ან სხვის მოტყუება გსურთ, ან თქვენვე ჰსტყუვდებით, უფ. ნათიევო.
მაგრამ თქვენს უცოდინარობას თავი დავანებოთ. ზემო მოყვანილს სიტყვებში ერთი ისეთი რამაც მოიპოვება, რომელიც სრულს საბუთს გვაძლევს საქვეყნოდ აღვიაროთ, რომ თქვენ, უფ. ნათიევო, მართლა ღირსშესანიშნავი კაცი ყოფილხართ. თქვენ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ, კაცს არამც თუ გიკვირთ, არამედ შემაძრწუნებელადაც და საზიზღრად მიგაჩნიათ, რომ კაცმა იმისთანა კაცზედ ილაპარაკოს, რომელიც თვალით არ უნახავს. ამის შემდეგ თქვენ ოსტატობთ კიდეც!... წიგნსაც ასწავლით, წიგნსა, რომლის მეოხებითაც ადამიანს ეგ ყოვლად მსხნელი ღონისძიება მიეცა მისდა საბედნიეროდ!... მაშ ვისაც თვალით არ უნახავს ალექსანდრე მაკედონელი და საკუთარის ყურით არ გაუგონია მისი სჯა, მას, თქვენის ლოღიკით, ხმა არ ამოეღება ალექსანდრე მაკედონელზედ და მის მოქმედებაზედ. საიდამ მოგიტანიათ ეს ახოვანი უვიცობა? სწორედ ღირსშესანიშნავი კაცი ბძანებულხართ! ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ! განა თვითონ წიგნის არსებითი ძალა იმაში არ მდგომარეობს, რომ ტფილისელს ამერიკელთან გაალაპარაკებს და ამერიკელს ტფილისელთან, თუმცა ერთმანერთი თავის დღეში თვალითაც არ ენახოთ. თქვენ კი ეს წიგნის ძალა არამც თუ გიწამებიათ, არამედ საზიზღრადაც მიგაჩნიათ, - და ამის შემდეგ მაინც ოსტატობთ!... ამ შემთხვევაში თქვენი უმეცრება კი არ გვაკვირვებს, თქვენი ვაჟკაცობაა საკვირველი.
ნუთუ ამისთანა მეცნიერებით გაზვიადებული გვეუბნებით ჩვენ: „მერწმუნეთ, უფ. ავტორო, რომ იქნება ჩვენ უფრო ვიცოდეთ თუ როგორ სჯობს სწავლა ყმაწვილისათვის“. ვითომ რათაო, უფ. ნათიევო? რა გამოჩენილი კაცი თქვენა ხართ პედაგოგიაში, რომ მაგას ეგრე ლიტონის სიტყვით თხოულობთ. რომელი პესტალოცცი, ლანკასტერი და დისტერვეგი თქვენა ბძანდებით, რომ ეგრე ამაყად გვიბძანებ, ჩვენ უფრო ვიცითო. იქნება მართლაც იცოდეთ, ღმერთმა მოგახმაროთ, მაგრამ აქაც კი ამტკიცებთ, რომ თქვენ ყველაფერი გცოდნიათ და ქართულლი კი არა. აბა ერთი გვიბრძანეთ რა არის: „იქნება ჩვენ უფრო ვიცოდეთ თუ როგორ სჯობს სწავლა ყმაწვილისათვის“. ქართველი ასე იტყოდა: „იქნება ჩვენ უფრო ვიცოდეთ, ყმაწვილს როგორ უნდა ასწავლონ!“ აბა ეხლა თქვენგან თქმულს დააკავა ვირდით, თუ იქ ან ღრამმატიკა, ან ლოღიკა და ან სიტყვის ცნობიერად ხმარება იპოვოთ, მაინც კიდევ გვეფიცებით, რომ თქვენგან შეგირდებმა კარგათ ისწავლეს ქართული? გვჯერა, გვჯერა, უფ. ნათიევო, რომ მუხას ვაშლი ასხიაო.
რა ვქნათ მკითხველო, თუმცა უფალი ნათიევი ძლიერ პატივსაცემი კაცი ბძანებულა და ღირსშესანიშნავიცა, მაგრამ გვაპატივეთ, ჩვენ ვერ დავუჯერებთ, რომ მისმა შეგირდებმა ქართული ისე იცოდნენ, როგორც უფ. ნათიევი გვეფიცება. უფ. ნათიევს არამც თუ თვითონ არა ჰსცოდნია ქართულად აზრის გამოთქმა, არამედ სხვისგან თქმულის გაგებაზედაც უკაცრაოდ ბძანებულა. აი ამის საბუთიცა.
უფ. ნათიები ქართულის ენის მასწავლებელი ბძანებულა გორის პროსემენარიისა. ჩვენ „ივერიაში“ ვსთქვით: „იმავე პროსემენარიის პირველს განყოფილებაში, თუმცა ქართულ ასწავლიან თურმე, მაგრამ ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ ბავშვმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების ბღაჯნის მეტი არა ისწავლოს რა“.
აი, უფ. ნათიევს როგორ გაუგია ეს სიტყვები: „იმან (ესე იგი „ივერიის მემატიანემ“ ანუ უკეთ ვსთქვათ, ზემოხსენებულის სიტყვების მთქმელმა) არც კი იცის, რომ ჩემმა ყმაწვილებმა იციან წერა-კითხვა და სიმღერაცა (სერინკი კოზლიკ - ხომ არა), თუმცა რვა თვე არის მარტო რაც დავაწყებინე სწავლა და სულ ყველანი უცნობნი იყვნენ წერა-კითხვისა. უფ. ავტორი კი წინააღმდეგ ამისა არწმუნებს (!) მკითხველთა (მკითხველთ, შეგვიბრალეთ), რომ ქართულს სულ არ ასწავლიანო. მოდი და დაუჯერე (მართლა და მოდი დაგიჯეროთ) გაუჯერასა? მაშ საიდამ იციან-თქო ქართული წერა-კითხვა, თუ სულ არ ასწავლიან“. მოდით და ამის შემდეგ დაუჯერეთ უფ. ნათიევს, რომ მისი შეგირდები „ლოღიკურად და ღრამატიკულად“ არჩევენ წაკითხულსა.
მერე ვინ მოგახსენათ, რომ სულ არ ასწავლიანო. აგე ზემო მოყვანილი სიტყვები „ივერიის მემატიანისა“ აბა ერთი მიბძანეთ, ვისაც თვითონ არ უვარჯიშნია მასზედ, რომ რასაც კითხულობს ის გარკვევით გაიგოს, განა მას შეუძლიან ყმაწვილებს გააგებინოს წაკითხული? უფ. ნათევი გვეფიცება, რომ აი მე შემიძლიანო, თუ გინდათ მოდით მნახეთო. ჩვენა ვსთქვით რომ თუმცა ქართულს ასწავლიანო, მაგრამ ყოველს ღონისძიებას კი ხმარობენ, რომ ბავშვმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების ბღაჯნის მეტი არა ისწავლოს რაო. ამ უკანასკნელში კი შემცდარნი ვართ უფ. ნათიევის წინაშე, ამის გამო ბოდიშს ვიხდით საქვეყნოდ. თურმე ნუ იტყვით, ეგ „ყოველის ღონისძიების ხმარება“ ტყუილია. აქ მარტო ერთი ღონისძიება უხმარიათ და არა ყველა, ესე იგი, იმისთანა ოსტატი მიუჩენიათ, რომლისაგანაც ბავშვნი ჩათვლით კითხვისა და ბღაჯნის წერის მეტს ვერას ისწავლიან, იმიტომ რომ თვით ოსტატს ამაზედ ბევრი არა ჰსცოდნია რა, თუმცა გვეუბნება რომ დამერწმუნეთ, ჩვენ უფრო ვიცითო. თუ იცის რამე, იმ დალოცვილს რაღა დღისთვის უნდა, თუ გაჭირების დროს არ გამოიყენებდა.
უფ. ნათიევი ბძანებს: „ახლა ჩემი ანბანი. ჩემს ანბანს შინჯვენ კავკასიის სამასწავლო მაზრის რჩევაში. თუ რჩევა დაინახავს იმ ანბანსა სასარგებლოდ, მაშინ დაიბეჭდება. სინამ ის, ანბანი არის დაუბეჭდავი, ვგონებ არავის აქვს ნება ილაპარაკოს“. (რაო? მაშ ხელაღებით ყველა უნდა დამუნჯდეს, ვიდრე უფ. ნათიევის ანბანი არ დაიბეჭდება!... შენი მტერი, ჩვენ საქმე მოგვდის)... ღმერთო ჩვენო, ეს უფ. ნათიევი რა გაგვჩენია![3] წიგნი არის საზოგადო კუთვნილება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი დაიბეჭდება, გამოვა ქვეყანაში. ეხლა კი ფრიად უჯიშობა (ზდილობაც მგონია საზოგადო კუთვნილება უნდა იყოს!... თქვენ ხომ არ ასწავლით თქვენს შეგირდებს ზდილობასაცა!.. ბევრს კარგს ისწავლიან!) მოზდის უფ. ავტორს მასზედ, რომ ლაპარაკობს - თუ როგორ არის შედგენილი, რა მნიშვნელობა აქვს, ვისთვის არის და სხვა? არა განათლებულს ქვეყანაში არ მოხდება ეგრეთი „უჯიშობა“ (ან უფ. ნათიევს არ ესმის სიტყვა „უჯიშობა“ რას ნიშნავს, ან მართლა-და ზდილობის ოსტატიც ყოფილა გორის პროსემენარიაში, რომელშიაც არ ცოდნა არ ცოდვაა) როგორც (ვაი თქვენგან პატივცემულს ღრამმატიკას, უფ. ნათიევო! „როგორიც“ უნდა უფ. ნათიევო ფრაზის მიმოხვრა მაგას მოითხოვს) მოუვიდა უფ. ავტორს“.
ჩვენ თქვენი წიგნი და თხზულება არ გაგვირჩევია, ჩვენ ისა ვსთქვით, რომ თქვენ რაღაც გარმიანულს ანბანს ამოქმედებთ პროსემენარიაში, თქვენგან მოგონილსა და ამით უძნელებთ ბავშვებს სწავლასა. ეს მართალია თუ არა? თქვენც აქაც „ნათიაურად“ გაგიგიათ ქართული, ჩვენ ნუ დაგვემდურებით; - ეგ თქვენის ოსტატობის ოსტატობაა, რომ რაც წაიკითხოთ, ის არ გაიგოთ. არ ვიცოდით, თორემ თქვენის მოგონილის ანბანით, ესე იგი, რუსულის ასოებით ქართულის სიტყვას დაგიწერდით, რომ ,ლოგიკურად“ და „გრამატიკულად“ წაკითხული გაგერჩიათ. ვსთქვათ რომ თქვენი დაუბეჭდავი თხზულება გავარჩიეთ კიდეც, ვითომ „უჯიშობად“ რად გეჩვენათ? აქ „ჯიში“ რა შუაშია, უფ. ნათიევო? ერთი ეს გვინდა გკითხოთ: სად და რომელს განათლებულს ქვეყანაში გაგიგიათ, რომ ვიდრე წიგნი არ დაიბეჭდება, მასზედ ხმა არავის ამოეღება. არ შეიძლება მაგალითები გვიჩვენოთ? განათლებულ ქვეყნებში ის კი არის, რომ არამც თუ დაუბეჭდავს ნაწერსა, სიტყვით თქმულსაც არჩევენ და ის კი არ არის, რომ უცოდინარი კაცი სასწავლებელში ოსტატობდეს.
თქვენ თუ სიმართლისათვის გული შეგტკივათ განათლებულს ქვეყნებში კი არ უნდა გადაბძანებულიყავით, პასუხი უნდა მოგეცათ ყოველს იმ საგანზედ, რაც „ივერიის მატიანეში“ იყო. აქ იყო რომ: 1) გორის სემენარიაში და არა პროსემენარიაში ქართულს არ ასწავლიან. აბა თქვენს წერილში ამის პასუხად ან ერთი სიტყვა გვაჩვენეთ. 2) იმერლებს, გურულებს, ფშავლებს, - ქართველებს ერთსა და იმავე გვარ-ტომად არა ჰსთვლიანო. აბა ამის პასუხად თქვენს წერილში ერთი სიტყვა გვაჩვენეთ. 3) პროსემინარიის მეორე განყოფილებაში ქართულს არ ასწავლიანო. თქვენ ამის პასუხად ბძანებთ, ვითომც ან განყოფილებაში არამც თუ ქართველებმა, რუსებმაც და სომხებმაც ისწავლესო. - მაშასადამე არ ასწავლით, რადგანაც სწავლულს სწავლება არ უნდა. ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ ამ განყოფილებაში არ ასწავლიან ქართულსა და ამით თავს ვერ გაიმართლებთ, რომ ისწავლეს კიდეცაო და ამიტომ არ ასწავლიანო. ამას ვერ დაგიჯერებთ. ან იქნება რაკი ჩათვლით კითხვა იციან და ბღაჯნით წერა, - ეგ ცოდნა გგონიათ. თქვენგან არც ეგ არის საკვირველი. 4) „ივერიაში“ იყო, რომ თქვენ ქართულ ანბანს რაღაც თქვენგან მოგონილი ასოები ჩაუმატეთ და იმ ასოებით დაწერილს სიტყვებს აკითხებთ. ეს ტყუილია, თუ მართალი? რატომ ამაზედ ერთი სიტყვა მაინც არ დახარჯეთ? იმის მაგივრად რომ განათლებულს ქვეყნებს გადასწვდით, ამაზედ გეთქოთ რამე. თქვენს ბედს მადლობა შესწირეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაუნათლებელია, თორემ ვისაც „როდესაც“ და „ოდესაც“ სხვადასხვა სიტყვა ჰგონია, ის ქართულის ენის ოსტატობას თავის დღეში არ ეღირსებოდა.
არა, უფ. ნათიევო! თუ მართლა ისეთი ხართ, როგორც თქვენი წერილი გვაუწყებს, ბევრიც რომ გვეფიცოთ, ჩემი შეგირდები ქართულად „კარგათ გარკვევით კითხულობენ და არჩევენ ლოგიკურათაცა და გრამატიკულათაცა“, თუნდა გეწყინოთ, ვერ დავიჯერებთ. თქვე დალოცვილო, მაგ ახოვანს უვიცობას რომ იღლიის ქვეშ მალავთ, ბოლოსაც მაინც ნუღარ გამოაჩენდით. და ამიტომაც თქვენდა ნუგეშად ამას ვიტყვი: „თქვენი ფიცი დიაღ გვწამს, მაგრამ ის წყეული უვიცობის ბოლო რომ გამოშვერილია, ის კი გვაკვირვებს“
_______________
1ერთს კაცს მეორისათვის ერთი მამალი მოეპარა. გამოსდგომოდა მამლის პატრონი, ხელი წაევლო ქურდისათვის. ქურდს თურმე იღლიის ქვეშ ამოეფარა მამალი, მაგრამ ისე კი რომ მამლის ბოლო გარედ დარჩენოდა. ქურდმა ფიცი დაიწყო თურმე, რომ შენი მამალი მე არ წამომიყვანიაო. პატრონი, ხედავს რა თავისის მამლის ბოლოს იღლიიდამ გამოშვერილს, ეუბნება: ძმობილო, შენი ფიცი მწამსო, მაგრამ ეს ბოლო კი მაკვირვებსო.
2 ჩვენ კორექტორის შეცდომა გვგონია აქა. თუ ეს ასე არ არის, უფ. ნათიევო, ამას იქით იცოდეთ, რომ „მასმენელი“ მაბეზღარია ქართულად და თქვენ კი ეგ სიტყვა „მსმენელად“ გიხმარიათ.
3 თუმცა გვესმის რის თქმა უნდა უფ. ნათიევს, მაგრამ ისიც გვესმის, რომ რაც უნდა, იმის თქმა ქართულად ვერ მოუხერხებია.
![]() |
7 სასაუბრო და საფიქრებელი |
▲back to top |
სასაუბრო და საფიქრებელი
სადაც დიდი მდინარე წყლია — იქ იმის შტოები პატარა წყლებიც უნდა იყვნენ; ამ ნაირადვე, საცა რკინის გზის უმთავრესი განზიდულება არის იქ იმის შტოებიც უნდა გაჩნდნენ. ეს ასე ყოველგან, და ჩვენ ფოთი-თბილისის გზასაც ეს ამბავი უნდა მოელოდეს, — ადრე, თუ გვიან შტოები უნდა გამოებას. ჯერ-ჯერობით ერთი შტო რიონის სადგომიდგან ქუთაისამდის შესრულდა და კიდევაც მოქმედებს.
მართალია, ქუთაისი თავის დღეში ვერ დაივიწყებს, თუ რა უსამართლოდ აუარა გვერდით მას ფოთი-თბილისის რკინის გზამ, მაგრამ რა გაეწყობა, რაც რაც იყო, იყო, ამას აღარაფერი ეშველება, — და სულ არარაობასთან ქუთაისის შტოც დიდი საქონელია. ერთი სიტყბით როგორაცა და რა ნაირადაც იყო, დღეს ქუთაისშიაც გვესმის ორთქლ-მავალას სტვენა-კიკილი — ეს ძილისა და აპპარატიის დამფრთხობი ხმა.
არ ვიცი სსვა რასა ჰგრძნობს და მე კი რაღაც გამოუთქმელის სიამოვნებით აღტაცებული ვარ ყოველთვის, როცა ეს ხმა მესმის, — ჩვენ მელომანებთან კი დიდს ბოდიშს ვითხოვ: ჩემი პოეზიური გრძნობა ამ შემთხვევაში ისე დაბნეულია, რომ თვით რიონის ნაპირების ტურფა სანახაობას, მშვენიერებით სავსეს აქაურს მთაბარია და მიწა-წყალს ჩემს თვალში მხოლოდ მას აქეთ მიეცათ სრული შნო და ლაზათი, რაც ზედ გაჰკივ გამოჰკივის ორთქლ-მავალას ძლიერი ხმა. ეს ხმა აღძრავს ჩემს გულში უმაღლესს გრძნობას კაცის მხნეობისას, ძლიერებისასა და მიღვიძებს რაღაც სანუგეშო იმედებს.... კაცის ბედნიერების უძლიერესი მტერი იყო და დღესაც ის არის სიშორისა და უგზოობის გამო სხვა და სხვა ქვეყნებს შუა მისვლა-მოსვლის სიძნელე, რომლის მიზეზით შეუძლებელი იყო აღებ-მიცემისა და ამასთან გა ნათლების დადგინება საზოგადოებაში. მხოლოდ ცეცხლით მატარებელმა მანქანამა სძლია ამ საშინელ დაბრკოლებასა და მერმე ისეთის ძლიერებითა და თითქო გრძნეულების ძალითა, რომ კაცის გონება ჯერაც ვერ შეჩვეულა ამ საკვირველი მოვლინებასა. გული კმაყოფილებით ივსება, როდესაც მიმქროლე ვაგონიდგან თვალს ვადევნებ ჩვენ ჩვეულებრივად ტალახიანს, გაუვლელ გზებსა, მწუხარებიანსა და განსაცდელიანს ფოჩტის „სტანციებსა“ და იმათ „სმატრიტლებსა“... მახსოვს ერთხელ ფოთი-თბილისის რკინის გზის გახსნის პირველ წელიწადს რომ რკინის გზით სატარებელი (поЋздъ), რომელშიც მე ვიჯექი, გრილით მიქროდა სურამის ხეობაში. როდესაც ძველს ფოჩტის სტანციას — მოლითს გაუპირდპირდა ვიღაცამ ვაგონიდგან თავი გამოჰყო და მაღლის ხმით შესახა სტანციის წინ მდგომარეს სმატრიტულს: Смотритель, а! Что, нѣту, лошадей а?... შენი...!“ დაუმატა მან ძლიერებისათვის ქართული გინება, რომელიც სხვა შემთხვევაში საზიზღარი გასაგონი იქნებოდა. მაგრამ იმ დროს კი ყველას სიამოვნების ღიმილი მოგვგვარა; — გვეტეობოდა, — ჩვენც ვგრძნობდით გულში ნაღველსა, ძველის მგზავრობის წესთა სიძულვილს, ჩვენს წარსულ გაჭირვებასა და ჭაპანწყვეტასა, რომელსაც ასე ცხადად გვაგონებდენ ძველი მონგრეული ფოჩტის სტან-ციები და იმათი სმატრიტლები თავიანთის განუშორებელის კაკარდებითა... ნეტავ არ იქნება, სხვა გაჭირვებასა . . . . . . . ასე დარდიმანდულად ჩაურბენდეთ გვერდითა და ერთს ქართულს ლაზათიანს გინებასაც ზედ და დავაზელდეთ ოდესმე!
— აქ სიტყვას შევსწყვეტ და ორიოდე სიტყვას მოგახსენებ მკითხველო ოსმალეთზე.
— ფიქრი ნუ გაქვს, ჩემო მკითხველო, ჩვენი დრო საკვირველი და მოულოდნელი საქმეების დროა. . . . . ოსმალეთი — ეს ყრუ და ბნელი ქვეყანა, ეს მართებლობის მძლავრობისა და თვით-მნებელობის საბუდარი ფიქრობს კეთილ-დღეობის მოპოვებასა და ფენიქსსავით განახლებასა ევროპიულის უმაღლესის ცივილთზაციის მიღებითა, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მართლაც რომ ოსმალეთი დღეს ისეთს გასაოცარს მაგალითს წარმოგვიდგენს, რომელსაც შეუძლებელია არ ვათხოვოთ სრული ჩვენი ყურადღება.
იმ სამოქალაქო და საპოლიტიკო ცხოვრების დედააზრებს, სჯულს და წყობილებას, რომელნიც ევროპიელებმა შეიძინეს მრავალის საუკუნოების ბრძოლითა და ჭირნახულობითა, დღეს ოსმალები ისე ეპატრონებიან, როგორც თავის სამკვიდროსა და ისეთი სითამამით აღიარებენ მათ თავიანთის ცხოვრების წინამძღოლადა, თითქო ვერც კი ატყობდნენ, თუ რა შეუსაბამო საქმეა ამ ნაირი მათგან მოქმედება.
ოსმალეთის კონსტიტუციაზედ იმის დაარსების პირველ დროს ბევრი სიცილი და მასხრობა ატვდა ყოველის მხრით საზოგადოებაში, ბევრი ხუმრობა და მოსწრებული სიტყვა ითქვა ამ საგანზედ, — ვინ ოსქალო და ვინ პარლამენტიო, თვითონ სიტყვები — „ოსმალეთის პარლამენტი“ ერთმანეთს რომ ვერ ეწყობიან, ცხოვრებაში რაღა ეშმაკი მოაწყობს იმათაო? და ამგვარები. მაგრამ პარლამენტის პირველსავე კრების შემდეგ ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომ ოსმალები არც ისე უცხონი ყოფილან თურმე საკონსტიტუციო წესებისა, რო გორც ჩვენ ვფიქრობდით. ეს გუშინდელი მონები, რომელთაც აქამდის არა მოეკითხებოდათ რა გარდა ხმა-ამოუღებელის მორჩილებისა, ისეთი თავისუფლებით, პირუთნევლად და ღირსეულად იქცეოდნენ მართებლობის მიმართ საპარლამენტო ბაასის დროსა, ისე გულმხურვალედ და მხნედ შეუდგნენ თავიანთ ვალდებულების აღსრულებასა, რომ ყველა გააკვირვა მტერიცა და მოყვარეცა, მე როგორც ქართველი კაცი, ოსმალების მოყვარე არაოდეს არ ვყოფილვარ და დღეს ხომ, რასაკვირველია, კიდევ უფრო ნაკლებად ვიქნები, — მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, — მე რომ იმათ საპარლამენტო კრების ბაასის ამბავს ვკითხულობდი, რომელიც მომხდარიყო წასრულ მაისის 14, ასე მეგონა, თუ დიდის ფრანციულის რევოლიუციის კაცების ხმა მესმოდა და არა საბრალო ოსმალებისა. იმ დღეს დეპუტატების პალატაში რამდენსამ დეპუტატებს მხურვალე სიტყვებით გამოეშკარავებით მართებლობის აპპატია, თავის-მოყვარეობა და ქვეყნისადმი უზრუნველობა... „ჩვენ შეგვიწირავს ჩვენი უკანასკნელ გროში, ამბობდა ერთი დეპუტატი, ჩვენი შვილები სისხლს ანთხევენ ჩვენ საზღვრებზედ, თქვენი (უმაღლესი თანამდებობის კაცების) შვილები რაღას აკეთებენ? ჩვენი მაზრები თქვენგან აკლებული შიმშილით რომ იტანჯე ბიან, თქვენ რა შემწეობას აძლევთ მათ თქვენი სიმდიდრიდგან? ჩვენის სამშობლო ქვეყნის მწუხარების უგრძნობელნო, თქვენი საქმე მსოლოდ ის არის რომ ოქროთი მოყვითლულ ეკიპაჟებში ატაროთ თქვენი უვარგისი ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის დასახსნელად კი არც სისხლსა სწირავთ და არც რასმეს იმეტებთ თქვენის სიმდიდრისაგან: ყოველგვარი მიმე ვალდებულება ჩვენ და ყოველგვარი განცხრომა თქვენ განა!“
მეორე დეპუტატმა თავის სიმწარით სავსე სიტყვები ასე დააბოლოვა: „დეე, ამათ (მინისტრებისკენ ხელი გაიწოდა) კარგად შეინახონ თავიანთი ოქრო და ვერცხლი, ჩვენ კი ყველა შევსწიროთ ჩვენს მამულს, რაც კიდევ გადაგვრჩენია, მაგრამ იმ პირობით, რომ ამათ აღარ გაბედონ ჩვენს შეწირულს ხელი ახლონ; რომ ჩვენი უკანასკნელი გროშები ჩვენ დაუკითხავად აღარ დაიხარჯოს.“ ამის შემდეგ დენუტატების პალატამ ერთსმად გადასწყვიტა მართებლობის გაკიცხვა.
ამ ამბის მომსწრემ როგორ არ გავიკვირვო და არ ვიკითხო, თუ სად რა იქნენ ოსმალეთში ხვათქრობისადმი მონებრივი მორჩილება და ფესქვეშ გება? ოსმალეთის საზოგადობრივი და საპოლიტიკო ცვლილების სწრაფი მსვლელობა იმ გვარია, თითქო მართლაც რკინის გზით მირბოდეს, და თვით დეპუტატების პალატის მიერ მართებლობის გაკიცხვა არ გვაგონებს განა პასსაჟირისაგან, სმატრიტლის გალანძღვას ზემოდ რომ ვჰსთქვით?
ჩვენთვის აქ ყურადღების ღირსი ის არის, რომ ჩვენ ყველას გვეგონა თუ ეს დიდი რეფორმები, რომელნიც ასე სეტყვასავით მოულოდნელად თავს წააწყდა ოსმალეთსა, ფეხის მოსაკიდებელ ნიადაგს ვერ იპოვნიდნენ და, მუხუდოს თესლის კედელზე შეერის არ იყოს, უნაყოფოდ და უმნიშვნელოდ ჩაივლიდნენ, მაგრამ ჩვენი შეცთომა ამ შემთხვევაში — უნდა გავტყდეთ—საეჭვო აღარ არის.
რას უნდა მივაწეროთ ეს მოვლინება ოსმალეთში? რა ნაირად შესაძლებელია, რომ ფადიშაჰურ წესებზედ, ყორანზედ და იმათ შესაფერ ადათებზედ დაფუძნებული საპოლიტიკო და საზოგადობრიო ცხოვრება დიდის რევოლუციის დროიდგან მონიჭებულს თვით-მმართველობის წესებს ითვისებდეს? ამ გარემოების ახსნა შეიძ ება მხოლოდ იმით, რომ ჩვენ ვერ ვატყობდით, თორემ ამ რეფორმების მისაღებად ოსმალეთი თურმე მომზადებული ყოფილა, ჩვენი მიუმხვდარობა ამ საქმეში ძრიელ შესანდობელია, რადგან ოსმალეთი თავის სარწმუმოების და ჩვეულების ძალით ისეთს განსხვაებულ მდგომარეობაში იყო, რომელიც ევროპიის ცოვილიზაციისთვის მას თითქმის მიუკარებელად ჰყოფდა.
მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ისეთი დროა, როდესაც ევროპიულს ცივილიზაცის ვერა ფერი ვეღარ გაუმაგრდება: ლამის ჩინეთის დიდი კედელიც აგერ შეარღვიოს, თორემ სხვაგან ძვირია ისითი კუთხე, სადაც იმის სინათლე და ძლიერება არ მუშაობდეს.
ერთს ფრანციულს ჟურნალში ამას წინეთ წარმოთქმული იყო ის აზრი, რომ მეცნიერებას და ხელოვნებას, გარდა ევროპა-ამერიკას შუა ტელეგრაფისა და სუეცის ყელის გაჭრისა, სხვა დიდი საქმე ვითომც ჯერ-ჯერობით არა გაეკეთეინოსთ რა; მაგრამ ეს კი აღარ მიუღია უფ. მეცნიერს მხედველობაში, რომ სხვა უდიდებულესი საქმე რაღა შეიძლება იმაზედ, რომლის ძალითაც მთელი ქვეყანა ასე უერთდება და უკავშირდება ევროპიის განათლებასა? მეცნიერება და სულოვნება არა თუ სუეცის ყელს, მთელის დედამიწის ბედსა ჰსჭრის და უახლოვეს სანატრელ კეთილ-დღეობას. დღეს, მადლობა ღმერთს, ის დრო დადგა, როდესაც ამისთანა ძველი „ლათაიები“ როგორც მაგალითად, „ჯერ საზოგადოების აზრი უნდა შეიცვალოს და ნიადაგი მომზადდეს და მერმე რეფორმა შემოვიდესო“ პატივდებაში მისაღები აღარ უნდა იყვნენ მეტადრე საქრისტიანო ქვეყნებში, სადაც აზრიც ძრიელ შეცვლილია და ნიადაგიც მზად არის სრულის და მრავალ-გვარის რეფორმების მისაღებად.
პ. ნ... ძე (ნაკაშიძე პეტრე)