ივერია (18)1877.06.30



1877.06.30

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 დუნაიის მხედრობის შესახებ

▲back to top


დუნაიის მხედრობის შესახებ

აწინდელის ომიანობის დედა-ძარღვი ბალკანიის ნახევარ კუნძულზეა და ამიტომაც ქვეყნის უმთავრესი ყურადღება დუნაის მხედრობისკენ იყო და არის მიქცეული. მართლა და ამ ომის ავი თუ კარგი დაბოლოვება დუნიის მხედრობაზედ არის დამოკიდებული, რომელიც შეიცავს უპირატესს ძალას მეომრის ლაშქრობისას. დუნიის მხედრობის მოქმედება პირდაპირ იმ ადგილებზედ უნდა გაიშალოს, რომელთა სვე-ბედი წარწერილია ამ ომიანობის დროშაზედ. ეს გარემოება, სხვა რომ არა იყოს რა, საკმაოდ ამართლებს იმ უპირატესს ყურადღებას, რომელიც დუნაიისკენ არის მიქცეული და არა მცირე აზიისკენ, რომელსაც რასაკვირველია, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს ომის საზოგადო მიმდინარეობაში, მაგრამ ეს მნიშვნელობა იმდენად არსებობს, რამდენადაც კავკასაის მხედრობა აქედ გამოიტყუებს ოსმალეთის ჯარს და მით დუნაიაზედ ოსმალეთს ბალას შეუმცირებს.

ამის გამოისობით ყველანი დიდის მოუთმენელობით მოელოდნენ მდ. დუნაიის გადასვლას რუსის ჯარის მიერ. ამბობდნენ — აი ნამდვილი ომი მაშინ დიწყებაო.

რუსის მხედრობას ორი უთავრესი დაბრკოლება უდგა წინ დუნიაზედ ოსმალოს დუნაიის ფლოტი, რომელიც თავისის ჯავშნიან ხომალდებით იცავდა დუნაიას, და ის ციხე სიმაგრენი, რომელიც მდინარის მხარეზედ არიან აშენებულნი იმავე განზრახვითა.

დიდი ხერხი და მეცადინეობა იყო საჭირო, რომ რუსის ჯარს ყველა ეს დაბრკოლება აეცილებინა თავიდგან და იმ ალაგას გადასულიყო დუნაის წყალსა სადაც მტერი ყველაზედ ნაკლებ მოელოდა. დუნაიის მხედრობამ ყველა ეს ხერხი და მეცადინეობა გამოიჩინა კიდეც და ორთავე დაბრკოლებას აუვიდა: ორი ჯავშნიანი ხომალდი დაღუპა და იმ ალაგას გადვიდა, სადაც ოსმალები სრულებით არ მოელოდნენ. მაგრამ ისიც უნდა აღვიაროთ, რომ რუსეთს აწინდელ ომიანობაში ზოგი იმისთანა გარემოება შეემთხვა,რომელმაც დიდი შემწეობა მისცა და ცოტად თუბევრად გაუადვილა ეს პირველი ბიჯი გამარჯვებისა (ე.ი. დუნაიზედ გადასვლა). ეს გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ რუმინიამ რუსეთს მხარი მისცა. რაკი ეს მოხდა, რუსეთს მიეცა შეძლება, რომ სწრაფად და ბლომად თავისი ჯარი დუნიაზედ შეეკრიბნა. სურსათზედ, ჯარის საკვებავზედა რუსეთს ბევრი ფიქრი და ზრუნვა აღარ მოუნდა, რადგანაც რუსეთიდამ რუმინია ზედ რკინის გზა არის გაყვანილი, და გარდა ამისა თვითონ რუმინიაშიაც საზდოება მოიპოვა, იმიტომ რომ რუმინია დღეს ის აღარ არის, რაც უწინ იყო, ახლა მოშენებულია და გაკეთებული.

ერთის სიტყვით, ესეა თუ არა, ამ ჟამად რუსის ჯარი დუნაიის იქითა ნაპირას მოქმედებს. რა განზრახვა აქვს რუსის ჯარს და საითკენ მიმართავს თვის მოქმედებას, მისი ჯერ არავინ იცის. მაგრამ რა განზრახვაც უნდა ჰქონდეს, მაინც ბალკანიის მთებს ვერ ასცილდება, სადაც დუნაიაზედ ნაკლები დაბრკოლება არ მოელის.

დუნაიის მხედრობა, როგორც მოგეხსენებათ, ორ ალაგას გავიდა მდინარის იქითა ნაპირას გალაცის პირდაპირ და ზიმნიცის პირდაპირ, ქ. სისტოვას (რუშჩუკისა და ნიკოლის შუა). აქედგან ბალკანიის მთებისკენ გზა ქ. ტირნოვაზედ მიდის, და შემდეგ მთის იქით ქ. კაზანლიკზედ ადრიონოპოლისაკენ. ამ გზის რუშჩუკის გზა ერთვის. ამ გზაზედაც მოუნდება რუსეთს ჯარის დაყენება, რადგანაც რუშჩუკში ოსმალეთს ჯარი ბლომათა ჰყავს, თორემ ოსმალოს ჯარი უკან მოექცევა რუსებს და საქმეს გაუჭირებს. ამის გამო რუსის ერთი ნაწილი ბელაშია, რუშჩუკის გზაზედ. ბოლგარიიდამ ბევრი სხვა გზაც გადადის ბალკანიის მთებში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ზემოხსენებულს გზას ვიხსენიებთ, რადგანაც რუსის მხედრობა ჯერ-ჯერობით მარტო ამ გზაზედ მოძრაობს და ეს გზა მართლადა სხვა გზებზედ უფრო უკეთესია და უფრო ნაკლებს სიძნელეს წარმოადგენს.

ის რუსის ჯარი, რომელიც გალაცის პირდაპირ გადვიდა დუნიის იქითა ნაპირას, დობრუჯაში მოქმედებს (დობრუჯა ოსმალეთის პროვინციაა, რომელსაც აღმოსავლეთით შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილოეთით და დასავლეთით დუნიის მდინარე). დობრუჯა ჭაობიანი ალაგი არის და ძალიან მავნებელია ჯარის ჯანმრთელობისათვის, მეტადრე ზაფხულში, როდესაც დიდი გვალვა იცის. ამის გამოისობით რუსის ჯარს დიდი დაბრკოლება მოელის თვით დობრუჯის ბუნებისაგან, თუ ოსმალები დიდ ხანს შეავენებენ ამ ალაგას და წინ არ გაუშვებენ.

დობრუჯაში, დუნაიდამ შავ ზღვამდე (ქ. ჩერნოვოდიდამ ქ. კუსტენჯამდე) რკინის გზა არის გაყვანილი, ამ გზის სიგრძეზედა გამაგრებული ადგილი მისდევს, რომელსაც ტროიანის თხრილს (трояновъ валъ) ეძახიან. ამ ჟამად ოსმალეთს 25,000 ჯარი უყენია დობრუჯაში ამ ადგილის დასაცველად. ამ ადგილამდე რუსის ჯარს არავითარი შესანიშნავი სიძნელე არ შეემთხვევა. დობრუჯაში წასულა ეგვიპტეს პრინცი ჰასსანი, რომელსაც განზრახვა აქვა რუსის ჯარი აქედამ წინ არ გაუშვას.

ბოლოს უნდა მოგახსენოთ, რომ ყველაზედ უკეთესი და უშიშარი გზა სტამბოლისკენ სერბიიდამ მიდის სოფიაზედ, ფილიპოპოლზედ დი ადრიანოპოლზედ. მაგრამ სერბია, როგორც მოგეხსენებათ, სხვა და სხვა მიზეზის გამო ომში არ ერევა და ამიტომ ეს გზა რუსის ჯარისთვის სრულებით უქმია, აი რას იწერებიან სტამბოლიდამ ერთს ავსტრიის გაზეთში: „ოსმალებს ძალიან ეშინიანთ, რომ რუსებმა სერბიაზედ არ გაატაროს თავისი ჯარი, რადგანაც ამ შემთხვევაში ოსმალეთი იძულებული იქნება დაჰყაროს თოფ-იარაღი და უპირატესთა სახელმწიფოთა გულმტკივნეულობაზე მიაგდოს თავისი საქმე. რუსეთმა რომ სერბიაზე გაატაროს თავისი ჯარი, ოსმალეთი ვერას გზით ვეღარ შევიმაგრებს რუსის ჯარს და ღონე მიხდილი იქნება და სტამბოლს ვეღარ დაიცავს.“

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

იმ ომში, რომელიც ზივინთან გაიმართა 13 თიბათვეს, მოკლესო: საპერის ბატალიონის პოდპორუჩიკი შრადერი; გრუზინსკის პოლკის შტაბს კაპიტანი ბარავიკი და პოდპორუჩიკი საგინოვი; ტფილისის პოლკისა შტაბს კაპიტანი აფანასიევი (ალექსანდრე), პარუჩიკი იასოვიჩი, პოდპორუჩიკი რუდიევიჩი და პრაპორშჩიკი სოფიევი და 118 ჯარისკაცი; დასჭრესო: კავკასიის გრენადირის დივიზიის უფროსი, ღენერალ-მაიორი კომაროვი, ღენერალის შტაბის პორუჩიკი ლამიკოვსკი: ერევნის პოლკის პოდპორუჩიკი ბარბაშევი 2; გრუზინსკის პოლკისა პოდპოლკოვნიკები საგინოვი და უშაკოვი. პორუჩიკი აფანასიევი, პოდპორუჩიკი თ. ბარათოვი 1: ტფილისის პოლკის უფროსი პოლკოვნიკი რიდიგერი, პოლკოვნიკი ალექსანდერი, მაიორი სულიკოვი; კაპიტნები: ბარკოვსკი, ანდრიევსკი; შტაბს-კაპიტნები: თ. არღუთინსკი, თ. ორბელიანი, მაჭავრიანი, პორუჩიკი სნეჟკოვი, პოდპორუჩიკი ჩოგლიკოვი; პრაორშჩიკები: თერძიევი და აღალაროვი: მინგრელსკის პოლკისა შტაბსკაპიტანი კორენეცკი, პოდპორუჩიკი ვაჩნაძე და მიშჩენკო; გრენადერის არტილერიის ბრიგადის შტაბს-კაპიტანი გიპპიუსი, პოდპორუჩიკი ალთევი; დაღისტნის ირრეგუგულიარის პოლკის უფროსი პოლკოვნიკი კვინიტაძე და 663 ჯარის-კაცი; გაკაწრეს: პირველის კავკასიის საპერიის ბატალიონის პოდპორუჩიკი პროტოპოპოვი, გრუზინსკის პოლკის კაპიტანი საგინოვი და პორუჩიკი ვაჩნაძე; ტფილისის პოლკისა პორუჩიკის საგინოვი, პორუჩიკი აგაევი და 26 ჯარის-კაცი.

20 თიბათვეს ღენერალი ლორისმელიქოვი აიხარიდამ არდოსტში მისულა. ღენერალ გეიმანის ჯარი 21-ს ხაჯი-ხალილში დაბანაკებულა. ამ ჯარს ომი ომი ჰქონია მაგარჯისთან იმ ოსმალოს ჯართან, რომელიც ეარსიდგან გამოსულა. ოსმალები ისევ უარსში დაბრუნებულან.

— 23 თიბათვეს მისი იმპერატორის უმაღლესობა კავკასიის მთავარ-სარდალი და მისი შვილი მის იმპერატორის უმაღლესობა დიდი მთავარი ნიკოლოოზ მიხეილისძე, აგრეთვე შტაბის უფროსი მცრიდამ ალექსანდრეპოლში მიბძანებულან.

— ღენერალ ალხაზოვს აბხაზები განუდევნია და დიდი ზარალი მიუცია. ომში დაჭრილან ლაბინსკის პოლკის უფროსი გოლიანოვსკი, ახალციხის პოლკის პორუჩიკი ბარონი კლეისტი და 20 ჯარის კაცი.

— 26 თიბათვეს ოსმალების ხომალდებს ნიკოლაევსში ჯარი გადმოუსსამთ, რომელიც როდესაც ჩვენები მისულან, ისევ უკან გაქცეულან. ამავე დროს ოსმალებს მუხაესტატესთვის ყუმბარები უსვრიათ. ჩვენის მხრით ერთი მოკლულია და ორი ჯარის კაცი დაჭრილი.

— სოფ. სიხოს აღების დროს ნაკაშიძისა და თ. ჯორჯაძის მიერ, 6 ჯარის კაცი მოგვიკლეს და 3 აფიცერი და 24 ჯარის კაცი დასჭრეს. დაღისტანში და თერგის ოლქაში სრულიად დამშვიდებულან. გარდა ალიბეგის შაიკისა, რომელიც იჩხერის ტყეში დამალულა.

— 16 თიბათვეს დუნაიის მხედრობას დობრუჯაში ბაბადაღი დაუჭერია. ტრაიანის თხრილამდე რუსებს სრულებით გაუდევნიათ ოსმალები.

იმ ჯარის შესახებ, რომელიც სისტოვიდამ მოძრაობს, შესანიშნავი ამბავი მოვიდა: 25 თიბათვეს ღენერალი გურკოვს ქ. ტირნოვა დაუჭერია და 3.000-ზე მეტი ოსმალოს ჯარი გაუდევნია ოსმან-ბაზრისკენ. ტირნოვის მცხოვრებნი დიდის აღტაცებით მიჰგებებიან თურმე რუსებს. ქალაქის აღების შემდეგ პარაკლისი გადაუხდიათ ხელმწიფესთვის. ბევრი სამხედრო ნივთეულობა და ალაფი დარჩენიათ რუსებს.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. 25(13) თიბათვეს დაიშალა საფრანგეთის დეპუტატთა პალატი. უკანასკნელი კრება დაიწყო. შემდეგის სიტყვით, რომელიც წარმოსთქვა პალატის პრეზიდენტმა გრევიმ: „ვიდრე გაცნობებთ ჩემს მიერ მიღებულ მოწერილობას, მე მსურს გამოვუცხადო პალატს ჩემი გულითადი მადლობა ჩემდამი მარადის პატივის ც მისათვის. ჩვენი ქვეყანა, რომელსაც მიმართავს ამ ჟამად პალატი, ეტყვის პალატსა, რომ ამ მოკლე-ხნის განმავალობაში პალატს გულითადი სამსახური გაუწევია საფრანგეთისა და რესპუბლიკისათვის. ქვეყანა გამოუცხადებს პალატს, რომ მას, პალატს, არასოდეს არ უღალატნია ხალხის მონდობილობისთვის. (დიდი ტაშის ცემა). შემდეგი წერილი მომივიდა შინაგანთა საქმეთა მინისტრის გან:

პარიჟი, 25 თიბათვეს 1877.

„უფ. პრეზიდენტო — მაქვს პატივი მოგართოთ დეკრეტი, რომლითაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა სენატის ნებართვითა გადასწყვიტა დეპუტატთა პალატის გადაყენება. გთხოვთ აცნობოთ ეს დეკრეტი პალატს დღევან დელს კრებაში.“

შემდეგ უფ. გრევიმ მაკ მაგონის დეკრეტი წაიკითხა: „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კონსტიტუციის მეხუთე მუხლის ძალით სენატის ნებართვით, გარდაჰსწყვიტა:

მუხლი 4. დეპუტატთა პალატი გადაყენებულია.

— 2. არჩევანის კრებანი სამის თვის განმავალობაში იქმნებიან შეყრილნი ახალის არჩევანისთვის.

— 3. სამინისტროს მოთავემ და შინაგანთა საქმეთა მინისტრმა აღსრულებაში უნდა მოიყვანონ ეს დეკრეტი.

მარშალი მაკ-მაგონი, ჰერცოგი მაჯენტისა.“

მაკ-მაგონს უსათუოდ ეთაკილება რესპუბლიკის პრეზიდენტობა, რომ მარტო მაჯენტის ჰერცოგობით იხსენიებს თავისთავსა.

დეპუტატებმა დაიძახეს: „გაუმარჯოს რესპუბლიკას გაუმარჯოს მშვიდობიანობას!“ და დაიშალნენ.

მაკ-მაგონის დეკრეტი სენატშიაც წაკითხულ იქმნა.

ორთავე პალატის რესპუბლიკელებმა კომიტეტის დაარსება ისურვეს, რომლის წევრთა თვალყური უნდა ადევნონ და ადმინისტრაციის ყველა უწესოება არჩევანის დროს მხედველობაში იქონიონ.

მეორე დღეს რესპუბლიკის დასის სენატორებმა დეკლარაცია გამოაცხადეს, რომლითაც აუწყებენ საფრანგეთის ხალხს, რომ ხელმეორედ ხალხმა უნდა ამოარჩიოს ის 369 დეპუტატი, რომელთაც მთავრობის წინააღმდეგი წინადადება მიიღეს 19 თიბათვეს, თუ სურს პირველად და უკაასკვნელად დაუმტკიცოს ქვეყანას, რომ მხოლოდ რესპუბლიკაა საფრანგეთის დამცველი და კეთილმდგომარეობის დამადგინებელიო.

— მანამ პალატს გადააყენებდა, მთავრობა სდევნიდა ჟურნალ-გაზეთებს და სხვა და სხვა კერძო პირთა, რომელნიც ცოტაოდენ წინააღმდეგობას იჩენდნენ ახალის სამინისტროსადმი. დეპუტატებისათვის კი სიტყვის პირიდამ გამოგლეჯა მთავრობას არ შეეძლო, რადგანაც კანონის ძალით დეპუტატის დასჯა პალატის ნება დაურთველად შეუძლებელია. მაგრამ კი ეხლა, როდესაც დეპუტატები კერძო პირნი არიან, მთავრობა ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ ყოველი თავისუფალი აზრი და სიტყვა იმათაც აუკრძალოს, ამის გამოისობით რესპუბლიკელი სენატორებს ერთი ორად მომეტებული შრომა მოელით; რის თქმა და გარიგება დეპუტატებს აღარ შეუძლიანთ, მას მათი მომხრენი სენატორები ჰკისრულობენ. ამის გამოისობით რესპუბლიკის დასის სენატორებს ხშირად ექმნებათ ყრილობა და ხშირად წარმოსთქვამენ სიტყვას, მანიფესტებს გამოსცემენ და გაავრცელებენ მთელს საფრანგეთში.

გამბეტამ თითქო ამ შემთხვევითიც ისარგებლა და ერთს კერძო ყრილობაში წარმოსთქვა სიტყვა, რომელიც უკანასკნელი მანიფესტი იქმნება რესპუბლიკელებისა. გამბეტამ სთქვა: „რას დავესწარით? თხუთმეტის თვის წინად გამოცხადებულს ხალხის სურვილს, დღეს ყურს არა ვინ ათხოვებს, აი რას დავესწარით. ჩვენ ხელმეორედ არ ჩევანს უნდა შევუდგეთ და ყველაზედ უწინარეს ყოველ ღონისძიებას ვიხმართ, რომ როგორმე ჭეშმარიტებამ თავი არსად არ გამოჰყოს და ხალხს არ დაენახოს, არსად არ იქმნება არც ყრილობის თავისუფლება, არც წერა-ბეჭვდისა, არც არავითარი თავისუფალი სჯა და ბაასი. იმედი გვაქვს, რომ ამ გვარად განწყობილი საფრანგეთი მთელის ქვეყნის წინაშე თავის-თავს უარ-ჰყოფს, რასაკვირველია, ჩვენდა სასარგებლოდ. (სიცილი და ტაშის ცემა.)

„ბატონებო, თუ ამაში მდგომარეობს ჩვენთა მოპირდაპირეთა პოლიტიკა, დიდი წინასწარმეტყველოსა არ მომინჯება, რომ ვსთქვათ-მაგ პოლიტიკას ქარი წაიღებს როგორც ბუმბულსა. ამათ არ იციან, რომ საყოველთაო არჩევანი ეხლა ის აღარ არის, რაც უწინ იყო; ეხლა ხალხი იმოდენად გამოცდილია, რომ შეუძლიან მტკიცედ დაიჭიროს თავისი თავი და თვითონვე წინ–გაუძღვეს თავის საქმეს. იგი იქმნება უწინ მორჩილი იყო, იქმნება თვალ-ახვეული, ადვილად ამყოლი და მხთალი იყო, მაგრამ ეს დრო დიდი ხანია განჰქრა (ჰო, მრთლა). ეხლა ვარ პოვებთ ერთს იმისთანა მამულის შვილს, რომელიც გულში არ იყოს დარწმუნებული, რომ უსაჭიროესი სამმართველობა საფრანგეთისათვის რესპუბლიკაა: ვერც ერთს ვერ ჰპოვებთ, რომელსაც არ ესმოდეს, რომ მხოლოდ რესპუბლიკელებს შეუძლიანთ რესპულტიკა წორმართონ (დიდი ტაშის ცემა).

„ეჭვი არ არის, ბატონებო, რომ რესპუბლიკის მკვიდრი და ნაყოფიერი დადგენა საფრანგეთში მხოლოდ რესპუბლიკელებს შეუძლიანთ. ამიტომაც საფრანგეთმა 20 თებერვალს 1876 წ. ამოირჩია გულწრფელი და სინიდისიანი რესპუბლიკულები, რომელნიც, თექვსმეტის თვის განვლის შემდეგ, უფრო მტკიცედ არიან შეერთებულნი კიდრე არჩევანის პირველს დღეს (ძალიან კარგი, ტაშის ცამა).

„მოწყალენო ხელმწიფენო, ჩვენნი მტერნი, რასაკვრველია, ყოველგვარ უწესებს და მუქარას მოჰსჭიდებენ ხელს, მაგრამ ვერას გააწყობენ. გულდინჯად იყავით, ყველა ამ მანქანებს წინ დავახვედრებთ ნამდვილს კანონიერებას და ჭეშმარიტს სარგებლობასა სამშობლოისას, ფლიდობას და ქვეშ-ქვეშობას წინააღვუდგენთ გულწრფელობას; — მუქრას წინააღვუდგენთ მხნეობასა. ჩვენს წინაღმდეგეს ჩვენ დაუმტკიცებთ, რომ კანონი და მართლ-მსაჯულება ჯერ არ გაუქმებულა. (დიდი ქება და ტაშის ცემა).

„ეხლა, ერთი რამ არის უეჭველი და შესანიშნავი, საყვარელნო მამულის შვილნო: ჩვენი მოწინააღმდეგნი ისეთ მახეში არიან გაბმულნი, რომ დიდად გაიხარებენ კიდეც ოღონდ იმ მახიდამ თავის დახსნა შეიძლონ.

„მაგრამ არა უშავს რა, დეე გამოვიდნენ მოედანზედ ვისაც მონარხიის დადგენა სურს. საფრანგეთში, ჩვენ მზათა ვართ და ბრძოლას არ გავექცევით.

„მთავრობამ ჩვენ რაც უნდა ხელ-ფეხი შეგვიკრას, გზა დაგვიხლართოს, მაინც ჩვენს ამომრჩევლებს თამამად წინ წარვუდგებით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამომრჩეველნი მათ ამოირჩევენ. ვისაც დროშაზედ უწერიათ „სამშობლო და რესპულიკა.“ (ქება ტაშის ცემა.)

„საყვარელნო მამულის შვილნო, გთხოვთ ნუ დაჰკარგავთ სასოებას რესპუბლიკისას და ნუ დაეცემით სულით მთელი საფრანგეთი თანაგვიგრძნობს ჩვენ და, დამიჯერეთ, მართალს ვამბობდი, რომ ეხლა გავდივართ მეთქი პალატიდამ 363 და დავბრუნდებით 400. საფრანგეთი რომ ჩვენკენ არ იყოს, ჩვენი მოწინააღმდეგენი ესეთს შფოთში და წუხილში არ იქნებოდნენ. რაც უნდა იყოს. ეს უკანასკნელი და სასოწარკვეთილი იერიშია რესპუბლიკაზედ მიტანილი ყველა მის მტერთა მიერ, მაგრამ რუსპუბლიკის დროშის ქვეშ შეკრებილ არიან ყოველნი მისნი მომხრენი, რომელნიც. იმედია დაიცვენ პატივსა და მოიპოვებენ გამარჯვებას (ტაშის ცემა).“

— პარიჟის ოფიციალური გაზეთები ამბობენ, რომ ახალი არჩევანი 14 ოკტომბერს მოხდებაო. მთავრობას ნება აქვს რა დროსაც უნდა დანიშნოს ახალი არჩევანი, ოღონდ სამ თვეს არ გადააცილოს. კანონით შეიძლება სამ თვეს კიდევ ოცი დღე გადააცილონ, თუ მოინდომებენ. ასე რომ, 25 თიბათვიდამ (როდესაც გადადგა პალატი) მოყოლებული სამი თვე და ოცი დღე სწორედ 14 ოკტომბერს შესრულდება.

მთავრობას, რასაკვირველია, შეეძლო უფრო ადრე დაენიშნა არჩევანი, და ყველაც მას მოელოდდა, მაგრამ როგორც ეტყობა უკანასკნელი ვადა დაუნიშნავს აგები როგორმე მოვასწროვო და სხვა და სხვა ხერხითა ხალხი ჩემკენ გადმოვიბიროვო.

— მარშალი მაკ-მაგონი საფრანგეთის ხალხისთვის მანიფესტის გამოცემას აპირობს თურმე, რომლითაც გამოუცხადებს მთავრობის გულისწადილსა და პროგრამმას.

— ბონაპარტიელთა გაზეთებს თითქმის ყოველ დღე მოძმე ემატებათ. მაგალითებრ, ამას წინად ახალი კვირა გამოშვებითი გაზეთი დაარსდა, სახელად „იმპერია“, ფასი შვიდი ფრანკია (ორ მანეთამდე) დანიშნული წელიწადში თავის ხელის მომწერთათვის რედაქციას საჩუქარი დაუმზადებია: იმპერატორის მემკვიდრის სურათი.

სამის თვის განმავლობაში ბევრს ამისთანაებს დაესწრება საფრანგეთის ხალხი.

წვრილი ამბები. — პეტერბურღიდამ გაზეთს Independace Belge-ს ჰსწერენ:

„უცხოეთის ჟურნალ-გაზეთობა მაინც კიდევ არ ენდობა რუსეთის განზრახვას და მიდრეკილებას, თუმცა ხელმწიფე იმპერატორმა საჯაროდ სიტიტყვა წარმოსთქვა გარჩაკოვმაც გამოაცხადა, რომ აწინდელს ომს არა აქვს მხედველობაში არც ახალის ადგილების დაპყრობა, არც სლავიანების დიდის სამეფოს დაარსება დუნაიაზედ. რუსეთს სურს მკვიდრი მშვიდობიანობა დამყარდეს ყოველგან და ყველასათვის და ამ რიგი მშვიდობიანობა შეუძლებელი იქნებოდა, რუსეთს რომ ზემოხსენებული განზრახვა ჰქონდეს.

„სომხების შესახებ, რომლებსაც თითქმის ისე ეკიდებიან როგორც ბალკანიის სლავიანებს, ამბობდნენ, რომ რუსებს მათი ქვეყნის, დაპყრობა უნდაო ინდოეთის გზის დაჭერისთვის ინგლისელების წინააღმდეგ. ეს ტყუილი გამოდგა. მაგრამ უნდა აღვიაროთ, რომ თაკისუფალი სომხეთი, რომელიმე ქრისტიანე მთავრის მფლობელობის ქვეშ მყოფი, ნამდვილი წინ წადგომა იქნებოდა და დიდ სარგებლობას მოუტანდა როგორც რუსეთს, აგრეთვე ინგლისს.“

— იმავე გაზეოში ბერლინიდამ იწერებიან, რომ აქ არავის არ ჰსჯერაო, რომ ვითომ ავსტრიამ რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთსო.

ოსმალეთსაო, — ამბობს იგივე კორრესპონდენტი, — უწინდელის ომიანობების მიხედვით დიდი იმედი ჰქონდაო მისი, რომ ღონე მაქვსო. მტერის მოსაგურებლათაო. მაგრამ იქნება მოსტყუვდესო და საქმე ისე გაუჭირდესო, რომ უევროპოთ მოითხოვოს მორიგება და მორიგებას ის სარგებლობაც შესწიროსო, რომელსაც ევროპა ბოსფორზედ გამოელისო.

ე.ი. ამ კორესპონდენტის სიტყვით,ოსმალეთი იძლებული იქნება ევროპას ყური არ ათხოვოს და თავისით დაუთმოს რამე რუსეთს და მით იმ სარგებლობას ბოლო მოუღოს, რომელსაც წამდაუწუმ ხელსა სჭიდებენ ინგლისი, ავსტრია და სხვ.

— სტამბოლიდამ იწერებიან, რომ რაც აქ დუნაიდამ ამბავი მოდის მთავრობას მალავსო და სცვლისო. როდესაც რუსის ჯარის დუნაიის გადასვლის ამბავი მოვიდა, მაშინვე მინისტრების საბჭო შეიკრაო და გადაწყვიტეს ხონთქარს შევატყობინოთო და პრინც რეისს (გერმანიის ელჩს ოსმალეთის წინაშე) ვთხოვოთო, რომ მონაწილება მიიღოსო და როგორმე ომი შენაყენოსო.

— ამბობენ, ვითომ ინგლისი და იტალია ეცდებიანო, რომ ერთის დიდის ბრძოლის შემდეგ მორიგეო ჩამოაგდონ რუსეთისა და ოსმალეთის შორის.

— ერთი გაზეთი, რომელიც ძლიან შინაური ავსტრი- ვენგრიის სამინისტროსი. ამბობს რომ თუ ოსმალები ჩერნოგორიას დაიჭერენო, მაშინ ავსტრიაც დაიწყებს თავის მოქმედობსო. გარდა ამისაო, — ამბობს იგივე გაზეთი, ავსტრია, რომელსაც თხუთმეტი მილიონი ქვეშევრდომი სლავინი ჰყავს, იძულებული იქნება ყოველი ღონისძიება იხმაროს და მოსპოს ის ულმობელობა; რომელმაც აღძრა მთელი ევროპაო.

იმავე გაზეთში სტამბოლიდამ სწერენ:

„რუსეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული გამოვა ომიდამ და წინადვე უცხადებს ევროპას თუ რა პირობით მოურიგდება ოსმალეთს. ეს პირობა შემდეგში მდგომარეობს: ბათუმი თავისის ნავსადგურით რუსეთს უნდა მიეცეს; ბოლგარია ბალკანიის მთების ჩრდილოეთით თავისუფალს სახელმწიფოდ უნდა იქმნას; ევროპიის სახელმწიფოებმა თავისუფალი მიმოსვლა უნდა დაადგინონ შავ-ზღვის შესავალში.

ოსმალეთს ამისთანა პირობებისა ყურში შაშვებაც არ უნდა.“

უნდა მოგახსენოთ, რომ რაკი რუსის ჯარი დუნაის იქითა ნაპირას გადვიდა, ეხლა გაზეთები ჭორიკანაობას დაიწყებენ მორიგების ჩამოგდების შესასებ, იმის მსგავსად, როგორც ომის გამოცხადებისავე უმალ მოჰყვნენ.

ამ ზემოხსენებულს დეპეშასაც, ეჭვი არ არის, ხვალ თუ ზეგ მეორე გასამტყუნარი ამბავი მოჰყვება.

— ერთს ნემენცურს გაზეთში დაბეჭდილია წერილი იმის შესახებ, თუ როგორი გადაწყვეტა სურთ ბერლინში აღმოსავლეთის საქმისა. ამ წერილში მოხსენებულია, რომ ვიდრე დარდანელში თავისუფალი მიმოსვლა არ დაარსდება, რუსეთს ურჩევნია, რომ ბოსფორი ოსმალების სუსტ ხელში იყოს, და არ ინდომებსო, რომ მძლავრ ხელში ჩავარდესო. რადგანაც რუსეთს აწინდელი ომი დიდ ეკონომიურს ზარალს აძლევს და რადგანაც ინგლისი მოგებაში იქმნება მაჰმადიანობის დასუსტებისაგან, ამიტომ მათშორის რომელიმე თანხმობა და შეკრულობა უნდა შესდგესო ოსმალეთის მემკვიდრეობის შესახებ.

ოსმალეთის ხალხნი ჯერ საკმაოდ განათლებულნი არ არიანო, რომ თავისუფლება მიენიჭოსო და განაწილებულნიც არიანო, ამის გამოისობით ევროპამ გავლენა უნდა იქონიოს მათზედაო და ეს გავლენა ავსტრიას უნდა დაეთმოსო. რუმინიისა, სერბიისა და ჩერნოგორიის გარდა ოსმალეთის სახელმწიფო ავსტრიას უნდა მიეცესო, რადგანაც ამ გვარს სახელმწიფოს ერთობა არ ექმნება, ამის გამო იგი საშიში არ იქმნება მეზობელთათვისაო.

4 ხმა ლოპიანას საფლავიდამ

▲back to top


ხმა ლოპიანას საფლავიდამ

თუმც მკვდარი ვარ, მაინც სული შენკენ რბის,
ვით-ფარვანა — თავს გევლება და დაგტრფის.
ეს ვინა ჰსთქვა: უველას ბოლო ეღება
სიკვდილისგან, სიყვარულიც გაქრება?!
მაშ მე რათ ვარ სხვებში გამორჩეული,
მეც სხვებსავით არ ვარ მოსვენებული!
ცამ ინება სატრფოს მე განმაშორა,
მაგრამ ტანჯვას აქაც არ მომაშორა;
მიწათ ვიქეც, მაინც სული მისკენ რბის
ვით ფარვანა — თავს უვლება და დასტრფის.

ზეცას ვიყო, გინდ ჯოჯოხეთს ვიწოდე,
შენს სიყვარულს მე ვერ დავსთმობ, იცოდე
მე რათ მინდა სამოთხისა დიდება,
თუ რომ სატრფო ჩემზედ შორსა იქნება.
ვერას მიზამს ჯოჯოხეთის ქანჩები,
თუ, ლამაზო, შენ ჩემად მეგულები
ტანჯულ სული მის ღიმილსა ელოდდეს,
ვით ფარვანა—თავს ევლოდეს, დასტრფოდეს.

ცაში ვნახე კრებით ანგელოზები,
მშვენივრები, სხივ, ფენილნი-ნაზები;
მათ შვენებას თვალი ვერც კი უძლებდა,
მაინც სული შენს სიტურფეს ეძებდა!
რომ ვერ გპოვე, არ ვინდომე სამოთხე,
წამოვედი ისევ ქვეყნად მოგნახე;
შენმა გაზდამ, იმათ არ ედარები...
მე ვიხრუკვი, შენ კი არ გებრალები.

ულმობელო! ჩემთვისაც მოიცალე
ჯამი ღვინით — შესანდობლათ დაცალე;
ერთი მითხარ: განისვენე სულითა,
მეც მიყვარხარ ჭეშმარიტის გულითა.
გამაგონე, მხოლოდ ესე სიტყვები,
ხორცით მკვდარი სულით ტკბილად ვიქნები.
და სამოთხეს მე დავიჭერ ალაგსა,
შენი სიტყვა იმდენს მომცემს ძალასა.

თუმც მკვდარი ვარ მაინც სული შენკენ რბის

ვით ფარვანა — თავს გევლება და დაგტრფის.

თ. გიორგი ორბელიანი

5 წერილი ზემო ქართლიდამ

▲back to top


წერილი ზემო ქართლიდამ

ზემო ქართლი, 16 ივნისს

ეხლანდელის ომის გამოისათ დიდი მზადება და მოძრაობაა სურამში. მთელი ერთი საზოგადოება (санитарный отрядъ) არის აქ მოსული და ამზადებს დაჭრილებისათვის საწოლს თავ-თავის საფენებით, იარაღებით, წამლებით, მომვლელებით და სხ. ყოველ ნაბიჯზედ თეთრ-ფართუკიან ქალებს ნახავთ წითელის ჯვრით მკლავზედ თუ გულზედ. ახლა უნდა ნახოთ მამაპაპურის შეხედულობის ჩვენი დედა-კაცები, რა გაოცებულნი და გაკვირვებულნი არიან იმათ ნახვაზედ. „ეს რა დღეს მოვესწარით“ —იძახიან, „სულ უცხო ქალებმა, ისიც ყმაწვილებმა და ლამაზმა ქალებმა უნდა მოუარონ უცხო კაცებს. იქნება იმათი დები ან ბიძაშვილები იყვნენ, თორემ უცხოსი რასაკადრისია, განა ნამუს გაუტეხელი ქალი შევა მაგ საქმეში! მაგრამ ეჰ ეხლანდელმა განათლებამ არც ნამუსი იცის და არც სირცხვილი. ვინ იცის, იქნება იმათში. ეს პირველი სანამუსო. საქმეც იყოს“. ახლა ჭორებს და საქმიდამ სხვა და სხვა დასკვნის გამოყვანას ბოლო არა აქვს. რასაკვირველია, ასე ორ წყალ-შუა რომ არიან, მოუყვებით თუ არა რომ სიკეთე დიდი მოაქვსთ ამ ქალებს და ძალიან საჭირონი არიან ამ საქმეში, პირჯვარს გამოისახვენ, თითქო დაკმაყოფილდებიან და „ღმერთო რას მოვესწარიო“ გიპასუხებენ. დღეს ჩვენც მოგვიხდა იქ ყოფნა და დათვალიერება საავათმყოფოებისა. ჯერ- ჯერობით რაც ითქმის, გარეგანი შეხედულობა კარგი აქვს, თითქმის სალდათებისა და აფიცრების საავათმყოფოები ერთმანერთში არ განირჩევიან. რადგან ბევრს დაჭრილებს მოელიან, ახალ სახლებს აშენებენ. კარვები აქვსთ დადგმული რადგან მეტი სადგომი ვერ უშოვნიათ. ემდურებიან თურმე სურამლებს, რომ ძალიან ძვირათ აფასებენ თავისს სახლებსაო; დაინახეს თუ არა რო გვჭირდება, ფასს მოუმატესო, მხოლოთ ერთმა აქაურმა ვაჭარმა მისცა 250 მანათათ ორი სახლი ერთის წლით. ამ ახლათ მოსულ ხალხს კიდევ მოემატა სხვა უცხო ხალხი ბერძნები, წებელდიდამ (აფხაზეთიდან) გადმოსულები. დედაბუდიანათ გამოქცევიან თურმე აფხაზებს, რომელთაც ძალიან ემდურიან. სულ ერთიანად აგვიოხრეს სახლკარიო, ავეჯულობა ყოველივე წაიღეს და დაგტოვეს უსახლკარო მშივრებიო. ერთის კვირის განმავლობაში ცარიელ ცომზედ ვიყავათო და პურის გამოცხობაც არ შეგვეძლოო, ბრძოლის დროს, ციხეში დავიმალენითო და იქაც რომ აღარ დაგვაყენეს, სასწრაფოთ გამოვეშურენით აქეთო. 8000 სული ქალი და კაცი ვიყავითო ყველანი აქეთ წამოვედით, რომ ეგება აქაურმა მთავრობამ საშველი რამ მოგვცესო. ბევრი ჩვენგანი გზაში ავათ გახდა და მომეტებულნი ქუთაისს დარჩნენ საავათმყოფოებშიო, ზოგი ახალ სენაკსა და ყველანი აქ ვაპირებთ მოსვლასო. კოდორს რომ გამოვედით, ბევრი საქონელი დაგვეღუპა და მოძმეებიც დავკარგეთ — მომეტებულნი შიმშილისაგან დაგვეხოცა, ახლა ვართ ასე წყალ-წაღებულებიო — ისეთი სანახავნი კი იყვნენ, რომ მხოლოდ ტანისსამოსით თუ, თორემ იმათ ადამიანის შეხედულება აღარა ჰქონდათ: დამდნარნი, დამჭკნარნი, დაჩაგრულნი, მოძრაობის ღონეც არა ქონდათ იმ უბედურებს. როგორც ცხვარი გენახოთ მორეკილი, ისე იყვნენ თავ-თავიათ ცოლშვილით. წებელდაში ამ ათის წლის წინად გადავსახლდითო ტრაპეზონიდამ ვიყავით კარგათ და ეხლა კი ეს დღე გვადგა, ჩვენი თავისა აღარა ვიცით რაო. აქაურ მთავრობას შემწეობა უნდა ვთხოვოთ რომ უყურადღებოთ არ დაგვტოვოსო. ახლა კიდევ ისე სწრაფად მოიგონეს სურამის მეჭორეებმა, რომ ეს ბოშის ხალხი არის და ქურდობის მეტს რას იქმონენო. აქ რომ ბოშის დედა-კაცები დადიან ხოლმე და ქურდობენ, ამათაცო ისეთი შეხედულობა აქვსთ და ესენიცო| მიჰყოფენ ხელს ამათ საქმესაო, მაგრამ ჯერ ადრეა ამისთანა აზრის გამოყვანა. რაკი მთავრობა შეუდგება იმათის საქმის გარჩევას და მისცემს საშველს რასმეს, იმედია რომ პირყტყულათ არ დაიწყებენ ხეტიალს როგორც ბოშის ხალხნი.

ზ.ქ.

6 ოსმალოს საქართველო

▲back to top


ოსმალოს საქართველო

შავშეთი

შავშეთი სდევს აჭარის სამხრეთ, აღმოსავლეთით აკრავს არსიანის მთა და ჩრდილოეთით აჭარის სამზღვარზე შავშეთის ანუ კარჩხალის მთა. ამიტომ ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხარე ვიწრო ხეობებად არის დაყოფილი, ხოლო ვაკე ადგილი მდებარებს შუა შავშეთში, სადაც მომდინარებს სათლელის წყალი, რომელსაც ერთვიან ბევრი მთის წყლები.

მოსავალი თითქმის ისეთივე მოდის. როგორიც აჭარაში შავშეთის ფრიად მომცემ ბარში უხვად მოდის სიმინდი და ხორბალი (იფქლი), ასე რომ ამ უკანასკნელ წლებში ინგლისის სავაჭრო კამპანიამ აქედამ სიმინდი საკმაოდ ბლომად გაიტანა.

დასახლებულია ქართველების 58 სოფლით, რომელშიაც 2000 კომლზე ანუ 14,000 სულზე მეტი მცხოვრებელია. ორიოდ სავაჭრო სოფელში ვაჭრობენ ართვინელი სომხები, რიცხვით 145 კომლი. შავში ლაპარაკობს წმინდა ქართულის ენითა და ემსგავსება გამოთქმით მთიულების, ანუ უკეთ ესთქვათ, ხევსურების გამოთქმასა. სამწუხაროდ ჩვენდა რამდენსამე სოფელში დიდ გზაზე, აზრუმსა და ოლთისის მიმავალზე თითქმის, ქართული დავიწყებიათ, თუმცა კი იციან რომ მამა პაპა ქართველები, ყოლიათ. ეს მიეწერება ხშირ მისვლა-მოსვლასა და ოსმალების სიახლოვეს. შეხედულობით შავშს ხევსურის ან მთიულის ვაჟკაცური სანახაობა არა აქვს. მაგრამ ამას შემდეგ მოვიხსენიებთ.

შავშეთი წარსულ დროებში დიდ შემწეობას და ვაჟკაცობას იჩენდა სპარსების და არაბების დაცემის დროს საქართველოზედ. არც ერთს მტკაველ ადგილს უომრად და თავგაუწირავად არ უთმობდა მტერსა, ამისაგამო ეს ვაჟკაცობა აძლიერებდა გარემო ქვეყნებსაც და საქართველოს მეფეებს წელს უმაგრებდა. მაგრამ ეს ბრძოლა დიდ მსხვერპლად დაუჯდა საქართველოსა, აშოტ კურატპალატმან (გამეფდა 885წ .წ) როდესაც გარდიხადა ომი არაბებთან და დამარცხებულ იქმნა, მიიქცა ჯავახეთისაკენ თაფარავანის კიდესა. აქ ეწივნეს, არაბთა (სარკინოზთა) ლაშქარნი, შეებრძოლა და გაიმარჯვა აშოტ. ამას შემდეგ სიმაგრისათვის მივიდა შავშეთსა. ქართლის ცხოვრება (187 გვ.) ამბობს: „ხოლო ხევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოხრდა, ოდეს იგი ყრუმან (მურვან) ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი (731 წელს) და მოვლო შავშეთი, კლარჯეთი და დაღონი. და კვალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკვიდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყვარულითა და დაემკვიდრა მუნ და მისცნა ღმერთმან გამარჯვება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა და რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანისანი მოიყიდნა საფასითა და ზოგნი ოხერნი აღაშენნა და განამრავლნა სოფლები აშოტ კურატპალატმან ქვეყანათა მათ.“ ამის შემდეგ; „ხოლო ამან აშოტ კურატპალატმან ჰპოვა კლარჯეთის ტყვია შინა კლდეი ერთი რომელი ვახტანგ გორგასლანს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი, აოხრებულ იყო ბაღდადელისაგან (მურვან ყრუსაგან) იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ და წინა კერძო მისსა, ქვეშეთ, აღაშენა ქალაქი და აღაშენა ციხესა მას შინა ეკკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შეექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად.“

ამ მარტივის აღწერით ვხედავთ რა დიდი განსაცდელი უნდა გამოევლო შავშეთსა ჯერ აშოტის გამეფებამდე. შემდეგ ამისა ვიდრე სარკინოზის უფლება გაქრებოდა არა ერთხელ განახლებულა ბრძოლა. თამარ მეფის წინათ და შემდეგ ორასიოდე წელიწადი არც კი მოუსვენია შავშეთსა. იწყება თურქების და ქურთების შემოსევა, სპარსეთი ბრძოლა და ეს მხარე ფეხქვეშ გაქელილ იქმნა. დიდსა და საკვირველ მოვლინებად უნდა მიგვაჩნდეს, რომ ეს ადგილი კიდევ დასახლებულია და დაშენებული სოფლებითა საკმაოდ ხშირად.

შავშეთში და კლარჯეთში ჩნდება ბაგრატიონთა გვარი აშოტითგან 885 წელს ეს მთავარი იჭერს მთელ ქართლს იმერთა მეფის შემწეობით ქსნამდე და ტფილისში არაბთა მთავრობას ამხობს. მაგრამ არაბების უფლება ისევე მყარდება ტფილისსა და ამიტომ უკუქცეული კლარჯეთ-შავშეთშიევ ბრუნდება. მაინც ეს მეცადინეობა უქმად არ იკარგება. შავშეთს აძლიერებს ბაგრატიონთა გვარი, აქვს კავშირი საბერძნეთთან, აშენებს ციხე- ეკკლესიებსა, ხელოვნება და სწავლა შემოაქვს საქართველოში. ამ მეცადინეობით შავშეთის გულიდგან იწყება საქართველოს ერთობის დადგინება და იქითგან გამოსული მეფობა მკვიდრდება ათასის წლის განმავალობაში ქართლ იმერეთში.

როდესაც ერთობა საქართველოში დაირღვა და სამცხე საათაბაგო გაძლიერდა, შავშეთი ექვემდებარებოდა სამცხეს აჭარასთან და ლივანასთან ერთად და ბოლოს სრულიად დაპყრობილ იქმნა ოსმალთაგან.

აქამომდე დარჩენილა რამდენიმე გვარი ძველის თავადი-შვილებისა. პირველი იმათგანი არის ძველი ათაბაგის ჩამომავალი როსტომისა (ბექასი), რომელმაც ყველაზე პირველად მიიღო მაჰმადიანობა 1625 წელსა, ამ ჟამად სცხოვრობს ამის შთამომავალი მარტო ერთათ ერთი ბეგი მეშვიდე თაობისა 40 წლისა, ქარაფ-შუტა ღარიბი და პენციით მცხოვრები სოფელს ოქრო-ბაღეთს. ერთ დროს ეს გვარი ძლიერი გვარი იყო შავშეთში, უკანასკნელ დროს გაღარიბდა და იმის მაგიერათ აქაც ხიმმიაშვილი შეიქმნა პირველ ბეგად, როგორც აჭარაში. ამას გარდა არიან იმერხევის ბეგები. ხიმშიაშვილის გვარეულობამ ათაბაგის და იმერ-ხევის ბეგების მამულები იყიდა და ამგვარად უპირატესობა მოიპოვა. ხიმშიაშვილები ამ ჟამად სცხოვრებენ სოფ. სათლელს: სელიმ-ბეგ და ნური-ბეგ — შვილები აბდი-ბეგისა და ბიძაშვილები შარიფ-ბეგის აჭარელისა. არის გვარი ავალიშვილებისა ძველსა სოფელს ანჩას, რომელიც ერთ დროს საეპისკოპოზო ყოფილა და საიდამაც გადმოსვენებულია ტფილისს ანჩის ხატის-პირი ღვთისა. იმერ-ხევის ბეგები სცხოვრებენ ველას.

ამ ოცდა ათის წლის წინა დრომდე შავშეთში დარჩენილნი იყვნენ 90 კომლამდე აზნაურ-შვილები. ამათ უფლება ჰქონდათ ყმები ჰყოლოდათ და ომიანობის დროს ბეგს უნდა მსახურებოდნენ. ისე როგორც ძველათ ჩვენშიაც იყო. ბეგები თავადიშვილებსავით მათზე ბძანებლობდნენ.

როდესაც ოსმალოს მმართებლობამ თენზიმათი გამოაცხადა, რომ ყოველი ქვეშევრდომი ხვანთქრისა თანაბრათ მოხარკენი არიანო, ამ დროდამ მოისპო აზნაურთა უფლება. ბეგებს პენცია მიეცათ და აზნაურნი გათანასწორდნენ გლეხებთან. თენზიმათის წინათ გლეხი კაცი ხდილობდა ბეგების სასარგებლოდ მხოლოდ მეხუთედს ნაწილს- მამულის მოსავლისას.

ამჟამად შავშეთი აძლევს ხაზინას დიდს გადასახადს. გადასახადს აგროვებს მოიჯარადრე. მოიჯარადრები დადიან სოფლებში იმისთანა დროსა როდესაც ხალხს ხელში ფული არა აქვს. ამის გამო მოიჯარადრე, რასაკვირველია, უმატებს ხარჯსა და ამ გვარათ ხარჯი ძალიან დიდდება. წელიწადში შავშეთიდამ სახელმწიფოთ ხაზინაში უნდა "შევიდეს ათას ხუთას თუმნამდის, მაგრამ მოიჯარადრების უსინიდისობით ეს ხარჯი ერთი ორად ერთმევა ხალხსა. ამ ხარჯს გარდა ყოველის ხეხილის ძირზე ორი ყურუშია და ტყის ხარჯად ფასის ათის თავი ერთმევა. შავშეთის ზოგ სოფლებში სომხები ქრისტიანები (ფრანგები) სცხოვრებენ, რომელნიც სალდათის მაგიერად ფულს (ბედელს) იხდიან. აქაური სომეხნი, როგორც ამბობენ ქალაქშიაც მოიპოვებიან ხანდისხან მეფურნეებთა შორის.

შავში რომ შეგხვდეთ ძნელათ დაიჯერებთ ეს იმ მამაცის და გმირის შავში, ჩამომავალი იყოს, რომელმაც არა ერთხელ საქართველო დაიხსნა. შავში ისეთი მშიშარია, რომ მისი მხდალობა და ფრთხალობა აჭარლებში ანდაზათ არის.

როგორ მოიხსენებს ავტორი „სამი თვე ოსმალეთის საქართველოში“.

„შავშეთის სოფელ ყვირილას რომ მივედით, გაგვაკვირეა აქაურის მცხოვრების შეხედულებამა: საცოდაობის სახე ედვათ. ვაჟკაცურის იერისა ერთიც ვერა ვნახეთ, სულ ძონძებში არიან გამოხვეულნი, მწუხარენი და დაგვალულის ტანისანი. ეტყობათ რომ თავჩაკრულნი, გათელილნი და ღარიბნი არიან... მაგრამ საერთოდ შავშებზე ამას კი ვერ ვიტყვით, თუმცა ყოველგან ეტყობა, რომ დაჩაგრულია და ღონე წართმეული სახით უფრო ქართველის სილამაზე იმერხევის მცხოვრებლებს შერჩენიათ. ტანისამოსი აჭარლებისა აცვიათ. შავშების ფრთხალობა მაშინ გამოჩნდა, როდესაც ამ ათი-თორმეტის წლის წინად ოსმალოს მმართებლობამ მოიწადინა თოფ-იარაღის ჩამორთმევა. ხვანთქრის ბძანება მთელ ოსმალოს სართველოში მარტო შავშებმა აღასრულეს. აჭარლებმა, ჭანებმა და მაჭახლელებმა უარი სთქვეს და იარაღი შერჩათ. ახლა ხვანთქრის მთავრობა აღარც კი ფიქრობს იარაღის ჩამორთმევის გახსენებასა. მხოლოდ შავშები უხანჯლოთ და უდაბანჩოთ დარჩენილები აჭარლების და მაჭახლელების თავჩასაკრავნი გამხდარან და მოსვენება აღარა აქვთ.... მაგ. ერთი მაჭახლელი იმერხევის სოფელს სურევანს ჩაუდგა ერთს შავშს სახლში, თვით მასპინძელი შინათგან გამოაგდო, იმის ახალგაზდა ცოლს მოუჯდა და სამი თვე მთელ სოფელს ხარჯი დაადვა და ამით ცხოვრებდა. იმის ოხტიდგან ვერც ხალხი მოვიდა და ვერც მუდირი (უჩასტკის ნაჩალნიკი)... სომხები შავშეთში უფრო ცუდს მდგომარეობაში არიან. იმათ სცარცვენ თვით შავშები“. ისე გაბეზრებულან სომხები რომ ზოგნი ბათუმს აპირებენ გადასახლებას, ზოგნი ახალციხეს.

მაინც კი უნდა მოვიხსენოთ, რომ როდესაც 1844 წ. ოსმალოს საქართველოში თენზიმათი გამოცხადდა აჭარასთან, ჭანეთთან, ლივანასთან და ქობულეთთან შავშეთიც ადგა. ამ საგანზე შავშები აი რას ლაპარაკობენ:

„რუსეთის მტრებმა 1844 წ. სტამბოლში საქმე ისე მოაგვარეს რომ ახალციხეში არეულობა მოახდინონ და ამით დაღისტანიდამ რუსეთის ჯარის ყურადღება აქეთ მოაქციონ. იმ დროს დაღისტანში შამილი აპირებდა საერთოთ ხალხის აყენებასა რუსეთის წინააღმდეგ. შამილს ოსმალოს მმართებ. ლობასთან საიდუმლო ერთობა ჰქონდა და ოსმალოს საქართველოში კაცები გაგზავნა ახალციხეზე ომის საქადაგებლად. მოქადაგეთ ჰქონდათ ხვანთქრის ფარმანი და პირველად ბეგებთან მივიდნენ, რადგანნაც იცოდნენ რომ უბეგებოთ ხალხს ვერ ააყენებდნენ. ბეგებმა ისარგებლეს ამ შემთხვევითა და ვითომც ახალციხის ასაღებად მივდივართო, ათ ათი ათასი მსროლელი შეჰყარეს.

„ამ მოძრაობის მოთავედ შეიქმნა იმ დრო ბეგებში უძლიერესის აბდი-ბეგის შვილი სელიმ ბეგ ხიმშიაშვილი. ეს იმ დროს თხუთმეტის წლის ყმაწვილი ბიჭი იყო (ეხლა არის ორმოცდა რვა-ცხრა წლისა). თუმცა ასეთი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამოირჩიეს სარდლათა. ამის მოწვევით მოსქდა ხალხი აჭარიდამ, ქობულეთიდამ, ერუშეთიდამ და ლივანიდამ. ხალხმა არ იცოდა რა ამბავია, მხოლოდ გამოუცხადეს, რომ რუსებზე მივდივართო. ნამდვილათ კი ბეგებს ამ ხალხის შემწეობით არეულობის მოხდენა სურდათ რომ თენზიმათი მოეშლევინებინათ ოსმალოს მმართებლობისათვის.

„სელიმ-ბეგმა საქმე იმითი დაიწყო, რომ შავშეთიდამ ერუშეთს (ფოცხოვს) გადავიდა და იქაური ფაშა დაატყვევა. მერმე სულიმ-ბეგის ჯარი აზრუმზე და ტრაპიზონზე აპირებდა წასვლასა, მაგრამ რაკი ჯარი შეიყარა. აღმოჩნდა რომ არც თოფ-იარაღი აქვთ და არც თოფის წამალი. ხოლო აზრუმის და ტრაპიზონის საფაშოების ხალხის იმედი ჰქონდათ. რადგანაც ისინიც შეწუხებულნი იყვნენ. ამ გვარათ უნდოდათ ხალხი აეჯანყებინათ და ღონე მიხდილ მმართველობისათვის რაც უნდოდათ, ის პირობა დაედებინებინათ.“

რადგან ბეგებს კარგა ნათლათ არ ესმოდათ რა უნდა მოითხოვონ და რა როგორ გაარიგონ. ამის გამო ერთმანერთში უთანხმობა მოუვიდათ. ამ შემთხვევით ყარსის ფაშამ ისარგებლა და მოლაპარაკებით დამორჩილდნენ ოსმალოს ჯარსა, რო მელიც ბეგების წინააღმდეგ საომრად გამოსულიყვნენ. სელიმ-ბეგმა რომ ვეღარა გააწყო რა. სამასის კაცით დაბრუნდა და ბათუმზე დაცემა განიზრახა. მაგრამ აქ რაოდენისამე მოლაპარაკების შემდეგ დამორჩილდა და ტრაპიზონს წავიდა. იქიდამ სტამბოლს გაგზავნეს და ცოტაოდენად დასაჯეს.

აი ამ გვარად როგორც აჭარაში, აგრეთვე შავშეთშიაცა ჩანს დიდი გავლენა ხალხზე ბეგებისა და მათგან უმეტესად ხიმშიაშვილების გვარისა.

ჩვენდა ნუგეშად ეს არის რომ შავშები თავის თავს ქართველებად აღიარებენ, ყველამ იცის და ახსოვთ, რომ ძალადობით გაუმაჰმადიანებიათ და მოუგლეჯიათ საქართველოსაგან სადაც ძველი ეკკლესიებია, პატივსა სცემენ და სანთლები მოაქვთ დასანთებათა. ამბობენ რომ დედაკაცებში დღესაც საიდუმლოდ ქრისტიანობა დარჩენილა. ამისთანა მშვიდს ქვეყანაში კარგ გონივრულად მომქმედ კაცს ბევრის სარგებლობის მოტანა შეეძლო. აქამომდე თითო ოროლა ბეგები ჩნდებიან, რომელნიც ოჯახობას და მეურნეობას შესდგომიან და ოსმალურის მწესებით და სახელმძღვანელო წიგნებით მართვენ თავის მამულსა.

დარჩენილა თუ არა ქართული წერა-კითხვის ცოდნა ან წიგნები არ ვიცით. იქნება ქრისტიანთა სომეხ-კათოლიკეთა ეკლესიებში დარჩენილიყოს სამღვთო ან საერო წიგნები. მხოლოდ გაგვიგონია, რომ ვითომ ამ ორმოცდაათის-ხუთხმეტის წლის წინათ არტანუჯიდამ აქ ვიღასაც მოეტანოს ძველი ხელნაწერი ვეფხვის-ტყაოსანი.

ძველი ეკკლესიების ნანგრევები მრავალია შავშეთში და იმათში შესანიშნავია ჯერაც მრთელი ტბეთის ეკკლესია სოფელ ტბეთში, რომელიც სამუდირო ბინასთან სოფ. ციხისძირთან (ეს ქობულეთისა არ გეგონოთ) ნახევარ საათის სავალზეა. აქ არ არის მეტი ამისი აღწერა მოვიტანოთ ზემოხსენებულ თხზულებიდამ „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“. საკმაოა მოვიხსენოთ იქიდამ რომე ტბეთის ეკკლესიას შეუძლიან დაამშვენოს თვით რომი, რომელიც გათქმულია ქვეყანაზე ძველის ეკკლესიებით...“ ტბეთის ეკკლესია უფრო დიდს და მშვენიერ გრძნობას აღძრავს კაცში, ვიდრე სვეტიცხოველის ეკკლესია თავისის შინაგანის და გარეგანის მშვენიერებით. აღმოსავლეთის მხარეს ზედ წარწერა დაშთენილია; აგრეთვე თვით ეკკლესიაში მხატვრობა ისეთია, რომ გვიჩვენებს ფრიად მაღალ ხელოვნებას იმ დროებისას. აშენებულია აშოტ კურატპალატისაგან 918 წელს. ხალხი ლაპარაკობს რომ ამ ეკკლესიის ასაშენებელი წითელი ქვა ოცის ვერსის სიშორიდამ უჭრიათ და იქიდამ ხალხი იდგა მწკვრივად და ხელდახელ აწოდებდა ერთმანერთს საყდართან დასადებადაო. ამ გვარს ამბავს ლაპარაკობენ კიდევ სხვა ეკკლესიების აშენებაზედაც ოსმალოს საქართველოში“.

ამის შემდეგ არის კიდევ სხვა ეკკლესია შესანიშნავი სინგოტს იმერ-ხევის შესავალთან. აქავ ძველი ნანგერევები ციხე-შენობებისა მრავალია.

როგორც ზემოთ მოვიხსენეთ, ხალხს დიდი პატივისცემა აქვს ამ შენობებისა, მიდის ზოგიერთ დღესასწაულებში და მიაქვთ სამღვთოდ მამალი ან წმინდა სანთელი. ზოგიერთ ძველ ეკკლესიების ნენგრევებზედ სომეხ-კათოლიკებს აუშენებიათ ახალი ეკკლესიები, რომელშიაც მუდამ წირვა-ლოცვას იხდიან.

პ.უ.

7 მოღალატე — ბაშვი

▲back to top


მოღალატე — ბაშვი

და მას სახელად ერქვა სტენნი, პატარა სტენნი. იგი იყო ნამდვილი ბაშვი პარიჟისა, სუსტი და ფერმკრთალი. თვალად ათისა თუ ხუთმეტის წლის ყმაწვილსა გვანდა. იგი იყო იმისთანა ბაშვი, რომლის ხანიერების ნამდვილად გამოცნობა ძნელია და თითქმის შეუძლებელიცა. მას დედა აღარა ჰყვანდა. მამა მისი კი — ძველი ჯარისკაცი ზღვის მხედრობისა — გუშაგად ედგა ქალაქის ბაღსა ტამპლის უბანში. პატარა ბაშვები, გამდლები, ბებერნი დედა-კაცნი დასაკეცის სკამებითა, მშრომელნი ღარიბნი დედანი, — მთელი ეს პარიჟი ქვევითად მავალის ხალხისა, რომელიც ამ ბაღის ხევნარში თავს მოიყრიდა ხოლმე, — სულ ყველანი იცნობდნენ სტენნის მამასა და ყველას ამათ უყვარდათ კიდეც. ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ ბალან-აშვებულ ულვაშებს ქვეშ მიმალულია კეთილი, ალერსიანი და თითქმის დედობრივი ღიმილი და იმ ღიმილის მოსავლინებლად სამყოფი იყო ეკითხნა ვისმე ბერიკაცისთვის:

— თქვენი პატარა შვილი ხომ კარგად არის?

მოხუცებულს სტენნს ძალიან უყვარდა თავისი პატარა ბაშვი და დიდად ესიამოვნებოდა ხოლმე, როც მისი პატარა სტენნი საღამობით, სწავლას რომ მორჩე ბოდა, გამოუვლიდა და ორივ ერთად გასწევდნენ სევნარებში სასეირნოდ, ყოველს სკამთან შედგებოდნენ, მოიკითხავდნენ ჩვეულებრივთა მოსეირნეთა და მთგანაც პასუხად მიიღებდნენ ხოლმე მოკითხვასა და სალამს.

საუბედუროდ, როცა პარიჟს მტერმა ალყა შემოარტყა, უმალვე ყოველის ფერი შეიცვალა. ბაღი მოხუცებულის სტენნისა დაკეტეს, პეტროლიის შესანახავ ადგილად გასადეს და ისევ საწყალი ბერიკაცი სტენნი ყარაულად მიუჩინეს. იგი დაუძინებლივ უვლიდა ბაღსა და დილიდამ საღამომდე დადიოდა და ცარიალებულს ხევნარშია, მარტოთ-მარტო ასე რომ ჩიბუხის წევის ნებაც არა ჰქონდათ და თვის შვილსაც მხოლოდ შინ ღამითღა ხედავდა ხოლმე. მაგრამ უნდა გენახათ რა რიგად აებურძგნებოდა ხოლმე ულვაშები, როცა იგი პრუსიელებზედ დაიწყობდა ლაპარაკსა!...

პატარა სტენნი კი ბევრს არას უჩიოდა თავის ახალს ცხოვრებასა.

მტრის გარს-შემოდგომა! — ეს ასეთი გულის გასართობი რამ არის ბავშთათვის. ამ დროს სასწავლებელნი გაუქმებულნი არიან: მაშასადამე სწავლაც აღარ არის!..ყოველ დღე უქმეა — და თვით ქუჩებზედ იმოდენა ხალხია თითქო ბაზრობის მოედანიაო.... პატარა ბაშვი დარბოდა დილიდამ საღამომდე ქალაქის ქუჩებში.

როცა ჯარი დაიძროდა და მტერზედ დასასხმელად გასწევდა, პატარა სტენნი უკან აედევნებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაში უფრო იმ ჯარის გუნდს აჰყვებოდა,რომელისაც უკეთესი საკრავი (მუსიკა) ქონდა. რომელს ჯარს რა გვარი საკრავი აქვს — ეს პატარა სტენნმა ზედ მიწევნათ იცოდა კიდეც. იგი გიამბობდათ, რომ საკრავი 96-ის გუნდისა სრულიად არ ვარგა, მაგრამ 56-ის გუნდისა კი ჩინებულია. ზოგჯერ როცა ჯარს ასწავლიდნენ და ავარჯიშებდნენ იმის საყურებლად წავიდოდა ხოლმე. ზოგჯერ იღლიაში კალათა ამოჩრილი პატარა სტენნი აჰყვებოდა ხოლმე იმ აუარებელს ხალხსა, რომელიც დილაობით ზამთრის ბურუსიანს დღეს ყასბებისა და მეპურეებისაკენ მიდიოდნენ. იქ წუმპეში მდგარნი - ტარა ბიჭები ერთმანეთს გაიცნობდნენ ხოლმე, ლაპარაკობდნენ პოლიტიკაზედ და პატარა სტენსა, ვითარცა ყველასაგან ცნობილის სტენნის შვილსა, ჰკითხავდნენ, შენ როგორღა ფიქრობო.

გარნა ყველაზედ უფრო მომეტებული გასართობი პატარა ბიჭების „გალოშის“ თამაშობა იყო. ეგ სახელ-გათქმული თამაშობა ბრეტონის ჯარმა შემოიღო მტრის ალყის შემორტყმის დროს. როდესაც პატარა სტენნი არც ჯარის საყრებლად იყო თხრილზედ, არც მეპურეებთანა, მაშინ უეჭველად კაცი იპოვიდა მას „გალიშის“ მოთამაშეთა შორის შატო-დოს მოედანზედ. ამას თქმა აღარ უნდა რომ ის თვითონ არ თამაშობდა: „გალოშის“ თამაშობას ფული უნდა და ამას ფული არ ჰქონდა. ის იმითიც კმაყოფილი იყო, რომ უყურებდა თავის ტოლ-ამხანაგთა თამაშობასა. ერთი მოთამაშეთაგანი მაღლი ლურჯ ბლუზიანი სულ ხუთ ფრანკიანს[1] ჩამოდიოდა და მან სრულიად მიიზიდა პატარა სტენნის ყურდღება, ასე რომ თვალს აღარ აშორებდა როცა ეს მაღალი ბიჭი გარბოდა, ფულს იმის ჯიბეში ჩხარუნი გაჰქონდა. ერთხელ იმ მაღალ ბიჭს ფული გამოუგორდა და პატარა სტენნის ფეხთა წინ დადგა. როცა მაღალი ბიჭი ასაღებად დასწვდა, მაშინ სტენსს წაჰსჩურჩულა: „ - ეჰე, შენ როგორღაც ნერწყვი მოგდის ამ ფულის დანახვაზედ....მაშ თუ ეგრე გულით გინდა, მე გასწავლი შენ ადგილს, საცა ამისთაანა ფულის შოვნა ბლომად შეიძლება...“

როცა თამაშობა გათავდა, მაშინ მაღალმა ბიჭმა გაიყენა განზედ სტენნი და უთხრა რომ წავიდეთ და კი პრუსსიელებს გაზეთები მივუტანოთო გასასყიდლად, თვითო მისვლაზე 30-ს ფრანკს იძლევიანო. ამ გვარმა რჩევამ ისე ააშფოთა სტენნი, რომ მთელი სამი დღე აღარ მიჰკარებია მოთამაშეებს. ეს დღეები სულ ტანჯვაში გაატარა!... ვეღარც ჭამა შესძლო და ვეღარც ძილი. მას ღამით ელანდებოდა სულ „გალოშის“ თამაში და ხუთ ფრანკიანი ფულები, რომელნიც ბრწყინვალე ზოლად გამწკვრივებულნი იყვნენ მის საწოლის ტახტის ქვეშე. მაცდურება ისეთი დიდი იყო, რომ იგი მეორეს დღეს ადგა და წავიდა შატო-დოს. ნახა თავისი ამხანაგი და დაემორჩილა მის ცოდნასა.

თოვლიანი დილა იყო, როდესაც ისინი გზას შეუდგნენ. ბარგად ჰქონდათ ზურგზედ წამოკიდებული სხვილის ტილოს პარკები და გაზეთები, ბლუზების ქვეშ დამალულნი. ფლანდრიის ჭიის კართან მივიდნენ თუ არა, გარიჟრაჟდა კიდევაც. ჭიის კართან იდგა ყარულად ერთი ვაჟკაცი ბერი-კაცი, რომელსაც ცხვირი წითლად უღვიოდა და სანახაობა კეთილის კაცის ქონდა. მაღალმა ბიჭმა მოჰკიდახელი სტენნსა, მიიყვანა ყარაულთან და მუდარების ხმით, როგორც მთხოვარამს, უთხრა:

— ჩემო კეთილო ბერო-კაცო, ნება გვიბოძეთ გავიაროთ.... დედა ჩვენი სნეულია, მამაც აღარა გვყავს. მე და ეს ჩემი პატარა ძმა მინდვრად მივდივართ, ეგება თითო ოროლა კარტოფილი ვიპოვოთ სადმე და მოვაგროვოთ.

მაღალმა ბიჭმა ცრემლებიც კი გადმოყარა, გარნა სტენნმა კი სირცხვილით თავი ჩაღუნა. ყარაულმა ჯერ ამათ დაკვირვა თვალი, მერე გახედა თეთრად განზიდულს გზასა, ბოლოს გზა მიჰსცა და უთხრა:

— გაიარეთ ჩქარა.

ბალღები ობერვილის გზაზედ გავიდნენ. მაღალი ბიჭი სიცილს მოჰყვა.

ბუნდად, როგორც სიზმარში, პატარა სტენნი ხედავდა ქარხანებს, ჯარის სადგომად გადაკეთებულთ თავდანებებული სანგლებს, რომელზედაც ძონძები იყო გადმოკიდებული და ბუხრის თავები მაღლა აწოწვილნი, თითქო დილის ზრქელი ბურუსი უნდოდათ გაეპოთ და ცაში ასულიყვნენ. ხანდისხან პატარა ბიჭებს წინ შეხვდებოდნენ ხოლმე ყარაულები და აფიცრები, ფარაჯებში გახვეულნი, რომელნიც გარეშემოსა შინჯავდნენ დურბანდითა. იქ კანტი კუნტად მოჩანდნენ კარვები რომელზედაც ზრქლად იდო თოვლი, ჯარის-კაცთა ცეცხლებისგან მოლხობილი. მაღალმა ბიჭმა გზა იცოდა და ისე მიდიოდა მინდვრებზედ, რომ წინა ყარაულებს ასცდენოდა. თუმცა ამის გამო შორს მოუარეს, მაგრამ მინც ზედ წააწვდნენ ერთს გუნდს ჯარსა, რომელიც თხრილში იყო. ჩასაფრებული. ამ ხელად კი მაღალს ბიჭს ტყუილ უბრალოდ ჩაუარა თავისმა ჩვეულებრივმა კნავილით ვედრებამა: ჯარის კაცთ არ უნდოდათ ამათი გაშვება. ხოლო მაშინ, როცა მაღალმა ბიჭმა ტირილი დაიწყო, საყარაულოდამ გამოვიდა ერთი ჭაღარა მორეული ბერი კაცი; სიბერისაგან მთელი სახე შეჭმუჭნოდა და სტენნის მამას ძვლიანა ჰგვანდა. იგი სერჟანტი იყო.

— „აი, თქვე ჭიჭყინებო, ნუღარ ტირით! უთხრა მან ბაშვებსა,—„ნუ გეშინიანთ! თქვენ გაგიშვებენ თქვენი კარტოფილი მოაგროვოთ. ჯერ კი აქ შემოდით და პატარა გათბით. აი ეს ბალღი ლამის სიცივისაგან გაშეშდეს!“

ეჰა! პატარა სტენნი თრთოდა, მაგრამ სიცივისაგან კი არა: იგი თრთოდა შიშისა და სირცხვილისაგან....

საყარაულოში იმათ ნახეს რამდენიმე ჯარის-კაცნი, რომელნიც გარს შემოსხდომოდნენ ცეცხლსა, და თოფის შუბებზედ აგებულს გაყინულს პურს ათბობდნენ. რაკი ბაშვები დაინახეს, მყის განზე გაიწიეს და ალაგი დაუთმეს. მერე ყავაც უთავაზეს. როცა ბალღები ყავასა სვამდნენ, მაშინ კარებში მოდგა აფიცერი, გაიხმო სერჟანტი, რაღაცა წმჩურჩულა და სისწრაფით უკანვე გაბრუბდა.

— ყმაწვილებო, — ჰსთქვა უკან შემობრუნებულმა სერჟანტმა მხიარულის სახითა... ამაღამ ცხარე საქმე გვექნება....ჩვენ შეუტყეთ პრუსიელებს საიდუმლო ნიშანი, რომლითაც მათს წინა ყარაულებს შევეპარებით. მე მგონია, რომ ამაღამ მაინც წავართმევთ იმ წყეულს ბურჟესა.“ ამის თქმაზედ ასტყდა ერთი ხმაურობა და მხიარულება. მოჰყვნენ თამაშობას და სიმღერას, და თოფის შუბებსაც ლესვა დაუწყეს. პატარა ბიჭებმა კი ამ ხმაურობაში და არეულობაში დრო იხელთეს და ერთს წუთზედ გამოიპარნენ. თხრილს იქით ვაკიანი იყო და ვაკიანის შუა გულს თეთრი კედელი სათოფეებითა და საზარბაზნოებითა მოჩანდა. პატარა ბიჭების გზა იმ კედლის პირას მიდიოდა. დრო გამოშვებით პატარა ბიჭები დადგებოდნენ ხოლმე იმ სახედ, თითქო მართლა-და კარტოფილს ჰგლეჯენ, რომ ეჭვი არ ააღებინონ.

— „დავბრუნდეთ უკან, ნუღარ წავალთ იქ,“ ამბობდა პატარა სტენნი. პასუხად ამხანაგმა მარტო მხრები აიწია. და გასწია. სტეინიც ისევ თან გაჰყვა. უეცრად მოესმათ, რომ იქ სადღაც ახლო თოფებსა სტენავენ.

— „მიწაზედ წაწექ,“ უთხრა მაღალმა და თვითანც გაერთხო მიწას.

იგი წაწვა მიწაზედ თუ არა, დაუშტვინა. პასუხად ამასაც დაუშტვინეს. მერე ცოცვიც წავიდნენ წინ თოვლ და თოვლ. კედლის წინ მიწის სისწვრივ გამოჩნდა ჯერ ყვითელი, ჯაგარსავით ულვაშები და მერე გაქონილი ქუდი.

მაღალი ბიჭი მსწრაფლ გადახტა თხრილზედ და პრუსიელს გვერდით ამოუდგა.

— „ეს ჩემი პატარა ძმაა“, უთხრა მან პრუსსიელს და დაანახვა სტენნი.

სტენნი ასეთი პატარა რამ იყო, რომ პრუსიელმა დაინახა თუ არა, სიცილი აუტყდა. კედელს იქით გადასაყვანად თვითონ პრუსიელმა ხელში აიყვანა სტენსი და ისე გადიყვანა.

კედლის იქითა მხარეს დიდი თხრილები გაეკეთებიათ, დიდრონი ხეები დაეყარათ და თოვლში ამოთხრილის ხვრელებიდამ ამოეყოთ თავი ისევ იმ ყვითელს ჯაგარსავით ულვაშებსა და გაქონილს ქუდებსა. პრუსსიელები იცინოდნენ ამ ბალღებს რომ ხედავდნენ. ცოტა იქით იყო მებაღის სადგომი დიდრონ ხეებ ქვეშ. მის ქვემო — სართულში ჯარის-კაცნი იყვნენ, ქაღალდს თამაშობდნენ და მხიარულად გაჩაღებულს ცეცხლზედ წვნიანს რაღასაც ხარშავდნენ. ქვაბიდამ კაი სუნი მოდიოდა კომბოსტოსი და ღორის ქონისა. პრუსსიელთა სადგური ბევრად სჯობდა იმ ფრანციელთა გუნდის სადგურს, რომელსაც პატარა ბაღლები გზაზედ წააწყდნენ!

ზემო სართულში ფიცრობა იდგა. იქიდამ ფორტოპიანოს ხმა ისმოდა და შამანიის ღვინის პროპკის ცემა. ეს პარიჟელი ბაშვები რომ დაინახეს, მხიარულების ურამ დაიგრიალა და როდესაც ბაშვებმა გაზეთები გადასცეს, აფიცრებმა ღვინო უთავაზეს, და მერე ყოველისფერი ამბობინეს. იქა მყოფს აფიცრებს თუმცა მრისხანე და ამაყი სახის მეტყველება ჰქონდათ, მაგრამ მაღლის ბიჭის ქუჩური მასხარობა და სასაცილო კილო იმათაც სიცილს მოგვრიდა ხოლმე. ისინი იცინოდნენ, იმეორებდნენ რა მის ნათქვამს, და აღტაცებით ჭყუპალაობდნენ იმ პარიჟის ლაფში, რომელიც ბაშვებს მოაქვნდათ ხოლმე ახლის ამბების სახელითა. პატარა სტენნსაც უნდა ელაპარაკნა რამ და ამით დაემტკიცებინა მათვის, რომ არც მე ვარ სულელიო, მაგრამ მას თითქო რაღაცა უბამდა ენას. მის წინ ერთი პრუსსიელი იდგა. სხვებზედ უფროსი და საქმიანი. მას ხელთ ეჭირა გაზეთი და განგებ აჩვენებდა ვითომ ვკითხულობო, ნამდვილად კი თვალი სტენნისკენ ეჭირა და არ აშორებდა. მის თვალებშა გამოკრთოდა გულმტკივნეულობა და საყვედური მას იქნება თვალ-წინ წარმოუდგა თვისი სტენნისავით პატარა შვილი, რომელიც შორს, თავის ქვეყანაში დაეტოვებინა, და იქნება გულში ამბობდა:

— „მე სიკვდილი მირჩევნია, ვიდრე ჩემის შვილის ნახვა ამ საძაგელს ხელობაში.“

ამ წუთიდამ სტენნმა იგრძნო, რომ მის გული შეკუმშა ვიღაცის მძიმე ხელმა და ფეთქა შეუწყვიტა.

რომ ეს საგრძნობელი როგორმე მიეყრუებინა, ღვინოს დაუწყო სმა. მალე აერია ყოველისფერი თვალთა წინაშე. თითქოს ძილში მოესმა, რომ მისი ამხანაგი დაჰსცინოდა ფრანციელთ საერო გვარდიასა, მათ ვარჯიშობასა, მათ თოფ-იარაღსა და მოკმაზულობასა და ყოველს ამაზედ მსმენელნი მაღალის ხმით ხარხარებდნენ, ამის მერმედ მისმა ამხანაგმა უეცრად ხმა დაიდაბლა აფიცრები მიუახლოვდნენ, სიცილს თავი დაანებეს და სმენად გაადიქცნენ. იმ საძაგელს უნდოდა ის ეცნობებინა, რომ ფრანციელთა ჯარს მათი ნიშანი შეუტყვია და ამაღამ და ცემას უპირობენ....

აქ პატარა სტენნი შეკრთა და გააფთრდა.

— „ნუ იტყვი, ნუ!... დაუძასა მან ამხანაგსა: მაგის თქმა არ იქნება... მე არ მინდა, არა...“

ამხანაგმა სასაცილოდ აიგდო სტენნი და პრუსიელებს ყველაფერი უამბო. გაათავა თუ არა, აფიცრები წამოდგნენ და ერთმა მათგანმა გაიშვირა თითი კარებისკენ და უთხრა ბავშვებს:

„ — გადით, დაიკარგენით!“

აფიცრებმა მაშინვე სხაპა-სხუპით დაიწყეს ნემენცურად ლაპარაკი. მაღალი ბიჭი ამაყად გამოვიდა გარედ და ხელში ფულს აჩხარუნებდა; სტენნი კი უკან მისდევდა თავ-ჩაკიდული. გვერთ გაუარა თუ არა სტენნმა იმ პრუსსიელს, რომლის ყურებამაც წეღან ისე შეაწუხა. მოესმა დაღონებული ხმა, რომელიც სტენნს ეუბნებოდა:

— „ეგ კარგი არ არის, არა...“ სტენნს თვალში ცრემლი მოერია.

ვაკეზედ რომ გავიდნენ. სულ სირბილით წავიდნენ, და მალე მივიდნენ სათავისოს. პარკში კარტოფილითა მათ თავისუფლად გაიარეს საყარაულოები. ფრანციელნი უმზადებოდნენ ღამით დასცემად. ჯარი ჩუმად მიდიოდა და კედლებს იქით იკრიბებოდა ბებერი სერჟანტიც იქ იყო, ჯარის კაცებს თავ-თავის ადგილს აყნებდა და სიხარულით არ იცოდა რა უქმნა. როცა ბაშვემა წინ გაუარეს კეთილად გაუღიმა…

ვაი, ამ ღიმილმა რამოდენი ტანჯვა და მწუხარება მიაყენა პატარა სტენნსა. მას უნდოდა დაეყვირნა ჯარისათვის: იქ ნუ წახვალთ! ჩვენ გაგყიდეთ.... ჩვენ გაგეცით... ძაგრამ ამხანაგმა უთხრა: — „თუ წრმოროშამ რასმეს, თოფით დაგვხრეტენ.“ სტენნი შიშმა შეაყენა.

კურნევში ისინი შევიდნენ რაღაც უპატრონო, სახლში და იქ გაიყვეს ფულები.

ეს კი უნდა აღვიაროთ, რომ პატიოსნურად და სისწორით გაიყვეს. და როდესაც პატარა სტენნს მოესმა ფულის ჩხარუნი ჯიბიდამ და წარმოუდგა რომ ეხლა „გალოშის“ თამაში შეუძლიან, მაშინ მას თვისი დანაშაული უწინდელებ საზაროდ აღარ მიაჩნდა, ხოლო როგოცა მაღალი ბიჭი თავის გზაზედ წავიდა და სტენნი მარტო დარჩა, მაშინ ჯიბეები თითქოს დაუმძიმდა და ის ხელი, რომელმაც წინად შეუკუმშა გული, თითქო ეხლა უწინდელზედ უფრო მაგრად სულს უხუთავსო. თვითონ პარიჟიც პარიჟად აღარ ეჩვენა. ვინც კი ქუჩაში მიმავალი ნახა, ეგონა რომ ყვლა მრისხანებით უყურებს, თითქო შეეტყოთ საიდამაც მოდიოდა. სიტყვა „მოღალატე“ ესმოდა ყოველს კუთსიდამ: ეტლის თვლებისა გრიალიც ამას ეუბნებოდა, დაფიცა, რომელსაც სცემდნენ იქ, საცა ჯარს ათამაშებდნენ. ბოლოს მოვიდა შინ და გული დაუმშვიდდა, რომ მამა შინ არ დახვდა. მარდად ავიდა თხვის ოთახში და ბალიშს ქვეშ ამოსდო. ფული. ფული აწუხებდა მას.

მის დღეში სტენნის მამა არ ყოფილა ისე ბედნიერ და გულკეთილი როგორც იმ საღამოს. პარიჟის გარედამ მოსულიყო. ამბავი, რომ საფრანგეთის საქმე კარგად მიდისო. ვახშამზედ ამ ბერმა ჯარის-კაცმა შეხედა თავის თოფს, რომელიც წინ კედელზედ ეკიდა და უთხრა თავის შვილს გულკეთილობის ღიმილით:

- „აი აი, პაწაწკუნავ. შენც წავიდოდი პრუსიელებზედ რომ დიდი ყოფილიყავ!

რვა საათი იყო რომ დიგრიალა ზარბაზანმა.

- „ეს ჩვენები არიან... ბურჟეზე ომობენ,“ სთქვა კეთილმა ბერიკაცმა, რომელმაც როგორც თავისი ხუთი თითი ისე იცოდა ყველა სიმაგრეები. პატარა სტენნი გაფითრდა, დაღალვა მოიგონა, წავიდა და ქვეშაგებში ჩაწვა, მაგრამ ძილი არ მოუვიდა. ზარბაზნის გრიალი კიდევ მოდიოდა. მას წარმოუდგა, რომ საფრანგეთის ჯარი წავიდა პრუსიელებს თავს დაესხას და ამის მაგიერ ზედ შეეხლება ჩასაფრებულს და წინადვე მომზადებულს პრუსიელებს. მერე მოაგონდა ბებერი სერჟანტიცა, რომელმაც ღიმილით გამოაცილა, მოეჩვენა რომ იგი გართხმულია დედა-მიწაზედ, სისხლში ჰცურავს და მის გვერდით ბევრნი სხვანი ჰყრიან დახოცილები!!... ამოდენა სისხლის საფასური დამალული არის აქ, ბალიშს ქვეშ, — და ამას მომქმედი თვითონ არის, თვითონ ბერიკაცის სტენნის შვილი... ცრემლმა სული შეუგუბა, მას მოესმა. რომ მეორე ოთასში მამა მისი დადის და ფანჯარაც გააღო.

ძირს მოედანზედ ჯარს აგროვებდნენ. ერთი გუნდი მობილებისა ომში წასასვლელად ემზადებოდა. იქ კი მართლა ნამდვილი ომი ატეხილიყო.

სწყალმა გულამომჯდარმა ბაშვმა ტირილი ვეღარ შეიკავა.

- „რა დაგმართნია,“ ჰკითხა მამამ შვილსა, როცა მის ოთახში შემოვიდა.

ბაშვმა ვეღარ გაჰსძლო, წამოხტა ქვეშაგებიდამ და მამას ფეხებში ჩაუვარდა. დაიძრა ბაშვი თუ არა, რაც ფული იყო. სულ ძირს ჩამოცვივდა.

— „ეს რა ფულია? ნუ თუ მოგიპარავს? ჰკითხა ბერიკაცმა და მთელმა ტანმა ცახცახი დაუწყო.

ისე უამბო პატარა სტენნმა ყველფერი რაც მოეხდინა რომ სული არც კი მოუბრუნებია. რამოდენადაც უამბობდა, იმოდენად გულზე თან-თან ეშვებოდა და თავისის სიტყვითვე ბრალის კისრად აღება გულს უმშვიდებდა. ელდა ნაცემი მამა ისმენდა ამ სახარულს ამბავს შვილისასა. როცა პატარა სტენსმა თვისი აღსარება გაათავა, საწყალმა ბერი-კაცმა მიიფარა პირის სახეზედ ორივე ხელი და ქვითინს მოჰყვა.

— „მამავ, მამავ!“ უნდოდა რაღაც ეთქვა ბალღს მაგრამ ბერიკაცმა სულიდ განიშორა და ხმა არ გაჰსცა. მერე დაჰსწვდა და ფულებს ძირიდამ კრეფა დაუწყო.

— „სულ ეს არის?“ ჰკკითხა მამამ.

პატარა სტენნმა თავი დაუქნია ჰოს სიშნად.

ბერი-კაცმა ჩამოიღო კედლიდამ თოფი და ჩანთა ჩაიწყო ჯიბეში ფულები და ჰსთქვა:

— მაშ კარგი!...მე ამ ფულებს ისევ რუსიელებს მივუტან.

ამის მეტი აღარა ჰსთქვა რა. ისე ჩამოვიდა კიბეზედ ძირს, რომ შვილისაკენ ეთროხელაც აღარ მიუხედნია გავიდა ქუჩაში და შაერია მობილებს, რომელნიც საომრად მიდიოდნენ.

მას აქედ აღარავის არ უნახავს მოხუცებული სტენნი.

ეკ. ღვინიაშვილისა.

_______________

1 ხუთ ფრანგიანი მანეთი და ხუთშაურიანი ვერცხლის ფულზედ

8 ჩვენი ისტორიისათვის მასალა

▲back to top


ჩვენი ისტორიისათვის მასალა[1]

(დასასრული)

დროთა ამათ შემდგომად გარდაიცვალა შინაგანის აფხაზეთის მთავარი საფარ ბეგი შარვაშიძე წელს ქრისტესით 1821 თებერვლის ნ. და შემდგომად ამისა ამავე წელს მარტის ექვს ჰასან ბეგ ქელაეშ ბეგის ძე ძმა საიფარ ბეგისა შეიპყრეს რუსთა და წარიყვანეს რუსეთად. მცნობი ამისი ასლან ბეგ შარვაშიძე მამის მკლველი, რომელი იყო თათართა შორის, მოვიდა აფხაზეთად, და ვინათგან არღარა ვინ იყო მემკვიდრე თვინიერ მცირეწლოვანთა ძეთა საფარ ბეგისათა, ამისთვის მიმართა ყოველმან აფხაზეთმან და მოვიდენ ასლანბეგისა და მისცეს ყოველთა ერთგულებისა პირი. მაშინ ხელმწიფე იმპერატორმან, რა სცნა გარდაცვალება საფარ ბეგის მიუბოძა აფხაზეთისა მთავრობა ძესა თვისსა (მისსა) დიმიტრის, რომელი იზრდებოდა სანკ-პეტერ-ბურღსა შინა, რომელი წარიყვანა საქართველოს მეფის ასულმან სამენგრელოს დედოფალმან ნინა, რომლის პირველ აღვწერეთ. ესე გამოიყვანეს სასწავლებელისაგან, მიუბოძა ჩინი პოლკოვნიკობისა და სხვა მრავალნი წყალობანი და გამოისტუმრა აფხაზეთს მთავრად. და რა მოვიდა საქართველოს უპირატეს მმართებელეთან ერმოლოვთან და მან წარმოუგზავნა იმერეთის მმართებელს თავადს გარჩაკოვს, და უბრძანა, რათა თვით წარყვეს მხედრობითა და განდევნოს ასლან ბეგი და დიმიტრი ჰქმნას მთავრად აფხაზთა, მშინ ბრძანებისამებრ აღემზადა თავადი გარჩაკოვი და სთხოვა მხედრობა რამოდენიმე სამენგრელოისა მთავარსა ჩვენსა და სახელდობ გამოსთხოვა თავი ჩემი მხედართ მძღვანად. წარვიდა თავადი გარჩაკოვი ორითა ბატალიონით და თვისის არტილერიითა, თვით მთავარი ჩვენი ლეონ დადიანი მიჰყვა თავის სამზღვრამდე ღალიძგამდე, დ იქიდამ მე გამატანა და ჩემთანა ლეჩხუმის მხედრობა ექვსასი კაცი და წარვედით და ოდეს მივედით ჩვენ ღალიძგას იქით ასლან ბეგი მოვიდა დაუკლებელის აფხაზ სპით და დასდვა მოქვს და უნდოდა ვითამ პირდაპირობა ჩვენი.

გარნა სიძე ჩემი ალიბეგ შარვაშიძე, რომელი იყო შთამომავლობითა მაჰმადიან, უწინარეს ამისა ოთხითა წლითა მოვიყვანე მართალსა სარწმუნოებასა ქრისტეს ღვთისა ჩვენისასა, ნათელი ვეც და უწოდე ალექსანდრე და მივეც ცოლად ასული ჩემი კესარია. ესე იყო მფლობელი ნახევრის სრულის აფხაზეთისა, რომელსა უწოდებენ შვასოფელს. ესე მყოფი ასლან ბეგთან ვეზრახე და გარდამოვიბირე ჩვენ კერძო, აგრევე ცოლის ძმა ჩემი სალარუფუ მარშანია, რომელსა უსმენდენ სრული წებელნი და სხვანიცა, და იყო მას ჟამსა აფხაზთა შორის შემძლე კაცი. ესენი გარდმოვიბირენ და მოვიყვანე ჩვენთანა. ამისთვის ვერა დასდგა ასლან-ბეგ მოქვს და წარვიდა. წარვედით ჩვენცა და რა მივედით წყაბას და დავებანაკეთ მოვიდა იქ სალარუფუ მარშანია და გვაცნობა, რომელ გზასა ზედა ჩვენსა ზღვის პირად, სადა ეწოდების აშიღვარა, მუნ შეუკრავს ოთხსა და ხუთსა ადგილსა საფარი ასლან ბეგს, სადა არა არს გზა თვინიერ მისა და მუნ სდგას აფხაზითა და ოსმალთ რამოდენიმე სპითა. მცნობი ამისი მეორესა დღესა განვემზადეთ და წარვედით და რა მივედით მუნ დანიშნულსა ადგილსა, ვნახეთ თქმისაებრ სალარუფუსა ოთხსა და ხუთსა ადგილსა ძლიერ მაგარი და საბრძოლველად გაწყობილი საიფრები, სადა არ ქონდა გზა არსით შემოსავლელი. და რა ვსცანით თვინიერ მისა არა იქმნების რა, დავიწყეთ ბრძოლა და შეიქმნა სასტიკი ომი, სადა არა გამოირჩეოდა ზარბაზანთა და თოფთა ცემა და მოიკლოდენ საკმაოდ კაცნი. და ვიბრძოლეთ რა სამ საათს, და ვსცანით, რომელ ზარბაზნითა და ესე ვითარისა ბრძოლით ვერ განვდევნით მათ, მაშინ ერთიანად ვსთქვით და მიუტანეთ ერიში და ორ გზის მიუტანეთ ერიში, მაგრამ ვერ აღვიღეთ, ხოლო მესამე გზის სარდალთა და მხედართა განურჩეველად ერთიანად მიუტანეთ იერიში და აღვიღევით უპირველესი საფარი და განვდევნეთ. გარნა კვალად დასდგენ მეორესა უკანა საფარსა მაგრათ, მაშინ რა ნახა თავადმან გარჩაკოვმა, რომელ გაძნელდა საქმე, მედროშესა ჩემსა გამოართვა დროშა ჩემი და თვით მიუძღვა — მხედრობისა და რამოდენისამე განვლისა შემდგომად მე მომცა დროს და მე უძღოდი მხედრობასა და ესე ვითარითა საქციელითა აღვიღეთ საფარნი და განვდევნეთ და სრულიად გავაქციეთ, სადა გვქონდა ბრძოლა გაუწყვედელი თექვსმეტსა საათსა და ესრეთ იბრძოლეს დღესა მას აფხაზთა, რომელ არას დროს მოთხრობილა ბრძოლა ესე ვითარი აფხაზთაგან და მოგვისწრო ღამემან და დავსდექით მას ღამესა მდინარის მაჭარას პირსა ზედა.

ხოლო დილა რა გათენდა წარმოვედით და კვალად მოგვინდომეს დახთომა და რა ვნახეთ და იყო ცხენთა შეტევებისა ადგილი, მაშინ ჩვენთა ლეჩხუმელია შეუტიეს და მცირედისა სროლითა გააქციეს, და მრავალი დევნა უყეს და განიბნინენ და მივედით თუბუნს (ესე იგი ცხომს) და ქალაქი და გარემო მისა სოფელნი და ეგრეთვე სასახლე შარვაშიძეთა სრულათ დავსწვით და აღვაოხრეთ და მუნით მივედთ აყუს ციხესა შინა; მუნ განვისვენეთ ოთხსა თუ ხუთსა დღესა შინა ბრძოლითა საკმაოდ დამაშურალთა და განუსვენეთ მუნ დაკოდილთა და ჩვენ წარვედით ზუფუს. და რა მივედით სასახლესა შინა შარვაშიძეთა, დავებნაკეთ და მოვიდენ ყოველნი ზუფულნი, გარნა ნარჩოუ და გიორგი ინალის შვილები არ მოვიდენ ჩვენთა, ვინაითგან ერთგულებდვნ ასლან ბეგსა, ამისთვის განრისხდა თავადი გარჩაკოვი და წარგვავლინა საინალის-შვილო შიდ დასაოხრებლად მე და პოთპოლკოვნიკი ივან ნიკოლაევიჩი თავადი აფხაზოვი და რა წაველთ გზასა ზედა შევირიგეთ გიორგი ინალიშვილი და მიუტევეთ დანაშაულობა მისი და ნორჩოუ არ მოვიდა. წარვედით და კაპეტის წყალის პირსა ზედა დავებანაკეთ სასახლესა შინა ნარჩოუსსა და მუნით წარვგზავნეთ თარეშნი ჩვენნი ლეჩხუმელნი და მოთარეშეს მრავალნი ადგილნი და მოსდენს მრავალნი პირუტყვნი და სხვა ალაფი და მოვიდნენ. და შემდგომად დავსწვით სასახლე ნარჩოუ ინალიშვილისა და გარემო სოფელი ყოველი და ძელსა ზედა დამოკიდეთ მუნ ორნი კაცნი შესაშშნებულად აფხაზთა. და თუმცა გვიყვეს მცირედი სროლა იქა, მაგრამ გავიქციეთ მსწრაფლ და ესე ვითარი წარმატებით მოველით კვალად ლუხუნს სასახლესა შინა თავადს გარჩაკოვსთან.

ხოლო შემდგომად სამისა დღისა შევფიცეთ დიმიტრის ყოველი აფხაზეთი, მიულოცეთ ცერემონიით მთავრობა. დაუტევეთ მცველი მხედრობა და მაიორი რადაკოცა და ესრეთის მოქმედებით წრმოვკდით და მოვედით კვალად აყუს (რომელ-არს სოხუმს) და აყუდამ თავადი გარჩაკოვი წამოვიდა ზღვით და მერე თავადი აფხაზოვი და ყოველი მხედრობა ხმელით გზაზედა და თავისის უგვანის და არა მართლიადის საქციელისათვის ოქუმის წყლის პირზედ დავიჭირეთ ბეჟან მარღანია, რომელი ჟამსა მას დადიანის სამფლობელო სამურზაყანოსა შინა იყო შემძლე კაცი და ესრეთ მშვიდობით წარმართებულნი მოვედით სახლადვე ჩვენსა.

ესე ვითარისა სამსახურისა ჯილდოთ გვიბოძეს მოწყალება თავადს ღენერალ მაიორს გარჩაკოვს ბურნაოთის კოლოფი ბრიალენტით მოოჭვილი, თავადს აფხაზოვს ჩინი პოლკოვნიკობისა, მაიორს რაკოცას და მაიორს შულკაჩოვს მეოთხე ხარისხისა ორდენი წმინდის ვლადიმერისა და სხვათა აფიცართ მათ მათი შესაბამი. მე მიბოძეს ჩინი ღენერალ მაიორობისა, ჩემს ხელთ ქვეშეთთა, ძესა ჩემსა გიორგის პოთ-პორუჩიკობა, რომელმანცა ჟამსა მას წარმოაჩინა სახელოვანი მამაცური ქცევა, რომელიცა იყო ჯერეთ ყრმა, თავადს ლევან გელოვანს ორდენი ვლადიმირის მეოთხისა ხარისხისა, რომელმანცა ვაჟკაცობითა ჟამსა მას განასხვავა თავი თვისი, ვახტანგ ზაალის ძეს ასათიანს პრაპორშიკობა, რომელიცა მცირედ დაიკოდა ხელზედ; სამურზაყანოველთ რომელიც მე მახლდენ თავადს თემურყვა ანჩაბაძეს პორუთჩიკობა და პენცია სიკვდილამდის, რომელიც გვემსახურა პერეოჩიკობითა და სხვათა და სხვათა საქციელითა; თავადს შარვაშიძეს ორთა ძმათ ხუხულობასა და ზურაბს და თავადს დათა ანჩაბაძეს პრაპორშიკობა, და ეგრეთვე ალიბეგ შარვაშიძეს პორუთჩიკობა და სალარუფუ მარშანიეს კაპიტნობა და სიკვდილამდის პენცია და ესრეთ ღირს ვიქმენით მონარხისა მოწყალებისა.

ხოლო განძებული და გაქცეული ასლან ბეგ მივიდა ჯიქეთს და იშოვნა საკმაო ჯარი ჯიქისა, მოვიდა და მოადგა ჩვენთა დატყვებულთა მხედრობათა ლუხუნს და მაიორს რაკოცას. თუმცა მამაცად იყვნენ ჯიქნი და შემოკრეს საფრითა, სადა იყვნენ ჩვენნი მხედრობანი და მივიდენ მამაცად, მაგრამ რუსთა თვისის ჩვეულების უძლეველის მოქმედებით დაუწყეს ბრძოლა და გააქციეს ჯიქნი და მრავალნი მოკლეს და მრავალი ალაფი დააყრევინეს და ესრეთ განემარჯვათ მცირედთა მხედრობათა ჩვენთა და სირცხვილეული წარვიდა ასლან ბეგი და მისი ჯიქნიცა.

ხოლო შემდგომად მთავრობისა მისისა ერთისა წლისა შესრულებამდის დასნეულდა მთავარი დიმიტრი საფარ ბეგის ძე შარვაშიძე და საუბედუროთ აფხაზთა გარდაიცვალა იგი წელს ქრისტესით 1822 და დაფლეს რუსთა დიდის პატივით ლუხუნისა სასახლისა ეკკლესიასა შინა. ხოლო მიუწოდა საქართველოს უპირატეს მმართებელმან იერმოლოვმან უმცირესსა ძმასა დიმიტრისასა მიხაილს და მისცეს მთავრობა შინაგანის აფხაზეთისა და ჩინი მაიორობისა ვინათგან ჯერეთ მცირე წლოვანი იყო. ხოლო ვახტანგ ბაგრატოვანი, რომელი უწინარეს ვახსენეთ, იყო გადავარდნილი ახალციხეს ოსმალთა შინა, და იყო მასთან იოანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე, რომელი ესეცა უწინარეს ვახსენეთ, ესე წარვიდა სტამბოლს ოსმალთა იმპერატორთა თანა (ესე იგი ხვანთქართან) და მიიღო პატივი, და რა მოვიდა მუნით შეეშურვა რომლისამე მიზეზისთვის ვახტანგ ბაგრატოვანი, შეუჩინა კაცნი და მოკლეს ახალციხეს იოანე აბაშიძე. წელსა ამას 1822 დეკემბერსა 12 გარდაიცვალა გიორგი ნიკოლოზის ძე დადიანოვი საგლოველად და საბავთოდ საზოგადოდ სახლთა სამთავროთა დადიანთა ვინათგან იყო კაცი ღირს სახსოვარი და საყვარელი. ეგრეთვე წელს ქრისტესით 1823 იანვრის 28 გარდაიცვალლა ღენერალ-მაიორი და კავალერი იმერეთის სახლთ-უხუცესი თავადი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი სიმამრი დადიანისა ლეონისა, რომელი იყო სრულიად იმერეთსა შინა ჭკუითა და კარგ კაცობითა წარმოჩენილი, და სახლთა შინა დიდებული. ამათ ჟამთა მთავარმან ჩვენმან ლეონ დადიანმან მოიყვანა როსტომ ბეგ ქელაიშ აჰმედ ბეგის ძე შარშაშიძე და შთამომავლობითა მაშადიანი, ნათელ-სცა სახელსა ზედა ქრისტესა და ქრისტიანნ ჰყო და მისცა დაი თვისი ქეთევან ნაცოლარი მანუჩარ შარვაშიძისა ცოლად. თუმცა არა კეთილ ქცეულებისა მისისათვის უწყრებოდა როსტომ ბეგს მმართელბელობა რუსთა, გარნა მთავრის დადიანის პატივისათვის მიუტევეს მას.

ხოლო ჟამსა ამას სამეფოსა საქართველო იმერეთისასა უსაშვალოდ ჰფლობს დიდი ხელმწიფე ჩვენი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი მპერობული სრულიად რუსეთისა, სამთავროსა სამენგრელოსსა სრულიად ფლობს მთავარი ლეონ გრიგოლის ძე დადიანი, გურიისა სამთავროსა ჰფლობს მთავარი მამია სიმეონის ძე გურიელი. ავსა ზეთისა სამთაგროსა ფლობს მთავარი მიხაილ საფარ ბეგის ძე შარვაშიძე; ხოლო ამათ მთავრებთა ფლობს რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე პავლეს ძე პირველი და არს მშვიდობა გამოუთქმელი, რომელიცა უმეტესად დაამტკიცოს მომცემელმან კეთილისამან ღმერთმან.

______________

1„ივერია“ №14