ამბავად გაგონილნი



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 ტექსტი

▲ზევით დაბრუნება


1.1 I

▲ზევით დაბრუნება


ამბავად გაგონილნი

I

ერთხელ მეფე ერეკლე II მიბძანდებოდა თურმე ქალაქიდამ კახეთს და თან, რასაკვირველია, ამალა ხლებია. მზე დაწურვაზედ ყოფილა, როცა მეფე მიბძანებულა საგარეჯოს ბოლოებზედ, დაუნახავს, რომ ერთს ყანაში დიდძალი მუშა დგას და მკის. იკითხა – ეს ამოდენა მუშა ვისიაო. მოახსენეს – აქ საგარეჯოში ერთი შეძლებული გლეხია და იმისი მამითადიაო.

– შაბაშ გლეხსაო, – ბრძანა თურმე და იმისი ვინაობა იკითხა. მოახსენეს ვინც არის და თან დაატანეს: ასეთი ხელმოჭერილი რამ კია, რომ პურს არავის აჭმევს, თუ არას გამორჩაო.

შეაყენა მეფემ ცხენი და უბრძანა: თუ აქ არის ის გლეხი, აქ მომიყვანეთო.

მოიყვანეს, მეფემ უბრძანა: ვახშმად ჩემის ამალით შენი სტუმარი ვარო.

– მობძანდი, შენი ჭირიმე – უპასუხა გლეხმა: – მაპატიე კი, აქ სამზადისი არა მაქვს, შინ მეწვიეო.

მეფემ ნება დართო. გლეხი გადაჯდა ცხენზედ და ჭენებით წინ წავიდა. ვიდრე მეფე აბძანდებოდა სოფელში, ჩამოღამდა კიდეც. გლეხი წინ მოეგება, მიიწვია მეფე მიწურის სახლის ბანზედ, რომელიც თავიდამ ბოლომდე საფენით მოეფინა კიდეც. ძალიან კარგად დახვდა თურმე მეფესა და იმის ამალასაც. როცა მეფემ ვახშამი მიირთო, წასვლა დააპირა და ცხენები მოითხოვა. მოართვეს ცხენები. გლეხს მადლი უბრძანა და ზედ დაატანა:

– აკი, შვილო, შენ პურს არავის აჭმევ ისე, რომ არას გამორჩეო?

– მაინც ეგრეა, შენი ჭირიმე! – უპასუხა თამამად გლეხმა: – მართალი მოუხსენებიათ.

– როგორ? აბა დღეს მე რას გამომრჩი?

– აი ბანზე მიწა ახლად დაყრილია. ამის დატკეპნას კარგა მუშა მოუნდებოდა და მემეტი გამორჩომა რად მინდა, რომ ჩემმა ბატონმა და ამოდენა დიდებულმა ხალხმა თავისის საკუთარის ფეხით ბანი დამიტკეპნესო.

მეფეს მოეწონა ეს მოსწრებული სიტყვა, გაეცინა და ხალათი უბოძა.

   

1.2 II

▲ზევით დაბრუნება


II

მეფე ერეკლე II-ს ჰხლებოდა ერთი ღარიბი მოხუცებული დედაკაცი და მოწყალება ეთხოვნა.

– სხვისა მამავ და ჩემო მამინაცვალო, ერთხელ ჩემკენაც მოიხედეო, – ეხუმრა დედაკაცსა.

– რა არის, ამოდენა ხანია სულ მოწყალებაზედ დადიხარო, – ებრძანებინა ხუმრობითვე მეფეს, – განა შვილები არა გყავსო?

– მაშ რის დედაკაცი ვიქნები, რომ შენთვის ყმა არ გამეზარდოს, შვიდი შვილი გაგიზარდეო!

– არა გრცხვენია, დედი, შვიდის შვილის პატრონი და საგლახაოდ დაიარებიო!?

– ვიშ, შენი კვნესამე! ნეტავი ერთი მყვანდეს და შენისთანაო.

   

2 ჭავჭავაძე ილია

▲ზევით დაბრუნება



ლია ჭავჭავაძე


დაბადების თარიღი: 8 ნოემბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი: 12 სექტემბერი, 1907  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, ყვარელის მუნიციპალიტეტი.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან - თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; "ქართვლის დედა" (1860 წ.), "კაკო ყაჩაღი", "მუშა", "ელეგია" და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში. ი. ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს. 1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას. 70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.378

ბიბლიოგრაფია