ერეკლე მეორე



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 ტექსტი

▲back to top


1.1 მეორე გამოცემის წინასიტყვაობა

▲back to top


მეორე გამოცემის წინასიტყვაობა

თანამედროვე ქართველი ერი ორი დიდი შენაკადისა, ძველი იბერიელებისა და კოლხებისაგან წარმოსდგა. როგორც იბერიელებმა, ისე კოლხებმა ჯერ კიდევ ქრისტიანობის მიღებამდე ძველი ბერძნული, ელინისტური და რომაული კულტურის ძლიერი ზეგავლენა განიცადეს. თუ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ქართველი ერი გაერთიანდა და ერთი ძლიერი ფეოდალური მონარქია შეჰქმნა, ამას ხელი შეუწყო არა მარტო მისი მთავარი შემადგენელი ეთნიური ელემენტების სისხლის ნათესაობამ, არა მარტო ბაგრატიონების დინასტიის და მცხეთის კათოლიკოსატის შორსმჭვრეტელმა და ენერგიულმა პოლიტიკამ, არამედ იმანაც რომ კოლხეთსა და იბერიაში ძლიერი იყო ერთი და იმავე მოწინავე ხმელთაშუა ზღვის ბასეინიდან მომდინარე კულტურის ტრადიციები. ამ ტრადიციების ჯაჭვის თავი იკარგება პრეისტორიაში, იმ ბუნდოვან ეპოქაში, როდესაც არგონავტების და პრომეთეს მითები შეიქმნა და როდესაც რიონის და ჭოროხის ხეობებში და შავი ზღვის სანაპიროებზე წინა აზიელი ბერძნების ახალშენები დასახლდნენ.

უკანასკნელ წლებში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, არმაზის და კლდეეთის სამარხების ბრწყინვალე ინვენტარის მზის სინათლეზე ამოტანამ, მრავალმა გემმამ, რომელზედაც არა მარტო მითოლოგიური სიუჟეტები და პერსონაჟები არიან გამოხატული, არამედ იბერიის და კოლხეთის პიტიახშების პორტრეტებსაც ვხედავთ, — ყოველივე ამან უცილობლად ცხადჰყო, რომ წინაისტორიული პერიოდიდან მომავალი კულტურული ტრადიციის ჯაჭვი არ შეწყვეტილა ქართველი ერის ისტორიის გარიჟრაჟზეც. მით უმეტეს ეს ტრადიცია ძლიერდება მეოთხე-მეხუთე საუკუნიდან, როდესაც ჩვენს სამშობლოში ქრისტიანობა მკვიდრდება და ქართველი ერი ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ხდება. ვახტანგ გორგასლანი, ბაგრატ მესამე, ბაგრატ მეოთხე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე არსებითად იმავე პოლიტიკის წარმოებას განაგრძობენ, რომელსაც რომის იმპერატორების მეგობარი იბერიელი მეფეები და ბიზანტიის ორიენტაციის კოლხელი მეფეები აწარმოებდნენ.

ამ კულტურული ტრადიციების კალაპოტიდან ქართველი ერი ამოაგდო არა მისი ხელმძღვანელების პოლიტიკის შეცვლამ, არამედ საშინელმა საერთაშორისო კატასტროფამ, რომელიც გამოწვეული იყო სტიქიონური სოციალური ძალებით, ხალხთა დაძვრით, ძველ იმპერიათა დაშლით და ახალ იმპერიათა წარმოშობით, მთელი წინა აზიური კულტურის ჩაშვავებით. ჯერ ჩინგიზ-ყაენის და თემურ-ლენგის ურდოების შემოსევის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის დამხობის და თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღების წყალობით საქართველო მოსწყდა იმ კულტურულ წრეს, რომელსაც ის მანამდე ეკუთვნოდა, და დაემსგავსა განმარტოებულ კუნძულს, რომლის სანაპიროებს მღელვარე და მტრულად განწყობილი ოკეანის ტალღები ეხეთქებიან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეთხუთმეტე საუკუნიდან საქართველოს დიდი ფეოდალური მონარქია დანაწილდა და დაქვეითდა, ხოლო კერძოდ ქართლ-კახეთი ერანის პერიფერიად იქცა, უკანასკნელი გამოჩენილი ბაგრატიონები, ალექსანდრე კახთა მეფე, თეიმურაზ I, ვახტანგ VI, ერეკლე II შეუპოვრად განაგრძობდნენ თავიანთი შორეული და მახლობელი წინამორბედების პოლიტიკას. რუსეთთან დაახლოება მათთვის წინმიმავალი კულტურის წრეში დაბრუნებას ნიშნავდა. ამრიგად, ტრაგიკული გათიშვების მიუხედავად, ქართველი ერის პოლიტიკური ისტორია მრავალი საუკუნის მანძილზე მოკლებული არაა თანმიმდევრობას და საკმაოდ ჰარმონიულ შთაბეჭდილებას ახდენს.

ძნელია მეორე ისტორიული გმირის დასახელება, რომელიც ქართველ ერს ისე უყვარდეს, როგორც ერეკლე მეორე უყვარს. რასაკვირველია, მისი არაჩვეულებრივი პოპულარობა მარტოოდენ მისი სტრატეგიული გენიით არ აიხსნება. ის აღჭურვილი იყო ზნეობრივი ვალდებულების შეგნებით, რომელიც დღესაც წასაბაძად უნდა ჩაითვალოს ჩვენთვის. ის იჩენდა გასაოცარ ინტერესს მეცნიერებისა და ტექნიკური კულტურისადმი, მოულოდნელს ფეოდალური წესწყობილების მიჯნაზე მდგომარე ადამიანისთვის. ბოლოს, ის დაჯილდოებული იყო სწორი პოლიტიკური ალღოთი, რომლითაც მან არანაკლებ შეუწყო ხელი ქართველი ერის გადარჩენას, ვიდრე თავისი ხმლით.

მთელ დედამიწის ზურგზე ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ დიდი ეროვნული გმირები კი არ კვდებიან, არამედ აჩრდილისებურ სიცოცხლეს განაგრძობენ, რათა, როცა ცოცხალ თაობებს გაუჭირდებათ, მათ დახმარება გაუწიონ სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ქართველი ერი თავის მოძმე ერებთან ერთად, რომელთანაც ჩვენს დაკავშირებას ყველაზე მეტად სწორედ ერეკლე მეფის პოლიტიკამ შეუწყო ხელი, დიდს სამამულო ომს აწარმოებს გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. მთელი ქართველი ერი გრძნობს, რომ საფრთხე, რომელიც დღეს მის არსებობას და კულტურულ მომავალს დასავლეთიდან ემუქრება კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ის საფრთხე იყო, რომელიც წინათ აღმოსავლეთიდან ემუქრებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ის ინსტინქტურად სცდილობს მთელი თავისი მატერიალური და ზნეობრივი ძალების მობილიზაცია მოახდინოს. და იმ დროს, როდესაც დიდი რუსის ერი ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონელის და სუვოროვის აჩრდილებს მოუწოდებს, ქართველი ერი ბუნებრივად თავის პატარა კახს იგონებს.

1.2 I. კახეთის სამეფო

▲back to top


I. კახეთის სამეფო

საკმაოა კაცმა საქართველოს ისტორიულ რუკას დახედოს, რათა დარწმუნდეს, რომ კახეთს განსაკუთრებული ადგილი უნდა სჭეროდა ჩვენი სამშობლოს წარსულში. მართალია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალი მტერი თითქმის ყოველთვის საქართველოს გულისა — თბილისისაკენ მოიმართებოდა, მაგრამ საკმაო იყო ჩვენი დედაქალაქის დაჭერა, რომ კახეთი ფაქტიურად მოსწყვეტოდა დანარჩენ საქართველოს და თავისი საკუთარი ძალების ანაბარა დარჩენილიყო, როგორც ერანისა და წინა აზიიდან შემოსეული მტრის ლაშქრის, ისე დაღისტნის მთებიდან დაშვებული მოთარეშე რაზმების წინაშე. მუდმივი საფრთხე, რომელიც ამ პროვინციას გარეშე მტრისგან ელოდა, მის მოსახლეობაში იწვევდა იმ სულიერ მღვიძარებას, იმ სიფრთხილისა და მზადყოფნის გრძნობას, რომელიც ალყაშემორტყმული ბანაკის მხედრობას უნდა ჰქონდეს. ამიტომ საქართველოს ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით მის უკანასკნელ საუკუნეებში, არც ერთ ქართველ ტომს არ გამოუჩენია მეტი სამხედრო სიქველე, ფიზიკური გამძლეობა, სიმამაცე, ქედმოუხრელობა, ვიდრე კახეთის სამეფოს მოსახლეობამ, შიდაკახელებმა, გარეკახელებმა, ქიზიყელებმა, თუშ-ფშავ-ხევსურებმა გამოიჩინეს. ყველაზე მძიმე ჭრილობებს საქართველოს მტრებს, ჩვეულებრივ, ისინი აჭდობდნენ და ყველაზე მეტადაც ისინი ზიანდებოდნენ, თუ საქართველო მარცხდებოდა.

გარდა პატარა გურიისა, აჭარისა და აფხაზეთისა საქართველოში არ არსებობს მეორე პროვინცია, რომელიც კახეთს შეედრებოდეს თავისი ბუნების მრავალფერადობით. როგორც გურია-აჭარაში, ისე კახეთშიც სუბტროპიკული ჰავის ზონას ალპიური ჰავის ზონა სცვლის სულ მცირეოდენ მანძილზე. ივრის და ალაზნის ხეობა სამხრეთ-აღმოსავლეთით ნელ-ნელა გადადის ყარაიაზის და შირაქის ველებში, რომელნიც თითქო ძველი ალბანიის, ახლანდელი აზერბაიჯანის დაბლობის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენენ. აქ აღმოსავლეთის უდაბნოების სუნთქვა იგრძნობა, აქ ადამიანი თითქო დაშორებულია ყველაფერს, რაც სიცოცხლეს მიმზიდველად და სასიამოვნოდ ხდის, ტყეების ჩრდილს, ნაკადულების ჩხრიალს, ფრინველების ჟრიამულს, მიწის ნაყოფის სურნელებას, და გარემოცულია მკაცრი და ერთფეროვანი ბუნებით, რომელიც მასში ძალაუნებურად რელიგიურ დაფიქრებას და ამაოების გრძნობას იწვევს. ყარაიაზის უდაბნო ქართული ასკეტიზმის აკვანია. აქ, უწყლო და უნაყოფო კლდეების ნაპრალებში, დავით გარეჯაში, დოდოს რქაზე, ბურთუბანში და სხვაგან მეექვსე საუკუნიდან შეიქმნა სამონასტრო ცენტრები, სადაც პირქუში განდეგილები თვითგვემას აწარმოებდნენ, ზამთრის გრძელ ღამეებს ათენებდნენ მრავალთავების, სვინაქსარების და ისტორიული ქრონიკების გადაწერაში ან თავიანთი ახალგაზრდობის მაცთურ მოგონებებს იმით იცხრობდნენ, რომ ანთებული ფერადებით ამკობდნენ ნახევრად ბნელი ეკლესიების კედლებს.

პირიქით, საკუთრივ კახეთი, თელავის, ყვარელის, სიღნაღის, გარეჯის მიდამოების ბუნება თითქო იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანი გაანებივროს. ესაა ერთი დაუსრულებელი წალკოტი, სადაც ვენახს ხეხილის ბაღი სცვლის, ხეხილის ბაღს გარეული ნადირით და ფრინველით სავსე ტყე და სადაც ბროწეული, ლეღვი და დაფნა თავისუფლად იზრდება კაკლის ხეებით დაჩრდილულ ნასახლარებზე. ასეთს გარემოცვაში ადამიანი ბუნებრივად მადლობის გრძნობას განიცდის, რომ ის ამ ქვეყნად გაჩნდა, მას, აუცილებელ საარსებო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შემდეგ, კიდევ საკმაო დრო რჩება რომ იმღეროს, ილხინოს, სასიამოვნო საზოგადოებრივ წრეში იტრიალოს. ადვილი გასაგებია აგრეთვე, რომ არაბ, ერანელ, თურქ დამპყრობელებს ეს ქვეყანა მაჰმადის მიერ აღთქმულ სამოთხედ ეჩვენებოდათ. ამავე დროს, როგორც სწორად აღნიშნა გერმანელმა მოგზაურმა იაკობ რეინეგსმა, ამ პროვინციების უხვი ბუნება მათ მცხოვრებლებს არ ადუნებს და არ ანაზებს; პირიქით, კარგი ხელმძღვანელობის ქვეშ ისინი ძალიან მამაცნი არიან.

ბოლოს, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და თიანეთი, ეს მაგარი ზურგი, რომლითაც კახეთი კავკასიონის ქედს ებჯინება, ისევ მკაცრი და არასტუმართმოყვარე ბუნებითაა დაჯილდოებული. ეს არ არის სავსებით უნაყოფო მიწა-წყალი, აქ მხოლოდ ადამიანს განსაკუთრებული გარჯა სჭირდება, რათა თავი გამოიკვებოს. ადამიანი ბავშვობიდანვე ეჩვევა ბუნების წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ იმთავითვე იწრთობა გარეშე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც ეთნიური შემადგენლობისა, ისე ზნეჩვეულებისა, ყოფაცხოვრებისა და ფსიქოლოგიის მხრით აქ ძველი იბერიული მოსახლეობა ყველაზე ნაკლებ შეიცვალა საქართველოს ისტორიის მანძილზე, რადგან მას მთის კედლები იცავდა გარეშე ქვეყნების შემოტევისა და ზეგავლენისაგან. ეს მთაგორიანი პროვინცია კახეთის საფარს და მარაგს წარმოადგენდა ერთსა და იმავე დროს. აქ აფარებდა თავს კახეთის მოსახლეობის ნაწილი, როცა ბარს მტრის ლაშქარი იჭერდა და, ნაწილობრივ, აქედან იწყებოდა კახეთის ხელახალი დასახლება, როცა იქ ხალხი მასობრივად იჟლიტებოდა. სხვათა შორის ამით აიხსნება ის, პირველი შეხედვით, გაუგებარი სასწაული, რომ მიუხედავად ჰეკატომბებისა, რომელთაც საქართველოს მტრები ალაზნის და ივრის ნაპირებზე მართავდნენ, მიუხედავად ხალხის აზრისა და გადასახლებისა, რომელსაც ისინი კახეთში ახდენდნენ, მოსახლეობა რასიულად აქ ნაკლებ შეიცვალა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, და ცოტაოდენი ცვლილებით დღევანდელი კახელიც იმავე ურმულს, ოროველას და მრავალჟამიერს მღერის, რომელსაც მისი წინაპარი მღეროდა, შეიძლება ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელებამდე.

მას შემდეგ რაც მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეებში ბაგრატ მესამის, ბაგრატ მეოთხის, დავით აღმაშენებლის და სხვათა გონივრული და თამამი პოლიტიკის წყალობით საქართველო გაერთიანდა და ერთი დიდი ფეოდალური მონარქია წარმოიშვა, კახეთი საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. როგორც დასავლეთ საქართველოში, გელათში, ისე კახეთის ტერიტორიაზე, იყალთოში, არსებობდა უმაღლესი სასწავლებელი, აკადემია, სადაც ქართველი ახალგაზრდობა სწავლობდა არა მარტო ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას, არამედ წარმართობის დროინდელ ბერძნულ სიბრძნესაც ეცნობოდა. კახეთის გზით ვრცელდებოდა ქართული კულტურის ზეგავლენა აღმოსავლეთ კავკასიის ქვეყნებში და, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ არსენ იყალთოელის და მისი მომდევნო პროფესორების ლექციებს და საუბრებს დიდოელი, ავარიელი და შირვანელი ახალგაზრდებიც ისმენდნენ.

საქართველოს ხელახალი დანაწილება პატარ-პატარა სამეფოებად და სამთავროებად ერთის დაკვრით და ერთი მეფის დაჟინებით არ მომხდარა: ამ პროცესს ღრმა ეკონომიური და პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ მონღოლების ბატონობის დროს, მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეში, გზების გაფუჭებისა, აღებ-მიცემის დაცემისა და საერთოდ ქონებრივი და გონებრივი უკანდახევის წყალობით, პოლიტიკური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის შესუსტდა: თავი იჩინა ორმეფობის იდეამ, ამასთან ერთად სეპარატიზმის, ე. ი. განდგომის მიდრეკილება გაძლიერდა ყველგან, ხოლო განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოსა ანუ სამცხე-საათაბაგოში. შემდეგ დიდი შემკრები და აღმდგენელი მეფეების - გიორგი ბრწყინვალის და ალექსანდრე დიდის დროს, საქართველო ხელახლა ერთს დიდ მთლიან სახელმწიფოდ იქცა, თუმცა მან ადრინდელ ძლიერებასა და ბრწყინვალებას ვეღარ მიაღწია. ბიზანტიის იმპერიის დამხობამ და კონსტანტინეპოლის აღებამ თურქების მიერ მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებში, კატასტროფიული გავლენა იქონია ქრისტიანულ აღმოსავლეთზე, კერძოდ, საქართველოზე. ჩვენი ქვეყანა დიდი ხნით მოსწყდა კულტუროსან დასავლეთს, დიდი სავაჭროგზა, რომელიც დასავლეთ ევროპას ბიზანტიასა და, ნაწილობრივ, საქართველოს ტერიტორიაზე გავლით დასავლეთი აზიის ქვეყნებსა და ინდოეთთან აკავშირებდა, გადაიჩიხა. პორტუგალიელებმა ევროპა-ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობის გასაგრძობად ახალი გზა აღმოაჩინეს აფრიკის გარშემო, ეს გზა ძალიან დაშორებული იყო საქართველოს. მართალია, იტალიის რესპუბლიკებმა, განსაკუთრებით გენუამ, კიდევ განაგრძო აღებ-მიცემა შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებსა, კერძოდ დასავლეთ საქართველოსთან, მაგრამ ახლა ამ აღებ-მიცემის მიმდინარეობა თურქეთის მთავრობის კეთილგანწყობილებაზე იყო დამოკიდებული. ამის შემდეგ, საქართველო, რომელიც მონღოლების და თურქების შემოსევამდე მსოფლიო წონის სახელმწიფოდ ითვლებოდა და გავლენას ახდენდა მთელი წინა აზიის პოლიტიკაზე, გაღარიბდა, პოლიტიკურად დაიქსაქსა და კულტუროსანი კაცობრიობის პერიფერიად იქცა.

1.3 II. თეიმურაზ I

▲back to top


II. თეიმურაზ I

მუთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ოთხი პოლიტიკური ერთეული, ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგო. საქართველოს სამეფო დინასტია სამ შტოდ გაიყო, ქართლის, კახეთის და იმერეთის ბაგრატიონებად; მათ შეგნებაში ჩქარა დაიჩრდილა როგორც სისხლის ნათესაობის, ისე საქართველოს მთლიანობის იდეა. როგორც ფეოდალურ უფლებრივ შეგნებას შეეფერებოდა, თვითეული მათგანი თავის სამფლობელოს, უწინარეს ყოვლისა, თავის საგვარეულო სამკვიდროდ, თავის მამულად სთვლიდა. მეფე ამ შეგნების მიხედვით უპირველესი მიწათმფლობელი იყო დანარჩენ დიდმამულიან და მცირემამულიან მიწათმფლობელთ შორის.

მეთექვსმეტე საუკუნეში კახეთი ჯერ კიდევ მეტად მჭიდროდ დასახლებული და მდიდარი სამეფო იყო. მეზობლებთან მას გაცხოველებული აღებ-მიცემა ჰქონდა, გასაზიდ საქონელს, განსაკუთრებით, აყვავებული მეაბრეშუმეობა იძლეოდა. კახეთს იმდენი დოვლათი ჰქონდა, რომ როცა თურქების მიერ შევიწროებულ აღმოსავლეთის ქრისტიანებს საბერძნეთსა და პალესტინაში განსაკუთრებით გაუჭირდებოდათ, ისინი კახთ მეფეებს მიმართავდნენ დახმარებისათვის და, როგორც ვახუშტი ბატონიშვილის ცნობიდან სჩანს, ეს უკანასკნელნი სრულიად ადვილად აგროვებდნენ და გზავნიდნენ რამდენიმე ათას დრაჰკანს, რაიცა ძალიან დიდ თანხას წარმოადგენდა მაშინდელი მასშტაბით. ალექსანდრე მეორის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, - მეფეს ნადირობა უყვარდა, მაგრამ კახეთში დაუსახლებელი ადგილი აღარ იყო და მეფე ნატრობდა, ნეტარძი ოხერ მექნეს კახეთი, რათა მაქვნდეს სანადირონი მრავლადო. თუმცა ეს ცნობა ალექსანდრე მეორის შესახებ შეიძლება ტენდენციური იყოს, მაგრამ ის დამახასიათებელია იმდროინდელი კახეთის მდგომარეობისთვის.

კახეთის სამეფოს საზღვრები, ისევე როგორც სხვა სამფლობელოების საზღვრები ფეოდალურ ეპოქაში საზოგადოდ, მეტისმეტად ცვალებადი იყო; მაგრამ მის ბუნებრივ მიჯნას სამხრეთით მტკვარი წარმოადგენდა, დასავლეთით არაგვის ხეობა, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კავკასიონის ქედი. კახეთის სამეფოს ჩამოყალიბების დროს დღევანდელი საინგილო ქართველობით იყო დასახლებული. მაგრამ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში აქ ჯერ კახთ მეფეების ნებართვით, ხოლო შემდეგ მათი სურვილის წინააღმდეგ, დაიწყო ლეკთა ტომების დასახლება, რამაც შემდეგ საბედისწერო გავლენა იქონია მთელ აღმოსავლეთ საქართველოზე.

იმდროინდელი კახეთის მაღალი საზოგადოების ცხოვრების სტილზე დაახლოებით წარმოდგენას იძლევა თეიმურაზ პირველის ლექსი, სადაც კახეთის ქალაქ გრემის სამეფო სასახლეა აღწერილი. ეს უნდა ყოფილიყო დიდი, შერეულ ქართულ-სპარსულ სტილზე აგებული თაღიანი და აივნებიანი შენობა, რომელიც დღისით სარკმლებიდან და გუმბათებიდან ღებულობდა სინათლეს, ხოლო ღამით სურნელოვანი ზეთით სავსე ბაზმებისა ანუ სანათურებიდან. მას უნდა ჰქონოდა დიდი სალხინო დარბაზები, სადაც დროგამოშვებით, ვერცხლის და ფაიფურის ჭურჭლით მხატვრულად დატვირთული სუფრის გარშემო იკრიბებოდა შერჩეული საზოგადოება, რომელიც დროს ატარებდა ღვინის სმაში და გონებამახვილ საუბარში და ისმენდა მეფე-მგოსნის ან სხვა პოეტების მიერ წარმოთქმულ ლექსებს. ლხინის დროს დარბაზში შემოდიოდნენ მოცეკვავე და მეჩანგე ახალგაზრდა ქალების და ვაჟების დასები, რომელნიც მეფეს და მის მეინახეთ ატკბობდნენ არტისტულად შესრულებული ცეკვითა და სიმღერით. ბოლოს, გრემის სასახლეს, როგორც სჩანს, გარშემო დიდი ბაღი ერტყა, სავსე ხეხილით, დეკორაციული მცენარეებით და ყვავილებით და შემკული ტალავრებით, მარმარილოს აუზებითა და შადრევნებით.

ამ აღწერილობის მიხედვით არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კახეთის ბაგრატიონები აღმოსავლეთის სტილის მფლობელები ყოფილიყვნენ, მოდუნებულნი ქეიფით და სადიაცოს ნელთბილი ატმოსფეროთი. ნადიმის, ნადირობის და სატრფიალო პოეზიის სიყვარულმა, ამ დინასტიის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს - თეიმურაზ პირველს, ხელი არ შეუშალა მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე გასაოცარი ენერგია გამოეჩინა სახელმწიფოებრივი და სამხედრო მოღვაწეობის დარგში. იტალიელი მისიონერის კასტელის სურათზე ის წარმოდგენილია როგორც ახალგაზრდა უწვერული ახოვანი ვაჟკაცი, ცხენზე მჯდომარე, ჯავშნითა და მუზარადით მოსილი, ხმლით და ისარ-კაპარჭით შეიარაღებული, გრძელი შუბით ერთ ხელში და ფარით მეორეში. სურათის უკანა პლანზე ომში მიმავალი ქართველი ლაშქარი მოსჩანს. მაგრამ ჩვენ დაგვრჩა მეორე პორტრეტი, სადაც ხანში შესულ თეიმურაზს, რომლის გვერდით მისი მეორე ცოლი ხორეშან დედოფალია დახატული, სპარ სული მოდის მიხედვით, თავზე ჯიღიანი თავსაბურავი ახვევია. ეს სურათები თითქო სიმბოლურად გამოჰხატავენ იმ ქანაობას, რომელიც კახეთის სამეფოს და მის მფლობელებს უხდებოდათ მაჰმადიანურ აღმოსავლეთსა და ქრისტიანულ ჩრდილო-დასავლეთს შორის. მრავალი სხვა ქართლ-კახელი ახალგაზრდა არისტოკრატისა და უფლისწულის მსგავსად, თეიმურაზმაც ორიოდე წელი სპარსეთში გაატარა შაჰის კარზე. აქ მან შეითვისა ერთგვარი მოკრძალება სპარსული ენისა და სულიერი კულტურისადმი და მთელი თავისი პოეტური მოღვაწეობის მანძილზე სპარსული პოეზიის ეპიგონად დარჩა. მაგრამ სამშობლოში დაბრუნებისა და გამეფებისთანავე მან სწორი პოლიტიკური ინსტინქტით იგრძნო, რომ ქართველი ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა პოლიტიკურ და კულტურულ დამოუკიდებლობას, თუ ერთი მხრით ქრისტიანულ სარწმუნოებას არ დასთმობდა, ხოლო მეორე მხრით გამოიყენებდა იმ წინააღმდეგობას, რომელიც ერანსა, თურქეთსა და რუსეთს სთიშავდა ურთიერთშორის.

ფეოდალიზმის ეპოქაში რელიგია ძლიერ პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენდა ეროვნული ვინაობის დასაცავად. საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ საზღვრავდა თავისი სიძლიერის ზენიტში ასულ ოსმალეთის იმპერიას, ჯერ ტაო-კლარჯეთში, ხოლო შემდეგ ახალციხის მხარესა და ჯავახეთში დაიწყო მაჰმადიანობის გავრცელება, რასაც ნელ-ნელა მთელი ამ პროვინციის ეროვნული გადაგვარება მოჰყვა. იმერეთსა და ქართლ-კახეთში მაჰმადიანობის ყოველ მძლავრ შემოტევას ქრისტიანობის კონტრშეტევა სცვლიდა. ამ სასოწარკვეთილ ბრძოლაში ქართლ-კახეთს მოწინავე მებრძოლის ადგილი ეჭირა, ვინაიდან ქართლ-კახეთის ბაგრატიონებმა ადრევე იბრუნეს პირი ჩრდილოეთისაკენ და თანდათან ინტენსიური ურთიერთობა გააბეს მოსკოვის სამეფოსთან. სპარსეთის შორსმჭვრეტელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა, განსაკუთრებით შაჰ-აბაზმა, იგრძნეს რა მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდა დიდი ჩრდილოელი ქრისტიანული სახელმწიფოს დამკვიდრება კავკასიის ქედს გადმოღმა. ამიტომ ისინი შეეცადნენ მთელი ქართლ-კახეთი აეყარათ და გაეჟლიტათ. იმისდა მიუხედავად, რომ თეიმურაზ პირველის პოლიტიკას მთელი მისი სამეფოს გავერანება და დაცარიელება მოჰყვა, კახელმა ხალხმა გასაოცარი ერთგულება გამოიჩინა თავისი უბედური მეფისადმი. „ზოგს კაცს ქრისტიანობის სჯულისათვის ბატონი თეიმურაზი ერჩივნა“, სწერს მის შესახებ გამაჰმადიანებული ქართლის მეფის როსტომის კარის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც თვითონ სპარსოფილური პოლიტიკის მომხრე იყო.

შაჰ-აბაზ პირველის შემოსევის შემდეგ ბოლო მოეღო კაწეთის ადრინდელ კეთილდღეობას. ძნელია უფრო დიდი კონტრასტის წარმოდგენა, ვიდრე ის არის, რომელიც თეიმურაზ პირველის მეფობის ბრწყინვალე დასაწყისს ჰყოფს მისი ტრაგიკული დასასრულიდან. როცა მეჩვიდმეტე საუკუნის ორმოციან წლებში თეიმურაზ მეფეს რუსეთის მეფემ მიხაილ ფეოდოროვიჩმა ელჩები გამოუგზავნა საჩუქრებით, თეიმურაზის ხელქვეითებმა მთელს კახეთში ძლივს მოუყარეს თავი ოცდაათ ურემს, რათა რუსის ელჩები მათი ამალითა და ბარგით შირვანის საზღვრიდან მეფის სადგომამდე მიეყვანათ. ელჩებს გზაზე ხვდებოდათ ნასოფლარები, დაცარიელებული ქვის პალატები და ეკლესიები, რომელთაც ტყე და ბალახი მორეოდათ. მხოლოდ აქა-იქ მთის კალთებზე ორიოდე მოსახლეს შეეფარებინა თავი. ალაზნის პირას თარაქამის მეჯოგეების კარვები იდგა.

თეიმურაზმა რუსის ელჩები მიიღო შუამთის ტყეში, წნულ ფაცხაში, რომელსაც ტალახით შელესილი კედლები და ჩალის სახურავი ჰქონდა. ამ დროს კახეთის ყოფილი სატახტო ქალაქი გრემი, თავისი სასახლეებით, უკაცრიელ ნანგრევებს წარმოადგენდა, ღამურების, ჭოტებისა და გარეული მხეცების სადგომს. იგივე ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითხრობს, როცა კახეთიდან თეიმურაზ მეფის გაძევების შემდეგ როსტომ მეფე დედოფლით, საქართველოს წარჩინებული პირებით და თავადების ჯალაბებით ერთს გაზაფხულზე კახეთში გაემგზავრა სანადიროდ და დასავლელად, მან, სხვათა შორის, გრემიც ინახულაო. „სხვადასხვა ფერნი ყვავილნი, იანი და ყაყაჩონი გაშლილიყვნენ. გრემში მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ-დანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო, ნადირთ სადგომად ქმნილნი. რა როსტომ მეფემ ამ რიგი სახელმწიფო სასახლე ასე აოხრებული ნახა, საწუთროს გაუტანლობას შეუწყინდა და ფარსადან გორგიჯანიძეს უბრძანა, ამ სასახლის ადრე მინგრეულობისათვის ერთი მუნასიბი ლექსი გვითხარო. მანც ეს ლექსი მოახსენა, ასე თქვა:

მღვთის მეცა ყური მათხოვეთ, გრემის სასახლის ქებაო,
ვისაც გენახოს ეს ასრე, რად გული დაგედებაო.
ესე სოფელი ცუდია, არვის არ გასთავდებაო,
და ამის ამ შენი რომ მოკვდეს, თქვენ ცეცხლი მოგელებაო“,

ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც არა მარტო კახეთის სამეფოსთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთი საქართველოსათვის თეიმურაზ პირველის პოლიტიკის დამარცხებას მოჰყვა, ის იყო, რომ დაღისტნის მთებიდან მოზღვავებულმა ლეკობამ თანდათან დაიჭირა ალაზნის გაღმა მხრის სამხრეთი ნაწილი. აქ, ძველი ჰერეთის ტერიტორიაზე, ჭარსა და ბელაქანში, ლეკებმა შეჰქმნეს პატარა რესპუბლიკები, რომელთაც კოლექტიური ბატონყმობის უღელი დაადეს გადარჩენილ ქართველ ქრისტიან გლეხკაცობას. ამრიგად, საქართველოს აღმოსავლეთით თითქო მოერღვა მისი ბუნებრივი ზღუდე; დაღისტნის მშიერ და ნახევრად ველურ ტომებს ალაზნის დაბლობში ბაზისი შეექმნათ ქართლ-კახეთის მოსახლეობის დასარბევად და დასატყვევებლად.

ეს მით უფრო საშიში იყო, რომ იმავე მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოს სამხრეთის კარებიც მოეშალა, ვინაიდან სამცხე-საათაბაგო ნაწილობრივ გამაჰმადიანდა და თურქეთის იმპერიის უბრალო ადმინისტრაციულ ნაწილად იქცა. ახალციხე მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ლეკთა მოთარეშე რაზმების საფარს და ერთ უდიდეს ბაზარს, სადაც ქართველი ტყვეების აღებმიცემა სწარმოებდა. და ამ მოთარეშე და მარბიელმა რაზმებმა, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის შეუძლებელი გახადეს მშვიდობიანი შრომა, არანაკლები ზიანი მიაყენეს ქართველ ერს, ვიდრე აღმოსავლეთის დიდი. იმპერიების თავდასხმებმა.

რაც შეეხება კახეთში თურქმანთა ელების დასახლებას, რითაც მეჩვიდმეტე საუკუნეში სპარსეთის შაჰები კახეთის სრულს დენაციონალიზაციას და შემომტკიცებას სცდილობდნენ, მას ისეთი საბედისწერო შედეგი არ ჰქონია, როგორც მოსალოდნელი იყო. ამ ელებს განუწყვეტლივ თავს ესხმოდნენ თუშ-ფშავ-ხევსურები. შემდეგ მთელმა კახელობამ, ქსნის და არაგვის ერისთავების და ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით, მრისხანე აჯანყება მოაწყვეს სპარსელი ხანების წინააღმდეგ, რომელნიც კახეთს მართავდნენ თეიმურაზის დამარცხების და განდევნის შემდეგ, და თითქმის მთელი თურქმანობა გაჟლიტეს. მხოლოდ ორიოდე ადგილას გადარჩა ჩამოთესლებული უცხო ელემენტი.

თეიმურაზ მეფე დიდად უბედური იყო პირად და ოჯახურ ცხოვრებაშიც. ის ორჯერ დაქვრივდა. დედამისი, ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბაზმა ბარბაროსული წამებით მოაკვლევინა, ხოლო მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი დაასაჭურისებინა, რასაც შედეგად ერთის სიკვდილი, ხოლო მეორის ჭკუაზე შეცდომა მოჰყვა. მისი მესამე ვაჟი მოკლულ იქნა მაღაროს ბრძოლაში, სადაც თეიმურაზის ჯვარი მისი მოქიშპის როსტომ მეფის ჯარმა დაამარცხა სპარსელების დახმარებით. თეიმურაზის ერთი ქალი სპარსეთში იყო გათხოვილი და იქ დაახრჩვეს შაჰის ბრძანებით, ხოლო მეორე ქალი - ცნობილი დარეჯანი პირველად ცოლად ჰყავდა არანაკლებ ცნობილ ზურაბ ერისთავს, რომელიც მისი ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის გამო თვით თეიმურაზმა სახიფათოდ მიიჩნია თაუისი პოლიტიკური მიზნებისათვის და საფურცლეში მოაკვლევინა. იმერეთის მეფეზე გათხოვებისა. და ხელმეორედ დაქვრივების შემდეგ დარეჯანმა ისეთი უზნეობა და აღვირახსნილობა გამოამჟღავნა, რომ შეაშფოთა თავისი საკუთარი მამაც და ძნელად შესაშფოთებელი იმერეთის არისტოკრატიაც. იმერეთში ყოფნის დროს თეიმურაზ მეფე, სხვათა შორის, იძულებული გახდა თავისი შვილიშვილი, შემდეგ ნაზარალი ხანად ანუ ერეკლე პირველად წოდებული, მოსკოვის მეფის კარზე გაეგზავნა მძევლად, ე. ი. თავისი ერთგულების საწინდრად.

1.4 III. ერეკლე I. ვახტანგ VI

▲back to top


III. ერეკლე I. ვახტანგ VI

ერეკლე ბატონიშვილმა, რომელსაც რუსებმა ნიკოლოზი უწოდეს, რუსული აღზრდა მიიღო პეტრე დიდის მამის ალექსეი მიხაილოვიჩის სასახლეში. უცნობი ევროპიელი მხატვრის მიერ შესრულებულ სურათზე ახალგაზრდა ერეკლე პირველი რუსი ბოიარინის ტანსაცმელით, გრძელი თმით და კვერთხით არის წარმოდგენილი. მას ნაკლებ მხედრული გარეგნობა აქვს; მის მთავარ იარაღს ცხოვრების ასპარეზზე, როგორც ეტყობა, ფიზიკური სილამაზე წარმოადგენდა, რაიცა ფეოდალურ ეპოქაში ადამიანს მეტს უპირატესობას ანიჭებდა ვიდრე დღეს ანიჭებს. მას არ უნდა გაევლოს სამხედრო და სასპორტო გაწვრთნა, რომელიც მიღებული არ იყო არც მოსკოვის სამეფო კარზე და არც შაჰების სასახლეში, საქართველოში კი სავალდებულოდ ითვლებოდა როგორც ბატონიშვილებისა, ისე თავადაზნაურობისა და თვით მსახურთა შვილებისთვის.

როცა ორმოცდაათი წლის სასოწარკვეთილი და გმირული ბრძოლის შემდეგ თეიმურაზ მეფე იძულებული გახდა ერანში წასულიყო, სადაც ის შემდეგ ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა (1663წ.), მისი შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი მოსკოვიდან თუშეთში მოვიდა, საიდანაც ის შეეცადა მამა-პაპათა ტახტი დაებრუნებინა. მას მოუხდა შებრძოლება ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთესა ანუ შაჰ-ნავაზსა და მის შვილ არჩილთან, რომელსაც შაჰმა ცოტა ხნის წინათ კახეთი მისცა. ერთს ისტორიულ ქრონიკაში (ე. წ. „პარიზის ქრონიკაში“) მოთხრობილია ამ ბრძოლის ზოგი ერთი მეტად დამახასიათებელი ეპიზოდი. თეიმურაზ მეფის ცხედარი ასტრაბადიდან კრწანისს მოასვენეს, ქალაქის პირს, რათა აქედან ალავერდის ტაძარში წაესვენებინათ დასამარხავად. ამ დროს ერეკლე ბატონიშვილი ღამით თუშის ლაშქრით მეფე შაჰ-ნავაზს და მის შვილს არჩილს თავს დაესხა და დიდი ზიანი მიაყენა. მართალია, შაჰ-ნავაზს ზოგიერთი რაზმის უფროსი გაექცა, მაგრამ თვითონ არ შემდრკალა: გათენებისას მან საყვირი დააკვრევინა, გაფანტულ ჯარს თავი მოუყარა და თუშები გარეკა.

მეორე გაზაფხულზე ერეკლე ბატონიშვილი თუშეთიდან ხელახლა კახეთში ჩამოვიდა, ლაშქარი შეაგროვა და უჯარმოსთან მეფის ჯარს შეებრძოლა. აქაც დამარცხდა და იძუდებული გახდა ხელახლა თუშეთში გახიზნულიყო. დედამისი - ელენე დედოფალი თორღის ციხეში ჩაიკეტა ერეკლეს მომხრე კახელების ცოლშვილითურთ. შაჰ-ნავაზმა ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ შვიდი თვის განმავლობაში ვერ აიღო. რადგან ალყაშემორტყმულნი მეტად შეწუხდნენ, ერთს ღამეს დედოფალმა კახელი კაცის ჩოხა და პაიჭი ჩაიცვა და გადასწყვიტა თვალთმაქცობით დაეღწია თავი ალყისათვის. მისი ერთგული თუში ბაცაშვილი მალულად ციხიდან გამოვიდა, ყარაულთან მიცოცდა და ხმაურობა ასტეხა. ჯარი მას გამოუდგა. ამ დროს გადაცმული დედოფალი, ორიოდე კაცის თანხლებით, ციხიდან გამოვიდა და ქვეითად თუშეთის გზას გაუდგა. ბაცაშვილი დაიჭირეს, შაჰნავაზს მიჰგვარეს და ძალა დაატანეს, რათა გაქცეული დედოფლის კვალი ეჩვენებინა. ქართლელების და სპარსელების ჯარისკაცები თან გაჰყვნენ მხრებშეკრულ ბაცაშვილს. მან ისინი სხვა გზით წაიყვანა. როცა ერთი კლდის პირას საჭმელად დასხდნენ, ბაცაშვილმა ჯარისკაცებს სთხოვა, საბელი ცოტათი მომიშვითო. როგორც კი მოუშვეს, მან სწრაფად ხელები გაინთავისუფლა, საბელი მოკეცა, მარჯვნივ და მარცხნივ მჯდომარე ჯარისკაცებს თვალებში უკუჰკრა, კლდეზე გადახტა და გაიქცა. ერეკლე ბატონიშვილმა და დედამისმა ის ზამთარიც თუშეთში გაატარეს უბრალო მწყემსების ბინებში.

რადგან შაჰ-ნავაზისა და არჩილის წინააღმდეგ ბრძოლა ერეკლე ბატონიშვილისათვის უშედეგოდ დამთავრდა, ის იძულებული გახდა თავისი მემკვიდრეობითი უფლების აღსადგენად ერანის შაჰის კარზე წასულიყო. ფარსადან გორგიჯანიძეს აღწერილი აქვს ერეკლე ბატონიშვილის მიღება შაჰის მიერ ყაზვინის სასახლეში; ეს აღწერა მეტისმეტად საინტერესოა იმდროინდელი ზნეჩვეულების გასაცნობად.

კახეთის მემკვიდრეს თან დიდი ამალა მიჰყვებოდა, თავადთა და აზნაურთა შვილებისაგან შემდგარი; ყაენი წინდაწინვე შირვანის ხანს აფრთხილებდა, ერეკლე ბატონიშვილი მთის გზით არის გადმოსული, შეიძლება რამე აკლდეს, ათასი თუმანი მიართვი, რათა ყოველივე გაირიგოსო. საგანგებოდ გამოგზავნილ მესტუმრეს (მეჰმანდარს) კახეთის უფლისწული და მისი ამალა ყაზვინამდე უნდა მიეყვანა და ეზრუნა, რომ გზაში მათ არაფერი დაჰკლებოდათ. როცა სტუმრები ყაზვინს მიუახლოვდნენ, შაჰმა ბრძანა, მთელი ყაზვინის მოსახლეობა გავიდეს მათ შესახვედრადო. ქალაქში შესვლისთანავე ერეკლე ბატონიშვილს კიდევ ერთი ათასი თუმანი ნაღდი და ათასი თუმნის სხვა მორთულობა და იარაღი შინ მიუტანეს. მეშვიდე დღეს ყაენმა ერეკლე მეჯლისზე დაჰპატიჟა. ის სასახლეში მივიდა თავისი ამალით, „ყველანი ქართულად მოკაზმულნი, ყველანი ახალგაზრდა ვაჟკაცნი, ტურფანი და შვენიერნი; ნამეტნავად ბატონიშვილს ერეკლეს წვერ-ულვაში ახლა ეხვეოდა და ტანად ყველას უმაღლე იყო და ნაქმრათ ყველას ამჯობინეს... ზეინალ-ხან ეშიკაღასბაში (ცერემონმეისტერი) კარამდის გაეგება. ერეკლე წარდგა და ხელმწიფეს ფეხს აკოცა, და მარჯვნით ყველას ზეით დასვეს და თორმეტი ყმანიც მეჯლისშიგ დაუსხეს. ხელმწიფემ სამჯერ წინ მიიხმო და უწინ რუსეთის ხელმწიფის ამბავი ჰკითხა და მერმე თავისი და რუსთ შექცევა და გაწყობა და მათი კაცობა გამოჰკითხა, მას უკან რომლის გზით მოსვლა და გარჯა“.

მეორე მემატიანე ამბობს, „ერეკლე ბატონიშვილი უწინვე ნახვაზედ ხემწიფემ შეიყვარა თავად დიდ გვარიშვილობისათვის და მერმე ნამეტნავად კარგ ტანადობისა, სახე შვენიერებისთვის. წელიწადში ორი ათას ხუთასი თუმანი თეთრი და დღეში თორმეტი ჭიქა შირაზის ღვინო ულუფათ გაუჩინა სხვა პატივსა და მირთმევას გარდა“. შემდეგ ერეკლესთვის მესტუმრედ ანუ მეჰმანდარად თალიშის ხანის შვილი მიუჩენიათ და ნადირობით, ლხინით და ღვინის სმით გილანი და მაზანდარანი მოუტარებიათ, ხოლო ბოლოს იმდროინდელ სატახტო ქალაქ ისპაჰანში მიუყვანიათ, რათა იქ სპარსთა ზნე და საქციელი ესწავლა.

ასე თავაზიანად შეხვდნენ ერთმანეთს შაჰ-აბაზ პირველის და თეიმურაზ მეფის ჩამომავლები, თითქოს მათს მახსოვრობაში წაშლილი ყოფილიყოს ნახევარი საუკუნის წინათ მომხდარი ამბების მოგონება, კახთ ბატონის ქედმოუხრელი ბრძოლა შაჰის წინააღმდეგ, კახელების გაჟლეტა და გადასახლება, მათი ვენახების და თუთის ხეების აკაფვა, მათი დედოფლის ძუძუების დაგლეჯა გახურებული მარწუხებით. შაჰის მხრივ ეს თავაზიანობა იმით აიხსნებოდა, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულს სპარსეთი უკვე დაცემის გზაზე იყო შემდგარი და მას აღარ შეეძლო ისეთი უკომპრომისო აგრესიული პოლიტიკის წარმოება, როგორსაც შაჰ-აბაზ პირველი აწარმოებდა; ერთი სიტყვით, დავით გურამიშვილისა არ იყოს, „ხრმლის სიფოლადეს სპარსთასა ჟამი რამ მოხვდა ლბობისა, ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა“. ერეკლე პირველი კი შემგუებელი, ოპორტუნისტული ბუნების ადამიანი იყო; ჯანსაღი ზნეობრივი სკოლის უქონლობამ, უცხოეთში ყოფნამ, ქართული ენის და ზნეჩვეულების უცოდინარობამ გავლენა იქონიეს მის ისედაც მერყევ ხასიათზე. ამიტომ რამდენიმე წლის სპარსეთში ყოფნის შემდეგ მან მაჰმადიანობა მიიღო და ქართლის სამეფო ტახტზე დაჯდა ნაზარალი ხანის სახელწოდებით.

ნაზარალი ხანის მეფობის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა, ქართლის დენაციონალიზაციის პროცესი, რომელიც წინანდელი მაჰმადიანი მეფეების როსტომის და შაჰ-ნავაზის დროს დაიწყო, მაგრამ მაშინ თბილისის სასახლეში და მის გარეთ ძლიერ ოპოზიციას წააწყდა ქრისტიანული შეგნებით აღჭურვილი მარიამ დედოფლის, პატრიოტულად განწყობილი არისტოკრატიის და ჯანსაღი, გაუტეხელი მდაბიო ხალხის სახით. გარდა თბილისის ციხისა, სადაც ერანელთა გარნიზონი მანამდეც იმყოფებოდა, ნაზარალი ხანის დროს გორის და სურამის ციხეებში ჩაყენებულ იქნენ ყიზილბაშთა რაზმები. მათი მეთაურები თავხედურად აწიოკებდნენ და ჰყიდდენ ქართლელ გლეხებს. ნაზარალი ხანმა სრულიად მოსპო ძველი წესი დარბაზის ერის მოწვევისა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად და რუსეთის მეფეებისა და სპარსეთის შაჰების წაბაძულებით ერთპიროვნული, დესპოტიური მმართველობის შემოღება სცადა. მაგრამ რადგან მას თვითონ უფრო მხიარული დროსტარება აინტერესებდა, სამეფოს მართვა-გამგეობა ხელში ჩაუვარდა ერთ გაქნილ და ჭკვიან კარისკაცს, ტომით თათარს, რომელიც ფაქტიურად ქართლის სამეფოს დიქტატორი გახდა.

ერთი, შედარებით, კეთილისმყოფელი შედეგი მაინც მოჰყვა ნაზარალი ხანის ანუ ერეკლე პირველის ხანმოკლე მეფობას: რადგან ის თავის ნამდვილ სამკვიდროდ შაჰისაგან ბოძებულ ქართლს კი არ სთვლიდა, არამედ კახეთის სამეფოს, მან ყიზილბაშთა მეციხოვნე რაზმების და სპარსოფილი ფეოდალების მიერ შევიწროებულ ქართლელ გლეხკაცობას ხელი არ შეუშალა დიდი პარტიებით აყრილიყო და დაცარიელებულ კახეთში გადასახლებულიყო. თუ კახეთს თუშ-ფშავხევსურეთიდან და ერწო-თიანეთიდან ჩამოსულ ახალშენებთან ერთად ქართლელი გლეხკაცობა არ მიშველებოდა, ალაზნის და ივრის ნაყოფიერ ხეობებს ლეკობის და თურქმანობის ზვავი ამოავსებდა. ამის შემდეგ ქართველი ერისათვის შეუძლებელი გახდებოდა თვით თბილისის და ქართლის შენარჩუნებაც.

მართალია, როცა ნაზარალი ხანის შემდეგ ქართლის გამგედ ვახტანგ მეექვსე დაინიშნა, მან შაჰის ნებართვით კახეთში თავისი მოხელეები და დაკარგული ყმების მაძიებელი ფეოდალები გაგზავნა, რათა გახიზნული გლეხები უკან დაებრუნებინა; მაგრამ მათ ამის შესრულება მხოლოდ ნაწილობრივ შესძლეს. კახეთის ტყეებისა და მთების წყალობით ხიზნებმა მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. კახეთში დასახლება გლეხკაცობისთვის ეკონომიურად დიდად ხელსაყრელი იყო: მდიდარი ბუნება აქ მას უფრო მრავალნაირი და შემოსავლიანი მეურნეობის შესაძლებლობას აძლევდა; ამას გარდა ქიზიყსა და მთაში ბატონყმობა არ არსებობდა, კერძო საკუთრება მხოლოდ კარ-მიდამოსა, ბაღებსა და ვენახებზე ვრცელდებოდა, სახნავ-სათესი, ტყე და საძოვარი კი სათემო სამფლობელოს შეადგენდა.

ერეკლე პირველს ანუ ნაზარალი ხანს სამი ვაჟი დარჩა: დავითი ანუ იმამყული ხანი, კონსტანტინე ანუ მაჰმადყული ხანი და თეიმურაზი. თუმცა დავითი სპარსეთში აღიზარდა და ერთგული მაჰმადიანი იყო, მაგრამ როდესაც ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში კახეთის ტახტი მიიღო, შეეცადა შეგუებოდა თავის ქვეშევრდომთა ზნე-ჩვეულებას და ისინი ლეკების მძლავრობისაგან დაეცვა. თავისი სასახლის ეზოში მან შემოაღობინა ასპარეზი, რათა იქ სხვების დაუნახავად თავისი აღზრდის ნაკლი შეევსო და შეჩვეოდა ტანვარჯიშობას და სპორტს, რომლის ცოდნას მისი უფროსი თანამედროვე, არჩილ მეფე სავალდებულოდ სთვლიდა ყოველი კარგად გაზრდილი ვაჟკაცისათვის: ჩოგნის შემოკვრას, ბურთაობას, ჯირითს, ნიშანში სროლას, ცხენის უხელოდ მოხტომას, ხმლის ცემას, ლახტის დარტყმას და მრავალ სხვას. მაგრამ მან ვერ შესძლო ლეკების მარბიელი რაზმების ალაგმვა. პირიქით, ლეკებმა კიდევ უფრო გააფართოეს მათ მიერ წინათ დაპყრობილი კახეთის ტერიტორია, რამდენჯერმე დაამარცხეს მეფის ჯარი და დიდძალი ხალხი გაჟლიტეს ან ტყვედ წაიყვანეს. ბოლოს, იმამყული ხანი, მათი შიშით, იძულებული გახდა კახეთის იმდროინდელი სატახტო ქალაქი ყარაღაჯი დაეტოვებინა და რეზიდენცია უფრო მიფარებულ და ადვილად დასაცავ ადგილას გადაეტანა, სახელდობრ თელავში.

კიდევ უფრო უბედური იყო კონსტანტინეს ანუ მაჰმადყული ხანის მეფობა. კონსტანტინემ საბედისწერო როლი შეასრულა თავისი სახელოვანი თანამედროვის ვახტანგ მეექვსის ტრაგიკულ თავგადასავალში თავის ხანმოკლე და მშფოთვარე მეფობის დროს ვახტანგ მეექვსე შეეცადა ქართლი ეროვნული აღორძინების გზაზე დაეყენებინა. თბილისის სასახლის გარშემო მან თავი მოუყარა განათლებულ და პატრიოტულად განწყობილ საზოგადოებას, რომელმაც რეფორმატორ მეფის ხელმძღვანელობით ბევრი იღვაწა როგორც ეკონომიურ, ისე სულიერი კულტურის დარგში. ვახტანგმა ერთად შეაგროვებინა საქართველოში წინათ ან მის დროს მომქმედი კანონები და დიდი სჯულის წიგნი შეადგენინა. ამ ძეგლების თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი თავისუფალი იყვნენ მაჰმადიანური სამართლის გავლენისაგან და ძველი ებრაული, ბერძნული, სომხური და ქართული სამართლის შეგნების ნაყოფს წარმოადგენდნენ. მეფემ თავი მოაყრევინა აგრეთვე ქართული ისტორიული მატიანეებისა და სიგელ-გუჯრებისთვის და ერთი მთლიანი ისტორია შეადგენინა; თბილისში დააარსა სტამბა და თავისი რედაქციით და შენიშვნებით ვეფხისტყაოსანი გამოსცა; მან აკრძალა ტყვეების გაყიდვა, განაახლებინა ან ახლად გაათხრევინა სარწყავი არხები, ააშენებინა ახალი სოფლები და დაბები, ბოლოს, პატარა მუდმივი ჯამაგირიანი ჯარი დააარსა.

მაგრამ ვახტანგ მეფეს ესმოდა, რომ მის რეფორმატორულ მოღვაწეობას მკვიდრი ნიადაგი არ ექნებოდა, სანამ ის მეზობელი მაჰმადიანური იმპერიების წინააღმდეგ ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს მფარველობას არ მოიპოვებდა. ამიტომ როდესაც მის მიერ საფრანგეთში და რომში წარგზავნილი საბა-სულხან ორბელიანის დიპლომატიური მისია უშედეგოდ დამთავრდა, ის დაეთანხმა პეტრე დიდის მიერ წარმოდგენილ წინადადებას და მასთან სამხედრო კავშირი შეჰკრა. ამრიგად ვახტანგ მეექვსემ განაგრძო ის პოლიტიკური გეზი, რომელიც კახეთის ბაგრატიონებმა დაიწყეს მეთექვსმეტე საუკუნეში და შემდეგ დროებით შეწყდა თეიმურაზ პირველის მარცხის გამო, მაგრამ, ბოლოს, კახეთის უკანასკნელი ბაგრატიონების წყალობით საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლით დასრულდა.

დავით გურამიშვილმა მომხიბლავი პოეტური უშუალობით აწერა კავშირის დამყარება ვახტანგ მეექვსესა და პეტრე დიდს შორის. ერთს საღამო ჟამს ვახტანგი სასახლის კამაროსან აივანზე ზის მარტოდმარტო, ხალვათად. გულს სევდა შემოსწოლია, ვინაიდან ხედავს, რომ ქვეყანა საბოლოოდ აირ-დაირია. უცებ ის თვალს მოჰკრავს უცნობ კაცს, რომელიც სასახლის კიბეზე არბის ხტომით. აღმოჩნდება, რომ ეს არის პეტრე იმპერატორის შიკრიკი, რომელიც მეფეს დაბეჭდილ ოქრომკედ თუ სირმაშემოკრულ წერილს გადასცემს. ვახტანგს გული გაეშლება, როგორც სიცივით დამზრალ ვარდს მზის თბილი სხივების შეხებისას. რუსეთის იმპერატორი სწორედ იმას სთავაზობს, რასაც ვახტანგ მეფე ნატრობდა, სახელდობრ სამხედრო კავშირს საერთო მტრის, მაჰმადიანი ერანის წინააღმდეგ. მეფე ჩუმად მოიწვევს თანაგამზრახ ვეზირებს და ნადიმს გამართავს თავის სასახლეში. ეს, ალბათ, ის სასახლეა, რომელიც თეიმურაზ მეორემ აწერა ერთს თავის ლექსში („ქება სრისა“). მას შუა ეზოში კოლონადა და მარმარილოს აუზიანი შადრევნები უნდა ჰქონოდა, მისი ფანჯრები ფერადი მინებისგან უნდა ყოფილიყო შეხამებული, ხოლო სასტუმრო დარბაზების კედლები დაფარული ყოფილიყო სარკეებით, ისე რომ, როცა ბროლის ხომლზე, კელაპტრები აინთებოდა, სტუმრებს ეგონებოდათ, გარს ცეცხლი გვეკიდებაო. ეს სასახლე თურქებმა დაანგრიეს 1725 წელს.

ამ ბრწყინვალე ლხინს, დავით გურამიშვილის მოწმობით, დარბაზის ერის ბჭობა მოჰყვა, როგორც ამას საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაუწერელი კონსტიტუცია მოითხოვდა ასეთი მნიშვნელოვანი შემთხვევისათვის. მეფის დარბაზის კრება ორად გაიყო: რუსული ორიენტაციის დარბაისლებმა მოიწონეს ქრისტიანი ხელმწიფის ხელდებულად, ე. ი. ვასალად გახდომა, სამაგიეროდ მოწინააღმდეგე მხარემ შიში გამოსთქვა, ვაი თუ მტრებმა შეგვიტყონ და ჩვენ წინააღმდეგ წამოდგნენო: — ვინემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდებისო. ვახტანგ მეფემ არ დაიჯერა თავისი ფრთხილი მრჩევლების წინადადება, ჯერჯერობით ნუ გამოააშკარავებ, რომ რუსეთის მხარეზე ხარ, თუ პეტრესთან შეხვედრა აუცილებლად მიგაჩნია, ფარულად შეხვდი მცირე ამალითო. პეტრე იმპერატორმა მართლაც დაიჭირა ტარკი, დარუბანდი, ბაქო (1723 წ.) და მთელი კასპიის ზღვის სანაპიროს დაპყრობას ლამობდა, რათა იქიდან გზა გაეკაფა ინდოეთისაკენ. ვახტანგ მეექვსე დიდი ქართველი ჯარით განჯასთან მივიდა, რათა თავის მოკავშირეს შეხვედროდა.

პეტრე დიდი და ვახტანგ მეექვსე, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ბაქოსა და დარუბანდს შუა უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მაგრამ პროვიანტის დაღუპვამ კასპიის ზღვაზე, სენატის უკმაყოფილებამ და თურქეთის მტრულმა განწყობილებამ პეტრე აიძულა დარუბანდიდან ჯერ ასტრახანში დაბრუნებულიყო, ხოლო შემდეგ პეტერბურგში. რუსის ჯარს თორმეტი წლის განმავლობაში ამის შემდეგ კიდევ ეჭირა ლენქორანი, მაზანდარანი და ასტრაბადი, მაგრამ აქტივობას ვერ იჩენდა. ბოლოს ის, ჰავისა და ნაკლებულობისაგან შეწუხებული და ნადირ-შაჰის. აქტივობით შეშფოთებული, უკან დაბრუნდა.

ვახტანგ მეფის მდგომარეობა გამძვინვარებული თურქეთის სულთანის და ერანის შაჰის წინააღმდეგ აუტანელი გახდა. შაჰმა ქართლის სამეფო კახეთის მეფეს კონსტანტინეს მისცა; მაგრამ კონსტანტინემ თბილისის დაჭერა ვერ შეს– ძლო, სანამ თავისი ყველაზე საშიშარი მტრების — ლეკების დაქირავებული ჯარი არ მიიშველია და მას თბილისის გაძარცვის ნება არ მისცა. ახალციხის მხრიდან ქართლში თუ იქების ჯარი შემოიჭრა. ამის შემდეგ ყოველ მხრივ სასოწარკვეთილი ვახტანგი თითქმის მთელი იმდროინდელი მოწინავე თავადაზნაურობის ოჯახებით და რამდენიმე სასულიერო პირითურთ რუსეთში გადასახლდა. კონსტანტინემ თურქებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და თბილისის ციხის გასაღები მათ უომრად ჩააბარა. ამის შემდეგ ლეკთა თარეშმა კახეთში სრულიად არაჩვეულებრივი გაქანება მიიღო. შეუძლებელი გახდა ცხოვრება ციხე-სიმაგრეების გარეთ. ქიზიყსა და შიგნით კახეთში მოლები გაჩნდნენ და ხალხის ძალით გამაჰმადიანება დაიწყეს. კონსტანტინე მეფეს ვერ უშველა შეგუების პოლიტიკის წარმოებამ ოსმალეთის მიმართ. ის ქართლის მმართველად დადგენილმა ფაშამ სადარბაზოდ მიიტყუა და ცხენზე შეჯდომის დროს ხანჯლით მოაკვლევინა.

ქართლ-კახეთს თავისი ისტორიის მანძილზე იშვიათად დასდგომია უფრო ბედშავი დღეები. ქვეყნის ტრაგიკული მდგომარეობა კარგად გამოჰხატა დავით გურამიშვილმა, რომელიც სწორედ ამ ხანებში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ქსნის ხეობაში ყოფნის დროს დატყვევებულ იქნა ლეკების მიერ:

რაც მოგახსენე, მოგვგვარა ჩვენ ერთმანეთის ბრძოლამა!
ქართლი ოსმალომ დაიწერა, კახეთი ლეკთა მოლამა;
მით ჩვენმა სისხლმა ნაღვარმან ხევნები სულ ამოლაშა,
და სუნით მოიცვა მთა ბარი ჩვენის მკვირის მძორთა ყროლამა!

1.5 IV. ერანის დაქვეითება

▲back to top


IV. ერანის დაქვეითება

ქართლ-კახეთის ამ სულთმობრძაობის დროს ერანში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდებოდა. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერანში დაიწყო შინაგანი დაშლის პროცესი, რომელმაც ეს უდიდესი აღმოსავლური იმპერია ასიოდე წლის განმავლობაში მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ აქცია.

სეფევიდების დინასტიამ, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისიდან თითქმის ორასორმოცი წლის განმავლობაში ერანის იმპერიას მეთაურობდა, მას რამდენიმე ენერგიული და შორსმჭვრეტელი შაჰი მისცა. ასეთი იყვნენ, განსაკუთრებით, სეფევიდთა დინასტიის პირველი წარმომადგენლები, შაჰ-ისმაილი, რომელიც თურქ ტომების სამხედრო რელიგიურ ორგანიზაციას, ეგრეთწოდებულ წითელქუდიანთა ანუ ყიზილბაშთა ჯარს დაეყრდნო და დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე თურქმანები და უზბეგები, ხოლო შიიტობა ერანის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოაცხადა. ასეთი იყო აგრეთვე თამაზ პირველი, რომელიც ოთხჯერ შემოესია ქართლს და დიდად დააზიანა ის, მაგრამ გმირულ წინააღმდეგობას წააწყდა ლუარსაბ პირველის მხრით. ხოლო სეფევიდთა დინასტიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ცნობილი შაჰ-აბაზ პირველი იყო, რომელმაც სახელმწიფოს მეურნეობის და ადმინისტრაციის გარდაქმნით, არხების, გზების, ქარვასლების გაკეთებით ან განახლებით და სხვა ღონისძიებებით ერანი ხელახლა აღორძინების გზაზე დააყენა. მან დააარსა აგრეთვე მუდმივი ჯარი, რომელიც ათიათასი მხედრისა და თხუთმეტი ათასი ქვეითი ჯარისკაცისაგან შესდგებოდა და მუშკეტებით იყო შეიარაღებული, შემოიღო რამდენიმე ბატარეისგან შემდგარი არტილერია და თურქებს უკან წაართვა მათ მიერ დაპყრობილი პროვინციები, ერაყი, აზერბაიჯანი და სხვა.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ ერანის პოლიტიკური და კულტურული დაქვეითება მსოფლიო ისტორიული მოვლენებით იყო გამოწვეული და მისი შეჩერება არ შეეძლო ამა თუ იმ მაჰს, რარიგ გენიოსიც უნდა ყოფილიყო ის. ჯერ ჩინგიზყაენის, ხოლო შემდეგ თემურ-ლენგის ურდოებმა გაანადგურეს წინა აზიის აყვავებული კულტურა. მეთხუთმეტე საუკუნემდე ერანი მაინც შუამავალს წარმოადგენდა საერთაშორისო აღებ-მიცემაში და მის ტერიტორიაზე გადიოდა ის დიდი საქარავნო გზა, რომელიც დასავლეთ ევროპასა და ბიზანტიას ინდოეთის და შუა აზიის ბაზრებთან აკავშირებდა. ბიზანტიის დამხობისა და ბოსფორზე თურქების დამკვიდრების შემდეგ ეს დიდი გზა გადაიჭრა, და ევროპიელები შეეცადნენ ზღვით დაკავშირებოდნენ ინდოეთს და საზოგადოდ აზიის კონტინენტს. ერთი სიტყვით, ერანის და მისი მეზობელი ქვეყნების, ანატოლიის, სომხეთის, თურქესტანის და საქართველოს გაღარიბება და უკანდახევა ერთმა და იმავე მიზეზებმა გამოიწვია.

ერანის დეგრადაცია შაჰ-აბაზის გარდაცვალებისთანავე დაიწყო. ისპაჰანის ტახტზე მას მოჰყვა მთელი რიგი უნიჭო და უენერგიო შაჰებისა, რომელნიც საომარ ბანაკში შეჭირვებულად ცხოვრებას იმას ამჯობინებდნენ, რომ მშვიდობიანად სასახლეში მჯდარიყვნენ რბილ ბალიშებსა და მუთაქებზე ფეხმორთხმულნი, შარბათი და ღვინო ესვათ, მუტრიბთა გამაღიზიანებელი სიმღერისა და ცეკვისათვის ეცქირათ და ჰარამხანის დიაცთა ალერსი ეგემნათ.

დავით გურამიშვილი საუცხოოდ ახასიათებს სეფევიდთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს, შაჰ-თამაზ მეორეს, რომელსაც აჯანყებულმა ავღანელებმა თითქმის მთელი სამეფო წაართვეს, გარდა ჩრდილოეთის პროვინციებისა, და რომელიც პეტრე დიდს სწორედ ამ ჩრდილო პროვინციებს სთავაზობდა, რათა რუსის ჯარის შემწეობით ავღანელები გაერეკა:

იჯდა ყაენად შაჰ-თამაზ, ძე ძისა შაჰ-აბაზისა,
მან შექმნა ბილწად დრანჯობა, ბევრი ღვინო სვა ვაზისა,
აღარ ახსოვს სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა,
და მით სამართალი დაფასების ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა.
შეყვარებოდა ორივ მას, ლოთობა, მეძაობანი;
მით დაბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი;
მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი,
და მის გამო ვეღარ შეძლო მან ქვეყნის პატრონობანი.

დავით გურამიშვილი („დავითიანი )

არსებითად სეფევიდების დინასტია შაჰ-თამაზის მამის შაჰჰუსეინის დროს დაემხო. ერანის იმპერია მრავალერიან სახელმწიფოს წარმოადგენდა. სპარსელები მოსახლეობის ნახევარსაც არ შეადგენდნენ და უფრო კომპაქტურად შუაგულ და სამხრეთ პროვინციებში ცხოვრობდნენ; სანაპირო პროვინციები კი ავღანელებს, თურქებს, ქურთებს, არაბებს და სხვა ტომებს ეჭირათ, რომელნიც ნაწილობრივ მომთაბარულ ცხოვრებას მისდევდნენ და ძნელად დასაბეგრავი და ძნელად მოსათვინიერებელნი იყვნენ. ეროვნულ და ტომობრივ წინა აღმდეგობას ზედ ერთოდა რელიგიური შუღლი, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სუნიტურ უმცირესობას ძლიერი მფარველი გაუჩნდა ერანის მეზობლად აღორძინებული თურქთა იმპერიის სახით.

შაჰ–ჰუსეინი ღრმად მორწმუნე შიიტი იყო და ჰარამხანისაგან თავისუფალ დროს მეჩითში ატარებდა; მას ქვეშევრდომები დაცინვით მოლას უწოდებდნენ. ადმინისტრაციის და სამღვდელოების თვითნებობამ, მექრთამეობამ, სამართლის უქონლობამ, რასაც ზედ დაემატა ბეგარის და გადასახადების არაჩვეულებრივი მომატება და ახალგაზრდა ქალების მოტაცება შაჰისა და მისი ერთგული ვეზირებისა და ხანების ავხორცობის დასაკმაყოფილებლად, საერთო სახალხო მღელვარება გამოიწვია. ამასთანავე დაიწყო ავღანელების აჯანყება ერთ-ერთი გავლენიანი ტომის მეთაურის მირვეისის წინამძღოლობით. მის წინააღმდეგ შაჰმა დიდი ლაშქარი გაგზავნა, ამ ლაშქარში რჩეულ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ, ხოლო მის მთავარსარდლად ვახტანგ მეექვსის ბიძა გიორგი მეფე იყო დანიშნული. გიორგიმ რამდენჯერმე დაამარცხა მირვეისი, დაატყვევა ის და ისპაჰანში გაგზავნა. მაგრამ მირვეისმა თვალთმაქცობით შესძლო უგუნური შაჰ-ჰუსეინის მოტყუება, თავი დააღწია ტყვეობას და ხელახლა ავღანისტანში გაჩნდა. აქ მან გიორგი მეფეს ზავი და მეგობრობა შესთავაზა, თავის ბანაკში მიიტყუა და მოაკვლევინა, ხოლო მთელი მისი ამალა გააჟლეტინა.

მირვეისის სიკვდილის შემდეგ სუნიტ ავღანელების ოცათასიანი ჯარი მისი ძმისწულის ემირ მაჰმუდის ხელმძღვანელობით შეესია ერანს, დაამარცხა შაჰის ორმოცდაათთასიანი ლაშქარი და ალყა შემოარტყა ისპაჰანს. ამავე დროს უზბეგებმა ხორასანი დაიჭირეს, ხოლო ქურთებმა ჰამადანის პროვინცია. ხანგრძლივი ალყით იმედმიხდილი შაჰ-ჰუსეინი იძულებული გახდა სატახტო ქალაქის კარიბჭე გაეღო, ბანაკში ხლებოდა ემირ მაჰმუდს და საკუთარი ხელით ერანის შაჰების გვირგვინი დაედგა მისთვის. ისპაჰანში შესვლის შემდეგ ავღანელებმა საშინელი ტერორი დაამყარეს. მათ გაჟლიტეს შიიტური სამღვდელოება და მიწათმფლობელი არისტოკრატია, მოსპეს შაჰის გვარდია და ყელები დასჭრეს შაჰ-ჰუსეინს და მისი გვარის ყველა მამაკაცს. გადარჩა მხოლოდ ზემოხსენებული თამაში, რომელიც თავრიზში გაიქცა და თავი შაჰად გამოაცხადა.

1.6 V. პატარა კახის სიჭაბუკე

▲back to top


V. პატარა კახის სიჭაბუკე

ერეკლე მეორის მამა თეიმურაზ ბატონიშვილი იმ ასაკში დაქორწინდა, როცა მას, ალბათ, ცოლქმრობა უფრო თამაშობად მიაჩნდა, ვიდრე ცხოვრების მძიმე ვალდებულებად. ის თორმეტი წლის იყო, როცა პოლიტიკურ მოსაზრებათა კარნახით ბავშვობაში დაწინდულ ერისთავის ქალს გააშორეს და ვახტანგ მეექვსის ქალსა თამარზე დასწერეს ჯვარი. ამით კახეთის პოლიტიკურ მესაჭეებს უნდოდათ ერთმანეთისათვის დაეახლოებინათ ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტო. შემდგომმა ამბებმა მათი მოსაზრება გაამართლა, და თეიმურაზის და თამარის ვაჟი, რომელიც 1720 წლის 7 ნოემბერს უნდა დაბადებულიყოს თელავის სასახლეში, ქართლ-კახეთის სამეფოების უკანასკნელად გაერთიანების და გაძლიერების მოწმე და აქტიური მოღვაწე გახდა. მას ირაკლი უწოდეს მისი პაპის პატივსაცემად.

ერეკლე ბატონიშვილმა ბავშვობა მკაცრი ცხოვრების პირობებში გაატარა; მაგრამ როგორც დიდბუნებოვან ადამიანს შეეფერებოდა, ამ სპარტანულმა სკოლამ კი არ მოსდრიკა, პირიქით, გააკაჟა მისი ნებისყოფა. თეიმურაზს და დედამისს, ანა დედოფალს, ჯერ კიდევ ერეკლეს დაბადებამდე, ლეკების შიშით, ხან თელავში უხდებოდათ ყოფნა, ხან მანავში, ხან მაღაროში. რადგან თეიმურაზის უფროსი ძმა დავით მეფე ანუ იმამყული ხანი ხუთი წლის განმავლობაში სპარსეთში იმყოფებოდა, შაჰის კარზე, კახეთის სამეფოს ფაქტიურად ალავერდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი მართავდა. კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა ანა დედოფლისა და იმამყული ხანის სიკვდილის შემდეგ; თურქების და ლეკების ძალმომრეობამ კახეთის სამეფო ოჯახი იძულებული გახადა ფშავში გახიზნულიყო; ამ დროს ერეკლე ოთხი-ხუთი წლისა იქნებოდა. მას თავის დედ-მამასა და ბიძასთან ერთად ციხესიმაგრეებში უბრალო მწყემსების ქონების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. მის მეგობრებში ერივნენ გლეხის ბიჭებიც. მათთან ერთად პატარა უფლისწული ფარიკაობდა, ნადირობდა, თევზებს იჭერდა და ბურთაობდა. ის ადრე შეეჩვია ცხენზე ჯდომას და ყოველ ჯარობაში თავის ბაჩას დააქროლებდა.

ქართულმა სახალხო პოეზიამ საუცხოოდ ასახა პატარა კახის ეს თავისებური აღზრდა, მისი სიახლოვე ბუნების სტიქიონებთან:

ბატონიშვილს ერეკლესა
ირმის ძუძუ უწოვნია;
საჩალეში გადაეგდოთ,
მონადირეს უპოვნია;
წყალი უსვამს ალგეთისა,
თრიალეთზე უძოვნია

თუმცა ამრიგად ერეკლე ბავშვობიდანვე გაეცნო მდაბიო ხალხის ცხოვრებას, მისი ლხინის და ჭირის თანამოზიარე გახდა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ის მაინც უფლისწულად იყო დაბადებული, ფეოდალური სამეფოს ტახტის მემკვიდრედ და, მაშასადამე, სათანადო განათლებაც უნდა მიეღო. როგორც სჩანს, მას რამდენიმე მასწავლებელი უნდა ჰყოლოდეს, საერო მეცნიერებათათვის აბელ ანდრონიკაშვილი, ღვთისმეტყველებისათვის ონოფრე ბოდბელი, გალობისთვის მღვდელი დიმიტრი ხელაშვილი და სხვები.

ერთხელ ნადირობის დროს ერეკლეს შვლის ნუკრი დაუჭერია, შინაური თხის რძით გაუზრდია და ბიჟინა დაურქმევია. როგორც ველური მთებისა და ტყეების შვილს შეეფერებოდა, ბიჟინა კარგად გაცნობილი არ ყოფილა მეფის კარის გარიგებას და თეიმურაზის ოჯახის თელავში დაბრუნების შემდეგ სასახლის ეზოსა და დარბაზებში მეტი ხტუნაობა და სირბილი განუზრახავს, ვიდრე ასატანი იქნებოდა ალავერდელი და ნეკრესელი ეპისკოპოსებისა ან ონოფრე ბოდბელისთვის. ამიტომ მისთვის დრო შეურჩევიათ და, როცა ერეკლე შინ არ ყოფილა, დიაცთა სამსჯავროს განჩინების მიხედვით, დაუკლავთ; უეჭველია პატარა უფლისწულს ძალიან ეწყინებოდა მისი ცელქი გაზრდილის ესოდენ მკაცრი დასჯა; და მისი ნუგეშის საცემლადაა დაწერილი თეიმურაზ მეორის სახუმარო ლექსი „ბიჟინას სიკვდილზე“:

ჩიოდა ამას ბიჟინა, როს ხტომა ჰქონდა სულისა:
„სად მყავს აწ ჩემი ბატონი, ჩემი ამგები ხულისა?
უმისოდ მომკლეს დიაცთა, არ მყვანდა მტკენი გულისა“.
და აწ თქვენ შეგკადრეთ უგრძნობლად სიკვდილი მის ბედკრულისა.

ერეკლე ბატონიშვილი თხუთმეტი წლისა იყო, როცა მამამისმა ის თელავიდან ალავერდში გაგზავნა, რათა იქიდან ხელმძღვანელობა გაეწია კახელი ხალხისთვის, რომელიც ფარულად დრტვინავდა და მზად იყო ლეკების წინააღმდეგ აჯანყებულიყო. ალავერდიდან ერეკლემ კავშირი გააბა ქიზიყთან და კავკასიის მთის ძირის სოფლებთან. მთელი ხალხი ფეხზე დადგა. ქიზიყელი ქალები მამაკაცებს აღარ აცლიდნენ, ცხენებს უკაზმავდნენ და წელზე იარაღს არტყამდნენ, წადით, სამშობლოსთვის დაიხოცენით, თურქების და ლეკების ყმობას სიკვდილი სჯობიაო. ერეკლეს გარშემო თავი მოიყარა რჩეულ ვაჟკაცთა მცირე ლაშქარმა. ამ ლაშქრით ერეკლე ნეიშინის მინდორზე თავს დაესხა ქიზიყიდან მომავალ ლეკის ჯარს და სასტიკად დაამარცხა ის.

ერეკლეს მეფობის ისტორიკოსი — მდივანბეგი ომან ხერხეულიძე ამ ბრძოლის ამბავს ასე მოგვითხრობს: „ხოლო წელსა 1735 მოვიდნენ ლეკნი და ქისიყი მოარბივეს. მაშინ იყო ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი წლისა თხუთმეტისა, რომელმაც შემოიყარა სოფლებიდამ ჯარი, ეწია ნეიშნის მინდორში და ძლიერად შემოებნენ ლეკნი. გარნა თვით ეს ყმა, ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი, მეორედ შევიდა შინაგან ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი; და ამის მხილველთა კახთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინაწარიქციეს ჯარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოსწყვიტეს უმრავლესნი. და მოვიდა მაღაროს გამარჯვებული, რომლისათვის ფრიად მხიარულ იქმნენ კახნი, იხილეს რა სიმხნე და მამაცობა მემკვიდრისა თვისისა“.

ამის შემდეგ ერეკლემ ალაზნის გაღმა მხარეში ჩამოსახლებულ ლეკებს, ე.ი. ჭარ-ბელაქნელებს წინადადება მისცა კახელებთან ზავი და მეგობრობის კავშირი დაედვათ, მაგრამ ისინი ამას არ დათანხმდნენ, პირიქით, ახალი მარბიელი ჯარი გამოაყოლეს ერეკლეს მიერ გაგზავნილ მოციქულებს; ეს ჯარიც დამარცხდა კახელებთან შეტაკებაში. რაც შეეხება დიდოელებსა და ანწუხელებს, რომელნიც დასავლეთ-დაღისტანში ცხოვრობდნენ კახეთის სამეფოს მეზობლად და წინათ მის პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას განეცდიდნენ, მათ მეგობრულად მიიღეს, თელავიდან მისული ელჩები და პირობა დასდეს, რომ არც თვით მიაყენებდნენ რაიმე ზიანს კახეთს და არც სხვებს დაეხმარებოდნენ მის დარბევაში. ამ პირობისთვის მათ შემდეგ, ერეკლეს მეფობაში საერთოდ, აღარ უღალატნიათ. ჭარ-ბელაქნელებსა და შუა დაღისტანში მცხოვრებ ავარიელებსა და სხვა ტომებს შორის კი ყოველთვის უფრო ძლიერი იყო სუნიტური სექტის მაჰმადიანობისა და თურქთა ემისრების გავლენა და განსაკუთრებით მათ შორის გროვდებოდა ქართლ-კახეთის ამაწიოკებელი ბრბოები.

ასე ბრწყინვალედ გამოვიდა ახალგაზრდა ერეკლე სახელმწიფოებრივი და სამხედრო მოღვაწეობის სარბიელზე. ამის შემდეგ მან პრაქტიკულად განვლო დიდი ერანელი პოლიტიკოსის და მხედართმთავრის ნადირ-შაჰის სკოლა; ამ სკოლამ ხელი შეუწყო მისი სტრატეგიული გენიის გაშლას და მისი პოლიტიკური ჰორიზონტის გაფართოებას. და გამეფების შემდეგ ის შეეცადა ერანის მივარდნილ პერიფერია ქცეული ქართლ-კახეთი ხელახლა დიდი. მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოეყვანა.

1.7 VI. ნადირ შაჰი

▲back to top


VI. ნადირ-შაჰი

ის ანარქია, რომელიც ერანში ავღანელების შემოჭრამ, სეფევიდთა დინასტიის ამოწყვეტამ და შაჰ-თამაზის თავრიზში გაქცევამ გამოიწვია, სულ ხუთ-ექვს წელიწადს გაგრძელდა. მას ბოლო მოუღო ნადირმა, რომელმაც სისხლდაცლილი და სახსრებდაშლილი სახელმწიფო ერთხელ კიდევ მოასულიერა და ცოტა ხნით, გარეგნულად მაინც, კიდევ აიყვანა წინანდელი სიძლიერის და ბრწყინვალების სიმაღლეზე.

ნადირი დაახლოებით ოცდაათი წლით უფროსი იყო ერეკლეზე. წარმოშობით ის თურქმანი იყო, ზოგიერთი ცნობით უბრალო მწყემსის, ხოლო სხვა ცნობით, ქურქის ოსტატის შვილი; მაგრამ თავისი ჭკუისა და დამოუკიდებელი ხასიათის შემწეობით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მთელი ერთი ტომის მეთაური გახდა. მან თავდაპირველად მოხალისეების დახმარებით ერანის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში აღადგინა წესრიგი, რითაც შაჰ-თამაზის კეთილგანწყობილება დაიმსახურა. შაჰმა ნადირს ჯარის მთავარსარდლობა უბოძა და სახელმწიფოს დამშვიდება დაავალა. ნადირმა ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. მან ერანში შემოჭრილ ავღანელებს შეუტია არა ისპაჰანში, არამედ მათივე სამშობლოს ცენტრში, ჰერატში, რომლის აღებით ბაზისი მოუსპო მოწინააღმდეგეს. შემდეგ მან მთელი ერანი ადვილად გაანთავისუფლა მათი ბატონობისაგან.

ნადირმა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში ბევრი კარგი ადამიანური თვისება გამოიჩინა. ის შემწყნარებელი იყო რელიგიის საკითხებში; ლაშქრობის დროს თავისი ჯარის პირველ რიგებში იმყოფებოდა და ყველა იმ გაჭირვებას იტანდა, რომელიც ჯარისკაცს ხვდება წილად. ის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო და გამარჯვების შემდეგ ხელგაშლილად აჯილდოებდა თავის თანამებრძოლთ. დამარცხების შემდეგ მან არ იცოდა გულის გატეხა, გამარჯვებას კი ხშირად აღწევდა გონებამახვილი ოინების, მოჩვენებითი უკანდახევის, მტრის გვერდზე შემოვლის, ზურგის ნაწილების მოჭრის შემწეობით. ბოლოს, მან ნაპოლეონის მსგავსად მოკლე და შთამგონებელი პროკლამაციების შედგენა იცოდა ჯარის ასაღფრთოვანებლად და ხალხის დასამშვიდებლად.

როცა ნადირის ავღანისტანში ყოფნის დროს ერანს თურქების ჯარი შეესია და მისმა მთავარსარდალმა შაჰს უმძიმესი პირობები წარმოუდგინა ზავის შესაკვრელად, ნადირმა შაჰის მიერ მიღებული ზავი არ დაადასტურა და ხალხს შემდეგი მოწოდებით მიმართა: „იქონიეთ მოთმინება, სანამ მე თქვენ გინახულებდეთ. ღვთის წყალობით მე მოგევლინებით იმ ჯარის სათავეში, რომელიც ძლიერია მუდმივი გამარჯვებებით, შეჩვეულია გაჭირვების ატანას ბრძოლის ველზე, მრავალრიცხოვანია როგორც ჭიანჭველის ბუდე, მაგრამ ამასთანავე მამაცი როგორც ლომები და ახალგაზრდულ გამბედაობასთან შუა ასაკის კეთილგონიერებას აკავშირებს. მაშინ დაინახავთ, რომ ჩვენი მტერი, რომელიც ცეცხლს სცემს პატივს, თავზე ნაცარს დაიყრის, ვინაიდან ბრძნული ანდაზა ამბობს: ვისაც ტალღებში სხვისი დახრჩობა სწადია, თვით დაიხრჩობა შიგ“.

გასაკვირველი არ არის, რომ ასეთმა ადამიანმა ჯარში დიდი პოპულარობა მოიპოვა და სუსტ, უნებისყოფო შაჰში მეშურნეობა გამოიწვია. შაჰ-თამაზმა უსამართლო შეურაცხყოფა მიაყენა ავღანისტანიდან უკან დაბრუნებულ ნადირსა და მის თანამებრძოლებს. ამას შეიძლებოდა გამარჯვებული სარდლის დატუსაღება და დასჯა მოჰყოლოდა, რაიც ხშირი მოვლენა იყო აღმოსავლეთში. ამიტომ ნადირმა მოჩვენებითი მოკრძალებით შეაცდინა შაჰი, თავის ბანაკში მიიტყუა ის და თავის ერთგულ ჯარისკაცებს დაატუსაღებინა. ამის შემდეგ ნადირი ერანის ფაქტიური მმართველი გახდა, ჯერ როგორც გადაყენებული შაჰის უწლოვანი ვაჟის რეგენტი, ხოლო შემდეგ როგორც გვირგვინოსანი შაჰი.

ნადირმა თურქებს თავდაპირველად ბაღდადის მიმართულებით შეუტია და დიდ წარმატებასაც მიაღწია; მაგრამ შემდეგ გაიგო, რომ მოწინააღმდეგე, რომელმაც მის მიერ წარმოდგენილი ზავის პირობები არ მიიღო, დიდძალ ჯარს აგროვებდა ყარსის მიდამოებში და აქედან აპირებდა შუაგულ ერანში შეჭრას. ამიტომ მანაც ჩრდილოეთისკენ იბრუნა პირი, რათა მტერს აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედროდა. ნადირმა ალყა შემოარტყა განჯის ციხეს, სადაც თურქთა ძლიერი მეციხოვნე ჯარი იდგა, ხოლო 1735 წლის ივნისში სასტიკად დაამარცხა სერასკირი აბდულა ფაშა, რომელიც მთელი თავისი ქვეითი და ცხენოსანი ჯარით და არტილერიით გაუფრთხილებლად აბარან-ჩაის ვიწრო ხეობაში შევიდა და ახთაფის მთების კალთებზე ჩასაფრებულ, ერთიორად მცირერიცხოვან ერანელ ჯარს შესაძლებლობა მისცა თითქმის სრულიად გაენადგურებინა თავისი მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ ნადირმა ყარსის ციხეც აიღო და, ამრიგად, ერანის სახელმწიფო უზრუნველჰყო. ჩრდილოეთის მხრიდან.

თეიმურაზმა და ერეკლემ საღი პოლიტიკური ინსტინქტით სწორად დააფასეს თუ რა უპირატესობა ჰქონდა მდაბიო ხალხის წიაღიდან გამოსულ და პირადი ნიჭის შემწეობით ამაღლებულ ერანელ მხედართმთავარს ძველი სკოლის თურქი სარდლების წინააღმდეგ და ამიტომ უყოყმანოდ ნადირს მიემხრენ, როგორც კი ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოჩნდა. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, მათ უეჭველია იმედი ჰქონდათ, რომ თუ ნადირი თურქებზე გაიმარჯვებდა, ის ალაგმავდა მათ მოკავშირე ლეკებსაც. თეიმურაზმა კახეთში ჯარი შეაგროვა, თავს დაესხა თურქთა ჯარს, რომელიც თბილისში მჯდომარე ფაშამ განჯის ალყაშემორტყმული გარნიზონის მისაშველებლად გაგზავნა, და გაჰფანტა ის. ამის შემდეგ თეიმურაზი კახი დიდებულთა ამალით ნადირის ბანაკში მივიდა.

ყარსის აღების შემდეგ ნადირმა ქართველების დახმარებით თბილისის ციხეც აიღო. ექვს ოქტომბერს, როდესაც ნადირი თბილისში უნდა შემოსულიყო, თეიმურაზი მას ქალაქის გალავანს გარეთ შეეგება ქართლ-კახეთის დიდებულთა თანხლებით. განჯის კარიდან დაწყებული სასახლემდე მთელი გზა ყვავილებით და ხალიჩებით იყო მოფენილი, ხოლო საღამოს ჩირაღდნები აანთეს და მაშხალები აუშვეს. ეს სადღესასწაულო განწყობილება მარტო შიშით არ იყო გამოწვეული: ქართველ ხალხსაც და თავადაზნაურობასაც იმედი ჰქონდათ, რომ ნადირი ქართლ-კახეთს შეუმსუბუქებდა თურქებისა და ლეკების ძალმომრეობით გამოწვეულ ტანჯვას. მაგრამ ნადირმა ეს იმედი მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. მართალია, მან დალაშქრა ჭარ-ბელაქანი და იქაურ ლეკობას კარგა ხნით დაუკარგა ქართლ-კახეთში შემოსევის უნარი და ხალისი, მან ააყრევინა და ხვარასანში გადაასახლებინა მრავალრიცხოვანი თათრების ელები, რომელთაც ბინები მტკვრის ხეობაში ჰქონდათ, თბილისის ქვემოთ, მაგრამ შემდეგ არც თვით ქართველობა დაინდო.

თავადაზნაურობის ერთი დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთის და თურქეთის ხელისუფლებასთან ჰქონდა კავშირი, მტრულად შეხვდა ნადირის რეჟიმის დამყარებას ქართლ-კახეთში; ამ ოპოზიციურად განწყობილ ქართველ არისტოკრატიას ენერგიული და გავლენიანი მეთაურები გაუჩნდნენ გივი ამილახვრის , შანშე ქსნის ერისთავის და სხვათა სახით. გივი ამილახვარი ერთ ხანს მერყეობდა, მაგრამ ნადირი მას მაინც უპატიოდ მოეპყრა, დაიჭირა და აიძულა მისთვის თავისი ასული მიეთხოვებინა. გივი ამილახვრის ქალი ვახტანგ მეექვსის ძმისწულ თეიმურაზზე იყო დანიშნული. როგორც ერთ იმდროინდელ, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი ცნობიდან სჩანს, ახალგაზრდა დანიშნული ნარდს თამაშობდნენ სოფელ ჭალაში, ამილახვრების სასახლეში, როცა მათთან ნადირის მიერ გაგზავნილი ჩაფრები მივიდნენ და ახალგაზრდა ქალი ჰარამხანაში წაიყვანეს. ადვილი წარმოსადგენია რა შემზარავ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ძალმომრეობა შეყვარებულ ქალ-ვაჟზე. თეიმურაზი ჩქარა ამის შემდეგ დავით გარეჯის უდაბნოში წავიდა, ბერად შესდგა და სახელოვანი მწერალი და მოღვაწე გახდა კათოლიკოს ანტონ პირველის სახელწოდებით.

ნადირმა ქართლ-კახეთში მარბიელი ჯარები გაუსია ურჩი და გამდგარი ფეოდალების მამულებს, მოაოხრებინა და მოაწვევინა მათი გლეხკაცობა, მრავალი სული გააჟლეტინა, ხოლო კიდევ მეტი ააყრევინა და ერანში გადაასახლებინა. ამის შემდეგ ის შირვანში გადავიდა, ნანგრევებად აქცია ქალაქი შამახია და საზამთროდ არეზის ნაპირას დაბანაკდა მუღანის ველზე, რათა თავისი ჯარი დაესვენებინა. საქმე ის იყო, რომ იმდროინდელი ერანელი ჯარის მოძრაობა უფრო მომთაბარე ხალხის გადასახლებას ჰგავდა; მხედართმთავრებსა და უფრო მოხელეებს თან ჰარამხანები დაჰყავდათ მთელი საოჯახო მოწყობილობით; ლაშქარს უკან სხვადასხვა საეჭვო ელემენტების ხროვა მისდევდა, რომელიც არბევდა და სძარცვავდა დაპყრობილ ტერიტორიებს. ერანელ ჯარს დიდი სატრანსპორტო საშუალებანი სჭირდებოდა აქლემების, ჯორ-ცხენების, ხარ-კამეჩების სახით. ამიტომ ეს ჯარი ლაშქრობის დროს ისეთ ადგილებზე ისვენებდა, სადაც უხვი საძოვარი იყო. მუღანის ველი კი სწორედ საუცხოო საზამთრო იალაღს წარმოადგენდა.

მუღანის ველზე მაჰმადიანთა ახალი წლის ნავრუზ ბაირამობის დღეს ასი ათასამდე კაცმა მოიყარა თავი. აქ მთელი დროებითი ქალაქი გაშენდა ბაზრებითა და ცალკე უბნებით სხვადასხვა ერებისთვის. ჯარისკაცებისა და უბრალო ხალხისათვის ნადირმა ქეჩის კარვები დაადგმევინა, ხოლო საპატიო სტუმრებისათვის, რომელთა შორის თურქეთის და რუსეთის ელჩები და ქართლ-კახეთის დიდებულნი იყვნენ, მან ლერწმის სახლები ააგებინა მდიდრულად და მხატვრულად მოფარდაგებული სპარსული ხალიჩებითა და აბრეშუმის ქსოვილებით. კიდევ უფრო მდიდრულად იყო მოწყობილი თვით ნადირის დროებითი სასახლე და უზარმაზარი კარავი, რომელიც თორმეტ მოვერცხლილ სვეტზე იყო დაყრდნობილი და გარედან წითელი და ნაცრისფერი ძვირფასი ქსოვილებით იყო შემობურული. ამ სასახლესა და კარავს არაფერი არ აკლდა, არც ნაოჭებიანი კრეტსაბმელები, არც ოქრომკედით ამოკერილი ბალიშები, არც ვერცხლისა და ფაიფურის ჭურჭელი.

ნავრუზ-ბაირამობის დღეს, მილოცვის შემდეგ, ნადირმა სტუმრებს დიდებული ნადიმი გაუმართა, რასაც სხვადასხვა სანახაობა მოჰყვა, ჯამბაზების თამაში, ფალავნების ჭიდაობა, აქლემთა ბრძოლა; დღესასწაული დასრულდა მუსიკით და აბრეშუმის ხელსახოცებით, ეჟვნებით და სატკაცუნეებით აღჭურვილი მოცეკვავეების მოხდენილი თამაშით.

მეორე დღეს ლაშქარსა და ხალხს ეუწყა, რომ ისპაჰანში მცირეწლოვანი შაჰი გარდაიცვალა. ნამდვილად ის მოკლულ იქნა ნადირის ბრძანებით. ცოტა ხნის თათბირის შემდეგ ლაშქრისა და წარჩინებულ პირთა დეპუტაციამ ნადირს სთხოვა შაჰის ტიტული და გვირგვინი მიეღო, რასაც ის მხოლოდ ფარისევლური ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა. ამასთანავე მოითხოვა, რომ ერანში არასოდეს მხარი არ დაეჭირათ სხვა დინასტიის პრეტენდენტისთვის და მისთვის ხელი არ შეეშალათ, რომ ისლამის ორი მოქიშპე სექტა, სუნიტები და შიიტები, გაეერთიანებინა. ამის შემდეგ მან თავის კარავში დიდი ზეიმით თავზე ერანის შაჰების ოქროს გვირგვინი დაიდგა. ცერემონიის დამსწრე დიდებულები, პროვინციების გამგეები, ჯარის უფროსები, ქალაქების წარმომადგენლები და სხვები მუხლზე დაეცნენ და მთავარი ყაზვინელი მოლის ლოცვის სიტყვები გაიმეორეს; ამავე დროს კი ერთ ხელს წვერზე ისვამდნენ იმის ნიშნად, რომ ჩვენი სიტყვები გულწრფელიაო. იმავე დღეს მოჭრილ იქნა ვერცხლის ფული, რომლის ერთ მხარეზე ეწერა: „დაე მსოფლიოს ეუწყოს მისი მომავალი დამპყრობელის ნადირის გამეფება“.

მუღანიდან ნადირ-შაჰი ისპაჰანში დაბრუნდა, რათა ავღანისტანი საბოლოოდ დაემორჩილებინა და იქიდან ინდოეთში გაელაშქრა, ეგრეთწოდებული დიდი მოღულის იმპერიის დასასჯელად, რომელიც ავღანელებს აქეზებდა და დახმარებას უწევდა ერანის საწინააღმდეგო ბრძოლაში.

1.8 VII. პატარა კახი ნადირ-შაჰთან

▲back to top


VII. პატარა კახი ნადირ-შაჰთან

ქართლ-კახეთიდან წასვლის წინ ნადირმა ქვეყნის გამგეებად თბილისში ერანელი სეფი ხანი დასტოვა, ხოლო თელავში თეიმურაზის ძმისწული, გამაჰმადიანებული ალი მირზა ანუ ალექსანდრე ბატონიშვილი. მათ ვერ შესძლეს ვერც წესიერების დამყარება და ვერც ხალხის გულის მონადირება. უკმაყოფილება განსაკუთრებით გაძლიერდა, როდესაც ხალხს არაჩვეულებრივად დიდი ხარკი დაადგეს და ერთგვარი სამხედრო ბეგარაც მოსთხოვეს. ამიტომ სეფი ხანმა ვითომდა მოსალაპარაკებლად გორში მიიწვია ოპოზიციური ელემენტების ხელმძღვანელები, თეიმურაზი, გივი ამილახვარი და სხვები, დაატყვევა ისინი, ხელებზე ბორკილი დაადებინა და ისპაჰანს გაისტუმრა.

ერთს თავის ლირიკულ ლექსში („თავგადასავალი“) თეიმურაზ მეორეს მოთხრობილი აქვს ეს ყველაზე დრამატიული ეპიზოდი თავისი ბიოგრაფიიდან. ტყვეებს თავისი ნებით თან გაგვყვა ხარჭაშნელი ეპისკოპოსი, რამდენიმე თავადიშვილი და რამდენიმე კახელი და ქართლელი გლეხიო. როცა ისპაჰანში ჩაგვიყვანეს, გვეგონა იმ დღესვე დაგვხოცავდნენო. მართლაც, ეს ადვილი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ერანის შაჰები, როგორც აღმოსავლეთის დესპოტებს შეეფერებოდათ, თავიანთ კეთილგანწყობილებას ადვილად სცვლიდნენ გულისწყრომაზე და იმავე ადამიანებს, რომელთაც გუშინ აბრეშუმის ხალათებით და მოვარაყებული რახტებით აჯილდოებდნენ, დღეს განუკითხავად თვალებს სთხრიდნენ, ასაჭურისებდნენ ან თავებს სჭრიდნენ.

თეიმურაზი შედარებით ადვილად გადარჩა. ნადირ-შაჰმა ის ავღანისტანში წაიყვანა, მაგრამ მოსთხოვა, რომ კახეთიდან თავისი ქალ-ვაჟი, ერეკლე და ქეთევანი დაებარებინა:

თვით გეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი;
გამომართვა ქალი პირმზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,
ძმისწულს მისცა შესართავად, კვლავ ბოძებას აღარ ველი,
და მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი.
იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია,
სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია,
ვაჟსა უწოდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი ხარია,
და იგ თვით იახლა, მე დავრჩი სიცოცხლე დასაზარია,

თეიმურაზ II. თავგადასავალი

გარდა ამ ლექსისა დღემდე შენახულია თეიმურაზის წერილი სპარსეთიდან ერეკლე ბატონიშვილისადმი მოწერილი, რომელსაც ნაკლებ დრამატიული ტონი აქვს: „სასურველო ძეო ჩემო! სადაც ბოროტი შეგვემთხვის, იქ სიკეთეც მოგველის. იძულებით მოგიწერ ესრეთ, რომ შაჰსა სურს განთავისუფლება ჩემი ტყვეობისაგან, გარნა მხოლოდ ითხოვს მოსვლას შენსა და რათა თანა წარმოიყვანო ასული ჩემი და დაი შენი ქეთევან. მხოლოდ მოსვლაი შენი აქა, სპარსეთად, მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისაგან. ესრეთია ნება შაჰისა“.

ისევე, როგორც თვით თეიმურაზს, ერეკლე ბატონიშვილსაც ერანში თავადიშვილებს გარდა თან რამდენიმე ქართლკახელი გლეხიც ხლებია. დამახასიათებელია, რომ მის ამალაში ოთხი ერთგული თათარიც ყოფილა, ერთი მეუზანგე, ერთი მალემსრბოლი ანუ შათირი, ერთი შინამოსამსახურე და ერთიც თარჯიმანი.

ყანდარის ციხის აღების შემდეგ ნადირ-შაჰმა საქართველოში გამოაბრუნა თეიმურაზი და მისი თანმხლებნი, ხოლო თვრამეტი წლის ერეკლე თან წაიყვანა ინდოეთის ექსპედიციაში. იმ დროს ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ეჭირა უზარმაზარ, უმდიდრეს მოღულის იმპერიას, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში დაარსებულ იქნა თემურლენგის შვილიშვილის ბაბერის მიერ. ეს იმპერია ერთხანს ძლიერსა და შედარებით კეთილმოწყობილ სახელმწიფოს წარმოადგენდა, მაგრამ ნადირ-შაჰის დროს დაქვეითებისა და დაშლის გზაზე იყო შემდგარი. დიდი მოღულის იმპერიის სატახტო ქალაქი იყო შახჯანაბადი ანუ დელი, რომლის ზღაპრული სიმდიდრე კარგად იყო ცნობილი როგორც ნადირ-შაჰისა, ისე მისი ჯარისკაცებისთვის. თუ ნადირ-შაჰის ჯარმა, რომელიც თანამედროვეების ცნობით თითქო 180 ათას კაცს უდრიდა, შედარებით ადვილად აიტანა ამ უჩვეულო ლაშქრობის გაჭირვება, სიცივისა და სიცხის ცვალებადობა მთებსა და უდაბნოებში, საჭმელ-სასმელის ნაკლებობა, ველური მთიელების მოულოდნელი თავდასხმები, უხიდო მდინარეების გადალახვა და, ბოლოს, მრავალრიცხოვანი მტრის ჯარის წინააღმდეგობა დასძლია, ეს ნაწილობრივ იმით აიხსნებოდა, რომ ერანელ ჯარისკაცებს ინდოეთის სიმდიდრე იზიდავდა და მათ იმედი ჰქონდათ დელის აღების შემდეგ შინ დიდი ნადავლით დავბრუნდებითო.

თავისი ჯარის ერთი ნაწილი ნადირ-შაჰს გზაზე გაეჟლიტა ავადმყოფობის გამო ან წვრილ-წვრილ შეტაკებებში, ასე რომ დელისთან, სადაც მას გადამწყვეტი ბრძოლა მოელოდა, მხოლოდ ოთხმოცდაათი ათასი კაცი მიჰყვა. ამის წინააღმდეგ დიდმა მოღულმა, თუ იმდროინდელ ცნობებს დაეჯერება, თითქო 340 ათასი კაცი გამოიყვანა სამასი ზარბაზნით. ამრიგად ერანელებს, რომელთაც კარგა ხანია დაკარგული ჰქონდათ ძველი სამხედრო სიქველე და წინა პერიოდებში სრულიადაც ვაჟკაცობით არ იყვნენ ცნობილნი, თითქმის ოთხჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან უხდებოდათ შეტაკება. მაგრამ ნადირ-შაჰმა გაამართლა ნაპოლეონის აფორიზმი, სჯობია ცხვრების ფარა, რომელსაც ლომები მეთაურობენ, ვიდრე ლომების ჯოგი, რომელსაც ცხვრები მეთაურობენო.

დელის ჯარის ყველაზე საშიშ ნაწილს მისი ავანგარდი წარმოადგენდა, ორი ათასი სპილო, რომელნიც მძიმედ მოაბიჯებდნენ ჯარის წინ და, როცა ბრძოლის ცეცხლში გააფთრდებოდნენ, საშინელი განადგურების გამოწვევა შეეძლოთ. ნადირ-შაჰმა თავისი ჯარი ისე გააწყო, რომ თუ პირველ რიგში დაყენებული მძიმე ცხენოსანი მხედრობა შედრკებოდა, მისი შეჩერება მეორე რიგში მდგომარე მძიმე ქვეითა ჯარს შეძლებოდა, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ ბახტიარების და ქართველების საუკეთესო რაზმებით იყო გამაგრებული, ხოლო მესამე რიგში მან სხვადასხვა მთიელი ხალხის სათადარიგო ნაწილები დააყენა. პირველსა და მეორე რიგს შორის ნადირმა აქლემები დაარაზმინა, მათ ზურგზე მანგლები ჰქონდათ მიმაგრებული. პირველი რიგის სარდლობა თვით შაჰმა იკისრა, ის ავანგარდში დადგა საომრად შეჯავშნული.

როგორც კი ინდოელების მოწინავე რაზმები თავიანთი სპილოებითურთ ერანელთა ჯარს მიუახლოვდნენ, ნადირშაჰმა ნიშანი მისცა, რომ აქლემების ზურგზე მიმაგრებული მანგლები აენთოთ. გამწარებული ცხოველები საშინელი ღრიალით ინდოელების მოწინავე რაზმებში შეიჭრნენ; ამ მოულოდნელი ლამპრობის დანახვამ სპილოები დააფრთხო და უკან აბრუნებინა პირი. ამრიგად ინდოელების ჯარის მოწინავე კორპუსი აირია, დაიშალა, და ნადირ-შაჰის კავალერიას შესაძლებლობა მიეცა მტრის შუაგულში შეჭრილიყო და გამანადგურებელი ხოცვა-ჟლეტა მოეხდინა. სპარსელებმა ინდოელებს დიდძალი საჭურველი და სპილოების ორი მესამედი წაართვეს. ამის შემდეგ მათ გზა გაეხსნათ დიდი მოღულის სატახტო ქალაქისკენ.

„მაღალი ღმერთის მიერ შექმნილი სამეფოები და გზები ისევე ადვილად ჰქრებიან, როგორც ზღვის ტალღების ზედაპირზე მოსრიალე წყლის ქაფი“, სწერდა ამ გამარჯვების შემდეგ ნადირ-შაჰი თავის ვაჟს. შახჯანაბადში ანუ დელიში ნადირ-შაჰს თავდაპირველად არ გამოუჩენია სიმკაცრე. მან განაიარაღებინა მოწინააღმდეგის ჯარი, დიდი კონტრიბუცია დაადო მოსახლეობას, მაგრამ ერანელ ჯარისკაცებს ქალაქი არ დაარბევინა და დიდ მოღულს ტახტი არ წაართვა; მხოლოდ მოსთხოვა, რომ თავისი ქალიშვილი მისი ვაჟი ნასრულა მირზასთვის მიეთხოვებინა. რადგან საქმრო მეფური გვარისა არ იყო, დელის ქედმაღალმა არისტოკრატიამ თავისი მოსაზრებანი გამოსთქვა ამ ქორწინების წინააღმდეგ; მაგრამ ნადირმა მკვეთრად ბოლო მოუღო მათ წინააღმდეგობას: „ნასრულა მირზას არავითარი კეთილშობილი წარმოშობა არ სჭირდება, ის ჩემი მახვილის შვილია!“

ახლად დაპყრობილი სატახტო ქალაქის ცხოვრების მშვიდობიანი მიმდინარეობა ჩქარა დაარღვია შეთქმულებამ, რომელიც შახჯანაბადელებმა ერანის შაჰის წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ შეთქმულების აღმოჩენას საშინელი რისხვა მოჰყვა შაჰ-ნადირის მხრით: მან თავისი ჯარისკაცები შეუსია ქალაქს, გააძარცვინა ის და მრავალი ხალხი გააჟლეტინა. იმპერატორის სასახლის სარდაფები სავსე აღმოჩნდა ალმასებითა, ლალებით, იაგუნდებით, ოქრო-ვერცხლის ნივთებითა და ძვირფასი ქსოვილებით; ეს ყველაფერი შაჰის ხელში გადავიდა. სხვათა შორის, ის დაეპატრონა ოქროს სვეტებიან ტახტს ხელოვნური ფარშავანგის ბალდახინით; მისი ფასი, იმდროინდელი მემატიანეს თქმით, მთელი ინდოეთის სიმდიდრეს უდრიდა, მისი ქვების ელვარება ისეთი ძლიერი იყო, რომ ბნელ ოთახს გაანათებდაო. ამის შემდეგ ნადავლით დატვირთული ერანელი ჯარი სამშობლოსკენ გამობრუნდა, მაგრამ შინ ბევრი ვერაფერი მიიტანა უგზოობისა, უამინდობისა და პარტიზანების თავდასხმების გამო.

მთელი ამ ხანგრძლივი და მძიმე ლაშქრობის დროს ერეკლე გვერდით ახლდა ნადირ-შაჰს. ის დარწმუნდა, რომ მხედართმთავარი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს უბრალო ჯარისკაცის ერთგულებასა და სიყვარულს, თუ მის ლხინსა და ჭირს გაინაწილებს; მან დაინახა აგრეთვე, როგორ შეიძლება შედარებით მცირე ძალებით მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხება.

თავის დისადმი მიმართულ წერილში ერეკლეს წერილი აქვს ამ ლაშქრობის ზოგიერთი მომენტი; ეს წერილი დიდად საყურადღებოა, როგორც ისტორიული და ადამიანური დოკუმენტი. განსაკუთრებით საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის აწერა: დელის ჯარის ერთ-ერთი სარდალი, ნასარ-ხანი, ხაიბერის უღელტეხილს იცავდა; ის დარწმუნებული იყო, რომ ნადირი უღელტეხილზე გადავიდოდა და პირდაპირ შეებრძოლებოდა მას; ერანელების კავალერიამ კი ნადირის წინამძღოლობით თვრამეტი საათის განმავლობაში მთების ბილიკებით ოთხმოცი კილომეტრი განვლო და უკან მოექცა ხაიბერის დამცველ ჯარს. ეს ოპერაცია ღამით დაიწყო, ნადირს ლამპრებით უნათებდნენ გზას. ერეკლე თავის დას სწერს: „ჩემო ბატონიშვილო ანა, შენი ურგები, უმსახურო და უსიამოვნო ბატონიშვილი ერეკლე ლამაზ თვალებზე და პირზე კოცნას გაკადრებ. მერე წიგნები მოგეწერათ თექვსმეტ ქრისტეშობისთვეს, ენკენისთვეს მოგვივიდა. ასე გებრძანათ, რომ შენის წიგნის მოსვლაში კინაღამ გავგიჟდითო... სხვა აქაური ამბავი ეს მოგახსენო, რომ ავალი რომ შარშან წამოვიდა გიორგობისთვეს თუ, არ ვიცი, ღვინობისთვეს, იმ მანძილიდან ორი დღე გამოვიარეთ და მესამეს მანძილიდამ დილაზე ავიყარენით. ოთხი აღაჯი გამოვიარეთ და ჩამოვხდით. ნახევარი რომ ჯერ არ გამოსულიყო, დაიძახეს, ყაენი შეჯდაო. სანამ ან ჯარისკაცი, ან ჩვენ მოვემზადებოდით, ყაენს ორი აღაჯი გაევლო. შევსხედით ჩვენცა საღამოზედ და ღამით წინდაწინ გაგვესწრო ხელმწიფისათვის... ჩვენ რომ ხელმწიფისგან წინ გვნახეს, დაგვაყენეს, რომ ხელმწიფესთან იარეთ თქვენაო. ამაში უკან სამი მაშხალა გამოჩნდა. დავდეგით, მოუცადეთ, და ხელმწიფეც მობრძანდა და იმისი თიფში გავერიენით. დავიწყეთ სიარული; იმ ღამეს მთვარეც იყო და მივადეგით ერთს უგზოს მთასა და კლდეს. ოცდაათი ათასი კაცი შემოვედიო ვიწროში, რომ ორი-სამი ურემი ალაგ-ალაგ თუ გაიმართებოდა. ერთი ასეთი ციოდა, რომ თითქმის დაგვახმო, ცხენი და კაცი დაგუბდის ამ ვიწროში. ეს ჯარი დავდეგით ამ სიცივეში და იძახიან: ალლა! ალლა!.. იმ ღამეს ვიარეთ; მეორე დღეს რომ დასამხრდა, ყაენს კაცი მოუვიდა, რომ ნასარ-ხან დავიჭირეთო და ჯარი გაექცივათ... იმ საღამოს სპილოს სანახავად წაველ მე, და ყაენმა დამინახა: ნასარ-ხანის კარავსა და ფარდაში ბრძანდებოდა; დამიძახა და მიბრძანა, შენც წამოსულხარო? მე მოვახსენე, მაშ ვისთან უნდა დავმდგა. რიყავ მეთქი; მიბრძანა, ბარაქალა, კარგი გიქნიაო. წინ ქორები უსხდა, რომელიც გინდა აიყვანეო. მიველ, ერთი ქორი ავიყვანე. მიბრძანა, კარგა გააძღობდეო. თავი დავუკარ და წამოვე. ერთ წყალს გავედით, იმან ბევრი საქონელი წაახდინა ჯარისა; იმ წყალის იქით ერთი ქალაქი იყო, საჰრაინი დი ჰქვიან, იმის გვერდზე დადგა ხელმწიფე; დაუძახა ყოველსა სარქარდებს4, მიმბაშს, უზბაშს და დაღაბაშს, უბრძანა ბევრი კაი სიტყვა იმედიანი, ჯერ წყალობა და ბოლოს ეს უბრძანა: აქედან რომ კიდეც გაიქცეთ, სად გაქვსთ გზა რომ მორჩეთო; ისევ ნამუსიანად დავიხოცნეთ, ისი სჯობსო. ჯარმაც კაი სიტყვა მოახსენეს, ღვთით და თქვენი დოვლათით თქვენ ბედნიერს ალამს ვერ დაუდგებიან ისინიო“.

ერეკლეს წერილი თავდება შახჯანაბადის აღების და იქ მომხდარი აჯანყების და უკან დაბრუნების აღწერით: „ის ჯანაბათი დაიქცა. მას უკან ჩვენც წამოვედით თავიანთ სახლებში. მესამე ღამეს ერთი თქრიალი და თოფის სროლა მოხდა. თურმე გვიღალატეს. ხელმწიფე შეჯდა და ერთი ოქროს მეჩითი იყო, ჩარდახი ჰქონდა და იქ დაბრძანდა და ყათლანი8 ბრძანა იმ ქალაქისა. ღმერთმა იმდენი ღვთის წყალობა მოგცეს, რამდენი კაცი, დედაკაცი და ყმაწვილი იქ მოკლეს... რაც კი უნდოდათ, ჯავაირი9 მე, ფლური, ოქრო, ვერცხლი, თუ კი რაც კაცს უნდა, ყოვლისფრით აივსნენ. ოთხ მაისს ხელმწიფე გამოდგა, ხუთასი სპილო შიგ დარჩეული წამოასხა და ხაზინა რაღა მოგახსენო... დადგა სიცხე, დიაღ ნამეტნავად შეგვაჭირვა; მე ჩქარა გამოვიარე და ურდოში რომ შემოველ, დამიწყო გულის სუსტობა და ერთი ბეწვი გამიწყდა, რომ ცხენიდამ არ გადმოვარდი და ჩემთან ჯიმშერის მეტი არავინ იყო... მას უკან ათეგის წყალზე მოვედით, ჯერ იმ მანძილზე ალი მირზას ასი თუმანი უბოძა და მეც ორმოცდაათი თუმანი მიბოძა და მასუკან ჩვენი ხანიც ნახა და თითო ცხენიც კიდევ გვიბოძა“.

ინდოეთიდან ერანში დაბრუნებისას ნადირ-შაჰი იძულებული გახდა თავისი ჯარის ერთი ნაწილით პირდაპირი გზიდან მარცხნივ გადაეხვია, რათა სინდეთში შეჭრილიყო და მისი მფლობელი დაესაჯა ურჩობისთვის. ეს პატარა სახელმწიფო დელის იმპერიაში შედიოდა როგორც მისი ვასალური ნაწილი, მაგრამ მისი მფლობელი უარს ამბობდა როგორც კონტრიბუციის გადახდაზე, ისე ერანელი ჯარისთვის რაიმე დახმარების გაწევაზე მისი უკან დაბრუნების დროს. ნადირს და მის ჯარს თავდაპირველად უდაბნოში მოუხდათ მოძრაობა. აქ მათ ერთ ადგილას გზის პირზე აღმართული ქვის სვეტი შეხვდათ, ზედ კერპი იყო გამოქანდაკებული შემდეგი წარწერით: „უკუნითი უკუნისამდე შვილებით და სახლებით წყეულ იყოს ის, ვინც ამ სვეტს გადააბიჯებს“. ამ წარწერამ შეაშფოთა ცრუმორწმუნე ერანელი ლაშქარი, და ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს ადგილიდან დაძვრაზე. ნადირშაჰს ვერაფერმა უშველა, ვერც მჭერმეტყველებამ, ვერც წყრომამ. მაშინ მასთან მივიდა ერეკლე და უთხრა: „აქ არაფერია დასაღონებელი. ამოვიღოთ და დავშალოთ ეს სვეტი, ზურგზე დავადგათ სპილოებს და წინ გავირეკოთ. ამრიგად ზედ წარწერილი წყევლა არავის არ დაატყდება თავს, ვინაიდან არც ერთი ჯარისკაცი მას არ გადალახავს“. ამ წინადადებამ აღტაცება გამოიწვია ნადირ-შაჰში და მან მაშინვე განახორციელა ის, რის შემდეგაც ერანელების ჯარი დაუბრკოლებლად შევიდა სინდეთში.

ინდოეთ-სინდეთის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ნადირ-შაჰმა უხვად დაჯილდოებული ერეკლე და მისი მცირე ამალა სამშობლოში გამოისტუმრა. ექვსი თვის მოგზაურობის შემდეგ კახეთის უფლისწული 1739 წლის დეკემბრის ცამეტს, ღამის ოთხ საათზე, ალავერდში მოვიდა.

1.9 VIII. შანშე ერისთავი

▲back to top


VIII. შანშე ერისთავი

ამ დროს აღმოსავლეთი საქართველო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გავლენიანი ფეოდალების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ქსნის ერისთავი შანშე, ცვალებადი წარმატებით ბრძოლას განაგრძობდა ნადირ-შაჰის მიერ თბილისში დადგენილი მთავრობის წინააღმდეგ. ამ მთავრობას ავტორიტეტი არ ჰქონდა, ვინაიდან მას ან საქმეში ნაკლებ ჩახედული და ადგილობრივ ვითარების უმეცარი ერანელი ხანები მეთაურობდნენ ან რენეგატი ქართველები. მის მთავარ დასაყრდენ ძალას კი თბილისის ციხეში მდგომარე ყიზილბაშთა გარნიზონი წარმოადგენდა. ერთი ტრაგიკული ეპიზოდი ამ ბრძოლის ისტორიიდან ნათელ წარმოდგენას იძლევა იმ პოლიტიკურ და ზნეობრივ ანარქიაზე, რომლითაც იმ დროს ქართლ-კახეთი იყო მოცული.

ურჩი შანშე ერისთავის დასამორჩილებლად თბილისის ხანმა ჯარი შეუსია ქსნის საერისთავოს, დაარბია მისი ყმები, აიღო მისი ციხე-სიმაგრეები და თვით შანშე ერისთავი აიძულა რუსეთში გაქცეულიყო დახმარების სათხოვნელად. ქსნის საერისთავოს მფლობელს ჰყავდა უმცროსი ძმა, რომელმაც რუსების დახმარების ამაო მოლოდინში ერთხანს კიდევ განაგრძო ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლა, შემდეგ კი იძულებული გახდა მთელი თავისი ოჯახით კახეთში გაქცეულიყო. მაგრამ ლტოლვილთ, საუბედუროდ, არაგვის საერისთავოზე უნდა გაევლოთ, არაგვის ერისთავი უთრუთი კი თბილისის ხანის მომხრე და მეგობარი იყო. ის თავის სტუმრებსა, ერანელ მხედრებსა და მოხელეებთან ერთად, ბაზალეთის ტბის მიდამოებში ნადირობდა, როდესაც თვალი მოჰკრა მცირე ამალით კახეთისკენ მიმავალ ქსნის ერისთვის ცოლს. მან ეს ქალი დაატყვევა და ყიზილბაშებს გადასცა, რითაც დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელს ქართლ-კახეთში, ვინაიდან დიაცის მანდილის შეურაცხყოფა ქართველობას ყოველთვის უდიდეს დანაშაულობად მიაჩნდა.

რუსეთიდან უკან დაბრუნებული შანშე ერისთავის შურისძიება შემზარავი იყო. მან დაიქირავა ლეკის ჯარი, რომლის რიცხვი, იმდროინდელი ცნობით, თითქო თორმეტ ათასს აღწევდა, დაარბია და დაატყვევა არაგვის ერისთავთა ყმები და, ბოლოს, ალყა შემოარტყა მის მთავარ რეზიდენციას, ანანურის ციხეს, სადაც უთრუთი ჩაიკეტა თავისი ძმებითა და ოჯახითურთ. ანანურის ციხისმცველმა რაზმმა სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა გაუწია საალყო ლეკის ჯარს. „არ ავად იყვნენ შიგნით მყოფნი ციხისანი, იმდონი ლეკი ამოსწყვიტეს, რომ მკვდრის სანგარს ივლებდნენ ლეკნი და ეგრე იბრძოდეს“, ამბობს იმდროინდელი მემატიანე. პრიმიტიულად შეიარაღებული ლეკის ჯარისთვის ანანურის ციხე ძნელად ასაღები აღმოჩნდა. მაშინ შანშე ერისთავმა თავის კაცებს მოაძებნინა იმ მილის სათავე, რომელიც წყალს აწვდიდა ანანურის ციხეს და გადააჭრევინა ის. რადგან ზაფხული იყო, ციხეში მყოფნი დიდად შეწუხდნენ. უთრუთ ერისთავის ერთი ძმა დაენდო უვნებლობის ფიცს და რამდენიმე კაცით ციხიდან გამოვიდა, მაგრამ ისინი დახოცეს. თვით უთრუთი თავისი ცოლშვილით „შეუპოვარს კოშკში“ ავიდა და იქიდან სცადა უკანასკნელი წინააღმდეგობა გაეწია. შანშე ერისთავმა თავის ჯარისკაცებს შეშა და წალამი მოაგროვებინა, კოშკს გარშემო შემოაწყობინა და ცეცხლი წააკიდებინა. შიგ მყოფნი კვამლში ამოიხრჩვნენ და კოშკის ხის ნაწილებთან ერთად ჩაშვავდნენ. ანანურიდან ლეკის ჯარი ქვემო ქართლში გადავიდა და დმანისის ციხეს მიადგა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა ციხიდან გამოსულ ქართველ ჯართან შეტაკებაში. მეციხოვნეებმა მრავალი ლეკი დაატყვევეს. გადარჩენილმა ლეკის რაზმებმა თავი მოიყარეს და ქსნის ხეობაში ავიდნენ, რათა ახალგორიდან იქ შენახული საქონელი წაეღოთ და ტყვეები წაესხათ. მაგრამ ახმეტასთან მათ თბილისიდან დადევნებული ყიზილბაშთა ჯარი დაეწია, მათი რაზმები გაჰფანტა და გაჟლიტა, ხოლო ნადავლი დაატოვებინა.

ახლა მოვიდა ჯერი ქსნის ერისთავის შანშეს დასჯისა. მას უღალატა მისმა შვილმა იოანემ, რომელიც თბილისის ხანს ეახლა და მისგან თანამდებობა და შესაფერი ჯამაგირი მიიღო. მის წინააღმდეგ ამხედრდნენ სხვა გავლენიანი ფეოდალებიც, მათ შორის ზვიადი და ენერგიული გივი ამილახვარი, რომელსაც ნადირ-შაჰმა ქსნის საერისთავო უბოძა და ინდოელი და ავღანელი ჯარისკაცები მოაშველა. „ოთხე სულთანი ექვსი ათასი კაცით შემოვიდა ქალაქსა თბილისსა, სწერს პაპუნა ორბელიანი: შემდგომად ამისა მოიწივნენ ჯარი ავღანისა; იყვნეს კაცნი შავნი და დუხჭირნი, შიშველნი; მცირე რამ საბლარდნელი ეფარათ ტანსა ზედა, ვითარცა ზერდაგი, გინა ზეწარი ჩამოეფარათ თავსა ზედა მსგავსად დედათა ფხოველთასა“.

ეს ახლადმოსული ჯარი, ყიზილბაშების რაზმებთან ერთად, გივი ამილახვრის და თბილისის ხანის მეთაურობით შეესია ქსნის საერისთავოს, მოსწვა და ააოხრა მთელი ეს კუთხე, ურიცხვი გლეხკაცობა დაატყვევა ან გასწყვიტა, ციხე-კოშკები და შენობები დაანგრია და, ბოლოს, მიადგა აწერის ციხეს, სადაც შანშე ერისთავმა შეაფარა თავი ცოლშვილითურთ. შანშემ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შესძლო და ღამით ძმით და რამდენიმე კაცით ბორჯომის ხეობისკენ გაიპარა, ხოლო იქიდან ახალციხის ფაშასთან მივიდა, რომელმაც ის პატივით მიიღო. გათენებისას ერანის ჯარმა აწერის ციხე აიღო და დაარბია; შიგ ვერც შანშე ერისთავი აღმოაჩინა და ვერც მისი ცოლი, იმიტომ რომ ამ ქალს უბრალო ტანისამოსი ჩაეცვა და თავის ყმებში გარეულიყო, მაგრამ ის ერთმა თავადიშვილმა იცნო და გასცა; მაშინვე დაატყვევეს და თბილისში გამოგზავნეს.

„გაგზავნეს ჩაფარი ნადირ-შაჰთან და აცნობეს ყოველივე ყოფილი. იამა ხელმწიფეს დაჭერა ქსნისა და უიმედა ყოველთა წყალობა. უბოძა
რაყიმი: რაც ტყვე იყოსო, სულ ავღნის ჯარს მიეცითო. იყო ტყვე დიდი და პატარა ცხრაასე. მისცეს სრულიად ჯარსა ავღნისასა. იყო ტირილი და ვაება ტყვეთაგან; ეგრეც წუხდიან ქრისტიანენი და ვისაც ძალედვა, იხსნიდიან და განუტევნიან. ასე გაიაფდა ტყვე, რომ თითოს ვაჟკაცს ოროლ მინალთუნად იძლევდიან; რომელიც არ გაუვიდისთ, ცხვრულებ ყელსა სჭრიდიან და ზოგს წყალში ყრიდიან“ (პაპუნა ორბელიანი).

ნადირ-შაჰმა თურქეთის მთავრობასთან და ახალციხის ფაშასთან საგანგებო მოლაპარაკება გამართა ლტოლვილ ქსნის ერისთავის უკან დაბრუნების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ დახმარებას გაუწევდა იმერეთის მეფეს ალექსანდრეს, რომელიც იმერეთის ფეოდალებს ტახტიდან გადაეგდოთ თურქების დახმარებით და თბილისში იმყოფებოდა. რადგან სტამბოლის მთავრობას არ უნდოდა შაჰთან ურთიერთობა გაემწვავებინა ასეთი პატარა საქმის გამო, მან ახალციხის ფაშას უბრძანა შანშე ერისთავი და მისი ძმა გაეცა. ეს რომ ერისთავებმა გაიგეს, ციხეში შეცვივდნენ და ენგიჩარების რაზმს შეეხიზნენ. ენგიჩარებს არ უნდოდათ მათ გაცემა, მაგრამ ციხეში თვით ფაშა მივიდა, ორივე ძმა და მათი კაცები ძალით გამოაყვანინა და კისერზე ხუნდდადებულნი და ხელ-ფეხ შებორკილნი თბილისში გაგზავნა. თბელისიდან შანშე ერისთავი და მისი ძმა დარუბანდში გაისტუმრეს, სადაც იმ დროს ნადირ-შაჰი იმყოფებოდა; შანშე ერისთავმა მოინდომა თავის გამართლება, მაგრამ ნადირმა არ მოუსმინა. მან ის ხორასანში გაგზავნა, სადაც მას, გზიდან გაქცევის ცდის შემდეგ, ჯერ თვალები დასთხარეს და შემდეგ მისი ცოლი მიჰგვარეს

1.10 IX. გივი ამილახვრის აჯანყება

▲back to top


IX. გივი ამილახვრის აჯანყება

შანშე ერისთავის დამარცხების შემდეგ ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარი თავის ვექილად ანუ რწმუნებულად დანიშნა ქართლში; მაგრამ ქვეყნის დამშვიდება ვერც ამ ახალმა მმართველმა შესძლო.

ნადირს განუწყვეტლივ ომის წარმოება უხდებოდა, რის გამოც ის დიდ მოთხოვნილებას უყენებდა როგორც თავის სახელმწიფოს ცოცხალ ადამიანურ ძალებს, ისე მატერიალური სიმდიდრის მარაგს. მართალია, შაჰი ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის აყვავებაზეც და ამ მიზნით მან ინდოეთიდან იქაური ხელოსნები წამოასხა და სპარსეთის ყურესა და კასპიის ზღვაზე კომერციული ფლოტის დაარსებაც კი განიზრახა, ამას გარდა ის შეეცადა აელაგმა ავაზაკთა ბრბოები, რომელნიც ერანში დათარეშობდნენ და ქარავნებს სძარცვავდნენ. მაგრამ სამხედრო ხარჯების არაჩვეულებრივი ზრდა შეუძლებელს ხდიდა ნორმალურ მშვიდობიან მშენებლობას. ამასთანავე კასპიის ზღვაზე და მის სანაპირო. ადგილებზე რუსეთი სცდილობდა აღებ-მიცემის დაპატრონებას, სპარსეთის ყურის მოსაზღვრე პროვინციების ვაჭრობა კი ინგლისელებმა იგდეს ხელთ. აუტანელი გადასახადებისა, ხელისუფლებისა და მიწათმფლობელი არისტოკრატიის თვითნებობისა, უცხო კაპიტალის შემოტევის გამო ერანის მეურნეობა უიმედოდ დაავადებული იყო და მისი განკურნება არ შეიძლებოდა ინდოეთიდან და სინდეთიდან გამოტანილი ნადავლით.

ინდოეთიდან დაბრუნებისთანავე ნადირს თურქესტანისკენ მოუხდა გალაშქრება. ეს ლაშქრობაც მან ბრწყინვალედ დაასრულა. ის შეიჭრა ბუხარაში, დაამარცხა ემირი და აიძულა ის ერანთან მეგობრობის კავშირი დაედო და მისთვის მდინარე ამუდარიის სამხრეთით მდებარე ადგილები დაეთმო. ნადირი დიდად ზრუნავდა, რომ თავისი მდაბიო წარმოშობის ოჯახი სამეფო დინასტიებთან დაეკავშირებინა და ამიტომ როგორც წინათ ქართველი ბაგრატიონებისა და დელის იმპერატორები: გვარეულობას, ისე ახლა ბუხარის ემირს დაუმოყვრდა და თავისი შვილიშვილი მის ქალიშვილზე დააქორწინა.

მერანის მმართველი წრეები, განსაკუთრებით, შიიტური სამღვდელოება ნადირ-შაჰს ურჩევდა თურქეთის წინააღმდეგ გაელაშქრა და ბაღდადი და შიიტების სალოცავი ადგილი ქერბელა დაებრუნებინა. მაგრამ შაჰი წინააღუდგა ამ რჩევას. ამ დროს ის გატაცებული იყო სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა შერიგების და ერთი მსოფლიო რელიგიის შექმნის იდეით. მან სპარსულად გადაათარგმნინა სახარება, მოციქულები, ტალმუდი, რათა ქრისტიანობის და ებრაელთა რელიგიის შინაარსს გასცნობოდა. ის შეეცადა შეენელებინა შიიტური ფანატიზმი. პაპუნა ორბელიანი ამბობს: „მოვიდა ბრძანება ხელმწიფისა: რომელიც შია სუნისა სჯულსა ავად ახსენებს და ომარსა და ოსმანს შეაგინებს, ჩემისა რისხვით მოკვდებისო. ქალაქში მყოფნი ყიზილბაშნი დიდათ მჭმუნვარე იქმნეს. მაგრამ შიშითა ყაენისათა ვერას ვერ იტყოდეს“. ამას გარდა ნადირ-შაჰი არ შეუშინდა ისეთი რადიკალური ღონისძიების მიღებასაც, რომლის მსგავსიც ევროპაში მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწეებმა მიიღეს: მან მეჩითებსა და მოლებს ჩამოართვა ქონება და სახელმწიფოს ხაზინას გადასცა ის.

საერთოდ ნადირს აზროვნების თავისუფლება ახასიათებდა, მოულოდნელი მისი ეპოქის ადამიანისთვის. როცა მოლების წარმომადგენლებმა მას უთხრეს, ჩვენი ქონება იმას ხმარდება, რომ მეჩითებში ერანის კეთილდღეობისთვის ვილოცოთო, მან უპასუხა: როცა თქვენ ეს ქონება გქონდათ, ერანი დამხობის გზაზე იდგა, სჩანს უზენაესს არ შეუსმენია თქვენი ლოცვები; თუ სახელმწიფო არ დაინგრა, თქვენი ლოცვების წყალობით კი არა, ჩემი მამაცი ჯარისკაცების წყალობით მოხდა. თავის თავზე მან სთქვა: - მე უბრალო მომაკვდავი ვარ, უზენაესის მიერ მრისხანების დროს შექმნილი, რათა ამ ცოდვილ მიწაზე ვიმოგზაუროო..

თურქესტანის ლაშქრობიდან დაბრუნებული ნადირ-შაჰი თავისი ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ მას თითქო ბედმა უმუხთლა და მისი დაქვეითება დაიწყო. 1741 წლის გაზაფხულზე. მან დიდი ჯარით, რომელიც, იმდროინდელი ცნობით, თითქო ასი ათასს კაცს აღწევდა, დაღისტნის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამ დროს დაღისტნის ტერიტორიაზე რამდენიმე პატარა სამფლობელო არსებობდა, ტარკის შამხალისა, ავარიის ხანისა, ყარაკატაის უცმისა, ყაზიქუმუხის ხანისა და სხვა. გარდა ამისა მიუვალ ხეობებსა და მის კალთებზე მცხოვრები ტომები ჯერ კიდევ გვაროვნული წესწყობილების საფეხურზე იყვნენ შეჩერებული და მათ სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია არ ჰქონდათ. ტერიტორიული შეუვალობისა და ერთი მთლიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის უქონლობის გამო დაღისტნის ტომები განსაკუთრებულად საშიშნი იყვნენ მეზობლებისთვის და მათი დამორჩილება დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. დაღისტნის მფლობელები და გვარები თავს უყრიდნენ მეტად თუ ნაკლებად მრავალრიცხოვან მარბიელ რაზმებს, რომელნიც მეზობლების ძარცვით ცხოვრობდნენ და თავიანთ იარაღს ადვილად ჰყიდდნენ იმას, ვინც მეტს შეაძლევდა.

თუმცა დაღისტნის დიდი ნაწილი ნომინალურად ერანის სახელმწიფოს ნაწილად ითვლებოდა, მაგრამ იქაურს მფლობელებს თავი დამოუკიდებლად მიაჩნდათ და ზოგიერთი მათგანი თურქეთთან სცდილობდა კავშირის გაბმას, ხოლო ზოგიერთი რუსეთის სამხედრო ხელისუფლებასთან, რომელიც უკვე ყიზლარში იყო დამკვიდრებული და სამხრეთისკენ მოიწევდა. ნადირ-შაჰს კი, ისევე როგორც მის წინათ შაჰაბაზს, ერანის ინტერესებისთვის დიდად სახიფათოდ მიაჩნდა რუსის ჯარის გადმოსვლა კავკასიის ქედს გადმოღმა. ამიტომ მას უნდოდა დაემორჩილებია და შემოემტკიცებია დაღისტანი. ამას გარდა ნადირს პირადი მოტივებიც ამოძრავებდა: ლეკებმა მოჰკლეს მისი ძმა, რომელიც დაღისტნის გამგედ იყო დანიშნული; ნადირს უნდოდა დაესაჯა მკვლელები.

ერანის ჯარმა შედარებით ადვილად მიაღწია დარუბანდს, მაგრამ შემდეგ ოპერაციების წარმოება გაუძნელდა. ლეკების პატარ-პატარა რაზმები ვიწრო ხეობებში საფარებიდან თავს ესხმოდნენ ერანელთა ჯარის ნაწილებს და დიდ ზიანს აყენებდნენ მათ. ტრანსპორტის მოუწყობლობის გამო ერანელები დაიმშნენ, თავი იჩინა ეპიდემიამ, დეზერტირობამ, იყო შემთხვევები, რომ ერანელი ჯარისკაცები თავიანთი დახოცილი ამხანაგების გვამებს სჭამდნენ. შაჰ-ნადირმა ამ ლაშქრობაში დაჰკარგა თავისი ჯარის დიდი ნაწილი და მთელი ტრანსპორტი, მაგრამ თავის მიზანს ვერ მიაღწია და გაბოროტებული დაბრუნდა ისპაჰანში.

ამ ლაშქრობამ, რომელიც ნადირ-შაჰის ერანში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა, განსაკუთრებით გამანადგურებელი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ საქართველოს ისედაც გაღატაკებული ხალხის ეკონომიურ მდგომარეობაზე. ჯერ კიდევ ამაზე ადრე ქართლ-კახეთში შაჰმა მუმეიზი, ანუ დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სტატისტიკოსი გამოგზავნა, რომელმაც მიწები საბლით გააზომინა, მოსახლეობა და პირუტყვი ააწერინა და დაბეგრა. მან გადასახადი დაადვა აგრეთვე ყოველ შენობას, ყოველ ვაზს, ყოველ ხეხილს. პაპუნა ორბელიანი ამბობს: „არასდროს ერანის ხელმწიფისაგან ქართლის ქვეყანა არ დაწერილიყო; ამა ამბავთა შინა მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა, მრავალი კაცი ვენახსა და ბაღებსა თავისი ხელით კაფიდის და აოხრებდის, ვინც დარჩა, კიდევ ამის იმედი ჰქონდათ, რომ ერთი მემკვიდრე პატრონი გამოჩნდებოდა“.

დაღისტანში ყოფნის დროს ნადირმა ქართლ-კახეთიდან მოითხოვა სურსათ-სანოვაგის მიწოდება და რამდენიმე ათაი შებმული ურმის გაგზავნა, რამაც უკვე ქართლის დამშევა გამოიწვია. „ქართლში პური ასე ძვირად იყო, რომ თქვენმა მზემ ბევრჯელ ვნახეთ ბალახის კურკას გაახმობდიან, დაფქვიდენ და იმას სჭამდენ, განაგრძობს იგივე მემატიანე: მრავალი სული ჯოხით მოკვდა; თუ პურს სადმე გასასყიდს იშოვიდენ, თავისის ხელით შვილებს აძლევდენ. მრავალი სული აიყარა ამ ქვეყნით და უცხოთა ალაგთა გარდიხვეწა. ურუმის ქვეყანა ქართლის კაცით აივსო“.

ასეთ პირობებში ქართლის ვექილმა ანუ სამოქალაქო გამგემ გივი ამილახვარმა გადასწყვიტა თბილისიდან გაპარულიყო, რათა ქართლში აჯანყების დროშა აფრიალებინა. მან თან წაიყვანა ცოლ-შვილი და რამდენიმე თანაგამზრახველი. რადგან მცხეთის ხიდი აყრილი იყო, ის მტკვარზე ნავტიკებით გადავიდა, რომელიც მას მზად დაახვედრა მის შესახვედრად გამოსულმა მისმა თანამზრახველმა არაგვის ერისთავმა. აქედან ის დუშეთში ავიდა, ქსნისა და არაგვის ხევის კაცნი შეჰყარა და ერთგულებაზე დააფიცა.


ამ აჯანყებამ დიდად შეაშფოთა თბილისის ხანი, რომელმაც დაატყვევებინა და ნარიყალის ციხეში ჩაასმევინა მეტად თუ ნაკლებად საეჭვო ქართველი დიდებულნი. ნადირ-შაჰმა დატყვევებულნი გაანთავისუფლებინა, ხოლო გივი ამილახვარს წინადადება მისცა, უკან დაბრუნდი და ყოველივეს გაპატიებო; ამილახვარმა უარი შეუთვალა. მაშინ თბილისის ხანი ერანელების ჯარით შეესია ქართლს, დასწვა მოსავალი, დაარბია მოსახლეობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე დაიკავა. გივი ამილახვარი ზემო ქართლში გადავიდა, საიდანაც ბორჯომის ხეობით კავშირი დაიჭირა ახალციხის ფაშასთან, რომელმაც მას თოფ-ზარბაზანი და ტყვია-წამალი მოაწოდა სურამის ციხის გასამაგრებლად. ამას გარდა ის მას დროგამოშვებით თურქთა რაზმებსაც აშველებდა.


მაგრამ არც სისხლდაცლილ ქართლში შეგროვებული ძა, ლები, არც თურქთა დამხმარე რაზმები საკმაო არ იყო, რომ გივი ამილახვარს ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდა ერანის საოკუპაციო ლაშქრისათვის. ამიტომ მან დაღისტნის ბელადებს მიმართა; მათ (რამდენიმე ათასი კაცი გადმოიყვანეს და გივის განკარგულებაში დააყენეს; ამ თვითნება ლეკის ჯარმა თავისი ავაზაკობით და მტაცებლობით არანაკლები ზიანი მიაყენა ქართლის მშვიდობიან გლეხკაცობას, ვიდრე ერანის ჯარი აყენებდა. ამას გარდა გივის მოლაპარაკება ჰქონდა გამართული რუსეთის ხელისუფლებასთანაც და მისი დახმარების იმედიც ჰქონდა.

გივი ამილახვრისა და მისი მომხრე ქართლელი ფეოდალების მიერ დაწყებულმა ბრძოლამ ორად გათიშა ქართლ-კახეთის მოსახლეობა: ერთი ნაწილი გივისა და ანტიერანულ პარტიას მიემხრო, მეორე — ერანის ადგილობრივ ხელისუფლებას. თავდაპირველად სასწორი ხან ერთი მებრძოლი მხარისაკენ იხრებოდა, ხან — მეორისკენ. ერანის ხელისუფლება ხან რეპრესიებს მიმართავდა ხალხის დასაშინებლად, ხან მის გულის მონადირებას ლამობდა დამთმობი პოლიტიკით. გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია კახთ ბატონის თეიმურაზის, მისი მეუღლის თამარის და ერეკლე ბატონიშვილის ერანის პარტიის მხარეზე გამოსვლამ. თეიმურაზმა გივის მომხრეებისაგან გაწმინდა ჯერ არაგვის და მერე ქსნის საერისთავო, ხოლო ერეკლე ბატონიშვილმა შედარებით მცირე ჯარით, რომელშიც ქართველებს გარდა ლეკთა რაზმებიც იმყოფებოდნენ, ცხინვალის მახლობლად დაამარცხა გივი ამილახვრის თურქ-ლეკთა შეერთებული ჯარი, რომელიც დილის ბინდ-ბუნდში მოულოდნელად თავს დაესხა მას. მადლიერმა ნადირმა თეიმურაზს ათი ათასი ოქრო გამოუგზავნა საჩუქრად.

გივი ამილახვრის და ქართლის ფეოდალების ამბოხებამ ფართო გაქანება მიიღო და ბრძოლაში უკვე თურქეთის ცენტრალური მთავრობა ჩაება აშკარად. ხონთქარმა გივი ამილახვარს დიდი ჯარი მოაშველა ახალციხელი უსუფ-ფაშის მეთაურობით, რომელსაც აგრეთვე საკმაოდ დიდი თანხა გამოატანა დაღისტანში გასაგზავნად და ლეკების გადასაბირებლად. თეიმურაზი და თბილისის ხანი გორის ციხეში გამაგრდნენ. მოწინააღმდეგეთა შეტაკება მოხდა გორსა და რუისს შუა. მართალია ამ შეტაკებაში გივიმ და ოსმალოს ფაშამ დაამარცხეს თეიმურაზი და სპარსეთის ხანი და გორის გალავნის კარებამდე სდიეს მათს ლაშქარს, მაგრამ თვით გორის ციხის აღება ვერ შესძლეს და რუისში დაბანაკდნენ.

ამის შემდეგ გივი ამილახვარი და უსუფ-ფაშა მოელაპარაკნენ ლეკების უწარჩინებულეს ბელადს მალაჩის და ოთხი ათასი ჯარისკაცით და დასარიგებელი ფულით დაღისტანში გაგზავნეს ახალი ჯარების შესაგროვებლად. ეს ამბავი გორის ციხიდან თეიმურაზმა მსწრაფლ აცნობა ერეკლე ბატონიშვილს. მან საჩქაროდ თავი მოუყარა კახელებს, შეიერთა – თბილისში დარჩენილი ყიზილბაშთა რაზმები და მალაჩის საგურამოსთან ჩაუსაფრდა, არაგვის მარცხენა ნაპირას. რადგან თურქთ-ლეკთა ჯარი ასეთ ელვისებურ მოქმედებას არ ელოდა, მან გულდამშვიდებით დაიწყო გადიდებული არაგვის ფონში გასვლა. მაშინ ერეკლე თავისი რაზმებით მოულოდნელად საფარიდან გამოვარდა და ძლიერად ეკვეთა მტერს. ოსმალებმა და ლეკებმა უკან დაიხიეს, არაგვის მარჯვენა ნაპირას სანგრები შეჰკრეს და ძლიერი თოფის სროლა ასტეხეს. „მაშინ შეუხდა ძე მეფისა ირაკლი არაგვსა და პირველ ყოველთასა თვით განვლო ფონი იგი. ხოლო მხილველთა სპათა არღა ჰრიდეს საშინელებასა წყალთასა და შეუდგნენ ყოველნი სპანი მისნი და იქმნა ბრძოლა უძლიერესი, ვინაიდან ოსმალ-ლეკნი უმეტესობდნენ; და ძლიერსა ამას ომსა შინა პირველ მიუხდა ირაკლი ძე მეფისა და დაღისტნის პირველი ბელადი მალაჩი თვით მოჰკლა. ხოლო სიკვდილსა მისსა მყის იძლივნენ ოსმალ-ლეკნი და მიჰყვნენ ესენიცა ვიდრე ქსანს გაღმა ოკმამდე და მრავალი მოსწყვიდეს და დაიჭირეს“ (ომან ხერხეულიძე).

როცა უსუფ-ფაშამ საგურამოს დამარცხების ამბავი გაიგო, მაშინვე აიყარა და ახალციხისკენ გაიქცა. გივი ამილახვარი ისევ სურამის ციხეში ჩაიკეტა. ნადირ-შაჰმა ერეკლეს ოქროს რახტით შეკაზმული ცხენი და მძიმედ მოჭედილი ხმალი გამოუგზავნა. რადგან ჩქარა ის დარწმუნდა, რომ თეიმურაზი და ერეკლე გადაუხრელად ადგნენ ერანის ორიენტაციის გეზს და მათ ერანელ ხანებსა და გამაჰმადიანებულ ბაგრატიონებზე უკეთ შეეძლოთ აღმოსავლეთი საქართველოს დამშვიდება, 1744 წელს ქართლის მეფობა თეიმურაზს მისცა და კახეთისა ერეკლეს. ამ საქმის შემზადებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა თეიმურაზის მეუღლემ თამარმა, რომელიც როგორც ეტყობა, დიდი პოლიტიკური ტაქტით იყო აღჭურვილი. ის ჯერ კიდევ ნადირ-შაჰის დაღისტანში ყოფნის დროს მასთან მივიდა, რათა მისი რისხვა გაენელებინა და გადასახადისა და ურმის ბეგრის შემსუბუქება ეთხოვნა. შაჰმა ის დიდი პატივით მიიღო და თხოვნა შეუსრულა. შემდეგ თამარი შაჰის ბრძანებით დროებით ქართლის მმართველადაც დაინიშნა. თამარმა, როგორც ვახტანგ მეექვსის კანონიერმა მემკვიდრემ, მოლაპარაკება გამართა გავლენიან თავადებთან და დაარწმუნა ისინი წინააღმდეგობა არ გაეწიათ, რომ მისი ქმარი მისი მამის ტახტზე დამჯდარიყო.

დიდი აღტაცებით შეხვდა ქართლ-კახეთი ახალგაზრდა ერეკლეს პირველ გამარჯვებათ სახელმწიფოებრივი და სამხედრო მოღვაწეობის ასპარეზზე. სხვათა შორის ამას მოწმობს ხალხური ლექსი, რომელიც, ალბათ, იმ დროსაა შეთხზული:

ერეკლე ბატონიშვილი
განა უბრალო კახია:
საგურამოში ლეკისა
ჯარი მარტო.მან დახია.

1.11 X. თეიმურაზის და გივი ამილახვრის ბრძოლა

▲back to top


X. თეიმურაზის და გივი ამილახვრის ბრძოლა

ბრწყინვალედ იდღესასწაულა თბილისმა ქრისტიანი მეფის ქალაქში შემოსვლა, რაიცა ადვილი გასაგებია, თუ გავიხსენებთ რომ ერთს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართლ-კახეთს თითქმის განუწყვეტლივ მაჰმადიანი მეფეები და გამგეები მართავდნენ. როცა თეიმურაზი ლილოდან თბილისში შემოვიდა, მას მეტეხის ხიდთან მოქალაქენი და სამღვდელო დასნი შეხვდნენ; მთელი ქალაქის ქუჩები და მოედნები მოფენილი იყო ყვავილებით და მძიმე აბრეშუმის ქსოვილებით. ზარბაზანთა გრიალისაგან ყურთასმენა აღარ იყო, ავლაბრიდან დაწყებული ქართლის კარიბჭემდე, რომელიც ქალაქის გალავანთან დაახლოებით იმ ადგილას იყო, სადაც ამჟამად პუშკინის სკვერია, მოედნები და ქუჩები მორთული და გაჩირაღდნებული იყო.

„რა გითხრა, რა სიხარული იყო ჩვენგან, სწერს იესე ოსესშვილი თავის ავტობიოგრაფიაში: ტყვეობის შიშით სამი თვე რომ სიონის აკლდამაში ვისხედით, ამოვედით. ქართველობა შეიქნა. საყდრებში თათრების შიში აღარ იყო. ვექილები, ვეზირები, მუსტაფი რომ ქართველ ბატონს მსახურებდნენ და თავს დაუკრავდნენ, გაგვიოცდის და გაგვიკვირდის. შიგნით სასახლე რომ ვნახეთ და მეფეთ მეჯლისი და დილაზედ სალამი, უცხო რამ სიხარული იყო ყმაწვილის კაცისთვის“.

როცა ეს სასიხარულო ამბავი ერეკლემ გაიგო, ისიც თავისი ამალით დიდუბეში მოვიდა, სადაც საგანგებოდ კარვები იყო გაშლილი. იქ ნადირ-შაჰის წარმომადგენელმა მას შაჰის მანიფესტი წაუკითხა და ხალათი გადააცვა. თეიმურაზი თავის ვაჟს ქალაქის კარიბჭესთან შეხვდა. დაიწყო ნადიმი და სახალხო დღესასწაული, რომელმაც რამდენიმე დღე გასტანა.

ამის შემდეგ მეფეები კახეთს გაემგზავრნენ, ვინაიდან თეიმურაზს უნდოდა, ძველი ქართული წესისამებრ, თავისი ვაჟისთვის სამეფო დაელოცა; მაგრამ საგარეჯოში მამაშვილი იძულებული გახდა ერთმანეთს დაშორებოდა: ამბავი მოვიდა, სამი ათასი ცხენოსანი ლეკი ყაზახს შეესიაო. რადგან თათრობით დასახლებული ყაზახი, ისევე როგორც ბორჩალო, ბამბაკი და შამშადილი აღმოსავლეთი საქართველოს ზღუდეს წარმოადგენდა და შემდეგ ქართლის სამეფოს ნაწილიც გახდა, მისი დაცვა თეიმურაზს აუცილებლად მიაჩნდა და ის იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. მან თბილისიდან თან წაიყვანა ქართველთა და ყიზილბაშთა ჯარი, მიუსწრო ლეკთა მარბიელ რაზმებს, დაამარცხა ისინი, ნადავლი დააყრევინა და ისევ სატახტო ქალაქში დაბრუნდა.

თეიმურაზ მეფის მთავარ საზრუნავს ფეოდალთა ოპოზიციის მოდრეკა წარმოადგენდა. მან თავდაპირველად ლმობიერი მოპყრობით, დასაჩუქრებით, დაწინაურებით შეირიგა ამ ოპოზიციის რამდენიმე გავლენიანი წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ ჯარით გაილაშქრა მისი მოუდრეკელი და ენერგიული ბელადის გივი ამილახვრის წინააღმდეგ, რომელიც კიდევ სურამის ციხეში იყო გამაგრებული. ქართლის მეფეს თან ახლდა აგრეთვე თბილისის მეციხოვნე ყიზილბაშის ჯარიც, რომელსაც ნადირ-შაჰისაგან ნაბრძანები ჰქონდა ყველაფერში თეიმურაზ მეფეს დამორჩილებოდა.

რადგან თეიმურაზმა პირდაპირი იერიშით სურამის ციხის აღება ვერ შესძლო, მან სანგრები გაათხრევინა მის გარშემო და ალყა შემოარტყა. მეციხოვნე ჯარი კარგად იყო. მომარაგებული სანოვაგითა და თოფ-იარაღითა თუ ტყვია-წამლით, მას ზარბაზნებიც ჰქონდა და დიდხანს შეეძლო თავდაცვა. მემატიანე ამბობს, ხანდახან ისეთი სროლა გაისმოდა, რომ კვამლისაგან ციხე არ სჩანდაო. რადგან თეიმურაზმა ციხე ვერ აიღო, გივი ამილახვარს მოციქული შეუგზავნა, შევრიგდეთ და ცთომილებას გაპატიებო. ამილახვარმა წინადადება მისცა, პირისპირ მოვილაპარაკოთო. მეფე ციხესთან მივიდა, კარავი დაადგმევინა და მცირედი ამალით შიგ შევიდა. ამილახვარი თავისი კაცით ციხიდან გამოვიდა და თეიმურაზს ჯვარზე შეჰფიცა, შენი ორგული არ ვიყოვო. სამაგიეროდ მეფემ ხალათი უბოძა. ამილახვარმა მოახსენა: „თქვენი სარწმუნო ვარ, მაგრამ ხელმწიფისაგან ერთი ისეთი რაყამი მომიტანე, რომ ჩემი გული შესჯერდეს და ციხეს მაშინვე მოგართმევო“. თეიმურაზმა ნადირ-შაჰთან საჩქაროდ გაგზავნა შიკრიკი. სანამ ისპაჰანიდან პასუხი მოუვიდოდა, მეციხოვნე და საალყო ჯარს შორის ერთგვარი დაძმობილება მოხდა, ლეკი, ქართველი და ყიზილბაში ჯარისკაცები ერთმანეთთან მიდიოდნენ და ვაჭრობდნენ.

ერანიდან დაბრუნებულმა შიკრიკმა შაჰის პასუხი მოიტანა: ნადირი გივი ამილახვარს ატყობინებდა, შენი დანაშაული და სისხლი ჩვენის სიმაღლისა და გაძლიერების მდომელის მეფის თეიმურაზის გულისთვის გვიპატიებიაო. შაჰი ფიცს სდებდა, თუ შემირიგდები, არაფერს გავნებო. ეს ფიცის წერილი გივი ამილახვარს შეუგზავნეს, მაგრამ მან მაინც ვერ გაბედა მოწინააღმდეგის მინდობა, ციხის კარები ჩაკეტინა და ისევ ბრძოლა განაახლა. ამის შემდეგ მას რამდენიმე მომხრე გადაუდგა, სხვათა შორის, ქართლის მთავარეპისკოპოსი კირილე, რომელიც მანამდე სურამის ციხეში იმყოფებოდა.

ბრძოლა სურამის ციხის გარშემო კიდევ გრძელდებოდა, როცა თეიმურაზის ბანაკში კახეთიდან ერეკლე მოვიდა. ის ამ დროს უკვე განშორებული იყო თავის პირველ ცოლს, ყაფლანიშვილის ქალს, რომელიც მან თვრამეტი წლის ასაკში შეირცეო. სურამის მახლობლად სოფელ ქვიშხეთში ერეკლეს დეიდა ანუკა ბატონიშვილი ცხოვრობდა, რომელიც აბაშიძეზე იყო გათხოვილი. მან იმერეთიდან გადმოაყვანინა თავის მაზლის ზაალ აბაშიძის ქალიშვილი ანა და ერეკლეს მიათხოვა. ქორწილი ქვიშხეთში გადაიხადეს, ისე რომ კახული მრავალჟამიერს სურამის ციხის ზარბაზნები აძლევდნენ ბანს. პაპუნა ორბელიანის სიტყვით რომ ვთქვათ, განისვენეს ორი დღე ლხინ-ნადიმობით, მაგრამ იყო სურამში სროლა მუდმისად ყუნბარათა და ზარბაზანთ, რომ ყურთასმენა აღარ იყვის.

რადგან სურამის ციხის აღება ძალიან დაყოვნდა, ნადირშაპმა საგანგებოდ მხატვარი გამოგზავნა, ციხის სურათი გადააღებინა და პირადად გასინჯვის შემდეგ შემოსთვალა, ციხეს ირგვლივ გალავანი შემოავლეთ და ჯარი მიუყენეთ, შიგ მყოფნი თვითვე შემოგეხვეწებიანო. როცა ამ ღონისძიებამაც არ გასჭრა, სურამის ციხეს ნაღმები მისცეს და სანახევროდ დაანგრიეს, ისე რომ მრავალი შიგ მყოფი დაიღუპა. მაშინ გივი ამილახვარმა, რომელიც არც შაჰს ენდო და არც თეიმურაზს, შემოსთვალა, თამარ დედოფალი მოვიდეს და იმას მივენდობიო. დედოფლის მისვლისთანავე გივიმ ერთგულების ფიცი მისცა მასა და თეიმურაზს, ხოლო მათგან უვნებლობის ფიცი მიიღო. ამის შემდეგ ციხის კარები გააღო. როგორც კი ნადირ-შაჰმა გივი ამილახვრის კაპიტულაციის ამბავი გაიგო, შემოსთვალა ან თვალები დასთხარეთ, ან ერანში გამოგზავნეთო, დიდად შეწუხდნენ მეფე და დედოფალი, მაგრამ შაჰის ბრძანების წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს.

გივი ამილახვარმა თვალების დათხრა ამჯობინა, ვინაიდან განსაჯა, რომ თუ ერანში გაგზავნიდნენ, სამშობლოსაც დაჰკარგავდა და თვალებსაც. თამარმა და თეიმურაზმა ის ერანში გაგზავნეს დაუბრმავებლად; ამასთანავე შაჰს სთხოვეს მისი შეცოდება ეპატიებინა.

გივი ამილახვრის ძმისწულს ალექსანდრე ამილახვარს თავის „გეორგიანულ ისტორიაში“ მოთხრობილი აქვს თავისი ბიძის დატუსაღების და ერანში წაყვანის ამბავი. ისპაჰანიდან ფარულად ორი დიდებული მოდის და თამარ დედოფალთან მოლაპარაკების შემდეგ გივისთან შედის. ის მათ კარგად ხვდება, როგორც ძველ ნაცნობებს. სპარსელები გივის ორივე მხრიდან ამოუდგებიან, ცერებზე ხელებს მოჰკიდებენ სპარსთა ჩვეულების მიხედვით და ტირილით შაჰის ბრძანებას აცნობებენ. გივი ხედავს, რომ წინააღმდეგობის გაწევა უაზრობა იქნებოდა; მან იცის, რომ ნებაყოფლობით დამორჩილებულთ სპარსელები უფრო ლმობიერად ეპყრობიან, ამიტომ გულზე ხელებს დაიკრეფს და იტყვის: აღსრულდეს დიდებული შაჰის ნება მის. ფერხთა მტვერზე გივი ამილახვარზეო. დედოფალი თამარი იმდენად შეწუხებულია, რომ გივის წინადადებას აძლევს, თან გაგყვები. ისპაჰანში, რათა შაჰს პირადად ვთხოვოთ შენი შეწყალებაო. მაგრამ გივი მას აშლევინებს, ვინძლო თვითონ მოვახერხო თავის გადარჩენაო.

ერანში მიმავალი გივი ამილახვარი გზად შეხვდა იქიდან სამშობლოში მომავალ შანშე ერისთავს, რომელიც ნადირმა გაანთავისუფლა თეიმურაზის შუამდგომლობის თანახმად, და ამ ორმა ყოფილმა მოწინააღმდეგემ, ერთმა დაბრმავებულმა, ხოლო მეორემ დაბრმავების მომლოდინემ, ერთმანეთს სამძიმარი უთხრეს და წუთისოფლის გაუტანლობა შესჩივლეს. გამოთხოვების ჟამს შანშე ერისთავს ქართული ზღაპრების სიტყვები გახსენებია: იქით მიმავალი ბევრი მინახავს, უკან დაბრუნებული კი არც ერთიო. გივი ამილახვარს უპასუხნია, შეიძლება ღმერთმა შემიბრალოს და უკან ისე არ დავბრუნდე, როგორც შენ ბრუნდებიო.

თავისი ახოვანი გარეგნობით, კეთილშობილი ქცევით და დიპლომატიური ჭკუით გივი ამილახვარმა, როგორც ეტყობა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნადირზე და ის დასჯას გადარჩა. ერთ-ერთი მომდევნო შაჰის დროს მან ყულარაღასობა, ე. ი. გვარდიის უფროსობა მიიღო და დიდძალი ქონება შეიძინა. როცა ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ დაწყებულმა არეულობამ 1749 წელს უკიდურეს მწვერვალს მიაღწია, ერანში მყოფი ქართლ-კახელნი ერთად შეიყარნენ და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ გაუჭირდათ, ვინაიდან დამშეული და გაღარიბებული იყვნენ. მაშინ გივი ამილახვარმა ყველას საზრდო და იარაღი დაურიგა, დარაზმა და წინ გამოუძღვა, რამდენჯერმე გზაში ყიზილბაშები დახვდნენ, მაგრამ, მემატიანეს ენით რომ ვთქვათ, გივი ასე ლომგულად და კაი სარდლობით მოიქცა, რომ საცა მტერი აუჩნდით, ღვთის რისხვა დასცეს და აგრე ხრმლის ძალით ქვეყანასა ქართლისათა მოვიდიან.

მოხუცებულობაში გივი ამილახვარმა მეტი ღვთისმოსავობა გამოიჩინა, ვიდრე მისი ქარიშხლიანი ახალგაზრდობის დღეებში იყო მოსალოდნელი, და თავისი შეძლების დიდი ნაწილი დანგრეული ეკლესიების განახლებას, ქართველ კათოლიკეთა დახმარებას და სხვა სათნო საქმეებს მოახმარა არა მარტო ქართლ-კახეთში, არამედ იმერეთსა და ახალციხის მხარეშიც.

1.12 XI. თეიმურაზ მეფის დაგვირგვინება

▲back to top


XI. თეიმურაზ მეფის დაგვირგვინება

გივი ამილახვრის დამარცხების შემდეგ თეიმურაზ მეორეს ქართლში მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა, და მან გადასწყვიტა ქრისტიანული წესით გვირგვინი ეკურთხებინა მცხეთის ძველ საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოველში, რისი ნებართვაც აიღო ნადირ-შაჰისაგან. მეჩვიდმეტე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მეთვრამეტე საუკუნის ორმოციან წლებამდე, როცა ქართლ-კახეთს მაჰმადიანი მეფეები ან ერანელი ხანები მართავდნენ, სპარსულმა კულტურამ განსაკუთრებით ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ქართულ კულტურაზე. ამ ზეგავლენის შემწეობით ბევრი რამ შეიცვალა თვით ხალხის ზნეჩვეულებასა და მსოფლმხედველობაშიაც, მაგრამ ის განსაკუთრებით მაღალი საზოგადოების ყოფაცხოვრებას, სალიტერატურო ენას, ხელოვნებას და სახელმწიფოს მართვაგამგეობის წესს დაეტყო. სხვათა შორის, თითქმის აღარავის ახსოვდა, როგორ უნდა მომხდარიყო მეფის დაგვირგვინება ძველი ქართული წესის მიხედვით. საჭირო გახდა კლასიკური დროის ძეგლების შესწავლა და მათში აღნიშნული განრიგების შეგუება ახალი დროის მოთხოვნილებასა და პირობებთან. ამ საქმის მოგვარება ახალგაზრდა კათოლიკოსმა ანტონი პირველმა იკისრა.

ანტონი ერეკლე მეფის მამიდაშვილი იყო და რამდენიმე დღით მასზე გვიან დაიბადა. განათლება ჯერ თავის დედის ელენეს ანუ ბეგუმის ხელმძღვანელობით მიიღო, ხოლო შემდეგ დავით გარეჯის და გელათის მონასტრებში სწავლობდა. კარგად იცოდა სპარსული და სომხური ენები, უფრო გვიან რუსული და ლათინურიც შეისწავლა. დედამისი მას ტახტისთვის ამზადებდა და, როგორც ვახტანგ მეექვსის ძმის იესეს ვაჟს, მას უფრო ერგებოდა ქართლის ტახტი, ვიდრე მის ბიძას თეიმურაზს ან ბიძაშვილ ერეკლეს; მაგრამ ანტონის ახასიათებდა უანგარობა და პატრიოტული შეგნება, რომელიც არ ჰქონია ტახტის გულისთვის ორგზის გამაჰმადიანებულ მამამისს იესეს.

ანტონი იყო ფართო ჰორიზონტის პოლიტიკური მოღვაწე, ღრმა გონებითა და რკინის ნებისყოფით აღჭურვილი; თავისი სახელმწიფოებრივი და ლიტერატურულ-მეცნიერული მოღვაწეობით მან ხელი შეუწყო არა მარტო თეიმურაზ მეორის და ერეკლე მეორის ხელისუფლების განმტკიცებას, არამედ სპარსული კულტურის ზეგავლენის შესუსტებას და ქართველი ერის მობრუნებას ნაციონალური და ქრისტიანული კულტურის ტრადიციებისკენ.

თუ ანტონ პირველის ბერად შედგომას პირადი ტრაგედია უძღოდა წინ, სახელდობრ საცოლესთან გათიშვა, მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე ის მეორე დრამატიულმა შემთხვევამ აიყვანა. ის ოცი წლისა იყო, როცა ქუთაისის მიტროპოლიტად დაინიშნა, მაგრამ ჩქარა კახეთში გადავიდა და რამდენიმე ხანი ისევ დავით გარეჯის უდაბნოში დაჰყო. თეიმურაზისა და ერეკლეს გამეფების წელს ვინმე აზნაურმა ტარიელ თაზიშვილმა თბილისში ხანჯლით კათოლიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე მოჰკლა. მკვლელი რიყისკენ გაიქცა, მაგრამ მას სატივოზე დაეწივნენ და ქვით ჩაჰქოლეს. ამის შემდეგ აიკლეს აგრეთვე მისი ახლო ნათესავები. ასეთი ტერორისტული აქტები იმ დროს საქართველოში იშვიათი მოვლენა არ იყო: მოთმინებიდან გამოსული გლეხები ხშირად ხოცდნენ ტყვეების გამყიდველ და გადაჭარბებულად მკაცრ მემამულეებს.

ქართლ-კახეთის ახალი ხელისუფალნი თეიმურაზი და ერეკლე შეეცადნენ აელაგმათ თავგასული ფეოდალები და ამრიგად ნიადაგი გამოეცალათ გლეხკაცობის ტერორისთვისაც: მათი მეფობის პირველსავე წლებში ზემო ქართლში ერთი დამახასიათებელი შემთხვევა მოხდა. თავადმა სვიმონ ამირეჯიბმა, თავისი ერთგული ხელქვეითების შემწეობით, სოფელი აბანოს გლეხებს თავს დაასხა იმერელი თავადი წერეთელი, ცოლ-შვილით აჰყარა ისინი და გაჰყიდა. აბანოელმა გლეხებმა შური იძიეს, ამირეჯიბს ჩაუსაფრდნენ და დაიჭირეს. მათი საქმე მეფის სასამართლოში გაირჩა, რომელმაც ამირეჯიბს ფულადი ჯარიმის გადახდევინება მიუსაჯა, ხოლო აყრილი გლეხები უკან დააბრუნა. და ერთ პირობის წერილში ამირეჯიბი გლეხებს აღთქმას აძლევს, დარჩენილ რვა თუმანს ამ თვის ბოლოს გაგისტუმრებთ, „თუ ამაში გიმტყუნო, ნეფე თეიმურაზის შემცოდე ვიყო, იმის შვილს ერეკლეს ხელთ დავრჩენოდე“.

თუ თავადაზნაურებისა და გლეხების ერთმანეთზე მიხდომა ხშირი მოვლენა იყო და ბატონყმობის ურთიერთობის მოუწესრიგებლობას მოწმობდა, კათოლიკოსის მოკვლა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლებოდა და გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა, იმას მოწმობდა, რომ მთელი მმართველი წრეები იყო დაავადებული და საერო არისტოკრატიის ზნეობრივი მანკი სამღვდელოებასაც ჰქონდა გადადებული. ამიტომ თეიმურაზმა და ერეკლემ თელავში მყოფ ანტონის სთხოვეს საქართველოს ეკლესიის წინამძღოლობა ეკისრნა, რაზედაც ის მხოლოდ კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ დაითანხმეს.

სანამ თავის დიდ რეფორმისტულ და გამანათლებელ მოღვაწეობას დაიწყებდა, დახურული სამონასტრო სკოლების ხელახლა გაღებას, სახელმძღვანელოების შედგენას და გადმოთარგმნას, სამღვდელოების გაწმენდას უღირსი ელემენტებისაგან, საეკლესიო სასამართლოს ორგანიზაციას, ეკლესიის დაქვემდებარებას საერო ხელისუფლებისადმი, ანტონი პირველმა საჭიროდ სცნო სათანადო ზეიმით მოეწყო მეფის კურთხევის აქტი; ამით მას, ალბათ, უნდოდა ერთგვარი გამამხნევებელი შთაბეჭდილება მოეხდინა ხალხზე, რომელიც დიდი ხანია გადაჩვეული იყო დიდი სადღესასწაულო პროცესიების ცქერას და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერაფერს ხედავდა გარდა უცხოურად გამოწყობილი მაჰმადიანი მმართველებისა, მოძალადე ყიზილბაში მეომრებისა და თვალების დათხრასა და დასაჭურისებაში დაოსტატებული ჯალათებისა. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია რა აღტაცებით შეხვდებოდნენ თბილისელები კახეთიდან კურთხევის დასასწრებლად ჩამოსულ ერეკლეს და ანა დედოფალს დარბაისლებითურთ, და შემდეგ რა ენტუზიაზმს გამოიწვევდა თვით კურთხევის ცერემონიის დანახვა მცხეთაში თავმოყრილ ხალხში.

ჭირშიც და ლხინშიც ქართველი კაცი მუდამ მზად უნდა ყოფილიყო მტრის მოსაგერიებლად და თავის დასაცავად. ამ მოგზაურობის დროსაც ერეკლე მეფესა და მის ამალას ლეკები დაესხნენ თავს. „გაერივნენ კახნი ხმალდახმალ, ვითაც კახნი მუდამ გამზადებული იყვნეს და მერე ბატონი უყურებდა; გარდუცვივდნენ დასაფრებულთა ლეკთა და რისხვა ღვთისა დასცეს, ამოწყვიტეს ლეკნი... რა მოეახლა ქალაქს მეფე ერეკლე, გაეგებნენ სრულიად ქართველნი, აგრეთვე დასნი სამღვდელონი და მოქალაქენი, შეასხეს ქება, ვითა შვენოდა. თავნი ლეკთანი წინა მოუძღოდა და ჯარი აქეთიქით დასათ მოსდევდა და თითონ მარტივად მობრძანდებო(ბა, წითელსა ტაიჭსა ჯდა“ (პაპუნა ორბელიანი).

თბილისიდან მცხეთაში სადღესასწაულოდ მიმავალი ქართველი ჯარი ოთხ სადროშოდ გაჰყვეს: პირველის მეთაურად სურამის ციხის ამღები ქაიხოსრო ორბელიანი დანიშნეს, მეორესი — კონსტანტინე მუხრანბატონი, ხოლო მესამესი — დიმიტრი ამილახვარი; მეოთხე სადროშოს თვით მეფე სარდლობდა. დიდებულთათვის მცხეთაში მდიდრულად მორთული კარვები იყო გაშლილი, მეფის კარავი ოქსინოთი იყო მოფარდაგებული. როცა თეიმურაზ მეფე თავის კარავში შევიდა, დარბაისლები ეახლნენ და ღირსების მიხედვით დასხდნენ ან დადგნენ.

კარვიდან ტაძარში მიმავალ თეიმურაზს შემოსილი სამღვდელოება შეეგება ლამპრებითა და საკმევლის კმევით; მეფეს წინ მეთოფენი მიუძღოდნენ, მისი მარჯვენა მკლავი ამირსპასალარ ქაიხოსრო ორბელიანს ეჭირა, ხოლო მარცხენა მუხრანბატონს; უკან აბჯრებით შეიარაღებული დიდიკაცის შვილები მოჰყვებოდნენ. ტაძარი სანთლებით და კელაპტრებით იყო გაჩირაღდნებული, მგალობელთა დასების გუგუნი თაღებს აზანზარებდა.

ქართველ სამღვდელოებას გარდა ეკლესიაში სომხების და კათოლიკების სამღვდელოებაც იდგა შემოსილი. შუაგულობას მომაღლოდ ორი სელი იდგა, ერთზე მეფე დასვეს, მეორეზე კათოლიკოსი დაჯდა, ხოლო მათ გვერდით თექვსმეტი მღვდელმთავარი დადგა. კათოლიკოსმა მეფეს სარწმუნოება ჰკითხა და აღთქმის ეპისტოლე წაუკითხა; ზეთის ცხებისა და ბისონ-პორფირის შემოსის შემდეგ, თავზე გვირგვინი დაახურეს, მარჯვენა ხელში სკიპტრა მისცეს, ხოლო მარცხენაში ქვეყნის სფერო. ბოლოს სამეფო ტახტზე დასვეს და ამირსპასალარმა ხმალი შემოარტყა; დაიწყო თაყვანისცემა და ხელთა თუ კვარცხლბეკთა ამბორი.

ეკლესიიდან გამოსვლისას თოფ-ზარბაზანთა გრიალი და სპილენძ-ჭურთა ცემის ხმა გაისმა. დედოფალმა და უფლისწულებმა მეფეს კარავში მიულოცეს, ქართველმა ჯარმა და ყიზილბაშებმა კი სეფაში, სადაც ოთხივე დროშა იყო ამართული. „შეიქნა ლხინი. ვითა მართებდათ ქართველთა, ეგრე გულსრულობით სიხარულს არ დააცადებდნენ, ამით რომე დიდი ხანი ქრისტიანი მეფე არა სჯდომოდათ, კურთხევით გვირგვინოსანი მეფე არა ეხილათ“ (პაპუნა ორბელიანი).

1.13 XII. ერეკლე და აბდულა

▲back to top


XII. ერეკლე და აბდულა

გეგი იმ დროს, როდესაც ქართლ-კახეთში ქრისტიანი მეფეების ტახტზე ასვლას ზეიმობდნენ, ერანი თითქო მწუხრით იყო მოცული. დაღისტნის ბედუკუღმართმა ექსპედიციამ შეარყია ნადირის ავტორიტეტი, მან მისი აღდგენა ვერ შესძლო თურქების ჯარის რამდენჯერმე დამარცხებით; მით უმეტეს რომ სულთანის წინააღმდეგ ბრძოლაში მან რაიმე ხელშესახებ შედეგებს ვერ მიაღწია.

სიბერეში ნადირ-შაჰი ეჭვიანი და მშფოთარე გახდა. უბრალო ეჭვის ნიადაგზე მან თვალები დაათხრევინა თავისი უფროსი ვაჟისთვის, ხოლო შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ მისი ეჭვი უსაფუძვლო იყო, დააბრმავებინა კარისკაცები, რომელთაც წინააღმდეგობა არ გაუწიეს უფლისწულის დაბრმავების დროს.

ხალხისა და გაბატონებული წრეების უკმაყოფილება განსაკუთრებით გააძლიერა სახელმწიფო გადასახადების უზომოდ გადიდებამ და ქონებათა კონფისკაციამ, რის შემწეობითაც ნადირი ომისაგან გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას სცდილობდა. სხვათა შორის, მან დიდი ხარკის გადახდა მოსთხოვა ქართლ-კახეთის მოსახლეობასაც და თეიმურაზსა და ერეკლესაც.

პაპუნა ორბელიანს მოთხრობილი აქვს ერთი ეპიზოდი, დიდად დამახასიათებელი ნადირ-შაჰის თავისებური ფინანსიური პოლიტიკისათვის. მან ქართლ-კახეთში თავისი იასაული გამოგზავნა და თეიმურაზთან მოვლენილი სპარსელი მოხელეები დაიბარა, რათა პირადად გამოეკითხა საქართველოს ფინანსიური მდგომარეობის შესახებ: „ქვეყანაში ან ხანებმა ან ქართლის დიდრონმა კაცებმა რა შეჭამესო. ამათ ყოველთა არა რაი იცოდეს და ვერა რა მოახსენეს რა; რაც ქართლის სახელმწიფო ხარჯი ედვა, ის როდის გამოდიოდა ან მეხუთედი, რომ მეტი ვისმე შეეჭამა. არ მოეშვა ხელმწიფე კითხვისაგან, გაუწყრა და თითო თვალი მოსთხარა. წადგა ყაზახის ვექილი, რომელი ქართლს ვექილად იჯდა და ქართველსა და კახს ბატონს და კახეთის დიდრონ კაცებს ყველას არბაბი დაუწერა. მაგრამ არც ის იყაბულა, თითონ გააკეთა არბაბი ქართლსა და კახეთზე, ორასი ათასი თუმანი დაწერა და ქართველის ვეზირს მირზა იბრეიმს, ვექილებს, ვეზირს მუსტაფას, ყველას თუ რამ ჰქონდათ წაართვა. ორისავ თვალების დათხრა ბრძანა. დასთხარეს ყველას და ეგრე ბრმანი ქართლში გაისტუმრა“.

ეს ამბავი ქართლ-კახეთის მეფეებისთვის მით უფრო მოულოდნელი იყო, რომ სულ ბოლო დრომდე შაჰი მათ მეგობოულად ეპყრობოდა. მაგალითად, როცა თამარ დედოფალი გარდაიცვალა და თეიმურაზ მეფემ ცოტა ხნის მგლოვიარობის შემდეგ, პაპუნა ორბელიანის მაღალფარდოვანი სტილით რომ ვთქვათ „ყოველთა ბანოვანთა შორის უმეტეს აღცისკრებული და მზის შარავანდედის ბნელმქმნელი“ ანა ხანუმი შეირთო, რითაც, სხვათა შორის, ერეკლეს უკმაყოფილება გამოიწვია, შაჰმა მას ქორწილის შესაწევნად დიდძალი ოქრო-ვერცხლი და ლარი გამოუგზავნა.

ადვილი წარმოსადგენია რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ქართველ ხალხზე ცალთვალა ან სრულიად დაბრმავებული მოხელეების უკან დაბრუნება და მათ მიერ მოტანილი ცნობა, რომ გაპარტახებულ ქვეყანაზე ორასი ათასი თუმანი იყო შეწერილი. იმდროინდელი სიგელ-გუჯრები მოწმობენ, როგორ იყრებოდა ქართლ-კახელი გლეხკაცობა და ტყიან და მთიან ადგილებში გარბოდა, რათა ხარჯთამკრეფელ მოხელეებს დამალოდა. თეიმურაზ მეფემაც გადაწყვიტა შაჰს განდგომოდა, თბილისიდან აიყარა და არაგვის ხეობაში გამაგრდა ანანურში. მას თან გაჰყვნენ თბილისის შეძლებული მოქალაქეები, კარისკაცები და სამღვდელოება კათოლიკოსის მეთაურობით. ერეკლე მეფემაც უარი სთქვა ხარკის გადახდაზე, თვითონ კახელი ხალხის ერთი ნაწილით კალაურის მთაზე დაბამაკდა, ხოლო დანარჩენი კახელობა ლოპოტის მთაზე, ბოჭორმის ციხეში და თიანეთში გახიზნა.

ნადირ-შაჰმა თავდაპირველად ძალის მოხმარა განიზრახა და ჯარი გამოგზავნა საქართველოს ასაკლებად. მაგრამ მას გაახსენდა, რა ძვირად უჯდებოდა ერანის ჯაოსა და ხაზინას ამა თუ იმ გამდგარი ქართველი თავადის დამორჩილება, განსაჯა ისიც, რომ გაერთიანებული ქართლ-კახეთის დამარცხება კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა და ისევ შერიგების გზა არჩია: დამსჯელი ჯარი გზიდან უკან დააბრუნა და თეიმურაზსა და ერეკლეს „სიტკბოების და წყალობის რაყამი“ მოსწერა. მხოლოდ ერეკლეს ისპაჰანში იბარებდა პირისპირ მოსალაპარაკებლად. ერეკლეს ხელახლა ერანში წასვლას თეიმურაზი წინააღუდგა: შენს მეტი ძე არ მყავს, გეყოფა რაც ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში ახლდი ხელმწიფეს, ახლა რომ რამე მოგივიდეს, ქვეყანა უპატრონოთ დარჩებაო. ერთხანს თეიმურაზი საზოგადოდ ურჩობის გაწევას ფიქრობდა შაჰისადმი, მაგრამ შეიტყო, რომ ფეოდალები მხარს არ დაუჭერდნენ; ზოგმა აშკარა ორგულობაც გამოიჩინა მეფის მიმართ, სხვები თავთავიანთ მამულში წავიდნენ და ციხეების გამაგრება დაიწყეს, რათა ერანის ჯარის მოსალოდნელი შემოსევის დროს ინდივიდუალურად გაეწიათ წინააღმდეგობა.

ამის შემდეგ თეიმურაზს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, თვითონ წავიდა ერანში, მაგრამ ნადირს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. შაჰი მის საწოლ ოთახში სპარსელმა ოფიცრებმა მოჰკლეს 1747 წელს.

ნადირი უკანასკნელი დიდი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო შაჰების ტახტზე. მისი სიკვდილის შემდეგ ერანი წელში აღარ გამართულა. როგორც ხშირად ხდებოდა აღმოსავლეთის დესპოტიებში, სადაც ზემოთ განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვილი მბრძანებელი იდგა, ხოლო ქვემოთ უფლებააყრილი, თაოსნობას მოკლებული და მონურ მორჩილებას შეჩვეული ბრბო, ამ შემთხვევაშიც ხელმწიფის სიკვდილს თვითნებობა და ანარქია მოჰყვა. უწინარეს ყოვლისა განძარცულ იქნა შაჰის სასახლე ჯერ ავღანელთა რაზმებისა, ხოლო შემდეგ ვითომდა სასახლის დასაცავად გამოწვეული სპარსელი ჯარისკაცების მიერ. მთელს ერანს მოედვნენ ავაზაკთა ბრბოები, რომელნიც შეუძლებლად ხდიდნენ ქარავნების მიმოსვლას და მშვიდობიან მუშაობას. ისპაჰანის ტახტზე სამიოდე წლის განმავლობაში რამდენიმე პრეტენდენტი დაჯდა: ისინი თავიანთ მოღვაწეობას იმით იწყებდნენ, რომ თავიანთ წინამორბედს აბრმავებდნენ ან ჰკლავდნენ, ხოლო თვითონ თავიანთი მომდევნო შაჰის მსხვერპლი ხდებოდნენ.

ბოლოს, 1750 წელს ერანში ერთგვარი წონასწორობა დამყარდა. სახელმწიფოს დიდი ნაწილი დაემორჩილა ზენდთა ტომის მეთაურს ქერიმ ხანს, რომელიც შემდეგ თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში საკმაოდ გონიერად და ჰუმანიურად მართავდა ერანს, თუმცა წერა-კითხვაც კი არ იცოდა. მან ვერ გაბედა შაჰის სახელწოდება მიეღო, ვინაიდან ზოგიერთი მნიშვნელოვანი პროვინცია დროგამოშვებით ან ხანგრძლივად ფაქტიურად დამოუკიდებელი იყო. ასე, მაგალითად, აზერბაიჯანს კარგა ხანს ნადირის თანამებრძოლი აზატ ხანი მართავდა, ხოლო ასტრაბადის მხარეს ყაჯართა გვარის მეთაური მაჰომედ ჰუსეინი.

სპარსეთის არეულობამ ქართლ-კახეთზეც მოახდინა ზეგავლენა. თბილისიდან გამგზავრების წინ თეიმურაზ მეფემ ქართლის დროებით მმართველად უკან დაბრუნებამდე ანტონ კათოლიკოსის გამაჰმადიანებული ძმა არჩილი ანუ აბდულა ბეგი დასტოვა, რომელიც იმ დროს სამშვილდის ციხეში ცხოვრობდა თავისი ჰარამხანით. როგორც კი მან სპარსეთში დაწყებული ანარქიის ამბავი გაიგო, ლორის ციხიდან ზარბაზნები და ტყვია-წამალი ჩამოატანინა, სამშვილდის ციხეს ორი დიდი ბურჯი მიაშენა, წყლის აუზი გააკეთა და ორი წლის სანოვაგე დაამზადა. ამას გარდა მან ციხეში თავი მოუყარა ლეკთა რაზმებს, მიიმხრო რამდენიმე ქვემო ქართლელი თავადიშვილი და, ბოლოს, კავშირი დაამყარა ყიზილბაშების ჯართან, რომელიც თბილისში იდგა, ნარიყალის და მეტეხის ციხეებში, ხოლო ერეკლეს მისწერა, კახეთს არ გედავები და ქართლს ნუ შემედავები, ჩემი სამკვიდროაო.

ერეკლე მეფემ ჯერ მშვიდობიანი გზით სცადა საქმის მოგვარება: აბდულა ბეგს მოციქულად თბილელი ეპისკოპოსი გაუგზავნა და სარჩოდ საბატონიშვილო მამული შესთავაზა. მაგრამ აბდულა ბეგმა ეს წინადადება უარჰყო. მაშინ ერეკლემ თვით შეაგროვა ჯარი, პირაქეთელი ლეკების რაზმები დაიქირავა და სამხედრო მოქმედება დაიწყო. მეფემ სამშვილდის ციხის აღება ვერ შესძლო, მხოლოდ თავისი მომხრე ლეკის ბელადების შემწეობით მოლაპარაკება გამართა ციხეში მყოფ ბელადებთან და ზოგიერთი მათგანი აბდულა ბეგს ჩამოაშორა. შემდეგ ჯარით თბილისში დაბრუნდა.

როგორც კი აბდულა ბეგმა დრო იხელთა, სამშვილდის ციხიდან გამოვიდა, აზერბაიჯანის მმართველ ამირ ასლან ხანთან მივიდა და რვა ათასი ავღანელი ჯარისკაცი გამოართვა ერეკლეს წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა მან სოფელ კოდას მოაღწია, ერეკლეს მოციქული გამოუგზავნა და ქალაქის დაცლა მოსთხოვა. ერეკლემ უპასუხა, სანამ სული მიდგას, ჩემი აქედან გასვლა არ იქნებაო. ქართლის თავადიშვილების უმრავლესობა ერეკლეს მიემხრო, მხოლოდ საბარათაშვილოს ჯარი აბდულა ბეგს შეუერთდა კოდასა და შინდისს შუა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ პატრიარქი ანტონი აშკარად თავისი მეამბოხე ძმის წინააღმდეგ გამოვიდა.

ერეკლემ მემარცხენე ფრთაზე ქიზიყის ჯარი დააწყო, ხოლო თვითონ თავისი სადროშოთი წავკისი დაიჭირა. ამრიგად ბრძოლა სოლოლაკის მთის ფერდობებზე გაიმართა. პირველ სავე შეტევაზე ქიზიყელებმა მტრის მარჯვენა ფრთა დაშალოეს და უწესრიგოდ უკუაქციეს; ამან ჩქარა აბდულა ბეგის მთელი ჯარის დამარცხება და გაქცევა გამოიწვია. ქართლკახელებმა ლტოლვილ ლეკ-ავღანელებს კაფვით იალღუჯის კალთებამდე სდიეს, სადაც მათი მთავარი ბანაკი იყო გაშლილი. აბდულა ბეგი ისევ სამშვილდის ციხეში შევიდა, ყაზახელი თათრები მიიმხრო, ახალი ლეკთა რაზმები მოიწვია და გამაგრდა; ეს რაზმები ხშირად ციხიდან გამოდიოდნენ და შეუბრალებლად არბევდნენ ქვემო ქართლის სოფლებს.

ამის შემდეგ ერეკლემ ნარიყალის და მეტეხის ციხეების აღება გადაწყვიტა. მან საფრები გააკეთებინა ციხის მოედნიდან კლდის უბნამდე და შიგ ქართლ-კახელთა რაზმები ჩააყენა. მოქალაქეებიც ენერგიულად შველოდნენ ამ მესანგრე რაზმებს. რადგან ყიზილბაშთა მეციხოვნე ჯარს ქალაქიდან სურსათის მიღება აღარ შეეძლო, მას აბდულა ბეგი სამშვილდიდან აწოდებდა პურსა და ღვინოს; ერეკლემ ხუთასი კაცი გაგზავნა და ციხეში მიმავალი გზები შეაკვრევინა. მაშინ აბდულა ბეგმა შეიარაღებული რაზმების თანხლებით დაიწყო სანოვაგის გზავნა. მაგრამ ერეკლეს მზვერავმა რაზმებმა მათ მრავალჯერ მიუსწრეს, პური დააყრევინეს ან თავიანთი ზურგით თბილისში ჩაატანინეს.

ყიზილბაშები ქალაქს არ ინდობდნენ და ციხეებიდან შეხობებს ყუმბარებს უშენდნენ. სხვათა შორის მეტეხიდან ზარბაზანს ესროდნენ მეფის სასახლესაც. მაგრამ საერთოდ ზიანი, იმდროინდელი საციხოვნო არტილერიის სისუსტის გამო, უმნიშვნელო იყო.

რადგან ქალაქის მხრიდან ნარიყალის ციხის აღება გაძნელდა, ერეკლემ გადაწყვიტა ჯერ თაბორის კოშკები აეღო წავკისის ხევში, რათა ამ მხრიდან ნარიყალას მეციხოვნე ჯარს სურსათის მიღება აღარ შესძლებოდა. ამ მიზნით მან გორიდან დიდი ზარბაზანი მოატანინა, სოღანლუღთან მტკვარში გაატანინა და თელეთის გზით თაბორის კოშკს მიუყენა აღმოსავლეთიდან. ამ ზარბაზნის დანახვამ ციხის მცველები დიდად შეაშფოთა, იმიტომ რომ მის ათლიტრიან ყუმბარებს ძველი თაბორის კოშკი დიდხანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. საიერიშო ჯარი მზად იდგა. როგორც კი ზარბაზანმა კოშკის კედლები გაბზარა და შეარყია, მოიეინიშენი ზედ შევარდნენ, ისე რომ სროლა ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. განსაკუთრებით თავი ისახელა ვინმე შავერდა მღებრიშვილმა; როდესაც ის კოშკზე აიჭრა, მეციხოვნეებმა სიახლოვის გამო იარაღი ვერ იხმარეს და ხელდახელ დაეჭიდნენ, მაგრამ ძირს გადმოგდება მაინც ვერ მოახერხეს. შემდეგ ის მძიმედ დაჭრილი ერეკლეს მოგვარეს; მეფემ დააჯილდოვა და ნუგეში სცა.

თაბორის კოშკის აღებისთანავე ერეკლემ მას მუშები მიუყენა, გალავანი შემოავლებინა და შიგ კახთა რაზმები ჩააყენა, ხოლო თვითონ ქალაქში ჩავიდა. აქ დიდხანს არ დაუსვენია. მას შეატყობინეს, რომ ავჭალას და მარტყოფს ლეკები დაესხნენ ყოჯახ ბელადის მეთაურობითო. მეფემ მტკვარი გასცურა სატივოსთან, ლეკებს შირაქში დაეწია, დაამარცხა ისინი და ნადავლი დაატოვებინა. მათ გზაზე დაღისტნიდან მომავალი მეორე რაზმი შეხვდა და ისინი უკან მოაბრუნა, მაგრამ ერეკლემ ეს გაერთიანებული ლეკთა ჯარიც დაამარცხა დედოფლის წყაროსთან. შემდეგ ისევ თბილისში გამობრუნდა და ჯერ მეტეხის ციხე აიღო, ხოლო შემდეგ მთელი ნარიყალა დაიჭირა. ამის შემდეგ აბდულა ბეგმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შესძლო და სამშვილდის ციხის კარები გააღო. ერეკლე მას შეურიგდა და საუფლისწულო მისცა მეფემ დანაშაული მიუტევა აგრეთვე ბარათაშვილებს და ყაზახელ თათრებს ჰუმანიური წესის მიხედვით: „ვინც შეინანის, მიიტევის ცთომა მათი“..

ნარიყალის და მეტეხის ციხეები თბილისის დაარსებასთან ერთად აშენდნენ და ისინი ათასი წლის მანძილზე ქართველი ერის თავისუფლების დამცველ ბურჯებს წარმოადგენდნენ. მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებიდან ნარიყალის ციხე, ხოლო შემდეგ მეტეხიც მტერმა საქართველოს ჩაგვრისა და დამონების იარაღად აქცია. უთვალავი ქართველი ტყვის სისხლი და ცრემლი დაიღვარა ამ ციხეების გალავანში, როცა იქ ყიზილბაშების მეციხოვნე ჯარები იდგნენ. ერეკლემ ისინი ხელახლა ქართველ ხალხს დაუბრუნა და მის კოშკებზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ამართა. ამას აღნიშნავს, სხვათა შორის, ამაყი სიტყვები, რომელიც მეტეხის ეკლესიის კედელზეა ამოჭრილი:

მეფემ ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართვა ძალადო,
აიღო. ჯვარი ქრისტესი, წინ წარიმძღვარა ფარაო,
ბაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქვს საერის კარდლო
ღვთის მოყვარესა ხელმწიფეს ასე სჭირს, ამის გვარაო,

1.14 XIII. ბრძოლა ფანა-ხანის, ჰაჯი ჩალაბის და აზატ ხანის წინააღმდეგ

▲back to top


XIII. ბრძოლა ფანა-ხანის, ჰაჯი ჩალაბის და აზატ ხანის წინააღმდეგ

თეიმურაზ მეფემ ისპაჰანში ყოფნის დროს თავისი მოქნილი პოლიტიკით ორი წლის განმავლობაში მოახერხა ყველა ერთიმეორეს მომდევნო შაჰების გულის მონადირება და თავის სამეფოს ახალი ტერიტორიაც კი შესძინა, სახელდობრ თათრებით დასახლებული ყაზახი. მართალია, ამ შენაძენეს წყალობით არაქართველი მოსახლეობის წილი ქართლ-კახეთის სამეფოებში მატულობდა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე აქსტაფის ხეობა ხდებოდა და როგორც თბილისი, ისე ქიზიყი ამიერიდან უფრო ადვილი დასაცავი იყო.

არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რომელიც ჩქარა დაიწყო. თეიმურაზის თბილისში დაბრუნების შემდეგ. ისპაჰანის ხელისუფლების ხშირი ცვალებადობით და სისუსტით ისარგებლეს ბედის მაძიებელმა ავანტიურისტებმა, რომელნიც არბევდნენ, ტყვევნიდნენ და აოხრებდნენ ერანის პროვინციებს. ერთი ასეთი ავანტიურისტი ვინმე მაჰმად ხანი აზერბაიჯანშიც გამოჩნდა; მან იმდენად შეაწუხა ერევნელები და მათი ხანი, რომ მათ ირაკლისა და თეიმურაზს ელჩი გამოუგზავნეს და მოსწერეს, ერანში მეპატრონე აღარ არის, ეს მაჰმად ხან ამ ქვეყანას აოხრებს, ოღონდ მოგვეშველენით და ამას მოგვარჩინეთ და თქვენ გმსახურებთო.

მაჰმად ხანის დასასჯელად გაგზავნილი ჯარი ჯერ კიდევ ყაზახს არ გასცილებოდა, რომ ერეკლესა და თეიმურაზთან განჯის ხანის მოციქული მოვიდა ანალოგიური თხოვნით: განჯის სახანოს ყარაბაღის ხანი ფანა ჯევანშირელი გლეჯს და არბევს, და მოგვეხმარეთო.

ეს ფანა-ხანი თავდაპირველად უმნიშვნელო მფლობელი იყო, მაგრამ მან მარჯვედ გამოიყენა სომეხთა მელიქების შინაური შუღლი და, ბოლოს, მთელი ყარაბაღის პატრონი გახდა.

მეფეებმა ჯერ ერევნის სახანოში გაილაშქრეს, სასტიკად დაამარცხეს მაჰმად ხანი, ათას შვიდასი კაცი დაუხოცეს და დაუტყვევეს მას, აიღეს ხარგვირაბის ციხე, სადაც მისი ცოლშვილი იყო შეხიზნული, ხოლო ნადავლი, ფული, ლარი და ხვადაგი ჯარს გაუყვეს. ამის შემდეგ ფანა-ხანმა მორიგება არჩია და ქართველი მეფეების მოთხოვნით განჯის სახანოს ტერიტორია დასცალა. ერეკლემ და თეიმურაზმა სამხედრო მფარველობის ხარჯების ასანაზღაურებლად ხარკი დაადვეს ერევნის და განჯის სახანოებს, პირველს მეტი, ვიდრე უკანასკნელს. ამ ხარკის რაოდენობა შემდეგ იცვლებოდა სახანოების ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით, ხანდახან წლიურად ორმოც ათას მანეთს აღწევდა და მნიშვნელოვან სტატიას წარმოადგენდა ქართლ-კახეთის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ფანა-ხანმა ჩქარა ზავის პირობა დაარღვია, ხელახლა გადმოლახა განჯის სახანოს საზღვრები და განჯის ციხეს მიადგა. ეს ამბავი განჯის ხანმა მაშინვე ერეკლესა და თეიმურაზს აცნობა თავისი ძმის შემწეობით. შემდეგ თბილისში სომხის ეპისკოპოსი და მელიქებიც მოვიდნენ სათხოვნელად: ქრისტიანი ხელმწიფე ბრძანდებით, თქვენი ქვეშევრდომები გაგვხადეთ, თათრის ხელიდან დაგვიხსენითო.

ერეკლემ და თეიმურაზმა განსაჯეს, რომ თუ ფანა-ხანი განჯას დაეპატრონებოდა, შემდეგ ყაზახ-ბორჩალოს შეერთებასაც მოინდომებდა და ამით ბევრ შფოთს აშლიდა ქართლკახეთის აღმოსავლეთ საზღვარზე. საერთოდ ყარაბაღის გაძლიერება სახიფათო იყო ქართლ-კახეთისთვის. ამიტომ ერეკლემ და თეიმურაზმა ფანა-ხანის საბოლოოდ შემუსვრა გადასწყვიტეს. ქართველ ჯარში, რომელიც თბილისიდან გატეხილი ხიდის გზით განჯისკენ დაიძრა, ქართლ-კახელებს გარდა თუშ-ფშავ-ხევსურების, იმერლების, ჩერქეზების, ჩრდილო ოსების და ლეკების ძლიერი რაზმები იღებდნენ მონაწილეობას. ფანა-ხანმა ამ ჯართან შებმა ვერ გაბედა, ღამით განჯის ციხეს ალყა მოხსნა და ყარაბაღში გადავიდა. განჯელები ციხიდან გამოვიდნენ და ყარაბაღელების მიერ საძირკვლიანად დანგრეული ქალაქის ხელახლა აშენებას შეუდგნენ.

ექვსი დღის შესვენების შემდეგ ქართველი ჯარი განჯიდან აიშალა და ყარაბაღის სახანოში შეიჭრა. ფანამ თავისი ელები არეზის პირისკენ გაისტუმრა, ხოლო თვითონ ექვსი ათასი კაცით მთიან ადგილზე გამაგრდა, ტყის პირად. ქართველ ჯარს შეეგებნენ სომხების წარმომადგენლები, რომელნიც მას დახმარებას უწევდნენ სურსათის მიწოდებით და გზის ჩვენებით. ფანამ თავის მხრით კავშირი გააბა ლეკებთან და შამშადილის თათრებთან.

რადგან ყარაბაღის ჯარი საფარიდან არ გამოდიოდა, ერეკლემ გადასწყვიტა იერიშზე გადასულიყო. მან მთავარი ძალა ქვევით დასტოვა მინდორში, ხოლო თვითონ მტრის მოწინავე პოზიციებს შეუტია რჩეული ჯარით. ეს ბრძოლა პაპუნა ორბელიანს ისე ცოცხლად აქვს აღწერილი, როგორც მხოლოდ თანადამსწრეს შეუძლია რაიმე ამბის აწერა: „წაბრძანდა მეწინავეს ჯარით, ვისაც შეეძლო ის იახლა. აღმართი იყო და კლდე, ისინი, ტყიანი მთა იყო, იმაზე წამომდგარიყვნენ. სანამ ავიდოდით, რაც ჯარი მიგვდევდა, ნახევარი ვეღარ ამოგვყვა. რა აბრძანდა მეფე ერეკლე, მცირე რამ კაცი აყვა. ასე დავახლოვდით, რომ ჩვენი და იმათი კაცი ერთმანეთს ეცნენ. ბრძანა მეფე ერეკლემ, ვინ არის ერთგული ჩემი და აქვს გული მამაცობისა, ჟამი ეს არისო. თითონც ვითა ლომი ეგრე მიესივა და ვინღა დადგებოდა, მეფე ერეკლესთან თავს ვინღა დაზოგავდა... თითო თოფი დასცალეს და მერმე ხმალდახმალ გაერივნეს. პირველზე ისინიც კარგად იყვნეს, რომ ალმები ჩვენს ჯარში შემოიტანეს. მაგრამ რა ქართველნი და კახნი თავგამომეტებით იმათ ჯარში შიგ შეცვივდენ, ვეღარ დადგნენ ყიზილბაშნი და გაიქცნენ“

ბრძოლის ბედი ქართველების სათადარიგო ჯარის დაძვრამ გადასწყვიტა; ცოტათი მოგვიანებით ეს ჯარი თეიმურაზის მეთაურობით ქვემოდან ტყიან ზეგანზე ავიდა და შემდრკალ მტრის ჯარზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა. გაქცეული ყარაბაღელების დევნა და ხოცვა-ჟლეტა შუაღამემდე გაგრძელდა. მეორე დღეს მეფეები ფანა-ხანის მთავარ სანგარში შევიდნენ და იქ დატოვებულს თოფ-იარაღს დაეპატრონენ.

რჩეულმა ქართველმა ჯარმა არეზამდე მიაღწია, მისი გაღმა-გამოღმა მხარეები მოარბია და მრავალი ტყვე და საქონელი წამოასხა. ქართველი ჯარის ასე შორს შეჭრამ გავლენა მოახდინა მთელს აზერბაიჯანზე. თვით თავრიზის ბეგლარ-ბეგმა ანუ მთავარმმართველმა და მისმა ქვეშევრდომმა ხანებმა გამარჯვება მოულოცეს და საჩუქრები მოართვეს ერეკლესა და თეიმურაზს.

თავიანთ მხრივ ქართველმა მეფეებმა საომარი ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება მოსთხოვეს განჯის ხანს. მან რამდენიმე ათასი თუმანი გადაიხადა და ამას გარდა შამშადილი დასთმო. ამრიგად ქართლის აღმოსავლეთმა საზღვარმა მდინარე ძეგამის ხეობას მიაღწია. ამის შემდეგ, ცხადია, არეზის გამოღმა მდებარე ნახჩევანის სახანო ვეღარ დარჩებოდა ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენის გარეშე. მართლაც, ჯერ კიდევ ფანა-ხანის საბოლოოდ დამარცხებამდე ნახჩევანის ხანმა თბილისში ელჩი გამოგზავნა და ქართველი მეფეების მფარველობა ითხოვა. ქართველი ჯარის მისვლამ ნახჩევანში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: „გაითქვა ხმა ყოველგან ადრიბეჟანის ქვეყანაში, — ამბობს მემატიანე: ქართლის ჯარი ჩამოდგაო და პირველისამებ ადრიბეჟანის ქვეყანა ქართველმა ბატონმა დაიჭირაო. შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონობდნენ მეფესა ქართლისასა თეიმურაზს და ძეს მისსა, მეფესა კახეთისასა ერეკლეს“.

თეიმურაზის და ერეკლეს ამ ლაშქრობიდან უკან დაბრუნებას საზეიმო პროცესიის ხასიათი ჰქონდა. ქართლ-კახეთის ლაშქარი დიდძალი ნადავლით იყო დატვირთული, მას თან რამდენიმე ათი ათასი სული ცხვარი, ძროხა, ხარ-კამეჩი და საქონელაკიდებული ცხენი მოჰყავდა. გზაზე მეფეებს ხანები და ქეთხუდები ხვდებოდნენ და ფეშქაშს უძღვნიდნენ, მეფეების მიერ გაგზავნილ შიკრიკებსა და ბრძანებება ყველგან ისე ხვდებოდნენ, როგორც წინათ ერანის შაჰისას. თვით ანტონ კათოლიკოსი თეიმურაზს და ერეკლეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეეგება საყალთუთანში და აღდგომის დღესასწაული იქ გადაიხადა. მოქალაქენი და სამღვდელო დასნი გამარჯვებულ ჯარს ქალაქის გალავნის გარეთ შეხვდნენ, გაჩირაღდნებულ თბილისში ლხინი სამ დღეს გაგრძელდა. ამის შემდეგ მოკავშირე ჩერქეზები და პირიქითელი ოსები თავიანთ სამშობლოში გაისტუმრეს, უხვად დაჯილდოებულნი. დიდად დამახასიათებელია, რომ ამ ძლევამოსილ ლაშქრობას შედეგად მოჰყვა არა მარტო აზერბაიჯანის მაჰმადიანი მოსახლეობის შემომტკიცება, არამედ ქრისტიანობის იდეის გავლენის გაძლიერება თვით ქართლკახეთში: სხვათა შორის მოინათლნენ გამაჰმადიანებული ისაყ ბატონიშვილი და მერალი ბეგ ციციშვილი, პირველი — მტკვარში, ხოლო მეორე — ემბაზში.

რაკი ქართლ-კახეთის გავლენამ არეზის ხეობამდე მიაღწია, ერეკლესა და თეიმურაზისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა შუაგულ სპარსეთის ამბებს. ამიტომ ისინი დიდი ყურადღებით თვალს ადევნებდნენ როგორც ის პაჰანს, სადაც ჯერ კიდევ მტკიცე ხელისუფლება არ იყო ჩამოყალიბებული, ისე თავრიზს, სადაც ბოლოს აზატ-ხანი გაბატონდა ავღანელებისა და უზბეგების შემწეობით; ერთხანს ერეკლეს განზრახვა ჰქონდა ერთგვრანში შესულიყო და იქ წესიერება დაემყარებინა. მაგრამ ასეთი ფართო და თამამი მიზნის მისაღწევად მას საქართველოში შეგროვებული ძალები არ ეყო, ხოლო როცა დაღისტნის, შირვანის და აზერბაიჯანის ხანებს მიმართა და კავშირი შესთავაზა, მათ ეჭვით შეხედეს მის გეგმას, შაჰების ტახტზე ასვლა უნდა ჩვენი დახმარებითო.

ერეკლე მეფის წინადადებამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო: ნუხის ხანმა ჰაჯი ჩალაბმა თვით სცადა კოალიციის შედგენა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ და თავდაპირველად რვა ათასამდე კაცს მოუყარა თავი, რომელთა შორის შავშირვანელებს გარდა ჭარელი ლეკები და სომხებიც ერივნენ. ერეკლეს და თეიმურაზს უნდოდათ დაესწროთ კოალიციის საბოლოო ჩამოყალიბებისთვის და ქართველი ჯარით, რომელშიც ყაზახ-ბორჩალოელების და განჯელების რაზმებიც იღებდნენ მონაწილეობას, საგანგებოდ გადებულს ხიდზე ალაზანი გადალახეს და ნუხის სახანოში შეიჭრნენ. პირველ შეტაკებაში ქართველი ჯარის მოწინავე დროშამ, რომელშიც ქიზიყელები და ქვემო ქართლის რაზმები შედიოდნენ, დაამარცხა და უკუაქცია ლეკების ცხენოსანი ჯარი. მაგრამ აჯი ჩალაბს თავისი ქვეითი ჯარის დიდი ნაწილი სანგრებში ჰყოლოდა დამალული. ნუხელები მოულოდნელად საფარიდან გამოვარდნენ და ქართველების მემარცხენე ფრთას შემოუტიეს, სადაც ქსნის და არაგვის საერისთავოების რაზმები იდგნენ. ისინი ვერ შემაგრდნენ და გაიქცნენ. მათ უკან განჯ,ის ჯარი იყო, მან წინააღმდეგობის გაუწევლად დასტოვა ბრძოლის ველი. ამის შემდეგ ერეკლე მეფემ, რომელიც მოწინავე და მემარცხენე დროშას სარდლობდა, ვეღარ შესძლო გამაგრება და უწესრიგოდ უკან დაიხია. მტერს დიდძალი ჯორ-აქლემი, კარავი და სურსათ-სანოვაგე დარჩა. მრავალი ქართველი ჯარისკაცი გაიჟლიტა, ხოლო კიდევ მეტი, განსაკუთრებით ქვეითი ჯარიდან, ალაზანში დაიხრჩო (1752 წ.).

ჰაჯი ჩალაბის გამარჯვებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთელი დაღისტნის და აზერბაიჯანის მაჰმადიანობაზე. განჯა-ერევანსა და ყაზახ-ბორჩალოში თავი იჩინა საქართველოდან განდგომის ტენდენციამ, მთელს ქართლ-კახეთს მოთარეშე ლეკების რაზმები მოედვნენ, ისე რომ მრავალ ადგილას შეუძლებელი გახდა ციხე-სიმაგრეებს გარეთ ცხოვრება. კიდევ უფრო საშიში იყო აზატ-ხანის ამოძრავება სამხრეთის საზღვრებზე. მისი ჯარის ერთმა ნაწილმა გადმოლახა არეზი, დაიჭირა ნახჩევანის სახანო, გამოაძევა იქიდან ქართლკახეთის ქვეშევრდომი ხანი, მოარბია ერევნის სახანო და ალყა შემოარტყა თვით ერევნის ციხეს.

ერეკლემ საჩქაროდ თავი მოუყარა ქართლ-კახეთის და ყაზახ-ბორჩალოს ჯარს და ბამბაკის გზით ერევნისკენ გაემართა. მას ბამბაკში პირიქითელი ოსების დაქირავებული ჯარი დაეწია. თეიმურაზ მეფემაც მოინდომა ომში წასვლა, მაგრამ წარჩინებულმა თავადებმა დაუშალეს. ერეკლემაც თბილისი ში დარჩენა ურჩია: ქართლი ლეკითაა სავსე, არ შეიძლება ქვეყნის უპატრონოდ დატოვებაო. შეიძლება ერეკლეს თავაზიანობისთვის მომიზეზებინოს ლეკების შემოსევა, ნამდვილად კი მას ორსარდლობის აცილება სდომებოდეს, რამაც ცუდი ნაყოფი გამოიტანა ჰაჯი ჩალაბთან ბრძოლაში; აზატხანთან ბრძოლაში ორსარდლობას შეიძლებოდა კიდევ უფრო საბედისწერო შედეგი მოჰყოლოდა.

როგორც კი აზატ-ხანის სარდალმა, რომელსაც ერევნის ციხისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, ერეკლეს მოახლოვება გაიგო, მაშინვე ალყა მოხსნა და უკან დაიხია. ერევნის მეციხოვნე ჯარი დიდად დამშეული აღმოჩნდა, თითქმის მთელი სახანო დაცარიელებული იყო მუშახელისაგან. მკის დრო იყო; ირაკლიმ თავის ჯარისკაცებს მოამკევინა და გაალეწვინა პური და ათი ათასი კოდი ციხეში შეგზავნა. ამის შემდეგ მან მომაღლო ადგილას დაიჭირა პოზიციები, ყირნბულახში, საიდანაც ერთი მხრით თვალყურს ადევნებდა ერევანს, ხოლო მეორე მხრით მარბიელი რაზმების მიხდომით მტერს დიდ ზიანს აყენებდა. მან, სხვათა შორის, ერევანში დაატყვევებინა რამდენიმე პოლიტიკურად საეჭვო მხედართმთავარი და წარჩინებული პირი და მათი ცოლშვილითურთ თბილისში გამოგზავნა.

ამ ამბების ცნობისთანავე აზატ-ხანმა თავი მოუყარა თვრამეტი ათას კაცს, რომელიც ნაწილობრივ შუბოსანი, ნაწილობრივ მეთოფეთა რაზმებისაგან შესდგებოდა, ხოლო წინ ზამბურაკაკიდებული აქლემები მიუძღოდა, გადმოვიდა არეზზე და თვითონაც მომაღლო ადგილას დაბანაკდა მდინარე გარნიჩაის ნაპირას. რადგან ქართველი ჯარი მტრის ჯარზე ნაკლები იყო, სამხედრო რჩევამ, რომელიც ერეკლემ მოიწვია, უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მაგრამ მეფე წინააღუდგა ამ რჩევას: „იცოდეთ მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები. ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან, და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი სჯობს. ესე ყველამ უწყით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ორი დღისთვის ნუ მოვაყივნებთ“ (ომან ხერხეულიძე).

ამის შემდეგ ზოგიერთი სარდალი ერეკლეს აზრს მიემხრო, და გადასწყდა მტერს პირისპირ შებმოდნენ. ერეკლემ ავადმყოფნი და ბარგის კაცნი სანგრებში დასტოვა, ხოლო ჯარი საომრად განაწყო. მოწინავე დროშის ქვეშ ქიზიყელები დადგნენ, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე ქართლელები და კახელები შერეულად. მაჰმადიანთა რაზმებიც ერეკლემ სხვადასხვა დროშებში გაანაწილა, ალბათ იმისთვის, რომ თუ ისინი შედრკებოდნენ და მერყეობას გამოიჩენდნენ, ამას კატასტროფიული გავლენა არ მოეხდინა მთელს ჯარზე. მხოლოდ ხუთასი ცხენოსანი თათარი ცალკე დააყენა რეზერვში. ქართველ ჯარს ამირსპასალარი რევაზ ორბელიანი სარდლობდა, ხოლო შეჯავშნული ერეკლე გამზადებული იყო თავისი სადროშოთი ყველაზე უფრო სახიფათო ადგილას გაჩენილიყო და ყველაზე უფრო შეჭირვებულ ნაწილს მიშველებოდა.

აზატ-ხანმა თავისი ჯარი ექვს ნაწილად განაწყო. ყველაზე მძაფრი იერიში მან ქართველების მემარცხენე ფრთაზე მიიტანა. აქ პირველად ქართველებმა გაიმარჯვეს, მერე ავღანელებმა. ქართველების მემარცხენე დროშა იძულებული გახდა უკან დაეხია და ერთს ნასოფლარში გამაგრებულიყო. აზატ-ხანი მთავარი ძალებით გარს შემოერტყა დანარჩენ სამ სადროშოს. მაშინ ერეკლე მეფემ სპასალარ ორბელიანს უბრძანა მოწინავენი მისი ჯარისთვის შეეერთებინა.

ამ ბრძოლაში ერეკლე მეფემ გონებამახვილი სამხედრო ხერხი გამოიყენა. ის ცხენიდან ჩამოხტა, ჩამოხტომა უბრძანა აგრეთვე მთელს თავის მხედრობას, წყნარად წინ გაუძღვა დაქვეითებულ ათას ხუთას კაცს, ისე რომ ყველას თოფი მზად უნდა ჰქონოდა, მხოლოდ მეფის ნიშნის მიღებამდე არ გაესროლა. ალაგ-ალაგ მოწინააღმდეგეთა რაზმები იმდენად მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის შუბი ძლივს გაიმართებოდა. აზატ-ხანის ჯარმა ალბათ იფიქრა, რომ ქართველები მას ტყვედ ნებდებოდნენ. ამ დროს მტრის რიგიდან გამოვარდა ცხენმალი მხედართმთავარი, რომელსაც ხელში შუბი მოემართა და გაიძახოდა, სად არის ირაკლი მეფეო, ერეკლე მეფე მკვირცხლად გაუხდა, შესძახა მე ვარო, თოფს ცეცხლი მისცა და ავღანთ სარდალი ძირს ჩამოაგდო. მაშინვე ქართლ-კახელებმა საშინელი თოფის სროლა ასტეხეს, შეტევაზე გადავიდნენ და მტრის ცენტრი გაარღვიეს. ამას მოჰყვა მთელი ავღან-ყიზილბაშთა ჯარის აშლა და შემდეგ უწესრიგოდ გაქცევა. მას ქართველების კავალერიამ დაახლოებით ორმოცი კილომეტრის მანძილზე სდია, ისე რომ არეზის გამოღმა სანაპირო სრულიად გაიწმინდა აზატ-ხანის რაზმებისგან (1752 წ.).

დიდი ზეიმით იდღესასწაულეს ქართველებმა ეს გამარჯვება ჯერ თვით ბრძოლის ველზე, სადაც აზატ-ხანის კარავში მჯდომარე ერეკლეს თვალწინ მთელი ნადავლი გაატარეს და აღრიცხეს, შემდეგ ერევანში, სადაც მეფემ ადმინისტრაციაში ზოგიერთი ცვლილება მოახდინა, ხოლო ციხეში თავისი რაზმები ჩააყენა, ბოლოს, თბილისში, სადაც მას შედლუხით, ჩირაღდნებით და ლამპრებით შეხვდნენ.

აზატ-ხანის დამარცხების შემდეგ ერეკლეს და თეიმურაზის მორიგ ამოცანას ჰაჯი ჩალაბის და მისი მოკავშირე ლეკების ალაგმვა წარმოადგენდა. ისინი ქართველი ჯარით განჯაში მივიდნენ, სადაც მათ თვით განჯის, ყარაბაღის და ერევნის ხანები შეუერთდნენ თავიანთი ჯარებით. მაგრამ ეს ხანები ორპირ პოლიტიკას აწარმოებდნენ და მათ საიდუმლო მოლაპარაკება ჰქონდათ გამართული ჰაჯი ჩალაბთან. ქაროველმა მეფეებმა ეს გაიგეს და მაჰმადიანი ხანები დაატუსაღეს. ამან არევ-დარევა გამოიწვია ერეკლესა და თეიმურაზის ჯარში, რითაც ნუხის ხანმა მოხერხებულად ისარგებლა და ისინი ხელახლა დაამარცხა. უკან გამოქცეულ ქართველ ჯარს გზა გადაუღობეს შამშადილელებმა და დიდი ზიანი მიაყენეს მას. ამას ზედ დაერთო ლეკების შემოსევა ზემო ქართლში, სადაც მათ ვანის გალავანი აიღეს, ხოლო თიღვის ციხეს ალყა შემოარტყეს.

მაშინ ერეკლე იძულებული გახდა ჩერქეზეთიდან ოთხი ათასი დაქირავებული ჯარისკაცი გამოეყვანა. ამ ჯარის ერთი ნაწილი მან გივი ამილახვარს ჩააბარა და თიღვის მისაშველებლად გაისტუმრა, ხოლო მეორე ნაწილი ქართლკახელების ჯარს შეუერთა და ჰაჯი ჩალაბისა და მისი მოკავშირე განჯის ხანის წინააღმდეგ გაილაშქრა. მან შამშადილში სასტიკად დაამარცხა მტრის ლაშქარი, რომელსაც ჰაჯი ჩალაბის შვილი მეთაურობდა, და მას განჯის გალავნამდე სდია.

ერეკლეს ასეთმა წარმატებამ აზატ-ხანი აიძულა ზავი დაედო მასთან, ქართლ-კახეთის განდგომილი ვასალები ისევ მორჩილების გზას დაადგნენ, ხოლო შირვან-აზერბაიჯანის დამოუკიდებელმა მფლობელებმა ქართველ მეფეებს მეგობრული კავშირი შემოსთავაზეს. ამრიგად ერეკლემ მოხერხებული პოლიტიკისა და ენერგიული საომარი მოქმედების შემწეობით დაამარცხა მის წინააღმდეგ მიმართული კოალი,ცია, ჰეგემონია მოიპოვა ამიერ-კავკასიაში და ქართლ-კახეთის სამხრეთ აღმოსავლეთის საზღვრებზე კარგა ხნით მშვიდობიანობა დაამყარა.

ბევრად უფრო ძნელი აღმოჩნდა ლეკების ალაგმვა. მარტო 1755 წლის განმავლობაში მათ, გარდა წვრილი თარეშებისა, სამი დიდი შემოსევა მოაწყვეს ქართლ-კახეთში. ხუნძახის მფლობელმა ნურსალ ბეგმა დიდი ჯარით ფარულად გადმოიარა შიგნით კახეთზე, დაარბია არაგვის ხეობა და, ბოლოს, მჭადისჯვრის ციხეს მიადგა. მართალია, მას იქ ერეკლემ და თეიმურაზმა მიუსწრეს და გააქციეს, მაგრამ მან იმავე წელს ავარიაში კიდევ მეტს ჯარს მოუყარა თავი, მიიმხრო ჭარელების და შაქ-შირვანელების ძლიერი რაზმები და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა.

ყვარლის გარემოცვა თითქმის ერთს თვეს გაგრძელდა და ციხის მცველი ჯარი სურსათისა და ტყვია-წამლის ნაკლებობამ დიდად შეაწუხა. მაშინ მეფე ერეკლემ დიდი საჩუქარი აღუთქვა იმათ, ვინც მონაწილეობას მიიღებდა ალყის გამრღვეველ რაზმში. ასეთი რაზმი საჩქაროდ შესდგა ქიზიყში, მასში ორასმა ვაჟკაცმა მოიყარა თავი: აქედან ერთს ნახევარს ქიზიყელები შეადგენდნენ, ხოლო მეორეს ქართლ-კახელი გლეხები; ამას გარდა მასში აგრეთვე ათიოდე თავადაზნაურიც იღებდა მონაწილეობას. ეს რაზმი მოულოდნელად თავს დაესხა ლეკთა საალყო ჯარს, ხმალდახმალ ბრძოლით გაარღვია ის, შევიდა ციხეში და ტყვია-წამალი და სურსათი მიაშველა შიგ მყოფთ. ამავე დროს ერეკლემ ჯარი შეუსია ჭარ-ბელაქანს, რამაც სასურველი ნაყოფი გამოიღო. ჭარელების რაზმები ყვარლიდან მოიხსნენ და შინ დაბრუნდნენ. ამან გაბოროტება გამოიწვია დანარჩენ ნაწილებში: ისინი ჭარელებს დაერივნენ შურის საძიებლად. ამრიგად ალყა მოიშალა და ყვარლეს ციხე განთავისუფლდა.

ერეკლემ თავისი დაპირების მიხედვით ალყის გამრღვევი გლენები გაააზატა და ყოველი გამოსაღებისა და საურავისაგან, ე. ი. თეთრის, კოდის პურის, კულუხის, საბალახოს, რიგის საკლავის და სხვა გადასახადისაგან გაათავისუფლა; მათ ვეღარ მოეთხოვებოდათ ურმით სალიანში წასვლა თევზის მოსატანად, ვერ მოეთხოვებოდათ აგრეთვე ულუფის მიცემა მოურავებისთვის; მხოლოდ ისინი თავისუფალი არ იყვნენ ლაშქრობის ბეგარისაგან, რომლის მოხდა, საჭიროების მიხედვით, ყოველ ჯანსაღ მამაკაცს მოეთხოვებოდა.

1.15 XIV. ანტონ კათოლიკოსი

▲back to top


XIV. ანტონ კათოლიკოსი

ამ განუწყვეტელი ომიანობის ატმოსფეროში, ამ დაუსრულებელ მიხდომა-თავდაცვაში ერეკლე მეფე დროსა და მოცალეობას პოულობდა, რომ მართვა-გამგეობის ყოველი დარგისათვის თვალყური ედევნებია, ხშირად სიცხიან და ავდრიან დღეებში თავისი ესა თუ ის პროვინცია შემოევლო, მრავალი საჩივარი მოესმინა და გაერჩია და ამავე დროს ფართო სააღმშენებლო მუშაობისათვის ხელმძღვანელობა გაეწია.

მისი ენერგია რაღაც არაადამიანურ ზომას აღწევდა. ძილისთვის მას ოთხი-ხუთი საათი ყოფნიდა, დანარჩენ დროს სახელმწიფო საქმეებს ანდომებდა. მას ხშირად საუზმის შეწყვეტა უხდებოდა, რათა, მაგალითად, მარტყოფსა ან ავჭალიდან გაერეკა ლეკების მოთარეშე რაზმები, რომელნიც სადილობის დროს დიღომში ჩნდებოდნენ, ხოლო ვახშმობის დროს ტაბახმელაში; ამრიგად, მეფე, რომელიც დაბერებამდე არა თუ დიდ ჯარებს, ლეკების მდევარ რაზმებპაც მეთაურობდა, ხშირად უჭმელ-უსმელი რჩებოდა მთელი დღე. თავისი ცხოვრების ნახევარი მან ბრძოლის ველზე გაატარა და ხშირად სხვა სასთუმალი არ ჰქონია გარდა საკუთარი უნაგირის ბალიშისა. ამისდა მიუხედავად, როდესაც თბილისში სემინარია გაიხსნა, მან მოახერხა კვირაში რამდენიმე საათი გამოეჭრა, რათა სემინარიის რექტორის ფილოსოფიური და თეოლოგიური საუბრები მოესმინა.

მოხელეები, რომელნიც, თავიანთი თანამდებობის გამო, ვალდებულნი იყვნენ მეფეს ხლებოდნენ, ხშირად ორ წელიწადსაც ვერ იტანდნენ იმ მშფოთარე ცხოვრებას, რომელიც ერეკლემ თითქმის ოთხმოცი წლის მანძილზე აიტანა. „მეფე ერეკლე ერთს თვეს ერთს ადგილას არ დადგის, ის მტერი ჰყვანდა, ის ჟამი ჰქონდა, დავიდოდა და თავის საბრძანებელს ისე არიგებდა, ამბობს იესე ოსესშვილი: მამართვიან და მიბოძიან ერთი ფინთი იაბო ან ჯორი; შევჯდი, საღამომდის მაჯაგჯაგის, საღამოს მეჯორეებმა წარიყვანიან. ხან სიცივესა და ხან სიცხეში უმსახუროდ სიარულმა და ქვეშსაგებელ დაძვირებულმა ვიარე ორი წელიწადი... ერთს დღეს ლომის ციხეს მეფეს სადილი იამა, შეჯდა მკათათვეში, ვეფხის ციხეს ჩაბრძანდა. უზომო და გამოუთქმელი სიცხე იყო, ასე გულს შემომეყარა, რომ თუ ერთი მღუდელი არ მომსწრებოდა და წყალი არ მოეტანა, უცილოდ მოვკუდებოდი“.

ერეკლე ბედნიერი არ იყო პირადად და ოჯახურ ცხოვრებაში. თავისი მეორე ცოლის ანა აბაშიძის ქალის სიკვდილის შემდეგ მან შეირთო მესამე ცოლი, დადიანის ასული დარეჯანი, გონებაშეზღუდული და პატივმოყვარე ქალი, რომელიც სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდა სანამ ახალგაზრდა იყო, მაგრამ სასახლეში ინტრიგების ქსელი გააბა სიბერეში, როცა მისი, აგრეთვე პატივმოყვარე და ურჩი, ვაჟები წამოიზარდნენ. სამაგიეროდ ერეკლეს ერთგული თანამებრძოლი აღმოუჩნდა თავისი მამიდაშვილის კათოლიკოს ანტონ პირველის სახით, რომელსაც ის მუდამ თავის ძმას უწოდებდა და, მართლაც, მას სულიერად ყველაზე მეტად ენათესავებოდა მის მახლობლებსა და თანამშრომლებს შორის.

თუმცა მე ვიყავი ბერი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მუდა ცხოვრობს მონასტერში“, ამბობს ანტონ კათოლიკოსი თავის თავის შესახებ. როგორც ფრანგი და გერმანელი გა5მანათლებლების თანამედროვეს შეეფერებოდა, ანტონ კათოლიკოსს სწამდა, რომ მეცნიერება ყოვლის შემძლე იყო, რომ სწავლა-განათლების შემწეობით შეიძლებოდა ქართველი ხალხის გამოყვანა ზნეობრივი ანარქიისაგან, რომელიც მას ხანგრძლივმა პოლიტიკურმა მონობამ დაუტოვა მემკვიდრეობად. განსაკუთრებით ქართველი არისტოკრატიის ერთს ნაწილში თავი იჩინა პატრიოტული შეგნების უქონლობამ, გამცემლობამ, რენეგატობამ, ფეხი მოიკიდა მრავალცოლიანობამ, სისხლის შერევამ და მრუშობამ. დაბალ ხალხში, განსაკუთრებით მივარდნილ ადგილებში, აღსდგა კერპთთაყვანისმცემლობის დროის ადათები.

ანტონ კათოლიკოსი შეეცადა ქართული ეკლესია გაეწმინდა უღირს, ზნეობრივად მანკიერ მსახურთაგან და იქ წესრიგი დაემყარებინა. მან რამდენიმე გამაჰმადიანებული ბატონიშვილი და თავადიშვილი მამა-პაპათა სარწმუნოებას დაუბრუნა და მტკვარში მოანათვლინა ქალაქს გარეთ, ძველი ქრისტიანული წესის მიხედვით. მაგრამ მას სწამდა, რომ ყოველივე ეს დროებითი წამალი იყო, რომ უწინარეს ყოვლისა ქართველ ხალხს სკოლა და წიგნი სჭირდებოდა. ამიტომ მან ერეკლე მეფეს აღადგენინა სტამბა, რომელიც პირველად თბილისში ვახტანგ მეექვსემ მოატანინა ვლახეთისა ანუ რუმინიიდან და მისი რუსეთში წასვლის შემდეგ დახურული იყო. აღავსეს წიგნითა ქართლი, ამბობს მემატიანე. მართლაც, მღვდელმა კეჟერაშვილმა, რომელიც თბილისის სტამბას ხელმძღვანელობდა, მარტო ორი წლის განმავლობაში შვიდი ათას ოთხასი ცალი სხვადასხვა წიგნი დაბეჭდა; ეს დიდი ტირაჟი იყო იმ დროისთვის. ქართველ ერში იღვიძებს ინტერესი ევროპის მეცნიერებისა და ფილოსოფიისადმი, მაღალი საზოგადოების ვაჟები რუსეთში მიდიან სამხედრო ხელოვნების ან მეცნიერების შესასწავლად, მაღალი საზოგადოების ქალების მზითვის სიაში, სპარსული პოემებისა და ვეფხისტყაოსნის გვერდით, ხშირად გვხვდება აგრეთვე ფილოსოფიური შინაარსის წიგნებიც. ერთი რუსის ოფიცერი, რომელიც საქართველოში ცოტათი უფრო გვიან, სახელდობრ სამოცდაათიან წლებში მოვიდა, თავის მოხსენებაში სწერდა: რაც შეეხება კეთილშობილ ქალებს, მათ ყველამ იცის წერა-კითხვაო.

1756 წელს თბილისში ანტონ პირველის თაოსნობით ფილოსოფიური სემინარია დაარსდა. მის პირველ რექტორად დანიშნულ იქნა განათლებული გრიგორიანი, მღვდელი ფილიპე ყაითმაზიშვილი, ქართული ენის მშვენიერი მცოდნე, „ფილოსოფიის დოქტორი“, კათოლიკოსის მეგობარი და თანამშრომელი ფილოსოფიური სახელმძღვანელოების შედგენაში. ანტონის ინტერესი თავდაპირველად სქოლასტიკური ფილოსოფიისა და არისტოტელისკენ იყო მიპყრობილი: „უწინარეს იმპერიად როსიისა წარსვლისა ჩემისა გარდამოღება ვყავ ფილიპესთანა ხუცისა სომეხთაგანისა დიალექტიკისა და ათნი კატიღორიანი არისტოტელებრნი“, ამბობს ის. ამას გარდა მან დასწერა პოლემიკური თხზულება „მზამეტყველებაი“, მიმართული განსაკუთრებით სომეხ გრიგორიანთა წინააღმდეგ და შეადგინა პირველდაწყებითი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელო.

როგორც ეტყობა, ანტონ კათოლიკოსი თავდაპირველად სწორედ მეცნიერულმა ინტერესმა დააახლოვა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებთან, რომელნიც თავიანთი კულტურით შეუდარებლად მაღლა იდგნენ ქართველ სამღვდელოებაზე და ნაწილობრივ საკმაოდ კარგად იცნობდნენ იმდროინდელ ბუნებისმეტყველებას და მედიცინასაც.

ანტონ კათოლიკოსის ევროპიელ მისიონერებთან დაახლოებას მოჰყვა ის, რომ მან ფლორენციის უნია აღიარა, ე.ი. მისი შემდეგდროინდელი შენანიების წერილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სული წმინდის საქმეზე და პაპის უფროსობაზე შესცდა“. უცილობელია, რომ ანტონ კათოლიკოსს თხვევაში უფრო პოლიტიკური და კულტურული მიზნები ამოძრავებდა, ვიდრე წმინდა დოგმატიკური ხასიათის მოსაზრებანი. ისევე, როგორც მის წინამორბედს საბა-სულხან ორბელიანს, მასაც, ალბათ, უნდოდა დასავლეთ ევროპასთან დაეახლოებინა ქართლ-კახეთის სამეფო, რომელსაც იმ ხანებში რუსეთის დედოფალმა ელისაბედმა უარი უთხრა სამხედრო და ფინანსიურ დახმარებაზე. ასეთი ადამიანის გაგება შეეძლო ერეკლეს, რომელიც თვითონ დიდ შემწყნარებლობას იჩენდა რელიგიის დარგში, სათუთად ეპყრობოდა სხვის სარწმუნოებას და ამით ამაგრებდა თავის მრავალერიან სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობის ორ მეხუთედს მაჰმადიანები შეადგენდნენ, მხოლოდ თითქმის ერთს მეხუთედს სომეხ-გრიგორიანები. მაგრამ ანტონ კათოლიკოსის გაგება არ შეეძლო უფრო გონებაშეზღუდულ თეიმურაზ მეორეს და ფანატიკურად განწყობილ ქართველ სამღვდელოებას, რომელმაც მას შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ნინოწმინდელი ეპისკოპოსისა და ბესიკის მამის, მეფის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით.

ანტონ კათოლიკოსის დამხობაში შესამჩნევი როლი ითამაშეს ინტრიგანმა სეფე-ქალებმაც; ერთმა მათგანმა თეიმურაზ მეფეს პირველად აცნობა მისი ფარული განდგომა. თეიმურაზმა ანტონის საბა ნინოწმინდელი მიუგზავნა, რომელმაც მას თავი ისე მოაჩვენა, თითქო მისი თანაგამზრახველი იყო და თვითონაც კათოლიკობისაკენ იხრებოდა. როგორც კი მან ანტონისაგან მისი რწმენის აღსარება მიიღო, მაშინვე თეიმურაზთან წავიდა და ყოველივე უამბო. მეფის მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ ანტონის ორი არქიმანდრიტი გაუგზავნა მისი რწმენის საკითხის გამოსარკვევად. კათოლიკოსი, როგორც სჩანს, თავდაპირველად ამაყად მოიქცა, მოციქულებს არ დაუმალა, რომ ლათინთა ეკლესიისკენ იყო გადახრილი; შეიძლება მას თავისი პოპულარობის ან ერეკლეს დახმარების იმედი ჰქონდა. მაგრამ საეკლესიო კრებამ, რომელსაც თეიმურაზ მეფეც ესწრებოდა, მყის საპატრიარქო ტახტიდან გადააყენა ანტონი, ხოლო მისი მომხრე სამღვდელონი და ერისკაცნი მკაცრად დასაჯა. თბილისის კათოლიკე მისიონერების ცნობით, თითქო ქალაქის ბრბომ სამი დღის განმავლობაში ქუჩებსა და მოედნებზე ატარა ისინი და დიდი შეურაცხყოფა მიაყენა მათ (1755 წ.).

ანტონ პირველი ისეთი ადამიანი არ იყო, რომ სულიერად დაცემულიყო ამდენი უბედურების სიმძიმის ქვეშ ან პატრიოტული ვალდებულებისათვის ეღალატნა პირადი გაღიზიანების გამო, ისევე, როგორც მეთორმეტე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწონელი, ანტონ კათოლიკოსიც თანამემამულეების უმადურობას უჩივის. თუმცა ის გადაყენებისა და საეკლესიო სასჯელის მოხდის შემდეგ, მეფე თეიმურაზის ნებართვით, რუსეთში წავიდა და სინოდს სრულიად დამაკმაყოფილებელი განმარტება მისცა. დოგმის საკითხზე და ვლადიმირის არქიეპისკოპოსის კათედრაც მიიღო, მთელი მისი შემდგომი ლიტერატურული მოღვაწეობა საქართველოს ინტერესებით იყო ნაკარნახევი. გარდა მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო და ჰაგიოგრაფიული თხზულებებისა მან მრავალი სახელმძღვანელო დაწერა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლიტერატურის მცოდნეობის და გრამატიკის დარგს ეხებოდნენ. მან ლათინურიდან ქართულად გადმოთარგმნა გერმანელი ფილოსოფოსის ვოლფის „ფიზიკა“, რომელიც მასზე ადრე მიხაილ ლომონოსოვმა გადათარგმნა რუსულად, და ვოლფის მოწაფის ბაუმეისტერის „ლოღიკა“, „ეთიკა“ და „მეტაფიზიკა“. ვოლფის სკოლა იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ფილოსოფიური სკოლა იყო ევროპაში. ვოლფმა და ბაუმეისტერმა მათემატიკური მეთოდი გამოიყენეს ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო საკითხების განხილვის დროს და ამით ნიადაგი გამოაცალეს მისტიციზმსა და ბუნდოვანებას. თავის მხრით ანტონ კათოლიკოსმა მათი ნაწერების ქართულად გადმოთარგმნით ხელი შეუწყო სქოლასტიკის ჩიხში მომწყვდეული ქართული ფილოსოფიური აზროვნების განახლებას.

მაგრამ ნაწილობრივ რუსულის, ხოლო ნაწილობრივ ძველი საეკლესიო ქართული ენის ზეგავლენით ანტონ კათოლიკოსმა შექმნა ხელოვნური და მძიმე ლიტერატურული სტილი, სრულიად დაშორებული როგორც ხალხურ მეტყველებას, ისე იმ მსუბუქ და ბუნებრივ სტილს, რომლითაც საბა-სულხან ორბელიანი და დავით გურამიშვილი წერდნენ მეთვრამეტე საუკუნეში. და საჭირო გახდა ქართველი მწერლების რამდენიმე თაობის ბრძოლა ამ უკანონოდ შემოტანილი გრამატიკული ნორმების წინააღმდეგ, რათა ქართულ სალიტერატურო ენას მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ისევ თავისი ბუნებრივი მიმდინარეობა მიეღო.

თავის მამის სიკვდილის შემდეგ ერეკლე მეფემ რუსეთიდან გამოიწვია თავისი მეგობარი, რომელსაც ის სწერდა, მე უშენოდ გაძლება არ ძალმიძს, მე უშენოდ არა მიამება რაო, და ის ხელახლა საპატრიარქო ტახტზე აიყვანა. ანტონ კათოლიკოსის სამშობლოში დაბრუნებამ დიდად შეაშფოთა მისი ყოფილი მოწინააღმდეგეები. განსაკუთრებული აქტიურობა. გამოიჩინა ხუცესმა ზაქარია გაბაშვილმა, რომელიც მალულად იმერეთში გადავიდა, რათა იქ ინტრიგები გაება ერეკლესა და ანტონის წინააღმდეგ და ისინი ერეტიკოსებად გამოეცხადებინა. მისი უკან დაბრუნების შემდეგ თბილისში მოწვეულ იქნა ქართლ-კახეთის საეკლესიო კრება, რომელმაც ზაქარია გაბაშვილი და მისი მიმდგომნი, „ვითარცა ჭურნი ეშმაკისასა“, შეაჩვენა და ეკლესიისაგან განკვეთა. ზაქარია გაბაშვილმა სცადა რუსეთის ხელისუფლებასა და ემიგრანტ ბაგრატიონებთან დაეჭირა კავშირი, მაგრამ რადგან ამ მიმართულებით ერეკლემ მას გზა გადაუჭრა, ყოფილი კარის მოძღვარი იძულებული გახდა თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახითურთ, რომელშიც ახალგაზრდა პოეტ ბესიკს გარდა მისი უფროსი მწიგნობარი ძმებიც შედიოდნენ, იმერეთში გადასახლებულიყო. ამის შემდეგ ანტონ პირველის პოლიტიკურმა და გამანათლებელმა მოღვაწეობამ კიდევ უფრო ფართო გაქანება მიიღო. მისი დახმარებით მეფემ მეორე ფილოსოფიური სემინარია გახსნა თელავში. 1772 წელს ის ერეკლე მეორეს ვაჟთან ლეონ ბატონიშვილთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა და თავისი დიპლომატიური მუშაობით მოამზადა 1783 წლის ტრაქტატის დადება, რის წყალობითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ვასალური ნაწილი გახდა.

1.16 XV. გლეხკაცობის მდგომარეობა

▲back to top


XV. გლეხკაცობის მდგომარეობა

რუსეთისადმი მიდრეკილების გაძლიერება მეთვრამეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან შეიძლება უფრო ქართლ-კახეთის სამეფოს შინაური პირობებით იყო გამოწვეული, ვიდრე მისი საერთაშორისო მდგომარეობით. ერანის მშვიდობიან გამგესთან ქერიმ ხანთან ერეკლეს დიდხანს კეთილმეზობლური განწყობილება ჰონდა დამყარებული. ყოველ შემთხვევაში აქედან რაიმე მძლავრი შემოტევა იმ ხანად მოსალოდნელი არ იყო, როცა თავრიზის მფლობელი აზატხანი იძულებული გახდა თავისი ერთგული ჯარის ნაწილებით დაღისტნისაკენ გამოქცეულიყო, ერეკლემ მას ყაზახში გზა მოუჭრა, დაატყვევა და ქერიმ ხანს გაუგზავნა მისი თხოვნის თანახმად. სამაგიეროდ ქერიმ-ხანმა უარი განაცხადა ყოველივე პრეტენზიებზე ნახჩევანის, განჯის და ყარაბაღის სახანოების მიმართ, ხოლო ერევნის ხანს პირდაპირ მოსწერა ერეკლეს დამორჩილებოდა და ხარკი ეძლია მისთვის.

რაც შეეხება თურქეთის იმპერიას, ის მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარმი ყველგან თავდაცვაზე გადავიდა და განსაკუთრებით ჩრდილოეთის საზღვარზე, აგრესიული რუსული იმპერიალიზმის შიშით, ყოველივე გართულებას ერიდებოდა. ამისდა მიხედვით ახალციხის, ყარსის და ბაიაზეთის ფაშები ცდილობდნენ მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდათ ქართლ-კახეთის სამეფოსთან.

ასეთი ბრწყინვალე იყო, ერთი შეხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. ამისდა მიუხედავად სახელმწიფო ღრმად იყო დაავადებული, მას თითქო ორი მხრიდან მომაკვდინებელი სრსვილი ღრღნიდა: ეს იყო ლეკების განუწყვეტელი თავდასხმები და დროგადასული ფეოდალური წყობილება. მშიერი ლეკობის და თვითნება თავადაზნაურობის თარეშმა შემუსრა ჯანსაღი, წელმაგარი ქართველი გლეხკაცობა, რომელიც საქართველოს ისტორიის საუკეთესო ეპოქებში მთელს სახელმწიფო ჰკვებავდა, მის პურის ბეღლებსა და ხაზინას ავსებდა და სულ ბოლო დროსაც მას საუცხოო ქვეითა ჯარს აძლევდა თურქი ენგიჩარების და ერანელი ყიზილბაშების უკუსაქცევად.

ამ ხანებში ლეკების შემოტევას ისეთი საზომისთვის მიუღწევია, რომ იესე ოსესშვილის მოწმობით, ახირებული პროექტი წარმოშობილა, მთელი ქართლის მოსახლეობამ ერთად მოვიყაროთ თავი და სამ ადგილას დავსახლდეთ, თბილისში, მუხრანში და ვაკეშიო: როცა მტერი მოვა, ბევრნი გამოვალთ და პასუხს გავცემთ, თორემ ისე დაგვაწვრილმანებენ, რომ დამმარხავსაც ვეღარ ვიშოვნითო: „ავი დრო იყო, ყოველდღე დამხობას ველოდით, ლეკისაგან აკლებასა, საქართველოს სრულიად დაჭერასა. კარგი არაფერი არა ჩანდა რა მეფის ჭკუისა და ღვთის მიწოლის მეტი“.

დიდად დამახასიათებელია, რომ ქართლის გლეხკაცობა უფრო იჩაგრებოდა ლეკების მარბიელი ჯარების მიერ, ვიდრე ქიზიყისა, თუმცა ეს უკანასკნელი უშუალოდ ესაზღვრებოდა დაღისტანსა და ჭარ-ბელაქანს. გიულდენშტედტი ამბობს, ქიზიყელები ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ქართლელები, ისინი შეჩვეული არიან ლეკებთან ჩხუბს და მათ არასოდეს არ აპატიებენ ადამიანების და პირუტყვის გატაცებასო; ჩემი იქ მისვლის წინა დღეებში ქიზიყელებს ოცდაათი ათასი სული ცხვარი მოეტაცათ მეზობლად მდებარე ჭარის სოფლებშიო.

ასეთი განსხვავება ქიზიყის და ქართლ-კახეთის გლეხკაცობას შორის უმთავრესად იმით აიხსნებოდა, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დაჩაგრული იყო ბატონყმობის მიერ. რამდენად აუტანელი გახდა მისთვის ეს უღელი, სჩანს იქიდან, რომ ქართლ-კახელი გლეხი, რომელიც ისევე, როგორც ყოველი სხვა ერის გლეხი, ნორმალურ პირობებში მოსახლეობის კონსერვატიულ ელემენტს წარმოადგენდა, მამა-პაპათა ზნე-ჩვეულების, რწმენისა და ენის მედგარ დამცველს, ჩვეულებრივ ადგილიდან დიდი გაჭირვებით იძროდა და თან მუჭით სამშობლოს მიწა მიჰქონდა, როცა იძულებული იყო უცხო ქვეყანაში გადასახლებულიყო, მეთვრამეტე საუკუნეში სამშობლოდან გაქცევის და შორს გადაკარგვის წყურვილმა გამსჭვალა, თითქო მის სახლ-კარს ხანძარი მოსდებოდეს. „დღე არ მომისვენია, მამული მიყიდია ძნელს დროებაში, ამბობს იესე ოსესშვილი: ახლა რომ აშენდა, ყმას ვყიდულობ დიდი გაჭირვებით. ათს რომ ვიყიდი, ორი თუ დამიდგება. ზოგი იმერეთს მირბიან, ზოგი კახეთს, ზოგი სად“.

ქართლ-კახელი გლეხი გარბის სხვა მემამულესთან, რომლისგანაც ის უფრო ადამიანურ მოპყრობას ელის, და მან იცის, რომ თუ ოცდაათი წლის განმავლობაში ძველმა პატრონმა ვერ იპოვა, ვახტანგ მეექვსის კანონის ძალით, მფლობელობის უფლებას დაჰკარგავს მასზე. ის გარბის ჩრდილო კავკასიაში, სადაც ყიზლარის ან მოზდოკის მახლობლად სახლდება რუსის ჯარის მფარველობის ქვეშ და სადაც განსაკუთრებით აფასებენ მის მიერ მებაღეობის, მევენახეობის და მეაბრეშუმეობის ცოდნას. ბოლოს ის ახალციხეში გადადის, სადაც ბეგების ბატონობა მეთვრამეტე საუკუნეში მომხდარი რეფორმების წყალობით, ეკონომიურად საერთოდ უფრო ადვილი ასატანი ხდება, ვიდრე ქართლ-კახელი და იმერელი თავადაზნაურობის ბატონობა.

„როცა ჩვენი ქვეყანა აგარიანებმა დაარბიეს, თრიალეთში აღარავის დაედგომებოდა, და მე ოთხი ვაჟიშვილი, ჯავახეთში გადავსახლდი, წერს გლეხი გიორგი წრიოლიძე თავის არზაში დარეჯან დედოფალს: როგორც კი ქართლში მშვიდობა დამყარდა და ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ გამეფდით, ხელახლა დავბრუნდით ჩვენს ქვეყანაში. გზაში, სადგერის მახლობლად ქაიხოსრო ავალიშვილი შეგვხვდა და თავის მამულში დაგვასახლა. მაგრამ მან დიდათ შეგვაჭირვა. ორჯერ არზა მოგართვით, თქვენ ბრძანება გაეცით, მაგრამ არაფერი გვეშველა. პირიქით, კინაღამ ერთმანეთი დავხოცეთ. ავალიშვილმა ხმალი იშიშვლა და თექვსმეტი სულის მარჩენალი უღელი ხარი მოგვიკლა. ჩვენ თქვენი გლეხები ვართ, ნუ გვაიძულებთ ხელახლა ურჯულოთა მხარეში გავიქცეთ. მთელი ჩვენი მოსავალი ჯერ კიდევ მინდორშია, ჩვენ რომ უღელი ხარი გვყავდა, ავალიშვილმა. გაზაფხულსა და ზაფხულში ხან გუთანში ამუშავა და ხან კალოზე, შემდეგ კი დაჰკლა“.

დაბალ წოდებათა ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებას მეთვრამეტე საუკუნეში მოწმობს ის გარემოება, რომ მრავალ შემთხვევაში თავისუფალი კაცი იძულებული ხდება მევალის ყმა გახდეს სესხის გადაუხდელობისათვის. „ეს თამაზა გამრეკელი ვიყიდე. ვალი ემართა, გარდაუხადე, ბატონყმობის წიგნი მომცა. ბორბალას გავისტუმრე“, ამბობს იესე ოსესშვილი.

მრავალ შემთხვევაში ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი იმის ყმა ხდება, ვინც იგი გამოიყიდა. ერეკლე მეფემ ოცდაათი წლის განმავლობაში თითქმის ოთხასი ათასი მანეთი დახარჯა ქართველი ტყვეების გამოსახსნელად, მაგრამ ტყვეების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მარტოოდენ მეფის ხაზინას არ შეეძლო საქმის შველა. ამრიგად, ბატონყმობის უღელქვეშ მოხვედრილი სოციალური ფენა თანდათან ფართოვდებოდა ლეკთა თარეშის გაძლიერებისა და ხალხის საერთო გაღარიბების გამო. არის შემთხვევები, როცა მამა თავის შვილს ჰყიდის. მაგალითად, ვინმე იდალელი მამაჯანა შალუაშვილი მდივანს ჯავახიშვილს აძლევს „ამიერიდან უკუნისამდი ხანთა და ჟამთა საბოლოოთ გამოსადეგ, მტკიცე და უცვალებარ ნასყიდობის წიგნს და სიგელს. მას ჟამსა ოდეს დამეჭირა და შიმშილობისაგან ილაჯი აღარ მქონდა და მოგყიდე ჩემი შვილი ყოვლის კაცის უცილებართა; ავიღევი ფასი სრული დაუკლებარი, რითაც ჩემი გული შეგჯერდებოდა. გყვანდეს და გიბედნიეროს ღმერთმან“.

კიდევ უფრო ხშირი იყო ყმის გაყიდვა მებატონის მიერ, რომლის ეკონომიური მდგომარეობა აგრეთვე თანდათან გაუარესდა ქვეყნის საწარმოო ძალების განიავებასთან ერთად. ტყვეებისა და ყმების უცხოეთის ბაზრებზე გაყიდვამ განსაკუთრებით გურია-სამეგრელოსა და იმერეთში მიიღო მასობრივი ხასიათი; აღმოსავლეთ საქართველოდან ერეკლეს გამეფებამდე ახალგაზრდა ქალ-ვაჟნი კიდეც იყიდებოდნენ, მაგრამ უფრო ხარკის სახით იგზავნებოდნენ ერანში. სამაგიეროდ ქართლ-კახეთშიც ყმა ყოველთვის ინტენსიური შინაური აღებ-მიცემის საგანი იყო: ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ გლეხის ოჯახი ხშირად, ასე ვთქვათ, ნაჭრობლივ იყიდებოდა და მისი წევრები იძულებული ხდებოდნენ ერთმანეთს დაშორებოდნენ. იყო შემთხვევები, რომ მებატონე თავის გლეხებს შეძლებულ გლეხსავე მიჰყიდდა ხოლმე.

გლეხკაცობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევდა აგრეთვე ისიც, რომ მემამულეები სცდილობდნენ დაპატრონებოდნენ საეკლესიო, სამონასტრო და თვით სახასო გლეხებსაც, რომელნიც საერთოდ უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე საბატონონი. მაგალითად, საეკლესიო გლეხს ხშირად შეეძლო გაეყიდნა თავისი სახლ-კარი და ვენახი, სავაჭროდ წასულიყო და სხვა; მისი გადასახადი შედარებით უფრო მცირე იყო, ხანდახან თითქმის მარტო სანთელ-საკმევლის მირთმევის და აღაპის ხარჯებით განისაზღვრებოდა. ამას გარდა ის თავისუფალი იყო ბატონის და მისი მხლებლების დროგამოშვებით სტუმრობისაგან, „შინჩადგომისაგან“, მაშინ, როდესაც საბატონო გლეხს, განსაკუთრებით მეყალნეს ანუ მეღალეს, ყოველგვარი ნატურალური გადასახადი უნდა გადაეხადა, პურის, ღვინის, ხორცის გამოსაღების, ლხინის და ჭირის შესაწირავის სახით, კვირაში რამდენიმე დღე ბატონისთვის ემუშავნა და იმავე ეკლესიისა და სახელმწიფოს ხარჯებიც ეკისრნა. მხოლოდ ლამქრობა-ნადირობის ბეგარას და ეგრეთწოდებული თათრის საურავს ვერც ერთი კატეგორიის გლეხი ვერ გაექცეოდა.

ერეკლე მეფე სცდილობდა შეემსუბუქებინა ბატონყმობის სიმძაფრე, რომელიც გამოხატული იყო ვახტანგ მეექვსის კოდექსის დებულებაში, სულს გარდა ყოველივე, რაც ყმას აქვს, ბატონისა არისო. ჯერ კიდევ 1748 წელს მან თავის მამასთან ერთად უმაღლესი სასამართლოს რეორგანიზაცია მოახდინა და მას სათავეში თავისი ერთი საუკეთესო თანამოღვაწე მზეჭაბუკ ორბელიანი ჩაუყენა; პლატონ იოსელიანის დახასიათებით ეს იყო „კაცი რიტორი, მცოდნე ძველისა და ახლისა ფილოსოფიისა, მხოლოდ ტანით და სახით სრულად ეზოპე“.

გლეხს უფლება ჰქონდა მებატონეების ძალმომრეობის წინააღმდეგ მდივანბეგების სასამართლოში ან თვით მეფესთან ეჩივლა. მაგრამ ეს უფლება, უმრავლეს შემთხვევაში, ფიქტიური იყო, ვინაიდან მდივანბეგთა სასამართლო, მხოლოდ თბილისში იყო, ის რამდენიმე კაცისაგან შესდგებოდა, მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს არჩევდა და მას შესაძლებლობა არ ჰქონდა ყველა ადგილობრივი დავა განეხილა. პროვინციაში კი სამართლის წარმოება ნაწილობრივ მებატონის ხელში იყო, ის იყო უმეტეს შემთხვევაში გლეხის მსაჯულიც და ბოქაულ-იასაულიც. ერეკლე მეფე მოუცლელი იყო მუდმივი ომიანობის გამო, გლეხს, უმეტეს შემთხვევაში, მისი პროვინციაში მოგზაურობის დროს ეძლეოდა არზის მირთმევის საშუალება. მაგრამ ქართლ-კახელი გლეხები ასეთ შემთხვევებს უხვად იყენებდნენ.

თუ გლეხისათვის ძნელი იყო სამართლიანი განჩინების მიღება, კიდევ უფრო ძნელი იყო ამ განჩინების შესრულება. უბედურება ის იყო, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი ევროპის დაწინაურებულ ქვეყნებში ბურჟუაზიამ, უწინარეს ყოვლისა, სასამართლოს დაწესებულებანი დაიპყრო და იქიდან დაიწყო პირველი იერიშები ფეოდალიზმისა და აბსოლუტიზმის წინააღმდეგ, საქართველოში, ეროვნული ბურჟუაზიის განუვითარებლობის გამო, მდივანბეგების სასამართლო (იმავე ფეოდალებს ჩაუვარდათ ხელში. თავადაზნაურობის ქვედა ფენებში იკრიბებოდა აგრეთვე იასაულების და სხვა მოხელეების კადრი, რომელსაც მეფის ბრძანების ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება ჰქონდა დავალებული. ისინი კი, უმეტეს შემთხვევაში, საბოტაჟს უწევდნენ ყოველ განაჩენს, რომელიც მებატონეთა ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

დიდად დამახასიათებელია ერთი არზა, რომელიც ერეკლეს ერთაწმინდელმა საეკლესიო გლეხმა ხახანაშვილმა მიართვა. „ათი წელიწადია თავს გაწყენთ და ვჩივით: თარხნიშვილებს უჩივით. ჩვენი სამართალი თქვენგან და მსაჯულთაგან გასამართლებულია; განაჩენი ხელთ გვიჭირავს, მაგრამ ერთხელ ისეთი იასაული არ გვებოძა, რომ იმათი კერმო კაცი არ ყოფილიყო და ეს საქმე გაერიგებინა. ახლა ეს არის ჩვენი ვედრება: ერთი ისეთი იასაული გვიბოძოთ, ამ ეკლესიისათვის იზრუნოს და ჭეშმარიტების მიმხედველიც იყოს და ამ განაჩენში ბრძანებული აღასრულოს“.

იმისდა მიუხედავად, რომ თარხნიშვილების და ხახანაშვილების დავა სასამართლომ ორჯერ უკანასკნელთა სასარგებლოდ გადასწყვიტა, რომ ამ საქმეში მეფეც ჩაერია, რომელიც ამ თვითნება მებატონეების მიმართ ხან მუქარას მიმართავდა და ხან ჩაგონებას, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თარხნიშვილებმა მაინც თავისი გაიტანეს, ხახანაშვილები ყმად გაიხადეს და შემდეგ გაჰყიდეს კიდეც.

ასეთი ურჩობა თავადების მხრით, ეტყობა, ხშირი მოვლენა იყო. ვინმე სვიმონ პეტრიაშვილი გიორგი ბატონიშვილს არზით აუწყებს: ხუთჯერ საჩივარი მოგართვით და ხუთჯერ თქვენ აბელ ანდრონიკაშვილს უბრძანეთ, მაგრამ თქვენს ბრძანებას არავითარ ყურადღებას არ აქცევს; პირიქით, უფრო მკაცრად მეპყრობა. ორი ქალი წამართვა და შინა-მოსამსახურედ დაიყენა, ერთს მათგანს ნამუსი აჰხადა და დააორსულა; მოწყალება მოიღეთ, ღმერთი გიშველის. მეფისწული ამ არზას თავის რეზოლუციას ადებს მოურავის შესასრულებლად: საჩივარი გამოიკვლიე და თუ მთხოვნელის ქალი მართლაც ნამუსახდილია, მებატონეს პეტრიაშვილის ოჯახი ჩამოართვი და სახაზინო მამულში დაასახლეო. უთხარი მაგ მამაძაღლ აბელ ანდრონიკაშვილს, რომ თუ ურჩობა გასწია, მიწასთან გავასწორებო.

თუ სახელმწიფო მოხელეთა კადრები, მათი სოციალური შემადგენლობის გამო, მეფეს ფეოდალების თვითნებობის ასალაგმავად არ გამოადგებოდა, კიდევ უფრო ნაკლებ საიმედო ამ მიზნისთვის ჯარი და განსაკუთრებით მისი სარდლობა იყო. ქართველი ჯარი ფეოდალური საზოგადოების წოდებრივ დანაწილებას ასახავდა, იგი შესდგებოდა გლეხკაცობის ქვეითა ნაწილებისა და თავადაზნაურ მხედრებისაგან, ის იკრიბებოდა საჭიროების მიხედვით და იშლებოდა როგორც კი ეს საჭიროება გაივლიდა. ყოველი ჯარისკაცი შეიარაღებული უნდა გამოსულიყო სალაშქროდ, მას თან უნდა ჰქონოდა ორიოდე კვირის სანოვაგის მარაგიც იმ ვარაუდით, რომ ამ ხნის განმავლობაში ან მტერს დაამარცხებდა, მის ბანაკსა და მის ქვეყანას დაარბევდა და ნადავლს იშოვნიდა, ან დამარცხებული შინ დაბრუნდებოდა. მებატონე ამ ჯარის რაზმების ინტენდანტიც იყო და ოფიცერიც, მისი წონა სამხედრო ოპერაციაში ხშირად დამოკიდებული იყო არა მის სტრატეგიულ ნიჭზე, არამედ იმაზე თუ რამ– დენი ყმა მოლაშქრე მისდევდა უკან.

ჯერ კიდევ თეიმურაზმა ჯარის გარდაქმნა სცადა ერანის და რუსეთის ნიმუშების მიხედვით. მან დააწესა ეგრეთწოდებული ნომრების მუდმივი ჯარი, რომელიც ათასი კაცისაგან შესდგებოდა და ჯამაგირს ღებულობდა. მაგრამ ეს პატარა ჯარიც ისეთ დიდ ტვირთად დააწვა გაღარიბებულ სახელმწიფო ხაზინას, რომ მეფე იძულებული გახდა ის დაეშალა.

როცა ქართლ-კახეთის მეფეები რუსეთს მფარველობისათვის მიმართავდნენ, უმთავრესად სამხედრო და ფინანსურ დახმარებას გულისხმობდნენ. ამ დახმარების მისაღებად გაგზავნეს მათ ელისაბედ დედოფალთან ელჩები, რომელნიც ხელცარიელნი დაბრუნდნენ, და ამავე მიზნით გაემგზავრა 1760 წელს პეტერბურგში თეიმურაზ მეფე, რომელიც ორი წლის ამაო ლოდინის შემდეგ იქ გარდაიცვალა. მისი გვამი საქართველოში წამოასვენეს, მაგრამ გზის სიძნელის გამო მხოლოდ ასტრახანამდე მოიტანეს, სადაც ის დასაფლავებულ იქნა მისი სიმამრის ვახტანგ მეექვსის გვერდით.

ამრიგად, ერეკლე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე გახდა.

1.17 XVI. ქართლ-კახეთის ეკონომიური მდგომარეობა

▲back to top


XVI. ქართლ-კახეთის ეკონომიური მდგომარეობა

იმის შემდეგ რაც ერეკლეს შემწეობით ქერიმ-ხანმა ხელთ იგდო თავისი მთავარი მოქიშპე — აზატ-ხანი, ერანში კარგა ხნით მშვიდობიანობა დამყარდა. საერთოდ ქერიმ-ხანის მმართველობა ერთ უბედნიერეს დროდ ითვლება სპარსეთის ახალ ისტორიაში. ერთი იმდროინდელი სპარსელი მეხოტბე პოეტი მაღალფარდოვანი სტილით ამბობს, რომ ქერიმის ქვეშევრდომნი დროს მხიარულად ატარებდნენ ჰარამხანაში, მზეთუნახავთა საზოგადოებაში, მათ არავითარი გაჭირვება არ იცოდნენ, ნექტარი ამხიარულებდა, ხოლო სიყვარული აკეთილშობილებდა მათ გულებსო.

ბედნიერი ქერიმის ჰარამხანას მხოლოდ ერთი რამ აკლდა: ლამაზი ქართველი ქალები, რომელნიც მის წინამორბედ შაჰებს პერიოდულად მისდიოდათ ხარკის სახით. ქერიმმა სცადა ამ ნაკლის შევსება და საგანგებო დესპანების პირით ერეკლეს თორმეტი წყვილი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი სთხოვა, არა იმიტომ, რომ მას მართლაც ცხოვრება გაძნელებოდეს ქართველი მზეთუნახავების გარეშე, არამედ რათა გამოერკვია, აღიარებდა თუ არა ერეკლე ნებაყოფლობით ქართლკახეთის დამოკიდებულებას ერანისაგან. მაგრამ ერეკლემ მკაცრად მიიღო ერანის ვექილის ელჩები და ხელცარიელი გაისტუმრა ისინი. სხვათა შორის, გამოსათხოვარი აუდიენ. ციის დროს ერეკლემ მათ უთხრა, იცოდეთ, ქერიმი მე ვერ მომატყუებს, ვინაიდან თვითონ ეშმაკზე ერთი დღით ადრე დავიბადეო.

მაგრამ ჯერ კიდევ ამ თავისებური დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმამდე ქერიმ-ხანი დარწმუნდა, რომ ერეკლე მეფის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდა ვერც მუქარით და ვერც ინტრიგებით; ამიტომ როდესაც მასთან ვახტანგ მეექვსის უკანონო ვაჟი პაატა ბატონიშვილი მივიდა, მან აგრძნობინა, რომ ერანის მხრით არავითარი დამხარების იმედი არ უნდა ჰქონოდა, თუ ქართლის ტახტზე დაჯდომას განიზრახავდა. ამის შემდეგ პაატა ბატონიშვილი თბილისში წამოვიდა, სადაც ერეკლემ პატივით მიიღო.

პაატა ბატონიშვილს ჯერ არტილერიის საქმე შეესწავლა რუსეთში, ხოლო შემდეგ ინგლისში მიეღო სწავლა-განათლება და დასავლეთ ევროპის ქვეყნები შემოევლო. თბილისში ის ჩქარა შეთქმულების ცენტრალურ ფიგურად გადაიქცა; ამ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებდნენ აბდულა ბეგის შვილი, დავით ბატონიშვილი, მეფის სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი და რამდენიმე ქართლელი თავადიშვლი. შეთქმულების მიზანი იყო ერეკლე მეფის მოკვლა და პაატა ბატონიშვილის გამეფება, მაგრამ ის ჩქარა გამომჟღავნდა ტახტის მაძიებლის გაუფრთხილებლობის გამო. პაატა ბატონიშვილს შეთქმულების საიდუმლოება გაუნდვია ვინმე დათუნა ფეიქრისთვის, რომლის ცოლი თურმე მეფის სასახლეში ცხოვრობდა როგორც ერეკლეს პატარა ქალის ქეთევანის ძიძა. დათუნა ფეიქარს ევალებოდა ღამით ცოლის დახმარებით სასახლეში შეეყვანა შეთქმულთა მომხრეები, რათა მათ ერეკლე მეფის ოჯახი ამოეწყვიტათ; მაგრამ ფეიქარს ეს საიდუმლოება აღსარებაში გაუმჟღავნებია თავისი მოძღვრისთვის, ვინმე ქრისტესია მღვდლისთვის, ხოლო ამ უკანასკნელს თავისი მხრით ის ერეკლესთვის უცნობებია. მეფეს დაუყოვნებლივ თავისი ერთგული დედებულნი მოუწვევია, ჯვარსა და სახარებაზე დაუფიცებია და შეიარაღებული რაზმების თანხლებით შეთქმულთა ბინებზე გაუგზავნია, რათა ისინი ქონების ჩამორთმევის შემდეგ დაეტუსაღებინათ. თუ ერთ-ერთი შეთქმულის — დიმიტრი ამილახვრის შვილის ალექსანდრეს მოწმობას დავუჯერებთ, გამოძიებას თვით მეფე ხელმძღვანელობდა და დიდის სიმკაცრით აწარმოებდა; პაატა ბატონიშვილმა, სხვათა შორის, დაკითხვის დროს განაცხადა, მეფის მოკვლა არ მდომებია, თუ ეს მდომებოდა, კიდეც მოვკლავდი, ამის შემთხვევა ხშირად მქონდა, როცა ღამე ერთად გაგვითევია კარავშიო. საქმე განაჩენის გამოსატანად დარბაზს გადაეცა, ე. ი. უწარჩინებულეს საერო და სამღვდელო პირთა კრებულს. ამ განაჩენის ძალით პაატა და დავით ბატონიშვილებს თავები მოჰკვეთეს, ხოლო სხვები, უმეტეს ნაწილად, გაახეიბრეს. დიმიტრი ამილახვარი ვირზე შესვეს და ქალაქში ატარეს, მის ვაჟს ალექსანდრეს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს, ერთი შეთქმულთაგანი ცეცხლში დასწვეს და სხ. დავით ბატონიშვილი ამბობს, არა სწადდა მეფეს ამოწყვეტა მათი და მრავალ გზისცა ენუკვა ხალხთა განტევებას მათსა, გარნა ხალხთა არა უსმინეს მეფესაო. მაგრამ შეიძლება ეს ცნობაც ისევე ტენდენციური იყოს, როგორც ალექსანდრე ამილახვრის საწინააღმდეგო ცნობაა.

პაატა ბატონიშვილის შეთქმულების მარცხმა გამოააშკარავა, რომ თუ არისტოკრატიულ წრეებში ერეკლე მეფის მოწინააღმდეგე ელემენტები კიდევ მოიპოვებოდნენ, მდაბიო ხალხი ქალაქსა და სოფელში მას უყოყმანოდ უჭერდა მხარს. სხვათა შორის, დიდად ნიშანდობლივი იყო, რომ შეთქმულნი თვით მათმა მოსამსახურეებმა გასცეს. ეს გარემოება, უმთავრესად, იმით აიხსნებოდა, რომ ერეკლე მეფე, განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ, ენერგიულად შეებრძოლა მსხვილი ფეოდალების ძალმომრეობასა და თვითნებობას და შეეცადა გლეხობის, ხელოსან-ამქრებისა და ქალაქის მდაბიო მოსახლეობის ეკონომიური მდგომარე. ობა გაეუმჯობესებინა.

ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ერეკლე მეფემ 1755 წელს ყაზახის ხანობა გააუქმა და ამ პროვინციაში ისეთივე ადმინისტრაცია შემოიღო, როგორც საკუთრივ ქართლ-კახეთში იყო დაწესებული. დაახლოებით ათი წლის შემდეგ გაუქმებულ იქნა ბორჩალოს სახანოც, ხოლო ოცი წლის შემდეგ ქსნის საერისთავოც. ამრიგად ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე თანდათან ბოლო მოეღო ნახევრად დამოუკიდებელ ფეოდალურ სამფლობელოებს, და ისინი უშუალოდ მეფეს დაექვემდებარენ მოურავების მეშვეობით.

მაგრამ ერეკლე მეფის აბსოლუტისტურ და ცენტრალისტურ პოლიტიკას მტკიცე ეკონომიური დასაყრდენი არ ჰქონდა მრეწველობის და აღებ-მიცემის განუვითარებლობის გამო. ქართლ-კახეთში არსებითად მხოლოდ ერთი ქალაქი იყო, თბილისი, რაც შეეხება გორს, თელავს, ანანურს, სურამს და სხვათ, ისინი უფრო გამაგრებულ სოფლებს წარმოადგენდნენ. საკმაოა ერთმანეთს შევადაროთ თბილისის აღწერა, რომელიც შარდენმა, ტურნეფორმა და გიულდენმტედტმა დაგვიტოვეს, რათა დავინახოთ, როგორ დაქვეითებულა ჩვენი დედაქალაქი ერთი საუკუნის მანძილზე. შარდენი, რომელიც აქ 1671 წელს იყო, მას ერთ საუკეთესო ქალაქად სთვლიდა აღმოსავლეთში. ის აღტაცებული იყო მისი მშვენიერი საზოგადო შენობებით, ფართო და სუფთად შენახული ბაზრებით, ქვის ქარვასლებით, მაღაზიებით და პალატებით, უკვე ოცდაათი წლის შემდეგ თბილისმა ფრანგ მოგზაურ ტურნეფორზე ბევრად ნაკლებ მიმზიდველი შთაბეჭდილება მოახდინა.

1771 წელს თბილისში გერმანელი მეცნიერი, აკადემიკოსი გიულდენშტედტი ჩამოვიდა; მისი მოგზაურობის აღწერა, ბევრად უფრო საიმედო ცნობებს იძლევა იმდროინდელი თბილისისა და ქართლ-კახეთის ეკონომიური და კულტურული პირობების შესახებ. გიულდენშტედტმა ქალაქში მეტი აგურით და ლორფინით აშენებული და კირით შელესილი ერთსართულიანი სახლები აღმოაჩინა, ვიდრე პალატები, მას ქუჩები და მოედნები მეტისმეტად ჭუჭყიანად ეჩვენა, ჰაერი უსუფთაოდ; მისი აზრით, ამით აიხსნებოდა შავი ჭირის და სხვა გადამდებ ავადმყოფობათა სიხშირე, რის წყალობითაც თბილისის მოსახლეობა ერთ დონეზე იდგა, ძლივს აღწევდა ოცი ათას სულს და ხანდახან მცირდებოდა კიდეც.

ევროპიელი მოგზაურები და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ თბილისს მეთვრამეტე საუკუნეში საკმაოდ გაცხოველებული აღებ-მიცემა ჰქონდა არა მარტო მეზობელ ხალხებთან, არამედ რუსეთსა, სპარსეთსა და თვით შორეულ ინდოეთთან, რომ ის ქარავნებით ძვირფას ჰინდურ და სპარსულ შალეულობასა და ფარჩეულობას, აგრეთვე ფაიფურის ჭურჭელს ღებულობდა, ხოლო თვითონ უცხოეთში სპილენძის ჭურჭელს, ცხენის მოსართავს, იარაღს, ბამბის ქსოვილს და ტყავის ნაწარმს გზავხიდა; ქალაქს მრავალი სახელოსნო და რამდენიმე პატარრა სამანუფაქტურო ფაბრიკა ჰქონდა, სადაც აბრეშუმის, მატყლის და ბამბის ქსოვილებს ამზადებდნენ, უფრო ფართო მოხმარებისათვის გამოსადეგს. მაგრამ თბილისის ვაჭრობა-მრეწველობა უცხო ელემენტების, განსაკუთრებით, სომხების ხელში იყო; ქალაქის ქართველი მოსახლეობა არაფრით არ განსხვავდებოდა ქართლ-კახეთის სოფლის მოსახლეობისაგან, მას ქალაქის გალავანს გადაღმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ყანები, ვენახები და ბაღჩები ჰქონდა, რომელნიც მტკვრიდან გამოყვანილი არხებით ირწყვებოდნენ.

ერეკლე მეფემ განსაკუთრებული ღონისძიებანი მიიღო ქალაქში სოფლის მოსახლეობის მისაზიდავად; სხვათა შორის, როცა მან ეგრეთწოდებული მორიგი ჯარი შემოიღო, ვაჭრები და ხელოსნები გაათავისუფლა ამ ბეგარისაგან; მაგრამ ერეკლემ მაინც ვერ შესძლო ეროვნული ბურჟუაზიის შექმნა. ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას, უწინარეს ყოვლისა, ხელს უშლიდა ავაზაკების თარეში სავაჭრო გზებზე. ქარავანს კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ჩვეულებრივ, ცხრა დღე სჭირდებოდა, ამ ხნის განმავლობაში ის შეიძლებოდა ცხრაჯერ გაძარცულიყო. ვაჭარს რამდენიმე ფეოდალის სამფლობელო უნდა გაევლო და რამდენჯერმე ბაჟი გადაეხადა ან მებატონისათვის ქრთამი მიერთმია. მაგალითად, გიულდენშტედტი ამბობს, მცხეთელი მებატონე ბაჟს ღებულობს მცხეთის ხიდზე გავლის დროსო. ეს იწვევდა საქონლის არაჩვეულებრივ სიძვირეს, რასაც ზედ ერთოდა კრედიტის სიძვირე და ქალაქის მდაბიო მოსახლეობის დავალიანება, ამქრული წესწყობილება, რომელიც აფერხებდა ვაჭრობის თავისუფლებას, ბოლოს უვარგისი სამოქალაქო ადმინისტრაცია. მაგრამ მთავარი იყო ის, რომ გლეხიკაცისთვის ძნელი, თითქმის შეუძლებელი იყო ბატონყმობის უღლიდან გათავისუფლება და მოქალაქედ გახდომა; მას რაღაც არაჩვეულებრივი გმირობა უნდა ჩაედინა, რომ მეფეს გაეაზატებინა, როგორც მაგალითად, ერეკლემ ყვარლის ციხის ალყის გამრღვევი გლეხები გაააზატა. გარდა ამისა ერეკლემ დააკანონა, რომ ტყვეობიდან მოსული კაცი თავისუფალი ხდებოდა, თუ ის თავის ხარჯით გამოისყიდდა თავს ან გამოიქცეოდა. მაგრამ ასეთი შემთხვევა შედარებით იშვიათი იყო. უმეტეს ნაწილად ტყვეს რომელიმე შეძლებული კაცი იხსნიდა თავისი ფულით, ასეთ შემთხვევაში კი ის გამომყიდველის ყმა ხდებოდა.

ქართველი რასის ნაყოფიერების მიუხედავად, ქართლკახეთის დაბლობში მოსახლეობა, გამუდმებული ომიანობის და დატყვევების გამო, არა თუ არ მატულობდა, კლებულობდა კიდეც, ხოლო თუ უფრო მშვიდობიან წლებში რაიმე ნამატს იძლეოდა, მას ჩვეულებრივ ქალაქებში კი არა, მთებში გზავნიდა. ამიტომ ქართლ-კახეთის მთიანი ნაწილი ბევრად უკეთ დამუშავებული და ბევრად უფრო მჭიდროდ დასახლებული იყო, ვიდრე ბარი. და ბარის მოსახლეობა, რომელიც მტრის შემოსევის ან გადამდები სნეულების დროს მთაში იხიზნებოდა, გადარჩა არა მარტო იმიტომ, რომ მას კლდეები და ტყეები იცავდნენ, არამედ იმიტომაც, რომ იქაურს მოსახლეობაში სტუმართმოყვარე მასპინძლებს ხვდებოდნენ. იესე ოსესშვილი მოგვითხრობს, როცა თეიმურაზ მეფე ნადირ-შაჰის შიშით ანანურში გაიხიზნა, ქალაქიდან დიდძალი ხიზანი გაჰყვა, მეც თოთხმეტი სულისაგან მემდგარი ოჯახით დუშეთში ავედი და თითქმის ერთი წელიწადი იქ დავრჩიო: „ვიყავით, რაც სოფლურს გაძლებინებას შეეფერება, აზნაურიშვილები და იქიურნი მსახლობელნი გლეხნი გვაძლებინებდნენ“.

ქართლის შესახებ გერმანელი მოგზაური რეინეგსი ამბობს, ის იბერიის იმ დაბლობს აღარ წარმოადგენს, სადაც სტრაბონმა მნიშვნელოვანი ქალაქები, დასთვალა, ქვისაგან აგებული საუცხოო საზოგადოებრივი შენობები, თვით ფორუმები ნახა და სადაც ყველაფერი მოიპოვებოდა, რასაც კი ადამიანი მოითხოვს, რათა ცხოვრება სასიამოვნო იყოსო. თათრებმა და დაღისტნელებმა ისე გაანადგურეს ეს კურთხეული ქვეყანა, რომ საშინელ უდაბნოდ აქციეს და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს რას ნიშნავს საამური ცხოვრებაო; ის მიწურში ჩამალულა და მხოლოდ მშვიდობიანობას ეძებს, მაგრამ მაინც ვერ პოულობს, ვინაიდან საშინელი ლეკი თვით ამ საფლავშიც ესხმის თავსო.

იმავე მოგზაურის მოწმობით ქვემო ქართლი ანუ სომხითი ოცდაათი წლის განმავლობაში სრულიად უდაბური ყოფილა და ხელახლა მხოლოდ ერეკლე მეფის წყალობით დასახლებულა. საქართველო კიდევ უფრო დაცარიელდებოდა, მაგრამ ერეკლემ თურქებთან ხელშეკრულება დასდო, ქართველ ტყვეებს ნუ იყიდითო; სამწუხაროდ მეფეს ყოველთვის ძალა არ ჰყოფნის თავისი მეამბოხე ვასალები დაიმორჩილოსო; როცა საჩივარი მის ყურებამდე აღწევს, მებატონე თავს იმართლებს არა მარტო იმით, რომ ჩემი ქვეშევრდომის სიცოცხლის და ქონების სრული პატრონი ვარო, არაშედ იმითაც, რომ მეზობელი მებატონეებიც ასე იქცევიანო. რადგან დანაშაული ხშირია, ძნელია კანონის განხორციელებაო. ერთმა თავადიშვილმა მთელი სოფელი აჰყარა, ებრაელებით დასახლებული, სასამართლოში კი თავი იმით გაიმართლა, რომ ამით მინდოდა შური მეძია ქრისტეს სისხლის დამღვრელების წინააღმდეგო.

და მართლაც, თუმცა მეფე ერეკლე, მოუცლელობის მიუხედავად, ხშირად თვით წვრილმანი სადაო საქმეების გარჩევაში ერეოდა და საშუალო საუკუნეების გერმანელ იმპერატორივით ცაცხვის ან ჭადრის ხის ქვეშ უყვარდა დაჯდომა, რათა უბრალო ხალხის საჩივარი მოესმინა და განჩინება გამოეტანა, მაგრამ ყოველი გლეხისათვის ადვილი არ იყო მეფის ნახვა მისი მოგზაურობის ან, მით უმეტეს, თბილისის სასახლეში ყოფნის დროს. თუმცა ერეკლე მეფემ ქართულ ვერცხლის ფულზე სასწორი გამოახატვია, როგორც სამართლიანობის ემბლემა, მაგრამ საერთოდ მართალია მისი განათლებული შვილიშვილი იოანე, რომელიც ამბობს, ქართლში სამართალი არასოდეს არ ქმნილაო.

რაც შეეხება ქიზიყისა და კახეთის მდგომარეობას მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მათ ობიექტურად დახატულ სურათს აკადემიკოსი გიულდენშტედტი იძლევა, რომელიც ერეკლე მეფეს ახლდა თან, როცა მან ეს პროვინციები მოვლო 1771 წლის თებერვალსა და მარტში. 21 თებერვალს მთელს თბილისს ბუკით სამჯერ ეუწყა, რომ მეფე კახეთში მიემგზავრებოდა. საღამოს ხუთ საათზე ერეკლე დაიძრა ამალისა და ათასი შეიარაღებული კაცის თანხლებით. მას ახლდა რუსეთის იმპერატორის რწმუნებული ლვოვი და აკადემიკოსი გიულდენშტედტი რამდენიმე რუსი სტუდენტითა და კაზაკითურთ. სოფელ ნავთლუღში ორმოცდაათი სახლი და მრავალი მიწური იყო. მას აგრეთვე ერეკლეს ციხე ერქვა, იმიტომ რომ მეფემ ის გალავნითა და კოშკებით გაამაგრებინა. იორის ქვემო მარჯვენა ნაპირები, სადაც წინათ ბლომად ბრინჯი მოჰყავდათ, სრულიად უკაცრიელი იყო. საგარეჯოში ხუთასამდე კომლი ცხოვრობდა, ხოლო მანავი თითქმის ცარიელი იყო. კოდალო, ჯიმითი, მელაანი პატარა სოფლებს წარმოადგენდნენ და მეფეს ეკუთვნოდნენ, სამაგიეროდ საკმაოდ დასახლებული და კეთილმოწყობილი სოფელი იყო ვაქირი, სადაც მეფე თავისი ამალითურთ ათი დღე დარჩა. მთელი ქიზიყი ვაქირიდან დაწყებული ხირსამდე საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული და ყანებითა, ვენახებითა და ბაღჩებით იყო დაფარული. გზაზე მეფეს მრავალი ცხენოსანი ან ქვეითი გლეხი ხვდებოდა, ისინი მის წინაშე მუხლს იდრეკდნენ და სამართალს სთხოვდნენ, ხანდახან სადაო მიწებს აჩვენებდნენ. ზოგიერთ ადგილას ერეკლე განკარგულებას იძლეოდა, ამ წყაროს გალავანი შემოევლოს, აქ სიმაგრე გაკეთდესო.

რაც შეეხება თელავს, გიულდენშტედტი ამბობს, კახეთის დედაქალაქი არსებითად სამი ციხისაგან შესდგებაო: შუაშია ვგრეთწოდებული ბატონის ციხე მეფის საცხოვრებელი კოშკითა, ეკლესიითა და ხის შენობებითო. ამ ციხის გალავანს გარედან სომხების დუქნები აკრავსო. მეორე ციხეში, რომელიც კახელ თავადიშვილებს ეკუთვნის, მათი ყმა გლეზები ცხოვრობენო. მესამე თავად ვახვახიშვილებისაა, მის გალავანში მოთავსებულია ეკლესია და მებატონეებისა და მათი გლეხების ოჯახებიო. კურდღელაურსა და მის მახლობელ სოფლებში კი დაახლოებით ორას ორმოცდაათი კომლი თარაქამა ცხოვრობს თავიანთი ჯოგებითა და ფარითო.

ქიზიყთან შედარებით უფრო დარბეული სჩანს შიგნით კახეთი. მაგრამ აქაც ყველგან გავრცელებულია მევენახეობა, ხოლო ბაღები და ნასახლარები ბროწეულის, ლეღვის და ატმის ხეებითაა სავსე. ყოველი ოჯახი ორიდან ოთხ ფუთამდე აბრეშუმის პარკს ღებულობს, რაც მას კარგს შემოსავალს აძლევს, ვინაიდან გირვანქა პარკს სამი აბაზიდან ოთხ აბაზ ნახევრამდე ჰყიდის.

საერთოდ უცხოელი მეთვალყურენი ადასტურებენ, რომ ქიზიყსა და კახეთში სოფლის მოსახლეობას უფრო ჯანსაღი სახის გამომეტყველება ჰქონდა, რომ განსაკუთრებით მთიანი ნაწილი სასეირნო პარკს ჰგავდა, სადაც ყოველი ნაკადულის პირას ხის სახლები იდგა და სადაც ხალხი ბედნიერი იყო, სანამ ტყიდან ლეკების ბანჯგვლიან ქუდებს არ დაინახავდა. მაგრამ აქ ის მტერს მეტს წინააღმდეგობას უწევდა, თვითონაც თავს ესხმოდა ჭარ-ბელაქნელებს და ტყვეს არ ანთავისუფლებდა, სანამ ერთი ლეკის სანაცვლოდ სამ ტყვე ქართველს არ მიიღებდა.

ერეკლე მეფეს მშვენივრად ესმოდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის, განსაკუთრებით მადნეულობის დამუშავეზის მნიშვნელობა და მან კახეთში აკადემიკოსი გიულდენშტედტი, სხვათა შორის, გეოლოგიური გამოკვლევის მოსახდენად წაიყვანა და იქ მას ნავთის და მარილის საბადოები აჩვენა. ამავე მიზნით ამ გერმანელმა მეცნიერმა შემდეგ ბორჩალო და ყაზახი მოვლო. ის ამბობს, მეფემ ჩემთვის ცხოველები დააჭერინა და მინერალები შეაგროვებინა, გლაუბერის მარილის და სხვა მადნეულობის ნიმუშები გამომიგზავნა, რამდენჯერმე სასახლეში მიმიწვია და გულთბილად მესაუბრაო; გამომკითხა ჩემი სამშობლოს ვითარებაზე, პრუსიის ომზე და სხვა. უმეტეს შემთხვევაში მასთან ვხვდებოდი მის მამიდაშვილს პატრიარქ ანტონის, რომელიც მეფეს აგრეთვე თან ახლდა, როცა ის ჩემს ბინაში მოვიდა, რათა ჩემი საბუნებისმეტყველო კოლექციები დაეთვალიერებინაო. ცოტა უფრო გვიან სამი უფლისწულიც მეწვიაო.

ერეკლეს უნდოდა აკადემიკოსი გიულდენშტედტი საქართველოში დაეტოვებინა, ვინაიდან ამ მსწავლულ ბუნებისმეტყველს მედიკური განათლებაც ჰქონდა მიღებული, საქართველოს კი მუდმივი ომიანობისა და ეპიდემიების გამო მეტისმეტად ეჭირვებოდა განათლებული ექიმები. მაგრამ გერმანელი მეცნიერი, როგორც ეტყობა, დააფრთხო საქართველოში მუშაობის პირობებმა. მოთარეშე ლეკები ქართლ-კახეთის მეფესა და მცხეთის კათოლიკოსივით მოკრძალებულად არ ეპყრობოდნენ ზოოლოგიურ ფიტულებსა და ბოტანიკურ თუ მინერალოგიურ კოლექციებს. გიულდენშტედტი მოგვითხრობს, როცა მუხრანიდან ნარეკვავის და არაგვის შესართავთან მივედი, იქ სამასი შეიარაღებული კაცი დამხვდა ერეკლე მეფის მიერ გამოგზავნილი, ვინაიდან მთელი ეს კუთხე გავერანებულია და ღართისკარი მეტად სახიფათო ადგილს წარმოადგენსო; ხოლო როცა საბუნებისმეტყველო კვლევა-ძიების მიზნით ყაზახსა და ბორჩალოში გავემგზავრე, ოცდათექვსმეტი რუსის კაზაკი მახლდა, ორმოცი შეიარაღებული კაცი კიდევ მეფემ მომცა, ხოლო ოცდაათი ჩემმა პაციენტმა ქსნის ერისთავმაო. მაგრამ ლეკების წინააღმდეგ ხშირად არც ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებანი შველოდა. როცა რუსეთის რწმუნებულმა გვარდიის კაპიტანმა ლვოვმა რუსეთში საქართველოს ფლორის და ფაუნის კოლექციები წაიღო, მას შვიდი კილომეტრის მანძილზე თბილისიდან ლეკები დაესხნენ თავს, ცხენები წაართვეს და მხლებლები დაუხოცეს.

გიულდენშტედტის მოწმობით, ერეკლე მეფეს თბილისში ვერცხლის და სპილენძის ფულის საჭრელ ზარაფხანას გარ• და მარილის საწმენდი და ლითონის სადნობი ქარხნები ჰქონია, მხოლოდ ისინი სათანადო სიმაღლეზე არ მდგარან ტექნიკურად. ლითონის მრეწველობის განვითარებას დიდად აბრკოლებდა მუშახელის სიმცირე, დახელოვნებული ოსტატების უყოლობა და მადნის სიძვირე. გერმანელი მეცნიერი ამბობს, ახტალის მაღაროებში მუშაობა ლეკების თავდასხმების გამო ათი წლის წინათ შეწყვეტილა, გადარჩენილი მოსახლეობა ნაწილობრივ ბორჩალოში გაქცეულა, ხოლო ნაწილობრივ კახეთში, მხოლოდ კაკლის, ბროწეულის და ჭერამის ხეები მოწმობენ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება ჰყვაოდაო.

როცა სამოცდაათიან წლებში ერეკლემ ახტალის და ალავერდის საბადოებში ოქრო-ვერცხლის და სპილენძის მადნის ამოღება განაახლა, მან თავდაპირველად ორმოცდაათამდე ქართველი ახალგაზრდა შეაგროვა სამთამადნო საქმის შესასწავლად. ერთს წერილში, რომელიც კათოლიკოსის სახლთუხუცესის გედევანიშვილისადმი უნდა იყოს მიმართული, ის სწერს, კათოლიკოსის საყმომ ექვსი კაცი უნდა გამოიყვანოს ოციდან ოცდაათ წლამდეო: „ამ შაგირდებს თითო ხელი ტანისამოსი, თითო წამოსასხამი ნაბადი, თითო თოფი და იარაღი და ხუთ-ხუთი მინალთუნი უნდა მისცეთ. ამაზე ნურავინ დაბრკოლდება, ეს სარწმუნოების ერთგულებაც არის და თავის ქვეყნისაც. ეს რომ ჩვენს ქვეყანაში გამრავლდეს, მტრისგან ჩვენი ქვეყნის მორჩენა ამას შეუძლია; რომელიც ამ ხელობას ისწავლის, თავის ოჯახს გაამდიდრებს. ჯერ ამის გემო არ იციან, თვარემ ამის სწავლისათვის კიდეც შემოგვეხვეწებიან. წელიწადში ერთი ოსტატი სამოცს-ოთხმოცს თუმანს მოიგებს და ამის უკეთესი მოგება გლეხი კაცისათვის სხვა რა უნდა იყოს“.

ამრიგად ერეკლე მეფე სცდილობდა მომავალი მადანჩების რელიგიურ, პატრიოტულ და უტილიტარულ გრძნობაზე ემოქმედნა ერთსა და იმავე დროს; მაგრამ მას წინ ეღობებოდა მისი სამეფოს დაცარიელება და ტექნიკური ჩამორჩენა. გარდა ამისა ორმოცდაათი კაცი, რასაკვირველია, საკმაო არ იყო ახტალის და ალავერდის მადნების საექსპლოატაციოდ. ამიტომ მან გიუმიშხანედან ბერძენი მემადნე მუშები და ოსტატები მოიწვია, საბადოების მახლობლად დაასახლა და ყოველმხრივ ხელისშემწყობი პირობები შეუქმნა მუშაობისათვის. ორიოდე წლის შემდეგ მარტო ახტალის ვერცხლის მადანი ხაზინას უკვე სამოცი ათასი მანეთის მოგებას აძლევდა, რაიცა დაახლოებით მთელი სახელმწიფო შემოსავლის ერთ მეათედს შეადგენდა. ეს მნიშვნელოვანი სტატია იყო ქართლკახეთის სამეფოს ბიუჯეტში ნატურალური და ფულადი გადასახადების, საქონლის ბაჟის, მარილის მონოპოლიის, დამნაშავეთა ქონების კონფისკაციის და სხვათა გვერდით.

1.18 XVII. ასპინძის ბრძოლა

▲back to top


XVII. ასპინძის ბრძოლა

იმ დროს, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებზე, ერანის დასუსტების გამო, ერთგვარი წონასწორობა დამყარდა და ერეკლე მეფეს, უმთავრესად, ლეკების შემოსევის და ფეოდალური ანარქიის წინააღმდეგ უხდებოდა ბრძოლა, იმერეთის სამეფო, რომელიც უფრო ძლიერი სახელმწიფოს, თურქეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო მოხვედრილი, ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას ცდილობდა.

ერეკლე მეფის თანამედროვე სოლომონ პირველი თხუთმეტი წლისა იყო, როცა ის იმერეთის ტახტზე ავიდა (1751 წ.). მას მეტისმეტად მძიმე პირობებში ერგო წილად მეფობის დაწყება. მართალია, მრავალერიანი ქართლ-კახეთის სამეფოს წინააღმდეგ იმერეთი მხოლოდ ქართველი ტომისაგან შესდგებოდა, მაგრამ ის ბევრად უფრო მცირე, ღარიბი და შინაგანად გათიშული იყო. იმერეთის ოთხ მთავარ ციხეში, ქუთაისსა, ბაღდადსა, შორაპანსა და ცუცხვათში ოსმალოს მეციხოვნე რაზმები იდგნენ; ამ რაზმების უფროსები, რომელნიც ხანდახან თვით მოღალატე იმერლებიდან ინიშხებოდნენ, ერეოდნენ იმერეთის მმართველობაში. შედარებით კეთილმოწყობილ პროვინციას რაჭის საერისთავო წარმოადგენდა, მაგრამ რაჭის ერისთავი როსტომი ფაქტიურად თითქმის დამოუკიდებელი მფლობელი იყო. იმერეთის მეფეს ეურჩებოდა აგრეთვე ზემო იმერეთის გავლენიანი ფეოდალი ლევან აბაშიძე, რომელიც დამოუკიდებელი არგვეთის სამთავროს შექმნას ფიქრობდა.

რადგან ხანგრძლივი ომიანობისა და შინაგანი სამოქალაქო ომების გამო იმერეთი იმდენად გაღარიბებული იყო, რომ უცხოეთის ბაზარზე გასატანად არაფერი გააჩნდა გარდა ცოტაოდენი აბრეშუმისა, თაფლისა და იაფფასიანი დაუმუშავებელი მასალისა, ხოლო ევროპიდან და თურქეთიდან უფრო ძვირფასი ქსოვილები, იარაღი და ფუფუნების პროდუქტები შემოჰქონდა, ის თავისი საგარეო ვაჭრობის პასივს ტყვეების გაყიდვით ინაზღაურებდა. ტყვეების გაყიდვა იმერელი ფეოდალების ერთერთ მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნო ახალგაზრდა მეფის მიერ ამ აღებ-მიცემის აკრძალვა. ეს ღონისძიება არ მოეწონა აგრეთვე არც სტამბოლის მთავრობას, რომელმაც მასში თავისი სუვერენული უფლების შებღალვა დაინახა.

ამას მოჰყვა თურქეთ-იმერეთის ომი, რომელიც დროგამოშვებითი შესვენებით თითქმის ოცდაათი წელიწადი გაგრძელდა. ამ ხანგრძლივ და უთანასწორო ბრძოლაში სოლომონ პირველმა გასაოცარი გამძლეობა, პოლიტიკური ტაქტი და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა; მან რამდენჯერმე ბრძოლის ველზე (ხრესილის მინდორზე და სხ.) დაამარცხა მტრის ჯარი, რამდენჯერმე მათი რაზმებისაგან გაწმინდა იმერერის ციხე-სიმაგრეები, ბოლოს მტრის მიდგომისთვის დასაჯა როსტომ ერისთავი, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. მაგრამ თურქეთის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის საწარმოებლად იმერეთის მეფეს სჭირდებოდა მეზობელი მფლობელების, გურია-სამეგრელოს მთავრების, სამურზაყანოს მებატონის მიმხრობა, ისინი კი ყოველთვის საიმედონი არ იყვნენ და, გარემოების მიხედვით, ხშირად მტრის მხარეზე გადადიოდნენ. საკუთარი ჯარის სიმცირის გამო სოლომონი ხანდახან იძულებული იყო ლეკების რაზმები მოეწვია და თავისი ღარიბი სალაროდან საკმაოდ დიდი ჯამაგირი ეძლია მათთვის. მაგრამ ეს რაზმები შინ წასვლის წინ სძარცვავდნენ და ატყვევებდნენ თვით მისსავე ქვეშევრდომთ. სოლომონმა და ერეკლე მეფემ 1758 წ. სამხედრო კავშირი დასდეს, რათა თავიანთი სამეფოები დაეცვათ მტრის შემოსევისაგან, მაგრამ თურქეთის იმპერიის რიდით ერეკლე წინააღმდეგი იყო ქართლ-კახეთის სამხედრო ძალის მიშველებისა იმერეთისთვის.

ასეთ პირობებში სოლომონ პირველმა 1768 წელს გადასწყვიტა მფარველობა და დახმარება ეთხოვა რუსეთის მთავრობისთვის. ეკატერინე მეორისადმი მიმართულ წერილში, რომელიც მან საგანგებო ელჩის, ქუთათელი მიტროპოლიტის მაქსიმეს ხელით გაგზავნა, ის სწერდა: ან იმერეთის სამეფო „საიმპერიოდ აღრიცხეთ“, რათა მეფე იმერეთისა „ქრისტეს შეწევნითა აღმოსავლეთის სარწმუნოებისა და სჯულისთვის ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სამსახურზედ უცხო თესლთა, ოსმალთ შევაკვდე და ვიდრე სისხლის დათხევამდე ხელმწიფის სამსახურზე ვიღვაწო“, ან თუ ეს არ მოხერხდება, ე.ი. თუ ეკატერინე მეორე იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ მფარველობას არ ინებებს, „აქვე განგვამტკიცეთ სახსართა და შეწევნათა მიერ, რომ ჯარის მიცემა შევიძლო და მით უძლოთ წინააღმდგომად ოსმანთა, რამეთუ ჩვენ სახმართაგან ფრიად ნაკლულოვან ვართ“. იმერეთის ელჩი სწორედ იმ დროს მივიდა პეტერბურგში, როცა იქ დიდი სამზადისი ხდებოდა თურქეთის ომის დასაწყებად; ამიტომ მაქსიმე ქუთათელი ხელგაშლილი მიიღეს. რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა მტრის წინააღმდეგ ორი მიმართულებით დაეწყო საომარი მოქმედება. მთავარი ჯარი ყირიმისა და ბალკანეთისაკენ უნდა დაძრულიყო, მდინარე დნესტრი გადაელახა, ქრისტიანი სლავიანები აეჯანყებინა სულთანის მთავრობის წინააღმდეგ და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, თვით სტამბოლის აღებით მომაკვდინებელი ლახვარი ჩაეცა თურქეთის იმპერიისათვის. მეორე ჯარს შეტევა მდინარე ყუბანზე უნდა დაეწყო, სადაც იმჟამად თურქეთის საზღვარი გადიოდა, ასეთ გარემოებაში იმერეთისა და ქართლ-კახეთის მიმხრობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის, ვინაიდან მათი მცირერიცხოვანი ძალაც კი სახიფათო იყო თურქთა არმიის ქედისა და მარჯვენა ფლანგისათვის კავკასიაში.

ამიტომ ეკატერინე მეორის მთავრობამ ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობა გამართა ერეკლესა და სოლომონთან. მან საქართველოში გამოგზავნა საგანგებო რწმუნებული, ნახევრად გარუსებული თავადი ქობულაშვილიხვაბულოვი და ქართველ მეფეებს სთხოვა ერთმანეთს შეთანხმებოდნენ საომარი მოქმედების გეგმაში. სოლომონ მეფე მართლაც თბილისში მოვიდა, ერეკლე მეფეს ეთათბირა და მასთან ერთად შეჰფიცა, რომ საერთო საქმეს არ უღალატებდა.

ერეკლე მეფის რუსეთისადმი მიმხრობამ შეშფოთება გამოიწვია ოსმალეთში. სტამბოლის მთავრობამ თბილისში, ელჩები გამოგზავნა და ნეიტრალიტეტის დაცვა ითხოვა. თავის მხრით „გულწმინდა ნაჰამან, ვალი ჩილდირისა“, ქართულად დაწერილს წერილში ერეკლე მეფეს სთხოვდა, სოლომონ მეფეს მხარს ნუ დაუჭერ მის ანტითურქულ პოლიტიკაშიო. ერეკლემ თურქეთის ელჩებს კარგა ხანს არავითარი პასუხი არ გასცა; ხვაბულოვი მისი ბრძანებით ქართულ ტანისამოსში გამოეწყო და მაინც და მაინც არ ჩნდებოდა საჯარო ადგილებში. მაშინ თურქეთის ელჩებმა მისი დაზვერვა დაიწყეს მის საკუთარ ბინაზე. ამან ერეკლე მეფე გააბრაზა და მან თურქები უპასუხოდ გაისტუმრა.

ამის შემდეგ ერეკლემ პეტერბურგის მთავრობას სთხოვა ხუთი პოლკი მოეშველებინა მისთვის, რათა „ამ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო ანუ ახალციხისა ანუ ყარსის გარშემო ქრისტიანნი არიან და იგინი ოსმალთა მონებასა ქვეშე იმყოფებიან, და კვალად, რომელნიც შავი ზღვის გარშემო ჩვენ კერძო ადგილი უჭირავთ, შესაძლებელი არს, რომ ყოველივე ძალითა ღვთისათა მიუღოთ“. ცხადია, ერეკლე მეფე რუსეთ-თურქეთის ომში ფართო პოლიტიკური მიზნებით ებმოდა; მას უნდოდა დაებრუნებინა სამაჰმადიანო საქართველო ანუ ძველი მესხეთი და ტაო-კლარჯეთი: ეს პროვინციები ერთ დროს ბაგრატიონების პირველ სამკვიდროს და ქართული კულტურის აკვანს წარმოადგენდა, მეთვრამეტე საუკუნეში კი მოთარეშე ლეკთა ბელადების და ახალციხის მმართველების ურთიერთ დახმარების გამო ქართლ-კახეთის დარბევის და დაუძლურების ხელისშემწყობ ასპარეზად იყო გადაქცეული.

იმ დროს საქართველოში ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდათ რუსეთზე, ვიდრე რუსეთში საქართველოზე. საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი მიმართულ წერილში ეკატერინე მეორე ითხოვდა, ზედმიწევნით მაცნობეთ, სად ძევს თბილისიო. იმდროინდელ რუსულ გეოგრაფიულ რუკებზე თბილისი ხან კასპიის ზღვის პირას იყო მოთავსებული, ხან შავი ზღვის პირას, ხან კიდევ სადმე შუა ადგილას. პეტერბურგში გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოს სამხედრო ძლიერებაზე. იქ ეგონათ, რომ ერეკლე და სოლომონი ოთხმოცი ათასი კაცის გამოყვანას მაინც შესძლებდნენ ბრძოლის ველზე, ე.ი. დაახლოებით იმდენს, რამდენსაც იმ დროს მთელი იმერეთის სამეფოს მოსახლეობა აღწევდა.

რუსის ჯარის საექსპედიციო კორპუსმა მოზდოკში მოიყარა თავი და 1769 წლის შემოდგომაზე დიდი გაჭირვებით დარიალის ხეობა გადმოლახა, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში. ერეკლე მეფე მას კობში შეეგება. ამ კორპუსში შედიოდა ერთი ქვეითი პოლკი, ათასამდე ცხენოსანი კარაბინერი, ჰუსარი, დონის კაზაკი და ყალმუხი და თორმეტი საველე ზარბაზნიდან შემდგარი არტილერია.

რუსეთის მთავრობასა და მისი საგარეო პოლიტიკის იმდროინდელ ხელმძღვანელს გრაფ პანინს უნდოდათ ამ მცირე ძალით ფართო იმპერიალისტური მიზნები განეხორციელებინაო, ისე კი რომ ქართველებს ჰგონებოდათ, საკუთარი მიზნებისათვის ვიბრძვითო. მაგრამ ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი ადვილად მოსატყუებელი პოლიტიკოსები არ იყვნენ: მათ სრულიადაც არ სწადდათ უარი ეთქვათ თავიანთ სუვერენულ უფლებებსა და თავიანთ ნაციონალურ მიზნებზე, რათა რუსის ჯარის კორპუსში დაქვემდებარებული სარდლის თანამდებობა მიეღოთ.

მდგომარეობას აუარესებდა ის, რომ თვით რუსის კორპუსის სარდალი უხეიროდ იყო არჩეული. გრაფმა ტოტლებენმა არც რუსული ენა იცოდა და არც ქართული, მას ორი თარჯიმანი სჭირდებოდა მეფეებთან მოლაპარაკების დროს. ეს იყო ტლანქი და ზვიადი გერმანელი, რომელთანაც ურთიერთობის დამყარება ძნელი აღმოჩნდა თვით ისეთი გამობრძმედილი დიპლომატისთვის, როგორიც იყო ერეკლე მეფე. ის მოკლებული არ იყო სამხედრო ნიჭს, წინათ, სხვათა შორის, მონაწილეობას იღებდა პრუსიის ომში და ბერლინი აიღო; მაგრამ მისი ავანტიურისტული მიდრეკილება, მისი საეჭვო და ბნელი წარსული მას გამოუსადეგს ხდიდნენ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე, სადაც მხედართმთავარს ღრმა პოლიტიკური ჭკუა და დიპლომატიური მოქნილობაც უნდა ჰქონოდა. ის ელისაბედ პეტროვნას მეფობის დროს გასამართლებული და უფლებააყრილი იყო მტერთან საიდუმლო კავშირის დამყარებისთვის, ხოლო თუ ეკატერინე მეორემ მისი თხოვნა შეიწყნარა და მას ხელახლა გენერალ მაიორის ხარისხი დაუბრუნა, ეს იმით აიხსნებოდა, რომ რუსეთს იმ დროს მრავალი საუცხოო ჯარისკაცი ჰყავდა, მაგრამ სათანადოდ მომზადებული უფროსი შემადგენლობა აკლდა. თავისთავად ცხადია, რომ ასეთს მხედართმთავარს ავტორიტეტი არ ექნებოდა თავისივე ხელქვეითების მიმართაც.

გრაფ ტოტლებენს უნდოდა თავდაპირველად იმერეთში გადასულიყო და სოლომონ მეფის ჯარს შეერთებოდა, რათა მასთან ერთად თურქების წინააღმდეგ შეტევა დაეწყო შავი ზღვის მიმართულებით. როგორც შემდეგ ნათლად გამოირკვა, ამ გეგმის განხორციელება არავითარ მნიშვნელოვან შედეგს არ უქადდა რუს-ქართველ ჯარს, მას კოლხიდის ჭაობებში ჩაფვლა მოელოდა. ტოტლებენის გეგმას ერეკლემ ბრწყინვალე საომარი გეგმა დაუპირდაპირა. მან შეაგროვა შვიდი ათასი ჯარისკაცი და ტოტლებენს წინადადება მისცა თავდაპირველად სურამის, სადგერისა და აწყურის გზით ახალციხისაკენ გალაშქრებულიყვნენ. ახალციხის აღება დიდ უპირატესობას მიანიჭებდა რუს-ქართველ ჯარს, ვინაიდან ეს ქალაქი მაშინ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიურ ცენტრს წარმოადგენდა. იქ საქართველოსაკენ მომავალი სამი სტრატეგიული გზა იწყებოდა: ერთი ბაღდადისა და ქუთაისისაკენ ზეკარის უღელტეხილით, მეორე სურამისა და გორისაკენ ბორჯომის ხეობით, ხოლო მესამე თბილისისაკენ ახალქალაქსა და მანგლისზე გავლით. თუ მტერი ახალციხეს დაჰკარგავდა, მას შესაძლებლობა ერთმეოდა შემოტევაზე გადმოსულიყო ქართლისა და იმერეთის წინააღმდეგ; პირიქით, ამ შემთხვევაში რუს-ქართველ ჯარს გზა ეხსნებოდა არტაანისა და ყარსისაკენ.

ტოტლებენმა, როგორც ეტყობა, თავდაპირველად მოიწონა ერეკლე მეფის საომარი გეგმა, და რუს-ქართველთა შეერთებული ლაშქარი 1770 წლის გაზაფხულზე სურამიდან დაიძრა, ქვიშხეთი გაიარა და სადგერში დაბანაკდა. ჯარის წინსვლას, სხვათა შორის, ანელებდა ის გარემოება, რომ როგორც რუსებს, ისე ქართველებს თავიანთი ზარბაზნები ხარებით მიჰქონდათ.

სადგერიდან აწყურისაკენ ორი გზა მიდიოდა: ერთი უფრო გრძელი, მაგრამ შედარებით ადვილი სავლელი, ხოლო მეორე უფრო მოკლე და ძნელი. სადგერის ციხეში დატოვებული იქნა სამოცი კაცი და ერთი ზარბაზანი, ალბათ, იმ შემთხვევისათვის, რომ თუ რუს-ქართველთა ჯარს მარცხი მოუვიდოდა და უკან დახევა მოუხდებოდა, ამ რაზმს უკან დადევნებული მტრისთვის გვერდიდან ან ზურგიდან დაერტყა. სადგერიდან გრძელი გზით ქართველი ჯარი წავიდა, ხოლო მოკლეთი რუსის ჯარი, ისინი 17 აპრილს ერთად მიადგნენ აწყურის ციხეს.

როგორც სჩანს, ერეკლეს არ უნდოდა დრო დაეკარგა აწყურის ციხის აღებაში; მას უნდოდა ეს ციხე უკან მოეტოვებია, მტრისთვის მოფიქრების საშუალება არ მიეცა და მისთვის დაუყოვნებლივ მის მთავარ სტრატეგიულ პუნქტზე — ახალციხეზე დაერტყა. მაგრამ ევროპის სამხედრო სკოლაში გაზრდილმა გენერალმა ტოტლებენმა შეუძლებლად მიიჩნია ასეთი თამამი გეგმის მიღება და აუღებელი ციხის დატოვება თავისი ჯარის ზურგში. ერეკლემ ძალაუნებურად დაუთმო თავის მოკავშირეს, და რუს-ქართველთა ლაშქარმა აწყურის ციხეს ალყა შემოარტყა. „აწყურის ციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო, - სწერდა სამი კვირის შემდეგ ერეკლე მეფე რუსეთის ვიცე-კანცლერს გოლიცინს, — ამისთვის, რომ რადგან მტრის მამულში ვიყავით, უმჯობესად ეს აღმიჩნდა: მათნი ქონებულნი, რომელნიც სოფლებმი სურსათი აქვნდათ, სულ ჩვენ მოგვეგროვებინა და შემდგომად მისსა, უკეთუ უმჯობესი იქნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ“.

მესამე დღეს ალყის შემორტყმის დაწყებიდან, ე.ი. 19 აპრილს აწყურის მეციხოვნე ჯარს ახალციხიდან თურქების და ლეკების ჯარი მოეშველა. ეს გარემოება გარემომცველ ჯარს საფრთხეს უქმნიდა, რომ თვითონ ორ ცეცხლს შუა მოხვდებოდა. ამან ტოტლებენი შეაშინა და ის იმავე დღეს უკან დახევის სამზადისს შეუდგა. „მე მიველ და ღრაფს დიდათ ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კამანდის აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ“, სწერს იმავე წერილში ერეკლე მეფე. მაგრამ ტოტლებენზე არავითარმა საბუთმა არ გასჭრა, მან ოთხი-ხუთჯერ ზარბაზანი ესროლა აწყურის ციხეს და სურამისაკენ გამობრუნდა.

აწყურიდან გამობრუნების წინ ტოტლებენთან გიორგი ბატონიშვილიც მისულა და უთქვამს: „ღენერალო, სირცხვილია ამისთანა დროსა ღალატი მეფისა“. — „არა მაქვს ბრძანება იმპერატრიცისა, რომ შევება ჯარითა ესრეთ მცირითა მტერსა დიდსა უსარგებლოდ“, უპასუხნია ტოტლებენს. — „მაგითი, ღენერალო, არცხვენ რუსეთისა ჯარსა და უტენ სახელსა დიდსა რუსეთსა. ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ჩვენ შევებმით, გავიმარჯვებთ და მოვახსენებთ იმპერატრიცასა შენსა სიმხდალესა“. პლატონ იოსელიანი, რომელიც ამ საუბარს გადმოსცემს, დასძენს: მამაცს ირაკლის მოახსენეს ესე საუბარი მეფისა ძისა ღენერლისადმი; არ მოიწონა ზრდილობითა ესე, და უმეტეს გამოცდილი საქმეთა შინა საომართა, ერიდებოდა რუსეთისა წყენასა კვალადაცა საიმედოს ქრისტიანობის გამო.

ომან ხერხეულიძე რუსის ჯარის სარდლის მოქმედებას ბოროტი კაცების ინტრიგებით ხსნის. ხოლო დავით ბატონიშვილი ამბობს, უფრორე მეფისა სოლომონისა მიერ წარმოიშვა შორის მეფისა და გრაფისა სანდურავიო; ვინაიდან არა სწადდა მეფესა სოლომონს განდიდება მეფისა ირაკლისა და მუდამ მზირ ეყვის მას, რათა ჰსცეს ნაკლულოვანება რაიმე მეფესაო. მაგრამ დღეს ცხადია, რომ აწყურის ოპერაციის მარცხი, უწინარეს ყოვლისა, იმით იყო გამოწვეული, რომ რუს-ქართველთა ლაშქარს ორი სწორუფლებიანი მხედართმთავარი ჰყავდა; ერთ მათგანს მეტი ძალა ჰქონდა, ვინაიდან რეგულარული ჯარის ნაწილებს მეთაურობდა, ხოლო მეორეს მეტი გამჭრიახობა, გამოცდილება და ადგილობრივი პირობების ცოდნა ახასიათებდა.

რუსის ჯარის უკან გამობრუნებამ ერეკლე მეფე დიდად სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენა, ხოლო თურქები და ლეკები დიდად გაამხნევა. ერეკლე ხედავდა, რომ თუ ისიც სურამისკენ გამობრუნდებოდა, შეიძლებოდა მტერი დადევნებოდა და ვიწრო ხეობაში გამანადგურებელი ზიანი მიეყენებინა მისთვისაც და მისი არასაიმედო მოკავშირისთვისაც, რომელიც იქ თავის არტილერიას ვერ მოიხმარდა. ამიტომ ის იძულებული გახდა ბრძოლით ცოტათი წინ წასულიყო ახალციხის მიმართულებით, ერთხანს იქ გამაგრებულიყო და რუსის ჯარის უკან დახევა დაეფარა. შემდეგ მან მტკვრის გამოღმა მდებარე სოფლები მოარბია და თბილისისკენ დაიძრა ასპინძისა და წალკის გზით.

ამ მანევრმა, როგორც ეტყობა, დააბნია მოწინააღმდეგის სარდლობა და მას შეცდომა ჩაადენინა: თურქ-ლეკთა ლაშქარი გამოუდგა არა რუსის ჯარს, რომელიც თავისი ხარშებმული ქვემეხებით ნელა მოძრაობდა ბორჯომის ხეობაში და ადვილად შეიძლებოდა ხაფანგში მოქცეულიყო, არამედ უფრო მსუბუქად შეიარაღებულ და სწრაფად მიმავალ ქართველ ჯარს, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვებოდა და მარცხენა ნაპირზე მიმავალ მოწინააღმდეგეს ხშირად ხელის გულივით ხედავდა. ერეკლეს მდგომარეობა გააუარესა იმან, რომ მისი ჯარის მაჰმადიანურ ნაწილებში მერყეობამ იჩინა თავი. როცა მათ დაინახეს, რომ თურქები და ლეკები რუსებს კი არა, მათ დაედევნენ, მათაც უკან დაბრუნება და რუსებთან შეერთება განიზრახეს. ერეკლეს უნდოდა ჯერ შთაგონებით ემოქმედა მათ ხელმძღვანელებზე. როცა ამან არ გასჭრა, მან საომარი წესის მიხედვით დაასჯევინა ურჩი რაზმების მეთაურები და ამით ბოლო მოუღო თავის ლაშქრის დეზორგანიზაციას.

თურქ-ლეკთა ჯარის სარდლობამ გადაწყვიტა ერეკლესთვის ასპინძასთან გადაეჭრა გზა. ამ მიზნით მან ახალქალაქის და ხერთვისის ციხეებიდან სასწრაფოდ ათასხუთასი კაცი გამოაყვანინა და მტკვრის მარჯვენა ნაპირას ჩაასაფრებინა. მაგრამ ერეკლემ არ აცალა, სანამ მათ მთავარი ძალა მოეშველებოდა: ის დაუყოვნებლივ შეტევაზე გადავიდა და მტერი გაჰფანტა. იმავე რუსი ვიცე-კანცლერისადმი მიმართულ წერილში ერეკლე ამბობს, ასეთს ძლეულებას მიეცნენ, რომ ნახევარი მათი არ გასულა, ზოგნი მტკვარში მოიშთვნენ გაქცეულნი და ზოგნი ხმლითა მოისრნენო.

ეს პირველი შეტაკება ჯერ კიდევ თითქმის გათავებული არ იყო, და ქართველები მტრის დევნისაგან არ გამობრუნებულიყვნენ, რომ ასპინძის ხიდს თურქების და ლეკების მთავარი ჯარი მოადგა და მტკვრის მარჯვენა მხარეზე გამოსვლა დაიწყო. ერეკლემ განგებ უკან დაიხია და მოწინააღმდეგეს აცალა იმდენი ჯარი გადმოეყვანა, რამდენის გადმოყვანაც ვიწრო ხის ბოგირზე შეიძლებოდა დაღამებამდე. მაგრამ მტრის ლაშქარმა მთლიანად მდინარის მარჯვენა ნაპირას გადმოსვლა ვერ მოასწრო და თუ ნახევარი არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მარცხენა ნაპირას დარჩა.

ერეკლემ მსწრაფლ გამოიყენა მტრის შეცდომა. მან ღამით ასპინძის ხიდთან პატარა რჩეული რაზმი გაგზავნა აღაბაბა ერისთავის, სვიმონ მუხრანბატონის და ხუდია ბორჩალოელის მეთაურობით; ეს რაზმი ღამის სიბნელეში მოულოდნელად თავს დაესხა ხიდის მცველებს, გასწყვიტა ისინი, ხოლო ხიდის ისრები აჰყარა და მტკვარში გადაჰყარა. როცა მეორე დღეს გათენებისთანავე ქართველები მტკვრის მარჯვენა ნაპირას გადმოსული მტრის ჯარის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ, მარცხენა ნაპირას დარჩენილი თურქლეკთა ნაწილები იძულებული იყვნენ ამისთვის პასიურად ეცქირათ. დამარცხებულმა და ლტოლვილმა თურქებმა და ლეკებმა ხიდს მიაშურეს და, რაკი ის აყრილი ნახეს, პანიკას მიეცნენ და ადიდებულ მტკვარში გადაცვივდნენ.

ასპინძის ომში განსაკუთრებით თავი ისახელა ერეკლი მეფის დის ქმარმა დავით სარდალმა, რომელსაც მისმა მეგობარმა პოეტმა ბესიკმა ცნობილი და მიუძღვნა. ამ ოდის ზოგიერთი ტაეპი საკმაოდ რეალისტურად გადმოსცემს იმდროინდელი ბრძოლის სურათს:

გამოვლეს წყალი ოსმალთა და აგრევ ლეკთა კიჟინით,
დელი ბაუ-აღა ლევანი სულ ზელ დაესხნეს მიჟინით:
„დაბრუნდით, ნუღარ დასდგებით! — ხმა ისმა — რას დაგვიჟინით?“
ერთის ხმა ასად ეგონისთ, შაშხანა მოსწვიმს ჟიჟინით.
მაშინ გულს დაჰკარ მჯიღითა, მიწანი შესძრენ რყევითა,
ცხენმა შეგატეო შექშენა, შემზადა ტანი ნძრევითა,
თვალნი ნაკვერცხლად შეგექმნეს, ასეთი სისხლმორევითა,
ცხვირის ნესტვთა მოჰქრობენ ქარნი ქვეყნისა ნგრევითა.
ზოგმან შემართა შიშითა წყალს გასვლა უფონობითა,
ზოგნი ერთმანერთს ხოცლიან, სრულად მიხილნი ცნობითა:
არ იცოდიან, რაც ჰქმნიან, ვერ იყვნენ ჭკუა ბრძნობითა.
მიდამო ჰკაფი უწყალოდ, მჭვრეტნი გაქებდენ მხნობითა.

ბესიკი („ასპინძისათვის )

ასპინძის ომში მტერმა თავისი ჯარის ნახევარზე მეტი და მრავალი მეთაური დაჰკარგა. დავით ბატონიშვილი ამბობს, ერეკლე მეფემ თავისი ხელით კოხტა ბელადი მოჰკლაო. თვით ერეკლე თავის წერილში, რომელიც მან თბილისში დაბრუნებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გრაფ პანინს გაუგზავნა, მოკლულთა რიცხვში გოლა ფაშასა, არტაანის და შავშეთის ბეგებსა და კუმუხის ხანის შვილს გარდა, რომლის შეკაზმული ცხენი მისთვის მიურთმევიათ, ასახელებს მალაჩილას, „რომელი იყო დაღისტნის პირველი და ჩინებული ბელადი“, მაგრამ არაფერს ამბობს თავის პირად გმირობაზე. ამავე წერილში ერეკლე გენერალი ტოტლებენის წინააღმდეგ ჩივის, „მე რომ თავისი ამხანაგი ვიყავ, მე გამიშვა და ახლა მანიფესტიც გააკეთა, რომლისა მოქმედებისაგან მრავალნი რუსეთის და საქართველოს კაცნი ყოვლითურთ განცვიფრებულნი არიან“.

ასპინძის ბრძოლა ერთი დიდად გონებამახვილი და გმირული ეპიზოდია ქართველი ერის სამხედრო ისტორიაში; მაგრამ მას ის პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, რაც მოსალოდნელი იყო, თუ რუსი და ქართველი ჯარი თანხმობით იმოქმედებდა და ერეკლე მეფის გეგმის თანახმად ახალციხეს აიღებდა. ასპინძის გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნებულ მეფეს უნდა ეფიქრნა არა თავისი სამეფოს გაფართოებაზე და სამაჰმადიანო საქართველოს შემოერთებაზე, არამედ თავისი ტახტის დაცვაზე რუსის ჯარის სარდლის წინააღმდეგ.

1.19 XVIII. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგები

▲back to top


XVIII. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგები

აწყურიდან გამობრუნებული ტოტლებენი გორის და დუშეთის გზით ანანურში ავიდა და იქ დაბანაკდა, მოზდოკიდან დამხმარე ძალების მოლოდინში. მის ჯარში, არა მარტო ქართველ ოფიცრებში, რომელთაც სამხედრო განათლეხა რუსეთში ჰქონდათ მიღებული, არამედ რუსებშიც, მისი სიტლანქისა და უტაქტობის გამო, თავი იჩინა უდისციპლინობამ, უკმაყოფილებამ, თვით შეთქმულებამ. საერთოდ უდისციპლინობამ მის ჯარს მეტი ზიანი მიაყენა ვიდრე მტრის ტყვიამ: როცა ის შემდეგ საქართველოდან გავიდა, უკან ოთხას კაცამდე დეზერტირი დარჩა.

ერეკლე მეფე გამოექომაგა რუს და ქართველ ოფიცრებს, რომელთაც თბილისში შეაფარეს თავი, რადგან ტოტლებენი მათ დასჯას უპირებდა. თავის მხრით ტოტლებენმა სამიოთხი ციხე დაიჭირა ქართლში, სხვათა შორის, გორის ციხის აღებაც განიზრახა, მაგრამ იქ ქართველმა მეციხოვნეებმა მისი რაზმები უკუაქციეს. შემდეგ მან მოიწვია ზოგიერთი თავადიშვილი და სამღვდელო პირი და უმრავლესობას ძალით, ხოლო თითო-ოროლას ნებაყოფლობით რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის ფიცი მიაღებინა. მას უნდოდა თბილისისაკენ გამოელაშქრა, ერეკლე დაეტყვევებინა, მისთვის რუსეთის მთავრობის მიერ მიცემული ორდენი ჩამოერთმია, ხოლო თვითონ პეტერბურგში გაეგზავნა. ცხადია, გენერალ ტოტლებენს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის მთავროდა მის მოქმედებას არ დაიწუნებდა, თუ კი მთელი ოპერაცია რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ ჩატარდებოდა. ადვილი შესაძლებელია, თავისი განზრახვა მას საიდუმლოდ პეტერბურგის კაბინეტის ზოგიერთი გავლენიანი წევრისთვის კიდეც ჰქონდა შეტყობინებული.

ტოტლებენის ინტრიგებმა არა თუ არავითარი გამოხმაურება არ ჰპოვეს ქართველი ერის ფართო წრეებში, რომელთაც ისევე, როგორც პაატა ბატონიშვილის შეთქმულების დროს, ერთგულება შეინარჩუნეს თავისი მეფისადმი, მათ თვით რუსის ოფიცრების დიდ ნაწილზეც ცუდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ერთი მათგანი თბილისიდან პეტერბურგის მთავრობას ატყობინებდა, უცილობელი ნიშნებია, რომ გენერალი ტოტლებენი ან ჭკუაზეა შემცდარი ან აშკარა მოღალატეაო. მით უმეტეს რუსის გენერლის „მანიფესტს“ თანაგრძნობით ვერ შეხვდებოდა ქართველი გლეხკაცობა, რომელსაც ის პურსა და ქერს ართმევდა, ურმიდან ხარებს უხსნიდა დასაკლავად, ხოლო თვით მას ცემით უმასპინძლდებოდა.

თავი და თავი მაინც ის იყო, რომ ერეკლე მეფე ისეთი კაცი არ იყო, რომ ასე ადვილად ხელში ჩავარდნოდა ავანტიურისტ გერმანელ გრაფს. თბილისში დაბრუნებისთანავე მან სწრაფად სათანადო ღონისძიებანი მიიღო თავის დასაცავად და ტოტლებენი თავის კალაპოტში ჩააყენა. ამის შემდეგ გენერალ ტოტლებენს ქართლ-კახეთის სამეფოში აღარაფერი ჰქონდა გასაკეთებელი და ის იმერეთში გადავიდა სოლომონ მეფის მისაშველებლად. მის გადასვლამდე სოლომონს უკვე თურქების მეციხოვნე რაზმები გაერეკა შორაპნის და ცუცხვათის ციხეებიდან, ხოლო ქუთაისის ციხისათვის ალყა შემოერტყა. რუსის ჯარმა ჯერ ბაღდადის ციხე გაათავისუფლა, ხოლო შემდეგ იმერელთა ჯარს დახმარება გაუწია ქუთაისის ციხის აღებაში. „ყურადღების ღირსია, სწერდა ეკატერინე მეორე ვოლტერს, რომ სოლომონ მეფის მეუღლე რუსების ბანაკში მისულა და მთავარსარდლისთვის უთხოვნია, ნება მომეცით ციხის აღების შემდეგ პირველი შევიდე შიგო; და მისი თხოვნა შეუსრულებიათ“.

თურქებს იმერეთის ციხეებში მცირერიცხოვანი რაზმები ეყენათ. სამაგიეროდ მათ შედარებით კარგად გამაგრებული ჰქონდათ ფოთის ციხე; მისი აღება ვერც ტოტლებენმა შესმლო და ვერც გენერალმა სუხოტინმა, რომელიც რუსეთის მთავრობამ საქართველოში მომქმედი ჯარის უფროსად დანიშნა, რაკი დარწმუნდა რომ ამ პოსტზე. ტოტლებენი აღარ გამოდგებოდა. რუსების ჯარი რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა კოლხიდის ჭაობებში; ბოლოს ის იძულებული გახდა ფოთის ციხის ალყა მოეხსნა და უკან წამოსულიყო, მალარიის მიერ დიდად შეთხელებული რაზმებით.

გენერალი სუხოტინის მარცხიც, უმთავრესად, იმით აიხსნებოდა, რომ თავისი წინამორბედის მსგავსად ის ანგარიშს არ უწევდა ქართველი ჯარის სარდლების რჩევას, თვითონ კი არ იცნობდა ადგილობრივ პირობებს. სოლომონ პირველი ეკატერინე მეორეს სწერდა, გენერალმა სუხოტინმა ჩვენი რჩევა არ მიიღო, ფოთისკენ ზაფხულზე გაილაშქრა და მრავალი ჯარი დაღუპა ხაშმიან ადგილებშიო.

ქართველი მეფეები, თავიანთი მხრით, რუსი გენერლების ქედმაღლობის და ჟინიანობის მიუხედავად, სცდილობდნენ ერთგულება დაეცვათ მოკავშირის მიმართ. როცა ფოთის მეციხოვნე ჯარის მისაშველებლად ბათუმიდან თურქების ჯარი დაიძრა, მას გურიაში სოლომონ მეფემ გზა გადაუჭრა და რუსის ჯარი სახიფათო სალტეში მოხდომას გადაარჩინა. ჯერ კიდევ ფოთისკენ გალაშქრებამდე სუხოტინმა ერეკლე მეფეს წინადადება მისცა, ახალციხის მხარეს ჯარი შეუსიე, რათა იქიდან მტერმა ფოთს დახმარება ვერ გაუწიოსო. ერეკლე თრიალეთზე ავიდა და, როგორც შემდეგ გრაფ პანინს სწერდა, იქ მოლაპარაკება გამართა „ხერთვისის ციხის და ქალაქის გამომცემ ერთ იქაურ ბეგთან, რომელიც საიდუმლოდ მალვით მოვიდა თავის ნათესავებთან, ციციანოვთან და ფიცით პირობა მოგვცა. ჩვენც ჩვენი ჯარით ორმოცდაათს ვერსამდის მივედით და იქიდან ჯარი გავგზავნეთ, და შევიდნენ ციხეში და წარმოსტყვენეს და დაწვეს“.

რუსეთის მთავრობამ საქართველოში საგანგებო რწმუნებული გამოგზავნა თავისი ჯარის მარცხის გამოსაკვლევად და, მისი მოხსენების მიღების შემდეგ, თავისი კორპუსი უკან გაიწვია (1772 წ.). რადგან რუსეთ-თურქეთის ომი ჯერ დასრულებული არ იყო, მოკავშირე ჯარის მიერ ბრძოლის ასპარეზის დატოვებამ ერეკლე და სოლომონ მეფეები დიდს განსაცდელში ჩააგდო, ხოლო მათი მტრები ყალყზე დააყენა. — დღეს ჩვენზედ იმის მსგავსი დღე მოწევნულ არს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, როგორადაც სული და ხორცი განიწვალებისო, სწერდა ერეკლე ეკატერინე მეორეს. რუსეთის საგარეო მინისტრისადმი გაგზავნილ წერილი ში ერეკლე ამბობდა: „სანამ მათი იმპერატორებრივი დიდებულების ბრძანება მოგვივიდოდა თურქთ მტერობისათვის, დაზავებით და მშვიდობით ვიყავით ხვანთქართან შერიგებულნი და დაწყნარებულნი; და სპარსეთის მახლობელ ხანებთან ასეთი საქმით ვიყავით: ზოგნი შეშინებულნი გვყვანდნენ და ხარკს გვაძლევდნენ და ზოგნი მეგობრობით დაზავებულნი გვყვანდნენ და ზოგის შეშინებას ვცდილობდით. და ახლა ამ საქმეებითა და ამისთანას წინადადებათაგან, რომელიც ზემორე დაგვიწერია, საქართველოში ქრისტიანობა მოისპობის და სრულიად აღოხრდების, თუ ეს კორპუსი აქეთგან უკუმობრუნდების“.

პეტერბურგის მთავრობა განსაკუთრებით სწორედ ერეკლე მეფეს აბრალებდა, რომ რუს-ქართველთა შეერთებულმა ლაშქარმა „უნაყოფობა, შეუერთებლობა და საზოგადოსა მტერსა ზედა განუმხედრელობა“ გამოიჩინა, ვინაიდან ქართლ-კახეთის მეფეს უნდოდა თავის გამოსაჩენად და სახელის მოსახვეჭად გამოეყენებინა რუსის ჯარის კორპუსიო. შემდგომმა ამბებმა გამოამჟღავნა რამდენად სამართლიანი იყო ეს ბრალდება.

ასპინძისა და ხერთვისის მარცხისთვის შურის საძიებლად ახალციხის ფაშამ თურქის და ლეკის ჯარი გამოგზავნა ქართლის მოსარბევად. ერეკლე მეფე ცხინვალში იჯდა სადილად, როცა ამ ჯარის მოწინავე ნაწილმა სოფელ ხვითებს მიაღწია. მეფე სასწრაფოდ ამხედრდა თავის ამალით, თავს დაესხა მტერს და უკუაქცია იგი. ამ ახალმა მარცხმაც გული არ გაუტეხა თურქებსა და ლეკებს: მარბიელი ჯარების შემოსევამ ახალციხის მხრიდან და დაღისტნიდან სისტემატიური ხასიათი მიიღო. მაშინ ერეკლე მეფემ მოიწვია სოლომონ მეფე, კავშირის პირობა განაახლა მასთან „სანგარსა შინა სიახლესა სოფლისა მავდარასა“ (1773 წლის ივლისში); ამერ-იმერთა შეერთებული ჯარი საციციანოს მთით ჯავაზეთში გადავიდა და ალყა შემოარტყა ახალქალაქის ციხეს. თუმცა ახალქალაქის აღება არ მოხერხდა, ვინაიდან სოლომონ მეფე ავად გახდა საოფლით და თავისი ჯარით უკან დაბრუნდა, მაგრამ ერეკლე მეფემ მოარბია ჯავახეთი, არტაანის და ახალციხის მხარე და ნადავლით თბილისში მოვიდა.

იმ დროს, როდესაც ერეკლე ახალქალაქთან იმყოფებოდა, კახეთს ჭარელები დაესხნენ, სოფელ ფხოველამდე მიიწიეს და იქ, სხვათა შორის, თბილისის თოფხანის დამაარსებლის და ქართული არტილერიის უფროსის პაატა ანდრონიკაშვილის ცოლი დაატყვევეს, რომელიც შემდეგ შექის ხანმა შეირთო. ამას მოჰყვა ხუნძახის მფლობელის ნურსალ ბეგის ანუ მუცალის თავდასხმა ქიზიყზე. ბოდბესთან ლეკებსა და ქიზიყის მხედრობას შორის, რომელსაც მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილი მეთაურობდა, ძლიერი ბრძოლა გაჩაღდა. წმინდა ნინოს სკოლის მასწავლებელმა ბერმა თომა გარსევანიშვილმა თავისი მოწაფეები ბოდბიდან მახლობელ ქედზე აიყვანა, ჯოხებზე ცხვირსახოცები წამოაცმევინა და ხელში დააჭერინა ბაირაღებივით. ლეკებს ეგონათ ქიზიყელებს მაშველი რაზმები მოუვიდათო, შედრკნენ და გაიქცნენ.

სამაგიეროდ, ცოტათი უფრო გვიან, დავით გარეჯის უდაბნოს ერთმა დაყუდებულმა ბერმა სამშობლოს ღალატით ისახელა თავი. ის გაიქცა ლეკებთან, მოუძღვა მათ და, რადგან უდაბნოს ციხის კარები დახშული ნახა, მონასტერში ფარული ხვრელით შეიყვანა, მრავალი მღვდელ-მონაზონნი დაატყვევებინა, ხოლო მათი ქონება გაატაცებინა.

უფრო მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა იმერეთის ტერიტორიაზე მომხდარ ომის ეპიზოდს. ახალციხის ფაშა სოლომონ მეფის წინააღმდეგ შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარს, რომელმაც თავის მხრით აფხაზეთის მთავარი მიიბირა. მოკავშირეებს ორი მხრიდან უნდა დაერტყათ იმერეთის თვის. თურქ-ლეკების ჯარი, დაახლოებით ოთხი ათასი კაცი, ვახანის გზით გადავიდა იმერეთში, ხოლო ამავე დროს დადი» ანის ჯარიც დაიძრა. ერეკლე მეფე, როგორც სოლომონ მეფის მოკავშირე, ქართლ-კახეთის ჯარით მსწრაფლ გაემართა ვახანისაკენ, ხოლო დადიანს სთხოვა უკან დაბრუნებულიყო, რაიცა ამ უკანასკნელმა შეასრულა. სოლომონმა ისარგებლა იმით, რომ მისი ჯარის ზურგს უკვე საფრთხე აღარ მოელოდა, მტერს მოულოდნელად თავს დაესხა ჩხერთან და თითქმის სრულიად შემუსრა (1774 წ.).

ჩქარა ამის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ომი დასრულდა, და საზავო ხელშეკრულება დაიდო ქუჩუკ-კაინარჯში. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის ძალით რუსეთი იმერეს თურქეთის იმპერიის ვასალურ ტერიტორიად სცნობდა და მას უფლებას აძლევდა ხელახლა დაეჭირა ქუთაისის, შორაპნის და ბაღდადის ციხეები. თავის მხრით თურქეთის მთავრობა პირობას იძლეოდა, რომ ხელს აიღებდა ქრისტიანების დევნაზე დასავლეთ საქართველოში და აღარ მოითხოვდა ხარკს ახალგაზრდა ქალ-ვაჟების სახით. ეს დიდი შეღავათი იყო, თუ გავიხსენებთ, რომ იმერეთი წელიწადში, ჩვეულებრივ, ოთხმოცამდე ქალ-ვაჟს უგზავნიდა ოსმალეთს. რადგან სოლომონ მეფემ კეთილგონიერება გამოიჩინა და ზემოხსენებული ციხეები უკვე აღებისთანავე დაანგრევინა, თურქებმა იმერეთში მეციხოვნე რაზმები ვეღარ ჩააყენეს. სოლომონმა აკრძალა ტყვეების გაყიდვაც. იმერეთი ფაქტიურად განთავისუფლდა თურქეთის ბატონობისაგან და ეკონომიური და მორალური წარმატების გზას დაადგა.

რაც შეეხება ქართლ-კახეთს, მისთვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავს არავითარი ტერიტორიული ან უფლებრივი ხასიათის ცვლილება არ მოუტანია. ერეკლემ ვერ მიაღწია თავის დიდი ხნის საწადელს და მესხეთი ვერ შემოიერთა. რადგან თურქეთისა და ერანის იმპერიებს საქართველო ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებიდან გავლენის სფეროებად ჰქონდათ დაყოფილი, და ქართლ-კახეთი, ჩვეულებრივ, ერანის სფეროში შემავალ სახელმწიფოდ ითვლებოდა, სულთანმა ქერიმ-ხანს სთხოვა, ერეკლე მეფეზე ემოქმედნა, რათა მას შეეწყვიტა თავდასხმები ახალციხის და ყარსის საფაშოებზე. მდივანბეგი ომან ხერხეულიძე ამბობს: „წარავლინა ელჩი თავისი ხვანთქარმან ერანის მეპატრონის ქერიმ ხანისთანა და შეუთვალა: თუმცა ჩვენსა და თქვენ შორის არს მშვიდობა, რამეთუ ზავ გვიყოფიეს, გარნა ეგრეთცა აღგიშვია ერთი ლომი (რომელი არს საქართველოს ვალი), რომელი აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი, რომლის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენისა, რათა დააყენოთ იგი ესე ვითარისა მძლავრებისაგან“.

ქერიმ-ხანმა სიამოვნებით იკისრა შუამავლის როლი, მან ერეკლეს, სხვათა შორის, ხმალი და ოქროთ აღკაზმული ცხენი გამოუგზავნა საჩუქრად; თურქეთსა და ქართლ-კახეთს შორის ზავი დამყარდა იმ მდგომარეობის საფუძველზე, რომელიც ომის დაწყებამდე არსებობდა.

ამრიგად თუმცა რუსეთ-ოსმალეთის ომმა ერეკლეს ვერავითარი რეალური სარგებლობა ვერ მისცა, მაგრამ მან განსაკუთრებით ამ ომში მონაწილეობით სახელი გაითქვა არა მარტო წინა აზიასა და რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. ერეკლე მეფეზე მრავალი წერილი და ცნობა იბეჭდებოდა იმდროინდელ ევროპიულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. ჯერ კიდევ ასპინძის ომამდე გამოჩენილმა გერმანელმა დრამატურგმა და კრიტიკოსმა ლესინგმა თავის „მინა ფონ ბარნჰელმში“ ერეკლე დასახა „მამაც ვაჟკაცად, რომელმაც სპარსეთი მოსდრიკა და დღეს თუ არა ხვალ თურქეთის კარიბჭეში შეიჭრება“. მშვიდობიანი, უმოქმედო და მოდუნებული ცხოვრებით მოწყენილი მხედრები, რომელნიც სახელის მოხვეჭას ოცნებობენ, საიდუმლოდ გერმანიიდან საქართველოში გამოპარვას აპირებენ, „რათა მისი უმაღლესობის პრინც ირაკლის მთავარსარდლობის ქვეშ ორ-სამჯერ მაინც გაილაშქრონ თურქების წინააღმდეგ“.

იმ ეპოქის რუსი ისტორიკოსი ბუტკოვი ამბობს, ერეკლე მეფემ თავისი წარჩინებული გონებით, პირადი სულიერი მღვიძარებით, უშიშრობით, სიმამაცით და სპარსეთში მომხდარ ხშირ ცვალებადობათა ხელმარჯვეთ გამოყენებით ისეთ მნიშვნელოვან სიმაღლეზე აიყვანა საქართველო, რომ ეს ქვეყანა ცნობილი გახდა მეზობელ სახელმწიფოებისთვისო. რუსეთის მთავრობის საგანგებო რწმუნებული იაზიკოვი სწერდა, მეფე ერეკლე ნიჭიერი სარდალი და წარჩინებული მხედარია, ყოველთვის დამბაჩით ან თოფით შეიარაღებული დადის და ომში ქართველ ჯარს გულადობის მაგალითს აძლევს — იგი ხმალამოწვდილი პირველი იჭრება მტრის რაზმებშიო.

ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების შემდეგ ეკატერინე მეორე ვოლტერს სწერდა, საქართველო უკვე წინააღუდგა თურქებს და უარი უთხრა ხარკად აძლიოს ლამაზი ქალიშვილები, რომელნიც აქამდე თურქეთის ჰარამხანებს ავსებდნენო. ამაზე ვოლტერი უპასუხებდა: „ქართული მანიფესტი ამის შესახებ უკვე გამოქვეყნდა ევროპაში და სათანადო შთაბეჭდილება მოახდინა; ცხადია მუსტაფა ამიერიდან იძულებული იქნება უარი სთქვას ქართველი მზეთუნახავების მფლობელობაზე. გისურვებთ, რომ ყველა ქართველი ქალიშვილი თქვენს ოფიცრებს ერგოთ: სილამაზე სიმამაცის ჯილდო უნდა იყოს“.

1.20 XIX. მორიგე ჯარი. ლეონ ბატონიშვილი

▲back to top


XIX. მორიგე ჯარი. ლეონ ბატონიშვილი

ერეკლე მეფეს მის სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეობაში ერთგული და გულისხმიერი თანაშემწე აღმოუჩნდა მისი მეორე ვაჟის ლეონის სახით.

ლეონ ბატონიშვილი ოცის წლის ჭაბუკი იყო, როცა ის ერეკლემ ანტონ კათოლიკოსთან ერთად სამოცი კაცის თანხლებით, ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულებამდე, სახელდობრ 1772 წლის იანვრის დასაწყისში, პეტერბურგში გაგზავნა, რათა რუსეთის მთავრობის მფარველობა ეთხოვა და მასთან ტრაქტატი დაედო.

თბილისიდან მოსკოვსა და პეტერბურგში იმ დროს გზა ასტრახანზე გადიოდა და მოგზაურობა მეტად მძიმე პირობებში ხდებოდა. სხვათა შორის, ქართველი დესპანების მიერ ასტრახანიდან გამოგზავნილი შიკრიკი ლეკებმა დაიჭირეს; თვით ანტონ კათოლიკოსმა და ლეონ ბატონიშვილმა პეტერბურგს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიაღწიეს. მათ ეკატერინე მეორეს წარუდგინეს ერეკლე მეფის საჩუქარი („ინდის ხელმწიფის — მოღულის ნაქონი საცერე, უნაგირი ოქროსი, მინანქარი, სპარსეთის ხელმწიფისაგან ჩემთვის ნაბოძები, რახტი ოქროსი, მინანქარი, ესეც სპარსეთის ხელმწიფისაგან ჩემთვის ნაბოძები“) და ხელშეკრულების პუნქტები, რომლის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ შესვლას აპირებდა.

უწინარეს ყოვლისა, ერეკლე მეფე თხოულობდა, რომ რუსეთის მთავრობას ქართლ-კახეთის მეფის განკარგულებაში გამოეგზავნა ოთხი ათასი ჯარისკაცისაგან შემდგარი კორპუსი. „ვინც ჯარის თავი იქნება, ჩვენს რჩევას მიიღებდეს და დაიჯერებდეს, ვინაიდან ვართ აქაურთა საქმეთა შინა მყოფნი და მეცნიერნი ამისათვის“, ეწერა ერეკლეს მიერ წარდგენილი ხელშეკრულების პროექტში. მეფობა ერეკლეს ჩამომავლობაში უნდა დარჩენილიყო, არ უნდა მოშლილიყო აგრეთვე არსებული წესი მცხეთის კათოლიკოსის არჩევისა და საქართველოს ეკლესიის მართვისა. ყირიმიდან გამოხსნილი ქართველი ტყვეები სამშობლოს უნდა დაბრუნებოდნენ. ქართლ-კახეთის მთავრობისთვის იმპერიის მთავრობას უნდა მიეცა ერთდროული სესხი, განსაკუთრებით სამთამადნო მრეწველობის გასაფართოებლად, სამაგიეროდ ნავთის წარმოებიდან მიღებული სარგებლის ნახევარი რუსეთის ხაზინას უნდა მიეღო. ქართლ-კახეთის დამშვიდების შემდეგ ჯარისკაცის გაყვანა აქაც რუსეთში მიღებული წესით უნდა მომხდარიყო, მხოლოდ ქართველი ჯარი სამშობლოში უნდა დარჩენილიყო. რუსეთის და თურქეთის დაზავების დროს რუსეთის მთავრობას უნდა ეზრუნა, „რომ გარეთ არ დარჩეს ქვეყანა ახალციხისა, ვინაიდან საქართველოს შინა არის და ქართული ენა აქვსთ და მრავალნი ქრისტიანენი არიან იმათში და სხვანიცა ახალნი გარდაქცეულნი არიან მაჰმადიანობაზე“. ბოლოს, ერეკლე მეფე იმპერიის მთავრობას ყოველწლიური ხარკის გადახდას პირდებოდა, თოთხმეტ შაურს კომლზე, თორმეტ რჩეულ ცხენსა და ორი ათას ვედრო ღვინოს; უცილობელია, მას ამ ხარკის გადახდა ნაკლებ სამძიმოდ მიაჩნდა, ვიდრე ის ხარკი იყო, რომელსაც მისი წინამორბედები ახალგაზრდა ქალ-ვაჟების სახით ერანსა და თურქეთს აძლევდნენ; ის, ალბათ, იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ყარაბაღული ცხენები და კახური ღვინო ეკატერინე დედოფალსა და მის მინისტრებსა თუ მხედართმთავრებს უფრო მისაღებად ეჩვენებოდათ, ვიდრე ვოლტერის მიერ ნახევრად ირონიულად შეთავაზებული ქართველი მზეთუნახავები. მაგრამ რადგან ერეკლემ ისიც კარგად იცოდა, რომ იმდროინდელი რუსეთის იმპერიის მთავრობა, გარეგნულად ათვისებული ევროპიული კულტურის მიუხედავად, არსებითად, ბევრით არ განსხვავდებოდა აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოების მთავრობისაგან, ის მას მძევლად ერთ-ერთი თავისი ვაჟის გაგზავნას პირდებოდა, როგორც თავისი ვასალური ერთგულების საწინდარს.

რუსეთის იმპერიის მთავრობამ ივარაუდა, რომ საქართველოზე მისი მფარველობის გავრცელება მის მდგომარეობას გაართულებდა თურქეთთან საზავო მოლაპარაკების დროს და უარჰყო ერეკლე მეფის ელჩების მიერ წარდგენილი წინადადებანი. ანტონ კათოლიკოსი და ლეონ ბატონიშვილი 1774 წლის აგვისტოში თბილისში დაბრუნდნენ, რუსული ორდენებით დაჯილდოებულნი.

ამრიგად ერეკლე მეფეს გარედან სამხედრო დახმარების მიღების იმედი გაუცუდდა, ქართლ-კახეთის სამეფოს საერთაშორისო მდგომარეობა კი რუსის ჯარის წასვლის შემდეგ არსებითად გაუარესდა. ამიტომ მან გადასწყვიტა თავისი საკუთარი ძალ-ღონით მოეხდინა სამხედრო რეფორმა და თავისი ჯარი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რუსეთის და ევროპის რეგულარული არმიისთვის მიეახლოებინა. მან თბილისში გაახსნევინა ზარბაზნების ჩამომსხმელი და ყუმბარების და ტყვია-წამლის დასამზადებელი თოფხანა, რომელსაც ხელმძღვანელად რუსეთსა და ევროპაში განსწავლული არტილერისტი პაატა ანდრონიკაშვილი მიუჩინა. 1773 წლის დასასრულს მან მოიწვია დარბაზის ერი, წარჩინებულ საერო და სასულიერო პირთა და მთავარ მოხელეთა კრება, რომელსაც „მორიგის ლაშქრის განჩინება“ წარუდგინა დასამტკიცებლად.

ამ განჩინების მიხედვით სამხედრო ძალების რადიკალური რეორგანიზაცია ხდებოდა; მაგრამ განჩინება საინტერესო მოვლენას წარმოადგენდა წმინდა სოციალური თვალსაზრისითაც; ამასთანავე ის მოწმობდა, რომ რეფორმატორი მეფის პოლიტიკურ აზროვნებასა და მის განკარგულებაში არსებულ მატერიალურ სახსრებს შორის შეუსაბამობა არსებობდა. ერეკლეს განჩინება წოდებრივ ფეოდალურ ლაშქარს შლიდა და საყოველთაო სამხედრო ბეგარას აწესებდა დაწინაურებული ქვეყნების წაბაძულებით; მაგრამ რადგან საქართველოში ვაჭრობა-მრეწველობა ჩანასახის მდგომარეობაში იყო, ხოლო ეროვნული ბურჟუაზია არ არსებობდა, მას არც ბიუჯეტი ჰქონდა და არც საჭირო ადამიანები ჰყავდა თავისი რეფორმის მტკიცე საფუძველზე დასამყარებლად.

ერეკლემ საჩქაროდ მთელი ქართლ-კახეთის მამრობითი სქესის მოსახლეობის აღწერა მოახდინა, ის თორმეტ ნაწილად გააყოფინა და ერთი დიდი დავთარი შეადგენინა, რომლის ასლები სოფლის მებატონეებსა და მოხელეებს დაურიგა. ყოველი ქვეშევრდომი, სარწმუნოებისა და წოდებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ვალდებული იყო, ერთი თვით, მორიგეობით, სამხედრო ბეგარა მოეხადა. ის უნდა გამოსულიყო თავისი საკუთარი იარაღითა, ტყვია-წამლითა, ტანისამოსითა და სურსათ-სანოვაგით, ხოლო თუ გასაწვევი გლეხკაცი უქონელი და ღარიბი იქნებოდა, ის მებატონეს უნდა უზრუნველეყო ხუთი თუნგი ღვინითა, ერთი კოდი პურითა და ერთი თვის სამყოფი მარილით: „ჩვენ რომ ჯარს სურსათის დაუწყოთ ძლევა, ჩვენს სარქარს სურსათის მიცემის ბინა არ ექნება“, ამბობდა განჩინების ერთ-ერთი მუხლი.

მორიგე ჯარის ბეგარა სავალდებულო არ იყო აღებ-მიცემის კაცთათვის, დუქნის პატრონთათვის, რომელი ერისაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, მათ შეეძლოთ თავისი ბადალი, ე.ი. შემცვლელი ეშოვნათ. ბადალის გაგზავნა შეეძლოთ აგრეთვე მწყემსებს, მებაღეებს, ხაბაზებს, მზარეულებს; შემძლებელ მეწისქვილეებს და გუთნისდედებს, ამ უკანასკნელთ მხოლოდ ხვნის დროს. ურჩობისა და დამალვისთვის მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული, სახელდობრ ჯარიმა, თავადისთვის ოცი თუმანი, აზნაურისთვის ათი თუმანი, სოფლის მოხელესთვის, ნაცვლისა, ქემხისა და სხვათათვის ექვსი თუმანი. თუ დამნაშავე თავადიშვილი ჯარიმას ვერ გადაიხდიდა, მას ერთი თვით სატუსაღოში ჩასმა მოელოდა საკუთარ პურსა და ღვინოზე, აზნაურიშვილისთვის კი სატუსაღოში ჩასმამდე ასი ჯოხი უნდა დაერტყათ. გასაწვევთა სიები სოფლის მღვდელს უნდა ჰქონოდა, თუ ის მას კარგად ვერ შეინახავდა, ორი ხარი უნდა წართმეოდა.

თუ გლეხკაცი თავის მორიგეობაში დაიგვიანებდა, მას რუსული წესის მიხედვით წკეპლში გაატარებდნენ, იმდენჯერ, რამდენ დღესაც გააცდენდა. დაგვიანების საპატიო მიზეზად ითვლებოდა ავადმყოფობა, მახლობელთა სიკვდილი და ლეკების მდევარში ჩაბმა, მხოლოდ დაგვიანებულს თავისი სოფლიდან სათანადო მოწმობა უნდა მოეტანა.

რათა ახალი ბეგარა გლეხკაცობას მეტისმეტად მძიმედ არ დასწოლოდა, განჩინების ძალით, ის ზოგიერთი ძველი გადასახადისა და საურავისაგან თავისუფლდებოდა. მაგალითად, ისპობოდა ეგრეთწოდებული სამასპინძლო, რომელიც განსაკუთრებით მძიმე ბეგრად ითვლებოდა, ვინაიდან სოფელში სტუმრად მისულ მეფეს ან მისი სახლობის წევრს, განჩინების სიტყვებით რომ ვთქვათ, „სხვა მრავალი მეულუფე კაცი გამოგვყვებოდა და ამ გზით სოფლისკაცნი შეწუხდებოდნენ ხოლმე“. ამასთანავე განჩინება დიდებულება და მოხელეებს წინადადებას აძლევდა მცირერიცხოვანი ამალით ემოგზაურათ: „ვისაც უწინ ოცი და კიდევ მეტი კაცი ჰყოლოდეს, დასჯერდეს ექვსსა და ვისაც ათი ჰყოლოდეს, დასჯერდეს სამსა, ორსა გინა ერთსა“.

მოსახლეობის აღწერამ გამოარკვია, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს თუშ-ფშავ-ხევსურების გამოკლებით, რომელნიც ახალი ბეგარისაგან განთავისუფლებული იყვნენ და წინანდებურად არარეგულარულ რაზმებს ადგენდნენ თავიანთი ხევისბერების მეთაურობით, დაახლოებით ოცდაოთხი ათასი კაცის გამოყვანა შეეძლო, ე. ი. ორი ათასისა თვიურად. ეს ჯარი უმთავრესად სახელმწიფოს საზღვრებზე უნდა მდგარიყო ლეკების მოთარეშე რაზმების უკუსაქცევად. მის უფროს შემადგენლობას და მოხელეებს, ათისთავებს, ასისთავებს, ათასისთავებს, ინტენდანტებს მეფე და მთავრობა ნიშნავდა; ჯარის სარდლობა ამიერიდან აღარ წარმოადგენდა ფეოდალების მემკვიდრეობითს უფლებას.

გარდა მორიგი ჯარის დაარსებისა სამეფოს დაცვისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ერეკლე მეფემ თავისი ღარიბი ხაზინისა და მცირერიცხოვანი მოსახლეობის რაციონალურად გამოყენებით მრავალი ციხე-სიმაგრე ააშენა და განაახლა, მათ შორის სიღნაღისა, ბოჭორმისა, ჭოეთისა, გრემისა, წირქოლისა, პატარძეულისა, ნორიოსი და სხვ. „მეფობასა მისსა აშენდნენ სიმაგრენი ქართლ-კახეთისანი ვიდრე ას სამოცამდე, გალავანნი და ბურჯნი მტერთათვის“, ამბობს ომან ხერხეულიძე.

ერეკლე მეფე კარგად გრძნობდა, რომ ასეთი რადიკალური სამხედრო რეფორმის გატარება ძნელი იყო ისეთ ტიპიურ წოდებრივ ქვეყანაში, როგორიც საქართველო იყო, რომ მას განსაკუთრებით მსხვილი მებატონეები გაუწევდნენ წინააღმდეგობას და ამიტომ მათ წასახალისებლად თვითონ თავისი ვაჟებით პირველი ჩაეწერა მორიგეთა რაზმში. ახალი ჯარის სარდლებს შორის განსაკუთრებით თავი ისახელა ენერგიულმა და ფიცხმა ლევან ბატონიშვილმა, რომელსაც, როგორც მისი კერძო წერილებიდან სჩანს, ხანდახან უჭირდა მთელი თვეობით სადღაც მივარდნილ საზღვარზე დარაჯობა, მაგრამ ბრძოლის ველზე არაფერი აკლდა, რათა თავისი მამის ღირსეული მემკვიდრე გამხდარიყო. ორიოდე წლის განმავლობაში მან ქართლ-კახეთის სამეფო თითქმის სრულიად გასწმინდა მოთარეშე ლეკებისგან. მისი ძმისწული დავით ბატონიშვილი ამბობს: „ესრეთ იქმნენ შიშნეულ ლეკნი, რომ ვერღარა სადა იკადრეს გამოსვლა და ესრედ დამშვიდდა ქვეყანა, რომელ ღართის კარსა შინა და სხვათა სამტეროთა ადგილთა დედაკაცნი ვიდოდეს თვინიერ კაცისა, და აშენდაცა მრავალნი მოოხრებული სოფელნი, ვითარცა კახეთსა შინა, ეგრეთცა ქართლსა და სომხითსა შინა და ლორესაცა“.

ერთხელ ლეონ ბატონიშვილისთვის, რომელსაც რომაელ პატრიკიოსივით აბანოში ყოფნა ჰყვარებია, იქ უცნობებიათ ლეკების მოახლოება. მას საჩქაროდ ტანთ ჩაუცვამს, კუკიაში შეერთებია ნაუცბათევად შეკრებილ მდევარს, იქ შეჭურვილა და ამხედრებულა და გლდანთან მიუსწრია ექვსი დროშით მიმავალი ექვსასი ლეკისთვის, რომელნიც დაუმარცხებია და გაუფანტავს.

თავისი აღტაცება ლეონ ბატონიშვილის ბრწყინვალე სამხედრო და პოლიტიკური ნიჭის წინაშე ქართველმა ერმა კარგად გამოხატა ცნობილ ხალხურ ლექსში:

ხმალი სჭრის ბაგრატივნისა, ნეფისა ერეკლისაო,
ნეტავი გამაცნობინა, ლევანს უქებენ შვილსაო,
სალეკო შამაამტვრია, ზვავმა ვით წვერი ტისაო;
წავიდა სარუსეთობა, საქართველოი ხკვირსაო...
გამააყოლა ჯარები, ხერხები ათას ფრისაო.
ლევან ქალაქჩი ჩამახა. ჭექა მაიღა ცისაო,
ლეკთ უფროსები და შინა: „ჩვენკე რაით იქს პირსაო,
მაგან თუ პირი ჩვენკე ქნა, საქმე ჭირს დაღისტნისაო“.


სამწუხაროდ ლეონ ბატონიშვილის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ნაადრევად შესწყდა ტრაგიკული შემთხვევის გამო. 1782 წლის გაზაფხულზე ის კახეთში გარდაიცვალა საიდუმლო პირობებში. ერთის ცნობით ის თითქო სოფელ ვეჯინში ყოფილა მიპატიჟებული თავადი იოანე აბაშიძის ოჯახში გამართულ ქორწილზე. მას მოსწონებია მეზობელი სოფლის მებატონის ასათ ვაჩნაძის ახალგაზრდა ცოლი და ისეთი სითამამე გამოუჩენია მის მიმართ, როგორიც ჩვენს წინაპრებს ვაჟკაცისთვის სასიქადულოდ მიაჩნდათ ბრძოლის ველზე, მაგრამ დასაგმობად ითვლებოდა, როცა ის გაშლილ სუფრაზე მჟღავნდებოდა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად ვაჩნაძის მეუღლე აუყენებიათ და კარდენახისაკენ გაულეკების მოახლოება. მას საჩქაროდ ტანთ ჩაუცვამს, კუკიაში შეერთებია ნაუცბათევად შეკრებილ მდევარს, იქ შეჭურვილა და ამხედრებულა და გლდანთან მიუსწრია ექვსი დროშით მიმავალი ექვსასი ლეკისთვის, რომელნიც დაუმარცხებია და გაუფანტავს.

თავისი აღტაცება ლეონ ბატონიშვილის ბრწყინვალე სამხედრო და პოლიტიკური ნიჭის წინაშე ქართველმა ერმა კარგად გამოხატა ცნობილ ხალხურ ლექსში:

ხმალი სჭრის ბაგრატივნისა, ნეფისა ერეკლისაო, ნეტავი გამაცნობინა, ლევანს უქებენ შვილსაო, სალეკო შამაამტვრია, ზვავმა ვით წვერი ტისაო; წავიდა სარუსეთობა, საქართველოი ხკვირსაო... გამააყოლა ჯარები, ხერხები ათას ფრისაო. ლევან ქალაქჩი ჩამახა. ჭექა მაიღა ცისაო, ლეკთ უფროსები და შინა: „ჩვენკე რაით იქს პირსაო, მაგან თუ პირი ჩვენკე ქნა, საქმე ჭირს დაღისტნისაო“.

სამწუხაროდ ლეონ ბატონიშვილის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ნაადრევად შესწყდა ტრაგიკული შემთხვევის გამო. 1782 წლის გაზაფხულზე ის კახეთში გარდაიცვალა საიდუმლო პირობებში. ერთის ცნობით ის თითქო სოფელ ვეჯინში ყოფილა მიპატიჟებული თავადი იოანე აბაშიძის ოჯახში გამართულ ქორწილზე. მას მოსწონებია მეზობელი სოფლის მებატონის ასათ ვაჩნაძის ახალგაზრდა ცოლი და ისეთი სითამამე გამოუჩენია მის მიმართ, როგორიც ჩვენს წინაპრებს ვაჟკაცისთვის სასიქადულოდ მიაჩნდათ ბრძოლის ველზე, მაგრამ დასაგმობად ითვლებოდა, როცა ის გაშლილ სუფრაზე მჟღავნდებოდა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად ვაჩნაძის მეუღლე აუყენებიათ და კარდენახისაკენ გაუპარებიათ. შეზარხოშებული ლეონი მას უკან დასდევნებია; ქალს ეს თავისი ღირსების შეურაცხყოფად მიუღია და ვაჟისთვის მუცელში დანა ჩაუცია. დაჭრილი ბატონიშვილი ვეჯინში დაბრუნებულა, მასპინძლის კოშკში დაწოლილა და იმ ღამესვე გარდაცვლილა.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად სწორია ეს რომანტიკულად შეფერადებული ამბავი, ვინაიდან როგორც სჩანს, თვით თანამედროვეებმა ვერ გამოარკვიეს ან განგებ მიჩქმალეს ლეონ ბატონიშვილის მკვლელობის გარემოება.

ლეონ ბატონიშვილის სიკვდილს მეორე ეპიზოდი მოჰყვა, დიდად დამახასიათებელი მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს სოციალური ურთიერთობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ ახალგაზრდა უფლისწულის გვამი გაციებული არ იყო, რომ კახეთში ყმა გლეხებმა თავისი მებატონე შერმაზან აფხაზი მოჰკლეს სიმკაცრისთვის. რადგან მკვლელებმა წინასწარი გამოძიების დროს განაცხადეს, აფხაზი იმიტომ მოვკალით, რომ მან ლეონ ბატონიშვილი მოწამლაო, ეს საქმე, მისი დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო, მსაჯულთა შეკრებულებამ გაარჩია, რომელშიც რვა მდივანბეგი იღებდა მონაწილეობას. სასამართლომ მოწამვლის ბრალდება მოხსნა მიცვალებულ აფხაზს, ის ამ საქმეში ყოვლითურთ უბრალოა და მისი სიმართლე. შვილით შვილთამდე საზოგადოდ იღაღადებოდესო. ამ განაჩენს რეალური მნიშვნელობა ჰქონდა. ბრალდებულის სიკვდილის მიუხედავად, ვინაიდან თუ მისი დანაშაული დამტკიცდებოდა, ფეოდალური უფლებრივი შემეცნების მიხედვით, რომელშიც ძლიერი იყო გვაროვნული შეგნების ნაშთი, დამნაშავის ოჯახს და ნათესავებს აკლება მოელოდათ. მდივანბეგების სასამართლოში გამოირკვა, რომ გლეხებს თავადი აფხაზი შურისძიების ნიადაგზე მოეკლათ, როგორც თავიანთი შემავიწროებელი, ხოლო პირვანდელი ჩვენება ასათ ვაჩნაძის ჩაგონებით მიეცათ, რათა თავიანთი თავიც გაემართლებინათ და ვაჩნაძისთვისაც სასჯელი აეცილებინათ.

ლეონ ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ მორიგე ჯარი თანდათან მოიშალა. ის მოიშალა არა მარტო იმიტომ, რომ მას ენერგიული და ნიჭიერი მეთაური მოაკლდა, არამედ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას მსხვილმა და წვრილმა ფეოდალებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ვინაიდან მასში სრულიად სამართლიანად თავიანთი პრივილეგიების შემკვეცავი ძალა დაინახეს. მთელი საუკუნეების განმავლობაში ისინი შეეჩვივნენ იმ აზრს, რომ ლაშქრობა-ნადირობა მათი წოდების უპირატესობა იყო და არა ბეგარა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელი იყო მათი დასჯა მებეგრე წოდებათა წევრების გვერდით, თუნდაც ეს დასჯა უფრო მსუბუქი ყოფილიყო. ბოლოს, მათ არ უნდოდათ, რომ მათი ყმები ყოველ წელიწადს მთელი თვის განმავლობაში მოცდენილიყვნენ მუშაობას. რადგან მორიგი ჯარის მომარაგება, უმთავრესად, ფეოდალების ხელში იყო, მათ ძალაც შესწევდათ, რომ მისი არსებობისა და განვითარებისათვის ხელი შეეშალათ.

ლეონ ბატონიშვილის სიკვდილი საგრძნობი იყო როგორც ქართველი ერის მტრებისა, ისე მისი მოკეთეებისათვის. თავის ერთს კერძო წერილში ანტონ კათოლიკოსმა გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვებით გამოიტირა ახალგაზრდა უფლისწული, რომელიც მან ერეკლეს სახელოვანი მოღვაწეობის ერთადერთ ნამდვილ გამგრძელებლად დასახა; ახალციხის ფაშას სულეიმანს კი ეთქვა: „მოხუცების ჟამსა მეფეს ირაკლისსა ერთი ფარდა აქვნდა საქართველოსთვის, რომელიც ოთხ კერძოვე იგურდივ იფარებდა და ამ დიდი შემწე მოეშალა ირაკლი მეფესა“.

რაც შეეხება ქართველ ხალხს, რომლის ტანჯვა განახლდა ლეკების თარეშების ხელახლა გაძლიერებასთან ერთად, მისი გულის ტკივილი უბედური ბატონიშვილის დაკარგვის გამო საუცხოოდ გამოხატა გრიგოლ ორბელიანმა თავის „სადღეგრძელოში“:;

მეფისა დროშით სად მიხვალ,
ჰა, ლევან, სულით ნათელო!
შენ მხოლოდ მამის იმებო,
უბროდ მზე დაბნელებულო..
შეირყა ტახტი მეფისა,
რა საფლავს შთახველ, ლომგულო!

1.21 XX. ალექსანდრე ბატონიშვილის შეთქმულება

▲back to top


XX. ალექსანდრე ბატონიშვილის შეთქმულება

თუმცა პეტერბურგის მთავრობამ დიპლომატიური თუ მონაპოლიტიკური მოსაზრებით ერეკლე მეფეს უარი უთხრა მფარველობის კისრებასა და მასთან ფორმალურად ტრაქტატის დადებაზე, მაგრამ ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავდა, რომ რუსეთს არ უნდოდა ფეხი მოემაგრებინა კავკასიის ქედს გადმოღმა და გზა გაეკაფა თბილი სამხრეთის ზღვებისაკენ.

მეთვრამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან განსაკუთრებით გაძლიერდა თერგის მხრის დასახლება რუსების მიერ. როგორც ხშირად სხვაგანაც მომხდარა ხოლმე, აქაც მხედარს, ვაჭარსა და კოლონისტს წინ მისიონერი მიუძღოდა.

სამოციანი წლების დასაწყისში მცირე ყაბარდოს ერთმა გავლენიანმა მფლობელმა ქრისტიანობა მიიღო და მოზდოკი დააარსა. იქ გადმოსახლებულ იქნენ დონის კაზაკ-რუსები, რომელთაც უხვად მიიღეს სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები, გახსნეს ეკლესია და მოიპოვეს პრივილეგია სამუშაო ოდ რუსი ჯარისკაცების დაქირავებისა, როცა ეს უკანასკნელნი თავისუფალნი იყვნენ სამხედრო ვარჯიშობისაგან.

ოცი წლის შემდეგ დონის კაზაკებს თერგის მხარეში ახალი ახალშენები მიემატათ ვოლგის და ხოპიორის ნაპირებიდან. მოზდოკიდან დონის ჯარის მიწებამდე, სახელდობრ აზოვამდე, გაბმული იქნა ციხე-სიმაგრეების და სანგრების მთელი ჯაჭვი, რომელსაც ასოცდაორი ქვემეხი იცავდა. მაგრამ ეს ხუთასი ვერსის სიგრძეზე გამაგრებული ხაზი სულ მცირე თანხა დაუჯდა რუსეთის იმპერიის მთავრობას, ვინაიდან ის ჯარისკაცის უსასყიდლო შრომით იყო გაკეთებული.

რუსების კოლონიზაციის გაფართოებამ ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია ჩერქეზებისა და ყაბარდოელების მხრით, რომელთაც, პრიმიტიული შეიარაღების მიუხედავად, გმირული ბრძოლა დაიწყეს კაზაკთა ახალშენებისა და რუსის ჯარის წინააღმდეგ. მათი პარტიზანები სწვავდნენ კაზაკების ნათესებს, ხოცდნენ ჯარისკაცებს და იტაცებდნენ ქვემეხებსა და პროვიანტს. თავის მხრით რუსის ჯარი ულმობლად უსწორდებოდა კავკასიის მთიელებს, მათ აულებს დედამიწის პირიდან ჰგვიდა, ხოლო მათ ჯოგებს ეპატრონებოდა.

ერეკლე მეფეს უნდოდა თავისი დაცარიელებული პროვინციების დასასახლებლად გამოეყენებინა ეს კონფლიქტი და 1778 წელს დიდი და პატარა ყაბარდოს მფლობელებს მოციქულები გაუგზავნა წინადადებით, ქართლში გადმოსახლდით და კარგს ადგილებს მოგცემთო. მაგრამ მისი შოციქულები რუსეთის ხელისუფლებამ მოზდოკში დააკავა, და ისინი ხელცარიელნი დაბრუნდნენ თბილისში. რა მწვავედ განიცდიდა ერეკლე მეფე ქართლ-კახეთის მოსახლეობის არაბუნებრივ შემცირებას, სჩანს იქიდანაც, რომ როცა 1779 წელს ერევნის მფლობელმა ჰუსეინ ალი ხანმა ხარკის ძლევა შეუწყვიტა, მან დაუყოვნებლივ გაილაშქრა ერევნისაკენ, დაამარცხა განდგომილი ხანი, ხელახლა ხარკი დაადო მას, დიდძალი სომხობა აჰყარა და ავლაბარსა, გორსა და სიღნაღში დაასახლა.

ასევე ენერგიულად მოიწევდა რუსეთი სამხრეთისაკენ კასპიის ზღვის მიმართულებითაც. სამოცდაათიანი წლების დასასრულს ასტრახანში-შეიქმნა ძლიერი რუსული ფლოტი, რომელიც 1781 წელს ასტრაბადის ყურეში შევიდა. რუსეთის მთავრობა მიზნად ისახავდა კომერციული მოსახლეობა შეექმნა კასპიის ზღვის ნაპირებზე და თავისი აღებ-მიცემა გაევრცელებინა ინდოეთამდე. ამიტომ პეტერბურგის მთავრობა თვალყურს ადევნებდა ყოველ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოძრაობას საქართველოში, და როდესაც 1776 წელს ქართლში ფეოდალების ერთმა ჯგუფმა ერეკლე მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო ზაალ ორბელიანის მეთაურობით, აღმოჩნდა, რომ მასში რუსეთის პოლიტიკური აგენტი ბაკუნინიც იღებდა მონაწილეობას.

რაკი რუსეთის იმპერიის დახმარების და სამცხე-საათაბაგოს შემოერთების იმედი ამაო აღმოჩნდა, ერეკლე მეფემ გადასწყვიტა კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინა თურქეთის იმპერიასთან. მან კონსტანტინეპოლში საგანგებო ელჩი გაგზავნა, უცხო ენების კარგი მცოდნე ყარაბაღელი სომეხი გურგენ ენიკალოფაშვილი, რომელიც იქ დიდი პატივით მიიღეს. სულთანის მთავრობამ დააკმაყოფილა ერეკლეს თხოვნა, რომ გაენთავისუფლებინათ ქართველები, რომელნიც რუსეთ-თურქეთის ომის დროიდან ტყვედ იმყოფებოდნენ ახალციხეში; ამას გარდა სულთანმა და დიდმა ვეზირმა მას ძვირფასი საჩუქრები გამოუგზავნეს თავიანთი ელჩის ხელით (1778 წ.).

ერთი შეხედვით ერეკლე მეფემ ამ დროს თითქო საბოლოოდ განამტკიცა თავისი სამეფოს საერთაშორისო მდგომარეობა, და მის ქვეშევრდომებს ეჩვენებოდათ, რომ ის პოლიტიკური ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა. „განცვიფრდა ყოველი სული და ადიდებდენ ღმერთსა ამის ესეთს ბედნიერობას. ხონთქარი ესრეთ, ყეენი ესრეთ, რუსეთის იმპერატორი ესრეთ, შვილნი მორჩილნი ესრეთ, ყმა დამონებული ესრეთ, მეზობელნი ესრეთ და სხვა მრავალი ბედნიერობა აურაცხელი“, ამბობს იესე ოსესშვილი, რომელიც რაღაც დანაშაულის გამო თავს უზრუნველად ვერ გრძნობდა მეფის სიახლოვეს: „ გული ასე დაჭრილი მქონდა და მწარედ შეწუხებული ვიყავ, რომ ცხენზე ძლივს ვიჯექ; დიაღ მრისხანის სახით იყურებოდა, და შეწუხებულს გულს ხომ ისე სჭირს, ყველა თავისი ეგონება“.

ნამდვილად ერეკლე მეფის პოლიტიკური მდგომარეობა ბევრად ნაკლებ მტკიცე იყო. ის იძულებული იყო წინააღმდეგობათა წრეში ეტრიალა. როცა ქსნის ერისთავი გადგა, ლეკები მოიხმო და ახალციხესთან მოლაპარაკება გამართა, მეფემ ანგარიში არ გაუწია იმას, რომ მეამბოხე ერისთავის შვილი მისი სიძე იყო და ქსნის საერისთავო გააუქმა. მაგრამ ის იძულებული გახდა ქსნის ხეობა თავისი უფროსი ვაჟი გიორგისთვის მიეცა, ლიახვისა იულონისთვის, ხოლო ჯერ კიდევ თეიმურაზ მეორის მიერ გაუქმებული არაგვის საერისთავო ჯერ ლეონისა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ ბატონიშვილისთვის; ამრიგად ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების და ფეოდალური განკერძოების ტენდენციას კიდევ უფრო მტკიცე საფუძველი ჩაეყარა.

ქართლ-კახეთის მოწინავე მოღვაწეები კარგად გრძნობდნენ, რა დამღუპველი იყო ქართველი ერისთვის მისი დაყოფა ორ სამეფოდ და რამდენიმე სამთავროდ. ამიტომ მათ შორის თავი იჩინა ეროვნული გაერთიანების იდეამ. ამ იდეას დასავლეთ საქართველოს მოწინავე წრეებშიც აღმოუჩნდნენ აღფრთოვანებული მიმდევრები. ერეკლე მეფე მზად იყო პრაქტიკული ნაბიჯები გადაედგა საქართველოს გასაერთიანებლად, მაგრამ ის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა სოლომონ პირველის სახით. ყოფილ მოკავშირეებს შორის უნდობლობა და შუღლი ჩამოვარდა. სოლომონმა იმერეთში მიიწვია ქართლ-კახეთის ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ მეექვსის შვილიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ეკატერინემ გააძევა პეტრე მესამის მკვლელობის შემდეგ, რადგან მან მეტი ერთგულება გამოიჩინა მოკლული იმპერატორისადმი, ვიდრე რუსის გვარდიის ოფიცერს შეეფერებოდა.

რუსეთიდან გაძევების შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილი ერთხანს შირაზში ცხოვრობდა ქერიმ-ხანთან; მის მოსაყვანად სოლომონ მეფემ ერანში პოეტი ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი) გაგზავნა, რომელიც თავის მამასა, ზაქარია გაბაშვილთან ერთად იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო ანტონ კათოლიკოზის აღდგენის შემდეგ. თურქეთმა ალექსანდრე ბატონიშვილს მხარი არ დაუჭირა, თვით ქართლ-კახეთში კი ადრინდელ შეთქმულებათა დამარცხების შემდეგ ერეკლე მეფის წინააღმდეგ გამოსვლას ვერავინ ბედავდა. როგორც ეტყობა, მეფემ მკაცრი ღონისძიებანი მიიღო პოლიტიკურად არასაიმედო პირთა წინააღმდეგ. იგივე იესე ოსესშვილი, რომელიც დროგამოშვებით ხან მეფის კარზე მსახურებდა და ხან დედოფლისაზე და, როგორც ეტყობა, სრულიად პირწმინდად გამოსული არ იყო ბაკუნინის შეთქმულებიდან, ამბობს: „თუ სამე გონებას იპყრობთ, სცნობთ, სამს დღეს რისხვის მოლოდება მეფისა მონათათვის ძნიად სატვირთავია. მოვალს ელჩი დესპანი, სრულიად აკლებასა იქმს შენსასა, და მოვალს კიდევ სხვა გზირი დეტთაგან, მჭვრეტი რისხვითა და აჰა მოვლენ მანდატურნი აღფხვრად შენთა და მოვალს ყარაული მუმილავი, ისწრაფე სივტოლად. აჰა მწერალნი ჯაშუშნი აღწერად სახლთა და კვალად მოვალს მსტოვარი, ჯერეთ არა მოსულანაა. იბრძანა განძარცვა შენი“.

რაკი ალექსანდრე ბატონიშვილმა ვერც იმერეთიდან და ვერც ახალციხის მხრიდან ქართლ-კახეთში გადასვლა ვერ შესძლო, ის დაღისტანში გადავიდა რაჭის გზით, რათა უკანასკნელად იქიდან ეცადა ბედი. მას თან ახლა „გეორგიანული ისტორიის“ ავტორი ალექსანდრე ამილახვარი, რომელსაც პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ცხვირი ჰქონდა მოჭრილი. იმერეთში ყოფნის დროს ალექსანდრე ამილახვარმა სოლომონ მეფეს მიუძღვნა პოლიტიკური ტრაქტატი, „ბრძენი აღმოსავლეთისა“, რომელსაც ფრანგი ენციკლოპედისტების და გამანათლებლების, განსაკუთრებით მონტესკიეს, იდეების გავლენა ეტყობოდა. ალექსანდრე ამილახვარი ეგრეთწოდებული განათლებული აბსოლუტიზმის დამცველად გამოდიოდა. „თანასწორად ვშობილვართ, და არავინ არს უმჯობეს ერთისა, არცა ვინ უარეს მეორისა, გარნა ყოველივე ერთისა გვამისა საერთოსა ასოდ“, ამბობს ის თავის ტრაქტატში. „ჰეი, რაზომ ბედნიერ არს და უმეტეს სანატრელ მეფე, რომელმაც იცის უფლება თავისი არა უსამზღვროდ, და რომელი მიიჩნევს მათცა თანასწორად თავის კაცთა, რომელთა მიჰსცეს მას უფლება თავსა ზედა თვისსა, და იქცევის მათთანა უმეტეს მჰსგავსად უხუცესისა ძმისა, ვიდრე თავმოყვარისა მეფისა“. ამილახვარი ილაშქრებდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, „ვინაიდან ცოცხლისა სიკვდილი ყოვლისა კაცისა შესაძლებელი არს, და აღდგინებაი მისი არავისაგან“. ბოლოს, მეცნიერების შესახებ ის გამოთქვამდა შეხედულებას, რომელიც დამახასიათებელი იყო მეთვრამეტე საუკუნის მოწინავე მოაზროვნეთათვის.

მაგრამ ეს პროგრესიული და ჰუმანისტური აზრები არანაკლებ ცნობილი იყო იმ მოწინავე წრეში, რომელიც ერეკლე მეფეს ერტყა გარშემო, როგორც ის ცნობილი იყო ეკატერინე მეორისა და მისი თანამოღვაწეებისათვისაც. მხოლოდ მათი განხორციელება ფეოდალურ საქართველოში არანაკლებ ძნელი იყო, ვიდრე ბიუროკრატიულ რუსეთში. პრაქტიკულად კი ალექსანდრე ამილახვრის პოლიტიკა დიდად მავნებელი იყო ქართველი ერისთვის, იმიტომ რომ თუ დავქარიანი და ავანტიურისტულად განწყობილი ალექსანდრე ბატონიშვილი, უცხო ძალების დახმარებით, ქართლ-კახეთის სამეფოში შემოიჭრებოდა, თურქების ფაშები და ლეკების ბელადები მას მონტესკიეს და ჟან-ჟაკ რუსოს ტრაქტატებით არ შემოჰყვებოდნენ და არც ზოგიერთი მოღალატე ქართველი ფეოდალი დახვდებოდა დემოკრატიული და ჰუმანისტური იდეებით აღჭურვილი.

დარუბანდის მფლობელმა ფატალი ხანმა და ტარკის შამხალმა თავდაპირველად დახმარება აღუთქვეს ალექსანდრე ბატონიშვილს. საქმე ის იყო, რომ 1779 წელს ქერიმ-ხანი მოკვდა და ერანში ხელახლა ანარქია დაიწყო, როგორც ფატალი ხანი, ისე ერეკლე მეფე სცდილობდნენ ეს გარემოება გამოეყენებინათ და თავიანთი პოზიციები გაემტკიცებინათ. ერეკლე მეფესთან იმ დროს მოვიდა ერანის ტახტის პრეტენდენტი, ვინმე შაჰზადი, რომელიც ალქიმიის ცოდნასთან ერთად იჩემებდა, ერანის წინანდელი დინასტიის მემკვიდრე ვარო. ერეკლე მეფეს უნდოდა მისთვის მხარი დაეჭირა, რათა შაჰების ტახტზე დავალებული და ერთგული კაცი ჰყოლოდა. მართალია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ შაჰზადი ცრუ მოსახელე იყო და მან თავი მოიწამლა თრიაქით, მაგრამ ერეკლეს სამზადისმა იჭვიანობა და მეურნეობა გამოიწვია დარუბანდის ხანში. თავის მხრით მასაც ხელი შეეშალა თავისი კაცი დაესვა თბილისში. ერეკლე მეფის შუამდგომლობის თანახმად რუსეთის მთავრობამ ფატალი ხანს მისი სტუმრების გაცემა მოსთხოვა. ფატალი ხანს რუსეთის მთავრობამ არჩევანი შესთავაზა, ან დარუბანდის მახლობლად მყოფი რუსული ზარბაზნების ყუმბარები ეგემნა ან ხუთასი ჩერვონეცი და ოქროს სათუთუნე მიეღო საჩუქრად. ლეკების ამ დონ ბაზილიომ ჩერვონცები არჩია და თავისი სტუმარი გასცა. ალექსანდრე ბატონიშვილი რუსებმა სმოლენსკის ციხეში ჩასვეს, სადაც ის გარდაიცვალა, ალექსანდრე ამილახვარი კი ვიბორგის ციხეში, საიდანაც ის განთავისუფლებული იქნა ცხრა წლის პატიმრობის შემდეგ.

ჩქარა ამის შემდეგ სოლომონ მეფეც ფეოდალური ანარქიის მსხვერპლი გახდა. იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთიდან რუსები მოიწევდნენ და მათი ახალშენები და ქვემეხები კავკასიის ქედის კალთებს მოადგნენ, სამხრეთიდან თურქებს უფრო და უფრო გააფთრებული იერიშები მოჰქონდათ სამხრეთი და დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ. თითქო რუსებიც და თურქებიც ინსტინქტურად გრძნობდნენ, რომ კავკასიის ქედის დაჭერას მათი არსებობისა და შემდგომი წარმატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თურქეთის პოზიცია ამ მსოფლიო-ისტორიულ ორთაბრძოლაში შეასუსტა იმ გარემოებამ რომ პატარა, მაგრამ კლდის ხერხემლიანი, ტყეებით აჯაგრული იმერეთი თავისი მოუდრეკელი და . შორსმჭვრეტელი მეფის ხელმძღვანელობით უკან მოუბრუნებლად რუსეთის იმპერიას მიემხრო.

აჭარის მოსახლეობა, რომელიც შარდენის მოწმობის თანახმად, მეჩვიდმეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჯერ კიდევ ქრისტიანული იყო, მეთვრამეტე საუკუნეში სრულიად გამაჰმადიანდა. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მაჰმადიანობა უკვე გურიის სამთავროს საზღვრებში შემოვიდა, ერთი მხრით აჭისწყლის ხეობის, ხოლო მეორე მხრით შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით. აქაც მოლას ჯარისკაცი მოჰყვებოდა უკან ან მხარდამხარ. ეს საფრთხე სათანადოდ ვერც გურიის მთავარმა დააფასა და ვერც დადიანმა. მაგრამ ის მსწრაფლ იგრძნო სოლომონ პირველმა, რომელმაც, ქობულეთის მფლობელის თავად თავდგირიძის თხოვნის თანახმად, 1784 წელს გაზაფხულზე ჩაქვისკენ გაილაშქრა თურქთა ჯარის გასადევნად. იმერეთის მეფის ჯარის დაძვრა თურქებს კაცია დადიანმა აცნობა წინასწარ, და ისინი მოწინააღმდეგეს მომზადებული შეხვდნენ. მართალია, სოლომონ მეფემ ჩაქვს მიაღწია და იქ მყოფი თურქის ჯარი დაამარცხა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ის ვიწრო და კლდიან ადგილებში ჩასაფრებული მტრის ცეცხლში მოხვდა, თითქმის მთელი ჯარი გაეჟლიტა და თვითონაც ძლივს გადარჩა დატყვევებას. დავით ბატონიშვილი ამტკიცებს, იმერეთის მეფეს გურიელმაც უღალატა და უკან დასახევი გზა შეუკრაო. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ სოლომონ მწუხარებისაგან დამბლა დაეცა და ის ჩქარა გარდაიცვალა.

მადლიერმა იმერეთის ხალხმა გელათის ეკლესიაში დამარხა თავისი უკანასკნელი დიდი ხელმძღვანელი. მასთან ერთად, არსებითად, დასრულდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორია.

1.22 XXI. კულტურული ღონისძიებანი

▲back to top


XXI. კულტურული ღონისძიებანი

ერეკლე მეფე, რასაკვირველია, კარგად გრძნობდა, რომ რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ მოქცევა მის სამეფოს საფრთხეს უქადდა, მაგრამ ეს მაინც ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ხელახლა მაჰმადიანური თურქეთის ან ერანის გავლენის სფეროში ან, მით უმეტეს, მათ მფლობელობაში ჩავარდნა. ის გრძნობდა, რომ უკანასკნელ შემთხვევაში ქართველ ერს სარწმუნოების დაკარგვასთან ერთად ეროვნული ვინაობის დაკარგვაც მოელოდა. გარდა ამისა, რადგან რუსეთის იმპერია მოწინავე დასავლეთ ევროპის კულტურის ძლიერს ზეგავლენას განიცდიდა, ხოლო რუსის ერი მძლავრი ხელუხლები ენერგიის მარაგს ამჟღავნებდა, მასთან დაკავშირება ქართველ ერს მომავლისთვის უფრო ბრწყინვალე პერსპექტივებს უხსნიდა, ვიდრე კულტურული და პოლიტიკური დაქვეითების გზაზე მდგომი თურქეთის და ერანის საზღვრებში მოხვედრა. მაგრამ სანამ საბოლოოდ რადიკალურ ნაბიჯს გადასდგამდა და რუსეთთან ტრაქტატს დასდებდა, ერეკლე მეფემ ერთხელ კიდევ სცადა, თავი დაეღწია ამ ორი მხრიდან მოახლოებული რკინის სალტისთვის.

1781 წელს ერეკლემ ავსტრიის იმპერატორს იოსებ მეორეს კათოლიკების პატრი დომინიკე გაუგზავნა ელჩად და ფინანსიური დახმარება სთხოვა. ერეკლეს ელჩმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია, ის შავს ზღვაში დაიხრჩო. მომდევნო წელს იმავე ავსტრიის იმპერატორსა, საფრანგეთის მეფესა და ვენეციის სენატთან ანალოგიური თხოვნით თბილისიდან პატრი მავროსი გაემგზავრა. ვენეციის სენატისადმი მიმართული წერილიდან სჩანს, რომ ერეკლეს წინათაც ჰქონია დიპლომატიური ურთიერთობა ევროპის დიდ სახელმწიფოებთან. ის, როგორც ეტყობა, უმთავრესად ფულად დახმარებას თხოულობდა ქართველი ჯარის ევროპიულ წესზე გასაწვრთნელად; სამაგიეროდ პირობას სდებდა, რომ ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ იბრძოლებდა წინა აზიაში. ამ შემთხვევაში ერეკლემ მეტი პოლიტიკური რომანტიზმი გამოიჩინა, ვიდრე მის არსებითად რეალისტურ ბუნებას და აღზრდას შეეფერებოდა. მაგრამ ეს უფრო მისი სასოწარკვეთილი მდგომარეობით აიხსნებოდა, მისი მისწრაფებით ყოველივე ღონისძიება ეცადა ქართველი ერის გადასარჩენად. ევროპიული ქვეყნებისადმი მიმართვამ მას უშედეგოდ ჩაუარა.

უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ხასიათის ღონისძიებანი, რომელთა შემწეობით ერეკლე მეფეს უნდოდა თავისი ქვეყანა დასავლეთი ევროპისთვის დაეახლოებინა. ერეკლე მეფე და მის გარშემო თავმოყრილი მოწინავე სახელმწიფო მოღვაწეები დიდი ინტერესით თვალყურს ადევნებდნენ დასავლეთი ევროპის მიღწევებს მეცნიერების, ლიტერატურის, ტექნიკის ან სამხედრო საქმის დარგში. რადგან ევროპაში გამგზავრება, თუ არ დიდი კომერციული საქმეების გამო, ძნელი იყო, ერეკლე მეფე სწავლის მოსურნე ახალგაზრდობას ხელს უწყობდა რუსეთში წასულიყო სწავლა-განათლების მისაღებად. ზოგიერთმა ახალგაზრდამ თვით თბილისში დაიწყო ევროპიული და რუსული ენების შესწავლა და ბუნებისმეტყველებისა თუ სიბრძნისმეტყველების გაცნობა კათოლიკე მისიონერებისა თუ რუსეთში განსწავლულ პირთა შემწეობით. ახალგაზრდა ბატონიშვილების გასაწვრთნელად მოწვეულ იქნენ განათლებული ევროპიელები, გეტინგი, რეინეგსი და სხვები.

როცა სამოცდაათიანი წლების დასასრულს თბილისში, ცოტა არ იყოს ავანტიურისტულად განწყობილი, მაგრამ ფართოდ განათლებული გერმანელი მედიცინის დოქტორი იაკობ რეინეგსი ჩამოვიდა, ერეკლემ ის სამსახურში მიიღო იაკუბ ხანის სახელით; ის გამოდიოდა როგორც ექიმი და თეატრის მოღვაწე, ლითონის ჩამოსხმას ასწავლიდა ხელოსნებს, გააუმჯობესა თოფის წამლის მომზადების საქმე თბილისის თოფხანაში, სასტამბო დაზგები გამოაწერინა ვენიდან, ბოლოს, მეფეს წინადადება მისცა ქართლ-კახეთის პოლიტიკური წესწყობილება შეეცვალა პრუსიის და ავსტრიის ნიმუშების წაბაძულობით. ამას გარდა მან მოიარა ქართლ-კახეთი და თავისი მოგზაურობის საინტერესო აღწერა დასტოვა. თავადმა პოტიომკინმა დააფასა ეს ენერგიული გერმანელი, რუსეთის რწმუნებულად დანიშნა ქართლ-კახეთის და იმერეთის მთავრობებთან და დაავალა, რომ ერეკლე და სოლომონი ერთმანეთთან შეთანხმებინა და ორივე რუსეთისაკენ გადაეხარა. მაგრამ რადგან რეინეგსმა მეტისმეტად ფანტასტიკური და სახიფათო გეგმების შედგენა დაიწყო, სახელდობრ, მთელი ერანის და მცირე აზიის დაპყრობა განიზრახა, პოტიომკინმა ის რუსეთში გაიწვია და მის ადგილას რწმუნებულად უფრო ფხიზელი და ზომიერი ადამიანი, სამხედრო ინჟინერი პოლკოვნიკი ბურნაშოვი დანიშნა.

როგორ აინტერესებდა ერეკლე მეფეს და მის გარშემო თავმოყრილ მოწინავე ქართველ საზოგადოებას ყოველი ახალი მიღწევა ევროპის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, შემდეგიდან სჩანს. 1783 წელს ძმებმა მონგოლფიერებმა საფრანგეთში აეროსტატი მოიგონეს და პირველი გაფრენა მოაწყვეს პარიზიდან. ამის შესახებ ვენეციაში, სადაც სომეხ კოლონისტებს მდიდარი მონასტერი, წიგნთსაცავი და გამომცემლობა ჰქონდათ, 1784 წელს სომხურ ენაზე წიგნაკი გამოსულა. მომდევნო წელს ეს წიგნაკი ვინმე ტერ დავით ტერ ოჰანესს სომხურიდან ქართულად გადმოუთარგმნია და დიდის მოწიწებით ერეკლე მეფისთვის გამოუგზავნია. მეფისთვის მირთმეული ცალის ზედაპირზე მთარგმნელს დაესატვინებინა აეროსტატის მოდელი, ტექნიკური დეტალები და პირველი გაფრენის მარშრუტი.

ეს პატარა ბროშურა, რომელსაც ქართულად ეწოდება „მოკლედ მოთხრობაი ჰაერსა შორის მროკველისა გუნდისა და მგზავრობისა მონკოლფიისა“, შემდეგ გადაუწერია და შეუსწორებია თელავის სემინარიის რექტორს დავით ალექსის-ძე მესხიშვილს: მეტად სომხურად და დაუწყობლად იყო ნათარგმნი და რომელიმე გავასწორეო.

საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობას ევროპასთან მაინც ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. ქართული კულტურის განვითარებისთვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო სკოლების დაარსებას ან ხელახლა აღდგენას და, ბოლოს, თელავის ფილოსოფიური სემინარიის გახსნას 1782 წელს. მისი პირველი რექტორი იყო ანტონ კათოლიკოსის მოწაფე გაიოზი. ის მონაწილეობას იღებდა იმ მრავალრიცხოვან ამალაში, რომელიც ლეონ ბატონიშვილს და ანტონ კათოლიკოსს რუსეთში გაჰყვა 1772 წელს; თავის მასწავლებელს უკან აღარ გამოჰყოლია, მოსკოვში დარჩა და იქაური სასულიერო აკადემია გაათავა. გარდა ღვთისმეტყველებისა და სიბრძნისმეტყველებისა რუსული, ლათინური და ბერძნული ენებიც შეისწავლა.

თელავის სემინარიის გახსნა დიდი ზეიმით მოხდა ვრცელ ორსართულიან შენობაში. წირვის მოსმენის შემდეგ საგანგებოდ მოწვეული წარჩინებული პირნი და მოწაფეები სასწავლებლის დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც მათ წაუკითხეს სემინარიის პროტექტორის ანტონ კათოლიკოსის ეპისტოლე და ინსტრუქცია, აგრეთვე მეფის განჩინება „სახმართათვის სემინარიისათა“. ამას მოჰყვა რექტორის სიტყვა კათედრიდან; გარდა მეფის და კათოლიკოსის შექებისა ეს სიტყვა შეიცავს მეცნიერების აპოლოგიას. ორატორის გაგებით მეცნიერება წარმოადგენს არა მარტო შემეცნებითს ძალას, არამედ დიდ ზნეობრივ ფაქტორსაც. უმეცარი კაცი ურჩი, შურიანი და მშფოთარეა, ის ადვილად ღალატობს სამშობლოსა და ხელმწიფეს; უმეცრებიდან წარმოსდგება არეულობა, მკვლელობა და შინაგანი ბრძოლა, ხოლო, ბოლოს, „სრულებით აღწყვეტა ყოვლისა ქვეყნისა“. მეცნიერება, პირიქით, ადამიანს ბედნიერ და უშფოთველ სიცოცხლეს ანიჭებს და მას გონებრივად და ზნეობრივად ამაღლებს. ეს კარგად ესმის მეცნიერების „სიმრგვალის დამფუძნებელსა და სრულმყოფელს“ ანტონ კათოლიკოსს და კეთილმსახურ მეფეს ირაკლი მეორეს, რომლის „თვალისა გუგასა შინა ყოველი ეს ყვავილოვნება შემოკრებულ არს“. ანტონ კათოლიკოსმა თავისი გულმოდგინეობით ათინად გადააქცია თავისი მამული, რომელიც წინათ უმეცრების სიბნელით იყო დაფარული. ბოლოს, გაიოზი ანტონ პირველს ქართველთა არისტოტელს უწოდებს, მეფე ირაკლის კი ქართველთა ფილიპე მაკედონელს.

გრამატიკასა, პოეტიკასა, რიტორიკასა, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ საგნებს თბილისის და თელავის სემინარიებში, უმთავრესად, ანტონ კათოლიკოსის მიერ შედგენილი და გადმოთარგმნილი სახელმძღვანელოებით ასწავლიდნენ. მაგრამ ძველი ბერძნული ფილოსოფიის, განსაკუთრებით არისტოტელის და ნეოპლატონიკოსების გასაცნობად, აგრეთვე ძველი ერების, განსაკუთრებით ბერძნების, რომაელების, ებრაელების და სხვათა ისტორიის შესასწავლად ქართულად სხვა ორიგინალური და ნათარგმნი წიგნებიც არსებობდა. სკოლებში, შეიძლება, ასწავლიდნენ ფიზიკასაც, როგორც ფილოსოფიის დარგს, მაგრამ სამწუხაროდ არ გადიოდნენ არც იურისპრუდენციისა და არც მედიცინის კურსს, თუმცა ქართელი სამართლის კოდექსები, გიორგი ბრწყინვალის, ბექა და აღბუღას და ვახტანგ მეექვსის მიერ შეკრებილი კანონები, ქართული საადათო სართალი, ბოლოს, ქართული სახალხო მკურნალობა მდიდარ მასალას იძლეოდა ამ მეცნიერებათა გასავითარებლად.

ერეკლეს მეფობის ცოტა უფრო გვიან პერიოდს ეკუთვნის ქართული თეატრის დაარსება, ამ ცნების თანამედროვე გაგებით. თეატრის დაარსების ინიციატორები რუსეთში განსწავლული ქართველი ახალგაზრდობა იყო; მისი პირველი გამგე უნდა ყოფილიყო ვინმე გაბრიელ მაიორი, ალბათ, სწორედ ის სამხედრო პირი, რომელიც „მსახიობთა მთავარ“ დავით მაჩაბელთან ერთად კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა. თეატრისთვის თბილისში საგანგებო შენობა არ არსებობდა, წარმოდგენები, უმეტეს შემთხვევაში ფასიანი ბილეთებით, ქართველ დიდებულთა სახლების დარბაზებში იმართებოდა. ქალების როლებს, როგორც ეტყობა, მეფისა და თავადების ასულები ასრულებდნენ. პიესები, უმეტეს ნაწილად, რუსულიდან ითარგმნებოდა, მაგრამ იყო ცდა ორიგინალური დრამატიული ლიტერატურის შექმნისაც პატრიოტული და დემოკრატიული ტენდენციით.

ამ ლიტერატურულ-თეატრალური მოძრაობის უფრო მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ დიპლომატი და მოგზაური გიორგი ავალიშვილი, რომელმაც გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად ხელი შეუწყო საქართველოს რუსეთთან შეერთებას, და მდივანბეგი დავით ჩოლოყაშვილი. ამ უკანასკნელმა შეამოკლა და გადმოაკეთა რასინის „ეფიგენია“, რომელიც პირველად 1795 წლის მარტში წარმოადგინეს თბილისში. განათლებული აბსოლუტიზმის იდეალები, რომელნიც თავიანთ ნაწერებში საფრანგეთის კლასიკოსებმა გამოჰხატეს, ყველაზე უკეთ შეეფერებოდა ერეკლე მეფისა და მის გარშემო თავმოყრილი მოწინავე ქართველი საზოგადოების მისწრაფებათ. ფრანგული კლასიკური დრამატურგიის წაბაძულებით დავით ჩოლოყაშვილი ცდილა თანამედროვე ადამიანები განეხორციელებინა ისტორიულ პერსონაჟში და, როცა ერეკლე მეფეს სცენიდან ულისეს სიტყვები ესმოდა, აგამემნონისადმი მიმართული, მას, ალბათ, ეგონა, აგამემ– ნონი მე ვარ, ხოლო ულისე ჩემი რომელიმე თანამოღვაწეო. მისთვის მახლობელი უნდა ყოფილიყო ტრაგედიის სიტყვები: „აღვსთქვამ შეწირვასა ჩემისა სიცოცხლისასა ერისათვის ჩემისა, მსხვერპლად მივცემ განსვენებასა ჩემსა; ვფიცავ, რომ არ დაუდვა ჰსჯული, გარნა სასარგებლო და მართალი და არა მქონდეს ნება წინააღმდეგად მიცემულისა ჩემგან ჰსჯულისა“. მოხუცი და ხანგრძლივი ღვაწლით დაღლილი მეფისთვის განსაკუთრებით გასაგები უნდა ყოფილიყო აგამემნონის სიტყვები: „რა ბევრით ჰსჯობს მემცხვარეთ მწყემსობა ხელმწიფობასა და მეთევზეთ ცხოვრება ჩვენს ნებივრობასა. დილა მსახურებს მათ საზრდოს მოსაღვაწებლად და საღამო განსასვენებლად. თუმცა ხმელი ფიცარი და ისიც ვიწრო აქვსთ ლოგინად, მაგრამ ეს შეყვარებულნი გვამნი ერთიმეორეს ასე შეიტკბობენ და ასე გათენებამდინ ტკბილად დაიძინებენ, რომ ვერც ორგულთ ზედ დასხმა და ვერც სხვათათვის მზრუნველობა, ვერც სახელის მოყვარება, ვერც შური ამათის ძილის გაკრთომას ვერ შეიძლებენ“.

გაიოზი დიდხანს არ დარჩენილა თელავის სემინარიის რექტორად. 1783 წელს ის დანიშნულ იქნა იმ დიპლომატიური მისიის წევრად, რომელსაც გიორგიევსკში ხელშეკრულება უნდა დაედო რუსეთის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამ პირხმელმა, მზემოკიდებულმა, ტუჩებმოკუმულმა და თვალებანთებულმა მაღალმა კაცმა, როგორც ეტყობა, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჯერ თავად პოტიომკინზე და მერმე ეკატერინე მეორეზე, რომელმაც ის ჯერ არქიმანდრიტად აკურთხებინა, ხოლო შემდეგ მოზდოკის ეპისკოპოსად დანიშნინა და ოცდაათი ათასი მანეთის ოქრო უბოძა. ერთი იმდროინდელი ქართველი მოგზაური, იონა მიტროპოლიტი მას შეხვდა, როცა ის მოლდავიაში იმყოფებოდა, ქალაქ იასაში: „რა მოვიდა გაიოზ და ვნახეთ ერთმანეთი, გარდავეხვიენით. იტირა არქიმანდრიტმა გაიოზ და ვკითხე: რისთვის სტირი, მამაო და ძმაო? მიპასუხა: სადა ვართო და სად შევიყარენითო? სადაობა და ვინაობა სულით ითქვნა და მეც მასულთქმა“.

თუმცა გაიოზმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში გაატარა, მან თავისი ლიტერატურული მოღვაწეობით ხელი შეუწყო თავის დროს ქართული სამეცნიერო მწერლობის გამდიდრებას. მან შეადგინა მოკლე ქართული გრამატიკა და საქართველოს ისტორია, ამას გარდა ქართულად გადმოთარგმნა მარკ ავრელიუსის „წიგნი ზნეთ სწავლულება“, მარმონტელის „ველიზარი“, შემდეგ „ძველი აღმოსავლეთის ისტორია“, „ისტორია ეგვიპტისა“, პეტრე დიდის რეგლამენტი და სხვ. მის შემდეგ თელავის სემინარიის რექტორად დაინიშნა დავით ალექსის-ძე, ცნობილი კალიგრაფების მესხიშვილების გვარიდან.

გარდა გაიოზისა ანტონ კათოლიკოსის მეცნიერულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ რამდენიმე გამოჩენილი მწერალი და ორატორი მისცა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს: დოსითეოზ ჩერქეზიშვილი, რომელიც უკვე ნეკრესის ეპისკოპოსი იყო, როცა ჯერ კიდევ თელავის სემინარიის გახსნამდე დაარსებულ თელავის საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო სკოლაში შევიდა და ახალგაზრდა „მესხოლეთა“ გვერდით დაჯდა, ამბროსი ნეკრესელი, ანტონი ცაგერელ-ჭყონდიდელი და სხვები. ნაწილობრივ ფილიპე ყაითმაზიშვილთან ერთად, მათ რამდენიმე ფილოსოფიური წიგნი გადმოთარგმნეს ქართულად. ისევე, როგორც ანტონ კათოლიკოსი, ეს მწერლებიც სქოლასტიკური და თეოლოგიური აზროვნების ტყვეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი აზროვნებაც თავისუფალი არ იყო ახალი ევროპიული ფილოსოფიის და მეცნიერების ზეგავლენისაგან. ამრიგად მათ ნიადაგი მოუმზადეს შემდეგი თაობის მოაზროვნეთ, იოანე, დავით, თეიმურაზ ბატონიშვილებს და სხვებს, რომელნიც თავიანთი მსოფლმხედველობით და ფსიქოლოგიით ახალი ეპოქის ადამიანებს წარმოადგენდნენ.

1.23 XXII. სოლომონ ლეონიძე. ქალაქის მართვა-გამგეობის რეფორმა

▲back to top


XXII. სოლომონ ლეონიძე. ქალაქის მართვა-გამგეობის რეფორმა

იმ მოღვაწეთა შორის, რომელთაც ერეკლეს მეფობის მეორე ნახევარში წინ წაიწიეს არა წარჩინებული წარმოშობის, არამედ პირადი ნიჭისა და დამსახურების შემწეობით, განსაკუთრებით შესამჩნევია სოლომონ ლეონიძე.

მისი ნამდვილი გვარი ცნობილი არ არის; ის სამღვდელო წოდებიდან წარმოსდგებოდა და ჯერ კიდევ თითქმის ბავშვი იყო, როცა მეფის კარის მოსამსახურე. გახდა. ერეკლე მეფის სასახლე კარჩაკეტილი არ იყო სხვა იმდროინდელ აღმოსავლეთურ ან ევროპიულ მეფეების სასახლეებივით: როგორც მეფეს, ისე ბატონიშვილებს თავიანთ ქვეშევრდომებთან, თვით გლეხებთან უბრალო ადამიანური, ხშირად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ ცოდნის მოყვარე და მახვილი გონების ჭაბუკისთვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო იმ კულტურული გარემოცვის გამოყენება, რომელშიც მისი თანამოასაკე უფლისწულები ტრიალებდნენ.

ამტკიცებენ, თითქო სოლომონ ლეონიძის პირველი მასწავლებელი დოსითეოზ ნეკრესელი ყოფილიყოს. შეიძლება მართლაც ამ მღვდელმთავარმა, რომელმაც სთქვა, არა არს ესრეთ ტკბილი, ვით მამულის სიყვარულიო, ჩააგონა ახალგაზრდა სოლომონ ლეონიძეს ის მღვიძარე და მომქმედი პატრიოტული სული, რომელიც მას ახასიათებდა მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე. გარდა აღმოსავლეთური და რუსული ენებისა სოლომონს ბერძნულიც სცოდნია. მჭერმეტყველების პირველი გაკვეთილები მისთვის თითქოს მზეჭაბუკ ორბელიანს მიუცია.

სოლომონი ოცდასამი წლისა იყო, როცა მეფის კარის მდივნობა მიიღო. 1779 წელს მან თავი ისახელა ერევნის ომში, რისთვისაც თავადობა და ამოწყვეტილი კახელი თავადის ლეონიძის მამული ებოძა. მან შეირთო ქსნის ერისთვის ქალი და ამრიგად უმაღლეს არისტოკრატიას დაუმოყვრდა. შემდეგ, როცა ერეკლემ, რუსეთის წაბაძულებით, ვიცე-კანცლერის თანამდებობა შეჰქმნა, ის ლეონიძეს ჩააბარა.

თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებამდე ერეკლე მეფე დიდი ნდობით ეპყრობოდა სოლომონ ლეონიძეს და ამ უკანასკნელის მოღვაწეობა ნაყოფიერი იყო მართვა-გამგეოზის მრავალ დარგში. როგორც ეტყობა, მან ხელი შეუწყო სისხლის სამართლის შერბილებას და უფრო ჰუმანიური სასჯელის შემოღებას თვალების დათხრისა და ფიზიკური დასახიჩრების მაგივრად. ერეკლე მეფესთან ერთად ის სცდილობდა აელაგმა თვითნება ფეოდალები, მოესპო მუშტის ძალა და წესრიგი დაემყარებინა სოფლად, ხოლო ქალაქის ვაჭრობა-მრეწველობა გაეცხოველებინა. ის მეგობრობდა სომხის ერის მოწინავე წარმომადგენლებს, აგრეთვე მათ რელიგიურ და პოლიტიკურ მეთაურს - ეჩმიაძინის პატრიარქს და სცდილობდა სომხობისთვის ჩაეგონებინა, რომ მათი ინტერესი საქართველოს სამეფოს განმტკიცებას მოითხოვდა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საქალაქო მმართველობის მოწესრიგებას, რაშიც ერეკლე მეფეს, როგორც სჩანს, სოლომონ ლეონიძემ დიდი დახმარება გაუწია. ამ დარგში დიდმა არევ-დარევამ იჩინა თავი, ვინაიდან ძველი ქართული წესები და უცხოელთა ბატონობის დროს დამყარებული ნორმები ერთმანეთში აირია. როგორც საშუალო საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქალაქებში, ისე ფეოდალურ საქართველოშიც ვაჭრები და ხელოსნები ამქრებად იყვნენ დაყოფილნი. ამქარი წარმოადგენდა ეკონომიურ და უფლებრივ კორპორაციას, რომელიც ავტონომიურად განაგებდა თავის საქმეებს, ირჩევდა უსტაბაშს, ასამართლებდა თავის წევრებს მცირე დანაშაულობისთვის, აწესებდა ნაწარმოების ფასს, აწყობდა ამხანაგურ შეხვედრებს და საამქრო დროშითგამოდიოდა დიდ სადღესასწაულო პროცესიებში. შეგირდის, ქარგლის, ოსტატის და უსტაბაშის უფლებამოვალეობანი და სტაჟი საადათო უფლებით იყო განსაზღვრული.

საამქრო წესწყობილებამ დიდი გამძლეობა გამოიჩინა და ის, როგორც სჩანს, არსებითად თითქმის არ უნდა შეცვლილიყო საშუალო საუკუნეების მანძილზე. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დარგში უფრო ტერმინოლოგია შეიცვალა, ვიდრე ფაქტიური ურთიერთობა.

ისევე როგორც წინა საუკუნეებში, ერეკლეს დროსაც, ალბათ, იგივე ოქრომჭედლები, მესატევრეები, ნალბანდები, ფეიქრები, მჩითავები, ხარაზები, სირაჯები, ბაზაზები, ზარაფები და სხვა დარგის ხელოსნები და წვრილი ვაჭრები ამქრებად, თაბუნებად, ან ასნაფებად იყვნენ დანაწილებული.

მაგრამ სხვა ქალაქების მსგავსად თბილისსაც ჰყავდა საერთო სამოქალაქო ადმინისტრაცია, მოურავი, მელიქი, მამასახლისი, ნაცვლი, იასაულები, ტარუღები ანუ ბაზრის ზედამხედველები, ასასები, ქეთხუდები და სხ. ამ მოხელეთა ფუნქციები, საკნონმდებლო, სამოსამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების არევის გამო, გაურკვეველი იყო. ერეკლე მეფის დროს კი, ეტყობა, ქალაქის მმართველობაში მრავალმა გაუგებრობამ და ბოროტმოქმედებამ იჩინა თავი. ქალაქში გაჩნდა ჩამდენიმე მოურავი, მელიქი და ნაცვალი, რომელნიც, ალბათ, ერთიმეორეს საქმეში ერეოდნენ და რომელნიც, ალბათობდნენ ბაჟს და საურავს.

ერეკლე მეფემ გაამარტივა ქალაქის მართვა-გამგეობა, გადააყენა სხვა მოურავები, მელიქ-მამასახლისები და ნაცვლები, გარდა მის მიერ დამტკიცებულისა, შეეცადა მოეწესრიგებინა როგორც ნიხრის და ბაჟის, ისე მოურავის და სხვა მოხელეების სარგოს საკითხი. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქალაქის მოურავი, ერეკლე მეფის სამოქალაქო წესდების თანახმად, ძალიან დიდ ხელისუფლად იქცა უზარმაზარი შემოსავლით. ის უფრო ქალაქის მფლობელ დიდ მებატონეს ჰგავდა, საკანონმდებლო, სამოსამართლო და საპოლიციო ხელისუფლებით აღჭურვილს, ვიდრე უბრალო ბურგომისტრს ანუ ქალაქის თავს: არსებითად ისიც დიდი ფეოდალი იყო.

თბილისში ადმინისტრაციის სათავეში, რეფორმის შემდეგ, ერეკლემ თავისი სიძე, სარდალი დავით ორბელიანი ჩააყენა. ეს იყო გმირი მხედართმთავარი და გამოჩენილი ლიტერატორი; იმისდა მიუხედავად რომ ის მუდამ ბრძოლებში იყო ჩაბმული, სპარსულიდან საუცხოო ენით ქართულად „ყარამანიანი“ გადმოთარგმნა. შეიძლება ის არც ურიგო ბურგომისტრი ყოფილიყოს. მაგრამ მის ხელში ძალიან დიდმა ძალა-უფლებამ მოიყარა თავი. ეს იყო უზენაესი მოსამართლე მოქალაქეთა საქმეებში და ყოველი გარჩეული საქმიდან ერთ მეათედს ღებულობდა. ის ღებულობდა სახელმწიფო ბაჟის მეხუთედს, ყოველგვარ ნატურალურ გადასახადს ბაზარში შემოტანილ სანოვაგეს და ეგრეთწოდებულ ნიხრანას ახალი ნიხრის დაწესების დროს. თვით გზად მიმავალ მოქალაქეს მოურავი უნდა ენახა და ფეშქაში უნდა მიერთმია მისთვის. მას უნდა ხლებოდნენ ქალაქის მცველები - ასასები და ასაბაშები, მისთვის უნდა მიერთმიათ სხვადასხვა ჯარიმის ათისთავი, თვით დაჯარიმება კი მეფისა და მოურავის ნაცვლების საქმე იყო. დაჯარიმება ხდებოდა ლიტრისა, ადლისა, საწყაოს და ყოველივე საზომის ნაკლებობისა და სიმრუდისათვის, ქურდობისა, მეძაობისა, თავის გატეხისთვის და სხვა. თუმცა ერეკლე თბილისის ადმინისტრაციას უბრძანებდა, თავაზსა და ხათრს კანონიერ საქმეზე ნურვის შეუნახავთო, მაგრამ საეჭვოა მის მიერ მოხდენილი რეორგანიზაციის შემდეგაც თბილისში აღმოფხვრილიყოს უწესობა და ბოროტმოქმედება.

პროვინციული ქალაქები, როგორც ეტყობა, უარეს მდგომარეობაში დარჩა. მაგალითად, თელავში განცალკევებული სამოქალაქო ადმინისტრაცია არც კი არსებობდა. იქ ბაზარში გამოტანილი მარილის, აბრეშუმის, ბამბის, ღვინის და სანოვაგის გადასახადს, ხაზინის წილის გამოყოფის შემდეგ, მორდალი ანუ ბეჭედის მცველი, ტარუღი ანუ ბაზრის ზედამხედველი, ბაზიერთუხუცესი და ვინმე ყორჩიბაშიშვილი ინაწილებდნენ; ეს უკანასკნელი, შეიძლება ბაზრის მიწათმფლობელი იყო. თელავის ქალაქის წესდებაში ერეკლე მეფე ამბობს: ვინაიდან თელავში მცხოვრებლები ახლახან დასახლდნენ და ისინი სხვადასხვა ადგილებიდან არიან მოსულნი, მათ ფრთხილად უნდა მოვეპყრათ და ზედმეტი გადასახადები არ დავადგათო. სხვაგვარი მოქმედება ჩვენთვის არასასიამოვნოა და ჩვენ გავწყრებითო. მაგრამ საეჭვოა, რომ ცარიელი სურვილებით შესაძლებელი ყოფილიყოს ხარბი პროვინციელი მოხელეების ალაგმვა.

ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს თითქო ერეკლეს, სოლომონ ლეონიძის წინადადების მიხედვით, ეგრეთწოდებული სამადლო დაეარსებინოს ღარიბ მოქალაქეთა დასახმარებლად და თითქო სამადლოში პურსა, ზეთსა, ბრინჯსა და სხვა სანოვაგეს არიგებდნენ დავრდომილთა და უქონელთა თვის. ასეთი დაწესებულება დიდად საჭირო იყო თბილისში, ვინაიდან მოქალაქეები მტრის ხშირი თავდასხმისა, ეპიდემიებისა, ცხოვრების სიძვირისა და საკრედიტო დაწესებულებათა უქონლობის გამო, ქორვაჭრებისა და მევახშეების ხელში იყვნენ და დიდს გაჭირვებას განიცდიდნენ. ეს იწვევდა მოსახლეობის ლტოლვას ქალაქიდან. ეტყობა ამ ლტოლვამ ისეთი მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ 1784 წელს მეფემ საჭიროდ დაინახა საგანგებო დადგენილება გამოეცა, თბილისის და გორის იმ მოქალაქეთა ქონება, რომელნიც სხვა ადგილებში ან სხვა ქვეყნებში წავლენ, ხაზინას უნდა გადაეცეს და ჩვენი ნებართვით კერძო პირებს მიეყიდოსო. არის შემთხვევები, რომ მეფე ერეკლე სახლის პატრონს „შუამავლობით ეუბნება“, ზამთრის პირია, ამ დროს ბინადარს ნუ გააგდებ „მანამდის სახლის ფიქრს იქმოდესო“.

1.24 XXIII. რუსეთის პროტექტორატი

▲back to top


XXIII. რუსეთის პროტექტორატი

იმ გმირულ ღონისძიებათა მიუხედავად, რომლებითაც ერეკლე მეფე და მისი თანამშრომლები ქართლ-კახეთის ეკონომიური და კულტურული ცხოვრების განახლებას სცდილობდნენ, ქვეყნის მდგომარეობა მაინც თანდათან უარესდებოდა. რადგან ლეკების მარბიელი რაზმების თარეშებმა არაჩვეულებრივ ზომას მიაღწია, ერეკლე იძულებული გახდა მათი ბელადებისა და რაზმელებისთვის წლიურად ჯამაგირის სახით კარგა ხანს სამოცი ათას მანეთამდე ეძლია, რაიცა თითქმის მთელი სახელმწიფოს ბიუჯეტის მერვედს შეადგენდა. მართალია, მან ლეკებთან ერთნაირი თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დასდო და მათ თბილისში სამოცი მძევალი გამოაგზავნინა, მაგრამ მაინც ვერ აღკვეთა წვრილ-წვრილი ქურდული თავდასხმები. როცა ქართლ-კახეთის ხაზინას დაღისტანში ფულის გაგზავნა უგვიანდებოდა, იქიდან მის მისაღებად რამდენიმე ასეული ლეკი ჩამოდიოდა, თბილისში აურზაურს სტეხდა და ყოველგვარ ძალმომრეობასა და თავხედობას სჩადიოდა. ამიტომ გასაკვირველი არ არის, რომ ქართლ-კახეთში გაძლიერდა რუსეთისადმი მიდრეკილება.

მეორე მხრით რუსეთის მხედრობამ უკვე ფეხი მოიმაგრა თერგის და ყუბანის ხაზზე და ნაწილობრივ დაიმორჩილა ჩრდილო-კავკასიელი მთიელები. ამიტომ პეტერბურგის მთავრობის დღიურ წესრიგში საქართველოს შემოერთების საკითხი უკვე პრაქტიკულად დადგა. ფელდმარშალი თავადი გრიგორი პოტიომკინი, როგორც მთავარსარდალი და იმპერიის მთავრობის „უმაღლესი რწმუნებული სამხრეთის ქვეყნებში“, უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას; თავის კომისიონერებს დოქტორ რეინეგსს და პოლკოვნიკ ბურნაშოვს, შემდეგ ფონ ვიტენბურგს, რომელიც სოლომონ პირველის საექიმოდ იყო გამოგზავნილი, იმავე დროს კი ფარული აგენტის როლსაც ასრულებდა, პოტიომკინი ავალებდა, ქართველ მეფეებს ურჩიეთ, ფორმალურად ეძიონ რუსეთის მფარველობაო. მაგრამ პოტიომკინი ბურნაშოვს დიპლომატიურ რჩევას აძლევდა, თავის თავს მეფის ჭკუის დამრიგებლად ნუ წარმოიდგენ, მას მართებული პატივისცემით მოეპყარიო.

1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო-კავკასიის ციხე-სიმაგრესა გეორგიევსკში რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო ტრაქტატი, რომელსაც რუსეთის მხრით ხელი მოაწერეს თავად გრიგორი პოტიომკინის ბიძაშვილმა პავლე პოტიომკინმა და პოდპოლკოვნიკმა ტამარამ, ხოლო საქართველოს მხრით მემარცხენე დროშის სარდალმა ივანე ბაგრატიონმა და მანდატურთუხუცესმა გარსევან ჭავჭავაძემ.

ამ ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის მეფე უარს ამბობდა სპარსეთის ან სხვა სახელმწიფოს ვასალობაზე და რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდა; რუსეთის დედოფალი ერეკლეს და მის მემკვიდრეებს პირდებოდა, რომ მათი მფლობელობის მთლიანობას დაიცავდა; ქართლ-კახეთის მეფეებს ტახტზე ასვლისას რუსეთის იმპერატორებისაგან ინვესტიტურა უნდა მიეღოთ და მათი ერთგულების ფიცი დაედოთ; ქართლ-კახეთის მეფე უარს ამბობდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე; ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად სწორდებოდა რუსეთის თავადაზნაურობასთან; ქართლ-კახელ ვაჭრებს რუსეთში და რუსის ვაჭრებს ქართლ-კახეთში მკვიდრი მოსახლის უფლება ენიჭებოდათ; ბოლოს, რუსეთის დედოფალი ერეკლე მეფეს აღუთქვამდა, რომ ომის შემთხვევაში იარაღით, ხოლო საზავო მოლაპარაკების დროს დიპლომატიური გზით შეეცდებოდა ქართლ-კახეთს სამცხე-საათაბაგო და საინგილო დაბრუნებოდა. ტრაქტატს დართული ჰქონდა განცალკევებული მუხლი, რომლის ძალით ეკატერინე მეორე ერეკლეს პირდებოდა, რომ ქართლ-კახეთში ორ სრულ ბატალიონს იყოლიებდა ოთხი ზარბაზნით.

თბილისში გეორგიევსკის ტრაქტატის დადება ერთი თვის შემდეგ იდღესასწაულეს დიდი ზეიმით. რუსეთის მთავრობამ თითქო დიდი გულუხვობა გამოიჩინა: მან უარი თქვა ფულად და ნატურალურ ხარკზე, რასაც მას ერეკლე მეფე სთავაზობდა, უარი სთქვა აგრეთვე მძევლებზე. ტექნიკური დეტალების მოსაწესრიგებლად ერეკლემ თავად პოტიომკინს მდივანბეგი სულხან თუმანიშვილი გაუგზავნა. მან ფელდმარშალი გააკვირვა თავისი განათლებით, ნიჭით და კეთილგონიერებით. რუსეთის მთავრობამ უხვად დაასაჩუქრა ქართლ-კახეთის რწმუნებულები და დიდებულები. ერეკლეს უმაღლესობის ტიტული მიენიჭა. ჩვიდმეტი წლის მირიან ბატონიშვილმა რუსის პოლკის უფროსობა მიიღო, ხოლო გარსევან ჭავჭავაძე ერეკლე მეფის რეზიდენტი ანუ სრულუფლებიანი დესპანი გახდა პეტერბურგის მთავრობასთან. ეკატერინე მეორემ ერეკლეს საჩუქრად ოცდაოთხი ქვემეხი გამოუგზავნა, ქართლ-კახეთის სახელმწიფო გერბით შემკული, მაგრამ თბილისამდე მხოლოდ ათმა მოაღწია.

ერთი წლის შემდეგ კავკასიის ხაზიდან საქართველოში გენერალი პავლე პოტიომკინი ჩამოვიდა, რათა ადგილობრივ გასცნობოდა იმპერიის მფარველობის ქვეშ მიღებულ ქვეყანას და მის ხელმძღვანელებს. ქართლ-კახეთის სამეფო რუსის გენერალს მეტისმეტად აწეწილად ეჩვენა, სამაგიეროდ მასზე თვით ერეკლემ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ის სწერდა: „მეფე ირაკლი შუა ტანისაა, ფიცხი ხასიათი აქვს. ლაპარაკის დროს შუბლშეჭმუხნული იცქირება ქვემოდან, შეიძლება იმიტომ რომ თანამოსაუბრის სახის მოძრაობა დაიჭიროს. ცოტათი წელში მოხრილია, ვინაიდან უკვე სამოცდაორი წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედაა. ირაკლი მეფე ეკუთვნის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც ისე შეუძლიათ პასუხის მოცემა, რომ ჰოც გამოდიოდეს და არაც. ესაა არაჩვეულებრივი ჭკუის ადამიანი, იშვიათად მომთმენი და გასაოცრად მომქმედი. მთელი ღამეები ფხიზლობს, ვინაიდან თვითონ ხელმძღვანელობს თავისი სახელმწიფოს საქმეებს; ცოტა სძინავს. აზიურს პოლიტიკას კარგად იცნობს გამოცდილებით. სცდილობს თავისი ერი ევროპიულად მოაწყოს. დიდათ ღვთის მოსავია“.

გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისთანავე მთავრობამ სათანადო ღონისძიებანი მიიღო თერგის გზის შესასწორებლად საქართველოს საზღვრამდე, შეუდგა ვლადიკავკაზის ციხე-სიმაგრის აშენებას, ხოლო თბილისში ორი ბატალიონი გამოგზავნა, რომელიც იმავე 1783 წლის ნოემბერში შემოვიდა და პოლკოვნიკ ბურნაშოვის სარდლობის ქვეშ დადგა. სიონში გადახდილი იქნა წირვა და პარაკლისი, რომლის შემდეგ ანტონ კათოლიკოსმა მეფეს ქება შეასხა. სასახლეში დიდი ნადიმი გაიმართა, მთელი დღე ზარბაზნების სროლა გაისმოდა. მთელ ღამეს ქალაქი გაჩირაღდნებული იყო. როგორც ქართველები, ისე რუსები სამხიარულო მუსიკას უკრავდნენ და მაშხალებს უშვებდნენ.

რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ საშინელი შეშფოთება გამოიწვია მეზობელ მაჰმადიანურ სამფლობელოებში. თურქების ემისრები და ფირმანები აზერბაიჯანის და დაღისტნის მფლობელებს და ხალხს მოუწოდებდნენ სარწმუნოების დასაცავად გამოსულიყვნენ და საქართველოს დასხმოდნენ თავს. 1786 წელს ტარკის შამხალმაც რუსეთის ვასალობა იკისრა, ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. ერევნის ხანმა განიზრახა ერეკლეს განდგომოდა და ქართლ-კახეთის სამეფოს დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ მეფემ ის დაასჯევინა, ხოლო მის ადგილას დასვა მისი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლის დედა თბილისელი ქრისტიანი ქალი იყო. მეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუშის მფლობელის იბრეიმ ხანის განდგომას; ის რუსის ჯარის შემოსვლამდე ერეკლე მეფის ერთგული მოკავშირე იყო და მასთან ერთად განაგებდა განჯის სახანოს. იბრეიმ ხანმა განჯიდან გააძევებინა ერეკლეს წარმომადგენელი, მდივანბეგი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი, და ადგილობრივი მფლობელი ჯავათ ხანი სავსებით თავის მფარველობის ქვეშ შეიყვანა. ერანსა და თურქეთში ქართველი ვაჭრების დატყვევება, გაძარცვა და დახოცვა დაიწყეს.

შუშის ხანის მტრობა ერეკლე მეფისადმი განსაკუთრებით იმით აიხსნებოდა, რომ ყარაბაღში დიდძალი სომხობა ცხოვრობდა, რომელნიც ამოძრავდნენ, როგორც კი გეორგიევსკის ტრაქტატის დადება გაიგეს. მათმა მეთაურებმა, მელიქებმა და ეპისკოპოსებმა თხოვნა მიართვეს თავად პოტიომკინს სომხებისთვის დახმარება გაეწია, რათა იბრეიმ ხანის და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისაგან განთავისუფლებულიყვნენ და ერთი ქრისტიანული პოლიტიკური ერთეული შეექნათ რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. მათ მაგალითს მიჰბაძეს სხვა პროვინციების სომხებმა და ქრისტიანმა აისორებმაც.

განსაკუთრებული აქტივობა ერეკლეს წინააღმდეგ გამოიჩინა ახალციხის ფაშამ, რომელმაც იცოდა, რომ ახლად დადებული რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება უშუალოდ მას ემუქრებოდა. მან ერეკლეს წინააღმდეგ შეაგულიანა დაღისტნის ხანები და ბელადები, ხოლო თვითონ განაახლა მარბიელი რაზმების შემოგზავნა ბორჯომის ხეობიდან.

იმერეთის სამეფომ სოლომონ პირველის სიკვდილის შემდეგ კარგა ხანს ერთგულება შეინარჩუნა რუსეთის იმპერიისადმი. იქ სხვა პრეტენდენტის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ ტახტზე 1792 წელს ერეკლე მეფის ქალის ელენეს შვილი სოლომონ მეორე დამკვიდრდა. მის მეფობაში განსაკუთრებით გაძლიერდა სარდალი და სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, რომელმაც ჯერ კიდევ 1785 წელს თავად პოტიომკინს წარუდგინა მოხსენება, სადაც ფართო პოლიტიკური გეგმა იყო დასახული. იმპერიის ფინანსიური დახმარებით უნდა შემდგარიყო იმერლების რეგულარული ჯარი; მდინარე კინტრიშზე ან ციხისძირში უნდა აგებულიყო სიმაგრე, რომლის მახლობლად ანატოლიელი ბერძნები უნდა დასახლებულიყვნენ. აქ ბიზანტიური ეპოქის ქალაქ პეტრას ადგილას უნდა გაჩაღებულიყო აბრეშუმის, ბამბის, თაფლის და გემთსაშენი ტყის წარმოება და გაძლიერებულიყო ნაოსნობა და აღებ-მიცემა ყირიმთან და სამხრეთ რუსეთთან. ამის შემდეგ, ზურაბ წერეთლის აზრით, თურქები იძულებული გახდებოდნენ ფოთი და ბათუმი დაეცალათ.

რუსის ჯარის ერთი პატარა ნაწილი ორი ზარბაზნით სურამში დადგა. ამისდა მიუხედავად გაზაფხულზე ქართლში ახალციხიდან ორი ათასამდე ლეკი და თურქი შემოიჭრა, საქაშეთამდე მივიდა და ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული გაბრუნდა. მათ უკან გამოუდგა ქართველების მდევარი რაზმი, ხოლო წინ გზა გადაუჭრა რუსის როტამ გერმანელი ოფიცრის სენებერგის მეთაურობით; ლეკები და თურქები სასტიკად დამარცხდნენ, მრავალი მათგანი მტკვარში გადავარდა და დაიხრჩო. მარტო ერთმა რუსის სერჟანტმა, ვინმე დიმიტრიმ ხიშტით თორმეტი ლეკი მოჰკლა. ქართველი ტყვეები განთავისუფლდნენ, ერთმა ქალმა თვითონ დაატყვევა თავისი დამტყვევებელი ლეკი და ქართველი ჯარის ბანაკში მოიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ რუსებმა და ქართველებმა ლეკ–თურქთა მოთარეშე რაზმი მეორეჯერ მოხისთან დაამარცხეს.

მაგრამ იმავე წელს დაღისტნიდან დაიძრა ხუნძახის მფლობელი ომარ ხანი, რომელიც ალაზნის პირს მოადგა თერთმეტი ათასი კაცით. ერეკლე მეფემ ქართლიდან ჯარი ვერ გამოიწვია თურქების შემოსევის შიშით, ხოლო ყაზახის და შამშადილის თათრობას ვეღარ ენდო. რადგან მორიგე ჯარი თითქმის დაშლილი იყო, ქართველ მხედრობაში უდისციპლინობამ და დენადობამ იჩინა თავი. რუსის ბატალიონები, ბურნაშოვის მეთაურობით, სიღნაღში მივიდნენ, იქვე დაიწყო თავის მოყრა ქართველმა ლაშქარმაც, რომელიც ამ ექსპედიციის განმავლობაში ხან მატულობდა და ხუთი ათასამდე ადიოდა, ხან კლებულობდა და სამი ათასზე ჩამოდიოდა. ერეკლემ მკაცრი ღონისძიებანი მიიღო დეზერტირების წინააღმდეგ, მაგრამ უდისციპლინობა მაინც ვერ დასძლია.

მოწინააღმდეგეები ერთხანს პირისპირ იდგნენ უმოქმედოდ. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ომარ ხანმა ვერ გაბედა მტერთან შებმა. რუსი ისტორიკოსი ბუტკოვი ამტკიცებს, პოლკოვნიკი ბურნაშოვი ერეკლე მეფეს ურჩევდა, თვითონ გადასულიყვნენ შეტევაზე, მაგრამ მეფე ამას წინააღუდგაო. დავით ბატონიშვილი, პირიქით, ამბობს, მამაცობისა და ერთგულების სულით გახურებულ ქართველებს შებმა სწადდათ, მაგრამ რუსი პოლკოვნიკი ომში გამოუცდელი კაცი იყო და როგორც მან, ისე მეფის ერთმა მისანდო ნაზირმა ერეკლეს შეტევაზე გადასვლა დაუშალესო. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, რომ ისევე, როგორც წინათ ასპინძის ბრძოლაში, ახლაც ორსარდლობას კარგი ნაყოფი არ გამოუღია.

ომარ ხანი მოულოდნელად აიყარა, ალაზანი და იორი გადალახა და მოწინააღმდეგეს მოაჩვენა, თბილისისაკენ მივდივარო. როცა რუს-ქართველი ჯარი ქალაქისკენ გამოეშურა, ომარი ყარაიაზის ველზე გადავიდა, მტკვარი გადალახა და ბორჩალოში შეიჭრა. რუსები და ქართველები. თავიანთი ხარშებმული არტილერიით ნელა მოძრაობდნენ; როცა მათ მდინარე ალგეთს მიაღწიეს მარნეულთან, აღმოჩნდა, რომ ლეკებს ერთი დღით გაესწროთ. ომარ ხანი ახტალაში ავიდა, ნაღმით ააფეთქა მისი ციხე, რომელსაც მცირერიცხოვანი ქართველი რაზმი იცავდა, სრულიად ააოხრა ვერცხლის მადნები, ხოლო მემადნე მუშები სანახევროდ გაჟლიტა, სანახევროდ კი ტყვედ წაასხა. იქიდან ის ლორეში გადავიდა, უზუნლარში დაბანაკდა და ერეკლე მეფეს შემოუთვალა, თვითეულ ტყვეში ხუთი თუმანი მომეცი, წლიურად ათი ათასი მანეთი ჯამაგირი დამინიშნე და შენი მოკავშირე გავხდებიო. რადგან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ლეკის ჯარი ტბაფარავნის გვერდზე გავლით ახალქალაქში გადავიდა, ხოლო იქიდან ახალციხეში; ამის შემდეგ რუს-ქართველთა ჯარი თბილისში დაბრუნდა.

ომარ ხანს ერთი თვეც არ დაუსვენია ახალციხეში. იქიდან ის შვიდი ათასი კაცით იმერეთისკენ დაიძრა და ვახანის ციხეს შემოარტყა ალყა. ციხეში შვიდასამდე სული იყო თავშეფარებული, მას მცირერიცხოვანი რაზმი იცავდა ვანანის მებატონის, სოლომონ პირველის სიძის ქაიხოსრო აბაშიძის მეთაურობით. ომარმა ორჯერ სცადა ციხის აფეთქება, მაგრამ ვერ შესძლო. ამავე დროს კი იმერეთიდან ვახანის ციხის საშველად დაძრული ჯარი მარელის მოადგა, ერეკლე მეფე და რუსის ჯარი კი სურამში მივიდა. მაშინ ომარ ხანმა ვერაგობას მიმართა. მან თავის ბანაკში მყოფ ორ-სამ მოღალატე იმერელის შემწეობით ვითომდა დასაზავებლად ციხიდან გამოიტყუა ქაიხოსრო აბაშიძე და ციხის მცველების დასანახავად მისი წამება დააწყებინა. ამის შემდეგ ვახანის მეციხოვნეებმა კარიბჭე გააღეს.

ლეკებმა გაჟლიტეს ციხეში მყოფი მამაკაცები, გარდა თავადიშვილებისა, შენობები დაარბიეს და დასწვეს. ერეკლე მეფეს ეგონა ომარ ხანი ახალციხეში ჩვეულებრივი გზით დაბრუნდებოდა და ქვიშხეთთან ჩაუსაფრდა. მაგრამ ლეკები მთის ბილიკებით გადავიდნენ ახალციხეში. სხვათა შორის, ომარმა ვახანიდან ტყვედ წაიყვანა ქაიხოსრო აბაშიძის ორი ქალიშვილი; ერთი თვითონ შეირთო და მას ჯავაირ ხანუმი დაარქვა, ხოლო მეორე იბრეიმ ხანს მისცა ცოლად. ომარის სიკვდილის შემდეგ ჯავაირ ხანუმი სამშობლოში დაბრუნდა.

გენერალმა პოტიომკინმა ომარ ხანს ახალციხეში ერთი ათასი ჩერვონეცი და ძვირფასი სათუთუნე გაუგზავნა, რათა ის შეეჩერებინა შემდგომი თავდასხმებისაგან. ერეკლემ რუსეთის მთავრობას ათი ათასი ჯარისკაცი და სესხად სამასი ათასი მანეთი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ქართლ-კახეთის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. ლეკების შიშით ყაზახელებმა და შამშადილელებმა განჯაში და ყარაბაღში იწყეს გადასახლება, ხოლო ქართველებმა და სომხებმა მოზდოკსა და ყიზლარში. ვაჭრობა თითქმის სრულიად შესწყდა, მეურნეობა დაეცა მუშახელის უქონლობის გამო. ახტალის მაღაროების აოხრების შემდეგ ხაზინის შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა. თვით ერეკლე ამბობდა თურმე, საქართველოს ასეთი გაჭირვება არ უნახავს შაჰ-აბაზის შემდეგო.

ერეკლეს მდგომარეობას კიდევ უფრო აძნელებდა ის, რომ დარეჯან დედოფალი და ზოგიერთი დიდებული, რომელნიც უკმაყოფილონი იყვნენ რუსული ორდენების და საჩუქრების მიუღებლობით, მას აყვედრიდნენ, ყველა უბედურება გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას და რუსის ჯარის შემოსვლას მოჰყვაო. გარსევან ჭავჭავაძე შეეცადა რაიმე რეალური დახმარება მიეღო პეტერბურგში და, რაკი ვერაფერს გახდა, ერეკლეს წინადადება მისცა, შენი ქალი — ანასტასია ბატონიშვილი მის საქმროს დააშორე და თავად პოტიომკინს მიათხოვე, ხოლო მზითვად ხევი და მთიულეთი მიეციო: როცა ის შენი სიძე გახდება, მეტს დახმარებას აღმოგიჩენსო.

ერეკლე მეფეს, რასაკვირველია, კარგად ესმოდა, რომ ხანშიშესული რუსის ფელდმარშალის ჩამოსიძებით თავის პოლიტიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებდა და ამიტომ არჩია მორიგების გზას დასდგომოდა თურქეთის მიმართ. თავის მხრით სტამბოლის მთავრობაც რუსეთის საწინააღმდეგო ომისთვის ემზადებოდა და მას არ უნდოდა ქართლ-კახეთი მტრად გადაეკიდებინა. ამიტომ სულთანმა არზრუმის, ვანის, ბაიაზეთის, ყარსის და ახალციხის ფაშებს საგანგებო ფირმანი გამოუგზავნა და წინადადება მისცა, კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინათ ერეკლე მეფესთან. სულთანი, სხვათა შორის, ფაშებს სწერდა, ხარს ხელს ნუ ახლებთ, დაე მშვიდობიანად იწვეს, ნუ აიძულებთ ზეზე წამოდგესო.

ახალციხის ფაშამ ერეკლეს აღუთქვა, რომ ლეკებს აღარ შეიკედლებდა და თვითონაც შეაჩერებდა მოთარეშე რაზმების გზავნას, სამაგიეროდ სთხოვა, ორი თავადიშვილი მძევლად მომეცი და ქართლ-კახეთში ახალი რუსის ჯარის ნაწილებს ნუღარ შემოიყვანო. ერეკლემ დარბაზი მოიწვია, და თუმცა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მას ურჩიეს არ დაეკმაყოფილებინა თურქეთის მოთხოვნა, ის მაინც დარბაზის უმრავლესობის აზრს მიემხრო და ახალციხეში მძევლები გაგზავნა. ამას გარდა მან წლიურად ხუთი ათასი მანეთი დაუნიშნა ომარ ხანს.

ამის შემდეგ ერეკლემ გადაწყვიტა დაესაჯა გამდგარი ყარაბაღის და განჯის ხანები, ხოლო გადასახლებული ყასახელი და შამშადილელი ელები უკან დაებრუნებინა. შეერთებულმა რუს-ქართველმა ჯარმა დალაშქრა განჯის სახანო, ხოლო ქართველმა ჯარმა იულონ ბატონიშვილის მეთაურობით დაამარცხა ყარაბაღელები. ეს ექსპედიცია ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, რომ განჯაში მყოფ მეფესა და პოლკოვნიკ ბურნაშოვთან რუსეთის მთავრობის შიკრიკი მოვიდა ბრძანებით, რომ რუსის ჯარი რუსეთში გაბრუნებულიყო. ერეკლემ ბურნაშოვს სთხოვა ომის დასრულებამდე დაეცადა, მაგრამ ის დაუყოვნებლივ თბილისში დაბრუნდა და დარიალის გზით სამშობლოსაკენ გაემართა (1787 წ.). ერეკლემ მომდევნო წლებში მაინც შესძლო ჯერ განჯის დამორჩილება და შემდეგ აყრილი ელების უკან დაბრუნება.

თავისი ჯარის გაწვევას ქართლ-კახეთის საზღვრებიდან რუსეთის მთავრობა ორი მოსაზრებით ამართლებდა. ერთი რომ თურქების წინააღმდეგ ომს ვიწყებდით და განზრახვა არ გვქონდა ამ მხრიდანაც დაგვეწყო მოქმედება, ე. ი. საკუთარი ძალები დაგვექსაქსაო; შემდეგ ვფიქრობდით, ერეკლე მეფეს ამ ომის დროს გაუადვილდებოდა წინანდელი კავშირების აღდგენა თავის მეზობლებთან, რომელნიც მას მტრად გადაეკიდნენ ჩვენი ჯარის შესვლის გამოო.

რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის ახალს ომს მასში ერეკლეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და ზავიც ისე დაიდო (1791 წ.), რომ საქართველოს არავითარი სარგებლობა არ უნახავს.

რუსის ჯარის უკან დაბრუნების შემდეგ ლეკების თავდასხმები ცოტა ხნით თითქო შენელდა, მაგრამ შემდეგ ხელახლა დაიწყო წინანდელი გააფთრებით; თუმცა მათ ბელადებს ისეთი დიდი ჯარის შეკრება არ შეეძლოთ, როგორიც ომარ ხანმა შეაგროვა, მაგრამ ამ თავდასხმებმა დიდად შეაფერხეს ერეკლე მეფის მიერ დაწყებული აღმშენებლობითი მუშაობა. მეფის გულნაკლული ქართველი ფეოდალები ახალციხესა და ჭარში გადადიოდნენ და ლეკთა ბელადებს აქეზებდნენ, რათა ქართლ-კახეთს შემოსეოდნენ. ასეთი მოღალატე ფეოდალების რიცხვს ეკუთვნოდნენ ქსნის ერისთვის შვილები და მათთან დამოყვრებული ციციშვილები, რომელთაც ახალციხიდან გადმოყვანილი ლეკთა ბრბოების შემწეობით ჯერ ხელთუბანი მოარბიეს, ხოლო შემდეგ ყარაღაჯი, სადაც, სხვათა შორის, ერეკლე მეფის მდივანბეგი და ისტორიკოსი ომან ხერხეულიძე დაიკოდა. ერეკლეს უკმაყოფილო იყო აგრეთვე მიქელ არღუთაშვილი, რომელმაც ლეკებს კრწანისი, ყალაჩა და გიაუარხი მოარბევინა.

მაგრამ, საბედნიეროდ, ერეკლე მეფეს ამ დროისთვის უკვე წამოეზარდნენ ახალგაზრდა თანაშემწეები, მათ შორის განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი გამოიჩინეს მისმა შვილიშვილებმა დავით და იოანე ბატონიშვილებმა, რომელთაც რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს ლეკთა მოთარეშე ბრბოები. რადგან თურქები, განსაკუთრებით ახალციხის და ყარსის ფაშები, დაზავების მიუხედავად, დახმარებას უწევდნენ ლეკთა ბელადებს, ერეკლე მეფემ მათი დასჯა გადასწყვიტა. 1789 წელს ოცი წლის დავით ბატონიშვილი ათასი რჩეული ქართველი მხედრით ღრმად შეიჭრა ყარსის საფაშოში, მოარბია ის და დიდძალი ტყვეებითა და ნადავლით უკან გამობრუნდა. მას დაეწია თურქთა ჯარი, მისმა ერთმა სარდალმა შვიდჯერ ხმალი შემოჰკრა დავით ბატონიშვილს, მაგრამ ის რკინის ჯავშანმა გადაარჩინა. მკვირცხლმა დავით ბატონიშვილმა თავისი ხელით მოჰკლა როგორც თავდამსხმელი თურქი მხედარი, ისე მეორე გამოჩენილი სარდალი, თურქ მეთოფეთა მეთაური; თუმცა მას ბრძოლის დროს ცხენი ტალახში ჩაეფლა და ის იძულებული გახდა ჩამომხტარიყო, მაგრამ ერთგულძა სარვანელმა თათარმა მას ცხენი მოართვა და ხიფათს გადაარჩინა. ქართველი ჯარი გამარჯვებული დაბრუნდა თბილისში.

1.25 XXIV. საქართველოს გაერთიანების ცდა

▲back to top


XXIV. საქართველოს გაერთიანების ცდა

იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო ჩავარდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლო წლებში, მოწინავე ქართველ საზოგადოებაში თავი იჩინა გაერთიანების იდეამ. ეს იდეა, თავდაპირველად ფრთხილად და გაურკვევლად გამოთქმული, ოთხმოციან წლებში უკვე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორად იქცა. მოწინავე ქართველ მოღვაწეებს ქართველი ერის გაერთიანება თავდაპირველად, როგორც ეტყობა, სამეფოთა და სამთავროთა კავშირის სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. შემდეგ უფრო თამამმა და შორსმჭვრეტელმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა ერთმეფობის აღდგენა განიზრახეს ერეკლესა და მისი მემკვიდრეების სკიპტრის ქვეშ.

ამ დიდ პატრიოტულ მოძრაობას, რომელსაც თავადაზნაურობის და სამღვდელოების შეგნებული ნაწილი ხელმძღვანელობდა და, რასაკვირველია, გაწამებული მდაბიო ხალხი განსაკუთრებით თანაუგრძნობდა, შეეძლო ქართველი ერის დამოუკიდებლობა გადაერჩინა და მისი მომავალი კეთილდღეობა უზრუნველეყო. მაგრამ საქართველოს ეკონომიური ჩამორჩენილობისა, ვაჭრობა-მრეწველობის განუვითარებლობის, ეროვნული ბურჟუაზიის უყოლობის გამო მას დაუძლეველი დაბრკოლება გადაეღობა წინ.

ქართველი ერის გაერთიანებისათვის თითქო ხელი უნდა შეეწყო იმ გარემოებას, რომ იმერეთის ტახტზე, ერეკლე მეფისვე სამხედრო დახმარებით, მისი შვილიშვილი სოლომონ მეორე დამკვიდრდა. ნამდვილად, ფეოდალური უფლებრივი შეგნების სიძლიერის გამო, ამ გარემოებამ ხელი შეუშალა აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს გაერთიანებას. თავისი ფართო პოლიტიკური ჭკუისა და მხურვალე მამულიშვილური შეგნების (მიუხედავად, ერეკლე მეფემ ვერ დასძლია ის დროგადასული, საშუალო საუკუნეების ფეოდალიზმისაგან ნაანდერძევი შეხედულება, რომლის მიხედვით სამეფო ერთს დიდს სამკვიდროს, ერთს დიდს მამულს წარმოადგენდა, ხოლო მეფე სახელმწიფოს უმაღლესი მოხელე კი არ იყო, არამედ უდიდესი მემამულე, პირველი ფეოდალი თანასწორთა შორის. ამას ზედ დაერთო ის, რომ რაც უფრო ბერდებოდა ასპინძის გმირი, მით უფრო ემორჩილებოდა ის უგუნურად პატივმოყვარე დედოფლის და მისი ფავორიტების ზეგავლენას, რომელნიც ოსეფა ყორღანაშვილის მსგავსად, არც ბრძოლის ველზე სჩანდნენ და არც მეფის დარბაზსა თუ სამდივნოში, მაგრამ პოლიტიკაზე უკუღმართ ზეგავლენას ახდენდნენ სადიაცოს ტალანებიდან. მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე მეფეს, ერთნაირი პოლიტიკური ზომიერების კარნახით, არ უნდოდა იმერეთის სამეფოს შემოერთებით მისი ფორმალური პროტექტორი — თურქეთის იმპერია გადაეკიდებინა.

ჯერ კიდევ სოლომონ მეორის გამეფებამდე იმერეთიდან თბილისში ჩამოვიდა დელეგაცია, რომელშიც გენათელ და ქუთათელ მღვდელმთავრებს გარდა სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, იოანე აბაშიძე და სხვები შედიოდნენ; მათ ერეკლეს სთხოვეს იმერეთის სამეფო შეეერთებინა. მეფემ პირდაპირი პასუხი არ გასცა, მხოლოდ დაუყოვნებლივ დარბაზის ერი მოიწვია ამ დიდი პოლიტიკური საკითხის გასარჩევად. გაიმართა ცხარე კამათი. მეფე იჯდა და დუმილით უსმენდა შეერთების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სიტყვებს.

იმერეთის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, მთელი იმერელი ხალხი მოუთმენლად ელის ამ საქმის კეთილად დასრულებას, საქართველოს გაერთიანება სწყურიათ თვით გურიის და სამეგრელოს მთავრებს, ეს ამბავი გლეხებმაც იციან და უხარიათ თქვენი გაბატონება მტრის ჯარისგან გაოხრებულ იმერეთშიო.

მზეჭაბუკ ორბელიანმა პირველსავე სხდომაზე მამულიშვილური სიყვარულით გამსჭვალული სიტყვა წარმოსთქვა სრული გაერთიანების სასარგებლოდ. მას მიემხრნენ ანტონ კათოლიკოსი, სარდალი დავით ორბელიანი, ქიზიყის მოურავი და სოლომონ ლეონიძე. დიდად საინტერესოა, როგორ ასაბუთებდა თავის აზრს მჭერმეტყველი მზეჭაბუკ ორბელიანი. ის ამბობდა: მეფე ერისთვის არის და არა ერი მეფისთვის; იმერეთის ერი ერთობას და კავშირს ითხოვს, რა უფლება აქვს ერეკლე მეფეს ამაზე უარი უთხრას. ვიცი, ის ფიქრობს, როგორ წავართვა ტახტი ჩემსავე შვილიშვილსო. ეს აზრი უკუღმართი და დამღუპავია. განა ქართლის მეფის მემკვიდრეებს კი არ წაერთვა ტახტი და განა ქართლ-კახეთი არ გაერთიანდა? განა მეამბოხე არაგვის და ქსნის ერისთავებს კი არ ჩამოერთვათ სამფლობელოები? და რა დაკარგა ამით საქართველომ? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობას, ძლიერება მეფისა არის ერთა დაკავშირება.

იმერეთის დესპანების სახელით ქაიხოსრო წერეთელი გამოვიდა, მან კომპრომისული წინადადება შემოიტანა: იმერეთში მეფობა ნუ მოისპობა, მხოლოდ იქ ერეკლეს შვილიშვილი სოლომონი გამეფდეს და მან კავშირი შეკრას ქართლკახეთთანო; ეს მტერს დააშინებს და მორიდებას შეაჩვევსო. ერეკლე მეფე კვლავ ჩაფიქრებული იყო და დუმილით უსმენდა როგორც უკიდურეს პატრიოტთა, ისე ზომიერთა სიტყვებს. ერთობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის იოანე მუხრანბატონის გამოსვლამ მეტი დრამატიზმი შეიტანა კამათში: ქართლკახელებს ჩვენთვის ვერ მოგვივლია, იმერეთს როგორღა მოუაროთო; რად დავეპატრონოთ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი პატრონი ჰყავს, მეფის შვილიშვილიო. ამ სიტყვამ მოთმინება დააკარგვინა სარდალს დავით ორბელიანს, რომელმაც გულისწყრომით წამოიძახა: „მართლად აღიარებს მუხრანბატონი, რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისის ხრმლით და ბაირაღითა. მოვა დრო და მოსცემს ღმერთი სხვასა მუხრანისბატონსა, რომლისა ხრმალი უფრო მჭრელი იქნება“. დავით სარდლის შეძახილში თითქო რაღაც წინასწარმეტყველური გაისმა, მან დიდი აურზაური და შეხლა-შემოხლა გამოიწვია; ნაწყენი მეფე წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. ამით დაიშალა პირველი დღის კრება.

დარეჯან დედოფალმა მზეჭაბუკ ორბელიანი დაიბარა, უსაყვედურა, რომ ის დარბაზის ბჭობაში ერთობის დამცველად გამოვიდა და მრისხანედ მოსთხოვა მოწინააღმდეგე დასს მიმხრობოდა. ორბელიანმა ღირსეულად უპასუხა, მე კარგად მესმის, რასაც ვლაპარაკობ, სამშობლოსა და მეფეს ვერ ვუღალატებ, ჩემს აზრს საფლავში ჩავიტანო. თუმცა დედოფალს იმერეთის დესპანებიც ეახლნენ და ქვეყნის სასოწარკვეთილი მდგომარეობა დაუხატეს, მაგრამ ის ჯიუტად უარზე იდგა და გაიძახოდა, იმერეთის გვირგვინს ჩემი შვილიშვილის ხელიდან ვერ გამოვწირავო. მან, როგორც ეტყობა, მეტი გავლენა მოახდინა. ერეკლე მეფეზე, ვიდრე ანთებული პატრიოტების მჭერმეტყველობამ. ამიტომ მეორე კრების დასასრულს მეფემ იმერეთის დელეგატებს უთხრა, წადით და ერს გამოუცხადეთ, რომ იმერეთის ტახტზე ჩემს შვილიშვილს დავსვამ, და ამ გზით თავისთავად კავშირი დამყარდება ორივე სამეფოს შორისო.

გაერთიანების იდეას განსაკუთრებით ენერგიულად სოლომონ ლეონიძე იცავდა. რაკი ეს იდეა დამარცხდა, მან დასავლეთი საქართველო შემოვლო და თავისი გულწრფელი პატრიოტიზმისა და მჭერმეტყველობის შემწეობით იმერეთის და გურია-სამეგრელოს მმართველი წრეები დაარწმუნა საკავშირო ხელშეკრულება დაედოთ ქართლ-კახეთის მეფესთან. ის მათ უმტკიცებდა, რომ თუ ქართველი მეფეების და მთავრების კოალიცია არ შეიქმნებოდა, თვითეული მათგანი იძულებული გახდებოდა უცხოელთა შორის ეძებნა მფარველი ძალა. ეს კი გამოიწვევდა ქართველი ერის დამდაბლებასა და ზნეობრივ დაცემას: „ენა და მეტყველება, მისი მწიგნობრობა და მწერლობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა“.

1790 წელს თბილისში ერეკლე მეფესა, სოლომონ მეფესა, გრიგოლ დადიანსა და სვიმონ გურიელს შორის დაიდო „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა“. ეს ტრაქტატი დიდად მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, წარმოადგენს არა იმდენად თავისი პოლიტიკური შედეგებით, რამდენადაც თავისი შინაარსით. ის გამოდიოდა იმ დებულებიდან, რომ ქართველი ერი ერთს კოლექტივს წარმოადგენს, დაყრდნობილს ენის, სისხლის ნათესაობის, სარწმუნოების ერთობაზე და „მავასხელობის სიყვარულზე“, ე. ი. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, მომქმედ პატრიოტულ გრძნობაზე. ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეები და გურია-სამეგრელოს მთავრები ურთიერთშორის დახმარების და თავდაცვითს კავშირს სდებდნენ, მაგრამ ამ კავშირში ქართლ-კახეთის მეფეს ერთნაირი უპირატესობა ენიჭებოდა, როგორც უზენაეს მფარველს და რუსეთის კარის წინაშე შუამდგომელს.

ამ ტრაქტატს უფრო ზნეობრივი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე პრაქტიკული. მან ვერ შეაჩერა ფეოდალური საქართველოს შემდგომი დაშლა. მომდევნო წლებში ერეკლე მეფემ დარეჯან დედოფლის და მისი პარტიის ზეგავლენით გამოაქვეყნა ორი კანონი, რომელთაც საბედისწერო გავლენა იქონიეს ქართლ-კახეთის სამეფოებზე.

თითქმის ათას ხუთასი წლის განმავლობაში საქართველოში არსებობდა მტკიცე მემკვიდრეობითი კანონი, რომლის ძალით გარდაცვლილ მეფეს ტახტზე მისი უფროსი შვილი სცვლიდა. ამ კანონმა ფესვი გაიდგა როგორც იურიდიულ შემეცნებაში, ისე ხალხის შეგნებაში. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ბაგრატიონების გამეფების შემდეგ არ მომხდარა დინასტიის შეცვლა, რაც ასე ხშირი მოვლენა იყო მის მეზობელ ბიზანტიასა და სპარსეთში. ერეკლე მეფემ 1791 წელს ეს კეთილისმყოფელი კანონი გააუქმა და მის ადგილას დააწესა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი მის უფროს ვაჟს რგებოდა, შემდეგ ამ უკანასკნელის მომდევნო ძმებს, სანამ ყველანი მორიგეობით სამეფო ტახტზე არ დაჯდებოდნენ. მათი დახოცვის შემდეგ მეფობა ისევ უფროსი ძმის ვაჟებს უბრუნდებოდათ, თუ ისინი ბიძებზე ადრე არ დაიხოცებოდნენ, შემდეგ მათს ბიძაშვილებს და სხვა.

ეს ქაოტიური კანონი ღირსეული ნაყოფი იყო დარეჯან დედოფლის აზროვნებისა. ამით მას უნდოდა თავისი გერის, ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის უფლებანი შეეკვეცა და თავისი ღვიძლი შვილების, იულონ, ვახტანგ, მირიან, ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილებისთვის გამეფების საშუალება მიეცა.

მეორე განწესებით ქართლ-კახეთის სამეფოში რამდენიმე საუფლისწულო იჭრებოდა ბატონიშვილთა რიცხვის მიხედვით: გიორგი ბატონიშვილს კახეთში მიეცა საუფლისწულო, იულონს ზემო ქართლში და ქსნის ხეობაში, ვახტანგს არაგვის საერისთავოში და სხვ. ისინი თითქმის სუვერენული ხელისუფლებით განაგებდნენ თავიანთ სამფლობელოებს. კიდევ მეტს არევ-დარევას ჰქმნიდა ის, რომ ზოგიერთი ბატონიშვილის, მაგალითად, ფარნაოზის საუფლისწულო სოლივით იყო შეჭრილი სხვების სამფლობელოებში ან შორიშორ გაფანტული სოფლებიდან შესდგებოდა. ამრიგად ქართლკახეთის სამეფო, რომელიც თითქო გაერთიანდა საერისთავოების და სახანოების მოსპობის შემდეგ, ხელახლა საშუალო საუკუნეების ტიპის დაქსაქსულ ფეოდალურ ქვეყნად იქცა.

მემკვიდრეობის ახალი კანონი, არსებითად, ანდერძის ერთ მუხლს შეადგენდა, ამ ანდერძს ეწოდებოდა „განწესებანი საქართველოს მეფის ირაკლისნი ძეთა თვისადმი სამეფოისათვის საქართველოისა“. თუ მდაბიო ხალხმა არა, ყოველ შემთხვევაში, მეფის მახლობელმა წრეებმა, რასაკვირველია, იცოდა, რომ ეს ანდერძი დაწერილი იყო დედოფლის გავლენით, რომელმაც ოთხმოციანი წლებიდან თანდათან უფრო მეტი ენერგიით თავი იჩინა მართვა-გამგეობის საქმეებში და, ბოლოს, მოხუცი მეფე თითქმის სავსებით დაიმორჩილა. რადგან თვით დარეჯან დედოფალი, თავის მხრით, გაქნილი და ანგარებიანი კარისკაცების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რითაც პატრიოტების და პროგრესისტების აღშფოთებას იწვევდა, ერეკლე მეფემ საჭიროდ დაინახა სპეციალური მუხლი შეეტანა თავის განწესებასა თუ ანდერძში: „სამობითსა და ერთობითსა ღმერთსა ვფიცავ, რომ რაც ეს განწესება დამიწერია, არავის შეეტყოს, არც ვისთვის მეკითხოს და არც ვისმეს ერჩიოს და არავისიმე მეტობის მონდომებით, არც ვისიმე დაკლებით მე ეს არ დამეწეროს“. ეს მუხლი თავისთავად ასუსტებდა განწესებაში შეტანილი მემკვიდრეობის კანონის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ასეთი რადიკალური ცვლილების მოხდენა სახელმწიფოს წესწყობილებაში, საქართველოს დაუწერელი კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლებოდა დარბაზის ერის დაუკითხავად.

ერეკლე მეფე თავის შვილებს უანდერძებდა არ გაყრილიყვნენ, ერთმანეთში სიყვარული და ამხანაგური თანხმობა ჰქონოდათ, თუ უნდოდათ, რომ საქართველო არ გაღარიბებულიყო და არ დამცირებულიყო და მას მტერი არ „შემოჯდომოდა“. შემდეგ ის მათ ურჩევდა თვითაც ესწავლათ და სხვებისთვისაც ესწავლებინათ გრამატიკა და რიტორება, ფილოსოფია და ლოგიკა, „წერილსა და მწიგნობრობაში დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ“, ხოლო თუ კიდევ „ამაზე მეტს მეცნიერებაში შევლენ და ისწავლიან, ის უმჯობესი იქნება, მაგრამ უამისობა კი არ იქნება“.

სამწუხაროდ, ლეონ ბატონიშვილის შემდეგ, ერეკლე მეფის ვაჟებს შორის არ მოიპოვებოდა არც ერთი, რომელსაც განსაკუთრებული გონებრივი ინტერესი, ან განსაკუთრებული პოლიტიკური და სამხედრო ნიჭი გამოეჩინოს. მართალია, სამაგიეროდ, მისი შვილიშვილები, დავით და იოანე ბატონიშვილები, ახალგაზრდობის მიუხედავად, კარგს იმედებს იძლეოდნენ, როგორც სარდლები და დიდს ინტერესს იჩენდნენ ევროპიული კულტურისა და მეცნიერებისადმი. ამას გარდა, განსაკუთრებით იოანე ბატონიშვილი, ჭკუადამჯდარი და ნიჭიერი ადამიანი სჩანდა, ყველაზე მეტად გამოსადეგი სამეფოს მეთაურობისთვის; მაგრამ თუ ერეკლეს ახდერძი განხორციელდებოდა, მათ შეიძლებოდა სრულიად არ რგებოდათ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე დაჯდომა. ერეკლე ჩქარა მიხვდა თავის შეცდომას და გიორგი ბატონიშვილისადმი მიმართული წერილით შეეცადა თავისი ახდერძის ძალა გაებათილებინა; მაგრამ რადგან მისი სიკვდილის შემდეგ დედოფლის პარტიამ ბრძოლის იარაღად ანდერძი გამოიყენა, ხოლო გიორგი ბატონიშვილმა ერეკლეს წერილი, არევ-დარევა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ერეკლეს ვაჟიშვილების უთანხმოება დაიწყო ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში, საუფლისწულოების გამიჯვნის დროს; შემდეგ მათმა ურთიერთ ბრძოლამ სრულიად ტრაგიკომიკური ხასიათი მიიღო. ტახტის პირდაპირი მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი გულკეთილი, მაგრამ გონებაშეზღუდული და ცრუმორწმუნე ადამიანი იყო. ის დიდად ბედნიერად გრძნობდა თავს, თუ მას მოვალეობა ბრძოლის ასპარეზსა, დარბაზის ბჭობას ან სამდივნოში არ მოუწოდებდა და შეეძლო მშვიდობიანად ერთი ჩარექი ხოდაშნური ან ყვარლური წითელი ღვინო ფლავით შემზადებულ ქათმისა და შემწვარი ზაქის ხორცისთვის დაეყოლებინა, ხოლო დანარჩენი დრო მეტანიებში ან სარეცელზე გაეტარებინა; მან გამოიჩინა არაჩვეულებრივი ნაყოფიერება და ორი ცოლისაგან თექვსმეტი შვილი დასტოვა.

გიორგი ბატონიშვილს არ უყვარდა არც ნადირობა და არც ასპარეზზე ვარჯიშობა, რაც შეეხება ფილოსოფიას, მან ანტონ კათოლიკოსის რამდენიმე ლექცია მოისმინა ბაუმეისტერის შესახებ, მაგრამ სწავლას ჩქარა თავი მიანება: „არა მესმის ესე, ვნაყავ წყალსაო“.

როგორც ეტყობა, ერეკლე მეფეს არაფრად მოსწონდა თავისი მემკვიდრე, და მამა-შვილს შორის ნაკლებ გულთბილი დამოკიდებულება არსებობდა. ადამიანებთან ურთიერთობაში გიორგი ბატონიშვილი ხანდახან უტაქტობას იჩენდა, ეს აღიზიანებდა ბუნებით ჭკვიანს და აღმოსავლურ დიპლომატიაში გამობრძმედილ ერეკლეს. 1789 წელს იმერეთიდან თბილისში სტუმრად ერეკლეს სიძე არჩილ ბატონიშვილი მოვიდა. ერთ დილას მას მოესმა, რომ მინარეთიდან, რომელიც სასახლის მოედანს გადმოჰყურებდა, თათრის მოლამ მართლმორწმუნეთა მომწოდებელი ძახილი დაიწყო. საეჭვოა, რომ თავქარიან იმერელ ბატონიშვილს, რომელიც, ალბათ, ნადირობის მოყვარულიც იყო, ოდესმე მინარეთი ენახოს და იქიდან ძახილი გაეგონოს. მან არც აცივა, არც აცხელა, თოფი გადმოიღო, მოლას ესროლა და ძირს ჩამოაგდო. ამ ინციდენტმა დიდად შეაწუხა ერეკლე მეფე, რომელიც ყოველთვის დიდ შემწყნარებლობას იჩენდა თავისი ქვეშევრდომი მაჰმადიანებისადმი და სჯიდა თავის მსახურებს, თუ ისინი მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გიორგიმ კი ამის შემდეგაც განაგრძო მეგობრობა და მისვლა-მოსვლა არჩილ ბატონიშვილთან. ამანცა უფრო განარისხა მეფე და ბრძანებდა სიტყვათა მკვახეთა გიორგისთვისო, ამბობს პლატონ იოსელიანი.

ქართველ პატრიოტთა დასის მოწინააღმდეგეები სოლომონ ლეონიძეს აბრალებდნენ მეფისა და მისი უფროსი ვაჟის უმძრახობას. რეაქციონურ პარტიას სოლომონ ლეონიძეს გასასამართლებლად საკმაოდ მიაჩნდა ისიც, რომ ის დაბალი წოდებიდან იყო გამოსული. დარეჯან დედოფლის მომხრეების ინტრიგებმა გასჭრა და ერეკლე მეფემ არა თუ თანამდებობიდან გადააყენა თავისი ნიჭიერი და თავდადებული თანამშრომელი, მამულიც კი ჩამოართვა მას. მაგრამ ლეონიძეს თავისი პატრიოტული ვალდებულებისათვის ბოლომდე არ უღალატნია, თავის პოსტზე დარჩა ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგაც და მჭერმეტყველი სიტყვით გამოეთხოვა თავისი პატრონის გვამს.

სოლომონ ლეონიძემ გიორგი მეფის სიკვდილის შემდეგაც განაგრძო ბრძოლა. ქართველი ერის დამოუკიდებლობისათვის. მოწინააღმდეგეებმა ის რუს გენერალს დაასმიხეს, რომელმაც რეპრესიული ღონისძიებანი მიიღო მის მიმართ. მაშინ ის იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო, რადგან, სოლომონ მეორის ერთი სიგელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ერეკლე მეფის სიკვდილის უკან, ამაღლებულის მისის ოჯახის დამდაბლებას ვერ გაუძლო. იმერეთში რუსების შესვლის შემდეგ სოლომონ ლეონიძე უცხოეთში გაიქცა და, ზოგიერთი ცნობით, ახალციხეში მოკვდა, ხოლო ზოგიერთით, სპარსეთში.

1.26 XXV. კრწანისის ბრძოლა

▲back to top


XXV. კრწანისის ბრძოლა

ქერიმ-ხან ზენდის სიკვდილის შემდეგ ერანში სამოქალაქო ომი დაიწყო. მის ახლობელ ნათესავებსა და სხვა პრეტენდენტებს შორის ატყდა ულმობელი ბრძოლა, რომელიც მათი ურთიერთ გაჟლეტით დასრულდა. ზენდების გვარიდან გადარჩა მხოლოდ ლუთფალი-ხანი, რომელიც ცოტა ხნით იმდროინდელ სატახტო ქალაქ შირაზში განმტკიცდა.

აღმოსავლეთის მპყრობელებს შორის მიღებული ჩვეულების თანახმად, ქერიმ-ხანსაც შირაზის სასახლეში წარჩინებული გვარების ამანათები ანუ მძევლები ჰყავდა, რათა ერანის პროვინციების მმართველები და იქ მობინადრე ტომები მორჩილებიდან არ გამოსულიყვნენ. ამ მძევლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თურქ-ყაჯართა ტომის წარმომადგენელი აღა-მაჰმად-ხანი, რომლის მამა ქერიმხანმა მოაკვლევინა, ხოლო თვითონ ის ჯერ კიდევ ბავშვობაში დაასაჭურისებინა. ეს იყო ენერგიული, პატივმოყვარე და სასულიერო მწერლობაში განსწავლული ადამიანი, რომელიც პირადმა უბედურებამ გააბოროტა და კაცობრიობის მოძულედ გახადა.

როგორც კი ქერიმ-ხანი მოკვდა, აღა-მაჰმად-ხანი თავისი გვარის სამკვიდრო ასტრაბადში გაიქცა და მზადებას შეუდგა ერანში გასაბატონებლად. მან თავი მოუყარა ჯარს, დაიპყრო თალიში, გილანი, მაზანდარანი და სამხრეთის აზერბაიჯანი, ხოლო თავის სატახტო ქალაქად თეირანი გამოაცხადა. 1792 წელს აღა-მაჰმად-ხანი ისპაჰანში შევიდა, ხოლო ორი წლის შემდეგ შირაზში. მისი ბრძოლა ზენდთა გვარის მეთაურის ლუთფალის წინააღმდეგ, რომელიც ქირმანში გამაგრდა, დასრულდა მისი გამარჯვებით და ქირმანის აღებით. აღა-მაჰმად-ხანმა არაადამიანური სიმკაცრით დასაჯა უბედური ქირმანელები, მასიურად თვალები დასთხარა მამაკაცებს, ქალები თავის გააფთრებულ ჯარისკაცებს გადასცა, ხოლო ლუთფალი ხანი წამებით მოჰკლა.

ისევე, როგორც მისი შორსმჭვრეტელი წინამორბედნი, აღა-მაჰმად-ხანიც ერანისთვის დიდად სახიფათოდ სთვლიდა რუსების განმტკიცებას კავკასიონის ქედს გადმოღმა და კასპიის ზღვის ნაპირებზე. გეორგიევსკის ტრაქტატის დადება მას ერანის უფლების შებღალვად მიაჩნდა. მისი მტრობა რუსეთისადმი გააძლიერა იმანაც, რომ ეკატერინე მეორემ არ მიიღო მის მიერ გაგზავნილი ელჩები და ის არა თუ შაჰების ტახტის პრეტენდენტად, გილანის და მაზანდარანის მფლობელადაც არ სცნო. ამიტომ აღა-მაჰმად-ხანი თავის მხრით ყოველნაირად ხელს უშლიდა რუსებს, რომელნიც სცდილობდნენ ასტრაბადის ყურეში გამაგრებულიყვნენ და იქიდან აღებ-მიცემა გაეჩაღებინათ სპარსეთსა, ინდოეთსა, ბუხარასა, ბალხსა და კაშმირთან.

ერეკლე მეფე დიდი სიფრთხილით თვალყურს ადევნებდა აღა-მაჰმად-ხანის მოქმედებას; სხვათა შორის, თავის ვაჭრებისა და აგენტების შემწეობით ის ცნობებს ღებულობდა ერანში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართლ-კახეთის სამეფო მაინც მოუმზადებელი შეხვდა მტრის თავდასხმას. ეს, უმთავრესად, იმით აიხსნებოდა, რომ ქართველი ერის მეთაურები გულუბრყვილოდ დაენდნენ რუსეთთან დადებული ტრაქტატის ძალას. ეს მით უფრო გასაოცარი იყო, რომ ერეკლე მეფემ ეკატერინე მეორეს ჯერ კიდევ 1792 და 1794 წელს თავისი ელჩის გარსევან ჭავჭავაძის პირით სთხოვა ჯარი გამოეგზავნა მისთვის, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. ბოლოს, როცა ერეკლემ გაიგო, რომ თავრიზში აღა-მაჰმად-ხანის ჯარის კონცენტრაცია ხდებოდა საქართველოში შემოსაჭრელად, მან კავკასიის სამხედრო ხაზის სარდალს გენერალ გუდოვიჩთან 1795 წლის მაისში თავისი წარმომადგენელი გარსევან ამილახვარი აფრინა, და სთხოვა სამი ათასი კაცი მაინც მოეშველებინა. გენერალ გუდოვიჩს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ქართლ-კახეთის მეფის მოხსენების აზრს გაიგებდა, ნაწილობრივ უხეირო რუსული თარგმანისა, ნაწილობრივ, შეიძლება, საკუთარი გონებაბრჯგუობის გამო. ბოლოს, როცა ის მიხვდა, რომ მას რუსის ჯარისკაცებს სთხოვდნენ, დიდ უარზე დადგა, ერეკლეს ელჩი კი მისი მოხსენებითურთ პეტერბურგში გაისტუმრა საბოლოო პასუხის მისაღებად.

როგორც იმდროინდელი დაკვირვებული რუსი აგენტის ცნობიდან სჩანს, აღა-მაჰმად-ხანის ჯარში ჩვეულებრივ ორმოცდახუთ ათას კაცამდე იყრიდა თავს; მის ნახევარს ჯამაგირიანი ჯარისკაცები შეადგენდნენ, ხოლო ნახევარს სხვადასხვა არასამხედრო პირების ბრბო, რომელიც ჯარს უკან მისდევდა მომსახურეობის გასაწევად ან ნადავლის მიღების მოლოდინში. ნამდვილი არმია გაყოფილი იყო ორ თანაბარ ნაწილად, საკეტიანი თოფებით შეიარაღებულ კავალერიად და პატრუქიანი თოფებით შეიარაღებულ ქვეითთა ნაწილებად. ამ ჯარს ჰქონდა აგრეთვე შვიდი თუ რვა თუჯის ზარბაზნისაგან შემდგარი არტილერია და აქლემებხე აკიდებული ზამბურაკები ანუ ფალკონეტები; მაგრამ რადგან ზარბაზნებს ოთხ-ოთხი წყვილი ხარი სჭირდებოდა დასაძრავად, მისი გამოყენება შორეულ ექსპედიციებში ადვილი არ იყო.

აღა-მაჰმად-ხანის ჯარი დიდი ტრანსპორტით მაისის ბოლო რიცხვებში თავრიზიდან დაიძრა და ერთი თვის შემდეგ უკვე ყარაბაღის საზღვრებთან გაჩნდა. სანამ სამხედრო მოქმედებას დაიწყებდა, აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე მეფესა და აზერბაიჯანის ხანებს მოსთხოვა დამორჩილებოდნენ მას; ყარაბაღის მფლობელს იბრეიმ ხანს ერეკლე მეფესთან კავშირი უკვე განახლებული ჰქონდა, მან ერანის მბრძანებლის მოციქულებს უარი განუცხადა მორჩილებაზე. სამაგიეროდ აღა-მაჰმად-ხანს მიემხრნენ სომეხთა მელიქები, მეჯნუნი, აბო და სხ. რაც შეეხება ჯავათ ხანს განჯელს, ის არეზის პირას ეახლა ერანის მბრძანელებს და ყოველგვარი დახმარება აღუთქვა. ეჩმიაძინის პატრიარქმა დიდძალი ფულით გამოიყიდა თავისი სამწყსოს ხელუხლებლობა. ერეკლემ არავითარი პასუხი არ გასცა აღა-მაჰმად-ხანის ელჩს.

შუშის ხანმა სახალხო ომი გამოაცხადა შემოსეული ერანელების წინააღმდეგ. მას ერეკლე მეფემ მცირერიცხოვანი ჯარი მიაშველა ალექსანდრე ბატონიშვილის ხელმძღვანელობით. ყარაბაღელებმა აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ნაწილებს დიდი ზიანი მიაყენეს მთიან ადგილებში, განსაკუთრებით დააზიანეს მისი ტრანსპორტი და ცხენების ჯოგები. თვით მუშის ციხის აღება ერანის ჯარმა ვერ შესძლო. აგვისტოს ბოლოში აღა-მაჰმად-ხანი ჯავათ-ხანის რჩევით იქიდან აიყარა და თბილისისკენ გამოემართა განჯის გზით. განჯაში მან შეიერთა შექის სახანოს ჯარი და მოლაპარაკება გამართა ალაზნის გაღმა მხარის ლეკებთან, რომელთაც სათითაოდ ას ასი მანეთი აღუთქვა და კახეთზე თავდასხმა მოსთხოვა. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო და თუმცა ჭარ-ბელაქნელებმა აქტიური მოქმედება ვერ დაიწყეს, გიორგი ბატონიშვილი მაინც იძულებული გახადეს ორი ათასი კაცით და ოთხი ზარბაზნით სიღნაღში გაჩერებულიყო კახეთის და ქიზიყის დასაცავად.

სექტემბრის პირველ რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანი ყაზახში გადმოვიდა, თავისი ბანაკი და მძიმე ტვირთი მდინარე აქსტაფის ნაპირას დასტოვა, ხოლო თვით მსუბუქის ჯარით თბილისისკენ გამოემართა. სანამ აქსტაფიდან დაიძროდა, მან შეაკრებინა ბორჩალოელი, შამშადილელი და ყაზახელი თავიკაცები და სიტყვით მიმართა მათ: ხელ-ფეხი შევუკრათ ჩვენი ისლამის შეურაცხმყოფელთ, დავშალოთ ეს ერთი მუჭა ქართველობა, როგორც კალატოზები ძველ შენობას შლიან ხოლმეო.

ქართველი ჯარი, რომელმაც დაგვიანებით სატახტო ქალაქში თავი მოიყარა, დაახლოებით ხუთი ათასი კაცისაგან. შესდგებოდა, რომელშიაც ორი ათასი იმერელი იყო სოლომონ მეფის მეთაურობით. ერეკლე მეფეს ჰქონდა ოცდათხუთმეტი ქვემეხი, მაგრამ არტილერისტების უყოლობის გამო მხოლოდ ექვსის გამოყენება შეეძლო. მეფესა ირაკლის არა აქვნდა გამზადებულებაი მტერთა მიმართო, სწორად შენიშნავს თეიმურაზ ბატონიშვილი. თუ ეს მოუმზადებლობა ერთი მხრით შინაური პირობებით აიხსნებოდა, მეორე მხრით იმის შედეგი იყო, რომ ერეკლემ გადაჭარბე - ბული იმედი დაამყარა გეორგიევსკის ტრაქტატზე და მას ეგონა რუსეთის შიშით აღა-მაჰმად-ხანი ვერ გაბედავს მისი ვასალური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოლაშქრებას, ხოლო თუ გაბედა, რუსის ჯარი ჩრდილო კავკასიიდან დროზე მოგვეშველებაო.

აღა-მაჰმად-ხანს ეშინოდა ნადირ-შაჰის სამხედრო სკოლაში გაწვრთნილი და პირადი ნიჭით სახელგანთქმული მეფისა, რომელიც მაშინ უკვე სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი იყო; ამიტომ მდინარე ხრამზე გადმოსვლის შემდეგ ერანელთა ჯარი დიდი სიფრთხილით მოიწევდა წინ. ერეკლემ და სოლომონმა დავით ბატონიშვილსა და ზურაბ წერეთელს უბრძანეს მოწინავე ჯარით კრწანისის ბაღები დაეჭირათ, ხოლო მთავარი ჯარი სეიდაბადში განაწყვეს. აქედან რვა სექტემბერს მტრის დასაზვერავად თორმეტი მხედარი გაიგზავნა ფარეშთუხუცესის გოჯასპი ნათალიშვილის მეთაურობით. თვრამეტ ვერსზე სოღანლუღიდან, იალღუჯის ფერდობზე ქართველი მზვერავები ერანელების მოწინავე ცხენოსანთა რაზმს წააწყდნენ, თამამად იერიში მიიტანეს მასზე და ერთიანად შეაკვდნენ, გარდა თვით გოჯასპი ნათალიშვილისა, რომელმაც თავისი ცხენი დაჰკარგა, მაგრამ თავის მიერ მოკლული თურქმენის ცხენით გამოჰქუსლა.

მეორე დღეს მტრის მოწინავე რაზმები უკვე სოღანლუღა მოადგნენ, შეჩერდნენ მთავარი ჯარის მოლოდინში და სანგრების თხრა დაიწყეს. ათს სექტემბერს ფიცხელი დავით ბატონიშვილი სწრაფად შეტევაზე გადავიდა სოღანლუღი. დან გამოსული ერანელების მოწინავე ჯარის წინააღმდეგ და დიდის ზარალით უკან დაახევია მტერს.

თერთმეტს სექტემბერს დარეჯან დედოფალმა ქართველ დიდებულთა ოჯახებითურთ თბილისი დასტოვა და ანანურში გაიხიზნა, რამაც დიდი არევ-დარევა და პანიკა გამოიწვია მოსახლეობაში. ქალაქში გაჩნდნენ ნაძირალები, რომელთაც ხალხის ძარცვა დაიწყეს, და მტრის აგენტები, რომელნიც უკმაყოფილების და დეზორგანიზაციის ზრდას ხელს ეწყობდნენ. ერეკლე მეფე იძულებული გახდა ბანაკიდან ცოტა ხნით ქალაქში შემოსულიყო და მცხოვრებლები დაემშვიდებინა. შემდეგ ის საჩქაროდ კრწანისში დაბრუნდა და ჯარის გადაჯგუფება მოახდინა.

მემარჯვენე ფრთის სარდლობა ერეკლემ დავით ბატონიშვილს ჩააბარა და მთის ფერდობზე დააყენა ექვსი ზარბაზნით. მოწინავე დროშის ხელმძღვანელად იოანე ბატონიშვილი დაადგინა, მას თავისი ჯარის საუკეთესო ნაწილები მისცა. მემარცხენე ფრთას იოანე მუხრანბატონი სარდლობდა. თვითონ ერეკლემ თავისი დროშით ცენტრალური პოზიციები დაიჭირა, მასთან იდგნენ აგრეთვე იმერლები ზურაბ წერეთლის ხელმძღვანელობით. ბოლოს, არაგველები ვახტანგ ბატონიშვილის ხელმძღვანელობით და ოთარ ამილახვრის რაზმები სამარქაფო ჯარს შეადგენდნენ, ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ ფრონტის ყველაზე შეჭირვებულ ადგილას აღმოეჩინათ დახმარება. იმერლების ჯარის ერთი ნაწილი თბილისში დარჩა სათადარიგოდ.

აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი თორმეტ მწყობრად დაჰყო, ზარბაზნები და ფალკონეტები მათ შორის გაანაწილა. ერანის ჯარის ავანგარდს უფრო სუსტი, სპარსელებისაგან შემდგარი ნაწილები შეადგენდნენ. მათ უკან მოჰყვებოდნენ თურქმენების რჩეული რაზმები, რომელნიც აღა-მაჰმად-ხანს ყველაზე საიმედო ნაწილად მიაჩნდა თავის ჯარში. მათ უნდა შეეჩერებინათ უკან დახეული ერანელები, ლტოლვილნი კიდეც დაეხოცათ; თურქმენთა რიცხვი დაახლოებით ექვს ათასს აღწევდა. აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ცალკე ნაწილს წარმოადგენდა მელიქ მეჯნუნის რაზმი, რომელსაც ქართველებისათვის კოჯრის გზით უკანიდან უნდა მოევლო. ქართველ ჯარს შეუერთდა აგრეთვე თბილისში სახელდახელოდ შეკრებილი რაზმიც, რომელმაც წინამძღვრად აირჩია დავით მაჩაბელი, „კაცი მსახიობი, მუსიყი და კომენდიანტი, ცნობილი სამეფოსა სახლსა შინა“.

თორმეტ სექტემბერს ნისლიანი დღე გათენდა. ბრძოლა ალიონზე დაიწყო ერანელების შემოტევით. მეფემ იოანე ბატონიშვილს ვახტანგ ბატონიშვილი მიაშველა არაგველებისა, ქიზიყელებისა და თუშ-ფშავ-ხევსურების რაზმებით. მოწინავე ქართველი ჯარი ისეთი სიძლიერით გადავიდა კონტრიერიშზე, რომ მრავალ ადგილას მტრის ფრონტი გაარღვია და აღა-მაჰმად-ხანის დროშებამდე მიაღწია. არასოდეს არ მახსოვს, რომ ჩემს მტრებს ოდესმე ასეთი ვაქკაცობით ებრძოლოსო, სთქვა თურმე აღა-მაჰმად-ხანმა. ერანელთა სარდლობამ საფარიდან მაზანდარელების სარეზერვო ქვეითი ჯარი გამოიყვანა, ხოლო დავით ბატონიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მტერს მაღლობიდან ზარბაზნებს უშენდა, სამი ათასი ცხენოსანი ჯარი დასძრა. დავით ბატონიშვილმა რამდენიმე შემოტევა უკუაქცია, მაგრამ მტერს ხელი ვერ შეუშალა, რომ დასვენებული სათადარიგო ჯარის შემწეობით ალყა შემოერტყა იოანე და ვახტანგ ბატონიშვილებისთვის. ამ დროს კოჯრის გზაზე მტრის რაზმები გამოჩნდნენ სომხის მელიქების — მეჯნუნისა და აბოს წინამძღოლობით, ისინი ზურგში ექცეოდნენ მებრძოლ ქართველ ჯარს. მოწინავე ქართველმა ჯარმა გასაოცარი გმირობა გამოიჩინა, უმეტესი ნაწილი, მათ შორის სამასი არაგველი, ბრძოლის ველზე დაწვა, ხოლო რამდენიმე კაცმა, განბასრული და სისხლშესვრილი იოანე და ვახტანგ ბატონიშვილების მეთაურობით, მტრის ალყა გაარღვია და მთავარ ჯარს შეუერთდა.

მოწინავე ჯარის უკანდახევისა და დავით ბატონიშვილის ჯარის მოწყვეტის შემდეგ ერეკლე მეფე იძულებული გახდა ჯერ სეიდაბადისკენ დაეხია, ხოლო შემდეგ თბილისის გალავნისაკენ. ერანელები მას ფეხდაფეხ მოსდევდნენ. თვით ქალაქის კედლებთან ერანელები სამჯერ უკუქცეულ იქნენ. განჯის კარებთან ერეკლე ერანელმა მხედრებმა კინაღამ დაატყვევეს, მაგრამ მათ ეკვეთა იოანე ბატონიშვილი და თავისი მოხუცი პაპა ქალაქში შემოიყვანა. მათ მხოლოდ ასორმოცდაათი კაცი შემოჰყვა, უმეტეს ნაწილად დაკოდილნი. ამ მცირე რაზმით ერეკლე მეფე ავლაბრის ხიდზე გავიდა, აბო თბილელის ნიშთან ჩამოხტა და ქალაქის ხსნა შეავედრა და არაგვის ხეობით ანანურისკენ გაემართა. გადარჩა აგრეთვე იმერელი ჯარის დიდი ნაწილი, რომელიც სოლომონ მეფეს გადაჰყვა ლიხს იქით.

დავით ბატონიშვილი უკანასკნელი მოიხსნა თავის პოსტიდან: მისი ზარბაზნების ხმა კიდევ გაისმოდა, როცა ერანელების ჯარი უკვე განჯის კარებში შედიოდა. შემდეგ მან კლიტედახსნილი ზარბაზნები საგუბარში გადააყრევინა. „გზანი და მინდორნი მოცულ იყვნენ სპარსთა მხედრობისაგან ვიდრე დევის ნამუხლამდე“. ამიტომ დავით ბატონიშვილი იძულებული გახდა თბილისისთვის სამხრეთიდან შორს შემოევლო, ის მხოლოდ მესამე დღეს ავიდა ანანურში.

სეიდაბადის ბაღებთან აღა-მაჰმად-ხანს მოქალაქეთა დეპუტაცია შეხვდა და მშვიდობიანი მოსახლეობის შებრალება სთხოვა. მან უპასუხა, ისეთ გასამართლებას უნდა მოელოდეთ, როგორც ღვთის სამსჯავროში ხდება, სადაც ყოველი სული ანგარიშს აძლევს თავისი საკუთარი ცოდვებისთვისო.

დაახლოებით ნაშუადღევის ოთხ საათზე ერანელებმა თათრის ბაზარი დაიჭირეს და მაშინვე მცხოვრებლების ძარცვა და ჟლეტა დაიწყეს. მდაბიო ხალხმა ნაწილობრივ ეკლესიებსა და შიიტების მეჩითს შეაფარა თავი, მაგრამ ამან ის ვერ იხსნა ერანელი ჯარისკაცების მძვინვარებისაგან. მამაკაცებს, მოხუცებს და პაწია ბალღებს ისინი განუკითხავად ხოცდნენ, ხოლო ახალგაზრდა ქალები და მოზრდილი ბავშვები სოღანლუღის ბანაკში მიჰყავდათ. იქ პირველ დღეებშივე სამი ათასამდე ტყვემ მოიყარა თავი. განსაკუთრებით დაზიანდა ღარიბი მოსახლეობა, რომელმაც ვერ შესძლო ქალაქიდან გახიზნვა; მაგრამ მრავალი შეძლებული და წარჩინებული მცხოვრებიც დაიღუპა. მაგალითად, ანჩისხატის უბანში სპარსელთა ოფიცრები შეიჭრნენ გენერალ გუდოვიჩთან მოციქულად გაგზავნილი გარსევან ამილახვრის სახლში და თავს დაეცნენ მის ცოლს. ახალგაზრდა ქალმა ორი მოძალადე მოჰკლა, მაგრამ შემდეგ ხანჯლით დაიჭრა. ის სოღანლუღის ბანაკში გაგზავნეს და რომელიღაც დარუბანდელს მიჰყიდეს.

ერთი მაჰმადიანი მეცნიერი, პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის პროფესორი, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის ჯარის შემოსევის დროს თერთმეტი წლის იყო და რომლის მამა ერეკლე მეფის სასახლეში მსახურობდა, მოგვითხრობს: „დაახლოებით ნაშუადღევის ოთხ საათზე მეჩითში სპარსელები შემოიჭრნენ. მე და ჩემი და დაგვატყვევეს, საღამოს სოღანლუღში მოგვიყვანეს და მაშინვე ერთმანეთს დაგვაშორეს. მე ვიღაც ბერიკაცს მიმაბარეს; მას შემდეგ ჩემი და აღარ მინახავს. ბერიკაცმა ტომრებს ქვეშ დამმალა, მაგრამ რადგან სული მეგუბებოდა, ხშირად გარეთ თავს ვყოფდი და ყოველთვის ჯოხის დარტყმას ვღებულობდა ხოლმე. გათენების წინ ჩემმა მოხუცმა დარაჯმა ჩაიძინა; სპარსელების ბანაკშიც სიწყნარე დამყარდა, გუშაგებს ეძინათ. დრო ვიხელთე, საფარიდან გამოვძვერი, მტკვართან მივცოცდი და, რადგან ცურვა ვიცოდი, მეორე ნაპირას გადავედი. იმავე დღეს უდაბნოს მონასტერში მივედი, სადაც 5 ბერებმა დამაბინავეს. იქ დავრჩი, სანამ მამაჩემი მიპოვნიდა და თბილისში წამიყვანდა“.

ცამეტ სექტემბერს თბილისში აღა-მაჰმად-ხანი შემოვიდა ჯავათ-ხან განჯელის თანხლებით. მან თბილისის დანგრევა თლილი ქვის და მარმარილოს აბანოებიდან დაიწყო. შემდეგ დაანგრიეს თოფხანა, ზარაფხანა, სამდივნოს შენობა, სემინარია, სტამბა, ბატონიშვილების და თავადიშვილების სახლები, ავლაბრის ხიდი, კაპუცინების ეკლესია მისი სკოლითა და წიგნსაცავით. მიწასთან გაასწორეს მეფის სასახლე მისი ფლიგელებითა, სამეურნეო შენობებითა, მარმარილოს ლომისთავიანი" შადრევნითა და აუზებით. სხვათა შორის, განადგურდა მეფის მდიდარი წიგნსაცავიც. მანამ სასახლეს დაანგრევდნენ, ის ერთიანად გაძარცვეს; სხვათა შორის, გაიტაცეს ოქრო-ვერცხლის შანდლები და სანათურები, ბადიები, ლანგრები და სურები, ძვირფასი ნოხები და სარაფარდები, მეფის გვირგვინი და სკიპტრა. გაძარცვეს აგრეთვე ეკლესიები, ხოლო ქართველების და სომხების სასულიერო პირები მტკვარში დაახრჩეს. შემდეგ თბილისს მრავალ ადგილას ცეცხლი წაუკიდეს.

არტემ არარატელი, რომელიც თბილისში 23 თუ 24 სექტემბერს იყო, თავის ავტობიოგრაფიაში მოგვითხრობს: „ქალაქში თაფიგანის კარებით შევედი და შევძრწუნდი, როცა მტრის მახვილით დაჩეხილი ქალების და ბავშვების გვამები დავინახე; რაც შეეხება მამაკაცებს, მარტო ერთ კოშკთან დაახლოებით ათასამდე მათი გვამი ეყარა. განჯის კარებს ისე მივაღწიე, რომ ერთი ცოცხალი ადამიანი არ შემხვედრია, გარდა რამდენიმე ნაწამები ბერიკაცისა, რომელთა მიმართ მტერს სხვადასხვა ძალადობა ჩაიდინა დაკითხვის დროს, სად გაქვთ დამალული სიმდიდრე და ფულიო. ქალაქი თითქმის სრულიად გადამწვარი იყო და კიდევ ბოლავდა, ხოლო ჰაერი სიცხის გამო სრულიად აუტანელი, მოწამლულიც კი იყო“.

თბილისიდან აღა-მაჰმად-ხანმა რვა ათასი რჩეული ჯარისკაცი გაგზავნა ქალბალა-ხან ნახჩევნელის მეთაურობით ერეკლე მეფის შესაპყრობად. ეს ჯარი მცხეთაში ავიდა და იქ სვეტიცხოვლის დანგრევა განიზრახა, მაგრამ სარდალმა ამის ნება არ მისცა: არა ჯერ არს, სადა იგი არს თაყვანის საცემელი ღმრთისა, შეურაცხყოფად და არცა სამარხი მეფეთაო, სთქვა თურმე მან.

მცხეთაში ნახჩევანის ხანმა თავისი ჯარი ორად გაჰყო: ნახევარი გორისკენ გაისტუმრა, ხოლო თვითონ მეორე ნახევრით მთიულეთისკენ გაემართა. პირველმა ნაწილმა ცხინვალამდე მიაღწია, მაგრამ გზად ვერაფერი ნახა გარდა დაცარიელებული სოფლებისა, სადაც არა თუ ადამიანი, შინაური პირუტყვიც კი არ სჩანდა. მხოლოდ გორის ციხეში მცველების რაზმი იდგა, კვერნაკის გორაზე კი ერანელებს მცირე შეტაკება მოუხდათ. უკან გამობრუნებულ ყიზილბაშების ჯარს უნდოდა ქსნის ხეობა დაერბია და მან ლამისმანამდე მიაღწია, მაგრამ იქ იოანე ბატონიშვილი დახვდა მცირერიცხოვანი ჯარით და უკუაქცია.

თვით ქალბალა-ხანი ჟინვალის ხიდამდე ავიდა, მაგრამ აქ ერეკლე მეფის ერთგული მაჰმადიანი ალი სულთან შამშადილელი იდგა; მას თავის ელებს გარდა არაგველი და ფშავ-ხევსურელი რაზმები ჰყავდა. ეს უკანასკნელნი ომში წამოსულიყვნენ, მაგრამ დაგვიანებოდათ. ალი სულთან შამმადილელმა ერანელები უკუაქცია, მრავალი მათგანი შეიპყრო და ერეკლეს მიჰგვარა.

როცა აღა-მაჰმად-ხანმა თავისი მარბიელი ჯარების მარცხი შეიტყო, ერეკლე მეფეს გურგენ ენიკოლოფაშვილის ვაჟი ყარამანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. წინადადება მისცა ჩემი ხელისუფლება აღიარე, მძევლად ერთი შვილი ან შვილიშვილი გამომიგზავნე, აზატ-ხანის ქონებული თეთრი ალმასე და თავად პოტიომკინის ნაჩუქარი დიდი საათი მომეციო და შეხიზნული ყარაბაღელები გაეციო; სამაგიეროდ ტყვეების უკან დაბრუნებას პირდებოდა. ერეკლემ თავის მხრით სოღანლუღში მოსალაპარაკებლად სუფრაჯი ქაიხოსრო ავალიშვილი გამოგზავნა. საზავო მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა; მოწინააღმდეგენი ერთმანეთის სიტყვას არ ენდობოდნენ. ამას გარდა აღა-მაჰმად-ხანს ჩააგონეს, ერეკლე მეფე მოლაპარაკებას განგებ მართავს, რათა დრო მოიგოს და ახალს ჯარს თავი მოუყაროს დუშეთშიო. რადგან ამასთანავე მას ერანიდან ცუდი ამბები მოუვიდა, ახალციხიდან მიღებული სანოვაგის მიუხედავად სურსათი შემოაკლდა, ხოლო ზურგს უკან აუღებელი შუშის ციხე ჰქონდა, ის 20 - 22 სექტემბერს უკან გაბრუნდა; აღა-მაჰმად-ხანი ხორასანში ჩავიდა, რათა იქ დაწყებული აჯანყება ჩაექრო და შაჰის გვირგვინი დაედგა თავზე.

ისევე, როგორც ომარ-ხანის ავაზაკური თავდასხმა, აღამაჰმად-ხანის შემოსევაც, არსებითად, ტლანქი და უაზრო ძალის გამარჯვება იყო, რაიცა ასეთი ხშირი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. კრწანისის ომმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. დიდძალი ხალხი დატყვევებულ და დახოცილ იქნა, მრავალი გახიზნული გლეხი შიმშილისა და სიცივისაგან დაიღუპა, ხოლო მრავალი გადამდები სნეულებისაგან. დაიწყო მასობრივი ემიგრაცია, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიისაკენ. რუსი ისტორიკო. სის ბუტკოვის ცნობით, ქართლ-კახეთის მოსახლეობა სამოცდაერთი ათასი კომლიდან ოცდათხუთმეტ ათასზე ჩამოვიდა, ე. ი. თითქმის განახევრდა. ამრიგად პატარა საქართველოს, რომელიც ცდილობდა თავისი საკუთარი ძალებით მატერიალური პროგრესის და ზნეობრივ-გონებრივი განახლების გზაზე შემდგარიყო, დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა წაერთვა. შეგნებული ქართველი საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველო საბოლოოდ ძლიერ მფარველს უნდა შეკედლებოდა, თუ მას არ უნდოდა დედამიწის ზურგიდან აღგვილიყო.

1.27 XXV. კრწანისის ბრძოლის შემდეგ

▲back to top



XXVI. კრწანისის ბრძოლის შემდეგ

გაჭიანურებული საკანცელარიო მიწერ-მოწერა პეტერბურგსა და კავკასიის სამხედრო ხაზს შორის, როგორც იყო დასრულდა; ერეკლე მეფის საგანგებო დესპანმა, გარსევან ამილახვარმა, რომელსაც ამასობაში თბილისიდან მტრებმა ცოლი წაჰგვარეს, მიაღწია იმას, რომ გუდოვიჩს ბრძანება მოუვიდა, თუ შესაძლებელი იყო, ოთხი ბატალიონი მიეშველებინა ქართლ-კახეთისათვის. რუსის გენერალმა ამ შემთხვევაში მეტი დამოუკიდებლობა გამოიჩინა და, რადგან სწორად განსაჯა, რომ მეტსა თუ ნაკლებ დამხმარე სამხედრო ძალას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა დანგრეული და ნაცრად ქცეული თბილისისთვის, მხოლოდ ათასხუთასი კაცი და ხუთი ზარბაზანი გამოგზავნა პოლკოვნიკ სიროხნევის მეთაურობით. ეს ჯარი თბილისში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვიდა.

ერეკლე მეფემ და მისმა მოკავშირემ იბრეიმ-ხანმა გადასწყვიტეს, უწინარეს ყოვლისა, ჯავათ-ხანი დაესაჯათ მის მიერ ჩადენილი ღალატისა და ბოროტმოქმედებისათვის. 1796 წლის გაზაფხულზე განჯის სახანოში ყარაბაღელების ჯარი შევიდა, მას ერეკლემ თავისი ჯარი მიაშველა დავით და ალექსანდრე ბატონიშვილების მეთაურობით. თვით მეფე თავისი სამეფოს აწეწილ-დაწეწილ საქმეებს აწესრიგებდა და ერთხანს თბილისში ცხოვრობდა კარავში. მაგრამ ის ინსტრუქციებს უგზავნიდა თავის მხედართმთავრებს. ამ დროს უნდა ეკუთვნოდეს ერთი მისი დაუთარიღებელი წერილი ქეშიკჩიბაშ ანუ მეფის მცველთა უფროსის იოანე აბაშიძისადმი: „შენ ხომ იცი, ჩვენ ჯარში ყოფნა როგორ გვინდა. თუ მტრები გამოვიდნენ და ომი მოუხდესთ, თქვენ მინდორზე შებმას ეცადენით, თქვენ თქვენის ძალით ღვთით მიაწექით, და ზარბაზნები წინ მიიმძღვანეთ. ქვეითი ჯარი იბრეიმ ხანსაც ბევრი ეყოლება. ცხენიანიც რომ დააქვეითოთ და ისე მიხვიდეთ, ზარბაზნებიც წინ მიიმძღვაროთ და ომი ზარბაზნებს დააცალოთ, ჩვენი გონება ამას უკეთესათ ხედავს, რომ ღვთით ამ გზით შეებათ... ისინი აქეთ-იქიდან ტანებას დაგიწყებენ, თქვენ ზარბაზნის სროლის მეტს ნურას იქთ; ისინი რომ ამაში დაიღალვიან, მასუკან ერთიანად მიაწექით და ღვთით თან გაიტანთ“.

ჯავათ-ხანმა, ალბათ, იცოდა, რომ ბრძოლის ველზე ქართველ-ყარაბაღელების ჯარს ვერ გაუმკლავდებოდა და ამიტომ განჯის ციხეში ჩაიკეტა. მან იქ შეიტანა დიდძალი ნაძარცვი განძი, რომელიც ერანელებიდან შეიყიდა იაფ ფასებში. ქართველებმა და ყარაბაღელებმა განჯის ციხეს ალყა შემოარტყეს და, თუმცა რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხეს გამოთარეშებული მტრის რაზმები, მაგრამ თვით ციხე ვერ აიღეს. მაშინ ერეკლემ ახალი ჯარი შეაგროვა, გიორგი და იოანე ბატონიშვილები წაიყვანა და პატნეზებითა ანუ ციხის ასაღები მანქანებითა და კიბეებით განჯას მიადგა. ჯავათ-ხანმა ზავი ითხოვა და ციხის კარები გააღო. ერეკლემ ის არ ინახულა, მხოლოდ ხელახლა ხარკი დაადო, თხუთმეტი ათასი მანეთი წელიწადში, განჯაში მყოფი ათასამდე ქართველი ტყვე წამოასხა და ჯერ თბილისში დაბრუნდა, ხოლო შემდეგ თელავში, სადაც დარეჯან დედოფალი იმყოფებოდა. ჩქარა ამის შემდეგ მან ომარ-ხან ავარიელს ჯამაგირის ძლევა მოუსპო.

1796 წლის გაზაფხულზე რუსეთის იმპერიამ ერანს ომი გამოუცხადა. ომის ნამდვილი მიზეზი იყო ის, რომ აღა-მაჰმად-ხანი ყოველგვარ დაბრკოლებას უქმნიდა რუსეთის აღებ-მიცემის გაფართოებას კასპიის ზღვის სანაპიროებზე და, სხვათა შორის, ენზელში რუსეთის გემები და ვაჭრები დაატუსაღებინა. ამას გარდა მან შამახია დაიჭირა და ბაქოს კონტრიბუცია დაადო. მაგრამ თავის მანიფესტში და მიმართვებში ეკატერინე მეორე ამტკიცებდა, თითქო ომის გამოცხადების მთავარი მიზანი საქართველოს, დაღისტნის, შირვანის და ყარაბაღის გათავისუფლება ყოფილიყოს ერანის უკანონო მფლობელის ძალმომრეობისაგან. ბუტკოვი ამბობს, დიდი ეკატერინეს მიერ სპარსეთში ჯარის შეყვანის საგანი იყო არა გამარჯვებათა ამაო სურვილი და არა ისედაც მსოფლიოს უდიდესი იმპერიის საზღვრების გაფართოება, არამედ მას უნდოდა აღა-მაჰმად-ხანის დასასჯელად საქართველოს დარბევა მომიზეზებინა და, უმთავრესად, ჩვენი ვაჭრობისათვის საფუძველი განემტკიცებინა სპარსეთშიო.

გენერალ-პორუჩიკი ვალერიან ზუბოვის არმიაში დაახლოებით ორმოციათასი კაცი შედიოდა, რომელიც კარგად შეიარაღებული და მომარაგებული იყო პროვიანტით და არტილერიით. ის ორი ნაწილისაგან შედგებოდა, კასპიის და კავკასიის კორპუსებისაგან. უკანასკნელს გენერალი რიმსკი-კორსაკოვი მეთაურობდა. დაღისტნის და შირვანის ხანები ნაწილობრივ მტრულად შეხვდნენ რუსის ჯარს, ხოლო ნაწილობრივ მორჩილება გამოუცხადეს მას. იმ დროს, როდესაც რუსები დარუბანდსა და შირვანს იჭერდნენ, აღამაჰმად-ხანი ხორასანში იდგა სამოციათასი კაცით და სცდილობდა თურქეთს შეთანხმებოდა, მაგრამ ეს ვერ შესძლო. ერანის შაჰი გაურბოდა რუსეთთან მარტოდმარტო შეტაკებას, ამას გარდა მას ხელ-ფეხს უბორკავდა ხორასნის განდგომა. ბოლოს მან აიღო ქალაქი მეშჰედი, სადაც ნადირშაჰის ჩამომავალი უსინათლო შაჰ-როხი ბატონობდა, და ამრიგად მთელი ერანი დამორჩილდა. შაჰ-როხს დიდძალი ალმასის განძი ჰქონდა მიწაში ჩაფლული; როცა აღა-მაჰმადხანმა ეს განძი მას ჩამოართვა, უთხრა: შენ რომ ამდენი სიმდიდრის გამოყენება გცოდნოდა, შაჰად დარჩებოდი და მე ვერ შევძლებდი ასეთ სიმაღლეზე ასვლასო.

1797 წლის ნოემბერში განჯას შექის სახანოს მხრიდან რიმსკი-კორსაკოვის კორპუსი მიადგა, ხოლო საქართველოს მხრიდან სიროხნევის ბატალიონები. ჯავათ-ხანმა რუსის სარდალს უბრძოლველად ჩააბარა ქალაქის გასაღები. ამავე დროს კასპიის კორპუსმა დარუბანდი, ყუბა, შამახია და ბაქო აიღო.

რუსები ფიქრობდნენ ბაქოს ნავსადგური გაეწმინდაო და ვაჭრობის მთავარ ცენტრად ექციათ კასპიის ზღვაზე. ამას გარდა ისინი აპირობდნენ ახალი ქალაქი დაეარსებინათ მტკვრის და არეზის შესართავთან, სადაც ახალგაზრდა რუსის ჯარისკაცები უნდა დასახლებულიყვნენ; ცოლები ამ სამხედრო კოლონისტებისათვის სომხებსა და ქართველებს უნდა მიეცათ. საერთოდ, ისინი აღარ მალავდნენ, რომ მათი მიზანი იყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო შეექმნათ ამიერ-კავკასიაში.

საგანგებო თათბირზე, რომელიც რიმსკი-კორსაკოვმა ერეკლესთან გამართა, მან მეფეს გაუმხილა, რომ მომავალ გაზაფხულში რუსის ჯარი შუაგულ ერანში აპირობდა შეჭ. რას. გადასწყდა, რომ ქართველი ჯარი დავით ბატონიშვილის მეთაურობით გენერალ ზუბოვს შეუერთდებოდა, ხოლო თვით რიმსკი-კორსაკოვი რუსის ჯარის ნაწილით საქართველოში დარჩებოდა მისი საზღვრების დასაცავად.

ამ ფართოდ განზრახულ გეგმას მოულოდნელად ბოლო მოუღო ეკატერინე მეორის გარდაცვალებამ იმავე 1797 წლის ნოემბერში. პავლე პირველმა რუსის კორპუსებს უბრძანა დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებულიყვნენ, რაც მათ მხოლოდ დიდის გაჭირვებით შესძლეს ცხენების დახოცვისა, შიმშილისა, დეზორგანიზაციისა და დეზერტირობის გამო. კასპიის კორპუსს რუსეთში ხუთასამდე სომხის ოჯახი გაჰყვა, მათ ერანელების შურისძიებისა ეშინოდათ. ეს იყო ერთადერთი სარგებლობა, რომელიც რუსებმა მივიღეთ სპარსეთის ექსპედიციაში გაწეული უზარმაზარი ხარჯების სანაზღაუროდო, ირონიულად შენიშნავს ბუტკოვი. ერეკლე მეფე და რუსეთის ორიენტაციის ხანები, რუსების ჯარის გაწვევის შემდეგ, სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ამას ზედ დაერთო შიმშილობა და შავი ჭირი, რომელიც განსაკუთრებით აზერბაიჯანში მძვინვარებდა. იქიდან ხალხი მასიურად აიყარა და კახეთს მოაწყდა.

აღა-მაჰმად-ხანმა დაღისტნისა და აზერბაიჯანის მფლობელებს ფირმანი გამოუგზავნა. ის სწერდა: თქვენ იცით, რა წარმატებას მივაღწიეთ ხორასანში: რუსებს შეეშინდათ ჩემი ძლევამოსილი ჯარისა და უკან გაბრუნდნენ დამფრთხალნი და არეულ-დარეულნი; მერწმუნეთ, ჩქარა აზერბაიჯანში გავჩნდები და ყველგან მოწყალებას მივაგებ მორჩილთ, ხოლო მოწინააღმდეგეთ სასტიკად დავსჯი. ამას გაცნობებთ, რათა დროზე გამოარკვიოთ ვინ ხართ ჩემი ერთგული.

აღა-მაჰმად-ხანმა აღარ დააყოვნა თავისი მუქარის განხორციელება. 1797 წლის გაზაფხულზე მან თავისი მხედრობით გადმოლახა არეზი და ყარაბაღს შეესია. იბრეიმ ხანი არ ელოდა ასეთს სწრაფს თავდასხმას. მან მხოლოდ არეზის ხიდის ჩაშლევინება მოასწრო, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ერანელებს და ბელაქანში გაიქცა. აღა-მაჰმად-ხანი შუშაში შევიდა და იბრეიმის უფროსი ვაჟის სასახლეში დასახლდა. შემდეგ მან მოიწვია ნაკლებ საიმედო და ორგული ხანები და მათ გასამართლებას შეუდგა. მან ზოგიერთე მათგანი მოაკვლევინა, ხოლო ზოგიერთი სატუსაღოში ჩაასმევინა სიკვდილით დასჯის მოლოდინში. ამავე დროს ერეკლე მეფეს ფირმანი გამოუგზავნა. „ჩვენის დიდებულების ბრძანება არის, უმაღლესო საქართველოს ვალი, ერეკლე ხან! ჩვენის ხელმწიფობის ბრძანებით შენი თავი ამაღლდეს! ასე იცოდე, რომ რუსეთის საქმე და ცხოვრება ყოველ ჟამს აღებ-მიცემა, ვაჭრობა ბაგრასტისა და მაუდის სყიდვა არის; არასოდეს იმათგან ხრმლისა, შუბისა და ომის იარაღის მოხმარება არას კაცს არ უნახავს. გაბედეს და ჩვენის დაჭერილის ქვეყნის საზღვარში შემოვიდნენ. ამათი გადახდევინება და ამოწყვეტა ჩვენს მაღალს გონებაში გამოვისახეთ და ჩვენი ბედნიერი დროშები აქეთს მხარეს გამოემართა. იმ რუსებმა რომ ჩვენის ბედნიერის დროშების ამ მხარეს წარმომართვა გაიგონეს, თავიანთი საძაგელის ადგილებისაკენ დაბრუნდნენ... ეს ჩვენი ფირმანი შენ მოგევლინება, რომ ჩვენის ხელმწიფობის კარები შენს საწადელს პირზედ ღია გეგონოს და როგორც ერთგულების რიგი და ჩვენი ხელმწიფობის წადილი არის, იმის მსგავსად სამსახურის გზაზედ უნდა დასდგე; ან შენ და ან ერთი შენი შვილებიდამ, დიაღ იმედიანათ და ხათრიჯამობით ჩვენის ხელმწიფობის კარზედ მოხვიდეთ და ჩვენგან ფერადი წყალობა მიიღოთ; და თუ რაც გვიბრძანებია, იმას გარდახდი, და რომელიც გვიბრძანებია, ასე არა ჰქმენ, შენ იცი“.

ამ მჭერმეტყველური, ყოველ ორაზროვნებას მოკლებული მუქარის წერილის მიღებამდე ერეკლე მეფემ გარსევან ჭავჭავაძის მეშვეობით პავლე იმპერატორს სთხოვა, ორი-სამი წლით ოთხი ათასი რუსის ჯარისკაცი დასტოვეთ საქართველოში, ვიდრე საკუთარ ძალას შევიმატებთო. თვით გარსევან ჭავჭავაძეს ერეკლე მეფე ატყობინებდა, აღა-მაჰმად-ხანი ისევ ჩვენს წასახდენად წამოვიდა, დიდად შესაწუხებელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ იმედი გვაქვს რუსეთის უძლეველი მხედრობით და ჩვენი ჯარით მტერს საკადრის პასუხს მივცემთო. რადგან რუსები ხშირად სურსათის სიძვირეს და ნაკლებობას უჩიოდნენ, მეფე თავის წერილში აღნიშნავდა: „აქ თუმცა პური თბილისში პუდი ორ მინალთუნ ხუთ შაურად გაიყიდა. რამდენსამე ხანს და ახლა ორ მინალთუნად იყიდება, მაგრამ რუსეთის მხედრობანი კი პურს ისევ ცხრა შაურათ ყიდულობდნენ და ყიდულობენ, რრი თვისაც ნასყიდი აქვთ და სხვაც მრავალი მოსდით სასყიდელი, რომლითაც კმანი არიან“.

პავლე იმპერატორმა უყურადღებოდ დასტოვა ერეკლე მეფის თხოვნა; განჯიდან მომავალი კავკასიის კორპუსის უკანასკნელი ნაწილები თბილისიდან უკვე გასული იყვნენ, ხოლო სიროხნევის ბატალიონები გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგან მათ დაცდის ბრძანება მოუვიდათ, მაგრამ სამხედრო მოქმედების ბრძანება არ ჰქონდათ. ამრიგად ქართლ-კახეთის სამეფო ისევ განმარტოებული იდგა ერანის მბრძანებლის პირისპირ, როცა ერეკლე მეფეს შუშიდან აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის ამბავი მოუვიდა.

აღა-მაჰმად-ხანს ეძინა, როცა ოთხ ივნისს გათენებისას მის საწოლ ოთახში სამი შეთქმული შევიდა მისი ცხენოსანი ჯარის უფროსის სადიკ-ხანის თანხმობით. მას ჯერ გული გაუგმირეს, ხოლო შემდეგ თავი მოსჭრეს მისივე ხანჯლით. ამტკიცებენ, თითქო აღა-მაჰმად-ხანი სიკვდილის წინ ერთი წუთით ზეზე წამოწეულიყოს და წამოეძახოს: „უბადრუკო, შენ ერანი მოჰკალი!“ მაგრამ ეს ცნობა საეჭვოა: ერანელი შაჰების მსახურები ისეთი ცუდი ოსტატები არ იყვნენ, რომ მათ თავიანთი მსხვერპლისთვის, და ისიც მძინარისათვის, პატრიოტული შეძახილების შესაძლებლობა მიეცათ ყელის გამოღადვრის დროს.

სადიკ-ხანი მაშინვე მოკლულთან შევარდა, თითებზე ძვირფასი ბეჭდები წააძრო, თვლებით მორთულ ჯიღას დაეპატრონა და თავისი ჯარით თავრიზისაკენ წავიდა. სხვა მხედართმთავრებიც შეეცადნენ რაიმე გაეტაცნათ თავიანთი მბრძანებლის ქონებიდან. სამი-ოთხი საათის შემდეგ შუშა დაცარიელდა, ერანელების მხედრობამ უწესრიგოდ დაიხია თეირანისკენ.

თბილისში ეს სასიხარულო ამბავი, რომელიც აქ ყარაბაღის სომხების მელიქის მალემსრბოლმა მოიტანა, დიდის ზეიმით იდღესასწაულეს. ერეკლე მეფემ და მისმა მემკვიდრემ თითქმის მთელი თავისი პირადი ქონება ქალაქის ხელახლა ასაშენებლად გადასდეს, ხოლო თვითონ თელავში გადავიდნენ. თეირანის ტახტზე დაჯდა აღა-მაჰმად-ხანის ძმისწული ბაბა-ხანი, რომელმაც ელჩი გაუგზავნა პავლე იმპერატორს, მას გამეფება მიულოცა და თავისი გაყაენება აუწყა. პავლემ შაჰის ელჩი პატივისცემით გაისტუმრა, მხოლოდ ჩაგონა, ბაბა-ხანმა უარი უნდა თქვას ყოველივე პრეტენზიებზე ქართლ-კახეთის სამეფოსა, დარუბანდისა, ბაქოსა და შირვანის მიმართო. ამის შემდეგ ქართლ-კახეთში მშვიდობიანობა დამყარდა, მხოლოდ, საუბედუროდ, განჯიდან შავი ჭირი შემოვიდა.

1.28 XXVII. ერეკლე მეფის დასასრული

▲back to top



XXVII. ერეკლე მეფის დასასრული

გაჭიანურებული

თელავში მოხუცმა მეფემ მხოლოდ სამი წელიწადი იცოცხლა. ბოლო დროს ის მძიმედ დასნეულდა წყალმანკით, რამაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა. მაგრამ უკანასკნელ წუთებამდე მას შერჩა გასაოცარი სულიერი ენერგია და ზნეობრივი ვალდებულებების შეგნება, რაიცა მას ახასიათებდა მთელი მისი ხანგრძლივი და ქარიშხლიანი ცხოვრების მანძილზე. და როცა ის გარდაიცვალა, ხალხს შეიძლება მართლაც ეგონა, მიჰრულებია და ხელახლა გაიღვიძებს, რათა ერთხელ კიდევ მტერს შეუტიოსო.

თვით 1797 წელს, როდესაც ერეკლე მეფეს წინ მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ის თელავიდან ყოველი მიმართულებით თვალყურს ადევნებდა თავის სახელმწიფოს და განკარგულებას აძლევდა უფლისწულებსა და სახელმწიფოს მოხელეებს. თითქმის ოთხმოც წელს მიღწეული მეფე თვითონაც მზად იყო ხელახლა ამხედრებულიყო, ის სხვებისაგანაც მუდმივ მზადყოფნას მოითხოვდა: „ყველა სოფლებში ასე აცოდინე, — სწერდა ის ფარნაოზ ბატონიშვილს, რომელიც იმ დროს ქიზიყში იყო, — ყოველთვის მომზადებული იყვნენ ჯარში გამოსვლისთვის ცხენითა, იარაღითა და ფეხსაცმელითა და საგძლითა. იქნება ათადღეზედ დაუძახოთ, იქნება ოც დღეში დაუძახოთ, ესეც იქნება ერთი თვის უკან დაუძახოთ, ასე გამზადებულნი იყვნენ, რომ ასე ყოველთვის მოელოდნენ დაძახებასა“.

მეორე, უფრო გვიან დაწერილ წერილში ის იმავე ფარნაოზ ბატონიშვილს ურჩევდა, თვალყური ადევნე ხუნძახის ჯარის მოძრაობას, ყარაულები არ მოშალო, მზვერავება გაგზავნე, ყოველივე დაწვრილებით შეიტყვე და გარჩევით მოგვწერეო. სხვა წერილებში ის განკარგულებას იძლევა, ქუდზე კაცის გამოყვანის, ულუფისა და ტყვია-წამლის გაცემის, პურის მომარაგების, არამეომარი მოსახლეობის და საქონლის გახიზვნის, დეზერტირების მკაცრად დასჯის და სხვა საკითხების მოსაწესრიგებლად. „თუ მანდ ჯარისკაცი გამოგპაროდეს ვინმე, ან თავადი ან გლეხი, ავად მოეპყარ და ისევ მოაყვანინე. შენი ძმისწული იოანე მთის ჯარებით და გაღმა მხარის ჯარით ყვარელში გამისტუმრებია და ჩვენც ჩვენი შვილებით და ჩვენის სრულის ძალით, ღვთით, ამ რამდენსამე დღეზედ მანდ თქვენთან ჩამოვალთ“.

მაგრამ ერეკლეს აღარ ეწერა ბრძოლის ველზე გასვლა. როცა ყვარლის ციხეს თავისი ჯარებით ომარ-ხანი მიადგა, ლეკთა ბელადის ძველი მოწინააღმდეგე სარეცელს იყო შიკრული, მას კი ამ უკანასკნელის შვილიშვილი, ახალგაზრდა იოანე დახვდა. ომარ-ხანმა ვერ შესძლო ყვარლის ციხის აღება, მუკუზანი და ველისციხე მოაწვევინა და ჯერ შაქში გადავიდა, ხოლო შემდეგ ავარიაში.

სიკვდილის წინ ერეკლე გიორგი ბატონიშვილმა ინახულა. მეფეს თავისი მემკვიდრის ნახვა ძალიან გაუხარდა, მაგრამ ის დაუყოვნებლივ თბილისსა და ყაზახში წარავლინა, რათა იქაური საქმეები მოეწესრიგებინა. თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც ავადმყოფ პაპას უვლიდა, ამბობს, გარდაცვალების დღეს, 1798 წლის იანვრის თერთმეტს, ერეკლე სამი საათის განმავლობაში უგრძნობლად იდოო. დაღამების ჟამს ცოტათი გამოცოცხლდა და მსახურებს უბრძანა, მხრებში შესდგომოდნენ და გარეთ გაეყვანათო. სახლში შემობრუნებისთანავე დაწვა და მაშინვე სული განუტევაო. თეიმურაზისვე მოწმობით ის იმავე პალატასა და იმავე საწოლში გარდაიცვალა, სადაც დაბადებული იყო.

როდესაც ხალხმა ერეკლე მეფის სიკვდილის ამბავი გაიგონა, ის ყოველი მხრიდან თელავს მიაწყდა, რათა მის ცხედარს გამომშვიდობებოდა. მეფის გვამი რამდენიმე დღეს სასახლის მთავარ დარბაზში ესვენა ამბიონზე, რომელზედაც ძოწეული იყო გადაფარებული. მიცვალებულის მარჯვენა მხარეს ძვირფას ბალიშზე სამეფო ნიშნები ეწყო, ხოლო მარცხნით დედოფლის სამკაულები. დარბაზის ერთ მხარეზე თეთრ საბურველში გახვეული სეფექალები ისხდნენ, ხოლო მეორეზე — კარისკაცები გადატეხილი კვერთხებით ხელში. ფანჯარაში მოსჩანდა მეფის უკუღმა შეკაზმული ცხენი, რომლის აღვირი თავშიშველ და მიწაზე მჯდომარე მეუზანგეს ეჭირა. „ხოლო მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყისა მცხოვრებთაგანი. თუმცა იყო იგი მდაბიოთა ერისაგანი, მაგრამ ცნობილი მეფეთა მიერ და შეწყნარებული კარსა ზედა მეფისასა. ყოველთა მიეპყრათ ყური მისდა მიერ და განუკვირდებოდათ თუ ვითარ ერთმან სოფლელმან დედაკაცმან დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა. თუმცა მრავალმან იტირა გვამი მეფისა შესაბამისად, გარნა ორნი მათ შორის აღემატეს სხვათა: ერთი მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიც იყო განსწავლული და პატიოსანი, და მეორე ქვრივი. იგი ქიზიყელი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი).

სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობას ღებულობდა ქართველი ჯარი თავისი დროშებითა და ქვემეხებით. მეორმოცე დღეს ერეკლეს ცხედარი მცხეთაში წაასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაასაფლავეს. დარეჯან დედოფალი, რომელიც გულწასული ძირს ეშვებოდა, როცა მას მისი ქმრის თანამოასაკე მეომრები მიუტირებდნენ ხოლმე, სამგლოვიარო პროცესიას მცხეთაში არ გაჰყოლია; ის თელავში დარჩა, რათა თავისი პოლიტიკური გეგმები განეხორციელებინა. მას უნდოდა ცოტა ხნით თელაველი ეკატერინე მეორის როლი შეესრულებინა, რათა შემდეგ თავისი ღვიძლი შვილებისთვის ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი უზრუნველეყო. იყო მომენტი, როცა დარეჯან დედოფალი და ფარნაოზ ბატონიშვილი ძალით ფიქრობდნენ ხელისუფლების დაპატრონებას; მაგრამ მათი მიმდევრები გაუბედავი აღმოჩნდნენ; დედოფლის რჩეული რაინდი და ამილახორი ოსეფა ყორღანაშვილი მისვე კალთას ამოეფარა, როცა გიორგი ბატონიშვილმა უჩვეულო ენერგია და სიმკვირცხლე გამოიჩინა და ბატონიშვილებსა და დიდებულებს თავისი ერთგულების ფიცი მიაღებინა. ამის შემდეგ მეფე გიორგი მეთორმეტე და დარეჯან დედოფალი თბილისში გაემგზავრნენ, სადაც შავი ჭირი უკვე განელებული იყო.

ამ დროს კი ქართველი ხალხი დიდის გულისტკივილით გლოვობდა თავის საყვარელ გმირს:

ვერ გაიგეთა, ქართველნო, შაგეხსნათ რკინის კარია,
აღარ გყავთ ნეფე ერეკლე, არც მისი საომარია,
დამიგარა ბაირახები, აღარ ჭეხს ზარბაზანია!
ცხეთას დგას თეთრი საუბარი, გვერდზე ჩაულის მტკვარია,
შიგა დგას ოქროს ლოგინი, შიგ ნათობს კელაპტარია,
შიდა დგას კუბო. ოქროსი, გამოსახული ჯვარია,
კუბოში ჩაუწვენიათ ბაგრატიონთა გვარია.

ასე გარდაიცვალა და გამოტირებულ იქნა საქართველო უკანასკნელი დიდი მეფე, რომელმაც ყოველივე იღონა, რათა ქართველი ერი სამშვიდობოზე გაეყვანა და მისთვის მომავალი კულტურული განვითარების გზები უზრუნველეყო. მეცხრამეტე საუკუნეში იყო მომენტები, როდესაც მის დამფასებლებს ეგონათ, რომ დიდმა მხედართმთავარმა გამოუსწორებელი - პოლიტიკური შეცდომა ჩაიდინა, როცა თავისი ქვეყნის ბედი ორთავიან არწივს ჩააბარა. მაგრამ დღეს, თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან, ჩვენთვის ნათელია, რომ ის პოლიტიკაშიც უფრო შორსმჭვრეტელი ყოფილა ვიდრე ზოგიერთთ ეგონათ.

ქართველმა ერმა მას საალერსო სახელი, პატარა კახი უწოდა. ის შედარებით პატარა იყო თავისი ტანით, მაგრამ თავისი ანთებული სულით, თავისი პოლიტიკური და სამხედრო გენიით თითქო უფრო ფართო სოციალური გარემოცვის მასშტაბზე იყო გამოჭრილი და უფრო დიდი ეპოქის წინამორბედს წარმოადგენდა.

2 ქიქოძე გერონტი

▲back to top



გერონტი ქიქოძე

დაბადების თარიღი: 8 სექტემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი: 1 აგვისტო, 1960 (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1912 წელს.

პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ მოგზაურში . ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან.

ოციან წლებში გ. ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1927-1928წწ. იყო ლიტერატურული დაჯგუფების არიფიონის ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის არიფიონის თანაავტორიც. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი ტრისტანი და იზოლდა , წითელი და შავი . იტალიური ქრონიკები , შაგრენის ტყავი , პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა. იგი ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.343

ბიბლიოგრაფია