![]() |
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი |
![]() |
1 1 |
▲back to top |
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი I ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მისდევდა მეფესა. გზა საინგილოზე მიდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთს განიერს ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილითა. უცებ მეფეს თავზე ვიღაცამ გადმოაყარა მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ თავისი
ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიცა. მიიხედ-მოიხედეს და იქვე ვენახის ღობესთან
დაინახეს ვეებერთელა ქლიავის ხეზე თორმეტიოდე წლის ინგილო გოგონა, რომელსაც ქლიავი
ესროლა მეფისთვის. - რას ამბობთ? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განა სპარსულს ქუდს თავზე დაიხურავდა? არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს, ჩვენს მოსისხლე მტერსა და არა მეფე ერეკლეს, რომელიც ყველა ქართველს ღმერთივით გვიყვარს და თქვენ სულ ტყუილად მემუქრებით. არც ძირს ჩამოვალ და არც ბოდიშს მოვიხდი. და უფრო მაღლა წავიდა ხეზე. ეს პასუხი გაიგონა მეფე ერეკლემ, გულიანად გადაიხარხარა, მოიხადა სპარსული ქუდი, რომლის ტარებას დაეჩვია ყმაწვილობაში, სპარსეთში ყოფნის დროსა, დაანახვა თავისი მშვენივრად მოყვანილი ქართული თავი და შესძახა პატარა ქალსა: „ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს მე. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს. კარგი, ჩინებული დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლითა. ბარაქალა შენს ქართველ ქალობასა!“ გოგო ახლა კი მიხვდა თავის შეცდომას და შეწუხდა ძლიერ, საჩუქარი შორს დაიჭირა, ცივს უარზე დადგა, მაგრამ მხლებელმა უთხრა მოსარბილებლად: „განა მეორედაც გინდა აწყენინო მეფესა? მეფის წყალობაზე უარის თქმა ვის გაუგონია? თუ გსურს, შენი შეცდომა გაასწორო და ერეკლე მეფეს აამო, ეს ფული მიიღე საჩუქრადა“. მაშინ კი გოგო დაეთანხმა, ზევიდან ქვემო ტოტზე ჩამოვიდა, მოსწვდა ძირსა, გამოართვა ფული და ჯიბეში ჩაიჩხრიალა; მერმე შურდულივით ავარდა ქლიავის კენწეროზე, კარგად გამოჩნდა, გასწორდა ტოტზე, მეფეს დაბლა დაუკრა თავი და წკრიალა ხმით გადმოსძახა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“ „ქართველ ქალსაც გაუმარჯოს!“ - შესძახა მამობრივი ხმით მეფე ერეკლემ, დასძრა თავისი ბედაური და ჯერ კიდევ თავმოხდილი გაუძღვა ჯარსა. ჯარი, ამაყი თავისი მამაცი მეფით და თავისი ვაჟკაცობით, უკან მისდევდა მწყობრად და თანაც აგუგუნებდა მშვენიერს ქართულს სიმღერასა. ქართველი ქალი კი იდგა ამართული ქლიავის კენწეროზე, თვალს არ აშორებდა მიმავალს მეფესა და მის ჯარსა და, შეწყდებოდა თუ არა სიმღერა, ჰაერში გაისმოდა მისი ზარივით ხმა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“ „ქართველ ჯარს გაუმარჯოს!“ ამ სახით იდგა ქართველი ქალი დიდხანს და გრძნობდა იმისთანა სიხარულს, იმისთანა ნეტარებას, რომელიც წინათ სიზმრადაც არ მოსჩვენებია. ქალს უზომოდ ახარებდა ნახვა სანატრელის მეფისა, მასთან საუბარი, მისი მამობრივი ქება, მისი მეფური საჩუქარი. ქალი, სიხარულით დამთვრალი, ჩამოვიდა ხიდან მხოლოდ მაშინ, როდესაც შორეულმა ნისლმა დაჰფარა მეფეცა და მისი ჯარიცა. მაგრამ ამ ადგილიდან ქალს წასვლა აღარ უნდოდა. ის სიყვარულით შესცქეროდა ხან იმ ადგილს, სადაც მეფე ერეკლე ედგა და ელაპარაკებოდა და ხან ქლიავის ხესა, რომელთანაც იმ დღიდან შეერთდა, შეხორცდა მის გონებაში ბედნიერი წამი, უტკბილესი შემთხვევა. ერთი საათის წინათ უბრალო ხეხილი ახლა ამ პატარა ქალის თვალში გადაიქცა გულითად მეგბრად, ძვირფას მოკეთედ, თითქმის კეთილ სულიერად გადაიქცა სამუდამოდ, საუკუნოდ. ბოლოს გოგოცუნა გამოფხიზლდა ჭარბი სიხარულისგან, მოაგონდა თავისი დედ-მამა და მოჰკურცხლა შინისაკენ, რათა ეხარებინა მათთვის თავისი საარაკო ბედნიერება. |
![]() |
2 II |
▲back to top |
II ერთს ინგილო გლეხს თავის დარბაზში ქორწილი ჰქონდა გაჩაღებული. დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი, ახლად შეღერებული და ისეთი ეშხიანი, რომ კაცი თვალს ვერ მოაშორებდა. მის ჭკვიანსა და მიმზიდველ სახეზე თამაშობდა, ბრწყინავდა სხივი პირველის ქალწულებრივის სიყვარულისა. ეს სიყვარული აენთო უმანკო ქალის გულში ერთს საუკეთესო ინგილო ვაჟკაცსა, რომელიც მას გვერდს უმშვენებდა. ამასაც პირისახეზე ცხადად ჰქონდა აღბეჭდილი ნეტარება პირველის უმანკო სიყვარულისა. პირველის წმინდა სიყვარულს უმანკო ქალისას პასუხს უგებდა, ბანს აძლევდა პირველი და წმინდა სიყვარული უმანკო ვაჟისა. „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, ფიქრობდა და ამბობდა ყველა, ვინც კი ამ მეფე-დედოფალს ერთად ჰხედავდა. დაიწყო თუ არა საქორწილო ლხინი, თამადამ ბრძანების კილოთი წარმოსთქვა ხმამაღლა: „სმენა იყოს და გაგონება! ეს ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, გამარჯვება ნუ მოაკლოს ლეკებზე, სპარსელებზე, ოსმალებზე, სამხრეთსა და ჩრდილოეთზე“. „ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!“ - შესძახეს ისეთი აღტაცებით სტუმრებმა, რომ კაცს შეეშინდებოდა, ჭერი არ ჩამოინგრესო. სწორედ ამ წუთს უცებ გაიღო დარბაზის კარები, შევიდა ერთი უცხო ვაჟკაცი, მშვენიერს ტანისამოსში გამოწყობილი, და სალამი მისცა: „აგაშენოთ ღმერთმა და აბედნიეროს მეფე-დედოფალი!“ მერმე სთქვა: „რა ჩინებულს დროს მოვედი და მე გამომგზავნა მეფე ერეკლემ და მიბრძანა: „ეს საჩუქარი მიართვი იმ ინგილო ქალსა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მთელი მუჭა ქლიავი უთავაზა ჩემს სპარსულს ქუდსაო“, და გადასცა დედოფალს ვეებერთელა ქისა, სავსე ბაჯაღლო ოქროებითა. მზითევიც გამომატანა და აი კიდეც მოაქვთო, და ამ დროს კარზე მოადგათ რამდენიმე ურემი, დატვირთული მშვენიერი მზითვის ნივთეულობითა. დატრიალდა ისეთი სიხარული, ასტყდა ისეთი ქება და დიდება ერეკლესი, მისი
კაცთმოყვარეობისა, რომ არც ენით ითქმის და არც კალმით აიწერება სავსებით. |
![]() |
3 III |
▲back to top |
III |
![]() |
4 გოგებაშვილი იაკობ |
▲back to top |
იაკობ გოგებაშვილი
დაბადების თარიღი: | 28 ოქტომბერი, 1840 |
---|---|
გარდაცვ. თარიღი: | 14 ივნისი, 1912 (71 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
კატეგორია: | მწმწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი.
მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი. დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში, 1861 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1864) იგი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1968 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს.
ი. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865); "ბუნების კარი" (1868); "დედა ენა" (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის სახელმძღვანელოები. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა" (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".
ი. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. - თბ., 1978. -გვ. 196-197; საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 2012 გვ. 56-58
ბიბლიოგრაფია
- საბავშვო მოთხრობები : კრებული (ავტორი). - თბილისი, გრიფონი, 2011. - 156 გვ.. - ISBN: 99940-793-8-7
- დედა ენა (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1991. - 188 გვ. . - ISBN: 5-505-01190-X
- რანი ვიყავით გუშინ (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 287 გვ.
- ასპინძის ომი : ისტ. ამბავი მოზრდილი ყმაწვილებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლებ, 1990. - 31 გვ.
- ბუნების კარი ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი, მესამე და მეოთხე წლისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1989. - 632 გვ.
- ბიბლიური ისტორია : ლეგენდები ქრისტეზე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 335 გვ.
- იავნანამ რა ჰქმნა? : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 187 გვ.