აღმოსავლეთ საქართველოს განსაცდელი და თეიმურაზ II და ერეკლე II ღვაწლი საქართველოს წინაშე



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 ტექსტი

▲ზევით დაბრუნება


ქართველი ერის ისტორია

ტომი 5

აღმოსავლეთ საქართველოს განსაცდელი და თეიმურაზ II და ერეკლე II ღვაწლი საქართველოს წინაშე

საქართველო, განსაკუთრებით აღმოსავლეთი, მტრების სათარეშოდ იქცა. ჯერ ოსმალეთი, შემფდეგ ნადირშაჰის დროს სპარსელები სძარცვავდნენ და აოხრებდნენ ქვეყანას. აღმ. საქართველოს სახელმწიფოებრივი მანქანა მთლად მოშალეს, ყოველგვარი ადგილობრივი დაწესებულება მოსპეს და ჯერ ოსმალთა ფაშები, შემდეგ სპარსეთის ვექილები განაგებდნენ საქმეს. მხოლოდ ფრთხილი შორსგამჭვრეტელი პოლიტიკისა და დაუცხრომელი თანდათანობითი სახელმწიფოებრივი აღმაშენებლობის წყალობით მეფე თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ და მათმა ღირსეულმა თანამშრომლებმა აღმოსავლეთი საქართველო იმ საშინელ განსაცდელს გადაარჩინეს, რომელშიაც იგი პეტრე I-ის დროს ჩავარდნილი იყო.

თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის ღვაწლი მარტო საქართველოს სამხედრო გაძლიერებითა და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფით კი არ ამოიწურება, თვით იმდროინდელი ქარვთელობის ცხოვრებისა და კულტურის ვითარებაც მხოლოდ გარეგანი წესიერებისა და მშვიდობიანობის დამყარებით კი არ განისაზღვრება, არამედ თვალსაჩინო შინაგანი აღმაშენებლობაც წარმოებდა, სახელმწიფოებრივს წესწყობილებაშიაც, ეკონომიურს სფეროშიაც, მეცნიერებასა და ხელოვნებაშიაც საგულისხმიერო და ცხოველმყოფელი შემოქმედება იყო.

სპარსთა და ოსმალთა გამანადაგურებელი ბატონობის წყალობით გახრწნილი სახელმწიფო წესწყობილება მეფე თეიმურაზისა და ერეკლეს წყალობით განახლებულ იქმნა: ჯერ საგანგებო გამოკვლევების საშუალებით ქართული სახელმწიფო სამართლის სხვადასხვა სფეროები იყო შესწავლილი, ხოლო შემდეგ წყდებოდა ხოლმე საკითხი იმის შესახებ, თუ რა ცვლილება იყო საჭირო ამა თუ იმ დაწესებულებაში, რომ იმდროინდელი ცხოვრების შესაფერისი ყოფილიყო. ამგვარად გადასინჯული და შესწორებულ-შევსებული იყო ადგილობრივი მართვა-გამგეობის საკითხი (ქიზიყისა და კახეთის გარიგება), საქალაქო მმართველობისა და თვითმმართველობის ძირითადი დებულებანი (ქალაქის მოურავის სარგო და გარიგება), კვლავ განახლებული იყო საქართველოს მკვიდრთა დროგამოშვებითი აღწერა და შემოსავლის დავთრების შედგენა. ერეკლე მეფემ მორიგე ჯარის დაწესება შემოიღო და მუდმივი ჯარის არსებობას საქართველოში საძირკველი ჩაუყარა. ამავე დროს მოხდა ქართული სამართლის ძეგლების შესწავლა შინაარსის მხრივ და საკოდიფიკაციო მუშაობის პირველი საფეხური განვლილი იყო.

საქართველოს ეკონომიური და საფინანსო ძალის გამოსაცოცხლებლად და გასაღონიერებლად ერეკლე მეფემ საქართველოს მდიდარი მადნების დამუშავება განაახლებინა, უცხოეთიდან დახელოვნებული მემადნენი დაიბარა და წინადებურად ქართული ლითონის ფულის მოჭრა დაიწყო.

საქართველოში სამეცნიერო ცოდნის გასავრცელებლად უცხო ენებიდან საუკეთესო თხზულებები ითრგმნებოდა, თანაც მეცნიერების ყოველი დარგისათვის პატარ-პატარა სახელმძღვანელოები მზადდებოდა. ამ სფეროში განსაკუთრებული ღვაწლი ანტონ კათალიკოსს მიუძღვის, რომლის ღრმა და მრავალმხრივი სამეცნიერო ცოდნა იმდენადვე გასაოცარია, როგორადაც მისი დაუღალავი ენერგია და ნაყოფიერება. ბატონიშვილის ვახუშტის შესანიშნავი კრიტიკული მიმართულების წყალობით ქართულმა საისტორიო მწერლობამაც თვალსაჩინო წარმატება გამოიჩინა. საქარვთელოს ისტორიის ძველი შრომა გადასინჯული იყო და წყაროების ფაქიზი სარგებლობის მხრივ ფრიად შინაარსიანი ახალი მატიანე დაიწერა. მშვენიერია თავისი ღრმა აზროვნობითა და შორსგამჭვრეტელობით პაპუნა ორბელიანის ორიგინალური საისტორიო თხზულება თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის მოღვაწეობის შესახებ, რომელშიაც ასე საუცხოოდ სჩქეფს ავტორის მამულიშვილური გრძნობა და გამოსჭვივის ისტორიკოსის მიუდგომელი, ბრძენი გონება.

თვით მხატვრულს მწერლობასაც თვალსაჩინო წარმატება ემჩნევა: ძველი, უკვე დრომოჭმული ენისა და იერის მაგიერ უკვე ახალი, ხალხური პოეზიის სალაროდან მომდინარე მიმართულებისა და ენის ნიშან-წყალი ეტყობა. ამ მხრივ იგი ახალი ქართული მწერლობის წინამორბედი იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ცხოველმყოფელი შემოქმედებითი სულით იყო მონაბერი და მომავალ თვალსაჩინო აღორძინების მომასწავებელი იყო. ცხადია, რომ ამითვის მხოლოდ ხელშემწყობი, მყუდრო ცხოვრება იყო საჭირო და თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის მუდმივი საზრუნავიც სწორედ ეს იყო.

1.1 დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წ. ხელშეკრულებამდე

▲ზევით დაბრუნება


1.1.1 § 1. რუსეთ-ოსმალეთის პირველი ომი ეკატერინე II დროს, საქართველოს ჩათრევა ამ ომში ოსმალეთის წინააღმდეგ და ამის შედეგი

▲ზევით დაბრუნება


დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წ. ხელშეკრულებამდე

§ 1. რუსეთ-ოსმალეთის პირველი ომი ეკატერინე II დროს, საქართველოს ჩათრევა ამ ომში ოსმალეთის წინააღმდეგ და ამის შედეგი

თეიმურაზ მეფეს უნდოდა, რომ თავისი პოლიტიკური გამარჯვების შედეგი სამუდამოდ უზრუნველ ეყო. ამიტომ მან იფიქრა, რომ ორ ძლიერ მაჰმადიან სახელმწიფოს, ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ პატარა ქართველ ერს და საქართველოს ძლიერი ერთგული მფარველი მოკავშირე ესაჭიროებოდა. მას ეგონა, რომ ასეთ მფარველად სწორედ ერთმორწმუნე რუსეთი და მათი ხელმწიფეები გამოდგებოდნენ, ამიტომ 1752 წ. თეიმურაზ მეფემ რუსთა ხელმწიფეს ელისაბედ პეტრეს ასულს სვიმონ მაყაშვილი და ათანასე თბილელი ელჩად გაუგზავნა და მაჰმადიან ძლიერ მეზობლებისაგან მფარველობა და შველა სთხოვა. მაგრამ რუსეთიდან მფარველობაზე უარი მოუვიდა: რუსეთს არავითარი სურვილი არა ჰქონდა, რომ საქართველოს გულისათვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა. მშვიდობიანობა იყო და საქართველო მაშინ რუსეთს არ ესაჭიროებოდა[19].

მაგრამ თექვსმეტი წლის შემდგომ, 1768 წ., როდესაც ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა 11ბლიედ უნდა ბრძოლაში ჩაბმულიყო, მაშინ მისთვის საქართველო, რასაკვირველია, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა და ამიტომ საქართველოს არსებობაც გაახსენდა. რუსეთის სამხედრო გეგმა ისე იყო შედგენილი, რომ ოსმალეთთან ომში ბერძნები და სლავები და საქართველოს სამეფოებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩათრეულნი[20].

ამ გეგმის განსახორციელებლად რუსეთის დედოფალ ეკატერინე II-ის მინისტრთა უპირველესმა იმერეთის მეფეს სოოლმონ I-ს საგანგებო მოციქულის თ. დ ხვაბულოვის (ქობულიშვილის) ხელითმოსწერა, რომ რუსეთი ოსმალეთს ეომება და ეს ომი მას სწორედ ეხლა საუკეთესო საშუალებას აძლევს დააღწიოს თავი ოსმალთა ბატონობას. ამისთვის მას ჯარი უნდა შეეყარა და თანაც ცდილიყო, რომ ამავე ომში ერეკლე მეფეც გაერია და მათ ორივეს საქართველოს შეერთებული ლაშქრობით რუსების დახმარებით ოსმალთა წინააღმდეგ ებრძოლათ[21]. რუსეთის მინისტრთა უპირველესი დედოფლის მაგიერ ატყობინებდა, რომ ზავის შეკვრის დროს საქართველოს თავისუფლების შესახებაც ხელშეკრულებაში პირობა იქნებოდა შეტანილი[22]. სოლომონსაცა და ერეკლე მეფესაც ეგონათ, რომ ეხლა კი ნამდვილად ეღირსებოდნენ იმ სამხედრო დახმარებას, რომელსაც საქართველო ასე დაჟინებით სთხოვდა რუსეთს. ორივემ სიხარულით ომში ჩარევის თანხმობა განაცხადეს იმ პირობით კი, რომ რუსეთიც თავის მხრივ საქართველოში საკმაო ჯარს გამოგზავნიდა[23].

იმავე დროს, როდესაც ერეკლე მეფესთან რუსეთის ხელმწიფის ელჩი თბილისში ჩამოვიდა და ცდილობდა, რომ ოსმალთა წინააღმდეგ ომში საქართველოსაც, ვითარცა რუსეთის მოკავშირეს, მონაწილეობა მიეღო, თბილისშივე ერეკლე მეფესთან ოსმალეთის დესპანები იმყოფებოდნენ, რომელნიც თავისი მთავრობის პირით მხოლოდ იმას სთხოვდნენ, რომ ამ ომში საქართველო არ ჩარეულიყო. ერეკლე მეფემ ოსმალეთის ელჩები უპასუხოდ გაისტუმრა და უყოყმანოდ რუსეთს მიემხრო[24].

რუსეთის მთავრობამ საქართველოში ოსმალეთის საწინააღმდეგოდ სამხედრო მოქმედებისათვის გენ. გრაფი ტოტლებენი გამოგზავნა ერთი ქვეითი პოლკით, 2 ასეული ცხენოსანი კარაბინერებით, 2 ასეული ცხ. გუსარებით, 200 დონის ყაზახით, 300 ყალმუხით და 1 საველე ზარბაზნით[25]

1770 წ. ერეკლე მეფე საქართველოს ჯარითურთ და ტოტლებენი რუსის ჯარითურთ ახალციხის საფაშოს შეესივნენ და აწყურის ციხეს მიადგნენ. სამი დღის ბრძოლის შემდგომ რუსეთის ჯარის უფროსმა მოულოდნელად ბრძოლის ველს და აღმ. საქართველოს ჯარს თავი მიანება და მთელი თავისი ლაშქრითურთ უკან გაბრუნდა[26].  .

თავზარდამცემი იყო რუსეთის მხედრობის უფროსის ეს ღალატის მსგავსი საქციელი და ამიტომ “მეფე ირაკლი მრავალს ეხვეწნა” ტოტლებენს, მაგრამ “მან არა უსმინა”[27]. ამგვარად, რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისთვის ოსმალეთთან ომში ჩათრეული აღმოს. საქართველო რუსეთის ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდ-მარტოდ იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრესი განსაცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელი განადგურებისაგან: მცირე ლაშქრითურთ მან სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით რუსთა მოქმედებით გათამამებული ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ ს. ასპინძასთან საშინლად დაამარცხა და მთლად მოსპო[28].

რუსთა ჯარის მიერ ვერაგულად მიტოვებულსაც მოსვენებას არ აძლევდა ერეკლე მეფეს რუსეთის “მინისტრად წარმოვლენილი” ლვოვი და ოსმალეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საბუთებით საომრად აქეზებდა. სწორედ “ამის რჩევით” მეფე ერეკლე 1771 წ. კვლავ ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე და ქალაქი აიღო, მაგრამ, როდესაც ციხეში თავისი მეციხოვნენი შეაყენა, რუსეთის წარმომადგენელმა ამას წინააღმდეგობა გაუწია იმიტომ, რაკი ოსმალთა დიდი ჯარის მოსვლისა ეშინოდა, რომ მოვიდნენ და “ძალად აგართვან სირცხვილი არისო”[29].

მეორედაც 1772 წ. ლვოვმა კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ერეკლე მეფეს ჩააგონა “ერთხელ კვალად დაჰკარ ხვანთქრის მამულსაო” და მანაც სოლომონ მეფეც მოიმხრო და შეერთებულის ლაშქრით ჯერ ჯავახეთის ახალქალაქს გარსშემოერტყნენ და, სოლომონ მეფე საოფლით რომ არ გამხდარიყო ავად, აიღებდნენ კიდეც. შემდეგ როდესაც ამ მოარულის გამო აქედან აიყარნენ, მოარბიეს ახალციხის, არტაანის და ჯავახეთის ოლქები[30].

ორივე შემთხვევა სრულებით ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელს თავისი მთავრობის გეგმისაებრ საქარველოს დანიშნულებად ამ ომში მიწა-წყლის დაჭერა კი არ მიაჩნდა, არამედ უმთავრესად შესევითა და თარეშის საშუალებით ოსმალეთის მუდმივი შეწუხება, რომ ოსმალეთის მთავრობა ამის გამო იძულებული ყოფილიყო აქ საკმაო ჯარი დაებანდებინა.

როდესაც ტოტლებენი რუსის ჯარითურთ დასავლეთს საქართვლოში გადავიდა, იქ იგი სოლომონ მეფეს, ქართულ ლაშქარს შეუერთდა. შეერთებული ძალით ოსმალები შორაპნისა, ბაღდადისა და ქუთაისის ციხეებიდან განდევნილ იქმნენ[31]. შემდეგ ფოთის ციხე უნდა წაერთმიათ თურქებისათვის, მაგრამ ვერც ტოტლებენმა და ვერც მის მაგიერ დანიშნულმა გენ. სუხოტინმა ჯარის სიმცირის გამო ფოთის აღება ვერ მოახერხეს.

1771 წ. რუსეთის ჯარმა ჯერ ფოთს თავი მიანება, მერმე დასავლეთი საქართველოც სრულებით მიატოვა და აღმ. საქართველოში გადავიდა სადგომად, ხოლო 1772 წ. რუსეთის დედოფალმა “წარასხნა მხედრობა თვისი მიზეზითა ამით, რომელ ზავ-ჰყო ხონთქრისა თანა”[32].

ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო რუსეთის წყალობით ოსმალეთთან ომში ჩაბმული საქართველო, როდესაც ეკატერინე II-ის ბრძანებით რუსეთის მცირერიცხოვანმა ჯარმაც კი საქართველო მიატოვა! თვით ხონთქარი ხომ, რასაკვირველია, საქართველოზე განრისხებული იყო და რაკი “განძვინდა მეფის ირაკლის ზედა”, მას არც ფული, არც ჯარები დაუზოგავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ომში ჩარევისათვის სამაგიერო გადაეხადა. ოსმალებმა ფულით ლეკებიც საქართველოზე აამხედრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაღესტნელნი, სამხრეთ-დასავლეთიდან ოსმალები ქვეყანას მოსვენებას არ აძლევდნენ და აოხრებდნენ[33].

მეორე მხრით არც სპარსეთს მოსწონებია საქარვთელოსაგან რუსეთის ცხადი მომხრეობა და სამხედრო მოკავშირეობა. რუსეთის სწრაფს გაძლიერებას და გადიდებას იგი შიშის თვალით შეჰყურებდა და, რასაკვირველია, როდესაც სპარსეთის შაჰის მოადგილემ ქერიმხანმა ”სცნა მეფის ირაკლისაგან რუსეთის იმპერიასა საფარველსა ქვეშე შესვლა, განძვინდა ამისთვის” და საქართველოს წინააღმდეგ ჯარითურთ წამოვიდა[34].

აი რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის მთავრობამ საქართველო თავის სამხედრო გამარჯვების გულისათვის.

ადვილი არ იყო ამგვარი, ორპირ მოვლენილი, განსაცდელისაგან თავის დაღწევა. როდესაც ერეკლე მეფემ ქერიმხანის გამოლაშქრების ამბავი შეიტყო, “არა მცირედ მწუხარე იქმნა, ვინადგან იმედეულმან რუსეთისა მფარველობისამან არა რიდა ბრძოლად ხვანთქრისა და არცა-ღა ჰმორჩილებდა მოადგილესა ყაენისასა და ამჟამად დაშორებული იყო მფარველობა რუსეთისა”[35]. რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, ოსმალეთის ომის საფრთხე ზავის გამო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ საქართველოსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და დანაპირები მფარველობის გაწევა თითქოს დაავიწყდა კიდეც. სხვა საშუალება აღარ იყო, საქართველოს ისევ თავისი საკუთარი ძალით და გამჭრიახობით უნდა მოეწყო ძლიერ მეზობლებთან ასე მოუფიქრებლივ გაფუჭებული დამოკიდებულება. 

1.1.2 § 2. აღმ. საქართველოს მდგომარეობა 1773–1783 წწ.

▲ზევით დაბრუნება


§ 2. აღმ. საქართველოს მდგომარეობა 1773 – 1783 წწ.

ერეკლე II დამოუკიდებელი პოლიტიკის წყალობით თავისი დიდი დიპლომატიური ნიჭის წყალობით ერეკლე მეფემ დესპანების პირით როგორც იყო დაამშვიდა ქერიმხანი და სპარსეთის მხრით განსაცდელი საქართველოს თავიდან ააცდინა[36].

ოსმალეთის წინააღმდეგ ერეკლე მეფეცა და სოლომონიც სამხედრო ძალით იბრძოდნენ და სწრაფი, ყოველთვის საუცხოოდ მოფიქრებული სამხედრო მოქმედების წყალობით ერეკლემ ისე შეაწუხა ყარსის, ბაიაზეთისა და ახალციხის საფაშოები, რომ სულტანი იძულებული იყო სპარსეთის მბრძანებელისათვის დახმარება ეთხოვა, რომ მას ოსმალეთი საქართველოს მეფის თავდასხმისაგან განეთავისუფლებინა. ქერიმხანის თხოვნით ერეკლე II-მ ზავი ჩამოაგდო ოსმალეთის სულტანთან, რომლისგანაც ძვირფასი საჩუქრები და ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველები მოუვიდნენ[37].

ერეკლე მეფე კვლავ მარტო თავისი ქვეყნის ძალით შეუდგა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცებას და ზოგან მოხერხებული დიპლომატიური მოლაპარაკებითა და ჩაგონებით, ზოგან თავისი პირადი სამხედრო ნიჭითა და ქართველი ჯარის მამაცობით, მან არამც თუ მშვიდობიანი დამოკიდებულება ჩამოაგდო მეზობლებთან, არამედ ზოგი მათგანი ისევ ყმად ნაფიცად გაიხადა. ერეკლესაგან განჯის ხანად დადგენილი შუშის ხანი მისი უერთგულესი მოხარკე იყო ისე, რომ ყოველწლიური გადასახადის გარდა თვით განჯაში საქართველოს მეფეც თავის წარმომადგენელს ნიშნავდა[38], ისე რომ “ერთი ამის (შუშის ხანის) კაცი და ერთი მეფის ირაკლისა განაგებდნენ ქალაქსა განჯისასა”[39]. თუმცა 1780 წ. ერევნის ხანმა ასან ალიხანმა ურჩობა გაბედა და ხარკის მოცემა აღარ ჰსურდა, მაგრამ მეფე ერეკლემ მის წინააღმდეგ გაილაშქრა და იგი დაემორჩილა: “ევედრა ერევნის ხანი და დაიდვა ვიდრე ოთხიათას თუმნამდე გარდაკვეთით” ყოველწლიურ ხარკად[40]. ამას გარდა საქართველოს მეფემ ერევნის ხანს “განუწესა მოურავიცა თვისი მუხრანის ბატონი”. ამის შემდგომ არც ასან ალიხანს, არც მის შვილს საქართველოსთვის აღარ უღალატიათ, მოცემულს ფიცს და პირობას ერთგულად ასრულებდნენ [41]. ამას გარდა რომ “დამორჩილებულ იყვნენ ირაკლისადმი განჯა, ყარაბაღი” და ერევნის ხანი, მან ისეთი სახელი მოიხვეჭა, რომ “ყოველი ადრიბეჟანის (სიც) ხანები დაემორჩილნენ მეფესა ირაკლის და მოართვეს ელჩნი დაფეშქაშნი ძვირფასნი თავრიზის ხანისაგან, ხოის ხანისა, ურუმის ხანის, შაყაყის ხანისა, ბაიაზეთის ფაშისა და ყარსის ფაშისაგან”. დასასრულ, “მრავალთა ქურთთა მეპატრონემ” შამადინაღამ “მისცა თავი თვისი ყმად” საქართველოს და “შორაგალის სულტანიც ერეკლე მეფეს “მოერთვა ყმად” [42].

1.2 1783 წ. ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის

▲ზევით დაბრუნება


1.2.1 1783 წ. ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის

▲ზევით დაბრუნება


1783 წ. ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის

§1. მისი წარმოშობის ისტორია.

ამ თვალსაჩინო პოლიტიკური გამარჯვებისდა მიუხედავად ერეკლე მეფეს საქართველოს ბედი და თავისი თავი მთლად უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. მას განსაკუთრებით ოსმალეთის გავლენა აფიქრებდა დაღესტანზე და ის ტახტის მაძიებელიც, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა და სახელმწიფოს მყუდროების დარღვევას და გამეფებას ცდილობდა. თუმცა ამ ტახტის მაძიებლის წადილი უნაყოფო გამოდგა, მაგრამ რაკი ოსმალეთის მთავრობა თავისი მიზნებისათვის დაღესტანს ფულის საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებდა ხოლმე და არც სპარსეთის შაჰი შეჰყურებდა ერეკლე მეფეს მოწყალი თვალით, ამის გამო მას მომავალი საკმაოდ უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა.

ერეკლე მეფე გრძნობდა, რომ მტრებისაგან თავდაცვისთვის საქართველოსათვის მუდმივი ჯარია აუცილებლად საჭირო. ამის შესანახად კი ფული მას საკმაო არ ჰქონდა. ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრება ამ გაწეულ ხარჯს აინაზღაურებდა და მხოლოდ დროებითი დახმარება ესაჭიროებოდა. ამ

თავისი გეგმის განსახორციელებლად მან ჯერ დასავლეთ ევროპას მიჰმართა თხოვნით. 1781 წელს ერეკლე მეფემ რომის იმპერატორს იოსებ II-ს წერილი მისწერა, რომელშიც სესხსა სთხოვდა საქართველოსა და ქრისტიანობის გადასარჩენად მტრებისაგან. მაგრამ მეფის ელჩი გზაში მოკვდა. ამის გამო 1782 წ. ამგვარივე თხოვნა ხელმეორედ გაგზავნა და თანაც თავის მხრივ ჰპირდებოდა რომ, თუ იმპერატორი სესხს მისცემდა, ოსმალეთის ომის დროს იმპერატორსა და გერმანიასთან საქართველო მთელი თავისი ძალღონით თურქების წინააღმდეგ იმოქმედებდა. გამოურკვეველი მიზეზების გამო მეფე ერეკლეს არც ამის პასუხი მოსვლია[43]. რუსეთს კი უკვე 1778 წლიდან მოყოლებული საიდუმლო გეგმა ჰქონდა სპარსეთის შესახებ და ამის სამზადისში იყო[44]. ამ გეგმის ფარული მიზანი იმაში მდგომრეობდა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა კასპის ზღვაში ასტარაბადის ყურის პირდაპირ მდებარე კუნძული დაეჭირა და რუსთა ახალშენი, წინასწარ “მელიტონისად”, ე.ი. ფუტკართ კუნძულად წოდებული, დაეარსებინა აქედან რუსეთის ვაჭრობის გასავრცელებლად თვით აღმოსავლეთ ინდოეთამდის[45]. მწარე გამოცდილებამ რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ სპარსეთში მარტო კასპიის ზღვიდან მტკიცედ ფეხის მოკიდება შეუძლებელი იყო. ამისთვის სხვა გზაც იყო საჭირო.

ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი, ცხოვრობდა, რომელმაც ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა, ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოებული იყო. რუსეთის სახელმწიფოს მხედართმთავარმა, ფელდმარშალმა თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველოდან თავისთან დაიბარა და 1782 წ. შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა, მაგრამ ეხლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა, ერეკლე მეფისათვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისაგან მფარველობა ეთხოვა ფორმალურად[46].

ამ დროს პატარა საქართველო და მისი გმირი, ნიჭიერი მეფე, განმარტოებული და განათლებულ ქვეყნიერებას ყოველ მხრივ მოწყვეტილი იყო. საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რომ ამაო იყო ყოველივე მისი ცდა ევროპის სახელმწიფოებამდის ხმის მისაწვდენად, რომ მოზღვავებული მტრების წინააღმდეგ იქიდან დახმარების მოლოდინი ტყუილი ოცნება იქნებოდა. ასეთს გარემოებაში ერეკლე მეფე და საქართველოს მთავრობა რაინეგსის რჩევას, რომელიც, როგორც ეხლა ირკვევა, თვით რუსეთის მთავრობის მიერ დავალებული საიდუმლო მინდობილობით ყოფილა, რასაკვირველია სიამოვნებით შეიწყნარებდა. რუსეთის მეტი მომშველებელი მაშინ მათ აღარავინ ეგულებოდათ და ისევ ამ ძლიერს ჩრდილოეთის სახელმწიფოს მიჰმართეს.

ოფიციალური თხოვნა გაიგზავნა რუსეთში.

რუსეთის მთავრობას ძალიან ეამა ეს ამბავი. ეკატერინე II-ეც ამ საქმისგან რუსეთისათვის დიდს სარგებლობას მოელოდა[47]. 24 ივლისს 1783 წ. აღმ. საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

1.2.2 §2. 1783 წ. ხელშეკრულების შინაარსი და მის მიერ დამყარებული უფლებრივი დამოკიდებულება

▲ზევით დაბრუნება


§ 2. 1783 წ. ხელშეკრულების შინაარსი და მის მიერ დამყარებული უფლებრივი დამოკიდებულება

ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია უფლებრივი დამოკიდებულება რუსეთსა დ საქართველოს შორის. მეექვსე მუხლში, სახელდობრ, ნათქვამია, რომ “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა ქართლისა, კახეთისა (ქართლ-კახეთისა) და საქართველოის სამეფოებზე უზენაესის ხელმწიფეობისა (верховная власть) და მფარველობის კეთილმოსურნეობით მიმღები თავისი და თავის შთამომავლობის სახელით აღთქმასა სდებს: 1) რომ ამ სამეფოთა ერნი მის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში და სრულს თანხმობაში ჩასთვალოს და, მაშასადამე, მისი მტრები თავის მტრებად მიიჩნიოს”.

ამისდა მიხედვით რუსეთის ხელმწიფე თავის და თავისი შთამომავლობის სახელით “უზაკველის აღთქმით” აღთქმასა სდებს, რომ “მოწყალება და მფარველობა მათი ქართლისა და კახეთის (ქართლ-კახეთის) მეფეებს არას დროს არ ჩამოშორდებათ” (§ 2). საქართველოს მეფეთა უფლება მემკვიდრეობით გადადიოდა და რუსეთის ხელმწიფე აღთქმასა სდებდა, რომ ერეკლე მეფე და მისი შთამომავლობა მუდამ, განუწყვეტლივ სამეფო უფლებით მოსილი იქმნებიან (§ 62). საქართველოს სამეფო ტახტზე მისი მეფეები მემკვიდრეობის ძალით ადიან. დამოკიდებულება რუსეთის ხელმწიფესა და საქართველოს მეფეს შორის ამ მხრივ მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მემკვიდრეობის უფლებით საქართველოს ტახტზე ახლად ასულს მეფეს უმალ ეს ამბავი უნდა რუსეთის ხელმწიფისათვის ეცნობებინა და თავისი დესპანის პირით საინვესტიტურო სიგელით და სამეფო ნიშნების გამოგზავნით დამტკიცება ეთხოვა. ამის მიღებისათანავე მეფეს უნდა რუსეთის მინისტრის თანდასწრებით რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებისა და გულმოდგინებისა, ხოლო სრულიად რუსეთის ხელმწიფეების უზენაესი ხელმწიფეობისა (верховной власти) და მფარველობის ცნობის აღთქმა დაედვა (§ 3).

სამეფოს შინაური საქმეების მართვა-გამგეობაში, კანონმდებლობაში და უზენაეს მართლმსაჯულებაში, გადასახადების დაწესებასა და აკრეფაში საქართველოს მეფე სრულიად დამოუკიდებელი იყო (§ 63). თვით რუსეთის ხელმწიფის კარზე საქართველოს მეფეს თავისი მინისტრი, ანუ რეზიდენტი ჰყავდა და რუსეთის ხელმწიფესაც თავის მხრივ საქართველოს სამეფო კარზე რუსეთის წარმომადგენელი მინისტრი, ანუ რეზიდენტი იმყოფებოდა (§ 5). საქართველოს მეფეს საერთაშორისო დამოკიდებულების უფლებაც ჰქონდა, მხოლოდ იმ მხრივ შეზღუდული, რომ ამ ურთიერთობისათვის რუსეთის მინისტრ- რეზიდენტსა და მონაპირეთა მთავართან წინასწარი შეთანხმება იყო საჭირო. სხვა სახელმწიფოების დესპანებისათვის, ან მიღებული წერილების გასაცემ პასუხის შესახებაც რუსეთის იმავე წარმომადგენლებთან თათბირი უნდა ჰქონოდა (§ 4).

ამ ხელშეკრულების მიზანი საქართველოსთვის იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მიწაწყლისა, მეზობლებისა და მტრებისაგან დაცვა-დახმარებას კისრულობდა. ამისთვის მას ქართული ლაშქრისათვის მისაშველებლად აღმოსავლეთ საქართველოში 2 სრული ბატალიონი ქვეითობა, ოთხი ზარბაზნითურთ უნდა ჰყოლოდა (ცალკე არტიკ. § 2). ეს მუხლი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ მაშინდელი საზღვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.

მაგრამ ერეკლე მეფეს მარტო ამისთვის არ დაუდვია ეს ხელშეკრულება: მას უფრო ფართო და შორსგამჭვრეტელი მიზანი ჰქონდა დასახული: ქართველობის გაერთიანებასა და სრულიად საქართველოს აღდგენაზე ოცნებობდა. ამიტომ ამ ხელშეკრულებაში მან განსაკუთრებულ მე-4-ე არტიკულად შეატანინა, რომ რუსეთის ხელმწიფე აღთქმას სდებდა ომის დროს იარაღის საშუალებით, ხოლო მშვიდობიანობის დროს თავგამოდებით ყოველგვარად ეცდებოდა, რომ ქართლ- კახეთის სამეფოს დაუბრუნდნენ და მის სამფლობელოდ დარჩნენ ყველა ის ადგილები, რომელნიც მას ძველიდანვე ეკუთვნოდნენ. ამასთანავე რუსეთის ხელმწიფეები აღთქმას სდებდნენ, რომ საქართველოს ამ ახლად დაბრუნებული და შემოერთებული ქვეყნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის თავდებობასაც კისრულობდნენ (არტიკ. 2).

თავის მხრივ საქართველოს მოვალეობად ჰქონდა, რუსეთის სახელმწიფოს მიხმარებოდა და რუსეთის ქვეშევრდომებისადმი საქართველოში განსაკუთრებული მფარველობა გამოეჩინა (არტიკ. 7). მაგრამ, ცხადია, ამით არ განისაზღვრებოდა ის სარგებლობა, რომლიც ამ ხელშეკრულებას რუსეთისთვის უნდა მოეტანა. რუსეთის მთავრობა განსაკუთრებით იმ იდუმალ დიდ სარგებლობაზე ოცნებობდა, რომელსაც ასეთი წინასწარი სიამოვნებით მოელოდა ეკატერინე II.

თავდაპირველად ისე იყო გადაწყვეტილი, რომ 1783 წ. ხელშეკრულება უნდა მთელ, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთან ყოფილიყო დადებული და ამ ხელშეკრულების შავად დაწერილი დედანი სწორედ ასეც არის შედგენილი: ყველგან იქ ერეკლე მეფის სახელის გვერდით და ქართლ-კახეთის სამეფოს მოხსენების დროს დამატებულია “იმერეთის მეფე სოლომონ”, ან “იმერეთის სამეფო”
[48].  თვით სოლომონ მეფეც მოწადინებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება მასთანაც ყოფილიყო დადებული. მაგრამ რუსეთის მთავრობას ოსმალეთისა ეშინოდა, რომლისგანაც რუსეთის თანხმობით დასავლეთი საქართველო ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებისდა მიხედვით ერთგვარს დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. სოლომონ მეფესთან და დასავლეთ საქართველოსთან ამგვარივე ხელშეკრულების დადება გადაწყვეტილი იყო მაშინვე, როცა კი ამისათვის ხელშემწყობი გარემოება იქნებოდა [49].

რა თვისების საერთაშორისო დამოკიდებულება მყარდებოდა 1783 წ. ხელშეკრულებით აღმ. საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის? ამის შესახებ მკვლევართა შორის სრული თანხმობა არ არის.

ბრიუსელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცნობილი პროფესორი ერნესტ ნიუსი (Ernest Nys) იმ აზრისაა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წ. მეგობრობისა და კავშირის ხელშეკრულება იყო დადებული. იგი ამბობს: “C’était un traité d’amitié et d’alliance où se trouvaient les formules les plus expressives du respect que le gouvernement russe pretendait manifester pur les droits des Géorgiens”.

ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის ფონ ლისცტის სიტყვით კი ეს ხელშეკრულება რუსეთის პროტექტორატს და სუვერენობას ამყარებდა საქართველოზე, რომელიც შინაურ მართვა-გამგეობაში, კანონმდებლობაში და საეკლესიო სფეროში თუმც სრულებით დამოუკიდებელ, მაგრამ მაინც მის ვასალურ სახელმწიფოდ ხდებოდა. თითქმის იგივე აზრი გამოთქმული აქვს ზ. ავალიშვილსაც თავის წიგნში «Присоединение Грузии к России». მას აღნიშნული აქვს, რომ ის პოლიტიკური დამოკიდებულება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წ. ხელშეკრულების ძალით შეიქმნა, არც ვასალურ დამოკიდებულებას წარმოადგენს, არც პროტექტორატს, მფარველობას, არამედ ერთსადაიმავე დროს მფარველობაც, პროტექტორატიც იყო და ვასალური დამოკიდებულებაც
[50].

მ. ხელთუფლიშვილის აზრით 1783 წ. რუსეთს საქართველოს მიმართ წმინდა პროტექტორატის უფლება და მხოლოდ მფარველობა მიენიჭა
[51].

ასეთი აზრთა სხვადასხვაობა იმ გარემოებით აიხსნება, რომ ხელშეკრულება ყოველმხრივ სრულს იურიდიულს ნაწარმოებს არ წარმოადგენს და იქიდან თანამედროვე საერთაშორისო და სახელმწიფო სამართლის თვალსაზრისით თითოეული ზემომოყვანილი შეხედულების გასამართლებლად საბუთის მოყვანა შეიძლება.

მაგრამ წარსულის საკითხების დაფასება, თუნდაც ეს საკითხი სამართლის მეცნიერების სფეროს ეხებოდეს, თანამედროვე სამეცნიერო ნორმების მიხედვით კი არ შეიძლება, არამედ ამისთანა შემთხვევებში ისტორიული თვალთსაზრისი აუცილებელი და ერთადერთი უტყუარი გზა არის. თუ გამორკვეული იქმნება რა თვისების დამოკიდებულების დამყარება სურდათ საქართველოს და რუსეთის მთავრობებს, როდესაც 1783 წ. ხელშეკრულებას სდებდნენ, და თანაც გვეცოდინება, თუ რა სახელს უწოდებდნენ იმდროინდელი ქართველები და რუსები ამ დამყარებულ საერთაშორისო დამოკიდებულებას, მაშინ თვით საკითხიც არსებითად გამორკვეული იქნება.

ზემოთქმულიდან უკვე ცხადია, რომ საქართველო რუსეთისაგან დახმარებას და “მფარველობას” ითხოვდა. იმ სრულრწმუნებულების ქაღალდში, რომლითაც მეფე ერეკლემ თავის დესპანებს ხელშეკრულების დადება მიანდო, ნათქვამია, რომ ისინი უნდა ცდილიყვნენ აღმოს. საქართველოს მეფეების “მიღებისათვის... მფარველობასა ქვეშე იმისის იმპერატორებითის დიდებულებისასა”
[52].  თვით რაინეგსსაც რუსეთის მთავრობისაგან, როგორც უკვე აღნიშნული იყო, სწორედ ისეთი მინდობილობა ჰქონდა, რომ ერეკლე მეფისათვის რუსეთისაგან მფარველობის თხოვნა ერჩია. რუსეთის იმდროინდელი ელჩი საქართველოში იმ დამოკიდებულებას, რომელიც 1783 წ. ხელშეკრულების ძალით დამყარდა, “მფარველობას” “მფარველობით უფლებას? (“покровительство” «покровительствующая власть России») უწოდებს[53]. მას აღნიშნული აქვს, რომ საქართველოს მეფეები “ყოველთვის ერთმორწმუნეობის გამო დახმარებას და მფარველობას” ეძებდნენ სრულიად რუსეთის ხელმწიფეებისაგან[54].

უფრო დიდმნიშვნელოვანია ის საბუთი, რომელიც 1783 წ. ხელშეკრულების შედგენის დროს ოფიციალურად თვით რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ის ბრძანებით სახელმძღვანელოდ იყო დაწერილი. ამ საბუთებს სათაურად აქვს «Высочайше указанные основания для заключения Русско-Грузинского Трактата».

იქ სრულებით გარკვევით ნათქვამია, თუ რა თვისების ხელშეკრულება უნდა დადებულიყო და რაგვარი უფლებრივი დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო ამ ხელშეკრულებით რუსეთის მთავრობის სურვილისაებრ საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ საბუთში სწერია: «Мнение Ее Величества было… заключить с Грузинскими Царями союзный трактат, не именуя их поданными, но союзниками от Империи Всероссийской покровительствуемыми»
[55] - “მისი უდიდებულესობის აზრი იყო, რომ ქართველ მეფეებთან (ე.ი. ერეკლე II-სთან და სოლომონთან) დადებულიყო მოკავშირეობის ხელშეკრულება ისე, რომ ისინი ქვეშევრდომებად კი არა, სრულიად რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშე მყოფ მოკავშირეებად ყოფილიყვნენ წოდებულნი”.

ამაზე მკაფიოდ წადილისა და აზრის გამოთქმა შეუძლებელია.

საკმარისია 1783 წ. ხელშეკრულება გადაიკითხოს ადამიანმა, რომ დარწმუნდეს, თუ როგორის სისწორით აუსრულებიათ რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ის ზემომომყვანილი დავალება: არსად მართლაც საქართველოს მეფის და ქართველ მოქალაქეთა შესახებ რუსეთის ქვეშევრდომობის ხსენებაც არ არის. სამაგიეროდ ისევე, როგორც თვით რუსეთის ხელმწიფესაც სურდა, იქ ნათქვამია, რომ რუსეთის ხელმწიფე პირადადაც და თავის შთამომავლობის მაგიერადაც აღთქმასა სდებს საქართველლო-რუსეთის სახელმწიფოსთან “მჭიდრო კავშირში და სრულს თანხმობაში მყოფად ჩასთვალოს” და მისი მტრები თავის მტრებად მიიჩნიოს.

მეორე მხრით, ისიც ფრიად საყურადღებოა, თუ როგორ უყურებდა ერეკლე მეფე ამ ხელშეკრულებას და რანაირ დამოკიდებულებად სთვლიდა იმ მდგომარეობას, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიქმნა? როგორც ქვევით თავის ადგილას აღნიშნული იქნება, ერეკლე II-მ ვითარცა სრულიად საქართველოს უზენაესმა მეფემ დასავლეთ საქართველოს მეფისა და მთავართა თხოვნით იკისრა მათთვისაც ისეთი უფლებრივი დამოკიდებულება მოეპოვა რუსეთთან, როგორიც თვით მას ჰქონდა 1783 წ. ხელშეკრულების ძალით. ამის შესახებ ერეკლე მეფის წერილობითი განცხადებაა შენახული და სწორედ ამ საბუთიდან ნათლად ჩანს მისი აზრი რუსეთ-საქართველოს შორის მყოფ უფლებრივი დამოკიდებულების შესახებ. მას ნათქვამი აქვს: ვკისრულობ “შუამდგომლობითა ჩემითა მოგიპოვოთ მფარველობა და კავშირი უზენაესი საიმპერატორო მთავრობისა”-ო
[56]. ხოლო იქ, სადაც იმერეთის მეფე, სამეგრელოს მთავარი და გურიელი თავის მხრითაც აღთქმას უდებენ რომ, ამ ფარგლებში რასაც კი ერეკლე მეფე გაარიგებდა, უთუოდ შეიწყნარებდნენ, მათ ნათქვამი აქვთ: “უზენაესი საიმპერატორო მთავრობის მფარველობა და კავშირი თქვენის უმაღლესობით ჩვენდა სასარგებლოდ მოპოვებული მოვალე ვარ მივიღო”-ო[57].

ამგვარად, სრულებით ცხადია, რომ ერეკლე მეფეც, სოლომონ მეფეც და მთავრებიც ყველანი დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს რუსეთთან ჰქონდა მხოლოდ “მფარველობა და კავშირი”.

მაშასადამე, 1783 წ. ხელშეკრულება თვით ხელშემკვრელ მხარეებს “მფარველობითი მოკავშირეობის” ტრაქტატად მიაჩნდათ და ჩვენც არავითარი უფლება არა გვაქვს გვერდი ავუხვიოთ მათს ცხადად გამოთქმულს ამ ნებისყოფას და იმ ზოგიერთი განსხვავების გამო, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასა და მაშინდელ უფლებრივ შეხედულებათა შორის არსებობს, 1783 წ. ხელშეკრულება სხვა თვისების საბუთად ჩავთვალოთ.

1.2.3 §3. 1783 წ. ხელშეკრულების შედეგი 1783 წ.

▲ზევით დაბრუნება


§ 3. 1783 წ. ხელშეკრულების შედეგი 1783 წ

ხელშეკრულების შემდეგ პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა, საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა. სამაგიეროდ შეექმნათ “შიშნეულობა მხედრობის გამო რუსეთისა” აზერბაიჯანის ხანებს, რომელთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება ჰქონდათ. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ საქმე მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი “დაპყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა”. ამ მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე აზერბაიჯანის ხანებმა ერთიერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი “დაფარვით დინ-თასლიბისა თანხმობა”[58].

არაფრად მოეწონათ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია[59]. ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივ ხერხს მიმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ [60]. “სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის ომარ-ხანს, ხუნძახის ბატონს”, და ისიც 30000 ჯარით კახეთს შემოესია[61].

თვით ერეკლე მეფის უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც კი რუსების შიშით საქართველოს მეფეს გადუდგა და გადაემტერა. მისი ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გამოაძევეს[62]. ყაზახისა, შამშადილისა და შამქორის ელებიც, რომელთაგან საქართველოს 6000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკური მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს[63].

დაღესტნელების შემოსევა რომ უკუექცია, ერეკლე მეფემ სექტ. 1787 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა, მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ- რეზიდენტს ბურნაშევს პოტიომკინისაგან საქართველოდან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ “დღესვე უნდა გავბრუნდეო” და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდის მაინც მოეცადა, არ დარჩა; საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა თბილისისაკენ. ხოლო იქიდან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით[64].

1783 წ. ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბაზის შემდგომ არ ყოფილა[65].

ოსმალეთმა ახალციხის ფაშის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოდან გაესტუმრებინა, და არამც თუ წინანდელი კეთილმეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქნებოდა, არამედ გაცილებით უფრო მეტს სარგებლობასაც პირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამაგრებას შეუდგნენ. 12000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.

ერეკლე მეფე რწმუნდებოდა, რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარის კაცი) იყო, რომ ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ, რომ ქვეყანა მოსალოდნელი შემოსევისაგან და ოსმალეთის გულისწყრომისაგან ეხსნა, იძულებული იყო ახალციხის ფაშისათვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოდან ორ-ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გახდა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა[66].


რუსეთმა თავისი ჯარი საქართველოდან იმიტომ გაიყვანა, რომ იძულებული იყო ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენკ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა[67].

ასეთ პირობებში იმ მცირედი ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისთავად მოსალოდნელი იყო, მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამოქმედო გეგმა ისე შეადგინა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრიდან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა თავისი ძალით და წინანდელი მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისაგან უზრუნველეყო[68]. ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა, მსჯელობდა რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წ. ხელშეკრულება.

რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავადმა პოტიომკინმა კიდევ იმდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფეს ერეკლე II-ს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა და წყრომის ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთი უცნაური რჩევისათვის ყური ეთხოვებინა[69].

რუსეთის მიერ მიტოვებულ საქართველოს მდგომარეობა

საქართველო ისევ მარტოდ-მარტო დარჩა. ერეკლე მეფემ ამ გაჭირვებულ მდგომარეობაშიც იმდენი დიპლომატიური ნიჭი გამოიჩინა, რომ აბობოქრებული მტრები დააშოშმინა და მეზობლებთან შედარებით მყუდროება ჩამოაგდო [70].  ამასთანავე მან ძლევამოსილი სამხედრო მოქმედებით 1788 წ. განჯაც დაიმორჩილა [71]. განჯაში გაქცეული შამშადილისა და ყაზახის ელნიც ისევ საქართველოში დაბრუნდნენ[72].  1790 წელს საქართველოს მეფე-მთავრების სრული შეთანხმება მოხდა და მათ შორის ერთობის კავშირი იყო შეკრული. “ვინაითგან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, ოდიშისა და გურიისათა აქვთ ერთმორწმუნება, არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ... სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის, ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულნი ქვეყანათა ივერიისათა მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნოისა პირობისა... აღვსთქვამთ მტკიცესა ამასა ერთობასა”[73].

ამ ხელშეკრულებით საქართველოს განცალკევებული ნაწილების პოლიტიკური ერთობა მყარდებოდა კავშირის სახით. ამ კავშირს ერთი უზენაესი თავი ჰყავდა, რომელიც უაღრესი ხელმწიფეობით იყო მოსილი. საქართველოს სამეფო-სამთავროთა კავშირის ასეთ თავად ქართლ-კახეთის მეფე იყო ცნობილი. იგი კავშირის დანარჩენი ნაწილების წარმომადგენლებს შემდეგს პირობას უდებდა: ჩვენ “მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ირაკლი მეორე... გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა... სოლომონსა და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს და მთავარსა გურიისასა სვიმონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა” დასავლეთ საქართველოისათა, რომ “ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა (ე. ი. ლიხთ იმერ.) ვითარცა მამა საზოგადო მათი” და “უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა... მზა ვიყო შემწედ თქვენდა”[74].

მაშასადამე, კავშირის თავი მოვალე იყო მთელი საქართველოს დაცვასა და კეთილდღეობაზე ეზრუნა და მთელი თავისი სამხედრო, თუ დიპლომატიური, ან სხვაგვარი ძალა შეეწირა ამ მიზნის მიღწევისათვის. თავის მხრით დასავლეთ საქართველოს ყველა მეფე-მთავრები ამ კავშირის თავის, ქართლ-კახეთის მეფის, უზენაეს უფლებასა და ხელმწიფეობას აღიარებდნენ. ეს გარემოება კავშირის ყველა წევრებს იმერეთის მეფე სოლომონ II-სა, სამეგრელოს მთავარს გრიგოლს და სვიმონ გურიის მთავარს სათითოოდ საკუთრივ აღნიშნული აქვთ: “თქვენი უმაღლესობის უზენაეს ხელმწიფებას მამებრ-საგონებლობითს აღვიარებ”-ო[75]. 

რუსეთმა რომ ოსმალეთთან ომი გაათავა, 1792 წ. თვალი კვლავ სპარსეთისკენ იბრუნა. სპარსეთში თანდათანობით აღა-მაჰმედ ხანი ძლიერდებოდა. 1786 წ. აღა- მაჰმედ ხანმა, როცა ჯერ კიდევ თავის მეტოქეებთან ბრძოლა ჰქონდა, ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ის მისი მეგობარია და მასთან კავშირის შეკვრა სწადია, მთელ აზერბაიჯანსაც კი მის სრულუფლებიან მართვა-გამგეობაში გადმოსცემდა, ოღონდ მისთვის რუსეთის ხელმწიფის კეთილგნაწყობილების მოპოვებაში დახმარებოდა[76].  პირველ ხანებში რუსეთი მას დიდის ყურადღებით ეპყრობოდა კიდეც[77]. მაგრამ იმავე დროს რუსეთის მთავრობა მის მოქიშპეს გილანის მმართველს მურთაზა-ალი ხანსაც მფარველობას უწევდა და ეხმარებოდა იმიტომ, რომ ის თავისი თავის გასაძლიერებლად რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების სურვილის გამომჟღავნებასაც კი არ დაერიდა[78].  ეს, რასაკვირველია, არაფრად მოეწონა აღა-მაჰმედ ხანს. მან ბრძანება გასცა, რომ გილანი აეღოთ, მურთუზა-ალი ხანი მოეკლათ, რუსთა ახალშენი ენზელში მოესპოთ და რუსის ქვეშევრდომები აეკლოთ[79].  მრავალგზისი ბრძოლის შემდგომ მურთუზა-ალი-ხანი იძულებული იყო სპარსეთიდან გაქცეულიყო და რაკი ამაში მას რუსები ეხმარებოდნენ, აღა-მაჰმედ ხანსა და რუსებს შორის მტრული განწობილება ჩამოვარდა [80].

1791 წ. აღა-მაჰმედ ხანმა აზერბაიჯანში გაილაშქრა იქაური ხანების დასამორჩილებლად და იმათაც შიშით მძევლები მისცეს და ყოველწლიური ხარკი დაიდეს. ჯერი შემდეგ ყარაბაღისა და ერევნის ხანებზე მიდგა. ორივემ აღა-მაჰმედ ხანის მოთხოვნილება უარჰყვეს. ერევნის ხანმა იბრაჰიმ-ხანმა თანაც შეუთვალა, რომ ის საქართველოს მეფის ერეკლე II-ის სრულს მორჩილებაშია და სწორედ ამიტომაც არ შეუძლია აღა-მაჰმედ ხანის მოთხოვნილება აასრულოს. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი ჰქონდა ორივე ხანი ძალით დაემორჩილებინა. ასეთ გარემოებაში სრულებით ბუნებრივი იყო, რომ ერეკლე მეფეს აღა-მაჰმედ ხანის შემოსევის მოლოდინი ჰქონოდა[81]. რუსეთის მთავრობამ ყველა ეს ამბები მშვენივრად იცოდა, მაგრამ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმ საფრთხეს, რომელიც მის ერთგულს მოკავშირეს, პატარა საქართველოს სპარსეთისაგან მოელოდა. მაშინ 1792 წ. თვით ერეკლე მეფემ რუსეთის მთავრობას 1783 წ. ხელშეკრულების არსებობა მოაგონა და ამის ძალით საქართველოში მეშველი ჯარის გამოგზავნა მოითხოვა. რუსეთის ხელმწიფემ ეკატერინემ 8 მაისს იმავე წელს საქართველოს მეფეს მოკლედ და ცივად შემოუთვალა, რომ საქართველოში ჯარის გამოგზავნა ეხლა საჭიროდ არ არის ცნობილი[82] და, სანამ საამისოდ ხელსაყრელი შემთხვევა და ხელშემწყობი პირობები არ შეიქმნება, ჩვენი ჯარების მად ყოფნის საკითხი გადადებულიაო [83]. ისე გამოდიოდა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა, როდესაც ამას რუსეთი საჭიროდ დაინახავდა, და არა მაშინ, როცა საქართველოს უჭირდა.

საბედნიეროდ, სპარსეთში ატეხილმა არეულობამ აღა-მაჰმედ ხანს 1792 წ. საშუალება არ მისცა, რომ თავისი ზრახვა განეხორციელებინა: ის იძულებული იყო შინ გაბრუნებულიყო.

აღა-მაჰმედ ხანის შემოსევა საქართველოში

1794 წელს აღა-მაჰმედ ხანმა სძლია თავის უკანასკნელს მოწინააღმდეგეს ლოტფ-ალი-ხანს, რომელსაც თვალები დაათხრევინა. ამის შემდგომ აღა-მაჰმედ ხანმა თავისი თავი სპარსეთის ერთადერთ ბატონ-პატრონად იგრძნო და თავი სპარსეთის შაჰის ჯიღით შეიმკო. მაშინვე ის სპარსეთის საზღვრების გაფართოებას შეუდგა და პირი კვლავ აზერბაიჯანისა და საქართველოსაკენ იბრუნა[84]. იმავე 1794 წ. მეფე ერეკლემ რუსეთში თავის დესპანად გენერალი გარსევან ჭავჭავაძე გაგზავნა[85], რომელსაც, ვითარცა რუსეთში წინათაც ნამყოფს, პეტერბურგის მთავრობაზე გავლენა შეეძლო მოეხდინა, რომ ხელშეკრულება რუსეთის მხრით ასრულებული ყოფილიყო.

1795 წ. მაისში აღა-მაჰმედ ხანმა არდაველში 100.000 კაცამდე ჯარის შეგროვება დაიწყო იმ მიზნით, რომ ჯერ აზერბაიჯანის ყველა ხანები ძალით დაემორჩილებინა, ხოლო შემდეგ საქართველოს დასაპყრობად წამოსულიყო, რომ ამ უკანასკნელისათვის ძალა დაეტანებინა და სპარსეთის უზენაესი უფლება ეცნობებინა[86].

ერეკლე მეფემ მოსალოდნელი უბედურების ამბავი იმავე 1795 წ. მაისში რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს აცნობა და ხელშეკრულების ძალით 3000 ჯარისკაცის მოშველება სთხოვა[87]. ერეკლე მეფეს რუსეთის მხრით დახმარების სრული იმედი ჰქონდა და ეჭვიც არ ებადებოდა, რომ მეშველი ჯარი მოუვიდოდა. იგი თავის ერთგულს ყმადნაფიცს შუშის ხანს ქართველი ჯარით ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით მიეშველა. ამის წყალობით სპარსეთის შაჰის ლაშქარი დამარცხებულ იქმნა[88].

აღა-მაჰმედ ხანმა თავისი ელჩის პირით ერეკლე მეფეს მოსთხოვა, რომ რუსეთის ხელმწიფის მფარველობა ერთხელ და სამუდამოდ უარეყო და სპარსეთისა აღიარებინა. რუსეთიდან მეშველი ჯარის მომლოდინემ ერეკლემ შაჰს ცივი უარი შეუთვალა[89].

რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსმა 1792 წ. უარყოფითი განკარგულების გამო თავისით მეშველი ჯარის საქართველოში გამოგზავნა ვერ გაბედა და 7 მაისს 1795 წ. ერეკლე მეფის თხოვნა თავის მთავრობას აცნობა. მაგრამ რუსეთის მთავრობა არ ჩქარობდა: პასუხი არ მოდიოდა. ერეკლე მეფე გრძნობდა აუცილებელ განსაცდელს და რუსეთს შველას ემუდარებოდა. 2 აგვისტოს მონაპირე ჯარის უფროსმა თავის მთავრობას საქართველოს გაჭირვებული მდგომარეობა და ერეკლე მეფის თხოვნა ხელმეორედ აცნობა[90]. ამასობაში აღა-მაჰმედ ხანი დაიძრა, 10 ენკენისთ. 1795 წ. ცხენოსანი ჯარით სწრაფად საქართველოს დედაქალაქს მოადგა და ორი დღის შემდგომ აიღო: ჯერ მთლად გაცარცვა და წაიღო, რის წაღებაც კი სამეფო სასახლიდან შეიძლებოდა, შემდეგ ეს მშვენიერი სასახლე მთლად დაანგრია და ქალაქი ცეცხლით გადასწვა.

შაჰის ჯარმა საშინელი სიმხეცე გამოიჩინა. თბილისის მიდამოებიც მოკლული მამაკაცებისა, ქალებისა და ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. სატახტო ქალაქს რომ მორჩნენ, მერმე შიდა და ქვემო ქართლის აოხრებას შეუდგნენ. განძვინებულნი იჭერდნენ ხალხს და ვინც წინააღმდეგობას გაბედავდა ხოცავდნენ, დანარჩენი ტყვედ მიჰყავდათ. აღა-მაჰმედ ხანის შემოსევამ ისე გაანადგურა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო, რომ იმ 61000 კომლიდან, რომელიც შემოსევამდე, მაგალითად, თუნდ 1783 წელს იყო, 1795 წლის შემოსევის შემდეგ 35000 კომლი ძლივს-ღა იქნებოდა შერჩენილი[91].

ამ პირველი თავზე დამტყდარი უბედურებით გულგატეხილი, ოთხმოცი წლის მოხუცი მეფე იძულებული იყო მწუხარებითა და სასოწარკვეთილებით აღსავსე ანანურის მონასტერში შეხიზნულიყო. მაგრამ სპარსეთის შაჰმა არც აქ მოასვენა: აღა- მაჰმედ ხანმა ერეკლე მეფეს კვლავ შემოუთვალა, რომ თუ ის მის უზენაეს უფლებას სცნობდა და ერთ-ერთ ბატონიშვილს მას მძევლად გამოუგზავნიდა, მაშინ შაჰი თავის მხრივ ყველა ტყვეებს განუთავისუფლებდა, ყველაფერს, რაც თბილისში ომისგან დაზიანებული იყო, შეაკეთებინებდა და თანაც მოკავშირეობის ხელშეკრულებასაც დასდებდა. ამ აუწერელ უბედურებაში მყოფმა მეფე ერეკლემ თავის დამცირება მაინც არ ინდომა და მოსისხლე მტერს არავითარი პასუხი არ აღირსა[92].

რვა დღის განმავლობაში ქართლის აოხრებისა და დაწიოკების შემდგომ, აღა- მაჰმედ ხანი უკვე კახეთში აპირებდა გალაშქრებას, რომ ერთბაშად საქართველოდან გასვლა ამჯობინა, რადგან ყარაბაღის ხანი და ზოგი სხვაც დამორჩილებული არ ჰყავდა და ამის გამო ზურგი უზრუნველყოფილი არა ჰქონდა. საქართველოს სრული განადგურება მან შემდეგი, უფრო მარჯვე დროისთვის გადასდვა[93].

თბილისის აღებისა და განადგურების მხოლოდ 18 დღის შემდგომ, 1 ოქტომბერს, მოუვიდა რუსეთის მონაპირე ჯარის უფროსს თავისი მთავრობისაგან ბრძანება, რომ ხელშეკრულების ძალით და ჩვენი ღირსებისა და ინტერესების თანახმად საქართველოს მეფეს ორი სრული ბატალიონი ჯარით მიეშველეთო. მას ამასთანავე უფლება ეძლეოდა საჭიროებისამებრ კიდევ ორი ბატალიონი მიემატებინა დამხმარე რუსთა ლაშქრისათვის[94]. ეს მეშველი ორი ბატალიონი აღმ. საქართველოში მხოლოდ 1795 წ. დეკემბრის დამდეგს მოვიდა.

ერეკლე მეფე ქვეყნის აოხრების გამო რუსეთის მთავრობას 1.000.000 მ. მთხოვდა სესხად და საწინდრად თავისი და თავის სახლობის მამულებს იძლეოდა. მაგრამ ამის პასუხი არ მოდიოდა. ამავე დროს ოსმალეთის მთავრობა ამ სესხს აძლევდა, რასაკვირველია, იმ იმედით, რომ საქართველოს გული თავიანთვის მოეგოთ და რუსეთისაგან აეყრეინებინათ. რაკი რუსეთის სამხედრო დახმარებაც მაშინდელ პირობებში მეტად მცირედი იყო და სესხის შესახებაც რუსეთის მთავრობისაგან არავითარი პასუხი არ მოსდიოდა, ერეკლე მეფეს გამოცდილების გამო ეჭვი შეეპარა, რომ რუსეთისაგან შეპირებულ ძლიერს სამხედრო დახმარებას ოდესმე მართლაც ეღირსებოდა. ამიტომ ერეკლე მეფე ყოყმანში იყო, უარეყო თუ არა ოსმალეთის წინადადება[95].

რუსეთის გალაშქრება აღა-მაჰმედ ხანისა და სპარსეთის წინააღმდეგ 1796 წ. მისი მოჩვენებითი და ნამდვილი მიზეზები და დასასრული

1796 წ. მარტში რუსეთის მთავრობამ სპარსეთს ომი გამოუცხადა, ეკატერინე II- ის მანიფესტში, რომელიც ომის დაწყებისთანავე გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ რაკი სპარსეთის მთავრობის ზოგიერთი მოხელეები რუს ქვეშევრდომ ვაჭრებს ავიწროებდნენ, ხოლო თვით აღა-მაჰმედ ხანმა რუსეთის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა, დასასრულ, რადგან სპარსეთის შაჰი საქართველოს შეესია და მოსაზღვრე ხანებს მოსვენებას არ აძლევს, ამიტომ საქართველოს მეფის თხოვნა მფარველობისა და დაცვის შესახებ შევისმინეთ და ჩვენს ჯარს სპარსეთის საზღვრების გადალახვა ვუბრძანეთო[96].

რუსეთის მთავრობამ ეს საჯარო განცხადება ომის მიზეზების შესახებ სპარსულად, ქართულად და სომხურად დაბეჭდა და ამ ხალხთა შორის გაავრცელა. ერეკლე მეფეს, შუშის ხანს იბრაჰიმ-ხანსა და ყარაბაღის მელიქებს და დაღესტან- შირვანის მფლობელთ ამას გარდა საგანგებოდაც აცნობეს, რომ რუსეთი თავისი მხედრობით მათ განსათავისუფლებლად მოდის და ამიტომ მათგან მადლობასა და დახმარებას ელის[97].  მაშასადამე, რუსეთის მთავრობას საქმე ისე ჰქონდა საქვეყნოდ მოჩვენებული, ვითომც ის საქართველოს აოხრების გამო შურის მაძიებლად გამოდიოდა და შუშისა, შირვანისა და დაღესტნის ხანებიას და ყარაბაღის მელიქების მყუდროებას იცავდა. მაგრამ ეს მხოლოდ თვალების ასახვევად და შესაცდენად იყო გამოცხადებული. ომის ნამდვილი მიზეზი და მიზანი კი სულ სხვა ყოფილა.

1795-1796 წ.-ის ზამთარში აღა-მაჰმედ ხანის ბრძანებით ენზელში რუსთა ყველა ხომალდები და ვაჭრები დაიჭირეს[98].   რუსეთის მაშინდელი მთავრობა მეტად ფხიზლად ადევნებდა თვალყურს თავისი ქვეშევრდომების სავაჭრო ინტერესებს, მეტადრე სპარსეთში ცდილობდა ამ მხრივ მტკიცედ ფეხის მოკიდებას, რადგან აქედან მას ფართო და უაღრესად მიმზიდველი სამოქმედო ასპარეზი ეხატებოდა. ამიტომ რუსეთის მთავრობამ ზემოაღნიშნულს შემთხვევას დიდი ყურადღება მიაქცია[99].

რუსეთის მთავრობა ხედავდა, რომ სპარსეთში მომხდარი ამბები იმ ინტერესებისათვის და მიზნისათვის, რომელიც მას დასახული ჰქონდა, მეტად სახიფათო იყო. მას კი ჰსურდა, რომ რუსეთის ვაჭრობა სპარსეთში ისე გაძლიერებულიყო, რომ მარტო კასპის ზღვის პირას კი არა, არამედ ქვეყნის თვით შუაგულშიც ყოფილიყო გავრცელებული. მას იმედი ჰქონდა, რომ ამ ადგილებიდან ინდოეთისაკენ გზის გახსნა უფრო მარჯვედ მოხერხდებოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამნაირად რუსეთი ინდოეთის მდიდარს ვაჭრობას ევროპულ ხალხებზე გაცილებით უფრო მოკლე გზით ჩაიგდებდა ხელში, რადგან ისინი ამისთვის “კეთილი იმედის კონცხს” უვლიდნენ ხოლმე. ამის გამო რუსეთის მთავრობას ამ გეგმის განხორციელების წყალობით აურაცხელი სიმდიდრე და სარგებლობა ეხატებოდა[100].

რუსეთის მთავრობას საჭიროდ მიაჩნდა, რომ სპარსეთში ერთი მხრით მშვიდობიანობა და წესიერება ყოფილიყო, იმიტომ რომ უამისოდ მისი საკომერციო ფართო გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ამისთვის კი ძლიერი გაერთიანებული მთავრობა უნდა ყოფილიყო სპარსეთში. მაგრამ მეორე მხრით რუსები ფიქრობდნენ, რომ სპარსეთის გაერთიანება და გაძლიერება რუსეთისათვის სასარგებლო კი არა, სახიფათოც იყო[101]. ეს აღა-მაჰმედ ხანის მოქმედებამაც ცხად-ჰყო. ამიტომ რუსეთმა გადასწყვიტა, რომ აღა-მაჰმედ ხანის გაძლიერება და მისი საბრძანებლის საზღვრების გაფართოება რუსეთის მთავრობის ფართო ეკონომიურსა და პოლიტიკურ გეგმას ეწინააღმდეგებოდა და სავაჭრო ინტერესებისათვის ფრიად სახიფათო იყო. აღა-მაჰმედ ხანი უნდა დაუძლურებულიყო, სპარსეთშიაც რუსეთისათვის კარი ფართოდ უნდა გაღებულიყო.

ასეთ პირობებში რუსეთს საქართველოს გამოყენებაც მშვენივრად შეეძლო. ის, ჯერ ეს ერთი, გამოდგებოდა პოლიტიკურად მით, რომ ოსმალეთთან და სპარსეთთან ომის დროს რუსთა საქმისთვის სასარგებლო იქნებოდა. ამიტომ მისი გაძლიერებაცა და გაფართოებაც ამჟამად ურიგო არ იქნებოდა. მეორეც ისა, რომ რუსეთს საქართველოს გამოყენება შეეძლო ეკონომიურადაც, რადგან მის საშუალებით უფრო განმტკიცდებოდა და უზრუნველყოფილი იქნებოდა რუსეთის ვაჭრობა სპარსეთში[102].

ამ სარგებლობის აზრმა ისე გაიტაცა რუსეთის მთავრობა, რომ განჯის და ერევნის სახანოს შემოერთებაც კი უნდოდა საქართველოსთვის [103].

ამგვარად, სრულებით ცხადია, რომ რუსეთის დედოფლის მანიფესტში მოხსენებული ცნობა, ვითომც რუსეთს სპარსეთისათვის ომი იმიტომ გამოეცხადებინოს, რომ აღა-მაჰმედ ხანმა საქართველო ააოხრა და საქართველომ მის წინაამდეგ დახმარება სთხოვა, მხოლოდ ლამაზი, მაგრამ ყალბი სიტყვები იყო. თვით ამ სპარსეთის ლაშქრობის მონაწილე და რუსთა ჯარის სარდლის შტაბის ადიუტანტი ბუტკოვი პირდაპირ ამბობს: ეკატერინე დიდის სურვილი იყო, რომ რუსეთს საქართველოს აოხრებისათვის აღა-მაჰმედ ხანის დასჯის მომიზეზებით ესარგებლა და სპარსეთთან რუსეთის ვაჭრობა განსაკუთრებით განემტკიცებინა”-ო[104], რადგან ამ ომის “უმთავრესი მიზანი ვაჭრობის გავრცელება” იყოო[105].

რუსეთის მთავრობას ეშინოდა, რომ თუ ვინცობაა მისი ნამდვილი ზრახვა და იდუმალი გეგმა გამოაშკარავდებოდა, მას არავინ, არც საქართველოში, არც შირვანისა და შაქის სახანოებში, მხარს არ დაუჭერდა. ამიტომ არავის ენდობოდა. თვით მეფე ერეკლესაც კი ის ეჭვის თვალით უყურებდა და რომ თავის თავი საქართველოსაგან უზრუნველეყო, მან ერთს, თუმცა უკადრისს, მაგრამ მეტად მოხერხებულს საშუალებას მიჰმართა. მან გადასწყვიტა, რომ საქართველოს მეფისაგან სხვათა შორის ერთი რჩეული ათას კაცამდის ქართული სამხედრო ნაწილის შედგენა მოეთხოვა, რომელიც რუსთა ჯარისათვის უნდა მიემატებინათ და მასთან ერთად წაეყვანათ ომში. ამ ნაწილში თვით ბატონიშვილებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩარიცხულნი, განსაკუთრებით ისეთები, რომელნიც მშობლებისათვის უფრო ძვირფასნი იყვნენ, როგორც, მაგ., ბატონიშვილები იულონი და დავითი. ამგვარადვე მოწინავე ქართველობის საუკეთესო წარმომადგენელნი უნდა ამ რაზმში შესულიყვნენ. რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ რჩეულ ქართულ სამხედრო ნაწილს საიდუმლოდ საქართველოს მეფისა, დედოფლისა და ერის ერთგულების მძევლად ჩასთვლიდა[106].

სამხედრო მოქმედება უკვე თავისი ბუნებრივი გზით მიმდინარეობდა და თავიანთი მომავალი გამარჯვების გამოსაყენებლად რუსებს მრავალი ერთი მეორეზე უფრო საოცნებო გეგმები ეხატებოდათ, რომ 1796 წ. ნოემბერში ეკატერინე II გარდაიცვალა. 6 დეკემბერს იმავე წელს რუსების ჯარების მთავარსარდალს თავისი მთავრობისაგან გადაჭრილი ბრძანება მოუვიდა ყოველგვარი სამხედრო მოქმედების შეჩერებისა და მთელი ჯარითურთ რუსეთში დაბრუნების შესახებ[107]. მართლაც, სამხედრო მოქმედება შეწყდა და რუსის ჯარი შინისაკენ მიმავალი საქართველოში დაბრუნდა, რომ იქიდან რიგრიგობით რუსეთში წასულიყო. ჯარის ერთი ნაწილი იმავე ზამთარში წავიდა საქართველოდან[108].

ძნელი წარმოსადგენელი არ უნდა იყოს, თუ რანაირად უნდა თავზარდაცემული ყოფილიყო საქართველო და ერეკლე მეფე, სხვა ხანებიც, რომელნიც სპარსეთის ამ ლაშქრობაში რუსებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ, როდესაც რუსეთის მთავრობის უპირობამ ამ შემთხვევაშიაც თავი იჩინა. აღა-მაჰმედ ხანი კი სიხარულით ცას ეწეოდა, ყველგან ფირმანებს გზავნიდა, რომ რუსთა ჯარი მას შეუშინდა და უკან გაბრუნდაო. მრისხანე ბრძანება ბრძანებაზე მოსდიოდათ ყველას, ვინც კი მის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება გაბედა.

1797 წ. გაზაფხულსვე აღა-მაჰმედ შაჰი შუშის ხანის დასასჯელად დაიძრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აქედან პირდაპირ საქართველოს ასაკლებად წამოვიდოდა, მცხოვრებლებს აჰყრიდა და შაჰ-აბაზის მსგავსად სპარსეთში გადაასახლებდა[109]. საქართველოს სრული განადგურება აუცილებელი იყო, რომ 4 ივნისს მისი სიმკაცრით გაბოროტებულ მსახურთ მძინარე აღა-მაჰმედ შაჰისთვის თავი არ მოეჭრათ[110].

ასე სრულებით შემთხვევით გადაურჩა საქართველო აოხრებას და დაღუპვას. თუმცა რუსებმა ეს თავის თვალით ნახეს და კარგად გრძნობდნენ რა განსაცდელშიც იყო საქართველო, მაგრამ მაინც გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და 1797 წ. ენკენისთვეში თავიანთი ჯარის უკანასკნელი ნაწილიც ჩვენი ქვეყნიდან გაიყვანეს[111]. სპარსეთთან ომის გაგრძელება მათ საჭიროდ არ მიაჩნდათ. ხოლო რუსეთის მთავრობა რომ თავისი მოქმედებით საქართველოს უსაშინელეს მდგომარეობაში აგდებდა და ჯარის გაყვანა მის მხრივ 1783 წ. ხელშეკრულების დარღვევა იყო, ამგვარ გარემოებას იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთი დამოკიდებულების საფუძველი

უნებლიეთ საკითხი იბადება, თუ რა მიზეზი იყო, რომ დიდი რუსეთის მთავრობა ასე ექცეოდა პატარა საქართველოს ან როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომაც მაინც “ქრისტესმოყვარე” რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?

პირველი საკითხის გადაწყვეტა ყველა ზემომოთხრობილის შემდგომ ძნელი არ არის.

რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებებიდან და მიწერ-მოწერიდან, აგრეთე სხვა ყველა იმდროინდელი საბუთებიდან და თვით მოქმედებიდანაც, სრულის სიცხადით ირკვევა, რომ რუსეთის მთელი პოლიტიკა და მოქმედება საქართველოს მიმართ ნამდვილად რუსული პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

მაშინ რუსეთს ამიერკავკასიაში და სპარსეთში იმდენად პოლიტიკური ინტერესები არა ჰქონდა, რამდენადაც ეკონომიური. ის განსაკუთრებით რუსული აღებმიცემობის სპარსეთში გავრცელებაზე ზრუნავდა, რითაც მას ინდოეთის მდიდარი ვაჭრობის ხელში ჩაგდების იმედი ჰქონდა. თუ ეს მოხდებოდა, მაშინ უკვე საკომერციო ინტერესები რეალურ გეგმას წარმოშობდნენ, რომელიც ინდოეთის დაპყრობის გამამართლებელ საბუთად გამოდგებოდა. მაგრამ რუსებს ეს მხოლოდ შორეულ, მომხიბლავ მომავალად ეხატებოდათ.

რუსეთის მთავრობის გულის სიღრმეს არ მოჰხვედრია ქართველი ერის მისწრაფება, მისი დაწინაურებული, განათლებული ყოფა-ცხოვრების დაუშრეტელი წყურვილი და მუდმივი ლტოლვა თავისუფლებისადმი. არა, რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგს იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენიერად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს სრული გულახდილობით გამოთქმული გრაფ ნ. პანინის პირით ერთს საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფს რუსეთის წარმომადგენელს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი “ხელმძღვანელობით ხდებოდეს”, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური (ე. ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო[112].

მაშასადამე, რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ ქართველები უსულო იარაღივით გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური მიზნებისა და ზრახვების მისაღწევად.

მაშინდელი ქართველობა კარგა ხანს ამ გარემოებას ვერ ამჩნევდა და გულწრფელად დარწმუნებული იყო, რომ რუსთა ხელმწიფეს და მთავრობას საქართველოსთვის მართლაც გული შესტკივოდა და მისი მწუხარება თავის მწუხარებად მიაჩნდა. ამგვარი განუსაზღვრელი და დაუშრეტელი რუსებისადმი ნდობა იმაზე იყო დამყარებული, რომ საქართველოს იმდროინდელი მტრები სპარსეთ-ოსმალეთი მაჰმადიანები იყვნენ, რუსეთი კი, ვითარცა ქართველთა ერთმორწმუნე სახელმწიფო, თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ.

ქართველებს შორიდან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულისკვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულს ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა.

რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული. “ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინეობა სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუს ხალხისადმი”-ო[113]. ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი, - და ამ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმდენად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ.

გარეგნულად რუსეთის მთავრობა ვითომც სწუხდა, რომ საქართველო პოლიტიკურად დასუსტებული სახელმწიფო იყო და თითქოს ცდილობდა, რომ მისი სამხედრო ძლიერება გაზრდილიყო და საერთაშორისო მდგომარეობა განმტკიცებულიყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგ., თავის წარმომადგენელს საქართველოში კოვალენსკის სწერდა, რომ მას საქართველოს მეფისათვის ერჩია მუდმივი ლაშქარი დაეარსებინა და ხეირიანი არტილერია შეექმნა, რომ ამგვარად მეფეს საშუალება ჰქონოდა საჭიროებისამებრ პატარა სამხედრო ძალითაც სპარსთა მრავალრიცხოვანი, თავზეხელაღებული ბრბოებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. ამ საქმის განსახორციელებლად რუსეთის ხელმწიფე საქართველოს მეფეს ნებას აძლევდა საქართველოში დანიშნული იეგერთა პოლკის უფროსი და ოფიცრები ხელმძღვანელად გამოეყენებინა (Инструк. Иностр. Коллегии Коваленскому: АКАГК Ι. გვ. 95, § 11). მაგრამ ეს 1799 წელს იწერებოდა, როდესაც უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი თვით რუსთავე წყალობით გადაწყვეტილი იყო, ისე რომ ამ რჩევას მაშინ აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

განსაკუთრებით საყურადღებო კი სწორედ ის გარემოებაა, რომ თვით საქართველოს მთავრობა მუდამ ცდილობდა დაწინაურებული სამხედრო ტექნიკა და მეტადრეზარბაზნების ჩამოსხმა-მოხმარება შეესწავლა, ხოლო რუსეთის მთავრობა იდუმალად ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ საქართველოს თავის ეს წადილი ვერ განეხორციელებინა. ისე რომ თუ საქართველოს ΧVIII ს.-ის დასასრულს, როდესაც რუსეთის მთავრობის ზემომოყვანილი რჩევა იყო შედგენილი, შესაფერისი არტილერია არ ებადა, ამაში უმთავრესად თვით რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს უძევთ ბრალი.

საქართველოში ძალიან კარგად ესმოდათ კარგი არტილერიის უაღრესი მნიშვნელობა ქვეყნის გარეშე მტრისაგან უზრუნველყოფისათვის და სწორედ ამიტომაც არის, რომ ერეკლე მეფე სულ იმის ცდაში იყო, რომ ვისგანმე ზარბაზნების გაკეთება და ხმარება შეესწავლა.

მან ისარგებლა კიდეც შემთხვევით, რომ რუსთა ჯარში, რომელიც ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ საქართველოში იყო გამოგზავნილი, არტილერიის საქმის მცოდნე პირები ქართველები იყვნენ და მათ მიჰმართა, რომ თავისი დიდის ხნის ნატვრა აესრულებინა. არტილერიის პოდპოლკოვნიკს ჩოლოყაშვილს და თავად თარხან-მოურავს სიხარულით უკისრიათ ეს საქმე. ისინი თურმე ერეკლე მეფეს ზარბაზნების, მორტირების და ჰაუბიცების გაკეთებასა და დადგმას ასწავლიდნენ.

მოულოდნელად ამის გამო მთელი აურზაური ატყდა. თუმცა მაშინ ეს ქართველებს ეუცნაურათ, მაგრამ რუსეთის ჯარის უფროსმა ტოტლებენმა რომ ეს გარემოება შეიტყო, მაშინვე ჩოლოყაშვილსაცა და თარხან-მოურავსაც სასტიკად აუკრძალა, რომ მათ მეფე ერეკლესთვის საარტილერიო ხელოვნება ესწავლებინათ.

ამ ორს ქართველს არტილერისტს, როგორც ჩანს, ტოტლებენის ამგვარი ბრძანება უკანონოდ მიაჩნდათ და ეტყობა გულწრფელად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთისათვისაც ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, თუკი საქართველოს მეფეს, ვითარცა რუსეთის ერთგულს მოკავშირეს და მის მფარველობის ქვეშე მყოფს, სამხედრო საქმე კარგად შესწავლილი ექმნებოდა, ამიტომ ორივენი ისევ თბილისში დარჩნენ და წინანდებურად ერეკლე მეფეს ასწავლიდნენ. მაშინ ტოტლებენმა 6 თებერვალს 1770 წელს რუსეთის მთავრობას ფრანგულად დაწერილი საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა, რომელშიაც ატყობინებდა, რომ ჩოლოყაშვილი და თარხან- მოურავი ერეკლე მეფეს ზარბაზნების ჩამოსხმასა და დადგმას ასწავლიანო. თუმცა საქართველოს მეფე, სწერდა ტოტლებენი მთავრობას, რუსეთის ხელმწიფის მფარველობის ქვეშ არის, მაგრამ რუსეთის ინტერესებისათვის სასურველი არაა, საქართველოში რუსეთის ხელმწიფის ზარბაზნებს გარდა სხვისი ვისიმე ზარბაზნები იყოსო. ამიტომ ტოტლებენი მთავრობას სთხოვდა, რომ ყველა

ქართველი ოფიცრები და თავადი თარხან-მოურავი საქართველოდან ისევ რუსეთში წაეყვანათ. ქართველი ოფიცრები თავისი მამულიშვილური გრძნობისა და პოლიტიკური სიბეცისათვის სასტიკად დაისაჯნენ. იძულებით რუსეთში წაყვანილნი და დაპატიმრებულნი საქმის გამოძიებას უცდიდნენ, სანამ მათი უდანაშაულობა ყველასათვის ცხადი არ შეიქმნა.

ამ საიდუმლო მოხსენებიდან ცხადად ჩანს, რომ რუსეთის მთავრობისათვის, საზოგადოდ, საქართველოს გაძლიერება სრულებითაც საჭირო არ იყო. საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის დაუხმარებლივ მას თავისი თავის დაცვა არ შესძლებოდა და მუდამ მხოლოდ რუსეთის შემავედრებელი და ხელში შემყურე ყოფილიყო[114].

ასეთი ვითარება ჩვენს ქვეყანას მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევასა და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა, მეფისა და მთავრობის პატივისცემისა და უფლების გაქარწყლებას ხალხის თვალში ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის მთელი პოლიტიკა საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთთან და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომელნიც რუსეთის მფარველობისა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შინაური უთანხმოება და ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისაგან დასუსტებულ სახელმწიფოს.

ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარი ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური დ სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მისი მამის თეიმურაზ ΙΙ-ისა და მისი პირადი დაუღალავი შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მისი სიბერისდღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა.

ერეკლე მეფეს დიდ ხანს აღარ უცოცხლია... 11 იანვარს 1798 წ. ქ. თელავში გარდაიცვალა 78 წლის მოხუცი გმირი პატარა-კახი.

2 ჯავახიშვილი ივანე

▲ზევით დაბრუნება



ივანე ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1876
გარდაცვ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1940 (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: უნივერსიტეტის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერ§ 3. 1783 წ. ხელშეკრულების შედეგი 1783 წ.რ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება
1899 წელს.

1901–1902წწ. მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1902–1917წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1907—1917წწ. ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს; 1918–1919წწ. იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი; 1919–1926წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; 1918–1938წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას; 1936-1940წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი; 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი; არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი; მან შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი "ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად: "ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V—XVIII სს."(1916, 1921, 1945, 1977), "ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია"(1925), "ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია"(1926, 1949), "ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა"(1925); მას ეკუთვნის კაპიტალური შრომა "ქართველი ერის ისტორია"(5 წიგნად); ასევე შექმნა კაპიტალური ნაშრომი "ქართული სამართლის ისტორია"; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას; მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. მიღებული აქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი (1898). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.526; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანადამფუძნებელი
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, დამფუძნებელი, წევრი (1907-)
  • საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლა, დამფუძნებელი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოსათვის
  • 1938 - შრომის წთელი დროშის ორდენი
  • 1898 - პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისთვის "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)

ბიბლიოგრაფია