დედა ისტორია



დედა ისტორია


1 გამოსვლა პატარა კახისა

▲ზევით დაბრუნება



ვახტანგ მეფის ქართველმა თანამგზავრებმა რუსული ქვეშევრდომობა მიიღეს. ბევრი სამხედრო სამსახურში შევიდა (მსგავსად დიდი პოეტის დავით გურამიშვილისა), სხვადასხვა ქალაქებსა და გუბერნიებში განსახლდნენ და დასახლდნენ. ბევრი კულტურულ საქმიანობას შეუდგა. არჩილ მეფის დროინდელი სტამბა აღადგინეს, წერდნენ, თარგმნიდნენ, ბეჭდავდნენ და იღვწოდნენ რუსთა და ქართველთა შემდგომი დაახლოებისათვის..

საქართველო კი „ოსმალობისა“ და „ლეკიანობის“ ორლესულთა ჯვარედინში მოქცეულიყო. თურქეთი უკვე ლეკებით გატენილ ჭარბელაქანს, ანუ გალეკებულ ქართული ენისელის მხარეს ისე უყურებდა, როგორც თავის სისხლხორცეულ „ფილიალს“. ლეკები ჭარ-ბელაქანში ქართულ მოსახლეობას ისევე ექცეოდნენ, როგორც ოსმალები სამცხეში. ისინი ართმევდნენ მიწას და ხშირად სიცოცხლესაც ყველას, ვინც ქრისტიანობას არ დააგდებდა და სუნიტურ მაჰმადიანობას არ მიიღებდა. ასეთი ნაძალადევი გზით გამაჰმადიანებული და ლეკთაგან დაყლევებული ქართველი გლეხები ღებულობენ შემდგომში „ინგილოების“ სახელს.

1727 წელს აქაურ ლეკებს ოსმალეთის ფადიშაჰმა ისლამის წარმატებით გავრცელებისათვის ჭარ-ბელაქანი საგანგებო ფირმანით საკუთრებად დაუმტკიცა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთ კახეთის მიწაზე უცხო, მუსლიმური, ლეკ-აბრაგთა და აღალართა სახელმწიფო – ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სხეულზე....

ოსმალებმა თორმეტი წელიწადი იბატონეს საქართველოში.

ქართველები კი ისევ იბრძოდნენ, — იბრძოდნენ „სანამ პირში სული ედგათ“.

1735 წელს ირანის ახალმა მბრძანებელმა, დიდმა ხელმწიფემ ნადირ შაჰმა ქართველების თანადგომით და თანამებრძოლობით თურქები გაანადგურა და ამიერიდან საქართველოში „ოსმალობა“ ისევ „ყიზილბაშობამ“ შეცვალა...

... იმავე 1735 წელს მოხდა პირველი საბრძოლო ნათლობა თხუთმეტი წლის ერეკლე ბატონიშვილისა.

„პატარა კახი!“ - ასე ეძახდნენ ტანმორჩილ უფლისწულს.

ტანმორჩილიო?! რა ვუყოთ, — ტანმორჩილი იყვნენ ალექსანდრე მაკედონელიც, ჰანიბალიც, კეისარიც, ნაპოლეონიც, სხვანი და სხვანი...

ფშავს აფარებდა თავს მაშინ მამამისი თეიმურაზი ოჯახით.

და ფშავიდან ჩამოსულიყო ერეკლე თელავში.

და უცებ აცნობეს ბატონიშვილს: „მოვიდნენ ლეკნი და ქისიყი მოარბივეს!“

მაშინვე ახლომახლო სოფლებში შიკრიკები აფრინა ერეკლემ, – ყველა გამოიყვანეთ, ვისაც საომრად ფეხზე დგომა შეეძლოსო. თვითონაც აღიკაზმა და ამხედრდა. მოიჭრა ახლად შეყრლი კახთა ლაშქარი. გაუძღვა ბატონიშვილი. ნეიშნის მინდორზე წამოეწია ტყვეებითა და ნაძარცვით დატვირთულ არხეინად მიმავალ ლეკთა ჯარს. ცხენთა გამალებული თქარუნი რომ შემოესმათ, შემოტრიალდნენ ლეკნი. შემოტრიალდნენ და მაინცდამაინც საშიში არაფერი უხილავთ: ქართველთა მცირე გუნდი მოჰქროდა, წინ მომცრო ტანის უწვერული ყმა მოუძღოდა.

და „ძლიერად შემოებნენ ლეკნი“ ქართველებს. ერთ ხანს ერთ ალაგზე შენივთდა ბრძოლა. ეტყობოდა, რიცხვით სიმრავლეს თავისი უნდა გაეტანა. იგრძნო ერეკლემ, გული გასტეხოდათ ქართველებს. მაშინ მტრის შუაგულს დაეძგერა ბატონიშვილი, ხმლის ცემით და ავი ყივილით. ლეკთა ბელადი ამოირჩია და მიუხდა ცხენდაცხენ. შემოეგება ლეკთა სარდალიც. ხმალთა გაელვება და... შუაგაჩეხილი გადმოეშვა ცხენიდან ლეკი.

და „ამის მხილველთა კახთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინა წარიქციეს ჯარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოსწყვიტნეს უმრავლესნი. და მოვიდა მაღაროს გამარჯვებული, რომლისათვის ფრიად მხიარულ-იქმნენ კახნი, იხილეს რა სიმხნე და მამაცობა მემკვიდრისა თვისისა“.

მაშ, იდგა 1735 წელი, პირველი გამოსვლა თხუთმეტი წლის პატარა კახისა, ანუ დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა.

მაშ, ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი და სამოცი წელიწადი ვერ ჩამოხდება საომარი უნაგირიდან...

2 ქართველები და ნადირ შაჰი

▲ზევით დაბრუნება



აღმოსავლეთ საქართველოში კი, როგორც ითქვა, „ოსმალობის“ ნაცვლად ისევ „ყიზილბაშობა“ ჩამდგარიყო.

ირანის ტახტზე იჯდა ნადირ შაჰ ავშარი.

მოჭრილი იყო ვერცხლის მონეტაც, რომელზეც ეწერა: „დაე, მსოფლიოს ეუწყოს მისი მომავალი დამპყრობლის – ნადირის გამეფება“.

თითქოს შაჰ აბასი გასცოცხლებოდეს ირანს. მაგრამ ვაი, რომ საქართველოსაც გასცოცხლებოდა შაჰ აბასი!

ხოლო, სომეხი ისტორიკოსის ბრძანებისა არ იყოს, ახლა ირანი ნადირ ავშარისა კი არა, ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსის სამფლობელო უნდა ყოფილიყო. დიახ! მაგრამ ვაი, რომ ვერ იგრძნო ვახტანგ მეექვსემ ამ საბედისწერო 20-იან წლებში ხელსაყრელობა დრო-ჟამისა! ვერ იგრძნო, ვერ შეიცნო და ვერ ითამაშა „მსოფლიო ჰეროიკის“ მთავარი გმირი. ახლა სხვა „თამაშობდა“ ამ „გმირს“ - ტომით ქართველი კი არა, არამედ ავშარი... რა გაეწყობა, – ესეც საქართველოს ბედი ყოფილა! ვახტანგ მეექვსე ასტრახანის ლორწოიან მიწაში იწვა, ხოლო ირანის ტახტზე მისი „მაგიერი“ იჯდა.

იჯდა და საქართველოსთვის ოსმალური უღელი ჩამოეხსნა.

ჩამოეხსნა და მის მაგივრად თავისი, ყიზილბაშური უღელი დაედგა.

ქართველობას, მაშ, ისევ უნდა ებრძოლა. ებრძოლა, „სანამ პირში სული ედგა“...

კახეთში 1733 წლიდან თურქების დასტურით მეფედ იჯდა თეიმურაზი, სიძე ვახტანგ მეექვსისა, მამა პატარა კახისა. დარჩებოდა თუ არა იგი კახეთის ტახტზე ნადირ შაჰის ნებართვით, – ეს თვითონ თეიმურაზის „ჭკვიანურ ქცევაზე“ იქნებოდა დამოკიდებული.

ხოლო, ქართლის „საპატრონოდ“ შაჰმა გამოგზავნა სეფი-ხანი, რომელმაც მოსვლისთანავე ახალი გადასახადი გააწერა – სამიათას სამასი თუმანი ფული და ხუთასი „ნოქარი“ (ჯარი) საომარი აღჭურვილობით, ცხენკეთილობითა და ცოლ-შვილით, ტფილისში სადგომად.

ქართველები არ შეურიგდნენ ახალ ხარკსა და დამცირებას. აჯანყდნენ: „ქსნის ერისთავი შანშე, ამილახორი გივი, აბაშიძე ვახუშტი და სულ ზემო ქართლი, გაღმით თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი“.

ტფილისიდან ყიზილბაშთა მარბიელი ჯარები გავიდნენ.

რამდენჯერმე მიუხდნენ ქსნის საერისთავოს. მაგრამ „რამდენჯერაც მივიდნენ, ბრძანებითა ღვთისათა, იმდენჯერ გაემარჯვა“ შანშე ერისთავსა და ქსანელთა ლაშქარს.

სამჯერ გივი ამილახორს მიესივნენ ყიზილბაშები. კეხვთან გამართულ სამივე ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და აოტეს მტერი.

ისევ „გამოუსია თარეში“ სეფი-ხანმა. სპარსელები შეესივნენ სურამის ხეობას, ციხისძირს, ნუნისს, ჩრდილს. ვახანიდან გამოუხტათ ვახუშტი აბაშიძე, სასტიკად დაამარცხა და უკუაქცია მოთარეშე ყიზილბაშნი. სეფი-ხანმა ქართველთაგან ნაწვნევი მარცხი მარცხად არ ჩააგდო და ფიცხელი ბრძანება გაუგზავნა ქართლ-კახეთის თავკაცებს: ჯერ კიდევ გვიან არ არის და, თუ მართლა ქვეყნისა და თქვენი თავის დაღუპვა არ გადაგიწყვეტიათ, ჩემთან მოდით, შევრიგდეთ და პირობას გაძლევთ, შაჰთანაც შეგარიგებთო.

გასჭრა ყიზილბაში მოხელის მოწოდებამ და მასთან გმოცხადდნენ: თეიმურაზ კახთა მეფე, მისი სახლთუხუცესი გივი ჩოლოყაშვილი, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახორი, თარხან ლუარსაბი, თამაზ ანდრონიკაშვილი და ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი.

არ გმოცხადდა მხოლოდ შანშე ქსნის ერისთავი.

სეფი-ხანმა მასთან გამოცხადებული ქართველები შეიპყრო, ბორკილები გაუყარა და ყველანი ირანს გაგზავნა, შაჰ-ნადირთან.

ამის შემდეგ სეფი-ხანმა ისევ გაუსია ჯარები შანშე ერისთავის გასანადგურებლად და შესაპყრობად. ბრძოლა იკორთას გაიმართა. ქსანელებმა ისევ დაამარცხეს და უკუაქციეს მტერი. 1737 წელს სეფიხანმა ირანიდან ახალი ჯარები მიიღო და მაშინვე დაიძრა ქსნის საერისთავოსკენ. ისევ მხნედ დაუხვდა მტერს შანშე. მაგრამ ამჯერად იძლივნენ ქართველნი. შანშე ჯერ იმერეთს გადავიდა ცოლ-შვილით, იმერეთიდან რუსეთს წავიდა და თან ქართველ თავადთა საერთო სათხოვარი გაიყოლია: იქნებ როგორმე რაიმე დახმარება გამოეწირა რუსეთის მეფეს, ხოლო ვახტანგს (ჯერ ისევ ცოცხალს) თავისი ძე, ბაქარი მაინც გმოეგზავნა „უთავოდ დაგდებული“ საქართველოს „საპატრონოდ“. მაგრამ რასაც ვახტანგ მეფე ვერ შეწვდა, ქსნის ერისთავი რას „შეწვდებოდა“. რუსმა დიპლომატებმა შანშე ახლოსაც არ გაიკარეს, ვახტანგიც „აშთრახანის“ მლაშე მიწას ჩაუწვა და ამით ყველაფერი გათავდა. შანშე ერისთავი საქართველოში გაწბილებული და პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნდა.

დაბრუნდა და, რაკი ჯერ „პირში სული ედგა“, ისევ ჩაავლო ხელი ყიზილბაშურ სისხლზე დაგეშილ ხმალს...

ნადირ შაჰმა საქართველოდან ,,სიამტკბილობით მიიღო გამოგზავნილი ტყვეები. თითქოს კიდევაც გაიკვირვა ყაენმა: იმ თავხედმა სეფიხანმა ბორკილები როგორ შეგბედათ, როცა თქვენის სურვილითა და ჩემს საერთგულოდ სწვევიხართ ეგზომ საპატიო სტუმრებიო. ისეთი „გულითადი საუბარი“ გაიმართა, თითქოს შაჰ აბასი ემუსაიფებოდა თავის „უსაყვარლეს“ ქართველებს – თეიმურაზ პირველს, ლუარსაბ მეორეს, სააკაძეებს, უნდილაძეებს.

ნაცნობი იყო ეს სურათები.

შაჰ ნადირსაც, შაჰ აბასის მსგავსად, ქართველები მათი მარად ცხოველმყოფელი ძალმოსილების გამო კიდევაც სძულდა და კიდევაც „უყვარდა“, მათი ეშინოდა და მათით იმედოვნებდა.

ყანდაჰარს ლაშქრობას ეპირებოდა შაჰ ნადირი და ძალიან სჭირდებოდა ავღანისტანის მიწაზე სახელგანსმენილ ქართველთა სიმამაცე და სიქველე.

ნადირმა ქართლიდან სეფი-ხანი გაიწვია ქართველთა ახალი ნაკადით და 1737 წელს წარემართა იგი ყანდაჰარისკენ, თავისი ირანელებით და „თავისი ქართველებით“.

ქართველებმა შემუსრეს ყანდაჰარის კარიბჭენი და ქალაქში („ნაცნობ ქალაქში“) შეიჭრნენ. ყიზილბაშებიც მიჰყვნენ უმოწყალო სიკვდილის თესვით.

შაჰმა ყანდაჰარის აღების შემდეგ ქართველი წარჩინებულნი დიდი ძღვენითა და მადლობით გამოისტუმრა საქართველოსკენ მხოლოდ თეიმურაზ მეფე დაიტოვა თავისთან, შეუვალი მოთხოვნით: საქართველოში მხოლოდ მაშინ გაგიშვებ, თუ ჩემთან შენს შვილებს, ქეთევანსა და ერეკლეს გამომიწვევო.

- რისთვის მთხოვ შვილებსო, – შიშრეულად იკითხა თეიმურაზმა.

- შენი ასული რძლად მინდა, ჩემი ძმისწულის, ალი-ყული-ხანის მეუღლედ, ხოლო ერეკლე ინდოეთს სალაშქროდ ვიახლოო, ბრძანა შაჰმა.

ესეც „ჩვეულებრივი ისტორია“ იყო და გაემგზავრნენ ქეთევან და ერეკლე სპარსეთს. „დიდი სიყვარულით“ მიიღო ისინი შაჰ ნადირმა. ქეთევანი მართლაც მაშინვე შერთო ალი-ყული ხანს. ქორწილი რომ განესრულა, შაჰ ნადირი ერეკლეს მიადგა და მოსთხოვა: ახლავე ქრისტიანობა განაგდე და მაჰმადიანობა მიიღეო. მაგრამ პატარა კახმაც მაშინვე შეაგება სიტყვა შეუქცევლად: „ჩემი მოკვლა შესაძლებელ არს, მაგრამ ჩემი სულის შეცვლა და შერყვნა არას ძალით არ მოხერხდება; ამიტომ ტყუილად ნუ შეეცდები ჩემს გამაჰმადიანებასო“.

შაჰი აღარ ჩააცივდა. მიხვდა, ერეკლე რჯულის გამოცვლას სიკვდილს არჩევდა. შაჰს კი ცოცხალი ერეკლე სჭირდებოდა...

თეიმურაზი საქართველოში დაბრუნდა.

ერეკლე შაჰ ნადირმა ინდოეთის ლაშქრობაში წაიყვანა. მალე ჭაბუკი ქართველი ბატონიშვილის დიდი სიმამაცისა და წინდახედულების ამბავი მოვიდა ინდოეთიდან...

... სანამ ერეკლე ბატონიშვილი ნადირ შაჰის სამსახურში იდგა, მანამ ქართლის მიწაზე დიდი ცოდვა-ბრალის კალო ტრიალებდა. ყიზილბაშები ადვილად ახერხებდნენ ქართველ თავადთა შორის მტრობის ჩამოგდებას, შინა-ქართული სისხლთა თხევასა და შინადაქცევას. ყველაზე ძლიერნი – ქსნის ერისთავი შანშე და ზემო ქართლის მფლობელი გივი ამილახორი ერთიმეორეს დანასისხლად გადაჰკიდებოდნენ და მათი მძიმე ეროვნული ხმლები ზოგჯერ შინაურს უფრო მწარედ ხვდებოდა, ვიდრე გარედან მომხვდურ მტერს.

ქართველის დამარცხება რომ ყველაზე კარგად და „ილათიანად“ ისევ ქართველს შეუძლია, – ეს „სიბრძნე“ ნადირ შაჰსაც კარგად სცოდნია და, შანშე ერისთავის განადგურება და შეპყრობა მან სწორედ გივი ამილახორს „შეაწერა“ (გივი ამილახორი სიმამრიც იყო ნადირ შაჰ ისა. მანამდეც ნადირს ცოლად შეერთო დავით კახთა მეფის ასული, თეიმურაზ მეფის ძმისწული).

გივი ამილახორის ჯარს, ყიზილბაშ სპარსელთა გარდა, შაჰის ბრძანებით შეუერთდნენ საქართველოსთვის აქამდე სავსებით უცხო მეომარნი, „ინდოელნი, ლაურელნი, ფაშაურელნი, ოთხი სულთანი ექვსის ათასი კაცითა... და ჯარი ავღანთა“.

ამილახორმა სამად გაჰყო ლაშქარი. ერთს ბეჟან არაგვის ერისთავი უჩინა სარდლად და ლომისზე გაგზავნა, მეორე – სულ ყიზილბაშნი, ინდოელნი და ავღანელნი, იმამ-ყული-ხანის მოთავეობით ლიახვის ხეობას შეუსია, ხოლო თვითონ იგი, საამილახვროს ჯარით, პირდაპირ ქსნისკენ დაიძრა. ასე, სამის მხრიდან „უყვეს თარეში, ააოხრეს ქსანი, დაწვეს დაატყვევეს და ამოწყვიტეს ურიცხვი, დააქციეს ციხეები ან საცა კოშკი იყო, არსად გაუშვეს შენობა“. აწერის ციხეში გამაგრდა ყველგან ფეხმოკვეთილი შანშე ერისთავი ოჯახით, სახლეულით, მსახურეულით, ძმითა და რძლით. აწერის ციხესაც მიუსია ყოველის მხრიდან „მრავალ-თესლოვანი ჯარები“ გივი ამილახორმა. ერთი კვირა გაგრძელდა ალყა და იერიში. გამარჯვება ვეღარ იჭეშმარიტა შანშე ერისთავმა და ერთ წვიმიან-ჯანღიან ღამეს, ძმასთან, იესესთან ერთად, „გაიპარა ციხიდამ“. დილით მოალყეებმა აიღეს და აიკლეს უპატრონოდ დაგდებული აწერი. ტყვედ აიყვანეს ორივე ძმის – შანშეს და იესეს ცოლ-შვილნი.

ნადირ შაჰი დაღესტნის დასაპყრობად გამგზავრებულიყო დიდძალი მხედრობით, დერბენდს მისულიყო და იქვე შეეტყო ქსნის აჯანყების ჩახშობის ამბავი ესეც მოახსენეს, შანშე და ისე ახალციხის გაქცეულან იქაურ ფაშასთან თავშესაფარად. მაშინვე სასტიკი მუქარა აფრინა ნადირმა ახალციხის ფაშასთან და თავშეფარებულთა გაცემა მოითხოვა. ფაშა დაფრთხა და დადედლდა. შანშეს და იესეს ბორკილები გაუყარა და ნადირს გამოუგზავნა. ტყვეები რომ წარუდგინეს, ნადირ შაჰი იქვე, მის სამსახურად მდგარ ქართველ თავადებს მიუბრუნდა და შესძახა: თუ თქვენს შორის ერთიც აღმოჩნდება, რომელიც შუამდგომლობას და თავდებობას იკისრებს, მე შევუნდობ და თავისუფლებას დავუბრუნებ შანშე ერისთავსო.

არც ერთმა ქართველმა არ იკისრა ქართველისთვის შუამდგომლობა და თავდებობა. მაშინ ბრძანა შაჰ ნადირმა, შანშე და იესე ერისთავნი ასე ბორკილდადებულნი ხორასანს წაიყვანეთ და იქ დაჰყარეთ სიკვდილამდე საცხოვრებლადო...

... ნადირ შაჰმა უმძიმესად დახარკა საქართველო. ჯერ მუმეიზი (აღმწერელი) გამოგზავნა, ქვეყანა ყოველი სულიერი და უსულო საგნით, ყოველი უძრავ-მოძრავით, ყოველი ვარგისით და უვარგისით ააწერინა, აზომვინა, ააწონინა, აათვლევინა და ისე დახარკა.

ხარკი დაადეს ყოველ სოფელს და ნასოფლარს, ყოველ შენობას და ნაშენობარს, ყოველ წისქვილს – დოლაბსაც და ბუჭულასაც. დაბეგრეს ყოველი ცხოველი: ცხენი – ულაყიც და ჭაკიც, რქოსანი – მეწველიც და უწველიც, კამეჩი – ზაქიანიც და უზაქოც, ღორი – გოჭიანიც და უგოჭოც, ვირი – მუტრუკიანი და უმუტრუკო, ცხვარი – კრავიანი და უკრავო, თხა – თიკნიანი და უთიკნო. მიწა საბელით ზომეს და ერთი გოჯიც არ დარჩენიათ დაუხარჯავი. ვაზები თვალეს და ყოველ ძირ ვაზს გადასახადად დაადეს თითო ბისტი. ხეხიც თვალეს და ყოველ ძირ ხეს გადასახდელად დაადეს თითო შაური. ადამიანებსაც დაადეს გადასახადი, ასაკის მიხედვით: სრულასაკოვან კაცს ორი მინალთუნი (ორი მანეთი) უნდა გადაეხადა, „ასაკოვან ყმაწვილს“ - ხუთი აბაზი (ერთი მანეთი), „ხარჯი დასწერეს ყმაწვილზეც“ (ათ წლამდე). უმძიმეს თურქულ გადასახადებსაც გადააჭარბა სისასტიკით ნადირ შაჰის ახალმა საგადასახადო განწესებამ.

გამწარებულმა ქართველმა გლეხმა ჯავრი საკთარ, ღვიძლ ნაჭირნახულევ მეურნეობაზე „იყარა“: „ამა ამბავთა შინა მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა, მრავალი კაცი ვენახებსა და ბაღებსა თავისი ხელით კაფიდის და აოხრებდის“.

ერთ თვეში სამი ათასი კოდი პურისა და ქერის მარცვალი გაიტანეს ყიზილბაშებმა ქართლიდან. მეორედ სამი ათასი მძიმედ დატვირთული ხარ-ურემი გაიყვანეს. მესამედ ორი ათასი ხარი, ყოველ ურემზე ორი ხარვალი (ოთხასი ლიტრა) ხორბლით. ხორბალს რომ თავი დავანებოთ, არც ერთხელ აღარც ხარი დაბრუნებულა უკან და აღარც ურემი, და „აღარ დარჩა ქართლში ხარი“.

ნადირ შაჰი არ ცხრებოდა. 1742 წელს კიდევ მოსთხოვა ქართლს ხორბალი, ამჯერად სამი მილიონი ლიტრა! ეს კიდევ ვითომც სხვათა შორის, – უარესი კი ის იყო, რომ ნადირმა ქართულ მიწაზე მუდმივი გადასახადი, მალუჯათი გააწერა. სამხედრო სამსახურიც ხომ ცალკე ხარკად აწვა ქართველობას და გადიოდა „ნოქარის“ სახელით ქართულლი ჯარი ყიზილბაშთა სამსახურში, გადიოდა ორმაგი ხარჯით — ხარჯით თავისთვის და ხარჯით ყიზილბაშთა ჯარისთვის.

და ბოლოს, ტფილისში ახალი ბრძანება მოვიდა მსოფლიო მბრძანებლისა: ქართლმა ირანისთვის სასწრაფოდ უნდა „გამოიღოს“ სამასი ახალგაზრდა ქვრივი ქალი, სამასი გოგო-ქალწული, სამასი ვაჟი-ყმაწვილი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვალი პური!..

და ქართველებსაც ხომ ხასიათად მოსდგამდათ: სწორედ „მეტისმეტ დაწოლას“ მამაზეციერსაც აღარ მოუთმენდნენ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას მიეცემოდნენ თავდავიწყებით.

და ქართლში აჯანყებამ იფეთქა..

მეთაური აჯანყებისა – გივი ამილახორი.

ისევ დადგა უმძიმესი ხმალთაკვეთება და სისხლისთხევა ქართლის მიწაზე, სამკვდრო-სასიცოცხლო რკენა ქართველებსა და მუდამ რიცხვმრავალ გადამთიელთა შორის და იქვე, – ჭეშმარიტ ქართველებსა და „გაუცხოებულ“ ქართველებს შორის.

უკვე სამი წელიწადი იღვრებოდა სისხლი ამაოდ. ზედიზედ ეწირებოდა ნადირ შაჰისგან წარმოგზავნილი ახალ-ახალი ჯარები ქართულ ხმლებთან ჭიდილს.

მაშინ ისევ მიმართა ცბიერმა შაჰმა მრავალგზის ნაცადსა და უტყუარ ხერხს — ქართველების დამარცხებას ქართველთა ხელით! თეიმურაზ მეორეს, კახთა მეფეს, შემოუთვალა ნადირმა: არაგვისა და ქსნის საერისთავოები მოღალატე გივი ამილახორისთვის წამირთმევია და შენთვის მიბოძებია, მიდი და შეიყვანე შენი ჯარებიო.

საქართველოს მოსისხარნი თითქმის ყოველთვის ადვილად ახერხებდნენ ქართველთა წაკიდებას. ეს ყოველმა გადამთიელმა კარგად ისწავლა და, ახლაც, ნადირ შაჰსაც დიდებულად გამოუვიდა: თეიმურაზი კახთა ჯარით დაიძრა და ზედიზედ ჯერ არაგვის, მას უკან ქსნის საერისთავოები თავისთვის დაიჭირა.

არაგვისა და ქსნის ხეობათა დაკარგვამ ძალზე დაავიწროვა და დაასუსტა გივი ამილახორისა და მისი თანამებრძოლების სამოქმედო არეალნი.

და ერთბაშად, 1744 წლის იანვარს, სამამულო აჯანყების ბელადმა დასახმარებლად მოუხმო თურქეთს. ასე – გივი ამილახორის მაღალ შუბლზე სამამულიშვილო გვირგვინი უცებ ჩამოჭკნა და ჩამოიშალა. მას ამიერიდან დაერქმეოდა „რენეგატი“, ანუ „ოსმალეთის აგენტი“.

მოვიდნენ თურქნი და შეუერთდნენ გივი ამილახორის ჯარს.

აჩაბეთის ციხესთან ერეკლე კახთა ბატონიშვილი დაუხვდა თურქთა, ლეკთა და ქართლელთა ერთიან ჯარს. დაუხვდა, დაამარცხა და უკუაქცია. ცხინვალს შეეფარნენ დამარცხებულნი.

მეორე სურამთან შეხვდნენ ერთმანეთს გივი ამილახორი და ერეკლე თეიმურაზის ძე. ისევ ძლიერად იომა 23 წლის ბატონიშვილმა, ისევ დამარცხდა გივი და შეიკეტა სურამის ციხეში.

თურქები დაფრთხნენ, ცხინვალიდან აიყარნენ, ბორჯომის ხეობა გაიარეს და ახალციხეს დაბრუნდნენ, დამარცხებულნი და „სირცხვილეულნი“.

დიდი ხანი აღარ გასულა და თეიმურაზ კახთა მეფემ ახალი რაყამი მიიღო ნადირ შაჰისგან: ამიერიდან კახეთის მეფეს, კახეთთან ერთად, საბატონოდ ეძლევა ქართლი. გარდა ამისა, ვითარცა ქართლის ნაწილნი, თეიმურაზს დაემორჩილებიან ყაზახი და ბორჩალუ. „შენი უნებური არა იქნას რაო, როგორც შენ მამსახურებ მაგ ქვეყნებს, ყოველივე შენს სიტყვას ვჯერ-ვარო“, – უთვლიდა ყაენი თეიმურაზს. დანარჩენებსაც – ქართლში წარმოგზავნილ ყოველ „ხანსაც“ და ადგილობრივ ქართველ თავადსაც საგანგებოდ უბრძანებდა შაჰ ნადირი: „მეფეს თეიმურაზს შეეყარენით და რაც თქვენი საქმე იყოს, ეგ მომახსენებდესო და ყველანი მაგის სიტყვის მორჩილნი იყავითო“.

ასე — აღმოსავლეთი საქართველო „გაერთიანებულად“ ცხადდებოდა. ეს სწორედ დიდი გამარჯვება იყო. გამარჯვება თეიმურაზი"სა. გამარჯვება ერეკლე ბატონიშვილისა. გამარჯვება „ქართულობისა“.

ხოლო გივი ამილახორი თითქოს აღარც არსებულიყოს ამ ქვეყანაზე. თვითონ ამილახორის კუთვნილი საამილახოროდან“ სამი ათასი ოჯახი „უბედური ქართლიდან“ „ბედნიერ კახეთში“ გაქცეულიყო. და ეს სავსებით ბუნებრივი, სავსებით „ქართული“ იყო, ვინათგან გივი ამლახორის აჯანყება უკვე აღარ იყო სამამულიშვილო აჯანყება. ქართველთა აჯანყების ბელადმა ქართულ დროშაზე თურქული ნამგალა მთვარე „გამოურია“ და ქართველებიც გაურბოდნენ „ამნაირ ქართველს“. უკვე ეს ლექსიც დაჰქროდა ხალხში:

შენ, გივო ამილახორო, გუნება თაღლითიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ჰქრიანო!

მაგრამ მაინც არ ელეოდა ბრძოლას გივი ამილახორი. ისევ შემოჰყავდა ქართლში თურქები და ლეკები და გააფთრებით ებრძოდა ყიზილბაშებსაც და ქართველებსაც. თედოწმინდასთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა კიდეც თეიმურაზ მეფე გივი ამილახორმა.

გივი ამილახორის ბანაკში პირველ გმირად ითვლებოდა ლეკთა ბელადი მალაჩი. აუცილებელი გახდა ქართული მიწა-წყლის ამ სასტიკი მაოხარის მოსპობა და ერეკლე ბატონიშვილი ხუთასი მეომრით დაუხვდა არაგვზე, საგურამოს გასწვრივ, ორი ათასი ლეკითა და ორი ათასი ოსმალოს თანხლებით მომავალ მალაჩის. დაუხვდა და შეება გააფთრებით, ჯერ მალაჩის თანაშემწე ოსმალო სარდალი ჩამოაგდო უსულოდ ცხენიდან, მერე თვითონ მალაჩისაც მიუხდა და ხმლის უსწრაფესი მოქნევით მოჰკვეთა თავი „გმირსა უძლეველს“. გატრიალდნენ და გაიქცნენ უთავოდ დარჩენილი ლეკ-ოსმალონი. გამოედევნენ ქართველები, „მრავალი მოსწყვიდეს და მრავალი დაიჭირეს“, „რისხვა ღვთისა დასცეს“...

დიდად გაიხარა ნადირ შაჰმა ერეკლეს გმირობისა და ლეკ-ოსმალების გაწყვეტის ამბით და მაშინვე „თავის გაზრდილს“ გამოუგზავნა „ცხენი ოქროსა აღკაზმულობითა და ხრმალი მძიმედ მოჭედილი“...

და მაშინ მოხდა ყველაზე მთავარი, საგანგებოდ მისანიშნებელი: ნადირ შაჰმა ბრძანა, ამიერიდან ქართლის მეფედ დანიშნულია თეიმურაზ მეორე, ხოლო კახეთის მეფედ - ერეკლე თეიმურაზის ძე!

საოცარი და სახსოვარი ისაა, რომ „ორივე საქართველოს“ ორივე მეფე არის ქრისტიანი და არცერთი მათგანისათვის ირანის მბრძანებელს არ მოუთხოვია განტევება ქრისტიანობისა, ანუ „ქართველობისა“ და მიღება მაჰმადიანობისა, ანუ „თათრობისა“. ჭკვიანი ხელმწიფე ბრძანდებოდა ნადირ ყაენი: ისტორიასაც კარგად იცნობდა საერთოდ და საქართველოს ისტორიას გამორჩეულად - რა არ სცადეს და როგორ არ სცადეს მისმა წინაპრებმა, ირანის დიდმა თუ მცირე ხელმწიფეებმა, მაგრამ საქართველოს გათათრება ვერ იქნა და ვერ მოახერხეს. საკითხი ასედაც იდგა: საქართველო უნდა გაეთათრებინათ, ან უნდა მოეკლათ, მაგრამ ერთიც და მეორეც შეუძლებელი გამოდგა. ქართველ ხალხს არ აღმოაჩნდა „უნარი“ არც გადაგვარებისა და არც სიკვდილისა. არამედ მისი „მარადიული უნარი“ ყოფილა „მარადიული ქართველობისა“ და „მარადიული უკვდავებისა“. მხოლოდ ერთ რამეს ახერხებდნენ ასე თუ ისე, საქართველოს გადაგვარებისა და ამოგდების მოწადინენი: „მბრძანებლობას საქართველოზე“ ჟამ-ჟამეულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად... მაგრამ ესეც იყო მარად ნიშანდობლივი. რამდენიც არ უნდა „იმბრძანებლო“, იგი მაინც არის „თავისთვის საქართველო“, თავისი მარადიული ფერუცვლელობით. ამდენად ამნაირი „მბრძანებლობა საქართველოზე“ არის ყოველთვის პირობითი, უფესვო, უნიადაგო და წარმავალი. ესეც საცნაური გახდა ბოლოს და ბოლოს, ქართველობას კიდევ უარესად აღიზიანებს თათარი და გათათრებული მბრძანებლის დანიშვნა. ქრისტიანი თეიმურაზი და ერეკლე უფრო გამშვიდებდნენ“ ქართულ მიწაწყალს, ვიდრე ეს უამრავი მუსლიმი და გამუსლიმებული „ხანი“ და „ბეგი“... ქართველთა თვალში გარეგნულ სახესაც დიდი ფასი ჰქონია: ოღონდ ერქვას ქრისტიანი, ოღონდ ერქვას ქართველი. მოკვდება შიმშილით, დაიხრჩვება წყურვილით, ჩაირღვნება წყალში, ჩაიწვება ცეცხლში – ოღონდ ცოცხალი თავით არ დაგანებებს ქართულ სინდისს, ქართულ ენას, ქართულ სუფრას, ქრთულ სიმღერას, ქართულ ტირილს...

და ასე გადაწყვიტა ირანის დიდმა ხელმწიფემ: დაე, იყვნენ ქართლისა და კახეთის მეფენი რჯულშეუცვლელნი და სინდის შეუცვლელნი ქვეშევრდომნი. ასე სჯობია, საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეიცვალოს „ზემოდან“, ვიდრე ამას ქართველები მოახდენენ „ქვემოდან“ (როგორც მოუხდენიათ მრავალგზის)...

მაშ, დგას 1744 წლის ივლისი და ქართული სამეფოების სათავეში დგანან „რჯულშეუცვლელი“ ქრისტიანი მეფენი. 130-ე წელიწადი გასულა 1614 წლიდან, როცა მეფე ლაურსაბ მეორე, ვითარცა უკანასკნელი ქრისტიანი მეფე, შაჰ აბასმა წაართვა საქართველოს. მას შემდგომ „გათათრებული ქართველები“ განაგებდნენ აღმოსავლეთ „საქართველოებს“. და ახლა, 1744 წელს, ისევ ქრისტიანი ქართველი მეფენი – ქართლის მეფე თეიმურაზ მეორე, კახეთის მეფე ერეკლე მეორე...

... გივი ამილახორი კი ისევ სურამის ციხეში იყო ჩაკეტილი და ჩარაზული. შაჰ ნადირი კი თეიმურაზს ავალებდა: გივი ამილახორისა გაარიგე, ან შემომარიგე, ან მოთხარე და მომასვენეო.

გარს შემოადგა ალყად თეიმურაზი სურამის ციხეს ქართველთა და ყზილბაშთა ჯარით. ალყა გაჭიანურდა. თეიმურაზი უსისხლოდაც ცდილობდა საქმის გათავებას. კიდევაც შეხვდა პირადად გივის, შაჰთან თავდებობას და პატიებას ჰპირდებოდა, მაგრამ გივი ისევ არავის ენდობოდა და ბრძოლას განაგრძობდა. ბოლოს, უკიდურეს ჟამს, გივი ამილახორმა შემოთვალა, მხოლოდ დედოფალს ვენდობი და იმას ჩავბარდებიო. თეიმურაზმა ტფილისიდან იხმო მეუღლე-დედოფალი. მაშინვე „წაბრძანდა დედოფალი თამარ და მიბრძანდა სურამს“. გამოვიდა გივი ამილახორი და ფიცის ქვეშ ჩაბარდა დედოფალს. ციხის კლიტეებიც მაშინვე ჩააბარა თეიმურაზს.

გივი ამილახორის აჯანყება გათავდა. შაჰ ნადირი ზეიმობდა, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა და ბოლომდე ვერ ენდო გივი ამილახორის დატოვებას საქართველოში. ვერ შეურიგდა და ორი ხანი გაგზავნა საქართველოში თეიმურაზთან ბრძანებით: გივი ამილახორი შეიპყარით და სპარსეთს გამომიგზავნეთო. უსაზღვროდ შეწუხდნენ მეფე-დედოფალი. ცალკე გივი ამილახორი ენანებოდათ, ცალკე ნაფიცარი სიტყვის გაცუდებისა რცხვენოდათ. მაშინ დედოფალმა თამარმა გამოაცხადა: გივი ამილახორს მე თვითონ გავყვები სპარსეთს და პირადად გამოვთხოვ ყაენს მის შეწყალებასო. მაგრამ თვითონ გივი დადგა უარზე — არასგზით არ დავუშვებ დედოფალი მეახლოს ეგზომ გრძელსა და მძიმე გზაზეო, და თავისიც გაიტანა ამაყმა თავადმა. თუ გადარჩენაა, ჩემი სამშობლოს სიყვარული გადამარჩენს, თუ არა და, სიკვდილისგან მაინც ვერავინ ვერ დამიხსნისო.

და წაიყვანეს სპარსელებმა გივი ამილახორი სპარსეთს. თეიმურაზმა მაინც „თავის კაცები“ გააყოლა წერილით, რომელშიც ისევ გივი ამილახორის პატიებისა და შეწყალების თხოვნა ეწერა ყაენის წინაშე...

... სიცხით მუცელგაფატრული მძვინვარე მზე მდუღარეს ასხამს სპარსულ „შაჰრას“.

საქართველოდან სპარსეთისაკენ მიემართება მცირე რაზმი ადამიანებისა. წინ, უნაგირზე ჩაკრული, მხარგაკრული ახოვანი კაცი მიუძღვით. ეს გივი ამილახორია. სპარსეთს მიჰყავთ — ან მოჰკლავენ, ან თვალებს დასწვავენ...

სპარსეთიდან საქართველოსკენ მოემართება მეორე მცირე რაზმი ადამიანებისა. წინ, ცხენზე მოშლილად მჯდარი, უსინათლო კაცი მოუძღვით. ეს შანშე ქსნის ერისთავია. იგი სიკვდილს გადაურჩა. მარტო თვალების დათხრა აკმარეს...

ერთმანეთს შეხვდა ორი გუნდი, ორი დაუძინებელი მოსისხლის მოთავეობით.

გივიმ იხილა და იცნო შანშე, იხილა, ვინათგან ჯერ არ დაეთხარათ მისთვის თვალები. შანშემ კი ვერ იხილა გივი, ვერ იხილა, ვინათგან კარგა ხნის დათხრილი ჰქონდა თვალები.

საქართველოდან მიმავალთ არ გაჰკვირვებიათ შანშე ერისთავის გამოჩენა. ყველამ იცოდა, მეფე-დედოფალის შუამდგომლობით უნდა გამოეშვა ნადირ შაჰს ხორასნის ტყვეობიდან დაბრმავებული ძმები – შანშე და იესე ერისთავები. ძმა გზაზე მოჰკვდომია შანშეს. მოდიოდა, კუბოში ჩასვენებული ძმისა და მისი უბედურების თანაზიარი ახლობლების თანხლებით.

გივი ამილახორი იდგა და გაქვავებული მიშტერებოდა გაუბედურებულ მეტოქეს.

გაუბედურებულსო?! თუ ბედნიერს?.. დიახ, ბედნიერს, ბედნიერს...

ვინ არიანო? იკითხა ბრმამ.

გივი ამილახორი მიჰყავთ შეპყრობილი სპარსეთისაკენ, – უპასუხეს ბრმას.

გივი ამილახორიო? მაშ, მოჰკითხა ზენაარმა გივი ამილახორს შანშე ერისთავის სისხლისა და გაუბედურებისათვის?!.

გივისთან მიმიყვანეთო, უბრძანა მხლებლებს შანშემ.

მიიყვანეს.

„გამარჯვება, ამილახორო!“

„გამარჯვება, ერისთავო“,

„ხელი მომეცი, ამილახორო!“

„ხელს ვერ მოგცემ, ერისთავო“.

„რადა, ამილახორო?“

„ხელები გაკრული მაქვს, ერისთავო“.

„მაშინ მე, ბრმა, თვითონ მოვნახავ შენს ხელებს, ამილახორო!“

„მადლობელი ვარ, ერისთავო!“

„შენ სტირი, ამილახორო?“.

„საიდან მიხვდი, ერისთავო?“

„ჩემს ხელებზე ცვივიან შენი ცრემლები, ამილახორო“.

„შენი ცრემლებიც ცვივიან ჩემს ხელებზე, ერისთავო“.

„შენ რისთვის ტირი, ამილახორო?“

„შენი უბედურების გამო, ერისთავო“.

„მე კი შენი უბედურების გამო ვტირი, ამილახორო“.

„ჰო, შენ ჩემზე ბედნიერი ხარ, ვინათგან მაინც საქართველოსკენ მიეშურები, ერისთავო“.

„ჰო მე სწორედ ბედნიერი ვარ, თუმცაღა ვეღარ ვიხილავ მაგრამ შევიგრძნობ საქართველოს და მის მიწად გადავიქცევი, ამილახორო“.

„ხოლო მე... რა მელის იქ, ერისთავო?“

„რა მოგახსენო, ამილახორო“.

„მაინც მითხარი, ერისთავო!“

„გახსოვს ანდაზა, ამილახორო?“

„რომელს გულისხმობ, ერისთავო?“

„წასული ბევრი მინახავს, დაბრუნებული აღარავინ, ამილახორო“.

„იქნებ ღმერთმა დამაბრუნოს, ერისთავო!“

„ღმერთმა ინებოს, ჩემებრ ცოცხალი მოგაბრუნოს საქართველოში, ამილახორო!“

„მარტო ცოცხალი, ერისთავო?“ „იქნებ თვალებიც დამინარჩუნოს მაღალმა ღმერთმა, ერისთავო!“

„ამინ, ინებოს მაღალმა ღმერთმა, ამილახორო!“

დიდხანს ტიროდნენ.

ტიროდნენ ერთიმეორის გაუკუღმართებულ წუთისოფელზე.

ტიროდნენ მათი სამშობლოს გაუკუღმართებულ ჟამსაბრუნავზე.

წრფელი სინანულის ცრემლებმა შეარიგა აქამდე დანასისხლად გადამტერებული ორი ქართველი.

ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაშორდნენ.

ბედნიერი უსინათლო საქართველოსკენ მოისწრაფოდა.

უბედური თვალხილული ისფაჰანისკენ მილასლასებდა.

ისფაჰანს მივიდნენ.

ჯერ თეიმურაზის წერილი გადასცეს ნადირ შაჰს. მერე, გივიც მიიღო შაჰმა. ისევ მოხიბლა დიდი ხელმწიფე ქართველი თავადის სიდარბაისლემ, სიტყვა-პასუხმა, კეთილშობილურმა მიმოხრამ და ნაქცეურობამ. სიკვდილით დასჯაზე აღარ უფიქრია ნადირს, აღარც თვალების დათხრაზე. მხოლოდ ხორასანს გადასახლება მიუსაჯა. თეიმურაზს კი ასეთი რაყამი გაუგზავნა ყაენმა: „ჩემი დოვლათის მონახევრე შენა ხარ და ყოველჟამ ჩემის უხვის მოწყალების მოიმედე იყავ. ამილახორის სისხლი შენთვის მიპატივებია და ცოტა ხნის უკან ისევ შენთან გამოვისტუმრებო“...

3 საუკუნის შუაგულს

▲ზევით დაბრუნება



1747 წლის 9 მაისს შეთქმულებმა მოკლეს ნადირ შაჰ ავშარი, დიდი ხელმწიფე, მსოფლიოს დამპყრობელი და მოფლიოს სისხლმაქცევარი.

ირანს მოჰკვდომოდა „მეორე ლომი“, გინა „მეორე შაჰ აბასი“ – კაციშვილი, რომელმაც ცხოვრება დაიწყო მეჯოგეობით და დაამთავრა მსოფლიო მბრძანებლობით. შაჰის გვირგვინი თავზე დაიდგა ნადირის ძმისწულმა და თეიმურაზ მეორის სიძემ ადილ შაჰმა. მაგრამ ირანში ანარქია მაინც გრძელდებოდა. ბევრი მაძიებელი გამოუჩნდა შაჰის ტახტსა და გვირგვინს. თვითონ ადილ შაჰმა იმით დაიწყო, რომ მოკლული ბიძის, ნადირის თორმეტ ძეს, ყველას ყელი გამოსჭრა და ამით მოსალოდნელი მოცილენი სამუდამოდ ჩამოიცილა. მაგრამ „მაძიებლობა“ მაინც გრძელდებოდა. ყოველი ცალკე კუთხის „ხანი“, „ბეგი“ თუ „ბა ში“ ცლკე „შაჰად“ და „ყაენად“ იქაჩებოდა. სახსრებდაშლილი ქვეყანა ავსებულიყო მძარცველებით, ავაზაკებით, მკვლელებით, შარლატანებით, დერვიშებით, სოდომისტებით.

ძალიან სჭირდებოდა ქართველები ადილ შაჰს. გივი ამილახორი გაიხსენა, შაჰ ნადირისგან ხორასანს გადასახლებული. იმ არეულობის ჟამს გივი ამილახორს ათასამდე ქართველი მოეკრიბა თავის გარშემო. მოჰგვარეს გივი ამილახორი და მისი ქართველები ყაენს. ადილმა მაშინვე ყულის ჯარის (გვარდიის) მეწინავე ძალად აიყვანა ქართველობა, ხოლო თვითონ გივი ამილახორი ყულარაღასად, გვარდიის უფროსად დანიშნა. თეიმურაზ მეფე იმჟამად სპარსეთისკენ მიმავალ გზაზე იდგა. ნადირ შაჰს უნდა შეხვედროდა, ქართლზე გაწერილი ახალი ხარკის გაუქმება უნდა ეთხოვა ნადირისთვის, მაგრამ ჩავიდა და ნადირის ნაცვლად ტახტზე თვისი სიძე დახვდა. დიდად გაიხარა ადილ შაჰმა. გულში ჩაიკრა „ძვირფასი და საყვარელი სიმამრი“. იმ ქვეყანაში, სადაც მამანი და შვილნი ერთმანეთს ყელს სჭრიან და თვალებს სთხრიან, სიძესიმამრობას ნაკლები ფასი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ქართველი მეფე „ქართველად“ სჭირდებოდა ირანის მოლიპულ ტახტზე მორყეულად მჯდარ ხელმწიფეს.

თეიმურზი ირანში ორი წელიწადი ჩარჩა. მის დაბრუნებამდე საქართველოში ბევრი სისხლი დაიქცა, ბევრი სიცოცხლე ჩაქრა, ბევრი ლეჩაქი გავდა, ბევრი ხმალი დაილეწა და დამიწდა. ქართლის ტახტისათვის ბრძოლა წამოიწყო აბდულა-ბეგმა, ყრმობითვე გათათრებულ მა ქართველმა, ვახტანგ მეექვსის გათათრებული ძმის იესეს ძემ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს, ერეკლემ აბდულა-ბეგი სასტიკად დაამარცხა და ტახტის მაძიებლობაზე სამუდამოდ ხელი ააღებინა.

ირანის ტახტის „მაძიებლებს“ ესეც უფიქრიათ: „ნამდვილ ყაენობას“ რომ დაეუფლო, ჯერ საქართველოს უნდა დაეუფლოო, და მოდიოდნენ საქართველოს „დასაუფლებლად“ ირანის ხელმწიფობის მაძიებელნი. ერთი პირველთაგანი აღმოჩნდა ალი-ხანი, ადრე, ნადირ შაჰის დროს ქართლის მმართველად ნამყოფი და უეცრად შემოიჭრა ალი-ხანი დიდის ჯარით ქართულ მიწაზე. გატეხილი ხიდის გადმოვლა მოასწრო და ერეკლემ ქართული ჯარი დაახვედრა დიმიტრი ორბელიანის სარდლობით. ბრძოლის სასწორი დასაწყისშივე დაიხელთავეს ქართველებმა, „შიგ დაერივნეს, გაიქცა ყიზილბაშის ჯარი; მიჰყვნენ ქართველნი ხმალ-და-ხმალ, ამოწყვიტეს მრავალი, რომ რისხვა ღვთისა დასცეს“. გადაიხვეწა ალი-ხანი.

1748 წლის ზაფხულს ადილ შაჰს ძმამ, იბრაჰიმმა აუტეხა ბრძოლა ტახტისათვის. აუტეხა და გაიმარჯვა კიდეც, ადილი შეიპყრო, თვალები ამოსთხარა და ბნელ კოშკში ჩააგდო სიკვდილის მომლოდინედ. ირანის ტახტზე დაბრძანდა იბრაჰიმ შაჰი, რომელმაც ცოლად შეირთო თავისი რძალი, ადილ შაჰის ქვრივი, თეიმურაზ მეფის ასული ქეთევან „მზისა სადარი“. თეიმურაზის ნახვა მოინებია და შეხვდა „ახალი სიძე-ყაენი“ ქართველთა მეფეს, „მრავალი უბოძა და თვისისა დიდების საკადრისად დაადგინა“. მაშინვე იბრაჰიმ შაჰმა ერეკლეს საქართველოში გამოუგზავნა „ხალათი მძიმე და რაყამი წყალობისა: რადგან მამა შენი თეიმურაზ ჩვენს სამსახურში არის, შენ ქართლსა და კახეთს კარგად მოუარეო“. მალე კიდევ ახალი საჩუქრები მოუვიდა ერეკლეს იბრაჰიმ შაჰისგან: ხალათები, ოქროთი დარახტული ბედაური და ათასი ოქროს თუმნიანი. მალე კი გამოირკვა, რომ ერეკლეს ასე „ოდენ სიძეცოლისძმური სიყვარულობისთვის“ როდი მოსდიოდა ყაენის საჩუქრები ზედიზედ. მცირე ხანი რომ გამოხდა, იბრაჰიმ შაჰს რომელიღაც ხანი გამოეგზავნა სამოცი კაცით საქართველოში. მოსვლისთანავე ყიზილბაშებმა, ყაენის ბრძანებით, ერეკლეს მოსთხოვეს თხუთმეტი ათასი მეომარი ქართლ-კახეთიდან.

გაჯავრდა ერეკლე და მაშინვე თქვა გადაჭრით: „ჩვენგან ეს არ გარიგდება!“

ეს პასუხი წაიღეს სპარსელებმა სპარსეთს და სანამ „პასუხის პასუხი“ დაბრუნდებოდა, ხმალზე ხელდადებული იდგა ქართლი და კახეთი.

„ასუხის პასუხი“ კი ასეთი მოვიდა: შაჰი თანახმაა, არ გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ოღონდ სამაგიეროდ ასი რჩეული თავადი და აზნაური უნდა გაიგზავნოს სპარსეთს – სამოცი ქართლიდან და ორმოცი კახეთიდან! ამ მოთხოვნას უარი „აღარც“ ეთქმოდა და „ვეღარც“. რჩეულ ქრთველთა მორიგი წასვლა მოსისხლე სპარსეთის სასახლის კარზე სპარსეთსაც სჭირდებოდა და... საქართველოსაც...

... სანამ თეიმურაზი ირანს იყო, ერეკლე მეფე და ანტონ კათალიკოსი გაცხოველებით განაგრძობდნენ ქართული სასულიერო და საერო მაღალკულტურული ტრადიციების აღდგენას, გაწმენდას, გამართვასა და აღზევებას. მათ „მოიძიეს სჯულნი ქრისტესნი და სიმართლით და ღვთისმსახურებით წეს-ქცეულებანი ქართლისანი“. აღმოფხვრეს და ამოძირკვეს სპარსულ-თურქულ უკუღმართ ჟამთაგან დანერგილი „ზნენი უზნეონი“, გარყვნილებანი ხორცით და სულით, სისხლიერი აღრევანი ნათესავთ შორის. აღადგენდნენ და განამტკიცებდნენ მაღალ ეროვნულ თვითშეგნებას. ქართველთა შორის ანტონ კათალიკოსმა, ჭეშმარიტმა ქართველმა ლუთერმა, ქართული ეკლესიიდან გააძევა უვიცი, უზნეო და ეროვნულ თვითშეგნებას მოკლებული მღვდელთმთავარნი და რიგითი მოწესენი. საეკლესიო კრება მოიწვიეს ტფილისში ანტონმა და ერეკლემ და იქ „განარჩიეს და აღმოფხვრეს ყოველივე უწესოდ ქცევანი და დაუდვეს მოციქულთ და მღვდელთ მოძღვართ კანონი სჯული მტკიცე და შეურყეველი ქრისტიანობისა“.

მოძებნეს, „გამოიღეს“, აღადგინეს და გამართეს ვახტანგ მეექვსის სტამბა, რომელიც სავსებით დადუმებულიყო და მიკარგულიყო მისი შემოქმედის გადაკარგვის შემდგომ. სტამბის ხელმძღვანელად დანიშნეს გნათლებული მღვდელი კეჟერაშვილი. ორ წელიწადში შვიდი ათას ოთხასი წიგნი დაბეჭდილიყო, სასულიერო და სახორციელო. „აღავსეს წიგნითა ქართლი“...

... 1749 წელს თეიმურაზ მეფეც გამოეშვა შაჰს საქართველოში. ბევრი ძვირფასი საჩუქარიც გმოეტნია სიძეს სიმამრისთვის, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც შაჰის ეს სიტყვები უნდა ყოფილიყო: „საქართველოსთან ერთად ყაზახ-ბორჩალუც მიბოძებია და ორივე ეგრე იმსახურე როგორც თვითონ საქართველოო“. წინასწარ იბრაჰიმ შაჰს ყაზახ-ბორჩალუშიც უფრენია ბრძანება – ეყმეთ და ემონეთ ქართველთა მეფესო. მართლაც, როგორც კი გამოჩნდა თეიმურაზი, „მიეგებნენ ყაზახისა და ბორჩალუს სულთნები თავისი ჯარებით, დახვდნენ ყმურად და მიართვეს მისართმევი“. მეფემ ყმანი იყმო, ქვეშევრდომი იქვე შევრდომა და წამოვიდა საქართველოსკენ.

მოვიდა თეიმურაზი და შეუდგა მამა-შვილი ერთად „ქვეყნის შემატებასა და აშენებასა“. შეუდგნენ მტერთაგან და ხანჯლული ჭრილობების მოშუშებას. აშენებდნენ და განამტკიცებდნენ ციხესიმაგრეებს, გამორჩევით – სამტრო გზების გასწვრივ.

ხოლო, სპარსეთში, თეიმურაზის წამოსვლიდან ორი თვე თუ იქნებოდა გასული, რომ იბრაჰიმ შაჰს შაჰის ტახტ-გვირგვინისთვის დასტაკებია შაჰროჰი, ნადირ შაჰის შვილიშვილი. დასტაკებია და კიდევაც ჩამოუგდია ტახტიდან, თავიც გაუგდებინებია და შაჰის სისხლიანი გვირგვინი თვითონ დაუდგამს თავზე.

ერთობ გასჭირვებიათ ირანელ ქართველებს შინააშლილობით, უწესრიგობით, შიმშილითა და სნებით ხელდარეულ ქვეყანაში. შეყრილან და წამოსულან საქართველოსკენ. წამდაუწუმ შეტაკებაში იარაღი შემოემტვრათ, ტანსაცმელი შემოადნათ, საჭმელი შემოელიათ. ისევ გივი ამილახორი მოევლინათ მხსნელად და პატრონად, რომელიც მაზანდარანს ბეგლარბეგობდა და მდიდრულად ცხოვრობდა. და შემოიყარა ყოველი ქართველი, ყველა დააპურა, მდიდრულად დამოსა; მდიდრულ საჭურველში დაასილაღა და თვითონ წამოუძღვა საქართველოსკენ. მრავალჯერ გადაუდგნენ წინ ყიზილბაშნი, მაგრამ ყოველთვის „ასე ლომგულად და კაის სარდლობით მოიქცა“ გივი ამილახორი, რომ ქართველებმა, „საცა მტერი აუჩნდისთ, რისხვა ღვთისა დასციან“ ასე გმოაღწიეს „მსოფლიო კრაზანას ბუდიდან“ და ქართულ მიწაზე შემოდგეს ფეხი. ზეიმით შეხვდა საქართველო სისხლიერთა დაბრუნებას...

... იმავე 1749 წელს სომხეთში მაჰმად-ხანი შემოიჭრა ცეცხლით და რკინით. იგი ნადირ შაჰის მკვლელობის მეთაური იყო. მერე აღმადაღმა დათარეშობდა და თვითონაც ყაენობას ეძიებდა თავგამოდებით. ახლა ერევანს მისდგომია სასტიკი რბევით. ერევნის ხანის ძმა დაეჭირა, ოჯახი გაეძარცვა და დაექცია. ერევნის გარე ქვეყანა დაეპყრო და ქალაქსაც აწვებოდა შმაგი იერიშებით.

მოიჭრნენ მოციქულნი სომხეთიდან ქართველ მეფეთა შემოსახვეწრად: „ირანში მეპატრონე აღარ არის და ეს მაჰმადხანი ამ ქვეყანას აოხრებს, ოღონდ თქვენ მოგვეშველენით, ამას მოგვარჩინეთ და თქვენვე გმსახურებთო“.

სასწრაფოდ აისხეს იარაღი თეიმურაზმა და ერეკლემ და სწრაფი სვლით დაიძრნენ ერევნისაკენ. მისვლისთანავე შეიქნა ომი ფიცხელი“. ხუთასი თუშ-ფშავ-ხევსურით მეწინავედ მივიდა ერეკლე და ეძგერა მტრის შუაგულს. გატყდა და უკუიქცა მაჰმად-ხანი. შეტრიალდა და გაიქცა მისი მხედრობა. მიჰყვნენ ქართველნი, „კაფეს ხმალ-და-ხმალ, აგრეთვე იჭირეს ცოცხალი თათარი“. ყარაბაღს გადაიკარგა მაჰმადხანი. მისი ცოლ-შვილი და ხაზინა გამარჯვებულებს ჩაუვარდათ ხელთ. ქართველებმა გამოიხსნეს სომეხი ტყვენი, მათ შორის ძმა ერევნის ხანისა. ათას შვიდასი ყიზილბაში დაცემულიყო საომარ ველზე. მრავალი ტყვედ მოეყვანათ გამარჯვებულებს. ნადავლი მეფეებმა ჯარს დაუნაწილეს. ერევანში შევიდნენ ქართველები. ზეიმით შეხვდნენ სომხები მარადიულ ძმებს, მოყვრებს, მოკეთეებს. ერევნის ხანმა ხუთი ათასი თუმანი მაშინვე მოართვა თავის მხსნელებს, მშველელებს.

დასხდნენ, ითათბირეს და გადაწყვიტეს: ამიერიდან ერევანი არის მოხარკე-ქვეშევრდომი ქართველი მეფეებისა. სამაგიეროდ ქართველები კისრულობენ ერევნის დაცვას, მფარველობას, პატრონობას (და ასე იქნება მანამ, სანამ კრწანისის ტრაგედია მოშლის საქართველოს ძალმოსილებას)...

... 1750 წელს ყარაბაღის ყიზილბაში მფლობელი ფანა–ხანი აღიძრა ქართველთაგან საომრად. დიდძალ მხედრობას მოუძღოდა – „ჯარი ასე შემოიყარა, რომ განჯის ქალაქის მეტი აღარ დარჩა“ აუღებელი. განჯასაც მოადგა ფანა-ხანი. განჯის ბატონმა შავერდი-ხანმა ქართველ მეფეებს შემოუთვალა: მე და ჩემი ქვეყანა თქვენი ყმა და მოხარკე ვიქნებით, ოღონდ დაგვიხსენით ამ კაცისგანო“.

კიდევ, ყრაბაღელი სომეხი მელიქები და ეპისკოპოსიც მოვიდნენ ტფილისს და შემოეხვეწნენ თეიმურაზს: „ქრისტიანე ხელმწიფე ბრძანდებითო, თქვენს ყმად და მრევლად აგვიყვანეთო, თათრის ხელისაგან დაგვიხსენითო“

ისევ ბრძანეს თეიმურაზმა და ერეკლემ საომარი წვევა და განჯისკენ დაიძრნენ ახლადშეყრილი მხედრობით. განჯაში შესვლა უკვე მოესწრო ფანა-ხანს, მაგრამ ქართველების მოახლოება რომ შეიტყო, მაშინვე დატოვა აოხრებული ქალაქი და ისევ ყარაბაღისკენ გაქუსლა. განჯელები ზეიმით შეეგებნენ „გამათავისუფლებლებს“. რამდენიმე დღის შემდეგ კვალში ჩაუდგნენ ქართველები ფანა-ხანს. ყარაბაღში შევიდნენ. ორასი რჩეული კაცით დაწინაურდა ერეკლე, მტერს წამოეწია და აიძულა ბრძოლა მიეღო. ფანა-ხანი სასტიკად დამარცხდა და არეზისკენ გაიქცა. მიჰყვნენ ქართველები, არეზის ხეობა სრულად დალაშქრეს. ყარაბაღი ქართლის საბატონო და საყმო ფარგლებში მოაქციეს...

იდგა 1750 წელი. შუაგული საუკუნისა.

ქართველები მტკიცედ „ჰეგემონობდნენ“ ამიერკავკასიაში.

ქართლის სამფლობელოთა წრეწირში მოქცეულიყვნენ - განჯა, ყარაბაღი, ყაზანი, ნახიჭევანი, ერევანი.

დაძლეული იყო ქართლ-კახეთში „ოსმალობა“. დაძლეული იყო „ყიზილბაშობა“.

მაგრამ დასაძლევი იყო „ლეკიანობა“.

4 „გარდამოსვლა ყოველი ლეკისა“

▲ზევით დაბრუნება




მაღლის მაღალსა მთაზედა კურდღლისა სისხლი მდგარიყო, ჩამოჩვეულა არწივი, უსვამს და ვერა მძღარიყო. ერეკლე ბატონიშვილი ნაურვალ ცხენზე მჯდარიყო, შამაუვლია ხმელეთი, მაშინ-ღა ჩამომხდარიყო. ხალხური

უსაშველოდ ძნელი იყო ლეკთან ბრძოლა, გაცილებით ძნელი, ვიდრე თურქთან, გინა სპარსელთან, გინა არაბთან. მონღოლის შემდგომ არავისთან ისე საძნელო არ იყო ბრძოლა, როგორც ლეკთან.

ქართველთან პირისპირ შეხვედრაში ლეკს ყოველთვის სიკვდილი ან მარცხიანი უკუქცევა ელოდა, მაგრამ ლეკისთვის აუცილებელი არ იყო „პირისპირ შეხვედრა“. იგი მოდიოდა ქურდულად, მიპარვით, ჩასაფრებით, ანაზდაითი დაცემით და „მიხდომ-მოხდომით“.

მთავარი ის იყო, რომ ლეკისთვის ყოველივე ეს – ქურდობა, ძარცვა, მიტაცება, ტყვევნა და ალაფალა – მოუცილებელი სასიცოცხლო „სამეურნეო დარგი“ იყო, ძირითადი და მთავარი დარგი, ურომლისოდაც მას, მწირი და ბერწი მიწის შვილს, არსებობაც არ შეეძლო. ლეკის მთავარი საარსებო წყარო იყო ნაძარცვი, ნაქურდალი, ნატაცები. გამორჩევით კი – „მსოფლიო ბაზარზე“ ყველაზე დიდი და ფასეული „ლეკური საქონელი“ იყო ადამიანი, ტყვე, ხოლო უმაღლესი ლეკური საქონელი“ – ქართველი ტყვე. ამიტომ მოდიოდა ლეკი სათარეშოდ გასაოცარი თავგანწირულობით, სათარეშო უნაგირზე ამხედრებისთანავე სიკვდილთან წინასწარ შერიგებული.

ან სიკვდლი, ან მუდმივი თარეში! ასეთი იყო ტრაგიკული მოწოდება ლეკური არსებობისა. და სწორედ რომ ძნელი უნდა ყოფილიყო, უსაშველოდ ძნელი, ასეთ მტერთან ბრძოლა, რომელსაც ყოველდღიურ საარსებო-სამეურნეო ცხოვრების წესად სიკვდილთან წილნაყარი აბრაგობა გაეხადა.

ქართველი კაცის მთავარი საარსებო სამეურნეო დარგი კი მიწათმეურნეობა იყო, ხოლო ომი მის ცხოვრებაში – იძულებით ნაკარნახევი „დარგი“ იყო.

ლეკს სამეურნეო იარაღად ჰქონდა თოფ-დამბაჩა, ხმალ-ხანჯალი (ზურგიდან დასაკრავად) და თოკი (ტყვის შესაკრავად), ქართველს კი თოხი, ბარი, გუთანი და მისთანანი, ხოლო საომარი საჭურველი მხოლოდ საომარი იყო და სხვა არაფერი, ის საომარი საჭურველი, რომლის მოპოვებას და მომარჯვებას მხოლოდ კაცთმაწყინარი უბედურება არგუნებდა ქართველ კაცს მთელი მისი საისტორიო თავგადასავლის გასწვრივ.

მაშ, მოდიოდა ლეკი „მეომარი-მეურნე“ და ხვდებოდა ქართველი „მიწათმოქმედი-მეურნე“.

მგრამ იცოდა ლეკმა: მისი „საომარი მეურნეობა“ მასვე სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, თუ „სამიწათმოქმედო მეურნეობას“ თავმიცემული ქართველი კაცი გუთნის ხელიდან გაგდებასა და ხმლის მოხელთებას მოასწრებდა!

დიახ, „თუ მოასწრებდას!“ იმედად მოდიოდა ლეკი „საომარ-სამეურნეოდ“.

და ესეც იცოდა ლეკმა: ათიდან შვიდჯერ მაინც მოასწრებდა ქართველი კაცი გუთნის გაგდებას და ხმლის მოხელთებას. მაშ, ათიდან შვიდ სიკვდილს ვერ აიცდენდა ლეკი. მაგრამ მაინც მოდიოდა იგი, სიკვდილთან წილნაყარი, მოდიოდა ათიდან სამი იღბლის იმედად, მოდიოდა, ვინათგან სხვაგვარად არსებობა არ შეეძლო და აღარც უნდოდა. ან თარეში ნადავლიანი, ანდა სიკვდილი!

მაგრამ ქართველსაც ათიდან სამი ვერ-მოსწრება ძალიან ძვირი უჯდებოდა, რადგან განუწყვეტლივ, ცისმარე და დღენიადაგ მოდიოდა ლეკი – ან ნადავლისთვის, ან სიკვდილისთვის. ასე იყო, რადგან ლეკის „პური არსობისა“ იყო „ქართული ლუკმა“. და აქედანვე მისი ბუნებრივი „საარსებო მოწოდებაც“: ან უნდა ვიპყრო ქრთული ლუკმა, ან უნდა ვიქცე ქართული ხმლის ლუკმად!

ქართველს კი ძალიან უჭირდა ათიდან ათივეჯერ მოესწრო ხმლის მოხელთება და მომარჯვება, რადგან მას ამას გარდა სხვაც ხომ ყველაფერი უნდა მოესწრო: ყანაც, ვენახიც, ბაღიც, ბოსტანიც, შენებაც, წიგნიც, კალამიც, ძერწვაც, ხატვაც, რანდვაც... და კიდევ, ამათ გარ და, „ხმლის მოსწრება“ სპარსულ-თურქული მიწოლისა და შინათავადური სისხლთათხევის ჟამს....

მაშ, ყველაფერი უნდა მოესწრო ქართველ კაცს...

...და ისევ იდგა 1750 წელი, როცა ქვეყნის შინააღმშენებლობითა და შინაგანმტკიცებით გართულ თეიმურაზსა და ერეკლეს მოახსენეს „გარდამოსვლა ყოველი ლეკისა“ და ყოველი ლეკი ბელადისა, „რაც დაღესტანში ბელადი იყო“..

შეჰყარეს ჯარები მამამ და შვილმა. მაღაროსთან დადგნენ ბანაკად. კახთა და ქართლელთა „შეყრილობის“ ამბავი რომ შეიტყვეს, ლეკებმა „ვეღარ გაბედეს გარდამოსვლა და უკუდგნენ“. თეიმურაზმა და ერეკლემ ლაშქარი დაშალეს და ისევ შინაურ საქმეებში ჩაიძირნენ. მეორედ წამოემართნენ დაღესტნელნი და ჭარელნი „გარდამოსვლად“ ქართლსა და კახეთს. ისევ ფრთამალედ შემოიყარეს ლაშქარი მეფეებმა. ისევ უკუიქცა და „მოიშალა“ ჯარი „ყოველი ლეკისა“. მესამედ შეიყარნენ და წამოემართნენ ლეკნი იმ წელს. ქიზიყს შემოიჭრნენ. აფთრულად დაუხვდათ ქიზიყის მოურავი თამაზ ანდრონიკაშვილი ქიზიყელთა ლაშქრით. ერეკლეც მოიჭრა გაალმასებით. თოფები შემოიხარჯეს და ხმლებს მისწვდნენ მოპირდაპირენი. ხმლებს გაექცნენ ლეკები. მეორე დღეს ისევ შეიბნენ. იმ დღესაც სწორუპოვარნი იყვნენ ერეკლე და თამაზ ანდრონიკაშვილი. ისევ აჩვენეს ზურგი ლეკებმა. ჭარში გადაშლიგინდნენ დამარცხებულნი.

ჭარიდან ყაზახს დასცემიან ლეკები, ქართველთა საბატონო ქვეყანას. სასწრაფოდ ამხედრდნენ მეფენი. ყაზახიდან გამოასწრეს ლეკებმა. ალაზნისა და იორის შესართავთან სოფ. დანღისთან გადაეყარნენ ერთმანეთს მოსისხლენი..

მაშ, დანღისი. 1750 წლის 28 ოქტომბერი.

ერეკლემ მამას სთხოვა, ალაზნის გამოღმით დაბრძანებულიყო, ხოლო ბრძოლის მეთაურობა მისთვის მიენდო. თეიმურაზი ომის ჟამს „ურჩი მამა“ არ იყო და დათანხმდა.

ბრძოლა სისხამზე დაიწყო, – ისეთი ფიცხელი, „რომ უფროსი ომი აღარ იქნებოდა“. გლეხის სადილობამდე წონასწორად იძვროდა ბრძოლის სასწორი. მას უკან ერეკლემ გამოჰგლიჯა ხელიდან ომის ღმერთს „სასწორი იგი“. ქართველებმა გასტეხეს ლეკთა სიმკვრივე და უკუაქციეს სასტიკი ჩეხვით. ხმელეთი შემოელიათ და ალაზანს მისცეს თავი ლეკებმა. გაალმასებით გამოენთნენ ქართველნი. მისდევდნენ, ჩეხდნენ და წყალში ახრჩობდნენ...

ომი დასრულდა. ქართველებს დიდი გამარჯვების კვერთხი აეღოთ.

ქართველებმა რომ ერთხელ კიდევ ,,ამისთანა გამარჯვება და ძალიანი ხმალი“ აჩვენეს, მაშინვე მოლოცვის, „ერთგული ყმობისა და ქვეშევრდომობის“ წერილები მოაყარეს თეიმურაზსა და ერეკლეს მათს „მფარველობაში“ აყვანილმა მოხარკე ხანებმა.

მომლოცველთა შორის იყო ირანის მაშინდელი ხელმწიფე შაჰ როჰიც, შვილიშვილი დიდი ნადირ შაჰისა. შაჰროჰი საგანგებო რაყამით თეიმურაზ ქართველთა მეფეს „ერაყისა და ადრიბეჟანის სპასალარად“ აცხადებდა, ხოლო ერეკლეს მის ნაიბად, ანუ თანაშემწედ...

... მაგრამ მალე ქართველებს წამწარდათ ამდენი გამარჯვებანი. შაქის ხანმა, ჰაჯი ჩალაბმა, მუსლიმთა ძლიერი კოალიცია შეჰყარა იდუმალ, ქართველ მეფეთა წინააღმდეგ. ქართველთა ქვეშევრდომი განჯის ხანიც დაეთანხმებია ჰაჯი ჩალაბს მეფეთა ღალატზე. ბრძოლა მოხდა 1751 წლის 15 თებერვალს, აგრი-ჩაიზე, სადაც ლეკებზე მოიერიშე ქართველებს ერთბაშად განჯელები გამოეშალნენ, იდუმალ ჩასაფრებული მტრის ახალი ძალებიც ყოველის მხრიდან შემოესივნენ ქართველებს და მათ ბრძოლა წააგეს. დამარცხებულებმა ალაზანს მოაშურეს, ბევრი შიგაც ჩაიხრჩო. თვითონ ერეკლეს ცხენი მდინარის შლამიან ნაპირზე დაეფლო. მაჩხანელმა გლეხმა, დათუნა ბოსტაშვილმა, საკუთარი ცხენი მოართვა და გამოიყვანა დამარცხებული მეფე მდინარიდან...

5 ყირ-ბულახი

▲ზევით დაბრუნება



თურმე შეგვძლებია „ქართველი ლომების“ დამარცხებაო, და გათამამდნენ ლეკები მეტისმეტად. ისევ აიწყვიტეს და წამოვიდნენ თარეშად – ყაზახს, ქართლსა და კახეთს; შემოიჭრნენ და „მრავალი ადგილი წაახდინეს“.

გაუხტათ ერეკლე მეფე. მანავთან სრულად ასწყვიტა ლეკი მოთარეშენი.

მეორედ ივრის ნაპირას ამოსწყვიტეს მეფეებმა „სხვა ჯარი ლეკისა“.

მესამედ საგურამოდან „დასცეს რისხვა ღვთისა“ და მოამბეც აღარ გაუშვიათ მაოხართაგან.

იმ წელს ლეკები კვლავ დააშინეს ქართველებმა, მაგრამ „ამა ამბავთა შინა წამოთამამდნენ ყიზილბაშნი და მოინდომეს მტრობა ქართლისა“. ასპარეზზე გმოჩნდა აზატ-ხანი, ირანის ტახტის მაძიებელი, მამაცი და თავზეხელაღებული მხედარი. მას თავრიზი დაეპყრო და ქართველთა სამფლობელოების – ნახიჭევანის, ერევნის, განჯისა და ყარაბაღის დასაპყრობად მოილტვოდა დიდის მხედრობით. აზატ-ხანი უკვე შემოჭრილიყო ნახიჭევანში, მისი მფლობელი, „ქართველთა კაცი“ ბაამან-ხანი გამოეძევებინა ნახიჭევანიდან. საშინლად აწიოკებდნენ ნახიჭევნელებს ავღანელნი: „ჯერ პირუტყვულ ვნებას იკმაყოფილებდნენ ქალებთან, მერე წითლად ავარვარებულ შანთებს ძუძუებში და საშოში ურჭობდნენ, გამოსატეხად - სად ჰქონდათ ფული გადამალული“.

ნახიჭევანიდან ერევნისკენ გაეგზავნა ჯარი აზატ-ხანს, სარდლად მაჰმად-ხანი დაეყენებინა, - ის მაჰმად-ხანი, ნადირ შაჰის მკვლელობას რომ მეთაურობდა, მერე ერევნის დაუფლება რომ განიზრახა და ქართველებმა გაანადგურეს სასტიკად (1749 წ).

მოიჭრნენ ქართველ მეფეებთან ნახიჭევანელი და ერევნელი ფაიქები და ითხოვეს შველა. სასწრაფოდ დაიძრა ერეკლე ქრთველთა ჯარით ერევნისკენ.

მაჰმად-ხანს ქართველთა ხმლის სიმწვავე ნაწვნევი ჰქონდა და ერეკლეს გამოჩენისთანავე ერევანს ალყა მოხსნა და თავის ჯართან ერთად გაუჩინარდა.

გამოცვივდნენ შიმშილით ღონემიხდილი ერევნელები და „შეასხეს ქება“ მშველელად მოსულ ქართველებს. უწინარესად დამშეული ქალაქის დასაპურებლად იზრუნა ერეკლემ. ივნისი იდგა, პურის მკის დრო. მაგრამ „ასე მოოხრებული იყო ერევნის ქვეყანა, მკის მუშაც აღარ იშოებოდა. ერევნის ციხისა და ეჩმიატის მეტს ალაგს შენობა აღარსად იყო“. ერეკლემ ჯარი მიუსია ყანებს სამკელად. ათი ათასი კოდი პური შეუტანეს ქართველებმა სომეხთა დედაქალაქს. შევიდა ერეკლე ერევანში. ხალხი დაამშვიდა, მოღალატეებიც მოიძია და ყველანი ტფილისს გამოგზავნა „დასაყენებლად“. რამდენჯერმე ისევ გამოჩნდა თავისი ჯარით მაჰმად-ხანი, მაგრამ ერეკლეს ყოველ გამოსვლაზე გაექცა ბრძოლას.

ბოლოს გამოჩნდა თვითონ აზატ-ხანი, 18 000 მეომრით.

ხოლო ერეკლეს 3 000 მეომარი ჰყავდა და, თანაც, „ამა რიცხვთა შინა იყო თათარი ხუთასი და ავადმყოფი ხუთასი“. ასე რომ – თვრამეტი ათასის წინააღმდეგ „რეალური ორი ათასით“ გამოსვლა სავსებით უიმედო ჩანდა.

თათბირი შეჰყარა ერეკლემ. სარდალთა უმრვლესობამ ბრძოლაზე ხელის აღება და უკან გაბრუნება ურჩია. მაშინ თვითონ თქვა ერეკლემ, მტკიცედ, სიტყვა შეუქცევლად: „იცოდეთ, აზატ-ხანის შეუბმელი მე არ დავსდგები; თავი ჩემი საკვდავად დამიდვია და მე აქედან ხმალ მოუქნევლად არ გავალ. ისედაც, ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან, და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი სჯობსო: ეს ხომ ყველამ უწყით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ორის დღის სიცოცხლისათვის ნუ მოვაყივნებთო“. სიტყვა აღარავის შეუბრუნებია. ერეკლემ ჯარი საომრად დაალაგა.

და მოხდა ბრძოლა ყირ-ბულახთან, ერევნიდან თორმეტ ვერსზე, 1751 წლის 26-27 ივლისს.

აზატ-ხანს ვერ წარმოედგინა, რომ მტრის ეგზომ მცირე ლაშქარი შებრძოლებას გაუბედავდა და ქართველი მეფისგან თუ გაქცევას არა, შერიგების თხოვნას მაინც ელოდა, მაგრამ მოციქულს რომ დააგვიანდა, ჯარი ექვს რიგად დააყენა და წამოვიდა ზარბაზან-ზამბულაკთა გრიალითა და ბაგიბუგით.

მთავარი იერიში მარცხენა ფრთაზე მოიტანეს მუსლიმებმა. „პირველად გაემარჯვათ ქართველთა“. „მერე გაემარჯვათ ავღანთა“. „დიდი ომი გარდაიხადეს“. „დაიხოცა ორგნითვე“ დღის მიწურულს ქართველთა ჯარს ყოველის მხრიდან გზა მოჭრილი ჰქონდა. ღამემ გაჰყარა მომტერენი. ხვალ დილით ადრე ერეკლე-ხანი უეჭველად გამომიგზავნის მოციქულს მორჩილებისა და სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნითო, გადაწყვეტით ფიქრობდა აზატ-ხანი. დილაც ჩამოდგა. 27 ივლისი.

ერეკლეს ჯარი ფეხზე იდგა. მეფეს ლოცვა მოეთავებინა და სიტყვას ამბობდა, ისევ მშვიდად, აუღელვებლად: „ვინც ვაჟკაცი ხართ, ესე არს ჟამი ვაჟკაცობისა და გულოვნებისა. ვიცი, ძმანო, მე ღმერთის წინა თქვენი დიდი მოვალე ვარ და, რაც ახლა გითხრათ, ის დამიჯერეთ და სისხლსა თქვენსა მე ვინდობ კისრად. ახლა მე გაგიძღვებით და ასე ქვეითად წავალთ პირდაპირ მტერზე. და სანამ მე ცხენზედ არ შევჯდე, თქვენც ნურვინ შესხდებით და სანამ ჩემი თოფი არ გავარდეს, თქვენც ნურვინ გაისვრით თოფსა“. და ქართველთა პასუხიც ეს იყო მეფისადმი: „მეფეო და დიდებაო ჩვენო, სისხლი ჩვენი შენთვის შეგვიწირავს დ ბრძანებასა თქვენსა და ნებასა თქვენსა აღვასრულებთ!“

ერთხელ კიდევ დალოცა ჯარი ერეკლემ. მერე ხუთასი კაცი გადათვალა და ბანაკში დააყენა ცალკე დასტად. დანარჩენები, ათას ხუთასი კაცი, აიყოლია და გაემართა მტრის შუაგულისკენ, სადაც თვითონ აზატ-ხანი იყო საგულვებელი. ქვეითად მიდიოდნენ, მგლური ნაბიჯით. - მარცხენა ხელით ცხენები მიჰყავდათ, მარჯვენაში ლულადაშვებული ა ჩახმახშეწკიპული თოფები ეჭირათ.

ფეხზე იდგა აზატ-ხანის ბანაკიც, ქართველთა გარშემო ტყესავით ჩაკორომებულიყო. უკვე კარგად მოთენებულიყო და თანაშემწე სარდლებით გარშემორტყმული აზატ-ხანიც ნათლად ხედავდა, როგორ მოიჩქაროდნენ მისკენ დაქვეითებული ქართველები. უკვე სათოფეზე მოსულიყვნენ, როცა რომელიღაც ხანი-სარდალი აზატ-ხანს წარუდგა და შესძახა: „დასტური მომეცი, რათა წარვიდე და ერეკლე-ხანი ცოცხლად შეპყრობილი მოგართვაო“. აზატმაც მხრები აიჩეჩა და სიცილით უპასუხა – რაღა ვაჟკაცობაა, როცა თვითონ მოეშურებიან ჩემს წინაშე იარაღის დასაყრელად და სათაყვანოდ, მაგრამ რაკი ასე გსურს, წადი და მოიყვანეო. მყისვე მოახტა ცხენს ხანი-სარდალი, ქრთველებისკენ წამოემართა და დაიღრიალა: აბა, გამოდი, რომელი ხარ ერეკლე მეფეო!

- მე გახლავარ ერეკლე მეფე! – შეანარცხა ძახილი ერეკლემ და წამსვე მისი თოფიც გავარდა. მუსლიმი სარდალი უნაგირს უსულოდ მოწყდა და სანამ მიწაზე დაეცემოდა, მანამ ერთად იგრიალა ათასხუთასმა ქართულმა თოფმა. ათას ხუთასი მუსლიმი მეომარიც ჩაწვა და ჩაირეცა იმავ წამში.

„ცხენებზე!“- იქუხა უკვე ამხედრებულმა და ხმალგაშიშვლებულმა ერეკლემ. „ხმალი მაგ წუნკლებს!“- და გაფრინდა გათოფილი მტრის შუაგულისკენ. გამოენთნენ ქრთველები, ამხედრებულნი, ხმალთა ბრკიალით და მძლავრი ყივილით. ყველაფერი ეს წამიერად დატრიალდა, ყველასთვის წარმოუდგენელი და გაუაზრებელი. გონზე მოგებას ორიოდ წუთი მაინც დასჭირდებოდა, მაგრამ ის წუთებიც არ დაანებეს ქართველებმა გაოგნებულ მტერს. მათის თოფებით დარეცილი მტრის გვამები გდათქერეს და სასტიკი ჩეხვით დაერივნენ მეწინავეებს.

ხელშეუბრუნებლად შეტრიალდა და გაიქცა პანიკითა და პირუტყვული შიშით მოცული ავღან-ყიზილბაშთა ურდო. გამოენთო ერეკლე, „ვითა ლომი დაუშრომელი“. მიჰყვნენ ქართველნი გაქცეულ მტერს. მთელი დღე სდიეს, ოცდაათი ვერსის სიგრძეზე. ყირ-ბულახიდან არეზამდე გზა მოსისხართა გვამებით მოფინეს. ძლივს გადაასწრო არეზზე აზატ-ხანმა.

ზარბაზანთა საზეიმო გრიალით შეხვდა ერევანი გამარჯვებულ ქართველთა დაბრუნებას.

6 თულქითაფა

▲ზევით დაბრუნება




ლეკები არ იშლიდნენ „ლეკიანობას“.

ქართველებიც არ იშლიდნენ „ქართველობას“ და, სადაც კი მოასწრებდნენ და მოახელებდნენ, დაუნდობლად სპობდნენ მაოხართ.

მაჰმადიანებმა მაჰმადიანი მტერი არჩივნეს ქრისტიან მოკეთეებს და ისევ შეურიგდნენ შაქის ხანს ჰაჯი ჩალაბს, განჯის ხანი, შამშადილუს ხანი, ჭარი ხომ მუდამ მისი მაფიცარი იყო, ყაზახიც და ბაიდარიც განუდგნენ ქართველებს და შაქელს მიემხრნენ.

თეიმურაზმა და ერეკლემ ჩერქეზები და ოსები შეიკავშირეს და უკვე საომრად აღძრული მტრისკენ გასწიეს.

მაჰმადიანთა მხედრობას სარდლად ჰაჯი ჩალაბის მამაცი ძე, აღაქიში უდგა. ბაიდარს მოსულიყვნენ და შემდგარიყვნენ. ყოყმანი დაეწყოთ ქართულ სამანებთან მოსულებს. ყოყმანობდნენ, ვინათგან „ქართველთა ხმალი ბევრჯერ ენახათ“, მწარე და „სასიკვდინე“. ბოლოს, ხმალი კი არა, შერიგება ითხოვა აღა-ქიშმა, მაჰმადიანთა „დიდმა იმედმა“. ქართველებმა შერიგებაზე უარით უპასუხეს. აღა-ქიშმა ბანაკი აჰყარა და ბაიდარიდან ყაზახს გაქუსლა. ქართველებიც მიჰყვნენ. გატეხილ ხიდთან ლეკთა ჯარი გამოუხტათ უეცრად. ერეკლემ ჩერქეზები მიუშვა ფიცხლავ. მიუხდნენ და მიასიკვდილეს ჩერქეზებმა ლეკები. მეფეებმა ლაშქარი ააჩქარეს. ყაზახს მივიდნენ. აღა-ქიში იქიდანაც გაქცეულიყო. ერეკლემ მდევარი აარჩია და დააწინაურა. უკან თეიმურაზი მიჰყვა დანარჩენი ჯარით. ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე, თულქითა ფასთან წამოეწია ერეკლე მაჰმადიანთა მხედრობას.

მაშ, თულქითაფა, 1752 წლის 1 სექტემბერი.

მტრის დაოთხებულ თქარუნზე აღა-ქიშმა ჯარები შეაყენა, შემოაბრუნა და საომრად დაალაგა. მძლავრი კვეთებით და ხეთქინებით შეიბნენ მტრები. მაჰმადიანებმა „ასე ძალიან მოინდომეს, რომ სახმლოდ შიგ ჯარში შემოვიდნენ, ცოტას ალაგს ოსის ჯარიც გამოაქციეს“. მაშინ „მეფე ერეკლემ იწყინა, მიბრძანდა თვითონ, მიუძღვა ჯარს და ვითა ლომი ეგრე მიესივა, გაერივა ხმალ-და-ხმალ, ამის მნახველი ვინღა დადგებოდა უომრად“. მიჰყვა „მეორე გმირად“ ერეკლე მეფეს თამაზ ანდრონიკაშვილი. „კაი ხმალი მოიქნიეს“ ქიზიყელებმა და ჩერქეზებმა. ყველა გმირი შეიქნა იმ დღეს – თავადიც, აზნაურიც, გლეხიც. ბოდბელმა გლეხმა პაატა ბაღაშვილმა ცხრა თათარი გააპო ხმლით, სამი ცოცხლად შეიპყრო და გათოკა. შუაგულ ბრძოლას მოუსწრო თეიმურაზმა და თავისი ჯარიც მიუშვა იერიშზე. გასაქცევად ატრიალდა და აგორდა თათართა ურდო. გაიგდეს წინ მტერი და განჯამდე სდიეს ქართველებმა. შავერდი ხანი განჯას ჩაიკეტა. აღა-ქიშმა ნუხას გაასწრო. ქართველებმა ზედიზედ დაიჭირეს განჯა, ყაზახი, შამშადილუ, ისევ თავის მოხარკეებად მოაქციეს და მოღალატენი ტყვეებად გაირეკეს.

ისევ ბრწყინავდა ქართველთა ბედის ვარსკვლავი ამიერკავკასიის სისხლიან და ცრემლიან ცაზე.

7 მჭადისჯვარი

▲ზევით დაბრუნება



ერეკლე მეფე მთელს კავკასიაში უკვე უმეტოქეო მხედრად და მხედართმთავრად იყო აღიარებული. ბევრი ლეკური გუნდი აეწყვიტა, ბევრი ლეკის ბელადი პირისპირ შერკინებით მოეკლა და დაემიწებინა. მსოფლიოში ლაპარაკობდნენ „ქართველ ლომზე“, ევროპელ მწერალთა და მოგზაურთა „თემა“ შექმნილიყო ქართველი გვირგვინოსანი და მხედართმძღვანი. ევროპაში განუკითხავად ამასაც გაიძახოდნენ: ლომმა ერეკლემ სპარსეთი უკვე დაიპყრო და დღეს თუ ხვალ თურქეთსაც შეუმუსრავს კარიბჭეებსო.

ერეკლეს და თეიმურაზს კი სპარსეთ-თურქეთის დასაპყრობად „არ ეცალათ“ და დღე და ღამე ქვეყნის გამაგრებასა და მტრის მიერ „აქეთ დაპყრობისგან“ გადარჩენას უნდებოდნენ.

1754 წლის გაზაფხულზე ერეკლე ქართლში იყო, მამასთან. და კახეთიდან ახალი საშფოთარი ამბავი მოართვეს შიკრიკებმა: ავარიახუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი „გადმოსულა ლეკთა ჯარით, შილდის თავს დადგა, კახეთზე მოდის; იმუქრება — ქართლსა და კახეთს ორივეს დავიჭერო; ჯარიც ასეთი ჰყავს, რომ ჯერ ამისთანა ჯარი ქართლსა და კახეთს არ ჩამოსულაო“.

შილდადან ოთხ ნაკადად წამოვიდნენ ლეკნი. არაგვის ხეობას შემოესივნენ, „ანანურს აქეთ აღარსად-რა გაუშვეს წაუხდენელი“, ბოლოს მუხრანისკენ დაიძრნენ და მჭადისჯვრის ციხეს შემოადგნენ ალყად. ეს ციხე ახლად აეშენებია კონსტანტინე მუხრანბატონს. მუხრანელთა ციხიონი ძლიერად დაუხვდა მტერს.

ქართველ მეფეებსაც შემოეყარათ ჯარი. თუმცა ემცირათ, მაგრამ დაყოვნების დროც აღარ იყო და სასწრაფოდ დაიძრნენ მჭადისჯვრისაკენ.

ნურსალ-ბეგს საიერიშო საფრები („სიბა“) გაემართა ციხის გარშემო. ღამით ვიღაც მოხუცი ქართველი დედაკაცი მიჰპარვიათ, ცეცხლი გაუჩენია და ხელიერთპირად გადაუწვავს ის „საფრები“. საშინელი წამებით მოჰკლეს ეს უცნობი გმირი ქალი ლეკებმა. ახალ საიერიშო ,,მანქანებს“ ამზადებდა ხუნძახის ბატონი. ითვლევინებოდნენ მეციხოვნენი: „თუ არ მოგვეშველებით, ამის მეტი ღონე აღარა გვაქვსო“. და მოვიდნენ სშველად ქართველნი.

ერეკლემ ორი მხრიდან მიუახლოვა ჯარი ლეკთა ბანაკს – ცალკერძ ქართლელნი და ცლკერძ კახელნი. ორგნითვე უკანაკერძად ცხენოსნები დააყენა, წინ ქვეითი წაუმძღვარა. ქვეითთა წინაკერძად კიდევ, ვითარცა საფარა („ბარიკადა“), ერთმანეთზე მიჯრით ჩაარიგა ურემ–საზიდარნი „აღვსილნი მრავალი ჯარჯითა“ .

მაშ, 1754 წლის 16 აგვისტო, მჭადისჯვარი.

ბრძოლა გახსნეს ქვეითმა ჯარმა, თოფ-დამბაჩათა ბათქა-ბუთქით და ზამბულაკთა გრიალით. ქართველთა გაჭიმულ „ბარიკადებზე“ ამოისხლიტნენ ლეკები. უმალვე ჩაკაფეს ქართველებმა ხმალ-დახმალ. ლეკთა მომდევნო რიგმა გულსრულად გადმოიარა თავისიანთა გვამები და სასტიკი ხმალთაკვეთებით შემოება ქრთველობას. მეორეს მესამე მოჰყვა, მესამე – მეოთხე. ლეკთა ცხენოსნობაც „სამად გაყოფილიყო და ყოველის მხრიდნ მოვიდნენ, ქართველთა ჯარები დიაღ თვალში ეცოტავათ და დიდად ამაყათ მოინდომეს ომი ლეკთა“. და „შეიქნა ომი ფიცხელი, რომ უფიცხე აღარ ეგებოდა“. მისჭირდა ქვეით ქართველობას და „ლეკებს ცოტაღა უკლდათ ხმალდახმალ ჩვენს ჯარსა შინა შემოსვლა“. დაიქვეითეთო, შესძახა ერეკლემ, თვითონ ცხენიდან გარდახდა და თოფი შიგ გულში აძგერა „ბარიკადაზე“ ამოსხლეტილ ლეკს. წამსვე დაქვეითდნენ ქართველი მხედრები და ტყვიები მიუშვეს იერიშზე მომავალ მტერს. ისევ ჩაიცელა ლეკთა მორიგი რიგი. „ცხენებზე!“ - იჭექა კვლავ ამხედრებულმა ერეკლემ. ყველა ამხედრდა წამისად. „ხმალი!“ - ისევ გაისმა ერეკლეს ძახილი და იელვეს ქართულმა ხმლებმა..

„ეს არის დღე ვაჟკაცობისა, სიყვარული რჯულისა და სამშობლოისა! ხმალი-მეთქი მაგ წუნკლებს!“ – ჰყიოდა ერეკლე და უტევდა მტრის ყველაზე სქელ რიგს. მიჰყვნენ ყიჟინით და „შეუტივეს ქართლელთა და კახთა გულ-სრულად“. მისვლისთანავე „მეფემ ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალ-და-ხმალ“. ისევ „ჩამოკაფა“. მეორე, მესამე, მეოთხე... ნურსალ-ბეგს ეძებდა, რათა თავ წარეკვეთა ლეკთა ჯარისთვის. მაგრამ არ ჩანდა „თავი ლეკისა“. ხოლო ბიძა და ბიძაშვილნი ხუნძახის ბატონისა უკვე დაცემულიყვნენ „ხმალ-და-ხმალ ჩაკაფულნი“. გასტეხეს მტერი ქართველებმა და გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა“,

მყისვე „ჰკრეს ეს გაქცეული ჯარი მეორესა ჯარსა“ და ყველა ერთად „აირივა ეს საშინელი ჯარი ლეკისა“. გამოედევნენ ქართველები, „შეუტიეს ხმალ-და-ხმალ, დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა ეგრე ხოცდნენ ლეკთა“. ყოველი ქართველი გმირი იყო იმ დღესაც – „თავადნი გლეხზე უმჯობეს და გლეხნი თავადზე უკეთეს“. მისდიეს ქართველებმა გაქცეულ მტრებს, მიჰყვნენ ხოცვით არაგვამდის, რომ მათი მძოვრით აღავსეს ტყე და ველი“. ბევრი ლეკი ხმლისა და ხელის „უკრავად კლდეზე გრდაცვივნით დაიხოცნეს“. ხუნძახის ბატონს ბრძოლის ველზე „დარჩა კარავნი და ყოველივე საცხოვრებელი და დიდება, რომელიც კი წამოეღო დაღისტნიდამ“. ლეკთაგან არაგვამდე ვინც გადარჩა და კახეთს გააღწია, იქ სახლში დარჩენილი კახელები გამოუხტნენ და, საცა გაიარეს, ყველგან ხელახლა „დაუმარცხეს“. როგორც იქნა, სიცოცხლე დაინარჩუნა და ისე „მივიდა ხუნძახის ბატონი სირცხვილეული და ღისტანში“.

8 ყვარელი

▲ზევით დაბრუნება



მჭადისჯვრის გამარჯვებამ ისევ მძლავრად დაარისხა ქართული ზარები მაჰმადიანური კავკასიის ცისგვამში. მაგრამ ლეკს ხომ „ლეკიანობის“ გარეშე არსებობა არ შეეძლო და მაინც მოდიოდა, მოდიოდა თუნდაც სიკვდილზე, თუნდაც ათიდან შვიდ სიკვდილზე. ნურსალ-ბეგ ავარიელ-ხუნძახელიც აღარ ისვენებდა, მჭადისჯვრის სირცხვილი ვერ მოენელებინა და დღედაღამ საქართველოს სარევანშოდ დასალაშქრავად ემზადებოდა. და 1755 წელს მთელი დაღესტანი აჰყარა ნურსალმა, თარღუს შამხალი და ყაზიყუმუხის სურხაი-ხანიც გვერდში დაიყენა თავიანთ ჯარებით.

20 000 ლეკი მოწყდა ამიერ-იმიერ დაღესტანს, მოწყდა და მოასკდა საქართველოს (ეს მერამდენედ?!).

ერეკლემაც თელავს ჯარი შემოიყარა (ესეც მერამდენედ?!).

ყვარლის თავზე მოდგა და დაშვავდა ლეკთა ურდო. ჭარელებიც მოვიდნენ და შეუერთდნენ. შაქის ხანსაც, ჰაჯი ჩალაბს, ნურსალის შემწედ დიდი ჯარი გამოეგზავნა, ისევ თავის ძის, აღა-ქიშის სარდლობით. კაკის სულთანიც მოსულიყო თავის მხედრობით. შავერდ-ხან განჯელსაც ისევ ეღალატნა ქართველებისთვის და წარმოეგზავნა ნურსალისათვის განჯელთა ჯარი.

და შემოადგა ყვარლის ციხეს მაჰმადიანური ურდო.

თეიმურაზმაც თელავს მოატანა და ქართლისა და კახეთის ჯარები შეერთდნენ.

ლეკთა ჯარები ჯარებად იდგნენ ყვარლის ირგვლივ, ხოლო თვითონ ციხე კიდევ საფრებით შემორაგვეს, ისეთი საფრებით, საიდანაც თოფს ზემოდან ჩაისროდნენ ციხის შიგნით. „ამით შეაწუხეს“ ლეკებმა ყვარლის ციხის დამცველნი, „თორემ სხვა რიგად რა უჭირდათ-რა“. და „იყო ომი დღე-და-ღამ. კარგად, კაცურად და მამაცურად ებრძოდნენ მყოფნი ციხისანი“ რკინის სალტედ მოდენილ მტერს. ყვარელს სასწრაფოდ უნდოდა შველა. მაგრამ პირდაპირ ხმალ-და-ხმალ მისვლა ქართველებს იმედს არ აძლევდა, რადგან მაჰმადიანთა ჯარი გაცილებით რიცხვმრავალი იყო და მათი ბანაკიც მიუვალი და მიუდგომელი. ამიტომ საჭირო იყო მოულოდნელი, იდუმალი ხერხი, „ილათი“, თავგანწირულ გმირობასთან ჩაკირული.

და მეფეებმა ჯარს მიმართეს: რჯულისა, ქვეყნისა და ჩვენი სიყვარულისა და ერთგულებისათვის ვიწვევთ ვაჟკაცებს, რომლებიც ლეკთა ბანაკს გაჭრიან, გააღწევენ და შიგნით ციხის დამცველებს მიეშველებიანო. ამის თქმა და მაშინვე ჯარს გამოეყო ას სამოცამდე მეომარი: ცხრა თავადიშვილი, ორი აზნაური, ერთი ხუცესი და ას ორმოცდაათამდე გლეხი (აქედან ას ოცდაათი ქიზიყელი). შეჰყარა ეს გუნდი ერეკლემ, დატვირთა იარაღით, ტყვია-წამლით, დამოძღვრა, დალოცა და გაუშვა. ღამე გასცურეს ალაზანი, ღამითვე მიადგნენ მტრის ბანაკს, მისვლისთანავე შეუტიეს თოფის და ხმლის ცემით. და ასე ქართულმა გუნდმა „გულოვნობისა ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობითა“, სისხლიან სვრელად გაკვეთა და გაიტანა მაჰმადიანთა მოალყე ჯარი. ყვარლის დამცველებიც წამოიშალნენ ციხის შიგნიდან და შეერთდნენ მოიერიშე ქართველები და მეციხოვნენი. გამძლავრდა ციხე ყვარლისა. „ხოცდნენ ლეკთა ციხიდან და განძლიერდნენ ფრიად ციხოვანნი“. ხოლო, სანამ მოიერიშე გუნდი მტრის ალყას არღვევდა და ციხეში შედიოდა, მის პარალელურად ერეკლემ ქიზიყიდან ჭარს ჯარი შეუსია მაოხარი რკინით და ცეცხლით. ყვარელთან მდგარმა ჭარელებმა რომ მათი სახლ-კარის აწიოკების ამბავი შეიტყვეს, ყვარელი მიატოვეს და ჭარს მიაშურეს თავისიანთა გადასარჩენად. ნურსალბეგის ბანაკი აირია და აიჭრა. დაღესტნელებმა ჭარელების შეჩერება სცადეს. მალე სიტყვა აღარ იკმარეს და ხმლებით ერთმანეთს დაერივნენ. ერეკლეც უკვე გადამწყვეტი იერიშისთვის გამზადებულიყო. ნურსალ-ბეგი დაფრთხა, დაშინდა, ბანაკი აჰყარა და ყვარლიდან ისევ დაღესტნისკენ გაქუსლა.

9 ერთხელმწიფობა ქართლ-კახეთისა

▲ზევით დაბრუნება



ლეკიანობა მაინც გრძელდებოდა. ყვარლის შემდგომ ნურსალ-ბეგმა „დიდ სარდლობაზე“ ხელი აიღო და ისევ ნაცადი ავაზაკობისა და ქურდობის გზაზე შედგა. მის გარდა, ქართულ მიწა-წყალს საძარცვავად ხელი შეაჩვია კიდევ ორმა დაღესტნელმა „ბელადმა“ – ჩონჩოლმუსამ და კოხტა-მალაჩიამ.

და გრძელდებოდა „ლეკიანობა“, სისხლიანი ქავილის აღმძვრელი, მოურჩენელი წითელი ქარი საქართველოს სხეულზე...

... 1758 წლის ზაფხულში, გორში, ერთმანეთს შეხვდა ქართველ მეფეთა დიდი სამეული – თეიმურაზ მეორე, ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი.

და ითქვა მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი სამამულიშვილო სიტყვა ფიცითა და „პირითა მტკიცითა“: „რომელსაც ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო“. ეს პირობა დადვეს – ერთმანეთის მიშველებისა, საერთო მტრების წინააღმდეგ თანაბრძოლისა და თანადგომისა – და ერთმანეთს დაშორდნენ...

საქართველოს სამივე მეფე ისევ რუსეთის მოიმედე იყო.

1760 წლის აპრილში თეიმურაზ მეორე რუსეთში თვითონ გაემგზავრა და პირადად შეხვდა რუსთა ხელმწიფეს ელისაბედ პეტრეს ასულს. ქრთველი მეფე დახმარებას ითხოვდა. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დრო-ჟამი დამდგარა საქართველოს „გამოსხნისა და აღდგომისაო“. ირანში საშინელი არეულობაა, ოსმალეთიც განზე დგას და ირანის საქმეებში ჩარევას ვერ ბედავს. ლეკიანობა გასაქანს არ აძლევს, თორემ საქართველო თვითონ მოუვლიდა ირანს. ამიტომ სთხოვს ქართველი მეფე რუსთა ხელმწიფეს რუსთა ჯარს. ხოლო, უკეთუ ჯარით დახმარება არ მოხერხდება, მაშინ იქნებ ფულადი სესხი გაიღოს რუსეთის ხაზინამ რამდენიმე წლის ვადით. თუ რუსეთი საქართველოს ჯარით ან ფულით დაეხმარება, ქართველთა მეფეები ლეკებსაც ალაგმავენ, „გამორჩეულის დასით“ ირანშიც შევლენ, იქ „ჩინებულთა სპარსთა შეკრებასაც“ მოახდენენ და მათი „ერთხმობით“ ირანის ტახტზე რუსეთისა და საქართველოს „სასურველ შაჰს“ აიყვანენ.

არაფერი არ გამოვიდა. რუსეთის საიმპერატორო კარს ისევ არ ეცალა საქართველოსთვის. „შვიდწლიანი ომით“ იყო გართული მაშინ მსოფლიო და გამორჩევით კი რუსეთი. პრუსიისა და ინგლისის განადგურება ჰქონდათ დღენიადაგ საზრუნავად რუსეთის მესვეურებს, ხოლო „სამხრეთულ საქმეთა“ გართულება იმჟამად არასგზით ხელს არ აძლევდა სანკტ-პეტერბურგის სასახლეებს.

1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზი უეცრად გარდაიცვალა პეტერბურგს. მეფის დაკრძალვის ხარჯები რუსეთის საიმპერატორო კარმა იკისრა. ელისაბედ დედოფლის სახელით ერეკლეს სამძიმარი და მდიდარი საჩუქრები გამოუგზავნეს. თეიმურაზი ასტრახანს მოასვენეს და მიძინების ტაძარში დაკრძალეს მისი სიმამრის ვახტანგ მეექვსის გვერდით.

აღსრულებულიყო მეფე თეიმურაზ მეორე, ღირსეული ქართველი საჭეთმპყრობელი, ნიჭიერი პოეტი, მამაცი მხედართმთავარი და მხედართმძღვანი.

გამეფდა 44 წლისა, იმეფა 18 წელიწადი, აღესრულა შობითგან 62 წლისა (ვახტანგის კბილა, ვახტანგის თანამსოფლმხედველი, ვახტანგის გვერდით ჩაწვა ასტრახანის მლაშე მიწაში).

თეიმურაზ პირველის, არჩილ მეორისა და ვახტანგ მეექვსის მსგავსად, არც ამ მეოთხე მეფე-პოეტს ეღირსა მშობლიურ მიწაზე სულის დალევა და მშობლიურ მიწაში დამიწება...

... მეფე ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის ერთხელმწიფედ გამოცხადდა.

რუსეთმა თბილად მიიღო ეს ერთხელმწიფობა.

ირანშიც ანარქია დსრულებულიყო, ტახტი მტკიცედ ქერიმ-ხან ზენდს დაეპყრო და ისიც იმთავითვე იძულებული გამხდარა ამიერკავკასიაში ერეკლეს ჰეგემონობა ეცნო. ერევანი, ნახიჭევანი, განჯა, ყარაბაღი და ყაზახი ისევ ქართველი მეფის მფლობელობაში იქნა აღიარებული. ასეთი „აღიარება“ უეჭველად იმანაც განამტკიცა, რომ ერეკლემ ქერიმ-ხანის მეტოქე აზატ-ხანი დაამარცხა, კიდევაც შეიპყრო და ბორკილდადებული გაუგზავნა ქერიმს.

მაგრამ მცირე დრომ განვლო და ქერიმ-ხანმა საქართველოში ელჩები აფრინა და ერეკლეს შემოუთვალა – სასწრაფოდ თორმეტი წყვილი უმშვენიერესი გოგო-ბიჭი ამირჩიე და გამომიგზავნეო. ამაზე კი ცეცხლი აკვესა თვალებიდან ერეკლე მეფემ: მე თქვენი ქერიმ-ხანი რას მომატყუებს, როცა მე თვითონ ეშმაკზე ერთი დღით ადრე ვარ დაბადებულიო, – ბრაზიანი სიცილით შეაფრქვია სპარსელ დესპანებს და მაშინვე განუტევა ისინი სასახლიდან.

ცოფით ბალანი აეშალა ქერიმ-ხანს, ქართველი მეფის ამნაირი „დამანგრეველი პასუხი“ რომ მოისმინა. მაგრამ ისევ დათმობა ამჯობინა. ამჯობინა, ვინათგან „ნადირ შაჰის გაზრდილი“ და „ეშმაკზე ადრე დაბადებული“ ქართველი მეფე ძლიერად გამოიყურებოდა და მასთან მტრობას, ჯერჯერობით მაინც, ისევ „დოსტობა“ სჯობდა.

10 ზეობა სოლომონ პირველისა

▲ზევით დაბრუნება



იმჟამად იმერეთის ტახტზე იჯდა სოლომონ პირველი (1752-1784).

დავით ნარინის შემდგომ გაევლო 460 წელიწადს და ამ დროის მანძილზე დასავლეთ საქართველოს ბაგრატიონულ ტახტს ასეთი ღირსეული ხელმწიფე აღარ ღირსებია.

460 წელიწადი გადაუღებლად წვიმდა საქართველოში სისხლი და ცრემლი.

სისხლი – დაქცეული ქართველისა ოსმალოსაგან და ქართველისა ქართველისაგან.

ცრემლი – უმძიმესი ცრემლი ტყვედ წაყვანილი და გაყიდული ქართველისა.

ტყვეთა სყიდვა – ქრთველი ხალხის დამაქცევარი და შემარცხვენელი უბოროტესი სნეულება.

თურქული უღელი. წელში გამწყვეტი თურქული გადასახადები. გადასახადი ნატურით. გადასახადი ქალ-ვაჟთა თურქეთს გაგზავნით. გადასახადი ტყვის გაყიდვით. გადასახდი საური, ანუ „სახვანთქრო“. გადასახადი საუდიერო, ანუ ,,საძალოდ სათხოვარი“ (უმეტესი ისევ თურქეთს, დანარჩენი ადგილობრივ ფეოდალს).

ცალკე სამეგრელო, ცალკე გურია, ცალკე აფხაზეთი. ყველას ერთად, ერთიან „იმერეთად“ და თავის „საკუთრებად“ თვლიდნენ იმერეთის მეფენი. მაგრამ ერთობ დამცრობილი მნიშვნელობა ჰქონდა რას „თვლიდნენ“ ბაგრატიონთა საგვარეულოს ყველაზე სუსტი ნაკადისანი - იმერელი ბაგრატიონნი. ამ უნიათო და უძარღვო მეფუკეების ყველაზე მაღალი ტიტულატურა ეს იყო – „მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა“...

ცალ-ცალკე სამთავრო-სათავადო „სახლები“: ჩიქვან-ლიპარტიანდადიანნი, გურიელნი, შარვაშიძენი, ერისთავნი, გელოვანნი, დადეშქელიანნი, აბაშიძენი, მხეიძენი, მიქელაძენი, წულუკიძენი, ჩიჯავაძენი, აგიაშვილნი, იაშვილნი. .

გარყვნილი საერონი. გარყვნილი სასულიერონი.

ღალატი სიტყვისა. ღალატი ფიცისა. ღალატი ქვეყნისა. ღალატი მოყვასისა მოყვასისა მიმართ. ღალატი ერისწყეულისა ერისკაცის მიმართ.

ისევ „მიხდომ-მოხდომა“ დაუნდობარი, რამეთუ – ვინ ვის „ტახტზე“ დაჯდეს, ვინ ვის „სახელოში“ გაძვრეს, ვინ ვის სარეცელში ჩაწვეს.

გაბზარული და გახლეჩილი ქართული სული.

და რაინდული ხმლის მაგიერ – ჭინჭში გახვეული სამართებელი. - ასეთი იყო მემკვიდრეობა ახალი მეფისა. ასეთი იყო დასავლეთი საქართველო, როცა მის მორყეულსა და შერყვნილ ტახტს ეახლა ღირსეული მემკივდრე ბგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, თამარ შვიდმნათობიერისა, გიორგი ლაშასი და დავით ნარინისა.

იყო გონებით მძლავრი და გულით „უშიში, ვითარცა უხორცო“. სხეულით მკვრივი, თუმცა ყრმობითვე ეპილეფსიით შეპყრობილი. საოცარი თვალები ჰქონდა. ხალხში ხმა დადიოდა: სოლომონმა თუ მოინდომა, მისი თვალების დაშტერება წაახდენს კაცსაც, ჯარსაც, ნადირსაც და გახეთქავს ქვასაც. და ამიტომ „ქვახეთქიას“ ეძახდა ხალხი.

უბრალოდ ჩაცმა-დახურვა უყვარდა. რუხი მაუდის ჩოხითა და წუღა-მესტით დადიოდა. ცხენ-უნაგირი, თოფ-დამბაჩა და ხმალ-ხანჯალი, რიგითი მეომარივით, ოქრო-ვერცხლით გაუწყობელი ჰქონდა ბრძოლად მიმავალს.

უბრალო ადამიანებში, გამორჩევით გლეხებში ყოფნა უყვარდა გლეხის ძიძისაგან ძუძუნაწოვარს, გლეხ ძუძუმტეებში გაზრდილ გვირგვინოსანს...

11 ხრესილი

▲ზევით დაბრუნება



გამეფებისთანავე სოლომონმა ამოკვეთა და გააუქმა ორივე გადასახადი – საური და საუდიეროც. გლეხმა შვებით ამოისუნთქა და მისი მხსნელი ახალგაზრდა მეფე სალოცავ ხატად გაიხადა. თურქმა დამპყრობელმა ბალანი აიშალა და ქართველ მეფეს „ქართველობის თვის“ მოსისხლის თვალით დაუწყო ცქერა. ქართველმა ფეოდალმაც უარესად შეიძულა „ხალხოსანი ხელმწიფე“. ფეოდალური სამართალი ბატონს ყმის განუკითხავი გაყიდვის უფლებას აძლევდა. სოლომონმა „შესწორება“ შეიტანა ამ უსამართლო სამართალში. მისი ბრძანებით ამიერიდან მხოლოდ ისეთი ყმის გაყიდვა შეიძლებოდა, რომელსაც რაიმე მძიმე დანაშაული აღმოაჩნდებოდა ჩადენილი.

ბოლოს, მაინც ყველაზე მთავარი, რაიც სოლომონ მეფემ თავისი ზეობის პირველ წლებშივე გადაწყვიტა, ერთი დაკვრით, ყველასათვის მოულოდნელად – იყო საერთოდ „ტყვისსყიდვის“ აკრძალვა.

და აკრძალა მთელი სისასტიკით, სიკვდილის მიგებით.

უმძიმესი ცრემლი, კაეშანი და სირცხვილი მოუხსნა ქართულ ოჯახს დიდმა მამულიშვილმა.

ტყვის სყიდვა აკრძალულაო?!

საური და საუდიერო ამოკვეთაო?!

აიშალა და აზვავდა ოსმალეთის სასახლის კარი. ფაიქები ფაიქებს მოსდევდნენ სტამბოლიდან და ახალციხიდან ქუთათისს. ტყვის სყიდვაც სასწრაფოდ აღადგინე და ყოველი საოსმალო გადასახადი და გამოსაღები ისევ გაუცდენლად გადაიხადეო, თორემ... იმუქრებოდნენ ხონთქარი და ქართველთა „უახლოესი ფაშა“ ახალციხიდან.

სოლომონმა წინასწარ იცოდა, უსისხლოდ არც ოსმალო დამპყრობი შეურიგდებოდა ტყვის სყიდვის აკრძალვას და არც შინაური ფეოდალი და ამიტომ იგი ქვეყანას საომრად ამზადებდა...

... და გადმოვიდა ზეკარის უღელტეხილით იმერეთში თურქთა და გათურქებულ ქართველთა უზარმაზარი მხედრობა.

თურქთა ურდოს თავისი ჯარით შეუერთდა ზემო იმერეთის დიდი მთავარი ლევან აბაშიძე, ბიძა (დედის ძმა) და მოსისხლე სოლომონ მეფისა.

თურქთა შემწედ ჯარი გამოგზავნა ასევე მეფის მომტერე როსტომ რაჭის ერისთავმა.

მეფის მოწოდებაზე მოვიდნენ და მის მხარეზე თავისი ჯარებით დადგნენ – კაცია დადიანი, მამია გურიელი და ხუტუნია შერვაშიძე.

მოპირდაპირენი ერთმანეთის პირისპირ დადგნენ სოფელ ხრესილთან, 1757 წლის 14 დეკემბერს.

თურქთა მხარეზე - 44 000 მეომარი, ქართველთა მხარეზე - 11 000 მეომარი.

მეფეს ბრძოლის წინა ღამეს არ დაუძინია. მისი ერთგული კარისკაცები და სარდლები პაპუნა წერეთელი და ბერი წულუკიძეც არ მოშორებიან. წინა დღით რომ მტრის ბანაკი დაზვერეს, თურქთა მარცხენა მხარე უფრო სქლად დალაგებული ეჩვენა სოლომონს. ამიტომ ეს მხარე, თავისი მარჯვენა ფრთა, თვითონ აირჩია სამეთაუროდ ხვალინდელ ბრძოლაში. მარცხენა ფლანგზე პაპუნა წერეთელი დაადგინა, შუაგულში – ბერი წულუკიძე. კაცია დადიანი და ხუტუნია შერვაშიძე მეფესა და წულუკიძეს შუა უნდა ჩამდგარიყო, მამია გურიელი კი წულუკიძესა და წერეთელს შუა...

იწვა ხრესილი, მცირე სოფელი, დიდი სახელის მოლოდინში. მესამედ იყივლეს მამლებმა. ღვინო მოითხოვა სოლომონმა. მოართვეს. აზარფეშა შეუვსეს. „დიდება ღმერთსა! წმინდა გიორგი შენ გაუმარჯვე საქართველოს და საქრისტიანოს, მეოხ ეყავ ჯარსა ჩვენსა სამშობლოს ხსნისთვის მსხვერპლად გამზადებულს!“ – თქვა მღელვარედ, დასცალა და გადააწოდა პაპუნა წერეთელს. „ღმერთო უსმინე ჩვენს ბატონს, მეფე სოლომონს!“ შესძახა წერეთელმა და იმანაც გადაჰკრა სასმური. ჯვარი ისახეს და ზედმიყოლებით დასცალეს აზარფეშა ბერი წულუკიძემ, კაცია დადიანმა, მამია გურიელმა და ხუტუნია შერვაშიძემ. ხემსი დააყოლეს, კარვიდან გავიდნენ და ცხენებს მოახტნენ.

ჯარი შემართული იდგა საომრად. სოლომონი მხედრობის შუაგულს მიეახლა და უნაგირზე შეიმართა. „შვილებო“- დაიწყო ოცდაორი წლის მეფემ – ძმებო, ქართველებო! მჯერა, არ შეგაკრთობთ მტერთა სიმრავლე; აკი ყოველთვის ასე გვჭირდა ქართველთა; მუდამ მცირენი ამარცხებდნენ ჩვენი წინაპარნი ათგზის უმრავლეს მოსისხლეებს. დღესაც მარტონი როდი ვიბრძვით, არამედ ჩვენთან არს ძალი იესო მაცხოვრისა. და მისი თანადგომით დღეს უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ქრისტეს სარწმუნოება. მაშ, დავიძრათ გულმხნედ და ვაჟკაცურად, ჩემო შვილებო!“ ხმალი ამართა, ცხენი დასძრა და მტრისკენ გაფრინდა. მიჰყვნენ ქართველნი ყიჟინით, ბუკ-ნაფირის ცემითა და ხმლების შხუილით.

თურქთა ბანაკიც საომრად შემართული შემოეგება მოიერიშე ქართველობას. დადგა საშინელი ხმალთაკვეთება. ჯერ ისევ ღამე იდგა, მაგრამ მთვარის შუქზე მაინც არჩევდნენ ერთმანეთს მტრები. დილა რომ შემოდგა, უცნაურად ამოიკვეთა ბრძოლის სურათი. სოლომონ მეფე ოსმალთა შუაგულში შეჭრილიყო გაალმასებული ხმალცემით, მაგრამ მეფის ზურგშიც შემოჭრილიყვნენ თურქები. თვალი შეასწრო სოლომონმა: სამეფო დროშა მის მედროშეს აღარ ეჭირა. ქართველი მედროშე მოეკლათ და ქართული დროშა ახლა ოსმალთა ხელში რიალებდა, თურქული დროშის გვერდით. დროშის დაკარგვა კი დამკარგავს უეჭველ მარცხს უქადის. და ყველაზე ადრე მამია გურიელმა შეიგრძნო ეს ავი საფრთხე, მაშინვე თავისიანები გაიყოლა და შეუტია თურქთა იმ ნაწილს, სადაც ტყვედ ეპყრათ ქართული დროშა. გაარღვიეს და გაკაფეს გურულებმა ოსმალთა კორომი, თურქი მედროშენი ამოსწყვიტეს, ქართული დროშა აიტაცეს და გამოიტაცეს. ისევ გასწორდა ბრძოლის სასწორი. სოლომონ მეფეს კი ბრძოლის დაბერება არ უყვარდა და „სასწორის გადაწონვა“ ეჩქარებოდა. მან თურქსარდალთაგან ყველაზე მამაცი ალი-ბეგ ფაშა აირჩია, ხმალდახმალ მიუხდა, დავლურში გაიწვია, დაეძგერა და თავმოკვეთილი ჩამოაგდო უნაგირიდან. მთავარსარდლის სიკვდილმა გასაქცევად აღძრა თურქთა მხედრობა, მაგრამ მოღალატე ლევან აბაშიძემ გაამხნევა თურქი მეთაურები და ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა. ხუტუნია შერვაშიძემ თექვსმეტი თურქი მეომარი ასჩეხა ხმლით, მეჩვიდმეტეს მისწვდა და... გულდაგულნასროლი თოფებით მოცელეს იგი. ბრძოლა შენივთდა. მზე საშუადღეს დაეყუდა. იქვე მდგარ უზარმაზარი ცაცხვის ხეზე მეფის მეომარი გლეხი ბრეგაძე ასულიყო და ყვიროდა: „ფაშა ალი-ბეგი მოჰკლეს, ქართველებმა გაიმარჯვეს, თათრის ჯარი და ლევან აბაშიძე გაიქცნენ!!!“ თოფი მოიმარჯვა ლევან აბაშიძემ და დაუმიზნა ხეზე მყვირალ ბრეგაძეს. მაგრამ დაასწრო გეგელა თევდორაძემ და ნასწრაფვი გასროლით აბაშიძე სიცოცხლეს გამოასალმა. „ლევან აბაშიძე მოჰკლეს!“ - დარისხა ხიდან ბრძოლის ველს უცნაურმა „ჰეროლდმა!“ თურქები მარცხს უკვე შერიგებოდნენ და სიცოცხლის საშველად გარბოდნენ, ვის როგორ და საით მოუხდებოდა. ქართველებიც მისდევდნენ და იჭერდნენ ლტოლვილთ.

ბრძოლა გათავდა. 12 000 ოსმალო მეომარი დარეცილიყო ხრესილის ველზე. 15 000 ტყვედ აეყვანათ გამარჯვებულებს. ყოველ ქრთველ „კაცსა ერთსა მოჰყავდა ათი ოსმალი შოებული“. დანარჩენმა მუსლიმებმა ძლივს გადაასწრეს იმერეთიდან.

ასე დასრულდა ხრესილის ომი, ყველაზე დიდი სამამულიშვილო ბრძოლა საქართველოს მიწაზე...

ხრესილის ბრძოლის კვალდაკვალ სოლომონმა განდევნა თურქული ციხიონები ქართული ციხეებიდან.

იმერეთის სამეფო უკვე დახსნილი იყო ოსმალური უღლისა და კირთებისაგან. სამუდამოდ მოისპო წინარე იმერელ ქონდრისკაც მეფეთა სამარცხვინო თიკუნი: „მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა“.

ხრესილის ძლევამოსილებისა და თურქული უღლის გადაგდების შემდგომ სოლომონის ბეჭედზე გაკეთდა წარწერა, ღირსი მისი დიდხელმწიფობისა: ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე, იმერთ მეფე - სოლომონ“.

რასაკვირველია, თურქეთი, „ბრწყინვალე პორტა“, ასე იოლად არ შეურიგდება იმერეთის დაკარგვას და იმერთა მიწაზე ეგზომ სამარცხვინო მარცხს. კიდევ მრავალგზის მოვლენ ცეცხლითა და მახვილით დასავლეთ საქართველოში, ბევრ სისხლსაც დააქცევენ და ბევრსაც დაიქცევენ, გამარჯვებითაც გაიმარჯვებენ და მარცხითაც დამარცხდებიან, მაგრამ სოლომონისებრ შეურიგებელი, მისებრ საშიში და დაუცხრომელი მტერი თურქებს აქამდე ქართულ მიწაზე არ შეხვედრიათ. სანამ სოლომონი ცოცხალი იყო, თურქისთვის ქართული მიწა დაუპყრობელი და დაუმკვიდრებელი ჩანდა.

12 რუსული სულით და ქართული ხორცით

▲ზევით დაბრუნება



1768 წელს, ივნისში, სოლომონ მეფემ ქუთათელი ეპისკოპოსი მაქსიმე აბაშიძე გაგზავნა რუსეთს. ჩემი სამეფო „საიმპერიოდ აღრიცხეთო“, სწერდა სოლომონი ეკატერინე მეორეს – ოღონდ თქვენს მფარველობაში მიგვიღეთო და, „ქრისტეს შეწევნითა“, ქრისტიანული სჯულისთვის და თქვენთვის „უცხო თესლთა, ოსმალთა შევაკვდებიო“.

ამჯერად რუსთ ხელმწიფის კარს სჭირდებოდა საქართველო. სჭირდებოდა, რადგან უკვე ჩამომდგარიყო რუსეთ-თურქეთის ახალი ომი (1768-1774). კავკასიის იმედი ამ ომში ორივე მეომარ მხარეს ჰქონდა, თურქეთსაც და რუსეთსაც. თურქეთს კავკასიელი მაჰმადიანები ჰყავდა მოკავშირედ დაგულებული, რუსეთს – კავკასიელი ქრისტიანები.

საომარი ასპარეზი შავი ზღვის ორივე მხარეს უნდა გამართულიყო – აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ ასპარეზზე, ანუ „კავკასიის ხაზზე“ („ლინიაზე“) რუსეთის მთავარი საყრდენი ისევ და ისევ საქართველო უნდა ყოფილიყო..

1769 წლის 21 მაისს, ტფილისში, ერთმათენს შეხვდნენ გარუსებული ქართველი თავადი პორუჩიკი ხვაბულოვი (ქობულაშვილი), ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი. აქ გამოცხადდა რუსეთის, ქართლკახეთისა და იმერეთის ერთიანი ბრძოლა საერთო მტრის, თურქეთის წინააღმდეგ. ქართველი მეფეები რუსეთთან კავშირში ირანისა და თურქეთისაგან მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებას, ლეკიანობის, ოსმალობისა და ყიზილბაშობის სამუდამო აღკვეთას იმედოვნებდნენ. ხოლო, რუსეთის მთავრობა თავის მხრივ ქართველთა საშუალებით ამიერკავკასიაში თურქთა დიდი ძალების დაბანდებას ფიქრობდა, ბალკანეთის მთავარ ფრონტზე რომ შეტევა გაადვილებოდა...

1769 წელს, დარიალის გამოვლით, რუსთა ჯარი (480 ჰუსარი და კაზაკი) საქართველოში შემოვიდა. სარდლად მოუძღოდა გენერალი ტოტლებენი, ყოვლად შეუფერებელი კაცი, უნიჭო და უზნეო, წარმომავლობით გერმანელი, რომელსაც საკუთარი პატივმოყვარეობის იქით არაფრად მიაჩნდა არც რუსეთი და არც საქართველო: ჩვენ აქ, ამიერკავკასიაში, თურქების წინააღმდეგ რუსული სულით და ქართული ხორცით უნდა ვიომოთო, – ასეთი განაზრახით მოდიოდა ტოტლებენი - ანუ, თურქეთთან ომში ჯარი ქართველებისა უნდა იყოს, ჩვენი კი - სულიერი გამხნევებაო!

მომდევნო წელს რუსეთის ხელმწიფემ, დედოფალმა ეკატერინე მეორემ, საქართველოში ტოტლებენთან შესაერთებლად კიდევ გამოგზავნა 3762 მეომარი, რუსეთში გაზრილი ქართველი თავადის ჩოლოყაშვილის სარდლობით.

ამჯერად რუსთ ხელმწიფის კარს სჭირდებოდა საქართველო. სჭირდებოდა, რადგან უკვე ჩამომდგარიყო რუსეთ-თურქეთის ახალი ომი (1768-1774). კავკასიის იმედი ამ ომში ორივე მეომარ მხარეს ჰქონდა, თურქეთსაც და რუსეთსაც. თურქეთს კავკასიელი მაჰმადიანები ჰყავდა მოკავშირედ დაგულებული, რუსეთს – კავკასიელი ქრისტიანები.

საომარი ასპარეზი შავი ზღვის ორივე მხარეს უნდა გამართულიყო - აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ ასპარეზზე, ანუ „კავკასიის ხაზზე“ („ლინიაზე“) რუსეთის მთავარი საყრდენი ისევ და ისევ საქართველო უნდა ყოფილიყო.

1769 წლის 21 მაისს, ტფილისში, ერთმათენს შეხვდნენ გარუსებული ქართველი თავადი პორუჩიკი ხვაბულოვი (ქობულაშვილი), ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი. აქ გამოცხადდა რუსეთის, ქართლკახეთისა და იმერეთის ერთიანი ბრძოლა საერთო მტრის, თურქეთის წინააღმდეგ. ქართველი მეფეები რუსეთთან კავშირში ირანისა და თურქეთისაგან მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებას, ლეკიანობის, ოსმალობისა და ყიზილბაშობის სამუდამო აღკვეთას იმედოვნებდნენ. ხოლო, რუსეთის მთავრობა თავის მხრივ ქართველთა საშუალებით ამიერკავკასიაში თურქთა დიდი ძალების დაბანდებას ფიქრობდა, ბალკანეთის მთავარ ფრონტზე რომ შეტევა გაადვილებოდა....

1769 წელს, დარიალის გამოვლით, რუსთა ჯარი (480 ჰუსარი და კაზაკი) საქართველოში შემოვიდა. სარდლად მოუძღოდა გენერალი ტოტლებენი, ყოვლად შეუფერებელი კაცი, უნიჭო და უზნეო, წარმომავლობით გერმანელი, რომელსაც საკუთარი პატივმოყვარეობის იქით არაფრად მიაჩნდა არც რუსეთი და არც საქართველო: ჩვენ აქ, ამიერკავკასიაში, თურქების წინააღმდეგ რუსული სულით და ქართული ხორცით უნდა ვიომოთო, – ასეთი განაზრახით მოდიოდა ტოტლებენი - ანუ, თურქეთთან ომში ჯარი ქართველებისა უნდა იყოს, ჩვენი კი - სულიერი გამხნევებაო!

მომდევნო წელს რუსეთის ხელმწიფემ, დედოფალმა ეკატერინე მეორემ, საქართველოში ტოტლებენთან შესაერთებლად კიდევ გამოგზავნა 3762 მეომარი, რუსეთში გაზრილი ქართველი თავადის ჩოლოყაშვილის სარდლობით.

13 კარი მერვე. ასპინძიდან კრწანისამდე

▲ზევით დაბრუნება



ღრუბელი გასივდა და სიკვდილს წვიმდა. გილგამეშიანი.

13.1 აწყური და ასპინძა

▲ზევით დაბრუნება



ერეკლე მეფე და გენერალი ტოტლებენი ქართველთა და რუსთა მხედრობით მტკვრის აყოლებით მესხეთისკენ გაეშურნენ.

1770 წლის 17 აპრილს მიადგნენ აწყურის ციხეს. ერეკლე არ აპირებდა აქ შეჩერებას. მან იცოდა, რომ მთავარი ახალციხის აღება იყო, რის შემდეგაც მესხეთის ყველა ციხე დაიცლებოდა თურქული ციხიონებისაგან. მაგრამ ტოტლებენი გაჯიქდა: მაინცდამაინც ჯერ აწყური უნდა ავიღოთ და მერე ახალციხეო. აიჩემა და თავისიც გაიტანა, აწყურის ციხესაც ალყაში მოქცევა დაუპირა, მაგრამ ორი დღის შემდეგ სრულიად მოულოდნელად თავისი ჯარი ბანაკიდან აჰყარა და უკან გამობრუნდა. ბევრს ეხვეწა და ემუდარა ერეკლე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მერე ერეკლეს უფროსი ძე და მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი წამოეწია ბრძოლიდან გამოქცეულ მოკავშირეს, ბევრი არცხვინა, არც მოღალატისა და მხდალის სახელი დააკლო, არც მუქარა ეკატერინე დედოფალთან დაბეზღებისა, მაგრამ კვლავ არაფერმა გასჭრა. ტოტლებენმა რუსის ჯარი ბრძოლის ხაზიდან გამოაქცია. ქართველები მარტო შერჩნენ მტერს.

რუსების წასვლამ აწყურში ჩასაგრებული თურქები გაამხნევა, ქართველები კი დააღონა. ვიღაც თურქი მხედარი ციხიდან გამოიჭრა თამამი ჯირითით და ქართველებიდან ფალავანი გაიწვია. გავიდა ლუარსაბ ვაჩნაძე, კახი თავადი, სოფელ კოლაგიდან. შეება იმ თურქს, თვითონ სახეში დაიჭრა, მაგრამ მოპირდაპირეს თავი გააგდებინა და მეფეს მოართვა. თურქული ციხიონი დაიზაფრა.

ერეკლემ აწყურთან დგომა უნაყოფო საქმედ ჩასთვალა და ჯავახეთთრიალეთის გზას გაუდგა ჯარით.

თურქებმა იფიქრეს, ქართველები ბრძოლას დაუშინდნენო და გრიალით გამოიჭრნენ ციხიდან.

ერეკლემ ფიცხლავ ცხენოსანი ჯარი გადაარჩია, შეატრიალა და შეაკვეთა მოიერიშე მტერს. გულჯავრიანად შეუტიეს ქართველებმა. უკუიქცნენ თურქნი. მიჰყვნენ ქართველები გააფთრებული ჩეხვით. ხუთასი მკვდარი შეატოვეს თურქებმა ქართველებს და ისევ შეცვივდნენ და შეიკეტნენ აწყურის ციხეში.

გამობრუნდნენ და წამოვიდნენ ქართველები. ასპინძის გზით მიჰყავდა ჯარი წუხილით გულდამძიმებულ მეფეს. მტკვრის მარჯვენა მხარეს მიჰყვებოდნენ. მდინარე ერთობ ადიდებულიყო. ერეკლე მტრის მოულოდნელ შემოფეთებას ელოდა და წინაკერძში დარჩეული მხედრობით მიდიოდა საომრად გამზადებული.

ასპინძა გამოჩნდა.

ერთბაშად ოსმალთა და ლეკთა ჯარი ამოსხლტა მიწიდან – 1500 მეომარი. ხერთვისიდან და ახალქალაქიდან გამოეყვანათ ფაშას ბრძანებით. საშინელი ყიჟინით მოჰქროდნენ. ქართველების ხილვაზე უეცრად შედგნენ.

ერეკლე ჯარს მიუტრიალდა: „ქართველებო, ყოველ განსაცდელში განუყრელო ძმანნო! ეს იცოდეთ, რომ ჩვენი უკან გაბრუნება არ იქნება იმიტომ, რომ თუ რუსების ჯარს ოსმალო მიეწევა, დიდს ვნებას მისცემს და მას უკან გაქეზებულნი ოსმალ-ლეკნი საქართველოსაც აგვიოხრებენ: უმჯობესია ამისათვის ჩვენ აქ გავწყდეთ. ეხლა, ამის შემდეგ თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ, ქართველებო, აბა, რჯულისთვის და მამულისათვის“! შეჰყივლა, ხმალი აღმოახდინა და ცხენს ქუსლი ჰკრა.

მძლავრი დაძგერება და უმალვე დაჯაბნეს ქართველებმა ლეკ-ოსმალნი. უკუაქციეს და გამოენთნენ უწყალო ხეთქინებით. მტკვარს მიარეკეს და შიგ გადაჰყარეს - თუ ხმლის ცემით, თუ მუშტის შემოკვრით, თუ ცხენის ძგერებით. ხუთასამდე ძლივს გაექცა სიკვდილს.

ხმლების გაგება და ოფლის მოწმენდა ვერ მოასწრეს გამარჯვებულებმა, რომ ასპინძასთან, მტკვრის მარცხენა მხარეს, თურქთა და ლეკთა მთავარი ძალები ამოიმართნენ. ის ამოწყვეტილი ათას ხუთასი კაცი თურმე სახელდახელოდ გამოეგზავნა ნომან ფაშა ახალციხელს. ახლა კი 8 000 თურქი და ლეკი მოილტვოდა ქართველთა წასახდენად და ამოსაწყვეტად.თურქებს მოუძღოდნენ - არტანბეგ ბექირბეგი, თორმეტი სანჯაყის მფლობელი, გოლა ფაშა, ბეგი შავშეთისა, ფაშა ყულიანისა, ფაშა კარცხლისა და ფაშა ოლთისისა.

ლეკებს კი სარდლად ედგა კოხტა-მალაჩილა, ქართველების „ახლო ნაცნობი“, ატოცთან ქართული ხმლისგან „ჭკუანასწავლი“, მაგრამ იმჟამინდელი დაღესტნის მაინც ყველაზე დიდი ბელადი. მას თანაშემწეებად მოსდევდნენ: უსუფ ბელადი, ჰაჯი მამედ ბელადი და ყუმუხის ბატონიშვილი გაჰრაი, რომელიც თურქეთის სულთანს მუსტაფა მესამეს ორი დღის წინათ ტფილისის ფაშად დაენიშნა!...

ერეკლემ სამი ათასი მხედარი აარჩია, თვითონ წარუძღვა და წინ წავიდა. დანარჩენი ჯარი ზურგში მოშორებით დატოვა.

თურქ-ლეკთა მხედრობა უკვე გადმოდიოდა ასპინძის ხიდზე, მდინარის მარცხნიდან მარჯვენა ნაპირისაკენ. მზე ჩადიოდა. ერეკლემ საომრად აძაგრული მეომრები ჩააწყნარა და მტერს ხიდზე გადმოსვლა აცალა. მზე ჩაიწრიტა და ლეკ-ოსმალთა ჯარიც გადმოიწრიტა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. წყვდიადი ჩამოწვა. მდუმარედ უცდიდა გათენებას ორივე ბანაკი. იქვე სოფელი ასპინძა იწვა, დიდი საისტორიო სახელის მოლოდინში...

იმ ღამით ერეკლესგან სახელდახელოდ წარგზავნილმა გუნდმა, მტრის მთავარი ბანაკისგან ნამალევად, ხიდზე თურქი გუშაგები ჩახოცა და თვითონ ხიდი აჰყარა. ამით, მაშველ ძალთა მოსასვლელი გზა მოეჭრათ თურქებს და ლეკებს. უკანდასახევი გზა ჩაეჭრათ....

მაშ, ასპინძა. 20 აპრილი 1770 წლისა.

სისხამზე აიღო ხელში ბრძოლის სასწორი ომის ღვთაებამ. ერთ მხარეს – 8 000 თურქი და ლეკი, მეორე მხარეს – 3 000 ქართველი.

ქართველთა მარჯვენა კერძზე დგას სიძე ერეკლე მეფისა, სარდალი და სახლთუხუცესი დავით ორბელიანი, მარცხენაზე – გიორგი ბატონიშვილი, შუაგულში – თვითონ ერეკლე მეფე.

მოპირდაპირე მხარეს მარჯვნივ და მარცხნივ ოსმალები ჩამდგარან, შუაში – ლეკები. მემარჯვენე სარდლად არტანბეგ ბექირბეგი დგას. მემარცხენედ – გოლა ფაშა. შუაზედ - კოხტა-მალაჩილა...

ახალშობილი მზის სხივი დასცემოდა ერეკლე მეფის დაორთქლილ ხმალს. ჯარს მიუთხრობდა მეფე სიტყვას: „გულოვანო მხნენო ქართვალნო, ჩემო განუყრელნო ყოველსა საშინელებაში, ჩემო გულის ძმანნო! ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენს თავზე პირველი არ არის.

კარგად გაარჩიეთ და დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს! ვიომოთ სიკვდილამდის, ასე სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა ვერ იხილოს: ეს ხომ ჯაბანთა წესი არის. თქვენს წინ მე გადაწყვეტით ვაღიარებ, რომ დღეს ან უნდა გავიმარჯვოთ, ან უნდა გამოვესალმოთ ჩვენს თავს და აქ უნდა გავწყდეთ. ჩვენს ცოლ-შვილში ხომ სირცხვილია დამარცხებით მისვლა. მერე რა პირს დაგვინახავენ ის ჩვენი კარგი დედაკაცნი? შავსა დამარცხებულ პირსა! და თან გვეტყვიან: აბა, ჯაბნებო, წადით დაიკარგენით ჩვენგნითაო... აბა, ჩემო გულის ძმებო, მინამ იმათ წინ ამ სირცხვილით წარვდგებოდეთ, გვიჯობს ჩვენს წმინდა სიკვდილზე თმები ვაწეწინოთ იმათ, ჩვენს დაქცეულ სისხლზედა, ჩვენის მამულისათვის. მაშ, ან გავიმარჯვოთ, ან გავწყდეთ, ქართველებო, მეც ხომ აქა ვარ, თქვენ გენაცვალოთ თქვენი ერეკლე!“

თქვა და ცხენი მოსხლიტა. მიჰყვნენ ქართველნი მძლავრი ყიჟინით. შემოეგებნენ ლეკ-ოსმალნი „ალლაჰ-ილალლაჰის“ ბღავილით. ისევ მისვლისთანავე დაიჯაბნეს ქართველებმა მოპირდაპირე. მეწინავენი ჩაჰკაფეს და ჩააწვინეს. დავით ორბელიანმა მისდრიკა მტრის მარცხენა ფრთა. გიორგი ბატონიშვილის მარცხენა კერძმაც მოშალა და უკუაქცია ოსმალთა მარჯვენა მხარი. მაინც ერეკლე იყო პირველი გმირი – საქართველოს „პირველი ხმალი“. შვიდი ხევსური იბრძოდა საარაკო სიმამაცით საყვარელი ხელმწიფის გვერდით. მზე საშუადღეს მიუახლოვდა. მტკვრისკენ მიერეკებოდნენ ქართველები აჭრილ-აშლილ ოსმალთა რაზმებს. ლეკები მაგრობდნენ ისევ, ერეკლემ ლეკებს მიუსია ქართველთა შუაკერძი. კოხტა-მალაჩილა გამოიჭრა წინ და გაითხოვა ბრძოლაში ერეკლე მეფე. მყისვე მიუხდა ერეკლე. ხმლების გაელვება და... ცალ-ცალკე დაგორდა მიწაზე ლეკთა ბელადის თავი და ტანი. ახლა ლეკებმაც იკადრეს გაქცევა. მტკვარს მიაწყდა მუსლიმთა ბრბოები. ხიდი აყრილი დახვდათ. წყალსა და ხმალს შორის მოექცნენ ლეკ-ოსმალნი. მუსლიმანური მხედრობის ნახევარი ხმლით აჩეხილი ეყარა ქართულ მიწაზე, მეორე ნახევარმა კი ხმლით უეჭველ სიკვდილს ისევ წყალი ამჯობინა გაცურვის ვარაუდით. და გადაეშვა წყალში, მაგრამ დიდროობით აბობოქრებული მდინარეც მტრულად დაუხვდა საქართველოს მოსისხლეებს. მხოლოდ ცამეტმა ლეკმა თუ ოსმალომ გააღწია მარცხენა ნაპირს. ოთხი ათასი ჩაითრია და ჩაახრჩო თავის წიაღში მდინარემ. ტივებად შეკრული მიჰქონდა მტკვარს საქართველოს მაოხართა გვამები. ოთხი ათასი კი მდინარის მარჯვენა ნაპირზე ეყარა, ქართველთა ხელით აჩეხილი. დახოცილიყო ყველა მათი სარდალი. ქართველებს დარჩათ მტრის ოცდახუთი დროშა, ცხენები, საჭურველნი, აღა-ფორანნი. ტყვედ ჩავარდნილიყო და სიკვდილს გადარჩენილიყო მხოლოდ 36 ოსმალო და 1 ლეკი. ქართველთაგან კი დაღუპულიყო 25 კაცი.

ასე განესრულა სახელოვანი ასპინძის ბრძოლა. სწორედ რომ სახელოვანი და დიადი. მაგრამ შედეგი – გარდა დიდი სახელისა – სავსებით არაფერი! რუსთა სარდლის, გერმანელი გენერლის ღალატის წყალობით ასპინძის გმირები მაინც ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ მესხეთიდან ტფილისს.

ასეთი იყო ქართველთა კიდევ ერთი უიღბლო გმირობის აპოთეოზი.

13.2 ასპინძიდან გიორგიევსკამდე

▲ზევით დაბრუნება



ტოტლებენი უარესად გადაემტერა ერეკლეს. ტახტიდან ჩამოგდებაც კი დაუპირა და საამისოდ რამდენიმე ქართველი თავადიც ჩაითრია შეთქმულებაში. მაგრამ ერეკლე ძლიერად ამოქმედდა, თვითონ რუსი ოფიცრების სიმპათიებით და ერთგულებით ისარგებლა და ტოტლებენს დაემუქრა „არესტით“. დაფრთხა და დადედლდა ტოტლებენი. შერიგების თხოვნით მიმართა ერეკლეს. ერეკლემაც დათმო, თუმცა სიამაყით ამბობდა: რუსის ჯარში, ტოტლებენის გარდა, ყველას უკლებლივ ჩემი სიყვარულით ავსებულ ადამიანებს ვხედავო.

ტოტლებენს ერეკლესთან მაინც აღარ დაედგომებოდა და სულაც გაეცალა. იგი სასწრაფოდ გადავიდა იმერეთს სოლომონის „მისაშველებლად“. მაგრამ აქაც, თავისი უტაქტობით იმერეთის მეფესთანაც განხეთქილება მოუხდა.

როგორც იქნა, პეტერბურგის კარზე მიხვდნენ, რომ საქართველოში ,,ტოტლებენი რუსეთს უფრო სირცხვილს უხვეჭდა, ვიდრე სახელს“. ამიტომ ტოტლებენი უკან გაიწვიეს და მის ნაცვლად რუსული მხედრობის სარდლად საქართველოში გენერალი სუხოტინი დანიშნეს.

მაგრამ სუხოტინიც თავნება და „ახირებული“ გენერალი აღმოჩნდა. მან დასავლეთ საქართველოს მესვეურების რჩევას ანგარიში არ გაუწია, ფოთის თურქულ ციხიონს ალყა უდროო დროს შემოარტყა, ალყა გაჭიანურდა, რუსი მეომრები ადგილობრივმა ჰავამ ცუდად დასცადა, — მალარიითა და ციებ-ცხელებით ჯარის დიდი ნაწილი გაწყდა და დანარჩენები უკუიქცნენ.

1772 წელს რუსთა მხედრობა საქართველოდან ისევ რუსეთს დაბრუნდა. ამით ოსმალეთმა ისარგებლა და იმერეთის დასასჯელად 5 000 მეომარი გამოგზავნა. სოლომონ მეფემ ეს ჯარი ჩხერის ხეობაში ჩაიმწყვდია და სასტიკად დაამარცხა. მხოლოდ შვიდასმა თურქმა და ლეკმა დააღწია თავი სიკვდილს.

1773 წელს ერეკლემ და სოლომონმა კავშირი განაახლეს, ძმობა შეჰფიცეს და ერთიანი საომარი განაზრახი განიზრახეს. იმავე წელს მეფეები 11 000 ამერ-იმერი მეომრით ჯავახეთს ჩავიდნენ და ახალქალაქს დაეცნენ. ალყა დაბერდა, სოლომონ მეფე მძიმე ავადმყოფი შეიქნა საოფლით, ისეთი მძიმე, „რომ სიკვდილი მიახლდა“. აქიმებმა რომ საშველი ვერ გააჩინეს, იმერლები აიყარნენ, ავადმყოფი მეფე საკაცით იტვირთეს და იმერეთს დაბრუნდნენ. ახალქალაქის თურქული ციხიონი ქართულ ხმალს გადაურჩა. 1774 წლის 10 ივლისს, ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთი და თურქეთი შერიგდნენ. ამ ზავით ვერც ერეკლემ და ვერც სოლომონმა თავისი სამეფოების სასარგებლოდ ვერაფერიც ვერ მიიღეს. იმერეთი ისევ ოსმალეთის საყმო ქვეყანად სცნო რუსეთის მთავრობამ, მაგრამ სოლომონმა ქუჩუკ-კაინარჯი არ სცნო და ისევ განაგრძობდა ბრძოლას.

ქართლ-კახეთისთვის უიღბლო რუსეთ-თურქეთის ომმა თვითონ ერეკლეს „პიროვნული იღბალი“ დიახაც განადიდა და განაბრწყინა. მსოფლიოს ეკერა პირზე ქართველი მეფის სახელი. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო პრუსიის დიდი ხელმწიფე და მხედართმთავარი ფრიდრიხ მეორე, რომელსაც ეთქვა: ქვეყანაზე ახლა ორი დიდი სარდალი ცხოვრობს – დასავლეთში მე, აღმოსავლეთში ერეკლე მეფეო. ჯერ კიდევ ასპინძის ომამდე გამოქვეყნდა დიდი გერმანელი მწერლისა და ფილოსოფოსის ლესინგის პიესა „მინა ფონ ბარნჰელმი“, სადაც ერეკლე — ქართველთა „პრინცი“ და მეფე – წარმოდგენილია ვითარცა „უმამაცესი ვაჟკაცი, რომელმაც სპარსეთი დააჩოქა და დღეს თუ ხვალ თურქეთის კარიბჭეებშიც შეიჭრება ძლევამოსილად“. პიესის გმირები, უსაქმურობით სახსარმოშლილი ახალგაზრდა გერმანელები, საქართველოში წასასვლელად ემზადებიან, რათა იქ, „მისი უმაღლესობის პრინცი ირაკლის მთავარსარდლობის ქვეშ, ორ-სამჯერ მაინც გაილაშქრონ თურქების წინააღმდეგ“. ევროპისა და რუსეთის ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო ერეკლეს „საოცარი ბიოგრაფიებით“, ნამდვილი ისტორიებით და ამოდსაკითხავი ლეგენდებით.

მეზობელ და მოძმე სომხებს ხომ გაღმერთებული ჰყავდათ ქართველი მეფე. დიდი სომეხი მამულიშვილი იოსებ ემინი ჯერ კიდევ 1758 წელს ლონდონიდან სწერდა ერეკლეს: „შენი სახელი ინდოეთში გავიგონე, ხოლო ინგლისში შენი გამარჯვებების ამბები შევიტყვეო“. მერე ემინი პირადად ეწვია „ქართველთა და სომეხთა გმირს“ საქართველოში. ეწვია და სიყვარულით ჩაიწერა თავის მემუარებში სომეხ-ქართველთა ერთიანობის მქადაგებელმა: „ერეკლე მეფე მომცრო სიმაღლის მამაკაცია. მის შავგვრემან სახეს ხან მწვანე, ხან ყვითელი ფერი გადაჰკრავს; მას კარგად მოყვანილი ტანი აქვს, იგი მძლავრია სულითაც და სხეულითაც. მასთან საუბარი ისევე სასიამოვნო და ჭკუის სასწავლებელი იყო, როგორც განსწავლულ ინგლისელ ჯენტლმენებთან საუბარია. იგი მოკლებულია ყოველგვარ ამარტავნობას, ძალდატანებასა და ქედმაღლობას, ესოდენ ჩვეულებრივ სხვა აზიელი ხელმწიფეებისათვის; იგი დიდ გონებამახვილობას ამჟღავნებდა და არასდროს არ ტრაბახობდა; მისი ხმა ისეთი მელოდიური იყო, რომ ანგელოსის ხმა გეგონებოდათ... ერთხელ ერეკლე მეფემ მღვდელ ტერ-ფილიპესთან ერთად თელავის სასახლეში მიმიწვია. საუბრის ჟამს ერეკლემ თქვა: მას შემდეგ, რაც ორი მოძმე ერი, ქართველები და სომხები, რელიგიური დოგმატების დარგში ერთმანეთს დაშორდნენო, ისინი ცალ-ცალკე განმარტოებულნი აღმოჩნდნენ და ურჯულოთა უღელქვეშ მოექცნენო; საჭიროა, რომ ისინი ისევ გაერთიანდნენ (და თავის აზრის უკეთ გამოსახატავად მეფემ ხელი ხელს გადააჭდო), თორემ უამისოდ ვერც ქართველები და ვერც სომხები ვერავითარ კეთილშობილ გეგმას ვერ შეადგენენო“. მაშინ, საღამოს ცხრა საათიდან ნაშუაღამევის სამ საათამდე გაგრძელებულა საუბარი სომეხ-ქართველთა საოცნებო ერთიანობის გარშემო. მას უკან იოსებ ემინის თანამემამულემ და თანამებრძოლმა მოვსეს ბაგრამიანმა ინდოეთში, მადრასში, გამოსცა „შეგონებად“ წოდებული ახალი წიგნი. ერეკლე მეფე სომეხი ბატონების შთამომავალიც არისო და, მაშასადამე, იგი სომეხ-ქრთველთა ერთიანი ხელმწიფე უნდა იყოსო...

ირანის მბრძანებელი ქერიმ-ხანი კი გამწყრალიყო ქართველ მეფეზე რუსეთთან მისი ურთიერთობის გამო. მაგრამ მალე გული მოიბრუნა ქერიმ-ხანმა ერეკლეზე. ეს კი მაშინ მოხდა, როცა ერეკლემ ახალციხიდან შემოჭრილი თურქ-ოსმალონი დაამარცხა, დაედევნა და ახალციხემდე მუსლიმანური დასახლებანი ერიანად დაარბია. მაშინ თურქეთის სულთანმა ქერიმ-ხანს მისწერა: „თუმცა ჩვენსა და თქვენს შორის არის მშვიდობა, რამეთუ ზავ გვიყოფიეს. გარნა ეგრეთცა აღგიშვია ერთი ლომი (რომელ არს საქართველოს ვალი), რომელიც აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არამცირედი ხაზინანი, რომლისათვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენისა და გთხოთ, დააყენოთ იგი ესევითარისა მძლავრებისაგან“. დიდად გაახარა ამ წერილმა ქერიმ-ხანი: როგორ არ უნდა ვცემდე პატივს ერეკლე მეფეს, თურქეთის ფადიშაჰი რომ ჩემს წინ დაუჩოქებია და აჩივლებსო. და გამოუგზავნა მაშინ ირანის ხელმწიფემ ერეკლეს „სიყვარულით აღსავსე“ წერილი, ოქროს ხმალი, ოქროთი დარახტული და ოქროს სხვა იარაღით დატვირთული ბედაური...

... მაგრამ რუსთა წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გათამამდნენ ლეკები. მაშინ ერეკლე მეფემ შექმნა „მორიგე ჯარი“ უმამაცესი ძის ლევან ბატონიშვილის სარდლობით. მეფის ბრძანებით ყოველი ბრძოლისუნარიანი მამაკაცი ერთი თვით სამხედრო სამსახურში მიდიოდა. ლევან ბატონიშვილმა „მორიგე ჯარით“სავსებით აღკვეთა ლეკთა თარეში ქართულ მიწა-წყალზე. მაგრამ თავადები არ შეურიგდნენ მორიგე ჯარში ყმა-გლეხთა გაწვევას. ამას ლევან ბატონიშვილის მოულოდნელი დაღუპვა დაერთო და ერეკლე მეფის ეს მნიშვნელოვანი „სამხედრო რეფორმაც“ ჩაიშალა.

13.3 გეორგიევსკი

▲ზევით დაბრუნება



მეთვრამეტე საუკუნის 80-ინ წლებში მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობანი ამიერკავკასიის გზაკვანძზე განსაკუთრებით გართულდა და დაიძაბა. სამი მსოფლიო მონარქია – რუსეთი, ოსმალეთი და ირანი - არასოდეს ისე მძაფრად არ დაპირისპირებიან ერთმანეთს, როგორც იმჟამად. სამივეს ძალიან „სჭირდებოდა“ საქართველო და საქართველოსაც ისღა დარჩენოდა, არჩევანი გაეკეთებინა.

საქართველოს „არჩევანი“ კი ისევ უყოყმანოდ რუსეთი იყო.

რუსეთის იმპერიის „სამხრეთულ საქმეებს“ განაგებდა ეკატერინე მეორის პირველი ფავორიტი, რუსეთ-თურქეთის ომის გმირი, მთავარსარდალი, ბრწყინვალე თავადი, ფელდმარშალი გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი. სწორედ მას დაევალა ხელმწიფისაგან ამიერკავკასიის „ყველაზე მნიშვნელოვან საქმეთა“ გარიგება და გადაწყვეტა.

„ბრწყინვალე პოტიომკინს“ თანაშემწედ დაუნიშნეს ახლო ნათესავი, ჩრდილოეთ კავკასიის საომარი ძალების („კავკასიის ლინიის“) მთავარსარდალი, გენერალ-პორუჩიკი პავლე სერგის ძე პოტიომკინი.

პავლე პოტიომკინის შტაბ-ბინა კი ქალაქ გეორგიევსკში იყო. აქედანვე შეუდგა იგი კავკასიის საქმეთაგან უმნიშვნელოვანესის – საქართველოს საკითხის შესწავლასა და „მოგვარებას“......

1783 წლის 24 ივლისი – დიდი საისტორიო სამანი საქართველოს ისტორიაში.

ამ დღეს ჩრდილო კავკასიის რუსულ ციხესიმაგრეში, გეორგიევსკში, დაიდო რუსეთ-საქართველოს „მეგობრობითი პირობა“, ანუ „ტრაქტატი“. რუსთაგან ტრაქტატს ხელს აწერენ გენერალი პავლე პოტიომკინი და პოდპოლკოვნიკი ტამარა, ქართველთაგან კი გარსევან ჭავჭავაძე და იოანე მუხრანბატონი.

გეორგიევსკის ტრაქტატი ითვალისწინებდა ორმხრივ ვალდებულებებს: ქართლ-კახეთის მეფე უარს ამბობს ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს ქვეშევრდომობაზე და სამუდამოდ შედის რუსეთის მფარველობაში; ამიერიდან სამეფო რეგალიებს ქართველი მეფე მიიღებს რუსეთის იმპერატორის ხელით; თავის მხრივ, ქართველი მეფე ერთგულების ფიცს აძლევს რუსეთის ხელმწიფეს; ქართლკახეთის მეფეს უფლება არა აქვს რუსეთთან შეთანხმების გარეშე აწარმოოს რაიმე საგარეო პოლიტიკა; ქართლ-კახეთის მეფე ვალდებულებას კისრულობს, საჭიროებისთანავე, რუსეთის სამსახურში გამოვიდეს მთელი თავისი საომარი ძალებით; რუსეთი კისრულობს ქართლ-კახეთის დაცვას; ზრუნვა დაცვისა გაგრძელდება იმ ქვეყნებზეც, რომლებიც დროთა მანძილზე შემოუერთდება ქართლსა და კახეთს; რუსეთი კისრულობს ერეკლესა და მისი შთამომავლობის დაცვას ქართლ-კახეთის ტახტზე; შინაურ საქმეებში ქართლ-კახეთის მეფე სრულიად დამოუკიდებელია, რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო მოხელენი ქართლკახეთის შინაურ საქმეებში ვერ ჩაერევიან; ერეკლე მეფე კისრულობს სოლომონ იმერეთის მეფესთან თანხმობით ყოფნას, ხოლო მათ შორის რაიმე უთანხმოების შემთხვევაში შუამავლობა ეკუთვნის რუსთა ხელმწიფეს; ქართველთა ჯარის სიმტკიცედ და საქართველოს დასაცავად მოსალოდნელი გარე შემოსევისაგან, რუსეთის ხელმწიფე საქართველოში მუდმივ სამყოფად აგზავნის ორ ბატალიონ ქვეით ჯარს; ომის შემთხვევაში, რუსეთის მენაპირე ჯარის სარდალი, რუსეთის ხელისუფლების რწმუნებით, ქართლ-კახეთის მეფესთან ერთად გამოდის საერთო მტერთან საომრად; ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად უსწორდება რუს თავადაზნაურობას; ასევე, ქართველი ვაჭრები რუსეთში ღებულობენ რუსი ვაჭრებისგან დადგენლ შეღავათებს; რუსეთის ხელმწიფე კისრულობს, ომისა თუ ზავის პირობებში ყოველნაირად იღონოს, დაუბრუნდეს ქართლ-კახეთს გარეშე მტერთაგან მიტაცებული ქართული მიწები.

1784 წლის 22 იანვარს „ტრაქტატს“ ხელი მოაწერა რუსეთის ხელმწიფემ ეკატერინე მეორემ.

იმავე წლის 24 იანვარს ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ.

13.4 აღსასრული სოლომონ მეფისა

▲ზევით დაბრუნება



„სოლომონ პირველი იყო დიდ სახელოვანი, ქვეყანასა ჩვენთა უშჯულოთა მაჰმადიანთა ძირითურთ აღმფხვრელი და ქრისტესათვის მრავალგზის სისხლ დათხეული, იმერთა მეორე აღმაშენებელი“.

მეფე სოლომონ მეორე

იმერეთის მეფე სოლომონ პირველიც თავგამოდებით შეეცადა მოეპოვებინა ისეთივე „მფარველობითი ტრაქტატი“, რაიც რუსეთისგან უკვე მიიღო ერეკლე მეფემ.

თურქეთის სულთანი აბდულ-ჰამიდ პირველი დაფრთხა და 1783 წლის 1 ნოემბერს მისი ელჩები დიდის საჩუქრებით ეწვივნენ ქუთათისის სასახლეს. აბდულ-ჰამიდი სოლომონისგან რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტას ითხოვდა. სოლომონმა ოსმალო ელჩები ცივი უარით გაისტუმრა. მაგრამ იმერეთის მეფემ „სასურველი ტრაქტატი“ მაინც ვერ მიიღო. ეკატერინე დედოფლის მთავარი ფავორიტის გრიგოლ პოტიომკინის გავლენით რუსეთის სასახლის კარმა იმერეთის „მფარველობაში“ აყვანა „ნაადრევად მიიჩნია“...

...სოლომონი თავისი უკანასკნელი დიდი განაზრახის შესრულებას აჩქარებდა. იგი ქობულეთის, ციხისძირისა და ბათუმისაკენ აპირებდა ლაშქრობას და თურქთა განადგურებას. ციხისძირი დიდ ქალაქად და ციხესიმაგრედ უნდა ექცია. იქ ანატოლიელი ბერძნები და სომხები უნდა ჩაესახლებინა სავაჭროდ და ფულის საბრუნავად.

1784 წლის 4 მარტს სოლომონ მეფე 6000 იმერი მეომრით გავიდა სალაშქრო გზაზე. გურიაში გიორგი გურიელი შეუერთდა თავისი ჯარით. ქობულეთს შევიდნენ, თურქული ციხიონები გაჟლიტეს, ქობულეთის ციხე მეფის ბრძანებით მოთხარეს, ნაციხარი დახნეს და მარილი დათესეს, რათა აღარასოდეს ამ მიწაზე თურქეთის თესლს აღარ გაეხარებინა. ქობულეთის შემდგომ სოლომონმა ციხისძირის ძლიერ თურქულ ციხიონს დროებით გვერდი აუქცია და ჩაქვს მიადგა. თურქები ჩაქვიდანაც გარეკეს იმერლებმა და გურულებმა. გზა განაგრძეს და ბათუმამდე მიატანეს. ბათუმის მიდამოთა რბევასა და თურქთა ჟლეტას შეუდგნენ.

ამასობაში ზღვის განაკიდურმა ოსმალურმა ციხიონებმა ქართველთა ზურგში, ციხისძირთან მოიყარეს თავი. და გაჩნდა საფარი-სამუხანათო ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელში....

ბათუმიდან ბრუნდებოდნენ ქართველები.

9 მარტი იდგა, 1784 წლისა.

ნაჭიშკრევს შემოვიდნენ გულდანდობილად და ატყდა საშინელი გრიალი ყოველის მხრიდან. უწყვეტი, მიჯრილი ტყვიის ცეცხლი მოდიოდა ტყეებიდან. ალალბედად, უმიზნოდ და უმისამართოდ ესროდნენ ტყესა და ღრეს სოლომონისანი, თვითონ კი ეცემოდნენ და ირეცებოდნენ უხილავი ხელით ნაძგერალი ტყვიებით. ტყვია შუბლში მოხვდა სოლომონის ცხენს. ახალი მოართვა ვახტანგ გურიელმა. ისევ ამხედრდა მეფე და ტყვიაშემოხარჯულმა გაიძრო ხმალი. შემოიმტკიცა ცოცხლად დარჩენილი მეომრები და გააფთრებით მიაწვა მტერს. უკუიქცნენ მაჰმადიანნი. გამოაღწიეს სოლომონისათა ჯოჯოხეთად ქცეულ ნაჭიშკრევის ვიწრობს.

მძიმედ დამარცხებულნი მოდიოდნენ. ექვსას ოცი კაცი მკვდარი დატოვა სოლომონმა. დაჭრილიყვნენ ბერი წულუკიძე და ქაიხოსრო აგიაშვილი. მოეკლათ ქაიხოსრო წერეთელი, აგიაშვილის ორი ძმა და „მრავალნი წარჩინებულნი“. ორასი იმერელი და გურული ტყვედ წაიყვანეს ოსმალებმა. ტრაპიზონსა და სტამბოლს გაჰყიდეს ყველა. ქვემო გურია დიდხანს (1878 წლამდე) დარჩა თურქული უღლის ქვეშ...

დიდმა, უკურნებელმა შავნაღვლიანობამ შეიპყრო სოლომონი. თავმოყვარე, ამაყი ხელმწიფე და სახელოვანი მხედართმთავარი ვერ შერიგებოდა ეგზომ მწარე მარცხს. აღარაფერი ახარებდა. თითქოს გული დაუბერდა. მის „ქვახეთქია თვალებსაც“ წინანდებური ძალმოსილება და შუქმოსიერება დაშრეტოდა....

გათენდა 1784 წლის 23 აპრილი, ორმოცდამეხუთე დღე ნაჭიშკრევის ბედუკუღმართი ბრძოლიდან. ამ დღეს ხონში გიორგობას ზეიმობენო, მეც წავალ, იქნებ გული გადავაყოლოო, – ბრძანა სოლომონმა და წასასვლელად გაემზადა.

ქუთათისი, ოქროს ჩარდახი. დიდი ჭადრის ძირას დარახტული მერანი ელოდა მირონცხებულ მხედარს. გამობრძანდა სოლომონ მეფე. ცხენს მიეახლა, უზანგში მარცხენა ფეხი შედგა, უნაგირის ძარძაყებს ხელები მოავლო, ტანი აიქნია და... უკანვე გადმოვარდა. გმინვით, გულაღმა დაენარცხა მიწას. მისცვივდნენ გაშეთებული სახლეულნი და მსახურეულნი. უსულოდ, მარადიული არყოფნის საუფლოში იწვა მეფე სოლომონ დიდი...

დიდი ხელმწიფე, სწორუპოვარი მამულიშვილი, მხედარი და მხედართმთავარი.

ჭეშმარიტად – „იმერთა მეორე აღმაშენებელი“.

საქართველოს გამოშლოდა ერთი მთავარი ბურჯი – „მეფე დიდი სოლომონ, რომელმან სამეფოით თვისით გნსდევნა მრავლით ჟამითგან მკვიდრნი ბილწნი მახმედიანნი და იწვადა ხრმალი მისი ძლიერი ზურგთა მათ ზედა და შეღება მიწა საძაგითა სისხლითა მათითა და გარდააგდო ტყვის სყიდვა იმერეთს სამარადისოთ, განანათლა სამეფო თვისი კეთილად, განაშვენა სამღუდელონი, აღაყუავა ეკლესიანი ყოველნი“.

საქართველოს მოკვდომოდა პატრონი, „კეთილმსახურებისა ტრფიალ და სიმხნესა შინა ჩინებულ, სიმდაბლისა მოყვარე და სიტკბოებით მოალერსე მხილველთა თვისთა“.

მეფე, რომელმაც „დასჯაბნა და დაამდაბლა სამეფოსა შინა თვისთა წინააღმდეგნი მეშფოთარნი და ქვეყნის ამრევნი გვამნი და ჰყო მშვიდობა იმერეთსა შინა. სძლია სერასკერსა ხონთქარისასა, აგრეთვე ლეკთა დიდთა მხედრობათა შთასრულსა იმერეთად. განყარა მუნ მყოფნი თურქნი, ამოკვეთა კნინღა ორნი დიდნი ბოროტმოქმედებანი სრულიად იმერეთსა შინა, ესე იგი კაცთა კვლა და მპარავობა. გარნა მესამე უბოროტესი ესე იგი ტყვის სყიდვა დროსა თვისსა სრულიად უჩინო ჰყო“.

გამეფდა 17 წლისა, იმეფა 32 წელიწადი, აღესრულა 49 წლისა.

დაკრძალეს გელათს, მთავარ ტაძარში.

მის ქვეყანას კი უმისოდ უნდა განეგრძო ცხოვრება – უ–სოლომონ–ოდ.

13.5 „ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობას“

▲ზევით დაბრუნება



ერთხელ დიაცის ნებასა აჰყვები, პირს ავშარა ამოდებულსა დაამსგავსებ. ვისრამიანი

სოლომონს ერთადერთი ძე ალექსანდრე, სიცოცხლეშივე მოუკვდა და ასე უძეოდ გადაეგო. და იმერეთის ტახტისთვის თავიანთი „პოლიტიკური დასებით“ ერთმანეთს დაეტაკა ორი დავითი – სოლომონის ძმის წული დავით არჩილის ძე და სოლომონის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე.

ბრძოლა იმერეთის ტახტისათვის გამძაფრდა და გაჭიანურდა.

მაშინ იმერეთის საზოგადოებამ და მისმა მეწინამძღვრე პროგრესულ-პატრიოტულმა „დასმა“ გაამჟღავნა ყველაზე დიდი სამამულიშვილო გულის წადილი, რაიც არასოდეს – თუნდაც უკიდურესი დაცემის ჟამსაც – არ დაშრეტილა არცა „დიდი“ და არცა „მცირე“ ქართველის გულში.

ეს იყო ისევ – ერთიანობა, მთლიანობა, „ერთ სულ და ერთ ხორც“ განუყოფლობა „ყოველი საქართველოსი“.

და 1790 წლის 25 ივლისს ტფილისს იმერელთა ელჩობა ეწვია: ეპისკოპოსი ექვთიმე გენათელი, ეპისკოპოსი დოსითეოს ქუთათელი, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცის კაცნი – ლორთქიფანიძე, მესხი, ავალიანი, იოსელიანი, ღოღობერიძე, მიქაბერიძე, ყიფიანი, ქორქაშვილი, იაშვილი, უგრეხელიძე, გრიგოლაშვილი და ჭაბუკიანი.

იმერელი დესპანნი ერეკლე მეფეს წარუდგნენ და მოახსენეს:

„ჩვენი სურვილია, იმერეთი ქართლ-კახეთს შეუერთდეს, იგივე სურთ გურიისა და სამეგრელოს მთავრებს; უნდა აღსდგეს ოდინდელი ერთიანობა სრულიად საქართველოსი. რომელსაც უხელმწიფებს ერთი მეფე, ვითარცა იყო ერთმეფობისა დროთა, ხოლო ასეთი მეფე ერთიანი საქართველოსი უნდა იქნეს ერეკლე, სახელოვანი ხელმწიფე. მთელი დასავლეთ ქართველობა დიდის სიქადულითა და სიხარულით მოელის საქმისა ამის დასასრულსა. მცხოვრებთა გლეხთაც იციან ესე და უხარისთ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთგან ჯვარისა გაოხრებულსა“..

მაშ, ერეკლეს საქართველოს გაერთიანებას სთავაზობენ – სრულიად საქართველოს ერთხელმწიფობას! ეს არის მრავალსაუკუნოვანი, მარად ჩაუმქრალი ოცნება ქართველი ხალხისა, დიდთა და მცირეთა, მთავართა და გლეხთა, თავადთა და მდაბიოთა, აზნაურთა და უაზნოთა. თითქოს პატარა კახს ისღა დარჩენია, ჩალმის მინაგვარი თავსარქმელი მოიძროს და მის ნაცვლად „ერთობილი საქართველოს“, გორგასლიან-დავითიან-თამარიანის ჯიღოსანი გვირგვინი დაიდგას.

ერეკლემ მდუმარედ მოისმინა იმერელთა თხოვნა და დარბაზის ერის შეყრა ბრძანა სათათბიროდ. შეიყარა დარბაზის ერი. მოვიდნენ უფლისწულნი, ქართლ-კახეთის წარჩინებული თავადნი, სასახლის კარისკაცნი, სამღვდელონი და საერონი. აქ იყვნენ: კათალიკოსი ანტონ მეორე, მდივანბეგი ჭაბუა ორბელიანი, სარდალი დავით ორბელიანი, ტფილისის მოურავი დავით ციციშვილი, სარდალი იოანე მუხრანბატონი, ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და ვიცე-კანცლერი სოლომონ ლიონიძე.

თათბირი დაიწყო. ელჩებმა გაიმეორეს ქართლ-კახეთთან იმერეთისა და მთელი დასავლეთი საქართველოს შეერთების თხოვნა.

პირველი წამოდგა ჭაბუა ორბელიანი და თქვა: „კურთხეულ იყოს აზრი ზეგარდმო იმერთა ერისა! ჩვენ საპასუხოდ რა დაგვრჩენია? ნუთუ რამე არის საყოყმანო და დასაყოვნებელი?“ წუთით შეჩერდა ორბელიანი და რაკი მეფე სდუმდა და ყველა მის პასუხს მდუმარედვე ელოდა, ისვე განაგრძო: „ნუ ჰყოვნი, მეფეო! მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის! ერი იმერთა ითხოვს ერთობასა და კავშირსა. ვითარ ეტყვი, მეფეო, უარსა? რისთვის არ მიიღებ ასეთ სანუკველ თხოვნასა? მე ვიცი და მესმის აზრი თქვენი, მეფეო. შენ ასე ფიქრობ: როგორ წავართვა ჩემს შვილიშვილს, დავით არჩილის ძეს, მეფობა იმერეთისა! თუ ასე ფიქრობ, ეს მოასწავებს დიდ უბედურობას იმერთათვის და დაღუპვას მთელი საქართველოსათვის! განა მსგავსი რამ აქამდე არ მოგიხდენია? შენ ხომ მეფობა წაართვი ქართლსა, მაგრამ რაი დაკარგა საქართველომან დაკავშირებით და გაერთებით ქართლისა და კახეთისა? შენ ხომ არაგვის საერისთაო წაართვი იქ მეამბოხე ერისთავთა? შენ ხომ ქსანიც საუკუნოდ წაართვი ქსნის ერისთავთა? მერე, თუ არ მოიგო, რა დაკარგა ამით ჩვენმან მშობელმან საქართველომან? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა. ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება. იმერნი თვითონ, თავისი ნებით, ზეგარდმო აზრით შთაგონებულნი, გვთხოვენ შეერთებას. შენც ნუღარ ჰყოვნი, მეფეო ჩვენო!“

ჭაბუა ორბელიანის შემდგომ ზედიზედ წამოდგნენ ანტონ კათალიკოსი, დავით ორბელიანი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და გულმხურვალედ სთხოვეს მეფეს, მიეღო ერთიანი ხელმწიფობა ქართლ-კახეთისა და იმერეთისა. და ბოლოს კიდევ იმერელმა ქაიხოსრო წერეთელმა თქვა: „ბატონო მეფევ, შეისმინეთ ჩვენი თხოვნა და მიიღეთ მეფობა იმერეთისა. დაე, იყოს ერთობა მარადისი ქართლ-კახელთა, იმერელთა და ყოველთა ქართველთა შორის, ხოლო უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა ჩვენთა, შეუდგება უწესობა საერთო საქმეს და უკეთუ სავნო რამ შეიქმნება ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის – მაშინ დაუტევეთ მეფობა იმერეთისა, მაშინ უბოძეთ თქვენის ნებით მას სხვა ხელ მწიფე. ახლა კი სცადეთ, ნუღარ ჰყოვნით, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერეთ თქვენით! ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, როცა მტერი ჩვენი ერთობის ამბავს შეიტყობს, მაშინვე მიეცემა შიშსა და რიდსა“.

მეფე კვლავ სდუმდა.

სრულიად მოულოდნელად თქვა იოანე მუხრანბატონმა: „მეტად ძნელ საქმეს გვთხოვენ იმერნი. არ შეგვიძლია შემოერთება იმერეთისა“. და მაშინვე გადააბა: „ჩვენ, ქართველთა, ჩვენის თავისთვისაც ვერ მოგვივლია, ვითარ მოვუვლით იმერეთსა?“

საშინლად ააფორიაქა ამ სიტყვამ დარბაზი (აფორიაქების უნარი შერჩენოდათ ქართველებს!). ფეხზე წამოიჭრა სარდალი დავით ორბელიანი, გაცეცხლებული: „მუხრანის ბატონი ბრძანებს, ქართველებს ჩვენის თავისთვისაც ვერ მოგვივლიაო. დიახაც, მართალს აღიარებს, რომ ვერ მოუვლის იგი დღეს თავის ქვეყანას თავისი ხრმლითა და ბაირაღითა. მაგრამ მოვა დრო და ღმერთი მოგვცემს სხვა მუხრანბატონსა, რომლის ხრმალი უფრო მჭრელი იქნება“.

დარბაზი ახმაურდა. უმრავლესობა დავით ორბელიანს მოწონების შეძახილებით შეხვდა. გაბრაზებულ მუხრანბატონსაც ზოგმა მხარი აუბა. დავით ორბელიანის მწარე შეძახილმა ბრაზი წაჰკიდა თვითონ ხელმწიფეს. განაწყენებული ერეკლე ტახტიდან წამოვარდა და დედოფლის სანთიობოს მიაშურა. და იქ, დედოფალ დარეჯანის ნებით გადაწყდა: უარი ითქვას იმერეთის ქართლ-კახეთთან შეერთებაზე და იმერეთის ტახტზე დაჯდეს დავით არჩილის ძე, დედით შვილიშვილი დარეჯანისა და ერეკლესი. სამდღიანი წყლის ნაყვა ასეთი განჩინებით დსრულდა. და იმავე წელს ერეკლემ იმერეთში ოთხი ათასი მეომრით გაგზავნა იოანე მუხრანბატონი, რომლის დახმარებით დავით არჩილის ძემ ლომიათხევში სასტიკად დაამარცხა თავისი მეტოქე და იმერეთის ტახტზე დაჯდა ახალი სახელით – მეფე სოლომონ მეორე.

მაშ, საქართველოს გაერთიანების უკანასკნელი ცდა მარცხით გათავდა. ქართულ მიწა-წყალთა ერთობის გამომხატველი მამულიშვილური ძალები ვერაფერს გახდნენ დარეჯან დედოფლისა და მის უახლოეს მედროვეთა პირადი მისწრაფებებისა და განზრახვების წინაშე.

არამცთუ სრულიად საქართველო, არამედ ქართლ-კახეთიც აღარ წარმოადგენდა ერეკლესათვის ერთიან, სხეულმტკიცე სახელმწიფოს. თვითონ ერეკლეს ოჯახური მრავალნაყოფიერება ქვეყნის შინაგანი დაქსაქსულობის ხელშემწყობი გამოდგა. ლევან ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ მეფის შვილნი-მემკვიდრენი, თითქმის ყველანი, იყვნენ „საშუალონი“ ან „ქვესაშუალონი“. თითქოს იმათშიც ჟამ-ჟამად იელვებდნენ ნაპერწკალნი მამისეული სიქველისა და სივაჟკაცისა, მაგრამ უმეტეს წილ ისევ და ისევ იყვნენ მონანი დედისეული ეგოიზმისა, პატივმოყვარეობისა და მეშურნეობისა. ყოველი მათგანი ცალკე საუფლისწულო საბატონოს მოითხოვდა, განცალკევებისაკენ, განკერძოებულობისაკენ მიილტვოდა და ამით ისედაც ცალ ფეხზე მდგარ ერთიან სამამულიშვილო სულს ძირსა და ფესვს უთხრიდა.

ერთი სიტყით, ერეკლე მეფეს, ბრძოლის ველზე უბადლო გმირს, სიბერის ჟამს საკუთარი ოჯახის მოვლაც გასჭირვებოდა. ექვსი უფლისწული – გიორგი, იულონი, ვახტანგი, მირიანი, ალექსანდრე და ფარნაოზი – ყველა „თავისად“ მიიჩნევდა ქართლ-კახეთის ტახტს. ტახტი კი ერთადერთი იდგა ტფილისის სასახლეში. და აი, სიბრძნით განთქმული ხელმწიფე ბოლოს და ბოლოს ისე მოიქცა, როგორც ეს ჩვეულებრივ ზღაპარში ხდება: ადგა და სამეფო შვილებს დაუნაწილა: კახეთი გიორგის მისცა, ქსნის ხეობა – იულონს, საარაგვო – ვახტანგს, მარტყოფი – მირიანს, სურამი – ფარნაოზს.

მალე ძვირად დაუჯდება ასეთი დაუკვირვებლობა ერეკლესაც და საქართველოსაც.

1791 წელს დარეჯან დედოფალმა ერეკლეს კიდევ უარეს საბედისწერო კანონზე მოაწერინა ხელი. ეს იყო ახალი სამეფო-სამემკვიდრეო კანონი. მანამდე, თხუთმეტი საუკუნის მანძილზე, ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით დაკანონებული იყო, რომ სამეფო ტახტი მეფის სიკვდილის შემდეგ ეკუთვნოდა მის უფროს ძეს. ერეკლემ ეს კანონი შეცვალა და მის ნაცვლად დაადგინა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მართალია, მეფობას მიიღებდა უფროსი ძე გიორგი, მაგრამ რაკი გიორგი დარეჯანისთვის მხოლოდ გერი იყო და არა ღვიძლი შვილი, მის შემდგომ თანმიმდევრობით უნდა ემეფნათ დარეჯანისა და ერეკლეს საერთო შვილებს – იულონს, ვახტანგს, მირიანს, ალექსანდრეს, ფარნაოზს; ხოლო ძმათა ცხოვრების აღსრულების შემდეგ მეფობას განაგრძობდნენ უფროსი ვაჟის ძენი, შემდგომ ისევ მომდევნო ძმათა ძენი და ასე თანმიყოლებით „ძმათა–თაობებისა“.

ძვირად დაუჯდება ეს ერეკლესაც და საქართველოსაც.

13.6 კრწანისი

▲ზევით დაბრუნება



და მას დღესა შინა იქმნა ძლევაი გლოვად ყოველთა ერთა.

მეორე წიგნი მეფეთა

ამასობაში კი, რუსეთთან სამეგობრო „ტრაქტატის“ გამო აღშფოთებული და საომრად ფეხზე დამდგარი მუსლიმანური გარემო წალეკვით ემუქრებოდა საქართველოს. თავი და ბოლო აღარ უჩანდა შემოსევებს - თუ ახალციხის გზებით, თუ ჭარ-ბელაქანისა და დაღესტნის მხარეებიდან. ერეკლეც იბრძოდა „ერეკლესებურად“, იბრძოდა „სანამ პირში სული ედგა“. რუსებიც იბრძოდნენ ქართველთა მხარდამხარ, მაგრამ მცირე და უკმარისი იყო მხოლოდ ორი რუსული ბატალიონი.

1785 წელს ლეკთა ახალი „დიდი ბელადი“ ომარ-ხანი (ქართველთაგან მარცხნაჭამი ნურსალ-ბეგის ძე) შემოიჭრა დიდი მხედრობით, ახტალა ააოხრა, გაძარცვა, ერეკლესგან გაწყობილი სპილენძის მაღაროები დაანგრია, ტყვეები აიყვანა, იქიდან ქვემო ქართლს გადავიდა, იქაურობა მოძარცვა და ახალქალაქ-ახალციხეს ისე გაუტია, რომ ვერსად ვერც ქართველებმა და ვერც რუსებმა წვეთი სისხლიც ვერ გაადინეს...

... წლები წლებს მიეწყვნენ და სისხლის ავდარი არ იქნა და არ ჩადგა სქართველოს ცის ქვეშ. ამასობაში ირანში გამართული შინაური ომებიც გათავდა და უმაღლესი ძალაუფლება ხელთ იგდო ენერგიულმა საჭურისმა, ტომით ყაჯარმა, აღა მაჰმად-ხანმა, რომელმაც ერეკლეს რუსეთთან ხელშეკრულების გაუქმება და ირანთან „მეგობრობა“ და „დოსტობა“ შემოთავაზა. ეს „თხოვნა“ აღა-მაჰმად-ხანმა ქართველ მეფეს რამდენჯერმე გაუმეორა. ერეკლემ არც ერთზე პასუხი არ აღირსა და ყოველთვის ყოველივე, „როგორც წესი“, რუსეთის ხელისუფლებას აცნობა. რუსეთის წარმომადგენელმა, კავკასიის ჯარების მთავარსარდალმა გუდოვიჩმა ერეკლეს გაფრთხილებანი მტრის მოსალოდნელი შემოსევის შესახებ პრაქტიკულად ყოველთვის უყურადღებოდ დატოვა.

ამასობაში „დიდმა საჭურისმა“ თავრიზსა და არდებილში 70 000 მეომარს მოუყარა თავი. ყველაზე ადრე ერეკლეს უღალატა და აღა-მაჰმადხანს მიემხრო განჯის ხანი ჯავათი, ტფილისში გაზრდილი მუსლიმი, გიორგი ბატონიშვილის „ახლო დოსტი“. ჯავათ-ხანს მალე მიჰყვნენ შაქის, დარუბანდისა და ბაქოს ხანები.

საჭურის-მბრძანებელს მორჩილებაზე და დახმარებაზე უარი შეუთვალეს დაღესტნის ხანებმა, მათ შორის ომარ-ხანმა და ყარაბაღის ხანმა იბრეიმმა. ეს უკანასკნელი აღა-მაჰმად-ხანთან პირდაპირი ბრძოლის გზას დაადგა, თავის სატახტო შუშაში ჩაიკეტა და მტრის შესახვედრად გაემზადა..

აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლეს საგანგებო ელჩის ხელით ახალი ბარათი გამოუგზავნა: ურჩი ყარაბაღელი ხანის დასასჯელად შუშაზე მივეშურები და შენი ერთ-ერთი შვილის სარდლობით დაუყოვნებლივ ქართველთა ჯარი მომაშველეო. ეს საჭურისის უკანასკნელი ცდა იყო: ბოლოს და ბოლოს, ირანის მბრძანებლის „დოსტობის“ უარმყოფელი გურჯი ხელმწიფე მოეგებოდა თუ არა გონს და სცნობდა თუ არა თავისი ქვეყნის კისრად ისლამის უღელს?

ერეკლემ არც აცივა, არც აცხელა და აღა-მაჰმად-ხანის ელჩი სატუსაღოში ჩააგდო. მერე ჯარი მართლაც შეჰყარა და მართლა უსარდა თავისი ერთ-ერთი შვილი – ალექსანდრე ბატონიშვილი, მაგრამ გაგზავნა არა აღა-მაჰმად-ხანის საყმოდ, არამედ მის წინააღმდეგ ყარაბაღელთა და ერევნელთა მისაშველებლად.

მაშ, ერეკლე მეფე ირანთან აშკარა ომის გზაზე შედგა!

და, რასაკვირველია, რუსეთის იმედად...

... 1795 წლის მაისის ბოლოს აღა-მაჰმად-ხანი თავრიზ-არდებილის ხაზიდან სამ ნაკადად დაიძრა. მარცხენა ნაკადი ერევნისკენ გაგზავნა, მარჯვენა – შირვან-დაღესტნისკენ, ხოლო თვითონ საჭურისი შუაგული ჯარებით ყარაბაღის მთავარი ქალაქის – შუშისაკენ წარემართა. შუშა მედგრად დაუხვდა მტერს, მაგრამ შიმშილით განაწამები მალე უნდა დაცემულიყო. ამ დროს ქართველთა ჯარიც გამოჩნდა და ყარაბაღელებს იმედი განუმტკიცდათ. 16 აგვიტოს ალექსანდრე ბატონიშვილისა და იბრეიმ–ხანის გაერთიანებული ლაშქარი ერთ ვიწრო ხეობაში ირანელთა 8000-იან მხედრობას შეება და სასტიკად დაამარცხა. მაგრამ ქართველთა ამ „ქართულ გმირობას“ ომის მსვლელობაში არავითარი ცვლილება არ შეუტანია. შუშა და ერევანი დღეს თუ ხვალ უნდა დაცემულყვნენ..

ერეკლემ, რუსთა დახმარების „მარადიულ იმედთან“ ერთად, საკუთარი ძალების შეკრებაც დაიწყო. მის მოწოდებაზე იმერეთიდან 2000 მეომრით გადმოვიდა მეფე სოლომონ მეორე. ამდენივე, თუ ცოტა მეტი, თვითონაც შეჰყარა ერეკლემ და ასე, დაახლოებით, 4 500 მეომრით ქართველი მეფეები ტფილისიდან შუშისა და ერევნისაკენ გაეშურნენ. ყაზახს რომ მიატანეს, აქ იბრეიმ-ხან ყარაბაღელის წერილი შემოაგებეს. აღა-მაჰმად-ხანი თავისი მხედრობით და არტილერიით უკვე წამოვიდა საქართველოსკენო, - იტყობინებოდა იბრეიმი. ეს წერილიც ერეკლემ მაშინვე რუსეთში გაგზავნა და ისევ სასწრაფო დახმარება შეახსენა სანკტ-პეტერბურგს.

აღა-მაჰმად-ხანი კი 35 000 მეომრით საქართველოსკენ მოჰქროდა....

...4 სექტემბერს ქართველები ყაზახიდან გამობრუნდნენ. ერეკლემ გატეხილ ხიდთან ასი მეომარი დატოვა, დანარჩენები კი, სოლომონთან ერთად, ფონიჭალას მოიყვანა. 7 სექტემბერს ერეკლემ სამხედრო თათბირი შეჰყარა. მაგრამ ვაი ამისთანა „შეყრას“: მეფის მალემსრბოლებს მთელი ქართლ-კახეთი შემოევლოთ და... 2 500 მეომარზე მეტი ვერ შეეკრიბათ!

ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილიც კახეთშიც უქმად დამჯდარიყო და მტერთა მზარავი კახთა ლაშქარიც საქართველოს სატახტოს საშველად დაძვრასაც არ აპირებდა. ამიტომაც „იყო ფრიად მწუხარე მეფე ირაკლი დიდად სიმცირისათვის სპათასა“...

7 სექტემბერს, დილას, ირანელთა მეწინავე ჯარი „გატეხილ ხიდს“ მოადგა. აქ, ერეკლესგან დატოვებული ასი ქართველი მყისვე შეება მტერს. ოთხი საათი გაგრძელდა ჩეხვა. აღა-მაჰმად-ხანმაც მოუსწრო სრულის ძალებით. განახევრებულმა ქართულმა გუნდმა გაცლა ამჯობინა. 50 ქართველისა და 200 ყიზილბაშის გვამებზე გადმოიარა მუსლიმანურმა ურდომ..

8 სექტემბერს ერეკლემ ფარეშთუხუცესს გორჯასპი ნათალიშვილს თორმეტი კაცი ჩააბარა და მტრის დასაზვერავად გაგზავნა, თვითონ კი ფონიჭალიდან ტფილისს მივიდა.

ტფილისიდან ოც ვერსზე, იაღლუჯას მთის ფერდობზე, ქართველი მზვერავები უეცრად მტრის რჩეულ ჯარს გადააწყდნენ და უკუქცევის ნაცვლად მყისვე იერიში მიიტანეს. ირანელები გააოგნა ათიოდე კაცის საოცარმა თავზეხელაღებულობამ. თითქოს ყველა ქართველი საგანგებოდ ეძებდა სიკვდილს. გამორჩეული შემმართებლობით იბრძოდა დავით თარაშვილი, რომელმაც შვიდი ირანელი დააწვინა და მას უკან თვითონაც დაეცა. დაეცა ყველა, საარაკო სიმამაცით. მხოლოდ ერთმა სცნო საჭიროდ სიკვდილისგან გაღწევა და ისიც იმიტომ, მეფეს თავის დროზე სცნობოდა მტრის მოახლოება და ადგილსამყოფელი. ეს იყო თვითონ გორჯასპი ნათალიშვილი, რომელმაც ხმლის უკანასკნელი მოქნევით უახლოესი ირანელი უნაგირიდან ჩამოაგდო, მოკლულის ცხენს თვითონ მოახტა და ტფილისისკენ გაქუსლა. მეფეებმა უკვე იცოდნენ მტრის მოძრაობის გეზი და ადგილსამყოფელი.

იმავე 8 სექტემბრის მიმწუხრს მეგზურებმა – იაკობ ბებუთოვმა და ჯავათ-ხან განჯელმა, მტერი ფონიჭალას მოიყვანეს. მტრის ურდო ტფილისიდან ხუთ ვერსზე ათევდა ღამეს.

9 სექტემბერს სისხამზე ადგნენ და ტფილისისკენ წამოვიდნენ. ნახევარ საათში, შავნაბადას მთის ძირში, ირანელები ქართველთა სანგრებს წააწყდნენ. ჩასაფრებულებს სარდლობდა ერეკლეს მამაცი შვილიშვილი დავით გიორგის ძე ბატონიშვილი. დავითის ბრძანებით ქართველებმა მტერი ჯერ ახლოს მოუშვეს და ტყვია დააყარეს, მერე ხმალამოწვდილნი სანგრებიდან ამოცვივდნენ და მძლავრი ყიჟინით შეებნენ. ირანელთა პირველი მწკრივი ჩაიკაფა და ჩაწვა. მომდევნონი შედრკნენ და უკუიქცნენ. აღა-მაჰმად-ხანმა ახალი ჯარები შემოუქცია ბრძოლას, უაღრესად გახელდნენ ქართველნი. ისევ უკუიქცნენ ირანელნი. გაცოფდა აღა-მაჰმადი. მაღლობზე შეაგდო ცხენი, ხელი ქართველებისკენ გაიწვდა და დასჭყივლა თავისიანებს: „აჰა, შეხედეთ, რანი ყოფილან ქართველნი, ერთი მუჭა ბედშავნი! მიდით, მივაწვეთ, მტკვარში ჩავყაროთ, ჩავკაფოთ, ჩავახრჩოთ!“ და შეუტია სრულის მხედრობით. სასტიკ ხმალთაკვეთებას მიცემულმა დავით ბატონიშვილმა ერეკლესგან ასკაციანი მაშველი მიიღო. თან მეფე ბრძანებდა, შეტევაზე ხელი აეღოთ და ისევ სანგრებს დაბრუნებოდნენ, რადგან მისთვის, ერთი მეომრის დაკარგვა უფრო საბედისწეროდ აუნაზღაურებელი იყო, ვიდრე აღა-მაჰმად-ხანისთვის ასი მეომრისა.

ქართველებმა შეტევით მოპოვებული მიწა ნაბიჯ-ნაბიჯ უკანდახევით გადაიარეს და ისევ თავის სანგარ-სიმაგრეებში ჩაესაფრნენ.

სრულად ამოვჟლიტოთ ქართველებიო, ბრძანა საჭურისმა და კარგა ხანს უშენდნენ ზარბაზნებს და ზამბულაკებს ირანელები ქართველთა სანგრებს. დავით ბატონიშვილის ბანაკი სავსებით დადუმებულიყო. ამოწყვეტილანო, გადაწყვიტა აღა-მაჰმადმა და ბრძანა იერიში. მაშინვე გაქანდნენ საშინელი ღრიალით ირანელთა ათასეულები ქართველებისკენ. ისევ ერთბაშად დაიგრიალეს ქრთულმა თოფებმა. ტყვიამ ისევ დააწვინა ირანელთა მეწინავენი. ისევ ელვასავით ამოიჭრა სანგრიდან ხმალაღმართული დავით ბატონიშვილი. დანარჩენებიც მიჰყვნენ და ისევ საოცარი თავგანწირვით მიეტევნენ მტერს. ირანელებმა სიკვდილის ხაზზე რამდენიმე ასეული მკვდარი და დაჭრილი დააგდეს და კვლავ უკუიქცნენ. გამოედევნენ ქართველები, მაგრამ ისევ დაეწიათ ერეკლეს ბრძანება: დევნას მოეშვით და სანგრებს დაუბრუნდითო. ისევ შიშობდა მეფე, ცბიერმა შაჰმა შორს არ გაიტყუოს და გარშემორტყმით არ მომისპოს ლაშქარიო. ისევ შემობრუნდნენ და სანგრებში ჩაესაგრნენ ქართველები. აღა-მაჰმად-ხანმა მესამედ ბრძანა იერიში. ბრძოლაში ჩაებნენ ყველაზე სანდო და ძლიერი თურქმენ-თარაქამული რაზმები. მესამე შერკინება უფრო სასტიკი და სისხდამდნარი შეიქნა. ქართველებმა ისევ სძლიეს რიცხვით უპირატეს მოპირდაპირეს, მაგრამ უკუქცეულ მტერზე გამოდევნება ისევ ფრიად სახიფათოდ რჩებოდა მცირერიცხოვან მძლეველთათვის.

დაღამდა. ბრძოლა შეწყდა. აღა-მაჰმად-ხანი ბანაკში დაბრუნდა და საგონებელში ჩავარდა. მან ისევ არ იცოდა, რა ერქვა მის ბრძოლას – ვის ებრძოდა იგი იმ დღეს, ქართველთა სრულ მხედრობას თუ მხოლოდ მის ნაწილს, ან რა ძალა ჰქონდა და რა ამხნევებდა ამ ერთ მუჭა ხალხს, ან იქნებ სულაც არ იყო ეგ „ერთი მუჭა?“ იქნებ, მართლაც, სადმე დგას ან უკვე მოეშურება „სახელოვანი ერეკლე-ხანის დიდი ლაშქარი“, ასი ათასი თუ ოთხმოცი ათასი, როგორც გაიძახიან აქა-იქ? ან, ვინ იცის რამდენი ქართველი და მისი მოკავშირე ჩასაფრებულა ამ უთვალავ ხევხუვებში?.. რუსები? ლეკები? (ლეკებიც ქართველთა მხარეზე იომებენ ირანელთა წინააღმდეგო, – ამბობდნენ მაშინ)...

და იმ ღამით აღა-მაჰმად-ხანმა იდუმალ 5 000 მეომარი გაგზავნა შავნაბადაზე, ყარაბაღელი მელიქ-მეჯნუმის სარდლობით (მელიქ-მეჯნუმმაც, ჯავათ-ხან განჯელისა და იაკობ ბებუთოვის მსგავსად, კარგად იცოდა ტფილისიც და მასზე მისასვლელი გზებიც). ამას შაჰისგან ნაბრძანები ჰქონდა, დილით ადრე შავნაბადას ფერდობებიდან მოულოდნელად თავს დასხმოდა ქართველთა ლაშქარს და სრულად გაეწყვიტა იგი.

ქართველ მზვერავებს მტრის ძალთა გადაჯგუფება არ გამოჰპარვიათ და ერეკლემაც საპასუხო სვლით უპასუხა. დავით ბატონიშვილი ღამითვე, მტრისგან იდუმალ, წინადღის სიმაგრიდან მოხსნა და ერთი ათასეულით და ექვსი ზარბაზნით უკიდურეს მარჯვენა კერძზე – შინდის-ტაბახმელასკენ გაგზავნა. ხოლო შავნაბადას ბოლოში, წინადღის ნაომარ იმავე ხაზზე, კვლავ დარჩა ხუთასი ქართველი, დავითის ძმის – იოანე ბატონიშვილის მეთაურობით.

10 სექტემბერიც გათენდა. აღა-მაჰმად-ხანისა და მის ყურმოჭრილ თანასარდალთა აზრით სწორედ ამ დღეს უნდა გარკვეულიყო საბოლოოდ „ეშმაკზე ადრე დაბადებული ერეკლე-ხანის“ იდუმალი საომარი ზრახვანი, და კიდევ – მარტონი იყვნენ თუ არა ქართველები, რამდენი იყვნენ, მარტონი თუ მოკავშირეთა ძალებით გამძლავრებულნი? ყველაფერი ეს უნდა შეეტყოთ და იმავე დღესვე მთელი ლაშქრობის ბედიც გადაეწყვიტათ: ან გაემარჯვათ, ანდა – უკეთუ ქართველებთან ერთხელ კიდევ „ქართულ მეომრულ სიგიჟეს“ წააწყდებოდნენ – როგორმე ბრძოლის ველს ნაკლებ ხელმარცხიანად გაჰყროდნენ და ისედაც არეული „ირანული ზურგისთვის“ დროზე მიეხედათ.

მაშ, გათენდა ორშაბათ-დილა 10 სექტემბრისა. მელიქ-მეჯნუმმა თავისი ათასეულები თოთხმეტ რაზმად დაჰყო და შავნაბადას ფერდობიდან დაეშვა, რათა ზურგიდან დასცემოდა მთის ძირში ჩასაფრებულ იოანე ბატონიშვილს. ირანელებმა მდინარე ტაბახმელა, ანუ კრწანისის ხევი გადალახეს და ის იყო შინდის-ოხრახევს მიადგნენ, რომ უეცრად შინდის-ტაბახმელას მხრიდან ზარბაზნებმა დაიგრიალეს. ეს დავით ბატონიშვილი იყო. არტილერიის ცეცხლს ქართველთა ყიჟინა და იერიში მოჰყვა. დავით ბატონიშვილს ერეკლემ იმერთა და ქართლელთა რაზმებიც მიაშველა – ზურაბ წერეთლის, ოთარ ამილახორის, ზაქარია ანდრონიკაშვილისა და იოანე მუხრანბატონის სარდლობით. ქართველებმა ირანელთა უმრავლესობა კრწანისის ხევხუვებში ჩახოცეს. თვითონ მელიქ-მეჯნუმმა ძლივს გაასწრო დავით ბატონიშვილის ხმალს.

მაშ, იყო დღე ორშაბათი, 10 სექტემბერი 1795 წლისა – დღე ქართველთა უკანასკნელი გამარჯვებისა...

ხოლო გააზრება აღა-მაჰმად-ხანისა მაინც ეს იყო: აგერ მეოთხე დღეა, რაც იგი ქართველებს ხმალდახმალ ხვდება და არც ერთი დღე მის სასარგებლოდ არ გათენდა და არც დაღამდა. ისიც აშკარად ჩანს, რომ ქართველების „ცბიერ ხანს“, „ეშმაკზე ადრე დაბადებულს“ ჯერ მთავარი ძალები ბრძოლის ველზე არ გამოუყვანია. თვითონაც ხომ ჯერ არსად გამოჩენილა მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე მონავარდე ქართველი ხელმწიფე! უეჭველია, მომდევნო დღისთვის რაღაც ძალიან დიდსა და სახიფათოს ამზადებს ქრისტიანთა „ცბიერი ხანი“, ანუ „ბებერი ლომი“. არა, ჭეშმარიტად არ ხერხდება დიდი ნადირ შაჰის გაზრდილის დამარცხება; აქამდეც არასოდეს დამარცხებულა. უკან, ზურგშიც, ყარაბაღსა და სომხეთში, ომი ჯერ ხომ არ დაუმთავრებია აღა-მაჰმადხანს. ალბათ, ირანშიც შაჰინ-შაჰობის მაძიებელნი ოცნებობდნენ, რათა ალლაჰის მადლით და ერეკლე მეფის წყალობით, იხილონ და ქვეშ ამოიდონ მარცხნაჭამი ყაჯართ ბელადი.

მაშ, აღა-მაჰმად-ხანს ყველა პირობის მიხედვით, სანამ გვიან არ იყო, უნდა გადაეწყვიტა საქართველოდან წასვლა. ყოველ შემთხვევაში ეს მისთვის აუცილებელი იყო ჯერჯერობით მაინც. და აი, მან გადაწყვიტა კიდეც ბანაკი აეყარა და სასწრაფოდ გასცლოდა საქართველოს...

მაგრამ საქართველოში, ისევე როგორც ყოველ ქვეყანაში და ყოველ დროში, სუნთქავდა ღალატი.

და ორმა ტფილისელმა მოქალაქემ მოახერხა საპატიმროდან გაეპარებინა ერეკლესაგან დატყვევებული ელჩი აღა-მაჰმად-ხანისა, გააპარა და კოჯორ-თელეთის გზა-ბილიკებით უკვე გასაქცევად გზაზე შემდგარ აღა-მაჰმად-ხანს მიაყენა.

და ირანის მბრძანებელმა მოისმინა გასაოცრად მოულოდნელი და უსაზღვროდ სასიხარულო ამბავი: თურმე ერეკლეს ჯარი თითქმის არცა ჰყოლია. არც მოკავშირეები სდგომიან გვერდით ერთ მუჭა ქართველებს – არც რუსები, არც ლეკები. ოთხი ათას მეომარსაც ვერ მოითვლის ქრისტიანი ხელმწიფე. ამ დღეების შეტაკებებშიც ქართველებიც ხომ იღუპებოდნენ. ერთი სიტყვით, ახლა ქართველთა მეფეს იმდენი ჯარისკაცი ჰყოლია, რამდენსაც არც ერთი უსუსური ირანელი ხელმწიფე ამალადაც არ იკადრებდა.

აღტაცებამ მოიცვა საჭურისის გული. ისევ დაბანაკება ებრძანა წასასვლელად აყრილ ბანაკს. აღა-მაჰმად-ხანმა სარდლები იხმო ახალ თათბირზე...

ხოლო, ქართველთა ბანაკში იმ ღამით საარაგვოდან ვახტანგ ბატონიშვილი ჩამოვიდა მცირე ჯარით, მათ შორის – 300 არაგველი....

1795 წლის 11 სექტემბერი, დღე სამშაბათი ღრუბლიან-ჯანღიანი გათენდა კრწანისისა და მტკვრის შესაყარში. ჰაერი დილიდანვე იყო ჩახუთული, ხორშაკიანი.

რიჟრაჟზე ერეკლეს ჯარი საომრად ჰყავდა დალაგებული. ძირითადი საომარი ველი კრწანისის მიდამოები იყო.

მეფეს მეწინავე ლაშქრის მეთაურად იოანე ბატონიშვილი დაეყენებინა; მის შემდგომ შუაგულში, თვითონ დამდგარიყო ერეკლე. მტკვარზე მიბჯენილ მარცხენა კერძს იოანე მუხრანბატონი სარდლობდა, მარჯვენაზე ზურაბ წერეთელი იდგა იმერელთა ათასეულით. ამათ უკან, ვითარცა სამარქაფო რაზმთა მეთაურები, ერთიმეორის გვერდით ჩამდგარიყვნენ ვახტანგ ბატონიშვილი და ოთარ ამილახორი. სულ უკან, ტფილისის კარიბჭესთან, მეტეხსა და ნარიყალას შუა, იდგა სოლომონი იმერელთა მეორე ათასეულით. ხოლო, მაღლა, ხელმარჯვნივ, თაბორის მთის ფერდობიდან, ისევ თავისი ნაომარი რაზმითა და ზარბაზნებით მტკვრის ხეობას გადმოსცქეროდა დავით ბატონიშვილი. ნარიყალას ციხეზეც არტილერიის ნაწილი იდგა გიორგი გურამიშვილის მეთაურობით.

სანამ მტერი გამოჩნდებოდა, მოხუცმა მეფემ თავის ლაშქარს თავიდან ბოლომდე ჩამოუქროლა ლაზათიანი მხედრული ნავარდით. მცირე ხნით შეაყენა თავისი ძის – ვახტანგ ბატონიშვილის ჯართან. აქ მთიელები იდგნენ. მათ შორის – სამასი მთიელი გუდამაყრელი, სამასი არაგველი გლეხი...

წუთიერი დუმილი სიმღერის, ზურნის, ჭიანურისა და ბარბითების ხმამ გაარღვია. ეს ტფილისელ მოქალაქეთა შეიარაღებული რაზმი მოეშურებოდა. რაზმს დავით მაჩაბელი მოუძღოდა, „წარჩინებული მესაკრავე და მსახიობი მეფისა, მუსიყი და კომედიანტი“...

აღა-მაჰმად-ხანს ჯარები თორმეტ მწყობრად დაელაგებინა. მწყობრთა შორის ზარბაზნები და ზამბულაკები ჩაეყოლებინა. წინ სპარსელ ყიზილბაშთა ურდო მოდიოდა. მათ უკან თურქმან-თარაქამული ჯარები მოჰყვებოდნენ. საგანგებოდ მოეწყო ასე აღა-მაჰმად-ხანს: მან იცოდა, შიიტ ყიზილბაშებს და სუნიტ თურქმანებს ერთმანეთი სძულდათ. ამიტომ წინ, ქართველთა პირველ სამიზნედ ყიზილბაშები გამოეშვა, ხოლო თვისტომ თურქმანებს უბრძანა, უკეთუ ყიზილბაშნი ქართველთა შემოტევას ვერ გაუძლებდნენ და ბრძოლას ზურგს შეაქცევდნენ, ყველა მათგანი, „დიდნი, გინა მცირენი“. უწყალოდ გაეჟლიტათ...

დილის 7 საათი იქნებოდა, როცა ფონიჭალას ვიწრობებში ერთურთს ეკვეთნენ სპარსელთა და ქართველთა მეწინავენი. ბრძოლა იოანე ბატონიშვილის გმირობით გაიხსნა. მის ნიშანზე ქართველებმა თოფდამბაჩები დაახალეს ზედმომდგარ მტერს. მერე ხმალშემართულნი, ყიჟინით წამოიშალნენ და სასტიკ ჩეხვაზე გადავიდნენ. სპარსთა პირველი რიგი ჩაიცელა და ჩაირეცა. „...და ბრძოდეს ქართველთა მეწინავენი მხედრობანი საკვირველად“. უკუიქცნენ სპარსელნი. მაგრამ თურქმანთა ტყვიამ და ხმალმა ისევ ბრძოლისკენ შემოაქცია ქართველთაგან ზარდაცემულნი. თავდავიწყებით უტევდნენ ქართველები. წვებოდნენ ყიზილბაშნი, მაგრამ მაინც მოსდევდა რიგი რიგს ირანელებისა. იოანე ბატონიშვილმა თავისი რაზმი სანგრებს დაუბრუნა და სათოფე მანძილზე მტერი მიზანზე აიყვანა. შაჰმა გათხელებული წინაკერძი ახალი ძალებით დაასქელა და გაამძლავრა და მაშინვე ქართველთა სანგრებს ზარბაზნები დაუშინა. თაბორის მთიდანაც დაიგრიალეს დავით ბატონიშვილის ზარბაზნებმა. აღა-მაჰმად-ხანს იმ ღამით კიდევ გაეგზავნა მელიქ-მეჯნუმი სამი რჩეული ათასეულით თაბორისაკენ. დილით მელიქ-მეჯნუმი თავისი ათასეულებით მიუახლოვდა დავით ბატონიშვილის ბანაკს. ქართველთა ახალგაზრდა სარდალმა ჯერ ზარბაზნის ცეცხლი შეაგება მტერს, მას უკან ცხენს მოახტა, ხმალი აღმართა, თავისიანნი გაიყოლია და მოიერიშე მოპირდაპირეს დაეძგერა. ისევ იძლივნენ და ჩაიხოცნენ სპარსელნი. მელიქ-მეჯნუმმა, მცირეთა თანხლებით, ისევ გაქცევით ძლივს დააღწია თავი სიკვდილს.

დავით ბატონიშვილი თავის სანგრებს დაუბრუნდა. იგი ახლა კრწანისის ტაფობში ტორტმანით მომავალ ირანულ ურდოს უთვალთვალებდა, მაგრამ მალე სქელმა ნისლმა სავსებით დაფარა მტკვრის ხეობა, ტფილისთან და კრწანისთან ერთად.

აღა-მაჰმად-ხანი ნახევარი საათი უშენდა ყუმბარებს იოანე ბატონიშვილის სანგრებს. მერე ნიშანი მისცა და ბღავილით გაქანდნენ წინ ყიზილბაშთა ათასეულები. ისევ დაუხვდნენ ქართველები. ისევ მრავლად ეცემოდნენ სპარსნი. მაგრამ ეცემოდნენ ქართველებიც. ეტყობოდა, მაინც თავისი უნდა გაეტანა უზომო სიმრავლეს. მისჭირდათ ქართველებს. სანგართა მეორე რიგისკენ იწყეს დახევა. მაშინ ერეკლემ უბრძანა ძეს, ვახტანგს, მიშველებოდა იოანეს. ვახტანგ ბატონიშვილმაც გაიძრო ხმალი და გააქანა ცხენი. პირჯვარი გადაიწერეს და გველისპირულები აღმართეს არაგველებმა. მათთან ერთად „ადგილსა საბრძოლელსა“ მიაშურეს ქიზიყელთა მცირე რაზმმა და დავით მაჩაბლის „შადიანით“ ანთებულმა ტფილისელებმა სასტიკი სიაფთრით შეუტიეს არაგველებმა. ვეღარ გაუძლეს და უკვე გარბოდნენ ყიზილბაშნი, მაგრამ ზურგიდან თურქმანთა ხმალი ისევ აბრუნებდა მათ სიკვდილის ხაზზე. არ ცხრებოდა შაჰი-საჭურისი და ახალ-ახალ ძალებს აბამდა ბრძოლაში. მძვინვარე რკენა კარგა ხანს ერთ ხაზზე მიდიოდა შენივთებულად. ქართველები მთელის განივით შეიჭრნენ სპარსელთა სქელ რიგებში. წინ არაგველნი მიუძღოდნენ მოიერიშეთ. განადგურებული და გაქცეული ყიზილბაშები ვეღარც თურქმანებმა დააკავეს. უკვე შაჰის წინაშე ეცემოდნენ მისი მეომრები. შვიდი არაგველი დაწინაურდა და პირველნი მიწვდნენ ირანელთა საომარ დროშებს. მიწვდნენ და მტრის მედროშენი მათი მბრძანებლის თვალწინ ასჩეხეს. დროშები დაითრიეს. ტარები მუხლის კვირისტავებზე გადაიმსხვრიეს. ლომის გერბიანი ბაირაღები კბილებით დაფხრიწეს. ამის შემხედვარესაჭურისმა იყვირა: „სიყრმითგან მთელი ჩემი სიცოცხლე ომებში გამიტარებია და აქამომდე არ მოვსწრებივარ მტერთაგან ვინმეს ჩემთვის ასეთი ბრძოლა გაემართოს“. ეს თქვა, თანაშემწე სარდალს ადგილზე ბრძოლის გაგრძელება უბრძანა, ხოლო თვითონ ცხენი მტკვრისკენ შეაბრუნა და თურქმანებს შეჰყვირა: „ვისაც შაჰი უყვარს და ვაჟკაცობაც არ დაუკარგავს, ახლავე გამომყვეს. ხოლო, თუ მტკვარმა დამახრჩოს, ეცადენით, გვამი ჩემი მდინარიდან გაიტანოთ და მიწას მიაბაროთ“. ეს თქვა, ცხენს ქუსლი ჰკრა და მტკვარში გადაეშვა. სამი ათასი თურქმანი მიჰყვა ჭენებითა და ცურვით. მტკვრის მარცხენა მხარეს გააღწიეს. შაჰმა სამივე ათასეული შეჰყარა, წარუძღვა, მტკვარს ზემოთ აუყვა და ორთაჭალის ბაღების პირდაპირ მტკვარი უკანვე გადალახა. და ამ მანევრით აღა-მაჰმადმა წინ გაჭრილ იოანე და ვახტანგ ბატონიშვილებს ზურგიდან უკან დასახევი გზა გადაუჭრა და ალყაში მოაქცია. იმავდროულად შაჰმა თავისი მხედრობის მეორე ნაკადი მარჯვნივ წარმართა და ქართველთა ძირითად განლაგებასაც შეუტია. აქ, მტკვრის გასწვრივ ქართველთა მემარცხენე ჯარი იდგა, იოანე მუხრანბატონის სარდლობით. და მუხრანბატონიც დაუხვდა მტერს. საომარი ველი მთელის სისრულით შლიდა ფრთებს. გააფთრებით უტევდა საჭურისი: მარცხნივ ბატონიშვილთა ზურგს, მარჯვნივ მუხრანბატონის შუბლს (სწორედ ამ დღეს იყო კაცობაწართმეული კაცი ყველაზე დიდი ვაჟკაციც, უმამაცესი მხედარიც და უნიჭიერესი მხედარმძღვანიც). ხოლო, როცა ქართველთა მემარცხენე ჯარსაც მისჭირდა, ქართველმა მეფემ ახალი ძალა (თუნდაც ერთი მუჭა) ჩააბა ბრძოლად. ეს თვითონ ერეკლე გამოიჭრა ბრძოლის ველზე თავისი „შუაგულით“, ერეკლე, – რომელიც „თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლასა მის შინა ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელი“. გამხნევდნენ ქართველნი. უმეტესი სიმძაფრით უტევდნენ. მაგრამ მაინც ჯიუტად მოხოხავდა მაჰმადიანური ურდო ტფილისის კარიბჭეებისაკენ. გადაიშუადღა. ისევ უძრავად იწვა ნესტიანი, ცხელი ჰაერი. წვრილი წვიმა წამოვიდა. თითქოს მდუღარე ცვივოდა ციდან, ცხენი მოუკლეს აღა-მაჰმად-ხანს. საჭურისიც დაეცა მიწას. ფიცხლავ მოართვეს სამაგიერო. ისევ ამხედრდა და შეუტია (მაინც და მაინც ამ დღეს იყო დაკოდილი კაცი უდიდესი ვაჟკაცი!). იბრძოდნენ ქართველნი. მაგრამ ურდოს სიმცირე მაინც არ ეტყობოდა. ქართველთაგან თითო-ოროლას დაცემა კი ძალზე შესამჩნევი ხდებოდა. მათი რიგები შეუბრალებლად თხელდებოდა. ალყა გამოარღვიეს ვახტანგმა და იოანემ და საკუთარი თუ მტრის სისხლის დაუნდობელი თხევით მეფეს მიაღწიეს და მის საომარ წყობას შეუერთდნენ. მაგრამ უმრავლესობა მათგანი მტერს შეკვდომოდა. სამასი არაგველიც უკვე აღარ იყო სამასი...

ხუთი საათი იქნებოდა, როცა აღა-მაჰმად-ხანმა მთელის ძალებით ბრძანა იერიში (25 000 კაცი შემორჩენოდა აღა-მაჰმადს).

ქართველებიც დაუხვდნენ „მთელის ძალებით! (1 500 კაცი შერჩენოდა ერეკლე მეფეს).. კრწანისის ველი, ოძრახევის ზემო წელიდან ორთაჭალის ბაღებამდე ირანელებით გატენილიყო.

ერეკლემ მალემსრბოლი აფრინა მარჯვენა კერძზე მდგარ ზურაბ წერეთელთან ბრძანებით, ახლავე დასძარ შეტევაზე იმერთა ჯარიო.და თვითონაც დარჩენილი ჯარის ნაფლეთებით გაქანდა მტრისკენ.

და ელვის სისწრაფით დატრიალდა ბედისწერის ჩარხი. მეფისგან წარგზავნილმა მალემსრბოლმა წერეთლამდე ვერ მიაღწია. სპარსელებმა აჰკუწეს ხმლებით. თვითონ ზურაბ წერეთელმა კი შენიშნა, რომ მტერი ფლანგიდან სწრაფი სვლით უვლიდა და თვითონაც უკანდახევა ბრძანა. მას, ალბათ, ვერ წარმოედგინა, რომ ერეკლე მეფე ასე მცირე ჯარით შებედავდა კონტრშეტევაზე გადასვლას. წერეთელი ზურგში მდგარ მეფეს სოლომონს შეუერთდა და ორივე ერთად სრულიად მოეხსნენ ბრძოლის ველს. ხოლო ერეკლემ აღარც კი იცოდა, რომ მისი მარჯვენა ფლანგი საერთოდ წასულიყო ბრძოლიდან. არც ის იცოდა მეფემ, რომ ნარიყალასთან სპარსელთა ჯარებს შეკვდომოდნენ გიორგი გურამიშვილი და მისი მეზარბაზნენი.

დაბერებული პატარა კახი და მისი უკანასკნელი ქართველობა სეიდაბადზე საშინელი ხმალთაკვეთებით აკავებდნენ ზღვად მოვარდნილ მტრის შემოტევას. უკანასკნელი საათი ბრძოლისა. საბედისწერო რკალი იკვრებოდა. მეფე იბრძოდა უკვე მისი შესაფერისი ღირსეული სიკვდილისათვის. და სიკვდილი არ დაანებეს. „შენ სიკვდილის ნება არა გაქვს, მეფევ, რამეთუ გეწიოს შენ ძვირი ან ბოროტი რამე, უმეტეს განლაღდნენ მტერნი და უყოფენ ძვირსა ქვეყანასა ჩვენსა!“ და სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკანსვლა დაიწყო. კვლავ სამჯერ გაიბრძოლა ერეკლემ. სამჯერ კიდევ იძალა დაქანცულმა და სისხლდაქცეულმა ქართულმა გუნდმა მტრის უკუგდება. ტფილისში შემავალ კარიბჭესთან ერეკლე უკანასკნელად გამოექცა თავისიანებს და კვლავ შეუტია გაალმასებით. მაშინ მეფესა და ირანელთა შორის კედლად ჩადგნენ უკანასკნელი არაგველნი. მიცვივდნენ მეფეს ვახტანგ და იოანე ბატონიშვილნი, იოანე მუხრანბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი და გამოიტაცეს ძალისძალად მეფე ბრძოლიდან.

დაეცნენ უკანასკნელი არაგველები.

ბრძოლაც დასრულდა. დილის 7 საათზე დაწყებული, დასრულდა საღამოს 7 საათზე.

ტფილისი მტრით ივსებოდა.

კრწანისის ველზე ესვენა 15 000 ირანელი და 3 000 ქართველი.

ასე აღესრულა ქართველთა უიღბლო გმირობის აპოთეოზით 1795 წლის 11 სექტემბერი, დღე სამშაბათი, მარად საგლოველი სახელით – კრწანისი!...

14 კარი მეცხრე. კრწანისიდან წიწამურამდე

▲ზევით დაბრუნება


საქართველომ დაიძინა როგორც მეფემ და გამოიღვიძა როგორც გაძარცულმა

გალაკტიონი

14.1 აღა-მაჰმად-ხანი ტფილისში

▲ზევით დაბრუნება



აღა-მაჰმად-ხანი 20 000 მაჰმადიანი მხედრით შევიდა ტფილისს და დაიწყო ძარცვა, ნგრევა, ნამუსის წახდენა, ცეცხლის წაკიდება, ტყვევნა და ხოცვა კაცთა, ქალთა და ძუძუთა ბავშვთა. დედაბუდიანად ამოგდებამ და უბოროტესმა იავარქმნამ დაისადგურა საქართველოს სატახტოში. ტფილისელები იბრძოდნენ ნამუსიანი სიკვდილისათვის. ანჩისხატის უბანში გარსევან ამილახორის ახალგაზრდა ცოლი ხანჯლით შეება მომხვდურ ირანელ მეთაურებს, ორი სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ თვითონაც დაიჭრა და ყიზილბაშებმა გათოკეს ქალი. მერე ვიღაც დარუბანდელ თათარს მიჰყიდეს იგი. ძალიან ბევრი ტფილისელი შეიქნა ამგვარი თავგანწირვის მსხვერპლი. ვინც სიკვდილით თავის დახსნას ვერ ახერხებდა, ირანელები ბორკილებს ადებდნენ და ფონიჭალის ბანაკისაკენ ერეკებოდნენ.

ჯავათ-ხან განჯელი ქართველი მეფის სასახლეში მიუძღვა აღა-მაჰმადხანს. ყველაფერი ძვიფასი, რაც ამ სასახლეში იპოვა, მათ შორის ქართველთა მეფის ხელმწიფური ინსიგნიები (გვირგვინი და სკიპტრა), ყველაფერი მიიტაცა საჭურისმა. მერე ერეკლეს ტახტზე დაჯდა და ქვეშევრდომთა მიწვევა დაიწყო. ქვეშევრდომებიც მიდიოდნენ, მუხლებში უცვივოდნენ და ტფილისური ნადავლის ლომის წილსაც იქვე მიართმევდნენ. მარტო ჯავათ-ხანმა ოცდათორმეტი მშვენიერი ქალ-ვაჟი მიართვა შაჰს. ნადავლიანი დარბაზობით ნასიამოვნებმა საჭურისმა აქ ერთხელ კიდევ განაცხადა წინა დღეებში ნათქვამი: ჩემს სიცოცხლეში ამდენი ბრძოლები გადამიხდია და ასეთი სასტიკი წინააღმდეგობა არსად შემხვედრიაო.

მერე სასახლიდან გამოვიდა და ჯარს ხელახალი ძარცვა-გლეჯისა და ნგრევა-რბევის ნიშანი მისცა. თვითონ მარმარილოს სამეფო აბანოებში შევიდა. „სთნდა ფრიად შენებულობა მისი, რომელ იყო მარმარილოთა თლილთა მიერ ქვათა ნაშენი, და აგრეთვე გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა მიერ წყლისა, რომელნიც სდიან ტფილისსა შინა კლდეთაგან ტფილისისათა ბუნებითად ტფილნი წყალნი და რაოდენ გზისმე განიბანა მას შინა თავისი დამჭკნარ-დაღმეჭილი სხეული“. ამოვიდა და აბანოების დანგრევა ბრძანა. ამასობაში სამეფო სასახლე სულ დაენგრია და დაექცია ირანელთა ჯარს. სულ მოესპოთ მშვენიერი კამარედნი, აუზნი, მდიდარი წიგნთსაცავნი, სემინარია, სტამბა, ზარბაზანთა საჩამომსხმელონი, ზარაფხანა და თოფ-იარაღის არსენალები. მაჰმადიანი დამპყრობელნი ბილწავდნენ და ანგრევდნენ ქრისტიანულ სალოცავებს, ტაძრებს, ნიშებს, საყდრებს. უწყალოდ ხოცავდნენ ქართველ და სომეხ ქრისტიან-მოწესეებს და მორწმუნეებს.

ათი დღე-ღამე ფერფლად და ავლად მიჰქონდა ტფილისი ქარსა და ნიავს. ათი დღე-ღამე იხრჩობოდა ქალაქი სისხლში, ცრემლში, ბოღმაში, დაუმარხავ გვამთა ხრჩოლაში.

მეთერთმეტე დღეს აღა-მაჰმადი თავისი მხედრობით ტფილისიდან ერთბაშად გავიდა და ირანისაკენ გაეშურა. წავიდა და თან გაიყოლა აურაცხელი ნაძარცვი და ათი ათასამდე ტყვე ტფილისელი, უმეტესწილ ქალი და ბავშვი.

მაინც რამ ააჩქარა და გააქცია ასე მოულოდნელად საჭურისი-მბრძანებელი? განა, ძარცვა-რბევა და სისხლის თხევა მოეწყინა?

14.2 ისევ სამასნი

▲ზევით დაბრუნება



აღა-მაჰმად-ხანი მიმხვდარა, რომ ტფილისის აღება და აოხრება თურმე მაინც არ ნიშნავს საქართველოს დაპყრობას და დამორჩილებას.

ჯერ, ტფილისში შესვლისთანავე მან ანანურისკენ წასულ ერეკლეს შესაპყრობად და ქართლ-კახეთის მოსათარეშებლად 8000-იანი მხედრობა გაგზავნა ქალბალი-ხანის მეთაურობით. მცხეთას რომ გავიდნენ, ირანელები ტაძარ–ეკლესიას მიესივნენ, მაგრამ მათი აოხრება თვითონ სარდალმა არ დაანება: „არა ჯერ არს, სადა იგი არს თაყვანის საცემელი ღვთისა შეურაცხყოფად, და არცა სამარხი მეფეთა“. ეს უთხრა ქალბალი-ხანმა „და განდევნა იგინი გარე“.

ქალბალი-ხანის მხედრობის ერთი ნაწილი გორისაკენ გაემართა. ირანელებმა გზად მუხრანი და ჭალა გაიარეს, მაგრამ საკბილო ვერაფერი მოიკბილეს: შიდა ქართლის სოფლები დედაწულიანად მთებში გახიზნულიყო. გორიც დაცარიელებული დახვდა მტერს. მხოლოდ გორის ციხეზე იდგა მცირე ციხიონი, რომელიც ირანელებს ჩამოეგება და ფიცხელი შეტევით აოტნა ისინი. ცხინვალისაკენ გაქუსლეს, მაგრამ მობრუნებულებს ლამისყანასთან იოანე ბატონიშვილი გამოუხტათ და სასტიკად დაამარცხა სპარსელნი. ბოლოს და ბოლოს, ძლეულნი და შერცხვენილნი დაბრუნდნენ მტკვრის ხეობისკენ.

ირანელთა ერთი ნაკადი კი, თვითონ ქალბალი-ხანის სარდლობით, არაგვის ხეობას აუყვა. ჟინვალამდე კაცის სულიც არ შეხვედრიათ.

ხოლო, ჟინვალს ამ დროს მთებიდან წამოსული სამასი თუშ-ფშავხევსური მოადგა. მათ გვიან გაეგოთ საყვარელი მეფისა და ქვეყნის გასაჭირი და „მგლურით“ მოეშურებოდნენ სამხრეთისაკენ. და ეს 300 კაცი, ჟინვალთან, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეება 4000 ირანელს. შეებნენ და სასტიკად დაამარცხეს მათი სამშობლოს სისხლმაქცევრად მოსუნი. გამარჯვებულებმა დუშეთში საყვარელ მეფეს, სასიხარულო ძლევის ამბავთან ერთად, ირანელი ტყვეებიც მიჰგვარეს. მცირე ჯარით გადარჩენილმა ქალბალი-ხანმა კი ძლივს ჩაიტანა ტყავი ტფილისამდე, სადაც თავის მბრძანებელს, მარცხის გარდა, ისიც შეატყობინა, რომ ერეკლე მეფე დუშეთში ქართველ მხედრობასაც აგროვებს და რუსის ჯარსაც ელოდებაო.

ტფილისში ღამის გათევასაც ვეღარ ბედავდა აღა-მაჰმად-ხანი და არც ჯარს აჩერებდა „წყეულ ქრისტიანთა“ დედაქალაქში. როგორც კი დღიურ ძარცვასა და ტყვევნას მორჩებოდნენ, მზის დაწურვამდე ფონიჭალას ძლიერად გამაგრებულ ბანაკში გარბოდნენ თავშესაფარად.

ბოლოს აღა-მაჰმადმა ერეკლესთან ელჩი აფრინა და შერიგება შესთავაზა: ჩემი ხელისუფლება სცანი, მძევლად ერთი შვილი ან შვილიშვილი მაახლე, აზატ-ხანისგან წართმეული ალმასი და პოტიომკინისგან ნაჩუქარი დიდი საათიც გამომიგზავნე, შენთან შეხიზნული ყარაბაღელებიც გადმომეცი და ყველაფერ ამის სანაცვლოდ ტყვედ წაყვანილ ქართველებსაც დაგიბრუნებ, ტფილისში ყოველგვარ დანგრეულსა და დამწვარს ხელახლა აღგიდგენ და ჩემს სამუდამო „დოსტადაც“ გაგხდიო.

ერეკლემ აღა-მაჰმად-ხანის ელჩი და წერილი 16 სექტემბერს მიიღო, ხოლო 17 სექტემბერს, დილით, მან თვითონ აფრინა ორი ელჩი სხვადასხვა გეზით: ერთი გენერალ გუდოვიჩთან აღა-მაჰმადის „საზავო პირობებით“, და მეორე თვით აღა-მაჰმადთან, საპასუხო წერილით, რომელიც უფრო ულტიმატუმს ჰგავდა: თუ ტფილისის აოხრებას თავს არ დაანებებ და ტყვე-ქართველობას არ გაათავისუფლებ, არამც თუ დაზავებაზე კრინტის დაძვრა, არამედ, საერთოდ, ჩემი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიო, - სწერდა ქართველი ყაჯარს.

და ეს უბრალო დაქადნება არ იყო. ერეკლემ მაშინვე, „მისრულმან მთიულეთს, წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა თვისსა კაცნი, რათა განემზადნენ ბრძოლად და სადაცა აღუნიშნავს მას მეფეი, შეკრბნენ მუნ“. კახთა ლაშქრით უნდა მოსულიყო გიორგი ბატონიშვილი, ხოლო ქართლის მხედრობით იულონ ბატონიშვილი. მოსალოდნელი იყო ჯარის გამოჩენა „როსიიდანაც“, მით უფრო, რომ ერეკლეს უკვე მკაცრი საყვედური ჰქონდა შეთვლილი გუდოვიჩისადმი: ჩვენ რომ თქვენს დახმარებაში დაიმედებული და დარწმუნებული არ ვყოფილიყავით, აღა-მაჰმად-ხანის ალაგმვასა და განადგურებას სხვა საშუალებითაც მოვახერხებდითო.

დაზავებაზე ლაპარაკიც მოისპო და ფიქრიც. ერეკლე გამარჯვების სრულის რწმენით ემზადებოდა რევანშისათვის. აღა-მაჰმად-ხანის ზურგშიც არ იყო მისთვის ყველაფერი რიგზე: ყარაბაღი ისევ იბრძოდა. ხორასანშიც აჯანყება დაწყებულიყო. დიახ, სანამ ყველაფერი გვიან არ იყო, სანამ საჭურისს „გამარჯვებულის“ ტიტულიც ხელიდან არ გავარდნოდა, მას უნდა გაესწრო საქართველოდან. და გაასწრო კიდეც.

14.3 ნაგვიანევი წყალობით

▲ზევით დაბრუნება



ერეკლე ტფილისში დაბრუნდა, კარავი დაიდგა და დანგრეულ-დაფერფლილი ქალაქის აღდგენას შეუდგა. დ ამასობაში, როგორც იქნა, რუსეთის საიმპერიო კარმა ყურადღება მიაქცია საქართველოში დატრიალებულ უბედურებას. გენერალ გუდოვიჩს ებრძანა, დაუყოვნებლივ გაეგზავნა ჯარი ტფილისში. გუდოვიჩმა პოლკოვნიკ სიროხნევს 1500 მეომარი და 5 ზარბაზანი ჩააბარა და საქართველოს დედაქალაქში გაგზავნა.

რუსული ლეგიონი 1795 წლის დეკემბერში მოვიდა ტფილისს. ერეკლესთვის ეს დაგვიანებული მცირე წყალობაც დიდი იმედი იყო; საქართველოს მტრებს თვალნათლივ უნდა დაენახათ, რომ დიდი რუსეთი უკვე საქმით კისრულობდა სისხლდადენილ ერთმორწმუნე მოკავშირის დაცვას.

ქართველმა მეფემ მოღალატე ყმადნაფიცების დასჯით დაიწყო. 1796 წლის ადრიან გაზაფხულზე მან თავისი ძე ალექსანდრე და შვილიშვილი დავით გიორგის ძე სახელდახელოდ შეყრილი ლაშქრით განჯაში გაგზავნა ჯავათ-ხანის დასასჯელად. ქართველებმა განჯა აიღეს. ჯავათ-ხანმა შერიგება ითხოვა. ერეკლემ ყოველწლიურ ხარკად ჯავათს თხუთმეტი ათასი მანეთის გადახდა აკისრებინა, საქართველოდან წაყვანილი ათასამდე ტყვეც გამოაშვებინა და სამუდამო ერთგულებაზეც ფიცი დაადებინა.

განჯასთან მოპოვებულ წარმატებას ქართველთათვის ახალი სასიხარულო ამბავი დაერთო. ამ ამბავს საერთო კავკასიური, წინააზიური და, გნებავთ, მსოფლიო მნიშვნელობაც ჰქონდა. 1796 წლის გაზაფხულზე რუსეთმა სპარსეთს ომი გამოუცხადა. ეკატერინე დედოფალი ომის დაწყების მიზეზად აღა-მაჰმად-ხანისგან საქართველოს აოხრებას აცხადებდა. სინამდვილეში კი ომის მიზეზები კასპიისპირეთზე გაბატონებას უკავშირდებოდა. ასე იყო თუ ისე, ირანისაგან შევიწროებული ამიერკავკასიის ხალხებისათვის სანატრელი და საოცნებო დრო დადგა. რუსთა 40 000-იანი არმია ეკატერინეს მორიგი ფავორიტის, გენერალ-პორუჩიკ ვალერიან ზუბოვის მთავარსარდლობით კასპიისპირეთში შემოვიდა. ერთკვირიანი ალყის შემდეგ, 10 მაისს, რუსთა ჯარმა აიღო დერბენდი, 15 ივნისს უომრად შევიდნენ ყუბასა და ბაქოში.

კასპიის პირზე მომავალი რუსული მხედრობის თანადროულად, მეორე არმია, რიმსკი-კორსაკოვის სარდლობით, ტფილისიდან წამოსულ სიროხნევთან ერთად განჯას მიადგა. ჯავათ-ხანმაც უომრად ჩააბარა ქალაქი..

შუა ნოემბერში ზუბოვის ჯარებმა მიაღწიეს მტკვრისა და არეზის შესაყარს. აქ უნდა დაარსებულიყო დიდი სამხედრო და სავაჭრო კოლონია, სახელად ეკატერინოსერდი, სადაც დასახლდებოდნენ ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცები, რომელთაც ცოლად უნდა შეერთოთ ქართველი და სომეხი ქალები.

წინა აზია შეარყია რუსთა მხედრობის კავკასიურმა ლაშქრობამ. მაგრამ აღა-მაჰმად-ხანი სასოწარკვეთას მაინც არ მისცემია. ჯერ მან თურქეთში აფრინა ელჩი და „საერთო მტრის“ წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გამოსვლა მოითხოვა. მაგრამ თურქეთის ხელისუფლებისგან უარი მიიღო. მას უკან ისევ ერეკლესთან შერიგება სცადა და წერილიც ასეთი მაამებლური გამოუგზავნა: „უზენაესად პატივცემულო, მაღალადგილიანო, უბედნიერესო, ქართველ მეფეთა შორის გამოჩენილო, ირანის ყველა სახელოვან ხანთა შორის უპატივცემულესო, სრულიად საქართველოს მეფევ ერეკლე!..“ და სხვა მრავალი ამდაგვარი, მაგრამ „უზენაესად პატივცემულმა“ ქართველმა მეფემ ქართველი ხალხის უბოროტესი მოსისხლე პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო.

აღა-მაჰმად-ხანის დღეები დათვლილი იყო. რიმსკი-კორსაკოვმა ერეკლე მეფეს საგანგებო თათბირზე პირადად გაუმხილა, რომ მომავალი წლის ადრიან გაზაფხულზე რუსთა მხედრობა შუაგულ ირანში შეიჭრებოდა. გენერალ ვალერიან ზუბოვს ირანში თან გაჰყვებოდა ქართველთა ჯარიც, დავით ბატონიშვილის სარდლობით...

და უეცრად, ისევ ყველასათვის მოულოდნელად, კვლავ შეტრიალდა საისტორიო ბედისწერის ჟამსაბრუნავი. სწორედ 1796 წლის შუა ნოემბერს გარდაიცვალა რუსეთის დიდი დედოფალი ეკატერინე მეორე. ამის გამო ერეკლემ „დასდვა გლოვა ორმოცი დღით საუფლისწულოთა თვისთა და სამეფოსა თვისსა“. ხოლო, ეკატერინეს შვილმა და მემკვიდრემ, ახალმა იმპერატორმა პავლე პირველმა საგარეო პოლიტიკის სრული გეზი სრულადვე მოატრიალა, ვალერიან ზუბოვი მთავარსარდლობიდან გადააყენა და რუსთა არმიები ამიერკავკასიიდან გაიწვია. ერეკლეს ელჩი პეტერბურგს, გარსევან ჭავჭავაძე, უჯიათ და გულღრძო იმპერატორთან ვერაფერს გახდა. პავლემ მის თხოვნას ყურიც არ ათხოვა.

აღტაცებულმა აღა-მაჰმად-ხანმა საგანგებო ფირმანებით აზერბაიჯან-დაღესტნის ხანებს შეუთვალა – რუსები ხომ გავაქციე და, სანამ გვიან არ არის, ჩემი მბრძანებლობა აღიარეთო. საჭურისმა ფირმანი ერეკლესაც გამოუგზავნა. იგი ქართველ მეფესაც არწმუნებდა, რუსები მე გავაქციე, რუსებმა აღებ-მიცემობის მეტი არაფერი იციან, საომარი საქმისა არაფერი გაეგებათ, შენ კი მთელს ირანში დიდი სახელი და პატივი გაქვს და მოდი, ისევ შევრიგდეთო და სხვა მისთანანი.

აღა-მაჰმად-ხანის ეს „დიპლომატიური ნაბიჯი“ იმით გათავდა, რომ მისი ელჩი ტფილისელებმა კინაღამ დაკლეს. იქ მდგარმა რუსებმა განწირული დაიხსნეს და ერეკლეს მიჰგვარეს. ერეკლემ აღა-მაჰმადს შერიგებაზე ისევ მტკიცე უარი შეუთვალა..

1797 წლის გაზაფხულზე აღა-მაჰმად-ხანმა მუქარას საქმეც მოაყოლა და დიდის მხედრობით ჩრდილოეთისაკენ წამოვიდა. ჯერ ყარაბაღს შემოესია, სასტიკად დაარბია, შუშაში უომრად შევიდა და მოღალატე ხანების სასამართლო გამართა. ზოგი სიკვდილით დასაჯა. ზოგს ბორკილი გაუყარა და საპატიმროში ჩააგდო. ამის შემდეგ ისევ საქართველო ამოიღო მიზანში.

ქართველი მეფეც ელოდა სრულის მხნეობით. ტფილისში თავს იყრიდნენ ქართველნი, „დიდისა და საკვირველისა გულმოდგინებითა მრავლისა განმზადებულობითა სამხედროთა საჭურველთათა სუროდათ ბრძოლის ყოფაი აღა-მაჰმად-ხანის მიმართ“.

და სწორედ ამ დროს კვლავ დატრიალდა სრულიად მოულოდნელი ამბავი.

გამოლაშქრების წინა ღამეს, მძინარე აღა-მაჰმად-ხანი სარეცელზევე დააკლეს. მკვლელთა შორის ერთი ქართველიც იყო – სადიღა, იგივე ანდრია, წარმომავლობით მცხეთელი.

ქართველები მათი მაოხარი ჯალათის მოულოდნელ სიკვდილს უგემური სიხარულით შეხვდნენ: მათ ხომ „ძალიან სუროდათ ბრძოლის ყოფაი აღა-მაჰმად-ხანისა მიმართ“.

რა გაეწყობა, — ქართველებს კრწანისის სისხლი აუღებელი დარჩათ.

ირანში შაჰის ტახტზე დაჯდა აღა-მაჰმად-ხანის ძმისწული ბაბა-ხანი, რომელმაც პავლე პირველთან მშვიდობიანი ურთიერთობა გააბა. ამ რუსულ-სპარსულ „წიაღსვლებში“ ქართველ მეფეს ერთადერთ ნუგეშად ისღა უნდა დარჩენოდა, რომ ბაბა-ხანის ელჩმა პავლე იმპერატორს სიტყვიერად აღუთქვა ამიერიდან ქართლ-კახეთს ირანელები აღარ შეაწუხებენო. ეს იყო და ეს.

14.4 დასასრული ერეკლეს წუთისოფლისა

▲ზევით დაბრუნება



დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ,
დაემხო ჩემი სამშობლო,
გულს მიკლავს უიმედობა,
საფლავს ჩავდივარ სიმწარით.
გრიგოლ ორბელიანი

მხცოვანი მეფე თელავის სასახლეში ატარებდა თავის მრავალნაყოფიერი და მრავალტანჯული წუთისოფლის უკანასკნელ დღეებს. აქედან ხელმძღვანელობდა იგი დანგრეული ტფილისის აღდგენას. აქედანვე იძლეოდა მკაცრ განკარგულებებს ქართული საზღვრებისა და მორყეული სამანების გამაგრებაზე, ხალხისა და ჯარის მზადყოფნაზე, საომარი საჭურველითა და საჭმელ-სასმელით მომარაგებაზე. თვითონაც ისევ მზად იყო პირადად წასძღოლოდა ქართულ მხედრობას საქართველოს მტერთა შესამუსვრელად.

ხოლო, სიკვდილი მაინც მოვიდა უმამაცესი კაციშვილის შესამუსრავად, კაციშვილისა, რომელთან ურიცხვ შეხვედრაში მას, სიკვდილს, აქამდე მუდამ მარცხიანი „ბალანსი“ ჰქონდა. და სიკვდილმა ჩაფრად წყალმანკი შეუგზავნა მეფეს სხეულში. ერთი წელიწადი იტანჯებოდა საშინელი ტანჯვით მოხუცი მეფე..

1798 წლის საახალწლო დღესასწაული აგონიაში გაატარა. გიორგი ბატონიშვილი ეწვია მომაკვდავ მამას. მოიხედა ერეკლემ. გაიხარა. ფეხზედაც წმოდგა. უცებ მამა-შვილურ გულჩვილობას გამოეხსნა და წუთსვე ტახტის მემკვიდრე ტფილისსა და ყაზახ-ბორჩალუში გაგზავნა „მანდაურ საქმეთა საგანგიოდ“.

ხოლო წყლმანკი, სიკვდილის ავი ჩაფარი, მაინც დაუნდობლად არღვევდა ერეკლე მეფის ნამსახურ სხეულს.

10 იანვარს შვილიშვილი – თეიმურაზ გიორგის ძე ბატონიშვილი - ეახლა მეფეს. ისევ მოიხედა გახარებულმა სნეულმა. შუადღისას აბანო მოინებია. თეიმურაზმა გაჰხადა და ჩაასვენა ავაზანში. ერეკლე ხელებს დასცქეროდა სევდის ღიმილით. სილურჯე შეჰპარვოდა ვარდისფერ ფრჩხილებს...

გათენდა 11 იანვარი 1798 წლისა.

უკანასკნელი დღე უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა.

შუადღისას ავადმყოფმა გრძნობა დაჰკარგა. სამი საათის მოქცევით იწვა უძრავად და უსულთქმოდ. მზის ჩასვლისას კვლავ გამობრუნდა. დაღამდა. ფეხზე ადგომა მოისურვა ხელმწიფემ. წამოაყენეს, მხრებში შეუდგნენ და გარეთ გაიყვანეს..

მდუმარედ გასცქეროდა ერეკლე მეფე წყვიადში ჩაწოლილ ქვეყანას. მთელი მისი წუთისოფელი წყვდიადს ებრძოდა და მაინც წყვდიადის ჟამს ეთხოვებოდა მის სალოცავ სამშობლოს.

ისევ შინ შეიყვანეს და დააწვინეს... და დაიძინა.

მაშ, იდგა 1798 წლის 11 იანვრის ღამე, როცა ერეკლე მეორე, პატარა კახად წოდებული დიდი ხელმწიფე, მიიცვალა თელავის სასახლის იმავე პალატსა და სარეცელზე, სადაც იგი დაიბადა 1920 წლის 7 ნოემბერს.

აუარებელი ხალხი მიაწყდა თელავის სასახლეს. ყველას უნდოდა მეფის ხილვა, მისი დატირება, მასთან გამოთხოვება.

ოცი ათასი ქართველი ვაჟკაცი, საომრად ჩასილაღებული, საპატიო ჯარ-კრებულად უდგა ხელმწიფეს.

(და სად იყო ეს 20 000 კრწანისის საბედისწერო ბრძოლის ჟამს?!)

ეზოში ერეკლეს საომარი ბედაური იდგა, სამგლოვიაროდ მორთული, უკუღმა შედგმულ უნაგირზე თოფი და უქარქაშო ხმალი ესვენა, ზედწარწერით „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“. გლოვობდა საქართველო.

მაგრამ მიცვალებული ხელმწიფის სასახლეში ისევ იღრინებოდა შინაგანად ეს ძველი კითხვა: ვინ იქნება ერეკლეს შემდგომ მპყრობელი და მეუფე ამა ქვეყნისა? აი, ეს მგლოვიარე დედოფალი და უფლისწულები ერთის წუთითაც არ ივიწყებენ სწორედ ამ ძველთაძველ, პატივმოყვარული ჟანგით შეჭმულ კითხვას: რა ვიქნები მე და რა მერგება შემდგომად გარდაცვლილი მეფის მიწად მიბარებისა?!

როცა თელავში გიორგი ბატონიშვილი უკვე ქართლ-კახეთის მეფედ წოდებული შემოვიდა, დარეჯანმა წინააღმდეგობა სცადა და აშშკარად გამოაცხადა: მე რუსთა დიდი დედოფლის, ეკატერინე მეორესავით მინდა ვიდედოფლო! მერე, ვითომ „დათმო“ და ეს მოითხოვა: გიორგის შემდგომ ეკლესიაში, გიორგის ცოლი კი არა, მე მომიხსენიონო. მაგრამ ამაზედაც ცივი უარი მიიღო და ისღა დარჩენოდა, ისევ დროისთვის დაეცადა. ამიერიდან „დედოფალი დარეჯანი და შვილნი მისნი, არამოსურნენი მეფისა გიორგისა, მეცადინეობდნენ იდუმალ, რათა სიტყვითა და საქმითა აღაფუონ შფოთი, ურჩება და უწესობა...“

ასეთი „დიდი საზრუნავი“ გასჩენოდა ერეკლეს სამეფო-სასახლეს, როცა მისი ცხედარი ჯერ კიდევ სავსებით არ გაცივებულიყო. ერეკლეს გულწრფელად მისი მადლიერი ხალხი გლოვობდა. და ქართველი ხალხის ჭეშმარიტ შვილთა გლოვის დიდ სიმბოლოებად ქცეულა ეს ორი მაგალითი, ორი დატირება ერეკლე მეფისა: ერთი – ეს იყო უბრალო „მდაბიოთა ერისაგანი“, ვინმე ქიზიყელი გლეხის დედაკაცი. ვის არ დაუტირებია და მოთქმით არ შეუმკია იმ საყოველთაო გლოვის დღეებში მეფე ერეკლე, მაგრამ ამ „უაზნო“ ქალის დატირებას ყველა დაუჩრდილავს და განუცვიფრებია. „ყოველთა მიეპყრათ ყური მისდა მიერ და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ სოფლელმა დედაკაცმა დაიტირა გვარი დიდებულისა მეფისა“.

მეორე დამტირებელი კი იყო „დიდთა ქართველთაგან“ - მეფის საყვარელი „მსაჯული“ და „ვიცე კონცლერი“ სოლომონ ლიონიძე. მისი სიტყვის შინაარსი ასეთი იყო: დღეს ქვეყანა ჩვენი მწუხარების ტახტზე ზის და ფასდაუდებელ მსხვერპლსა სწირავს; დღეს ზეცა მეშურნედ დასცემია დედამიწას და წაურთმევია მისთვის სიმდიდრე, სიბრძნე, მხედართმთავრობა, გვირგვინოსნობა; მოკვდა ერეკლე, ჰერკულესი, უძლეველი და მძლეთამძლეველი მეფეთა შორის; ... აქამდე მიწიერ ქვეყნებზე მოლაშქრე მეფე ერეკლე ახლა ციურ მნათობთა წინააღმდეგ სალაშქროდ მიეშურება; მეფე, რომელმაც ადიდა სახლი, გვარი და სიმხნე ქართლოსიანებისა და ამჟამად აღვიდა ანგელოსთა და ღვთისა თანა... მან ხომ ხერთვისის და ასპინძის სისხლში ნაწრთობი ხმალით ხვანთქარს სპარსეთის ხელმწიფესთან მიაწერინა: მეფე ერეკლე სარათის ქვეყნებს მართმევს და შენ დაუშალეო. ამაზე ქარიმ-ხან იტყოდა: „მეფე ერეკლე ასეთი რამ ბრძანდება, რომ ხვანთქარი ჩემთან საჩივლელად დაამუხლაო!“ და მაშინვე სახელმწიფო ხმალი მოუძღვნა... მან ხომ საქართველო ნადირ-შაჰისგან გამოიხსნა. ხოლო აზატ-ხანი ათასი ერთით გააქცია. პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ მეორემ კი ასე დაწერა: „ევროპაში მე ვარო და აზიაში ერეკლე, ქართველთ–გეორგიანთ მეფე“... იგი, თავისი ძლიერი თვალებით, ზევით აიხედავდა და ცას აჰკეცავდა, ძირს დაიხედავდა და დედამიწას გულს გაუხსნიდა; სფერა ქვეყნისა თვალში მოექცია და დედამიწას ორ ფურცლად კითხულობდა... ანგელოზთა სამწიგნობრო სახელი „მეფე ერეკლე“ ცის კალთებზე იწერებოდა და ქვეყნის მპყრობელებს ძილს უკარგავდა... ცა და ქვეყანა ერეკლეს მახსოვარი არიან; მზე და მთვარე, იმის ბედნიერ ლაშქრობებში ხანდაზმულნი არიან; დღისით მზე ჰყავდა მეწინარე სარდლად და ღამით მთოვარე; ორივე ერეკლეს გამარჯვებულ დროშას წინ მიუძღოდა; მტერთა სისხლით შეღებილი მთა და ბარი ერეკლეს სახელს მოუთხრობენ... „მაგრამ, ხელმწიფევ! რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულობა, თუკი სამკვდროსა ზეთსა იცხებდი? რად გვინდოდა სახელმწიფო პორფირი, თუკი დასამიწებელს სუდარას გარეს მოიხვევდი? რად გინდოდა განსაგებელი სკიპტრა, თუკი სკიპტრის მპყრობელთა ხელთა გულზედ დაიკრეფდი? რად გინდოდა ქვეყნის მაჩრდილობელი დროშა, თუკი მტერზედ გადახურვილსა შენის შიშისა ფარდას ახდიდი? რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი?... დავაკლდით ერნი ქრისტიანენი მეფესა, პატრონსა და საზოგადო მამასა. დავსტირით ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა; აღარა გვყავს მეფე ერეკლე: თავი – გამგებელი ერისა, ხელი - მზრდელი ობოლთა, მკლავნი – მომგერიებელი მტერთა, და მისი გვამი შრომისმოყვარე საფლავში ირღვევა. შენ გევედრებით, იესოს სისხლით ცხებულსა, ირაკლის კაცთმოყვარე სულსა ნუ შეაწუხებ, და მისგან დაობლებულსა საქართველოს მოჰხედე!.. სად არის, ხელმწიფევ, შენი ხელმწიფური განგება?! რად შემოიხსენ ხმალი, რომლის გამარჯვებანი რიცხვით ხსოვნას ასცილდა? რად შემოსწყერ სახელოვანსა დროშას, რომლისაც ჰაერში მომცურავი კალთები ქვეყანას აჩრდილებდა, და მესისხლედ განჭიმული ზორტებით ცის კალთებს ეჩხუბებოდა და ღერკულესის მეფის უძლეველობის სტამბა ზეცას იბეჭდებოდა?... ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ირაკლი! ვის მივცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანისა უზომო ტრფიალება? ვის დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო? ვისთვის მოვკვდე? ვისთვის ვიცოცხლო შენს უკან სიცოცხლე საზრახავად განმწარებულმან?!“

...სრულიად საქართველოს უმძიმესი და უმწარესი კაეშანი ესვენა დიდი მამულიშვილის ამ უკანასკნელ დატირებაში. მართლაც და, ერეკლეს შემდგომ, მის სისხლიერ მრავალნაყოფიან ნაშიერში, ვინღა დარჩენილიყო ღირსებისა, ვინც სოლომონ ლიონიძის სამსახურს, სიყვარულს და თავგანწირვას დაიმსახურებდა?

არავინ!

და ამიტომაც ითქმოდა იმ გლოვის ჟამს ასე სასტიკად: სოლომონ ლიონიძემ ერეკლე მეფე რომ დაიტირა, საქართველოც მასთან ერთად დაიტირა..

... ორმოცი დღე-ღამე იგლოვა საქართველომ. ორმოცის თავზე საქართველოს უკანასკნელი დიდი ხელმწიფის ცხედარი თელავიდან მცხეთაში წაასვენეს.

საომარად დასილაღებული 20 000 მხედარი მიაცილებდა (და, სად იყო მისი ნახევარი მაინც კრწანისის საბედისწერო ბრძოლის ჟამს?!).

სვეტიცხოველში, ქართველთა ზენაარ სალოცავში, დიდი ვახტანგ გორგასალის ახლო დაკრძალეს.

იწვა იგი – სწორუპოვარი მხედარი და მხედარმძღვანი, ასზე მეტი ბრძოლის ძლევამოსილად აღმასრულებელი („რომლის გამარჯვებანი რიცხვით ხსოვნას ასცილდა“).

იწვა მეფე, რომელმაც აკვნიდან საფლავამდე უზადო, შეურცხვენელი წუთისოფლით ატარა და ასახელა ქართველი ხალხის სალოცავი სახელნი – ვახტანგ გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა, გიორგი ჭყონდიდელისა, თამარ შვიდმნათობიერისა, გიორგი ბრწყინვალისა, სვიმონ დიდისა, ქეთევან წამებულისა.

.გამეფდა 24 წლისა, იმეფა 54 წელიწადი, აღესრულა შობითგან 78 წლისა.

... ქვეყანა ჰგავდა ყრმადაკარგულ, სუდარით მოსილ ცარიელ აკვანს.

საქართველო ახალ ცხოვრებას უნდა შესდგომოდა – უ-ირაკლიოდ, უ-სოლომონ-ოდ...