სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ი



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 იამბი

▲back to top


იამბი

ორმარცვლიანი ტერფი, რომელთაგან პირველი უმახვილოა და მეორე მახვილიანი

იამბოს ბერძნულად ნიშნავს სროლას, ტყორცნას, განმგმირავ ლექსს.

მის წარმოშობას უკავშირებენ აგრეთვე ბერძენთა ქალღმერთის დემეტრას მსახურის იამბის სახელს. დემეტრას ასული – პერსიფონა ქვესკნელის ღვთაებამ გაიტაცა. დემეტრამ მის კვალს ვეღარ მიაგნო და ღრმა მწუხარებას მიეცა. ამ მწუხარების შესამსუბუქებლად მსახურმა იამბმა დემეტრას სახუმარო ანბები მოუთხრო, რის გამოც თვით მოთხრობილსაც მთხრობელის სახელი იამბი უწოდეს.

ტერფის ეს სახეობა ქართულს ნაკლებად ახასიათებს. იგი უმთავრესად კითხვით წინადადებაში გვხვდება.

მაგ.

იყ? ნახ?

მისი პირობითი ნიშანია –

იხ. აგრეთვე: ტერფი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

2 იგავ–არაკი

▲back to top


იგავ–არაკი

მცირე ზომის ალეგორიული ფორმისა და დიდაქტიკური ხასიათის სიუჟეტიანი ნაწარმოები.

მაგ:

სულხან–საბა ორბელიანის არაკი „კუ და მორიელი”.

„ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ, მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო, კუმ უთხრა: – ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! – შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: – ძმაო, რას იქმო? – მორიელმან უთხრა: – რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთის გვარისანი ვართ. მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: – ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიან ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო”.

ეს არაკი ალეგორიული ფორმისაა. მასში მოთხრობილია ცხოველების ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ მიგვითითებს ადამიანთა ურთიერთობაზე, კერძოდ იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი, რა სიკეთეც არ უნდა უყო, მაინც არ მოიშლის ბოროტებას და ასეთი ადამიანი სასჯელის ღირსია. „კუ და მორიელი” , ალეგორიულობასთან ერთად, სიუჟეტიანია, რადგან მასში მოთხრობილია გარკვეული ამბავი, რომელიც იწყება და მთავრდება: ეს არის კუსა და მორიელის მეგობრობის ისტორია – ამ ორმა ცხოველმა გადაწყვიტა, მეგობრულად ეცხოვრათ. კუმ, თავის მხრივ, კიდეც დაამტკიცა მეგობრობა, მაგრამ მორიელმა, მისი ბოროტი ჩვეულების გამო, მადლობისა და მეგობრობის ნაცვლად, მტრობა გაუწია კუს და ამ ორი არსების მეგობრობის ცდაც მარცხით დამთავრდა.

იგავ–არაკებში აზრი ხშირად ფარული ფორმით არის მოცემული. ავტორი მასზე არ მიგვითითებს და იგი უშუალოდ გამოყავს მკითხველს თვით იგავ–არაკებში მოთხრობილის საფუძველზე. მაგრამ ხშირად ავტორი კიდეც მიგვითითებს იგავ–არაკში მოთხრობილის მთავარ აზრზე ამბის დასრულების შემდეგ.

მაგ.

კრილოვი „მგელის და კრავის” დასასრულს ამბობს:

„დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?” - (თარგმანი აკაკისა).

ისეთი სახის იგავ–არაკი, რომელშიც ავტორის ტენდენცია და მოთხრობილის მთავარი აზრი პირდაპირ არის მწერლის მიერ გამოთქმული, გარეგნულად ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში, რომელიც მთავარია, აღწერილია რაიმე ამბავი, მეორეში კი მოცემულია თვით ამბისაგან გამომდინარე აზრი, მორალი.

მაგ:

კრილოვის „ბაყაყი და ხარი”:

„ბაყაყმა რომ საძოვარზე
დაინახა ხარი,
მეტის შურით და სიხარბით
თავს დაეცა ზარი.

მისი სიმსხო და სიმაღლე
გულში ისრად ეცა.
დაიჟინა: „ემოდენა
უნდა გავხდე მეცა!“

გაიბერა, გაიგუდა,
სიმწრით სული სძვრება;
„შემომხედე, ყიყინაო!“
დობილს ევედრება.

„ხარის ხელა ხომ მეცა ვარ?!
აღარა მაკლია?!“
პასუხს აძლევს: „იმოდნობა
ჯერ სად შეგიძლია!“

„მაშ, არც ეხლა? აბა, კიდევ
შემომხედე ჩქარა! . .
ახლა, ვგონებ, მეტიცა ვარ?“
„არა! არა! არა!!!“

არ ეამა დიდგულასა!
შურმა გაამწარა,
გასკდა ბერვით და წელები
იქვე გადმოჰყარა.

„მეტის-მეტი, ბრეტის-ბრეტი“ -
ეს უთქვამსთ ჩვენს ძველებს, -
„ვინც ზომაზე არა ჰყლაპავს,
სიმწრით დაახველებს“. - (თარგმანი აკაკისა).

ამ ლექსის უკანასკნელ ტაეპში მოცემულია იგავ–არაკის ძირითადი აზრი, რომელიც ავტორისეულია.

იწერება ისეთი იგავ–არაკებიც, რომლებშიც, ავტორის ნაცვლად, მთავარ აზრს ერთ–ერთი მოქმედი გმირი გამოხატავს. აკაკის „ღამურაში” თაგვმა თაგვობა იუკადრისა და ჩიტად გადაქცევა ინატრა. მისი სურვილის შესაბამისად ფრთები გამოესხა, მაგრამ აღარც ჩიტსა ჰგავდა და აღარც თაგვს. ამიტომ აღარც ჩიტებმა მიიღეს და აღარც თაგვებმა, დარჩა ყველასაგან განდევნილი, როგორც თავისი ტომის დამწუნებელი. არაკის დასასრულს აკაკი, ავტორის დასკვნის ნაცვლად, თვითონ ღამურასვე ათქმევინებს დასკვნის სახით ლექსის ძირითად აზრს. გადაგვარების სურვილით გამოწვეული მარცხის შემდეგ ღამურა „მუდამ ამას წრიპინებს კვნესით და გულის ტკივილით”:

„კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა.
კრულია მისი ხსენება;
ვინც დაჰგმობს დედა ენასა,
თვის ტომს ღალატობს და მითი
თვით ფიქრობს მაღლა ფრენასა!”.

იგავ–არაკები ყველა კულტურულ ქვეყანაში იყო გავრცელებული. ძველი აღმოსავლური იგავ–არაკების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს მოთხრობების კრებული ცხოველთა ცხოვრების შესახებ, რომელსაც „ჰიტოპადესა” ეწოდება.

ძველ საბერძნეთში იგავ–არაკების განთქმული მწერალი იყო ეზოპე.

ძველ რომაულ ლიტერატურაში იგავ–არაკების ოსტატები იყვნენ ფედრი და ჰორაციუსი. ფედრმა გადააკეთა ეზოპეს იგავ–არაკების შინაარსი. იგი თავის იგავებში დასცინოდა თანამედროვე რომაელთა უარყოფით მხარეებს: რომაელთა მოსამართლეების ბიუროკრატობას – საქმის გაჭიანურებას და სხვ.

აღორძინების ხანის ფრანგულ ლიტერატურაში იგავ–არაკების ჟანრი განავითარა ლაფონტენმა(1621–1685), რუსეთში კრილოვმა. საქართველოში ხალხურ სიტყვიერებაში იგავ–არაკების ჟანრი ძველი დროიდანვე გავრცელებული იყო ცხოველთა ეპოსის სახით. ქართული იგავ–არაკების უდიდესი ოსტატი იყო სულხან–საბა ორბელიანი, რომელმაც დაგვიტოვა „სიბრძნე– სიცრუისა”. ამ წიგნში მოთავსებული იგავ–არაკები უმთავრესად ხალხური სიბრძნიდან არის უშუალოდ ამოღებული. საბას იგავ–არაკთა კრებული „დაუზოგავად ამხელს იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სენს, მეფეს და მის უკანასკნელ მოხელეს, საეროსა და სასულიეროს, მამაკაცსა და დედაკაცს; გაკიცხულია შიგ სიძუნწე, ფარისევლობა, სიამაყე, ცბიერება, ანგარება, უმადურობა, მოტყუილება, სხვისი ყვლეფა, სარწმუნოებრივი პირმოთნეობა, და სხვა ამგვარი უარყოფითი მხარეები იმდროინდელი ცხოვრებისა.

იგავ–არაკებში განსაკუთრებით გამათრახებულია უღირსი მეფე, უვარგისი მსაჯული (ყადისა და სადრის სახით) და სამღვდელოება. ამავე დროს, ნაკლოვანებათა გამოსწორების მიზნით, ავტორი იძლევა მთელს კოდექსს მორალური დებულებებისას”(კ. კეკელიძე). იგავ–არაკების ჟანრით XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში უხვად სარგებლობდა აკაკი წერეთელი.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, სიუჟეტი, სიმბოლო, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 იდეა

▲back to top


იდეა

მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი.

„იდეა” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცნებას, წარმოდგენას, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი.

მხატვრული ნაწარმოების განხილვის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ ის, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი (თემა). მაგრამ, ამასთან ერთად, მთავარი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რას ამბობს ავტორი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. „კაკო ყაჩაღის” თემა არის ბატონყმობა, მაგრამ ამ ნაწარმოების თემის განსაზღვრისთანავე ჩვენ გვებადება სურვილი გავიგოთ, თუ რას ამბობს ილია ბატონყმობაზე, როგორია მისი აზრი ბატონყმურ ურთიერთობაზე? პოეტი, თუმცა, ამ აზრს პირდაპირ არ გამოთქვამს, მაგრამ უფრო მკვეთრად გამოხატავს პოემის შინაარსის საშუალებით. იგი ისე ახასიათებს ყმას, ბატონს, ბატონისა და ყმის დამოკიდებულებას, რომ ჩვენში აღძრავს გარკვეულ შეხედულებას ბატონყმობის შესახებ: ყმა არის მხნე, გამრჯე, კაცთმოყვარე, ბატონი „უხამსია, აჯამი, გულქვა, რეგვენი”; იგი მხოლოდ პირად სარგებლობაზე ფიქრობს და გლეხს არავითარ ანგარიშს არ უწევს, არ იცოდებს დაავადებულ მოხუცს, მამას საკუთარ შვილსაც კი არ ანებებს და „როზგქვეშ” კლავს ყმას. იდეა ნიშნავს აზრს, სულს, სახეს. „ბატონყმობა დამღუპველია” – ეს არის „კაკო ყაჩაღის” იდეა, ე.ი. მისი მთავარი აზრი, – „სული”.

თემა და იდეა არ შეიძლება ყოველთვის გაიგივებულად წარმოვიდგინოთ. მაგრამ, როდესაც ვიღებთ ცალკეულ მხატვრულ ნაწარმოებს და ვლაპარაკობთ მისი თემისა და იდეის შესახებ, ორივე მათგანი მთლიანობაში უნდა გავითვალისწინოთ. „კაკო ყაჩაღის” თემა – ბატონყმობა მტკიცედ უკავშირდება ავტორის იდეას – ბატონყმური ურთიერთობის უარყოფას. ეს თემა (ბატონყმობა) მასალაა, რომელიც მხატვრულად გამოსახვის შემდეგ იდეად გვევლინება, ე.ი. ბატონყმური ურთიერთობის მხატვრულად გამოსახვის საშუალებით ავტორი ახერხებს თავისი პოემის იდეის გამოვლინებას.

მხატვრული ნაწარმოების თემაში უკვე ჩანასახის სახით მოცემულია იმავე ნაწარმოების იდეა. თემის შერჩევას განსაზღვრავს მწერლის იდეა, მისი შეხედულება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

იხ. აგრეთვე: ეპილოგი, თემა, მხატვრული სტილი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

4 იდილია

▲back to top


იდილია

ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ავტორი გვიხატავს ადამიანთა უბრალო, მშვიდობიან და კმაყოფილ ცხოვრებას.

სახელწოდება „იდილია” წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს პატარა სურათს. ეს სახელწოდება მან მიიღო იმის გამო, რომ პირველი იდილიური ლექსების კრებულს, რომელიც ეკუთვნოდა ბერძენ მწერალს თეოკრიტეს (III ს.ჩ.წ.ა.), ავტორმა სახელად „იდილია” უწოდა. იდილიების მთავარი გმირები მწყემსები იყვნენ, მაგრამ მარტო მწყემსთა ცხოვრება არ განსაზღვრავდა მისი იდილიების შინაარსს; იგი გვიხატავდა, საერთოდ, უბრალო ხალხის მშვიდობიან და ბედნიერ ცხოვრებას. შუა საუკუნეების დამლევიდან იდილიის შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდა. მწერლები – ფოსი, ბორნერი და სხვები იდილიას იყენებენ არა მარტო მწყემსთა ყოფა–ცხოვრების, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის მშვიდობიანი და კმაყოფილი ცხოვრების გამოსახატავად. ისინი იდილიაში დადებითთან ერთად გმირების უარყოფით მხარეებსაც გვიხატავენ. ბურჟუაზიული საზოგადოების წარმოშობის შემდეგ, გერმანულ და სხვა ლიტერატურაში ჩნდება ბურჟუაზიის „იდილიური ცხოვრების” სურათები. ზოგიერთი მწერალი იდილიურად გვიხატავდა აგრეთვე გლეხებისა და მემამულეების ცხოვრებას.

იდილიურია აკაკის ლექსი „სიმღერა მკის დროს”. ქართველი გლეხის ცხოვრებას იდილიურად გვიხატავს რაფიელ ერისთავის ლექსები: „მევენახის სიმღერა”, „რთველი” , და „სურათი”.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

5 ინვერსია

▲back to top


ინვერსია

სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლა წინადადებაში.

ინვერსიის ან სიტყვათა გადაჯგუფების მხატვრული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხერხი მკითხველს ყურადღებას ამახვილებინებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეზე, რაც წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. როდესაც ვამბობთ – „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“, ჩვენი ყურადღება მახვილდება მთაწმინდის მიმართ. ჩვენი ინტერესი მახვილდება იმის შესაგნებად, თუ რა ჩაფიქრებულა (ე.ი. ქვემდებარის მიმართ), ხოლო, როდესაც ვამბობთ – „დადუმებულა მთაწმინდა”– ჩვენი ინტერესი მიემართება დადუმების გამომხატველ სიტყვას (რას შვრება მთაწმინდა? რა მოსვლია მთაწმინდას? რა მდგომარეობაშია მთაწმინდა?).

წინადადება „თავჩაჩქნიანი მთები მწარე ფიქრს მისცემიან” – ნაკლებ შთამბეჭდავად ზემოქმედებს მკითხველზე, ვიდრე ვაჟას პოეტური ხატი:

„მთანი თავჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა”
– მსაზღვრელი სიტყვების („თავჩაჩქნიანები”, „მწარესა”) საზღვრულის შემდეგ წარმოთქმა ამახვილებს მკითხველის ყურადღებას დასახელებული სიტყვების მიმართ და აძლიერებს შთაბეჭდილებას.

ინვერსიის ნიმუშებია:.

1.„იყო ბორკილი მონობის,
და უამრავი შრომისა,
იყო ცა უპატრონობის
ვით ნისლი შემოდგომისა” - (გ. ტაბიძე)

2. „მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას” - (ალ. ჭავჭავაძე)

ინვერსიას ხშირად მიმართავენ ლექსად დაწერილ ნაწარმოებში დაბოლოების შეთანხმების (გარითმვის) მიზნით.

მაგ:

„ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა,
თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა” - (ი. ჭავჭავაძე)

„დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა,
მდინარე ნანას უმღერის,
რაინდსა, ურჩსა მტრისასა” - (ა. წერეთელი)

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

6 ინტერნაციონალური სიტყვები

▲back to top


ინტერნაციონალური სიტყვები

უცხო ენიდან შემოსული სიტყვები: პაციფიზმი, ტრანსპორტი, ფლორა, ფაუნა, პარლამენტი, ასტრონომია, სტუდენტი, პროფესორი, არგუმენტი და სხვ.

2. უცხო ენით დაწერილი, ან გამოთქმული ფრაზები ან სიტყვები:

„КТО УБИЛ? – იკითხა ჟანდარმმა. – Я УБИЛ - უპასუხა სპირიდონმა. - (ე. ნინოშვილი)

„...სულ სხვაა მძლავრი გუგუნი ზარის და მზის სხივებზე დამჭკნარი ია, დემონი იჭვით სავსე მხატვარის და სენგანტინის „AVE MARIA” - (გ. ტაბიძე).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

7 ირონია

▲back to top


ირონია

დაცინვის მიზნით, შებრუნებული მნიშვნელობით აზრის გამოთქმა.

ზოგჯერ, როდესაც მახინჯად გვეჩვენება, ან მიგვაჩნია რაიმე მოვლენა, დაცინვის გამოსახატავად ჩვენ ვამბობთ: „მშვენიერია”. როდესაც არ მოგვწონს რაიმე საგანი, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ აღვნიშნოთ მისი თვისება და ვთქვათ: „ცუდია”, ჩვენ ვამბობთ: „კარგია”, „ჩინებულია”. ასეთ შემთხვევაში „მშვენიერს”, „კარგს” დაცინვის მიზნით ვხმარობთ შებრუნებული მნიშვნელობით, ე.ი. მათში იგულისხმება მახინჯი, ცუდი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აზრი გამოთქმულია საწინააღმდეგო, ანუ შებრუნებული მნიშვნელობით.

მაგ:

ბედნიერია ჩანჩურა! შვილი ჰყავს მას სანაქებო,
თქვენ მზეს ვფიცავ, წყალივით იცის აპელაცია!..
წვერ–ულვაშს არ ჰკადრულობს, მოუშვია ბაკები:
ეს სწავლის ნიშანია, უჰ, რა დიდი კაცია” – (აკაკი)

ხაზგასმული სიტყვები საწინააღმდეგო მნიშვნელობით არის ნახმარი. ლექსის შინაარსი სინამდვილეში ასეთია: უბედურია ჩანჩურა, მას სამარცხვინო შვილი ჰყავს, მისი საქციელი უმეცრების ნიშანია და სხვ.

„კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ–კარი” – ქებით იწყებს ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძის კარ–მიდამოს აღწერას და ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აქ არავითარ ირონიას ადგილი არ აქვს, მაგრამ კითხვის გაგრძელებისთანავე ცხადი ხდება, რომ წაკითხული შებრუნებული მნიშვნელობით უნდა გავიგოთ – „შიგ თვითონ ეზო ისეთი უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული”. ან კიდევ: „ამ ორ ტახტს – შუა აღმოსავლეთის კედელზე მოჩანდა, კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯლი ბუხარი. აქა–იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები, მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული მყრალა–ბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი...”.

ირონიას მიმართავს ავტორი ლუარსაბის გარეგნობის აღწერისას – „უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში...”

თავიდან ავტორი ისე გვაჩვენებს, თითქოს ლუარსაბი მართლაც ლამაზია, მაგრამ შემდეგ ისე გვიხატავს მის გარეგნობას, რომ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი მახინჯად წარმოგვიდგება - „ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარა, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში”..

ი. ჭავჭავაძის ირონია „კაცია–ადამიანი?”! აშკარა, მკვეთრი და გამანადგურებელია. ასეთ ირონიას სარკაზმი ეწოდება, ხოლო შედარებით ფარულსა და მსუბუქ დაცინვას კი – ჰუმორი.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

8 ისტორიული რომანი

▲back to top


ისტორიული რომანი

ისეთი ხასიათის რომანი, რომელიც გვიხატავს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას .

მთავარი ყურადღება ექცევა ავტორის თვალსაზრისით საინტერესო წარსულის რომელიმე ეპიზოდის გამოსახვას.

ისტორიულ რომანს, თუმცა მასში აღწერილია წარსულში აღწერილი ამბავი, კავშირი აქვს ავტორის ეპოქაში არსებულ პრაქტიკულ ამოცანებთან .

მთელი რიგი ავტორები ისტორიული რომანების საშუალებით წარსულის სურათს გვიხატავენ იმ მიზნით, რომ პასუხი გასცენ თავიანთი ეპოქის მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებს.

მაგ.

ე. ნინოშვილმა თავის ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიიაში” მხატვრულად ასახა მნიშვნელობა და ადგილი კლასობრივი ბრძოლისა, რომელიც საერთოდ ადამიანთა საზოგადოების ისტორიას ახასიათებს. იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977