სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ნ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 ნატურალიზმი

▲back to top


ნატურალიზმი

ლათ. NATURA

ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურაში ანტირეალისტურ მეთოდს იყენებს. მისთვის დამახასიათებელია მხატვრული განზოგადების შეუფასებლობა. იგი ცდილობს ცხოვრების სინამდვილის წვრილმანების ასახვას ფოტოგრაფიული სიზუსტით.

ტერმინი ლათინურად „ბუნებას” ნიშნავს. ნატურალისტების წარმოდგენით, მხატვარი, ხელოვანი მოკლებულია აზროვნების შესაძლებლობას და ამიტომ კონკრეტულ მოვლენაში ზოგადის წარმოდგენაც არ შეუძლია. ხელოვანი მხოლოდ ცალკეულ მოვლენას ხედავს და აღიქვამს მხოლოდ მას, რასაც ჭვრეტს. უკანასკნელის გადაღმა კი მას არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. არ შეუძლია კონკრეტულის საშუალებით ზოგადის წარმოდგენა, მოვლენის არსის გაგება და მისი გამოხატვა ტიპის საშუალებით, არ შეუძლია ტიპის შექმნა. ტიპიზაციას, განზოგადებას კონკრეტულ მოვლენაში უცხო ელემენტი შეაქვს. სინამდვილეში კი ეს უცხო ელემენტის შეტანა არის კონკრეტულის საშუალებით ზოგადის გათვალისწინება, ცხოვრების სინამდვილის გაგება და გამოსახვა.

ნატურალისტების აზრით, ლიტერატურას ცხოვრების სინაამდვილე უნდა აესახა მეცნიერული სიზუსტით, შეუფერავად, ე.ი. იმგვარად, როგორიც არის სინამდვილე თავისთავად, ბუნებრივ, ანუ ნატურალურ მდგომარეობაში.

ნატურალისტი მწერლები ვერ ხედავდნენ განსხვავებას ბუნებისა და საზოგადოების კანონებს შორის. აქედან მომდინარეობს მათი, ე.წ. ობიექტივიზმი, ე.ი. ტენდენციურობის გარეშე დგომა. ნატურალიზმის ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო თავის შემოქმედებაში ე. წ. მიუკერძოებელი ობიექტივიზმის გატარება და ეს ბუნებრივიცაა. ნატურალიზმი თავის თავში შეიცავს კლასიკური რეალიზმის საუკეთესო ტრადიციების უარყოფას. ეს გარემოება თავს იჩენს თუნდაც იმაში, რომ ნატურალისტს, რომელიც გატაცებულია სინამდვილის გარეგნული წვრილმანი მხარეების ასახვით, მხედველობის გარეშე რჩება არსებითი–ტიპურის ასახვა ტიპურ გარემოში. ნატურალისტი მწერლები, თავიანთ შემოქმედებაში, ნაცვლად დამახასიათებლისა და ტიპურისა, იძლევიან ცალკეულ, დაქუცმაქცებულ მოვლენებს და ამიტომ ვერ ახერხებენ ცხოვრების მრავალფეროვნებიდან მხატვრული განზოგადების დონემდე ამაღლებას. ნატურალიზმმა თავი იჩინა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

მისი უდიდესი წარმომადგენელია ფრანგი მწერალი ემილ ზოლა.

იხ. აგრეთვე: რეალიზმი, ტიპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

2 ნეკროლოგი

▲back to top


ნეკროლოგი

მოკლე ბიოგრაფია რომელიც დაწერილია ამა თუ იმ პიროვნების გარდაცვალებასთან დაკავშირებით („ნეკროს”– ბერძნულად მიცვალებული, „ლოგოს” – სიტყვა, აზრი)

იხ. აგრეთვე: ბიოგრაფია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 ნეოლოგიზმი

▲back to top


ნეოლოგიზმი

ახლად გაჩენილი სიტყვები ან გამოთქმები (ბერძნულად „ნეოს” - ახალი; „ლოგოს” – სიტყვა).

ასეთი სიტყვებია „თვითმფრინავი”, „ელმავალი”, „კოსმონავტი” , „კოსმოდრომი” და ა.შ.

ყოველი ახალი მოვლენა, ახალი საგანი, ცხოვრების ახალი ფორმა ახალი სიტყვების გაჩენის მიზეზია. ის იწვევს ენაში ახალი სიტყვების, ანუ ნეოლოგიზმების წარმოშობას. უფრო ხშირად ნეოლოგიზმების წარმოსაქმნელად ორი ან მეტი სიტყვის ძირია გამოყენებული – „თვითმფრინავი”, „ელმავალი”. XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა შემდეგი ნეოლოგიზმები: „სახელმძღვანელო”, „თვალსაჩინო”, „გამოფენა”, „ორთქმავალი”, „გამომცემლობა”, „მატარებელი” და სხვა. ეს ნეოლოგიზმები შედგენილი იყო უკვე ცნობილი ქართული სიტყვების ძირისაგან. მათი შემოღება აუცილებელი იყო უკვე გარკვეული ცნებების გამოსახატავად და ისინი ისე დამკვიდრდა ჩვენს სალიტერატურო ენაში, რომ დღეს ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ ეს სიტყვები ოდესღაც ნეოლოგიზმებს წარმოადგენდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩვენში მრავალი ნეოლოგიზმი გაჩნდა სიტყვათა შემოკლების ან სიტყვის წინა ასოების შეერთების საშუალებთ.

ზოგჯერ იგონებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც უფრო უცხოა მკითხველთათვის, ვიდრე მანამდე არსებული, რომლის გაძევებასაც ცდილობენ. ჩვენში უკვე ცნობილი სიტყვებია: „ვაგონი”, „სამოვარი”, „კალოში”, „ჩაი”, „პიჯაკი”, „პალტო” და სხვ.

ამ სიტყვების ნაცვლად ზოგიერთებმა მოიგონეს ასეთი ნეოლოგიზმები: „რონოდა” (ვაგონი), „თვითმადუღარი”(სამოვარი) და სხვ. აღნიშნული ნეოლოგიზმები ნაძალადევი აღმოჩნდა და არც ენაში დამკვიდრებულა.

აი, ნეოლოგიზმების გამოყენების ნიმუშები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში:

„გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულდამერცხლებული:
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული...
...შენ ხმალის ღარზე ეწერა
ანდერძი ოქროხმოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი” - (გ. ლეონიძე)

ნეოლოგიზმები ენაში ხშირად ჩნდება სხვა ენის გავლენით.

რუსული „ВЛИЯНИЕ” – ს მიხედვით ქართულში გაჩნდა ახალი სიტყვა „გავლენა”. ასეთივე გზით გაჩნდა ქართულში „განვითარება”(ფრანგულად – DEVELOPPEMENT, რუსულად – РАЗВИТИЕ), „გადატრიალება” (რუს. „ПЕРЕВОРОТ”), და სხვა მისთანანი. თუ ასეთი სიტყვა მკითხველისათვის გასაგებია, მაშინ ასეთი ნეოლოგიზმი ამდიდრებს სიტყვების მარაგს, აადვილებს ურთიერთობას და ენაშიც მკვიდრდება.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

4 ნოველა

▲back to top


ნოველაა

იტალ. NOVELLA

მცირე ზომის თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია რაიმე განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა.

ნოველის მოცულობის სიმცირე უმთავრესად იმით აიხსნება, რომ მასში მოცემულია არა მთლიანი ცხოვრება ადამიანისა, არამედ მხოლოდ ერთი რომელიმე საინტერესო ეპიზოდი გმირის ცხოვრებიდან. ბოკაჩოს ნოველაში „აკვანში” მხოლოდ ერთი ღამით სტუმრობაა აღწერილი გამიჯნურებული მოქალაქისა და მისი მეგობრისა სატრფოსთან. ავტორი არ გვაცნობს მოქმედი პირების არც წინაამბავს და არც მათი ურთიერთობის განვითარებას ამ სტუმრობის დამთავრების შემდეგ.

ნოველაში მოქმედება სწრაფად ვითარდება. ავტორი უფრო ხშირად ამბავს კვანძის გასკვნიდან იწყებს, ყურადღებას არ აქცევს მოქმედების განვითარების დეტალურად გადმოცემას ან, ყოველ შემთხვევაში, გვისურათებს მხოლოდ მთავარ მოტივებს და დაჩქარებით გვაძლევს კვანძის მოულოდნელად გახსნას.

ნოველაში მეტად მცირეა მოქმედ პირთა რაოდენობაც. ავტორის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ერთი გმირი და და მასთან დაკავშირებული ერთი კონფლიქტი. ნოველისათვის უცხოა პარალელური ფაბულა და ჩართული ეპიზოდები. ნოველაში დასმული პრობლემა, რომელიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანიც იყოს, არ მოითხოვს მოქმედების დეტალურად განვითარებას, პერსონაჟების სიმრავლეს. ზემოაღნიშნულ თვისებათა გამო, ნოველის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა.

სიუჟეტის განვითარებით და მოცულობით ნოველა ხშირად უახლოვდება ზღაპარს, ლეგენდას და იგავ–არაკს. იგავ–არაკი იმით გამოირჩევა ნოველისაგან, რომ პირველი ალეგორიულია და, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ მორალზე მითითებით მთავრდება. ზღაპრისაგან ნოველა იმით განსხვავდება, რომ პირველი უფრო ალეგორიული და ფანტასტიკურია, ნოველის ტიპობრივი ფორმები კი რეალისტურია.

სიტყვა ნოველა იტალიურად ნიშნავს ახალს; თხრობის ეს სახეც ყველაზე ადრე იტალიაში განვითარდა. მხატვრული ნოველის უდიდესი ოსტატი იტალიაში ჯიოვანი ბოკაჩიო იყო(XIV ს), საფრანგეთში – მოპასანი, რუსეთში – ტურგენევი და, განსაკუთრებით, ა. ჩეხოვი. ჩვენში ნოველებს წერდა უმთავერესად შიო არაგვისპირელი. ქართველი მწერლებიდან ნოველას ხშირად მიმართავენ ლ. ქიაჩელი(„მამა და შვილი”), კ. ლორთქიფანიძე („როგორ მოკვდა მოხუცი მებადური”), ა. ბელიაშვილი („ქორწილი სოფლად”, „მატარებელში”) და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალეგორია, ახალი პოემა, გაპიროვნება, ეპიზოდი, ზღაპარი, იგავ–არაკი, ლეგენდა, მოთხრობა, რომანი, ფაბულა, ჩართული ეპიზოდი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977