თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი





1 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანოტაცია

▲back to top


როზეტა ასათიანი

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

გამომცემლობა „სიახლე“

თბილისი,

2012.

ენციკლოპედიური ლექსიკონი მოიცავს თანამედროვე მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, აგრეთვე ცნობილი ეკონომისტების, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების მეცნიერული მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. ყოველი ტერმინის სალექსიკონო სტატია შედგება მისი სახელწოდების, აბრევიატურის (თუკი აქვს), ინგლისური შესატყვისის, ეტიმოლოგიისა და ახსნა-განმარტებისაგან.

ლექსიკონი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისათვის. იგი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მასალა, სამსახურს გაუწევს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს, საერთოდ, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

სარედაქციო კოლეგია: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები – ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ნოდარ ჭითანავა, სოლომონ პავლიაშვილი; ეკონომიკის დოქტორები იოსებ არჩვაძე, ჯემალ კახნიაშვილი.

რეცენზენტები: ლეო ჩიქავა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; თეიმურაზ ბერიძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

© გამომცემლობა „სიახლე“, 2012. © რ. ასათიანი, 2012;

2 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რეცენზიის მაგიერ

▲back to top


თეიმურაზ ბერიძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

რეცენზიის მაგიერ

ნებისმიერი მეცნიერების განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია შესაბამისი მეცნიერული აპარატი და მისი ადეკვატური გამოყენება, რაც სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ცნობილია, რომ მეცნიერული აპარატის შემადგენელი ნაწილია ზუსტი ტერმინოლოგია, ტერმინების ზედმიწევნით სრული განმარტება. საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის და კერძოდ, ეკონომიკური მეცნიერებისათვის ეს გარემოება ორმაგად აქტუალურია, ვინაიდან ტერმინების საშუალებით ხორციელდება ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ურთიერთკავშირების კვლევა, კვლევის შედეგების შეჯამება, მეტიც, მეცნიერული ტერმინების სიზუსტისა და რაოდენობის მიხედვით მსჯელობენ ამა თუ იმ მეცნიერების განვითარების დონეზე.

ბოლო წლებში საქართველოს საცნობარო და სალექსიკონო ეკონომიკურ ლიტერატურაში საკმაოდ ბევრი ლექსიკონი თუ ცნობარი გამოვიდა ეკონომიკის ცნებებსა და კატეგორიებზე, რაც უდაოდ მისასალმებელია. განმარტებითი ლექსიკონების გამოსვლის დღევანდელი აუცილებლობა განპირობებულია ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებებით, მეურნეობრიობის თვისებრივად ახალ მოდელზე – საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი შეიძინა საბაზრო ეკონომიკის ამსახველი ეკონომიკური და საბანკო ტერმინოლოგიის სისტემატიზაციის საკითხმა.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის მიერ მომზადებული „თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. მასში ყურადღებას იქცევს ორი მონათესავე, მაგრამ მაინც განსხვავებული დარგის – ეკონომიკისა და ბიზნესის ტერმინების ახსნა-განმარტება. პირველ შემთხვევაში ავტორი იძლევა ეკონომიკის სხვადასხვა მხარის ახსნას, ხოლო მეორე შემთხვევაში მოცემულია ბიზნესგარემოში კონკრეტული ქმედებებისა და ქცევების ამსახველი ტერმინების განმარტება, რაც უდაოდ გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს სალექსიკონო და საცნობარო ლიტერატურაში.

ლექსიკონში მოცემულია ეკონომიკური და საბანკო ტერმინების, საერთაშორისო ეკონომიკური და საფინანსო ინსტიტუტების, ეკონომიკური კლასიფიკატორების, კონცეფციების, თეორიებისა და მოძღვრებების ახსნა-განმარტება, გადმოცემულია გამოჩენილი მეცნიერ-ეკონომისტების ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ავტორი არ იფარგლება მხოლოდ ტერმინების განმარტებით, არამედ იძლევა მათ სიღრმისეულ ახსნას (მაგალითად, ეკონომიკური თეორია, ეკონომიქსი და სხვ.), რაც ასევე ლექსიკონის ღირებულ მხარესა და სიახლეს წარმოადგენს.

ენციკლოპედიური ლექსიკონი, თავისი ფორმითა და შინაარსით სერიოზული განაცხადია, შედგენილია იმგვარად, რომ საშუალებას აძლევს მკითხველს არა მარტო პროფესიულად დაეუფლოს ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, არამედ კარგად გაერკვეს თანამედროვე ეკონომიკის რთულ ურთიერთკავშირებში.

ლექსიკონში წარმოდგენილი ძირითადი ტერმინების განმარტებები მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ასახავს ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში.

3 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წინასიტყვაობა

▲back to top


როზეტა ასათიანი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

წინასიტყავობა

ლექსიკონში თავმოყრილია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, წარმოდგენილია ეკონომიკის დარგის მსოფლიოში ცნობილი ზოგიერთი უცხოელი მეცნიერისა და ღვაწლმოსილი ქართველი ეკონომისტების, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ბიოგრაფიები.

ლექსიკონს ერთვის სტატიათა ანბანური და თემატური საძიებელი, მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი, დადგენილი ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) საფუძველზე, აგრეთვე ქვეყნებისა და ტერიტორიების ანბანური ჩამონათვალი ვალუტებისა და კოდების ჩვენებით.

ლექსიკონს საფუძვლად დაედო ქართული და უცხოური ეკონომიკური ლიტერატურა (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, მონოგრაფიები, სტატიები), მათ შორის, დევიდ უ. პირსის საერთო რედაქციით გამოცემული „მაკმილანის თანამედროვე ეკონომიქსის ლექსიკონი“ (მეოთხე გამოცემა), „ოქსფორდის განმარტებითი ბიზნეს-ლექსიკონი“, ო. ბლანშარის „მაკროეკონომიკა“, აგრეთვე ჩვენი ნაშრომები – „ეკონომიქსი“ (განმარტებითი ლექსიკონი, მესამე გადამუშავებული გამოცემა), „თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი“, „მომსახურება და საბაზრო სისტემა“, „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება“, „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო“ და ა.შ.

წიგნში უმეტესად შესულია საკუთრივ ავტორისეული განსაზღვრებები, ჩამოყალიბებული ხანგრძლივი (22 წლის მანძილზე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პროცესში. ამიტომ ზოგიერთი ტერმინი (ცნება) სხვებთან შედარებით ვრცლად არის განმარტებული.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლექსიკონი, შეიძლება ითქვას, ორიგინალურია.

ვუძღვნი ჩემი ძვირფასი მშობლების – ქეთევან და შალვა ასათიანების ნათელ ხსოვნას

 მოცემული ტერმინები და ცნებები ეხება არა მხოლოდ ეკონომიკის ერთ რომელიმე სფეროს, არამედ მთელ ეკონომიკას, როგორც მიკრო-, ისე მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკას.

ენციკლოპედიური ლექსიკონი შედგენილია შემდეგი წესების დაცვით:

1. სასათაურო ტერმინები, ცნებები, გამოთქმები დალაგებულია ქართული ანბანის მიხედვით;
2. სასათაურო სიტყვა (სიტყვები) გამოყოფილია ნახევრად შავი მთავრული შრიფტით;
3. ტერმინის განმარტება მოცემულია მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტში;
4. სასათაურო სიტყვის (სიტყვების) შემდეგ ფრჩხილებში მოცემულია ინგლისური შესატყვისი;
5. თუ სასათაურო სიტყვა უცხოური წარმოშობისაა, ინგლისური შესატყვისის შემდეგ ტრანსკრიფციაში მოცემულია მისი ეტიმოლოგია;
6. ნიშანი „<“ ნიშნავს: წარმოდგება... გან;
7. ლექსიკონში ქართულ ენაზე მოცემულია თანამედროვე პირობებში დამკვიდრებული ინგლისური სიტყვებისაგან მომდინარე აბრევიატურები. მაგ., კაფ-ი (CAF - Cost and Freight– ღირებულება და ფრახტი).

ვფიქრობთ, განმარტებითი ლექსიკონი დაეხმარება მკითხველს, გაერკვეს საბაზრო ურთიერთობების რთულ ლაბირინთებში, ამასთან, იგი ხელს შეუწყობს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ტერმინებისა და ცნებების გავრცელება-დამკვიდრებას.

დიდ მადლობას ვუხდი სარედაქციო კოლეგიასა და რეცენზენტებს გაწეული შრომისათვის. მკითხველის ყველა ობიექტურ შენიშვნასა და წინადადებას ავტორი მადლიერების გრძნობით მიიღებს და გაითვალისწინებს შემდგომ გამოცემაში.

თბილისი
აპრილი, 2012

4 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლექსიკონში გამოყენებული აბრევიატურები

▲back to top


ლექსიკონში გამოყენებული აბრევიატურები

>ბსპ – ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
გაერო – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ეას - ეროვნულ ანგარიშთა სისტემა
ემფ – ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა
თეზ – თავისუფალი ეკონომიკური ზონა
მეპ – მთლიანი ეროვნული პროდუქტი
მესკ – მოხალისე ექსპერტთა საერთაშორისო კორპუსი
მტპ – მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი
მშპ – მთლიანი შიდა პროდუქტი
სიფ – ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი
სრნ – სავალდებულო რეზერვების ნორმა
სსდკ – საერთაშორისო სტანდარტული დარგობრივი კლასიფიკაცია
სსფ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ფსს – ფედერალური სარეზერვო სისტემა
შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შსო – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
ASPE – საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის მკვლევართა ასოციაცია
EACT – თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია
EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
EU – ევროპული გაერთიანება
EEC – ევროპული ეკონომიკური გაერთიანება
EMPI – ვალუტის ბაზარზე ზეწოლის ინდექსი
EU – ევროკავშირი
EU-GBC – ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო
GATT – ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება
HDI - ადამიანის განვითარების ინდექსი
IBRD – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
ISIC – ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაცია
NACE – ტრანსეროვნული (ტრანსნაციონალური) კორპორაცია
NICs – ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია
NIჩს – ახალი ინდუსტრიული ქვეყნები
OECD – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
USAID – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
WTO – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

5 ქართული ანბანი

▲back to top


ქართული ანბანი

ა — ან
ბ — ბან
გ — გან
დ— დონ
ე— ენ
ვ — ვინ
ზ — ზენ
თ— თან
ი — ინ
კ — კან
ლ — ლას
მ — მან
ნ — ნარ
ო — ონ
პ — პარ
ჟ — ჟან
რ — რაე
ს — სან
ტ — ტარ
უ — უნ
ფ — ფარ
ქ — ქან
ღ — ღან
ყ — ყარ
შ — შინ
ჩ — ჩინ
ც — ცან
ძ — ძილ
წ — წილ
ჭ — ჭარ
ხ — ხან
ჯ — ჯან
ჰ — ჰაე

6 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ე

▲back to top


6.1 ეგზოგენური მტპ (exogenous scientific-technological progress)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეგზოგენური მტპ (exogenous scientific-technological progress) [ბერძნ exo გარედან, genos გვარი, მოდგმა]
წარმოების ავტონომიური ფაქტორი; ეგზოგენური (garegani mizezebiT warmoqmnili) ტექნოლოგიური პროგრესის წარმოებრივი ფუნქცია. გულისხმობს ტექნოლოგიური პროგრესის გარედან მართვას. საპირისპირო – ენდოგენური მტპ.

6.2 ევრო (euro)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევრო (euro)
ერთიანი ევროპული ვალუტა, ოფიციალური ფულის ერთეული შემოღებული ეკიუს (ecu) ნაცვლად 1999 წლის 1 იანვრიდან. ევროზონაში შევიდა 11 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი. საბერძნეთს არ მიეცა უფლება და 2001 წლამდე ვერ გაერთიანდა ევროზონაში. 2007 წელს მას დაემატა სლოვენია, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან კვიპროსი და მალტა. შემოღების მომენტში ევროს გაცვლითი კურსი ასეთი იყო: 1 ევრო – 1 ეკიუ. 2002 წლის 1 იანვრამდე არსებობდა უნაღდო სახით. ბანკნოტებისა და მონეტების სახით მიმოქცევაში შევიდა 2002 წლის 1 იანვრიდან. სახელწოდება „ევრო“ შეთანხმებულ იქნა ევროკავშირში 1995 წლის დეკემბერში.

ახალი ევროპული ცენტრალური ბანკი დაფუძნდა ფრანკფურტში და იგი ევროზონის მონეტარულ პოლიტიკაზე გახდა პასუხისმგებელი. ევროს სიმბოლოა € . იგი შექმნა ევროკომისიამ და საჯაროდ გამოცხადდა დუბლინში 1996 წლის დეკემბერში.

ამჟამად საქართველოში სავალუტო რეზერვი ორ ვალუტაშია განთავსებული – ამერიკულ დოლარსა და ევროში. მათი თანაფარდობა 2003 წლის მონაცემებით, შესაბამისად, შეადგენდა 70% 30%თან. 2007 წლის მონაცემებით, ეს თანაფარდობა გახდა 60% 40%-თან. მსოფლიოში და, ბუნებრივია, საქართველოშიც, მიმდინარე პროცესების ცვლილებებიდან გამომდინარე, დოლარსა და ევროს რეზერვებს შორის თანაფარდობა შეიცვალა. 2010 წლის მონაცემებით, ეს თანაფარდობაა 75% 22-25%-თან. დანარჩენი – სხვა სრულად კონვერტირებადი ვალუტებია.

6.3 ევროდოლარი (eurodollar)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროდოლარი (eurodollar)
ევროპული დოლარი. ამერიკული დოლარით გამოხატული ფულადი საშუალება, რომელსაც მფლობელები ათავსებენ აშშ-ის ფარგლებს გარეთ, უმთავრესად ევროპულ ბანკებში და იყენებენ საკრედიტო ოპერაციებისათვის. ევროდოლარის ბაზარი წარმოიშვა XX საუკუნის 50-იანი წლების დამლევს.

6.4 ევროკავშირი (European Union - EU)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროკავშირი (European Union - EU)
შეიქმნა ევროპული გაერთიანების ბაზაზე მაახსტრიტის 1993 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. ადგილსამყოფელია ბრიუსელი.

1993 წლიდან ევროკავშირში გაუქმდა შეზღუდვები კაპიტალის, სამუშაო ძალის, საქონლის, მომსახურების თავისუფალ გადაადგილებაზე. 2007 წლის ბოლოსათვის მისი წევრი 27 ქვეყანა გახდა. ესენია: საფრანგეთი, ბელგია, გფრ, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი. ამჟამად 27 ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს ზოგჯერ EU27-ს უწოდებენ. ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო. ამ ქვეყნებზე მოდის EU27-ის 75%.

ევროკავშირის საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოა ევროპარლამენტი, რომლის ადგილსამყოფელია სტრასბურგი. (იხ. ევროპული ეკონომიკური გაერთიანება; ევროპული გაერთიანება).

6.5 ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო (EU-GBC)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო (EU-GBC)
შეიქმნა 2006 წლის 3 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. მის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ (GGMW), STATOIL-მა და კანარგომ. ამავე წელს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია გახდა ამ საბჭოს წევრი.

6.6 ევროობლიგაცია (Eurobond)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროობლიგაცია (Eurobond)
ფასიანი ქაღალდი, რომლის ემისიას ახორციელებს სახელმწიფო ევროპის ბაზრებზე (საფონდო ბირჟებზე გასაყიდად). ვალის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც სახელმწიფო იღებს სესხად და ამისთვის იხდის საკმაოდ მაღალ პროცენტს. იგი შედარებით ძვირი სესხია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები. ამასთან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, არ ხდება მისი მიზნობრიობისა და ხარჯვის გაკონტროლება.

6.7 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (European Bank for Reconstruction and Development – EBRD)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (European Bank for Reconstruction and Development – EBRD)
სახელმწიფოთაშორისო ბანკი, დაარსდა 1991 წელს ლონდონში. ახორციელებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნების გრძელვადიან დაკრედიტებას, ამასთან, ინვესტირების გზით მათ დახმარებას უწევს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში

6.8 ევროპული გაერთიანება (European Community – EC)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროპული გაერთიანება (European Community – EC)
ნახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების (ECSC), ევროპული ეკონომიკური გაერთიანებისა (EEC) და ატომური ენერგიის სფეროში ევროპული გაერთიანების (EAEC) საერთო სახელწოდება. შეიქმნა 1967 წელს და აერთიანებდა დასავლეთ ევროპის 12 ქვეყანას (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია ბელგია, გფრ, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი).

1993 წლის 1 ნოემბრიდან მაახსტრიტის ხელშეკრულების საფუძველზე ევროპულმა გაერთიანებამ მიიღო ევროკავშირის ოფიციალური სახელწოდება.

6.9 ევროპული ეკონომიკური გაერთიანება (European Economic Community – EEC)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროპული ეკონომიკური გაერთიანება (European Economic Community – EEC)
დაარსდა 1957 წელს საერთო (ევროპული) ბაზრის სახელწოდებით საფრანგეთის, ბელგიის, გფრ-ის, იტალიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდის მთავრობების მიერ ხელმოწერილი რომის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საბაჟო კავშირის შექმნას, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი მოძრაობისათვის ყველა ბარიერის ლიკვიდაციას, აგრეთვე საერთო სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას. გარდა აღნიშნულისა, გაერთიანების დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპულმა საინვესტიციო ბანკმა და ევროპულმა სოციალურმა ფონდმა, რომელთა მიზანი ამ გაერთიანების ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია იყო. 1968 წელს სრული საბაჟო კავშირის შექმნის შედეგად, ლიკვიდირებულ იქნა ყველა შიდა ტარიფი და შეიქმნა საერთო საგარეო ტარიფი. 1977 წელს გაერთიანებამ დადო ხელშეკრულება საბაჟო კავშირის შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის დამამთავრებელ ეტაპს წარმოადგენდა.

გაერთიანებამ 1962 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა სასოფლოსამეურნეო პოლიტიკა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინირებასთან დაკავშირებით.

1972 წელს ბრიუსელის ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ, 1973 წელს გაერთიანების ექვს ქვეყანას დაემატა დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც თავიანთი საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა გაერთიანების წესების შესაბამისად დაარეგულირეს. 1982 წელს გაერთიანებაში შევიდა საბერძნეთი, ხოლო 1986 წელს – პორტუგალია და ესპანეთი.

1967 წელს გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა შეერწყა ნახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანებისა (ECSC) და ატომური ენერგიის სფეროში ევროპული გაერთიანების (EAEC) სტრუქტურებს, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული გაერთიანება, ხოლო 1993 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებით, ევროგაერთიანებამ მიიღო ევროკავშირის სახელწოდება.

6.10 ევროპის ცენტრალური ბანკი (European Central Bank - ECB)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროპის ცენტრალური ბანკი (European Central Bank _ ECB)
ცენტრალური ბანკი ფრანკფურტში, რომელიც პასუხისმგებელია ევროზონაში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე.

6.11 ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია (General Industrial Clasification of Economic Activities within European Communities) NACE- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია (General Industrial Clasification of Economic Activities within European Communities) NACE
ევროკავშირის საბაზო კლასიფიკაცია ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით როგორც ბაზა ეროვნული კლასიფიკაციების შესაქმნელად.

კლასიფიკაციის ობიექტებს წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის სახეები. NACE განკუთვნილია სამართლებრივი ერთეულების (იურიდიული და ფიზიკური პირების) აღწერისათვის მათი ძირითადი საკლასიფიკაციო ნიშნის – ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. აღნიშნულ კლასიფიკაციაში დეტალიზებულია ISIC-ის კოდური პოზიციები ათნიშნა ციფრული კოდის მესამე და მეოთხე ნიშნის დონეზე.

6.12 ეკიუ (Ecu)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკიუ (Ecu)
ევროპული ვალუტის ერთეული, შემოღებულ იქნა 1979 წელს. 1999 წლის პირველი იანვრიდან იგი ევრომ შეცვალა.

6.13 ეკოლოგიური ბანკი (ecological bank)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკოლოგიური ბანკი (ecological bank)
ასეთი ბანკის დეპოზიტები არის არა ფინანსური რესურსები, არამედ დასაშვებ ზომაზე ზევით დაბინძურების მოცულობის შემცირების დოკუმენტურად დამტკიცებული ტექნიკური მაჩვენებლები, რაც კომერციული გაცვლის საგანია. ეკოლოგიურ რეგულირებაში საბაზრო ურთიერთობების გამოყენების ეს მეთოდი უკავშირდება გარემოს დაბინძურების უფლების ბაზრის შექმნას. ის ფირმები, რომლებიც შეძლებენ გარემოს დაბინძურების „ზენორმატიულ“ შემცირებას, შეუძლიათ თავიანთი „ნამეტი“ (sxvaoba garemos zenormatiul da normatiul dabinZurebas Soris) ეკოლოგიური ბანკების მეშვეობით მიჰყიდონ სხვა ფირმებს. ამრიგად, ეს „ნამეტი“ იქცევა საგნად, რომელიც სტიმულს მისცემს ფირმებს არა მხოლოდ დაიცვან კანონით გათვალისწინებული ბუნების დაცვის ნორმები, არამედ კიდევ უფრო შეამცირონ გარემოს დაბინძურების დონე, რათა ამით მიეცეთ შესაძლებლობა მათაც აწარმოონ ეს „ნამეტი“ და წარმოადგენდნენ მეანაბრეებს ეკოლოგიურ ბანკებში.

6.14 ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია (conception of ecological economy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია (conception of ecological economy)
მხარს უჭერს ეკოლოგ-ეკონომიკური სისტემის შექმნის იდეას და მისი რეალიზაციისათვის ისახავს ორ გზას: პირველი მიმართულების წარმომადგენლები მთელ ეკოსისტემას ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ და მოითხოვენ ეკონომიკურ საქმიანობაში ბუნებრივი პროცესების ჩართვას. მეორე მიმართულების წარმომადგენლები ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას მეურნეობრიობის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას უკავშირებენ. მეორე მიმართულებამ მიიღო ენვაირომენტული დეტერმინიზმის (environmental determinism) სახელწოდება. მის მიხედვით გარემო არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. ეს განსაკუთრებით ეხება სუსტად განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე აიძულებს ამ ქვეყნებს მოახდინონ მოძველებული ტექნოლოგიების იმპორტი, რომლებიც ხელს უწყობს ეკოლოგიური კატასტროფების წარმოქმნასა და გარემოს დაბინძურებას.

6.15 ეკოლოგიური უსაფრთხოება (environmental safety)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკოლოგიური უსაფრთხოება (environmental safety)
მთელი საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესების დაცვა იმ შიდა და გარე ეფექტებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეკოლოგიური სისტემის მყარ ფუნქციონირებასა და, გარკვეული თვალსაზრისით, არყევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.

6.16 ეკონომეტრია, ეკონომეტრიკა (econometrics)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომეტრია, ეკონომეტრიკა (econometrics)
ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკური მოვლენების ანალიზსა და პროგნოზირებაში მათემატიკური მოდელების გამოყენებაზე და დაკავშირებულია მათემატიკური წარმოდგენით რეალური მოვლენების ადეკვატურობის განსაზღვრაშეფასებასთან.

6.17 ეკონომეტრიკული მოდელი (econometrical model)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომეტრიკული მოდელი (econometrical model)
მთელი ეკონომიკის ან მისი ნაწილის მათემატიკური მოდელი, რომლის პარამეტრები შეფასებულია ეკონომეტრიკული მეთოდებით.

6.18 ეკონომიკა (economy, economics) [ბერძნ Oikonomi მეურნეობის მართვა]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკა (economy, economics) [ბერძნ Oikonomi მეურნეობის მართვა]
1. მეურნეობა (ქვეყნის, საწარმოს, ოჯახისა და ა.შ.), წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობა. იყოფა მიკრო-, მეზო-, მაკრო-, და მეგაეკონომიკებად. 2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს როგორც ეკონომიკური კანონების თეორიულ ასპექტებს, ისე მეურნეობის კონკრეტულ მდგომარეობას. ინგლისურ ენაში პირველი მნიშვნელობის გადმოსაცემად იხმარება სიტყვა economy, ხოლო მეორისათვის- economics. სიტყვა economy. მნიშვნელობით გამოიყენება მხოლოდ შემდეგ სიტყვათწყობაში – political economy პოლიტიკური ეკონომია.

ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, იყოფა თეორიულ და კონკრეტულ ეკონომიკურ დისციპლინებად.

კლასიკური განმარტებით, ეკონომიკა, როგორც თეორიული ცოდნის სფერო, სწავლობს ადამიანთა ქცევას შეზღუდული რესურსების სხვადასხვა წესით გამოყენებისას. დასახული მიზნის მისაღწევად ამათგან ოპტიმალური წესის შერჩევა თეორიული ეკონომიკური მეცნიერების ლაიტმოტივია. ეკონომიკა, როგორც კონკრეტული ეკონომიკური დისციპლინა, შეისწავლის ეკონომიკის სექტორებსა (აგრარული, ინდუსტრიული, მომსახურების) და დარგებს, როგორც მთელი ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების მიხედვით, აგრეთვე, წარმოების პირობებსა და ელემენტებს. თავდაპირველად ეკონომიკის შესახებ პრიმიტიული წარმოდგენები არსებობდა. მათ ძველეგვი პტურ პაპირუსებში, ქვაზე ამოკვეთილ ლურსმნულ წარწერებში, ძველინდურ ვედებში და სხვა წყაროებში ვხვდებით. შემდეგ ეკონომიკის მეცნიერულად გააზრების მცდელობა გამოჩნდა ბაბილონის მეფის ჰამურაბის კანონებში (ძვ.წ. XVIII ს.), ჩინეთში – კონფუცისა და მენძის (ძვ.წ. VI-V.), (ძვ.წ. III ს.) შეხედულებებში და ა.შ.

ეკონომიკური მეცნიერების საწყისების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ანტიკური საბერძნეთის მოაზროვნეებს – ქსენოფონტს, პლატონსა და არისტოტელეს.

ქსენოფონტმა დაწერა წიგნი „ოიკონომია“ და ამით პირველმა სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა სიტყვა „ეკონომიკა“. ამრიგად, „ეკონომიკა“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი (oikonomia) სიტყვა-სიტყვით საოჯახო მეურნეობის მართვას („ოიკოს“ – სახლი, მეურნეობა და „ნომოს“ – წესი, კანონი) ნიშნავს.

არისტოტელემ „ეკონომიკისაგან“ განასხვავა „ქრემატისტიკა“, როგორც არა მეურნეობის მართვის, არამედ ფულის კეთების ხელოვნება.

როგორიც უნდა ყოფილიყო ანტიკური ეპოქის ამ ან სხვა მოღვაწეების (მაგალითად, ანტიკური რომის ცნობილი წარმომადგენლების – კატონის (234-149), ძმები ტიბერიუს (169-132) და გაიუს (153-121) გრაკქუსების, ვარონის (116-27), კოლუმელას (ახ. წ. I ს.) და სხვების, ან შემდგომი პერიოდის დიდ მოაზროვნეთა შეხედულებები ეკონომიკის შესახებ, მათ მაინც არ ჰქონდათ სისტემური ხასიათი. ეკონომიკა არ იყო მეცნიერების ცალკე, დამოუკიდებელი დარგი, ვინაიდან არ არსებობდა მეცნიერების კლასიფიკაცია. იგი მხოლოდ მეცნიერების ერთიან სისტემაში იყო ჩართული.

ასე რთულად იკაფავდა გზას ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების სისტემურად შემსწავლელი მეცნიერება და ხაზგასმით აღსანიშნავი არაფერი ყოფილა XVI-XVII საუკუნეებამდე. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი ეკონომიკური მიმდინარეობა – მერკანტილიზმი (ქვეყნის სიმდიდრის ზრდის გადამწყვეტ პირობად საგარეო ვაჭრობის განვითარებას მიიჩნევდა), რომელმაც მნიშვნელოვანი წანამძღვრები შექმნა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, ფორმირებისათვის.

6.19 ეკონომიკის სერვიზაცია (servization of economy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკის სერვიზაცია (servization of economy)
საზოგადოებრივ წარმოებასა და პირადი მოხმარების სტრუქტურაში მომსახურების სფეროს ხვედრითი წონის არსებითი ზრდის პროცესი. დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკისათვის, სადაც მომსახურების სფერომ ყველა ძირითადი მაჩვენებლით, მათ შორის, დასაქმებულთა რიცხოვნობით, საგრძნობლად გაუსწრო მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფეროს და ეკონომიკის უმსხვილეს სექტორად გადაიქცა. აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო იაპონიაში – მხოლოდ 70-იანი წლებიდან. ამჟამად აშშ-ში ყოველი ათი მომუშავიდან შვიდი დასაქმებულია მომსახურების სფეროში.

6.20 ეკონომიკის წმინდა მოგება (net profit of economy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკის წმინდა მოგება (net profit of economy)
ეროვნული ანგარიშების სისტემაში მაკროეკონომიკური მოგების მაჩვენებელი, გაანგარიშებული როგორც სხვაობა ეკონომიკის მთლიან მოგებასა და ძირითადი კაპიტალის მოხმარებას შორის.

6.21 ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (economically active population)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (economically active population)
დასაქმებული მოსახლეობა (დაქირავებულები, დამქირავებლები და საკუთარი ბიზნესით დაკავებულები), სამხედრო მოსამსახურეები და სამუშაოს აქტიურად მაძიებელი რეგისტრირებული უმუშევრები. იგივეა, რაც სამუშაო ძალა.

6.22 ეკონომიკურად აქტიური სამოქალაქო მოსახლეობა (economically active civil population)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკურად აქტიური სამოქალაქო მოსახლეობა (economically active civil population)
დასაქმებული მოსახლეობა (სამხედრო მოსამსახურეების გამოკლებით) და სამუშაოს მაძიებელი უმუშევრები.

6.23 ეკონომიკური ადამიანი (homo economicus)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ადამიანი (homo economicus)
ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩართული რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავის საქმიანობისას მაქსიმალური სარგებლიანობის მიღების პრინცი პებით ხელმძღვანელობს. იგი მოცემული ისტორიული ეპოქის ძირითადი მოქმედი სუბიექტია. მისი ხასიათი, მიდრეკილებები, მიზნები, მოქმედებები და საქმიანობის საბოლოო შედეგები საზოგადოების ცხოვრების დეტერმინანტებად გვევლინება.

ა. სმითის შეხედულებით, ეკონომიკური ადამიანის უმთავრესი ნიშან-თვისებებია: 1. საქმიანობის შედეგებით პირადი დაინტერესება; 2. საქმიანობის პროცესში პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება როგორც თანამშრომლობის აუცილებელი პირობა; 3. საქმიანობისას საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.

6.24 ეკონომიკური აზროვნების წესი (the economic way of thinking)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური აზროვნების წესი (the economic way of thinking)
ინტელექტუალური ინსტრუმენტი, აზროვნების ტექნიკა, რომელიც საერთოა ნებისმიერი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. ის ინსტიტუტები, რომლებიც მართავენ საზოგადოებას (მასში, პირველ ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკის მართვა იგულისხმება), მაგრამ ვერ ფლობენ მართვის საიდუმლოებას, ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებაში თანხმობას, სოლიდარობას, რის გამოც ქვეყანაში დიდია ქაოსისა და სიღარიბის საშიშროება. არადა, თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენებით, ეკონომიკურ აზროვნებაში ახალი, აპრობირებული წესების შემოღებით, ძალისხმევის კოორდინაციით, ქვეყნის ეროვნული უპირატესობების წინა პლანზე წამოწევით შესაძლებელია სოციალური ჰარმონიის, საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა, რაც ეროვნული ეკონომიკის აყვავების საწინდარია.

6.25 ეკონომიკური განვითარება (economic development)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური განვითარება (economic development)
საზოგადოებრივი ცხოვრების დონის ამაღლებისა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესი. მოიცავს სამ მნიშვნელოვან შემადგენელს: 1. შემოსავლების, მოხმარების, განათლების, ჯანდაცვისა და ა.შ. დონის ზრდას; 2. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური სისტემების ფორმირების საფუძველზე ადამიანთა ურთიერთპატივისცემის ზრდის ხელშემწყობი პირობების შექმნას; 3. ისეთი სიტუაციის შექმნას, როდესაც საზოგადოებას აქვს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზების არჩევის შესაძლებლობა.

ეკონომიკური განვითარება იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს სოციალურ სტრუქტურებში, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ქცევაში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში, უთანასწორობის შემცირებასა და უმუშევრობის აღმოფხვრაში. მისი მეშვეობით ვითარდება ეკონომიკური სისტემა და მზადდება ცხოვრების დონის ხარისხის შემდგომი ამაღლების მატერიალური და სულიერი პირობები.

6.26 ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია (General strategy of economic development)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია (General strategy of economic development)
ქვეყნის ეკონომიკის წარმართვის სტრატეგია, რეალობიდან გამომდინარე მოცემულ ეტაპზე შექმნილი განვითარების კურსი.

თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, სტრუქტურული თვალსაზრისით, დიამეტრალურად განსხვავდება წინა ეპოქების ეკონომიკისაგან, როდესაც დომინირებული მდგომარეობა ეკავა ჯერ სოფლის მეურნეობას, ხოლო შემდეგ – მრეწველობას. მაგალითად, თუ 1820 წელს აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70%, ამ დარგის ინდუსტრიალიზაციის საფუძველზე, 2008 წლის მონაცემებით, აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებულია მხოლოდ 1,0%, ინდუსტრიაში – 19,2%, ხოლო მომსახურების სფეროში – 79,8%. იაპონიაში ეს თანაფარდობა, შესაბამისად, ასეთია: 4,4%, 27,9% და 66,4%; გერმანიაში – 2,4%, 29,7%, 67,8%; საფრანგეთში – 3,8%, 24,3%, 71,8%; ავსტრალიაში – 3,6%, 21,1%, 75,0%; ლუქსემბურგში – 2,2%, 17,2%, 80,6%; ევროკავშირში – 5,6%, 27,7%, 66,7% და ა.შ.

არასაკმაოდ განვითარებული (ახალინდუსტრიული ქვეყნების) ეკონომიკისათვის არსებობს სხვადასხვა მიდგომა, რომელთა შორის აღსანიშნავია: ა) სამრეწველო განვითარება და იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით; ბ) სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერა და ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, საექსპორტო პროდუქციის წარმოების უპირატესი განვითარების საფუძველზე (ucxouri valutis miRebis mizniT) ექსპორტის გაზრდა; გ) ქალაქისა და სასოფლო რაიონების ბალანსირებული განვითარება და ა.შ. ახალინდუსტრიულ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი წონა. მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, ბრაზილიაში იგი შეადგენდა 20%-ს, ხოლო თურქეთში – 29,5%-ს (ინდუსტრიაში – 24,7, მომსახურების სფეროში – 45,8%-ს).

რაც შეეხება განვითარებად, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს, სადაც ინდუსტრიალიზაციის დონე დაბალია, მათთან მიმართებაში ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგიისადმი კიდევ უფრო განსხვავებული მიდგომაა. I მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან 60-იანი წლების დასაწყისამდე ეკონომიკურ ლიტერატურაში გაბატონებული იყო შეხედულება იმის შესახებ, რომ სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვის ყველაზე მისაღები სამრეწველო წარმოების უპირატესი განვითარების სტრატეგიაა. მრავალმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიზიარა ეს შეხედულება და შეიმუშავა კიდეც შესაბამისი სტრატეგია. ზოგიერთ ქვეყანაში იმედისმომცემი შედეგებიც კი იქნა მიღწეული (განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც უპირატესობას ექსპორტის განვითარებას ანიჭებდნენ, იმპორტშემცვლელი წარმოების განვითარებასთან შედარებით), მაგრამ ქვეყნების უმრავლესობამ სავალალო შედეგები მიიღო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შემდეგი მიზეზებით:

1. ინვესტიციებთან დაკავშირებული სირთულეები. მრეწველობის პრიორიტეტული განვითარება საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არაჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის გამო თითქმის შეუძლებელი იყო, ადგილობრივი საინვესტიციო რესურსები კი, ჯერ ერთი, მცირე ოდენობის იყო და მეორეც, მათი გადასროლა მრეწველობაში ხდებოდა სოფლის მეურნეობის ხარჯზე და მის საზიანოდ, რაც ქვეყანაში მწვავე სასურსათო პრობლემებს წარმოშობდა;

2. ადგილობრივმა მრეწველობამ ნაკლებგანვითარებული ტექნოლოგიებისა და დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის გამო, ვერ შეძლო იმპორტისადმი კონკურენციის გაწევა;

3. შიდა ბაზრის სივიწროვისა და დაბალი მოთხოვნის გამო, ეს ქვეყნები ვერ ახერხებდნენ რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

ამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობამ ვერ შეძლო საგადასახდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესება, ამასთან, იმპორტის სტრუქტურაც შეიცვალა. მზა სამომხმარებლო საქონლის ნაცვლად მასში მეტწილად სჭარბობდა მოწყობილობები, ნედლეული, დანადგარების ცალკეული ნაწილები და ა.შ. ამიტომ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდა, ხოლო შიდა ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა. სახელდობრ, სწრაფი ტემპით იზრდებოდა სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და, შესაბამისად, უმუშევრობა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური პროცესების გამწვავება.

ამიტომ განვითარებადმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში შეცვალეს თავიანთი ეკონომიკური განვითარების კურსი და უპირატესობა სოფლის მეურნეობას მიანიჭეს. დღეს მსოფლიოში იგი აღიარებულია სუსტად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის დომინირებულ სექტორად. განვითარების სტრატეგიების უმრავლესობაშიც უპირატესობა სწორედ აგრარულ სექტორს აქვს მინიჭებული. ამ ტენდენციას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, ნიგერიის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70,0%, ინდუსტრიაში – 10,0%, ხოლო მომსახურების სფეროში – 20,0%; მოზამბიკში, შესაბამისად, 81,0%, 6,0%, 13,0%; ლიბერიაში – 70,0%, 8,0%, 22,0%; სუდანში 80,0%, 7,0%, 13,0% და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს, 2007 წლის ოფიციალური მონაცემებით, ეს თანაფარდობა ასეთია: აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 55,6%, ინდუსტრიაში – 8,9%, ხოლო მომსახურების სფეროში – 35,5%; შედარებისთვის, სომხეთში – 46,2%, 15,6%, 38,2%; აზერბაიჯანში – 39,3%, 12,1%, 48,6%.

ასეთია დღეს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკა, განვითარების გენერალური კურსი, რაც სამყაროს კიდევ უფრო დიფერენცირებულსა და კონტრასტულს ხდის. ერთი რამ კი ცხადია: დღეს მსოფლიოში არ არსებობს წინააღმდეგობა მაღალტექნოლოგიურ მომსახურებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის. წინააღმდეგობებს მხოლოდ მოძველებული ტექნოლოგიები და ნაკლებკონკურენტუნარიანი პროდუქცია განაპირობებს, რაც სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, მათი ხვედრია.

6.27 ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი – ედი (economic discomfort index)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი – ედი (economic discomfort index)
მაკროეკონომიკური ინდიკატორი, ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამი, ახასიათებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, მაკროსტაბილურობის მდგრადობის დონეს, რომელთანაც უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია: რაც უფრო მაღალია ედი, მით მეტია ქვეყანაში უარყოფითი ტენდენციები და, პირიქით. მისი გაანგარიშებისათვის გამოიყენება როგორც საშუალო წლიური, ისე დეკემბრის მდგომარეობით არსებული წლიური ინფლაცია და შესაბამისი პერიოდის უმუშევრობის დონე. ედი ეკონომიკურ ლიტერატურაში პირველად შემოიტანა ცნობილმა ეკონომისტმა არტურ ოუკენმა (ი. არჩვაძე. ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი: არსი და გამოყენებითი ღირებულება. „ახალი ეკონომისტი“, 2012, №1).

6.28 ეკონომიკური ეფექტიანობა (economic efficiency)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ეფექტიანობა (economic efficiency)
ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, რომელიც გამოითვლება რესურსების გამოყენებით მიღებული ეკონომიკური შედეგის შეფარდებით წარმოების დანახარჯებთან.

6.29 ეკონომიკური ზრდა (economic growth)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ზრდა (economic growth)
განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით – ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება, პოტენციური მეპ-ის მატება, გამოხატული შესადარი (მუდმივი) ფასებით; ქვეყნის მთლიანი წარმოებისა და მოხმარების ზრდა, რომელიც ხასიათდება ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, როგორიცაა: მშპ, მეპ, ეროვნული შემოსავალი და ა.შ. ფართო გაგებით – სოციალურ ინსტიტუტებში, საკუთრების სტრუქტურაში ცვლილებების პროცესი, რომელიც მოასწავებს ზრდის ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლას. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება, მაგალითად, უ. როსტოუს ცნობილი თეორია ეკონომიკური განვითარების სტადიების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივეკონომიკური ფორმაციების ისტორიული ცვლის მარქსისტული თეორიის ანტიპოდია.

6.30 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for Economic Cooperation and DevelopmentOECD)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for Economic Cooperation and DevelopmentOECD)
საერთაშორისო ორგანიზაცია (1961), რომელმაც შეცვალა და გააფართოვა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OEEC) პარიზში 1960 წელს ხელმოწერილი კონვენციის საფუძველზე. ამით დამთავრდა მისი როგორც წმინდა ევროპული ორგანოს არსებობა, ვინაიდან აშშ და კანადა გახდნენ ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები, რითაც გაიზარდა მათი როლი განვითარებადი ქვეყნებისადმი დახმარების გაწევაში. ამჟამად ოეჩდ სულ აერთიანებს 34 ქვეყანას. გარდა აშშ-სა და კანადისა, მასში შედის: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩილე, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი.

6.31 ეკონომიკური თეორია (economic theory)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური თეორია (economic theory)
განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით – ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევაში ამა თუ იმ მიმართულების ამსახველი თეორია, ფართო გაგებით – ეკონომიკის განვითარების ზოგადი თეორია, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის როგორც ყველა ეკონომიკურ მიმართულებას, ისე ეკონომიკურ კანონებსა და კანონზომიერებებს, იკვლევს არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის.

ეკონომიკური თეორია საზოგადოებრივი მეცნიერებაა, ამასთან, როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ სამუელსონი აღნიშნავს, იგი საზოგადოებრივ მეცნიერებათა მეფეა. მართლაც, საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის მას წამყვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან საზოგადოების ანატომიას, მის ეკონომიკურ განვითარებას სწავლობს. ეკონომიკურ თეორიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის განვითარების კანონზომიერებების აღმოჩენასა და შესწავლაში.

ეკონომიკა ნებისმიერი საზოგადოების არსებობის საფუძველია, საზოგადოებას კი უამრავი ბიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილება აქვს, რომლებიც სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების მოხმარებას უკავშირდება. ამ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად აუცილებელია როგორც ბუნებრივი (მიწა, mineraluri simdidre და ა.შ.), ისე წარმოებრივი რესურსების (manqana-danadgarebi, instrumentebi, სამუშაო ძალა, sammarTvelo unari da sxv.) გამოყენება. საზოგადოების მოთხოვნილებების ერთობლიობა აღემატება ყველა არსებული რესურსის წარმოებრივ შესაძლებლობებს. მოთხოვნილებები წინ უსწრებს წარმოებას, ამიტომ არის, რომ აბსოლუტური მატერიალური სიუხვე განუხორციელებელი ამოცანაა. რესურსები შეზღუდულია. ყველა მწვავე პრობლემა – ინფლაცია, უმუშევრობა, ბიუჯეტის დეფიციტი, სიღარიბე, გარემოს გაჭუჭყიანება და სხვ. – ორგანულად უკავშირდება შეზღუდული რესურსების გამოყენების ეფექტიანობას. ეს უდავო ფაქტი საფუძვლად უდევს ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, განსაზღვრას.

შეზღუდული რესურსების გამოყენების პროცესში ჩამოყალიბებული ურთიერთობებისა და კანონზომიერებების შესწავლის რთული ამოცანის შესრულება ისტორიულად ეკონომიკურ თეორიას დაეკისრა.

ამრიგად, ეკონომიკური თეორია შეისწავლის საზოგადოების განუსაზღვრელი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას, სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში მატერიალური და არამატერიალური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარებისას ადამიანთა (საბაზრო სისტემაში – ბიზნესის, შინამეურნეობისა და ხელისუფლების) ეკონომიკურ ქცევას.

გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა იყოფა მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკებად, თეორიული კვლევაც ამ ნიშნის მიხედვით მიმდინარეობს და ეკონომიკური თეორიაც სტრუქტურულად შემდეგი განყოფილებებისგან შედგება: მიკროეკონომიკური თეორია, მეზოეკონომიკური თეორია, მაკროეკონომიკური თეორია და მეგაეკონომიკური თეორია.

მიკროეკონომიკა შეისწავლის ცალკეული სამეურნეო ერთეულების – შინამეურნეობის, ფირმებისა და სამთავრობო დაწესებულებების ეკონომიკურ საქმიანობას; მეზოეკონომიკა იკვლევს ეკონომიკის განსაზღვრულ ქვესისტემებს სექტორული ეკონომიკის სახით; მაკროეკონომიკა ეკონომიკას განიხილავს როგორც ერთ მთლიანს და აანალიზებს ისეთ ფართომასშტაბურ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.; მეგაეკონომიკა იკვლევს საერთაშორისო მასშტაბის ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობები და ა.შ.

სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური მეცნიერების ერთ მხარეს არის თეორიული ეკონომიკური მეცნიერება ეკონომიკური თეორიის სახით, ხოლო მეორე მხარეს – ეკონომიკური მეცნიერების ყველა სხვა სფერო, ფუნქციონალური (finansebi, fulis mimoqceva, statistika და ა.შ.) თუ დარგობრივი მეცნიერებები. ამ მეცნიერებების ფუნდამენტი და მეთოდოლოგიური საფუძველია ეკონომიკური თეორია.

ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა დაკავშირებულია საზოგადოების სიმდიდრის შესწავლასთან, რაც დასაბუთებულია უილიამ პეტის, ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს და სხვა გამოჩენილ ეკონომისტთა ნაშრომებით, თუმცა, ეკონომიკური მეცნიერების წანამძღვრების ჩანასახი უძველესი პერიოდის აღმოსავლეთის მოაზროვნეთა მოძღვრებებშია მოცემული (იხ. ეკონომიკა).

XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, როცა ინგლისში აღმოცენდა კლასიკურ-ლიბერალური მიმდინარეობა (კლასიკური პოლიტიკური ეკონომია), მეცნიერების ერთიან სისტემას გამოეყო ეკონომიკა, ეკონომიკური თეორიის სახით, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. ეკონომიკურ თეორიას, როგორც ეკონომიკური მეცნიერების საწყისსა და დედაბოძს, იმ პერიოდში პოლიტიკური ეკონომია ეწოდებოდა. ტერმინი „პოლიტიკური ეკონომია“ პირველად შემოიტანა სამეცნიერო ლიტერატურაში ფრანგმა მერკანტილისტმა მონკრეტიენმა, რომელმაც ჯერ კიდევ 1615 წელს გამოსცა წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი“. ამით მან ახალი ელფერი შესძინა ქსენოფონტის მიერ შემოღებულ ტერმინს – „ეკონომიკას“. სიტყვა „პოლიტიკური“ მონკრეტიენმა პლატონისგან „ისესხა“ („პოლიტიკოს“ ბერძნულია და სახელმწიფოებრივს ნიშნავს). აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ეკონომიის, როგორც მეცნიერების, კვლევის სფერო მთლიანად ქვეყნის მეურნეობის მართვა გახდა.

კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ სიღრმისეულად გააანალიზა და სისტემური მიდგომით მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა ვაჭრობაში, ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში, არამედ მთლიანად წარმოებაში.

ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776) აღიარებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელმაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის“ სახელი მოუტანა.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მთავარი კრედო ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასებით ბაზრის თვითრეგულირებას („უხილავი ხელის“ თეორია) გულისხმობს. ა. სმითი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა „ Laissez faires “ის პრინციპს, ანუ ბუნებრივი თავისუფლების პოლიტიკას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის განვითარება უკავშირდება დევიდ რიკარდოს სახელს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკის არაერთი სფეროს კვლევაში.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომია საუკუნენახევარზე მეტ ხანს (XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ბაზაზე აღმოცენდა სხვადასხვა მიმდინარეობა, ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობა მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიაა, რომელმაც ფართოდ მოიკიდა ფეხი და საპროგრამო დოკუმენტად იქცა სოციალისტური საზოგადოების აშენების მსურველი ქვეყნებისათვის.

მარქსისტულ-ლენინური პოლიტიკური ეკონომია საფუძვლად ედო საბჭოთა კავშირისა და სხვა კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ეს 70-წლიანი ექსპერიმენტი კრახით დასრულდა და ადგილი დასავლურ თეორიებს დაეთმო.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის თავისებური გამოძახილი იყო და სავსებით ეწინააღმდეგებოდა მას ნეოკლასიკური ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს. მის სათავეებთან იდგნენ ე. მარშალი, ო. ბემ-ბავერკი, კ. მენგერი, ფ. ვიზერი, უ. ჯევონსი, ვ. პარეტო, ლ. ვალრასი, ჯ. კლარკი და ა.შ., შემდეგ იგი განავითარეს მ. ფრიდმენმა და „ჩიკაგოს სკოლის“ სხვა წარმომადგენლებმა, ხოლო თანამედროვე წარმომადგენლები არიან ჯ. ჰიკსი, ჯ. მილი, რ. სოლოუ, მ. ბრაუნი და სხვები.

ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ძირითადად კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის კურსს აგრძელებს. მას სერიოზული დარტყმა კეინზიანური მიმდინარეობის წარმოშობამ მიაყენა. 1929-1933 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა კლასიკურ-ლიბერალური მიმდინარეობის ნაკლოვანებები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც წარმოქმნა „უხილავი ხელის“ თეორიაზე აღმოცენებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ცვლილებების შეტანა. ასეთ ვითარებაში ჩამოყალიბდა ერთერთი ძირითადი მიმდინარეობა ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც კეინზიანელობის სახელითაა ცნობილი. მას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის ნააზრევი ძირითადად აისახა მის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936). ამ თეორიის მიმდევრები იყვნენ ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი და სხვები. შეიქმნა ეკონომიკის ლიბერალიზაციის საპირისპირო – სახელმწიფო რეგულირების თეორია, რითაც ეკონომიკურ აზროვნებაში რევოლუციური გადატრიალება მოხდა. კეინზმა პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილებისთვის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. მისი ვარაუდით, სახელმწიფოს სოციალური ხარჯების გაზრდით, ან გადასახადების შემცირებით, ანდა ორივე ღონისძიების გატარებით შესაძლებელია მოთხოვნის ამაღლება, რითაც გამოცოცხლდება ბაზარი, გაფართოვდება წარმოება და ეკონომიკას დაუბრუნდება სრული დასაქმება.

ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის პრაქტიკაში დამკვიდრებით კეინზიანელობამ უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასა და „ველური“ კაპიტალიზმისაგან თვისებრივად განსხვავებული ახალი, საბაზრო სისტემის ფორმირებაში. აქედან მოყოლებული, კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა საკუთრების პლურალიზმზე (sakuTrebis mravalformianoba misi TiToeuli formis Tanabari uflebiT) დაფუძნებულ საბაზრო სისტემაში გადაიზარდა. სწორედ ამაში გამოიხატება „კეინზიანური რევოლუციის“ არსი. კეინზიანური მოდელი აირჩიეს მსოფლიოს წამყვანმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა XX საუკუნის 30-იანი წლების ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და იგი 70იანი წლების მეორე ნახევრამდე წარმატებით გამოიყენებოდა ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.

ასეთ სიტუაციაში ეკონომიკური თეორიის წინაშე ახალი ამოცანები დადგა. სრულიად ახალი შინაარსის მატარებელი რეალური ეკონომიკის ფუნქციონირების გამოკვლევისათვის ახალი ინსტრუმენტარიუმის გამოყენების აუცილებლობა შეიქმნა. მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის. ამ პერიოდში ეკონომიკურ თეორიას გამოეყო მისი ერთ-ერთი უდიდესი განშტოება ეკონომიქსის სახით. იგი ახალი ეკონომიკური სისტემის – საბაზრო ეკონომიკის შემსწავლელი თეორია, ახალი სასწავლო დისციპლინაა, რომელიც გაჯერებულია საბაზრო ორგანიზაციაზე ორიენტირებული სამეურნეო პრაქტიკით.

1948 წელს პოლ სამუელსონმა გამოსცა „ეკონომიქსი“, ყველაზე წარმატებული სახელმძღვანელო მსოფლიოში, რომელიც უკვე მეთექვსმეტეჯერ გამოიცა და მის ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.

ეკონომიკური თეორიის ერთერთი ძირითადი მიმდინარეობაა აგრეთვე ნეოკეინზიანელობა, რომელიც აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში კეინზიანელობის საფუძველზე. ნეოკეინზიანელებმა (ე. დომარი, ჯ. რობინსონი და სხვები) კეინზის თეორია გამოიყენეს მეთოდოლოგიურ საფუძვლად ახალი პროცესების ანალიზისათვის. ისინი ასაბუთებენ ეკონომიკის გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობას. მათ შემოიღეს ინდიკატური დაგეგმვა, რომელსაც საორიენტაციო ფუნქცია დაეკისრა.

საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანურ თეორიასა და პოლიტიკაში პრინციპული კორექტივების შეტანამ, რომელიც ეყრდნობა როგორც კეინზიანური, ისე ნეოკლასიკური მიდგომების მნიშვნელოვანი ელემენტების გათვალისწინებას სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობაში, ახალი სიტყვა თქვა ეკონომიკურ თეორიაში XX საუკუნის 90იანი წლებიდან. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება „ნეოკლასიკური სინთეზის“ სახით. იგი გულისხმობს ეკონომიკური დაცემის პირობებში კეინზიანური, ხოლო ეკონომიკური აღმავლობისას – ნეოკლასიკური მეთოდების გამოყენებას. „ნეოკლასიკური სინთეზის“ მამამთავრად აღიარებულია პოლ სამუელსონი.

XX საუკუნის 70-იანი წლების II ნახევრიდან დასავლეთის ქვეყნებში თავი იჩინა სახელმწიფოს მეტისმეტი ჩარევის უარყოფითმა შედეგებმა, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის შენელება და 1974-1975 წლების კრიზისი, ყველაზე ძლიერი 1929-1933 წლების კრიზისის შემდეგ. დაიწყო კეინზიანური თეორიის მოწინააღმდეგეთა თავისებური „რენესანსი“, ხელშემწყობი პირობები შეიქმნა ნეოკლასიკური თეორიის აღორძინებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმის შესუსტების საფუძველზე ბაზრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებისა და ერთობლივი მიწოდების გაზრდას. ამ მიმართულებამ პრაქტიკული გამოყენება პოვა დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუმცა, ვერ მოხერხდა კეინზიანური თეორიის სრული დისკრედიტაცია. ნეოკლასიკური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებამ გამოიწვია სახელმწიფოს სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და სერიოზული პრობლემები შექმნა სოციალური დაცვის სფეროში. გამოიკვეთა ახალი მიმართულების შექმნის აუცილებლობა.

ეკონომიკაში წარმოქმნილი ახალი მოვლენების გავლენით, ნეოკლასიკოსებმა ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. მათ აღიარეს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა, თუმცა, იგი რეგულირების ფულადსაკრედიტო ფორმით შემოფარგლეს. ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი პოსტულატები აისახა აშშ-ის პრეზიდენტის რეიგანის პოლიტიკაში, რომელსაც „რეიგანომიკა“ ეწოდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში – ტეტჩერის მთავრობის პოლიტიკაში, რომელსაც ტეტჩერიზმი ეწოდა.

XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, განვითარებული ქვეყნების და, პირველ რიგში, აშშ-ის ეკონომიკურ პოლიტიკაში „ნეოკლასიკური სინთეზის“ ადგილი თანამედროვე მონეტარიზმმა დაიკავა.

ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელის წინააღმდეგ განსაკუთრებით მწვავედ გაილაშქრა ნეოკლასიკური მიმდინარეობის ამ ყველაზე გავლენიანმა ნაირსახეობამ. მილთონ ფრიდმენისა და „ჩიკაგოს სკოლის“ სხვა წარმომადგენლების თეორიაზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების შესუსტებასა და საბაზრო ძალების გაძლიერებას, სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირებას სოციალური პროგრამების შეკვეცის, ხელფასის მინიმალური განაკვეთების „გაყინვისა“ და ა.შ. გზით. მათი აზრით, სახელმწიფო ხარჯები, ერთი მხრივ, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტსა და ინფლაციას, მეორე მხრივ კი, იწვევს შრომის სტიმულირებისა და, აქედან გამომდინარე, წარმოების ზრდის დაცემას. მონეტარისტებისათვის ბაზარი თვითრეგულირების სისტემაა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია ძირითადად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით. ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის საკმარისია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ფულადი პოლიტიკა და შეზღუდოს ეკონომიკაში ჩარევის ყველა ფორმა, მათ შორის, ნაკლებად გამოიყენოს საბიუჯეტო-საგადასახადო ბერკეტები.

„კეინზიანური რევოლუციის“ საპირისპირო ნეოკლასიკური მიმდინარეობის ამ მიმართულებას დასავლეთში „ფრიდმენის ანტიკეინზიანურ რევოლუციასაც“ კი უწოდებენ.

მონეტარიზმის ნაკლოვანებებმა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში მოკლე პერიოდში იჩინა თავი. 2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევაში მდგომარეობს. ამასთან, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, თვითდინებაზე მიშვებამ და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას, რამაც მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა. ამაში ფრიდმენის მონეტარული პოლიტიკის ფართომასშტაბიანმა და უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა. კრიზისი, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია.

გარდა ზემოაღნიშნული მიმდინარეობებისა, ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკური თეორიის ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და ჩამოყალიბდა XX საუკუნის 2030-იან წლებში. მისი წარმომადგენლები არიან ტ. ვებლენი, ვ. როშერი, გ. შმოლერი, ვ. ზომბარტი, ჯ. გელბრეითი და სხვები, რომელთა აზრით მეცნიერულტექნოლოგიურ პროგრესს ევოლუციის გზით მივყავართ უკონფლიქტო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. ამ მიმდინარეობის საფუძველზე წარმოიშვა ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორიები, კონვერგენციის თეორია და ა.შ.

ნეოინსტიტუციონალიზმი, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი და სხვები, აქცენტს სოციალურ პრობლემებზე აკეთებს. ამ თეორიის საფუძველზე გარკვეული ცვლილებები მოხდა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. დღის წესრიგში დადგა სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის სოციალურ-საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა.

ამრიგად, ეკონომიკურმა თეორიამ, რომელიც ჩაისახა მერკანტილიზმის დროს, მომწიფდა ფიზიოკრატიზმის პერიოდში, ხოლო აღმოცენდა ინგლისური კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ჩამოყალიბების საფუძველზე, განვითარების მეტად რთული და საინტერესო გზა განვლო. მისი გამოყენების მასშტაბების ზრდამ ხელი შეუწყო და დააჩქარა კიდეც ინდუსტრიული საზოგადოების ტრანსფორმაცია უფრო მაღალ ისტორიულ ფაზაში – დასაბამი მისცა პოსტინდუსტრიულ ერას. ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე, ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავებაზე. დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. ეკონომიკური თეორია კი, როგორც მეცნიერება საზოგადოების ეკონომიკური განვითარების შესახებ, ისევე ახალი ამოცანების წინაშე დადგა.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ელვისებურად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა – მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამ, კომუნისტური რეჟიმის კრახმა, მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ სრულიად ახალი პრობლემების თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა დააყენა ეკონომიკური თეორიის წინაშე.

ეკონომიკური თეორია არ არის კოსმოპოლიტური მეცნიერება. ეკონომიკურ თეორიაში ეროვნული მოტივის, როგორც მადომინირებელი ფაქტორის, შემოტანის აუცილებლობას დღევანდელი ცხოვრებაც გვიკარნახებს. ამასთან, დღეს, როდესაც ესოდენ სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ანალიზი, მისი პერსპექტივების განჭვრეტა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ეკონომიკური თეორია აღნიშნული და სხვა ახალი პრობლემების გაანალიზებითა და გადაჭრის გზების ძიებით კვლავაც გამდიდრდება ახალი იდეებით, მიმართულებებით და იქნება საზოგადოებრივი პროგრესის დამაჩქარებელი და თანამონაწილე.

საქართველოში ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, დამკვიდრებასა და განვითარებას საინტერესო ისტორია აქვს.

1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტ.) პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთანავე მის ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტთან, ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტით, შეიქმნა ეკონომიკური განყოფილება, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, რომლის პირველი გამგე 1923 წლის ნოემბრამდე თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პროფ. ფილიპე გოგიჩაიშვილი იყო. პოლიტიკური ეკონომიის კურსს, ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად, კითხულობდნენ პროფ. ნ. ქოიავა, მოსკოვიდან მოწვეული პროფ. ა. მანუილოვი, ვ. თევზაია და სხვ. ეკონომიკური თეორიის განვითარებისათვის მუშაობა ფართოდ გაიშალა 1922 წლიდან, როდესაც უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ბაზაზე დაარსდა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური და იურიდიული განყოფილებებით, 1931 წელს კი ცალკე ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტში, სასწავლო-პედაგოგიურთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, რასაც დიდად შეუწყო ხელი 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებამ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური ეკონომიის კათედრების გახსნამ. ამ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ პ. გუგუშვილი, გ. გამყრელიძე, ბ. რამიშვილი, ი. ბაჯაძე, ი. მიქელაძე, ვ. ჩანტლაძე, ნ. იაშვილი, ა. გოკიელი, ვ. მელქაძე, ვ. ბახტაძე, გ. გველესიანი, ა. გუნია, ა. ფანცხავა, ა. ნუცუბიძე და სხვები. ამ პერიოდში ფართოდ გაიშალა მუშაობა უცხოური ეკონომიკური, მათ შორის თეორიული ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემისათვის, ეკონომიკური ტერმინოლოგიის შედგენისათვის და ა.შ. ფ. გოგიჩაიშვილმა თარგმნა დევიდ რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“, ადამ სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, კარლ მარქსის „კაპიტალის“ ყველა ტომი. პ. გუგუშვილმა გამოაქვეყნა სპეციალური გამოკვლევა „ეკონომიკური ტერმინოლოგიის და მეცნიერული თარგმანისათვის“ და პ. კუჭაიძესთან ერთად 1947 წელს გამოსცა „ეკონომიკის ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული da ქართულ-რუსული). ვ. ჩანტლაძემ 1959 წელს გამოსცა „სულხანსაბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები“, ხოლო 1979 წელს – „ფინანსების თეორიის საკითხები“.

დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის (შემდგომ – ეკონომიკური თეორიის) კათედრას საქართველოში ეკონომისტთა კადრების მომზადებაში. აწ გარდაცვლილი ქართველი მკვლევარებიდან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ცნობილნი არიან ს. ბერაძე, გ. ჭანუყვაძე, გ. ადეიშვილი, გ. მეგრელიშვილი, ნ. ტყეშელაშვილი, ი. კოდუა, ი. ქვაჩახია, გ. ბაქრაძე, გ. მშვილდაძე, ლ. ხარაზი, თ. ჩიკვაიძე, დ. ქორიძე, გ. ბასილაია, ი. კრავცოვი, ჯ. ჩხიკვაძე და სხვები.

ეკონომიკურმა თეორიამ ახალი შინაარსი შეიძინა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. წინა პლანზე წამოიწია საბაზრო ეკონომიკის თეორიამ. ამასთან, რევოლუციურმა ძვრებმა საქართველოში ეკონომიკურ თეორიას დიდი საზრუნავი გაუჩინა. ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით არსებითი ცვლილებები მოხდა სასწავლო პროგრამებსა და მეცნიერული კვლევის მეთოდებში. შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები. ჯ. კახნიაშვილმა მაკროეკონომიკურ თეორიაში გამოსცა სახელმძღვანელო ორ წიგნად: „მაკროეკონომიკა“ (1996) და „მაკროეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა“ (1997); ლ. ჩიქავას ავტორობით გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო – „ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი“ (1997); თსუ ეკონომიკური თეორიის კათედრამ, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედაქციით, 1998 წელს გამოსცა „ეკონომიკური თეორია“ – სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ა.შ.

მონოგრაფიული გამოკვლევები გამოსცეს: გ. პაპავამ („საბაზრო ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის საფუძვლები“, 1991); ვლ. პაპავამ („საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კონცეფცია“, 1991); რ. ასათიანმა („მომსახურება და საბაზრო სისტემა“, 1993); თ. ბერიძემ („სუვერენიტეტის ეკონომიკური საფუძვლები: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების ახალი ასპექტები“, რუსულ ენაზე, 1995); გ. მალაშხიამ („მეტაეკონომიკა“, 1996); ვლ. პაპავამ („საბაზრო თანასწორობის დოქტრინა“, 1999); ნ. ჭითანავამ („გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, სამ ნაწილად, 1997, 1999, 2001); 2001 წელს დაიბეჭდა თ. ბასილიას, ა. სილაგაძის, თ. ჩიკვაიძის მონოგრაფია – „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე“; 2002 წელს გამოვიდა ვლ. პაპავას მონოგრაფიული გამოკვლევა „პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა“, 2005 წელს – „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა“; 2006 წელს გამოიცა ლ. ჩიქავას მონოგრაფია – „ინოვაციური ეკონომიკა“, 2007 წელს – ე. ბარათაშვილის „რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა“, 2008 წელს – ნ. ჭითანავასა და ლ. თაკალანძის „სოციალური ეკონომიკა“, 2009 წელს – რ. ასათიანის „საქართველოს ეკონომიკა: ახალი ეპოქა“. I ნაწილი, ხოლო 2010 წელს – „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო“. 2009 წელს გამოვიდა დ. იაკობიძის „საქართველო და მსოფლიო ფინანსური კრიზისი“, 2010 წელს – ი. მესხიას „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“, 2010 წელს -ა. სილაგაძის „ეკონომიკური დოქტრინები“, 2011 წელს – ვლ. პაპავას „არატრადიციული ეკონომიკსი“, 2011 წელს – ა. თვალჭრელიძის, ა. სილაგაძის, გ. ქეშელაშვილისა და გ. გეგიას „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ და ა.შ. ფართო მუშაობა გაიშალა ორიგინალური ეკონომიკური ლექსიკონების გამოცემის თვალსაზრისით. ამ მხრივ აღსანიშნავია: ჯ. კახნიაშვილი. „საბაზრო ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, 1992; რ. ასათიანი. „ეკონომიქსი“. განმარტებითი ლექსიკონი, 1996 (I გამოცემა), 2003 (II გამოცემა), 2006 (III გამოცემა); რ. ასათიანი. „თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, 2009; „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი“, 2010. „ეკონომიკური ლექსიკონი“. ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით, 2001; „ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული). ლ. ჩიქავას საერთო რედაქციით, 2001; „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ა. სილაგაძის საერთო რედაქციით, 2005 და სხვ. უცხოურიდან ითარგმნა ცნობილ ავტორთა სახელმძღვანელოები „ეკონომიქსში“, რამაც შინაარსობრივად გაამდიდრა ეკონომიკური თეორიის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში და აამაღლა თეორიული მიმართულებით ეკონომიკური პროცესების კვლევა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა ამ დარგში. ესენია: ა. სილაგაძე, ე. მექვაბიშვილი, ჯ. კახნიაშვილი. „ეკონომიკა“ (X კლასი, 2005; XI კლასი, 2005); რ. ასათიანი. „ეკონომიკა – კეთილი ჯადოქარი“ (V კლასი, 2000); რ. ასათიანი. „ეკონომიკა“ (VI კლასი, 2004); რ. ასათიანი. „ეკონომიკა“ (VII კლასი, 2005) და ა.შ.

6.32 ეკონომიკური ინფორმაცია (economic information)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ინფორმაცია (economic information)
ინფორმაცია საქონლისა და მომსახურების წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესების შესახებ.

6.33 ეკონომიკური კიბერნეტიკა (economic cybernetics)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური კიბერნეტიკა (economic cybernetics)
კიბერნეტიკის მიმართულება, რომელიც ამ მეცნიერების მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს ეკონომიკურ სისტემებში პროცესების კვლევისა და ორგანიზაციისათვის.

6.34 ეკონომიკური კრიზისი (economic crisis)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური კრიზისი (economic crisis)
ეკონომიკური ციკლის ერთ-ერთი ამოსავალი ფაზა, რომელიც ვლინდება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობასთან შედარებით საქონლის ჭარბწარმოებაში, წარმოებრივი სიმძლავრეების დაუტვირთაობაში, წარმოების მოცულობის მკვეთრ დაცემასა და უმუშევრობის სწრაფ ზრდაში.

6.35 ეკონომიკური პოლიტიკა (economic policy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური პოლიტიკა (economic policy)
ეკონომიკის მართვის ბერკეტებისა და მეთოდების ერთობლიობა, ეკონომიკის მართვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა სისტემა. მოიცავს საბიუჯეტოსაგადასახადო, ფულად-საკრედიტო, საინვესტიციო, მეცნიერულტექნოლოგიურ, საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკასა და ა.შ.

ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათს განსაზღვრავს ხელისუფლების ქცევა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩაურევლობა ქვეყნის ეკონომიკაში (laissez-faires) ან უხეში ჩარევა მასში და მისი მკაცრი მართვა (როგორც დამახასიათებელია ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკისათვის), ან კიდევ, ხელისუფლების მიერ შუალედური პოზიციის დაკავება და მაკროეკონომიკური რეგულირების მკაცრად განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.

ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახედ: მიკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ამოცანაა რესურსების განაწილების ეფექტიანობის სრულყოფა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი იყოფა უფრო მცირე ნაწილებად. მაგალითად, მიკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში შეიძლება გამოიყოს რეგიონული პოლიტიკა, კონკურენციის დაცვის პოლიტიკა და ა.შ., მაკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში კი – ფისკალური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ.

6.36 ეკონომიკური საქმიანობა გაუთვალისწინებელი სტატისტიკური ორგანოების მიერ ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანებათა შედეგად (economic activity unaccounted by statistical organs due to the shortcomings of the main data consolidation system)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური საქმიანობა გაუთვალისწინებელი სტატისტიკური ორგანოების მიერ ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანებათა შედეგად (economic activity unaccounted by statistical organs due to the shortcomings of the main data consolidation system)
დაუკვირვებადი ეკონომიკის ნაწილი, სტატისტიკური სისტემის გადაუჭრელი პრობლემაა, რის გამოც არ აისახება მშპ-ში. ზოგჯერ მას სტატისტიკურ ჩრდილოვან წარმოებას უწოდებენ და განასხვავებენ ეკონომიკურ ჩრდილოვან წარმოებისაგან, რომელიც გამოწვეულია არა ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანებებით, არამედ ეკონომიკური მიზეზებით.

6.37 ეკონომიკური სისტემა (economic system)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური სისტემა (economic system)
საკუთრებითი და ორგანიზაციული ინსტიტუტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების ერთმანეთთან დაკავშირებული და განსაზღვრული წესით მოწესრიგებული ეკონომიკური ელემენტების ერთობლიობა, მრავალფეროვანი სტრუქტურული ელემენტების შერწყმა მკაფიოდ გამოხატულ ერთ მთელად, რომლის თითოეულ ნაწილს ერთმანეთთან მიმართებაში თავისი შესაბამისი ადგილი უკავია; ქვეყანაში მოქმედი პრინცი პების, წესებისა და კანონმდებლობით განმტკიცებული ნორმების ერთობლიობა, რომელიც წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში წარმოქმნილი ძირითადი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმასა და შინაარსს განსაზღვრავს. ეკონომიკურ სისტემაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ქვესისტემებს ქმნიან, რომლებსაც მთელი სისტემის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში განსაზღვრული როლი აკისრიათ. ეკონომიკური სისტემის რეალურ ბუნებასა და არსს ეს კავშირები განსაზღვრავენ.

6.38 ეკონომიკური ტერიტორია (economic territory)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ტერიტორია (economic territory)
მოცემული ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულად მართვადი ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება ამ ქვეყნის იურისდიქცია. მის საზღვრებში თავისუფლად გადაადგილდებიან მოცემული ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე თავისუფლად მოძრაობს საქონელი და ფული. ეკონომიკურ ტერიტორიაში შედის: საჰაერო სივრცე; ტერიტორიული ანკლავები საზღვარგარეთ (ე.ი. ზონები, რომლებსაც იყენებენ მოცემული ქვეყნის სამთავრო დაწესებულებები არენდის ან საკუთრების უფლების საფუძველზე, საელჩოები, სამეცნიერო და სამხედრო ბაზები); ექსტერიტორიული ანკლავები ანუ ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად გამოიყენება სხვა ქვეყნის დაწესებულებების მიერ (ანკლავში შემავალ მიწაზე ან ნაგებობებზე საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილში); ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ა.შ. მარაგები ქვეყნის გარეთ მდებარე ტერიტორიულ წყლებში, თუ მათი დამუშავება ხდება ქვეყნის რეზიდენტების მიერ. ეკონომიკურ ტერიტორიაში არ შედის სხვა ქვეყნების ტერიტორიული ანკლავები – საკონსულოები, საელჩოები, სამეცნიერო და სამხედრო ბაზები და ა.შ. აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები, განლაგებული მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორია დღეისათვის გაცილებით ნაკლებია მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, რამდენადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ახალგორისა და კოდორის ხეობის ტერიტორიებზე.

6.39 ეკონომიკური ტრენინგი (economic training)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ტრენინგი (economic training)
კომპიუტერიზებული თამაში, რომელიც იძლევა მმართველობითი ზემოქმედების შეფასებითი გაანგარიშების შესაძლებლობას.

6.40 ეკონომიკური უსაფრთხოება (economic security)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური უსაფრთხოება (economic security)
ეკონომიკის დაცვა იმ შიდა და გარე ნეგატიური ფაქტორებისაგან, რომლებიც არღვევენ კვლავწარმოებითი პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნიან ქვეყნის რესურსულ და მეცნიერულტექნოლოგიური პოტენციალის შენარჩუნებას, ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და სოციალურ ორიენტირებულობას, აფერხებენ ეკონომიკურ ზრდასა და ხელს უშლიან სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.

6.41 ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები (economic security criteria)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები (economic security criteria)
ეკონომიკური საფრთხის არდაშვება ზღვრული სიდიდეების ქვემოთ; ქვეყნის უზრუნველყოფა რესურსებით; ეკონომიკის დამანგრეველი პროცესების თავიდან აცილება, დანაკარგებისა და რისკის მინიმიზაცია; ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის ამაღლება; ცხოვრების დონისა და ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება; კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოება და ა.შ.

6.42 ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია (economic security strategy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია (economic security strategy)
ქვეყნის სტრატეგია საკმაოდ მყარი და მუდმივად განვითარებადი ეკონომიკით, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის კულტურულ-ისტორიული თვითმყოფადობის, მისი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დაცვას, ეკონომიკური მთლიანობისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, საზოგადოების სოციალურეკონომიკური სტაბილურობისა და პიროვნების განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას. მისი ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკის განვითარებისადმი მისადაგებული სტრუქტურული პოლიტიკის გატარება; ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების გამოყოფა და მათდამი სახელმწიფოს მხარდაჭერა; ეროვნული ვალუტის სიმყარის უზრუნველყოფა; საკუთრების დაცვა.

6.43 ეკონომიკური ციკლი (business cycle)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური ციკლი (business cycle)
საქმიანი აქტიურობის ციკლი, ერთი კრიზისის დაწყებიდან მეორე კრიზისის დაწყებამდე დროის პერიოდი, რომელიც იყოფა ოთხ ფაზად: კრიზისი, დეპრესია, გაცხოველება, აღმავლობა. ეკონომიკური ციკლის ცნობილი მკვლევრები არიან: მარქსი, კეინზი, ჰიკსი, შუმპეტერი, გუდვინი და ა.შ.

6.44 ეკონომიკური წარმოება (economic production)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური წარმოება (economic production)
ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში (ეას-93) როგორც საბაზრო, ისე არასაბაზრო საქმიანობა: 1. საქონლის წარმოება; 2. საბაზრო მომსახურების წარმოება; 3. ფინანსური საშუამავლო საქმიანობა (ბანკების, საინვესტიციო ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და ა.შ.); 4.არასაბაზრო მომსახურება სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისადმი; 5.არასაბაზრო მომსახურება არაკომერციული ორგანიზაციებისა და შინამეურნეობისადმი; 6.დაქირავებულ მოსამსახურეთა (მზარეულების, მძღოლების, მებაღეებისა და ა.შ.) მომსახურება; 7.გარემოს დაცვის მიზნით გაწეული მომსახურება.

6.45 ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა (economic order policy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა (economic order policy)
საბაზრო წესრიგის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კონკურენციის დაცვის პოლიტიკის შეხამებას საზოგადოების სოციალური დაცვის პოლიტიკასთან, იმ ჩარჩო პირობების გათვალისწინებით, რომელსაც ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა ადგენს. ჩარჩო პირობებში შედის: 1. ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა და, პირველ ყოვლისა, საკუთრებით ურთიერთობათა წესრიგი; 2. კონკურენციის დაცვის პირობები, მაკროეკონომიკური რეგულირების პრიორიტეტები (ანტიმონოპოლიური კანონმდებლობების არსებობა და მისი განვითარების დონე, გადასახადების ლიბერალიზაციის დონე, საკრედიტო განაკვეთების სიდიდე, ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ეკონომიკურსამართლებრივი სისტემის სანდოობის ხარისხი, აგრეთვე მოცემულ ქვეყანაში კერძო სექტორი არის თუ არა პოლიტიკური რუპორი, ბიზნესის წარმომადგენლები იკავებენ თუ არა ადგილს ხელისუფლებაში და ა.შ. 3. სოციალური დაცვის სისტემა (საზოგადოებრივი საქონლის წარმოების დონე და ხარისხი, მოსახლეობის დაცვა უარყოფოთი ექსტერნალიებისაგან, ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა და მასშტაბები, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა, საარსებო მინიმუმის თანაფარდობა პენსიებთან და მინიმალურ ხელფასთან, კომუნალური გადასახადების განაკვეთები, სოციალური დაზღვევის სამართლებრივი ნორმები და ა.შ.

ბაზარი სოციალური პრობლემების მიმართ არაელასტიკური და დაუნდობელია. თუ იგი თავის ნებაზეა მიშვებული, უთუოდ განაპირობებს უსამართლობასა და სიღატაკეს ქვეყანაში, რაც, საბოლოო ანგარიშით, ბუმერანგივით უბრუნდება თვით მას (ბაზარს), იწვევს სტაგნაციას, რომლის მულტიპლიკაციური ეფექტი მაღალია. ეს აისახება უმუშევრობის ზრდაში, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაცემაში, სოციალურ აფეთქებებსა და ა.შ.

აღნიშნული ჩარჩო პირობები აღნიშნავს მოცემულ ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის განვითარების დონეს და უპასუხებს კითხვას: რეალურად არსებობს კი იგი ქვეყანაში თუ სინამდვილეში არის თვალის დახუჭვისა და მისგან გაქცევის პოლიტიკა.

6.46 ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები economic-mathematical methods)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები economic-mathematical methods)
ეკონომიკის, მათემატიკისა და კიბერნეტიკის მიჯნაზე აღმოცენებული მეცნიერული დისციპლინების კომპლექს- ში მოქცეული მეთოდები.

6.47 ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელები (economic-mathematical models)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელები (economic-mathematical models)
ეკონომიკური ობიექტების, კანონზომიერებების, კავშირებისა და პროცესების აღწერილობა მათემატიკური ნიშნების მეშვეობით და მათი მაკავშირებელი მათემატიკური თანაფარდობის ერთობლიობა.

6.48 კონომიკურ-სტატისტიკური მეთოდები (economic-statistical methods)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


კონომიკურ-სტატისტიკური მეთოდები (economic-statistical methods)
შემოღებულ იქნა XVII საუკუნეში ინგლისელი ეკონომისტის უილიამ პეტის მიერ ქვეყნის მეურნეობის ანალიზისათვის. იგი პირველი შეეცადა შეეფასებინა ინგლისის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ეროვნული შემოსავალი და გამოეკვლია არაპირდაპირი გადასახადების გავლენა ეკონომიკაზე.

ეროვნული ანგარიშიანობის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ფრანგი ეკონომისტის ჟან ბატისტ სეის „წარმოების ფაქტორთა თეორიამ“. წარმოების სამი ფაქტორის (მიწა, შრომა, კაპიტალი) გარდა, სეი მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა სამეწარმეო უნარს. ნაშრომში „პოლიტიკური ეკონომიის სრული კურსი“ (1828) იგი აყალიბებდა თავის შეხედულებებს ამის შესახებ.

6.49 ეკონომიქსი (economics)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეკონომიქსი (economics)
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საბაზრო სისტემაში, საზოგადოების უსასრულო მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, შეზღუდული რესურსებით რა საზოგადოებრივი ფორმით, რა გზებით, როგორ და ვისთვის იწარმოოს. იგი საბაზრო ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზია, პრაქტიკით გაჯერებული, მასზე ორიენტირებული თეორიაა. ეკონომიქსი ეკონომიკური თეორიის კვლევის ახალი სფეროა (ისევე როგორც საერთაშორისო ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა). წარმოიშვა და განვითარდა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების კვალდაკვალ, განსაკუთრებული ეკონომიკური დისციპლინის სახით კი ფართოდ გავრცელდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან.g

ეკონომიქსი შეზღუდული რესურსების მართვის მექანიზმის შემსწავლელი მეცნიერებაა (გ. მენქიუ).

ეკონომიქსი, მიუხედავად იმისა, რომ იმ კანონზომიერებებს ეყრდნობა, რომლებსაც ეკონომიკური თეორია ადგენს, მისგან გარკვეულწილად განსხვავებულ ხედვასაც ემყარება, პარადიგმის შეცვლას გულისხმობს. ეკონომიქსი ეკონომიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზისას მხოლოდ შეზღუდული რესურსებით იფარგლება. მისი ლაიტმოტივია ამ რესურსების საბაზრო სისტემაში ეფექტიანად გამოყენების გზების ძიება და ალტერნატიული ვარიანტებიდან ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. ეკონომიკური თეორიის საგანი კი გაცილებით ფართოა. იგი ყველა ფუნქციონალური და დარგობრივი ეკონომიკური მეცნიერების საფუძველთა საფუძველი და მეთოდოლოგიური ბაზაა. ეკონომიკური თეორია არ არის მოქცეული ერთი ეკონომიკური სისტემის ჩარჩოებში. იგი საზოგადოების ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებებსა და თავისებურებებს სწავლობს, იკვლევს სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის, ადგენს ზოგად კანონზომიერებებს, რის საფუძველზეც იძლევა საზოგადოების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, ეკონომიკის ფუნქციონირების ობიექტურ მეცნიერულ დასაბუთებას. ეკონომიკური თეორია ყოველივე ამას ერთ სისტემაში აქცევს. ეკონომიქსის მიზანი არ არის მთლიანად საზოგადოების ეკონომიკური განვითარების კვლევა. იგი არ არის ერთიანი სისტემა, მხოლოდ ამ სისტემის ნაწილია, საბაზრო ეკონომიკაში ფუნქციონალური კავშირების შემსწავლელი მეცნიერებაა, ეკონომიკური თეორია კი ეკონომიკური ორგანიზმის გენეტიკურ კავშირებს სწავლობს.

ეკონომიქსი კმაყოფილდება ეკონომიკური ცხოვრების ზოგადი ანალიზით. იგი არ იკვლევს ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეულ არსს და საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის მიზეზებს, ეკონომიკური თეორია კი იკვლევს ყოველივე ამას.

ეკონომიქსში პრაგმატული მიზნები წინა პლანზეა წამოწეული, ეკონომიკურ თეორიაში კი – თეორიულ-მეთოდოლოგიური. ეკონომიქსი მეტწილად რაოდენობრივი ანალიზია, ეკონომიკური თეორია კი – თვისებრივი. ეკონომიქსი ფართოდ იყენებს ეკონომეტრიკულ ანალიზს. მაგრამ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ახსნაში მათემატიკური მოდელების გამოყენება „წმინდა“ თეორიისაგან დამოუკიდებლად ნაკლებად ასახავს რეალობას. ეკონომიკური თეორია ორიენტირებულია შემეცნებაზე, ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეული არსის გამოვლენაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაზე, მაშინ როდესაც ეკონომიქსი მთავარ მიზნად ეკონომიკის მართვისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს. „ეკონომიკური თეორია არ არის უშუალოდ სამეურნეო პოლიტიკაში გამოსაყენებელი მზა რეკომენდაციების კრებული, ის არის ინტელექტუალური ინსტრუმენტი, აზროვნების ტექნიკა. ვინც მას ფლობს, ყველას ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში“ (ჯონ მეინარდ კეინზი).

ეკონომიქსი ეკონომიკური სინამდვილის ცალკეული ფრაგმენტებისა და მათი შესაბამისი თეორიების ერთობლიობაა. იგი ფრაგმენტებიდან ქმნის ეკონომიკის მთლიან სურათს, ეკონომიკურმა თეორიამ კი, პირიქით, მთლიანობის ადეკვატური სურათის მეშვეობით უნდა ასახოს ეკონომიკური სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი.

ეკონომიქსი წარმოების განვითარების საკითხებს დანახარჯებისა და შედეგების ასპექტით, სარგებლიანობის კუთხით განიხილავს, ეკონომიკური თეორია კი საზოგადოებრივი წარმოების ისტორიული განვითარების ანალიზს მოიცავს. ეკონომიქსი გაურბის ეკონომიკური სისტემების შედარებით ანალიზს და შეისწავლის ერთი ეკონომიკური სისტემის სამეურნეო მექანიზმს. ეკონომიკური თეორიის კვლევის ერთერთი მიმართულება, მეთოდი კი ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზია (კომპარტივიზმი). ამ მიმართულების შედეგია ინსტიტუციური თეორიები (კონვერგენციის, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული საზოგადოების) თეორიები. ეკონომიკურ თეორიას არ აინტერესებს ადამიანთა სამეურნეო საქმიანობა მისი კონკრეტული ზედაპირული ფორმით, მისი მიზანია ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთობების კანონებში გარკვევა, ამ კანონთა მოქმედების მექანიზმის შეცნობა.

ეკონომიქსი საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანის დამოკიდებულებას ნივთისადმი. ეკონომიკური თეორია საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებულს რესურსებისა და მისგან შექმნილი დოვლათის მითვისების გამო. ეკონომიკური თეორია ხიდია წარსულსა და მომავალს შორის. იგი არკვევს ეკონომიკური მოვლენის ისტორიულ წინაპირობებს, საიდან და რა მიზეზებით წარმოიშვა იგი და რა შედეგებისაკენ მივყავართ მის განვითარებას. იგი გვეხმარება ტენდენციების დადგენაში და გვიჩვენებს, საით და როგორ მიემართება ეკონომიკური განვითარება. ამიტომაცაა, რომ ეკონომიკური თეორიისა და ეკონომიქსის კვლევის საგნები ერთმანეთს კვეთს და ემთხვევა კიდეც, ოღონდ შესწავლის კუთხე აქვთ სხვადასხვაგვარი.

„ეკონომიქსის“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო 1948 წელს აშშ-ში გამოსცა პოლ სამუელსონმა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის, ახალი ეკონომიკური მოვლენების ახსნისათვის. „ეკონომიქსის“, როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური დისციპლინის, ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების დივერსიფიკაციამ, ინტენსივობამ და მასშტაბურობამ.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ელვისებურად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა – მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამ, კომუნისტური რეჟიმის კრახმა, მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ ძველი და სრულიად ახალი პრობლემების ახლებური თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა მოითხოვა. ამ თვისებრივად ახალი პრობლემების გადაჭრა კაცობრიობის წინა ეკონომიკური განვითარების კლასიკური სქემის ფარგლებს სცილდება.

საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობამ სავსებით კანონზომიერად „ეკონომიქსის“ სასწავლო კურსის შემოღება მოითხოვა უმაღლეს სასწავლებლებში, რასაც მოჰყვა როგორც უცხოური სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა, ისე ქართული შესაბამისი ლიტერატურის გამოცემა. სახელდობრ, კ. ღურწკაიამ თარგმნა და გამოსცა პ. სამუელსონისა და ვ. ნორდჰაუსის „ეკონომიქსი (XV გამოცემა); მაკკონელისა და ბრიუს „ეკონომიქსი” (XI გამოცემა); ს. ფიშერის, რ. დორნბუშის, რ. შმალენზის „ეკონომიქსი” (II გამოცემა). გამოქვეყნდა მრავალი სახელმძღვანელო და სპეციალური ლიტერატურა, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ეკონომიქსი”. შემდგენელი პ. ლეიაშვილი. თბ., „მეცნიერება”, 2003; მ. გველესიანი. „ეკონომიქსი”. ლექციების მოკლე კურსი. თბ., „კომენტარი”, 2000; რ. ასათიანი. „ეკონომიქსი”. განმარტებითი ლექსიკონი. I, II, III გამოცემები, თბ., გამომცემლობა „სიახლე”, 1996, 2003, 2006; ა. სილაგაძე, ჯ. კახნიაშვილი, ე. მექვაბიშვილი. „მიკროეკონომიქსი”. თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2006; რ. ასათიანი. „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება”. თბ., გამომცემლობა „სიახლე”, 2005 და ა.შ.

6.50 ელასტიკური მოთხოვნა (elastic demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ელასტიკური მოთხოვნა (elastic demand)
მოთხოვნა, რომელსაც აქვს ტენდენცია, შეიცვალოს ფასების უმნიშვნელო ცვლილების შესაბამისად.

6.51 ელასტიკურობა (elasticity)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ელასტიკურობა (elasticity)
პროცენტებში გამოხატული ცვლილება ერთი ცვლადისა პროცენტებში გამოხატული მეორე ცვლადის ცვლილების პასუხად. მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს მოთხოვნის ან მიწოდების ცვალებადობის ხარისხს ერთი რომელიმე ფაქტორის, მაგალითად, ფასის ზემოქმედებით.

მოთხოვნის ფასისმიერი ელასტიკურობა ახასიათებს შესასყიდი საქონლის ან მომსახურების რაოდენობის ცვალებადობის ხარისხს მისი ფასის შეცვლისას. მოთხოვნის ელასტიკურობა ნიშნავს იმას, რომ ფასის მცირეოდენი შეცვლა იწვევს იმ პროდუქციის რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელზეც არის მოთხოვნა. თუკი ფასის შეცვლა მხოლოდ ოდნავ ცვლის საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის რაოდენობას, მაშინ მოთხოვნა არაელასტიკურია.

საბაზრო ეკონომიკის თეორიაში გამოყოფენ „ერთეული ელასტიკურობის” ცნებას. იგი გამოხატავს სიტუაციას, რომლის დროსაც ფასის პროცენტული ცვლილება საქონელზე (momsaxurebaze) მოთხოვნის პროცენტული ცვლილების ტოლია. ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი „სავსებით არაელასტიკური მოთხოვნა”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის ფასის ცვლილება გავლენას არ ახდენს მასზე მოთხოვნის მოცულობაზე. მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტი გამოიხატება ფორმულით:

E მოთხ. = გარკვეულ საქონელზე მოთხოვნის პროცენტული ცვლილება/გარკვეული საქონლის ფასის პროცენტული ცვლილება

მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ხელფასის დონის განსაზღვრისას. მაგ., ვინაიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არაელასტიკურია, მისი წარმოების გადიდება ერთდროულად ამცირებს ფასს ერთეულ პროუქციაზე და, აქედან გამომდინარე, ფერმერის შემოსავალსაც, რომლის კომპენსირებაც აუცილებელია. საკანონმდებლო გზით, წონასწორობის დონის გაუთვალისწინებლად ხელფასის მინიმუმის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მიწოდების ფასისმიერი ელასტიკურობა იმგვარად იზომება, როგორც

მოთხოვნის ელასტიკურობა, ოღონდ ელასტიკურობის კოეფიციენტის ფორმულაში გარკვეულ საქონელზე მოთხოვნის პროცენტული ცვლილების სიდიდის ნაცვლად ჩაისმება გასაყიდი საქონლის მიწოდების მოცულობის პროცენტული ცვლილება.

მიწოდების ელასტიკურობის ძირითადი ფაქტორია დრო, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელი სათანადო რეაგირებას ახდენს მისი პროდუქციის ფასების შემცირებასა თუ გადიდებაზე. გამოყოფენ უმოკლეს-, მოკლე- და გრძელვადიან საბაზრო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელს შეუძლია რეაგირება მოახდინოს კონიუნქტურის ცვლილებაზე.

6.52 ელექტრონული ფული (electronic money, e-money)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ელექტრონული ფული (electronic money, e-money)
კომპიუტერების მეშვეობით მრავალი საგადასახადო და საანგარიშსწორებო ოპერაციის შესრულება, სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავება და გადაცემა საკრედიტო გარიგებების, ფულადი გადასახადებისა და ანგარიშსწორების შესახებ. ამის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე წამში შეიძლება ინფორმაციის მიღება იმ პირის საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელმაც წარმოადგინა ჩეკი ან ელექტრონული საკრედიტო ბარათი ამა თუ იმ საქონლის შესაძენად ან ამა თუ იმ სახის მომსახურების მისაღებად. ელექტრონული ფულის სისტემას ავსებს საბანკო ავტომატები, რომლებიც განლაგებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილას – მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროს სადგურებთან და ა.შ. მათი საშუალებით საბანკო ანგარიშის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს დამოუკიდებლად, საბანკო პერსონალის მონაწილეობის გარეშე, ჩაერთოს საბანკო კომპიუტერში და შეასრულოს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა: ფულის შეტანა, გამოტანა და გადაგზავნა ერთი ანგარიშიდან მეორეზე, კრედიტის მიღება და ა.შ. დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

6.53 ემბარგო (embargo) [<ესპ. embargo-აკრძალვა]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ემბარგო (embargo) [ესპ. embargo-აკრძალვა]
სახელმწიფო ხელისუფლების მიერ საქონლის, ოქროს, ფასიანი ქაღალდებისა და ა.შ. საზღვარგარეთ გატანის ან საზღვარგარეთიდან შემოტანის აკრძალვა ან სავაჭრო ურთიერთობის მთლიანად აღკვეთა ამა თუ იმ ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური მოსაზრებით.

6.54 ემისია (emission) [ლათ.emissio-გამოშვება]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ემისია (emission) [ლათ.emissio-გამოშვება]
საბანკო და სახაზინო ბილეთების, ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება. ემისიის შედეგად მიღებული სახელმწიფო შემოსავლები განისაზღვრება ამ ფულის მსყიდველობით უნარსა და მის გამოშვებაზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობით. ვთქვათ, სახელმწიფომ განახორციელა 100 მლნ დოლარის ემისია. ამ ფულის გამოშვებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 მლნ დოლარი, ე.ი. ერთ წელიწადს ასეთმა ოპერაციამ სახელმწიფოს მისცა 99 მლნ დოლარის შემოსავალი. შემდგომ წელიწადს ემისიის ხარჯები გაორკეცდა (ხელფასისა და ა.შ. ზრდის საფუძველზე) და ფასები გაიზარდა 100%-ით, ე.ი. ორჯერ. ასეთ შემთხვევაში 100 მლნ დოლარის მსყიდველობითი უნარი გაუტოლდება წინა წლის 50 მლნ დოლარის მსყიდველობით უნარს. შესაბამისად, სახელმწიფოს შემოსავალი შემცირდება 48 მლნ დოლარამდე.

ფასიანი ქაღალდების ემისია შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო სესხის ობლიგაციების, ისე კერძო კომპანიების მიერ აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება.

6.55 ემისიური მოგება (annulmission profit)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ემისიური მოგება (annulmission profit)
მოგება, რომელსაც იღებენ საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები (bankebi და ა.შ.) ფასიანი ქაღალდების ემიტენტებსა და მათ მყიდველებს შორის შუამავალი მომსახურებისათვის. ემისიური შემოსავალი (annulmission income) აქციონერული საზოგადოების შემოსავალი, რომელიც იქმნება აქციის ნომინალურ და საბაზრო კურსებს შორის სხვაობით. აქციის კურსი შეიძლება იყოს ნომინალზე მაღალი ან დაბალი. თუ კურსი მაღალია, მაშინ აქციონერთა საზოგადოება იღებს ემისიურ შემოსავალს. ამ უკანასკნელის განსაზღვრისას ითვალისწინებენ აქციის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯებს. მაგ., 10 ათასი აქციის დამზადებაზე, როცა ერთი აქციის ნომინალური ღირებულება 1000 ფრანკია, დაიხარჯა 100 ათასი ფრანკი, ხოლო საფონდო ბირჟაზე გაიყიდა 1360 ფრანკის კურსით. საბროკერო კანტორისათვის 70 ათასი ფრანკის ოდენობის კურტაჟის გადარიცხვის გათვალისწინებით, ემისიური შემოსავალი შეადგენს 3430000 ფრანკს (1360-1000 = 360 X 10000 = 3600000-100000-70000). ემისიური შემოსავალი გადადის აქციონერთა საზოგადოების სარეზერვო ფონდში.

6.56 ემიტენტი (emitter) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ემიტენტი (emitter) [ლათ.emittere – გამოშვება]
იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს ემისიას.

6.57 ემიტირება (issue of money (securities) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ემიტირება (issue of money (securities) [ლათ.emittere – გამოშვება]
ფულისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება, ემისიის განხორციელება.

6.58 ენგელის კანონი(Engel’s law)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ენგელის კანონი(Engel’s law)
მოხმარების ემპირიული კანონი, დადგენილი ერნსტ ენგელის მიერ. კანონის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეროვნული შემოსავლის ნაწილი, დახარჯული კვების პროდუქტებზე, კეთილდღეობის კარგი ინდიკატორია. რაც უფრო მცირეა ეს ნაწილი, მით უფრო მაღალია კეთილდღეობა.

6.59 ენგელის კოეფიციენტი (Engel’s coefficient)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ენგელის კოეფიციენტი (Engel’s coefficient)
კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ რაც უფრო იზრდება მოთხოვნა დოვლათზე, შემოსავლის ზრდასთან შეფარდებით, მით უფრო ელასტიკურია ეს მოთხოვნა. ცნობილმა გერმანელმა სტატისტიკოსმა, ე. ენგელმა პირველმა გამოიკვლია კავშირი მყიდველთა შემოსავლებსა და სამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურას შორის. მან დაადგინა შემოსავლების დონის მიხედვით სხვადასხვა სახის დოვლათზე მოთხოვნის მოცულობის ფუნქციონალური დამოკიდებულების ცვალებადობა. ენგელის აზრით, მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე, მათ შორის, ტრადიციული სახის კვების პროდუქტებზე (პურზე, კარტოფილზე და ა.შ.), გარკვეული მომენტიდან ჩამორჩება შემოსავლების ზრდას, ხოლო კვების ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთის ხილი, მცენარეული ზეთი და ა.შ., აგრეთვე ფუფუნების საგნები და მომსახურების მრავალი სახეობა – შემოსავლების ზრდის პროპორციულად მატულობს. შემოსავლის ცვლილების ერთეულზე მოთხოვნის შეფარდებით ცვლილებას მან მოთხოვნის ელასტიკურობა უწოდა. ე.ი. მოთხოვნის ელასტიკურობა უდრის მოთხოვნის მოცულობის ცვლილება შეფარდებული შემოსავლების ცვლილებასთან.

6.60 ენდოგენური ზრდა (endogenous growth)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ენდოგენური ზრდა (endogenous growth)
ეკონომიკური ზრდა წარმოების შიდა (მაგ., masStabis efeqti, teqnologiis srulyofa და ა.შ.) და არა გარე, ეგზოგენური (მაგ., mosaxleobis ricxovnobis gadideba) ფაქტორების ზემოქმედებით.

6.61 ენდოგენური მტპ (endogenous scientific technological progress) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ენდოგენური მტპ (endogenous scientific technological progress) [ბერძნ endon – შიგნით... genos-გვარი, მოდგმა]
ენდოგენური (შინაგანი მიზეზებით წარმოქმნილი) ტექნოლოგიური პროგრესის წარმოებრივი ფუნქცია. იგი ვლინდება შრომასა და კაპიტალს შორის თანაფარდობის ცვლილებებით.

6.62 ენერგოტევადობა (energy intensity)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ენერგოტევადობა (energy intensity)
ინდიკატორი, რომელიც გამოხატავს პირველადი ენერგიის გამოყენების ეფექტიანობას მთლიანი ეროვნული პროდუქტის ერთეულის წარმოებისას.

6.63 ერთობლივი დანახარჯები (gross expenses, expenditures)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი დანახარჯები (gross expenses, expenditures)
მუდმივი და ცვალებადი დანახარჯების ჯამი წარმოების ყოველ კონკრეტულ დონეზე.

6.64 ერთობლივი დასაქმებული მოსახლეობა (total employees)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი დასაქმებული მოსახლეობა (total employees)
დასაქმებული მოსახლეობა პლუს სამხედრო მოსამსახურეები.

6.65 ერთობლივი მიწოდება (aggregate supply)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მიწოდება (aggregate supply)
ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება.

6.66 ერთობლივი მიწოდების ელასტიკურობა (elasticity of aggregate supply)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მიწოდების ელასტიკურობა (elasticity of aggregate supply)
მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ეკონომიკაში ერთობლივი მიწოდების მოცულობის შემთვისებლობას საქონლისა და მომსახურების ფასების დონის ცვალებადობასთან. თუ ერთობლივი მიწოდების მოცულობის პროცენტული მატება სჭარბობს პროცენტებში გამოხატულ ფასების ზრდას, მაშინ ასეთი მიწოდება ელასტიკურია (Es>1); თუ ერთობლივი მიწოდების მოცულობის პროცენტული გადიდება ტოლია პროცენტებში გამოხატული ფასების ზრდისა, მაშინ მიწოდების ელასტიკურობა 1-ის ტოლად ითვლება (Es=1); მიწოდება არაელასტიკურია, როდესაც ფასების მატება სჭარბობს ერთობლივი მიწოდების მოცულობის ზრდას (Es<1).

6.67 ერთობლივი მიწოდების მრუდი (aggregate supply curve)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მიწოდების მრუდი (aggregate supply curve)
მრუდი მაკროეკონომიკური მოდელის გრაფიკზე, რომელიც ასახავს ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების ერთობლივი მიწოდების დინამიკას და გამოხატავს დამოკიდებულებას ფასების ზრდასა და წარმოების მოცულობას შორის. მისი ყოველი წერტილი გვიჩვენებს, თუ შესაბამისი ფასით რა რაოდენობის წმინდა ეროვნული პროდუქტი შეიძლება მიეწოდოს ბაზარს.

6.68 ერთობლივი მოთხოვნა (aggregate demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მოთხოვნა (aggregate demand)
ქვეყნის რეალური მსყიდველობითი უნარის მაჩვენებელი; ერთობლივი დანახარჯები, რომელშიც შედის სახელმწიფო სამომხმარებლო ხარჯები, კერძო სექტორის მოხმარება, შეჯამებული ინვესტიციები და ექსპორტ-იმპორტის დანახარჯების სალდო.

6.69 ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა (elasticity of aggregate demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა (elasticity of aggregate demand)
მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ეკონომიკაში ერთობლივი მოთხოვნის მოცულობის შემთვისებლობას საქონლისა და მომსახურების ფასების დონის ცვალებადობასთან. ასახავს მოცემულ საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებას მათი ფასის ერთი პროცენტით შეცვლისას. თუ ერთობლივი მოთხოვნის მოცულობის პროცენტული ზრდა აღემატება ფასების შემცირების პროცენტულ დონეს, მაშინ მოთხოვნა ელასტიკურია (Ed >1). როცა ერთობლივი მოთხოვნისა და ფასების ცვლილების მაჩვენებლები თანაბარია (გამოხატული პროცენტულად), მოთხოვნის ელასტიკურობა ითვლება 1-ის ტოლად (Ed =1); თუ ფასების შემცირების პროცენტული დონე აღემატება ერთობლივი მოთხოვნის ზრდას (%ში), ერთობლივი მოთხოვნა არაელასტიკურია (Ed<1). ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა ფართოდ გამოიყენება ფასების დონის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

6.70 ერთობლივი მოთხოვნის მრუდი (aggregate demand curve)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი მოთხოვნის მრუდი (aggregate demand curve)
მრუდი მაკროეკონომიკური მოდელის გრაფიკზე, რომელიც გამოხატავს ურთიერთდამოკიდებულებას წმინდა ეროვნული პროდუქტის მოცულობასა და ფასების საერთო დონეს შორის. მისი ყოველი წერტილი გვიჩვენებს, რა რაოდენობის წმინდა ეროვნული პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს შესაბამისი ფასით. ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდისგან განსხვავებით, ერთობლივი მოთხოვნის მრუდი არ გამოხატავს ჩანაცვლების ეფექტს, რომლის დროსაც მზარდი ფასი აქვეითებს მოთხოვნას. ამ შემთხვევაში მზარდი ფასი ამცირებს პროდუქციაზე მოთხოვნის წონასწორობის დონეს რეალური ფულადი მასის კლების გზით, რაც იწვევს საპროცენტო განაკვეთის ზრდასა და ინვესტიციების შემცირებას.

6.71 ერთობლივი შემოსავალი (aggregate, gross income)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი შემოსავალი (aggregate, gross income)
იხ. ეროვნული შემოსავალი.

6.72 ერთობლივი (აგრეგატული) წარმოებრივი ფუნქცია (aggregate production function)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი (აგრეგატული) წარმოებრივი ფუნქცია (aggregate production function)
ფუნქციონალური დამოკიდებულება მთელს ეკონომიკაში პროდუქციის ნაკადსა (Y), წარმოებაში მთლიან ფაქტობრივ შრომის დანახარჯებსა (L) და კაპიტალს (K) შორის. ჩვეულებრივ ეს ფუნქცია გამოისახება ასე:

Y=F(K, L).

ფორმულაში შეიძლება აისახოს მიწაც, დანახარჯებისა და ტექნოლოგიების სახით.

6.73 ერთობლივი ხარჯები (aggregate expenses)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთობლივი ხარჯები (aggregate expenses)
ეკონომიკაში საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების მთლიანი თანხა. ერთობლივ ხარჯებში (Y) შედის მოხმარება (C), ინვესტიციები (I), სახელმწიფო ხარჯები (G) პლუს ექსპორტს (X) მინუს იმპორტი (M). ფორმულით გამოისახება ასე:

Y = C+I+G+(X-M) .

. ერთობლივი ხარჯების მოცულობა განსაზღვრავს წარმოებისა და დასაქმების მოცულობას. იგი შეიძლება სისტემატურად მერყეობდეს ფასების საერთო დონის ცვლილებების გამო.

6.74 ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა (ემფ) (sole proprietorship firm, one man company)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა (ემფ) (sole proprietorship firm, one man company)
ბიზნესის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა, ერთი პირის საწარმო, ერთპიროვნული საკუთრება (სოლე პროპრიეტორ სჰიპ). ფირმის სხვა ორგანიზაციულ ფორმებთან შედარებით, ემფ-ს ბევრი უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს. უპირატესობათაგან შეიძლება გამოიყოს შემდეგი: ფირმის მესაკუთრეს მთლიანად ეკუთვნის მოგება და სარგებლობს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით. ამასთან, წარმოების ორგანიზაციის ხარჯები ფირმაში დაბალია, საწარმოს სიმცირე მესაკუთრეს საშუალებას აძლევს კონტაქტი დაამყაროს როგორც პროდუქციის მწარმოებლებთან, ისე გამსაღებლებთან და ა.შ. ნაკლოვანებებია: 1. კაპიტალის გაფართოების შეზღუდული შესაძლებლობები; 2. ფირმის მესაკუთრის შეუზღუდავი პასუხისმგებლობა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისათვის (სასამართლოს გადაწყვეტილებით მთელი მისი ქონება შეიძლება ვალის დაფარვას მოხმარდეს). ამასთან, ემფ-ის მესაკუთრე თვით უნდა ერკვეოდეს ყველა წარმოებრივ თუ ფინანსურ საკითხში და ფლობდეს მეწარმეობის ჩვევებს, რაც მემკვიდრეობით არ გადაიცემა. ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა ბიზნესის ყველაზე მერყევი ორგანიზაციული ფორმაა.

6.75 ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) (System of National Accounts)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) (System of National Accounts)
მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის ეკონომიკისა და „დანარჩენ მსოფლიოსთან” მისი ეკონომიკური კავშირების შესწავლას. იგი ეკონომიკის განვითარების მახასიათებელ ინდიკატორთა გაანგარიშებისა და სისტემატიზაციის უნივერსალური მეთოდია, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. თფჩ მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკის კონსოლიდირებულ ეროვნულ ანგარიშებს, არამედ დარგობრივ, სექტორულ და ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ანგარიშებსაც. ეას-ის პირველი ვარიანტი შეიქმნა 1953 წელს. პრაქტიკული გამოცდისა და სრულყოფის შემდეგ, 1968 წელს დამტკიცდა მისი მეორე ვარიანტი, ხოლო „ცისფერი წიგნის” სახელწოდებით სახელმძღვანელოდ გამოვიდა 1969 წელს. ეს გამოცემა მსოფლიოში აღიარებულ იქნა როგორც ურთულესი სისტემა. მის პარალელურად ევროპის რიგ ქვეყნებში მოქმედებდა შედარებით გამარტივებული და დეტალიზებული ევროსტატის ეგიდით გამოცემული „ინტეგრირებული ეკონომიკური ანგარიშების ევროპული სისტემა”. 1993 წლიდან მსოფლიოში სტანდარტულ სახელმძღვანელოდ დაინერგა ეას-ის III ვარიანტი (ეას-93), რომელიც გაეროს სტატისტიკური დეპარტამენტის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სტატისტიკური დირექტორატის, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სტატისტიკური სამსახურების ერთობლივი ნამუშევარია.

ეას-ის ძირითადი პრინციპებია: მთელი ეკონომიკის ერთ მთლიანობაში წარმოდგენა; ეკონომიკის სექტორებად დაყოფა; ანგარიშებზე ორმაგი ჩაწერა; შიდა და ეროვნული ეკონომიკის გამიჯვნა; შემოსავლებისა და ხარჯების მიმდინარე და კაპიტალურად დაყოფა, მსოფლიოს ქვეყნების მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფა. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა იყოფა ეროვნული ეკონომიკის ანგარიშებად და საზღვარგარეთის სექტორის ანგარიშებად. თავის მზრივ, ეროვნული ეკონომიკის ანგარიშებში შედის: საქონლისა და მომსახურების ანგარიში, წარმოების ანგარიში, შემოსავლების ფორმირების ანგარიში, შემოსავლების განაწილების ანგარიში, შემოსავლების გამოყენების ანგარიში, კაპიტალის ანგარიში, ფინანსური ანგარიში. საზღვარგარეთის სექტორის ანგარიშებში შედის: საქონლისა და მომსახურების ანგარიში, პირველადი შემოსავლებისა და მიმდინარე ტრანსფერების ანგარიში, ფინანსური ანგარიში, აქტივების სხვა ცვლილებების ანგარიში, გადაფასების ანგარიში.

6.76 ეროვნული ანგარიშები (national accounts)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნული ანგარიშები (national accounts)
ანგარიშებისა და საბალანსო ცხრილების სისტემა, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების რაოდენობრივ აღწერას გარკვეულ მონაკვეთში. მაკროეკონომიკურ ანალიზში გამოიყენება კრებსითი ეროვნული ანგარიშები, რომლებიც გამოხატავენ მეპ-ის შექმნის, ეროვნული შემოსავლის, კაპიტალწარმოქმნის განაწილებისა და გამოყენების პროცესს, მოცემული ქვეყნის ეკონომიკური აგენტების მიერ სხვა სახელმწიფოებთან განხორციელებულ ოპერაციებს.

6.77 ეროვნული ანგარიშიანობა (national accounting)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნული ანგარიშიანობა (national accounting)
მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა სისტემა, გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკურ სტატისტიკაში, ასახავს ეკონომიკური განვითარების (ეროვნული შემოსავლის, საბოლოო პროდუქტის წარმოების, განაწილების, გადანაწილებისა და მოხმარების, აგრეთვე ეროვნული სიმდიდრის ფორმირების) მნიშვნელოვან ასპექტებს. ტერმინი შემოიღო ჰოლანდიელმა ეკონომისტმა ედ. ვან კლიფმა XX საუკუნის 40-50-იან წლებში. გაერომ ეროვნული ანგარიშიანობა საფუძვლად დაუდო ეროვნულ ანგარიშთა სტანდარტულ სისტემას.

6.78 ეროვნული სიმდიდრე (national wealth)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნული სიმდიდრე (national wealth)
განსაზღვრული პერიოდისთვის ფინანსური და არაფინანსური აქტივების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ წინა თაობების მიერ შექმნილ მატერიალურ და არამატერიალურ ქონებას, აგრეთვე გამოკვლეულ და ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცეულ რესურსებს.

ფართო გაგებით, ეროვნული სიმდიდრე არის თაობების მიერ შრომით შექმნილი და დაგროვილი მატერიალური სიმდიდრე, წარმოების პროცესში ჩართული და აღრიცხული ბუნებრივი რესურსები, აგრეთვე ადამიანისეული კაპიტალი (ინტელექტუალური კაპიტალი, დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ა.შ.). გამოითვლება მიმდინარე და შესადარ ფასებში. ახასიათებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

საერთაშორისო პრაქტიკაში გამოითვლება ეროვნული სიმდიდრის როგორც მთლიანი მოცულობა, ისე მისი ოდენობა ქვეყნის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით.

მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, მსოფლიო ეროვნული სიმდიდრის სტრუქტურაში ბუნებრივი რესურსები შეადგენს 20,0%-ს, დაგროვილი მატერიალური სიმდიდრე – 16,0%-ს, ხოლო ადამიანისეული კაპიტალი – 64,0%-ს.

თანამედროვე მსოფლიოს ეროვნული სიმდიდრე (მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით), 550 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აქედან, 365 ტრილიონი მოდისადამიანისეულ კაპიტალზე, მატერიალურ კაპიტალზე – 95, ხოლო ბუნებრივ რესურსებზე – 90 ტრილიონი დოლარი.

ეროვნული სიმდიდრე არათანაბარია სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნახევარი მოდის „დიდ შვიდეულზე” – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, იაპონია. დანარჩენი ნახევარი ნაწილდება შემდეგნაირად: ოპეკის ქვეყნებზე მოდის 95 ტრილიონი დოლარი, დსთ-ის ქვეყნებზე 80, დანარჩენ ქვეყნებზე – 100 ტრილიონი დოლარი.

ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუსეთია. მისი რესურსული პოტენციალი, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, 2-2,5-ჯერ აჭარბებს აშშ-ის რესურსულ პოტენციალს, 6-ჯერ გერმანიისას და 18-21-ჯერ – იაპონიისას. აშშ-ის ეროვნული სიმდიდრე, მიმდინარე ფასებით, დაახლოებით 24 ტრილიონი დოლარის ტოლია.

6.79 ეროვნული უპირატესობის რომბი (national priority rhomb)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნული უპირატესობის რომბი (national priority rhomb)
მაიკლ პორტერის დაიმონდის მოდელი, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ქვაკუთხედი, აისახება ლოკალური კონკურენტული უპირატესობის ოთხ დეტერმინანტში, რომლებიც ერთობლიობაში წარმოქმნიან იმ სპეციფიკურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ახალი, კონკურენტუნარიანი კომპანიების „აღმოცენებას”. საბოლოო ანგარიშით ყალიბდება ის „სათამაშო ველი”, რომელსაც კონკურენტუნარიანი ქვეყანა ქმნის საკუთარი ინდუსტრიის განვითარებისათვის. ეს დეტერმინანტებია:

1. ფაქტორული პირობები. ქვეყნის პოზიცია იმ წარმოების ფაქტორებთან (კვალიფიციური სამუშაო ძალა, ტექნოლოგიური, ადმინისტრაციული და ფიზიკური ინფრასტრუქტურა, კაპიტალის ბაზრები, მიწოდების პირობები) მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია მოცემული დარგის კონკურენტუნარიანობისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია თუ რა ტემპით და რამდენად ეფექტიანად ქმნის და განაახლებს ქვეყანა ამ ფაქტორებს კონკურენტულ დარგებში. მაგალითად, კოლეჯდამთავრებული მუშახელი არ განაპირობებს კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე პირობებში. ამისათვის იგი სპეციალიზებული უნდა იყოს დარგის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ვენჩურულ კაპიტალსა და სტაბილურ ინვესტიციებს მოითხოვს. კონკურენტული უპირატესობა უკავშირდება მსოფლიო კლასის მოდერნიზებული ინსტიტუტების შექმნასა და მათ მიერ წარმოებული ბრენდის შედეგია. მაგ., დანია მსოფლიო ლიდერია დიაბეტის კვლევასა და ინსულინის ექსპორტში, ხოლო ნიდერლანდი მსოფლიო ლიდერია ყვავილების კულტივირების,შეფუთვისა და ტრანსპორტირების სფეროში.

2. მოთხოვნის პირობები. ქვეყნის შიდა ბაზარზე მოცემული დარგის პროდუქციაზე მოთხოვნის რაოდენობრივი, განსაკუთრებით კი, ხარისხობრივი, თვისებრივი დეტერმინატები;

3. ქვეყანაში ერთმანეთთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი დარგებისა და დამხმარე სფეროების არსებობა;

4.კომპანიის მყარი სტრატეგია, სტრუქტურა და კონკურენტული გარემო. ქვეყანაში არსებული პირობები, რომლებიც წარმართავენ კომპანიების შექმნას, ორგანიზებასა და მართვას, აგრეთვე მეტოქეობასა და კონკურენციის ხასიათს.. ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი, როგორც სისტემა, გავლენას ახდენს კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა: რესურსების ხელმისაწვდომობა, დასაბუთებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება, უნარ-ჩვევების აკუმულირება, რომელთა საფუძველზე კომპანიები აცნობიერებენ რა მიმართულებით წარმართონ თავიანთი ბიზნესი და მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას. პორტერის აზრით, კომპანიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლა აიძულებს მათ მიიზიდონ ინვესტიციები და განახორციელონ ინოვაციები. მაგალითად, იაპონელთა ცნობილმა განცხადებამ „ჩვენ ვართ კუნძული-სახელმწიფო ბუნებრივი რესურსების გარეშე” – კარგი სამსახური გაუწია მათ ქვეყანას ამ ნაკლოვანებით გამოწვეული არახელსაყრელი მდგომარეობა კონკურენტული ინოვაციების განხორცილებითა და ინფორმაციის სწრაფი მოპოვების გზით ბაზრის უფრო მდგრადი სეგმენტების მოძიებაში უცხოელი მეტოქეებისათვის დასწრებით გადაეფარათ. ამრიგად, ქვეყანაში ჩამოყალიბებული კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ამაღლების გარემო დროთა განმავლობაში განამტკიცებს მათ კონკურენტულ უპირატესობას. როდესაც კომპანიები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ნედლეულის სიმცირის, მიწის მაღალი ფასის, მუშახელის დეფიციტის გამო, იმისათვის რომ გაუძლონ კონკურენციას, ისინი ადეკვატურად რეაგირებენ ბაზრის მოთხოვნებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიმართავენ წარმოების მოდერნიზაციას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, აფუძნებენ თანამედროვე სტრატეგიებს და ამით ქმნიან ახალ ბაზარს. ამ შემთხვევაში კონკურენტული ბრძოლის მოდელი არაფასისმიერ კონკურენციაში აისახება, რაც მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად სრულყოფილი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე მიწოდებაში გამოიხატება.

6.80 ეროვნული შემოსავალი (national income)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროვნული შემოსავალი (national income)
ეროვნული წარმოებიდან მიღებული შემოსავალი; ეკონომიკაში ყველა სახის შემოსავლის ჯამი; საქონლისა და მომსახურების ფულადი შეფასება, რომელიც იქმნება ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად. მოიცავს ხელფასს, რენტულ შემოსავალს, კორპორაციების შემოსავლებს, წმინდა პროცენტსა და საკუთრებიდან შემოსავლებს. გამოითვლება როგორც სხვაობა ვთგ-ის სიდიდეს, ძირითადი კაპიტალის მოხმარებასა და არაპირდაპირ გადასახადებზე გაწეულ ჯამობრივ დანახარჯებს შორის.

არსებობს სამი მიდგომა ეროვნული შემოსავლის განსაზღვრისადმი. პირველი მიდგომის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები იყოფა მოგებისგან შემოსავლებად და დასაქმებისგან შემოსავლებად; მეორე მიდგომა მდგომარეობს სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯების მთლიანი თანხის დაჯამებაში; მესამე მიდგომა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის პროდუქციის თანხის შეკრებას. შემოსავლების, ხარჯებისა და გამოშვებული პროდუქციის მოცულობაზე დაფუძნებული ამ სამი მიდგომიდან გამომდინარეობს ეკონომიკური აგრეგატების აღწერის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც გამოიყენება ეროვნული შემოსავლის ანგარიშის შედგენისას. ამის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა ქვემოდ მოყვანილი ცხრილი (ცხრილი პირობითია).

ცხრილი

შემოსავლების მეთოდი

 

დასაქმებიდან შემოსავალი

40

პლუს

ინდივიდუალური მეწარმეობიდან

5

პლუს

კომპანიის მთლიანი მოგება

5

პლუს

სახელმწიფო საწარმოების მთლიანი მოგება

5

პლუს

რენტა

5

ტოლია

მთლიანი შიგა შემოსავალი მარაგების გაძვირების გამოქვითამდე

60

მინუს

მარაგების გაძვირება

15

ტოლია

მთლიანი შიგა პროდუქტი

45

პლუს

წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან

5

ტოლია

მთლიანი ეროვნული პროდუქტი

50

ხარჯების მეთოდი

 

სამომხმარებლო ხარჯები

35

პლუს

საქონელსა და მომსახურებაზე სახელმწიფო ორგანოების მიმდინარე ხარჯები

10

პლუს

მთლიანი შიდა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში

10

პლუს

მარაგების ფიზიკური მოცულობის გადიდების ღირებულება და დაუმთავრებელი წარმოება

5

ტოლია

ერთობლივი შიდა ხარჯები საბაზრო ფასებში

60

პლუს

ექსპორტი იმპორტი და შემოსავლები საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან

10

მინუს

იმპორტი და შემოსავლები საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან

15

მინუს

არაპირდაპირი გადასახადები

10

პლუს

სუბსიდიები

5

ტოლია

მთლიანი ეროვნული პროდუქტი

50

წარმოების მოცულობათა მეთოდი

 

სოფლის მეურნეობა და მრეწველობის მოპოვებითი დარგები

5

პლუს

მრეწველობის გადამმუშავებელი დარგები

20

პლუს

მომსახურება და მშენებლობა

20

ტოლია

მთლიანი შიგა პროდუქტი

45

პლუს

წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან

5

ტოლია

მთლიანი ეროვნული პროდუქტი 

50

მინუს

ძირითადი კაპიტალის ამორტიზაცია

10

ტოლია

წმინდა ეროვნული პროდუქტი

40

ეროვნული შემოსავლის განსაზღვრა შემოსავლების მეთოდით არ დაიყვანება ყველა შემოსავლის მარტივ დაჯამებამდე.

ეროვნული შემოსავალი არის ქვეყნის რეზიდენტების (კორპორაციები და კერძო პირები) შემოსავლების ერთობლიობა, რომელსაც იღებენ უშუალოდ მიმდინარე წარმოებიდან. იგი მოიცავს წარმოების ფაქტორთა მფლობელების შემოსავლებს და გამორიცხავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს გადასახადებად მიმდინარე წარმოებრივი საქმიანობისთვის. ყველა ფაქტორული შემოსავლის ჯამს წარმოადგენს მთლიანი შიდა შემოსავალი, რომელიც მარაგების გაძვირებით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს. თუ ამის შემდეგ მას დაემატება წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან, მაშინ საბოლოოდ მიიღება მთლიანი ეროვნული შემოსავალი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტი.

ხარჯების მეთოდის გამოყენებისას საბაზრო ფასებით ჯამდება სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები ერთობლივი შიდა ხარჯების მისაღებად. იკრიბება მხოლოდ საბოლოო დოვლათის ღირებულებები და გამოირიცხება ყველა ხარჯი შუალედურ დოვლათზე. ამასთან, ვინაიდან საბოლოო დოვლათზე გავლენას ახდენს გადასახადები, სუბსიდიები და ხარჯები იმპორტზე, მაგრამ არ იცვლება ექსპორტის ღირებულება, ამიტომ ამ მეთოდით მთლიანი ეროვნული პროდუქტის მისაღებად აუცილებელია შესწორებების შეტანა აღნიშნული მომენტების გათვალისწინებით.

წარმოების მოცულობათა მეთოდი აჯამებს დამატებულ ღირებულებას წარმოების ყველა სტადიაზე ქვეყნის დარგებსა და საწარმოებში. ამ დამატებულ ღირებულებათა ჯამი იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან წმინდა შემოსავლის დამატებით გარდაიქმნება მთლიან ეროვნულ პროდუქტად.

ამრიგად, სამივე მეთოდით გაიანგარიშება მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რომელიც, ძირითადი კაპიტალის ამორტიზაციის გამოქვითვის შემდეგ, იძლევა ეროვნულ შემოსავალს, ანუ უფრო ზუსტად, წმინდა ეროვნულ პროდუქტს.

6.81 ეროუ კენეთ ჯ. (დაბ. 1921) (Arrow Kennet J.)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროუ კენეთ ჯ. (დაბ. 1921) (Arrow Kennet J.)
ამერიკელი ეკონომისტი, ჯონ ჰიკსთან ერთად ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ეკონომეტრიკის განვითარებაში. მისი ნაშრომები ძირითადად ეძღვნება საყოველთაო წონასწორობის სისტემის ანალიზს. ნაშრომში „საზოგადოებრივი არჩევანი და ინდივიდუალური ფასეულობები" (1951) განიხილა კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის დილემა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელთა სუვერენიტეტის პირობებში შეუძლებელია განსაზღვრო ინდივიდუალური პრიორიტეტების შესაბამისი საზოგადოებრივი პრიორიტეტები. ამიტომ შეუძლებელია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფუნქციის შემუშავება, რომელიც პოზიტიურად დაკავშირებული იქნება ინდივიდუალურ არჩევანთან. საზოგადოებას არ შეუძლია შეიმუშაოს კოლექტიური შეხედულება იმის შესახებ, თუ რა სურს მას.

ეროუს ძირითადი ნაშრომებია: „გამოკვლევა წარმოებისა და მარაგების მათემატიკურ თეორიაში" (1958), „ნარკვევები რისკის თეორიაში" (1970), „კონკურენციის ზოგადი ანალიზი" (1971) (ფრენკ ჰანთან ერთად) და ა.შ.

6.82 ეროუ-დებრიოს მოდელი (Arrow-Debreus model)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროუ-დებრიოს მოდელი (Arrow-Debreus model)
ნობელის პრემიის ლაურეატების კ. ეროუსა და ჟ. დებრიოს მიერ შემუშავებული კონკურენციული ბაზრის საყოველთაო წონასწორობის ეკონომიკურ-მათემატიკურ თეორემაზე აგებული მოდელი, რომელიც მათ ცალ-ცალკე დაამუშავეს, ხოლო შემდეგ ერთობლივ პუბლიკაციაში წარმოადგინეს 1954 წელს.

6.83 ეროუ-პრატას კოეფიციენტი (Arrow-Pratt coefficient)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეროუ-პრატას კოეფიციენტი (Arrow-Pratt coefficient)
რისკისგან გადახრის ინტენსივობის მაჩვენებელი, რომლის სიდიდე განისაზღვრება როგორც სარგებლიანობის მეორე წარმოებული ფუნქციის თანაფარდობა ზღვრულ სარგებლიანობასთან.

6.84 ეტატიზმი (etatism) [<ფრანგ. etat სახელმწიფო]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეტატიზმი (etatism) [ფრანგ. etat სახელმწიფო]
პოლიტიკური ცნება, რომელიც გამოხატავს აქტიურ ჩარევას საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობაში.

6.85 ეფექტიანი მოთხოვნა (effective demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეფექტიანი მოთხოვნა (effective demand)
ერთობლივი მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, უზრუნველყოფილი მათი შეძენისთვის საჭირო რესურსებით. იგი განსხვავდება პოტენციური მოთხოვნისაგან, რომელიც უკავშირდება საქონლისა და მომსახურების შეძენის სურვილს, მაგრამ არ არის უზრუნველყოფილი მათი შეძენისთვის საჭირო რესურსებით და ამიტომ არ შეიძლება ფასების მექანიზმის მეშვეობით დაყვანილი იქნეს მომხმარებლამდე. ასეთი დაყოფა მნიშვნელოვანია იმით რომ, ვინაიდან ფასების მექანიზმი არ იძლევა სიგნალს პოტენციური მოთხოვნის შესახებ, ამიტომ საბაზრო ეკონომიკაში შეიძლება წარმოიქმნას უწონასწორობა.

6.86 ეფექტიანობა (efficiency)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეფექტიანობა (efficiency)
რესურსთა გამოყენების შეფასების კრიტერიუმი. გამოითვლება რესურსების გამოყენებით მიღებული შედეგის შეფარდებით წარმოებისა და რეალიზაციის დანახარჯებთან. ბაზრის ეფექტიანობა მიიღწევა მაშინ, როცა რესურსები იმგვარად ნაწილდება, რომ მათი გამოყენებით მიიღება მაქსიმალურად შესაძლებელი წმინდა ეკონომიკური მოგება.

6.87 ექსპატრიანტი (expatriante)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ექსპატრიანტი (expatriante)
ფართო გაგებით, ამ ტერმინში იგულისხმება უცხოელები, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია მისი უფრო ვიწრო გაგებით გამოყენებისა, განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ჩამოსულ პირთა მიმართებაში. მათი სამუშაო, ორ ქვეყანას შორის ხელფასის დონეებში სხვაობიდან გამომდინარე, შედარებით მაღალანაზღაურებადია.

6.88 ექსპლუატაცია (exploitation)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ექსპლუატაცია (exploitation)
გამოიყენება ორი მნიშვნელობით: პირველი გულისხმობს რესურსების გამოყენებას, ხოლო მეორე – დაქირავებული მუშაკის მიერ დახარჯული შრომის ანაზღაურებაში დამქირავებლის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ამის მაგალითია, როდესაც დამქირავებელი გაცილებით ნაკლებს უხდის დაქირავებულს, ვიდრე მისი შრომის ფასია.

ექსპლუატაციის ეს მეორე განმარტება უკავშირდება კარლ მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორიას. მარქსის მიხედვით ზედმეტი ღირებულების ნორმა ექსპლუატაციის საზომია. ასეთმა ფორმულირებამ თავი იჩინა თანამედროვე ეკონომიკურ ტერმინებშიც (ჯ. რობინსონი) როგორც სხვაობამ დაქირავებულის ხელფასსა და მისი ზღვრული პროდუქტის ღირებულებას შორის.

6.89 ექსპორტი (export)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ექსპორტი (export)
ერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების გატანა საზღვარგარეთ საგარეო ბაზრებზე რეალიზაციის მიზნით. არსებობს ხილული და უხილავი ექსპორტი. ხილულია ფიზიკურად ხელშესახები საქონლის ექსპორტი, ხოლო უხილავი – მომსახურებისა.

6.90 ექსტრაპოლაცია (extrapolation) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ექსტრაპოლაცია (extrapolation) [ლათ.polatio]
შეცვლა, განახლება) 1. არსებული მონაცემების საფუძველზე ეკონომიკურ მაჩვენებელთა მოსალოდნელი მნიშვნელობების განსაზღვრა წარსულში მათი ცვლილებების გათვალისწინებით; 2. სტატისტიკური კვლევისას მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების საფუძველზე მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე.

6.91 ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები (exterritorial organizations and bodies)

▲back to top


ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები (exterritorial organizations and bodies)
მოიცავს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი სპეციალიზებული დანაყოფები, რეგიონული ორგანოები და ა.შ., ევროკავშირი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, არაბული სახელმწიფოების ლიგა, საბაჟო თანამშრომლობის საბჭო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია, აფრიკული ერთიანობის ორგანიზაცია და სხვ. რაც შეეხება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საელჩოებს, ისინი გაეროს სსდკ-ის მიხედვით კლასიფიცირებულია ქვეჯგუფში – „უცხოური საქმეები”. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სახელმწიფო მმართველობაში შედის.

ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები გაეროს სსდკ-ში ცალკე განყოფილებად შედის.

6.92 ექსტერიტორიულობა (exterritoriality) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ექსტერიტორიულობა (exterritoriality) [ლათ.exterritorialis]
განსაკუთრებული უფლებამოსილებანი (საცხოვრებლის ხელშეუხებლობა, ბეგარისა და გადასახადისაგან განთავისუფლება და სხვ.), რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

6.93 ექსტერნალიზაცია (externality)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ექსტერნალიზაცია (externality)
ფირმის მიერ საკუთარი საჭიროებისათვის წარმოებული მომსახურების მიყიდვა სხვა კომპანიებისათვის. ჩვეულებრივ, ექსტერნალიზაცია ხორციელდება ფირმის შიგნით ქვეგანყოფილებების ან ფილიალების შექმნის გზით. იმ შემთხვევაში, თუ სოლიდურ საბაზრო წარმატებას მიაღწევს, ასეთ ფილიალს შეუძლია თავად გახდეს დამოუკიდებელი ფირმა. მაგ., ინგლისის ექვსი წამყვანი ფირმა, რომლებიც ამჟამად კომპიუტერულ მომსახურებაშია სპეციალიზებული, ადრე ამ ქვეყნის ტრანსეროვნული კორპორაციების ფილიალებად ითვლებოდა.

6.94 ეჯოურტი ფრენსის ისიდრო (1845-1926) (Edgeworth Fransis Ysidro)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

▲back to top


ეჯოურტი ფრენსის ისიდრო (1845-1926) (Edgeworth Fransis Ysidro)
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1891-1922 წლებში, ამავე წლებში „ეკონომიკური ჟურნალის” გამომცემელი, მარჟინალისტი და ეკონომიკურმათემატიკური სკოლის წარმომადგენელი. ცნობილია აგრეთვე როგორც სტატისტიკური მეთოდების მკვლევარი. ეჯოურტის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „მათემატიკური ფსიქოლოგია” (1881), „ალბათობისა და სარგებლიანობის გაზომვის მეთოდი” (1888), „მონოპოლიების თეორია” (1897), „განაწილების თეორია” (1904), „სტატიები პოლიტიკური ეკონომიის შესახებ” (1925) და ა.შ. მისი გამოკვლევებიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ინდექსებისა და საბანკო საქმის მათემატიკური მოდელირებისადმი მიძღვნილმა პუბლიკაციებმა.