სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ღ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 ფაბულა

▲back to top


ფაბულა

ფაბულა მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალაა, რომელიც დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და რომელიც თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა.

ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.

ფაბულა სიტყვა–სიტყვით ნიშნავს არაკს – ამბავს. ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის მოთხრობილი. მაგ. გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა.

ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირების ხერხია,

ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.

იხ. აგრეთვე: სიუჟეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

2 ფანტასტიკური რომანი

▲back to top


ფანტასტიკური რომანი

ისეთი ნაწარმოები, რომლის შინაარსი მთლიანად წარმოადგენს მწერლის ფანტაზიის ნაყოფს და რომელშიც აღწერილია ისეთი ამბავი, რაც ან შეუძლებელია, რომ როდესმე მომხდარიყო, ან კიდევ ისეთი რამე, რაც, თუმცა არ მომხდარა, მაგრამ შესაძლებელია მომავალში მოხდეს.

ფანტასტიკური რომანის ნიმუშია უტოპიური, ან პოპულარულ–სამეცნიერო რომანები უელსისა, ჟიულ ვერნისა და სხვა.

ქართულ ლიტერატურაში ასეთი რომანის ნიმუშია ი. ყიფიანის რომანი „ამონი”. მასში აღწერილია ადამიანების ყოფა–ცხოვრება ათასი წლის შემდეგ.

ფანტასტიკურ რომანებს აკუთვნებენ ისეთ რომანებსაც, რომლებშიაც აღწერილია პირველყოფილი ადამიანების ცხოვრება

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 ფიგურები

▲back to top


ფიგურები

ლათ. figura - სახე, ფორმა

პოეტური სინტაქსის სხვადასხვა სახეობა.

პოეტურ სინტაქსს სხვადასხვა სახეობა აქვს. ზოგჯერ მწერალი მოზღვავებული გრძნობის გამოსახატავად წინადადებას წყვეტს. ზოგჯერ ერთ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას რამდენჯერმე იმეორებს, ზოგჯერ სიტყვას ტოვებს აზრის სხარტად გამოხატვის მიზნით და სხვ.

ფიგურების მთავარი სახეებია:

რიტორული მიმართვა, შეძახება, შეკითხვა ანტითეზისი კონტრასტი და სხვ.

იხ. აგრეთვე: ანტითეზისი, დახასიათება, პოეტური სინტაქსი, რიტორული მიმართვა, რიტორული შეძახება, რიტორული შეკითხვა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

4 ფისტიკაური

▲back to top


ფისტიკაური

შავთელური ლექსი, რომელსაც მხოლოდ გარეგანი რითმა აქვს.

მაგ:

„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორსა და მეგობარსა,
ნუღარ ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა”. – (ნ. ბარათაშვილი).

„კმარა მონობა, კმარა მოთმენა,
დრო არის ადგეს ერთპირად ერი,
ან ბრძოლის ველზე სული დალიოს,
ან მოიგეროს მოსული მტერი!” – (აკაკი)

იხ. აგრეთვე: რითმა, რითმა, შავთელური

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

5 ფსიქოლოგიური რომანი

▲back to top


ფსიქოლოგიური რომანი

რომანი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პერსონაჟების შინაგანი განცდების გამოხატვას, მათ სულიერ ცხოვრებას.

ფსიქოლოგიურ რომანებში ავტორები გვიხატავენ სხვადასხვა ხასიათის გმირებს, მაგალითად, ძუნწებს, იჭვიანებს, მედიდურებს, ამაყებს, სუსტი ნებისყოფის ადამიანებს, გმირებს და ა.შ.

ფსიქოლოგიური რომანის გმირებს ზოგჯერ ისეთი თვისებები აქვთ, რაც არ ახასიათებს მარტო ერთ ეპოქას, ერთ ერს ან საზოგადოებრივ წრეს, არამედ მისი თვისებები ცოცხლობენ დროის ადამიანებში.

ასეთი ფსიქოლოგიური სახეა, მაგალითად, დონ კიხოტი ლამანჩელი (უნიადაგო მეოცნების ტიპი). სანჩო პანსა(ხარბი და ანგარების მოყვარე).

ფსიქოლოგიური რომანის ნიმუშები მოგვცეს ბალზაკმა, სტენდალმა, მოპასანმა, ზოლამ, დოსტოევსკიმ და სხვ. მათ რომანებში შინაგანი განცდების გამოსახვის დროს მთავარი ყურადღება სატრფიალო ლირიკას ექცევა

იხ. აგრეთვე: ლირიკა, რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

6 ფუტურიზმი

▲back to top


ფუტურიზმი

ლათ. FUTURUS

დეკადენტური მიმდინარეობა რომლის მიმდევრები ნიჰილისტურად უარყოფდნენ წარსულის ჯანსაღ მემკვიდრეობას.

ფუტურიზმი ლათინურად ნიშნავს მომავალს, მყოფადს, იმას, რაც იქმნება მომავალში, მაგრამ ამ სახელწოდებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.

ფუტურიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, პირველად იტალიაში წარმოიშვა (1909 წ). შემდეგ კი გავრცელდა ევროპაშიც, რუსეთშიც, საქართველოშიც და მან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროის მიხედვით სხვადასხვა შინაარსი გამოხატა.

იტალიური ფუტურიზმის მეთაური იყო ფაშისტი მარინეტი. ფუტურისტები უარყოფდნენ წარსულს. მათი აზრით, წარსულის დიდება ხელს უშლის ხელოვნების „უკეთესი ნიმუშების” შექმნას. მარინეტი ილაშქრებდა ენის სინტაქსური ნორმების წინააღმდეგ. ხმარებიდან დევნის სასვენ ნიშნებს, ზედსართავ სახელებს და „დეპეშის ენის” შექმნის მიზნით იგი მხოლოდ ზმნებსა და საგნის სახელებს ხმარობს. ზოგჯერ სამუსიკო და მათემატიკურ ნიშნებს (ნოტებსა და ციფრებს) იშველიებს. იტალიური ფუტურიზმი ხოტბას ასხამს ნგრევას, ომს, სამხედრო ტექნიკას.

მარინეტის აზრით, „ომი ქვეყნის ერთადერთი ჰიგიენაა”, „ხალხთა ძმობა განგრენაა”. იგი აღმერთებს „ძლიერ პიროვნებას”, რომელსაც აქვს ქვეყნის დაპყრობის უნარი. მარინეტის ფუტურიზმმა წინასწარ გამოხატა იტალიური ფაშიზმის მისწრაფებანი, რისი ქადაგებაც შემდეგ მუსოლინის ნაცისტურმა პარტიამ იკისრა.

რუსეთში ფუტურიზმი 1911– 12 წლებში გავრცელდა.

რუსი ფუტურისტებიც უარყოფდნენ წარსულს. „წარსული გვხუთავს, აკადემია და პუშკინი იეროგლიფებზე გაუგებარია” – აცხადებდნენ ისინი.ისინი შეეცადნენ შეექმნათ „ახალი ენა” (ე. წ. „ზაუმი”, ანუ ჭკუის იქეთური ენა), შეექმნათ ამ შინაარსის შესაფერი ფორმა. რუსი ფუტურისტები ურჩევდნენ მოქალაქეებს, დაებანათ ძველი წიგნების შეხებისაგან გამტვერული ხელები და დამტკბარიყვნენ ე. წ. „ზაუმის” პოეზიით. რუსული ფუტურიზმის წარმომადგენლებმა (მაიაკოვსკი, ასეევი და სხვ). მალე დააღწიეს თავი ფუტურისტულ–ფორმალისტურ იდეებს და გააჩაღეს ბრძოლა მასობრივი, დემოკრატიული ხელოვნებისათვის, „ქუჩებისა და მოედნების ხელოვნებისათვის”.

საქართველოში ფუტურიზმი 1922 წელს ჩამოყალიბდა.

მისი წარმომადგენლები იყვნენ ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი, ა. ბელიაშვილი და სხვები.

იხ. აგრეთვე: ლიტერატურული მეთოდი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977