აკაკი და გალაკტიონი




წყარო:


კვიტაიშვილი, ემზარ


აკაკი და გალაკტიონი : (ზოგიერთი პარალელი) / ემზარ კვიტაიშვილი // გალაკტიონოლოგია : კრ. 4 / საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გალაკტიონის კვლევის ცენტრი. - თბილისი, 2008. - ISBN 978-9941-0-1053-8. - გვ. 100-153

ემზარ კვიტაიშვილი

აკაკი და გალაკტიონი

(ზოგიერთი პარალელი)

დღევანდელი გადასახედიდან, როცა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებულის (1914) გამოჩენას თითქმის საუკუნე გვაშორებს, ძნელია მთლიანად გავაცნობიეროთ, მრავალი სიახლით აღბეჭდილ წიგნს რა განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ეპიგონობის ეპოქაში, როცა ქართული ლექსი არა მარტო თემატურად და აზრობრივად, გამომსახველობითი საშუალებებისა და ფორმის მხრივაც უკიდურესად გაღარიბდა, გაუფერულდა, დაიშტამპა და განახლების აუცილებლობის წინაშე იდგა.

ივანე გომართელმა, წიგნზე წამძღვარებული წერილის („სევდის მგოსანი“) ავტორმა, ძირითადად, სწორად განსაზღვრა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ხასიათი, მისი ბუნება; კრიტიკოსი თვით ადამიანის არსებაში ხედავს ტრაგედიას, ეკლესიასტეს სიბრძნეს იშველიებს და მართებულად წერს, რომ „ბარათაშვილის მსოფლიო სევდის კილო გაისმის ტაბიძის პოეზიაში“.

მოულოდნელი არც იმის აღნიშვნა იყო, რომ გალაკტიონ ტაბიძეს ჯერ კიდევ აკლდა ოსტატობა. ეს გარკვეულწილად სიმართლეა — პირველი წიგნის ახალგაზრდა ავტორი ერთბაშად ვერ მიაღწევდა სრულყოფას: „. . .პოეტის საკაცობრიო სევდას, იმის მსოფლიო სულისკვეთებას მაინც უკეთესი ფორმა შეეფერებოდა; ბ. ტაბიძეს ჯერ ბევრი შრომა სჭირდება ლექსის გარეგნობის გაუმჯობესებისთვის“.

კარგი იქნებოდა, ამ კეთილი სურვილის გვერდით, კრიტიკოსს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, იმ ლექსებზეც მიენიშნებინა, აშკარად რომ გამოირჩეოდა მაშინდელი ქართული პოეზიის ფონზე და დიდ სიახლედ უნდა აღქმულიყო. ამის ჩვენება გზადაგზა მოგვიწევს.

მთლად სწორი არგამოდგა ივანე გომართელის შეხედულება, რომ გალაკტიონ ტაბიძის ფაქიზი ბუნება ბრძოლას ვერ ჰგუობს. წლების მერე, როცა საჭირო გახდა, „ეფემერას“ ავტორმა ჭარბად გამოავლინა „ძლიერი, მოქმედი ნება“. სხვანაირად, ვერ იტყოდა: „დავდგეთ  იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი სდგას ანგელოსი, ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს, ჩვენ, პოეტები საქართველოსი“. ბრძოლის ასეთი მძაფრი ჟინით და შემართებით არა მხოლოდ ცალკეული სტრიქონები, მისი მთელი წიგნებია განმსჭვალული.

გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების მეცნიერულ, გამოწვლილვით შესწავლას დიდი ამაგი დასდო პოეტის ძმისწულმა ნოდარ ტაბიძემ, რომელმაც მნიშვნელოვანი მონოგრაფიის („გალაკტიონი, 2000) თავში — „შენ ხომ ბედუინი ხარ“ — საფუძვლიანად მიმოიხილა პირველ წიგნზე გამოქვეყნებული გამოხმაურებანი და ყველაზე საყურადღებოდ ალექსანდრე აბაშელისა და ტიციან ტაბიძის წერილები მიიჩნია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ორივენი აქტიურად, ნაყოფიერად იყვნენ ჩართულები ქართული ლექსის განახლება-გადახალისების პროცესში და პოეზიის საიდუმლოებათა გაგება სხვებზე უკეთ შეეძლოთ. ტიციან ტაბიძემ გამოამჟღავნა გალაკტიონიის ლირიკის ღრმა წვდომა, როცა მას ასე მოხდენილად უწოდა „მარტოობის ორდენის კავალერი“ და მისი ლექსის გამორჩეული მუსიკალური ბუნების ახსნასაც (ვერლენთან შედარება) ერთ-ერთი პირველი შეეცადა.

ქართული პოეზიის მდიდარ ტრადიციებთანგალაკტიონ ტაბიძის მჭიდრო, ორგანულ კავშირზე, პოეტის პირველსავე, 1914 წელს გამოცემულ წიგნში რომაა გამოვლენილი, მკვლევარებს საკმაოდ აქვთ ნათქვამი. კერძოდ, ხაზგასმულია ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის მოტივთა თუ პოეტურ სახეთა კვალი, რაც შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა.

შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა აკაკისთან მიმართებაში. აქ კავშირი რამდენადმე შეფარულია, ზედაპირზე არ დევს და, ამდენად, მისი ცხადყოფა, უმრავლეს შემთხვევებში, საგანგებო დაკვირვებას საჭიროებს. სამაგიეროდ, არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ აკაკი, მთელი ცხოვრების მანძილზე, გალაკტიონის სათაყვანებელი კერპი იყო, გარეგნობითაც ბაძავდა მას, ბევრჯერ გამოუთქვამს აღფრთოვანება მისი პოეზიის განუმეორებელი მუსიკალობისა და სისადავის გამო; ვეება პოემაც მიუძღვნა, რომლის ცალკეული ადგილები, სტროფები უმაღლესი შთაგონების ნაყოფია. ამაზე მოგვიანებით ვიტყვი.

წინამდებარე წერილის არსი, მიზანდასახულობა მოითხოვს გავიხსენო ტომას ელიოტის ცნობილი ესეის — „ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი“ — ზოგიერთი მთავარი დებულება. ელიოტს, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ლიტერატურა ერთიან, უწ
ყვეტ პროცესად ჰქონდა წარმოდგენილი და, აქედან გამომდინარე, კიდევაც წერდა:

„ისტორიის გრძნობა გულისხმობს იმ ჭეშმარიტების გაგებას,რომ წარსული არა მარტო წავიდა, არამედ დღესაც გრძელდება; ისტორიის გრძნობა ბიძგს გვაძლევს ვწეროთ ისე, რომ მოვიაზროთ ჩვენი თავი არა მხოლოდ ახლანდელი თაობის ერთ-ერთ წევრად, არამედ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ევროპის მთელი ლიტერატურა, ჰომეროსიდან მოყოლებული დღემდე და მასში თვით შენი ქვეყნის მთელი ლიტერატურა, არსებობს მხოლოდ ერთდროულად და ქმნის ერთიან თანაზომიერ რიგს. ისტორიის ეს გრძნობა არის გრძნობა ზედროულისაც და იმისაც, რაც ამჟამად მიმდინარეობს — ზედროულისა და მიმდინარესი ერთად — სწორედ ეს გახლავთ ის, რის მეოხებითაც მწერალი ტრადიციაშია ჩართული. ამასთანავე ეს გრძნობა მწერალს აძლევს უკიდურესად გამოკვეთილ შეგრძნებას დროში, თანამედროვეობაში თავისი ადგილისა“.

ძნელია იმის თქმა, რომ ლიტერატურულ სარბიელზე გამოსვლის პირველ წლებში გალაკტიონ ტაბიძეს ძირფესვიანად ჰქონდა ათვისებული მსოფლიო პოეზიის უზარმაზარი გამოცდილება, მაგრამ მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ფესვმაგარ ტრადიციებზე რომ არაფერი ვთქვათ, მის პირველ წიგნშივე აშკარაა აქეთკენ ლტოლვა; მან კარგად იცის ანტიკური კულტურისა და ევროპული ლიტერატურის უთვალსაჩინოესი მიღწევები, ხოლო შემდგომ წლებში, მრავალმხრივი, დაუოკებელი ინტერესების მეოხებით, ეს ცოდნა კიდევ უფრო სრულყო; სულიერად გამდიდრება და თვალსაწიერის გაფართოება სიცოცხლის ბოლომდე არ შენელებულა.

არავითარ ეჭვს არ იწვევს, უცილო ჭეშმარიტების მღაღადებელია ელიოტის შემდეგი, არაერთგზის დადასტურებული თვალსაზრისი: შედეგის მ „მხატვრის მნიშვნელობა, მისი შეფასება მხოლოდ მას შემდეგ დგინდება, როცა გამოირკვევა თუ მის მიერ შექმნილი რა თანაფარდობაშია უკვე წასული მხატვრებისა და პოეტების ქმნილებებთან. მასზე არ შეიძლება ვიმსჯელოთ ცალკე; კონტრასტისათვის და შესადარებლად საჭიროა იგი გარდასულებს შევუფარდოთ“.
გალაკტიონ ტაბიძის მრწამსისა და შინაგანი ბუნებისათვის (ეს ნაწილობრივ კიდევაც აღვნიშნეთ) ელიოტის შემდეგი შეხედულებაც არ ყოფილა უცხო:

„პოეტმა თავის თავში უნდა გამოიმუშავოს და განავითაროს წარსულის გაცნობიერებული ცნობა და მთელი შემოქმედების მანძილზე ამდიდრებდეს მას“.

ელიოტი მეტ მნიშვნელობას სწორედ ასეთ ნაწარმოებებს ანიჭებდა.

„ესთეტიკური კრიტიკის“ შემქმნელი, დიდი ინგლისელი ხელოვნებათმცოდნე უოლტერ პეიტერი ვინკელმანზე დაწერილ მეტად ღრმა ესეიში მსჯელობს გემოვნების თანდათანობით, „სტადიურად ჩამოყალიბებაზე“. ცხადია, რასაც იგი ხელოვნებაზე, მხატვრობასა და ქანდაკებაზე ამბობს, ლიტერატურას, პოეზიასაც ესადაგება: „ეს გემოვნება შენახულია, როგორც სულიერი ტრადიცია, ზემოქმედებას ახდენს მხატვარზე არა მხოლოდ როგორც მისი ეპოქის ერთ-ერთი გავლენა, არამედ წინა თაობის მხატვრულ მიღწევათა მეშვეობით, რომლებიც ახალგაზრდობის ჟამს შთააგონებენ მხატვარს, გარკვეული მიმართულებით უვითარებენ მას სილამაზის გრძნობას. ამრიგად, ყოველი თაობის საუკეთესო ნამუშევრები წარმოქმნიან მწვერვალთა მწკრივს და ისინი ერთმანეთს გადასცემენ თავისებურ ნათელს,რომლის სათავე უახლოეს გარემოცვაში კი არა, ჩვენგან დაშორებული საზოგადოების განვითარების სტადიაში უნდა ვეძებოთ“.

ამ დაკვირვების გათვალისწინება აუცილებელია, რათა წარსულის კულტურის ნამდვილ მემკვიდრეებად ვიგრძნოთ თავი.

განსვენებული აკაკი ხინთიბიძე, ქართული ლექსის საუკეთესო მცოდნეთაგანი, ათეული წლების მანძილზე გულმოდგინედიკვლევდა „ლურჯა ცხენების“ ავტორის პოეზიის თავისებურებებს და ნაშრომთა ნაწილს თავი მოუყარა მრავალმხრივ საყურადღებო წიგნში „გალაკტიონის პოეტიკა“ (1987). მეცნიერმა საფუძვლიანად შეისწავლა გალაკტიონის ადრეული ლირიკაც და არაერთი ანგარიშგასაწევი, რეალური ვითარების ამსახველი თვალსაზრისი გამოსთქვა. უპირველეს ყოვლისა, ხაზი გაუსვა სიტყვის მუსიკისადმი პოეტის განსაკუთრებულ ლტოლვას. 1909 წელს დაწერილ ლექსს „მუსიკა“ ჰქვია და მასზე დაკვირვება მკვლევარს აფიქრებინებს, რომ გალაკტიონისათვის შემოქმედების გარიჟრაჟზე „ცნობილი იყო სიმბოლისტური ხელოვნების ეს ძირითადი ნიშანი“,შინაგანად გრძნობდა,იცოდა — „მუსიკა იდუმალი ძალის გამოვლინებაა“. ამ „იდუმალ ძალას“ იგიმართლაც ჯადოქრულად ფლობდა.

უთუოდ გასაზიარებელია აკაკი ხინთიბიძის შემდეგი მოსაზრება:

„ქართული ლექსის განახლებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის 1913 წელს ჟურნალ „ოქროს ვერძის“ მეოთხე ნომერში გამოქვეყნებული „მე და ღამე“. ც
ეს ლექსი უღელტეხილივითდგას ძველიდან ახალი პოეტიკისაკენ მიმავალ გზაზე. ერთი მხრივ, მას მკაფიოდ ატყვია ტრადიციის კვალი, მეორე მხრივ, იგი ახალი, ნოვატორული თვისებების შემცველია“ („გალაკტიონის პოეტიკა“, გვ. 14). 3 იქვეა ნათქვამი, რომ ხსენებული ლექსი „თხრობის, საუბრის ინტონაციაზეა აგებული“. იმის აღნიშვნაც შეიძლებოდა, რომ „მე და ღამემ“ ერთგვარად შეამზადა გალაკტიონის ადრეული შედევრი „მთაწმინდის მთვარე“.მასზე ცალკე მომიხდება საუბარი. საერთოდ, გალაკტიონს იმთავითვე დაჰყვა სასაუბრო კილოს მიმსგავსებული, აგრეთვე, კითხვითი ინტონაციები, რაც მის ლირიკას განუმეორებელ მომხიბლაობასა და უშუალობას ანიჭებს.

გურამ ბენაშვილი კარგა ხანია აკვირდება გალაკტიონის პოეზიის ფარულ შრეებს, „ბნელით მოცულ ლაბირინთებს“ და ბევრი რამ, რაც მანამდე ბურუსით მოცული ჩანდა, მისი და კიდევ რამდენიმე ლიტერატორის წარმატებული ძალისხმევით, ახლობელი და არც ისე ძნელად აღსაქმელი გახდა. დიდი დრო და ენერგია მოანდომა გურამ ბენაშვილმა იმის წარმოჩენას თუ რაოდენ მიმზიდველი და ორგანული იყო გალაკტიონ ტაბიძისათვის სიმბოლიზმის სამყარო. ბოლო, მეტად მნიშვნელოვან ესეიში — „ვიზიონები“ — დაწურულად არის შეჯამებული მრავალი წლის დაკვირვებები, ის, რისი თქმაც საბჭოური რეჟიმის პირობებში შეუძლებელი იყო. ამჟამად არა მგონია ვინმემ ეჭვი შეიტანოს ამგვარი, მწყობრად ჩამოყალიბებული თვალსაზრისის სისწორეში:

„თუ სიმბოლიზმი სიტყვის მაგიური განცდის აპოთეოზი და „იდუმალების ესთეტიკის“ რეპრეზენტაციაა, თუ იგი მეტაფიზიკური ხილვების, ნახევარტონების, ნიუანსებისა და მინიშნებების, ანუ გამოუთქმელის გამოთქმის ხელოვნებაა. ..თუ მუსიკა და კეთილხმოვანებაა მისი არსის სათავე, ხოლო სულიერი განგაში განწყობილებათა ლაიტმოტივი, გამოდის, რომ გალაკტიონი კლასიკური განსახიერება ყოფილა სიმბოლიზმისა. . .და ეს, ქართული პოეზიის ღირსებად უნდა ჩაითვალოს“ („მნათობი“, 2008, -1, გვ. 83).

ამავე ესეიში მასშტაბურად არის დახასიათებული ის დიდი როლი, რაც გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველმა კრებულმა შეასრულა, მოქმედებაშია დანახული ცხოველმყოფელი ძვრები, ამ წიგნის გამოსვლას რომ მოჰყვა: „...როგორც ახალი პოეზიის „პირმშომ“, მან უკვე აშკარად გამოკვეთა რომანტიკულ ცნობიერებაზე დაფუძნებული „ახალი პოეტიკის“ უნიკალური შესაძლებლობები. სადინარი მისცა იმ ეპოქალურ პოეტურევოლუციას, რომელმაც დაგვირგვინების „ექსტაზი“ მოგვიანებით „არტისტულ ყვავილებში“ ჰპოვა“ (იქვე, გვ. 82). - მართალია, გალაკტიონის ხსენებისას, გულს უმალ „მუსიკის მსუბუქი ზვირთები“ დაუვლის, მაგრამ ვისაც „სხვებისგან ჯერაც მიუგნებელი“, პოეტის თვალით „აღმოჩენილი სამყარო“ გაშინაგნებული აქვს, კარგად იცის, რომ მის ლირიკაში ბგერა და ფერი, მელოდია და ხატი ერთ მთლიანობადაა გადამდნარი და მათი გათიშვა შეუძლებელია, ლექსის ქსოვილი მაშინვე გამკრთალდება, სიზმრისეულ მომხიბლაობას დაკარგავს „შორეული ცის სილაჟვარდე“.

თავის დროზე სწორედ ამაზრის თანმიმდევრულად წარმოჩენამ და ზეობამ გამახარა თეიმურაზდოიაშვილის მშვენიერ წიგნში „ლექსის ევფონია“ (1981), სადაც მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედებიდან დიდძალი მასალა მარჯვედაა მოხმობილი და ავტორის ცოდნისა და ინტუიციის მეოხებით პოეზიის არაერთ საიდუმლოს ეფინება ნათელი. ამ წიგნში იოლად, შთაბეჭდილების მოსახდენად არაფერია ნათქვამი, ყოველი დებულება ამა თუ იმ სტრიქონზე, ხატზე, ლექსის მიმოხრაზე ხანგრძლივი დაკვირვების მერე არის წარმოდგენილი. ამჯერად მხოლოდ ერთი მეტყველი მაგალითის მოტანაციკმარებს:

„გალაკტიონის ლექსი მხედველობითი და სმენითი ასოციაციების ერთობლიობას ემყარება. პოეტისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო სიტყვის სემანტიკა, არამედ იმისი მუსიკალური გამომსახველობაც“ (დასახელებული წიგნი, გვ. 153).

თეიმურაზ დოიაშვილმა ამავე წიგნის ქვეთავში — „ევფონიის როლი მხატვრული სახის ფორმირებაში“ — მისხალ-მისხალ, გულდინჯად გაშიფრა გალაკტიონის ერთ-ერთი ურთულესი, უჩვეულო და ამასთანავე კონკრეტული იერის მქონე მხატვრული სახე: „დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით“ — ცხადყო, რომ აქ უკვე, როგორც გალაკტიონის მრავალ ლექსში, განმსაზღვრელია ერთმანეთთან შეწყვილებული სიტყვების ტონალობა. - მკვლევარის მსჯელობა ვარაუდის, ალღოს ამარა კი არ რჩება (თუმცა არც ეს გზაა უკუსაგდები(, ეჭვმიუტანელად დამაჯერებელია. ვარიანტებსა და საბოლოო ტექსტზე (კერძოდ, სიტყვა „ალვაზე“) ხანგრძლივმა დაკვირვებამ უფლება მისცა დაეწერა:

„ივლისისფერის“ შექმნაში რომ დიდი მნიშვნელობა აქვს „ალვებს“, ამას მხარს უჭერს ერთი გარემოება. ალვა გალაკტიონის საყვარელი სახეა. პოეტი მარტო ალვის ტონალობით კი არ არის მოხიბლული, არამედ სიტყვა „ალვის“ შინაგანი მუსიკითაც. გალაკტიონი ხშირად იმეორებდა: ყოველ საგანს თავისი მუსიკა აქვს, ჭეშმარიტი პოეტი სწორედ ამ მუსიკას ეძებსო. თუ ლექსების პირველ კრებულში (1914 წ.) ალვა მხოლოდ ატრიბუტის როლში გამოდის (ალვის ხე, ალვის ტანი, ალვის ხეივანი, ალვის მწვერვალი(; მისი მუსიკა ჯერ მიკვლეული არ არის, შემდგომ ხანებში უკვე გაბატონებულია ფორმა „ალვა“. პოეტმა მიაგნო საგნის მუსიკას და სადაც კი იყენებს „ალვას“, იგი ყველგან ევფონიურად მოტივირებულია“ (იქვე, 161).

ჩვენმა დაუვიწყარმა გურამ ასათიანმა, ვინც მუდამ ეთაყვანებოდა აკაკისა და გალაკტიონის სახელებს, არც ის დატოვა უყურადღებოდ,რა ფიქრი და იდუმალი ძაფები იყო გაბმულიორგენიალურ პოეტს შორის; თუმცაღა მან მხოლოდ მიანიშნა საკრალურკავშირზე, ჩვენთვის ის ორიოდე აბზაციც ძვირფასია, სადაც ნაადრევად დაღუპული უნიჭიერესი ლიტერატორი ამ მოვლენაზე თავის ძალზეღირებულ აზრსგამოთქვამს:

„მართალია, ქართულ პოეტიკაში აკაკის შემდგომ მომხდარმა რეფორმაციამ დიდი ცვლილებები შეიტანა ლექსის რიტმულ და ინტონაციურ წყობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება მოყვანილ იქნას არაერთი ისეთი მაგალითი სინტაქსურ-მელოდიური წყობისა ჩვენი დროის პოეტთა შემოქმედებიდან, რომელნიც ტრანსფორმირებული სახით იმეორებენ აკაკის ინტონაციას. 1
აკაკის პოეზიიდან „ჩარჩენილი“ მუსიკალური ფრაზით აიხსნება, მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი სტრიქონი: „ოცნებაო, ჩემო ძველო“, რომელიც თავისი წარმოშობით უთუოდ დაკავშირებულია „სამეფოო ძველთაძველოსთან“.

გალაკტიონის „ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია“, ასევე სათავეს უნდა იღებდეს აკაკი ლექსიდან: „პოეტის გული აღელვებული ზღვისა დარია“.

ნოდარ ტაბიძის ზემოთ ნახსენებ მონოგრაფიაში მოხმობილია გალაკტიონის სიყრმისდროინდელი დაუბეჭდავი ლექსი „სიმღერა“, რომელიც მიმართულია სემინარიაში გამეფებული რეჟიმის წინააღმდეგ. სრულიად აშკარაა, რომ „სიმღერა“ შეგნებულად არის მოჭრილი აკაკის ცნობილი, სიმღერადქცეული ლექსის („ყმაწვილქალს“) თარგზე. ამას პირველი სტროფი ცხადყოფს:
 

ყველა საწვალებელზე
საწამლავი მწარეა,
ყველა სასწავლებელზე —
ძნელი სემინარია.

ამის მერე გადის თითქმის ნახევარი საუკუნე, ხსოვნაში ყველაფერი დაწმენდილი, დაკრისტალებულია და გალაკტიონი თავის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსს წერს იმავე სემინარიაზე, გასაოცარი სიფაქიზით იგონებს იქ გატარებულ წლებს, ახსენებს საყვარელ პოეტებს, ოცნების „ოქროსფერ ნავს“ (ნავი მისი გამჭოლი, განსხვავებულ მნიშვნელობათა დამტევი სიმბოლოთაგანია) და უმალ საცნაური ხდება კონტრასტი ზემოთ მოტანილ სტროფთან; იდილიური, მყუდრო, შვების მომგვრელი სურათები ენაცვლება ერთმანეთს:
 

ის ადგილები ეხლაც ნაზია,
როგორც ჰანგები ძველი არის,
ეხლაც ქართული დგას გიმნაზია
და ვაკეები სემინარიის.

სადაც ოდესმე, ჯერ კიდევ ბავშვი,

ვგრძნობდი, რა არის ველთა ხალისი,
და ჩემთან ერთად ოქროსფერ ნავში
იყვნენ ედგარი და ნოვალისი.

შემდგომ თითქოს ფრანსუა ვიიონის სახელგანთქმული ბალადის შეძახილი ჩაგვესმის, როცა პოეტი სიცოცხლის მიმწუხრზე სემინარიელ მეგობარს ეკითხება თუ სად გაუჩინარდნენ მათი თანატოლები. ჩვენ თითქოს ვხედავთ ჩაშავებულ შტოებზე დაკიდებულ კამკამა წვეთებს და იმასაც ვგრძნობთ, ამ უზადო ლექსის სტრიქონებიც ალმასებად გაბრწყინებულ წვეთებივით კრიალებს. ბოლო ორი სტროფი ამთლიანებს და სამოთხისებური მადლით მოსავს ისედაც ნათელ, სიყმაწვილის მოგონებებისთვის ესოდენ შესაფერ, ოდნავ ნაღვლიან განწყობილებას:

ახალგაზრდობის გზა გამბედავი
დაფნის რტოებით იყო ნაგები,
ყარალაშვილო სანდრო, ნეტავი —
სად გაჰქრნენ ჩვენი ამხანაგები?


გრიგალი ჩადგა ძალიან გვიან,
მაგარი თქეშის დაცხრა სვეტები;
აწ დამშვიდებულ ხეებზე თრთიან
გადაღებული წვიმის წვეთები.

ეს არის ჭეშმარიტად ღვთაებრივი, იდეალური სისადავე. თუ წამიერად თვალს გადავავლებთ პოეტის განვლილ ცხოვრებას, როგორი ქარტეხილები გადაიტანა „უკანასკნელი მატარებელის“ დამწერმა, უთუოდ გაგვიკვირდება — რა სიმშვიდეა დასადგურებული ბროლივით დაწმენდილ ლექსში; ერთი ადგილი კი („გრიგალი ჩადგა ძალიან გვიან“) უეჭველად ეხმიანება ასევე გვიან დაწერილი გენიალური უსათაუროს პირველ სტრიქონს: „ქარი ჩადგა სიბობოქრის“..

ვინც გალაკტიონის ლირიკაში, ასე თუ ისე, ჩახედულია, მას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა — ხანში შესულს კიდევ უფრო გაუფაქიზდა სმენა, სულ უფრო მეტად იხრებოდა აბსოლუტური ჰარმონიისკენ და ამის გამოა, ოდნავი ხინჯიც რომ აღარ იგრძნობა ბოლო წლების (შედევრებს ვგულისხმობ) სტრიქონებში. „ნაკლული რითმაც“ იშვიათად გამოერეოდა, თუმცა ის მის ლექსს ვერაფერს აკლებდა.

ბგერათა უმცირეს რხევებს გაფაციცებით, ფანატიკურად მიყურადებული, იგი, „როგორც პოეტს შეფერის“, სიტყვის უბადლო ოქრომჭედელი იყო და, თუკი საქართველოს სიცოცხლე უწერია, მომავალ საუკუნეებსაც ასეთად შერჩება.

1 * * *

▲back to top


* * *
 
თუ რაოდენ დიდი გამოძახილი ჰპოვა აკაკის ადრეული ლირიკის შედევრმა „საიდუმლო ბარათმა“ შემდგომი ხანის ქართულ პოეზიაში, ამაზე ბევრჯერ ითქვა. ყველაზე მეტყველად და ნაირგვარად ეს კეთილმყოფელი გავლენა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში აისახა. უპირველეს ყოვლისა გვახსენდება გალაკტიონ ტაბიძის სასიყვარულო ლირიკის მარგალიტი, რომელიც ამავე შვიდმარცვლიანი საზომით არის დაწერილი და ერთიანად მსჭვალავს აკაკისთვის ესოდენ ნიშნეული კითხვითი ინტონაციები. სურათი რომ ნათელი გახდეს, მხოლოდ პირველი სტროფის მოტანაც იკმარებს:
 
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
 მთების ლურჯი კამარა —
უცხო სამოთხეები?
 
„საიდუმლო ბარათის“ სევდიანი ტონალობა თვით აკაკის არაერთ ლექსში ისმის. იმედგაცრუების მოტივი ორივე პოეტისთვის ახლობელია და საამისო მაგალითების მოძებნა არგაგვიჭირდება. თავდაპირველად აკაკის ახალგაზრდობისდროინდელი ლექსი („გაჰქრნენ დრონი“) მოვიხმოთ:
 
განჰქრნენ ჟამნი ოცნების,
რაც მწამდა, აღარ მჯერა!
ბაგეთ არ ეკოცნების,
აღარც გულს გააქვს ძგერა!
 
ამ სტრიქონებმა (ლექსიკურ და სარითმო წყვილის მსგავსებასაც თუ გავითვალისწინებთ) შეუძლებელია არგაგვახსენოს გალაკტიონის ასევე ადრინდელი, ლაღად ამღერებული, ისედაც სიმღერად ქცეული მშვენიერი ლექსი „ღვინოს დააბრალებენ“:
 
ო, ძვირფასო!
ჯვარზე მაგეს,
გაჰქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?
 
ხუთი წლის შემდეგ (1923) დაწერილ ლექსში „რა დროს რომანსეროა“, გვხვდება ამ სტროფის ვარიაცია, სადაც ორი სტრიქონი უცვლელად მეორდება:
 
წყარო ხევში ვალალებს,
გაჰქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი მე შენ დალალებს,
მაგრამ რა მეკოცნება?

არაერთ ლიტერატორს აღუნიშნავს, რომ სიბერის სუსხს ოდნავადაც არ შეუსუსტებია აკაკის ღვთაებრივი ნიჭი (თავის ჭაბუკურ შემართებაზეთვითონაც წერდა მოხუცებულობის ჟამს), შთაგონების ძალა და ეს ნათლად იგრძნობა 1904 წელს ელისაბედ თარხნიშვილისადმი მიძღვნილ თუნდაც საალბომო ლექსში „წარწერა წიგნზე“, სადაც ხანდაზმულობის გამო მძაფრი სინანულია გამოთქმული, მაგრამ, ოსტატობის მხრივ, იგი უნაკლოა:

ბოლოს შეგხვდი ერთადერთს,
მაგრამ რაღა დროსია?
სასიკვდილო სუდარა
კიდეც შემიმოსია.

ამ ნაღვლიან დაჩივლებას, ტონალობით, ფრაზის მოქნევით, აშკარად ეხმიანება გალაკტიონის უკვე დასახელებული ლექსის („რა დროს რომანსეროა?“) შუა, მეორე სტროფი, თუმცა განწყობილება იმდენად ჩამუქებული არაა, ერთგვარი სილაღეც კი იგრძნობა:

ცაზე ვხედავ წეროებს,
თითქო მწკრივი ღეროა.
მღერენ რომანსეროებს,
რა დროს რომანსეროა?

საგულისხმოა, რომ თავში ნახსენები „საიდუმლო ბარათის“ კვალს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში კიდევ უფრო ზუსტი მისამართი ეძებნება. ესაა უსათაურო „მტევანი, ვაზის ჯვარი“, სადაც პირველ სტროფში საკმაოდ გამჭვირვალედაა დაქარაგმებული ილია ჭავჭავაძის ასევე შვიდმარცვლიანი და ამგვარივე ტონალობის ლექსი „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“). რემინისცენცია — ვაზის ტირილი და „მეწამული გზის“ ხსენება საქართველოს დიდი მოძღვრის, ილიას მკვლელობაზე მიგვანიშნებს. ილიასა და აკაკის ოდნავად იერშეცვლილი სტრიქონები ოსტატურად, თანმიმდევრობით არის გადაწნული ერთმანეთზე გალაკტიონის მძაფრად პატრიოტულ, მომავლის რწმენითგანათებულ ლექსში, რომლიდანაც, საერთო სურათის შესაქმნელად, წინა ორი სტროფი უნდა ამოვიწერო:

მტევანი, ვაზის ჯვარი,
ოხვრა ჩემი მამულის,
ტირის ვაზი ობოლი —
მცნობი გზის მეწამულის.
 
მასში დღისა და ღამის
ისახება მარადი,
სევდის და სიხარულის
საიდუმლო ბარათი.

მეორე სტროფი, აშკარა ალუზიას რომ წარმოადგენს, აკაკის ლექსის რითმასაც შეგნებულად იმეორებს, რასაც „საიდუმლო ბარათის“ ფინალი ცხადყოფს:
 
საიდუმლო ბარათო!
მექმენ. ..მექმენ მარადო,
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო.

გალაკტიონი, მსგავსად აკაკისა, ხშირად პარალელიზმზე აგებს პოეტურ სახეს, რასაც, ჩვეულებრივ, საფუძვლად შედარება უდევს. ძველთაგანვე ცნობილია — მდინარე, მისი ზვირთები მარად მედინი დროის მეტაფორაა და გალაკტიონის პირველ წიგნში შეტანილი ერთ-ერთი ლექსი („მდინარის პირზე“) სწორედ ამის გამომხატველია. ჭაბუკი პოეტისათვის უცხო არ არის ამგვარი ფილოსოფიური განსჯა:

ზვირთები სივრცეს უერთდებიან,
ზღვის ნაპრალებში გააქვთ თარეში,
ასე ითქმება ჩვენი ცხოვრება
საუკუნეთა სიმწუხარეში.

ამ სტრიქონებთანდასაწყვილებელ აკაკის საყოველთაოდ ცნობილ, დაბალი შაირით გამართულ ლექსს („ჭაღარას“), თუნდაც საზომის გამო, ბუნებრივია, განსხვავებული ტონალობა აქვს; მასში მძაფრად იგრძნობა პირადი ცხოვრების დრამატიზმი, გადატანილ ტკივილებზე მინიშნება, მაგრამ, ამასთანავე, არც განზოგადებას, ფილოსოფიურ სიღრმესაა მოკლებული. სათქმელის გადმოსაცემად გამიზნული პოეტური სახის აგების ხერხი, თვით ხატი რომ ორივეგან მსგავსია, ეს ვგონებ, საეჭვო არ უნდა იყოს:
 
გამევსო გული წვეთ-წვეთად
 ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნენი —
სხვადასხვა მრავალ წამითა.

აკაკი თითქმის ყოველ ლექსში მარჯვედ, მოქნილად იყენებს კონტრასტის უძველეს და მარად ახალ ხერხს. საგანთა თუ თვისებათა დაპირისპირება დიდად უწყობს ხელს პოეტური აზრის გამოკვეთას, სათქმელს მეტი სიმკვეთრე ეძლევა და ამ დროს ეფექტიც სასურველი, შთამბეჭდავია. ამავე ხერხს ხშირად და მოხდენილად მიმართავს გალაკტიონ ტაბიძეც და შაბლონურობის, ერთფეროვნების განცდა არც მისი ლექსების კითხვისას გვიჩნდება. ორივე მხრიდან მრავლად შეიძლებოდა მოგვეტანა საილუსტრაციო მასალა, მაგრამ აჯობებს,თითომაგალითს დავჯერდეთ. აკაკის ათმარცვლიანი, გვიანდელი ლექსი („ჩემი სახე“) მცირე ავტოპორტრეტადაც გამოდგებოდა, იმდენად შეკუმშულად და ზუსტად არის მასში წარმოდგენილი პოეტის ბუნება, სახელოვნად განვლილი მოწამებრივი გზა:
 
ვარდზე დავმღერდი, მძორზე ვჩხაოდი;
ხან ყვავი ვიყავ და ხან ბულბული,
ხან ნაღვლით მქონდა გამოჟღენთილი
და ხან კი თაფლით მე სავსე გული.

გალაკტიონის მრავალ ლექსში ჩანს მისიბობოქარი ხასიათი, მარტოსულობა და მოვლენების სრულიად განსხვავებული, ახალი პოეტიკის ნიშნებით აღბეჭდილი ხედვა. როგორც აღვნიშნეთ, აკაკის დარად, ისიც ძალზე ოსტატურად ფლობს კონტრასტის ხერხს და ერთი ასეთი, აგრეთვე ცალფა რითმაზე აგებული, გამორჩეული ლექსი პირველ კრებულსაც ამშვენებს. სურათის წარმოსაჩენად, სტიქიის დაუდგრომელ ძალასთან პოეტის თანაზიარობის ნიშნად, აქაც საკმარისია პირველი სტროფის ამოწერა:

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

1911 წელი უზის თარიღად გალაკტიონის ლექსს „შეხვედრას“, რომელიც მას საჩხერეში დაუწერია. აკაკი და გალაკტიონი პირადად იცნობდნენ ერთმანეთს; ათიან წლებში მოხუცი პოეტი მასთან და იოსებ გრიშაშვილთან ერთად ლიტერატურულ საღამოებშიც მონაწილეობდა. აკაკის მშობლიურ კუთხეში ჩასული ახალგაზრდა გალაკტიონი, ბუნებრივია, ცოცხალი კლასიკოსის სამყაროთი იქნებოდა გარემოსილი და იქ შექმნილ ლექსში აკაკისეული მოტივები გახმიანდებოდა. აკაკის პოეტურ ხატებთან და ლექსიკასთან სიახლოვე იგრძნობა მეორე სტროფში, შეცვლილ, გაღარიბებულ პეიზაჟზე ნაღვლიან ჩივილს („აღარ არის ის ჭალები, ის მდინარე, ის სანავე“) რომ მოსდევს:

მაინც ძველთან შედარებით
ცის და მიწის შეზავება,
მოგონების ნეტარებით
ჩემს გულს ენათესავება.

საკმარისია მოვიხმოთ აკაკის ასეთივე ჟღერადობის სტრიქონე ბი, რომ უმალ ცხადი გახდეს ინტონაციური სიახლოვე, რითმათა და ფრაზის აგების ერთგვარობა და ამ შემთხვევაში აკაკი პირველწყაროა, ხოლო გალაკტიონი განზრახ ქმნის შთაბეჭდილებას, რათა აკაკის ხმის ტემბრი გაგვახსენოს. აქვე მოვიტან სტრიქონებს, რომელთა გამოძახილადაც გვესახება ზემოთ მოხმობილი ნაწყვეტი:

სიყვარული ტანჯვა არის,
არასრული ნეტარება,
მაგრამ მაინც ყველას გული
ამ სატანჯველს ეტანება.

ამის შემდგომ აზრობრივ სიახლოვეზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვინაიდან საამისოდ გამოსადეგიაკაკის ლექსი დაბალ შაირზეა გაწყობილი და გალაკტიონის „შეხვედრას“ ინტონაციურად ვერ დაუწყვილდება, მსგავსება სხვაგან უნდა ვეძიოთ. „ცის და მიწის შეზავება“, მათი ჰარმონიული შერწყმა ქართულ პოეზიაში აკაკის დარად არავის ძალუძდა. აქ „პოეტის“ გახსენებაც საკმარისია: „შუა კაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხანცისა“. პოეტის სიმბოლოდ მოაზრებული გედის სიკვდილისწინა გალობაც ხომ „შემოქმედების ქებაა, ცისა და მიწის შემკვრელი“. „ნეტარებაც“ ის სიტყვაა, რომლის ხსენებაც აკაკის ასე უყვარდა. სწორედ ამ ერთიანობის, „შეზავების“ ნეტარი მოგონებაა, რაც გალაკტიონის „გულს ენათესავება“. ლექსს „ცისკრის“ ამაგდარი რედაქტორის, აკაკის საყვარელი პიროვნების, ივანე კერესელიძის „სიმღერის“ სტრიქონები აბოლოვებს. „შეხვედრაში“, თავიდან ბოლომდე, „განთიადის“ ავტორის ნეტარი სული ტრიალებს და ლექსში ოსტატურად ჩასმული, ეს გულმხურვალედ აჟღერებული მოწოდებაც („ ..თუ ხარ საქართველოს შვილი, ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა!“) აკაკისადმი უნდა იყოს მიმართული. ნუ დაგვავიწყდება, რომ გალაკტიონის მიერ ღმერთკაცად მიჩნეული „საქართველოს ბულბული“ იმხანად ცოცხალია.

აქვე ერთი ისეთი მაგალითიც უნდა მოვიტანო, როცა თემატური განსხვავება ცხადია, მაგრამ ინტონაციური კავშირი ეჭვს არ იწვევს და ეს პარალელისათვის საკმაო საფუძველს იძლევა. აკაკის ერთი ადრეული ლექსი „ქართლის საღამო“ დაცემული მამულის გასამხნევებლადაა დაწერილი, რაც მისი შემოქმედების მთავარი, მამოძრავებელი თემა გახლავთ. შედარება, ჩვეულებრივ, თითო სტროფის ფარგლებში უნდა მოვახდინოთ. ჯერ აკაკის დავუგდოთ ყური:

აღსდექ, სამშობლოვ! ბევრი გეძინა!
ვინც კვალში გდევდენ, გაგისწრეს წინა!
შენი ბუნების მექონი, მითხარ,
რამ დაგაღონა? რამ შეგაშინა?

გალაკტიონის ერთი შედევრთაგანი („მას გახელილი დარჩა თვალები“) უცხოეთში გარდაცვლილი ადამიანის მწარე ხვედრს გვამცნობს (არსებობს ამ ლექსის სხვაგვარი ახსნაც). მასში იგრძნობა მოახლოებული შემოდგომის სუნთქვა და მისი თანამდევი სევდა, რისი გადმოცემაც პოეტს ასე ემარჯვებოდა (გავიხსენოთ: „. . .და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის“). მიუხედავად იმისა, ხსენებული ლექსის სტრიქონთა განწყობილება, პათოსი და აზრი სულ სხვაა, აშკარად საცნაურია ფრაზათა აკაკისეული მიმოხრა, რიტმი, ინტონაციური მახვილები. ამას უბრალო დაკვირვებაც მიგვახვედრებს:

მიდის ზაფხული. ..ბაღში, მდელოში
სისინებს სიო, შრიალებს ნეშო,
მე ისევ აქ ვარ...საქართველოში!
რისთვის, ძვირფასო! რისთვის ნუგეშო?

წელიწადის დროებზე, მათ გამორჩეულ ნიშნებზე ბევრს წერდა აკაკი წერეთელი და, თავისი ბუნებიდან, ტემპერამენტიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად უყვარდა, როგორც თავად ეძახდა — „ბუნების ქორწილი“ — გაზაფხული, ყოველთვის აღფრთოვანებული ეგებებოდა მის მოსვლას, გაზაფხულის საქებარი ლექსები მრავლად დაგვიტოვა.

ამ მხრივ, გალაკტიონ ტაბიძე მკვეთრად განსხვავდებოდა მისგან, სიყრმიდანვე მელანქოლიისკენ იყო მიდრეკილი, სულში შემოდგომის სევდიან დღეთა სურათები ჰქონდა ჩარჩენილი. ამიტომაც შესამჩნევია მის პირველსავე წიგნში შემოდგომის მოტივების სიჭარბე, რასაც მისი მშობლიური ჭყვიშის მოსაწყენი პეიზაჟები, ხანგრძლივი წვიმებით დატბორილი ჭალების ხილვა,ორპირის ფშანები, დაჭაობებული ადგილები განაპირობებდა (ამაზე საგანგებოდ წერს ნოდარ ტაბიძე).

გალაკტიონის პირველ წიგნში, როგორც ვთქვით, მრავლადაა შემოდგომაზე დაწერილი ლექსები; მათ ნაწილს ეტყობა ინერციის კვალი, მოძველებული პოეტიკის შტამპები, მაგრამ არის ისეთებიც, ახალ განწყობილებათა, ახალი ხმების მაცნედ რომ გვევლინება. ამგვარია ჯერ კიდევ 1912 წლით დათარიღებული „შემოდგომის დღე“, რომელშიც თავიდანვე საგრძნობია უნუგეშობის განცდა, მაგრამ ახლებურია თვითსტროფიკა და რითმებად თითომარცვლიანი სიტყვების გამოყენება, რაზედაც დიდი ხნის მერე, ქართულ ლექსში, ცალკეულ სიტყვებში აშკარად გამოხატული მახვილის გამო, გალაკტიონი თავად წერდა.

თავიდან, გარკვეული კონტრასტისათვის და საერთო სურათის შესაქმნელად, აჯობებს, ამ ლექსის პირველი სტროფი მოვიტანოთ:
 
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე,
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

ლექსის მეორე ნახევარში უნუგეშო განწყობილებას, მცირე ხნით, იმედის სხივი ენაცვლება, მაგრამ საბოლოოდ ისევ წელიწადის ამ სევდისმომგვრელი დროის ნაღვლიანი, ფოთოლცვენაში ჩაძირული განწყობილება სძალავს. ყოველივე ამას, ჩვენს თვალწინ, მანამდე უჩვეულო მელოდიურობით, მუსიკალური ქმნილების სინაზით, „მსუბუქ ზვირთებით“ აცოცხლებს ლექსის ბოლო ორი სტროფი:
 
დამშვიდდი, გულო, შეგიყვარდება
ვინმე ამქვეყნად. ..დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!
 
წავიდა, გაჰქრა...ვერ შევიკითხე,
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა,
გამიქრა სულის ოცნება წმინდა,
ილულება მზე, იძარცვება ტყე,
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

გალაკტიონ ტაბიძის პირველ წიგნში ადვილი შესამჩნევია ლექსების უთანაბრობა, თუმცა გასაკვირიც არაფერია — ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი პოეტი ამას ვერ აიცდენდა; მთავარი მაინც ის არის, რომ შედარებით სუსტი, სხვათა გავლენით დაწერილი ლექსების გვერდით წარმოდგენილია არაერთი ბრწყინვალე ქმნილება, რომელთაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი პოეტის გარდაცვალების შემდგომ გამომავალ რჩეულებში.

1909 წელს დაწერილი „რაა ეს გრძნობა?“ არაა უნაკლო, სრულყოფილი ლექსი, მაგრამ პირველად მასში გამოჩნდა, საკუთარი ძალის რაოდენ ურყევი რწმენა აქვს ჩანერგილი ჭაბუკ შემოქმედს. მან კარგად იცის, ჩვეულებრივი მოკვდავი რომ არაა — დიდ სიმღერათა სათქმელად მოავლინა განგებამ. ამ რწმენის გარეშე, თავის თავზე, ასე დაუფარავად ვერ იტყოდა:

მყუდრო ნაპირზე, სადაც ზღვის წინწკლებს
ათამაშებდა სუნთქვა სიოსი,
აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა
ყრმა მეოცნებე და გენიოსი.

ამის მთქმელმა ისიც მშვენივრად უწყის — „თუ რა ძალაა შემოქმედისთვის საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“ ნაპირთანგულგრილად მოტყლაშუნე ტალღას უკვირს ზღვის პირისპირ მდგარის ზედმეტი თავდაჯერებულობა და ეკითხება ჭაბუკს: „რა შობს ამ გრძნობას?“ იგი ვერ მიმხვდარა, რა შთაგონება აფორიაქებს ახალგაზრდა შემოქმედს, მაგრამ „მეოცნებე ყრმის“ მოკვეთილი პასუხის შემდეგ („ამგვარ გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“) მოპაექრე დადუმდება და ჩვენს თვალწინაც ცხადად გამოისახება ლექსის მთავარი აზრი — ტანჯვის გარეშე ხელოვნებაში, მწერლობაში ღირებული ვერაფერი შეიქმნება.

ერთი წლის მერე (1910) იწერება ღრმად პატრიოტული სულისკვეთების ლექსი „გამოსალმება“.ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას მძლავრ ტრადიციებზე აღზრდილი ცხრამეტი წლის პოეტი ქართული ცნობიერებისთვის ახლობელ, განსულიერებულ სიმბოლოებს — პირიმზესა და მტკვარს — მიმართავს; მის ხმაში ნუგეში, თანაგრძნობის კილო იგრძნობა:
 
პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,
პირიმზე, ჩრდილი რაზედ გფენია?
მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ,
შენ მაინც რაზედ მოგიწყენია?

თავად ნიადაგ აწეწილ და აფორიაქებულ პოეტს ჩვევად აქვს სხვათა დამშვიდება, ხშირად თავსაც იმშვიდებს. „დამშვიდდი!“ — მისი საყვარელი მიმართვაა და მას მუდამ სასურველი ინტიმი ახლავს. დამწუხრებულ პირიმზესა და ნაღველმორეულ მტკვარსაც ამ სიტყვით აშოშმინებს. ამდენად, ბოლო, მესამე სტროფში ეს ხმა კიდევ უფრო გულშიჩამწვდომი, ალერსიანი ხდება; ქვეყნის იმედად მოვლინებული ჭაბუკის ბაგეთაგან ფიცივით, აღსარებასავით წმინდა სიყვარული იღვრება. სათავისოდ იგი არაფერს იტოვებს — ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გააჩნია, სამშობლოს საკურთხეველზე მიაქვს, მისი ნათქვამი უბრალო სიტყვები უმაღლეს პოეზიამდე მაღლდება:

დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება
 ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,
შემოგწირავდით ერთად ყველაფერს,
მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?

ორიოდე წლის მერე დაიწერა ბევრად უფრო ბობოქარი, შინაგანად შემძვრელი, ათასნაირი ეჭვებით დასერილი ლექსი „სად?“ არნახული ძალით გრძელდება ახალგაზრდა, გენიალური შემოქმედის სულის ფრიალი, ძრწოლა; მისი გაუნელებელი ზრუნვის, ფიქრის გულისგულში კვლავ მწარე ხვედრისაგან შეჭირვებული მამული, ნიადაგუფსკრულის თავზე დაკიდებული საქართველო ზის და თავის „წყევლაკრულვიან საკითხავზე“ პასუხის ამაოდ მომლოდინე პოეტი აკაკისებური მღელვარებითა და პირდაპირობით წარმოსთქვამს:

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
 
არ ვიცი, მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს,
ვწუხვარ. . . ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

ეს უპასუხოდ დარჩენილი, გზაჯვარედინზე შავად ასვეტილი კითხვები, მთელი სიცოცხლის განმავლობაში გულ-ღვიძლს უფლითავდა და ბოლოს, სვეგამწარებულმა, სამარეში ჩაიტანა.

2 * * *

▲back to top


* * *

ადრეც ვფიქრობდი, მერე და მერე კი უფრო დავრწმუნდი — აკაკი წერეთელთან ბევრი რამ ანათესავებს გალაკტიონ ტაბიძეს. ამ საერთო თვისებათაგან ერთი უშუალოდრითმასთან არის დაკავშირებული. ეს მოვლენა მოზრდილი გამოკვლევის თემად გამოდგებოდა, მაგრამ ამჯერად, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მხოლოდ ზოგიერთი მინიშნებითა და მაგალითთა შეზღუდული რაოდენობით შემოვიფარგლები.

აკაკი ხშირად რითმავს არათანაბარ სიტყვებს, მეტწილად, ორსა და სამმარცვლიანს, რაც სხვათა შემოქმედებაში ერთგვარ დეფექტად, ჩავარდნად აღიქმება, სტრიქონთა „დაკოჭლებას“ იწვევს (სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ წყვილს „არათანაბარმარცვლიან რითმას“ ეძახიან), მაგრამ მისი ლექსი ევფონიურად ისე მოწესრიგებული და ლაღია, რომ რითმათა ეს მარცვლებრივი უთანაბრობა ოდნავადაც არ შეიმჩნევა, ყურს ცუდად არ ხვდება. აღნიშნული თვისება აკაკის პოეზიას თავიდან ბოლომდე გასდევს.

არათანაბარ სიტყვათა გარითმვის შემთხვევები კიდევ უფრო ჭარბია გალაკტიონ ტაბიძის ლირიკაში (განსაკუთრებით ადრეულში, შემოქმედების ბოლო პერიოდში კი მათი რიცხვი მკვეთრად კლებულობს, ცხადი ხდება სრული ჰარმონიისკენ ლტოლვა) და უნდა ითქვას, მასთანაც, რამე ხარვეზი არსად იგრძნობა, ოდნავადაც არ იბორკება ლექსის ლაღი მდინარება, რასაც უთუოდ შინაგან სმენას უნდა ვუმადლოდეთ. უცნაურია, გალაკტიონს აკაკისგან თითქოს მემკვიდრეობით გადაეცა ეს უფაქიზესი მუსიკალობა, რასაც, პირობითად, „ჰარმონიის თანდაყოლილი გრძნობა“ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ამის მიღწევა არანაირი ვარჯიშით და მოწადინებით არ მოხერხდება.

ნათქვამირომ თვალსაჩინო,მკაფიოგახდეს, ორივე პოეტის შემოქმედებიდან ამოვიწერ საამისოდ შესაფერ მაგალითებს (განსაკუთრებული ძებნა არ დამჭირვებია), რაც საგანგებო მსჯელობას ამარიდებს:

აკაკი წერეთელი

ვითა ეთერი მზეთუნახავი
საყვარლის მლოდე თრთის და კანკალებს,
სახეს ვარდისფრად იღებავს ეშხით
და იელვარებს სურვილით თვალებს.

                                            („თორნიკე ერისთავი“)

დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.

                                                     („პატარა კახი")

დავკარგეთ გრძნობა, აღარ გვაქვს გონი,
გაგვიქრა სული მამა-პაპური!
ჯილდო შეგვექნა ჭკუის საწონი
და ძმობის ნაცვლად — შური და შური!

                                     („აღარ გვაქვს გრძნობა“)
 

ვინც თვის მამულზე მარად ჰფიქრობდა
და სამშობლოსთვის უძგერდა გული,
მისი სახელი უკუნისამდე იყოს
მაღალი და კურთხეული!

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდაიცვალა?!

                               („ქებათა-ქება“)

სხვაგვარი იყო ამისი ნატვრა და
სულ სხვა ფერი მისი ოცნება!..
ძვირფას საუნჯედ ემარხა გულში
ქრისტეს მოძღვრება და წმინდა მცნება.


გალაკტიონ ტაბიძე

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი — როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი — როგორც ედემი.

                                    („რაც უფრო შორს ხარ“)

რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე!
მზე სხივს აფრქვევდა, ათასფერად ღვიოდა ნამი.
შიგ იხატვოდა, როგორც ამაყ ზღვათა უფსკრულზე,
ზეცის მშვენება, ზეცის სხივი, ზეცის კამკამი.

                               („რა მშვენიერი იყო ნამი“)


დღეს ტყეა ჩემი თავშესაფარი,
ხვალ — უდაბნოელ დარაჯის კერა,
ზეგ ისევ ცის ქვეშ გავათევ ღამეს
და მუდამ მიხმობს ჩემი სიმღერა!

                                          („ტყის პირად)

იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად,
ჩვენი სიზმრების სიდიადეში,
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
                                    
                („აკაკის ლანდი)

მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,
მეფობს სიკვდილი — ჭკნობის მსურველი!
გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი.

&                                          („ატმის ყვავილები“)

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

                                   („თოვლი“)

მაგალითები, ორივე მხრიდან, განუზომლად მეტი შეიძლებოდა ამომეწერა, მაგრამ საერთო სურათი იგივე დარჩებოდა და, ამდენად, საილუსტრაციო მასალის გაზრდა ახალს არაფერს მოგვცემდა; არეალის გაფართოებას უფრო საგულდაგულო გამოკვლევის დროს ექნებოდა გამართლება.

მცირე ხნით კერძო შემთხვევას მივაპყრობ ყურადღებას. ხდება ხოლმე, როცა აკაკისეული სარითმო წყვილი გალაკტიონის პოეზიაში უცვლელად გადადის, მაგრამ ვინაიდან ფონი განსხვავებულია, შთაბეჭდილება, განწყობილება და ეფექტიც სხვადასხვაა. აკაკის აქვს ჭაბუკობისდროინდელი, ბევრით არაფრით გამორჩეული სატრფიალო ლექსი „ერთ ქალს“, რომელსაც ახლავს მინაწერი — „ვარდი რომ ერჭო თმაში ზედ პეპელათი“. ცხადია, იგი, მოიარებით, დაწერილია უცნობი ლამაზი ქალის სამკაულზე და, ამ მხრივ, ბარათაშვილის საყურეს მოგვაგონებს. მესამე სტროფში აკაკი ირიბად გამოხატავს თავის სასიყვარულო განცდას — აღწერს იმ ქალის მშვენიერებით აღტაცებულ თაყვანისმცემლებს, რომლებიც მის თმაზე დამაგრებული სამკაულის ბედს შენატრიან:

და მჭვრეტელნი, მაშინ ოდენ
დარდ-აშლილნი, ერთხმად ყველა,
გულდაწყვეტით იძახოდნენ:
„ნეტავი შენ, ოჰ, პეპელა!“

ლექსის მეოთხე, ფინალურ სტროფში პოეტი უკვე თავის თავს ადარებს ზამთრის სუსხისაგან დამზრალ, „უნუგეშოდ, ცოცხალ-მკვდარ“ პეპელას. დაახლოებით ამდაგვარი სარითმო წყვილი (წურბელა — ყველა) აკაკის თავის საქვეყნოდ ცნობილ „ციცინათელაშიც“ აქვს.

ზემოთ მოხმობილი სატრფიალო ლექსის წყვილეული (ყველა — პეპელა) გალაკტიონმა რამდენჯერმე გამოიყენა და მათ შორის უნდა დავასახელოთ მისი ერთ-ერთი უპირველესი შედევრი „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“:

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

„პატარა კახში“ ნახსენები „ხმა უცნაური“ მომაჯადოებელი საკრავის — სალამურის — ბგერებს რომ გვიხატავს, მართლაც რომ „ანდამატური ძალით“ გვიზიდავს — აკაკის სტრიქონები სალამურის ღუღუნივით შეუმჩნევლად დნება ჰაერში და სმენას გვიტკბობს. ეს ფასდაუდებელი მადლი გადაეცა თავისი დიდი წინამორბედისაგან გალაკტიონ ტაბიძეს და ამ ორთა პოეზიას ერთმანეთთან მრავალთაგან განსხვავებული უმაღლესი ჰარმონია აკავშირებს.

რითმაზე საუბრისას ყურად უნდა ვიღოთ გალაკტიონის ძალზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი (უხერხულია, არ ვენდოთ მისთანა სმენის პატრონს), რომელიც იმაზედაც დაგვაფიქრებს, რომ ქართული ლექსის ბუნების მხოლოდ სილაბურობაზე დაყვანა არაა გამართლებული: „ლექსის მუსიკალობა ურითმოდ — ძნელი წარმოსადგენია, რითმა, თავის მხრივ, უმახვილოდ არ არსებობს (მახვილი აქვს ყოველ ქართულ სიტყვას). მარის მოსაზრება, რომ ერთმარცვლოვან სიტყვებს მახვილი არა აქვს, არავითარ შემთხვევაში სწორი არ არის. ერთმარცვლოვანი სიტყვებიდან უკვე ლექსები იწერება. მაგ. ჩემი „ქარი ჰქრის“ (ვახტანგ ჯავახაძე, უცნობი, გვ. 470-471). გალაკტიონ ტაბიძეს აქ, ცხადია, თავისი ერთ-ერთი საამაყო წინაპარი დავით გურამიშვილიც შეეძლო დაემოწმებინა („მე გაჭმევდი, მე გასმევდი, მე გაცმევდი ტანთ, შენ დახარბდი მცირეს ძღვენთა სხვისგან მონატანთ“).

გამოჩენილი იტალიელი მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი ალბერტო სავინიო (ანდრეა დე კირიკო) ერთ თავის ესეიში წერს: „პოეტური ენა — მეტყველების სახეობათაგან ყველაზე შეკუმშული და ტევადია. ესაა ყველაზე შესაფერისი და ჟღერადი სიტყვების ნაკრები“.

პოეტური ქმნილების „ყველაზე ჟღერადი სიტყვები“ კი, კარგად მოგეხსენებათ, რითმებია; სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, რითმა წარმართავს და ლაღ სადინარს აძლევს პოეტურ მეტყველებას, ოსტატის ხელში უჩვეულოდ ამრავალფეროვნებს ლექსის მუსიკას, იგი უფაქიზესი მგრძნობელობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს იმდენად ბუნებრივად, სუნთქვასავით ჰქონდათ შეთვისებული აკაკი წერეთელსა და გალაკტიონ ტაბიძეს, სასურველი ჰარმონიის მისაღწევად საგანგებოდ თითქოს არც ზრუნავდნენ, რითმასთან ძალდაუტანებლად გადაწნული ღვთაებრივი მუსიკა (შესაფერი ფონიც თითქოს თავისთავად იქმნებოდა) თვით მათი სულიდან მოედინებოდა.

3 * * *

▲back to top


* * *

ნამდვილი შემოქმედი, პოეტი, იდეალის გარეშე წარმოუდგენელია და აკაკის ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი, ბევრჯერ იყო გახვეული ილუზიების საბურველში, მაგრამ მწარე სინანულსაც ხშირად გამოსთქვამდა („დიდხანს ვსძებნე იდეალი, მაგრამ ვერსად მინახა“). „სულიკოს“ დამწერსაც იდეალად უნაკლო მშვენიერების, განუმეორებელი სილამაზისა და წმინდა ზნეობის ქალი ესახებოდა, თითქოს იპოვა კიდეც, მაგრამ მის, წლობით ნალოლიავებ, სიყვარულს განხორციელება არ ეწერა.

უკიდურესად დრამატული ხასიათის ლექსში „გამოთხოვება“ (1883) პოეტი სინანულით ემშვიდობება სანუკვარ სატრფოს, რადგან ალერსის მონატრული იძულებულია დაეხსნას თავის მტანჯველ არსებას და ისღა დარჩენია:

რომ იქ შორს სადმე, ჩემდა ნებისად
წარმოგიდგინო სრულ იდეალად
და შენი ხსოვნა კუბოს კარამდე
თან ჩავიტანო სჯულად და ვალად.

მოულოდნელი სრულებითაც არ არის, რომ თვითიდეალის ცნებაშიც აკაკის ეროვნულობის ნიშანი შეაქვს და მის გარეშე საოცნებო ხატი არარად მიაჩნია. ხანდაზმულობის ჟამს დაწერილ ლექსში („ერისთავის ასულის საპასუხოდ“) სწორედ ეს აზრია შიშვლად, სამაგალითო პირდაპირობით გამოთქმული:

იქ, სადაც ქართველ ქალს ვერა ვხედავ,
არ მწამს მშვენება და იდეალი.

პოეტი საბოლოოდ მაინც ვერ თმობს ზემოთ ნახსენებ, ღვთაებად წარმოსახულ მუზას, ვინც მუდამ „უცნაურგრძნობით“ უყვარდა, ვინაც, სიამესთან ერთად, ამდენი ტანჯვა აგემა:

ოჰ, იდეალო! ციურო ძალო!
რად გამიფრინდი, სად მიმეფარე,
რომ სიჭაბუკის ტკბილ-ნეტარება
მოხუცობის დროს მინაღველ-მწარე!..
უსაშველოდ უჭირს, დაშორდეს ადამიანს, ვინც არაამქვეყნიურ მშვენიერებად იწამა და ოცნების საუფლოში დაიტოვა, სხვაგვარად არსებობა არ შეეძლო („...ჩემს გაუყრელ თანამავალად გამოვისახე მე იდეალი“). ამ ციკლის ლექსებიდან გზნებით, უჩვეულო აღტკინებით და ამასთანავე სასოწარკვეთითაც გამოირჩევა „გამოფხიზლება“, სადაც თავიდანვეა ნათქვამი (პოეტი ნანობს, ვინაიდან დემონს არ დაუჯერა, ვინც ურჩევდა, მიწიერ არსებას ნუ ენდობიო), რომ „ზეციური იდეალის“ „ქვეყნიურში“ გადმოტანამ არ გაამართლა და ეს მწარე იმედგაცრუება უკიდურესი სინანულითაა გამოხატული:
 
ცეცხლი სწვავს და კვამლი ჰბურავს
და ნათელს ჰფენს მხოლოდ ალი!
ქვეყნად ყველა ტყუილია!..
 ცაში არის იდეალი.

ვფიქრობთ, ზემოთ მოხმობილი სტრიქონებიდანაც ჩანს, თუ რაოდენ რთული, წინააღმდეგობრივი, მღელვარე დამოკიდებულება ჰქონდა აკაკის მასთან, ვინც ყველაზე სრულყოფილ ხატად, იდეალად ჰყავდა წარმოდგენილი.

ჰეგელი „ესთეტიკის“ პირველ ტომში არაერთგან მსჯელობს იდეალის რაობაზე და აღნიშნავს, რომ: „როცა იდეა არის ინდივიდუალური სინამდვილე ანუ სხვანაირად, სინამდვილის ინდივიდუალური ფორმირება და თუ იგი „მხატვრულად მშვენიერია“, ეს არის იდეალი.

დიდი ფილოსოფოსის ცნობილი ლექციის („მშვენიერების იდეა ხელოვნებაში ანუ იდეალი“) მესამე თავიდან მოგვიწევს რამდენიმე, ჩვენთვის საინტერესო ადგილის ამოწერა.

ჰეგელს მიაჩნია (ცხადია, ეს აზრი მანამდეც ბევრჯერ გამოთქმულა), რომ ადამიანის ორგანოებიდან სული თვალებში ვლინდება: „სული კონცენტრირდება თვალებში და არა მარტო ხედავს მათი მეშვეობით, არამედ თვითონაც იხილვება მასში“ (გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ესთეტიკა, ტომი პირველი, რუსულ ენაზე, მ., 1968, გვ. 162).

თავისი აზრი უფრო გასაგები რომ გახადოს, „ესთეტიკის“ ავტორი მითოლოგიურ ხატს მოიხმობს და მეტაფორის ენას იშველიებს: „.. .ხელოვნება თვითეულ თავის ქმნილებას აქცევს ასთავიან არგუსად, რათა ამ ქმნილების ყოველ წერტილში დაინახოს შინაგანი სული და სულიერება“ (გვ. 163). — „ესთეტიკის“ პირველ ტომში გაბნეულ მრავალ განმარტებათაგან ჩვენს თემას ყველაზე უფრო ეს ერთი ესადაგება: „იდეალი წარმოადგენს ერთეულებისა და შემთხვევითობათა სინამდვილისაგან შერჩეულ სინამდვილეს, ვინაიდან შინაგანი საწყისი ვლინდება ამ გარეგნულ არსებობაში, როგორც ცოცხალი ინდივიდუალობა“ (იქვე, გვ. 165). ამიტომაც ეძლევა იდეალს კონკრეტული სახე. — აკაკის შემოქმედებაში ერთ-ერთ ამგვარიდეალად უნდა ჩაითვალოს ცოტნე დადიანის მეუღლედ გამოყვანილი, მისი ისტორიული პოემის გმირი, ყოველმხრივ შემკული ნათელა; ასეთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, აგრეთვე, აკაკის სხვა გმირი ქალები, მისეული „წმინდა სამება“,თვითონ ძალზე ხშირად რომ ასახელებს, ერთ ლექსში დაუფარავად, პირდაპირ წერს: „თამარს, ქეთევანს და ნინოს თაყვანს ვსცემ, როგორც იდეალს“.

შემოქმედ ადამიანს უნდა ახსოვდეს ჰეგელის ეს აზრიც: „ხელოვნებაში, მის უმაღლეს საფეხურზე, თავისი გარეგანი გამოხატულება უნდა ჰპოვოს სულის შინაარსმა“ (გვ. 181). ჰეგელს ახსნილი აქვს იმის მიზეზებიც, თუ რატომ ხდება, რომ „...ხელოვნების იდეალური სახეები გადააქვთ მითოლოგიურ საუკუნეებში და საერთოდ უფრო შორეულ წარსულში, რაც მათი სინამდვილისთვის საუკეთესო ნიადაგს ქმნის“ (გვ. 198). აქ ხელოვანს, პოეტს, მის ფანტაზიას მეტი სივრცე და თავისუფლება ეძლევა — „წარსული მოგონებათა კუთვნილებაა, ხოლო მოგონებას შეუძლია ხასიათები, მოვლენები და მოქმედებები საყოველთაობის საბურველში მოაქციოს, რომელშიც აღარ ჩანს განკერძოებული, გარეგნული და ცალკეული შემთხვევითი ხაზები“ (გვ. 198-199). " ერთგან ჰეგელი იმოწმებს შილერის ლექსს „იდეალი და ცხოვრება“, რომელშიც იგი ლაპარაკობს „მდუმარე აჩრდილთა სამეფოს სილამაზეზე“, მასთან პირისპირებს ტანჯვა-წამებითა და ბრძოლებით აღსავსე სინამდვილეს. ჰეგელი იქვე აცხადებს: „იდეალი ასეთი აჩრდილების სამეფოა“. სწორედ ეს იყო მიზეზი, აკაკი წერეთელმა ცოცხალ თანამედროვეთა შორის იდეალი რომ ვერ იპოვა, რასაც მწვავედ, ტრაგიკულად განიცდიდა.

ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ უყურებს იდეალს მეოცე საუკუნის გამოჩენილი ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი. სიყვარულზე დაწერილ ერთ-ერთ მშვენიერ ეტიუდში იგი ქარაგმულად, მაგრამ სავსებით მისახვედრად ამბობს: „ჩვენ ყველანი, ასე თუ ისე, ცხოვრების ტყეში იდეალებს დავეძებთ“ (ხოსე ორტეგა ი გასეტი, ეტიუდები სიყვარულზე, რუსულ ენაზე, სანკტპეტერბურგი,2003, გვ. 191). იქვე აღნიშნულია, რომ იდეალს ძველთაგანვე სამიზნეს ადარებენ და ამ შედარების სათავე არისტოტელეა.

ასევე მნიშვნელოვანია ამავე ეტიუდში გამოთქმული განმაზოგადებელი და ამდენადვე სარწმუნო აზრი:

„ისტორია მთელ თავის თვალუწვდენელ სივრცეზე, კაცთა მოდგმის სვლაა იდეალიდან იდეალამდე და გვარწმუნებს, რომ ყველა ისინი თანაბრად მიმზიდველები იყვნენ და წადილს არ კლავდნენ“ (იქვე, გვ. 192). აქ ალბათ იმაზე უნდა იყოს მინიშნება, რომ ამ ძებნას და მიგნებას ყოველთვის ახლავს უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.

იმის წარმოსადგენად, თუ რაოდენ განმსაზღვრელია იდეალის მაგნიტური ძალა და მნიშვნელობა, ამავე წიგნში ორტეგა ი გასეტი წერს: „. . .ყოველი ცალკეული ადამიანის ცხოვრება ვერ განხორციელდება იდეალის გარეშე. . .იდეალი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“ (გვ. 2003).

ზედმეტია მტკიცება იმისა, რომ ყოველი არსება, ვისზედაც ლექსი იწერება, პოეტის წარმოსახვაში არსებულ იდეალს უნდა შეესაბამებოდეს. უთუოდ ამას გულისხმობს ესპანელი ფილოსოფოსი, როდესაც ამბობს: „ქალი იმდენად არის ქალი, რამდენადაც იგი იდეალური და მომხიბლავია“ (გვ. 207),

ეს მცირე წიაღსვლები იმისთვისაც გახდა საჭირო, კიდევ ერთ ხაზს დავკვირვებოდით, აკაკისა და გალაკტიონის მსოფლხედვის სიახლოვეზე რომ მეტყველებს, რაც სილამაზის ჯანსაღ, კლასიკურ გაგებას ემყარება. ამაზე საფუძვლიანი მსჯელობა შეიძლებოდა, მაგრამ, გარემოებათა გამო, ამჯერად მცირედით შემოვიფარგლები.

 გალაკტიონ ტაბიძე, ადრეული სიყმაწვილიდანვე მშვენიერების გამაღმერთებელი, ცხადია, იდეალის გარეშე ვერ იარსებებდა და ამ ლტოლვამ მისი ლექსების პირველ წიგნშიც იჩინა თავი. ლექსს, რომელშიც აშკარად გამოსჭვივის იმედგაცრუება, „იდეალი“ ჰქვია;

პოეტი გულმოკლული მიმართავს წარმოსახვაში არსებულ ქალს, რომ მის კვალს ვერა და ვერ მიაგნო, ყოველი ცდა ამაო გამოდგა:

სად არ ვიყავ, სად არ გძებნე, ვის არ ვკითხე, ვის არ ვთხოვე,
გავცილდი ხალხს, მოფუსფუსეს, შევიყვარე სიმარტოვე,
რომ ოცნების სამეფოში ერთხელ მაინც დამენახე,
მაგრამ შენი შორი სახე ვერსად ვნახე, ვერსად ვნახე.

სრულიად აშკარაა, ეს სტრიქონები უშუალოდ ეხმიანება აკაკის ლექსებს, მათ შორის ერთ უსათაუროს: „დიდხანს ვსძებნე იდეალი, მაგრამ არსად მოინახა!“, აგრეთვე, შედარებით გვიანდელ „გამოფხიზლებასაც“, რომელიც უკვე დავიმოწმე. იქ უყოყმანოდ და ერთგვარი ხელჩაქნევითაც, აკაკისებური პირდაპირობით არის ნათქვამი: „ქვეყნად ყველა ტყუილია, ცაში არის იდეალი!“ - გალაკტიონ ტაბიძეს, ცხადია, ახსოვდა, რომ ფრანგული სიმბოლიზმის მამამთავრის, შარლ ბოდლერის წიგნში „ბოროტების ყვავილები“ ყველაზე დიდ ციკლს სათაურად აქვს „სპლინი და იდეალი“. მეთვრამეტე სონეტს „იდეალი“ უწოდა ავტორმა, მაგრამ ბოდლერის ესთეტიკა იდეალის, ამქვეყნიური მშვენიერების კლასიკური გაგებისაგან ძალზე შორს იყო. ამ სონეტიდანაც ჩანს, რომ მან იდეალად შეარჩია აბსოლუტური ბოროტების განსახიერება ლედი მაკბეტი. გალაკტიონმა ბევრი რამ შეითვისა სიმბოლიზმის პოეტიკიდან

— ლექსის მუსიკაზე გადამეტებული ზრუნვა,მინიშნებათა ხელოვნება; მას დიდად ხიბლავდა საკუთრივ ბოდლერის პოეზიაში ფორმის სინატიფე, მაგრამ მისი ფრანგი მასწავლებლისგან განსხვავებით, სიმახინჯის კულტი არასოდეს უღიარებია, მისი მიმზიდველად, ესთეტიზირებულად წარმოსახვის არავითარი სურვილი არ გასჩენია.

4 * * *

▲back to top


* * *

ერთი მცირე პარალელის გამო (შეიძლება ვინმეს ეს მთავარი ხაზიდან გადახვევად მოეჩვენოს) სურვილი მიჩნდება შევეხოგალაკტიონ ტაბიძის წიგნში შეტანილ მისტიკური განწყობილების ლექსს „ხელოვნებას“, სადაც ეჭვებით შეპყრობილი პოეტი ხელოვნების არსის ამოცნობას ლამობს. ამ ნაღვლიან ლექსს, სახეობრივად, ბევრი აქვს საერთო სიმბოლისტურ პოეტიკასა და მსოფლშეგრძნებასთან, მაგრამ იგი მაინცაკაკისეულ სისადავესა და სინათლეს ასხივებს. აქ მის გარჩევას არ შევუდგები. ყურადღებას იპყრობს პირველივე სტრიქონების დაძაბული ინტონაცია, რაც, კარგა ხნის

მერე, ბიძგი გახდა, ლადო ასათიანს თავისი ერთ-ერთი უძლიერესი ლექსი — „სასაფლაო“ — დაეწერა. ეს, რამდენადმე, იმანაც განსაზღვრა, რომ, თავისი შინაგანი ბუნებით, სამყაროს ჭვრეტით, ლადო ასათიანი აკაკის წყობის პოეტია, მისთვის ახლობელია „ამირანისა“ და „განთიადის“ ავტორის მთრთოლვარე ნერვი, „ნათელაში“ გამოვლენილი ეპიკური ნიჭი.
ნათქვამი რომ უფრო გასაგები და ცხადი გახდეს, თავდაპირველად აჯობებს გალაკტიონის ლექსის წინა ორი სტრიქონი გავიხსენოთ:
 
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?

შთაბეჭდილება იქმნება – ეს მღელვარე ამოძახილი მომავლისკენგატყორცნილი ყლორტია, რომელიც ლადოასათიანის ანთებულ წარმოსახვაში თავისებურად გაიშალა და სულ სხვა იერი შეიძინა. „სასაფლაო“ მან თავის ერთადერთ ქალიშვილს, იმჟამად ჩვილ, ჯერ კიდევ აკვანში მოჟღურტულე მანანას მიუძღვნა და შეეცადა იქ პირქუში, სევდისმომგვრელი სურათები ნაკლებად ყოფილიყო; მეტიც, ეს ლექსი სრულიად საპირისპიროა გალაკტიონის, ყოველგვარი ნუგეშისგან დაცლილი, „ხელოვნებისა“, თუმცა საზომი, ტონალობა, გარითმვის ხერხი (აა) და დასაწყისი სრულიად იდენტურია:
 
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული...

კონტრასტი თავიდანვე ცხადად, დაუფარავადაა წარმოჩენილი — საფლავებს შორის თავბრუდამხვევად დაქანებული, მოჩქრიალე ღელე თვით სიცოცხლის სიმბოლოა და იგი ჯიქურ უტევს სამუდამო განსასვენებლის უძრაობასა და მდუმარებას. გალაკტიონისეული ფრაზა („ვის უნახავს“) ლადო ასათიანის ლექსშიძალზე მოხდენილად და ზღვრამდე მიყვანილი სიხშირითაა დატრიალებული. დავაკვირდეთ, რა ოსტატურადაა გადატანილი ნაკადულის თვალისმომჭრელი სიმარდე ლექსში, რა ძლიერია ტემპი, რიტმი, პოეტის გახშირებულ სუნთქვას, აჩქარებულ გულისცემას ასე რომ ეხამება:

როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?

აქვეა ნაკადულის ნაპირებზე ჩარიგებული ყვავილები და ამ ყვავილებზე დასაფრენად გამზადებული პეპლები, რაც იქაურობას სამოთხის იერით მოსავს. ზედიზედ, სხვადასხვანაირად, დასმულ შეკითხვას („ვის უნახავს?“) პასუხი იქვე მოსდევს — „მე მინახავს, მე მიცვნია“, „მე მინახავს, ვით სიცოცხლეს“ და ეს გალაკტიონთან შეხმიანებას გავს. ლექსში უფალი, იესო რამდენჯერმე ტყუილად როდია ნახსენები. მდუმარე, ნაკადულით შუაზე გაყოფილ სასაფლაოს ლადო ასათიანმა სიცოცხლის უმშვენიერესი ჰიმნი უმღერა და მაცხოვარის, ქრისტეს მხარდამხარ, პოეტიც გახდა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“.

აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე მწერალმა და დიდმა საზოგადო მოღვაწემ ვახტანგ ჭელიძემ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ესეი — „ჩვენი ძვირფასი ლადო“ — უდროოდ გარდაცვლილი სიყრმის მეგობრის წმინდა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწერა. ბატონ ვახტანგს მოტანილი აქვს ერთი ნაწყვეტი აკაკი გაწერელიასადმი ლადო ასათიანის აბასთუმნიდან გამოგზავნილი ბარათისა, სადაც ვკითხულობთ: „აქაური სასაფლაო ვნახე. უცნაურია: მთაში რამდენიმე საფლავია...საფლავებს შორის მოჰქრის ნაკადული, ..როგორც სიცოცხლე“. ეჭვი არ არის, რომ მისი უსაყვარლესი გალაკტიონის ლექსის სტრიქონების გარდა, „სასაფლაოს“ დაწერა მძიმედ დასნეულებულ ლადო ასათიანს იმ ზღაპრულად ლამაზი ადგილის მონახულებამაც შთააგონა და შეაძლებინა.
გალაკტიონის „ხელოვნება“ თავიდან ბოლომდე თალხი ფერებითაა ნაქსოვი, „შავი წიგნი“ შავადვე ჩამოქუფრული რჩება, შეუცნობელის ლაბირინთში გვტოვებს და ამას დაუფარავი სიმძაფრით გვამცნობს ფინალური სტრიქონები:
 
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

აკაკის მსგავსად, სასაფლაოს, საფლავის თემა გალაკტიონის პოეზიაშიაც ძალზე ხშირად ფიგურირებს. მისი პოპულარული, საკმაოდ დიდი და სიუჟეტიანი, პოემას მიახლოებული ლექსი „მესაფლავე“, მართალია, სენტიმენტალურ-მელოდრამატული იერისაა, დღესდღეობით ზოგიერთი ადგილი (უფრო ფორმის გამო) შეიძლება ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ მესაფლავის დამაბოლოვებელი. სტრიქონები შემპარავად, უცნაური ძალით გამოხატავს ადამიანთა ყოფის ტრაგედიას და ჭეშმარიტად შექსპირულ სიმაღლეს აღწევს; ჩვენს გონებაში წამიერად გაიელვებს „ჰამლეტის“ ერთ-ერთი უძლიერესი, სასაფლაოს სცენა, სადაც პირველი, ენამოსწრებული მესაფლავის გამჭრიახობით გაოცებული, ძვლებატკივებული დანიის პრინცი (მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ოფელიას ახალგაჭრილ სამარესთან დგას, მეფის მასხარის, „საბრალო იორიკის“ თავის ქალის დამყურე, უღრმეს მედიტაციებს წარმოთქვამს. გალაკტიონის „მესაფლავე“ სიკვდილის იავნანასავით თავდება:

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

სასაფლაოს, სიკვდილის თემას, თავისი განწირული მდგომარეობის გამო, ხშირად უტრიალებდა „უშრეტი ცეცხლით დაბუგული“, „ადრე წასულ კაცის ფიქრებიც“.ლადო ასათიანის დანატოვარს გულგრილად ვერასოდეს აიღებს ხელში ქართველი ადამიანი. შეჩვეული ვართ, ბუნებრივია — ყოველი ჭეშმარიტი პოეტის შემოქმედებაში ეს მარადიული მოტივი თავისებურად, განსხვავებული თვალთახედვით არის ხორცშესხმული.

5 * * *

▲back to top


* * *

დიდი შემოქმედის ქმნილებას საგანგებოდ როცა ვაკვირდებით, ყველაფერი, თვითეული წვრილმანი საყურადღებოა, რაიმე კუთხით მაინც ავტორის შინაგან ბუნებაზე მიგვანიშნებს, მთავარის, არსებითის მიგნებაში გვეხმარება. გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ ერთგვარი ფოკუსია და მასში ბევრი რამ იყრის თავს. მის წინა, შესამზადებელ საფეხურად შეიძლება მივიჩნიოთ „მე და ღამე“. ამ ლექსიდანაც არის იგი ამოზრდილი. თვალშისაცემია სურათთა და განწყობილებათა მსგავსება. ამას გვათქმევინებს „მთვარით ნაფენი ვერცხლის საბანი“, „საიდუმლო შუქით შესუდრული არე“ და ღამის იდუმალება, მრავალსახოვნება, რაც, ძირითადად, სიმბოლიზმის პოეტიკიდან იღებს სათავეს. რა თქმა უნდა, „მთაწმინდის მთვარე“ ტექნიკურად, მხატვრული ხორცშესხმით ბევრად სრულყოფილია, თუმცა მასში ჯერ კიდევ არ არის ისე მკაფიოდ გამოვლენილი ფერისცვალებისთვის დამახასიათებელი ახალი პოეტიკა და, ამდენად, გალაკტიონის პირველი წიგნის არეალში რჩება.

ლექსის პირველივე სტრიქონი („ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!“) უსაზღვრო აღტაცების გამომხატველი შეძახილივითაა და იგი თანდათან ლაიტმოტივად, ღერძად იქცევა. ექვსიოდე სტრიქონის შემდეგ, რამდენადმე სახეცვლილი, მეორდება — წინ, სადაც იყო „ჯერ“, უშუალოდ აღფრთოვანების გამომხატველი შორისდებული („ოჰ“) ჩნდება, ხოლო მთვარის ეპითეტს („წყნარი“) მისივე მსგავსი, თითქმის სინონიმური „ნაზი“ ენაცვლება, თვით „მთვარე“ კი განაპირას, სარითმო სიტყვადაა გადაადგილებული. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ლექსს ხურავს, კომპოზიციურად კრავს რეფრენად ქცეული, უცვლელად განმეორებული პირველი სტრიქონი და მას, წინასთან შეწყვილებულს, აშკარად განსხვავებული, გამიზნულად ტონდაწეული ჟღერადობა აქვს, რისი თქმაც მოგვიანებით მომიწევს.

არაამქვეყნიური მშვენიერების დამხატველი ჰაეროვანი სტრიქონი — „მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი“ — ფაქიზი მინიშნებაა ბარათაშვილის ლირიკის ადრეულ შედევრზე — „შემოღამება მთაწმინდაზედ“, რომლის ცენტრალური სახე „მხურვალე ლოცვით მიქანცებულ“, „ჯერეთ უმანკო სულს“ მიმსგავსებული, „ნაზად მოარე“, „დისკო-გადახრით შუქმიბინდული“ მთვარეა. გალაკტიონის ლექსში სწორედ მთვარედ განსხეულებული ეს „ჯერეთ უმანკო“ სულია გადმოტანილი და სიმბოლოდ მოაზრებული. სათაურიც ამან განაპირობა. გარდა ამისა,ლექსში პირდაპირაა ნათქვამი: „ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული“. ღამეს აქვს თავისი მომაჯადოებელი მუსიკა, რასაც იჭერს პოეტის ზემგრძნობიარე სმენა და უმალ გამოისახება ვიზუალურად წარმოსადგენი იშვიათი ხატი — „შეღამების ქნარი“,რაც საუცხოო, ბუნებრივ ფონს უქმნის უკვდავთა საუფლოს თავზე შემაღლებულ, პირველქმნილი უბიწოებითგარემოსილ მთვარეს.

„მთაწმინდის მთვარეს“ აკაკის პოეზიის გვირგვინის — „განთიადის“ — ათინათიც ადგას. ამის ნათელსაყოფად ორიოდე სტრიქონის გახსენებაც კმარა: „დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა“.მთაწმინდა სწორედ მტკვარს დაჰყურებს და მთვარის ნათელში ამოვლებული ეს ადგილი,რომელსაც მატერიალური სიმძიმე დაკარგული აქვს, გალაკტიონის ლექსში „მსუბუქ სიზმარივით“, მირაჟად, ეფემერულ ხილვად არის წარმოდგენილი: „მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე“.

ამის მერე, მართალია, აკაკი კონკრეტულად არა ჰყავს გალაკტიონს დასახელებული, თუმცა სრულიად უეჭველია, სწორედ ახალგარდაცვლილ საფიცარ წინამორბედს რომ გულისხმობს: „აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“. იმავე ხანებში მცირეოდნად დაშიფრულ „მოხუცის ლანდს“ შეენაცვლა უშუალოდ „აკაკის ლანდი“ — დაიწერა ამ სათაურის ძალზე მნიშვნელოვანი ლექსი, რამაც მას გზა გაუხსნა, შეექმნა თავისი მთავარი, ეპოქალური წიგნი „არტისტული ყვავილები“ — გალაკტიონის პოეტური ოსტატობის ძირეულად გარდასახვის ბედნიერი მაცნე.

„მთაწმინდის მთვარის“ შუაგულში მოქცეულია პოეტის იპოსტასად მიჩნეული მომაკვდავი გედის სახე, რასაც გალაკტიონის ლირიკაში ისევ და ისევ აკაკიმ გაუკვალა გზა (ამ კავშირზე თავის წერილში — „მარად და მარად“ — მითითებული აქვს თეიმურაზდოიაშვილს), რის დასტურადაც თვით გალაკტიონის სტრიქონებიც გამოდგება: „და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა“.

ეს მოტივი შემდგომ თანდათან ძლიერდება, მაგრამ მანამდე ჩვენს მიერ ნაგულისხმევი აკაკის საპროგრამო ლექსი „გედი“ უნდა გავიხსენოთ. აკაკის „გედს“ ყველაზე ადრე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გრიგოლ რობაქიძემ თავის ნატიფ ესეიში „აკაკის ქნარი“; აღნიშნა მისი სიმბოლური ხასიათი,ორპლანიანობა,რადგან ამ უცნაური ფრთოსნის სიკვდილისწინა გალობა ლექსში წარმოდგენილია,როგორც „ორ-აზროვანი,ორ-კილო, ერთის ხმითგამომეტყველი“. „გედი“ გრიგოლ რობაქიძეს, სრულიად სამართლიანად, აკაკის ლირიკის, მისი პოეზიის გასაღებად მიაჩნდა.
არაერთი დიდი პოეტის მსგავსად, აკაკის ჰქონდა უნარი, ძველი, მრავალგზის გამოყენებული ხატისთვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა, სული ჩაედგა და ახლებურად გაენათებინა. ასე გააცოცხლა და აამეტყველა მან ზემოთ ნახსენები, პოეზიის, პოეტის სიმბოლოდ ცნობილი გედი, რომლის საკვირველი თვისებაც (სიკვდილის წინ ყივილი) მარჯვედ მოარგო თავის ბუნებას — ლექსში აზრის ორლესულად, ორმაგი მნიშვნელობით გამოთქმას, რაც, მეტწილად, მისი უსაყვარლესი კონტრასტის ხერხზე იყო დამყარებული. გედის „უცნაურ, პირველ და უკანასკნელ გალობასაც“ აკაკი „ორ-კილოს“ უწოდებს და ავტოპორტრეტის უმთავრეს ნიშნად წარმოგვიდგენს. გედი პოეტს ორი სამყაროს — ხილულის და მიღმას — საზღვარზე მყოფად ესახება და საკვირველი ფრინველის გაბმულ ყივილში სწორედ ამას ხედავს:
 
აქ იხატება ცის სივრცე,
აქვე ისახვის ქვესკნელი.

ამის წამკითხველს უნებურად გაგახსენდება ხიმენესის ლამაზი გამონათქვამი: „გედი დადუმებული ბულბულის თეთრი გამოძახილია“.თუ რამდენად ზუსტი და ღრმაა აკაკის სტრიქონებში დატანებული აზრი,ძნელი წარმოსადგენი არგახლავთ — თავად წყლის კრიალა ზედაპირზე ნელა მოცურავე გედი, ერთი მხრივ ცისკენ რომ არის ყელაზიდული, იმავდროულად, ტბის კამკამა სარკეში თავდაღმა ჩაკიდებული, ქვესკნელში ირეკლება და თავის ხმას ორივე სამყაროს აწვდენს. ეს მოხდენილი „სარკისებური სიმეტრია“ უძრავი, გაყინული როდია. როგორც ზემოთ აღინიშნა, „მთაწმინდის მთვარეში“ სწორედ აკაკის გედზეა გამჭვირვალე მინიშნება: „და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად“ ლექსის ბოლოს დაუოკებელი სურვილი („მოვკვდე“) აღსრულებულად მოჩანს: „. . .მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები“ როგორც გვახსოვს, ეს აზრი,აკაკის უშუალოდ ხსენების გარეშე, ადრევე იყო შემზადებული („...მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“). აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ „გედის“ ფინალური სტრიქონები, სადაც ექსტაზით ატაცებული პოეტი ლამაზ აღსასრულს ელტვის: მოთ

გედო! შევნატრი შენს ჭიკჭიკს,
ენგვარ სიკვდილსა მეც ვსური
!..

სრულიად აშკარაა, ამ ნატვრას ბუნებრივად ებმის და თავისებურ იერს ანიჭებს გალაკტიონის ასეთივე წრეგადასული ლტოლვა სიმღერებში გადნობის, გაუჩინარებისა. მომაკვდავი გედის მოტივი გალაკტიონ ტაბიძეს ასევე ოსტატურად აქვს გამოყენებული საფრანგეთის წამებულ დედოფალზე მარია ანტუანეტაზე დაწერილ უმშვენიერეს ლექსში „მოვა...მაგრამ როდის?“ იგი „მთაწმინდის მთვარის“ საზომითვეა დაწერილი, ოღონდ თოთხმეტმარცვლიანი სტრიქონი რვა და ექვს მარცვლებადაა დატეხილი, რითაც შეცვლილია გრაფიკული გამოსახულება. თვით გედის ხვედრი კი, ამჯერად უმოწყალოდ თავმოკვეთილ დედოფალთან გაიგივებული, უფრო ცხადადაა გამოხატული: სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის. ვისაც გაგება შეუძლია, იცის, ეს სიმღერა რის ფასადაც ჯდება. „მთაწმინდის მთვარეშიც“ გამაოგნებელი სითამამით არის ნათქვამი: „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა“. ტრაგიკული ბედითა და სინატიფით გამორჩეული მარია ანტუანეტას ბოლო გზაც გაზაფხულის უნაზესი ყვავილებითაა მოფენილი და დედოფლის თავს დატეხილი საშინელება (ეს ლექსი ერთ ადრინდელ წერილში საგანგებოდ განვიხილე) პოეზიის თვალისმომჭრელი ნათელით იჩქმალება, ქარწყლდება, სიზმარეულ საბურველში ეხვევა:

თოვლის ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

გალაკტიონ ტაბძიეს სიკვდილის ასეთი ლაღი, უმტკივნეულო, უდრდტვინველი განცდა რუსთაველისა და აკაკისგან თითქოს მემკვიდრეობით გადაეცა. თვით აკაკის, რუსთაველის კვალდაკვალ, სიცოცხლე და სიკვდილი ბუნების დიადი ციკლის გადაჯაჭვულ მთლიანობად ჰქონდა წარმოდგენილი; ასე რომ არ ყოფილიყო, ვერ ეტყოდა უზენაეს ძალას: „მეაკვან-მესამარეო“.

„მთაწმინდის მთვარეში“ მომჭირნედ, ოსტატურად არის გამოყენებული აკაკის პოეტური აზროვნებისთვის ეგზომ ნიშანდობლივი კონტრასტის ხერხი. ლიტერატურაში უამრავი შემთხვევაა იმისა, როცა ბუნება სავსებით გულგრილია ადამიანთა ტრაგედიის მიმართ. აქაც ძალზე შთამბეჭდავია ის ადგილი, სადაც „ვარდით და გვირილით“ დაფარულ „მწუხარე სასაფლაოს...ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული“. საერთოდაც, ციური მნათობები, მხატვრობასა და პოეზიაში, ხშირად ანგელოზებად, ხალისით სავსე არსებებად არიან წარმოდგენილნი. ერთგან, როცა აკაკი თავის საფლავად შეგულებულ ბაღს აღწერს (იქ მის გარდა არავინ არ უნდა დაიმარხოს), ოცნებობს, რომ მის სამუდამო განსასვენებელს, მზესთან და მთვარესთან ერთად, სხივებს აფრქვევდეს „ვარსკვლავები ჭიკჭიკა“. ძალზე თამამი და ლამაზი სახეა; ჩვენ თითქოს კოსმიური სივრციდან მომაჯადოებელი ბგერები, „სფეროების მუსიკა“ გვესმის. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ სამყაროს შემოქმედისა და მთელი ბუნებისადმი აღვლენილი აკაკის უკვდავი ჰიმნი „ქებათაქება“, სადაც „ტკბილ სევდით“ დაბანგული, გასხივოსნებული მთვარის გახალისებას ციური სხეულები ლამობენ: „მოკაშკაშენი, მოთამაშენი, ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა“.

„ოლეზე“ უფრო ტრაგიკული, მარტოობის სევდითგასენილი ლექსი ქართულ პოეზიაში ძნელად თუ მოიძებნება და იქაც, „ოხერი და ნაოხარი მარტოხის“ სანუგეშებლად ისევ ვარსკვლავებია მოხმობილი. სასიამოვნო დამთხვევად უნდა მივიჩნიოთ (ეს ქვეცნობიერად მოხდა), რომ გიორგი ლეონიძემ თავის შედევრს „მთაწმინდის მთვარის“ ტონალობა შეუფარდა:

დაგესივნენ ვარსკვლავები,
დაირით და დოლით,
გაკვრევინეს სალამური,
გათამაშეს გოლი...

ხდება ხოლმე, როცა ესა თუ ის მხატვრული ქმნილება, გარემოებათა გამო, ახალ ძალას, ელვარებას იძენს. ასეთად გვევლინება დღევანდელ დღეს „ოლე“; „ლიახვის კლდეზე...ძველი მოსასხამით“ წამომართული, „მარტოობის შხამით შიგნიდანვე გამომწვარი მარტოხე“, მას შემდეგ, რაც ჩვენმა პირსისხლიანმა, ყოვლად უნამუსო, დაუნდობელმა მტერმა ლიახვის ულამაზესი ხეობა, 2008 წლის აგვისტოში, ჯოჯოხეთს დაამსგავსა და შიდა ქართლის ამდენი სოფელი ერთიანად ამოძირკვა, დამპყრობლური სამხედრო ბაზების გასამართავად მოაშანდაკეს, საქართველოს მწუხარებისა და გაუტეხლობის მარად სახსოვარ სიმბოლოდ იქცა.

კვლავ მინდა მივუბრუნდე „მთაწმინდის მთვარეს“, რომლის კომპოზიცია, არქიტექტონიკა უზუსტესად არის გათვლილი და უზადო სტრიქონებად ჩამოქნილი. შეუმცდარი ალღოც თავისას აკეთებს. დაახლოებით მეორე ნახევრიდან, გალაკტიონ ტაბიძე რიტმის უჩვეულოდ, არნახულად გამძაფრებულ გრძნობას ავლენს. თანმიმდევრობით, პოეტურ ფრაზასოთხჯერ იწყებს დინამიურობის გამაძლიერებელი კავშირი „თუ“ („თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა“, „თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები“, „თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს“, „თუ როგორ ვგრძნობ“). ამის მერერიტმი კიდევ უფრო ძლიერდება, რაც მოსდევს ადრევე მოხმობილ სტრიქონს: „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერგზის გარდა“.აქ თავის ძალაში დარწმუნებული პოეტი საამაყო წინაპართა აჩრდილებს მიმართავს, რომ უკვდავების გზაზე იგი მათი თანამგზავრი იქნება. სტრიქონთა თავში ზედიზედ ხუთჯერ დასმული „რომ“ ქმნის ჭეშმარიტ აპოთეოზს; ამ დროს სუნთქვა ლამის გებორკება, მაგრამ მოზღვავებულ, წამლეკავ ტემპერამენტს მოსდევს მცირედი დაყოვნება და ლექსს აბოლოებს, სალტესავით კრავს ადრევე ხაზგასმული, უკვე სხვაგვარად მჟღერი პირველი სტრიქონი (ბედნიერი შემთხვევის წყალობით, არსებობს „მთაწმინდის მთვარის“ ჩანაწერი, რომელიც გვაგრძნობინებს, რა შეუდარებელი არტისტიზმით წარმოთქვამს გალაკტიონი იმ ბოლო სტრიქონს) და ეფექტი მართლაც განსაცვიფრებელია:

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
 რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი,
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ამავე, 1915 წელს განეკუთვნება „აკაკის ლანდი“, სადაც აშკარად გამოჩნდა ფერისცვალების ნიშნები და მრავლისმეტყველია, რომ პოეზიის ახალ, ასათვისებელ სივრცეებში მას „დაღლილი სანთლებით“ შეუძღვა ძვირფასი პოეტის „მწუხარე ლანდი...მაღალი ლანდი“. თვალს ადევნებს და მიჰყვება მის კვალს, ვინაც
 
მშობლიური მთა-ბარი „საიდუმლო შუქით შემოსა“. ლექსის ბოლოს იგი თავის თავსაც ლოცავს, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის საყვარელ, სამეულთა ხერხს იყენებს და მონუსხული იმეორებს:

კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება.

აქ არაფერს ვიტყვი „ლურჯა ცხენებზე“, რომელშიც ყველაზე მეტად გათვალსაჩინოვდა სიმბოლიზმის პოეტიკა, მხატვრული ხედვა და „არტისტული ყვავილების“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლექსად იქცა.

დიდი შვეიცარიელი ხელოვნებათმცოდნე ჰაინრიხ ველფლინი სამართლიანად ამბობს, რეფორმას ერთი კაცის სურვილი და მონდომება არ ყოფნისო. ეს ურყევი ჭეშმარიტება გახლავთ და ძირფესვიანი, მასშტაბური გარდაქმნები შეუძლებელია, რაგინდ გენიალურიც უნდა იყოს, რომელიმე შემოქმედის ერთპიროვნული მოწადინების ნაყოფად გამოვაცხადოთ. არ უნდა იყოს მთლად გამართლებული, როცა ზოგიერთები მეოცე საუკუნის ათიან-ოციან წლებში ქართული ლექსის თვისობრივ გადახალისებას, ფერისცვალობას მთლიანად გალაკტიონ ტაბიძის დამსახურებად თვლიან,თუმცა მისი როლი ამ გადამწყვეტ პროცესში სრულიად განსაკუთრებულია; მან სხვებზე განუზომლად მეტი გააკეთა, რათა უღიმღამო, ეპიგონური, ინერციას მინდობილი, ტექნიკურად გაუმართავი და ფორმის მხრივ გაღარიბებული ქართული ლექსი განახლებულიყო, ახალი ეპოქის შესაფერისი იერი შეეძინა, მცირე დროში მისი თანამედროვე რუსული და ევროპული პოეზიისთვის გაესწორებინა მზერა.

უთუოდ ზოგად ტენდენციას ასახავდა ხიმენესი, როცა წერდა, რომ უკვე მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზეიგრძნობოდა „საყოველთაო გარდაქმნათა წყურვილი და მოდერნიზმი, როგორც მიმართულება, რელიგიით დაწყებული და ესთეტიკით დამთავრებული, თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა (იქვე ნათქვამია, რომ ნიცშე თავის სამშობლოში უკვე მოდერნისტად ითვლებოდა).  

გასული საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლექსი მთლიანობაში, კომპლექსურად უნდა იქნეს შესწავლილი, ყურადღება მიექცეს ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ტენდენციას,რათა რამდენადმე სანდო, უტყუარი სურათი დაიხატოს. ამას თითქოს არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი.

მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული დღევანდლამდე, ქართულ პოეზიაში ბევრი რამ ცალმხრივად, ზერელედ, არაპროფესიულად არის გარჩეული, გაურკვეველი, ბუნდოვანია. ჩავლილი პროცესების სრული და დამაჯერებელი დახასიათება, ისიც დიდი ძალისხმევის შემდეგ (საკითხავია, ვინ გააკეთებს ამას?), ოციოცდახუთი წლის მერე თუ გახდება შესაძლებელი. ამაზე ზრუნვა აქედანვე უნდა დავიწყოთ.

6 * * *

▲back to top


* * *

აკაკის პოეზიასთან გალაკტიონს მრავალი ძაფი აკავშირებს. ყოველი მათგანის თვალის გადევნება გაჭირდება. ზოგ საყურადღებო მოვლენაზე მოკლედ მაინც უნდა ითქვას. კალამბურების, ზმების როგორი დიდოსტატი იყო აკაკი, ეს საყოველთაოდაა ცნობილი. აქ ერთმეტად მახვილგონივრულ მაგალითს მოვიტან. სატირულ ლექსში („გვაზავური“), სადაც პოეტი თავიდანვე გმობს საშოვარზე გადასულთა, ფულზე გამოდევნებულთა მერკანტილურ ხანას, იგი სინანულით იგონებს შორეულ, უკანმოუბრუნებლად ჩავლილ იდილიურ ეპოქას:

გაქრა ის დრო პოეტების,
საოცნებო, არკადული,,
ამქვეყნად რომ ჩუხჩუხებდა ,
ნეტარების ნაკადული!

ეს სტრიქონები განგვაწყობს, გვამზადებს საიმისოდ, რომ მესამე სტროფში ვიხილოთ მთელ ქართულ პოეზიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალამბური, რომელსაც, საუცხოო ჟღერადობის გარდა, ღრმა აზრი აქვს, რაც „არკადულთან“ სხვა, ფონეტიკურად მსგავსი, იმედგაცრუების გამომხატველი სიტყვის უეცარმა შეწყვილებამ დაბადა:

დღეს, როდესაც ცოდვამ სძლია
მადლს და გაჰქრა ძველი ძალა,
დრო ნეტარი, არკადული
არ-კადრულად შეიცვალა.
 
აკაკი რომ კონტრასტის ხერხზე აგებული პოეტური თქმების ვირტუოზია, ამის მოწმენი მრავალჯერ გავმხდარვართ და არც გაგვკვირვებია, მაგრამ „არკადული არ კადრულად შეიცვალა“ — გონებამახვილობის მხრივ, მართლაც იშვიათი მიგნებაა. | გარდა აქამდე განხილული შემთხვევებისა, გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში არაერთი მარჯვე, იუმორისტულად შეფერილი გადაძახილიც შეიძლება დაიძებნოს,აკაკის შემოქმედებიდან რომ მომდინარეობს. მოვიხმობორიოდე მაგალითს. ყველა ჩვენგანს ახსოვს „თორნიკე ერისთავის“ პირველი კარიდან მეფის მასხარის გასაქილიკებლად მასთან მოპაექრე ორბელიძის „ორლესულად“ ნათქვამი:

მაღლით წვიმა მოდიოდა,
ნაბადმა ვერ დამფარაო,
დამასველა, მან თავიდან
ფეხებამდე მასხა რაო
!

გალაკტიონმა სიმღერის ტონალობით დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ლექსში — „დღე გაფითრდა იაგუნდის“ — სადაც ნათქვამია, რომ მცხეთაში წასულ პოეტს თავსხმა წამოეწია („საშინელი მოსკდა წვიმა“), გამოიყენა „თორნიკე ერისთავის“ ზმის ნაწილი; გარემოების შესატყვისად და ტექსტის გადასახალისებლად, ფრაგმენტი სამკაულივით ჩასვა სიტყვიერ ქსოვილში, რითაც სასურველი განწყობილება შექმნა,ხალხურიგაშაირების მაგვარლექსს სილაღე შემატა და ძალზე მოხდენილი რემინისცენცია გამოვიდა:

არ გადიღო წვიმამ გზამდე
ტალახებს ვერ დავზელდი,
და თავიდან ფეხებამდე

მასხა, ძლიერ დავსველდი.

სატირული ხასიათის მოზრდილ, საჭირბოროტო ლექსში — „პანორამა“ — აკაკი ჩვენი ყოფა-ცხოვრების მახინჯ, მანკიერ მოვლენებს მისებურად ამათრახებს („ვინც ღირსია, მას თაყვანი, ვინც არა და — მას პანღური“) და როცა ჯერი უწიგნურ, თავისი საქმის უცოდინარ პედაგოგებზე მიდგება, მათ მიმართ პირველსავე სტროფში გამოაქვს მკაცრი განაჩენი, საქვეყნოდ აბურთავებს ვაი-მასწავლებლებს:

მეხრე-ტეტია მიხაკა
და ღვიქიკელა გოგია,
ვინც ქართულს დაამახინჯებს,
სუყველა პედაგოგია.

აკაკის სუსხიანი სტრიქონები გალაკტიონ ტაბიძემ მოდელად გამოიყენა, როცა ის ფიქრობდა, რომ მისი შემოქმედების გამოწვლილვით შესასწავლად უნდა შექმნილიყო საგანგებო დარგი – გალაკტიონოლოგია. პირველი ორი სტრიქონი ბრჭყალების გარეშეა მოტანილი და ერთი სახელი („მიხაკა“) შეცვლილია, მის მაგივრობას სწევს ახალი დროისთვის უფრო შესაფერისი და ისეთივე ირონიულად მჟღერი „სიმონა“, შემდეგ კი პოეტი ქადილით ამბობს თავის მთავარ სათქმელს:

მეხრე-ტეტია სიმონა
და ღვიქიკელა გოგია,
მალე გაიგებს, რაც არი
გალაკტიონოლოგია.

გალაკტიონ ტაბიძე ხშირად გამოხატავდა გულისტკივილს, რომ კუთვნილ პატივს არ მიაგებდნენ (ქართველ მოღვაწეებს სიცოცხ ლეში რომ არ აფასებენ, ამაზე ბევრი საყვედური აქვს გამოთქმული აკაკი წერეთელსაც); ერთ უსათაურო ლექსში სამოცი წლის გალაკტიონი თავის თავზე ნაღვლიანი ღიმილით წერდა:

დღეს ვინ აფასებს შენებრ გენიებს,
შთამომავლობა მოგიხსენიებს.

რწმენა და იმედი იმისა,რომ შთამომავლობა აღიარებდა მის სიდიადეს, „ლურჯა ცხენების“ ავტორს არც მანამდე აკლდა („ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“), მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ჰქონდა სიმარტოვისა და მიუსაფრობის განცდა, რაც მის მრავალ ლექსსა თუ დღიურში აირეკლა.

სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ ოცდამეერთე საუკუნის დამდეგს გალაკტიონის საკრალური ოცნება ახდა — ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, მტკიცე საფუძველზე, შეიქმნა მისი დიდი მემკვიდრეობის შემსწავლელი საგანგებო დარგი — გალაკტიონოლოგია — დაარსდა, აგრეთვე, ამავე სახელწოდების კრებული, რომელიც პერიოდულად გამოდის და ჩვენი საზოგადოების აღიარება, სიყვარული მოიპოვა.

7 * * *

▲back to top


* * *

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ლირიკის უმთავრეს ღირსებად ითვლება, როცა იგი, სამკაულთაგან უკიდურესად განძარცული, თითქმის შიშველი, უბრალო, სასაუბრო სიტყვებზე დამყარებული, ზემოქმედების ძალას ინარჩუნებს.

ლიტერატურაში, დროდადრო, როგორც ბუნდოვანების, გართულებული მეტყველების საპირისპირო რეაქცია, ჩნდება ნათლად, სადად, გასაგებად წერის მოთხოვნილება. მაგალითად, მეოცე საუკუნის უდიდესი ესპანელი პოეტები ანტონიო მაჩადო და ხუან რამონ ხიმენესი მკვეთრად დაუპირისპირდნენ სამკაულებით უზომოდ გადატვირთულ ბაროკოს პოეზიას, კერძოდ, ლუის გონგორას „ბნელ სტილს“, ვისი პოეტური მემკვიდრეობაც, მიუხედავად ვირტუოზული ოსტატობისა, ერთგვარ თავსატეხად იქცა და ერთმანეთზე დახვავებული მეტაფორების გამო, ძნელად გასაშიფრი და აღსაქმელია..

მაჩადოც და ხიმენესიც თავიანთ თანამედროვედ და თანამოაზრედ თვლიდნენ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ, ესპანეთის ყველაზე მუსიკალურ მხარეში — ანდალუზიაში — დაბადებულ,იმპრესიონისტთა წინამორბედად მიჩნეულ გუსტავო ადოლფო ბეკერს. მან რომანტიულ ბურუსს თავი დააღწია, ესპანური ლექსი ჭარბი სამკაულებისგან განტვირთა, სასაუბრო მეტყველებას, ხალხურ ბალადებს, რომანსეროს დაუახლოვა.

ხიმენესი პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე წერდა: „პოეზია სიშიშვლეა და მოდას არ ცნობს“ „პოეზია იშორებს ჭინჭებს და შიშველი ცხოვრობს დროის გარე, ვიმეორებ — „ცხოვრობს“ და არა „იცხოვრებს“.

ანტონიო მაჩადოს პოეზიის მკვლევარი ა. მიროლიუბოვა საგანგებოდ აღნიშნავს მისი ლექსის უკიდურეს უბრალოებას: „იგი თითქოს მთლიანად გამჭვირვალეა — და ამავე დროს არ გშორდება უჩვეულო სიღრმისა და იდუმალების შთაბეჭდილება“. იქვე იმოწმებს ოქტავიო პასის აზრსაც: „არავინაა მაჩადოზე უფრო ბუნებრივი და არაფერია იმაზე განსაცვიფრებელი, ვიდრე მისი ბუნებრიობა. მისი პოეზია წყალსავითგამჭვირვალეა და წყალსავით შეუცნობელი“.

აქ უნებლიეთ გვახსენდება აკაკის პოეზიის იაკობ გოგებაშვილისეული დახასიათება, შედარება კამკამა ტბასთან, რომლის ფსკერზე კენჭებს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ, რაოდენ ღრმაა იგი.

„საიდუმლოს“, „იდუმალს“ აკაკი ხშირად ახსენებს („ლექსს აქვს თავის საიდუმლო“) და ეს ახირება არ გახლავთ, პოეზიაზე, ლექსის იდუმალ ძალაზე მის მრწამსს, შეხედულებას გამოხატავს. სანთელზე ასე წერდა იგი: „საიდუმლოდ იწვის, დნება“. ასეთივე იდუმალებითაა მოცული ყოველგვარბუნდოვანებას მოკლებული მისი ლექსიც.

სიტყვის, პოეზიისადმი აკაკისეულ მიდგომას გულისხმობდა უკვე ხანდაზმული გალაკტიონი, როცა ერთ ლექსში ამბობდა: „მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი“.

ეს ბუნებრივი მიდრეკილება იყო და შიშველ დეკლარაციად, ცარიელ სიტყვებად არასოდეს დარჩენილა. გალაკტიონის მრავალი ლექსი თუ პოემა ამის ნათელი დასტურია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნდა გავიხსენო აკაკის ერთი გვიანდელი, ჩვენი მრავალგზის დამპყრობელის და გამაუბედურებლის, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული, უკიდურესი სასოწარკვეთის გამომხატველი ლექსი „ჩაფიქრება“, რომელიც თავისი შეურიგებელი პირდაპირობის გამო, ადრე ტომეულებშიც არ შეჰქონდათ. ამ ლექსს სხვა დროსაც შევხებივარ, მაგრამ ამჯერად უნდა დავიმოწმო მხოლოდ პირველი სტროფი ნიშნად იმისა, თუ უსამკაულო, თითქმის შიშველ სიტყვას (ყოვლად ჩვეულებრივი, ბანალური შედარება სათვალავში არაა ჩასაგდები)რამდენი შეუძლია გვაგრძნობინოს და განგვაცდევინოს. ესაა ტრაგიკული გაცნობიერება იმისა, რომ პოეტი სამზეოს უნდა გაეცალოს, ხოლო ამ სატანჯველს კიდევ უფრო აუტანელს ხდის უსასოობა მისი სამშობლოსი, რომელსაც სასიცოცხლო ძალა დაშრეტია, მიწის პირიდან უნდა აღიგავოს. სწორედ ამ ორთა ერთდროულად წასვლაზეა გულისმომკვლელი მოთქმა, რაც მგლოვიარე, მრუმე ფერებად განლაგებული ზმნებითაა გამოხატული:

მეც მივდივარ, შენც მიდიხარ,
გეთხოვები, საქართველო!
მეც ვსჭკნები და შენცა სჭკნები,
როგორც ზამთრის პირად მდელო.

ზმნას ამგვარი ექსპრესიული როლი ხშირად ეკისრება აკაკის მხატვრულ ნააზრევში („გამწირა, იმან გამწირა, ვისაც შევწირე ყოველი“(, მაგრამ ამჯერად მაგალითების სიმრავლეს ვერ გამოვედევნებით. ჯობს ამ ერთ, კონკრეტულ სტროფს მივყვეთ.

გალაკტიონზე დაწერილ მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელ წერილში — „სიცოცხლეო, მამულო!“ — თეიმურაზდოიაშვილი შთამბეჭდავად ამბობს: „გალაკტიონის მარადიულ სამშობლოდ პოეზია იქცა — ოცნებისა და თავისუფლების საუფლო“. ამ წერილის ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ გალაკტიონი „...თავადაც ძალიან აფასებდა აკაკის „ღვთაებრივ ირონიას“. იქვე მოაქვს გვიანდელი გალაკტიონის ასევე, ყოველგვარი სამკაულისგან განძარცული ტკივილიანი სტრიქონები, რომელშიც არგაგვიძნელდება,აკაკისეულიმწუხარე ტონალობა გავიგონოთ — სრულიად აშკარა ხდება საქართველოს დიდ და მარადიულ ჭირისუფალთან სევდიანი გადაძახილი:
 
რაა ისე გულდამწყვეტი,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე,
ეს არ არი საქართველო!

ამავე, სახელდახელოდ ჩაწერილი ლექსის მეორე, დამაბოლოვებელ სტროფში რეფრენი კიდევ უფრო გამძაფრებული და დამთრგუნველია:

არის ოჯახები,
მაგრამ ეს არ არი საქართველო!

როგორ გინდა შეურიგდე იმ საშინელ აზრს, რომ დღეისათვის გალაკტიონის დროინდელი საქართველოც, ბევრად ღონიერი, წელგამართული და მთლიანი, ისევ ჩვენი ბედუკუღმართობის გამო, სანატრელი გაგვხდომია — გვიჭირს წარმოდგენა იმისა, რა მოგველის სამომავლოდ; შფოთიან, სისხლით მორწყულ, ასაფეთქებლად გამზადებულ პლანეტაზე, უნდო, გაუტანელ მსოფლიოში რა გზას დაადგება ჩვენი უძველესი და „ობოლი ერი“.

ზემოთ ჩვენ მოვიტანეთ სხვადასხვა ეპოქებში დაწერილი ორი, ტრაგიკული ჟღერადობის სტროფი; ორი მეფე-პოეტი, აკაკი და გალაკტიონი, ერთ ხმაში გოდებს უმძიმეს საერთო სატკივარს, დაღუპვის ზღვართან მისული სამშობლოს ხვედრს. საუკუნეებია, გრძელდება მტრული გარემოცვით შემოსალტული საქართველოს ძნელბედობა და, ჩვენდა სამწუხაროდ, საშველი არ გვადგება.

ადამიანს და, მითუმეტეს, ერს იმედის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ვისურვოთ, მალე დაგვბრუნებოდეს ის რწმენა, თავად გალაკტიონმა მოზრდილ, ფიცით გაწყობილ ლექსში აკაკისეული სიცხადითა და შემართებით რომ გამოხატა:

ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო —
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.

8 * * *

▲back to top


* * *

თუ როგორ ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძეს შესისხლხორცებული აკაკის პოეზია, ამას ვახტანგ ჯავახაძის მონუმენტური წიგნის — „უცნობის“ — ერთი ადგილიც გვამცნობს; მოტანილია ნაწყვეტი გალაკტიონის დღიურისა, სადაც გადმოცემულია მისი აღტაცება, სიხარული სასურველი ლექსის დაწერისთანავე რომ დაეუფლა:

„— დაადნა გული შენს სიმებს და სული დაიცალაო. — სწორედ ეს განვიცადე დღეს ამ ლექსის დაწერის შემდეგ“.

ხოლო რა ზედმიწევნით იცოდა აკაკის ბუნება, ხასიათი, ამას გალაკტიონისვე მცირე ჩანაწერიც მოწმობს: „არასოდეს ილია არ იტყოდა: „წამძლია სულმა და გულმა“.

არსებობს საარქივო მასალა, საიდანაც ვიგებთ — მწერალი ქალის დარია ახვლედიანისათვის, კითხვაზე: „– ბატონო აკაკი, თქვენი აზრით, თქვენს გარდა ვის შეიყვარებს საქართველო?“ — აკაკის, უპირველესად, ვაჟა დაუსახელებია, მერე კი დინჯად უთქვამს:

„ახალგაზრდებში გალაკტიონ ტაბიძეს ექნება კარგი მომავალი, გარკვეული არის იმის ნიშნები, რომ იგი ჩვენს პოეზიას ბევრ ახალ რამეს შემატებს“ (თინა კობალაძე, შენს მიწას მიმაბარეო, 1990, გვ. 24).

თვით გალაკტიონს (რუსთაველს თუ არ ჩავთვლით) არავისადმი არ გამოუხატავს იმდენი თაყვანისცემა და სიყვარული, რასაც იგი, მთელი სიცოცხლის მანძილზე, აკაკის მიმართ ავლენდა. ამის ერთ, უთვალსაჩინოეს მაგალითს უკვე მივადექით.

ამდენად, გარკვეული კუთხით მაინც უნდა განვიხილოთ გალაკტიონ ტაბიძის დიდი ეპიკური პოემა „აკაკი წერეთელი“, რომელიც მან პოეტის დაბადების ასი წლისთავის აღსანიშნავად დაწერა და რომელშიც ყველაზე ნათლად, სრულად გამოხატა თავისი აღფრთოვანებული დამოკიდებულება სახელოვანი წინამორბედისადმი. ვეება პანოს სიუჟეტი, შედარებით, მარტივია. წლობით დაგროვილ სათქმელს ავტორმა სიზმრის, ზმანების სახე მისცა; დაბურული ტყის მახლობლად, „მშვენიერ ძველ ბაღში“, „ლურჯ ზეცის ქვეშ“ ჩათვ: ლემს და ძილში ხედავს ჯადოსნურ სურათს — საქართველოს უძველესი სიმბოლო — მძლავრი მუხა — მთვარის ოქროს გაუნათებია, სოფლად ზღაპრული სიმშვიდეა და იგი მისივე პოეზიის განსახიერებაზე — ლურჯა ცხენზე — ამხედრებული, მოგზაურობას იწყებს სამშობლოში, რომლის ყველა კუთხე აკაკის არსებობას, მის უკვდავ პოეზიას აგონებს. ერთი წუთითაც არ ავიწყდება, რომ ამ დიდებულ სანახებში იგი ნებიერად მიაჭენებს ლურჯას და თავის თავს, დროდადრო, ასე მოიხსენიებს: „ცხენოსანი ვინმეერთი“ (აქ ერთგვარი მინიშნება უნდა იყოს ანონიმურობის იერით შეფერილ „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონზე — „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“), მკითხველიც ამ, ოცნებით შექმნილი, ცხენოსნის თვალით დანახულ ქვეყანას უმზერს.

პოემის შესავალში ათმარცვლიანი ლექსია გამოყენებული. პირველსავე სტროფში იგრძნობა უმაღლესი შთაგონება და იგი აკაკის ღვთაებრივი მადლით არის გასხივოსნებული. ამ ნათელს მიჰყვება პოეტი. ესაა გაჭრა მარადისობის წიაღში და გალაკტიონის განუყრელი, სიმბოლური მეგზური თავად აკაკია:

არრა გინდა რა კაცს იმის მეტი!
არის სიმღერა ქვეყნად ისეთი,
რომ მიატარებს მარადისობა
გენიის გზებით, მოგიზგიზეთი.
 
აქვეა მოხაზული აკაკი წერეთლის პოეზიის, „მოუსყიდველი ჩანგის“, განუზომელი მნიშვნელობა, სიდიადე („მიემსახურა კაცობრიობას, მან მთები დადგა მარგალიტების“), მისი ყველასათვის ღია, იოლად მისაწვდომი ხასიათი, ხალხის, სამშობლოს ყოველი სატკივარის გულთან მიტანა, უბადლო ჭირისუფლობა:
 
უბრალო, ნათელ ჰანგთა ბუნება,
მარად გარემოს ეხმაურება,
მასში ცხოვრება ცოცხალთა ძალთა
არასოდეს არ დაიბურება.

შესავლის შემდეგ უშუალოდ იწყება ტექსტი, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ხალხური პოეზიიდან მომდინარე, გალაკტიონისთვის ესოდენ საყვარელი, სამჯერად რითმაზე გაწყობილი (ააბა)რვამარცვლიანი მაღალი შაირი, რომელსაც დაბალი მხოლოდ ერთგან ენაცვლება („რა დაგვავიწყებს საჩხერეს“). ჩვენ მოწმენი ვხდებით პოეტის უცნაური მოგზაურობისა. პირველად იგი საქართველოდ წარმოსახულ,უთვალავ ქარიშხალთა გადამტან, ცამდე ატყორცნილ ფესვმაგარ „დიდმუხასთან“ ჩერდება, მრავალჯერ გუბეებითა და ჭაობებით გარშემორტყმულს ეკითხება, რა განიცადა განვლილ საუკუნეთა მანძილზე და თავადვე ხატავს დრამატულ, მაგრამ არა სასოწარკვეთის სურათს, რადგან ვიცით, ჩვენი სიცოცხლის ხე შემოსეულ მტერს არასოდეს ნებდებოდა, გახმობა, სიკვდილი არ ეწერა:
 
შემოსილი ერთ დროს ღრუბლით,
შეგხვეოდა მარად მუმლი,
იარებით დაიფარა
შენი მკერდი, შენი შუბლი.
 
ღვთაებრივ ქნარზე „ტლანქმა ხელმა“ შეიძლება სიმები გაწყვიტოს (გავიხსენოთ „ნათელას სიმღერა“, სადაც საქართველოდ ჩათქმული ჩონგურის სიმების გაწყვეტაზეა ქარაგმულად ნათქვამი) და მაშინ ქვეყანაში უბედურება დაისადგურებს, მის არსებობას აზრი ეკარგება:
 
ო, ბრალია თუ ქვეყანას
დასხლტა პოეზიის ღიმი,
მისი ბრძოლა, მისი ნანა,
მისი ლხინი და ნადიმი.
 
პოეტი, ლურჯაზე ამხედრებული „ცხენოსანი ვინმე ერთი“, მიიჩქარის მშობლიური ბუნების წიაღში; გზადაგზა ერთმანეთს ენაცვლება ზღაპრულად ლამაზი სურათები და ყოველივე ძალზე სადა, თითქმის სასაუბრო ენით არის გადმოცემული:
 
ცაზე ღრუბელთა კრებულია,
მთები გაწითლებულია.
მზე შუა-ცას გადასცილდა,
გადაშუადღებულია.
 
შეუნელებლად მომსწრაფი მხედარი წარმოგვიდგება, როგორც საქართველოდან ყველა დროში განუშორებელი, მისი „თანამდევი, უკვდავი სული“, ყველა მის რყევათა, საშინელებათა მომსწრე და მხილველი. ასე რომ არ იყოს, ვერ იტყოდა:
 
მე აქ მგზავრი ვარ სხვაგვარი,
ბევრი ღამე და ხანძარი,
შემხვედრია ქარდაკრული,
და მიტომ ვარ გულდამწვარი.

ცნობილია ყვავილებისადმი გალაკტიონის ზღვარდაუდებელი სიყვარული და, ცხადია, საქართველოს მთა-ველზე გაჭრილი, მათ თავბრუდამხვევ მომხიბლაობას გვერდს ვერ აუვლიდა, სიტყვიერ სამოსელში უნდა მოექცია. აქ უნებურად გაგახსენდება დიდი იაპონელი პოეტის ბასიოს ნათქვამი: „ვისგულშიაც ყვავილი არ არის, ის ნადირია“. გალაკტიონ ტაბიძე ისეთ სინატიფეს, არაამქვეყნიურ ჰაეროვნებას იჩენს ყვავილთა ფერებისა და ფორმათა ხატვისას, ამ სტრიქონთა წამკითხველს მღელვარებისაგან სუნთქვა ეკვრის, იბნიდება. დაუვიწყარია თვალისმომჭრელად გადაპენტილი, უცნაურად დამბანგველი, „მონარნარე აკაციების“ ყვავილობა:

მათ თეთრსა და სურნელ მტევნებს,
მოქანავეთ, ვით შადრევნებს,
დღე მზით მოზუზუნე ფუტკრებს
და შადრევნებს მიადევნებს.

როგორც თავის ერთ ადრინდელ ლექსში ამბობდა, ამ პოემაშიც სწორედ რომ „ყვავილების არის მრავლობა“ და ისინი ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან. თვლა არა აქვთ საქართველოს მწვანედ მოხასხასე გულმკერდის ნაირფერად მომქარგავებს; ყოველ ნაბიჯზეა — მიხაკი, ღიღილო, ლილისფერი მაჩიტელა, ასკილი, მიმოზა, მაგნოლია, ლურჯი აკონიტი, „ჰყვავის ვარდთა მილიარდი“,. „ღვიებსა და ტანმაღალ ზამბახებში ჩაძირულ მხედარს ზღვარს გადასული ექსტაზი ეუფლება, ექსპრესია უმაღლეს წერტილს აღწევს, თვალწინ არნახული სილამაზეა გადაშლილი, თვით სულჩადგმული ბუნება იწყებს თავაწყვეტილ როკვას:

თითქო თრთიან გარემონი.
და დაკარგა გულმა გონი.
თვალისმომჭრელ სიწითლითა
გადაშლილან ყაყაჩონი.

ღრუბლებთან დაკავშირებული მეტაფორების მრავალფეროვნებით, სიუხვითა და ფანტასტიური ხილვებითგალაკტიონ ტაბიძეს ქართულ პოეზიაში ვერავინ შეედრება. გავიხსენოთ, რომ მისი უსაყვარლესი პოეტი „მწარე და ძვირფასი შარლ ბოდლერი" მზად იყო ქვეყნიერებაზე ყველაფერს შელეოდა, გარდა ღრუბლისა. გალაკტიონის პოემაში, ლურჯი ცის ფონზე, მზის ჩასვლის ჟამს, ძალდაუტანებლად ჩნდება ნაირგვარი ხატები, გვაჯადოებს, აღტაცებას გვგვრის „დიდებული, მშვენიერი, უბოლოო, მრავალფერი; ღრუბელთა ცვლა და ელფერი“. ისინი ხან „უზარმაზარ ტაძარს“ მოგვაგონებენ, ხანაც — „ოქროს ნისლში“ გახვეულ ზვინებს, „ქარს რომ მიუძინებია“, რათა მერე ქედს გადააშოროს. .

ღრუბელთა დაუსრულებელ, მოუბეზრებელ გარდასახვათა ჩვენებისას გალაკტიონი ავლენს ჭეშმარიტად ჯადოქრულ, მაგიურ მიმოხრას, სიტყვა მართლაც რუსთველისებური, თვალშეუვლები სისწრაფით და ბრწყინვალებითაა დატრიალებული:
 
ანდა ეხლა მზად არიან,
რომ ღველფიან-ღადარიან
ჰაეროვან ბურუსებში
ელვარება გადარიონ.

აქ ხატოვნადაა ნაჩვენები ღრუბლების მუდმივი მზადყოფნა იმისათვის, რომ სახე იცვალონ, წინა ფორმისგან განსხვავებული იერი მიიღონ. არაგვისადმი მიძღვნილი ლექსის ფინალში ვაჟა-ფშაველა ნაავდრალზე, ზანტად აშლილი „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლების“ გამო, დაახლოებით ამასვე ამბობს: „...მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი სახვალიოდაცბრძოლასა!..“

განსაკუთრებით შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს გალაკტიონი მზის ჩასვლის გრანდიოზულ სურათს, როცა ირგვლივ ყოველივე მეწამულად იღებება, მაგრამ ეს დიდებული სანახაობა მცირე ხანს გრძელდება და მალე მთა-ველი წყვდიადში უნდა ჩაიძიროს. ვნახოთ, რამოდენა ექსპრესია, დინამიზმია წინამდებარე სტრიქონებში; რამდენს აკეთებს ზედიზედ სამ სტროფში სხვადასხვაგვარად მოტრიალებული ზმნა — „ეხვეოდა“ — თანდათანობით მისუსტებული დღის სინათლის კვდომას რომ გამოხატავს:

ადიოდა მზე და ფონი
იყო ცეცხლით განაჟონი,
ეხვეოდა მშობლიურ მთებს
ვარდისფერი დაფიონი.
 
ეხვეოდა არე-მარეს,
ყვავილებით რთავდა მხარეს,
რათა გამოსალმებოდა
იმ საღამოს, მოელვარეს.
 
ეხვეოდა მთების ქანებს
და ხეობებს, მუქს და მწვანეს,
რათა მალე შერეოდა
ღამეთა ლურჯ ოკეანეს.

„ღამეთა ლურჯი ოკეანე“ უდავოდ კოსმიური განზომილების სახეა და ჩვენვხედავთ, გამოსალმების ჟამს, „დაბინდულ ქლიავისფრად“ ჩამუქებული, „მშობლიური მთების“ მომფერებელი ალანძული დაისი როგორიღვრება და თანდათან ინთქმება ჰორიზონტზე მომდგარ წყვდიადში. ამ დროს მხედარი მყუდრო, „აუწერელი სილამაზის“ დაბას მიადგება. გაოცებული ცხენიდან გადმოხტება; ლექსის ტემპი აქ უეცრად იცვლება, უჩვეულოდ აჩქარებულია:

სულ სხვა მხარე, სულ სხვა ჰუნე,
სულ სხვაგვარი საუკუნე,
სულ სხვა ხანა წუთისოფლის,
 სულ სხვა გრძნობით მოღუღუნე.

ჩვენ მართლაც „სულ სხვა“ სამყაროში ვართ მოხვედრილი. ყველაფერი საამისოდაა შემზადებული, რომ გალაკტიონმა ათიოდე სტროფის შემდეგ აკაკის ძვირფასი სილუეტი მოგვალანდოს, ასპარეზზე მისი გამოჩენის სიხარულს გვაზიაროს. პოემის გმირი სახელდებით არაა ნახსენები, მაგრამ ისედაც მისახვედრია, ვის აჩრდილსაც ეალერსება ჩამოქვეითებული მხედარი:

ვიღაც დადის, თვალს აცეცებს
და საყვარლის საფლავს ეძებს,
ვერ ნახულობს ძვირფას საფლავს
და ეს კი დარდს უასკეცებს.
გამქრალიყო, წასულიყო,
მშვენიერი ის სულიკო,
მხოლოდ მთვარე ანათებდა,
რადგანაც მზე ჩასულიყო.

უცნაური რამ ხდება — „სულიკოს“ ხევსურეთის მივარდნილ სოფელში მღერიან, იქ ღუღუნებენ ჩონგურის სიმები, მერამდენედ ვისმენთ ამ ღვთაებრივ ჰანგებს და ამითაც ეჭვმიუტანელია აკაკის გრძნეული ჩანგის საყოველთაობა, იგი ყველგან, ყოველ კუთხეში „საქართველოს უგვირგვინო მეფედ“ რჩება.

პოემაში ზუსტად, თანმიმდევრობით არის ასახული აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების თითქმის ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტი, ყველაფერი თვით მისი თვალითაა დანახული. გალაკტიონმა კარგად იცის, რომ აკაკი მწერლობას „მესარკეობად“ თვლიდა, მაგრამ მისი „სარკედ ქცეული გული“, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს გარემოს, ყოფის ნატურალისტურად, ფოტოგრაფიულ აღწერას, პოემაში სწორედ ასეა დახასიათებული სინამდვილისადმი აკაკის მიდგომა:

ის ლექსები არის სარკე,
ყველას ერთად და ცალ-ცალკე
ესმით ქვეყნის მწუხარება
 და ცხოვრების სიავკარგე.

გალაკტიონს არც ის ავიწყდება, რომ გამკაცრებული, სულისშემხუთველი ცენზურის პირობებში აკაკი ხშირად მიმართავდა ალეგორიას და „ეზოპეს ენასაც“ ასევე მარჯვედ იყენებდა, რათა თავისი სათქმელი ხალხისთვის შეფარულად მაინც ემცნო.

პოემის მთელ მანძილზე თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება იშვიათი სილამაზის პეიზაჟები და შეუძლებელი იყო, ლურჯაზე მჯდომს კავკასიონის ქათქათა მწვერვალებისთვის არ შეევლო თვალი, რომელთა განუმეორებელ მომხიბლაობას მან ბევრჯერ გვაზიარა:

ვით გაყინვა აყრილ ტანის,
ღონიერის და ტიტანის,
მშვენიერი და დიადი
სჩანდნენ მთები დაღესტანის!
 
კრისტალების ელვა მინით,
დამაბრმავებელი ჟინით,
შორეული ზღვისა და ცის
ლაჟვარდ ღელვით და ბიბინით.

„კრისტალების ელვა-მინა“ ჩვენს წარმოსახვაში მაშინვე აცოცხლებს ვრუბელის გენიალურ „დემონს“, სადაც სწორედ „დამაბრმავებელი ჟინით“ არის აელვარებული მინერალები და კრისტალები (ამაზე ანდრეი ბელიც წერდა თავის განსაცვიფრებელ „კუჩინოს დღიურებში“),

გალაკტიონი, ბუნებრივია, მხოლოდ პეიზაჟების ამარა ვერ დატოვებდა ამოდენა პოემას და, ამდენად, მასში ეპოქის სურათებს, სოციალურ პრობლემებსაც საკმაო ადგილი ეთმობა. აქ დაუნდობლადაა მხილებული რუსეთის შოვინისტური, დიდმპყრობელური პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული თვითშეგნების მოსპობა და ხალხის გადაგვარება იყო. ჩვენი სკოლებიდან მთელი სისასტიკით იდევნებოდა, იკრძალებოდა ქართულლი ენა (იგივე კეთდება დღეს ვერაგულად დაპყრობილ და მიტაცებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში), მოხელეები სულს ხდიდნენ, აღატაკებდნენ მოსახლეობას, სოფლად ჩაყენებული იყო დამსჯელი რაზმები, ატარებდნენ ეგზეკუციებს, შევიწროებას განიცდიდა ქართული ეკლესია-მონასტრები. ერთადერთი ხატი, რასაც დამპყრობლებად შემოსულებმა ვერაფერი მოუხერხეს, „იყო პოეზია“. სწორედ მან იკისრა ხალხის, სამშობლოს უანგარო სამსახური და აკაკიც, მასავით თავშეწირულ თანამებრძოლებთან ერთად, ეწეოდა ამ წმინდა ჭაპანს.

პოემაში მიმოხილულია აკაკის პეტერბურგში ყოფნისა და განსწავლის წლები, რუს რევოლუციონერ დემოკრატთა საქმიანობა, მაგრამ ეს ეპიზოდები მეტისმეტად პუბლიცისტურია და ალაგ-ალაგ (იქნებ განზრახაც), კომიკურ შთაბეჭდილებას ახდენს. მრავალთაგან მოვიხმობ ერთ ასეთ მაგალითს:

მძლავრი ფანტასტიურ მდევზე
იდეაა... იდეებს კი
ჯერ არნახულ ენერგიით
 აღრმავებდა ჩერნიშევსკი.

ის კი თამამად შეიძლება ითქვას — გალაკტიონი დაწვრილებით აღნუსხავს აკაკის მრავალმხრივ მოღვაწეობას — განმანათლებელი მუშაობა იქნება,თეატრზე ზრუნვა, ჭიათურის მარგანეცის, „შავი ქვის“ სამუშაოები თუ საშვილიშვილო თაოსნობა, როცა იგი „მთელ თაობას ძვირფას ზეპირსიტყვაობას“ აგროვებინებდა. ამ განუზომელი ღვაწლის გამოა აღნიშნული: „წერეთელი ბევრი არის, აკაკი კი — ერთადერთი“. ამის მერე, უკვე როგორც ყველასაგან გამორჩეულ შემოქმედზე, კიდევ უფრო ზეაწეული ტონით და დამაჯერებლადაა ნათქვამი:

ვინც გაფრენა იყო ქნარის,
რომელიც მზე იყო დარის,
ვინმე — მსგავსი აკაკისა
არ ყოფილა და არ არის.

პოემაში „ჰარმონია“ აკაკის პოეზიის ბუნების, კეთილხმოვანების დასახასიათებლად არის მოხმობილი და გალაკტიონი იქვე გვამცნობს: „მისი დიდი გრძნეულების ძალა ჯადო-სიტყვაშია“.

ცნობილია,როგორ კიცხავდა აკაკი ქართველობას იმის გამო,რომ ისინი ერის თავდადებულ მამულიშვილებს სიცოცხლეში შესაფერის პატივს არ მიაგებდნენ და მათი გარდაცვალების მერე დიდ ვაი-ვიშს ტეხდნენ. გალაკტიონი გულისტკივილით წერს ერთი სასიქადულო მოღვაწის ნაადრევ აღსასრულზე („წვით აღმოხდა სული ყაზბეგს“), ხოლო იქვე სამართლიანად და რამდენადმე სარკასტულად ამხელს ცრუ მოზარეების, შენიღბული ფარისევლების საქციელს:

მოჰკვდა — ბევრი დაიღვარა
დეკორატიული ცრემლი.

ეს „დეკორატიული ცრემლი“ გაცილებით მეტის მთქმელი და მიმანიშნებელია, ვიდრე ამას ყალბი ჭირისუფლების განსაქიქებლად დაწერილი მოზრდილი წიგნი გააკეთებდა.

პოემის დასასრულისკენ მრავლადაა კომპრომისული, ხელისუფლების საამებლად დაწერილი სტრიქონები, მაგრამ იმ სასტიკ, სულისშემხუთველ დროში პოეტი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. არ გამოუქვეყნებდნენ იმოდენა ნაშრომს. ფინალური, ლოცვასავით აჟღერებული სტროფი კი, აშკარად, მთლიანი საქართველოს სადიდებელია:

იმიერი, ამიერი,
მისი მთა და მისი სერი
იყოს მრავალ, უფრო მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერი.

უთუოდ ამ ანთებული სტრიქონების გამოძახილი და თავისებური გაგრძელებაა თხუთმეტი წლის მერე (1955) დაწერილი საუკეთესო პატრიოტული ლექსი „მესხეთ-ჯავახეთი“, რომელშიც მძაფრად იგრძნობა ჭეშმარიტად აკაკისეული გზნება. ეს ლექსიც არის სამშობლოს მთელი ხმით, ამაყად, გულგახსნილად დალოცვა, რის დასტურადაც ერთი სტროფის მოტანაც იკმარებს:

აქ ვარძიის მკვიდრ სავანეს ტბა ანათებს თავფარავნის,
მთა მრავალი ამირანის, მრავალ საუკუნის სვეტი
იყოს მრავალჟამიერი უძველესი ჩვენი ერი,
მისი სახე, მისი ფერი, მისი მესხეთ-ჯავახეთი!

9 * * *

▲back to top


*  *  *

არავისთვის დასამალი არაა (ანკი რა აზრი აქვს დამალვას?), რომ გალაკტიონ ტაბიძემ არნახული წამების გზა გამოიარა და ახალგაზრდობაშივე არაერთხელ უფიქრია თავის მოკვლა. ოციან წლებში, როცა თავისი გენიალური, „ზარნიშიანი წიგნის“ გამოსაცემად ემზადებოდა, მთელი დღეებით მშიერს, საჭირო ტანსაცმელიც არ გააჩნდა. ბევრი მისი ლექსი, სახელდახელო ჩანაწერი თუ დღიური გვიმხელს, როგორი აწეწილი და აფორიაქებული ჰქონდა ისედაც მშფოთვარე სული. ჩემზე განსაკუთრებულად დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს ერთი სტროფი, რომელიც, 1923 წლის 23 მარტს, ნასვამს, ჩაუწერია. ესაა ნამდვილი გულიდან ამოხეთქილი ვაება, სასოწარკვეთილი კაცის ტანჯვა. ადვილი მისახვედრია, რა ყოფაშიც იქნებოდა ამის დამწერი:


მისაყვედურებს ბევრი, მაგრამ მე მესმის მათი,
მათ კი არ ესმით ჩემი, კრილოვის ქუჩა, 10.
აქ ჩემს მესამე სართულს მთვარე ანათებს ღამით,
გათენებამდის ვწუხვარ ლიტერატურულ შხამით.

თუმცაღა მთელი სიგრძე-სიგანით ჰქონდა შეცნობილი საკუთარი სიდიადე, ერთადერთობა, მაინც ხშირად შეახსენებდა ხოლმე თავს ამაოების გულისგამომჭმელი განცდა, ეკლეზიასტეს „მწუხარე სიბრძნე“. ამან დააწერინა საკვირველი,მისტიკური ხილვებით გაჯერებული ლექსი „დაბმული ჭინკა“, სადაც უცნაური, პატარა, მახინჯი არსება, ქარიანი ღამით, პოეტს გუნებას უწამლავს, შესწკმუტუნებს, შეჰკვნესის, რომ არაფერს არ აქვს აზრი: „სიკვდილი გელის!“ცის

ჩემმა სიყრმის მეგობარმა რეზო ჭეიშვილმა გალაკტიონის ცხოვრების კურიოზულ შემთხვევაზე თუ ფათერაკზე დაწერა ერთი საუკეთესო მოთხრობათაგანი „რასემონი“, სადაც ხსენებულ ლექსს მცირე, მაგრამ ძალზე პოეტური აბზაცი მიუძღვნა, გალაკტიონის დაძაბული შინაგანი სამყაროს, მისი ტრაგიკული ყოფის გამხსნელი, რომელსაც აუღელვებლად ვერასოდეს ჩავხედავ. აი, ისიც:

„ისევ ებრძოდა ღამით ზარები ზარებს.

აპრილის ღამის ქარი მიაქროლებდა ნუშატამის ვარდისფერი ყვავილების ნამუსრევს. საწერი მაგიდის ფეხზე გამობმული ჭინკა ქვითინებდა გულსაკლავად. ქარი ახლიდა ახლადგაფოთლილტვერს მინას. აქვითინებული ჭინკა ფხაჭნიდა პარკეტს. ვის რად უნდოდა შენი ლექსი, შენი არაკი, შენი უთქმელი ნათქვამი.
 
„შენ მართალი ხარ, ლურჯი ედემი ქარმა დაბურდა,
მაისი გაქრა და ბაღი ჩემი გაუდაბურდა“.

მიყვარს პოეტებზე დაწერილი მოთხრობების კითხვა, სხვანაირი გამოდის. მითუმეტეს, თუ რეზო ჭეიშვილის ოსტატისთანა ნახელავია. ბუნებისგან ბოძებული ნიჭის მხრივ, ქართველი პროზაიკოსებიდან, მას ძნელად თუ გაუტოლდება ვინმე. მისგან ყოველთვის უჩვეულოს და ახალს ველოდები. განსაკუთრებით ახლა, როცა კარგა ხანია დამკვიდრდა ერზაცულ-სუროგატული ეპოქა,ლიტერატურული ნახევარფაბრიკატების გულისამრევი ხანა, როცა გაუთავებლად მოედინება უბინძურესი სექსო-პათოლოგიური ნაკადი. ამ საეჭვო ღირებულების „ნაწარმთა“ დიდი უმრავლესობა პრემირებულია (ყოველწლიურ, მრავალტურიან ტურნირ „საბაობასაც“,ცოტა არ იყოს, სექტანტური იერი დაედო, მოსაწყენი გახდა), თუმცა, კაცმა რომ თქვას, მე ვინ რას მეკითხება, რა გამიკეთებია, ვისი ტიკიტომარა ვარ? ასეთი გლობალური პრობლემები რა ჩემი პრიმიტიული გონების გასარჩევი და გადასაწყვეტია. ვინ მრჯის და, საერთოდაც, რისი გულისთვის ვანთხევ ამდენ „ლიტერატურულ შხამს?“ რა შეიცვლება?

რეზოს ბრწყინვალე მოთხრობაში ემანუელად გამოყვანილ გალაკტიონ ტაბიძეს, როგორც ვიცით, დაღუპვის მერე პატივი და თაყვანისცემა არ დაკლებია (მოთხრობაში ეს მისი დასაფლავების დღესაც იგრძნობა — დედებს ჩვილი ბავშვები მოჰყავთ მის კუბოსთან); ვინ მოსთვლის, რამდენი წერილი და წიგნი დაიწერა, ამ ხნის განმავლობაში, „ეფემერას“ ავტორზე. მიძღვნილი ლექსებიდანაც დიდი ტომი გამოვა. ერთი, მოხერხებული პოეტი ისე გაუთამამდა გარდაცვლილს, შენთან მოვალ მალეო, დაუწერა. ნეტამც ასე იყოს!

სხვათა შორის, თავისი „რასემონი“ რეზო ჭეიშვილს (აკუტაგავას „რასემონი“ გავიხსენოთ) შემთხვევით არ დაუწერია. ჭაბუკობიდანვე აბოდებდა გალაკტიონის სახელი და თითქმის ზეპირად იცოდა. მის ლექსებზე სცენარის დაწერასაც აპირებდა, მაგრამ რატომღაც ხელი შეეშალა. არც ახლა იქნება გვიანი. ერთი კია, ის სცენარი, დღევანდელ პირობებში, ალბათ მშვენიერ ლიტერატურულ ფაქტად დარჩება, გადაღებით ვიღა გადაიღებს?!..

10 * * *

▲back to top


*  *  *

გალაკტიონ ტაბიძეს ჩაუწერია (თარიღი უცნობია) ორადორი მღელვარე სტრიქონი, ოპერის ბაღის წინ,აკაკის ბიუსტთან მდგარს.

აშკარად ჩანს — ეს იყო გამთენიის ხანს, როცა მახათას მხრიდან დაძრული, თვალისმომჭრელად ასხივოსნებული „ცისკრის ვარსკვლავი“ თბილისს დაჰკაშკაშებს. „ღამენათევი და ნამთვრალევი პოეტი“ (ასეთ ყოფაში იგი არცთუ იშვიათად იმყოფებოდა) გვერდიდან აკვირდება იაკობ ნიკოლაძის უკვდავ ქმნილებას, ანტიურ ფიგურასავით მკერდმოშიშვლებულ ღმერთკაცს, რომელსაც კისრის ძარღვები თითქოს უფეთქავს და სასოებით შეჰყურებს მთაწმინდას, საქართველოს განსაცდელისგან დაფარვას და გადარჩენას „მამადავითს ავედრებს“. ყველაფერი ისევ განთიადის გაუფანტველ ბურუსშია ჩაძირული:

ვარსკვლავი ცისკრისა ნისლშია შობილი,
მთაწმინდას გასცქერის აკაკის პროფილი.

ლურჯი, იასამნისფერი მტევნებით დახუნძლული, ტანდაგრეხილიგლიცინიის მახლობლად იდგა. მონუსხული შეჰყურებდა ოსტატის გრძნეული ხელით ნათალ, ასე ახლობელ, მშობლიურ ნაკვთებად ქცეულ ცივ, უგრძნობელ ქვას (მას ხომ ცოცხალი, ტკბილად მოუბარი ახსოვდა იგი!) და მის ყოვლისშემძლე ფიქრსა და მზერაში ამაყად თავაწეული, ბიბლიური გარეგნობის მოხუცი წამიერად გაცოცხლდა, სუნთქვა გაეხსნა, დაბერილი ნესტოები აუთრთოლდა.

ასეთი წამებია, სულის უკვდავებაში რომ გარწმუნებს.