მოგონებათა ფურცლები



მოგონებათა ფურცლები

ქართული მემუარული ლიტერატურა

ფირცხალავა სამსონ

მოგონებათა ფურცლები

 გამომცემლობა

საბოთა საქართველო“

თბილისი

1888

სამსონ ფირცხალავა მოგონებებში მოგვითხრობს თავისი ბავშვობის, პეტერბურგის უნივერსიტეტში გატარებული წლების შესახებ. გვაცნობს ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მუშაობას ჟურნალგაზეთების რედაქციებსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.

სამსონ ფირცხალავა პირადად იცნობდა ცნობილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს: აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ცხვედაძეს, ალექსანდრე სარაჯიშვილს, გიორგი ყაზბეგს, არჩილ ჯორჯაძეს და სხვებს. მათთან შეხვედრებსა და საქმიან ურთიერთობებს „მოგონებათა ფურცლებში“ განსაკუთრებული ადგილი ეთმობა.

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, შენიშვნები დაპირთა საძიებელი დაურთო ლეილა ნანიტაშვილმა

რედაქტორი სოლომონ ხუციშვილი

1 სამსონ ფირცხალავა

▲ზევით დაბრუნება


 

ნანიტაშვილი ლეილა

სამსონ ფირცხალავა

XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პერიოდულ პრესაში ყურადღებას იპყრობს „სიტყვისა“ და „კალამის“ ფსევდონიმებით ხელმოწერილი წერილები, რომლებიც იმ დროისათვის ცნობილ პუბლიცისტს სამსონ ფირცხალავას ეკუთვნის. ამ ფსევდონიმებით წერდა იგი ფელეტონებს, მახვილ პუბლიცისტურ წერილებს.

ლიტერატურული მოღვაწეობა მან გაზეთ „ივერიაში“ დაიწყო, 1902 წლიდან კი სამუშაოდ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში გადავიდა და, როგორც გიორგი ლასხიშვილი იგონებს, რედაქციის პირველ კოლეგიაში შედიოდა არჩილ ჯორჯაძესთან, და გრიგოლ რცხილაძესთან ერთად, ამასთან იყო საკვირაო ფელეტონისტი.

გაზეთ „ცნობის ფურცლის“ დახურვის შემდეგ, მისი გაგრძელებების — „შრომის“, „ისრის“, „სახალხო გაზეთის“, „სახალხო ფურცლის“ რედაქციებში თანამშრომლობდა, რედაქტორობდა საგლეხო გამოცემებს — „გლეხსა“ და „მიწას“, მხატვრულ ჟურნალ-გაზეთებს — „მზეს“ და „ფასკუნჯს“; იყო „სახალხო საქმის“ მთავარი კომიტეტის რწმუნებული.

მკითხველმა შეიყვარა მისი „დღიური“, „ფიქრები... მხოლოდ ფიქრები“, „პატარა ამბები“. დიდი ინტერესით კითხულობდნენ მის ფელეტონებს, რომლებშიც ავტორი საქართველოს საჭირბოროტო საკითხებს იხილავდა და უკეთესი მერმისის ძიებისათვის სამოქმედო გზებს სახავდა. - ეს იყო ეროვნული საკითხი, ბათუმის შემოერთება, სამაჰმადიანო საქართველოს ბედი, ალიხანოვის რაზმების თარეში დასავლეთ საქართველოში თუ სხვა პრობლეშები — ასე რომ აღელვებდა, როგორც იპ. ვართაგავა იგონებდა, ნაცნობთა წრეში „წმინდანად“ მონათლულ სამსონ ფირცხალავას.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების , 1902 წელს, საზოგადოების წევრად, ხოლო მალე გამგეობის მდივნად აირჩიეს სამსონ ფირცხალავა. 1910 წლამდე იგი ასრულებდა საზოგადოების საქმის — მწარმოებლის მოვალეობას, ვიდრე სხვა სოციალ-ფედერალისტებთან ერთად არ გაასამართლეს და არ გადაასახლეს.

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილ წერილში „წიგნების გამოცემა“ იგი ყურადღებას ამახვილებდა ქართული წიგნის საჭიროებაზე.

„მწერლობის აყვავებას არ შეადგენს მარტო გაზეთების წერილები, საჭიროა წიგნები და წიგნები, ხალხური და სხვაგვარიც. თუ გინდათ გაამაგროთ ერი, მიეცით ხალხს ქართული წიგნი, რომელსაც იგი დღეს დიდის წყურვილით თხოულობს. თუ გინდათ შეაიარაღოთ ქართველი ცხოვრების ბრძოლაში, შეაიარაღეთ უპირველესად ქართული წიგნით“.

წერილში „წერა-კითხვის საზოგადოების გაჭირვებული მდგომარეობა“ კი წერდა საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მოუწყობლობის გამო, რომ საზოგადოება უსახსრობის გამო ვერ ბეჭდავდა წიგნებს, ძველ ხელნაწერებს, რადგან სალაროს შემოსავალი არათუ იზრდებოდა, არამედ კლებულობდა. ს. ფირცხალავა „საზოგადოების“ ჭეშმარიტ გულშემატკივართა მცირე რიცხვს მოუწოდებდა, ხელი გამოეღოთ და წარმოდგენის გამართვით, საწევრო ფულის მოგროვებითა თუ სხვა საშუალებებით დახმარებოდნენ საზოგადოების გაჭირვებულ მდგომარეობას.

სწორედ ქართულ წიგნზე მკითხველთა გაზრდილმა მოთხოვნილებამ აფიქრებინა, რომ საგამომცემლო საქმისთვის მოეკიდნა ხელი. მან ი. ჭყონიასთან ერთად გამოსცა ს. მესხის „ნაწერების“ პირველი წიგნი. შ. მღვიმელთან და ვ. ედილაშვილთან ერთად დააარსა გამომცემლობა „ტოროლა“, რომელმაც მხოლოდ ორი წიგნი — ია ეკალაძის ნაწერები და ალ. ნათაძის მიერ გადმოკეთებული ზღაპარი „მელიას თავგადასავალი“ დაბეჭდა. .

1907 წელს ილია ჭავჭავაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გ. სალარიძესთან ერთად გამოსცა კრებული „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“, რომლის შემოსავლის 25 % ილიას „ეროვნულ ფონდს“ გადაეცა. ამ კრებულს გამოსვლისთა– ნავე მაღალი შეფასება მისცა ალ. ხახანაშვილმა.

1912 წელს გადასახლებაში მყოფმა სამსონ ფირცხალავამ დიდი გაჭირვებით შეაგროვა ფული და თავისი უახლოესი მეგობრის ალექსანდრე (კუჭია) მიქელაძის ხსოვნას მიუძღვნა სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული „გვირგვინი“.

1912 წელს ალ. შანშიაშვილს სწერდა: „ერთადერთი ჩემი იმედი, გამხარებელი, იყო კუჭოს სახსოვარი კრებულის გამოცემა. მაგრამ დეპეშა მივიღე, რომ ბეჭდვა შეუჩერებიათ. რასაკვირველია, მიტომ, რომ ფული ვერ გავუგზავნე. არ ვიცი, ახლა რა ვიღონო. 144 გვერდი დაბეჭდილი უკვე მივიღე აქ. კარგადაა გამოცემული, სულ ხელში მიკავია და სიხარულით შევცქერი... როდის იქნება, როდის, რომ ამას წიგნად ვნახავ!“

1913 წლის აპრილში ს. ფირცხალავა სამშობლოში დაბრუნდა და „გვირგვინის“ ბეჭდვა დაასრულა.

კრებულში შესულია გრიგოლ რობაქიძის ესკიზი „შოთა რუსთაველი“, მიხაკო წერეთლის „სუმერული და ქართული“, პეტრე ქავთარაძის მიერ თარგმნილი. „ოიდიპოს მეფე“, ალექსანდრე შანშიაშვილის „მეფე მგოსანი“, (სამსონ ფირცხალაუას დრამატული სურათი „ღამე“ და „გლოვის ზარი“.

კრებულს ახლავს მიძღვნა: ამ წიგნს ვუძღვნით კუჭია მიქელაძის ძვირფას ხსოვნას“ და ავტორთა ფაქსიმილი.

1914 წელს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებალმა საზოგადოებამ დაბეჭდა ს. ფირცხალავას მიერ შედგენილი „ქართველი პოეტების რჩეული ლექსები“. კრებულში შესულია ალ. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, გ. ერისთავის, გრ. ორბელიანის, მიხ. თუმანიშვილის, ივ. კერესელიძის, ვახ. ორბელიანის ლექსები, ჩვტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით.

სამსონ ფირცხალავას, როგორც წიგნის გამომცემლის, სახელი უკვდავყო ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველმა აკადემიურმა გამოცემამ, რომლის დაბეჭდვისათვის მზადება ჯერ კიდევ პოეტის საიუბილეოდ, 1915 წელს დაიწყო. კრებულის გამოცემას აფერხებდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. სარედაქციო კომისია ფაქტიურად დაიშალა. გამოცემის ხელმძღვანელი და რედაქტორი აღმოჩნდა მხოლოდ სამსონ ფირცხალავა, რომელსაც ეხმარებოდა იოსებ გრიშაშვილი.

1917 წელს იონა მეუნარგია ზუგდიდიდან სწერდა სამსონ ფირცხალავას:

„ძმაო სამსონ! მომწერე, იბეჭდება თუ არა ბარათაშვილი. თუ იბეჭდება, რატომ არ გამომიგზავნე, რაც გთხოვე ადრე, ჩემი ცხოვრების აღწერის ბოლო ფურცლები, კარანდაშით დაწერილი, რომლებიც გადასაწერად და გადასაკეთებლად იყო დანიშნული? ჯერ კიდევ ციცერონი მოძღვრიდა მწერალს, თავი და ბოლო კარგად უნდა იყოს დაწერილიო, და აქ ბოლო სულაც არ არის დაწერილი. გთხოვ, გემუდარები, ნუ აყოვნებ, ისე გამომიგზავნე, რასაც გთხოვ, და თან შემომითვალო, დაიწყეთ თუ არა ბეჭდვა“.

წიგნი მხოლოდ 1922 წელს მიიღო მკითხველმა.

სამსონ ფირცხალავა რომ დაუპატიმრებიათ, იოსებ გრიშაშვილს ეტლში მჯდომი პატიმრისთვის ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალი, ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულეზათა სასიგნალო ეგზემპლარი მიუწოდებია. ამ წიგნზე იოსებ გრიშაშვილი „ილიონში“ წერდა: „სამსონ ფირცხალავას მიერ გამოცემული „ბარათაშვილი“ აკადეჰიური გამოცემაა. აქ ყოველივე წვრილმანი, რაც მგოსნის გარშემო მომხდარა — დიდის სათუთობით არის დალაგებული.

ამჟამად საინტერესოა რედაქტორის შეუდრეკელი ენერგია. მართალია, წიგნის ბოლოში ვკითხულობთ, რომ გამოცემის ხასიათის და გეგმის გამოსაკვლევად შემდგარა კომისია, რომელშიაც ყოფილან: კიტა აბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი, იოსებ გრიშაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, დიმიტრი შევარდნაძე, - ივანე ჯავახიშვილი, მაგრამ, როგორც ვიცით, საქმის მთელი სიმძიმე სამსონ ფირცხალავას დააწვა და იგი მაინც იდგა თავის სადარაჯოზე, როგორც უკანასკნელი ჰოროლი. მთელი ოთხი წელიწადი მუშაობდა ს. ფირცხალავა ამ წიგნზე, ჩვენ მოწმე ვიყავით, თუ როგორის ენერგიით, მეცნიერული სიდინჯით სუნთქავდა არხივების სუნოვანობას პატივცემული რედაქტორი, რომ წიგნი რომელიც ეკატერინე ერისთავის თაოსზობით გამოდიოდა — სავსებით სავსე ყოფილიყო. აი, ასე იკრიბებოდა ყოველი მომენტი ბარათაშვილის ცხოვრებაში, რაც დღეს სრულქმნის ჩვენს პოეტს.

დღეს, როცა რედაქტორობა ფრჩხილებში ჩასასმელი სიტყვა გახდა, პირდაპირ სანიმუშოდ ხდება ის მოკრძალება, რომლითაც წიგნის ერთ პატარა კუნჭულში პათ ტარა ასოებით ვკითხულობთ: „სამსონ ფირცხალავას რედაქციით“.

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭომ საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მიმართ შუამდგომლობა აღძრა მხცოვანი მწერლის სამსონ ფირცხალავას განთავისუფლების თაობაზე. ამასთან საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭო თავმდებობდა, რომ სამსონ ფირცხალავა თბილისიდან არ გავიდოდა საქართველოს საგანგებო კომისიის ნებართვის გარეშე.

აი, როგორ იგონებს გერონტი ქიქოძე სამსონ ფირცხალავას:

„სამსონ ფირცხალავა, მოწამის როლს შეასრულებდა, თუ რელიგიური დევნის ეპოქაში დაბადებულიყო. რადგან ჩაგრული ერის შვილად დაიბადა, მის შეგნებაში ყოველი რელიგიური და მეტაფიზიკური იდეა სამშობლოს სიყვარულს დაეჩრდილა. ევროპაში ფირცხალავა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წავიდა მთავრობის ნებართვით. პარიზში მას რამდენიმე. ბროშურა და წერილი გამოუქვეყნებია საჭართველოს ისტორიის პრობლემებზე. ამას გარდა, თურმე ქართული ენის გაკვეთილებს აძლევდა ემიგრანტების ბავშვებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამსონ ფირცხალავა თბილისში დაბრუნდა საბჭოთა მთავრობის ნებართვით. მე მას რამდენჯერმე შევხვდი. მითხრა, უცხოეთში სამშობლოს ნატვრა მკლავდა, მინდა ჩემი ძვლები საქართველოს მიწაში დავასვენოო. თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ კვირაში ერთხელ შეეძლო მთაწმინდაზე ასულიყო და იქიდან თბილისისათვის გადმოუხედა. თითქმის ოთხმოც წელს იყო მიღწეული, მაგრამ ბოლო დრომდე შეინარჩუნა გონებრივი ინტერესი, ახალგაზრდული თვალების ბრწყინვალება და რწმენა, რომ საქართველოს ბედნიერ დღეებს მოესწრებოდა. სამსონ ფირცხალავა დაატუსაღეს სხვა უკან დაბრუნებულ ემიგრანტებთან ერთად“.

   
     

სამსონ ფირცხალავა საფრანგეთის სოფელ ლევილში ქართველ ემიგრანტთა ბავშვებთან ერთად. 1940 წ.

  თვით სამსონ ფირცხალავა კი ამ განწყობილებით დაბრუნდა სამშობლოში:

„კვლავ შენთანა ვარ, ჩემო სამშობლოვ! სალამი ჩემო მშვენიერო, მრავალფერად მოხატულო, ყოველი სიმდიდრით შემკულო, გულით კეთილშობილო, გმირულო ქვეყანავ, სალამი შენ!

ჩემი გული შენი სიყვარულის ცეცხლით ძგერს, გონებას შენი ფიქრი წარმართავს, ჩემს არსებას მხოლოდ შენ ფლობ, ვსუნთქავ შენს ჰაერს, ვჭვრეტ შენს სახეს, მესმის შენი ხმა, შევცქერი შენს დიდებულ აწმყოს და შენ მიღიმი, მეალერსები, შენს მადლს გადმოაფრქვევ ჩემზე.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ჩემო ქვეყანავ!

რა წმინდაა შენი მიწა!

აი, დავდივარ თბილისის ქუჩაზე და მეკრძალება, მემძიმება მიწაზე ფეხის დაბიჯება“...

ს. ფირცხალავა 1948 წლის 14 მაისს იოსებ ბოცვაძეს სწერდა: „მე ამ თვის ოციდან სამსახურში ვარ — საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგედ. სულ წიგნებში ვარ და შემიძლია მუშაობა“.

1948 წელს პატარა წიგნაკის გამოცემა მოასწრო — „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში 40—6 სს. ძვ. წ.*

1950 წელს ნინო ნაკაშიძეს, საბლიტგამის კოლეგიის წევრს, სთხოვდა დახმარებოდა ქართული ხალხური ზღაპრის — „მიწა თავისას მოითხოვს“ — გამოცემაში. მის მიერ მომზადებული ამ ზღაპრის ტექსტი შეიცავდა წინასიტყვაობას, ორ ქართულ ვარიანტს, მსგავსს ავარიულ ზღაპარს და იაპონურ . ლეგენდას. „ჩემი აზრით, — დასძენდა იგი, — ეს ზღაპარი ქართული სიტყვიერების მარგალიტია. იგი გადათარგმნილია ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად. ყველგან დიდად მოწონებული იყო... გაეცანით ამ ზღაპარს და თუ თქვენც მოგეწონებათ, დაეხმარეთ პროპაგანდით, რომ ეღირსოს გამოცემა ჩვენი ხალხის გენიის ამ შედევრს“.

ასე წერდა სამსონ ფირცხალავა... .

  * ს. ფირცხალავა ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი (1915), „ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“ (1918), „თამარ მეფე“ (1939, პარიზი).
     

ეს იყო ერთ-ერთი მისი უკანასკნელი სურვილი, ნატვრა... თითქოს სიმბოლურად, წლების მანძილზე სამშობლოს დანატრებული მისი სული თავისებური ტკივილით ეხმიანებოდა ამ გასაოცარი ზღაპრის დედააზრს.

1951 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ლეონიძე სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს გამგეობის სახელით სთხოვდა, რათა მწერალ სამსონ ფირცხალავას ქართული ლიტერატურის სამსახურისთვის დანიშნოდა პერსონალური პენსია...

სამსონ ფირცხალავა იმავე წლის დეკემბერში დააპატიმრეს

   
     

„საქართველოში ხშირად ნახავთ დიდსა და მოსიყვარულე გულს, სხვის სიყვარულისა და პატივისცემის მთიებით გამტფარს. ასეთი დიდი გული ახლო წარსულში ნეტარხსენებულ კიტა აბაშიძეს, არჩილ ჯორჯაძეს და ჩვენს საყვარელს, მარადის დაუვიწყარ სამსონ ფირცხალავას ჰქონდა ლიტერატურაში“, — წერდა კონსტანტინე გამსახურდია.

სამსონ ფირცხალავას დიდი და მოსიყვარულე გულით არის დაწერილი წინამდებარე წიგნში შესული მოგონებები ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველასა და იაკობ გოგებაშვილზე, იროდიონ ევდოშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილზე; ქართული კულტურის ეროვნული კერის — ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაზე და თავის მოკრძალებულ წვლილზე მის მუშაობაში.

და ბოლოს დარედაქტორო მოღვაწეობასა და იმ ფანატიკურ სიყვარულზე, რომ ლითაც ასე უყვარდა თავისი რედაქტორობით გამოცემული ჟურნალ-გაზეთები -- „გლეხი“ და „მიწა“, „მზე“ და „ფასკუნჯი,

„მოგონებათა ფურცლები“ სამსონ ფირცხალავას ცხოვრების მატიანეა. საზღვარგარეთ გატარებულ წლებს იგი არც იგონებს. ცხადია, გარკვეული მოსაზრებით, და იქნებ იმიტომაც, რომ ის წლები მხოლოდ ფიზიკური არსებობისა და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნების წლები იყო.

   

2 სოფლიდან ქუთაისის გიმნაზიაში

▲ზევით დაბრუნება


სოფლიდან ქუთაისის გიმნაზიაში

ჩემი მშობელი სოფელი მათხოჯი მდებარეობს წულუკიძის (ხონის) რაიონში, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე. ჩვენს სოფლამდე ცხენისწყალი მომდინარეობს მთებსა და კლდეებს შორის მოქცეულ კალაპოტში, ხოლო მათხოჯიდამ გამოდის გაშლილ ადგილზე, რომლითაც იწყება რიონცხენისწყლის ველმინდვრები. დიდი წვიმების შემდეგ და გაზაფხულზე ცხენისწყალმა ძალზე მოდიდება იცის, კალაპოტს იცვლის, ხან ერთ მხარეს მიასკდება, ხან მეორეს, ყველაფერს წალეკავს, ყანებს რიყედ აქცევს, ბევრი ოჯახიც აუყრია და მშვენიერი ეზო და სახლკარი გაუნადგურებია. შეწუხებულ გლეხებს ძველი რეჟიმის დროს არაერთხელ მიუმართავთ მთავრობისათვის, რომ რამე ზომები ყოფილიყო მიღებული, ჩემი გიმნაზიელობის და სტუდენტობის დროს მეც დამაწერინეს მეზობლებმა ქაღალდი ორჯერ თუ სამჯერ, გუბერნატორისა და ნამესტნიკის სახელზე, მაგრამ არა გაკეთებულა რა ცხენისწყლის კალაპოტის მოსაწესრიგებლად…

სამწუხაროდ, მდგომარეობა დღესაც გამოუსწორებელია და რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა გაოხრებულია. სადაც ლამაზი კარმიდამო და ვენახები მინახავს, იქ დღეს რიყეებია. აღარაა კოხტად მიწყობილი წისქვილებიც, რადგან მდინარის დაუდეგრობა ამის საშუალებას არ იძლევა. მონაპირე კოლმეურნეობებმა უნდა მიაქციონ ამას ყურადღება და თვითონ იზრუნონ ცხენისწყლის მკვიდრ კალაპოტში ჩასაგდებად. ეს დიდი ფართობის საყანე ადგილებს შესძენს კოლმეურნეობებს, რომლის მორწყვაც ადვილად შეიძლება გვალვის დროს.

მათხოჯი გაშენებულია მთის ძირში, გაშლილ ვაკეზე. მის პირდაპირ, ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფლები — ზემო ხუნწი და ქვემო ხუნწი (ეს სამეგრელოა). მათ უკავიათ მთაგორაკიანი ადგილები, სადაც გაფანტულია კოხტა ხის სახლები, ლამაზი ეზოებით. ეს ყველაფერი მათხოჯიდამ მომხიბლავ პეიზაჟად მოჩანს. მათხოჯს ზურგში, გორაზე, ნაციხარი უდგას. აქედან თუ კიდევ უფრო მაღლა ახვალთ, იქვე, მახლობელ მთაზე, რიონის მინდვრებს დაინახავთ შორ მანძილზე, აჭარის მთებიდან მოყოლებული თითქმის შავ ზღვამდე. გამიგონია, გელათიც კი დაუნახავთ ხანდახან მათხოჯის მთებიდანო. მე ეს არ შემიმოწმებია. არსებობს ძველი გადმოცემა, გელათში რომ ზარს დარეკდნენ, მას უპასუხებდა ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, და ამ უკანასკნელს კი გამოეხმაურებოდა მარტვილი (ჭყონდიდი), რომელიც მათხოჯის მახლობლადაა. მათხოჯი მოზრდილი სოფელია, ჩემ ბავშვობისას სამასზე მეტი კომლი ითვლებოდა (ახლა შვიდასამდე არისო). სულ გლეხებით იყო დასახლებული. უმრავლესობას რამდენიმე გვარი შეადგენდა: ფირცხალავები, ჩიმაკაძეები, ბარაბაძეები, მელაძეები, ადამიები, კარსანიძეები. იყო ერთადერთი აზნაურის ოჯახი, რატიანი, რომლის წევრები არაფრით განირჩეოდნენ გლეხებისაგან და მათსავით მუშაობდნენ. მთავარი მეურნეობა იყო მეყანეობა და მევენახეობა, უკანასკნელი განსაკუთრებით ვარგოდა ერთ ნაწილში, ბარაბაძეების უბანში, და აქაური ღვინო გასაყიდად გადიოდა სხვა სოფლებშიც. დასამუშავებელი მიწა სამყოფი არ იყო, ამიტომ ბევრ გლეხს შორს უხდებოდა ყანების აღება. ზამთრობით ზოგი ჩალვადრობას მისდევდა, ზოგიც მეურმეობდა. ახალგაზრდები სამხრეთ რუსეთის პორტებში მიდიოდნენ სამუშაოდ. რამდენიმე მებოსტნეობას ეწეოდა თბილისში. ქალები სახლში ხელსაქმობდნენ — ამზადებდნენ საჩოხე შალებს, ქსოვდნენ წინდებს, მოჰყავდათ აბრეშუმი… ხოლო მათი ნაშრომის ფასი ძლიერ მცირე იყო, მაღალი წინდის მომქსოვს დღიურ საფასურად 7— 8 კაპიკი თუ მოუწევდა.

კულტურულად მათხოჯი ჩამორჩენილი იყო. უმაღლესი განათლების ან საშუალო სკოლადამთავრებული ამ სოფლიდან თითქმის არავინ იყო, მთელ სოფელში ათიოდე კაცს თუ ნახავდით წერაკითხვის მცოდნეს. პირველი ინტელიგენტი ლავ. ჩიმაკაძე, რომელიც მასწავლებლობდა სხვა სოფელში, ძალიან ცდილობდა და ურჩევდა გლეხებს (ამ საქმეში მამაჩემიც ეხმარებოდა), რომ სკოლა გაეხსნათ, მაგრამ არა გაუვიდა რა. «არა, არ გვინდა სკოლა, სწავლა რა ჩვენი საქმეაო!» — ყვიროდნენ გლეხები. მერე როგორც იყო გაიხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი მთელი სასოფლო საზოგადოებისათვის (რამდენიმე სოფლისათვის ერთად).

ეკონომიურად სოფელი დამოკიდებული იყო ხონზე, განსაკუთრებით მის ბაზრობაზე (პარასკეობით), ხოლო ეს დამოკიდებულება შეზღუდული იყო. ჩვეულებრივ დღეს ერთი ორი კაცი თუ ჩავიდოდა ხონში, მარტო პარასკევს მიდიოდა ბევრი. მიმოსვლა იყო ფეხით: ფაიტონის ჩამოსვლა სოფელში იშვიათი მოვლენა იყო, ამაზე მთელი სოფელი ალაპარაკდებოდა.

სოფელში რამდენიმე სავაჭრო და სახელოსნო იყო: ორი მჭედელი, ერთი მღებარი (ტანსაცმელს ულურჯებდა მგლოვიარეთ) და ერთიც სამიკიტნოსაწვრილმანო, სადაც, ღვინოარაყის გარდა, იყიდებოდა მარილი, ნავთი, შაქარი, ხმელი თევზი, ასანთი და სხვა. რამდენიმე წლის შემდეგ ამათ მოემატა ფურნე, მანუფაქტურის მაღაზია, გაიხსნა კოოპერატიული მაღაზიაც, რომელმაც დიდი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. სოფელი თანდათან დაადგა გამოღვიძების და წარმატების გზას. საკუთარი სკოლაც დაიარსა, სახალხო სახლი ააგო.

დღეს მდგომარეობა ძალიან გამოცვლილა. სოფელში არსებობს სრული საშუალო სკოლა, სადაც სამასზე მეტი ქალვაჟი სწავლობს, თეატრი, ბიბლიოთეკა, კლუბი. სოფლის გაფართოებულ და მოკირწყლულ გზაზე წამდაუწუმ დასრიალებენ სამგზავრო და სატვირთო მანქანები, გარდა ამისა, ყოველდღე რეგულარულად დადის მათხოჯსა და ხონს შუა ორი დილიჟანი და რამდენიმე პატარა ეტლი, შეხვდებით ველოსიპედისტებსაც.

ფირცხალავები მათხოჯში ძველი დროიდან იყვნენ დასახლებული, სამეგრელოდან არიან გადმოსული. ჩვენი ოჯახი გლეხური იყო. მამაჩემი, გიგო, ჯერ ყანის მუშა იყო, მერე ჩალვადრობა დაიწყო და ბოლოს ხეტყის ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. არავითარი სწავლა არ მიუღია, მაგრამ სხვების წერას რომ უყურა, ისწავლა ცოტაოდენი, წერდა, თუმცა მისი დაწერილი ხშირად ძნელი გასარჩევი იყო. რუსული რამდენიმე სიტყვა იცოდა და გაჭირვების დროს გამოიყენებდა. ძლიერ უყვარდა სკოლა, განათლება და ადრევე შეიყვანა სასწავლებელში ჩემი უფროსი ძმები (ნესტორი და იაკობი) და ჩემი ბიძაშვილები (სევერიანე და თენგიზი). მაგრამ მათ სასწავლებლები არ დაამთავრეს და ეს ძლიერ საწყენად დაურჩა. რაკი მარტო მე დავრჩი გიმნაზიაში, მთელი ყურადღება მე მომაქცია, თვალყურს ადევნებდა ჩემს მეცადინეობას. ქუთაისში ყოფნის დროს უთუოდ შემოივლიდა გიმნაზიაში და ჩემს ამბავს ჰკითხავდა მასწავლებლებს, ძალიან უნდოდა, რომ მე მაინც გამეთავებინა გიმნაზია და მიმეღო უმაღლესი განათლება. ხშირად მეტყოდა: «შვილო, ექიმობა ისწავლე, ჩამოდი სოფელში და ღარიბს, გაჭირვებულ ხალხს უწამლე, დაეხმარეო».

მამაჩემს გარკვეული შეხედულება არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე, მაგრამ ღრმად ჩამრჩა გულში მისი კამათი ერთ რუსთან (ქართულის მცოდნე იყო): «როგორ შეიძლება ხალხს ენა წაართვა! განა შესაძლებელია ამაზე უარესი სასჯელი და უბედურება, რომ ადამიანს ენა ამოგლიჯო, მის ენაზე არ ალაპარაკო! სასამართლოში ვერ მივალთ ჩვენის ენით, ვერც სკოლაში, პოლიციაში, სხვა დაწესებულებაში! რასა გავს ეს!..» ამას ისეთი სიმწარით და ნაღველით ამბობდა მამაჩემი, რომ მე გაკვირვებული და თან გახარებული შევყურებდი. არ იყო ავი, ფიცხი, სასტიკი, უყვარდა შრომა და უსაქმოდ არ გაჩერდებოდა.

დედაჩემი (ბარბალე ჩირგაძე) სოფლის უბრალო ადამიანი იყო, მეტისმეტად გულკეთილი, მშვიდობიანი, მეზობლებთან მუდამ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არავისთან უსიამოვნება არ მოსვლია. მამა რომ შვილებს რამეზე გაგვიწყრებოდა, დედა მყის იქ გაჩნდებოდა და ეტყოდა: «კარგია, ბავშვს გული ნუ გაუხეთქეო». ასევე გამოეხმაურებოდა და გამოექომაგებოდა მოსამსახურეებს: «სხვისი შვილია, აქ დედმამა არა ჰყავს, ჩვენ ვართ მისი მშობლებიო». როცა ოჯახს რამე უსიამოვნება შეხვდებოდა, გაუჭირდებოდა, დედაჩემი ასე იტყოდა: «გაჭირვებაში კაცმა თავი სიგლახეს არ უნდა მისცესო». ეს ხომ იგივე რუსთაველური სიბრძნეა: «ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა». ბევრჯერ მომიგონებია ჩემს ცხოვრებაში დედის ნათქვამი. რამდენი სიყვარულის, ალერსის, სინაზის, სიამის მოგონება დაუტოვებია დედას ჩემთვის, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ, რადგან ეს ხომ ზოგადი ამბავია — დედა ყოველთვის და ყოველგან შვილის სიყვარულია!..

ჩვენი ოჯახის ცხოვრება ბევრით არ განსხვავდებოდა გლეხების ცხოვრებისაგან. მეც ვიზრდებოდი სოფლურად — ვმწყემსავდი ძროხას, დამქონდა სადილი ყანაში მომუშავეებისთვის, დავყვებოდი მოჯამაგირეს ტყეში შეშის მოსაჭრელად…

ჩემი მახსოვრობის პირველ ამბებს რომ ვიგონებ, ერთი მეტად მწვავედ ჩამებეჭდა გულში. ასე ოთხი თუ ხუთი წლის ვიქნებოდი, დედამ დედულეთში წამიყვანა, სოფ. ორაგვეთში (მათხოჯიდან 5ს კილომეტრზე, ახლა ეს სოფელი აღარ არსებობს, მკვიდრნი სხვა სოფლებში გადასახლდნენ, რადგან ორაგვეთს მისასვლელი გზები არ უვარგოდა). მე და დედაჩემი მოხუცებულ ბებიაბაბუასთან ვცხოვრობდით. ერთხელ ჩემს ბიძასთან გადავედი, რომელიც იქვე ცხოვრობდა. ბიძის სახლს რომ მივუახლოვდი, დავინახე: ეზოში კალოზე დარბის ჩემი ბიძა, უკან დასდევს ცხენოსანი კაცი და უმოწყალოდ ურტყამს მათრახს. ბიძა ტირის, ყვირის, შველას ითხოვს. მე შეშინებული უკან გამოვბრუნდი, მაშინ ვერაფერს მივხვდი, ხოლო შემდეგ გავიგე, რომ ის კაცი ბიძაჩემის ყოფილი ბატონი იყო, რაღაცას აბრალებდა და მიტომ სცემდა.

ანბანის სწავლება სახლში დამაწყებინეს, მასწავლიდნენ უფროსი ძმები. მერე მიმაბარეს ჩვენს მოყვარე დიაკვანს, რომელთანაც მოდიოდა მისი ცოლისძმა და ბავშვებს ქართულ წერაკითხვას ასწავლიდა. სწავლება მეტად პრიმიტიული იყო. შემოვუსხდებოდით გრძელ მაგიდას ხელნაწერი ანბანებით 10— 12 ბავშვი და ერთხმად, რაც ძალი და ღონე გვქონდა, გავყვიროდით: «ან, ბან… ან, ბან, გან!»

ანბანის სწავლა რომ დავასრულე, ხონის ორკლასიან სასწავლებელში შემიყვანეს. ბინად ნათლიაჩემთან დამაყენეს, რომელიც ცოტა შორს იდგა სკოლიდან. ჩემი ბიძაშვილი (თენგიზი), რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა, თავის ბიძასთან (დედის ძმასთან) დაბინავდა. ცალცალკე ცხოვრება იმასაც აწუხებდა და მეც. ჩემმა ბიძაშვილმა დაიჩემა, რომ უსათუოდ იმასთან გადავსულიყავი: ჩვენსა დიდი ნიგვზის ხეებია, მალე დასარეკი იქნება, ახლო ტყეა და იქ მახით ტყის ქათამს დავიჭერთ, ხანდახან ჩვენს სახლს ტურები უახლოვდებიან და იმათ ნახავო. მეც შევჩივლე დედას ჩემი მარტოობა და მალე მომათავსეს ბიძაშვილთან ერთად. მისი ბიძა უბრალო გლეხი იყო, სახლი ძველებური ედგა, მიწის იატაკით, ფანჯრები არ ჰქონდა. ცეცხლი შუაში ინთებოდა. საჭმელსასმელი ღარიბული იყო, მეტწილად ლობიო და მჭადი. დანაკლისს იმით შევივსებდით, რომ შაბათობით ნასადილევს სახლში, მათხოჯში მოვდიოდით და იქ ვრჩებოდით ორშაბათ დილამდის, იქიდან პირდაპირ სკოლაში მივდიოდით. ერთხელ, შაბათ დილას, ჩვენი შესახვევიდან ხონიმათხოჯის შარაგზაზე რომ გამოვედით, მე და ჩემმა ბიძაშვილმა ვთქვით: «რა გვინდა სკოლაში, მოდი, პირდაპირ მათხოჯში წავიდეთ». ვიბრუნეთ პირი და გამოვწიეთ ჩვენი სოფლისაკენ. ნელნელა ვიარეთ, რომ ცოტა შეგვიანებულიყო და მეტად ადრე არ მივსულიყავით სახლში. რომ მივედით, ასე ვთქვით: დღეს ძალიან ნაადრევად დაიწყო სწავლა და მალე გავათავეთ. დაიჯერეს თუ არ დაიჯერეს, დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. მამაჩემი შინ არ იყო. დედა ჩვეულებრივი ალერსით და სიყვარულით შემხვდა და მაშინვე გემრიელი საუზმე მომიმზადა და ტკბილეულიც არ დამაკლო. ტყუილს მოკლე ფეხები ასხიაო, ნათქვამია, საღამოს ხონიდან ჩვენი მასპინძლის შვილი ჩამოვიდა, შეშინებოდათ, სადილად რომ არ მივედით. გამომჟღავნდა ჩვენი ეშმაკობა. გაგვიჯავრდნენ და ამით გათავდა ყველაფერი.

იმ წლებში ქურდობის ასალაგმავად სოფლებში მთავარ გზებზე შლაგბაუმები გამართეს. სადაც ღამე ყარაულები იდგნენ და თუ ვისმე საქონელი მიყავდა, შეუმოწმებლად არ გაუშვებდნენ. ეს ყარაულები თვით სოფლის მკვიდრნი იყვნენ და მათ ხევისთავებს ეძახდნენ.

ერთ ორშაბათ დილას, მე და ჩემი ბიძაშვილი სოფლიდან რომ პირდაპირ სკოლაში მივდიოდით, ასეთ საყარაულოსთან ხონში დაგვხვდა ერთი მოზრდილი ბიჭი მსხვილი ჯოხით ხელში. როგორც კი დაგვინახა, შორიდან შემოგვძახა: «მობრძანდით, მობრძანდითო, მე თქვენ გიცდითო სწორედ. მაშ თქვენი ნაქნარია ის საქმე, თქვენი მოპარულია? აქეთ მოდით, მაჩვენეთ თქვენი ჯიბეები!» ჩაგვიყო ხელი ჯიბეებში და ამოგვაცალა, რაც კი რამ გამოტანებული გვქონდა სახლიდან — ხილი და ხაჭაპურები. მე ერთი აბაზიანიც მქონდა, ისიც წაიღო. მერე შემოგვიყვირა: «მე ხევისთავი ვარ, ეს ერთი მიპატიებია, გასწით, თუ მეორედ ჩამივარდით ხელში, კარგი საქმე არ მოგივათ!» შეშინებულები ჩვენ ხმას ვერ ვიღებდით და გულში ღმერთს მადლობას ვუთვლიდით, რომ იმ ბიჭმა არ გაგვლახა და არ დაგვიჭირა. აჩქარებით გავწიეთ სკოლისკენ და ერთხელაც არ მოგვიხედნია უკან.

ჩვენ სახლში, რასაკვირველია, საათი არ გვქონდა და როგორც კი გათენდებოდა, მივდიოდით სკოლაში და იქ დიდხანს გვიხდებოდა ცდა. პარასკევ დღეს, თუ კარგი ამინდი იდგა, სწავლის დაწყებამდე ბაზარში გავდიოდით, ეგებ ვინმე ჩვენებური გვენახა. ძალიან გვიტაცებდა ფურნეებიდან ახლად გამომცხვარი პურის და ხაჭაპურების სუნი. ერთხელ დიდხანს შევაცქერდით მეპურეს, რომელსაც ფურნიდან ნიჩბით აწითლებული ჩიტპურები და ბუბლიკები გამოჰქონდა და სკოლაში რომ მივედით, უკვე პირველი გაკვეთილი გათავებული იყო.

ხონის სკოლის ცხოვრებიდან ორი რამ კარგად დამამახსოვრდა: ერთი — საღვთო რჯულის მასწავლებლის, მღვდლის, ხის სახაზავის მაგარი დარტყმა ხელზე, რუსული გინების დართვით: Ах, ты скотина! მეორე ის, რომ სკოლაში ორჯერ თუ სამჯერ სწავლა შეგვაწყვეტინეს, მღვდელმა ლოცვა გადაიხადა და ბავშვები სახლში გაგვიშვეს. მაშინ ამის არაფერი გამეგებოდა, მერე გავიგე, რომ იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მოკვლას უპირებდნენ, ის გადარჩა და ამიტომ პარაკლისი გადაიხადეს და ჩვენც მეცადინეობისაგან გაგვათავისუფლეს.

ხონის სასწავლებელი ჯერ გათავებული არ გვქონდა, რომ მამამ მე და ჩემი ბიძაშვილი ქუთაისში წაგვიყვანა, სადაც კარგა ხანია გიმნაზიაში სწავლობდნენ ჩემი ძმა იაკობი და უფროსი ბიძაშვილი სევერიანე. იქ ჯერ კერძო მასწავლებლები გვამზადებდნენ და შემდეგ გიმნაზიაში მიგვიღეს პირველ მოსამზადებელ კლასში. ქუთაისში გავატარე მთელი ათი წელიწადი, იქ მივიღე საშუალო განათლება და ისე შევეჩვიე იქაურობას, რომ მერე მეტად გამიძნელდა ქუთაისის მიტოვება.

ქუთაისი მაშინ ქალაქსოფელი იყო, ქალაქბაღი. მისი გარეგნულობა უნებურად ხიბლავდა ადამიანს — სახე ფერადოვანი, დიდის ხელოვნებით მოხატული ბუნებისაგან. განსაკუთრებით საამო შთაბეჭდილებას ახდენდა იგი ზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე. თითქმის ყველა სახლს ეზო ჰქონდა, ამწვანებულაყვავებული, და შორიდან რომ შეხედავდით ქალაქს, ერთ მთლიან ბაღად გეჩვენებოდათ.

ხატოვანი იყო ქუთაისის საზოგადოებრივი ცხოვრებაც. უცხო ფერებით და ლამაზი სახეებით. ამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა ქალაქის ბაღი (ეგრეთწოდებული «ბულვარი»). თუ ვისიმე ნახვა გინდოდათ, აქ შეხვდებოდით, აქ იყო ყიდვაგაყიდვა, დაგირავება, დაქირავება, ფულის სესხება, მაჭანკლობა, აქ იმართებოდა დებატები, აქ იყო ბირჟა და გამოფენა ადამიანების სილამაზის, ტანადობის, ტანსაცმლის. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით, დღითა და ღამით, კვირაუქმე დღე, კვირაში ორჯერ სამხედრო მუსიკა უკრავდა და ეს კიდევ უფრო იზიდავდა მოსეირნეებს. ვერსად შეხვდებოდით ისეთ წმინდა ქართულ, ლამაზ ტიპებს, როგორც აქ. გამოირჩეოდნენ თავის მოყვანილობითა და სიკოხტავით მაშინდელი ჩვენი არისტოკრატიის წარმომადგენელნი — წერეთლები, წულუკიძეები, მიქელაძეები, დადიანები, ფაღავები, გურიელები — ქალები და კაცები.

ამათი ცენტრი იყო გრაფინია ზარნიკაუ. ეს იყო იოსელიანის ქალი, დადიანის ცოლი. იმ დროს ქუთაისში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ოლდენბურგელი პრინცი, რაღაც დანაშაულისთვის გადმოსახლებული დროებით პეტერბურგიდან. ამ პრინცს მოეწონა დადიანის ცოლი და დაუწყო არშიყობა. ქალმა შორს დაიკავა თავი. პრინცს სიყვარული უფრო გაუძლიერდა და გათავდა იმით, რომ დადიანს დიდი ფული მისცა და ის ცოლს გაეყარა. მაშინ პრინცმა ჯვარი დაიწერა ქალზე და, რადგან იგი უბრალო ჩამომავლობისა იყო და არ შეეძლო საიმპერატორო ოჯახის წევრობა, მოუპოვა მას გრაფინია ზარნიკაუს სახელი და მათ შვილებსაც ეს გვარი დაერქვა.

ოლდენბურგელ ზარნიკაუს და ქართველ არისტოკრატების წრეში ხანდახან გავლით მოხვდებოდნენ ქართველი დედების შვილები მიურატები და ვიტგენშტეინები. იყო კიდევ ერთი გრაფი, ფრანგქართველი როზმარდიუკ (თუ არ მეშლება ეს სიტყვა), ჩოხაახალოხში გამოწყობილი, ქართულად და მეგრულად მოლაპარაკე.

ქუთაისის თავისებურებას წარმოადგენდა მისი ბაზარიც. ბაზრობა იმართებოდა პარასკეობით და კვირაობით. რა გინდა სულო და გულო, აქ არ იშოვნიდით. სოფლიდან ჩამოტანილს — სანოვაგეს, ხილს, სასმელს. გაზაფხულიდან დაწყებული მთელი ქუთაისის ჰაერი პირდაპირ მთვრალი იყო ხილის, განსაკუთრებით ბალის სურნელებით, ხოლო შემოდგომაზე ყველაფერი გაჟღენთილი იყო ყურძნისა და მაჭრის არომატით. ყურძენი ურმებით ჩამოჰქონდათ და ბევრი ქუთაისელი ამ ყურძნისაგან საკუთარ ღვინოს აყენებდა. ქუთაისის ცხოვრების დასახასიათებლად უნდა მოვიხსენიო იმპერატორ ალექსანდრე IIIის ჩამოსვლა ქუთაისში ოჯახით 1888 წელს. ჩვენმა თავადაზნაურობამ ამის გამო ბევრი უქვეშევრდომილესი ერთგულების გრძნობები გამოაცხადა და ბევრი ხარჯიც გასწია. ღარიბი ქუთაისიც დაფაცურდა, ხელმოკლე მოქალაქეებში და სოფლელებში ფული მოკრიბა და ბულვარში საგანგებო პავილიონი ააგო ხელმწიფის მისაღებად. ამ სამზადისის დროიდან მახსენდება ერთი ამბავი. ერთი ინტელიგენტი ეკითხება მეორეს: ხელმწიფე რომ ჩამოდის, არაფერი არ უნდა ვითხოვოთ ჩვენი ქვეყნისთვისო? მეორემ უპასუხა: კაცი სტუმრად მოდის და თხოვნით როგორ უნდა შევაწუხოთო!

თხოვნის იმედები იმ ხანებში საზოგადოდ დიდი იყო. ბევრს ღარიბს და გაჭირვებულს ეგონა: ხელმწიფეს თუ რასმე ვთხოვ, უარს როგორ იკადრებსო. ამიტომ ქუთაისში ყოფნის დროს ალექსანდრეს რამდენიმე ასი თხოვნა მიართვეს. ზოგი რას სთხოვდა და ზოგი რას, უფრო კი ფულით შემწეობას. არც ერთი თხოვნისთვის, რასაკვირველია, ყურადღება არავის მიუქცევია, მით უფრო იმპერატორს. მაგრამ ამ თხოვნის წყალობით ხელი მოითბეს ქუთათელმა «აბლაკატებმა» (ესენი იყვნენ რუსული წერაკითხვის მცოდნე პირები, რომელთაც შეეძლოთ უბრალო თხოვნების დაწერა, ცოტა რამ რჩევის მიცემა, ვექილთან მიყვანა). პირადად გამიგონია, როგორ ტრაბახობდა ერთი მათგანი ხელმწიფის წასვლის შემდეგ: ხელმწიფე სრულიადაც არ დამინახავს, სახლში ვიჯექი და თხოვნებს ვუწერდი ხალხს, ზოგს მანეთად, ზოგს ათ შაურად. ჯიბე გავიტენე და ეს იყო ჩემი ხელმწიფის ნახვა…

ქუთაისს ჰქონდა თავისი თეატრი, ჯერ ხარაზიშვილის შენობაში, მერე ბულვარში აგებულ პავილიონში. ბევრი იყო სასწავლებელი, ქუჩებში ბლომად შეხვდებოდით მოწაფეებს, ინტელიგენტური ძალებითაც მდიდარი იყო ქალაქი.

დავუბრუნდეთ ახლა კერძოდ გიმნაზიას და იქ ჩემს ყოფნას. გიმნაზიის მოწაფეთა შორის ბევრი იყო სოფლებიდან ჩამოსული, კერძო პირების სახლებში დაბინავებული. ბინის მომცემს, გარდა ოთახისა (გათბობაგანათებით), უნდა ეძლია მოწაფისათვის სასმელსაჭმელი. ამისათვის მოწაფე იხდიდა 10 — 12 — 15 მან. თვეში. კვება სუსტი იყო, თვით 15მანეთიან ბინაზე, რომელიც არისტოკრატულად ითვლებოდა, დილას და საღამოს უბრალო ჩაის იძლეოდნენ (ერთ ჭიქას) და ცარიელ პურს და სადილად ორ კერძს. მოწაფეს აკლდა მშობლების ყურადღება და მზრუნველობა. ტანსაცმელიც არ მოეპოვებოდა შესაფერისი, მეტი წილი უბრალო წუღებში დადიოდა, რომელიც მალე ცვდებოდა და მისი შეკეთება ან ახლის ყიდვა ბავშვს ხშირად უგვიანდებოდა.

ასევე მზრუნველობას და პატრონობას მოკლებულად გრძნობდა თავის თავს ბავშვი გიმნაზიაში. სწავლების მეთოდის უვარგისობა იყო მიზეზი, თუ ის, რომ მასწავლებლები უცხონი იყვნენ და საერთოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უნდობლად და უგულოდ ეპყრობოდნენ, მოწაფეთა და მასწავლებელთა შუა ხიდი იყო ჩატეხილი. მოსწავლეთ სძულდათ სასწავლებელი, არ ჰქონდათ სურვილი და მისწრაფება ცოდნის შეძენისა, მასწავლებლებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრებს, და დიდი იშვიათი მოვლენა იყო, თუ რომელსამე მასწავლებელს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა მოსწავლეებთან. ამ ნიადაგზე იყო წარმოშობილი ის, რომ გიმნაზიელები, თუ შემთხვევა მიეცემოდათ, ღამე სცემდნენ მასწავლებელს. ასეთი ამბავიც მომხდარა: გიმნაზიელებმა დაუდარაჯეს ხიდზე ღამით ერთ მასწავლებელს, რომელსაც ძალიან ემტერებოდნენ, და მოუნდომეს რიონში გადაგდება. მასწავლებელმა ტირილი დაიწყო, შემიბრალეთ, ცოლშვილი მყავსო. აპატიეს, გაუშვეს და ამის შემდეგ ის მასწავლებელი გამოიცვალა, კეთილი გახდაო. მასწავლებლის სიძულვილი იმაშიც გამოიხატებოდა, რომ, როცა მაისის ბოლოს სწავლა შეწყდებოდა, ზოგი მოწაფე ღამე ქუჩიდან გიმნაზიის შენობას ქვებს უშენდა და ფანჯრების მინებს ამტვრევდა. ერთხელ მე და ჩემი ტოლი ბიძაშვილი სოფლიდან ქუთაისში ცხენებით მივყავდით. პირველ კლასში ვიყავით მაშინ მგონია, ისე გვძულდა გიმნაზია და ისე გვეზარებოდა იქ დაბრუნება, რომ გზაში ქუთაისიდან მომავალ მგზავრებს ვეკითხებოდით: გიმნაზიის შენობა ხომ არ დამწვარათქვა. ვფიქრობდით, თუ შენობა დაიწვა, სწავლა დროებით შეწყდებოდა.

ასეთ მძიმე პირობებში, ცხადია, ძნელი იყო მერვე კლასამდის მისვლა და გიმნაზიის დამთავრება. ჩემმა უფროსმა ძმამ მესამე კლასიდან დატოვა გიმნაზია, ერთმა ბიძაშვილმა — მეორედან და მეორემ — მეხუთედან. ჩემ ტოლამხანაგებში, რომელნიც ერთად შევედით მოსამზადებელ კლასში, მხოლოდ სამმა მივაღწიეთ უკანასკნელ კლასამდის და დავასრულეთ გიმნაზია. დანარჩენი 40 — 50 მოსწავლე ვერ შეეგუა მდგომარეობას ან ქონებრივი სახსარი არ უწყობდა ხელს და მათ სხვადასხვა დროს გიმნაზია დასტოვეს.

ერთი რამ კი უზრუნველყოფილი იყო ჩვენთვის — მაშინდელი მოზარდი თაობისათვის ქუთაისში — დაცული ვიყავით ეროვნული გადაგვარებისაგან, თუმცაღა რუსულ გიმნაზიაში ვსწავლობდით, სულ რუსი მასწავლებლები გვყავდა, რომლებიც რუსულად გვწვრთნიდნენ, რუსულ სულს და შეგნებას გვინერგავდნენ. მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა, ოთხი მეხუთედი თუ მეტი, ქართველები ვიყავით, ქართული შეგნების, ერთმანეთს ვეთვისებოდით. ქართულის სწავლება მეორე კლასამდის არსებობდა ქართველებისათვის, მასწავლებლად გვყავდა მღვდელი რაჟდენ გიგაური, კეთილი ადამიანი, რომლისთვის 5ზე ნაკლები ნიშანი არ მოიპოვებოდა. გვაკითხებდა «ბუნების კარიდან», უმთავრესად საქართველოს გეოგრაფიას და ისტორიას. წავიკითხეთ აგრეთვე «რობინზონ კრუზო» და «გულივერის მოგზაურობა», რამაც ძალიან გაგვიტაცა.

რუსი მასწავლებლები არ გვიწონებდნენ, თუ გიმნაზიელები ერთმანეთს ქართულად დაველაპარაკებოდით. თუ ქართულ წიგნს გვინახავდნენ ბინაზე, დანაშაულად ჩაგვითვლიდნენ. გვიკრძალავდნენ ჩვენი თავისთვის ქართველები გვეწოდებინა. აი ამის ერთი მაგალითი: მეექვსე კლასში ერთი მოწაფე (ვას. თუმანიშვილი) რუსული ენის მასწავლებელს პუშკინის «პოლტავის» შინაარს უყვებოდა და იქ, სადაც ამბავია რუსების და შვეციელების ომის, იმის მაგიერ, რომ ეთქვა, როგორც ავტორს აქვს, «ჩვენ» (ე.ი. რუსის ჯარი), მოწაფემ თქვა, «რუსები», მასწავლებელმა მაშინვე შეაჩერა და ჰკითხა: რატომ «რუსებს»ამბობ და არა «ჩვენ»? მოწაფემ მიუგო: მე ხომ რუსი არა ვარ და როგორ უნდა ვთქვა «ჩვენ». «როგორ თუ რუსი არა ხარ!» — შეუყვირა მასწავლებელმა, პედაგოგიურ საბჭოში დააბეზღა და მოწაფე რამდენიმე საათით კარცერში ჩასვეს.

თუ ორიოდე არარუსი მასწავლებელი იყო, ისინიც გარუსების პოლიტიკას აწარმოებდნენ. ერთი გადაგვარებული სომეხი არითმეტიკის მასწავლებელი გვყავდა, მოწაფეს რომ გაუჯავრდებოდა, ასე ეტყოდა: რა შენი საქმეა სწავლა, გადი გიმნაზიიდან და მეჩექმეობა ისწავლეო. ერთი კლასის დამრიგებლის თანაშემწე, როცა ავადმყოფ მასწავლებლის ნაცვლად შემოვიდოდა, ყოველთვის რუსულ წერას გვასწავლიდა და თან ასე გვარიგებდა: «რასაკვირველია, თქვენ გიმინაზიას ვერ გაათავებთ, კარგი წერა ისწავლეთ და სადმე კანცელარიაში მწერლის (გადამწერის) ადგილს იშოვნითო».

იყო ერთი სასიამოვნო გამონაკლისი — ფრანგული ენის მასწავლებელი ნარბუტი. ფრანგულს ნაკლებად გვასწავლიდა, უყვარდა ლექციები, გვიამბობდა დიდ ისტორიულ ამბებს, რევოლუციებს, გამოჩენილ ადამიანების ცხოვრებას. არც პოლიტიკას ივიწყებდა. და ერთხელ იმ დროისათვის მეტად გაბედული სიტყვები გვითხრა: «ეჰ, ეჰ! მე რომ ნარბუტოვი ვიყო და არა ნარბუტი (პოლონელი იყო), ახლა ალბათ სადმე დირექტორი ვიქნებოდიო!»

თუმც გიმნაზიის მასწავლებლები გვიკრძალავდნენ, მაგრამ ქართულ წიგნებს ძალიან ვეტანებოდით, ნამეტურ უფროს კლასებში. ქართული წიგნი მაშინ ადვილი საშოვარი არ იყო, კერძო პირს თითოოროლა თუ მოეპოვებოდა, ქართული საჯარო ბიბლიოთეკა არ არსებობდა. მახსოვს, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დ. ერისთავის «სამშობლომ» და 1832 წლის შეთქმულობის ამბავმა, ი. მეუნარგიას რომ აქვს აღწერილი გ. ერისთავის ბიოგრაფიაში. ვიცნობდით ხელნაწერი რვეულის შემწეობით ა. წერეთლის, მ. გურიელის და სხვების არალეგალურ ლექსებს. ქართულ გაზეთს — ერთადერთი «ივერია» იყო — ერთ რუსულ ბიბლიოთეკაში ვკითხულობდით, რომელსაც ამის მეტი ქართული არაფერი ჰქონდა. მივდიოდით ნასადილევს და მორიგეობით თავიდან ბოლომდის გადავიკითხავდით «ივერიას».

განსაკუთრებით საყვარელი იყო ჩვენთვის ქართული თეატრი. ქუთაისში საკუთარი დასი არსებობდა კ. მესხის მეთაურობით, რომელიც ორ კვირაში ერთხელ მართავდა წარმოდგენებს. თბილისიდანაც ჩამოდიოდა იქაური დასი, მეტწილად გაზაფხულზე, საუკეთესო ძალებით — ლ. მესხიშვილის, ვ. აბაშიძის, ნ. გაბუნიაცაგარლის, მ. საფაროვაბაშიძის, ვ. გაბუნიას, კ. ყიფიანის, ქ. ანდრონიკაშვილის და სხვ. შემადგენლობით. სამწუხაროდ, გიმნაზიელებს აკრძალული გვქონდა ქართულ წარმოდგენებზე სიარული. ჩვენ მაინც (უფრო უფროსკლასელები) იშვიათად თუ გამოვტოვებდით ქართულ წარმოდგენას — ან კულისებში ვიყავით ფარულად, ან სხვა ტანსაცმელს გადავიცვამდით და მივიმალებოდით გალერეაზე. როგორც ყველამ უწყის, იმ მღელვარებისა გამო, რომელსაც იწვევდა «სამშობლოს» წარმოდგენები, მთავრობამ აკრძალა იგი. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ნებადართულ იქნა. ქუთაისის თეატრმა მაშინვე გამოაცხადა ზედიზედ ორი წარმოდგენა «სამშობლოსი». აბა, ამისთანა ბედნიერ შემთხვევას როგორ გავუშვებდით და არ დავესწრებოდით იმ პიესის წარმოდგენას, რომლის პირველ დადგმაზე იმდენი რამე გვქონდა გაგონილი (სხვათა შორის: შეთქმულებმა რომ დროშა გამოიტანეს ლოცვის წინ, მ. გურიელი წამოდგა და ყველას მოუწოდა, ფეხზე მდგარიყო) და რომელიც ჩვენთვის მამულიშვილური შარავანდედით იყო მოსილი. რამდენიმე ამხანაგმა თავი მოვიყარეთ, ჩავიცვით ნათხოვარი ჩოხაახალუხები, თავზე ჩაბალახები შემოვიხვიეთ და გავწიეთ თეატრისაკენ. ბილეთების საყიდლად წავიდა ერთი ამხანაგი (ივ. თურქია), ამაყად, თავშიშველი მივიდა სალაროსთან. ამ დროს მას თვალი მოჰკრა საზვერავად გამოგზავნილმა კლასის დამრიგებლის თანაშემწემ და იცნო. მივხვდით, რომ ამას კარგი არ მოჰყვებოდა. წარმოდგენას მაინც დავესწარით და საუკეთესო წამები განვიცადეთ. მეორე დღეს ამხანაგს საქმე შეუდგინეს, გიმნაზიიდან გამოგდებას უპირებდნენ და დიდი დავიდარაბის შემდეგ ხუთი საათის კარცერი აკმარეს.

როგორც უკვე მოვიხსენიეთ, გულშემატკივარი ხელმძღვანელი და დამრიგებელი არავინ გვყავდა. მაგრამ ჩვენზე მოქმედებდა ქუთაისის საერთო სულიერი ატმოსფერო. ქუთაისი იყო ქართული ქალაქი, საკმაოდ ინტელიგენტური, მრავალი მოსწავლეახალგაზრდობით, ქართული ენით, ქართული გრძნობით და აზროვნებით, სადაც ყველა ერთიმეორესთან დაახლოებული იყო, თითქმის ერთს ოჯახს წარმოადგენდნენ. ჩვენ ახლო ვხედავდით ქართველ მოღვაწეებს, მწერლებს, არტისტებს, ადგილობრივს თუ თბილისიდან ჩამოსულებს. ეს თავისთავად ხელს უწყობდა ჩვენს ეროვნულ გათვითცნობიერებას, რომელიც თანდათან მტკიცდებოდა, გარკვეული სახე მიიღო მეშვიდემერვე კლასში.

კარგად არ მაგონდება, მეექვსეში ვიყავი თუ მეშვიდეში, ხელნაწერი ჟურნალი გამოვეცით, სახელად «გამოღვიძება». მერვე კლასში წრე გვქონდა დაარსებული, ვაკეთებდით მოხსენებებს, ვმართავდით შინაურ სალიტერატურო საღამოებს, დავადგინეთ, ერთმანეთთან შერეული რუსულქართული ლაპარაკი მოგვესპო, ამის დამრღვევს ჯარიმას ვახდევინებდით.

ჩემი გიმნაზიელობის დროზე რომ ვლაპარაკობ, არ შემიძლია არ გავიხსენო ქუთაისის ეპისკოპოსი გაბრიელი. ექვს დეკემბერს გიმნაზიის ეკლესიის დღეობა იყო და ამ დღეს გაბრიელი ჩვენს ეკლესიაში სწირავდა. წირვა ყოველთვის რუსულად წარმოებდა, ხოლო ერთხელ გაბრიელ ეპისკოპოსმა მოწაფეებს ქართულად გვითხრა ქადაგება ადამიანის მაღალ დანიშნულებაზე და დიდი შთაბეჭდილება დასტოვა ჩვენზე.

ჩემი ცხოვრების ამ გიმნაზიელობის ხანას ეკუთვნის ჩემი პირველი წერილების დაბეჭდვა გაზ. «ივერიაში», «სანვინის» ფსევდონიმით, 1893 წ. თებერვალს 2, 9 და 12 ნომრებში. ეს იყო სამი რეცენზია ქუთაისის თეატრის წარმოდგენებისა — «ქართული დრამა ქუთაისში».

მაგრამ სამწერლო მიდრეკილება ადრე გამოვიჩინე. მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი, როცა «ივერიას» კორესპონდენცია გავუგზავნე ჩვენი სოფლიდან, ჩვენებურ ამბებს ვატყობინებდი. ვატყობინებდი, განსაკუთრებით იმას, რომ მიკიტნებმა არღნები გაიჩინეს, ამით ხალხს იტყუებენ და დღედაღამ ქეიფი და ალიაქოთი არისთქვა; მერე კიდევ ლექსი გავგზავნე, ძველ ციხეს ავწერდი, რომანტიულელეგიური ხასიათისა იყო. არც კორესპონდენცია, არც ლექსი არ დაბეჭდილა. მე მაინც «ვლიტერატორობდი» ჩემთვის: მქონდა დღიური და ამას გარდა, როცა სოფელში ვიყავი, რვეულში ჩავიწერდი ხალხურ ლექსებს და ზღაპრებს, დედისგან თუ სხვებისგან ნაამბობს. იყო ერთი ჩემი მოგვარე გლეხი, ძლიერ მოხუცებული (მიქელ ფირცხალავა), რომელსაც რუსების პირველი შემოსვლა ახსოვდა და მეფე სოლომონ მეორეც ჰყავდა ნანახი. მას მოვიწვევდი, ძველ ამბებს მოვაყოლებდი და ჩავიწერდი. მიყვარდა ნაციხარის, ძველი ეკლესიის, ქუთათელის (მიტროპოლიტის თუ ეპისკოპოსის) ნასახლარის დათვალიერება, ამათი ამბების გამოკითხვა და ჩაწერა; ჩემი გვარის ისტორიასაც გამოვიძიებდი და ყველაფერს აღვნიშნავდი ჩემს ქაღალდებში.

მესამე კლასში ვიყავი, კერძო პანსიონში ვცხოვრობდი. იქ ათიოდე მოწაფე ვიყავით. განვიზრახეთ წარმოდგენის გამართვა. მე ბერძნული ლეგენდებიდან რაღაც სცენა დავწერე და ის ვითამაშეთ.

   

3 პეტერბურგის უნივერსიტეტში

▲ზევით დაბრუნება


პეტერბურგის უნივერსიტეტში

1893 წლის ივნისის დამდეგს დავამთავრე გიმნაზია. ჯერ კიდევ ატესტატი არ მქონდა მიღებული, რომ ჯოხი ვიყიდე და ლურჯი ბლუზა ჩავიცვი. მიხაროდა, რომ თავისუფალი მოქალაქე ვიყავი, აღარ ვემორჩილებოდი გიმნაზიის ბრძანებას და ფორმებს, ჩემს ნებაზე შემეძლო ჩაცმა, გასეირნება და წასვლა, სადაც მინდოდა. ინსპექტორმა შენიშვნა მაინც მოგვცა, ასე ნაადრევად და თავის ნებით განთავისუფლებულებს: ჯერ ატესტატები არ მიგიღიათ და ისევ ჩემს ხელში ხართო!

აგვისტოს შუა რიცხვებში გავემგზავრე პეტერბურგისკენ უნივერსიტეტში შესასვლელად. ჩემთან ერთად ქუთაისიდან კიდევ 6— 7 ახალგაზრდა იყო. შემდეგ წელს ჩამოვიდნენ თბილისიდან: ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ ბარათაშვილი და სხვები. იქ დაგვხვდნენ სხვათა შორის: არჩილ ჯორჯაძე, ილია ნაკაშიძე და ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. მალე ქართველთა რიცხვი პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში 60— 70მდე ავიდა და ამდენი არც ერთ სხვა ქალაქში არ მოიპოვებოდა.

მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მე ექიმი გამოვსულიყავი და მეც ვოცნებობდი ამაზე, წარმოვიდგენდი ჩემს თავს სოფლის ექიმად, რომელიც ფეხით ან ცხენით დადის სოფელსოფელ და საღამოს ბრუნდება სახლში დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი თავის ნამუშევარით.

მაგრამ კარგად ჩავუკვირდი საქმის ვითარებას, ჩემს ხასიათს, ბუნებას, იმას, თუ როგორ ძნელი იქნებოდა ჩემთვის თვით ექიმობის შესწავლა — ადამიანის სხეულის დაჭრა და სისხლში ხელების გასვრა — მე ვერ გავბედე საექიმო ფაკულტეტზე შესვლა, არც რაიმე პრაქტიკული სპეციალობა, ინჟინრობა მიზიდავდა. გული უფრო საზოგადოებრივი საკითხებისაკენ მიწევდა. ფილოლოგიური თუ იურიდიული ფაკულტეტი? ასე დაისვა ჩემთვის საკითხი. არც ერთი არ მაკმაყოფილებდა სავსებით. ბოლოს ავირჩიე იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა ადვოკატის ხელობა სრულებით არ მიყვარდა. გარკვეული არ მქონდა, თუ რა პროფესია უფრო სასურველი იქნებოდა ჩემთვის, როდესაც ცხოვრებაში გამოვიდოდი. ასე ვფიქრობდი: გავეცნობი საზოგადოებრივ ცხოვრების საკითხებს, რომლებიც მე მეტად მაინტერესებდა, და მერე ვნახავ, თუ რა საქმეს მოვკიდებ ხელსთქვა. იმ დროს პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტს რამდენიმე ცნობილი პროფესორი ამშვენებდა. საგნებში უფრო მიმზიდავი იყო ჩემთვის სამართლის ფილოსოფიის ისტორია. ხანდახან ვესწრებოდი სხვა ფაკულტეტების პროფესორების ლექციებს, ასე მაგალითად, კარეევის ლექციებს მსოფლიო ისტორიიდან და პეტრის ლექციებს ანთროპოლოგიიდან.

ერთხანს უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის ლექციების კითხვა დაიწყო გამოჩენილმა მეცნიერმა, ჩვენმა თანამემამულემ ივ. თარხნიშვილმა — სამხედროსაექიმო აკადემიის პროფესორმა. მისმა ლექციებმა გაიტაცა ახალგაზრდობა და თითქმის მთელი უნივერსიტეტი, ყველა ფაკულტეტის სტუდენტობა უსმენდა, უსმენდა აღტაცებით. სტუდენტების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. თარხნიშვილის ლექციები იმართებოდა დიდ სააქტო დარბაზში და ბევრი კარიდორებში იდგა და ისე უგდებდა ყურს. ეს რაღაც ბუნებისმეტყველების ობიექტური, ცივი, მშრალი ცოდნის გადმოცემა კი არ იყო, არამედ რაღაც რევოლუციონური მოწოდება, ამამაღლებელი, გამამხნევებელი, რომელიც გიტაცებდა მოქმედებისაკენ, იმედისა და რწმენისაკენ, ბრძოლისაკენ.

ყველას გვიკვირდა ეს, თუ ფიზიოლოგია როგორ გადაიქცა რევოლუციის და ბრძოლის იარაღად.

ამ მოვლენას ყურადღება მიაქცია მაშინდელმა რეაქციონურმა მთავრობამ და პროფ. თარხნიშვილს ეჭვის თვალით დაუწყო ყურება.

იმ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ფაკულტეტზე ქართული ენის პროფესორად იყო ალ. ცაგარელი. მის კურსზე მხოლოდ ერთი ქართველი სტუდენტი იყო ჩაწერილი, მაგრამ მის ლექციებს ხანდახან სხვა ფაკულტეტის ქართველი სტუდენტებიც ვესწრებოდით. ძალიან დაგვაინტერესა მისმა ლექციამ ნ. ბარათაშვილზე. დიდი ქართველი პოეტის მშვენიერი დახასიათება და შეფასება მოგვცა: რუსთაველის შემდეგ ქართველ პოეტებში პირველობა ნ. ბარათაშვილს ეკუთვნისო. მას შეუძლია თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს მსოფლიო ლიტერატურაში. მისი ლექსები გულიდან ამოგლეჯილი და ღრმად ნაგრძნობიაო. ალ. ცაგარელმა შეადარა ჩვენი პოეტი გიოტეს, ბაირონს, ლეოპარდის და თქვა: ნ. ბარათაშვილი ცხოვრებაში სიმწარეს ხედავს, ხოლო პესიმისტი არაა, რადგან ამბობს: არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფელს კი არარა არგოსო. იგი ბუნების ნამდვილი შვილია. ესმის მისი ხმა. ბუნების მოწყენა და დაღვრემილობა მისი საკუთარი სულიერი განცდის გამომხატველია, ბარათაშვილი და ბუნება თავის თავში ერთმანეთს ხედავენ. ბარათაშვილი ახერხებს დიდი ფილოსოფიური აზრების პოეტურად, სადად და მარტივად გამოთქმას. ბევრი ილაპარაკა პროფ. ცაგარელმა «მერანზე». მე მინახავსო, გვითხრა, მიუნხენში სურათი: უფსკრულია, ზედ ვიწრო ფიცარია ხიდად გადებული, ხიდის ბოლოში ქალიშვილია, ცალფეხით ბურთზე შემდგარი. ეტყობა, მას ხიდი გაუვლია. ხიდის თავში მერანზე მჯდომარე რაინდია, ხიდზე გადასვლას აპირებს. მას უკან პირდაღებული ყორანი მოსდევსო. ჩანს, — დასძინა პროფესორმა ამ ამბავს, — ბევრ ხალხში არსებობს თქმულება იმის შესახებ, რომ ადამიანი იდეალისაკენ მიისწრაფვის, ხოლო ბედი მას ხელს უშლის.

პროფ. ალ. ცაგარელი ხანდახან პოლიტიკაზედაც გვესაუბრებოდა. ძლიერი რეაქციის ხანა იყო, კერძოდ, ქართველი ხალხის დასათრგუნავად ახალახალი გეგმები მუშავდებოდა; შავრაზმული გაზეთი «Новое время » მუდამ ჩასჩიჩინებდა მთავრობას: საქართველოში რუსები უნდა დავასახლოთ, ქართული ენა უნდა შეიკვეცოსო და სხვ. ამაზე ალ. ცაგარელი გვეტყოდა: მხნედ იყავით, ვიბრძოლოთ სიტყვით და კალმით, ვერ შეგვაშინებენ, ქართველი ხალხი გამძლეა, ბევრ უბედურებას გადაუვლია მის თავზე, მაგრამ არ წაქცეულა.

ალ. ცაგარელს ხანდახან ბინაზედაც ვეწვეოდით, რაც ძლიერ სიამოვნებდა. ერთხელ, მახსოვს, ახალწელიწადი მივულოცეთ რამდენიმე სტუდენტმა.

საშინელი რეაქციის მძინვარება მთელ იმპერიაში, რასაკვირველია, უნივერსიტეტის ცხოვრებასაც ემჩნეოდა. პოლიციური წესები ბატონობდა ყველგან, თავისუფალი აზრი და კვლევა აკრძალული იყო. პროფესორებს ლაგამი ჰქონდათ ამოდებული. სტუდენტების პოლიტიკური შეგნება მოისუსტებდა და მარტო 8 თებერვალს, როდესაც უნივრსიტეტის დღეობა იყო, სტუდენტებს დაეტყობოდა ერთგვარი გამოცოცხლება სასტუდენტო gaudeamus igiturის სიმღერით და თავისუფალი ქცევით ქუჩებში.

მხოლოდ უკანასკნელ წლებში იწყეს სტუდენტებმა გამოფხიზლება. იმართებოდა «საღამოები» (ვეჩერინკი), ნახევრად დახურული, სადაც ადგილი ჰქონდა მხურვალე რევოლუციონურ სიტყვებს. ამ გამოღვიძებას ხელი შეუწყო შემდეგმა გარემოებამ: პეტრეპავლეს ციხეში დამწყვდეული იყო ახალგაზრდა ქალი ვეტროვა, რომელიც ისე გაამწარა ზედამხედველების უხეშმა მოქცევამ, რომ ტანზე ნავთი გადაისხა და თავი დაიწვა. ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია სტუდენტებში, გაიმართა გრანდიოზული დემონსტრაცია, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით. მთავრობა შეშინდა, გამოიწვიეს პოლიცია, ჟანდარმერია, ყაზახები. პირდაპირ შემოტევა ვერ გაბედეს. ალყა შემოარტყეს სტუდენტებს, აწერეს და მერე სამსამი დღით ყველანი ციხეში ჩასვეს.

პეტერბურგის სტუდენტებს სხვა ქალაქებიც გამოეხმაურნენ და ყველგან გაიმართა სტუდენტების დემონსტრაცია. მოხდა ერთნაირი სულიერი გარდატეხა ახალგაზრდობაში.

ამ საერთო მოძრაობაში ქართველი სტუდენტებიც ვიყავით ჩაბმულნი. მაგრამ ჩვენ საკუთარი ინტერესები და მუშაობაც გვქონდა. არსებობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომო. წინათ თურმე საერთო სათვისტომო (ზემლიაჩესტვო) იყო ყველა კავკასიელ სტუდენტებისა და 2— 3 წლით ადრე ჩვენ ჩამოსვლამდე მომხდარა გაყოფა და ქართველებმა და სომხებმა ცალცალკე დაიარსეს სათვისტომოები.

ჩვენს სათვისტომოს ჰქონდა სალარო საერთო საჭიროებისთვის და ღარიბ წევრთა დასახმარებლად. ამ სალაროს მთავარი წყარო იყო ყოველწლიური ქართული «საღამოს» შემოსავალი. სათვისტომოს თავში უდგა გამგეობა, რომელსაც ვირჩევდით წლიურ კრებაზე. კრებები იმართებოდა, აგრეთვე, სხვადასხვა მოხსენებების მოსასმენად და რაიმე პრაქტიკული საქმის გასარჩევად. გვქონდა ცალცალკე სექციებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხების შესასწავლად — პოლიტიკური ეკონომიის, საერთო ისტორიის, ფილოსოფიის, ქართული ისტორიის და ლიტერატურის. ამ სექციების მუშაობას ბევრი არაფერი გაუკეთებია. თუ ვინმე რასმე იძენდა, უფრო პირადი შრომით. ამ მხრივ სამაგალითო სტუდენტი იყო ჩვენი მომავალი საამაყო ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი. მას თავიდანვე ეტყობოდა დიდი, არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობა, მუყაითობა, ცოდნის წყურვილი, მაღალი ეროვნული შეგნება, ხასიათის სიმშვიდე და აუჩქარებლობა. მუდამ მომუშავე, წიგნებში ჩამყურე თავის ოთახში ან ბიბლიოთეკაში, ის არც ქართველ სტუდენტების საზოგადო ცხოვრებას გაურბოდა და სათვისტომოს გამგეობაში მონაწილეობას იღებდა.

ჩვენი სათვისტომოსაგან ცოტა ჩამოშორებულად მეცადინეობდა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ არჩ. ჯორჯაძე და ზურ. ავალიშვილი და კიდევ ორიოდე ახალგაზრდა, ჯგუფი უმთავრესად ფილოსოფიურ საკითხებით იყო დაინტერესებული და იმყოფებოდა ცნობილი რუსი კრიტიკოსის და ჟურნალ «Северный вестнык»ის რედაქტორის ვოლინსკის გავლენის ქვეშ. ჯგუფი სერიოზული იყო, თვითონ მის მეთაურს ლ. ანდრონიკაშვილს მაშინვე ეტყობოდა დიდი ნიჭი და ერუდიცია. ხოლო ჯგუფი, ცოტა არ იყოს, მოიკოსმოპოლიტებდა და ამიტომ სათვისტომოს საერთო ცხოვრებაში თითქმის მონაწილეობას არ იღებდა.

დიდი ხნით და ამბით ვემზადებოდით ქართველი სტუდენტები ყოველწლიური ქართული «საღამობალის» მოსაწყობად. იგი იყო არათუ მატერიალური სახსრის მომცემი, არამედ ქართული კულტურის პროპაგანდის საშუალებაც. ყოველ ზომას ვხმარობდით, რომ იგი რაც შეიძლება შინაარსიანი და საინტერესო გამოსულიყო. და, მართლაც, ჩვენი «საღამო» დიდ საზოგადოებას იზიდავდა, საქართველოშიც ვუგზავნიდით წარჩინებულ პირებს საპატიო ბილეთებს, რასაკვირველია, ისინი ვერ გვესწრებოდნენ, მაგრამ დახმარებას გვიგზავნიდნენ. «საღამოს» პროგრამაში აუცილებლად შედიოდა ქართული სიმღერები, ქართული ცეკვა და ცოცხალი სურათები, ქართული ლიტერატურიდან ან ცხოვრებიდან. ერთხელ დავდგით ცოცხალი სურათები ვაჟაფშაველას პოემიდან (ეთერი), რომლის ესკიზები დაგვიხატა გამოჩენილმა მხატვარმა და მოქანდაკემ მ. მიკეშინმა (უკრაინელი იყო). ნახატები საუცხოოდ იყო შესრულებული, მაგრამ სახეები ძალიან წააგავდა უკრაინელებისას. ცოცხალი სურათების დასადგმელად ერთხელ «ვეფხისტყაოსნის» დამსურათებელი ზიჩიც დაგვეხმარა. მის ბინაზე რომ მივედით, დიდი ხალისით მიგვიღო, სიხარულით იგონებდა საქართველოში ყოფნას და გვეკითხებოდა თავის იქაურ ძველ ნაცნობმეგობრებზე, ცოცხლები თუ არიანო.

ერთ «საღამოზე» კიდევ დავდგით ერთი სცენა მ. ბალანჩივაძის «დარეჯან (თამარ) ცბიერიდამ» და ეს იყო ქართული ოპერის დაბადების დღე, რომელსაც დიდი აღფრთოვანებით შევეგებეთ, ოპერის სცენას დირიჟორობდა თვითონ ავტორი მ. ბალანჩივაძე.

1897 წელს საბერძნეთის და ოსმალეთის ომი ატყდა, რამაც ჩვენში ერთნაირი იმედები გამოიწვია — საერთაშორისო გართულების, რუსეთის ომში ჩარევის, მისი პოლიტიკური წყობილების დანგრევის, ცვლილებების. გავაკეთეთ საბერძნეთის დროშა, მოვიწვიეთ სათვისტომოს კრება (მე გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი მაშინ), საბერძნეთისათვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად მივედით დელეგაცია საბერძნეთის ელჩთან, იმან გვირჩია, თანაგრძნობის დეპეშას თქვენ ნუ გაგზავნით, ეს სახიფათოა თქვენთვის, მე გადავცემ პირადად ჩემს მთავრობას თქვენს თანაგრძნობასო. ამ ჩვენი განზრახვის გამო წერილებით შევეკითხეთ ი. ჭავჭავაძეს («ივერია») და გ.წერეთელს (წერეთელი ჩემი დაწერილი იყო). პასუხი მივიღეთ. გ. წერეთელი მოკლედ გვწერდა: თქვენი — ახალგაზრდების გული მუდამ იქ უნდა იყოს, სადაც ბრძოლაა თავისუფლებისათვისო. ილიამ კი ვრცელი ბარათი გამოგვიგზავნა: გვიწონებდა განზრახვას, მაგრამ გვაფრთხილებდა, ქართველებს საკუთარი საქმე გვაქვს, ამისთვის უნდა შევინახოთ თავი, მოვემზადოთო. ეს წერილები მე წ. კ. საზოგადოებას გადავეცი, როცა მის მდივნად ვიყავი. ი. ჭავჭავაძე რომ გარდაიცვალა და მე წ. კ. საზოგადოების გამგეობის დავალებით ჩავიბარე მისი თბილისის ბინის ნივთები, აღმოჩნდა ილიას გამოგზავნილი წერილის შავი და თეთრიც. ახლა საქართველოს მუზეუმში უნდა ინახებოდეს.

რუსეთის მთავრობამ დიდი ზეიმით იდღესასწაულა პოლონეთის აჯანყების ჩამქრობის მურავიოვის დაბადების თუ გარდაცვალების (კარგად არ მახსოვს) წლისთავი. პოლონეთის დიდი პატივისცემა და სიმპათია გვქონდა, ჩვენი და მისი ბედი ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. ვიცოდით, თუ რა აღშფოთებას იწვევდა პოლონელ ერში მურავიოვის დღესასწაული და გადავწყვიტეთ მიგვეწვდინა მათთვის ჩვენი ხმა, რომ ჩვენი გული მათ გულთან ერთად ძგერს. შევადგინეთ მოწოდება პოლონელი სტუდენტების მიმართ, გადავათარგმნინეთ პოლონელ ამხანაგებს პოლონურად და ჰექტოგრაფით დავბეჭდეთ მრავალი ცალი, რომლებიც გავგზავნეთ ვარშავაში პოლონელ სტუდენტთა შორის გასავრცელებლად.

ამ მოწოდების შავი (ჩემი შედგენილია) აღმოჩნდა ჩემს ქაღალდებში. იგი ასეთი იყო: «პოლონელ სტუდენტებს პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისაგან. ამხანაგებო და მეგობრებო, მიიღეთ ჩვენი მეგობრული სალამი და მოკლე, მაგრამ წრფელი გულიდამ ამონაღები თანაგრძნობა. თავისუფლება საზოგადოდ და ეროვნული კერძოდ აუცილებელი პირობაა საზოგადოებრივი პროგრესის. თქვენ მუდამ ენერგიულად ამტკიცებდით ამ თავისუფლების სიყვარულს. თქვენ შეგეძლოთ დადუმებულიყავით, როდესაც შელახეს საუკეთესო თქვენი უფლებანი, შეურაცხყვეს უწმინდესი თქვენი მისწრაფება, და ძეგლი აუგეს თქვენი ერის თავისუფლების უარმყოფელს — მტარვალს მურავიოვს იქ, სადაც იგი ისე მხეცურად აწამებდა და ახრჩობდა თქვენს მამებს და ძმებს. მეტად მწარეა თქვენთვის დღევანდელი მდგომარეობა. მეტად მძიმეა, რომ სრული უფლება გქონდეს თავისუფალი არსებობისა და მონა კი იყო! მაგრამ ეჭვი არ არის, ყოვლის დამძლევი სიმართლე წარხოცავს თვითნებობას, გაიფანტება ბნელი და კაცობრიობის დროშაზე ცეცხლის ასოებით დაიბეჭდება თავისუფლება მოქალაქეობრივი, თავისუფლება ეროვნული!

და თქვენი მრავალტანჯული სამშობლოს თავზე აღბრწყინდება დამოუკიდებლობის გვირგვინი!

ვიყვნეთ მხნედ, ვიყვნეთ შეუპოვარნი და რწმენით და იმედით ვესწრაფოდეთ სასურველ მიზანს».

ზევით იყო ნათქვამი, რომ პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში 70-მდე ქართველი სტუდენტი იყო. გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ რამდენი იყო ქართველი მთელი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მოვახდინეთ ანკეტა და გამოირკვა, რომ ეს რაოდენობა 210-მდე იყო: პეტერბურგში 64, მოსკოვში 50, კიევში 33, ხარკოვში — 25, ოდესაში 20 და სხვ. აქედან საექიმო ფაკულტეტზე იყო 62 და იურიდიულზე 58. წოდებრივად 23 სტუდენტი იყო გლეხი, 33 სასულიერო წოდების, მოქალაქე 32, აზნაური 50, თავადი 23, ქუთაისის გიმნაზიიდამ — 93, თბილისის — 59, ქუთაისის მაზრის — 65, თბილისის — 38, გორის — 22, ოზურგეთის — 15 და სხვ. დაახლოებით გამოვარკვიეთ აგრეთვე, რომ უცხოეთში 7— 8 ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა. პეტერბურგის ქართველ სტუდენტებს შორის ქალი მხოლოდ ერთი იყო, კურსებზე სწავლობდა. ქალის სტუდენტობა ისეთ საკვირველ ამბად მიგვაჩნდა, რომ გვენატრებოდა მისი ნახვა და სადმე რომ შევხვდებოდით, ვაჟები ერთმანეთს ვეუბნებოდით: შეხე, შეხე, ქართველ სტუდენტ ქალსათქო…

პეტერბურგის საერთო კულტურული მდგომარეობა მაშინ არ იყო მაინცდამაინც ბრწყინვალე. რამდენიმე თვიური ჟურნალი გამოდიოდა ლიბერალურ მიმართულებისა, მაგრამ ცოცხალი სიტყვის თქმა უჭირდათ, შებორკილნი იყვნენ. ყოველდღიური სერიოზული გაზეთი, ასე თუ ისე, ორი იყო: რეაქციონური, მთავრობის ზრახვათა გამომსახველი «Новое время» და ოდნავ მოლიბერალო «Новости ». განათლებული წრეები და სტუდენტობა უფრო მოსკოვის ლიბერალურ გაზ. «Русские ведомости»ს ეტანებოდნენ. ბოლო ხანებში დაარსდა შედარებით რადიკალური მიმართულების გაზეთი «Русская жизнь», რომელიც მეტად პოპულარული იყო ახალგაზრდობაში. აქ, სხვათა შორის, დაიბეჭდა პროფ. კარეევის «მიმართვა ახალგაზრდებს», რომელსაც გატაცებით ვკითხულობდით.

საყურადღებო წიგნი ცოტა იბეჭდებოდა. იყო ერთი საგამომცემლო ფირმა პავლენკოვისა, რომელიც კარგად შერჩეულ წიგნებს უშვებდა, ხოლო მათი ტირაჟი დიდი არ იყო, სამ ათასამდე მხოლოდ.

პეტერბურგს კარგი თეატრები ჰქონდა, სამი სახელმწიფო და 4— 5 კერძო; სახელმწიფო ორი დრამატული იყო, ერთი ოპერაბალეტისა. თეატრებში ძალიან კარგი ძალები იყვნენ. მაგრამ მეტად ძნელი იყო საოპერო თეატრში შესვლა ჩვენთვის. ძვირფასიან ადგილს იოლად ვიშოვნიდით, მხოლოდ ჩვენს ჯიბეს გალერეის და ბალკონის ადგილების ყიდვა ძლივს შეეძლო. ამ ადგილების ბილეთების ყიდვა წინასწარ ჩაწერით და ლატარიასავით გათამაშებით ხდებოდა. ამ ადგილების მსურველი ბევრი იყო. მეც არაერთხელ ვითხოვე ამის ბილეთი და რამდენიმე წლის განმავლობაში მარტო ერთხელ მეღირსა საოპერო თეატრში შესვლა.

სამაგიეროდ ადვილი იყო დრამატული თეატრების ბილეთის შოვნა და მე მიყვარდა კლასიკური პიესების ნახვა. იყო ერთი კერძო თეატრი, სახელად «პატარა თეატრი», სადაც რამდენიმე კარგი წარმოდგენა ვნახე.

მიუხედავად ჩემი ხელმოკლეობისა, მოვახერხე ნახვა განთქმული მსოფლიო მსახიობების (მიუნე სულის, როსის), რომელთაც ითამაშეს პეტერბურგში.

ყოველ წელიწადს, გაზაფხულზე, ჩამოდიოდა იტალიური ოპერა, საუკეთესო მომღერლებით, რომლის წარმოდგენები იმართებოდა ქალაქგარეთ, უზარმაზარ თეატრში (აკვარიუმში). წინასწარ ცხადდებოდა ხელისმოწერა 12 ოპერაზე. მე რამდენჯერმე შევუამხანაგდი სხვებს, ერთად ვიყიდეთ 12 ბილეთი და გავინაწილეთ. ასე მომეცა საშუალება მომესმინა შესანიშნავი ხმები მარჩელა ზემბრიხის, ბატისტინის, მარკონის, ტამანიოს. ამ უკანასკნელს ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ, როცა ოტელო დასასრულ თავის შეცდომას შეიგნებდა და გამწარებული დაეცემოდა დეზდემონას გვამს და შევედრებით წამოიძახებდა: «დეზდემონა!» ეს მისი კვნესით ნამღერი სიტყვა თეატრის კედლებს გარეთ ესმოდათ. განთქმული ტენორი მაძინი და ბარიტონი კოტონი წინათ ხშირად ესტუმრებოდნენ პეტერბურგს. ახლა უკვე ხანში შესულები ოპერაში აღარ იღებდნენ მონაწილეობას. მე მაინც მომეცა შემთხვევა მათი მოსმენისა ერთ კონცერტზე. მაძინის La donna e mobile(«რიგოლეტოდან») ახლაც გასაოცარი იყო.

პეტერბურგში ცხოვრება იმ დროს მაინცდამაინც ძვირი არ იყო. სტუდენტს თუ 25— 30 მან. ჰქონდა ყოველთვიურად, შეეძლო თავის გატანა. 10 მან. რიგიან ოთახს იქირავებდით, იაფ, ჩვეულებრივ სასადილოებში თვეში 8 მანეთად მიიღებდით ორ კერძს და ტკბილს. უკეთესი სადილები ვარშავის თუ პოლონურ სასადილოებში ღირდა 12 მან.

მე სტუდენტობის დროს ქონებრივად შევიწროვებული ვიყავი. მამაჩემის საქმეები ცუდად მიდიოდა. ვალები დაედო და თითქმის ვერაფერს მიგზავნიდა. ნათესავები დამეხმარნენ, გარეშე კეთილმოსურნენიც. ეს საკმაო არ იყო და ხანდახან უბრალო ძეხვის და პურის შოვნა მიჭირდა. ასეთი გაჭირვების დროს ძალიან გვშველოდა მეც და ჩემისთანა ღარიბებს ის, რომ იყო ერთი მორთული ოთახების პატრონი მოხუცი, ქართველების კარგი ნაცნობი, რომელიც იაფ სადილებსაც იძლეოდა. მივდიოდით მასთან და ნისიად მოგვცემდა ოთახს, თუ თავისუფალი ჰქონდა და საჭმელსაც გვაძლევდა. ბინას არა უშავდა, გვითბობდა, გვინათებდა, ხოლო სადილი იყო უვარგისი, მეტწილად ძველი სანოვაგისაგან. მაგრამ რას ვიზამდით, ნათქვამია: როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო.

უნივერსიტეტი რომ გავათავე, შემიგვიანდა სამშობლოში წამოსვლა უსახსრობის გამო. ბოლოს როგორც იყო მოვაგროვე აქედანიქიდან ცოტაოდენი ფული და გაჭირვებით მოვაღწიე სამტრედიამდის. აქ შევხვდი ნაცნობ ხონელ მეეტლეს, რომელმაც მიმიყვანა ხონში და იქიდან ჩემს მათხოჯში.

   

4 სალიტერატურო მუშაობა თბილისში

▲ზევით დაბრუნება


სალიტერატურო მუშაობა თბილისში

პეტერბურგიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე თვე სოფელში გავატარე. ახლა ჩემი უმთავრესი სადარდელი და საზრუნავი იყო სამხედრო ბეგრის მოხდა. ბევრი ვიწრიალე და ვიფიქრე თავის დასაღწევად, მაგრამ აბა რას გამოვძებნიდი. 1900 წ. დამლევს გამოვცხადდი სამხედრო სამმართველოში, შემამოწმეს და ვარგისად მიცნეს. დეკემბრის ბოლო რიცხვებში მივედი 79ე კურინის პოლკში, რომელიც ქუთაისში იდგა მაშინ, და ჩამრიცხეს უბრალო ჯარისკაცად. ჩემი დიდი თმა რომ მოვიკრიჭე და ჩავიცვი ფორმის ტანისამოსი, რომელიც უხეშად მადგა ტანზე, სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი შემზარდა. აუტანელი იყო წამდაუწუმ უფროსების წინ გამოჭიმვა და სალმის მიცემა, დადგენილი მანერით სიარული, თავის დაჭერა, ლაპარაკი. შემზარავი იყო მთელი რეჟიმი ყაზარმისა, რომელიც ადამიანში უარყოფს ყოველ ადამიანობას. საშობაოდ სამი დღით გაგვათავისუფლეს და მე ერთ ამხანაგთან წავედი. სამი დღე კარში არ გამოვსულვარ. ყაზარმაში რომ დავბრუნდი, ძალით თავი გავიციე, ავად გავხდი, ჰოსპიტალში გამგზავნეს, ოფიცერთა განყოფილებაში მომათავსეს. იქ რამდენიმე თვე დავრჩი. მერე გამსინჯეს და დროებით შვებულება მომცეს. ხოლო კვლავ რომ გამოვცხადდი, ზოგიერთების დახმარებით 1901 წ. შემოდგომაზე სრულიად განმათავისუფლეს სამხედრო სამსახურისაგან.

ამ განთავისუფლებამ აუწერელი სიხარული გამოიწვია ჩემში, რომ იტყვიან, სული მოვითქვი, ხელმეორედ დავიბადე. ჩემი თავი კვლავ ადამიანად ვიგრძენი.

მეორე ჩემი საზრუნავი სწავლის დამთავრების შემდეგ იყო სამსახურის მოძებნა. ვექილობა არ მინდოდა. საზოგადოებრივ დაწესებულებაში ვერსად მოვეწყვე და ბოლოს იძულებული გავხდი, სახაზინო პალატაში შევსულიყავი უბრალო მოხელედ, იმ იმედით, რომ შემდეგ გადასახადების ინსპექტორის ადგილი მოეცათ, ეგებ. იქ დიდხანს არ დავრჩენილვარ. სახაზინო პალატის უფროსი დიდი შოვინისტი იყო. ქართველების მოძულე და მეც ალმაცერად მიყურებდა. სამსახურიდან რომ გავედი, გულახდილად მითხრა: კარგი ქენით, რომ მიდიხართ, ჩვენ არ გამოგვადგებითო.

სკოლის ამხანაგების დახმარებით მოვეწყვე ჭიათურაში, ქართველი მწარმოებლების კანტორაში. ჭიათურის მრეწველობამ და იქაურმა ცხოვრებამ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ამის შესახებ წერილები მოვათავსე «კვალში» (1900 წ. №№29— 31). წინა წელს ერთი ჩემი წერილი დაიბეჭდა «ივერიაში» «შ— შონ»ის ფსევდონიმით, სახელად «წერილი გიმნაზიებში ახლად სწავლადამთავრებულების მიმართ», რომელშიაც ვურჩევდი ახალგაზრდებს, შესულიყვნენ სპეციალურტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლებში, ამით უფრო გამოადგებოდნენ მშობელ ქვეყანას და ეს განამტკიცებდა მათ ხასიათსა და ნებისყოფას.

ჭიათურაში ვერ დავრჩი დიდხანს. მე ვიყავი ერთი ხელმძღვანელთაგანი შავი ქვის წვრილმწარმოებელთა ოპოზიციისა და ამ ნიადაგზე უსიამოვნება მომიხდა ჩემს «პატრონებთან» და ჭიათურა დავტოვე.

დავრჩი ისევ უადგილოდ. დავიწყე გახედვა თბილისისაკენ, ეგებ იქით უკეთ მოეწყოს ჩემი ბედითქვა.

ამ წლებში, ქუთაისში ყოფნის დროს, მე დავუახლოვდი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, გავეცანი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალეკონომიურ საკითხებს. მაშინ ჩვენში ფეხს იმაგრებდა მუშათა და გლეხთა რევოლუციური მოძრაობა და ახალი თაობის მოღვაწეები ირაზმებოდნენ პარტიულად. მე მეტწილად მიხდებოდა ყოფნა «მესამედასელ» ახალგაზრდებს შორის, რადგან ბევრი ჩემი სკოლის ამხანაგი ამ ახალ დაჯგუფებას ემხრობოდა. მე ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი «მესამედასელებს», მაგრამ მომწონდა მათი მებრძოლი ხასიათი.

ახალგაზრდებს ხშირად და ცხარე კამათი გვქონდა სხვადასხვა საზოგადო საქმეებზე. დიდ ყურადღებას ვაქცევდით ი. ჭავჭავაძის (ახალ მოსულის) და ნ. ჟორდანიას პოლემიკას.

გ. წერეთელი რომ გარდაიცვალა, ქუთაისის ახალგაზრდობამ მე გამაგზავნა თავის დელეგატად და დამავალა სიტყვის წარმოთქმა მისი სახელით.

ქუთაისში გაიხსნა საკვირაო სკოლა მოზრდილებისთვის. მონაწილეობას ვიღებდი ამის მოწყობაში და ვაძლევდი ქართული ენის გაკვეთილებს.

დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ქუთაისის თეატრის მუშაობას ლ. მესხიშვილის ხელმძღვანელობით, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ქუთაისის თეატრი ძლიერ მიყვარდა გიმნაზიელობის დროს და ჩემს გონებრივმორალურ განვითარებაზე მას, უეჭველია, დიდი გავლენა ჰქონდა. ახლაც ლ. მესხიშვილის და ნ. ჩხეიძის მხატვრულ თამაშს და მათ განსახიერებულ გმირებს არაერთგზის გამოუწვევია ჩემში ღრმა გამაკეთილშობილებელი განცდები. თეატრი გასართობი ადგილი არაა. როგორც ძველ ელინებს ესმოდათ, თეატრი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ზნეობრივ ამაღლებას, უნდა განწმინდოს იგი და წარმართოს სიკეთისათვის, იდეალურ, გმირულ ცხოვრებისათვის. ლ. მესხიშვილი ცდილობდა, რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა მაშინდელი მდგომარეობა, ასეთი თეატრის მსგავსება შეექმნა ქუთაისში და ეს მისი უდიდესი დამსახურებაა. მე რამდენიმე წერილიც ვუძღვენი ქუთაისის თეატრის წარმოდგენებს ჟურნ. «კვალში».

ამ თეატრთან დაახლოებამ და მისმა სიყვარულმა გამაბედვინა, ალბათ, რომ სასცენოდ გავაკეთე ი. ჭავჭავაძის «ოთარაანთ ქვრივი». ჩემი თითქმის არაფერი შემიტანია შიგ, მხოლოდ დიალოგების სახე მივეცი ქვრივისა და მისი შვილის ტრაგიკულ ამბავს. ჩემი «ოთარაანთ ქვრივი» წარმოადგინეს 1907 წელს თბილისში ილიას დაბადების წლისთავის აღსანიშნავად. ქვრივის როლს თამაშობდა ელ. ჩერქეზიშვილი, რაც არ იყო მისი შესაფერისი. პიესა ვერ იყო კარგად დადგმული. ეს იყო მიზეზი თუ ნაწარმოების სისუსტე, წარმოდგენამ ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, საზოგადოება ვერ დააინტერესა.

ქუთაისში ყოფნის დროს გაიზარდა ჩემი თვითცნობიერება და განმტკიცდა ჩემი ეროვნული მისწრაფებანი, რომელმაც სრული და გარკვეული სახე მიიღო თბილისში.

მეძნელებოდა ბავშვობიდან შეჩვეული და შეყვარებული ქუთაისის დატოვება, კარგა ხანს ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე აუცილებლად თბილისში გადმოსახლება.

თბილისში ჩამოვედი 1901 წ. სექტემბერში, საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლისთავის საიუბილეო დღესასწაული ახლად დამთავრებული იყო და საზეიმო კამარები ყველგან ჯერ კიდევ არ აეღოთ. თბილისი წინათაც მქონდა ნანახი ერთი ორი დღით ჩამოსვლის დროს. არც წინანდელი და არც ახლანდელი პირველი შთაბეჭდილება არ იყო მაინცდამაინც მომხიბლავი. ქუთაისის გარეგნულობა და მდებარეობა უფრო მომწონდა. თბილისში ორიოდე კაცი მყავდა ნაცნობი და მათი დახმარებით მალე ვიშოვნე კორექტორის ადგილი გაზ. «ივერიის» რედაქციაში, 40 მან. ჯამაგირი თვეში. მაშინ «ივერია» ალ. სარაჯიშვილის ხელში იყო, რომელიც ძველი მწიგნობარი იყო. ი. ჭავჭავაძე კარგა ხანია ჩამოშორდა გაზეთს და მას სხვები უძღვებოდნენ. ახლაც ალ. სარაჯიშვილს ჰქონდა გადაცემული, რომელიც მალე გაზეთის სრული პატრონი გახდა. ჯერ მარტო საკუთარი საშუალებით უძღვებოდა გაზეთს, მერე ამხანაგობა შეადგინა, რომელშიაც შედიოდნენ: მ. მაჩაბელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ივ. ჯაბადარი, ძველი ნაროდნიკი, ექიმი გ. გაბაშვილი და სხვ.

რედაქციაში გაზეთზე უშუალოდ მუშაობდნენ გრ. ყიფშიძე, ილ. აგლაძე და სხვ. გრ. ყიფშიძე ძველადაც, ილიას დროს მუშაობდა «ივერიაში», კარგ სტილისტად ითვლებოდა და მის გაუსწორებლად და გაუსინჯავად არც ერთი სტრიქონი არ დაიბეჭდებოდა გაზეთში. ენის სიწმინდეს ახლაც დიდ ყურადღებას აქცევდა რედაქცია და ცდილობდა მტკიცედ დაეცვა ილიას ტრადიციები.

რედაქციის ბინა მოთავსებული იყო ყოფილ ავჭალის ქუჩაზე, ვორონცოვის (დღეს მარქსის) ხიდის მახლობლად, საგინაშვილის (ილიას დის) სახლში. ილიაც აქ ცხოვრობდა წინათ, მაგრამ ახლა სხვაგან ჰქონდა ბინა.

გაზეთი იბეჭდებოდა ექ. ხელაძის სტამბაში, რომელიც იყო ქვაშვეთის გვერდით, ყოფილ ლორისმელიქოვის ქუჩაზე (ახლა ბაღის ნაწილია ეს ადგილი). აქ უნდა მოვსულიყავი სამ საათზე და კორექტურაზე ვმუშაობდი 8— 9 საათამდის. გაფაციცებით და მოუთმენლად მოველოდით მე და მესტამბე მოსამსახურის დაბრუნებას ცენზორისაგან, რომელსაც ეგზავნებოდა მთელი აწყობილი საგაზეთო მასალა, და რომლის ხელმოუწერლად მესტამბე არაფერს გაუშვებდა, რადგან პასუხისგებაში მისცემდნენ. იშვიათად დაბრუნდებოდა გაგზავნილი ამონაბეჭდი გაუსწორებლად და წაუშლელად. თუ ბევრი იყო ამოღებული, ეს საქმეს აგვიანებდა. შევეცდებოდით რამე ძველი აწყობილი მასალის გამოყენებას ან განცხადებებით შევავსებდით ცარიელ ადგილს და ასე გამოვუშვებდით გაზეთის მორიგ ნომერს.

გარდა კორექტორობისა, მე თანამშრომლობაც დავიწყე ცოტცოტათი გაზეთში. თითო დაბეჭდილ სტრიქონში ორ კაპიკს მაძლევდნენ და, რადგან რედაქცია ქონებრივად ხელმოკლედ იყო, ნებადართული მქონდა იმდენი დამეწერა, რომ თვიური ჰონორარი 20 მანეთს არ გადასცილებოდა. პირველი ჩემი ორიგინალური წერილები, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია, იყო პატარა ფელეტონის სახის წერილები. ამას მერე მოჰყვა პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები პრინციპიალური თუ სადღეისო შინაარსის. წერილებს ხელს ვაწერდი ფსევდონიმებს: «სიტყვას» ან «კალამს», ამ სახელებს პირველად განურჩევლად ვხმარობდი, მაგამ შემდეგ «სიტყვას» ვაწერდი ფელეტონებს და «კალამს» სხვა წერილებს. მკითხველი საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით და ინტერესით ეპყრობოდა ჩემს ფელეტონურ წერილებს (დღიური, დაუმთავრებელი ამბები, ფიქრები… მხოლოდ ფიქრები, პატარა ამბები, დღევანდელი ამბები), რომლებიც საქართველოს იმდროინდელ მწვავე, მეტად მტკივნეულ საკითხებს ეხებოდნენ — ჩვენს ეროვნულს უუფლებობას და დამცირებას, უცხოთა ტლანქ ძალადობას, ჩვენს შეუგნებლობას და უმოქმედობას. მძიმე საცენზურო პირობების გამო მეტად ძნელი იყო ასეთ საგნებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვახერხებდი ალეგორიული სახეებით, ქარაგმებით, სიტყვების დაპირისპირებით, იგავებით, ანდაზებით, ძველისძველი მაგალითებით გადამეცა მკითხველისათვის ჩემი გულის ნაღველი, რომ მის გულს ჩემს გულთან ერთად დაეწყო ძგერა. ცენზორებად ქართველები იყვნენ, მაგრამ უცხო უფროსები მათ ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს და ძნელი იყო რისიმე გაპარება. თუ ეს მოხდებოდა მაინც, ქართველ საზოგადოებაში მაშინვე შეიქმნებოდა მითქმამოთქმა: «დახეთ, დახეთ, რა მაგარი წერილია, ცენზურას როგორ გამოეპარაო!» ასეთი ლაპარაკი ცენზორის ყურამდე აღწევდა და იგი უფრო მკაცრი ხდებოდა.

როგორც ზევით ვთქვი, თბილისი პირველად არ მომეწონა, მალე ვერ შევეგუე. გული სულ ქუთაისისაკენ მიიწევდა, იქაურ ცხოვრებას ვიგონებდი, ქუთაისელ ნაცნობმეგობრებს ჩემს მოწყენილობას და უკმაყოფილებას ვწერდი, და ვაპირებდი კიდეც უკან გაბრუნებას.

მაგრამ ნელნელა ჩემი გუნება შეიცვალა. აქეთ მოვიხედე, იქით მივიხედე, ახალი ნაცნობები გავიჩინე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩავერიე და ხშირად დავფიქრდებოდი: თბილისი ხომ მთელი საქართველოა, აქ სცემს ჩვენი ერის გული, აქ გამოიჭედა დიდებული საქართველო, ეს იყო მუდამ ქართული შემოქმედების კერა. ვნახე ისტორიული ადგილები, ძველი ნაშთები, ძეგლები და ჩემ წინ წარმოდგნენ წარსულის სურათები. ბევრჯერ ვიდექი მთაწმინდაზე და ჩაფიქრებული დავცქეროდი დედაქალაქს, შორსაც გავიყურებოდი…

და ვეტყოდი ჩემს თავს: სუსტია და დაცემული დღეს საქართველო, მკრთალია მისი საზოგადოებრიობა, მაგრამ რაც არის და როგორიც არის, ის აქ თბილისშია უპირველესად!

შევეთვისე თბილისს, იმანაც შემითვისა, შემიყვარდა და უკვე ვეღარაფერი მომწყვეტდა ჩემს დედაქალაქს… ასე წარმოიდგინეთ: ქუთაისი ხომ გემოს ქალაქია და იქაური სმაჭამა, სუფრა საუცხოოა, მაგრამ მე მაინც მეტი გემო თბილისის სუფრას ვუნახე, განსაკუთრებით აქაურ პურს, ესოდენ ნოყიერს, მსუქანს, ზეთიანს.

ჩემი ახალი ნაცნობები თბილისში იყვნენ უპირველესად ქართულ სალიტერატურო და სათეატრო წრეებიდან, აგრეთვე პედაგოგები და წ. კ. საზოგადოებაში მომუშავენი. განსაკუთრებით დაახლოება მოხდა ჩემს და გაზ. «ცნობის ფურცლის» თანამშრომლებს შორის, რომელსაც დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. გავიცანი არ. ჯორჯაძე, რომელსაც წინათაც ვხედავდი პეტერბურგში, გ. ლასხიშვილი, ვლ. ლორთქიფანიძე, ნ. დეკანოზიშვილი, ავქ. ცაგარელი, განდეგილი და სხვები, რომელთაგან ზოგი გაზეთში არ მუშაობდა, მაგრამ იკრიბებოდა «ცნობის ფურცლის» გარშემო, როგორც დამხმარე და პროპაგანდისტი გაზეთში ჩასახულ მიმართულებისა. ერთხელ არ. ჯორჯაძემ მითხრა: შენ ჩვენი ხარ, ჩვენთან უნდა იმუშაოო. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი და 1902 წლის აპრილის დამდეგს მე გადავედი «ცნობის ფურცლის» რედაქციაში თანამშრომლად და იქ დაიბეჭდა ჩემი პირველი წერილი 14 აპრილს.

ამ გაზეთის მუდმივი თანამშრომლები მაშინ იყვნენ: გ. ლასხიშვილი, ფაქტიური რედაქტორი, წერდა მეთაურებს და სხვა წერილებს, არ. ჯორჯაძე წერილებს სახლში წერდა და ისე მოჰქონდა, ვლ. ლორთქიფანიძე, ზაქ. ბილანიშვილი. ავქ. ცაგარელი თარგმნიდა დეპეშებს. მერმე გაზეთის ახლობელი თანამშრომელი გახდა ი. აგლაძე, რომელიც ჩემს შემდეგ გადმოვიდა «ივერიიდან». კორექტურას აკეთებდა პოეტიქალი განდეგილი. ოფიციალური რედაქტორი ალ. ჯაბადარი რედაქციის მუშაობაში არ ერეოდა, ხოლო ისე თვალყურს ადევნებდა, რომ არ დაბეჭდილიყო რაიმე სახიფათო ცენზურის თვალში და გაზეთი არ დაეხურათ.

«ცნობის ფურცელი» პირველად ვ. გუნიამ დააარსა და იყო პატარა საინფორმაციო, ახალი ამბების გაზეთი. მერე იგი შეიძინა ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ, რომლის გამგე ალ. ჯაბადარი იყო. მან გააფართოვა გაზეთის პროგრამა და მოიწვია ახალი ძალები. გაზეთმა მეტად ცოცხალი სახე მიიღო. დიდი ყურადღება მიექცა ცნობების მიწოდებას მკითხველებისათვის, როგორც საშინაო ისე საგარეო ცხოვრებიდან, შემოიღო ტექნიკური გაუმჯობესება, ბეჭდავდა ღამის დეპეშებს, რაც წესად არ ჰქონდა წინათ ქართულ გაზეთებს. გაზეთი გამოდიოდა ორშაბათობითაც, თუმცა ნახევარი ფორმატით. გაზეთს დაუმატა ყოველკვირეული სურათებიანი დამატება, რომელიც პირდაპირ სენსაციური ამბავი იყო იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისათვის. გაზეთმა გარდა «რუსეთის სააგენტოს» დეპეშებისა, გამოიწერა ახლად დაარსებული «პეტერბურგის სააგენტოს» დეპეშებიც. ეს უკანასკნელი უფრო ადრე და უფრო ცოცხალ ამბებს იძლეოდა, ვიდრე პირველი სააგენტო, და, მაგალითად, რუსეთიაპონიის ომის დროს «ცნობის ფურცლის» მკითხველმა უფრო ადრე იცოდა ბრძოლის ამბები, ვიდრე კავკასიის უმაღლესმა მმართველობამ.

ყველაფერმა ამან და გაბედულმა ეროვნულმა მიმართულებამ, არ. ჯორჯაძის წერილებმა, რომელთაც დიდი ინტერესით კითხულობდნენ ყველანი, სახელი გაუკეთეს «ცნობის ფურცელს» და მისი ტირაჟი გაიზარდა და დაჩრდილა «ივერია». იმ დროს სხვა ქართული გაზეთი არ არსებობდა. «მესამედასელების» «კვალი» გამოდიოდა კვირაში ერთხელ.

მე გარედან მომუშავე წევრი ვიყავი რედაქციისა, სახლში ვწერდი წერილებს და მიმქონდა დასაბეჭდად. გადაათვალიერებდა გ. ლასხიშვილი, იშვიათად ალ. ჯაბადარი და არ მახსოვს შემთხვევა, რომ რამე გაესწორებინოთ, ან ამოეღოთ. ჩემი ნაწერი იმავე ხასიათისა იყო, როგორც «ივერია»ში ფელეტონები («ფიქრები… მხოლოდ ფიქრები», «პატარა ამბები») და კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, რეცენზიები. როგორც უკვე მოვიხსენიე, საზოგადოებაში უმთავრეს ინტერესს იწვევდა ჩემი ფელეტონები. ხშირად მომდიოდა მადლობისა და წამახალისებელი ბარათები. მაწოდებდნენ ცნობებს, მასალას. მკითხველები ხედავდნენ ჩვენს ნაწერებში დატყვევებული სულის შფოთვას, ერის სიყვარულს, ქვეყნის დაცემის და უძლურების სიძულვილს, შიშსაც ხანდახან; უფრო კი რწმენას, მომავლის იმედს და ბრძოლის მოწოდებას, ბრძოლის აღდგენისათვის, მიუხედავად წინ აღმართული დაბრკოლებებისა. ჩემი სიტყვები არ იყო მარტო ჩემი პირადი განცდების გამომხატველი, იქ ისმოდა მთელი თაობის, მთელი იმ დროის ძახილი ქართველი ხალხის პოლიტიკური და სოციალურეკონომიური აღდგენის და გამართვისათვის…

ქართული საზოგადოებრიობა მაშინ თავმოყრილი იყო სამი პერიოდული გამოცემის გარშემო. «ივერიაში» შემოკრებილნი იყვნენ უმთავრესად ძველი მოღვაწეები, ლიბერალები, ზომიერი ნაციონალური მიმართულების, არსებულ სოციალეკონომიური წყობილების დამცველნი. «კვალი» ეკუთვნოდა «მესამედასელებს», რომელთაც უკვე თითქმის ათი წლის ისტორია ჰქონდათ. ხოლო «ცნობის ფურცელი» გამოხატავდა იმ ახალგაზრდობის მისწრაფებას, რომელიც არც «ივერიას» ეთანხმებოდა და არც «კვალს», და ბრძოლა ჰქონდა ორ ფრონტზე. იყო ამ სამ გამოცემაში მუდმივი პოლემიკა და ერთმანეთის წინააღმდეგ გალაშქრება, ხშირად მეტად გამწვავებული.

«ცნობის ფურცლის» რედაქციის წევრებს თბილი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. გ. ლასხიშვილი ყოველთვის და ყველაფერში ნამდვილი ამხანაგი იყო, არ. ჯორჯაძე — მუდამ თავაზიანი და ჯენტლმენი, ვლ. ლორთქიფანიძე — გულითადი და ერთგული, ი. აგლაძე — პასუხისმგებლობის შემგნებელი და თავაუღებელი მუშაკი, ზ. ბილანიშვილი — უბრალო ადამიანი, მოკეთე და თანამგრძნობი, რედაქციის ახლო მეგობარი გ. დეკანოზიშვილი — იშვიათი პატრიოტი, რომელიც ყველაფერს გაიმეტებდა თავისი ქვეყნისათვის. ჩვენ გვაერთებდა არა მარტო საგაზეთო მუშაობა «ცნობის ფურცლის» რედაქციაში, გვქონდა სხვა საქმეც — ახალი პარტიის (სოციალისტფედერალისტების) დაარსება, პროგრამის შედგენა, თანამგრძნობთა მოპოვება, შეკრება თანხისა არალეგალურ გამოცემისათვის უცხოეთში; ამ მუშაობას ვეწეოდით არა მარტო რედაქციის წევრები, არამედ ამისათვის შემდგარი იყო ფართო წრე, გარეშე პირების მონაწილეობით.

შევეცდები დაგიხატოთ, თუნდაც მოკლედ და მკრთალად, იმ დროის (190206 წლების) ქართული საზოგადოებრივი ვითარება თბილისში, გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებებს, შეხვედრებს, დაკვირვებებს, ნახულს და გაგონილს, რომ წარმოდგენა [გქონდეთ] იმდროიდელ მდგომარეობისა. ეს მდგომარეობა თბილისში ფრიად დამაღონებელი და არასანუგეშო იყო. ქართველობა ისე გრძნობდა თავს, თითქოს უცხოეთში იყო და არა თავის ქვეყნის გულში. გაძარცული, უფლებააყრილი, დაბეჩავებული, დევნილი, საკუთარ ბაზას — ეკონომიურ, სამრეწველო დაწესებულებათ მოკლებული, აბუჩად აგდებული მთავრობისაგან და მეზობლებისაგან — ქართველობა მეორე და მესამე რიგში იყო ჩაყენებული. ჩვენი მაღალი წოდების ისეთს ყმობისა და მორჩილების დემონსტრაციას, როგორიც იყო საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის დღესასწაული, იმპერატორის მთავრობამ დამამცირებელი და დამცინავი ჟესტით უპასუხა — ოცოცი ათასი მან, სტიპენდიები დაუნიშნა თბილისისა და ქუთაისის თავადაზნაურთა შვილების რუსეთის კადეტთა კორპუსებში გადასაგვარებლად. ღონიერი ვაჭარმრეწველთა კლასი ჩვენ არ მოგვეპოვებოდა. ძველი ინტელიგენცია, დასუსტებული და მოდუნებული, ერთგვარი პასივობით შეჰყურებდა ჟამთა მსვლელობას. თავისუფალი, თვითმყოფი საქართველო მეტად ბუნდოვან და მკრთალ ფერებში წარმოსდგებოდა მის წინ. ვინც იყო, ან სახელმწიფო სამსახურში იყო დაბორკილი, ან ორიოდე ქართული ბანკის ოპერაციებში ჩაბმული, თავისუფალ პროფესიაში განათლებულ ქართველს ორსამს თუ ეკავა თვალსაჩინო ადგილი, საქალაქო დაწესებულებებში ქართველს სანთლით თუ მოძებნიდით. ქართული ლაპარაკი იშვიათად გაისმოდა ქუჩებში, დაწესებულებებში უცხო ენა ბატონობდა, უცხო ენაზე უნდა მიგემართათ კერძო სავაჭროებშიც. საქართველო გაძევებული იყო თბილისიდამ და ყოველგვარი ზომა იყო მიღებული, რომ თბილისს დაჰკარგოდა სრულიად ქართული იერი. ქართველს ანგარიშს არ უწევდნენ, თუ რამე ოფიციალური გამოსვლა ხდებოდა, ქართველთა წარმომადგენლებს უკან აყენებდნენ. ასეთი მოპყრობა ფსიქიურად მოქმედებდა ქართველებზე, ისინი თავისთავად გაუბედავნი გახდნენ, თავის გამოჩენას ერიდებოდნენ. ქართველის მაჯისცემას თუ იგრძნობდით, ქართველი ქართველად თუ გამოჩნდებოდა, ქართულ ხმას თუ გაიგონებდით — ეს ორიოდე ქართულ კულტურულ დაწესებულების კრებებზე და კიდევ ერთ შემთხვევაში — ვინმე ქართველი მოღვაწის დასაფლავების დროს.

   
     

მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: ალ. გაბუნია, პ. გოგელია, ვ. ჩერქეზიშვილი. სხედან: არჩ. ჯორჯაძე, გ. დეკანოზიშვილი, მიხ. წერეთელი.

   
     

ქართული კულტურული დაწესებულება, რომელიც ამა თუ იმ სახით ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა, ძალიან ცოტა იყო: წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დრამატული საზოგადოება, თბილისის თავადაზნაურ მოწაფეთა დამხმარე კომიტეტი, ქართველთა გამომცემელი ამხანაგობა, სახალხო საკითხავთა და წარმოდგენათა ქართული სექცია, საქველმოქმედო საზოგადოება, მერმე დაარსდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ფილარმონიული და სამეურნეო საზოგადოებანი. კულტურულ დაწესებულებად უნდა მივიჩნიოთ ნაწილობრივ თბილისის სათავადაზნაურო ბანკი, რამდენადაც მისი მოგების ნაწილი ხმარდებოდა ჩვენს კულტურულ საქმეებს, აგრეთვე თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულო, რამდენადაც ის ხანდახან ხმას ამოიღებდა საერთო ეროვნულ საკითხებზე. თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებები ერთ დროს დიდს ინტერესს იწვევდნენ, დებატები ბანკის საკითხებს სცილდებოდნენ. მაგრამ ეს ჩემსობას უკვე აღარ იყო.

სახალხო საკითხავთა სექციის მოქმედება ვიწროდ შემოიფარგლებოდა. მის მოღვაწეობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, სხვათა შორის, გ. ლასხიშვილი, რამდენჯერმე მსახიობადაც გამოსულა წარმოდგენებში. ზუბალაშვილის სახლი (ახლა მარჯანიშვილის თეატრი) რომ აშენდა, სექცია იქ მართავდა დროგამოშვებით ქართულ წარმოდგენებს. ქართველთა გამომცემელი ამხანაგობა დააარსეს ქართველმა ინტელიგენტებმა ქართული წიგნების გამოსაცემად და გასავრცელებლად. წიგნის გამოცემის საქმე ძალიან ცუდად იყო დაყენებული, გარდა სასკოლო სახელმძღვანელოებისა, წელიწადში სამიოთხი ხეირიანი წიგნი თუ გამოვიდოდა მცირე ტირაჟით და ისიც 10— 15 წელიწადს არ საღდებოდა.

ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ გამოსცა ილიას, აკაკის, ყაზბეგის თხზულებათა კრებულები. ამას დიდი სიხარულით შეხვდა საზოგადოება. ამხანაგობა იყო გამომცემელი ყოველთვიური ჟურნალის «მოამბის» და შემდეგ მანვე შეიძინა, როგორც უკვე ითქვა, «ცნობის ფურცელი». ამხანაგობამ მოახერხა ამიერკავკასიის რკინიგზების დასაბეჭდ სამუშაოების მიღება და ამან საშუალება მისცა, საუცხოოდ გამართული სტამბა მოეწყო. ბოლო წლებში ამხანაგობის საქმეებს მთლად დაეპატრონა გამგე ალ. ჯაბადარი.

თბილისის გუბერნიის მოსწავლეთა დამხმარე კომიტეტი განაგებდა თბილისის სათავადაზნაურო (ქართულ) გიმნაზიას და სახსრებს სათავადაზნაურო ბანკისაგან იღებდა. მისი საზოგადო კრებები დიდ საზოგადოებას იზიდავდა, რადგან ისმებოდა კითხვები არა მარტო ამ სასწავლებლის, არამედ საერთოდ ქართული განათლებისა და კულტურის.

ქართულმა თეატრმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ეროვნული გათვითცნობიერებისათვის. სამწუხაროდ, ჩემსობას თბილისში ქართული თეატრი ძალიან მოიკოჭლებდა, თუმცა უკვე ნახევარი საუკუნის ისტორია ჰქონდა. ამის მიზეზი არ იყო არტისტული ძალების სისუსტე, პირიქით, პირველხარისხოვანი მსახიობები გვყავდა. პიესებიც იყო და იწერებოდა ახლებიც. უბედურება იყო უსახსრობა, საზოგადოების გულგრილობა, უცხო წარმოდგენების კონკურენცია, რომლებიც უკეთეს პირობებში იყვნენ. ქართულ წარმოდგენებს უძღვებოდა უშუალოდ დრამატული საზოგადოების გამგეობა ან თვითონ არტისტების ამხანაგობა, უკანასკნელ შემთხვევაში დრამატული საზოგადოება გარედან უწყობდა ხელს თეატრს. დრამატულ საზოგადოებას მცირე დახმარებას აძლევდა სათავადაზნაურო ბანკი, იმართებოდა ყოველ წელს ბალი მის სასარგებლოდ, საწევრო გადასახადი კი მეტად ცოტა შემოდიოდა. საზოგადოების კრებებზე ბევრი ლაპარაკი იყო ხოლმე სახსრების მოსაპოვებლად, არა ერთი და ორი გეგმა ყოფილა წარმოდგენილი, მაგრამ საქმეს არა შველებია რა, წარმოდგენები იმართებოდა კვირაში ერთხელ ან ორჯერ და დარბაზი ხშირად სანახევროდ ცალიერი იყო. იშვიათად თუ რომელიმე პიესა ორჯერ ან სამჯერ დაიდგმებოდა სეზონში. ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა ისტორიულ პიესებს. სეზონი გრძელდებოდა 6— 7 თვეს და მერმე მსახიობები მშივრები რჩებოდნენ და მხოლოდ საქმის სიყვარული აძლევდა მათ სიმხნევეს და გამძლეობას.

ქართულ კულტურულ დაწესებულებებში, უეჭველია, პირველი ადგილი ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. მე თავიდანვე დავუახლოვდი მის მუშაობას. 1902 წ. გაზაფხულიდან 1910 წლის შუამდე ვიყავი მისი გამგეობის წევრიმდივანი და საქმისმწარმოებელი, წ. კ. საზოგადოება დააარსეს ქართველმა მოღვაწეებმა 1879 წელს და მისი პირველი თავმჯდომარე იყო დიმ. ყიფიანი. საზოგადოების სკოლებში პირველდაწყებითი სწავლება სწარმოებდა ქართულად, წინააღმდეგ სახელმწიფო სკოლებისა, სადაც სწავლება პირველი წლის მეორე ნახევრიდან რუსულად ხდებოდა. საზოგადოება ცდილობდა ერთგვარი წინააღმდეგობა გაეწია ბიუროკრატიის გადამგვარებელი პოლიტიკისათვის. მის დაარსებას ქართველობა მხურვალედ შეხვდა, ბევრი ჩაეწერა წევრად და წესიერად იხდიდნენ გადასახადს, ისე შემოწირულობაც ეგზავნებოდა საზოგადოებას. მერმე და მერმე შემოსავალი შენელდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ არც ერთს ჩვენს საზოგადოებრივ დაწესებულებას ბოლომდე არ შერჩენია იმდენი ყურადღება, რამდენიც წ. კ. საზოგადოებას ჰქონდა. მის სასარგებლოდ გამართულ საღამოებს და სეირნობებს ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველი წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მუშები, საერთოდ მდაბიო ხალხი დიდი თანაგრძნობით ეგებებოდა საზოგადოების მიმართვას და ხალისით აწოდებდა თავის წვლილს. საზოგადოებას ეხმარებოდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკი, ძმები ზუბალაშვილები საკმაოდ მოზრდილ თანხას აძლევდნენ სტიპენდიებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ყველა ეს საშუალება სამყოფი არ იყო, რომ საზოგადოებას ფართოდ ეწარმოებინა თავისი მუშაობა. საზოგადოებას სულ 8— 9 სკოლა ჰქონდა მოწყობილი. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმ ადგილს, სადაც ქართველობა გარშემორტყმული იყო უცხო ელემენტებით და გადაგვარება ემუქრებოდა. ამ მიზნით გახსნა ქართული სკოლები კავკავში, ახალციხეში, ბორჩალოში. საზოგადოებას ეკუთვნოდა 12მდე სამკითხველო, მეტად ღარიბი. მკითხველებს იზიდავდა უმთავრესად ქართული ჟურნალგაზეთების კითხვა. წიგნი ცოტა იყო საზოგადოების სამკითხველოებში, მაგრამ ბიბლიოთეკების ინსპექტორს ესეც შეშურდა და მოგვთხოვა, თქვენს ბიბლიოთეკებში მხოლოდ ისეთი წიგნები უნდა იყოს, რომლებიც ნებადართულია რუსეთის სახალხო ბიბლიოთეკებისთვისო. ამ ნებადართულ კატალოგში არც ერთი ქართული წიგნი არ იყო შეტანილი და გამოდიოდა, რომ ჩვენი სამკითხველოები სრულიად უნდა დაგვეკეტა. ამის გამო მე წერილი მოვათავსე რუსულ გაზეთში. სხვა ნაბიჯებიც გადავდგით და ინსპექტორს უკან წავაღებინეთ მისი მოთხოვნა.

წ. კ. საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევდა წიგნების გამოცემას, პირველ რიგში, სახელმძღვანელოების, რაიც შემოსავლის წყაროც იყო. საზოგადო ხასიათის სულ ცოტა იბეჭდებოდა, რამდენიმე წიგნი. საზოგადოებას გადმოცემული ჰქონდა ი. გოგებაშვილისაგან «დედა ენა», «ბუნების კარი», იღებდა ამაში განსაზღვრულ ჰონორარს და მერე რაც შემოდიოდა, საზოგადოების სასარგებლოდ რჩებოდა. ამის რაოდენობა მცირე არ იყო, რადგან იმ დროს ყველაზე უფრო გავრცელებული ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოები იყო.

ასე ემსახურებოდა საზოგადოება სკოლებით, სამკითხველოებით და წიგნების გამოცემით ქართულ განათლებას და ეროვნულ აღორძინებას, ხოლო ის სხვა დიდ საქმესაც აკეთებდა. მისი წესდების ერთი მთავარი მუხლთაგანი იყო ძველი ქართული ხელნაწერებისა და ისტორიულარქეოლოგიური ნაშთების შეგროვება. ამ მხრივ საზოგადოებამ უდიდესი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას, მისი შეძენილი და თავმოყრილი ხელნაწერების და ძველი წიგნების რიცხვი რამდენიმე ათასია. მრავლად შეიკრიბა ძველი ნივთები — სამკაული, ჭურჭელი, იარაღი და სხვ. უპირველესი ღვაწლი ამ საქმეში ექვთიმე თაყაიშვილს ეკუთვნის. მას არ დაუტოვებია საქართველოს არც ერთი კუთხე მოუვლელი და გამოუკვლეველი, არ დარჩენია გაუსინჯავი და აუწერელი არც ერთი ეკლესია, ციხე, ნანგრევი, ნასახლკარი. ყველგან პოულობდა რასმე ძვირფასს — ხელნაწერს, მხატვრულ ნივთს, ნახატს, მოქარგულ ქვას, სამკაულს, ავეჯს და სხვ. ყველაფერს აგროვებდა და უნახავდა ქართველ ერს. როგორც კი გაიგებდა, ამა და ამ კაცს რამე ხელნაწერი ან ისტორიული ნივთი აქვსო, მაშინვე მიეჭრებოდა, მოსვენებას არ აძლევდა და ძალით ან ნებით, უფასოდ თუ ფულის გადახდით უთუოდ ჩამოართმევდა. ბევრი წიგნი და ნივთი შეგროვდა ამნაირად და კიდევ უფრო მეტი შეგროვდებოდა, რომ მაშინდელ ქართველ საზოგადოებას მეტი ეროვნული შეგნება ჰქონოდა და მეტი გაგება ისტორიული ძეგლების ღირებულებისა. ექ. თაყაიშვილს და მისთანებს ბევრნი დასცინოდნენ კიდეც — მოცლილი ხალხია, ძველ ნანგრევებს და ხელნაწერებს ჩხრეკავენო! თვითონ ექ. თაყაიშვილს უთქვამს ჩემთვის: «დიდი ნაწილი ქართული ხელნაწერებისა ჩვენს დროში დაიღუპა და დაიკარგა! პატრონები უდიერად და უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ძეგლებს და ჩვენ, ვინც ვცდილობდით მათ შეძენას და შენახვას, არავინ გვეხმარებოდა, საღსარი არ გვქონდა, თავადაზნაურობის საკრებულოც არაფერს იმეტებდა ხელნაწერების შესაძენად და დასაცავადო».

აკად. ექ. თაყაიშვილი წ. კ. საზოგადოებაში მოღვაწეობდა, შემდეგ უმთავრესად მუშაობდა თავის დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. ამ ორი საზოგადოების შეკრებილი და დაღუპვას გადარჩენილი ხელნაწერები, წიგნები და ნივთები დღეს თავმოყრილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და წარმოადგენს მის უძვირფასეს საგანძურს.

წერაკითხვის საზოგადოება მოთავსებული იყო თავადაზნაურობის ქარვასლაში, დღევანდელი ცეკავშირის პირდაპირ. მისი კანცელარია ნამდვილი კლუბი იყო, კულტურული და რაოდენიმედ პოლიტიკურიც, ვინ არ შემოდიოდა აქ, ვისაც კი რაიმე დამოკიდებულება ჰქონდა ქართულ საქმესთან, ვისაც აინტერესებდა საქართველოს ბედი და მომავალი. მოდიოდნენ ქართული წიგნის საყიდლად, წიგნებისა და ჟურნალების წასაკითხავად, ძველი ხელნაწერების გასასინჯავად, ახალი ამბების გასაგებად, ერთმანეთთან შესახვედრად.

შემოდიოდნენ მასწავლებლები, მწერლები, არტისტები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, ეპისკოპოსები, მღვდლები, თბილისის მცხოვრებნი თუ პროვინციიდან ჩამოსულები. ხანდახან გაიმართებოდა საერთო საუბარი, კამათი, იყო მოგონება გარდასულის, გამოცნობა მომავლის. პროვინციიდან თუ ვინმე ჩამოვიდოდა, მშობელი ქვეყნის გულშემატკივარი, თავის წმინდა მოვალეობად მიაჩნდა წ. კ. საზოგადოებაში შემოვლა. თვალწინ იშლება მთელი გალერეა ქართველ მამულიშვილთა სახეებისა.

აი, ი. გოგებაშვილი - ადრე მოგვინახულებდა თავის მაგარის ჯოხით, დინჯად მოაბიჯებს და თან ჯოხს ქვის იატაკზე ღონივრად დაარტყამს და ამით შორიდან გვატყობინებს თავის მოსვლას. თუ კანცელარიის რომელიმე სარკმელი ღიაა, ორპირი ქარის ეშინია და გარედან დაგვიძახებს: გეთაყვა, სარკმელი მიხურეთო. დაჯდებოდა, უყვარდა ჩემთან საუბარი. ქართული ენა, წიგნი, განათლება, მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკა, ბრძოლა ქართულის მდევნელების წინააღმდეგ, ქართველების წარმატება - აი, საგანი მისი ბაასისა. რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდი, ვაკვირდებოდი მის მოქმედებას, სიტყვას. ის იყო განსახიერება სამშობლოს წმინდა სიყვარულისა, მამულიშვილის მთლიანი ტიპი. მან არ იცოდა ყოყმანი და ორჭოფობა მშობელი ქვეყნის ინტერესების საკითხში. ჩვენმა პარტიამ რომ მიწის კერძო საკუთრების მოსპობის და სოციალიზაციის პროპაგანდა დაიწყო, ასე მითხრა: ეს ძალიან კარგია, ამით ქართველ გლეხს მიწა შეუნარჩუნდება, თორემ დღეს ჩვენს მიწაწყალს უცხოელები ეპატრონებიანო. როგორც კრუხი თავის წიწილებს, ისე დასტრიალებდა თავს «დედა ენას» და სხვა თავის გამოცემებს, იმიტომ, რომ ფანატიკური რწმენა ჰქონდა, რომ მის წიგნებს შეჰქონდა ხალხში საღი ეროვნული შეგნება, ქვეყნის მტრად მიაჩნდა, ვინც ამაში ოდნავ შეეკამათებოდა. ვერ ითმენდა რუსული ენის სწავლებას ე.წ. მუნჯური მეთოდით, რადგან ეს ასუსტებს ქართულის ვარჯიშობასო. ასევე შეურიგებელი მტერი იყო იმ პოლიტიკანების, რომელთაც ქართულის გამოძევება უნდოდათ სამეგრელოს სკოლებიდან და მის მაგიერ მეგრულის შემოღება. არ გამოეპარებოდა, თუ სადმე რაიმე გაკეთდებოდა ან ითქმებოდა ქართველების საზიანო, და ამაზე პასუხი უნდა მიეცა ან მას ან ვისმე. იგი აღმზრდელი იყო ჩვენი არა მარტო წიგნებით და საგაზეთო წერილებით, არამედ თავის მაღალზნეობრივი პიროვნებით და მეც მასთან ყოფნით და საუბრით მემატებოდა სამშობლოს სიყვარული და სიმხნევე, რწმენა და იმედი.

აი, პეტრე უმიკაშვილი, ძველი მწიგნობარი, კეთილი გულის, მოსიყვარულე. აი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ესეც ქართული წიგნის მოტრფიალე. აი, ვახტანგ თულაშვილი წ. კ. საზოგადოების ერთი დამაარსებელთაგანი, უყვარს ქართული გაზეთების თავიდან ბოლომდის წაკითხვა. აი, მოსე ჯანაშვილი, რომელიც მხოლოდ საქართველოს წარსულში იცქირება, აი, ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც შემოივლის ხელნაწერების ამოსარჩევად, რომელთაც სახლში წაიღებს, რომ შეისწავლოს და აწეროს. იმის შეხვედრა ბევრს აინტერესებს, უნდათ რამე ისტორიულარქეოლოგიური საკითხის გარკვევა, ეკითხებიან, ინიშნავენ რვეულში. აი, მოგვინახულებს თავმჯდომარის ამხანაგი ნიკო ცხვედაძე, წ. კ. საზოგადოების თვალსაჩინო პიროვნება, ენერგიული საზოგადო მოღვაწე. აი, არტისტები: ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, კოტე მესხი, ვალერიან გუნია, კოტე ყიფიანი (გვაწვდის ცნობებს მამის შესახებ). აი, მსახიობი ქალები — ნატო გაბუნიაცაგარლისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომელთაც ყოველთვის მხიარულება შემოაქვთ დარბაზში. აი, მღვდლები — ძმები პოლიევქტ და ვასილ კარბელაშვილები, რომელთაც უყვართ ძველი ნაწერების ჩხრეკა. აი, კალისტრატე ცინცაძე, დღევანდელი კათალიკოზი, ეპისკოპოსები — კირიონი და ლეონიდი, მთავრობისაგან დევნილი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია. აი, პროფესორები — ალექსანდრე ცაგარელი და ალექსანდრე ხახანაშვილი, რომლებიც გვინახულებდნენ ზაფხულში რუსეთიდან ჩამოსვლის დროს. შემოივლიდა პროფ. ნიკო მარიც, უმეტესად რამე ქართული გამოცემის შესაძენად. აი, კიდევ მწერლები — შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი), დუტუ მეგრელი და მისი მეუღლე ანასტასია ერისთავხოშტარია. აი, ძმები — ვაჟაფშაველა, თედო რაზიკაშვილი და ბაჩანა. აი, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური, დავით კლდიაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ნიკო ურბნელი, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეები. აი, ანასტასია თუმანიშვილიწერეთლისა, მარიამ დემურია და სხვები და სხვები. აი, თვით აკაკი წერეთელი, რომლის დანახვაზე ყველას სახე გაუბრწყინდებოდა, რადგან უყვარდათ მისი ტკბილი საუბარი და საოხუნჯო ამბების მოყოლა. როგორც კი დაჯდებოდა აკაკი, ყველანი მის გარშემო შემოიკრიბებოდნენ. ვახტანგ თულაშვილიც თავს გაანებებდა გაზეთს და აკაკის შეაცქერდებოდა…

მართალია, ჩვენი ეროვნულსაზოგადოებრივი მდგომარეობა სახარბიელო არ იყო, მაგრამ ჩანდა ისიც, რომ ეს მდგომარეობა არ იყო გაყინული, სტაბილური ხდებოდა შიგნით, განსაკუთრებით ფართო მასებში, დუღილი, დარაზმვა, მომზადება, იწყებოდა თბილისში და სხვაგან გაფიცვები, დემონსტრაციები (ერთხელ მეც მომხვდა ყაზახების მწარე მათრახი). ამოძრავდნენ გლეხებიც და ეს იყო ნიშნები ჩვენი ერის ცხოველმყოფელობის, იმის, რომ საქართველოს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა. საზოგადო მოღვაწეობის სარბიელზე გამოვიდნენ ახალი ძალები, უფრო დაბალი ხალხის წრეებიდან, ახალი - რევოლუციონური მეთოდით. ეს ახალი გზაა, მაგრამ ძველიც, ვინაითგან საქართველოს ისტორიას ყოველთვის ახასიათებდა ბრძოლა თავის ღირსებისა და უფლებისათვის.

ამ საუკუნის დასაწყისიდანვე დაეტყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო რეჟიმს რღვევა. რეაქცია ძლიერია, მაგრამ თავის თავის რწმენა მას არ მოეპოვება; გონებადაკარგული, აქეთიქით ეხეთქება. მის მკაცრ ზომებს ნაყოფი არ მოაქვს. პირიქით, მთელ სახელმწიფოში იზრდება უკმაყოფილება და მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობა. გაფიცვები, დემონსტრაციები, ტერორები ერთმანეთს მოსდევენ.

ამ ბრძოლის სულიერ განწყობილების დროს დაიდგა მოსკოვში ალექსანდრე სუმბათაშვილის «ღალატი», პიესა გმირული ბრძოლისა განთავისუფლებისათვის. დიდხანს არ გაუვლია და თბილისის რუსულმა დასმაც დადგა იგი. კარგად იყო შესრულებული საერთოდ და ზეინაბის როლს შატელენის ქალი საუცხოოდ თამაშობდა. კარგა ხანს კვირაში რამდენჯერმე იდგმებოდა. თბილისის საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით ხვდებოდა «ღალატის» წარმოდგენებს. ყოველი მოქმედება, ყოველი თვალსაჩინო სცენა ოვაციას და მანიფესტაციას იწვევდა. მეხუთე მოქმედების შემდეგ კი ხალხის მღელვარებას და ენთუზიაზმს დასასრული არ ჰქონდა. მაყურებელნი დიდხანს არ გამოდიოდნენ დარბაზიდამ და ძალით, ელექტრონის ჩაქრობით აიძულებდნენ. გამოსული საზოგადოება გარეთ დიდხანს რჩებოდა, ჯგუფჯგუფად თავმოყრილი, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, კამათობდნენ. იმ დროს ჰაერში რევოლუციის სული ტრიალებდა და სცენაზე წარმოებული ბრძოლა ჩვენს გონებას გარეთ, ქუჩაში, გამოჰქონდა და მეტეხის აფეთქება «ღალატში» თვითმპყრობელობის აფეთქებად გვესახებოდა.

ცოტა შეგვიანებით ქართულმა თეატრმაც დადგა «ღალატი». დიდი მონდომებით ემზადებოდნენ მსახიობები ამ წარმოდგენისათვის. საზოგადოებაც მოუთმენლად მოელოდა საქართველოს ისტორიის ტრაგედიის განსახიერებას ქართველი მსახიობების მიერ. ყველა ფიქრობდა, რომ «ღალატი» ქართულად უკეთესი გამოვიდოდა, ვიდრე რუსულად იყო. წარმოდგენის დღეს ნერვიული მდგომარეობა იყო შექმნილი სცენაზე და საზოგადოებაშიც. ასეთ პირობებში აიხადა ფარდა და სოლეიმანმა რომ წარმოთქვა პირველი სიტყვები: «დიდ არს ალაჰ!» ყველამ იგრძნო, რომ წარმოდგენას კარგი არ მოელოდა, მაინც იმედით და რწმენით შევყურებდით გაგრძელებას და წამდაუწუმ მოველოდით, რომ თანდათან იქნებოდა აღებული ის გმირული ტონი, რომლითაც გამსჭვალულია სუმბათაშვილის ნაწარმოები. საუკეთესო ძალები იყვნენ თითქოს შემსრულებელნი, მაგრამ რატომღაც შეშინებულებივით ლაპარაკობდნენ, თვითონ არ სწამდათ თავისი სიტყვა და მოქმედება. აქტიორები ვერ შევიდნენ როლებში და სოლეიმანი, ზეინაბი, ოთარი, ანანია, დათო, ერეკლე, რუქაია სულ უცხო პიროვნებანი იყვნენ მოთამაშეებისათვის. სამწუხაროდ, ტექნიკურმა მხარემაც ხელი შეუწყო კატასტროფას: პირველ მოქმედებაში ფარდა უდროოდ დაეშვა და მეხუთე მოქმედებაში მეტეხი აფეთქდა ნაადრევად.

ამ წარმოდგენის გამო მე პამფლეტიფელეტონი დავწერე, სახელად «მოღალატენი», სადაც სასტიკად დავგმე არტისტები. ახლა გადავიკითხე ეს და ვფიქრობ, რომ გადამეტებული სიმკაცრე გამოვიჩინე მაშინ. ქართველ მსახიობებს ისეთი დიდი დამსახურება აქვთ, იმდენი სიყვარული ჰქონდათ ქართული ხელოვნების და კულტურის, იმდენი გაჭირვება აუტანიათ და იმდენი თავდადებულობა გამოუჩენიათ, რომ ამა თუ იმ შეცდომისთვის სასჯელი არ ეკუთვნით. მერე ჩვენმა თეატრმა გამოასწორა თავისი მარცხი და «ღალატის» წარმოდგენები გააუკეთესა…

ვუბრუნდები რუსეთის საერთო პოლიტიკურ ამბებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებრიობაში მომხდარ ცვლილებებს. იაპონიის ომში დამარცხებამ ერთიან შეარყია იმპერია, რეაქციის სულისჩამდგმელის პლევეს მოკვლამ (1904 წ. 15 ივლისი) თავზარი დასცა მმართველ წრეებს. იწყებენ დათმობებს. მანიფესტი მანიფესტს ცვლის, მეტისა და მეტის თავისუფლების დაპირებით. ეს არავის აკმაყოფილებს და მდგომარეობა გამწვავდება 1905 წელს. აჯანყებები ხდება სხვადასხვა ადგილებში, ყველგან ცეცხლი და სისხლისღვრა ვრცელდება.

საქართველო ჩაბმულია რევოლუციაში, მას პირველ ადგილთაგანი უკავია, მისი პოტენციალური ძალა ფართოდ იშლება. ჩვენში ორნაირი ბრძოლაა: საერთო პოლიტიკური და ეკონომიურსოციალური, ერთი მხრით, და ადგილობრივი, ქართული ეროვნული, მეორე მხრით.

მე არ ვილაპარაკებ საზოგადოდ ამ ბრძოლაზე, ხოლო გავიხსენებ ზოგიერთ ეპიზოდს, რამდენადაც ეს დაკავშირებულია ჩემს სალიტერატურო მუშაობასთან.

   
     

პრესის პირობები შედარებით გაუმჯობესდა. ცოტა თავისუფლად დავიწყეთ წერა, მთავრობის მხილება, ჩვენი მოთხოვნილებების წამოყენება. «ცნობის ფურცელს» ახალი თანამშრომლები შეეძინა — გრიგოლ რცხილაძე, ვასო აბაშიძე, შიო ჩიტაძე. სამაგიეროდ გამოაკლდა არჩილ ჯორჯაძე, რომელიც პარიზში წავიდა, გიორგი დეკანოზიშვილთან ერთად, ჟურნალ «საქართველოს» გასაძღოლად. ამ არალეგალური ორგანოს პირველი ნომერი გამოვიდა 1903 წლის მაისში. აქვე უნდა მოვიხსენიო, რომ არჩილ ჯორჯაძე ავად გახდა და მის მაგივრად დროებით გიორგი ლასხიშვილი წავიდა. მერე მე უნდა გადავსახლებულიყავი უცხოეთში «საქართველოს» გასაძღოლად, მაგრამ რაკი რუსეთში რევოლუცია დაიწყო, ცოტა თავისუფლება დამყარდა და მეტსაც მოველოდით ახლო მომავალში, ამიტომ პარიზში ჟურნალის გამოცემა შეჩერებული იქნა.

   
     
   
     

სხვა ცვლილებებიც მოხდა ქართულ პრესაში. «ივერია» გადავიდა ფ. გოგიჩაიშვილის ხელში, რომელმაც გააფართოვა და გააუმჯობესა იგი. სოც.დემოკრატებმა დააარსეს ყოველდღიური გაზეთი «სხივი». გაჩნდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა, ჯერ კვირეული «ნობათი» და მერმე ყოველდღიური «მუშა»

მე ფელეტონებში აშკარად და მოურიდებლად დავიწყე ჩემი პოლიტიკური, ეროვნული და სოციალური აზრების გამოთქმა. სხვათა შორის, 1905 წ. დავწერე სასცენო სახით ფელეტონი «ჯოჯოხეთში», სადაც გამომყავდა ტარტაროზი (რუსეთის მეფე), რომელიც ხედავს თავის საბრძანებლის დანგრევას და განსაკუთრებით უფრთხის სიტყვის თავისუფლებას. ეს ფელეტონი შემთხვევით დაიბეჭდა 9 იანვარს — გაპონის პეტერბურგში გამოსვლის დღეს. ალ. ჯაბადარმა მითხრა მეორე დღეს: სტამბაში გადაცემამდე გადავათვალიერე შენი ფელეტონი, შემეშინდა, მის გამო გაზეთი არ დაგვიხურონ და მინდოდა ზოგი ადგილის ამოღება, მაგრამ დამენანა და ვთქვი: რაც იქნება, იქნებათქო. ფელეტონი ძალიან პოპულარული გახდა და თელავში სცენაზეც კი დადგეს. ერთმა ქართველმა სტუდენტმა მოსკოვში რუსულად გადათარგმნა და გაზ. «Русские ведомости »ის მიუტანა. გაზეთმა ვერ დაბეჭდა, გამოცემას დაგვიხურავენო.

საქართველოში რევოლუციურ გამოსვლებში პირველი ადგილი ეკავა გურიას. გურული გლეხების მოძრაობამ მთელი რუსეთი აალაპარაკა. მათ წინააღმდეგ მიღებული რეპრესიები მთელ ქართველობას აღელვებდა. ლიბერალურმა სიომ რომ დაჰბერა და კავკასიაში მეფის მოადგილედ ვარანცოვდაშკოვი დაინიშნა, ვითომ მშოდობიანობის დასამყარებლად რეფორმების წყალობით, ზოგიერთები მოელოდნენ, რომ რეპრესიები შენელდებოდა. ცრუ იმედი იყო და ეს მალეც დამტკიცდა. 1905 წ. თებერვლის დამლევს გურიაში გაიგზავნა მეფის მოადგილის თანაშემწე კრიმგირეი, ლიბერალური მიმართულების და პატიოსანი კაციო, ამბობდნენ მაშინ. მას უნდა გამოერკვია გურიის ამბები და მოესმინა გლეხთა მოთხოვნილებანი.

ქართულ გაზეთებს ნება დართეს კორესპონდენტები გაეყოლებინათ და ყველაფერი დაწვრილებით აეწერათ. «ცნობის ფურცლის» რედაქციამ მე მომანდო ეს საქმე. ერთი კვირა დავრჩი გურიაში, რამდენიმე სოფელი მოვიარე კრიმგირეისთან ერთად და გაზეთის მკითხველებს გავაცანი გლეხთა მოთხოვნილებანი, მე რომ წამოვედი, ჩემს მაგივრობას ეწეოდა ილია ნაკაშიძე. ჩვენმა წერილებმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

ძლიერი იყო მასიური მოძრაობა გორის მაზრაში და აგრეთვე ქიზიყში. საერთოდ მთელი საქართველო ამოძრავდა. სული უკმაყოფილებისა, პროტესტისა, წინააღმდეგობისა და ბრძოლის შეიჭრა ყოველ წრეში და ეს გამოიხატებოდა ან უშუალო აქტივობით ან მოთხოვნათა წარდგენით. კერძოდ, თბილისში გაფიცვა, დემონსტრაცია, მიტინგი, მოკვლა მთავრობის აგენტებისა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა.

31 მაისს ქართველ სამღვდელოებას სემინარიის შენობაში კრება ჰქონდა. შეუცვივდნენ ყაზახები, ძალით გარეკეს კრება, სცემეს მღვდლებს და ბევრი დაასისხლიანეს. ამ ამბავმა მთელი ქართველობა ააღელვა. საღამოს მღვდლები შეიკრიბნენ და, სხვათა შორის, მეც მიმიწვიეს. მე სიტყვით მივმართე და ვურჩიე მხნედ ყოფილიყვნენ და ბრძოლა გაეგრძელებინათ.

აგვისტოს 29ს ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში კრება იყო. შევარდნენ ყაზახები, დაუშინეს შეკრებილთ თოფები და 40მდე მოკლეს და ბევრი კიდევ დაჭრეს…

ასე გრძელდებოდა 17 ოქტომბრამდის, როდესაც გამოვიდა იმპერატორის ახალი მანიფესტი, თითქოს საკონსტიტუციო წყობილება მყარდებოდა და ამას უნდა მოჰყოლოდა ერთგვარი დამშვიდება. მანიფესტის გამო თბილისში მანიფესტაციები გაიმართა. 22 ოქტომბერს რუსმა შავრაზმელებმა კონტრმანიფესტაცია მოაწყვეს ჯარის მონაწილეობით, დაერივნენ ქუჩაში მშვიდობიან ხალხს და ბევრი დახოცეს და დაჭრეს.

მე პირადად ამ დროს თბილისში არ ვიყავი. პეტერბურგში მოწვეული იყო მთელი რუსეთის ჟურნალისტების კრება. ამ კრებაზე დასასწრებლად გაგზავნილი ვიყავით მე და პ. სურგულაძე. ვორონეჟს რომ მივუახლოვდით, დაიწყო რკინიგზის გაფიცვები და შეწყდა ყოველი მიმოსვლა. რამდენიმე დღე ერთ სადგურში ვიდექით. ვცხოვრობდით ვაგონებში, საზრდო გვეძლეოდა რკინიგზის სამმართველოსაგან. ირგვლივ რა ხდებოდა, არ ვიცოდით. ხანდახან სადგურის უფროსი რაიმე ცნობას მოგვაწოდებდა. 17 ოქტომბერს რაღაც ხმები გავრცელდა, დიდი ამბები მოხდაო. საღამოს ჩვენი მატარებელი დაიძრა და მეორე დღეს მოსკოვში ვიყავით. ვეცით გაზეთებს, გავიგეთ მანიფესტის გამოცხადება. იგი არავის აკმაყოფილებდა, ყოველმხრით გაისმოდა მუქარა იმპერატორისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. შევიარეთ უნივერსიტეტში, ყველა აუდიტორიაში მიტინგები იყო და გაცხარებული რევოლუციური სიტყვები გაისმოდა. გაზეთები, ფურცლები, კარიკატურები მოურიდებლად დასცინოდნენ რეჟიმს. იმ საღამოსვე პეტერბურგისაკენ გავწიეთ. იქაც იგივე ამბები დაგვხვდა — მღელვარება, არეულობა. მუშების დიდი დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ უკანასკნელ ჟამს მეთაურებმა გაიგეს გრადონაჩალნიკის პროვოკაციული განზრახვები და თავი შეიკავეს, მოერიდნენ სისხლისღვრას.

ჟურნალისტების კრება აღარ შედგა და რამდენიმე დღის შემდეგ უკან გამოვბრუნდით. თბილისში დაგვხვდა ზემოთ დასახელებული ამბავი, რომელსაც შემდეგ უარესები მოჰყვა. ცხადი იყო, თუ მთავრობა ერთ ნაბიჯს გადადგამდა, ორით უკან იხევდა. კონსტიტუცია გამოაცხადეს, ამავე დროს სამხედრო წესები შემოიღეს და რეპრესიები გააძლიერეს.

მთავრობამ ასეთ ზომასაც მიმართა: ხელი შეუწყო, ან უკეთ, თვითონ მოაწყო სომეხთათართა შეტაკება, რომელიც აზერბაიჯანში და სომხეთში დაიწყო და ნოემბერში თბილისშიც გადმოვიდა. ქართველები ენერგიულად ჩაერივნენ და ჩვენში ეს სისხლისღვრა ვერ გაიშალა და მალე ჩაქრა. მახსოვს, დიდი მიტინგი გაიმართა ვანქის ეზოში მებრძოლთა მოსარიგებლად და მეც მომიხდა სიტყვის თქმა. ამის შემდეგ ჩამოვიარეთ სომხის და თათრის უბნები, მოვუწოდებდით შერიგებისა და მშვიდობისათვის.

22 დეკემბერს რედაქციაში ვიყავით თანამშრომლები. სომხის სემინარიის ყოფილი შენობიდან ვიღაცამ ყუმბარა ესროლა ყაზახებს. ამის გამო გამოიწვიეს ჯარი, შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ბევრი ადამიანიც მოკლეს. ჯარისკაცთა თარეშმა კინაღამ ჩვენს რედაქციამდე მოაღწია.

არ გასულა ამის შემდეგ ერთი კვირა, რომ ბინაზე (ჭავჭავაძის და გრიბოედოვის კუთხეში) ოფიცერი მეწვია ჯარისკაცებით. გამჩხრიკეს და დამატუსაღეს. წამიყვანეს საკომენდანტოში. იქ ბევრი სხვა დამხვდა დატუსაღებული და მერეც მოიყვანეს. ახლობელ ნაცნობებში იყვნენ ვლ. ლორთქიფანიძე და ფ. გოგიჩაიშვილი. წაგვიყვანეს მეტეხში. ციხის უფროსმა არ მიგვიღო, ადგილი არა მაქვსო. დაგვაბრუნეს უკან. გაიმართა ტელეფონით მოლაპარაკება. გაგვგზავნეს მეორედ და როგორც იყო, მიგვიღეს. ციხეში დავრჩი თვენახევარი, ვლ. ლორთქიფანიძესთან ერთ საკანში. ციხის რეჟიმი შედარებით მსუბუქი იყო, უკეთესი, ვიდრე 1910 წ., როცა მეორედ მომიხდა იქ ყოფნა. ყველაფერს ვიღებდით გარედან — წიგნებს, გაზეთებს, წერილებს, გაზეთშიაც ვთანამშრომლობდით. ჩემი ტუსაღობის დროს ჩემი ფელეტონების ნაცვლად იბეჭდებოდა შ. ჩიტაძის («ყვავის» ფსევდონიმით) «პატარა ამბების მაგიერ». მოგვდიოდა ამბები ალიხანოვავარსკის დამსჯელი რაზმის საშინელი მოქმედებისა იმერეთში, განსაკუთრებით გურიაში, და გული ნაღველით გვევსებოდა. წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა ქართლშიც. 1906 წ. 17 იანვარს ყუმბარის ძლიერი ხმა მოგვესმა, გვეგონა სადღაც, სულ მახლობლად. მალე გავიგეთ, რომ არსენა ჯორჯიაშვილმა ჯალათი გენერალი გრიაზნოვი მოკლა («მოაშორა ხალხს მისი ჭირი», როგორც გმირზე გამოთქმული ლექსი ამბობს).

ჩემი დატუსაღების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩემს ფელეტონებში ხშირად თავს ვესხმოდი შირინკინს, მეფის მოადგილის თანაშემწეს, საპოლიციო ნაწილის უფროსს. თურმე ციმბირში გადასახლებას მიპირებდა, მაგრამ ერთი ჩემი კარგი ნაცნობის საქმეში ჩარევამ გადამარჩინა.

ციხიდან რომ გამომიშვეს, მეორე თუ მესამე დღეს, 19 თებერვალს, «ცნობის ფურცელში» დაიბეჭდა ჩემი ჩვეულებრივი ფელეტონი, რომელშიაც მკაცრად შევუტიე მთავრობას და შირინკინიც არ დავზოგე. ფელეტონს ასე ვათავებდი: «ქვეყანა მაინც ბრუნავს». მეორე დღეს საღამოს 9— 10 ს. ჩემთან მოვიდა ს. მდივანი და მითხრა: შირინკინი გაბრაზებულა შენი წერილის გამო და ხელახლა დაჭერას გიპირებს, ამიტომ ამაღამ სხვაგან უნდა დაიძინო და ხვალ თბილისიდამ წახვიდე. მეორე დღეს საჩქაროდ მოვემზადე და გავწიე პეტერბურგისაკენ, რომელიც იმ დროს უკეთესი თავშესაფარი იყო დევნილებისათვის. თანაც იქ მეგობარი მყავდა.

ნ. მარს უყვარდა ჩემი წერილები და პეტერბურგში ყოფნის დროს ხან ის მოდიოდა ჩემთან, ხან მე მივდიოდი მის ბინაზე. მასთან საუბარი მეტად საინტერესო იყო. გასაოცარი ერუდიციის და გენიალური ინტუიციის ადამიანი იყო. ერთი საუბრის დროს ვთხოვე დაეწერა საქართველოს მოკლე ისტორია. ეს მალე შეასრულა და გამოიცა ამ სათაურით «История Грузии (культурноисторический набросок»). გურიის მოძრაობასაც უძღვნა ერთი ბროშურა. ცხარედ ებრძოდა ვოსტორგოვს და სხვებს — ქართული კულტურის უარმყოფელთ. მე საქართველოს ავტონომიას ვიცავდი, ის მთელი კავკასიის ერთი ავტონომიის მომხრე იყო, ქართველს ფართო ასპარეზი სჭირია სამოქმედოთო.

პეტერბურგში გავიგე «ცნობის ფურცლის» დახურვა. იგი ქართული პრესის სასახელოდ გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე. ოფიციალური გაზეთის «Кавказ»ის 18 მარტის ნომერში დაიბეჭდა თბილისის სამხედრო გენერალგუბერნატორის ტიმოფეევის მუქარა «ცნობის ფურცლის» მიმართ: ყალბ ცნობებს აქვეყნებენ, ვითომ ჯარი სახლებს წვავდეს, ხოცავდეს ხალხს, აუპატიურებდეს ქალებს და სხვ. გაძლევ ერთი კვირის ვადას, რომ წარმოადგინო «დაურღვეველი საბუთები» შენი ცნობების დასამტკიცებლად.

გაზეთმა ღირსეული პასუხი გასცა ამ მუქარას 24 მარტს. ჯერ ვრცლად და უშიშრად გააკრიტიკა ტიმოფეევის წერილი: ჩვენ შებორკილი ვიყავით და ყველაფერი ვერ ვთქვით, თორემ სინამდვილე უარესია, ვიდრე ჩვენ ვწერდით, საკმარისია, მარტო რკინიგზით გავლა ქართლიმერეთზე, რომ დავინახოთ, თუ რა გაუგონარ სატანჯველშია ხალხი — ყველგან ნანგრევები, ცეცხლი, ცრემლი და სისხლიაო. მაგრამ თუ გუბერნატორი ახალ საბუთებს მოითხოვს, აი, «დაურღვეველი საბუთები», და გაზეთმა მთელი ნომერი გაავსო ოფიციალური დოკუმენტებით მთავრობისა და მისი ჯარის საზიზღარი აქტების შესახებ.

ამის შედეგი ის იყო, რომ მთავრობამ მეორე დღეს გაზეთი დახურა.

მე რომ თბილისში ჩამოვედი, ამ გაზეთის მაგიერ გამოდიოდა «შრომა». მე დავუბრუნდი ჩემს ხელობას და დავიწყე იქ თანამშრომლობა.

   

5 მე როგორც გამომცემელი და რედაქტორი

▲ზევით დაბრუნება


მე როგორც გამომცემელი და რედაქტორი

წ. კ. საზოგადოების ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი (ბიბლიოთეკა და კანცელარია ერთად იყო), წიგნის მაღაზიის ვაჭრობა და მოქმედება ჩემ თვალწინ ხდებოდა. მწერალთა და მწიგნობართა შორის ვტრიალებდი და კარგად ვხედავდი ქართული წიგნის სიცოტავეს და სიღარიბეს. წელიწადში ორიოდე წიგნი თუ დაიბეჭდებოდა და ისიც წლობით ეწყო თაროებზე ხელუხლებელი. რატომ იყო ეს, რატომ არ იბეჭდებოდა ქართული წიგნი? კეთილი სურვილის და მონდომების უქონლობის გამო ხომ არა? მოდი, ვცდი კარგი წიგნის გამოცემას, ეგებ იპოვნოს მკითხველი, ვიფიქრე. ახალგაზრდა ყოველთვის სავსეა იმედებით.

მწერლობას რომ ხელი მოვკიდე და გაზ. «დროებას» გავეცანი, ძალიან მიმიზიდა ს. მესხის პიროვნებამ, რომელიც იყო ქართული ჟურნალიზმის მამამთავარი, გულწრფელი დემოკრატი და ამასთან მაღალი ზნეობის ადამიანი. მას და გაზ. «დროებას» რამდენიმე წერილი ვუძღვენი «ცნობის ფურცელში». ჩემი ინიციატივით 1916 წ. «დროების» 50 წლისთავი აღინიშნა. და, სხვათა შორის, გაზ. «სახალხო ფურცელმა» დაბეჭდა «დროების» პირველი ნომერი სრულიად იმ სახით, როგორც 1866 წელს გამოვიდა და დაურიგა თავის ხელის მომწერლებს.

განვიზრახე, ჩემი პატივისცემა ს. მესხის სალიტერატურო მოღვაწეობისა აღმენიშნა მისი რჩეული ნაწერების გამოცემით. ეს უეჭველად საინტერესო წიგნი გამოვიდოდა და მკითხველი — მყიდველი ეყოლებოდა. დამეხმარა ძველი მწიგნობარი ი. ჭყონია (ფსევდ. მაგმაძე, მუშაობდა ჟურნალგაზეთებში, აქვს რამდენიმე წიგნიც გამოცემული). მან გადმომიწერა «დროებიდან» ს. მესხის ნაწერები. მე ამოვარჩიე, რაც საუკეთესო და დამახასიათებელი იყო. თხზულებანი ორ ტომად იყო გათვალისწინებული. პირველში მოთავსდა 1860— 1878 წწ. ნაწერები და მეორეში იქნებოდა დანარჩენი და აგრეთვე ს. მესხის ბარათები და მოგონებანი მის შესახებ. პირველი ტომი გამოვიდა 1903 წ. გაზაფხულზე. სამწუხაროდ, წიგნი მყიდველებს არ დაუტაციათ, იყიდებოდა მძიმედ, ცოტა, როგორც სხვა წიგნი. ამიტომ მეორე ტომის გამოცემა ვეღარ შევძელი. მაგრამ გამომცემლობის ხალისი ამან არ დამიკარგა. წ. კ. საზოგადოების მაღაზიის გამგე იყო შ. ქუჩუკაშვილი (საბავშვო პოეტი შ. მღვიმელი), ბუღალტრად მსახურობდა ვ. ედილაშვილი. ჩვენ სამი შევთანხმდით და შევადგინეთ ამხანაგობა «ტოროლა» (სიტყვიერად, არავითარი ხელშეკრულობა არ დაგვიწერია), რომ დაგვებეჭდა ქართული წიგნები. ფული ჩვენ არ გაგვაჩნდა, მაგრამ იმის იმედი გვქონდა, რომ მესტამბეს და ქაღალდის ვაჭარს კარგად ვიცნობდით და ერთიც და მეორეც კრედიტს გაგვიხსნიდა. ვარჩიეთ, თუ რა გამოგვეცა პირველად და შევჩერდით ია ეკალაძეზე (იაკ. ცინცაძე, იგივე «თომაანთ კობა»). იგი დიდი ღირსების მწერალი არ იყო, მაგრამ მიგვიზიდავდა მისი გმირები, კეთილი სურვილის პირები, მართლის მაძიებელნი. იგი ჩვენთან დაახლოებულიც იყო (შიოს მეგობრობდა), ვთქვით: ახალგაზრდა მწერალია, მივცეთ საშუალება, გზა გაიკაფოს. ანგარიში არ გაგვიმართლდა. ია ეკალაძის ნაწერებმა სრულებით ვერ მიიზიდა მკითხველი საზოგადოება. კრიტიკა ცუდად შეხვდა — ავტორი სუსტი ნიჭის პატრონია, მისი აზრები დამაჯერებელი არაა, მისი სამხატვრო ფერები მეტად მკრთალიაო. გამომცემლებმა ძლივძლივობით დავფარეთ ხარჯები და ჩვენი ამხანაგობის კარებიც გამოვკეტეთ.

შემდეგი ჩემი გამოცემული წიგნი იყო «გვირგვინი» — სალიტერატუროსამეცნიერო კრებული. 1911 წ. გარდაიცვალა ჩემი მეგობარი (ალ. მიქელაძე), ნიჭიერი ახალგაზრდა და მისმა პატივისმცემელმა რამდენიმე პირმა შევადგინეთ ეს კრებული და ვუძღვენით მის ხსოვნას. წიგნის ინიციატივა და გამოცემა ჩემი საქმე იყო და ამის განხორციელება შევძელი 1913 წ. გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

კრებულში, სხვათა შორის, დაიბეჭდა ჩემი «გლოვის ზარი».

 

   
   
     

მაშინ ცენზორად იყო ი. პოლუმორდვინოვი, კაცი თვითონ ლიტერატორი, რომელიც მეტად ლმობიერად ეპყრობოდა დასაბეჭდ მასალას და ჩემთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე ადგილი წაშალა ჩემს ნაწარმოებში, მაგრამ ამასთან გამაფრთხილა, ჩემს ცენზურაში გატარება ვერ იხსნის შენს ნაწარმოებს ადმინისტრაციის თავდასხმისაგან და მე მეშინია, რომ კრებულის კონფისკაცია არ მოახდინონ შენი «გლოვის ზარის» მიზეზითო. მოვითათბირე ამხანაგებთან ამის გამო და მირჩიეს, რომ უთუოდ ამოგვეღო კიდევ ზოგიერთი საშიში ადგილი და წიგნი გადაგვერჩინა დაღუპვას. ერთმა ამხანაგმა თვითონ იკისრა ასეთი ადგილების დანიშვნა. ამ შესწორებით გამოვიდა კრებული და ადმინისტრაციამ ვერაფერი იპოვნა ხელჩასაჭიდებელი. «გვირგვინის» იმ ეგზემპლარებში, რომლებიც წ. კ. საზოგადოების ბიბლიოთეკას გადავეცი, ჩემი საკუთარი ხელით ჩავწერე ამოღებული ადგილები. ასევე შევსებული მქონდა ჩემი ცალიც, რომელიც შემდეგ დამეკარგა, მაგრამ, ალბათ, სადმე არსებობს.

უკანასკნელი ჩემი გამოცემული წიგნია ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა 1922 წლისა. ეს კოლექტიური ნაშრომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დროთა ვითარების წყალობით მარტო მე დამაწვა კისერზე.

პოეტ ნ. ბარათაშვილის ნათესავებში იყო ერთი — ნიკოლოზ რევაზისძე ერისთავი, რომელსაც დაახლოებული ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ლიტერატურულ წრეებთან. ის იყო პოეტის დის — ეკატერინეს შვილი, იმ ეკატერინესი, რომლის ქორწილს ისე აღტაცებით აგვიწერს ნ. ბარათაშვილი თავის ბიძა ზაქარია ორბელიანთან მიწერილ ბარათში. ის მეგობრობდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მის სახლში მიდიოდა კარტის სათამაშოდ ან მას თავის სახლში მოიწვევდა. ხანდახან ერთადაც სადილობდნენ.

ნ. ერისთავი ჩვენი რედაქციის («ცნობის ფურცლის» და სხვ.) მეგობარიც იყო, ხშირად გვესტუმრებოდა, უმაღლეს მმართველ წრეების ახალ ამბებსაც და ჭორებს მოგვიტანდა, რადგან აქ ნაცნობობა ჰყავდა. ერთ კვირა დღეს რედაქციაში ვიყავი, ნ. ერისთავი გვეწვია. იმ დღეს სომხის სემინარიის ძველი შენობიდან ვიღაცამ კაზაკებს ყუმბარა ესროლა, ამის საპასუხოდ ჯარმა ზარბაზნები დაუშინა ხალხსა და სახლს. ჩვენი რედაქციის ბინა იქვე ახლო იყო (დიდი ვანქის, ახლა პრესის ქ.) და ზარბაზნის ხმა ისე გვესმოდა, რომ თითქოს ჩვენ გვესროდნენ. შესაძლებელი კი იყო, რომ ჩვენსკენაც გამოწეულიყვნენ. ნ. ერისთავს სრულებით არ შეშინებია, მხოლოდ სწუხდა იმას, რომ ჩემი შიშით, ჩემი ცოლი გადაირევაო. მე რომ 1905 წ. დამიჭირეს და გადასახლებას მიპირებდნენ, ნ. ერისთავი გამომესარჩლა (თავის ნებით) და შირინკინს (საპოლიციო ნაწილის უფროსს მთელ კავკასიაში) უთხრა: ფირცხალავას გადასახლებას ყველა ისე შეხედავს, როგორც თქვენს პირად შურისძიებასო (მე წერილები მქონდა მის წინააღმდეგ), იმჟამად მართლაც მომიხსნეს გადასახლება.

ერთი ამბავი გამიგონია ამ ნ. ერისთავზე. მისი ცოლი იყო თამამშევის ქალი, დიდი მზითევის მომტანი. ქალის ზოგიერთ ნათესავებს არ უნდოდათ, რომ ეს ფულიანი ქალი ქართველ თავადს მისთხოვებოდა და ხმა გაავრცელეს: ერისთავი ავადმყოფია, ცოლი არ უნდა შეირთოსო. ეს რომ გრ. ორბელიანმა გაიგო, ძალიან გაჯავრდა, ბარათაანთ და ორბელიანთა მთელი გვარეულობის შეურაცხყოფად მიიღო, ვინ გაბედა ჩემი დის შვილისშვილზე ასეთი ჭორის მოგონებაო. მაშინვე ცნობილ ექიმების კომისია შეადგენინა. გასინჯეს ახალგაზრდა სასიძო და სრულებით ჯანმრთელად იცნეს.

აი ეს ნ. ერისთავი კარგა ხანია ფიქრობდა თავის დიდებული ბიძის თხზულებათა ძვირფასად გამოცემას, რედაქციაშიც გველაპარაკებოდა ამის თაობაზე. მაგრამ დღესხვალეობით დრო გავიდა და ისე გარდაიცვალა უეცრად, რომ თავისი განზრახვა შეუსრულებელი დარჩა. ამ განზრახვის განხორციელება თავს იდვა განსვენებულის მეუღლემ ეკატერინე მიხეილის ასულმა, ფრიად სიმპათიურმა ადამიანმა, რომელსაც დიდად უყვარდა თავისი ქმარი; მოიწვია ქართველი მწერლები: (კ. აბაშიძე, ი. გედევანიშვილი, ი. გრიშაშვილი, ნ. ერისთავი (ბიძაშვილი განსვენებულის), გ. ვეზირიშვილი (დეიდაშვილი), გ. ლასხიშვილი, ი. ჯავახიშვილი, გ. თუმანიშვილი, გ. ჟურული და ს. ფირცხალავა და სთხოვა მათ, მოეწყოთ ნ. ბარათაშვილის თხზულებათა მდიდრული და სრული გამოცემა. დასახელებული პირებისგან შემდგარ კოლეგიას რამდენიმე სხდომა ჰქონდა და შეიმუშავეს გეგმა.

საუბედუროდ, ომმა და მომყოლმა ამბებმა ნორმალური ცხოვრება არივდარიეს, ჩვენი კოლეგიის წევრი ზოგი თბილისიდან წავიდა, ზოგი ისეთ სამუშაოში ჩაება, რომ მოცლა არ ჰქონდა, ზოგი გარდაიცვალა. კოლეგია ფაქტიურად დაიშალა. დავრჩით მე და პატივცემული ეკატერინე, რომელთაც უნდა გვეზრუნა გამოცემისთვის. მე თავი ვერ გავანებე საქმეს, ამის ნებას არ მაძლევდა არც პოეტის პატივისცემა და სიყვარული, არც ნაკისრი მოვალეობის შეგნება.

მოვკიდე ხელი და რამდენიმე წლის განმავლობაში მხნედ ვმუშაობდი, ვცდილობდი ყოველი შესაძლებლობის გამოყენებას, განსაკუთრებით მინდოდა, რომ ზუსტად აღმენიშნა ავტოგრაფების განსხვავებანი, თუნდაც წვრილმანი, იმ მიზნით, რომ თუ ვინიცობაა ზოგი ავტოგრაფი დაიკარგება, ჩვენ ხელთ გვექნება მისი თავისებურება. გამოცემაში პირველად გამოქვეყნდა ზოგიერთი სურათი, დამახასიათებელი ნ. ბარათაშვილის ეპოქის, და აგრეთვე მიხ. თუმანიშვილის დახატული ესკიზი, ვითომც ნ. ბარათაშვილის სახისა, აღნიშნული ქვეშ მიწერით НБ დღესაც გარკვეული არაფერი ვიცით ამ საგანზე, ვინაა ეს НБ., მაგრამ ერთ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება. დ. ყიფიანის მეუღლე გადაჭრით ამბობს, რომ პოეტი ძალიან ჰგავდა თავის დას სოფიოს (სუმბათაშვილისას). მართლაც, თუ შევადარებთ НБ.ის სახეს სოფიო სუმბათაშვილის პორტრეტს, მსგავსებას უეჭველად შევნიშნავთ (იხ. ბარათაშვილი, 1922 წ. გამოცემა, გვ. X). მიხ. თუმანიშვილი მხატვარი არ იყო, მისი დახატული უბრალო, ზოგადი მოხაზულობაა და ალბათ დაახლოებით წააგავს პოეტის სახეს. მას ესაჭიროება შევსება და შესწორება სხვა ცნობების მიხედვით.

   
     
   
     
ასე იყო თუ ისე, «ნ. ბარათაშვილი. 1922 წ.», ნიკოლოზ ერისთავის განზრახული და მისი მეუღლის მუყაითობით შესრულებული, თვალსაჩინო მოვლენა იყო ქართული წიგნის ისტორიაში, პირველი აკადემიური ხასიათის გამოცემა ქართულ ენაზე.    
     

* * *

უფრო ფართო და ნაყოფიერი იყო ჩემი სარედაქტორო და საგამომცემლო მუშაობა ყოველკვირეული ჟურნალების «გლეხი» — «მიწის» და «მზე» — «ფასკუნჯის» დაარსებასა და გაძღოლაში.

საქართველოში გლეხთა სარევოლუციო მოძრაობა დაიწყო გურიაში პირველად და იქიდან მთელ საქართველოს მოედო, განსაკუთრებით 1905— 1906 წლებში. გლეხების გამოსვლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მრეწველობის სუსტი განვითარების გამო ჩვენს ქალაქებში არ იყო დაგროვილი მრავალრიცხოვანი რაზმები მუშებისა, და ქალაქის ბრძოლას აუცილებლად ესაჭიროებოდა ზურგის გამაგრება სოფლის მხრით. ამ სოფლის ხელმძღვანელობა და მისი ამოძრავების საუკეთესოდ გამოყენება ადვილი საქმე არ იყო. გლეხობა მისი ცხოვრების პირობების მიზეზით დაქსაქსული იყო და ნაკლები ცოდნა და მომზადება ჰქონდა, ვიდრე ფაბრიკაქარხნის მუშებს ქალაქებში.

აი ამ საქმეში რომ ცოტა დახმარება გამეწია გლეხებისთვის და მიმეწოდებინა მდაბიურ, ხალხურ ენაზე საჭირო ცნობები, დავაარსე საგლეხო გაზეთი, სახელად «გლეხი» რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1906 წ. 22 ივნისს. რომ დღევანდელმა მკითხველმა წარმოდგენა იქონიოს მაშინდელ სულიერ განწყობილებაზე, ენასა და სტილზე, მოვიტან მეთაურიდან ზოგიერთს ადგილს: «ვინ არის გლეხი? ვის ემსახურება ჩვენი გაზეთი? რა აწერია დროშაზე, რომელიც ხელში ავიღეთ და რომელმაც უნდა გვიწინამძღვროს ცხოვრებაში?.. გლეხი ის ადამიანია, რომელიც დღე და ღამ მუშაობს, სისხლის ოფლს ღვრის, რომელმაც არ იცის არც ძილი, არც მოსვენება, რომლისთვის არ არსებობს არც ზაფხული და არც ზამთარი, რომელიც მუშაობს დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე და ვერასოდეს გაუთავებია მუშაობა… გლეხი ის ადამიანია, ვინც მუდამ მშიერია, შიშველი, წელში მოხრილი, ცხოვრობს პირუტყვებთან ერთად მიწურში ან ნახევრად დანგრეულ ქოხში, ვინც იტანჯება ათასნაირ ავადმყოფობით და შევიწროვებით და ვისაც ამ ტანჯვაში ხდება სული… გლეხის და მისი ძმის, ქალაქის მუშის შექმნილია ქვეყნის მთელი სიმდიდრე და მათ ბედნიერი ცხოვრება ეღირსებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოისპობა მიწის, ქარხანაფაბრიკის, რკინიგზების და სხვ. კერძო საკუთრება, აღარ იქნებიან მუქთახორა მემამულეები, მექარხნეები, ვაჭრები და მთელი სიმდიდრე გადავა მუშა ხალხის ხელში. გლეხო, მუშა გლეხო, გაიმართე წელში, ჰკარ ხელი შენს მჩაგვრელებს და მწამებლებს და შესძახე: «კმარა ჩაგვრა და ტანჯვა, მე ადამიანი ვარ და არ მინდა სხვისი ლუკმა ვიყო, სხვას ვემონო… ჩემი მარჯვენის ნაყოფი მე უნდა მეკუთვნოდეს და ვაი იმას, ვინც წინ გადამიდგება და მოინდომებს, კვლავ დამჩაგროს და დამიმონოს! გაუმარჯოს ბრძოლას მიწისა და თავისუფლებისათვის!»

   
     
   
     

მეთაურს მოსდევდა ირ. ევდოშვილის ლექსი «გლეხი». შემდეგ იყო წერილები: «მშრომელო ხალხო, შეერთდით», «ახლოვდება განკითხვის დღე», «სახელმწიფო სათათბირო», «სათათბიროს მშრომელთა ჯგუფის პროგრამა», სარევოლუციო მოძრაობის ამბები საქართველოში, გაზეთებიდან ამოკრეფილი და საკუთარ კორესპონდენტების მოწოდებული, მოძრაობა რუსეთში — გლეხებში, მუშებში და ჯარში. ნომერი თავდებოდა შ. არაგვისპირელის ზღაპრით «…და აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით».

ამ სახის იყო შემდეგი ნომრებიც. «გლეხი» გამოვიდა სულ შვიდი ნომერი. ადმინისტრაციამ დახურა და ათი დღის შემდეგ მე გამოვეცი სამაგიერო ჟურნალი «მიწა», რომლის მეთაური ამ სიტყვებით იწყებოდა: «ვისი გაზეთია მიწა»? გლეხის, მიწისმუშა გლეხის…»

«მიწა» იყო იგივე «გლეხი», იმავე თანამშრომლებით და მიმართულებით. ერთისა და მეორის ხელმძღვანელი და მთავარი შემდგენელი ვიყავი მე. ვწერდი მეთაურებს, სხვა წერილებს, ვთარგმნიდი, ვაგროვებდი ამბებს, ვიყავი ხშირად ექსპედიტორი, ვასრულებდი სხვადასხვა წვრილმან სამუშაოს. მაგრამ მყავდა გარედან მომსვლელი მგობარი თანამშრომლები — გლეხები, მუშები ინტელიგენტები, რომლებიც მაწვდიდნენ სხვადასხვა სახის მასალებს.

გაზეთი აწოდებდა თავის მკითხველებს სარევოლუციო მოძრაობის ამბებს, არკვევდა ეკონომიურს, პოლიტიკურს და სოციალურ საკითხებს, უჩვენებდა, თუ როგორ იბრძოდნენ გლეხები სხვა ქვეყნებში (საფრანგეთში, იტალიაში) განთავისუფლებისათვის; მოუწოდებდა მათ, რომ იმოქმედონ ორგანიზებულად, შეკავშირდნენ, ერთად იყვნენ ქალაქის მუშებთან, მოიპოვონ თავისუფლება და მიწა, თვითონ გაუძღვენ თავის საქმეებს და მოემზადონ სოციალიზმისთვის, რომელიც მიანიჭებს მათ ბედნიერებას.

«გლეხსა» და «მიწაში» ვათავსებდი ლექსებს და ბელეტრისტულ ნაწარმოებებსაც. დავბეჭდე ლექსები ირ. ევდოშვილის, ვაჟაფშაველას, თ. რაზიკაშვილის, შ. მღვიმელის, ა. შანშიაშვილის, დ. მეგრელის, ვ. რუხაძის, დ. თომაშვილის, შინატეხელის, ახოსპირელის, ზომლეთელის, ველისციხელის და სხვ. და ბელეტრისტული ნაწარმოებები შ. არაგვისპირელის, ნ. ნაკაშიძის, ს. გუნცაძის (ს. მგალობლიშვილის), ვ. მალაქიაშვილის, ია ეკალაძის.

ჩემი საგლეხო გამოცემა ძალიან პოპულარული იყო. პირველ ხანებში მყიდველები ერთმანეთს სტაცებდნენ ხელში «გლეხსა» და «მიწას» და მოუთმენლად ელოდებოდნენ მორიგი ნომრის გამოსვლას. ერთხანს გაზეთი სასპეკულაციო საგანი გახდა. გაზეთს ექვსი კაპიკი ეწერა ფასად, მაგრამ ზოგმა ათ კაპიკად დაიწყო გაყიდვა. ბევრისგან მომდიოდა დიდი კმაყოფილების და მადლობის წერილები. ერთგან წარმოდგენა გაემართათ და მისი შემოსავალი ჩვენს რედაქციას შემოსწირეს. გაზეთის ტირაჟი 4500-მდე ადიოდა. ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო, რადგან მაშინ ყველაზე უფრო გავრცელებული ყოველდღიური ქართული გაზეთი «ცნობის ფურცელი» 8 ათასამდის გადიოდა მხოლოდ. «მიწამ» გამოსცა «საგლეხო კალენდარი» (უფასოდ დაურიგდა ხელისმომწერლებს), ბროშურა «როგორ უნდა მოეწყოს მიწის საქმე» და სხვ.

«გლეხი — მიწა» რევოლუციის წარმოშობილი და სარევოლუციო ორგანო იყო. რეაქცია გაძლიერდა. ამან გამოიწვია საერთო სულიერი დაცემა, მოდუნება, ხალხს დაეკარგა ხალისი მოქმედების, ბრძოლის, ეს დაეტყო ჩვენს საგლეხო გამოცემასაც, იკლო მისმა გასავალმა და გაძნელდა აგენტებისაგან ხვედრი ფულის დროზე მიღება. ამ პირობებში იძულებული ვიყავი შემეჩერებია «მიწა». უკანასკნელი ნომერი გამოვეცი 1907 წლის 26 მაისს და მას ასეთი განცხადება დავურთე: «აგენტურის მოუწყობლობისა გამო «მიწა» დროებით შეჩერებული იქნება. მიღებულია ზომები, რომ გაზეთი მალე განახლდეს».

   
     
   
     

ეს განახლება არ მოხდა. დავრწმუნდი, რომ საქმეს ვერ უშველიდა აგენტურის მოწესრიგება და შემცირებული ტირაჟითაც იოლად წასვლა. რეაქციამ ძლიერ მოუჭირა ხელი პრესას და პარტიები არალეგალურ გამოცემებს დაუბრუნდნენ, ისევ სარდაფებში ჩაძვრნენ. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ მოითმენდა «მიწას» და მეც თავი გავანებე მისი აღდგენის ცდას.

ასეთი მდგომარეობითა და ვითარებით იყო გამოწვეული ის, რომ მე განვიზრახე წმინდა ლიტერატურული ორგანოს დაარსება. ლიტერატურა ყოველთვის ჩემი საყვარელი საგანი იყო და, ვიფიქრე, შეიძლება აქ უფრო მეტი თავისუფლება გვექნეს და მწერლობა, ხელოვნება ხომ ეროვნული აღორძინების ერთი იარაღთაგანია.

ეს ჩემი სალიტერატურულო ჟურნალი იყო «მზე», რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1908 წ. 6 ოქტომბერს. გარეგნულად კარგს შთაბეჭდილებას ახდენდა, დაბეჭდილი იყო სუფთად და კარგ ქაღალდზე. სათაური მისი («ფასკუნჯისაც» შემდეგ) დახატული იყო იაკობ ნიკოლაძის. სათაურს ქვეშ ეწერა: «კაზმული მწერლობა — მხატვრობა, მუსიკა — თეატრი». ვაცხადებდი, რომ ჟურნალი უპარტიოა, რადგან ხელოვნება ერთნაირად ძვირფასია ყველასათვის.

მეთაურში ვამბობდი, რომ ჩვენი ჟურნალი ახალი მოვლენაა საქართველოში, მაგრამ საგანი, რომელსაც ის ემსახურება, ხელოვნება — უძველეს დროიდან მოდის, და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ ხელოვნების სიყვარული განსაკუთრებით საჭიროა დღეს ჩვენთვის, ვინაითგან ის აამაღლებს ჩვენს დაცემულ სულს და მოგვიპოვებს ახალ ძალას რეაქციასთან საბრძოლველად. ხელოვნება თვით თავისუფლებაა და ყოველი მისი ნაწარმოები, თავისუფალი სულის წარმოშობილი, ყოველთვის ებრძვის მონობას და ამსხვრევს მის ბორკილებს.

ნომერში დაბეჭდილი იყო ი. ჭავჭავაძის დაუბეჭდავი მოთხრობა «კაკო» და ლექსი, ა. წერეთლის «ჩემი თავგადასავალი» (მეორე ნაწილი), «სამარცხვინო ბოძზე» შ. არაგვისპირელისა, ლექსები ვაჟაფშაველასი და ა. შანშიაშვილის, ოსკ. უაილდის ლექსი პროზით, ალ. სარაჯიშვილის გადმოთარგმნილი, ცხოვრება და ხელოვნება კ. აბაშიძისა და სხვ.

მეორე და მესამე ნომერი ამგვარი შინაარსის გამოვიდა, გარდა ილიას დაუბეჭდავ ლექსის «კაკოს» და აკაკის «ჩემი თავგადასავალისა», დაიბეჭდა ს. მგალობლიშვილის «ორი მეზობლის ისტორია», ზაქ. ფალიაშვილის «ქართული ფილარმონიული საზოგადოება» ივ. გომართელის «ქართული სცენა», კრაკის «საუბარი ხელოვნების შესახებ», კ. მაყაშვილის «სონეტები» და სხვ.

«მზის» არსებობა მესამე ნომრით დასრულდა. ადმინისტრაციამ იგი დახურა და რედ.გამომცემელი (ფიქტიური) ნ. ასათიანი დროებით დაატუსაღა. რა იყო ამის მიზეზი, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ის იყო მიზეზი, რომ მეთაურში ვამბობდი: ქართული მწერლობა ვერ განვითარდება, რადგან ქართველი ერი არისთქვა. (სიც).

«მზის» დაკეტვას არ შევუჩერებივარ და იმ დღეს, როცა ეს ჟურნალი უნდა გამოსულიყო, გამოვუშვი «ფასკუნჯი», გრ. ტატიშვილის ფიქტიურ რედაქტორგამომცემლობით.

ეხლანდელმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ იმ დროს განზრახ წარვადგენდით რედაქტორგამომცემლად ისეთ პირს, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობას არ იღებდა და არაფერში იყო შენიშნული, რადგან ადმინისტრაცია ასეთ პირებს უფრო ადვილად აძლევდა ჟურნალგაზეთის გამოცემის ნებას. ასეთი ნებართვები ყოველი ორგანოს რედაქციას წინასწარ დამზადებული ჰქონდა, რომ თუ ადმინისტრაცია რომელიმე გამოცემას დახურავდა, მეორეს გამოცემას შესდგომოდა დაუყოვნებლივ.

«ფასკუნჯის» რედაქტორგამომცემლად დასახელებული გრ. ტატიშვილი იყო სურათების და ხატოვანი ასოების ამომჭრელი ხესა და ლითონზე და ქართულ წიგნებში რომ პირველად ნახატები იბეჭდებოდა, სულ მისი ნახელავი იყო.

«ფასკუნჯის» თანამშრომლები, რასაკვირველია, იგივენი იყვნენ, ვინც «მზეში» მუშაობდნენ და ჟურნალის სახეც არ შეცვლილა: «მზე» და «ფასკუნჯის» პირველი ოთხი ნომერი ყოვლდღიურ გაზეთის ფორმატით იყო გამოსული, მერე კი ჟურნალს უფრო ფართო რვეულის სახე მივეცი.

მწერლები — ბელეტრისტები, პოეტები, კრიტიკოსები დიდი სიყვარულით და ყურადღებით შეხვდნენ ჩემს დაწყებულ საქმეს, ცდილობდნენ ყოველნაირად ხელის შეწყობას და ხალისით მაწვდიდნენ მასალას, რასაკვირველია, უსასყიდლოდ. «ფასკუნჯი» გამოვიდა 1908 წ. რვა ნომერი და 1909 წელს 17 ნომერი.

ბევრი საყურადღებო ნაწარმოები გამოქვეყნდა ამ მოკლე მანძილზე. გაგრძელდა ილიას დაუბეჭდავი ნაწერების და აკაკის «ჩემი თავგადასავალის» ბეჭდვა. დაისტამბა ლექსები როგორც ძველი პოეტების, ისე ახლებისა: აკაკის, ვაჟაფშაველასი, თ. რაზიკაშვილის, ბაჩანასი, განდეგილის, ირ. ევდოშვილის, შ. მღვიმელის, კ. მაყაშვილის, ბ. ახოსპირელის, ა. შანშიაშვილის, დ. მეგრელის. ი. გრიშაშვილის და ი. მჭედლიშვილის დაიბეჭდა თითოთითო ლექსი. გალ. ტაბიძემ «ფასკუნჯში» მიიღო პოეტობის კურთხევა. მოსკოვის ქუჩაზე ვიდექი, ერთ საღამოს მეწვია ერთი ახალგაზრდა მოწაფე, პირხმელი, მორიდებული, მორცხვად მითხრა: ლექსი მაქვს დაწერილი და ეგებ «ფასკუნჯში» დამიბეჭდოთო. გამოვართვი, წავიკითხე, და მაშინვე შევატყვე, რომ ჩემს წინ ნამდვილი პოეტური ნიჭის პატრონი იყო. ეს ლექსი ახლობელ ნომერში დაიბეჭდა. ამას მერმე სხვა ლექსები მოჰყვა. ეს მოწაფე გალ. ტაბიძე იყო.

ბელეტრისტიკიდან «ფასკუნჯში» დაბეჭდილი იყო ნაწარმოებები ს. მგალობლიშვილისა, შ. არაგვისპირელისა, ან. ერისთავიხოშტარიასი, ვ. მალაქიაშვილის, დ. ლუკაშვილის, უკანასკნელის მოთხრობა სოფლის ცხოვრებიდან ახლაც საინტერესო წასაკითხი იქნებოდა და სასურველია მისი ცალკე წიგნად გამოცემა.

«ფასკუნჯში» დაიბეჭდა ხალხური ლექსებიდან პეტრე მირიანაშვილის დამუშავებული «აბესალომ და ეთერი» პიესის სახით, რომელიც მერე ზ. ფალიაშვილის ოპერის ლიბრეტოდ იქნა მიღებული.

ჟურნალის ერთგული თანამშრომელი იყო ალ. სარაჯიშვილი (წერდა ხანდახან «რიშბაბის» ფსევდონიმით), რომელიც საუცხოოდ თარგმნიდა დასავლეთის და აღმოსავლეთის პოეტურ ნიმუშებს.

კრიტიკოსებისაგან შემდეგი პირები იღებდნენ მონაწილეობას: კ. აბაშიძე, ა. ხახანაშვილი, ი. გომართელი, გრ. ყიფშიძე, გ. ჯავახიშვილი, დ. გივიშვილი. არტისტებიდან: კ. ყიფიანი (დაწერა «ჩემი არტისტობის თავგადასავალი»), კ. მესხი, ვალ. შალიკაშვილი. «ფასკუნჯმა» დაბეჭდა ზ. ფალიაშვილის და იაკ. ნიკოლაძის წერილები.

ჟურნალი ბოლომდის იძლეოდა ყოველი შეგნებული, ლიტერატურის მოყვარე ადამიანისთვის უეჭველად საყურადღებო, სასურველ მასალას. ვისაც აინტერესებდა მწერლობა, ხელოვნება, თეატრი, ის აუცილებლად წაიკითხავდა «ფასკუნჯს». თქმა არ უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა. «ფასკუნჯზე» უკეთესი ორგანოს გამოცემა შეიძლებოდა უკეთესი ადამიანების მიერ, უკეთეს პირობებში. მაგრამ ჩემი «ფასკუნჯი», ყოველ შემთხვევაში, ხელწასაკრავი არ იყო და იმ დროთა ვითარებაში თავის სახით და შინაარსით დამაკმაყოფილებელი იყო.

ერთი გასამართლებელი საბუთი კი ჰქონდა საზოგადოებას: რეაქციამ ლიტერატურის და ხელოვნების ინტერესიც დასცა.

ეს არის უბრალო აღნიშვნა ობიექტური სინამდვილისა და არა ჩემი თავმოყვარეობის დაცვა.

1909 წ. აპრილის 26 შემდეგ იძულებული ვიყავი შემეჩერებინა ჟურნალის გამოცემა, რადგან მისი ტირაჟი დაეცა 500ზე ქვევით და შემოსავალი ვერ ფარავდა აუცილებელ ხარჯს სტამბის, ქაღალდის, და ფოსტისას. უკანასკნელ ნომერში გამოვეთხოვე მკითხველებს, ავუხსენი საქმის ვითარება და ვუთხარი: «ნახვამდის».

»ნახვამდის» იმიტომ, რომ მე ვერ ვურიგდებოდი საყვარელი ორგანოს სამუდამოდ დახურვას. დავფაცურდი, აქეთ მივმართე, იქით მივმართე, მოველაპარაკე სტამბას, შევუთანხმდი ლითოგრაფს კ. მესხიშვილს, რომელიც დამპირდა ხელის შეწყობას და გადავწყვიტე «ფასკუნჯის» გაგრძელება თვიური ჟურნალის სახით.

   
     

ს. ფირცხალავა.1910 წ. დაპატიმრების პერიოდში.

   
     
     

პირველი ნომერი გამოვიდა ხანგრძლივი მზადების შემდეგ მხოლოდ 1910 წ. დამდეგს. გარეგნულად ეს თვიური გამოცემა უკეთესად იყო შესრულებული, ვიდრე კვირეული. იგი დაიბეჭდა ორ ფერად და შემკული იყო კარგი სურათებით. თავში მოთავსებული იყო ფერადი სურათი მე17 ს. «ვეფხისტყაოსნიდან» (თინათინის მეფედ გამოცხადება), მერე ორი ფოტოტიპური სურათი: მგლოვიარე ქალი ილიას ძეგლის (ი. ნიკოლაძის ქანდაკება) და ეკ. გაბაშვილის პორტრეტი. ამას გარდა დაიბეჭდა რამდენიმე ცინკოგრაფიული სურათი. ტექსტი მდიდარი იყო: ლექსები აკაკის, კ. მაყაშვილის, განდეგილის და ა. შანშიაშვილის; პროზა — კურუიანი, ალ. სარაჯიშვილის ნათარგმნი, დრამა ტრ. რამიშვილისა, «ნაწყვეტები» ეკ. გაბაშვილისა; კ. აბაშიძის კრიტიკული წერილი და სხვა.

«ფასკუნჯის» მადლიანმა სახემ მე გამამხნევა და იმედი მომეცა, რომ მოკეთეების დახმარებით შევძლებდი შემდეგი ნომრების გამოცემას.

მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია, მე ჩემსას ვბჭობდი და ჟანდარმერია კიდევ თავისას განიგულებდა. მე დამატუსაღეს და «ფასკუნჯს» მზრუნველი აღარავინ დაურჩა.

   

6 ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო

▲ზევით დაბრუნება


ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო

ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე 1902 წ. მაისში, წერა-კითხვის საზოგადოების საერთო კრებაზე, რომელსაც ის თავმჯდომარეობდა. კრებამ დაამთავრა ყველა საკითხი და ერთი კვირის შემდეგ მოხდა მისი გაგრძელება ილიასავე თავმჯდომარეობით. ამ მეორე კრებაზე მე ამირჩიეს საზოგადოების გამგეობის წევრად. ივნისში გამგეობამ მდივნობა მომანდო და მალე საქმისმწარმოებლის მოვალეობაც დამაკისრა, ნაცვლად პ. მირიანაშვილისა, რომელიც გ. ცხვედაძემ გადაიყვანა ქართული გიმნაზიის დიდი შენობის (ახლანდელ უნივერსიტეტის) სააღმშენებლო კანცელარიის გამგედ.

ეს ის დრო იყო, როცა ახალთაობა მიაწყდა წერა-კითხვის საზოგადოებას და მოინდომა მისი საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღება. იგი კარგად ხედავდა, თუ რა დიდი კულტურული და ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა ამ დაწესებულებას და განიზრახა მისი მოღვაწეობის გაცხოველება. მრავალი ახალი წევრი ჩაეწერა საზოგადოებაში. დიდძალი ხალხი მოდიოდა საერთო კრებებზე და ცხარე კამათი იმართებოდა ძველსა და ახალ მოღვაწეებს შორის. 1901 წ. შემოდგომაზე გამგეობის არჩევნები რომ მოხდა, რამდენიმე ახალგაზრდა გავიდა გამგეობის წევრად და ილია ჭავჭავაძის კვლავ თავმჯდომარედ არჩევას მთელმა კრებამ არ მისცა ხმა: ორმა მესამედმა თეთრი მისცა და ერთმა შავი.

ილია ჭავჭავაძე წ. კ. საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო, მე მდივანი და საქმისმწარმოებელი და, ცხადია, ხშირი შეხვედრა და ახლო დამოკიდებულება უნდა მქონოდა მასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ილია საზოგადოების საქმეებში უკვე მონაწილეობას არ იღებდა. წინა წლებში ხანდახან კიდევ ესწრებოდა გამგეობის სხდომებს, ხოლო 1902 წ. მეორე ნახევრიდან ერთხელაც არ მოსულა გამგეობის სხდომაზე. რამე მძიმე საკითხზე თუ რჩევას ვთხოვდით, ან დიდი საჭიროების ქაღალდზე ხელს თუ მოვაწერინებდით. გამგეობის ნამდვილი თავმჯდომარე იყო ნ. ცხვედაძე.

საზოგადო კრებებს კი ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ესწრებოდა და თავმჯდომარეობდა. ამ თავმჯდომარეობაში ჩანდა მთელი მისი ბუნება. მტკიცე ხასიათის იყო, დისციპლინის და წესის მოყვარე, თავის უფლების სასტიკი დამცველი. კომპრომისი არ იცოდა. მაგრად იჯდა და ადგილიდან ადვილად დაძვრას ნურავინ იფიქრებდა. რკინა იყო, ფოლადი, ძნელად მოსაღუნი. დინჯი, იოლად არ აპილპილდებოდა. მოუფიქრებელს არაფერს იტყოდა. მის ნათქვამს წონა ჰქონდა, მძიმე იყო. დატვირთული. თავის ძალას გრძნობდა, მოპირდაპირეს ყურადღებით უსმენდა. იცოდა მახვილი რეპლიკები. ერთხელ ვიღაცამ უსაყვედურა: სიტყვას ბანზე ნუ აგდებთო. ილიამ მოუჭრა: თუ ვერ მიწვდებით, კიბე მოიშველიეთო!

ერთხანს საზოგადო კრებებზე ბევრი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ საზოგადოების სკოლების სარევიზიოდ სპეციალურად მომზადებული პედაგოგი უნდა იგზავნებოდეს, რომ კარგად შეაფასოს სკოლის ვითარებაო. ერთმა მასწავლებელმა გაცხარებით წამოიძახა: არაპედაგოგის შესვლა სკოლაში სკოლის შეურაცხყოფა არისო. ილიამ უთხრა: ამის თქმა შეუძლებელია. მასწავლებელმა იწყინა: აბა, ჰკითხეთ კრებასო, ამაზე ილიამ წყნარად მიუგო: ასეთი საკითხები კენჭის ყრით არ გადაიჭრებაო.

საერთოდ, ილიას რომ უყურებდით, გრძნობდით, რომ «ოთარაანთ ქვრივში» ილიამ თავისი ზნე და ხასიათი, თავისი რწმენა და მორალი გადაიტანა.

უკანასკნელად საზოგადოების საერთო კრებას დაესწრო 1906 წ. დეკემბერში. მან მწუხარედ გახსნა კრება და დამსწრეთ სთხოვა, ფეხზე ადგომით პატივი ეცათ შიო ჩიტაძის (კაზაკებმა გაუგმირეს გული 4 ივლისს) და ნიკო ხიზანიშვილის (ვიღაცამ მოკლა პირადი ინტერესით რამდენიმე დღის წინ) ხსოვნისათვის. ილიას რაღაც საქმე ჰქონდა თუ შეუძლოდ იყო და ამის შემდეგ კრება დასტოვა, რომელიც გაგრძელდა ნ. ცხვედაძის თავმჯდომარეობით.

სამგლოვიარო ამბის გახსენებით გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძე წერა-კითხვის საზოგადოებას და ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ წიწამურის ტრაგედია დატრიალდებოდა და მთელ საქართველოს საგლოვი გაუხდებოდა თვითონ მისი საშინელი დაღუპვა.

ვინ მოკლა ილია? ვინ იყო ამის ჩამგონებელი და ვინ ფიზიკური ამსრულებელი?

მე ამაზე არ მინდა ვილაპარაკო. გავიხსენებ მხოლოდ იმ უკმაყოფილების ატმოსფეროს, რომელიც არსებობდა იმ დროს ახალ თაობაში ილიას პიროვნების გარშემო.

ილიას წინააღმდეგ საყვედურები და სამდურავები სხვადასხვა მხრიდან გაისმოდა. მე არაფერს ვამბობ მაჩაბლისტებზე, მათ შემოტევებზე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმეების გამო. ეს უკვე დასრულებული ამბავი იყო, მხოლოდ მისი ანარეკლი ხანდახან გამოჩნდებოდა აქა-იქ.

ფართო და მოურიდებელი პოლემიკა დაუწყეს ილიას «მესამედასელებმა» ამ საუკუნის დასაწყისში, უწუნებდნენ დემოკრატიზმს, საზოგადო საქმეების სიყვარულს; მისი ეკონომიური და სოციალური შეხედულებანი რეაქციონურია, იგი ბანკირია, ბანკის ინტერესების დასაცავად პუბლიცისტობს, თავისუფლებას და სამართლიანობას უმღერდა ვითომც, მაგრამ ამის ლექსები გამოაქვეყნა არა მაშინ, როცა საჭირო იყო, არამედ დაგვიანებით, მის დახატულ ხალხის გმირებს აკლიათ გულითადობა და სხვა.

ახალთაობის მეორე ჯგუფიც «ცნობის ფურცლიდან» მომდურავი იყო: უწუნებდნენ ილიას და საზოგადოდ ძველს მოღვაწეებს, რომ მარტო პოლიტიკურს, ეროვნულ საკითხებს აქცევდნენ ყურადღებას და ავიწყდებოდათ, რომ ხალხის კეთილდღეობისათვის აუცილებელია როგორც ეროვნული განთავისუფლება, ისე სოციალური სამართლიანობის დამყარება ეროვნულად განთავისუფლებულ ერში.

ორივე ახალგაზრდობას არ მოსწონდა ძველი მოღვაწეების ფრთხილი, გაუბედავი ბრძოლის მეთოდი. ახალთაობის მთავარი იარაღი იყო რევოლუციური მოქმედება, ხალხური, მასიური გამოსვლები, მეტი აქტივობა.

მთელი რუსეთი, მთელი საქართველო ამოძრავებული იყო, ყოველმხრით ისმოდა პროტესტი ძველი რეჟიმის წინააღმდეგ და ახალი ცხოვრების მოთხოვნა. ქალაქი და სოფელი ამბოხებამ გაიტაცა, და ამ დროს ილია და თითქმის ყველა მისი დროინდელი მოღვაწე, გარდა მცირე გამონაკლისისა, თითქოს დამბლადაცემულნი იყვნენ, უძრავნი, უმოქმედონი. ყველას გულს უკლავდა ის გარემოება, რომ ილიას საყვირის ხმა, რომელიც ისე მძლავრად გაისმოდა 60-70-იან წლებში, სრულებით მიწყდა დღეს.

1904 წ. გაზეთმა «ცნობის ფურცელმა» ქართველ მწერლებს და მოღვაწეებს საახალწლო მილოცვებად უძღვნა ციტატები შექსპირის ნაწერებიდან და ილიას შემდეგი სიტყვებით მიმართავდა «მეფე ლირიდან»: «შეგრჩა სული კიდევ თუ არა? ერთი ხმა გამე, კარგო კაცო!»

იმ დროს, ამ საუკუნის პირველ ათეულ წლებში, ახლად გამოსული მწერლები და მოღვაწეები პოლიტიკურად გატაცებულნი ვიყავით რევოლუციური იდეებით, დღეს თუ ხვალ მოველოდით ცხოვრების სრულს გადატრიალებას და ძლიერ გვაკვირვებდა ჩვენი მამების საქციელი, რომ გვერდში არ გვიდგნენ.

ამაზე ვწერდი ერთს ჩემს ფელეტონში და საყვედურით მივმართავდი მამებს: ასეთ ისტორიულ დროში ხმას არ იღებენ, გულზე ხელდაკრებილნი სხედან ჩვენი ძველი მოღვაწეები. სად არის მათი გაბედულობა, თავგანწირულობა, ქვეყნის სიყვარული? ახლაც ამაყობენ თავისი მამულიშვილობით, ახალგაზრდებს ერის მტრებად გვთვლიან. მერე თვითონ რას აკეთებენ, რატომ არ ისმის მათი ერთი ხმა მაინც? ჩემი წერილი თავდებოდა მწარე შეკითხვით: «მამებო, მოკვდით?»

ეს ჩემი მიმართვა თურმე ძალიან საწყენად დაურჩა ნიკო ნიკოლაძეს და ამის შემდეგ მას პიდაპირ არ შემოუხედნია ჩემთვის, თუმცა წინათ ყოველთვის ხალისით შემხვდებოდა ხოლმე. მაგრამ ეს ჩემი განცდა თითქმის საყოველთაო იყო მაშინდელ ახალგაზრდებში. ყველას გვაწუხებდა მამების უმოძრაობა იმ დროს, როცა ირგვლივ გაცხარებული ბრძოლები იწყებოდა და საქართველოს ბედის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.

როგორც უკვე მოვიხსენიე ზევით, ყველაზე მეტს ილიასაგან მოვითხოვდით, იმ ილიასაგან, რომელმაც აკაკისთან ერთად აღგვზარდა ქართველ მამულიშვილებად, თავისუფლებისა და საზოგადოებრივი სიმართლის მოტრფიალედ. ჩვენს ყურს მუდამ ესმოდა მისი ჰიმნები თავისუფლების და შრომის სუფევის, მისმა მოხევემ მოგვცა ეროვნული დროშა, რომ ჩვენ ჩვენს თავს უნდა ვეკუთვნოდეთ, მან გვამცნო ჩვენი ვინაობა და შეგვაყვარა ქართველი ხალხი ცოცხლად დახატული ტიპებით.

სად არის დღეს ეს ილია? - ვეკითხებოდით ერთმანეთს. აღარ იყო ეს ილია და უკმაყოფილებამ დაიბუდა იმათ გულში, რომელთაც ის ყოველთვის უყვარდათ, ღრმად პატივს სცემდნენ.

1905 წელს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია კრებებს მართავდა იმ დროის საჭირბოროტო საქმეებზე. თავადაზნაურობაც აწყობდა თავის კრებებს. მახსოვს, ერთი მემამულეთა და გლეხთა გამწვავებულს ურთიერთობას ეხებოდა და მეორე საქართველოს ტერიტორიალურ-პოლიტიკურ ავტონომიას. ორსავე კრებაზე გამოვიდა ილია, მაგრამ მისი სიტყვები ყველაზე მკრთალი იყო.

ჩვენს წრეში ასეთი ხმებიც იყო გავრცელებული: როცა სოციალ-ფედერალისტებმა თავის პროგრამაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა შეიტანეს, ილიამ რომ ეს გაიგო, არ მოეწონა, ასე თქვაო: ავტონომია გულში უნდა გვქონოდა და მისი საქვეყნოდ გამოცხადება ზიანს მოგვიტანს, მტრებს მოგვიმატებსო. რამდენად მართალი იყო ეს, ამის შემმოწმებელი არავინ მინახავს, მაგრამ მაინც საგულისხმოა ასეთი ხმების არსებობა.

არჩილ ჯორჯაძეს და მის ამხანაგებს პრესაში პირადად ილიას წინააღმდეგ არ გაულაშქრიათ, «ივერიას» ებრძოდნენ, მაგრამ ეს გაზეთი ამ დროს სხვებზე იყო გადაცემული.

ილია რომ «მესამედასელებს» ეკამათებოდა, ხანდახან სოციალ-ფედერალისტებსაც გადაკრავდა და არჩილ ჯორჯაძეს არ წყალობდა. უცხოეთში დავაარსეთ ქართული ჟურნალი «საქართველო», რომელიც ფარულად შემოდიოდა ჩვენში, და ფრანგული «La Géorgie» უცხოთა შორის ქართული საკითხის პროპაგანდისათვის. სამი კაცი გაიგზავნა ამ საქმისთვის პარიზში: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და ასოთამწყობი მ. კიკნაძე. ყველაფერს ამას დიდი ხარჯი სჭირდებოდა და ილიას მივმართეთ, დაგვხმარებოდა ქველმოქმედ მდიდარ დავით სარაჯიშვილთან შემწეობის გამოსათხოვრად. ილიამ უარი გვითხრა, რომ გაიგო, არჩილ ჯორჯაძეა ჟურნალის ხელმძღვანელიო.

პირადად ილიასთან მე არასოდეს მქონია საუბარი და არც ის ვიცი, თუ რა აზრის იყო ჩემი ნაწერების შესახებ. ერთხელ გადმომცეს მხოლოდ, რომ ილიას მოსწონებოდა ის ჩემი წერილი, სადაც ლაპარაკი მქონდა «სამშობლოსთანა» პიესების წარმოდგენის მნიშვნელობაზე ჩვენი ხალხის ეროვნულ გამოფხიზლებისა და აღზრდისათვის.

ამგვარი ურთიერთობისა და სულიერი განწყობილების ნაყოფი იყო ის სამწუხარო შემთხვევა, რომლის გახსენება ყოველთვის მწვავე ტკივილებს მაგრძნობინებს ხოლმე.

1901 წ. სპარსეთიდან ჩამოვიდა ორი ფერეიდნელი ქართველი - ონიკაშვილი და ხუციშვილი. ბაქოში მოსულიყვნენ გემით, ქართველები მოენახათ და იმათ თბილისში წერა-კითხვის საზოგადოებაში გამოეგზავნათ. მე კანცელარიაში ვიჯექი. კანცელარიის წინ წიგნის მაღაზია იყო. ვხედავ, მაღაზიაში შემოდის ორი სპარსულად გამოწყობილი კაცი და მოსამსახურეთ ქართულად მიესალმნენ. გულმა მაშინვე მითხრა, რომ ესენი სპარსეთში მცოვრებ ქართველთაგანები იყვნენ. სიხარულით მივეგებე. დასხდნენ. გამოვკითხე მოგზაურობის ამბავი. მიამბეს მოკლედ ფერეიდანის ქართველების ცხოვრების შესახებ. მერე წავიყვანე და დავაბინავე სასტუმროში, მუხრან-ბაგრატიონის სახლში (ახლა კავშირგაბმულობის სახლი რომ არის). იქ ცხოვრობდა პედაგოგი და ჟურნალისტი ლ. ბოცვაძე. იმ დღეს ერთად ვისადილეთ. საღამოს მათი ამბავი ვუამბე საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგს და შევთანხმდით, რომ წერა-კითხვის საზოგადოება იკისრებდა ამ სპარსელ ქართველების ზრუნვა-პატრონობას. ეს ონიკაშვილი და ხუციშვილი იმ ზაფხულს საქართველოში დამყავდა, ვმართავდი საღამოებს, რომელზედაც მოკლე ლექციის შემდეგ, შაჰ-აბაზის შემოსევების და ქართველების სპარსეთში გადასახლების შესახებ, ონიკაშვილი და ხუციშვილი უბრალოდ უამბობდნენ საზოგადოებას ფერეიდანის ქართველების ამბებს. ყველგან დიდძალი ხალხი გვესწრებოდა, ყველანი სიყვარულით ეგებებოდნენ დაკარგული ძმების წარმომადგენლებს და უხვი ქართული სუფრითაც გვიმასპინძლდებოდნენ.

ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მცხეთის სადგურზე მოულოდნელად შევეჩეხეთ ილიას. ის ალბათ საგურამოდან თბილისში მოდიოდა. ილია ბუფეტიდან გამოდიოდა, ჩვენ ბუფეტში შევდიოდით. მივესალმე ილიას. იგი ყურადღებით ჩააცქერდა ჩემს თანამგზავრებს, მიხვდა, ვინც იყვნენ, შევატყვე, უნდოდა მათთან გამოლაპარაკება, მაგრამ მე რატომღაც უხერხულად მივიჩნიე გაჩერება და მაშინვე ბუფეტში შევედი ჩემი თანამგზავრებით.

მალე ვიგრძენი ჩემი შეცდომა და საყვედური ვუთხარი ჩემს თავს. რატომ ვიყავი ასე ტლანქი, ვერ გამოვიჩინე უბრალო ზრდილობა და თავაზიანობა და არ მივეცი საშუალება მოხუცს, დამსახურებულს მოღვაწეს, დიდს პოეტსა და მამულიშვილს დამტკბარიყო ცოტა ხანს მაინც საქართველოს მოწყვეტილ ქართველებთან შეხვედრით და საუბრით? რატომ? იმიტომ, რომ ილია ვითომც «მემარჯვენე» იყო და მე ჩემი თავი «მემარცხენედ» მიმაჩნდა?

მე მინდა ფაქტების და ამბების ფსიქოლოგიური ახსნა. იმ წლებში, ვიმეორებ, ყოველდღე ვლამობდი სამოთხის კარის გაღებას, დაავადმყოფებული ვიყავით «მემარცხენეობით», ვფიქრობდით, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას დავეუფლეთ და მტრად მიგვაჩნდა ყველა, ვინც რაიმე წუნს სდებდა ჩვენს სიტყვას და საქმეს. რასაკვირველია, დღეს სულ სხვანაირად მეჩვენება მაშინდელი ამბები. ცხადია, ჩვენს მამებს არ დაუმსახურებიათ შეუწყნარებლობა და ჩვენს შორის არსებული უთანხმოების გამო მტრული განწყობილება არ უნდა გვქონოდა მათთან. უნდა გამოგვეჩინა ტოლერობა. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას ილია ჭავჭავაძის შესახებ.

სამწუხაროდ, მოხდა სულ წინააღმდეგი.

ზოგიერთების გალაშქრებამ ილიას წინააღმდეგ ყოველივე საზღვარი გადალახა და მისი პიროვნება დახატეს, როგორც ყველაზე უბოროტესი, საშინლად მავნებელი, მისი სიძულვილი არ დაივიწყეს მისი ტრაღიკული დაღუპვის შემდეგაც და ამის კვალი დიდი ხანი არაა, რაც წაიშალა და გაქრა.

მართალია, მკითხველი საზოგადოება მიჩვეული იყო ილიას მკაცრს გაკრიტიკებას, საყვედურებს და სამდურავებს, მის ავად მოხსენიებას, მაგრამ 1905 წ. «მოგზაურის» მე-13 ნომერში დაბეჭდილი ვ. ნ.-ის კორესპონდენცია («საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება») ყუმბარასავით გასკდა. კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ილია ჭავჭავაძე მეტად ბოროტად და უსამართლოდ ეპყრობა გლეხებს, რომელთაც ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადესო. მოტანილი იყო რამდენიმე გლეხის განცხადება. ერთი ახალსოფლელი გლეხი ჩიოდა: ილიას კუთვნილი ძნები იმ საღამოს ვერ ჩავიტანე, როგორც მოურავმა დამავალა, მეორე დღეს წავიღე, მაგრამ ილიამ არ მიიღო, უკან გამაბრუნაო. მეორე საგურამოელი გლეხი ამბობდა: დიდი ყინვების გამო სოფელს სასმელი წყალი გაგვეყინა, ილია ჭავჭავაძემ თავის წყაროს ბაჟი დაადვა, ამ ნიადაგზე მისმა მოურავმა ერთ ღატაკ გლეხს წყლიანი კოკები გადაამტვრია თავზე, ამ სურათს ილია თავის ბალკონიდან უცქერდა და იცინოდა; ის საცოდავი გლეხი მაშინ გაცივდა და მალე გარდაიცვალაო. ილიას აბრალებდნენ კიდევ იმას, რომ ჯარი გამოითხოვა გლეხების ასაწიოკებლადო.

ასეთი იყო მთავარი დაბრალება. კორესპონდენცია გამოქვეყნდა 10 აპრილს და მის შინაარსს განსაკუთრებით ყურადღება მიექცა, როცა ფ. გოგიჩაიშვილის «ივერიამ» 15 აპრილს კორესპონდენციის ზოგიერთი ადგილი ამოიღო თავის პრესაში და ასეთი სარედაქციო შენიშვნა დაურთო: «ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ «გლახის ნაამბობის» ავტორს მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა ეს დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თვით თავადი ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებს».

ილია მაშინვე გამოეხმაურა ამას და «ივერიას» მისწერა: ვრცელი დასაბუთებული წერილის დასამზადებლად დრო დამჭირდება, ახლა კი მოკლედ ვაცხადებ, რომ იგი ამბები თავიდან ბოლომდე მტკნარი ტყუილია.

სამი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა ილიას ვრცელი პასუხი, სახელად «ნუთუ?». იგი არ დაბეჭდილა თვითონ «ივერიაში», არამედ გამოვიდა გაზეთის 68-ე ნომრის ცალკე დამატებად. ეს კურიოზული მოვლენა იყო, ხოლო მეტად დამახასიათებელი იმდროინდელი სულიერი განწყობილების.

ფ. გოგიჩაიშვილი განათლებული კაცი იყო, პატიოსანი ჟურნალისტი, ილიას ნიჭის და მოღვაწეობის დიდი პატივისმცემელი, მაგრამ მოერიდა, ვერ გაბედა წერილის პირდაპირ გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნება; ცალკე დასტამბა და შემდეგი შენიშვნაც გაუკეთა: «ვბეჭდავთ თავ. ილია ჭავჭავაძის წერილს, რომელშიაც ავტორი არჩევს მის შესახებ «მოგზაურში» დაბეჭდილ კორესპონდენციას. მკითხველი, რომელიც იცნობს ჩვენი გაზეთის მიმართულებას, თავისთავად მიხვდება და ჩვენი მხრით თქმაც მეტია, რომ ზოგიერთ საზოგადო მოსაზრებაში პატივცემულ ავტორს ვერ დავეთანხმებით».

წარმოვიდგინოთ კიდევ მაშინდელი მდგომარეობა. რევოლუციის ცეცხლი მოედო ქალაქსა და სოფელს. გლეხობა ხშირად მეტს გაქანებას და შეუპოვრობას იჩენს, ვიდრე მუშები. რევოლუცია უნდა გაძლიერდეს, მის ზრდასა და გამარჯვებაზეა დამოკიდებული როგორც პოლიტიკური-ნაციონალური, ისე სოციალური იმედები. რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუშა და გლეხია, ახალთაობა მათ ემყარება. ილია მემამულეთა ბანაკში არისო, შეიქნა კოლიზია, ილიას გამოქომაგება სამძიმო გახდა.

თვითონ ილიამ თავის პასუხში წამოყენებული ბრალდებანი გააბათილა. პასუხს ავნო იმან, რომ შიგ ჩართული იყო მსჯელობა სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებზე, რამაც მიჩრდილა წერილის პირდაპირი დანიშნულება. პასუხში განსაკუთრებით ნათელი იყო კოკების გლეხის თავზე გადამტვრევის და ჯარის გამოთხოვნის ამბების უსაფუძვლობა.

გლეხები ებრძოდნენ ილიას - მემამულეს. ილია მესაკუთრე იყო და თავის საკუთრებაზე უარი არ უთქვამს, როგორც სხვასაც არავის უთქვამს იმ დროს. იცავდა ამ საკუთრებას, მაგრამ ამისათვის რაიმე განსაკუთრებული ზომებისათვის არ მიუმართავს. ამას ხომ დღეს ცხადყოფს მოურავებთან გაგზავნილი წერილები.

მესაკუთრე და მემამულე იყო, დიდი მემამულე გრაფი ლ. ტოლსტოი და გაცილებით უფრო მდიდარი, ვიდრე ი. ჭავჭავაძე, მაგრამ ამის გამო ის მიწასთან არავის გაუსწორებია. დიდად აფასებდა მას ლენინი და ერთი საუბრის დროს გორკის უთხრა: «Изумительно! До этого графа подлинного мужика в русской литературе не было».

სულ სხვა ბედი ხვდა ჩვენს ილიას. იშვიათად თუ ვისმე დაუხატავს ისეთი საყვარელი ტიპები ქართველი გლეხებისა, როგორიც არიან ოთარაანთ ქვრივი, მისი შვილი გიორგი, გაბრიელი, კაკო. მაგრამ ზოგიერთებმა ეს ყალბად მიიჩნიეს და ხალხის სიძულვილი და მტრობა დასწამეს.

ილიას პასუხმა «ნუთუმ» არამც თუ შეანელა ვ. ნ.-ის და «მოგზაურის» რედაქციის გული, არამედ მეტის გამწარებით შემოუტიეს. კორესპონდენტმა გასცა პასუხი, ახალი ბრალდებანიც წამოაყენა და რედაქციამ ორი ნომრის მეთაური უძღვნა. მეთაური ასე იწყებოდა: ბევრი სისაძაგლე გვინახავს და ბევრიც გაგვიგონია, მაგრამ ამისთანა არასოდეს გვსმენიაო და მერე განაგრძობდა: «ამიერიდან ქართველ მკითხველს საქმე ექნება ქართველ მემამულესთან (ლაპარაკია ილიაზე. ს. ფ.), რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე იმისთვის მოუნდომებია, რომ გლეხები ეყვლიფა და ეტყავებია. ჩვენ არ გვგონია, საქართველოს მიწაზე მოიპოვებოდეს მეორე ისეთი სასტიკი მემამულე, რომელსაც ასე ულმობლად მიყავდეს ცხოვრებაში გლეხების გაყვლეფის სისტემა».

არც კორესპონდენტმა ვ. ნ.-მ დააკლო ილიას მწარე სიტყვები: ოინბაზობა, ფაქტების დამახინჯება, მოპირდაპირის ლანძღვა-გინება - ეს ჩვეულებრივი თვისებაა ი. ჭავჭავაძისო.

ილიას და მოპირდაპირეების პოლემიკამ უსიამოვნო ატმოსფერო ვერ გაფანტა. ილია მეორედ არ გამოეხმაურა მოწინააღმდეგეებს. მისი «ნუთუ»-ც ჭაპანწყვეტით დაიბეჭდა და ვინ უწყის, რა მოელოდა მის ახალ პასუხს. ის მთლად კმაყოფილი არც იმის იყო, რომ «ივერიამ» ადგილები ამოწერა ვ. ნ-ის კორესპონდენციიდან და მით ხელი შეუწყო მის გავრცელებას.

ზოგს მკითხველს სრულიად სჯეროდა «მოგზაურის» ბრალდებანი, ზოგს მიაჩნდა ცილისაწამებად, ხოლო უმრავლესობა, რომელსაც არ უყვარს საქმეში ღრმად ჩახედვა, ასე ფიქრობდა: რაღაც მაინც უნდა იყოსო. და ეს «რაღაც» ერთისთვის მცირე იყო, მეორისთვის დიდი.

გარეშეთაგანმა არავინ მოინდომა სიმართლის გამოძიება, ფაქტების პირადად შემოწმება. ილიას არავინ გამოექომაგა, ხმა არ შეაწია, ნუგეში არ უთხრა. ილია მარტო დარჩა, ეს დიდი კაცი, და ვინ იცის, რა სულიერი მღელვარება განიცადა, როგორ დაიტანჯა! ის ხომ ფიზიკურად დაავადებული იყო ბოლო დროს, გული და ფილტვები დაზიანებული ჰქონდა და ახლანდელი მორალური დამცირება უეჭველად ფრიად დამამძიმებელი იქნებოდა. იგი უმადურობას ხედავდა გარშემო, მეგობრებში, ნაცნობებში და ამის გრძნობა ძნელი ასატანი იყო...

წიწამურის ტრაგედიამდე ილიას გულში უკვე დატრიალდა სულიერი ტრაგედია. ეს არავინ დაინახა. არც ვის აღმოაჩნდა წინდახედულობა, სიფრთხილე, და დაჭიმული მდგომარეობა და ილიას გარშემო შექმნილი განწყობილება ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს. მაშინდელ არეულ-დარეულობის დროს ეს ძნელი არ იყო.

1907 წ. 30 აგვისტოს წიწამურში მომხდარი ამბავი მარტო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ამბავი არაა, იგი მჭიდროდაა გადასკვნილი ჩვენი საზოგადოებრიობის ისტორიის ბევრ საკითხთან.

ილიას მოკვლის ცნობა თბილისში იმავ საღამოს მოვიდა. გაიგო ეს გაზეთმა «ისარმა» («ცნობის ფურცლის» მაგიერი გაზეთი), რომლის თანამშრომელი მე ვიყავი. იმ საღამოს რედაქციაში არ შემივლია და მხოლოდ მეორე დღეს დილით გაზეთში მოთავსებულ მოკლე ცნობიდან გავიგე თავზარდამცემი ამბავი. რედაქციაში გავიქეცი იმის გასაგებად, თუ კიდევ რამე ახალი იცოდნენ. რედაქციიდან წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგთან ნიკო ცხვედაძესთან წავედი. იმ დღესვე შედგა გამგეობის სხდომა. გადაწყდა ფართო მონაწილეობა განსვენებულის დასაფლავების მოწყობაში. რასაკვირველია, მისი მთავარი ჭირისუფალი წ. კ. საზოგადოება იყო, აგრეთვე მემკვიდრეც მისი კულტურულ ნამოღვაწრისა, მაგრამ ილიას მოღვაწეობა და სახელი ისე დიდი იყო, რომ ერთი დაწესებულება ვერ იკისრებდა მისი დაკრძალვის გაძღოლას. არჩეულ იქნა საგანგებო კომისია სხვადასხვა ორგანიზაციების და პრესის წარმომადგენლებისაგან. კომისიის სხდომებს მრავალი გარეშე საზოგადოება ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა მსჯელობაში. როცა ლაპარაკი იყო, თუ სად დავასაფლავოთ მიცვალებულიო, სხვადასხვა ადგილი იყო დასახელებული, ხოლო საბოლოოდ არჩეულ იქნა მთაწმინდა. ვფიქრობდით, რომ დასაფლავება მომხდარიყო 6 სექტემბერს, მაგრამ პროვინციებიდან შემოგვითვალეს, ბევრნი ვემზადებით ჩამოსასვლელად და ცოტა შეაგვიანეთო. მაგონდება ერთი პატარა ინციდენტი კომისიის სხდომაზე. ირკვეოდა რიგი პირთა და დაწესებულებათა სამგლოვიარო პროცესიაში. ერთმა თავადაზნაურთა წინამძღოლმა მოითხოვა, კუბოსთან პირველად უნდა იყვნენ თავადაზნაურობის წარმომადგენელნიო. ამაზე მას უპასუხეს: ილია ჭავჭავაძე საყვარელია და ძვირფასი ქართველი ერისათვის არა იმიტომ, რომ ის თავადი იყო, არამედ იმიტომ, რომ დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, პატრიოტი იყო და პირველი ადგილი ახლობელ ჭირისუფლების შემდეგ უნდა მიეცეს ქართული მწერლობის და კულტურის წარმომადგენლებს.

თავისთავად ცხადია, ყველას მეტისმეტად აინტერესებდა გაგება, თუ ვინ მოკლა ილია და რა მოსაზრებით. სხვადასხვა ხმები იყო, გარკვეული არაფერი არსებობდა. გაზეთებიც შეეკამათნენ ერთმანეთს. ერთნი ამბობდნენ რომელსამე პარტიას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ პარტიაში არიან ნაძირალა-ტერორისტები, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ დისციპლინას. მეორენი სწერდნენ: შეიძლება ილია პირადი შურისძიების მსხვერპლი გახდა... შეიძლება მკვლელობა მოხდა იმ გამწვავებულ ბრძოლის ნიადაგზე, რომელიც დღეს მთელ რუსეთშია მესაკუთრეთა და უმწეოდ დარჩენილთა შორისო.

ილია ჭავჭავაძე რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო, მადლიერი სამშობლო ცხარე ცრემლებით დაიტირებდა მაინც და დიდის პატივით დაასაფლავებდა, ხალხი აფასებდა მის ნიჭს და მოღვაწეობას. მაგრამ სულ სხვა იყო ახლა: ილია მოკლეს ავაზაკურად, ერმა ვერ მოუარა მას, ვერ დაიცვა, რატომ? მარტო ხომ მტრები არ ეხვიენ ილიას გარშემო? სად იყვნენ მეგობრები, მოკეთენი, რატომ არ მიაშველეს თავიანთი ფარი?

საშინელმა ამბავმა მთელი საქართველო შეანძრია და გამწარებული «ვაი» ამოსკდა გულიდან. ყველანი ერთიმეორეს და თავის თავს ეკითხებოდნენ, რამე ბრალი ხომ არა გვაქვს იმაში, რაც მოხდაო?

ყველამ საგურამოს და თბილისს მიაშურა. არ დარჩენილა არც ერთი კუთხე საქართველოსი, თუნდაც სულ მიყრუებული, რომ წარმომადგენელი არ გამოეგზავნოს. ყოველი სოფელი, დაბა, ქალაქი, ყოველი დაწესებულება, ორგანიზაცია, ჯგუფი, ცალკე პიროვნება მოისწრაფოდა ილიას დასატირებლად. ბევრი დაწესებულების გამგეთა მთელი შემადგენლობა იყო ჩამოსული. სკოლებიდან არათუ მასწავლებლები, მოწაფენიც კი ჩამოვიდნენ. თბილისს არასოდეს უნახავს ამდენი ხალხი, თბილისში არასოდეს მოუყრია თავი ამდენ ქართველობას.

დიდძალი საზოგადოება გაემგზავრა საგურამოში და იქიდან კუბოს გამოყვა, რომელიც გამოასვენეს დილით ადრე 7 სექტემბერს. გზაში ხალხი სულ ემატებოდა პროცესიას და თბილისს რომ მოადგნენ ვერაზე, რამდენიმე ათი ათასი სული იქნებოდა, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ზღვა ხალხი მიეგება აქ პროცესიას. სამ საათზე შავებში გამოწყობილი ცხენოსნები რომ გამოჩნდნენ, მათ შემდეგ ილიას ცხედარი, გლეხებით გარშემორტყმული, იშვიათი იყო ქართველი, რომ თვალიდან ცრემლი არ გადმოვარდნოდა.

პანაშვიდის და სიტყვების პროცესია ნელა სიონისკენ გაემართა. გზაზე მაღაზიები დაკეტილია, დაწესებულებებში მუშაობა შეჩერებულია, ტროტუარები, ბალკონები და ფანჯრები ადამიანებს ვერ იტევს. ბევრი სახურავებზე ასულა. სახლები შავებითაა შემოსილი. გალობს რამდენიმე გუნდი, ხალხის სახე მწუხარებას და გლოვას გამოხატავს. ხანდახან ქვითინიც გაისმის. გასაოცარი წესიერებაა. ეს ცრემლი, ეს გლოვა გულიდან ამოხეთქილი, თავისუფალი გრძნობაა. ვისაც არ უნახავს ილია ჭავჭავაძის დასაფლავება, ნუ იტყვის, ხალხის გლოვა მინახავსო. უფრო გრანდიოზული იყო 9 სექტემბერი, ილიას დაკრძალვის დღე. პროცესიის მონაწილე მეტი იყო, ასი ათასს გადააჭარბებდა ალბათ. დაახლოებით შუადღეზე გამოვასვენეთ მიცვალებული სიონიდან. კუბოსთან დადგნენ ახლო ნათესავები, ყოფილი თანამშრომლები, მწერლები. სიონში პანაშვიდს იმპერატორის მოადგილე ვორონცოვ-დაშკოვიც დაესწრო და როცა კუბო ეკლესიიდან გამოიტანეს, ვორონცოვს უნდოდა კუბოსთან ახლო მდგარიყო, მაგრამ ქართველმა ლიტერატორებმა წრე შეკრეს და იგი კუბოს დააშორეს, წრის გარეთ მოაქციეს.

პროცესია ვიწრო ქუჩებს გაჭირვებით რომ გასცილდა, მერე დიდად გაიშალა. ისე გრძელი იყო, რომ თუ თავი ოპერის თეატრთან იყო, ბოლო ჯერ კიდევ ერევნის მოედანზე იდგა.

ყოფილ სასახლის ქუჩაზე, წ. კ. საზოგადოების სადგომის წინ ცხედარს მოეგება აკაკი წერეთელი. მან წერილი დაწერა ილიას გარდაცვალების გამო და ლექსიც უძღვნა. ახლა ავადმყოფი იყო, მხრებში მეგობრები უდგნენ და მილეული ხმით მიმართა თანატოლს და თანამებრძოლს: «ნახევარ საუკუნის განმავლობაში ერთ უღელს ვეწეოდით და ერთი გზით დავდიოდით და ახლა დაობლებული დავრჩი... როგორც სიცოცხლე შენი, ისე სიკვდილი გახდა ხალხის ამოძრავების მიზეზი და აჰა, საქართველოს ყოველ მხრიდან თავმოყრილნი გეხვევიან გარს. მშვიდობით, ძმაო». აკაკიმ ცრემლიანი თვალები გააყოლა ილიას კუბოს.

ბევრი დაწერილა, უფრო თქმულა იმის შესახებ, რომ ვითომც ილიას და აკაკის ერთმანეთი არ უყვარდათ, ერთიმეორეს პატივს არა სცემდნენ. ეს ყოველს საფუძველს მოკლებული ცილისწამება და ჭორია. როგორ პატივს სცემდა ილია აკაკის და აფასებდა მის ნიჭს, ამის დასამტკიცებლად საკმარისია ილიას წერილი აკაკისთან მიწერილი 1886 წ., რომელიც გამსჭვალულია იშვიათის გულითადობით.

აკაკის ილიასთან პოლემიკა ჰქონდა «ვეფხისტყაოსნის» გარშემო და თავის «კრებულში» საყვედურებიც დაუწერა ილიას, «ივერიაში» სულ ჩემს წინააღმდეგ ილაშქრებენ (თვითონ ილია უშუალოდ არ უძღვებოდა მაშინ გაზეთს), მაშინ როდესაც მეც მომდის წერილები შენს წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთს არ ვბეჭდავო. აკაკის ბუნება იყო იუმორი... ილიასაც გაკრავდა ხანდახან. გამიგონია: ილიას მოკვლა რომ გაიგო, ძლიერ შეწუხდა და მერე თქვა: სიკვდილშიც კი ბედი ჰქონიაო. აკაკი ძალიან კეთილი ადამიანი იყო და მისი ოხუნჯობა და მწარე სიტყვა სრულებით არ შეეფერებოდა მისი გულის წადილს. აკაკი ილიას დიდ პატივს სცემდა. ეს ცხადყო 9 სექტემბერს წარმოთქმულმა სიტყვამაც.

ეგებ ვინმემ იფიქროს, რომ ორი დიდი ქართველი პოეტი, ორი დიდი პატრიოტი ერთიმეორეს ექიშპებოდნენო. შეიძლება, მაგრამ ეს ხომ კეთილშობილი გაჯიბრებაა. ილიასაც და აკაკისაც მეტი სარგებლობის მოტანა უნდოდათ სამშობლოსთვის, ერთსაც და მეორესაც უნდოდა, რომ ის ყოფილიყო უფრო საყვარელი სამშობლოსთვის...

სხვა სიტყვებში ყურადღება მიიქცია Baton-ის (მიხეილ წერეთლის) სიტყვამ, რომელიც დიდის გრძნობით იყო წარმოთქმული. ხშირად იმეორებდნენ შემდეგ საუბრის დროს სიტყვის პირველ ფრაზას: «ვინა სთქვა საქართველოზე რა დიდი ლომი კვდებაო».

ყველას უხერხულად ეჩვენა კ. ჩხეიძის სიტყვაში გახსენება ძველი გალაშქრებისა ილიას წინააღმდეგ და პოლემიკისა მისი მოკვლის გამო. არასასიამოვნოდ მოესმა ყურს მისი ნათქვამი: შენ დაგტირიან თავადაზნაურები, როგორც შეგნებულს მესაკუთრეს, მთავრობის წარმომადგენელნი, როგორც ახლანდელი სახელმწიფოებრივი წყობილების მომხრეს, შოვინისტები, როგორც მამულიშვილს. ჩვენ ამათთან არა ვართ, ჩვენ ვაფასებთ შენში იმას, რომ შენს ნაწერებში ბატონყმობას ებრძოდიო.

საზოგადოებას მოეწონა ვლასა მგელაძის სიტყვა, რომელმაც ყურადღება მიაქცია ბრძოლის გამწვავებას პარტიათა შორის: არ არის ერთმანეთის პატივისცემა, ადამიანობა, თუ არ მოგწონს ესა თუ ის აზრი, ესა თუ ის პიროვნება, გაწამებენ, ჩამოგახრჩობენო.

მეტად ააღელვა დამსწრენი ქუთაისელი მოწაფის ჟორჟოლიანის სიტყვამ. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო მღირსებოდა ჩვენი დედაქალაქის და ქართველი ერის სიამაყის - ილიას ნახვა. ვეღირსე ორივეს ნახვას, მაგრამ ვაიმე: სანატრელი ილია კუბოში ასვენია შუბლგატეხილი და თბილისი მგლოვიარე, ცხარე ცრემლებით დასტირის მას!..

პროცესია მთაწმინდას უახლოვდება. ნაბიჯი შევანელეთ. გვინდა დღე გაგრძელდეს და გვიან მივიდეთ გათხრილ სამარესთან. ჩვენი მწუხარება მატულობს. დღეს ცხედარს ვხედავთ მაინც, ხვალ ესეც არ იქნება და ილია მხოლოდ ჩვენს ხსოვნასა და მოგონებაში დარჩება. ეკლესიიდან გლოვის ზარები მოგვესმა. გეგონებათ, ეს ხმაა საიქიოდან: სასიქადულო ილიას ეგებებიან წინაპრები - მამულიშვილები, სამშობლო საქართველოს თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის შეწირულები. ეკლესიის ეზო პატარაა, სად დაიტევს მოზღვავებულს ხალხს. მხოლოდ ზოგიერთებს ეძლევათ საშუალება ავიდნენ მოედანზე, რომელიც ერთიანად გაიჭედა. დანარჩენი ხალხი ქვევით დგას გზაზე და გაფენილია მთის კალთაზე.

წარმოითქვა უკანასკნელი სიტყვები. ღამდება. ბინდი მოაწვა მთას. წასვლას არავინ ფიქრობს. ბევრს აქვს კიდევ სათქმელი სიტყვა ან შესატირებელი ლექსი. მაინც უნდა დავასრულოთ, მუხლებს მოვიდრეკთ ყველანი და მდუმარე მწუხარებით გამოვეთხოვებით მიცვალებულს. ნელ-ნელა, მძიმედ დავეშვებით ძირს. მალ-მალ მივიხედავთ უკან, თვალს გადავავლებთ ვარდებითა და ყვავილებით დაფარულს საფლავს...

«ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ!» რა ლამაზი ხარ, რა საყვარელი! შენი სახე - ეს ხომ ნამდვილი საქართველოა! რამდენი ჭექა-ქუხილი გინახავს, ქარიშხალი, ნიაღვარი! წარღვნის წვიმებს ერთიან ჩამოურეცხავს შენი კალთები, მაგრამ შენ ისევ ამწვანებულხარ, აყვავებულხარ, მოკაზმულხარ მნახველის გასახარებლად!

რამდენი ჭირი და უბედურება გამოუვლია საქართველოს, რამდენ ურდოს გადაუთელავს მისი მთა-ველნი, ცეცხლით გადაუწვავს მისი დაბა-ქალაქები, სისხლით მოურწყავს მისი მიწა, მაგრამ გაძარცული კვლავ აღმდგარა და უნახავს სიხარულის დღეები. მუდამ ცოცხალია!

საყვარელი ხარ, მთაწმინდავ! ამიერიდან კიდევ უფრო შეგვიყვარდები, შენს მკერდზე მივასვენეთ ჩვენი ქვეყნის ერთი საუკეთესო შვილთაგანი. შეიტკბე და დაუყუჩე ჭრილობანი, სხეულისა და სულის. დეე, ნანას ეტყოდნენ მას შენი «ნელად მქროლნი ნიავნი».

ილიას კუბოს შესამკობად 180 გვირგვინი იყო მოტანილი. ორასზე მეტი ლექსი მიეძღვნა დიდს პოეტს (გარდა დაბეჭდილებისა). უთვალავი სამგლოვიარო დეპეშა და წერილი მოვიდა საქართველოს, რუსეთის და უცხოეთის სხვადასხვა ადგილებიდან როგორც ქართველებისაგან, ისე უცხოელებისაგან. ციხეებში გამომწყვდეულმა ტუსაღებმაც, კატორღელებმა, ციმბირში გადაკარგულებმაც მოგვაწოდეს თავისი მწუხარება ილიას დაღუპვის გამო. სამძიმრის დეპეშა დაწერილი იმდენი იყო, რომ მარტო მათ უბრალო ჩამოთვლას 10-12 გვერდი დასჭირდებოდა. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩენილა მცირე კუნჭულიც კი, რომ ღრმა მწუხარებით არ გამოხმაურებოდა საქართველოს საერო გლოვას.

დავასაფლავეთ დიდი ქართველი, ძვირფასი ადამიანი, ღრმად მგლოვიარე გულით. მაგრამ ვერ ვურიგდებოდით იმას, რომ ამით უნდა გათავებულიყო ფიქრი ილიაზე. 9 სექტემბერს საღამოს 8-9 საათზე შეიკრიბნენ დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები წ. კ. გამგეობის წევრებთან ერთად და ითათბირეს, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ილიას ხსოვნა რაიმე საგანგებო დაწესებულებით. კრებამ დაადგინა, რომ უნდა შედგეს ილიას სახელის ნაციონალური ფონდი, რომელიც მოხმარდება ქართული ლიტერატურის და განათლების გავრცელებას. იყო ლაპარაკი ძეგლის დადგმის შესახებაც, ხოლო გადაჭრილი და კონკრეტული არა თქმულა რა. ფონდის შეკრება და ხელმძღვანელობა დაეკისრა წ. კ. საზოგადოებას, რომლის გამგეობამ სათანადო მიმართვები დაუგზავნა ქართულ დაწესებულებებს და ორგანიზაციებს. ამავე დროს თვით წ. კ. საზოგადოებაში და მის გარეშეც ქართველობის ფართო წრეებში უფრო და უფრო გახშირდა ლაპარაკი ძეგლის დადგმის შესახებ. საკითხს გარკვეული სახე მისცა და დააჩქარა მისი განხორციელება იაკობ ნიკოლაძის ჩამოსვლამ უცხოეთიდან. იგი ჩამოვიდა 1908 წ. გაზაფხულის თვეში პარიზიდან, სადაც მუშაობდა საფრანგეთის გამოჩენილ სკულპტორ როდენთან. მე და ის კარგი ნაცნობები ვიყავით და შემოიარა ჩემთან წ. კ. საზოგადოებაში. გამიზიარა თავისი განზრახვა, მინდა ხელი მოვკიდო ილია ჭავჭავაძის ძეგლის გაკეთებას, თუ რასაკვირველია, ქართველი საზოგადოება მენდობა და დამაკისრებსო. მე მოვუწონე აზრი და ვუთხარი, წინადადება შემოეტანა საზოგადოების გამგეობაში. გამგეობამ მოსთხოვა მოდელის გაკეთება და დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვის შედგენა. იაკობ ნიკოლაძის გეგმამ გამგეობის წევრებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი გადაეცა გასასინჯად სპეციალისტების, თბილისელ მხატვრების კომისიას, რომელშიაც შედიოდნენ: გ. გაბაშვილი, მ. თოიძე, ო. შმერლინგი, ჰ. ჰრინევსკი და სხვ. კომისიამ სავსებით მოიწონა ძეგლის მთავარი ნაწილი - მგლოვიარე ქართველი ქალი და ილიას სახე, მხოლოდ საჭიროდ დაინახა მცირეოდენი ცვლილებების შეტანა ძეგლის არქიტექტურულ გაფორმებაში. წ. კ. საზოგადოების გამგეობას არ შეეძლო საქმის საბოლოო გადაჭრა. მოიწვია ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლების კრება ორჯერ, ერთი ზაფხულში, მეორე შემოდგომის დამდეგს და გააცნო მას საკითხის მთელი მდგომარეობა. კრებების წევრთათვის უმთავრესად საყურადღებო იყო ორი საგანი: ერთი - სად უნდა დაიდგას საზოგადოდ ილია ჭავჭავაძის ძეგლი, ერევნის მოედანზე, თუ განსვენებულის საფლავზე? მეორე ის, თუ ვის მიენდოს ძეგლის გაკეთება, იაკობ ნიკოლაძეს, თუ კონკურსი გამოცხადდეს და ვინც უკეთეს გეგმას წარმოადგენს, იმას გადაეცეს?  

   
     
   
     

პირველი საკითხის გამო ერთნი ამტკიცებდნენ, რომ საფლავი მოვრთოთ უბრალო რამ ანაგებით, ხოლო კარგი ძეგლი, ღირსი ი. ჭავჭავაძისა, უნდა აღვმართოთ ერევნის მოედანზე. მეორენი კი (ამათში ვიყავი მე) ვამბობდით, რომ დღესდღეობით ქართველი ხალხი ვერ შესძლებს ღირსეული მონუმენტის დადგმას ერევნის მოედანზე, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით 40-50 ათასი მანეთი. ეს საქმე მივანდოთ მომავალს, უკეთეს პირობებს. დღეს კი ილიას საფლავზე ავაგოთ, რამდენადაც შეგვიძლია, კარგი ძეგლი, როგორის სახესაც გვაძლევს ი. ნიკოლაძის გეგმა. დიდის უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა უკანასკნელი აზრი. ამასთანავე ისიც იყო დადგენილი, რომ წ. კ. საზოგადოებამ (და არა თავად-აზნაურობამ, როგორც ზოგი ფიქრობდა) ახლავე თავიდანვე გამოითხოვოს მთავრობისაგან ნებართვა ძეგლის აგებისთვის ერევნის მოედანზე.

   
     

უფრო ცხარე დისკუსია გაიმართა იმის გარშემო, თუ ვის მივანდოთ ძეგლის გაკეთება? მე პირადად საზოგადოების გამგეობაში და ფართო წრეებში დაჟინებით ვიცავდი იმ აზრს, რომ უთუოდ ქართველს, ნიკოლაძეს უნდა მივანდოთ ეს საქმე, რადგან ილიას ძეგლი უნდა იყოს არა მარტო ილიას ძეგლი, არამედ ქართველი მხატვრის შემოქმედების გამომჟღავნება. იაკობ ნიკოლაძის ხელოვნებას ქართველობა უკვე იცნობდა რამდენიმე მისი ნაწარმოებით, მას ყურადღება მიაქციეს პარიზშიც, ის ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, იმედის მომცემი და ხელი უნდა შეგვეწყო, გამოეჩინა თავისი შემოქმედება ისეთ პასუხსაგებ საქმეში, როგორიცაა ილიას ძეგლის გაკეთება. ამავე აზრისა იყვნენ ლ. ბოცვაძე და პ. სურგულაძე და უმრავლესობაც დაგვეთანხმა ჩვენ.

ამის შემდეგ რამდენსამე ხანს კიდევ გაგრძელდა საზოგადოების გამგეობის და იაკობ ნიკოლაძის მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმებისათვის და დეკემბერში დადებულ იქნა ხელშეკრულობა.

იაკობ ნიკოლაძემ თავის დროზე შეასრულა დავალება და ჩამოიტანა პარიზში ჩამოსხმული ქანდაკება. საფლავის გვერდზე მთის გამაგრებას, არქიტექტურულ გაფორმებას და სხვადასხვა სამუშაოებს ბევრი დრო დასჭირდა და ძეგლი სრულიად დამთავრდა და მისი გახსნა მოხდა 1913 წ. ამ უკანასკნელ ამბებს მე არ დავსწრებივარ, რადგან 1910 წ. საქართველოდან გადამასახლეს და წ. კ. საზოგადოების საქმეებსაც ჩამოვშორდი.

მოკლედ გავიხსენებ ილიას ქონების ამბავს. ადრევე შედგენილ ანდერძით ილიამ მთელი თავისი უძრავი და მოძრავი ქონება დაუტოვა თავის მეუღლეს ოლღას, რომლის სიკვდილის შემდეგ მამა-პაპეული (ყვარლის მამული) გადაეცემოდა კანონიერ მემკვიდრეებს, ხოლო კეთილშეძენილი ილიასი საგურამოს მამული და სახლი თბილისში ანდრეევის ქუჩაზე გადადიოდა წ. კ. საზოგადოების ხელში.

ილიას მეუღლეს, უკვე ხანში შესულ ადამიანს, რომელიც დაჭრილი იყო წიწამურში და ჯერ მთლად გამოკეთებული არ იყო, არ შეეძლო მამულების მოვლა-პატრონობა, უარი განაცხადა მემკვიდრეობაზედ და წინადადება მისცა წ. კ. საზოგადოებას, რომ იგი ახლავე დაპატრონებოდა ნაანდერძევს. მაგრამ საზოგადოებამ ეს ვერ იკისრა, რადგან ყველა ილიას მამული და სახლი ბანკში იყო დაგირავებული, გარდა ამისა, ილიას კერძო ვალიც საკმაოდ ჰქონდა აღებული და საზოგადოებას შეეშინდა, ვაითუ მამულების ლიკვიდაციამ ვერ

გაისტუმროს ვალები და საკუთარი ფულის წამატება დამჭირდესო და უარი განაცხადა თვითონაც მემკვიდრეობის მიღებაზედ. ხოლო ბანკისაგან იყიდა ნაწილი საგურამოს მამულის და სახლი თბილისში, რომ შეენახა ეს ილიას სახსოვრად და პატივსაცემად.

მეტად ძვირფასი სახალხო საგანძური იყო ილიას ქონება თბილისის სახლში - ავეჯი, მორთულობა, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები. ამას წ. კ. საზოგადოების გამგეობა თავიდანვე დაეუფლა. ილია რომ დავასაფლავეთ, გამგეობამ მე გამგზავნა ამ ქონების ჩასაბარებლად. ჩაბარება უნდა მომხდარიყო სასამართლოს ბოქაულის შემწეობით, რომელსაც ცალ-ცალკე უნდა აეწერა და დაენომრა ყოველი ნივთი.

მეტად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ილიას ბინის ოთახებში შესვლამ. კარები რომ გავაღე და შევდგი ფეხი ილიას კაბინეტში, რომელიც ისე იყო, როგორც დატოვა მისმა პატრონმა 30 აგვისტოს დილას, მე გავშეშდი. აი, მისი მაგიდა, სამელნე, კალამი, საყვარელი წიგნები, სურათები; აი, მისი სავარძელი, დივანი. ჩემმა გონებამ გადაჭრა უკან ორი კვირის მანძილი და ცხადად წარმოვიდგინე ილიას დინჯი მიხვრა-მოხვრა, მიმოხედვა, გასინჯვა, ხომ არა დამავიწყდა რაო. მისი სუნთქვა ჯერ არ გამქრალა ოთახში და მისი თვალების სხივი და მისი ფიქრები აღბეჭდილია კედლებზე, თუმცა მე ამას ვერ ვხედავ.

ერთგულმა მეუღლემ უთხრა თურმე იმ საბედისწერო დღეს ილიას: დღეს ნუ დავბრუნდებით საგურამოშიო. ჰქონდა რაიმე წინასწარი გრძნობა თვითონ ილიას, როდესაც გამოვიდა სახლიდან, სადაც აღარასოდეს დაბრუნებულა?!.

ვიდრე ხელს ვახლებდით რასმე და ნივთების აღწერას შევუდგებოდით, ფოტოგრაფს გადავაღებინე სურათები ილიას კაბინეტისა და ზალის, რომ სახე მაინც დარჩენილიყო ილიას ბინის, თუ ვინიცობაა ვერ მოვახერხებდით მის დაცვას ისე, რგორც მისმა პატრონმა დაგვიტოვა.

ჩემი წინდახედულობა საფუძვლიანი გამოდგა, სამწუხაროდ, წ. კ. საზოგადოება ერთხანს მუზეუმის მოწყობას ფიქრობდა ილიას სახლში, მაგრამ გაათავა იმით, რომ 1910 წ. ზამთარში მთელი მოძრავი ქონება ამ სახლიდან ქართული გიმნაზიის შენობაში გადაიტანა და ილიას კაბინეტი და დარბაზი დარჩა გატიალებული, შიშველი კედლები და ჭერ-იატაკი.

ი. ჭავჭავაძეს რომ ვიგონებ, თვალწინ მიდგას მისი მეუღლე, დარბაისელი ოლღა, სათნო სახით და კეთილშობილი გულით. იგი მეტად სიმპათიური ადამიანი იყო, მოსიყვარულე, თავაზიანი. წ. კ. საზოგადოების სასარგებლოდ რომ ყოველწლიურად კონცერტები და სეირნობა-ბაზრობა იმართებოდა, ამას ქალბატონი ოლღა დიასახლისობდა და უძღვებოდა. მთელი თბილისის ქალებს შემოიკრებდა სამაისო სეირნობის და ლატარიის მოსაწყობად. ყველანი ხალისით ეგებებოდნენ მის მოწვევას, კერავდნენ თუ ქსოვდნენ, აგროვებდნენ ნივთებს, ალაგებდნენ და თვითონ სეირნობის დღეს შუაღამემდის მუშაობდნენ. ყველას ამხნევებდა ოლღას ტკბილი და კეთილი შემოხედვა. უკანასკნელი წლები ოლღამ გაჭირვებაში გაატარა, არც ბანკმა დაუნიშნა პენსია, არც სხვა ვინმე დაეხმარა. ერთ დროს ანდრეევის ქუჩაზე ცხოვრობდა, მერე მთაწმინდაზე, დავითის მოედნის მახლობლად დაბინავდა, მგონი, ვიღაც ნათესავთან. ამბობდა: ილიას საფლავთან ახლოს ვიქნებიო, ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში.

   

7 აკაკი

▲ზევით დაბრუნება


აკაკი

როდის და სად გავიცანი აკაკი? ვფიქრობ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც 1902 წ. არჩეული ვიყავი გამგეობის მდივნად და საქმისმწარმოებლად. ნანახი კი აკაკი ჩემი გიმნაზიელობის დროიდან მყავდა. ქუთაისში მოწაფეები შორიდან სიყვარულით შევცქეროდით მის ოლიმპიურ სახეს და თუ როგორმე ახლო გავუვლიდით, ვცდილობდით, ყური მოგვეკრა რაიმე მისი ნათქვამისათვის. ამხანაგები ერთმანეთის შეხვედრისას ერთიმეორეს ვახარებდით, აქა და აქ აკაკი დავინახეთ-თქვა. ის ქუთაისში ხშირად ჩამოდიოდა, რამდენიმე დღეს დარჩებოდა, შევხვდებოდით მეტწილად ან ქალაქის ბაღში (ბულვარში), ან ჭილაძეების (მერე ბეჟანეიშვილის) წიგნის მაღაზიის წინ. მასთან იყვნენ ქუთაისელი ინტელიგენტები: კ. ლორთქიფანიძე, სილ. ხუნდაძე, ხელთუფლიშვილები, ქართული გიმნაზიის მასწავლებლები; ვნახავდით მაღალი წოდების წრეში - წერეთლებთან, გურიელებთან, ფაღავებთან, რადგან მასთან შეხვედრა და გამოსაუბრება ყველას სასიამოვნოდ მიაჩნდა.

მე რომ მწერლობა დავიწყე, შესაძლებელია, ყურადღება მიაქცია ზოგ ჩემს ნაწერს. ერთი სააღდგომო წერილის გამო ლექსიც კი მიძღვნა. მერე ხომ წ. კ. საზოგადოება ქართველთა კულტურული ცენტრი იყო, აქ მუდამ თავს იყრიდნენ ჩვენი მწერლები, არტისტები, საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, აკაკიც ხშირი სტუმარი იყო, და ალბათ აქ მომეცა შემთხვევა გავცნობოდი სახელოვან პოეტს.

როდესაც თბილისში იყო აკაკი, ხშირ-ხშირად გვინახულებდა რამე საქმისათვის ან ამბების გასაგებად. უფრო კი თვითონ იყო მოამბე და მთხრობელი. მისი დანახვა ყველას გაგვახარებდა. წიგნებზე და ხელნაწერებზე მუშაობდა ვინმე, ან ახალ გაზეთს ათვალიერებდა, ან რამე საქმისათვის იყო მოსული, ან მაღაზიაში წიგნის ყიდვა უნდოდა, ყველა მაშინვე აკაკის შემოეხვეოდა გარშემო.

მისი სახე უნებურად იქცევდა ყურადღებას. ის არ იყო ჩვეულებრივი მომაკვდავის სახე. აკაკი რაც ხანში შედიოდა, უფრო და უფრო მოგვაგონებდა ძველი ბერძნების ღმერთების და პოეტების ქანდაკებს. მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი იყო მისი უბნობა და ენა. არ იცოდა ლაპარაკის დროს წაბორძიკება, სიტყვების ძებნა, უხერხული გამოთქმა, უცხო სახელების ჩართვა და ენის აჭრელება. მისი ლაპარაკი იყო სადა, მარტივი, მოჩხრიალებდა წყაროსავით, ბუნებრივი დენით და ტკბილი მოსასმენი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის იყო. რაც უნდა მაღალ საგანზე ესაუბრა, მისი ნათქვამი ადვილად გასაგები იყო. ისეთი ტკბილი მოყოლა იცოდა ამბების, რომ მისგან უკვე გაგონილს სიამოვნებით მოვისმენდით მეორედ და მესამეჯერაც.

აკაკი რომ რასმე გადმოგვცემდა, ეს არ იყო ფაქტების უბრალო ჩამოთვლა, არამედ ეს იყო აკაკის მხატვრულ ქურაში გადამუშავებული ამბები, რომლებიც პოეზიის სამეფოს უფრო ეკუთვნოდნენ, ვიდრე მშრალ, ობიექტურ სინამდვილეს. იგი მუდამ პოეტი იყო, მხატვარი, შემოქმედი. ნახულს თუ გაგონილს თავისებურად მოკაზმავდა და მორთავდა. რისიმე დასამტკიცებლად მისი მთავარი არგუმენტი იყო სათანადო არაკის თხრობა, როგორც «სიბრძნე სიცრუის წიგნშია» ან «ქილილა და დამანაში».

მისი საუბრის საგანი უმთავრესად ის იყო, რაც არის მთელი მისი პოეზია - საქართველოს ბედი, მისი სიკეთე, თავისუფლება. მაგრამ უყვარდა ოხუნჯობაც, მეგობრული შარჟები, ცოტა კბილის გაკვრა. არავის მოერიდებოდა: არც თავისიანს, არც მეგობარს. გავიხსენებ ზოგიერთს მის ნაამბობს, ანეკდოტს თუ მართალ ამბავს. ახალჯვარდაწერილი რომ ვიყავიო, გვიამბო აკაკიმ, თბილისში ჩამოვედი, მინდოდა ცოლის სიამოვნება და ბაზარში ღლავის (ლოქოს) ბოლო ვიყიდე, რაც, მოგეხსენებათ, საუკეთესო ნაჭრად ითვლებოდა და სახლში მოვიტანე გასაკეთებლად. ჩემმა ცოლმა რომ დაინახა, აიღო და თავში მესროლა, თევზის კუდი რა საჭმელიაო. სახტად დავრჩი, რას ვეტყოდი, რა იცოდა რუსმა, რომ ღლავის თავი უვარგისია!

ერთი გორელი თავადის შვილი ციმბირში იყო გადასახლებული. იქ ზამთარში ნახა, რომ გაყინულ რძეს ნაჭრობით და წონით ყიდდენ ბაზარში. იფიქრა: მოდი, ჩვენებს გავუგზავნი, გაუკვირდებათ და გაეხარდებათო. იყიდა მოზრდილი ყუთი, გაავსო გაყინული რძით და რკინიგზით გამოუგზავნა თავისიანებს გორში, რასაკვირველია, გზაში დადნა რძე და დაიღვარა. გორში ცარიელი ყუთი მიიღეს. «ვაი ჩვენი ცოდვა, ის ვაჟი სწორედ გაგიჟებულა, რომ ცარიელი ყუთი გამოგვიგზავნა ციმბირიდანო», თქვეს იმ თავადის შვილის ნათესავებმა.

ერთმა ახალგაზრდამ თავის მოკვლა განიზრახა და აკაკის გაანდო თავისი გადაწყვეტილება. აკაკიმ მოუწონა, თავის მოკვლა დიდი გმირობაა, ყველას არ შეუძლია, მაგრამ თავი ისე უნდა მოიკლა, რომ სასახელო გამოვიდესო. წადი და ზღვაში დაიხრჩვე თავი, ზღვა ნაპირზე გამოგაგდებს, ქვეყანა გაიგებს, შენზე დაიწყებს ლაპარაკს და გაზეთშიც კი დაბეჭდავენ შენს ამბავს. ახალგაზრდას ეამა აკაკის რჩევა და ფოთში გაემგზავრა თავის დასახრჩობად. იქ ამხანაგები შეხვდნენ, გაეხარდათ მისი ნახვა, დაპატიჟეს და კარგად აქეიფეს. იქეიფეს მეორე დღესაც. აქეთ გაატარეს, იქეთ გაატარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ასე გაართეს და ახალგაზრდას სულ გადაავიწყდა თავის მოკვლა. დაბრუნდა ისევ თბილისში, ნახა აკაკი და დიდი მადლობა გადაუხადა, სიკვდილს გადამარჩინეო.

ერთხელ, გვიამბო კიდევ აკაკიმ, ცხელოდა. გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე მოვდიოდი. დავითის (ბესიკის) ქუჩის კუთხეში რომ ვიყავი, დავინახე, ზევიდან იაკობ გოგებაშვილი მოდის, მაგრამ რაღაც ახირებულად: ხან მარჯვნივ გადახტება, ხან მარცხნივ, თითქოს ცეკვავსო. ელდა მეცა, ვაითუ გაგიჟდა იაკობი-თქო. ავყევი ზევით ქუჩას, შევეგებე და ვკითხე, თუ რა მოუვიდა. იაკობმა მიპასუხა: ტროტუარი მოურწყავთ და დასველებულ ადგილს ვერიდებიო, მეშინია არ გავცივდეო.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ი. გოგებაშვილს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული და ყოველთვის ერიდებოდა ნოტიოს, სიცივეს, ქარს. ისიც გასახსენებელია, რომ აკაკი და იაკობი დიდი მეგობრები იყვნენ ერთმანეთის.

წ. კ. საზოგადოებასთან აკაკის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მისი ნაწერების, დახმარების, პენსიის და სხვათა გამო. ყველამ უწყის, რომ ეკონომიურად აკაკი არ იყო ჯეროვნად უზრუნველყოფილი. მართალია, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკიც დაეხმარა, ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრებაც, იუბილეს შემდეგ მისი სახელობის ფონდიდან პენსია ეძლეოდა, მისი ნაწერებიც იყიდებოდა, მაგრამ აკაკი მეტწილად მაინც გაჭირვებაში იყო.

მაგონდება, ერთხელ აკაკიმ ასი მანეთის დახმარება სთხოვა წ. კ. საზოგადოებას. გამგეობამ უარი უთხრა, მე ეს ძლიერ საწყენად დამირჩა და მალე მოვახერხე, რომ აკაკის მაინც მისცეს ასი მანეთი ერთი მისი ნაწარმოების ანგარიშში. აკაკის ფონდი რომ შედგა, აქედან ყოველთვიური პენსია დაენიშნა მას. ამას ხშირად რამდენიმე თვისას ერთად აიღებდა წინდაწინ, ძალიან მესაჭიროებაო. წ. კ. საზოგადოებამ აკაკის ზოგიერთი ნაწარმოები გამოსცა, სხვათა შორის კრილოვის არაკების თარგმანი. ამ ფინანსურ საკითხების გამო აკაკის უსიამოვნება მოუვიდა წ. კ. საზოგადოებასთან. ერთხელ საზოგადოების გამგეობა სამედიატორო სასამართლოში გაიწვია («ჩვენს შორის არსებულ უთანხმოების გასარკვევადაო». გამგეობამ უპასუხა: ჩვენ თქვენთან არაფერი სადავო არა გვაქვსო. რასაკვირველია, ისეთი დაწესებულება, როგორიც წ. კ. საზოგადოება იყო, როგორ იკადრებდა რაიმე უწესობას ანგარიშებში, ნამეტურ როგორ აკადრებდა ამას აკაკის. მაგრამ უსიამოვნება არ უნდა მივაწეროთ აკაკის სიავეს. აკაკი ფულის უანგარო მხარჯველი იყო, ბავშვი ნამდვილი. იმას რომ ყოველთვიურად ათასი, ხუთი, ათი ათასი შემოსავალი ჰქონოდა, მისი ჯიბე ძალიან ხშირად მაინც ცარიელი იქნებოდა.

ჩემთან აკაკის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩემი სალიტერატურო-სამხატვრო ჟურნალი «მზე» (მერე «ფასკუნჯი») რომ გამოდიოდა, ხალისით მომაწოდა «თავგადასავალის» გაგრძელება და ლექსებსაც მაძლევდა.

გავიხსენებ ამ შემთხვევასაც: ერთ დილას ადრე აკაკი შემოვიდა წ. კ. საზოგადოების კანცელარიაში და საიდუმლოდ მითხრა: ძალიან მესაჭიროება და ასი მანეთი უნდა მასესხოო. პირადად მე ეს ფული არ მქონდა, მაგრამ უარის თქმა როგორ შემეძლო. გავაღე ყუთი და საზოგადოების ფულიდან მაშინვე გადავუთვალე. თუ დამიბრუნებდა, ხომ კარგი, თუ ვერა, ჩემი ჯამაგირიდან დავფარავდი ნაწილ-ნაწილად. საბედნიეროდ, მეორე დღეს ადრე შემოვიდა აკაკი მხიარულ გუნებაზე და სესხი დამიბრუნა. თურმე იმ ღამეს კარტში კარგად მოეგო. საერთოდ კი უფრო აგებდა, ვიდრე იგებდა.

1908 წ. შემოდგომა იწყებოდა. დილის 10-11 საათი იყო. ჩვენთან, საზოგადოების კანცელარიაში რამდენიმე კაცი იყო, საქმისათვის თუ ისე შემოსული, შემოვიდა აკაკი. ყველანი წამოვდექით და მივესალმეთ. აკაკი ჯერ კიდევ არ დამჯდარიყო, რომ ერთნაირი საყვედურით მომმართა: თუ მართლა აპირებთ იუბილეს გამართვას, მითხარით, თორემ მე უცხოეთში ვაპირებ წასვლას სამკურნალოდ. ყველამ ყურები გამოვცქვიტეთ, გაკვირვებით შევაცქერდით აკაკის. მან გაგვახსენა, რომ 50 წლის წინათ დაიბეჭდა «ცისკრის» მე-11 ნომერში მისი პირველი ნაწარმოები, თარგმანი ლერმონტოვის ლექსის «რტო პალესტინისა». ყველას შეგვრცხვა და თან გაგვეხარდა. შეგვრცხვა რომ არ გვახსოვდა ასეთი ღირსშესანიშნავი ფაქტი (თუმცა შესაძლებელია სხვა წრეებში ჰქონდათ ამაზე ლაპარაკი), გვიხაროდა, რომ ილიას სამგლოვიარო დღეების შემდეგ ქართველ ხალხს საშუალება მიეცემოდა, სამხიარულო დღესასწაული მოეწყო თავის საყვარელ მგოსნის პატივსაცემად და შემოკრებილიყვნენ მის გარშემო ერთ მთლიან ერად. ეს იქნებოდა ერთნაირი პოლიტიკურ-ნაციონალური დემონსტრაცია.

მაშინვე შევადგინეთ ქაღალდი, რამდენიმე კაცის ხელმოწერილი და ვთხოვეთ წ. კ. საზოგადოების გამგეობას, რომ ხელში აეღო აკაკის იუბილეს მოწყობა. გამგეობამ ეს ვერ იკისრა, ჩემი წესდება ამის ნებას არ მაძლევსო, ხოლო მოიწვია ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლების თათბირი, რომელმაც აირჩია საგანგებო საიუბილეო კომიტეტი (თავმჯდომარე იყო წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარე გ. ყაზბეგი, მისი ამხანაგი ი. გოგებაშვილი, მდივნები: ს. მგალობლიშვილი და ს. ფირცხალავა).

კომიტეტი დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას. მისი მთავარი ბინა, აგრეთვე ვსთქვათ, «შტაბკვარტირა» იყო წ. კ. საზოგადოების კანცელარია, რომელსაც დააწვა მთავარი სამუშაო. ორი თვის განმავლობაში მთელი საქართველო იუბილეს სამზადისში იყო. სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში შედგა მცირე კომიტეტები, რომელთაც დახმარება უნდა აღმოეჩინათ თბილისის კომიტეტისათვის და ეზრუნათ ამასთანავე ადგილობრივ იუბილეების გასამართავად. იწერებოდა ადრესები, მზადდებოდა საჩუქრები, იკრიბებოდა საფონდო ფული და ითხზვებოდა ლექსები, ურომლისოდაც ქართულ ლხინს თუ ტირილს ვერავინ წარმოიდგენს. ემზადებოდნენ არა მარტო ქართველები, ჩვენი მეზობლები - სომხები, მუსლიმანები, ებრაელები, უკრაინელები, რუსები დიდი ინტერესით უყურებდნენ დღესასწაულს, იცოდნენ, რომ აკაკი საუკეთესო გამომსახველი იყო ქართველი ერის ზრახვათა.

და აი გაიხსნა ეს იუბილე 7 დეკემბერს. მშვენიერი დღე გამოვიდა. თბილისი მოირთო და მოიკაზმა. ქალაქი აივსო ქართველებით. წინათაც გამოჩნდა აქ ქართველი ხალხი დ. ყიფიანის და განსაკუთრებით ილიას დასაფლავების დროს. ხოლო მაშინ იყო გლოვა და მწუხარებამ მოუყარა ერს თავი, დღეს კი ლხინია, სიხარული და ნადიმზე ჩამოვიდნენ ქვეყნის შვილები ყოველი კუთხიდან. ნამდვილი ხალხური დღესასწაულია, გლეხები და მუშები აქტიურ და ფართო მონაწილეობას იღებენ დღეობაში. ყველა მთვრალია სიხარულით, იმედით და სრულს ნებას აძლევს თავის გრძნობებს.

თუ ილიას დატირებამ ერთ არსებად აქცია ქართველი ერი, გააფართოვა და გააღრმავა მისი ნაციონალური შეგნება, ამ მხრივ აკაკის დღეობამ კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშა ილიას შეფასებაში. ზოგიერთები კიდევ ორჭოფობდნენ, აკაკის გარშემო კი გაერთიანდნენ ყველა პარტიები და ჯგუფები. ითქვა თამამად, დაურცხვენლად ქართველი ხალხის მთლიანობა, როგორც ერის, და აკაკი გამოცხადდა მთელი ერის საუნჯედ, სასიცოცხლო სულის ჩამდგმელად. ეს იმ დროს დიდი პოლიტიკური მოვლენა იყო, რადგან პარტიების გამწვავებულმა ურთიერთობამ თითქმის მთლად წაშალა ქართველობის სახე.

საიუბილეო დღესასწაული იშვიათი სიდიადით და ბრწყინვალებით ჩატარდა. დაუვიწყარი იყო ზოგიერთი მომენტები. აიხადა ფარდა. სცენა კოხტადაა გამართული. ამაღლებულ ადგილზე სავარძელია აკაკისთვის. მახლობლად დგანან საიუბილეო კომიტეტის წევრები, მწერლები, არტისტები, მხატვრები, კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენელი დელეგაციები, ხორები, ორკესტრი. ხალხით გაჭედილი თეატრი სულგანაბული მოუთმენლად ელოდება. აი, გამოჩნდა აკაკი და ფეხზე წამომდგარ საზოგადოების ენთუზიაზმს საზღვარი არა აქვს. გრგვინავს ტაში და «გაუმარჯოს აკაკის!»

პირველად მიესალმება ი. გოგებაშვილი კომიტეტის სახელით... აი, სავანელები, ამაყად უკავიათ თავი, თითქოს ამბობენ, აკაკი ყოვლის უწინარეს ჩვენია, ჩვენ გამოვზარდეთო. გამდელის ქალიშვილმა რომ აკვანი მოართვა, აკაკიმ ცრემლი ვერ შეიკავა. ვინ იცის, ეგებ იმ წუთს მის თვალწინ ელვასავით გადაირბინა მისი ტკბილი ბავშვობის დრომ და მერმინდელი ცხოვრების სიმწარემ. აი, მაჰმადიანი ქართველები, მესხები, ქართველი ებრაელები, გულითადი მოლოცვებით. სიტყვები საერთოდ ერთნაირია, მხოლოდ ზოგიერთი მიიქცევს ყურადღებას. მე განსაკუთრებით ჩამრჩა გულში სენაკის წარმომადგენლის ლოლუას სიტყვა, მეტად დახვეწილი, სუფთა ქართული ენით და საუცხოოდ წარმოთქმული.

აკაკი ყოველ მილოცვას უბრალო მადლობის თქმით ან ხელის ჩამორთმევით უპასუხებდა, მაგრამ სომეხ ლალაიანცს სიტყვით მიმართა: სომხებს და ქართველებს ეკონომიურ საკითხებში მცირეოდენი უთანხმოება გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში ერთად, ძმურად უნდა ვიმუშაოთო. ასევე შინაარსიანი სიტყვა უთხრა სპარსელს და მუსლიმანების წარმომადგენელს.

საიუბილეო გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ მილოცვები და ადრესები უნდა გათავებულიყო დღით და საღამოს იქნებოდა წარმოდგენა და სალიტერატურო განყოფილება აპოთეოზით. მაგრამ მოლოცვები ვერ ამოიწურა დღით, ამიტომ საღამოს წარმოდგენა და სალიტერატურო ნაწილი მოიხსნა და ისევ ადრესები გაგრძელდა. მაინც კიდევ ბევრი ადრესი წაუკითხავი დარჩა, დრო აღარ იყო. რაც შეეხება ფოსტით მოსულ წერილებს და დეპეშებს, მათ უბრალო ჩამოთვლას რამდენიმე საათი მოუნდებოდა.

ნაშუაღამევი იყო უკვე, რომ აკაკიმ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: ჩემი შრომა ერთიათად დაფასდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში ეროვნული გრძნობა გაზრდილია და იგი ეძებს გმირს, მხსნელს, რომლის მე მხოლოდ მოჩვენება ვარ. გაათავა ლექსით:

არა, არ ვკარგავ იმედსა,

ვერ შემაშინებს ჭაღარა,

გმირებს მოელის თქვენგანაც

ჩემი დაფი და ნაღარა!

იუბილე დასრულდა აპოთეოზით, აკაკის «სიზმრის» ცოცხალი სურათით - «ენახათ ქვეყნად ჩამოსულიყვნენ თამარ, ქეთევან და ნინო». აპოთეოზმა ცხოვლად დაგვიხატა აკაკის პოეზიის მთავარი იდეა.

მიუხედავად იმისა, რომ იუბილე ასე გაგრძელდა, რამდენიმე საათი დღითი და საღამოთი თითქმის ერთფეროვან სიტყვებს და ადრესებს მოუნდა, ეს არვის მოსწყენია, ყურადღება და ინტერესი ერთ წუთსაც არ შენელებულა, პირიქით, ყველას უკმაყოფილება დაეტყო იმის გამო, რომ ძალაუნებურად იუბილეს დღესასწაული უნდა დასრულებულიყო.

იუბილესთან დაკავშირებით აკაკის ოხუნჯობა უნდა გავიხსენოთ კიდევ. დღესასწაულის წინა დღეებში ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა ქალმა მთხოვა, გადაეცით აკაკის, რომ მას ახლა მოსვენება და მშვიდობა ესაჭიროება, რომ იუბილეს მხნედ და მაგრად შეხვდეს. დაბინავდეს ჩემთან, ცალკე ოთახს მივცემ, კარგად ვაჭმევ და ვასმევ, და ისე გავასუქებ, როგორც ყვერულსო. აკაკის რომ ეს გადავეცი, ასე შემომძახა: ჰოო, როგორც ყვერულს, როგორც ყვერულს!.. აბა მამლად რომ არ ვარგივარ, მეც კარგად ვიციო!

იმ დღეებში ჟურნალ-გაზეთები გავსებული იყო წერილებით სულ აკაკის შესახებ. ცალკე ალმანახებიც გამოიცა. სხვა ერების გაზეთებიც ბევრს წერდნენ იუბილეს გამო. მაშინ ჩემი «ფასკუნჯიც» გამოდიოდა და, რასაკვირველია, 7 დეკემბრის ნომერი აკაკის მიეძღვნა, ლექსები თუ წერილები. ერთ ჩემს წერილში ვთქვი, რომ აკაკი ქართველი ხალხის სულიერი მეფეა. ამის გამო აკაკიმ ხუმრობით საყვედური მითხრა: რატომ დამღუპე, ჩემი მევალე ურიები დამესიენ, მეფე ყოფილხარ თურმე, ფული ბევრი გექნება და ვალი გადაგვიხადეო.

აკაკის იუბილეზე ჩამოსულები მეორე დღესაც თბილისში იყვნენ. ზოგნი მესამე დღესაც დარჩნენ. იყო ერთმანეთთან შეხვედრა, შთაბეჭდილებების გაზიარება. იუბილე თბილისის დღესასწაულით არ დამთავრებულა. აკაკის პოეტობის 50 წლისთავი იდღესასწაულეს საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, ბაქოში, პეტერბურგში და მოსკოვში.

ამ დღესასწაულების გათავების შემდეგ აკაკი უცხოეთში გაემგზავრა რამდენიმე თვით სამკურნალოდ. რომ დაბრუნდა, თავისებურად უკბინა და იოხუნჯა პარიზზე. რასაკვირველია, დედამიწის ეს ერთი უმთავრესი ცენტრთაგანი მრავალ სიმშვენიერესა და სიკეთესთან საოხუნჯო მასალასაც მისცემდა ჩვენს ენამახვილ პოეტს.

1910 წ. გაზაფხულზე მე დამაპატიმრეს, რამდენიმე თვეს მეტეხში ვიჯექი და მერე სამი წლით საქართველოდან გადამასახლეს. როდესაც დავბრუნდი, აკაკის ქუჩაში, თეატრში ან სადმე კრებაზე თუ შევხვდებოდი. ის ხანდახან ჩვენს რედაქციაში შემოივლიდა, ლექსებსაც მოგვაწოდებდა. პირველი ომის დაწყებას დიდი ინტერესით შეეგება. ფიქრობდა, ომი უთუოდ გატეხს რუსეთის თვითმპყრობელობას, რევოლუცია მოხდება და საქართველოსაც ეშველებაო.

1914 წლის მიწურულში ხმები გავრცელდა აკაკის ავადმყოფობის, რომელიც თავის სოფელში, სხვიტორში იმყოფებოდა. ამისათვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ვფიქრობდით, რომ უბრალო რამეა. მაგრამ 1915 წ. იანვრის დამდეგს ცნობები უკვე მდგომარეობის საშიშროებას იტყობინებოდნენ, აკაკის სისხლი ჩაექცა და სხეულის ზოგიერთი ნაწილი გაუკავაო. ქართველი საზოგადოება ძალიან შეფიქრიანდა. ჩვენი გაზეთის («სახალხო ფურცელი») რედაქციას თითქმის ყოველდღე მოსდიოდა ექიმებისაგან აკაკის ავადმყოფობის ამბები. ყოველი მხრიდან გვეკითხებოდნენ, თუ როგორაა ძვირფასი ავადმყოფი, ზოგნი პირდაპირ საჩხერეში მიმართავდნენ ნაცნობებს და სთხოვდნენ ცნობებს. ექიმთა კონსილიუმით მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ არა უიმედო. ავადმყოფობა ცვალებადობით მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, ხან უკეთესობა ჩანს, ხან უარესობა. მთელი საქართველოს ყურადღება საჩხერე-სხვიტორისკენაა მიქცეული. წ. კ. საზოგადოების გამგეობა თავის წევრს ნ. ნაკაშიძეს აგზავნის სხვიტორში. სხვებიც მიდიან აკაკის სანახავად. აკაკის შვილს, რომელიც თავს დასტრიალებს მამას, დეპეშებს უგზავნიან და უსურვებენ ავადმყოფს მალე მორჩენას. ზოგან პარაკლისებს იხდიან აკაკის განკურნებისათვის.

   
     
   
     

23-24 იანვარს ავადმყოფი შესამჩნევად მოუმჯობესდა. მაგრამ თურმე, როგორც ხშირად ხდება, ეს იყო სასიცოცხლო ძალების უკანასკნელი შემოკრება, რომ ჩვენი საყვარელი აკაკი სამუდამოდ გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

25 იანვრიდან 26 იანვარზე გადასულ ღამეს აკაკი გარდაიცვალა. ჩვენმა გაზეთმა ორშაბათს, 26 იანვარს, შუადღეზე საჩხერიდან შემდეგი დეპეშა მიიღო: ჩვენმა მრავალტანჯულმა სამშობლომ დაკარგა თავისი სიამაყე, 26 იანვარს ღამის პირველ საათზე გარდაიცვალა აკაკი.

სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა თბილისში და მოედო მთელს საქართველოს. ყველას გონება და გრძნობა მოიცვა ერთმა ფიქრმა: აღარაა აკაკი, ის აკაკი, რომელსაც ერთი ღმერთი სწამდა - ქართველი ერი, ერთი სამლოცველო ჰქონდა - საქართველო, ერთს ეტრფოდა - სამშობლოს თავისუფლებას, ერთი სძაგდა - მისი ქვეყნის მტერი.

რედაქციამ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა აკაკის შვილს ალექსის და დამავალა მე, რომ იმ საღამოსვე გავმგზავრებულიყავი სხვიტორში, რედაქციის სახელით მუხლის მოსადრეკად ახლად მიცვალებულის ცხედრის წინაშე და მონაწილეობის მისაღებად მისი გასვენების თადარიგში.

ჩემთან ერთად წამოვიდნენ სანდრო შანშიაშვილი, ქართველ მწერალთა საზოგადოების წარმომადგენელი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, აკაკის სახის ნიღაბი უნდა გადმოეღო და სხვ. სხვიტორში მივედით ნაშუადღევს, სამშაბათს, ასე ორი-სამი საათი იქნებოდა.

აკაკის ეზოში მგლოვიარე ხალხი იყო თავმოყრილი. ჩვენ პირდაპირ შევედით სახლში. მიცვალებული ასვენია ოთახში, სადაც შეიძლება პირველად იხილა მზე მომავალმა მგოსანმა, სამშობლოს აღდგენის ქურუმმა. ახლა სამუდამოდ დახუჭულია მისი საამქვეყნიო თვალები, ხოლო სახე მისი, მარადისობის შუქით გაბრწყინებული, მოგვაგონებს დიდი იტალიელების დახატულ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სახეს. თეთრი თმა და წვერულვაში ვერცხლისფერს ნათელსა ფენს სახეს, რომელზედაც აღბეჭდილია საუკუნო სიმშვიდე და მდუმარება. აღარ ამეტყველდება მისი ენა, არც სიტკბოსა და სიმწარისათვის, არც ქებისა თუ მრისხანებისთვის. ვუცქერი სახეს და მინდა, რომ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩეს ყოველი მისი მოხაზულობა, ყოველი წერტილი, ნათელი თუ მიჩრდილული. ცხედრის გარშემო ჭირისუფლები დგანან. ჩვენსავით მწარე ფიქრებში არიან ისინიც. ასე ვართ რამდენიმე წუთს. მერე მივუსამძიმრეთ ალექსის. გარეთ გამოვედით. ეზოში დავჯექით და ალექსიმ გვიამბო მამის უკანასკნელი საათები. ძალიან მხნედ და იმედიანად იყო თურმე სიკვდილის წინ, მალე მორჩენას ელოდა, თბილისში წავალთო, ოხუნჯობდა კიდეც.

იმ ღამეს და შემდეგაც ელისაბედ წერეთელმა მიგვიწვია საჩხერეში, მის ორ ვაჟს პირადად კარგად ვიცნობდი, უფროსი ვაჟი წინა ხანებში ომში დაიღუპა. ელისაბედის ოჯახი, ნაშთი ძველი ფეოდალებისა, მდიდარ და განთქმულ წერეთლების, კარგად შეძლებული იყო. ჩვენ ყურადღებით მიგვიღეს და დიდი პატივი გვცეს.

მეორე დღეს სავანეში წავედით. დაგვპატიჟა ერთმა ჩემი გიმნაზიელობის დროის ამხანაგმა აბაშიძემ. ვინახულეთ ის ეზო, სადაც ცელქობდა და თამაშობდა პატარა აკაკი, ის ხეები, რომელთა ჩრდილში იწვრთნებოდა მისი ოცნება. სახლი კი დამწვარიყო რამდენიმე წლის წინათ. სავანელები, სხვიტორელები, საჩხერელები სულ იმას გვეკითხებიან, თუ სად დაასაფლავებენ აკაკის. გვეუბნებიან: იგი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, უყვარდა აქაურობა, იგი ჩვენია და აქ უნდა დაიმარხოს უთუოდო. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ აკაკი მთელ საქართველოს ეკუთვნის, ის უნდა დაიკრძალოს დედაქალაქში, მეორე დიდი ქართველის - ილია ჭავჭავაძის გვერდით, მთაწმინდაზე. ვიდავეთ და ბოლოს დაგვეთანხმნენ.

ვვარაუდობდით, რომ აკაკის დასაფლავება მოხდებოდა ახლობელ კვირას, 1 თებერვალს და, რასაკვირველია, ჩვენ მანამდის საჩხერეში დავრჩებოდით და გამოვყვებოდით პროცესიას. მაგრამ თბილისიდან შეგვატყობინეს, რომ აკაკის დასაფლავება მოხდება მხოლოდ 8 თებერვალს, რადგან გასვენების მოწყობა მანამდე ყოვლად შეუძლებელი არისო. ამის გამო თბილისიდან ჩამოსულები ისევ უკან გამოვბრუნდით, რომ მერე სხვებთან ერთად ისევ წამოვსულიყავით გასვენებაში მონაწილეობის მისაღებად.

დამკრძალავი კომიტეტის დადგენილებით, მიცვალებული გამოსვენებული იქნებოდა სხვიტორიდან ოთხშაბათს, 4 თებერვალს, იმ ღამეს საჩხერეში დარჩებოდა. ხუთშაბათს ღამესაც შორაპანში შევჩერდებოდით და პარასკევს დილით წამოვიდოდით თბილისისაკენ. თანახმად ამ წესისა, კომიტეტის წევრები, მწერლები, პრესის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი ოთხშაბათს დილით ჩავედით სხვიტორში. იქ უკვე უთვალავ ხალხს მოეყარა თავი. უმეტესობა სულ უბრალო გლეხობაა. დაახლოებით მესამე საათზე აკაკის კუბო გამოვასვენეთ მისი სახლიდან. ცოტა შევჩერდით, თითქოს იმისათვის, რომ აკაკი სამუდამოდ გამოთხოვებოდა მამაპაპეულ სახლ-კარს. პროცესია ნელ-ნელა დაიძრა საჩხერისაკენ. გზაში ხალხი გვემატებოდა და საჩხერეშიც ბევრი დაგვხვდა.

ეს დიდებული პროცესია საჩხერიდან შორაპნამდე, შორაპნიდან თბილისამდე, პროცესია თბილისში დაწვრილებით იყო აწერილი მაშინდელ გაზეთებში და მე ამ აწერას არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ: აკაკის კუბოს რომ ყოველ სადგურზე ასე გულწრფელად დამწუხრებული ხალხი ხვდებოდა და დასტიროდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი დასაფლავება, ტირილი, დიდი პოეტის პატივისცემა; ეს თვალცრემლიანი ხალხი ასე მოკრძალებით და სიყვარულით რომ შესცქეროდა აკაკის კუბოს, ცდილობდა ახლოს მისვლას, სიტყვით თუ სხვაფერ უკანასკნელად გამოთხოვებოდა, თაყვანი ეცა მისთვის, ამას ჰქონდა რაღაც ზეადამიანური, რელიგიური ხასიათი. ეს ამოდენა მოდენილი ხალხი მე მომაგონებდა პილიგრიმების შემოკრებას რომელიმე წმინდანის ან ხატის მოსალოცავად. ეს იყო ღვდელმოქმედება და წარმოთქმული სიტყვები მორწმუნეთა ლოცვები.

ჩვენს ხალხს გულით უყვარდა აკაკი. ილიას დიდ პატივს სცემდა და ამ პატივისცემას მისი განსვენებისას ზედ დაერთო ერთნაირი დანაშაულის გრძნობა, ხოლო აკაკის რომ ასაფლავებდნენ, ხალხი გრძნობდა, რომ მის მხრებზე ერის გული იყო შესვენებული. ილიას, გარდა ეროვნულისა, სხვა მოტივებიც აქვს, აკაკის კი მხოლოდ ერთი მოტივი აქვს - პატრიოტიკა. და აქ ვერც ერთი ქართველი პოეტი ვერ ჩაწვდა ხალხის სიღრმეს, როგორც აკაკი. მისი პატრიოტული ლექსები ხალხურ სიმღერებად გადაიქცა. ამ ლექსში ერმა იგრძნო თავის ბედის სიმწარე და მას გაუნათდა გზაც თავისუფლებისა და აღდგენისაკენ...

აქ უნდა მოვიტანო ერთი კურიოზული დამახასიათებელი შემთხვევა. შორაპანში რომ ჩამოვედით, ვინმე ბათუმელმა ჩიქოვანმა ითხოვა, სიტყვა მაქვს დაწერილი და უნდა მათქმევინოთო. კომიტეტის წევრებმა უარი უთხრეს, მაგისთანა მსურველი ძალიან ბევრიაო. ჩიქოვანს ეს ძლიერ საწყენად დაურჩა. მეორე დღეს დილით ადრე შესულიყო სამგლოვიარო ვაგონში, იდგა მარტო აკაკის კუბოს წინაშე და ღაღადებდა თავის სიტყვას იმგვარ კილოთი, როგორც მღვდლები კითხულობდნენ ეკლესიაში...

შორაპანში ახლად ჩამოსულები მოგვემატენ, ზოგნი თბილისიდან იყვნენ, ზოგნი დასავლეთ საქართველოდან. რკინიგზის სამმართველოდან საგანგებო მატარებელი იყო მოცემული თბილისამდე. მთელ ჩვენს ინტელიგენციას მოეყარა თავი ვაგონებში. იყვნენ ყველა მიმართულების და პარტიების წარმომადგენლები, ძველი და ახალი მოღვაწეები. გზაში დიდი პოლიტიკური დისპუტი გაიმართა, იმის გარშემო, თუ როგორ გათავდება ომი და რას მოუტანს საქართველოს. მოკამათენი დანაწილდნენ არა პარტიულ მიმართულების მიხედვით. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ გაიმარჯვებს გერმანიის კოალიცია, მეორენი - საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთიო. პირველების შეხედულებით, გერმანია რომ გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება, ეს გამოიწვევს რუსეთში რეჟიმის დაცემას და საქართველოსაც მოუტანს თავისუფლებასო. ინგლის-საფრანგეთის გამარჯვების მომხრენი კი ამბობდნენ, რომ ინგლისი და საფრანგეთი ომის მოგების შემდეგ აიძულებენ რუსეთს, რომ თავისუფლება გამოაცხადოს. იყო ისეთი აზრიც (გ. ლასხიშვილი), რომ გერმანია დამარცხდება, მაგრამ დამარცხდება რუსეთიც და მოხდება რევოლუციაო...

თბილისში ჩამოვედით მეოთხე საათზე. ცხედარი მივასვენეთ ქაშვეთის ეკლესიაში. დასაფლავება მოხდა მესამე დღეს, 8 თებერვალს. სამგლოვიარო პროცესია ძალიან მოგვაგონებდა ილიას დასაფლავებას. ისევე მოზღვავებული იყო ხალხი, როგორც მაშინ. მთავარი სიტყვები წარმოითქვა ერევნის მოედანზე. პირველად ილაპარაკა ნ. ნიკოლაძემ, აკაკის თანატოლმა. მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქობულეთელმა მაჰმადიანმა ქართველმა კაიკაციშვილმა: მოიგონა თავის მოძმეთა მწარე ბედი და მიმართა აკაკის, დაუბარე შენებს, რომ ცოტა სინათლე შემოიტანონ ჩვენს მხარეშიო. იშვიათის მჭერმეტყველობით იყო წარმოთქმული კიტა აბაშიძის სიტყვა. უკეთესი მე არასოდეს გამიგონია. ვერცხლის ზარის ხმასავით გაისმა მისი წარმოთქმული: «აჰა, დაიმსხვრა ჭურჭელი ძვირფასი!» ერთბაშად დაატყვევა ყველა და სულგანაბულნი აღტაცებით უსმენდნენ დასასრულამდე.

მე სამი წერილი ვუძღვენი დიდებული პოეტის ხსოვნას: «აკაკი აღარაა», «მოვედინ და თაყვანი ვცეთ» და «აკაკი». ჩემი განცდები იყო მაშინდელი საზოგადო განცდები.

საუკუნო განსვენების ადგილამდე მივაცილე საქართველოს ორი უდიდესი შვილი, ილია და აკაკი, ეს ორი მთავარი ბურჯი ჩვენი XIX ს. ლიტერატურის, კულტურის, აღორძინების და იმედის, რა ძვირფასი იყო ეს იმედი იმ დროს, როცა მტრები უკვე სამარეს თხრიდნენ ქართველი ერისთვის. მათ გადაიტანეს უმთავრესად თავისი ზურგით გასული საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხის ნაციონალური რაობა და გადმოსცეს მეოცე საუკუნეს მკვიდრი და განმტკიცებული.

ილია და აკაკი, ამ სახელების ერთიმეორის დაშორება არ უდგება გონებას. ერთს რომ ახსენებ, მეორე მოსდევს თან, რომელი უფრო უყვარდა ქართველ ხალხს? მე ამის პასუხი არა მაქვს. ილია და აკაკი ძნელი გასარჩევია. ორივე ერთნაირად საყვარელია და არ არის დღეს ქართველი მოღვაწე, უდიდესი და უმცირესი, რომლის გული არ ატოკებულიყოს მათი ქნარის ხმით, რომლის სისხლ-ხორცში არ იყოს გამჯდარი მათი მოწოდება მაღალი ადამიანობისა და მამულიშვილობის.

მადლიერმა ქართველმა ერმა ერთი ძეგლი უნდა აუგოს მათ, ორივეს ერთად, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე.

   

8 ზოგიერთები

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთები

ნიკო ცხვედაძე - მე-60 წლების საზოგადო მოღვაწე, წ. კ. საზოგადოების ერთი მთავარ დამაარსებელთაგანი. ნ. ცხვედაძე ამ საზოგადოების გამგეობაში დიდი ხანია იღებდა მონაწილეობას და ჩემსობას და ადრეც თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

ნ. ცხვედაძე ი. ჭავჭავაძის ახლო მეგობარი იყო და შინაურ კაცად ითვლებოდა კონიაკის მწარმოებლის, მდიდარ დ. სარაჯიშვილის ოჯახში და ეს სარაჯიშვილი მისი რჩევით ნიშნავდა სტიპენდიებს და ეწეოდა ქველმოქმედებას. ნ. ცხვედაძე ძალიან მუყაითი მუშაკი იყო, მუდამ რასმე აკეთებდა, ცუდად ყოფნა არ შეეძლო. მის დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა ნების სიმტკიცე, დაჟინება. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ადვილად არ მოეშვებოდა. ნამდვილი ქართლელი ტიპი იყო გამძლე, ძარღვიანი. ამ თავის დაუღალავი ენერგიით, სიმტკიცით და შრომისმოყვარეობით გაჰქონდა საქმე და ამას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან მომავალ ქართულ უნივერსიტეტს წინასწარ დაუმზადა მშვენიერი შენობა. ამ სახლის შენება რომ დაიწყო, ეს ყველას ფანტაზიად, ოცნებად მიაჩნდა და არავის სჯეროდა შენობის დამთავრება.

წ. კ. საზოგადოების სხდომებს თითქმის არასოდეს აკლდებოდა. უბრალო ადამიანი იყო და გამგეობის ახალგაზრდა წევრებს ისე გვეპყრობოდა, როგორც მამა შვილებს, ცოტა მეგობრის, ცოტა უფროსის კილოთი. გამგეობის სხდომების ჟურნალში დადგენილებების ჩაწერა თავის ხელით უყვარდა, თუმცა სწორი ხელი არ ჰქონდა და მისი გამოთქმა ზუსტი და ადვილად გასაგები არ იყო ყოველთვის. ეს ჩვეულებაც ჰქონდა: როგორც კი გასარჩევი საკითხი დაისმოდა, აიღებდა კალამს ხელში, იტყოდა თავის აზრს და შეუდგებოდა ამის ჩაწერას, როგორც საერთო აზრის და დადგენილების. ბ. ნიკოლოზ (ნიკოლაი ზებედეევიჩ)! შესძახებდნენ გამგეობის წევრები, მოითმინეთ, ჯერ არაფერი დაგვიდგენია, ვიმსჯელოთ, ნება მოგვეცით, ჩვენი აზრი მოგახსენოთ. ისიც დინჯად დასდებდა კალამს და მოგვმართავდა: აბა, ბრძანეთო.

საერთოდ სიმპათიური ადამიანი იყო, ერთგული პატრიოტი და ყველა პატივს ვცემდით. ი. ჭავჭავაძე რომ გარდაიცვალა, დადგა საკითხი, თუ ვინ უნდა აგვერჩია წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარედ. იმ დროს რეაქცია თანდათან ძლიერდებოდა და გვეშინოდა, წ. კ. საზოგადოებას რამე არ შემთხვეოდა. ამიტომ საერთო აზრი იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარედ აგვერჩია ვინმე მთავრობის წინაშე დამსახურებული კაცი, რომლის სიტყვას ანგარიშს გაუწევდნენ მმართველი წრეები.გავჩერდით გენერალ გიორგი ყაზბეგზე, რომელსაც ერთ დროს დიდი თანამდებობა ეკავა ჯერ ვარშავაში და შემდეგ ვლადივოსტოკში. გასული საუკუნის 70-იან წლებში მან ოსმალეთის მესხეთში იმოგზაურა და საინტერესო წიგნი გამოაქვეყნა «Три месяца в Турецкой Грузий», რომელიც ძვირფას ცნობებს შეიცავს და დღესაც მოწონებაშია. გ. ყაზბეგს ყველა ისე იცნობდა, როგორც კარგ ქართველს და განათლებულ, ჭკვიან კაცს. ნ. ცხვედაძეს ეს ეწყინა, ფიქრობდა, რომ მისი კანდიდატურა იქნებოდა წამოყენებული.

1908 წ. გაზაფხულზე მოხდა წერა-კითხვის საზოგადოების საერთო კრება და თითქმის ერთხმად საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ. ყაზბეგი. ნ. ცხვედაძე კრებას არ დაესწრო და გამგეობის წევრობაზედაც კენჭი არ იყარა. საზოგადოებამ ის საპატიო წევრად აირჩია. გამგეობამ პერგამენტზე დაწერილი სამადლობელი ადრესი მიართვა, მთელი შემადგენლობით სახლში ეახლა და სიტყვიერადაც დიდი მადლობა მიუძღვნა.

   
     

მარცხნიდან მარჯვნივ: უცნობი პირი: დ. უზნაძე, ს. ფირცხალავა, გრ. ვეშაპელი.

   
     
ნ. ცხვედაძემ თავაზიანად მიგვიღო სტუმრები. მაგრამ მის სახეს ნაღველი და სევდა ემჩნეოდა.    
     

ვაჟა-ფშაველა. ჩემთან რომ შემოვიდოდა, წ. კ. საზოგადოების კანცელარიაში, თუ ზამთარი იყო, მე მაშინვე თითქოს სიცივეს, სუსხს ვიგრძნობდი, გამაჟრჟოლებდა, ასე მეგონა ფშავ-ხევსურეთის თოვლიან-ყინულიან მთებში ვიყავი, ხოლო თუ ეს ცხელ მაისში გაზაფხულში იყო, რაღაც საამო გრილი ნიავი დამიბერავდა და ლაღად ვიწყებდი სუნთქვას.ვაჟა სადაც მივიდოდა, თან მიჰქონდა თვისი ფშავეთი. ის მიჯაჭვული იყო მშობლიურ მთებსა და კლდეებზე. ის მუდამ იქ არ იყო, სხვაგან სწავლობდა, სხვაგან მსახურობდა, საქართველოს გარეთაც უცხოვრია, პეტერბურგში, თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, სხვაგანაც დადიოდა, ხოლო ყველგან მუდამ თან ახლდა მისი მხრის ჯურღმულები, ნაპრალები, ხევები, მაღალი მწვერვალები, ჩანჩქერები, მიყრუებული ზამთარი და გაზაფხულის ქუხილი.

ერთიან გამდნარი იყო ბუნებაში და მისი საკუთარი პიროვნება აღარა ჩანდა. მისი ნუკრი, ჩხიკვი, ია, ხე, კლდე, მართლა თავის საკუთარის გონებით მსჯელობდნენ, საკუთარის ენით ლაპარაკობდნენ და არა ვაჟა-ფშაველას ნაკარნახევს იმეორებდნენ.

ვაჟა ადამიანი, შემოქმედი აღარსად იყო. მის სრულს ანტიპოდს წარმოადგენდა ნ. ბარათაშვილი. ვაჟა ბუნებაში თუ ჰქრება, ეს ბუნება თვით ჰქრება ბარათაშვილში. მთაწმინდა, მტკვარი, არაგვი, სუმბული - ეს სულ ბარათაშვილია, ისე ღრმად შეაქვს პოეტს ყველაფერში თავისი პიროვნება, თავისი მე, თავისი ფიქრები და გრძნობები. გინდათ ჩაეხუტოთ კლდეს, იმიტომ რომ იგი ბარათაშვილის სულითაა გაჟღენთილი და იქ პოეტის გულის ფეთქვა გესმით. ვაჟა-ფშაველა მეტად შებორკილია ბუნებით, თავი ვერ დაუღწევია მისი სიძლიერისაგან. ესაა მისი სისუსტე, ესაა მისი სიდიადე, ტყუილად არ იტყოდა ი. ჭავჭავაძე, ვაჟა სოფელს და მთას არ უნდა მოშორდესო. ბარათაშვილი ბუნებას იმორჩილებს, იპყრობს, თავის მე-დ გარდაქმნის, ვაჟა-ფშაველას კი ბუნება იმორჩილებს და პიროვნებას უკარგავს. ასეთი ფიქრები მომდიოდა, როცა ჩემ წინ ვაჟა-ფშაველა იყო და მეგობრულად ვესაუბრებოდი. ის წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვიდოდა თბილისში და თითქმის ყოველდღე შემოივლიდა წ. კ. საზოგადოებაში. «ცნობის ფურცლის» რედაქციაშიც შევხვდებოდით ერთმანეთს.

თბილისში რომ ჩამოვიდოდა, ამბების დამშეული იყო, და უნდოდა ყველაფრის გაგება, მთელი ქვეყნის, ნამეტან კი საქართველოსი. გვეშველება რამეო? ეს იყო მისი საწუხარი და მარტო მისი?

მე ვიყავი მისი ინფორმატორი. თუ საერთო მსჯელობა იყო, მონაწილეობას მიიღებდა. ცოდნა-განათლება არ აკლდა. ენა უჭრიდა, მაგრამ ჩანდა მისი პრიმიტივობა, ზევით რომ ვთქვი. ღარიბად იყო, ოცნებობდა, თვეში ერთი თუმანი მაინც მქონდეს უტყუარი შემოსავალიო. თბილისში ჩამოსვლისას რედაქციებს დაუვლიდა, ხუთ-ათ მანეთობით შეაგროვებდა თავისი ნაწერების ჰონორარს.

წ. კ. საზოგადოების კრებასაც მიადგებოდა და ითხოვდა ოთხ-ხუთ თუმანს ან სესხად, ან დახმარებად, ან ავანსად რომელიმე მისი დასაბეჭდი თხზულების ანგარიშში. უარს თუ მიიღებდა, მაინც არ მოგვეშვებოდა, თხოვნას გაიმეორებდა, აბა რა ექნა! გაჭირვებულ ქართველ მწერალს შემწყალებელი და გამკითხველი არავინ ჰყავდა, გარდა წ. კ. საზოგადოებისა, რომლის სალაროში ყოველთვის მცირე თანხა იყო.

ვაჟა-ფშაველას მძიმე მდგომარეობას რომ ვხედავდი, მინდოდა რითიმე დავხმარებოდი. ერთხელ ვურჩიე, შილერის ტრაგედია «ორლეანელი ქალი» გადმოეთარგმნა და წარმოედგინა გამგეობაში, ეგებ გამოეცათ და სასყიდელს მისცემდნენ. ვაჟამ მოკლე დროში შეასრულა თარგმანი და მიუტანა გამგეობას, რომელმაც ი. ჭავჭავაძეს გადასცა გასასინჯად. ილიამ არავითარი დასკვნა არ წარმოადგინა და წიგნი გამოუცემელი დარჩა.

მე შილერის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. მის პიესებს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი. «ორლეანელი ქალის» ქართულ სცენაზე დადგმა ფრიად სასარგებლოდ მიმაჩნდა და ვურჩიე დრამატულ საზოგადოების გამგეობას, 1904 წელს სეზონი «ორლეანელი ქალის» წარმოდგენით დაეწყო. გამგეობა დამეთანხმა და მაშინვე მივწერე ვაჟას:

«ძმაო ვაჟა, როგორც კი მიიღო ეს წერილი, დაუყოვნებლივ აფრინე შენი «ორლეანელი ქალი». მაგ პიესით გაიხსნება სეზონი 23 სექტემბერს. ამიტომ ახლავე უნდა შევუდგეთ მზადებას. მერე «საზოგადოებასაც» გამოვაცემინებთ».

ვაჟასგან პასუხი ვერ მივიღე. წერილი გავუმეორე, სხვამაც მისწერა, ხოლო შედეგი არ მოყვა რატომღაც, და შილერის პიესის ქართულ სცენაზე წარმოდგენა არ მოხერხდა.

დრამატულ საზოგადოებას საბოლოოდ არ აუღია ხელი «ორლეანელ ქალზე». რამდენიმე ხნის შემდეგ განიზრახა მისი გამოცემა სურათებით და მთარგმნელს მოგების ნახევარს ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, ესეც განუხორციელებლი დარჩა.

1908-1909 წწ. ჩემს ჟურნალს «ფასკუნჯს» ვბეჭდავდი «სორაპანის» სტამბაში. ამ სტამბის პატრონი მ. გაჩეჩილაძე წიგნების გამომცემლობასაც ეწეოდა. განიზრახა ქართულ და უცხო ნაწარმოებების გამოცემა პოპულარული სახით. მე ვურჩიე, ერთ-ერთ წიგნად გამოეცა ვაჟა-ფშაველას ლექსების პატარა კრებული. ვიკისრე მოლაპარაკება პოეტთან და გავარიგე. ვაჟას უნდა მიეცა მ. გაჩეჩილაძისთვის რამდენიმე ახალი ლექსი. ვაჟამ რატომღაც ყველა დაპირებული ლექსი ვერ ჩააბარა მესტამბეს და მათი დავა სამედიატორო სასამართლომ გაარჩია. მე ვფიქრობდი, რომ ვაჟამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ამის გამო ცოტა უკმაყოფილო იყო ჩემი. მაგრამ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა არ შეცვლილა.

1909 წ. აგვისტოს 30, ილიას მოკვლის დღეს, მისი პატივისმცემელნი წიწამურში წავედით. მე და ვაჟამ მთელი გზა მცხეთიდან ერთად ვიარეთ და ტკბილად, მეგობრულად ვბაასობდით ჩვენი ცხოვრების საკითხებზე. უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა მოხდა 1915 წ. ივლისში. ვაჟა-ფშაველა ავადმყოფი იწვა ლაზარეთში, რომელიც მოთავსებული იყო ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში.

არ მომეწონა ოთახის მორთულობა, რაღაც ყაზარმული, სამხედრო სახე ჰქონდა, ვერსად ვხედავდი მზრუნველის ხელს და ყურადღებას, ვაჟა მარტოდ იყო, რაღაც მიტოვებული. ესეც არ მიამა. ავადმყოფი ძალიან გაახარა ჩემმა მისვლამ, თითქოს ძვირფასი რამ საჩუქარი მიმეტანოს. გამოცოცხლდა, მის სახეს ღიმილი დაეტყო. ვისაუბრეთ ნელ-ნელა. გულნატკენი იყო, ნაცნობები და მეგობრები არ მოდიან, არ მნახულობენო, მითხრა. ქართველებმა მკვდრის დამარხვა კარგად ვიცით, ცოცხალს ყურადღებას არ ვაქცევთო. დიდხანს არ დავრჩენილვარ. ძალზე მისუსტებული იყო და შემეშინდა, არ დაიღალოს სხვადასხვა ამბების გახსენებით-მეთქი. რომ გამოვეთხოვე, მთხოვა და მეც დავპირდი, მალე გინახულებ-თქვა, მე ეს ვერ შევასრულე.

როგორც აკაკი გარდაცვალების წინ თავს კარგად გრძნობდა, ასე თურმე ვაჟა 27 ივლისს დღისით მხიარულად იყო, ოხუნჯობდა, საღამოს კი გათავდა.

ვაჟას სურათი მქონდა, ფანქრით დახატული (ვისი?). პოეტმა მოკლე ლექსი მიძღვნა და საკუთარის ხელით დააწერა ამ სურათს. სად არის ეხლა ეს სურათი, არსებობს კიდევ თუ არა, არაფერი ვიცი.

   
     

რ. ევდოშვილი ირ. ევდოშვილი  თავისებური პოეტია. მას საკუთარი, განსხვავებული ადგილი ეკუთვნის ქართულ ლიტერატურაში. მისი ლირა სევდიანია, ნაღველს და მწუხარებას, გაჭირვებულთა მწარე ბედს გვიხატავს.

ირ. ევდოშვილი რევოლუციური ეპოქის შვილია, ბრძოლისათვის მოგვიწოდებს, ბრძოლას უგალობს და ამ ბრძოლის ველზე დაღუპულ გმირებს. იგი გულწრფელი პოეტია, მისი სიხარული და კვნესა გულიდანაა გამოსული და გულს სწვდება. ესაა მისი პოეზიის დამახასიათებელი თვისება. ამიტომ უყვარს ხალხს ირ. ევდოშვილი. ის მასის, ქუჩის პოეტია.

მის შემოქმედებაში შეიძლება ორი პერიოდი იყო: ჯერ მხოლოდ სოციალური მოტივები აინტერესებდა უფრო, მერე კი სამშობლოს სიყვარული და მშობელი ერის თავისუფლება მიიპყრობს დიდ ყურადღებას. ხოლო მისი განცდები ყოველთვის წრფელია, მისი ლექსი გულითადია, სავსე გრძნობით და გრძნობის ამძვრელი.

ი. ევდოშვილი მე ადრე გავიცანი, თბილისში ჩამოსვლისთანავე. «კვალის» რედაქციაში ნაცნობები მყავდა. იქ ის ხშირი სტუმარი იყო, თანამშრომელი, დროგამოშვებით წ. კ. საზოგადოებაშიც შემოივლიდა, შ. მღვიმელს, ი. ეკალაძეს, ვაჟას და მის ძმებს მეგობრობდა, უყვარდა მათთან პურის ჭამა. ესწრებოდა წ. კ. საზოგადოების საერთო კრებებს, კამათში ცხარე მონაწილეობას იღებდა.

მე რომ «გლეხის» და «მიწის» გამოცემა დავიწყე, ი. ევდოშვილი ძალიან დამიახლოვდა. მოსწონდა ჩემი გამოცემა. თითქმის ყოველი ნომრისათვის მაძლევდა ლექსს, ბარე ორჯერ სატირული ფელეტონიც მომაწოდა. ასევე ერთგული თანამშრომელი იყო «მზის» - «ფასკუნჯის», რომელსაც საკუთარ ჟურნალად სთვლიდა.

მეტად აწუხებდა რეაქციის წამოდგომა, თითქოს გრძნობდა, რომ ის პირადად მას მისწვდებოდა. მართლაც, 1909 წ. დაატუსაღეს, რამდენიმე თვეს იჯდა ციხეში და, როცა 1910 წ. მეც მეტეხში მიმიყვანეს, იქ ვნახე, სხვადასხვა განყოფილებაში ვიყავით და ხანდახან შემთხვევით თუ მოვკრავდი თვალს.

ახალი შემოდგომა იყო. ერთ დღეს მეტეხის ეზო ერთბაშად ახმაურდა. გამოვიდნენ ზედამხედველები და ჯარისკაცები, შეიქმნა რაღაც ფაცაფუცი. სალდათებმა თოფები მოიმარჯვეს. გამოვიდა ციხის უფროსი, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს დიდი დღესასწაულისათვის ემზადებოდა. ტუსაღები, რომელთა სარკმლები ეზოში გადიოდა, დიდი გაკვირვებით ვუყურებდით ამ ამბავს. ახმაურდა საკნების ურდულები და გამოიყვანეს ციმბირში გასაგზავნი ხალხი - კატორღელები და გადასახლებულები. ზოგს ბორკილი ედო ხელ-ფეხზე. ყველა შეაქუჩეს და გარშემო ჯარისკაცები დაუდგნენ. მათში დავინახე ირ. ევდოშვილი, სახე გამხდარი, დალეული. მხარზე ჩანთა ეკიდა და ხელში მსუბუქი ბარგი ეჭირა.

«იროდიონ!» მივაძახე ჩემი ოთახიდან. შემომხედა, თავი დამიქნია, მწუხარება ამოვიკითხე მის სახეზე. თვალები მაინც უბრწყინავდა.

წაიყვანეს განწირულები, გაუმაძღარი იმპერიალიზმის და თვითმპყრობელობის მსხვერპლნი. ვინ იცის, ვის ეღირსება მათში სამშობლოში დაბრუნება. ირ. ევდოშვილი ორი თუ სამი წლის შემდეგ დაბრუნდა უკურნებელი სენით დაავადებული, ჭლექიანი.

1913 წ. წაღვერში იყო ავადმყოფი. ზაფხულში რამდენიმე კვირა მეც იქ გავატარე და ვნახულობდი იროდიონს მის ბინაზე. იწვა ლოგინში მილეული, მაგრამ ცოცხალი თვალებით. ვიგონებდით გარდასულს, იმედით შევყურებდით ჩვენი ქვეყნის მომავალს. თავის საკუთარ ბედს გრძნობდა. სწყუროდა კი სიცოცხლე და ყოველს, სულ მცირე სიტკბოს გადამეტებულად აფასებდა. მეც მიმადლოდა ფრიად, მთხოვდა, მალ-მალე მინახულეო.

შემდეგ მსოფლიო ომი დაიწყო და ომის ამბებმა გაგვიტაცა ყველა.

პ. უმიკაშვილი. ალ. სარაჯიშვილი. ბევრი შემხვედრია ჩემს სამწერლო გზაზე, თითქმის ყველა ქართველ მწერალს, ხელოვანს, საზოგადო მოღვაწეს ვიცნობდი თბილისში, ბევრთან მქონია სხვადასხვა სახის დამოკიდებულება, და ახლა წარსულისაკენ რომ მივიხედავ, ყველა მათი სახის გამომეტყველება ნათლად დამეხატება თვალწინ. მათში არიან ადამიანები, რომელთა პიროვნება ღრმადაა ჩაბეჭდილი ჩემს გულში და რომელთა გახსენება დღესაც მახარებს, ცხოვრებას მაგებინებს და ხალისს და რწმენას მიმატებს. ზოგი მათგანი უკვე ვახსენე, ახლა მინდა კიდევ ორი ძვირფასი ქართველი მოვიგონო.

ხშირად არა, მაგრამ მაინც გვეწვეოდა პეტრე უმიკაშვილი, ძველი თაობის მოღვაწე, მწიგნობარი. მისი ეს იშვიათი მოსვლა მეტად გასახარი იყო. შემოდის დინჯად, ნელი ნაბიჯით. მის სახეზე ტკბილი ღიმილია, რომელიც თავიდანვე კეთილგანწყობილებას გვამცნობს. მისალმების შემდეგ მკითხავს, როგორა ვარ, მეც მის ჯანმრთელობას ვიკითხავ. შევლაპარაკდებით, ყველაფერს მიმოვავლებთ თვალს.  

   
     

შემოდის დინჯად, ნელი ნაბიჯით. მის სახეზე ტკბილი ღიმილია, რომელიც თავიდანვე კეთილგანწყობილებას გვამცნობს. მისალმების შემდეგ მკითხავს, როგორა ვარ, მეც მის ჯანმრთელობას ვიკითხავ. შევლაპარაკდებით, ყველაფერს მიმოვავლებთ თვალს.

   
     
ჩემს უკანასკნელ ფელეტონს გაიხსენებს, კმაყოფილია, მოსწონს. თუ რამ ნაკლი ნახა, მეტყვის, არ მომერიდება. მისი დაძრახვა მეგობრული კილოსია, სიტყვაში გესლს არ გაურევს. ქართველი ხალხის გამოფხიზლებას ხედავს, უხარია. იგონებს განვლილ მწარე დროს. განსაკუთრებით შეხარის ახალგაზრდობის მუშაობას, ყველა პარტიას და დაჯგუფებას ერთნაირად არ უყურებს, მაგრამ მტრობა არავისი არა აქვს. მთელი ახალგაზრდობის მამაა, ყველა უყვარს. დარიგებაც იცოდა, მორიდებით, ფრთხილად, საწყენად არ დაურჩესო. მისი გულწრფელი სიტყვა გულს სწვდება, შეიძლება მთლად არ დაიჯერო, მაგრამ გვერდზე ვერ ჩაუვლი, ანგარიშს გაუწევ.    
     

ელ. გოგოლაშვილი, ნ. პოლტორაცკაია-თაყაიშვილი, ე. თაყაიშვილი, ს. ფირცხალავა ქართველ ემიგრანტთა ბავშვებთან ერთად საფრანგეთის სოფ. ლევილში, 1927 წელს.

   
     

სულ საქართველოს საქმეების გარშემო ტრიალებს. ხოლო განსაკუთრებული სიყვარული აქვს წიგნის, წიგნით სუნთქავს. წასვლისას ისე გამომეთხოვება, თითქოს უკანასკნელად მხედავდეს. რა ტკბილია მანუგეშებელი ასეთი ადამიანის მოგონება!

ალექსანდრე სარაჯიშვილმა 25-30 წელიწადი სახელმწიფო სამსახურში გაატარა, მაგრამ ლიტერატორად იყო დაბადებული, იშვიათი მოყვარე მწერლობის, მწიგნობრობის. იცოდა, ნაბეჭდში თუ ნაწერში, ძველსა და ახალში, კარგად ჩახედავდა. იქ ისეთ რასმე აღმოაჩენდა, რასაც ყველა ვერ ხედავდა.

ქართული ენა მშვვენივრად იცოდა და კარგი სტილისტი იყო. ლამაზად თარგმნიდა დასავლეთის და აღმოსავლეთის პოეტურ ნაწარმოებებს. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი და მისმა «ვეფხისტყაოსნის ყალბმა ადგილებმა» დიდად შეუწყო ხელი რუსთაველის შესწავლას. პატარ-პატარა ორიგინალურს არაკებსაც წერდა, მარილიანს, იუმორისტულს და სატირულს. დიდი თანაგრძნობით მოეგება «ფასკუნჯის» დაარსებას. ძალიან აინტერესებდა მისი ბედი, აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა ამნაირი ლიტერატურულ-მხატვრული ორგანოს არსებობა. მეხმარებოდა მეგობრულად, რჩევით, სხვადასხვა მასალების მოწოდებით.

ალ. სარაჯიშვილი მარჯვენა ხელი იყო ექ. თაყაიშვილის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებასა და მოწყობილობაში. მას ახასიათებდა თავმდაბლობა. უყვარდა საქმის გაკეთება და ნაკლები ლაპარაკი, ერიდებოდა თავის გამოჩენას.

   

9 ცენზურა და პრესა

▲ზევით დაბრუნება


ცენზურა და პრესა

მე რომ მწერლობა დავიწყე, ქართული ენის ცენზორად იყო გ. ჟურული, ის კარგა ხანია ცენზორობდა. მის წინ რაფ. ერისთავი იყო ცენზორად და კიდევ ადრე ისარლიშვილი, რომელიც ძლიერ სასტიკი იყოო. გ. ჟურულიც ავიწროებდა ქართულ გამოცემებს.

თვითმპყრობელობის დროს წიგნების და გაზეთების ცენზურას განაგებდა ეგრეთწოდებული საცენზურო კომიტეტი, რომლის ნების დაურთველად ერთი სტრიქონი ვერ დაიბეჭდებოდა. ამ კომიტეტს თბილისში შეადგენდნენ თავმჯდომარე, ორი უფროსი ცენზორი: ერთი ევროპული ენებისა, მეორე - რუსულისა, ორი უმცროსი ცენზორი - ქართულისა და სომხურის, სტამბების და წიგნის მაღაზიების მეთვალყურე ინსპექტორი და მდივანი, სულ შვიდი კაცი.

ქართული ენის ცენზორი ქართველი იყო. ამ თანამდებობაზე, რასაკვირველია, სანდო პირს ნიშნავდნენ, რომელსაც ზევიდან დირექტივები ეძლეოდა და იმყოფებოდა კომიტეტის უშუალო კონტროლის ქვეშ. ცენზორს დავალებული ჰქონდა სასტიკად ედევნებინა თვალყური განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობისათვის. რომელიმე უბრალო მოვლენა პატარა ერის ცხოვრებაში მთელ ალიაქოთს იწვევდა. თვით არსებობა არარუსი ერებისა უკანონობად და დანაშაულად იყო მიჩნეული. «ინოროდცებს» ითმენდნენ მხოლოდ, ითმენდნენ იმის მოლოდინში, რომ ყველანი ისინი მალე გარუსდებოდნენ.

ასეთი მტრული განწყობილების პირობებში ქართული პრესა (ისე როგორც სხვა ბევრი) დიდ შევიწროებას განიცდიდა ცენზურისაგან. საქართველოში ცენზურა უფრო მძაფრი იყო, ვიდრე შიდა რუსეთში. ხშირად ხდებოდა, რომ ქართულ გაზეთს უკრძალავდნენ ამოეღო ცნობები რუსულ გაზეთებიდან და გადმოეთარგმნა რუსულ ლიბერალურ გამოცემების თუნდაც მეტად ფრთხილი და ზომიერი წერილები.

ცენზურას (ან უკეთ მის პატრონს, თვითმპყრობელობას და იმპერიალიზმს) ორი რამ აფრთხობდა: რევოლუციური მოძრაობა ეკონომიურ-სოციალური ხასიათისა მუშებსა და გლეხებში და არარუსი ხალხების ეროვნული გამოღვიძება. ცენზურა არ უშვებს ცნობებს გაფიცვების შესახებ რუსეთში თუ უცხოეთში. არ შეიძლება დაიბეჭდოს ამბავი გლეხების შეტაკებისა მემამულეებთან. ცენზორი წითელი მელნით გადახაზავს, როგორც მავნებელს, ასეთ უბრალო ცნობას: თბილისის ცხენის რკინიგზაზე მომუშავეებს ხელფასი დაუკლეს, ისინი გაიფიცნენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვეღარ გაუძლეს გაჭირვებას და დამორჩილდნენ პატრონებს. სერბიაში მუშებმა სოციალ-დემოკრატიული პარტია დააარსეს და ამის გამო მანიფესტაცია გამართეს. ამის გამოქვეყნება უკანონობად მიიჩნია ცენზურამ. ასევე შეუძლებლად დაინახა გამჟღავნება იმის, რომ ქუჩაში მთვრალი ჟანდარმი ნახეს, რომ ამა და ამ საპატიმროში დიდი უსუფთაობა აღმოაჩინა პროკურორმა, რომ ციხიდან ტუსაღი გაიქცა, რომ ოდესაში სექტანტებმა ითხოვეს ნებართვა სალოცავად შეკრებისა და სხვ. აკრძალულია დაბეჭდვა ისეთი სურათებისა, რომლებიც გამოხატავენ იმპერატორის ჯარის დამარცხებას რუსეთ-იაპონიის ომში.

მაგრამ ასეთ ამბებს, როგორც საზოგადო მოვლენებს, ცენზურა შედარებით უფრო ლმობიერად უყურებს, მათი ეშინია, ხოლო ფიქრობს, ეს საყოველთაო «ჭირი და უბედურებაა». მას უფრო აშფოთებს არარუს ერების ამოძრავება, საზოგადოდ ეროვნული გრძნობის გამოცხადება. ქართულ გაზეთს არა აქვს ნება დასტამბოს წერილი სილოვან ხუნდაძისა იმის შესახებ, საჭიროა სწავლება დაწყებით სკოლებში დედაენაზე წარმოებდეს. ცენზორისაგან წაშლილია ახალი ამბავი, რომ სვანეთის და სამეგრელოს სკოლებში სწავლება რუსულად იქნება და ქართული სრულიად განდევნილი იქნება, რომ სამეგრელოში რუსულის სწავლება მუნჯურის მეთოდით იქნება, რომ ფინლანდიაში ამიერიდან სახელმწიფო დახმარება არ მიეცემა იმ სკოლის მასწავლებელს, სადაც რუსული ენის სწავლება ცუდადაა დაყენებული და სხვ. არ შეიძლება დაბეჭდვა ისეთი ცნობებისა და წერილებისაც, რომლებიც ეხებიან უცხო ქვეყნების მოძრაობას და ბრძოლას.

საქმეს ოდნავად არ შველოდა ის გარემოება, რომ ქართულ გამოცემას ქართველი ცენზორობდა. პირიქით, ხანდახან ეს მავნებელიც იყო. ქართველმა ცენზორმა საქართველოს ცხოვრების ყოველი ავი და კარგი იცოდა, რა მიდრეკილება, რა აზრები, რა ხმები ტრიალებდა ქართველებში და თუ რომელიმე მოხერხებული მწერალი შეეცდებოდა მიხვეულ-მოხვეული გზით, მიკიბულ-მოკიბული ენით, ქარაგმებით, იგავებით ფარულად თავის ეროვნულ ზრახვების შეპარებას, ქართველი ცენზორი ამას ადვილად მიუხვდებოდა და წითელ მელანს გადაუსვამდა დაწერილს.

ასე იყო, მაგალითად, გ. ჟურულის ცენზორობის დროს, რომლის ხელში მეტად შევიწროებულნი ვიყავით ჟურნალისტები. ჩვენი აზრების გაპარების საშუალებას მოკლებულნი ვიყავით და სულს მოვითქვამდით, როცა ხანდახან გ. ჟურული შვებულებაში წავიდოდა ან ავად გახდებოდა და მის მაგიერ ქართულ გაზეთს ცენზორობას უწევდა ქართულის მცოდნე უფროსი ცენზორი ქიშმიშოვი. გ. ჟურული რომ რასმე აკრძალავდა, მორჩა, გათავდა, არა ეშველებოდა რა, ქიშმიშოვთან კი მოლაპარაკების გამართვა გვშველოდა და ხანდახან დაგვითმობდა და წაშლილის აღდგენის ნებას მოგვცემდა.

მაგონდება ერთი შემთხვევა: შუა ზაფხული იდგა, ძლიერ ცხელოდა. ცენზორმა ქიშმიშოვმა ჩემი ფელეტონი მეტად შელახა. გაზეთის ნომრის გამოსვლა ფერხდებოდა, არაფერი გვქონდა მომარაგებული ცარიელი ადგილის შესავსებად. მირჩიეს, წადი ქიშმიშოვთან, პირადად მოელაპარაკე, ეგებ შეგვიბრალოსო.

მივედი, დავრეკე და კარგა ხანს მომიხდა ცდა. ბოლოს, როგორც იყო, გაიღო კარი. ჩემს წინ ხანში შესული კაცი იდგა, თეთრი საცვლების ამარა. სიმპათიური გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, სიცხე ძლიერ აწუხებდა, წამდაუწუმ ოფლს იწმენდდა. ვინა ხარ, რა გინდაო? მკითხა. მეც ავუხსენი, თუ რისთვის მივედი. ჰო, მე რაც წავშალე თქვენს წერილში, ის უნდა ამოიღოთ, მთავრობის საწინააღმდეგოა. გავმართეთ კამათი. მე ვუმტკიცებდი, თუ არაფერს გვათქმევინებთ, გაზეთის გამოცემას რა აზრი ექნება. ის თავისას ამბობდა. არ მოვეშვი. სიცხე და ოფლი უფრო და უფრო აწუხებდა. შემატყო, რომ არ ვშორდებოდი, ხელი ჩააქნია და მითხრა: კარგი, კარგი, გაუშვით, თავი დამანებეთ. გამომართვა საცენზურო ამონაბეჭდი ფურცელი და წაშლილი ადგილები კვლავ აღადგინა დასაბეჭდად.

გ. ჟურულის შემდეგ პ. გოთუა იყო ცენზორად, რომელიც ფართოდ გვაძლევდა თავისუფლებას. მას მოყვა ან. ღულაძე, ესეც არ გვავიწროვებდა მაინცდამაინც. უკანასკნელი ცენზორი იყო ივ. პოლუმორდვინოვი, რომელიც კანონს ემორჩილებოდა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, რაც შეიძლება, რბილად და ლმობიერად მოგვპყრობოდა და არ დავზიანებულიყავით. გვაფრთხილებდა წინდაწინ, თუ რამ ხიფათი მოგველოდა. მე პირადად, სხვათა შორის, ისიც შემატყობინა, შენს სახელზე ფოსტით მოსულ ბარათებს ჟანდარმერია სინჯავსო.

საერთოდ, მე პირადად ცენზურას ძალიან არ ვუყვარდი. დაეჭვებით და შიშით ხვდებოდა ყოველ ჩემს წერილს, რამე არ იყოს დაფარულიო. პირველ ჩემს ფელეტონურ წერილებს სათაურად დავარქვი «ფიქრები, მხოლოდ ფიქრები». ამით ის მინდოდა მეთქვა, რომ რასაც ვწერ, ეს მხოლოდ ფიქრებია, აზრები და არა რამე საქმე და მოქმედება და მარტო ფიქრი აბა რა საშიშია. ცენზურას ესეთი სათაური არ მოეწონა და კინაღამ წამიშალა.

მერე რეგულარულად საკვირაო ფელეტონების წერა რომ დავიწყე, მათ «პატარა ამბების» სახელი ვუწოდე. პირველ ფელეტონში განვმარტე ასეთი აზრი, რომ დღევანდელი პატარა ამბები ამზადებენ მომავალ დიდს ამბებს, ამ ფელეტონიდან ცენზურამ დიდი ადგილი ამოშალა, სადაც ნათქვამი იყო: ...«პატარა ამბებიც მოსჭამენ თავის დღეს და ჩვენც ვეღირსებით უკეთეს ამბებს. ოქროს დრო ჩვენს უკან კი არაა, არამედ ჩვენს წინაა! დავცინით იმ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ პატარა ამბებს წამოაყენებს წინ, იგი არ არის სანატრელი, და გავიხედოთ წინ, წინ!.. ვერავითარი ძალა ვერ აღმოფხვრის ადამიანის გულიდან სურვილს ადამიანურ ცხოვრებისას» და სხვ.

რევოლუციური მოძრაობა რომ დაიწყო ამ საუკუნის დასაწყისიდან, ცენზურის გარდა, პრესას ახალი ზედამხედველი და ბატონი გაუჩნდა: ადმინისტრაცია, ჟანდარმერია, პოლიცია. გაზეთები ხშირად იკეტებოდა, ეს თითქმის სულ ადმინისტრაციის განკარგულებით, რომელიც უფრო შეუბრალებელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ცენზურა. უბრალო მიზეზი საკმარისი იყო გაზეთის დასახურავად და მისი რედაქტორის დასატუსაღებლად. ჩემი «გლეხი» და «მზე» თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით დაიკეტა, «ცნობის ფურცლის» ჯალათიც გენერალ-გუბერნატორი იყო.

ადმინისტრაცია წიგნებსაც სდევნიდა და არა ერთი და ორი გამოცემის კონფისკაცია მოახდინა. 1906 წ. ბოლო იყო, სტამბიდან ახლად დაბეჭდილი «საგლეხო კალენდარი» მომქონდა, ყოფილ ვორონცოვის ხიდთან პოლიციელმა (მილიციონერმა) გამაჩერა, წიგნები რომ დაინახა, წამიყვანა პოლიციაში, სადაც დიდხანს მაცდევინეს განუკითხავად. ჩემს ბედზე პოლიცმეისტერმა (პოლიციის უფროსმა) შემოიარა და რატომღაც კარგი თვალით შემომხედა. იკითხა, რატომაა დაკავებულიო. უთხრეს: დაბეჭდილი წიგნები მოჰქონდაო. ბოქაულს უბრძანა: გასინჯეთ ახლავე და თუ საამისო არაფერია, გაუშვითო. გასინჯეს და რა ნახეს, კალენდრები იყო. გამათავისუფლეს.

უკვე ვთქვი, რომ ცენზურა მეტად მემტერებოდა. არა მარტო ადგილებს წამიშლიდა და აკრძალავდა, ხანდახან მთლად აკავებდა ფელეტონს და რედაქცია იძულებული იყო, ჩემი ფელეტონის ადგილზე შემდეგ ფართო განცხადება მოეთავსებია: «დღეს «სიტყვას» (ჩემი ფსევდონიმი) «პატარა ამბები» ვერ იბეჭდება».

ასეთი პირობების მიზეზით იყო, რომ 1906 წ. ჩემს ფელეტონებს სხვა სახელი დავარქვი: «დღევანდელი ამბები» და ფსევდონიმიც გამოვიცვალე, «სიტყვის» ნაცვლად «იგივე» მოვაწერე. ვფიქრობდი, ამით ეგებ, დროებით მაინც, სასტიკად არ დამტაკებოდა ცენზურა და პოლიცია ჩემი ძველი «ცოდვების» გახსენების წყალობით.

შეიძლება ეს თავის მოტყუება იყო და მტერმა თავიდანვე კარგად იცოდა, რომ «იგივე» «სიტყვის» განმეორება იყო.

   

10 შიო ჩიტაძე - ძვირფასია მისი მოგონება

▲ზევით დაბრუნება


შიო ჩიტაძე - ძვირფასია მისი მოგონება

ხვალ ათი წელიწადი შესრულდება, რაც ვერაგულად იქნა მოკლული შიო ჩიტაძე, ერთი საუკეთესო წარმომადგენლეთაგანი ჩვენი თაობისა, ერთი ძვირფასი ჩვენი ამხანაგი და თანამებრძოლი. განსვენებულმა რუსეთში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, ხოლო გული სულ სამშობლოსკენ იზიდავდა, იქ უნდოდა ფართოდ გაეშალა თავისი ნიჭი თუ საქმიანობა და 1904 წელს კიდევ მოახერხა ტფილისში გადმოსახლება. დიდხანს არ დასცალდა, მაგრამ ეს მცირე დრო სრულიად საკმარისი იყო, რომ კეთილშობილური სახის გამომეტყველება, მისი მტკიცე, ბეჯითი სიტყვა და შრომის უნარი ღრმად ჩაბეჭდოდა ყველას გულში. შიოს ერთბაშად მიაქცია ყველამ ყურადღება და ყველა ნათლად ჰხედავდა, რომ ჩვენს საზოგადოებას შეემატა ახალი მრავალმხრივ მდიდარი ძალა, რომლისთვის სამოღვაწეო ასპარეზი ჯერ წინ იყო გადაშლილი.

უბრალო ქართლელი გლეხის შვილი, ჩვენი ქვეყნის წიაღში და მშობელი ხალხის კალთაში გამოზრდილი შიო ნათელი გამომსახველი იყო ამ ხალხის უდიდეს თვისების და სულიერ მისწრაფების. მას განცდილი ჰქონდა პირადად მთელი ვაება ჩვენის აწინდელის ცხოვრების, პირადად ჰქონდა განვლილი სიმწარე შელახული უფლებისა, ადამიანის ღირსების გათელვისა და ისე ეწაფებოდა თავისუფლებას, როგორც ჰაერს. გაბედულად და თავდაუზოგველად მიემხრო რევოლუციის მებრძოლთ და სიტყვით თუ საქმით პირველთა შორის იდგა. მისთვის თავისუფლება და სამართლიანობა არ იყო განყენებული მცნება, არამედ განარსებული და ხორცშესხმული განსაზღვრულ წრესა და ხალხში. ამიტომ თავისუფლება დასახული ჰქონდა ყოვლის უწინარეს, როგორც თავისუფალი ქართველი ერი და სოციალური სამართლიანობა, როგორც ბორკილების დამმსხვრევი ქართველი მშრომელი ხალხის მიერ.

ეს ხალხის შვილობა აშკარად სჩანდა შიოს გარეგნულობაში, მის ლაპარაკსა და მსჯელობაში. მისი სიტყვა ყოველთვის მარტივი იყო, უბრალო, სადა, მაგრამ ყოველთვის მკვეთრი, ძლიერი, მაგარი, რომლის შერყევა ისე ძნელია, როგორც მიწაზე ფეხმოდგმულ ჩვენებურ გლეხისა. ასეთი იყო მისი მოქმედება, რომელიც ყოველთვის საქმიანი იყო, მტკიცე პრაქტიკული, სინამდვილის ნიადაგს ემყარებოდა, მაგრამ ამავე დროს ასულდგმულებდა იდეალისტური მისწრაფება, მაღალი სული, რწმენა და აღფრთოვანება. მისი საქმიანობა არასოდეს ყოფილა წვრილმანური, გაჟღენთილი ვიწრო პრაქტიციზმით, არამედ მარად აშუქებდა დიდებული სხივი მომავლის. მისი მახვილი და შორს ღრმად გამსჭვრეტი თვალები დღეის იქით ნათლად ჰხედავდნენ ხვალეს და ეს თვისება ყველაზე უფრო ძვირფასი იყო და ამით განსვენებული ჩიტაძე არსებითად განსხვავდებოდა ჩვენი დროის მოღვაწეებისაგან, რომელნიც ერთიან ჩამხრჩვალნი არიან ვიწრო პრაქტიკულობაში. შიო რომ ქართულ გიმნაზიის გამგედ მიიწვიეს გაძლიერებული განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, თავიდანვე გამოიჩინა თავისი არაჩვეულებრივი საქმიანობა. საყოველთაო არევ-დარევის ჟამს, როცა უკიდურესი თავისუფლების ქადაგება ადვილად ჰპოულობდა ნიადაგს, შიომ მოკლე ხნის განმავლობაში შემოქმედების სული შთაბერა სასწავლებელს და მასთან სრული წესიერება და დისციპლინა დაამყარა სასწავლებელში. იგი ნამდვილი მეგობარი, ამხანაგი შეიქნა მასწავლებლებისათვის, რომელთაც უყვარდათ, გულწრფელად პატივს სცემდნენ და ერთგულად მხარში უდგნენ ყოველს საქმეში. ამასთანავე ერთად მეგობარი მასწავლებელი, ჭეშმარიტი აღმზრდელი იყო მოწაფეების, რომელთაც მამობრივის სიყვარულით ეპყრობოდა, ყოველთვის ალერსით და ხალისით ესაუბრებოდა, მაგრამ შეურყევლად მოსთხოვდა ცოდნას. იგი უყურებდა სასწავლებელს, როგორც ტაძარს, საიდანაც ყოველი გამოდის უფრო ამაღლებული და გაკეთილშობილებული, ვიდრე შევიდა. სკოლა უდიდესი აღმზრდელი დაწესებულება იყო, რომლის სისტემა ემყარება არა ძალადობას და შიშს, არამედ სიყვარულს, შეგნებას და ზნეობრივ გავლენას.

საამოა, მანუგეშებელი და გამამხნევებელი ისეთი ადამიანების მოგონება, როგორიც იყო განსვენებული შ. ჩიტაძე. მისი სახე გზას გვინათებს, მისი გონიერი სიტყვა ყურში ჩაგვძახის და გვახალისებს, წინ მიგვიწვევს, იმედით გვავსებს.

   

11 ჩემი მოგონება არჩილ ჯორჯაძის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ჩემი მოგონება არჩილ ჯორჯაძის შესახებ

არჩილ ჯორჯაძეს პირველად შევხვდი პეტერბურგში სტუდენტობის დროს 1893-94 წლებში. მის სიმპატიურს სახეს, გონივრულს თვალებს და ნაზს გამომეტყველებას ძალაუნებურად მიაქცევდით ყურადღებას. ჩემზე ერთი წლით ადრე იყო ჩასული, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - იურიდიულზე. ცალკე ჯგუფი ჰქონდათ არჩილს, ლუარსაბ ანდრონიკაშვილს და ორიოდე ქართველ სტუდენტს კიდევ. მათ შემდეგ მიემატა ზურაბ ავალიშვილი. ჟურნალ «სევერნიე ზაპისკის» ფაქტიურ რედაქტორ ვოლინსკისთან იყვნენ დაახლოებულნი და მისი ხელმძღვანელობით ეცნობოდნენ ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებს. დანარჩენ სტუდენტებს კი უფრო ქართული ცხოვრება, ქართული მწერლობა და ისტორია გვაინტერესებდა და ამ ნიადაგზე ერთნაირი გათიშვაც კი იყო ჩვენს და მათ შორის. ჩვენ პოლიტიკა გვიტაცებდა, იმათ კი აპოლიტიკობა ემჩნეოდათ, თუმცა არჩილთან კერძოდ შეკამათება არასოდეს არ გვქონია, მაშინაც ისეთი ჯენტლმენი იყო, როგორსაც შემდეგ ყველანი ვიცნობდით, მის გულს არ ეუცხოვებოდა ჩვენი ზრახვა და მისწრაფება. მახსოვს ერთი კრება ქართველ სტუდენტთა სათვისტომოსი. პოლიტიკური დამნაშავე კურსისტი ვეტროვის ქალი ისე გაამწარეს მთავრობის აგენტებმა პეტრე-პავლეს ციხეში, რომ ნავთი გადაისხა ტანზე და თავი დაიწვა. ამან ისე ააშფოთა სტუდენტობა, რომ გადაწყვიტეს ყაზანის ტაძრის მოედანზე დიდი დემონსტრაციის გამართვა. წინა დღით შევიკრიბენით ქართველები, ვბჭობდით, მივიღოთ მონაწილეობა თუ არა-თქო, კრებას თავმჯდომარეობდა არჩილი და მოგვიწოდებდა, არ გამოვთიშულიყავით და ჩვენი ხმა შეგვეერთებინა სტუდენტობის საერთო ხმისთვის. დიდი უმეტესობა წინააღმდეგი იყო, ქართველობა ცოტა ვართ, ჩვენ ისედაც ბევრი საკუთარი საქმე გვაქვს და დინჯად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძალ-ღონეს გავუფრთხილდეთო. ამისდაგვარი განაჩენი გამოვიტანეთ. მაგრამ მეორე დღეს, წინააღმდეგ ამ დადგენილებისა, ყველანი ყაზანის მოედანზე გავედით და მხურვალე მონაწილეობა მივიღეთ დემონსტრაციაში, რომელიც მეტად გრანდიოზული გამოვიდა და ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ პირველი გამოღვიძება იყო რევოლუციური სულისკვეთებისა. აქვე იყო, რასაკვირველია, არჩილიც. მის მომხიბლავ სახეს კიდევ უფრო ალამაზებდა ღრმა სიამოვნება. უხაროდა არა ის, რომ მისმა აზრმა გაიმარჯვა, არა, სიხარულს განიცდიდა იმით, რომ კეთილშობილურმა ახალგაზრდულმა გრძნობამ დასძლია მშრალი განყენებული მსჯელობა და ქართველები მხარში ამოვუდექით სხვებს.

ამ დემონსტრაციამ მთელი პოლიცია ფეხზე დააყენა. დიდი მითქმა-მოთქმა შეიქნა, ხოლო მთავრობა მოერიდა გამწვავებას და მარტო სამ-სამი დღით დაგვატუსაღეს დემონასტრაციის მონაწილენი.

ამის შემდეგ არჩილი მალე წავიდა უცხოეთში. იყო ინგლისში და საფრანგეთში. უფრო გაიტაცა ზნეობრივმა საკითხებმა, გაეცნო ტოლსტოის მოძღვრებას და შეიქნა მისი მიმდევარი. დაწვრილებით არაფერი ვიცოდი დიდხანს, კანტიკუნტად თუ მოგვდიოდა ცნობები. გვეგონა, რომ იგი სამუდამოდ მოწყდა ჩვენს ცხოვრებას და დაიკარგა სამშობლო ქვეყნისათვის.

მაგრამ თურმე შორს, უცხოეთში გარდახვეწილ არჩილის სულში დიდი პროცესი ხდებოდა. შორიდან იგი უფრო დაუახლოვდა მშობელ მიწა-წყალს, უფრო მწვავედ იგრძნო თავის ერის განცდანი, უფრო ჩაწვდა მის უბადრუკს ცხოვრებას. ღრმა სულიერის ტანჯვით და დაკვირვებით ეძიებდა გზას ქართველი ერის განვითარებისთვის და ჰპოვა კიდეც: ეს იყო გზა განვითარებისა საკუთარ ნიადაგზე, საკუთარის კულტურის და შემომქედების განცხოველება.

1901 წელს ქუთაისში ვიყავი. იმჟამად «ცნობის ფურცელი» გადავიდა ახალგაზრდათა ერთი მცირე ჯგუფის ხელში გ. ლასხიშვილის ხელმძღვანელობით. აქ დაიწყო პირველად წერა სამშობლოში დაბრუნებულმა არჩილმა. ეხებოდა ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს, ხელი შეახო ჩვენი არსებობის მთავარ ძარღვებს და ისეთის დარბაისლურის, დინჯის, დაკვირვებულის ენით წერდა, რომ ერთბაშად დააინტერესა მკითხველი საზოგადოება. ყველა დიდი ხალისით კითხულობდა მის წერილებს, რომლებიც აუცილებლად იწვევდნენ, აზრთა გამოცვლა-გაცვლას და კამათს. წერდა, რაც ყველას აწუხებდა, რის გარშემო ტრიალებდა ყველას ფიქრი და გონება.

პირველად რომ წავიკითხე არჩილის წერილები, გამიკვირდა, არ მოველოდი ასეთ შეთვისებას სამშობლო ქვეყნის ინტერესებისას, ასეთ ძლიერ სიყვარულს ერისა. სულ სხვანაირი ზნეობრივ-რელიგიური საკითხებით გატაცებული არჩილი დღეს თავისი ერის თავისუფლების მებაირაღედ გამოდიოდა.

1901 წ. შემოდგომაზე ტფილისში გადმოვსახლდი. გაზ. «ივერიის» კორექტორი ვიყავი და დროგამოშვებით წერილებსაც ვათავსებდი ამ გაზეთში. არჩილს და მის თანამოკალმეებს იშვიათად ვხვდებოდი, რადგან «ივერიასა» და «ცნობის ფურცელს» შორის პოლემიკა იყო, თუმცა პირადად ჩემი წერილები «ცნობის ფურცლისას» უფრო ენათესავებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მე «ცნობის ფურცლის» რედაქციაში გადავედი და შევიქენი მისი ახლობელი, მუდმივი თანამშრომელი. იქ მაშინ მუშაობდნენ გ. ლასხიშვილი, ა. ჯორჯაძე, ვლ. ლორთქიფანიძე. ამ დღიდან იწყება ჩემი დაახლოება არჩილთან და სხვა ამხანაგებთან. გარდა საგაზეთო მუშაობისა, ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო გეგმის შემუშავება პრაქტიკულ მოღვაწეობისათვის და მოწყობა არალეგალური გაზეთის გამოცემისა უცხოეთში. ვიკრიბებოდით თხუთმეტიოდე კაცი, ვკამათობდით, ვარკვევდით დედა მუხლებს ახალი პარტიის პროგრამისთვის, ვაგროვებდით ფულს. ჩვენთან მაშინ იყვნენ ისეთი პირები, რომელთაც ჩვენი მუშაობის მხოლოდ ერთი მხარე აინტერესებდათ, სახელდობრ, ეროვნული, და მერე ჩამოგვშორდნენ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი მიმართულება - ეროვნული, მაგრამ იმავე დროს წმინდა სოციალისტური. რამდენიმე კრებაზე ცხარე კამათი გვქონდა უკანასკნელი საკითხის შესახებ. ზოგიერთები მოითხოვდნენ, რომ ახალი პარტიის გეგმაში არ ყოფილიყო სოციალიზმის ხსენება, მაგრამ ამას წინ აღუდგა დიდი უმეტესობა და მათ შორის არჩილიც. იგი მედგრად იცავდა იმ დებულებას, რომელიც ასე ახასიათებს მთელს მის მოძღვრებას: მისთვის განუყოფელი იყო ქართველი ერის და მშრომელი ხალხის ინტერესები. რამდენსამე თვეში საკმაო ფული შევაგროვეთ, მასალებიც დავამზადეთ და არჩილი და მასთან გიორგი დეკანოზიშვილი, რომელმაც დაუფასებელი ამაგი დასდო ჩვენს მიმართულებას თავის საორგანიზაციო ნიჭითა და პრაქტიკულის მუშაობით, გავამგზავრეთ პარიზში, სადაც მალე გამოვიდა პირველი ნომრები ჩვენი არალეგალური გაზეთის «საქართველოსი». გაზეთის გარდა გამოდიოდა ცალკე წიგნაკები და ფურცლები.

რამდენს სიხარულს იწვევდა იქიდან მიღებული გაზეთი და ფურცლები! როგორ ვტაცებდით ერთმანეთს ხელში! რა აღფრთოვანებით შევყურებდით მომავალს!

არჩილი ფიზიკურად სუსტი იყო. ბევრი უსიამოვნება და მწუხარება ჰქონდა გამოვლილი ოჯახში თუ პირად ცხოვრებაში. ყოველი აზრი და შეხედულება დიდის განცდით და ღრმა სულიერი პროცესით ჰქონდა მოპოვებული. მისთვის არ კმაროდა გაგონება და წაკითხვა, ყველაფერი უნდა შეესისხლხორცებინა, განეცადა მთელის არსებით, ყველაფერს უნდა ჩასწვდომოდა სიღრმემდის. ასეთი ადამიანი ყოველთვის სანთელივით იწვის, მეტად ნერვიულმა და ცხოველმა მუშაობამ დააუძლურა არჩილი და ამხანაგები იძულებულნი იყვნენ სამშობლოში გამოეგზავნათ იგი 1905 წელს. უკურნებელის სენით დაავადმყოფებულს შევხვდი ბათომში. მისმა ძალზე გამხდარმა, ჩალურჯებულმა სახემ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შევშინდი და არ მეგონა, თუ რამდენიმე დღეს მაინც გაძლებდა.

მაგრამ სულ სხვა იყო მისი ძლიერი სული, რომელიც დაავადებულს სხეულს ულმობლად, გულგაუტეხელად ებრძოდა, არ ემორჩილებოდა, თითქოს უარყოფდა მის არსებობასაც და თუმცა მეტ წილად ლოგინზე იყო მიჯაჭვული, თუმცა ექიმები დღედღეზე მოელოდნენ მის გარდაცვალებას და გაოცებულნიც იყვნენ, რომ ის ცოცხალი იყო, მაგრამ მაღალის, აღფრთოვანებულის სულისა და რწმენის მეოხებით შვიდი წელიწადი იცოცხლა კიდევ და ეს დრო იყო საუკეთესო და უნაყოფიერესთაგანი მთელს მის ცხოვრებაში. მისმა მომწიფებულმა ნიჭმა გამოიჩინა დიდი ანალიტიური და სინთეტიური ძალა ჩვენი საზოგადოების შესწავლაში და ღრმა რწმენა იმ სოციალურ-პოლიტიკური იდეალისა, რომელსაც თავიდან ემსახურებოდა. მისი გული იმედისა და სიმხნის კალო იყო და ყოველი განსაცდელის, ყოველი სერიოზული მოვლენის დროს მისკენ იყო მიქცეული ამხანაგების თვალები. თუ რომელიმე ჩვენთაგანი ჩამორჩებოდა მუშაობაში, არ იჩენდა საკმაო ენერგიას და მუყაითობას, არჩილი მაშინვე მოაგონებდა მოვალეობას და წაახალისებდა სამუშაოდ. მისი სიტყვა ყველასათვის კანონი იყო. ერთგული ამხანაგიც იყო, მასწავლებელი, მოსამართლე, მსაჯულიც, თუ ტფილისში არ იმყოფებოდა, საგანგებოდ მივდიოდით რომელიმე, სადაც იყო, და იქ ვეკითხებოდით რჩევა და დარიგებას.

1910 წელს რომ დაგვატუსაღეს ამხანაგები, ყველას მეტად გვაწუხებდა, ვაითუ არჩილიც დაატუსაღონ და მოუსწრაფონ სიკვდილი-თქო, მაგრამ რაღაც სასწაულით ხელი არ ახლეს სამარის კარზე მდგომს და თავისუფლად დასტოვეს.

ციხიდან რომ გამოგვიშვეს, მეორე დღესვე ვნახეთ არჩილი. გადაგვკოცნა, გაგვამხნევა, ჩვენზე უფრო ახარებდა ჩვენი განთავისუფლება. გულს გვიკეთებდა, მართალია, გადაგასახლეს, მაგრამ აქ დარჩენილები გავაათკეცებთ მუშაობას და საქმეს ერთს წუთსაც არ შევაფერხებთო. იმ დროს სამშობლოსათვის მსხვერპლად შეწირულის, უდროოდ დაკარგულის გიორგი დეკანოზიშვილის გვამი ახლად ჩამოსვენებული იყო თბილისში. არჩილი და რამდენიმე ამხანაგი ერთად წავედით მისი საფლავის სანახავად. ვინახულეთ ერთგული მეგობრების შ. ჩიტაძისა და ვლ. ლორთქიფანიძის საფლავები. თაყვანი ვეცით, მოვიგონეთ გარდასული დღენი და იმედით შევხედეთ მომავალს. ციხეში ყოფნის შემდეგ მეტის სიცხოვლით ვგრძნობდით თავისუფლების სიმშვენიერეს, ადამიანის უფლების აღდგენის ღირსებას.

ვიდრე სამშობლოდან გაძევებული გავემგზავრებოდი რუსეთისაკენ, ხშირად შევდიოდი არჩილთან სასაუბროდ. უკანასკნელად რომ ვნახე და მეგობრული საუბრის შემდეგ რომ გამოვეთხოვე, არჩილმა მითხრა: განა ვნახავთ კიდევ ერთმანეთსო? მე მაშინვე გულწრფელად ღიმილით მოვუჭერი სიტყვა: აბა რას ამბობ? არათუ ვნახავთ, ვნახავთ გაცილებით უკეთეს პირობებში-მეთქი.

აღარ გამართლდა ჩემი იმედი, სამწუხაროდ. მე იგი ვეღარ ვნახე ცოცხალი, მაშინდელი ამბორი იყო უკანასკნელი და სამშობლოში დაბრუნებულმა მის ახლად დასაფლავებულს გვამსღა მოვუსწარი.

მაგრამ არა! ჩემი იმედი არ გაცრუებულა. არჩილი მხოლოდ გარდაიცვალა, იცვალა სახე, რომელიც მარადია, უკვდავია, რომელიც ეხლა უფრო ბრწყინვალეა. ამ სახეს უნაზესი სიყვარულით შესცქერის ერის მოწინავე ნაწილი.

ეს სახე სიმბოლოა ჩვენის აღდგენისა და განახლების.

   

12 შენიშვნება

▲ზევით დაბრუნება


შენიშვნები

სამსონ ფირცხალავამ „მოგონებათა ფურცლები“ 1951 წელს დაწერა პოეტაკადემიკოს გიორგი ლეონიძის თხოვნით მოგონებების ავტოგრაფი დაცულია გ. ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, ხ. №10735. იგი ჩვენი პუბლიკაციით, მცირეოდენი კუპიურებით, დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“ (1971 წ. №6), ხოლო ორი ფრაგმენტი—„ვაჟა-ფშაველას გარშემო“ და „ქართული საღამო პეტერბურგში“ გამოაქვეყნა პროფ. ს. ხუციშვილმა ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილ კრებულში (თსუ, 1966 წ., გვ. 238).

წინამდებარე წიგნში „მოგონებათა ფურცლები“ იბეჭდება სრულად. დავურთეთ აგრეთვე „შიო ჩიტაძე, ძვირფასია მისი მოგონება“ და „ჩემი მოგონება არჩილ ჯორჯაძის შესახებ“, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიბეჭდა გაზ. „სახალხო ფურცელსა“ (1916 წ. 3. VII. № 614) და გაზ. „სახალხო საქმეში“ (1919 წ. 10. IV. № 501).

1 „ივერია“ (1886—1906 წწ.) — ყოველდღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი.

რედაქტორები: ი. ჭავჭავაძე (1886--1901), ალ. სარაჯიშვილი (1901 — 1903),

გრ. ყიფშიძე (1903 — 1905), ფ. გოგიჩაიშვილი (1905 — 1906)*

გამოყენებულია გ. ბაქრაძე. ქართული პერიოდიკის 1819 -1945, 1947. Русская периодическая печать (1702—1894), под А. Г. Дементьева, А. В. Западова, М. С. Черепакова, 1959 г.

ამ პერიოდში „ივერიაში“ ქართულ წარმოდგენებზე დაიბეჭდა ს. ფირცხალავას სამი რეცენზია „სან-ვინის“ ფსევდონიმით. 2. III. № 24; 9. II. № 27; 12. II: № 30:

3. „Новое времияЁ (1868—1917 წწ.) — პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა პეტერბურგში.

4. „Ceверний вестник“ (1885—1898 წწ.) — ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურულ-სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა პეტერბურგში.

5. ამ საღამოზე იხ. აგრეთვე ს. ფირცხალავას წერილი „ჩემი სტუდენტობის დროიდან“ (ჟურნ. „ქართველი სტუდენტი“, 1920, № 1).

6. წერილი დაცულია საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში, ი. ჭავჭავაძის ფონდი, ხ. №225; დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულის X ტომში, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, 1961 წ., გვ. 517.

7. 1896 წელს აღინიშნა მეფის რუსეთის სახელმწიფო მოღვაწის მ. ნ. მურავიოვის დაბადების ასი წლისთავი, იგი მკაცრად გაუსწორდა პოლონეთის 1830 — 31 წწ. აჯანყების მონაწილეებს.

8. „Новости“(1871—1880 წწ.) — პოლიტიკური და სალიტერატურო საზოგადო გაზეთი, გამოდიოდა პეტერბურგში.

9 „Pycские ведемости“ (1863—1918 წწ.) — გამოდიოდა მოსკოვში. პირველ წლებში მხარს უჭერდა მთავრობის პოლიტიკურ კურსს, მოითხოვდა საკუთრების ინსტიტუტისადმი პატივისცემას. რედაქტორის შეცვლის შემდეგ გადაიქცა ლიბერალური მემამულეებისა და ბურჟუაზიის ორგანოდ..

10 «Pycская Жизнь“ (1890-1895 წწ.) — ლიბერალური მიმართულების ყოველდღიური პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-ლიტერატურული გაზეთი, გამოდიოდა პეტერბურგში.

11. „კვალი“ (1893—1904 წწ.) — ყოველკვირეული სამეცნიერო და სალიტერატურო ნახატებიანი გაზეთი. რედ. გ. წერეთელი (1893 — 1900), რედ. გამ. ან. თუმანიშვილი-წერეთლისა (1893 — 1903), ნ. ალექსი-მესხიშვილი (1903 — 1904).

12. 1900 წ. „კვალის“ № 29 31-ში „ S-n “-ის ფსევდონიმით დაიბეჭდა ს. ფირცხალავას წერილი „ჭიათურა (შთაბეჭდილებანი და ფიქრები დღიურიდან)“.

13. 1899 წ. „ივერიაში“, 18.VII. № 152 „S - son“-ის ფსევდონიმით დაიბეჭდა ს. ფირცხალავას წერილი „გიმნაზიებში ახლად სწავლა-დამთავრებულთა მიმართ“.

14. ს. ფირცხალავას მიერ დრამად გადაკეთებული „ოთარაანთ ქვრივი“ 1907 წლის 12 ოქტომბერს თეატრის სეზონის გახსნის ერთ-ერთ ნომრად წარმოადგინეს.

15 „ცნობის ფურცელი“ (1896—1906 წწ.) — ყოველდღიური გაზეთი. 1904 წლიდან სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ორგანო; რედაქტორ-გამომცემლები ვ. გუნია (1896 — 1899), ალ. ჭყონია (1899 — 1900), ალ. ჯაბადარი (1901 — 1906).

16. ს. ფირცხალავას პირველი წერილი „სააღდგომოდ (ცოდვილთა მიმართ). „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა 1902 წ., 14.IV. N1781.

17. „მოამბე“ (1894—1905 წწ.) — ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი. რედ. ალ. ჭყონია.

18. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოება მოთავსებული იყო ახლანდელი გრიბოედოვის სახ. თეატრის შენობის ადგილზე.

19. „მოღალატენი ანუ ქართველი მსახიობნი“ „სიტყვის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა გაზ. „ცნობის ფურცელში“ 1904 წ. 25. I. № 2389.

20 „საქართველო“ (1903—1905 წწ.) — თავისუფალი ორგანო, გამოდიოდა პარიზში. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანო. რედაქტორი არჩ. ჯორჯაძე, 1905 წლიდან — გ. ლასხიშვილი და თ. სახოკია, „La Georgie“ — ფრანგულ ენაზე, რედ. არჩ. ჯორჯაძე და თ. სახოკია.

21 „სხივი“ (1905—1906 წწ.) — ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი, კავკასიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციების ორგანო. რედ.-გამ. ვლ. ახმეტელაშვილი.

22 „ნობათ ი“ (1906 წ.) — ყოველკვირეული პოლიტიკური გაზეთი, რედ.-გამ. დომინიკა ერისთავი-მდივანი.

23 „მუშა“ (1906 წ.) — ქართველი ანარქისტების ორგანო, რედ.-გამ. მ. დიასამიძე.

24. ს. ფირცხალავას ფელეტონი „ჯოჯოხეთში“ „სიტყვის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა „ცნობის ფურცელში“ 1905 წ. 9. 1. № 2721.

25. ს. ფირცხალავას ფელეტონი „პატარა ამბები“ „სიტყვის“ ფსევდონიმით დამბეჭდა „ცნობის ფურცელში“ 1906 წ. 19. II. N 3007.

26. «Kaвказ» (1846—1918 წწ.) — ერთ-ერთი უძველესი ოფიციოზი, რომელიც გამოდიოდა კავკასიაში.

27. „კავკაზის“ 1906 წ. 18. III. № 6119-ში დაიბეჭდა თბილისის გენერალ-გუბერნატორის ტიმოფეევის მუქარა გაზ. „ცნობის ფურცლის“ დახურვაზე, თუ ერთი კვირის ვადაში არ წარმოადგენდნენ „დაურღვეველ საბუთებს“.

28. სარედაქციო წერილი „დაურღვეველი საბუთები ბ-ნ ტფ. გენ.-გუბერნატორის წინადადების გამო“, რომელიც გ. ლასხიშვილს ეკუთვნის, დაიბეჭდა „ცნობის ფურცელში“ 1906 წ. 24. III. № 9035.

29. „შრომა“ (1906 წ.) — ყოველდღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი. იცემოდა „ცნობის ფურცლის“ ნაცვლად. რედ. ალ. დიასამიძე, გრ. რცხილაძე.

30. „დრო ე ბ ა“ (1866—1885 წწ.) საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი. რედაქტორები: გ. წერეთელი, ს. მესხი, კ. ლორთქიფანიძე, ი. ჭავჭავაძე, ივ. მაჩაბელი; გამომცემელნი: სტ. მელიქიშვილი და ამხანაგობა, გ. ქართველიშვილი.

31. გაზ. „დროების“ დაარსების 50 წლისთავი აღნიშნა გაზ. „სახალხო ფურცელმა“ 1916 წ. 4. III, № 518. დაიბეჭდა წერილები: „გაზეთ „დროების“ 50 წლისთავი“, არჩ. ჯაჯანაშვილის „სერგეი მესხი და „დროება“, „დროების“ გამომცემლები, რედაქტორები და თანამშრომლები“.

გაზეთი ბეჭდავს განცხადებას: „ამ ნომრისთვის დამზადებული რამდენიმე წერილი „დროების“ შესახებ უადგილობის გამო დაიბეჭდება შემდეგ ნომრებში“.

უფრო ადრე, 1903 წელს, „ცნობის ფურცელში“ (20.VII. №2212), „კალამის ფსევდონიმით ს. ფირცხალავამ დაბეჭდა „სერგეი მესხი მისის ამხანაგების დახასიათებით (21 ივლისს 1883)“, როგორც ჩანს, ეს იყო იმ მასალის ნაწილი, რომელიც უნდა შესულიყო ს. მესხის „ნაწერების“ მეორე წიგნში.

ს. ფირცხალავამ ს. მესხის გარდაცვალებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი „ძველი ქართული პრესის სიამაყე“ დაბეჭდა 1948 წ. გაზ. „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ (22. VIII. №33).

ს. ფირცხალავამ ი. ჭყონიასთან ერთად გამოსაცემად მოამზადა სერგეი მესხის ნაწერები ორ წიგნად: I წიგნი მოიცავდა 1869 — 1879, მეორე — 1879 — 1883 წწ. დაწერილ წერილებს, აგრეთვე ს. მესხის პირად ბარათებსა და სხვადასხვა პირთა მოგონებებს სერგეი მესხის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

I წიგნი გამოვიდა 1903 წელს, წიგნზე „ზანგის“ (გრიგოლ რცხილაძე) ფსევდონიმით გამოქვეყნდა „სალიტერატურო შენიშვნები“ (გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904 წ. 18. IX. № 2614). როგორც ს. ფირცხალავა წერს, პირველმა წიგნმა ვერ გაამართლა გამომცემლების იმედი, რის გამოც მეორე აღარ გამოსულა. მიუხედავად ამისა, ს. მესხის მსოფლმხედველობის შესწავლისათვის ამ წიგნის გამოსვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

32. „სახალხო ფურცელი“ (1914—1917 წწ.)— ყოველდღიური საპოლიტიკო დასალიტერატურო გაზეთი. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო. ოფიციალური რედ.-გამ. დ. ჯორჯაძე.

33. ია ეკალაძის წიგნზე დაიბეჭდა „ზანგის“ რეცენზია „ბ-ნი ია ეკალაძის თხზულებანი“ („ცნობის ფურცელი“, 1904, 21. VIII. № 2589).

34. 1913 წელს (აწერია 1912 წ.) ს. ფირცხალავამ გამოსცა კუჭია (ალექსანდრე) მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული „გვირგვინი“. კრებულში დაიბეჭდა მიხ. წერეთლის გამოკვლევა „სუმერული და ქართული“, პ. ქავთარაძის თარგმნილი „ოიდიპოს მეფე“, ს. შანშიაშვილის „მეფე-მგოსანი“, გრ. რობაქიძის ესკიზი „შოთა რუსთაველი“, ს, ფირცხალავას დრამატული სურათი „ღამე“ და „გლოვის ზარი“.

კრებულს აქვს მიძღვნა და ავტორთა ფაქსიმილე.

ა. მიქელაძის გარდაცვალების გამო „სახალხო გაზეთში“ (1911 წ., 12. I. № 275) დაიბეჭდა გრ. რობაქიძის „ნეკროლოგის მაგიერ“.

35. 1915 წელს დაიწყო ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემისათვის მზადება, რომლის ინიციატორი იყო ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი, პოეტის დის — ეკატერინეს შვილი. ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმის გაძღოლა იტვირთა მისმა მეუღლემ ეკატერინე მიხეილის ასულმა. შეიქმნა გამოცემის სარედაქციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ი. გედევანიშვილი, გრ. დიასამიძე, გ. ვეზირიშვილი (პოეტის დისწული), გ. ლასხიშვილი, ი. ნიკოლაძე გ. ჟურული, დ. შევარდნაძე, ი. ჯავახიშვილი, გრ. რობაქიძე, ს. ფირცხალავა („სახალხო ფურცელი“, 1915, 5. V. № 274).36. ს. ფირცხალავა გასაგები მიზეზის გამო ვერ ასახელებს კომისიის შემადგენლობაში გრ. რობაქიძესა და დ. შევარდნაძეს.

37. გაზეთი „გლეხი“ გამოდიოდა 1906 წ. (ოფიციალური რედაქტორი მიხ. ადამაშვილი — ჯავახიშვილი). „გლეხის“ რედაქტორობის საკითხმა ცხარე პოლემიკა გამოიწვია. იხ. ლ. ნანიტაშვილი — „ს. ფირცხალავა — რედაქტორი და გამომცემელი 1906 — 1910 წწ.“ („მაცნე“, 1970 წ. № 3), ტ. კვანჭილაშვილი — „კომენტარი ზედმეტი არ არის“ („ცისკარი“, 1971 წ. № 6), ლ. ნანიტაშვილი — „უსაფუძვლო კომენტარების გამო“ (ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, 1971 წ. № 2), ტ. კვანჭილაშვილი — „ვითომ უსაფუძვლო იყო კომენტარები?!“ (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1972 წ. 29. IX. № 39), ლ. ნანიტაშვილი, „ისევ უსაფუძვლო კომენტარების გამო“ („ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, 1974 წ. № 3); აგრეთვე ი. ბოცვაძე, „გაზეთ „გლეხის“ რედაქტორის ვინაობის საკითხისათვის“ („ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, 1974 № 3, ლ. ჭრელაშვილი, „ტექსტოლოგიური შრომების მიმოხილვა 1971 — 1974), („ტექსტოლოგიის საკითხები“, 1974 წ. № 5).

38. ს. ფირცხალავას აღარ ახსოვს, რომ „მიწის“ ორი ნომერი გამოვიდა 1908 წელსაც. დაცულია ი. გრიშაშვილის სახ. ბიბლიოთეკა-მუზეუმში.

39. იხ. ჩვენი წერილი „გაზეთი „მზე“ და ცენზურა“ („ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, 1975 წ. № 4). „მზე“ გამოვიდა 1908 წ. ნ. ასათიანის ფიქტიური რედაქტორობით. სულ გამოვიდა სამი ნომერი. გაზეთის დახურვის მიზეზი გახდა შ. არაგვისპირელის ეტიუდი „სამარცხვინო ბოძთან“, რომელიც დაიბეჭდა 1908 წ. № 1.

40. ს. ფირცხალავა უნდა გულისხმობდეს „მზის“ №2-ში (13.X) დაბეჭდილ მოწინავეში „ტფილისი, ოქტომბრის 13, 1908 წ.; გამოთქმულ აზრს: „რატომ დაეცა ქართული კაზმული მწერლობა? მისი არასანუგეშო მდგომარეობა გამოწვეულია დროებითი, უბრალო მოვლენებით, და წარმავალია, თუ ღრმაა და ხანგრძლივი? სად უნდა ვეძიოთ ამის მიზეზი. დიდი საკითხია და მის გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს არა მარტო მწერლობისთვის, რადგან უკანასკნელი მჭიდროდ დაკავშირებულია ჩვენს ცხოვრებასთან. მწერლობა ერის კულტურის ნაწილია, კულტურა კი დამოკიდებულია ერის საზოგადო პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებისაგან“.

41 „მზის“ გაგრძელება „ფასკუნჯი“ გამოდიოდა 1908 — 1910 წლებში. ოფიციბლური რედაქტორი გრ. ტატიშვილი, 1910 წლიდან — ს. ფირცხალავა.

42. „ფასკუნჯში“ 1909 წელს დაიბეჭდა გ. ტაბიძის ლექსები: „ღამე“, „ნიავი“ „მომაკვდავი“, „ფიქრი“, „გაზაფხულის მოლოდინში“, *** (ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი), „სასაფლაოზე“.

43. საახალწლო მილოცვები შექსპირის „მეფე ლირიდან“ და „ჰამლეტიდან“ დაიბეჭდა „ცნობის ფურცელში“ 1904 წ. 1 იანვარს, №2368: „ეხლანდელ ქართველობას“, „წერა-კითხვის საზოგადოებას“, „ნიკო ნიკოლაძეს“, „თავადაზნაურობის ერთ ჯგუფს“, „ჩვენს პუბლიცისტებს“, „კოტე მესხს“, „ვასო აბაშიძეს“, „კოტე ყიფიანს“ და სხვ. ილია ჭავჭავაძისადმი მილოცვის ტექსტი იყო: „შეგრჩა სული კიდევ თუ არა? ერთი ხმა გამე, კარგო კაცო! რა დაგემართა?“ — „მეფე ლირი“.

44. „მოგზაური“ (1905. წ.) — ყოველკვირეული სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი, რედ.-გამ. ი. როსტომაშვილი, ფაქტიური რედაქტორი ფ. მახარაძე.

45. 1905 წ. „მოგზაურის“ № 13-ში ვ. ნ. ინიციალებით (ვალერიან ნაცვლიშვილი) დაიბეჭდა კორესპონდენცია „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება“.

46. „ნუთუ“ დაიბეჭდა „ივერიის“ 1905 წ. № 68-ე ნომრის დამატებად. იხ. ფ. გოგიჩაიშვილის „ილია ჭავჭავაძის „ნუთუ“-ს დაბეჭდვის ამბავი“, „სახალხო გაზეთი“, . 1913 წ. 14. IV. № 871.

47. ს. ფირცხალავა გულისხმობს წერილებს საგურამოს მოურავ სანდროსადმი და მოსე მემარნიშვილისადმი (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომადპ ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. X, 1961 წ., გვ. 125, 133).

48. იგულისხმება ილია ჭავჭავაძის 1886 წლის 5 იანვრით დათარიღებული ბარა– თი აკაკი წერეთლისადმი, რომელშიც ი. ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლობას სთხოვს აკაკი წერეთელს (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. X, 1961 წ., გვ. 114).

49. ს. ფირცხალავა გულისხმობს აკ. წერეთლის წერილს „რამდენიმე სიტყვა ბატონ ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფხვის-ტყაოსნის“ გამო“, რომელიც 1898 წ. დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“, № 5, ილია ჭავჭავაძის საპოლემიკო წერილის პასუბად (აკ. წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XII, 1960 წ., გვ. 338).

50. ი. ჭავჭავაძის დაკრძალვის დღეებში წარმოთქმული სიტყვები, ლექსები, დეპეშები, რომლებიც გაზ. „ისარში“ იბეჭდებოდა, ს. ფირცხალავამ და გ. სალარიძემ შეაგროვეს და 1907 წ. გამოსცეს ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“ (რედაქცია გაზეთ „მიწისა“, გამოცემა „კალამისა“).

51. 1913 წ. მთაწმინდაზე იაკობ ნიკოლაძის „მწუხარე საქართველოს“ გახსნასთან დაკავშირებით „სახალხო გაზეთში“ (5. V. N 887) დაიბეჭდა ს. ფირცხალავას წერილი „რას გვავალებს?“.,

52. ს. ფირცხალავა, როგორც სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 1910 წ. გაასამართლეს და სხვებთან ერთად გადაასახლეს. გადასახლებაში დაჰყო 1913 წლის აპრილამდე.

53 ანდრეევის ქუჩა — ახლანდელი ს. ორჯონიკიძის ქუჩა.

54. იგულისხმება თბილისელი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი (1846-1916).

55 აკ. წერეთლის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავის იუბილეს მომწყობი კომიტეტის მიმართვა, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი, მდივნები — ს. მგალობლიშვილი და ს. ფირცხალავა, დაცულია გ. ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, დაიბეჭდა „ლიტერატურის მატიანეს“ 1982 წლის № 7 — 8 წიგნში.

56. ს. ფირცხალავას ეს წერილი დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ათტომეულის X ტომში, 1984 წ., გვ. 265.

57 ს. ფირცხალავას მცირე შენიშვნა ამ ინცინდენტის გამო დაიბეჭდა ჟურნ. „ფასკუნჯში“, 1909 წ., № 17.

58. „შიო ჩიტაძე — ძვირფასია მისი მოგონება“ ამოღებულია ფელეტონიდან „პატარა ამბები“ — „შიო ჩიტაძე — ძვირფასია მისი მოგონება. ტფილისის გიმნაზია. სკოლა და ყაზარმა“.

შიო ჩიტაძეზე მოგონება დაწერილია მისი ტრაგიკულად დაღუპვის 10 წლისთავზე („სახალხო გაზეთი“), 1916 წ., 3.VII, № 614.

59. არჩ. ჯორჯაძეს ჰყავდა ოთხი და: ნინო, ლიზა, მაშო, თამარი და ერთი ძმა — ლევანი. ნინო და ლიზა ქუთაისში, წყალწითელაში ბანაობის დროს დაიხრჩვნენ, მაშო გარდაიცვალა, ლევანი მოკლეს თბილისში, დარჩა ერთი და — თამარი, რომელიც ცოლად ჰყავდა სამხედრო ექიმს ალბერტ შრენბერს.

60. გ. დეკანოზიშვილი გარდაიცვალა 1910 წლის 18 ნოემბერს საფრანგეთში. იმავე წლის 12 დეკემბერს კონსპირაციულად ჩამოასვენეს თბილისში და წმ. ნინოს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

61. არჩ. ჯორჯაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ს. ფირცხალავას წერილი „უკანასკნელი სალამი“ დაიბეჭდა „სახალხო გაზეთში“, 1913 წ. 29. III. № 858.