დღე უკანასკნელი, დღე პირველი (მოგონებები მუხრან მაჭავარიანზე)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბოკერია ლამარა, მაჭავარიანი ნანა, ახმეტელი ლერი (ლევან)



1 მოგონებები მუხრან მაჭავარიანზე

▲back to top


მუხრან მაჭავარიანის ცხოვრებაზე დაწერილი ეს უმძიმესი მოგონებები კიდევ ერთხელ ამოწმებს, რომ სამყარო ყოველ დროში ორ ნაწილად არის გაყოფილი: პოეტებად და ჯალათებად. ასე იყო ამ დიდი პოეტისთვისაც მის დროში და მის სამშობლოში. მოგონებებში დასახელებული არიან ადამიანები, რომლებმაც პოეტს სიცოცხლეში არაერთხელ დასწამეს ცილი, დასდეს ბრალი და მიაყენეს ტკივილი. მოგონებები მუხრან მაჭავარიანის ოჯახის წევრებს ეკუთვნის და ისინი ჩვენს რუბრიკაში გამოსაქვეყნებლად პოეტის ქალიშვილმა ქალბატონმა ნანა მაჭავარიანმა გადმოგვცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

„ეს იყო იმ ავბედითი 2010 წლის 17 მაისს.

გათენდა მშვიდი გაზაფხულის დილა - არაფერი არ მოასწავებდა, რომ სწორედ იმ საღამოს მოხდებოდა უდიდესი ტრაგედია ჩვენს ცხოვრებაში...

- მუხრან, დღეს ნუ გავალთ ბაღში, საღამოს წასასვლელი ვართ ფრიდონთან და არ დაიღალო! - ვუთხარი... მუხრანი დამეთანხმა. საწერ მაგიდას მიუჯდა. თავისი სიყრმის მეგობრის, ფრიდონის, 85 წლისთავის მისალოც სიტყვას წერდა... ფრიდონმა იმ დღეს სამჯერ დარეკა.

- მუხრან, ხომ მოდიხარ ჩემთან, შენი ჯალაბიც წამოიყვანე!...

საღამოს გამოგვიარეს ანამ, გიორგიმ და ლევანმა.

როგორც ყოველთვის, მუხრანი წინ დაჯდა, გიორგის გვერდით...

პატარა თამარი თავისი სკოლის - პირველი გიმნაზიის წინ გველოდებოდა... მუხრანმა მუხლებზე დაისვა, მოედანზე მოვუხვიეთ და მივედით რუსთაველის თეატრში, გარეთ უამრავი ხალხი იყო, ესალმებოდნენ და კოცნიდნენ... შევედით...

დარბაზი სავსე იყო ხალხით, მაგრამ, ღმერთო დიდებულო, რაღაც შემაშფოთებელი, მძიმე და ავის მომასწავებელი ვიგრძენი... სულის შემხუთველი...“

დღე უკანასკნელი, დღე პირველი

მოგონებები მუხრან მაჭავარიანზე

ლამარა ბოკერია, მეუღლე:

უნივერსიტეტის ყველაზე დიდ აუდიტორიასთან სტუდენტების ჩოჩქოლია, იწყება ლიტერატურული წრის მორიგი შეკრება... მე და ციცინო გამყრელიძე შევდივართ აუდიტორიაში და მოკრძალებით ვსხდებით უკანა რიგში... რიგრიგობით გამოდიან ახალგაზრდა, დამწყები პოეტები, პროზაიკოსები... კითხულობენ ლექსებს, ნაწყვეტებს მოთხრობებიდან, კრიტიკულ წერილებს... აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა... უეცრად გამოდის ახოვანი, თმამოშვებული ახალგაზრდა და ომახიანი ხმით იწყებს ლაპარაკს... - „მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან... მის ხმაზე დაიძვრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი... - მე მჯერა!“

სტუდენტები და ბესარიონ ჟღენტიც, რომელიც ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი იყო, გაოგნებული უსმენდნენ და მერე უეცრად ტაში დაუკრეს. ეს ახალგაზრდა იყო მუხრანი... - ეს მუხრან მაჭავარიანია, არავის არ ჰგავს - ისეთ ლექსებს წერსო, - ამბობდნენ სტუდენტები.

...

მწერალთა კავშირის სასახლე, უმშვენიერესი ბაღი, - რამდენი ტკბილ-მწარე მოგონებაა დაკავშირებული ამ შენობასთან, ამ ბაღთან...

მწერალთა სხდომათა დარბაზი ხალხს ვერ იტევს... აქ არიან გამოჩენილი ქართველი მწერლები: გიორგი ლეონიძე, დემნა შენგელაია, სიმონ ჩიქოვანი, სერგო კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე, ბესარიონ ჟღენტი, გიორგი შატბერაშვილი, რევაზ მარგიანი, ოთარ მამფორია, ოთარ ჭილაძე, მურმან ლებანიძე...

მურმანი ხშირად იგონებდა იმ დაუვიწყარ საღამოს:

„დარბაზსა და სალონს შორის კარი ღია იყო... უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსს კითხულობდა, მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ.

„ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა...“ - მძლავრი ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში. „ხელწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო, - თქვა და თითქოს კიდეც ინანა“. დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი გვემატებოდა. ლაპიდარული, მკაფიო სახეები უჟანგავი იარაღის ელვარებას გამოსცემდნენ. „ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან“. წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. დარბაზი ტაშით ინგრეოდა.

უნივერსიტეტში ხმა დაირხა, მუხრანმა გააოგნა მწერლები თავისი ლექსებითო, პოეზიის მოყვარულები ხელით იწერდნენ და ერთმანეთს გადასცემდნენ მუხრანის ლექსებს... იმ საღამოს მწერლებმა აღუთქვეს მუხრანს, რომ უთუოდ დაბეჭდავდნენ მის ლექსებს... მაგრამ თვეებისა და წლების განმავლობაში არავის უნახავს მუხრანის ლექსები დაბეჭდილი...

...მხოლოდ, მწერალთა სასახლეში მუხრანის პირველი გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, 1952 წელს, უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ დაიბეჭდა მუხრან მაჭავარიანის ლექსები.

„კრიტიკოსები“ კი თავისას არ იშლიდნენ: დაუნდობლად აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ კიდეც მას...

...

მწერალთა სასახლის დარბაზში არაერთხელ გამხდარა მუხრანის ლექსები მძაფრი, დამთრგუნველი კრიტიკის საგანი. კომკავშირის ცეკას დავალებით აქ მოეწყო მუხრანის ლექსების განხილვა. გამოდიოდნენ ორატორები და აკრიტიკებდნენ მის ლექსებს, როგორც „უიდეო“, „ფორმალისტურ“, „აპოლიტიკურ“ ნაწარმოებებს. - ამ უცნაურ ლექსებს ვინ დაიზეპირებსო? საბოლოო სიტყვა მისცეს მუხრანს, მან ხალხური ლექსით მიმართა იქ მყოფთ:

„ქალი მყავდა მშვენიერი, შავთვალწარბა, კაოსანი, გავათხოვე, გავატანე ჩემი „ვეფხისტყაოსანი“, წაეკითხათ, ვერ გაეგოთ, თურმე იყვნენ ვიროსანნი; ისევ უკან წამოვიღე, ჩემი „ვეფხისტყაოსანი“.

ამ ლექსმა აანერვიულა და ძალიან გაანაწყენა მუხრანის ოპონენტები...

რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა სარედაქციო წერილი „ორი განთიადისა და პატარა მუხრანის გაწბილების შესახებ“. რედაქცია ცინიკურად ასკვნიდა: „იქნებ მართლაც სჯობდა, რომ მუხრან მაჭავარიანი ექიმი გამოსულიყო და არ გაეწბილებინა პატარა მუხრანი“.

ერთი სიტყვით, იმდროინდელი პრესა და ეგრეთ წოდებული „კრიტიკოსები“ ძალიან წუხდნენ, რომ მუხრანი გზას ასცდა...

0x01 graphic

დავით კვიცარიძე, სერგი ჭილაია, მუხრანი
კარლო კალაძე, რევაზ მარგიანი

მხოლოდ ერთხელ თვით ბესარიონ ჟღენტმა, უაღრესად განათლებულმა, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის აპოლოგეტმა, რომელიც მუხრანის ლექსებს გამუდმებით „უიდეოს“, „ფორმალისტურსა“ და „აპოლიტიკურს“ უწოდებდა, უნებლიეთ აღიარა: მუხრანის „საბა“ შედევრიაო!...

...

ეს იყო 1958 წელი... მე მაშინ რადიოკომიტეტში ვმუშაობდი. ზამთრის პიონერთა ბანაკში მიმავლინეს რეპორტაჟის გასაკეთებლად... მე და მუხრანი ერთად წავედით ბაკურიანში... და სწორედ იქ მუხრანმა თავისი თვალით ნახა და მოისმინა, რომ ქართველმა ბავშვებმა ქართული არ იცოდნენ, რუსულად ლაპარაკობდნენ... იგი აღელდა და გაბრაზდა კიდეც... აი, რამ დააწერინა ლექსი „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!“

ეს ლექსი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ საქართველოში, ხელნაწერი ხელიდან ხელში გადადიოდა... ამ ლექსის დაბეჭდვა მხოლოდ პერიფერიულ გაზეთში მოხერხდა...

0x01 graphic

მეუღლესთან - ლამარა ბოკერიასთან

მუხრანი პარტიის ცეკაში გამოიძახეს - ეს ლექსი როგორ დაწერე, ეს ხომ რუსების შეურაცხყოფააო...

„ცისკარში“ დაბეჭდილი ლექსისათვის „რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა“, პრესაში თავს დაესხნენ არა მარტო კომკავშირელი პოეტები, არამედ უფროსი თაობის მწერლებიც. გაზეთმა `კომუნისტმა~ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც წერდა: - იქნებ, სჯობდა, მაჭავარიანს ხელში წიგნი არ აეღო და თოხი სჭეროდაო.

...

1952 წლიდან 1979 წლამდე, მთელი 27 წლის განმავლობაში, კომკავშირისა და პარტიის ცეკა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მის ლანძღვა-გინებაში. ეს ხდებოდა კონფერენციებზე, ყრილობებზე, პერიოდულ პრესაში...

0x01 graphic

მუხრანი და არჩილ სულაკაური

მუხრანმა რამდენჯერ მიმართა ახალგაზრდობას და რამდენგან დაწერა, რომ: „ქართულ მწერლობაში ჩემ შემდეგ მოსულმა ახალგაზრდებმა და, საერთოდ, მთელმა ქართველმა ახალგაზრდობამ მინდა იცოდეს, რომ საშინელი 1937 წელი, რომელზედაც ასე ხმამაღლა ლაპარაკია ამჟამად, 1938-ში არ დამთავრებულა, იგი გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ჩემი თაობის ახალგაზრდები, რომელნიც სიმართლეს ამბობდნენ და ცდილობდნენ, პირნათელი ყოფილიყვნენ საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე (მართალია, ყოველთვის ვერ ახერხებდნენ ისინი ამას), მრავალმხრივ შეზღუდულნი იყვნენ როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ სარბიელზე. წიგნს არ გამოგიცემდნენ, პირველ გვერდზე ლენინზე ან კომუნიზმზე ლექსი რომ არ ყოფილიყო. ერთი სიტყვით, ეკლიანი იყო ის გზა, რომელიც ჩემმა თაობამ გაიარა...“

...

რის ვაივაგლახით გამოიცა მუხრანის პირველი წიგნი 1955 წელს, მწერალთა კავშირში მისი პირველი გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ. სწორედ ამ პირველი წიგნის ჰონორარით გადავიხადეთ ჩვენი ქორწილი პლეხანოვზე (ახლანდელი აღმაშენებლის გამზირი) რესტორან „ევროპაში“, თამადა იყო აკაკი ძიძიგური... ქორწილში იყვნენ ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრები, ნათესავებიდან - მხოლოდ მუხრანის და - დოდო და ბიძაშვილი, მედეა ჯაფარიძე თავისი მეუღლით, რეზო თაბუკაშვილით...

ქორწილის შემდეგ შინ დავბრუნდი, მუხრანი თავის სახლში წავიდა... ასე ვიყავით თითქმის ერთი თვე.

დედამ ჩემი გათხოვების ამბავი გვიან გაიგო, ჩვენი ოჯახის მეგობარმა, მარიკა ბარათაშვილმა შეატყობინა. დედაჩემი ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდა და ძლივს გადავარჩინეთ...

მერე კი, როცა ახლოს გაიცნო მუხრანი, ძალიან შეუყვარდა.

ჩემს უნივერსიტეტის მეგობრებს ძალიან გაუხარდათ ჩვენი შეუღლება... რეზო თვარაძემ მეორე ქორწილი გადაგვიხადა რესტორან „თბილისში“. ჩვენს დაქორწინებამდე იაგო ვარდოსანიძე სულ ჩამჩიჩინებდა: - მუხრანმა ხელი თუ გთხოვოს, უარი არ უთხრა, ძალიან ზრდილი ახალგაზრდაა, დიდი პოეტია და დიდი მომავალი აქვსო!

...

ეს იყო 1964 წელს... თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ხალხით იყო სავსე...

პოეზიის საღამოზე მონაწილეობდნენ პოეტნი, ძველნიცა და ახალნიც... მუხრანმა წაიკითხა რამდენიმე ახალი ლექსი, უფრო სწორად, მან ერთი წაიკითხა, დანარჩენი - წააკითხეს, მათ შორის, „დღე მოიწევს კრიალა“, რომელიც ასე მთავრდება:

„ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა!
გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად!
მიწიანა,
კაციანა,
ციანა, -
საქართველოს მოთმინების ფიალას!“

იხუვლა ტაშმა. ხალხი აღფრთოვანდა. მუხრანმა წაიკითხა კიდევ ერთი ლექსი:

„ახლა კი დროა“

თუ ფიქრობს ვინმე, -
გავკმინდოთ ენა! -
შენც არ მომიკვდე!
არა და ვერა!
შოთა რომ არა!
ვაჟა რომ არა!
ტატო რომ არა!
კიდე, ხო, მარა...
ესენი როა?!
ესენი როა! -
ახლა კი დროა! -
ახლა კი დროა, -
სოლომონ რომა, -
კვლავ დაიქუხოს საქართველომა!“

დარბაზი ფეხზე წამოდგა და დიდხანს არ ცხრებოდა ტაში... გარეთ რომ გამოვედით, მუხრანი ახალგაზრდებმა ხელში აიყვანეს...

იმ საღამოს წაკითხული მუხრანის ლექსები მთელ საქართველოს მოედო, ხელით იწერდნენ და ერთმანეთს გადასცემდნენ...

სრულიად უცხო პირები მოდიოდნენ ჩვენთან სახლში, სასოებით შესცქეროდნენ და მადლობის ნიშნად ხელს ართმევდნენ...

შემდგომ წლებში ლიტერატურათმცოდნეები და კრიტიკოსები დაწერენ: „მადლობა მუხრან მაჭავარიანს, თავისი მძლავრი, პოეტური ხმით ჩვენში ის მძაფრი ნერვი რომ გამოაღვიძა, ქართული რომ ჰქვია... სამოციან წლებში უნივერსიტეტში წაკითხული მუხრანის ლექსებით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“.

უნივერსიტეტში წაკითხული მუხრანის ლექსების გამო მწერალთა კავშირში სასწრაფოდ შეიკრიბა პარტაქტივი, სასამართლო მოუწყვეს და სასტიკად შეაჩვენეს... კომკავშირის ცეკას ბიუროზე გაკიცხეს და ჟურნალ „პიონერის“ რედაქტორობიდან მოხსნეს, დაიბარეს პარტიის ცეკაშიც და დატუქსეს... ისინი საკუთარი კეთილდღეობისათვის იბრძოდნენ მხოლოდ და ყველას გაიმეტებდნენ ამისათვის, მათ შორის, მუხრანიც გაიმეტეს...

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ - მუხრანის სიტყვები მინდა მეც დავადასტურო - მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს, რომელსაც ზოგადად მოეთხოვებოდა მწერალთა ინტერესების დაცვა, მისდა სამარცხვინოდ, არ გამოუჩენია მუხრანისადმი თანადგომა, პირიქით, „ცეკაში“ დანთებულ ცეცხლზე ნავთი დაასხა და მწერალთა კავშირში სასამართლო მოუწყო. ეს მაშინ, როცა მას „დიდი“ ავტორიტეტი ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო გამოსარჩლებოდა მუხრანს. იგი არწმუნებდა მუხრანს, რომ „პიონერის“ რედაქტორად მის დატოვებას ცდილობდა, სინამდვილეში კი „ცეკას“ მუხრანის ადგილზე სხვა კანდიდატურას სთავაზობდა.

1964 წელს იდეოლოგიის დარგში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის ინიციატივით მოეწყო რესპუბლიკის აქტივის კრება, სადაც ძირითადად მუხრანის საკითხი იდგა დღის წესრიგში.

- საქართველო აყვავებულია, ბედნიერია, რა სჭირს მოსათმენიო, - გაგულისებული, აღშფოთებული ტუქსავდა მუხრანს ცეკას მდივანი.

- განა ყველა მეეზოვეს აქვს უფლება, სამშობლოს ჭირ-ვარამზე ილაპარაკოსო?!.

„მეეზოვეში“, ცხადია, მუხრანს გულისხმობდა, მაგრამ „ნაგავში“ ვინც იგულისხმა, დღეს უკვე ნათელია.

ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში, რომელმაც ამდენი „სიკეთე“ გაუკეთა მუხრანს, ახალმა მდივანმა შეცვალა. თავისი წინამორბედისაგან განსხვავებული პოზიცია არც მას დაუჭერია, ისიც ერთგულად განაგრძობდა მუხრანის დევნასა და განქიქებას.

0x01 graphic

ოთარ ჭელიძე, მუხრანი, გივი ძნელაძე

...

იმ დღეს „იმელის“ შენობაში, ხალხით სავსე დიდ დარბაზში, მე, მუხრანი და ოთარ ჭელიძე ერთად დავსხედით ბოლო რიგში. სკამები იქ ამფითეატრივით იყო მოწყობილი და ჩვენ ყველაფერს ზემოდან გარკვევით ვხედავდით... პრეზიდიუმში მყოფი ცეკას წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მუხრანის განქიქებაში.

„ასეთი ბედნიერი ცხოვრება გვაქვს, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, ხალხი კარგად ცხოოვრობს, მაჭავარიანი კი წერს უმსგავსო ლექსებს“, და თითქმის ბოლომდე წაიკითხეს მუხრანის ეს ლექსი:

სხდომა

თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით
და...
გარეშე ყოველგვარი ხათრის, -
განსწავლულის (ეს რა ვნახე!) პრეტენზიით
ტრიბუნაზე
უწიგნური
ადის.

თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით.
და...
გარეშე ცეროდენა ხათრის -
პატრიოტის (ვიღუპებით!) პრეტენზიით, -
ტრიბუნაზე
უცხო თესლი
ადის.

თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით.
და...
ტყუილში ქურციკივით მარდი, -
ქველმოქმედის (დავიღუპეთ!) - პრეტენზიით, -
ტრიბუნაზე
მატრაბაზი
ადის.
და...
გექნებათ შენიშნული ალბათ,
ჩაწყობანი როცა ხდება კარტის, -
ზოგიერთი,
ვინც ვერ უძლებს ამას, -
დარბაზიდან
ფეხაკრეფით
გადის.

ცეკას მდივანმა ქალბატონმა კი შემდეგი ლექსისთვის პირადი შეურაცხყოფა მიაყენა მუხრანს.

ვაი, ჩვენს პატრონს!

„დავდივარ,
როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს
ხან დოლაბი,
ხან კიდევ კევრი.
ვხედავ:
რეგვენი ლაპარაკობს
ამაყად, მძიმედ,
და, მე შენ გეტყვი,
უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.
ქალი თუ კაცი
ეჯიბრება იმაში ურთერთს
ფიქრის და სიტყვის დაშორებას
ვინ შეძლებს უკეთ.

გზადაგზა მხვდება კმაყოფილი
სიფათი რეგვნის;
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს
ამაოდ ლეღვნი.
დროდადრო მესმის
უხერხული ხალხური ლექსი: -
ვჭამოთო კარგად,
არაფერი შეგვრჩება მეტი.
ვაი, ჩვენს პატრონს
ჩვენი ყოფის თავი და ბოლო, -
ჭამა და საჭმლის მონელება
თუ არის მხოლოდ.
დავდივარ,
როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს
ხან დოლაბი,
ხან კიდევ კევრი.“

- ვაი, მართლა მუხრან მაჭავარიანის პატრონსო! - წამოიყვირა ბოლოს გაალმასებულმა ქალბატონმა...

მუხრანს მიწისფერი დაედო, წამოდგა... ოთარ ჭელიძე წამოვარდა და მთელი დარბაზის გასაგონად დაიყვირა, უნდა გრცხვენოდეთ, ქალბატონო, პოეტს ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთო...

მე ხან მუხრანს ვაწყნარებდი, ხან ოთარს... ოთარი ტრიბუნაზე მდგომთან მიჭრას ლამობდა...

საოცარი პიროვნება იყო ოთარ ჭელიძე: ერთგული, გულწრფელი და ვაჟკაცური... მუხრანი მას „უღალატოს“ ეძახდა. განსაკუთრებით მოსწონდა მისი სტრიქონები: „განდევნილი დავალთ სოფლად მე ყაჩაღი, შენ მგოსანი! - თქვა არსენამ და გაშორდა ერთურთს ორი ცხენოსანი“...

რამდენიმე ხნის შემდეგ ოთარ ჭელიძემ ეს ლექსი მიუძღვნა მუხრანს:

„მე მინდა მოღიმარე მოთნეების
წინარე არ წახდე ავ სისინით,
უძირო ფიალა მოთმინების
არასდროს დაცალო სასმისივით.
შენ მაინც უცქერდე იმედებით,
ვინც ადრე გაცლილა კაცობისგან;
- მაშ, დარჩი ეგეთი, სიკვდილამდე,
როგორიც მახსოვხარ გაცნობიდან“.

... მაგრამ 1990-1995-იან წლებში, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მუხრანისა და ოთარის გზები გაიყო და კარგა ხანს ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ... ბოლოს კი ოთარს გარდაცვალების წინ უთქვამს: მუხრანი მენატრებაო, - ეს გვითხრა მისმა მეუღლემ, - ქალბატონმა დალი მუმლაძემ... ჩვენ დილით მივედით მასთან სამძიმარზე, რადგან საღამოს ვერიდებოდით ახალი ხელისუფლების მომხრეებთან შეხვედრას...

...

მუხრანი საოცარი სიყვარულითა და თავგამოდებით მუშაობდა საყმაწვილო კალენდარზე „მთიები“, მაშინ იგი საბავშვო ჟურნალ „დილას“ რედაქტორი იყო... 1972 წელს პირველი წიგნი გამოვიდა, 1974 წელს უფრო გააფართოვა წიგნის მოცულობა: ბავშვებს აცნობდა საქართველოს ისტორიას, გამოჩენილი მწერლების ცხოვრებას, ქართველი გმირების თავგადასავალს, წმინდანების ცხოვრებას, მეცნიერების მიღწევებს...

ეს წიგნი ბავშვებს უღვივებდა ცოდნის წყურვილს, სამშობლოს სიყვარულს, ყოველივე ქართულის პატივისცემას... და სწორედ ამიტომ, ამ წიგნის გამო, პატრიოტული, ეროვნული მიმართულების გამო, - კომკავშირის ცეკამ უარყოფითად შეაფასა ჟურნალ „დილას“ მუშაობა და სასტიკი საყვედურით გაათავისუფლეს მუხრანი „დილას“ რედაქტორობისგან.

პარტიის ცეკას მითითებით კი „მთიების“ მეორე გამოცემის მთელი ტირაჟი - 50 000 ცალი - სტამბაშივე დაჭრეს და გაანადგურეს... სტამბის მუშათა წყალობით გადარჩა კალენდრის რამდენიმე ეგზემპლარი.

2014 წელს, პირველი გამოცემიდან 40 წლის შემდეგ, ნანამ (ჩვენმა შვილმა) ხელმეორედ გამოსცა „მთიები“ მცირედი ცვლილებებით.

0x01 graphic

ნანა მაჭავარიანი:

მიხარია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ქართულის სახელმწიფო ენად დამკვიდრებაში. მუხრან მაჭავარიანის ოჯახისთვის ეროვნული ფასეულობები უპირველესი იყო. მოგეხსენებათ, საბჭოთა რეჟიმის დროს იდევნებოდა თავისუფალი სიტყვა. ამის გამო მამას ბევრი უსიამოვნება შეხვდა, რომელიც შემდეგ მთელ ოჯახზე აისახა. ალბათ, ამ ყველაფრის მომსწრე რადგან ვიყავი, ჩემი განწყობაც დისიდენტური იყო.

14 აპრილს წინ უძღოდა კონსტიტუციის 75-ე მუხლის აქტიური განხილვა შემოქმედებით კავშირებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ენის სახელმწიფო სტატუსის დაკარგვის საფრთხემ მთელი საქართველო მოიცვა.

13 აპრილს მამაჩემთან სახლში მოვიდნენ სტუდენტები და რჩევა ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. მამას ახსოვდა სისხლიანი 1956 წლის 9 მარტი, გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს, ამიტომ სტუდენტებს უთხრა, მეც თქვენთან ერთად წამოვალო.

0x01 graphic

9 მარტი, 1956 წელი

14 აპრილს უნივერსიტეტში პირველები მივედით: მე, ჩემი მეუღლე ლერი ახმეტელი და მისი მამიდაშვილები: ზურაბ და ლალი ქუთათელაძეები. იმ წელს ვამთავრებდი უნივერსიტეტს. ელგუჯა ხინთიბიძე იყო ჩვენი დეკანი. როდესაც უნივერსიტეტის ეზოში ძალიან ბევრი სტუდენტი შევგროვდით, ბატონმა ელგუჯამ გაბრწყინებული სახით გვთხოვა, რომ დავშლილიყავით. მას აშკარად ნაბრძანები ჰქონდა ხელისუფლებისგან სტუდენტების დაშლა, მაგრამ ის ისეთი გამომეტყველებით მოგვიწოდებდა დაშლისაკენ, რომ ყველაფერი ნათელი იყო.

მერე რუსთაველზე უკვე უზომო რაოდენობის ხალხმა მოიყარა თავი. საოცრად დაძაბული სიტუაცია იყო, იგრძნობოდა ეროვნული მუხტი. ამ დღესაც, როგორც 1956 წლის 9 მარტს და 1989 წლის 9 აპრილს, ქართული მილიცია ქართველ ხალხს მხარში ედგა. ახალგაზრდები მილიციის მანქანის, ე.წ. „კანარეიკის“, ხმის გამაძლიერებლებით კითხულობდნენ ქართული ენისადმი მიძღვნილ ლექსებს...

საღამოს კი ცეკას პირველმა მდივანმა გამოგვიცხადა, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა ქართული იქნებოდა. ამ განცხადებას დიდი სიხარული მოჰყვა.

უკვე კარგად იყო შებინდებული, როდესაც მამაჩემის საცხოვრებელი სახლის ეზოში ახალგაზრდებით სავსე ორი მანქანა შემოიჭრა: - „ბატონო მუხრან, გავიმარჯვეთ!“ - ახარეს მამას ქართული ენის გადარჩენა.

0x01 graphic

დგანან: მუხრანის შვილიშვილები: ანა და სოფიო ახმეტელები, მუხრანის შვილი - ნანა.
სხედან: მუხრანის სიძე - ლევანი ახმეტელი, მუხრანის მეუღლე - ლამარა ბოკერია, მუხრანი

ვფიქრობ, რომ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა დიდი სტიმული მისცა 1989 წლის 9 აპრილს. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. სხვათა შორის, ქართველი ერის ბრძოლამ სახელმწიფო ენისათვის სხვა საბჭოთა რესპუბლიკებსაც შეუნარჩუნა მშობლიური ენები სახელმწიფო ენებად. ასევე 80-იანი წლების ბოლოს ქართველი ერის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ბიძგი მისცა დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობის აზვირთებას.

ლევან (ლერი) ახმეტელი,
ნანა მაჭავარიანის მეუღლე

1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ (რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით) მუხრანი (საკმაოდ დიდი ხნით) სრულიად განერიდა საზოგადოებას, იგი უარს ამბობდა შეთავაზებულ შეხვედრებსა და ე.წ. „პოეზიის საღამოებზე“. 2000 წელს მუხრანს რატი ამაღლობელი და დათო ტურაშვილი ესტუმრნენ და „თეატრალურ სარდაფში“ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე დაითანხმეს.

ეს ის დრო იყო, როდესაც მუხრანის ე.წ. თანამოკალმენი შემთხვევას არ გაუშვებდნენ პრესასა თუ ტელევიზიაში, რომ მუხრანი არ გაელანძღათ... ამიტომაც ამ შეხვედრაზე მუხრანი „საბრძოლველად შემართული“ წავიდა.

შევედით, თეატრალურ სარდაფში ტევა არ იყო... იატაკზეც კი დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვიდით. აუდიტორია ძირითადად ახალგაზრდებისაგან შედგებოდა.

დათო ტურაშვილმა მუხრანი ე.წ. პრეზიდიუმში მიიწვია და თვითონ მაყურებლებში გადაინაცვლა.

მუხრანის საზოგადოებასთან შეხვედრას არაერთს დავსწრებივარ, მაგრამ ასეთი უშუალო და სულისშემძვრელი საღამო არ მინახავს. მუხრანი რომ ლექსს კითხულობდა, დახეულჯინსებიანი და სხვადასხვა ფერადთმიანი გოგო-ბიჭები პოეტთან ერთად ამბობდნენ ლექსის სტრიქონებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეს საოცარი ახალგაზრდები, მუხრანის წიგნებით ხელში, რიგში ჩადგნენ ავტოგრაფების მისაღებად.

მუხრანი ფრთაშესხმული წამოვიდა ამ შეხვედრიდან: - ასე მეგონა, დამთავრებული იყო საქართველოს საქმე და ნახე, რა ახალგაზრდობა გვყოლიაო?!

ლამარა ბოკერია:

1974 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ ლექსთა კრებული „დუმილი რეკავს“ წარადგინა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.

0x01 graphic

მუხრანის მეუღლე - ლამარა ბოკერია

„ამ პატარა კრებულში დაიბეჭდა მუხრანის ოცდასამი ლექსი, ეს ლექსები ისევე, როგორც პოეტის მთელი შემოქმედება, შთაგონებულია მშობლიური მიწისა და მშობელი ხალხის სიყვარულით, საქართველოს დიდებული წარსულით“, - წერდა წიგნის რედაქტორი ვახტანგ ჯავახაძე. პირველ ტურში წიგნი ერთხმად გავიდა, მაგრამ, ცეკას მდივნის განკარგულებით, კანონის დარღვევით, პირველი ტურის შედეგები გააუქმეს და მომდევნო ტურში ეს წიგნი კენჭის ყრაზე აღარ გაუშვეს...

რამდენიმე წლის შემდეგ შევარდნაძეს უთქვამს: „ეს მე არ მივეცი რუსთაველის პრემია მუხრანს, მოსკოვს შევეკითხე და მითხრეს, მაგ რუსოფობ პოეტს, მაჭავარიანს, არავითარი პრემია არ ეკუთვნისო...“ მაშინ ყველაფერს მოსკოვს ეკითხებოდნენ...

მთელი ცხოვრების განმავლობაში კომკავშირისა და პარტიის ცეკა ერთმანეთს ეჯიბრებოდა „პოეტ მუხრან მაჭავარიანის“ ლანძღვა-გინებაში. ეს ხდებოდა კონფერენციებზე, ყრილობებზე, პერიოდულ პრესაში...

როცა 1974 წელს, სრულიად უსაფუძვლოდ და კანონის დარღვევით, რუსთაველის სახელობის პრემია არ მისცეს, მუხრანის მეგობარი ტარიელ ჭანტურია პრესაში გამოქვეყნებული წერილით ამხნევებდა მას:

„პოეტებს ჯილდოებზე უფრო ჭრილობებით აფასებს ხალხი, და ეს ბუნებრივია, რადგან პოეტებიც ომში არიან და იქ დაღვრილ სისხლს ჯილდოებზე უკეთ მიღებული ჭრილობები გამოხატავენ.

სიტყვა უკვდავებას რატომღაც მხოლოდ მკვდრებისთვის ვიმეტებთ. თუ ამ ტრადიციას დავარღვევთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუხრანის წიგნებში ბევრი უკვდავი ლექსი და სიტყვა მეგულება! მთავარი ის კი არ არის, რას ფიქრობს ამ პოეტზე ის პოეტი, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ამ პოეტზე ღმერთი (ღმერთი, სხვათა შორის, და არა კრიტიკოსი!). ცდება და ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს ასეთი ღვთით კურთხეული პოეტი...

მე ისევე ვამაყობ მუხრანის მძიმე ჭრილობებით, როგორც ვამაყობდი ნაომარი და ორდენების გარეშე დარჩენილი მამის ჭრილობებით“...

- ასე წერდა ტარიელი, ვიდრე მუხრანი ცოცხალი იყო, მუხრანის გარდაცვალების შემდეგ კი აზრი შეიცვალა მასზე და უკადრებელი იკადრა...

...

1976 წელს გამომცემლობა „მერანში“ დაიბეჭდა ლექსების კრებული. ამ კრებულში შევიდა ლექსების ციკლი „1832“.

ამ ლექსების ციკლისათვის, რომელიც 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა: სოლომონ დოდაშვილის, სოლომონ რაზმაძის, ელიზბარ ერისთავის, გრიგოლ ორბელიანის, ფილადელფოს კიკნაძის პატრიოტული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო ერთტომეული. შემდგომ, როგორც იქნა, დაიბეჭდა ეს წიგნი.

წიგნს დიდი რეზონანსი მოჰყვა.

დახლის ქვემოდან იყიდებოდა.

ხელისუფლებამ წიგნის გაჩერება კვლავ სცადა, მაგრამ გვიანღა იყო.

ცენზორი (მაშინ „მთავლიტს“ ეძახდნენ), რომელმაც ამ წიგნის დაბეჭდვის ნება დართო, სამსახურიდან მოხსნეს. პარტიული საყვედურებით აავსეს ყველა თანამშრომელი, რომელიც ამ გამოცემასთან იყო დაკავშირებული.

ათასი ანონიმური წერილი გაიგზავნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომ მუხრანი არის ნაციონალისტი, შოვინისტი და სხვა და სხვა...

მოსკოვშიც გაიგზავნა წერილები: მუხრანის შემოქმედების განსაქიქებელი და პიროვნების შეურაცხმყოფელი.

რასაკვირველია, ლექსების კრებული „დუმილი რეკავს“, რომელიც ამ პერიოდში მეორედ იყო წარდგენილი რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად, უარყოფითი რეცენზიებით აავსეს და, რასაკვირველია, რუსთაველის ეს საპატიო პრემია მუხრანს არც მაშინ მიუღია.

0x01 graphic

მუხრანი, თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე

...

რის ვაივაგლახით მივაღწიეთ 1979 წლამდე. 50 წლისა გახდა მუხრანი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში ნალანძღი და ნატანჯი კაცი, მთელმა რესპუბლიკურმა პრესამ შეაქო. როგორც ქართველებს სჩვევიათ, ჯერ გაგიმწარებენ წუთისოფელს და მერე შეგაქებენ.

... მაგრამ 1979 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ თვეების მანძილზე კვლავ შეაჩერეს მუხრანის წიგნი „საიუბილეო ერთტომეული“, ისევ ლექსების ციკლისათვის „1832“. მაშინ ამოიღეს ამ ციკლიდან ლექსი:

როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე?!
(ქვეყანას ღვიძავს! -
დღეს სძინავს ვისღა)?!..
ჩვენი მზის სხივს და
ჩვენი ზვრის ყურძენს
როდემდე უნდა ვიღებდეთ სხვისგან?!
როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე?!
(ნეტავი, ჩვენში ყოველგვარი
რამ ჩაკლა რისკი)?! -
და დუმილისკენ,
ღრმა დუმილისკენ
გვეჭიროს უნდა როდემდე კურსი?!

როგორც იქნა, მოგვიანებით დაბეჭდეს ერთტომეული ამ ლექსის გარეშე... მუხრანის 50 წლის იუბილე კარგა ხნის ჩავლილი იყო...

...

1989 წლის აპრილის დასაწყისში არნახულად აზვირთდა ეროვნული მოძრაობა. მუხრანი ზვიადისა და მერაბის გვერდით იდგა. 4 აპრილს დემონსტრანტებს წინ მიუძღოდა საქართველოს ეროვნული დროშით, გზადაგზა, რომ არ დაღლილიყო, - ახალგაზრდები ენაცვლებოდნენ...

... 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე საშინელი, დამთრგუნველი ღამე იყო... მაგრამ, ამავე დროს, ქართველი ხალხის ერთად ყოფნით უჩვეულოდ ამაღლებული, შვების მომგვრელი და ღვთიური მადლით განათებული...

არ დამავიწყდება, როგორ ვიდექით იმ ავბედით ღამეს მთავრობის სახლის წინ მე, მუხრანი, ნანა და ლერი მოშიმშილეებთან ახლოს... უეცრად ზურგიდან უცნობი ახალგაზრდა მოგვიახლოვდა:

„იქნებ ქაშვეთის ეზოში გადახვიდეთ, კათოლიკოს-პატრიარქმაც მოგიწოდათ, დაუჯერეთ ამ წმინდა ადამიანს: საშინელი უბედურებაა მოსალოდნელი, სოლოლაკში რუსის ტანკები დგანან, რუსი ჯარისკაცებით სავსეა საბარგო მანქანები, დაგვერევიან და, ვინ იცის, რით დამთავრდება ეს ამბავი... მოშიმშილეები დასუსტებული არიან და გაქცევასაც ვერ შეძლებენო... - ბატონო მუხრან, თქვენ დიდი ავტორიტეტი გაქვთ, იქნებ თქვენ დაგიჯერონ...

მაშინ მუხრანიც მივიდა მოშიმშილეებთან... მაგრამ ისინი ჯიუტად იმეორებდნენ:

- მთელ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მოშიმშილეებს თავს დაესხნენ... არსადაც არ წავალთ, აქ ვისხდებით ბოლომდეო...

- მეც თქვენთან ვარო! - უთხრა მათ მუხრანმა, მერე ტრიბუნაზე ავიდა და ხალხის გამამხნევებელი მიმართვა ბარათაშვილის სიტყვებით დაამთავრა:

- „დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!“

მუხრანის გამოსვლა არც ერთმა ტელეარხმა არ გადასცა და ახლაც არ ვიცით, არსებობს თუ არა 9 აპრილს მუხრანის გამოსვლის ჩანაწერი!

... ო, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა გამთენიისას, 4 საათზე: საბჭოთა რუსული ტანკები წამოვიდნენ ჩვენკენ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ... რუსი ჯარისკაცები მთვრალები, არყისგან აწითლებულები დაგვერივნენ ხელკეტებით, ალესილი ნიჩბებით, მომწამვლელი გაზის პატარა ბალონებით...

მე და ნანა ჭყლეტაში მოვყევით, ნანა კიბეზე წაიქცა, მე გადავეფარე, ჩემ უკან მდგომნი წამით შეჩერდნენ, ნანას წამოყენებაში მომეხმარნენ... კვლავ ხალხის ტალღამ მიგვანარცხა კედლებს, სული შეგვეხუთა და, ის იყო, უნდა მეყვირა: ვკვდები-მეთქი, რომ ამ დროს ქართველმა მილიციელებმა კედლის გასწვრივ ვიწრო კორიდორი გაგვიხსნეს მთავრობის სასახლის მარჯვენა ქუჩისკენ და იქით მიმართეს ხალხის ნაკადი, ჩვენც ამ ტალღას მივყვებოდით, ტანსაცმელშემოძარცულნი, ფეხშიშველნი... როგორც იქნა, გავედით შევჩენკოს ქუჩაზე, აღმართს სირბილით ავუყევით... არ დამავიწყდება, ერთ-ერთი ალაყაფის კართან სომეხმა მამაკაცმა რომ დამინახა, ფეხშიშველი მივრბოდი, თავისი ჩუსტები მე მომცა...

ძლივს შევაღწიეთ ერთ-ერთ ეზოში, მგონი, ზუბალაშვილების ქუჩაზე. მეზობლებმა თითქმის გულწასულები მოგვაბრუნეს, შინ შეგვიყვანეს და კარი ჩაკეტეს, გვმალავდნენ, რომ რუსის ჯარისკაცებს, რომლებიც ნიჩბებშემართული კვლავ დასდევდნენ ხალხს, არ შევემჩნიეთ...

მუხრანი ხალხის ნაკადმა გაიტაცა და დაგვეკარგა, გვეგონა, დაიჭირეს, ხალხში მრავლად იყვნენ სუკის აგენტები... ლერიც დავკარგეთ იმ ორომტრიალში!

მაგრამ, ღვთის ნებით, გადავრჩით ოთხივენი! მე ორი ნეკნი მქონდა გაბზარული და დიდხანს ვიტანდი საშინელ ტკივილს...

ორი დღის შემდეგ მუხრანის თაოსნობით ქართველი მწერლების მიმართვა დაიბეჭდა გაზეთში „ლიტერატურული საქართველო“.

მწერლები მიმართავდნენ გორბაჩოვს - „პერესტროიკისა“ და „გლასტნოსტის“ მამამთავარს.

...

1990 წელს მუხრანმა გართულებული ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თითქმის ორი კვირა იწვა რეანიმაციის განყოფილებაში...

ახლოვდებოდა 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნები... მუხრანის სანახავად უმეტესად პოლიტიკოსები მოდიოდნენ: მათ შორის, გუმბარიძეც მოვიდა... სთხოვდნენ, - ჩვენი პარტიის სიაში ჩაეწერეთ, ბატონო მუხრან, თქვენს გვარს რომ დაინახავენ ამომრჩევლები, ჩვენ მოგვცემენ ხმასო.

ზვიად გამსახურდიაც მოვიდა მუხრანის სანახავად, მახსოვს, საავადმყოფოს მთელი სამედიცინო პერსონალი ფეხზე დადგა, აღტაცებული იყვნენ ზვიადის მოსვლით...

ზვიადმა უთხრა:

- მუხრან, „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოს“ სიაში შენ პირველს ჩაგწერდი, მაგრამ ვშიშობ, ერთი კაცი რომ გავიდეს ჩვენი ბლოკიდან, მე ხომ გარეთ დავრჩები... ამიტომ, მოდი, შენ მეორე იყავი, სიაში პირველობა მე დამითმეო - და ორივემ ხმამაღლა გაიცინა...

ჩატარდა არჩევნები...

გამოქვეყნდა მრგვალი მაგიდის საარჩევნო სია. - სიაში პირველი ზვიადი ეწერა, მეორე - მუხრან მაჭავარიანი...

გაიმარჯვა ბლოკმა - „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველო“. უზენაესი საბჭოს სხდომაზე მუხრანმა დაასახელა ზვიადი პრეზიდენტობის კანდიდატად. ქართველმა ხალხმა ერთხმად აირჩია ზვიადი...

ზვიადი გახდა საქართველოს პრეზიდენტი... 1991 წლის 31 მარტს ტარდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი...

კრწანისში, დიდ დარბაზში, დიდებული ნადიმი იყო გამართული... მუხრანი თამადა იყო, წუთი წუთზე ველოდით რეფერენდუმის შედეგს... ყოველ 15 წუთში აცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობას... ყოველი გამოცხადების შემდეგ დარბაზი ტაშის გრიალში ფეხზე დგებოდა... მოსახლეობის 99%25-მა დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას... ამაზე დიდი სიხარული ჩემს სიცოცხლეში არ განმიცდია...

საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა... მუხრანმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს... ვხარობდით... როგორ უხაროდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ოჯახიდან ორს ჰქონდა ხელი მოწერილი: - მუხრანსა და ჩვენს სიძეს, ნანას მეუღლეს, ლევან ახმეტელს, ტრადიციონალისტთა კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს.

ხანმოკლე გამოდგა ჩვენი სიხარული... გავარდა თოფი, საქართველო გაიყო ორად, გაჩაღდა „ძმა-კალიობა“.

ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე, ნიშნად პროტესტისა, მუხრანმა დატოვა მწერალთა კავშირი!

ჭადრაკის სასახლეში გამართულ მწერალთა ყრილობაზე მუხრანი გამოვიდა და განაცხადა: - „ეს ყრილობა უკანონოა ისევე, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოსი! მე გავდივარ მწერალთა კავშირიდან! ვინც ჩემი თანამოაზრეა - გამომყვეს!..“ - და დატოვა დარბაზი. ორმოცამდე მწერალი გამოჰყვა მუხრანს...

ვიდრე თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა, მწერალთა კავშირში რამდენიმე „მწერალმა“ შეთქმულება მოუწყო, „ვითომ“ კარებთან ღამეს ათევდნენ და კაბინეტში არ უშვებდნენ...

როგორც კი დატოვა თავმჯდომარის თანამდებობა, ახალმა თავმჯდომარემ, რომელმაც „სასწრაფოდ“ დაიკავა მუხრანის ადგილი, მეორე დღესვე დეპეშა გამოუზავნა: - გთხოვთ, ავტომანქანა დააბრუნოთო...

საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას მოჰყვა ქაოსი, შევარდნაძის რეჟიმი, განუკითხაობა...

...

- „მე, მუხრანს, ზვიადთან დამარცხება მირჩევნია, თქვენთან გამარჯვებასო!“ - თქვა მუხრანმა და ხალხმა მისი ეს ნათქვამი აიტაცა...

როცა ეროვნული მოძრაობა სისხლში ჩაახშეს, დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა ყოველივე ქართულის წინააღმდეგ... ქვეყანას ბოროტი სული დაეპატრონა...

მუხრანი წერდა:

„ზიზღის ანთია ჭიაკოკონა, -
გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი!
საქართველოა ახლა როგორიც! -
მე საქართველო
არ მსურს
ამგვარი!“ -

. . . . . . . . . .

„ამ ჩემმა ზათქი რომ არ ჰყოს გულმა
(ცეცხლში ვითარცა ქვა სკდება ფილთა), -
დროზე და მალე ვიხილო უნდა, -
მე საქართველო
როგორიც მინდა!“

1992-93-94 წლებში უმძიმეს მდგომარეობაში, შინა პატიმრობაში ვიყავით...

...

1994 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მუხრანი და აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი ქუჩაში, მიტინგზე დააპატიმრეს. წაიყვანეს საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში... ქამრები და ფეხსაცმლის თასმები დაახსნევინეს, დაკითხეს, პოლიციის უფროსს ვევედრებოდი: „გაათავისუფლეთ მუხრანი, დიაბეტი სჭირს და წამლები აქვს მისაღები-მეთქი“...

- „ქალბატონო, სულ ზევიდან მაქვს ნაბრძანები მუხრანისა და ბოჭორიშვილის დაპატიმრება და ვერ გავათავისუფლებ“, - მთელი დღე პატარა ვიწრო ოთახში ისხდნენ...

გვიან ღამით, როცა პოლიციას გარს ხალხი შემოერტყა ყვირილით: - გაათავისუფლეთ მუხრანი და ვახტანგ ბოჭორიშვილიო! პოლიციის უფროსმა თავდებით გაათავისუფლა „დამნაშავეები“ ...

„ბოლშევიკური“ რეპრესიები ჩვენი ოჯახის მიმართ ერთიორად გაძლიერდა... ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი, დამამცირებელი და დამთრგუნველი იყო ის, რომ მუხრანს, პოეტს, ტყვია ესროლეს...

მოპირდაპირე სახლის სახურავზე ჩასაფრებულებმა ტყვიამფრქვევიდან დაგვიშინეს ტყვიები... ეტყობა, სწორად ვერ გათვალეს სართული, ტყვიები ქვედა სართულის მეზობლის საძინებელ ოთახს მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა, კინაღამ ბავშვი დაიღუპა...

ასე გამეორდა კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ, მეორედაც დაცხრილეს ჩვენი ბინა... ნატყვიარები დღესაც ატყვია ჩვენს სახლს...

მე შიშით ვძრწოდი და ვუთხარი:

- მუხრან, შეიძლება ბინაშიც შემოგვეჭრნენ, მოდი, თოკი მოვამზადოთ და რომ შემოვლენ, ხელები ამ თოკით შევუკრათ-მეთქი...

მუხრანი დამთანხმდა და სრული სერიოზულობით შევუდექით თოკების დაწვნას...

სასწრაფოდ ჩამოვხსენით კარებზე მიმაგრებული ლითონის აბრა, ამოტვიფრული მუხრანის სახელით და გვარით: მუხრან მაჭავარიანი... და დღემდე ჩვენი ბინის კარზე არ აწერია მისი სახელი და გვარი...

დრო რომ გავიდა და ოდნავ გონს მოვეგეთ, მუხრანმა ღიმილით მითხრა:

- შეიარაღებულები რომ შემოცვენილიყვნენ, ვინ დაგვანებებდა ხელების შეკვრას?... კაცს იარაღი როცა უჭირავს ხელში, რანაირად უნდა შეუკრა ხელები თოკით? - და ორივემ გავიცინეთ ჩვენს უგუნურ მოქმედებაზე...

... მაგრამ არ გასულა დიდი დრო და შეიარაღებული პირები მაინც შემოიჭრნენ ჩვენს ბინაში. ექვსნი იყვნენ.

- ნაბრძანები გვაქვს: იარაღს ვეძებთო!

- პოეტის ბინაში იარაღს ეძებთ?! - შევეკითხე.

- მუხრანი პოეტიც არის და ეროვნული ხელისუფლების წევრიც... ასე გვაქვს ნაბრძანები...

კარის სათვალთვალოდან გავიხედე და კიბის თავზე მდგომი კიდევ სამი შეიარაღებული დავინახე...

რასაკვირველია, ვერაფერი იპოვეს და წასვლისას ექვსიდან მხოლოდ ერთმა მოგვიხადა ბოდიში...

შეიარაღებულთა „ვიზიტმა“ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მუხრანის ჯანმრთელობას...

ტელეფონით ხშირად გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ: ახლაც მახსოვს, ვიღაც გარეწარი ბოხი ხმით დამემუქრა: ქალბატონო, იცოდეთ, აგაფეთქებთ! თუ არ გჯერათ, გადმოიხედეთ აივნიდან, თეთრი მანქანა რომ დგას, იქ არის ბომბიო!

... ცახცახით გადავიხედე აივნიდან; თეთრი მანქანა მართლაც იდგა ჩვენს სადარბაზოსთან...

ასე დაემუქრნენ ჩვენს ვაჟიშვილს, ვანოს, რომელსაც პატარები ჰყავდა: ოთხი წლის მუხრანი და ორი წლის რატი.

- შვილებს დაგიხოცავთ, თუ არ გაეცლებით აქაურობასო!

ვანომ და მისმა მეუღლემ, ინგამ, გუდა-ნაბადი აიკრეს და ბავშვებიანად საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ...

...

ეროვნული ხელისუფლების განდევნის შემდეგ, 1992 წლის იანვარში, საქართველოს ბნელი ძალები დაეპატრონნენ... სახელდახელოდ შეიქმნა „სამხედრო საბჭო“, რომელიც გაუგონარ სისასტიკეს იჩენდა გადარჩენილი ეროვნული ძალების მიმართ...

- ჩვენ შინაპატიმრობაში ვიყავით, ტყვიებს გვიშენდნენ... ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა უმრავლესობა დააპატიმრეს... გელბახიანების ოჯახს, რომელსაც მანამდეც სდევნიდნენ, უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს, დააპატიმრეს გედი გელბახიანი და მის ვაჟს, პეტრეს, სიკვდილი მიუსაჯეს... მუხრანი აღშფოთებული იყო და პროტესტს პროტესტზე აწერდა ხელს თანამოაზრე მეცნიერებთან, მწერლებთან ერთად, მაგრამ არავითარი შედეგი ამას არ მოჰყოლია...

მახსოვს, 1983 წელსაც, „თვითმფრინავის ბიჭების“ გამოსახსნელად, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს, პროტესტის მიმართვას მუხრანი ჩაუდგა სათავეში, პირველად მისი გვარ-სახელი ეწერა, შემდგომ „კულტურის მოღვაწეებს“ სთხოვეს ხელის მოწერა, მაგრამ ვაგლახ, რომ ზოგიერთმა ჯერ ხელი მოაწერა და შემდგომ უკან გამოითხოვა თავისი ხელმოწერა,

მათი განცხადებები იმდროინდელ გაზეთებს „ამშვენებს“ ... მარტო მუხრანი ვერაფერს გახდა და ის პირტიტველა ბიჭები: გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები, მღვდელი ჩიხლაძე - დახვრიტეს...

ეს იყო 1983 წელს...

1994 წელს კი, იმ შავბნელ დროს, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ, როცა ჩვენი ოჯახი აწიოკებული, დათრგუნვილი, უიმედო და უსახსრო იყო, ჩვენ სოფელში წავედით...

სოფელში რომ ჩავედით, ჩვენი სახლის კარი მოღიავებული დაგვხვდა, ფანჯრები ჩამტვრეული, ოთახებში მუხრანის ხელნაწერები ეყარა, ზედ ტალახიანი ნაფეხურები ეტყობოდა... მუხრანი გაფითრებული ძლივს ჩამოჯდა კიბეზე, გული ცუდად გაუხდა... მე ვამშვიდებდი, მაგრამ მასზე უარესად ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე...

მეზობლებმა საჩხერის ხელმძღვანელობას შეატყობინეს, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია, მოგვიანებით მოვიდა ერთი „გამომძიებელი“, რომელიც ფორმალურად რაღაც „ოქმებს“ ადგენდა...

იმ წელს შვიდი თვე ვიყავით არგვეთში, სრულიად უსახსროდ, ნახევრად მშივრები... რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნებს ვყიდდით, მაგრამ არავინ ყიდულობდა...

ბოლოს ძველ ნაჩუქარ შამპანურებსა და კონიაკებს მივადექით, ვყიდდით ჩალის ფასად და იმით ვირჩენდით თავს...

...

იმ ავბედით 90-იან წლებში, ზვიადის განდევნის შემდეგ, როგორც უკვე ვთქვი, უფრო გაძლიერდა ჩვენი ოჯახის დევნა-შევიწროება, ვანოს ტელეფონით ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ: - ბავშვებს ამოგიხოცავთ, თუ არ აიყრებით აქედანო. ეს იმიტომ, რომ მუხრანისთვის კიდევ ერთი დიდი ტკივილი მიეყენებინათ... და 1994 წელს ვანომ ცოლ-შვილით დატოვა საქართველო - გერმანიაში გადასახლდა, მაგრამ ვაი, რომ იქ ძალიან გაუჭირდა: ცოლით, ორი ბავშვით - ოთხი წლის მუხრანით და ორი წლის რატით - რვა თვე თავშესაფარში ცხოვრობდა. შემდეგ კანადაში გადასახლდა, მუშაობდა მტვირთავად, მზარეულად, პიცების დამტარებლად, ჭურჭლის მრეცხავად, ბოლოს, როგორც იქნა, თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა ფარმაცევტულ ქარხანაში.

მუხრანი წერდა:

წახვალ, - მაგრამ, - ვეჟო! -
(თავს ხომ შენსას იცნობ)! -
გაძლებ უთბილისოდ?! -
ვეჭვობ!

წახვალ, - მაგრამ, - კაცო! -
(არაფერი სხვაც რომ)! -
როგორ უნდა გაძლო, -
თუნდაც უალაზნოდ?!

გაძლებ?!

ვერა! -

ვერა! -

ზღვას რამეთუ ყველას, -
შენი გიჯობს შენა
ღელე
მაცინცველა!

ბედის უკუღმართობამ ოკეანის გადაღმა, კანადაში, გადაისროლა ჩვენი ვაჟიშვილი ვანო თავისი მეუღლითა და ორი ვაჟით. მუხანო (ასე ვეძახდით პატარა მუხრანს) ცხრა წლისა იყო, საქართველოში პირველად რომ ჩამოვიყვანეთ, მას შემდეგ არ გვინახავს, რატი კი თოთხმეტი წლისა იყო, არგვეთში რომ ჩავიყვანეთ. მუხრანის ბიძაშვილისშვილმა, ელისო მაჭავარიანმა, მას ქართული წერა-კითხვა ასწავლა. რატიმ განსაკუთრებით შეიყვარა ელისო და „ალისოს“ ეძახდა. კანადაში დაბრუნებისას რატიმ წერილი დაგვიტოვა, რასაკვირველია, ელისოს დახმარებით დაწერილი:

- „ლამარა და მუხრან! ძალიან მიჭირს თქვენთან განშორება და აქედან წასვლა, რომ შემძლებოდა, აქ დავრჩებოდი. მე ბევრის დაწერა არ შემიძლია, ვიცი, რომ ძალიან მომენატრებით და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.

დიდხანს იცოცხლეთ და ბედნიერი იყავით, მინდა რომ მომავალშიც ისევ ერთად შევძლოთ ცხოვრება. ძალიან მიყვარხართ! თქვენი შვილიშვილი, რატი მაჭავარიანი. მე დავბრუნდები!“

ერთხანობას ვანო ჩამოვიდა თბილისში და დაიწყო მუშაობა.

მუხრანს ისე ჰყავდა მონატრებული ვანო, რომ მის ოთახში შედიოდა, სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და უყურებდა...

ვანომ ჰკითხა: - ასე რად მიყურებო?

- მამაჩემი ვანიჩკაც ასე მიყურებდა ხოლმე და მიკვირდა, ახლა ვხვდები, რატომ მიყურებდაო!.. - უპასუხა მუხრანმა.

...

საშინელება დატრიალდა ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და ზვიადის განდევნის შემდეგ... ინტელიგენცია ორად გაიყო, მუხრანის ბევრი მეგობარი მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა... და დაიწყო მუხრანის ლანძღვა და განქიქება... მუხრანს დაძაბულობისა და ნერვიულობისგან დიაბეტი დაემართა და შემდგომი წლები ამ ავადმყოფობას ვებრძოდით...

რამდენმა მეგობარმა უღალატა, რამდენმა ატკინა გული... მოულოდნელი, გამაოგნებელი იყო მუხრანის „მეგობრების“ საქციელი: მუხრანი დიდსულოვნად თავს იკავებდა და მხოლოდ ლექსებით გამოთქვამდა თავის გულისტკივილს...

- რა ვუყოთ მერე, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სიყვარულიც იციან და სიძულვილიც... შური კი მათი ყველაზე საშინელი სენიაო, - ამბობდა...

... „არავინ იცის: - კარგი რაა! - ვითარცა შურმა
შური: ხან ცოფებს ჰყრის პირიდან,
ხან არის ჩუმად.
შურს იმსახურებს არა მარტო დროული რისკი,
გმირული თუა! -
თვით სიკვდილიც კი!“

. . .

ერთმა „მეგობარმა“ თქვა პარლამენტის სხდომაზე გაზეთით ხელშემართულმა:

- როდემდე უნდა იბოგინოს მუხრან მაჭავარიანმაო!

მეორემ თქვა:

- მუხრან მაჭავარიანი თბილისის ქუჩებში არ უნდა დადიოდესო!

მესამემ თქვა:

- მუხრანს სისხლში აქვს მოსვრილი ხელებიო!

მეოთხემ თქვა:

- მუხრან მაჭავარიანი არ მიმაჩნია ისეთ პოეტად, რომ მისი ლექსები უნივერსიტეტში ისწავლებოდესო!

მეხუთემ, ყველაზე „ახლო“ მეგობარმა, გაუგონარი ცილი დასწამა!

მუხრანი კი ამბობდა:

„ნიაღვარია გარშემო შურის და ნიაღვარში შურისაში პოეტი მიდის...

წინ გზაა გრძელი!
გზა - ღვლარჭნილი, -

როგორც ასპიტი!“

ეროვნული ხელისუფლების ხანმოკლე ყოფნის დროსაც მოწინააღმდეგენი კვლავ მუხრანის შემოქმედების განქიქებას შეუდგნენ: - „ლექსი აქვს ლენინზეო, ლექსი აქვს სტალინზეო, კომუნიზმზეო!“...

- მუხრანს ასეთი ლექსიც აქვსო:

„არაფერი არ ყოფილა სიყვარულზე მაღალი
მე ლენინის ქუჩა მისმენს
და კიროვის ბაღნარი“.

ვაიკრიტიკოსებს ჰგონიათ, რომ აქ ლაპარაკია ლენინზე და კიროვზე, ეს ლექსი იმიტომაა დაწერილი, რომ ლამარა ცხოვრობდა ლენინის ქუჩაზე, კიროვის ბაღის პირდაპირო! - უპასუხებდა მუხრანი ღიმილით...

„სულაც არ მიკვირს სალანძღავი მე შენგან სიტყვა! - მაგინე, მთათხე, მკიცხე, მბასრე, მათრიე, მჭორე! - არ უქცევია ჩხირი გვერდად არც ერთხელ ვისაც, - ნააზრევს სხვისას ვინაიდან ის ქირდავს სწორედ“.

გავიდა დრო და სწორედ ეს „მეგობრები“ შუაკაცებს უგზავნიდნენ მუხრანს: - ოღონდ შეგვირიგდი, სიკვდილის პირას ვართო, ზოგი გულის შეტევას იმიზეზებდა, ზოგი ავთვისებიან სიმსივნეს, ზოგი რას და ზოგი რას... - არ გვინდა ისე მოვკვდეთ, მუხრანმა არ შეგვინდოსო.

ესეც ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, ჯერ კიდევ 1992 წელს წერდა:

„მე ვინც დამწიხლა! -
მე ვინც მირქინა! -
სულზე ქართულზე, -

დღეს ვინც ქირქილებს!...

ნუ გაიკვირვებ! -

ხვალ ჩემთან ძმობა

მოიწადინოს

კაცმა

იგივემ!

მუხრანმა დიდსულოვნად მიუტევა ყველა მათგანს, ყველას აპატია, ყველას შეუნდო... დასძლია დიდი გულისტკივილი... მაგრამ დასძლია კი?.. ეს ყოველივე ხომ შხამის წვეთ-წვეთად იღვენთებოდა და ანადგურებდა მუხრანის გულს!

„ყველამ გამწირა, -

მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:

მიწაზე ყოფნას

ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.

ზოგი მათგანი

ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:

ტყე აიჩეხა, -

ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი!“

...

ზვიადის განდევნის შემდეგ აღარავინ ახსენებდა მუხრანს, თუ ახსენებდა ვინმე, ლანძღვითა და გინებით მოიხსენიებდნენ, მუხრანის წიგნებს აღარ ბეჭდავდნენ, მუხრანის სრული უგულებელყოფა იგრძნობოდა ყველგან. თბილისის ყველა სტამბამ უარი თქვა მუხრანის ახალი წიგნის „გიკვირს, ნუ გიკვირს?!“ დაბეჭდვაზე. ჩვენმა ახლობელმა, ქარუმა (ბაჩუკი) წერეთელმა მოსკოვში წაიღო და იქაც დიდი ვაივაგლახით, კონსპირაციულად დაბეჭდა...

ასე გრძელდებოდა თითქმის ორი ათეული წელი... და ამ უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მიგვიწვია შეხვედრაზე თბილისის სასულიერო აკადემიაში. შესანიშნავი სიტყვით მიმართეს მუხრანს გრივერ ფარულავამ, ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, შალვა ნუცუბიძის ქალიშვილმა, თამარ ნუცუბიძემ... დარბაზის თხოვნით, მუხრანმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი... ბოლოს, პატრიარქმა მიმართა მას: „თქვენი გამოსვლის დროს მე გამახსენდა მაცხოვრის სიტყვები, მან ასე უწოდა თავის ორ მოწაფეს: „ძენო ქუხილისანო!“ თქვენ შეგშვენით ეს - „ძეო ქუხილისაო!“ მართლაც, თქვენ გამოიარეთ საოცარი გზა და დგახართ მწვერვალზე, საიდანაც ელაპარაკებით ჩვენს ხალხს. თქვენი პოეზია თქვენი გულიდან კი არა, ერის გულიდან ამოსულია და ამისათვის მადლობას გწირავთ“.

... უწმიდესი და უნეტარესი ილია დიდად დაამწუხრა მუხრანის გარდაცვალებამ და სამების ტაძარში, სადაც უკანასკნელად მიაგებდა პოეტს პატივს ქართველი ხალხი, ბრძანა:

„მუხრან მაჭავარიანი არის ადამიანი, რომელმაც ერის ჯვარი ატარა...

არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ერის ტკივილს, ერის ბედს, ერის ავსა და კარგს, ბატონი მუხრანი ბრძანდებოდა ის პიროვნება, რომელსაც სტკიოდა ერის ტკივილი და, ამავე დროს, ხედავდა მომავალს. პოეტი და მწერალი, უპირველეს ყოვლისა, ერის მომავალს უნდა ხედავდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ეს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ბედნიერი.

ბატონი მუხრანი უყვარს მთელ საქართველოს, მას იცნობს მთელი მსოფლიო, დღეს ის ხვდება ზეციურ საქართველოს, ჩვენს დიდ წინაპრებს, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა კაცთმოყვარე უფალმა დალოცოს მისი სული და დაამკვიდროს ცათა სასუფეველში, სადაცა მართალნი განისვენებენ“.

...

ეს იყო იმ ავბედითი 2010 წლის 17 მაისს.

გათენდა მშვიდი გაზაფხულის დილა - არაფერი არ მოასწავებდა, რომ სწორედ იმ საღამოს მოხდებოდა უდიდესი ტრაგედია ჩვენს ცხოვრებაში...

- მუხრან, დღეს ნუ გავალთ ბაღში, საღამოს წასასვლელი ვართ ფრიდონთან და არ დაიღალო! - ვუთხარი... მუხრანი დამეთანხმა. საწერ მაგიდას მიუჯდა. თავისი სიყრმის მეგობრის, ფრიდონის, 85 წლისთავის მისალოც სიტყვას წერდა... ფრიდონმა იმ დღეს სამჯერ დარეკა.

- მუხრან, ხომ მოდიხარ ჩემთან, შენი ჯალაბიც წამოიყვანეო!...

საღამოს გამოგვიარეს ანამ, გიორგიმ და ლევანმა.

როგორც ყოველთვის, მუხრანი წინ დაჯდა, გიორგის გვერდით...

პატარა თამარი თავისი სკოლის, პირველი გიმნაზიის წინ გველოდებოდა... მუხრანმა მუხლებზე დაისვა, მოედანზე მოვუხვიეთ და მივედით რუსთაველის თეატრში, გარეთ უამრავი ხალხი იყო, ესალმებოდნენ და ჰკოცნიდნენ... შევედით...

დარბაზი სავსე იყო ხალხით, მაგრამ, ღმერთო დიდებულო, რაღაც შემაშფოთებელი, მძიმე და ავის მომასწავებელი ვიგრძენი... სულის შემხუთველი...

ცუდად გავხდი, ტაქიკარდია ამივარდა და ძლივს მივაღწიე მესამე რიგამდე, სასწრაფოდ გადავყლაპე წამლები და შვილიშვილს, ანას ვუთხარი:

- რაღაც არა ვარ კარგად, რის გამო არ ვიცი-მეთქი. - ეტყობა, წინასწარ ვგრძნობდი მოსალოდნელ უბედურებას... ანამ წამლები დამიმატა... ნუ გეშინიაო...

- მუხრანი ჩემ გვერდით იჯდა, მესამე რიგის განაპირას, მარცხნივ!

როგორ მიჭირს ამ სტრიქონების წერა: ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის და ქაღალდს მისველებს, სტრიქონებს ვეღარ ვხედავ.

- ეს იყო ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთები. მუხრანი ზანტად წამოდგა, დინჯად აიარა სცენისკენ ამავალი კიბე და ფრიდონს გადაეხვია, - მიულოცა იუბილე:

- არც მე ვარ პატარა, 81-ისა ვარო! - უთხრა.

ავანსცენაზე იდგა... მისებურად ომახიანად დაიწყო მისასალმებელი სიტყვა: ვაჟას სიტყვები - „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლეო“, თქვა და უეცრად შეჩერდა, მაღლა აიხედა... წამიც და მოცელილივით გადავარდა უკან... თითქოს ტყვიით განგმირული მეომარი დაეცაო ბრძოლის ველზე...

დარბაზმა ამოიგმინა... ალბათ ხალხის გმინვა და დტრვინვა მარადისობის გუგუნად ჩაესმოდა... ყველა ფეხზე წამოდგა... ჩვენ სცენაზე ავცვივდით... ჩვენი შვილიშვილი, ოთხი თვის ფეხმძიმე ანიკა, მუხლებზე დაჩოქილი ცდილობდა მუხრანის გადარჩენას...

მუხრანი ფართოდ გახელილი უძრავი თვალებით შორეთს გასცქეროდა... მთელი საქართველოს თვალწინ გაუჩერდა გული, სასწაულებრივად გაჩერდა მისი მაჯის საათიც...

სასწრაფო მოვიდა... ბევრს ეცადნენ, მაგრამ უკვე გვიანღა იყო... ვიღაცამ მოიფიქრა და სცენის მძიმე ფარდა ნელ-ნელა დაუშვა...

- ნუ გეშინია, მამა, შენ დღესვე ილიასა და აკაკის შეხვდები! - სიჩუმეში გაისმა ჩვენი ქალიშვილის, ნანას ხმა...

ხალხმა ერთხელ კიდევ ამოიგმინა და გაყუჩდა...

...გაზაფხულზე დაიბადა და გაზაფხულზე გადავიდა მარადისობაში...

გასაოცარი და სულის შემძვრელია, რომ 1959 წელს დაწერილ ლექსში „წინასწარ ხილვა“ - მუხრანმა იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული:

ოდნავ ზარმაცი მოძრაობით წამოდგა ფეხზე:

„აღმართა ხელი, -
ყურადღება ითხოვა უხმოდ.
წუთიც და...
მძლავრი,
ღონიერი,
მსუნთქავი ლექსი -
უძრავ სახეებს განეფინა,
ვითარცა შუქი.

მივჩერებოდი:
ის, - ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსი, -
დროგამოშვებით ირხეოდა,
ვით ქარში მუხა...
წარმოვიდგინე:
მოძრაობის შეწყვეტა მისი,
ცხოვლად ვიხილე:
პირისახე პოეტის, -
უხმო“.

მუხრანის გარდაცვალება ასეთი უჩვეულო და გამორჩეული ალბათ არსთაგამრიგეს - ღვთის ნება იყო... ყოველ დროს, ყველაფერში გამორჩეული ბედისწერა...

...22 მაისი მუხრანის დაკრძალვის დღეა...

განსაკუთრებით უყვარდა მაისი, განგების ნებით, სწორედ მაისში გარდაიცვალა. ჯერ კიდევ როდის წერდა:

„ისე კარგია მაისის ღამე!
ქუჩაც ისეთი კარგია ახლა!
ასე მგონია, ვაბიჯებ ჰაერს
და
ნელა-ნელა ავდივარ მაღლა“.