„დედა ანა“


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: იჩუაიძე გიორგი



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


რუბრიკისთვის „წიგნები პანდემიისას“ ორი პატარა ამბავი შევარჩიე წიგნიდან „თუშეთი“, რომელიც პროფესიით მეტყევის დაწერილია და მხოლოდ მისი კოლეგები თუ იცნობენ. გიორგი იჩუაიძე - წიგნის ავტორი ცხოვრობს თელავთან ახლო, სოფელ ლალისყურში. მისი მოგონებები თუშეთის ბუნებაზე, ტყეებზე, ტრადიციებზე, ადამიანებზე, ეთნოგრაფიაზეა. ორი მოგონება განსაკუთრებული მომეჩვენა. ორივე ქალებზეა, ერთი - ტრაგიკული ბედის, მეორე კი ნიჭით გამორჩეულ ქალებზე, ეს ქალები ძველ, ჩვენთვის უცნობ დროში თუშეთის სოფლებში ცხოვრობდნენ. ლამაზ თუშურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ, ტიროდნენ, მღეროდნენ და მტკიცე, ღონიერი ბუნება ჰქონდათ. ისინი თითქოს ჩვეულებრივები არიან, მაგრამ შეუძლიათ ადამიანების გაოცება და მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენა. ორივე მოგონებას ერთად დავარქვი „დედა ანა“, პირველი მოგონების გმირის სახელის მიხედვით, რადგან გიორგი იჩუაიძის წიგნი ამ მოგონებით ჩემთვის ლიტერატურულ ნაწარმოებს გაუტოლდა.

დედა ანა

ომალო სოფელში, იმ ადგილზე სადაც ახლა ლუხუმი ოთიურიძე ცხოვრობს, 1890-იან წლებში დასახლდა მამის ოჯახისაგან გამოყოფილი ოჩუაიძე იოსები. ცოლად მოიყვანა შენაქოდან გაწირიძე ფროსე, ხოსიკურიანთ ქალი. ფროსემ მალევე გაითქვა სახელი, როგორც მარხე (მკაცრმა და უხეშმა) ქალმა, ამიტომ ყველა ხოსიკურის ეძახდა. მერე იოსების ოჯახსაც ხოსიკურიანი დაერქვა.

იოსებს და ხოსიკურს ჯერ სამი ქალი ეყოლათ, შემდეგ - ნანატრი ბიჭი ლევანი და შემდეგ კიდევ ორი ქალი: ნინო და ანეტო.

ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა, ამიტომ ლეომ ბავშვობიდანვე მეცხვარეობა დაიწყო. 18 წლისა უკვე ზამთარს ჩვეულებრივად შირაქში ატარებდა. უბრალო წალაპარაკების გამო სომეხმა მეველემ ლეოს თოფი ესროლა და მოკლა. ლეო შირაქში დამარხეს, ომალოში ამბავი მოიტანეს. შემდეგ თუშეთში საიდუმლოდ გავრცელდა ხმა - ლეოს ძმობილმა ის სომეხი მოკლაო.

ლეოს სიკვდილის დროს სამივე უფროსი და გათხოვილი იყო. იოსები დარდისგან დაავადდა და ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ლევანის დედა ორ შვილთან ერთად სიღარიბის პირისპირ დარჩა. ბევრს მუშაობდა თავის საქმეზეც და სხვათა სამუშაოებსაც ასრულებდა. მიუხედავად მოუცლელობისა, არასოდეს ტოვებდა შვილზე ფიქრი. სამუშაოზე წასვლისა და უკან დაბრუნების დროს სასაფლაოზე გაივლიდა, საფლავებს შორის დადიოდა და ლეოს საფლავს ეძებდა, მთელ სოფელს ესმოდა მისი ხმამაღალი ტირილი: შვილო, ცოცხალ აღარ მინდიხარ, მკვდარიმ მანახვი შენ თავ, შენიმ საფლავ მომც, დავწვებოდედ აღარც ავდგებოდ“. მივიდოდა სახლში, შემოუსხდებოდნენ „სუფრას“ მაგრამ ყვა არ გადადიოდა ყელში.


დგებოდა და ჩარექიდან ერთ ყანწ არაყს ჩამოასხამდა, იტყოდა, ლეო, დედა მოგიკვდესო და უცბად დალევდა. მერე ცოტას შეჭამდა და დაწვებოდა. ისე მოკვდა, რომ ვერასოდეს შესძლო ლეოს შესანდობრის თქმა, მხოლოდ თავის თავს სწყევლიდა.

ანეტო 5 წლის იყო და ბევრს ვერაფერსა ხვდებოდა, მაგრამ ნინო უკვე 13 წლის იყო და ცდილობდა დედასთან დალაპარაკებას, მის დამშვიდებას, მაგრამ დედას არაფერი ესმოდა. იმდენად უყურადღებო გახდა, რომ ღამით კერაში ცეცხლის შეხვევა ავიწყდებოდა და მეორე დღეს გოგოები მეზობლებში მიდიოდნენ „ცეცხლიღ მოგვეცითო“.

თიბათვის იმ ერთ დღეს კი ეს ამბავი მოხდა. ომალოში დილიდანვე ნისლი იდგა, წვიმდა წყნარად, დაჟინებით და წყალუხვად, როგორც საერთოდ იცის ხოლმე ივნისში თუშეთში. ამინდს ნათლად ეტყობოდა, რომ წვიმა საღამომდე არ შეწყდებოდა. მთელი ხალხი საჩეხებში, ბეღვაებში და საქსლოებში იყო შეფარებული და იქ მუშაობდა. სამჭედლოდან წყვილი ჩაქუჩის ხმაშეწყობილი წკრიალი ისმოდა, საქსლოდან ბეჭის ბაზა-ბუგი, ხოლო ახლად აშენებული სახლებიდან სალაშინის სასიამოვნო ზრიალი.

შუადღე მოახლოებული იქნებოდა, როცა ომალოს ზემო უბნის ცენტრში, კუდიჩიანთ ეზოში საშინელი ყვირილი დადგა. მოცვივდნენ მეზობლები და დაინახეს რომ კუდიჩიანთ ბაბო სოლომონი ეზოში იდგა და „სვიოდ გულსგონგამოსულ ყვიროდ“. იქვე თავდახრილი ხოსიკური იდგა და მას ლანძღავდა: აღარ გრცხვენია, თხოვნით აღარ გაძლევენ და ახლა მოპარვაზე გადახვედიო. თურმე ხოსიკური მეზობლების სახლში შესულა და ხელადიდან ერთი ყანწი არაყი ჩამოუსხია. სანამ დალევდა, სოლომან ბაბომ მიატანა, გამოაგდო გარეთ და ატეხა ყვირილი. ვიღაც დედაკაცმა ხოსიკურს უთხრა, რაღას ჰყუდიხარ, წადი აქედანო. წალასლასდა შავ პალტოში აჩრილი ფროსეს ძვალ-ტყავად ქცეული ლანდი. კუჭურაის მანდილი თავიდან დასცურებოდა და მის ბოლოს მიწაზე მიათრევდა, თავზე კი კუჭურადან ამოჩრილი თეთრი თმები გასწეწვოდა. გვერდი აუქცია ახლაღა მოტანილ შეშის ტვირთს, რომელიც ჯერ კიდევ საბელ გაუხსნელი ეგდო და შინ შევიდა.

ამ ამბის, რომელიც დეტალურად ჩამრჩა მეხსიერებაში, მოყოლა დედაჩემმა შემდეგნაირად გააგრძელა. ხალხი თავის სახლებს დაუბრუნდა და ზეუბანიც დამშვიდდა. მე ისევ ქსელს მივუჯექი და ფარდაგის ქსოვა განვაგრძე. უცბად ნინომ მოირბინა და მითხრა: „ზალო, მიშველ, დედა ანამ თავის მოკვლად წავიდ ბოსლისაკ“. მაშინვე გამოვედი და მე და ნინო ბოსლისკენ გავიქეცით. გორზე გადავედით და დავინახეთ, ქალების დედა (დედაჩემს ფროსე დედამთილად ეკუთვნოდა ამიტომ სახელს არ ამბობდა) თავის ბოსელთან მირბოდა. ბოსელში არ შევიდა, პირდაპირ გააგრძელა სირბილი. ჩვენ რომ თათრულათ ბოსელთან ჩავედით, ის თხილოანში შეეფარა. დაღმართზე ჩვენც მივრბოდით, მაგრამ ვერ ვეწეოდით, წვიმა კი ასხამდა და ასხამდა წყალს. თხილოანის ტყეს ჩავცდით და უკვე ხიდთან ახლოს პატარა ველზე გავედით. ალაზნის ხიდი გამოჩნდა, ქალების დედა შედგა ხიდზე, ომალოსკენ მოიხედა, ჩვენც დაგვინახა, მიბრუნდა და გადაეშვა წყალში. უკვე იმდენად ახლოს ვიყავით ბოგირთან, რომ ორივემ კარგად დავინახეთ, წყლის ტალღამ როგორ ამოატრიალა შავი სხეული და ისევ ჩაყლაპა. ხიდის ნაპირზე ელაგა ერთი წყვილი ჩითები და ერთი პირსახოცი, რომელიც სახლიდან წამოეღო.

მეორე-მესამე დღიდან ნელ-ნელა გამოიდარა. შენაქოს და ომალოს მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა ცხედარს, მაგრამ ვერ იპოვეს.

მრავალი წლის შემდეგ კურდღელაიძე შოთას დიდოეთის სოფელ მეთერატში უთხრეს, ერთხელ წისქვილის ღარში ქალის ცხედარი გაიჩხირა, ამოვიღეთ და იქვე დავმარხეთო. დღემდე ხოსიკურის სული ავტომატურად მოიხსენიება ორ შესანდობარში - თავხელშედებულთა და უცხო მიწაზე დამარხულთა.

ობლად დარჩენილი გოგოები გაიზარდნენ. განსაკუთრებით ნინო ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან ჭკვიანი და საქმიანი ქალი. მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, რომ იყო იშვიათი სილამაზის - თეთრი, მრგვალი სახის, ქერა გრძელი ნაწნავებით და ნორმალურად შევსებული ფერით და ხორცით. მასზე შექმნილი მრავალი ლექსიდან ერთი ყველას ახსოვს:

„ომალო სოფლის ბოლოზე
ერთი ყვავილი ჰყვავისო
უთხარით, არვინ მოწყვიტოს,
იმას პატრონი ჰყავისო“.

ქალები გათხოვდნენ, შვილებიც გააჩინეს და გაზარდეს. სხვათა შორის ხოსიკურის ერთ-ერთი შვილიშვილი იყო ცნობილი ისტორიკოსი ვალერიან ელანიძე.

„კი არ უკრავდ, ალაპარაკებ გარმუნს“.

თავბერიძეების ერთ სახლში სამჭედლო იყო. იმ ზაფხულს (1952 ან 1953) მჭედლები არ იყვნენ და მკალავები მუშაობდნენ, ქვაბებს და თუნგებს აკერებდნენ და კალავდნენ. ერთს შამილა ერქვა, მეორეს მუხამა, დიდოეთიდან იყვნენ. მათთანვე ბინადრობდა ხუშეთელი დიდო, რასულა, რომელიც სოფლის მენახირედ იყო მორიგებული. სამჭედლო ჩემს მეზობლად იყო და ხშირად შევდიოდი, მაშინ 9-10 წლის ვიყავი. ერთ დილით რომ მივედი, იქ იყვნენ თუში დიდი ბიჭები: აპალო და არსენა. უცებ რასულმა თქვა: „ეჰ-ჰე-ჰე, როგორ კი უკრავდა გუშ ანეტოი“. არსენამ თქვა: „კი არ უკრავდ, ალაპარაკებ გარმუნს“. ახლა აპალო ჩაერთო ლაპარაკში: „ჰო კარგ უკრავდ, მაგრამ მე ცაცოს დაკვრა უფრო მომწონს, გახევამდ რო გასწელავს გარმუნს, ხმა ალბათ შტროლთაშიაც მისდისთ“. ისევ არსენა: „გაჩუმდიღ რა, შენ რა იც, კარგ დაკვრა გან ღრიალს ჰქვიან“. კამათი დასრულდა იმით, რომ შეთანხმდნენ, დღეს საღამოს ორივეს დავაკვრევინოთ და ნორმალურ კაცებს ჩუმად გამოვკითხოთო. ვინც წააგებდა, ერთი ჩარექა არაყი უნდა მოეტანა.

საღამოს ყანოანში, ნარჩომაანთ სახლის კედელთან, ჩვეულებრივად შეიკრიბა ხალხი. სხვა ახალგაზრდა ქალებთან ერთად გამოვიდა ნარჩომაანთ ანეტოც. მაშინვე მიაჩეჩეს გარმონი. ანეტო დაჯდა და გაწელა გარმონი. უმთვარო ღამე იყო, მაგრამ ვარსკვლავებით მოჭედილი და არ ბნელოდა, ცეცხლიც ენთო. გარმონი თითქოს არ მოძრაობდა, კლავიშებზე თითები უსწრაფესად დახტოდნენ და ხმა მოდიოდა, ხმა, რაღაცნაირად დაუსრულებლად გრძელი, ჩახვეული მელოდია. დაკვრა გაჩერდა და ხალხმა დაღლილივით ამოისუნთქა. ხმას არავინ იღებდა, მერე ვიღაც დედაკაცმა ანეტოს უთხრა: „შამილის გამგზავრებისაიღ დუ'კარ“. უკრავდა, მართლა ლაპარაკობდა გარმონი დაღესტნის იმამის - შამილის დატყვევებისა და წაყვანის ამბავს. მელოდია ხმაურით, იარაღის ჟღარუნით დაიწყო, მერე თითქოს ხმამაღალი და ხმადაბალი ლაპარაკი ენაცვლებოდა ერთმანეთს, ბოლოს კი ქალების ხმით ტირილი გრძელდებოდა კარგა ხანს. და ხმა ნელა მინავლდა, ჩაიკაფა, გაჩუმდა.

მკლავა შამილამ თქვა, ამ ხმას ჩვენთანაც უკრავენ, მაგრამ ასე ვერავინ ვერ უკრავსო. რასულამ კი თქვა, ანეტოს თითებში თებჟორიკა ეყოლებაო (ახლა ვხვდები რომ იგულისხმებოდა ჭინკა, რომელიც თითებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა).

ცოტა შესვენების შემდეგ ბიღოეთ ცაცოს სთხოვეს დაკვრა. მანაც გამოართვა გარმონი, გასწორდა, ბანები იპოვა და უცბად ჰაერი რაღაც ხმაურმა გაარღვია. თითქოს კესელოს ციხე ჩამოინგრა და ქვა ნაშალი ქვემოთ მოგრიალებდა და ჩვენამდე ვერ აღწევდა. მეხსიერებაში სურათი მიდგას: ცაცოს თავი მარჯვნივ აქვს ბოლომდე გადახრილი, თან სხვადასხვანაირად ამაყად მაღლა აწეული. მარცხენა ხელი გარმონს სწევს, სწევს და წელზე შემოეხვია, როგორც იქნა მოუქცია და გარმონის შეკუმშვა დაიწყო. გადავრჩით, გარმონი არ გაიხა. ერთი და იმავე გარმონით ასე სხვადასხვანაირად დაკვრა თითქოს შეუძლებელი იყო. ანეტოს მოლაპარაკე გარმონი ცაცოს ხელში მოყვირალი ხდებოდა. ცაცო „ცერს გადაისას“ უკრავდა, წარმოიდგენდი, რომ მთის უღელტეხილზე იდექი და ქვეყნიერების გასაგონად მღეროდი თუ ყვიროდი:

„ნაბდად დამხურეთ თუშეთის ღამე,
ქვეშ გამიფინეთ ცვრიანი ქუჩი“.

ამასობაში აპალოს და არსენას გამოკითხვა ჩაუტარებიათ, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - ყველა ამბობდა, ერთი მეორეზე უკეთესები არიანო. ასე რომ, თითო ჩარექა არაყი ორივემ მოიტანა და თითო ყანწი ქალმა და კაცმა, ყველამ დალია. მერე კი მეგარმონეები სათამაშოებზე (საცეკვაოებზე) გადავიდნენ და თავგანწირული ცეკვები მამლის ყივილამდე გაგრძელდა.

ისე მოხდა, რომ იმ ზაფხულის შემდეგ 10 წელი ომალოში აღარ ვყოფილვარ. როგორც იქნა, ავედი, რაც მახსოვდა, იმის ნახვის იმედით და გაოგნებული დავრჩი - აღარ იყო ომალო. რამდენიმე სახლი უკვე ჩაქცეული იყო, ზოგიერთი სახლის თითო ოთახს კლიტე ედო, უმეტესი სახლები და ოთახები ღია იყო და ქარი აჭრიალებდა კარებებს. საერთოდ არავინ დადიოდა სოფელში. ომალოელები, ვინც კი განაგრძობდა თუშეთში ცხოვრებას ბოსელში (ქვემო სოფელში) ჩაბარგებულიყვნენ. აქ ვნახე ანეტოც, გათხოვილიყო და მეტეოსადგურში მდინარეებზე დამკვირვებლად და ფოსტაში რადისტად მუშაობდა.