![]() |
წვრილმანები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნახუცრიშვილი გაგა |
თარიღი: 2020 |
ნ|ნახუცრიშვილი გაგა
![]() |
1 * * * |
▲back to top |
პანდემიისას ნოველებს მივაკითხე. უფრო სწორედ, თვითონ მომაკითხეს. გზა არ შეშლიათ და იოლად მომაგნეს. ნოველებში ხომ უკეთესად ჩანს წვრილმანები. ცხოვრებასაც ხომ წვრილმანები განაპირობებს, თორემ გლობალური მნიშვნელოვანი ამბები საუკუნეში ერთი-ორჯერ ხდება, ასევეა ჩვენს პირად ცხოვრებაში.
წვრილმანებს ხშირად ვერ ვამჩნევთ. ყოველდღიურობის მტვერი ფარავს ან გვერდზე გვრჩება, ან საერთოდ გამოვტოვებთ ხოლმე, რადგანაც ვერ ვხედავთ. მერე თავად გვახსენებენ თავს. ჩვენც ვნანობთ, რომ ვერ შევამჩნიეთ, ვერ დავაფასეთ, უკან დაბრუნებაც გვიანია. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი იყო, ვეღარაფერს შევცვლით, ვერ გამოვასწორებთ.
ძვირფასი ადამიანები მიდიან და წვრილმანებიც მიაქვთ. დრო გადის. გენატრება და ყოველი წვრილმანი უსასრულო გალაქტიკად გეჩვენება. სათქმელი ვერ უთხარი, საქმე ვერ გაუკეთე, ბოლობოლო, ძალიან დაღლილი იყავი და ვერ გაუღიმე. წვრილმანი ეძახე და მძიმე ტვირთი ყოფილა, მთელი ცხოვრება თან ატარებ და ალბათ მერეც გაგყვება, მიწაში თუ ცაში, ვისაც როგორ გვჯერა.
ადამიანი სულ მოგზაურობს, ცხოვრება განვლილი შთაბეჭდილებებისაგან შედგება შინ თუ გარეთ, მთასა თუ ბარში. ზღვასა თუ ზეგანზე. ყოველი წამი ხომ წვრილმანია, რითაც ჩვენი გზა იკინძება. გზა, რომელიც მხოლოდ წინ მიდის და უკან დაბრუნება შეუძლებელია.
* * *
ნოველაც მხოლოდ ნაწყვეტია, ფრაგმენტულობისაგან არის აგებული. სადღაც რომ შეიხედავ ან რაღაცას თვალს მოჰკრავ და მალევე გზას გააგრძელებ, თუმცა შესაძლოა ეს ფრაგმენტი მთელ ამბავზე მკაფიო და შთამბეჭდავი იყოს, რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაზე და ათასობით დაწერილ გვერდზე მეტი, იმის მიუხედავად, რომ წამი და წვრილმანია.
დიდი მწერლები ნოველებით გვიამბობენ ამბებს, რომლებიც ჩვენ გამოგვრჩა, ვერ დავინახეთ, არ შევიმჩნიეთ ან გამოგვეპარა. ჰოდა, გვაგრძნობინეს, რომ ეს წვრილმანი სულაც არ ყოფილა უმნიშვნელო...
ჯერ ჰემინგუეიმ დამიძახა, წვრილმანების აღმოჩენის მეფემ, სტრიქონებს მიღმა მწერალმა, რომლის თითოეული სამი წერტილი ცალკე წიგნია, ცალკე საფიქრალი და გონებაში გადასახარში, ოღონდ გულიც უნდა დაუდო, ისე ხელიდან გაგისხლტება, გაგეპარება, ყველაფერი ხომ სტრიქონებს მიღმა იმალება. ჰემიგუეისთან სიტყვები ხშირად ფასადია, ნაგულისხმევი უფრო მეტია, ვიდრე ნათქვამი. არც სათქმელს გვიღეჭავს და რეცეპტსაც არ გვაძლევს.
არ არის შემთხვევითი, რომ დიალოგის ჯადოქარი ხშირად მხოლოდ კითხვის ნიშანს სვამს, რომ არ გავზარმაცდეთ, პასუხიც თავად ვეძიოთ. როდესაც ფოლკნერმა ჰამინგუეის ,,მოხუცი და ზღვა“ წაიკითხა, დაწერა, რომ ერნესტმა ამ შედევრით ღმერთს მიაგნო, ღმერთი დაინახა. ჩემი აზრით, თუნდაც მხოლოდ ამ სიტყვებით ფოლკნერმაც იპოვა ღმერთი, ვინაიდან თავისი კოლეგისა და მეგობრის წარმატება ასე დაინახა, გაუხარდა და შეიყვარა.
ეს მცირე რომანიც ერთი ნოველაა. ღმერთიც წვრილმანებში ჩანს და მოხუცის სიზმარშიც, როდესაც ლომები ესიზმრება. შედევრი ასე მთავრდება: მოხუცმა მეთევზემ ოცნება აიხდინა და ამით ღმერთს მიაგნო. ფოლკნერი კი ფიქრობდა, რომ ზღვა, ბიჭი, მოხუცი, მონადირებული თევზი, მტაცებელი ზვიგენები ღმერთის შექმნილია და ღმერთს ისინი უყვარს. თითქოს და ესეც წვრილმანია, მაგრამ წვრილმანებშია ღმერთი და არა სადღაც განყენებულად, ცრუ, ირეალურ სამყაროში. ამას გულისხმობდა ფოლკნერი. მარტივად გვითხრა და გასაგებად. ზღვასაც ყოველდღე ვხედავთ და ადამიანებიც ყოველდღე ერთმანეთს ვესალმებით, ხომ წვრილმანია და რა საჭიროა ღმერთი ზეცაში ვეძიოთ...
* * *
,,კატა წვიმაში“
გაუჩინარებული ღმერთი და დროს გაყოლილი, ჩავლილი სიყვარული. გაციებული ურთიერთობა და გარეთ კატა წვიმაში. ახალგაზრდა ქალს განვლილი სიყვარულის დაბრუნება სურს. გამოფიტული კაცი, რომელიც წიგნს მისჩერებია და მექანიკურად კითხულობს. ვეღარ პაუხობს მეუღლის გრძნობებს, აღარ შეუძლია. ერთ დინებაში მეორედ ვეღარ შედის. ქალს კი კატა უნდა. კატა მისი ორეულია, მარტოობაში, წვიმაში დარჩენილი და გალუმპული, მერე სასტუმროს კეთილშობილი მეპატრონე თავის მოსამსახურე გოგონას გაატანს კატას ახალგაზრდა ქალთან. თავად კი არ მივა, რომ უხერხული ვითარება არ შექმნას. ალბათ იცის, რაც არის მარტოობა და წვიმა. იცის, რომ ცოდოა კატა წვიმაში.
* * *
„იქ სადაც სინათლეა“
მარტოხელა მოხუცებული ღამღამობით ბარში დადის, ვისკის უკვეთს და ფანჯრიდან განათებულ ღამის ქალაქს უცქერს. ბარში აღარავინ არის, მაგრამ მაინც არ მიდის, ვიდრე ბარს არ დაკეტავენ. ორი ახალგაზრდა ბარმენი კი ერთმანეთს ელაპარაკება:
- სად ცხოვრობს?
- აქვე ახლოს.
- უჭირს რამე?
- არც არაფერი, მდიდარია, უბრალოდ, მარტოა.
- მერე სახლში წაიღოს ვისკი და იქ დალიოს, სულ ერთი არ არის?!
- არ არის სულ ერთი.
ახალგაზრდამ სიბერე წარმოიდგინა, საკუთარი მარტოობა დაინახა.
თითქოსდა წვრილმანია, სად დალევ ვისკის.
* * *
„მკვლელები“
მოქმედება და დიალოგი აქაც ბარში მიმდინარეობს. ერთ კაცს ეუბნებიან, რომ მოკლავენ. საუბარი მშრალია და ძუნწი. სიკვდილ-სიცოცხლე წვრილმანდება და სიცარიელეში ზავდება. ,,მკვლელების “ გმირები საკუთარი სიცარიელით გვკლავენ. ყველაფერს ღირებულება ეკარგება. სიტყვებს სიჩუმე მოაქვს. ეს სიჩუმე კი სიკვდილის მოლოდინია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი წვრილმანია. გვეჩვენება, რომ არც უცხოვრიათ და ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდება.
- როდის?-იკითხავს მსხვერპლი.
როდის და არა რისთვის ან რატომ. აი, როგორ ხსნის ფატალიზმს, მოკლე, მშრალი დიალოგებით, რომლებიც კონტექსტიდან ამოვარდნილ, ერთი შეხედვით ცარიელ ფრაზებს შეიცავს.
* * *
„სხვა ქვეყანაში“
ეს ნოველა ავტობიოგრაფიულია. მოქმედება იტალიაში ხდება, პირველი მსოფლიო ომის დროს. სარეაბილიტაციო ცენტრში ჰემინგუეი ასაკოვან იტალიელ გენერალს გაიცნობს. დამეგობრდებიან და ხშირად საუბრობენ.
- შეყვარებული გყავს? - ჰკითხა ერთხელაც გენერალმა.
- არა, ჯერ არა, - უპასუხა ჰემინგუეიმ.
- ასე არ ვარგა! ვიღაც უნდა შეიყვარო, - ცოტა უხეშად მიუგო გენერალმა, მერე მხარზე ხელი დაარტყა და ბოდიში მოუხადა.
თურმე ჰემინგუეის მეგობარს მეუღლე ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. მოუბოდიშა და ფანჯარაში გაიხედა.
მზიანი ამინდი იყო. ფანჯრიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა. ბაღი, ბაღს იქით მთები და ლურჯი სივრცე, მაგრამ გენერალი მხოლოდ სიცარიელეს უცქერდა. მისთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო. ალბათ იმიტომაც გაუბრაზდა ახალგაზრდა მწერალს, რომ სიყვარულთან შედარებით ნებისმიერი სასტიკი მსოფლიო ომიც კი წვრილმანია.
* * *
„დუბლინელები“
ჯოისის დუბლინი ყოველთვის ჩემი ბავშვობისა და ღრმა ახალგაზრდობის 70-იანი, 80-იანი წლების თბილისში მაბრუნებდა, არ ვიცი, რითი ჰგავს, ალბათ, ცხოვრების წყნარი რიტმით, დღეების მშვიდი მონაცვლეობითა და დროის მდორე დინებით. ჩვეულებრივი ადამიანების ჭირითა და ლხინით. მძიმე და მარტივი წვრილმანებით.
ჰემინგუეი ჯოისს თავის მასწავლებლად აღიარებდა. ამბობდა, რომ მისგან ისწავლა თითოეული, თითქოს უმნიშვნელო დეტალის ჭვრეტა და ზედმიწევნით სადად თხრობა. ,,დუბლინელებიც“ მისი სამაგიდო წიგნი იყო.
დუბლინი თუ ოდესმე აღიგავა პირისაგან მიწისა, ისე აღვწერე, რომ სრულად იქნება შესაძლებელი აღვადგინოთო, - ხშირად ხუმრობდა.
ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებზე დაწერა. მიაჩნდა, რომ ამ ხალხმა შექმნა დუბლინი ისეთი, როგორიც არის. განსაკუთრებული ადამიანი ყველგან განსაკუთრებულია და ქალაქის სულშიც ვერ ჩაგახედებს. გლობალური მოვლენებიც ვერ ქმნიან ქალაქებს. ქალაქებს წვრილმანები და ადამიანების ყოველდღიური ურთიერთობა ქმნის.
ამიტომაც ამბობდა გენიალური ჯოისი, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა დუბლინში, რადგან არასოდეს დაუტოვებია.
ჯოისის ,,დუბლინელების“ პირველ გამოცემას დუბლინის რუკაც ახლავს თან - ქუჩებითა და გზაჯვარედინებით, ეკლესიებითა და დუქნებით, გასართობი სახლებითა და საპარიკმახეროებით და ეს რუკაც ცოცხალია, რადგან ადამიანების ფუსფუსი მოისმის.
განშორება და შეხვედრა, სიძულვილი და სიყვარული, სიჩუმე და ხმაური, მობეზრება და მონატრება, ქელეხი და ქორწილი... ყველაფერს ვნახავთ ამ უცნაურ კაცთან.
ამბები კი ერთმანეთს ენაცვლება. რაღაც მთავრდება, რომ ახალი ამბავი დაიწყოს. ეს ნოველები, ერთ მცირე რომანს ქმნის, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჟანრის საზღვარი პირობითია. ერთი გვერდი მეტს მოგვითხრობს, ვიდრე ათასგვერდიანი თავშესაქცევი რომანი.
ერთი ამბავი სრულდება, რომ მეორე ამბავი დაიწყოს.
ერთმანეთის გარეშე ხომ ვერ იარსებებენ. ქალაქს ამბებად ვერ დაანაწევრებ, ამბავი ამბავს ებმის და ასე მთლიანდება. განსხვავებული ამბებით შენდება ქალაქები, ერთმანეთს ენაცვლებიან და სადღაც ერთ წერტილში მთლიანდება. ესეც ხომ წვრილმანების მთლიანობაა, რისგანაც შენდება ქალაქები.
* * *
„დუბლინელების“ მთავარი გმირი კი თოვლია, მიწას თეთრად ეფინება და ყველაფერს აერთიანებს, მთასა და ბარს, ზღვასა და ზეგანს, ცასა და მიწას.
ათოვთ ცოცხალთაც და მიცვალებულთაც. წვრილმანია - დედამიწაზე ხანდახან თოვლი მოდის ხოლმე.
პ.ს.
დიალოგები იმპროვიზირებულია წერილის ავტორის მიერ.