![]() |
ნატოს გაფართოება |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბარნოვი ანდრო |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © ანდრო ბარნოვი „სტრატეგიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი“ |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
1990 წელს გერმანიის გაერთიანებით ნატოს გაფართოების ახალი პროცესი დაიწყო, რაც 1994 წლის ბრიუსელის სამიტზე ოფიციალურად გამოცხადდა. ამას წინ უძღვოდა 1991 წელს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება, რომელიც ახალი სტრატეგიული კონტექსტის გათვალისწინებით, აყალიბებდა ხედვას ახალი გამოწვევებისა და რისკების შესახებ. აქ მთავარი ის იყო, რომ ნატო აღიარებდა სრულმასშტაბიანი შემოტევის რისკის გაქრობას და მთავარ „მტრად“ აღმოსავლეთ ევროპის შესაძლო არასტაბილურობას ასახელებდა. შესაბამისად, ალიანსის აქცენტმა მთელ ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე გადაინაცვლა. ეს იყო პირველი შემთხვევა ცივი ომის შემდეგ, როცა ნატომ საზღვრებს გარეთ „გაიხედა“. ამიერიდან, დიალოგი და თანამშრომლობა ალიანსის მთავარ „იარაღებად“ იქცა.
1995 წელს გამოქვეყნდა ნატოს კვლევა გაფართოების შესახებ, რაც აისახა 1999 წლის კონცეფციაშიც, სადაც ეს თემა საბოლოოდ გაიშალა და ჩამოყალიბდა. სწორედ ამ წელს მოხდა უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ნატოში მიღება და ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის ჩართვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში. ამ თვალსაზრისით, 1999 წელი ალბათ ყველაზე დინამიური წელი იყო ნატოს ისტორიაში.
ნატოს გაფართოების მიზანია, რომ ახალი წევრები ევროპის უსაფრთხოების არქეტექტურის ნაწილები გახდნენ. დეფინიციით, ნატოს წევრობის კანდიდატები „ევროპული ქვეყნები“ უნდა იყვნენ, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ ალიანსი გააძლიერონ. დაფუძნებიდან დღემდე ნატომ გაფართოების 6 რაუნდი გაიარა და 12-დან 28 წევრიან ორგანიზაციად გადაიქცა. ალბანეთი და ხორვატია, რომლებმაც ნატოსთან მიერთების ფორმალური პროცედურები 2009 წლის 1 აპრილს დაასრულეს, ამ ოჯახის ყველაზე ახალი წევრები არიან.
„ევროპული ქვეყანა“
იმისათვის, რომ ალიანსის წევრობის კანდიდატი იყოს, სახელმწიფო ევროპულ ქვეყნად უნდა იწოდებოდეს. ამისათვის კი ეს ქვეყანა კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამიტომ, ნებისმიერ პოტენციურ წევრს მოეთხოვება: დემოკრატიული რეფორმების გატარება, მათ შორის სამხედრო ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების ამოქმედება
თანამშრომლობისა და კონსენსუსის ჩვევების განვითარება
მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის განვითარება, მათ შორის ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის ხარჯების გამჭვირვალობის მიღწევა
ევროპასთან ინტეგრაცია გაზიარებული ღირებულებების საფუძველზე, ეთნიკური გამყოფი ხაზების დაძლევა
ალიანსის გაძლიერების უნარი, რათა უკეთესად დაიცვას ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოება
გადაწყვეტილება ახალი წევრის მიღების თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებული ერების ქარტიის პრინციპების საფუძველზე, რაც გულისხმობს მშვიდობას, ალიანსის წევრების საერთო ცივილიზაციისა და კულტურული მემკვირდეობის დაცვას, პიროვნული თავისუფლებების გარანტირებასა და კანონის უზენაესობას. ალიანსის ახალი წევრები ამ პრინციპებს უნდა ეთანხმებოდნენ.
ასევე, გადაწყვეტილება მიიღება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლის საფუძველზე, რომელიც ახალი წევრის მიღებას მხოლოდ ალიანსის წევრთა სრული კონსენსუსის საფუძველზე ხდის შესაძლებელს.
იმავე დოკუმენტის მიხედვით, ალიანსის ნებისმიერი წევრი უნდა იზიარებდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს და, ასევე იმ პრინციპებს, პოლიტიკასა და პროცედურებს, რომლითაც ალიანსი ახალი წევრის მიღების მომენტში ხელმძღვანელობდა.
ახალმა წევრმა უნდა გააძლიეროს ალიანსის ეფექტიანობა და კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს თავდაცვის საერთო სისტემაში. ასევე, ნებისმიერი წევრის ვალდებულებაა ალიანსის სამშვიდობო და სხვა სახის მისიებში მონაწილეობა.
ალიანსის წევრი ფართოდ უნდა თანამშრომლობდეს ევროპულ სახელმწიფოებთან და საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ნატოს წევრი სახელმწიფო უნდა აძლიერებდეს ევროპის უსაფრთხოებას.
ალიანსის წევრი უნდა ითვალისწინებდეს ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატის მნიშვნელობას და აქტიურად მონაწილეობდეს მასში იმისათვის, რომ ალიანსს ჩამოუყალიბდეს მეგობრული ურთიერთობები პარტნიორებთან, იმისგან დამოუკიდებლად, გახდება თუ არა ეს პარტნიორი ალიანსის წევრი მომავალში.
დაბოლოს, ალიანსის წევრი ხელს უნდა უწყობდეს ევროკავშირის გაფართოებას, რომელსაც ნატო „პარალელურ პროცესად“ მოიხსენიებს და მოიაზრებს როგორც აღმოსავლეთით ახალი დემოკრატიების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების პროცესს.
კანდიდატობის მომზადება
ნატო ეხმარება დაინტერესებულ პარტნიორებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის აუცილებელი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. არსებობს რამდენიმე სტანდარტული პროცესი, რაც ამ დროს გამოიყენება. „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფორმატის გარდა, რომელიც ფორმალურად წევრობის მომზადებას არ გულისხმობს, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს „ინტენსიური დიალოგის“ ფორმატი და „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“. ორივე პროცესი მოიცავს რეფორმების პაკეტს იმ განსხვავებით, რომ „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ გაცილებით მაღალი სტატუსის ფორმატია და ალიანსში გაწევრიანების პროცესის რეალურ დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ამას გარდა, საქართველოსთან, ისევე როგორც უკრაინასთან, ფუნქციონირებს ნატოს კომისია, რომელიც გვეხმარება გაწევრიანების სამოქმედო გეგმისთვის მომზადებაში, თუმცა კომისიის ფორმატი ქვეყნის გეგმაში ჩართვის ვალდებულებას არ გულისხმობს.
პარტნიორებისა და კანდიდატების სტატუსი
პირობითად, ალიანსის პარტნიორები და წევრობის მსურველები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს:
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატისა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგის ქვეყნები
ინტენსიური დიალოგის ქვეყნები
გაწევრიანების პირობის მქონე ქვეყნები (საქართველო, უკრაინა)
გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ქვეყნები
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელ სტატუსსა და ალიანსის წევრობას შორის მხოლოდ სამოქმედო გეგმაზე მიერთება რჩება, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე ამ ეტაპზე გადასვლა არ მოხერხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, ასევე, რომ სამოქმედო გეგმასა და წევრად მიწვევას შორის არსებობს ყველაზე რთული პროცესი - ესაა ალიანსის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ნატოს რიგებში ახალი წევრი მიიღონ.
გაწევრიანების პროცესი
გაწევრიანების რეალური პროცესი იწყება კანდიდატის ოფიციალური მიწვევით, რათა მან დაიწყოს გაწევრიანების საუბრები ნატოს გუნდთან. ეს საუბრები იმართება ბრიუსელში, სადაც წარმოდგენილნი არიან ნატოს ექსპერტები და მიმწვევი ქვეყნების წარმომადგენლები. ამ ფორმატის მიზანია, რომ ოფიციალურად დადასტურდეს კანდიდატის სურვილი და რეალური მზადყოფნა წევრობისათვის. საუბრები მიმდინარეობს ორ რაუნდად. პირველი სესია ეძღვნება პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებს, მეორე სესია კი უფრო ტექნიკური ხასიათისაა და ამ დროს მიმდინარეობს დისკუსია რესურსების, პროცესის უსაფრთხოებისა და იურიდიული საკითხების შესახებ. აქვე წყდება ახალი წევრის მიერ ნატოს საერთო ბიუჯეტში შესატანი თანხების საკითხი, რაც სხვა ქვეყნების ეკონომიკების მოცულობებთან პროპორციულობის პრინციპს ეფუძნება.
ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კანდიდატები ალიანსს უგზავნიან განზრახვის წერილს, სადაც ასევე აკონკრეტებენ რეფორმების დასრულების განრიგსა და საბოლოო ვადას.
მომდევნო ნაბიჯია გაწევრიანების პროტოკოლების ხელმოწერა ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების დანართად განიხილება და წევრი ქვეყნების უმეტესობის პარლამენტების მიერ რატიფიცირებას მოითხოვს.
რატიფიცირების შემდეგ წევრი ქვეყნები ოფიციალურად აცნობებენ აშშ მთავრობას (სადაც ინახება ვაშინგტონის ხელშეკრულება), რომ ისინი ეთანხმებიან ახალი წევრის მიღებას, რის შემდეგაც ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად იწვევს ახალ წევრებს ალიანსთან მიერთებისათვის. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისათვის წევრობის ინსტრუმენტების გადაცემის შემდეგ კანდიდატები ოფიციალურად ითვლებიან ალიანსის წევრ სახელმწიფოებად.
ამრიგად, ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის ორი რამაა მნიშვნელოვანი - შიდაპოლიტიკური რეფორმები, რომ კანდიდატისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდეთ და სამოქმედო გეგმისადმი მიერთებისათვის წინაღობები მოიხსნას, და ინტენსიური დიპლომატია როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, რათა მომავალში ალიანსს არ გაუჭირდეს გადაწყვეტილების მიღება საქართველოს წევრად მიწვევის თაობაზე.