![]() |
ცხელი შოკოლადი №13 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გურგენიძე დავით, კორძაია-სამადაშვილი ანა, შავერდაშვილი შორენა, კიკალეიშვილი სალომე, კაკულია სანდრო, ტურაშვილი დათო, ბაბუაძე თამარ, გვახარია გიორგი |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თებერვალი; რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე რეკლამების მენეჯერი: ნატა ფედოსეევა დისტრიბუცია: ნიკა ანთიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე დავით გურგენიძე გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 ჩვენი ავტორები |
▲back to top |
დავით გურგენიძე
„ახალი ნივთი ყოველთვის შემოსასვლელში უნდა დაიდოს, მეზობლებმა რომ კარგად დაინახონო“, - იტყოდნენ ჩვენი წინაპრები. ალბათ რა საინტერესო იყო მაშინ სტუმრად სიარული. წარმოიდგინე: აკაკუნებ კარზე, გაღიმებული ოჯახის თავი (ან თუ თავი შინ არ იყო - დიასახლისი) გიღებს კარს და შინ გეპატიჟება - შემოსასვლელში კი თეთრი, გაკრიალებული, ისეთი, რომ ლაპლაპებს და სანთლის ან ჭრაქის შუქს ირეკლავს, უნიტაზი გხვდება. მაგრამ ეგ ხომ შეუძლებელია - სად იყო მაგ დროს უნიტაზი.
1) ჩვენს წინაპარს უნიტაზი არ ჰქონდა!
აბა, რაც დღეს ხდება, ეგ არის საქმე? მიხვალ მაგალითად მაღაზიაში, იყიდი მუსიკალურ დისკს და შინ დაბრუნებული, სხვა დისკებს შორის შეაკვეხებ, ისე, რომ არც კი მოუსმენ - სამაგიეროდ ფირფიტების რაოდენობა მატულობს და თვალს უხარია (ეს შენ არ გეხება).
2) გამოვიღოთ დისკები ! - მუსიკალური, რა თქმა უნდა, - ისე, რომ ერთი ხელის მოძრაობით ჩავრთოთ და მთელ სამეზობლოს (უბნელებიც ითვლებიან) მოვასმენინოთ ის, რაც ამდენ ხანს კარადაში ნივთობდა და შემოსასვლელში წუთით გაჩერების უფლებაც კი არ ჰქონდა. ფირფიტების ყუთები სადარბაზოს წინ დავყაროთ, ყველა გამვლელი რომ გაჩერდეს და თვალიერება დაუწყოს. ხმას მოვუმატოთ ისე, რომ მოპირდაპირე კორპუსის მცხოვრებლებს ჩვენთვის ხელის დაქნევა მოუნდეთ. შემდეგ სახურავზე ავიდეთ, დისკები მფრინავი თეფშებივით გავუშვათ, ისევ ავუწიოთ მუსიკას და...
რას იტყოდნენ ამაზე წინაპრები?
3) დავივიწყოთ წინაპრები! ჩვენი წინაპრები მუსიკას უსმენდნენ. ჩვენც ვუსმენთ მუსიკას და ეს არის ახალი.
მე მიყვარს ახალი.
ანა კორძაია-სამადაშვილი
კაცს, რომლის შესახებაც მინდოდა თხრობა, პირველად ბევრი, ბევრი წლის წინათ შევხვდი, როცა ჯერ კიდევ მეგონა, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის-მეთქი, და ჩემი ცხოვრებაც სულ სხვანაირად წარმომედგინა. ისე მომწონდა ეს კაცი, ვერ წარმოიდგენთ. მას არცკი შევუმჩნევივარ და გული კი დამწყდა, მაგრამ ეგ არაფერი - როგორც მოგახსენეთ, მაშინ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმომედგინა. ხომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კიდევ შევხვდებოდი.
ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ოციოდე წლის შემდეგ ასეთი, ბოდვასავით მოგზაურობა მელოდა: თბილისი - ამსტერდამი - კიოლნი - დიუსელდორფი - დორტმუნდი - ლაიფციგი - ბერლინი - ამსტერდამი - თბილისი. ექვს დღეში. ბოლოს თვითმფრინავში გუგებგაფართოებული ვიჯექი, არც მეძინა, არც მეღვიძა, და ვფიქრობდი: აი, ჩავალ, დავლაგდები და გია ეძგვერაძის შესახებ დავწერ-მეთქი. უჰ, კარგ რამეს დავწერ-მეთქი...
და კვლავ იგივე მოხდა: ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმომედგინა. ჩამოსვლით, დიდება ღმერთს, ჩამოვედი, მაგრამ სხვა დანარჩენისა, აბა, რა მოგახსენოთ. ის, რასაც გია ეძგვერაძის შესახებ წაიკითხავთ, ისევე განსხვავდება ჩემი საოცნებო სტატიისგან, როგორც ჩემი ცხოვრება - იმისგან, რაც წარმომედგინა. სამი თვე - ზემოთ ნახსენები შენგენის ტერიტორიის გადარბენა სამი თვის წინათ ხდებოდა - ჩემი ცნობიერება მოცული იყო გია ეძგვერაძით და პატარძლით, და რაც კი რამ იდიოტური სიმღერა არსებობს სიტყვებით everything is allright, გამწარებულ გულზე ყველა ვიმღერე.
ნამდვილად არ ვიცი, everything is allright თუ არა. ერთი კი ვიცი - რაც შემეძლო, გავაკეთე: პატარძალი გადავთარგმნე. ჩემი სამთვიანი ძალისხმევის შედეგად მხოლოდ ეს დარჩა.
...ძალიან დიდი ხნის წინათ განგის ნაპირას ერთი ბრაჰმანი ცხოვრობდა, ბილვამანგალა თჰაკურა, კარგი კაცი, ცოლ-შვილიანი, წესიერი, დალაგებული. მაგრამ, ჩემი არ იყოს, მისი ცხოვრებაც ისე არ წარიმართა, როგორც წარმოედგინა: მდინარის მეორე ნაპირზე მცხოვრები მეძავი შეუყვარდა, ჩინტამანი, რაც ნატვრისთვალს ნიშნავს. ძალიან შეუყვარდა ეს ქალი, გაგიჟებით, იმდენად, რომ ერთ ქარიშხლიან ღამეს ადიდებული მდინარე გადალახა მის სანახავად.
ჩინტამანიმ ვნებას აყოლილ ბრაჰმანს კარი გაუღო და ჩაილაპარაკა: „შენ რომ ღმერთი ისე გყვარებოდა, როგორც მე გიყვარვარ...“
ამის მერე ბილვამანგალა თჰაკურა ღვთის სიყვარულს ეზიარა, ხუთასი წელი გაატარა წმინდა ტბასთან, ბრაჰმაკუნდასთან, და ბოლოს „კრიშნა კარანამრიტა“ დაწერა, შედევრი, რომელიც ამ სიტყვებით იწყება: „მე მოწიწებით ვეთაყვანები ჩინტამანის, ჩემს სულიერ მოძღვარს...“
უფალზე რომ იმდენი და ისეთი ძალით მეფიქრა, რამდენიც და როგორც გია ეძგვერაძეზე ვიფიქრე, ალბათ მეც გავსხივოსნდებოდი და ამ სვეტის ნაცვლად, სულ მცირე, „კრიშნა კარანამრიტას“ დავწერდი. მაგრამ რა გაეწყობა. რაც არის, არის.
რედაქტორისგან
2005 წლის 20 იანვარს, ჩემთვის ერთერთი ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღე: კომპლიმენტის ავტორი ბატონი გია ეძგვერაძეა, რომელმაც ბრძანა: „მთელ ამ საქმიან მიმოწერას რომ თავი დავანებოთ, უნდა ვაღიარო, რომ „ცხელი შოკოლადის“ მთავარ რედაქტორს მოლაპარაკების წარმოების საკმაოდ მომხიბვლელი მანერა აქვს და დარწმუნებული ვარ, ჟურნალს ეს ბევრ სიკეთეს მოუტანს.“ ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი კომპლიმენტია (თვითირონია იქით იყოს), მაგრამ როცა საქმე ბატონ გია ეძგვერაძესა და „ცხელი შოკოლადის“ ძალიან სკრუპულოზურ და ხშირად საკმაოდ მძიმე მუშაობის 3 თვიან ძალისხმევას ეხება, ნამდვილად გასახარი ამბავია. ბატონი გია მონაწილეობდა ამ პროექტის შექმნის ყველა ნიუანსში. ჩვენი მიმოწერა შეიძლება ერთ წიგნად აიკინძოს და ცალკეც გამოქვეყნდეს. ბატონი გია გვარწმუნებდა/გვანათლებდა ჩვენ და ჩვენ ვარწმუნებდით/ვანათლებდით ბატონ გიას. შედეგი კი ის არის, რასაც „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერში იხილავთ. მე კი დიდ მადლობას ვუხდი ანა კორძაია-სამადიშვილს და ლიზა ასათიანს, რომელთა გარეშეც „ცხელი შოკოლადი“ ვერ შემოგთავაზებდათ პროექტს თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული ადამიანისა და მისი ჯგუფის, „everything is all right „-ის შესახებ.
25 დეკემბერს, იუბილარმა „ცხელმა შოკოლადმა“ კიდევ ერთი კომპლიმენტი მიიღო, ამჯერად ბატონი ლაშა თაბუკაშვილისაგან - სულ გადევნებთ თვალს და კარგია, რომ ზომიერება არ გღალატობთო.
25 დეკემბერს „ცხელმა შოკოლადმა“ „ცხელი შოკოლადისაგან“ ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც მიიღო: 9 ახალგაზრდა, ნიჭიერი დებიუტანტი ავტორი მწერლობაში, ილუსტრაციასა და ფოტოგრაფიაში (იხილეთ ქვემოთ). მათ ნამუშევრებს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან სულ მალე იხილავთ.
1 წლის თავზე, ორი ჯილდოც დავიმსახურეთ: საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატისაგან, ნომინაციაში „წარმატებული ახალი სახელი“ და წიგნის მაღაზია „პარნასისაგან“, ნომინაციაში „წლის პერიოდიკა“. ვაშა, ამხანაგებო!
ვისაც წინა ნომერში „ნიუ-იორკის“ წაკითხვის მერე უკმარისობის გრძნობა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ამ ნომრით შეივსოთ. ჩვენი სტუმარია მიშელ ოდერი, 70-იანი წლების ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ვიდეო-არტისტი“ და ენდი უორჰოლის სუპერვარსკვლავ ვივას გულისმპყრობელი.
ამ ნომერშია დათო ტურაშვილის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფოტომოთხრობაც „კორიდა“. არასოდეს ვყოფილვარ კორიდაზე, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ვერც ვერასოდეს წავალ. დათოსი არ იყოს, მეც გულის შეტევა დამემართება და საქართველოს მედიაბაზარს ჩემი სახით ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი დააკლდება. და მერე რაღა გვეშველება?!
იხარეთ, იბედნიერეთ და ბევრი გვიკითხეთ!
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 Art-ი |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
პატარა შემსრულებლები და 250 წლის მოცარტი
ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმი
27 დეკემბერი. 13 : 00
- „წარმოგიდგენია, გოგო?! 27 იანვარს მოცარტი 250 წლის ხდება!
- აუუ, რას ამბობ...
- იცი, სანამ გამოვალ და დავუკრავ, ხელები ყოველთვის მეყინება და ლოყები მიწითლდება. შენ?“.შეუძლებელი იყო, არ მოგესმინა ემოციურად მოსაუბრე 8-9 წლის ორი ცალი პატარა მუსიკოსისათვის, რომლებსაც ცალი თვალი კარისკენ გაურბოდათ, - ნიკა როდის მოვა და დაკვრას როდის დავიწყებთო, თან კონცერტის დასაწყისის მოლოდინი უსაძაგლებდათ სიცოცხლეს... აი ისე, თითქოს ყელამდე ამოსული გულის ბათქაბუთქი მთელ დარბაზს ესმისო.
ახალი წლის გაცხარებული სამზადისის პერიოდში, ეროვნული მუსიკალური ცენტრის ეგიდით და ნიკა მემანიშვილის ინიციატივით, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში, ერთი მოკრძალებული კონცერტი გაიმართა, სადაც თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლის წარმატებულმა მოსწავლეებმა: შოპენის, ჰენდელის, მოცარტის, ჰაიდნის, ბარტოკის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. ეს იყო მისი ორგანიზატორის - ნიკა მემანიშვილის ცდა, პატარა მუსიკოსებისთვის ჩვენებითი კონცერტის მოწყობისა, სადაც ერთმანეთის გაცნობის, მოსმენის და შეფასების საშუალება ექნებოდათ - „აქ მხოლოდ ხარისხი არ არის მთავარი. მინდა ბავშვობიდანვე ისწავლონ ერთმანეთის გულშემატკივრობა... მოსმენა... და საერთოდ, ვინც ამ აურაში მოხვდება, ამ დიდი მუსიკოსი-მხატვრის სახლში და რიხტერის დაკრულ როიალზე დაუკრავს... მისი შემოქმედებითი ცხოვრება წარმატებული იქნება. ეს ხომ მთელს საქართველოში ყველაზე მუსიკალური ადგილია!“.
„ცუდი ქორწილი“ სარდაფში
თეატრალური სარდაფი/რუსთაველზე
27 დეკემბერი. 19 : 00
მოღალატე ცოლები, ინფანტილური ახალგაზრდები, სკლეროზიანი დედა და მექალთანე ნარცისი... - ისინი, ბერტოლდ ბრეხტის პიესის „ბიურგერული ქორწილის“ გმირები არიან. პიესის, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ დაიდგა თეატრალურ უნივერსიტეტში და სულ რაღაც ერთი თვის წინ, ლევან წულაძემ იგივე შემადგენლობით აღადგინა სარდაფის სცენაზე.
თუმცა, წულაძის წინა პრემიერის - „ლიფტიორისგან“ განსხვავებით, „ბიურგერული
ქორწილი“ საკმაოდ უინტერესო და სუსტი სანახაობა აღმოჩნდა, სუსტი მსახიობების ყურება, ორი მოქმედების მანძილზე - ძალიან დამღლელი. ხელოვნური თამაშის ნახვას კი, ნამდვილად სჯობდა იმ დღეს სახლში, ტელევიზორთან გემრიელად მოკალათება.
ქართული მოდერნიზმი 1910-1930
თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
29 დეკემბერი. 17 : 00
დიმიტრი შევარდნაძე - 37-ში შეეწირა რეპრესიებს...
შალვა ქიქოძე - ემიგრაციაში წავიდა გერმანიაში. იქ გარდაიცვალა...
პეტრე ოცხელი - 37-ში სიკვდილით დასაჯეს...
ფელიქს ვარლამიშვილი - ემიგრაციაში წავიდა პარიზში. იქ გარდაიცვალა..
ნიკო ფიროსმანაშვილი - აღიარეს სიკვდილის შემდეგ...
კულტურის სამინისტროს, გერმანიის და საფრანგეთის საელჩოების, გოეთეს ინსტიტუტისა და დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ძალისხმევით, თბილისში, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოფენა გაიხსნა, სადაც მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში შენახული 1910-30-იან წლებში შექმნილი მოდერნისტული ტილოები, სასცენო კოსტიუმები და სპექტაკლების ესკიზები გამოიფინა. გამოფენასთან ერთად მოეწყო „ქართული მოდერნიზმი 1910-1930“ ალბომის პრეზენტაცია.
ნატვრა ესპანურად
შტუტგარტი
19-22 იანვარი
19-22 იანვრის ჩათვლით, შტუტგარტში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომლის საკონკურსო პროგრამაში, სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ქართული კინოპროდუქციაც იღებს მონაწილეობას.
ENSUENO ანუ ნატვრა ესპანურად - ასე ჰქვია თინა მენაბდის და კახა მელითაურის სახელოსნოს კურსდამთავრებულის - ზაზა მერაბიშვილის 6 წუთიან ვიდეო არტს, პატარა ამბავს, სადაც რომანის გმირს ერთგული მკითხველი შეუყვარდება!
ბალერინები სანკტ-პეტერბურგში
სანკტ-პეტერბურგი
25-29 იანვარი
„ოთხი ნომერი და თითო ოთხ-ოთხ წუთიანი, მეტი არა!“ - ასეთი პირობები წაუყენეს პირველი გიმნაზიის საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელს მაკა მახარაძეს, რომელიც იანვრის ბოლოს, სანკ-პეტერბურგში გამართულ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს.
„ლურჯი ფრინველი“, „მძინარე მზეთუნახავი“ თუ „იხვის ჭუკი“ - მაკა მახარაძის სტუდიის საბალეტო დადგმები ყოველთვის გამოირჩეოდა საოცრად მდიდარი სანახაობით და საინტერესო ქორეოგრაფიით. იმედია, ახლაც ასე იქნება და ჩაიკოვსკის მუსიკაზე დადგმული პატარა ნომრები გულგრილს არ დატოვებს ფესტივალის მაყურებელს.
აბუ-ს
არტ კაფე „ირმა“
8 იანვარი. 17 : 00
ლურჯი და შავი,
ზოგან წითელი.
ქერა წვერი და წარბები მუქი.
ზის და აბოლებს -
ნისლი მინდაო -
აგოდებს იგი.
ტურბულენტობის
კვალიც კი გაქრა ამასობაში.
აბუ
იყო და არა იყო რა...
იყო თბილისში, მისი სახელობის ახალგაზრდა ფეხბურთელთა ჩემპიონატი; მერე გუდაურში - მოთხილამურეთა შეჯიბრი; მერე მის საცხოვრებელ სახლთან, მისივე სახელობის პატარა სკვერი გაკეთდა; ცოტა ხნის შემდეგ, მისი გამოუქვეყნებელი ლექსების პატარა კრებული გამოიცა.
იმ დღესაც ასეთი დღე იყო: მეგობრებით, სევდანარევი მხიარულებით და ოდნავ აკიაფებული თვალებით. აბუს (თემურ აბუთიძის) დაბადების დღეს, მისი ფოტო-კრებული გამოვიდა.
კინემატოგრაფიული ხედვა და ბავშვურად გულუბრყვილო კადრები...
შავ-თეთრი ადამიანები და გაჩერებული წამები...
იყო და არა იყო რა...
![]() |
3 მარი? სადაური გვარია მარი? |
▲back to top |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
მარი
13. 01. 06
მარი?... სადაური გვარია მარი?
მე-19 საუკუნეში, შოტლანდიაში ვინმე იაკობ მარი ცხოვრობდა. ტიტულოვანი შოტლანდიელი პერი, რომელიც მთელი ცხოვრება მოგზაურობდა და დედამიწის გარშემო ერთი წრე აუცილებლად ექნებოდა შემორბენილი. მისი ცხოვრება კი, საინტერესო და დაუჯერებელი ამბებით იყო აღსავსე. ის გამუდმებით მოგზაურობდა. მას შემდეგაც, რაც დაქორწინდა, ცოლად მშვენიერი ესპანელი მოიყვანა და შვილი შეეძინა, ყველგან ერთად დადიოდნენ. იაკობი სულ მოგზაურობდა-მეთქი. ჰოდა, მოგზაურობაშივე გარდაიცვალა. ეს კი მაშინ მოხდა, როცა 80 წლის ასაკში ბოლო მოგზაურობა წამოიწყო, საქართველოში აღმოჩნდა და გურიის ბუნებით მოხიბლული შოტლანდიელი პერი, იქვე დასახლდა. სწორედ იქ შეეძინა ქართველი ქალისგან მეორე შთამომავალი - „შვილს ნიკო დაარქვეს - ნიკო მარი. მე კი იმ ესპანელი ქალის შვილის შთამომავალი ვარ, რომელიც სულ იაკობთან ერთად იყო და მასთან ერთად გურიაში ჩასული, იქ გარდაიცვალა.“
დღეს, უკვე ორი საუკუნის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მსოფლიოში ყველაზე უცნაურურდულიან და საკმაოდ მოხუც სახლში, ოდესღაც მოგზაურობის მოყვარული ადამიანის მე-6 თაობა ცხოვრობს. მისი შთამომავლები არც გემებით მოგზაურობენ და არც უცხო ქვეყნებში აპირებენ დასახლებას. ლეგენდასავით ჰყვებიან ბიძია იაკობზე მოყოლისგან „შემოცვეთილ“ ამბებს და სიამაყით მიგანიშნებენ - ჩვენს გვარში ყველა წითური ან ჰა, ჰა, ქერა ვართო. მერე იმ ამბავს გაიხსენებენ, რამდენიმე ხნის წინ ვიღაც შოტლანდიელი ბატონი რომ სწვევია საქართველოს. მოუვლია ყველა კუთხე და უთქვამს - „ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ... გურიისნაირი სილამაზე მაინც ვერსად ვნახეო...“
უსასრულო მოლოდინი
01.10.06/სამხატვრო აკადემია/მულტიმედია ჯგუფი
ძალიან ცივა. არა, ძალიან კი არა, უბედურად ცივა. გაქუცული კედლებიც რა საწყალი ფერიააა... ვაა, ავტობუსის სკამი! ეე, საიდან? „ვიშოვეთ...“. თავზე ორი შავი ქოლგა „დამჩხავის“, ზედ თეთრად აწერია: თავისუფლება. - „მიშა, იცოდე კარგი რაღაც გამოგივიდა და არ გააფუჭო, არ გადაახატო, დატოვე, გაიგე?!“ - „ოო, თორე...“ (გაგრძელება არ ისმის. მიშა თავისთვის ბურტყუნებს.) ომისდროინდელ ე.წ. სპირალიან ღუმელს ბევრი ხელი ეფიცხება. გალაკტიონს ველოდებით. დრო გადის. მეჩქარება. გალაკტიონი არ ჩანს. „გიო, მე წავალ რა... სხვა დროს შემოვივლი... - კარი იღება - ესენი??? ეე, რა მაგარიააა?! პირველი რესპონდენტი ხარ, რომელსაც ინტერვიუს დროს ნიშნის წერა ეწყება...“
გიორგი მარი: „მიშა? ასე, 48 წლის იქნება. მგონი, არც არსად სწავლობდა, არ ვიცი. ძალიან უყვარს ხატვა და უკვე 30 წელია, რაც აკადემიაში დადის. წარმატებულ ჯგუფებს ეკედლება და მათთან ერთად ხატავს. ისეა რა, თავისთვის. ახლა ჩვენთანაა, ერთი კუთხე აქვს და ზის იქ და ხატავს. რასაც აკეთებს, არაფერს არ ტოვებს; გადაფხეკს და ზედ ახატავს ხოლმე.
გალაკტიონი? გალაკტიონი ჩვენი ნატურაა. ჩვენთან კარგად არის, თორემ ისე, სხვებთან სულ ჩხუბობს. ცოტა გიჟია! იმ დღეს მოვიდა, - ვირბინე და წყლის გადავლება მინდაო... აქვე გადაისხა გაოფლილ ტანზე გაყინული წყალი - უფ, რა კარგიაო, და დადგა გაყინულ ოთახში. მინიმუმ ერთი-ორი საათი ასე დგას ხოლმე. ასე რომ, ჯგუფში თერთმეტნი ვართ + მიშა + გალაკტიონი.“
უცნაური ადამიანია მარი. მარი თუ როგორ ეძახიან ხოლმე?! მარინა? თუ მარიკა? ხო, ხო, ხან კიდევ მარიო. რაღაც ამოჩემებები სჭირს. რა და, თეთრი ფერი აქვს ამოჩემებული და ყველაფერს თეთრში ხატავს; მერე - „Drive-ი იცი? გიტარის აკორდს სიმძიმე მოჰყვება და რაღაც ჟღერადობა აქვს... ცოტა მძიმე. ამ ბოლო დროს სულ ასე ვუკრავ“;
ერთი პერიოდი ვან გოგობას აპირებდა და უქუდოდ დადიოდა მზეში, იქნებ მზემ დამკრას და მაშინ უფრო კარგად დავხატოო. - „არ მახსოვს, მე მომინდა თუ მშობლებმა შთამაგონეს. სკოლაში არ მიყვარდა სიარული და 11 წლიდან სულ დედაჩემის ნაცნობთან ვიჯექი სახელოსნოში, რომელიც ხატვაში აბიტურიენტებს ამზადებდა. მერე ნიკოლაძეში გადავედი. ჯერ მომწონდა, დავდიოდით ქუჩებში და ჩანახატებს ვაკეთებდით... მერე რაღაც გავბევრდით, უინტერესო გახდა და გავანებე თავი. აკადემიაში რომ ვაბარებდი, ვიღაცამ მითხრა, რად გინდა ფერწერა? პროფესია არ გექნებაო და მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი ავირჩიე. არ ვარ კონფლიქტური, მაგრამ პედაგოგებთან პატარა კონფლიქტი მომივიდა... კომუნისტური იდეებიდან ვერ გამოდიოდნენ, არაფერი არ მოსწონდათ, რასაც ვთავაზობდი. ამ ფაკულტეტზე სხვადასხვა მასალასთან მუშაობა ვისწავლე, ფერწერაზე - ხატვის ტექნიკა. მერე, აკადემიაში იმდენი ხანია ახალი არაფერი მომხდარა, რომ როდესაც გავიგე, რაღაც ახალი სახელოსნო იხსნებაო, ეგრევე გადმოვედი. ილიკო ზაუტაშვილი მულტიმედია ჯგუფს ხსნიდა.“
მულტიმედია ჯგუფი = INSIDE THE ACADEMY
24. 11. 05/22. 12. 05
ჯერ აკადემიის შესასველი აჭრელდა მწვანე ფერით გაფორმებული პლაკატებით, შემდეგ - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. Inside the Academy - ესაა აქცია, გამოფენა, ვიდეო ჩვენებებით, ინსტალაციებით და ცოცხალი შესრულებით, რომელსაც მულტიმედია ჯგუფის ბავშვები აწყობენ. რაზე? ყველაფერზე: აკადემიაზე, მისი სწავლების სისტემაზე, ფასეულობებზე, ქართულ მენტალიტეტზე და მის მარაზმებზე... - „ჩვენს თავზე ავიღეთ კურატორობა და ყოველ ჯერზე, რომელიმე ჩვენგანი აწყობს გამოფენას. მასალის შესაძენად ადგილს და თანხას მოიძიებს. ჩემი ჯერი ჯერ არ მოსულა. ვნახოთ, რას მოვახერხებ.“ გიორგი მარის ნამუშევარი ოთახის ბოლოსკენ, მარჯვნივაა - გაზეთებისგან გაკეთებული ბიუსტი, რომლის თავში დიდი ცარიელი ადგილია დატოვებული, ხოლო ქვემოთ მინაწერია: „რა გიდევს მაგ თავში?“ - „გაზეთი იმიტომ, რომ ადამიანი ყველა მხრიდან ინფორმაციას იღებს. დღეს ეს აღარაა პრობლემა. მაგრამ... მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რა გიდევს მაგ თავში? წინ მიდიხარ თუ საკუთარ მენტალიტეტში ხარ ჩაკეტილი... ყველაფერში იუმორია მთავარი, ნახატებშიც. მომწონს ასეთი სათაურები. აი, ამას იცი რა ჰქვია? - „რა ნახე მაგაში“.
აღწერა ნამუშევრისა „რა ნახე მაგაში“:
მოგრძო ზომის ტილო, ორი ფერის სქელი ზოლებით: თეთრი და ღია ყავისფერი.
პირველ რიგში არის ასე:
▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪
მეორეში ასე:
●● ●●●● ●●●●●●
მესამეში კი ასე:
●● ●●●● ●●●●●●
გიორგი მარი: მეთოდია ასეთი. აიღებ რომელიმე წინადადებას და იწყებ მის წერას. ბევრჯერ წერას. ნელ-ნელა სულ აჩქარებ და აჩქარებ. საბოლოოდ აი, რას იღებ: ეს იყო სიტყვები - „რა ნახე მაგაში“ და ნახე, რა გამოვიდა? კვადრატები, მერე წერტილები და ბოლოს მკრთალი წერტილები.
- აბა ვან გოგიო? ვიღაც გლეხიც ხომ გეჩხუბა ახალქალაქში, ჩემს მზესუმზირებს რატომ ხატავო?
- ეგ ადრე იყო. ახლა რაღა ვან გოგი და რაღა მიქელანჯელო.
- აბა სულ სამკუთხედებს და წრეებს ხატავ?
- ხო... (პაუზა) შენი დროის ადეკვატური უნდა იყო.
დროის ადეკვატური
11. 01. 06/სამხატვრო აკადემია/მულტიმედია ჯგუფი
„წარმოიდგინე, ბებიაჩემმა იცი რა გამომიგზავნა ნიუ იორკიდან?“ - რაა; - ნიორი, ნიორი!!! - ოო, ეგ ნაღდად უორჰოლის დედის ნივრები იქნება...“. გიორგი უკვე მესამედ იცვლის ადგილს და მოლბერტსაც თან დააჩოჩებს... მიშა კუთხეში ხატავს, ფანჯარასთან... ისევ ისე ცივა. ვაჟიკო წინ და უკან დადის, მწვანე საღებავს ეძებს. ოთახის შუაგულში ყინვის ექსტაზში შესული შიშველი ნატურა - გალაკტიონი ზის; -
„გამიცხელდა ეს ზურგი, იქნებ ღუმელი გამომირთოთ... ჰაა?...“
გიორგი მარი: „კომფორტი და კუთხეები მიყვარს. მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, სტუდენტებზე დახასიათებები დაწერეს. ჩემზე იცი რა ეწერა? ყველგან თავის კუთხეს ქმნისო. ყველგან რაღაც კუთხე და კომფორტი უნდა შევიქმნა. ნატურა ზის, ზოგი სად დადგება დასახატად და ზოგი - სად... მე ამოვიჩემებ ერთ ადგილს და სულ იქ ვარ. ყოველ მისვლაზე იქ ვდებ ქურთუკს, ჩემს ფუნჯებს მუდამ ერთსა და იმავე ადგილას ვინახავ... სახლში იმიტომ ვჩხუბობ, რომ ჩემმა ძმამ აკადემიაში ჩააბარა და სულ ხაზავს და ხაზავს. ჩემი ადგილი აღარ მაქვს.“
არ აქვს „კუთხე“, მაგრამ მცირე კომფორტს მაინც იქმნის. იმ თაროსი არ იყოს, ჯოხებისგან რომ გააკეთა და წიგნის ყდები მიაწება - „სადაც არ უნდა იყო, რა გარემოშიც არ უნდა მოხვდე, მიადებ ამ „წიგნებიან თაროს“ კედელს და ეგრევე რაღაც კომფორტის და სიმყუდროვის შეგრძნება გიჩნდება. არა?!“.
გალაკტიონის ხატვა გრძელდება.
მცირედი პაუზა დახასიათებისათვის.
ელენე: როგორია? რა ვიცი, არაფერი მახსენდება... აა, ყოველთვის მინდოდა, რომ ყვავილები ეჩუქებინა. ერთხელ დამიძახა: - მიდი, ჩანთაში ჩაიხედეო; შიგ ჩატენილი ყვავილები ეყარა. ეტყობა ისე მოტანა არ უნდოდა... ხო, კიდევ ოცნება აქვს - უნდა, საკუთარი ოთახი ჰქონდეს.
ვაჟიკო: რაა? გიორგი როგორია? ახალქალაქში გავიცანი, აკადემიიდან პრაქტიკებზე ვიყავით წასულები. ერთი თვის მანძილზე, ყოველღამე ფეკალურ მასებზე ვსაუბრობდით: რანაირი და როგორი სახეობების არსებობს... გავაგრძელო?
ამონაწერი
08. 02. 1999 წელი/ფრაგმენტი გაზეთში
გამოქვეყნებული სტატიიდან „გუშინ, 7 თებერვალს, პანტომიმის სახელწიფო თეატრი ერთგვარი როკაქციის სახეს ატარებდა. შენობაში მოწვეულმა სტუმრებმა მაყურებელი დაპატიჟეს თრეშის, ჰიპ-ჰოპ კორის და კუმლური პანკის საღამოზე“...
„მათ არ ჰყავდათ სპონსორები, მაგრამ ისინი ოპტიმიზმით გამსჭვალული ბუნებით გამოირჩევიან“...
„უცნაური კონცერტის მსგავსად მაყურებელიც უცნაური მოვიდა. გოგონებს, არც მეტი, არც ნაკლები, ცხვირში საყურეები ჰქონდათ გარჭობილი, ხოლო ბიჭებს უცნაური თმის ვარცხნილობა, კერძოდ, გაბურძგნული თმები და კიკინა ამშვენებდათ“...
„საღამო ჯგუფმა „ტორმენტორმა“ გახსნა. დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოდგა, ზოგი ხტუნავდა, ზოგი დარბოდა, ერთი სიტყვით, ისტერიკებსა და კრუნჩხვებში ჩავარდნილი საზოგადოება იატაკზე გორაობით და სხვადასხვა შეძახილით ამხნევებდა ჯგუფს“...
„ყურისწამღებმა კივილმა თავი ამხადა“...
„ალბათ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. წარმატებები ვუსურვოთ დამწყებ ე.წ. „როკმენებს“, დაე, მათაც ეთქვათ თავიანთი სიტყვა ქართულ ესტრადაში“.
რამდენიმე რვეულია. ყველგან დეტალურად არის ჩაკრული თითოეული კონცერტის, აქციის თუ ა.შ. შესახებ. პლაკატები, ბილეთები, სტატიები... აქვეა მისი პირველი ჯგუფ „ტორმენტორის“ შესახებ დაბეჭდილი წერილიც. აი ის, თავი ამეხადაოო... გიორგის მოკლე მუსიკალური Bio-ა.
ძმები გალაჰერები
06. 12. 05/BEATLES-კლუბი
წითელი შუქი თვალს გჭრის. გარშემო ბევრი სახე ირევა და ათასგვარი ხმაური გიძვრება ტვინში. თითქმის შეუძლებელია იმის დანახვა, თუ რა ხდება სცენაზე. ან მაგიდაზე უნდა დადგე, ან მაღალი სკამის საზურგეზე ჩამოჯდე, ანდა წინ გააჭრა, გააპო ხალხის ტალღა და მერე დინამიკთან ახლოს აღმოჩენილმა, საკუთარ თავზე გამოსცადო „თავის გასკდომა“ და „ტვინის ახდა“.
როკ საღამოა. ახალგაზრდა ჯგუფები გამოდიან. „STR!NG“-ის სოლისტი შესავალ სიტყვას ამბობს - რაღაც „ძირს დასხედით, არაფერი არ აგეკიდებათ“ თუ რაღაც ამდაგვარი... გიორგი ძალიან სერიოზულია. გვერდზე დგას. ყელამდე შეკრული ჯინსის ქურთუკი, წითელ შუქზე კიდევ უფრო აღაჟღაჟებული წითური ბაკები, გიტარა..
გიორგი მარი: „ეს ჯგუფი დიდი ხანია, რაც არსებობს. უბრალოდ, ძალიან ადრე დავიწყე დაკვრა და ხან რა გვერქვა და ხან - რა. ძველი შემადგენლობიდან მე და ვოკალისტი დათო, Queen-ი შემოვრჩით. ძმები გალაჰერებივით ვართ.
ვინ? Queen-ი? დათო ლომიძეა. მთელი ცხოვრება Queen-ს უსმენდა, პიანინოზე უკრავდა და ბუმბულივით იყო. ხალხთან მუშაობა კარგად გამოსდის და დარბაზს იყოლიებს. ისე, ეგ დღესაც გიჟდება Queen-ზე მაგრამ არ ამხელს. ეგეთია. რაღაცნაირი ტიპია. რამე რომ უნდა, თან გეუბნება, თან - არა... ჩაგაწვეთებს ხოლმე. სანიც ოხერია. სანი იცი? თეთრი სანი? არცერთს არ მოსწონს შენიშვნები და რეპეტიციებზე ჩხუბობენ. მეე? ნაკლებად, არა. იცი რატომ? ფორმა უნდა მოძებნო ყველაფერში, ფორმა!“
ფორმა
1998 წელი/ერთხელ სოლოლაკში
ქუჩაში სამნი მოდიან. ხელში ერთს გიტარა უჭირავს, მეორეს - გადატეხილი გიტარა, მესამეს - დამტვრეული ტოტები. უცნობებს ორი ახალგაზრდა მიუახლოვდა და გამოეცნაურა - სად მიდიხართ? გიტარა? უკრავთ? რაღაც დალეწილ ავტობუსში ამოყვეს თავი, სადაც ქუჩაში გაცნობილ მასპინძლებს რეპეტიცია აქვთ. დამტვრეული ტოტები რაღა საჭიროა? - ბარაბანზე დასაკრავად. გადატეხილი გიტრა? ბას-გიტარაა... ამ სანახაობით მონუსხული ბიძაშ ვილი მარები: - „ძალიან მაგრები ხართ. ჩვენც ძალიან მაგრები ვართ, მოდი ერთად დავუკრათ!“.
გიორგი მარი: „იმ დღეს, სოლოლაკში სამ ტიპს რომ შევხვდით, ჯგუფის შექმნის იდეა იქიდან გაგვიჩნდა. თორემ ისე, მუსიკაზე ორივე ვგიჟდებოდით. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და ისინი სიგიჟემდე მოგვეწონა. ჩავთვალეთ, რომ ძალიან მაგრები იყვნენ; ჩვენც ზუსტად ეგრე გვინდოდა ყოფნა.
როკი? 5 წლის ასაკში გვერდზე ოთახში გავდიოდი და დღეში რამდენჯერმე „Jesus Christ Superstar“-ს ვუსმენდი. მერე გავიზარდე და „Oasis“-ის „Wanderwall“ მოვისმინე... MTV-ზე ჯგუფი „Blur“-ი აღმოვაჩინე. ჯერ დედაჩემი შევჭამე, პიანინოზე დაკვრა მინდა ვისწავლო-მეთქი, მერე იქ რომ მივედი და - ხელი ასე ნუ გიჭირავს... ბურთია ვითომ, ბურთი... თითი ნაზად, ნაზად... - შევწუხდი და აღარ მივედი. გიტარაზე დავიწყე სიარული, ვიღაც ბიძია ბადრი მიშოვეს. მაგრამ ისიც... მე თვითონ ვისწავლე. რაც მომწონდა, იმას ვარჩევდი. მთავარია ძირითადი აკორდები ისწავლო. წარმომედგინა, რა მაგარი ვიქნებოდი, გოგოებთან რომ ჩავჯდებოდი და უცებ „Wanderwall“-ს დავუკრავდი...“
პირველ ჯგუფს „Tormentor“ ერქვა; ანუ ჯალათი და სიკვდილი - რაღაც ასე ითარგმნება... მეორეს „Seed“ - ხორბლის მარცვალი, რომელიც ერთ-ერთი ბრიტანული ჯგუფის სიმღერის პატივსაცემად დაირქვეს. „არადა, რა მაგრები გვეგონა თავი! ქუჩაშიც რაღაც ისე დავდიოდით... მაგრად! ხან ვინ მოდიოდა ჯგუფში და ხან - ვინ!!! რაღაც უბედურ მძიმე მეტალს ვუკრავდით და ჩვენი სოლისტი, რომელსაც გარდატეხის ასაკი ჰქონდა, აუტანლად ყროყინებდა... მერე წავიდა ჯგუფიდან - „თქვენ თუ არ მოგწონთ მეტალი, მე მომწონს. მე არ შევიცვლი სტილს და საერთოდაც... ცალკე ვიქნებიო.“ მის მაგივრად ჩემი შიზოფრენიკი კლასელი მოვიყვანე და აღმოჩნდა, რომ ის უარესად ყროყინებდა... ბოლოს Queen-ი გამოჩნდა. რაღაცნაირად დავიფილტრეთ და დღევანდელი შემადგენლობა დავრჩით. ჰო, ერთხელ Beatles-ივით სახურავზე გავმართეთ კონცერტი. ბილეთებით და მთელი ამბებით... ისე, ქუჩაში თუკი სადმე რამე მომხდარა, ყველგან დაგვიკრავს.“
მუსიკალური Bio-ს ერთ-ერთი რვეულიდან ბაკურ ბურდულის გაბადრული სახე გამოჩნდა. „ბაკურას ბენდშიც ვუკრავ. იქაც - ძირითადი გიტარაა. ამას წინათ ჰოლანდიაში ვიყავით. იცი რა მაგარი იყო? ერთ დიდ ოთახში, „სპალნიკებში“ გვეძინა ყველას. ძალიან მაგარი ადგილია ამსტერდამი: პატარა მდინარეები, მზიანი ამინდები, ვან გოგის მუზეუმი...“
POST FACTUM
09. 01. 06/ლურჯი ფერის „გოლფ 3“
- აკადემიაში სწავლა ჯერ არ დამთავრებულა?
- არა, თერთმეტამდეა.
- დღესაც მუსიე გალაკტიონი?
- ხო... არადა, იცი... მთელი ბავშვობა მუშაობაზე ვოცნებობდი. ჩვენს სახლში ყოველთვის რაღაც იყო სარემონტო და ბევრი მუშა ირეოდა. თვალებში შევციცინებდი ხოლმე. აი, კაცი! აი, ვინ უნდა გამოვიდე!!! ამიტომ სპეც.შარვალიც კი მქონდა და ჩემი საკუთარი წვრილი ჩაქუჩიც. ერთი ადგილი მქონდა და მთელი ბავშვობა იქ ვმუშაობდი, კედელს ვანგრევდი. მერე მივიდოდა ბაბუაჩემი, ამოლესავდა, მე ისევ მივადგებოდი და ვაგრძელებდი მუშაობას. ახლაცაა ეგ ადგილი... აუ, იცი, ულვაშებიანი ბავშვი ვიყავი...
- ?
- დასაწებებელი ულვაშები მქონდა და სულ ზედ ვიწებებდი...
- მაგარია... ისე, რას აპირებ?
- როდის?
- საერთოდ, ცხოვრებაში...
- რა ვიცი. ორივე მინდა. როკიც და... ხატვა თითქოს უფრო ჩემია... მაგრამ მგონი ორივე კარგად გამომდის, არა?!
![]() |
4 ძალიან ქალური ფემინისტი |
▲back to top |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი
თამარ საბედაშვილი თმას შავად არ იღებავს - დიდება ღმერთს!
ეს იმიტომ გამიხარდა, რომ შორეულ სამოცდაათიანებში კინოვარსკვლავმა ჯეინ ფონდამ, ვიეტნამის ომის გააფთრებულმა მოწინააღმდეგემ, თავისი მშვენიერი ქერა თმა შავად გადაიღება - შიშობდა, რომ ოქროსკულულებიანი ლამაზმანის ჩრდილოეთ ვიეტნამში ჩასვლა არასერიოზულ აქციად იქნებოდა განხილული, შავთმიანისა - კიდევ ჰა და ჰა, ანუ, მდაბიურად რომ ვთქვათ, რამის მაქნისი ქალი ჯღანი უნდა იყოს. აღმაშფოთებელია.
ჯერ სად ხართ. ახლა „ხანოელმა ჯეინმა“, ჩემი და ალბათ კიდევ მრავლის გულის გასახეთქად, განაცხადა, ძალიან ვნანობ, რომ ვიეტნამელთა საზენიტო დანაყოფთან სურათი გადავიღეო. მართალია, თმის გადაღებვის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ის ამბავი მაინც არ დავიწყებიათ მათ, ვინც საკუთარ თავს - ხან საფუძვლიანად, ხან უსაფუძვლოდ - ფემინისტებად თვლიან.
ჩვენი გმირის, თამარ საბედაშვილის შესახებ პირველ რიგში ის მომახსენეს, რომ ის ფემინისტია. როგორ არ მეამა! მე ხომ მახსოვს, როგორ ვცხოვრობდი ფემინისტებთან ერთად და რა დღეში მომაქციეს. სულ დამოუკიდებლობას და თანასწორუფლებიანობას მოითხოვდნენ - ნეტა, ვინ რას უშლიდათ? და მერე როგორ მოთქვამდნენ ხოლმე, პატრონი-მყვარებელი არა გვყავს და მარტოობა აღარ შეგვიძლიაო. ისიც მახსოვს, როგორ ეცემოდნენ ხოლმე მაინცდამაინც მამაკაცის საქმეს და მერე როგორ მოითხოვდნენ შეღავათებს, შესანიშნავი არგუმენტით: „მე ხომ ქალი ვარ!“ მერწმუნეთ, დიდი სიმწარეა მებრძოლ ფემინისტებთან ურთიერთობა.
ფემინისტი თამარი. უმალვე ხმალამოწვდილი სუფრაჟისტი წარმოვიდგინე, მაგრამ დამხვდა ლამაზი გოგო, თან ქერა, რომელსაც სულაც არ მიაჩნია ეს თავის სისუსტედ, თან თბილ სახლში მცხოვრები, თან ქმრის მოყვარული, თან ის ქმარი ძალიან სასიამოვნო კაცია, და თან თამარს შვილის გაჩენა უნდა, რადგან ბავშვების მიმართ ნაზი გრძნობები აქვს. როგორც ჩემი გაუსაძლისი ფსიქოლოგი მეგობრები იტყოდნენ, გეშტალტი დამერღვა. ყველაფერთან ერთად, მუსიკაც კარგი იყო.
- ეს არის პორტუგალიური ფადო, - მოგვახსენა თამარმა, - ფადო ბედისწერაა. ამბობენ, რომ ადრე ამას მეზღვაურები მღეროდნენ ზღვაში გასვლისას, ახლა კი ქალებიც მღერიან.
თან მაგრად. სევდიანი მუსიკაა. ამ განწყობას პორტუგალიურად საუდადე ჰქვია, რაც ერთი სიტყვით არ ითარგმნება, ნაღველის, მონატრებისა და სიყვარულის ნარევს აღნიშნავს.
პორტუგალიაში თამარმა თაფლობის თვე გაატარა. მანამადე რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდა თავისი ცხოვრების ამჟამინდელ თანამგზავრს. ისინი ჯერ მეგობრები იყვნენ, ბუდაპეშტში სწავლობდნენ ერთად. თამარმა ზუსტად იცის, როგორ ახვევს ხოლმე მისი ქმარი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს თავბრუს:
- ვიცი, ვიცი, ქალებს როგორ ხიბლავს. გოგოები მოდიოდნენ ხოლმე და ჩიოდნენ, მაგრამ მე რა მექნა...
შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ. მერე თამარმა კიდევ ერთი წელი გაატარა უნგრეთში - ამჯერად მეუღლის გარეშე, და კვლავ დაბრუნდა, და ეს სამწლიანი ურთიერთობა „ქართული ტაშ-ფანდურა ქორწილით“ დაგვირგვინდა.
- გათხოვების შემდეგ უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. ადრე ბევრს ვმოგზაურობდი და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეჩვეული ვარ, მშობლებთან ყოფნისას მაინც ბევრ რამეში ვიყავი შეზღუდული. ახლა კი...
ახლა კი, როგორც მოგახსენეთ, ის მყუდრო, თბილ სახლში ცხოვრობს, ქმარი უყვარს, ქმარი ძალიან სასიამოვნო კაცია და თამარს შვილის გაჩენა უნდა, რადგან ბავშვების მიმართ ნაზი გრძნობები აქვს.
კარგია ასე - როცა სადისერტაციო თემად „ოჯახური ძალადობა და სამუშაო ადგილზე სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია“ გაქვს არჩეული, სამუშაო ადგილია გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის, და სულაც არა ხარ ხისტი მამაკაცთმოძულე. კარგია ასე.
ფემინისტები
ის, რაც მეთვრამეტე საუკუნეში ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ევროპაში ხდებოდა, სრულიად დასაბუთებული და საღი ამბავი იყო. ფემინიზმის პირველი ტალღის იდეოლოგები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ქალებსაც ჰქონოდათ განათლების და მუშაობის უფლება, მათაც დამოუკიდებლად აერჩიათ თავისი ცხოვრების გზა და მამისა თუ ქმრის ნებისაგან თავისუფლები ყოფილიყვნენ. იმხანად გადაწყდა, რომ განქორწინება ქალის ინიციატივითაც შეიძლება მოხდეს, მოგვიანებით აბორტებიც ნებადართული გახდა - მოკლედ, ქალები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ისინიც ადამიანები არიან და არა ცხოველები, რომლის სულის არსებობა-არარსებობის საკითხიც მსოფლიო საეკლესიო კრებას უნდა გადაეწყვიტა.
მაგრამ მე საწყალმა ვერაფრით ვერ გავიგე, დღეს რატომ უნდა ვეჭიდავო დედა-ბუნებას, რატომ უნდა იყოს ყველა ერთნაირი. ვიღაცა მამაკაცია, ვიღაცა - დედაკაცი, ასე არ სჯობს? წამიკითხავს, რომ ოდესღაც, ადამ და კუკუს დროს უფრო ამტანი არსებები, მამრები, მამონტებს ხოცავდნენ და უფრო სუსტები, მდედრები, გამოქვაბულებში ისხდნენ, რაც ძალიან სამართლიანი ამბავია, და არა მგონია, რომელიმე მდედრს მაინცდამაინც მამონტის წამოქცევის სურვილი გასჩენოდა და ამის გამო თავის კაცისთვის სკანდალი მოეწყო - რა ძალაა?
ჰო, და კიდევ, დიდებული, თანამედროვე ფემინისტების საყვარელი თემა: სექსუალური ძალადობა. ისინი ძალიან იპრანჭებიან, სილამაზის სალონებში დარბიან, შეიპინგ-ცენტრებში ღვარად სდით ოფლი და კოსმეტიკური ქირურგიის ოსტატებს ამდიდრებენ, და მერე ამტკიცებენ, რომ ამას მხოლოდ საკუთარი გულის გასახარად შვრებიან, და ბრაზობენ, როგორ ბედავს ვიღაც მამრი - დაგორებაზე და გაბახებაზე არაა საუბარი - მათ შეთვალიერებას. ტყუილი! ადამიანი საკუთარი თავისთვის არაფერს აკეთებს, ის იმისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ გარშემომყოფებზე მაღლა დადგეს - ეს მე არ მითქვამს, იმანუილ კანტმა თქვა.
მოკლედ, მე თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობ და როცა ვინმე მიმტკიცებს, იჩაგრებიო, ვბრაზობ. მშვენიერო თამარ, ნუთუ მართლა თვლი, რომ ქალები იჩაგრებიან?
თამარმა ახსნა, რომ, ცხადია, მხოლოდ ქალები არ იჩაგრებიან, არც მამაკაცებს ულხინთ, მაგრამ სულ სხვაგვარად. წიგნი მათხოვა, „მრავალეთნიკური საქართველო გასულ საუკუნეში“ (ანუ მეოცეში). ეს არის ქალთა ავტობიოგრაფიული ხასიათის ზეპირი ისტორიები, რომლებიც ძალიან ბევრს ამბობენ არა მარტო თვით ქალებზე და მათ ცხოვრებაზე, არამედ ჩვენს საზოგადოებაზე მთლიანად. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე, რასაც გულისხმობდა თამარი:
- ზეპირი ისტორიების წაკითხვისას გაოცებას იწვევს, რაოდენ ძლიერად საუბრობენ ქალები ომისა და ძალადობის წინააღმდეგ, უბრალოდ თავისი ცხოვრების ამბების თხრობით. ეს ცხოვრების ამბები იმდენად მრავალმხრივ და მრავალფეროვნად, ისე კომპლექსურად გადმოსცემენ ქალთა მდგომარეობას საზოგადოებაში, რომ ვერც ერთი თეორიული კონცეფცია ვერ შეძლებს იგივეს ასე სულისშემძვრელად და ამომწურავად (მაგალითად, ისეთი კონცეფციები, როგორიცაა დისკრიმინაცია, პატრიარქატი, ტრადიციული საზოგადოება და სხვა)... მოთხრობილ ამბებში მკითხველს შეუძლია ნათლად დაინახოს იერარქიული ურთიერთობები ქალებსა და კაცებს, უფროსებს და უმცროსებს შორის. დააკვირდეს, როგორ ეწყობიან და თმობენ ქალები, ანდა პირიქით, როგორ უძალიანდებიან და ცდილობენ გადალახონ სირთულეები.
რევოლუციური ეროსი
- მაშინ ასე ვთქვათ: დიდი ქალები. ვის დაასახელებდი?
რომელი ერთი. მაგალითად, ალექსანდრა კოლონტაი. ჰო, კარგი გოგო იყო, დიდი ავანტიურისტი, საზოგადო მოღვაწე, საბჭოეთის პირველი ქალიდიპლომატი, თავისუფალი სიყვარულის მქადაგებელი და საქმეში ვერგამტარებელი, მაგრამ რას იზამ, ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლება...
...გენერალ დომონტოვიჩის ასული ალექსანდრა ყმაწვილქალობაში მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა და არავითარი რევოლუციური იდეები არ აწუხებდა. ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ ითვლება დიდ გმირობად ის ფაქტი, რომ ათასი წლის გენერალ ტუტომლინს არ გაჰყვა ცოლად - რატომ უნდა გაჰყოლოდა რო? მერე თბილისში ჩამოსულმა ერთი გაღლეტილი ოფიცერი გაიცნო, გვარად კოლონტაი, და იმას გაჰყვა ცოლად. ოჯახი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც. ყოჩაღ, ალექსანდრა! თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ დავწამებთ რევოლუციურ შემართებას. უყვარდა და გაყვა.
სულ მალე განებივრებულ გოგონას ხმაურიანი თბილისიც მობეზრდა, თავისი ქმარ-შვილიც და ერთ ოთახში ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრებაც. „ის არ იყო ოჯახური ცხოვრებისთვის შექმნილი,“ წერენ ბიოგრაფები, რამაც ალბათ გული უნდა ამიჩუყოს, მაგრამ მე არ მიჩუყს.
ალექსანდრამ „ტირანი“ ქმარი მოიშორა, ბავშვი მშობლებს დაუტოვა და წავიდა და წავიდა. ევროპა მოიარა, კლარა ცეტკინი, როზა ლუქსემბურგი, პლეხანოვი, ლენინი და მათთანანი გაიცნო და „ძალიან სერიოზულად დაკავდა ქალთა პრობლემებით“ (ბრჭყალებში არა ალმაცერობის ამბავში, არამედ კვლავ ბიოგრაფის ციტირების გამო).
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კოლონტაიმ სასწაული ამბები დაატრიალა. მაგალითად, ჰქონდა მართლაც კეთილშობილური იდეა: პეტროგრადში დედა-შვილობის დაცვის სასახლე უნდა შეექმნა. მან გადაწყვიტა, რომ საამისოდ საუკეთესო შენობა ალექსანდრე ნეველის ლავრა იქნებოდა. ბერები მონასტერში ჩაიკეტნენ, განრისხებულმა მორწმუნეებმა კოლონტაის შეუტიეს, თან ისე, რომ მეზღვაურებმა ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ასე გადაეყარა იმხანად 46 წლის ალექსანდრა 29 წლის მეზღვაურ პაველ დიბენკოს - ის თავიდან ხელისგულზე ატარებდა, პირდაპირი მნიშვნელობით, და ასე შეიქმნა საბჭოთა რუსეთში პირველი სამოქალაქო ოჯახი.
სირცხვილი, ალექსანდრა! თავისუფალი სიყვარულის პირველი მქადაგებელი, რომელიც თვლიდა, რომ ოჯახი ბურჟუაზიული გადმონაშთია (მეამა), და რომ ბავშვებს სახელმწიფო უნდა ზრდიდეს (აქ დავიბენი), რომელიც წერდა - მართლა ის წერდა, და არა სამოციანელთა იდეოლოგები - რომ „მუშათა კლასის კლასობრივი ამოცანებისთვის სულერთია, სიყვარული ხანგრძლივი და გაფორმებული კავშირის სახეს მიიღებს თუ წარმავალი კავშირის სახით იქნება გამოვლენილი“, და სულ აინტერესებდა, „რა საჭიროა ერთად სიყვარული და სადილის სუფრაზე ჩამოდგმული სამოვარი?“ - აი, ეს ქალი გათხოვდა.
გამოხდა ხანი და დიბენკომ, ცხადია, უღალატა. ალექსანდრა გამწარდა. მორჩა მისი თავისუფალი სიყვარულის კონცეფციები და კაცს უთხრა, მორჩაო. დიბენკომ თავი მოიკლა, ოღონდ სულ ოდნავ, მალე მოასულიერეს. ისედაც, არ გამიგია, თავის მოსაკლავად ვინმეს ფილტვი გაეხვრიტოს.
სად ვიპოვნო ამიშები?
- ყველაზე მაგარი კითხვაა: რა არის თქვენი ჰობი? - ჰყვება თამარი. - მკითხე, რა. რა ვიცი... ჩემი ჰობი მუშაობაა. რასაც ვაკეთებ, მომწონს. ჰობი კაცებს უფრო აქვთ ხოლმე: ნადირობა, თევზაობა... გოგოების უმრავლესობას რომ ჰკითხო, რა არის შენი ჰობიო, პირს დააღებენ. ბოლო დროს ყველაფერი სულ უფრო სწრაფად ხდება, ვერავინ ვერაფერს ასწრებს. მე ვერ ვასწრებ. უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ძალიან ბევრ ფილმს ვნახავდი, რომლის ნახვაც მინდა და ვერ მოვახერხე, ბევრ წიგნს წავიკითხავდი, რომლებსაც ახლა ვერ ვკითხულობ და, რასაკვირველია, ისეთ ადამიანსაც ვინატრებდი, რომელსაც ჩემთან ყველაფერ ამის შესახებ საუბრის დრო ექნებოდა. ადრე მეგონა, რომ „დრო არ მაქვს, ვაიმე, ვერაფერს ვასწრებ“ პოზა იყო, ახლა კი...
თამარი ერთი ამერიკელი ქალის ამბავს მოჰყვა, რომელმაც თავისი ერთი კვირის განრიგი რომ ჩამოწერა, ვერავინ დაიჯერა, რომ ეს რეალური იყო. რას აღარ შვრებოდა ეს ქალი, პროფესიული წარმატებაც ჰქონდა და სუფთა თეთრეულიც - ოღონდ მერე მოაკითხეს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გადაირია. მან დაკრა ფეხი და ამიშებთან წავიდა, სადაც დღემდე ზის, ქვილთებს აკეთებს, ანუ ჭინჭებისგან გადასაფარებლებს, ფარდებს და ტანსაცმელს კერავს, და ტოტალურად ბედნიერია.
როგორი სიხარულით წავიდოდი ამიშებთან! იმ პატიოსან ხალხს ელექტროდენი არა აქვს - ისევე, როგორც, დაპირებისამებრ, არც მე მექნება, მათ არც ტელეფონი აქვთ და არც კომპიუტერი, ანუ ტვინს არავინ უღებთ და თვალები არ უღამდებათ; ისინი კინოში არ დადიან და ტელევიზორს არ უყურებენ და არც ავტომობილებს ცნობენ - ან რად უნდათ? მათი მამაკაცები შავ აჭიმებს ატარებენ და სერთუკები დუგმებით ეკვრებათ. თეთრი პერანგები აცვიათ, ჩალის ქუდები ახურავთ და ცნობილია, რომ საოცრად მშვიდობისმოყვარენი არიან. ამიშს ჩხუბში ვერ გამოიწვევ, ის არ ბილწსიტყვაობს, მავნე ჩვევები არა აქვს და შინ ლოცულობს, თავისთვის. რა კარგი სექტაა! რა უნდა ვქნა, რომ თავიანთ რიგებში მიმიღონ?
ეს რა გამახსენა თამარმა... თუმცა თვითონ იქით გული არ უწევს, წელს მრავლისმეტყველი ლექსი დაუწერია:
„ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი,
ამ კითხვა-პასუხს
ვგრძნობ, არ გამოვთქვამ,
დროა გასული
და მე ქართულად
გულს ვერ ვიოხებ...“
- მაშ, აღარ წერ?
- ვეღარ, - მიპასუხა თამარმა. - დრო არ მრჩება.
არადა, ადრე თამარი სულ წერდა - პატარა მოთხრობებს, ლექსებს. ახლაც სულ წერს - მოხსენებებს, ნარკვევებს, სახელმძღვანელოებს, დისერტაციას... მაგრამ ეს არაა „ყველაზე მთავარი“ - ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა 2004 წელს მისი პატარა კრებული, მარიკა მამუჩიშვილის მიერ ჩინებულად ილუსტრირებული.
- ელზა ერთი გოგო იყო სურამში, კუზიანი. სულ თავისიანებს უვლიდა, მეც შემჩნეული მყავდა, და ერთ წელსაც, რომ ჩავედი, ვეღარ ვნახე და მითხრეს, გარდაიცვალაო. ფილტვების ანთება დაემართა, არ მიხედეს, მკურნალობა დაიგვიანეს და გარდაიცვალაო...
„ვინ დაგიკრიფავს იისფერ გვირილებს ასე რომ ელოდი,
ვინ დაგიკოცნის გათოშილ ხელებს?
ღამის დემონი გადიქროლებს ამაღამ ველებს
და შენ არასდროს აღარავის მოაგონდები.“
აშკარად დროა, ამიშებთან წავიდე. ნერვები მღალატობს. მაზოხისტურად ვკითხულობ და ვკითხულობ „ელზას“ და საშინლად მეტირება.
არა, ამიშებთან უნდა წავიდე.
![]() |
5 უცხო პირთა შესვლა აკრძალულია! |
▲back to top |
სპეც-პროექტი:
ავტორი: სანდრო კაკულია
ფოტო: დავით მესხი
ესენი არიან ადამიანები რომლებიც თითქმის შეუსვენებლივ მუშაობენ. ალბათ ისევე, როგორც სხვა პროფესიის ადამიანები. თუმცა, ბევრისაგან განსხვავებით, საქმეს ჩვენგან ფარულად აკეთებენ. უბრალოდ, არ ჩანან. ასეთია სამუშაოს სპეციფიკა, განრიგი თუ წესი.
ადამიანები, რომელთა მომსახურეობითა თუ შექმნილი პროდუქციით თითოეული ჩვენგანი სარგებლობს, სადღაც კაბინეტებსა თუ ოფისებში, სამზარეულოებსა თუ კაბინებში, მიწაზე და მიწიდან მინიმუმ 150 მეტრის მოშორებით. ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ გარეშე (მე პირადად) ჩვეულებრივ, ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც ვერ ვხედავ.
ისინი რომ არა, ჩვენ ვერასდროს მოვკალათდებოდით ტელევიზორის ეკრანებთან, საყვარელი ტელე-გადაცემის სანახავად, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თელასის „დისპეტჩერის“ გარდა, ელექტროენერგიის აუხსნელ ჩართვაგამორთვას სხვა ვერავინ გააკონტროლებდა; და მეორე: სტუდიიდან გადაცემული სიგნალი, ტელეანძის გარეშე, ჩვენს სატელევიზიო ანტენებამდე ვერ მოაღწევდა.
ვაგზალზე მისულებს, შეიძლება ვერ გაგვეგო მატარებელთა მოძრაობის განრიგი, ოპერის მომღერლებს ალბათ ბევრი შეცდომის დაშვება მოუწევდათ, რომ არა მოკარნახის პატარა, ყვითლად განათებული, სცენაზე დამალული, სანგარს მიმსგავსებული მყუდრო ადგილი; დიდ ეკრანზე ვერ ვნახავდით კინემატოგრაფიის შედევრებს, ჩვენს საყვარელ ფილმებს... ყველაზე უცნაურ ან, უბრლოდ, საჭირო კითხვებზე პასუხებს სახლიდან გაუსვლელად, ყვითელ ფურცლებში ძებნისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვერ მივიღებდით; თბილისელების საყვარელი ლაღიძის მარმარილოებიან დარბაზში ვერ გავსინჯავდით უგემრიელეს აჭარულ ხაჭაპურს (ცოტამ თუ იცის, რომ 1954 წლამდე აჭარული ხაჭაპური თბილისში საერთოდ არ ცხვებოდა და ის პირველად ბიჭიკო ქვათაძემ გამოაცხო).
ახლა კი თქვენ ამ ადამიანებს უფრო ახლოს გაიცნობთ, გაიგებთ მათ საყვარელ ფილმებს, ინტერესებს, შემსრულებლებს, კერძებს და სიზმრებსაც კი. ერთი სიტყვით, ყველა იმ დეტალს, რომელიც ადამიანის ტიპის საერთო სურათის შესაქმნელად, უდავოდ, დაგეხმარებათ.
და რაც მთავარია - თქვენ მათ სახესაც იხილავთ!
სახელი: ნუნუ
გვარი: უზნაძე
პროფესია: მუსიკათმცოდნე, ფილოლოგი
თანამდებობა: მოკარნახე
ოჯახური მდგომარეობა: ორი შვილი
სამუშაო სტაჟი: 45 წელი
პირველი სამუშაო დღე: ჯერ კიდევ სტუდენტობისას. კონსერვატორიის პედაგოგმა, ვახტანგ ფალიაშვილმა მომიყვანა აქ. მისი მამიდა, ჟანა ფალიაშვილი (ზაქარია ფალიაშვილის და) მოკარნახედ მუშაობდა, მალე პენსიაზე უნდა გასულიყო. ჰოდა, ადგილი თავისუფლდებოდა.
პირველი სპექტაკლი: „სოფლის პატიოსნება“.
ფიქრები მუშაობის დროს: მუშაობის დროს, მთლიანად სპექტაკლზე ვფიქრობ, მაგრამ თავისუფალი დრო ხანდახან მაინც მაქვს ხოლმე. როცა მომღერალი არ მღერის, აი მაშინ ჩუმად, ჩემთვის გულში ვყვები მუსიკას, ხანდახან ვმღერი კიდეც.
სამსახურეობრივი შეცდომა: არცერთი.
საყვარელი შემსრულებელი: უამრავი ჩვენი ცნობილი მომღერალი, მათგან რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება.
საყვარელი ოპერა: „რიგოლეტოთი“ დაწყებული, „ტრავიატათი“ გაგრძელებული და „დონ პასკუალეთი“ დამთავრებული, თითქმის ყველა მიყვარს.
სახლში დაბრუნებული: ვისვენებ, თუმცა ხშირად აქ უკვე დაღლილი მოვდივარ, სახლში შვილები მელოდებიან, მათთან დაბრუნება მახარებს.
სიზმარი: დამსიზმრებია ოპერა, როცა სპექტაკლის დროს, ვცდილობ მომღერალს ვუკარნახო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ... მინდა რაღაცის თქმა, მაგრამ არაფრით გამომდის.
ოცნება: ქართული ოპერის თეატრის აღორძინება, ჩვენი მომღერლების, ჩვენი სპექტაკლების მსოფლიო აღიარება.
სახელი: ბიჭიკო
გვარი: ქვათაძე
პროფესია: კონდიტერი
თანამდებობა: რესტორან „ლაღიძის“ მცხობელი
ოჯახური მდგომარეობა: ცოლ-შვილიანი
პირველი სამუშაო დღე: 1954 წელს, მახსოვს, შეშის ღუმელი იდგა. გარეთ შეშას მე თვითონ ვჩეხავდი, ვაწყობდი და ვაცხობდი.
პროფესიული შეცდომა: ჩემი უყურადღებობის გამო, ერთხელ მთელი ხაჭაპურები დამეწვა და ყველა გადავყარე.
დასამახსოვრებელი დღე: დღეები იყო... მაშინ, როცა ლაღიძის კართან უზარმაზარი რიგი იდგა, დილით 6 საათზე ვდგებოდი, შეკვეთებს ვერ ავუდიოდით. იქეთ, სამზარეულოს კართან, გისოსების დაყენებაც კი მოგვიწია, თორემ ხალხი პირდაპირ შიგნით გვივარდებოდა.
ჰობი: ნარდი, დომინო.
გამომცხვარი ხაჭაპურის ყველაზე დიდი რაოდენობა: 1500-1600 ცალი დღეში.
ფიქრები მუშაობის დროს: ძველი დრო მაგონდება და გული მწყდება.
საყვარელი კერძი: ხაში.
სახლში აცხობთ ხაჭაპურს? - არასდროს!
სიზმარი: ხაჭაპური ბევრჯერ დამსიზმრებია. დილით ხანდახან ცხობისგან დაღლილსაც გამღვიძებია.
სახლში დაბრუნებული: ნარდს ან დომინოს ვთამაშობ.
ოცნება: ოჯახის კარგად ყოფნა და „ლაღიძეში“ ხალხის დაბრუნება.
სახელი: რეზო
გვარი: ბრეგვაძე
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს ცოლ-შვილი
პროფესია: ენერგეტიკოსი
თანამდებობა: უფროსი დისპეტჩერი
სამუშაო სტაჟი: ენერგეტიკის სფეროში - 30 წელი
სამუშაო გრაფიკი: ყოველ ოთხ დღეში ერთხელ, მთელი დღე-ღამე.
პირველი სამუშაო დღე: არ მახსოვს, დისპეტჩერისათვის პირველი დღის დამახსოვრება ძალიან რთულია, ამ ადგილამდე ნელ-ნელა მოდიხარ, პირდაპირ დისპეტჩერი ვერ გახდები...
დიდი ავარია: ყველაზე დიდი ავარია, 90-იანი წლებში იყო - მაშინ, როცა საქართველოს ენერგეტიკა უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სახლში დაბრუნებული: თუ მძიმე ცვლა არ იყო, მაშინ ჩვეულებრივ საოჯახო საქმეს ვაკეთებ, სხვა შემთხვევაში კი ვიძინებ.
დასამახსოვრებელი დღე: არეულობის პერიოდში, იმის გამო, რომ სიხშირე მინიმალურ ზღვრამდე დაეცა, იძულებული გავხდი, ვაკის რაიონისათვის დენი გამეთიშა. იმ მომენტში კი თურმე ტელევიზიით ჯაბა იოსელიანი გამოდიოდა. სულ მალე მომაკითხეს და დივერსიის ბრალდებით დამაპატიმრეს. სამსახურეობრივი
შეცდომა: 90-იან წლებში იყო. არასწორად ჩავრთე ის ხაზი, რომელიც არ უნდა ჩამერთო. სადღაც მოკლე ჩართვა მოხდა...
ფიქრები მუშაობისგან თავისუფალ დროს: არ ვიცი... ასეთ დროს ტელევიზორს ვრთავთ ხოლმე...
სიზმარი: თელასი და სადისპეტჩერო ოთახი არასდროს დამსიზმრებია.
ოცნება: საბოლოოდ ფეხზე დამდგარი, წელში გამართული ქართული ენერგეტიკა მენახოს.
სახელი: ირინა
გვარი: ოთიაშვილი
პროფესია: ქორეოგრაფი, ეკონომისტი
ოჯახური მდგომარეობა: ორი შვილი
თანამდებობა: ცენტრალური ვაგზლის მორიგე
სამუშაო სტაჟი: 10 წელი
აქ როგორ მოხვდით: სრულიად შემთხვევით, იმ დროს მთელ ქალაქსა და ქვეყანაში გაჭირვება იყო. ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, თვეში 18 ლარს ვიღებდი, თან ღამის ცვლაში ვმუშაობდი, მაგრამ გავუძელი და დღემდე აქ ვარ.
ქორეოგრაფად გიმუშავია: დიახ. ერთ-ერთ საბავშვო ბაღში.
პირველი ღამე სადგურში: ძალიან ცუდი სიტუაცია იყო - სიბნელე, სიცივე... საშინლად ვღელავდი. დღის ბოლოს ამ სართულზე მხოლოდ ჩვენ ვრჩებით, მთელი ღამის განმავლობაში მატარებლები მოძრაობენ. ეს საჭირო თანამდებობაა, ვიღაცამ მგზავრებს მომდევნო სადგურის დასახელება ხომ უნდა ამცნოს.
სახლში დაბრუნებული: მოვწესრიგდები, გავლამაზდები... სახლში შვილები და დედა მელოდება.
სამსახურეობრივი შეცდომა: ერთხელ სადგურის უფროსი იყო შემოსული, ამ ოთახიდან ტელეფონით საუბრობდა. თან მანამდე გამაფრთხილა, ყურადღება მიაქციე, რომ მიკროფონი ჩართული არ დაგრჩესო. მე კი პირიქით დამემართა, ღია დამრჩა და მთელს სადგურს ესმოდა მისი საუბარი. სანამ ქვემოდან მგზავრებმა არ მანიშნეს - „ყველაფერი ისმისო“, ვერაფერს მივხვდი.
ფიქრები მუშაობის დროს: ათას რამეზე ვფიქრობ, ცხოვრებისეულ რაღაცეებზე ვფიქრობ.
დასამახსოვრებელი დღე: მე აქ ახალ წელს შევხვედრივარ. თანამშრომლებმა და ოჯახის წევრებმა ტელეფონით მომილოცეს, სულ მარტო ვიყავი.
სიზმარი: სიზმარში სადგური არ მინახავს, უფრო მეტად თვითმფრინავი და აეროპორტი დამსიზმრებია. ისე, ადრე ძალიან მინდოდა ბორტგამცილებლობა.
ჰობი: ცეკვა, მუსიკა და ცეკვა.
მატარებლით მგზავრობ: კი, ზაფხულობით.
საყვარელი ქალაქი: თბილისი.
დასასვენებელი ადგილი: განთიადი, ბათუმი და ქობულეთი.
საყვარელი მატარებელი: უკრაინული ექსპრესი.
სახელი: ვიქტორ
გვარი: ბილაევი
ოჯახური მდგომარეობა: ცოლ-შვილიანი
პროფესია: კინომექანიკოსი
თანამდებობა: კინომექანიკოსი (კინოთეატრი „რუსთაველი“)
პირველი სამუშაო დღე: მახსოვს, როგორი დაძაბული ვიყავი. ჩემი პირველი სამუშაო დღე აქ იყო - კინო „ რუსთაველში“, 1963 წელს.
თქვენს მიერ გაშვებული პირველი ფილმი: „საუკეთესო შვიდეული“
ფიქრები მუშაობის დროს: მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ტექნიკამ არ გვიღალატოს.
პროფესიული შეცდომა: ადრე ფილმები ორ ნაწილად გაჭრილი მოდიოდა, ერთ ნაწილზე ერთი საათი იყო, მეორეზე კი - დანარჩენი. პირველი ნაწილი რომ მთავრდებოდა, სასწრაფოდ ვცვლიდით ფირფიტას და მეორეს ვდებდით. ერთ-ერთი ასეთი შეცვლის დროს, შემთხვევით აგვერია და პირველ ნაწილს სხვა ფილმის მეორე ნაწილი მივაბით.
საყვარელი ფილმი: „ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, ნიკულინის სამეული;
საყვარელი მსახიობი მამაკაცი: არნოლდ შვარცნეგერი, გრეგორი პეკი.
საყვარელი მსახიობი ქალი: ვივიენ ლი და ნატალია ფატეევა.
სიზმარი: დამსიზმრებია კინოჩვენება, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შეცდომებისა და შეფერხებების გარეშე.
ოცნება: არ ვიცი, ოცნებაა თუ სურვილი, მაგრამ მინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები კომერციული, სისხლიანი ბოევიკები გადაიღონ, მომენატრა წყნარი, რომანტიკულსათავგადასავლო ფილმები.
სახელი: სერგო
გვარი: გაზაევი
მეტსახელი: „გაზიკა“
პროფესია: პილოტი
თანამდებობა: საქართველოს ნაციონალური ავიახაზების საფრენოსნო განყოფილების უფროსი. ხომალდის მეთაური.
ოჯახური მდგომარეობა: ცოლ-შვილიანი
სამუშაო სტაჟი: 30 წელია დავფრინავ.
პირველი სამუშაო დღე: შეუძლებელია, რომ მფრინავმა ეს დღე არ გაიხსენოს. პირველად რომ გავფრინდი, კურსანტი ვიყავი.
პირველი რეისი: თბილისი - დნეპროპეტროვსკი.
პროფესიული შეცდომა: სალონიკიდან მოვფრინავდით მე, მეორე პილოტი და შტურმანი. ორ მთას შორის უნდა გავფრენილიყავით. ამ დროს დისპეტჩერმა რაღაც გადმოგვცა, შტურმანს გაუჭირდა პასუხის გაცემა, საჭესთან მეორე მფრინავი დავსვი და რაციისკენ დავიხარე. რამდენიმე წამის შემდეგ მივხვდი, რომ თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა, წამოვიწიე და დავინახე, რომ მარცხენა მხარეს, გვერდით გადავიხარეთ, ერთ-ერთი მთის მიმართულებით... მაგრამ კიდევ კარგი, დროზე შევამჩნიე და მდგომარეობა გამოვასწორე.
დასამახსოვრებელი დღე: 1993 წლის 25 სექტემბერი. მაშინ სოხუმში შევარდნაძის წამოსაყვანად მივფრინავდი, მაგრამ ბაბუშერასთან ჩამომაგდეს. ის თვითმფრინავი ალბათ ახლაც იქ არის, 288 ნატყვიარით.
საყვარელი თვითმფრინავი: „ემბრაერი“; „ტუ-134“.
საყვარელი ქვეყანა: ეგვიპტე.
სიზმარი: ერთხელ დამესიზმრა, რომ მეორე პილოტმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ძრავა გამორთო.
ჰობი: ფრენა და ველოსიპედი, დილით ადრე ადგომა და
თბილისის ქუჩებში ხეტიალი.
საოცნებო თვითმფრინავი: „ბოინგ-747“ ან პატარა, 6 ადგილიანი ბიზნეს-კლასის თვითმფრინავი.
ოცნება: პილოტობა, რომელსაც მივაღწიე.
სახელი: იური
გვარი: გვილავა
პროფესია: რადიოტექნიკოსი
თანამდებობა: ტელე-რადიო ცენტრის ინჟინერ-ხელმძღვანელი; სამკუთხედის უფროსი.
ოჯახური მდგომარეობა: ცოლ-შვილიანი
სამუშაო სტაჟი: ტელე-რადიო სისტემაში 1974 წლიდან. ანძაზე უკვე 7 წელია.
პირველი სამუშაო დღე: მახსოვს, ჯარიდან რომ ჩამოვედი, გაგრის ტელე-სადგურში მორიგედ დავიწყე მუშაობა.
სამსახურეობრივი შეცდომა: ვის არ დაუშვია, პატარა შეცდომები სულ იყო, მაგრამ ახლა კონკრეტულად ვერ ვიხსენებ.
სიზმრები: ანძა რამდენჯერმე დამსიზმრებია, მაგრამ ყველაზე ხშირად ჩემი გაგრა მესიზმრება.
ფიქრები მუშაობის დროს: მუშაობის დროს, სხვა არაფერზე ვფიქრობ... მხოლოდ სამუშაოზე.
თანამშრომლების მიმართ: მომთხოვნი ვარ.
დასამახსოვრებელი დღე: მაშინ, როცა ძაბვა ეცემა და სიგნალი ითიშება. აი ახლა, ბოლოს, მაგალითად ტელეარხი „ОРТ“ გაითიშა.
საყვარელი არხი: იმედი და რუსთავი.
საყვარელი გადაცემა: „კურიერი“, სხვებისთვის დრო არ მრჩება.
ოცნება: გაგრაში დაბრუნება
სახელი: ია
გვარი: შალამბერიძე
პროფესია: ქიმიკოსი
თანამდებობა: 09-ის ოპერატორი
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი
როგორ მოხვდი 09-ში: გამოცხადებული იყო ვაკანსია, გავიარე ფსიქოლოგიური ტესტი.
სამუშაო სტაჟი: 6 წელი
გავრცელებული კითხვა: აბონენტის ნომერი, აფიშა.
უცნაური კითხვა: ლობიოს მომზადების წესი. მაო-ძე-დუნის დაბადების თარიღი.
09-ის მომსახურეობით სარგებლობ: არა.
სახლში დაბრუნებული: ტელეფონით ბევრს არასდროს ვსაუბრობ.
სიზმარი: თავიდან მესიზმრებოდა, რომ სულ 09-ის დარბაზში ვიყავი.
პირველი სიყვარული: 19 წლის ასაკში.
ჰობი: მეგობრებთან ერთად მხიარულება, კინო, ბარი...
მიმართვა აბონენტებს: იყვნენ ჩვენსავით ზრდილობიანები.
![]() |
6 გია ეძგვერაძე and „Evrthing all Right“ |
▲back to top |
ფოტო: დავით მესხი
პერსონალური გამოფენები:
1985 - მხატვრის ცენტრალური სახლი, თბილისი, საქართველო
1988 - საგამოფენო დარბაზი კაშირკაზე, მოსკოვი, რუსეთი
1989 - „ტკბილი ბრინჯი“, Gallerie Thomas, მიუნხენი, გერმანია (კატალოგი)
1989 - Galerie Utermann, დორტმუნდი, გერმანია
1990 - Gallery EGAM, მადრიდი, ესპანეთი (კატალოგი)
1991 - Gallery Kay Forsblom, ჰელსინკი, ფინეთი (კატალოგი)
1992 - Gallerie Thomas, მიუნხენი, გერმანია
Boibrino Gallery, სტოკჰოლმი, შვედეთი (კატალოგი)
1993 - „Back to the truth“, Kunstverein Lippstadt, ლიპშტატი, გერმანია (კატალოგი)
1994 - „Mind the Gap“, Stadtgalerie Kiel, კილი, გერმანია (კატალოგი)
„Mind the Gap“, Villa Merkel, Stadtgalerie, ესლინგენი, გერმანია (კატალოგი)
1995 - Galerie Hans Mayer, დიუსელდორფი, გერმანია (კატალოგი)
Appel Foundation, ამსტერდამი, ნიდერლანდები (კატალოგი)
Galerie Barbara Farber, ამსტერდამი, ნიდერლანდები
1996 - Galerie Michael Beck, ლაიფციგი, გერმანია
1997 - საქართველოს პრეზენტაცია ვენეციის ბიენალეზე, რუსეთის პავილიონი, ვენეცია, იტალია (კატალოგი)
Galerie Hans Mayer, დიუსელდორფი, გერმანია
„Nico Pirosmanishvili and Gia Edzgveradze“, Maison de la Culture, ნამური, ბელგია (კატალოგი)
Galerie Michael Beck, ლაიფციგი, გერმანია
1998 - Sprengel Museum, ჰანოვერი, გერმანია (კატალოგი)
Von Lintel Galerie, მიუნხენი, გერმანია
1999 - „ultramodern nihilism“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი, უნგრეთი (კატალოგი)
Tate Gallery, St. Ives, დიდი ბრიტანეთი (კატალოგი)
Trieste Contemporania, ტრიესტი, იტალია (კატალოგი)
Von Lintel & Nusser Gallery, მიუნხენი, გერმანია
2000 - Galerie Hans Mayer, დიუსელდორფი, გერმანია
Lintel & Nusser Gallery, მიუნხენი, გერმანია (კატალოგი)
Sammlung DaimlerChrysler, Haus Huth, ბერლინი, გერმანია
One man show on Art Cologne, Von Lintel & Nusser Gallery, კიოლნი, გერმანია
2001 - „Grand Canyon“, Museum Bochum, ბოხუმი, გერმანია
Zimerli Art Museum, ნიუ ჯერსი, აშშ
2002 - NCCA, მოსკოვი, რუსეთი
2003 - Triesta Contemporenia, ტრიესტი, იტალია
2004 - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი, უნგრეთი (კატალოგი)
Sammlung DaimlerChrysler, Stutgarti, გერმანია
2005 - „გია ეძგვერაძე და მეგობრები“, ოსტვალის მუზეუმი, დორტმუნდი, გერმანია (კატალოგი)
შორენა, თქვენი კითხვები ფუნდამენტურ პასუხებს ითხოვენ - ისინი ხომ შემოქმედების არსს ეხებიან. ამასთანავე თქვენი ჟურნალის ხასიათის გამო, იმას, რასაც რადიკალური თანამედროვე ხელოვნება ქმნის, მას-მედიის მოთხოვნის კლიშეებში ვერაფრით ვერ მოაქცევ. მასმედია იხმარს და ინელებს თანამედროვე ხელოვნების მომხიბვლელ (შოკურ, პროვოკაციულ, ხიბლიან და ა.შ.) ზედაპირს, მაგრამ ის მთავარი, რაც ხელოვანს ასე ხელშესახებად სტკივა, მას არ აინტერესებს.
ჩემი შოუს გახსნისას ბუდაპეშტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ტელევიზიის პროგრამის წამყვანმა მთხოვა - „თუ შეიძლება, გვითხარით ყველაფერი მთავარი თქვენი შოუს შესახებ. დრო დაახლოებით სამი წუთი გვაქვს, ახალ ამბებში გვინდა ვაჩვენოთ. „შოუს კონცეფციის დამუშავებას დაახლოებით ექვსი თვე მოვანდომე, აშენებას (ბევრი ხელოსნის დახმარებით) ორი კვირა. სამ წუთში, ეს ყველაფერი, კამერის წინ - სასწაულია. მე ყოველთვის „არას“ ვამბობ, როცა მოკლე პასუხს მთხოვენ.
თქვენთან თანამშრომლობას იმ პირობით დავთანხმდი, რომ მასალის სრული კონტროლის უფლება მექნებოდა. მერე მივხვდი, რომ სწორ ხალხთან მაქვს საქმე და კომფორტულად ვიგრძენი თავი. თქვენმა წერილმა ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა.... ამიტომ ვფიქრობ, რომ გამიგებთ.
რად გვინდა ეს კონკრეტული ინფორმაცია? რატომ არ ვაჩუქოთ ქართულ საზოგადოებას საახალწლოდ „აჩრდილი“? ეს მათ ხომ ნამდვილად აკლიათ. მგონი, ქართველებს სწორედ „აჩრდილების“ სიმრავლე სჭირდებათ დღეს.
P.S. ძალიან მიყვარს ფუკოს ერთი გამონათქვამი: „არასდროს მკითხო, ვინ ვარ მე და არასდროს მთხოვო დავრჩე იგივე“. ამ გამონათქვამთან კავშირში მინდა ჩემს თავს გავექცე და გიპასუხოთ.
რატომ „Everything is All right“... საიდან მოდის ჯგუფის სახელი და რა დგას მის უკან?
ეს ფრაზა უამრავი ინტერპრეტაციისათვის არის გახსნილი და თანაც უნარი შესწევს, ეს ინტერპრეტაციები ემოციურად ძალიან დამუხტოს - ის შეიძლება მწარე ირონიადაც დაინახო და გალაღებული ბედნიერების განცდადაც. სწორედ ეს ამბივალენტურობაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი; ჩვენი მხატვრული ცნობიერება იმავე მიმართულებისაა - ჩვენ მას „ნაპრალურს“ ვუწოდებთ.
რატომ იყენებთ ინგლისურს თვითგამოხატვისათვის?
მას აზრის გამოთქმის ფორმასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, კომპიუტერში ქართული შრიფტი არ მაქვს. ლათინური ასოებით აკრეფილი ქართული ტექსტი კი საშინლად მეხამუშება - დამამცირებელიც კი მგონია. ამიტომ საქართველოში ინგლისურად დაწერილ მეილებს ვაგზავნი.
შეგიძლიათ ცოტა მეტი გვითხრათ თქვენი გამოფენის შესახებ?
შოუს სახელია - „მე თვითმკვლელი არა ვარ, მე გამომძიებელი ვარ“ და ის კულტურულ პარადიგმაში მომხდარ მნიშვნელოვან ვლილებაზე რეფლექსირებს. შოუ ასევე ხაზს უსვამს იმ ტიპის სენსუალურ და რეფლექსურ გამოცდილებას, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელოვნებაში მარგინალიზებული იყო და მხოლოდ ცოტა ხნის წინ თუ გახდა ლეგიტიმური, როგორც „მისაღები“ და „ფასეულიც“ კი.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
შთაგონება არც ვიცი და არც მაინტერესებს რა არის - უბრალოდ, ჩემს ცხოვრებისეულ ვალდებულებას ვასრულებ, უფრო მეტიც - ყველაფერი ჩვეულებად და რუტინად მექცა. არავითარი შემოქმედების ზეიმი, არც აპოთეოზები, ეს რუდუნებითი შრომაა „სუბიექტისა“ და „მე“-ს დესტაბილიზაციისათვის.
რა არის ყველაზე უცნაური რამ თქვენს შესახებ?
უკიდურესად მტრული განწყობა ჩემს ცხოვრებაში ნებისმიერი „მიღწევების“ მიმართ.
ვიცით, რომ გიტარაზე უკრავთ. გააკეთებდით თუ არა მუსიკას?
მხოლოდ როგორც პერფორმანსს. ამას მუსიკის კეთებას არასდროს ვუწოდებდი.
როგორია თქვენი სტანდარტული და არასტანდარტული დღე?
დღის ჩემეული რუტინა ასეთია: დილით ორ-სამ საათს შინაგანი თვითდისციპლინის ვარჯიშს ვუთმობ. შემდეგი ორი საათი, ან მეტიც, მენეჯმენტს მიაქვს. შემდეგ უამრავ რამეს ვაკეთებ, რასაც ალბათ შეგვიძლია „შემოქმედება“ უწოდოთ. შემდეგ თამუნასთან მივდივარ სტუდიაში, რომ ვნახო, რა გააკეთა. უმრავლეს შემთხვევაში, ეს დისკუსიას ნიშნავს, ხანდახან სერიოზულ გართულებებსაც. მერე უკან ვბრუნდები და ტელევიზორს ვუყურებ.
რუტინიდან გადახვევა: თუ ბალანსს ვკარგავ და თავს დათრგუნულად ვგრძნობ, კინოში მივდივარ, სულერთია რა ფილმზე (შეიძლება ორზეც), და ზოგჯერ იქ ბატიბუტს შევექცევი.
ერთხელ ლონდონში ახალგაზრდა წყვილმა (ყმაწვილი ჩემი ნამუშევრების მიუნხენელი კოლექციონერის შვილი გახლდათ) რესტორანში დამპატიჟა. სასიამოვნო საღამო გავატარეთ. ჩემს ხელოვნებას ორივე კარგად იცნობდა, ნახვით კი ქალს მანამადე არასდროს ვენახე. სადილის ბოლოს, მან შემომხედა და მითხრა: „თქვენთან დაკავშირებით, სულ რაღაც გიჟობებს ვხედავდი და მესმოდა. რა დასანანია - თქვენ ისეთი ნორმალური ყოფილხართ.“
როგორ დაიწყო ეს ამბავი
Gesendet: Donnerstag, 6. Oktober 2005 11:25:53
Betreff : RE: Visit to Dьsseldorf
13th of October I am in Stuttgart giving a lecture in IFA foundation.?I will be back only 14th afternoon (around 14.00) and will?drive directly to Dortmund to carry on with the preparation of the?show.
We can meet in front of the main (railway) station in Dьsseldorf 14.30 and drive to Dortmund to look at the show.
Please inform me as soon as possible if it is O.K.
With best wishes,
Gia Edzgveradze
13 ოქტომბერს შტუტგარტში IFA ფონდში ლექციას ვატარებ. მხოლოდ ნაშუადღევს დავბრუნდები, დაახლოებით 14 საათზე, და პირდაპირ დორტმუნდში გავემგზავრები გამოფენის მოსამზადებლად.
14.30 დიუსელდორფის რკინიგზის მთავარი სადგურის წინ შევხვდეთ და დორტმუნდში წავიდეთ გამოფენის სანახავად.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად სწრაფად შემატყობინეთ, თუ ეს ხელს გაძლევთ.
საუკეთესო სურვილებით,
გია ეძგვერაძე
ფოტო: დავით მესხი
...მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ დიუსელდორფის ღერბზე, მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ღუზაა გამოსახული, მეცხრამეტე საუკუნემდე ზურგის ქარს ქალაქში ბევრი ვერაფერი ხომალდები ჩამოჰყავდა, და რაინის ახალი პორტი ოფიციალურად მხოლოდ 1896 წელს გაიხსნა.
ბედი არ სწყალობდა ქალაქ დიუსელდორფს და მის საამაყო ნავსაყუდელს: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის სასტიკად დაშავდა, და როდის-როდის, 60-70-იანებში გადაწყდა, რომ მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია იყო საჭირო.
განთქმულ დიუსელდორფელ არქიტექტორებთან ერთად ამ პროექტში მთელი მსოფლიო მნიშვნელობის ხუროთმოძღვრები იღებდნენ მონაწილეობას: ფრენკ ო. გერი (აშშ), Vasconi, F, Holl (აშშ), Chipperfield (დიდი ბრიტანეთი), Joe Coenen (ნიდერლანდები), Maki (იაპონია), Alsop (დიდი ბრიტანეთი), ასევე Murphy + Jahn (აშშ) და რიჩარდ მაიერი, ასევე აშშ-დან. მათი შემოქმედების შედეგია ეს ალბათ ძალიან პრაქტიკული, შესახედად კი სიზმრის მსგავსი მიდამო, რომელშიც ჩვენი მეგზური ბატონი გია ეძგვერაძე იყო. მისი აზრით, ეს გერმანიაში განხორციელებული ყველაზე საინტერესო არქიტექტურული კომპლექსის პროექტია.
ნაგებობების მჭიდრო რიგებიდან ფრენკ ო. გერის სამი შენობა უცებ მოგხვდებათ თვალში. სწორედ ეს ყოფილა ამერიკელი არქიტექტორის მიზანი - რომ მათ მოცეკვავე შთაბეჭდილება მოეხდინა.
თითქოს უზარმაზარ ხელს ჩაედინოს ეს ყველაფერი სათამაშო ველზე: ახალი პორტისა და მიმდებარე ქუჩების პატარა დაფაზე სამი კოშკი დასვა, მერე მიატრიალ-მოატრიალა, სადღაც თავი მოაცალა, რომელიღაცა ოდნავ წინ წამოწია, მოკლედ, ითამაშა, სანამ არ დაინახა, რომ ისინი ყოველი მხრიდან მოჩანდა და ყოველი კუთხით განსაცვიფრებელი სანახავი იყო.
...შემდეგი ქალაქი - დორტმუნდი. Museum am Ostwall ამ ქალაქის თანამედროვე და უახლესი ხელოვნების მუზეუმია. ის 1947 წელს დააარსეს და ხელოვნებისა და ხელოვნების ისტორიის მუზეუმის ომის დროს დანგრეული შენობის ნაშთებში დაუდეს ბინა.
2005 წლის 23 ოქტომბრიდან 2006 წლის 15 იანვრამდე გია ეძგვერაძე და ხელოვანთა ჯგუფი Everything is all Right ოსტვალის მუზეუმის დარბაზებში გამოფენა წარმოადგინეს.
გია ეძგვერაძე
- მე არ ვარ თვითმკვლელი, მე გამომძიებელი ვარ - I AM NOT A SUICIDER, I AM AN INVESTIGATOR
ასე ჰქვია ჩვენებას - რადგან აქ შეკრებილი ხელოვანი ქალები და მამაკაცები მხატვრისათვის უჩვეულო ამოცანას ისახავენ. მათ საკუთარი თავი დეტექტივად წარმოუდგენიათ, რომელიც უხერხულ და სათაკილო კითხვებს სვამს და მოუსვენრად იკვლევს კრიმინალურ სიტუაციას ანუ „გლობალურ კრიმინალიტეტს“, რასაც ისინი ცნობიერების ჩვეულ და მიღებულ ფორმას უწოდებენ.
მათთვის ისიც ცნობილია, რომ საბოლოო პასუხების ძიება აბსურდია და მხოლოდ კითხვების უწყვეტი დინამიზმია გარემოსთან ურთიერთობის ერთადერთი საღი გზა. ირონია, სარკაზმი, თამაში, ისევე როგორც იუმორის დიდი წილი ის საშუალებებია, რომლებითაც 1999 წლის შემდეგ ერთად მომუშავე ჯგუფი ცდილობს საზოგადოებას ჩვეული საგნები და მოვლენები პრობლემური თვალით დაანახოს. ამისთვის ხელოვანები სრულიად განსხვავებულ გამომსახველობით საშუალებებს მიმართავენ.
ესენი არიან ჟუნგ მე (კორეა), მაია ნავერიანი, და ჯონათან პეტჩი (დიდი ბრიტანეთი), ლეონიდ სოხრანსკი (რუსეთი), ვერა ლოსსაუ (გერმანია), ასევე თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, თამარ კ.ე., ანა კ.ე. და, რა თქმა უნდა, თავად მაესტრო, გია ეძგვერაძე (საქართველო).
თამარ კ.ე. და თეა გვეტაძე 2003 წელს ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე საქართველოს წარმოადგენდნენ - ოსტვალის მუზეუმის სტუმრებს ამ ნამუშევრის ხილვაც შეუძლიათ.
„Everything is all Right“-ის ყველა წევრი გია ეძგვერაძის ყოფილი მოსწავლეა. უკვე ხუთი წელია, ჯგუფმა სტრატეგია შეიმუშავა - ხელოვნების სფეროში მოეზიდა ის თემები და საკითხები, რომლებიც მას დიდად გამცდარია.
„დასავლური აზროვნების წესი ენის ტექნოლოგიაში ჩაიძირა, ამით კი არსებობის დრამა დავიწყებას მიეცა - ჰაიდეგერის ამ გამონათქვამში აღძრული პრობლემატიკა ჯგუფისთვის მთავარ ბიძგად და მოტივაციად იქცა,“ - ამბობს გია ეძგვერაძე. თავის შემოქმედებას ჯგუფი გერმანიის სხვადასხვა მუზეუმში, კერძო გალერეაში და ასევე ალტერნატიულ სივრცეში წარმოადგენს. დროდადრო მას მიწვეული მეგობარი მხატვრებიც უერთდებიან.
გია ეძგვერაძის შემოქმედების შესახებ კი ალბათ უმჯობესი იქნება, ყველაფერი თავად პატარძალმა გიამბოთ, რომელიც პირველად 1997 წელს ვენეციის ბიენალეზე, ქართულ პავილიონში გამოეცხადა მნახველს. საკუთარი იდენტურობის მაძიებელი, ის გულმოდგინედ და ოპტიმისტურად საქმიანობს: ცეკვავს, საუბრობს, ეძებს თავის შეყვარებულს, მისკენ ახალ გზებს, შთაგონებას... უცნაური არსებაა - თუ არ იცით, ვის შესახებაა საუბარი.
Gesendet: Samstag, 19. November 2005 21:58:08
Betreff : RE: collaboration
To translate the text of the Bride is a truly diffi cult task. This text was published on English, German, Italian, Hungarian, Russian languages and in a way it's time that Georgians would also benefi t from it. I think it's a good and noble mission.
First of all the translation makes diffi cult the particular tone of the writing. The main hero is a bit slow, a bit thick, defi nitely noble and also for sure obsessed - obsessed with denying and not accepting being part of the concept which is called little human creature. He is assembled image of the unique phenomenon - specifi c western mind (or better to say consciousness) with its vulnerability, endless doubts, longing for inquiry and destined for noble failure.
Another major problem of the translation of this text is that it can appear in the Georgian version dangerously sentimental or disgustingly over romantic. Just opposite the character of the translation must be rather dry I would say even fully ascetic. This will drive us to success. Please do not worry about the quote you mentioned. All of them in the text are simulations of diff erent language strategies of diff erent famous European thinkers. The one you mentioned at the beginning is simulation of Nietzschean tone - so if you have a good Georgian translation of Nietzsche just try to simulate the tone - it is enough. Other quotations are in the style of Foucault or Lacan etc., this text is a typical example of post-modern writing with endless simulations and quotations. But don't worry, just translate all others as you feel them. Only what is important they must not be pathetic - perhaps only Nietzsche can be. He was anyway extremely pathetic.
And best wishes to all of you
Gia
პატარძლის ტექსტის თარგმნა მართლაც ძნელი საქმეა. ეს ტექსტი გამოქვეყნებულია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, უნგრულ, რუსულ ენებზე და ამრიგად, ალბათ უკვე დროა, ქართველებიც გაეცნონ მას.
უპირველეს ყოვლისა, თარგმანს განსაკუთრებული ტონი ართულებს. მთავარი გმირი ცოტა შენელებულია, ცოტა შეუვალი, ნამდვილად ღირსეული და ასევე შეპყრობილი - შეპყრობილი უარყოფით - და არაა თანახმა იმაზე, რომ იმ კონცეფციის ნაწილი იყოს, რომელსაც „პატარა ადამიანურ ქმნილებას“ უწოდებენ. ის კრებითი სახეა უნიკალური ფენომენისა - განსაკუთრებული დასავლური ცნობიერების წესისა; მისი დახვეწილი მგძნობიარობით, უსასრულო ორჭოფობით, ძიების წყურვილით და წარუმატებლობისთვის განწირულობით.
ამ ტექსტის თარგმანის მეორე ძირეული პრობლემა ისაა, რომ ქართული ვერსია სახიფათოდ სენტიმენტალური ან მეტისმეტად რომანტიკული შეიძლება იყოს. სულ პირიქით: თარგმანი მშრალი და, მე ვიტყოდი, სრულიად ასკეტური უნდა იყოს. მან შეიძლება წარმატება მოგვიტანოს.
გთხოვთ, ნუ იდარდებთ თქვენს მიერ მოხსენიებულ ციტატაზე. ტექსტში ისინი სხვადასხვა აღიარებული ევროპელი მოაზროვნის სხვადასხვა ენობრივი სტრატეგიის სიმულაციაა. პირველი, რაც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, არის ნიცშეანური ტონის სიმულაცია - ამრიგად, თუ ნიცშეს კარგი ქართული თარგმანი მოგეპოვებათ, უბრალოდ, მის მიბაძვას ეცადეთ - საკმარისი იქნება. დანარჩენი ციტატები არის ფუკოს, ან ლაკანის, ან სხვათა სტილის მიბაძვა, ეს ტექსტი არის პოსტმოდერნისტული ტექსტის ტიპიური მაგალითი, დაუსრულებელი სიმულაციებითა და ციტირებებით. მაგრამ არ იღელვოთ, ყველაფერი სხვა ისე თარგმნეთ, როგორც იგრძნობთ. მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი რამაა - არ უნდა გამოვიდეს პათეტიკური, გამონაკლისი მხოლოდ ნიცშე შეიძლება იყოს. ის მაინც ყოველთვის სასტიკად პათეტიკური იყო.
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ყველას,
გია
დრამატული მონაკვეთები ახალმოვლენილი პატარძლის ცხოვრებიდან
ჩემი, როგორც დედისერთა შვილის ამბავი, რასაკვირველია, საძაგლად და მოსაწყენად გაიწელა. სამაგიეროდ, არ არსებობს ქვეყნად უფრო ამაღელვებელი მონათხრობი „წყვდიადის შთანმთქმელი ვნების ცეცხლიანი ქარიშხლის შესახებ, რომელიც ალიონზე მთის ნაკადულების დინებად და ჩქეფებად დაიღვარა“. ეს ბწკარები მე ერთ ჭკვიან გერმანელთან ამოვიკითხე.…უნდა მაპატიოთ ჩემი უთავბოლო თხრობის წესი, აზრების და თარიღების აღრევა, დავიწყებული სახელები, რადგან ჩემი ჯანმრთელობის საკითხი ჯერაც გაურკვეველია.
ამ მკრეხელობამ, ამ უსასრულო ძრწოლამ და ამ თოვლივით წმინდა გამოცდილებამ განაპირობა ჩემი ცხოვრება.
არც კი ვიცი, რატომ ჩაიდინა მან ეს - რატომ ხდება ეს ყველაფერი. შესაძლოა, მას განუყოფლად მართლაც მხოლოდ დედა უყვარდა და ყველაფერი, რაც თავს გადამხდა (ეს ჩემი ტანჯული თავგადასავალი), როგორც მარწმუნებენ, სწორედაც რომ სასჯელია, - იმისთვის, რომ დავაშავე - დედას უნდობლობა განვუცხადე. ყოველ შემთხვევაში, მან ასე მითხრა. მაგრამ მე ამის არ მჯერა - მათ შორის ნამდვილად იყო უთანხმოება (მე ასე მიმაჩნია); ყველაფერი რომ წესრიგში ჰქონოდათ, მე როგორღა მოვევლინებოდი ამ ქვეყანას, ჩემი არსებობა ხომ მათ შორის კონფლიქტის არსებობის დასტურია.
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ჭკუიდან გადასვლა მისი ბრალი იყოს. ეს ნამდვილად უაზრობა იქნებოდა - სინამდვილეში ხომ მისი ნაჩუქარია ეს აღვირახსნილი ბედნიერება, მან არ დანერგა ჩემში ეს უსასრულო სიყვარული? უმალვე რომ მომიცილა და დამტოვა, - ესეც მისი გონიერების ნიშანია, სხვაგვარად სიყვარული ასე უზომოდ არ გაიზრდებოდა. მე ხომ ხმელი ფოთოლივით ვიწვი, ვეძიებ და ვეძებ, დავეძებ და ვძიებ.
არსებობს ჩემი შეშლილობის საბუთები - შემზარავი, მშრალი ფაქტები:
ფსიქიკური ტრავმის შემთხვევა.
მიზეზი: გაუპატიურებულია მამის მიერ. მიტოვებულია ადრეულ ასაკში.
მამის პარანოიული ხილვები სხვადასხვა ფორმით.
ამ ფორმების მიმართ მძაფრი ეროტიული ლტოლვა, რაც მამის აკვიატებულ ძებნაში იჩენს თავს.
მაგრამ ეს შეპყრობილობა უცებ არ დაწყებულა. ჩემი სიყმაწვილის წლებში, როცა მისი სახის ნაკვთები ჩემს მეხსიერებაში ჯერ კიდევ არ იყო წაშლილი, მის არსებობას ჰაერის სიგრილესთან ერთად ვისუნთქავდი, ფოთლების შრიალში ვისმენდი, გარბენილი შვლის მიერ სივრცეში დატოვებულ კვალში ვხედავდი - მაშინ ის სულ გვერდში მედგა, რაც არ უნდა მომემოქმედა. ჩემი ნორჩი და ვნებიანი მეხსიერება მის ხატს ნებისმიერ გრძნობაში ცნობდა. იმ გამჭვირვალე დღეებში ჯერ არ გამოვლენილიყო წყეული ზღვარი ჩემსა და სხვას შორის. მან მოგვიანებით იჩინა თავი - მეხსიერების დაკარგვასთან ერთად; თავი იჩინა, როგორც საზარელმა მარყუჟებგამხმარმა ბადემ, წყალში ვერცხლად მოლივლივე თევზებს რომ დაემხობა თავზე. ამ ბადემ მოუღო ბოლო ჩემს მასში არსებობას.
მეხსიერების დაკარგვასთან ერთად, ირგვლივ ყველაფერი ამ ბადეს დაემსგავსა - გამომშრალ, ხიჭვიან, უთვალავი უხეში კვანძით სავსეს. სისხლი დაშრა, დაიწრიტა და უსისხლო სხეულში აღმოვჩნდი, სამყარო გაუცხოვდა - მასში მამა აღარ ამოიცნობოდა. სწორედ აქ და ასე გავხდი ბედისწერის თანაზიარი, და სწორედ აქ ჩაისახა ჩემი ავადმყოფობის მთავარი სიმპტომი: ჩემი წუხილი, ჩემი უწყვეტი წუხილი - ქანცის გამცლელი ძიება/გახსენება მისი ნაკვთების, თვისებების, ანაბეჭდების, მისი კვლევა ნიშნებში. შეპყრობილი, ვცდილობდი მეპოვა და დამებრუნებინა ის, როგორც ერთიანი, განუყოფელი, როგორც ჩემს წინ ნათლად მდგარი ჩემი შეყვარებული - შემზარავად ხილული.
და რასაკვირველია, ამერია, შევანაცვლე, გამოვიგონე. აი, ეს კი უკვე სენი იყო - ვგრძნობდი, რომ სულში სიმაგრე ჩამიდგა. დაიწყო საბედისწერო შეცდომების ჯოჯოხეთი, ჩემში დასადგურებული დამთრგუნველი ნაღველის შედეგი.
...არ მახსოვს, მაგრამ დამარწმუნეს, რომ მომიკლავს კიდეც... მაგრამ მკვლელიც რომ ვიყო, ალბათ მეც ისევე ვკლავდი, როგორც ყველა სხვა მკვლელი; ვკლავდი არათანაარსებობას, უქონლობას, განუხორციელებლობას; თანაარსებობისათვის, სისავსისათვის, აღსრულებისთვის - მინდოდა ის დამებრუნებინა, რაც ერთხელ უკვე მეკუთვნოდა - მე ხომ ის ურჩხული ვარ, რომელიც სადღაც, საკუთარ თავში, ფარულად, არსებულის სისრულის ცოდნას ატარებს.
იმ უკუნეთ დღეებში, ყველაზე შემზარავ შეცდომებს მაშინ ვუშვებდი, როცა მამის სახე ბავშვებსა და ქალებში მერეოდა - როგორც ჩანს, ამის მიზეზი მისი ქალწულებრივი სინაზე იყო, რომელმაც ჩვენი ურთიერთობის იმ ერთადერთ ღამეს მთლიანად შთანმთქა.
უბიწობის ფლობის იდეით შეპყრობილი, ვგრძნობდი, რომ წმინდა პურს და მთის წყაროდან მჩქეფარე ყინულოვან წყალს ვეწაფები... მოგვიანებით კი შემაგნებინეს, რომ რვა წლის ბიჭს მივეძალე, მთელი ღამის განმავლობაში ვაუპატიურებდი, მერე კი დედა დავაბი და დილით ისიც ვიხმარე. შემდეგ ბიჭი დამინაწევრებია და მისი ტანის ნაგლეჯებს ჩემს სხეულზე ვიწყობდი.
საკანში, სადაც ჩამამწყვდიეს, სინათლემ იმ ჩემი ნანატრი ღამის შემდეგ, რიჟრაჟის სინათლე მომაგონა, როცა მან გარინდულ გულში გადახსნილი ზეცების უდრტვინველობა მაჩუქა.
ციხეში, ისინი ძალიან დიდხანს პირუტყვივით მექცეოდნენ, ვძაგდი მათ - და, ცხადია, მართალიც იყვნენ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხმები მომივიდა, რომ ვიღაც ფრანგი ცდილობდა, საზოგადოებრივი აზრი ჩემს სასიკეთოდ შეეცვალა; რომ მთელი ჩემი ძველისძველი ამბავი ამოქექა, მე „დაზარალებულს“ მეძახის, და თავად ჩემი „დისკრიმინაციის“ ფაქტს კრიმინალს უწოდებს. ისე იყო თუ ასე, გამათავისუფლეს. მე მაინც მგონია, რომ იმხანად თავად მათშიც, ადამიანებში, მრავლად იყო უცნაურობა და „სიგიჟე“.
საყოველთაოდ აღიარებულ და სახელგანთქმულ საავადმყოფოში, სადაც გადამიყვანეს, ექიმები, ასე ვთქვათ, „თვალთმაქცურად ჭკვიანები“ აღმოჩნდნენ (ამას ახლა ვხვდები); მათ გამომიცხადეს, რომ ცნობა მხოლოდ მამის პრივილეგიაა, და რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ჩემი გონიერი ქცევით უნდა მოვახდინო მისი (მამის) სურვილის პროვოცირება, რომ ჩემში თავისი ვაჟი ამოიცნოს და აღიაროს, და რადგან საკმარისი გამოცდილება მაქვს დაგროვილი, ახლა იმის გამოცნობასა და გათვლას უნდა შევეცადო, თუ როგორია მისთვის ყველაზე მისაღები ძის ანუ მოსიყვარულე შვილის სახე, ანუ გულწრფელად უნდა გავხდე მისი მსგავსი და ამ გზით - მისთვის სასურველი. მათ (ექიმებს), როგორც ჩანს (მე ასე ვიაზრებ), კონკრეტული ფაქტები ჰქონდათ იმისა, რომ ამ გზით ვიღაც სავსებით განიკურნა. ახლა (ამ მიმართულებით გაწეული ხანგრძლივი და საძაგლად ბეჯითი მცდელობების შემდეგ), ცხადია, ვხვდები, რომ მათ თავიანთი კეთილშობილი მიზანი ჰქონდათ - სურდათ ყველას მეგობრად ვექციეთ, რომ არც მე მეწვალა და არც სხვები წამეხდინა, სანიმუშო შვილის სახე ხომ საყოველთაოდ ცნობილია - ის მოკრძალებული და მუყაითია, მას გულითადად და გონივრულად უყვარს თავისი ძმები და დები. მაგრამ ვინ ვარ მე ჩემი ველური და მწველი ვნების გარეშე, მე ხომ აქ ამ ერთადერთი ნიჭით ვარ მოვლენილი. ისეა თუ ასე, ამ ექიმებმა კარგა ხნით მიაღწიეს წარმატებას, და მე გულწრფელად ვცდილობდი მამის ცდუნებას, ჩემი ღირსეული თანამოქალაქეების საყოველთაოდ აღიარებულ და საუკეთესო ნიმუშებს, ჩვენი საზოგადოების საამაყო წევრებს ვბაძავდი. რად აღარ გარდავიქმენი. ვიყავი პატიოსანი და უბრალო მუშა (კომუნისტი), ასევე გულუხვი და გულითადი, მომხვეჭელი ბიზნესმენიც, რომელიც რეგულარულად დადის ეკლესიაში. „წარმატებით“ შევასხი ხორცი მებრძოლი ოფიცრის სახესაც, რომელიც თავდადებული და მოვალეობის გრძნობით აღვსილია. ჩემი იმიჯების კოლექციაში იყო კეთილი, თავისი ქალაქის მკვიდრებზე გულმხურვალედ მზრუნველი ქალაქის თავიც. მაგრამ ამ გიგანტური და სულის მპარავი ძალისხმევის მიუხედავად, ის არ გამოჩენილა. მან ჩემში შვილი ვერ ამოიცნო, მიზანსწრაფულსა და ღრმად მოაზროვნე მეცნიერში, პოეტიცა და მხატვარიც ვერ ეღირსნენ წყალობას. ისიც შევიტყვე, რომ ვერც მოწყალების დის კეთილშობილმა, წმინდა თვალებმა აუხილა თვალი მას.
გია ეძგვერაძე „პატარძლის ზეიმი“
გია ეძგვერაძე პროექტი „პატარძალი“
აი ასე, არ გამომხმაურებია. და დროის მთელი ეს მონაკვეთი ისე მახსოვს, როგორც უკუნი, რუტინა, რომელიც ჩემს სენს მხოლოდ გარშემო ხორცად შემოეზარდა. ეს რუტინა, ეს გაუმტარი ფარდა მოედო ნათელს, რომელიც მან დამიტოვა. და მხოლოდ იშვიათად, სადღაც, სიღრმეში, ზოგჯერ მაინც ვგრძნობდი ხოლმე მტკივნეულ სევდას, რომ გამოუთქმელი რჩება ჩემი ძვირფასი ვნება, ჩემი მარტო და მხოლოდ სურვილი, მასთან ერთადერთ და განუმეორებელ ამბორში დავლიო სული. მისდამი მიწერილი წერილიდან: „მახსოვს თითები (ერთადერთი, რაც მახსოვს, შეხებაა - უკუნეთი სიბნელე იდგა), ისინი მთელ ჩემს სხეულზე საცეცებივით აწებებულნი, სადღაც ქვემოთ მიმათრევდნენ, ეს ბედნიერების აუწერელი განცდაა - ბნელეთში, არსად. ნათელი კი, უხეში, სამართებელივით მტკიცე, შიგნიდან გსერავს. მერე შენ უცებ მომიზიდე, ჩამბღუჯე და საბოლოოდ ამლესე შენს დიად სხეულთან. და აქ, წყვდიადი, რომელიც გარს გვერტყა, იქცა სინათლედ - მაგრამ უცნაურია, რომ ასევე დარჩა წყვდიადად. მე, გართხმული, განწელილი ვიყავი შენს ტანში და მხოლოდ შენი მძიმე, ყოვლისგამჭოლი, უძრავი სუნთქვა იყო ჩემი არსებობის ერთადერთი განცდა“.
და აი, ამ ერთადერთს, რაც ჩემს არსებობას სულს უდგამს, ჩემი ცხოვრების ერთადერთ ცოცხალ სივრცეს, ამ კდემით სავსე მოგონებებს წამხედურობის და საკუთარი თავის ყველასთვის მოწონების და მტკიცების ნესტიანი ლიბრი მოედო. ამ სხვების თვალებით დანახულისთვის ანგარიშის გაწევამ და საერთოდ, ზემოთ აღნიშნული მიმართულებით გაწეულმა ძალისხმევამ, ჩემს ყველა სხვა მცდელობასთან შედარებით, წარმოუდგენლად მეტი დრო წაიღო, მაგრამ, საბედნიეროდ, ხანგრძლივი და უწყვეტი მარცხებისგან ნელ-ნელა გონს მოვეგე და როგორც იტყვიან, განვიტვირთე. საავადმყოფოს ექიმების თავსმოხვეული დანაწესებით რწმენადაკარგულმა, ბოლოს და ბოლოს, საღი თვალით დავინახე საკუთარი „მე“, როგორც „ობიექტი“, სხვა ასეთსავე „ობიექტებს“ შორის დაძირული - ასე გონებამახვილურად დაახასიათა სიტყვებით ჩემი ეს მდგომარეობა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, ასევე „შეპყრობილთაგანმა“. აქედან თავის დასაღწევად, მივხვდი, რომ ჭრილობა უნდა განმეახლებინა, შეხორცებული იარა გადამეხსნა - კვლავ უნდა დამებრუნებინა ჩემი ძვირფასი განძი, „შორეული იმედის“ რუტინით დაჩლუნგებული ჩემი სიგიჟე. ასე რომ, გაუსრულებლობის ნაყოფიერ ველზე გაშმაგებული ჟესტების და შეხებების ბრძოლაში კვლავ უნდა ჩავბმულიყავი.
ამ ხანგრძლივი „ისტორიული ძილის“ სტაგნაციამ ჩემი განახლებული ძიება დაძაბულობის ზღვარზე მიიყვანა - საკუთარ არსებობას გადავაწყდი და უეცრად ვიგრძენი (იმწამს ასე მეგონა), რომ ის სადღაც აქვე უნდა ყოფილიყო. მთელი ჩემი ვნებიანი და შმაგი ნატურით ახალ კვალს დავედევნე. ახლა მხოლოდ ჩემს თავს ვიკვლევდი და მის ანაბეჭდებს და ლანდებს ჩემი საკუთარი არსებობის მტკიცებაში და შეგრძნებაში ვეთამაშებოდი. ამ აღტყინებულ მდგომარეობაში უამრავი უცნაურობა ჩავიდინე; რაც არ უნდა საოცრად გეჩვენოთ, რამდენჯერმე სქესიც კი გამოვიცვალე. და არა მარტო ეგ; მამაკაცს მამაკაცში ვეძიებდი (ანუ თანავცხოვრობდი), ქალს კი - ქალში (ანუ ვეალერსებოდი).
იმხანად, და ჩემი აქტივობის იმ ხარისხში, შვების პატარა შანსს მივაგენი. საკუთარ თავში ჩაძირული ვჭვრეტდი მის დამცინავ და მწარე ღიმილს, მისი სახის გადარეცხილ პეიზაჟზე დაღვრილს.
ხოლო როცა ამ გაუთავებელი ამაოებისგან ვსუსტდებოდი და მეხსიერების მებრძოლი ძალები სულ მტოვებდა, ირგვლივ მიმოვიხედავდი ხოლმე, უკანასკნელი იმედით ჩემი ინსტინქტი საგნებისკენ იწყებდა ლტოლვას, სიგიჟე მათ დაგროვებაში იჩენდა თავს (რასაკვირველია, ყოველ საგანს მისი დაღი ატყვია). რა არ მომიმოქმედია ამ მიზნისათვის: ვიღვწოდი, ვიკვლევდი, ვიპარავდი, ვიბრძოდი. ეს საგნები, ირგვლივ უწესრიგოდ მიმოყრილი, მისი სხეულის თვალსაჩინო ნაწილებია და მეც დიდი რიდით და მოწიწებით ვიგროვებდი მათ გარშემო, რომ ღრმად და ნატიფად განმეცადა მისი ეს ნაკვთები (ფარულად ვიმედოვნებდი, იქნებ შემზრდოდნენ კიდეც!). ახლა ჩემთვის ნათელია, რომ ასეთი ქცევა ძალიან საშიშია; ნაკვთების დევნამ და სიყვარულმა შეიძლება მისი სახე სულაც დაგავიწყოს. მაგრამ მაშინ საგნებთან ჩემი ეს ლაქუცი ისეთი ტკბილი ჩვევა იყო, რომ ვიღაცეებმა „კერპთაყვანისმცემელიც“ კი შემარქვეს. და ეს უზნეო სახელი მე მომაწებეს - მე, ვინც ოდესღაც მასთან „სიტყვას“ თანაბრად ვიყოფდი.
მაგრამ ჩემი ავადმყოფობის ყველაზე სახიფათო სიმპტომი და ყველაზე საზარელი სისუსტე იყო, რომ ამქვეყნად, თუნდაც შედარებითი მატერიალურ-ფიზიკური კეთილდღეობის შემთხვევაში, სრულიად სამარცხვინოდ ვღალატობდი ჩემს ერთადერთ ერთგულ მეგობარს და მეგზურს - ჩემს „საზრუნავს“; არაცნობიერად ვიწყებდი სრული დაცულობის, განუყოფელი ბედნიერების, აბსოლუტური სამოთხისეული უდარდელობის, უსაზღვრო, ექსტატური მხიარულების სიმულირებას, ანუ ყველაფერ იმის, რასაც ოდესღაც მასთან კავშირში ვგრძნობდი - აბა, სხვაგვარად საიდან იჩენდნენ ჩემში თავს ვითარებისთვის ესოდენ შეუსაბამო შინაგანი მოძრაობები.
რა ენით უთქმელი უცნაური სიცარიელისა და სიმახინჯის ფორმებით არ იჩენდა თავს ილუზიებისკენ სწრაფვის ეს ჩემი უგნური სისუსტე! მაგრამ ის, როგორც ჩანს, უჩუმრად ცდილობდა ჩემში გამოეზარდა ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი, ჩემი ძლევამოსილი დამხმარე... სასოწარკვეთა, სრული და საბოლოო სასოწარკვეთილება...
და აი, ამ სრული გაუგებრობისა და შეცბუნებისგან თავის დაღწევაში მაინც ექიმი დამეხმარა, იმათთაგანი, „ახლებს“ რომ ეძახიან, ფრანგი (შეიძლება ავსტრიელიც იყო...). მისი რჩევა მარტივი გამოდგა და გასაოცრად ყოვლისმომცველი. ან მიმითითა, რომ ჩემთვის შესაძლოა შვებად ქცეულიყო რაიმე ნიშნის ან სიმბოლოს მოძიება, რასთანაც საკუთარი თავის, უფრო სწორად, ჩემი მდგომარეობის გაიგივებას შევძლებდი და რომელშიც ჩემი სენის რეალური სტატუსი გამოითქმებოდა. ანუ, რაიმე კონკრეტულ ნიშანთან მიმართებაში საკუთარი თავი ჩემს საკუთარ განპირობებულობაში ჩამომეყალიბებინა. მისი რთული სიტყვებით, „ეს მუდმივ სტა ტიკურ მომენტს გამოავლენდა განშლის არაუკუქცევად დინამიკაში, რაც ათვლის წერტილის ბალანსის განმაპირობებელ ფუნქციას შეასრულებდა“... აი, ასე. ისეა თუ ასე, მომავალში ეს კონცეფცია ფასდაუდებელი გამოდგა, გავბედავ და ვიტყვი - დამასრულებელიც კი ჩემს აბსურდულ ისტორიასთან კავშირში. განათდა! მთელი ჩემი ვნებით სავსე სინაზე სიგიჟის ობიექტის მიმართ, მისი ნების სრული მორჩილების დაუოკებელი სურვილი, დაუღალავი მოლოდინი და კატეგორიული უარყოფა რაიმე სხვა თავშესაფრისა, სრული მზადყოფნა და უდრეკი ნება, ხმელეთი დამეტოვებინა და წყლები გადამელახა - ყველა ეს გამორჩეული თვისებები მხოლოდ პატარძლის სათუთ გრძნობებს და თავგანწირვისთვის მზადყოფნის მდგომარეობას თუ შეედრებოდა; პატარძლისა, რომელიც უფსკრულებად დაფენილი სიყვარულის სივრცეების წინ მდგომი, საქმროს ღია კარიბჭესთან ელის. და ასე დაიწყო ჩემი პატარძლად სვლა ქვეყნად.
იმხანად, ძველი ჩვევის შესაბამისად, ჩემს პატარძალს ისევ საჯაროდ წარვადგენდი - კვლავ მამის მოხიბვლის იმედით. მანიკიურის სალონშიც მაშინ სწორედ ამ მიზნით დავიწყე მუშაობა - მანიკიურის კეთებისას უამრავ ადამიანთან ძალიან ახლო, ინტიმურ ურთიერთობაში შეიძლება შესვლა. იქნებ ერთხელ, ერთ ნანატრ დღეს, უცებ მას წავაწყდე, რომელიმე კლიენტში ამოვიცნო მისი სუნთქვა. მაგრამ არა, ყოველ მომდევნო დღეს, ეს ჩემი სტუმრები ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდნენ ჩემი ცნობიერებიდან, პარაშუტისტებივით, თვითმფრინავიდან გადახტომისთანავე მყისვე რომ უჩინარდებიან სადღაც უსასრულობაში (პარაშუტისტებზე ერთმა ახალგაზრდა ქართველმა პოეტმა მიმანიშნა). ასე გარბოდა დღეები და დროის სხვა მონაკვეთებიც, სანამ ყველა იმედი არ გახუნდა, გადაიწურა. ახლა, მას მერე, რაც ყველაფერი ასე წვრილად მოგახსენეთ, დღევანდელ დღესა და ამ ისტორიის ბედნიერ დასასრულს შევუდგები. მაგრამ მანმადე, იმისთვის, რომ მსუბუქი სევდით მივაგო პატივი ჩემსა და მამის ამ ისტორიის შენდობას (ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ), ჩემი ძველი, არეული ჩანაწერებიდან კიდევ რამდენიმე ნაწყვეტს მოვიტან.
მისდამი მიწერილი წერილიდან - „ჩემთვის შენი არსებობის ერთადერთი უეჭველი მოწმე ვარ მე, და მე ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება საკუთარი თავი მხოლოდ და მხოლოდ როგორც ასეთი მოწმე. შენ ჩემი თვითსიყვარულის ერთადერთი მიზეზი ხარ. მაგრამ როცა მეხსიერება მღალატობს და შენი ხსოვნა ხელიდან მეცლება - საკუთარი თავის სიყვარული რჩება (როგორც უსიცოცხლო ჩვევა, შეურაცხმყოფელი მექანიკა). და აი, მაშინ ვიტანჯები ამქვეყნად და სამყაროსაც ვტანჯავ ჩემი „თვითსიყვარულით“, რომელიც არასოდეს ყოფილა (და არც იქნება) თვითსიყვარული, არამედ ყოველთვის იყო (და იქნება) სიყვარული ჩემში შენი მოწმისა“.
ახლა კი დღევანდელი დღის და კეთილი ბოლოს შესახებ... ყოველ შემთხვევაში, ამ წუთში ამას მე ასე გავიაზრებ. ჩემი ბედისწერა, ცხადია, ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა თანდასწრების უღრუბლო ხანგრძლივობა, ალბათ, მაინც შევძელი და მოვიპოვე. შემდგომში რაც არ უნდა მოხდეს, უეჭველი ისაა, რომ ამიერიდან ნამდვილად სამუდამოდ დავრჩები იმ „იდიოტად“, რომელიც ასეთი უსასრულო ძალისხმევის ხარჯზე აღმოვაჩინე.
აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. პატარძლის ძიება, ლტოლვა, ხეტიალი, ისევე, როგორც მისი ყველა სხვა მოლოდინი ნამდვილად და საბოლოოდ წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ ამ ზღვარზე მისულ, განწირულ სიტუაციაში კარდინალურად სხვა რამ მოხდა: როცა პატარძლის ეს სახე - ჩემი ბედისწერის ნიშანი ვიპოვე და მივიღე, საგანს თავისი სახელი დაერქვა. ეს კი მთავარში დამეხმარა - შესაძლებლობა მომეცა, საკუთარ თავს განვდგომოდი, ამ დისტანციიდან კი, ჩემი აქ, ამ თანდასწრების, დანიშნულების ხატს მოვკარი თვალი! ამრიგად, ჩემი როლი შეიცვალა - მე მორბენალი დრამის მაყურებელი გავხდი. ეს კი აღმოჩნდა დანიშნულების ერთადერთი აზრი.
პროცესუალურად ასე გამოვიდა - ვხედავდი, როგორ ივსებოდა მოთმინების ფიალა; დავინახე, როგორ აივსო, გადმოიღვარა - როგორ შთანთქა გამოსავლის უქონლობამ საკუთარი თავი. ხელები რომ დავუშვი და მივენდე - ზღვარმა საკუთარ თავს იქით გამტყორცნა. ჩემი ძიება, ჩემი ავადმყოფი გონების ძიება მოულოდნელად მისივე მკურნალი აღმოჩნდა.
ჩემი უთვალავი მცდელობის წარუმატებლობამ, ამ ნეგატიურმა დინამიკამ მაიძულა, თავად ჩემი ზრუნავა შემყვარებოდა (მიზნის დაკარგვამ მას სიმწარე გამოაცალა), მე მასში განპირობებულობის ღრმა სიმშვიდე აღმოვაჩინე. მე თავად ეს შინაგანი მოუსვენრობა და შფოთი შემიყვარდა, ეს ჩემი მოზიდული წინსწრაფვა, მაგრამ უკვე არა მიზანმიმართული, არამედ მიმართული თავად მოძრაობისკენ - ჩემი თანადასწრების ამ ერთადერთი რეალობისკენ. ამ ყველგან და ყველაფერში სულისშემკვრელმა ძიებამ, ამჟამად უმიზნომ, თვალი ამიხილა და ყველაფერი დანახული ხილული გახდა. ამდენი ხნის ჭვრეტის და კვლევის მერე, ამ ერთი გარდასახვით, მზერამ დანახვა ისწავლა, სმენამ - გაგონება. გონებამ ქარის თვისება შეიძინა, და შეშლილი მონიდან, ლაღად მორბენალ შეშლილად ვიქეცი.
ახლა მე, ჩემს პატარძლის სამოსს გაუხდელად ვატარებ, რომ დავამტკიცო: სიყვარულს იცნობს მხოლოდ ის, ვინც მიხვდა, რომ სიყვარულს და თავისუფლებას ვერ განაცალკევებ; რომ სიყვარული მხოლოდ მას განუცდია, ვინც იმდენად შეეზარდა რბოლას, რომ მიზანი თავად გამოეცალა და გაიქცა მისგან. მე ვამაყობ იმ ჩემი ახალი სიყვარულით, რომელიც ვეღარავის კუთვნილება ვეღარ გახდება; მან საკუთარ რბოლაში ჰპოვა თავი, და ეს მისი უკანასკნელი ადგილსამყოფელია. და როცა ერთმა ამპარტავანმა, მართლაც ჭკუისკოლოფმა გერმანელმა მრავლისმთქმელი სახით მომახსენა, რომ მამაჩემი დიდი ხნის წინათ მოკვდა, ჩემზე ამას შთაბეჭდილება აღარ მოუხდენია, მე უკვე ვფლობდი იმას, რის შემოპარებასაც აპირებდა ჩემთვის ეს გერმანელი.
გარდასახვის იმ დღეებში ჩემს რუს მეგობარს ეს სტრიქონები მივწერე: „Теперь я не-весть где. И это моя безотнимная радость; там где не весть. Нет вести - хорошая весть. У новоявленной вечной не-весты нет вестей. Это её единственное достояние“.
და კვლავ მანიკიურის სალონში ვმუშაობ. მაგრამ ახლა მე ერთნაირად ვუღიმი სხვადასხვა სახეს, სხვადასხვა ხელს, თითებს, მათში არსებულ სხვადასხვა ბედისწერას. ზოგჯერ კი, ძალიან იშვიათად, ჩემთან მოსულებს თვალებში ავხედავ ხოლმე და მათში ვხედავ მამასაც, საკუთარ თავსაც, მათაც, ღიმილითვე რომ მპასუხობენ. მათ ხომ სიყვარული იპოვეს. ისინი სადღაც წინ არიან (და ეს ყოველთვის ასე იქნება), მე კი მას სულ ვეძებ. ესაა ჩემი სიყვარული, რომელსაც დასასრული აღარ აქვს. ძებნა თუ პოვნა - ეს სულერთია პატარძლისთვის. მის პატარძლის სტატუსში, ვის ან რის ხელთ აღმოჩნდება - მისთვის უკვე სულერთია, ის სამუდამოდ მხოლოდ პატარძლად დარჩება.
გია ეძგვერაძე, 09.2000
ნაპრალში პატარძალივით
გია ეძგვერაძე პროექტი „პატარძალი“
გია ეძგვერაძე „The Bride“
გია ეძგვერაძე პროექტი „პატარძალი“
Gesendet: Sonntag, 27. November 2005 18:47:09
Betreff : collaboration
Thank you very much for your devotion to Bride. Thanks to you it fi nally will see Georgian audience. I will try to fi nd time to overwork text which is already so near to the Russian version that my part of work will be not so diffi cult. It will give me a chance to move it towards the stylistic shift I think the Bride needs in Georgian version. I hope in one week time I will succeed to fi nish elaboration and we will have an appropriate Georgian version of this for my creativity important text.
As I mentioned the Bride is an assembled image of general western consciousness (within its Plato/Christian determination). It is a story of the metaphysical paradigm which having failed, now searches its way out for relief in horizontality and processuality. This story is a total metaphor and also a ghost of our deepest desires and subconscious drives which are expressed in the mundane as trivial forms of „wishes“ and „needs“. This narration is a sad song of hopes of human beings for accomplishment - the illness which humanity got as a heritage from metaphysical thought which was constructed in a beautiful garden by careless beautiful minds as an art piece and not as a recipe for human salvation.
All the best to you
Gia
P.S. Here is one meter snow around.
დიდად მადლობელი ვარ პატარძლის გამო თავდადებისთვის. მადლობელი ვარ, რომ ქართული საზოგადოება მას ბოლოს და ბოლოს იხილავს. ვეცდები დრო გამოვნახო და დავამუშავო ტექსტი, რომელიც იმდენად მიახლოებულია რუსულ ვერსიასთან, რომ ბევრი სამუშაო აღარ მრჩება! შევეცდები სტილისტურად დავხვეწო, ისე, როგორც, ჩემი აზრით, პატარძლის ქართულ ვერსიას სჭირდება. ვიმედოვნებ, ერთი კვირის განმავლობაში ამას წარმატებით დავასრულებ და ჩვენ შესაფერი ქართული ვერსია გვექნება ამ ჩემი შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი ტექსტისა.
უკვე ითქვა, რომ პატარძალი საზოგადო დასავლური ცნობიერების კრებითი სახეა (ეს ცნობიერება კი, როგორც ვიცით, პლატონურ/ქრისტიანული დეტერმინაციის შედეგია). ეს არის ერთი მეტაფიზიკური პარადიგმის ისტორია, რომელმაც მას შემდეგ, რაც კრახი განიცადა, ცდილობს გამოსავალი ჰორიზონტალურ განფენილობასა და პროცესუალურობაში ჰპოვოს. ეს ამბავი ტოტალური მეტაფორაა და ასევე აჩრდილია ჩვენი სიღრმისეული ლტოლვების და ქვეცნობიერი ზმანებების, რომლებიც ყოველდღიურობაში „სურვილების“ და „მოთხოვნების“ ტრივიალურ ფორმებში გამოიხატება. ეს მონათხრობი არის სევდიანი საგა ადამიანების იმედებისა ერთიან და საბოლოო აღსრულებაზე - ამ სენზე, კაცობრიობას მემკვიდრეობად რომ ერგო მეტაფიზიკური კონცეფციის სახით, რომელიც ოდესღაც მშვენიერ ბაღში, ლაღი აზროვნების შედეგად იქმნებოდა, როგორც ხელოვნების ნიმუში და არა როგორც რეცეპტი ადამიანთა გადარჩენისა.
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ
გია
P.S. ირგვლივ ერთი მეტრი თოვლი დევს!
![]() |
7 ყველაზე ლიბერალი კომუნისტი |
▲back to top |
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
25 იანვარს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ის 78 წლის ხდება. ეს ინტერვიუ 2005 წლის ივლისშია ჩაწერილი. ბატონ ედუარდს ორჯერ შევხვდით და საუბარიც საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. თუმცა, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ინტერვიუს ის ფრაგმენტები, რომლებიც მის პირად ცხოვრებას და შეფასებებს ეხება. ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვისაც, ჩვენი მკითხველისთვისაც, ეს დეტალები ახალი და საინტერესო იქნება.
ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება
„ყველაზე მძიმე განცდა იყო ჩემი ძმის დაღუპვა ბრესტში. მაშინ მთლად ბავშვი არ ვიყავი, დაახლოებით 14 წლის ვიქნებოდი. ოფიციალური ცნობა ისეთი იყო, თითქოს ჩემი ძმა უკვალოდ დაიკარგა, მაგრამ, ფაქტობრივად, ვიცოდით, რომ დაღუპული იყო. მოგვიანებით მისი საფლავი მოვინახულე... კიდევ ერთხელაც ვიყავი მის საფლავზე, უკვე გენშერთან ერთად, მაშინ, როცა გერმანიის გაერთიანების საკითხი წყდებოდა (ამას საბჭოთა ხალხი ეჭვის თვალით უყურებდა; კერძოდ, რა საჭირო იყო გერმანიის გაერთიანება; ჩვენ 20 მილიონი ადამიანი დავკარგეთ და ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, ახლა რატომ ვეხმარებოდით). მაშინ მე და გენშერმა გადავწყვიტეთ ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ მე და მას საერთო სატკივარი გვქონდა. და ეს მართლაც ასე გამოვიდა. მოლაპარაკების გარდა, საფლავიც მოვინახულეთ, სადაც იმხანად უკვე მემორიალი იდგა. ეს იყო დიდი დაფა, სადაც ჩემი ძმის სახელიც ეწერა - დაბადებისა და დაღუპვის თარიღები. ეს იყო ჩემი ყველაზე მძიმე განცდა და განსაცდელი. მან ჯარში წასვლამდე ერთი წლით ადრე წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა... ამ დროს ერთერთი ჩვენი ნათესავი გვესტუმრა, ღამე ჩვენთან გაათია... მეორე დღეს კი გაირკვა, რომ თურმე ჩემი ძმის ატესტატი მოეპარა, რომელიც უნივერსიტეტში უნდოდა შეეტანა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა ყველაფერი. მაშინ იმ ატესტატის აღდგენა შეუძლებელი იყო მოკლე დროში. თან ჩემს ძმას ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა ჯარში წასვლა; წავიდა კიდეც. სხვათა შორის, კარგად მსახურობდა, კარგი დახასიათებებიც არის შემორჩენილი, პარტიულიც გახლდათ... იმ დროისათვის პროგრესული ახალგაზრდა იყო. ასევე, ოჯახის ბურჯიც. ჩვენ ძველი სახლი გვქონდა, მან ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყო და თავიც გაართვა. ოჯახისთვის ჩემი ძმა, რომ იტყვიან, დედაბოძი იყო.“
უჩვეულო პოლიტიკური გზა
„კარგად ვსწავლობდი, სოფელში 8 კლასი დავამთავრე. მერე აქეთ გადმოვედი, აქაც კარგად ვსწავლობდი. მერე მოხდა ისე, რომ ავირჩიე გზა პოლიტიკისკენ. კარგია ეს თუ ცუდი, სხვამ განსაჯოს. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 18 წლის ვიყავი, როცა კომკავშირის რაიკომში (მაშინ ორჯონიკიძის რაიკომი იყო) ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ ამიყვანეს. ოჯახს მატერიალურად ძალიან გვიჭირდა, სწორედ მაშინ ტუბერკულოზიც შემეყარა... ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც კომკავშირი ერქვა, დამეხმარა და ზაფხულში ორი თვით ბახმაროში გამიშვეს... ბახმაროს აქვს ერთი იშვიათი თვისება - იქ ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ეზავება... ერთი სიტყვით, გადავრჩი. რაღაც პატარა წერტილი დამრჩა სხეულში, ამას ჩაკირულს თუ ჩაკირვას ეძახიან. კომკავშირულ სამუშაოზე უკვე გამოჯანმრთელებული დავბრუნდი. მერე იყო კომკავშირის ცეკა, ქუთაისი, და ა.შ. და ა.შ.
რა იყო ჩემი მთავარი თვისება? - შრომისმოყვარეობა. ძალიან ბევრს ვკითხულობდი. მქონდა თუ არა კითხვის საშუალება, მაინც ვკითხულობდი. ძალიან მიჭირდა. მე და ჩემი და 7 კვადრატულ მეტრ ოთახში ერთად ვცხოვრობდით. შემდეგ ბევრს უკვირდა ჩემი ცოდნა... არადა, ეს სწორედ ახალგაზრდობიდან გამოყოლილი ცოდნა იყო. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი ისიც არის, რომ ჩემს ირგვლივ ისეთი ხალხი ტრიალებდა (ყოველ შემთხვევაში, მაშინ), აქაც, მოსკოვშიც (განსაკუთრებით მოსკოვში), რომლებმაც დააფასეს ჩემი ცოდნა და პიროვნული თვისებები. შეაფასეს და დააფასეს. და ისეთი გზა გამიხსნეს, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი... და რომელზეც მე, სხვათა შორის, უარს ვამბობდი.
ნოდარ დუმბაძე და ედუარდ შევარდნაძე
მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, როცა ვასილ მჟავანაძის ადგილი შემომთავაზეს. 70 წლის მჟავანაძე პენსიაზე უნდა გასულიყო. ასე რომ, ცენტრალური კომიტეტის მდივნობა მე შემომთავაზეს. კატეგორიული უარი ვუთხარი. მოსკოვიდან დაბალი რანგის ხალხი, ვთქვათ, განყოფილების გამგის მოადგილეები, ინსტრუქტორები და სხვანი იყვნენ ჩამოსულები, რომელნიც დიდხანს მარწმუნებდნენ, ესაა ერთადერთი გამოსავალიო. ჩემს გარდა, შემცვლელს ვერავის ასახელებდნენ. სხვა კანდიდატურა რომ ჰყოლოდათ, ჩემზე ალბათ არ შეჩერდებოდნენ. სხვა, უფრო გამოჩენილი და ავტორიტეტული პიროვნება, უბრალოდ, არ იყო. ამიტომ მე ჩამაცივნდნენ. მერე მოსკოვში გამიძახეს. იქაც უარი ვუთხარი. პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი (ორგანიზაციულ საკითხებში), კაპიტონოვი შემხვდა; მარწმუნებდა, ეს თქვენთვისაც კარგია და საქართველოსთვისაც საჭიროაო. იმასაც უარი ვუთხარი. ჩემი თავისა და გამოცდილების იმედი არა მაქვს-მეთქი. სხვათა შორის, მსგავსი პრეცედენტი, ანუ ორგანოებიდან რომ წაეყვანათ ვინმე ცეკაში, მხოლოდ აზერბაიჯანში მოხდა. კაგებეს უფროსი მაშინ ჰეიდარ ალიევი იყო. მაგრამ კაგებე მაინც სხვაა, ის უფრო პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვათა შორის, ალიევს კარგად გამოსდიოდა საქმე, ჩემთან შედარებით ის 3 წლით ადრე გახდა ცეკას მდივანი, და კარგი სახელითაც სარგებლობდა. მოკლედ, კაპიტონოვსაც უარი ვუთხარი. შევატყვე, ცოტა გაბრაზდა. ნუ, გაბრაზდა, გაბრაზდა, რა ვქნამეთქი. მერე თავის მოადგილეს დაუძახა და უთხრა, რა ვუყოთ ამ კაცს, რაც შევთავაზე, ყველაფერზე უარს ამბობსო. ახლა მოადგილე ჩამაცივდა, რაღაც შეკითხვები მომცა. ვუთხარი, მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, ქურდებს, ბანდიტებს, მკვლელებს, მაქინატორებს და ათას მამაძაღლს დავდევ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ნაკლებად ვმონაწილეობ-მეთქი. ბოლოს, რომ აღარ მომეშვნენ, ვუთხარი, გამომცადეთმეთქი, მილიციიდან სადმე პარტიულ სამუშაოზე გადამიყვანეთ, და თუ იქ რამე გამომივიდა, მერე გადაწყვიტეთ; მე არც ჩემი თავის მტერი ვარ და არც ჩემი ხალხის; თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ რამე გამომივა-მეთქი.
მაშინ მიიღეს ცნობილი დადგენილება თბილისის კომიტეტის შესახებ. ეს ფაქტი კავშირის მასშტაბით გახმაურდა. ეტყობოდა, მჟავანაძის შესაცვლელად ნიადაგს ამზადებდნენ. ქალაქკომის მდივანი მაშინ ოთარ ლოლაშვილი იყო - შესანიშნავი კაცი. ოთარი ჩემთან და ჩემს ძმასთან მეგობრობდა. ამ დადგენილების გამო ლოლაშვილის სხვა სამუშაოზე გადაყვანა გახდა აუცილებელი. მაშინ ის საშენ მასალათა მინისტრად გადაიყვანეს. მერე ისევ ჩამოვიდნენ მოსკოვიდან და მითხრეს, ახლა რაღას იტყვიო. პარტიის ქალაქკომის მდივნად რომ დაგნიშნოთ, ამაზეც წინააღმდეგი ხარ? ესეც ცეკას მდივნობა ხომ არ არისო? ჰოდა, აი, გამოსცადე შენი თავი, ჩვენ მხარს დაგიჭერთო. სხვათა შორის, მჟავანაძე ამის წინააღმდეგი იყო. ალბათ, ყნოსვით იგრძნო, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა; მე ასე ვფიქრობ. თუმცა ჩემთვის ეს არ უთქვამს... ქალაკომის მდივნად 7-8 თვე ვიმუშავე. სხვათა შორის, კარგად ვმუშაობდი. ქალაქი დასუფთავდა, ისე არა, როგორც ახლა სუფთავდება, ცოტა სხვანაირად; წესრიგი დამყარდა, მექრთამე ხალხი შევიწროვდა, ბევრი უღირსი პარტიიდან გავრიცხეთ... მოკლედ, ქალაქმა ხელმძღვანელი, ძლიერი ხელი იგრძნო.
სხვათა შორის, მე რომ ცეკას პირველ მდივნად დავენიშნეთ, ეს საკითხი ჩემს წინამორბედთან, ანუ მჟავანაძესთან უნდა შეეთანხმებინათ. ის ბუნებით კარგი და წესიერი კაცი იყო: სამხედრო, ნაომარი, კარგი მეომარი, ლენინგრადში ომობდა... მერე უკრაინაში, იქაური ორგბიუროს წევრიც კი იყო... ჩემთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როცა უთხრეს, შეიძლება თქვენი პენსიაზე წასვლის შემდეგ შევარდნაძის საკითხი დაისვასო, კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა. ბრეჟნევს დავურეკავ (რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა), მე ამას არ დავუშვებო და ა.შ. და ა.შ. იყო ასეთი, შოთა ჭანუყვაძე, სოფლის მეურნეობის დარგში; ის და მჟავანაძე ძალიან ახლობლობდნენ. ერთად მგზავრობდნენ სოფლებსა და ქალაქებში, სანადიროდაც ერთად დადიოდნენ, მეზობლებიც კი იყვნენ. ჰოდა, მოსკოველებმა ჭანუყვაძეს უთხრეს, აი, ახლა დავინახავთ, რისი გამკეთებელი ხარო. მოკლედ, მჟავანაძე უნდა დაარწმუნო, რომ შევარდნაძე მისი შემცვლელი გახდესო. მჟავანაძემ და ჭანუყვაძემ მთელი ღამე საუბარში გაათენეს. გამთენიისას მჟავანაძე დათანხმდა, კარგი, იყოს შევარდნაძეო. მართალია, მას უკვე აღარაფერს ეკითხებოდნენ, ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაინც არ უნდოდათ ეწყენინებინათ, რადგან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბრეჟნევთან. ხრუშჩოვის გადატრიალებაში თუ გადმოგდებაში თუ გადაყენებაშიც დიდი წილი ედო. მერე რაღაც ორდენიც კი მისცეს, კიდევ რაღაცეები დაუმატეს. ერთი სიტყვით, მოთაფლეს მჟავანაძე.
ცენტრალური კომიტეტის მდივნად 15-16 წელი ვიმუშავე. მაშინ ბევრი საინტერესო რამ მოხდა. აბსოლუტურად დამოუკიდებელი იმხანად არავინ იყო, მაგრამ ჩემს მიმართ რატომღაც ისეთი აზრი ჩამოყალიბდა, რომ ჩემთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. ჩემი ექსპერიმენტების შესახებ კრემლში ამბები რომ ჩადიოდა, ვთქვათ, აბაშის ექსპერიმენტი, ფოთის ექსპერიმენტი, რაც მერე მთელს საქართველოზე გავრცელდა (ეს მაშინ დაახლოებით იგივე იყო, რაც დღევანდელი საბაზრო ეკონომიკაა), - ამას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ბრეჟნევმა ერთიორჯერ თქვა, აცალეთ ამ კაცს მუშაობაო და მეც შემეშვნენ.“
ლიბერალი კომუნისტი
„ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს დავიბადე და გავიზარდე და არა თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ არასდროს საკუთარი სინდისისთვის არ მიღალატია, იმ დროშიც კი. კომუნისტების დროს ქართული კულტურა ყვაოდა... ახლა არც კი ვიცი, რა ბედი ეწევა და როგორ იქნება მისი საქმე. მაშინ პრობლემა თითქმის არაფერზე გვქონდა. მაგალითად, იმ დროს სრულიად წარმოუდგენელი იყო ისეთი ფილმის გადაღება, როგორიც „მონანიებაა“...
დარწმუნებული კომუნისტი ვიყავი. მჯეროდა და მწამდა, რომ კომუნიზმს მომავალი აქვს. ვცდილობდი ხალხი დამერწმუნებინა, რომ ამ წყობის დროს ბევრი სასიკეთო რამის გაკეთება შეიძლებოდა. მართლაც ბევრი გაკეთდა. სხვა რესპუბლიკებში ასე არ იყო. გაცილებით მეტი შეზღუდვა იყო. სხვაგან არც კი ჯეროდათ, რომ საქართველოში ასეთ ფილმებს იღებდნენ, ასეთ სპექტაკლებს დგამდნენ და ასეთ წიგნებს ბეჭდავდნენ. ის წყობა მე, რა თქმა უნდა, მზღუდავდა, მაგრამ ეტყობა, საკმარისად მაინც ვერ მზღუდავდა. ჩემი მოქნილი ხასიათის გამო იყო თუ რა... თან მაშინ ნებისყოფაც მქონდა. ახლანდელი ნებისყოფით ვერ დავიტრაბახებ. ახლა ვზივარ და ვწერ, რაც მახსენდება.
იმ დროს, ბევრი რამ იყო საყურადღებო. მაშინდელია რობერტ სტურუას ცნობილი სპექტაკლები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „რიჩარდი“... რომლებსაც, რუსები რომ ნახულობდნენ, ძალიან ეჭვიანობდნენ, რატომ ჩვენთან არ არის ეს შესაძლებელი, საქართველოში კი შეიძლებაო.
სწორედ მაშინ დავაარსეთ ჟურნალი „ცისკარი“, რომლის გარშემოც მეტწილად, ახალგაზრდობა იყო შეკრებილი: ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, და სხვანი და სხვანი... ეს თაობა, ანუ მეორე სამოციანელები, ძირითადად სწორედ „ცისკარში“ გაიზარდნენ. ახლა კი „ცისკარი“ დახურეს. ეს ამბავი ძალიან განვიცადე იმიტომ, რომ „ცისკარს“, როგორც ჩემს პირმშოს, ისე ვუყურებდი. არადა, „ცისკრიდან“ მთელი თაობა გამოვიდა. რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე გახლდათ - არაჩვეულებრივი პიროვნება, განათლებული, შესანიშნავად იცოდა ქართული და უცხოური ლიტერატურა და ხელოვნება. სწორედ ვახტანგი დაეხმარა ახალგაზრდებს გაზრდილიყვნენ... და ისინი გაიზარდნენ კიდეც. მე ძნელად წარმომიდგენია ქართული ლიტერატურა ნოდარ დუმბაძის, ჭაბუა ამირეჯიბისა და ჭილაძეების გარეშე. პირველი მოთხრობა ჭაბუამ სწორედ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. სხვა ჟურნალებში არ მიიღეს. ნოდარ დუმბაძეც, ფაქტობრივად, „ცისკარში“ გაიზარდა.
როცა მეკითხებიან, ვინ გაკლია ყველაზე მეტადო (არადა, ბევრი ვინმე მაკლია, მშობლები, და, ძმა, მეუღლე, ყველა გარდამეცვალა; ასეა მოწყობილი ქვეყანა), სულ ვპასუხობ, ყველაზე მეტად ნოდარ დუმბაძე მაკლია-მეთქი. ის საოცარი გონების ადამიანი იყო. არა მარტო თავისი გონებამახვილობით, სიბრძნითაც. სწორედ ამ გონებამახვილობაში ჰქონდა ჩადებული საოცარი სიბრძნე. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალია... ასეა ჭაბუაც. დღეს თუ ვინმეა მწერალი, სწორედ ჭაბუა ამირეჯიბია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ხშირად ვურეკავ, მართალია, თვითონ ვერ მელაპარაკება, ხმა წართმეული აქვს, მაგრამ მისი მეუღლის მეშვეობით ვსაუბრობთ.
ერთხელ უკრაინის ცეკას მდივანმა შერბინსკიმ მითხრა, ამბობენ, შენთან თურმე ყველაფრის დაბეჭდვა შეიძლებაო. რა გაქვთ-მეთქი მხედველობაში. ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“ დამისახელა. ამის გამო შეიძლება სამუშაოდან მოგხსნან, მე ვერ წარმომიდგენია, მსგავსი ნაწარმოების ჩვენთან დაბეჭდვაო. მე ვუთხარი, უკრაინაში რომ გამოვიდეს, ეს ნიშნავს, მთელ საბჭოთა კავშირს მოედოს-მეთქი, ამ პატარა საქართველოში რა დაიბეჭდება და რა გამოიცემა, ამხელა მნიშვნელობა არა აქვს, თან მიმაჩნია, რომ კარგი ნაწარმოებია-მეთქი. არა, კარგი ნაწარმოები კია, მაგრამ ჩვენს ეპოქაში არ შეიძლებაო.
შიშის გრძნობა თითქმის არ მაქვს. ეს, ალბათ, ანომალიაა. კაცს უნდა ჰქონდეს შიშის გრძნობა. რაღაცების ახლაც შემეშინდება ხოლმე. ბავშვობაშიც მეშინოდა... მაგრამ რაღაცნაირად გვერდულად ხდება ეს, შიშის გრძნობა მაინცდამაინც არ მაწუხებს.
როცა სახელმწიფო მოღვაწე ხარ და პრეტენზია გაქვს იმისა, რომ ხალხს წინ წარუძღვე, მაშინ არც თავს უნდა ზოგავდე. თუ თავს ზოგავ და სულ იმაზე კანკალებ, ვაითუ მე რამე მომივიდესო, მაშინ არაფერი არ გამოგივა.“
„უჭკუო“ გადაწყვეტილება
„მე რომ ჩამოვედი, საქართველო დაშლილი იყო. არც პარლამენტი იყო, არც მთავრობა. არც მინისტრთა კაბინეტი, არაფერი... მარტო ოთხკაციანი სამხედრო საბჭო არსებობდა. თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა და მეოთხე წევრად მე შემიყვანეს. სხვათა შორის, სულაც არ ვაპირებდი მთავრობაში ყოფნას. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ გადავდექი, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურე. სწორედ იმ გადადგომის გამო, მაშინ მსოფლიოში ძალიან პოპულარული ვიყავი. 7-8 უნივერსიტეტში წავიკითხე ლექცია, თან ეს გამოსაშვებ გამოცდებს დაემთხვა, თავპირის მტვრევა იყო. დარბაზი კი არა, მთელი ეზო გაჭედილი იყო... არადა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეზო დაახლოებით 20 თუ 30 ჰექტარი ფართობია. მაშინ ცოტა ფულიც ვიშოვე, 100 000 დოლარი თუ ცოტა მეტი. რითაც მერე ფონდი დავაარსე. ეს ფული თან ჩამოვიტანე და ვიფიქრე, ამ ფონდში ვიქნები-მეთქი. საქართველოში მინდოდა ყოფნა, თუმცა დასავლეთშიც კარგად მქონდა საქმე. ჩამოვედი, თუმცა ჩემს თავს სულ ვეუბნებოდი, ჭკუაში მყოფი კაცი არ ჩამოვიდოდამეთქი. ყველაფერი არეულია, ერთმანეთს ავტომატებით დასდევენ, არავინ და არაფერი მუშაობს... პირველი, რაც გავაკეთე, ჯერ უწმინდესთან მივედი, მერე - დეზერტირების ბაზარში. ერთი კილოგრამი ქართული პროდუქტი ვერ ვიშოვე. კომბოსტო, პომიდორი, კარტოფილი... ყველაფერი თურქული იყო. ქვეყანა არ მუშაობდა. მერე და მერე, თანდათანობით და ნაბიჯ-ნაბიჯ, რაღაცნაირად ჩავამშვიდეთ ეს ყველაფერი. ბანდიტებს ანგარიში გავუსწორეთ და არჩევნები დავნიშნეთ. საქართველოში რომ მოვდიოდი, გენშერს და ბეიკერს დავურეკე, მეტი გამოსავალი არ მაქვს, სამშობლოში უნდა წავიდემეთქი. უამრავი ადამიანი მოდიოდა... რიგი იდგა ჩემთან შემოსვლაზე. მახსოვს, რამაზ ჩხიკვაძე იყო, ოთარ ლითანიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი... ის მაშინ სტუდენტი იყო. ირაკლიმ ორსაათნახევარი წამართვა. აინტერესებდა, როგორ წარმომედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. უნდოდა დარწმუნებულიყო, ვიბრძოლებდი თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამას რომ წაიკითხავს ირაკლი, ალბათ, ბევრს იცინებს, მაგრამ ეს ჩემთვის მაშინ სასაცილო არ იყო. მოკლედ, მერე ყველაფერს როგორღაც თავი მოვუყარეთ და შედარებით მშვიდობა დამყარდა, აფხაზეთი რომ არა.
რუსები რანი არიან, როგორი ერთგულება იციან და რა სიტყვის ხალხია, ამას მემუარებში ვწერ... დაწყებული იმავე პეტრე პირველიდან, რომელმაც ვახტანგ VI მოატყუა, სპარსეთს ერთად შევუტიოთო. არხანგელსკში ვახტანგი 20 თუ 30 ათასი კაცით წავიდა. პეტრემ კი პეტერბურგში მოკურცხლა. მტერს ვახტანგი მარტო შერჩა. ჩვენებიდან ყველა დაიხოცა, ვახტანგიც იქაა დასაფლავებული. გადმოსვენება გვინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
რომ იტყვიან, ცოტ-ცოტა ჭკუაზე მოვედით, ხალხმა მუშაობა დაიწყო, ამას კიდევ მიწის რეფორმა დაემთხვა, მიწა საკუთრებაში გადავეცით. ახლახანს ერთ-ერთი პროფესორის ნაშრომს ვკითხულობდი, სამწუხაროა, რომ ის არც მიწის რეფორმაზე ლაპარაკობს, არც პრივატიზაციაზე... არადა, თითქმის ყველაფერს უფასოდ ვარიგებდი. საწარმოები გაჩერებული იყო. პირდაპირ ვაძლევდი განკარგულებას, მიეცით იმ კაცს, ვისაც შეუძლია აამუშავოსმეთქი. ახლა სააკაშვილმა თუ გაიგო, რომ ასე ვაკეთებდი, ნამდვილად პარლამენტში მიჩივლებს. მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ხალხი ცოტ-ცოტა ამუშავდა. დახლზე ქართული პროდუქტი გაჩნდა და ცოტა სულიც მოვითქვით.
ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული საზოგადოება მძიმე მდგომარეობაშია. მე არ მინდა ეს იმით ავხსნა, რომ პრეზიდენტია ცუდი. ყველამ იცის, რა როგორ მოხდა, მე ჩემი ნებით გადავდექი იმისთვის, რომ სისხლისღვრა ამეცილებინა. თორემ მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მიშა ამოვარდა პარლამენტში, ჩემი ადგილი დაიკავა და ჩემი ჩაი დალია... მე მაინც პრეზიდენტი ვიყავი, ჯარიც მე მემორჩილებოდა და პოლიციაც ჩემს განკარგულებაში იყო... მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობა გამომეცხადებინა, ანუ შემეძლო გამომეყენებინა სამხედრო ძალა... მაგრამ ვის წინააღმდეგ? მანქანით რომ მივდიოდი სახლში, ჩემთვის ვფიქრობდი, ხვალ ამათ გადავთელავთ, სამხედრო ძალა სამხედრო ძალაა, ტანკები და ათასი სხვა უბედურებაა... მაგრამ იქითაც ხომ ქართველები არიან? აქეთაც ქართველები არიან. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მხრიდან დაიღუპებიან-მეთქი. იმ ღამით მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. მეორე დღეს დავიბარე ზურაბ ჟვანია და სააკაშვილი და ვუთხარი, თქვენ ისეთი რამ წამოიწყეთ, რომ ეს უსისხლოდ არ დამთავრდება, მაგრამ მე არ მინდა სისხლისღვრა, და ჩათვალეთ, რომ გადამდგარი ვარ-მეთქი. თუ გაქვთ თავი, აიღეთ ხელისუფლება, გნებავთ, ხელახალი არჩევნები დანიშნეთ, და ქვეყანას მოუარეთ-მეთქი. თუ რამეში დაგჭირდით - დამიძახეთ. გნებავთ, დამირეკეთ - კონსულტაციას გაგიწევთ, მოკლედ, თუ დაგჭირდით, გემსახურებით, თუ არა და, თქვენ თვითონ გაუძეხით-მეთქი საქმეს. ხან კარგად უძღვებიან, ხან - ცუდად.“
სერგო ფარაჯანოვი
„სერგო ფარაჯანოვს ახლოს არ ვიცნობდი. ვიცოდი, რომ ასეთი კაცი არსებობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში. ის იქ ნაციონალურ მოძრაობაში იყო ჩართული. მერე ქვეყნიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. ცეკას მდივანმა შერბინსკიმ დააყენა საკითხი, კი მაგრამ, რა უნდა ამ კაცს ჩვენგანო. უკრაინელი ეს არ არის, უკრაინული ამან არ იცის (თუმცა სპექტაკლებს კი დგამდა იქ), საქართველოდანაა წამოსული და დააბრუნეთ საქართველოშიო. ძალიან მთხოვა შერბინსკიმ, მხარი დამიჭირე, თქვენთან ასე არ მოიქცევა ფარაჯანოვი, აქ კი ხელში შემიკლაო. კარგი, ვუთხარი, ჩამოვიდეს-მეთქი. ჰოდა, ჩამოვიდა... მართლაც, თუ ვინმეზე იტყვიან, კომუნისტებისა და კომუნიზმის შეურიგებელი მტერი იყოო, სწორედ ფარაჯანოვი იყო. მერე, მტერიც არის და მტერიც. უნიჭიერესი კაცი იყო. ერთხანს თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა... მას ჩემთან რეზო ჩხეიძემ, ეთერ გუგუშვილმა და სხვებმა უშუამდგომლეს, უნიჭიერესი კაცია და როგორმე კინოსტუდიაში გადავიყვანოთო. მაგრამ ამ დროს უშიშროებამ მოუწყო პროვოკაცია. თითქოს ფული აიღო, თითქოს კი არა, ნამდვილად აიღო მისაღებ გამოცდებზე... 5 თუ 10 მანეთი თუ რა ვიცი, რამდენი. თუ ჯიბეში ჩაუდეს... ერთი სიტყვით, ჩაავლეს ხელი და გაასამართლეს. 5 წელი მიუსაჯეს. გავიდა 1 წელი (მაშინ ცენტრალური კომიტეტის მდივნის სიტყვა კანონი იყო უმაღლესი საბჭოსთვის; სწორედ უმაღლეს საბჭოს უნდა შეეწყალებინა) და მე პირადად დავურეკე, თუ არ ვცდები, ძოწენიძეს, და ვუთხარი, ფარაჯანოვი უნდა გავათავისუფლოთ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ამასთან დაკავშირებით რეზოლუციასაც დაგიწერთ-მეთქი. და მართლაც, 1 წელიწადში შეიწყალეს. მერე დავეხმარე, რომ კინოსტუდიაში მოხვედრილიყო. სწორედ იქ დაიწყო კინოფილმების გადაღება. ძირითადი ფილმები სწორედ საქართველოს კინოსტუდიაში აქვს გადაღებული. მასთან მეგობრობდნენ რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ეთერ გუგუშვილი და სხვები, მათ კარგად იცოდნენ მისი ფასი. თუ არ ვცდები, თელავში დაბადებული სომეხი იყო. მართალია, გვარი არ შეიცვალა, მაგრამ ფარაჯანოვი გაქართველებული სომეხი იყო.
ერთადერთხელ ვიყავი მასთან სახლში მთაწმინდაზე. პატარა სახლი იყო, ნახევრად ხისა. ძალიან გაეხარდა ჩემი მისვლა, მაგრამ შეწუხდა, რა ვქნა, პურმარილი არა მაქვს, მომიცადეთ, გავიქცევი სადმე, მეზობლებს ვთხოვ რამესო... ვუთხარი, არაფერი არ გინდათ, პურმარილი საჭირო რომ ყოფილიყო, მე თვითონ მოვიტანდი-მეთქი. ეს იყო პირველი შეხვედრა ფარაჯანოვთან პირისპირ. იმ ბინაში უამრავი ნივთი მის მოღვაწეობას უკავშირდებოდა. ათასი რამ, მთელი მუზეუმი იყო... მერე მე მოსკოვში გადავედი... მუზეუმი კი სომხებმა ჩუმად ერევანში გადაიტანეს. სომხებმა იმდენი მოახერხეს, რომ რაც კი რამ იყო მის სახლში, ნაწილ-ნაწილ წაიღეს და თავისთან შესანიშნავი მუზეუმი გახსნეს. მერე ვუთხარი, როგორ გააკეთეთ ეს, როგორ არ გრცხვენიათმეთქი. რა გვჭირს სასირცხვილო, ისიც სომეხი იყო და ჩვენც სომხები ვართო...“
ჯაბა იოსელიანი
„თუკი შეიძლება ამდენი კონტრასტული თვისება მოთავსდეს ერთ ადამიანში, მაშინ ის ადამიანი აუცილებლად ჯაბა იოსელიანი იქნება. ბატონი ჯაბა თავის დროზე კანონიერი ქურდი რომ იყო და ციხეებშიც კაი დრო ატარა, ეს ხომ ფაქტია, მაგრამ ამავე დროს, ეს იყო დიდად განათლებული პიროვნება და ჭეშმარიტი პატრიოტი კაცი. ახლა შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ შეიძლება კანონიერი ქურდობა შეუთავსდეს პატრიოტობასო. მე ვიტყოდი, რომ, ალბათ, არის რაღაც გამონაკლისები. ასეთი გამონაკლისი იყო ჯაბა იოსელიანი. ძალიან ნიჭიერი გახლდათ - მშვენიერი რომანების, მოთხრობებისა და პიესების ავტორი. ჯაბა იყო პირველი, ვინც საქართველოში ჩემი დაბრუნების შესახებ აზრი გამოთქვა და ბოლომდე იბრძოლა ამისთვის. სხვებიც იბრძოდნენ, ბევრი ჩამოდიოდა ჩემთან, თვითონ ჯაბაც ჩამოვიდა, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები, მათ შორის, ირაკლი ბათიაშვილიც, და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, დამარწმუნეს, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. თითქმის ნახევარწლიანი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი და საქართველოში ჩამოვედი, მაგრამ... უკვე დაგვიანებული იყო. ზვიად გამსახურდია ძალიან განათლებული კაცი, ცნობილი მამის შვილი კი იყო, მაგრამ მას საქმე არ გამოუვიდა და საქართველო დაიშალა. მარტო აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არაა ლაპარაკი. მე რომ ჩამოვედი, არც გუბერნია არსებობდა, არც გამგებელი, არც მინისტრი... გლეხს თოხის ნაცვლად ხელში თოფი ეჭირა. პირველ ხანებში ჯაბა აბსოლუტურად ყველაფერში მხარს მიჭერდა. ჩემი მხრივ, მეც ვუჭერდი მხარს. რაც შეეხება არჩევნებს, ჯაბა დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ამას, თუმცა არც წინააღმდეგი ყოფილა. სამხედრო საბჭოს თითოეული წევრი თავის ნება-სურვილის მიხედვით ნიშნავდა ხალხსაც და ქვეყანასაც მართავდა. არჩევნები კი იმას ნიშნავდა, რომ პარლამენტი უნდა არჩეულიყო, სახელმწიფოს მეთაური და მინისტრები უნდა ჰყოლოდა, ანუ ის აპარატი, რომელსაც უნდა ემართა სახელმწიფო. მოკლედ, აირჩა პარლამენტიც და მისი თავმჯდომარეც (სხვათა შორის, ასეთი რამ ისტორიას მგონი არ ახსოვს, რომ პარლამენტთან ერთად, ხალხს პარლამენტის თავმჯდომარეც აერჩია). მალე იმავე პარლამენტმა უკვე სახელმწიფოს მეთაურად დამნიშნა თუ ამირჩია. ამის მერე დაიწყო ჩემსა და ჯაბას შორის გაუცხოება. ადრე ასე იყო, ჯაბა დარეკავდა და იტყოდა, ამ რაიონში დანიშნეთ ესა და ეს პროკურორიო, და იმას ნიშნავდნენ; ამ რაიონში ესა და ეს გამგებელიო, და ა.შ. და ა.შ. რაც პარლამენტი და სახელმწიფოს მეთაური აირჩიეს და, ამავდროულად, სამინისტროებიც შეიქმნა, შესაბამისად, ჯაბას სიტყვაც კანონი უკვე აღარ იყო. ამაზე ცოტა განაწყენდა. ძალაუფლება ნარკოტიკივითაა, თუ ძლიერი არ ხარ კაცი, შეიძლება ძალაუფლებას ისე შეეჩვიო, რომ მერე ამის გამო ძმაც აღარ დაინდო...
ბავშვთა სასახლეში კონსტიტუციისთვის ხელი უნდა მომეწერა და, ის იყო იმელის შენობის ეზოდან გავდიოდით, რომ გვერდით დანაღმული მანქანა აფეთქდა. მერე, გამოძიებამ დაამტკიცა, თითქოს ბატონმა ჯაბამ, როცა უთხრეს, შევარდნაძე მოვიცილოთო, თანხმობა მისცა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჯაბამ ასე გამწირა. ერთი სიტყვით, ჯაბა იოსელიანი იყო წინააღმდეგობებით აღსავსე კაცი, კარგი ინტელიგენტი, განათლებული პიროვნება, მწერალი, რომელსაც კალამი უჭრიდა, მაგრამ როგორც კი აირჩიეს პარლამენტი, მინისტრები, სახელმწიფოს მეთაური, ჯაბას ადგილი უკვე აღარ იყო. ბატონ ჯაბას თანამდებობის მიმართ ასეთი სისუსტე რომ არ გამოეჩინა, მისთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნებოდა. ვინ იცის, რამდენ კარგ მოთხრობას და პიესას დაწერდა კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა ანტაგონისტურად იყო განწყობილი, ის პარლამენტს მაინც ამშვენებდა. ძალიან ნიჭიერი და გონებამახვილი იყო. ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, მთელი საათი რომ გეფიქრა, ვერაფრით მიხვდებოდი, რა იგულისხმა. რა თქმა უნდა, მისმა სიკვდილმა გული დამწყვიტა. შეიძლება მთლად სამართლიანი არც ხელისუფლება იყო მის მიმართ...“
ფარ-ხმალი
„იუმორი ფარიც არის და ხმალიც ერთდროულად, მაგრამ ის მაინც ნიჭია... თუ კაცი ნიჭიერი არ არის, მაშინ ძალიან საეჭვოა, რომ მას იუმორის გრძნობა ჰქონდეს. საქართველოში სავსეა ენამოსწრებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ხალხი... კახეთში თავისებური განუმეორებელი იუმორი აქვთ. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ღამის გასათევად დავრჩენილვარ კახეთში, პურიც გვიჭამია, ვინმე იქაურს კი ამ დროს ისე მოუქცევია კახურად, რომ ისეთ დღეში ჩავუგდივარ, მერე აღარც ჭამის თავი მქონია და აღარც დალევის... სვანებსაც თავისებური იუმორი აქვთ, ძალიან თავისებური... იმერეთშიც ასეა, ქართლშიც. გურიაზე აღარც ღირს ლაპარაკი. გურიაში სრულიად წარმოუდგენელია ნორმალურად დაუჯდე კაცს და ელაპარაკო. მე თვითონ გურული ვარ... თუმცა რა მოხდა, ერთი ნაკლი ყველას აქვს... დიდი და რთული მოლაპარაკებების დროს, ვთქვათ, იმავე რეიგანთან, ბეიკერთან, შულცთან, და სხვებთან და სხვებთან, ყოველთვის მეხმარებოდა იუმორი. ჩვენ მეგობრები კი ვიყავით, მაგრამ ხანდახან მოლაპარაკების დროს მეგობრობაც გვავიწყდებოდა და სხვა ყველაფერიც, ისეთი ცხარე კამათი მიდიოდა ჩვენს შორის, რომ ლამის ავმდგარიყავი და დამეტოვებინა იქაურობა... ამ დროს რაღაც გამიელვებდა თავში, მეც ვიხუმრებდი, თარჯიმანიც უმალ გადათარგმნიდა, თავის მხრით კიდევ შეალამაზებდა ჩემს ნათქვამს და მაშინ ატყდებოდა ერთი სიცილხარხარი, მერე დავმშვიდდებოდით და გავაგრძელებდით მოლაპარაკებას. სულ ასე არაა, იუმორი ყოველთვის ვერ შველის საქმეს, მაგრამ ის მაინც დიდი ძალაა, ანუ ფარიცა და ხმალიც ერთდროულადაა.“
ცენზურა
„დღევანდელი ცენზურის ხარისხზე მიჭირს ლაპარაკი, რადგან პირადად მე, პრესასთან საკუთარი შემოქმედებით ვარ დაკავშირებული. და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც მასალა გამეგზავნა, ან ჟურნალისტს ინტერვიუ აეღო ჩემგან და ეს არ გამოქვეყნებულიყო. ანუ, ჩემს მიმართ ამ მხრით რაიმე შეზღუდვა არ ვრცელდება. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ზოგადად ცენზურას, ამას ბევრი მეუბნება. მაგრამ უშუალოდ ამის მომსწრე არა ვარ. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ასეა, თუმცა ხომ არ მომატყუებენ, ალბათ ასეა. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ, გამოდის, ჩვენ ვღალატობთ იმ პრინციპებს, რა პრინციპებიც საფუძვლად დაედო დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას. ამის დაშვება კი შეუძლებელია. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს? ვფიქრობ, ისევ და ისევ პრესის, ჟურნალისტების დახმარებით. უნდა ითქვას სრული სიმართლე - რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ ეს ასე არ იქნება, თუ სრული სიმართლე არ ითქმება, მაშინ ეს სახელმწიფო თავის მისიას ვერ შეასრულებს. მაშინ დემოკრატია დემოკრატია აღარ არის. იმ ურთულეს 90-იან წლებშიც კი, როცა საქართველოში ჩამოვედი, სიტყვის თავისუფლება საქართველოში არ შეზღუდულა, იმიტომ, რომ მიმაჩნდა, სიტყვის თავისუფლება არის ის ფაქტორი, რომელსაც მოსახლეობის მობილიზება, მათთვის განწყობის შექმნა შეუძლია. თუ განწყობა არ შეიქმნა, დემოკრატიაც ვერ აშენდება.“
ბედი თუ იღბალი
„ადამიანს თუ ვენდობი, ბოლომდე ვენდობი. ეს ჩემი ნაკლია, ალბათ. კაცს თუ ვენდე, მერე მას ნაკლებად ვაკონტროლებ. ვინც ძლიერი, ნიჭიერი და ერთგული იყო, ისინი ათჯერ მეტს აკეთებდნენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში, ვთქვათ, როზგის ქვეშ გააკეთებდნენ. მე მაინც მირჩევნია, რომ ვენდო ადამიანს, და მან იცოდეს, რომ ის შენი ერთგულია და შენ მისი ერთგული ხარ. ერთი სიტყვით, ადამიანს თუ ვენდობი, ბოლომდე ვენდობი, მაგრამ თუ მიღალატა...
ჩემს ცხოვრებაში ბედმა თუ იღბალმა რაღაც როლი ითამაშა, ალბათ არც უამისობაა... მაგრამ მგონია, რომ მთავარი, რამაც საშუალება მომცა, რომ ასეთი ცხოვრება გამევლო, მაინც ჩემი შრომისმოყვარეობა და შრომის უნარია. კიდევ მეტი, თავგანწირული შრომის უნარი. ეს იღბალი კი არა, თვისება უფროა. ახლა, განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, სულ მიკვირს, საიდან გაჩნდა ჩემში შრომის ასეთი სიყვარული და უნარი. თანაც იმ დონით, რამაც შემდეგ უზრუნველყო ბევრი ისეთი ამოცანის გადაჭრა, რომლის გადაჭრაც მაშინ თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ამას, გნებავთ, ბედი დავარქვათ, გნებავთ, იღბალი, მაგრამ ჩემი მთავარი ნიშანი მაინც შრომისმოყვარეობა, შრომის უნარი და, რაც მთავარია, ნებისყოფა მგონია. შეიძლება კაცმა წაიბორძიკო და იმედი დაკარგო... ასევე, შეიძლება კიდეც წაიბორძიკო, კიდეც დაეცე, მაგრამ წამოდგე და მაინც მწყობრში დადგე. ეს უკვე ნებისყოფაა...“
![]() |
8 „სტუმარი“ წარსულიდან |
▲back to top |
ავტორი: დავით გურგენიძე
ფოტო: დავით მესხი
არც არის საჭირო დაფიქრდე, როდესაც შენი მეგობარი ან, უბრალოდ, ნაცნობი, ახალი მუსიკალური ჯგუფის კონცერტზე გეპატიჟება. შენ, უბრალოდ, გაიხსენებ, ბოლოს როდის მოუსმინე იმ შემსრულებელს, თანაც ქართველს, რომლის მუსიკაც მანამდე არ გქონდა მოსმენილი და გახსენებამ შეიძლება საუკუნის დასაწყისთანაც კი მიგიყვანოს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი, კონცერტზე წასვლის წინ საკუთარ გარდერობში რომ შეგახედებს (თუმცა დიდი ალბათობაა, კონცერტზე მისულს შეგრცხვეს კიდეც შენი ზედმეტად გამოპრანჭულობის) და კონცერტზე მისულს, გვერდით მჯდომი ადამიანისთვის გაკითხვინებს: - მოგისმენიათ თუ არა ამათთვის? - რაზეც სავარაუდო პასუხი იქნება, რომ: „კი, ჩემი მეგობრები არიან“ (მაინც როგორ დაპატარავდა ჩვენი ქალაქი). ჯგუფი „სტუმარი“, რომლის წევრებიც, თუ სიტყვებით თამაშია, სიტყვებით თამაში იყოს და ერთ-ერთი ფილმის სათაურისგან განსხვავებით, სწორედაც რომ არ არიან „სტუმრები მომავლიდან“.
მუსიკალური ჯგუფი, რომელიც მუზიცირებას წარსულში ეძებს, კონკრეტულად კი ქართულ ფოლკლორში, შეიძლება ბუნებრივ მოვლენად ჩაითვალოს, თუმცა ასეთები თითებსაც კი არ ეყოფიან ჩამოსათვლელად. დავით ხოსიტაშვილი, ნინო ჯანჯღავა და მამუ (მარინა) ჯანჯღავა ის „სტუმრები“ არიან, რომლებმაც ამის კეთება არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. თუ დავითს, რომელიც 90-იან წლებში უკრავდა, მხოლოდ რამდენიმე აკორდის აღება უწევდა, ახლა უკვე თავის მეუღლესთან და მეუღლის დასთან ერთად, ბოლომდე სიამოვნებით იხარჯება.
ყველაფერი კი ასე დაიწყო
- თქვენ უყურებთ ტელევიზია „ოკრიბას“.
ან, სულაც, ასე:
- ტელევიზია „ოკრიბა“ თქვენს სამსახურშია.
ხომ შეიძლებოდა, რომ ვარკეთილის სამში, ერთ დროს ბაღის შენობაში განთავსებულ ტელევიზიას ასე დაეწყო თავისი გადაცემები?! თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადამიანს, რომელიც დილით იღვიძებს და რატომღაც სიტყვა „ოკრიბა“ აქვს აკვიატებული, ვვარაუდობ, თქვენს იმედებს არ გავამტყუნებ, როდესაც გეტყვით, რომ სულ არ ვაპირებ ამ ტელევიზიაზე ტკბილი მოგონებების წერას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ვარკეთილის სამში, საბავშვო ბაღის შენობაში, ტელევიზია „ოკრიბას“ სტუდიაში, ჯგუფი „როიალ უეი“ ჰარდ როკს უკრავდა.
ჰარდ როკს და თანაც როგორს!
ჰოდა, ამ მუსიკალურ სტილს რომ ეკადრება, ისეთი სათაურის მქონე ჯგუფმა „რექვიემი“, არ დააყოვნა და დათო ხოსიტაშვილი პირდაპირ „როიალ უეიში“ მიიყვანა. მერე მოხდა ისე, რომ „ოკრიბას“ დირექტორმა სტუდიის ფართზე პრეტენზიები წამოაყენა და როდესაც ეს უკანასკნელი გარბოდა, „როიალ უეის“ ერთერთი წევრი სრულიად ამაოდ ცდილობდა მის დაჭერას.
ჯგუფი „სტუმარი“ მაშინ არავინ იცოდა, მეტსაც გეტყვით - არც არსებობდა. უბრალოდ, დავითმა აიღო და „მთვარის კლუბში“ გადაინაცვლა, თუმცა მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ, სულაც არ უფიქრია, რომ აკადემიური მუსიკის გარდა, მიწისქვეშა გადასასვლელებში როკს დაუკრავდა.
რა მოხდა მერე? თუ რა ხდებოდა მანამდე?
მანამდე ხდებოდა ის, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში, მუსიკაზე შეყვარებული ორი ადამიანი კონცერტებს აწყობდა და ნათესავებისა თუ მეზობლებისთვის ფალიაშვილის ოპერების ფირფიტებს დირიჟორობდა. მუსიკალურ ათწლედში ჯერ ნინო აბარებს, შემდეგ მამუ, რაც სულ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დავითს უკვე იცნობდნენ. მამუ ვიოლინოზე ნინოს ნაწარმოებებს ასრულებს, ნინო კი ფლეიტაზე და ფორტეპიანოზე დაკვრასთან ერთად, ორკესტრის დირიჟორობასაც ასწრებს. ათწლედის დამთავრების შემდეგ კი, მუსიკის პედაგოგადაც იწყებს მუშაობას.
ტკბილი 90-იანები?
ანტალიაში თუ ხართ ნამყოფი, ქალაქთან არც ისე ახლოს (ისე, დიდად ნუ შეიწუხებთ თავს გახსენებით), სასტუმრო უნდა იყოს, დიდი გალავნით, რომლის სტუმრებიც საღამოობით ბოსანოვას მოსმენაზე უარს არ ამბობენ. თურქეთში წასულ, სამსახურის მაძიებელთა ჯგუფს დავითი ჩამორჩა და ამ სასტუმროს გალავნის წინ გაჩერდა. თუ ნინო მომავალში სწორედ გიტარაზე ჩამოკრული მისი ლამაზი ბგერით მოიხიბლება, რატომ არ უნდა მოხიბლულიყვნენ სასტუმროს მეპატრონეები რუსულის მცოდნე მუსიკოსით? მით უმეტეს, რომ რუსი ტურისტები მაშინ ახალი ხილი იყო.
„ანტალია ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია, როდესაც ადამიანი იდეალურ ცხოვრებასთანაა მიახლოებული და იწყებს ფიქრს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს იდეალური ცხოვრება. ცხოვრობს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ყველანაირად უზრუნველყოფილია: საჭმელი, სასმელი... სარეცხი რომ სარეცხია, იმასაც სხვა ურეცხავს და ამაში კიდევ ხელფასს იღებს იმდენს, რომ ყოფნის რესტორანშიც, კაფეშიც და ოჯახსაც უგზავნი. კარიერაში არანაირი პროგრესი არ იყო, შეგეძლო დარჩენილიყავი და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნებოდი, კარგად დაგაკონსერვებულს და ბედნიერს, სარდაფში რომ დაგდებენ.“
ანტალიაში სეზონი რომ მთავრდებოდა, თბილისში ზამთარი იწყებოდა, სიბნელეში რომ არ ჩანდა იმ ფერის „ბუდკებით“. ნინო რკინიგზელთა სახლში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა.
რა თქმა უნდა, თბილისი ანტალია არ იყო. ასე რომ, თუ დავითს იქ კბილის ტკივილსაც არ აცლიდნენ, ისე გააქანებდნენ ხოლმე სტომატოლოგთან, ნინო და მამუ გაყინულ საქართველოში ამაოდ ცდილობდნენ წამლის შოვნას გაციების დროს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ უშლიდა ნინოს, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ გაემუსიკებინა. მაგრამ უწამლო ქვეყანაში დავითსაც (ხოსიტაშვილს) ელოდნენ.
„ერთხელ დედაჩემმა დამირეკა - სამხედრო სამსახურიდან გიძახებენ და თუ არ ჩამოხვალ, დეზერტირად გაგაფორმებენო. ვუთხარი - მოგცლია-მეთქი, აქ იცი რა კარგად ვარ? ნელ-ნელა თქვენც წამოგიყვანთ აქეთ. დედაჩემმა ტირილი რომ დაიწყო, მერე დავფიქრდი და ბილეთი ვიყიდე.“
ქარხნიდან „ნარ“-ამდე
ელიავას ბაზრობასთან თვითმფრინავის მოტორების შემკეთებელი ქარხანა იყო, რომლის მუშებიდან ალბათ ყველაზე იდეებით შეპყრობილი თუ წარმოიდგენდა, რომ იქ, ერთხელაც, თვითმფრინავის ნაწილებს შორის, სტუდიას გახსნიდნენ და მუსიკის დაკვრას დაიწყებდნენ. აბა საიდან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სწორედ იქ შეხვდებოდა ნინო დათიკოს. თანამშრომლობის პირად ურთიერთობებში გადასვლა არც-თუ ისე წარმოუდგენელი მოვლენაა და ურთიერთგაგება რომ ახალი ოჯახის შექმნაში გადაიზარდა, არც ეს უნდა იყოს მაინცდამაინც გასაკვირი. ყველაფერი კი ბუნებრივად, - როგორც ნინო ამბობს, - და კანონზომიერად მოხდა.
„არ მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში მეორე ადამიანი გაჩნდებოდა. იმდენად ვიყავი ჩემი პროფესიით შეპყრობილი, არც მინდოდა. მაგრამ დათიკოს გიტარა ისეთ ლამაზ ბგერას გამოსცემდა, რომ...“ რომ დავითი ჯგუფ „შუქი მოვიდას“ შეუერთდა. ფრანგი ფრედი, დავითი და საფრანგეთის კულტურის ატაშე ივან კაბაკოვსკი საქართველოში ნამდვილ და პირველ ქართულ პანკ როკს უკრავდნენ. სამზარეულოში ჯდომა და განუსაზღვრელი რაოდენობით არყის და ლუდის მიღება სულ არ აფიქრებინებდა მათ ფრანგ მეგობარს, რომ რაღაც კარგს აკეთებდა.
„ზოგს ეგონა, რომ ქართველებს დასცინოდა; ზოგი ფიქრობდა, რომ საკუთარ თავს. ყოველ შემთხვევაში, ფრანგი რომ იყო და რომ იცინოდა - ფაქტია“. ეს უკვე ნინოს სიტყვებია.
ამასობაში ოჯახური ჯგუფიც იქმნება და მას ვიოლინო - მამუ უერთდება. ისინი უბრალოდ უკრავენ და არც ჯგუფის სახელზე ფიქრობენ. მით უმეტეს, რომელიმე იმდროინდელ და თუნდაც დღეს არსებულ ჟურნალს თავისი გამანადგურებელი კითხვა სამომავლო გეგმების შესახებ რომ დაესვა, რა თქმა უნდა ეტყოდნენ, რომ გეგმები ყოველთვის ბევრია.
სახელის დაბადება:
რეპეტიციებზე უამრავი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, „შუქი მოვიდას“ ერთერთი კონცერტი მედიკოსთა კულტურის სახლში დაიგეგმა. კონცერტის ორგანიზატორმა რაფაელ კროჰასმა, რომელმაც „სტუმრის“ ალბომის მასტერინგიც ითავა, აფიშის გასაკეთებლად იმ ჯგუფების ჩამოწერა დაიწყო, რომლებიც იმ დღეს კონცერტზე უნდა გამოსულიყვნენ: „შუქი მოვიდა“, „მთვარის კლუბი“ და ჯგუფი, რომელსაც სახელი არ ჰქონდა. კროჰასმა გამოსავალს - „special guest“-ში მიაგნო. „მოიცა, რა კარგი სახელია, სპეციალ ჩამოვაშოროთ და დავტოვოთ „guest“, „სტუმარი“ - იყო გამოხმაურება.
ქართული ზეპირსიტყვიერებიდან ამოკრეფილ ანდაზებს და ლექსებს „სტუმარი“ ამუსიკებს და: „რაც დავითთან ერთად ვართ, კეთდება რაღაც დამოუკიდებელი და ახალი.“ დათბება თუ არა, „სტუმარი“ ბოშთა ბანაკის მსგავსად, თავიანთი ხმისჩამწერი სტუდიით, კიკეთში გადაბარგდება ხოლმე, სადაც ბოლო ორი წელი მათი ალბომი - „ბეწვის ხიდი“ იწერებოდა. ამასობაში ხმა გავარდა - გერმანელია ჩამოსულიო და დავითი მას „სტუმრის“ დისკით წარუდგა. პოლონეთში „ზუმბასთან“ ერთად მოწყობილ კონცერტზე, ქართული საბრძოლო ხელოვნების ანსამბლიც გამოსულა და ამით დაინტერესებულმა გერმანელმა, ლაიფციგში, საბრძოლო ხელოვნების ანსამბლთან ერთად, „სტუმრის“ მიპატიჟება გადაწყვიტა. ინსტრუმენტებით შეიარაღებულმა „სტუმარმა“ გერმანიისკენ აიღო გეზი.
გურამ მაკალათია, რომელიც „სტუმარში“ დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს და რომელიც ასევე, ჯგუფთან ერთად ლაიფციგში წასასვლელად ემზადებოდა, თვითმფრინავის ტრაპთან გაჩერებულა და ჯგუფის სხვა წევრებს მხოლოდ მაშინ შეუმჩნევიათ მისი შეცვლილი სახე, როდესაც ბილეთი გადახია და ფრენაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება არც პილოტის დაიმედებამ შეაცვლევინა: „პირველი კლასის პილოტი ვარ, ნუ გეშინია, ჩემთან დაგაჯენო.“
ასე რომ, დასარტყამი ინსტრუმენტების გარეშე, სინთეზატორის იმედად, „სტუმარი“ გერმანელ მსმენელს წარუდგა. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი ინტერესი მაინც მათი ჯგუფის მიმართ ყოფილა. თავად „სტუმრებსაც“ გაუკვირდათ, როდესაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე მოწყობილ კონცერტზე, სავსე დარბაზი ელოდა.
მთავრდება კონცერტი და ბედნიერი „სტუმარი“ გერმანელი ტაქსის მძღოლის ინტერესსაც აკმაყოფილებს - ტაქსში ფანდურით და ჩონგურით პატარა კონცერტს მართავს, რომელიც გერმანელი მძღოლის მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევით მთავრდება...
„ბეწვის ხიდის“ შემდეგ, „სტუმარი“ ქართული ანბანის გამუსიკებას შეუდგა. „ნარ“-ზე გაჩერებულნი, პარალელურად, თავიანთ სანოტო გამომცემლობაში მუშაობენ. სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, იქმნება მუსიკა და როდესაც მუსიკა იქმნება, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინის კედლები - მათი მოძრავი სტუდიის დროებითი სამყოფელიც ფართოვდება.
![]() |
9 ესპანური ფოტომოთხრობა |
▲back to top |
დათო ტურაშვილი
კორიდა
ესპანელები ჩვენზე ჯიუტი ხალხია და კორიდაც, მიუხედავად საშინელი წინააღმდეგობისა, მაინც არსებობს დღევანდელ ესპანეთში, როგორც ესპანური კულტურისა და ისტორიის განუყოფელი, საამაყო ნაწილი. ესპანეთში, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისთვისაც კორიდა (პირიქით), ეროვნული სირცხვილია, მაგრამ ისინი, ვისთვისაც კორიდა საამაყოა, გაცილებით მეტნი არიან და ასეც რომ არ იყოს, მისი აკრძალვა მაინც ძნელია. ძნელია, თუმცა შესაბამისი ესპანური და საერთაშორისო ორგანიზაციები, მაინც მონდომებით იბრძვიან მისი აკრძალვისათვის და ესპანელებს ევროპელებმა, ევროკავშირში მიღების წინ, მთავარ პირობად, კატეგორიულად მოთხოვეს კორიდის აკრძალვა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ესპანელების ღრმა რწმენით, ესპანეთი დამთავრდება მაშინ, როცა ესპანეთში კორიდა შეწყდება.
კორიდა კი გრძელდება და ესპანელები ევროკავშირში მაინც მიიღეს. მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორსაც, რომელმაც ლექციის შემდეგ პირდაპირ მითხრა, მეეჭვება, რომ თქვენი ქვეყანა ევროკავშირში მალე მიიღონო, ზუსტად ასე ვუთხარი - მაინც მიიღებენ-მეთქი და ჩემი არგუმენტებიც ჩამოვუთვალე. მართალია ესპანელებს უკეთესი ადგილმდებარეობა აქვთ (ამ თვალსაზრისით) და ევროკავშირის გარეთ მათ არავინ დატოვებდა, მაგრამ ესპანელებზე ნაკლებად ძილი და ქეიფი არც ჩვენ გვიყვარს და ცეკვა და სიმღერაც არანაკლებ გვეხერხება. რაც შეეხება ქართულ სიზარმაცეს, ესპანურ უდარდელობასთან შედარებით, მართლაც მოგონილი ჩანს და ამ ნიშნით თუ დაგვიწუნეს, მართლა უსამართლობა იქნება ევროპელთა მხრიდან.
ჩემმა ძვირფასმა ლექტორმა მისმინა, მისმინა და გაეღიმა - ნამდვილად არ მინდა ესპანელები იაპონელებს დაემსგავსონ და მადრიდშიც იგივე მოხდეს, რაც ტოკიოში ხდებაო. რა ხდება-მეთქი და თურმე ტოკიოს მეტროს (გამთენიისას), შრომას მონდომებული იმდენი იაპონელი აწყდება, რომ მატარებლებში შეღწევა შეუძლებელია და ამ ხალხს ვაგონებში (ბოდიში და) სულ ჭიტლაყებით ტენიან. ვაგონს ქართულად (ნიკო ლორთქიფანიძის ვერსიით), რონოდი ჰქვია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სად შეგტენიან გამთენიისას კუნთმაგარი იაპონელები, რომელთაც ამის გამო ხელფასსაც უხდიან. იმ ჩემმა ძვირფასმა პროფესორმაც ზუსტად ასე მითხრა - არ მინდა, რომ ესპანეთი ისე განვითარდეს, დილაობით მეტროში მტენიდნენ ვიღაც ჯანიანი სტუდენტები (სწავლასთან შეთავსებით), ჩემს დასახმარებლად რომ იმუშავებენო. პროფესორი მარიანო დე ანდრეასი მართალი იყო და გამახსენდა, რომ ტოკიოს მეტროს ამბავი თბილისში პაატა გოგიშვილისაგან ერთხელ უკვე მოსმენილი მქონდა. თუმცა პანტელას ის აღარ უთქვამს, რაც ბატონმა მარიანომ მითხრა და მას შემდეგ, იაპონელ ტურისტებს ყველგან ყურადღებას ვაქცევ და ისინი მართლა გამუდმებით აჩხაკუნებენ ფოტოაპარატებს ისე, რომ არც აკვირდებიან, რას იღებენ. იაპონელებს, რომლებიც მთელი დღე მუშაობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთკვირიანი შვებულება ეძლევათ, სამყაროს აღქმის უნარი (როგორც ესპანელმა ლექტორმა მითხრა, ზედმეტი შრომისაგან) დაკარგული აქვთ და აპარატებსაც ასეთი სიხშირით იმიტომ აჩხაკუნებენ, რომ შინ დაბრუნებისას (ფოტოების დახმარებით) ის მაინც გაიხსენონ, რომელ ქვეყანაში იყვნენ სამოგზაუროდ...
ზედმეტი შრომა თუ საერთოდ არსებობდა, როგორ წარმოვიდგენდი, მაგრამ როგორ არ დავუჯერებდი ჩემს მადრიდელ პროფესორს, რომელსაც მთელი ესპანეთი უსმენს და უჯერებს. მეც დავუჯერე და კორიდის სანახავად მისი რჩევით წავედი, თუმცა დამავიწყდა, რომ ეს „დე“ (ესპანური სახელების შემდეგ), დიდგვაროვანი წარმომავლობის აღმნიშვნელია და შეიძლება ამ განსხვავებამ (ჩემს წარმომავლობასთან შედარებით), განაპირობა კიდეც ჩვენი განსხვავებული დამოკიდებულება კორიდის მიმართ და მე აშკარად ხარის მხარეს ვიყავი და არა მატადორის...
კორიდის არენას ესპანეთში ხარების მოედანი ჰქვია და ასეთი მოედანი ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში არსებობს, მაგრამ ესპანეთის მთავარი არენა, რა თქმა უნდა, მადრიდშია, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ხოსე ესპელიუსის პროექტით აშენდა მავრიტანულ სტილში და ამ არენაზე (სეზონის მანძილზე) სამოცდაათზე მეტი კორიდა იმართება. სეზონი იწყება აპრილში და შემოდგომამდე გრძელდება, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა და მაყურებელი ამ ორთაბრძოლებს დღემდე საკმარისზე მეტი ჰყავს. ამიტომაც, კორიდაზე შესასვლელი ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირს და არენაც მნახველებს ნებისმიერ ამინდში გაჭირვებით იტევს. სიტყვა ორთაბრძოლა კი შემთხვევით სულაც არ გვიხსენებია, რადგან (პირადად) კორიდა ყოველთვის ორთაბრძოლა მეგონა და როცა აღმოვაჩინე, რომ ერთ ხარს სინამდვილეში რამდენიმე კაცი ებრძვის, მეც ისევე გამაკვირვა ამ ამბავმა, როგორც ის ხარი, რომელიც არენაზე გამოსვლისთანავე გაოგნებული უყურებდა მონდომებულ მოწინააღმდეგეებს. ამ ორმოც ათას აღტაცებულს შორის, ალბათ მხოლოდ ორმა (იმ ხარმა და მე) არ ვიცოდით, რას ერჩოდნენ ხარს, რომელიც აშკარად მშვიდობიანი განზრახვით გამოვიდა არენაზე და როცა პირველი დარტყმა მიიღო, გაკვირვებისაგან ის დიდი თვალები, კიდევ უფრო გაუფართოვდა. პირველ დარტყმას მეორე მოჰყვა, მეორე პიკადორს მესამე და მეოთხე ტორეადორმა მეხუთეს რომ მოუხმო, იქნებ შენც ისიამოვნოო, პაპაჩემის შვილივით ნაზარდი ხარები გამახსენდა, თვალებში სისველე ვიგრძენი და ფეხზე ავდექი. ხმამაღლა და ქართულად, მონდომებით შევაგინე ყველას, ვინც დასისხლიანებულ ხარს მაინც აწვალებდა, მაგრამ ამ ხარს რომ ვეღარაფერს ვუშველიდი, უკვე ნათელი იყო. მეექვსე თვითონ მატადორი რომ გამოვიდა არენაზე, ხარი უკვე ისეთ დღეში იყო, რომ ორჯერ მუხლი მოეკვეცა, თუმცა ბოლო, სასიკვდილო დარტყმის შემდეგ, კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში იდგა მატადორის პირისპირ და თვალებში უყურებდა მას და არასოდეს, არასოდეს მინახავს უფრო სევდიანი თვალები, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ დაუხუჭავს იმ ხარს და როცა ის ცხენებმა არენიდან გაათრიეს, მარცხენა მხარეს ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ჩემი მეზობელიც კი უთქმელად მიხვდა, რომ გულის შეტევა მქონდა. უცნობი მეზობელი (გვერდით სკამიდან, რომელიც ჩემივე თხოვნით, კორიდის წესებს მიხსნიდა) მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა, გაიქცა და ჭიქით წყალი და წამალი მომიტანა. მერე რჩევაც მომცა - გული თუ გაწუხებს, კორიდებზე არ უნდა იაროო და ცოტა ხანში უკეთაც გავხდი, მაგრამ დარჩენას და პაპაჩემის კიდევ ერთი, უდანაშაულო ხარის მოკვლას ნაღდად ვეღარ გავუძლებდი...
სახლში დაბრუნებული, ყველა ესპანელ მეზობელს ვეჩხუბე და ვეკამათე ცალცალკე და ერთად, მაგრამ ჩემი ჰუმანიზმი უმრავლესობას სასაცილოდაც არ ეყო, თუმცა იმავე უმრავლესობას უხერხულობა მაინც შევამჩნიე კამათისას, მიუხედავად იმისა, რომ გააფთრებით იცავდნენ კორიდას და ახალი თაობის ესპანელები რომ კორიდებს იშვიათად ესწრებიან, უკვე ფაქტია. მადრიდის მთავარ არენაზეც, კორიდას (რომელიც პირველივე ბრძოლის შემდეგ მივატოვე), ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ესწრებოდნენ და მათ შორის კი ფრანკოს თაობის ესპანელი ქალები აშკარად ჭარბობდნენ. აგრესიული გულშემატკივრობაც ქალების მხრიდან უფრო იგრძნობოდა კორიდაზე და სახლში დაბრუნებულსაც, ყველაზე თავგანწირული მონდომებით სწორედ ესპანელმა გოგოებმა შემომიტიეს - შენ რა იცი, კორიდის ხარებს როგორი პატივით ზრდიან და ხარისთვის განა ასეთი გმირული სიკვდილი არ ჯობია, მთელი ცხოვრება შრომას და მერე სასაკლაოზე...
ვიცი (როგორ არ ვიცი), რომ კორიდის ხარებს ისეთ კარგ პირობებში ზრდიან, შეგშურდება კიდეც, მაგრამ ჯერ არცერთ ხარს თვითონ არ გაუკეთებია არჩევანი კორიდის სასარგებლოდ და იქნებ მთელი ცხოვრება მართლა შრომა ურჩევნიათ და არა სახელოვანი, თუნდაც ყველაზე გმირული სიკვდილი, თუნდაც ესპანეთის ყველაზე სახელოვან არენაზე...
კორიდის შემდეგ იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ (რამდენიმე დღის მანძილზე) ვისაც ვხვდებოდი, ჩემი შთაბეჭდილებებით ვაწუხებდი, სანამ მადრიდის ქართველმა კურატორმა, ნიკო ქარცივაძემ არ დამამშვიდა - თურმე გიორგი რამიშვილმა (კორიდაზე ყოფნისას), როცა ჩემსავით აღმოაჩინა, რომ ერთ ხარს ექვსი ადამიანი ებრძვის (და არა ერთი), ჯერ ჩემსავით ქართულად შეაგინა აღტაცებულ აუდიტორიას და მერე არენაზე გადახტა და ტორეროებს გახსნილი დანით გამოეკიდა. გიორგი რამიშვილმა, მართალია, ისინი ვერაფრით დააზარალა (რადგან დანარჩენი მადრიდი მაშინვე მას გამოეკიდა), მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ისტორიით, თუნდაც იმის გამო, რომ ერთი ქართველი კიდევ აღმოჩნდა, ვისაც ჩემსავით შეეცოდა უთანასწორო ბრძოლაში დაცემული, უდანაშაულო ხარი...
მართალია მატადორის რისკი ნამდვილად არსებობს და ზოგჯერ ისე ხდება, რომ კორიდა მატადორისთვის მთავრდება ტრაგიკულად და არა ხარისთვის, მაგრამ ასეთი ფინალი იშვიათობაა, რადგან როცა მატადორი უკანასკნელი, სასიკვდილო დარტყმის გასაკეთებლად გამოდის არენაზე, ხარი უკვე ისეა დასუსტებული პიკადორებისაგან, რომ ძალაც აღარ ჰყოფნის ბრძოლისათვის და ის მხოლოდ რაღაც სასწაულის და არა სიკვდილის მოლოდინში დგას, თუმცა სასწაულის ნაცვლად, როგორც წესი, სიკვდილი მოდის.
ეს ბოლო, სიკვდილისწინა წამები, ალბათ ყველაზე დიდი წამებაა ხარისთვის, რადგან ამ დროს მატადორს ხელები დაშვებული აქვს, ხარის პირისპირ დგას, თვალებში უყურებს მას და არენაზე საშინელი სიჩუმეა. ამ დროს ისეთი სიჩუმეა, რომ მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა ისმის და მაგარი მატადორები ისე ახლოს მიდიან ხარებთან რომ მხოლოდ უკანასკნელი ძალის მოკრება სჭირდება ხარს და გაფატრულ ადამიანს ვერცერთი ქირურგი ვეღარ უშველის, მაგრამ ხარს ძალა აღარ ჰყოფნის და ის იჩოქებს, როგორც დამარცხებული და ათასობით ადამიანის თვალწინ კვდება. დაუჯერებელია, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ამ დროს მართლა უყვარს ხარი, მისი მკვლელია და ყველაზე მაგარი მატადორები იმაზეც ზრუნავენ, რომ სიკვდილის წინ, ხარმა დამცირებულად არ იგრძნოს თავი და საუკეთესო მატადორები იმასაც ახერხებენ, რომ სულ ბოლო წამს, ჯერ ისევ ცოცხალ ხარს, თვალებს საკუთარი ხელით უხუჭავენ. ეს წამი მართლაც საოცარი სანახავია, რადგან ხარს შეუძლია ამ დროს თავის უშველებელ რქებზე წამოაგოს უკვე უიარაღო მატადორი, მაგრამ მას ძალა აღარ ჰყოფნის და მატადორს ნებდება. ამ დროს ხართან ერთად, მატადორს ნებდება ყველა ქალი, ვინც კი ამ ბრძოლას ესწრება, მაგრამ ხარისაგან განსხვავებით, მათ სხვა შედეგი ელით და როგორც ესპანელი კაცები ამბობენ (სწორედ ამ დროს), კორიდაზე დამსწრე იმ ქალებსაც კი აქვთ ორგაზმი, ვისაც ორგაზმი მანამდე არასოდეს ჰქონია...
ზემოთქმულის გადამოწმება ძნელია, მაგრამ ადვილია იმაში დარწმუნება, რომ ესპანელი მატადორები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და საუკეთესო სასახლეებში ცხოვრობენ, საუკეთესო მანქანები ჰყავთ და საზოგადოებრივ ფიესტებზე საუკეთესო ქალებთან ერთად ჩნდებიან.
გოჩა აბზიანიძემ ისიც კი მითხრა, რომ სევილიის კორიდაზე, როცა გამარჯვებული მატადორი მოკლული ხარის ყურს მაღლა წევს, ეგზალტირებული ქალები ტრიბუნებიდან არენაზე ტრუსიკებს ისვრიან. ალბათ ქვედა საცვალი თუ იგულისხმა, მაგრამ სევილიაში ჯერ არ ვყოფილვარ და ამ უცნაურ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამა ანდალუზიურ პრაქტიკასაც ითვალისწინებს და როცა სევილიაში მოვხვდები, ყოველივეს პირადად, ადგილზევე გადავამოწმებ. მადრიდის არენაზე კი ასეთი რამ ნამდვილად არ მინახავს, თუმცა ეროტიული ელემენტი კორიდაზე აშკარად იგრძნობა და არაპროფესიული თვალიც ადვილად ამჩნევს (სექსუალური თვალსაზრისით) ქალთა სუბლიმაციურ მიდრეკილებებს.
დღევანდელი ესპანური კორიდა საკმაოდ თეატრალიზებულია (კომერციული ნიშნით და შოუს ელემენტებით), სადაც ისტორია და ტრადიცია, რასაკვირველია, შენარჩუნებულია, მაგრამ კორიდის წარსული მაინც განსხვავდება აწმყოსაგან და დღევანდელი კორიდა მაინც დაშორდა არამხოლოდ მითოლოგიურ შრეებს, არამედ ისტორიულ საფუძვლებსაც, რამაც განაპირობა ჯერ მისი წარმოშობა და შემდეგ მისი პოპულარობა და არნახული სიცოცხლისუნარიანობა საუკუნეების მანძილზე. დაპყრობილ ესპანეთში კორიდა განასახიერებდა წინააღმდეგობის, დაპირისპირებისა და ბრძოლის ალეგორიას და მატადორი იყო სწორედ ის გმირი, რომელიც დამპყრობელს თავგანწირვით ებრძოდა და მაშინაც კი იმარჯვებდა, როცა ხარი გაცილებით დიდი და ძლიერი იყო. ესპანეთში კორიდა იბერიული პერიოდიდან არსებობს და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ კორიდა ძველ საქართველოშიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა (თითქმის მეცხრამეტე საუკუნემდე) და სახელიც იგივე ჰქონდა. ქართული კორული, მისი წარმოშობის საწყის ეტაპზე, ესპანური კორიდის იდენტური იყო, მაგრამ დრომ, განსხავებულმა გარემომ და პირობებმა ქართული კორიდის ცვლილებები გამოიწვიეს როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით და ქართველები ხარებს აღარ კლავდნენ. მოგვიანებით კორულის ბრძოლები მხოლოდ ხარებს შორის იმართებოდა მთელს საქართველოში, მაგრამ დღემდე ამ ტიპის კორიდა მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ქართველებში შემორჩა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ქართული კორიდის ნახვა ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის მაღალ მთებში, ყოველი ივნისის ბოლო კვირას...
ჩვენს წინაპრებს კორულის (მაგრამ არამხოლოდ კურულის) გზით გამოჰყავდათ ხარების საუკეთესო ჯიშები და სრულიად სამეგრელოს სიამაყე - კვარაცხელიების ჯიშიც სწორედ ამგვარად მიღწეული შედეგია.
შარშან, როცა ართვინის მთებში ქართულ კორიდას დავესწარით, გულწრფელად გამაკვირვა ხარების სიდიდემ და ზომამ და გამაკვირვა ქართველების დამოკიდებულებამ მათ მიმართ. ის ქართველები, რომლებიც ერთმანეთში ქართულად აღარ ლაპარაკობენ, თავიანთ ხარებს მაინც მხოლოდ ქართულად ელაპარაკებიან და ამ ურთიერთობაში (დარწმუნებული ვარ) ძველი, ოქროს საწმისისდროინდელი საიდუმლოს ნაწილი დევს. ყველაზე დიდი და რთული საიდუმლოს გასაღებიც, როგორც წესი, ძალიან მარტივია და ძალიან უბრალო და როცა ტაო-კლარჯეთში მივდიოდი, საკმაოდ ადვილად გადავჭერი პრობლემა, რომელიც სერიოზულად მაწუხებდა. შეიძლება ეს პრობლემა ნიკო მარის გარეშეც გაჩენილიყო, მაგრამ ამ კამათის გაღრმავებას რომ ამ უდიდესმა მეცნიერმა ხელი შეუწყო თავის დროზე, ფაქტია და ეს კამათი ახლაც გრძელდება და ტაო-კლარჯეთის ზოგიერთი ტაძრის წარმომავლობას სომხები დღემდე გვეცილებიან. სომეხი მეცნიერები და, უპირველესად, ისტორიკოსები მონდომებით ამტკიცებენ, რომ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრების ზოგიერთი ძეგლი სომხურია და სანამ ამ ძეგლებს ვნახავდი, გულმოდგინედ ვიკითხე ორივე მხარის არგუმენტები და ძალიან გავწვალდი. ბევრიც ვინერვიულე, სანამ გურამ დოჩანაშვილის ფრაზა არ გამახსენდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა კარგი წიგნი ცუდი წიგნისაგან. გამახსენდა, ამოვისუნთქე და იმასაც მივხვდი, როგორ უნდა გამერჩია ქართული ტაძარი სომხურისაგან და ეს ურთულესი პრობლემაც, უმარტივესად გადავჭერი - ამდენი სამეცნიერო ლიტერატურის კითხვას, ვიფიქრე, რომ ნამდვილად ჯობდა საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი და თუ ქართულ ტაძარში შევიდოდი, ხომ აუცილებლად დამბურძგლავდა ორივე მკლავზე და მთელს ტანშიც ჟრუანტელი დამივლიდა. ხოლო თუ სომხურ ტაძარში შევიდოდი, ხომ არაფერი - როგორც შევიდოდი, ისე გამოვიდოდი და ზუსტად ასეც მოხდა. ზუსტად ასე, ძალიან იოლად, მარტივად და უბრალოდ გადავჭერი რამდენიმე თაობის საუკეთესო ქართველ მეცნიერთა პრობლემა და სადარდებელი.
მადრიდის კორიდაზე კი ტაო-კლარჯეთის გამოცდილება იმიტომ გამახსენდა, რომ საბრძოლო არენაზე პირველივე ხარის გამოჩენისთანავე, ორივე მკლავზე დამბურძგლა და მთელს სხეულშიც ჟრუანტელმა ისე დამიარა, როგორც მაშინ, იქ, ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების ნახვისას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იბერიული ეთნოგენეზისის გასაღებს მართლა მივაგენი. მხოლოდ ის არ ვიცი, რამდენად შევძლებ სხვებისთვის ამის ახსნას, მაგრამ თვითონ კი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როცა ხარის პირისპირ მდგარ მატადორს ვუყურებ, იმ ჩემს შორეულ, იბერიელ წინაპარს ვხედავ, რომელმაც ზუსტად იცოდა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლო და ის ბოლო წამი კი იყო თავისუფლება, რომელიც სიცოცხლეზეც მეტია და სიკვდილზეც.
და მათ, ჩვენგან განსხვავებით, თავისუფლების არ ეშინოდათ...
![]() |
10 ნიუ-იორკი |
▲back to top |
სპეც-პროექტი:
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ნაწილი II
2-იანები
ავტორი: ალბერტ მიურეი
თარგმნა: თამარ ბაბუაძემ
ყველაზე ხმაურიანი მხიარულება
ქალაქის იუბილესთან დაკავშირებით, გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ სხვადასხვა მწერალს ერთი კონკრეტული შეკვეთა მისცა. თითოეულ მათგანს უნდა აეღო ერთი დეკადა და უნდა გაეცოცხლებინა ნიუ იორკის ცხოვრება ამ პერიოდში. გთავაზობთ ორ წერილს ორი ყველაზე საინტერესო წლების შესახებ ნიუ იორკული ცხოვრებიდან: 20-იანები თავისი ყველაზე ხმაურიანი მხიარულებით და 60-იანები - ომებით, რომელთაც დღემდე ვაწარმოებთ.
1918 წლის ნოემბერში დაიწყო ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ათ წელიწადს გაგრძელდა და რომლის დროსაც ნიუ იორკი აშშ-ს კულტურულ დედაქალაქად იქცა. ომისშემდგომი ხანა იყო, მშფოთვარე ოციანები, მდიდრული „სედანებით“, ღია სპორტული ავტოებით და მასობრივად გავრცელებული „დრანდულეტებით“. ახლად რატიფიცირებულმა მე-18 შესწორებამ ქალაქს მოუტანა „მშრალი კანონიც“, შავ ბაზარზე არალეგალურად გაყიდული ალკოჰოლური სასმელები და ბარები, სადაც ასევე ჩუმად ვაჭრობდნენ სპირტიანი კოქტეილებით.
ოციანები გახლდათ ახლად გათავისუფლებული პოსტ-ვიქტორიანული მშფოთვარე თაობის ეპოქა, კოქტეილების ნება-ნება წრუპვის, სიგარეტის თლილ თითებში მოქცევის, მოკლედ შეკრეჭილი თმის, მოკლე კაბების რხევისა და მობეზრებამდე თავაზიანი კავალრების ხანა.
აშშ-ს პრეზიდენტმა უორენ ჯ. ჰარდინგმა ოციანებს „ჩვეულ ყოფასთან“ დაბრუნების დრო უწოდა. უფრო ზედგამოჭრილი შეფასება მოიფიქრა შუაგული ამერიკიდან წამოსულმა ახალგაზრდა მწერალმა სკოტ ფიცჯერალდმა. მან ოციან წლებს „ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალე, ყველაზე ხმაურიანი მხიარულების პერიოდი“ უწოდა.
1922 წლებისთვის ოციანებს უკვე ჯაზის ხანა დაერქვა და ეს მოხდა იმ ენერგიული მუსიკოსების დამსახურებით, რომლებიც მანჰეტენის ზედა ნაწილში, ჰარლემში გამოჩნდნენ და რეგთაიმისა და ბლუზიდან წარმოშობილი ახალი მუსიკის შესრულება დაიწყეს. თუმცა, ცხადია, ჯაზი ჰარლემში არ დაბადებულა. ეს პატივი ნიუ ორლეანს ეკუთვნის, ჩიკაგო კი ჯაზის შემდგომ განვითარებაზე აცხადებს პრეტენზიას. ნიუ იორკის სტატუსი კი ჩიკაგოსა და ნიუ ორლეანის დონეზე Tin Pan Alley-მ აამაღლა - როლი, რომელიც მანჰეტენის ამ პატარა ქუჩაზე დატრიალებულმა ამბებმა პოპულარული მუსიკის ჩაწერის და გავრცელების საქმეში შეასრულა, შეუდარებელი აღმოჩნდა. Tin Pan Alley-ს წყალობით, ნიუ იორკი თანდათან მთლიანად ამერიკული მუსიკის მექად იქცა.
თუმცა Tin Pan Alley ნიუ იორკის კულტურული ბუმისთვის მხოლოდ ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული შესავალი აღმოჩნდა. ნამდვილი აღორძინება შემდეგ დაიწყო. თავისი მუზეუმებითა და კოლექციებით, გალერეებითა და აუქციონებით, პოპულარული გასართობი ცენტრებით ნიუ იორკმა უკან ჩამოიტოვა ყველა სხვა ქალაქი. მას ვერც ოპერის, ფილარმონიის და რეციტალების პატრონაჟის მხრივ ეჯიბრებოდნენ და ვერც დრამატურგიის განვითარებით - ოციანი წლებისთვის ბროდვეი უკვე ამერიკის საერთონაციონალური თეატრალური „სახელმწიფო“ გამხდარიყო. იმავე პერიოდში ნიუ იორკში მთელ ამერიკაში ყველაზე მეტი გამომცემელი მოღვაწეობდა და ყველაზე მეტი ჟურნალი იბეჭდებოდა. მაგრამ არცერთ ამერიკელ მწერალს, მხატვარს, კომპოზიტორს, ან თუნდაც არქიტექტორს არ დაესიზმრება ის ფურორი, რაც ნიუ იორკელმა მუსიკოსებმა ევროპელებზე მოახდინეს. ჯეიმს რისის ბენდი Europe's Hellfi ghters ჰარლემის 369-ე დივიზიიდან ომის დროს ქვემეხივით ქუხდა. ევროპელები რამდენიმე წლის შემდეგაც აღტაცებით ეგებებოდნენ მეორე ჰარლემურ ჯგუფსაც - უილ მერიონ ქუქის Southern Syncopated Orchestra-ს.
ერთი სიტყვით, მოვლენათა ცენტრში ჰარლემი იყო. ამ ნიუ იორკულ დასახლებაში, სრულიად გაცნობიერებულად, რენესანსის პერიოდი დადგა, ანდა, როგორც ამ ხანას უწოდებენ -„შავკანიანთა ახალი მოძრაობა“ ბატონობდა.
ახალ ტენდენციებს სათავეში არმსტრონგი და დიუკ ელინგტონი ედგნენ. მათი თაოსნობით, მუსიკოსებმა ოციანებშივე ლეგენდად ქცეული აფთაუნის კლუბები პირველივე შეტევით აიღეს და საუკუნის დასაწყისის ნოვატორების - ბადი ბოლდენის, სკოტ კოპლინის და ვ.ს. ჰენდის მუსიკალური ენა სრულიად ახალ ფორმებად გარდაქმნეს. ამ წლებში ჰარლემში გაჟღერებული მუსიკა უნივერსალური გახდა. 12-ტაქტიანმა ბლუზ სტანცამ, 32-ტაქტიანმა პოპ-სიმღერამ, ბრეიკმა, ვამპმა, რიფმა და ჯემსეიშენებმა საცეკვაო მოედნიდან ერთიანი შტურმით გამოაძევეს შტრაუსის ვალსები.
ქუხდა პოლ უაიტმენის სახელი. 30-ზე მეტი თეთრკანიანი წევრისგან შემდგარი ორკესტრის ხელმძღვანელი მსუბუქ კლასიკას და პოპულარულ მუსიკას უკრავდა და ცნობილი იყო, როგორც ჯაზის მეფე. 1924-ში მან შეასრულა გერშვინის „ლურჯი რაფსოდია“ და პოპულარობაც უმალ ეწვია. თუმცა, ეპოქის ყველაზე დამახასიათებელი და ორიგინალური ჯაზი მაინც შუა მანჰეტენზე, 52-ე ქუჩაზე, როუზლენდ ბოლრუმში სრულდებოდა, ფლეჩერ ჰენდერსონის აფთაუნელ მუსიკოსებს ყველა თავდავიწყებით უკრავდა ტაშს და კარგი მუსიკის ხასიათზე დამდგარი ბროდვეის პუბლიკაც დაუფიქრებლად გარბოდა ჰარლემისკენ.
რაც შეეხება ლუი არმსტრონგს, ის სრულუფლებიან ვარსკვლავად ბროდვეიზე მოგვიანებით დაბრუნდა. ოციანებში კი ჰენდერსონის ბენდში მხოლოდ ერთ წელს უკრავდა. არც ჰარლემის კლუბებში გამოდიოდა ისეთი სიხშირით. მიუხედავად ამისა, არმსტრონგმა ოციანი წლების ნიუ იორკზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მის მოსასმენად ყველა დადიოდა. სუნთქვაშეკრული პუბლიკა გაოცებული შეჰყურებდა კაცს, რომელიც ყველაზე ენერგიულად დახტოდა, რომლის საყვირიც ყველა სხვა ინსტრუმენტალისტის ძალებსა და ფანტაზიას აღემატებოდა და რომლის სასიმღერო სტილიც ყველა დამკვიდრებულ წესს არღვევდა.
მოკლედ, ოციანი წლების ნიუ იორკის ყველაზე ცნობილ სიმბოლიკად ჰარლემის მუსიკა იქცა. ეპოქის სულისკვეთებას და მხიარულ აურას მართლაც არაფერი აცოცხლებს ისე რეალისტურად, როგორც ცეკვები: შიმი, ბრეიკდაუნი, ბლექ ბოთომი და, რაც მთავარია, ჩარლსტონი, ჯეიმს პ. ჯონსონის ცეცხლოვანი საფორტეპიანო შესრულების თანხლებით. ოციანების სული სწორედ აქედან მოდის და ამაოა მისი ძიება ეპოქის ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ განსაზღვრებაში - „უნაყოფო მიწაში“, რომელშიც ელიოტმა ოციანების სიმბოლოდ ყველგანმყოფი ბანალურობა დასახა.
1927 წელს, როცა ელინგტონმა პირველად დაუკრა კოტონ ქლაბში, გაიხსნა ჰოლანდის გვირაბი, ბროდვეიზე შედგა Showboat-ის პრემიერა, ნიუ იორკი გიჟური ზეიმით დახვდა ჩარლზ ლინდბერგს, რომლის სოლო ტრანსატლანტიკურმა ფრენამ ის ეპოქის სიმბოლოდ აქცია. ქალაქი ლინდბერგს ფერადი ქაღალდების ულამაზესი წვიმით შეეგება. სანახობა ისეთი იყო, როგორც საზეიმო ცერემონიები ძველ რომსა და ნაპოლეონისდროინდელ პარიზში.
რეაქცია ლინდბერგის ფრენაზე ჰარლემში ცეკვით გამოხატეს. შეიქმნა ცეკვა ლინდი პოპი, რომელიც დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში იყო პოპულარული. მეტიც, ლინდი ოციანების შემდეგ გაჩენილ დეპრესიასთან ბრძოლის სწრაფი და მხიარული ანტიდეპრესანტი გახდა; ის დაუოკებელი მხიარულების გამოხატულებად იქცა იმ წლებში, როცა ნიუ იორკში ცოტა რამ იყო სამხიარულო. და ის არც ომის პერიოდში დაივიწყეს. ამ ეპოქაში ლინდი ამერიკელების ეროვნულ ხასიათს გამოხატავდა - უსაზღვრო ენერგიულობას და იმპროვიზების უნარს.
თბილი ქარი ქროდა, - შემდეგ ძლიერი
60-იანები
ავტორი: მერი გორდონი, მწერალი
თარგმანი: თამარ ბაბუაძე
ყველა საუკუნეს თავისი ფერი აქვს. ვიქტორიანული ხანა მტრედისფერი იყო, რენესანსი - მზესავით ოქროსფერი, მე-18 საუკუნე - კრემისფერში გადასული თეთრი. საუკუნეები დღის სხვადასხვა მონაკვეთსაც გვანან. შუასაკუნეები გარიჟრაჟს მაგონებს, მეოთხე საუკუნის ათენი - ტკბილ შუადღეს. სამოციანი წლების ნიუ იორკი კი - მარადიულ ზაფხულს გავს, როცა მზე ტროტუარზე ათას სხივად ეცემა და მწვანე ფოთლების ბადეში შუქ-ჩრდილებად აღწევს.
მაგრამ არა, ვიტყუები. სინამდვილეში 60-იანი წლების ნიუ იორკის ტონი ისეთი შავი იყო, ომის ღრუბელს რომ სდევს თან; ანდა ისეთივე წითელი იყო, როგორი შეფერილობაც ძალადობას აქვს; ან ისეთივე ნარინჯისფერი გახლდათ, როგორიც ფსიქოდელიაა; ან კიდევ ისევე ყვითლად კაშკაშებდა, როგორც ნარკოტიკით მოგვრილი ჰალუცინაცია.
რაც შეეხება ნიუ იორკულ დღის მონაკვეთს, არც ის ჰგავდა ზაფხულის ცხელ შუადღეს. ის ყველაზე უკეთ ინგლისურ ენაზე წარმოთქმული იმ ორი ყველაზე ლამაზი სიტყვით ხასიათდება, რომელიც ჰენრი ჯეიმსს ეკუთვნის - ცივი შუაღამე; ტროტუარები სისხლით იყო მოთხვრილი, ისმოდა პოლიციის სასტვენისა და მეგაფონების ხმა და მანქანების გამკივანი სიგნალი.
1958 წლიდან მსოფლიო ძირფესვიანად შეიცვალა. მშვიდობიანი დედამიწა სახიფათო ადგილად იქცა; მყარ ფასეულობებს ეჭვი ჩაენაცვლა. რაღაც ფეხქვეშ მიწის გამოცლის მსგავსი მოხდა, რომელიც საკუთარ თავზე უნდა გამოგეცადა. თუმცა, 1958 წელი ბევრი ვერაფრით მიგვანიშნებდა იმაზე, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო. 1958-ში აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და მისი ესთეტიკა ბატონობდა; ათი წლის შემდეგ კი გამოჩნდა ენდი უორჰოლი და ყველას დაანახა, რომ ეს ესთეტიკა არქაული იყო; რომ აბსტრაქციონისტი ექსპრესიონისტები მოძველდნენ, თავიანთი პრეტენზიებითა და მოთხოვნებით დროს საერთოდ ჩამორჩნენ.
50-იანი წლების ბოლოს ყველაზე გახმაურებული მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ იყო; 60-იანი წლების ბოლოს ბუმი „თმებზე“ ატყდა...
თუმცა, პოლიტიკური პროტესტის თვალსაზრისით, ნიუ იორკი უფრო უკან მიჰყვებოდა, ვიდრე მიუძღოდა ქვეყნის სხვა მხარეებს. ადამიანის უფლებებისთვის გამართული ბრძოლები, ძირითადად, სამხრეთში მიმდინარეობდა. დიდი ხნის განმავლობაში ნიუ იორკში არც ანტი-საომარი მოძრაობის მხრივ ხდებოდა რამე ისეთივე მასშტაბური, როგორიც ვაშინგტონში და დასავლეთ სანაპიროზე. ნიუ იორკს არ ჰყოლია თავისი გმირები; იქაურ გეტოებში პროტესტი თუხთუხებდა, მაგრამ ქვაბიდან არ გადმოსულა.
იმ წლების ნიუ იორკი მხიარულ, ნოვატორ, უდარდელ და თავნება ყმაწვილსაც განასახიერებდა და ამავე დროს იმ გიჟურ ემოციებსაც აირეკლავდა, რითაც მთელი მსოფლიო გახლდათ შეპყრობილი.
1964 წელს ქუინზში ორი საგულისხმო მოვლენა მოხდა: ათასობით თინეიჯერი ისტერიკული კივილით შეეგება კენედის აეროპორტში ჩამოსულ „ბითლზს“. და შემდეგ კიდევ უფრო მეტი თინეიჯერი კიდევ უფრო მაღალ ხმაზე აკივლდა, როცა „ბითლზი“ „ედ სალივანის შოუში“ გამოჩნდა.
რთულია იმის გახსენება, რამდენად საშიში ძალა იყო „ბითლზი“ - თავისი მაცდუნებელი უდარდელობით, სახუმარო განწყობით და მომხიბლავი ახალგაზრდულობით. ეს ახალგაზრდულობა „ბითლზის“ აკვიატებული პრინციპი იყო. ისინი მკვეთრად მიჯნავდნენ ყმაწვილურ სულს და სიბერეს და მათი გაგებით, ახალგაზრდები გამოუცდელი ლიფსიტები არ იყვნენ, უფრო პირიქით - ისინი ლაღ დელფინებს ჰგავდნენ, რომლებიც იმაზე მაღლა ხტოდნენ, ვიდრე მშობლები მიუთითებდნენ...
1966-67 წლები შიზოფრენიით იყო სავსე - ერთი მხრივ ვიეტნამით გამოწვეული ვნებათაღელვა, მეორე მხრივ მუდმივი კარნავალის შეგრძნება, რომელიც ნარკოტიკს, სექსს და როკ-ენროლს მოჰქონდა. თუ ექვსი წლის წინ, მეხუთე ავენიუზე მოსეირნე ლამაზმანები ოდრი ჰეფბერნს ბაძავდნენ ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“ - დადიოდნენ პატარა შავი კაბებით, მაღალი ქუსლებით და დიდი ქუდებით, 60-იანებში ოტელ პლაზასთან პოკაჰონტასივით გამოწყობილნი ჩნდებოდნენ.
თუმცა, იმ დეკადაში მაინც ვერაფერმა ვერ შეგვამზადა იმ ცუდი წლისთვის, რომელიც საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წელიწადი იყო - დრო, როცა მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი და რობერტ ფ. კენედი მოკლეს; როცა საზარელმა დემონსტრაციებმა ნიუ იორკის ყველაზე პატივსაცემი საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლუმბიის უნივერსიტეტი იმსხვერპლა.
60-იანი წლების მსოფლიოს, „გარეგნობით“ დღემდე ვცნობთ, რადგან მაშინ წამოჭრილი თითოეული საკითხი დღემდე აქტუალურია. თუმცა, ამ ფონზე, დეკადის ათვლის წერტილი - 1958 - მაინც შორეული სიზმარივით მოჩანს. 1958 და მომდევნო ოთხი წელიწადი რაღაც გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული, ბურუსით, რომელიც მომდევნო წლების სისხლიანმა სიგიჟეებმა გაფანტა.
რა იყო ეს - უაზრო დესტრუქციის ხანა, თუ მართლის თქმის გარდაუვალი პერიოდი? ზუსტი პასუხის პოვნა რთულია, სამაგიეროდ ფაქტია, რომ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ჩვენ კვლავაც იმ ომებში ვიბრძვით, რომლებიც ადამიანებმა პირველად სწორედ 60-იანების მშფოთვარე ხანაში გადაიხადეს.
![]() |
11 ცხოვრება Video დღიურში |
▲back to top |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
გამოყენებულია მიშელ ოდერის ვიდეო კადრები
Special Thanks: Lika Tsuladze, Irena Popiashvili, NEWMAN POPIASHVILI Gallery
შთაბეჭდილებისთვის
„ნიუ იორკი FUCKING ქალაქი“ - გამოფენა ამ სათაურით რამდენიმე წლის წინ, ბრუკლინში იმართებოდა. ვიდეო-არტისტ მიშელ ოდერთან ერთად, მონაწილეობას სხვა ხელოვანებიც იღებდნენ. თემა, ალბათ, ხვდებით, რაც იყო. ოდერმა გამოფენაზე თავისი Rooftop („სახურავები“-ს) სერიის ვიდეოები წარადგინა; ანუ, ის კადრები, რაც სახურავიდან სხვის ფანჯრებზე მიშვერილმა კამერამ გადაიღო. აქედან გამომდინარე, რაც ხდებოდა ფანჯრებს მიღმა, იმასაც უნდა ხვდებოდეთ და ისიც უნდა იცოდეთ, რომ ნიუ იორკში „ეს საქმე“ ესმით.
- სხვებმა რა გამოფინეს?
- არ მახსოვს, სხვების არტს ყურადღებას არ ვაქცევ, - ნახევრად ირონიულად იღიმება და მგონია, რომ ხუმრობს.
- კიდევ რა მოხდა, იცი? როცა „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოფენის რეცენზია დაიწერა, ჟურნალისტს სათაურის სრულად დაბეჭდვა მოერიდა და თავის წერილში ის დაახლოებით ასე გადააკეთა: New York F… City. - ამბობს და კიდევ იღიმება, ოღონდ კიდევ უფრო ირონიულად.
შესავალი
მიშელ ოდერი თან ნიუ იორკელი არტისტია, თან ფრანგი ნიუ იორკელი არტისტი. ეს მესამე სიტყვა კი მდგომარეობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ფრანგებს ნიუ იორკში სხვანაირი წონა აქვთ. მიშელმაც იცის თავისი ნაციონალური შარმის საიდუმლო და ყელზე დაუდევრად შემოხვეულ აბრეშუმის წითელ შარფს თითქმის არასდროს იცილებს. ნიუ იორკში გატარებული ათეულობით წლის მიუხედავად, მაინც ფრანგული აქცენტი დაკრავს და ღიმილითაც რაღაც სხვანაირად იღიმება. ქალაქსაც, სადაც ორი კვირით ჩასული სამუდამოდ დარჩა, ფრანგული მანერით აკვირდება: მეგობრის ფრანგულ ბისტრო „ლუსიანში“ ჯდება, პირველი ავენიუსა და პირველი სტრიტის გადაკვეთაზე, წითელ ღვინოს წრუპავს და შემომსვლელებს ათვალიერებს, ცხოვრების სიჭრელეს აფიქსირებს, დიალოგებს უსმენს - ეს მისთვის ნიუ იორკთან კონტაქტის შენარჩუნების ყველაზე რეალური გზაა.
კიდევ არის მის გარეგნობაში რაღაც საინტერესო - ვერცხლის დიდი ბეჭდები, სქელი ჯაჭვი კისერზე და ფრაზა - „ვივა? ვივას საშობაოდ ვნახავ. ჩვენ საერთო შვილი გვყავს“.
ვივა სუპერვარსკვლავი - ენდი უორჰოლის „ჩელსის გოგონების“ და კიდევ სხვა ფილმების მსახიობი - ნიშანია, რომელსაც მიშელ ოდერის მრავალფეროვან ბიოგრაფიასთან მივყავართ. მოდის ფოტოგრაფობით დაწყებული კარიერა, 1968 წლის პარიზის ამბებით და უორჰოლის ფილმების ნახვით გაგრძელდა; ქუჩაში ნიკოსთან და ვივასთან შემთხვევითი შეხვედრით რადიკალურად იცვალა კურსი; ლას ვეგასში კამერის წინ გათამაშებული ქორწილით განვითარდა; უორჰოლის წრეში ჩართვით და ნიუ იორკში დასახლებით გამძაფრდა; და ბოლოს, დაახლოებით ათი ათას საათიანი ვიდეოარქივით დაგვირგვინდა. ამ ბიოგრაფიას არტ-კრიტიკოსები ასე აფასებენ:
მიშელ ოდერის ვიდეოები - რეალური ტელევიზიის წინამორბედი;
მიშელ ოდერი - ვიდეო-არტისტი იმ დროიდან, როცა ვიდეო იშვიათი იყო.
ფაქტი: ვიდეო 1956 წელს გამოიგონეს და ის მაშინვე იქცა სატელევიზიო მაუწყებლობის მთავარ ნაწილად. ვიდეო იაფი საშუალება იყო წინასწარ დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების ჩასაწერად. მიშელ ოდერმა კი ამ ამბიდან დაახლოებით ათ წელიწადში, 21 წლის ასაკში დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით „ვიდეო-არტისტობა“ უწოდეს. 1970 წელს მან შეიძინა ყველაზე გავრცელებული ვიდეოკამერა „სონი პორტაპაკი“ და მას შემდეგ თითქოს უწყვეტ რეჟიმში იღებს ადამიანებს, ადგილებს და ამბებს მის გარშემო.
- საინტერესოა, საიდან მოდის საკუთარი ცხოვრების მუდმივად გადაღების სურვილი.
- არა, ეს არ არის საკუთარი ცხოვრების გადაღების სურვილი. აქამდე რაც გადამიღია, მხოლოდ ჩემი ცხოვრება არ არის. მე ვიღებ რეალობას, რომელიც ჩემს გარშემოა. იდეური ლავირება შემდეგაც შეიძლება - კადრებს ერთმანეთში აურევ და ახალ ამბავს შექმნი.
- ერთადერთი პერიოდი, რაც კამერის მიღმა დარჩა, თქვენი ბავშვობაა. ხანდახან ხომ არ ნანობთ ხოლმე, რომ ეს ასეა? საინტერესოა, როგორი იყო ცხოვრება კამერამდე.
- ახლა ვერაფერს შევცვლი. ბავშვი ვიყავი და ვერაფერს გადავიღებდი.
პარიზის მახლობლად პატარა სოფელში ვცხოვრობდი. 16-17 წლამდე ტელეფონი გარშემო არავის ჰქონდა, ტელევიზორები კი 50-იანი წლების საფრანგეთში აქა-იქ მაინც ედგათ. 17 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან გამოვედი და მას მერე აღარსად მისწავლია. ანუ თვითნასწავლი ვარ.
იმავე პერიოდში მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ სახლის ქირას აღარ გადაიხდიდა და სახლიდან გამოგვაგდეს. მამა ჩვენგან საერთოდ წავიდა, მას მერე აღარ მინახავს. მე პარიზში გადავედი და გამიმართლა: ნაცნობები დამეხმარნენ, ერთმა თავის სახლში შემიფარა, მეორემ ფული მომცა. იღბლიანი გამოვდექი და ქუჩაში არ დავრჩი.
თავიდან ფოტოების გადაღება დავიწყე იმ ძველი კამერით, რომელიც მამაჩემს შემთხვევით შინ დარჩა. შემდეგ სამსახურიც ვიშოვე და მოდის ფოტოგრაფის ასისტენტი გავხდი. მერე ჯარში გამიწვიეს, იქედან დაბრუნებულმა უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ ფოტოზე მეტად კინო მაინტერესებდა - არა მყარი, უძრავი იმიჯები, არამედ ცოცხალი გამოსახულება. მოკლედ, რეჟისორობა მინდოდა და პარიზის ცნობილ Cinematique Francais-ში უამრავ ფილმს ვნახულობდი. მაგარი იყო, უფასოდ შევდიოდი და მთელი დღის განმავლობაში ეკრანის წინ ვიჯექი. პირველად მაშინ ვნახე ჟან ლიუკ გოდარის, ენდი უორჰოლის ფილმები. მანამდე რაღაცეები გადაღებული უკვე მქონდა. 1963 წელსაც გავაკეთე ფილმი, რომელიც ალან რენეს გავლენით იყო - უცხო ადამიანები შედიან ციხე-სიმაგრეში, გამოსახულება ძალიან ნაცრისფერი და მკაცრია,…თუმცა თვალი მხოლოდ უორჰოლის და გოდარის ფილმების ნახვის შემდეგ ამეხილა.
ასე რომ, ოდერი ნიუ იორკში უკვე ამორჩეული პროფესიით ჩავიდა. პირველი ტრანსატლანტიკური ვოიაჟი ისეთივე სათავგადასავლო იყო, როგორი თავგადასავლებითაც ამერიკის ნაპირებს პირველად მიადგა ევროპელების გემი:
„პარიზიდან, მგონი, ბრემენში ჩავედი, იქ რაღაც სატვირთო გემზე გადავჯექი იმიტომ, რომ ეს ამერიკაში მოხვედრის უიაფესი გზა იყო და ამერიკაში ცარიელი პასპორტით წამოვედი. გემბანზე მხოლოდ შვიდი მგზავრი ვიყავით, დანარჩენები ეკიპაჟის წევრები იყვნენ და კიდევ დიდი ტვირთი მიგვქონდა. როგორც წესი, მგზავრობას ათი დღე სჭირდება, მაგრამ შტორმში მოვყევით და შუა ოკეანეში დაახლოებით სამი კვირა ვიყავით. როგორც იქნა, გემი ნიუ ჯერსის ნაპირებს მიადგა, რომელიც მანჰეტენი მეგონა. ბორტზე ამოსული ემიგრაციის განყოფილების წარმომადგენლები დიდხანს მიყურებდნენ ეჭვის თვალით, არ უნდოდათ ვიზის მოცემა, ბოლოს ვუთხარი, რომ ბებიაჩემი მეხუთე ავენიუზე ცხოვრობდა და არ ვიცი, რატომ გაჭრა, რამდენიმე კვირით დარჩენის უფლება მომცეს. მე კი ვიზას გადავამეტე და ნიუ იორკში რვა თვეს დავრჩი“.
პირველი დარჩენის მიზეზები სრულიად პრაგმატული იყო. ახალგაზრდა ოდერს სამშობლოში საკუთარი ფული არასდროს ჰქონია. მოდის ფოტოგრაფების ასისტენტად მუშაობისას კი ნიუ იორკმა მაშინვე მისცა მაღალი ხელფასიც, საკუთარი ბინის ქირის გადახდის შანსიც და შეყვარებული გოგოც. ამიტომაც დარჩა. პირველ ხანებში ის ცდილობდა, ლეგალურად მოეპოვებინა ნიუ იორკელის სტატუსი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ დარჩა და არალეგალურად მუშაობდა, არალეგალურად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, არალეგალურად უყვარდა გოგო და არალეგალურად აპირებდა ხელოვნებაში მოღვაწეობას. ბოლოს დარღვეული სავიზო რეჟიმის ამბავი გაუგეს და უკან, საფრანგეთში გააძევეს. რამდენიმე დღით ციხეშიც ჩასვეს, მაგრამ მეგობარმა გადაუხადა ჯარიმა და ოდერიც გარეთ გამოვიდა; თუმცა, როცა იცი, რომ შენი ქალაქი პარიზი კი არა, ნიუ იორკია, უკან აუცილებლად ბრუნდები. ოდერიც დაბრუნდა იმიტომ, რომ ნიუ იორკელი გამხდარიყო.
უკან მარტო აღარ ჩასულა. მას უკვე თან ახლდა ვივა, ენდი უორჰოლის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი. უორჰოლამდე და ვივამდე ოდერი მეგობარმა მხატვარმა მიიყვანა. ამ მხატვრის პარიზულ სახელოსნოში მუდამ ისმოდა Velvet Underground-ი, საუბრობდნენ უორჰოლის არტზე. მალევე, 60-იანების პარიზის ყველაზე გავლენიან „ალექსანდერ იოლას გალერეაში“ უორჰოლის „ჩელსის გოგონებიც“ აჩვენეს. მსგავსი რამ ოდერს არასდროს ენახა. ისეთი გავლენა მოახდინა, რომ მსგავსი სტილისტიკით ფილმის გაკეთება თვითონაც მოუნდა. ცოტა ფული უკვე ჰქონდა, მსახიობებიც შერჩეული ჰყავდა, როცა სრულიად შემთხვევით ქუჩაში ნიკო და ვივა შენიშნა - უორჰოლის ფილმიდან ეცნო.
მიშელ ოდერის ვიზუალური მეხსიერების შემოწმების შემდეგ დგინდება, რომ მას გადასარევად ახსოვს ის დღეც და ისიც, თუ რა ეცვათ გოგოებს: ვივას დიდ ჩექმაში ჩატანებული მოტკეცილი ველვეტის შარვალი და ჟოკეის პატარა ჟაკეტი ეცვა, ყელზე შარფი ჰქონდა მოხვეული, თმა - გაშლილი. ნიკოს კი - გრძელი მოსასხამი, მონაზონივით.
ერთმანეთს ღამის ორ საათზე შეეჩეხნენ. გოგოები ერთი წვეულებიდან მეორეზე მიდიოდნენ, მიშელმა ნიკოს უთხრა, რომ მათ იცნობდა და თავის ფილმში გადაღება სურდა. გოგოებმა უცნობი ფრანგი ბიჭი თავისთან დაპატიჟეს და დამეგობრდნენ. შემდეგ ყველანი ერთად რომში წავიდნენ და ძვირფას სასტუმროში ლუის უალდონისა და ვივას მონაწილეობით გადაიღეს ოდერის პირველი ხმოვანი ფილმი - Keeping Busy.
ვიდეო-თავშექცევა
ცხადია, ეს ფილმი უორჰოლთან ასოციაციას იწვევს. ბოლოს და ბოლოს, აქაც მისი მსახიობები თამაშობენ. მაგრამ ოდერმა ამ ფილმით, ფაქტობრივად, გამოიგონა ვიდეო, სანამ ვიდეო დამკვიდრდებოდა და ეს გრძელი კადრებით, ბევრი იმპროვიზაციით, მიშვებული სიტუაციებით გააკეთა: მსახიობებს გარკვეულ გარემოში ათავსებდა და შემდეგ კასეტაზე იღებდა მხოლოდ იმას, რასაც აკეთებდნენ, მაგალითად, დივანზე წოლა, სადილად წასვლა, დიალოგი, ფორთოხლის წვენის წრუპვა... „მათ ვუქმნიდი კომფორტს და ამ კომფორტში ვაკვირდებოდი მათ ცხოვრებას“.
მთავარ როლებს ფილმში ვივა და ლუი უალდონი თამაშობენ - უორჰოლის სასტიკ პორნოგრაფიად გამოცხადებული და გამოსვლისთანავე აკრძალული „ლურჯი ფილმის“ (თავდაპირველი სათაურით, Fuck) ვარსკვლავები. როგორც თავადაც მიხვდებოდით, ოდერის სურათიც ჰოლივუდური პროდუქციის აბსოლუტური ანტიპოდია.
Keeping Busy ქართულად მოწყენილობის ჟამს საქმის ძალით გამოგონებას, თავშექცევას ნიშნავს და, სტანდარტული კინონორმებით თუ ვიმსჯელებთ, ის მართლაც ჰგავს თავშექცევას. ოდერის ეს ფილმი უფრო მეტია, ვიდრე დოკუმენტალისტიკა და კიდევ უფრო მეტი - ვიდრე რეალიზმი. თავშექცევა ოდერის ვიდეოენაზე არის - იმის კინოდ ქცევა, რაც გარშემო ხდება: ფული თავზესაყრელი არავის აქვს, მაგრამ მაინც ერთობიან. ვიღაც იტალიელ ბარონს იცნობს, მასთან მიდიან, სადილზე იპატიჟებენ თავს, აკვირდებიან, როგორ ცხოვრობს, ძვირფას სასტუმროში ქირაობენ ნომერს, საწოლზე წვანან, სექსი აქვთ, ჭამენ, შიშვლდებიან, საუბრობენ, ჩუმად არიან, ფიქრობენ, კამერას თითქოს ვერ ამჩნევენ - კამერა კი ყველაფერს იღებს და ძალაუნებურად, ქვეცნობიერად მაინც განსაზღვრავს მათ ქმედებებს, ანუ რეალობის ხარისხი ექსჰიბიციონიზმში აჰყავს. კამერისთვის ყველაფერი საინტერესოა - თუნდაც პერსონაჟის გაუნძრევლად და მდუმარედ ჯდომა და სად, ამას მნიშვნელობა არ აქვს - რომის ძვირფას სასტუმროებში, მაროკოში თუ მალიბუში. შესაბამისად - გადაღებებიც სამივე ადგილას მიმდინარეობს. რომში ძირითად კადრებს ფილიპ გარელი იღებს, რომელსაც იმხანად მუზად ნიკო ჰყავს და რომში თავის ფილმს აკეთებს. დანარჩენ დროს კამერა ოდერს უჭირავს.
„რატომ უნდა დავწერო სცენარი, როცა ის უკვე არსებობს? რეჟისორის პულტთან ჯდომა და ყვირილი - „action“ ჩემთვის არ არის, მე სურვილიც არ მაქვს და არც მოთმინება მყოფნის იმისთვის, რომ დიდბიუჯეტიანი ფილმის გადასაღებად პროდიუსერებს ფული ვთხოვო“.
და მართლაც, რა საჭიროა სცენარი, როცა 60-იანები თვითონ გთავაზობს ყველაზე უცნაურ, ყველაზე გიჟურ, ყველაზე ინტენსიურ, ყველაზე ჰალუცინაციურ რეალობას, ჰოლივუდური სცენარის ნაცვლად?
მიშელ ოდერის ცხოვრებაც ზუსტად ასე ვითარდება. რომში, როცა თავშექცევა მთავრდება და ფირზე აღბეჭდილ ყოველდღიურობაში მიშელისა და ვივას რომანი იკვეთება, ჰოლივუდიდან რეკავს რეჟისორი ანიეს ვარდა. ის ვივას ეძებს და ამერიკაში „ლომის სიყვარულის“ გადაღებებზე ეპატიჟება (ეს ფილმიც უორჰოლის გავლენითაა შექმნილი). ვივა ულტიმატუმს უყენებს - არ წამოვალ, თუ ჩემთან ერთად არ მიიწვევთ ჩემს ახალ ბოიფრენდსაც. რეჟისორი თანხმდება მსახიობის მოთხოვნას და ვივასთან ერთად ლოს ანჯელესში მიშელ ოდერსაც ეპატიჟება - იხდის მისი ბილეთის, სასტუმროს და კვების ფულს. ოდერი კი „თავშექცევას“ პირადი ცხოვრებით იქაც აგრძელებს. ვივა ერთხანს დაუფიქრებლად ტოვებს ვარდას გადასაღებ მოედანს და შეყვარებულთან ერთად, ლას ვეგასში დასაქორწინებლად გარბის. სცენას ოდერი ფილმისთვის იყენებს. და როგორც ვივა თავის ბესტსელერ ავტობიოგრაფიულ რომანში „სუპერვარსკვლავი“ იხსენებს, ქორწინების ცერემონიალი ჯანჯლდება იმიტომ, რომ მიშელი შესაბამის ფირს ვერ პოულობს. ბოლოს და ბოლოს, ოცდაათწუთიანი ცერემონიალი მაინც გადაიღეს. „სწრაფი მომსახურების“ ქორწინების სახლში წყვილი მანქანიდან არც გადმოსულა, კამერით ამ ყველაფერს ცერემონიალის წამყვანის ცოლი იღებდა. როცა გადაღებული ფირი მიშელმა შეამოწმა, შეჰყვირა: „ფუ, ამის დედაც, ფირი კამერაში არ გასულა. საერთო ჩარჩო არ არის!“
„ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა ჩემი პირადი ცხოვრება ფილმისთვის გამოვიყენე. მერე წლების განმავლობაში ამას სულ ვაკეთებდი და ახლაც ცოტ-ცოტა ასე ვცხოვრობ. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ჩემი ცხოვრება, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩემს ბიოგრაფიაში ჩნდებიან. გამიმართლა, რომ შევხვდი ასეთ ადამიანებს - ჩემზე გაცილებით უფრო საინტერესოებს: ვივას, ალის ნილს, რომელიც 1900-იან წლებში დაიბადა და ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იყო, სინდი შერმანს და კიდევ ბევრ სხვას. ჩემი ვიდეოები მათი მონაწილეობით, არის ის შემთხვევა, როცა გამონაგონი მთლიანად აძევებს რეალობას, როცა ისპობა საზღვრები მათ შორის და ეს ჩემი ცხოვრებაა. კიდევ ერთი: მე არასდროს ვიღებ ფილმს მათ შესახებ, ვისაც არ ვიცნობ - მსახიობების დაქირავება, გადასაღები მოედნის გამართვა - არ შემიძლია. მე ჩემს მსახიობებთან ან უნდა ვმეგობრობდე, ან უნდა მიყვარდეს, სხვანაირად არ შემიძლია“.
კლეოპატრა
პარიზში აკვიატებული Velvet Underground-ის მუსიკა ნიუ იორკში ნამდვილმა ბოჰემურმა ანდერგრაუნდმა გაამძაფრა. ლოს ანჯელესიდან ევროპაში გამგზავრებამდე მიშელ და ვივა ოდერები ნიუ იორკში ჩავიდნენ და ამ ანდერგრაუნდის ეპიცენტრს - „ჩელსი ჰოტელს“ მიაშურეს.
„სასტუმრო - მანამდეც ჩემი ცხოვრების წესი იყო. საკუთარი სახლი არც პარიზში მქონია არასდროს. ამიტომ „ჩელსიც“ ეგრევე მომეწონა. საოცარი ადგილი იყო, ჩემი ცხოვრების სტილისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი.
პირველ სართულზე მეძავები ცხოვრობდნენ, მეორეზე - სუტენიორები, მესამეზე - როკ-ენ-როლერები, ისმოდა ბობ დილანის ხმა, ჯიმი ჰენდრიქსი, „რო ლინგ სთოუნზი“, ზევით - მსახიობები, უფრო ზევით - მხატვრები. ჩვენ მეშვიდე სართულზე ვიყავით და მსვლელობა პირველიდან ჩვენს სართულამდე იგივე იყო, რაც ნიუ იორკში ფეხით გასეირნება. „ჩელსის“ ყველაფერი ჰქონდა, რაც მთელ ნიუ იორკს - მანჰეტენის ქვევიდან დაწყებული, ჰარლემით დამთავრებული.
მოკლედ, „ჩელსი ჰოტელში“ დავსახლდით და ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით. ვივა ნამდვილი ვარსკვლავი იყო. უღებდნენ ტელევიზიები, ართმევდნენ ავტოგრაფებს, გვპატიჟებდნენ ქალაქის ყველაზე მოდურ წვეულებებზე. ერთხელაც „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მოვიდა და გვითხრა, რომ სურდა დიდი წერილის გაკეთება წყვილზე, რომელიც „ჩელსიში“ ცხოვრობდა. ჩვენთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა, ზუსტად ისე იცხოვრა, როგორც ჩვენ - ერთად ვეწეოდით ჰაშიშს, ვლაპარაკობდით, გვაკვირდებოდა, ინტერვიუს დროს ვთქვი, რომ ახალი ფილმის გადაღება მინდოდა, რომელშიც ვივას კლეოპატრა ერქმეოდა. წერილი დაიბეჭდა თუ არა, რამდენიმე პროდიუსერმა დამირეკა - ასეა ხოლმე, „ნიუ იორკ თაიმსს“ ამერიკაში დიდი წონა აქვს. არა, ამერიკა კიდევ სხვა რამეა, ლოს ანჯელესს და ნიუ იორკს ვგულისხმობ, აქ ყოველთვის ენდობიან „ნიუ იორკ თაიმსს“. მოკლედ, დამირეკეს და „კლეოპატრას“ იდეის დაფინანსება შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“.
მიშელ ოდერის ვიდეო-არტის რეფრენი - უორჰოლი, ცხადია, „კლეოპატრაშიც“ გაგრძელდა. თანაც, ამ სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეა ხომ „ჩელსი ჰოტელში“ იშვა - სასტუმროში, რომლის ანდერგრაუნდულ-ბოჰემური რეპუტაციაც თავის დროზე უორჰოლის ფილმმა „ჩელსელმა გოგონებმა“ კიდევ უფრო გაამყარა. სწორედ აქ, ამ ყველაზე რეალისტურ „გადასაღებ მოედანზე“, ოდერმა კლეოპატრას ანდერგრაუნდული ვერსია გაათამაშა. მთავარ როლში ვივა იყო, ანტონიუსს ლუი უალდონი ასრულებდა, ჰეტეროსექსუალ კეისარს - თეილორ მიდი. ფილმში უორჰოლის სუპერვარსკვლავების ძველი და ახალი წევრებიც მონაწილეობდნენ: ანდრეა ფელდმანი, ჯერარდ მალანგა, ონდინი, ულტრა ვაიოლეტი. პრინციპში, პროდიუსერების სატყუარად სწორედ უორჰოლის „ქარხნის“ სუპერვარსკვლავების სახელები იქცა. მათ შორის, ყველაზე მიმზიდველი თავად ვივა იყო, რომელსაც ხან მარლენ დიტრიხსა და ვანესა რედგრეივს, გრეტა გარბოს და ლუსილ ბოლს შორის საუკეთესო შუალედს ეძახდნენ, ხანაც ენდი უორჰოლის კოლექციის ყველაზე ხშირად გამომზეურებულ გიჟს. ასეა თუ ისე, ერთხანს ვივა თითქმის ისეთივე პოპულარული იყო, როგორც უორჰოლი. და პროდიუსერებსაც ცდუნებამ სძლია. ოდერმა გადაღებების დროს სრული ავტონომია მოითხოვა. ფილმს „ჩელსი ჰოტელის“ გარდა, აფსთეით ნიუ იორკში და იტალიაში იღებდა. გადასაღებ ჯგუფს კერძო თვითმფრინავიც კი ემსახურებოდა. ეს ოდერის ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი გახლდათ. ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ის მსახიობებს უხდიდა, თანაც მათ ხომ რჩენა უნდოდათ, ტვინს - გათიშვა და ხელახლა აღგზნება - უამრავი ნარკოტიკი.
„ასეთი ფილმის გაკეთების იდეა ერთი თეატრალური დასისგან ავიღე, მათი „ცოცხალი თეატრი“ ძალიან პოპულარული იყო ევროპაშიც და ამერიკაშიც. მე პარიზში ვნახე - ყველაფერს აკეთებდნენ - იმპროვიზებულ დადგმებს, სცენაზე სექსი ჰქონდათ, ეწეოდნენ. პირველად კანაფი, სხვათა შორის, სწორედ მათ დადგმაზე მოვწიე - შემომთავაზეს. ერთი სიტყვით, მეხსიერებაში მაშინდელი შთაბეჭდილება ისე ჩამრჩა, რომ „კლეოპატრას“ გაკეთება მოვინდომე. მხოლოდ ძირითადი როლები გავანაწილე, დანარჩენი ყველაფერი იმპროვიზებულად უნდა მომხდარიყო. იტალიაში ჩინეჩიტას სტუდია დავიქირავე ერთი დღით და იქ სეზარის სასახლის სცენა გადავიღეთ, ზუსტად იმ დროს ლას ვეგასში გაიხსნა კაზინო იგივე სახელწოდებით - ესეც დავუკავშირეთ. ეგვიპტის სცენები აფსთეით ნიუ იორკში გადავიღეთ - თოვლში. დიალოგები? ყველაფერი ერთად იყო არეული - ძველი ეგვიპტის შესახებ განხილვები და წუწუნი - „ბოიფრენდმა მიმატოვა“. ძალიან მომწონდა ეს გიჟური სიტუაცია, რაღაც შეშლილთა სახლს ჰგავდა ყველაფერი, მყავდა ადამიანები, რომლებიც შეურაცხადები არიან, დადიან ქუჩებში და ფიქრობენ, რომ კლეოპატრა, კეისარი, ანტონიუსი ანდა მათი მონები არიან“.
მოკლედ, გიჟური პროექტი იყო. როცა შედეგი ნახეს, პროდიუსერებიც გაგიჟდნენ და ფირი გაანადგურეს. თუმცა, დღეს ოდერი ამბობს, რომ ეს ცეცხლთან თამაში თვითონ წამოიწყო, თვითონ მოქმედებდა ისე, როგორც განებივრებული ბავშვი, არ თმობდა არაფერს, არ ერიდებოდა ჯაშუშს, რომელიც გადამღებ ჯგუფს თან დაჰყვებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს „კლეოპატრას“ მხოლოდ ძველი ვერსია არსებობს - ჯერ ვიდეო-კასეტაზე, შემდეგ DVD-ზე გადაწერილი. „კლეოპატრა“ ოდერის ბოლო თანამშრომლობაა პროდიუსერებთან და კინოსთან. ამის შემდეგ, ის მთლიანად ვიდეო-არტისტი ხდება. „კლეოპატრას“ განადგურებას კი არ ნანობს. „რაც გადარჩა, მთლიანად ფილმთან შედარებით, მხოლოდ ჟურნალია, მაგრამ ეგეც კარგია, არაფერს ვნანობ“.
რევოლუციური გადახვევა
გარდა იმისა, რომ ცნობილი ვიდეო-არტისტია, მიშელ ოდერი ჩემთვის პირველი ცოცხალი ადამიანია, რომლისგანაც პირველ პირში მოვისმენ 1968 წლის პარიზის ამბებს, მით უფრო, რომ ეს ამბები ხელოვანის ბიოგრაფიის ნაწილიცაა:
„მე უფრო მაყურებელი ვიყავი, რადგან არიან ადამიანები, რომელთაც ბარიკადების წინა რიგებში სიამოვნებთ დგომა და არიან ადამიანები, რომლებიც პასიურ მონაწილეობას ამჯობინებენ. მე ამ მეორე ჯგუფს მივეკუთვნებოდი და ალბათ ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა - იმხანად არ მქონდა რეგულარული სამსახური, არც სტუდენტი ვიყავი, პოლიტიკურად მარცხნივ ვიხრებოდი, ანუ 1968 წლის ამბებში მონაწილე თითოეული ჯგუფისთვის რაღაც მარგინალი ვიყავი. ამიტომ ვარჩიე, საერთო სიტუაციაში კამერით მონაწილეობა, ვიდექი განზე და ვიღებდი, ზოგჯერ საკმაოდ სახიფათო ეპიზოდებსაც კი; იმას, თუ როგორ ჭრიდნენ ხეებს სენ ჟერმენზე, როგორ ანთებდნენ კოცონებს, როგორ აგებდნენ ბარიკადებს. თეატრ „ოდეონში“ მაშინ მივედით, როცა ერთი ჯგუფი იქ უკვე გამაგრებულიყო; ვიღებდი, როგორ იკავებდა ხალხი შენობას, როგორ მიძვრებოდნენ სახურავზე და როგორ უშენდნენ ქვევით გამაგრებულ პოლიციას ცეცხლმოკიდებულ „კოქტეილ მოლოტოვებს“ (ასაფე თქებელი ნივთიერებით სავსე ბოთლებს); ზოგს თეატრის გარდერობი გაეძარცვა, სადაც უამრავი კოსტიუმი ინახებოდა, ხალხი მოლიერის ხანის კაბებში იყო გამოწყობილი, ზოგს ქუდი ეხურა. მაგარი სანახაობა იყო, სრული სიგიჟე. ეს მასკარადი ოც დღე-ღამეს გრძელდებოდა და თანდათან მთელ ქვეყანას ედებოდა. ბოლოს, როცა მაისში დე გოლი წავიდა, ეს პირად გამარჯვებად მივიღე - დე გოლს ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ მის გამო გამიწვიეს ჯარში. შემდეგ მოვიდა პომპიდუ, რომელიც დე გოლზე უარესი გამოდგა და აი, სწორედ მაშინ გამიქრა ყველანაირი ინტერესი პოლიტიკის მიმართ. ანუ 18-22 წელი - ამ ასაკში ამოვწურე ჩემი პოლიტიკური აქტიურობა და მას მერე არჩევნებშიც არასდროს მიმიღია მონაწილეობა“.
ძვირფასო ვიდეო-დღიურო!
ადამიანები დღიურებს ბლოკნოტში წერენ, მიშელ ოდერი - ვიდეო-კასეტაზე. 70-იანები ის დროა, როცა მისი კამერა სულ ჩართულია. ვივა ხალათში, ვივა შიშველი, ვივა ახალშობილ ალექსანდრას ძუძუს აწოვებს, ვივა ენდი უორჰოლს ტელეფონზე ელაპარაკება... სახლში სტუმრები მოდიან, ეწევიან, ითიშებიან, მიბნედილი თვალებით ჭორაობენ, ერთმანეთს კოცნიან, სექსი აქვთ, შხაპს იღებენ, წვერს იპარსავენ, მაკიაჟს იკეთებენ. გამუდმებით ისმის ხმაური - რადიოდან, ტელევიზორიდან, ქუჩიდან. ერთხელ ხდება ასეთი შემთხვევაც: ლონდონის სასტუმროს რესტორანში ვივა ცდილობს ალექსანდრას ძუძუ მოაწოვოს, მაგრამ რესტორნის ადმინისტრაცია თხოვს, რომ ეს არ გააკეთოს და მათ მომსახურებაზე უარს ამბობს. მიშელი მენეჯერს ემუქრება და შედეგად, წყვილს სასტუმროდან აგდებენ, შემდეგ კადრებში უკვე ჩანს „სანისა“ და „დეილი ნიუსის“ ფურცლები, სადაც ეს შემთხვევაა აღწერილი...
ეს ყველაფერი „ოჯახურ ქრონიკებში“ ხდება, მაგრამ ამავე წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღიური მაინც „ჩელსელი გოგონები და ენდი უორჰოლია“. 1971-76 წლების კომპილაცია - მთელი მათი სამეგობროს ურთიერთობა ენდისთან; ენდი და დანარჩენები. კადრების უმეტესობა „ჩელსი ჰოტელის“ სხვადასხვა ნომერშია გადაღებული, მაგრამ იქვეა საარქივო კადრები 1970 წელს უიტნის მუზეუმში ენდის გამოფენის გახსნიდან და მერე მის პატივსაცემად ჯონ ლენონისა და იოკო ონოს მიერ მოწყობილი ბაღის წვეულებიდან. საუბრობენ ყველაფერზე - მედიის გავლენაზე, უორჰოლის სუპერვარსკვლავების ტელევიზიის მიერ შექმნილ რეპუტაციაზე, უორჰოლის მოვალეობებზე, რომელიც მან ვივას და მიშელის შვილის, ალექსანდრას ნათლიობით იტვირთა. ფირზე აღბეჭდილია ერთი სატელეფონო თამაშიც, რომელიც ოდერმა წამოიწყო. მან შეიძინა მოსასმენი აპარატურა, ჩაამონტაჟა ტელეფონში და ჩაიწერა უამრავი სატელეფონო საუბარი ვივასა და ენდის, ბრიჯიტ ბერლინსა და ენდის შორის.
„როგორი იყო ენდი? კი, მას მეგობრად ვთვლიდი, მაგრამ ენდი ტეფალის ტაფას ჰგავდა, ხო იცი ის ტაფები, არაფერს რომ არ იკრავს და სუფთა რჩება? ენდიც ეგეთი იყო, თითქოს იყენებდი, მასთან ერთად იყავი, მაგრამ სინამდვილეში მაინც არაფრის აზრზე არ იყავი. თვალს მომკრავდა რესტორანში, დამიძახებდა, ყველას გამაცნობდა, ვივას და ბავშვს მოიკითხავდა. თავისი სკანდალური და საკამათო იმიჯის მიუხედავად, ერთი შეხედვით ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო, ცუდს პირდაპირ არავისზე ამბობდა. ნეტა, მეც ენდის ვგავდე, პირში ვაგინებ ყველას, ვინც არ მომწონს. ენდი უცნაური იყო, ყველაზე მარტივი რამეც რომ გაეკეთებინა, მაშინვე რაღაც გასაიდუმლოებულ, უცნაურ მნიშვნელობას იძენდა; ისეთს, რომ უმალ ყურადღებას იქცევდა და კარგად იყიდებოდა. ენდი ძალიან კარგი არტისტი იყო და კიდევ უკეთესი რეჟისორი, ვგულისხმობ ფილმებს, რომლებიც 1968 წლამდე, პოლ მორისიმდე გაკეთდა. მერეც კარგი ფილმებია, მაგრამ მათ უორჰოლის სიმძაფრე მაინც დაკარგული აქვთ“.
პოსტ-უორჰოლი და ვივა
70-იანებში შეგროვებული ათასობით საათიანი ვიდეო-არქივი 80-90-იან წლებშიც გამდიდრდა („სახლის სახურავები“, „მოგზაურობა სატელეფონო ხაზების ცენტრში“, „ჩემი უკანასკნელი ჰეროინი“ და კიდევ ბევრი სხვა). უბრალოდ, შემდეგ მოხდა ერთი ცვლილება: მიშელ ოდერი თავისი ვიდეოებით ფართო საზოგადოებამ გაიცნო და მან ნარკოტიკი გადააგდო. ამაში მას მეორე ცოლი, სინდი შერმანი დაეხმარა:
„როცა 80-იანი წლების ბოლოს გამოვჯანმრთელდი, გარშემო ყველა მხატვარი დიდ ფულს აკეთებდა, ხელოვნებაზე დიდი ბუმი იყო ამტყდარი. მე კი ისე მიყურებდნენ, როგორც ხელმოცარულს: „რას აკეთებ ვითომ მაგ ვიდეოკასეტებით? ვიდეო არსად არ მიგიყვანს, სხვა გზა აირჩიე“. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავს მეც ხელმოცარულად ვგრძნობდი, ეს არც დამიშვია. დახმარების ხელი ნიკოლ კლეგსბრუნმა გამომიწოდა. 1993 წელს ერთად გავაკეთეთ გამოფენა. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა... რაღაც ჩარჩო ხომ მეც მჭირდებოდა, ტელევიზიას ჩემი ნამუშევრები არ უნდოდა, კინობიზნესში თვითონ არ მინდოდა ჩართვა. ასე რომ, ერთადერთი ნიშა - არტი რჩებოდა. საკუთარი თავს „ვიდეო არტისტი“ რომ ვუწოდო, ცოტა უცნაურია. განსაზღვრება არ არსებობს, უბრალოდ, არჩეულ გზას მივყვები“.
ახლა მიშელ ოდერი ქვედა მანჰეტენზე ცხოვრობს, ისეთი ინტენსივობით აღარ იღებს, როგორც წინათ, ახლა უფრო ხშირად 20-30 წლის წინ გადაღებულ არქივში იქექება. „გამოცდილებამ მასწავლა, რომ არაფერი არ უნდა გადავყარო. შეიძლება ოცი წლის მერე დავუბრუნდე კასეტას და რაღაც საინტერესო ვიპოვო. ისეთი ჭკვიანი კი აღმოვჩნდი, რომ მივმხვდარიყავი: დრო გადის, მნიშვნელობები კი იცვლება და ამიტომ ყველაფერს ვინახავ“.
შენახულ ფირებს მიშელ ოდერი მალე ფილმად აქცევს, რომელზეც მუშაობა უკვე გაჩაღებულია. ეს იქნება ავტობიოგრაფიული ფილმი, დოკუმენტური კადრებით სავსე. თუ დაპატიჟებენ, მზად არის ფილმი საქართველოშიც გადაიღოს: „ხო, გამოქვეყნდება ეს წერილი და ვნახოთ“. ამასობაში მისი ქალიშვილი ალექსანდრაც ამზადებს გამოსაქვეყნებლად წიგნს, რომელშიც ბავშვობას იხსენებს - 70-იანების „ჩელსი ჰოტელში“ გატარებულს, უორჰოლს და მის დაბოლილ სუპერვარსკვლავებს. ასე რომ, მათ, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა ძველი, ჰალუცინაციური და გიჟური ნიუ იორკის აღდგენა, სულ მალე ამის ორი შანსი მიეცემა - მამა-შვილის ტექსტითა და ფილმით. მანამდე კი გთავაზობთ მიშელ ოდერის დღეისთვის ბოლო, დასკვნით ინტრიგას:
- ერთხელ ევროპაში ჩემს გამოფენაზე ჩავედი და ჟურნალისტებს თავგზა ავუბნიე, ყველაფერი არასწორად ვუამბე. ასე ვერთობი ხოლმე, სხვადასხვა ვერსიებს ვყვები.
- ნეტა, დღეს რომელი ვერსია მოვისმინე? - ვეკითხები.
ისევ ირონიულად იღიმება და ამბობს:
- დღეეს? რა კითხვა უნდა - დღეს - დღევანდელი, სულ ახალი, ხო საინტერესო იყო? ეგრე ვიცი მე.
![]() |
12 კანალ სტრიტი |
▲back to top |
ავტორი: იან ფრეიჟერი
თარგმანი: თამარ ბაბუაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
იან ფრეიჟერი წარმოშობით ნიუ იორკელი მწერალია. უკვე ათწლეულებია, რაც ის ჟურნალ „ნიუ იორკერისთვის“ წერს. თემატიკა მრავალფეროვანია, უბრალოდ, ხშირად ნიუ იორკზე წერს. 2005 წლის დეკემბერში ფრეიჟერმა წიგნად გამოსცა ქალაქის შესახებ დაწერილი ნოველები, რომელთა უმეტესობაც მანამდე „ნიუ იორკერსა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნდა. ავტორის ნებართვით, გთავაზობთ გამომცემლობა „ფარარი, შტრაუსი და ჟიროს“ მიერ დასტამბული წიგნიდან Gone To New York ერთ-ერთი ნოველის, Canal Street-ის ნაწყვეტს, მანამდე კი - ფრეიჟერის პირველი ნიუიორკული შთაბეჭდილება:
ნაწყვეტი ესედან: ოჰაიოდან ნიუ-იორკში
„იმხანად ბევრგან არსად ვყოფილვარ და ვერც ვხვდებოდი, რომ ტურისტებისთვის ნიუ იორკი საუკეთესო ადგილია ამერიკაში მოგზაურობის დასაწყებად. მე და კოსტა რიკელი მგზავრი ერთად მივუყვებოდით ჭაობებს ჰადსონის ნაპირას. მერე ზევით აზიდული გზატკეცილისკენ გადავუხვიეთ და ქალაქიც სრულიად მოულოდნელად და რაღაც გაპრანჭული ცერემონიულობით შემოიჭრა მანქანის ფანჯრებში; საითაც არ უნდა გაგეხედა, მთელი სივრცე ქალაქს ეკავა; თითქოს მდინარე ჰადსონიდან მთელი ტანით ამოიზარდაო; თითქოს ქუთუთოზე გეჯდა, თვალი გაახილე და დაინახეო. ასეთი ცის ხაზი არსად მინახავს; მთელ სივრცეზე იყო გადაჭიმული, მარჯვნიდან მარცხნივ, როგორც ერთი გრძელი, ძალიან ზუსტი, უამრავი დეტალით სავსე და ზედმიწევნით გამომსახველი წინადადება, ბოლოში ორი ძახილის ნიშნით - ორი „ტყუპი“ ცათამბჯენით“.…
მარტის ერთი გრილი დღე იყო, დრო - პიკი საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ზოგ შენობაში უკვე აენთოთ შუქი, ბინდი კი თანდათან იკიდებდა ფეხს ნათურასა და ნათურას შორის. ფანჯრები ჩაწეული იყო და ქალაქს ყავის, ავტობუსის გამონაბოლქვის და ფრჩხილის ლაქის სუნი ასდიოდა. მეშვიდე ავენიუსა და 34-ე ქუჩის კუთხეში ჩამოვედი. დღესაც, როცა ამ ადგილას ჩავივლი ხოლმე, პირველი განცდა მახსენდება. მგონია, რომ ეს არის ჩემი ნიუ იორკული ათვლის წერტილი.…
მერე მე და კოსტა რიკელი ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წარმატება ვუსურვეთ. ჩვენ უკვე ერთმანეთის წარსულის სულ მცირედი ნაწილაკები ვხდებოდით. ნიუ იორკში კი წარსული აღარავისთვის არსებობდა და, მათ შორის, არც ჩვენთვის“.
კანალ სტრიტი
კანალ სტრიტი ქვედა მანჰეტენზე მდებარეობს. ის უმოკლესი გზაა ისთ რივერიდან ჰადსონ რივერზე და შემდეგ კუნძულ მანჰეტენზე მოსახვედრად. აღმოსავლეთის მხარეს კანალ სტრიტი მანჰეტენის ხიდისკენ მიდის, რომელიც კუნძულს ბრუკლინთან აერთებს; დასავლეთით ის ჰოლანდის გვირაბამდე გრძელდება, რომელიც, თავის მხრივ, ნიუ ჯერსიში წამსვლელებისთვისაა ზედგამოჭრილი. მანქანების დინება ამ ქუჩაზე არასდროს წყდება და ამიტომ კანალ სტრიტი უფრო მაღალი ძაბვის დენს გავს, რომელიც დღემუდამ ნერვულად თრთის ბრუკლინსა და ნიუ ჯერსის შორის, ვიდრე ჩვეულებრივ ქუჩას. მძღოლებს აქ ყოველთვის ერთი პოზა აქვთ: ქუჩის ერთი ბოლოდან მეორემდე ყველა გამეტებით ასიგნალებს. ხანდახან სიგნალი რამდენიმე წუთს უწყვეტად გაისმის ხოლმე და ერთმანეთს სხვადასხვა კომბინაცია ერევა: გრძელი-გრძელი-გრძელი; მოკლე-მოკლე-მოკლე-გრძელი. ზოგს მუსიკალური სიგნალი აქვს, მაგრამ მათ, ვინც მუსიკალური სიგნალის ყიდვას გადაწყვეტს, დიდი არჩევანი არ აქვს; სულ ოთხ მელოდიას შორის უწევთ არჩევანის გაკეთება - „ლა კუკარაჩა“, „ნათლიას“ თემა, „დიქსი“ და „ჰავა ნაგილა“.
და თანდათან მანქანების ნაკადი კანალ სტრიტზე ყველაფერს ფარავს და უვლის, რაც კი გზად ხვდება - საფოსტო ყუთებს, სახანძრო ჰიდრანტებს, ელექტრო-ბოძებს, ნიშნებს. აქუცმაცებს და ბორბლებით აბრტყელებს ხილს, ვირთხებს, მტრედებს და ქუდებს. ლითონის პატარა ნაწილებს ასფალტზე აწებებს და ორგანზომილებიანს ხდის. სახლის გასაღებები, ქინძისთავები, ბოთლის თავსახურები, ქოლგის სახელურები, ზეთის საღებავების ტუბები (ამ უბანში ბევრი მხატვარი ცხოვრობს) მოწყენილად ბრჭყვიალებენ ტროტუარზე. როცა ტრანსპორტის ნაკადი ოდნავ მცირდება - ეს ძირითადად უიკენდებსა და გარიჟრაჟზე ხდება - მუშები პნევმური ბურღებით გამოდიან კანალ სტრიტზე, ასფალტს ასწორებენ და მიწის დიდ-დიდ გუნდებს, თავისი დაკარგული ნივთების კოლექციით, ურიკებზე ყრიან.
კანალ სტრიტის ორივე ბოლოს, მოსახვევში გაუჩინარებული მანქანების კუდს შენობებზე გამოკრული ბილბორდები აყოლებენ ხოლმე თვალს. კანალ სტრიტი ბილბორდებისა და ქუჩის რეკლამების ნამდვილი ზეიმია. კვირიდან კვირამდე ბილბორდები იცვლება და იხევა. ერთხელ ღამით, მანქანის სიგნალიზაციის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ტონიმ - რომელსაც მაღაზიაში ძინავს ხოლმე - ხანძარი შემთხვევით გააჩინა. ის ალკოჰოლით სავსე ჯამში საყურეს ისე გამალებით წმენდდა, რომ ხახუნის ძალამ ცეცხლი გააჩინა და ტონის ალი მთელ ტანზე მოედო. მერე ძლივს გამოძვრა უსაფრთხოების კარიდან, რომელიც მხოლოდ ნახევარზე გააღო. მალე ცეცხლის ენები ტროტუარზეც გამოვარდა, შემთხვევის ადგილას სახანძროები მოვიდნენ, გაყინული ტონი კი იდგა ქუჩაში, წყლის ორ ჭავლს შორის, „ბლექ საბათის“ მაისურში გამოწყობილი, თან კანკალებდა და დაბნეული ლუღლუღებდა: „ვიცი, გამაგდებენ. უკვე შევეგუე ამ აზრს“. მერე ძველი ჟილეტი ჩავუტანე და მივეცი. „აუ, რა მაგარია. რამდენი მოგცე ამაში?“ მერე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ მიიწევდა ცეცხლის ენები მაღაზიის თავზე დამაგრებული ასოებისკენ - „ავტო სიგნალიზაცია“, როგორ თანდათან დაიწყო წვა წარწერამ, როგორ ავიდნენ მეხანძრეები შენობის სახურავზე და ჩაქუჩებით ასო-ასო ჩამოყარეს ქვევით მთელი წარწერა. ასოები ტროტუარზე ცვიოდა და ქუჩის ცარცისფერ ცემენტზე აქა-იქ მიმოყრილები, ნელ-ნელა სულ დაიწვა.
მე ორი კარით ქვევით ვცხოვრობდი, სამხედრო მომარაგების მაღაზიის თავზე, ლოფტში. ხანძრის მეორე ღამეს ქურდები ჩვენს სახლში დამწვარი შენობიდან შემოვიდნენ, სახანძრო კიბით გადმოძვრნენ და მეორე სართულის საკუჭნაოდან ფეხსაცმლის ყუთები წაიღეს - როგორც მერე გაირკვა - ყველა მარცხენა ფეხის იყო. როცა ამის შესახებ სახლის პატრონმა და მაღაზიის მფლობელმა გაიგო, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, მისი ბინა და მაღაზია რომ გადარჩა. ეს კაცი წარმოშობით რუმინელია. ჰუგო ჰქვია, მაგრამ საკუთარ თავს გერის ეძახის. ერთხელ ვკითხე, ეს სახელი საიდან-მეთქი და „ერთმა ნაშამ დამარქვაო“. გერი ებრაელია, მაგრამ მათთვის, ვისაც ატყობს, რომ ებრაელები არ უყვარს, სავიზიტო ბარათების სხვანაირი წყება აქვს - ამ ბარათებზე მისი გვარი უფრო არაბულად ჟღერს, ვიდრე ებრაულად. და მაინც, როცა ვიღაცასთან ლაპარაკი არ უნდა, მაღაზიაში შეხეტებულ უცხოებს ეუბნება ხოლმე: „მეპატრონე არ გახლავთ, აფრიკაშია“.
კანალ სტრიტზე მიმოქცევაშია ვალუტა, სახელად - დალაჰ. დალაჰი გახლავთ დოლარი, ოღონდ დინართან, პესოსთან, იენთან, დირჰამთან, ზლოტთან, რუბლთან და პიასთრესთან შეჯვარების შედეგად მიღებული. ქუჩის ჯიხურებისა და მაღაზიების გამყიდველები, რომლებმაც გაქცეულის მოსაბრუნებელი ინგლისურიც კი არ იციან, გამუდმებით გაჰყვირიან: „ორმოცდაათი დალაჰ!“, „სამი დალაჰ!“ და „ათი დალაჰ!“ კანალ სტრიტზე ნამდვილი დოლარები მხოლოდ ქაღალდზე ანდა ტერმინალების ვიდეო-ეკრანებზეა; აქ დოლარზე უფრო ნამდვილი დალაჰია. დალაჰი მწვანეა, მცირე კუპიურის, ფერგადასული, დაჭმუჭნული, მელნით აღნიშნული, ბატის სოუსით მოთხვრილი, თითის ანაბეჭდებით გაზეთილი და ხანდახან სისხლით დალაქავებულიც. დოლარებს საფულესა და საბანკო წიგნაკებში ინახავენ; დალაჰის ტარების წესი კი სხვანაირია, ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში უნდა გედოს, ორად მოკეცილი შეკვრის სახით, წითელი ლენტით შეკრული. როცა გერის ვთხოვ ხოლმე, ორმოცი დოლარი მასესხე-მეთქი, ჯიბიდან თავის წითელლენტიან შეკვრას იღებს, სამოცი აიღეო, მეუბნება, და სქელი დალაჰებიდან სამ ოცდოლარიანს ფრთხილად აძვრენს.
გერის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. 43 წლის არის, ნათესავები ჰოლოკოსტის დროს დაეღუპა; ბედნიერი ბავშვობა ისრაელში გაატარა, ყმაწვილკაცობაც - მანქანა ჰყავდა, გოგოები თავს ეხვეოდნენ, პლაჟზე დადიოდა. ცოტა ხნით ახალგაზრდულ კიბუცშიც ცხოვრობდა, სადაც ხანდახან შიშველი ბიჭები ამერიკელ გოგოებთან ერთად ბანაობდნენ ზღვაში; მერე ისრაელიდან სრულიად მარტო, ჯერ ნიუ იორკში წამოვიდა, შემდეგ - კანადაში. ერთხანს ტორონტოში მუშაობდა, შემდეგ მისი ოჯახიც ნიუ იორკში ჩავიდა და ისიც ამ ქალაქს დაუბრუნდა. გერის მოსწონს ფორესტ ჰილსზე, ქუინსში ცხოვრება იმიტომ, რომ ყოველ ცისმარე დილას, როცა იღვიძებს ხოლმე, მდელოზე ხედავს („დენი, რა ჰქვია იმათ, ჩემს ეზოში რომ დარბიან და მე რომ მომწონს?“) - ციყვებს.
როცა მზიანი დღეა, გერის მაღაზიაში ხალხის ტევა არ არის. იდაყვებით უნდა გაიკვლიო გზა, თორემ დახლამდე ვერც მიაღწევ. გერის დამხმარეები - დენი, ეზრა, მარკი, კაბული, ჯეფი, ერიკი, უოლტერი და აბასი უზარმაზარ ბრბოს ხელებში უყურებენ. იმ კლიენტებს კი, გერი განსაკუთრებით რომ არ ენდობა, მისი ასისტენტები გვერდიდანაც არ შორდებიან. და ისინიც, თაროდან თაროსკენ თითქმის დატყვევებულები დადიან. სალაროსთან, შემაღლებულ საფეხურზე გერი დგას და მეუბნება: „უყურებ ამ შავკანიან ბიჭებს? ქურდები არიან. თუ ოდესმე თვალს მოკრავ, პოლიციას გამოუძახე. დენი! აბას! ყურადღება მიაქციეთ ამ ჯენტლმენებს?! და ხედავ, იმ თეთრკანიანს, საყურით? ეგ ნარკომანია, აი ის, გვერდით რომ სექსუალურ მაისურში გამოწყობილი გოგო დგას, მაგის საყვარელია. მაგრამ რად გინდა, ცემს ყოველდღე. ამას წინათ, მთხოვა, ცრემლსადენი გაზი მომყიდეო. მე ვუთხარი, შენს გოგოს მივყიდდი, შენ - არა-მეთქი. აი, ის იაპონელი ბიჭი მაგარი ტიპია. საერთოდ, იაპონელები პირველი ხალხია მთელ მსოფლიოში. ახლა ნახე, ასორმოცდაათ დალაჰს მაინც დატოვებს ჩემს მაღაზიაში. რას ამბობ, იაპონელებს ფეხებს დავუკოცნიდი. ნახე, ის კაცი, ქუდით. ეგ ჰასიდიმი იურისტია. ძალიან მდიდარია, მაგრამ ძუნწი, სულ რაღაც გარიგებებს მთავაზობს. ის მეორე კაციც იურისტია. ის უფრო სერიოზული ტიპია. ინგლისიდანაა, როგორც „ბითლზი“ (ხო, ეგ ზიპოს სანთებელაა. საუკეთესო. მთელი ოცი წელიწადი გეყოფათ. აი, თქვენი ბროშურა, არ დაგავიწყდეთ. გმადლობთ). ეგ დიდი კაცი, დიდი ხელებით? თითქოს ბეისბოლისტის ხელთათმანები რომ უკეთია? ეგ რუსია, ბრაიტონ ბიჩზე ათი წლის წინ დასახლდა და ახლა ნიუ იორკში ყველაზე მაგარი რენტია. მასთან შედარებით ბატკანი ვარ. როცა ქირას არ უხდიან, - ბახ, და ეგრევე თავში წაუთაქებს ხოლმე. რუსებს თამაში არ უყვართ. იმ ორს ხედავ? ქუჩაში? ახლა, ნახე, შემოვლენ. არაბები არიან. იდიშზე ჩემზე ათჯერ უკეთ ლაპარაკობენ. უამრავ რამეს ყიდულობენ აქ - ტანსაცმელს, იარაღს, მაგრამ დანებს - არა. შეიძლება ამისთვის მომკლან კიდეც, მაგრამ ბიზნესიც ხო ბიზნესია“.
ადამიანები, რომლებზეც გერი ლაპარაკობს, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დგანან, მაგრამ მისი არ ესმით. გერიმ რამდენიმე ენა იცის - რუმინული, ინგლისური, იდიში, ივრითი, ბერძნული, ცოტა თურქული, ცოტა არაბული, ცოტა ესპანური, მაგრამ გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე სიხშირეზე საუბარი ეხერხება. მას საუბრის რამდენიმე არხი აქვს, გააჩნია ვისთვის ლაპარაკობს - მომმარაგებლისთვის, კლიენტისთვის, ხელქვეითისთვის თუ ოჯახის წევრისთვის. არის სიტუაციები, როცა საერთოდ არ სურს სიტყვების გამოყენება და მაშინ საუბრისთვის ულტრაძლიერ სიხშირეს მიმართავს ხოლმე, რომელიც სავსეა თვალისა და თავის ჟესტიკულაციით. ეს ნიშნები ხან „კი“-ს ნიშნავს, ხან „არა“-ს, ხან „მოკეტე“-ს, ხან „გაიხედე“-ს, ხანაც - „ახლა მაცალე, მერე აგიხსნი“-ს.
გერის გეოგრაფიის შეგრძნება ძალიან ბუნდოვანია. როცა პირველად ვუთხარი, ოჰაიოში გავიზარდე-მეთქი, მითხრა, ოჰაიო სადაა, მიჩიგანში? მისთვის ამერიკის დიდი ნაწილი ერთ გეოგრაფიულ არეშია მოქცეული, სახელად აფსთეითი. ვთქვათ, ვეუბნები: ახლახანს დავბრუნდი ნიუ ჰევენიდან. ის მეკითხება: „ა, აფსთეითიდან?“. ერთი სიტყვით, მისი რუქა სამ ნაწილად იყოფა - ფლორიდა, კალიფორნია და აფსთეითი. როცა ერთხელ ჩემს დას სახლი გავუცვალე და სამი წლით მონტანაში გადავსახლდი, გერის რუქაზე მოულოდნელად ეს სახელიც გაჩნდა - მიტოვებული და უკაცრიელი და მხოლოდ ჩემს მიერ დასახლებული. შტატის სახელი ასე წარმოთქვა: „მონ-ტაჰ-ნა“. როცა ისევ ნიუ იორკში ჩამოვედი, სახელი დაივიწყა. ახლა მონტანა არ ახსოვს და მონტანას ასე ეძახის: „ის ადგილი, შენ რომ იყავი“.
ნიუ იორკის მიღმა, გერისთვის ამერიკა მიწაა თავისტკივილების გარეშე; მანქანების საცობების გარეშე; რვა მეოთხედი საგადასახადო ბეგარის გარეშე; საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადის გარეშე; წყლის გადასახადის გარეშე; შენობის ინსპექტორების გარეშე; სასამართლო საქმეების გარეშე; სიგნალიზაციის გარეშე, რომელიც შუაღამისას გაისმის ხოლმე. მისთვის ნიუ იორკს მიღმა ამერიკა მძინარე ბავშვს გავს: ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ დანარჩენი ამერიკა ჩემი ქვეყნაა და არა მისი, ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ მე თვითონ ვგავარ ბავშვს. „სენდი, სენდი, შენ ოთახში ხარ გამოკეტილი, ბავშვს გავხარ, მართლა გეუბნები“. აზრზე არ ხარ, როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს; არც ჰოლოკოსტის აზრზე ხარ; არც ის იცი, ქალებს როგორ ასწავლო მოქცევა; არც ის იცი, როგორ დამცინიან შავკანიანი პენსიონერები. ხვდები, რას გაუკეთებდნენ პალესტინელები ებრაელებს, ნება რომ მისცე? გრძნობ, როგორ უნდა ყველას ნიუ იორკში ჩამოსვლა, ჩვენს მიერ დაკავებული ადგილების დაპყრობა და ყველაფერ იმის წართმევა, რაც გამაჩნია? შენ ამერიკელი ხარ, ესე იგი - სწორხაზოვანი. მაგრამ სამყარო არ არის სწორხაზოვანი, არამედ პირიქითაა“.
რამდენიმე ხნის წინ, ერთმა დეველოპერმა გერის ორმილიონნახევარი დოლარი შესთავაზა შენობაში. გერის თანხა არ მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სახლში 60 ათასი გადაიხადა. მოკლედ, ის კაცი უარით გაისტუმრა, კანალ სტრიტზე სხვა შენობა რომ ვიყიდო, მეც იგივე თანხა უნდა გადავიხადო და რა აზრი აქვსო. გერის გადაწყვეტილება არ მოვუწონე. ვუთხარი, ფული აიღე-მეთქი, ნუთუ არაფერზე ოცნებობ, არაფრის გაკეთება არ გინდა-მეთქი? გინდა გითხრა, რაზე ვოცნებობო? - კითხვა შემომიბრუნა. გაგეცინება, მაგრამ იქ მინდა წასვლა, შენ რომ ამას წინათ იყავიო.
მონტანა?
მონ-ტაჰ-ნა. ხო, მონ-ტაჰ-ნა. წავიდოდი მანდ, ვიცხოვრებდი მწვანეში ჩაფლულ სახლში, იქნებოდა სიმშვიდე და იდილია, არავითარი ნერვიულობა და თავის ტკივილი. მომეცი ათი მილიონი და წავალ მონ-ტაჰ-ნაში. წავალ და ჩემს სახელსაც ვეღარასდროს გაიგებო.
![]() |
13 ცრემლიანი სათვალე |
▲back to top |
გიორგი გვახარია
ნაწილი მეხუთე 1978
„ენით კი ვის არ შეუცოდავს?“
(ზირაქისა.19.16)
ენა და ენები
რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ანდრეი ტარკოვსკის მთელ შემოქმედებაში ერთადერთი სცენა მიყვარს, და ისიც მისი გადაღებული არ არის. ესაა „სარკის“ პროლოგი, გრძელზე გრძელი კადრი, რომელშიც საბჭოთა ლოგოპედი ცდილობს 14-15 წლის ბიჭს ენა ამოადგმევინოს. ხომ გახსოვთ, როგორ ჩააცივდება თეთრხალათიანი ქალბატონი, გაიმეორე, ბიჭო, „Я могу говорить!“, „Я могу говорить!“.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, „ლოგოპედიის“ განმარტებასთან ერთად, აღნიშნულია, რომ სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის დეფექტოლოგიის ინსტიტუტში ამ დარგში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ენაბლუობა ჩვენში დეფექტად, ნაკლად ითვლებოდა... არადა, „სარკის“ პროლოგში ეს საწყალი ბიჭი უნარშეზღუდულად სულაც არ გამოიყურება; ყოველ შემთხვევაში, უფრო სიმპათიურია, ვიდრე ექიმი-ჰიპნოზიორი, რომელიც ისე უყვირის, - მიდი, მიდი, გამოთქმით და მკაფიოდ თქვი: „я могу говорить“-ო, რომ მაყურებელს შიშისგან ენა მართლაც შეიძლება ჩაუვარდეს.
მაგრამ „ქაჯანასი“ არ იყოს, დაშინება და მუქარა ყველაზე ერთნაირად როდი მოქმედებს. „სარკის“ პროლოგში ბიჭი მაინც გაათავისუფლებს ენას ბორკილებისგან და სანამ ეკრანზე ანდრეი ტარკოვსკის სახელი და გვარი გამოჩნდება, გამართულად იტყვის „Я могу говорить!“.
1978 წელს, როცა რეჟისორი თბილისში, „ოფიცერთა სახლში“, პირადად დაესწრო „სარკის“ ჩვენებას, ჭკვიანი ქართველი მაყურებელი ადვილად მიხვდა ტარკოვსკის მინიშნებას - “არაერთხელ სცადეთ ჩემი გაჩუმება, არაერთხელ დამადეთ ბორკილები (მათ შორის ენაზე), მაგრამ მაინც ვერ გამაჩერებთ, ვერ დამიმორჩილებთ, რადგან „Я могу говорить!“... თითქოს ამას ეუბნებოდა ტარკოვსკი თავისი შემოქმედების დამთრგუნველებს...
პუბლიკას კი ძალიან უყვარს, როცა რეჟისორი თვალს უკრავს ხოლმე და ეუბნება, ხომ მიმიხვდი, ჩემო საყვარელო მაყურებელო... რა ვქნა, პირდაპირ გეტყოდი ჩემს სათქმელს, მაგრამ საერთო მტერი გვიშლის ხელსო. „ოფიცერთა სახლში“, ცოცხალი ტარკოვსკის სანახავად მოსულ პუბლიკას უხაროდა, მას და ტარკოვსკის „საერთო მტერი“ რომ აღმოაჩნდა. ამიტომაც შესცქეროდა გაბრწყინებული თვალებით 70-იანი წლების საბჭოთა კინოს ყველაზე პოპულარულ რეჟისორს. ფილმის დასრულების შემდეგ, უამრავი კითხვა დაუსვეს; სულელური კითხვებიც იყო და ჭკვიანურიც. კითხვა-პასუხის საღამოს დასრულების შემდეგ, ტარკოვსკიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ფილმებში არ არსებობს მეტაფორები და სიმბოლოები; რომ იგი მხოლოდ კინოსახეებით აზროვნებს. გაიხსენა შეხვედრა მაყურებელთან, რომელიღაც რუსულ პროვინციაში, სადაც „სარკის“ დამთავრების შემდეგ, იქაურ ინტელექტუალებს ფილმის „მეტაფორულ ენაზე“ დაუწყიათ მსჯელობა, დისკუსია გვიან ღამემდე გაგრძელებულა... ბოლოს, დარბაზში დამლაგებელი შემოსულა და უთქვამს, აღარ ამთავრებთ? რას ლაპარაკობთ ამდენს, მარტივი ფილმია, კაცი მთელი ცხოვრება ცოდავდა და ახლა ინანიებსო...
„ამ დამლაგებელმა ქალმა ყველაზე კარგად გაიგო ჩემი ფილმი!“ - ბრძანა ტარკოვსკიმ და, ცოტა არ იყოს, დააბნია „ოფიცერთა სახლში“ ტარკოვსკის (და ერთმანეთის) სანახავად მობრძანებული თბილისელი სნობები.
მეც, მათ შორის.
მაგრამ საბჭოთა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დარბაზში (სადაც ფილმის მსვლელობისას, ხმა რიგიანად არასდროს ისმოდა, სკამები კი ისეთი იდგა, სეანსის დასრულების შემდეგ ვერანაირი ტკივილგამაყუჩებელი ვერ შეძლებდა თქვენი წელის მორჯულებას), ტარკოვსკისთან შეხვედრას მხოლოდ სნობები არ ესწრებოდნენ. უკანა რიგებში იჯდა და ხმაურობდა ციხიდან ახლადგათავისუფლებული სერგო ფარაჯანოვი, რომელმაც რუს რეჟისორს მანამდე დიდი „პრომოუშენი“ გაუკეთა - რუსთაველზე გაასეირნა!
მთაწმინდელი ფარაჯანოვისთვის რუსთაველის პროსპექტი თითქმის მშობლიური ეზო იყო - აქ მას ყველა ცნობდა და ესალმებოდა. „ხუთი მანეთი მომეცი და ცოცხალ ტარკოვსკის გიჩვენებ“ - ეუბნებოდა თურმე გამვლელებს. მერე მართლა ართმევდა ფულს და მის გვერდით ატუზულ ანდრეი არსენიევიჩზე მიუთითებდა. ასე შეუგროვა ფარაჯანოვმა „სარკეს“ მაყურებელი და ცოტა ფულიც გააკეთა.
„სერჟიკამ როცა გამაცნო, უფრო სიმპათიური ჩანდა ეს კაცი“ - მითხრა ტარკოვსკის საღამოს დასრულების შემდეგ ჩვენი, ე.ი. აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგემ, ლევან რჩეულიშვილმა, რომელსაც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ნაცნობები, მეგობრები, ყველა „ბატონ ლეოს“ ეძახდა და, მგონი, ამქვეყნად არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უხდებოდა ეს სიტყვა - „ბატონო“.
თორემ „ბატონოთი“ ვის არ მივმართავთ! მეც „ბატონო გოგის“ მეძახიან სტუდენტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ (იმედი მაქვს!), ერთმანეთში სულ სხვანაირად მიხსენიებენ... ასე იქცევა ყველა სტუდენტი ამქვეყანაზე. ასე ვიქცეოდით ჩვენ. მაგრამ ლევან რჩეულიშვილს ერთმანეთშიც ასე ვიხსენიებდით - „ბატონი ლეო“.
„ბატონო ლეო, თქვენც აქ ხართ?“ - მისმა დანახვამ მარ თლა ძალიან გამაკვირვა. ჩემს მასწავლებლად კი ვთვლიდი, მაგრამ კინოს მიმართ მისი ინტერესი არასდროს შემიმჩნევია. უფრო პირიქით, რამდენჯერმე ღიმილით მითხრა, გატყობ, სახვითი ხელოვნება აღარ გაინტერესებს, კინოსკენ იხრები... რა ჯანდაბად გინდა ეს შემოქმედება, ჩვენ გვინდა, რომ მეცნიერი გამოხვიდეო.
ამ სიტყვას - „შემოქმედებას“ რაღაცნაირი ირონიით ამბობდა. არ ვიცი, როგორ ავხსნა... რომ მხედავდეთ ახლა, ჩემი ხმა რომ გესმოდეთ, აუცილებლად განვასახიერებდი და ყველაფერს მიგახვედრებდით, მაგრამ ვაი, რომ ამის საშუალება არ გვაქვს.
თანაც, რაღაცის გადალახვის, დაძლევის, გადაბიჯების ტარკოვსკისეული ვნება არასდროს მახასიათებდა (პრინციპში, სწორედ ეს ვნება აერთიანებს მის ფილმებს). თუ რაღაც არ გამოდის, ერთხელ შეიძლება გამოვუძახო იმას, ჩვენ რომ ვიცით... მაგრამ თუკი არ მოისურვა მოსვლა, აღარ შევაწუხებ, არც თავს დავიტანჯავ, და მითუმეტეს, სხვასაც არ გავაწვალებ... შეიძლება სწორედ ამ ტარკოვსკისეულად დაჟინებულ, მსუბუქი მაზოხიზმით შეზავებულ ვნებას უწოდებდა ბატონი ლეო „შემოქმედებას“?
აი, ახლაც მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ერთი საათი, რომელიც ტარკოვსკის საღამოს დასრულების შემდეგ, ლეო რჩეულიშვილთან ერთად გავატარე, ჩვენი გასეირნება რუს თაველზე - მარჯანიშვილის მიმართულებით (იგი სწორედ მარჯანიშვილზე, დღევანდელ ჩუბინაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა), ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომელიც „იმას“, ჩვენ რომ ვიცით, ოდესმე გამოუგზავნია ჩემთვის. მაგრამ ამას სიტყვებით ვერ აგიწერთ! უნდა ხედავდეთ ამ სეირნობას და გესმოდეთ 70 წლის მოხუცის ხმა.
- აი, შეხედე, გოგი... კავშირგაბმულობის სახლის ავტორს ძალიან უნდოდა მთავარი ფოსტის „იმელის“ შენობასთან ერთ ანსამბლში გაერთიანება... მიუსადაგა კიდეც მისი ფორმები 1938 წელს აგებულ შჩუსევის შენობას. ასე რომ, რუსთაველზე ახლა ერთმანეთის გვერდით ორი „ღონიერი“ სახლი დგას.
ეს მაშინ ბრძანა, ცენტრალური ტელეგრაფის ახლადაშენებულ შენობას როცა ჩავუარეთ. უნდა მეთქვა, უი, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მართლაც როგორ მოუხდა სტალინის ეპოქის ეს სიმბოლო შევარდნაძის ეპოქის სიმბოლოსმეთქი, მაგრამ არ მაცალა
- მოდი, იქით გაიხედე, მეორე მხარეს... „ივერიას“ შეხედე! „მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტს“ დამორჩილდა, მაგრამ „ივერია“ გადაავიწყდა - ეს გამჭვირვალე, მსუბუქი „ყუთი“, თითქოს ჰაერში რომაა ჩამოკიდებული, თითქოს საყრდენი რომ არ აქვს... ახლა „ფოსტა“ და „იმელი“ ერთ ხმაში უბრძანებენ „ივერიას“, დაგვეკარგე აქედან, გადავარდი მტკვარშიო!
ამ „ტელეგრაფის“ გამო, დღევანდელ რესპუბლიკის მოედანზე ჩემი საყვარელი კაფე „მეტრო“ დაანგრიეს. დიდი ვერაფერი შენობა იყო, მაგრამ „ივერიას“ მართლაც ძალიან უხდებოდა. თანაც, ყველაფერთან ერთად, სწორედ იქ გავიცანი „მეტროს“ სახელგანთქმული ოფიციანტი, დღეს კი ლამის კრემლის მთავარი ექიმბაში ჯუნა დავითაშვილი. მაგრამ ჯუნაზე სხვა დროს... ისევ ბატონ ლეოს დავუბრუნდეთ.
- აი, ასე განდევნა 30-იანი და 70-იანი წლების სტილმა მსუბუქი, ნაზი და ჰაეროვანი 60-იანი წლების ენა. დღეს გაყინული ქვების დრო დადგა!
ელბაქიძის ხიდს როცა მივადექით, კიდევ ერთხელ შეხედა „ივერიას“:
- სერჟიკამ მითხრა, ეგ ტარკოვსკი თავის ოჯახთან ერთად „ივერიაში“ გაჩერდაო... თუმცა არა მგონია, ოდესმე მაინც დაფიქრებულიყო ასეთ რაღაცეებზე.
მაშინვე შევეწინააღმდეგე, ჩემი საყვარელი სცენა გავახსენე - „Я могу говорить!“
გაეღიმა და უცნაური რამე თქვა: „ენას მხოლოდ მეტყველების და ღეჭვის ორგანოდ აღიქვამენ, მაგრამ ენა ხომ გემოვნების ინსტრუმენტიცაა?“
თავი კი დავუქნიე, მაგრამ ვერ მივხვდი, რა კავშირი ჰქონდა ყველაფერ ამას ტარკოვსკისთან. ამიტომ თემას გადავუხვიე და აკადემიის ამბებზე დავუწყე ლაპარაკი. მარჯანიშვილის მოედანზე, სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებოდით, ისევ ჩემს გეგმებზე მკითხა, ერთ წელიწადში აკადემიას დაამთავრებ, მოიფიქრე მაინც რას აპირებო?
გადაწყვეტილი ამბავია, მოსკოვში მივდივარ, „ვგიკში“ უნდა ჩავაბარო სარეჟისორო ფაკულტეტზე-მეთქი, - ვუთხარი ამაყად.
„ეგ ტარკოვსკი გინდა გამოხვიდე და ხალხს ჰიპნოზები უკეთო?“
მე მითხრა ეს, მაგრამ ამავე დროს, თითქოს, ტარკოვსკის ყველა ფანატს მიაძახა, - იმათ, ვინც ანდრეი არსენიევიჩს ლამის საბჭოთა კულტურის მესიად აღიქვამს.
რა თქმა უნდა, იგი თეთრ ხალათში გამოწყობილი ჰიპნოზიორია და არა „დეფექტური ყმაწვილი“! ენაბლუები და ენა-ჩლუნგები მისთვის ჩვენ ვართ, მაყურებელი... ჩვენ გვაჯადოვებს, ჩვენ გვართმევს თავისუფლებას, რადგან თავად არ არის თავისუფალი!
ოჰ, მაინც როგორი ეშმაკი იყო ეს ფარაჯანოვი, თბილისში აქეთ-იქით რომ ატარა რუსული კინოს მესია და მასზე ფული რომ გააკეთა, მერე კი უთხრა, სანამ ერთი რაღაცის გემოს არ გაიგებ, შენგან რეჟისორი არ დადგებაო...
ბატონი ლეო მიხვდა, რომ მისმა სიტყვებმა ძალიან დამაბნია. აფთიაქში შევალ, მაგ შენმა „სარკემ“ თავიც ამატკივა და წელიცო. ჩემი „მარშრუტკის“ დანახვაზე ბოდიში მოვუხადე და საბურთალოსკენ გავემართე. პლეხანოვის პროსპექტზე ქუჩის განათებას ცვლიდნენ. კინო „ოქტომბერთან“ ახალ სარეკლამო ფარს კიდებდნენ - „ორშაბათიდან. ახალი ფერადი, ფართოფორმატიანი ფილმი „კლეოპატრა“.
მეორე დღეს თბილისელები შტურმით აიღებენ „ოქტომბერს“, სეანსის დასრულების შემდეგ კი იტყვიან: „აუ, რა სიმდიდრეა!“...
მაგრამ 1978 წლის მარტში „კლეოპატრასთვის“ ყველას როდი ეცალა.
24 მარტს გაზეთებში გამოქვეყნდა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომლის 75-ე პუნქტში აღნიშნული იყო: „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში დასაშვებია რუსულთან ერთად ყველა სხვა ენის გამოყენება, მოსახლეობის სურვილის მიხედვით“... „დაუშვებელია რომელიმე ერთი ენის უპირატესობა“.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გაზეთებს თითქმის არ კითხულობდნენ. უმრავლესობამ არც 25 მარტს, აკადემიის კარებზე დაკრულ ორ უზარმაზარ პლაკატს - მიკ ჯაგერის სახელგანთქმულ ენას და ენაგამოყოფილი აინშტაინის პორტრეტს მიაქცია ყურადღება.
დანახვით კი დაინახეს, რა თქმა უნდა. იხალისეს, ვიღაცამ „როლინგების“ რომელიღაც ჰიტიც დაამღერა, მაგრამ ამ პლაკატების არსს სტუდენტები მხოლოდ მაშინ ჩავწვდით, როცა 13 აპრილს, პრორექტორის ბრძანებით, დიდ დარბაზში შეგვყარეს და კონსტიტუციის ახალი პროექტის მნიშვნელობა აგვიხსნეს.
აკადემიის სააქტო დარბაზში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ასეთი თავყრილობა ხშირად ეწყობოდა ხოლმე. 1978 წელს აქ ბრეჟნევის წიგნის, „მალაია ზემლიას“ კოლექტიური კითხვაც კი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება ჩაიშალა - ხალხი ვერ შეაგროვეს.
მაგრამ რექტორატმა ამჯერად იყოჩაღა - ჯაგერისა და აინშტაინის ენებით გაფომებული კარი ჩაკეტეს, სტუდენტები ლექციებიდან გამოიყვანეს და დარბაზში შეყარეს. უფრო მეტიც, ჩვენს „ნატურშჩიცებსაც“ უბრძანეს, ახალი კონსტიტუციის პროექტის ტექსტს გაცნობოდნენ. მერე რა, რომ ამ ქალბატონების უმრავლესობამ ქართული კარგად არ იცოდა! ქართულ-რუსულად ილაპარაკებდნენ! მითუმეტეს, ასეთი საუბარი 70-იანი წლების საქართველოში უკვე კარგ ტონად ითვლებოდა. ბევრი არ გვყავდა ნოდარ წულეისკირის მსგავსი ხალხი, რომელმაც მწერლებთან შევარდნაძის შეხვედრაზე, ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ თავისი პროტესტი ღიად გამოხატა.
რუსეთიდან თბილისში ჩასახლებული ჩვენი „ნატურშჩიცები“ („не первой свежести“, როგორც თავად რუსები იტყოდნენ მათ შესახებ) ეპიზოდურ როლს ასრულებდნენ კოლონიალისტურ მითში, რომელსაც, ისევე როგორც ყველა მითს, ირაციონალური ვნებები და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება წარმართავდა. უყურებს რუსი ბაზარში, ყვავილების თაიგულით ატუზულ ქართველს და სიამოვნებს, რომ უფრო „ცივილიზებულია“... დროდადრო კავკასიაში მოგზაურობის სურვილიც უჩნდება, რათა ამ სიამოვნებას „ლაივში“ ჩაწვდეს და ცხოვრება გაიხალისოს. მერე კი ლექსები წეროს კავკასიელ ჯიგიტებზე, ან, პოეზიის ნიჭი თუ არ აქვს, გაშიშვლდეს და პოზაში დადგეს ქართველების გულის (და არა მარტო გულის) გასახარებლად.
ესეც ხომ თავისებური „განმანათლებლობაა“ - იმის მტკიცება, რომ არის კულტურა და არის „ველურობა“, არის ცენტრი და არის პერიფერია. „ცენტრის“ გაგებით, „ველურები“ ვართ ჩვენ, ქართველები, რომელთაც ქართველი „ნატურშჩიცა“, უბრალოდ, ვერ წარმოგვიდგენია. გვირჩევნია „ჩრდილოეთის პატარძლები“ ვხატოთ, მაშინაც კი, როცა მაინცდამაინც „მაღალი ხარისხის“ არ არის ეს საქონელი.
მერე რა! სამაგიეროდ ენა აქვს გრძელი.
აკადემიის ნატურშჩიცები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, რომელიც კონსტიტუციის 75-ე მუხლს ეხებოდა. რა მნიშვნელობა აქვს, რუსულად ვილაპარაკებთ თუ ქართულადო, ჩვენ ხომ მაინც გვესმის ერთმანეთისო. მერე სტუდენტებს მოგვმართეს, არ აყვეთ „ნაციონალისტების“ გამოხდომებს, რა თქვენი საქმეა ენა, მხატვრები ხართო.
პრორექტორს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. ჩვენს ჯგუფს ვერ იტანდა (ერთხელ „ჩაგვავლო“, როგორ ვსვამდით თეატრის მხატვრებთან ერთად აკადემიის ერთ სახელოსნოში და 3 თვით სტიპენდიები მოგვიხსნა), ამიტომ ყურადღებით აკვირდებოდა ხელოვნებათმცოდნეების რეაქციას. მით უმეტეს, მხატვრებისგან განსხვავებით, სწორედ სიტყვა იყო ჩვენი პროფესიის „ინსტრუმენტი“, ახლა კი აშკარა გახდა, რომ ამ სიტყვასაც გვართმევდნენ.
ლეო რჩეულიშვილმა კარგად იცოდა ჩვენი ხასიათი. მოგვიახლოვდა და გვიჩურჩულა, ხვალ უნივერსიტეტი რაღაცას გეგმავს, გემუდარებით, არ აყვეთ იმათ, ქუჩაში არ გახვიდეთ, ლექციებზე ისხედითო.
რაღაცნაირი ნაღვლიანი ღიმილით გვითხრა ეს. თითქოს ძალიან დაღალა ამ სიტყვებმა, ძალიან დააბერა. ჩვენს პასუხს აღარ დასცალდა. დაიხურა ქუდი და იქაურობას გაეცალა.
საშინლად გვეწყინა. ვიცოდით, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტის წინააღმდეგ უნივერსიტეტში ამ დროს ხელმოწერებს აგროვებდნენ. იმავე დღეს გავიგეთ, რომ შევარდნაძე უნივერსიტეტის დეკანებს შეხვდა და მოუწოდა, დემონსტრანტები შეეჩერებინათ, რათა 1956 წელი არ განმეორებულიყო. „გაუფრთხილდით ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ოქროს ფონდს“ - უთქვამს შევარდნაძეს და დაუმატებია, რომ თბილისთან განლაგებული მე-8 პოლკი მოსალოდნელი დემონსტრაციის დასარბევად სრულ მზადყოფნაშია.
ბატონი ლეო შევარდნაძის სიტყვებს იმეორებდა?
შეშინებული თაობა! ლაჩრები! 1937 წლით დაავადებულები! რუსების მონები! გამყიდველი ქართული ინტელიგენცია!
ეს სიტყვები გვიტრიალებდა ყველას იმ ღამეს. მგონი არავის გვეძინა.
როლან ბარტის ნაშრომები წაკითხული არ გვქონდა, ამიტომ ვერ ვხვდებოდით, რომ ჩვენი აღელვება, შფოთვა „ენის წართმევის“, მოსალოდნელი კასტრაციის შიშმა განაპირობა; დაახლოებით იმას გვიპირებდნენ, რასაც პაზოლინის „სალოში“ აკეთებენ ქვეყნის ბატონ-პატრონები - ენას გვაჭრიდნენ!
არადა, ენა ხომ თავის ქალას უკავშირდება, ე.ი. ჩვენს იდენტურობას გამოხატავს.
რამდენჯერ გვიტირია ბავშვობაში, როცა მშობლები ხელიდან გვგლეჯდნენ ქაღალდებს, წიგნებს, კალმისტრებს, ფერად-ფერად წამლებს, ღილებს, ჩვენსავე თითებს და ზოგჯერ სხვის თითებსაც... ყველაფერს, რაც სამყაროს შეცნობაში დაგვეხმარებოდა - პირით და ენით შეცნობაში! გვინდოდა, ძალიან გვინდოდა „გემო გაგვესინჯა“ სამყაროსთვის. ისინი კი, ჩვენი აუტანელი მშობლები, უგემურ სათამაშოებს გვჩრიდნენ პირში, ოღონდ შენ გაჩერდი, აჰა, აი ეს წუწნე, რამდენიც გინდაო!
მერე იტყვიან, გემოვნება არ აქვსო!
აი, მაგალითად, ბატონი ლეო გემოვნებას დაუწუნებს ტარკოვსკის.
14 აპრილს, დილით, ლექციებზე რომ მივედით, ლეო რჩეულიშვილმა თვალი მოგვარიდა. ვიცოდით, რომ დილიდან მუშაობას შეუდგა საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ მოვქცეულიყავით. ბატონმა ლეომ კი გვაწყენინა, მაგრამ ვგრძნობდით, რომ მისი განაწყენება არ გვინდოდა.
გადაწყვეტილების მიუღებლობა საკმაოდ სასიამოვნო პროცესია. არჩევანს როცა ვერ აკეთებ, როცა არ იცი როგორ უნდა მოიქცე, „იმას“ უნდა დაელოდო. „იმან“ ხომ სწორედ გასაჭირში იცის მოსვლა.
„- გავედით გარეთ, უნივერსიტეტი დაიძრა!“ - მოგვაძახეს მომავალმა არქიტექტორებმა აკადემიის ეზოდან. სხვა გზა არ იყო. ვერც ბატონი ლეოს და ვერც ვერავის ხათრით, ლექციებზე ვერ დავრჩებოდით. მაგრამ, ღმერთო დიდებულო, ეს რა ხდება? რექტორატმა ისევ ჩარაზა აკადემიის შესასვლელი. დაიკეტა აბსოლუტურად ყველა კარი, რომელიც შენობიდან გასვლის საშუალებას მოგვცემდა.
„დაგვამწყვდიეს, დაგვამწყვდიეს!“ - ყვიროდნენ სტუდენტები. რექტორატი მთელი შემადგენლობით გამოვიდა გარეთ. იმ პრორექტორს, ჩვენ რომ ვერ გვიტანდა, მეგაფონი ეჭირა ხელში და ლექციებზე შესვლისკენ მოგვიწოდებდა.
ბატონი ლეო ეზოში არ იყო. „ხელოვნებათმცოდნეების სართულზე“, დერეფანში გველოდებოდა. იდგა თავისი ნაღვლიანი ღიმილით და გვათვალიერებდა. მახვილი მზერა რომ ჰქონდა, კარგად ვიცოდით, თუმცა ვერ ვხვდებოდით, რის თქმას აპირებდა. პატარა პაუზის მერე მოგვიახლოვდა და ძალიან ჩუმად გვითხრა:
„ათარბეგოვის მხარეს, ქალების ტუალეტში ფანჯარა ღიაა... თუ მაგრები ხართ, გადაძვერით! ოღონდ ქვეყანა არ შეყაროთ ახლა!“
ქვეყანა არა, მაგრამ აკადემია მაინც შევყარეთ. ჯერ ბიჭები გადავძვერით (იმ დღეს პირველად და უკანასკნელად ვნახე, როგორ გამოიყურებოდა მანდილოსნების ფეხსალაგი), მერე გოგოები გადმოგვყვნენ. ჭავჭავაძის ქუჩაზე რომ დავეშვით, მარცხენა მხრიდან უცნაური ხმები მოგვესმა - უნივერსიტეტის სტუდენტები და მასწავლებლები მოდიოდნენ. წინა რიგებში ქალები იდგნენ (აქ იმას არ გავიმეორებ, რასაც მთელი ცხოვრება ვამბობ!), აისედორა დუნკანივით მოძრაობდნენ, თითქოს თავიანთი პლასტიკით სხეულიდან გამოძრომას ცდილობდნენ. ვიღაცას (თუ არ ვცდები, თამრიკო ჩხეიძე იყო) უზარმაზარი პლაკატი ეჭირა, წარწერით - „მშობლიური ენა!“
შემეშინდა. მერვე პოლკის კი არა, ხალხის შემეშინდა. იმ არქიტექტურულ „ანსამბლს“ შევყურებდი, ლევან რჩეულიშვილმა რომ დამიხასიათა და ვიხსენებდი ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას, რომელიც მთლიანად გარემოსთან დიალოგზე იყო აგებული.
უილიამ ბლეიკისა არ იყოს, „ან სისტემა უნდა შექმნა, ან უნდა შეურიგდე იმ აზრს, რომ დაგიპყრობენ“. ჩვენ ვერ შევქმენით სისტემა. რუსებს ენა გამოვუყავით, გვეგონა, ასე აღვაგზნებდით და დავიმორჩილებდით. მათ კი მაკრატელი ამოიღეს და ენის მოჭრით დაგვემუქრნენ.
მაგრამ 14 აპრილის ეს აქცია იმდენად კარგად იყო ორგანიზებული, რომ 70-იანი წლების უსახო არქიტექტურული ფონი რამდენიმე წამში გაქრა ჩემი კადრიდან. ათი ათასმა ადამიანმა ადვილად გაიტანა პურის მანქანები, რომლებიც მთავრობის სახლის წინ საგანგებოდ ჩაემწკრივებინათ და „ჩემო კარგო ქვეყანა“ შემოსძახა. დემონსტრანტებიდან ათი მეტრის დაშორებით, მილიციონერები იდგნენ (ამბობენ, რომ შევარდნაძემ სასწრაფოდ შე ცვალა ეთნიკურად ოსი მილიციონერები ქართველებით, რათა დემონსტრაცია ეთნიკურ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო). მილიციონერებს იარაღი არ ჰქონდათ, მაგრამ მთავრობის დემონსტრაციის ორგანიზატორებს ვიღაცამ უთხრა, რომ მილიციონერების უკან იდგნენ კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც გასროლის ბრძანებას აუცილებლად დაემორჩილებოდნენ.
არც ამ მუქარამ შეაშინა ხალხი. სამედიცინო ინსტიტუტის გოგოებმა ჩანთებიდან პომადები ამოიღეს და თეთრ ხალათებზე დაიწერეს - „ენა!“
ცოტა ხანში მთავრობის სახლიდან კომპრომისული გადაწყვეტილება გამოიტანეს: „ქართული ენა - რესპუბლიკის ენა“, მაგრამ დემონსტრანტები ისევ გაჰყვიროდნენ: „სახელმწიფო ენა! სახელმწიფო ენა!“. მოგვიანებით ჩაირთო რეპროდუქტორები, რომლითაც დემონსტრანტებს სესიის მოსმენის საშუალება მიეცათ. შევარდნაძის სიტყვებზე - „მე კონსულტაციები მქონდა მოსკოვთან“ - მთავრობის სახლის წინ სტვენა გაისმა.
დაახლოებით 3 საათზე, მილიციის მანქანა გამოჩნდა. ისევ ჩაირთო რეპროდუქტორი: „თქვენი წინადადება მიღებულია, ახლა გამოაცხადებენ ტელევიზიით!“. ხალხმა არ დაიჯერა. თუმცა ცოტა ხანში შევარდნაძე თავად გამოვიდა მოედანზე და განაცხადა: „სახელმწიფო ენა იქნება ქართული“.
ამბობენ, რომ ცეკაში, უბრალოდ, არ ელოდნენ ამდენი ხალხის თავშეყრას მთავრობის სახლის წინ. არაფერმა გაჭრა - არც ახსნა-განმარტებითმა სამუშაოებმა, არც კონსტიტუციის „კოლექტიურმა კითხვამ“, არც სტუდენტების ჩამწყვდევამ.
თუკი გინდა, თუკი ძალიან მოინდომებ, ყოველთვის მიაგნებ გასასვლელს, აუცილებლად გამოძვრები. და, რაც მთავარია, თუკი ძალიან გინდა, ყოველთვის გამოჩნდება კეთილი ანგელოზი, შენი ცხოვრების ერთ-ერთი მეგზური, რომელიც გეტყვის, სად იმყოფება ეგ გასასვლელი.
მოინდომე მხოლოდ, ინატრე! თუ შეგიძლია ილოცე, ან იმღერე, ან იყვირე, აი ისე, ლაიზა მინელი რომ ყვირის „კაბარეში“... რაღაც გააკეთე, ოღონდ ტარკოვსკივით ნუ დაიტანჯები!
ლეო რჩეულიშვილი 1986 წელს გარდაიცვალა. მის გასვენებაზე ის პრორექტორიც იყო, 1978 წლის 14 აპრილს აკადემიის კარები რომ ჩაკეტა. მახსოვს, როგორ ცდილობდა წაეშალა შესასვლელზე მიკრული ფოტო ენაგამოყოფილი აინშტაინისა, რომელიც თითქოს გვეუბნება, ჩემმა ფორმულამ სამყარო შეცვალა, მაგრამ თუ მაგრები ხართ, აბა, ახსენით მისი მნიშვნელობაო.
მას შემდეგ, რაც ბატონ ლეოს სამუდამოდ დავემშვიდობე და მარჯანიშვილის მოედანზე აღმოვჩნდი, ის აფთიაქი დავინახე, ტარკოვსკის საწინააღმდეგო აბების საყიდლად რომ შევიდა ჩემი მასწავლებელი.
კარგი იდეაა! ვიღაც თუ გვძულს, ალერგია თუ გვემართება ვიღაცის დანახვაზე, თუკი გვაყრის, გვაძაგძაგებს, ალერგიის წამალი უნდა შევიძინოთ. იმას კი, ვინც გვძულს, თავი დავანებოთ, რადგან მისი ბრალი არ არის უგემურ სათამაშოებს რომ უტენიდნენ მშობლები პირში. მშობლების ბრალიც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ყველანი - ჩვენც, ჩვენი მშობლებიც, რუსი „ნატურშჩიცებიც“, აკადემიის ის პრორექტორიც, ის ჰიპნოზიორი ქალიც და ის ენაბლუ ბიჭიც, აინშტაინიც და ჯაგერიც, ყველანი, ჩვენ რომ ვიცით, „იმის“ შვილები ვართ.
![]() |
14 ჩინელი ანუ ინატრე რამე |
▲back to top |
ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
V სერია წინა სერიაში...
მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, გაგა - გიორგი ბაბალაშვილი, ედიკა - გურამ წიბახაშვილი, თათუთა - ნინო ხოშტარია, მამიკო - ლაშა ბაქრაძე, ლიკა - მაიკო აქუბარდია
© „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.
AUDIO
ჩამოიღეს კარი. ჯანდაბა!
ლიზას ბევრად ერჩივნა, კარებში ცელიანი სიკვდილი დაენახა. ან თელასის თანამშრომელი. ან გაჯავრებული ბულტერიერი. ან, ჰა, ჯანი გავარდეს, გაგას ცოლი - მაგრამ არა!
კარებში ექს-საყვარელი მამინაცვალი იდგა და მისთვის რომ გეკითხათ, მომხიბვლელად იღიმებოდა. ისე, ოდესღაც ლიზასაც ასე ეგონა ხოლმე.
რას იზამ, ქალები სუსტი სქესია, და ლიზას, გაწიე-გამოწიე, ოდესღაც უყვარდა ეს მამიკო. დღემდე ხედავდა ხოლმე ისეთ სიზმრებში, გაგას რომ გაეგო, ან თავს მოიკლავდა, ან ბერად აღიკვეცებოდა. კიდევ კარგი, შენს სიზმრებში მაინც არავინ იქექება, ლიზავეტა!
- შემომიშვებ? - ჰკითხა მამიკომ ლიზას.
- არა, - უპასუხა ლიზამ, მაგრამ რაა, რო... მაინც შემოვიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- სამზარეულოში არა! - დაიღრიალა ლიზამ ისე, რომ კაცმა თვინიერად იცვალა მხარი.
- მეფამილარულება აქ, ვირიშვილი, ურჩხული, - ბურდღუნებდა ლიზა, სხვათა შორის, არც ისე ხმადაბლა. კაცს ყურიც არ გაუბარტყუნებია, გააქანა და ტახტზე დაასკდა.
- შენ თვალებს ნუ მიბრიალებ, ჯიგარო, - მიმართა მან ლიზას. - შენი ნახვა სულ არ მინდოდა...
- მე ვაფრენდი, - უპასუხა ლიზამ.
- მორჩი ახლა!
- რატომ, მა?
კაცს შეეტყო, რომ ხელები ექავებოდა, ლიზამ კი სევდიანად გადახედა ფანჯრის რაფას - მშვენიერი ქოთნები და ლარნაკები ჰქონდა, დასალეწად დაენანა, არადა, რამე ხომ უნდა დაეშვა მამილოსთვის თავში...
- გოგო...
- გოგო მამაშენია!
- ლიზა, მოგხვდება!
ლიზამ ზუსტად იცოდა, რომ მოხვდებოდა, მაგრამ უკვე აკრეფილი ჰქონდა: წითელკანიანი მებრძოლის ყიჟინა დასცა და - თხლაშ! აფსუს, ფსევდოკუზნეცოვი...
მამილო ნამდვილად არ გახლდათ ჯაბანი, მაგრამ მხოლოდ ხელები აიფარა სახეზე. ლიზა მეტისმეტად საშინელი სანახავი იყო: გაჩეჩილი, გაჯავრებული, თვალებდაქაჩული და უწყვეტლივ მოღრიალე. ისეთებს გასძახოდა, მეც კი ვერ დავწერ, ხომ შეიძლება, „ჩინელი“ ბავშვებმა წაიკითხონ! კიდევ კარგი, გაგა გაჭირვებული ადრიანად წავიდა, თორემ იქ მორჩებოდა ლიზას პატარა ლავსტორიც და გაგას კეთილდღეობაც…
მამიკო, ლიზას ყოფილი საყვარელი, ამჯერად დედის ქმარი, ერთგვარი მამა, Хороший мужик, но не орел…
არადა, ამ დროს გაგა თბილად იჯდა მანქანაში და ცხოვრება მშვენიერი ეგონა. ის მიდიოდა შორს, შორს, ქალაქის და ქვეყნის ყველაზე იაფფასიან ბაზრობაზე, ისეთი კეთილშობილი მისიით, რომ თავადაც უკვირდა, ასეთი კეთილშობილი რა დედამ გამაჩინაო. გაგა ლიზასთვის ახალი, ჭრელი, მხიარული თეთრეულის და დიდი, ფერადი, ფუმფულა პირსახოცების ყიდვას აპირებდა.
რა მაგარია ცხოვრება, ფიქრობდა გაგა. მივა მერე თბილ სახლში, ლიზა პარკებში ჩაიხედავს, გადაირევა, მერე გაგას მოეხვევა, ეტყვის, გაგა, შე მაგაროო, ეს რამ მოგაფიქრაო, და გაგა ეტყვის, ეს თეთრეული უფრო იოლი მოსავლელია, გაავლებ და მორჩა, არც უნდა დააუთოვოო... არა, მაიცა, ეგ რომ უთხრას, ლიზა ეტყვის, რა იციო და ცოლი გაახსენდება, მერე აკრეფს და მარიშკასაც წააძახებს, მერე ხოტეი და რა აღარა... არა, არაფერსაც არ ეტყვის გაგა, უბრალოდ, ღირ სეულად გაუღიმებს და „ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდაო“...
- ...ორი ბიჭი იყო, რა, - ჰყვებოდა ტაქსის მძღოლი. - ბიძაჯან, გლდანიო. ბნელა, რა გლდანი?! მეთქი, შვილებო, გლდანი არა, საბურთალო! დანა წასხნეს. მე აქედან - თრახ! ცეპი. ვისა, თქვე ახვრებო?!
ძია თავისას ლაპარაკობდა, გარეთ, თოვლ-ჭყაპში, ხალხი რაღაცას მოძრაობდა, გაგა კი ოცნებობდა... კარგი დილა იყო.
. . .
ცხოვრება რომ მოულოდნელობებით აღსავსეა, ლიზამ ისედაც იცოდა, მაგრამ იმის გაგონებას ნამდვილად არ ელოდა, რაც ცოტა არ იყოს დამფრთხალმა მამიკომ უამბო. ო, ამხელა უბედურებას ნამდვილად არ ელოდა ლიზა!
მამიკო, რომლის ზოდიაქოს ნიშანიც ღრიანკალი გახლდათ, მზის პირველ სხივებთან ერთად მოევლინა დედამიწას და შესაბამისად, ასცენდენტიც ღრიანკალში ჰქონდა - მტერს და ავის მოსურნეს! ეს მამიკო ფულს აკეთებდა, თან ისე კი არა, ლიზა ან თუნდაც ედიკა რომ ჯახირობდნენ, არა, სერიოზულად. მამიკო ყველგან ყველაფრის წილში იჯდა და ყველაფერს ფულად აქცევდა, მავნე ჩვევები არ ჰქონდა და ნუ დავუკარგავთ, ხელგაშლილი არსებაც იყო. მოკლედ, მამიკომ ივარგა და - გაჯავრდი, ლიზა! დედიკოს ძალიან გამოადგა.
მაგრამ ვაი, - გაიხარე, ლიზა! ვაი, რომ დედიკო არ გამოდგა. იმის მერე, რაც განაცხადა, რომ შვილს აღარ გააჩენდა - ცხადია, არ შეეძლო, არა ფიზიკური, არამედ „ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების გამო“, იმის მერე, რაც ბრძანა, ვერ ვიტან, კაცი ღამეს სახლში რომ არ ათენებსო და მამას პასპორტი და ამსტერდამის ბილეთი დაუხია, იმის მერე, რაც - აღარ გავაგრძელებ, ხომ ისედაც გასაგებია? მოკლედ, ყველაფერ ამის მერე მამიკომ თქვა, მე ამდენ იდიოტიზმს ვეღარ ავიტანო. მორჩაო. წავედი მე ამსტერდამშიო - ამხელა სპეციალისტი კაცი რა, მეორე პასპორტს ვერ გააკეთებდა?! წავედი მეო - და ლიზასთან სწორედ ამის მოსახსენებლად მივიდა.
სხვა შემთხვევაში ლიზა სიხარულისგან გადაბჟირდებოდა, მაგრამ ახლა ამ ჩინებული წყვილის დაშლა - რასაკვირველია! ო, შენი ბედის ვარსკვლავი, ლიზა! ესეც მისი გადასახდელი გახდა.
რადგან დედიკოს ისტერიკა მოუთენებია, მარტოს როგორ მტოვებო! მე, დედიკო, მარტო როგორ ვიცხოვრებო! და რადგან იდიოტიზმი გადამდებია, მამიკომ აღმოაჩინა, რომ ქალის ცრემლების ატანა არ შეეძლო და ლიზას აუხსნა, დედაშენს შენთან დალაპარაკება არ შეუძლია, მაგრამ მარტოს ცხოვრებაც არ შეუძლია, და ამიტომ ისევ შენ, მაგარმა ლიზამ უნდა ივაჟკაცო, დედიკოს შეურიგდე და მიხედო და უპატრონოო.
დედიკოს ლიზასთან ლაპარაკი არ შეეძლო, მამიკომ კი შეძლო. კარგია. მთელი ამ საუბრის განმავლობაში ლიზა ცდილობდა, ამაყი, გოროზი და უკარება ყოფილიყო, მამა კი ამას არ იმჩნევდა, თავისი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი - ტყუილად ხომ არ ბრძანდებოდა ორგზის ღრიანკალი! დიალოგი დაახლოებით ასეთი იყო:
- სამაგიეროდ, იმ ბინას გააქირავებ, ფულიც გექნება, მეც მოგცემ ხოლმე ფულს...
- ამსტერდამიდან ბალახსაც ჩამომიტან ხოლმე, რომ მთლად გამოვდებილდე...
- ჰა, ლიზა?
- მადებილებ?
- ჰო. ჰა, ლიზა?
- ჩვენი ძველი სიყვარულის ხათრით?
- რა პრობლემაა, ბოლო ბოლო...
- იდი ნა ხუი, მამიკო...
- მოდი, კანიაკები დავლიოთ. ჰო? კიდევ რა ამოვიტანო?
და ლიზამ ისევ წააგო. სულ ასე მოსდიოდა: Лиза, пошли на сеновал. - Уговорил, речистый!
- სიგარეტი აღარ მაქვს. - უთხრა ლიზამ და გაუღიმა. ნაზად და მომხიბვლელად, როგორ იმ ძველ, კარგ დროს.
აქედან დასკვნა: ლოთობა, ისევე, როგორც იდიოტიზმი, დამღუპველია.
. . .
ედიკამ თავისი გოგო პირველად ნახა ატირებული და მიხვდა: ეს რომ კიდევ გაგრძელებულიყო, გული გაუსკდებოდა. მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, უთხრა, სირცხვილია, ხალხი გიყურებსო და ის სულ ჩაბჟირდა.
- უროდებიიი...
ედიკამ დაასკვნა, რომ ვიღაც უროდებმა მის ლამაზ გოგოს აწყენინეს, და სანამ გიგანტური ჩანთიდან გიგანტური ცხვირსახოცი ამოათრია, გეგმა დააწყო, მივუსევ იმ უროდებს მაქსიმას და სულ ინფარქტებს ავკიდებო.
არააა! უროდები რესტორანში მსხდომნი ყოფილან და საერთოდ, რა შუაში არიან! გავკარი ყველას! მიყურონ! უკეთესი არ ენახოთ! ააა!
გოგოს სულ სხვა, ეგზისტენციალური პრობლემები ატირებდა. კერძოდ, ის, რომ - ვეე!
- თქვი, გოგო!
სანამ გოგო ედიკასთან შესახვედრად ემზადებოდა, - უნდა ვაღიაროთ, რომ ეს, სულ მცირე, საათნახვრიანი საქმე იყო ხოლმე, - ტელევიზორში ფილმი აჩვენეს. გორეცი.
- რაა?
- გორეციიი! ააა!
მთიელი. ეს გავიგეთ. იმ ფილმის გმირი უკვდავია, მისი გოგო - მოკვდავი, და გოგო დაბერდა და გაუჟასდა და მერე მოკვდა! და ის კაცი დარჩააა!
- მეც დავბერდები და გავუჟასდები, და შენ მიმატოვებ და სხვა გოგოებთან წახვალ და ააა...
- მოიცა, და იმ გორეცმა თუ ვიღაც ჩემმა ფეხებმა რა, დაადო?
- არააა... - გოგომ ხმაურით მოიხოცა ცხვირი. - არა, ეუბნებოდა, ყველაზე ლამაზი ხარო და მე იმიტომ არ დავბერდი, რომ შენ ასე გიყვარვარო და მერე... ააა... ის გოგო, ბებერი რო გახდა და უჟასი, ხელში ჩააკვდა! ლოგინში! ალბათ, ჩაფსმულიც იყო...
არა, რა, თათუთა მაინც თათუთაა. და ედიკა ჩაირთო.
- გოგო, რა ბებერი უჟასი? ახლა პოსტმოდერნიზმის ხანაც უკან მოვიტოვეთ, ე, როდის! სასტავი გულებს იცვლის, კბილებს ისვამს, თმას იღებავს. რაღაც ოქროს ძაფებს იყრიან სახეში, და ვიაგრა და რა ვიცი, რა აღარაა. სქესს იცვლიან, გოგო, ვინ დაგაბერებს, აზრზე მოდი. კაცობრიობა მთვარეზე გაფრინდა!
- მთვარეზე გაფრინდნენ კი არა, თმებს ვერ მოერივნენ!
- რა თმებს?
- ფეხებზე! მადონაც კი ყოველდღე იპარსავს! წაკითხული მაქვს!
- მერე, შენ რა გენაღვლება. ისაა ბანჯგვლიანი, შენ ხომ არ გაქვს ჭარბი თმიანობა! მე ვიკითხო, რომ ასიანი ორმოცდახუთი წლის მოვკვდები, ასი წლის მერეც... და ვაბშე არ შევიცვლები და იასნია, მოგბეზრდები...
- უუუ... - ეს რა ცინგლიანი გოგო ყოფილა! - ხოტეის დედა...
რა სიტყვები ამოსდის პირიდან! აღარ გავაგრძელებ, თორემ იტყვით, ეს ჩვენი თათუთა რა ცინგლიანი და უზრდელი გოგო ყოფილაო.
ლიკა
სუპერმარკეტის ლიკა, ან კითხულობს, ან კაცებთან დაძვრება. კარგი გოგოა, არაფერი გვეთქმის.
. . .
სუპერმარკეტის გამყიდველი ლიკა, რომელსაც ორპირი და, კაცმა რომ თქვას, უმადური გაგა ზურგსუკან, ანუ ლიზასთან „ძუძუმზედ“ იხსენიებდა, სულ კითხულობდა. იჯდა, ღეჭავდა, ბუშტებს ატკლაცუნებდა და კითხულობდა. ის კითხულობდა ყველაფერს, „მგლებით“ დაწყებული და მომზენის „ძველი რომით“ დამთავრებული. წიგნებით, ძირითადად, ლიზა ამარაგებდა. სულ ერთი იყო, რას მიუტანდა, ლიკა ყველაფრისთვის მადლობელი იყო, ელვის სისწრაფით ჩაიკითხავდა ხოლმე თავისი სადღეღამისო მორიგეობის დროს და მერე საუკეთესო მდგომარეობაში უბრუნებდა პატრონს. ლიკას წიგნი წმინდათაწმინდად მიაჩნდა და სანამ ჩაუჯდებოდა ხოლმე, ჯერ გაზეთში გამოკრავდა, რომ არ დასვროდა. ლიზას ლიკაზე სულ გული უჩუყდებოდა, სანამ არ აღმოაჩინა, რომ მხოლოდ წიგნებით არ მოუმარაგებია, კაცებიც მიაწოდა, მაგალითად, გაგა. გაგას მეგასექსების ამბავი, როგორც უწინაც მოგახსენეთ, ლიზამ, ავად თუ კარგად, მოინელა, თავი დაიმშვიდა, რომ ლიკასთან კოტრიალი ისეთივე არაფრისმომცემი ამბავი იყო, როგორც მის მიერ ფსიქოანალიზის საწყისების კითხვა, მაგრამ რომ გაეგო, რომ ლიკას ინდური გადასაფარებლებით და ფერად-ფერადი სანთლებით სავსე სახლში ერთ დროს მამიკოც ხშირი სტუმარი ბრძანდებოდა, ამას ნამდვილად ვერ გადახარშავდა.
მამიკოს და დედიკოს დაქორწინებამ თავის დროზე ლიკასაც ძალიან მოუშალა ნერვები, რადგან ლიკას ლიზა გულით უყვარდა და ჩათვალა, რომ მისი ღალატი ერის ღალატის ტოლფასი იყო - ქალებს რას გაუგებ. ამიტომ სუპარმარკეტში მამიკოს გამოჩენას ლიკა, სოლიდარობის ამბავში, ფრიად გულგრილად შეხვდა - „24 საათში“ გამოკრული აკაკი ბელიაშვილის თხზულებათა მესამე ტომი გვერდზე გადადო და ძალიან მკაცრად ჰკითხა:
- რა გინდათ?
- როგორ ხარ, ლიანა? - მამიკო ასეთებს არ ეპუებოდა ხოლმე. - „გალუაზი“, წითელი.
- ლიზიკო „გალუაზს“ აღარ ეწევა, - მიუგო გაჯავრებულმა ლიკამ. ვერ იტანდა, ლიანას როცა ეძახდნენ ხოლმე.
- კაი, მაშინ ერთი რასაც ლიზა ეწევა და „გალუაზი“ მე.
ლიკამ მხოლოდ იმით შეძლო თავის დამშვიდება, რომ მამიკოს ცხოვრება გაუჭირდა, თორემ რატომ დაიწყებდა მოწევას...
. . .
მესამე ჭიქის მერე ლიზამ უცებ იფიქრა, რომ ეს მისი ჯოჯოხეთია - აი, ასე, სულ სხვადასხვა კაცებთან ერთად უაზროდ ჯდომა და სმა. ღრიანკალ მამიკოს შხამიანმა კუდმა რაღაცა უგრძნო და დაიძაბასავით. ის-ის იყო, კარგად ნაცადი რადიკალური ზომებისთვის უნდა მიემართა - ვაი, შე საწყალო ლიზა! როგორ ყველამ იცის შენი სუსტი წერტილები! - და ოთახში გაგა შებლაყუნდა, გაბრჭყვიალებულ-გაბედნიერებული, დათოვლილი და გაყინული, დიდი პარკებით და იღლიაში ამოჩრილი აბსოლუტურად ალოგიკური თაიგულით.
შემობლაყუნდა და შედგა. „ეს ვიღაა,“ ფიქრობდა გაგა. „აღარ შემიძლია ამდენი ახალ-ახალი ედიკები“.
- მოხვედი, ჩემო სიცოცხლე ? - წამოდგა ლიზა და თვითონ დაიზაფრა: ეს რამ ათქმევინა! გაგამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და დამფრთხალი მიაჩერდა ლიზას.
გააფრინა?
მთვრალია?
მიკბენს?
ლიზამ მზრუნველად ჩამოართვა ჩანთები, გაშეშებულ გაგას ქურთუკის ღილები შეუხსნა - ვაიმე! მწარედ გაახსენდა ლიზას დაფშვნილი ლარნაკი, მაგრამ ჯანდაბას, ქოთანს სტაცა ხელი და გაგას მოტანილ თაიგულთან ერთად სამზარეულოში გააცუნცულა.
გაგა მამიკოს პირდაღებული უყურებდა.
- რა დაემართა ?
ლიზა სამზარეულოდან იძახდა, ბოლო, ხაფი ხმით:
- ეს გაგაა, ჩემი ყველაზე საყვარელი კაცი. ყველაზე მაგარი ფოტოგრაფი და ყველაზე მაგარი ბიჭი.
მერე შემოვიდა, ყვავილებიანი ლარნაკი ფანჯრის რაფაზე დადგა და თქვა:
- გაიცანი, გაგ. მამაჩემი.
ისიც წამოდგა.
- მამიკო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში >>>
![]() |
15 მუსიკა |
▲back to top |
გიორგი მარი
EMBRACE - OUT OF NOTHING
ჯგუფი Embrace-ის წევრები წარმოშობით ჩრდილოეთ ინგლისელები არიან. მათი შემადგენლობა ასეთია: Mc Namara, ძმები Dany და Richardi, ბასისტი Steve Firth, დრამერი Mike Heaton და კლავიშიანი ინსტრუმენტები - Mickey Dale.
1998 წელს სტუდიასთან კონტრაქტის შედეგად გამოშვებულმა სადებიუტო ალბომმა the good will out ბრიტანული ჩარტების პირველი ადგილი მალევე დაიკავა. მაგრამ შემდგომში გამოსულმა ორმა ალბომმა drawn from memory (2000) და if you've never been (2001) ხალხის ნაკლები გამოხმაურება ხვდა წილად. 2002 წელს ჯგუფს სტუდია
Hut records-იდან წამოსვლა მოუწია. 2004 წელს კი სტუდია EMI-სთან კონტრაქტი გააფორმეს და 2005 წელს გამოვიდა embrace-ის ახალი, საკმაოდ წარმატებული ალბომი out of nothing, რომელიც ისევ ბრიტანული ჩარტების პირველ ადგილას აღმოჩნდა.
ალბომი 10 სიმღერისგან შედგება. პირველია „A glorious day“, რომელიც coldplay-ს ვოკალისტის, Chris Martin-ის მიერაა დაწერილი. გამორჩეულად კარგია „ashes“ და „gravity“, თავიანთი 90-ანების ბრიტ-პოპ ჟღერადობით. და საერთოდ, ალბომი საკმაოდ კარგი მოსასმენია ბრიტანული მუსიკის ყველა მოყვარულისთვის და არა მარტო მათთვის.
SCISSOR SISTERS - SCISSOR SISTERS
ამერიკული dance-rock ჯგუფი Scissor sisters 2001 წელს, ვოკალისტ Jake Shears-ის და Babydaddy (Scott Hoff man)-ის მიერ დაარსდა. შემდგომში მათ შემოემატა ჯგუფის დანარჩენი წევრები: Ana Matronic (ვოკალი), Del Marquis (Derek Gruen) (გიტარა) და Paddy Boom (დასარტყამი ინსტრუმენტები). მათი პირველი სინგლი „Laura“ 2003 წელს გამოვიდა, რომელმაც დიდი ყურადღება ვერ დაიმსახურა. მხოლოდ ჟურნალი NME (mew musical express) გამოეხმაურა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ჟურნალია ბრიტანეთში. 2004 წელს ჯგუფი პოპულარული ხდება და უშვებს პირველ სადებიუტო ალბომს, ჯგუფისვე სახელწოდებით „scissor Sisters“, რომელიც ბრიტანეთში 2005 წლის best selling album გახდა და ჯგუფ Keane-საც კი სერიოზული კონკურენცია გაუწია.
ალბომი საინტერესოა თავისთავად და სავსეა ნაცნობი, მივიწყებული მელოდიებით. მაგალითად, pink fl oyd-ის „comfortably numb“-ის cover-ვერსია, რომელიც წმინდა წყლის disco-ა და არაფერი საერთო არ აქვს pink fl oyd-თან. ასევე, „take your mama out“ მშვენიერი track-ია, რომელსაც Bee Gees-ის გავლენა აშკარად ემჩნევა. ყველაზე საინტერესო კი „laura“ და „better luck next time“ არის.
GRAHAM COXON - HAPPINESS IN MAGAZINES
Graham Coxon-ი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ბრიტანული ჯგუფი blur-ის ეხ-გიტარისტი. მან ჯგუფის შვიდი ალბომის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, 1991 წლიდან 2002 წლამდე.
ჯერ კიდევ blur-ის გიტარისტმა, Graham Coxon-მა, თავისივე სტუდიის მეშვეობით, სამი სოლო ალბომი გამოუშვა. ესენია: „The sky is too high“ (1998), რომელიც უფრო ინგლისური ფოლკლორული მუსიკის და 60-იანი წლების გრანჟის ნაზავია. შემდეგ მოდის უფრო ენერგიული ალბომები: „The golden D“ (1999) და „Cow sit on blood tree“ (2001). Blur-იდან წამოსვლის შემდეგ, გამოდის მისი ალბომი, სახელწოდებით „The kiss of the morning“ (2002), ხოლო უკვე 2004 წლის ბოლოს Coxon-ი უშვებს მეხუთე სტუდიურ ალბომს „happiness in Magazines“, რომლის პროდიუსერიც Blur-ის ყოფილი პროდიუსერი Stephen Street-ი გახლავთ. ეს ალბომი ყველაზე მეტად წარმატებული გამოდგა და 2005 წელს წილად ხვდა nme (new musical express)-ის ჯილდო, საუკეთესო სოლო შემსრულებლის კატეგორიაში. თვითონ ალბომი კი blur-ის თუ არა, blur-ის მსმენელისთვის მისაღები და საინტერესო უნდა იყოს, განსაკუთრებით სიმღერები: „bittersweet bundle of misery“, „don't be a stranger“, „freakin' out“, და „ribbons and leaves“.
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
გეიშას დღიური
სად: კინოთეტრი „ამირანი“
როდის: თებერვალი
რეჟისორი: რობ მარშალი
ამ ფილმზე ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე. დავიწყოთ იმით, რომ ეს ფილმი სთივენ სპილბერგის ოცნება ყოფილა, მაგრამ მხოლოდ როგორც პროდიუსერს, ისე მიუღია ფილმის შექმნაში მონაწილეობა;
მერე ის, რომ ამ ფილმის მუსიკა ჯონ უილიამსს დაუწერია, რომელმაც უარით გაისტუმრა „ჰარი პოტერის“ ხალხი - რა ვქნა, თქვენ მუსიკა სხვამ დაგიწეროთ, მე აღარ მცალიაო!!!
ფილმი არტურ გოლდენის „გეიშას დღიურის“ მიხედვითაა გადაღებული - წიგნის, რომელიც 2004 წლის ყველაზე შემოსავლიან წიგნად დასახელებულა;
და კიდევ ის, რომ ამ ფილმის გადაღება სპაიკ ჯონსს სდომებია, მაგრამ საბოლოოდ, „ჩიკაგოს“ რეჟისორის, რობ მარშალისთვის გადაუციათ საპატიოდ.
ფილმი მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი გეიშა - ნიტტა საიურის შესახებაა. ქალის, რომელიც იაპონური ტრადიციის თანახმად, პატარაობიდანვე ეუფლებოდა გეიშას ხელოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ, ნიტტა მრავალი მამაკაცის ოცნება ხდება, მისი ოცნების მამაკაცი ვერასდროს იქნება მასთან. ლამაზ გეიშას კი ერთი რამ დარჩენია - დღიურის ნაცრისფერ ფურცლებს გადაუშალოს გული..
პაემანების კინო
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“
როდის: იანვარი
რეჟისორი: ჯეისონ ფრიდგერგი; აარონ სელტცერი.
ოო, რომ იცოდეთ რა გელოდებააათ!!!
გინახავთ „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“?
„შეხვედრა ფოკერებთან“, რობერტ დე ნიროთი და ბენ სტილერით მთავარ როლებში?
„ქორწილის ორგანიზატორი“ დიდტრ...კა ჯენიფერ ლოპესით?
„ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“, ჯულია რობერტსით?
ჰოო? მაშინ დაუმატეთ ცოტა „მოკალი ბილი“ და ოდნავ „მისტერ და მისის სმიტები“...
იცით რა გამოვა? გეტყვით:
ერთი დიდი ჭიქა პოპ-კორნი;
ერთი დიდი ჭიქა კოკა-კოლა;
და პაემანი, ერთად აზელილ, წარმატებულ ამერიკულ ფილმებთან.
თქვენც ხომ იცით, რომ ბევრს იცინებთ, ბევრს მოწრუპავთ და ჩაახრამუნებთ. ხოლო როცა გამოხვალთ, 10 წუთში აღარაფერი გეხსომებათ - უუ, ეს რა იყო!? - რა ვი... მაგრამ ხო მხიარულად გავატარეთ დრო?! კი... მხიარულად გაატარებთ. თან ეს ფილმი იმ ორმა ახალბედა რეჟისორმა გადაიღო, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები, „საშიში კინოს“ ყველა სერიის სცენარის ავტორები არიან.
ხომ კარგად ხვდებით რა იქნება???
თან კარგად ახედეთ ფილმის პოსტერს!!!
კაზანოვა
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“
როდის: თებერვალი
რეჟისორი: ლას ჰალსტრემი.
ჯერ ალფრედ დირმა გადაიღო 1918 წელს;
მოგვიანებით ბობ ჰოუფმა;
ბოლოს ფედერიკო ფელინიმ;
და ახლა „შოკოლადის“ რეჟისორმა ლას ჰალსტრემმა.
ამ პატარა ანონსის დაწყება ასე აჯობებდა: მართალი გითხრათ, არ ვიცი, ნამდვილად იქნება თუ არა თებერვალში ეს ფილმი „რუსთაველში“, მაგრამ მაინც. თუ იქნება, ხომ კარგი! პატარა ინფორმაციაც მიღებული გექნებათ!
თუ ერთ-ერთი რუსული კინო-საიტის ჩემს საყვარელ ავტორს, ვალერი კიჩინს დავესესხები - 2005 წლის ვენეციის კინოფესტივალზე, ჰოლივუდური ორად ორი კარგი ფილმი იყოო. მათ შორის „კაზანოვაო“... რაც, დამიჯერეთ, მეგობრებო, დიდი იშვიათობა არისო (მჯერა. ავტ.).
თითქმის თეატრალური, დიდებული სანახაობა, სადაც ლეგენდარული კაზანოვას და არანაკლებ ჯიუტი, მშვენიერი ვენეციელი ქალბატონის - ფრანჩესკას სასიყვარულო თავგადასავალია ნაჩვენები; რომლის გულის დასაპყრობადაც კაზანოვას მთელი თავისი არსენალის გამოყენება დასჭირდება.
იხილავთ კაზანოვა ჰით ლედჯერს (მოღუშული ბანდიტი ფილმიდან „კელის ბანდა“), მშვენიერ ფრანჩესკას - სიენა მილერს და ინკვიზიტორ-ეპისკოპოს ჯერემი აირონსს.
მეტი რაღა გინდათ? ვენეცია, სიყვარული, რომანტიკა...
წიგნები
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ამელი ნოტომი
„კრძალვითა და ცახცახით“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2005 წ.
თუ ჯერ წიგნი არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გექნებათ ნანახი. არა უშავს, თუ სათაური არაფერს გეუბნებათ, რომანის პირველივე წინადადება მიგახვედრებთ, იცნობთ თუ არა ამელი ნოტომს, იგივე ამელი-სანს: „ბატონი ჰანედა ბატონი ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი - ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო - ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი - ჩემი. მე თვითონ არავის უფროსი არ ვყოფილვარ“. თუ ეს ფრაზა გეცნოთ, მაშინ აუცილებლად დაგიდგებათ თვალწინ ჟღალთმიანი, შეუხედავი ბელგიელი გოგონა, რომელიც ტოკიოში, ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციაში იწყებს მუშაობას; იწყებს მუშაობას და იწყებს ისეთ სასაცილო თხრობას, სულს ვერავინ მოითქვამს. ვერც მაყურებელი და ვერც მკითხველი.
და კიდევ ერთხელ - ეს ის შემთხვევაა, როცა წიგნი ათასჯერ ჯობია ფილმს სწორედ იმ მსუბუქ იუმორსა და ძლიერ სარკაზმში შემალული სიღრმეების გამო, რაც ამელი ნოტომის თხრობის მთავარი ღირსებაა. ამ სიღრმეებით კი კინო-ეფექტებისგან დაცლილი ტექსტი უფრო მეტად გასიამოვნებთ, მით უფრო - მზია ბაქრაძის შესანიშნავი თარგმანით.
„კრძალვითა და ცახცახით“ 1999 წელს გამოქვეყნდა და საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია მოიპოვა. ამელი ნოტომის პირველი რომანი 1992 წელს გამოქვეყნდა - „მკვლელის ჰიგიენა“, ბოლო კი - წელს. იაპონიაში დაბადებულ ბელგიელ მწერალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. „კრძალვითა და ცახცახით“ მათი საყვარელი წიგნია.
„მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“
აკა მორჩილაძე
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2006 წ.
„სანტა ესპერანსას“ რებუსები ვინც ამოხსნა, მისტერ დიქსლი ახალ გამოწვევად უნდა მიიღოს. და საერთოდ, ვისაც რებუსები უყვარს, აკა მორჩილაძის ბოლო რომანი ახლავე თავის წიგნად ჩათვალოს და სასწრაფოდ წიგნის მაღაზიისკენ გასწიოს. თუ წინა რომანი რვეულებად იყო დაყოფილი და ჩანთაში გახლდათ მოთავსებული, ახალ ტექსტს ყუთის ფორმა აქვს. მისტერ დიქსლის სეიფში კი იმდენი საინტერესო რამ იმალება: ოთხი პერსონაჟის - ორი ქალისა და ორი მამაკაცის - ჩანაწერები, მოთხრობები, ღია ბარათები, დღიურები, საგაზეთო სტატიების ამონაჭრები. ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ შევუკოწიწოთ, იმასაც გავიგებთ, თუ რა კავშირი აქვს ამ ოთხ ადამიანს ერთმანეთთან და იმასაც, თუ ვინ და რატომ ჩაიდინა მკვლელობა. დიახ, მკვლელობა - „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ თუ აალაპარაკეთ, ისეთ თავშესაქცევ დეტექტივს გადაგიშლით, რომ... მოკლედ, დაბრუნდით სანტა ესპერანსას კუნძულებსა და მათ დედაქალაქ სანტა სიტიში. იქ ახალი, ბურუსით მოცული მკვლელობა ხდება.
![]() |
16 რადიო უცნობის ამბები |
▲back to top |
„ცხელი შოკოლადი“ და რადიო „უცნობი“ ერთად გახდნენ 1 წლის.
„ცხელი შოკოლადი“ ულოცავს რადიო „უცნობს“ დაბადების დღეს და გთავაზობთ
ბლიც-ინტერვიუს ყველაზე მაგარ, ყველაზე ყველაზე იუბილარ რადიოსთან!!!
შოკოლადი: რა იყო ერთი წლის წინ?
უცნობი: ერთი წლის წინ მე დავიბადე. მინდოდა განსხვავებული ვყოფილიყავი და რაღაც ახალი შემეთავაზებინა მსმენელისათვის, ამიტომ ჩემთან ერთად ჭიჭიკო და ბიჭიკოც დაიბადნენ. ჯერ მათი პირველი სიმღერა ჩაიწერა და სულ მალე ჩემს პირდაპირ ეთერში აღმოჩნდნენ.
შოკოლადი: რა იქნება ერთი წლის შემდეგ?
უცნობი: პირველ რიგში, ჭიჭიკო და ბიჭიკო გაიზრდებიან და ორი წლის გახდებიან. სულ მალე კი ტელესივრცეში შევიჭრები და ჩემს გადაცემებს რომელიმე არხზე იხილავთ... რომელზე - ჯერ არ ვიცი, ვნახოთ.
შოკოლადი: ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუც?
უცნობი: ხო, მაგრამ ჯერ ყველაფერს არ გეტყვი... კვირაში ერთხელ მათ აუცილებლად ექნებათ ტელე შოუ... გარდა ამისა, ტელე ეთერით გავა ლაშა ბუღაძის და ეკა კვესიტაძის „დიალოგები“, ალეკო ელიაშვილის „უცნობი თავისუფლება“... მე ხომ ბევრი კარგი გადაცემა მაქვს...
შოკოლადი: შენი ყველაზე უცნაური რესპონდენტი?
უცნობი: უცნაური კაცია... ირაკლი კაკაბაძე... მაგრამ არის ამაში თავისებური ხიბლი. უცნაურობაში ხომ არაფერია ცუდი?!
შოკოლადი: წლის ყველაზე წარმატებული ეთერი?
უცნობი: ალბათ მაინც ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუა. ეს არა მარტო შემოსული ზარების მიხედვით დასტურდება, არამედ იმ გამოკითხვებითაც, რომელიც რეგულარულად ტარდება. ძალიან რეიტინგულია. მთავარი კი ისაა, რომ სხვადასხვა სოციალური ფენის და ასაკის ადამიანების დაინტერესება შევძელი. თუმცა მანიაკალური მსმენელიც მყავს...
შოკოლადი: რადიო „უცნობის“ სლოგანი...
უცნობი: ძალიან მოკლედ: „გამგები გაიგებს“...
და ბოლოს:
- უნდა რომ... - ძალიან კარგად იყოთ;
- უსმინოთ როცა... - ამის ხასიათზე იქნებით;
- ის ხომ... - ზღვაში წვეთია!!!
1 წლისაა!
კლუბი „მეიდანი“, 2005 წლის 25 დეკემბერი