![]() |
ჯავახური კამათელი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © ანდრო ბარნოვი „სტრატეგიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი“ |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სტატია გამოქვეყნდა გაზეთში „ბათუმელები“, 11/03/09. გაზეთის დაკვეთით. |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
2008 წლის აგვისტოს შემდეგ სამცხე-ჯავახეთის თემა კვლავ აქტუალური გახდა. ერთის მხრივ, ამის მიზეზი იყო რეგიონის მოსახლეობის საპროტესტო გააქტიურება „ერთიანი ჯავახეთის“ ლიდერის დაპატიმრების გამო, მეორეს მხრივ კი - ქართული საზოგადოების შეგრძნება, რომ ჯავახეთი „სუსტი წერტილია“ და ის შეიძლება მორიგი ესკალაციისათვის გამოიყენოს რუსეთმა. ჩვენში სამცხე-ჯავახეთის მოვლენები ძალიან ცუდად შუქდება და ამიტომ მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული შიში ეუფლება შესაძლო ესკალაციებთან დაკავშირებით. მაგრამ შიშის გარდა, მოსახლეობამ არ იცის, რა მოსთხოვოს საკუთარ ხელისუფლებას, არ არსებობს ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს სამცხეჯავახეთში, როგორია რეალობა და როგორი შეიძლება იყოს სწორი პოლიტიკა რეგიონის მიმართ.
სამცხე-ჯავახეთის ბედზე რამდენიმე განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. ესენია რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და სომხეთის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ ინტერესები. ეს ფაქტორები, რეგიონის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ადგილობრივთა იდენტობაზე აისახება და საბოლოო ჯამში, სწორედ იდენტობაა ის ძირითადი, რაც განაპირობებს რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ხარისხს ერის ორგანიზმში.
ზოგადად, იდენტობის ფორმირება რამდენიმე ძირითადი ფაქტორის წყალბით ხდება. ესენია: ფიზიკური უსაფრთხოება, კეთილდღეობა, კულტურული მიჯაჭვულობა (ენობრივი, რელიგიური ფაქტორები), და ინდივიდის რეალიზაციის ველის ფარგლები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალქალაქში ან ნინოწმინდაში მცხოვრები ეთნიკური სომეხი უნდა გრძნობდეს, რომ მისი პირადი უსაფრთხოება უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოს უსაფრთხოებასთან, საქართველო მისი პირადი კეთილდღეობის უპირველესი წყაროა, მის კულტურულ ორიენტირებს ეროზიის საფრთხე არ ემუქრება და მას შეუძლია თანასწორად იგრძნოს თავი ახალქალაქში, თბილისში, ქუთაისში, თელავში თუ ზუგდიდში. თუ სახელმწიფომ ამ პირობების უზრუნველყოფა მოახერხა, მაშინ ე.წ. „სამცხე-ჯავახეთის“ პრობლემა სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას.
უნდა ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთში უკიდურესად იშვიათად ისმის სეპარატისტული მოწოდებები. ხშირია მოთხოვნები ენის სტატუსის, ისტორიის გაკვეთილების, რეგიონის ავტონომიისა თუ ყარსის რკინიგზის პროექტის შეჩერების თაობაზე, მაგრამ იშვიათად გაიგებთ მოწოდებებს რეგიონის დამოუკიდებლობის ან სომხეთთან მიერთების შესახებ. მთავარი პრობლემა, რაც ქართულ სახელმწიფოს წლების განმავლობაში აქ ჰქონდა, იყო არა საკუთრივ სეპარატიზმი, არამედ - ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის კოლაბორაციონიზმი რუსეთთან. თუმცა, ახალქალაქის სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ ეს ტენდენციაც ბუნებრივად მცირდება.
უნდა ითქვას, ასევე, რომ წლების განმავლობაში რუსეთს არაერთხელ უცდია რეგიონში მდგომარეობის გამწვავება და ძირითადი, რაც ამ საფრთხეს ანეიტრალებდა ხოლმე, ოფიციალური სომხეთის ძალიან კონსტრუქციული პოზიცია იყო. გარდა იმისა, რომ ერევანს სრულ იზოლაციაში დარჩენისა ეშინოდა, ისიც სიმართლეა, რომ სომხები არ განიცდიან რაიმე განსაკუთრებულად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ურთიერთობები კონსტრუქციულობის ფარგლებიდან არ გავიდეს. ესეც არ იყოს, ერევანს კარგად ესმის, რომ სამცხე-ჯავახეთში შესაძლო ესკალაცია რეგიონში რუსეთის კიდევ უფრო ძლიერ გავლენას და აგრესიულ თურქეთს ნიშნავს, რამაც შეიძლება დამღუპველი გავლენა იქონიოს თავად სომხეთზე.
უნდა დავაკვირდეთ იმასაც, რომ სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ სომეხ მოსახლეობას საკუთარი სიმართლე აქვს. გარდა ყოველდღიური მწვავე პრობლემებისა, ესაა ისტორიული შიში თურქეთის მიმართ, რასაც ყველაზე კარგად იყენებდნენ რუსული სპეცსამსახურები და ამაში ერევნის გამოზომილი მხარდაჭერაც ჰქონდათ. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ახალქალაქის ბაზის გასვლის შემდეგ, როცა ვნებათაღელვა ჩაცხრა და რეგიონი შედარებით მშვიდ ცხოვრებას შეუდგა, 2008 წლის ივლისში ყარსის რკინიგზის პროექტის ოფიციალური გახსნა იყო ის მიზეზი, რამაც ძველ პრობლემებს ისევ თავი წამოაყოფინა და ამჯერად ერევანი უფრო აქტიურობდა, ვიდრე რუსეთის სპეცსამსახურები. ამის მიუხედავად, დღესაც კი, როდესაც ქართულ სახელმწიფოს უკიდურესად გაუჭირდა, რეგიონის მოსახლეობის პროტესტი კონკრეტულ საკითხებს არ სცდება.
ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2003 წლის შემდეგ რეგიონში შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების მანმადე არნახული გააქტიურება. სამწუხაროდ, ხელისუფლების ქმედებები ძირითადად მიმართული იყო რუსული ბაზის გაყვანის უზრუნველყოფისაკენ და ამ პერიოდში იშვიათად ნახავდით „ჭკვიან“ პროგრამებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. თუნდაც ის, რომ მოსახლეობას ქართული ენის „დღეს” ცოდნას სთხოვენ, სახელმწიფოს უნიჭო პოლიტიკის მკაფიო გამოხატულებაა. ენის შემსწავლელი პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დაიგეგმა, მეტწილად ჩავარდა და, ზოგიერთი მონაცემით, 5 წელიწადში მხოლოდ 500 ადამიანის გადამზადება მოხერხდა. სხვა საქმეა კიდევ - გადამზადების ხარისხი. არადა, სახელმწიფო ენის უცოდინარობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ინტეგრაციას ხელს უშლის, არსებული მიდგომების პირობებში დამატებით გამაღიზიანებლად გვევლინება. სამწუხაროა ისიც, რომ უკიდურესად დაბალია რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციათა მოღვაწეობის დონე. ერთი სიტყვით, რეგიონის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილობრივი მოსახლეობის ერთიან ეროვნულ ორგანიზმში ინტეგრაცია, ან ამ ინტეგრაციის ხარისხის რამდენადმე მნიშვნელოვნად გაზრდა მაინც. ეს გარემოებები ნოყიერ ნიადაგს ქმნის გარე გავლენებისათვის, რაც ნამდვილად არ შედის საქართველოს ინტერესებში.
რაც შეეხება გარე ინტერესებს, აქაც რამდენიმე წყება გამოიყოფა. ერთის მხრივ, რუსეთის სურვილია, რომ სამცხე-ჯავახეთი ააფეთქოს და არა მარტო საქართველო, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასია ისეთ ქაოსში ჩაითრიოს, რომ რეგიონის სატრანზიტო ფუნქცია სამუდამოდ დავიწყებას მიეცეს. კრემლის ეს ინტერესი რეგიონში რუსეთის სრული ჰეგემონიის ალტერნატივას წარმოადგენს და ამიტომ დიდხანს შენარჩუნდება, მაგრამ უახლოეს მომავალში მოსკოვის განსაკუთრებული გააქტიურება მოსალოდნელი არ არის, რადგან წინაა ინტენსიური მოლაპარაკებები ერთის მხრივ რუსეთსა და თურქეთს, მეორეს მხრივ კი აშშ-სა და რუსეთს შორის. ამიტომ, მოსკოვი ამ მოლაპარაკებების შედეგებს დაელოდება.
სომხეთის ინტერესია, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები შეინარჩუნოს და თურქეთისგან იზოლაციის პირობებში გარესამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი არ დაკარგოს. პრაქტიკულად, არ არსებობს მოვლენათა განვითარების ისეთი სცენარი, სადაც სომხეთი თურქეთის გავლენას თავს დააღწევდა, რადგან ერევანმა სამცხე-ჯავახეთის მიტაცებაც რომ სცადოს, ეჭვგარეშე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანკარა აჭარაში ჯარებს შემოიყვანს და სომხეთს ზღვაზე გასასვლელს დაუბლოკავს. ამიტომ, ამ სცენარს სომხეთისთვის აზრი ეკარგება და ერევანს ესმის, რომ დამატებითი ძალიან სერიოზული საფრთხეების გარდა ეს არაფერს მოუტანს. ამიტომ, ერევანი ეცდება, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არ დაუშვას. ზოგიერთმა ექსპერტმა ამ დღეებში გამოთქვა აზრი, რომ სომხეთთურქეთის ურთიერთობების დათბობამ და სომხეთის იზოლაციის დასრულებამ შეიძლება ერევანი სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით გაააქტიუროს, მაგრამ ეს აზრი გაუმართლებელი მეჩვენება, რადგან თურქეთთან ურთიერთობის მოსურნე სომხეთი თურქეთის საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამს, საქართველოს სუვერენიტეტზე დარტყმა კი ამ შემთხვევაში სწორედ თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგო სვლა იქნებოდა.
თურქეთი დღეს დიდი ცვლილებების პროცესშია. ანკარა ცდილობს, რომ რეგიონში გადამწყვეტი გავლენა მოიპოვოს, რაც ისეთი პოზიციის დამკვიდრებაში გამოიხატება, რაც რუსეთსა და აშშ-ს შორის დაბალანსების საშუალებას მისცემს. ამიტომ, ანკარას ძირითადი სამხრეთ კავკასიური სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ აქ არ დაუშვას აშშ-ს ან რუსეთის გადამწყვეტი გავლენა. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი არ დაუშვებს რუსეთისა და ირანის პირდაპირ სახმელეთო კავშირს, არ დაუშვებს სომხეთის ღია გასასვლელს ზღვაზე, შეეწინააღმდეგება აშშ-ს პირდაპირ კონტროლს ევროპა - სამხრეთ კავკასია/ირანი - ცენტრალური აზიის მარშრუტზე - ანუ ეცდება რომ საკუთარი ტრადიციული სატრანზიტო ფუნქცია გადამყიდველის ფუნქციაზე გაცვალოს. ამასთან, თურქეთი დარჩება ნატოს აქტიურ წევრად და ეცდება, რომ საკუთარი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სამხედრო სიძლიერე ეფექტიანი დიპლომატიის სამსახურში ჩააყენოს, ანუ მოიპოვოს მნიშვნელოვანი გავლენა ნატოს გადაწყვეტილებებზე.
დაბოლოს, რამდენიმე სიტყვა აშშ-ს ინტერესებზე. ზოგადად, ვაშინგტონის სურვილია, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საიმედო ხიდი გასდოს და ამით საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიას მყარი საყრდენი შეუქმნას. ამ სკითხში სამხრეთ კავკასიას სრულიად გადამწყვეტი როლი ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯაჭვში ირანი სამხრეთ კავკასიის ერთგვარი ალტერნატივაა, მისი სრული სუბსტიტუტი მაინც ვერ არის, რადგან სამხრეთ კავკასია რუსეთის ძირითადი შემაკავებელი ფორპოსტია, რა ფუნქციასაც ირანი არ, და ვერ იკისრებს. ამიტომ აშშ-ირანის დღევანდელი რთული ურთიერთობების გათვალისწინებითაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს ინტერესი საქართველოში ძალიან დიდხანს შენარჩუნდება. დღეს, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ს პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა, ჩვენთვის საინტერესოა, თუ რა იქნება ის მინიმუმი, რაზეც აშშ დათანხმდება.
აშშ-ს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები თურქეთზე გავლენის მოსახდენად, მაგრამ ამ ბერკეტების ამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-რუსეთზეც. აგვისტოს ომის ძირითადი უარყოფითი გავლენა აშშ-ზე ის იყო, რომ მოვლენები კონტროლიდან გავიდა და ამით რუსეთმა დრო მოიგო, თურქეთს კი საკუთარი თამაშის საწარმოებლად ხელ-ფეხი გაეხსნა. ამიტომ, ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება ისეთი კავშირებისა და გავლენების შენარჩუნება და განვითარება, რომელთა გააქტიურებასაც მომავალში შესძლებს. აშშ-ს მეორე, და ასევე უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ სამხრეთ კავკასიაში არ დაუშვას ქაოსი.
ასე რომ, ახალი კონფლიქტების მთავარი შესაძლო ავტორი ისევ რუსეთია. მთავარი, რაც ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ რუსეთი პირდაპირ აგრესიას ვერ წამოიწყებს და ნარის გლეჯას ისევ ჩვენივე მოქალაქეების ხელით ეცდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში აღმოვფხვრათ კონფლიქტის ნიადაგი, შევამციროთ კონფლიქტის რესურსების ხელმისაწვდომობა და გავზარდოთ სახელმწიფოს ლეგიტიმაციის ხარისხი, რათა გამოწვევებზე ეფექტიანი პასუხის გაცემა ზედმეტი გართულებების გარეშე იყოს შესაძლებელი. მხოლოდ პოლიციის გაძლიერებით ეს მიზნები მიუღწეველი დარჩება. საჭიროა მეტი ფიქრი და მეტი „ჭკვიანი“ პროგრამა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ინტეგრაციას, მეტ კეთილდღეობასა და მეტ საერთო-ეროვნულ შეგნებას უზრუნველყოფს.