ტაბულა №11


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გორანი პერ, ზედანია გიგა, თოდუა მაია, ელერდაშვილი ვახო, შენგელაია ირაკლი, ბარათაშვილი ბიძინა, ესებუა ნიკა, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|24-30 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, ნინო მაჭარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/კორექტურა: ეკატერინე ბუჯიაშვილი, ნანა ჯოხარიძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.: +995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია./რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ტაბულა ©



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

რა შეიძლება ითქვას ჟურნალ „ტაბულაზე“, დღეს მქონდა „ბედნიერება“ გავცნობოდი და გადამეკითხა ეს ჟურნალი მთლიანობაში. გეტყვით, რომ არ გაამართლა ჩემი იმედები, მიუხედავად იმისა, რომ პატარა, კარგი „გამონათებები“ იყო (ქვემოთ დავწერ, ვისი სვეტები მომეწონა). პირველი, რაც ერთი თვალის გადახედვით ჩანს - ვფიქრობ, ამ ჟურნალის სტატიების უმეტესობა, ალბათ 2/3, „გადმომღერებულია“ უცხოური ვებგვერდებიდან თუ სტატიებიდან და დარჩენილ 1/3-შიც საერთოდ არ იგრძნობა ქართული სული. ახლა იკითხავთ, რა არის ქართული სულიო, პასუხი მარტივია - ყველაფერი, რაც ქართულს უკავშირდება. ასე სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი და ამიტომ ნურც მომთხოვთ. ერთადერთი, რაც ქართულს უკავშირდება ისაა, რომ ქართულადაა დაბეჭდილი, მეტი თითქმის არაფერი, ჩემდა სამწუხაროდ.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო:

მომეწონა - კახა ბენდუქიძის სვეტი და ბარათაშვილის სპორტული სვეტი.

არ მომეწონა ბექა მინდიაშვილის სტატია - ის თითქოს გაბრაზებული თუ ნაწყენი კაცის პოზიციიდანაა დაწერილი და ობიექტურობა სადღაც იკარგება, თუმცა აქვე ვაღიარებ რომ რასაც ამბობს, მისი ნააზრევია და უფიქრია ამ საკითხებზე. ეს მართლა დასაფასებელია.

ასევე არ შეიძლება არ ვთქვა გია ნოდიას სტატიაზეც - „როგორ დავამარცხოთ ფაშიზმი“. პირველი, რაც თვალში მომხვდა - ავტორი ამ სტატიაში ისე თავისუფლად და მშვიდად მოიხსენიებს ამ ორგანიზაციებს (ვგულისხმობ სმმ-ს და მმკ-ს) ფაშისტურად და ადამიანებს - ბოევიკებად, რომ არც კი ახსენდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა საერთოდ. ანუ თავად უკვე გაასამართლა კიდეც და განაჩენიც გამოუტანა, რაღა საჭიროა სასამართლო საერთოდ (აღარაფერს ვამბობ თავად ამ ორგანიზაციებზე, რომლის ფორმები საერთოდ მიუღებელია ნორმალური ადამიანისთვის)??? არა მგონია, ასეთი მიდგომა ლიბერალიზმთან ახლოს იდგეს. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოებაში ფსევდოლიბერალებად მოიხსენიებენ. ვფიქრობ, ეს იარლიყი არ უნდა ეწყინოთ. ციტატა აღნიშნული სტატიიდან: „ორი დღის შემდეგ იგივე ბოევიკები უკვე ტელეკომპანია კავკასიას დაესხნენ, იმისათვის, რომ ფაშისტების კრიტიკოსებსაც მისცა სიტყვა. ამის შემდეგ რვა ექსტრემისტი დააკავეს“. მოკლედ კომენტარიც კი ზედმეტია.

დანარჩენი „ისე რა წასაკითხი“ იყო და თითქმის არც დამამახსოვრდა. გიორგი ყველაშვილის სვეტი კიდევ ნორმალური იყო, მაგრამ ბოლოს ასეთი ფრაზა აქვს: „არ სმენიათ, როგორ ემუქრება რუსეთის პატრიარქი საქართველოს თავისუფლებას, როცა „სამხრეთ ოსეთის ელჩს“ საგანგებო აუდიენციას უმართავს მოსკოვში“. რაღაც „სიღრმისეული“ წინადადებაა.

მოკლედ, მე არც კრიტიკოსი ვარ და არც ასეთი წერილები დამიწერია ოდესმე რომელიმე ჟურნალზე, თქვენი აღმოჩნდა პირველი და, ალბათ, უკანასკნელიც, მაგრამ რადგან შეგპირდით, რომ წავიკითხავდი, წავიკითხე და ასეთი აზრი დამრჩა. შეგიძლიათ არც არაფერი გაითვალისწინოთ, არც შეცვალოთ და მაინცდამაინც ნურც ამ წერილს მიაქცევთ დიდ ყურადღებას.

კეთილისურვილებით, რამაზ მორჩილაძე

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და მან საქართველოში ახალი რევოლუცია არ უნდა გამოიწვიოს“

პიტერ სემნები. 14 მაისი.

ზოგს უკვირს, რატომ ფიქრობენ ქართველები, რომ ვაშინგტონმა ისინი გაყიდა, რუსეთთან გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერის ფასად. ყველაზე სამწუხარო სხვა რამეა, ქართველების გარდა აღმოსავლეთ ვროპელებიც წუხან, რომ ამერიკელებმა ისინი მიატოვეს“

0x01 graphic

ჯონ მაკკეინი. 18 მაისი.

„ჩვენში, და ვიცი, თურქებშიც, დაძბულობას იწვევს, როცა უცხოური გემები, რომელთაც არა აქვთ კავშირი შავი ზღვის აუზთნ, მოდიან და რაღაცის დემონსტრირებას ახდენენ“.

0x01 graphic

დიმიტრი მედვედევი. 18 მაისი.

„არ შეიძლება აუმიზნო მიშ სააკასვილე სა გაარტყა ქვეყანას“.

გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის შესახებ, რომ გორი „ჩვენებმა“ დაბობმბეს. 18 მაისი.

„კარგი იქნებოდა... რამდენიმე წლით იგი დიქტატორად ქცეულიყო, რადგან სწრაფად გააკეთებდა ბევრ კარგ რამეს“.

0x01 graphic

ვუდი ალენი პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესახებ. 18 მაისი

15 მაისი

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი საქართველოს ეწვია. კვასენსკიმ საქართველოს პრეიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში თემაზე - ევროპის მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაცია. დებატებს ესწრებოდნენ ქართველი და ევროპელი ექსპერტები. მათ შორის, ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ანდრე გლუკსმანი.

16 მაისი

0x01 graphic

ირანი ხელშეკრულებას დებს თირქეთთან და ბრაზილიასთან. შეთანხმების მიხედვით, ურანი საზღვარგაერთ გამდიდრდება. თურქეთში გავა 1200 კგ. ურანი, საწვავის საძიებო რეაქტორის სანაცვლოდ.

0x01 graphic

ისრაელის სამხედროებმა ფილოსოფოსი ნოამ ცომსკი დასავლეთ სანაპიროზე არ გაატარეს. მას ლექცია უნდა წაეკითხა რამალას რამდენიმე უნივერსიტეტში. ლექციების ჩშლა ფილოსოფოსმა ახსნა თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ისრაელის მთავრობის მიმართ.

ერაყის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ხელახალ დათვლას განსხვავებული შედეგი არ უჩვენებია. საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უმრავლესობითაა წარმოდგენილი ალავის კოალიციაში.

17 მაისი

0x01 graphic

მედვედევის ოფიციალური ვიზიტისას უკაინის დედაქალაქ კიევში მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნების თანამშრომლობას საზღვრების დემარკაციის, სატელიტის ნავიგაციის საკითხებში და ასევე ენერგო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ბირტვულ სფეროში.

ექსპერტთ ჯგუფმა მოამზადა ანგარიში; ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ნათქვამია, რომ ალიანსის გაფარტოება უნდა გაგრძელდეს და მასში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები მას შემდეგ გახდებიან ალიანსის წევრები, რაც ისინი აუცილებელ პირობებს შეასრულებენ.

ცესკოს ანცხადებით, 12 368 პირს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად არ მიართეს კომისიებს, სიებიდან ამოიღებენ. მისამართზე დაურეგისტრირებელი 12 539 ადამიანიდან მხოლოდ 171 წარმომადგეამომრჩეველი შეძლებს 30 მაისის არჩევნებზე ხმის მიცემას, რადგან მათ ამ უფლების გამოსაყენებლად დადგენილ ვადაში - 14 მაისამდე წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში.

0x01 graphic

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბათუმს ეწვია. მანამდე იგი სტუმრობდა აზერბაიჯანს, სადაც თეირანიდან ჩავიდა. თურქეთის პრემიერმა და საქართველოს პრეზიდენტმა თურქული ინვესტიციებით აშენებული სასტუმრო შერატონი გახსნეს. სააკაშვილმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს სამაგალითო უწოდა.

0x01 graphic

აშშ-ს ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მეუღლის, ლორა ბუშის მემუარების 150 ათასიანი ტირაჟი გამოსვლიდან ერთ კვირაში გაიყიდა. 17 მაისის მონაცემებით, ლორა ბუშის მემუარებმა აშშ-ს წიგნის ბაზარზე გაყიდვებით მეორე ადგილი დაიკავა.

18 მაისი

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპირებს. პირველადი ტექსტი მაისში გამოქვეყნდება. სახალხო რეფერენდუმზე მას 27 ივნისისთვის გაიტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ისლამი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. ტაჯიკეთის შემდეგ, ყირგიზეთი ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანა იქნება, სადაც ისლამური პოლიტიკური რელიგია იმოქმედებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართულ ავიაკომპანია აირზენას 2 ივლისამდე, მოსკოვის მიმართულებით, ჩარტერული რეისების შესრულების უფლება მისცა.

0x01 graphic

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გახდა პირველი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. კარზაიმ და კამერონმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების

მნიშვნელობაზე.

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ოკუპირებულ სამხერთ ოსეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, ალექსანდრ მურზინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კოკოითმა განაცხადა, რომ თრუსოს ხეობა ე.წ. სამხერთ ოსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია შავი ზღვის ფლოტს მეზობლების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. ამასთან, მედვედევი უკრაინას რუსეთის მიერ შექმნილ უსაფრთხოების ბლოკში გაწევრიანებას სთავაზობს.

19 მაისი

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ხელთაა საკმაო მტკიცებულება, რომ მარტში სამხრეთ კორეული გემი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა ააფეთქეს.

რუმინეთში 1989 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ბუქარესტში და ქვეყნის სხვა ქალაქებში აქცია პარალელურად მიმდინარეობდა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიებისა და ხელფასების შემცირების შესახებ.

0x01 graphic

20 მაისი

ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ევროკავშირს მოუწოდა იაქტიუროს, რათა შესაძლებელი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და დაარწმუნოს რუსეთის მიერ მართული დე ფაქტო ხელისუფლებები, რომ შეწყვიტონ მონიტორინგის მისიის დაბლოკვა.

21 მაისი

საქართველოს ირანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს სტუმრობს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი საქართველოს ივნისში ეწვევა.

თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყში ქურთი მეამბოხეების ათეულობით ობიექტი დაბომბეს. ოპერაციის მიზანი იყო თურქეთში ტერორისტულად მიჩნეული, ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციების განადგურება.

3 26 მაისიდან 25 თებერვლამდე: თავისუფლება ეგზისტენციალური საფრთხის პირისპირ

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

ილუსტრაცია: ზურა მჭედლიშვილი

ქრონოლოგია

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მსოფლიოს ახალი სახელმწიფოს დაბადება ამცნო. პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნას წინ უძღვოდა ერთწლიანი პერიოდი, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებით იყო აღსავსე.

პირველმა მსოფლიო ომმა შეიწირა რუსეთის იმპერია და 1917 წლის თებერვალში რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. ცარ ნიკოლოზ II-ის გადადგომას იმპერიის თვალუწვდენელ სივრცეში ცენტრიდანული ნაციონალისტური ძალების გააქტიურება მოჰყვა, რასაც დაერთო სოციალური მღელვარება. რუსეთის დროებითმა მთავრობამ სამხრეთ კავკასიაში დააფუძნა განსაკუთრებული კომისარიატი, რომელსაც ხელისუფლების ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ მისი ფაქტობრივი შესაძლებლობები იმდენად სუსტი იყო, რომ რეალურ მმართველობასაც ვერ ახერხებდა.

1917 წლის გაზაფხულზე საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა ეროვნული ყრილობა მოიწვიეს. 1917 წლის 22 ნოემბერს კი ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც ფაქტობრივად მთავრობის მოვალეობას ასრულებდა.

ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში, რუსეთის გავლენა საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო შემცირდა. კავკასიის გავლენიანი პოლიტიკური წრეები და მოსახლეობა იმთავითვე მტრულად განეწყვნენ ვლადიმირ ლენინის მთავრობისადმი, რომელიც არც კანონიერი იყო, არც ლეგიტიმური და არც რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავდა.

სწორედ ამ მოცემულობის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების სამხრეთკავკასიელი დეპუტატებისაგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანო, სეიმი, აირჩია. ეს გარემოება გარკვეულ ლეგიტიმურობას სძენდა ამ ორგანოს. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ბოლშევიკური მმართველობის დამყარებას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელშიც ერთ მხარეს ლენინის რეჟიმი იყო, ხოლო მეორე მხარეს კი - დაქსაქსული ოპოზიციური პარტიები, მონარქისტებით დაწყებული და ანარქისტებით დამთავრებული. ისინი ბოლშევიკებსაც ეომებოდნენ და ერთმანეთსაც გამეტებით ებრძოდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

ცენტრალურ რუსეთში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტასთან შედარებით სამხრეთ კავკასიაში ხელისუფლების დაფუძნებისა და განხორციელების ერთობ ცივილიზებული პროცესი მიმდინარეობდა და ამ მხრივ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი შესაშურად გამორჩეული იყო.

1918 წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში იარსება ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ. ამიერკავკასიის კომისარიატს დაქვემდებარებული ფედერაცია მოიცავდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებს, მაგრამ შიდა ანტაგონიზმის გამო იგი უსუსური აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ჯერ დასუსტებამ, ხოლო შემდეგ კი მოსპობამ, სხვა რეგიონული და საერთაშორისო მოთამაშეების გააქტიურება გამოიწვია. ისარგებლა რა სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების წასვლით, თურქეთმა გადაწყვეტილება ექსპანსიის სასარგებლოდ მიიღო და მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

იმის გამო, რომ კავკასიურმა ფედერაციამ უძლურება გამოიჩინა და თურქეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ სათანადო ზომები არ მიიღო, იგი დაშლილად გამოცხადდა და 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ახალშექმნილ სუვერენულ სახელმწიფოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდა. ამ მოქმედებას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა სომხებისა და აზერბაიჯანელების მხრიდან და რამდენიმე დღის შემდეგ მათაც გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებლობა.

დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოში ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელი გახდა, მმართველობის პოლიტიკურ ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დადგინდა, ხოლო საერთაშორისო ომიანობაში მოქცევის ნორმად კი „მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოს“ სტატუსი იქცა. დამოუკიდებლობის აქტის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო ის, რომ სახელმწიფო ფუძნდებოდა არა ეთნიკურ ნიადაგზე, არამედ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე. ის, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფდა „ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს - განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა“, იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო ევროპული ტიპის ნაციონალური სახელმწიფოსკენ (nation-state) ისწრაფოდა.

ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი პირველივე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც აირჩიეს „პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით, ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ“. არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა უმრავლესობა, 60%25, რაც ახალ სახელმწიფოს დამატებით ლეგიტიმურობას ანიჭებდა შიდა და გარე სუვერენიტეტის განხორციელებაში.

რესპუბლიკის პოლიტიკა

პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ დაახლოებით სამი წელი იარსება. მიუხედავად დროის სიმცირისა, მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო აღმშენებლობის გზაზე. აღსანიშნავია: შეიარაღებული ძალების შექმნა, სასამართლო რეფორმის განხორციელება, ქართული ენის გამოცხადება სახელმწიფო ენად, სახელმწიფო საზღვრების დადგენა, ადგილობრივი მართვის ორგანოების ჩამოყალიბება და ბოლოს, თავისი არსებობის მიწურულს, რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება. სხვათა შორის, მაშინდელი საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქცია 107,6 ათას კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდებოდა (შედარებისათვის: დღევანდელი საქართველოს ფართობი 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრია).

გარკვეულ დრომდე ახალგაზრდა სახელმწიფო საკმაოდ ეფექტიანად უმკლავდებოდა ბოლშევიკებისა და მათი თანამზრახველების მიერ მოწყობილ შეიარაღებულ ამბოხებებსა და ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღების მცდელობებს (კერძოდ, შიდა ქართლსა და აფხაზეთში) და თითქმის შეუფერხებლად ახორციელებდა სუვერენულ უფლებებს მთელ თავის ტერიტორიაზე. ეს კი იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ თავიდან აიცილა რუსეთის სამოქალაქო ომის გადმოსვლა საქართველოში.

გაცილებით დიდ პრობლემებს წააწყდა ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელმა მამებმა ზედმიწევნით დაიცვეს ყველა საერთაშორისო ნორმა - როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ასევე მის შემდეგ. სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში ქვეყნის შიგნით იმ დროისათვის აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს იცავდნენ, ხოლო ქვეყნის გარეთ კი დიდი სახელმწიფოების მიმართ ფრთხილ და შეძლებისდაგვარად არაგამაღიზიანებელ პოლიტიკას ატარებდნენ. მაქსიმალურად ერიდებოდნენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ახალ საერთაშორისო სისტემას რამე უხერხულობას შეუქმნიდა ან ძალთა ბალანსს დაემუქრებოდა. ამ მიზნებს ემსახურებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება და თავშეკავებული დიპლომატიური ურთიერთობები.

ერთმანეთთან დაპირისპირებული დიდი ძალები ანტანტისა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და, 1917 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, რუსეთი) და ცენტრალური სახელმწიფოები (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთის იმპერია) აქამდე არნახული მასშტაბის მქონე ომის ქარცეცხლში ჭედდნენ ახალ მსოფლიო წესრიგს.

პირველ მსოფლიო ომში ლიბერალური და დემოკრატიული წყობილების დიდმა სახელმწიფოებმა გაიმარჯვეს და ჯერ დეკლარაციულ დონეზე, ხოლო შემდეგ კი პრაქტიკულადაც (ვერსალის ზავი, ერთა ლიგის შექმნა და იმ დროს მიღებული სხვა საერთაშორისო აქტები) გამოცხადდა იმპერიათა ეპოქის დასრულება და ნაციონალური სახელმწიფოების ხანის დასაწყისი. სუვერენული სახელმწიფოები გახდნენ უწინ ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში მყოფი ერები, ხოლო ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოები კი ახლო აღმოსავლეთში მანდატის სახით, ომში გამარჯვებულმა ბრიტანელებმა და ფრანგებმა მიიღეს. მათ, მანდატთან ერთად, ის ვალდებულებაც აიღეს, რომ დროთა განმავლობაში თავიანთი მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ნაციონალურ სახელმწიფოთა ჩამოაყალიბებას შეუწყობდნენ ხელს, რაც სინამდვილეში ასეც მოხდა.

საქართველოს დილემა

ერთი შეხედვით, საქართველოს დროც დადგა. თუ უნგრეთს ჰქონდა სუვერენიტეტის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონოდა საქართველოს? საქმე ისაა, რომ მაშინდელი საერთაშორისო ანტიიმპერიალისტური მოძრაობის ლიდერის, ამერიკის „იდეალისტი“ პრეზიდენტის, ვუდრო უილსონის სამიზნე მხოლოდ ევროპული ცივილიზაცია იყო. მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მისეული პროექტი გულისხმობდა იმპერიული ეპოქის დასრულებას ევროპაში და, მაგალითად, უნგრეთის თავისუფლებას, მაგრამ არამც და არამც არ ითვალისწინებდა საქართველოს მსგავსი, მოუმწიფებელი“ და „პერიფერიული ქვეყნების“ უპირობო თავისუფლებას.

ახალი მსოფლიო წესრიგის მამები საქართველოს ევროპის ნაწილად არ მოიაზრებდნენ, რაც უნდა დასავლურად განსწავლული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგული მთავრობა მჯდარიყო თბილისში.

რა თქმა უნდა, იყო მეორე გამოსავალიც: ერაყის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის მანდატის დამყარება საქართველოში და ქვეყნის წაყვანა მოდერნიზაციისა და მომწიფების გზაზე, რისი დასკვნითი ნაწილიც ერთა ლიგაში გაწევრიანება გახდებოდა. მაგრამ აქაც იყო ერთი „მაგრამ“: ვინ ითავებდა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და მისგან დე-ფაქტო დამოუკიდებელი საქართველოს დე-იურე ჩამოცილებას?

1920 წლის 7 მაისს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა ხელშეკრულება გააფორმეს. რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შემდეგ ჩვენი უსაფრთხოება, წესითა და რიგით, უნდა გაზრდილიყო და ამის კვალდაკვალ ის პერსპექტივაც უნდა გაგვჩენოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის ქვაკუთხედის, ერთა ლიგის, წევრიც გავხდებოდით. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა: ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა რუსეთის მე-5 კოლონის მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე კი ჩვენს იზოლაციას შეუწყო ხელი.

მოსკოვის მზარდმა ამბიციებმა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით განხორციელებულმა წარმატებულმა ოპერაციებმა იმდროინდელი მსოფლიოს დომინანტი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, მეტისმეტად დააფრთხო, რამაც გამოიწვია დასავლეთის „დაცვის ხაზის“ დაწევა ბაქო-ბათუმიდან სპარსეთ-ერაყამდე და ავღანეთ-ინდოეთამდე. შეტევაზე გადასული რუსების შეკავების მიზნით, ლონდონის სტრატეგიული ჩანაფიქრი და, მასთან ერთად, შეიარაღებული ძალები კონცენტრირებული გახდა დიდი ბრიტანეთისათვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ რეგიონებზე, რამაც ბუნებრივად გამოიწვია კავკასიური ფრონტის დატოვება.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ზურა მჭედლიშვილი

ჩვენი იზოლაცია რომ კიდევ უფრო გაეღრმავებინა და დავემარტოხელებინეთ, რუსეთი ინტენსიურ დიპლომატიურ მანევრებს ახორციელებდა თურქეთთან და სომხეთთან და მათ საქართველოს წინააღმდეგ აქეზებდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ლორეს რეგიონში კონფლიქტების გაჩაღებას მოსკოვის მუხანათობაც უწყობდა ხელს.

თავისუფლების აღსასრული

მოხდა ისე, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობის თითქმის ყველა არაპირდაპირი ხერხი ჩაუვარდა. მან ვერ შეძლო ფართომასშტაბიანი ამბოხის ინსპირირება, რაც გაუადვილებდა საქართველოს დამორჩილებას; ვერც თურქეთ-საქართველოსა და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიულმა დავამ და კონფლიქტმა მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ მოსკოვს სხვისი ხელით გაეკეთებინა თავისი საქმე. ერთადერთი რამ, რაც რუსეთს ძალიან კარგად გამოუვიდა, ჩვენდამი დასავლეთის ინტერესის განელება და საერთაშორისო იზოლაციაში ჩვენი მოქცევა იყო. ამასთან, მოსკოვმა ეს მოახერხა არა იმდენად ანგარიშგასაწევი ძალის დემონსტრირების ხარჯზე, რამდენადაც დასავლეთის დაფრთხობითა და დაშინებით.

საბოლოო ჯამში, რუსეთმა პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ხანმოკლე ომი, რომელიც მას მოჰყვა, საქართველოს მარცხით დამთავრდა. ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ნაციონალური რესურსების მობილიზება და შემოჭრილი მტრისათვის საკადრისი პასუხის გაცემა.

კონტრფაქტუალური მსჯელობა („რა იქნებოდა, რომ...“) უმადური საქმეა როგორც პოლიტიკური მეცნიერების თვალსაზრისით, ასევე ისტორიული პერსპექტივიდანაც. მიუხედავად ამისა, მოდით, ერთი წამით ვიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის აგრესია მოვიგერიეთ და 1921 წელს დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განვითარების ეს სცენარი მხოლოდ ძლიერი, დასავლური ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პატრიოტული შემართებით აღვსილი მოქალაქეების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს უსათუოდ ბევრად უკეთესად ვიქნებოდით.

რუსული ზეწოლა და შემოსევა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტი არ იქნებოდა და 1921-45 წლების განმავლობაში არაერთი პროვოკაცია მოხდებოდა ჩვენ წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე თუ გადავრჩებოდით, მხოლოდ გავძლიერდებოდით და საქართველოს მოქალაქე და მისი სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს ძლევამოსილების იმ ზღვარს მიუახლოვდებოდნენ, როცა რუსეთი შემოტევაზე უარს იტყოდა და ჩვენს თავისუფლებას შეეგუებოდა. მეტიც, თუ გავუძლებდით და გავუძალიანდებოდით, ჩვენს მაგალითს დროთა განმავლობაში კავკასიელი მეზობლებიც მიჰბაძავდნენ და რუსეთს, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს კავკასია დაეტოვებინა კიდეც...

0x01 graphic

ილუსტრაცია: ზურა მჭედლიშვილი

ერთა ლიგა, მანდატი, თუ თავისუფლებისათვის ბრძოლა?

1918 წლის 26 მაისი დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში. გამოვაცხადეთ თავისუფლება და, დეკლარაციის დონეზე მაინც, შევუდექით დასავლური ტიპის ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობას. სამ წელს გასტანა ჩვენმა თავისუფლებამ, გარკვეული წარმატებაც გვქონდა, მაგრამ უფრო მეტი იყო წარუმატებლობა, მარცხი და მცდარი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.

ქვეყნის შიგნით თავისუფალი ბიზნესის წახალისების ნაცვლად ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია ვაქციეთ პრიორიტეტად, საერთაშორისო საქმეებში კი ერთობ დიდ იმედებს ვამყარებდით ცივილიზებული დასავლეთის მაშინდელ წამყვან სახელმწიფოებზე და მათ ინსტიტუტებზე. მეტიც, მაშინაც არ ვაქციეთ არმიის მშენებლობა ჩვენს უპირველეს პრიორიტეტად, როცა მივხვდით, რომ დასავლეთის მოიმედეობა ჩვენი თავისუფლების შენარჩუნებაში ყოვლად უპერსპექტივო იყო.

ერთა ლიგა და კოლექტიური უსაფრთხოება კარგი რამ არის, მაგრამ გაწევრიანებაზე უარი მივიღეთ, რუსეთის შიშით კი არცერთი დიდი სახელმწიფო არ დაგვთანხმდა აქ თავისი მანდატის განხორციელებაზე. ამას დაემატა ის, რომ 1920 წელს რუსეთთან შეთანხმების დადებამ, ნამდვილი უსაფრთხოების ნაცვლად, უსაფრთხოების ილუზია შეგვიქმნა, კიდევ უფრო დაგვაშორა მთავარ მიზანს და დასავლეთისაგან ჩვენს იზოლაციას შეუწყო ხელი.

რა სჯობია უფასო უსაფრთხოებას, მაგრამ საკუთარ თავზე, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გვეზრუნა. ალბათ, მართალია ის, რომ აგრესიული მეზობლის შეკავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსიც და საერთაშორისო ინსტიტუტებიც, მაგრამ პატარა სახელმწიფოსათვის ფუჭი ოცნებაა მხოლოდ მათზე დაყრდნობა. ეს მხოლოდ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმია, რადგან ბუნებაში არ არსებობს საკუთარ ინსტიტუტებზე, შეიარაღებულ ძალებსა და პატრიოტ მოქალაქეებზე უფრო საიმედო თავდაცვა. ასეულ ათასობით ქართველმა იომა რუსეთის საქმისათვის პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ხოლო საკუთარი თავისუფლებისათვის კი ამის მეათედის მობილიზებაც ვერ შევძელით 1921 წელს.

წლევანდელი 26 მაისი

არავინ იცის, ზუსტად რა მიზნები ამოძრავებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ზუსტად ვერ ვიტყვით საბჭოთა კავშირის მსგავსი მონოლითის აღდგენა სურს თუ მხოლოდ გავლენის სფეროების „დაკანონებას“ დაჰყაბულდება. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენი თავისუფლება დღევანდელი რუსეთის ინტერესებში არ შედის, რადგანაც თავის საზღვრებთან დასავლური ტიპის სუვერენული და წარმატებული ნაციონალური სახელმწიფოს არსებობა კარდინალურად აბრკოლებს რუსეთის ნებისმიერ იმპერიულ გაფართოებას.

დღეს 1921 წელი არ არის, მაგრამ როგორც მაშინ, ისე ახლა, ნგრევის ეპოქის თანმდევი ქაოსიდან გამოსული რუსეთი გაფაციცებით მიილტვის სასიცოცხლო სივრცისაკენ. დღეს 1921 წელი არ არის, მაგრამ როგორც მაშინ, ახლაც სახეზეა დასავლეთის მზარდი აპათია საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ. დასავლეთის თავდაცვითი ხაზი ხანმოკლე გაფართოების შემდეგ ისევ ინაცვლებს „სასიცოცხლო ცენტრებისაკენ“, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოსგან უფრო დასავლეთით და უფრო სამხრეთით მდებარეობს. ვინ იცის, რა არის ამის მიზეზი? შესაძლოა დასავლეთი დაიღალა რუსეთთან კონფრონტაციით. ანდა შესაძლოა, რუსეთი უფრო ჯიუტია თავისი სტრატეგიის შესრულებისას, ვიდრე დასავლეთი. ან იქნებ რუსეთთან თანამშრომლობა - ირანის საკითხზე - დასავლეთისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური მომავალი.

დღეს 1921 წელი არ არის, მაგრამ სახელმწიფო აღმშენებლობის პრიორიტეტებში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს სოციალური საკითხები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაციონალური პროექტების წინა პლანზე წამოწევის ნაცვლად. ეს კი, შეიძლება ითქვას, არანაკლებ დამაფიქრებელია, ვიდრე დასავლეთის წასვლა ჩვენი რეგიონიდან.

რუსეთს რეგენერაციის უზარმაზარი უნარი აქვს, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ იგი პატივს სცემს ძალას და ჩერდება იქ, სადაც წინააღმდეგობას წააწყდება. თუ გვსურს, რომ 26 მაისი ისევ არ შეგვეცვალოს 25 თებერვლით, აწმყოსა და მომავლის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა ისეთი სამხედრო და პოლიტიკური ძლევამოსილების მიღწევა, რომელსაც რუსეთი ანგარიშს გაუწევს, რადგან მნიშვნელოვნად გაუძვირებს ჩვენს დამორჩილებას. ამ ამოცანის შესრულებას, საშუალებებთან ერთად, გულანთებული ნებაც სჭირდება - ნება თავისუფლების დაცვისა.

4 დებატები პირველ არხზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ცოტა დრო რჩება 30 მაისამდე - იმ დღემდე, როცა თბილისის მოსახლეობა, ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში, პირდაპირი წესით პირველად აირჩევს ქალაქის თავს. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მერობის 5 კვალიფიციური კანდიდატი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში შეხვდა ერთმანეთს. გიგი უგულავას, ირაკლი ალასანიას, გია ჭანტურიას, გოგი თოფაძესა და ზვიად ძიძიგურს თანაბარი სარბიელი მისცეს ამომრჩეველთან სასაუბროდ. დებატები გაიმართა მერობის არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორისაც.

მსგავსი ტიპის წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები განვითარებული დემოკრატიების დამახასიათებელი ნიშანია. გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან არჩევნების წინ მათი გამართვა ნორმად იქცა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. ამ სატელევიზიო დებატებს შორის პარალელის გავლება ძნელია. მათგან ზოგი საინტერესო იყო, ზოგმა გააღიზიანა მაყურებელი, ზოგი მოსაწყენი აღმოჩნდა, ზოგმა შედეგებზეც იმოქმედა. შედეგებზე გავლენის მხრივ, ყველაზე ცნობილია პირველი საპრეზიდენტო დებატები აშშ-ში, კენედისა და ნიქსონს შორის. თუმცა, ეს დებატები მაინც არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რამაც არჩევნების შედეგები განსაზღვრა.

ქართული დებატები უდავოდ მოსაწყენთა რიგში ჩაიწერა და ძნელად სავარაუდოა, მას არჩევნების შედეგებზე რამე გავლენა მოეხდინა. დებატებს გავლენა მაშინ აქვს, როცა კანდიდატების რეიტინგებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, სამიზნე აუდიტორია კი ძირითადად ის ამომრჩეველია, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 8 მაისის დებატების შემთხვევაში კი, როცა ბოლო გამოკითხვით, გიგი უგულავასა და რეიტინგით მეორე კანდიდატს შორის სხვაობა 50%25-ია, ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო. და მაინც, ეს სატელევიზიო დებატები ხელს, პირველ რიგში, მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებს აძლევდა. მათ, მიუხედავად რეიტინგისა, არა მხოლოდ საკუთარი თავისა და პროგრამის კიდევ ერთხელ შეხსენების შესაძლებლობა მიეცემოდათ, არამედ მოქმედი მერისა და მისი გაკეთებული თუ გაუკეთებელი საქმეების კრიტიკისაც.

ზოგადად კი პირველი არხის ეთერით გადმოცემულმა დებატებმა საზოგადოების განვითარების დონე აირეკლა და კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართულ პოლიტიკაში არსებული პრობლემები. მერობის კანდიდატები სიღრმისეული დებატებისთვის მზად არ იყვნენ. დასავლეთში მსგავს დებატებზე დასმული საკითხები მანამდეც მრავალჯერაა განხილულული კანდიდატების მხრიდან. მათი პარტიული პროგრამებიც კონკრეტულ პოლიტიკურ ხედვას ემყარება. საქართველოში ამაზე საუბარიც ზედმეტია. კანდიდატები, ჩვეულებრივ, პოპულისტურ-სოციალისტური განცხადებებით - იქნება ეს „უფასო“ სერვისები, თუ პროდუქცია - ამომრჩეველთა გულის მოგებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

8 მაისის დებატების მონაწილეები შეკითხვებს ერთი საათით ადრე გაეცნენ და შემდეგ, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული პასუხებიდან გადახვევა აღარც უფიქრიათ. მართალია, პირველი არხის დებატების ფორმატი დისკუსიის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ კომენტარებისთვის გამოყოფილი მცირე დროის განმავლობაშიც, ფაქტობრივად, არ მოგვისმენია ერთმანეთის პროგრამებისა თუ იდეების კრიტიკა. ეს გასაკვირი არცაა. იმისათვის, რომ სხვისი პროგრამა და იდეები გააკრიტიკო, თავად უნდა იყო ჩამოყალიბებული იდეოლოგიურად.

დებატებს ერთი ღირსებაც ჰქონდა - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი საკითხი კონსტრუქციულად, მაგრამ მაინც ზედაპირულად განიხილეს. თუმცა, კონსტრუქციულობის მიზეზი ფორმატი იყო და არა კანდიდატების მზაობა საქმიანი საუბრისთვის.

ამ ყველაფერმა დებატები წინასაარჩევნო რეკლამის ერთ დიდ ბლოკს დაამსგავსა და მაყურებლისთვის მოსაწყენ სანახაობად აქცია. დებატების მოსაწყენობაზე სოციალურ ქსელებშიც აქტიურად საუბრობდნენ. ეს რეიტინგზეც აისახა.

საქართველოს ამომრჩეველმა დებატებს რუსთავი 2-ზე „პოსტსკრიპტუმისა“ და „ქლაბ შოუს“, ხოლო იმედზე სერიალების ყურება არჩია. „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ (კომპანია, რომელიც ტელეარხების რეიტინგებს ზომავს), მონაცემებით, პირველ არხს დებატების დასაწყისში ტელეაუდიტორიის 4,56%25 უყურებდა, დასასრულს კი - 3.6%25.

ამის მიზეზი მხოლოდ არხის დაბალი რეიტინგი არ უნდა ყოფილიყო და, შესაბამისად, არც საზოგადოების დიდი ნაწილის არაინფორმირებულობა ამ დებატების შესახებ. მერობის კანდიდატების თუნდაც უღიმღამო პაექრობას ბევრმა რომ არ უყურა, გარდამავალი დემოკრატიის პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.

დასავლეთში მკვლევარები დებატების მიზანშეწონილობის საკითხსაც განიხილავენ. ერთნი სატელევიზიო დებატების დადებით ასპექტებს გამოყოფენ: დებატები საუკეთესო გზაა, მოიცვა დიდი აუდიტორია; მას საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, ანუ ამომრჩეველს შესაძლოა გაუჩინოს სურვილი, მეტი გაიგოს კანდიდატისა და მისი პროგრამის შესახებ; ის მაყურებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს კანდიდატის პირადი თვისებები, მისი უნარი - დაარწმუნოს ამომრჩეველი და გაიგოს ოპონენტის პოზიცია; დებატები კანდიდატებისთ ვის „თანაბარი სათამაშო მოედანია“ საკუთარი ხედვისა და პროგრამების წარმოსადგენად და ერთმანეთთან ღიად შეჯიბრისათვის.

მეორენი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც დებატებს ახლავს. იგი პოლიტიკის არაჯანსაღ პერსონალიზაციას იწვევს - წინა პლანზე პიარ სპეციალისტების მიერ კარგად შეფუთული ლიდერები გამოდიან. სატელევიზიო დებატები სანახაობრივია და ნაკლები ყურადღება ექცევა შინაარსს. მითუმეტეს, რომ მნიშვნელოვან საკითხებს მსგავსი ფორმატის სატელევიზიო დებატების გარეშეც განიხილავენ პოლიტიკოსები და ამომრჩეველიც მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია.

ასეთი შოუს მიზანშეწონილობა განიხილეს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც წელს პირველად ჩატარდა სატელევიზიო დებატები პრემიერ მინისტრობის კანდიდატებს შორის. აღინიშნა, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსები ისედაც აქტიურად პაექრობენ. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერს პარლამენტში გაცილებით უფრო მწვავე შეკითხვებზე უწევს პასუხის გაცემა, ვიდრე სატელევიზიო დებატებისას.

საქართველოშიც ამომრჩევლები კარგად იცნობენ კანდიდატებსა და მათ დაპირებებს. პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ აქამდეც ეთმობოდათ და კვლავ დაეთმობათ სხვადასხვა არხის ეთერი. თუ მსგავსი ფორმატის დებატები მაინც დამკვიდრდება, მისი დახვეწა, დროის გარდა, საზოგადოების ევოლუციაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკური ლიდერებისგან ცოდნასა და მართვის დახვეწილ უნარებს განვითარებული საზოგადოებები მოითხოვენ.

5 გიგი უგულავა სიტყვა და საქმე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

არჩევნები

ყველა ფოტო: ხატია ფსუტური

0x01 graphic

გიგი უგულავა

წლევანდელი არჩევნები წინამორბედებს არ ჰგავს. თუ წინა არჩევნების დროს პარტიები ძირითადად ლანძღვა-გინებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ამ წინასაარჩევნო კამპანიის ფოკუსში სოციალური პოპულიზმია. ამას გარდა, წელს თბილისი პირველად აირჩევს პირდაპირი წესით ქალაქის თავს. ხელისუფლების ეს ინიციატივა პირველად მისივე კანდიდატმა გიგი უგულავამ გააჟღერა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის კანდიდატმა თბილისში არჩევნები მოიგო; იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა, მაგრამ მაღალი შედეგი აჩვენა; რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატი თავის უახლოეს კონკურენტს 40 პუნქტზე მეტით უსწრებს. ეკონომიკურ ლიბერალიზმთან ერთად, ალბათ, ესეცაა მიზეზი, რომ მოქმედი მერი, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მიწიერ სამოთხეს არავის ჰპირდება. გიგი უგულავას კანდიდატებს შორის ყველაზე ნაკლებად სოციალისტური რიტორიკა აქვს. ის ამბობს რომ, საუკეთესო სოციალური პროგრამა დასაქმებაა და არა პირდაპირ საჯარო სახსრების ხარჯვა. თუმცა, მერიის 2010 წლის ბიუჯეტი მოქმედი მერის რიტორიკასა და საქმიანობას შორის შეუსაბამობას უსვამს ხაზს.

სიღარიბის დასაძლევად სახელმწიფომ აპრობირებული მეთოდი უნდა გამოიყენოს: მოახდინოს ბაზრის მაქსიმალური ლიბერალიზაცია, მოუხსნას ბიზნესს დაბრკოლებები, კერძო სექტორი უზრუნველყოს იმგვარი სიკეთეებით, როგორიცაა უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, სტაბილური ფული, ინფრასტრუქტურა და დაეხმაროს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება.

იმ გუნდმა, რომელსაც უგულავა წარმოადგენს, მართლაც არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით: ბიზნესის დაწყება გამარტივებულია, ბიუროკრატიული ბარიერები - შემცირებული, ინფრასტრუქტურა ვითარდება, ქუჩები უსაფრთხოა... „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, მაგრამ 2007 წლის ბოლოდან დღემდე, მმართველი გუნდი მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმშია, ოპონენტების პოპულიზმს, პოპულიზმითვე პასუხობს, საამაყო ლიბერალურმა კურსმა კი არათანმიმდევრული ხასიათი შეიძინა.

ბოლო ორი წელია ხელისუფლება, ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ცდილობს, თავად იკისროს ის ფუნქცია, რაც კერძო სექტორს აკისრია - გასცეს კრედიტები და სუბსიდიები და პირდაპირ დაეხმაროს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს

მისასალმებელია, რომ უგულავას მიერ წამოწყებული დასაქმების ინიციატივები ისეთი მოუხეშავი არ არის, როგორიც, მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს სახელდახელოდ მოგონილი დასაქმების პროგრამა იყო. მაშინ სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებდა 3 თვით დასაქმებულთა ხელფასებს. მოქმედი მერის ინიცირებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის დასაქმების გარდა, ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი სწორი გზაა. ინგლისურის და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები, სხვა თუ არაფერი, მოსახლეობას იმას მაინც ახსენებს, რომ კომპიუტერის მოხმარებისა და ინგლისური ენის ცოდნა მათ დასაქმებას უფრო იოლს ხდის.

თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ინიციატივაზე - „დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად“, რომელიც ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს შეღავათიანი კრედიტი აიღონ იმ პირობით, თუ ერთ სოციალურად დაუცველს დაასაქმებენ. ბაზრის ერთი მოთამაშისთვის მეორესთან შედარებით შეღავათიანი პირობების შექმნა ეკონომიკისთვის საზიანოა. მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობას არ შველის, რადგან როდესაც ბაზარზე ერთი სუბიექტი ხელოვნურად შემოგვყავს, სხვას აუცილებლად ხელოვნურად ვაგდებთ. ამას გარდა, კადრების შერჩევა გაჭირვების ხარისხის (და არა კვალიფიკაციის) მიხედვით, მანკიერი პრაქტიკაა და ბიზნესს აზარალებს.

მოწონებას იმსახურებს გიგი უგულავას მიერ, წინასაარჩევნო დებატების დროს, ყურადღების გამახვილება სოციალურად დაუცველთა სისტემის სრულყოფის აუცილებლობაზე. თუმცა, მისი ეს განცხადება არ შეესაბამება მის მიერვე გატარებულ ზომებს. მაგალითად, თბილისის მერიამ 2010 წლის 1 მარტიდან ყველა თბილისელ პენსიონერს, განურჩევლად მათი ფინანსური მდგომარეობისა, პენსიაზე 10-ლარიანი დანამატი დაუნიშნა, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ეს თანხა იმ ადამიანებზე დაგვეხარჯა, ვისთვისაც თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს.

ასევე წინააღმდეგობრივია შეღავათები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე. მერიის ინიციატივით, შეღავათებით სარგებლობენ პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა. გაურკვეველია, რატომ ენიჭებათ მასწავლებლებს უპირატესობა, მაგალითად, მუსიკოსებთან ან ექთნებთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც ობიექტური კრიტერიუმი მხოლოდ გაჭირვების ხარისხი შეიძლება იყოს და არა მოქალაქის საქმიანობა.

თავისუფალი ბაზრის მომხრეები აკრიტიკებენ მერიის მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებულ ღონისძიებებსაც. მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ მერია კონკრეტული ინდივიდების ნაცვლად საავადმყოფოს აფინანსებს, ფარავს რა კონკრეტული ოპერაციების ხარჯებს, მიუხედავად პაციენტის ფინანსური მდგომარეობისა. მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ ღარიბ ადამიანებს მიეცეთ ვაუჩერები და მათ თავადვე გადაწყვიტონ, რომელ საავადმყოფოში ურჩევნიათ ოპერაციის გაკეთება. ამ გზით, ბიუჯეტის ფული დაიხარჯება იმაზე, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება, კლინიკებს შორის კონკურენცია გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ფასზე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ 2005-2006 წლებში 12 მილიონი ლარი დახარჯა ღარიბების იდენტიფიცირებაზე. მაშინ გაჭირვებულების მონაცემთა ბაზაში მოხვედრის კრიტერიუმებმა უკმაყოფილება და უთანხმოება გამოიწვია. წელს მერიამ დაახლოებით 742 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტიდან, 112 მილიონი ლარი გამოყო სოციალურ პროგრამებზე. კარგი იქნებოდა, ამ თანხის ნაწილი ღარიბ თბილისელთა იდენტიფიკაციის უკეთესი სისტემის შექმნას მოხმარებოდა და თანხაც ყაირათიანად, ამ სისტემის მიხედვით დახარჯულიყო. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ოპონენტებს მოქმედ მერთან ამ თემაზე არ უკამათიათ.

0x01 graphic

გიგი უგულავას საარჩევნო კამპანია. რედისონ ბლუ ივერია

მოწონებას იმსახურებს უგულავას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ადგილობრივი პროდუქტის პროტექციონიზმის მიმართ, რაც, იმპორტის შეზღუდვის გზით, ადგილობრივი პროდუქციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას გულისხმობს. მსგავსი ზომების გატარება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე: შეამცირებს კონკურენციას, შესაბამისად გაზრდის ფასებს და გააუარესებს ხარისხს, რაც საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელს დააზარალებს.

საბედნიეროდ, უგულავა არც ტარიფების ირგვლივ ატეხილ სოციალისტურ შეჯიბრებაში მონაწილეობს. თუმცა, ახლო წარსულში მანაც შესცოდა და საახალწლოდ ურჩ გადამხდელებს დასუფთავების დავალიანება დაუფარა ბიუჯეტიდან. კითხვა - რატომ უნდა დაფაროს პატიოსანი გადამხდელის ფულით შევსებულმა ბიუჯეტმა ურჩი გადამხდელის ვალი, მოქმედი მერისთვის არავის დაუსვამს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ტარიფების საკითხი ამომრჩევლებს აწუხებთ. კომუნალურ სერვისებზე ფასების დაწევა, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდების ნაცვლად, ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციითა და კონკურენციის წახალისების გზით უნდა მოხდეს. დღეს საქართველოში დენის, გაზის, წყლის მომხმარებელს არჩევანი შეზღუდული აქვს - თითოეულ დასახლებულ პუნქტში სახელმწიფოს მიერ ლიცენზია გაცემულია მხოლოდ 1 კომპანიაზე. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ბევრ ევროპულ ქვეყანას უფრო ლიბერალური კანონმდებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ. სამწუხაროდ, უგულავა ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ირკვევა, რომ მოსახლეობას მერად მეურნე სურს და არა პოლიტიკოსი. მოქმედი მერი ამ განწყობაზე აპელირებს და ცდილობს პოლიტიკისგან დისტანცირებას. საქმის მკეთებლის იმიჯი უგულავას გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც თბილისელთა მხარდაჭერის მოპოვებაში. ამ ტაქტიკის გამო ის არც ხშირი პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი გამხდარა. მაგრამ, თავისთავად, აპოლიტიკური მერის იდეა აბსურდია. საჯარო ფული ინფრასტრუქტურას მოხმარდეს თუ სოციალურ პროგრამებს - პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს და არა მეურნემ.

30 მაისის შემდეგ მდგომარეობა შეიცვლება. მილიონიანი ქალაქის მიერ პირდაპირ არჩეული მერის მიმართ სხვა მოლოდინი გაჩნდება. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა წარმატებულ მეურნედ ქცეული, წარმატებული სამოქალაქო აქტივისტი, წარმატებულ პოლიტიკოსად გარდაქმნას.

უგულავა მართალია - „თბილისი ბევრად უკეთესი ქალაქია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. რის გაკეთებას აპირებს ქალაქის, დიდი ალბათობით, მომავალი თავი, ტელევიზორიდან თუ შეიტყობ, რადგან მერობის კანდიდატის ვებგვერდზე მისი წინასაარჩევნო პროგრამა არ დევს. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება - თანამედროვე მეთოდების გამოყენებით - „გასაკეთებელთა“ ნუსხაშია.

6 სასარგებლო იდიოტების აფხაზური თავგადასავალი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორებმა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ყოფილმა დირექტორმა, ლინკოლნ მიტჩელმა და სოროსის ღია საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომელმა, ალექსანდერ ქულიმ - წამოიწყეს კამპანია აფხაზეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შესაცვლელად. ქულის და მიტჩელის მიზანია, ამერიკამ და ევროპამ აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკა ჩაანაცვლონ „აღიარების გარეშე თანამშრომლობით“. პროფესორები ამ იდეას აქტიურად ლობირებენ - აქვეყნებენ სტატიებსა და ანგარიშებს, მართავენ სემინარებს.

ჟურნალ The American Interest-ის მაის-ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ქული და მიტჩელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსა და თავდაცვის მდივანს, რობერტ გეიტსს, მიმართავენ - შეცვალონ პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი. „თუ აშშ არ შეცვლის მიდგომას, რუსეთის ფედერაცია მალე სრულად ჩაყლაპავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, - ნათქვამია წერილში. ავტორების თქმით, ეს ტერიტორიები საქართველოსთვის ისედაც თითქმის დაკარგულია, რუსეთის გავლენა მათზე კი სწრაფად იზრდება. თანამშრომლობა, პირველ რიგში, აფხაზეთთან უნდა დაიწყოს, ვინაიდან მას სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშნები აქვს და შეუძლია დამოუკიდებლად დაამყაროს კონტაქტი გარე სამყაროსთან. რუსეთის მფარველობის ქვეშ სამხრეთ ოსეთის დარჩენა კი, პრაქტიკულად, გარდაუვალია. ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში ისინი ამბობდნენ: „აშშ-მ აღარ უნდა გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უკომპრომისო მხარდაჭერა“.

აპრილში, ჰარიმანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, მემარცხენე პროფესორები ომის შემდეგ აფხაზეთში ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბრობდნენ: ახლა აფხაზები უმთავრესად სახელმწიფოს შენებაზე არიან ორიენტირებულიო. აქაც მთავარი გზავნილი ის იყო, რომ თუ აშშ არ შეცვლის თავის პოლიტიკას, აფხაზეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე. აღსანიშნავია, რომ ჰარიმანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე პროფესორები აფხაზეთს სტუმრობდნენ.

„თანამშრომლობა აღიარების გარეშე“ პირველ რიგში აფხაზური ინტერესების გათვალისწინებასა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს: აფხაზეთის ოფიციალური პირები დასავლეთში იმოგზაურებენ აფხაზური პასპორტებით; აფხაზეთს გაეხსნება ეკონომიკური გზები; აფხაზური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასე აფხაზები გაეცნობიან დასავლურ პოლიტიკურ ღირებულებებს და დაინახავენ რუსეთის ალტერნატივას სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

ეს პოლიტიკა არ განიხილავს რუსეთის ფაქტორს და მთლიანად დასავლეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის თანამშრომლობაზეა აგებულია. თანამშრომლობა უპირობოდ უნდა დაიწყოს, რაც სტატუსის საკითხის გვერდზე გადადებას გულისხმობს და, რაც მთავარია, საერთოდ უგულებელყოფს იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხს. ავტორები აღნიშნავენ, რომ დევნილების უკან დაბრუნების შიში აფხაზებს კიდევ უფრო აახლოებს რუსეთთან.

0x01 graphic

ლევან რამიშვილი

რასაც ერთ დროს რუსი მემარცხენეების დიდი ბელადი სასარგებლო იდიოტებს უწოდებდა, დღეს მისი ამერიკელი იდეოლოგიური თანამოძმეები ჭკვიანური ძალის სახელით იხსენიებენ. მართალია, ლენინის წინასწარმეტყველება ჯერ არ ამხდარა და საქმე იქამდე არ მისულა, რომ გულუბრყვილო ენთუზიასტებს მათსავე ჩამოსახრჩობად განკუთვნილი თოკი საკუთარი მტრებისათვის თავადვე მიეყიდათ, მაგრამ დასავლელი მემარცხენეების დაუშრეტელი ენერგია და უნიკალური უნარი, გამართლება მოუძებნონ თავისუფლების თუ სხვა დასავლური ფასეულობებისა და ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწება და გასაოცარ ფორმებს იღებს.

დღემდე ამოუხსნელია თუ რა გზნება ამოძრავებთ თავისუფლებითა და კეთილდღეობით გაზულუქებული სენტიმენტალური უტოპისტების დაუღალავ ბრძოლას ყოველივე იმის წინააღმდეგ, რამაც მათ უზრუნველი ცხოვრება შეაძლებინა.

რამდენი საბჭოეთში სტუმრად ჩამოსული ულტრამემარცხენე მომლოცველი შეგვიძლია გავიხსენოთ. მათი ქვეყნების მტრის მიღწევებით აღფრთოვანებულნი უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, რომ მიწიერი სამოთხის ნაცვლად არა ამქვეყნიურ ჯოჯოხეთთან ჰქონდათ საქმე. სოციალიზმის აღთქმული ქვეყნის უანგარო მეხოტბეობაში ეს ხალხი ტოლს არ უდებდა ბოროტების იმპერიის დაქირავებულ პროპაგანდისტებს.

დიდია ცდუნება ეს ბანალურ უგუნურებას მიაწერო. თავისუფლების მტრები ოდითგანვე ფლობდნენ სიცრუისა და მანიპულაციის ხელოვნებას. სწორად რომ გავიგოთ განათლებული მემარცხენე რადიკალთა მიდრეკილება, დაიჯერონ მტრის მიერ ნათქვამი ნებისმიერი სისულელე, უნდა გავიხსენოთ აბრაჰამ ლინქოლნის სიტყვები: ერთი ადამიანი შეიძლება გაასულელო ყოველთვის, ყველა შეიძლება გაასულელო ერთხელ, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ გაასულელებ.

შესაბამისად, სწორი არაა სასარგებლო იდიოტობის ფენომენის მხოლოდ საბჭოთა თუ ისლამური ტოტალიტარიზმის მანიპულაციებით ახსნა. ამ ხალხს კი არ ასულელებდნენ, ისინი თავად ისულელებდნენ თავს. საინტერესოა, რას ეფუძნებოდა მათი სისულელე.

ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ყველასათვის ისედაც კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია მათთვის, ვისი მსოფლაღქმა არა გონებას, არამედ რწმენას ეფუძნებოდა. დასავლეთში ტრადიციული რელიგიის დაკნინების მიუხედავად რელიგიური იმპულსი და უფრო ფართოდ - რწმენის მოთხოვნილება არსად გამქრალა.

რადიკალურმა განმანათლებლობამ სამყაროს განჯადოება „ღმერთის სიკვდილამდე“ მიიყვანა, მაგრამ, თვალსა და ხელსშუა ახალი ღმერთი წარმოშვა ხალხური სიბრძნის თანახმად, უპატრონო ეკლესიას წითელი ეშმაკუნები დაეპატრონენ. წლების მანძილზე სოციალიზმიის ოპიუმი იყო, რომელიც მიმდევრებს ათრობდა საკუთარი სიქველისა და განსაკუთრებულობის განცდით.

ადამიანთა უმეტესობას ქაოსში - წესრიგის, სამყაროში - საზრისის, საკუთარ არსებობაში - მიზნის, ბოროტსა და კეთილს შორის - მკაფიო საზღვრის დანახვა სწადია და საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელის პირველზე გამარჯვებას ესწრაფვის. მემარცხენეთა სასარგებლო იდიოტიზმი სწორედ ამ ბუნებრივი სწრაფვის გაუკუღმართების შედეგია.

რწმენის თავისუფლება გულისხმობს მემარცხენე აღმსარებლობის თავისუფლებასაც. არავინ დავობს, რომ სასარგებლო იდიოტებს სრული უფლება აქვთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუფარავად მოახდინონ საკუთარი იდიოტიზმის დემონსტრირება. შეშფოთების საგანი აქ სხვა რამეა.

დასავლური უნივერსიტეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ულტრამემარცხენე კულტის მსახურების კერებად იქცა. კრიტიკული აზროვნებისა და ჯანსაღი სკეპტიციზმისათვის აქ ადგილი აღარ არის. მათი ადგილი უკვე დიდი ხანია დაიკავა იდეოლოგიური ერთგვაროვნებამ, რომელიც, წესით, შუასაუკუნებრივი მონასტრისათვის უფრო უნდა იყოს დამახასიათებელი, ვიდრე ცოდნის ტაძრისთვის.

თავის დროზე უნივერსიტეტები სწორედ ეკლესიის წიაღში ჩაისახა და ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი საწყის წერტილს უბრუნდება, ოღონდ დიალექტიკური განვითარების თვისებრივად ახალ სტადიაზე. ანტიამერიკანიზმი და ანტიკაპიტალიზმი, ახლა უკვე ეკოლოგიზმთან და ფემინიზმთან ერთად, ახალ საუნივერსიტეტო ორთოდოქსიად იქცა. ნელ-ნელა და მეთოდურად ისპობა ის ინტელექტუალური გარემო, სადაც ირაციონალური წარმოდგენებისა და საშიში ილუზიებისგან, კაცთმოძულე ტირანებისათვის სასარგებლო იდიოტობისაგან გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა.

სწორედ ამ ინტელექტუალურმა ტენდენციებმა მიიყვანა უილიამ ბაქლი იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია ქვეყნის მართვა ბოსტონის სატელეფონო ცნობარიდან შემთხვევითი შერჩევის გზით მიღებულ უბრალო ადამიანებს მივანდოთ, ვიდრე ჰარვარდის კურსდამთავრებულებს.

სასარგებლო იდიოტიზმის გაგება შეუძლებელია, თუ ინდივიდისა და მისი თავისუფლებისადმი მემარცხენე რადიკალთა დამოკიდებულებას არ გავითვალისწინებთ. კოლექტივისტური თეოლოგიისათვის ინდივიდი მხოლოდ სოციალურ ურთიერთობათა პროდუქტია და საჭიროა მისი დეკონსტრუქცია. თუ კი არ არსებობს პიროვნება, შესაბამისად - არ არსებობს არც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. დანაშაულზე პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას ეკისრება, რომელმაც დამნაშავე აქამდე მიიყვანა.

ცალკეულ პირებს, რომელთაც გარემოებათა გამო კანონად წოდებული პირობითობის დარღვევა მოუხდათ, ჯოხი არ უნდა გადავატეხოთ. პირიქით, პასუხი ძლიერთა ამა ქვეყნისათა უნდა მოვკითხოთ, ვინაიდან უსამართლობაზე პასუხისმგებელი სუსტი ვერ იქნება. შესაბამისად, რადიკალური მემარცხენეობის ყოვლისმძლეველი მოძღვრების მიხედვით, ყველაფერზე, რაც კი მსოფლიოში ხდება, მთავარი პასუხისმგებელი ყოველთვის დასავლეთია, უფრო კონკრეტულად კი - ამერიკა, რომლის იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის პირველყოფილი ცოდვის შხამიან ნაყოფს კაცობრიობა დღემდე იმკის.

ამერიკასთან ერთად ასევე დამნაშავეა ყველა მისი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა, რომელთა დასჯა აუცილებელია ცვლილებათა იმ ტალღის ასაზვირთებლად, რომელმაც დომინოს ეფექტი უნდა გამოიწვიოს და საბოლოო ჯამში დიდი შაითანის ბატონობას შეურყიოს საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ ამ ქვეყნად მშვიდობამ, თანასწორობამ და საყოველთაო ძმობამ დაისადგუროს.

დასავლელი ულტრამემარცხენეების სამართლიანობისათვის ბრძოლის ჟინს არა იმდენად ჩაგრული, რამდენადაც მჩაგვრელის ვინაობა კვებავს. ამით აიხსნება ერთი შეხედვით უცნაური გარემოება - როცა არადასავლელთა ჩადენილ დანაშაულებთან გვაქვს საქმე, დასავლეთის დანაშაულის მხილებით ნარცისულად შეპყრობილი მემარცხენეობა მრავალმნიშვნელოვნად დუმს.

სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის თქუმულ არს, არა განიკითხო და არა განიკითხებიო. ვინ ვართ ჩვენ, რომ ჩვენი არასრულყოფილი ფასეულობების საფუძველზე სხვები განვსაჯოთ? ადამიანის უფლებები ხომ დასავლური მოვლენაა, მათი არადასავლურ საზოგადოებებზე თავის მოხვევა სხვა არაფერია თუ არა ნეოკოლონიალისტური ზრახვების ვუალირებული ფორმა.

ყალბად გაგებული სამართლიანობისათვის შერჩევითი ბრძოლა ახალი მოვლენა ნამდვილად არაა. ანტისაომარი მოძრაობის სამიზნე რატომღაც ყოველთვის წითელი ან მწვანე ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ამერიკის და მისი მოკავშირეების ბრძოლა იყო ხოლმე. ნეტარი მშვიდობისმყოფელები უცნაური შემთხვევითობის გამო ნაკლებად იწუხებდნენ თავს ფინეთის, ბალტიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავღანეთის, ჩეჩნეთის წინაღმდეგ საბჭოთა აგრესიის დასაგმობად.

არაბულ აგრესიაზე საპასუხოდ ისრაელის მიერ თავდაცვითი ზომების მიღებისას დაღუპული ნებისმიერი ტერორისტი მემარცხენე რადიკალთა წმინდა გულისწყრომას იწვევს, მაგრამ თუკი იგივე ადამიანი მუსლიმთა ხელით დაიღუპება, ამას განსაკუთრებით არავინ აპროტესტებს.

ისლამოფაშიზმისგან ყოველდღიური ექსისტენციალური საფრთხის პირობებში მცხოვრები ებრაელების ხვედრის მსგავსად, საკუთარი მიწიდან დევნილი აფხაზეთის ომამდელი მოსახლეობის 80 %25-ის ბედი მემარცხენე რადიკალებს ნაკლებად აღელვებთ.

თავი რომ დავანებოთ აფხაზეთსა და კოსოვოს, ან აღმოსავლეთ ტიმორს შორის პარალელების უსაფუძვლობას, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მეოცნებე ულტრამემარცხენეს შეიძლება ეგონოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემდეგ ამერიკის სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით მოხიბლული რუსები და მათი მარიონეტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხელს აიღებენ ამ ტერიტორიების საქართველოსათვის ჩამოცილებისა და სრული ანექსიის პოლიტიკაზე.

მსოფლიოში ასამდე სეპარატისტული კონფლიქტია. ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაცია და მისი ავტორების დაჯილდოება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტით საშიშ პრეცედენტს ქმნის და შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს - ისეთი შედეგები მოჰყვეს, რაც არც ამერიკის და არც მით უმეტეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება.

ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ოცნებობს საქართველო კავკასიის ისრაელად იხილოს. უდავო სარგებელთან ერთად ეს ოცნება სერიოზულ ხიფათსაც შეიცავს. რაც უფრო უახლოვდება საქართველო დასავლეთს, ამერიკის რაც უფრო ერთგულ მოკავშირედ იქნება ის აღქმული, მით უფრო მეტად გახდება ის დასავლელ ულტრამემარცხენეთა მხილების მახვილის მსხვერპლი.

7 ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ანალიზი

1995 წლიდან, პოლიტიკის კვლევის წამყვანი ცენტრები ვაშინგტონში -ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი დაუოლ სთრით ჟურნალი, წლის დასაწყისში აქვეყნებენ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არის გავლენიანი ანგარიში, ქვეყნების წლიური ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისთვის.

პოსტ საბჭოთა სივრცეში, მსგავსი ანგარიშები იდეოლოგიურ დატვირთვას და რეგიონულ მნიშვნელობას იძენენ. მაგალითად, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შედეგებიდან ჩანს, რომ ქვეყნები, რომლებიც ინსტიტუციონალურ რეფორმებს ახორციელებენ და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ქმნიან - თანამედროვე, მობილური ეკონომიკისკენ გარდამავალ პერიოდს უფრო ეფექტურად გადიან, განსხვავებით სახელმწიფოებისგან, რომლებსაც ამ რეფორმების გატარება უჭირთ. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობებისთვის დიდი გამოწვევაა ეკონომიკური თავისუფლების კრიტერიუმებთან თავსებადი პოლიტიკის გატარება. ხშირად, ხელისუფლების ჩარევის დონე მაღალია და ეკონომიკური თავისუფლება იზღუდება.

ფონდის მონაცემებით, რუსეთმა, შარშანდელთან შედარებით 0,5 ქულით გაიუარესა ვითარება და მსოფლიოს 183 ქვეყანის რეიტინგში - 143-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყნის რეიტინგში - 41-ე ადგილი დაიკავა. 2009 წლის იანვარში, რუსეთმა შეამცირა მოგების გადასახადი. შედეგად, რუსეთის ეკონომიკამ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა, მაგრამ მხოლოდ ფისკალური თავისუფლების კრიტერიუმით.

რუსეთმა გაზარდა სახელმწიფო რეგულაციები და შეზღუდა უცხოური კომპანიების მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში. ფონდი რუსეთის ფედერაციას, ინვესტიციის თავისუფლების ინდექსში, 100 შესაძლო ქულიდან - 25-ს აძლევს; კორუფციის მაჩვენებელით, რუსეთი მსოფლიოში 147-ე ადგილზეა (100-დან 21 ქულა). ქვეყანაში არსებული მრავალი არასატარიფო ბარიერი ვაჭრობის ფასს ზრდის. კორუფიის მაღალი მაჩვენებელი აჩენს უნდობლობას საინვესტიციო ოპერაციებში. საკანონმდებლო ბაზა, უცხოური ინვესტიციების კონტროლის საშუალებას აძლევს სახელმწიფოს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთის 6%25-იანი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია გაზსა და ნავთობზე გადაჭარბებული დამოკიდებულებით. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ შეფასებით, ბუნებრივ რესურსებზე ამგვარი დამოკიდებულება ამცირებს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.

რეგიონის სხვა ქვეყნებშიც საინტერესო ტენდენციები შეიმჩნევა: სომხეთი რეიტინგში 7 პოზიციით ჩამოქვეითდა და 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. აზერბაიჯანმა წინა წელთან შედარებით - 3 პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა და რეტინგში 96-ე პოზიციაზე გადავიდა; თურქეთი დაწინაურდა 75-ედან - 67-ე პოზიციამდე.

სომხეთის შემთხვევაში, რეიტინგში ჩამოქვეითების ძირითადი მიზეზი კორუფციული გარემო და საკუთრების უფლების სუსტი დაცვაა. ასევე, არსებობს მრავალი ბიუროკრატიული ბარიერი, რაც ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და პროდუქტიულობას აფერხებს. კრიზისის მიუხედავად, სომხეთმა შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გაზრდით. მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში, სახელმწიფო ხარჯების წილის 17.4%25-მდე შემცირებითა და დაბალი გადასახადებით, სომხეთმა ფისკალური თავისუფლების ინდექსში 100- დან 89.3 ქულა მიიღო.

აზერბაიჯანის მაჩვენებლის გაუმჯობესება გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ვაჭრობის ხელშეწყობამ, ინვესტიციების წახალისებამ და ზომიერი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებამ. მიუხედავად ამისა, ფონდის შეფასებით, ქვეყანა ინსტიტუციონალურ და სისტემურ რეფორმებს საჭიროებს, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების კუთხით .

რეიტინგში თურქეთის დაწინაურება განპირობებულია შედარებით დაბალი გადასახადებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებით. რეფორმების შედეგად, თურქეთის ეკონომიკამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5%25-იანი ზრდის ტემპი აჩვენა. გაიზარდა კერძო სექტორის როლი. თანდათანობით უმჯობესდება ბიზნეს გარემოც, რაც დადებითად აისახება თურქეთის საინვესტიციო თავისუფლების კრიტერიუმზე. არასახარბიელო მდგომარეობაა კერძო საკუთრების დაცვის, შრომის კანონმდებლობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ანგარიში ნათელს ხდის, რომ უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, მთავრობა მაინც ერევა ქვეყნის ეკონომიკაში. დინამიკური სამეწარმეო საქმიანობა კი რეგულაციებისა და გადასახადების ლიბერალიზაციას მოითხოვს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს: რეგიონის ლიდერი ესტონეთი, მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და „მეტწილად თავისუფალი“ (mostly free) ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შედის. ლატვია რეიტინგის 50-ე პოზიციაზეა, ლიტვა - 29-ეზე, პოლონეთი 71-ე ადგილს იკავებს, ხოლო უკრაინა 162-ეს.

ლიბერალური კანონმდებლობისა და საიმედო საინვესტიციო გარემოს გამო, ესტონეთმა თავისუფლების ინდექსის ათივე კრიტერიუმით მაღალი შეფასება დაიმსახურა: ბიზნესის თავისუფლება - 83.1, საინვესტიციო თავისუფლება - 90, და ვაჭრობის თავისუფლება - 87.5 ქულა.

ბიზნესისა და ვაჭრობის თავისუფლებები ლატვიაში 100 დან 72.9 და 87 ქულებით შეფასდა. პროგრესის მიუხედავად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება მზარდი ფისკალური დეფიციტი (მშპ-ის 10%25-ზე მეტი) და 15.4%25-იანი ინფლაცია.

ლიტვას ეკონომიკა უფრო თანამედროვე და მოქნილი გახდა, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გატარების შემდეგ. კერძო სექტორი მშპ-ს 80%25-ა, ეკონომიკური ზრდა 7%25. ლიტვა გამოირჩევა ბიზნესის, ფისკალური და ფინანსური თავისუფლების მაღალი ხარისხითაც. თუმცა, ქვეყანამ კერძო საკუთრების და კორუფციის თავისუფლების მაჩვენებლებში შედარებით დაბალი, 100-დან 55 და 46 ქულა აჩვენა.

0x01 graphic

სამეწარმეო, ფინანსური და მონეტარული გარემოს სტაბილურობით გამოირჩევა პოლონეთი. ვაჭრობის თავისუფლების მაჩვენებელში, ქვეყანამ 87.5 ქულა მიიღო, თუმცა, შედარებით მაღალია სახელმწიფო ხარჯების მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში. პრობლემად რჩება კორუფცია, სასამართლო სისტემა და საკუთრების უფლება.

0x01 graphic

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, უკრაინამ 162-ე ადგილი დაიკავა 183 ქვეყანას შორის და პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მხოლოდ 171-ე ადგილზე მყოფ თურქმენეთს გაუსწრო. ქვეყანამ, ეკონომიკური ბაზის გასაძლიერებლად განახორციელა სტრუქტურული რეფორმა, გახდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ბოლო ხუთი წლის მანძილზე, 5%25-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. თუმცა უკრაინაშიც, პოლონეთის მსგავსად, არასახარბიელო მდგომარეობაა სასამართლოს თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საჯარო სექტორში არსებული დაბალი ანაზღაურება ხელს უწყობს კორუმპირებულ გარემოს სამართალდამცავ და განათლების სისტემებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში ნელია პრივატიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ტემპი; განუვითარებელია ფინანსური სისტემა; სამეწარმეო გარემო არასტაბილური და ბიზნესთვის მოუქნელია.

8 სიახლეები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

Nestle ყავის ხუთ სახეობას უკან გაიწვევს

კომპანია საქართველოში სავაჭრო ქსელიდან Nescafe-ს ხსნადი ყავის ხუთ სახეობას - Alta Rica, Cap Colombie, Estet, Kenjara და Espresso, სიფრთხილის მიზნით, უკან გაიწვევს: ადვილად მსხვრევადი მინის ჭურჭლის გამო, ნამსხვრევები შეიძლება ყავაში მოხვდეს. მათ, ვინც აღნიშნული პროდუქცია უკვე შეიძინა, კომპანიის - შპს გეო ფუდს დისტრიბუშენ - ოფისში შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ფული დაუბრუნდებათ. Nestle ბაზრებზე ყავის ამ სახეობების ხელახლა შეტანამდე შეფუთვას შეცვლის. Nestles-ს სხვა პროდუქცია უსაფრთხოა.

ნავთობი იაფდება

ნავთობის ფასმა ბარელზე 70 დოლარს გადააჭარბა, თუმცა ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში „შავი ოქროს“ ღირებულების 66 დოლარამდე დაცემას პროგნოზირებენ. ნავთობის დროებით გაძვირებას ხელი შეუწყო ევროს გამყარებამ დოლართან მიმართებაში და აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა მარაგების 200 ათასი ბარელით ზრდის შესახებ: ექსპერტები მილიარდიან ზრდას ელოდნენ. ოპეკი ამბობს, რომ ამჟამად ნედლეულის ფასზე გავლენის მოხდენის ბერკეტები არ აქვს. ალჟირის ენერგეტიკის მინისტრის, ჩაკიბ ხელილის განცხადებით, ნავთობზე ფასის ვარდნაზე, მოთხოვნა-მიწოდების ნაცვლად, გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

9 კოლუმბიის გზა დემოკრატიისა და კეთილდღეობისაკენ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ანტანას მოკუსის მხარდამჭერთა აქცია

30 მაისს კოლუმბიური დემოკრატია უმნიშვნელოვანეს გამოცდას ჩააბარებს. ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ხმათა 36%25-ით ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტის, ალვარო ურიბეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ხუან სანტოსი. სანტოსი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. იგი მაღალ თანამდებობებზე კოლუმბიის სამ მთავრობაში მუშაობდა. ურიბეს პრეზიდენტობისას სანტოსს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. მან პარტიზანული ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით გამოიჩინა თავი, გაანადგურა რა ნარკო-ტერორისტული ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი. კოლუმბიამ ტერორიზმს სამხედრო ძალა და რადიკალური ინსტიტუციონალური რეფორმები დაუპირისპირა. შედეგმაც არ დააყოვნა. ურიბეს მთავრობის დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკისა და ამერიკული კოლუმბიის გეგმის განხორციელებით, პარამილიტარების რიცხვმა ქვეყანაში 18 ათასიდან 8-9 ათასამდე იკლო. 70%25-ით შემცირდა მკვლელობები და მოტაცებები. კოლუმბია გახდა რეგიონის ლიდერი ნარკობიზნესთან ბრძოლაში. გაპრეზიდენტების შემთხვევაში სანტოსი ურიბეს „დემოკრატიული უსაფრთხოების“ პოლიტიკას გააგრძელებს. მისი მთავარი საზრუნავი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა იქნება.

ხუან სანტოსის მთავარ კონკურენტად მწვანეთა პარტიის კანდიდატი - ანტანას მოკუსი მიიჩნევა, რომელსაც გამოკითხულთა 29%25 უჭერს მხარს. მოკუსი ბოგოტას ყოფილი მერია. კონსერვატორების წრეებში მოკუსს პაციფისტად იცნობენ. მასში ხედავენ ურიბეს წინამორბედი პრეზიდენტის, ანდრეს პასტრანას აჩრდილს. პასტრანამ ნარკო-ტერორისტები სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩართო. იმის მიუხედავად, რომ ტერორისტებმა მაშინდელი მთავრობისგან, დემილიტარიზაციის სანაცვლოდ, შვეიცარიის ფართობის ტერიტორია მიიღეს, მათ მალევე დაარღვიეს შეთანხმება; ტერიტორია კოკაინის მოსაყვან და ტყვეების დასამალავ ალაგად იქცა.

მართალია, მოკუსი ნარკო-ტერორისტულ დაჯგუფებებთან დიალოგის სურვილს უარყოფს, თუმცა მეზობელ ვენესუელასთან ურთიერთობის დათბობა მისი კამპანიის ნაწილია. ეს ორი მიზანი კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვენესუელა ტერორისტულ ორგანიზაცია კოლუმბიის რევოლუციურ არმიასთან (FARC) თანამშრომლობს აშშ-ს, ევროპისა და დასავლეთ აფრიკის რეგიონების ნარკოტიკებით მოსამარაგებლად. FARC-თან ჩავესის ადმინისტრაციის ფინანსური კავშირი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო დაზვერვის ბიურომ 2008 წლის სექტემბერში დაადასტურა.

კოლუმბიის და ვენესუელის პოლიტიკური ორიენტაცია განსხვავებულია. ჩავესს სურს, „დიდი კოლუმბიის“ სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ გააერთიანოს ვენესუელა, კოლუმბია, ბოლივია, ეკვადორი, პანამა და პერუ. ეს მის ქვეყანას მე-19 საუკუნის სახეს დაუბრუნებდა. ჩავესს სჯერა, რომ შესწევს ძალა ბოლომდე მიიყვანოს ვენესუელელი განმათავისუფლებლის, სიმონ ბოლივარის მიერ მე-19 საუკუნეში დაწყებული საქმე - „21-ე საუკუნის სოციალისტური რევოლუციით“.

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე კოლუმბია აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება. შარშან, ნოემბერში აშშ-სა და კოლუმბიას შორის სამხედრო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო პერსონალს უფლება აქვთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად კოლუმბიის საერთაშორისო აეროპორტები და სამხედრო ბაზები გამოიყენონ. ვენესუელამ ეს ომის დაწყებასთან გააიგივა, კოლუმბიელი დევნილების დეპორტაცია დაიწყო და საზღვრებთან 15-ათასიანი ჯარი განათავსა.

0x01 graphic

ხუან სანტოსი

სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარდა კოლუმბიამ დემოკრატიზაციისკენაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კოლუმბიურმა დემოკრატიამ გამოცდა ამა წლის თებერვალშიც ჩააბარა: მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა მისი მესამე საპრეზიდენტო ვადითარჩევის სურვილი გამოთქვეს. პარლამენტმა რეფერენდუმზე გაიტანა საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციის შესაცვლელად. იდეას საზოგადოებაც უჭერდა მხარს, თუმცა სამთავრობო და საპარლამენტო წნეხის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ ინიციატივა გააუქმა და კოლუმბიის დემოკრატია დაიცვა.

მიმდინარე რეფორმებმა ეკონომიკური რეაბილიტაცია ერთიორად დააჩქარა. ურიბეს პრეზიდენტობის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის ტემპი საშუალოდ 5.7%25 იყო, მაშინ როცა რეგიონული მშპ-ს ზრდის ტემპმა დაახლოებით 4-5%25 შეადგინა.

მსოფლიო ბანკის 2010 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიადვილით, კოლუმბია რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია. იგი უპირველესია რეგიონში უცხოელი ინვესტორების დაცვის კუთხით; ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისთვის, კონტინენტის მასშტაბით, ყველაზე ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოა შექმნილი. ურიბეს პრეზიდენტობისას კოლუმბიაში უცხოურმა ინვესტიციებმა 3-ჯერ მოიმატა; გასამმაგდა ექსპორტიც.

0x01 graphic

ანტანას მოკუსი

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა“ და „უოლ სთრით ჯურნალის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, კოლუმბია მეთორმეტე ადგილზეა, სამხრეთ ამერიკის 29 ქვეყანას შორის. ურიბეს პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანამ 3 საფეხურით წაიწია წინ, ხოლო ჯამური ქულა, წინა წელთან შედარებით, 3.2-ით გააუმჯობესა. ფონდის შეფასებით, კოლუმბიაში ცხოვრების დონემ ბოლო 8 წლის მანძილზე აიწია და უმუშევრობა შემცირდა. გარდა ამისა, სავაჭრო და ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმებით, კოლუმბია 100-დან 83.2 და 72.5 ქულას იმსახურებს. თუმცა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება სახელმწიფოს ინსტიტუციონალური სისუსტე და კორუფცია.

ნავთობრესურსებით უმდიდრესი ვენესუელა იმავე რეიტინგით რეგიონში 28-ე ადგილზეა და მხოლოდ კუბას განვიუსწრებს. ამის მიზეზია ქვეყანაში არსებული მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, მზარდი სამთავრობო ინტერვენციონიზმი და კორუფციის მაღალი დონე. ვენესუელაში სასამართლო სისტემას მთლიანად აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ხშირია მთავრობის მიერ ქონების კონფისკაცია, არ არის დაცული საკუთრების უფლებები. აღსანიშნავია, რომ საკუთრების დაცვის კრიტერიუმით, „ჰერითიჯი“ ქვეყანას 100 შესაძლოდან - 0 ქულას უწერს. საინვესტიციო თავისუფლების კრიტერიუმით, ვენესუელა 5 ქულით ფასდება. „ფრეზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში კოლუმბია 121-ეა, ხოლო ვენესუელა 138-ე. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშით, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით (Global Competitiveness Index), კოლუმბია 69-ე პოზიციაზეა, ვენესუელა კი 113-ზე. სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია ბრაზილია - 56-ე, პერუ - 78-ე და ჩილე - 30-ე ადგილებზე.

0x01 graphic

ალვარო ურიბე

კოლუმბიის ეკონომიკური პროგრესი მეტწილად აშშ-სთან თანამშრომლობამ უზრუნველყო. 2008 წლისთვის აშშ-ს კონგრესში შევიდა კოლუმბია-ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ინიციატივა, რომლის რატიფიკაციასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, პროფკავშირების უფლებების დაცვის კუთხით, კოლუმბიაში არასახარბიელო სიტუაციაა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისთვის სახიფათოა. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაგრძელდება.

___________________

პარამილიტარები - უკანონოდ შეიარაღებული რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები. ებრძვიან მემარცხენე პარტიზანულ დაჯგუფებებს. კოლუმბიაში პარამილიტარულ ორგანიზაციად მიიჩნევა კოლუმბიის გაერთიანებული თავდაცვის არმია

კოლუმბიის რევოლუციური არმია - რადიკალური მემარცხენე, მარქსისტული დაჯგუფება. აშშ-ს და და ევროკავშირის მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.

10 აურზაური არაფრის გამო

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

აშშ - საქართველო

გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში, ამერიკის მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ამ უკანასკნელის მეზობლების მზარდ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ამ რეგიონის მოქალაქეებს ხშირად ეუფლებათ განცდა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი მათ ბედის, უფრო სწორად კი ყოფილი დამპყრობლის ანაბარა ტოვებს.

ევროპული პოლიტიკის შემუშავებისას ობამას ადმინისტრაციას რამდენიმე ფაქტორის შეჯერება უხდება:

ერთის მხრივ, მისი მთავარი პრიორიტეტი ამერიკელი ამომრჩევლის სოციალური დაკვეთის შესრულებაა - შეერთებული შტატების დიდი რეცესიიდან გამოყვანა და ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონის შემცირება

საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ტრადიციული მემარცხენე რეცეპტი - ახალი სახელმწიფო ხარჯები და რეგულაციები მემარჯვენე ცენტრისტული განწყობების მქონე საშუალო კლასის სულ უფრო მზარდ წინააღმდეგობას აწყდება. ეს კი ობამას რეიტინგის უპრეცედენტო კლებას იწვეს, რაც თავის მხრივ თეთრ სახლს მსოფლიო პოლიტიკაში მანევრის ველს მნიშვნელოვნად უზღუდავს.

საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება. ობამას, ერთის მხრივ, ბირთვული განიარაღების, გლობალური დათბობისა და მსგავსი საკითხებისადმი საკუთარი მემარცხენე ბაზის მუდმივი სიყვარულის მხედველობაში მიღება უხდება. მეორეს მხრივ, საგარეო პოლიტიკური წნეხის შემცირებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად, მისი იგი პოტენციური თავის ტკივილის გამომწვევ ქვეყნებთან უმნიშვნელო დათმობებზე მიდის, რათა დაძაბულობის შემცირების გზით, თავიდან აიცილოს რომელიმე რეგიონში ისეთი საერთაშორისო კრიზისის განვითარება, რომელიც ამბიციურ საშინაო პრიორიტეტებს მოწყვეტდა.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ობამას გადაწყვეტილება, რუსეთთან ბირთვული ნარჩენების გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცედურის განახლების შესახებ. 123 შეთანხმების სახელით ცნობილ დოკუმენტს, 2008 წლის მაისში მოაწერეს ხელი, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის გამო ბუშის ადმინისტრაციამ იგი თაროზე შემოდო.

ობამას სიტყვები, რომ საქართველო სარატიფიკაციო პროცედურების დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ უნდა იქნას მიჩნეული, ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მართალია, ეს სიტყვები მხოლოდ ამ კონკრეტულ შეთანხმებას და არა ზოგადად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა, მაგრამ ოპონენტებმა მისი განზოგადება მოახდინეს და განაცხადეს, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა აჩენს კითხვებს, აბნევს მეგობრებს და ასუსტებს ამერიკისადმი მოკავშირეთა ნდობას, რასაც ლოგიკურად მოჰყვება მსოფლიოში პოლიტიკური გავლენის შემცირება.

0x01 graphic

ბარაკ ობამა

ამ თემაზე, ტაბულა ესაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სპეციალურ თანაშემწეს და ამჟამად ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს. ის მთავარ პრობლემად თეთრ სახლის აპარატის დაუდევრობას მიიჩნევს, რომელმაც ვერ მოახერხა მარტივი აზრი ისე გამოეთქვა, რომ ფუჭი აჟიოტაჟი არ გამოეწვია.

მიუხედავად ამისა, უილსონი განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს, ვინაიდან თავად 123 შეთანხმება საქართველოს არანაირად არ ეხება, ხოლო ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა - ამ საკითხში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავაც გადაულახავი წინააღმდეგობები რჩება.

უილსონი ეთანხმება გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობები ობამას ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას საქართველოს ინტერესები, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ჟენევის ფორმატში.

ცოტა ადრე, იგივე აზრი გამოთქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა - თუ ამერიკას სურს ფლობდეს ბერკეტებს, რომელიმე სახელმწიფოზე გავლენის მოსახდენად, საჭიროა ამ ქვეყანასთან კარგი თუ არა, ნორმალური ურთიერთობა მაინც ჰქონდეს.

კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყნები, მათთან კეთილი ჟესტების ენაზე საუბარს, ახალგაზრდა პრეზიდენტს სისუსტედ და გამოუცდელობად ჩაუთვლიან, რამაც ისინი უფრო აგრესიული ქმედებებისკენ შეიძლება წაახალისოს. ისინი ამბობენ, რომ გადატვირთვის პოლიტიკამ საკუთარი თავი უკვე ამოწურა და დროა მისი გადატვირთვაც მოხდეს.

11 მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო

▲ზევით დაბრუნება


ალექსანდრე რონდელი|სვეტი

0x01 graphic

საქართველოს მეზობლებს შორის ორი დიდი, ძლიერი სახელმწიფოა. ერთი, ყოფილი იმპერია, ორჯერ დაშლილი და დათრგუნული, ჯერ კიდევ ცდილობს ახალი იდენტურობის მიგნებას, უწინდელი დიდებისა და გავლენის აღდგენას, იმპერიის ყოფილი ნაწილების ნებისმიერი გზით კვლავ შემოერთებას. რუსეთი ვერა და ვერ ახერხებს სანედლეულო გიგანტის როლისგან თავის დაღწევას და თანამედროვე დემოკრატიულ პოსტინდუსტრიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას.

განსხვავებულად ვითარდება მეორე რეგიონული გიგანტიც - თურქეთი.

ოსმალეთის იმპერიის დაშლას და მასთან დაკავშირებულ დამცირებასა და დაბეჩავებას თურქმა ერმა, ენერგიული და მომავლის ხედვის მქონე ლიდერის - ათათურქის - ხელმძღვანელობით, სეკულარული რესპუბლიკის შენება დაუპირისპირა. დღევანდელ ვითარებამდე თურქეთის გზა რთული და ხანგრძლივი გამოდგა. ათათურქის ხედვა გამართლდა და დღევანდელი თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ქვეყნად იქცა.

თურქეთის როლი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და სწრაფად მზარდი ეკონომიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულია. თურქეთი სხვადასხვა ცივილიზაციისა და გეოპოლიტიკური სივრცეების შესაყარზე მდებარეობს და ამის გამო, საკუთარი მეტად ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენებით, აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა ძალუძს. მხოლოდ ხელსაყრელი მდებარეობა საკმარისი არ არის და საჭიროა მისი აქტიურად გამოყენება. დინამიკურად განვითარებდი თურქეთი უკვე 70-იანი წლებიდან ცდილობს საკუთარი ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები აქტიური საგარეო პოლიტიკისთვის გამოიყენოს. თურქეთი დღეისათვის რეგიონული სუპერძალაა, ხოლო მისი გაძლიერების პროცესი ახალ განზომილებებს იძენს.

თანამედროვე თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნატოს ბირთვული ქოლგის ქვეშ თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, ბევრი პრობლემა და გამოწვევა აქვს. არის კი თურქეთისთვის ადგილი ევროკავშირში? რა როლი უნდა შეასრულოს თურქეთმა ფეთქებადსაშიშ მახლობელ აღმოსავლეთში? როგორი უნდა იყოს ურთიერთობები აქამდე უძლიერეს მოკავშირესთან - შეერთებულ შტატებთან? საით წაიყვანს თურქეთს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან? როგორი იქნება თურქეთის როლი და პოლიტიკა არასტაბილურ რეგიონებში: ბალკანეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ძნელდება საკუთრივ თურქეთში მიმდინარე პროცესების გამოც. იცვლება არა მხოლოდ საერთაშორისო და რეგიონული „უსაფრთხოების გარემო“, არამედ თურქეთის ელიტის შეხედულებებიც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა ძველ პრობლემებს და ახალ გამოწვევებს.

დღეს დასავლურ მედიაში ხშირია სტატიები, რომლებშიც განიხილება თურქეთის მიერ საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლა და ამით გამოწვეული ცვლილებები, პირველ ყოვლისა, თურქეთის სამეზობლოში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი აჰმედ დავუთოღლუ, გასულ შემოდგომაზე ჟურნალ „თურქიშ პოლისი ქუორთერლი“-ში აღნიშნავდა, რომ „თურქეთი არ იცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, როგორც დღეს ზოგიერთი ამტკიცებს“. დავუთოღლუს აზრით, თურქეთი სამეზობლოში კონსტრუქციული ჩართვის პოლიტიკას წარმართავს, ხოლო ევროკავშირში სრული ინტეგრირება ქვეყნის პრიორიტეტად რჩება. „ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიული არჩევანია...“ - ამბობს მინისტრი დავუთოღლუ.

უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ისეთი თბილი აღარაა, როგორც უწინ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ აღარ არსებობს საბჭოთა კავშირისაგან მომავალი საფრთხე, რაც თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი პრობლემა იყო და რის გამოც თურქეთი ნატო-ში მიიღეს. მიმომხილველები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თურქეთი ბოლო ხანებში ცდილობს უფრო დაუახლოვდეს თავის მუსლიმ მეზობლებს, ხოლო მისი ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ისრაელთან გაუარესდა. ანალიტიკოსები ცდილობენ დაადგინონ, რა გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს თურქეთისა და რუსეთის უაღრესად მჭიდრო ურთიერთობას ენერგეტიკის სფეროში. თურქეთში ბუნებრივი გაზის იმპორტის 65%25 და ნედლი ნავთობის 40%25 რუსეთზე მოდის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე 30 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ანკარისა და მოსკოვის დაახლოება ნიშნავს იმასაც, რომ იმ რეგიონებში, სადაც მათი ინტერესები იკვეთება (კავკასია, ცენტრალური აზია), ორივე ერთმანეთის მიმართ უფრო მგრძნობიარე უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, რუსეთის მიმართ უნდობლობა ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი თურქთა ისტორიულ მეხსიერებაში. თურქეთისა და რუსეთის მჭიდრო კავშირს ხელს უშლის ინტერესთა კონფლიქტი ზოგიერთ სფეროში და რეგიონში, მაგალითად, კავკასიაში.

თურქეთის ურთიერთობა ევროპასთან, კერძოდ კი ევროკავშირთან, ვერა და ვერ მოწესრიგდა. თურქეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი უარყოფითად უყურებს გაერთიანებაში თურქეთის სრულ გაწევრიანებას. ევროკავშირისთვის გაწევრიანება არა მხოლოდ ეკონომიკაა, „ცივილიზაციური“ განზომილებაც გარკვეულ როლს ასრულებს. თურქები ფიქრობენ, რომ ევროპელები ქედმაღლობენ და საფრანგეთის იდეა - თურქეთს მიენიჭოს ევროკავშირის პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი - დამცირებად და უსამართლობად მიაჩნიათ. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება ამ გაერთიანებისთვის სახუმარო საქმე არაა. თითქმის 70-მილიონიანი მოსახლეობის მქონე თურქეთის (ევროპაში მხოლოდ გერმანიაშია მეტი მოსახლეობა) მიღება გაერთიანებაში, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის აზრით, დაარღვევდა არსებულ ბალანსს, გაზრდიდა უმუშევრობას, გაართულებდა ზოგიერთი წევრი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. ერთი სიტყვით, თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ორივე მხარისთვის დიდი პრობლემაა.

საქართველო ყოველთვის ემხრობოდა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრირებას. ევროკავშირის წევრთან უშუალო მეზობლობა ჩვენს განვითარებასა და სამომავლო გეგმებს ძალიან წაადგებოდა.

თურქეთს, უამრავ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევასთან ერთად, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, მათ შორის - ქურთების და გაყოფილი კვიპროსის პრობლემები. ქურთების პრობლემა თურქეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამიტომაც თურქეთი არ არის კმაყოფილი ერაყში ამერიკელთა შესვლით, რამაც ქვეყნის დეზინტეგრაციის ტენდენცია გააძლიერა. ამან, თავის მხრივ, ქურთული ავტონომიისა და სეპარატიზმის საფრთხე შექმნა. ეს თურქეთის სამეზობლოში ხდება და ამ ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად შეიძლება იქცეს.

თანამედროვე თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, მაგრამ მისი კულტურა სუნიტურ ისლამს ეფუძნება. დღევანდელ მმართველ პარტიას ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნის ისლამიზაციის მომხრეობაში, რასაც პარტია უარყოფს.

საყურადღებოა თურქეთში სამხედროთა ტრადიციულად ძლიერი პოზიციების ერთგვარი დაკნინება, ზოგიერთის აზრით კი ძალიან შესუსტება. სამხედროები თურქეთის პოლიტიკაში ლამის განმსაზღვრელ როლს ასრულებდნენ. დღეს მათი პოლიტიკური გავლენა საგრძნობლად შეკვეცილია მმართველი პარტიის მიერ.

ანალიტიკოსთა აზრით, ყველა იმ პრობლემის, გამოწვევის და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, რომლებიც დღევანდელი თურქეთისთვის არის დამახასიათებელი, ამ ქვეყნის განვითარება სამი შესაძლო სცენარით შეიძლება წარიმართოს. პირველი სცენარის მიხედვით, თურქეთი პროდასავლურ ქვეყნად ყალიბდება და ევროკავშირში ინტეგრირდება. მეორე სცენარის მიხედვით, თურქეთში ძლიერდება მუსლიმური იდენტურობა და წინა პლანზე თანდათანობით უფრო რადიკალური ისლამიზმი წამოიწევს. მესამე სცენარის თანახმად, თურქეთი ნაციონალიზმის გზით ვითარდება და ეს პირველ ყოვლისა მოხდება, თუ ევროკავშირი თურქეთს, ფაქტობრივად, ზურგს შეაქცევს. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მესამე სცენარი უფრო საშუალოვადიან პერსპექტივას ასახავს. ამ სცენარით ქვეყნის განვითარება ნიშნავს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობათა გაუარესებას და ნაციონალისტური პარტიების პოზიციათა განმტკიცებას.

ექსპერტები არ გამორიცხავენ აგრეთვე მეოთხე სცენარსაც - სამხედროთა ჩარევას. ამგვარი რამ უკვე რამდენჯერმე მოხდა თურქეთის ისტორიაში, მაგრამ ამჯერად სამხედროთა ინტერვენცია ნაკლებად შესაძლებელია, რადგან მმართველმა პარტიამ სამხედროები ძლიერ შეასუსტა.

თურქეთის პოლიტიკა, საშინაო და საგარეო, არ არის სათანადოდ ასახული ჩვენს მედიაში, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

12 საქართველო - რუსეთის ავადმყოფური ჟინი

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ყველა ფოტო: REUTERS ©

ინტერვიუ
ანდრე გლუქსმანი

0x01 graphic

მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, როტშილდებმა შატო ფერიეზე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ობოლი ებრაელი ბავშვებისთვის წვეულება გამართეს. განწყობა საზეიმო იყო. უეცრად პატარა ანდრემ ფეხსაცმელი გაიძრო და მდიდარ მასპინძელს სტყორცნა...

ანდრე გლუკსმანმა ადამიანების თვალთმაქცობა ვერ აიტანა - თითქოს საზეიმო განწყობას ყველაფრის წაშლა შეეძლო.

ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის მამა წარმოშობით რუმინეთიდან (ბუკოვინა) იყო, დედა - პრაღიდან. მათ პალესტინაში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც მანამ გადასახლდნენ, ვიდრე ჰიტლერის რეჟიმი ძალას მოიკრეფდა. პალესტინაშივე იქორწინეს და შეეძინათ ორი ქალიშვილი. 1930 წელს, ახალგაზრდა წყვილმა უარი თქვა კომფორტულ ცხოვრებაზე და ანტიფაშისტური ოპოზიციის დასახმარებლად გერმანიაში გაემგზავრა. 1937 წელს, გლუკსმანებმა ბეწვზე გაასწრეს ფაშისტებს საფრანგეთში. იმავე წელს დაიბადა ჯოჯო გლუქსმანი - გერმანულენოვანი ებრაელი ბავშვი. გარე სამყაროსათვის ის ფრანკოფონი ქრისტიანი ანდრე რივიე იყო. ოჯახი ყალბ საბუთებს იყენებდა და ლიონის შემოგარენში გამუდმებით იცვლიდა საცხოვრებელს.

1940 წელს გარდაიცვალა მამა. 1941 წელს კი საფრანგეთის პოლიციამ დაადგინა გლუკსმანების ვინაობა და ოჯახი ვიშისთან ახლოს, ბურგ-ლასტიკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანა. მათ გერმანიაში დეპორტაცია ელოდათ. ანდრეს გამჭრიახმა დედამ საკონცენტრაციო ბანაკშიც გაიჩინა მიმდევრები, რომლებიც ხმამაღლა გამოხატავდნენ აღშფოთებას უსამართლო დაკავებასთან დაკავშირებით. აურზაურის შიშით, ბადრაგმა ოჯახი სხვა პატიმრებს ჩამოაცილა. საფრანგეთში დაბადებულ ანდრეს მოქალაქეობის უფლება ჰქონდა, რაც ოჯახის საფრანგეთში დატოვებისთვის საკმარის ბიუროკრატიულ საბაბად გამოდგა.

0x01 graphic

გერმანიაში მიმავალი ვაგონები ებრაელებით რომ „იტვირთებოდა“, ანდრეს დამ, მაიკმა შემადგენლობასთან მიირბინა და ყვირილი დაიწყო - „მე ებრაელი ვარ! შეცდომა მოხდა, მეც ებრაელი ვარ!“. დედამ იგი დაიჭირა, სახეში სილა გააწნა და უკან გამოსწია. პოლიციამ გლუკსმანებს თვალი აარიდა.

ის იმპულსი, რომლითაც ანდრე გლუკსმანმა ბანკირი როტშილდი „დააჯილდოვა“ თან სდევს მთელს მის სამეცნიერო და პოლიტიკურ მოღვაწეობას. „მას შემდეგ, რაც 1989 წელს კედელი დაეცა, ბევრს შეექმნა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ კოშმარი დასრულდა. „სიზმრები ძილს იცავენ“ - სთქვა ფროიდმა. ჩვენ ყველაფერს, რაც ძილს გვიფრთხობს, სიზმრებში ვაერთიანებთ, რათა არ გავიღვიძოთ... ძილს ბევრი მცველი ჰყავს. მოაზროვნის ამოცანაა მათ ებრძოლოს“ - ამბობს ფილოსოფოსი.

გლუქსმანი ახალგაზრდობაში საფრანგეთის კომუნისტური პარტიაში გაწევრიანდა. მოგეხსენებათ, კომუნიზმი მაშინ მოდაში იყო. 1956 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები ბუდაპეშტში შევიდნენ, მან დატოვა პარტია. მოგვიანებით კი, მემარცხენეების მხურვალე კრიტიკოსად იქცა, გახდა ანტიმარქსისტული მოძრაობის „ახალი ფილოსოფოსების“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი.

მოძრაობა „ახალი ფილოსოფოსები“ მემარცხენე წარსულის მქონე მოაზროვნეებს აერთიანებს, აკრიტიკებს პოსტ-სტრუქტურალისტებს, ეგზისტენციალისტებს, მათ შორის სარტრს, ნიცშეს და ჰაიდეგერს. ანდრე გლუქსმანი ამტკიცებს, რომ მარქსიზმს ტოტალიტარიზმამდე მივყავართ. მისმა ნაშრომებმა, ფილოსოფოსი მემარცხენეებისთვის პერსონა ნონ-გრატად აქცია.

გლუქსმანი გამოირჩევა თავისი რადიკალური შეხედულებებით და ემხრობა ენერგიულ საგარეო პოლიტიკას. ის მხარს უჭერდა რონალდ რეიგანის გადაწყვეტილებებს ნიკარაგუასთან დაკავშირებით, საუბრობდა საფრანგეთის პასუხისმგებლობაზე რუანდის გენოციდში, გმობდა რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთში. 2008 წელს, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის დროს, ჩინეთის მთავრობას ვაცლავ ჰაველთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მისწერა ღია წერილი. წერილი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა ადამიანთა უფლებების პატივისცემისკენ.

14-15 მაისს ფრანგი ფილოსოფოსი თბილისს ეწვია. ტაბულამ მასთან გასაუბრება შეძლო.

ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში, გერმანულ გაზეთ ველტთან, საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობაში გაჩენილ ბზარზე საუბრობდით. ამბობთ, რომ გერმანია რუსეთისკენ მიტრიალდა. რა გავლენა ექნება ამას ევროკავშირის მომავალზე?

ეს ახალი ამბავი არ არის. გერმანიამ რუსეთისკენ შეტრიალება ჯერ კიდევ კანცლერ შროდერის დროს დაიწყო, რომელიც ახლა გაზპრომზე მუშაობს. გერმანიამ მე-19 საუკუნე გაიხსენა და გადაწყვიტა მისი მომავალი რუსეთის მოდერნიზაციასა და რუსული დემოკრატიის განვითარებას დაუკავშიროს. მგონია, რომ ეს შეცდომაა, რაც გერმანელების გულუბრყვილობით აიხსნება. გერმანია რუსეთს ვერ გარდაქმნის - რუსეთი ცბიერია. ეს მხოლოდ ილუზიაა, რომლის ტყვეობაშიც მოქცეულია გერმანიის მთელი პოლიტიკური სპექტრი: მემარცხენეები, მემარჯვენეები, მწვანეები. მათ რუსეთში ეკონომიკური სასწაულის მოხდენა სურთ, ივიწყებენ რა რუსეთის კორუმპირებულობის ხარისხს. ევროპისთვის, რომელსაც გარკვეულწილად საფრანგეთ-გერმანიის წყვილი მართავდა, ეს ძალიან ცუდია.

დღეს გერმანიის უპირველესი პარტნიორი რუსეთია, საფრანგეთი მე-3 თუ მე-4 ადგილზეა. მაგალითისთვის, გერმანია-საფრანგეთის თანამშრომლობაც კმარა, ატომური ენერგეტიკის დარგში: გერმანულმა სიმენსმა მიატოვა ფრანგული არევა და უმალვე რუსებთან გააფორმა კონტრაქტი. შედეგად, ერთმანეთის კონკურენტები გავხდით: ერთ მხარეს საფრანგეთი, მეორე მხარეს - გერმანია და რუსეთი.

გერმანიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ევროს კრიზისზეც. იანვარში უკვე ცხადი იყო, რომ საბერძნეთი მძიმე მგომარეობაშია, რომ მოიტყუა, ითაღლითა, მაშინ საბერძნეთს არც თუ ბევრი - 40 მილიონი ევრო ესაჭიროებოდა კრიზისიდან თავის დასაძვრენად. გერმანია უარზე დადგა. რატომ? ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზე საუბარსაც ერიდებიან - იმიტომ, რომ გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნები მოდიოდა და მერკელმა ფულის ამ მიზნით დახარჯვა წამგებიან წინასაარჩევნო თემად ჩათვალა. მან არჩევნები მაინც წააგო. დღეს კი, ევროპას ბერძნულ კრიზისში 700 მილიონი ევროს გადახდა მოუწია. ხშირად წუწუნებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ევროპას ძვირი უჯდება. საბერძნეთი ყველამ ერთხმად გაკიცხა. როგორც დავინახეთ, ევროპას გერმანიის თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით ძვირი დაუჯდა. მაგრამ გერმანია არავის გაუკიცხავს, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, იმიტომ, რომ გერმანია ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ არარაციონალური და არც თუ ძალიან ჭკვიანი. საფრანგეთი, ჩემი აზრით, ჯერ ვერც ხვდება ბოლომდე რა მოხდა. ის გერმანიას ბაძავს და ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობაში დაეწიოს. მისტრალის გარიგება ამის მაგალითია.

შემდეგი კითხვაც სწორედ ესაა - რა არის მისტრალის გარიგების მიზეზი? მხოლოდ ფინანსური ინტერესი თუ...

...რასაკვირველია ფინანსური ინტერესიც, მაგრამ მისტრალის გარიგება საფრანგეთს არც ამდიდრებს და არც აღარიბებს. რეალური მოტივაცია ისაა, რომ საფრანგეთი გერმანიას ბაძავს. გერმანია-რუსეთის ეკონომიკური ინტეგრაციის დაბალანსებას, ჩემი ქვეყანა რუსებისთვის გემების და რენოების მიყიდვით ცდილობს.

ვფიქრობ, მისტრალის გარიგება საფრანგეთის სირცხვილია. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ამ გემით საქართველოს 40 წუთში დაიპყრობენ. მართალია სტრატეგიულად არაფერი იცვლება - საუბედუროდ „უფროსი ძმა“ მისტრალის გარეშეც დაიპყრობს საქართველოს 40 წუთში ან 26 საათში, თუკი მოინდომებს. მაგრამ ის, რომ გარიგება ძალიან ცუდი პოლიტიკური გზავნილია, ფაქტია. ამაზე საუბრობენ ბალტიისპირელები, რუმინელები, მთელი აღმოსავლეთ ევროპა. ამას გარდა, საფრანგეთმა დაარღვია ნატოსა და ევროკავშირის ეთიკის კოდექსი.

0x01 graphic

საფრანგეთი შეწუხებულია. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისტრალი მხოლოდ კომერციული გარიგებაა და რომ საქართველო საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ფაქტია, ეს ნაბიჯი უჭკუოდაა გათვლილი. მე და ჩემი თანამოაზრეები ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე ფრანგულ მედიასთან. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ რუსული ფული კორუმპირებულია. ცოტა ხნის წინათ რუსებმა ფრანგულ მედიაშიც დაიწყეს ფულის დაბანდება. იყიდეს პატარა ჟურნალიც - ფრანსუა, რომელიც 30 წლის წინ მნიშვნელოვანი გამოცემა იყო. ჟურნალი რუსმა ოლიგარქმა, გვარად პუგაჩოვმა, შეიძინა თავისი შვილისთვის. რა იციან, რაში გამოადგებათ? საყურადღებოა, რომ სწორედ პუგაჩოვი გეგმავს მისტრალის აწყობას სანკტ პეტერბურგში, თუ გარიგება საბოლოოდ შედგა.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ევროპისა და ამერიკის თაფლობის თვე დამთავრდა, ობამა არ ჩავიდა ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავზე, ვერც ევროპა-ამერიკის სამიტზე დასწრება მოახერხა. რა ხდება?

ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. აქამდე ობამა 40 მილიონი ამერიკელის დაზღვევაზე ფიქრობდა. ის, რაც კლინტონმა ვერ მოახერხა, ობამამ შეძლო და ჯანდაცვის კანონი გაიტანა. ჯერ-ჯერობით, მთელი მისი ძალისხმევა ქვეყნის შიდა საკითხებს ხმარდება და ქვეყნის გარეთ პრობლემებს ერიდება. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ხდება ამერიკის მთავრობაში, სადაც ობამას გარდა სხვა ადამიანებიც არიან, მაგალითად, ბაიდენი, რომელიც არც ობამასნაირი გულუბრყვილოა და არც მისნაირი მეოცნებე. დღეს ვერ განვსჯით, რას უნდა ველოდოთ ობამასგან.

მაგალითად ჩინეთი ავიღოთ. თაფლობის თვე ამერიკას ჩინეთთანაც ჰქონდა. მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გუგლის აკრძალვას, ჰილარი კლინტონმა „მსოფლიოში საინფორმაციო რკინის ფარდის დაშვება“ უწოდა. ეს განცხადება ალუზიაა და ჩერჩილის ცნობილი ფულტონის მიმართვის მთავარ ფრაზას იმეორებს. ამ გამოსვლაში ჩერჩილმა ევროპის გაყოფის შესახებ ამცნო საზოგადოებას. ეს გზავნილი ჩინელებმაც მშვენივრად გაიგეს.

ჰილარი კლინტონი მართალია. დღეს ყველა „რბილ“ ძალაზე საუბრობს, ობამას რიტორიკით, „რბილი“ ძალა ერთმანეთის ფერება და სიყვარული გვეგონა. ჰილარი კლინტონის განცხადებამ კი ცხადყო, რომ „რბილი“ ძალა ინფორმაციაა. ინფორმირებულ საზოგადოებაში ფანატიზმი და ნაციონალიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს.

სწორედ ამიტომაა ძალიან კარგი იდეა საქართველოს პირველი კავკასიური არხი. თქვენი ქვეყანა სამხედრო ძალით ვერავის გააკვირვებს, მაგრამ მის მეზობლებს, საქართველოს მაგალითით, საშუალება მიეცემათ ნახონ, რომ შესაძლებელია განვითარება, თავისუფალი დისკუსია, დემოკრატიული ცხოვრება, კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. გაზეთ კომერსანტში საინტერესო რამ წავიკითხე: მოგეხსენებათ, რუსეთის პოლიცია ისეთ საშინელ დღეშია, მედვედევიც კი შეწუხდა. კომერსანტი ამბობს, რომ რუსეთის პოლიციაშიც იგივე რეფორმა უნდა გატარდეს, რაც ქართულმა პოლიციამ გაიარა - ანუ საქართველო მაგალითის მიმცემია. ინფორმაცია მნიშვნელოვანი იარაღია - გუგლი უფრო ძლიერია, ვიდრე ნაპოლეონი.

რაც შეეხება იმას, რომ ბერლინის კედლის დანგრევის იუბილეზე ობამა არ ჩავიდა, რასაკვირველია, ეს შეცდომა იყო.

აღმოსავლეთ ევროპა აღელვებულია. ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და მოაზროვნეებმა - ვაცლავ ჰაველმა, ადამ მიხნიკმა, მარტ ლაარმა და სხვებმა - ობამას მისწერეს წერილი, რომელშიც საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ხელი დაიბანა. რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

წერილის ხელმომწერებს სამართლიანად ეშინიათ, რომ ობამა ატლანტის ოკეანის აუზის ქვეყნებიდან წყნარი ოკეანისკენ შეტრიალდება. მათ აქვთ საფუძველი, ამერიკის პრეზიდენტს უთხრან: „ფრთხილად!“, რადგან ისინი უკეთ იცნობენ თავიანთ ყოფილ მეტრს - რუსეთს, ვიდრე ობამა.

თქვენ თავის დროზე მხარს უჭერდით ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, მაშინ, დღეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აპროტესტებთ. რა ლოგიკით?

რუსებმა 200 000 ჩეჩენი გაწყვიტეს. ეს ძალიან ბევრია იმ ერისთვის, რომელიც მილიონზე ნაკლებს ითვლის. მე არ ვუჭერდი მხარს წითელი არმიის ყოფილ ჩინოსნებს: დუდაევს, მასხადოვს, ბასაევს და სხვა ტერორისტებს, მე მხარს ვუჭერდი ხალხს, რომელიც 300 წელია იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და რომელიც ამოწყვიტეს. რატომ ამოწყვიტეს? ამას ჩემზე კარგად ტოლსტოი ხსნის: იმიტომ, რომ რუსეთში შემავალი დანარჩენი ერებისთვის გაკვეთილი ჩაეტარებინათ - შეხედეთ, რა მოსდით მათ, ვინც არ გვემორჩილება. თითქოს პუტინმა, ჩეჩნეთის მეორე ომამდე ტოლსტოი წაიკითხა

აფხაზეთი განსხვავებული შემთხვევაა. ჩეჩნეთში თუ რუსებმა ჩეჩნები ამოწყვიტეს, აფხაზებმა, რუსების დახმარებით, ქართველებს მოუწყვეს ეთნიკური წმენდა. აფხაზები დამოუკიდებლობის აღიარებას კი არა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ითხოვენ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას ორი ნაკლი აქვს: ერთი, ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს რუსეთის ცუდად შენიღბული ანექსიაა - რატომაც არა, აფხაზეთი აქაური ლაჟვარდოვანი სანაპიროა. რუსებმა ფრანგულ ლაჟვარდოვან სანაპიროზე უკვე იყიდეს ყველაფერი, გაზპრომის ფულით. მაგრამ ჩვენთან თუ ფულით იყიდეს, აქ ძალით წაიღეს. მეორე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ეთნიკური წმენდის შედეგების აღიარებას ნიშნავს. იგივე ითქმის ოსეთზეც. თუმცა, ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობაზე საუბარიც არ მინდა. ოსების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მაფიოზების მართული 30 ათასი ადამიანი რომ ქვეყანას ვერ შექმნის, გასაგებია. მათი ავტონომია საქართველოს ფარგლებში მისაღებია, მაგრამ ავტონომია რუსეთის მიერ ანექსიას სულაც არ ნიშნავს.

მე კოსოვოს დამოუკიდებლობასაც ვუჭერდი მხარს. იმიტომ, რომ სერბებმა ეთნიკური წმენდა მოუწყვეს ალბანელებს, რომლებიც კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. ეთნიკური წმენდა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემი ლოგიკაც ამ ფაქტორს ეყრდნობა.

თვალშისაცემია, რომ რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და საქართველოს გადაყლაპვას ახლა ტკბილი სიტყვებით ცდილობენ. საუბრობენ ქართველი და რუსი ხალხის საუკუნოვან მეგობრობაზე, ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს, დღესასწაულებზე ამღერებენ ქართველ მომღერლებს, ეპატიჟებიანინტელიგენციას და ამით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პრობლემა სააკაშვილია და არა საქართველო. ამაზე რას იტყვით?

კარგი ნიშანია, რომ პუტინი და კრემლი ციხის შიგნიდან გატეხვას ცდილობენ. ცალკეული ადამიანების ყიდვა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ქალაქს მომდგარი ტანკები. პუტინმა ძალით „სააკაშვილის რეჟიმი“ - როგორც თვითონ უწოდებს - ვერ დაამხო, ახლა სხვა გზებს ეძებს. ვფიქრობ, პუტინის მიერ ტაქტიკის შეცვლა პირველ რიგში საქართველოს წარმატებაა. რასაკვირველია, რუსებს დღესაც შეუძლიათ თბილისის აღება, მაგრამ ამის შემდეგ მათ მოუწევთ იმ საზოგადოებასთან გამკლავება, რომელსაც კრემლი სძულს. ამიტომ, პუტინი ხალხის მოსყიდვას ცდილობს, ანუ იგივეს აკეთებს, რაც უკრაინაში ჩაიდინა. თუმცა, მან ჯერ უკრაინაშიც ვერ გაიმარჯვა. უკრაინა გაყოფილია. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთზე დამოკიდებულების კატეგორიული წინააღმდეგია.

ის, რომ საქართველო რუსეთის ავადმყოფური ჟინის ობიექტია, 300 წელია ვხედავთ. ცოტა ხნის წინათ, პრიმაკოვის დაბადების დღეზე პუტინმა საქართველოს გაერთიანების სადღეგრძელო დალია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ის აფხაზეთის და ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას გულისხმობდა. რასაკვირველია, არა. მან საქართველოს და რუსეთის გაერთიანების სადღეგრძელო დალია. უკვე ვთქვი, რომ ეს აღარაა პოლიტიკა, ეს ავადმყოფობაა, რომელსაც მე-19 საუკუნის რუს მწერლებამდე მივყავართ. მხოლოდ ის, რომ საქართველო რეგიონის რივიერაა, არ ხსნის რუსეთის ინტერესს. აქ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ფსიქოლოგია. საქართველო სხვა ტიპის ქვეყანაა, უფრო ლაღი და თავისუფალი. საქართველო რუსული ცხოვრების წესის ანტიპოდია. სწორედ ეს აგიჟებს რუსეთს.

0x01 graphic

13 ფავორიტების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

სალომე კიკალეიშვილი

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

მოდელი ჰოფიტ გოლანი კანის წითელ ხალიჩაზე

მართალია, ახლა უკვე ყველამ ვიცით კანის გამარჯვებულთა ვინაობა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ წერილს კანიდან ვგზავნი. თან როდის? ჯერ კიდევ გაგანია საკონკურსო ჩვენებების დროს! ასე რომ, დაივიწყეთ შედეგები და ჩემთან ერთად უკან, კანში დაბრუნდით.

ვერ შევედი კენ ლოუჩის ფილმზე, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩასვევს კონკურსში: „რეჟისორმა ძლივს მოასწრო ფილმის დამთავრებაო“. გაურკვეველი მიზეზების გამო პრემიერა ყველაზე პატარა დარბაზში გამართეს. ხომ გახსოვთ, რომ აქ ჟურნალისტები „ფერებად“ ანუ კატეგორიებად ვართ დაყოფილი?! ელიტურმა „თეთრებმა“ მედიდურად გადმოგვხედეს, დარბაზში ამაყად შევიდნენ და კარი ცხვირწინ მოგვიხურეს. განაწყენებულთა რიგში ატეხილი ქოთქოთი რომ აღარ დამთავრდა, ფესტივალის დირექციამ გადმოგვძახა: „დონტ უორი! დონტ! ხვალ მოგიხერხებთ რამესო“.

ჯერ ვფიქრობდი, რომ წლევანდელ კანში პლაჟზე ყოფნას არაფერი სჯობდა - ფესტივალი ხომ საკმაოდ უსუსური ფილმებით დაიწყო! ფრანგების საყვარელი მსახიობის მატიო ამალრიკის ფილმ „ტურნეს“ ნახვის შემდეგ ქუჩაში გამოვედი და რიტორიკულად, ხმამაღლა ვეკითხებოდი საკუთარ თავს - რატომ?! რატომ ეჭეჭყებიან კინოკრიტიკოსები და მსახიობები რეჟისურაში?! რა დაუკარგავთ კამერის უკან?! არ ჯობდა, ამალრიკი მსახიობად დარჩენილიყო და თავისი ორი „სეზარის“ ყურებით დამტკბარიყო?! ბერტრან ტავერნიე გამახსენდა, ფრანგული კინოს ვეტერანი! იცით, რა კარგი საქმე ქნა?! ისეთი ფილმი გადაიღო, რომ დილის სეანსზე მისულმა მაყურებელმა, გემრიელად და რბილად, დარბაზის სავარძლებში გააგრძელა ძილი.

0x01 graphic

ტაკეში კიტანო

კიდევ კარგი, ამინდი მაინც გვწყალობს. წამოწვები შენთვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, მოუსმენ კარგ მუსიკას, გახედავ ბედნიერ ადამიანებს (ყოველ შემთხევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ) და ცოტა ხნით მაინც დაგავიწყდება, რომ... არსებობს, მაგალითად, ტაკეში კიტანო. კანში წარმოდგენილი მისი ფილმის - „ბრაზის“ სეანსის დროს, სანამ გვერდით მჯდომმა არ მკითხა, ხომ კარგად ხართო, მანამდე ვერ მივხვდი, რომ ყურებიდან ხელები უნდა ჩამომეწია, ფეხები ძირს დამედო და თვალები გამეხილა. ისე, იაკუძაზე გადაღებული ამ მორიგი ჰორორ სთორის სინოპსისის დაწერა რომ შემოეთავაზებინა ვინმეს, სიამოვნებით დავწერდი მოკლედ და ლაკონიურად: დშ, დშ, ბახ, ბუხ, ტყლაშ! პლუს რჩევა: ფეისბუქის მაფია უორის წევრებო, ნახეთ! ნახეთ! ნახეთ! ნამდვილი მაფიური ამბები მხოლოდ კიტანოსთან! და თან სასაცილო ადგილებით!

რატომ დავიწყე კიტანოთი?

მაიკ ლი - „კიდევ ერთი წელი“. „უდავო ფავორიტი“, „გენიოსი“ - წერს მის ახალ ფილმზე ფრანგული პრესა. სეანსიდან სლუკუნით გამოვედი. ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს ვიწმენდდი და... შემეშინდა. საკუთარი ცხოვრების, მარტოობის, სიბერის. ამ ფილმში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლი, როგორც გენიალური დირიჟორი, რომლის ყურს (თვალს) არც ერთი ნოტი (დეტალი, ნიუანსი) არ გამორჩება. ფილმი სიბერეზე, მარტოობაზე, სიყვარულზე, სიკვდილზე, დაბადებაზე. ყველაფერზე და თითქოს არაფერზე. ხანში შესული ცოლ-ქმარი ტომი და ჯერი (?!) ლონდონის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს. ხშირად სტუმრობენ ვაჟი და მეგობრები. სამზარეულოს მაგიდასთან სხდებიან, ღვინოს წრუპავენ, საუბრობენ, იხსენებენ, ტირიან, იცინიან. ხომ გეუბნებით, თითქოს არაფერი. - ჩვენ ხომ ყველანი ვბერდებით, - გვეუბნება ლი, - ვიბადებით, გვიყვარდება, ვცხოვრობთ, ვკვდებით. ეს შეუქცევადია, როგორც წელიწადის დრონი. მაგრამ განა ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი არ არის?! არა, აქ არც სენტიმენტალურ მუსიკას მოაქვს განწყობა და არც ახლო ხედით გადაღებული სევდიანი მსახიობი გიჩუყებს გულს. რომ შემეძლოს, სამსახიობო დასის ყველა წევრს პალმის რტოებს ჩამოვურიგებდი და მისტერ ლის დიდ მადლობას გადავუხდიდი. მადლობას იმისთვის, რომ, ცოტა ხნით მაინც, უფრო ბედნიერებად, უფრო კეთილებად გვაგრძნობინა თავი.

ბედნიერია კორეელი რეჟისორის ლი ჩან დონის ფილმის „პოეზიის“ მთავარი გმირი, რომელსაც ცნობილი კორეელი მსახიობი იუნ იუნგ ჰი თამაშობს. 65 წლის ქალია. პატარა სახლში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ყოველთვის გამოპრანჭული, კოპწია. ჰო, ცოტა კოკეტიცაა. მართალია, უვლის პარალიზებულ ავადმყოფს... მაგრამ არა უშავს. ეს არ აწუხებს. მას ხომ დიდი მისია აკისრია - პოეტი უნდა გახდეს. სპეციალურ კურსებზე იწყებს სიარულს და ცდილობს, ყველაფერში პოეზია დაინახოს: ძირს დაგდებულ დამპალ ატამში, ქარის გატაცებულ ქუდში, ქაღალდზე დაწვეთებულ წვიმის წვეთებში... სტროფების ძიებაში ყოველდღიურობის მორევში იძირება და ყველაფერთან უწევს გამკლავება: პარალიზებულთან - რომელსაც სექსუალური აქტი მოუნდება; შვილიშვილთან - რომელიც თანასკოლელი გოგონას თვითმკვლელობაშია დამნაშავე; საკუთარ ავადმყოფობასთან - რომელიც ნელ-ნელა უქვეითებს მეხსიერებას. საინტერესოა, რომელ მსახიობ ქალს აღიარებს წლევანდელი ჟიური საუკეთესოდ, რადგან ორი უდავო ლიდერია: ლესლი მენვილი („კიდევ ერთი წელი“) და იუნ იუნგ ჰი („პოეზია“). თუ, რა თქმა უნდა, საოცრება არ მოხდა და ფრანგებმა, „ვალის მოხდის მიზნით“, ჟულიეტ ბინოში არ დააჯილდოეს. ფრანგი მსახიობი მთავარ როლს ასრულებს აბას კიაროსტამის ფილმში „ასლი დადასტურებულია“. მართალი რომ გითხრათ, საერთოდ არ ღირს ამ ფილმზე საუბარი. ინტელექტუალი ინგლისელი, რომლის ცხოვრების არსი „ხელოვნების ფასეულობა და მაღალი მატერიებია“, ტოსკანაში ფრანგ ქალს გაიცნობს. და იწყება უსასრულო დიალოგები, „ინტელექტუალური“ საუბრები ქალისა და მამაკაცის რაობაზე, ქორწინებაზე... მაპატიეთ ფამილიარობისთვის, მაგრამ ცარიელი ბლა ბლა ბლა. ამიტომ კიაროსტამის ეს წარუმატებელი ფილმი დავივიწყოთ და სერგეი ლოზნიცათი გავაგრძელოთ.

0x01 graphic

მაიკ ლი

0x01 graphic

აბბას კიაროსტამი და ჯულიეტ ბინოში

0x01 graphic

ლი ჩანგ-დონგი

ლოზნიცას ფილმის მიმართ ინტერესი დიდი იყო. ეს ალბათ ერთადერთი ფილმია წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა. აღიარებული დოკუმენტალისტისთვის, რომელიც არაერთი ფესტივალის პრიზიორია, „ჩემი ბედნიერება“ პირველი მხატვრული ფილმია. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ოქროს პალმისთვის უკრაინული ფილმი იბრძვის.

მკვდარ მამაკაცს ორნი მიათრევენ. ორმოში აგდებენ და ცემენტს ასხამენ. ამ დროს კადრში ჩანს მიწით სავსე ბულდოზერის უზარმაზარი პირი. შენკენ მოდის. აი, ისე, როგორც ლუმიერების მატარებელი. წამიც და, მიწა თავზე გეყრება, იმარხები. ეს არის ამბავი სატვირთო მანქანის მძღოლზე, რომელიც მორიგი გასვლის შემდეგ იკარგება, გზა ერევა. სადღაც აღმოჩნდება, სადღაც თუ არსად... რუსეთის მიყრუებულ სოფელში. აქ გზააბნეული გმირი სოფლის რუს ხალხს ხვდება. ლოზნიცა არ ერიდება ახლო ხედის ხშირ გამოყენებას და ფილმს საოცარი ტიპაჟებით ამდიდრებს: არასრულწლოვანი მეძავი, მეორე მსოფლიო ომის „უსახელო“ გმირი, ტყეში მოხეტიალე ბანდიტები, მოძალადე პოლიციელები... სასტიკები, მახინჯები, ბოზები, უგულოები... არა აქვს მნიშვნელობა, რომელი წელია, რომელი საუკუნეა. აქ სულ ასე იყო, - გეუბნება ლოზნიცა, - ეს იყო და არის ერთი დიდი ჭაობი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, კლავს. ეს არის ფილმი-შოკი. განსაკუთრებით მძაფრი, ყოვლად მოულოდნელი დასაწყისით და ფინალით. მაგრამ, ისევე როგორც შოკიდან, აქედანაც მალე გამოდიხარ და... არ მიყვარს რუსული „ჩერნუხა“. მომბეზრდა, ისევე როგორც ნარკომანიაზე გადაღებული ქართული ფილმების ყურება. ლოზნიცას ნამუშევარი „ხმამაღალი“ ფილმი იქნება. უკვე არის. თავის მისიას შეასრულებს და ყურადღების ცენტრში მოექცევა.

0x01 graphic

ფილმტურნეს შემოქმედებითი ჯგუფი

სიკვდილი, ავადმყოფობა, არალეგალები - თემები, რომლებიც მექსიკელ ალეხანდრო გონსალეზ ინიარიტუს აწუხებს, მარადიულია. უფრო სწორად, მარადიული მისთვის, რეჟისორისთვის, რომელიც, უკვე მეოთხე ფილმია, წრეზე ტრიალებს და ხან რომელ ჰოლივუდელ მსახიობს ისტუმრებს საიქიოს და ხან - რომელს. ამჯერად ეს ჰავიერ ბარდემია. მის გმირს ორი შვილი ჰყავს. აქვს აუწყობელი შავი ბიზნესი და უკურნებელი დაავადება - პროსტატის კიბო. „ბიუტეფულ“ („ლამაზი“) - ასე ჰქვია ამ ფილმს, რომელიც რეჟისორმა მამამისს მიუძღვნა. „ეს პირველი ფილმია, რომლითაც კმაყოფილი ვარ. ძალიან დავიღალე აქეთ-იქით წანწალით (გულისხობდა „ბაბილონს“. ავტ.) და ამიტომ ერთ ქალაქ ში გადავიღე. „ბიუტეფულ“ ჩემი ყველაზე იმედიანი ფილმია,“ განაცხადა - პრესის წინ ინიარიტუმ.

0x01 graphic

მართალია, ფილმს დადებითი შეფასება მისცეს წამყვანმა ფრანგულმა ჟურნალ-გაზეთებმა, მაგრამ ინიარიტუს ამ სურათში არაფერია ახალი. აქ თავისუფლად იპოვი მის ძველ ფილმებს: „ძუკნა სიყვარული“, „21 გრამი“ და ცოტაც „ბაბილონი“. აი, ჰავიერ ბარდემისთვის კი, რომელიც ბედნიერი სახით იჯდა პრესკონფერენციაზე, ეს ფილმი ძალიან, ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. მან ეს მშვენივრად იცის. და, საერთოდ, კაზანოვების ეპოქა მის კარიერაში დასრულდა. არ მომიგონია, თავად თქვა.

14 საქართველო-გერმანია: ისტორიის შეხსენება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

გერმანული ნაწილების შემოსვლა თბილისში. 1918

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება - რეალურად მხოლოდ პატრიოტთა წარმოსახვაში არსებული სახელმწიფოს ნულიდან შექმნა (ერთიანი საქართველო ხომ მე-16 საუკუნიდან აღარ არსებობდა), რომელიც დღეს გარდაუვლად მოჩანს, სწორედ გერმანიის გააზრებული და ჩამოყალიბებული პოზიციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეს მკაფიო პოზიცია რომ არა, სრულიად შესაძლებელია დამოუკიდებლობა 1918 წელს დროულად არ გამოცხადებულიყო. ამავე დროს, თუ ბოლშევიკები საქართველოში შემოსვლას უფრო ადრე მოახერხებდნენ, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ბევრად უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია ექნებოდა როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

1918 წელს, ბოლშევიკური პუტჩის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის რუსეთ-კავკასიის ფრონტი დაიშალა და ასეულათასობით რუსმა ჯარისკაცმა სამშობლოსკენ გასწია (გზად ძარცვაგლეჯის თანხლებით), რითაც ხელ-ფეხი გაეხსნა თურქეთის ამბიციას, მიეღწია სრული დომინაციისთვის სამხრეთ კავკასიაში. ცნობილ პანთურქისტ ენვერ ფაშას წინამძღოლობით თურქებმა სწრაფად დაიკავეს ბათუმის ოლქის დიდი ნაწილი და საკუთრივ ბათუმიც. დაშლის პირას მყოფ ამიერკავკასიის ფედერაციფედერაციასა და თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა ჯერ ტრაპიზონში, შემდეგ - ბათუმში. ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარებული მოვლენებით სრულიად დაბნეული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილი დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევდა. დამოუკიდებლობას აქტიურად უჭერდნენ მხარს მემარჯვენე პარტიები, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთა, ისევე როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი და საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი. დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დელეგაციაზე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობაზე გერმანიის დელეგაციის ლიდერმა და თბილისში გერმანიის ყოფილი კონსულის ფრიდრიხ ფონ შულენბურგის მიერ განხორციელებულმა ზეწოლამ. შულენბურგი არაფორმალურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ჯერ თბილისში, ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი - ბათუმში ჩასულ ნოე ჟორდანიასთან. შულენბურგსვე ეკუთვნის ე.წ. Schutzstaat-ის (დაცული სახელმწიფო) იდეა, ანუ გერმანიის პროტექტორატის ქვეშ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა.

0x01 graphic

კრეს ფონ კრესენშტაინი

მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბერლინის მხარდაჭერა მხოლოდ მისი იმპერიული ამბიციებით იყო ნაკარნახევი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელმოწერის ანუ გერმანიასთან რუსეთის დამარცხების შემდეგ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გამო გერმანია ღია კონფრონტაციაში შევიდა საქართველოზე ზომითა და მნიშვნელობით ბევრად დიდ, თავის მოკავშირე თურქერთან და მას ბრესტ-ლიტოვსკის პირობებიდან უკან დახევა ანუ ბათუმის ოლქის დათმობა აიძულა. 1918 წლის ზაფხულში დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ რამდენიმე შეტაკებაც კი მოხდა გერმანულ და თურქულ ნაწილებს შორის აჭარაში (საინტერესოა, რომ შეტაკებებში გერმანულ ფორმაში ჩაცმული საქართველოში მცხოვრები გერმანელები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაგან რაზმები ფრიდრიხ ფონ შულენბურგმა და კავკასიაში გერმანული კორპუსის სარდალმა გენერალმა კრეს ფონ კრესენშტაინმა ჩამოაყალიბეს). ამ რაზმის შექმნა საკმაოდ თავზე ხელაღებული ნაბიჯი იყო და ეს მოხდა გერმანიის ჯარების ძირითადი ნაწილების შემოსვლამდე. ბათუმის გათავისუფლებისას გერმანულმა ნაწილებმა მოკლულების სახით დანაკარგიც განიცადეს. „ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა,“ - იგონებს გენერალი კრესენშტაინი.

გერმანიის საქართველოს სახელმწიფოს შექმნისა და გაძლიერების იდეისადმი სიმპათიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ბერლინში მოქმედმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმაც. წლების განმავლობაში ქართველი ნაციონალისტი ინტელექტუალების ეს ჯგუფი ეწეოდა საქართველოს, როგორც გერმანიის მომავალი საიმედო მოკავშირის პროპაგანდას და საქართველოს პოპულარიზაციას გერმანულ პრესასა და გავლენიან წრეებში. ამ ჯგუფის თაოსნობით, რომლის თვალსაჩინო წევრები იყვნენ მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ლეო კერესელიძე, გერმანიის სარდლობის უშუალო ხელშეწყობით და ლეო კერესელიძისა და შულენ ბურგის მეთაურობით ჩამოყალიბდა ქართული ლეგიონი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ერთი სიტყვით, ბერლინში დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობის გამო გერმანიის პოლიტიკურ ელიტას ბევრად უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს მნიშვნელობასა და მის სახელმწიფოებრივ პოტენციალზე, ვიდრე სხვა დიდ ევროპულ სახელმწიფოებს.

არანაკლებ მივიწყებული ფაქტია იმ დროის საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული გერმანული თემი და ამ თემის კეთილგანწყობა საქართველოს სახელმწიფოს იდეის მიმართ. 1918 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ათასი ეთნიკური გერმანელი არა მარტო თბილისის სამხრეთით, გერმანულ კოლონიებში, არამედ საკუთრივ თბილისშიც (ძირითადად მარცხენა სანაპიროზე), რომელთაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოწინავე პოზიციები ეჭირათ. გერმანელებს ჰქონდათ ეროვნული საბჭო, რომელიც აქტიურ კონსულტაციებს მართავდა საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას ორი გერმანული ხელმოწერა ამშვენებს. თბილისში გამოდიოდა გერმანულენოვანი გაზეთი Der Kaukasische Post, რომლის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი და ვეფხისტყაოსნის გერმანულად მთარგმნელი არტურ ლაისტი.

0x01 graphic

ლეო კერესელიძე

0x01 graphic

ფრიდრიხ შულენბერგი

აი, ასეთ ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. ორ დღეში მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და გენერალმა ფონ ლოსოვმა ფოთში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც, ერთი მხრივ, გერმანიამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მიიღო მისი რკინიგზითა და ბუნებრივი რესურსებით უპირატესი სარგებლობის პრივილეგია. ამას დაერთო ისიც, რომ საქართველოში არ არსებობდა მტრული განწყობა გერმანელების მიმართ. პირიქით, როგორც ცნობილი ქართველი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი იხსენებს, ქართველები მათში „ხედავდნენ ევროპული კულტურის, ევროპული ცოდნისა და უნარის რიგიან წარმომადგენლებს, ბრწყინვალე მეომრებს...“

გერმანიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაში გაწეული როლი, ისევე როგორც იმპერიოდის ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მეტ შესწავლას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, საკუთრივ ეს ფაქტი არავითარ ეჭვს არ იწვევს და უდავოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონტექსტში, ცნობილ მიზეზთა გამო გერმანიის საკუთარი ისტორიისგან დისტანცირების მიუხედავად.

15 55

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

ქრისტე რომ ჩამოვიდეს და ქართველებში დასახლდეს, მეორე დღესვე თავში ჩავუფაჩუნებთ, ან ხელს გადავხვევთ და ასე ავლაპარაკდებით: „ბიჭო, იესო, როგორა ხარ? რასა იქ შე ჩემა ნალავ? წამო, ერთი ჩარექა დამალევინე.

მიხეილ ჯავახიშვილი

რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ამაზე არავინ დავობს. ეს უკვე გადაწყვეტილია. ოღონდ სიტყვებით. სინამდვილეში კი ბევრი რამით ვაგებთ სხვებთან. თუნდაც ლიტერატურით.

მაგალითად, ქართული და მსოფლიო პროზა იმდენად სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, რომ ერთმანეთს უბრალოდ ვერ ხვდებიან. ეს არაა ლომის და ვეფხვის გეოგრაფიული ვერშეხვედრა. ჩვენ რომ შევახვედროთ კიდეც, ვნახავთ, რომ უცხოური პროზა ბევრით ასწრებს ქართულს. სხვას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მარტო სასმელის მრავალფეროვნებით. რაც შემეხება მე, დიდი ხანია „ლიტერატურული სასმელების“ კოლექციას ვაგროვებ. ყოველთვის ბლოკნოტში ვიწერ ყველა იმ სასმელს, რომელიც ამა თუ იმ წიგნში მხვდება. ვაგროვებ ბრმად, როგორც კოლექციონერი. ვერავითარ ლოგიკას ამაში ვერ ვხედავ. ან რა ლოგიკა შეიძლება იყოს მარკების, მონეტების, ასანთის კოლოფების, მაცივარზე მისაკრობი მაგნიტების ან გჟელის შეგროვებაში?

შედარებისთვის: ფლობერის ქალბატონი ბოვარი კიურასოს გეახლებათ, მარკიზ დე სადის რკინის გული „ჟიუსტინაში“ შარდს სვამს, ხოლო დიკენსის ტომ სმარტი „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“ იმდენ პუნშს წრუპავს, რომ შემდეგ მთელი ღამე სავარძელს ელაპარაკება და ა.შ. ქართულ ლიტერატურას რაც შეეხება, ამ მხრივ ის დიდ არჩევანს არ გვთავაზობს. რამდენიმე სასიამოვნო, და უფრო სამოყვარულო, ვიდრე საკოლექციო გამონაკლისს თუ გავიხსენებთ, რომლებიც, ცხადია, ამინდს ვერ ქმნიან. მაგალითად, ოთარ ჭილაძის „აველუმი“, რომელშიც მთავარი გმირი ერთგან პორტვეინში გარეულ ლუდს წრუპავს, გურამ დოჩანაშვილის „ვატერ(პო)ლოო“, რომელშიც ბესამე ბროწეულის წვენს სვამს, გურამ გეგეშიძის თებრო, კორდიამინს რომ იღებს და ა.შ.

გუშინ ჭავჭავაძეზე მივსეირნობდი. 55-ე სკოლას (რომელიც დიდი ხნის წინ დავამთავრე) რომ ჩავუარე, მოულოდნელად სკოლისდროინდელი კომპოტი გამახსენდა. მოყვითალო-მოყავისფრო, უფრო ზუსტად კი მოშარდისფრო სითხე. არც ცივი, არც ცხელი, ყოველთვის რაღაცნაირად ამაზრზენად მოთბო და წყალწყალა. თან მუდამ სიტკბო აკლდა. შიგ ამოუცნობი ხილის ნაჭრები ეყარა, რომლის სიფრიფანა, გამჭვირვალე კანმა სასაზე საზიზღრად აკრობა იცოდა.

ამ უმნიშვნელო წვრილმანს ასოციაციათა მთელი ჯაჭვი მოჰყვა. კერძოდ, კომპოტმა მომაწყურა, წყურვილმა სკოლა გამახსენა, სკოლამ - ლიტკოლექცია, ლიტკოლექციამ - პირველად წაკითხვის სიამოვნება და ა.შ. სწორედ კომპოტის გამო გადავწყვიტე, ეს სვეტი რიცხვ 55-ისთვის დამეკავშირებინა. პრინციპით - 55 ავტორი, 55 ნაწარმოები, 55 პერსონაჟი, 55 სასმელი. თან ეს ყველაფერი XX საუკუნიდან. სხვა თუ არაფერი, თვითონ სკოლაც, კომპოტიც და ჩვენც, იმ სკოლიან-კომპოტიანად, XX საუკუნის პროდუქტები ვართ.

0x01 graphic

და ბოლოს, თუ ამ სქემამ ერთ კაცს მაინც მოაწყურა და წიგნის წაკითხვა მოანდომა, ჩავთვლი, რომ სვეტი ტყუილად არ დამიწერია. თუ არადა, ეს სქემა კროსვორდის შევსებისას მაინც გამოგვადგება. ხომ შეიძლება შეგვხვდეს შეკითხვა: რას სვამს ვრონსკი „ანა კარენინაში“? მაშ ასე:

1. აბე - ქალი ქვიშაში - ძიუმპეი - წყალი
2. აპდაიკი - ისტვიკელი ჯადოქრები - სიუკი - ბურბონი
3. ბარტი - გზის დასასრული - ჰორნერი - მუსკატელი
4. ბატაი - თვალის ისტორია - დონ ამინადო - შარდი
5. ბეროუზი - ჯანკი - უილიამი - შერი
6. ბერჯესი - მექანიკური ფორთოხალი - ალექსი - რძე
7. ბრედბერი - შემგროვებელი - ადვოკატი - ბრენდი
8. ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა - კატა-ბეჰემოთი - ნავთი
9. გაშეკი - ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი - პატიმარი - მელანი
10. გრასი - თუნუქის დოლი - ბებრა - კალვადოსი
11. დოვლატოვი - ნაკრძალი - სმირნოვი - შარტრეზი
12. დრაიზერი - ამერიკული ტრაგედია - რეტერერი - რეინვეინი
13. ეკო - ფუკოს ქანქარა - კაზობონი - ლუდი
14. ელისი - გლამორამა - ვიქტორი - ლატე
15. ეროფეევი - ვალპურგის ღამე - კომანდორი - ეთანოლი
16. ვიანი - დღეთა ქაფი - კოლენი - სოტერნი
17. კამიუ - უცხო - მერსო - ყავა
18. კაფკა - ციხე-სიმაგრე - კ. - კონიაკი
19. კერუაკი - დჰარმის მაწანწალები - ბოდრი - ტეკილა
20. კორტასარი - კლასობანას თამაში - ოლივეირა - მატე
21. ლიოსა - ვინ მოკლა პალომინო მოლერო? - მფრინავი - პისკო
22. მაირინკი - გოლემი - ცვაკი - გროგი
23. მანი - ჯადოსნური მთა - კასტორპი - პორტერი
24. მარკესი - პატრიარქის შემოდგომა - ალდოუსი - ჩიჩა
25. მილერი - კიბოს ტროპიკი - კარლი - პერნო
26. მისიმა - პატრიოტიზმი - ტაკეიამა - საკე
27. მოემი - მთვარე და ექვსპენიანი - სტრიკლენდი - აბსენტი
28. მუზილი - უთვისებო კაცი - ბორდვერი - ღვინო
29. მურაკამი - ნადირობა ცხვარზე - მოხუცი - სუფი
30. ნაბოკოვი - ლოლიტა - ჰუმბერტი - ჯინანასი
31. ორუელი - 1984 - უინსტონი - ჯინი
32. პალანიკი - მებრძოლთა კლუბი - ტაილერი - არაყი
33. პელევინი - ჩაპაევი და პუსტოტა - პეტრე - შინნახადი
34. პეპერშტეინი - კმს - კაშენკო - კისელი
35. პინჩონი - . - ჯერონიმო - კოქტეილი
36. პლატონოვი - ჩევენგური - კოპენკინი - ვისანტა
37. პრუსტი - სვანის მხარეს - ოდეტა - ჩაი
38. ჟიდი - ყალბი ფულის მჭრელები - ლილიანი - ტოკაური
39. რუშდი - მავრის უკანასკნელი ოხვრა - დ'ეტი - პორტვეინი
40. სელინი - მოგზაურობა ღამის კიდეზე - ბარდამიუ - ვერმუტი
41. სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში - კოლფილდი - ვისკი
42. სელფი - მამალი და ხარი - ალანი - რეცინა
43. ტომფსონი - შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში - გონზო - კოქტეილი
44. უაილდერი - კაბალა - მარკანტონიო - მარსალა
45. უელბეკი - ელემენტარული ნაწილაკები - ჯერზინსკი - არმანიაკი
46. ფამუქი - შავი წიგნი - გალიპი - რაკი
47. ფაულზი - მოგვი - ერფე - უზო
48. ფოლკნერი - ხმაური და მძვინვარება - კომფსონი - კოკა-კოლა
49. ფრიში - დავირქმევ განტენბაინს - ენდერლინი - გრაპა
50. ჯოისი - ულისე - ბლუმი - კაკაო
51. ჩენდლერი - ღრმა ძილი - ჰარი - შხამი
52. ჰამსუნი - მისტერიები - ნაჰელი - შამპანური
53. ჰაქსლი - ო, მშვენიერი ახალი სამყარო - ლენაინა - სომა
54. ჰემინგუეი - კილიმანჯაროს თოვლიანი მთა - სმითი - ბულიონი
55. ჰესე - ნარცისი და გოლდმუნდი - კონრადი - სიდრი

16 ფალსიფიკატორებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

0x01 graphic

აბა, ნაღდ ტომის 80 ლარად ვინ მოგცემს? - მსგავს ფრაზებს ხშირად გაიგონებთ თბილისის ბაზრობებსა და პასაჟებში. დახლები და მაღაზიები სავსეა ნაწარმით, რომელსაც ცნობილი ბრენდების ლოგოები ამშვენებს. თუმცა, საკმარისია გამყიდველს ჩაეკითხო და ისიც უმალ აღიარებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ყალბიაო; როგორც ჩვენში იტყვიან, „პატენტია“.

ჩვენს ბაზარზე „პატენტები“ იმდენად გავრცელებულია, რომ აქტუალური ხდება თხოვნა: „იყოს თურქული, ოღონდ დოლჩე გაბანა არ ეწეროს“. გამყალბებლები იმდენად გათამამებულან, რომ ლოგოებს ცვლილებების გარეშე იყენებენ; იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ წარწერებს, როგორიცაა „adibas ან „fuma.

ძნელი სათქმელია, ყალბი ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის რა ნაწილი რომელი ქვეყნიდან შემოდის და რას აწარმოებენ საქართველოში. ის კი აშკარაა, რომ ბაზარს კონტროლი აკლია. უცხოელებისგან განსხვავებით, საჩვენებელი აქციაც არ გვინახავს, რომლის ფარგლებშიც ფალსიფიცირებულ ნაწარმს სატკეპნი მანქანებით გადაუვლიდნენ ან დაწვავდნენ გიგანტურ ღუმელში.

ყალბი ტანსაცმელი მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ნავაჭრის 7%25-მდე ფალსიფიცირებულ ნაწარმზე მოდის. ჯამური დანაკარგი წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამასთან, ყალბი პროდუქციის დაახლოებით ნახევარი სწორედ ტანსაცმელი და აქსესუარებია. მხოლოდ ნიუ იორკში, რეიდების ერთ-ერთი სერიის შედეგად, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ყალბი ტანსაცმელი ამოიღეს.

ცალსახა არ არის ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან ან მის გამავრცელებლებთან მოპყრობის სტანდარტები. აშშ-ში მიღებულია გაყიდვიდან ამოღებული ტანსაცმლის სოციალურად დაუცველთათვის გადაცემა ან ღარიბ ქვეყნებში გაგზავნა. ამისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციები გაყალბებული ბრენდის მფლობელი კომპანიისგან ნებართვას იღებენ და პროდუქციას ლოგოებს აშორებენ. შარშან ამ გზით ტონობით ტანსაცმელი შეგროვდა მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტელებისთვის. წლის ბოლოს რეზონანსი გამოიწვია ამერიკულ პრესაში გაჩენილმა ცნობამ, რომ ნიუ იორკის პოლიციამ „12 ტრეილერი უხმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“ გაანადგურა. პოლიციას თავის მართლებამ მოუწია იმის გამო, რომ უფასო ტანსაცმლის გამავრცელებელი ორგანიზაციებისგან ნაწარმის გადაცემის თხოვნა არ მიუღია. ცნობილია, რომ არაერთი მწარმოებელი სამართალდამცავ ორგანოებს მილიონობით დოლარს სწირავს ფალსიფიკაციასთან ბრძოლის გაძლიერების იმედით.

ზოგჯერ დანაშაულში მსხვილი კომპანიებიც არიან გარეული. რამდენიმე წლის წინ იტალიურმა ფენდიმ ტყავის ყალბი ნაწარმის გავრცელებისთვის ამერიკის უდიდეს მაღაზიათა ქსელ ვოლ-მარტს უჩივლა. დავა შეთანხმებით დასრულდა: ვოლ-მარტმა დაზარალებულ მოდის სახლს პროცესის შეჩერების სანაცვლოდ საიდუმლოდ შენახული თანხა გადასცა. ტიფანის ანალოგიური სარჩელი უდიდესი ინტერნეტაუქციონის - ი-ბეის წინააღმდეგ აქვს შეტანილი; გუჩი ერთდროულად 100-ზე მეტ ინტერნეტმაღაზიას უჩივის.

მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს უფრო მცირე მასშტაბის თაღლითობა. შარშან ბრიტანეთის 27 წლის მოქალაქე ინტერნეტით 15,000 ფუნტის ღირებულების ყალბი პროდუქციის გაყიდვის მცდელობაში გამოიჭირეს. თაღლითს ორწლიანი პატიმრობა, 200 დღე აუნაზღაურებელი შრომა და სამი თვე საღამოობით სახლიდან გაუსვლელობა მიესაჯა.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ბაზარზე ფალსიფიკაციის კონტროლი მეტწილად მომხმარებლებსა და დისტრიბუტორებზე არის დამოკიდებული. გამყიდველი ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, გადაამოწმოს საქონელი და თუ სიყალბეს აღმოაჩენს, მასზე უარი თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ სარჩელის შეტანას შეიძლება გამყიდველის დასჯა მოჰყვეს. თუმცა, საქმის სასამართლომდე მიტანის მოტივაცია, როგორც ჩანს, ცოტას თუ აქვს. დაბალია ინფორმირებულობის ხარისხიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ფალსიფიცირებული პროდუქციის გაყიდვისთვის დასჯის ვერც ერთ შემთხვევას ვერ იხსენებენ. საიაში ზუსტად ვერც იმას ამბობენ, რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს გამყიდველს.

0x01 graphic

შედარებით ცენტრალიზებულია კონტროლი ქვეყნის საზღვარზე. საბაჟო სამსახური ვალდებულია, ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა ბრენდის ფალსიფიცირებული ნაწარმის შემოტანა აღკვეთოს. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურშიც, რომელსაც უშუალოდ ეხება კონტროლის ეს ფორმა, ვერ ასახელებენ ყალბი ტანსაცმლის ამოღების ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს. ეს არც არის დიდად გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტანსაცმლის რეგისტრირებული ბრენდი საქართველოში მხოლოდ სამია: პრომოდი, კოპ-კოპენი და ზენია. რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების მცირე რაოდენობა კომპანიების დაბალ ინტერესზე მეტყველებს. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ბრენდის შესატანად განაცხადი მისმა მფლობელმა კომპანიამ უნდა გააკეთოს. როგორც ჩანს, ისევე როგორც სხვა პროდუქციის, ტანსაცმლის მსხვილ მწარმოებლებს ქართულ ბაზარზე ფალსიფიკაციასთან აქტიურად ბრძოლა ჯერჯერობით არ უღირთ. ამიტომ, თუ არ გსურთ, მოდის მოყვარულმა რომელიმე ნაცნობმა უეცრად „ჩაგჭრათ“, სულ ცოტა, საყვარელი ბრენდების კოლექციების ინტერნეტში თვალიერება მოგიწევთ.

17 ონლაინ მოქცევაჲ ქართლისაჲ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ზაფხულის მშვიდი საღამოს მყუდროებას მხოლოდ კომპიუტერის ქულერის ზუზუნი არღვევს. მონიტორზე ამომხტარ პატარა ფანჯარაში ჩანს, როგორ იქაჩება ინტერნეტიდან ძნელად საშოვნი ფილმი. გადმოწერის პროგრესის მწვანე მაჩვენებელი ნელა, მაგრამ დაბეჯითებით მიცოცავს ბოლოსკენ. უეცრად, 95%25-ზე ის წამით იყინება, შემდეგ კი სამუდამოდ ჩერდება. ინტერნეტი ისევ გაითიშა. სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან ინტერნეტპროვაიდერის მორიგე ოპერატორი მშვიდი ხმით გაუწყებს, რომ ეს კავშირის დროებითი პრობლემებია და გპირდება, რომ საღამოს გამოსწორდება, მაგრამ რომელ საღამოს, ამას არ აკონკრეტებს.

ვისაც ქართულ ინტერნეტპროვაიდერებთან ურთიერთობა ჰქონია, მისთვის მსგავსი სიტუაცია უცხო არ იქნება. ინტერნეტი ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი წყდება. განსაკუთრებით არასტაბილურია „გლობალური“ კავშირი, რომელიც არაქართული რესურსების წვდომას უზრუნველყოფს.

მომხმარებელთა დიდ ნაწილს კავშირის შეფერხების შემთხვევაში პროვაიდერთან დარეკვის სურვილიც აღარ აქვს. ბუნებრივია, წინასწარ ცნობილი და უსარგებლო პასუხის მოსასმენად სატელეფონო რიგში ათი წუთის გატარება ხელის ჩაქნევისკენ გიბიძგებს. იმ შემთხვევებში, როდესაც პროვაიდერს მაინც უკავშირდები, წყვეტას ხან სატელეფონო ხაზების დაბალ ხარისხს, ხანაც უამინდობას აბრალებენ.

ქსელების სპეციალისტის, გიორგი ზღულაძის თქმით, ძველი სატელეფონო ხაზები მართლაც ხდება ხოლმე შეფერხებების მიზეზი, თუმცა, ხშირად მიზეზი პროვაიდერის აპარატურაც არის. რაკი ამის გადამოწმება მომხმარებლისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, სატელეფონო ხაზებზე გადაბრალება ჩვეულებრივი ამბავია. როგორც თბილისის ფორუმის მომხმარებლები ყვებიან, ამ მიზეზს ბოლო წლებში განახლებული ხაზების აბონენტებსაც უსახელებენ.

სტაბილურობის გარდა, ქართული ინტერნეტპროვაიდერები დაპირებული სიჩქარის უზრუნველყოფის საკითხშიც მოიკოჭლებენ. ერთ-ერთი პაკეტის აღწერა მომხმარებელს წამში 8 მეგაბიტს ჰპირდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ქსელებში. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მაღალი გაფართოების HDTV ფილმს წყვეტის გარეშე, „რეალურ დროში“ უყურო. მაგრამ რეალურად გადმოწერის სიჩქარე ხშირად დაპირებულის ნახევარსაც ვერ აღწევს. თბილისის ფორუმზე შეხვდებით სიჩქარის შემმოწმებელი საიტის (speedtest.net) ტესტების შედეგებს, საიდანაც ჩანს, რომ ადგილობრივი სიჩქარე 5 მეგაბიტია, გლობალური კი 0.7-დან 2.7-მდე მერყეობს.

დაზარალებული მომხმარებელი, იმის მაგივრად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება და ზარალის ანაზღაურება სასამართლოს გზით მოითხოვოს, მდგომარეობას ეგუება და უკმაყოფილებას ფორუმებზე გამოხატავს. გამოხატვის ფორმები ხშირად აღშფოთების ფარგლებს სცდება და „მწვავე“ ლექსიკითაც გამოირჩევა, მაგრამ საქმეს ეს არ შველის. ზღულაძის აზრით, სასამართლო პროცესი შეიძლება მომჩივანის მოგებით არც დასრულდეს, მაგრამ საკითხის აქტუალიზაცია მაინც მოხდება. მართალია, ვირტუალურ სივრცეში შეკრებილან მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მართლმსაჯულებისთვის მიემართათ, მაგრამ როგორც კი ინტერნეტის მორიგი შეფერხება მთავრდებოდა, ისინიც ზაფხულის ნისლივით იფანტებოდნენ.

0x01 graphic

ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტის ფასიც მაღალია. 10-მეგაბიტიანი პაკეტი უკრაინაში 22 ლარი დაგიჯდებათ. კავკასუს ონლაინი მსგავს სერვისს ქართველ მომხმარებელს 60 ლარად სთავაზობს. სულ რაღაც 90 ლარის ეკვივალენტად უკრაინაში 1 გიგაბიტ/ წამამდე არხს მიიღებთ, რომელიც 50-ჯერ სწრაფია კავკასუსის ყველაზე მაღალსიჩქარიან, 120-ლარიან შემოთავაზებასთან შედარებით. ქართულ ფასებთან უფრო ახლოა ლატვიური: ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში ჩვენებური 45-ლარიანი პაკეტის ანალოგი დაახლოებით 50 ლარი ღირს. დიდად განსხვავებული ფასები არც აშშ-შია. აზერბაიჯანში საქმე უფრო ცუდადაა: 110 ლარის ეკვივალენტი სულ რაღაც 3-მეგაბიტიანი ხაზის ფასია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის მონაცემებით, ქართულ ინტერნეტბაზარზე ორი დიდი პროვაიდერი მოქმედებდა. კავკასუს ონლაინს ბაზრის 54%25, გაერთიანებულ ტელეკომს კი 37%25 ეკავა. 2010 წლის მარტში ტელეკომმა ვანექსი და აჭარის ელექტროკავშირი მიიერთა, რითაც ორპოლუსიანობა კიდევ უფრო განმტკიცდა.

ახალი გაერთიანება, რომელსაც სილკნეტი ეწოდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გვპირდება. კავკასუს ონლაინიც, რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური დაპირებების ფონზე, რამდენიმე კომპანიის გაერთიანებით შეიქმნა. ამას მოჰყვა შავ ზღვაში ახალი ოპტიკური მაგისტრალის გადება, რომელმაც საქართველოს კავშირი გლობალურ ინტერნეტსივრცესთან მნიშვნელოვნად გააძლიერა. თუმცა, არაერთი ტექნიკური პრობლემა და მომხმარებლების მომსახურების სტანდარტები უცვლელი დარჩა. არ შეცვლილა ტრადიციული, ტელეფონის ხაზებზე მიბმული DSL სერვისის ხარისხი. მართალია, შედარებით ახალი, ოპტიკური ინტერნეტი უფრო სწრაფია, მაგრამ მის აბონენტებსაც არ აქვთ უშფოთველი ინტერნეტცხოვრება.

დაბალხარისხიანი და არასტაბილური კავშირი არა მხოლოდ მათთვისაა უსიამოვნო, ვინც ინტერნეტს გასართობად ან ფილმების გადმოსაწერად იყენებს. ინტერნეტის ერთსაათიანმა წყვეტამ შეიძლება რამდენიმე ასეული დოლარი დააკარგვინოს მათ, ვინც ელექტრონული ბიზნესითაა დაკავებული. მოულოდნელ გათიშვას ფატალურ შედეგებამდე მივყავართ, როდესაც საქმე ეხება ინტერნეტაუქციონებს ან ონლაინ საფონდო ბირჟებს. სიტუაცია კი მანამ არ შეიცვლება, სანამ მომხმარებელი არ გააცნობიერებს თავის უფლებებს და მათ დაცვას ყველა კანონიერი გზით არ შეეცდება.

18 ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ყველა ფოტო: REUTERS ©

შვედ ხელოვანს მუსლიმი მოსწავლე თავს დაესხა

0x01 graphic

შვედი მხატვარი ლარს ვილკსი უფსალას უნივერსიტეტში სიტყვის თავისუფლების შესახებ ლექციას კითხულობდა, როდესაც აუდიტორიიდან 16 წლის მოზარდი მიუვარდა და თავი ჩაარტყა. აუდიტორიაში მყოფმა სხვა მუსლიმებმა, თავდამსხმელის მხარდაჭერის ნიშნად, სკანდირება დაიწყეს. „ალაჰუ აკბარ“ ანუ „უფალი დიდია“ - ყვიროდნენ განრისხებულნი. ვილკსი, ლექციის ფარგლებში, ირანული წარმოშობის ნიდერლანდელი ხელოვანის სურე ჰერას ფილმს აჩვენებდა. მძაფრად ირონიულ ფილმში ერთმანეთს ენაცვლებოდა ჰომოსექსუალური პორნოსურათები და რელიგიურ ლიდერთა გამოსახულებები. თავდასხმის მომენტისთვის ეკრანზე გამოჩნდა ორი ხელჩაკიდებული მამაკაცი, რომლებსაც წინასწარმეტყველ მოჰამედის ნიღბები ეკეთათ. სამი წლის წინ ვილკსმა ერთ-ერთ შვედურ გაზეთში მოჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ალ-ქაედამ ის მოსაკლავთა სიაში შეიტანა.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში მთელ პაკისტანში დაიბლოკა უდიდესი სოციალური ქსელი ფეისბუკი, რისი მიზეზიც აგრეთვე ისლამის ფუძემდებლის კარიკატურები გახდა. ათეულობით მილიონ მომხმარებელს საიტზე შესაღწევად შემოვლითი გზების გამოყენება მოუწევს იმის გამო, რომ ქსელში ერთ-ერთმა ჯგუფმა მოჰამედის სასაცილო გამოსახულებების კონკურსი გამოაცხადა.

ფეისბუკში გამოქვეყნებულმა პრეტენზიამ ოფიციანტს სამსახური დააკარგვინა

0x01 graphic

22 წლის ეშლი ჯონსონი რესტორან ბრიქს პიციდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ოფიციანტმა ფეისბუკში კლიენტები გამოლანძღა. ჯონსონის მტკიცებით, ერთმა წყვილმა მაგიდასთან სამი საათი გაატარა და დახურვის დროს ერთი საათით გადააცილა. ამის გამო ოფიციანტს სამსახურში ზედმეტი დროის გატარება მოუხდა, რის შემდეგაც წყვილისგან მხოლოდ 5 დოლარი მიიღო. განაწყენებულმა ჯონსონმა ფეისბუკში კლიენტებს მდაბიოები უწოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი რესტორნის მენეჯერმა აუწყა, რომ სამსახურებრივი წესები დაურღვევია. წესების მიხედვით, პერსონალს ინტერნეტში კლიენტებისა და რესტორნის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა ეკრძალება. მოგვიანებით ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიქსს ბოდიში მოუხადა და ახალ სამსახურს ეძებს.

იაჰოვას მოწმე ბავშვი სისხლის გადასხმაზე უარის თქმის შემდეგ გარდაიცვალა

0x01 graphic

ჯოშუა მაკოული ცენტრალური ინგლისის ქალაქ სმეთვიკის ჰოსპიტალში კვირის დასაწყისში გარდაიცვალა. ორი დღით ადრე მოზარდს მანქანა შეეჯახა. 15 წლის მაკოულის მძიმე დაზიანებები ჰქონდა ფეხისა და მუცლის არეში. იაჰოვას მოწმეთა რეგიონული თემის უხუცესის მტკიცებით, მოზარდს გონება არ დაუკარგავს და „სისხლის გადასხმის საკითხში მტკიცედ იდგა“. ჰოსპიტლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმე ეხება „უკიდურესად რთულ სფეროს“, სადაც წესები განსაზღვრული არ არის. მათი მტკიცებით, ინგლისში არ მოქმედებს კანონი, რომელიც სისხლის გადასხმას დაარეგულირებდა. არ არსებობს ნორმა, რომელიც მედიკოსების გადაწყვეტილებას მშობლების ან მოზარდი პაციენტის ნებაზე მაღლა დააყენებდა და მსგავს შემთხვევებს ფრთხილი, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რეგიონული პოლიციის ცნობით, დაღუპული ბავშვის ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია და ჟურნალისტებს სთხოვს, დროებით განმარტოების საშუალება მისცენ.

19 ფაშიზმი ფაშიზმის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

ჯერ კიდევ საბჭოთა ფილმებიდან ვიცნობთ ნაცისტური გერმანიის მმართველობაში არსებულ მეტოქეობას: ვისწავლეთ რუხი და შავი უნიფორმების გარჩევა და იმთავითვე ველით, რომ „გესტაპო“ და „აბვერი“ ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხელს უშლიან. მამაცი საბჭოთა მზვერავების წარმატება ხშირად სწორედ ამ გარემოებაზე იყო აგებული...

გამოდის, რომ შინაგანი კონფლიქტი ნაცისტურ გერმანიას ასუსტებდა. მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა...

საბჭოთა სცენარისტებისა და რეჟისორების ცალმხრივი მიდგომა გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა ბევრი სერიოზული მკვლევრისთვისაც. მაგალითად, გერმანელი ისტორიკოსი ჰანს მომზენი ამტკიცებს, თითქოს ჰიტლერი ნაცისტური სამმართველო მანქანის შინაგან წინააღმდეგობებს რაღაც ყოყმანის ან გაუბედაობის გამო ითმენდა.

ასეთ ვითარებას ისტორიკოსი „ტოტალიტარიზმზე კარიკატურად“ მიიჩნევს. საერთო სურათი ასეთი გამოდის: იერარქიის მწვერვალზე შემოსკუპებულა ქარიზმატული ლიდერი ადოლფ ჰიტლერი, რომელმაც რის ვაი-ვაგლახით შეაკოწიწა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ნაცისტური სახელმწიფო ბიუროკრატია და რეპრესიული აპარატი; ეს სისტემა საკმაოდ ფხვიერი და არასტაბილურია, მას შეადგენს რამდენიმე ელიტური ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ჯიბრში არიან და შიგნიდან არყევენ სისტემას; ყველაფერი მხოლოდ ჰიტლერის მითოლოგიურ შარავანდედსა და პირად გავლენაზეა დამყარებული, უამისოდ კი თავისთავად დაინგრეოდა.

თითქოს მართლაც დამაჯერებელი სურათია. მაგრამ ამ ყბადაღებულ ქარიზმას ერთი თვისება აქვს: შორ მანძილზე უფრო ძლიერად მოქმედებს. როცა ბელადს ახლოდან ხედავ, უფრო ადვილად ამჩნევ მის ცხვირზე ამოსულ მუწუკებს, ამიტომაც უფრო ძნელია ირწმუნო მისი განსაკუთრებულობა. პირადი გავლენა და ქარიზმატული ძალა არასოდეს, ან მხოლოდ თავდაპირველად, ძალიან მოკლე დროის განმავლობაში არის აღზევების თავისთავადი მიზეზი, მერე უკვე მასაც სჭირდება გარედან კვება და გაძლიერება.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ხსენებული შინაგანი კონფლიქტი კვებავს და აძლიერებს ბელადის ქარიზმას. როგორ?

მარტივად. როგორც სხვა გერმანელი მკვლევრის, ჰაინც ჰიონეს ნაშრომებიდან ირკვევა, ამისთვის საჭიროა ორი პირობა: 1) ელიტებს შორის მეტოქეობის საფუძველი მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა იყოს - მათ შემოქმედებით პოტენციალსა და სახელმწიფო მართვის შესახებ შეხედულეშეხედულებებს არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; 2) არც ერთ ჯგუფს არ უნდა გააჩნდეს საკმარისი ძალა სხვებზე საბოლოო გამარჯვებისთვის.

ასეთ შემთხვევაში ყველა ელიტური ჯგუფისთვის ერთადერთი საყრდენი ბელადის პიროვნებაა, მხოლოდ მასში ხედავენ ისინი მსაჯულსა და დამხმარეს. თვით ჯგუფებს შორის დაძაბულობა კი რაღაც იძულებითი გარემოება ან გვერდითი ეფექტი კი არ არის, არამედ ტოტალიტარული სისტემის არსებითი ნაწილია.

მოკლედ: ბელადი კი არ იჭერს დაძაბულობას, არამედ ქმნის და აღვივებს მას - დანარჩენი თავისით ხდება და სუსტი, ერთმანეთთან კინკლაობას გადაყოლილი ჯგუფები ავტომატურად ყვებიან მისი ძალაუფლების ქვეშ.

დასკვნა ერთადერთია: ვერანაირი სახელმწიფო, გინდ ტოტალიტარული, გინდ დემოკრატიული, ვერ იარსებებს მნიშვნელოვანი სტრუქტურული კონფლიქტის გარეშე.

დემოკრატიასა და დიქტატურას შორის განსხვავება კი ამ კონფლიქტის ბუნებაზეც აისახება. განსხვავება ორია: 1) დემოკრატიის შემთხვევაში დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დაძაბულობის საგანი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით, არამედ უნდა ასახავდეს საზოგადოებაში რეალურად დაკვირვებად განსხვავებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს; 2) პოლიტიკურ ასპარეზზე კონფლიქტის ყოველ მონაწილეს უნდა ჰქონდეს გამარჯვების საშუალება.

საქართველოს მომავალი აღმშენებლობის პრობლემა არ გამოიხატება შეკითხვით: ჯერ სახელმწიფო თუ დემოკრატია? ამ შეკითხვაზე პასუხი ბანალურია და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო დემოკრატიის გარეშე გაძლებს, დემოკრატია კი წარმოუდგენელია, თუ სახელმწიფო არ იქნა.

ჩვენი პრობლემა სხვაა: არ არსებობს დემოკრატიის მოთხოვნათა შესაბამისი სტრუქტურული კონფლიქტი. ერთი: დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დაძაბულობა ასახავს მხოლოდ ჯგუფების მისწრაფებას სახელისუფლებო პირამიდის მწვერვალისკენ და არავითარ კავშირში არ არის საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვან ინტერესებთან. მეორე: არც ერთ ჯგუფს არა აქვს სხვაზე გამარჯვების თუნდაც თეორიული შანსი.

დანარჩენი უკვე შედეგია.

რა აუცილებელია ნიცშე და ვაგნერი, მით უმეტეს, რომ მათი აუცილებლობა არც 1930-იანი წლების გერმანიაში იყო უეჭველი? - საკმარისია საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მოთხოვნილია რაღაც ბუნდოვანი მორალური თუ ზნეობრივი კატეგორიების შეყვანა სისხლის სამართლის კომპეტენციაში; საკმარისია გაუგებარი წარმოშობისა და შინაარსის, როგორც ეტყობა, რადიკალი ისლამისტებისგან ნასესხები წინადადება - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ - რომ სხვადასხვა სახის ფობიებით შთაგონებული და „ქვემოდან“ წამოსული რეპრესიების შეჩერება სულაც არ იქნება ადვილი საქმე.

მომავალი საფრთხის პირველი ნიშნები უკვე გარკვევით ჩანს: თვით გარემოება, რომ ექსტრემისტებს მხოლოდ ხულიგნობის მუხლით სჯიან, აშკარად მიუთითებს, რომ სიბნელის წინაშე გულუხვმა დათმობებმა საშიშ ზღვარს მიაღწია, ქართული სახელმწიფოებრიობა კი არასაკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დემოკრატია დაიტიოს.

20 სექსუალური რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა რაზა

თათია მებაღიშვილი

საქართველოში ამჟამად მიმდინარე სექსუალური ქცევის შემსწავლელი კვლევის თანახმად, წარმოდგენა სექსუალური რევოლუციის შესახებ ხშირად ბუნდოვანია. თუმცა, ადამიანები რაღაც ცვლილებას აშკარად ხედავენ. იმის გადასაწყვეტად, მომხდარია თუ არა ეს ყბადაღებული სექსუალური რევოლუცია საქართველოში, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა არის იგი და რა კრიტერიუმებს გულისხმობს.

1960-იან წლებში, დასავლურ სამყაროში, შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი სექსუალურ ურთიერთობებზე. ახალგაზრდები გამოვიდნენ შეზღუდული და კონფორმისტული საზოგადოების - როგორც ისინი მას ახასიათებდნენ - წინააღმდეგ იმ რწმენით, რომ სექსის უარყოფა ან რეპრესირება არ შეიძლება, რადგან ის ბუნებრივი, ბიოლოგიური მოვლენაა. სწორედ ამ მოძრაობას ეწოდა სექსუალური რევოლუცია. იგი ახალმა დრომ განაპირობა: კონტრაცეპტივის გაჩენამ და აბორტის ლეგალიზაციამ თავისუფალი გახადა ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობები. ამასთან, თუ ადრე საზოგადო მორალურობა მკაცრად ზღუდავდა ღია დისკუსიას სექსუალობაზე, განსაკუთრებით ისეთ ქცევებზე, რომლებიც გამრავლებამდე არ მიდიოდა, სექსუალურმა რევოლუციამ მოხსნა ეს ტაბუ.

თუმცა, სექსუალური რევოლუციის დასამკვიდრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა ინდუსტრიისა და მედიცინის განვითარება. ის შესაძლებელი გახდა მხოლოდ დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში, განსაკუთრებით ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიბერალურ ქვეყნებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ გზა დაუთმო პიროვნულ თავისუფლებას. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ საბჭოთა კავშირში „სექსი არ იყო“. მთელი პროპაგანდა იქმნებოდა თავშეკავებულობისა და იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ სქესობრივი აქტის ერთადერთი ფუნქცია გამრავლებაა. სექსი შემთხვევით არ ქცეულა კონტროლის საგნად: ამით შესაძლებელი იყო სხვა სადავეების ხელში ჩაგდება ანუ ტოტალიტარული რეჟიმის გამყარება. სქესობრივი აქტი ხომ ადამიანთა ურთიერთობების უნივერსალური მოდელია და სხვა ასპექტების ანალიზის საშუალებასაც იძლევა. დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ სექსუალური ცხოვრება არა მარტო გვარის გაგრძელების საშუალებაა, არამედ კულტურაც, რომელიც უნდა განვითარდეს.

რა ხდება საქართველოში? ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა: სხვაგან თუ არა, თბილისში მაინც იცვამენ „სექსუალურად“, აღარც ზღვის სანაპიროზე დადიან ქალები ჩაცმულები და სექსზე ლაპარაკიც „მოსულა“. მეტიც, ახალგაზრდებში არის ტენდენცია, რომ მაქსიმალურად გაემიჯნონ ტრადიციულ უსექსობას და პრაქტიკაშიც განახორციელონ ის, რასაც ქადაგებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის კატეგორია, რომლისთვისაც სექსი თვითმიზანია. მაგრამ განა შეიძლება, მივიჩნიოთ ეს სექსუალურ რევოლუციად? ამის საფუძველი არ გვაქვს მანამ, სანამ საზოგადოების შეფასებები უცვლელია და არსებობს ძალიან ბევრი დასაქორწინებელი წყვილი, რომელსაც „ყველაფერი აქვს, სექსის გარდა“. სექსი ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. სხვა თუ არაფერი, ფაქტია, რომ ყველაზე მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალიც კი - აღარაფერს ვამბობ არასახარბიელო სოციალურ სტატუსებსა და ასაკზე - შეიძლება დარჩეს მარტო და, უმეტეს შემთხვევაში, გამოუცდელი.

გასაკვირი არაფერია. ქვეყანაში, სადაც ჩაკეტილი საზოგადოებაა და ადამიანის ელემენტარული უფლებები ილახება, არ ხარობს თავისუფლება, არც კრეატიულობა და არც სიყვარული. არ ხდება განვითარება, ყველაფერი ერთ ადგილზე იყინება. შეყვარებულ წყვილებს, რატომღაც, უფუჭდებათ ურთიერთობა და ეს სულაც არ არის თავად გრძნობის, სიყვარულის ბრალი. მას სჭირდება გარკვეული პირობები და არა მხოლოდ მატერიალური: სიყვარული, უბრალოდ, შეუძლებელია პიროვნული თავისუფლების გარეშე.

აი, სად უჭირს ჩვენს ქვეყანას. ჩაკეტილობა და კომპლექსები პიროვნული თავისუფლების (და, შესაბამისად, სიყვარულის განვითარების) საშუალებას არ იძლევა. არც მკაცრი კონტროლი - როგორიც გვჩვევია, არც სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და გამუდმებული ზრუნვა იმაზე, თუ „რას იტყვის ხალხი“. აღიარებენ თუ არა, სინამდვილეში მაინც ყველა აქცევს ამას ყურადღებას, განსაკუთრებით რაციონალური ხალხი - მათ იციან, რომ საზოგადოებასთან განხეთქილება უბედურების საწინდარია. ის ადამიანები კი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ინერციით მიჰყვებიან ცხოვრების იმავე დინებას მანამ, სანამ ჯოჯოხეთში არ გამოირიყებიან. რატომ? დღევანდელი სოციალური ჩარჩო ადამიანის ბუნებაზე არაა მორგებული და არა თუ არ უშვებს თავისუფლებას, არამედ სულის შემხუთველად ზღუდავს მას. ისე რომ, ვერც კი გრძნობ, როგორც უკიდურესი ტკივილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს. ასეთ ჩარჩოში პიროვნულ თავისუფლებას ბედნიერება არ უწერია: ადამიანს უწევს სასტიკი, მუდმივი და უთანასწორო ბრძოლა, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ სწორედ ეს არის მისი ბედნიერების ერთადერთი გზა. სხვა შემთხვევაში, მან საკუთარ თავზე უნდა თქვას უარი. ვისაც ამის ენერგია არა აქვს, ის თავის თავს ცოცხლად აღმოაჩენს სამარეში, ხოლო ვისაც აქვს საკმარისი ძალა, ყველა გმირია.

0x01 graphic

ავიღოთ სტანდარტული მაგალითი. გოგონას მოსწონს ბიჭი, მაგრამ ოჯახის წევრი ან ახლობელი აგრძნობინებს, რომ ის არ მიესალმება მის არჩევანს, უფრო სწორად, მის გადაწყვეტილებას, რომ ამ ბიჭთან საერთოდ რაიმე ურთიერთობა იქონიოს, სექსზე აღარაა ლაპარაკი. ჩვენთან სხვის აზრს იმდენად დიდი გავლენა აქვს ადამიანზე, რომ ხშირად ასეთი პოტენციური ურთიერთობები თავში აზრადაც არ მოდის. აი, და ახლოებით ამგვარია ბრძოლა, რომელიც ადამიანს უწევს დღევანდელ პირობებში - იქნება ის გოგო თუ ბიჭი. პირველი ნაბიჯის სხვა მიმართულებით გადადგმა არა გონივრულია, რადგან რისკთანაა დაკავშირებული: საზოგადოება ვერ იტანს განსხვავებულებს, ვერ პატიობს სხვას იმას, რაც თვითონ არა აქვს.

მაშ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ? ვინ უნდა გამოასწოროს ეს მდგომარეობა? როგორ უნდა შევქმნათ ღია საზოგადოება? ასეთ რთულ თემებზე ბევრი იწერება, ტარდება კვლევები, არსებობს მეცნიერული ნაშრომები... იმისთვის, რომ ბოლოს ყველაზე მარტივ პასუხამდე მივიდეთ, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ პასუხის მგებლები საკუთარ ქცევაზე, გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ და ვაცადოთ სხვებსაც. ასეთი დამოკიდებულება სასიკეთოდ დაგვიბრუნდება უკან. როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობს, მოიქეცი თავისუფლად კონკრეტულ და მცირე აქტებში და იქნები თავისუფალი.

21 პარიზში ყველა ფავორიტია

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

დევიდ ფერერი

0x01 graphic

იანია ვიკმაიერი

დღეს დაიწყო და 6 ივნისამდე გასტანს სეზონის მეორე სასლემო, საფრანგეთის ღია პირველობა, ტურნირი, რომელიც შარშან ქალებში რუსმა სვეტა კუზნეცოვამ მოიგო, ერთი დღის შემდეგ კი, პირველად თავის უდიდეს კარიერაში, მთავარი პრიზი როჯერ ფედერერს გადასცეს.

წლევანდელი როლან გაროსი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი იქნება. სარეიტინგო პოზიციები უფრო განთესვისას და ბადეების შედგენისას იქნება განსახილველი, ვიდრე მონაწილეთა რეალური შესაძლებლობების შეფასების მხრივ.

შარშან დინარა საფინამ ამ ტურნირამდე, სადაც კი თიხნარზე ითამაშა, თითქმის ყველგან ყველაფერი მოიგო და ერთადერთი ფინალი კუზნეცოვასთან წააგო. წელს რუსი უფრო ხშირად რომელიმე სარეაბილიტაციო ცენტრშია, ვიდრე ტურნირის ფინალში და ფორმაში ნამდვილად ვერ არის. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ რუსებზეც - კუზნეცოვა არასტაბილურია, შარაპოვას სათამაშო პრაქტიკა აკლია, პეტროვა უგებს სერენა უილიამსს და აგებს პირველი ასეულის მიღმა მყოფ სუბიექტთან. მოკლედ, რუსები ვერ არიან ფორმაში.

ნელ კორტებზე ყველაზე რეალური ფავორიტი უნდა იყოს ამ ტურნირის ოთხგზის (2003, 2005-07) გამარჯვებული, ბელგიელი ჟუსტინ ანენი, მაგრამ ბოლო ტურნირებზე მისი ჩოგბურთიც შორს არის იდეალურისგან. ასეთივეა კიდევ ერთი ბელგიელის კიმ კლაისტერსის მდგომარეობაც - ფავორიტი ქაღალდზე და ბევრი ვერაფერი კორტზე.

რჩებიან სერენა და ვენუს უილიამსები. 2002-ში სერენამ ფინალში ვენუსს მოუგო და მერე არც ერთი უილიამსი როლან გაროსის ფინალში არ გასულა. აგრესიული ჩოგბურთით, ნებისმიერ გათამაშებაში მინიმუმამდე დაყვანილი დარტყმების რაოდენობით დები ნელ საფარზე ვერ დომინირებენ და თუ მათ წლევანდელ შედეგებს გავითვალისწინებთ, უფრო რეიტინგის გამო იქნებიან ფავორიტები, ვიდრე უშუალოდ ჩოგბურთით. უილიამსებიდან კიდევ ერთ ბელგიელ იანინა ვიკმაიერამდე ქალებში დაახლოებით 15-16 მონაწილეს ექნება ჩემპიონობის შანსი.

კაცებში ბოლო მასტერსის (მადრიდი) ფინალში რაფაელ ნადალმა ფედერერს მოუგო. მანამდე როჯერი ეშტორილის ტურნირზე ალბერტ მონტანიესთან დამარცხდა, ნადალი კი, თვეზე მეტია, თიხნარზე არ აგებს.

ესპანელი დაახლოებით იმ კონდიციებშია, ორი წლის წინ ყველაფერს რომ იგებდა და ფედერერს მის საყვარელ - უიმბლდონის ფინალურ ეპიკშიც აჯობა. ნადალი ტოტალიზატორების ფავორიტიცაა. მერე მოდიან ფედერერი, შვედი რობინ სოდერლინგი და ესპანელი დავიდ ფერერი.

როჯერი როლან გაროსზე ზედიზედ ოთხჯერ გავიდა ფინალში, ნადალს შარშან სოდერლინგმა მოუგო, ფერერი კი არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლეგენდარულმა ჯიმი კონორსმა მთავარ ფავორიტად ნადალი დაასახელა, მერე კი ფერერი დააყენა. ფედერერის და სოდერლინგის შანსები თანაბარიაო, - აღნიშნა ამერიკელმა.

ტრავმების გამო ტურნირს გამოტოვებენ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და რუსი ნიკოლაი დავიდენკო. პირველი ათეულის კიდევ რამდენიმე წევრი, კერძოდ, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი, ჟო-ვილფრედ ცონგა და ფერნანდო ვერდასკო კი, საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ ნახევარფინალში გავლენ. მათგან ერთ-ერთმა შეიძლება ბოლო ოთხეულში გააღწიოს. ესეც ბადეზე იქნება დამოკიდებული.

22 ამბები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

სამხრეთ აფრიკა 2010

ყველა ფოტო: REUTERS ©

საფრანგეთი: ექვსი წავიდა, ერთიც წავა

0x01 graphic

საფრანგეთის ეროვნული გუნდის ვარჯიში

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიწვეულ ფეხბურთელთა რაოდენობა 30-დან 24-მდე შეამცირა, 27 მაისს კი საბოლოოდ დაასახელებს სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა ვინაობას. დომენეკი გუნდს სამი დღით საფრანგეთის კურორტ ტანში მოამზადებს, 27 მაისიდან კი - ტუნისში, სადაც ერთი ზედმეტი მოთამაშეც გაცხადდება.

მეკარეები: უგო ლორისი (ლიონი), სტივ მანდანდა (მარსელი), სედრიკ კარასო (ბორდო)

მცველები: უილიამ გალასი, ბაკარი სანია, გაელ კლიში (ყველა არსენალი, ინგლისი), ერიკ აბიდალი (ბარსელონა, ესპანეთი), პატრის ევრა (იუნაიტედი, ინგლისი), მარკ პლანუ (ბორდო), ანტონი რევეილე (ლიონი), სებასტიენ სკილაჩი (სევილია, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ალუ დიარა, იოან გურკუფი (ორივე ბორდო), ლასანა დიარა (რეალი, ესპანეთი), აბუ დიაბი (არსენალი, ინგლისი), ფლორენ მალუდა (ჩელსი, ინგლისი), ჟერემი ტულალანი (ლიონი)

თავდამსხმელები: ნიკოლა ანელკა (ჩელსი, ინგლისი), ჯიბრილ სისე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (ტულუზი), სიდნეი გოვუ (ლიონი), ტიერი ანრი (ბარსელონა, ესპანეთი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, გერმანია), მეტიუ ვალბუენა (მარსელი)

მარადონას უცნაური 23

0x01 graphic

ესტებან კამბიასო და ხავიერ ძანეტი

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა: 23 რჩეულს შორის ბოლო მომენტში მოხვდა მილანის ინტერის წლევანდელი წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედი, თავდამსხმელი დიეგო მილიტო. 30 წლის ფორვარდი აქამდე სიაში არ ირიცხებოდა. სამაგიეროდ, მარადონამ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და არ მიიწვია წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ორი გმირი ესტებან კამბიასო და ხავიერ ძანეტი.

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები პირველ მატჩს 12 ივნისს, ნიგერიელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.

მეკარეები: სერხიო რომერო (ალკმაარი, ჰოლანდია), მარიანო ანდუხარი (კატანია, იტალია), დიეგო პოსო (კოლონი)

მცველები: ნიკოლას ოტამენდი (ველეს სარსფილდი), გაბრიელ ჰაინცე (მარსელი, საფრანგეთი), მარტინ დემიკელისი (ბაიერნი, გერმანია), ვალტერ სამუელი (ინტერი, იტალია), არიელ გარსე (კოლონი), ნიკოლას ბურდისო (რომა, იტალია), კლემენტე როდრიგესი (ესტუდიანტესი)

ნახევარმცველები: ხავიერ მაშერანო, მაქსი როდრიგესი (ორივე ლივერპული, ინგლისი), ხუან სებასტიან ვერონი (ესტუდიანტესი), იონას გუტიერესი (ნიუკასლ იუნაიტედი, არგენტინა), ანხელ დი მარია (ბენფიკა, პორტუგალია), ხავიერ პასტორე (პალერმო, იტალია), მარიო ბოლატი (ფიორენტინა, იტალია)

თავდამსხმელები: ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი), გონსალო იგუაინი (რეალი, ესპანეთი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სერხიო აგერო (ატლეტიკო, ესპანეთი), დიეგო მილიტო (ინტერი, იტალია), მარტინ პალერმო (ბოკა ხუნიორსი)

ფოტოისტორია

0x01 graphic

ფოტო ლაშა გოდუაძის არქივიდან

1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნიკეს ოქროს თასის ორ-ორგზის მომგები ბრაზილია და იტალია გავიდნენ. ყველა დროის საუკეთესო გუნდად აღიარებულმა იმ ბრაზილიამ ევროპის ჩემპიონი იტალია 4:1 გაანადგურა და მესამედ აღმართა ოქროს თასი. მესამედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა პელემ, რომელმაც იტალიელებს პირველი გოლი გაუტანა - ის დღემდე ერთადერთია, ვინც სამჯერ აღმართა ფიფა- ოქროს თასი. ბრაზილიელთა თავკაცი მარიო ზაგალო კი გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და სამწვრთნელო ასპარეზზეც. ფიფა- წესდებით, ნიკეს თასი ბრაზილიელებს სამუდამოდ გადაეცათ, თუმცა ის 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციიდან დაიკარგა. დღეს ბფკ-ში თასის ასლი ინახება...

მსოფლიო ჩემპიონატი ტერორს გადაურჩა

ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ალ ყაიდას წევრი, რომელსაც მისმა ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე, ორი აფეთქება შეუკვეთა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა ოასიმ ალ-მუავიმ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაკავებული, აბდულა აზამ ალ-კატანი, საუდის არაბეთის სპეცდანიშნულების რაზმის ლეიტენანტი იყო.

„მსოფლიო ჩემპიონატამდე მას ნაჯაფსა და კერბალაში ორი სალოცავი უნდა აეფეთქებინა. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ სატელეფონო საუბრები აზამ ალ-კატანისა და ოსამა ბინ ლადენის მარჯვენა ხელს, აიმან ალ-ზავაჰრის შორის, რომელშიც საუბარია კიდევ რამდენიმე ტერორისტულ აქტზე. მსოფლიო ჩემპიონატზე ტერორისტული აქტების დამკვეთი აიმან ალ-ზავაჰრი იყო. ამ ჩანაწერებს სამხრეთ აფრიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიორ ვიშნუ ნაიდუს გადავცემთ და იმედია, მსოფლიო ჩემპიონატი მშვიდად ჩაივლის“, - აღნიშნა ოასიმ ალ-მუავამ.

სამხრეთ აფრიკაში ტურნირის უსაფრთხოებაზე 41 000 პოლიციელი და 4 000 ჯარისკაცი იზრუნებს.

0x01 graphic

აიმან ალ-ზავაჰრი

ისტორიული ფაქტები

...1962 წელს ჩილესთან 4:2 მოგებულ ნახევარფინალში ბრაზილიელთა ლიდერი გარინჩა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. მანეს ფინალის გამოტოვება ელოდა, მაგრამ საქმეში ჩაერია ბრაზილიის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ვითარების გარკვევა ფიფა-ს მესვეურებს სთხოვა. სახელდახელოდ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გარინჩასთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილა, ფეხბურთელი უდანაშაულოდ ცნო და ფინალში თამაშის ნება დართო. მანე გარინჩა იმ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჟურნალისტებმა კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს!

...1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებმაც ითამაშა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაროკო გახდა აფრიკის პირველი ქვეყანა, რომლის გუნდმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე იასპარეზა.

...1982 წელს, სალვადორთან 10:1 მოგებულ მატჩში, უნგრელთა ფორვარდმა ლასლო კიშმა ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა: 69-ე, 72-ე და 77-ე წუთებზე გაიტანა გოლები!

23 სავსე ყვითელი ავტობუსი

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

სადაა ფეხბურთის ღმერთი? ეჭვი მაქვს, კოპაკაბანას და იპანემას პლაჟებშია ჩამალული და იქიდან ასაზრდოებს ფეხშიშველ ბრაზილიელ ბიჭებს, მალანდროებს, დაბადებულებს ფაველაშებში, ბარაკებით მორწყულ უღატაკეს უბნებში, სადაც შეხვალ და უფრო ვერ გამოხვალ, სადაც კანონის არსებობაზეც კი არაფერი სმენიათ, სადაც სიკვდილის, იარაღის, გაჭირვების, პროსტიტუციის, ნარკოტიკების კოქტეილი მუდმივ ცეცხლზეა შემოდგმული და ვისაც ამ კოქტეილის გემოს გასინჯვა, ანუ დაღუპვა არ სურს, ის ფეხბურთის ღმერთთან მიდის აღსარებაზე.

0x01 graphic

ბურთი ერთადერთი საშვია ამ ჯოჯოხეთიდან გამოსაღწევად და ბრაზილიელებს ამიტომაც უყვართ ის სხვებზე მეტად და სულ სხვანაირად. ბურთი მათი მთავარანგელოზია, მფარველი და გადამრჩენელი. შეხედეთ, როგორ ექცევიან, როგორ ეფერებიან, როგორ უფრთხილდებიან. გახსოვთ გარინჩა, კოჭლი კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო დასდევდა იმის წასართმევად, რამაც ლეგენდად აქცია? ვერ წაართვეს.

მარტო ბრაზილიაში შეიძლება ქალმა სტადიონზე, თამაშის დროს იმშობიაროს; მარტო ბრაზილიაში შეიძლება, უსინათლო გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთის მოსასმენად დადიოდეს; მარტო ბრაზილიურმა ფეხბურთმა შეიძლება ომი გააჩეროს; მარტო ბრაზილიაში ითხოვენ ნაკრებისგან არა უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონობას, არამედ მსოფლიო ჩემპიონობას ლამაზად.

მაგრამ დრო იცვლება. ბრაზილიის პლაჟებზე, იქ, სადაც ნაგანგარჭობილი მალანდროები ბურთთან ერთად ამოუხსნელ ფოკუსებს აკეთებდნენ, უკვე წლებია დაიარებიან ევროპიდან ჩასული აგენტები, რომლებიც დიდი კლუბებისთვის იაფ და ხარისხიან პროდუქტს ეძებენ. მათთვის ეს დეზერტირების ბაზარივითაა, თუმცა ჭკუა ბრაზილიელებმაც ისწავლეს და თავადვე გახსნეს ადგილზე აკადემიები, სადაც თანამედროვე, ევროპული აქცენტების ფეხბურთი ისწავლება და კურსდამთავრებულებიც პარტია-პარტია იგზავნებიან წამყვან ლიგებში - ესაა ამ სკოლების ერთადერთი მიზანი. უმრავლესობა ვარსკვლავი ხდება, მაგრამ მალანდროდ ვეღარავინ რჩება. რომარიოს უდარდელი გენიალურობა ისტორიას ჩაბარდა და ამიტომაც ძნელია, ბრაზილიის დღევანდელ ნაკრებს მაინცდამაინც ეგზოტიკური გამარჯვება მოსთხოვო. მარტო გამარჯვებაც იკმარებს.

არა, ბრაზილიელები არ გარობოტებულან, უბრალოდ, იმდენი ქუსლი, ფინტი, სხვაგან გახედვა და სხვაგან პასი, ფეხებს შორის გაძვრენა, ღიმილი და სამბა აღარაა. სამაგიეროდ, ფუნდამენტური ამბები ადგილზეა. მაგალითად, პასი, რომელიც ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ადვილად ჩაიჭრება, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის ყველას აკლდება წამის მეასედი. ეს ის წამის მეასედია, რომლითაც პლაჟებზე მიმალულმა ფეხბურთის ღმერთმა ბრაზილიელები დააჯილდოვა და რაც არ უნდა მოხდეს, ეს ფორა მათ სულ ექნებათ.

იტალიელი და გერმანელი წინაპრების შთამომავალმა კარლოს დუნგამ უკვე დაასახელა სამხრეთ აფრიკაში წამსვლელი 23 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ვერ მოხვდნენ: რონალდინიო, რონალდო, ადრიანო, პატო და დიეგო. ამათ საშუალო კლასის დაცვა რომ დაამატო, შეიძლება ყველას მოუგონ და ეს ბრაზილიელების მუდმივი პრობლემაა: მათ ერთი შემადგენლობის შერჩევა კი არა, ბევრი შემადგენლობიდან საუკეთესოების არჩევა უწევთ, რაც ძალიან რთული და სარისკო ამბავია. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ დუნგას შეეშალა, რომ დუნგა ძალიან მშრალ სტრატეგიას და ფეხბურთელებს ირჩევს, მაგრამ ეს წყლის ნაყვაა, რადგან ყველაზე კარგად დუნგამ იცის, რა და როგორ.

ჯერჯერობით დუნგას ნაკრებმა ყველა ტურნირი მოიგო, სადაც კი ითამაშა (კოპა ამერიკა, კონფედერაციის თასი) და შესარჩევი ციკლიც პირველ ადგილზე, ულაპარაკო უპირატესობით ჩაამთავრა. გარდა ამისა, ამხანაგურ მატჩებში მოუგო ყველა ელიტურ მოწინააღმდეგეს: ინგლისს (1:0), პორტუგალიას (6:2), იტალიას (2:0) და, რაც მთავარია, ღირსეულად გააგრძელა 21-ე საუკუნის ტრადიცია - არგენტინელების „ცემა-ტყეპა“ ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერი შემადგენლობით: დუნგას ბრაზილია არგენტინას ოთხჯერ შეხვდა, სამჯერ შეურაცხმყოფლად გადაურბინა (3:0 ლონდონში, ამხანაგურში, 3:0 კოპა ამერიკის ფინალში და 3:1 შესარჩევ მატჩში როსარიოში, მარადონას თვალწინ), ერთხელაც 0:0 დამთავრდა...

ბრაზილიის ნაკრების ავტობუსს უკვე ახალი სლოგანი მიაწერეს: Lotado! O Brasil inteiro estб aqui dentro! ანუ: გაივსო! მთელი ბრაზილია აქ ზის!

ჰოდა, მეც მანდ ვარ, მაგ ავტობუსში!

24 Почём опиум для народа?

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

განცხადებების ქრონოლოგია

30.04.2010

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვთან შეხვედრისას, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: „ჩვენ ვისაუბრეთ ატომური ენერგეტიკის სფეროში ინტეგრაციის შესახებ და მზად ვართ იგივე გავაკეთოთ გაზის სფეროში - გავაერთიანოთ ნაფტოგაზი და გაზპრომი“.

http://premier.gov.ru

30.04.2010

გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა: „გაზპრომმა და ნაფტოგაზმა შესაძლოა გაცვალონ აქტივები […] ფაქტობრივად, ეს არის ორი კომპანიის შერწყმის საკითხი“.

www.grani.ru

13.05.2010

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა: „იმ შეხვედრას რომ დავსწრებოდი, პუტინს გავუწვდიდი ხელს და ვეტყოდი - თანახმა ვარ 50 - 50-ზე […] თუ ეს არის ჩვენზე ზეწოლის მცდელობა, ამას გავიგებთ, ხოლო თუ ეს არის კონკურენტული ბრძოლა, ამ ბრძოლისთვის მზად ვართ. უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაცია 500-600 მილიონი დოლარი ეღირება და ჩვენ მზად ვართ, ამ პროექტთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ როგორც რუსეთთან, ისე ევროკავშირთან“.

www.echo.msk.ru

13.05.2010

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან, იური ბოიკოსთან შეხვედრისას კომპანია გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა, უკრაინული ნაფტოგაზის და მისი კომპანიის შერწყმის შესახებ აღნიშნა: „ეს იდეა განპირობებულია ჩვენი ქვეყნების განვითარების საერთო ისტორიით, მათ შორის, გაზის საერთო სატრანსპორტო სისტემით, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს“.

www.gazprom.com

14.05.2010

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში განაცხადა: „ეს რომ ყოფილიყო 50-50-ზე, საინტერესო იქნებოდა. […] ჩვენ გვესმის, რომ შეუძლებელია ამგვარი გარიგება, რადგან გაზპრომი ამას არ დათანხმდება […], მაგრამ შეთანხმება ნებისმიერ სხვა პირობებზე ჩვენთვის მიუღებელია“.

www.bbc.co.uk

მხარეთა ზომასთან და სემანტიკასთან დაკავშირებით

2009 წლის მაჩვენებლების მიხედვით, გაზპრომი ნაფტოგაზზე გაცილებით მსხვილი კომპანიაა შემდგომი ზრდის, განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და მსოფლიოში უმსხვილესი დამტკიცებული ენერგორესურსების რეზერვით. გარიგების დასრულებისა და საწარმოთა ფინანსური უწყისების კონსოლიდირების შემთხვევაში, შერწყმულ საწარმოში გაზპრომის წილი, მთლიან შემოსავალში, დაახლოებით 90%25-ია, ხოლო გაზპრომის წმინდა მოგების წილი - 99%25.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი შერწყმა ნიშნავს გარიგებაში მონაწილე მხარეების მიერ შერწყმულ კომპანიაზე თანაბარ კონტროლს. შესაძლო გარიგების შემთხვევაში, გაზპრომის ზომიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია გაერთიანებულ კომპანიაში მხარეების პარიტეტული თანამონაწილეობა და თანაბარი კონტროლი. შესაბამისად, გაზპრომ-ნაფტოგაზის გარიგება არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ორი საწარმოს შერწყმა. ეს არის კლასიკური მაგალითი ერთი მსხვილი საწარმოს მიერ მეორეზე კონტროლის მოპოვების მცდელობისა. შერწყმის შედეგად, უკრაინულ მხარეს შერჩება გაერთიანებული კომპანიის აქციების 5-7%25, ანუ აქციების მინორიტარული პაკეტი, კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობით.

0x01 graphic

გაზპრომი ნაფტოგაზი

მოლაპარაკების პროცესი: მხარეთა უპირატესობანი და მოლოდინი ნაფტოგაზი

რუსულ კომპანიას გარიგება საშუალებას მისცემს:

▪ გააგრძელოს ვერტიკალური ინტეგრაციისა და „დაუნსტრიმის“ მიმართულებით გაფართოების სტრატეგია;

▪ გეოგრაფიულად დაუახლოვდეს გაზის მომხმარებელთა ევროპულ ბაზარს;

▪ დააკნინოს თურქმენეთისა და რეგიონში გაზის სხვა მომპოვებელთა ამბიციები;

▪ დაამყაროს სტრატეგიული კონტროლი ევროპის ბაზრისთვის გაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაგისტრალზე.

გაზპრომი ცდილობს, დაეუფლოს გაზის და ნავთობპროდუქტების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ევროპულ აქტივებს. 2007 წელს გაზპრომი დაეუფლა ბელორუსის ბელტრანსგაზის 50%25-ს და კონტროლი დააწესა გაზის ევროპაში მიმავალ მაგისტრალზე. 2008 წლის განმავლობაში რუსულმა კომპანიამ შეისყიდა ნის-ის (სერბეთის ნაციონალური ნავთობის კომპანია) აქციების 51%25 - 400 მილიონი ევროსა და 2012 წლამდე კომპანიაში დამატებით 500 მილიონი ევროს ინვესტირების ფასად. გარიგება შედგა, მიუხედავად იმისა, რომ დელოიტ & ტუშ-მა ნის-ის აქციების 100%25 წილი 2.2 მილიარდ ევროდ შეაფასა. ამავე დროს, უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია გაზპრომის დაინტერესება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე მოქმედი სხვა მსგავსი აქტივებით: INA (ხორვატია) ან MOL (უნგრეთი). ექსპერტთა აზრით, გაზპრომის გაფართოებისთვის ერთადერთი ბარიერი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროტექციონისტული პოლიტიკა გაზის ტრანსპორტირების სისტემების გასხვისებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ გაზპრომის მიერ უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე კონტროლის მოპოვების და მისი მოდერნიზების (0,5-1 მილიარდი ევრო) შემთხვევაში, „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა აზრს კარგავს, რადგან იგი თავიდანვე უკრაინის გაზგამანაწილებელი სისტემის ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული. მიუხედავად ალექსეი მილერის განცხადებისა, რომ გაზპრომი არ შეაფერხებს „სამხრეთის ნაკადის“ პროექტს, უკრაინულ მხარესთან გარიგება და გაზის ტრანსპორტირების სისტემის დაუფლება გაზპრომს საშუალებას მისცემს არ განახორციელოს 25 მილიარდი ევროს ინვესტიცია ალტერნატიული მაგისტრალის მშენებლობაში.

გაზპრომისთვის პრობლემაა შერწყმის შედეგად გაერთიანებულ კომპანიაზე კონტროლის დაკარგვა. აქციების დამატებითი ემისიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის წილი შემცირდება და დღევანდელი 50.02%25-დან 50%25-ზე ქვემოთ დაეშვება. რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ აქტივზე კონტროლის დაკარგვა ეწინააღმდეგება ქვეყნის სტრატეგიას.

უკრაინული მხარისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაზპრომთან რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, რადგან კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობა და ღირებულება პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რამდენად გაჯერებულია ნაფტოგაზის მაგისტრალური მილსადენი რუსული გაზით. მაგისტრალის დატვირთვა და კომპანიის ზრდა მნიშვნელოვანია უკრაინული ბიუჯეტისთვისაც, რადგან კომპანია ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის დახურვა უკრაინისთვის უბრალო მოცემულობაა, გაზპრომთან ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად.

ნაფტოგაზზე კონტროლის დაკარგვა კიევისთვის შერწყმის ნეგატიურ ასპექტად რჩება, რადგან ეს უკრაინული ოპოზიციის პროტესტს გამოიწვევს.

დასკვნები

ნაფტოგაზის და გაზპრომის კლასიკური შერწყმა ნაკლებად სავარაუდოა, თუ შეუძლებელი არა. შესაძლოა, მხარეები შეთანხმდნენ შეიქმნას ახალი კომპანია, რომელსაც თითოეული მხარე გადასცემს გარკვეული ღირებულების აქტივებს და განახორციელებს მართვა-მეთვალყურეობას. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ გაზპრომის კონტრიბუცია იქნება აპსტრიმის ან ენერგო რესურსების მოპოვების აქტივი (მაგ. წილი იამალის, შტოკმანის, ან სახალინ 2-ის პროექტებში), ხოლო უკრაინული მხარისა კი - გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალი ან მისი ნაწილი.

0x01 graphic


გაზპრომი არის მსოფლიოში ერთ-ერთი
უმსხვილესი კომპანია ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მოპოვების,
წარმოების, გადამუშავების, შენახვისა და
ტრანსპორტირების საქმეში. კომპანიას
აქვს რუსეთის ფედერაციიდან გაზის
ექსპორტის ექსკლუზიური უფლება და,
ამავე დროს, ის მართავს გაზის
განაწილების ერთიან სისტემას, რომლის
სიგრძეც 156,9 ათას კილო მეტრს
შეადგენს. იგი მოიცავს 268 ქვესადგურსა
და გაზის 24 მიწისქვეშა საცავს.

სახელმწიფოს წილი: 50.002%25
თანამშრომელთა რაოდენობა: 376 ათასი
რეზერვები (A+B+C1):
გაზი: 33.1 ტრილიონი მ3
კონდენსატი: 1286 მილიონი ტონა
ნავთობი: 1,601 მილიონი ტონა


წარმოება

0x01 graphic

შემოსავლები და წმინდა მოგება

მოცემულია მილიონ აშშ დოლარში,
კომპანია გაზპრომის აუდიტის ფინანსურ
მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

0x01 graphic


კომპანიის ღირებულება

გაზპრომმა აქციები პირველად 1993 წლის
20 მაისს განათავსა. აქციები
ლიკვიდურია. ვაჭრობა მიმდინარეობს
როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთის
საფონდო ბირჟებზე. 2010 წლის 14 მაისის
მდგომარეობით, კომპანიის ბაზრის
კაპიტალიზაცია შეადგენს 125 მილიარდ
აშშ დოლარს.

0x01 graphic


ნაციონალური კომპანია ნაფტოგაზი
ახორციელებს ენერგო მატარებლების
მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას,
ტრანსპორტირებას და ვაჭრობას.
კომპანია მართავს სახელმწიფო
მფლობელობაში არსებულ უკრაინის
გაზის გამანაწილებელ სისტემას, რომლის
სიგრძეც 39,8 ათას კილომეტრს შეადგენს.
იგი მოიცავს 74 ქვესადგურს და გაზის 13
მიწისქვეშა საცავს. ამ სისტემის
მეშვეობით, ნაფტოგაზს გაზპრომის გაზი
ევროპელ მომხმარებლამდე მიაქვს. 2009
წლის განმავლობაში, სისტემის
მეშვეობით, ნაფტოგაზმა 142 მილიარდი
მ3 გაზი გაატარა.

სახელმწიფოს წილი: 100%25
თანამშრომელთა რაოდენობა: 175 ათასი
რეზერვები (A+B+C1): N/A


წარმოება

0x01 graphic

შემოსავლები და წმინდა მოგება

მოცემულია მილიონ აშშ დოლარში,
კომპანია ნაფტოგაზის აუდიტის
ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით
(2009 წლის გარ და).

0x01 graphic


კომპანიის ღირებულება

კომპანია 100%25-ით სახელმწიფო
საკუთრებაშია და არ გააჩნია
ანგარიშგების გამჭვირვალე სისტემა.

25 ჩასარეცხი კიდევ ბევრია

▲ზევით დაბრუნება


ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი

0x01 graphic

საღამოს ნიუსების ყურებისას პრეზიდენტი ერთ-ერთი საშუალო სკოლის ახალი, თანამედროვე კვების ობიექტის გახსნაზე ამბობს: ეს ყველაფერი შეუძლებელია, როცა პრეზიდენტი, მერია და პარლამენტი ერთმანეთს ჭამენ.

ვიფიქრე, რატომ, სხვაგან თუ შეიძლება, ჩვენ რა, „ზანგები“ ვართ? ხშირად ხაზგასმით არ ვამბობთ, რომ აქ რაღაცები ისე არ არის, როგორც სხვა, „ნორმალურ“ სახელმწიფოში? ჰოდა მართლაც, რატომ არ შეიძლება, მაგალითად :

1. პრეზიდენტი - სააკაშვილი
მერი - ალასანია
პარლამენტი - ბურჯანაძე

2. პრეზიდენტი - გაჩეჩილაძე
მერი - უგულავა
პარლამენტი - ნოღაიდელი

3. პრეზიდენტი - ნათელაშვილი
მერი - თარგამაძე
პარლამენტი - ძიძიგური

4. პრეზიდენტი - აი, ის მდიდარი რუსი კაცი როა, ქართულად რომ მეტყველებს და რუსულად რომ აზროვნებს, თავმოტვლეპილი, სახელი აღარ მახსოვს

მერი - ხერხეულიძე (ბათუმელი)
პარლამენტი - გრიგოლია

გეთანსააკაშვილის მიერ თითქოს ალეგორულად გამოყენებული სიტყვა „ჭამენ“ რეალობაში პირდაპირ მნიშვნელობას იძენს. ერთმანეთის ჭამა არ არის ის, რასაც წლებია პოლიტიკურ სცენაზე ვხედავ? პოლიტიკაში მოსვლისთანავე გასუქებაც ამის ნიშანია ჰოდა, ეტყობა, ჯერ კიდევ „ზანგები“ ვართ. თესი.

ნეტა იმ დროს მომასწრო, როცა არჩევნებში დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს და მომავალ არჩევნებში გამარჯვებით იმუქრება. საზოგადოება შობს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ მიმდინარეობებს. მაშინ, როდესაც თვითონ საზოგადოებას არ აქვს ნათლად და მყარად გარკვეული ფასეულობები, რომლის გარშემოც ერთიანდება და ერთიანდება ყოველგვარი კითხვის გარეშე, პოლიტიკოსების უმრავლესობა მით უმეტეს ვერ გარკვეულა, „სადა ბანაობს“. მამული, მამულიო, ვითომ ურყევი ფასეულობააო და რა არის ეს მამული? ზოგისთვის მამული „ძველით-ახალი საბჭოთა კავშირია“, ზოგისთვის - ვაკე, ვიღაც თანამედროვე მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში ხედავს სამშობლოს, სხვები - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. როდესაც ყველა რეალური პოლიტიკური ძალა თუნდაც ერთი საერთო კონცეფციის, „სამშობლოს“ გარშემო გაერთიანდება, მაშინ შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პოლიტიკური კომბინაციებიც. ამ იდეისკენ მიმავალ გზას შეიძლება განსხვავებულად ხედავდე, მაგრამ მიზანი საერთო უნდა იყოს.

პრეზიდენტის სასახლეში მოსწავლეების მიღებაზე სააკაშვილმა „ჩასარეცხების“ ცნობილი თემა გაიხსენა. როდესაც ეს ვთქვი, ბევრს კუდი აეწვა და დაიწყეს ჩხუბი. ვის გაუბედე, ვინ უნდა ჩარეცხო, როგორ უნდა ჩაგვრეცხოო? ეს ალეგორიულად ნათქვამი სიტყვა იყო და არავის ფიზიკურად ჩარეცხვას არ ვაპირებდითო. მანკიერი საბჭოთა მენტალობის ჩარეცხვას ვგულისხმობდიო.

სწორედ რომ! ეგ ურჯულობა მარტო კი არ უნდა ჩარეცხო, ჩარეცხვის შემდეგ დუსტი უნდა დააყარო, შემთხვევით კიდევ თავი არ წამოყოს. რა მნიშვნელობა აქვს, რა მანტიის ქვეშ იმალება ეს ჭირი. პატრიოტული, მართლმადიდებლური, მეცნიერული თუ „ინტელიგენტური“ - ჩასარეცხია და ტარაკნის წამალიც აქვს ზემოდან მისაყრელი.

ჩასარეცხი რომ ბევრი დარჩა, ამაზე ბოლო დროს მართლმადიდებლობას ამოფარებული ფაშისტური მოძრაობების ამოყვინთვაც მეტყველებს. ასეთი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, სასულიერო პირი, ანაფორაში გამოწყობილი თეთრწვერა პოლიციის შენობასთან მისი მოძრაობის ხულიგანი წევრების გასათავისუფლებლად მივიდა. იჩხუბა, იხმაურა და როცა მიხვდა, რომ არაფერი გამოსდის, პოლიციელს დაჟინებით ეკითხებოდა: ეხლა შუშა რომ ჩავამტვრიო, ამაზე რამდენია სროკი? რამდენს შემტენით სროკს? ამ „სროკზე“ გამახსენდა „პატრიარქი პლენშია“.

უტიფრად ნათელი და ცხადია ზოგჯერ ყველაფერი. „გულდათუთქული“ პატრიოტები ბოლოს მოსკოვში აღმოჩნდებიან ხოლმე. ვეჭვობ, კიდევ ბევრს ვნახავ იქ გაქცეულს, ჩარეცხილს.

სანამ საზოგადოება არ გაერთიანდება ფასეულობების გარშემო, სულ ასეთი ველურობა იქნება. სანამ საზოგადოებაში კამათობენ იმაზე, ნოღაიდელ-ბურჯანაძის საქციელი მოღალატურია თუ არა, სანამ ინტელიგენტურ-ინტელექტუალურ პოზას ამოფარებულები სიტყვა „ჩასარეცხზე“ შეიშმუშნებით, სანამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სანიტარიული ნორმები ყველასთვის საერთო არ გახდება, სულ ეს ამბავი იქნება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ტუალეტში მოსაქმების შემდეგ უნდა ჩარეცხო და ხელებიც დაიბანო. თუ ესეც საკამათოა?

26 ფესტივალი ანუ წიგნის გარეთა მხარე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ლიტერატურა

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

ეს სათაური მილორად პავიჩის რომანის „ქარის შიგნითა მხარის“ შორეული ალუზიაა. Kindle-სა და ციფრული ბიბლიოთეკების ეპოქაში ბეჭდური წიგნი ერთ დღეს შეიძლება მართლაც მუზეუმის ექსპონატად ან სასაჩუქრე ნივთად იქცეს და მხოლოდ მის „გარეთა მხარეს“ მიექცეს ყურადღება. თუმცა, მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში ამ ამბავს ათწლეულები დასჭირდება, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ფილარმონიაში თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი გამართა.

ღონისძიებას, რომელიც 18-21 მაისს ჩატარდა, მუხრან მაჭავარიანის მოულოდნელი გარდაცვალება უძღოდა წინ და ეს სამწუხარო აურა, ბუნებრივია, ბოლომდე გაჰყვა. გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი ხსოვნის საღამოც კი გამართა.

„მე წიგნის ჭია ვარ“ - ეწერა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ჩანთებს - დიახ, ასეთ მკითხველს ბლომად შეხვდებოდით, ნაგროვები ლარებით, გაფაციცებით რომ დაეძებდნენ სასურველ გამოცემებს. ტრადიცია არ დარღვეულა - აქვე შენიშნავდით კანტიკუნტად მოსიარულე მოღიმარ პოლიტიკოსებს, თაროებზე, სავარაუდოდ, სამარადისო ძილისთვის განწირული წიგნებით ხელში, მწერლებს, რომლებიც ერთგულ მკითხველებს ავტოგრაფებით „უმასპინძლდებოდნენ“ და ერთი-ორ ცნობად სახეს ჩვენი დიდი შოუბიზნესიდან, რომელთაც დაბნეულად ჩაილუღლუღეს: „უი, მეგონა, აქ სუხიშვილების კონცერტის ბილეთი იყიდებოდა“.

საბოლოოდ ბიბლიოფილებისთვის ფასდაუდებელი საქმე გაკეთდა, თანამდევი სიუპრიზებითა და თუნდაც ხარვეზებით. გაიმართა არაერთი ახალი გამოცემის პრეზენტაცია, იყო შესამჩნევი ფასდაკლებები, ხალხი საყვარელ ავტორებს შეხვდა, ავტორი - მონატრებულ და არცთუ მრავალრიცხოვან მკითხველს.

მთავარი პრობლემა, რასაც მონაწილეები და სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ, სივიწროვე იყო, თუმცა პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ტაბულასთან საუბრისას სხვა დეტალზეც გაამახვილა ყურადღება: „აი, მაგალითად, 22 მაისს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, მთელი თვით ადრე იწყება მზადება და ხმაური ამაზე. აქაც ასე უნდა იყოს. ხალხი უნდა ცხოვრობდეს ფესტივალით - დაწყებამდეც და მისი მსვლელობისასაც. მის ყურამდე სათანადოდ არ მიდის ეს ამბავი. ახლა რაც ხდება, შესანიშნავია, მაგრამ სიახლეების დანერგვა ნამდვილად არ გვაწყენდა“.

ქარჩხაძის გამომცემლობის ხელმძღვანელმა გია ქარჩხაძემ გვითხრა: „კმაყოფილი ვარ. ფესტივალი ივნისიდან მაისში გადმოვიტანეთ და თანაც ქალაქის ცენტრში მიმდინაროებს. მაგრამ ერთიცაა - უკვე იმდენი გამომცემლობა დაგროვდა, რომ ვეღარ ვეტევით. ალბათ მოვიდა დრო, რომ ასეთი სტანდარტული სტენდები კი არა, დიდ გამომცემლობებს გაცილებით დიდი სივრცეები დაეთმოთ, სადაც მოეწყობა ავტორებთან შეხვედრები, იქნება სცენა და კაფეებიც კი. ასე უცხოურ სტანდარტებს მივუახლოვდებით“.

ტაბულა გაესაუბრა წიგნის ფესტივალის ერთგულ სტუმარს დავით პაიჭაძეს: „წიგნის ფესტივალს დააკლდა საერთაშორისო მონაწილეობა - თუნდაც მცირე მასშტაბის. შარშანდელთან შედარებით, მომეჩვენა, რომ ნაკლები იყო სახელდობრ ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები. გამოფენილი წიგნების უმეტესობა მანამდეც მქონდა ნანახი წიგნის მაღაზიათა დახლებზე და თაროებზე. ფილარმონიაში ფესტივალის დაბრუნებამ ის თითქოს დააპატარავა, მაგრამ თავად გამომცემლებს რომ ჰკითხო, წელს შარშანდელზე მეტი მონაწილე ჰყავდათ და გაისად ფილარმონიაში ვერ დაეტევიან. შესაძლოა, კარგად არ მესმის, მაგრამ ნამდვილად მახარებს გამომცემელთა ოპტიმიზმი - ვისაც გამოველაპარაკე, ყველა ამბობს, რომ მომდევნო ფესტივალამდე მეტ წიგნს გამოსცემს, ვიდრე გასული ერთი წლის მანძილზე გამოსცა. მასმედიაში იშვიათად ლაპარაკობენ წიგნებზე, მედია არ შუამავლობს წიგნსა და მკითხველს შორის და ეს ეტყობა კითხვის, წიგნიერებისა და გაყიდვების მაჩვენებელს ქვეყანაში“.

27 უნიკალური ძარცვა პარიზში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

პიკასო - მტრედი მუხუდოს მარცვლით

18 მაისს, გამთენიისას, 03:50 საათზე, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „უნიკალური“ ძარცვა მოხდა. მუზეუმიდან პიკასოს, მოდილიანის, მატისის, ლეჟის და ბრაკის ტილოები მოიპარეს. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ხსნიდა მძარცველი კედლიდან ცნობილ ტილოებს, რომელთა საერთო ღირებულება 123 მილიონი დოლარია.

ეიფელის კოშკის მოპირდაპირე მხარეს, სენას სანაპიროზე მდებარე მუზეუმს ღამე სამი მცველი აკონტროლებს და მათ მხოლოდ 07:00 საათზე შეამჩნიეს დანაკარგი, მაგრამ განაცხადეს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ და სიგნალიზაციაც არ ამოქმედებულა. მუზეუმის დაცვის სისტემა მარტიდან განახლებას ექვემდებარებოდა და სწორედ ამან შეუწყო ხელი მძარცველს.

0x01 graphic

მოდილიანი - ქალი მარაოთი

გამომძიებლების თქმით, კამერამ მხოლოდ ერთი მძარცველი დააფიქსირა, მაგრამ შეუძლებელია, ასეთი მასშტაბური ძარცვის ორგანიზება მხოლოდ ერთ ადამიანს მოეხერხებინა. ნიღბიანმა მუზეუმის საკეტი გატეხა და შენობაში ფანჯრიდან გადავიდა, 15 წუთში კი იმავე გზით დატოვა შენობა. მუზეუმის ხელმძღვანელების თქმით, ნახატების აუქციონზე გაყიდვა ვერ მოხერხდება. სავარაუდოდ, ტილოებს უახლოეს მომავალში დააბრუნებენ.

0x01 graphic

პოლიცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან. პარიზი

5

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

კინოსტუდია სანგუკო და კონტროლსტუდიო 5 ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს. პროექტის სახელწოდებაა 5 - ხუთი რეჟისორი 5 განსხვავებულ სცენარზე იმუშავებს. პროექტმა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 2 400 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. 19 მაისს კინოთეატრ ამირანში პროექტის ავტორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გუკა რჩეულიშვილი (პროდიუსერი) - ეს ფილმები არ იქნება მასაზე გათვლილი, მათი გამოსვლის შემდეგ დიდ აჟიოტაჟს და მოგებას არ ველოდებით. ეს ფილმები ქართული კინოსთვის, მისი განვითარებისთვის კეთდება.

ნუცა კუხიანიძე (მსახიობი, პროდიუსერი) - კარგი ფილმის გადასაღებად ძალიან ბევრი ფული აუცილებელი არაა. ამერიკაში იაფი და კარგი ფილმების ტენდენცია სამოცდაათიანებში დაიწყო და ტკბილი ჰოლივუდი ერთიანად შეცვალა. ამ დროს აღმოაჩინეს დასტინ ჰოფმანი, დე ნირო, სკორსეზე, ტარანტინო და კიდევ ბევრი გენიოსი. იმედი გვაქვს, ქართულ კინოში რაიმეს სასიკეთოდ შევცვლით.

პროექტი 5-ის მსახიობების კასტინგზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კასტინგი ჩატარდება 3-დან 5 ივნისის ჩათვლით, 12-დან 2 საათამდე. ფილმების გადაღება 15 ივნისს დაიწყება.

პროექტ 5-ის ფილმები: დაბადებულები საქართველოში - რეჟისორი თამარ შავგულიძე; გული+ - რეჟისორი ირაკლი ჩხიკვაძე; ნონო - რეჟისორი გიორგი ლიფონავა; თამაში - რეჟისორი ნიკა მაჩაიძე; ველური დღეების ქრონიკა - რეჟისორი დავით უჯმაჯურიძე.

28 იოსელიანის დურაკოვო

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი

0x01 graphic

ოთარ იოსელიანი

კანში ოთარ იოსელიანის ფილმის - შანტრაპა - არასაკონკურსო ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც რეჟისორი რუსულ მედიას გაესაუბრა და ჩვეული ირონიით, „ბაკაკი წკალში კიკინებს“ სტილში გააკრიტიკა საბჭოთა კავშირი და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი: „ადრე ხელოვნების ნიმუშების შემფასებელი ბოლო ინსტანცია პოლიტბიურო გახლდათ. ვოროშილოვი, კაგანოვიჩი, მოლოტოვი და სხვა მონსტრები წყვეტდნენ კინოს ბედს. საბჭოთა კავშირის მთავარი რეჟისორი კი, რა თქმა უნდა, სტალინი იყო.“

იოსელიანმა დღევანდელობაზეც ილაპარაკა და საინტერესო ისტორიული პარალელი გაავლო: „რუსეთის გაუბედურებული არმია - თუმცა ძნელია, მაროდიორებს და მოძალადეებს არმია უწოდო - აგვისტოს ომის დროს ისე ძალადობდა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარი გერმანიაში. რასაკვირველია, ბელადების მითითების გარეშე მსგავსი რამ არსად ხდება. მაგრამ საქართველოში სიძულვილი არ იგრძნობა. უფრო თანაგრძნობაა. თანაგრძნობა დურაკის მიმართ.“

29 ზაფხულის საპოპკორნე ფილმები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

0x01 graphic

1975 წელს გამოვიდა სტივენ სპილბერგის ფილმი ყბები. ამ ფილმზე დასასწრებად აშშ-ში 100 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა. პირველად სიტყვა ბლოკბასტერი სწორედ ამ შედევრს უწოდეს.

70-იანი წლების ბოლოს სათავე დაედო ბლოკბასტერების ერას, რომელიც დღემდე გრძელდება. ყოველწელიწადს, მაისის პირველი კვირიდან შუა აგვისტომდე (ხანდახან ბოლომდე), მსხვილ ბიუჯეტიანი ფილმების ცვენაა. 100 და 200 მილიონი დოლარის მქონე ფილმებს წელიწადის სხვა დროსაც აქვთ რელიზი, მაგრამ მათი რეჟისორები ან ისეთი „თავხედები“ არიან, როგორიც ჯეიმს ქემერონი და პიტერ ჯექსონი, ან ჰარი პოტერისნაირი პოპულარული წიგნის კინოადაპტაციაა. წარმოგიდგენთ 2010 წლის ზაფხულის სეზონის 7 ფილმს, რომელიც სულ მალე გამოვა მსოფლიოს კინოთეატრებში.

სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშა
28 მაისი

ამავე სახელწოდების საკულტო თამაშის ეკრანიზაცია. პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაი მერი ის კაცია, რომელმაც იცის, როგორ უნდა აკეთოს ბლოკბასტერები (კარიბის ზღვის მეკობრეები, ნაციონალური საგანძური). ფილმის სიუჟეტიც არ ჩანს ურიგო. სპარსეთის პრინცი დასტანი, პრინცესა ტამინას დახმარებით, თავისივე შეცდომის გამოსწორებასა და სპარსეთის ბნელი ძალებისგან დახსნას ცდილობს. ჯეიკ გილენჰაალი, ალფრედ მოლინა, ბენ კინგსლი და გემა არტენტონი შთამბეჭდავ სამსახიობო ანსამბლს ქმნიან.

რატომ უნდა ვნახო? - შუა საუკუნეების აზიაზე ფილმებით განებივრებულნი არ ვართ, თან, ფენტეზის ელემენტებითა და უამრავი სპეცეფექტით ფილმი ვიზუალურად მომხიბვლელი უნდა გამოვიდეს. რეჟისორ მაიკლ ნიუელისგან თამაშის ერთ-ერთ საუკეთესო ადაპტაციას უნდა ველოდოთ.

სათამაშოების ამბავი 3
18 ივნისი

ენდი გაიზარდა, კოლეჯში წავიდა და თავისი სათამაშოები საბავშვო ბაღში ჩააბარა. ვუდი, ბაზი და სხვა სათამაშოები თავიდან ენთუზიაზმით შეხვდნენ ახალ ცხოვრებას, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მათი ცხოვრება მთლიანად ვუდისთანაა დაკავშირებული და ბაღიდან გაპარვის გეგმის შემუშავებას იწყებენ.

სათამაშოების ამბავი 1 კინოს ისტორიაში პირველი სამგანზომილებიანი მულტფილმია, მეორე ნაწილი კი კრიტიკოსების მიერ ყველა დროის ყველაზე დადებთად შეფასებული კინოპროექტი (უარყოფითი რეცენზია დღემდე არავის დაუწერია). იმედია, მესამე ნაწილიც გამორჩეული იქნება.

რატომ უნდა ვნახო? - მულტფილმი კომპანია პიქსარის (თუ რაიმე კარგი მულტფილმი გაგახსენდათ, ამათია) პროდუქციაა და ეს სრულიად საკმარისია, რომ ბილეთი იყიდოთ. უოლის, რატატუისა და ნემოს შემქმნელები თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ.

რაინდი და დღე
25 ივნისი

ტომ კრუზი და კამერონ დიასი ბოლოს ვანილის ცაში იყვნენ ერთად. ფილმის ტრეილერი ისეთი სასაცილოა, ძალიან უნდა მოენდომებინა რეჟისორს, რომ ცუდი ფილმი გამოსვლოდა. როი მილნერი საიდუმლო აგენტია, რომელიც ბრმა პაემანზე ჯუნ ჰავენს გაიცნობს და სახიფათო, თუმცა სასაცილო მომენტებით აღსავსე თავგადასავალში ჩაითრევს.

რატომ უნდა ვნახო? - როგორც იქნა, კრუზი შეეშვა „მე ოსკარი მინდა“ ფილმებში თამაშს და კომედიურ ჟანრში ცდის ბედს. სასაცილო პერსონაჟის შექმნის მისი უკანასკნელი მცდელობა ოქროს გლობუსის ნომინაციით აღინიშნა (უიღბლო ჯარისკაცები).

0x01 graphic

სტიქიების მბრძანებელი
2 ივლისი

ნიკელოდეონის ცნობილი მულტფილმის კინოეკრანიზაცია. ოდესღაც წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ნაციები ერთად ცხოვრობდნენ. მათ შორის მშვიდობას ავატარი, ოთხივე ელემენტის მბრძანებელი უზრუნველყოფდა. ერთ დღეს ის გაქრა და სამყაროში ქაოსმა დაისადგურა.

გავიდა დრო და გამოჩნდა მხსნელი, ჰაერის უკანასკნელი წარმომადგენელი და ბოლო ავატარი, 12 წლის აანგი, რომელმაც უნდა იხსნას სამყარო.

ფილმის ტრეილერი ვიზუალური საოცრებაა და იმდენად შთამბეჭდავია, რომ, სულ მცირე, სურვილს გიჩენს, ფილმის პრემიერაზე ბილეთი დაჯავშნო.

რატომ უნდა ვნახო? - მ. ნაით შამალანის პირველი 3D ფილმი. მეექვსე გრძნობისა და ნიშნების რეჟისორს ბოლო წლებში ჩავარდნა ჰქონდა, ზედიზედ ორი სუსტი ფილმი გადაიღო (გოგონა წყალში, მოვლენა) და იმედია, სწორედ ამ ნამუშევრით დაბრუნდება ზენიტში.

დასაწყისი
16 ივლისი

ფილმი, რომელზეც ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი ასაიდუმლოებს ნამუშევრის სიუჟეტს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოქმედება მომავალში ხდება. ტექნოლოგიები განვითარდა და ადამიანს შეუძლია, სხვის გონებაში სიზმრების დახმარებით „შეიპაროს“. ლეონარდო დი კაპრიოს გმირი „სიზმრების ქურდია“, რომელიც სხვის გონებაში შედის, საიდუმლო ინფორმაციას იგებს და შემდეგ ყიდის. 2010 წლის ზაფხულის სეზონის მთავარი კინომოვლენა.

რატომ უნდა ვნახო? - მემენტოს, პრესტიჟისა და ბეტმენის ბოლო ორი ნაწილის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი ლეონარდო დი კაპრიოსთან დუეტში… ამ ფილმის არნახვა კანონით უნდა დაისაჯოს.

სოლთი
23 ივლისი

ცენტრალური დაზვერვის ოფიცერს ეველინ სოლთს რუსეთის ჯაშუშად თვლიან და ის ძებნაშია. ანჯელინა ჯოლის გმირი ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და ამავე დროს ხელში არ ჩაუვარდეს კანონდამცველებს. ნამუშევარს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ექშენ ფილმობაზე აქვს პრეტენზია და, ტრეილერიდან გამომდინარე, სრულიად დამსახურებულად.

რატომ უნდა ვნახო? - ანჯელინა ჯოლის არაფერი ისე არ უხდება, როგორც ძლიერი, ლარა კროფტისნაირი პერსონაჟების თამაში. ეს ქალი არ დაბადებულა დრამატული როლებისთვის.

სხვა ბიჭები
6 აგვისტო

ფილმის ტრეილერი იმდენად სასაცილოა, უემოციო ადამიანსაც კი სიცილისგან გაგუდავს. ორი უიღბლო ნიუიორკელი დეტექტივის ისტორია, რომლებსაც თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ. რეჟისორ ადამ მაკის (ლეგენდა რონ ბურგუნდიზე, ტალადეგას ღამეები) და სამსახიობო ანსამბლის დიდი იმედი უნდა გვქონდეს.

რატომ უნდა ვნახო? - უილ ფერელისა და ადამ მაკის ყველა თანამშრომლობა საკულტო კომედიის შექმნით დასრულდა. ამ ხალხს მარკ უოლბერგი, სემუელ ელ ჯექსონი და დუენ როკ ჯონსონი დაემატა და ეგაა... თუ სასწაული არ მოხდა, ზაფხულის სეზონი სუპერკომედიით დაიხურება.

30 თბილისის თბილი და ლამაზი ფოტოფესტივალი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

14-17 მაისს ჩატარდა თბილისის ფოტოფესტივალი, რომლის სპონსორი იყო თბილისის მერია, მხარდამჭერები: კულტურის სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო, ევროპის სახლი, თბილისის ფოტოგრაფიის სახლი, ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, საქართველოს ავიახაზები და სააგენტო მაგნუმი.

საინტერესო პროგრამა აზერბაიჯანელი ქალი ფოტოგრაფის რენა ეფენდის გამოფენით გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებშივე, ფოტოსააგენტო მაგნუმმა რენა ეფენდი საუკეთესო ახალგაზრდა კავკასიელი ფოტოგრაფის პრიზით დააჯილდოვა.

ფოტოფესტივალის სამდღიანი პროგრამა გამოფენების, დებატებისა და ფილმების ჩვენებისგან შედგებოდა. მისი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ნაწილი კი საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ არლის ცნობილი ფოტოფესტივალის თბილისური ვარიანტი იყო. არლის ფოტოფესტივალს 40-წლიანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ფოტოგრაფებისთვის. ამ ფესტივალის ფარგლებში იმართება პროგრამა La Nuit de l'Anne'e, როდესაც არლი საგამოფენო სივრცედ იქცევა და ეწყობა ღამის ფოტოჩვენებები.

ასე იყო თბილისშიც. ქალაქის ძველი ნაწილი, აბანოთუბანი და სოლოლაკი ერთ დიდ ფოტოკოლაჟად გადაიქცა. 10 წერტილში დამონტაჟდა ეკრანები, რომლებზეც ღამის 10 საათზე, მუსიკის თანხლებით, დაიწყო ფოტოჩვენებები და დილის 4 საათამდე გაგრძელდა. თავად ჩვენებები თემატურად განსხვავდებოდა და თითოეულს სხვადასხვა სააგენტო, ჟურნალი თუ ორგანიზაცია წარმოადგენდა. ფრანგულმა ტელეარხმა არტემ გუდიაშვილის მოედანზე სახელოვან ფოტოგრაფ ნან გოლდინზე დოკუმენტური ფილმი აჩვენა, ჟურნალმა ვოგმა მოდის ფოტოგრაფიის არაჩვეულებრივი მაგალითები ხანძთელის ქუჩაზე შემოგვთავაზა, სააგენტო მაგნუმმა კი ჭრელ აბანოსთან გვიჩვენა როგორც პოეტური, ისე მძაფრი დოკუმენტური ფოტოები. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ თბილისის ფოტოგრაფიის სახლი, ჟურნალები ტაბულა, ლიბერალი და ფოტო.

დილამდე არ წყდებოდა სეირნობა, ძველი ქალაქი სავსე იყო ტურისტებით, ყველგან იგრძნობოდა მეგობრული ატმოსფერო და მხიარული განწყობა, ყველა იღიმებოდა და კარგ გუნებაზე იყო. ღონისძიებას ესწრებოდა ბევრი უცხოელი სტუმარი, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ თბილისმა სასიამოვნოდ გააკვირვა და ასეთ ეშხიან, თბილ და ლამაზ ადგილს არ ელოდნენ...

თავისუფლების გზავნილი ენგურიდან

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

26 მაისს ზუგდიდში, დევნილების მხარდასაჭერად, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით 15 მაისს პრესკონფერენცია ჩატარდა სასტუმრო შერატონში. Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace და Maia.K - ეს იმ ვარსკვლავთა ჩამონათვალია, რომელთაც უარი განაცხადეს ჰონორარზე. სწორედ ისინი მიიღებენ მონაწილეობას 26 მაისს გამართულ კონცერტში. ზუგდიდის მთავარ მოედანზე კონცერტი 18:00-დან 23:00 საათამდე გაგრძელდება. სცენაზე ასევე იქნებიან ჯგუფი მგზავრები, სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, რემა და პორნო პოეზია. ამავე დღეს, 17:00-ზე, მოეწყობა სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს დევნილების საკითხს. მსვლელობის მონაწილეები ენგურის ბლოკპოსტიდან საზოგადოებას შესთავაზებენ გზავნილს - მუსიკა ათავისუფლებს!

საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა. მათ შორის იქნებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედიასაშუალებებიდან. სტუმრები ჩამოდიან არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია სამართლიანობისთვის და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის: SOS Rasizm და UEJF-ს მოწვევით, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი - ALTER VISION GROUP-ის. ღონისძიებას გეგმავს და ახორციელებს ორგანიზაცია ALTER VISION GROUP.

31 სამი კონცერტი და რელიგიური პაუზა

▲ზევით დაბრუნება


ყველა ფოტო: ბესო დარჩია

0x01 graphic

15 მაისს გაიმართა ალტერვიჟენის ოფენ ეარ ფესტივალი. სამი სცენა, რვა შემსრულებელი, ორი ფოტოგამოფენა და პირიქით

საქართველოში ბოლო დროს ლოკალური მასშტაბის ფესტივალები შესამჩნევად მომრავლდა, თუმცა, ერთდროულად სამ სცენაზე გამართული ფესტივალი მაინც ახალი ხილი იყო. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს.

პირველ რიგში, დარღვეული იყო ფესტივალების ტრადიციული, დროით გამოცდილი სტრუქტურა, რომლის მიხედვით არის ერთი მთავარი სცენა და მეორადი სცენები, შემსრულებლები იყოფიან ე.წ. ჰედლაინერებად, ვორმ აპ გამომსვლელებად, ზოგიერთ შემთხვევაში არის მესამე კატეგორიაც - ახალბედები, რომლებიც მეორად სცენებს ითვისებენ. შაბათს სამივე სცენა მთავარი იყო და სამივეგან ყველა გამომსვლელი ჰედლაინერი იყო. ამას ემატებოდა ჟანრობრივი სიჭრელე. ერთმანეთში აზელილი პანკი, მეტალი, ალტერნატივა, თრიფჰოპი და ელექტრონიკა შანსს არ ტოვებდა სათანადო განწყობის შესაქმნელად. ამ მხრივ შედარებით ლოგიკური იყო აბანოთუბნის სცენა, რომელზეც Me and My Monkey და The Forest გამოდიოდნენ. მათი მუსიკა ისე არ ქმნიდა კონტრასტს, როგორც შარდენზე გამომსვლელი The Georgian და Kate and Me-ს მუსიკა. თუ პირველები ენერგიული (პოსტ) პანკით შეეცადნენ მსმენელ-მაყურებლის გამოცოცხლებას, მეორე ჯგუფის მოთრიფჰოფო, შედარებით ნელი მუსიკა უსიამოვნოდ მოხვდა ყურს. სხვათა შორის, აპარატურა კარგ ხმას გამოსცემდა, კომპოზიციებს შორის ტექნიკური შეფერხებები მინიმალური იყო, თუმცა, მთავარი შეფერხება ჯერ წინ იყო, ოღონდ არატექნიკური.

0x01 graphic

ფესტივალის დევიზი - მუსიკა ათავისუფლებს - ზუსტად ერთ საათში დაიმსხვრა. მსმენელი ვერ გაათავისუფლა ვერც პანკმა, ვერც თრიფჰოფმა და ვერც ფუჟენმა. განსაკუთრებით პარადოქსული იყო პანკ როკის ფონზე გაშეშებული მსმენელი. პლანეტარული სევდით შეპყრობილი გოთების უემოციობა შეიძლება გასაგები იყოს, სამაგიეროდ სრულიად გაუგებარია „მოპანკო“ ნაწილის ინერტულობა. მსმენელი ვერც მაშინ გამოფხიზლდა, როცა სცენაზე ასული Kate and Me მოულოდნელად დაადუმეს. როგორც ორგანიზატორმა განმარტა, სიონში პატრიარქი მივიდა და დაკვრა დროებით უნდა შეეწყვიტათ.

0x01 graphic

აბანოთუბანში პატრიარქი არ მისულა, სამაგიეროდ მივიდა გიგი უგულავა. მის მისვლამდე Me and My Monkey-მ შეძლო მსმენელი აეცეკვებინა, მაგრამ მერის მისვლისთანავე უმეტესობამ ცეკვა შეწყვიტა და ქალაქის თავისა და ადგილობრივი უხუცესების ნარდის თამაშზე გადაერთო.

მთლიანობაში ფესტივალი შედგა, მაგრამ იდეა - მუსიკა, როგორც თავისუფლება - ჩავარდა. მიზეზი ალბათ თანაბრად არის მსმენელსა და ორგანიზატორებში, ყველაზე ნაკლებად კი - შემსრულებლებში. მათ მაქსიმუმი გააკეთეს.

0x01 graphic

32 Marche

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

0x01 graphic

მარშე
სულხან-საბას 4
უბანი: სოლოლაკი, თავისუფლების მოედნის უკან
ტელ: 50 88 50
სამზარეულო: ესპანური
საათები: ყოველდღე, 11:30-22:30
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი, ამერიკან ექსპრესი
ფასი: 75 ლარი (ორ ადამიანზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ქუჩაზე

მარშე - ანუ ბაზარი ფრანგულად. ინტერიერი პროვანსულ-ფრანგული, სამზარეულო ესპანური. შესასვლელში პურ-ფუნთუშეულის დახლია, კარგად გაფუებული ბაგეტები და მშრალი ნამცხვრები იყიდება. ირგვლივ თაროები სავსეა თუნუქის ქილებით: Foie Gras (ბატის ღვიძლი) ზეთისხილითა და ღვინის ბოთლებით.

მარშეს ადგილმდებარეობა ისეთია, რომ აქ შემთხვევითი კლიენტი ძნელად მოხვდება - სულხან-საბას ვიწრო ქუჩით მხოლოდ მცირერიცხოვანი ადგილობრივები, კანცელარიისკენ მიმავალი თანამშრომლები და სტუმრები სარგებლობენ. ისტორიულად, მარშეს კლიენტურა ძირითადად კანცელარიიდან მოედინება.

მრავალფურცლიანი მენიუ გვთავაზობს საუზმეს, ლანჩს და სადილს. ღვინის ბარათში, უცხოური ღვინოების გარდა, წარმოდგენილია თელიანი ველის, მილდიანის და ბესინის ღვინოები. უცხოურ ღვინოებზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართული ღვინოებს საკმაოდ მაღალი ფასი ადევს. მაგალითად, სარეალიზაციო ქსელში 12 ლარად ღირებული ბესინის მერლო აქ 28.50 ლარი ღირს. არომატული კენკროვანი და სავსე ღვინოა, იისფერი ელფერით, მაგრამ თითქმის სამმაგ ფასად?

ტაპასი - მცირე ულუფებად, ცხლად ან ცივად მოტანილი, მადის აღმძვრელი ესპანური კერძია. ესპანელები ბევრ განსხვავებულ ტაპასს უკვეთავენ და ღვინის თანხლებით იქცევენ თავს. თუ ძალიან გაერთნენ, შესაძლოა, ძირითადი კერძი აღარც შეუკვეთონ. ამრიგად, ტაპასის არჩევანი უნდა იყოს ფართო და ღირდეს იაფი, თუმცა მარშეში არჩევანი ძირითადად იქვე გამოფენილი თუნუქის ქილების პროდუქტით ყალიბდება: ესპანური თეთრი სატაცური (11.90), რომელსაც თუნუქის გემო უფრო აქვს, ვიდრე ბოსტნეულის ან ტუნა ვინტრესკა (15.90), ტუნის რბილობი ზეთის მარინადში. კონსერვებიდან პროდუქტის გადმოღება, ზეთისხილითა და ძმრით გაწყობა დიდი ვერაფერიშვილია და რესტორნის დამსახურებად ვერ ჩაითვლება, უფრო ღარიბი ფანტაზიისა და იოლი გამოსავლის მცდელობად. იგივე ესპანური სატაცურის შეცვლა ადგილობრივი სატაცური თაც შეიძლება, მით უმეტეს, რომ სეზონია.

ღორის ხორცი ნავარა (23.90) უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. ხორცი თითქოს კარგად არის შემწვარი, თუმცა უგემურ ფაქტურას ღეჭავ და ფიქრობ, ჯობდა სხვა რამე შეგეკვეთა. გრილზე შემწვარი ორაგული (21.50) საშუალო, მოსაწყენად გაწყობილი კერძია.

ყველაზე კარგი აქ იბერიული ლორია, რომელიც პირდაპირ ესპანეთიდან შემოაქვთ, თხელ ნაჭრებად ჭრიან და ერთ თეფშს 42 ლარად ყიდიან. ფასს ალბათ სუფთა გარემოში და ცარიელ მაგიდებში იხდი. სერვისი თავაზიანი და თბილია, თუმცა, საერთო ჯამში, ღირს თუ არა, თავად განსაჯეთ.

33 საქონლის სუკი, კარამელიზებული ხახვის და სოკოს სოუსით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

თეკუნა გაჩეჩილაძე, შეფ მზარეული

4 ულუფა
მთლიანი სუკი (800-1000გრ.)
50 გრ. ზეთი
100 გრ. ქამა სოკო
100 გრ. წითელი ხახვი
100 გრ. ხახვის მარინადი
50 გრ. შავი ბალზამიკოს ძმარი
100 გრ. ხორცის ბულიონი
1 სუფრის კოვზი ფქვილი
50 გრ. სოიოს სოუსი
ქონდარი
პილპილი
მარილი
ჯამში 25 ლარი

კერძის სურთი

ხორცისთვის გაასუფთავეთ სუკი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით ცხელ ტაფაზე, სამ-სამი წუთი თითო მხარეს. შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში და შეწვით კიდევ 15 წუთი.

სოუსისთვის - ხახვი დაჭერით ნახევარმთვარეებად, შეწვით ხახვის მარინადთან და სოკოსთან ერთად. დაამატეთ ფქვილი, ბალზამიკოს ძმარი და ბულიონი. წამოადუღეთ გასქელებამდე. მოაყარეთ ქონდარი, მარილი და პილპილი.

კერძი მიირთვით ახალ კარტოფილთან ან კარტოფილ ფრისთან ერთად.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ
სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვი
ლი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02/03 ).