ტაბულა №31


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დარჩიაშვილი დავით, ნათაძე ერეკლე, კაგანი რობერტ, სმიტი დევიდ ჯ, პაიჭაძე დავით, ელერდაშვილი ვახო, ოდილავაძე ზურაბ, კიკალეიშვილი სალომე, ბურჭულაძე ზაზა, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|8 - 14 ნოემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge გარეკანი: ტაბულა ©



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

Online გამოხმაურება

დავით დარჩიაშვილის სვეტი - ჩვენი დემოკრატიზაცია-მოდერნიზაციის მიმდინარე პრობლემატიკა

sandro 25 ოქტომბერი 2010 20:51

ერთადერთი მკურნალი ჩვენს საზოგადოებაში არსებული „ბიზანტიზმისა“ და ვერტიკალური მმართველობისა არის დემოკრატია, პირდაპირი გაგებით ხალხის ძალაუფლება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადამიანის მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას, ასევე საზოგადოების გაიგივებას სახელმწიფოსთან. ელიტისტური მმართველობის შემთხვევაში კი ხდება ის, რაც მოხდა საქართველოში - პოპულიზმის ზრდა და სახელმწიფო აპარატების გადამეტებული ძალაუფლება (პოლიცია).

დავით კოვზირიძის სვეტი - ღიმილის ნიჭები

salomea 01 ნოემბერი 2010 08:37

არ ვიცი, რა სავარჯიშო უნდა მოვიფიქროთ, რომ გაღიმება ვისწავლოთ. იქნებ, „დილის გამამხნევებელმა 5-10 წუთიანმა ღიმილ-ვარჯიშმა“ გაჭრას, მაგრამ ფაქტია, ის ჩვენ ჰაერივით გვჭირდება, რადგან გაღიმებას კარგი განწყობა მოსდევს. განწყობა კი გადამდებია. ქუჩაში სიარულისას მინდა გავიხსენოთ ხოლმე: ერთმანეთის რა გვმართებს? მხოლოდ ღიმილი:)

Aliena 29 ოქტომბერი 2010 13:42

გაღიმებისთვის მარტო მიმიკური კუნთების მოქმედება არა კმარა, ცხადია. სხვა კი, ჩემი აზრით, ნება და თავისუფალი დროა, რომ დაფიქრდე და გაიღიმო. პატარა უფლისწული მახსენდება: „მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!“

სტატია - სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგი იწყება

Chichenica 29 ოქტომბერი 2010 12:40

ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის და ევროპის პოლიტიკა იქით მიდის, რომ ცოტა ხანში ჩვენც იმავეს მოგვთხოვენ პირველ რიგში აფხაზეთთან და, შესაძლოა, ასევე ცხინვალთან მიმართებაში და ეჭვიც არ მეპარება, რომ იმაზე ნაკლები შემოთავაზებების ფასად მოხდება ჩვენი ზნედაცემული ხელისუფლების მიერ ამ დიალოგის თუ „აღიარების“ პროცესის დაწყება, რასაც სერბეთს სთავაზობს ევროპა. ჩემი აზრით, ერთადერთი იმედი ჩვენთვის, მხოლოდ და მხოლოდ ობამას გაურკვეველი პოლიტიკის მქონე ხელისუფლების გადავარდნა და გერმანიის და საფრანგეთის რუსოფილური მთავრობების შეცვლაა...

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„თქვენს ხელთ ახლა ერთი ადამიანის ბედზე უფრო მეტია... აქ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ბედი წყდება.“

  • დაცვის დასკვნით სიტყვაში განაცხადა რუსმა ნავთობ მაგნატმა, მიხეილ ხოდორკოვსკიმ უკვე წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე. სასამართლო ხოდორკოვსკის საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ დეკემბერში გამოიტანს. 3 ნოემბერი

0x01 graphic

„ჩემი მიზანი სიღარიბის აღმოფხვრაა.“

  • დილმა რუსეფი, ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესმა საარჩევნო ორგანომ, იგი ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა. 1 ნოემბერი

0x01 graphic

„აქ ნამდვილ ნაგავზე სასაუბროდ მოვედი. მედია ნაგავი კი თქვენთვის მომინდვია.“

  • ნეაპოლში, პრესკონფერენციის დროს, რომელიც ნაგვის კრიზისს ეხებოდა, იტალიის პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი ჟურნალისტების შეკითხვებს გამოეხმაურა. მას კომენტარის გაკეთებას არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირზე გავრცელებულ ჭორებზე სთხოვდნენ.

29 ოქტომბერი

0x01 graphic

„საიდუმლოება არ არის ბინძური სიტყვა. მას რაღაცის შესანიღბად არ ვიყენებთ. საიდუმლო ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრიტანეთის უსაფრთხოების დაცვაში.“

  • სერ ჯონ სოერსი, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი, სააგენტოს ისტორიაში პირველი საჯარო გამოსვლისას.

28 ოქტომბერი

ყველა ფოტო: REUTERS ©

3 კვირა

▲back to top


31 ოქტომბერი

0x01 graphic

  • ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ აშშ-ისა და რუსეთის პირველი საერთო ოპერაცია გააკრიტიკა. ოპერაცია ნარკოტიკების ლაბორატორიების აღმოჩენა-განადგურებისაკენ იყო მიმართული. მოსკოვის განცხადებით, ოპერაციის შედეგად ტონაზე მეტი ჰეროინი და ოპიუმი ამოიღეს, რომლის ფასიც 250 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყარზაიმ განაცხადა, რომ ის ამ ოპერაციაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ამ ქვეყნის მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციებში - საბჭოთა კავშირის მიერ ამ ქვეყნის 21წლიანი ოკუპაციის შემდეგ - სენსიტიური საკითხი ამან რუსეთის ამ ოპერაციაში მონაწილეობას ავღანეთის სუვერენიტეტში შემოჭრა უწოდა.

  • თურქეთის მთავრობამ Youtube-ე 2 წლის შემდეგ აკრძალვა მოხსნა. აკრძალვა ამ საიტზე ქვეყნის ერთ ერთ დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქზე შეურაცხმყოფელი ვიდეოების გამოჩენას უკავშირდება.

0x01 graphic

  • სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად სხვა არავინ გარდაცვლილა. დაზიანდა 32 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი. პოლიციის განცხადებით, ტერორისტი მანქანის პოლიციის ავტობუსისთვის დაჯახებას ცდილობდა. აღმოჩენილია რამდენიმე ბომბიც, რომელთა გაუვნებელყოფაც მალევე მოერხდა.

1 ნოემბერი

0x01 graphic

  • რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირველად ეწვია კურილიის კუნძულებს, რითაც იაპონიასთან დიპლომატიური დავა გაამძაფრა. იგი კუნაშირში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და რეგიონში ინვესტიციების განხორციელებას დაჰპირდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა მედვედევის ვიზიტს სამწუხარო უწოდა და რუსეთის დესპანი გაიწვია. მოსკოვმა იაპონიის ამგვარი რეაქცია „მიუღებლად“ შეაფასა.

  • ქურთულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ PPK-მ უარყო მისი მონაწილეობა სტამბოლში მომხდარ ტერაქტში. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. პირველ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობა ერთი წლით, შემდეგ არჩევნებამდე გაახანგრძლივეს.

2 ნოემბერი

  • თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Foreign Policy-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ, რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხში შუამავალი არ იქნება. ობამას გუნდი არ აპირებს, ამ თემის გამო საქართველოზე ზეწოლა განახორციელოს“.

0x01 graphic

  • კოსოვოს პარლამენტში განხორციელებული ნდობის ვოტუმის შედეგად მთავრობა დაშლილია. ვადამდელი არჩევნები დეკემბერში შედგება. პარლამენტის 120 წევრიდან 66-მა კანდიდატმა მთავრობის დაშლას მისცა ხმა. პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, ეს კოსოვოს პირველი „პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისია“. კრიზისი კოსოვოსთვის მნიშვნელოვან ეტაპზე ხდება. სერბეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კოსოვოს უნილატერულ გამოყოფას აპროტესტებდა, მზად არის ამ ქვეყნის მთავრობასთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.

3 ნოემბერი

  • თბილისში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი ჩამოვიდა. ის ქართველ კოლეგას ბაჩო ახალაიას და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ადრე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება ძალაში რჩება. უკრაინა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იარაღს ისევ მიყიდის.

0x01 graphic

  • „საქართველოსთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა დმიტრი მედვედევთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებით, ბრიტანეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში „სტრატეგიული დიალოგი“ შეაჩერეს. მიზეზად ებრაელი ოფიციალური პირების ბრიტანული კანონით გასამართლებას ასახელებენ. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ პალესტინელი ბრალმდებლის მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დაპატიმრების საქმე განიხილა. უთანხმოების შესარბილებლად ბრიტანეთის საგარეო მდივანი უილიამ ჰეიგი ისრაელში ოფიციალური ვიზიტითაა ჩასული. იგი ოკუპირებული ტერიტორიების მონახულებას გეგმავს.

4 ნოემბერი

0x01 graphic

  • დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, პრინცი ედუარდი თბილისში ჩამოვიდა და ბრიტანეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა. ბრიტანეთის საელჩო საქართველოში უკვე 15 წელია არსებობს, თუმცა ამ დრომდე საკუთარი შენობა არ ჰქონია. დიპლომატიური კორპუსის ახალი შენობა კრწანისის ქუჩაზე აშენდა. ბრიტანეთის დიპლომატიურ კორპუსს ახალი ელჩი ჯუდიდ გოფი უხელმძღვანელებს.

0x01 graphic

  • სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა 1991 წელს ვუკოვარში განხორციელებული მასობრივი მკვლელობების გამო ბოდიში მოიხადა. ხორვატიის ამ ქალაქში 1991 წლის ნოემბერში სერბეთ- იუგოსლავიის ჯარმა 260 ადამიანი მოკლა. სამხედროებმა ქალაქი აიღეს, ხალხმა თავი ადგილობრივ საავადმყოფოს შეაფარა, თუმცა ისინი დაატყვევეს და ღორების ფერმაში წაიყვანეს. შემდეგ ტყვეები დახოცეს და საერთო საფლავში დამარხეს. ვუკოვარის მემორიალზე პრეზიდენტ ტადიჩთან ერთად ხორვატიის პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი იმყოფებოდა. ხორვატიის მთავრობა ტადიჩის ქმედებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობას შეუწყობს ხელს.

5 ნოემბერი

  • გერმანიამ და ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვეს აშშ- ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებაზე. ეს უკანსაკნელი მზადაა, ამერიკის ეკონომიკაში სტიმულის სახით დამატებით 600 მილიარდი დოლარი შეიტანოს. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ ამ გზით პრობლემებს ვერ გადაჭრის და დამატებით პრობლემებს შექმნის. ჩინეთის ცენტრალური ბანკის დირექტორმა კი საერთაშორისო სავალუტო სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა. ზოგიერთ ქვეყანას ეშინია, რომ აშშ-ის სტიმულირების პოლიტიკა მათ ექსპორტზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

0x01 graphic

  • საფრანგეთში ვიზიტით ყოფნისას ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ საფრანგეთის პრეზიდენტთან ბიზნესხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს სამგზავრო თვითმფრინავებსა და ბირთვულ საკითხებზე 10 მილიარდი ევროს დახარჯვას. პრეზიდენტმა სარკოზიმ ჩინეთის პრეზიდენტი დიდი პატივით მიიღო და სამხედრო პარადი ჩაატარა.

4 დემოკრატების ისტორიული მარცხი

▲back to top


არენა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ოთხი წლის წინ ამომრჩეველმა ისინი სახლში გაუშვა, კონგრესის ორივე პალატა კი 2006 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს დარჩათ. მოქალაქეებმა მაშინ და 2008 წელსაც გადაწყვიტეს, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაითრია.

ზოგადად, ბოლო 20 წლის მანძილზე, ამერიკელი ამომრჩეველი კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მხარდამჭერი გახდა. ამერიკელები მთავრობის ხელგაშლილ ხარჯვით პოლიტიკას ემხრობოდნენ, სექსუალური უმცირესობების ქორწინების საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, კლიმატური ცვლილების პრობლემამ კი დღის წესრიგში წინა პოზიციაზე წამოიწია. მოქალაქეები აქტიურად ითხოვდნენ ჯანდაცვის უნივერსალური სისტემის შემოღებასაც.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო ფიცი დადო, ქვეყანამ ნელ-ნელა მარცხნიდან მარჯვნივ შემობრუნება დაიწყო. უკანასკნელმა ოცმა თვემ მემარცხენეთა ოცი წლის მიღწევები თითქმის მთლიანად წაშალა.

ამერიკელები ახლა თავს კონსერვატორებთან უფრო აიგივებენ. ისინი სკეპტიკურად უყურებენ მთავრობას - დეფიციტისა და გადასახადების საკითხებს მეტ ყურადღებას უთმობენ, ეწინააღმდეგებიან აბორტსა და იარაღის კონტროლს. ისინი გლობალურ დათბობასაც ეჭვის თვალით უყურებენ. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ამომრჩეველმა 2 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დაბრუნებას დაუჭირა მხარი. დიდმა რეცესიამ მოსახლეობას მთავრობის მიმართ რწმენა შეურყია. ამერიკელები მთავრობის მფლანგველობით პოლიტიკას დეფიციტის პირობებში ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევდნენ. უმუშევრობის რეკორდულმა ზრდამ (დღემდე ამერიკაში უმუშევრობა 9.6%25 ნიშნულზეა) აქტივისტი მთავრობა უმწეოდ წარმოაჩინა. უოლ სტრიტის ფინანსურმა დახმარებამ კი დიდი მთავრობის იდეის დისკრედიტაცია მოახდინა.

გასულ სამშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა. ხმის უფლების მქონე ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი, ხოლო 100 სენატორიდან - 33 შეარჩიეს. ამას გარდა, 37 შტატში გუბერნატორების არჩევნებიც გაიმართა. საინტერესოა, რომ 1946 წლის შემდეგ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა რესპუბლიკელების მხარეს ამ მასშტაბით პირველად გადაიხარა. რამდენიმე შტატის მონაცემები ჯერ კიდევ დასათვლელია, მაგრამ ცნობილია, რომ რესპუბლიკელებმა, სულ მცირე, 60 ადგილი კონგრესის ქვედა პალატაში უკვე მოიპოვეს. დემოკრატებმა სენატში უმრავლესობის შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა 6 მანდატის რესპუბლიკელებისთვის დათმობა მოუხდათ. მას შემდეგ რაც სადავო უბნებზე ხმების გადათვლა დასრულდება, შესაძლოა, მემარჯვენეებს კიდევ ერთი მანდატი შეემატოთ.

0x01 graphic

ჯონ ბონერი, წარმომადგენელთა პალატის მომავალი სპიკერი
ფოტო: REUTERS ©

როგორც წესი, აშშ- ის საარჩევნო რუკა დიდი სიურპრიზებით არ გამოირჩევა. ქვეყნის სამხრეთი და მთიანი დასავლეთი მყარად რესპუბლიკურია, აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროები უფრო მეტად დემოკრატებს ემხრობიან. არჩევნების ბედი კი შუაგულ დასავლეთსა და ე.წ. ჟანგის სარტყელში წყდება. 2010 წლის შუალედურმა არჩევნებმა რესპუბლიკელები ქვეყნის იმ რეგიონებში დააბრუნა - მაგალითად, ახალი ინგლისის სახელით ცნობილ ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში - სადაც ბოლო პერიოდში ისინი წითელ წიგნში ჰყავდათ შეყვანილი. ამერიკელი მემარცხენეებისთვის არჩევნები განსაკუთრებით მძიმე ნიუ იორკიდან ილინოისამდე, ძველ ინდუსტრიულ რეგიონში (ჟანგის სარტყელი) გამოდგა. ეს მხარე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. რესპუბლიკელებმა იქ წარმომადგენლობითი პალატის ათობით მანდატი მოიპოვეს, ასევე სენატის ადგილები ილინოისის, ინდიანას, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში. მეტიც, მემარჯვენეებმა მიჩიგანის, პენსილვანიის, ოჰაიოსა და ვისკონსინის შტატებში გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვეს.

ჯამში, რესპუბლიკელებმა გუბერნატორის არჩევნები 9 შტატში მოიგეს და 16 შტატის საკანონმდებლო ორგანოში კონტროლი მოიპოვეს. ამგვარი შედეგი მომავალ წელს მათ დიდ უპირატესობას მიანიჭებს. 2011 წელს კონგრესის საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები დადგინდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იმას, რომ რესპუბლიკელებმა საარჩევნო უპირატესობა, სულ მცირე, 2020 წლამდე გაიმყარონ. სწორედ მაშინ მოხდება საარჩევნო ოლქების კიდევ ერთხელ გადახაზვა.

რესპუბლიკელების გამარჯვება პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. პრეზიდენტი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაწყებას 2011 წლის ზაფხულში აპირებდა, თუმცა, რესპუბლიკურმა კონგრესმა შეიძლება პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. რომ აღარაფერი ვთქვათ ირანზე და მის ბირთვულ პროგრამაზე - მემარჯვენეები ობამას ტერორიზმის წანააღმდეგ ბრძოლისა და თავდაცვის საკითხებში ხისტი პოლიტიკის გატარებას მოსთხოვენ. რესპუბლიკელების ზეწოლით ობამას ჩინეთისა და რუსეთის მიმართაც, სავარაუდოდ, პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები START-ის ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერენ. მათი აზრით, ეს შეერთებული შტატების თავდაცვის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეასუსტებს.

კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ რესპუბლიკელებსაც. თუ ობამას გზა საკმაოდ ეკლიანი იქნება, ჯონ ბონერი, წარმომადგენელთა პალატის მომავალი სპიკერი, გზაზე სპილოს ხაფანგებს უნდა ელოდოს. მან, ნენსი პელოსის ჩაქუჩთან ერთად, მემკვიდრეობით ტრილიონი დოლარის ფისკალური დეფიციტი მიიღო. ასევე, მას დარჩა ეკონომიკა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს დიდი გაჭირვებით ქმნის. რესპუბლიკელების მიერ დომინირებულმა ახალმა წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2011 წლის ბიუჯეტი უნდა მიიღოს. პალატამ უნდა გადაწყვიტოს - გააგრძელოს ეკონომიკის სტიმულირება თუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიმართოს. რესპუბლიკელებს მოუწევთ გაარკვიონ, როგორ გაუმკლავდნენ საგარეო ვალს, რომელიც მალე კანონით დადგენილ 14.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. იმუშავებს თუ არა ბატონი ბონერი და რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტ ობამასთან ერთად ან მის წინააღმდეგ, ამიერიდან ამომრჩეველი თავიანთ წილ პასუხისმგებლობას მათ მაინც დააკისრებთ.

წარმომადგენელთა პალატა
435 მანდატი

0x01 graphic

Weekly Standard-ის მონაცემების თანახმად, დღეს ამერიკაში ორჯერ მეტი ადამიანი მიიჩნევს საკუთარ რესპუბლიკელები 239 (178) დემოკრატები 186 (255) რესპუბლიკელებმა მოიგეს საბოლოო შედეგების მოლოდინში წარმომადგენელთა პალატა 435 მანდატი თავს კონსერვატორად, ვიდრე ლიბერალად. დაახლოებით ერთი მესამედი თავს ზომიერად თვლის. ანალიტიკოსების აზრით, ამერიკელი ამომრჩეველი უბრალოდ შეშინდა, რადგან პრეზიდენტი ობამა ძალიან მარცხნივ გადაიხარა; მას არ მოსწონს ბიზნესი და არ ესმის ამერიკის საშუალო ფენის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნისას მემარჯვენეებმა ერთ დიდ აღმოჩენას მიაგნეს - ესაა პატარა მთავრობის იდეის რწმენა. ამ იდეას წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა ჩაის წვეულების მოძრაობამ შემატა. ჩაის წვეულების ლიდერები გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების შემცირების პროპაგანდირებისთვის ენერგიას არ იშურებდნენ.

საერთო ჯამში, ამ არჩევნებით ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტს გააგებინა, რომ ქვეყანა ცვლილებების ცვლილებებს ითხოვს. New York Times-ი 2 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს „ჯიუტად სუსტი ეკონომიკის პირობებში, პრეზიდენტ ობამასა და დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კონგრესის რეფერენდუმად“ აფასებს

5 საქართველო-ირანი - დიდი ნახტომი ეკონომიკურ ურთიერთობებში

▲back to top


პოლიტიკა

საქართველოსა და ირანის დასაახლოებლად პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 3 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ გრიგოლ ვაშაძემ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ორივე მხარემ ამ ფაქტს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც საქართველოსა და ირანს შორის ისტორიულად ახლო ურთიერთობების აღდგენას შეუწყობს ხელს.

გრიგოლ ვაშაძემ ირანთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას „ნახტომი“ უწოდა და აღნიშნა, რომ წელს საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა 173%25-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%25-ით გაიზარდა.

თავის მხრივ, მანუჩერ მოთაქიმ აღნიშნა, რომ „ტერიტორიული მთლიანობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მთავარი პრინციპია“. მისი თქმით, ირანი კავკასიის მოვლენებს მგრძნობიარედ აღიქვამს. „იმედი მაქვს, რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაწყდება. ირანის მთავრობას მიაჩნია, რომ უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ტრანზიტი ის საკითხებია, რომლებზეც რეგიონული თანამშრომლობა უნდა აიგოს“, - განაცხადა მოთაქიმ. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხოების საკითხებზე კასპია-შავი ზღვის აუზის ქვეყნების შეხვედრის ინციატივით გამოვიდა.

მხარეებმა გვერდი ვერ აუარეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარსაც. მოთაქიმ განაცხადა, რომ თეირანი მზად არის ბირთვული პროგრამის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის. ასეთი შეხვედრები, შესაძლოა, უკვე 10 ნოემბერს გაიმართოს. თავის მხრივ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ირანს უფლება აქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკა განავითაროს, თუმცა, ეს პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით უნდა წარიმართოს. თბილისი, მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმება.

მანუჩერ მოთაქი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან მონაწილეობა მიიღო ბათუმში ირანის გენერალური საკონსულოს გახსნაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თბილისსა და თეირანს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. როგორც თბილისში აცხადებენ, ამან საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის პროცესი წლის დასაწყისში დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანს იანვარში ეწვია. ვაშაძე თავის ირანელ კოლეგას და ქვეყნის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს შეხვდა. ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ „ირანი და საქართველო ერთსა და იმავე ცივილიზაციას განეკუთვნებიან და მათ მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს“. მისი თქმით, თეირანი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებითაა დაინტერესებული „იმდენად, რამდენადაც ეს დღეს არის შესაძლებელი“. თავის მხრივ, ვაშაძემ ირანის ლიდერს განუცხადა, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ არ იმოქმედებს, იმის მიუხედავად, რომელ ორგანიზაციასა თუ ალიანსში გაწევრიანდება.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში რუსეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს.

19 მაისს კი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების პრესმდივანი რამინ მაჰმანპარასტი ირანელ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის მიზნად მედიის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი მრგვალი მაგიდის მოწყობა დასახელდა.

ამ ვიზიტს წინ უძღოდა ირანული პრესის მიერ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა ირანის ლიდერი მაჰმუდ აჰმადინეჟადი საქართველოში მიიწვია. კერძოდ, გაზეთ Tehran Times-ის ცნობით, საქართველოში ირანის ელჩის, მაჯიდ საბერისგან რწმუნებათა სიგელის მიღების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატს განუცხადა, რომ ირანელ კოლეგას თბილისში ელის. გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და ირანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას დაუჭირა მხარი. ოფიციალურ თბილისს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს კი მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ მიესალმა 17 მაისს თურქეთს, ირანსა და ბრაზილიას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ირანული ურანის თურქეთში გამდიდრების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ამ დოკუმენტს მაშინ „დიპლომატიური გარღვევა“ უწოდა.

როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა დონეზე ინტენსიურად გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე საქართველოს საგარეო უწყებაში კომენტარი საქართველო - ირანის მოლაპარაკებების აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენის თაობაზეც გააკეთეს. „არავისთვისაა დასამალი, რომ საქართველო დიდ წილად აშშ-ის პოლიტიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფუძვლოა სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას „ეჭვქვეშ დავაყენებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, საქართველოს სურს რეგიონის ყველა ქვეყანასთან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდეს

0x01 graphic

მანუჩერ მოთაქი და გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: REUTERS ©

6 ბრალდება სასიკვდილო მუხლით

▲back to top


პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქე ბაბუცა გორდაძეს მალაიზიის სასამართლომ ბრალი ნარკოტრეფიკის, 39-ბ მუხლით წაუყენა. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ანალოგიური ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის - დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი მალაიზიაში ორშაბათს, 8 ნოემბერს გაიმართება. დაკავებულებს ამ დრომდე ადვოკატები არ ჰყავთ.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების მალაიზიაში დაკავების შესახებ უცხოურმა მედიამ ოქტომბრის ბოლოს გაავრცელა. საქართველოს მოქალაქეებს ნარკოტიკული ნივთიერება სურათების ჩარჩოებში ჰქონდათ მოთავსებული. საბაჟოს წარმომადგენლებს სწორედ ამ ჩარჩოების წონა მოეჩვენათ საეჭვოდ - უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა სკანერში გაატარა და ფხვნილიც აღმოაჩინეს. პირველი დაკავების შემდეგ ზუსტად 24 საათში საქართველოს მეორე მოქალაქე მალაიზიის სხვა კუნძულზე - სასტუმროში აიყვანეს. იქ მას, გავრცელებული ინფორმაციით, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი და დიდი ოდენობით აშშ დოლარი აღმოაჩნდა. დაკავებულები ამჟამადაც სხვადასხვა ქალაქში იმყოფებიან.

ამფიტამინის ჯგუფის ნარკოტიკები დღეს ერთ-ერთი გავრცელებული ნარკოსაშუალებებია. ამ ჯგუფის ნარკოტიკებს მიეკუთვნება მაგალითად ექსტაზი, რომლის შესახებაც საქართველოშიც, ალბათ, ბევრს სმენია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამფიტამინზე მსოფლიოს შავ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, აზიის ქვეყნებში მას 42 მილიონი ადამიანი მოიხმარს.

0x01 graphic

მალაიზია ტაილანდს, ინდონეზიას და ბრუნეის ესაზღვრება. ტაილანდზე გადის ქვეყანაში შემავალი ნარკოტრეფიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გზა. საერთოდ, ნარკობიზნესი, სასიკვდილო რისკის მიუხედავად, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად რჩება. სწორედ ამიტომ, მალაიზიაში ნარკოტიკების შეტანის საკმაოდ ინოვაციური საშუალებები გამოიყენება - მაგალითად, 2005 წელს დააკავეს მამაკაცები, რომელთაც პრეზერვატივში ჩადებული ნარკოტიკი ჰქონდათ გადაყლაპული და ქვეყანაში კუჭით შეჰქონდათ. გასულ წელს დააკავეს ქალი, რომელსაც პირსახოცები ნარკოტიკული საშუალებით ჰქონდა გაჟღენთილი.

ირანიდან მალაიზიაში ნარკოტიკები, საჰაერო გზით დუბაის, სომხეთის, სპარსეთის ყურეში არსებული კუნძული კიშის, შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოს ან ყატარის დედაქალაქ დოჰას გავლით ხვდება. 2010 წლის 5 ოქტომბრის მონაცემებით, მალაიზიაში ნარკოტრეფიკის გამო უკვე 138 ირანელია დაკავებული.

საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში სხვა მარშრუტით მოხვდნენ - სტამბოლის, მაროკოს და კამერუნის გავლით. სასიკვდილო ბარგი - სურათების ხის ჩარჩოებში განთავსებული ნარკოტიკი მათ სწორედ კამერუნში აიღეს. ისინი ტურისტული ვიზით შედიოდნენ მალაიზიაში. როგორც ჩანს, დაკავებულების ჩვენება იმის თაობაზე, რომ ბარგი მათ უცნობმა პირმა გადასცა და ამ ბარგის შიგთავსის შესახებ ინფორმაცია თავად არ ჰქონდათ, მალაიზიის სასამართლომ არ გაიზიარა. ბრალი ბაბუცა გორდაძეს ნარკოტრეფიკის მუხლით წაუყენეს.

საბედისწერო მოგზაურობამდე საქართველოს მოქალაქეები - 27 წლის ბაბუცა გორდაძე და 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი ერთად მუშაობდნენ თბილისის ერთ-ერთ მარკეტში გამყიდველებად. დარეჯან კოხტაშვილს 3 შვილი ჰყავს, ბაბუცა გორდაძეს კი - ერთი. მათი ოჯახების ინფორმაციით, ისინი თურქეთში სამუშაოდ ბაბუცა გორდაძის მეუღლემ წაიყვანა, რომელიც ამბობდა, რომ ჯინსების ბიზნესი ჰქონდა. ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი პარასკევს, გორდაძის საქმის წინასწარი მოსმენის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სამართალდამცავებს ჩვენება მისცა.

მალაიზია იმ 22-მდე ქვეყანაში შედის, სადაც ნარკოტრეფიკისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ თუ ბანგლადეში, ბრუნეი, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი სასჯელის ამ ზომას დანაშაულის გამეორების შემთხვევაში იყენებს, მალაიზიისთვის, ირანისთვის, ერაყისთვის, ქუვეითისთვის, ომანისთვის, სინგაპურისთვის, ტაილანდის, შრი-ლანკისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის ასეთი განაჩენის გამოსატანად პირველი მცდელობაც საკმარისია.

ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციის 2010 წლის მიმოხილვის თანახმად, სიკვდილით დასჯის კანონის ამოქმედებიდან (1975 წლიდან) - 2005 წლამდე, მალაიზიაში სიკვდილით ნარკოტიკებით მოვაჭრე 229 ადამიანი დასაჯეს. ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით კი, მალაიზიაში 2008 წელს 22 ადამიანია სიკვდილით დასჯილი, 2009 წელს ეს რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთადერთი შანსი, თავი აარიდონ სასიკვდილო სასჯელს, მათი სამშობლოში ექსტრადიციაა, სადაც მათ მინიმუმ 8-წლიანი ან მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობა ელით.

პრეცედენტი უკვე არსებობს - გასულ წელს სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გადაურჩნენ ესპანეთის მოქალაქეები. სიკვდილმისჯილები, ესპანური მხარის აქტიური ჩარევის შემდეგ, მალაიზიამ ამ ქვეყანას გადასცა, სადაც მათ ამ დანაშაულისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი შეუფარდეს.

7 რუსეთი - ნომერი 1-ლი საფრთხე: საქართველომ საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი მიიღო

▲back to top


პოლიტიკა

საქართველოს საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი ქვეყნისთვის ნომერ პირველ საფრთხედ რუსეთს განიხილავს. კრემლის მთავარ მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი გზით დაბრუნება სახელდება.

დოკუმენტი აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ რეალობას ასახავს. მის თანახმად, ერთი მხრივ, ომმა ცხადი გახადა, რომ რუსეთი საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის მზად არის, „ღიად დაუპირისპირდეს საერთაშორისო სამართლის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს და ნორმებს, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ქვაკუთხედს წარმოადგენს“. მეორე მხრივ კი, ვინაიდან მოსკოვმა მიზანს ვერ მიაღწია და არსებული სტატუს-კვო კრემლის მმართველებისთვის მიუღებელია, ეს მისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებს ზრდის.

რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების წინა პლანზე გადმოტანა და ხაზგასმა ახალ დოკუმენტს წინამორბედისგან განასხვავებს. საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ სმიტი ამას იმით ხსნის, რომ ომამდე საფრთხე თეორიული იყო. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ კი უკვე ემპირიული გახდა. ის განმარტავს, რომ აგვისტოს ომამდეც რუსების აგრესიულობის შესახებ ყველამ იცოდა. ცხადი იყო, რომ კრემლი კონფლიქტებს აღვივებდა. არავისთვის გახლდათ დამალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის ფაქტი. თუმცა, ძალიან ცოტა თუ ელოდა მათ სრულმასშტაბიან შემოჭრას.

მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ადეკვატურად ასახავს იმ საფრთხეებს, რაც ამჟამად ქვეყნის წინაშე დგას. „ნომერ პირველი საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებისთვის, აშკარად, რუსეთია“, - ამბობს სმიტი.

საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წლების დოკუმენტი უშიშროების საბჭომ მოამზადა. ის სექტემბერში დამტკიცდა. საჯარო მისი არასაიდუმლო, ადაპტირებული ვარიანტია. იგი 5 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი სამხედრო საფრთხეებს მოიცავს, მეორე საგარეო პოლიტიკურს. მესამე ტრანსნაციონალურ საფრთხეებს ეთმობა, მეოთხე - სოციალურსა და ეკონომიკურს. ბოლო ნაწილში კი ბუნებრივ-ტექნოგენური საფრთხეები და გამოწვევებია გაანალიზებული.

ტექსტში თავიდანვეა აღნიშნული, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. ის არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არყოფნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია - ის ფაქტორებია, რომელიც პროვოკაციების რისკსა და ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას ზრდის. უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკ - ფაქტორად მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობაცაა დასახელებული.

საგარეო პოლიტიკური საფრთხეების განხილვისას რუსეთი კვლავ წინა პლანზეა. კრემლი „საერთაშორისო არენაზე ანტიქართული საინფორმაციო და დიპლომატიური კამპანიის განსახორციელებლად მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს“. პუტინის რეჟიმის მიზანია, საქართველოს არადემოკრატიული, არასტაბილური და აგრესიული მიზნების მქონე სახელმწიფოს იმიჯი შეუქმნას.

რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს. კრემლი ამ ტერიტორიებზე დემოგრაფიულ მანიპულაციებსაც მიმართავს - იქნება ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ცხოვრებისა და ქონების შეძენის უფლების მიცემა, თუ რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების დასასახლებლად პირობების შექმნა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკონტროლო სიტუაცია კონტრაბანდისა და სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულების ზრდასაც უქმნის საფუძველს. საფრთხეს წარმოადგენს ამავე ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაც, რასაც ბუნებრივი რესურსების უკანონო გაზიდვა იწვევს.

მნიშვნელოვან ფაქტორადაა მიჩნეული ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დაცვაც. აქ მაგალითად კვლავ აგვისტოს ომია მოყვანილი, როდესაც რუსებმა ქვეყანაზე კიბერთავდასხმებიც მოაწყვეს. „აღნიშნულმა კიბერშეტევებმა აჩვენა, რომ კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეების დაცვა“. - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ხელშეკრულებაში განხილულია ეკონომიკური, დემოგრაფიული და ენერგეტიკული გამოწვევებიც. დოკუმენტში ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად მზარდი საფრთხეებია ხაზგასმული.

8 ჩვენი დემოკრატიზაცია-მოდერნიზაციის მიმდინარე პრობლემატიკა

▲back to top


დავით დარჩიაშვილი|სვეტი

0x01 graphic

თუ დემოკრატიზაციაში მთავარი საარჩევნო ინსტიტუტების გამართულობა და არჩევნებს შორის ანგარიშგება-მონაწილეობის მექანიზმთა განმტკიცებაა, მოდერნიზაციაში არსებითი სპეციალიზაცია და პროფესიონალიზმია - როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორებში. ანუ, საქმეში ნაცნობ-მეგობრობაც და პიროვნული ერთგულებაც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს კომპეტენციამ. ერთი პროცესი მეორის გარეშე ნაკლებწარმოსადგენია. მათ შორის კი ხიდის როლს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა თამაშობს.

ეს პროცესები საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით 2004 წლიდან. პოლიცია, რომელიც სისტემურად აღარ დგას ქრთამის და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ალიანსის საფუძვლებზე (თუნდაც ზოგჯერ ძალას ამეტებდეს), ნათქვამის თვალხილული დადასტურებაა. თუმცა უეჭველია, რომ ამ ცვლილებებს ნიადაგი ადრევე ექმნებოდა - გურამიშვილის თუ ორბელიანის პოეზიიდან დაწყებული, 18-21 წლების სოციალ-დემოკრატიულ ექსპერიმენტამდე. საბჭოურ თუ ადრეპოსტსაბჭოურ პირობებშიც სათუთად იყო შემონახული თავისუფლების იდეალები. სხვაგვარად ერი არ ვიქნებოდით და მოდერნიზაცია-დემოკრატიზაციის საგანიც არ იარსებებდა. მაგრამ სრულფასოვან გამარჯვებამდე ჯერ ადრეა.

დღევანდელი ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ოპონენტების თქმით, მთავარი პრობლემა მართვის ცენტრალურ დონეზე დემოკრატიული პოლიტიკური ნების არარსებობაა. ახლა არ განვიხილავ, ამ ოპონენტთაგან ვინ გულწრფელია თავის პიროვნულ დემოკრატიულობაში და ვინ - ფარისეველი. არც იმას მოვყვები, მათი კრიტიკის საპასუხოდ რამდენი კონტრარგუმენტის მოყვანა შეიძლება - თუნდაც ყბადაღებული სასამართლო რეფორმის სფეროდან. არც ცალკეულ მოხელეთა თუ მოსამართლეთა საკამათო ქცევებია ჩემი განხილვის საგანი, რადგან ამჯერად, ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა, ზოგადი სურათის დანახვა მაინტერესებს; თანაც, უცოდველი და უზადო არც ადამიანი არსებობს და არც პოლიტიკური სისტემა. მაგრამ სისტემური მასშტაბის არსებითი პრობლემებიც გვაქვს მოდერნიზაცია/დემოკრატიზაციის საქმეში და ჩემი ინტერესის მთავარი საკითხი ესაა. ასეთ პრობლემათა ერთი წყება უფრო კულტურულია, მეორე კი - სტრუქტურული.

საქმე ის მგონია, რომ 1. ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის პოლიტიკოსმა, მოხელემ, მასწავლებელმა თუ სისტემის სხვა მსახურმა მაინც არ იცის, თუ რაა, რეალურად, დემოკრატია, როგორ უნდა ვლინდებოდეს იგი კონკრეტულ თანამდებობრივ ფარგლებში და სადაა მისი შენების პროცესში პოლიტიკური მიზანშეწონილობის ზღვარი; 2. დღემდე დაგროვილი მიღწევები შეუქცევადი არაა - ზოგიერთ სოციალურ თუ ორგანიზაციულ სფეროში პიროვნებებს ინსტიტუტები ენაცვლება, მაგრამ ბევრგან ისევ პიროვნებათა ნებასა და ენერგიაზეა ყოველივე დამოკიდებული. პიროვნებებს კი ერთი გარდაუვალი ნაკლი - წარმავალობა - ახასიათებთ.

ქართული პოლითეას ეს ორი ნაკლი ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთგამაძლიერებელია - რეფორმატორები არ და ვერ ენდობიან მოხელეებსა თუ მოქალაქეებს ყველა იმ დონეზე, სადაც საკითხი ავტონომიურად, ზემოდან ჩარევის გარეშე უნდა წყდებოდეს. ეს გასაგებია, რადგან საზოგადოებაში არსებობს კულტურული ნაპრალი - პროფესიონალიზმის საფუძველზე დემოკრატიის პრინციპებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის დაბალანსების შემძლეთა დეფიციტი. მაგრამ ეს დეფიციტი შეიძლება კიდევ უფრო ღრმავდებოდეს, თუ პოლიტიკის ყველა სფეროში - განათლება იქნება ეს, გადასახადთა აკრეფა, თავდაცვა თუ ნებისმიერი სხვა რამ - ლიდერის ნება ინსტიტუტმა, ავტონომიურად და მკაფიო ინსტრუქციებით მოქმედმა მრავალათასიანმა სამოხელეო-სამოქალაქო უჯრედებმა არ შეავსო. სხვაგვარად მუდამ შეგვიშლის ხელს, უკეთეს შემთხვევაში, ზემდგომთა მიკრომენეჯმენტი, უარესში კი გადაწყვეტილების ვერშემძლე მოხელეთა კრიტიკული სიმრავლე.

შესაბამისად, ჩვენთან ნარჩუნდება იმ ისტორიული სისტემის ნიადაგი, საიდანაც, მთლიანობაში, გამოვედით, მაგრამ არა უკანმოუხედავად. მისი არსი მრავალგვარად შეიძლება დახასიათდეს, მაგრამ ახლა ჩვენი კოლექტიური წარსულის იმ წახნაგზე ვსაუბრობ, რომელიც იმჟამინდელი ოფიციალური ენით ასე გამოითქმებოდა: „ტი ნაჩალნიკ, ია დურაკ, ია ნაჩალნიკ, ტი დურაკ“. არადა, 2003 წლიდან ათასგვარი რეგულაციების გაუქმება, ბიუროკრატიული აპარატისა და შესაბამისი კულტურის წინააღმდეგ წარმართული ძალისხმევა სწორედ ამ ფილოსოფიის აღმოფხვრას ემსახურებოდა.

ვითარება დილემურია - დამოუკიდებლობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ვერტიკალის ყველა დონეზე სარისკოა, თუ მას პროფესიონალური ცოდნა და ეთიკა არ უმაგრებს ზურგს. მაგრამ ამ დამოუკიდებლობა/ დეცენტრალიზაციის გარეშე ჩვენი გადაწყვეტილების მიღების სისტემა მოძველებულად პირამიდული ჩანს.

ასეთ სისტემას კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი ახლავს ხოლმე თან - ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტთა არმია არა იმდენად პროგრამულ- იდეოლოგიური განსხვავების საფუძველზე ივსება, არამედ გადაწყვეტილების მიღების პირამიდული ვერტიკალიდან ამა თუ იმ მიზეზით ამოვარდნილ-განაწყენებულთა ხარჯზე. პროგრამულ - იდეური სამოსელი უკვე მოგვიანებით, იმწუთიერი ემოციითა თუ ამბიციით ხდება ხოლმე შერჩეული. ოპონენტთა რიგითი შემადგენლობაც მნიშვნელოვანწილად ისევ საკუთარი არაპროფესიონალიზმის, გადაწყვეტილების ვერ - არმიღების თუ ზემდგომთაგან მომდინარე მიკრომენეჯმენტის მსხვერპლთა ხარჯზე კომპლექტდება.

„მსხვერპლის“ სინდრომი, პიროვნული წყენები პოლიტიკაში მეტად ცუდი მოკავშირეა, განსაკუთრებით საზოგადოების დემოკრატიზაცია-მოდერნიზაციის დროს. როგორც წესი, ასეთი ემოცია ბოლოს რეფორმების წინააღმდეგ განაწყობს მის მატარებელს და უკანმოუხედავად აკავშირებს იმ ისტორიულ ძალებთან, რომელთა დრომოჭმულობისა თავად განაწყენებულსაც სჯეროდა ან უნდოდა რომ დაეჯერებინა.

დემოკრატიის კონსოლიდირების, ანუ შეუქცევადობის ტესტად საერთაშორისო საექსპერტო - აკადემიურ საზოგადოებას ხელისუფლების ორგზისი მშვიდობიანი ცვლა მიაჩნია. მაგრამ თუ ზემონახსენებ პრობლემატიკას თავი ვერ დავაღწიეთ, დემოკრატიულობის ცნობილი ტესტის გავლა უაღრესად სარისკოა; ხელისუფლების ოპონენტებად ყალიბდებიან არა უკეთესი და უფრო გამოცდილი რეფორმატორები, არამედ განაწყენებულნი, რომელნიც, საბოლოო ჯამში, თავად მოდერნიზაციაში ხედავენ მტრის ხატს.

პრობლემებიდან, მით უმეტეს თუ მათ დილემური ხასიათი შეიძინეს, იოლი გამოსავალი არ არსებობს. მედიის მეტი გამჭვირვალობა, არჩევნების ახალი მოდელები თვითმიზანი გახდება, თუ სიტყვის უკიდეგანო თავისუფლებით და სხვადასხვა დონის კენჭისყრებით მოსარგებლენი წყენით და მასთან ასოცირებული შიშებითა თუ შურისძიების სურვილით იხელმძღვანელებენ. გამოსავალი მხოლოდ დროში გაწელილი შეიძლება იყოს.

არსებითად, უკეთესი, კონსოლიდირებული დემოკრატიისათვის ჩვენ მოდერნიზაციის შეუქცევადობას უნდა დაველოდოთ. ამას ვინძლო უკეთ შეუწყოს ხელი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტმა, რომელიც პოლიტიკური ვერტიკალის სათავეში სამ და არა ამჟამინდელ ორ შტოს მოიაზრებს. შესაბამისად, მეტი ბალანსი მოლაპარაკება-მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას უნდა დაეხმაროს. პარალელურად, ორი სფერო უნდა გახდეს გაზრდილი ყურადღების საგანი - სამოხელეო აპარატის პროფესიონალიზაცია და სტაბილიზაცია და განათლება, რომელიც იმავე პროფესიონალიზმს (ეთიკის ჩათვლით) უნდა ემსახურებოდეს. ეს ხდება, მაგრამ არასაკმარისად. ეგებ საზოგადოებისათვის უპრიანია, დებატები ამ თემებზე იყოს და არა იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, პრემიერი და როგორი კვორუმითაა უმჯობესი პარლამენტის მხრიდან პრემიერისა თუ პრეზიდენტის ნების გადალახვა.

9 Doing Business

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

2010 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის კვლევაში - Doing Business - მეთერთმეტე ადგილზე იყო. 2011 წლის ანგარიშში კი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო მეთორმეტე ადგილზეა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, ქვეყანამ ნაბიჯით უკან დაიხია. თუმცა ეს რომ ასე არ არის, თვითონ მსოფლიო ბანკი ამბობს. მაშინ რა ხდება?

მსოფლიო ბანკმა მეთოდოლოგია შეცვალა და ინდექსის გამოთვლიდან დასაქმების ინდიკატორი ამოიღო. დასაქმების სიადვილის მხრივ, საქართველო მსოფლიო ათეულში შედიოდა. 2010 წლის ანგარიშში საქართველოს შედეგების ახალი მეთოდოლოგიით გადათვლის შემდეგ, ქვეყანა მეცამეტე ადგილზე აღმოჩნდა. შესაბამისად, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვითაც, საქართველო ბიზნესის გარემოს აუმჯობესებს. Doing Business-ის მიერ, 5 წლის მანძილზე 174 ქვეყნის ბიზნესრეგულაციების ცვლილების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ სახელმწიფოების 85%25-ში ადგილობრივი ფირმებისთვის ბიზნესის წარმოება საგრძნობლად გამარტივდა. ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების ათეულში, საქართველო პირველ ადგილზეა.

ბანკისგან, რომელიც უკვე 6 წელია ბიზნესის დერეგულაციის ხარისხს ზომავს, მთავრობის ბიზნესში ჩარევის უეცარი გამართლება ბევრისთვის საეჭვო აღმოჩნდა. მოულოდნელი მეტამორფოზის მიზეზი წარმომადგენელთა პალატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის ბარნი ფრენკის ზეწოლა იყო.

ფრენკი, ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე კონგრესმენი, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდის, მეტი რეგულირებისა და მაღალი გადასახადების მომხრეა და პროფკავშირების ინტერესებს ლობირებს

ფრენკის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც მსოფლიო ბანკის ჯგუფმა 3.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. კანონმდებლობით, მსოფლიო ბანკმა ეს ფული Doing Business-ის კვლევის საფუძვლიან რეფორმირებას შრომისა და გადასახადების ასპექტების მეტი რეგულირებით უნდა მოახმაროს.

კონგრესის არჩევნებმა აჩვენა, რომ ამერიკაში მემარცხენე იდეოლოგია დამარცხდა. დემოკრატებმა არჩევნები წააგეს. ბარნი ფრენკს კომიტეტის თავმჯდომარედ, დიდი ალბათობით, რომელიმე კონსერვატორი შეცვლის.

10 თავკომბალა

▲back to top


ერეკლე ნათაძე|სვეტი

0x01 graphic

თბილისს ზოგი თავკომბალას ეძახის. ზოგი ამბობს, დიდი სოფელიაო. ბევრი ამაყობს იმით, რომ დედაქალაქი ასეთი განვითარებულია და რეგიონული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა თანხმდება ერთზე, რომ თბილისი იზიდავს ადამიანებს დანარჩენი საქართველოდან და ოთხნახევარმილიონიანი ქვეყნისათვის ძალიან დიდია.

მოსახლეობის განაწილება ქალაქებს შორის გარკვეულ კანონზომიერებას - ხარისხობრივ განაწილებას ეფუძნება. განაწილება „ზიფის წესის“ სახელით არის ცნობილი George Kingsley Zipf-ის შრომებიდან. მათემატიკური სირთულეებით რომ არ დაგტვირთოთ, ზიფის წესს მარტივი მაგალითით ავხსნი: თუ ქვეყნის უდიდეს ქალაქში 100 კაცი ცხოვრობს, მაშინ სიდიდით მეორე ქალაქში მოსახლეობა ორჯერ ნაკლებია ანუ 50; მესამე ქალაქში სამჯერ ნაკლები ანუ 33 და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობაც ამ წესით არის განაწილებული ქალაქებში, თუმცა თბილისი შეუსაბამოდ დიდია. ზიფის წესის მიხედვით, თუ ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, სენაკის და ა.შ. ქალაქების დღევანდელ ზომებს ავიღებთ გამოთვლისათვის, მაშინ თბილისში 533 ათასი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, რეალური მოსახლეობა კი მილიონზე მეტია. აქედან დასკვნა: თბილისი მართლაც არაბუნებრივად დიდია.

ეს ამცირებს ქვეყნის ეფექტიანობას. საქართველოს მცირე ქალაქების განუვითარებლობა ხელს უშლის ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების გამოყენებას. კვალიფიციური მუშახელის კონცენტრაცია თბილისში ართულებს ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებას მცირე ქალაქებში, ფერხდება სოციალური კაპიტალის დაგროვება.

დედაქალაქში თავმოყრილი ადამიანები ასევე ვერ ახერხებენ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებას მაღალი კონკურენციის გამო. მაგალითისთვის, თბილისში საკმარისზე ბევრად მეტი ექიმია, მაშინ როცა თბილისის გარეთ კვალიფიციური ექიმების დეფიციტია.

საქართველოს ქალაქების მოსახლეობა

0x01 graphic

ხარისხობრივი განაწილებისას თუ გრაფიკის ერთ მხარეს ქალაქების მოსახლეობას მოვათავსებთ, მეორე მხარეს კი ქალაქების რიგით ნომერს (მოსახლეობის მიხედვით) და ამასთან გრაფიკზე ლოგარითმულ სკალას გამოვიყენებთ, მაშინ ქალაქები გრაფიკზე ერთ ხაზზე განაწილდება. საქართველოს შემთხვევაში თბილისი ამოვარდნილია საერთო სურათიდან.

თბილისში თავმოყრილ ადამიანებს ცხოვრების უფრო მაღალი დონის სანაცვლოდ ფასის გადახდაც უწევთ, უფრო ძვირია ცხოვრება, მეტად არის დაბინძურებული გარემო. ეს თბილისში არსებულ ბიზნესებსაც უწევს ფასს.

ასეთ მდგომარეობას ბუნებრივი ეკონომიკური სტიმულები ასწორებს. არსებული არათანასწორობა სახელმწიფოს ხელოვნური ეკონომიკური სტიმულების შედეგია, ხოლო საბოლოოდ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მცირდება.

საქართველოსთან თანაზომადი ქვეყნებიდან საქართველოზე დიდი განსხვავება დედაქალაქის ბუნებრივ და რეალურ ზომებს შორის მხოლოდ ნიკარაგუასა და სომხეთშია. ამასთან, დედაქალაქის ზომის გადახრა ბუნებრივიდან მეტია იმ ქვეყნებში, სადაც წლების მანძილზე სოციალისტური დიქტატურა იყო, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც მიგრაცია დაგეგმილი ან შეზღუდულია (ისრაელი), ანუ ბუნებრივი არ არის.

თბილისის ზრდა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის ფარგლებში. თბილისი არ ვითარდებოდა როგორც საქართველოს დედაქალაქი. ის უფრო დიდი ქვეყნის რიგითი ქალაქი იყო. მისი ზომა ბუნებრივად მიესადაგებოდა სხვა ქალაქების ზომას. რუსეთის იმპერიაში თბილისი იყო თბილისის გუბერნიის და, ამავე დროს, ამიერკავკასიის ცენტრი.

1879 წლის აღწერის მონაცემებით, ამიერკავკასიის მოსახლეობის განაწილება ზუსტად შეესაბამება ხარისხობრივ განაწილებას და თბილისი მისი უდიდესი ქალაქია. თუმცა, თუ იმავე აღწერიდან მხოლოდ საქართველოს ქალაქებს ავიღებთ, თბილისი მაშინაც არაბუნებრივად დიდი იყო.

თბილისის ზრდის მეორე მნიშვნელოვანი ტალღა საბჭოთა კავშირის პერიოდზე მოდის. იმდროინდელი ცენტრალური დაგეგმვით, ქალაქის ზრდასა და მიგრაციას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა: ქალაქის მშენებლობა და გაფართოება, ქარხნების მშენებლობა, სამუშაო ადგილების დაგეგმილი შექმნა, საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, კულტურის დაფინანსება, სავაჭრო ქსელების განვითარება, დეფიციტური საქონლის ხელმისაწვდომობა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აპარატის პრივილეგიები. მილიონიან ქალაქებს საბჭოთა დროს განსაკუთრებული შეღავათებიც ეკუთვნოდათ: მაგალითად, უნდა ყოფილიყო მეტრო, გარკვეული რაოდენობის უმაღლესი სასწავლებელი, უნდა გაყიდულიყო გარკვეული რაოდენობის ავტომანქანა და ა.შ.

სახელმწიფო, ბიუჯეტიდან თბილისის განსაკუთრებული დაფინანსებით, დღესაც ხელს უწყობს თბილისის ზრდას: 2010 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ტრანსფერტების ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის. აქ კი მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ცხოვრობს.

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ძირითადად თბილისშია განლაგებული, რაც ადამიანებს იზიდავს როგორც სამუშაო ადგილებით, ასევე ხელისუფლების ორგანოების მიერ გაწეული ხარჯებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე.

თვითმმართველი ერთეულების მეტი ფუნქცია და მათ განსახორციელებლად დღეს არსებულ ზოგადსახელმწიფოებრივ გადასახადებში საკუთარი წილი, შექმნის კონკურენციას და აამოქმედებს მიგრაციის ბუნებრივ სტიმულებს. ეს კი მიგვაახლოებს ქალაქებში მოსახლეობის ბუნებრივ გადანაწილებასთან.

დღეს ბევრს დიდ ტრაგედიად მიაჩნია სოფლებიდან ხალხის ქალაქში გადასვლა („სოფელი დაიცალა, მიწაზე მუშაობა აღარავის უნდა“). თუმცა ურბანიზაცია გარდაუვალი პროცესია.

სოფლებში საქართველოს მოსახლეობის 47 პროცენტი ცხოვრობს. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტია.

გაეროს პროგნოზით 2050 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 29 პროცენტი იქნება სოფლის მოსახლე.

სავარაუდოდ, მილიონამდე ადამიანი კიდევ უნდა გადასახლდეს ქალაქებში. თუ ურბანიზაციის პროცესი ბუნებრივად წარიმართა და სახელმწიფომ არ გაამრუდა ბუნებრივი ეკონომიკური სტიმულები, სხვა ქალაქები თბილისზე სწრაფად უნდა გაიზარდოს. ამით მოსახლეობის განაწილება ქალაქებს შორის მიუახლოვდება ბუნებრივს და თბილისი შესაძლოა, შემცირდეს კიდეც.

11 რუსეთ-პოლონეთის შეთანხმება

▲back to top


ეკონომიკა

0x01 graphic

პოლონეთის ვიცე-პრემიერი ვალდემარ პავლაკი, რუსეთის ვიცე-პრემიერი
იგორ სეჩინი და გაზპრომის ვიცე- პრეზიდენტი ალექსანდრ მედვედევი

ფოტო: REUTERS ©

პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე იზრდება. პოლონეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის ენერგოდივერსიფიკაციას აფერხებს.

პოლონეთმა და რუსეთმა გაზის ხანგრძლივი ვადით მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ევროკომისიის არაერთი რჩევისა თუ გაფრთხილების მიუხედავად, პოლონეთმა ხელშეკრულებას ხელი მაინც მოაწერა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ამ ქვეყნისთვის გაზის იმპორტის ერთადერთი წყარო რუსეთია.

პოლონეთმა და რუსეთმა გაზის ხანგრძლივი ვადით მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ევროკომისიის არაერთი რჩევისა თუ გაფრთხილების მიუხედავად, პოლონეთმა ხელშეკრულებას ხელი მაინც მოაწერა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ამ ქვეყნისთვის გაზის იმპორტის ერთადერთი წყარო რუსეთია.

ენერგობაზრის ევროპული კანონმდებლობა რომელიმე ერთი მხარისთვის მილსადენის ექსკლუზიური უფლებით გადაცემას კრძალავს. კანონმდებლობის თანახმად, გაზის მიწოდების ყველა კონკურენტუნარიან მსურველს მილსადენის გამოყენების თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს.

რუსეთსა და პოლონეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე, გაზპრომის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრ მედვედევმა აღნიშნა, რომ ევროპული კანონმდებლობის ეს მოთხოვნა რუსეთ-პოლონეთის შეთანხმების ფარგლებში თეორიულად დაცულია. თუმცა, იამალ- ევროპის მილსადენს გაზის მოცულობა არ ჰყოფნის, რომ დიდ დატვირთვას გაუძლოს. ამით გაზპრომმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მილსადენის მთელი მოცულობის ათვისებას მხოლოდ თვითონ აპირებს. ხელშეკრულებაში მესამე მხარის „თეორიული“ დაშვების პუნქტი კი, როგორც ჩანს, ევროკომისიის თავიდან მოსაშორებლად ჩაიდო.

პოლონეთი რუსეთიდან ყოველწლიურად 7.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს. ეს მოცულობა მისი წლიური მოხმარების 65%25- ზე მეტს შეადგენს. რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პოლონეთი რუსეთისგან 2011 წელს, წლევანდელ წელთან შედარებით 8 მილიონი კუბური მეტრით მეტ გაზს მიიღებს. 2012 წლიდან 2022 წლამდე მიღებული გაზის მოცულობა ყოველწლიურად 11 მილიარდი კუბური მეტრი ანუ 2011 წელთან შედარებით, 1.5 მილიარდი კუბური მეტრით მეტი იქნება. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ გაზით ვაჭრობის ვადა 2037 წლამდე გაიხანგრძლივონ, თუ პოლონეთის მხრიდან მოთხოვნა იქნება.

იამალ-ევროპის მილსადენი გაზს პოლონეთიდან გერმანიამდე ატარებს. მილსადენს ერთობლივად ამუშავებს გაზპრომი და PGNIG - გაზისა და ნავთობის პოლონეთის სახელმწიფო კომპანია. გაზის ხანგრძლივი ვადით მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებას ორივე კომპანია ხელს აწერს. შესაბამისად, პოსტ-2019 გახანგრძლივების ალბათობა დიდია.

პოლონეთთან მიღწეული შეთანხმებით, გაზპრომმა მილსადენზე ექსკლუზიური კონტროლი მიიღო. ამით ის ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავს. გაზპრომი თანაბრად იძლიერებს ისედაც დომინანტურ პოზიციას გერმანიაში. იამალ - ევროპის მილსადენი ყოველწლიურად 33 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი გერმანიაში იყიდება.

ევროკავშირი აქტიურად ცდილობს, თავისი 27 წევრი სახელმწიფოსთვის ერთიანი ენერგოსტრატეგია შეიმუშაოს, თუმცა ამ დრომდე, ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამის მთავარი მიზეზი, იტალიასა და საფრანგეთთან ერთად, გერმანიაც არის. ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ათანხმებენ ბილატერალურ კონტრაქტებს რუსეთთან. მოლაპარაკებების გამჭვირვალობა მინიმალურია.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, პოლონელი ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ რუსეთ-პოლონეთის შეთანხმება ევროკავშირის საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის პერსპექტივის ტესტი იყო: რუსეთი პოლონეთის მაგალითზე ცდილობდა გაერკვია, შეძლებდა თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობისთვის გვერდის ავლით, რეგიონში საკუთარი ენერგოპოზიციების გამყარებას.

ევროკომისიაც, თავის მხრივ, ენერგობაზრის ევროპულ კანონმდებლობაზე აპელირებით ცდილობდა პოლონეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება არ შემდგარიყო. კანონმდებლობა ბაზარზე მონოპოლისტის არსებობას კრძალავს.

რუსეთის მიერ პოლონეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თურქმენეთს და ყველა სხვა დაინტერესებულ ექსპორტიორს ევროპის ბაზარზე გასვლა საგრძნობლად გაუჭირდება.

პოლონეთთან მიღწეული შეთანხმება რუსეთს შესაძლებლობას უქმნის იამალ- ევროპის მილსადენის პოლონურ ნაწილზე მონოპოლია 2022 წლამდე გაიხანგრძლივოს. შეთანხმება იმასაც უშვებს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება 2045 წლამდე გაგრძელდეს.

იამალ-ევროპის მილსადენის პოლონეთის ნაწილი Europol Gaz-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის მფლობელები არიან გაზპრომი და ნავთობისა და გაზის პოლონეთის სახელმწიფო კომპანია - PGNIG. თითოეულ მათგანს თანაბარი წილი აქვს. დარჩენილ წილსაც ეს კომპანიები იყოფენ, ერთობლივი საწარმოს - Gas Trading-ის სახით. რუსეთისა და პოლონეთის შეთანხმებით გამოდის, რომ Europol Gaz-ი იამალის მილსადენის პოლონეთის ნაწილზე საკუთრების, კომერციულ და ოპერაციულ უფლებებს ინარჩუნებს. ეს კი კონკურენციას გამორიცხავს.

რუსეთის მიმართ პოლონეთის პოლიტიკა ამ ქვეყნის ძველ მთავრობასთან ერთად შეიცვალა.

პოლონეთი ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის სტრატეგიის მხურვალე მხარდამჭერი იყო. განსაკუთრებით ლეხ კაჩინსკის გამარჯვების შემდეგ, 2006 წლიდან, როცა გაზპრომმა, უკრაინის მხრიდან გაზის საფასურის გადაუხდელობის მომიზეზებით, უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

მას შემდეგ, პოლონეთი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობდა. ამისთვის პოლონეთს ორი გეგმა ჰქონდა. პირველი, ბალტიის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც 2014 წლამდე დასრულდებოდა. და მეორე, ბუნებრივი გაზის მიღება ფიქლის ფორმაციებიდან. პოლონეთმა ფიქლით მდიდარ კონკრეტულ ადგილებს უკვე მიაგნო. თუმცა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება ენერგოდივერსიფიკაციის ალტერნატიულ პერსპექტივებს დიდი ხნით გადაავადებს.

12 რობერტ კაგანი: „საქართველოს უკეთ მოუსმენენ“

▲back to top


მსოფლიო

ამერიკელი ისტორიკოსი და საგარეო პოლიტიკის კომენტატორი, რობერტ კაგანი, კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი სტატიები რეგულარულად იბეჭდება Washington Post-ში, პერიოდულად კი კაგანი ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობს, როგორიც New York Times, Foreign Affairs, The Wall Street Journal, Commentary, World Affairs, და Policy Review-ია. პროფესორი Weekly Standard-ისა და The New Republic-ის სარედაქციო საბჭოს საპატიო წევრია. მისი წიგნი „სამოთხის და ძალაუფლების შესახებ“ ეროვნული და საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. ნაშრომი 25 ენაზე ითარგმნა. Foreign Policy-ის რეიტინგის მიხედვით, რობერტ კაგანი მსოფლიოს 100 საუკეთესო საჯარო ინტელექტუალის ნუსხაში შედის.

ტაბულამ რობერტ კაგანთან ინტერვიუ ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონში ჩაწერა

0x01 graphic

  • Washington Post-ში გამოქვეყნებულ თქვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მეორე ფაზის - „გადატვირთვის გადატვირთვის“ - დაწყების შესახებ საუბრობთ. ეს ვარაუდი, გარკვეულწილად, კონგრესში შუალედურ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება?

არა მგონია, ეს არჩევნებს და იმას უკავშირდებოდეს, რომ ობამამ კონგრესის ერთ-ერთ პალატაზე, შესაძლოა, კონტროლი დაკარგოს. თუმცა, ვფიქრობ, არჩევნები გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენს. ეს უფრო იმის შედეგი გახლავთ, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში გადატვირთვის პოლიტიკით დასახული მიზნები მიღწეულია. მეტის გაკეთება, ალბათ, შეუძლებელია. ვფიქრობ, ზღვართან მივედით - რუსეთი ირანის საკითხში მოგვყვება. ამ ქვეყანამ ახლა შეიძლება, გაძლიერების ნაცვლად, სანქციების შესუსტებაც კი დაიწყოს. აშკარაა, რომ აშშ- ის ადმინისტრაცია გარკვეულწილად რუსეთზეა დამოკიდებული.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას, ალბათ, არავინ იცის, რა დაემართება. სულაც არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის ეს უშედეგო ხელშეკრულებაა. ერთი მხარეა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა ახლა უფრო რთულ ფაზაში შედის, მეორე მხარე კი - ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, იცოდნენ - გადატვირთვის არასასურველი შედეგი იქნებოდა იმის განცდა, რომ შეერთებული შტატები ნაკლებ ყურადღებას უთმობს თავის მოკავშირეებს ევროპაში, ზოგადად და კონკრეტულად კი, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში.

ამის გამოსწორებას ჰილარი კლინტონი უკვე შეეცადა კრაკოვში ჩასვლით და იქ დემოკრატიაზე სერიოზული განცხადებებით, ასევე თბილისში ვიზიტით და ვრცლად საუბრით დემოკრატიაზე. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილების მაჩვენებელი. ჰილარი კლინტონის განცხადებები მხოლოდ დემოკრატიის განვითარებას კი არ ეხებოდა, არამედ დემოკრატიულ სოლიდარობას დემოკრატიულ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. აი, ეს გახლავთ ცვლილება.

ობამას ადმინისტრაციამ თავიდანვე აქცენტი დიდ სახელმწიფოებზე - რუსეთსა და ჩინეთზე გააკეთა. ახლა იგი ისევ მოკავშირეებისაკენ იხრება. ასეა აზიის შემთხვევაში, რაც ჩინეთის ქმედებაზე რეაგირებით გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს გამჟღავნდება ევროპასთან დაკავშირებითაც, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე, ადამიანის უფლებებზე მეტი ფოკუსირება ხდება. კლინტონმა უკვე გამოყო რუსეთი, ჩინეთი და ეგვიპტე, როგორც ავტორიტარული სახელმწიფოები.

ამას კი, თანდათან, გადატვირთვის გადატვირთვასთან მივყავართ. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში არსებული ყველაზე მწვავე პრობლემები გადაწყდება, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს უფრო უკეთ მოუსმენენ.

სახელმწიფო მდივანი სერიოზულ განცხადებებს აკეთებს რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებითაც. ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა მოხდება, მაგრამ, ვფიქრობ, მოსალოდნელი ტენდენცია ასეთია. ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველო შეძლებისდაგვარად უნაკლო დემოკრატიად ჩამოყალიბდეს. თუ ობამას ადმინისტრაცია მართლაც უფრო დემოკრატიულ განვითარებას აქცევს ყურადღებას - საქართველოსთვის იმაზე საზიანო არაფერი იქნება, ვიდრე შთაბეჭდილების შექმნა, რომ ის დემოკრატიის გზას ასცდა.

  • ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ლექსიკონში ბოლო დროს გაჩენილი ახალი ტერმინი - ოკუპაცია - საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე შექმნილ რეალობას სწორად აღწერს, მაგრამ მხოლოდ აღწერს. კრიტიკოსები ხშირად ამბობენ და ფილიპ გორდონმაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან თქვა, რომ ამ რეალობის შეცვლის - დეოკუპაციის - რაიმე კონკრეტული სტრატეგია არ არსებობს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ეს სტრატეგია?

ერთი, რაც რუსებისა ნამდვილად არ მესმის, კოსოვოს ანალოგიის გამოყენებაა. ისინი ამ ანალოგიას არასწორად იყენებენ. სწორი ანალოგია საერთაშორისო სამშვიდობო ძალების იქ ჩაყენება იქნებოდა, იმ უმცირესობათა ჯგუფების დასაცავად, ვისაც რუსეთი თავისად თვლის. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიად აღიარებს, მიუღებელია.

თუ რუსები იმას ამტკიცებენ, რომ მოძმე ხალხის ბედი აღელვებთ და ეს ხალხი საფრთხეშია, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ჩაყენებით უნდა მოხდეს. ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, უბრალოდ, სხვისი ტერიტორიების მიტაცებაა, თუმცა ამის აღიარება არ სურთ. აი, ეს არის გამოსავალი.

ვფიქრობ, რუსებმა ეს უნდა შეიგნონ. მანამ, სანამ მათ ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ, მოსკოვი ვერც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბრებს, ვერც NATO-ევროპა-რუსეთის ახალ ურთიერთობებზე და ვერც უსაფრთხოების ახალ ურთიერთობებს დაამყარებს. აი, ეს უნდა აუხსნას გასაგებად NATO-მ რუსეთს. თეთრმა სახლმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ სანამ ასეთი მდგომარეობაა, ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ იქნება.

  • ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. 1996 წელს თქვენ ბილ კრისტოლთან ერთად წერილი გამოაქვეყნეთ ნეორეიგანული საგარეო პოლიტიკის შესახებ. როგორი იქნებოდა ეს პოლიტიკა დღეს? ცივი ომის წლებში დებატები მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა გატარებულიყო რუსეთის მიმართ - შეკავების თუ უკუგდების. ყველა პრეზიდენტი, რეიგანის გარდა, შეკავების პოლიტიკას ემხრობოდა, თუმცა, შეკავება ვერ მოხერხდა, რუსეთი მაინც ფართოვდებოდა. დღესაც იგივე ხდება. არავინ საუბრობს რუსეთის აგრესიის შედეგების აღმოფხვრაზე; საუბარი ძირითადად სტატუს-კვოს გაყინვაზე მიმდინარეობს. ჰილარი კლინტონი ამას სტრატეგიულ მოთმინებას უწოდებს, მაგრამ მოთმინებას ზღვარი აქვს. როგორი უნდა იყოს უკუგდების ახალი პოლიტიკა?

მე ამას უკუგდების პოლიტიკას არ დავარქმევდი, თუმცა საქართველოს შემთხვევაში სწორედ ამგვარი პოლიტიკაა საჭირო. ეს, ცხადია, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უნდა იყოს. შესაძლოა მათი მხოლოდ საერთაშორისო ძალების შემადგენელ ნაწილად დატოვება, და არა იმ ძალისა, რომელიც მხოლოდ რუსებისაგან შედგება. ეს ცხადზე უცხადესია.

დღევანდელი ნეორეიგანული სტრატეგია ისაა, რასაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ერთიან და თავისუფალ ევროპას ეძახდნენ. აუცილებელი არ არის სტრატეგია რუსეთს ეხებოდეს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ევროპის ყველა სახელმწიფო, ბალტიისპირეთიდან დაწყებული უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, ამ სივრცეში შეიძლება მოხვდეს.

ამისათვის ის უნდა ა) იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მეგობარი დემოკრატიული ქვეყნები უჭერენ მხარს, ბ) ატარებდეს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც არ განუსაზღვრავს გარეშე ძალა, ანუ ის ძალა, ვისაც მისი გაკონტროლება სურს.

უნდა უარვყოთ გავლენის განსაკუთრებულ ინტერესთა სფეროს იდეა, რასაც რუსეთი განუწყვეტლივ იმეორებს და ევროპის შუაგულს და სხვა იმ ქვეყნებს გულისხმობს, რომლებსაც სურთ, ალიანსის ან დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გახდნენ. აი, ეს უნდა იყოს სტრატეგია.

ვფიქრობ, რუსებმა ვერ დაძლიეს მრავალსაუკუნოვანი ჟინი - გახდნენ დომინანტური იმპერიული ძალა რეგიონში. ეს თავად რუსეთის ინტერესშიც კი არ შედის, ცოტა არ იყოს ატავისტური მისწრაფებაა, რომლის განსახიერებაც ამჟამად, სამწუხაროდ, პუტინი გახლავთ.

ჩვენ თანამედროვე რუსეთი გვჭირდება, ისეთი ქვეყანა, რომელსაც ესმის, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატების საზომი ეს არ არის. წარმატების საზომი მოდერნიზაცია, ეკონომიკური პროგრესი და ლიბერალიზაციაა. აი, ამაზე უნდა იყოს იგი ორიენტირებული.

აბსურდულია რუსეთის კონცენტრირება გამოგონილ საფრთხეებზე, როდესაც მეზობლად ჩინეთი და ცენტრალური აზია ჰყავს.

ამასთან, ნეორეიგანული პოლიტიკა რუსეთში დემოკრატიას უნდა უჭერდეს მხარს. არ უნდა ხუჭავდეს თვალს იმაზე, თუ როგორ მეთოდურად ანადგურებს პუტინი დემოკრატიული ინსტიტუტების ყველანაირ ნიშანწყალს.

  • 2002 წელს ნაშრომში „ძალა და უძალობა“ თქვენ საუბრობდით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ მზარდ განსხვავებებზე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის შემოსაბრუნებლად, განსხვავებების შესამცირებლად?

არ ვიცი, იზრდება თუ არა მანძილი. განსხვავებები, რომლებზეც იმ ნაშრომში ვსაუბრობდი, არსად გამქრალა. თუმცა, მგონია და იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო ხვდებიან, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი ძალა - რომელიც მომავალში ნამდვილად იქცევა წამყვან მოთამაშედ - ისეთი ავტორიტარული ხელისუფლებაა, როგორიც ჩინეთია; ხოლო მეორე - ასევე ავტორიტარული რუსეთია. შესაბამისად, ის, რაც გარანტირებული მიგვაჩნდა - დემოკრატიის უსაფრთხოება და გავრცელება - ასე ვეღარ ჩაითვლება.

ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები უნდა დაახლოვდნენ, ერთად უნდა იმუშაონ და იზრუნონ ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე საერთაშორისო სისტემაში მაშინ, როდესაც ამ პრინციპებს საფრთხე ემუქრება. ვფიქრობ, ეს საბოლოოდ აშშ-ს და ევროპას დააახლოებს.

პრობლემა, რომელიც ახლა ევროპასთან დაკავშირებით არსებობს, ის არის, რომ თავად იგია ისეთი დეზორგანიზებული, სუსტი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე და ისე გაყოფილი შიგნით, რომ მასთან ეფექტიანად მუშაობა ძნელია.

დოვილში სარკოზი-მერკელის მედვედევთან შეხვედრა პრობლემად არ მიმაჩნია. ამ საკითხზე მთელი ევროპის სახელით ვერ ილაპარაკებენ. ევროპა ახლა აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც მოიცავს. ისინი ევროკავშირის ქვეყნებია. სარკოზი და მერკელი ევროპული უსაფრთხოების სისტემიდან ვერ გარიყავენ აშშ-ს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებს არ სურთ აშშ- ის გარიყვა. ასე რომ, ეს მე არ მაღელვებს. გერმანელებს ჰგონიათ, რომ საუკუნეებია, რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ და იციან, როგორ იმუშაონ მასთან. კი ბატონო, ეგონოთ. სარკოზიმ ნამდვილად დაიმსახურა ქება თბილისის გადარჩენისთვის; ის იყო, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც რუსები ხელმოწერის დღიდანვე არღვევენ. კითხვა, რომელიც სარკოზის მიმართ ჩნდება, ასე ჟღერს - აპირებს თუ არა იგი მედვედევთან საუბრისას საქართველოს საკითხის მიჩქმალვას?

  • მისტრალი?

მისტრალი სამარცხვინო გარიგებაა, მაგრამ აქ მთავარი მაინც ფულია. სარკოზიმ საქართველოს საკითხი არ უნდა მიჩქმალოს. მე არ მინდა წინასწარ ვივარაუდო, რომ ის ამას იზამს. ვნახოთ.

  • ბოლო კითხვა NATO-ს ეხება. როგორი უნდა იყოს NATO-ს მომავალი, ევროპასა და ამერიკას შორის მზარდი უთანხმოების პირობებში?

ცუდია, რომ NATO იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელია იგი ავღანეთში. არა მგონია, რომ ეს ორგანიზაცია ამ საზომით უნდა ფასდებოდეს. ჩემთვის NATO ერთი ცნობილი ფრაზასავით არის: ის რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება იქნებოდა საჭირო.

ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, რომლის მიზანიც დემოკრატიის გაძლიერება და გავრცელებაა, განსაკუთრებით, ტრანსატლანტიკურ სივრცეში და ევროპაში.

უფროსი ბუშის, ბილ კლინტონის, უმცროსი ბუშის ადმინისტრაციებს ერთი მიზანი ჰქონდათ - ერთიანი და თავისუფალი ევროპა. ეს ამოცანა ჯერ არ შესრულებულა. NATO-ს მიზანიც ეს უნდა იყოს.

13 საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ძალებს აერთიანებენ

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

2 ნოემბერს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ორ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.

ბრიტანელმა პრემიერმა აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის ისტორიის „ახალ ფურცლად შეაფასა“; ფრანგმა ლიდერმა კი მას უპრეცედენტო უწოდა. პირველი ხელშეკრულება ავიამზიდების გაერთიანებას და საერთო საექსპედიციო ძალების შექმნას მოიცავს. მასში თითოეული მხრიდან დაახლოებით 5 ათასი ჯარისკაცი იქნება წარმოდგენილი. ხელმძღვანელს დროდადრო აირჩევენ. საუბარია მომავალი წლიდან ერთობლივი ოპერაციებისა და ტრენინგების ჩატარებაზე. ორმხრივი თანამშრომლობა შემდეგ საკითხებსაც მოიცავს: უპილოტო საჰაერო სისტემა, თავდაცვის ინდუსტრია, კიბერუსაფრთხოება და კვლევა. მეორე ხელშეკრულება ბირთვულ თანამშრომლობას ეხება: ბირთვულ კვლევით ტექნოლოგიებს ბრიტანული ცენტრი განავითარებს, ექსპერიმენტები კი საფრანგეთის ტერიტორიაზე განხორციელდება.

ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი დანახარჯების შემცირებაა. ორივე ქვეყანა ერთობლივი თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებისას ფულს მნიშვნელოვნად დაზოგავს. პარიზი და ლონდონი ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას სწორედ სამხედრო სფეროში დანახარჯების შეკვეცით ცდილობენ - ბრიტანეთმა წინა წლებთან შედარებით სამხედრო ბიუჯეტს 5%25 მოაკლო, სექტემბერში საფრანგეთშიც იგივე მოხდა.

ბრიტანეთის პრემიერმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრისას ორი სახელმწიფოს საერთო ისტორიას გაუსვა ხაზი. მისი მტკიცებით, მის ქვეყანას მოკავშირეებთან ერთობლივი ოპერაციების განხორციელების გამოცდილება აქვს და საფრანგეთთან თანამშრომლობა არ გაუჭირდება. თუმცა მათი ურთიერთობების ისტორია უნდობლობასა და უთანხმოებებსაც შეიცავს. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა და საფრანგეთის ლიდერმა ჟაკ შირაკმა სამხედრო შეთანხმება გააფორმეს. ამას ხელი არ შეუშლია, ერაყის ომთან დაკავშირებით ერთმანეთი გაეკრიტიკებინათ. თუ ბლერი ამერიკის ერაყში შესვლას მხარს უჭერდა, შირაკი ეჭვქვეშ აყენებდა მათი საერთო ოპერაციის ლეგიტიმურობას. ორივე მხარე ერთმანეთს ორგულობაში დებს ბრალს. ბრიტანეთში ეჭვს გამოთქვამენ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის პარიზისთვის გაზიარების შემდეგ, შესაძლოა, საფრანგეთმა უარი თქვას მსგავსი მონაცემების გაცემაზე. ფრანგებს ბრიტანული გაზეთები მშიშრებად, პოლიტიკოსებს კი სიმტკიცემოკლებულებად განიხილავენ. მიზეზი ერაყის საკითხისგან თავის შორს დაჭერა და ავღანეთში ნაკლები ჯარისკაცის გაგზავნაა.

თანამშრომლობისადმი სკეპტიკურად განწყობილნი ორივე ქვეყანაში არგუმენტად სუვერენიტეტისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულებასაც იშველიებენ. სწორედ ამიტომაც, ლიდერებმა ხელმოწერის შემდეგ აღნიშნეს, რომ სამხედრო ელემენტების გაერთიანება მათ სუვერენიტეტს საფრთხეს არ შეუქმნიდა. „საფრანგეთი და ბრიტანეთი ყოველთვის დარჩებიან სუვერენულ ქვეყნებად და შეიარაღებული ძალების გამოყენება დამოუკიდებლადაც შეეძლებათ“, - განაცხადა კამერონმა.

ნაკლებად ოპტიმისტური მოსაზრებების მიუხედავად, ცხადია, რომ ეს ხელშეკრულება ლონდონ-პარიზის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ეს ქვეყნები გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ყოველთვის ბუნებრივ მოკავშირეებად განიხილებოდნენ. ორივე ბირთვული ძალაა და სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე და მეოთხე ადგილს ინაწილებენ. სწორედ ერთი წლის წინ დაუბრუნდა საფრანგეთი NATO-ს სამხედრო სარდლობას, რომელსაც დე გოლის დროს საკუთარი ნებით გამოეთიშა. ახალმა რეალობებმა შესაძლოა, მათი ხედვები საკმაოდ დააახლოოს. საგულისხმოა, რომ მომავალი წლიდან საერთო სამხედრო ტრენინგებზე მათ ჯარისკაცებს ერთ ენაზე საუბარი მოუწევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ახალი ენის - ერთმანეთის ნდობის - სწავლა იქნება.

14 კიბერომი!

▲back to top


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

„ელექტრონული ომი ირანის წინააღმდეგ“, უთხრა New York Times-ს ირანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. ალბათ, ვერასდროს შევიტყობთ ამ ომის დეტალების ან მასშტაბის შესახებ, მაგრამ ცხადია, გასულ ზაფხულს რაღაც აირია ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამების კომპიუტერული კონტროლის პროცესებში. შემდეგ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ Stuxnet-მა - სუპერკიბერიარაღმა - ირანის ყველაზე მგრძნობიარე კომპიუტერულ სისტემებში შეაღწია. თუ ამას 2007 წელს ესტონეთის, 2008 წელს კი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერშეტევებს დავამატებთ, Stuxnet-ის გამოჩენა იმის მაჩვენებელია, რომ კიბერომი თანამედროვე სამყაროს ისეთივე რეალობაა, როგორც სოციალური ქსელები.

დღეისათვის Stuxnet-ისგან მომხმარებელთა უმეტესობაა დაცული - ოქტომბერში, Microsoft-მა საოპერაციო სისტემაში აღმოფხვრა ის ხარვეზები, რომლებითაც Stuxnet-მა ისარგებლა. მაგრამ ამ ვირუსის აღმოჩენამ გასულ ზაფხულს ახალი თაობის მავნებელი კომპიუტერული პროგრამის დაბადება გვამცნო.

Stuxnet-ს არ მოუპარავს ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ, არც მყარ დისკზე შენახული ინფორმაცია წაუშლია ან კომპიუტერები გაუბამს ბოტნეტში, რომელიც ავტომატურად ახდენს სპამის გენერირებას. ის გამიზნული იარაღი იყო - კომპიუტერში რასაც ეძებდა, იმას თუ ვერ იპოვიდა, შეუმჩნევლად ქრებოდა. მისი სამიზნე კონკრეტული დაპროგრამებული ლოგიკური რეგულატორი, ანუ PLC იყო, რომელიც გერმანულმა კომპანია Siemens-მა შექმნა. PLC-ი არეგულირებს იმ სამრეწველო პროცესებს, რომელთათვისაც ზუსტი განრიგის დაცვაა საჭირო.

მიაგნებდა თუ არა სამიზნე PLC-, Stuxnet-ი მასში საკუთარ კოდს შეიტანდა, რითიც თავადაც ინიღბებოდა და ის ცვლილებებიც, რომლებსაც იწვევდა. შედეგად PLC-ი არასწორად მართავდა რეგულირების პროცესს - ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა; ნაადრევად ან დაგვიანებით; არასაკმარისად ან გადაჭარბებით.

Stuxnet-ის შემქმნელები საფუძვლიანად ერკვევიან სამრეწველო პროცესებსა და Siemens-ის PLC-იში და მავნებელი კომპიუტერული პროგრამების დიდოსტატები არიან. თუმცა, ვირუსმა დახურულ სისტემებში არასაკმარისი დაცვის წყალობით შეაღწია - დაინფიცირებული ე.წ. ფლეშკის USB პორტში შეერთებით.

მოხვდებოდა თუ არა კომპიუტერში, Stuxnet-ი სარგებლობდა იმ ოთხი ხარვეზით, რომლებიც Stuxnet-ის შემქმნელებმა Microsoft-ის საოპერაციო სისტემაში აღმოაჩინეს მანამ, სანამ თავად Microsoft-ი აღმოაჩენდა და აღმოფხვრიდა. ვირუსების უმეტესობა მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი ხარვეზით სარგებლობდა. ვირუსი განახლებასაც ახერხებდა დანიასა და მალაიზიაში ფაილის სერვერების დროდადრო შემოწმებით და ასევე, მომხმარებელთა შორის ფაილების გაცვლით, როდესაც თავისივე სხვა ვერსიას წააწყდებოდა.

Stuxnet-ის შექმნას, სავარაუდოდ, ექსპერტთა ჯგუფის ექვსთვიანი მუშაობა დასჭირდა ძალზე კარგად აღჭურვილ სივრცეში, რაც ძალიან ძვირი დაჯდა. ყველაფერი ეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ ყოფილა, ზოგს აფიქრებინებს, რომ Stuxnet-ი რომელიღაც სახელმწიფოს პროდუქტია.

ირანის მთავრობა Stuxnet-ის მიერ მიყენებული ზიანის რეალურ მასშტაბს არ ამჟღავნებს, თუმცა აღიარებს, რომ ინფიცირების ხარისხი დიდი იყო. ცნობილია, რომ ირანის ზოგი ბირთვული ობიექტი Siemens-ის PLC-ით იმართება. რუსების აშენებული ბუშერის ატომური ელექტროსადგური ან ნატანზის ურანის გამამდიდრებელი ობიექტი ირანში, შესაძლოა, ის სამიზნეები იყოს, რომელთათვისაც Stuxnet-ის შესაქმნელად დახარჯული დრო და თანხა გამართლებული იყოს. ყველაფერმა ამან კი წარმოშვა ვარაუდები, რომ ამ ვირუსის უკან ამერიკა ან ისრაელი დგას. თუმცა, ამერიკასა და ისრაელს ყველა ცოდვას მიაწერენ ხოლმე, ამიტომ Stuxnet-ის წარმოშობის რეალური ადგილი და მისი მიზანი სპეკულაციის თემად რჩება.

თუმცა, სპეკულაციის თემა არ არის ის, რომ ახალი თაობის იმ მავნებელი კომპიუტერული პროგრამის დებიუტი შედგა, რომელიც მიზნობრივია, დახვეწილი, ძვირი და კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად შექმნილი. სუპერკიბერიარაღი რეალობაა.

ამასობაში კი ელოდეთ იმ ტიპის კიბერშეტევების დახვეწილ ვერსიებს, რომლებიც რუსეთმა ესტონეთისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. როგორც საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ხათუნა მშვიდობაძემ, აღნიშნა თავის ანგარიშში, რომელიც იმ ბიბლიოგრაფიაში მოხვდა, ნატოს სტრატეგიის ახალი კონცეფციის შემუშავებისას რომ გამოიყენეს, „კიბერშეტევები საქართველოს წინააღმდეგ, 2007 წელს ესტონეთში გამოყენებული ტექნიკის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო“. მართლაც, მხოლოდ რუსეთი არ არის დაკავებული 2008 წლის კიბერკამპანიის ანალიზით, მისი გაუმჯობესების მიზნით.

დიდ წინსვლას უნდა ველოდეთ არა მარტო კომპიუტერული მეთოდებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების, არამედ შეტევების ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ასპექტების დახვეწის საქმეშიც.

მომავალი შეტევები შეიძლება დამიზნებით და უჩუმრად მოხდეს და ერთი, დამანგრეველი შედეგი გამოიწვიოს, მაგალითად, ბირთვული ობიექტის მწყობრიდან გამოსვლა. ანდა, შესაძლოა, უფრო ფართო შეტევის ნაწილი იყოს, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარის ეკრანების ჩაბნელება. ამით რომელიმე კონკრეტულ ობიექტზე საჰაერო თავდასხმა შეინიღბებოდა, მაგალითად, როგორიც ისრაელის დარტყმა იყო სირიის ბირთვულ ობიექტზე 2007 წელს. თუმცა, ასეთი დარტყმა შეიძლება ისეთი მასშტაბური ომის კომპონენტიც იყოს, რომელიც უფრო ფართო კიბერშეტევებსაც მოიცავს გამიზნულს, მაგალითად, კონკრეტული მთავრობის ინფორმაციის დაბლოკვის, საერთაშორისო რეაგირების დაგვიანების, მორალურად დაშინების, ეკონომიკის რღვევის და ნებისმიერი სახის თავდაცვის შესაფერხებლად.

0x01 graphic

რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი, საბოტაჟი, ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ომი ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. მაგრამ კიბერსივრცე ომის ახალი განზომილებაა, ისევე როგორც ერთ დროს საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური სივრცეები იყო. და ამ ახალ განზომილებას, გარდა მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოწვევებისა, ორი საერთო ნიშანი ახასიათებს.

პირველი, კიბერომი ცვლის მთავრობისა და კერძო სექტორის ტრადიციულ როლებს. ამ განზომილებაში სამიზნეთა უმეტესობა კერძო კომპანიებს ეკუთვნის. მართლაც, კიბერაგრესორები და კიბერთავდამცველები უფრო სამოქალაქო პირები იქნებიან და არა სამხედროები. ეს კი უპრეცედენტო პარტნიორობას მოითხოვს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ექსპერტები მთელი მსოფლიოდან ამ კვირას თბილისში შეიკრიბებიან ამაზე სამსჯელოდ.

მეორე, კიბერთავდაცვა შესაძლებელია, მაგრამ იგი მოითხოვს უჩვეულო თანამშრომლობას თანამოაზრე ქვეყნებს შორის. დასავლეთის ქვეყნებისათვის NATO ის ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს რესურსები და საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთქმედების 60-წლიანი გამოცდილება. NATO-ს სტრატეგიის ახალი კონცეფცია, რომელიც ამ თვის მეორე ნახევარში უნდა დამტკიცდეს, უეჭველად გაითვალისწინებს კიბერთავდაცვის ასპექტს. საკმარისი იქნება კი ეს?

მომდევნო სუპერვირუსი - და მომდევნოებიც - უკვე გამოშვებულია.

15 დეკომუნიზაცია

▲back to top


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

რამდენიმე ხნის წინ, უფრო ზუსტად კი 2005 წელს, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ მეორე, შვილიშვილმა ჰარიმ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო - პრინცს სვასტიკის გამოსახულებიანი წითელი სამკლავური ამშვენებდა, როდესაც ის მამის მეგობრის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, რიჩარდ მიდის კარნავალზე მივიდა.

„შესაძლოა, ზოგი მსგავს საქციელზე ხალისობს კიდეც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ამაზრზენი ამბავია“, - განაცხადა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სპიკერმა, ტერი ბარტონმა პრინცი ჰარის „გართობასთან“ დაკავშირებით. მან სამეფო ოჯახის წევრის ჟესტს იმ ჯარისკაცთა შეურაცხყოფა უწოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმს დაუპირისპირდნენ.

„ეს უგემოვნო და შეურაცხმყოფელია“, - პრინცის საქციელი არც ბრიტანელი ებრაელების ორგანიზაციას დაუტოვებია უკომენტაროდ.

ლეიბორისტი პარლამენტარი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მინისტრი დაგ ანდერსონი უფრო შორს წავიდა და ჰარი უინძორის სამხედრო კარიერა დააყენა კითხვის ქვეშ - „არ მგონია ეს ახალგაზრდა სენდჰერსტში (სამხედრო კოლეჯი) სწავლას იმსახურებდეს“, - თქვა მან.

0x01 graphic

პრინცი ჰარი ტაბლოიდის ყდაზე

სამეფო ოჯახის წევრი, ვერც საკუთარი მამის, პრინცი ჩარლზის რისხვას გადაურჩა. დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირფასი სიმბოლოს - დედოფლის შვილიშვილმა მეორე დღესვე ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

ნეტავ, რა მოხდებოდა, პრინცი ჰარის სამკლავურზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საბჭოთა ნამგალი და ურო რომ ყოფილიყო გამოსახული?

აი, რას წერს Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს წევრი ან აპელბაუმი წიგნში „გულაგი“, რომლის გამოც ავტორმა პულიცერის პრემია მიიღო - „საბჭოთა სიმბოლიკის ამსახველ ნივთებს ძირითადად ამერიკელები და დასავლეთ ევროპელები ყიდულობენ. სვასტიკის გამოსახულება ყველას ცუდად ხდის, მაგრამ მაისურზე ან ქუდზე მიხატული ნამგალი და ურო არავის ანაღვლებს… ერთი რამ ცხადია: მაშინ როდესაც მასობრივი მკვლელობის ერთი სიმბოლო გვზარავს, მეორე სიმბოლო ღიმილს გვგვრის“.

ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის და, შესაბამისად, ფაქტების ობიექტური ინტერპრეტაცია შეუძლებელია, მაგრამ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვი ნაციზმის მსხვერპლს ოთხჯერ აღემატება. „კომუნიზმის შავი წიგნის“ მიხედვით, თუ ნაცისტურ რეპრესიებს 25 მილიონი ადამიანი შეეწირა, კომუნისტურმა რეჟიმებმა 100 მილიონი იმსხვერპლა.

2006 წელს ამ მონაცემებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) 1481-ე რეზოლუციის მიღებისას დაეყრდნო. დოკუმენტით PACE-მა ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმები დაგმო და წევრ სახელმწიფოებს კომუნიზმის დანაშაულებრივი ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდა. „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ დანაშაულთა ჩამდენები არც საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარან, როგორც ეს ნაციონალ-სოციალისტების (ნაცისტების) შემთხვევაში მოხდა“. - ნათქვამია რეზოლუციაში.

მართლაც, გერმანიისა და ავსტრიის დენაციფიკაცია 1945 წლის აპრილში, გენერალ დუაით ეიზენჰაუერის (შემდგომში აშშ-ის პრეზიდენტი) მითითების საფუძველზე დაიწყო. ეს პროცესი გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიულ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობდა. დენაციფიკაციის ფარგლებში დაიშალა და კანონგარეშედ გამოცხადდა როგორც ნაცისტური პარტია, ისე მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. მოხდა ნაცისტური რეჟიმის სიმბოლოების დემონტაჟი. გაუქმდა ყველასაკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას შეიცავდა. დენაციფიკაციის ფარგლებში აიკრძალა ნაცისტური დანაშაულის უარყოფა, გამართლება ან მისი მნიშვნელობისა და მასშტაბის შემცირება.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მოკავშირეების ინიციატივით ჩატარდა ცნობილი ნიურნბერგის პროცესი, სადაც გასამართლდნენ და ზოგ შემთხვევაში სიკვდილით დაისაჯნენ მაღალი რანგის ნაცისტები. ყველა სრულწლოვან ადამიანს საკუთარი წარსულის შესახებ ანკეტის შევსება დაევალა. შეიქმნა ასობით ადმინისტრაციული სასამართლო, რომელსაც მილიონამდე საქმე უნდა განეხილა. ნაცისტური პარტიის ყოფილ წევრებს და კოლაბორაციონისტებს აეკრძალათ ყველანაირი სამსახური გარდა ფიზიკური შრომისა.

მაგალითად, დენაციფიკაციის პროცესის შედეგად, უნივერსიტეტში სწავლების უფლება გერმანელ ფილოსოფოსს მარტინ ჰაიდეგერს, ნაცისტური პარტიისადმი სიმპათიების გამო, რამდენიმე წლით ჩამოართვეს. კნუტ ჰამსუნი ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ნორვეგიელმა ნობელიანტმა მწერალმა ჰიტლერს გამოსათხოვარი სიტყვა დაუწერა და დიქტატორი „სამართლიანობისთვის მებრძოლად“ მოიხსენია.

დენაციფიკაციის პროცესის დასასრული კომუნისტურ ბლოკსა და თავისუფალ სამყაროს შორის ცივი ომის დაწყებით აღინიშნა.

ცივი ომის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ ბერლინის კედელი იქცა, რომელიც ზუსტად 21 წლის წინ, 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა. ეს მოვლენა აღმოსავლეთ ევროპაში დეკომუნიზაციის დასაწყისად მიიჩნევა. ეფექტური დასაწყისი წინააღმდეგობრივად გაგრძელდა. საქმე ისაა, რომ დისიდენტებიც კი ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ მოქცეოდნენ წარსულს. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ დამნაშავეების მიმართ მოწყალება უნდა გამოეჩინათ, წარსულის შესწავლაზე მეტად მომავალზე გაემახვილებინათ ყურადღება და დემოკრატიის შენებას შედგომოდნენ. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს ძნელად წარმოედგინათ, რომ კომუნისტებს ჭკუათმყოფელი ამომრჩეველი ხმას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას მისცემდა. ისინი მწარედ მოტყუვდნენ.

0x01 graphic

ჟიზელ ბიუნდჰენი ჩე გევარას გამოსახულებიან საცურაო კოსტიუმში

ფოტო: REUTERS ©

ყველაზე თანმიმდევრულად დეკომუნიზაციის პროცესი აღმოსავლეთ გერმანიაში ჩატარდა. სასამართლოს წინაშე ის მესაზღვრეები წარდგნენ, რომლებიც კედლის დასავლეთით გაღწევის მსურველ მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. გასამართლდა ეგონ კრენცი, აღმოსავლეთ გერმანიის ბოლო კომუნისტი ლიდერი. მას ექვსი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. დააპატიმრეს ერიკ ჰონეკერი, ბერლინის კედლის ერთ-ერთი „შემოქმედი” და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი 1976-1989 წლებში. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის მალევე შეიწყალეს. გაიხსნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (STASI) არქივი და ყველა მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში საკუთარი ფაილის ნახვა შეეძლო. 2007 წელს BBC წერდა, რომ „აღმოსავლეთ გერმანიაში ყოველ შვიდ მოქალაქეზე თითო აგენტი მოდიოდა“. შედარებისთვის, ნაცისტურ გესტაპოს 2 ათას მოქალაქეზე მხოლოდ ერთი ოფიცერი ჰყავდა, საბჭოთა სუკ-ს - 583 მოქალაქეზე - ერთი აგენტი.

0x01 graphic

ფოტო: გოგი ცაგარელი©

ჩეხოსლოვაკია ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც 1991 წელს ლუსტრაციის კანონი მიიღო. ამ პროცესის მიზანი არ ყოფილა კომუნისტების გასამართლება, ის მხოლოდ 1948 წლის კომუნისტური გადატრიალების მსგავსი შემთხვევების პრევენციას ისახავდა მიზნად და ახალ მთავრობაში კომუნისტების ინფილტრაციას ზღუდავდა.

ჩეხოსლოვაკიის ლუსტრაციის კანონის მიხედვით, კომუნისტურ ნომენკლატურას, სახალხო მილიციის თანამშრომლებს, უშიშროების ინფორმატორებსა და კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში აეკრძალათ სამსახური დანიშვნით თუ არჩევით თანამდებობებზე, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე აკადემიურ წრეებსა და მედიაში.

1993 წელს ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად დაიშალა. სლოვაკეთი ლუსტრაციის კანონს ვადის გასვლის შემდეგ არ მიბრუნებია, ხოლო ჩეხეთის პარლამენტმა - პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის ვეტოს მიუხედავად - კანონის მოქმედების ვადა 2000 წლამდე გააგრძელა. თუმცა ჩეხეთში, გერმანიისგან განსხვავებით, უშიშროების არქივი არ გამოუმზეურებიათ.

ალბანეთი პირველი ბალკანური ქვეყანაა, რომელმაც კომუნისტური პარტიის წევრების საქმიანობის შეზღუდვა დაიწყო. 1992 წელს მიღებული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ კრძალავს „ნებისმიერი პარტიისა თუ ორგანიზაციის შექმნას, რომელიც ეფუძნება ანტიეროვნულ, შოვინისტურ, რასისტულ, ტოტალიტარულ, სტალინისტურ, ენვერისტულ, კომუნისტურ თუ მარქსისტ-ლენინისტურ პრინციპებს“. 1992-1994 წლებში სამოცდაათზე მეტი ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენელი გასამართლდა.

1994 წელს ლუსტრაციის კანონი მიიღო უნგრეთმა - შემოწმდა დაახლოებით 12ათასი თანამდებობის პირის კავშირები კომუნისტური პარტიის უშიშროების სამსახურებთან. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ელჩები, სამხედრო თანამდებობის პირები, ტელევიზიისა და რადიოს რედაქტორები, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, სახელმწიფო ბანკების მმართველები და ასე შემდეგ.

0x01 graphic

ფოტო: გოგი ცაგარელი©

უნგრეთში აიკრძალა კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკა. 2003 წელს, უნგრელი პოლიტიკოსი დემონსტრაციაზე წითელი ვარსკვლავით გამოჩენის გამო დააპატიმრეს და დააჯარიმეს კიდეც.

ლუსტრაციის პროცესის დაწყება პოლონეთში 1997 წლამდე ვერ მოხერხდა, თუმცა ამ დროს მიღებული კანონი იმდენად სუსტი იყო, რომ 2006 წელს ახალი უფრო ქმედითი რეგულაციის მიღება გახდა საჭირო. ამ კანონის საჭიროებას, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმით ასაბუთებდა, რომ ერთმანეთთან შეზრდილი ყოფილი სპეცსამსახურებისა და კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლები კვლავაც აკონტროლებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელოვან ნაწილს. საჭირო იყო მათი გამოაშკარავება.

2006 წლის კანონი 1972 წლამდე დაბადებულ პოლონეთის ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელთაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავათ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საგანმანათლებლო სისტემასა და ეკლესიაში. ლუსტრაციის პროცესის მორიგ დაბრკოლებად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება იქცა, რომელმაც კანონის რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.

0x01 graphic

საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი. ტალინი

საქმე ისაა, რომ უშიშროების არქივი პოლონეთში არ გახსნილა. ლუსტრაციის კანონის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ხელისუფლებას შერჩევითი გაჟონვის მეშვეობით, პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, დღეს პოლონეთში უშიშროების არქივის სრულ გასაჯაროებაზე ფიქრობენ.

პოლონეთში ნაცისტური და კომუნისტური სიმბოლიკა - იქნება ეს ნამგალი და ურო თუ ჩე გევარას გამოსახულება - სისხლის სამართლის კოდექსით აიკრძალა. იგივე შეზღუდვა მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, ლუსტრაციის პროცესიც შედარებით თანმიმდევრულად ჩატარდა.

0x01 graphic

ბერლინის კედელი. 19989 წლის 9 ნოემბერი

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისა, ლუსტრაციის პროცესი მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელდა მაკედონიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში. 1991 წელს კომუნისტური პარტია აიკრძალა მოლდოვაშიც. თუმცა 1993 წელს აკრძალვა მოიხსნა და 2001-2009 წლებში კომუნისტები მმართველ ძალას წარმოადგენდნენ.

ევროპაში დეკომუნიზაციის და დენაციფიკაციის შედარება ცხადყოფს, რომ პროცესი შეუქცევადი მხოლოდ იქ აღმოჩნდა, სადაც მას გარეშე ძალები წარმართავდნენ. ამის მაგალითია გერმანია, რომლის დენაციფიკაციაც მოკავშირეთა სამხედრო ოკუპაციის პირობებში ჩატარდა. ხოლო დეკომუნიზაცია აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფოებრიობის სრული გაუქმების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზედამხედველობით მოხდა.

საბჭოთა ბლოკში შემავალი სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც სცადა დეკომუნიზაციის პროცესის დაძვრა. გამსახურდიას პარლამენტმა კომპარტია აკრძალა, ხოლო მისი სიით არჩეული დეპუტატები უზენაესი საბჭოდან გარიცხა.

ცხადია, ყოფილი პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პირობებში ლუსტრაციის კანონი დღის წესრიგში ვერ დადგებოდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს მოქალაქეთა მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. კანონის შესავალი ასე გამოიყურება: „ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ტოტალიტარულმა კომუნისტურმა საბჭოთა რეჟიმმა, მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა - ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი“.

შევარდნაძის მმართველობის დასრულებისთანავე, უშიშროების სამინისტროს არქივი გაიხსნა. ამ არქივის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ინფორმაცია აგენტურის შესახებ, საქართველოდან გატანილია და რუსეთში ინახება. დღეს, ამ არქივით ძირითადად საბჭოთა პერიოდის მკვლევრები სარგებლობენ.

ამა წლის 28 ოქტომბერს, 1991 წლის მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების 20 წლის თავზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული „თავისუფლების ქარტია“. ამ ეტაპზე მხოლოდ პრინციპებზე შეთანხმება მოხდა და როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, გამორიცხული არ არის, რომ შემოთავაზებულ დოკუმენტში მომავალში მნიშვნელოვანი კორექტივები შევიდეს.

0x01 graphic

ბერლინის კედელი

ცვლილებები კანონპროექტს მართლაც ესაჭიროება, ვინაიდან ის უკიდურესად ეკლექტურია და უამრავ ხარვეზს შეიცავს.

პრინციპები - რაზეც დეპუტატები შეთანხმდნენ და ნაკლებად სავარაუდოა მომავალში ცვლილებები შეეხოს - გულისხმობს იმას, რომ საბჭოთა აგენტების რეესტრი შედგება, კომპარტიისა და კომკავშირის ნომენკლატურას კი უმაღლესი სახელმწიფო არჩევითი და დანიშვნითი თანამდებობების დაკავება შეეზღუდებათ. მათ არ შეეძლებათ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე ჯარში და პოლიციაში სამსახური. ისინი ვერც საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობას შეძლებენ.

ყველაზე დიდი აჟიოტაჟი, კანონპროექტის იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას შეეხება. ამ მიმართულებით კანონს განსაკუთრებული დახვეწა სჭირდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, კანონპროექტის ახალი რედაქციით, შეზღუდვა მხოლოდ საჯარო საკუთრებაში მყოფ, ან საჯარო დაფინანსების მქონე ობიექტებს შეეხება. გამონაკლისს ისტორიული ძეგლებისათვის დაუშვებენ. კანონი არ გავრცელდება კერძო პირებსა და მათ საკუთრებაზე.

0x01 graphic

პრეზიდენტი რეიგანი ბერლინის კედელს ანგრევს
ფოტო: REUTERS ©

ამ იდეის მოწინააღმდეგეთა მთავარი წუხილი ისტორიული მეხსიერებაა. მათი აზრით, კომუნისტური სიმბოლიკა მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში პარლამენტის შენობიდან ნამგალი და უროს დემონტაჟი იგივეა, რაც კომუნისტების მიერ იმავე ადგილას მდგარი ეკლესიის დანგრევა. ისინი თვლიან, რომ თუ იმელის შენობას არ ვუფრთხილდებით, ნარიყალაც არ უნდა წარმოადგენდეს ფასეულობას, რადგან ისიც დამპყრობლების აშენებულია.

იდეის კრიტიკოსთა ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ ალავერდისა და სვეტიცხოვლის ტაძრების კედლებიც თეთრად შეღებილი უნდა შეგვენარჩუნებინა, რადგან გადაღებილი ხატებიც ჩვენი ისტორიის ნაწილია

პლურალისტურ საზოგადოებაში არსებობის უფლება ყველანაირ აზრს აქვს. საბჭოთა სიმბოლიკის შენარჩუნების მომხრეებს სრული უფლება აქვთ, სათუთად შეუნახონ მომავალ თაობას ლენინის, ორჯონიკიძის, სტალინის და კამოს ქანდაკებები, ოღონდ არა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. მათ ავიწყდებათ, რომ არავის აქვს უფლება აიძულოს მოქალაქე ფული მისთვის საძულველ ან მიუღებელ იდეოლოგიას მოახმაროს. ეს სინდისზე ძალადობას ნიშნავს.

16 სასოება რვა დოლარიდან

▲back to top


საზოგადოება

„სასოწარკვეთილი ვიყავი, ყველა ექიმი ჩამოვიარე, ათასები გადავიხადე და მაინც ვერაფერი მიშველეს. ისიც არ იცოდნენ რა მჭირდა. შემდეგ მივედი ჰომეოპათთან, რამდენიმე თვეში ტკივილები გაქრა, თითქოს არც არასდროს მაწუხებდა რამე, გამაოგნებელი მიღწევაა!“ მსგავსი აღფრთოვანებით ჰომეოპათებს დამსახურებას ხშირად უქებენ.

ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინაა. მისი ძირითადი პრინციპები სამუელ ჰანემანმა ორი საუკუნის წინ ჩამოაყალიბა. გერმანელი მეცნიერის მტკიცებით, „მსგავსი მსგავსით იკურნება“ ანუ ჰომეოპათიური წამალი ავადმყოფში კურნავს იმას, რასაც ჯანმრთელ ადამიანში თავად იწვევს. მაგალითად, ყავა აღმგზნები სასმელია, წყალში 30-ჯერ გაზავების შემდეგ, როცა სითხეში ყავის უმცირესი მატერიალური ნაწილი დარჩება, ჰომეოპათები მიღებულს უძილობის საწინააღმდეგოდ შემოგვთავაზებენ. თუმცა ყველაზე უცნაურიც აქ იწყება - საბოლოოდ გაზავებულ სითხეში - ყავის ერთ მოლეკულაზე წყლის 1 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 მოლეკულა შეიძლება მოდიოდეს. ან კიდევ უფრო მეტი ნულით. ეს ქიმიის ენაზე ნიშნავს, რომ წამალი ფაქტობრივად არ არსებობს. ის უბრალო ონკანის წყლისგან არაფრით განსხვავდება. „ჰომეოპათიური წამლის დამზადების წესს პოტენცირება ჰქვია. წყალში თანდათან ვარდება კონცენტრაცია ისე, რომ შეიძლება არც დარჩეს საწყისი ნივთიერება. მაგრამ წყალი იმუხტება. იცვლის თავის სტრუქტურას. რამაც იგივე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს რაც წამალმა. ამას ეძახიან „წყლის მეხსიერების ფენომენს“, - წყლის დამუხტვის შთამბეჭდავ თვისებებს ჰომეოპათი თორნიკე ალაშვილი გვიმხელს. მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის წარმომადგენლები კი მსგავს მოსაზრებას უსაფუძვლოსა და არამეცნიერულს უწოდებენ. „რომ დამტკიცდება, მერე არ შერცხვებათ საკუთარი შეცდომების აღიარების?“ ამბობს ჰომეოპათთან მიღებაზე ჩაწერილი ქალბატონი. მისთვის მტკიცებულებებს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ „ამდენს უშველა!“. ქალბატონის გვერდით პაციენტების არმია დგას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰომეოპათებმა შეუძლებელი შეძლეს. მათი ხმის პარალელურად, თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ განკურნებული პაციენტის მადლიერებას მეცნიერება ეჭვით უყურებს. დღემდე ვერც ერთმა სამეცნიერო გამოკვლევამ ვერ დაადასტურა, რომ ჰომეოპათიური მედიკამენტების დადებითი ზემოქმედება პლაცებოს ეფექტს აღემატება.

0x01 graphic

პლაცებოს ეფექტს მოლოდინით განკურნებას უწოდებენ. თუ ადამიანს სჯერა, რომ მოცემული საშუალება დაავადებას უშველის, მისი მიღება თავის ტვინში ისეთი ნივთიერებების გამოყოფას გამოიწვევს, რომლებიც ადამიანს ტკივილს შეუმსუბუქებენ. სწორედ ასე აიხსნება ჰომეოპათიური მედიკამენტების ჯადოსნური წარმატებები, რომელიც სინამდვილეში, ჩვენი ფიზიოლოგიის სასწაული ყოფილა. მაგრამ პლაცებომ ცუდი ფოკუსებიც იცის. შესაძლოა ტკივილი გაქრეს - დაავადება კი ჩვენგან მალულად განვითარდეს. მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა წამლებს ამ ეფექტის გასაკონტროლებლად ამოწმებს. კვლევის შედეგებმა უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული სამკურნალო საშუალება ნამდვილად ფლობს კურნების თვითმყოფად უნარს და მისი ეფექტეფექტიანობა ჩვენი მოლოდინით არ არის განპირობებული.

0x01 graphic

ჟურნალ Guardian-ის მესვეტემ, ბრიტანელმა მეცნიერმა ბენ გოლდაკრიმ ექსპერიმენტის შედეგები მოიყვანა. შემთხვევითი შერჩევის გზით, ორ ჯგუფად დაყოფილი 200 ადამიანიდან, პირველ ასეულს ნამდვილი ჰომეოპათიური წამალი მისცეს, ხოლო მეორეს - ცრუ წამლები. ორგანიზატორების გარდა არავინ იცოდა ვინ ფლობდა ჰომეოპათიურ მედიკამენტს და ვინ - ცრუ ჰომეოპათიურს. გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ ჯგუფში, სადაც ცრუ ჰომეოპათიურ პრეპარატს სვამდნენ, იმავე დადებით შედეგს იღებდნენ, რასაც ჰომეოპათიური წამლების მომხმარებლები. ზოგიერთი ჰომეოპათი აღიარებს, რომ „პლაცებოს ეფექტი მკურნალობის პროცესის ნაწილია“, ხოლო კვლევამ მეცნიერებს აჩვენა - „პლაცებო ჰომეოპათიური მკურნალობის სრული ახსნაა“. ჩვენი სხეულის ამ გასაოცარი უნარის გამო, თურმე მნიშვნელობა არ აქვს ჰომეოპათიურ წამალს მიიღებ თუ რაჰათ-ლუხუმს. რწმენის შემთხვევაში ორივე თანაბარ შედეგს მოგვცემს. უბრალოდ რაჰათ-ლუხუმი ბევრად ნაკლები დაჯდება... ქართველი ჰომეოპათები დასავლელ კოლეგებს წამლების დამზადების იმ მეთოდოლოგიაშიც ჩამორჩებიან, რომელიც მის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი ელენე ამირეჯიბი გვეუბნება, რომ მას ისეთ ჰომეოპათთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონია, რომელიც ტუბერკულოზის წამალს, დაავადებულთა ნახველიდან ამზადებდა. მისი აზრით, ეს უბრალოდ კატასტროფაა, რომელსაც არავინ არეგულირებს. კატასტროფაა, რადგან საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ტუბერკულოზის ნოზოდის ანუ შხამის სტერილობას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჰომეოპათია 2005 წლიდან ამოღებულია ლიცენზირებადი დარგების ნუსხიდან. რაც შეეხება ექიმი ჰომეოპათების რაოდენობას - 2001 წლიდან დღემდე 64-მა მათგანმა გაიარა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გვირჩევს, უსაფრთხოების მიზნით წამალი სერტიფიცირებული ჰომეოპათის მიერ დაინიშნოს. ქალბატონ ელენეს მიაჩნია, რომ ჰომეოპათიას აქვს არსებობის უფლება. „იმისთვის რომ პაციენტები მასობრივად არ დარჩნენ მოტყუებულნი, კანონია მოსაფიქრებელი“, აცხადებს ის. ჰომეოპათებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ უპირისპირდებიან მტკიცემტკიცებულებით მედიცინას, შესაძლოა, პაციენტის გამოჯანმრთელებაში დადებითი როლიც კი ითამაშონ. „იმედს აქვს ფსიქოთერაპიული შედეგი. თუ პაციენტი ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტზე უარს არ იტყვის და თან ჰომეოპათიურ წამალს მიიღებს, ეს შესაძლოა დადებითიც აღმოჩნდეს...“ - თუმცა ქალბატონ ელენეს არ ესმის, რა საჭიროა ამაში დამატებითი ფულის გადახდა, როცა პლაცებომ შესაძლოა საავადმყოფოში გამოწერილ წამალზეც იმოქმედოს და თან ამ დადებით ეფექტს, მედიკამენტის დადებითი ზემოქმედებაც დაერთოს. „აქ ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის პრობლემაა, ჰომეოპათები, როგორც წესი, სალონურ გარემოში ხვდებიან პაციენტებს და გაცილებით უკეთ ესაუბრებიან, ვიდრე მტკიცებითი მედიცინის წარმომადგენლები“. ჰომეოპათიური წამლების ფასი 8 დოლარიდან იწყება. ქალბატონი ელენე აღნიშნავს, რომ „რაც უფრო მიუწვდომელი და ძვირადღირებულია პრეპარატი, მით უფრო ძლიერდება მისი პლაცებოს ეფექტი“.

საკუთარი უნიკალურობის დასამტკიცებლად ჰომეოპათებს ისტორიული მაგალითების მოყვანა უყვართ. ერთი ასე ჟღერს: მეცხრამეტე საუკუნეში ქოლერის გავრცელების დროს, ლონდონის ჰომეოპათიურ საავადმყოფოში სიკვდილიანობა სხვა საავადმყოფოებთან შედარებით სამჯერ ნაკლები იყო. „ამაზე რას იტყვით, ჭკვიანებო?“ ნიშნის მოგებით კითხულობენ ჰომეოპათები. მონაცემებისთვის პასუხის გაცემა, საისტორიო მეცნიერებისთვის მარტივი აღმოჩნდა. თურმე, ორი საუკუნის წინ ექიმები ქოლერის სამკურნალოდ სისხლის გამოშვებას, ტყვიის აბებს და სხვა მრავალ, დღეს გამოუსადეგარ მეთოდს იყენებდნენ... რაც, ბუნებრივია, მდგომარეობას უფრო აუარესებდა. ჰომეოპათების განსაკუთრებული დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, მართალია, ვერ კურნავდნენ, მაგრამ არც ასე მავნებლობდნენ.

17 სინათლე ჩვენს ფანჯრებში?

▲back to top


დავით პაიჭაძე|სვეტი

0x01 graphic

...ბოლო 12 წელი ერთად ვიყავით. ჩემი რომ გახდა, არაფერი აკლდა - ლაზათი ჰქონდა, ძალაც მოსდევდა, ბევრის უფლებას მაძლევდა, უხმოდ დადიოდა კი არა - მოცეკვავესავით დანარნარებდა. სიამოვნებით ვხმარობდი. მაგრამ დრომ და ასაკმა თავისი უყო. რაღაცნაირად, გაიქუცა და მოირყა. ახლა გაცილებით მეტს ვახარჯავდი, ვიდრე უწინ. ჩვენ შორის იმატა სტრესმა და დაძაბულობამ. ამიტომაც გადავწყვიტე, ახალი გამეჩინა და სრულიად დაუნანებლად მივატოვე. მეტიც - თხასავით გავყიდე.

დღეს ახალთან ურთიერთობის ცხელი ფაზა მაქვს: თაფლობის თვე. წინას ბევრად ჯობია. პრობლემებს არ ქმნის საერთოდ. ჯანმრთელია და ლამაზი. მაგრამ ჩვენი ურთიერთობის მოწამვლა უკვე მოასწრეს. სახელმწიფომ შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავს მანქანაში დაბურულ მინებს. ჩემი კი დაბადებიდან ნაწილობრივ მუქ ფერებში უყურებს სამყაროს.

სახელმწიფო ადგენს, რომ მანქანის წინა საქარე მინა (მინებში ყველაზე ძვირი) 100%25-ით გამჭვირვალე უნდა იყოს. შედარებით დაბალია მოთხოვნები წინა და უკანა გვერდითა მინებზე. საქართველოს მძღოლებმა უნდა მიაკითხონ იმათ, ვინც მინები დაუბურა და ფული ახლა - როგორ ვთქვა: განბურვაში? - მოკლედ, დასაბური ფირის აძრობაში გადაუხადონ. ეს იქნება დამბურავთა ბედის ირონია და გედის სიმღერა - მათი ბიზნესი საქართველოში დასრულდება იმით, რის პირიქითსაც აქამდე აკეთებდნენ.

ოფიციალური მოტივაცია გასაგებია: უსაფრთხოება და უკეთესი ხილვადობა. კუსტარულად დამუქებული მინების გაღიავებას არ ვეწინააღმდეგები. მაგრამ არის რამდენიმე საკითხი.

საქართველოში შემოდის ისეთ ქვეყნებში წარმოებული მანქანები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები ჩვენსაზე დეტალურად არის დამუშავებული. თუ იაპონიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში ან საფრანგეთში სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ქარხნული წესით დაბურული მინები მანქანაში მოქალაქეებს საფრთხეს არ უქმნის, ჩვენ რა გამჭვირვალობა აგვიტყდა?

საქართველო, ასე თუ ისე, მზიანი ქვეყანაა და წინა საქარე მინის ოდნავი - თან ქარხნული! - დაბურვა საფრთხეს არ უნდა ქმნიდეს. წინა საქარე მინის წიაღ სინათლის 100%25-იანი გამტარობა ახირებას უფრო ჰგავს, ვიდრე რაციონალურ წესს. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, შეიძლება საჭესთან მზის სათვალის აკრძალვამდე მივიდეთ. რაც შეეხება ღამით მგზავრობას, ქარხნული წესით ოდნავ დაბურულმინიან მანქანებს საკმარისად მძლავრი მაშუქები აქვთ, რათა ხილვადობისას არ დაბრკოლდნენ.

ასევე საინტერესოა სტატისტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას: დანამდვილებით არის ცნობილი რიცხვი ავტოსაგზაო შემთხვევებისა, სწორედ დაბურული მინების მიზეზით რომ მოხდა? ადრე ხელისუფლებამ უკან დაიხია მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვისას. მოჰყვა ამას დრამატული შედეგები ასეთი მანქანების ან მათი შემხვედრი ავტომობილების მძღოლთათვის? არ იკრძალება არც საჭის გადატანა მარჯვნიდან მარცხნივ, რისი რისკიც ასევე უცნობია.

მაღალი გამავლობის მანქანებს (ხალხურად: ჯიპებს) არ გააჩნიათ სედანის ტიპის საბარგული და აქვთ ე.წ. უკანა გვერდითა ყრუ მინები. ეს მინები ეკუთვნის საბარგულის სივრცეს, უძრავია და ძალიან ხშირად სწორედ ქარხნული წესით არის დამუქებული (ანუ მინას ვერაფერს ააფხრეწ, სიმუქე კი არ აკრავს, შენივთულია მასთან). უკანა ყრუ მინები თითქმის არ მონაწილეობენ ხილვადობის უზრუნველყოფაში. მძღოლი მხოლოდ უკანსვლისას იყენებს მათ, სარკეებს და უკანა, ანუ მეხუთე ან მესამე კარის მინას. ავტომობილის მგზავრები უკანა ყრუ მინებიდან არ უყურებენ გარემოს, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი სალონში სხედან და არა საბარგულში. უკანა გვერდითი ყრუ დამუქებული მინები გარეშე პირებს უძნელებენ საბარგულში ჩაჭვრეტას ანუ ცხვირის ჩაყოფას იქ, სადაც არაფერი ესაქმებათ. რატომ უნდა ვაქციოთ ისინი გამჭვირვალედ? მით უმეტეს, თუ უკანა - არაგვერდითი - მინის დაბურვა არ იკრძალება?

ჩემი HONDA CR-V დამზადებულია აშშ-სთვის, რომელიც უსაფრთხოებისადმი უაღრესად მგრძნობიარე სახელმწიფოა. მას ქარხნული წესით ოდნავ დამუქებული აქვს წინა საქარე და გვერდითა მინა, ხოლო შედარებით მეტად - უკანა მინები. მძღოლის ლამის სამასგვერდიანი გზამკვლევი დეტალურად აღწერს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უნდა დაიცვა მართვის დროს - როგორ იარო მოლიპულ გზაზე, როგორ ამგზავრო ბავშვი, როგორ და სად უნდა დაამაგრო საბავშვო სავარძელი და ა.შ. არსად, არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ქარხნული წესით დაბურული ანუ მანქანისთვის „რადნოი“ მინების, როგორც რისკ-ფაქტორის შესახებ

რატომ უნდა დავახარჯოთ რამდენიმე ასეული დოლარი იმას, რისი აუცილებლობაც არავის დაუსაბუთებია? რატომ გვაიძულებს სახელმწიფო, ვუყუროთ მას, როგორც ზედმეტად ხელის მოფათურეს ჩვენს ჯიბეში ჯარიმებით ხაზინის შესავსებად? იმიტომ, რომ ქორწილამდე (წაიკითხე: არჩევნებამდე) დაგვავიწყდება? თუ სახელმწიფო გაჯიქდება და არ გადახედავს ამ კანონს, რატომ არ იძლევა ის გონივრულ ვადას - არამედ მხოლოდ ორ კვირას - ქარხნულად დაბურული მინების შესაცვლელად? ვნახავთ კი ამიერიდან სახელმწიფო კაცებს სრულიად გამჭვირვალე მანქანებში?

მობილურის ნომერი იგივე - შემოთავაზება ახალი

მობილური ქსელის შესაცვლელად ნომრების დაგროვება ან ძველის ახლით ჩანაცვლება აღარ არის საჭირო. სატარიფო პაკეტს თავად შეარჩევთ და სასურველი მომსახურებით ისარგებლებთ, ნომერი კი იგივე დაგრჩებათ - ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი დადგენილებაა. მობილური ქსელის ოპერატორები კი ვალდებულნი არიან ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. ინიციატივა ნაწილობრივ უკვე ძალაშია. ნოემბრიდან აბონენტები კონკრეტული ოპერატორების მიერ შეთავაზებულ მომსახურებებიდან სასურველს ირჩევენ. ეს მაგთიკომის აბონენტებს საშუალებას აძლევს მაგთის, ბანისა და ბალს შორის გააკეთოს არჩევანი. ხოლო ჯეოსელის აბონენტებს - ჯეოსელის, კერძოდ 77-სა და ლაი ლაის შორის. ცვლილება სრულად 2011 წლის 15 თებერვლიდან შევა ძალაში. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ნომრის შეცვლის გარეშე, სრულიად უფასოდ აირჩევს და შეიცვლის მაგთის, ჯეოსელის ან ბილაინის სატარიფო პაკეტებს.

ეს სიახლე ევროპის ქვეყნებმა მოქალაქეებს უკვე შესთავაზეს. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ახალი ინიციატივა დროულია და ამ მხრივ ევროპის ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩება - „კანონმდებლობაში ცვლილება გასულ წელს შევიტანეთ, წელს კი ნორმატიული აქტი მივიღეთ. ეს პროდუქტი საკომუნიკაციო ბაზარზე რა დროსაც გაჩნდა, მომხმარებელს მაშინვე შევთავაზეთ. შესაძლოა, განსხვავება თვეებში იყოს“. კანონში შეტანილი ცვლილებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ მობილურ ოპერატორებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, კახი ყურაშვილის თქმით, ინიციატივას სიხარულით ის ოპერატორები შეხვდნენ, რომლებიც ბაზარზე დამკვიდრებას ახლა ცდილობენ. მაგალითად, მობიტელი, რომელსაც იმედი აქვს, რომ თავისი დაბალი სატარიფო პაკეტებით ჯეოსელისა და მაგთიკომის ბევრ აბონენტს გადაიბირებს. მაგთიკომსა და ჯეოსელს კი ეს პროცესი ნაკლებად მოსწონთ, რადგან კლიენტების რაოდენობის შესანარჩუნებლად დამატებითი აქტივობების განხორციელება მოუწევთ.

ახალი ინიციატივა კომპანიების კეთილდღეობაზე მეტად მომხმარებელზეა მორგებული. მათი რაოდენობა კი მობილური ოპერატორების წარმატებულობის მაჩვენებელია. კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ოპერატორები აბონენტის ნომერს, როგორც „დაბმის“ საშუალებას, ვეღარ გამოიყენებენ. ამიტომ იმისათვის, რომ აბონენტების რაოდენობა შეინარჩუნონ, ოპერატორებს მოუწევთ იზრუნონ ხარისხზე, დაფარვის ზონის გაზრდასა და სატარიფო პაკეტებზე. ეს ავტომატურად ოპერატორებს შორის კონკურენციის გაზრდასაც გამოიწვევს. აქამდე საკომუნიკაციო ბაზარზე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის კონკურენციის არსებობა მომხმარებლისათვის ნაკლებად იყო შესამჩნევი.

18 სატრანსპორტო აურზაური

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

1 ნოემბრიდან თბილისში არსებული 125 საავტობუსო ხაზიდან მხოლოდ 92 დარჩა, მათგან 35 - შეცვლილი მარშრუტით. ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას საკუთარი ვებგვერდის და ავტობუსებში გამოკრული განცხადებების საშუალებით ამცნო. ნაციონალურმა არხებმა ცვლილებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელეს. სწორედ ამიტომ, მგზავრთა დიდმა ნაწილმა, ცვლილებების შესახებ ავტობუსის გაჩერებაზე შეიტყო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის თქმით, ეს ცვლილება მხოლოდ არარენტაბელურ მარშრუტებს შეეხო.

ავტობუსების გრაფიკით უკმაყოფილებას მოქალაქეები ადრეც გამოთქვამდნენ. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მოქალაქეს გაჩერებაზე ლოდინი დიდხანს უწევდა. ზემოხსენებული ცვლილება, არარენტაბელური ხაზების ხარჯზე, მოთხოვნადი მარშრუტების „გაძლიერებას“ და ამ ნაკლის გამოსწორებას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, გაუქმებული ხაზის ავტობუსები, დიდი მოთხოვნის მქონე მარშრუტებს დაემატა.

ავტობუსებში უბილეთო მგზავრობის აღმოსაფხვრელად, ერთი თვის წინ, ბარათებით გადახდის სისტემა სავალდებულო გახდა. პირველი თვის განმავლობაში ბარათები უფასოდ გაიცემოდა, ახლა კი მათი ღირებულება 2 ლარს შეადგენს. ამჟამად თბილისში 400 ათასი ასეთი ბარათია. გადახდის სისტემა მარტივია, პირველი მგზავრობა 40 თეთრი ღირს. ბარათის სულ რაღაც ორჯერ გამოყენების შემდეგ კი, საფასური 20 თეთრამდე მცირდება.

თუმცა, თუკი ადრე ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა ტრანსპორტის გამოუცვლელად იყო შესაძლებელი, მარშრუტების შეცვლის შემდეგ, ორი და ზოგჯერ სამი გადაჯდომაც კი გახდა საჭირო. რაც დროის კარგვასთან ერთად, დამატებით ფინანსურ ხარჯთანაცაა დაკავშირებული.

როგორც მერიაში აცხადებენ, იგეგმება დატვირთვის სხვა სახის ტრანსპორტზე გადანაწილება. არსებობს ტრამვაის აღდგენის პროექტი, რომელიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ვერ განხორციელდება. მისი ღირებულება არც ისე ცოტაა და 400 მილიონ დოლარამდე აღწევს. ტრამვაის მოძრაობა მხოლოდ ცენტრალურ და ფართო ქუჩებზე იქნება შესაძლებელი, მანამდე კი აქცენტი კვლავ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებზე კეთდება.

მომავალი წლიდან ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მგზავრთა ნაკადის სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს, რაც მარშრუტების ხარვეზების გამოსწორებას შეუწყობს ხელს

19 რუსული ფილტრი

▲back to top


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ქართველ ლექსიკოგრაფს, მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ მიართვეს დიდ ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი გამოსვლისთანავე. იქვე არნოლდ ჩიქობავას მონათხრობსაც იხსენებს, თუ როგორ გადმოიღო თაროდან სტალინმა სპეციალურად მისთვის ხბოს ტყავში ჩასმული შინდისფერი ტომი, გადაფურცლა და გაკვირვებულმა ჰკითხა ლექსიკონის მთავარ რედაქტორ ჩიქობავას: „აქ წერია, რომ „ბლუზა“ ფრანგული სიტყვაა და ქართულში ხომ რუსულიდან შემოვიდაო?!” სტალინის სიკვდილის შემდეგ გამოიცა განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა, სადაც რუსული „ბლუზას“ ნაცვლად შესაბამის სტატიაში გაფრანგულებული „ბლუზ“-ი წერია, მაგრამ რუსიფიკაციის პრობლემა ამით არ გადაჭრილა.

ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ერთგვარ კულტურულ მოვლენად იქცა ყოფილ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც უცხო პირთა სახელების ლექსიკონმა და ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ აუბეს მხარი. საინტერესო ის არის, რომ ამ სამ წიგნში, სხვა ლექსიკონებს რომ თავი დავანებოთ, დაცული უცხო სიტყვების ქართულ ენაზე ჩაწერის ნორმები ძირითადად თანმიმდევრულია, სამივეს წითელ ხაზად გასდევს რუსული ენის გავლენა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ყველა უცხო სიტყვა თუ გვარ-სახელი რუსული ენის ფილტრშია გატარებული და შემდეგ ისეა წარმოდგენილი ჩვენს „საამაყო“ ლექსიკონებში.

საუბარი „ბრტყელ-ბრტყელი“ რომ არ გამოვიდეს, მოდით მაგალითები მოვიშველიოთ: ტაბულას 28-ე ნომერში წარმოდგენილი იყო მიშლანის სამვარსკვლავიანი რესტორნის შეფ-მზარეულის, ალან პასარის ბოსტნეულის სალათის რეცეპტი. ამ კულინარიულ რუბრიკაში ჩემი ყურადღება „მიშლანმა“ მიიქცია. საქართველოში კარგად იცნობენ საბურავების მწარმოებელ ამ კომპანიას, რომელიც ასევე კულტურული საქმიანობითაცაა დაკავებული და ყოველწლიურად რჩეული რესტორნებისა და სასტუმროების ალმანახს გამოსცემს, სადაც მოხვედრა ფრანგებისათვის ერთობ პრესტიჟული საქმეა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია საქართველოში უფრო „მიშლენის“ სახელწოდებით იყო აქამდე ცნობილი და კაცმა რომ თქვას არც „მიშლენია“ სწორი და არც - „მიშლანი“, ასეთი ნაზალური ბგერა ქართულში უბრალოდ არ გვაქვს, შესაბამისად, რომელ ფორმას გამოვიყენებთ, ერთი შეხედვით, თითქოს გემოვნების საკითხი უნდა იყოს

გრეგორი მენქიუს ფუნდამენტური ნაშრომი, „მაკროეკონომიქსი“ გამოიცა რამდენიმე წლის წინ საქართველოში. თარგმანს ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ ამ წიგნის ფურცლვისას მაინც მეუცხოვა აქა- იქ მიმობნეული „თექსასი“, „ვოშინგთონი“ და მსგავსი ამერიკანიზმები. კარგად რომ დავფიქრდეთ, მთარგმნელი ერთი მხრივ მართალია, ამერიკელები სწორადაც რომ „თექსასს“ და „ვოშინგთონს“ გამოთქვამენ და არა ისე, როგორც ჩვენი ყურია მიჩვეული. ეს წიგნი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთარგმნელმა არსებული ნორმების გვერდის ავლით, პირდაპირ ორიგინალიდან გადმოაქართულა ინგლისურენოვანი ნაშრომი, ისევე როგორც მიშლანის შეფ-მზარეულის რეცეპტის მოფრანგულე ავტორმაც ისე ჩაწერა ამ კომპანიის სახელი ტაბულას კულინარიულ რუბრიკაში, როგორც ეს მის ყურს ეამებოდა და არა ისე, როგორც ეს მიღებული იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

მაგალითების ჩამოთვლა რომ გავაგრძელოთ, პეკინის და ბეიძინის წყვილი უნდა ვახსენოთ, პხენიანის და პიონგპიანგის, სიკოკუს და შიკოკუს, ბეერშებას და ბეერშევას (ისრაელის ქალაქია) და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითში ნათლად ჩანს იმ რუსული ფილტრის კვალი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. დავუშვათ მიშლანი უფრო სწორია, ვინაიდან ფრანგულში in-ზე დაბოლოებული სიტყვები წარმოთქმის დროს სადღაც „ან“-ისკენ უფრო იხრება, ვიდრე „ენ“-ისკენ. აქამდე დამკვიდრებული ყველა მსგავსი ფრანგული სიტყვა კი რუსულის გავლენით ასე გამოიყურებოდა: შოპენი, შარდენი, კარდენი. ჰოდა, ისმის შეკითხვა რა ვქნათ, სხვა დამკვიდრებული სიტყვებიც გადავაკეთოთ და ამიერიდან შარდანზე „მოვჯდეთ“, შოპანს მოვუსმინოთ და პიერ კარდანის სამოსი მოვირგოთ?!

პრობლემა კი იმაშია, რომ თავად ენათმეცნიერების ინსტიტუტი ვერ გარკვეულა რომელია სწორი ფორმა „კლინტონი“ თუ „ქლინთონი“, „თექსასი“ თუ „ტეხასი“ და ა.შ. ძველი ნორმებით „ტეხასი“ და „კლინტონი“ უნდა ვწეროთ, ახალი ნორმები კი ჯერ არავის შეუმუშავებია! ფრანგების მსგავსად არც ორმოცი უკვდავი გვყავს, რომლებიც ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისათვის იბრძოლებენ, წლიდან წლამდე ნორმებს შეიმუშავებენ, არსებული პოლიტიკური ტენდენციებისაგან თავისუფლები იქნებიან და მხოლოდ ენობრივ პროცესებს დააკვირდებიან. ამიტომაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ყოველ ჯერზე ლოკალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუ რომელი დაიწეროს „მანჩესტერ იუნაიტედი“, თუ „მანჩესთერ იუნაითედი“, „მეტიუ ბრაიზა“ თუ „მეთიუ ბრაიზა“ და ა.შ.

უკვე დიდი ხანია ვაკვირდები Google- ში საძიებო სტატისტიკას. მაგალითად „კლინტონის“ ძიებისას 133 ათასი საძიებო ერთეული გამოაქვს, „ქლინთონის“ დროს კი - 7 ათასი. „მანჩესტერ იუნაიტედი“ - 80 ათასია, „მანჩესთერ იუნაითედი“ კი - 55 ათასი... სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია - წლიდან წლამდე რუსული ფილტრის პროცენტული მაჩვენებელი Google-ის დაინდექსებულ გვერდებში იკლებს და ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში სურათი ისე შეიცვალოს, რომ უცხოურ გვარ-სახელთა ჩაწერის უკვე მოძველებული, საბჭოური ნორმები შესაცვლელი გახდეს და აღარ იყოს ასეთი ორაზროვანი კამათის საგანი

20 საზოგადოება - ამბები

▲back to top


საზოგადოება

სასჯელი ბლოგერობისათვის

0x01 graphic

პერუს სასამართლომ ბლოგერ ხოსე ალეხანდრო გოდოის 3-წლიანი ციხე და 120-დღიანი საზოგადოებისათვის სასიკეთო სამუშაო მიუსაჯა. ხოსე ალეხანდრო პირადი ბლოგის - მესამე სართულიდან - მფლობელია. ამ ინტერნეტგვერდმა პერუელ ახალგაზრდებში პოპულარობა მალე მოიპოვა. ხოსე ალეხანდრომ აპრილში ყოფილ მინისტრ ხორხე მუფარეჯიზე ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსს კრიმინალურ საქმიანობაში სდებდა ბრალს. სტატიამ დიდი დისკუსია გამოიწვია. ხელისუფლებამ ჟურნალისტი-ბლოგერი აპრილშივე დააკავა, სასამართლო კი რამდენიმე კვირის წინ შედგა.

განაჩენს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ამ ფაქტს არაკონსტიტუციური უწოდეს.

მშიერი დათვები

0x01 graphic

„შორიდან ძვირფასი ადამიანის საფლავზე დამხობილ დიდ კაცს ჰგავდა“, - ასე გაიხსენა ორმა რუსმა ქალბატონმა რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ნანახი სურათი. ახლოს მისვლის შემდეგ, მათ მომტირალი შეყვარებულის ნაცვლად დათვი დაინახეს, რომელიც მიცვალებულს ჭამდა.

მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ, რუსი დათვები დიდი ქალაქების სასაფლაოებს მიადგნენ და დაკრძალულთა ამოთხრა დაიწყეს, რადგან მათი ძირითადი საკვები სოკო, კენკრა და ბაყაყები ხანძრის შედეგად განადგურებულია.

მუნიციპალიტეტს უჭირს ცხოველების გაკონტროლება. ყველაზე მეტი ვანდალი- დათვი ჩრდილოეთში მდებარე კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეამჩნიეს.

„ისინი ძალიან მშივრები არიან. ხშირად სახლშიც გვივარდებიან. აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა კომის ნადირობისა და თევზაობის საზოგადოების პრეზიდენტმა.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან დახმარებას ითხოვენ

ბარაკ ობამა - სექსთოჯინა

0x01 graphic

შესაძლოა, ამერიკელებს ბარაკ ობამა აღარ უყვართ, მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ ჩინელების ტრფობის ობიექტია. ამის დასტური პრეზიდენტის გამოსახულებიანი გასაბერი სექსთოჯინაა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ გუანგზოუს ერთ-ერთ ფესტივალზე გამოჩნდა.

პრეზიდენტ ობამას სახის მქონე თოჯინას მუქი ლურჯი კოსტიუმი და წითელი ჰალსტუხი ამშვენებს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები Guangdon Gongchuang Economic Development-ში აცხადებენ, თოჯინა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ჩინურმა მედიამ გაავრცელა ფოტო, სადაც ობამა-თოჯინა მდედრობითი სქესის წარმომადგენელ გასაბერ თოჯინებთან ერთად არის გადაღებული.

ფესტივალზე, რომელსაც ათიათასობით მნახველი ჰყავს, 30 იუანად ყველა სრულწლოვანს შეეძლო მოხვედრა. როგორც მისი ორგანიზატორი კომპანია აცხადებს, თოჯინის მწარმოებელი კომპანიის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ფესტივალზე სხვა ცნობილი ადამიანების სახის მქონე გასაბერი თოჯინებიც იყო წარმოდგენილი.

პრეზიდენტ ობამას გამოსახულებიანი პროდუქცია ჩინეთში აქამდეც პოპულარობით სარგებლობდა. „მაობამას“ მაისური, რომელზედაც ობამასა და მაო ძედუნის კომბინირებული ფოტოა გამოსახული, ჩინეთში ბესტსელერად იქცა

21 როგორ „გადავაგდოთ წამალი“

▲back to top


ტაბულა რაზა

ნაწილი II.

გამოსვლა

ზურაბ ოდილავაძე

ინტერვიუ 30 წლის განმავლობაში ნარკოტიკების მომხმარებელთან, რომელმაც 10 წლის წინ საბოლოოდ დაანება თავი, ამჯერად სამუდამოდ!

მე - ჰოო, მოსასმენადაც მძიმე ისტორიაა, წარმომიდგენია როგორ გაგიჭირდებოდა. მაგრამ, ასე უბრალოდ რომ იყოს საქმე, ყველა დაანებებდა. მიპასუხე, ალბათ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე - რატომ ვერ ანებებს ნარკომანი წამალს თავს? ჯოჯოხეთურ ტანჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დამატებით არსებობს ნარკომანიის თანხმლები შეზღუდვები - კანონგარეშე ცხოვრება, პოლიცია, დაკავებები.ამჟამად მაინც არის პირობები, საკმაოდ უმტკივნეულოდ გადააგდო ეს მავნე ჩვევა და მაინც უარყოფითი შედეგი, რატომ?

ბექა - მართალი ხარ, ნარკომანის მთელი ცხოვრება დანებება-დაწყებაში გადის. დროთა განმავლობაში, კაიფით ტკბობა ნელდება, წამალი იქცევა აბსტინენციის მკურნალობის ერთადერთ საშუალებად. იკეთებ მხოლოდ ერთი მიზნით - არ იყო იმ წყეულ მდგომარეობაში, რომელსაც „ლომკა“ ჰქვია. ბევრი მიფიქრია, თუ როგორ შეიძლება ასე დაეცე, ზრდასრულმა მამაკაცმა ყოველგვარი თავმოყვარეობა დაკარგო და იცხოვრო იმ წუმპეში, რომელიც ნარკომანიას თან ახლავს?! შევეცდები ავხსნა.

მორფინისტმა იმკურნალა, ჩაიტარა გადასხმები, აბსტინენცია შეწყდა. აი, აქ მივადექით ახლად დანებებული მკეთებლის წინაშე აღმართულ ორ დიდ კედელს, რომლის გადალახვის გარეშეც სრული განკურნება წარმოუდგენელია: I. უახლოესი დრო ის ამოცანა - ემოციური გამოფიტვის დაძლევა და II. შორეული პრობლემები - რეალურ ცხოვრებაში ჩართვა, ანუ სოციალური და სექსუალური რეაბილიტაცია. მივყვეთ თანმიმდევრობით.

I. მოკლედ, ორ სამ კვირაში „ლომკა“ დამარცხებულია, და რა?! ნარკომანი სიცარიელეშია, - მისი ემოციები მკვდარია! მას არ უხარია ცხოვრება, არ ხიბლავს ჩვეულებრივი ყოფა, მზის ამოსვლა, შესანიშნავი ბუნება, საყვარელი შვილები, საინტერესო წიგნი. დაკარგული ემოციების დაბრუნებას საკმაო დრო და მოთმინება სჭირდება. მაგრამ, როგორც ჩემმა დანებების პრაქტიკამ მიჩვენა, ის ტვინის ცენტრები, რომლებიც განაგებენ ჩვენს გუნება-განწყობას, სავსებით აღდგენადია. ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრების ხალისიანი აღქმა, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში იწყებს დაბრუნებას!

II. საღი ცხოვრების მიმზიდველობის სრულად შეგრძნებისთვის, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას, გახდეს მისი სრულფასოვანი, წარმატებული წევრი. დანებების სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ფსიქოლოგებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ადამიანის ცხოვრებისეულ გზას წარმართავს ორი ძალა: 1. სურვილი, იყოს მნიშვნელოვანი და 2. სექსუალური ლტოლვა. ეს უკანასკნელი გულისხმობს შემდეგს: კაცს სურს მუდმივად იღებდეს საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღბას, საწოლში გრძნობდეს თავს ძლიერ სექსუალურ პარტნიორად. ჩვენთან ცხოვრების ეს მხარე მიჩქმალულია, არა და ის იმდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, რომ დიდწილად პირველ პუნქტს, ანუ „სურვილს, იყო მნიშვნელოვანი“-ც კი ჯაბნის. მოდი განვიხილოთ ნარკომანის ცხოვრება ამ თვალსაზრისით. მორფინისტი შეეშვა წამალს, გაიარა ფსიქო-ემოციური ადაპტაცია და... ისევ რა? კვლავ სიცარიელე! ადამიანი ხედავს, რომ მას არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, გარდა ჭამისა და ძილისა, ის არაა რეალიზებული. გარშემო ყველა რაღაც საყვარელ საქმეს აკეთებს, ერთობა, ჰყავს საყვარელი ქალი, ისინი ცხოვრობენ სისხლსავსე ცხოვრებით. გამოჯანმრთელებული მორფინისტის ყოფა კი, ძველებურად მოსაწყენი და ერთფეროვანია. ის უბრალო ადამიანურ ურთიერთობებსაც კი გადაეჩვია, გოგოს გაცნობაზე და რომანზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ასეთი ადამიანი, ფაქტობრივად, თავიდან იდგამს ფეხს, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, რადგან ფხიზლად ვერ უახლოვდება ადამიანებს, ის დაშინებულია, უმიზეზოდ მორცხვობს. მოკლედ, ნარკომანს სჭირდება სოციალური ადაპტაცია, ადამიანური ურთიერთობები, რაღა თქმა უნდა, სიყვარული და სექსი. რადგან ჩვეულებრივ, ფხიზლად ყოფნისას ამას ვერ აღწევს, ის ფიქრობს ასე: „აჰა, დავანებე, ამდენი ვიწვალე და რა? ისევ მოხარშული კარტოფილივით ვაგდივარ, მიტოვებული, არც გოგო მყავს, არც არავის ვუყვარვარ, ვერც ვერაფერს ვაკეთებ, არც არავის ვჭირდები... რა ვქნა, რაა?! აი, გუშინ ოჩილა იყო, კაიფში, ნაშასთან ერთად, სადღაც მიდიოდნენ... რა გაეწყობა, სულ ასე გდებას, გავიკეთებ და იმ წამებასთან ერთად, დროდადრო მაინც ვიქნები ხასიათზე, ცხოვრებაში ჩართული. ეჰ, მოდი ერთხელ გავიჩხირავ, ცოტას მეც გავიხარებ“, - იღებს ტელეფონს და იწყება ჯოჯოხეთის ახალი წრე. ამას კი, უარესი სასოწარკვეთა და წამალში ღრმად ჩაფვლა მოჰყვება.

გარდა ჩამოთვლილისა, მორფინისტს აგრეთვე ექმნება სხვა სექსუალური პრობლემები. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ორგაზმის დადგომის დრო ძლიერ გახანგრძლივებულია, რაც მკეთებელს სექსუალური სიძლიერის ილუზიას უქმნის. დანებების შემდეგ კი, მას უმუშავდება პოლუციის მსგავსი, მომენტალური ორგაზმი, ხოლო ერექცია ხან მოკლეა და დუნე. ამ ორი მიზეზის, ანუ დაბალი თვითშეფასებით გამოწვეული შიშების და სქესობრივი კავშირისთვის არა საკმარისი ერექციის გამო, მორფინისტი იწყებს ალკოჰოლის მიღებას. დასალევის ზემოქმედებით მიღებული სიამოვნება არ ხიბლავს მორფინისტს, რადგან ის დიდად განსხვავდება კაიფისგან. მიუხედავად ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ნარკომანი ადრე თუ გვიან იწყებს სმას, უფრო ხშირად „კარიერის“ დასასრულს. სწორედ დასალევი „კურნავს“ ზემოხსენებულ შიშებს და გარკვეული დროით, ნაწილობრივ, ვენური სისხლის მიმოქცევის გაზრდის ხარჯზე, აგვარებს კიდეც ხანგრძლივი სექსის პრობლემას. მაგრამ, გადის სულ ერთი ორი წელი და ნარკომანის ცხოვრება შიდგება საბოლოო დაშვების ხანა, ის უკიდურესად „ფარჩაკდება“. ეს იგივეა, ცეცხლი რომ ბენზინით აქ რო - „მკურნალობა“ საშინელი შედეგით! თან სახიფათო ისაა, რომ დანებების ჟამს ალკოჰოლზე გადასვლა, ახლობლებს, თვით ნარკომანსაც უქმნის ილუზიას, თითქოს დადგა ბედნიერი ხანა - კაცი გონს მოეგო და ქეიფი დაიწყო! სულ მოკლე ხანში კი მოდის გაწბილება, - ნარკომანი ისეთ პათოლოგიურ ლოთად იქცევა, რომ მისთვის და გარშემომყოფთათვის ნარკომანული ცხოვრების წესი სანატრელი ხდება. ამიტომ სასმელი სამუდამო დავიწყებას უნდა მიეცეს, თორემ გარდა აგრესიული ქმედებებისა, ღვიძლის ციროზი უახლოეს 23 წელში გარდუვალია!

მე - ახლა დავუბრუნდეთ ისევ საზოგადოებაში დაბრუნების სხვა ასპექტებს - სამსახურს, საყვარელ საქმეს. შენ როგორ მოახერხე ეს?

0x01 graphic

ბექა - ცხოვრების ახალი აზრის პოვნა, ურთიერთობები ადამიანებთან, სამსახური, შენი საქმე, ჰობი, და ეს ყოველივე თავიდან, უნარკოტიკოდ, - ძნელია! მაგრამ, ნარკომანისთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლაა და მასში ის ვალდებულია, გამარჯვებული გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოთობა გარდუვალია! მან აუცილებლად უნდა მოახერხოს ყურადღების მთლიანი გადატანა რაღაც ახალ, საინტერესო საქმეზე. თავიდან ჩვეულებრივი, უბრალო საქმეც კმარა. ვთქვათ, პირადი კუთხის, წიგნების მოწესრიგება, ხატვა, წერა, კითხვა. ნარკომანს ხომ ყველაფერი არეული აქვს, ყოფის ყველა სფერო პრაქტიკულად თავიდანაა ასაწყობი. საქმეს რა გამოლევს? მთავარია იყოს სურვილი! მეც ამ გზით წავედი: საქმედ, ჯერ ეკლესია და მედავითნეობა ავირჩიე, შემდეგ მოთხრობების წერა დავიწყე, მერე მეგობრები დამეხმარნენ და სამსახურს შევუდექი. მოვიდა წარმატება, თვითშეფასებამ მკვეთრად აიწია! თანდათან აღვადგინე ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან, რაშიც კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დამეხმარა. გაჩნდა ახალი ინტერესები, ახალი ამხანაგები და ჩემთვის თავიდან აღმოჩენილი ქალი, სიყვარული.

22 ფოთის ნავსადგურის აქციები იყიდება

▲back to top


ბიზნესი

არაბული კომპანია რაკ ჯორჯია ფოთის ნავსადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს. თავიდან კომპანია პორტის ყველა აქციის გატანას აპირებდა. ამის შესახებ არაბულ გამოცემას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჰაატერ მასადიმ აცნობა. კომპანიამ მოგვიანებით უარყო ინფორმაცია ფოთის პორტიდან წასვლის შესახებ და განაცხადა, რომ 2011 წელს საფონდო ბირჟაზე ფოთის პორტის აქციების მხოლოდ ნაწილს გაიტანს.

0x01 graphic

რაკ ჯორჯიამ ფოთის ნავსადგურისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 300 ჰექტარი მიწის ფართობის აქციების სასაკონტროლო პაკეტი 99-წლიანი სარგებლობით 2008 წელს მიიღო. ინფორმაცია კონკრეტული პირობების, თანხისა და გაყიდული აქციების რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ რაკ ჯორჯია კერძო კომპანიაა და საკუთარი აქციების განკარგვის უფლება აქვს.

კომპანია რაკ ჯორჯია დამოუკიდებელი იურიდიული პირის, ფოთის ინდუსტრიული ზონის ოპერატორიცაა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოფიციალურად ნოემბრის ბოლოს გაიხსნება. ინდუსტრიულ ზონაში ოპერირების ლიცენზიას 20 კომპანია ფლობს. მათ შორისაა, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიები.

პარალელურად, რაკ ჯგუფი აქტიურად მუშაობს ფოთის აეროპორტის რეკონსტრუქციასა და განვითარებაზე. წინასწარი გათვლებით, 2013 წლამდე ფოთს ახალი აეროპორტი ექნება.

რაკ ჯგუფი საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. დღეს ის დიღომში მრავალფუნქციურ კომპლექსს - Uptown Tbilisi-ს აშენებს. პროექტის პირველი ფაზა 2011 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. აქ იქნება ჰიპერმარკეტი, კინოთეატრი, საცურაო აუზი, ბარები და რესტორნები. 2012 წლის ბოლომდე აშენდება საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსიც. 2008 წელს პროექტის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გახდა.

ფოთისა და თბილისის გარდა, რაკ ჯგუფი მასშტაბურ პროექტებს ტაბახმელაში, ვარძიასა და აჭარის სანაპიროზე გეგმავს

23 Swiss Capital Construction-ი შეჩერებული სამშენებლო პროექტების დაფინანსებას აპირებს

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო კომპანია Swiss Capital Construction-ი შემოვიდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა შეჩერებული სამშენებლო პროექტების დაფინანსებაა. პირველ ეტაპზე თბილისის ცენტრალურ რაიონებში არსებული მშენებლობები განიხილება. მომავალში კომპანია არც საოფისე პროექტების დაფინანსებას გამორიცხავს.

მაქსიმალური დაფინანსება 3 მილიონი დოლარი იქნება. გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას Swiss Capital Construction-ი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად მიიღებს. კომპანიის დაფინანსების სქემის მიხედვით, Swiss Capital Construction-ი პროექტის საერთო ღირებულების არა უმეტეს 75%25-ს დაფარავს. დეველოპერის ფინანსური მონაწილეობა პროექტის ღირებულების 25%25-დან განისაზღვრება. მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები შესაძლოა თანამონაწილეობად ჩაითვალოს.

Swiss Capital Construction- მოაგვარებს ყველანაირ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებს. შეიმუშავებს მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიას და მშენებლობის პროცესს გააკონტროლებს.

პროექტების შერჩევა დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

24 19-წლამდელ მორაგბეთა ევრო-ტრიუმფი

▲back to top


რაგბ|სპორტი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტული: ბელგიაში გამართული ევროპირველობის ფინალში ქართველმა ჭაბუკებმა 38:7 სძლიეს რუს თანატოლებს!

მთავარი პრიზისთვის ბრძოლა პაატა ნარიმანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალიდან დაიწყო: პორტუგალიას 27:3 მოუგო, ნახევარფინალში კი ამ ასაკის რეიტინგის პირველი გუნდი, რუმინეთი 29:3 დაამარცხა.

0x01 graphic

გიორგი ტყეშელიაძე

ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ზურაბ ჟვანია, კოტე მიქაუტაძე, მერაბ მატკავა, ზურაბ ერისთავი, ბექა ბიწაძე, ირაკლი ჩომახაშვილი, ვანო გაბროშვილი, რამაზ ჯინაშვილი, გიორგი ტყეშელიაძე, ლუკა კვარაცხელია, გიორგი ჭყოიძე, ბახვა კობახიძე, ლევან ჩილაჩავა, დავით ლოსაბერიძე, გიორგი ჟღენტი, უშანგი მჭედლიშვილი, ჯიმი ღამბაშიძე, გიგა თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ლევან გოგოლაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გოდერძი ჭინჭარაული, გიგა გაგოშვილი, გიორგი მარგიანი, გიორგი აბრამიძე და ტარიელ ჩხიკვაძე. გაისად ეს გუნდი მსოფლიო თასზე იასპარეზებს, თუმცა უკვე 20-წლამდელთა შორის

გიორგი ტყეშელიაძე იმ გამარჯვების ერთ-ერთი მონაწილეა. მას რედაქციაში შევხვდით.

  • ევროპის ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეთ, არადა, მეტოქეები სუსტები ნამდვილად არ იყვნენ. როგორ ფიქრობთ, რით იყო ასეთი წარმატება განპირობებული?

მთავარი, რაც ჩემპიონატზეც აღინიშნა, ჩინებული გუნდური თამაში იყო - ჩვენ ყველა რგოლში ძალიან კარგად ვითამაშეთ, დაცვის ხაზი კი ჟურნალისტებმა სულაც საუკეთესოდ აღიარეს. ჩვენი გუნდი რამდენიმე წელია ყალიბდება, უმეტესობა კი 17 წლიდან ერთად ვთამაშობთ. არც გამოცდილება გვაკლია. მაგალითად, გუნდში 9 მორაგბე იყო, რომელმაც შარშან ერთხელ უკვე ითამაშა ამ ტურნირის ფინალში - მაშინ ნაკრები იტალიასთან დამარცხდა... სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ევროპირველობას ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა, რაც მწვრთნელთა საბჭოს მიერ სწორად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპითაა განპირობებული - ერთი შეკრება ლაგოდეხში გავიარეთ, პირველობის წინა პერიოდი კი საფრანგეთში, ქალაქ მასიში გავატარეთ..

  • ძალიან შთამბეჭდავი იყო ფინალში რუსეთთან გამარჯვება: პირველი ტაიმი 24:0 მოიგეთ...

ყველამ ზედმიწევნით კარგად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა - მწვრთნელთა დავალება ზუსტად შევასრულეთ. დაცვამ კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა, ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და მეტოქემ ქულები მხოლოდ ბოლო წუთებზე დააგროვა, როცა შედარებით მოვადუნეთ ყურადღება... დიდი როლი ითამაშეს ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრებმა კოტე მიქაუტაძემ, ლევან ჩილაჩავამ და დავით ლოსაბერიძემ. კოტე და ლევანი შერკინების წევრები არიან, დავითი კი ხაზის მოთამაშეა - სამივე მათგანი საფრანგეთში თამაშობს...

0x01 graphic

ქართველმა მორაგბეებმა რუსები კიდევ ერთხელ ატირეს
ფოტო: გიორგი დარჩიაშვილი

  • გაისად თქვენი გუნდი მსოფლიო თასზე იასპარეზებს, თუმცა უკვე 20-წლამდელთა შორის. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების შანსებს?

მსოფლიო თასის გათამაშებას გაისად აპრილში აშშ უმასპინძლებს, იქ კი ტონგასთან, სამოასთან, იაპონიასთან და კიდევ რამდენიმე გუნდთან მოგვიწევს პაექრობა. არაა გამორიცხული, რუსეთს კიდევ ერთხელ შევხვდეთ... ცხადია, რთული დაპირისპირებები გველის: სავარაუდო მეტოქეების მატჩების ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან კარგი გუნდია - ფიზიკურად შესანიშნავად არიან მომზადებულნი, ბურთს კარგად ათამაშებენ, ძლიერი შერკინება ჰყავთ... მიუხედავად ამისა, ბელგიაში მოპოვებულმა წარმატებამ საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, ასე რომ, ამერიკაში კვლავ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

  • მსოფლიო თასამდე თითქმის ნახევარი წელია. როგორ მოემზადება გუნდი?

ახლა საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და რადგან ნაკრების წევრთა უმეტესობა თამაშობს, გუნდი ჯერჯერობით ვერ შეიკრიბება, თუმცა პირველობის დასრულების შემდეგ მცირე ხნით დავისვენებთ და მსოფლიო თასისთვის მზადებასაც დავიწყებთ. ჯერ პროგრამა გაწერილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, საქართველოში ორი, უცხოეთში კი ერთი შეკრება გვექნება. რამდენიმე ტესტიც იგეგმება, ასე რომ, ამ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ მზად ვიქნებით.

25 კიმი მიქრის

▲back to top


სპორტი|ჩოგბურთი

WTA-ს ერთი კვირის თავზე შევაჯამებთ. რამდენიმე უსახო ტურნირი მაინც დარჩა ჩასატარებელი და პრო ტურის გახუნებული, საღებავგაცლილი ვაგონიდან ჩამოსულ მგზავრებსაც დეტალურად მოგვიანებით გავშიფრავთ. დოჰაში მთელი ამ გაუგებრობის შემაჯამებელი ტურნირი, არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი მორჩა და ყველამ დიდი დოზით მიიღო საჩოგბურთო სიამოვნება.

მტვრიან თაროებს ტილოს გადაუსვამს ელენა დემენტიევა და თან ოჯახთან ერთად დაისვენებს, ჩოგბურთის ჰედლაინებსაც ჩამოშორდება და კარიერას 16 საერთეულო ტურნირის და ოლიმპიადის ჩემპიონად დაასრულებს, ტურმა კი რუს ქალბატონს დიდი მადლობა გადაუხადა. იქვე, დოჰას ცენტრალურ კორტზე შეკრებილი საზოგადოებიდან კი ყველამ იმდენი იტირა, რამდენიც შეძლო. ტიროდა ერთი ბუნჩულა, ჭორფლიანი და მაგარი საყვარელი გოგონაც. იმდენი იტირა, 20 წუთში კორტზე რომ გავიდა, ჩოგბურთის თამაში არ გახსენებია და ვერა ზვონარევასთან წააგო. ტირილშიც, წაგებაშიც და ერთი დღის შემდეგ, ფინალის მოგებაშიც, კიმ კლაისტერსი ყველაზე ალალი იყო.

ბელგიაში კიმმა და ჟუსტინ ანენმა საჩოგბურთო ოაზისი ააგეს, რომელიც დღესაც მწვანეშია ჩაფლული. მერე, კიმი უცბად დაიღალა და წავიდა. შარლერუაში ორი ბოჩოლა იყიდა, მეგობრებთან ერთად სამხატვრო გალერეების ხშირი სტუმარი გახდა და ჩოგბურთი დაივიწყა. უბრალოდ, ჩოგბურთმა კიმი ვერ დაივიწყა და ხშირი მოკითხვით, შემაწუხებელი კომპლიმენტებით, კლაისტერსს ახალი გადაწყვეტილება მიაღებინა - კიმი დაბრუნდა. დოჰაში კლაისტერსი დაბრუნების შემდეგ მეექვსე ფინალს ატარებდა და მეექვსედ გათიშა სატიტულო მოწინააღმდეგე. კიმს დაავიწყდა, რომ ფინალებს ხანდახან აგებენ და ისე აკრიფა, ასაკის განურჩევლად, მისი შემჩერებელი არ ჩანს.

ფინალში ბელგიელმა მასტერკლასი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის ჩაუტარა. მშვიდად, 6:3 მოიგო პირველი სეტი. 4:1 წაიყვანა და მერე, მომდევნო 8 გეიმიდან შვიდის წაგებით ფინალი ფინალს დაამსგავსა და წააგო მეორე სეტი. დაისვენა, შესვენების დროს ჩაუსნიკერსა (კიმს მარსიც მაგრად უყვარს), ორჯერ ბანანს უკბიჩა და ტკბილად დაასრულა ყველაფერი მესამე სეტში - 6:3.

კლაისტერსი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მონიკა სელეშს დაეწია. უფრო მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონატი კრის ევერტს (4), ქალბატონ შტეფი გრაფს (5) და ბატონ მარტინა ნავრატილოვას (8) აქვთ მოგებული.

ჩოგბურთის პიარის, მობეზრებული ტურის გაახალგაზრდავების სურვილით, ბევრი მაგარი გოგო მიდის, ისვენებს და ბრუნდება. წავიდა კლაისტერსიც, მაგრამ დაბრუნდა არა საბანკო დავალიანების გასასტუმრებლად. ისე, მოუნდა და დაბრუნდა. ოდნავ მოიმატა წონაში, სახეზე ისევ ისეთი, ვუპი გოლდბერგივით კეთილი ღიმილი აქვს და ნიღაბს არ იკეთებს. კიმი ჩოგბურთის სახეა, ყველაზე ალალი ჩემპიონი. ჩოგბურთის ელიტაში საყვარელი ხალხი ცოტა იყო. ერთი დარჩა (კიმი), მეორე (დემენტიევა) წავიდა, კლაისტერსმა კი დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ, თავის დაქალთან, ლენასთან ერთად მოაწყო საქველმოქმედო ტურნირი, სამსაათიანი აქციიდან შემოსული თანხა კი მთლიანად უსახლკარო ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხა.

შარაპოვა ცელქობს, ანენი ფიქრობს, სერენა უკანალზე სვირინგის კორექციას იკეთებს, ვენუსი თავისი დის უკანალს სვირინგის კორექციას უფასებს, სამანტა სტოსური ლესბოსელობიდან კაცებზე გადავიდა, ანა ივანოვიჩი ვიღაც თინეიჯერ შეიჰს ხვდება და თითო სადილზე ნახევარ მილიონ დოლარს ატოვებინებს. კლაისტერსი კი დღესაც მიქრის. კიმი ჩოგბურთია.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

26 The MAN

▲back to top


კალათბურთი|სპორტი

რაჟონ რონდო მთელი გუნდია. რაჟონ რონდო ყველაზე მაგარი პირველი ნომერია. რაჟონ რონდო თავისი გუნდის პირველი კაცია. რაჟონ რონდო NBA-ს პირველი კვირის საუკეთესო, ყველაზე სასარგებლო სუბიექტია.

სელტიქსი კიდევ ერთი ამაყი, ტეხასური გუნდივით, უსახლკაროების და ბებრების თავშესაფარი გახდა. შაკი არსად არ მიიღეს, მაგრამ ბოსტონში გაუღიმეს და 3 მილიონსაც უხდიან. ჯერმეინ ო'ნილი ბოლო წლებში უფრო ფრანკენშტეინია, ვიდრე 9-მილიონიანი ფორვარდი, მაგრამ სელტიქსში ამას ყურადღებას არ აქცევენ. რეი ალენმა დაცვა ბოლოს, სადღაც, 4-5 წლის წინ ითამაშა და ბოსტონში შუტერს მაინც ენდობიან. და სელტიქსში წელს ისედაც ყველაფერი მშვენივრად იქნება, თუ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეექმნება ამ პატარა კაცუნას.

რონდო არ არის მოდაში შემოსული კომბოGuard - ი, ანუ კლასიკური ფლეიმეიქერია და თუ იდეალურ სასროლ პოზიციაში არ რჩება, სხვაზე თამაშობს, სხვას და მთლიანად გუნდს უიოლებს ქულების აღებას. რონდო ხსნის (6.3), რონდო ანაწილებს (16.8, I ადგილი ლიგაში), რონდო ქულებს იღებს (10.7) და დაცვაში მაგრად ზის (2.0 ჩაჭრა).

რაჟონს არ უყვარს სწრაფი მანქანები, არ უსმენს რეპს, უსმენს ქანთრის, არ ეწევა არაფერს, სვამს დიდი დოზით რძეს და უყვარს ბანანის იოგურტი. რონდო კლასიკური პირველი ნომერი და არაკლასიკური მილიონერი აფროამერიკელია.

სელტიქსმა პირველივე დღეს მაიამის ასიამოვნა და რაჟონს ლებრონთან და დუეინთან აჟიტირებული VS-დან 17 პასი და გატეხილი ცხვირი დარჩა სამახსოვროდ. ჰიტსაც ბევრი ემახსოვრება. პირველ რიგში, ლებრონს, რომლის კლივლენდს რაჟონმა შარშან 3 ტრიპლ დაბლი გაუკეთა.

ჯეიმსის კომენტარი მოკლე, ლაკონური, ლებრონური იყო - The MAN

0x01 graphic

27 50 წლის წინ: დინამო ინგლისში

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

პირველი ტურნე ფეხბურთის სამშობლოში

ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ თბილისის დინამო საერთაშორისო ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ინგლისში ჩავიდა.

ეს იყო ქართველების პირველი სტუმრობა ფეხბურთის სამშობლოში

სამწუხაროდ, მაშინ, 1960 წელს, ამ ტურნეს შესახებ თითქმის არაფერი დაუწერიათ და მით უმეტეს, მას შემდეგ არავინ მიბრუნებია ალბიონზე ჩატარებულ სამ თამაშს

ეგებ, ეს არცთუ წარმატებული ტურნეს ბრალი იყო - დინამომ ხომ სამიდან ორი თამაში დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ ფეხბურთი მარტო გატანილი და გაშვებული გოლი ხომ არაა?

მოსკოვის ორი-სამი კლუბის გარდა, იმ დროს სხვა გუნდებისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო ევროპის ძლიერ კლუბებთან თამაში, დინამოს კი მხოლოდ მას შემდეგ დართეს ინგლისში გამგზავრების უფლება, რაც საბჭოთა კავშირის თასის გადამწყვეტი მატჩი მოსკოვის ტორპედოსთან 3:4 წააგო.

60-იანი წლების დინამოელებს არაერთხელ დაუჩივლიათ იმ ფინალში არაობიექტურ მსაჯობაზე, რამდენიმეს კი არც დაუმალავს: ქართველები მხოლოდ იმიტომ გაუშვეს ინგლისში, ტორპედოელებთან წაგება მეტ-ნაკლებად იოლად რომ გადაეტანათ...

იმ დროისთვის დინამოს უკვე ჰქონდა უცხოურ კლუბებთან თამაშის გამოცდილება: 1937 წელს, თბილისში ლეგენდარული ბასკების სტუმრობის შემდეგ საქართველოს არაოფიციალურმა ნაკრებმა დინამომ 60-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, რამდენიმე ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა ინგლისურ კლუბებთან პაექრობაში წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: 1957 წლის 7 ივნისს ვესტ ბრომვიჩ ალბიონს უმასპინძლა და 0:3 განადგურდა (თბილისში ბობი რობსონმაც ითამაშა, რომელიც წლების შემდეგ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი გახდა), 1960 წლის 28 მაისს კი შეფილდ უენსდის მე-16 წუთზე მიშა მესხის გატანილი პენალტით 1:0 მოუგო...

საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტის სტუმრობამ ინგლისში დიდი ინტერესი გამოიწვია, დინამოს სამივე მეტოქემ წინასამატჩო პროგრამებში ქართველ ფეხბურთელებს დიდი ადგილი დაუთმო.

ქართველიო, შემთხვევით არ გვითქვამს - მაგალითად, შეფილდ უენსდისთან მატჩის პროგრამაში დინამოელებისადმი მიძღვნილი წერილი სწორედ ასეა დასათაურებული: „მხურვალე სალამი ქართველ სტუმრებს“. იმ დროს თბილისელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა საბჭოთა ფეხბურთელებად მოიხსენიებდა...

ინტერესს აძლიერებდა ისიც, რომ დინამო ინგლისს ევროპის თასის პირველი გათამაშების ორი გამარჯვებულით ესტუმრა: ცენტრალურმა მცველმა გივი ჩოხელმა და გარემარბმა მიხეილ მესხმა ევროპირველობა ოთხი თვით ადრე მოიგეს საფრანგეთში, სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში.

1960 წლის 7 ნოემბერს, ორშაბათს, ქალაქ შეფილდის ჰილსბროს სტადიონზე ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დინამომ პირველი თამაში დაიწყო. მეტოქე შეფილდ უენსდი იმ დროს ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იყო - ლიდერს ტოტენჰემ ჰოთსფურს 5 ქულით ჩამორჩებოდა, სამაგიეროდ, 17 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები, 12 გოლი ჰქონდა გაშვებული...

0x01 graphic

დინამოელები ლონდონში. მარცხნიდან: თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, სულიკო თორაძე, ბასა ღოღობერიძე და ზაურ კალოევი ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან

ყველაზე მეტად, რამაც გამაოცა, ეს მინდვრის საფარი იყო. ნოემბერში არათუ ინგლისში, თბილისშიც ძალიან ცივა. იქ კი მინდორი ხასხასა იყო! რაც შეეხება მატჩს, მასპინძლებმა თავიდანვე მაღალ ტემპში შემოგვიტიეს და ბოლო წამამდე არ გაჩერებულან. ბოლოს უკვე მარტო ისინი თამაშობდნენ, - დინამოელთა თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია ინგლისურ ტურნეს წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაკვრით შეეხო.

შეფილდ უენსდიმ ის მატჩი 5:0 მოიგო: ინგლისის 23-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა, მეათე ნომერმა ჯონ ფენტჰემმა 4 გოლი გაიტანა, ერთი კი ცენტრფორვარდმა, მეცხრე ნომრით მოთამაშე კიტ ელისმა შეაგდო. მოსკოვის ტორპედოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნახევარმცველმა ვალერი ვორონინმა, რომელიც დინამოს სპეციალურად ამ ტურნესთვის დაემატა, მხოლოდ შეფილდელებთან მატჩი გამოტოვა...

10 ნოემბერს, ხუთშაბათს, დინამო ვულვერჰემპტონ უონდერერზს სტადიონ მოლინექსზე დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ინგლისელი საფეხბურთო მიმომხილველი მატჩის წინ წერდა, დინამო ძალიან უცნაური გუნდია, შეიძლება ერთი თამაში ჩააგდოს, მეორე კი ბრწყინვალედ ჩაატაროსო. ჩანს, ის ჟურნალისტი კარგად იცნობდა ქართველებს: მიშა მესხის და ბასა ღოღობერიძის დუბლებით, ასევე ზაურ კალოევის თავურით თბილისელები 5:2-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თამაში ფრედ 5:5 დასრულდა

არც მანამდე და არც მას შემდეგ დინამოს ასეთი შედეგიანი ფრე არ უთამაშია.

ტურნე კი 14 ნოემბერს, ორშაბათს, ლონდონის უაით ჰართ ლეინზე, ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ტოტენჰემჰოთსფურთან მატჩით დასრულდა. ორი დღით ადრე, ინგლისის ჩემპიონატში ტოტენჰემი შეფილდ უენსდისთან სტუმრად 1:2 დამარცხდა...

ისევე, როგორც ჰილსბროზე, დინამომ უაით ჰართ ლეინზეც წააგო. ამჯერად 2:5.

ბილ ნიკოლსონის გუნდი შეუდარებელი იყო: 1960-61 წლების სეზონში ლონდონელებმა ჩემპიონატიც მოიგეს და თასიც! ტოტენჰემ ჰოთსფური ინგლისის პირველი კლუბი გახდა მეოცე საუკუნეში, დუბლი რომ შეასრულა. და რაც არანაკლებ საინტერესოა, იმ სეზონში ჩემპიონატში 115 გოლი შეაგდო - საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში!

და ასეთ გუნდთან თამაშზე დღეს ჩვენ არაფერი ვიცით ანგარიშის, გოლის ავტორების და დინამოელთა შემადგენლობის გარდა.

რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია.

ამ ტურნეში დინამოს ჟურნალისტი, ცხადია, არ ახლდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა რაც თქვეს ინგლისში სტუმრობაზე, ზემოთაც წაიკითხეთ, დელეგაციის ხელმძღვანელ ამხანაგ ვ. მოშკარკინს კი, ვინც იმ დროს სსრკ-ის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანი იყო, არ გაგიკვირდებათ და, თავი არ შეუწუხებია.

მას შემდეგ დინამო მხოლოდ ორჯერ ესტუმრა ინგლისს ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად: ჯერ 1989 წლის აგვისტოში, შემდეგ კი 1996 წლის ნოემბერში

სამწუხაროა და ალბათ, დაუჯერებელიც, მაგრამ ამ ორ ტურნეზე უფრო ცოტაა ცნობილი, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინანდელ თამაშებზე.

თბილისის დინამოს პირველი ტურნე ინგლისში

7 ნოემბერი, 1960. ინგლისი, შეფილდი.
ამხანაგური მატჩი
0:5 შეფილდ უენსდი
დინამო: . კოტრიკაძე, . სიჭინავა, . თორაძე, . ხოჭოლავა (. ღოღობერიძე), . ზეინკლიშვილი, . ჩოხელი, .მელაშვილი, . ბარქაია, . კალოევი, . იამანიძე, . მესხი

10 ნოემბერი, 1960. ინგლისი, ვულვერჰემპტონი.
ამხანაგური მატჩი
5:5 ვულვერჰემპტონ უონდერერზი
გოლები: . მესხი (2), . ღოღობერიძე (2), . კალოევი დინამო: . კოტრიკაძე, . სიჭინავა, . თორაძე, . ჩოხელი, . ვორონინი, . იამანიძე, . მელაშვილი, . ბარქაია, . კალოევი, . ღოღობერიძე, . მესხი

14 ნოემბერი, 1960. ინგლისი, ლონდონი.
ამხანაგური მატჩი
2:5 ტოტენჰემ ჰოთსფური
გოლები: . მელაშვილი, . ბარქაია დინამო: . კოტრიკაძე, . სიჭინავა, . თორაძე, . ჩოხელი, . ვორონინი, . იამანიძე, . მელაშვილი, . ბარქაია, . კალოევი, . ღოღობერიძე, . მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

პროგრამები ლაშა გოდუაძის არქივიდან

28 კვატროს წარმოებას აუდი ჯუჯაროს ჩააბარებს

▲back to top


ავტო

პარიზის საავტომობილო გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი აუდი კვატრო იყო, ავტომობილი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ამავე სახელწოდების მქონე ლეგენდარული ავტომობილის შექმნიდან 30 წლის იუბილეს მიუძღვნა. ინგოლშტადტელებმა ამ ავტომობილზე იმდენად კარგი გამოხმაურება მიიღეს, რომ შესაძლოა, მისი მცირე სერიული წარმოებაც კი გადაწყვიტონ. არადა, თავიდან ის მხოლოდ საიუბილეო პროტოტიპად იყო ჩაფიქრებული.

თუ აუდის ხელმძღვანელობა კვატროს მწვანე შუქს აუნთებს, მის წარმოებას ალბათ ცნობილ იტალიურ დიზაინ - ატელიე იტალდიზაინ ჯუჯაროს ჩააბარებენ. ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, ეს კომპანიაც, რომელიც ბოლო წლებში ვერაფრით ახერხებდა კრიზისიდან თავის დაღწევას, ფოლკსვაგენის დიდი ოჯახის წევრი გახდა, რომელშიც აუდიც შედის.

აუდის ქვეგანყოფილება აუდი კვატროს ხელმძღვანელი შტეფან რაილი ამბობს, რომ მის კომპანიას თითქმის არ აქვს მცირესერიული წარმოების გამოცდილება. აუდის ტექნიკურ ცენტრში უკვე განსაზღვრული აქვთ, თუ რა ტექნიკურ აღჭურვილობას მიიღებს კვატრო, თუ მისი წარმოება გადაწყდება. თუმცა, ეს ჯერ ყველაფერს არ ნიშნავს. აუდის სამარკეტინგო გამოკვლევის ჩატარება მოუწევს, რათა დაადგინოს, რამდენად წარმატებული შეიძლება გახდეს ახალი წამოწყება.

სავარაუდოდ, ავტომობილის შასი ფოლადისგან დამზადდება, ძარის სხვადასხვა ელემენტებისთვის კი ალუმინსა და კარბონის კომპოზიტს გამოიყენებენ. აგრეგატების თავიდან შემუშავება კი არ მოუწევთ - ძრავს მოდელ TT RS-სგან აიღებენ, სრულამძრავიან ტრანსმისიას კი, რომელსაც აქტიური უკანა დიფერენციალი აქვს, - მოდელ RS5-სგან. სხვათა შორის, კარბონის კომპოზიტის სერიულ ავტომობილებში გამოყენების ტექნოლოგიები კარგად აქვს დამუშავებული ფოლკსვაგენის ჯგუფში შემავალ კიდევ ერთ იტალიურ კომპანია ლამბორგინის, რომელმაც პარიზშივე, სწორედ კარბონისგან დამზადებული კონცეპტუალური სუპერავტომობილი სესტო ელემენტო (მეექვსე ელემენტი) წარადგინა. მოკლედ, მსუბუქი მასალების ფართოდ გამოყენების წყალობით, კვატროს წონა 1300 კილოგრამზე მეტი არ იქნება, ამას კი სპორტული ავტომობილის დინამიკური მახასიათებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ძრავს, წინასწარი მონაცემებით, სერიულ ავტომობილზეც იმავე აგრეგატს გამოიყენებენ, რითაც კონცეპტუალური კვატროა აღჭურვილი. ესაა (TT RS-ის) 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ტურბომოტორი, რომლის სიმძლავრეც 406 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, სერიული TT RS- ის ძრავის სიმძლავრე „მხოლოდ“ 350 ცხენის ძალაა, თუმცა პროტოტიპზე დაყენების წინ, მას მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარდა.

რაილის თქმით, სერიული აუდი კვატროს ფასი ევროპაში 100 ათას ევროზე მეტი არ იქნება.

0x01 graphic

29 ელექტრონული ოპელ მერივა - ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ჯენერალ მოტორსის გერმანული შტო ოპელი ინტენსიურად მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიების შემუშავებაზე და ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა ევროპულ კომპანიებს შორის. უკვე თითქმის დასრულებულია გაზრდილი სვლის მქონე ელექტრონულ ჰიბრიდ ოპელ ამპერას შემუშავებისა და სრულყოფის პროცესი. პარალელურად კი რიუსელსჰაიმელები იმ ტექნოლოგიების შემუშავებასაც აპირებენ, რომლებმაც ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვის პროცესი უნდა გაამარტივოს და გააიაფოს.

სწორედ ამ მიზნით მომზადდა მოდელ მერივას ელექტრონული ვერსია. ეს ავტომობილი 60-კილოვატიანი (82-ცხენისძალიანი) ელექტრული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც იმავდროულად, 215 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც იძლევა. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც საათში 16 კილოვატია. ეს მარაგი საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ელექტრულმა მერივამ 64 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია. ცნობისათვის, მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურადაა შეზღუდული, რადგან უფრო მეტ სიჩქარეზე ავტომობილის ენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნდ იზრდება.

თუმცა, ელექტრონული მერივასთვის ეს მონაცემები მთავარი სულაც არაა. მისი დანიშნულება ისაა, რომ ოპელმა და ჯენერალ მოტორსმა ორმაგი დანიშნულების დამმუხტავი ტექნოლოგიები შეიმუშაონ. ასეთმა დასამუხტმა მოწყობილობებმა აკუმულატორების დამუხტვა როგორც საყოფაცხოვრებო, 230-ვოლტიანი, ასევე სწრაფად დამმუხტავი, 400-ვოლტიანი შტეფსელიდან უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ექსპერიმენტული საზრიანი სისტემით, რომლის მეშვეობითაც, ის ჭარბ ენერგიას ქსელს იქით მიაწვდის. ესე იგი, მიკრო ელექტროსადგურის მოვალეობასაც შეასრულებს, თუმცა მის მიერ გამომუშავებული ენერგია ზღვაში წვეთი იქნება.

„ელექტრონული მერივა საწარმოო მოდელს შეიძლება ჰგავს, მაგრამ რეალურად, ის მხოლოდ საკვლევი ლაბორატორიაა, რომელიც ოთხ ბორბალზე დგას და თავისით გადაადგილდება. მისი მეშვეობით, სწრაფად დამუხტვის პროცესს ვიკვლევთ. გარდა ამისა, ავტომობილს დასამუხტ მოწყობილობასთან ურთიერთობის უნარიც გააჩნია“, - ამბობს ოპელის საინჟინრო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი რიტა ფორსტი.

ელექტრონული მერივა არის შემადგენელი ნაწილი დიდი პროექტისა, სახელად „მერეჯო მობილ“, რომელიც მომავლის ელექტრონული ავტომობილების ტექნოლოგიებზე მუშაობს. ამ პროექტის მონაწილე, პროფესორი ჰარტმუტ შმეკი ამბობს, რომ მომავლის ელექტრომობილები ელექტროქსელში ენერგიის სტაბილიზატორის მოვალეობის შესრულებასაც შეძლებენ. თუმცა, ამისათვის არაერთი ახალი ტექნოლოგიის შემუშავება იქნება აუცილებელი.

0x01 graphic

30 ჰოლივუდური რულეტკა

▲back to top


სალომე კიკალეიშვილი|სვეტი

0x01 graphic

„ცამეტი“ ეს არის ფილმი, რომლის 90-წუთიან მსვლელობას, მონუსხული ადევნებ თვალს. შავ-თეთრი ფილმი ადამიანების, ცხოვრების, შემთხვევითობის და ბედისწერის შესახებ. ეს არის თამაში, რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს; თამაში, რომელიც ცხოვრების უსამართლო წესებს ჰგავს! ჩვენებიდან გამოსულს, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს შავი ზოლებით დახაზული ნათურა, რევოლვერის ბარაბნების ტრიალის გულისწამღები ხმა, მთავარი როლის შესანიშნავი შემსრულებლის გიორგი ბაბლუანის აკანკალებული ნაკვთები და ჩახუთული, დამძიმებული სივრცე... ძლიერი მუხტი, ენერგია, დინამიკა და რიტმი, რომელიც ელვასავით მოაქვს ფილმს. კარგად მახსოვს გელა ბაბლუანის ფილმი. უფრო სწორად, ფრანგულ-ქართული შოკი, რომელიც 2005 წელს, თბილისის კინოფესტივალზე ვნახე. მას მერე „13“ ხშირად გამხსენებია, როდესაც საუბარი საინტერესო, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებს ეხებოდა. მას მერე, მგონი აღარსად მიგრძვნია სიკვდილის ასეთი აქოთებული სუნი და ბაბლუანივით, ასე ოსტატურად, აღარავის მოუქნევია ჩემს სახესთან ალესილი სამართებელი.

2010 წლის ოქტომბერში ეკრანებზე ახალი „13“ გამოვიდა. ამბავი - იგივე, რეჟისორი - იგივე, ადგილი - ჰოლივუდი. გელამ მაყურებელს კიდევ ერთხელ შესთავაზა რულეტკის თამაში. ოღონდ, ამჯერად განსხვავებულის - ჰოლივუდურის. „ჰოლივუდური რულეტკის“ დარბაზში აღმოჩენა, საკმაოდ პრესტიჟული ამბავია. თუმცა ამ თამაშს თავისი წესები აქვს, ამ წესებიდან გადახვევა კი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნების წინასწარ გაკეთება სავსებით შესაძლებელი იყო, მაინც გამოვაცხადე სრული მზადყოფნა ამერიკული რიმეიკის „ჩასაჯდომად“ და დარბაზში, საჭირო საკნატუნო ატრიბუტიკით შეიარაღებული შევედი. მაგრამ, მისია შეუძლებელი აღმოჩნდა. ახალ „13“-ს ახლებურად მაინც ვერ შევხედე.

მართალია, ფილმი ლამის ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ორიგინალს, მაგრამ ის, რაც მინიშნებებად, ლაკონურად არსებობდა ორიგინალში, რიმეიკში თავიდანვე დაიდო მაგიდაზე. თამაშის დასაწყისშივე გადაშლილმა ბანქომ მთლიანად მოკლა მოულოდნელობის ეფექტი და სიურრეალიზმის ის მსუბუქი ნიავი, რომელიც შავ-თეთრ ორიგინალში, ეკრანიდან გიბერავდა.

0x01 graphic

თამაშის წესის მიხედვით, ფილმში ჰოლივუდელი ვარსკვლავები გამოჩნდნენ - „წონის“ შესამატებლად. ამან კიდევ უფრო დააზიანა ფილმი, რადგან მათი გმირების ფრაგმენტულობამ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამოდ გაჟღერებული სახელების გამო იყო საჭირო, უაზროდ ჩაკვეხებული ხაზების გარდა, არც არაფერი შესძინა სცენარს. ამით მხოლოდ „დააბნია“ მაყურებელი და ზედაპირულობის განცდა გააჩინა: მიკი რურკის გმირს, ფილმში არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო. მისი სახე ბოლომდე გაუხსნელი რჩება; ხვდები, რომ შეთითხნილი ამბავი დამალულ განძზე, პროდიუსერებს მხოლოდ რეპერ 50 ცენტის გმირის შემოსაყვანად დასჭირდათ ფილმში; ბრიტანელი ხის კაცი კი... აი, ტრანსპორტერ ჯეისონ სტეტჰემზე გეუბნებით... როგორც ყოველთვის, აქაც სრულიად უაზროდ, წარბებშეკრული დარბოდა წინ და უკან. რაღაც მომენტში შეიძლება ისიც დაგვიწყებოდა, თუ რას უყურებდი - „The Wrestler“ „The Transporter“, „13“ თუ...

და თუ ამ ყველაფერს, ლამის ინდური კინოსათვის დამახასიათებელ დასაწყისს დავუმატებთ: საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამის ტექსტი - საჭიროა ფულის შოვნა, ფულის, სასწრაფოდ, თუ არადა... და ამ დროს თავჩახრილი შვილი სარეცელთან... ბანალური მინიშნებები, როგორიცაა თუნდაც ვინსენტის ნაყიდი თეთრი ბატკანი (განტევების ვაცი ანუ მოსალოდნელი სიკვდილი), ამერიკული „13“ ერთჯერად ფილმად იქცევა. ფილმი-პოპ-კორნი, რომელსაც მეგობართან ერთად ერთხელ ნახავ. მეორედ? არა. აქ ხომ არაფერი იყო ისეთი, რაც შენს გონებას და თვალს შეუმჩნეველი დარჩა, რაც მაგნიტივით, ხელმეორედ მიგიზიდავს.

31 ბლუზით დამთავრებული დიდი ჯაზი

▲back to top


კულტურა|მუსიკა

დავით კოვზირიძე

ჯაზფესტივალის მესამე დღეს ყველაზე ხმაურიანი აფიშა ჰქონდა - ჯო ზავინულის მიერ ვეზერ რეპორტის დაშლის შემდეგ შექმნილი სინდიკატი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალი რეიჩელ ფერელი, რომელიც, როგორც კონცერტზე გამოჩნდა, ახალგაზრდა ქართველ მსმენელში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა: სულელი წვიმის, უთავმოყვარეო თოვლის, სინდისგარეცხილი ქარის, დეგენერატი სეტყვის და სხვა ქართული ანომალიური კომპოზიციების ფონზე, ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგია.

0x01 graphic

THE SYNDICATE

პერმანენტულად მოკისკისე ფერელმა ძალიან კარგად იცეკვა, თავისი ხმის სიმაღლეებიც გაგვაცნო და დაიენ რივზის არ იყოს, თბილისში ნაყიდი საყურეებიც გვაჩვენა, მაგრამ იმავე რივზისგან განსხვავებით, მისი გამოსვლა წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, ნაკლებად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო - რივზი ფერელზე მაღალი კლასის ჯაზვოკალისტია. ვერც რეიჩელის ბენდი შეედრებოდა მელოუნს და ლუბამბოს, თუმცა იმავე ახალგაზრდებმა დარბაზში ძალიან ისიამოვნეს, რამდენჯერმე აყვნენ კიდეც და ოვაციებიც მოუწყვეს. მიუხედავად ამისა, უნდა გავიმეოროთ - ეს გამოსვლა ხარისხით ჩამოუვარდებოდა როგორც წინა დღის კონცერტს, ისე დღის წინა გამომსვლელებს.

უზავინულოდ დარჩენილმა და ახალი წევრებით შევსებულმა სინდიკატმა წარმოადგინა კომპოზიციები შარშან გრემის მომგები ალბომიდან - Joe Zawinul & Zawinul Syndicate 75, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ხსოვნას ეძღვნება და რომელსაც ბენდი ევროპულ ტურნეზე წარმოადგენს.

სინდიკატმა იმდენად მაგრად დაუკრა (თითოეულმა ცალ- ცალკე და ყველამ ერთად), რომ ზავინულის არყოფნა არც არავის შეუმჩნევია. ჯგუფის ძველმა და ახალმა წევრებმა თითქოს აქლემზე შემოგვსვეს, უდაბნოში გაგვასეირნეს და ეს მოგზაურობა იმდენად საინტერესო იყო, წამითაც არ გამხსენებია ჩემი თბილისში, ფილარმონიაში ყოფნა. მსგავსი „თავდავიწყების“ გამოწვევა კი მხოლოდ დიდ შემოქმედებს შეუძლიათ. ისე, როცა ავსტრიელის შექმნილ ფოლკ- ფიუჟენს უკრავენ სენეგალელები, ფრანგები, ბრაზილიელი, კოტდივუარელი და მაროკოელი, და უკრავენ ფანტასტიკურად, სხვას არც არაფერს უნდა ელოდო. კომუნისტების დრო რომ იყოს, აუცილებლად ასე დავამთავრებდი: ზავინული აღარაა, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს!

0x01 graphic

მაიკ მაინიერი
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

აი, ბოლო, მეოთხე დღე კი მსოფლიო ნაკრებმა გახსნა და ჯაზფესტივალიც, პრინციპში, იქ დამთავრდა, რადგან ჯონ ლენდისის ლეგენდარული მიუზიკლის, ძმები ბლუზების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტს არც ჯაზთან ჰქონდა რაიმე საერთო და ხარისხითაც დიდად ვერ დაიკვეხნიდა. ეს ბუნებრივიცაა. ჯერ ერთი, დიდი დრო გავიდა, მეორეც - მაშინ ბენდს დენ ეიკროიდი, ჯეიმს ბელუში, ჯეიმს ბრაუნი, რეი ჩარლზი, ჯონ ლი ჰუკერი და არეტა ფრანკლინი ამდიდრებდნენ. ასეა თუ ისე, ჯეიკის და ელვუდის თავგადასავლების საუნდტრეკმა მსმენელი მაინც ააცეკვა.

მსოფლიო ნაკრებს დავუბრუნდეთ. 30 ოქტომბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე, სცენაზე გამოვიდა ხუთი სუპერვარსკვლავი, რომლებმაც არა მარტო ჯაზის, მთლიანად მუსიკის განვითარებაში შეიტანეს დიდი წვლილი: მაიკ მაინიერი, სტივ გადი, ტონი ლევინი, უორენ ბერნჰარდტი და დევიდ სპინოზა. ამ ხუთეულმა დიდ ფესტივალებში სამონაწილეოდ განაახლა ჯგუფი ლ'იმაჟ და ჩვენდა სასიხარულოდ, თბილისშიც ჩამოვიდა.

მაინიერი ძალიან დაემსგავსა ვუდი ალენს და თავისი ელექტროვიბროფონით ტკბილი ზღაპრები მოგვიყვა, ლევინი დაემსგავსა თავის უცნაურ ბასს და მოგვიყვა, როგორ უკრავდა ლენონთან, პინკ ფლოიდთან, ელის კუპერთან და პიტერ გებრიელთან ერთად, ბერნჰარდტმა, უბრალოდ საოცრებები გვიამბო, სპინოზა და გადი კი, თითქოს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და ჩვენ ამ საუბრის მხოლოდ ნაწილი გვესმოდა. ესეც საკმარისი იყო.

არც ერთი ზედმეტი ნოტი, არც ერთი ზედმეტი მოძრაობა და ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, რაც კი თბილისში გამართულა.

კონცერტიც და საერთოდ, ფესტივალიც

0x01 graphic

რეიჩელ ფერელი
ფოტო: REUTERS ©

32 მიხაელ შტამის „truffle“ და არაჩვეულებრივი გამოფენა

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

აიღეთ ფურცელი, კალამი, ფუნჯი, ბატის ფრთა მაინც. თქვენი გემოვნებითა და ფანტაზიით (ძაფი, მწვანე ბალახი, მეტალი, თიხა და სხვ.) რამდენიმე სამუშაო რეკვიზიტი, მელანში შეაზავეთ სურნელოვანი ზეთი და მზად არის; ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე ნამდვილი, საინტერესო და უნიკალური ხელნაკეთი წიგნის დამუშავება.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

„ტრიუფელი“, როგორც შემოქმედებითი გაერთიანება, პროფესორ მიხაელ შტამის ხელმძღვანელობით მიუნსტერში დაარსდა. ექსპერიმენტების სივრცე გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, სადაც განსაკუთრებული გამოცემების გასაფორმებლად, ყველანაირი გარემოა შექმნილი. სწორედ იქ შეიქმნა ეს წიგნები, რომლებიც ტექსტებით, ილუსტრაციებით, გრავიურებითა და სხვა სტილური ნიუანსებით ავტორის ფანტაზიის მრავალფეროვნებას და ექსპერიმენტებისადმი სწრაფვას გამოხატავს.

29 ოქტომბერს გერმანული ხელნაკეთი წიგნების გამოფენას ლიტერატურის მუზეუმმა უმასპინძლა. გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი სტუდენტი მარი გირხელიძე იყო, რომელმაც მიუნსტერში პროფესორ შტამის ხელმძღვნელობით დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და ამჟამად, „ტრიუფელის“ წევრია. საღამოს, ჯგუფის ხელმძღვანელი მიხაელ შტამიც ესწრებო და, რომელმაც დამთვალიერებელს ნამუშევრები წარუდგინა და ხელნაკეთი წიგნების ძირითადი კონცეფციაც თავად გააცნო - „რაც საქართველოში ჩამოვედი, სულ მესმის, რომ ასეთი ტიპის ხელოვნება აქ ძალიან იშვიათია. ჩვენს ნამუშევრებზე ხშირად ამბობენ, რომ ეს ძალიან თავისუფალი ხელოვნებაა, მაგრამ ასე არ არის. „თავისუფლად“ გაკეთებული წიგნის ხელოვნებას მაინც სჭირდება დადგენილი წესები, რაც თავისებური რიტმიკის, მასალასთან მუშაობის ცოდნას გულისხმობს. ცხადია, ეს ყველაფერი გარკვეულად გბოჭავს შენც და იმ თავისუფლებასაც, რომელიც ერთი შეხედვით, ამ წიგნებში უხვად იგრძნობა“.

გამოფენაზე მიხაელ შტამის მიერ, სპეციალურად საქართველოს თვის გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო - „TRUFFEL IN TIFFLIS“, სადაც ქაღალდის დამუშავების, წიგნის გაფორმებისა და აკინძვის პროცესია აღბეჭდილი. ეს ყველაფერი იმისათვის გაკეთდა, რომ სტუმრებისათვის უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო ხელნაკეთი წიგნის ხელოვნება, ბეჭდვითი გრაფიკის, ლითოგრაფიის, ქსილოგრაფიის, შოლკოგრაფიისა და წიგნების შექმნის პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური მეთოდი.

ზოგჯერ ტექსტებსაც თავად ქმნიან. ხან უკვე ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებს მხოლოდ პოლიგრაფიულად აფორმებენ და კინძავენ. სწორედ ასე ახერხებენ ლიტერატურის სრულიად ახალი კუთხით - ინდივიდუალიზმითა და თავისუფლებით გაჯერებული ფანტაზიებით ჩვენებას.

ლიტერატურულ მუზეუმში გამართულ ინტერაქტიულ გამოფენაში ქართველი დამთვალიერებელიც აქტიურად ჩაერთო. ნამუშევრების დათვალიერების, მუსიკალური პერფორმანსისა და ფილმის ჩვენებასთან ერთად, თითოეულმა მათგანმა ხელნაკეთი „შთაბეჭდილებების წიგნის“ შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.

33 ზურაბ ლეჟავას მატრიცა

▲back to top


კულტურა|ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძე

0x01 graphic

ზურაბ ლეჟავა და გალა

გალა იყო ჩემთვის კონკურსი. ასევე ფულადი ჯილდო, რის გამოც, მადლობა გადავუხადე ქალაქის საკრებულოსაც, ქვეყნის პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც. ესაა, რასაც გულწრფელად ვფიქრობ. ბევრი უარყოფითი რამის მიუხედავად, მართლა ვაფასებ ჩვენს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ სხვა უკეთესად ვერ გააკეთებდა იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჩემი აზრით, მოქალაქე პატივს უნდა სცემდეს თავის მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ შედგება.

ზურაბ ლეჟავა - მთხრობელი

ჩემს მოთხრობებში მკითხველი ბევრ სასაცილოს აღმოაჩენს, ბევრ ტრაგიკულს, ბევრსაც დამაფიქრებელს. შეიძლება, ვინმემ შეიცხადოს კიდეც, ეს რა დაუწერიაო. თუმცა, კარგი მკითხველი დაინახავს, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა. ჩემი აზრით კი, ცხოვრებაში გაცილებით მძაფრადაა ყველაფერი, ვიდრე ჩემს მოთხრობებშია აღწერილი. ჩვენ ხშირად ვერ აღვიქვამთ მოვლენებს სათანადოდ. ხშირად მეჩვენება, რომ ჩვენ გარშემო არიან თაბაშირის ქანდაკებები, რომლებიც ადამიანებივით იქცევიან და მეტყველებენ. ასევე მეჩვენება, რომ ჩვენ გვერდით სხედან ეშმაკები, არაჩვეულებრივი არსებები, ჩვენს თავზე კი მექანიკური ფრინველები დაფრინავენ, რომლებიც თავიანთ სინთეტიკურ სკინტლს გვასკინტლავენ. უბრალოდ, ამის დანახვა უნდა შეგვეძლოს. როგორც ფილმ „მატრიცაში“ ადამიანს ეჩვენება, რომ ის რაღა ცას ჭამს, სადღაც მუშაობს... სინამდვილეში ის ადამიანი რაღაც კოლბაშია მოქცეული, სხეულზე კი უამრავი კაბელი აქვს მიერთებული.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

ზურაბ ლეჟავას ფილტრი

შემოქმედი ადამიანი ყველაფერს სხვანაირად აკვირდება. შემოქმედმა შეიძლება, მეზობლის ავტომანქანის ნომერი არ იცოდეს, შეიძლება, თვითონ მეზობელსაც ვერ ცნობდეს. მაგრამ ამ შემოქმედმა შეიძლება სულ სხვა რამ შეამჩნიოს. მაგალითად, ავეჯის მაღაზიაში გამყიდველი როგორ გულმოდგინედ წმენდს მაგიდიდან მტვერს ჩვრით, ცალი მოჭუტული თვალით კი პოტენციურ მყიდველს ათვალიერებს. ვიღა ცისთვის შეიძლება ეს ჩვეულებრივი ამბავია, - დიდი რამე, გამყიდველი თუ მტვერს წმენდს, - არა და, ამის უკან შეიძლება დიდი რამ იმალებოდეს. შემოქმედიც ისაა, რომ ამ უბრალო საქციელის მიღმა რაღაც სხვა დაინახო.

ზურაბ ლეჟავა და ჯადოსნური ჯოხი

ჯადოსნური ჯოხი იმაზე დიდი ძალაუფლებაა, ვიდრე ატომური ბომბის ღილაკზე თითის დაჭერის შესაძლებლობა (ჩემი აზრით, სულაც არ არის ეს ღილაკი საჭირო). ასე რომ, სანამ ჯადოსნურ ჯოხს გამოვიყენებდი, ჯერ კარგად დავფიქრდებოდი, და მხოლოდ დაწყნარებულ გულზე დავიწყებდი ამ ჯოხით დირიჟორობას.

ზურაბ ლეჟავა - ბავშვი

ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, ერთხელ კარადასთან ვიდექი და ვფიქრობდი, რომ შეიძლება ამ კარადაში არის რაღაც სამყაროები, ჩვენსაზე გაცილებით პატარა. რომ იქ არის პლანეტები, რომ იმ პლანეტებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომ იმ ადამიანებს მუცელში ყავთ ჭიები. იმ სამყაროებში, კიდევ სხვა სამყაროებია. კიდევ უფრო მცირე ზომის. ჩვენ კი უფრო დიდი სამყაროს ნაწილი ვართ. ანუ ჩვენ ქვევით ჩვენზე პატარა სამყაროებია, ჩვენ ზევით კი - ჩვენზე დიდი, და ასე უსასრულოდ.

ზურაბ ლეჟავა გადასახლებაში

არი ანადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რომ გადასახლებაში ერთ იღლიაში „ვეფხისტყაოსანს“ ამოიდებდნენ, მეორეში - „ილიადას“. მე იშვიათად, ერთხელ წაკითხული წიგნი ხელმეორედ წავიკითხო. სულ ორი ავტორია, ვისი ნაწარმოებების წაკითხვაც ხშირად მინდება. ესენია: სალტიკოვ შჩედრინი და ჩეხოვი. გადასახლებაში მე რომელიმე სქელ ენციკლოპედიას წავიღებდი, ასევე უცხო სიტყვათა ლექსიკონს, ქართული და რუსული ენების განმარტებით ლექსიკონებს და ბიბლიას.

ზურაბ ლეჟავას ზონა

ზონაში ხალხს რომ ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი, რომ ბევრი მათგანი სწორედ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ეს მათი ადგილი იყო, მათი სამყარო. სხვაგან მათ, ალბათ, არ შეეძლოთ ყოფნა. ესენი იყვნენ სხვანაირი ადამიანები. სიტყვა წესიერება მათ თავისებურად ესმოდათ. მაგალითად, იყვნენ ადამიანები, ვინც თვლიდა, რომ წესიერება არის ქურდობა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია „ქურდის ინსტიტუტი“. სად ქურდობა და სად ინსტიტუტი? ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს ქალიშვილობის ინსტიტუტი. ეს ცალკე - ქალიშვილობის, ცალკე - ინსტიტუტის შეურაცხყოფაა. მაგალითად, მე ვიცი ფიზიკის ინსტიტუტი, სისხლის გადასხმის ინსტიტუტი, საშენმასალათა გამძლეობის ინსტიტუტიც კი, მაგრამ არ ვიცი ქურდის ან ქალიშვილობის ინსტიტუტი.

ზურაბ ლეჟავა - პატიმარი

ვერ და ვიტრაბახებ იმით, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის ვიხდიდი სასჯელს ან სინდისის პატიმარი ვიყავი. მქონდა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები, მეტწილად, ასე ვთქვათ, „ფიზკულტურული განხრით“. ჟარგონზე ამას „ბაკლანკას“ ეძახიან. მოკლედ, ხულიგნობაზე ვიჯექი. თავიდან 10 წელი მომისაჯეს, შემდეგ გამოუსვლელად სამჯერ მომიმატეს ჯამში 6 წელი. ასე რომ, დღეს მე მაქვს 4 ნასამართლეობა.

ჩემი აზრით, ადამიანი უნდა ეცადოს, ბრმად არ გაყვეს დინებას, რომელშიც ის არის, ან მოულოდნელად ჩავარდება. კაცი სტიქიებს არ უნდა დანებდეს. არც ზებუნებრივი ძალების იმედად დარჩენა ვარგა. ადამიანი უნდა ეცადოს, აკეთოს თავისი საყვარელი საქმე, იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ იყოს. როცა აღელვებულ ზღვაში ფარფატებს პატარა ხის გემი და ყოველ წუთს არის იმის საშიშროება, ტალღებმა დაამსხვრიონ იგი, მეზღვაური ყველა გზით უნდა ეცადოს თავის გადარჩენას.

34 Marriott Tbilisi - საკვირაო ბრანჩი

▲back to top


გურმანი

რესტორანი პარნასი, სასტუმრო თბილისი მარიოტი რუსთაველის 13, თბილისი 0108

უბანი: მთაწმინდა
ტელ: 779 200
სამზარეულო: ევროპული
საათები: ყოველ კვირა დღეს, 12:00 - 15:00
ბარათები: მიიღება
ფასი: 140 (ბრანჩი ორ ადამიანზე, არაალკოჰოლური ან ალკოჰოლური სასმელით, სერვისის გარეშე)
პარკინგი: ჭანტურიას ან თაბუკაშვილის ქუჩაზე
www.marriott.com/TBSMC

„უფრო მოდურები რომ ვიყოთ, ახლა ბრანჩს უნდა შევექცეთ“. თავისთავად აღარაფრისმთქმელი ეს მოწოდება 1896 წლის ბრიტანულ გამოშვებაში Hunter's Weekly-ში გამოქვეყნდა. განცხადება დღეს იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ის იმ დროის ახალგაზრდულ წრეებში გავრცელებული სტუდენტური სლენგის - სიტყვა ბრანჩის სავარაუდოდ პირველ ბეჭდურ ცნობას შეიცავს. ბრანჩის ეტიმოლოგია მარტივია: ის მიიღეს ორი სიტყვის - საუზმის პრეფიქსის (breakfast) და სადილის სუფიქსის (lunch) სინთეზით. ბრანჩის ფილოსოფიაც აქედან მომდინარეობს: ხანგრძლივი კერძი ნაშუადღევს, საუზმისა და სადილის ელემენტებით, გვიანი საუზმე, ადრეული სადილი თუ ზარმაცების კერძი, როგორც გენებოთ. ბრანჩი ყველაზე ფართოდ ამერიკასა და კანადაში გავრცელდა და მას მიმართავენ ოჯახური დღესასწაულების, მეგობრული თავშეყრების აღსანიშნავად.

ოჯახური წრეების გარდა, ბრანჩს მართავენ რესტორნები და სასტუმროებიც. კვირა დღეს, ქვედა მანჰეტენის რესტორნებში (ბრანჩის მეორე სამშობლოდ ზოგიერთი ცნობით ნიუ იორკი ითვლება) ადვილად ნახავთ გარეთ მსხდომ, მზეზე მიფიცხებულ მოსაუზმეებს, მიმოზებით ხელში (მიმოზა - შამპანურისა და ფორთოხლის წვენის კოკტეილი, ბრანჩის პოპულარული სასმელი). თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ბრანჩს ყველაზე მეტად შემოდგომა უხდება და ბრანჩისთვის ყველაზე ზედგამოჭრილი თვე ნოემბერია, როდესაც აცივებასთან ერთად, ორგანიზმი უფრო მსუყე და თბილ საჭმელს ითხოვს. ამრიგად, გასულ კვირას, სასტუმრო მარიოტ თბილისის ბრანჩს რესტორან პარნასში ვეწვიეთ.

რესტორანი პარნასი მოზრდილი სივრცეა, ნაცრისფერი კედლებით, ნეო არტ-დეკო ეკლექტური ელემენტებით და 1920-იანი წლების საგაზეთო ილუსტრაცია-რეკლამებით. სივრცეს მაგიდების გარდა ცოცხალი ჯაზბენდის დინამიური ვარიაციები ავსებს (ბესამე მუჩოს და მსგავსი პოპულარული თემების ვარიაციები). კლიენტურა თითქმის უკლებლივ უცხოელებისგან შედგება. უცხოელები, რომლებიც ხარბად ეწაფებიან ქართველებისთვის ნაკლებად ნაცნობ, დასავლური კულტურის ამ იმპორტს შუა რუსთაველზე. ამ მხრივ პარნასის ბრანჩი ერთგვარი ოაზისია, ყველაზე ახლო, ადვილად გასაქცევი ადგილი მათთვის, ვინც საქართველოში „შინაგან ემიგრაციას“ განიცდის.

მიმოზას გარდა ბრანჩის დაწყება შეიძლება ბელინით (იტალიური შუშხუნა ღვინის - პროსეკოსა და ატმის პიურეს კოკტეილი) ან სისხლიანი მერით (არყიანი პომიდვრის წვენი). მერწმუნეთ, უზმოზე ასეთი დასაწყისი გაძლიერებულ ეფექტს იძლევა. პარნასის ბრანჩის ღირებულებაში შედის როგორც უალკოჰოლო სასმელები, ასევე წითელი/ თეთრი ღვინო ან შამპანური, ასე რომ, ნება თქვენია. პარნასის ბრანჩის მენიუ კვირიდან კვირამდე განსხვავებულია და სხვადასხვა სამზარეულო თემის მიხედვით იცვლება, ფრანგული, იტალიური, ა.შ. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ქვემოთ განხილული მენიუსგან განსხვავებული არჩევანი დაგხვდეთ. ჩვენი სტუმრობის დღეს ბრანჩის თემა იტალიური იყო. ცივი და ცხელი კერძები შვედურ მაგიდაზე იყო განთავსებული: მადისაღმძვრელთაგან სალათის ბარი, ბოსტნეულის ან თევზის (ტუნას) კოკტეილი ღვინის ჭიქებში, მცირე ძეხვეული ასორტი, შემწვარი ბოსტნეულის ასორტი ცივად. ცხელ კერძთა მრავალფეროვნება აშკარად იყო. მათ შორის უდავოდ ყველაზე საინტერესო, გამოყვანილი ქართული ლორი მდოგვის მსუყე სოუსით, შემდგომ ლიმონიანი ხბოს ხორცი, მიდიების გრატენი, მოთუშული სატაცური და ბროკოლი, ქათმისა და სოკოს რულეტი პოლენტასთან ერთად, ზღვის პროდუქტების რავიოლი. საუზმის კერძების, ომლეტებისა და ნებისმიერი კვერცხის კერძის შეკვეთაც შესაძლებელია. ტკბილეულის მაგიდის არჩევანიც საკმარი: გოგრის ნამცხვარი, შოკოლადის მუსი, ან ბეილის მუსის ნამცხვარი, კენკრის სოუსი ან crème anglaise. ბუნებრივია, ეს კერძების არასრული ჩამონათვალია და ისიც ბუნებრივია, რომ შვედურ მაგიდაზე ყველაფერი ერთნაირად გემრიელი ვერ იქნება, თუმცა საერთო შთაბეჭდილება საკმაოდ კარგია. თუ ამას დავუმატებთ, რომ სერვისიც თავაზიანი და ყურადღებიანია, ნამდვილად ღირს ამ “საუცხოო” ატმოსფეროში კვირა შუადღის გატარება. ასე რომ, ჩაიცვით ყელიანი სვიტერები, ან თბილი ჟაკეტები მოიცვით და მარიოტ თბილისს მიაშურეთ. ცოტა რამე თუ სჯობს ნოემბრის სუსხიანი კვირა დღის მყუდრო და თბილი ბრანჩით დაწყებას.

35 ღორის ხორცის მედალიონები ჟოლოს სოუსში

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

2 ულუფა
მასალა:
1 კგ. ღორის სუკი
150 გრ. ჟოლო
100 გრ. კონიაკი
100 გრ. ვუსტერის სოუსი (Worchestershire sauce)
1 ლიმონი
1 როზმარინის ფოთლები
1 ჩაის კოვზი თაფლი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
ჯამში 45 ლარი

მომზადების წესი:

ღორის ხორცი დაჭერით მედალიონებად. მოასხით 50 გრ. ზეითუნის ზეთი, 50 გრ. კონიაკი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააჩერეთ 20 წუთი (მარინადი შეინახეთ).

ტაფა კარგად გააცხელეთ და მედალიონები შეწვით ორივე მხარეს ისე, რომ დაიბრაწოს. შემწვარი ხორცი მოათავსეთ თუჯის ქვაბში ან ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ხორცს მოასხით შენახული მარინადი და ჭურჭელი შედგით 200 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 15 წუთი.

აიღეთ ახალი ტაფა, ჩაასხით 50 გრ. კონიაკი, 50 გრ. ვუსტერის სოუსი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი როზმარინის ფოთლები და დააწურეთ ერთი ლიმონი. პილპილი მოაყარეთ გემოვნებით. წამოადუღეთ.

შემწვარ მედალიონებს მოასხით ჟოლოს სოუსი და მიირთვით ცხლად.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).