ტაბულა №50


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბაძაღუა ივანე, სოკორი ვლადიმირ, ხორბალაძე თამარ, კლეიტონი ნიკ, მაჭარაშვილი ნინო, თოდუა მაია, კვანჭილაშვილი ელენე, ჩერგოლეიშვილი თამარ, ბასილაია მიხეილ, ტურაშვილი თეონა, პატრიკოფი ალან, ჯაფარიძე ზურა, ელერდაშვილი ვახო, ლარისონი დენიელ, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, კოვზირიძე დავით, ლორთქიფანიძე მერაბ, მაყაშვილი ანა, ჯანდიერი სანდრო, ლეჟავა ზურაბ, გიორგობიანი ქეთო, მესხიშვილი გიგო, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|4 -10 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge



1 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„ჩემი აზრით, რომ გვინდოდეს ლიბიაში იარაღის გაგზავნა, ამის გაკეთებას შევძლებდით. ამ ეტაპზე ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ. როგორც ვხედავთ, კადაფის გარემოცვა ხვდება, რომ ყულფი ვიწროვდება, რომ მისი დღეები, სავარაუდოდ, დათვლილია და რომ მათ საკუთარ მომავალზე ფიქრი მოუწევთ”.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ლიბიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა არ გამორიცხა. 29 მარტი

0x01 graphic

„იატაკქვეშა დაჯგუფებების განადგურების ზომები უნდა გაგრძელდეს იმის გათვალისწინებით, რომ, სამწუხაროდ, არსებობს პრობლემები ჩვენი კავკასიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე. ეს პრობლემები ასეთი გზით უნდა მოგვარდეს”.

  • რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის ანგარიში ჩაიბარა. 30 მარტი

0x01 graphic

„ეს აშშ - ს თვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყო”.

  • რობერტ გეიტსი, აშშ - ის თავდაცვის მდივანი პასუხობს კითხვას - წარმოადგენდა თუ არა ლიბია საფრთხეს აშშ - სთვის. 28 მარტი

0x01 graphic

„ანგლო-ამერიკულო Rino Tinto, შენ უნდა შეიცვალო და ზიმბაბვურად გადაიქცე... ამერიკელებო და ბრიტანელებო, ეს ჩვენი ქვეყანაა”.

  • პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მოთხოვნაზე - უცხოურმა მადნეულის კომპანიებმა აქციების უმთავრესი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობას გადასცენ. მათ ვადა 25 სექტემბრამდე დაუწესდათ. 28 მარტი

2 კვირა

▲back to top


26 მარტი

0x01 graphic

  • დიდი ბრიტანეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ლონდონში 500 ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. უცხოური მედიის ცნობით, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ეს აქცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბური იყო. პროფკავშირებმა მოსახლეობა მას შემდეგ გამოიყვანეს ქუჩებში, რაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბიუჯეტის და სახელმწიფო სამსახურებში მოსალოდნელი შემცირებების შესახებ გააკეთა განცხადება.

27 მარტი

  • ირაკლი ალასანია ბრიუსელში ეუთოს გენერალურ მდივანს, მარკ პერინ დე ბრიშამბოს შეხვდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთანაც. ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებები იყო. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა პროცესი ალასანიამ, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელ სენატორებს, ჯენი შაჰინს, მარკ ვორნერს და კონგრესმენ ალსი ჰასტინგსაც გააცნო. „ხელისუფლებასთან კონსულტაციები რეალური შედეგით უნდა დასრულდეს, ამას ელოდება ქართველი ხალხი და ამაში მხარს გვიჭერენ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები”, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

28 მარტი

  • ლიბიელმა ამბოხებულებმა პოლკოვნიკ კადაფის მშობლიური ქალაქი, სირტე აიღეს. ამბოხებულები აცხადებენ, რომ სირტეს აღების დროს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში დიდი სამხედრო ბაზაა განლაგებული. ერთი დღით ადრე, სირტეზე საჰაერო იერიში კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს. ამბოხებულების წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. დღეს, სირტეს ისევ კადაფი აკონტროლებს

0x01 graphic

  • სტამბოლში შიშლის რაიონის სასამართლომ მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ორჰან ფამუქი „ერის შეურაცხყოფაში” დამნაშავედ ცნო. მწერალმა მოსარჩელეებს ჯარიმის სახით 6 ათასი ლირა (3,800 დოლარი) უნდა გადაუხადოს. ფამუქის გასამართლების მიზეზი მის მიერ გაზეთ Tages-Anzeiger-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება გახდა იმის შესახებ, რომ „თურქებმა 1 მილიონი სომეხი და 30 ათასი ქურთი გაჟლიტეს” და რომ ეს თურქეთში მის გარდა „არავის აღელვებს”. სასამართლოში ნობელის პრემიის ლაურეატის წინააღმდეგ სარჩელი თურქეთის იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქემალ ქერინჩსიზმა და საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ოთხი ჯარისკაცის ოჯახმა შეიტანა.

29 მარტი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის თებერვალში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არაკანონიერად ცნო. სარჩელი სასამართლოში კოსოვოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა შეიტანეს, რომლებმაც 22 თებერვლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კოსოვოს პარლამენტი ირჩევს. პრეზიდენტი პაკოლი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ალბანელად ითვლება. 1953 წელს დაბადებულმა პაკოლიმ სახელი რამდენიმე გახმაურებული სკანდალით გაითქვა. 1990 წელს მან კომპანია მაბეტექსი შექმნა, რომელიც ძირითადად რუსეთთან თანამშრომლობს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის კრემლის, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციული საბჭოს შენობების რესტავრაცია.

0x01 graphic

  • პენტაგონმა ბოდიში მოიხადა გასულ კვირას გამოქვეყნებული ფოტოების გამო, რომლებზეც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებთან ერთად არიან გადაღებული. ჟურნალ Rolling Stone-ის ცნობით, მსგავსი ათასობით ფოტო არსებობს. ისინი ავღანეთში აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მიმდინარე გამოძიების დროს აღმოაჩინეს. ამ სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს გამოძიება მშვიდობიანი მოსახლეობის „უბრალოდ გართობის მიზნით” მკვლელობებში ადანაშაულებს.

0x01 graphic

  • რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორშაბათს ინგუშეთის მთებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 17 ბოევიკი მოკლეს, ორი კი დააკავეს. სპეცოპერაციისას დაიღუპნენ და დაიჭრნენ სპეცრაზმის წევრებიც. რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებით, მოკლულები დომოდედოვოს ტერაქტის მოწყობაში მონაწილეობდნენ. აფეთქება მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, 2011 წლის 24 იანვარს მოხდა. მას 37 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი საკუთარ თავზე ისლამისტი კავკასიელი ბოევიკების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა აიღო.

30 მარტი

  • ბელგია მსოფლიოს რეკორდსმენთა სიაში მოხვდა ხელისუფლების გარეშე გატარებული დღეების რაოდენობის მიხედვით. უკვე 290 დღეა, ამ ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ამ მაჩვენებლით ბელგიამ წინა რეკორდსმენ ქვეყანას, ერაყს გაუწრო, რომელსაც 289 დღე დასჭირდა სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირების დასაძლევად და ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

0x01 graphic

  • მუსლიმი ექსტრემისტები უელსის პრინც უილიამის და მისი საცოლის, ქეით მიდლტონის ქორწილის ჩაშლით იმუქრებიან. ბრიტანული პრესის ცნობით, ექსტრემისტთა ჯგუფმა - მუსლიმები ჯვაროსნების წინააღმდეგ - განაცხადა, რომ „დღე, რომელზეც მთელი ერი ოცნებობს, კოშმარად უნდა იქცეს”. სამეფო ქორწილის ჩაშლით იანვარში ბრიტანელი ანარქისტებიც დაიმუქრნენ. ამ იდეის ავტორი ბრიტანელი ანარქისტი, კრის ნაიტია. მან ქორწილის დღეს გასამართი საპროტესტო ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. სამეფო ქორწილი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება. ბრიტანული პოლიცია აცხადებს, რომ ქორწილის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.

31 მარტი

  • საქართველოს სახალხო დამცველმა 2010 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პატიმართა სიკვდილიანობა 2009 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ობუდსმენის განცხადებით, 2010 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 142 ადამიანი გარდაიცვალა, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 100-ზე ნაკლები იყო. პატიმართა გარდაცვალების ძირითად მიზეზად ომბუდსმენის ანგარიშში ტუბერკულოზი და С ჰეპატიტია დასახელებული. პატიმართა გარდაცვალების მიზეზებს შორისაა გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიც. სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული 700-გვერდიანი დოკუმენტი ომბუდსმენის ოფისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გადააგზავნა და საკანონმდებლო ორგანო მას უახლოეს მომავალში მოისმენს.

1 აპრილი

  • გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ცნობით, სასამართლომ რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა და ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ის არ არის უფლებამოსილი განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი. სასამართლო დაეთანხმა ქართული მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ეხება 1965 წლის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციის დარღვევას. მაგრამ დაადგინა, რომ სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია მანამ, სანამ მხარეები არ ამოწურავენ მოლაპარაკების რესურსს.

3 შემდეგი?

▲back to top


არენა

არაბული რევოლუციები

ივანე ბაძაღუა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიბიაში განვითარებული მოვლენებისკენაა მიპყრობილი, სირიაში დაძაბულობა დღითი დღე იზრდება. რამდენიმე კვირაა, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვენ. თუმცა პრეზიდენტმა 30 მარტს პარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში დემონსტრანტებს იმედები გაუცრუა და გადადგომაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად ხალხში გაჩენილი ოპტიმისტური მოლოდინებისა, პრეზიდენტი ალ-ასადი კომპრომისზე არ წავიდა და კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ ძალაში დატოვა. ეს კანონი ქვეყანაში 1963 წლიდან მოქმედებს და მისი გაუქმება მომიტინგეთა ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა. ალ-ასადის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი კონსპირაციის შესახებ მსჯელობას დაეთმო: „ტრებს სირია მიზანში ჰყავთ ამოღებული”... [და] „ეს ტესტია ჩვენი ერთიანობისათვის”. პრეზიდენტმა რეფორმების შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს საპროტესტო ტალღის ზეწოლის შედეგი არ იქნება.

არაბული სამყაროს სხვა ქვეყნების მსგავსად, სირიაში ამბოხების მთავარი მიზეზები უმუშევრობა, რეჟიმის ავტორიტარულობა და კორუფციის მაღალი დონე იყო. სირია სეკულარული ქვეყანაა, სადაც 1963 წლიდან ძალაუფლება სოციალისტური პარტია ბაასის ხელშია. Freedom House-ის მონაცემებით მოქალაქეთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით სირია არათავისუფალ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით Heritage Foundation-ის რეიტინგში ის 140-ე პოზიციას იკავებს. ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია გავრცელებული. კორუფციის დონის მიხედვით Transparency International-ის 2009 წლის მონაცემებით იგი 180 სახელმწიფოდან 126-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკურ ძალაუფლებას ალ-ასადის მილიარდერი ბიძაშვილი, რემი მახლოუფი ფლობს. მას, კორუმპირებულობის გამო, ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის დროს, ამერიკაში ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება შეუზღუდეს. დამოუკიდებელი ბიზნესი აქ თითქმის არ არსებობს, როგორც ამბობენ - სირიაში ერთი ადამიანის ეკონომიკაა.

0x01 graphic

CIA-ს მონაცემებით მოსახლეობის 56%25 ქალაქებში ცხოვრობს. მაშინ, როცა უმუშევრობის დონე 8.5%25-ს აღემატება (Heritage Foundation), ხოლო დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დღეში 2 აშშ დოლარია, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოშობს.

პროტესტის აგორების კიდევ ერთ მიზეზად ხელისუფლების უუნარობა იქცა, როცა მან გადაწყვიტა ახალგაზრდების მოთხოვნებზე ეპასუხა. საზოგადოებაში წიგნიერების დონის გაზრდამ (79.6%25, CIA) ახალი თაობის პროცესებისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებით შთაგონებულმა ახალგაზრდობამ გააცნობიერა და მოითხოვა დემოკრატიული ცვლილებების აუცილებლობა. მოსახლეობის საშუალო ასაკის გათვალისწინებით (21.9, CIA) საპროტესტო მუხტი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

სირიის რევოლუციური ტალღა რეგიონის მსგავსი მოვლენებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რევოლუციური ეიფორია სირიაში, შეგვიძლია, რამდენიმე ეტაპად დავყოთ: ტუნისისა და ეგვიპტის წარმატებული რევოლუციების შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ დომინოს პრინციპით, იგივე სცენარი დამასკოშიც განვითარდებოდა. თუმცა 4-5 თებერვლის „მრისხანების დღის”, 17-23 თებერვლის ვერშემდგარი მასობრივი პროტესტის (17 თებერვალს შეიკრიბა 500 ადამიანი, ხოლო 23 თებერვალს ლიბიის საელჩოსთან სოლიდარობის აქციაზე - მხოლოდ 200 ადამიანი) შემდეგ „დომინის პრინციპი” ახალმა თეორიამ ჩაანაცვლა. მას „სირიული გამონაკლისი” უწოდეს. ეს ყველაფერი იმანაც განაპირობა, რომ ხელისუფლებამ „ეგვიპტური გაკვეთილები” გაითვალისწინა.

თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, წინა პლანზე კვლავ დომინოს თეორია წამოსწია. ყველაზე რეალური საფრთხე, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბაასისტურ ხელისუფლებას, სირიის მუსლიმური საძმოსგან ემუქრება. სირიაში ხელისუფლებაში წამყვანი პოზიციები უკავიათ ალავიტური კონფესიის წარმომადგენლებს. ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. სხვადასხვა მონაცემებით,მათი რაოდენობა 4 მილიონს არ აღემატება. მოსახლეობის 74%25 სუნიტური ისლამის მიმდევარია. ალავიტებმა სახელი მუჰამედის ბიძაშვილის და სიძის, მეოთხე წმინდა ხალიფასაგან აიღეს. მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვანწილად დაშორდნენ შიიზმს. ალავიტებმა მოძღვრებას ისმაილიტური ისლამის და ქრისტიანობის ელემენტები შეურწყეს. სუნიტი უმრავლესობის ნაწილი მათ ერეტიკოსებად მიიჩნევს.

დამასკო, ალეპო, ჰომსი და ჰამა მუსლიმური საძმოს 600 ათასი წევრის ძირითადი საცხოვრებელი არეალია. ბოლო დღეებში, საპროტესტო მუხტი, სწორედ ამ ქალაქებიდან მოდიოდა. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად მუსლიმური საძმო პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ საძმოს წევრების უმრავლესობას კარგად ახსოვს 1982 წელი, როდესაც სუნიტების ამბოხი ჰამაში ალავიტურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო და 20 ათასი ადამიანი მოკლა.

მიუხედავად პროტესტის მონაწილეთა რაოდენობის ზრდისა, ამ ეტაპზე მათი გამარჯვება მაინც სათუოა. ეგვიპტესთან და ტუნისთან შედარებით სირიაში სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო სუსტია და არც სერიოზული პარტია არსებობს, რომელიც მასების ორგანიზებას შეძლებდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოგრაფიაც: სირიის მოსახლეობა ეთნიკურად, რელიგიურად და კულტურულად დაყოფილია. აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სუნიტები (74%25), ქრისტიანები (10%25), ქურთები, ალავიტები და დრუზები (16%25). გამორიცხულია, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, „პოლიტიკური ბროკერის” როლი ჩვეულებრივმა შეიარაღებულმა ძალებმა ითამაშონ. სახელმწიფო რეპრესიული მანქანა სირიაში რესპუბლიკურ არმიასა და სპეცდანიშნულების რაზმებს ეფუძნება, რომლებიც ღრმად პოლიტიზირებული არიან. ისინი მმართველ უმცირესობაზე, ალავიტებზე არიან დამოკიდებულნი.

0x01 graphic

რეგიონული და საერთაშორისო მდგომარეობა უმეტესწილად ბაშარ ალ-ასადს „უმაგრებს ზურგს”: პირველი - სტატუს-კვოს შენარჩუნება რეგიონის ბევრი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. ირანისთვის ალავიტების ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა,ლევანტის რეგიონში პლაცდარმის შენარჩუნებასთანაა პირდაპირ კავშირში. ეგვიპტისთვის მნიშვნელოვანია სირიის მონაწილეობა პალესტინის ტერიტორიებზე ჰამასსა და ფატჰს შორის მოლაპარაკებებში. საკუთრივ ისრაელისთვისაც კი, რომელსაც გოლანის მაღლობი აქვს ოკუპირებული, პროგნოზირებად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან ურთიერთობა უფრო მისაღებია, ვიდრე ძნელად პროგნოზირებად მუსლიმურ საძმოსთან.

მეორე - სირიის მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაა ობამას ადმინისტრაციის დროს. თუკი ბუში ალ-ასადის რეჟიმის დასუსტებას ცდილობდა ეკონომიკური სანქციების შემოღებითა და სირიაში დემოკრატიული მოძრაობების დაფინანსებით, ობამამ სირიის ირანის გავლენის სფეროდან გასათავისუფლებლად განსხვავებული კურსი აირჩია. აშშ-მა შეარბილა ეკონომიკური სანქციები და მიმდინარე წლის იანვარში, 2005 წლის შემდეგ პირველად, დამასკოში ელჩი დააბრუნა (2005 წელს ელჩის გაწვევა ლიბანის პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაზე ბუშის ადმინისტრაციის პასუხი იყო. მკვლელობის შეკვეთაში ასადს ადანაშაულებდნენ). The New York Times-ის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო,რომ სირია ამერიკისთვის გახდა „პარტნიორი მშვიდობისათვის”. დამასკოსა და დერაას ქუჩებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, თეთრი სახლი კვლავ ამ პოზიციაზე რჩება. 27 მარტს Columbia Broadcasting System (CBS)-ის პოლიტიკური ანალიტიკოსის, ბობ შიფერის კითხვას, თუ რა განასხვავებს სირიის მოვლენებს ლიბიის ამბოხისაგან, ჰილარი კლინტონმა მარტივი პასუხი გასცა - „სირიაში განსხვავებული ლიდერია”, „კონგრესის წევრების უმრავლესობას, რომლებიც ამ თვეებში სირიაში იმყოფებოდნენ, სწამთ, რომ ასადი რეფორმატორია”. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „სირიაში საქმე გვაქვს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გადამეტებასთან”, მაშინ როცა კადაფი „თავისი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქებს ბომბავს”. მსგავს რიტორიკას, ისევე როგორც ობამას ახლო აღმოსავლურ პოლიტიკას, აშშ- ში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი უმრავლესობა, პროცესში ამერიკის უფრო აქტიურად ჩართვას მოითხოვს. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, ტიმ პოულენტის განცხადებით, „ასადი მკვლელი, დიქტატორია” და მშვიდობის დამყარებაში მისი პარტნიორად განხილვა „სრული სისულელეა”.

საგარეო მხარდაჭერით უზრუნველყოფილი რეჟიმის რეპრესიული მანქანა მთლიანად ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების შესანარჩუნებლად არის მობილიზებული. საზოგადოებამ იცის, თუ რა შეუძლია ამ მანქანას და ეს გარკვეულწილად თვითცენზურასა და თვითშეზღუდვას იწვევს. თუმცა, არაბულ სამყაროში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სამხედრო ძალა აღარ არის ადრინდელივით ეფექტიანი: მისი გამოყენების „ფასის” ზრდის პარალელურად, მოტანილი სარგებელი მცირდება.

პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებული მოლოდინების ვერგამართლება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. ქუჩაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები გამოჩნდნენ და ალტერნატიული მსვლელობები ეწყობა. ეს ზრდის რეჟიმის მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შესაძლებლობას. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სირიაში ცვლილებები ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად განხორციელდეს.

4 ქართული ოპოზიციური ჯგუფები და არეულობა არაბულ ქვეყნებში

▲back to top


პოლიტიკა

ვლადიმირ სოკორი

0x01 graphic

არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ორი ფრთა, განსხვავებულად რეაგირებს. ამ მოვლენებმა არასაპარლამენტო ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს (რომლებიც დიდი სიჭრელით გამოირჩევიან), როგორც ჩანს, რეჟიმის შეცვლის კამპანიის მორიგი წამოწყება შთააგონა. მეორე მხრივ, საპარლამენტო ოპოზიცია უარს ამბობს საქართველოში „რევოლუციური” მეთოდების გამოყენებაზე და აქცენტს საარჩევნო პროცესსა და მომდევნო წელს დაგეგმილ არჩევნებზე აკეთებს.

თუ არაბულ ქვეყნებში არეულობას დასავლეთში ბევრი დემოკრატიულ პროცესად აფასებს, საქართველოში მას რეჟიმის ცვლილების სერიული მოსურნენი უფრო ცინიკურად აღიქვამენ. ამ ჯგუფების ლიდერებს იმედი აქვთ, რომ უკანონო ქმედებებით ხელისუფლებას აიძულებენ, ძალა გამოიყენოს. მოვლენების ასეთი განვითარება კი, მათი გათვლით, ხელისუფლებას შიდა ლეგიტიმურობას და, რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერას დააკარგვინებს.

ეს ტაქტიკა ქართველი მეამბოხე ჯგუფებისათვის არახალია. ზოგმა ეს უკვე 2007 და 2009 წლებში გამოსცადა. ამ ჯერზე, სიახლეა ტერმინ „რევოლუციის” უფრო ღიად გამოყენება, სისხლისღვრაზე უპრეცედენტო, თანაც ორაზროვანი საუბრები და არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან გამოტანილი დასკვნა, რომ დასავლეთი შეშინებული პროდასავლური ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას არ მოიწონებს.

თუმცა, 2007 წლისგან ან თუნდაც 2009 წლისგან განსხვავებით, რეჟიმის ცვლილების პარლამენტს გარეთ მყოფი მოსურნენი, საზოგადოების მხრიდან იზოლირებულები არიან. აკლიათ რა მოკავშირეები პოლიტიკურ მეინსტრიმში, მათზე წონიანი ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ინსტიტუციური სისტემის ფარგლებში მოქმედებენ. ეს პარტიები 2012 წლის საპარლამენტო და შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. პარლამენტს გარეთ კი, მეამბოხე ოპოზიცია თავის რევოლუციაზე ოცნებობს, ხელისუფლება რომ შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს (ინტერფაქსი, 28 მარტი).

მეამბოხე ოპოზიცია კი ძალიან დანაწევრებულია. მასში შედის სახალხო კრება, რომელიც რვა სხვადასხვა ჯგუფისგან შედგება; ქართული პარტია, რომელიც სახალხო კრების კონკურენტია; დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის, რომელსაც ბადრი ბიწაძის და ნინო ბურჯანაძის ოჯახური ტანდემი ხელმძღვანელობს (სასაზღვრო დაცვის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე); და რამდენიმე სხვა ჯგუფი და ფრაქცია (24 საათი, 4, 17 მარტი). ბიწაძე და ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე (საპრეზიდენტო კანდიდატი 2008 წლის იანვრის არჩევნებში), ერთმანეთს საჯაროდ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მიუნხენის აეროპორტში, ღალატის ბრალდებებისა და ამ ბრალდებების უარყოფის ნიადაგზე (Eurasianet, 28 მარტი).

ამ ჯგუფებმა ეკონომიკურ გაჭირვებაზე კაპიტალის დაგროვების შანსი ხელიდან გაუშვეს. საქართველოს ეკონომიკა პოსტკრიზისული აღდგენის ფაზაშია. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ახლა 6%25-ია და წლის ბოლომდე ამ ტემპის, სულ მცირე, შენარჩუნებაა დაგეგმილი. ინფლაცია, რომელმაც წლიურ 14%25-ს მიაღწია, სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა პროგნოზით წლის განმავლობაში ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება (რადიო თავისუფლება, 13 მარტი). ხელისუფლება ამ პრობლემას გარკვეული სოციალური ჯგუფებისა და პენსიონერებისთვის საკვების ვაუჩერების დარიგებით პასუხობს. სხვადასხვა საქონელსა და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო ფასების ზრდაში, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ხელისუფლებას მისი ოპონენტები ადვილად ვერ დაადანაშაულებენ.

მეამბოხე ოპოზიციონერები „შეტევის” სხვადასხვა თარიღს ასახელებენ (9 აპრილი, 24 აპრილი, 2 მაისი) „გადამწყვეტი” აქციებისა და დემონსტრაციების დასაწყებად. მაგალითად, ბურჯანაძის წინადადებაა „ხელისუფლების იძულება, მშვიდობიანად გადადგეს, სისხლისღვრის გარეშე”; იგი იმუქრება „შეუპოვარი წინააღმდეგობით, თუ ის [ხელისუფლება] ხელის აღმართვას გაბედავს” (Russia Today, 16 მარტი; ნეზავისიმაია გაზეტა, 24 მარტი). ასეთივე შემართებით, ქართული პარტიის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, მოუწოდებს „ძალა აჩვენონ, მათ [ხელისუფლების] შესაკავებლად” და თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, „თანაზომადი პასუხი” გასცენ, მაგალითად, ხელკეტებზე  ხელკეტებით (რეზონანსი, 21 მარტი).

მასობრივი მიტინგებისთვის მეამბოხე ჯგუფებს სოციალური ბაზა აკლიათ; მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მზად არიან, ისეთი ინციდენტების პროვოცირებისთვის, რომელსაც ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს. ზოგი ქართველი შიშობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება ლიბიაში დასავლეთის ინტერვენციის მაგალითს მიბაძოს და საქართველოში „ხალხის დასაცავად” შემოიჭრას. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, ეს შეშფოთება ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართულ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე გამოხატა (კავკას-პრესი, 24 მარტი).

გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები ძირითადი ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ინსტიტუციური სისტემის ფარგლებში მოქმედებენ. უარყოფენ რა „რევოლუციის” იდეას (რაც საქართველოში ძირითადად ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ცვლილებას გულისხმობს), ეს პარტიები საკონსტიტუციო ვადების შესაბამისად გამართულ არჩევნებში (2012 წელს) მონაწილეობას და ამით, პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარი წილის გაზრდას აპირებენ. ამჟამად ისინი მმართველ პარტიასთან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.

თარგამაძის გუნდი რეჟიმის შემცვლელთა ბანაკს 2008 წლის დასაწყისში გამოეყო, იმავე წელს არჩევნების გზით პარლამენტში წარმომადგენლობა მოიპოვა და როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, საპარლამენტო ადგილები დაიკავა (ხოლო მეამბოხე ოპოზიციონერებმა იმავე წელს მოპოვებულ რამდენიმე ადგილზე უარი განაცხადეს). ალასანიას ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები მეამბოხეებთან 2009 წლის ანტისამთავრობო კამპანიაში არცთუ იოლად თანამშრომლობდნენ, მომდევნო წელს კი მათ აგრეთვე გამოეყვნენ.

ეს ორი პარტია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაღვინდა. ამ არჩევნებმა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა; პრეზიდენტის მომხრე ნაციონალური მოძრაობის მაღალი რეიტინგი დაადასტურა; პასუხისმგებელი ოპოზიციური პარტიების დაბადება გვაცნობა; და სერიული რევოლუციების მოსურნე ანაქრონისტული პარტიების მარგინალიზაცია მოახდინა.

5 მთავრობა - ბიზნესში

▲back to top


პოლიტიკა

თამარ ხორბალაძე

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს იწყებს. დაუსრულებელი პროექტების დასრულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დარგების განვითარების მოტივით, მთავრობა საპარტნიორო ფონდს აფუძნებს.

კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდის დაფუძნება სააქციო საზოგადოების ფორმითაა გათვალისწინებული. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ფონდის მიერ ისეთი პროექტები დაფინანსდება, რომლებიც კერძო სექტორს კონკურენციას არ გაუწევს. პროექტი კერძო სექტორის თანადაფინანსებით განხორციელდება, რაც 25%25-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამასთან, ფონდში პროექტს იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში, სულ მცირე, 5 მილიონი ლარი იქნება. არასასოფლო სამეურნეო სფეროში, ყველაზე ცოტა - 30 მილიონი ლარი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მისი განსახელმწიფოება მოხდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. თუმცა ფონდის დაფინანსების წყაროებში არის პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებიც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიერ შემოტანილი დივიდენდებიც და ასე შემდეგ. 2011 წლის ბიუჯეტში პრივატიზებიდან მისაღები თანხების გეგმა, რომელიც არაფინანსური აქტივების კლების მუხლშია მოცემული, 150 მილიონ ლარს შეადგენს. ამას გარდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია კიდევ 149 მილიონის მიღება დივიდენდებისა და პროცენტების სახით, ანუ ჯამში 300 მილიონ ლარზეა საუბარი. ფონდის დაფინანსების წყაროებს შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხიც (სახელმწიფო გრანტების გარეშე). ამ უკანასკნელის დაბრუნებაზე პასუხისმგებელიც სახელმწიფო ფონდია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ფონდის იდეის პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ ფონდი დააფინანსებს დაუსრულებელ საინვესტიციო პროექტებსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს. მაგალითად, ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა და სხვა.

მტკიცება იმისა, რომ ფონდის პროექტები კონკურენციას არ გაუწევს კერძო სექტორს, არადამაჯერებელია. მაგალითად იმავე ნავთობგადამამუშავებელ თუ სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე მუშაობენ მსხვილი კერძო კომპანიები. მათ, საქართველოს ხელისუფლების ბიზნესში შესვლა, არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენებს.

ამას გარდა, საქართველოში არსებობს სტრუქტურები - მაგალითად, საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელთაც ენერგო, ინფრასტრუქტურული და აგროპროექტების სახელმწიფოს სახელით განხორციელების გამოცდილება აქვთ. ეს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის სახელმწიფოს მიერ ბიზნესში მონაწილეობისთვის დამატებითი ფონდის შექმნის აუცილებლობას.

გაუგებარია, რატომ უნდა დაასრულოს დაუსრულებელი საინვესტიციო პროექტი, ან დააფინანსოს ახალი სახელმწიფომ და არ სცადოს მათ დასრულებაში კერძო ინტერესის ჩართვა? მსგავსი არასახელმწიფო წყაროები, რომელთაც ბიზნესმენმა დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება მიმართოს, დღესაც არსებობს - მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თანადაფინანსების 25%25-ზე ნაკლებ ზღვარს აწესებს (მაგ. World Bank, EBRD, Millennium Challenge Fund და სხვა).

ტაბულამ საპარტნიორო ფონდის დაარსების მიზანშეწონილობის შეფასება ექსპერტ ზურაბ ჯაფარიძეს სთხოვა. მისი აზრით, გაუგებარია რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ საერთაშორისო ფონდებზე უკეთ შეძლებს განსაზღვროს ამა თუ იმ პროექტში ინვესტირების მიზანშეწონილობა. „უნდა დაფინანსდეს თუ არა ესა თუ ის ბიზნესიდეა, ყველაზე კარგად იცის კერძო, კომერციულმა ბანკმა. თუ კომერციული ბანკი არ რისკავს რომელიმე პროექტის დაფინანსებას (ამ შემთხვევაში სწორედ რისკებზეა საუბარი და არა ბანკებში ლიკვიდურობის ნაკლებობაზე), ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროექტი არ უნდა განხორციელდეს”, - ამბობს იგი.

გამოცდილება აჩვენებს, რომ იქ, სადაც სახელმწიფო ბიზნესის კეთებას ცდილობს, შედეგები საკმაოდ მძიმეა. ერთი წლის წინ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ 1426 სახელმწიფო საწარმოდან 506-ის შესახებ საწარმოთა მართვის სააგენტოს ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნდა, სახელმწიფო საწარმოთა უმრავლესობა კი წამგებიანია.

უარყოფითი გამოცდილება დაუგროვდა სახელმწიფოს იაფი სესხების პროგრამასთან დაკავშირებითაც. 2008 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 117 პროექტი, საერთო ღირებულებით 62.4 მლნ ლარი. 2009 წელს კი 17 - სულ 2.5 მლნ ლარის ბიუჯეტით. დღეს ამ პროგრამის ეკონომიკურ შედეგებზე ხელისუფლებაში აღარ საუბრობენ.

ამ მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო არაეფექტიანი მხარჯველია. ამ ტიპის ინიციატივები საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, ხელისშემშლელი პირობაა.

6 აფხაზეთში თურქული ინვესტიციები და ბიზნესი ფართოვდება

▲back to top


პოლიტიკა

ნიკ კლეიტონი

საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთზე ემბარგოს ოფიციალურად აგრძელებს, თუმცა ექსპერტები და ადგილობრივი დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვამ ემბარგო შეასუსტა და აფხაზეთის ნავსადგურებისკენ მიმავალ თურქულ გემებს აღარ აკავებს.

აფხაზეთის ბლოკადა და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ, 1996 წელს ოფიციალურად გაფორმდა. მიუხედავად ამისა, 2000 წლიდან რუსეთმა ნელ-ნელა ეკონომიკური სანქციები გააუქმა. ამას სახმელეთო ვაჭრობის გამოცოცხლება მოჰყვა. საქართველოს საზღვაო პატრული ყველაფერს აკეთებდა, რომ სანაოსნო მიმოსვლა, აფხაზეთთან ვაჭრობის მსურველთათვის, იშვიათი და სახიფათო ყოფილიყო.

1999 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს საზღვაო პატრულმა 60-ზე მეტი გემი დააპატიმრა. მათგან ბევრი მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა, ხოლო ზოგიერთი ეკიპაჟის მეზღვაური, მცირევადიანი სასჯელით, საქართველოს საპყრობილეებშიც მოხვდა. თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის მკვლევარი, არგუნ ბასკანი, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, თურქეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ბასკანი ამ საკითხზე 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის - „აფხაზეთი შავი ზღვის რეგიონის ინტეგრაციისთვის” - თანაავტორია. მისი თქმით, 500,000-კაციანი აფხაზური დიასპორა თურქეთში აფხაზეთთან სატრანზიტო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების აღდგენისა და გაღრმავების საკითხებს აქტიურად ლობირებს

როგორც ეტყობა, ანკარა აფხაზურ დიასპორას, ყურს მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით უგდებს. რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ თურქეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტები გააფართოვა. ქვეყანამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი რანგის დიპლომატები აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან შესახვედრად ორჯერ გაგზავნა. 2010 წლის აპრილის ბოლო ვიზიტის შემდეგ, დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, თურქეთის ელჩმა საქართველოში, მურატ ბურჰანმა განაცხადა, რომ ორმხრივი კავშირების გასაღრმავებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ბურჰანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი „აფხაზეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების საკითხს განიხილავდა”.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ ეთნიკურად აფხაზი თურქების მცირე რაოდენობა დაბრუნდა აფხაზეთში - ბასკანის ვარაუდით, 50 ოჯახი წელიწადში - მათ დიდი ზეგავლენა იქონიეს აფხაზური ეკონომიკის განვითარებაზე, წამოიწყეს სხვადასხვა ბიზნესი და  იმპორტ-ექსპორტის კომპანიებიც კი დააარსეს.

აფხაზმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ახრა სმირმა ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაიზარდა როგორც თურქეთის გემების რაოდენობა, ასევე თურქული ინვესტიციების მოცულობა. თებერვლის დასაწყისში, ორდღიანი ვიზიტის დროს ტაბულას კორესპონდენტმა სოხუმის ნავსადგურში ხუთი სხვადასხვა თურქული გემი შენიშნა. რამდენიმე მათგანზე თურქულის გარდა აფხაზეთის დროშაც ფრიალებდა. ოთხი გემი თევზსაჭერი იყო, ხოლო ერთი - კონტეინერი, საიდანაც სხვადასხვა სახის პროდუქცია გადმოიტვირთა.

როგორც ჩანს, 2009 წელს მომხდარმა ორმა შემთხვევამ აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის მოხსნას ხელი შეუწყო.

2009 წლის აგვისტოში დააპატიმრეს თურქული გემი-კონტეინერი - ბუკეტი. მასზე, როგორც ამბობდნენ, 17 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა. გემს 2,800 ტონა საწვავი გადაჰქონდა. გემის კაპიტანს, ბლოკადის წესების დარღვევისთვის, 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ შემთხვევას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეთ დავუთოღლუ, მალევე ჩაფრინდა თბილისში და ხუთი დღის შემდეგ გემის კაპიტანი გაათავისუფლეს. როგორც თურქული ყოველდღიური გაზეთი Today's Zaman წერდა, 2010 წლის აპრილში ამ ინციდენტმა საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. მათ თურქეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები განიხილეს.

2009 წლის სექტემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთის „ტერიტორიული წყლების” დასაცავად საზღვაო დაცვის გემებს გაგზავნიდა და დააკავებდა ნებისმიერ ქართულ გემს, რომელიც აფხაზეთისკენ მცურავი გემის დაპატიმრებას შეეცდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს საზღვაო ფლოტის ორი ყველაზე დიდი გემი გაანადგურა. მას შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვა, რომელმაც 2009 წელს ოფიციალურად შეიერთა ფლოტი, უძლურია იმ რუსულ გემებთან, რომლებიც აფხაზეთის წყლებს პატრულირებენ.

2009 წლიდან დღემდე საქართველოს სანაპირო დაცვას მხოლოდ ერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული გემის დატყვევების შესახებ - აფხაზეთისკენ მცურავი უკრაინული გემი, რომელიც 2010 წელს, ეკიპაჟიანად, ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბლოკადის სტატუსის ან აფხაზეთთან უკანონო ვაჭრობის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

აფხაზეთში იმპორტის 60%25 თურქეთიდანაა, ხოლო აფხაზური ექსპორტის 45%25 თურქეთში გადის. ბარათელიას გაანგარიშებით, 2007 წელს, ანუ, სანამ რუსეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებდა, აგრეთვე ვაჭრობა და თურქული ინვესტიციები გაიზრდებოდა - თურქეთიდან შემოსულ საქონელზე გადახდილმა საბაჟო გადასახადებმა აფხაზეთის ბიუჯეტის 30%25 შეადგინა.

ბასკანი ამბობს, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ისევ რთულია. იმის შიშით, რომ სამართლებრივი პრობლემები შეექმნებათ, მოვაჭრეები საერთოდ არ საუბრობენ თავიანთ საქმიანობაზე. თუმცა, აფხაზი ეკონომისტის, ბესლან ბარათელიას ანგარიშის მიხედვით, რომელიც თურქულ Turkish Policy Quarterly-ში იყო ციტირებული, აფხაზეთში იმპორტის 60%25 თურქეთიდანაა, ხოლო აფხაზური ექსპორტის 45%25 თურქეთში გადის. ბარათელიას გაანგარიშებით, 2007 წელს, ანუ, სანამ რუსეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებდა, აგრეთვე ვაჭრობა და თურქული ინვესტიციები გაიზრდებოდა - თურქეთიდან შემოსულ საქონელზე გადახდილმა საბაჟო გადასახადებმა აფხაზეთის ბიუჯეტის 30%25 შეადგინა.

გასული წლის ივლისის ანგარიშში ბასკანი წერდა, რომ ქართველი და თურქი დიპლომატები თურქეთსა და აფხაზეთს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენას, მათ შორის, ტრაბზონსა და სოხუმს შორის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთ შესაძლებლობად ბათუმის ნავსადგურში ბორნის შესვლა განიხილება - აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე საბაჟო კონტროლის გასავლელად.

ანალიტიკოსების თქმით, აფხაზეთში თურქული ინვესტიციები და ბიზნესი მნიშვნელოვნად შეავიწროვა ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციებმა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფომ თუ რუსულმა კერძო კომპანიებმა, 2008 წლის ომის შემდეგ განახორციელეს. თუმცა, ბასკანის თქმით, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები თურქეთთან სულ უფრო გაღრმავდება და თურქული კომპანიები სოჭის 2014 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებული სამშენებლო პროექტებისთვისაც იბრძოლებენ. საეჭვოა, რომ ანკარის პოლიტიკური პოზიცია შეიცვალოს. მან აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება „ძალზე არარეალურია” და ამ თვალსაზრისით ოფიციალური ანკარის შეხედულება აშშ-სა და NATO-ს პოზიციას დაემთხვევა. მისივე აზრით, დანარჩენ მსოფლიოსთან აფხაზეთის ურთიერთობების გაფართოება, თბილისთან სამშვიდობო პროცესზე საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს.

„საბოლოო ჯამში, რაც უფრო გაიხსნება აფხაზეთი მსოფლიოსთვის, მით უფრო გაუფართოვდება მას თვალთახედვა და უფრო ობიექტურად განეწყობა სხვებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობების იდეის მიმართ”, - განაცხადა ბასკანმა.

7 სახელმწიფო საუნივერსიტეტო ანშლუსისთვის ემზადება

▲back to top


საზოგადოება

თამარ ხორბალაძე

0x01 graphic

პარლამენტში სამი კვირის წინ შესული პროექტი უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შესახებ კვლავ კონსულტაციების რეჟიმშია. ტაბულა უკვე წერდა, რომ კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს, რეალურად კი  რეგენტთა საბჭოს უქვემდებარებს და ავტონომიას ართმევს. ახალ კანონპროექტს სხვა პრობლემებიც აქვს: იგი კორუფციულ რისკებს ზრდის;  უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას ამცირებს; შეიცავს ბუნდოვან და ორაზროვან მუხლებს; ქონების და ზოგიერთ სხვა საკითხს არ არეგულირებს. ამ თვალსაზრისით, არსებული კანონმდებლობისა და ახალი კანონპროექტის შედარებითი ანალიზი საკმაოდ საინტერესო სურათს გვაძლევს:

დღემდე  უნივერსიტეტი საკუთარ საქმიანობას თვითონ წარმართავდა. ბიუჯეტი სტუდენტების, პროფესორებისა და კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით და მათი პრიორიტეტების გათვალისწინებით იგეგმებოდა. უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ადგენდა საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს, გამოყოფდა ფინანსებს და სტუდენტების, პროფესორებისა და საზოგადოების წინაშე იყო პასუხისმგებელი.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ყველა უნივერსიტეტი შეინარჩუნებს პასუხისმგებლობას სწავლის და კვლევის შინაარსზე, თუმცა მათ საქმიანობას მთავრობის მიერ დანიშნული 5-კაციანი რეგენტთა საბჭო გააკონტროლებს. ამ საბჭოს მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქციებში  შედის ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსების ყოველდღიურ ეფექტიან ხარჯვაზე, შესაბამისად - სწავლების და კვლევების ხარისხზე კონტროლი. მაგალითად, მას შეუძლია, ბიუჯეტში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებისთვის სათანადო დაფინანსება არ გაითვალისწინოს.

დამოუკიდებლობის შეზღუდვის პარალელურად, კანონპროექტი დღევანდელი კანონმდებლობით არსებულ კორუფციულ რისკებს, შემცირების ნაცვლად, ზრდის:

დღემდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე, ეს უკანასკნელნი კი - პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უნივერსიტეტზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ვრცელდება. შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა, ერთი მხრივ, მართვას ართულებს, მეორე მხრივ კი, კორუფციული საფრთხეების შემცირებას ემსახურება.

ახალი კანონპროექტის თანახმად კი, ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მხოლოდ მთავრობის მიერ დანიშნული 5 კაცის წინაშეა ანგარიშვალდებული. აღარ არსებობს უნივერსიტეტის ან საზოგადოების პასუხისმგებლობის მექანიზმები. ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული, რა პრინციპით უნდა შეირჩეს რეგენტთა საბჭოს 5 წევრი; რა ჩაითვლება ინტერესთა კონფლიქტად ამ შემთხვევაში. საბჭოს დამოუკიდებლობის გარანტიები მთავრობისგან და განათლების სამინისტროსგან არ არის გაწერილი. კანონპროექტში არც ის რესურსია განსაზღვრული, რამაც საბჭოს, სულ მცირე, 27 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ფინანსების კონტროლის რეალური საშუალება უნდა მისცეს. საჭირო ბერკეტების მასშტაბზე წარმოდგენას ისიც შექმნის, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ბიუჯეტის ცვლილება 10-12-ჯერ მაინც ხორციელდება. ამასთან, კანონპროექტში არ არის განსაზღვრული რეგენტთა საბჭოს წევრების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი ღიად არის დატოვებული და მთავრობის მიერ დასამტკიცებელი საბჭოს დებულებით განისაზღვრება. კანონპროექტში არც ის ჩანს, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს ამ დამატებითი სტრუქტურის - რეგენტთა საბჭოს შენახვა.

დღეს უნივერსიტეტებს საკუთრებაში ქონება არ აქვთ - მისი განკარგვის გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭო, რაც შემდეგ განათლების და ეკონომიკის სამინისტროებთან თანხმდება. არ შეიძლება ქონების გასხვისება.

ახალ კანონპროექტში არ არის კონკრეტული ხედვა და ვადები, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების უნივერსიტეტებისთვის გადაცემა. გარდა ამისა, ქონების განკარგვის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნივერსიტეტთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვას კი რეგენტთა საბჭო იტყვის.

უნივერსიტეტს თავისუფლება წესდების დამტკიცებაშიც კი ერთმევა: დღეს ამ დოკუმენტს აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობითი საბჭო ერთობლივად ამუშავებენ და წარმომადგენლობითი საბჭო იღებს. წესდებას განათლების სამინისტრო ამტკიცებს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ რევიზიას უკეთებს. ახალი კანონპროექტით, მას უნივერსიტეტი შეიმუშავებს, მაგრამ კონკრეტულად რომელი მართვის ორგანო, განსაზღვრული არ არის. წესდებას განათლების სამინისტრო ამტკიცებს. ამასთან, მას არ აქვს უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტის დამტკიცების ვალდებულება. აღარც ისაა აღნიშნული, რომ სამინისტროს უფლება აქვს უნივერსიტეტს შენიშვნები მხოლოდ კანონთან შეუსაბამობაზე წარუდგინოს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბარიერებს: დღეს არსებობს უნივერსიტეტების საშტატო განრიგის, ქონების განკარგვის (გარდა გასხვისების), სესხის აღების, წესდების დამტკიცების შეთანხმების აუცილებლობა მთავრობასთან. ასევე არსებობს ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, შესყიდვები რეგულირდება შესყიდვების შესახებ კანონით, დაწესებულია ფინანსური შეზღუდვები სახელშეკრულებო და საშტატო ხელფასებზე, ასევე სავალდებულოა მართვის ორგანოების რეგისტრაცია.

ახალი კანონპროექტით მთავრობასთან (5-კაციან რეგენტთა საბჭოსთან, ან - მის დანიშნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანაც - განათლების სამინისტროსთან) შესათანხმებელია - ბიუჯეტის დაგეგმვა და ცვლილებები; ნებისმიერი ახალი თანამშრომლის მიღება; ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ქონების გასხვისება და  წესდება. კვლავ აუცილებელი იქნება მართვის ორგანოების რეგისტრაცია. ამას საჯარო რეესტრი ისედაც აკეთებს და ეს დამატებით დაუსაბუთებელ რეგულაციას ქმნის. ინიციატორები საუბრობენ იმაზე, რომ შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნები, სტატუსის ცვლილების შემდეგ, თითქოს უმაღლეს სასწავლებლებზე არ უნდა გავრცელდეს. თუმცა წარმოდგენილი პროექტიდან ეს არ ჩანს და არც შესყიდვების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებებია პარლამენტში შეტანილი.

საინტერესოა ინსტიტუციური ფონდის საკითხი. ამ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას სახელმწიფო უნივერსიტეტები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ლობირებენ. ტაბულა უკვე წერდა, რომ ფონდს, წარმოდგენილი ცვლილებებით, ხელმძღვანელს რეგენტთა საბჭო დაუნიშნავს, რაც მისი შექმნის არსს ეწინააღმდეგება. ამას გარდა, კანონპროექტში არ წერია, რა მიზნით იქმნება ფონდი - რომ მისი ერთადერთი დანიშნულებაა, გადაცემული ქონებრივი და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის შედეგად, უნივერსიტეტისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვა. არ არის არავითარი წინაპირობა, რომ ფონდმა ამ მისიის შესრულება ეფექტიანად შეძლოს - საკმარისი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, დირექტორის საკმარისი კვალიფიკაცია, სტიმულები შემოწირულობებისთვის. არც ფონდის დირექტორის შერჩევის წესია განსაზღვრული - უნივერსიტეტი ამ პროცესში არ მონაწილეობს.

ჩამოთვლილი საკითხები უდავოდ ბევრ კითხვას აჩენს. ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება, უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, სიტუაციის გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს.

8 შედარებითი რეკლამა და მისი ქართული ექო

▲back to top


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

საფეხბურთო მაისურში გამოწყობილი ბიჭუნა გამაგრილებელი სასმელების დანადგართან მიდის, ჯიბიდან ხურდას იღებს და ორ ქილა კოკა-კოლას ყიდულობს. რატომ კოკა-კოლა? მიზეზი მარტივია: ღილაკი, რომელსაც მისი ყიდვისთვის უნდა დააჭიროთ, დაბლაა. ბიჭს კი გადაწყვეტილი აქვს, ქილებზე ფეხებით შედგეს და უფრო ზევით მიმაგრებულ პეპსის ღილაკს შეწვდეს. ეს ცნობილი ვიდეორგოლი შედარებითი რეკლამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მისი ხილვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი, რადგან ტრადიციულმა მასმედიამ დაბლოკა. არსებული სტანდარტებით, კონკურენტის მსგავსი დაკნინება არაეთიკურად ითვლება. სწორედ სარეკლამო ეთიკისადმი გაცხოველებული ყურადღების გამო, დღეისათვის გიგანტი კორპორაციების სარეკლამო ბატალიებმა, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, დიდწილად სოციალურ მედიაში გადაინაცვლა.

ქართული სარეკლამო ბაზარი მსგავსი ხასიათის მდიდარი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ შედარებითი რეკლამა ჩვენთანაც აქტუალურია. უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ სარეკლამო ორთაბრძოლამ, რომელიც ქვეყანაში არსებულ მობილურ ოპერატორებს, მაგთიკომსა და ბილაინს, შორის გაჩაღდა.

ზოგადად, რეკლამის უმთავრესი მიზანია, დაარწმუნოს პოტენციური მომხმარებელი, რომ წარმოდგენილი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე გონივრული არჩევანია. თანამედროვე რეკლამა სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, მასმედიის განვითარებასთან ერთად,  იღებს. თუმცა ისტორია აქ როდი იწყება - თუ ჩავთვლით, რომ რეკლამა არის „სხვების ინფორმირება რაიმეს თაობაზე”, ის ცივილიზაციასავით ძველი გამოდის. დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, გაყიდვების შესახებ განცხადებებისა და კედლის პლაკატებისთვის, პაპირუსს იყენებდნენ. პომპეის ნანგრევებსა და ანტიკურ არაბეთში, ძველ საბერძნეთსა და რომში აღმოჩენილია უძველესი რეკლამების, პოლიტიკური კამპანიისა და კომერციული განცხადებების ნიმუშები. რეკლამის უძველესი სახეობაა კედელზე ხატვაც.

მონათმფლობელურ ბაზარზე ზეპირ რეკლამად შეიძლება ჩაითვალოს ფართოდ გავრცელებული წესი - ხმამაღლა ყვირილი და სავაჭრო ობიექტის ღირსებების წარმოჩენა მისი სარფიანად გაყიდვის მიზნით. ბუნებრივია, ბეჭდვითი მედიის განვითარებამ, მოგვიანებით ტელევიზიისა და ინტერნეტის გამოჩენამ, რეკლამის ხასიათი მთლიანად შეცვალა და დღეს, სარეკლამო ინდუსტრია საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტს განმსჭვალავს.

სარეკლამო ინდუსტრიის მზარდი მასშტაბები დღის წესრიგში აყენებს სარეკლამო ეთიკისა და მწარმოებელზე, მომხმარებელზე, ეკონომიკასა თუ ზოგადად, საზოგადოებაზე მისი გავლენის საკითხს. გასაკვირი არ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავე მაშინაა, როდესაც საქმე შედარებით რეკლამას ეხება.

ბუნებრივია, რეკლამის მრავალი სახეობიდან, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთ-ერთია. ის მედიაში მრავალი წლის წინ გამოჩნდა და თანმდევი სკანდალურობის დამსახურებით, დღეს განსაკუთრებით პოპულარულია. ამ დროს კონკურენტზე, მის საქონელსა თუ მომსახურებაზე პირდაპირი ან ირიბი მითითება ხდება. მიზანი საკუთარი პროდუქტის მთავარი მახასიათებლების გამოყოფა, შედარება და უპირატესობის ხაზგასმაა.

უკანასკნელ ათწლეულში შედარებითი რეკლამის პოპულარობის სწრაფმა ზრდამ, ეთიკის საკითხისა და შედარებითი რეკლამის გავლენის გარშემო დებატები კიდევ უფრო გააცხოველა.

შედარებით რეკლამას არაერთი პლუსი აქვს. პირველ რიგში, ის პროდუქტის უპირატესობის მიმართ ყურადღებას ზრდის. გარდა ამისა, ხელს უწყობს ბაზრის გამჭვირვალობას: მეტ ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას, შესაბამისად, არჩევანს უადვილებს - მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მიიღოს კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ითვლება, რომ მსგავსი ხასიათის რეკლამა ბაზარზე კონკურენციას უწყობს ხელს - ის უბიძგებს მწარმოებელს, გააუმჯობესოს მოწოდებული პროდუქტის, იდეის თუ მომსახურების ხარისხი.

სკეპტიკოსთა აზრით, მსგავს დადებით ეფექტს მაშინ ვიღებთ, თუ რეკლამა ობიექტური და სამართლიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მნიშვნელოვან რისკებს ატარებს: მაგალითად, ხელ-ფეხს უხსნის რეკლამის დამკვეთს, გააზვიადოს ორ პროდუქტს შორის არსებული განსხვავება, უსამართლო შედარებები გააკეთოს ან უბრალოდ, კონკურენტზე თუ საკუთარ თავზე ტყუილები შეთხზას. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, რეკლამას კონტრრეკლამა მოჰყვება. ასე კომერციულმა ურთიერთობებმა შეიძლება მუდმივი უსამართლო პრაქტიკების სახე მიიღოს. ამ ლოგიკით, საბოლოოდ, მომხმარებელი გასულელებული აღმოჩნდება, სარეკლამო ინდუსტრია კი ნდობას დაკარგავს. საქმე ისაა, რომ მომხმარებელი ხანგრძლივი დროით არასდროს ტყუვდება, მსგავსი სტრატეგია კი რეკლამის დამკვეთი კომპანიებისთვისვეა წამგებიანი - სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და კეთილსინდისიერება თავისთავად საუკეთესო რეკლამაა. თუმცა, კრიტიკულად განწყობილთა დასამშვიდებლად უნდა ითქვას, რომ ევროპაში შედარებითი რეკლამა კანონით რეგულირდება და მკაცრ ჩარჩოებში ზის. გარკვეული მოთხოვნები არსებობს აშშ-შიც, სადაც, სხვა მხრივ, მსგავსი პრაქტიკა წახალისებულია, როგორც გამოხატვის თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება.

საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ახლად გამოჩენილი შედარებითი რეკლამები, როგორც წესი, ირონიულ ხასიათს ატარებს და კონკურენტის მსუბუქი, არაპირდაპირი დაცინვით შემოიფარგლება. განსხვავებული ხასიათისაა მაგთიკომის ახალი რეკლამა, რომელიც ტელეეთერში ინტენსიურად ტრიალებს. მისი ეფექტი თვითონ რგოლის ხარისხზე ან კრეატიულობაზე ნამდვილად არაა გათვლილი. მცირებიუჯეტიან სარეკლამო რგოლს კონკურენტ კომპანია ბილაინზე მიაქვს იერიში. ორ კომპანიას მსგავსი ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს, მაგრამ ამჟამად მდგომარეობა განსხვავებულია: სარეკლამო რგოლში გამოსახულია საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები ბილაინის კორპორატიულ ფერებში - ყვითლად და შავადაა დაშტრიხული, დანარჩენი საქართველო კი მწვანედ - ეს არის ზონა, რომელსაც მაგთიკომი ფარავს. აქცენტი მაგთის „ქართულ საქმეზე” კეთდება, კონკურენტი კომპანია კი ავტომატურად გამოდის „არაქართული საქმის მკეთებელი”, ანუ ოკუპანტებთან მოკავშირე. ეს კომერციული კომპანიის რეკლამის პოლიტიკური სარჩულია. მაგთიკომი საერთოდ უარყოფს კონკურენტზე მინიშნების ფაქტს, თუმცა აშკარაა, რომ პირველი ასოციაცია, რასაც ყვითელი და შავი ფერების კომბინაცია მაყურებელში იწვევს, სწორედ ბილაინია.

საქართველოს კანონმდებლობით, შედარებითი რეკლამა დაშვებულია, თუ ბაზარზე რეკლამის დამკვეთსა და კონკურენტს, ან მათ სავაჭრო ნიშნებს, საქონელსა თუ მომსახურებას შორის „უხერხულობას არ ქმნის”. გარდა ამისა, შედარებითი რეკლამა კონკურენტის სავაჭრო ნიშნისა თუ პროდუქტის დისკრედიტაციას არ უნდა ახდენდეს. შედარება ობიექტური უნდა იყოს, რისი განსაზღვრებაც, რიგ შემთხვევებში, რთულია. ბილაინის მესვეურები ირწმუნებიან, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ ფარავენ - მით უმეტეს, ეს აკრძალულია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობით. კომპანია ჩივილს არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული რეკლამა ძალიან ჰგავს არაეთიკურ პრეცედენტს და კონკურენტის განზრახ დისკრედიტირებას ახდენს.

ფანტაზიას მოკლებული რეკლამები, რომელიც, ამავდროულად არაეთიკურია, უპირველეს ყოვლისა, თვითონ კომპანიისთვისაა წამგებიანი. სხვა შემთხვევებში კი, როდესაც რომელიმე ინტერნეტპორტალზე „აკრძალულ” შედარებით რეკლამას წავაწყდებით, შეგვიძლია, ეთიკის საკითხები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და რგოლის შემქმნელთა კრეატიულობით დავტკბეთ.

9 უხილავი სამყარო

▲back to top


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

ნაწილი 1.
ფარული მასა

სამყაროზე დღევანდელი წარმოდგენა ასეთია: მის 70%25-ს ფარული ენერგია შეადგენს, 25%25-ს - ფარული მასა, ხოლო ჩვეულებრივი ნივთიერება - ის ნაწილაკები, რისგანაც ვარსკვლავები, მზე, პლანეტები, ადამიანები შედგება - კოსმოსის მხოლოდ 5%25-ია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, დაწყებული დედამიწიდან დამთავრებული იმით, რასაც ყველაზე დიდი ტელესკოპის მხედველობა სწვდება - ასეული მილიარდი გალაქტიკა, თითოეული ასობით მილიარდი ვარსკვლავითურთ - სამყაროს მთელი მასის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. კოსმოსის 95%25 საიდუმლოებითაა მოცული. ეს ჯერჯერობით, რა თქმა უნდა.

მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა, რომლის სახელი ერთ-ერთ უდიდეს კოსმოსურ ტელესკოპს ჰქვია, ჩვენი სამყაროს მასშტაბები ერთბაშად გააფართოვა. მანამდე ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის - ფარგლებში ვიყავით „ჩაკეტილი”. აღმოჩნდა, რომ ანდრომედას ნისლეული, რომელიც ცაზე შეუიარაღებელი თვალით პატარა გადღაბნილი ლაქის სახით ჩანს, ცალკე გალაქტიკაა, რომელსაც ჩვენ 2.5 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს. ჰაბლის აღმოჩენამ ჩვენი წარმოდგენა სამყაროსა და მის სტრუქტურაზე ძირეულად შეცვალა.

0x01 graphic

გალაქტიკური გროვების შეჯახება

1930-იან წლებში შვეიცარიელი ასტრონომი ფრიც ცვიკი აკვირდებოდა გალაქტიკათა გროვებს და მათი მასების შეფასებას ცდილობდა. ვარსკვლავის სიკაშკაშესა და მასას შორის პირდაპირი კავშირია: რაც უფრო კაშკაშაა ის, მით უფრო მასიურია. ასევეა გალაქტიკების შემთხვევაშიც: რაც უფრო მეტად ანათებს გალაქტიკა, მით უფრო დიდია მისი მასა. ციური სხეულის მასის შეფასება სხვა მეთოდითაც არის შესაძლებელი - მოძრაობისა და ბრუნვის სიჩქარეების მიხედვით, რომელიც გრავიტაციის კანონს ეყრდნობა. მეცნიერული თეორია მაშინ ითვლება სწორად, როდესაც დამოუკიდებელი მეთოდებით მიღებული შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ცვიკიმ აღმოაჩინა, რომ სიჩქარით გამოთვლილი გალაქტიკის მასა დაახლოებით 10-ჯერ აღემატებოდა სიკაშკაშის მიხედვით მიღებულ მნიშვნელობას. ასტრონომებმა ამას „დაკარგული მასის პრობლემა” უწოდეს. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს განსხვავება დაკვირვების დაბალი სიზუსტის ბრალი იყო და ადრე თუ გვიან პრობლემა მოგვარდებოდა. მაგრამ 1970-იან წლებში ამერიკელმა ასტრონომმა ვერა რუბინმა აღმოაჩინა, რომ სპირალური გალაქტიკების გარე ნაწილები მოსალოდნელზე გაცილებით უფრო სწრაფად ბრუნავდნენ. მიზიდულობის კანონისა და სიკაშკაშის განაწილებიდან გამომდინარე, გალაქტიკის ცენტრიდან პერიფერიისკენ ბრუნვის სიჩქარე მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. დაკვირვებები სხვა შედეგს აჩვენებდა: ბრუნვის სიჩქარე გალაქტიკის კიდისკენ არ კლებულობდა და თითქმის მუდმივი რჩებოდა, რაც ასევე დამატებით მასაზე მიანიშნებდა. მასის გაზომვის ამ მეთოდებს 1990-იან წლებში შეემატა უამრავი სხვაც: გრავიტაციული ლინზირება, 1a ტიპის ზეახალი ვარსკვლავები, კოსმოსური მიკროტალღური ფონი და ა.შ. ისინი ფარული მასის არსებობას ადასტურებენ.

აქედან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: 1. ნიუტონის მიზიდულობის კანონი და მისი განზოგადება - აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია დიდ მასშტაბებში სწორი არ არის, შორ მანძილებზე გრავიტაცია სხვაგვარად „იქცევა” - არა ისე, როგორც მზის სისტემის ფარგლებში და მის მახლობლად, სადაც ციური სხეულების მოძრაობის აღწერა ძალზე ზუსტად შეგვიძლია; ან 2. ჩვენ ყველაფერს ვერ ვხედავთ. არსებობს ნივთიერება, რომელიც არ ანათებს სპექტრის არც ერთ დიაპაზონში - არა მარტო ხილულში, არამედ არც ინფრაწითელში და არც რენტგენულში. ის სრულიად უხილავია ჩვენთვის.

ასტრონომთა ერთმა ნაწილმა პირველი დასკვნა გააკეთა და აინშტაინის თეორიის რევიზია დაიწყო. განიხილეს რამდენიმე სხვადასხვა მოდელი, რომელთაგან ზოგიერთი მართლაც ხსნიდა დაკვირვებებს. მაგრამ მათ მოგვიანებით სხვა მეთოდებით მიღებული შედეგები ვერ ახსნეს.

ასტრონომთა დიდი უმრავლესობა კი უხილავი მასის არსებობას ემხრობა. ეს მატერია არ ჰგავს ჩვეულებრივ ნივთიერებას, ანუ ბარიონებს, რომლისგანაც ჩვენ და ვარსკვლავები შევდგებით. თავისი ბუნებით ის სრულიად განსხვავდება პროტონების, ნეიტრონებისა და ელექტრონებისგან. ის არ შედის ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში, რის გამოც არ ანათებს - ამიტომაცაა უხილავი. ეს ნივთიერება მხოლოდ გრავიტაციის საშუალებით იჩენს თავს.

ფარული მასის ბუნების შესახებ უამრავი სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ის შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მისი მცირე ნაწილი ჩვეულებრივი ნივთიერების სახითაც შეიძლება გვხვდებოდეს, მაგალითად, ე.წ. ყავისფერი ჯუჯების - არშემდგარი ვარსკვლავების - სახით, ან ნეიტრინოების, მაჩოს (macho - massive compact halo object, ანუ გალაქტიკური ჰალოს მასიური კომპაქტური ობიექტები), შავი ხვრელების სახითაც. მაგრამ უმეტესწილად ფარული მასა ისეთი ნივთიერებისგან შედგება, როგორიც ჩვენ აქამდე არ შეგვხვედრია და რის შესახებაც ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ამიტომაც მეცნიერებს სხვადასხვა ჰიპოთეტური ნაწილაკები შემოჰყავთ. ყველაზე ფართოდ განიხილება ე.წ. ვიმპ ნაწილაკი (wimp - weakly interacting massive particle, ანუ სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკი), რომლის აღმოჩენას ცდილობენ შვეიცარიის ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის მეშვეობით. ამ ჰიპოთეტური ნივთიერების დანახვას სხვა მეთოდებითაც ცდილობენ, ღრმად მიწის ქვეშ მოთავსებული დეტექტორების საშუალებით. ჯერჯერობით ეს ნაწილაკები აღმოჩენილი ვერ იქნა.

ფარული მასა არათანაბრადაა განაწილებული. ის უმეტესწილად გალაქტიკების განაპირას იყრის თავს. 2005 წელს სრულიად უჩვეულო ობიექტი აღმოაჩინეს - VIRGO HI21 - გალაქტიკა ვარსკვლავების გარეშე! ის თითქმის მთლიანად ფარული მასისგან შედგება, რომელშიც ცოტაოდენი წყალბადის ღრუბელია შერეული. სწორედ მისი წყალობით შეძლეს ამ გალაქტიკის აღმოჩენა, რადგანაც წყალბადი რადიოდიაპაზონში გამოასხივებს, ხოლო მისი მასა ბრუნვის სიჩქარის საშუალებით დადგინდა. როგორც იტყვიან, ასტრონომებმა ბნელ ოთახში შავ კატას მიაგნეს.

ახლახან ჰაბლის კოსმოსურმა და ჩანდრას რენტგენულმა ტელესკოპებმა ნამდვილი „ტიტანების ბრძოლა” აღბეჭდეს - მათ გალაქტიკათა ორი გროვის შეჯახება აღმოაჩინეს. ამ დაჯახების შედეგად ჩვეულებრივი და ფარული ნივთიერება ერთმანეთს გამოეყო.

მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა ფარული მასის არსებობას და ეძებს მისი აღმოჩენის საშუალებებს. თუმცა არსებობს ალტერნატიული თეორიებიც: მოდიფიცირებული მიზიდულობის კანონები და კვანტური გრავიტაცია, რომელსაც ზოგჯერ „ყველაფრის თეორიას” უწოდებენ. არის სხვა ეგზოტიკური თეორიებიც. ისინი ცდილობენ დაკვირვებების ახსნას უხილავი ნივთიერების გარეშე. თუ რომელია სწორი, მომავალი გვიჩვენებს.

ერთი რამ ცხადია - სამყაროს შესწავლა არასდროს იქნება მოსაწყენი. როგორც კი მოგვეჩვენება, რომ უკვე ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ვიცით და მხოლოდ წვრილმანის ახსნაღა დაგვრჩა, სწორედ მაშინ, ამ „წვრილმანიდან” მოულოდნელად ისეთი საიდუმლოება წარმოაჩენს თავს, რომელიც ყველაფერს თუ არა, ბევრ წარმოდგენას თავდაყირა დააყენებს.

0x01 graphic

ფარული მასის განაწილება სამყაროში

ფარული მასა არ არის ერთადერთი კოსმოლოგიური პრობლემა. თეორიებმა უნდა ახსნას ისიც, თუ რატომ ფართოვდება სამყარო დაჩქარებული ტემპით. ამის შესახებ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.

10 უხერხული სიმართლე ანუ ეკოლონომიკა

▲back to top


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც გულგრილია საკუთარი გარემოს დაბინძურებისა თუ მომაკვდავი ცხოველების გამოსახულებების მიმართ. თუმცა ათწლეულებია, ეკოლოგიური პრობლემებისადმი ელექტორატის მგრძნობიარობა პოლიტიკური ქულების დაგროვების ცინიკურ ინსტრუმენტად იქცა. პოლიტიკოსები გარემოსდაცვით პრობლემებს აბუქებენ, მითებად აქცევენ, სათავისოდ იყენებენ და მთელ მსოფლიოს თვალში ნაცარს აყრიან. 2007 წელს, როდესაც ნობელის კომიტეტი ალ გორს პრემიას გადასცემდა, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ გლობალური დათბობის დოქტრინისგან მხოლოდ ბიუროკრატიული ქაღალდების გროვები შეგვრჩებოდა.

სხვადასხვა ქვეყნებში გარემოს მდგომარეობას და მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პოლიტიკის გატარებას, იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფი, 2006 წლიდან იკვლევს. კვლევა 25 ინდიკატორს ეყრდნობა, რომლებიც 2 ძირითად ჯგუფში ერთიანდება - ჯანსაღი გარემო და ეკოსისტემის მდგრადობა. უახლესი კვლევისმიხედვით, საქართველო, 163 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა. რეგიონში საქართველო უშუალო მეზობლებს - თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს - საშუალოდ 14 ადგილით უსწრებს.

2006 წელი „მწვანე” რელიგიის ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამ წელს გამოვიდა ოსკაროსანი ფილმი „უხერხული სიმართლე”, რომელმაც გლობალური აუდიტორია თავისი წინასწარმეტყველებით ააფორიაქა - ნიუ იორკს და მაიამის უახლოეს მომავალში 7 მეტრის სიმაღლის წყალი დაფარავდა.

ეს, სულ მცირე, 10 „მეცნიერული” ტყუილიდან ერთ-ერთი იყო - განაჩენი სასამართლომ გამოიტანა. სასამართლო გარჩევის საბაბი 30 ათასი მეცნიერის საჩივარი გახდა, რომლებმაც დოკუმენტური ფილმის სკოლებში ჩვენების აკრძალვა მოითხოვეს. ფილმი არ აკრძალულა, თუმცა სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე, სასამართლომ ამ ფილმის ჩვენება მიზანშეუწონლად ჩათვალა. მეცნიერებმა ფილმში აღწერილ „აპოკალიპტურ ხედვას” პოლიტიზებული, ხოლო კლიმატური ცვლილებების ანალიზს მიკერძოებული უწოდეს. ტყუილს კი მეცნიერული სიმართლე დაუპირისპირეს - წყლის დონის მატება 7-მეტრიან ნიშნულს მხოლოდ ათასწლეულის შემდეგ მიაღწევდა. ეს ვადა „უახლოესი მომავლის” კატეგორიაში დროის მეცნიერული საზომითაც ვერ მოხვდა.

ფილმის გამოსვლიდან 12 თვეში, თემა მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა აიტაცეს. რა შეიძლება იყოს იმაზე კეთილშობილური, ვიდრე მთელი პლანეტის გადარჩენაა?! ანგელა მერკელმა, რომელსაც გერმანულმა მედიამ „კლიმატის კანცლერი” შეარქვა, 2020 წლამდე ევროპაში გამონაბოლქვის დონის 20%25-ით შემცირების საჯარო პირობა დადო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა, რომლისთვისაც კლიმატის ცვლილება ფაშიზმის ტოლი ბოროტება იყო, 2050 წლამდე ზღვარი 60%25-მდე ასწია. 2007 წლის დეკემბერში კი მსოფლიოს, პირველი „მწვანე” ლიდერი გამოუჩნდა: ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კევინ რუდმა პოსტი სწორედ „ეკოლოგიურად სუფთა” პლატფორმით მოიპოვა.

2008 წელს გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა პრიორიტეტები შეცვალა: გარემოსდაცვით პოლიტიკაზე მომგებიანი, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება გახდა.

მაგალითად, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის 25-წლიან ისტორიაში, 1985-2002 წლებში გარემოს დაცვა უფრო პრიორიტეტული იყო. 2002 წლიდან პასუხები პროცენტულად თითქმის თანაბრად იყოფოდა. 2007-2008 წლებში კი, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის ეკონომიკური ზრდა, გარემოს დაცვასთან შედარებით, მთელი 15%25-ით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. Gallup-ი 25 წლის მანძილზე ამერიკელებს ერთ კითხვას უსვამდა: რა უფრო მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვა თუნდაც ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე, თუ ეკონომიკური ზრდის მიღწევა იმ შემთხვევაშიც, თუ ამით გარემოს საფრთხე დაემუქრება?

საზოგადოებრივი აზრის სხვა არაერთი კვლევითაც დასტურდება, რომ გლობალურად, ამომრჩეველთა უმეტესობას სჯერა, რომ ეკონომიკური ზრდით ორივე შესაძლებელია - ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნის მიღწევა მაშინ, როცა გარემოსდაცვითმა პოლიტიკამ შეიძლება ეკონომიკა დაამახინჯოს.

გერმანიის მზის ენერგიის სუბსიდია, მაგალითად, მომხმარებლებს 125 მილიარდი დოლარი უჯდებათ, თუმცა ქვეყნის ენერგეტიკაში მისი წილი 0.25%25-ს ვერ ცდება. ბიოსაწვავზე დახარჯული თანხაც იგივე  სუბსიდიაა სოფლის მეურნეობის დარგში - წლიური 20 მილიარდი დოლარი, რასაც გამონაბოლქვის შემცირებაზე ეფექტი პრაქტიკულად არ აქვს.

გერმანიაში, მწვანე ინიციატივების პროგრამა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ხარჯების სიაში, რომლებიც ანგელა მერკელმა, ქამრების მოჭერის პოლიტიკის ფარგლებში, გაანახევრა. აშშ-ში, ბარაკ ობამა ბოლო პერიოდში ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას აღარ ახსენებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი კევინ რუდი კი პირველი „მწვანე” ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ მაღალფარდოვანი მიზნების პრაქტიკაში გატარება ვერ მოახერხა.

საქართველოს მიერ არჩეული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ლიბერალური კურსი, როგორც ჩანს, რეგიონში მის 4-წლიან ეკოლოგიურ ლიდერობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, როგორც წესი, მკაცრ რეგულირებას გულისხმობს. ამ მიდგომის მთავარი პრობლემა იმის დაშვებაა, რომ გარემოს მეტად დაცვისთვის, ეკონომიკური ზრდა უნდა შემცირდეს, გარკვეული დროის შემდეგ კი ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერთ სულზე შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ შედგენილ ეკოლოგიურ რეიტინგში საქართველოს დინამიკის ანალიზიც ამას ადასტურებს.

სხვადასხვა ქვეყნებში გარემოს მდგომარეობას და მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პოლიტიკას, იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფი, 2006 წლიდან იკვლევს. კვლევა 25 ინდიკატორს ეყრდნობა, რომლებიც 2 ძირითად ჯგუფში ერთიანდება - ჯანსაღი გარემო და ეკოსისტემის მდგრადობა. უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველო, 163 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა. რეგიონში საქართველო უშუალო მეზობლებს - თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს - საშუალოდ 14 ადგილით უსწრებს.

კვლევის ანგარიში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. ეკოლოგიური რეიტინგის მიხედვით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2008 წელს - მსოფლიოში 37-ე ადგილი - ჰქონდა. ამ წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2.3%25  შეადგინა. 2006-2007 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 10%25-ით გაიზარდა. შარშან ეკონომიკური მატება 2-ჯერ ნაკლები - 5.5%25 იყო. 2009 წელს კი - გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენით, ქვეყნის ეკონომიკა 3.9%25-ით დაეცა. შემცირების მიუხედავად, საქართველოს ადგილი რეიტინგში მაინც გაუარესდა.

2010 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საშუალოდ 1.8-ჯერ ნაკლებია. ეს წინა წლებთან შედარებით, საშუალოდ, თითქმის იგივე მაჩვენებელია. თუმცა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკოლოგიური რეიტინგის მიხედვით, საქართველო სომხეთზე 1.1-ჯერ, აზერბაიჯანზე - 1.4-ჯერ, თურქეთზე - 1.3-ჯერ, ხოლო რუსეთზე 1.2-ჯერ წინაა.

გამოდის, რომ საქართველო ორივე დაშვებას - ნაკლები ეკონომიკური ზრდა, უკეთესი მაჩვენებელი და მეტი სისუფთავე, მეტი შემოსავალი - ეწინააღმდეგება.

იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ანგარიში ასეთ შეუსაბამობებს იმით ხსნის, რომ ხშირად რეიტინგში ქვეყნის ეკოლოგიურ წარმატებას გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა განსაზღვრავს და არა შემოსავალი, ან სხვა ფაქტორები. ეფექტიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემთხვევაში სახელმწიფო „იცავს” იმ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური ზრდისათვის, თუმცა მათი აქტიური მოხმარებაც გარემოს მდგრადობას საფრთხეს უქმნის - სახელმწიფომ ხელოვნურად უნდა შეზღუდოს ეკონომიკური ზრდა. საქართველო ამ მხრივაც გამონაკლისია. ის მსოფლიოში რეგულაციებისგან თავისუფალი, ლიბერალური მიდგომით არის ცნობილი. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა ქვეყანა ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელა.

ლოგიკურია დავუშვათ, რომ რაც უფრო მდიდარია საზოგადოება, მით მეტი დრო აქვს, თვითგადარჩენის გარდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც დაფიქრდეს - მათ შორის, გარემოზე. მდიდარ ქვეყანას შეუძლია მეტად დააფინანსოს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები, რაც დააჩქარებს მათი განვითარებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ შემთხვევაში „ბინძური” და მოძველებული - ახალი და სუფთა ტექნოლოგიებით ისე ჩანაცვლდება, რომ ზედმეტ ტვირთად არც გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს და არც ბიზნესს არ დააწვება. მეტიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდასაც წაახალისებს.

იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ მსოფლიო ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, 2008 წელს იყო - 100-დან 72.5 ქულით. 2006 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.1-ჯერ, 2010 წელთან შედარებით კი - 1.3-ჯერ მეტია. 2008 წელს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით, 1.2-ჯერ, 2010 წელთან შედარებით კი - 1.3-ჯერ უფრო მეტია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის წარმოება რთულია, შეუძლებელია: რეგულაციები ინვესტორს, სულ მცირე, დროსა და ფულს ართმევს. ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა. ის თავის ყველა მეზობელ ქვეყანაზე წინაა, საშუალოდ 48 ადგილით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და, შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის ეკონომიკურ თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკური თავისუფლების პირობებში მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარი და არა მთავრობა არეგულირებს. ბაზრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო სამართლიანია, რადგან ის წარმოებისა და მოხმარებისთვის არსებულ მწირ რესურსებს მიკერძოებით არ ანაწილებს. ამდენად, ეკონომიკური თავისუფლება ინვესტორისთვის უკეთ წარმოაჩენს ქვეყნის ყველა ეკონომიკურ შესაძლებლობას, რაც სტაბილური ეკონომიკური ციკლის წინაპირობა ხდება - მეტი ინვესტიცია, მეტი ინოვაცია, დინამიკური ეკონომიკური ზრდა, მეტი კეთილდღეობა. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, საქართველო ყველა თავის მეზობელ ქვეყანაზე წინაა, საშუალოდ 44 ადგილით.

საქართველოს მიერ არჩეული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ლიბერალური კურსი, როგორც ჩანს, რეგიონში მის 4-წლიან ეკოლოგიურ ლიდერობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ამ დაშვებას საერთაშორისო კვლევების უმეტესობაც ამყარებს: ეკონომიკური ზრდის საწყის ეტაპზე (სანამ საშუალო შემოსავალს დაბალი ნიშნულიდან დაძვრა უწევს) გარემო შეიძლება მართლაც დაზარალდეს, თუმცა ეკონომიკური ზრდის გარკვეულ ეტაპზე (როცა საშუალო შემოსავალი სტაბილურად მაღალ ნიშნულს აღწევს), გარემოს დაბინძურების ხარისხი თანდათანობით მცირდება. გამოდის, რომ გარემოს სერიოზული დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა, სწორედ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებაა.

11 ბილდტი, Twitter-ი და საგარეო პოლიტიკა

▲back to top


ტაბულა|ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

„ცოტაც და თბილისში გავფრინდებით, ახალი საელჩო უნდა გავხსნა. მნიშვნელოვანი რეგიონია. ვიმედოვნებ, რომ ბაქოსა და ერევანშიც მალე წავალ”, - გვამცნო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ით. აქვე იმასაც ვიგებთ, რომ სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოში ვიზიტი, დაგეგმილი ორი დღის ნაცვლად, რამდენიმე საათს გასტანს, რომ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი მომხიბლავია და რომ საქართველოში მოვლინებული დაიანა იანსე შვედეთის ყველაზე ახალგაზრდა ელჩია

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

კარლ ბილდტის შეტყობინებებს მაღალი თანამდებობის პირისთვის მოულოდნელი გულწრფელობა ემჩნევა. ისიც აშკარაა, რომ მათ თავად მინისტრი და არა მისი პრესსამსახური წერს. ამის მიუხედავად, გაკვირვება მაინც ვერ დავმალე, როდესაც საელჩოს გახსნისადმი მიძღვნილ მიღებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და Twitter-ზე შეტყობინების აკრეფა დაიწყო - „ახლახან უზარმაზარი ტორტი დავჭერი”, - გვახარა მან.

კარლ ბილდტისა და ინტერნეტის სიყვარული არახალია - 1994 წელს, შვედეთის პრემიერ-მინისტრობისას, მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბილ კლინტონს იმეილი გაუგზავნა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის პირველი პირი, მეორე ქვეყნის პირველ პირს ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა.

გასულ წელს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, Washington Post-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც რონალდ რეიგანის სიტყვებს იმეორებს, ოღონდ ამჯერად ვირტუალური სივრცის შესაზღუდად აღმართული კედლების გარღვევას ითხოვს. ის ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ადამიანის თანდაყოლილი უფლებების რანგში განიხილავს.

ბილდტი დაიბადა 1949 წელს ჰალანდში, ნორვეგიულ-დანიურ-შვედური წარმოშობის დიდგვაროვანთა ოჯახში. საგარეო საქმეთა მინისტრის დიდი ბაბუა - ბარონი გილის ბილდტი შვედეთის მე-5 პრემიერ-მინისტრი გახლდათ. ბილდტის ოჯახის ნორვეგიულ შტოს კი ამ ქვეყნის მეფესთან, ჰააკონ V-სთან მივყავართ.

0x01 graphic

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში დაიანა იანსე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

„კარლ ბილდტი სხვებზე ბევრად გულწრფელი და აზრიანი ადამიანია, - ამბობს ჩარლზ გრანტი, ლონდონში დაფუძნებული ინსტიტუტის, ევროპული რეფორმის ცენტრის მკვლევარი New York Times-თან საუბარში, - არაფრით გამორჩეულ მინისტრებს არ უყვართ უფრო ჭკვიანი და მცოდნე კოლეგა, რომელსაც ბევრად უკეთესი კავშირები და სტრატეგიული ხედვა აქვს, ვიდრე მათ”.

ცივი ომის დროს, ნეიტრალურ  შვედეთში გაზრდილი ბილდტი არცთუ ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენდა მოსკოვის მიმართ - 1968 წელს, 19 წლის ასაკში ის შვედეთის რადიოს თხოვნით, ინფორმაციას საბჭოთა ინტერვენციის შესახებ, პრაღიდან გადმოსცემდა. მოსკოვისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არც პოლიტიკური კარიერის განმავლობაში შეუცვლია, რაც ხშირად გამხდარა მისი უცხოელი კოლეგების უკმაყოფილების მიზეზი. სწორედ მან შეადარა 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ნაცისტური გერმანიის ტაქტიკას და სუდეტის კრიზისს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას უკრაინაში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი პირდაპირობა და რუსეთისადმი მკაცრი დამოკიდებულება აღიზიანებდა როგორც გერმანიას, ისე საფრანგეთს - სწორედ ეს ფაქტორები გადაეღობა ბილდტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის პოსტისკენ მიმავალ გზაზე. ამბობენ იმასაც, რომ გულანთებული ატლანტისტის კარიერა ევროკავშირის სტრუქტურებში, მისი და ვაშინგტონის მჭიდრო ურთიერთობამაც დააბრკოლა.

მემარჯვენე-ცენტრისტმა პარლამენტარმა სახელი 80-იან წლებში გაითქვა, როდესაც მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, სოციალ-დემოკრატ ულოფ პალმეს დაუპირისპირდა საბჭოთა წყალქვეშა ნავების მიერ, შვედეთის ტერიტორიული წყლების დარღვევის ფაქტზე. 1986 წელს ის ზომიერი (იგივე მემარჯვენე-ცენტრისტული) პარტიის ლიდერი გახდა, ხოლო 1991 წელს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.

დიდი ხნის განმავლობაში მემარჯვენეების ხელისუფლებაში ხილვა შვედეთში ეგზოტიკად ითვლებოდა. ასტრიდ ლინდგრენისა და სტიგ ლარსონის სამშობლოს, სოციალ-დემოკრატები მართავდნენ. გამონაკლისს წარმოადგენდა ტორბიორნ ფალდინის ცენტრისტული და ბილდტის ზომიერი პარტიები.

კარლ ბილდტზე საუბრისას, ხშირად გაიგონებთ, რომ მან იგივე ჩაიდინა შვედეთში, რაც მარგარეტ თეტჩერმა დიდ ბრიტანეთში - შეამცირა სამთავრობო ხარჯები - გაკრიჭა სოციალური პროგრამები და მოახდინა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია. იმავეს აგრძელებს ხელისუფლების სათავეში 2006 წელს დაბრუნებული, ზომიერი პარტიის ამჟამინდელი ლიდერი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელდტი.

ბილდტის პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბალკანეთში, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მოღვაწეობამ. სამშობლოში დაბრუნებისას, ის მეფეზე პოპულარული იყო.

ტაბულას საშუალება მიეცა თბილისში სტუმრად მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გასაუბრებოდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული მხარისთვის მოულოდნელად, ბრიუსელმა მოლაპარაკებების დასაწყებად ახალი წინაპირობები წამოაყენა. რით ახსნით ამას?

ვფიქრობ, რომ ეს ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკის ნაწილია და არა იმდენად საქართველოს, რამდენადაც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება - პირველ რიგში ბალკანეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ პირობებს ასრულებენ. ჩვენ მათი სიტყვები არ გადაგვიმოწმებია, ბოლოს კი გაირკვა, რომ ბევრი რამ არ შეუსრულებიათ. ის საყვედური, რაც თბილისში მოვისმინე, ისმის ანკარაში, ზაგრებში. მოკლედ რომ გითხრათ, ევროკავშირის დამოკიდებულება გამკაცრებულია, მაგრამ ეს საქართველოს არ უკავშირდება. მე ვიტყოდი, რომ ეს გაფართოების პოლიტიკის გამოცდილების შედეგი უფროა.

  • როგორ შეაფასებდით რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შედეგებს?

აბა რა გითხრათ, რამდენიმე შედეგის გამოყოფა შეიძლება. ამერიკელები იტყვიან, რომ ყველაზე აღსანიშნავი START-ის ხელშეკრულებაა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის და ირანის მიმართულებით - ამ დონის თანამშრომლობას აქამდე ადგილი არ ჰქონია და ესეც აღნიშვნის ღირსია. მაგრამ სხვა შედეგებიც უნდა დადგეს. ევროპაში გადატვირთვის შედეგები ნაკლებად ხელშესახებია. აქ კვლავინდებურად გვაქვს გაყინული კონფლიქტები, იქნება ეს საქართველო თუ დნესტრისპირეთი. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობის განმსაზღვრელი ფაქტორია.

  • რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და არ აკეთებს?

ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემა მყისიერად ვერ გადაწყდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული კარგა ხანს იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპელებმა შევინარჩუნოთ ერთიანი პრინციპული პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ამავდროულად არ უნდა გაგვიჩნდეს იმის ილუზია, რომ ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით შეიძლება მოგვარდეს. ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ გააძლიეროს რეფორმები, იაროს დემოკრატიული კურსით და განავითაროს ეკონომიკა. ამ ყველაფერმა საქართველო მიმზიდველ ქვეყნად უნდა აქციოს და მოამზადოს იმ დროისთვის, როდესაც მსოფლიოში ცვლილებები დაიწყება.

0x01 graphic

კარლ ბილდტი საკუთარი წიგნის „მისია: მშვიდობა” პრეზენტაციაზე

  • დემოკრატიული კურსი ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული დემოკრატიის მთავარი გამოწვევა?

საქართველომ ამ კუთხით ბევრ წარმატებას მიაღწია. ვიცი, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მიდის მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხზე შეთანხმდეს. ვხვდები, რომ ეს რთული პროცესია. როდესაც ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა შევცვალეთ, დაახლოებით 15 წელი ვმსჯელობდით მანამდე, სანამ კომპრომისის გზით კონსენსუსს მივაღწევდით - ეს კანონმდებლობა ახლა უკვე 30 წელია მუშაობს. ეს ის სფეროა, სადაც უებარი საშუალება არ არსებობს და კომპრომისი აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს ეკონომიკური განვითარება და უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს. ამ მხრივ კარგად მიდიხართ, მაგრამ ეს ყოველდღიური ბრძოლაა, რაც ხშირად რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული. ვფიქრობ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი დაგეხმარებათ სტაბილურობის მიღწევაში, რაც საქართველოსადმი ნდობას აამაღლებს.

0x01 graphic

რიჩარდ ჰოლბრუკთან ერთად. სარაევო 1995 წ.

  • მაგრამ ევროკავშირი საქართველოს ზედმეტად ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობისთვის აკრიტიკებს და ისეთ დათმობებს ითხოვს, რამაც შეიძლება საქართველო ინვესტიციებისთვის არცთუ მიმზიდველ ქვეყნად აქციოს…

კი, ასეთებიც ხდება. ამის გამოცდილება ჩვენც გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა ბევრად უფრო ლიბერალური იყო, მაგრამ გაწევრიანებისას კომპრომისზე წასვლა მოგვიწია და შედეგად, ბევრად უარესი სასოფლო სამეურნეო სისტემა მივიღეთ. ფერმერები კმაყოფილები არიან - ბევრ სუბსიდიას იღებენ. ვფიქრობ, ისინი ამას არ იმსახურებენ. ცხადია, შვედეთი გაცილებით კარგ ეკონომიკურ პირობებში იმყოფება, მაგრამ ჩვენი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო.

  • ორი სიტყვით ევროპელების პრინციპულობის შესახებ. პრეზიდენტ სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება არ სრულდება. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი ევროპაში დავიწყებას ხომ არ მიეცა?

ევროკავშირის მთავარი მიზანი 2008 წელს ომის შეწყვეტა იყო. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რუსეთმა შეთანხმება შეასრულა. პირიქით, ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები სრულად უნდა შეასრულოს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს რუსეთ-ევროპის ურთიერთობაში მთავარი საკითხია, მაგრამ დღის წესრიგიდან არ გამქრალა.

  • „კადაფი გარეთ, თავისუფლება შინ” - წერდით Twitter-ზე ლიბიის შესახებ. როგორ მივაღწევთ ამ მიზანს?

ჩვენ ყველას გვსურს, ორ კვირაში, ლიბია აყვავებულ ეკონომიკად და სტაბილურ დემოკრატიად იქცეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული რესურსი არ არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად. ლიბიის მომავალი თავად ლიბიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ახლა მთავარია, გაეროს მანდატის ფარგლებში ვიმოქმედოთ და სისხლისღვრა შევაჩეროთ, ხოლო შემდეგ პოლიტიკურ პროცესს გავუკვალოთ გზა. ამ პროცესზე პასუხისმგებელი ლიბია იქნება, ჩვენ შეგვიძლია ლიბიელებს დავეხმაროთ, მაგრამ პროცესის შედეგებს ვერ განვსაზღვრავთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა შედეგებს მოუტანს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები რეგიონში ისედაც მყიფე მშვიდობას? რა გავლენას მოახდენს რევოლუციური ტალღა ისრაელზე?

ყველაზე მეტად, სირიაში მიმდინარე პროცესები მაღელვებს. პრეზიდენტის სიტყვამ იმედი გამიცრუა. სირიის სტრატეგიული მნიშვნელობა გაცილებით აჭარბებს ლიბიისას. იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

12 ფოტოესე

▲back to top


პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მხარდამჭერი
საანა, იემენი.

0x01 graphic

13 დანია ევროპულ პაქტს უერთდება

▲back to top


მსოფლიო

ევროზონის ფინანსური ინიციატივები

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

დანიის პრემიერ-მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი
ფოტო: REUTERS ©

დანია მიუერთდება ევროკავშირის დავალიანების აღმოფხვრის ახალ ინიციატივას, ე.წ. ევროპაქტს, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა გასულ კვირას შეიმუშავეს. ევროპაქტი, იგივე ევროპული სტაბილურობის მექანიზმი, ფინანსური დახმარების მუდმივი ფონდია და ის 2013 წელს ამოქმედდება. მექანიზმი ექსკლუზიურად ევროზონის ქვეყნებისთვის არის შექმნილი და დანია ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა ევროზონის გარეთ, რომელიც ამ პაქტს შეუერთდა. პაქტს არ მიუერთდნენ გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

ევროპის სტაბილურობის მექანიზმის განკარგულებაში 700 მილიარდი ევრო იქნება და მისი გასესხების უნარიანობა 500 მილიარდით განისაზღვრა. ფონდში 80 მილიარდ ევროს ევროზონის ქვეყნები შეიტანენ. ამის შემდეგ ცალკეული ქვეყნების კონტრიბუცია სპეციალური ფორმულის საშუალებით დადგინდება. თუმცა წინასწარვე ცნობილია, რომ კონტრიბუციების ლომის წილი გერმანიაზე მოვა. გეგმის რატიფიკაცია ევროზონის ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში უნდა მოხდეს. ფინანსთა მინისტრებს არ უმსჯელიათ უკვე არსებული მექანიზმის, ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის მომავალზე. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ახალი მექანიზმი ძველ ფინანსურ ფონდს შეცვლის.

2010 წელს ევროპაში მიმდინარე ფინანსური კრიზისების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებმა შექმნეს ფინანსური სტაბილურობის ფონდი და მას ჯერჯერობით ორი ბენეფიციარი ჰყავდა, ირლანდია და საბერძნეთი. თუმცა ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტების დეფიციტებმა აჩვენა, რომ მომავალში მსგავსი დახმარება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებსაც (კანდიდატებს შორის არიან პორტუგალია და ესპანეთი) დასჭირდებათ. ასეთ ვითარებაში გადაწყდა მუდმივი ორგანოს, ევროპული სტაბილურობის მექანიზმის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ დანია ზოგადად ევროსკეპტიციზმით გამოირჩევა, ამჯერად კოპენჰაგენმა გადაწყვიტა ევროზონის ახალ ინიციატივას შეერთებოდა. დანიელები ამ პაქტს ეჭვის თვალით უყურებენ და შიშობენ, რომ ეს მოქმედება შეიძლება ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანების წინაპირობა გახდეს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა პოლიტიკური გარანტიები წარმოადგინა და ოპოზიცია დაარწმუნა, რომ ქვეყანა ევროზე  გადასვლას არ აპირებს. ამ პირობის გარდა, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

ევროპაქტთან შეერთების გამო დანიას გარკვეული ცვლილებების შემოღება მოუწევს. ინიციატივა ითვალისწინებს ხელფასების პროდუქტიულობასთან მიბმასა და საჯარო მომსახურებების შემცირებას, მთავრობას უზღუდავს სესხების აღებას. პაქტი ასევე ითვალისწინებს შრომაზე დაფუძნებული გადასახადების სისტემიდან მოხმარებაზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლას. ამან ქვეყნის ხარჯები უნდა შეამციროს და ევროზონის ქვეყნებს ბიუჯეტში დეფიციტის აღმოფხვრის საშუალება უნდა მისცეს. თუმცა ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი კონკრეტული ღონისძიებები, რაც მთავრობებს ლავირების საშუალებას აძლევს.

ევროპაქტთან დანიის მიერთება ქვეყანას საშუალებას მისცემს ევროზონის წევრების სამიტებს დაესწროს და ევროპის მომავალი მონეტარული პოლიტიკა განსაზღვროს. მიუხედავად რასმუსენის გარანტიებისა, დანიის ევროპაში გააქტიურება აჩენს ეჭვს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში დანიის უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. დანია, გარდა იმისა, რომ არ არის ევროზონის წევრი ქვეყანა, არ მონაწილეობს ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკისა და მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების პოლიტიკის განსაზღვრაში. თუმცა თებერვალში რასმუსენმა განაცხადა, რომ აპირებდა რეფერენდუმის გამართვას, სადაც სამივე საკითხი იქნებოდა გატანილი.

14 ფუკუშიმა შტუტგარტში

▲back to top


მსოფლიო

რეგიონული არჩევნები გერმანიაში

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

კანცლერი ანგელა მერკელი

27 მარტს, რეგიონული არჩევნები გერმანიის ორ მიწაზე კანცლერ ანგელა მერკელისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა. რაინლანდ-პფალცში მისმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა წინა არჩევნების შედეგი ოდნავ გააუმჯობესა, თუმცა რეგიონის მინისტრ-პრეზიდენტად ისევ სოციალ-დემოკრატი კურტ ბეკი დარჩება.

უფრო მნიშვნელოვანი ბადენ-ვიურტემბერგის არჩევნები იყო. გერმანიის ეს ინდუსტრიული რეგიონი ქრისტიან-დემოკრატების საყრდენია, რომელსაც ისინი 58 წლის მანძილზე მართავდნენ. მართალია, ისევ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს, თუმცა რეგიონის მინისტრ-პრეზიდენტი შტეფან მაპუსი პოსტს მაინც დაკარგავს. მის ადგილს მწვანეების ლიდერი ვინფრიდ კრეტშმანი დაიკავებს.

მწვანეთა პარტიის არსებობის მანძილზე, მისი წევრი, გერმანიის რეგიონის ლიდერი პირველად გახდება. მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით ორჯერ მეტი, ხმების 24%25 მოაგროვეს. ისინი სოციალ-დემოკრატებთან - რომლებმაც ხმათა 23%25 მიიღეს - კოალიციას შექმნიან.

ქრისტიან-დემოკრატებმა 5%25 დაკარგეს და 39%25-ს დასჯერდნენ. კრახი განიცადა მათმა კოალიციურმა პარტნიორმა, თავისუფალ დემოკრატთა პარტიამ, რომელიც ძლივს გადასცდა 5%25-იან საარჩევნო ზღვარს. საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, შესაძლოა, პარტიის ლიდერობა უახლოეს მომავალში დაკარგოს. მერკელს იგივე არ ემუქრება, რადგანაც საკუთარ, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში კონკურენტი არ ჰყავს. მეტნაკლებად პოპულარული თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ გუტენბერგი ერთი თვის წინ პლაგიატის სკანდალს შეეწირა.

რეგიონულმა არჩევნებმა სოციალ-დემოკრატების დასუსტების ტენდენციაც დაადასტურა. მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ისინი გერმანულ პოლიტიკაში დომინანტი ძალა იყვნენ. მათმა სიძლიერემ აპოგეას 1970-იან და 1998-2005 წლებში მიაღწია, როდესაც ბუნდესტაგის არჩევნებზე კონკურენტებს მინიმუმ 6%25-ით უსწრებდნენ. 2005 წელს სოციალ-დემოკრატებმა 34%25 მოაგროვეს ქრისტიან-დემოკრატების 28%25-ის საპირწონედ. ოთხი წლის შემდეგ მათი შედეგი 23%25-მდე დაეცა და შედეგად კანცლერის სავარძელიც დაკარგეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალ-დემოკრატები მემარცხენეთა ფრთის უპირობო ლიდერები იყვნენ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი მარცხენა ფლანგის ფრაგმენტაცია შეინიშნება. აღმოსავლეთში ყოფილი კომუნისტური, ახლა კი მემარცხენე პარტია პოპულარობით სარგებლობს. ისინი თანდათან დასავლეთშიც იკრებენ ძალებს, 2009 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე ხმების 12%25 მოაგროვეს, თუმცა რეგიონულ არჩევნებზე ორივე მიწაზე დამარცხდნენ და მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. სოციალ-დემოკრატებსა და მემარცხენე პარტიას ავიწროებენ მწვანეები. მათ 2009 წლის არჩევნებზე დაახლოებით 11%25 მოაგროვეს, რეგიონებში კი მემარცხენე პარტიას წაართვეს ხმები. უკანასკნელი არჩევნების მიხედვით, მწვანეებმა პოპულარობით არა მარტო მემარცხენე პარტიას, არამედ სოციალ-დემოკრატებსაც გაასწრეს.

მარჯვენა ფლანგზე შედარებით სტაბილური მდგომარეობაა. ქრისტიან-დემოკრატებმა 1990-იან წლებში დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. ძირითადად ამ უკანასკნელთა და ნაწილობრივ მემარცხენე პარტიების ხარჯზე დროებით გაძლიერდა თავისუფალ დემოკრატთა პარტია - 2009 წლის არჩევნებზე თავისთვის სარეკორდო - 14.6%25 მოაგროვა. მაგრამ მას შემდეგ პარტიის პოპულარობამ იკლო. კვლავაც სტაბილურია ქრისტიან-დემოკრატების მოკავშირე, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი. თუმცა 1970-1980-იან წლებთან შედარებით მათმა პოპულარობამ ოდნავ იკლო - ბოლო 20 წლის განმავლობაში, ისინი ხმათა 6-8%25-ს იღებენ.

0x01 graphic

საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე
ფოტო: REUTERS ©

ბადენ-ვიურტემბერგი სხვა გერმანული მიწებისგან სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და უმუშევრობის დაბალი დონით გამოირჩევა. თუმცა ეკონომიკურმა წარმატებამ შტეფან მაპუსი და ქრისტიან-დემოკრატები წარუმატებლობისგან ვერ იხსნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იაპონიის ბირთვული კრიზისია. გასულ წელს, გერმანელებმა გადაწყვიტეს საკუთარი 17 ატომური ელექტროსადგური 2022 წლისათვის დაეხურათ. მერკელმა, რომელსაც დახურვის ვადის 5 წლით გადავადება სურდა, ბირთვული ელექტროსადგურების შემოწმების მიზნით, გადაწყვეტილებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იაპონიის ბირთვული კრიზისის ესკალაციის შემდეგ კი მან 7 სადგური საერთოდ დახურა, რაც მისმა მოწინააღმდეგეებმა პოპულისტურ ნაბიჯად შეაფასეს. ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ეკონომიკის მინისტრ რაინერ ბრუდერლეს პრესაში გამოჟონილი კომენტარი, რომ სადგურების დახურვა არა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, არამედ რეგიონული არჩევნების წინ ელექტორატის მოთაფვლის მცდელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრუდერლემ ამ განცხადებას სიცრუე უწოდა, მან არჩევნებზე გავლენა მოახდინა. გერმანიის მოსახლეობის 56%25-ს ბირთვული ენერგიის წარმოების მალე შეწყვეტა სურს. ბადენ-ვიურტემბერგში ელექტორატის დაახლოებით ნახევრისთვის და მწვანეების მხარდამჭერთა 85%25-სთვის ბირთვული ენერგეტიკა საკვანძო საარჩევნო საკითხი იყო. არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 66%25-მა მიიღო, რაც 2006 წლის მონაცემებთან შედარებით, 13%25-ით მეტია. ზრდა ძირითადად ახალგაზრდებს უკავშირდება, რომლებიც ატომური ენერგიისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

ახალგაზრდულმა საპროტესტო განწყობილებამ ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქ შტუტგარტში გამოცდილი მწვანე პოლიტიკოსი კრეტშმანი მოიყვანა. წლების წინ ის სკოლაში ქიმიას, ბიოლოგიასა და ეთიკას ასწავლიდა. როგორც ამბობენ, მისთვის ბირთვულ ენერგეტიკაზე არანაკლები მნიშვნელობის საკითხი ფისკალური პოლიტიკაა. ერთი შეხედვით, ის შესაფერისი კანდიდატურაა იმის დასამტკიცებლად, რომ სიმწვანე - ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციასა და დასაქმებას - არ ეწინააღმდეგება. თუმცა მისმა წარუმატებლობამ შესაძლოა, მწვანეების იმიჯი დაასამაროს და ბადენ-ვიურტემბერგში გამარჯვება იღბლიან შემთხვევითობად წარმოაჩინოს.

15 ევროპული ეკონომიკური დომინო

▲back to top


მსოფლიო

პორტუგალია

თეონა ტურაშვილი

ეკონომიკური კრიზისის მიერ წაქცეულ დომინოებს - საბერძნეთსა და ირლანდიას - მალე პორტუგალიაც შეემატება. ამას თან პოლიტიკური კრიზისიც დაერთო - 23 მარტს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ხოსე სოკრატესი გადადგა.

ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე შედეგები მოიტანა - მთლიანად ევროზონა საფრთხის ქვეშ დადგა. დღეისათვის პორტუგალიის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 9.4%25, უმუშევრობა კი 11,2%25-ია. მოსახლეობის 18%25 სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ქვეყანა საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის წინაშეა.

კრიზისის დასაძლევად სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ხოსე სოკრატესმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რიგით მეოთხე ცვლილებათა პაკეტი წამოაყენა. პაკეტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში და საინვესტიციო ინფრასტრუქტურაში დანახარჯები უნდა შემცირებულიყო. სოკრატესის გეგმა 1500 ევროზე მაღალი პენსიების 10%25-იან სპეციალურ გადასახადს გულისხმობდა. საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასი კი საშუალოდ 5%25-ით მოიკლებდა.

პორტუგალიის ხუთივე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის გამო, სოკრატესის მიერ წარმოდგენილი გეგმა პარლამენტმა ვერ დაამტკიცა. პაკეტს განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პედრო პასო კოელიო აკრიტიკებდა. მან საგანგებო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული მკაცრი ზომები გადაჭარბებულად მიიჩნია. სოკრატესისგან განსხვავებით, ოპოზიციურ პარტიებს, საბერძნეთისა და ირლანდიის მსგავსად, ევროზონის დანარჩენი წევრებისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური დახმარების, ე.წ. ბეილაუთის მიღება სურთ.

ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო გეგმით ქვეყანა დეფიციტის დროულად აღმოფხვრას შეძლებდა და ფინანსური დახმარება საჭირო აღარ გახდებოდა. მისი თქმით, დახმარების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და ევროკავშირის ვალის დასაფარავად საჭირო ზომები, საგანგებო საბიუჯეტო სტრატეგიაში გათვალისწინებულ მექანიზმებზე უფრო მტკივნეული იქნება.

2009 წლის არჩევნების შედეგების გამო, სოკრატესი, სხვადასხვა სექტორში გასატარებელი რეფორმების დამტკიცებისას, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ოპონენტთა პოზიციაზე. მის პარტიას 230-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 97 ადგილი უკავია.

ქვეყნის პრეზიდენტმა, 1974 წლის შემდეგ პირველმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ანიბალ კავაკო სილვამ, პრემიერის გადადგომის გამო ადრეული არჩევნები დანიშნა. წინასწარი გამოკითხვებით, მომავალ არჩევნებში გამარჯვება მთავარ ოპოზიციურ ძალას, სოციალ-დემოკრატებსა და მათ ლიდერს, პედრო პასო კოელიოს ერგებათ.

0x01 graphic

პორტუგალიის ყოფილი პრემიერ - მინისტრი ხოსე სოკრატესი

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები მინიმუმ 55 დღის შემდეგ უნდა დაინიშნოს, მანამდე კი ქვეყანას პოლიტიკური ვაკუუმი ემუქრება. ახალ არჩევნებამდე საუბარია „დიდი კოალიციის” ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ყველა პარტია უნდა შევიდეს, თუმცა ამის შესახებ შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა. გარდამავალ პერიოდში მთავრობის ზედამხედველობას კვლავაც ყოფილი პრემიერი განაგრძობს. თუმცა მას, არსებული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საკმარისი ძალაუფლება არ ექნება

16 ალან პატრიკოფი — დახმარება პასუხისმგებლობით

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

ალან პატრიკოფი

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს და კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აქვს სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო თუ გლობალური კომპანიების დაფინანსებისა და განვითარების 40-წლიანი გამოცდილება. ამ კომპანიებს შორისაა Apple Computer, Office Depot და America Online. სხვადასხვა დროს ის იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მრჩეველი და კერძო სექტორისა და განვითარების UNDP კომისიის წევრი.

აშშ-ის სამთავრობო დახმარების სააგენტომ - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) იანვარში საქართველო თავისი გრანტებისთვის შესაფერის ქვეყნად დაასახელა. საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან ეს მეორე გრანტი იქნება. კორპორაციის წინასწარი გადაწყვეტილებით, საქართველომ, ახალი გრანტის სახით, შესაძლოა, 100-150 მილიონი დოლარი მიიღოს. დაფინანსების პრიორიტეტები ქვეყნის მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია და გრანტის დეტალები არ ხმაურდება. საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ალან პატრიკოფი, ტაბულასთან ბენეფიციარი ქვეყნის შერჩევის კრიტერიუმებსა და პირველი გრანტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.

  • რა მიზანს ემსახურება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია?

ჩვენ ვეხმარებით სხვადასხვა ქვეყნებს, თავად განსაზღვრონ, თუ რა უშლის ხელს მათ ეკონომიკურ განვითარებას. ორგანიზაციის დაარსების იდეა პრეზიდენტ ბუშს ეკუთვნის. ამ იდეის ზუსტი განმარტებაც მახსოვს - „დახმარება პასუხისმგებლობით”. მაშინ არავინ იცოდა როგორ შეიძლებოდა ამ ფრაზის გაცოცხლება. ხანგრძლივი შესწავლისა და ძალისხმევის შემდეგ, სრულიად ახალი ორგანიზაცია დაარსდა - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია.

  • რით განსხვავდება კორპორაცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელთა სპეციალიზაციაც ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დახმარებაა?

ამ ძალისხმევის უნიკალურობა ისაა, რომ ჩვენი ორგანიზაცია წინასწარ არ განსაზღვრავს პროგრამებს და მხოლოდ საკუთარი სტრატეგიის მიხედვით არ მოქმედებს. MCC და გრანტის მიმღები ქვეყნები ერთობლივად ადგენენ, კონკრეტულად რომელ დარგში სჭირდება ქვეყანას ყველაზე მეტად დახმარება. ამ პროცესში მთავრობასთან ერთად სამოქალაქო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCG) საქართველოში. თანხა ტრანშებად გაიცემა. დამფინანსებელი პროგრესს თუ ვერ ხედავს, დაფინანსება წყდება.

  • რის მიხედვით არჩევთ ქვეყნებს?

17 სხვადასხვა კრიტერიუმი გვაქვს. არ არის აუცილებელი ქვეყანა სრულყოფილი იყოს და ყველა კრიტერიუმის მიხედვით, უმაღლესი შეფასება ჰქონდეს. იმისთვის, რომ მან გრანტი მიიღოს, საშუალოზე მაღალი შეფასება უნდა დაიმსახუროს. მთავარია საშუალო ზღვარს გადასცდეს. თუმცა არსებობს ერთი კრიტერიუმი - კორუფციის ინდექსი. აქ კომპრომისი არ არსებობს. ამ საზომის მიხედვით ქვეყანა სტაბილურად მაღალ შეფასებას უნდა იმსახურებდეს.

  • საქართველომ 2006 წელს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან 395.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი გრანტი („კომპაქტი") მიიღო, რომელიც 7 აპრილს მთავრდება. პროგრამის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა, მიზნად ისახავდა ძირითადი რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესების განვითარება-ხელშეწყობას სოფლად. როგორ აფასებთ პირველი გრანტის შედეგებს?

საფუძვლიანად ეს გრანტი მისი დასრულების შემდეგ შეფასდება. თუმცა პირველი დაკვირვებებით თუ ვიმსჯელებ, ძალიან წარმატებული უნდა იყოს. სამცხე-ჯავახეთის გზა დასრულებულია, გაზსადენი და ფოთის წყალმომარაგების ქსელი - აღდგენილი, ქვეყნის მასშტაბით დარიგებულია სოფლის მეურნეობის გრანტები, საინვესტიციო ფონდმა დახმარებისთვის გამიზნული თანხა სრულად გახარჯა.

  • როგორ აისახება ეს დახმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე?

ვფიქრობ, რომ გრანტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებას გრძელვადიანი შედეგები ექნება, რომელთა სრულიად ობიექტურად გაზომვა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, რამდენად გაუმჯობესდება სომხეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები, რამდენი ტურისტი შემოვა ამ ქვეყნიდან საქართველოში, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენი ახალი ბიზნესისთვის გაიხსნება ბაზარი, რამდენი კომპანია გაიზრდება და რამდენ ადამიანს დაასაქმებს - ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, ძალიან ობიექტური საზომია.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია, რომლის მთავარი პრინციპია დახმარება აღმოუჩინოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი

საქართველოს მთავრობის მიერ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით დაარსებული ფონდი.

17 ზიმბაბვეს გაკვეთილი ანუ ისევ ინფლაციის შესახებ

▲back to top


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

2008 წლის ივნისში ზიმბაბვეში ინფლაციის დონემ 2,5 მილიონ %25-ს მიაღწია. ქვეყნის ეროვნული ვალუტა 99.9%25-ით გაუფასურდა. 1997-2007 წლებში ჯამურმა ინფლაციამ 3,8 მილიარდი %25 შეადგინა, ხოლო ცხოვრების დონემ (გამოსახული მთლიან შიდა პროდუქტში) 38%25-ით დაიკლო. ჰიპერინფლაციამ პრაქტიკულად ზიმბაბვეს ეკონომიკა გაანადგურა, მოსახლეობა გააღატაკა და მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია. მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, 2008 წლისთვის 3 მილიონზე მეტი ზიმბაბველი გადავიდა საცხოვრებლად.

ყველაფრის მიზეზი კი ბიუჯეტის დეფიციტი იყო. ზიმბაბვეს მთავრობა მრავალჯერ ნაცად გზას დაადგა და გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსებას შეეცადა. როდესაც გადასახადების აკრეფითა და სესხების საშუალებით ამ ამოცანის გადაჭრა გაუჭირდა - ფულის საბეჭდი მანქანა ჩართო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პურის საყიდლად წასულ ზიმბაბველს თან რამდენიმე კილოგრამი ქაღალდის ეროვნული ვალუტა უნდა ჰქონოდა.

ზიმბაბვეს ჰიპერინფლაციის დაძლევის მიზნით, სხვადასხვა ეკონომისტების მიერ მრავალი რეკომენდაცია შემუშავდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო საერთაშორისო ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის ექსპერტის, სტივ ჰანკეს რეკომენდაციები. ჰანკე ზიმბაბვეს მთავრობას სამი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას ურჩევდა:

პირველ რიგში აუცილებელი იყო ე.წ. დოლარიზაცია - დისკრედიტებული ეროვნული ვალუტის აშშ დოლარით ჩანაცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზიმბაბვეს მოქალაქეებს სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დროს, ისევე როგორც საბანკო დეპოზიტების განთავსების ან სესხის აღების შემთხვევაში, ნაცვლად ეროვნული ვალუტისა, აშშ ვალუტის გამოყენება უნდა შეძლებოდათ.

მეორე რეკომენდაცია, ცენტრალური ბანკის (საქართველოს ეროვნული ბანკის ანალოგი) გაუქმებას და ე.წ. სავალუტო საბჭოს შექმნას გულისხმობდა. ის გააკონტროლებდა ეროვნული ვალუტის ფიქსირებულ გაცვლით კურსს აშშ დოლართან (რომელიც თავის მხრივ სარეზერვო ვალუტის როლს ითამაშებდა).

და ბოლოს, ჰანკე ურჩევდა ზიმბაბვეს მთავრობას, დაეშვა ე.წ. თავისუფალი საბანკო საქმიანობა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის საკუთარი ფულის გამოშვების უფლების მიცემას გულისხმობს - მთავრობის მხრიდან ყოველგვარი რეგულირების გარეშე.

ყველა ეს რეკომენდაცია ერთ მიზანს ემსახურებოდა - დოლარიზაციას, ეროვნული ვალუტის სარეზერვო ვალუტაზე მიბმას, ვალუტათა შორის თავისუფალ კონკურენციას, სავაჭრო ოპერაციებში ვალუტის არჩევანის თავისუფლებას ფულის მიმართ მოსახლეობის ნდობა უნდა აემაღლებინა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების წინაპირობა უნდა გამხდარიყო.

რა გზას დაადგა ზიმბაბვე?

2009 წლის თებერვლიდან ზიმბაბვე ფაქტობრივად ეროვნული ბანკის გარეშე არსებობს. შედეგად, ერთი მხრივ, მთავრობას აღარ შეუძლია საკუთარი ხარჯების დასაფინანსებლად ვინმეს მიაკითხოს, ხოლო მეორე მხრივ, კომერციული ბანკები გაცილებით უფრო ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ საქმიანობას, რადგან აღარ ჰყავთ „მხსნელი”, რომელიც მათ უკიდურესი გაჭირვების დროს დაეხმარება.

ქვეყანაში სრულფასოვნად ფუნქციონირებს მულტისავალუტო რეჟიმი და მოქალაქეებს გაცვლით ოპერაციებში ეროვნული ვალუტის გარდა აშშ დოლარის, ევროს, ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ან სამხრეთ აფრიკული რანდის გამოყენების უფლებაც აქვთ. რიგითი ზიმბაბველი თავად იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვალუტა უფრო სანდოა.

შედეგად, 2009 წლის თებერვლიდან ზიმბაბვეში მოსახლეობის რეალური შემოსავლები და კერძო კომპანიების მოგება იზრდება. ანალოგიურად იზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც, რაც მთავრობას მეტი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსების საშუალებას აძლევს.

აღნიშნული შედეგების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზიმბაბვეს ჯერ კიდევ პრეზიდენტი მუგაბე მართავს. სწორედ მუგაბეს მმართველობის გამო, ზიმბაბვე მცირე ოდენობით საერთაშორისო დახმარებას იღებს, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არ ოპერირებენ და მინიმალურია უცხოური კერძო კაპიტალის ქვეყანაში შემოდინება.

და მაინც, მიუხედავად ამისა, ფულის მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდამ, რაც ეკონომიკის, როგორც უკიდურესად რთული სისტემის, მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენს, ხელშესახები შედეგები მოიტანა და ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დააყენა.

ზიმბაბვეს უკანასკნელი წლების გამოცდილება ნათლად აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი ეკონომიკური გარემო და კონკურენცია სხვადასხვა ვალუტებს შორის. მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანი - გადაწყვიტონ რომელი ფულის გამოყენება სურთ, და არ იყვნენ ვალდებულნი მთავრობის მიერ დადგენილი სავალდებულო ვალუტით (თუნდაც მას „ეროვნული ვალუტა” ერქვას) ისარგებლონ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.

2010 წლის მარტში საქართველოში ინფლაციამ 14%25-ს მიაღწია. ჩვენ არ გვაქვს ჰიპერინფლაცია, როგორც ეს ზიმბაბვეში იყო, და არ გვიწევს 3 კილოგრამი ათასლარიანი კუპიურებით პურზე სიარული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და თითოეული ჩვენგანი არ ვზარალდებით. ნეგატიური გავლენა იგივეა, რაც ჰიპერინფლაციის შემთხვევაში, უბრალოდ მასშტაბია ნაკლები, რაც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ინფლაციის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტებზე ფასების ზრდაა, და რომ ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდა არაფერ შუაშია. არ არის აუცილებელი ყოველთვის განვითარებულ ქვეყნებს ვუყუროთ იმისათვის, რომ რამე სასარგებლო ვისწავლოთ. ზიმბაბვე ამის კარგი მაგალითია. ეროვნული ბანკის გაუქმებამ, დოლარიზაციამ და მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებამ ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად და ეფექტიანად მოთოკა ინფლაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კი ვკითხულობთ: „ლარიზაცია” ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც რისკების შემცირება სურს ... დეპოზიტი ლარში გაცილებით ურისკო და პროგნოზირებადია, ვიდრე დოლარში ... საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, თუმცა ეროვნული ბანკი გირჩევთ: შეინახეთ დეპოზიტი ლარში და შეიმცირეთ რისკები, გაზარდეთ მოგება!”.

2009 წელს ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის მმართველი და ჰიპერინფლაციის შემოქმედი, გიდეონ გონო, დააჯილდოვეს „Ig ნობელის პრიზით” არა ეკონომიკაში, არამედ მათემატიკაში, რადგან „მან, 1-ცენტიანით დაწყებული და 100-ტრილიონიანით დამთავრებული ბანკნოტების ბეჭდვით, მარტივი საშუალება შეუქმნა ზიმბაბვეს მოქალაქეებს ემუშავათ სხვადასხვა მასშტაბის ციფრებთან”. საერთოდ, „Ig ნობელის პრიზით” აჯილდოებენ მათ, ვინც საკუთარი შემოქმედებით ჯერ აცინებს, ხოლო შემდეგ აფიქრებს ადამიანებს. დაფიქრება ჩვენც არ გვაწყენდა.

18 WI-FI ლონდონის მეტროპოლიტენში

▲back to top


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

ლონდონელები მომავალი წლისთვის ემზადებიან. ლონდონის მეტროპოლიტენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, Tubeის (ასე ეძახიან იქ მეტროს) ასზე მეტ სადგურს WiFi-ის ქსელით დაფარავენ. წინა კვირას, ჩარინგ - კროსის სადგურზე, საცდელი ჩართვები განხორციელდა. ამის შემდეგ, 2012 წლის ივლისამდე მსგავსი აპარატურის სხვა სადგურებშიც დაყენება დაიგეგმა. ეს დედაქალაქის მცხოვრებლებს და ტურისტებს საშუალებას მისცემს საკუთარი სმარტფონებიდან, ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალყური მოვლენების განვითარებას.

უახლოეს მომავალში WiFi-ის უკაბელო ინტერნეტს ლონდონის თექვსმეტ სადგურში დაამონტაჟებენ, თუმცა, როგორც გაირკვა, ლონდონელებს მხოლოდ მეტროს სადგურებში შეეძლებათ უფასო ინტერნეტით სარგებლობა, გვირაბში WiFi-ის ქსელი მათთვის მიუწვდომელი იქნება. მეტროს ოპერატორის, Tube of London-ის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ ისინი გვირაბებში დაფარვის გასაუმჯობესებლად, მობილურ ოპერატორებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

სოციოლოგიურმა სააგენტოებმა ყველაზე მასობრივი საქალაქო ტრანსპორტის მგზავრები გამოკითხეს და გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამ სიახლეს მიესალმება. იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონები ლონდონში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს მათთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება. ლონდონის ლორდ-მერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, „ქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოლიმპიადის მანძილზე მიწის ქვეშ მყოფი მგზავრები გარე სამყაროს არ მოწყდნენ”.

უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომლის მეტროპოლიტენშიც WiFi-ის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. დღეს დღეობით სინგაპურის, ბერლინის და ტოკიოს მეტროპოლიტენებში ესსერვისი უკვე გაშვებულია, ნიუ იორკის საბვეიში ლონდონის მსგავსად სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს კი კიდევ დიდ ხანს მოუწევთ WiFi-ის გარეშე მგზავრობა.

19 რობოტი თოლია სახელად SMARTBIRD

▲back to top


ტექნოლოგია

0x01 graphic

კაცობრიობა უხსოვარი დროიდან შურის თვალით შესცქეროდა ფრინველებს. ლაღი და ჰაეროვანი ფრენის მოსურნე პოეტები ქმნიდნენ მითებს, მაგალითად - დედალოსზე და იკაროსზე. ჩიტების ფრენის იმიტაცია კი მრავალი საუკუნის განმავლობაში ტექნოლოგიურად მიუღწეველი იყო. შემდეგ ძმები რაიტები მოვიდნენ და აეროდინამიკის კანონების მეშვეობით შეეცადნენ გაფრენას და გამოუვიდათ კიდეც. მას შემდეგ, ერთი საუკუნეა, ადამიანები დაფრინავენ, თუმცა ფრინველთა ფრენის გამეორება მაინც ვერ მოხერხდა.

გერმანული კომპანია FESTO, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური გამოგონებებით, მასმედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამ კომპანიის კვლევითმა ჯგუფმა ავტონომიური ბიონიკური ჩიტი შექმნა, სახელად SmartBird, რომელიც ვიზუალურად თოლიას არაფრით ჩამოუვარდება. ფრენის დროს კი ჰაერში ისე იქნევს ფრთებს და ისეთ ვირაჟებს აკეთებს, რომ დაკვირვებული თვალი, ნამდვილი თოლიასგან, ვერაფრით განასხვავებს.

რობოტი თოლია 450 გრამს იწონის, ჰაერში გადაადგილდება ავტონომიურ რეჟიმში და უკიდურეს შემთხვევებში შესაძლებელია მისი მართვა რადიოპულტის საშუალებით. ფრთები და თავი ტორსთან სპეციალური მოქნილი სახსრების მეშვეობით აქვს მიერთებული და თავის ტრიალი ოთხი მიმართულებით შეუძლია. თავში მოთავსებული ვიდეო კამერები კი ყველაფერს ხედავენ, რაც თოლიის მზერის არეალში ხვდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, SmartBird - ებს პრაქტიკული თვალსაზრისით როგორ მოიხმარენ. სავსებით შესაძლებელია მათი გამოყენება დაზვერვაში, პრივატული ინფორმაციის მოძიებაში და ა.შ. იმის გაცნობიერება, რომ ოდესმე ასეთი თოლია გადაიფრენს და ინფორმაციას გააგზავნის სადღაც, უკვე მოსვენებას უკარგავს შეთქმულების და მასობრივი კონტროლის თეორიების მოყვარულებს. მათთვის კი, ვინც SmartBird-ის ფრენაში პრაგმატიკას არ ეძებს, ისიც საკმარისია, რომ ის დაფრინავს. სწორედ ასეთ ფრენაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები.

20 ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის Center for American Progress-ის (CAP) ანგარიშის მცდარად წარმოდგენა

▲back to top


ტაბულა|რაზა

დენიელ ლარისონი

წინამდებარე სტატია გადმობეჭდილია The American Conservative-დან სემუელ ჩარაპის თხოვნით. ტაბულას მიერ CAP-ის ანგარიშის გაშუქებით უკმაყოფილო ჩარაპმა ამ სტატიის ტაბულაში გამოქვეყნების უფლება მოიპოვა.

ჯონ ნუნანმა ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის Center for American Progress-ის (CAP) ანგარიშის აშკარად სხვა ვერსია წაიკითხა, რადგან ამ ანგარიშის მისეული აღწერა სავსეა შეცდომებით. ის წერს:

„ჯერ ერთი, ანგარიში ამტკიცებს, რომ რუსეთმა კი არა, აშშ-მა გააღრმავა კონფლიქტი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების წყალობით, და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის მიერ „მასტაბილიზებელი” ფაქტორია”.

აშშ გაკრიტიკებულია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის, თითქოს ავტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “მასტაბილიზებელი” ფაქტორია, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ავტორები კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას აშშ-ის პოლიტიკისთვის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად აყალიბებენ, ხოლო სამხედრო ძალების დაბრუნებას 2008 წლამდე არსებულ პოზიციებზე ერთ-ერთ მიზნად სახავენ. შემიძლია ვთქვა, რომ ნუნანი ამას უბრალოდ იგონებს.

ნუნანი განაგრძობს ანგარიშის ავტორების მოსაზრებების დამახინჯებას:

„მეორე, ანგარიში, როგორც ჩანს, წამოეგო რუსეთის მიერ მრავალგზის გამოთქმულ აზრს, რომ მოსკოვი არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს და რომ ის განთავისუფლებულია საქართველოში წარმოქმნლი კრიზისის მოგვარების პასუხისმგებლობისგან”.

რეალურად კი, ანგარიშის ავტორები საკმაოდ ცხადად წერენ:

„მართლაც, ვაშინგტონში გამართული დისკუსიების დროს ხშირად იგნორირებულია ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გარდა, არსებობს საქართველოს კონფლიქტები აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან. ამას იმიტომ კი არ აღვნიშნავთ, რომ მკაფიოდ გავმიჯნოთ საგარეო და სეპარატისტული კონფლიქტები კონცეპტუალურად ან პრაქტიკაში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს სამი კონფლიქტი აქვს (რუსეთთან, აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან), რომლებიც ორ დონეზე მიმდინარეობს (სახელმწიფოთშორისსა და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე)”.

ანგარიშში ავტორები ამბობენ:

„კონფლიქტის მოგვარების ქმედითი პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს იმ ფაქტის აღიარებით, რომ რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია პროგრესის მისაღწევად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი ისეთი პარტნიორი უნდა იყოს, რომელსაც სურს კონფლიქტის მოგვარება, თუ გვინდა, რომ კონფლიქტი წარმატებით მოგვარდეს. რუსეთი ნამდვილად გახლავთ პრობლემის ნაწილი, მაგრამ ის ასევე კონფლიქტის მოგვარების ნაწილია”.

და ისევ:

„რუსეთის პარტნიორად გამოცხადება არ გულისხმობს იმას, რომ აშშ-ის დამოკიდებულება და მხარდაჭერა საქართველოსადმი შეიცვლება, ან რომ ის რუსეთს აღარ წაუყენებს მოთხოვნებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მოსკოვს სხვანაირად უნდა მოექცნენ და არა როგორც, მხოლოდ და მხოლოდ ნორმების დამრღვევს”.

ანგარიშის ავტორებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ფაქტობრივად კონფლიქტის მხარეა და მოუწოდებენ მოსკოვს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შეუძლებელია ეს არ დაინახოთ ანგარიშის კითხვისას. რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის მოთხოვნის კონტექსტში ავტორები მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას რუსეთის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთში, და ეს პოზიცია სამხედროების მკვეთრ შემცირებას გულისხმობს:

„ამ განცხადების კონტექსტში, აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს რუსეთს, რომ მან სათანადოდ შეცვალოს სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ ოსეთში. საქართველოს დაუცველობის ყველაზე ნათელი ფაქტორი შორი დამიზნების სარაკეტო სისტემების განთავსებაა (სმერჩი და ტოჩკა-U) სამხრეთ ოსეთში, რადგან მათ თბილისს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაარტყან. საქართველოს ოფიციალური პირები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ საფრთხეს, რომელსაც სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის კონცენტრაცია უქმნის ქვეყანას, რადგან ისინი ძალზე მობილურები არიან და აქედან გამომდინარე, მხოლოდ სწრაფი თავდასხმის მიზნით შეიძლება იქნან გამოყენებულები.

შეერთებულმა შტატებმა უნდა სთხოვოს რუსეთს სამხრეთ ოსეთის ავანპოსტებზე განთავსებული სწრაფი შეტევის ტრანსპორტისა და ტანკების რიცხვის შემცირება, ან მათი გატანა მაინც სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთით, რაც არ შეამცირებს რუსეთის მიერ ამ რეგიონის დაცვის უნარს. მომავალში რუსეთმა უნდა განიხილოს აქ დისლოცირებული ზოგიერთი საბრძოლო შენაერთის ჩანაცვლება არასაომარი პერსონალით.

შორი დამიზნების არტილერიის განთავსება სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ამძაფრებს საქართველოს დაუცველობას, ხოლო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას არაფერს მატებს. ამერიკის მთავრობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის შეიარაღების გატანა ამ რეგიონიდან. მაგრამ, შუალედურ ეტაპზე, სამხრეთ ოსეთში ძალების კონცენტრაცია უფრო გამჭვირვალედ რომ მიმდინარეობდეს, უკვე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა”.

ანგარიშის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის მოგვარების ტვირთი აშშ-ს აწევს. ეს კიდევ ერთი გამოგონილი აზრია. პირიქით, მათთვის უდავოა, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე. ის კი მართალია, რომ ანგარიში დიდ ყურადღებას უთმობს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აშშ-სა და საქართველოს პოლიტიკა. სავარაუდოდ, ამერიკელებს უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამერიკულ და მის მოკავშირეთა პოლიტიკაზე, ვიდრე რუსულზე. თუმცა, ავტორებს ისიც ესმით, რომ აშშ-ის მთავრობის დღევანდელი პოლიტიკა არაადეკვატურია, ხოლო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ზოგჯერ უკუშედეგი მოაქვს. ამის გამო ავტორებს არ შეუწყვეტიათ რეკომენდაციების შემუშავება, თუ როგორ უნდა შეიცვალოს რუსეთის პოლიტიკა, რომელთაგან ბევრი რეკომენდაცია კონსტრუქციული და გონივრულია. აი, ამასთან დაკავშირებით კი, ნუნანს არაფერი აქვს სათქმელი.

მრავლისმეტყველია, რომ ნუნანს რეალურად არაფერი აქვს სათქმელი აშშ-ის წარსულ, დღევანდელ ან სამომავლო პოლიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებითად, მისი სვეტი ცოტათი თუ განსხვავდება უკმაყოფილებისგან იმის გამო, რომ ავტორები საკმარისად მტრულად განწყობილნი არ არიან რუსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ანგარიშის ავტორები დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის მოგვარებით, რაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებასაც გულისხმობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინტერესები არ მოსწონთ. ნუნანი კი, როგორც ჩანს, უფრო ქულების თვლითაა დაკავებული, ვინ უფრო დიდი მომხრეა თავისუფლების. ნამდვილად ღირს ამ ანგარიშის წაკითხვა და განხილვა. სირცხვილია, რომ ნუნანს არც ერთის გაკეთება არ უცდია.

21 ბრძოლა ოცნებისათვის

▲back to top


სპორტი

ლაშა გოდუაძე

ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ორი საგაზაფხულო ევროშესარჩევი 3 ქულით დაასრულა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 26 მარტს შინ ჯგუფის ფავორიტი ხორვატია 1:0 დაამარცხა, სამ დღეში კი ამავე ანგარიშით ისრაელში წააგო.

ხორვატებთან გამარჯვების კი გვეიმედებოდა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და, ბევრი ჩვენგანი ფრეზეც ყაბულს იყო. რაც შეეხება ისრაელთან თამაშს, წინასამატჩო პროგნოზებს თუ გავიხსენებთ, ქულები, მეტწილად, იყოფოდა.

თქმა არ უნდა, თბილისური გამარჯვებით ძალიან გავიხარეთ, აი, თელ ავივში წაგებამ კი, ყველა ჩვენგანს გული დაწყვიტა. არც მეტოქე იყო ათი თავით ძლიერი და თამაშიც ხომ ვნახეთ?! ასეთი პაექრობები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფრედ მთავრდება. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმემ უხეში შეცდომა არ დაუშვა...

შეცდომა - სწორედ ესაა, რითაც თბილისში ბალკანელებთან ვიხეირეთ და სამი დღის შემდეგ დავმარცხდით. ჩვენთან ხორვატები შეცდნენ, ისრაელში - ჩვენ.

26 მარტს, გადაჭედილ ეროვნულზე სლავენ ბილიჩის გუნდმა ერთადერთი შეცდომა მატჩის უკანასკნელ წუთზე დაუშვა და საბედნიეროდ, დაისაჯა კიდეც: მოედნის შუაგულიდან ჯაბა კანკავას ჩინებული პასის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ოთარ მარცვალაძემ მოხდენილად მოატყუა ხორვატთა კაპიტანი დარიო სრნა, ბურთი ლევან კობიაშვილს დაუგორა და ნაკრების ვეტერანმაც გასატანი გაიტანა - 1:0!

29 მარტს, თელ ავივის ბლუმფილდზე თემურ ქეცბაიას გუნდი ორჯერ ძალიან უხეშად შეცდა, მასპინძლებმა კი ერთხელ დაგვსაჯეს: 59-ე წუთზე ტალ ბენ ჰაიმ II-მ ნუკრი რევიშვილს შანსი არ დაუტოვა - 1:0. ლუის ფერნანდესის გუნდის საგოლე შეტევა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთა შეცდომას მოჰყვა - მაორ ბარ ბუზალოს პასის შემდეგ საჯარიმოს ცენტრთან ლიორ რაფაელოვმა ერთი მოძრაობით სამი მეტოქე მოატყუა და მარცხნივ, მეურვის გარეშე დარჩენილ ტალ ბენ ჰაიმ II-ს დაუგორა ბურთი. მერე რაც მოხდა, უკვე ვთქვით.

0x01 graphic

საქართველო 1:0 ხორვატია
ყველა ფოტო: REUTERS ©

გოლიდან 11 წუთში მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ: საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ელიანივ ბარდამაც უძლიერესად დაარტყა. საბედნიეროდ, ბურთს კალაძე გადაეფარა და ჩვენი გუნდიც აშკარა გოლს გადაურჩა.

ეს იყო ქართველთა ორი ყველაზე უხეში შეცდომა, ისე კი, თელ ავივში ჯვაროსნებს ძალიან ბევრი დაეწუნებოდათ. გავიხსენოთ საყრდენი ზურაბ ხიზანიშვილის არაერთი წაგებული ორთაბრძოლა და რამდენჯერმე მეტოქეთათვის გადაბარებული ბურთი (რასაც მწვავე კონტრშეტევებიც მოჰყვა), განაპირა მცველების ლაშა სალუქვაძის და კახა კალაძის პოზიციური შეცდომები, საჯარიმოსთან ცენტრალური მცველების გაუმართლებელი ჯარიმები... თემურ ქეცბაიამაც ხომ აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე - დღეს ძალიან ბევრჯერ შევცდითო...

0x01 graphic

ისრაელი 1:0 საქართველო

ხორვატია-ისრაელთან მატჩებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქის შეცდომაზე თამაშობს. მარტივად თუ ვიტყვით, თავის შანსს ელის, გოლის გატანაზე უფრო კი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

ამას რომ ვამბობთ, ცხადია, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მწვრთნელის არჩევანი კარგი ცხოვრებით არაა განპირობებული: დღეს საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს წინა ხაზის ძლიერი მოთამაშეები. განსაკუთრებით იმ ყაიდის ფეხბურთელთა არყოფნა იგრძნობა, რომლებიც ბურთს დაიჭერენ, შეტევას გონივრულად წარმართავენ, ანუ, ნაკრებს ფერებს შემატებენ.

დღესდღეობით ქართველთა შორის ორი ასეთი ფეხბურთელი გვეგულება: ლევან ყენია და ჯანო ანანიძე. ჩვენდა სამწუხაროდ, პირველს ტრავმების გამო, კარგა ხანია ნაკრებში კი არა, კლუბშიც არ უთამაშია, ანანიძე კი ევროშესარჩევებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა. ასეთი დანაკლისი უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, ორივე თამაშში თვალნათლივ დავინახეთ. განსაკუთრებით ისრაელში, სადაც არცთუ ძლიერ და ერთფეროვნად მოთამაშე მასპინძლებთან ჩვენმა გუნდმა ღირებული ვერაფერი შექმნა. ჯვაროსნების ყველაზე რეალური შანსიც მასპინძელთა ძალიან უხეშ შეცდომას მოჰყვა, რითაც ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ლადო დვალიშვილმა, სამწუხაროდ, ვერ ისარგებლა - ცარიელ კარს ააცილა ბურთი...

და თუ ფორვარდი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ თავდასხმა ჩვენი გუნდის მეორე სუსტი წერტილია. თუ რატომ ვფიქრობთ ასე, ხორვატია-ისრაელთან მატჩების სტატისტიკური მონაცემებით ძალიან მარტივად აიხსნება: ორივე ევროშესარჩევში ჩვენმა გუნდმა, საერთო ჯამში, კარში ორჯერ(!) დაარტყა. ხორვატთა მეკარემ ვედრან რუნიემ ბურთი ვერ მოიგერია, ისრაელის ნაკრების გოლკიპერმა და კაპიტანმა დუდუ აუატემ - კი.

სუსტი თავდასხმა, უხეში შეცდომები, ტრავმირებული ფეხბურთელები და, რაც არანაკლებ გულდასაწყვეტია, მწირი არჩევანი - სათადარიგოთა მოკლე სკამი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი პრობლემის გადალახვა უწევს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის დღევანდელი 9 ქულა და მეოთხე ადგილი ცუდი ნამდვილად არაა.

დახედეთ ჩვენს ჯგუფს და მიხვდებით, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა: გაისად პოლონეთ-უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი კიდევ არსებობს. და თუ ჩვენი ჯგუფის კალენდარსაც გავითვალისწინებთ, ოცნება მიუწვდომელი სულაც არ მოგვეჩვენება.

6 შესარჩევი მატჩის შემდეგ 9 ქულა საქართველოს ნაკრებს აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა: დიდ ფეხბურთში დებიუტისას, ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ტურნირში. მაშინ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, სადაც თემურ ქეცბაიაც თამაშობდა, მესამე ადგილზე გავიდა.

დღეს ქეცბაიას ნაკრებს იმ შედეგის გაუმჯობესების ჩინებული შანსი აქვს: 4 ივნისს ხორვატიას ვსტუმრობთ, შემოდგომით, 2 სექტემბერს ჯერ ლატვიას ვმასპინძლობთ, 6-ში მალტას გასვლაზე ვეთამაშებით, 11 ოქტომბერს კი ბერძნებთან საშინაო მატჩით ვამთავრებთ საკვალიფიკაციო ტურნირს.

ბერძნების სტუმრობამდე ჩვენს ჯგუფში გაცილებით ნათელი სიტუაცია იქნება და ეგებ, ევროსაგზურის მფლობელიც აქ, თბილისში, ეროვნულზე გაირკვეს. ასეთ შემთხვევაში ამ შეხვედრას თამაში ვეღარ დაერქმევა - თავადაც ხვდებით, ეს ბრძოლა იქნება.

ბრძოლა ოცნებისათვის!

F ჯგუფი

საბერძნეთი

5

3

2

0

5:2

11

ხორვატია

5

3

1

1

8:2

10

ისრაელი

6

3

1

2

8:6

10

საქართველო

6

2

3

1

4:3

9

ლატვია

5

1

1

3

4:7

4

მალტა

5

0

0

5

1:10

0

კალენდარი

4 ივნისი: ხორვატია-საქართველო; ლატვია-ისრაელი; საბერძნეთი-მალტა

2 სექტემბერი: საქართველო-ლატვია; ისრაელი-საბერძნეთი; მალტა-ხორვატია

6 სექტემბერი: მალტა-საქართველო; ლატვია-საბერძნეთი; ხორვატია-ისრაელი

7 ოქტომბერი: საბერძნეთი-ხორვატია; ლატვია-მალტა

11 ოქტომბერი: საქართველო-საბერძნეთი; მალტა-ისრაელი; ხორვატია-ლატვია.

22 შეშლილი დენისი

▲back to top


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

რთულია იყო პოპულარული და უფრო რთულია ამ პოპულარობის შენარჩუნება. რთულია იყო პოპულარული და უფრო რთულია ამ პოპულარობის შენიღბვა. რთულია იყო ჩიკაგოში და ილინოისის ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში ქალის საცვლის ჩვენებაზე ქალის საცვალში გამოხვიდე. რთულია სხვისთვის და მარტივია იმ სუბიექტისთვის, რომლის ცოლიც 7 საათით კარმენ ელექტრა გახდა. 7 საათში წყვილმა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთს ვერ უგებდა და დაიშალა. რთულია, იყო დენის როდმანი. დენის როდმანისთვის ესეც მარტივი იყო.

სან ანტონიოში დენისი მიდის პოლიციელთან, იხდის პერანგს, მკერდზე ხელს იდებს და სამართალდამცავს დახუჭული თვალებით და ხვნეშით უახლოვდება. დენისი პოლიციელზე სექსუალური შეტევისთვის ერთი კვირით დააპატიმრეს. პოლიციის შეფი, ვინმე სტიუარტ ეკერსლი იხსენებს, რომ ის ოფიცერი, რომელსაც აღგზნებული დენისი მოფერებას უპირებდა, ერთი თვე დეპრესიაში იყო.

Double team-ში როდმანმა პირველი სერიოზული როლი მიიღო. დენისი ვერ გახდა მარლონ ბრანდო. დენისი ვერ გახდა მიკი რურკი, რომელიც ამ ფილმში მისი პარტნიორი იყო. დენისი ვერც ვან დამი გახდა და ბელგიელ ბალერონთან ერთად, 1997-ში წლის ყველაზე ცუდ მსახიობად დაასახელეს. დენისმა პრიზი საკრამენტოს ბორდელში ორ მეძავთან სამსაათიანი გართობის საფასურად დატოვა. ორი წლის შემდეგ, დენისი უკვე რესპექტაბელური, მეოჯახე პერსონაა. როდმანის ცოლია მიშელ მოიერი. დენისის მეჯვარეები მიკი რურკი და 67 წლის ფილიპინელი კრიმინალი, „შიზო დელუქსი" გახდნენ.

დენისი დაუძმაკაცდა ჰალკ ჰოგანს. კარლ მელოუნთან ერთად გავიდა რინგზე რესტლინგის შოუში მონაწილეობისთვის. დენისმა 15 წუთში ცელქობისთვის 350 ათასი დოლარი მიიღო. შოუს შემდეგ გამართულ წვეულებაზე მელოუნმა დენისს სახის ძვალი გაუტეხა. დენისი კარლის ცოლს კაცების საპირფარეშოში ექსკურსიაზე ეპატიჟებოდა. კარლს ეს იდეა არ მოეწონა. დენისმა ორ დღეში ტექსტური შეტყობინებით კარლის ცოლს (არშემდგარი ექსკურსიისთვის) მოუბოდიშა. მერე იყოსო.

2003-04 წლებში პოლიციამ დენის როდმანს 76-ჯერ გამოუწერა სხვადასხვა სახის ჯარიმა. დენისი ორჯერ სუპერმარკეტში გაშიშვლებისთვის აიყვანეს. სამჯერ როდმანი სასტუმროს ჰოლში მოშარდვისთვის დააპატიმრეს. დენისმა სპორტული მაღაზიის მენეჯერს ტელეფონით ორჯერ სიყვარული აუხსნა და როდესაც 69 წლის ბენჯამინ ბისლიმ ორივეჯერ ტელეფონი გათიშა, დენისმა მას ოფისში მიაკითხა. შავი ვარდების თაიგულით. როდმანს იუმორი არ დაუფასეს და სამი დღით წინასწარი დაკავების საკანში გაუშვეს.

დენისი ჩადის ფინეთში და ფინელების კერპების, ჯგუფ Sentenced-ის ლაივის დროს, იხდის პერანგს და ცეცხლს უკიდებს. დენისმა საზოგადოებრივ ადგილზე დებოშისთვის 3 500 დოლარი გადაიხადა. შემდეგ ჯგუფის წევრებთან ერთად ფოტოსესია მოაწყო. ფოტოსესიის დროს, დენისი ტეემუ სელიანეს კლუბში ორ გოგონასთან ჩხუბის გამო დააკავეს. დენისი ფინეთში აღარ ჩასულა.

როდმანი გენიალური მოთამაშე და მოედანზე ყველაზე სერიოზული შოუმენი იყო. უროდმანოდ აიზია ტომასი და ჯო დუმარსი წესიერ ბიჭებად დარჩებოდნენ. დენისთან ერთად ესენი პისტონზში დაუნდობელი ბანდის ლიდერები გახდნენ. უროდმანოდ მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი ბულზის მეორე რეინკარნაციაში ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ. უროდმანოდ ყველაფერი უფერული, რუტინული იქნებოდა.

რთულია იყო დენის როდმანი.

თუმცა დენის როდმანისთვის ეს მარტივი იყო.

0x01 graphic

23 ბაბუა ბილის ფავორიტები

▲back to top


კალათბურთი|სპორტი

NBA-ს გასავარდნი ეტაპის წინ, ბევრი საინტერესო რეიტინგი და სასუსნავი მასალა იქნება. ყველაზე წონადი ეტაპი ლამაზად შეიფუთება და ამანათებს გამოცდილი ფოსტალიონები ჩამოარიგებენ. დღევანდელი მასალის ფოსტალიონი ბებერი გენიოსი, ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი და დაუნდობელი ბაბუა, მისტერ ბილ რასელია. თერთმეტგზის ჩემპიონი დამდეგი ფლეი ოფის წინ, მისი აზრით, სამ ყველაზე სერიოზულ ფიგურაზე საუბრობს.

0x01 graphic

პოლ პირსი

პოლ პირსი

„სელტიქსის კაპიტანი ყოველთვის განსაკუთრებული პიროვნება უნდა ყოფილიყო. იცით, როდესაც გასახდელიდან გუნდი მოედანზე გამყავდა, ამაყი ვიყავი, რომ რედ აუერბახმა და ბიჭებმა კაპიტნად ამირჩიეს. ამ სიამაყემ და ჩვენმა გულებმა ყველაფერი მოგვაგებინეს. სელტიქსში ვიყავი, მოედანზე გუნდისთვის მოვკვდებოდი და, ამავე დროს, ყველა სხვა გუნდის წევრს დიდ პატივს ვცემდი. იყო ეპიზოდი, როდესაც რეგულარულის ბოლო მატჩში, ფილადელფიასთან, მე და უილტი ერთმანეთს შევეჯახეთ. ჩემბერლენი წაიქცა, ჩვენ შეტევა უნდა დაგვეწყო და უცბად, ბობი (კოუზი) იღებს წუთშესვენებას. კოუზი მივიდა უილტთან, სათადარიგოთა სკამამდე მისვლაში დაეხმარა და თამაში გაგრძელდა. გასახდელში კოუზი ჯერ ჩუმად იყო, კუთხეში დადგა და ხმას არ იღებდა. შემდეგ გასახდელის ცენტრში დადგა და ბოდიში მოიხადა, დაგაღალატეთო. რედმა კი მას მადლობა გადაუხადა, ამას მხოლოდ სელტიქსის ბიჭი გააკეთებდაო. იმ მომენტში ბობი ჩემი გმირი გახდა. მე ამ გუნდის კაპიტანი ვიყავი...

პირსი ჩემი გმირია. პოლს შეეძლო სხვაგან წასულიყო, იქ მეტი ფული აეღო და მართალიც იქნებოდა. სელტიქსი ხომ 5-6 წლის წინ ძალიან შორს იყო ჩემპიონობისგან. პირსმა არ უღალატა გუნდს, დაიკლო ხელფასი და მწვრთნელებს უკეთესი მოთამაშეების დამატების შანსი მისცა. პირსი იდეალური კაპიტანი და გენიალური მოთამაშეა. გვყავს ქეი ჯი, რეი ალენი, რონდო, მაგრამ ბოსტონი პირსის გუნდია. მოვა ფლეი ოფი და პოლი ისევ გაანათებს. სელტიქსის კაპიტანი სულ ანათებს. ლარის შემდეგ, პირსი სელტიქსის საუკეთესო კაპიტანია. უფრო კარგი, ვიდრე ბილ რასელი. ვამაყობ შენით, პოლ!”

0x01 graphic

ტონი პარკერი

ტონი პარკერი

„პირადი ცხოვრება ცალკე თემაა. ყველამ იცის, რასაც ვგულისხმობ (ტონის და ევა ლონგორიას განშორებას). ტონის რთული პერიოდი ჰქონდა და დღეს სან ანტონიოს ლიდერია. პოპოვიჩს ჰყავს იდეალური ტიმ დანკანი, ყოველთვის მონდომებული იმპროვიზატორი ჯინობილი, მაგრამ სან ანტონიო პარკერის გუნდია. ფლეი ოფში პარკერი სხვა, უფრო მობილური, სახიფათო, მონდომებული ბიჭი იქნება. გახსოვთ ფინალი კლივლენდთან? მაშინ ბევრმა დაწერა, რომ იმ სერიის MVP ტიმი უნდა ყოფილიყო. MVP გახდა პარკერი, რადგან სერიაში სპურსისთვის ყველაზე შეუცვლელი ფიგურა იყო. პარკერი დღეს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერია. ტონიმ ისწავლა ენერგიის გადანაწილება და მოსაწყენი სპურსის კალათბურთი უფრო საინტერესო, ღრმა გახდა. პარკერი გუნდის ჯოკერია”.

0x01 graphic

პო გასოლი

პო გასოლი

„რონ, ჩაგეძინა? აბა, ტემპში, ტემპში, ჩაიწიე, კამერის წინ არაფერი გესაქმება! დერეკ, ვეტერანებს ამ დროს უნდა ეძინოთ! ენდრიუ, დაგვცინი?! შედი გასახდელში და ემინემს მოუსმინე! ბიჭებო, დაიშალეთ, ჟურნალისტები ერთი კაცის სანახავად მოვიდნენ და ეს კაცი კობი ბრაიანტია! 

აი, ალბათ ასე იწყება ლეიკერსის ნებისმიერი შეხვედრა ჟურნალისტებთან. კობი პოპულარულია, კობი შეუცვლელია და კობი მთელი გუნდია. უბრალოდ, პო გასოლის გარეშე კობის გუნდი პირველივე წრეში გავარდება და პოსთან ერთად შეუძლია, ზედიზედ მესამედ გავიდეს ფინალში. ალბათ, რეალურია ლეიკერსის ჩემპიონობაც. პო მშვიდი, ელეგანტური, ჭკვიანი მოთამაშეა. იცის, რომ თუ ბოლო წამზე სასროლია, ის სროლა ბრაიანტის იქნება, მაგრამ ამის გამო არ ნერვიულობს. გასოლი ყველასთვის იდეალური თანაგუნდელია. პო ჩემპიონია და კობი პოს გარეშე ჩემპიონი ვერ გახდებოდა. მისტერ ბრაიანტმა და მისტერ ჯექსონმა ეს მშვენივრად იციან”.

0x01 graphic

ბილ რასელი

24 დეფიციტური კაპიტალი

▲back to top


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

დღეს თემურ ქეცბაიას ფილოსოფია ასეთია - ვდგავართ უკან და ველოდებით მოწინააღმდეგის შეცდომას. ვდგავართ მთელი გუნდით, დისციპლინირებულად, ძალიან ყურადღებით და იმ შეცდომას აუცილებლად ვიყენებთ. ხორვატიასთან არც უკან შეგვშლია და შესაგდებიც შევაგდეთ, ისრაელთან კი უკანაც ავირიეთ, საყრდენების ზონაც მოიშალა (განსაკუთრებით ხიზანიშვილი) და მასპინძლების უხეში შეცდომაც გავანიავეთ. ბოლო ორ შეხვედრაში ეს ფილოსოფია ციფრებში ასე გამოიხატა: ორი დარტყმა კარში, ორი კუთხური და სამი ქულა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული გუნდი გახდა. უკლასო, მაგრამ საქმიანი. საშუალო დონის ფეხბურთელებით და მაღალი დონის მწვრთნელით, რომელმაც იცის, როგორ მიაღწიოს ამ დაბალი ხარისხით გარკვეულ შედეგს.

ხორვატიასთან ისტორიულმა გამარჯვებამ საქართველოს ნაკრები ემოციურად და ფიზიკურად გადაღალა. ამას დაემატა მწვავე კონფლიქტი მწვრთნელსა და გოგიტა გოგუას შორის, რაც ყოველთვის ცუდად მოქმედებს გუნდის ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე. მარცვალაძის ძირითადში დაყენება და მისთვის პირველი ბურთის მოგების მოთხოვნაც შეცდომას წააგავდა. არადა, ამ სამი ფაქტორის თავიდან აცილება შეიძლებოდა: ხორვატიიდან სამ დღეში ასეთი პრინციპული მატჩის დღესასწაულების გამო გადმოტანას ქართული მხარე არ უნდა დათანხმებოდა (თავიდან კალენდარში სხვა განრიგი იყო). გოგუა, რომელმაც კლაუს ტოპმიოლერთან, ჰექტორ რაულ კუპერთან და აგერ, ქეცბაიასთანაც იჩხუბა, ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს (მიახვედრონ), რომ გუნდისთვის საჭირო კაცია და უნდა გააკეთოს ის, რასაც მწვრთნელი ეტყვის. რაც შეეხება მარცვალაძეს, როგორც 26 მარტს, ის 29-შიც შეცვლაზე უფრო ეფექტური იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, დღეს მთელი საქართველო ცხრილშია თავჩარგული, რაც გაზაფხულზე არასდროს მომხდარა. სატურნირო მდგომარეობა, ერთი შეხედვით, ვერაა მთლად კარგი - ლიდერებზე ერთი თამაშით მეტი გვაქვს და მეოთხეზე ვართ, თუმცა საბერძნეთს ორი, ხორვატია-ისრაელს კი ერთი ქულით ჩამოვრჩებით. ანუ ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მათემატიკური შანსი ნამდვილად არსებობს.

მაგრამ მათემატიკა იქით იყოს. შესარჩევი ციკლი ფინალურ ეტაპზე გადადის და თუ უკრაინა-პოლონეთის ვიზა გვინდა, მიზანიც უნდა შეიცვალოს - არწაგების ნაცვლად, მოგება. გვაქვს ამის თავი? შეგვიძლია ისე შეტევა, რომ უკან სიმშვიდე იყოს? დღეს ამის რესურსი არ ჩანს. როდესაც სამი გადაბმული პასის გაკეთება ჭირს, არ გყავს ბურთის დამჭერი „ფანტაზისტა” და კარგი ცენტრფორვარდი, სულ ცოტა, 2004 წლის ფორმაციის საბერძნეთის ხარისხი უნდა გეჭიროს. ვერ გვიჭირავს. ეს კი, ყველაზე კარგად იცის ქეცბაიამ, რომელიც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებულ პროფესიონალ ფეხბურთელებს ვეღარც ბურთის გაჩერებას ასწავლის, ვერც კორპუსის გამოყენებას და ვერც კაცის მოტყუებას. ეს თითოეული მოთამაშის საწყისი კაპიტალია. კაპიტალი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდში დეფიციტი გახლავთ.

ამ დეფიციტის პროფიციტად გადაქცევა არსებულ შემადგენლობაზე მუშაობით წარმოუდგენელია, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ახალგაზრდა, ბურთთან ჰარმონიაში მყოფი ფეხბურთელების როტაცია ეროვნულ გუნდში. ამას, რასაკვირველია, დრო და ძალიან ბევრი, სწორი მუშაობა სჭირდება.

საქართველოს ნაკრები, როცა იქნება, უნდა გახდეს სრულყოფილი გუნდი, გუნდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში: ან თავს იცავს ყრუდ და წინგაუხედავად, ან ბურთს აკონტროლებს, თვითონ ისვენებს და მეტოქეს ღლის, ანაც უტევს ისე, რომ ეს შეტევა დაცვასაც უტოლდება და გოლიც მოაქვს. ქეცბაიამ პირველი საფეხური დიდი წარმატებით გაიარა და დაცვა ფეხზე დააყენა - 11 მატჩში მხოლოდ 6 გოლი გავუშვით. წინ კი კიდევ ორია და უნდა მოვითმინოთ, არ უნდა გავღიზიანდეთ იმით, რომ ნაკრების თამაში ვერაა კარგი საყურებელი, რომ ვერ დავფრინავთ. დღეს ეს გამორიცხულია, რადგან გვაკლია ის, რაც იმ ორი საფეხურის ავლას მოაქვს - კლასი.

25 ბეემვემ შანხაისთვის მე-6 სერიის განახლებული კუპე მოამზადა

▲back to top


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია საავტომობილო სამყაროს პირველად შარშან, პარიზის ავტოშოუზე უჩვენა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ სერიულ ვერსიასაც მალე ვნახავდით. და აი, შანხაის საავტომობილო შოუს დამთვალიერებელს, პირველად მიეცემა ამ შესანიშნავ ავტომობილთან გაცნობის საშუალება. თუმცა, ბავარიელებმა მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით უკვე გაავრცელეს.

0x01 graphic

წინამორბედთან შედარებით, მე-6 სერიის განახლებული კუპე ზომებში გაზრდილია. 75 მილიმეტრით არის გაზრდილი სიგრძე და ბორბლებს შორის ბაზა, სიგანეში მატება მხოლოდ 39 მილიმეტრია. სამაგიეროდ, სიმაღლე 5 მილიმეტრითაა შემცირებული. საბარგულის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა და 460 ლიტრს შეადგენს.

გაყიდვების დასაწყისში, განახლებულ კუპეს მყიდველს ორი ძრავით შესთავაზებენ. ერთია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი, რომელიც 320 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, რომლის ინდექსიცაა 640i, ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია.

მეორე ძრავია 4.4-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V8, რომელიც 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს ავითარებს. შესაბამისად, მისი (650i) დინამიკა ოდნავ უკეთესია - ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.9 წამი ჰყოფნის. ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული.

ამ ეტაპზე, ბავარიელები ასევე ამზადებენ კუპე M6-ს, რომელიც 5.0-ლიტრიანი V10 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, ამ ვერსიის და შესაბამისად, ძრავის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბეემვემ გაგვანდო, რომ ასეთი ავტომობილის გაყიდვებს გაისად დაიწყებს.

რაც შეეხება ფასებს, საბაზო კუპე 640i გერმანიაში 74 700 ევრო ეღირება, 9 ათასი ევროთი ნაკლები, ვიდრე მის ბაზაზევე შექმნილი კაბრიოლეტი. გარდა ამისა, მწარმოებელი ამ კუპეს დიზელის ძრავით აღჭურვასაც აპირებს. შემდეგ კი ამავე ავტომობილის ბაზაზე, ოთხკარიანი კუპეც დამზადდება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

მას შემდეგ, რაც მე-6 სერიის განახლებული კუპეს პრემიერა შანხაის გამოფენაზე ჩატარდება, მას პირველ რიგში, ბეემვეს ევროპელი და ამერიკელი დილერები მიიღებენ. ამ ავტომობილით, ბავარიელები კონკურენციას იაგუარის კუპე XK-ს და მერსედეს ბენცის ანალოგიური E-კლასის კუპეს გაუწევენ.

26 ჰიბრიდული სუპერქარი 645 ათას ევროდ

▲back to top


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

პორშემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავის ჰიბრიდულ სუპერავტომობილ 918 სპაიდერზე შეკვეთების მიღებას იწყებს. ეს ავტომობილი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც პირველად ცუფენჰაუზენელებმა შარშან, ჟენევის ავტოშოუზე გვიჩვენეს, 645 ათასი ევრო (დაახლოებით 845 ათასი დოლარი) ღირს.

0x01 graphic

918 სპაიდერის წარმოება 2013 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. პირველი კლიენტები სასურველ ავტომობილს ნოემბერში მიიღებენ. პორშეს მხოლოდ 918 ცალი ჰიბრიდული სუპერავტომობილის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ამასთან, მათ, ვინც 918 სპაიდერზე შეძენის ოფიციალურ განაცხადს შეიტანს, 911 ტურბო S სერის-ის სპეციალური ვერსიის ყიდვის უფლება მიეცემა. ამ უკანასკნელს გერმანული კომპანია ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს და მხოლოდ გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდის.

0x01 graphic

ამ ავტომობილს სახელად სპაიდერი კი ჰქვია, თუმცა მას მოსახსნელი მყარი სახურავი აქვს. მოხსნისას ის ორ ნაწილად იშლება და წინა საბარგულში თავსდება. კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებით, სერიულ მოდელს გამოსაბოლქვი მილები გვერდებზე კი არა, ჩვეულ ადგილას - უკანა ბამპერის ქვეშ ექნება. გარდა ამისა, 918 სპაიდერი უკანა ხედვის გარე სარკეებითაც აღიჭურვება.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, ის შიდაწვის ძრავისა და ორი ელექტროძრავისგან შედგება. პირველის მუშა მოცულობა 4.0 ლიტრია, არქიტექტურა V8, სიმძლავრე კი, მინიმუმ (ასე წერია პორშეს რელიზში) 500 ცხენის ძალა იქნება. ხოლო ელექტროძრავები წინა და უკანა ღერძებს ემსახურება და მათი ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალაა. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც გაგრილების თხევადი სისტემა ემსახურება. შიდაწვის ძრავთან კი, ორდისკოიანი ქუროთი, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.

მთელი ამ ავლადიდებით, ჰიბრიდული 918 სპაიდერი ნულიდან ასამდე სიჩქარეს 3.1 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 318 კმ/სთ-ია. მხოლოდ ელექტროძრავების მეშვეობით, ავტომობილს მაქსიმუმ 25 კილომეტრის გავლა შეუძლია და ამ შემთხვევაში, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 150 კმ/სთ-ს აღწევს. საწვავის ხარჯი ას კილომეტრზე, სულ რაღაც, 3.1 ლიტრია, ატმოსფეროში კი ყოველი კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 70 გრამი CO2 გამოიყოფა.

პორშე აცხადებს, რომ აკუმულატორების სრულად დასამუხტად (გერმანული სტანდარტებით) სამი საათია საჭირო. გარდა ამისა, შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობის გამოყენებაც, რომლის მეშვეობითაც, დამუხტვის დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

27 როგორ ტყუის მასმედია პირველ აპრილს?

▲back to top


კულტურა

ანა მაყაშვილი

„საიდან იღებს სათავეს 1 აპრილის ადათი?” - კითხვა, რომელიც 1708 წელს ბრიტანულ ჟურნალ აპოლოში დაისვა, დღემდე ერთი, კონკრეტული პასუხის გარეშეა - მისი ყველაზე გავრცელებული ვერსია კალენდარულ აბდაუბდას უკავშირდება: შუა საუკუნეების ევროპაში, ახალ წელს, 25 მარტიდან 1 აპრილამდე აღნიშნავდნენ. მე-16 საუკუნეში კი გადაწყდა, რომ ახალი წელი ყველასთვის საერთო დღეს, 1 იანვარს აღნიშნულიყო. როგორც აღმოჩნდა, ხალხი ახალ თარიღს მაინც და მაინც ვერ შეგუებია და დღესასწაულს ისევ 1 აპრილს ზეიმობდა. ასეთ ხალხს კი დასცინოდნენ, სატყუარა საახალწლო საჩუქრებს უგზავნიდნენ და აპრილის ბრიყვებს უწოდებდნენ.

მასმედიის პოპულარული ტყუილების ათეული:

1. შვეიცარიაში მაკარონის მოსავალს იღებენ

0x01 graphic

1957 წელს BBC-ს საინფორმაციო შოუ პანორამამ გაუშვა სიუჟეტი, სადაც შვეიცარიელი ფერმერები აცხადებდნენ, რომ მაკარონის მოყვანა შეძლეს. ინფორმაციას თან მიჰყვებოდა კადრები, სადაც მოჩანდა, თუ როგორი მონდომებით კრეფდნენ გლეხები ხეებიდან სპაგეტის. BBC-ში ზარები არ წყდებოდა - სახლის პირობებში როგორ გავზარდოთ მაკარონიო. სახელგანთქმული სამაუწყებლო კომპანია კი დიპლომატიურად პასუხობდა - მოათავსეთ ცოტაოდენი სპაგეტი ტომატის სოუსის ქილაში და საუკეთესო შედეგს მიიღებთ!

2. როგორ ვაქციოთ შავ-თეთრი ტელევიზორი ფერადად

0x01 graphic

1962 წელს შვედეთში მხოლოდ ერთი ტელე არხი მაუწყებლობდა და ისიც, ცხადია - შავ - თეთრად. ახალი ამბების დროს არხის ტექნიკური ექსპერტი გამოსულა და უთქვამს, რევოლუციური ტექნოლოგიის მეშვეობით, ახლა თქვენი ტელევიზორები შეგიძლიათ ფერადეკრანიანებად გარდაქმნათო. მან განმარტა, რომ ამის მისაღწევად ეკრანებისთვის ნეილონის წინდის ჩამოცმა იყო საჭირო. აღტაცებულ მაყურებელს თვითონვე უჩვენა წინდის ჩამოცმის პროცესი. ათასობით ადამიანი მოტყუვდა. რეგულარული ფერადი მაუწყებლობა შვედეთის ტელევიზიამ 1970 წლის 1 აპრილს დაიწყო.

3, ბურგერი ცაციებისთვის

1998 წელს სწრაფი კვების რესტორნის, Burger Kingის USA Today-ში დაბეჭდილი რეკლამა იუწყებოდა, რომ მენიუს ახალი საკვები, „ცაციების ვოპერი” დაუმატეს, რომელიც 32 მილიონი ამერიკელი ცაციისთვის იყო შექმნილი. ეს საკვები იმავე ინგრედიენტებს შეიცავდა, რასაც ჩვეულებრივი „ვოპერი”, მაგრამ ინგრედიენტები 180 გრადუსით იყო შეტრიალებული, რომ ცაციებისთვის ჭამის პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელი გაეხადა. „ცაციაბურგერის” გასასინჯად, რესტორნებს ათასობით ადამიანი ეწვია. ამავდროულად, თურმე, ბევრი ბურგერის კლასიკურ, „მემარჯვენე” ვერსიას ითხოვდა.

4. საპარლამენტო გადახრა და გრავიტაციის შემცირება

1976 წელს BBC Radio2-ის ეთერში ბრიტანელმა ასტრონომმა, მურმა გამოაცხადა, დილის 9:47-ზე თქვენსავე სახლებში, ისეთი ასტრონომიული მოვლენის მოწმენი გახდებით, რაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდებაო: პლუტონი იუპიტერს ჩაუვლის, ეს გრავიტაციურ გადახრას გამოიწვევს, რის შედეგადაც დედამიწის მიზიდულობის ძალა შემცირდებაო. თუ ამ მომენტს დაიჭერთ და ჰაერში ახტებით, ბზრიალის განცდა გეწვევათო. დილის 9:47-ზე რადიოში უამრავი ადამიანი რეკავდა და თავის შეგრძნებაზე ჰყვებოდა. ერთი ქალი ამტკიცებდა კიდევაც - მე და ჩემი მეგობრები სკამებიდან წამოვდექით და ოთახში აქეთ-იქით დავსრიალებდითო.

5.ბომბი-ბურთი

0x01 graphic

I მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის 1 აპრილს, გერმანულ ბანაკს ფრანგულმა ავიატორმა გადაუფრინა და რაღაც უზარმაზარი ბომბის მსგავსი ჩამოაგდო. გერმანელები მიმოიფანტნენ, მაგრამ ბომბი არ აფეთქდა. ცოტა ხნის მერე ბომბს ფრთხილად მიუახლოვნენ, და აღმოაჩინეს, რომ ეს დიდი ბურთი იყო, ზედ მიბმული, დაახლოებით ასეთი შინაარსის წარწერით: „დღეს პირველი აპრილია - მოტყუება ადვილია!”.

6. ინტერნეტში მთვრალი შესვლა აკრძალულია

1994 წელს ჯონ დვორაკმა ჟურნალ PC Computing-ში დაწერა, რომ კონგრესის ახალი კანონის თანახმად, ინტერნეტში მთვრალი შესვლა და სექსუალური საკითხების განხილვა იკრძალებოდა - კონგრესი ამაზე სპეციალურ ჯარიმას დააწესებდა. დვორაკს დეტალები ისე დამაჯერებლად ჰქონდა აღწერილი, რომ კონგრესი გაწიწმატებულმა ზარებმა აიკლო - ისე შეწუხდნენ, რომ სენატორ ედუარდ კენედის ოფისს ამ ტყუილის ოფიციალური უარყოფა მოუხდა.

7. ბიგ ბენის ელექტრონული საათი

1980 წელს BBC-მ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ამცნო: დროსთან ადეკვატურები რომ ვიყოთ, ბიგ ბენს მექანიკურ ისრებს მოვხსნით და ციფრულ საათს დავაყენებთო. ურიცხვი შოკირებული და დამცირებული ბრიტანელის რეაქციამაც არ დააყოვნა. ამასობაში BBC-ის იაპონურმა მაუწყებლობამაც დაადასტურა ახალი ამბავი და დაამატა - ვინც პირველი დაგვიკავშირდება რადიოში, საათის ისრებს იმას მივყიდითო. პირველი ზარიც სულ მალე გაისმა - იაპონელი მეზღვაური შუა ატლანტიკიდან რეკავდა.

8. ედისონმა საკვები მანქანა გამოიგონა

0x01 graphic

მას მერე, რაც ედისონმა გრამოფონი გამოიგონა, ამერიკელებმა მისი ყოვლისშემძლეობის დაიჯერეს. როცა 1878 წელს, ნიუ იორკულმა გამოცემამ, Graphic-მა დაწერა, ედისონმა მანქანა გამოიგონა, რომელიც მიწას მარცვლეულად აქცევს, წყალს - ღვინოდ, ანუ მსოფლიო შიმშილს ბოლო მოეღებაო, ძალიან ცოტას თუ შეეპარა ეჭვი. სტატია მთელ ამერიკაში გავრცელდა, დიდი პოპულარობა მოიპოვა და გამოცემებიც ედისონის გენიას ხოტბას ასხამდნენ. ბოლოს Graphic-მა ერთ - ერთი ასეთი სტატია თავისთან გადაბეჭდა, არაფერი შეუცვლია, უბრალოდ ორი სიტყვა წააწე ა: „ანკესზე წამოეგნენ”.

9. Gmail Paper

2007 წელს google-მა Gmail-ის მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა: ინბოქსში სასურველი წერილის მონიშვნით, ამ წერილს და წერილზე მიბმულ ფოტოსაც კი, google-ის ჯგუფი მაღალი ხარისხით ამობეჭდავდა და კლიენტს უსასყიდლოდ ტრადიციული ფოსტით გაუგზავნი და. დამაჯერებლად აღწერილმა პროცედურებმა და ტრადიციული მიმოწერის ნოსტალგიამ ოინზე ბევრი მომხმარებელი წამოაგო.

10. კორპორატიული ტატუები

1994 წელს, რადიო NPR-მა გამოაცხადა, რომ ისეთი დიდი კომპანია, როგორიც პეპსი იყო, ახალგაზრდებს ტატუების გაკეთებას უფინანსებდა. ოღონდაც, ტატუები კორპორაციული ლოგოები უნდა ყოფილიყო და თან ყურებზე უნდა დაეხატათ. სანაცვლოდ, მათ ამ კომპანიის პროდუქტებზე სიცოცხლის ბოლომდე 10%25-იანი ფასდაკლება ექნებოდათ გარანტირებული. ამ შეთავაზებისთვის თინეიჯერებს უხვად მიუმართავთ.

28 ქართული კინო ახალი თამაშის წესებს ითვისებს

▲back to top


კულტურა|კინო

სანდრო ჯანდიერი

25-27 მარტს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და მოწვევით თბილისში EAVE-ს (European Audiovisual Entrepreneurs) სემინარი ჩატარდა. ორგანიზაცია 1998 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და არაბული ქვეყნების კინოინდუსტრიის მოღვაწეების, განსაკუთრებით პროდიუსერების პროფესიულ მომზადებას. ასევე ამ ქვეყნების კინოორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, კო-პროდუქციების ხელშეწყობას და დამოუკიდებელი კინოს განვითარებას. EAVE-ს სემინარები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა, დღეს მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. სამდღიან მინი-სემინარს ევროპის სახლმა უმასპინძლა. მონაწილეობდა ოთხი ქართული კინოკომპანია (20 Steps Film, Ltd.Film Project, Sakdoc Film, Apex Film). კინოპროექტები კინოცენტრის შერჩეულმა პროდიუსერებმა წინასწარ გამოცხადებული კონკურსით გამოავლინეს.

0x01 graphic

დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც საბჭოთა პროდიუსერი (დირექტორი) ფილმის საბუღალტრო ნაწილს უზრუნველყოფდა და თანამდებობას ერთი-ორი ხმამაღალი სიტყვით ამართლებდა. ამასობაში ამ პროფესიამ ევროპაშიც განიცადა ევოლუცია: დღეს იქ სულ უფრო იშვიათია პროდიუსერი კლასიკური გაგებით, რომელიც ჯიბეზე ხელს გაიკრავს და კაპიტალს “გამოვა” - მას საკუთარი ფული არ გააჩნია. ევროპელი, ანუ როგორც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა -  შემოქმედებითი პროდიუსერი ჯერ მისთვის საინტერესო პაკეტს (სცენარს, რეჟისორს, თემას ან კომბინაციას) და შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელ თანხებს ეძებს. პროცესი სცენარის განვითარებიდან ფილმის გავრცელებამდე ხანგრძლივი და დამქანცველია (საშუალოდ 4-6 წელი). პროდიუსერები ამბობენ, რომ მას საინტერესოს შემოქმედებითი მხარე ხდის: როგორ განვავითაროთ ის ისე, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი გახდეს, ან როგორ მივუსადაგოთ ერთი და იგივე პროექტი სხვადასხვა ფონდების ხშირად განსხვავებულ მოთხოვნებს. საქართველოს, რომლის ადგილობრივი ბაზარი თითზე ჩამოსათვლელი დარბაზების რაოდენობით განისაზღვრება, ერთადერთი გამოსავალი აქვს - ევროპული კო-პროდუქციის მეთოდებით შექმნას ისეთი ფილმები, რომლებსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ექნება მომავალი. პარტნიორ ქვეყნებთან კო-პროდუქციის ჩამოყალიბება ფილმის განვითარების ადრეულ ეტაპზე ამ პროცესის ნაწილია. ამრიგად კინოცენტრის ინიციატივა, ქართული კინო ევროპული და საერთაშორისო ბაზრისთვის მოამზადოს - დროული და მისასალმებელია.

„სემინარისთვის ისეთი მომხსენებლები შევარჩიეთ, რომლებსაც თეორიული გამოცდილების მიღმა სოლიდური პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ეს უფრო ქმედითუნარიანს ხდის ქართველი მონაწილეების პერსპექტივებს”, - ამბობს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო EAVE ჯგუფის ლიდერის, ესტონელი პროდიუსერის - რიინა სილდოსის გამოცდილება (სილდოსი მრავალი ევროპული კო-პროდუქციის ავტორია, მათ შორის აღიარებული ფილმის - „კლასის” 2008, პროდიუსერი). ესტონეთის მოსახლეობა საქართველოზე თითქმის სამჯერ მცირეა, ამრიგად, ადგილობრივი კინობაზრის შეზღუდულობა ესტონელებისთვისაც ნაცნობი თემაა. რიინა სილდოსისთვის ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ჩაება საქართველო მცირებიუჯეტიანი და მდარეხარისხიანი ფილმების ფერხულში. როგორც ჩანს, საერთაშორისო ტენდენციის ამ დაუფიქრებელ მიბაძვას პროდიუსერის ხედვის უქონლობა და ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს. “დაბალბიუჯეტიანი ფილმი არ ნიშნავს დაბალხარისხიან, უშინაარსო ფილმს, ამაზე ქართველმა პროდიუსერებმა მეტი უნდა იფიქრონ, - ხსნის რიინა სილდოსი, - მით უმეტეს, რომ საქართველოს ამ მხრივ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია. მაყურებელი ყოველთვის უკეთესის ღირსია. პროდიუსერმა არასდროს უნდა შეაფასოს მაყურებელი დაბალი საზომით. შენი ოჯახიც მაყურებელია და მაყურებელიც შენი ოჯახივითაა - თუ არ გსურს, რომ საკუთარი ოჯახი იაფფასიანი საკვებით გამოკვებო, მაშინ რატომ არ ქმნი ხარისხიან ფილმს, რომელიც გასართობიცაა და ამავე დროს შინაარსიანიც?”.

სემინარი 15 ივნისს განახლდება. ზაფხულში ქართველი პროდიუსერები, EAVE-ს კონსულტანტების წინაშე, უკვე მომზადებული პროექტებით წარდგებიან. შედეგად, კარგად განვითარებულ კინოპროექტები ევროპულ კინოსახელოსნოებში მოხვდება, სადაც საკუთარი უპირატესობის მტკიცება მაღალკონკურენტულ გარემოში მოუწევს.

29 10 კითხვა ზურაბ ლეჟავას

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

  • სამი რამ, რაც თქვენი, როგორც მწერლის კომფორტისთვის აუცილებელია:

კალამი, ფურცელი და საწერი მაგიდა.

0x01 graphic

  • ინსპირაციის წყარო:

წყაროები შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა.

  • წიგნი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა:

ცხოვრება თავად არის წიგნი და თანაც ალბათ ისეთი წიგნი, რომლის შეცვლაც არც ერთ წიგნს არ შეუძლია.

  • კარგი მწერალი, ეს არის...

ეს რთული კითხვაა.

  • მაცივარი თუ სექსი (ზ. ლეჟავას ერთ-ერთი მოთხრობა):

გააჩნია რა შემთხვევაში.

  • რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

მე ვფიქრობ, ძალიან დიდი მიღწევები არ გამაჩნია.

  • რომელი წიგნი გინდათ, თქვენი დაწერილი რომ იყოს?

სალტიკოვ-შჩედრინის „თანამედროვე იდილია”.

0x01 graphic

  • რა იქნებოდა, რომ არა პასტა და ფურცელი...

მაშინ ალბათ ვისწავლიდი ფანდურზე დაკვრას, ჩემს ნაწარმოებებს კი გავლექსავდი და დავამღერებდი.

  • თქვენი ყველაზე უჩვეულო ამპლუა?

მიძნელდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

  • რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

კითხვებს მე ვუსვამ საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავთან ვრჩები მარტო

30 „არაფრით გამორჩეული” მარტინ პარი

▲back to top


ფოტოგრაფია|კულტურა

ქეთო გიორგობიანი

საშუალო ბრიტანელისთვის დამახასიათებელი, არაფრით გამორჩეული გარეგნობა, ჩაცმულობა, მუდამ მომღიმარი გამომეტყველება - ყველაფერი ეს მარტინ პარს, ნებისმიერი კარგი ჯაშუშის მსგავსად, უჩინარს ხდის.

24 მარტს, ვენაში Anzenberger Gallery-მ მარტინ პარისა და რიმალდას ვიკსრაიტისის ფოტონამუშევრების გამოფენა - „The Real World” - გაიხსნა.

მოსაწყენამდე არარომანტიკული თემატიკა, მყვირალა ფერები და თავხედურად ახლო დისტანცია ნატურასთან - ჩვენი ყოველდღიურობის „პარისეული” ვერსია (Parrworld, როგორც ამას თავად უწოდებს), მაყურებელში სწორედ იმ დისკომფორტსა და ამავდროულად, საკუთარი კარიკატურით მაზოხისტურ ტკბობას იწვევს, რომელსაც ჩვენი ეპოქის დახვეწილი შვილები „პოსტმოდერნიზმს”, 70-იანელები კი უბრალოდ, „კიტჩს” უწოდებდნენ.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფოტოჟურნალისტთა სააგენტოს - მაგნუმის - წევრს, რომლის ნამუშევრებიც სააგენტოს „ათი მცნების” ტოტალური უარყოფაა, ვენის სამხატვრო აკადემიაში წაკითხული ლექციის შემდეგ შევხვდით.

ეს წერილი პარის ერთგვარი პროფესიული ავტობიოგრაფიაა, სადაც ფოტოგრაფი საკუთარი ტექნიკის, თემატიკისა და მუშაობის სტილის შესახებ გვესაუბრება.

ტექნიკა

80-იან წლებამდე შავ-თეთრ ფირზე ვმუშაობდი. ამ ეპოქაში „სერიოზული” ფოტოგრაფი ფერად ფირს არ ეკარებოდა - ეს მხოლოდ Fashion-ფოტოგრაფიისა და მოყვარულთათვის იყო განკუთვნილი.

ცნობილია, რომ ინგლისელები ამინდით შეპყრობილები არიან. ამ ეროვნული მანიის საჩვენებლად, მხოლოდ ცუდ ამინდში ვმუშაობდი. სიბნელეში, წვიმაში, ბლიცის გარეშე არაფერი ჩანდა, ამიტომაც, ხელოვნურ განათებას მივმართე, რაც გამჟღავნებულ ფოტოზე სრულიად „დამახინჯებულ” რეალობას მაძლევდა - იმდენად მომეწონა, რომ ამ მეთოდის ჩემს ფოტოენაში გამოყენება დავიწყე. ზოგჯერ, შეცდომის დაშვება იმდენად კარგ შედეგს იძლევა, რომ ამის სპეციალურად გამეორებას იწყებ. და კიდევ ერთი რამ, რაც ფოტოგრაფების ჩვეული საქციელის საპირისპიროდ გავაკეთე: ფოტოგრაფებს ძალიან უყვართ ეგზოტიკური, „მშვენიერი” ობიექტების აღბეჭდვა. ავდექი და სწორედაც რომ მოსაწყენ ადგილებს მივაშურე: ავტოსადგომი, ავტომანქანების სერვის-ცენტრები... მინდოდა, მენახა, თუ რამდენად შესაძლებელია საინტერესო ფოტოს გადაღება ვითომდა ერთფეროვან გარემოში. მაინტერესებდა, რამდენად სუბიექტური შეიძლება იყოს ფოტოგრაფია. 2 წამის განსხვავებით გადაღებულ ორ კადრს - ბლიცით და ბლიცის გარეშე - საერთო თითქმის აღარაფერი რჩებათ. მიდი და არკვიე, რომელი მათგანია „მართალი”.

მე მჯერა წიგნების!

ძალიან ბევრი წიგნი მაქვს გამოცემული. წიგნები ფოტოგრაფიაზე არაა სათანადოდ დაფასებული. არადა დარწმუნებული ვარ, რომ ფოტოგრაფების უმრავლესობა ამ პროფესიით სწორედ რომელიმე გამოცემის ან ჟურნალის თვალიერებისას დაინტერესდა. პროფესიულ წრეებში წიგნები ფოტოგრაფიის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ფოტოგრაფიის ისტორიაში ის თითქმის მარგინალიზებულიც კი იყო. ამიტომ, ჩემს თავს ერთგვარ მისიონერად აღვიქვამ.

მე მჯერა წიგნების! გაიმეორეთ ჩემთან ერთად - „ჩვენ გვჯერა წიგნების!”.

იმედი ყოველ ფინჯანში! ანუ ცუდი კარგი ობიექტები

0x01 graphic

ფოტო სერიიდან „luxury“

რამდენიმე კატალოგი „ცუდ“ ობიექტებზე გავაკეთე. ზოგჯერ რაღაც იმდენად ცუდია, რომ უკვე კარგი ხდება. ასეთი ობიექტები ჩემი სისუსტეა. მაგალითად, თეფშებზე დატანებული ფოტოები - ნატურმორტები, პეიზაჟები... სასწაულია, ვგიჟდები!

მიყვარს საათები სადამ ჰუსეინის გამოსახულებით. ობამაც საკმაოდ საინტერესო ინდუსტრიული პერსონაჟია. გინახავთ ბურღულეული პრეზიდენტის მომღიმარი გამოსახულებითა და წარწერით: „იმედი ყოველ ფინჯანში!”? შედევრია, აბა რა არის!

საფოსტო ბარათების თაყვანისმცემელი ვარ. საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის სოციალური ისტორიის გასაგებად. მათგან იმასაც კი ვიგებთ, რომ გვიანი 70-იანი წლებიდან ფერადი ფოტოგრაფია შტატებში უკვე სერიოზულად აღიქმება. იმდენად აღმაფრთოვანა ამ ბარათებზე აღბეჭდილმა კიტჩურმა გამოსახულებებმა, მათში ფერის გამოყენების გზამ, რომ 1982 წელს, შავ-თეთრი ფირიდან ფერადზე გადავედი. ჩემი „მხიარული” მანერა კრიტიკულმა შეცვალა. საერთოდაც, შავ-თეთრი ფოტოგრაფია რეალობის შელამაზება უფროა, ფერში მუშაობა კი ბევრად მეტ კრიტიკას გულისხმობს.

იმ პერიოდში, ყველანაირად ვცდილობდი ჟურნალებში მოხვედრას (დღევანდელისგან განსხვავებით), 80-90-იან წლებში რედაქციებს დოკუმენტური ფოტოგრაფია ძალიან აინტერესებდათ. ამისათვის, დიდხანს ვცდილობდი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფოტოსააგენტოში გაწევრიანებას - 1994 წელს, როგორც იქნა, მაგნუმის წევრი გავხდი, რამაც ჟურნალების ბაზრისკენ გამიხსნა გზა.

0x01 graphic

ფოტო: Martin Parr/magnum photos/Rimaldas Viksraitis/AnzenbergerGallery/www.anzenbergergallery.com

ბედი Fashion-ფოტოგრაფიაშიც მაქვს ნაცადი. ყოველგვარი მიზეზისა და მიზნის გარეშე. ჩემი Fashion-ფოტოები ჟურნალ-კატალოგად გამოსცეს - აზრობრივად, fashion სწორედ ჟურნალთან ასოცირებული ცნებაა. 2008-2009 წლებში ინგლისის წამყვან მემარცხენე ჟურნალთან, The Guardian-თან ვითანამშრომლე. მსოფლიოს 10 ქალაქში უნდა მემოგზაურა, თითოში 4-5 დღე გავჩერებულიყავი და 160-გვერდიანი პორტფოლიო ამეწყო. არაჩვეულებრივი სამუშაო იყო და, რაც მთავარია, პროცესზე სრული კონტროლი მქონდა.

1995 წელს კამერა გამოვიცვალე - მაკროსისტემის ხმარება დავიწყე, რაც სამედიცინო ფოტოგრაფიაში გამოიყენება. ამ სისტემისა და ბლიცის კომბინაციამ სტუდიური სტილის, „ობიექტური” განათების მსგავსი ეფექტისთვის მიმაღწევინა. ამ ტექნიკით გადავიღე სერია საკვებზე. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უნდა ჩავსულიყავი და ფირზე იქაურობისთვის დამახასიათებელი კლიშეები აღმებეჭდა. 8 წლის წინ, გავაკეთე სერია „მოსაწყენი ფოტოები”. ვეძებდი ყველაფერს, რაც „მოსაწყენი” იქნებოდა.

ჟურნალებისთვის ყველაფერი გადამიღია - სამოგზაურო ფოტოებით დაწყებული - რეკლამით დამთავრებული. ისე, რეკლამა პროსტიტუციას ჰგავს: კარგად გიხდიან და სწრაფად აკეთებ.

უჩინმაჩინი

დოკუმენტური ამბის შექმნისას, ყველაზე უფრო ჩემი როლი მიზიდავს - ცნობისმოყვარე ადამიანისა, რომელიც ყველაფერში ცხვირს ჰყოფს: მიძვრება იქ, სადაც მისი ადგილი არაა, ამჩნევს დეტალებს, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ამ პროფესიის საუკეთესო თვისებაც ესაა.

0x01 graphic

ფოტო სერიიდან „luxury“

როგორ ვხდები უჩინმაჩინი? სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია; რაც მთავარია, ნატურას თვალებში არ ვუყურებ, ყურადღებას არ ვაქცევ. თქვენი გადაღება რომ მსურდეს, ჯერ ცოტას ვივლიდი, ზედაც არ შემოგხედავდით, მერე რაღაც მომენტში, გადავიღებდი. და მიუხედავად იმისა, რომ ბლიცს გამოვიყენებდი, არ მოვიდოდი და არ გეტყოდით: „დამნაშავე მე ვარ!”.

ფოტოგრაფების უმრავლესობა სწორედ ამას აკეთებს - თვალებში უყურებს ნატურას და თითქოს ეუბნება - „შენი გამოსახულება მოვიპარე!”. ჩემი საიდუმლო ისაა, რომ მე ამას არ ვაკეთებ... მაგრამ არავის უთხრათ!

თუკი ვინმე დამიკავშირდება და მეტყვის, რომ საკუთარი თავი ჩემს რომელიმე ფოტოში აღმოაჩინა, აუცილებლად გავუგზავნი სურათს, მაგრამ, ნამდვილად ვერ მოგატყუებთ, რომ ქუჩაში ხალხს დავდევ და ელ-ფოსტას ვართმევ.

ნატურის მხრიდან პრეტენზიებზე არც კი ვფიქრობ. ინგლისში და ზოგადად, ევროპაში (პრობლემა მხოლოდ საფრანგეთია), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველაფრის გადაღება შეიძლება.

ნურასოდეს აღიქვამთ ჩემს ფოტოგრაფიას, როგორც რეალობის ასახვას. ობიექტური რეალობა არ არსებობს. მე წმინდა fiction-ს ვაკეთებ; ჩემი ნამუშევრები სინამდვილის გაზვიადებაა.

უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა. ზოგიერთი ფოტო ახლა რომ გადამეღო, დამიჭერდნენ. დღეს, სანაპიროზე გადასაღებად გასულ ფოტოგრაფს ცოტა თუ გაუგებს სწორად: პედოფილობას, ვუაიერისტობას, რა ვიცი, რას აღარ დაგაბრალებენ...

ვერც იმას გეტყვით, რა მიმდინარეობას მივსდევ, მხოლოდ ჩემი სტილი ვიცი, სხვანაირად ვერ ვაკეთებ.

საერთოდაც, კონცენტრაციის უნარი დიდად განვითარებული არ მაქვს. ჩემი საქმიანობაც და გართობაც ფოტოგრაფიაა. ხანდახან თეატრში მივდივარ. მაგრამ რასაც უნდა ვაკეთებდე, მაინც ფოტოგრაფად ვრჩები... მაპატიეთ, შეპყრობილი ვარ. თქვენი აზრით, თერაპია მჭირდება?

0x01 graphic

ავტოპორტრეტი

0x01 graphic

ფოტო: Martin Parr/magnum photos/Rimaldas Viksraitis/AnzenbergerGallery/www.anzenbergergallery.com

31 რონის ნაპირებზე

▲back to top


გურმანი|ღვინის კლუბი

გიგო მესხიშვილი

0x01 graphic

მართალია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საფრანგეთის სახელოვან რეგიონს, რონასაც დაამჩნია თავისი კვალი, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და თვითმყოფადი ღვინის მხარის სახელს. აქ რაოდენობაც დიდია და ხარისხსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ რონის მხარეში ძვირფას, დიად ღვინოებსაც აყენებენ და დაბალი საფასო კატეგორიის ხარისხიან ღვინოსაც.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, რონაში დიდი აღმავლობა დაიწყო. აქ ბევრი თანამედროვე ტიპის ღვინო შეიქმნა. იყო შეცდომებიც, გამარჯვებებიც, თუმცა ერთი რამ ცხადი გახდა - რონულმა ღვინომ თავისი ერთგული მომხმარებლები შეიძინა, რომლებიც ენდობიან ამ მხარეს და აქაურ მეღვინეებს.

რონის ხეობის ვენახების საერთო ფართობი 1294 ჰექტარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროვანსის, ბოჟოლესა და ბურგუნდიის ერთად აღებული. წითელი ღვინოები AOC კატეგორიის საერთო რაოდენობის 87%25-ს შეადგენს, ვარდისფერი - 9%25-ს, თეთრი - 4%25-ს.

ზოგი მეცნიერი მეღვინეობის ისტორიას ამ მხარეში ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან იწყებს. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ პერიოდში დაუარსებიათ ფინიკიელებს მასილია (მარსელი), რომელიც სულ მალე სავაჭრო და სანავსადგურო ცენტრად იქცა. მაშინვე უნდა შესულიყო მხარეში ვაზის პირველი ნერგებიც. შემდეგ ბერძენი კოლონიზატორების, კერძოდ კი ფოკეელების ჯერი დადგა, რომლებიც ძვ. წ. V-IV საუკუნეებში შემოვიდნენ და მალე მათ რომაელებიც მოყვნენ. უკვე ძვ. წ. I საუკუნისთვის მთელი სანაპირო ვაზით ყოფილა გაშენებული. მაშინ განსაკუთრებით გაითქვა სახელი ხეობის ჩრდილოეთი ნაწილის ღვინოებმა (დღევანდელი Hermitage და Côte Rôtie-ს ტერიტორიები). აქვე იყო პროვინციის დედაქალაქი ვიენიც.არისტოკრატებს ახლოს ჰქონდათ ვენახები და მრავლად მეღვინეც ჰყავდათ, რომლებიც თურმე იმ დროისთვის მეტად საინტერესო ღვინოს აყენებდნენ.

ბარბაროსების შემოსევის შემდეგ მევენახეობა ჩამკვდარა და IX-XIII საუკუნეებამდე აქ არც ღვინო იწურებოდა. ქრისტიანმა ბერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახერხეს ტრადიციის აღდგენა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტამპლიერთა ორდენმაც. XIII-XIV საუკუნიდან ჩნდება პირველი სამხრეთ რონული ღვინოები, რომელსაც რომის პაპს უგზავნიდნენ, 1309 წლიდან კი, უკვე თავად პაპები გადმოსახლდნენ სამხრეთ რონაში, როცა მეფე ფილიპე IV ლამაზის ბრძანებით, პაპი კლიმენტი V იძულებული შეიქნა ავინიონში დაედო ბინა. მეორე ავინიონელმა პაპმა, იოანე XXII-მ, თავისი საზაფხულო რეზიდენციის გარშემო ვენახის გაშენება გადაწყვიტა, რომელსაც დღეს ჩვენ შესანიშნავი Châteauneuf-du-Pape-ის სახელით ვიცნობთ.

რონის მხარეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ღვინომ გაუთქვა სახელი, თუმცა აუცილებლად უნდა ჩამოვთვალოთ სხვა ცნობილი ადგილწარმოშობებიც, რომლებიც დღევანდელი ჩრდილოეთ და სამხრეთ რონის სიამაყეს წარმოადგენენ. Côte-Rôtie - უაღრესად არომატული წითელი ღვინო, რომელშიც სირას ჯიშის ძალასა და სიმწვავეს, თეთრი ვიონიეს ღვთაებრივი არომატითა და სიტკბოთი ათვინიერებენ. Condrieu - ღვინოს 100%25 ვიონიეს ჯიშის ყურძნისგან წურავენ. ოქროსფერი დგება, აქვს ძალზე ჰარმონიული ბუკეტი მსხლის, გარგარის, ფორთოხლის ჯემის, თაფლისა და ჩირის ტონებით. Château Grillet - ყველაზე პატარა აპელასიონია, სულ 4 ჰექტარი. ღვინოც შესაბამისად იშვიათად იშოვება და ძალზე ძვირია. მძიმე არტილერია - Saint Joseph და Cornas, ასევე ვაჟკაცური Hermitage და ხავერდოვანი Crozes Hermitage. ეს, რაც ჩამოვთვალეთ, ჩრდილოური ღვინოები იყო, ახლა სამხრეთულებიც ვნახოთ, სადაც პირველ რიგში სწორედ Châteauneuf-du-Pape უნდა ვახსენოთ - ღვინო, რომელიც გასინჯვის შემდეგ დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს. შემდეგ Gigondas და Vacqueyras, რომლებმაც აპელასიონის ხარისხი საკმაოდ გვიან, 70-90-იანებში მიიღეს. ასევე ვარდისფერი Tavel, თეთრი და წითელი Lirac და სხვა.

რონული ღვინის ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, თავად Côtes du Rhône-ია, მხარის ძირითადი აპელასიონი, ძალიან მრავალფეროვანი ღვინო. Côtes du Rhône-ში უდახვეწილეს მსუბუქ ღვინოებსაც შეხვდებით და ნამდვილ ალკოჰოლურ მონსტრებსაც.

32 სიმინდის სუპი მიდიით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

4 ულუფა
მასალა:
500 გრ. ტკბილი სიმინდის კონსერვი
1 საშუალო ხახვი (თეთრი)
100 გრ. ნაღები
1 ლ. ბოსტნეულის ბულიონი
200 გრ. მიდიის ხორცი
2 ჩაის კოვზი ზეთი
ტობასკო
ქერის ფხვნილი
მარილი
ფერადი წიწაკა
ჯამში: 15 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ სიმინდის კონსერვი, 50 გრ. ბულიონი და წამოადუღეთ.

წამოდუღებული მასა დააბლენდერეთ, გაათხელეთ დარჩენილი ბულიონით სასურველ კონდიციამდე და შეკაზმეთ მარილით, ტობასკოთი და ფერადი წიწაკით. დაუმატეთ ნაღები. ამასობაში შებრაწეთ მიდიები, დაუმატეთ ქერის ფხვნილი და მარილი.

ცხელი სუპი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დაამატეთ შემწვარი მიდიები და მიირთვით გემრიელად.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).