ტაბულა №13


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: თავხელიძე მიშა, დარჩიაშვილი დავით, ბენდუქიძე კახა, ჯაფარიძე ზურა, სმიტი დევიდ ჯ, ჯანაშია სიმონ, ლადარია ნოდარ, დანბარი უილიამ, ბურჭულაძე ზაზა, ხოსიტაშვილი თინათინ, კოვზირიძე დავით, ბაბუნაშვილი ვახო, ბერტუჩელი ჟიული, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|7 – 13 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია./რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge გარეკანზე: ფოტო – ირაკლი ბლუიშვილი, სპეციალურად ტაბულასთვის



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

0 გზის ჩემპიონი?!

წავიკითხე ბიძინა ბარათაშვილის სტატია იმის შესახებ, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრები ახლა შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი უნდა იყოს! და თავი ვერ შევიკავე, რომ პასუხი არ დამეწერა. ბატონ ბიძინას, როგორც ვიცი, მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს და იმედია, რომ ეს სტატიაც იუმორისტულია. განსაკუთრებით ღიმილისმომგვრელია „ლოგიკური“ მსჯელობა 1966 წლის ჩემპიონატზე: 1/4 ფინალში არგენტინას კაპიტანი უსამართლოდ გაუგდეს და ამიტომ, ესეც ჩვენი მესამე თასიო. კი ბატონო, ვთქვათ, კაპიტანთან ერთად ინგლისს დაამარცხებდით, მაგრამ ნახევარფინალი და ფინალი ასე უპრობლემოდ როგორ მოიგეთ?! 1990 წელს გერმანელების ფინალში გატანილი პენალი კი რა მოსატანი იყო, როდესაც არგენტინამ მეოთხედფინალიც და ნახევარფინალიც თერთმეტმეტრიანების სერიით მოიგო და ფინალში კარშიც კი არ დაურტყამთ! (ჯგუფურ ეტაპზე კარის ხაზიდან მარადონას ხელით გამოტანილი ბურთიც მახსოვს!) და, საერთოდ, როგორც თქვენ წერთ, თუ მარადონა დოპინგზე ჩავარდა, პეკერმანმა მესი არ ათამაშა და სულელური შეცვლები გააკეთა, ეს ვისი ბრალია, თუ არა თავად არგენტინელების. მოკლედ, პასუხის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მათ, ვინც ფეხბურთის ისტორია კარგად არ იცის, თავგზა არ აბნეოდა, თორემ არგენტინის გულშემატკივრებს რომ სუბიექტურობის გამო მთავარი ავიწყდებათ, ჩემთვის გასაგებია. ეს მთავარი კი ის არის, რომ ის 2 ჩემპიონატიც კი, რომლებიც მართლა მოიგეს, არ ეკუთვნოდათ!!! 1978 წელს პერუსთან 6-0 მოგებული მატჩი იყიდეს (რაც დღეს უკვე ოფიციალურად დამტკიცებულია), ხოლო 1986 წელს კი მარადონას „ღმერთის ხელით“ გატანილი გოლი ყველაზე უსამართლო და სკანდალურ ფაქტად არის აღიარებული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში!

ნონო ანთაძე

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


ჩვენ რუსი ტურისტები გვინდა და არა რუსული ტანკები.

0x01 graphic

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Berliner Zeitung-თან ინტერვიუში. 3 ივნისი.

მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემს ცხენს ვუთხრა, მარცხნივ წავიდეს თუ მარჯვნივ და ამით დავკმაყოფილდე.

0x01 graphic

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ საკუთარი გავლენის შესუსტებაზე დაიწუწუნა და დიქტატორი მუსოლინის სიტყვები მოიშველია. 28 მაისი.

ჩვენ ისედაც ველოდით, რომ ეს არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნებოდა. 30 მაისის არჩევნები დადებითად იმოქმედებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.

0x01 graphic

ანდერს ფოგ რასმუსენი. 1 ივნისი.

ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მე ამას კვლავ გავაკეთებდი.

ჯორჯ ბუშის განცხადებით, ის კვლავ გამოიყენებდა ტერორისტთა დაკითხვის აგრესიულ მეთოდებს სიცოცხლის მასობრივი მოსპობის თავიდან ასაცილებლად. 3 ივნისი.

ალ-ქაიდას მუქარის გამო, 2008 წელს დაკარის პრესტიჟული ავტორალი ჩაიშალა და სწორედ მსგავსი სცენარით მოქმედებას აპირებენ მეამბოხეთა ლიდერები 2014 წლის ოლიმპიადის წინ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრ ბორტნიკოვი. 3 ივნისი.

3 კვირა

▲back to top


ყველა ფოტო: REUTERS ©

29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ივან სვიდა თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა შეიარაღებული ძალების განვითრების გეგმა შტაბის ახალ უფროსთან ერთად უნდა განახორციელოს.

პრეზიდენტი სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. სააკაშვილმა კამერონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. დევიდ კამერონმა უახლოეს მომავალში ორმხრივი შეხვედრის გამართვის სურვილი გამოთქვა.

30 მაისი

პაკისტანის მსგავსად, სოციალური ქსელი ფეისბუქი ბანგლადეშის ტერიტორიაზეც დაიბლოკა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად კვლავ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება იქცა.

0x01 graphic

კოსოვოელმა სამართალდამცავებმა დემონსტრანტთა დაპირისპირებული ჯგუფების გასაშველებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ქალაქ მიტროვიცაში, რომელიც სერბულ და ალბანურ ნაწილად იყოფა, 2000-მდე ალბანელი ეწინააღმდეგებოდა სერბულ ნაწილში არჩევნების ჩატარებას. მათი განცხადებით, ეს კოსოვოს სუვერენიტეტის შელახვაა.

31 მაისი

0x01 graphic

1 სექტემბრიდან საბერძნეთში აიკრძალება საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა. მოწევის საწინააღმდეგო კანონი გასული წლის ივლისში მიიღეს, თუმცა იგი არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან მოწევა დასაშვებად მიიჩნეოდა პატარა დაწესებულებებში, რაც ხშირად გაურკვევლობას იწვევდა.

0x01 graphic

ცენტრალურ ამერიკაში შტორმმა 101 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიის მიერ გამოწვეულმა წყალდიდობებმა და მეწყერმა დაანგრია სახლები და გაანადგურა გზები.

1 ივნისი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაეროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანასკნელი მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამას აგრძელებს, რაც გაეროს სხვა გზას არ უტოვებს, გარდა ირანის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისა.

0x01 graphic

ესპანეთის სასამართლომ 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 20 მლნ ევროს გადახდა დააკისრა ქართველ „კანონიერ ქურდს“, ზაქარ კალაშოვს. 57 წლის კალაშოვი დამნაშავედ ცნეს, სულ ცოტა, 7,5 მლნ ევროს (9,11 მლნ დოლარის) გათეთრებაში, რასაც იგი უძრავი ქონების ბიზნესით ახერხებდა ესპანეთში.

2 ივნისი

0x01 graphic

ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ მოუწოდა კრემლს უფრო კონსტრუქციული ყოფილიყო საქართველოს მიმართ.

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ. ახალი კანონის თანახმად, უკრაინას ნატოს მიღმა მყოფი სახელმწიფოს სტატუსი ექნება. ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი სტატუსი ნატოში უკრაინის გაწევრიანებას

გამორიცხავს.

გერმანიის ქალაქ გიოტინგენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქებამ სამი გამნაღმველი იმსხვერპლა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ირანში იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვეზერელმა განაცხადა, რომ ირანი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტირებას გეგმავს.

3 ივნისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააკავა, რომელთაც ბრალი ედებათ საერთაშორისო ნარკობიზნესში მონაწილეობასა და დიდი რაოდენობით ნარკოტიკების რეალიზებაში. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ეზოდან მიწაში დამარხული 1,7 მილიონი ევრო ამოიღეს.

0x01 graphic

ქაბულში მეორე დღეა გრძელდება ადგილობრივი ლიდერების ყრილობა - ე.წ. ჯირგა, თალიბანის ხელმძღვანელებთან შესაძლო შერიგებაზე სასაუბროდ. ყრილობაში 1600-მდე დელეგატი მონაწილეობს. დელეგატები 28 ჯგუფად განაწილდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ მოსაზრებებს, როგორ უნდა მიაღწიოს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობამ სამშვიდობო შეთანხმებას თალიბანთან.

ლიტვის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, 2008 წლის აგვისტოს ომი შეფასებულია როგორც აგრესია რუსეთის მხრიდან. ასევე, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარებულია როგორც ოკუპირებული ტერიტორიები.

0x01 graphic

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში იმყოფებოდა. სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს შეხვდა. ბასესკუს განცხადებით, დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა რუმინეთის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელიც კასპიის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით ითვალისწინებს.

სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მოხვდა სიაში „უარესები უარესთა შორის“. ანგარიში Freedom House-მა გამოაქვეყნა და მასში „არათავისუფლის“ სტატუსი 47 ქვეყანას და ტერიტორიას მიენიჭა. ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაღმასვლა შეინიშნა ეკონომიკასა და პოლიტიკურ სტრუქტურაზე რუსეთის კონტროლის გაძლიერების გამო.

4 ივნისი

ევროკომისიამ საქართველოს დასახმარებლად 37 მილიონი ევრო გამოყო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისია ხელს უწყობს საქართველოში რეფორმების გატარებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე გამოსცადოს ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტული შედეგები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, იგი არ აპირებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. მისი თქმით, ეს არღვევს საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს.

0x01 graphic

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდოეთში ვიზიტი ნოემბრამდე გადადო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურნეს გადადების ოფიციალური მიზეზი, მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფაა.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფრთხე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან.

4 სიძულვილის ფლოტილია

▲back to top


არენა

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ისრაელის დროშა აშდოდის პორტთან

ისრაელის ქმედებათა ლეგიტიმურობა საერთაშორისო დავის საგნად იქცა. არადა, მოვლენები ისრაელისთვის თითქოს უკეთესობისკენ ვითარდებოდა. ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ამ კვირაში ვარაუდობდნენ; უშიშროების საბჭომ კი გეზი აიღო ისრაელის ტრადიციული მოწინააღმდეგის - ირანისთვის სანქციების დაწესებისკენ.

მოხდა ისე, რომ დღეს, ისრაელის შესახებ ორიოდ განმაქიქებელი სიტყვის თქმით, პოლიტიკური ქულების დაწერაც შეიძლება საერთაშორისო არენაზე. სხვადსხვა ქვეყნის დედაქალაქებში არ ცხრება ისრაელის ქმედებებით შეშფოთებულ მოქალაქეთა გამოსვლები.

ასეთი რა მოხდა 31 მაისს ხმელთაშუა ზღვაში?

დილის 4 საათზე ისრაელის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა შეაჩერეს ღაზას სექტორისკენ მიმავალი, ჰუმანიტარული ტვირთითა და 600 „მშვიდობიანი აქტივისტით“ დატვირთული 6 საზღვაო ხომალდი. თურქეთის დროშით მცურავი ფლოტილიის ხუთი ხომალდი უპირობოდ დაემორჩილა სამხედროების მოთხოვნას და სვლა შეწყვიტა. თუმცა, მეექვსე გემი ასე იოლად დანებებას არ აპირებდა. მგზავრები თავს დაესხნენ ვერტმფრენიდან გემბანზე დაშვებულ კომანდოსებს. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ უსწორდებიან ებრაელ ჯარისკაცებს დანებისა და ხელკეტების გამოყენებით. „მშვიდობიანმა აქტივისტებმა“ ებრაელ სამხედროებს იარაღი აართვეს. ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. ორმხრივ სროლას გემბანზე ცხრაზე მეტი ადამიანი შეეწირა; დაიჭრა 30. დაშავებულებს ისრაელის საავადმყოფოში მკურნალობენ. ისრაელის მხარეს 10 დაჭრილი, ჯარისკაცია, მათ შორის ორი - მძიმე მდგომარეობაში

აღსანიშნავია, რომ „მავი მანმარას“ ბორტზე მგზავრების უმრავლესობა თურქული, ისლამისტური საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი იყო. ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების ფონდი მხარს უჭერს რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობებს. მას გადაჰყავდა ჯიჰადისტები ავღანეთში, ბოსნიასა და ჩეჩნეთში. ის წარმოადგენდა „სიკეთის კავშირის“ (Union of Good) ნაწილს, რომელიც ჰამასის ლიდერებმა შექმნეს 2000 წელს, თანხების შესაგროვებლად. ამერიკის მთავრობამ „სიკეთის კავშირი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა.

0x01 graphic

საპროტესტო აქციის მონაწილე. ისრაელის საელჩო, ლონდონი

2007 წლიდან ისრაელს ღაზას სექტორზე დაწესებული აქვს ბლოკადა, რომელიც მიზნად არ ისახავს ეკონომიკურ სანქციებს. ის ცდილობს, აღმოფხვრას სამხედრო დახმარების მიწოდება ჰამასისთვის. ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ისრაელი ამ მიმართულებით, ყოველთვიურად, შემოწმების შემდეგ, 15 ათას ტონა ტვირთს ატარებს. ამგვარად, ღაზას სექტორი საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მარაგდება.

ისრაელი თავიდანვე აფრთხილებდა „ჰუმანიტარული მისიის“ ორგანიზატორებს ტვირთის შემოწმების აუცილებლობის შესახებ. მოთხოვნა უგულებელყვეს. რატომ? კითხვას პასუხობს თავისუფალი ღაზას კამპანიის პრესსპიკერი გრეტა ბერლინი: „ფლოტილიას ჰქონდა არა ჰუმანიტარული, არამედ ბლოკადის გარღვევის მიზანი“.

0x01 graphic

ებრაელი სამხედროები მისდევენ ფლოტილიის ერთ-ერთ გემს

ისრაელის ინსპექციის დასრულება ნიშნავს ღაზას სექტორში შეუზღუდავ ტვირთბრუნვას, რაც, თავის მხრივ, ჰამასის უკონტროლო შეიარაღებას გამოიწვევს. კამპანიის პროვოკაციულ ბუნებაზე მეტყველებს ტვირთის დაძვრამდე ჰამასის პრემიერ-მინისტრ ისმაილ ჰანიას მიერ გაკეთებული განცხადება - „თუ გემები ღაზას მიუახლოვდა, გამარჯვებაა, თუ სიონისტები მათ ტერორიზებას მოახდენენ, ესეც გამარჯვებაა“.

ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას შორის, ისრაელმა უკანასკნელი არჩია და საერთაშორისო გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გამოავლინა გემების მფლობელმა თურქეთმა. პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ისრაელი „სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი 31 მაისი 11 სექტემბერს შეადარა - როგორც ტერორისტების თავდასხმა თურქ ხალხზე და მათ სახელმწიფოზე. სწორედ თურქეთის ინიციატივით მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სესიაც.

გაეროში კი ერთმანეთის მსგავს ფაქტებს კვლავ განსხვავებულად წონიან: როცა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა ათობით სამხრეთკორეელი მეზღვაური იმსხვერპლეს, უშიშროების საბჭომ არაფერი იღონა, მაშინ, როცა ეს ინციდენტი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბევრად სერიოზულ საშიშროებას შეიცავდა. რა სიმკაცრით გააკრიტიკებდნენ ისრაელს, დიდწილად დამოკიდებული იყო ამერიკის მტკიცე პოზიციაზე. ობამას ადმინისტრაცია დაეთანხმა გაეროს ოფიციალურ განცხადებას და დაგმო ქმედებები, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, თუმცა მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ „გმობს ისრაელს“.

1962 წელს ამერიკამ საზღვაო ბლოკადა (ე წ. „კარანტინი“) დააწესა კუბაზე. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდებოდა, რომელიმე ანტიამერიკული ქვეყნიდან „ჰუმანიტარულ“ ფლოტილიას ბლოკადის გარღვევა რომ ეცადა?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საჯარო გამოსვლაში განაცხადა: „ეს არ იყო სიყვარულის გემი. ეს სიძულვილის გემი იყო. ისინი პაციფისტები არ ყოფილან, არც მშვიდობის აქტივისტები. ისინი იყვნენ ძალადობის მომხრეები“.

5 რუსეთის აჩრდილი ქართულ არჩევნებზე

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ვლადიმირ სოკორი
ჯეიმსტაუნის ფონდი.28 მაისი, 2010

საქართველოს საარჩევნო კამპანიას რუსეთის მუქი ჩრდილი დაეცა, მაგრამ ეს არ არის ის ჩრდილი, რომელიც, ანდაზის თანახმად, ვიღაცის მოსვლას უსწრებს წინ. ბურუსი საქართველოს შიდა პოლიტიკის მხოლოდ განაპირა ფლანგებს მისწვდა და ვერ აუბა მხარი პოლიტიკურ სისტემასა თუ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს. რუსეთის ახლადშეძენილმა მოკავშირეებმა, საქართველოს ეროვნული საბჭოდან, რეიტინგის ნიშნული ერთციფრიანი შკალის შუამდეც ვერ აქაჩეს ქვეყნის მასშტაბით ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებში.

თუმცა, მოსკოვი, როგორც ჩანს, მზად არის, გაახშიროს ქართველი პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობა. 22 მაისს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ მირს განუცხადა, რომ ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებები „შიდა საქმეებში ჩარევა კი არ არის, უბრალოდ, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საფუძვლის ჩაყრაა, რაც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია“.

პუტინის ინტერვიუდან ორი რამ მიუთითებს მოსკოვის პოლიტიკურ გეგმაზე საქართველოსთან დაკავშირებით. პირველი, პოზიციის შეცვლისა და რუსეთისკენ მიბრუნებისათვის მან ხოტბა შეასხა საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს. პუტინის თქმით, ეს არის დასტური, რომ მოსკოვი მიესალმება ახალ მოკავშირეებს „საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის“ (პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები ერიდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის სახელის წარმოთქმას) ყოფილ მომხრეთა რიგებიდან. 2009 წლის ოქტომბერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის გადაბირებამ თვალსაჩინო გახადა, რომ მოსკოვი ცდილობს, მიიზიდოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, რათა ხელისუფლება თანდათან „გაფცქვნას“, ანუ შემოაცალოს მომხრეები. თუმცა, მოსკოვს აშკარად გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა ნოღაიდელისა და ბურჯანაძის სარგებლიანობის შესახებ. ისინი ვერ იქცნენ სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად.

მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინის ინტერვიუდან არის მისი დამოკიდებულება მართლმადიდებლობასთან. მისი თქმით, რუსი და ქართველი ხალხი საერთო რელიგიას იზიარებენ და პუტინი მას ამ საზოგადოებათა შემაკავშირებელ პოლიტიკურ ფუნქციად მოიაზრებს (ეს დამახინჯებული ინტერპრეტაცია უგულებელყოფს ქართული ეკლესიის განმასხვავებელ თვისებებს და მის ავტოკეფალიას). ქართულ მართლმადიდებლობას რუსული პოლიტიკისა და პროპაგანდის დაბალ დონეებზე ადრეც იყენებდნენ, მაგრამ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამ ფანდს არ მიმართავდა. დღეს მოსკოვი ფსონს დებს ზოგიერთი სასულიერო პირის და მათი გაუთვიცნობიერებელი მიმდევრების დაპირისპირებაზე მოდერნიზაციასა და ვესტერნიზაციასთან.

აშკარაა, რუსული პოლიტიკის „სტრატეგებს“ იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ „ფართო ალიანსის“ შექმნას, რომელშიც თავს მოუყრიან ყველას - უკმაყოფილო პოლიტიკოსებით დაწყებული, საქართველოს მთავრობის ლიბერალური (ზოგ საკითხზე კი ლიბერტარიანული) კურსის რელიგიური ოპონენტებით დამთავრებული.

მოსკოვის წახალისებით,ერთ-ერთი ქართული გაზეთის გამომცემელი მალხაზ გულაშვილი სათავეში ჩაუდგა მართლმადიდებელთა რადიკალურ ჯგუფს, რომელმაც ძალადობრივი აქციები მოაწყო თბილისში 6 და 8 მაისს. მანამდე რუსეთში გულაშვილი მონაწილეობდა ოპოზიციონერთა რამდენიმე შეხვედრაში და შემდგომში, სამხრეთ ოსეთში გაიქცა (სავარაუდოდ, რუსეთში გადასასვლელად). 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 1990-იანი წლების ჩინოვნიკების ჯგუფმა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თეიმურაზ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილოება მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კონტრღონისძიებაში, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ ვლადიკავკაზში გამართა.

0x01 graphic

ნოღაიდელის მიერ 13 მაისს გაკეთებული განცხადება, რომ ეროვნული საბჭო მალე წარმომადგენლობებს გახსნის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია. ნოღაიდელისა და ბურჯანაძის პოლიტიკური რეიტინგი ერთნიშნა ციფრს არ აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ხელმისაწვდომია ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელი სატელევიზიო არხები. 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების კამპანიის დროს, ნოღაიდელი, არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციების მოწყობით იმუქრებოდა სხვადასხვა სატელევიზიო არხიდან (ისევე, როგორც სხვა რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც არ ასოცირდებიან რუსეთთან). იგი გაყალბებას ელოდა. თავის მხრივ, ბურჯანაძემ მთავრობა დაადანაშაულა საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს.

ბურჯანაძე და მისი გუნდი არ იყვნენ საკუთარ ძალებში იმდენად დარწმუნებულნი, რომ არჩევნებში მონაწილეობა გადაეწყვიტათ; ამის ნაცვლად, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს იმ მოტივით, რომ ადგილობრივი არჩევნებით ქვეყნის პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება. ეროვნული საბჭოს ლიდერ ზურაბ ნოღაიდელსაც არ წარუდგენია საკუთარი კანდიდატურა მერის პოსტზე (მიუხედავად მისი ძლიერი მენეჯერული მონაცემებისა), თუმცა ალიანსში შემავალი პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს, რომელსაც აგრეთვე ერთნიშნა რეიტინგი აქვს, დართო ნება, არჩევნებში დამარცხება ეწვნია.

24 მაისს რუსეთში მცხოვრებმა მდიდარმა ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა და გაერთიანებულ ოპოზიციას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ებრალიძემ ქართველი ოპოზიციონერების რამდენიმე შეხვედრას უმასპინძლა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში და, როგორც ვარაუდობენ, ამ მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. მან შეძლო, ქართული ტელევიზიის მეშვეობით გაევრცელებინა საკუთარი მიმართვა (ტვ-იმედი, 24 მაისი).

საბოლოო ჯამში, რუსეთმა პოლიტიკური მოკავშირეები შესაძლოა მხოლოდ ყოფილი ჩინოვნიკების ან მარგინალური პოლიტიკოსების მცირერიცხოვან ჯგუფებში იპოვოს. მოსკოვს ჯერ კიდევ მოსაძებნი ჰყავს ისეთი ქართველი მოკავშირე, რომელთანაც შეძლებს პოლიტიკური გარიგების დადებას და ვისაც აღმოაჩნდება უნარი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება მოსკოვის ქართველ მოკავშირეებთან იყო შემწყნარებლობისა და უპატივცემულობის ნაზავი. მათ საკმაოდ დიდი საეთერო დრო დაუთმეს სატელევიზიო არხებზე, თუმცა მმართველი პარტია თავს იკავებდა მათთან პოლემიკაში ჩართვისგან და ზოგჯერ, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ დასახასიათებლად ლენინის სიტყვები მოიშველია და მოსკოვში მოსიარულე პოლიტიკოსებს „სასარგებლო იდიოტები“ უწოდა.

6 მაშასადამე მე, ევროპა, ლიბერალიზმი და საქართველო

▲back to top


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

მოსკოველი ჟურნალისტი: ანუ ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ

ვანო მერაბიშვილი: მე ვიტყოდი, რომ თითქმის არასდროს არ უნდა დავუჯეროთ.

მე ვარ ლიბერტარიანელი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.

მე-19 საუკუნის ევროპელი კლასიკური ლიბერალებივით, მწამს პირადი თავისუფლების, შეზღუდული მთავრობის, თავისუფალი ბაზრისა და მშვიდობიანი განვითარების. ჩემი ფასეულობები არსებითად ევროპულია.

ლიბერტარიანელები სინამდვილეში კლასიკური ლიბერალები არიან. ეს „ორი სათაური“ მხოლოდ ამერიკელი ლიბერალებისგან გამოსარჩევად გახდა საჭირო. ისინი, ვისაც შეერთებულ შტატებში ლიბერალებს უწოდებენ, სინამდვილეში ამა თუ იმ დოზით სოციალისტები არიან. ასე რომ, მე ლიბერალი ვარ და, მაშასადამე, ვარ ევროპელი.

ამავე დროს, მე ვარ მინარქისტი, მაშასადამე, ევროპელი არ ვარ.

კორექტორის შეცდომა არ გეგონოთ: მონარქიის აღდგენას მხარს არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერ. საკონსტიტუციო კომისიის პატივცემული თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ ბაგრატიონებს „გენეტიკური მახსოვრობით“ განპირობებული, რამე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ საქართველოს მოქალაქეთა მენეჯმენტისა.

მეტიც, საერთოდ არ მივიჩნევ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამე მენეჯმენტი სჭირდებათ. პირიქით, მჯერა, რომ რაც უფრო მეტს დაანებებს თავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებსა და მათ ფულს, მით უფრო კარგი იქნება მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის.

მინარქისტები არიან სწორედ ისინი, ვინც მცირე სახელმწიფოს მომხრეა; ვისაც მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ფუნქცია მხოლოდ მოქალაქეთა ძალადობისგან, ქურდობისგან, არაკეთილსინდისიერებისა და თაღლითობისგან დაცვაა.

მინარქისტებმა იციან, რომ სახელმწიფოს საქმე არ არის მაღალი გადასახადებისა და სოციალური ხარჯების გზით მოქალაქეთა მიერ შექმნილი დოვლათის გადანაწილება, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობაში ჩარევა, მედიის დაფინანსება, საზოგადო მორალზე ან სოციალურ თანასწორობაზე ზრუნვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საბაბით კიტრის სიგრძის სტანდარტის დადგენა ან უსაქმურების სუბსიდირება.

მე მინარქისტი ვარ, მაშასადამე, მე და ევროკავშირის კომისარი შტეფან ფიულე ვერასდროს შევთანხმდებით.

ევროკავშირის გაფართოებაზე (მე ვიტყოდი, გაფართოების არდაშვებაზე) პასუხისმგებელი ბატონი ფიულე ამას წინათ თბილისში იყო და „ზედმეტად ლიბერალური“ ეკონომიკური პოლიტიკა გვისაყვედურა. მისგან ეს გასაგებიც არის: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО) დაამთავრა და 1989 წლამდე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მერე, როგორც სხვა ბევრი ევროკომუნისტი, ევროსოციალისტი გახდა.

მხოლოდ ამ კომისრის მსოფლმხედველობაში რომ ყოფილიყო საქმე, არც კი ვახსენებდი, მაგრამ ეკონომიკური ლიბერალიზმის მტერი მხოლოდ ბატონი ფიულე როდია: ეკონომიკურ ლიბერალიზმს ვერ იტანს ბრიუსელის მთელი ევროაღმასკომი. თან გარდა იმისა, რომ ვერ იტანს, აქტიურადაც ებრძვის.

ევროკავშირი ინსტიტუციონალიზებული განვითარებული სოციალიზმია, რომელიც სავალდებულოა არა მარტო მისი წევრებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ევროპულ სივრცეში თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია სურს. მათ შორის, ჩვენთვისაც.

ადამიანის უფლებათა ქარტია, ევროკავშირის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც 2009 წლის 1 დეკემბრიდან ყველა წევრი სახელმწიფოსთვის კანონის ძალა აქვს, სხვასთან ერთად აღიარებს შრომის, პენსიისა და განათლების (სავალდებულო!) უფლებებს. ის ძალიან ჰგავს განვითარებული სოციალიზმის ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა კონსტიტუციას. ბრეჟნევის კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდი იყო. ევროკავშირის ქარტიას კი სავსებით ხელშესახები ეფექტი აქვს - მას კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ჰქვია, რომელსაც ჩვენგანაც კი მოითხოვენ: გინდათ უვიზო ან თავისუფალი ვაჭრობს რეჟიმი? დაანებეთ თავი „თავისუფლების აქტს“ და მობრძანდით სოციალ-დემოკრატიაში! ჰმ, ჯერ დავფიქრდებით...

სოციალიზმი ძვირია (თუ არ გჯერათ, საბერძნეთი ნახეთ - თითქმის 120 მილიარდი ევრო ღირს!). სანამ გასოციალისტდებოდნენ, ევროზონის ქვეყნების ეკონომიკები 100-150 წლის მანძილზე ძალიან ლიბერალურ გარემოში ვითარდებოდნენ და, შესაბამისად, იზრდებოდნენ. ზოგიერთნი - მაგალითად, შვედეთი ან შვეიცარია - ისე, რომ ბოლო თითქმის 200 წლის მანძილზე არც კი უომიათ. სწორედ ამან მისცა დღეს დასავლეთ ევროპას სოციალიზმში გადასახდელი ბევრი ფული (შვედეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოსთან შედარებით, თითქმის 18-ჯერ მეტია). ჩვენ ასეთი ფული არც გვქონია და უახლოეს მომავალში არც გვექნება.

აქ ჩემს კოლეგას, „ტაბულას“ ავტორ კახა ბენდუქიძეს მოვიშველიებ: თუ სოციალისტური ეკონომიკის პოლიტიკას მივყვებით, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, თვითონაც არ ვიქნებით. თავისუფალი ბაზარი და დაბალი გადასახადები ნიშნავს ეკონომიკურ ზრდას. მაღალი გადასახადები და რეგულირებული ეკონომიკა - სტაგნაციას. არჩევანი მარტივია: 30 წლის შემდეგ ან მდიდარი ევროპელები ვიქნებით, ან ღარიბები, ევროკავშირთან ჰარმონიზებული ღარიბები. რუსეთს, ჩემი აზრით, ამაზე მეტი არ უნდა.

მე ლიბერალი ვარ, მაგრამ პირადი თავისუფლების გარდა, ჩემი ქვეყნის არსებობა და თავისუფლებაც მინდა. შესაბამისად, ნაციონალ-ლიბერალი ვარ.

მე ვარ ნაციონალ-ლიბერალი, მაშასადამე, მე ვარ ევროსკეპტიკოსი.

თქვენ?

7 ურთიერთობათა გადატვირთვა

▲back to top


პოლიტიკა

პარიზი-თბილისი

მიხეილ სააკაშვილი 6 ივნისს პარიზს ეწვია. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება: ფრანგ კოლეგა ნიკოლა სარკოზის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს, ძირითადი პარტიების თავმჯდომარეებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.

სარკოზის მიერ სააკაშვილის პარიზში მიწვევა ნიშანია ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებისა. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებელი ხელშეკრულებისა და მისტრალის მიყიდვის ფონზე ეს მიპატიჟება დროული იყო.

შეხვედრაზე ამ საკითხებს, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან, თუმცა ისინი მსჯელობის მთავარ თემებადაც არ მოგვევლინება. ამ მიმართულებით კონკრეტულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რუსები არ აპირებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები„ ს შესრულებას. სარკოზის კი, ვისი აქტიური შუამავლობითაც გაფორმდა ეს შეთანხმება, არასოდეს ჰქონია რუსებზე ზეწოლის სტრატეგია. ახლა კი, რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე, ჯარების გაყვანის საკითხის დავიწყების ტენდენცია იკვეთება. რაც შეეხება მისტრალს, ფრანგული მხარე კვლავინდებურად გაიმეორებს თავის არგუმენტებს - რუსეთს გემის მიყიდვით მწვანე შუქს არ უნთებენ და რუსეთისგან გარანტიებს მიიღებენ, რომ ამ შეიარაღებას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.

თუმცა, ეს საკითხები ხელს არ შეუშლის საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ამისთვის მზაობა საფრანგეთმა იმითაც გამოხატა, რომ 3 ივნისს სენატმა დაამტკიცა ანგარიში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. სენატმა მოუწოდა ევროკავშირს ამ საკითხის მოგვარებაში მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ხოლო რუსეთს - შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ე.წ. მწვანე ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტორთა მოზიდვას საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ჰიდროენერგეტიკა, ეკოტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამ ხელშეკრულებით საფრანგეთის მთავრობა გარანტად დაუდგება ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში კაპიტალის დაბანდებას გადაწყვეტენ. ფრანგი ბიზნესწრეებისათვის საქართველო მიმზიდველია რეფორმირებული ეკონომიკით, ბიზნესის დაწყების სიადვილით, კორუფციის დაბალი დონით; მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მათ ქვეყნის დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრზე რუსული ტანკების ყოფნა აფერხებთ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება კი ინვესტორებისათვის ძლიერი სტიმული იქნება, გადალახონ ეს დაბრკოლება.

საფრანგეთისნაირი ძლიერი ევროპული ქვეყნის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ნატოს სამიტის მოახლოებისას. ლისაბონის სამიტამდე 6 თვე დარჩა. მართალია, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს აღმოსავლეთ ევროპისგან, მაგრამ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს საკითხს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები წამოწევენ, გერმანიისთვის, იტალიისთვის და, თუნდაც, ესპანეთისთვის იოლი იქნება მისი იგნორირება. საფრანგეთი კი სულ სხვა შემთხვევაა. იგი ანგარიშგასაწევი ძალაა და სხვა ძლიერი ევროპული ქვეყნები მის პოზიციას ითვალისწინებენ. საფრანგეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ორმხრივი მოლაპარაკების ფარგლებშიც.

საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის გადახალისებას ხელს უწყობს სარკოზის კეთილგანწყობა საქართველოსადმი, ასევე სააკაშვილისა და სარკოზის პერსონალური ურთიერთობებიც. სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტი, რომელსაც სარკოზი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე შეხვდა; ეს მაშინ, როცა მის წინამორბედ ჟაკ შირაკს არასოდეს მიუღია საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილსა და სარკოზის შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა და ქართული მხარე საფრანგეთს ძლიერ მოკავშირედ აღიქვამდა, მათ შორის, საქართველოს გზაზე ნატოსკენ. თუმცა, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის მაპის მინიჭებას. როგორც რონალდ ასმუსი წერს თავის წიგნში - „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ - სამიტის დასრულებისას სარკოზიმ სააკაშვილს უთხრა, რომ იგი მხარს უჭერდა საქართველოს, მაგრამ ანგელა მერკელის წინააღმდეგობა შეუდრეკელი იყო.

სარკოზის მოსკოვისკენ შემობრუნების მიზეზიც გერმანიასთან კონკურენციაში უნდა ვეძიოთ. ის წონასწორობა, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი ევროპის კონტინენტზე ინარჩუნებდნენ, გერმანიამ დაარღვია თავისი მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირებით რუსეთთან. ამიტომ, საფრანგეთი ცდილობს ამ დისბალანსის დაძლევას, რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებით, რათა კონკურენტუუნარო არ აღმოჩნდეს გერმანია-რუსეთის ტანდემის წინაშე.

პარიზში სააკაშვილის ოფიციალურად მიპატიჟებით სარკოზიმ, სავარაუდოდ, იმის დემონსტრირებაც მოახდინა, რომ ევროპაში შექმნილ ახალ რეალიებთან ჭიდილის მიუხედავად, საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამ ვიზიტს თუნდაც იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ გააქარწყლოს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის კრემლისეული პოლიტიკა.

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი. პარიზი
ფოტო: REUTERS ©

8 დრო, როგორც ჩვენში არსებულ დაპირისპირებათა ნიადაგი

▲back to top


დავით დარჩიაშვილი|სვეტი

0x01 graphic

26 მაისს აღლუმზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქში საათების სიმრავლის საჭიროებაზე ისაუბრა. საუბრის კონტექსტი აჩვენებდა, რომ საათი მისთვის მეტაფორაა - „ჩვენ არ შეიძლება დროს ჩამოვრჩეთ“ - ასეთი იყო გამოსვლის პათოსი. ნათქვამში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ცნობილი სენტენცია „დრო ფულია“, ანუ შეგონება, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ფუჭი მეოცნებეობის ფუფუნება არავის უნდა ჰქონდეს. ამაზე, ალბათ, არავინ იდავებდა - არც პრეზიდენტის მხარდამჭერი და არც ოპონენტი. მაგრამ მგონია, რომ სააკაშვილის მომხრეთა ნაწილს მაინც, სწორედ დროისადმი განსხვავებული დამოკიდებულებები გვყოფს ოპოზიციისაგან. ჩემთვის ეს დაყოფა უფრო არსებითია, ვიდრე დავა საარჩევნო ან, თუნდაც, საკონსტიტუციო სისტემებზე.

დრო შეიძლება წრფივად მდინარე ან/და პროგრესირებად სოციალურ განზომილებად განვიცადოთ. ან იგი, ფრანგული ისტორიოგრაფიის „ანალების“ სკოლის კვალობაზე, პლაზმადაც წარმოვიდგინოთ, რომელშიც მოვლენები დაცურავს. მაგრამ, ვფიქრობ, სააკაშვილის ადგილობრივ ოპონენტთა უმრავლესობა დროს სულ სხვაგვარად, ბიოლოგიურ ციკლებად თუ, უბრალოდ, საათის მექანიზმის წიკწიკად აღიქვამს - ანუ ვერ ახერხებს სურვილებისა თუ მოვლენების აღქმას კონტექსტში, დროით გარემოებებთან კავშირში. მოვიყვან ხუთ არგუმენტს

1. წინასაარჩევნო კამპანიები აჩვენებდა, რომ ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობები მხოლოდ „ბრჭყვიალა“ კაპრიზი ეგონა. სანაცვლოდ, ზოგი მათგანი სახელმწიფო თუ ადგილობრივი შემოსავლების დიდი ნაწილის სოციალურ პროგრამებში გადასროლას მოითხოვდა, ზოგიც - საბჭოთა დროის საწარმოების აღდგენას და დოტაციებითა თუ ტარიფებით დაცვას. არა მხოლოდ ეკონომიკური გათვლების, არამედ დროის, როგორც პლაზმური, ისე ქრონოლოგიური აღქმის საჭიროების საკითხია, რომ გლობალიზებულ სამყაროში ჯერ ინვესტიციების სტაბილური ნაკადების უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნო და შემდეგ - დასაქმებისა თუ სოციალური პროგრამების ზრდაზე. დროის აცდენაზე, თუ მხოლოდ მის მონაკვეთთა უმიზნო თვლაზე მიუთითებს, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულ და საერთაშორისო ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ წესრიგში ინტეგრირებად ქვეყანას მოსთხოვ საბჭოურ ან მე-18 საუკუნის პროტექციონისტულ დოტაციებსა და ტარიფებს.

2. ჩვენ წინაშე თანამედროვე, მომავლისათვის გახსნილ ერად თვითგანცდის ამოცანა დგას. ამას მხოლოდ ტაძრების კი არა, საერო ნაგებობების - მათ შორის, გზების, ხიდების, საჯარო სასახლეებისა და ახალი მონუმენტების მშენებლობაც სჭირდება. ყველგან და ყოველთვის ასე იყო, მაგრამ არა 1990-2003 წლების საქართველოში. შენობა-ნაგებობების დიზაინზე ვიდავოთ, მაგრამ თუ არ გვინდა დროს ჩამოვრჩეთ, ტემპებსა და მასშტაბებზე დავა უფრო დალხენილი პერიოდისათვის გადავდოთ. ყოველივე გაკეთებულის არდანახვა კი დროის მხოლოდ საათის მექანიზმთან გაიგივებაზე კი არა, მისი წიკწიკის ვერგაგებაზეც მიუთითებს.

3. ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში კულტივირებული განცდაა, რომ ხელისუფლება „მარადიულ“ ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება. „დაპირისპირების“ მტკიცებულებანი ცალკე განსახილველია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ოპონენტებს არ ესმით ნორმების, წესებისა და კონკრეტული ღირებულებების - ანუ მთელი კულტურის - დროში ცვალებადი ბუნება. ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ურთიერთმონაცვლე თაობებს არაფერი აკავშირებთ. მაგალითად, ქართველებს, ილიადან მოყოლებული მაინც, ორი განუყოფელი „რეფერენტული ობიექტი“ გვაქვს დასაცავი - მამულის სუვერენიტეტი და ერთიანობა; და პიროვნული თავისუფლება ანუ ლიბერალიზმი. მაგრამ შესაბამისი ბრძოლის ფორმებიც და ამ პროცესში კონკრეტულ ღირებულებათა იერარქიაც დროის მდინარებაზეა დამოკიდებული. ძველი არაბული ანდაზა ამბობს: შვილები მამებზე უფრო თავის დროს ჰგვანანო. ჩვენს ოპონენტებს მეტი რომ წაეკითხათ ზოგადად ცივილიზაციის ან, თუნდაც, დროშად აფრიალებული მართლმადიდებლობის არსისა და გამოცდილების შესახებ, დროისადმი დამოკიდებულებასაც შეცვლიდნენ და ხელისუფლების კრიტიკასაც სხვა ელფერს მისცემდნენ. თუმცა, განათლების შეუზღუდაობა ასევე მიუღებელია ზოგიერთთათვის, რადგან გაუნათლებლობა ძალაუფლებისათვის ბრძოლის ნაწილია.

დავის მთავარი თემა კი სწორედ მართლმადიდებლობის ლიბერალიზმთან, თანამედროვე სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაა. თუ მე მგონია, რომ დრო ამ მხრივაც მუდმივად წინ, სიახლეებისაკენ გვიბიძგებს, ოპონენტთა ნაწილისათვის დრო ან გაჩერდა, ან მეტაფორული საათის ისრები უკან დატრიალდა. არადა, ოდესღაც ხალხებს მირონცხებული მეფეები მართავდნენ და, შესაბამისად, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა პირობითი იყო. მერე სუვერენი ხალხი გახდა. დღეს ხალხის სუვერენიტეტს ადამიანის უფლებები და ზესახელმწიფოებრივი საერთაშორისო ორგანიზაციები უწესებენ ლიმიტს. ამას მართლმადიდებელი მრევლისაგანაც სჭირდება სწორი აღქმა. მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა მუდამ ასოცირდებოდა (თუმცა, კონკრეტული მღვდელმსახურნი სხვა გზებსაც ადგებოდნენ) ინდივიდის თავისუფალ არჩევანთან, ანუ იგივე ლიბერალიზმთან. საჭირო მხოლოდ იმის გაგებაა, რომ ტოლერანტობისა თუ ქრისტიანული შემწყნარებლობის ფარგლებიც არ არის დროში სტატიკური.

საერო სივრცისა და ეკლესიის ურთიერთმიმართებაში დროის მოთხოვნათა გათვალისწინება კიდევ ერთი მიმართულებითაა აქტუალური. მიუხედავად ეკლესიის სრული ავტონომიურობისა, ისიც უნდა ნერგავდეს გამჭვირვალობის ახალ სტანდარტებს. დროის მოთხოვნაა, ეკლესიაც იყოს მრევლისა თუ ზოგადად საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებული საკუთარი, არცთუ მცირე სახსრების განკარგვაში. სხვაგვარად ნიჰილიზმის ნიადაგი იქმნება. რაც მართლმადიდებლურ ინსტიტუციებს 19-20 საუკუნის მიჯნაზე დაემართათ, ეს მხოლოდ თავად მართლმადიდებლური ცარიზმის ან ღვთის მგმობელი სოციალიზმის ბრალი კი არ იყო, არამედ თავად ეკლესიის მრავალი მსახურის საზოგადოებისაგან გაუცხოებისაც.

4. თუმცა, სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ეკლესიას ერთი უპირატესობა აქვს დროის გარემოებებთან შემგუებლობის თვალსაზრისით. მას მოცდა შეუძლია - მეტი დრო აქვს ტრადიციისა და სიახლის ბალანსის საპოვნელად. თუ მას განვითარებაში დააგვიანდა, სხვამ გაუსწრო სულებისა და გულებისათვის ჭიდილში, ან თუ ინსტიტუციურ-იდეურმა სტაგნაციამ შიდა კრიზისი მოუტანა, ეკლესია მოიცდის. საბოლოო ჯამში, იგი დაეყრდნობა წევრთა ერთგულებას, მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და ზერაციონალურ, საკრალურ კატეგორიებს. ეკლესიაში არავინ შეიჭრება - თუ, რა თქმა უნდა, გვერდით ლიბერალური სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურებიც იქნება მობილიზებული. სახელმწიფოს კი მოცდის ფუფუნება არ აქვს, მით უმეტეს თუ იგი დემოკრატიულია, ანუ საარჩევნო ციკლებზე დამოკიდებული.

სახელმწიფოს განსაკუთრებით ეჩქარება, როდესაც იგი გარდამავალ სტადიაზეა - მოდერნიზაციას განიცდის. ხოლო თუ მას, ტრადიციულად, ძლიერ დამნაშავეობასთან ერთად, გარე საფრთხეებთან ბრძოლაც უწევს, მით უმეტეს ვერ დაელოდება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ტოტალურად უზადო სტანდარტის დანერგვას. ადამიანის უფლებათა ყოველ დარღვევაზე დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო. მაგრამ პოლიციელთაგან ძალის გადამეტების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა თუ ცალკეული სასამართლო პროცესების საეჭვოობის დიქტატურად მონათლვა მაქსიმალიზმია. ეს მოდერნიზაციის რთული კონტექსტის, კერძოდ მისი დროითი განზომილების იგნორირების კიდევ ერთი მაგალითია. დემოკრატია რომ უსაფრთხოდ ყვაოდეს, ოღონდ არა ორგანიზებული კრიმინალის ლეღვის ფოთლად, სისტემური პროცესი სამართალდამცავი სტრუქტურების გაძლიერებას უნდა დაეყრდნოს.

5. და ბოლოს, ძალაუფლებისათვის ბრძოლას, პიროვნული ინტერესით იქნება ნაკარნახევი თუ იდეალებით, დროის შესაფერისი ტაქტიკა სჭირდება. ნათქვამია: ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელიაო. სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტების საგრძნობ ნაწილს ეს სენტენცია არ გაუგია ან მისი რეალობასთან მისადაგება უჭირს. 2009 წლის საპროტესტო აქციებისას ერთმა ოპონენტმა პირად საუბარში მითხრა, თქვენთვის თუ შეიძლებოდა 2003 წელს რევოლუციის მოწყობა, ჩვენთვის არ შეიძლებაო? ეს „წყენა“ 2010 წლის საარჩევნო კამპანიასაც გასდევდა - ოღონდ უფრო მოკრძალებულად, ოპონენტთა მხრიდან საკუთარ ძალებში დაეჭვების ფონზე. ბევრჯერ მითქვამს ამ ორ პერიოდს შორის არსებულ თვისებრივ განსხვავებაზე და ამიტომ აქ არაფერს გავიმეორებ. უბრალოდ, პრობლემა ოპოზიციის მხრიდან ისევ საათის მექანიზმისა და დროის აღრევა მგონია.

0x01 graphic

დროის მოთხოვნებზე, ანუ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საჭიროებათა ცვალებადობაზე მუდმივი ყურადღება, უპირველესად, ხელისუფლებას მოეთხოვება. ჯერჯერობით იგი ამას ახერხებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკა ეგებ უფრო ეფექტიანი იყოს, მაგრამ დრომ მოიტანა და საპარლამენტო მოდელისაკენ მივდივართ. მეტი აქცენტია დასაქმებაზეც. იმედია, ალღო ამ მხრივ არც მომავალში გვიღალატებს. ან, ჩვენი ადეკვატურობის შემცირებამდე, პოლიტიკური კლასი ახალ სახეებს მაინც წარმოშობს, რომელთაც დროისადმი მგრძნობიარობა ექნებათ.

9 ერთი ბიჭის ისტორია

▲back to top


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ.

ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებდა. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა, წესრიგი უყვარდა.

16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა.

ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა

მამამ უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართლმადიდებლური სარწმუნოებით მონათლა. დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ჰყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და - მერე გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა, საქართველოში თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა - დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ - ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების - მით უფრო. თან ერთი-ორი კაცი კი არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა.

მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბად რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და ა.შ. ამეებზე ძაან იბოღმებოდა. ნატრობდა - ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს, და ვინმე ჩემიანი დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეკლესიას.

გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა - ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა - ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ჰქონდეთ გადასახდელიო.

ბევრს არ მოსწონდა, ბევრი ებრძოდა, დაუნდობელი იყო, საქმეში ხელს თუ შეუშლიდი, გაგანადგურებდა.

რას იტყვით მასზე თქვენ?

რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარული ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ახლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს, სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ?

რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია?

რას იტყვის ქართველი დედა, შვილს რომ ეუბნება - სომეხი, რუსი, მაჰმადიანი ცოლად არ მოიყვანოო?

რას იტყვიან მართმადიდებელმშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები?

რას იტყვის ზოგი ქართველი წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს?

  • ბიჭი 1089 წელს გამეფდა.

  • 1103 წელს მოიწვია რუის-ურბნისის კრება, გადააყენებინა უღირსი სამღვდელო პირები, მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანებით დაუქვემდებარა ეკლესია სახელმწიფოს (რაც ოთხი საუკუნის მერე გააკეთა ჰენრი მერვემ ბრიტანეთში და ხუთი საუკუნის შემდეგ პეტრე პირველმა - რუსეთში).

  • 1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ, 100 ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო.

  • 1122 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ალყა შემოარტყა და სისხლისმღვრელი ბრძოლით დაიპყრო თბილისი, სამი დღე ალაფი აკრეფინა თავის რაზმებს და შემდეგ, ქალაქში მოსახლეობის და გამოცდილების შესანარჩუნებლად, დაუწესა გადასახადი ასე: მუსლიმებს - სამი დინარი, ებრაელებს - ოთხი, და ქართველებს - ხუთი.

1125 წელს, მრავალი სხვა საქმის გაკეთების შემდეგ, 53 წლის ასაკში, აღსრულდა წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე ბაგრატიონი, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ბიბლიური დავითის მოდგმა, ოსი ბორენას შვილიშვილი და სომეხ მარიამ არწრუნის შვილთაშვილი, რუსუდან სომეხთა მეფის-ასულის და გურანდუხტ ყივჩაღთმთავარ ათრაქას-ასულის მეუღლე.

მან დაწერა საკუთარ თავზე:

ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი.

0x01 graphic

10 ტერიერების შესახებ ანუ როგორ გავაიაფოთ დენი, წყალი და გაზი პოპულიზმის გარეშე

▲back to top


ეკონომიკა

0x01 graphic

ამერიკის 43-ე პრეზიდენტის ენაბრგვილ გამონათქვამებს „ბუშიზმებს“ უწოდებენ. ერთ-ერთ გამოსვლაში მან განაცხადა: „ტერიერებისა და ბარიფების მოსპობა, ეკონომიკას გაზრდის“. ტერიერებში და ბარიფებში ამერიკის პრეზიდენტი ბარიერებს და ტარიფებს გულისხმობდა. წინადადებაში ფონეტიკური უზუსტობაა, თუმცა ლიბერტარიანული ეკონომიკური სკოლის ნებისმიერი წარმომადგენელი ხელს მოაწერდა ბუშის ამ სიტყვებით გადმოცემულ აზრს.

ენერგეტიკის სფეროს ლიბერალიზაცია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის დადგენილებაში წერია: „ელექტროენერგიის მყიდველს უფლება აქვს, ელექტროენერგია შეისყიდოს ელექტროენერგიის ნებისმიერი გამყიდველისგან, თუ მისი წლიური მოხმარება შეადგენს 2006-2009 წლებში მინიმუმ 30 მილიონ კილოვატსაათს, 2010-2012 წლებში - მინიმუმ 7 მილიონ კილოვატსაათს, 2013-2015 წლებში - მინიმუმ 3 მილიონ კილოვატსაათს, 2016-2017 წლებში - მინიმუმ 1 მილიონ კილოვატსაათს, 2017 წელს - 1 კილოვატსაათს“.

დღეს მიდგომა დისკრიმინაციულია: არჩევანის თავისუფლება მხოლოდ მსხვილ მომხმარებლებს აქვთ. მოქალაქეებს მონოპოლისტებთან უხდებათ ურთიერთობა. თითო დასახლებულ პუნქტში მხოლოდ ერთი ლიცენზიაა გაცემული, რაც თავისთავად არ ჭრის მონოპოლიისა და სახელმწიფოს მხრიდან არასამართლიანი ფასის დადგენის პრობლემებს. მონოპოლიის პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - მეტი კონკურენცია. ეს კი ლიბერალიზაციის გზით მიიღწევა.

სააქციო საზოგადოების - Caucasus Energy and Infrastructure - გენერალური დირექტორის, არჩილ მამათელაშვილის თქმით, ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციის შემთხვევაში მეტი ინვესტიცია ჩაიდება ენერგეტიკაში, ბაზარი განვითარდება და კონკურენცია გაიზრდება. შესაბამისად, მეტი ადამიანი დასაქმდება. მომხმარებელი ნახავს სარგებელს, რადგან მისი არჩევანი გაფართოვდება და ელექტროენერგიასაც ნაკლებ ფასად მიიღებს.

დისტრიბუციის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად, ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებს აეკრძალებათ, მათი ქსელით სარგებლობისას, კონკურენტებისთვის დისკრიმინაციული პირობების შეთავაზება და ამ გზით მათი განდევნა ბაზრიდან. ამის მაგალითი უკვე არსებობს საქართველოში, ტელეკომუნიკაციების სფეროში, სადაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი, მისთვის მისაღები ოპერატორი.

ეს ყველაფერი ენერგო სექტორში ორი ათეული წლის წინ გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა: რეფორმების შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემა რეგიონული მონოპოლიების სახელმწიფო სისტემიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სისტემად გარდაიქმნა.

ენერგეტიკის სამომხმარებლო ბაზარზე 30-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, მათგან 6 მსხვილი - British Gas, Powergen, Scottish and Southern Energy (SSE), npower, EDF Energy, Green Energy - და დანარჩენი მცირე ზომის მოთამაშეა. მათ შორისაა: Countrywide Farmers, Sainsbury's Energy, Good Energy, Telecom Plus, Basic Power და სხვა. ამ კომპანიების სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც თავადაც შეუძლია ელექტროენერგიის გაყიდვა - მაგალითად, გაზის, კომუნიკაციების, საკაბელოს - ყველას აქვს ბაზარზე მოხვედრისა და საკუთარი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის შანსი.

ლიბერალიზაციის დაწყების შემდეგ ბრიტანეთის ენერგეტიკის სექტორი მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. ყოფილი მონოპოლიების ბაზრის წილი მცირდება და მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიმწოდებლის შეცვლა, ასევე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საუკეთესო პირობებით ყიდვა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა.

ბრიტანეთის მაგალითმა ბიძგი მისცა ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციასაც. პროცესი 3 ეტაპად წარიმართა. ლიბერალიზაციის შედეგად ძირეული ცვლილებები გატარდა. ამ ცვლილებათა მთავარი მახასიათებლები იყო პრივატიზაცია, ლიბერალიზაცია და კონკურენტული გარემოს შექმნა.

ევროკავშირის რეფორმები ეფუძნებოდა მთავარ დაშვებას - ეკონომიკური პროგრესი დამოკიდებულია მზარდ პროდუქტიულობაზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ზედმეტი რეგულირებისგან თავისუფალ კონკურენციაზე.

თავისუფალი კონკურენციის პირობებში ფასს ადგენს მიწოდება-მოთხოვნა. მოთხოვნას კი განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ძლიერად სჭირდებათ ადამიანებს ელექტროენერგია და რა თანხის შეთავაზება შეუძლიათ მის სანაცვლოდ. ისტორიული კაპიტალური დაბანდებები (მაგ. ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ სექტორის რეაბილიტაციაში ჩადო) ან მიმდინარე ხარჯი ხშირად არ განსაზღვრავენ პროდუქტის დღევანდელ სამართლი ან ღირებულებას. ამას აწმყოში არსებული მიწოდება-მოთხოვნის ურთიერთკავშირი ადგენს.

თავისუფალ კონკურენციას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პირობებში ჩინოვნიკები კი არ წყვეტენ, რა იქნება კარგი მომხმარებლისთვის, არამედ, მომხმარებელი ყოველ დღე დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ მოთხოვნებს. შესაბამისად, მზარდ ინდუსტრიებს შესაძლებლობა ექმნებათ რეალურად გაიზარდონ და უკეთესი პროდუქცია დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს. თუმცა, ჩინოვნიკები მაინც მუდმივად ცდილობენ ბაზრის კორექტირებას, როგორც წესი, პოპულისტური მოტივებიდან გამომდინარე. მაგალითად, წინასაარჩევნოდ, როცა ტარიფების დაწევას არა საბაზრო, არამედ ადმინისტრაციულ - მბრძანებლური მეთოდებით გვპირდებოდნენ.

სახელმწიფოს ამგვარ პოლიტიკას, სულ მცირე, ორი უარყოფითი შედეგი მოსდევს. პირველი, რაკი ელექტროენერგიის მწარმოებელ თუ გამანაწილებელ კომპანიას გაიაფებული ტარიფის პირობებში მოგება შეუმცირდება, იგი ყოველნაირად ეცდება დანაკარგი ამოიღოს - შეამცირებს საინვესტიციო პროგრამას, დააგდებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს ან სხვა სერვისს მოუმატებს ფასს; და მეორე, ელექტროენერგიაზე გაიზრდება მოთხოვნა - დაბალი ფასის პირობებში მომხმარებელი მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც შექმნის ელექტროენერგიის დეფიციტს.

11 დასაქმება თუ წარმოება

▲back to top


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

ეკონომიკისკერძო სექტორი სინამდვილეში წარმოადგენს ნებაყოფლობით სექტორს, ხოლოსახელმწიფო სექტორი - ძალადობის სექტორს.

ჰენრი ჰაცლიტი

1933 წლის 6 აპრილს აშშ-ს სენატმა 53-30-ზე დაამტკიცა კონსერვატორი სენატორის, ჰუგო ბლეკის მიერ მომზადებული კანონპროექტი 30-საათიანი სამუშაო კვირის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, აკრძალულიყო იმ კომპანიების პროდუქციით ვაჭრობა, რომელთა თანამშრომლებიც დასაქმებულნი იქნებოდნენ კვირაში 30 საათზე მეტხანს. აღნიშნული კანონი ჩავარდა წარმომადგენლობით პალატაში, თუმცა ხელისუფლების მხრიდან დასაქმების ხელოვნურად გაზრდის მცდელობანი ამით არ შეწყვეტილა - არც აშშ- ში და არც სხვა ქვეყნებში. მსგავს ქმედებათა უმეტესობა უარესი შედეგით მთავრდებოდა, რადგან ეფუძნებოდა ერთ მცდარ ჰიპოთეზას - თითქოს არსებობს „სამუშაოს“ განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ გადაანაწილოს მოსახლეობაზე. შესაბამისად, რაც მეტ ადამიანზე გადანაწილდება „სამუშაო“, მით მეტი იქნება დასაქმებული.

რაკი მთავრობები არ განიცდიან ფანტაზიის ნაკლებობას - განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში - დასაქმების ხელოვნურად „უზრუნველყოფის“ გზებიც იცვლებოდა, თუმცა ხშირად მეორდებოდა კიდეც. ბევრმა მათგანმა დაკარგა აქტუალობა აბსურდულობისა თუ ნეგატიური ისტორიული გამოცდილების გამო. მაგრამ არსებობს დასაქმების ერთი „გზა“, რომელსაც მყარი ადგილი უჭირავს პოლიტიკოსთა არსენალში - დასაქმების ზრდა სახელმწიფო ხარჯების ზრდის შედეგად.

თუ გადავხედავთ პოლიტიკურ პარტიათა დაპირებებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, სხვა, რაციონალობას მოკლებულ დაპირებებშიც კი - როგორებიცაა: უფასო ჯანდაცვა, უფასო დაზღვევა, უფასო განათლება, უფასო წყალი და ა.შ. - აშკარად გამოიკვეთება და, შეიძლება ითქვას, ლიდერობს „დასაქმება“. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ, პარტიები არ აკონკრეტებენ, თუ რა გზებით აპირებენ დასაქმების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, არჩევნები ადგილობრივი დონისაა (შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე), უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმაც თავი არ შეიწუხეს ეკონომიკურ პრობლემათა ანალიზით და გადაწყვიტეს ზემოხსენებულ გზას მიმართონ: მეტს დახარჯავენ - მეტს დაასაქმებენ. ეს ვარაუდი კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება, თუ გადავხედავთ თბილისის მუნიციპალურ საწარმოთა („სახელმწიფო შ.პ.ს.“) ჩამონათვალს ქალაქის მერიის ვებგვერდზე, სადაც მათი რაოდენობა 100-ს სცდება. საგულისხმოა, რომ ეს სია განთავსებულია ვებგვერდის საგანგებო განყოფილების - „ხელისუფლების“ ქვემენიუში, რადგან თვისობრივად ეს საწარმოები მუნიციპალიტეტის „განყოფილებებია“ და საჯარო სახსრების ხარჯზე არსებობენ. თუ შეიძლება არსებობდეს 100 მუნიციპალური საწარმო, რატომ არ შეიძლება არსებობდეს 200 ან 500?

ცალკე საკითხია ასეთი ტიპის პოლიტიკის აბსურდულობა. სახელმწიფოს მიერ დახარჯული ნებისმიერი ლარი, რომელიც ვიღაცას „ასაქმებს“, სინამდვილეში კლავს იგივე სამუშაო ადგილს კერძო სექტორში, რადგან სახელმწიფო დასახარჯავ ფინანსურ სახსრებს სწორედ კერძო სექტორიდან იღებს. ეს პროცესი თავისთავად ნაკლები პრობლემა იქნებოდა, რომ არა შემდეგი გარემოებანი: ა) ფინანსების გატარებას შესაბამისი ბიუროკრატიული მომსახურება სჭირდება, ანუ კერძო სექტორიდან ამოღებული თანხების ნაწილი გზაში „იკარგება“; ბ) კერძო სექტორი ფულს ყოველთვის უფრო ეკონომიურად ხარჯავს და უფრო მოტივირებულია მიიღოს ხარჯის შესაბამისი პროდუქტი, ვიდრე ნებისმიერი საჯარო მოხელე თუ სამსახური.

თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია კითხვა - შეიძლება კი დასაქმება იყოს ზოგადად ხელისუფლების მიზანი?

სრული დასაქმების მიღწევა არც ისე რთულია. თუ საკუთარ არც ისე შორეულ წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სრული დასაქმება შეძლო არა მარტო სტალინმა (სასტიკი მეთოდებით, მაგრამ...), არამედ ლეონიდ ბრეჟნევმაც კი. მეტიც, სანამ არსებობდა მონათმფლობელობა, უკლებლივ ყველა მონა დასაქმებული იყო. ანუ სახელმწიფოს მიერ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის პირობებში დასაქმების ზრდა შესაძლებელია. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადია ასეთი ტიპის ეკონომიკური სისტემა, მთავარია, შეიძლება კი ჩვენ გვქონდეს იგივე მიზანი?

რამდენად ადარდებდათ მე-5 ან მე-17 საუკუნის ქართველებს დასაქმება? ან რამდენად ადარდებს დღეს დასაქმება რომელიმე აფრიკულ ტომს, რომელიც ცხოვრების მეტ- ნაკლებად იზოლირებულ ფორმას ირჩევს? დასაქმებაა მისი პრობლემა? ცხადია, არა. პრობლემა პრიმიტიული საწარმოო საშუალებებია, რაც, თავის მხრივ, კაპიტალის ნაკლებობის შედეგია. ადამიანთა კეთილდღეობა, მათი ცხოვრების დონე დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე და არა დასაქმებაზე. რაც უფრო მეტია ქვეყანაში წარმოების მოცულობა, მით „უკეთესად“ ვცხოვრობთ. დასაქმება მხოლოდ ეკონომიკის ზრდის თანმხლები შედეგია.

ამიტომ კითხვა, რომელსაც უნდა ვსვამდეთ, არის არა რამდენი პროცენტით გაიზრდება დასაქმება, არამედ რამდენი იქნება ჩვენი წარმოების მოცულობა.

12 არჩევნები ჩეხეთში

▲back to top


მსოფლიო

ყველა ფოტო: REUTERS ©

ხმების უმეტესობა მემარჯვენე პარტიებმა მიიღეს

28-29 მაისს ჩეხმა ამომრჩეველმა პარლამენტის ქვედა პალატა აირჩია. 200-დან 118 ადგილი მემარჯვენე-ცენტრისტ პარტიებს ერგოთ. ჩანს, დიდი შუალედის შემდეგ, ჩეხეთს ძლიერი მთავრობა ეყოლება.

ხმათა 22%25 და, შესაბამისად, პირველი ადგილი წილად ხვდა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამ მემარცხენე პარტიას ბევრად მეტი ამომრჩეველი უჭერდა მხარს და ის სამთავრობო კოალიციის ნაწილად მოიაზრებოდა. თუმცა, 200 ადგილიდან სოციალ-დემოკრატებს მხოლოდ 56 ერგოთ. პარტიის ლიდერი ირჟი პაროუბეკი შედეგების გამოცხადებისთანავე გადადგა. „როგორც ჩანს, ჩეხმა ელექტორატმა აირჩია ქვეყნის გეზი და ის განსხვავებულია სოციალ-დემოკრატების მიერ შემოთავაზებული მიმართულებისგან“, - განაცხადა მან.

სოციალ-დემოკრატებს მოსდევს სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, ხმათა 20.2%25-ით ანუ 53 ადგილით პარლამენტში. ხმათა 16,7%25 პარტია TOP 09-ს (ტრადიცია, პასუხისმგებლობა, აყვავება) ერგო, საჯარო ურთიერთობების პარტიას, ე.წ. VV-ს კი - 10.9%25. სავარაუდოდ, სწორედ ეს სამი მემარჯვენე-ცენტრისტი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას უახლოეს კვირებში. ლიდერები პოზიტიურად არიან განწყობილნი კოალიციის შექმნის მიმართ. უკვე დაიწყო შეხვედრები; სამივე პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ ბიუჯეტის შემცირებაზე და მის განაწილებაზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრად სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერს, პეტრ ნეჩასს მოიაზრებენ.

0x01 graphic

2006 წელს მთავრობის ჩამოყალიბება არჩევნებიდან მხოლოდ 7 თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. უკანასკნელ არჩევნებში გამოკვეთილ პარტიებს ბევრი აქვთ საერთო და მთავრობა, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო ადვილად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგრამ მაინც, არსებობს ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაართულოს კოალიციის შექმნა. ერთ-ერთ ასეთ შემაფერხებლად შეიძლება იქცეს საჯარო ურთიერთობების პარტია. მან პოპულარობა მოიპოვა ანტიკორუფციული სლოგანებით, თუმცა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება მას არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა, მისი ამომრჩეველების გარკვეული ნაწილი მემარცხენე პოლიტიკის ერთგულია და პარტიას მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლისთვის ემხრობა. ამის გამო პარტიამ შეიძლება ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. პარტიის ლიდერ რადეკ იონის თქმით, იგი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმას, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ მიიჩნევს, მნიშვნელობა არ აქვს რეფორმის მოთავე მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე.

არც TOP 09-სთანაა ყველაფერი გარკვეული. ახალგაზრდობის ფავორიტმა პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში შეიძლება იმაზე მეტი მოითხოვოს, ვიდრე სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას შეუძლია გაიღოს. სოციალ-დემოკრატებისთვის კი ერთადერთი ვარიანტია კოალიციის შექმნა კომუნისტურ პარტიასთან. თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან კომუნისტები იზოლირებულები არიან და მათთან საკუთარი ბედის დაკავშირებას ყველა პარტია ერიდება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკა არჩევნების შედეგების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახდა. ჩეხეთის მოსახლეობის 70%25 უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, თუმცა ინარჩუნებს თავისუფალი ბაზრისადმი რწმენას. სწორედ ამან განაპირობა მემარჯვენე-ცენტრისტ პარტიათა გამარჯვება. მემარჯვენე პარტიები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ჩეხ ახალგაზრდებს შორის. მათი საკულტო ფიგურაა TOP 09-ის ლიდერი, 70 წლის არისტოკრატი კარელ შვარცენბერგი. შვარცენბერგი თანაავტორია წერილისა, რომელიც ცენტრალური ევროპის ყოფილმა ლიდერებმა ბარაკ ობამას მისწერეს. მხარდამჭერთა მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა პეტრ ნეჩასიც. იგი 90-იანი წლებიდან გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 2006 წელს ნეჩასი შრომის მინისტრი გახდა. მისი მაშინდელი დევიზი დღემდე უცვლელი რჩება: სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მათ, ვინც ქვეყნის კისერზე ცხოვრებას არ აპირებს, განსაკუთრებით კი - ბიზნესს. ნეჩასის რეფორმებმა შეამცირა უმუშევართა რიცხვი.

ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, ჩეხეთიც განიცდის ეკონომიკურ სირთულეებს. გასულ წელს ჩეხეთის ეკონომიკა 4.1%25-ით შემცირდა. ჩეხეთის ვალი ორი წლის წინათ მშპ-ს 29%25-ს შეადგენდა, დღეს კი იგი 39%25-მდე გაიზარდა. მემარჯვენე მთავრობის მთავარი მიზანია დეფიციტის აღმოფხვრა 2013 წლამდე და ბიუჯეტის დარეგულირება 2015 წლისათვის. ამას მემარჯვენე-ცენტრისტი კოალიცია ბიუჯეტის შეკვეცითა და ხარჯვის ბარიერის დაწესებით აპირებს. ამასთანავე, სამოქალაქო დემოკრატების ერთ-ერთი რეფორმა 15%25-იანი ერთიანი გადასახადის შემოღებაა. არჩევნების მოულოდნელი შედეგების პოზიტიური გავლენა ჩეხეთის ეკონომიკაზე უკვე თვალსაჩინოა. ჩეხური კრონი ევროს მიმართ 1.23%25-ით გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი მთავრობის რეფორმები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

0x01 graphic

პეტრ ნეჩასი გამარჯვებას ზეიმობს

წინასაარჩევნო პროცესში, ეკონომიკასთან ერთად, კორუფციასაც ეთმობოდა განსაკუთრებული ყურადღება. ქვეყნისთვის კორუფცია დიდი პრობლემაა, თუმცა რუსეთისაგან განსხვავებით, ჩეხეთში მოქრთამვის შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებია და უფრო მაღალჩინოსანთა დონეზეა გავრცელებული. სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციის აღმოფხვრაც არის. სოციალ-დემოკრატებისთვის მოულოდნელად, ამომრჩეველმა კორუფციასთან ბრძოლა ამჯობინა საპენსიო რეფორმას.

არჩევნების დროს შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული იყო საგარეო პოლიტიკა. სოციალ-დემოკრატების კანდიდატი, პაროუბეკი, უფრო პრორუსული და პროევროპულია, ხოლო ახალი მთავრობის სავარაუდო პრემიერ-მინისტრი, ნეჩასი კი - ევროსკეპტიკოსი და პროამერიკელი. ახლო მომავალში პრაღისაგან მოსალოდნელია ნაკლებად აქტიური, პრაგმატული და ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკა. ამის მთავარი მიზეზია აშშ-ს ნაკლები ინტერესი ცენტრალურევროპელი პარტნიორების მიმართ. ამასთანავე, მოსალოდნელია ურთიერთობების გაციება რუსეთთანაც. ხშირ შემთხვევაში, ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის მემარცხენე პარტიები უფრო მეტად თანამშრომლობენ რუსეთთან, ვიდრე მემარჯვენე პარტიები.

კოალიციის ჩამოყალიბებას მხოლოდ ფორმალური ნაწილი უდგას წინ. ამის შემდეგ კი ჩეხეთს, 1992 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მთავრობა ეყოლება.

13 გერმანიის პრეზიდენტი გადადგა

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

ჰერსტ კელერი სამხედროებთან შეხვედრაზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მორიგი მარცხი განიცადა. შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე მისი სასურველი კანდიდატის - შრომის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლეიენის ნაცვლად, საპრეზიდენტო მარათონში თანაპარტიელმა ქრისტიან ვულფმა გაიმარჯვა. ახალ პრეზიდენტს 2003 წლიდან ქვემო საქსონიის პრემიერის თანამდებობა ეკავა. ჯერ კიდევ გასულ წელს მან პირველად გამოთქვა სურვილი კენჭი ეყარა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მისი ამბიცია ნაადრევად დაკმაყოფილდა.

31 მაისს გერმანიის პრეზიდენტმა ჰერსტ კელერმა მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, რაც მოკლე განცხადებით ახსნა: მისმა სიტყვებმა, გერმანიის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, გაუგებრობა გამოიწვია.

კელერი შარშან აირჩიეს პრეზიდენტად მეორე ვადით. მაისში, ავღანეთში ვიზიტის შემდეგ, მან გააკეთა განცხადება, რომლითაც გამოკვეთა არმიის როლი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვაში. გერმანიის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კელერმა თქვა, რომ ექსპორტზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, როგორიც გერმანიაა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელია შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გაგზავნა. ქვეყნის ინტერესების მაგალითად მან თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა დაასახელა.

0x01 graphic

ქრისტიან ვულფი

პრეზიდენტის მილიტარისტული განცხადება გერმანიაში აღიქვეს როგორც მოწოდება ბიზნესინტერესების მხარდაჭერისთვის ომში ჩართვისაკენ, რამაც ქვეყნის მემარცხენე ძალებში პროტესტი გამოიწვია. კელერი აგრესიული დიპლომატიის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. მეორე მსოფლიო ომის დროს გადატანილი ტრავმის შემდეგ მსგავს თემებს გერმანიაში კვლავ ტაბუ ადევს. გასათვალისწინებელია, რომ მმართველი პარტიების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოექომაგა პრეზიდენტს. თვით ანგელა მერკელსაც კი, რომელიც კელერის მოკავშირედ მოიაზრებოდა, ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, კელერის განცხადება არასწორად გაიგეს. თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერაში ის გულისხმობდა აფრიკის რქის ნახევარკუნძულთან ჩასატარებელ სამხედრო ოპერაციას სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ, და არა ავღანეთის ომს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა და, მცდელობის მიუხედავად, ვერ გადააფიქრებინა პოსტის დატოვება.

პრეზიდენტის გადადგომა ბევრს აალაპარაკებს ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკისა და მოსახლეობის ქვეყნის დასუსტების შესახებ. ამას ემატება მერკელის პოზიციების შესუსტებაც. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ევროპაში წარმოქმნილი პრობლემების ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის მთავრობის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. ძნელად სავარაუდოა, რომ მერკელის მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატები საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანას შეძლებენ.

გერმანიაში პრეზიდენტის პოსტი ფორმალურ დატვირთვას ატარებს, მაგრამ პრეზიდენტი მაინც ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და მას აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება. აღსანიშნავია, რომ სწორედ კელერმა დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2005 წელს და, შედეგად, მემარცხენე შროდერი ანგელა მერკელმა ჩაანაცვლა.

კელერის განცხადებამ დააბნია გერმანიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრი. მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ავღანეთში ყოფნასთან დაკავშირებით. გერმანელთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ გერმანიამ ავღანეთის სამშვიდობო მისია უნდა დატოვოს.

14 მეხუთე მთავრობა 4 წელიწადში

▲back to top


მსოფლიო

იაპონია

ყველა ფოტო: REUTERS ©

4 ივნისს იაპონიის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ ახალი ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი ნაოტო კანი აირჩია. ჰატოიამას მთავრობაში კანს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ის პარტიის წევრებს „ახალ დასაწყისს დაპირდა“. 1990-იან წლებში იგი ჯანმრთელობის მინისტრი იყო და მის რეფორმებს გავლენიანი ბიუროკრატები შეეწირნენ. განსხვავებით ჰატოიამასგან, კანი არ არის ელიტური პოლიტიკური საგვარეულოს შთამომავალი.

იაპონიის აწ უკვე ყოფილი პრემიერი იუკიო ჰატოიამა თანამდებობიდან გასულ ოთხშაბათს გადადგა. ეს განცხადება მან პირდაპირ ეთერში, პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ჰატოიამა ბოლო 4 წლის მანძილზე ქვეყნის მეოთხე პრემიერი იყო, რომელმაც სულ რვა თვე გაძლო თანამდებობაზე.

ჰატოიამას წარუმატებლობის მიზეზად იქცა კუნძულ ოკინავაზე არსებული ამერიკული ბაზა და ფინანსური სკანდალი. სამხედრო ბაზის გადატანა მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. საბოლოოდ, გადაწყდა ბაზის გადატანა კუნძულის ნაკლებად დასახლებულ ადგილზე, რამაც გამოიწვია სოციალ-დემოკრატიული პარტიის გასვლა საპარლამენტო კოალიციიდან და დემოკრატიული პარტიის რეიტინგის 20 პროცენტზე დაბლა დაწევა.

ფინანსურმა სკანდალმა, რომელშიც პარტიის გენერალური მდივანი იჩირო ოძავა იყო გარეული, მთავრობას მხარდამჭერები დაუკარგა. გამოსათხოვარ მიმართვაში ჰატოიამამ ამ თემას საგანგებო პუნქტი დაუთმო და იჩირო ოძავასაც მოუწოდა გადადგომისკენ. მისი განცხადებით, პარტიის რეაბილიტაციისათვის საჭიროა გამჭვირვალობა და ნაკლები კავშირი ფულთან.

0x01 graphic

ყოფილი პრემიერი იუკიო ჰატოიამა

ჰატოიამა მიიჩნეოდა კარგ დიპლომატად; პოლიტიკოსად, რომელსაც შეეძლო კონსენსუსის მიღწევა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის, როგორც შიდა პარტიულ, ისე საერთაშორისო დონეზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას არ ეყო ძალა რეფორმების გასატარებლად. ვერ მოხერხდა სამთავრობო ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება, პოლიტიკურ პროცესში ბიუროკრატიის გავლენის დათრგუნვა. ჰატოიამამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დაკისრებისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით შეამცირებდა იაპონიის დამოკიდებულებას ამერიკაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანასწორუფლებიან საფუძვლებზე დამყარდებოდა. მისმა მთავრობამ სცადა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ აღმოსავლეთ აზიაში იაპონიამ ვერაფერი შეცვალა: ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთკორეული სამხედრო გემის ჩაძირვამ ნათლად წარმოაჩინა, რომ იაპონიის უსაფრთხოება ამერიკაზეა დამოკიდებული. ჩინეთის გავლენის ზრდა კი იაპონიისთვის პასუხგაუცემელ გამოწვევად რჩება.

0x01 graphic

პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი,
ჰატოიამას საარჩევნო ბანერის ფონზე

ივლისში დიეტის ზედა პალატის არჩევნებია. მასში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატიულ პარტიას რეფორმების გასატარებლად სჭირდება. ქვედა პალატაში დემოკრატებს უმრავლესობა ჰყავთ, შესაბამისად, პარტიის ახალი ლიდერი ნაოტო კანი პრემიერ-მინისტრის პოსტსაც დაიკავებს. ახალ პრემიერს ძველი პრობლემა დახვდება - ეკონომიკური კრიზისის სახით, მაგრამ უპირველესი გამოწვევა პარტიის რეაბილიტაცია და ივლისის არჩევნების მოგება იქნება. დემოკრატების რეიტინგი მთავრობის პოპულარობის კლებასთან ერთად მცირდებოდა და ივნისის დასაწყისისთვის მხოლოდ 20%25 იყო. ნაოტო კანის ფიგურა შესაძლოა დაკარგული პოზიციების აღდგენის უკანასკნელი შანსი აღმოჩნდეს პარტიისთვის.

15 ბირთვული სამბა

▲back to top


დევიდ . სმიტი|სვეტი

ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

დევიდ ჯ. სმიტი არის საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი თბილისში და პოტომაკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ვაშინგტონში.

დასავლელი დიპლომატები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი სანქციების დასაწესებლად მზად იყვნენ, როდესაც 17 მაისს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ინასიო ლულა და სილვემ და ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თეირანში, გამარჯვების ნიშნად ზემოთ აწეული, გადაჭდობილი ხელებით გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული საქმიანობის ირგვლივ არსებული საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა იყო. ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეთანხმებამ რამე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ისტორიაში, მაგრამ ის გეოპოლიტიკური დინამიკა, რომელმაც იგი წარმოშვა, შესაძლოა საერთაშორისო ურთიერთობათა განმსაზღვრელი გახდეს წლების განმავლობაში.

ირანის, თურქეთისა და ბრაზილიის ერთობლივი დეკლარაცია“ იმ წინადადებას ჰგავს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ირანს გასული წლის ოქტომბერში შესთავაზა. ირანი 1.200 კგ მცირედ გამდიდრებულ ურანს გაუგზავნის თურქეთს და სანაცვლოდ 120 კგ ბირთვულ საწვავს მიიღებს თეირანის ბირთვული კვლევითი რეაქტორისთვის. თუმცა, ამ ორ მოვლენას შორის გასული შვიდი თვის განმავლობაში ირანმა საკმარისი მცირედ გამდიდრებული ურანი აწარმოა, რათა ჩაანაცვლოს ის, რის გაგზავნასაც თურქეთში აპირებს. მეტიც, აჰმადინეჟად-ერდოღან-ლულას შეთანხმებით აღიარებულია ირანის უფლება, გააგრძელოს ურანის გამდიდრება, მიუხედავად გაეროს იმ ხუთი რეზოლუციისა, რომლებშიც საპირისპირო წერია.

საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეთანხმება კალენდარს გასული წლის შემოდგომასთან დააბრუნებს. უარეს შემთხვევაში კი სანქციების გადავადების კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყო სამმხრივი შეთანხმება, თეირანში შემდგარი დებიუტიდან რამდენიმე საათში. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა უნდა მოითხოვონ სანქციების დაწესება, რასაც რუსეთი და ჩინეთი აშკარად დაეთანხმნენ.

0x01 graphic

ინასიო ლულა, მაჰმუდ აჰმადინეჟადი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შეთახმების ხელმოწერას ზეიმობენ

ირან-თურქეთ-ბრაზილიის შეთანხმება გაართულებს მსჯელობას უშიშროების საბჭოში. ბრაზილია და თურქეთი, რომლებიც უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები არიან, ეწინააღმდეგებიან ახალი სანქციების განხილვას და გარკვეულ ზეგავლენას მოახდენენ ისეთ არამუდმივ წევრებზე, როგორებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლიბანი, ნიგერია და უგანდა.

სანქციებზე რაღაც ტიპის რეზოლუციას მაინც მიიღებენ - ბრაზილიასა და თურქეთს ჯერ ისეთი წონა არა აქვთ, რომ ეს პროცესი შეაჩერონ.

თუმცა, მათი იგნორირება ჩვენი, კერძოდ, ვაშინგტონის მხრიდან არ იქნებოდა ჭკვიანური. ბრაზილია სიდიდით მსოფლიოს მე-10 ეკონომიკაა, თურქეთი - მე-17. ეს ქვეყნები 21-ე საუკუნის ძალაუფლების მზარდი ცენტრებია.

ორივე ქვეყანას ეკონომიკური ინტერესი აქვს ირანში - ლულას თეირანში ასობით ბრაზილიელი ბიზნესმენი ჩაჰყვა. ორივე ქვეყანა იმყარებს მზარდ გავლენას მსოფლიო არენაზე - ერდოღანის ჩასვლა თეირანში ისე იყო ორგანიზებული, რომ ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც რეგიონში ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ქვეყნის, როლისათვის.

მეტიც, ჩარლზ კრაუტჰამერი „ვაშინგტონ პოსტში“ წერს: ამ ქვეყნებმა „გადაწყვიტეს, რომ ძვირი არ უჯდებათ ამერიკის მტრების გვერდით დგომა და სარგებელს არ აძლევთ ამერიკის პრეზიდენტის გვერდით დგომა, მისი ბოდიშებითა და დათმობებით“.

როდესაც ვაშინგტონი დრეიფზეა, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია და თურქეთი - და, სხვათა შორის, ირანი - „კუნთების თამაშსა“ და მომავლის ფორმირებას იწყებენ.

ამის შედეგი, მაგალითად, ამ რეგიონში იქნება გაშმაგებული კონკურენცია მზარდ ტრადიციულ ძალებს - ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელთა დაწევასაც არაბული ქვეყნები იჩქარებენ. შედარებით პატარა ქვეყნები, ბუნებრივია, მომავალში თავიანთი ინტერესების დაცვაზე იზრუნებენ და მზარდი საშუალო ქვეყნების კეთილგანწყობის მოპოვებას შეეცდებიან.

ირანის ბირთვულმა იარაღმა ეს არასახარბიელო გეოპოლიტიკური პერსპექტივა შეიძლება კოშმარად აქციოს.

ირან-თურქეთ-ბრაზილიის შეთანხმება მოვლენების ასეთ განვითარებას ვერ შეაჩერებს, თუმცა ამას ვერც სანქციების მეოთხე რაუნდი შეძლებს. ჩანს, ვაშინგტონს ვერ გაუგია, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღი შესაშინებელი სათამაშო კი არა, გეოპოლიტიკური იარაღია ამერიკის, როგორც ზეძალის, დასასუსტებლად - ისეთი მომავლის მისაღწევად, როგორსაც რუსეთი და ჩინეთი ნატრობენ.

სანქციებზე რაღაც ტიპის რეზოლუციას მიღებენ, რადგან მოსკოვმა და პეკინმა, თანხმობის სანაცვლოდ, უკვე დასტყუეს ვაშინგტონს რაღაც-რაღაცები რუსეთი ისევ შეძლებს, მიჰყიდოს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანს. თანაც, „საქართველო აღარ უნდა განიხილებოდეს დაბრკოლებად“ აშშ-რუსეთის ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების გზაზე. პარალელურად, პეკინმა სანქციების შესახებ რეზოლუციიდან ამოიღო კონკრეტული ეკონომიკური ან ენერგეტიკული ზომები.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი

ეს ვაჭრობა, როგორც დეივიდ იგნატიუსი წერს „ვაშინგტონ პოსტში“, ერთ მშვენიერ დღეს „დასრულდება, როდესაც ირანი (ჰოი, საკვირველებავ!) გამოაცხადებს, რომ მას ბირთვული იარაღის შექმნისთვის ყველა საჭირო ელემენტი აქვს და დე ფაქტო ბირთვული სახელმწიფოა“. ეს მშვენიერი ახალი სამყარო იქნება, მაგრამ ეყოლება კი ამერიკას მეგობრები?

0x01 graphic

ბუშერის ატომური რეაქტორი

16 უგულავას პორტრეტი ინტერიერში

▲back to top


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე და
ირაკლი ბლუიშვილი სპეციალურად ტაბულასათვის

„არჩევნები მეორედ მოსვლასავით არის, მუდმივად უნდა ელოდო“ - ამ ფრთიანი ფრაზის ავტორი მოლა ნასრედინი არ გეგონოთ, ის ქალაქის თავს - გიგი უგულავას ეკუთვნის. არჩევნები შედგა და ისიც მეორედ მოვიდა, ოღონდ ამჯერად პირდაპირ, საკრებულოს გავლის გარეშე.

„კონკასთან ჩავიარე და, ფიროსმანის მეეზოვის ქანდაკების ნაცვლად, უგულავა დამხვდა“ - იხუმრა დავით პაიჭაძემ. ჟურნალისტი თბილისის მერის კამპანიას ეხმაურებოდა. წინასაარჩევნოდ მან გამოაცხო პური, დაჩეხა შეშა, ჩაასხა ბენზინი, დაგავა ეზო... მისმა მონდომებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა ჩათვალა, რომ უგულავას ძალისხმევა ხელოვნური იყო. თუმცა მის წარსულს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ 35 წლის მერი დარაჯიც ყოფილა, სტიქაროსანიც, მენახშირეც, მასწავლებელიც, ჟურნალისტიც, სამოქალაქო აქტივისტიც... „18 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეგობრის მამამ, ზალიკო ქიქოძემ სოროსის ფონდის ღამის დარაჯობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, ხელფასი ასი დოლარი მქონდა, თანამშრომლების მორჩენილი საკვები ჩემს განკარგულებაში იყო. დარაჯობისას ვისწავლე კომპუტერთან მუშაობა, აბა მთელი ღამე რა უნდა მეკეთებინა, - იხსენებს უგულავა ტაბულასთან საუბარში, - ყველაზე მეტად ოფიციანტობა გამიჭირდა, მაშინ გერმანიაში ვსწავლობდი და თავი უნდა შემენახა. ძნელია თვითონ, რომ მშიერი ხარ, სხვისთვის საჭმლის მიტანა“.

გიგი უგულავა და გასტრონომია განსაკუთრებული თემაა. შთამბეჭდავი მადის გარდა, მას ყბადაღებული დიეტითაც იცნობენ.

0x01 graphic

თუ დღეს მისი მთავარი საზრუნავია დასაქმება, სახურავებისა და ლიფტების შეკეთება, გზების მშენებლობა და სხვა მიწიერი თემები, 17 წლის წინათ უგულავა უფრო მაღალ მატერიებზე ფიქრობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, პარალელურად, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიას სწავლობდა. როგორც თვითონ ამბობს, მიწაზე დაშვება გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ტელეკომპანია იბერიაში ჟურნალისტობა შესთავაზეს. ჟურნალისტობას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია - ალპე, სადაც ის სამართლებრივი განათლების პროგრამას ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ დაუახლოვდა ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მაშინდელ იუსტიციის მინისტრს - მიხეილ სააკაშვილს.

ფართო საზოგადოებას უგულავა თავისუფლების ინსტიტუტთან თანამშრომლობამ და „კმარამ“ გააცნო. მას ხშირად ნახავდით ახალგაზრდებთან ერთად პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაწოლილს. როგორც თვითონ ამბობს, „კმარა“ ერთმანეთისგან განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებს აერთიანებდა ერთი დევიზით: „ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება“.

რევოლუციის შემდეგ მან რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა, იყო უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრების მოადგილე, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელოსა და ზემო-სვანეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2006 წელს კი თბილისის საკრებულომ ქალაქის მერად აირჩია.

ცვლილებებს ვერც მისი პირადი ცხოვრება გადაურჩა. შარშან უგულავა მეუღლეს დაშორდა და, ლელა კილაძესთან ერთად, ახალი ოჯახი შექმნა. ტასო, კოკო, თინა, ლევანი და კიდევ ერთი, რომელიც ივლისში გაჩნდება - აი, მათი შვილების ჩამონათვალი. „მინდა ვიყო იმ ადამიანთან, ვინც მიყვარს და არავინ მოვატყუო, ვთვლი რომ ტყუილი დანაშაულია“, - ამბობს მერი.

2009 წლის გაზაფხულზე უგულავამ რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გვამცნო, რომ მხარს უჭერს მერის პირდაპირი წესით არჩევნების იდეას. მისმა ზოგიერთმა თანაპარტიელმა ინიციატივა საჯაროდ გააკრიტიკა. როგორც თავად აღნიშნა ტაბულასთან საუბარში, ეს არ ყოფილა სპონტანურად წამოსროლილი სიტყვები, „მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩემი გუნდის უმრავლესობამ საკითხი თბილისის მოსახლეობის ნების სასარგებლოდ გადაწყვიტა. მართალია, მერის არჩევნების არსებული მეთოდი მთლიანად შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც პირდაპირ წესს ანიჭებდა უპირატესობას“.

ეს სვლა მომგებიანი გამოდგა. უშედეგო აქციების გამო დემორალიზებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და მათ მხარდამჭერებს, არჩევნების სახით, ახალი საფიქრალი გაუჩნდათ და პოლიტიკური დისკურსიც მეტ-ნაკლებად ზომიერ რეჟიმში ჩადგა.

მერის არჩევნების წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უგულავამ, რომელიც შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ ითვლებოდა, პოლიტიკური თემები დაივიწყა და მთლიანად სამეურნეო და სოციალურ საკითხებზე გადაერთო.

0x01 graphic

ამ გარდაქმნას მისი მრჩევლები საზოგადოების განწყობას უკავშირებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფდა, რომ თბილისის მოსახლეობას აღიზიანებდა გიგი უგულავა, როგორც პოლიტიკოსი. თბილისელები ქალაქის ხელმძღვანელისგან თბილისზე და მის მცხოვრებლებზე ზრუნვას ითხოვდნენ. „ეს გასაგებიცაა - აღნიშნა უგულავამ - თუ მუშაობ დღე-ღამეში 12 საათს და ამ 12 საათიდან 8 საათი დაკავებული ხარ პოლიტიკით, არ გრჩება საკმარისი დრო იმისთვის, რის საკეთებლადაც აგირჩიეს. თუმცა იყო ობიექტური გარემოებანი, რამაც საზოგადოების ზედმეტი პოლიტიზაცია გამოიწვია და, შესაბამისად ჩემიც. ეს აღარ განმეორდება, მე შემდეგი ოთხი წელი დანაპირების ასრულებაზე - უმუშევრობის დაძლევაზე ვიმუშავებ“.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის გაზაფხულზე, ანუ ამ ინიციატივის გაცხადების დროს, უგულავას რეიტინგი, ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით გრინბერგ ქუინლან როზნერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 30%25-ს ძლივს აღწევდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაღალი იყო არჩევანში ჩამოუყალიბებელი მოქალაქეების რიცხვი. როგორც არჩევნებზე მიღებულმა 55%25-მა დაგვანახა, პოლიტიკისგან დისტანცირების ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა.

0x01 graphic

ოჯახთან ერთად

უგულავა კამპანიისას უკვე შესრულებულ სამუშაოზე და სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირებდა. ცდილობდა, ზედმეტი დაპირებებისგან თავი შეეკავებინა, რადგან მისივე მრჩევლების აზრით, ქართული ელექტორატი საკმარისად დაღვინდა საიმისოდ, რომ არარეალისტური დაპირებები ადეკვატურად შეაფასოს. მან წარმატებით მოახერხა თბილისელთა უმრავლესობის დარწმუნება, რომ საუკეთესოდ მოუვლის ქალაქს და მის მცხოვრებლებს.

მაგრამ აი, რას წერს 30 მაისის არჩევნების შესახებ ყოველკვირეული ბრიტანული გამოცემა ეკონომისტი: „ეს არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ თერმომეტრად, მიხეილ სააკაშვილის რეფერენდუმად და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად განიხილებოდა ...“ - თუ ეს მართლაც ასეა, ისმის კითხვა: ხომ არ სცილდება დედაქალაქის პირდაპირი წესით არჩეული მერის მანდატი სამეურნეო და სოციალურ საკითხებს და ხომ არ გაჩნდება უგულავას მიმართ უკმარისობის განცდა? გასაგებია, უგულავას მიდგომა პრაგმატულია და და ოპონენტებს მასზე თავდასხმის შესაძლებლობას უზღუდავს, მაგრამ არის კი ეს საკმარისი იმ პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, რომელსაც, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა?

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალაქის მერის ცალკეული ინიციატივები ძალიან კარგია, მაგრამ მას ჩამოყალიბებული, ერთიანი პოლიტიკური ხედვა არ გააჩნია, რაც შეუძლებელს ხდის მის დამოუკიდებელ პოლიტიკოსად აღქმას. თუმცა, როგორც თავად ამბობს, „საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ჩემი, როგორც საგარეო ისე შიდა პოლიტიკური ხედვა მთლიანად ემთხვევა ჩემი გუნდისას. ასე რომ არ იყოს, ერთად ვერ ვიქნებოდით. მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმეზე უნდა ისაუბროს. იმ გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე კომპეტენტურად ისაუბრებენ საგარეო პოლიტიკაზე, ჩემი საქმიდან მოცდენა არ არის ამისთვის აუცილებელი“.

„ის ჯერ კიდევ იზრდება, როგორც ლიდერი - განუცხადა ტაბულას მისი კამპანიის ერთ ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, - და ჯერ მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი იმ ქალაქთან, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, საცხოვრებელი პირობები - გასაუმჯობესებელი და პოლიტიკური ჰარმონია - დასამყარებელი. თუმცა, გიგისთან თანამშრომლობის გამოცდილება მყარ საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ის სწრაფად ვითარდება და კიდევ ბევრჯერ გააკვირვებს საზოგადოებას სასიამოვნოდ“.

ევროპელი დამკვირვებლების აზრით, 30 მაისის არჩევნები, ხარვეზების მიუხედავად, აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე, სამართლიანი იყო. კონსტრუქციულ კამპანიასთან ერთად, ამ არჩევნებს ისიც გამოარჩევდა, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად, ანგარიშგასაწევმა დამარცხებულმა კანდიდატებმა, გამარჯვებულს და მის ამომრჩეველს მიულოცეს.

0x01 graphic

17 სკოლა, რელიგია და თავისუფლება

▲back to top


სიმონ ჯანაშია|სვეტი

0x01 graphic

რა არის პრობლემა: რელიგიის აკრძალვა თუ რელიგიური სწავლება სკოლებში?

განათლების რეფორმის დაწყებიდან ზოგიერთი მისი ოპონენტი იმას ჩიოდა, რომ რელიგიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან იდევნებოდა. სინამდვილეში ვითარება სხვაგვარია და რელიგიასთან დაკავშირებით სკოლებში სხვა სახის პრობლემა უნდა ვეძებოთ. სავსებით პროგნოზირებადია, რომ რეალური პრობლემები, შესაძლოა, სკოლებში რელიგიური საკითხების არასწორი სწავლებით გამოვიწვიოთ.

კანონმდებლობა და ეროვნული სასწავლო გეგმა მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა ადგილი შეიძლება ჰქონდეს რელიგიას სკოლებში. კერძო სკოლა თავისუფალია ამ საკითხში და შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს, თუ რა დოზით, ფორმით ან მიმართულებით შესთავაზებს თავის მოსწავლეებს რელიგიურ აღზრდას. საჯარო სკოლები ვალდებული არიან, ისტორიის კურსის ფარგლებში მოსწავლეებს ასწავლონ სხვადასხვა რელიგიის შესახებ. ისტორიის სახელმძღვანელოები აღწერენ მსოფლიო რელიგიებსა და საქართველოში მათი გავრცელების ისტორიას. ამ წიგნებში კარგად ჩანს, თუ რამდენად მდიდარია საქართველო როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვეობაში რელიგიური მრავალფეროვნების კუთხით. თუ სკოლაში საკმარისი ინტერესია, მაშინ, სამეურვეო საბჭოებთან შეთანხმებით, ფაკულტატური სახით, რელიგიების ისტორიის საგანიც შეიძლება ისწავლებოდეს. ამ საგნის ფარგლებში სკოლები ისტორიის კურსში შესასწავლ საკითხებს უფრო ღრმად ეცნობიან. კანონმდებლობა უშვებს ასევე შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა რომელიმე კონკრეტული რელიგიის შესახებ ისწავლონ. ეს მოსწავლეების ინიციატივა დაშვებულია არასასკოლო დროს, გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას. ასეთ შემთხვევებში მოსწავლეებს აქვთ უფლება, სასულიერო პირი მიიწვიონ მათთვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ.

სკოლებში კანონით აკრძალულია რომელიმე რელიგიის მიზანმიმართულად გავრცელება. ასევე განისაზღვრება ის, რომ სკოლა დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისგან. ეს გულისხმობს რელიგიური რიტუალების სასკოლო დროს სკოლის მიერ ორგანიზებულად ჩატარებას. ასევე იკრძალება რელიგიური სიმბოლიკის არასაგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება. მაგალითად, როდესაც ისტორიის ან ლიტერატურის სწავლებისას მასწავლებელს სჭირდება რელიგიური ხასიათის ტექსტის ან რომელიმე ისტორიული ფიგურის (რომელიც ასევე რელიგიური კუთვნილებისაა) გამოსახულების მოსწავლეებისთვის ჩვენება, ეს კანონით დასაშვებია. მართალია, ამ შეზღუდვებს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ არსებობენ მათი მოწინააღმდეგეებიც.

შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ, რადგან მართლმადიდებლობა საქართველოში უმრავლესობის რელიგიაა და სკოლის მოსწავლეების უმეტესობა მართლმადიდებლობის მიმდევარი ოჯახებიდან არის, დასაშვები უნდა იყოს ამ კონფესიის შესაბამისი რელიგიური სწავლების სკოლებში დანერგვა. ამ აზრის მომხრეებს ხშირად მიაჩნიათ, რომ სხვა რელიგიების წარმომადგენლები სკოლებში უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ცხოვრობენ და უნდა შეისწავლონ მართლმადიდებლობა, როგორც საკუთარი ხალხის ტრადიცია და ზნეობრივი საფუძველი. ჩემი გამოცდილებით, ამ აზრის მომხრეები იშვიათად გაიაზრებენ რამდენიმე ფაქტს. საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, არ არის მართლმადიდებელი. არც ის აქვთ გაცნობიერებული, რომ არა მხოლოდ უმრავლესობის სკოლებში სწავლობს მრავალი არამართლმადიდებელი, არამედ ისიც, რომ მართლმადიდებლური რწმენის მატარებელი მოსწავლეების დიდი ნაწილი სწავლობს ისეთ სკოლებში, სადაც სხვა რელიგიის წარმომადგენლები შეადგენენ უმრავლესობას. საქართველოში ხუთასზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლება მიმდინარეობს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. რუსულ სკოლებშიც მოსწავლეების დიდი წილი არამართლმადიდებელია. წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება მართლმადიდებელი ოჯახებისთვის ვითარება, როდესაც მათი შვილები ასეთ სკოლებში ვალდებული იქნებიან იქაური უმრავლესობის რელიგია, მაგალითად, სომხური სამოციქულო ეკლესიის, ზოროასტრიზმი, ისლამი და სხვა შეისწავლონ. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის ქართულენოვან სკოლებში შვილების შეყვანისთვის ფსიქოლოგიური და რელიგიური ბარიერი, შესაძლოა, სწორედ მათთვის უცხო რელიგიის შესწავლის ვალდებულება იყოს. ეს კი თავისთავად ამცირებს შესაძლებლობას, რომ ეს მოსწავლეები ქართული ენისა და კულტურის კარგი მცოდნეები იყვნენ, და, მეორე მხრივ, საკუთარი კულტურის საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის წარდგენას შეძლებენ, რაც არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფის საერთო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

0x01 graphic

ილუსტრაცია:
თათია ნადარეიშვილი

ქართულენოვან სკოლებში ზოგიერთი მასწავლებელი თავის თავზე იღებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ოჯახის ფუნქციებს და ცდილობს, კონკრეტული რელიგია თავის მოსწავლეებში გაავრცელოს. ამას ის სხვადასხვა გზით ცდილობს. ზოგიერთი ლოცვით იწყებს გაკვეთილს, ზოგს, კანონის საწინააღმდეგოდ, სალოცავი კუთხე აქვს მოწყობილი, ზოგს ორგანიზებულად დაჰყავს მოსწავლეები რელიგიურ დღესასწაულებზე და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს კანონის დარღვევაა, დიდია საფრთხე, რომ მასწავლებელი საკუთარ რელიგიურ არჩევანს თავს მოახვევს სხვის შვილებს. მასწავლებელმა ხომ თვითონ აირჩია რელიგია, არავის დაუძალებია, რომ ამ რელიგიის მიმდევარი ყოფილიყო. მისთვის რომ თავს მოეხვიათ, შესაძლოა, ის არც გამხდარიყო ამ რელიგიის მიმდევარი და პროტესტის გრძნობა გასჩენოდა. თავისთავად, რელიგიის გავრცელებისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია, როდესაც მას ვიყენებთ მოსწავლეებში მათი ქცევის რეგულირებისთვის. არსებობს შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეს რელიგიური არგუმენტებით აუხსნას, თუ რატომ არის ზოგიერთი საქციელი გამართლებული, ხოლო ზოგიერთი - არა. თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი რელიგია მრავალ საყურადღებო ზნეობრივ გაკვეთილს შეიცავს მოზარდისთვის. პრობლემა აქ სხვა რამეა. ხშირად მასწავლებლებისთვის რელიგიური იდეოლოგია ის ერთადერთი სფეროა, რომელშიც მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნების უფლება არ აქვთ. ეს კი ძალიან სახიფათოა ჩვენი მომავალი მოქალაქეებისთვის. როდესაც მოსწავლეებს ვუსპობთ კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების საშუალებას, ეს, ერთი მხრივ, იწვევს მათში გაღიზიანებასა და აგრესიას, ხოლო, მეორე მხრივ, აღზრდის კრიტიკულად განსჯის, გააზრებული არჩევანის გაკეთების უნარის არმქონე ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებისეულ კითხვებზე მუდამ სხვებისგან ელიან პასუხს. ასეთები კი, როგორც ცნობილია, ადვილად ხდებიან მასმედიის, პოლიტიკური ან სხვა „ავტორიტეტული“ წყაროების მიერ გავრცელებული იდეოლოგიების მსხვერპლი. ადვილია მათი კონტროლი, რადგან რაციონალური გააზრებისა და ანალიზის საფუძველზე დამოუკიდებლად დასკვნების გაკეთება მათთვის უცხოა. ამგვარად მოაზროვნე მოქალაქეები კი ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.

18 კატასტროფის წინაშე

▲back to top


საზოგადოება

ყველა ფოტო: REUTERS ©

მექსიკის ყურეში ეკოლოგიურ კატასტროფასთან ბრძოლას შედეგი ჯერაც არ მოაქვს

შვიდი კვირაა მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობი ამერიკული და ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია. გამოხმაურების მასშტაბით ეს კატასტროფა ისლანდიაში ვულკან ეიაფიალაიოკულის ამოფრქვევას უტოლდება. მაგრამ თუ ვულკანიდან ცეცხლოვანი სუბსტანციები აღარ ამოდის, ნავთობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იღვრება. საბადოს მფლობელი კომპანიის, ბი-პის შეფასებით კი, ოკეანის ფსკერზე შავი ოქროს დენა შეიძლება თვეები გაგრძელდეს.

გაჟონვა 20 აპრილს ზღვის ფსკერზე მდებარე ჭაბურღილიდან ნავთობის უკონტროლო ამოხეთქვით დაიწყო, რასაც ლუიზიანის სანაპიროდან 64 კილომეტრში მდებარე ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე დიდი აფეთქება მოჰყვა. პლატფორმა მთლიანად განადგურდა. აფეთქებას ჭაბურღილზე მომუშავე ადამიანები შეეწირნენ. ოკეანეში ტონობით ჩაღვრილმა ნავთობმა კი კაცობრიობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენა.

მკვლევარებს ჯერ კიდევ უჭირთ კატასტროფის შედეგების სრულად შეფასება. ვარაუდობენ, რომ ახალი ფაქტები წლების მანძილზე ეტაპობრივად გამოვლინდება. თავდაპირველი ეკონომიკური გათვლებით, მხოლოდ ამერიკული მეთევზეობის ზარალი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამავე მასშტაბის დანაკარგები ემუქრება ფლორიდის შტატის ტურისტულ სექტორსაც. ლუიზიანა, ალაბამა და მისისიპი ოფიციალურად გამოცხადდა „სათევზაო კატასტროფის“ ზონებად. თუ მაისის დასაწყისში აშშ-ს მთავრობას ზღვის პროდუქტების მოპოვება 20, 000 კვადრატულ კილომეტრზე ჰქონდა აკრძალული, თვის ბოლოს ამ ფართობმა 140,000 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს ფართობს (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით).

ეკონომიკური დანაკარგების გარდა, ნავთობის უსასრულო გაჟონვამ კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. სანაპირო ზოლში უკვე აღმოაჩინეს დაბინძურების შედეგად დაღუპული ასეულობით ფრინველი, კუ და დელფინი. საფრთხის ქვეშაა კატასტროფის ზონაში მობინადრე ცხოველების 400-მდე სახეობა, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი ამერიკული ზღვის კუებიც. დღემდე შეუფასებელი რჩება ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები ოკეანის ფსკერსა და ღრმა წყლებში. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოკეანურმა დინებებმა შესაძლებელია ნავთობი გაჟონვის ადგილიდან უფრო შორს გაავრცელოს, დაბინძურება აშშ-ს აღმოსავლური შტატების არაერთ სანაპიროს დაემუქრება

დაღვრილი ნავთობის ცხრილი ვიკიპედიის მიხედვით

ადგილი

თარიღი

დაღვრილი ნავთობი
(ათასი ტონა)

ერაყი და ქუვეითი,
სპარსეთის ყურე

23 იანვარი

1991 1,360-1,500

აშშ, კალიფორნია,
კერნის ოლქი

14 მარტი

1909 1,230

მექსიკა, მექსიკის ყურე

3 ივნისი 1979 -23
მარტი 1980

454-480

ტრინიდადი და
ტობაგო

19 ივლისი 1979

287

უზბეკეთი, ფერგანის
ველი

2 მარტი 1992

285

ირანი, სპარსეთის
ყურე

4 თებერვალი 1983

260

ანგოლა

28 მაისი 1991

260

სამხრეთ აფრიკა,
სალდანას ყურე

6 აგვისტო 1983

252

საფრანგეთი, ბრეტონი

16 მარტი 1978

223

იტალია, ხმელთაშუა
ზღვა გენოასთან

11 აპრილი 1991

144

მიუხედავად იმისა, რომ ბი-პი მექსიკის ყურის კატასტროფით დაზარალებულ ყველა ადამიანსა თუ ორგანიზაციას ზარალის სრულ ანაზღაურებას ჰპირდება, საეჭვოა, ამ „ქველმოქმედებამ“ რეპუტაციის შელახვისგან იხსნას კომპანია. 23,000 მომჩივანი პირიდან ბი-პიმ 9,000-ის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა და, ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ათეულობით მილიონი დოლარი გადასცა დაზარალებულ შტატებს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მარტო ლუიზიანაში მოსახლეობის მეხუთედი უმუშევრობის საფრთხის წინაშე დგას, რადგან მათ უმეტესობა სანავთობო სექტორში მუშაობდა. მართალია, ბი-პიმ მაისის ბოლოსთვის 800 მილიონი იზარალა, მაგრამ, ბანკ იუ-ბი-ესის შეფასებით, ბიპიმ შეიძლება 12 მილიარდამდე აშშ დოლარი დაკარგოს, რის შედეგადაც ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. საინტერესოა ისიც, რომ ბანკი პოტენციურ შემძენ კომპანიებად უკვე ასახელებს ექსონმობილს და შელს.

0x01 graphic

თანამგზავრიდან გადაღებული ნავთობის ლაქა მექსიკის ყურეში

მიუხედავად იმისა, რომ გაჟონვის შესაჩერებლად ბი-პიმ ამოხეთქვის დღიდან დაიწყო სხვადასხვა ზომის მიღება, ჯერჯერობით ვერც ერთი მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა. მექანიზმმა, რომელსაც გაუთვალისწინებელი ამოხეთქვის შემთხვევაში ნაკადი ავტომატურად უნდა დაებლოკა, კომპანიას თავიდანვე უმტყუნა. ამის შემდეგ ბი-პიმ დაიწყო ფსკერზე დისტანციურად მართვადი მოწყობილობების გაგზავნა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა. 27 მაისს მთავრობის სახელით მოქმედი სანაპირო დაცვის ადმინისტრატორი ამტკიცებდა, რომ ბი-პიმ ჭაბურღილში გრუნტის ჩატენვით გაჟონვა შეაჩერა. ორი დღის შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედეგი ვერც ამ მეთოდმა გამოიღო. ამჟამად ბი-პი პრობლემის მოგვარებას უფრო რთული, გრძელვადიანი ხერხებით ცდილობს. კომპანიის გათვლებით, მიმდინარე სამუშაოები აგვისტომდე გაგრძელდება.

დღეს არსებული გათვლებით, კატასტროფა უკვე მესამე ადგილზეა ყველა დროის უდიდეს გაჟონვებს შორის. მაისის ბოლოს ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ენერგეტიკულ საკითხებში მექსიკის ყურის შემთხვევას აშშ-ს ისტორიაში უდიდესი და უმძიმესი უწოდეს. მინიმალური გათვლებითაც კი, 70,000 მილიონი ტონა ნავთობი უკვე დაიღვარა. ამ მაჩვენებელს სარეკორდო სიაში მოხვედრამდე სულ ცოტა უკლია

0x01 graphic

ნავთობის ნარჩენების შეგროვება

მსოფლიოში ყოველწლიურად გაჟონვის ასეულობით ფაქტი ფიქსირდება. მაგალითად, ერთ-ერთ უდიდეს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანაში, ნიგერიაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და შეიარაღებული ჯგუფების მიერ მიწისზედა მილების დაზიანება ჩვეულებრივი ამბავია. მილებს ხვრეტენ როგორც ნავთობის მოპარვის, ისე საერთაშორისო კომპანიებისგან ზარალის კომპენსაციის მიღების იმედით. გაჟონვის შემთხვევების უმრავლესობა ბევრად ნაკლებად მასშტაბური და ადვილად აღსაკვეთია. თუმცა, ინციდენტების სიხშირიდან გამომდინარე, ღარიბ ქვეყნებში დაბინძურების ჯამური მასშტაბები მაინც უტოლდება მსხვილი კატასტროფებისას.

19 ჩამჭრელი კითხვები

▲back to top


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

ეს წერილი არ არის არც სათეატრო და არც ტელეკრიტიკა. თეატრი აქ საერთოდ სიმბოლურად მონაწილეობს, ხოლო რაც შეეხება ტელევიზიას, გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, თუმცა კი მინდოდა... ახლა კი ერთგვარად ვინაზღაურებ ამ დანაკლისს.

რა თქმა უნდა, კამათი ხელს უწყობს აზრის გამოთქმას. მონოლოგი ყოველთვის უფრო ძნელია. და რადგან მე ვერც პირველ არხზე გასული გადაცემის ნახვა მოვახერხე, ამიტომ მხოლოდ ძირითად თემას შევეხები და გვერდს ავუვლი იმას, რაც ითქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას თოქშოუში „აუდიტორია“.

მაშ ასე, ჩატარდა წინასწარი გამოკითხვა, რომლის დროსაც 110 სტუდენტს დაუსვეს 6 შეკითხვა.

იცის

არ იცის

პასუხს თავს
არიდებს

ვინ არის ავტორი ლექსისა
„ჩემო კარგო ქვეყანავ“?

73%25

9%25

18%25

ვისი სიტყვებით იწყება
საქართველოს ჰიმნი?

46%25

27%25

27%25

ვინ არის რეჟისორი
სპექტაკლისა „კავკასიური
ცარცის წრე“?

55%25

10%25

35%25

ვინ არის რეჟისორი ფილმისა
„მონანიება“?

45%25

10%25

45%25

გახსოვთ თუ არა კახი კავსაძის
მიერ შესრულებული როლები?

30%25

23%25

47%25

გახსოვთ თუ არა სოფიკო
ჭიაურელის მიერ
შესრულებული როლები?

35%25

18%25

47%25

მე სწორედ ამგვარ გამოკითხვაზე მსურს გამოვთქვა აზრი. ბოლო ორი კითხვა საერთოდ გადასაგდებია. დავანებოთ თავი იმაზე მსჯელობას, რამ განაპირობა მაინცდამაინც ამ ორი მსახიობის არჩევა. რატომ არა რამაზ ჩხიკვაძე და სესილია თაყაიშვილი? ან ეროსი მანჯგალაძე და ვერიკო ანჯაფარიძე? - დავასკვნათ, რომ შემთხვევითმა არჩევამ გადაწყვიტა ყველაფერი და ამ წყვილს ამოუვიდა „ბედნიერი ბილეთი“. ეს კითხვები სულ სხვა მიზეზითაა გადასაგდები: რას ნიშნავს „მახსოვს“ ან „არ მახსოვს“? რა ღირებულება აქვს აქ დადებით ან უარყოფით პასუხს? მაგრამ ეს კითხვარის შემდგენელთა პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ჩვენი კი იმდენად პროფესიონალიზმი არ გვაინტერესებს, რამდენადაც იდეა...

მივყვეთ ქვემოდან ზემოთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იდეის ავტორები ლენინის ცნობილი განცხადებით ხელმძღვანელობდნენ: „ხელოვნების ყველა დარგიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კინო!“ ოდნავი მოდიფიცირება ამ ძვირფასმა აზრმა განიცადა რუსულ საბჭოთა ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, რომლის დიალოგებში კინოსა და თეატრს ერთმანეთს უტოლებენ. ასე რომ, არც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩამორჩა დროს და ამოირჩია „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების“ ორი „საკულტო“ ნიმუში. თუმცა, აქაც შეიძლება ავუხირდეთ: რა დააშავეს „ურიელ აკოსტამ“ და „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“? ან „დონ ჟუანმა“ და „დიდმა მწვანე ველმა“?

პირველი ორი შეკითხვა კი პატრიოტიზმის პედალს აჭერს. თუმცა კინოს გარეშე ვერც აქ გადავრჩით: დარწმუნებული ვარ, იმდენად ილია ჭავჭავაძის პოეზია არ უნდა გამხდარიყო ამ შეკითხვის მიზეზი, რამდენად 1990-იანი წლების ჰიტი - კინოფილმ „გლახის ნაამბობის“ საუნდტრეკი და ეროვნული მოძრაობის ლაიტმოტივი. საქართველოს ჰიმნი კი გამოკითხვის სრულიად გასაგები წევრია, თუმცა, აქვე უნდა გამოვთქვა მოკრძალებული იმედი, რომ ვინც დაწერა, ვიციო, დათო მაღრაძეს არ გულისხმობდა...

ახლა კი დავსვათ მთავარი შეკითხვა: რას გვიჩვენებს ეს გამოკითხვა?

გვიჩვენებს თუ არა ის „ქართული იდენტობის“ სიძლიერეს? - არა, რადგან ჩემი ეროვნული იდენტობა არანაირად არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად პასუხობს ჩემი გემოვნება რომელიმე სოციალური ჯგუფის მოთხოვნებს. მით უმეტეს, თუ გემოვნების მეტრად სოციალური ჯგუფი კი არა, რაღაც „ტუსოვკა“ ან „სასტავია“ მოყვანილი. დროა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ ჩვენს ქართველობას არ განსაზღვრავს გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ კინომერცხალი და არც თეატრის განვითარების გზაზე ორმოცწლიან დაბრკოლებად დამდგარი ერთი წარმატებული სპექტაკლი. ჩვენი საზოგადოებაც სულ უფრო ჭრელი გახდება და საზოგადოების სახელსაც სწორედ მაშინ დაიმსახურებს, როცა ყველას მოსაწონი მოვლენებისთვის მასში ადგილი არ დარჩება.

გვიჩვენებს თუ არა გამოკითხვა სტუდენტთა განათლების დონეს? - არა, რადგან ამ კითხვებით ვერც პროფესიონალიზმს დაადგენ და ვერც ზოგადი უნარების დონეს. მახსოვს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ჩამოსულმა იტალიელებმა გაპარტახებულ საამქროში ილიას უშველებელი სურათის დანახვაზე იკითხეს: „ეს ინვესტორია?“ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და რაც ფილოლოგისთვის მართლაც არასასურველია, მათემატიკოსისთვის საერთოდ არ წარმოადგენს კრიტერიუმს.

0x01 graphic

შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ სტუდენტების პატრიოტიზმზე? - არა, რადგან, სხვას რომ თავი დავანებოთ, ამაზე მსჯელობა უხერხულიც კია. იმიტომ კი არა, რომ პატრიოტიზმი სამარცხვინო რამაა, არამედ იმიტომ, რომ მისი დაყვანა არ შეიძლება რაოდენობრივ მაჩვენებლამდე. ბევრს გემახსოვრებათ მეომარი, რომელმაც რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო ომის დროს. გამოგიტყდებით, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იცნობს ის აკაკი წერეთლის შემოქმედებას და არჩევს თუ არა რობერტ სტურუას კახი კავსაძისგან. უამისოდაც პატივისცემისა და დაფასების ღირსია.

მაშ, რაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ გამოკითხვით? იმაზე, რომ ასეთი გამოკითხვის არსებობა შეუთავსებელია დამოუკიდებლობასთან: ის გულისხმობს ვიღაც ერთის არსებობას, ვინც შენი ერისა და შენი ქვეყნის გარეთ დგას და ვის წინაშეც აუცილებლად უნდა ჩააბარო გამოცდა ქართველობაში. მაგრამ ასეთი ვინმე კარგა ხანია აღარ არსებობს და სიმართლისკენ ყოველი ჩვენგანი საკუთარი გზით მიდის.

20 ქართული „ჯანი“

▲back to top


უილიამ დანბარი|სვეტი

0x01 graphic

საქართველო არის ქვეყანა წამლის სერიოზული პრობლემით. არ ვსაუბრობ ჰეროინზე, სუბოტექსზე ან სხვა არალეგალურ საშუალებაზე. ვგულისხმობ წამალს. თითოეული ქართველის სახლში იმდენი აბია, რომ პატარა ფარმაცევტულ ლაბორატორიას გახსნიდა კაცი. ყველა ქუჩაზე, სულ ცოტა, სამი აფთიაქი იწონებს თავს.

თუმცა, ქართველები არ არიან „იპოქონდრიკები“, რომლებიც თავს შთააგონებენ, თითქოს ავად იყვნენ. საქმე სხვაგვარადაა: ისინი მუდამ ავადმყოფობის შიშის ქვეშ ცხოვრობენ და წამლები სახლში არის ერთგვარი თილისმა, რომელიც ავ სულებს აფრთხობს. საქართველო არის ადგილი, სადაც სველი თმით სიარულს ჩუტყვავილასავით გაურბიან და უმნიშვნელო გაციება საავადმყოფოში გასეირნების გარანტიაა, თანაც, სასწრაფოთი.

თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც დანარჩენი სამყარო მიხვდა, რომ ღორის გრიპის ეპიდემია საინფორმაციო გამოშვებების გაბუქული ამბავი უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი საფრთხე. თბილისის ქუჩებში კი დღესაც გადააწყდებით (ალბათ, ბაქტერიებით სავსე) ქირურგიული ნიღბებით მოსიარულე ადამიანებს. რა თქმა უნდა, თავის დაზღვევაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის შიში უბიძგებთ, მექსიკელი ბანდიტებივით აღკაზმულებმა იარონ, სულაც არ დაგიდევენ გზებზე ელვისებური სიჩქარით მანქანის ქროლვას ღვედის გარეშე, მოწევის ლამის სპორტის ოლიმპიურ სახეობად ქცევას, გიჟური მოძრაობის დროს ქუჩის გადაკვეთას... აბა, თავს ხომ არ შეიწუხებენ მიწისქვეშა გადასასვლელამდე ზედმეტი ოცი მეტრის გავლით.

ფაქტია, ერი, რომელსაც თან სდევს დაავადების შიში, სრულიად უგულებელყოფს პირად უსაფრთხოებას. შეხედეთ რუსთაველს: ქალაქის მერიამ წამოჭიმა მასიური რკინის მესერი, უზარმაზარი კლუმბი ყვავილებისთვის, მაგრამ მაინც - ადამიანები უბრალოდ აცოცდებიან ამ დაბრკოლებებს და ასე, პირდაპირ გადაჭრიან ხოლმე სწრაფი, ქაოსური მოძრაობის ოთხზოლიან მონაკვეთს. მავთულხლართები, ტყვიამფრქვევები და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები რომ დაამონტაჟონ, დარწმუნებული ვარ, თბილისელები ოთხიდან ერთი მიწისქვეშა გადასასვლელით (დავითვალე!) სარგებლობას მაინც სიცოცხლის სასწორზე შეგდებას ამჯობინებენ.

მერიაზე გამახსენდა. ახლა ჩემს სახურავს აკეთებენ. ზუსტად ამ წუთას ათამდე ადამიანი ბალანსირებს საუკუნოვან დირეზე მეოთხე სართულის სიმაღლეზე. არც ერთი მათგანი არ არის აღჭურვილი სათანადოდ, არანაირი საშუალება არ აქვთ, რაც ჩამოვარდნას წინ აღუდგებოდა. ყოველ ცისმარე დღეს, წვიმაა თუ დარია, ისინი სიცოცხლეს რისკავენ - მაგრამ ნაძლევს დავდებ, არც ერთი მათგანი არ გამოვიდოდა გარეთ სველი თმით.

21 პლეშკა - ჰომოსექსუალთა კატაკომბა

▲back to top


საზოგადოება

მოსკოვის „კიტაი გოროდის“ მეტრო ორ ადგილას ამოდის. შუაში ბულვარია. ერთ ამოსასვლელთან პლევნასთან დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად მემორიალი დგას. აქ ადამიანები ჰომოსექსუალი პარტნიორების საპოვნელად დადიოდნენ. სიტყვა „პლეშკაც“ აქედან მოდის - ის გეი შეხვედრების, ანდა გეი პროსტიტუციის ადგილის სინონიმად იქცა.

„პლეშკა“ საზოგადოებამ შექმნა.

„გგონია, აქ დგომა მსიამოვნებს? პირუტყვი უნდა იყო, შარდის სუნით აყროლებულ პადზემკაში ბირჟაობა მოგწონდეს. უბრალოდ, სექსისთვის პარტნიორის პოვნა ძნელია. არ არსებობს კომუნიკაციის სხვა, უფრო საიმედო საშუალება,“ მეუბნება 21 წლის კობა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პლეშკას ხშირად სტუმრობს. ეს სტუმრობა არჩევანის არარსებობის ბრალია. უფრო სწორად, იმის, რომ პარტნიორს სხვანაირად ვერ იპოვის. ლგბტ (ლესბი-გეი-ბისექსუალი-ტრანსგენდერი) ორგანიზაციებთან ურთიერთობის ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ მისი პირადი ცხოვრება იქ დაუცველი იქნება, არ ენდობა. ისიც აღელვებს, რომ „ელიტური“ ჰომოსექსუალები მეგობრად არ მიიღებენ. ამიტომ ძალიან მარტივ არჩევანს აკეთებს - პლეშკაზე მისეირნობს სექსუალური პარტნიორის პოვნის იმედით. ასე ხომ „გაბაზრებისგან“ უფრო დაზღვეული ხარ და სოციალური სტატუსის გადარჩენაც შესაძლებელია. აქ ბევრი „მისნაირია“.

მსგავს „კატაკომბებს“ ხშირად სტუმრობენ ქცევით ჰომოსექსუალი, მაგრამ ორიენტაციით ჰეტეროსექსუალი, დაოჯახებული ან ფარული გეებიც, რომლებსაც მრავალფეროვნების ან სხვა მიზეზის გამო მამაკაცთან სექსუალური კავშირი სურთ. აქ უმრავლესობა ფულს არ იღებს, უბრალოდ, პარტნიორის პოვნა უნდათ.

ფულის სანაცვლოდ სექსს, ძირითადად, პროვინციიდან ჩამოსული ჰეტერომამაკაცები სთავაზობენ მომსვლელებს. თავის დამკვიდრება სახლიდან შორს ძალიან ძნელია, უძველესი პროფესია კი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა, საშიში. არის შემთხვევები, როდესაც პარტნიორის ძებნაში დაუცველები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ასეთ დროს ხმას არავინ იმაღლებს. ზედმეტი პრობლემა არავის უნდა, თან - „მინდა ახლა ვინმემ გაიგოს?!“

აუცილებელი არ არის, პლეშკა მიწისქვეშა იყოს. მეტიც, მათი უმრავლესობა ქალაქის შუაგულში, ყველასთვის ცნობილ სკვერებსა და ქუჩებს ემთხვევა. „ჩვენი შემჩნევა ძნელია იმიტომ, რომ ქართველები თბილი ხალხი ვართ, გვიყვარს ძმაკაცებისთვის ხელის გადახვევა, მათთან ახლოს სიარული. ასე რომ, თითქმის შეუძლებელია, ვინმემ ამოიცნოს, გეი წყვილი ხართ თუ უბრალოდ, მეგობრები,“ - აგრძელებს მოყოლას კობა, რომელიც ორი წლის წინ ჰეტეროსექსუალმა მამაკაცებმა კარგად „გაალამაზეს“. არც მას ამოუღია ხმა. სამართალდამცავებს არ მიმართა - „სახლში დედა მელოდება და...“

„ადგილი ნამდვილად სარისკოა. ყოფილა გაუპატიურების შემთხვევები, მაგრამ არავინ დასჯილა. არც არავინ დაისჯება, სანამ ყველა ჩუმად იქნება. ხალხმა უნდა აღიაროს, რომ, მოსწონთ თუ არა, კარგია თუ არა, ჩვენ ვარსებობთ და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია,“ - 30 წლის მამაკაცი სხვებზე ჩამოყალიბებული აღმოჩნდა. ის აქ მას შემდეგ მოდის, რაც ცოლთან ურთიერთობა მობეზრდა. დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პირველად შეეშინდა „გაბაზრების“. ჯვარიც დაიწერა, ხელიც მოაწერა, მაგრამ მამაკაცთან სექსის სურვილს ვერსად დაემალა - „ასე ადვილად არაფერი იცვლება. ამიტომ ვყალიბდებით ფარისევლებად. მერე მივდივართ მიწისქვეშეთში“. სხვებთან შედარებით უფრო გაბედულია, მაგრამ სახელს მაინც არ მეუბნება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს...

0x01 graphic

22 ამბები

▲back to top


საზოგადოება

ყავა არ აფხიზლებს

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყავის ხშირად სმა შრომისუნარიანობას არ ზრდის. ყავის დალევის შემდეგ რეგულარულ მომხმარებლებში დროებით გამოფხიზლებას იწვევს ის, რომ ორგანიზმში წინა დღიდან დაგროვილი კოფეინის უკმარისობა კომპენსირდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, სასმელი ზედმეტი მოთენთილობის მკურნალიცაა და მიზეზიც. ამის გამო ექიმები გვირჩევენ, მას ან ბოლომდე გადავეჩვიოთ, ან ყოველდღე ვსვათ. თუ, მაგალითად, ყავას მხოლოდ სამუშაო დღეებში დალევთ, შაბათ-კვირას სისუსტეს იგრძნობთ.

ამერიკულ ჟურნალ ნეიროფსიქოფარმაკოლოგიაში გამოქვეყნებული სტატია ეყრდნობოდა 400-მდე ადამიანზე ჩატარებულ კვლევას, რომელთა შორის იყვნენ ყავის ხშირი, ზომიერი და იშვიათი მომხმარებლები.

0x01 graphic

სერიული მოძალადე პირადი ინფორმაციის გავრცელებას აპროტესტებს

0x01 graphic

ირლანდიელი მაიკლ მიურეი, რომელსაც ოთხი ქალის გაუპატიურებისთვის აქვს სასჯელი მოხდილი, ხუთ ადგილობრივ გაზეთს უჩივის. მიურეის მტკიცებით, იმის გამო, რომ პრესამ მისი ფოტოგამოსახულებები და მისამართი გაავრცელა, იძულებულია, ადგილსამყოფელი მუდმივად იცვალოს და სამსახურსაც ვეღარ შოულობს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სექსუალური მოძალადე მონსტრი საავადმყოფოშია დასაქმებული“, ირლანდიელს ჰოსპიტლის მებაღეობაზე მოუხდა უარის თქმა. სხვა სათაურები ასეთი იყო: „სექს-ურჩხული ახლა სკოლის მახლობლად ცხოვრობს“, „სერიული მოძალადე ურჩხული ქუჩაში თავისუფლად დადის“, „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად ცხოვრობს ის“. ამჟამად მიურეი ცდილობს, სასამართლოს გზით უზრუნველყოს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. მოძალადის მტკიცებით, პოლიცია გაზეთებს მიზანმიმართულად უმხელს მის მისამართს.

მიურეიმ ციხეში 18-წლიანი ვადის 13 წელი გაატარა. ირლანდიაში სასჯელის მოხდამდე ის დაპატიმრებული იყო ინგლისშიც. სასამართლოსთვის სასწორზე დევს ორი ფასეულობა: ადამიანის პრივატული სივრცის დაცულობა და საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვან საკითხებზე

სანამ მეკობრეებს ეძინათ, ეკიპაჟმა გემზე კონტროლი აღადგინა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

სამი თვის წინ გატაცებული ლიბიური სატვირთო გემის ეკიპაჟმა ოთხშაბათს მძინარე სომალელი მეკობრეების განიარაღება მოახერხა. ლიბიელებმა ხუთი გამტაცებელი მოკლეს, ერთ-ერთმა გამტაცებელმა კი, სანამ ეკიპაჟს ტყვედ ჩაუვარდებოდა, ოთახში ჩაკეტვა და ამბის სხვა სომალელებისთვის შეტყობინება მოასწრო. შორიახლოს მოცურავე მეკობრეები გაეშურნენ კიდეც თანამოქალაქეების საშველად, მაგრამ ისინი შეაშინა ევროკავშირის მეკობრეობასთან მებრძოლი ძალების დანაყოფმა, რომელიც, თავის მხრივ, ლიბიელთა დასახმარებლად მოემართებოდა. ლიბიური გემი სომალელებმა ადენის ყურეში, აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის გაიტაცეს. უკვე წელიწადზე მეტია, სომალელი მეკობრეები მეზღვაურებს ატერორებენ და მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების ხომალდებიც აქვთ გაძარცული.

23 ვაზელინი

▲back to top


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

ტრაკი - საჯდომი
სულხან საბა ორბელიანისსიტყვის კონა

არ ვიცი, შემმეტენება ქართველის არჩევანია, ცხოვრების სტილი, ვირუსი თუ ბედისწერა. არც ის ვიცი, რა არის ეს, თვისება თუ უნარი.მხოლოდ ვხედავ, რომ ამის გარეშე თითქმის წარმოუდგენელლია დღეს ქართველმა რამე მიაღწიოს... ყოველ შემთხვევაში, ბევრი ასე ფიქრობს.

ჩვენს გარშემო მრავლად ტრიალებენ ქართველები, რომლებიც სრულიად მოურიდებლად ეტენებიან სხვა ქართველებს, ქართველთა მეგობრებს, ქართველთა მტრებსაც კი. ეტენებიან ღიად, დღისით-მზისით, ვაზელინით და უვაზელინოდ. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეკლესიაში და სცენაზე. პარლამენტში და ტელეეკრანზე... თეთრ სახლში და კრემლში.

განსაკუთრებით ამ უკანასკნელში. არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს გადარჩენის რეცეპტი კრემლში ინახება. არ არსებობს ასეთი რეცეპტი. ყოველ შემთხვევაში, კრემლში ის ნამდვილად არ ინახება. აღარ არის ქვეყანა, სადაც ჩეხური ბროლის ჭაღი და ფინური უნიტაზი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, რიაზანოვის ფილმს ყოველ ახალ წელს უყურებდნენ. წათელ მოედანზე ლენინის მუმიის სანახავად კილომეტრიანი რიგი იდგა, კანონიერი ქურდი კი უფრო დიდი ნდობით სარგებლობდა მოსახლეობაში, ვიდრე მილიციონერი.

დღეს ქართულ ტელეეკრანზე ისეთები ხდება, ერთი შეხედვით ვერ გაიგებ, ვისი თავი ვის ტრაკშია. თუმცა, კარგად თუ დააკვირდები, მკაცრ იაერარქიას დაინახავ. ყოველი მომდევნო მის წინამორბედს უყოფს თავს. ყველა ვიღაცას ეტენება: ხელისუფლებაში, ეკლესიაში, ესტრადაზე, სპორტში...

არიან ქართველები, რომლებიც წითელ მოედანზე დღესაც ტირიან. ძნელი სათქმელია, რას მისტირიან, ფინურ უნიტაზს, კანონიერ ქურდებს თუ ვოლგებს, რომლებიც მათ ემსახურებოდათ. ალბათ, მთავარი დაავიწყდათ - მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. მაგრამ ზოგს, უბრალოდ, არ შეუძლია, სხვა არ შეეტენოს. თვითონ უტრაკოები არიან და იმიტომ.

ალბათ, დიდი ცდუნებაა, სენზე წარმატებულ ბიძიებს და დეიდებს შეეტენო. ცხადია, ყველა თემისტოკლე ვერ იქნება. გახსოვთ ალბათ, ზღვის სანაპიროზე გამორიყულ გვამთა დათვალიერებისას, როცა თემისტოკლემ ოქროს სამაჯურები და ყელსაბამები დაინახა, თვითონ გილგრილად აუარა გვერდი, მხლებელ მეგობარს კი მატზე მიუთითა და უთხრა: „აიღე შენთვის, შენც ხომ თემისტოკლე არა ხარ“. ხანდახან მგონი არც ჩვენ გვაწყენდა თავის შეკავება. სხვა თუ არაფერი, განავლის სუნი არ აგვივიდოდა. სეიძლება, ამიტომაც ერიდებიან სხვები ჩვენთან ურტიერთობას? შეიძლება, ჩვენ შევეცვიეთ და ვეღარ ვგრძნობთ, არადა, აუტანლად ვუყვარვართ? ისე, კი, ყველას თავის გზაზე... უფრო სწორად, ყველას სხვის ტრაკში გაუმარჯოს, მით უფრო, რომ არის შემეტენეობაში რაღაც ბიბლიური. რამეტუ ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. ზოგიერთს კი სხვისი ტრაკი შეიძლება თავის მისადრეკ სწორ ადგილად მიაჩნიათ.

რაც შემეხება მე, დღემდე ვარავის შევეტენე და ალბათ ვეღარც შევეტენები. თანაც ყველა ტრაკი უკვე დაკავებულია. და თუ მთლად შეუტენლობაც არ იქნება, საკუთარ თავს მაინც შევუძვრები, აი ასე.

0x01 graphic

24 დაბადების დღე

▲back to top


ტაბულა რაზა

თინათინ ხოსიტაშვილი

მეხსიერებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ დღემდე მახსოვს ბავშვობის ყველა დაბადების დღე. მახსოვს თითოეული დაბადების დღის მოლოდინი, მზადება, სტუმრები, მილოცვები, რაღა თქმა უნდა, საჩუქრები და შეგრძნება, რომ ეს დღე განსაკუთრებული და მხოლოდ ჩემი იყო. მახსოვს სხვა ბავშვების დაბადების დღეებიც, წიგნებზე, მისალოც ბარათებზე რუდუნებით გაკეთებული წარწერები, ტორტზე ანთებული სანთლები, შუქის ჩაქრობა, Happy Birthday-ს თავგამოდებით სიმღერაც, თითქოს ამით ჩემი წვლილი შემქონდა სურვილის ასრულებაში. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ალბათ სწორედ ამ წვეულებებით აიხსნება დღემდე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მსხლის ლიმონათისა და ხაჭაპურის მიმართ. გემოს ეს კომბინაცია ვერ ჩაანაცვლა მოგვიანებით გასინჯულმა ვერც ერთმა ევროპულმა თუ ეგზოტიკურმა კერძმა. მას მყარად უკავია საკუთარი ადგილი.

ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ მინდა, ხაზი გავუსვა ამ დღის განსაკუთრებულობას, იმას, რომ ეს დღე მხოლოდ შენია, ამ დღისგან აუცილებლად მოითხოვ რაიმე ჯადოსნურს, გჯერა, რომ ოცნებები სწორედ ამ დღეს შეიძლება ახდეს და სამართლიანადაც - ეს ხომ შენი დღეა! გავიხსენოთ საკუთარი თავი 7, 12 ან სულაც 16 წლის ასაკში, დაბადების დღის მოლოდინში უამრავი გეგმა, ფიქრი, რაღაცნაირი შფოთვა, ფაციფუცი და გაურკვეველი სიხარულის შეგრძნება. ერთი წუთითაც რომ არ უშვებ, რომ რაიმე შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც შენ გინდა.

მოკლედ, თემას ცოტა გადავუხვიე, მაგრამ უცებ რომ გამახსენდა მთელი ეს სასიამოვნო აურზაური, ხელი ვეღარ გავაჩერე. სინამდვილეში მინდოდა დამეწერა იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ დაბადების დღეებს ბავშვთა სახლებში, თუ როგორია ან როგორი შეიძლება იყოს ერთი დაბადების დღე ერთი ბავშვისთვის, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ფაქტია, რომ ამ თემაზე მაინცდამაინც არავინ ფიქრობს, არც ის ადამიანები, ვისაც ეს არ ეხება და, სამწუხაროდ, არც ისინი, ვისი პირდაპირი ვალდებულებაა (ცხადია, არა მარტო მორალური) ამაზე ფიქრი და მისი გონივრულად ორგანიზება. სამწუხარო რეალობა და დამკვიდრებული პრაქტიკა (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ცხადყოფს, რომ ბავშვების დაბადების დღეებს არ აღნიშნავენ. უბრალოდ, არ აღნიშნავენ. აი ასე, არ აღნიშნავენ! რა თქმა უნდა, იშვიათი „ბედნიერი“ გამონაკლისები არსებობს, მაგრამ აბა, წამით დავფიქრდეთ. განა ასმაგად საწყენი არ არის, როცა ვიღაცას „აქვს“ დაბადების დღე და ვიღაცას არა? ერთს „მოუხერხეს“ და სახლში წაიყვანეს, ან იქვე აღუნიშნეს ეს დღე, ხოლო მეორე, ვისთან მოსვლაც ვერ მოახერხეს, არ მოახერხეს, უბრალოდ, დაავიწყდათ, რომ დაბადების დღე აქვს და საერთოდაც რომ არსებობს, უდაბადების დღეოდ რჩება. ვითომც არაფერი, არც არავის ახსოვს, არც არავინ ულოცავს, არც არავინ აღნიშნავს. ასეთ დროს, ალბათ, ჯობია, არც შენ გახსოვდეს შენი დაბადების დღე, არ იცოდე, თუ რას ნიშნავს ეს დღე, რომ არ განიცადო ის სიმწარე და იმედგაცრუება, რაც წინ გელის.

0x01 graphic

გამოგიტყდებით და, წერის ბიძგი მომცა ახლადშექმნილმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს“ ვებგვერდზე განთავსებულმა ინფორმაციამ, რომელშიც სიამაყით იუწყებიან, რომ ამიერიდან, კეთილი ადამიანების დახმარებით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თვეში ერთხელ სადღესასწაულო ცენტრში აღუნიშნავენ დღეობას და მათ დაუვიწყარ წუთებს აჩუქებენ. დავიწყოთ იმით, რომ სწორედ ამ სააგენტოს აბარია ქვეყანაში არსებული ბავშვთა სახლების ბედიღბალი, ცხადია, ბავშვებიანად. შესაბამისად, სწორედ ამ სააგენტომ უნდა იცოდეს ყველაზე უკეთ ამ ბავშვების საჭიროებები და სურვილები (აღარაფერს ვამბობ ბავშვის უფლებების გაცნობიერებულ ცოდნასა და მათ პატივისცემაზე). ცნობისთვის, ბავშვის უფლებების კონვენცია არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მრავალ სხვადასხვა უფლებას აერთიანებს, მათ შორის: ბავშვის ინდივიდუალობის შენარჩუნება, მისი შეხედულებების პატივისცემა, დისკრიმინაციისგან დაცულობა, პირადი ცხოვრების დაცვა (ძნელად კი წარმომიდგენია, ვინმეს აზრად მოსვლოდა და რომელიმე ბავშვისთვის ეკითხა, თუ სად და როგორ უნდა მას საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა) და ა.შ. აქვე ყველაზე რელევანტური №20 მუხლი, რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ „სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებულად დაიცვას ბავშვი, რომელიც მოკლებულია ოჯახურ გარემოს და შეუქმნას მას მშობლიური გარემოს ტოლფასი ალტერნატიული გარემო“. სააგენტოს საზეიმო განცხადების ფონზე ეჭვს შევიტანდი იმაში, რომ მის მესვეურებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული ეს უფლებები. ეჭვს შევიტანდი იმაშიც, რომ ამ დაწესებულებიდან ვინმეს მაინც საკუთარი თავისთვის ეს გზა აერჩია და სხვა იუბილარ ბავშვებთან ერთად ერთ ტორტზე გადაეტარებინა საკუთარი პირმშო. ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება მზრუნველობად და „კეთილ საქმედ“ ჩაითვალოს ის ქმედება, რასაც საკუთარ შვილს არავინ გაუკეთებდა?

ვიეტნამელებს ჰქონიათ საინტერესო ტრადიცია: ყველას დაბადების დღე თურმე ახალ წელს აღინიშნება. ვიეტნამელებმა არ იციან ან არცნობენ საკუთარ დაბადების დღეს. ისე, მშვენიერი საშუალებაა თანხის დასაზოგავად ერთი ტორტი, ერთი სანთელი და ყველა კმაყოფილი გყავს! ორ კურდღელს ერთად იჭერ ახალ წელსაც აზეიმებ და დაბადების დღესაც. ვაშა!

ვიკიპედიაში დაბადების დღის წვეულება განმარტებულია როგორც წვეულება, რომელიც ერთის დაბადების დღის აღსანიშნავად იმართება. აი, ასეთი ადვილია გასაგებად, თუმცა არც ისე ადვილი ყოფილა გასაკეთებლად. რატომ მიაჩნია ვინმეს, რომ თუ სხვადასხვა ბავშვთა სახლის 56 აღსაზრდელს ერთად გადაუხდის დაბადების დღეს, ეს „განსაკუთრებული“ და „დაუვიწყარი“ იქნება 56-ვე იუბილარისთვის? სად არის ამ დროს ბავშვის უფლებების კონვენციით თუ ფსიქოლოგთა მიერ აგრერიგად მნიშვნლოვნად მიჩნეული ბავშვის ინდივიდუალობა, ესეც ბუნდოვანია. ნუ თუ ამ ბავშვებს არ ეყოფათ სხვა ყველაფერი საერთო, რაც ყოველდღიურად აქვთ? საერთო სახლი, საერთო თუ ერთნაირი ტანისამოსი, საერთო მასწავლებლები, საერთო საჩუქრები, საერთო სიყვარულ-სიბრალული? საერთო ტორტი, საერთო სანთელი და საერთო სურვილები ეს უკვე მეტისმეტია!

ამას წინათ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალბატონმა გაიხსენა ამბავი, როცა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებდა და ერთ-ერთი შვილის დაბადების დღე დაემთხვა. თურმე ისე მოხდა, რომ ნამცხვარიც კი ვერ იშოვეს, მაგრამ მზრუნველი დედა არ დაიბნა, უცებ იპოვა გამოსავალი და გამოაცხო სადღესასწაულო მჭადი, რომელზეც სანთელი დაამაგრა. დაბადების დღე შედგა და დღემდე კეთილად ახსენდება ოჯახის ყველა წევრს. მთავარი ყურადღება და სიყვარულია.

25 ჩოგბურთის მეფეები

▲back to top


სპორტი

0x01 graphic

ძალიან რთულია სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში დეკადის, ოცწლეულის, ყველა დროის საუკეთესოს დასახელება. ამერიკელებმა ეს მაინც გააკეთეს და ამჯერად ყველა დროის 10 საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელს წარმოგიდგენთ.

10. ჯონ მაკინროი, ბორის ბეკერი, მატს ვილანდერი, სტეფან ედბერგი ძნელია პირველ ათეულს მიღმა დატოვო ამ ოთხი მოთამაშიდან რომელიმე, რის გამოც მეათე ადგილზე ერთბაშად ოთხი ლეგენდარული პერსონა გავიდა. თითქმის ერთნაირია მათი მაჩვენებელი დიდი სლემის ტურნირების ფინალებში ბეკერი 6 მოგება, 4 წაგება, ედბერგი 6:5, მაკინროი 7:4, ვილანდერი 7:4. ამ ოთხეულიდან მხოლოდ ვილანდერმა მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და ვერ გავიდა უიმბლდონის ფინალში. ბორისი უიმბლდონზე შვიდჯერ ფინალისტი იყო და სამჯერ ჩემპიონი. მაკინროიმ 1979-84 წლებში ოთხჯერ მოიგო ამერიკული სლემი, ედბერგი კი ბადესთან თამაშში ყველა დროის საუკეთესოა.

9. ჯიმი კონორსი - ამერიკელმა ცაციამ დიდი სლემის 8 ტურნირი მოიგო, ბოლოს კი, 1983 წელს, მეიჯორზე საუკეთესო გახდა. 39 წლის კონორსმა გააკეთა ის, რაც დღემდე რეკორდად რჩება ჯიმი საპენსიო ასაკში გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარ ფინალში, სადაც ჯიმ კურიესთან დამარცხდა. კონორსს ამერიკის ღია პირველობა სამივე საფარზე (თიხნარი, ბალახი, ჰარდი) აქვს მოგებული.

8. ბილ ტილდენი - ტილდენი 1997-ში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1920-30 წლებში მან დიდი სლემის 10 ტურნირი მოიგო. 24 წლის რომ შესრულდა, მოიწვია ბრიფინგი, რომელზეც აღიარა, რომ გეი იყო. ყოველი თამაშის წინ ეწეოდა სიგარას, მწვრთნელად ჰომოსექსუალისტი რეჯიმანი აიყვანა და ბოლო მატჩი საცვლისამარამ ჩაატარა.

7. ანდრე აგასი - ჩოგბურთის ისტორიაში მასზე სტაბილურად მიღებაზე ვერავინ თამაშობდა. აგასი შედის იმ ხუთ მოთამაშეში, ვისაც დიდი სლემის ყველა ტურნირი აქვს მოგებული. სტატისტიკა ფინალებში 8: 7. რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ დოპინგის აქტიური მომხმარებელი იყო.

6. ბიორნ ბორგი - 26 წლის შვედმა დაკარგა ჩოგბურთისადმი ინტერესი. იმ დროისთვის მას დიდი სლემის 11 (!) ტურნირი ჰქონდა მოგებული. როლანგაროსის ექვსგზის და უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი.

5. ივან ლენდლი - ალბათ, ყველაზე დაუფასებელი პირველი ჩოგანი. ლენდლმა ვერ მოიგო უიმბლდონი, სადაც ორი ფინალი (ბეკერთან და პატკეშთან) დათმო, მაგრამ ზედიზედ 270 კვირის განმავლობაში იყო პირველი და კარიერა 8 მეიჯორის მოგებით დაასრულა. ზედიზედ რვაჯერ (1982-89) ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ერთეულებში 94 ტურნირი მოიგო.

4. როი ემერსონი - დიდი სლემის ტურნირების 12-გზის ჩემპიონი ერთეულებში და 16-გზის წყვილებში. ერთადერთი, ვისაც დიდი სლემის ყველა ტურნირი აქვს მოგებული ერთეულებში და წყვილებში.

3. როდ ლეივერი - ერთადერთია, ვისაც კაცებში დიდი სლემი (ერთ სეზონში ოთხივე მეიჯორი) აქვს მოგებული. როდმა ეს ორჯერ 1962 და 1969 წლებში შეძლო. კარიერა 11 მოგებული მეიჯორით დაასრულა.

2. პიტ სამპრასი დიდი სლემის ტურნირების 14-გზის ჩემპიონი, უიმბლდონის 7-გზის ჩემპიონი, ყველა დროის ყველაზე ანტიპათიური პირველი ჩოგანი და ამ სიაში ყველაზე მდიდარი სუბიექტი.

1. როჯერ ფედერერი 16 მეიჯორიდა წინ, სულ მცირე, ორი სეზონი, როდესაც როჯერს დიდი სლემის რომელიმე ტურნირის მოგება შეეძლება. კარიერა ჯერ არ დაუსრულებია და უკვე ყველა დრო ის უდიდესი მამაკაცი ჩოგბურთელია.

26 ახალი ამბები

▲back to top


სპორტი|სამხრეთ აფრიკა 2010

  • ინგლისის ნაკრები, რომელიც უკვე ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატამდე საფეხბურთო კლუბ პლატინუმ სთარზს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

  • ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს განცხადებით, შესაძლოა, ბილეთების გაყიდვის მხრივ ამ ჩემპიონატზე რეკორდი დამყარდეს. უკვე გაყიდულია 2 მილიონ 900 ათასი ბილეთი, რაც საერთო რაოდენობის 95,1 პროცენტია.

  • იტალიელთა კაპიტანი ფაბიო კანავარო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს, დუბაის ალაჰლიში გადავიდა. კანავარომ არაბულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ერთ სეზონში მილიონ ევროს მიიღებს.

  • სამხრეთ აფრიკა 2010-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე დანი ჯორდაანმა დაადასტურა, რომ ყურისწამღები საყვირის ვუვუზელას გამოყენება მსოფლიო ჩემპიონატის დროს არ აიკრძალება.

  • გერმანიის ნაკრების ექსმწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ესპანეთის ნაკრები დაასახელა. კლინსმანის თქმით, გერმანიის ნაკრებს ოქროს თასის მოგების მცირე შანსი აქვს.

  • ბრაზილიის ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი ზიმბაბვესთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა, თუმცა, ექიმების თქმით, ის მსოფლიო ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

  • იტალიის ნაკრების ექსთავდამსხმელმა ლუკატონიმ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ინგლისი მიიჩნია, სკუადრააძურას მაქსიმუმად კი მეოთხედ ფინალი დაასახელა.

  • სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ალბერტო პარეირამ საბოლოო განაცხადში არ შეიყვანა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, 32 წლის თავდამსხმელი ბენი მაკართი.

  • ინგლისის ნაკრებში ვერ მოხვდა ლონდონის არსენალის ვარსკვლავი თეო უოლკოტი. მის გარდა, ფაბიო კაპელომ ნაკრებს მიღმა დატოვა გარეტ ბერი, ტომ ჰადლსტოუნი, და რენბენტი, მაიკლ დოუსონი, ლეიტონ ბეინსი, სკოტ პარკერი და ადამ ჯონსონი.

  • სამხრეთ აფრიკა 2010-ის ოფიციალური ბურთი ჯაბულანი იტალიის ნაკრების მეკარემ ჯან ლუი ჯიბუფონმაც დაიწუნა. ჯაბულანის ტრაექტორიის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია, განაცხადა მეკარემ, რომელმაც ოთხი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე, მხოლოდ ორი გოლი გაუშვა: ავტოგოლი და პენალტი.

  • იტალიის ნაკრების თავკაცმა მარჩელო ლიპიმ საბოლოო განაცხადში არ შეიყვანა მილანის საუკეთესო ბომბარდირი მარკო ბორიელო და ესპანეთის ვილიარეალის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი. მათ გარდა, ნაკრებს მიღმა დარჩნენ მეკარე სალვატორე სირიგუ, მცველი მატია კასანი და ნახევარ მცველი ანდრეა კოსუ.

ფიფას თასი
ლუი ვიტონმა შემოსა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ Louis Vuitton ფიფას ოქროს თასისთვის სპეციალური ქეისი დაამზადა, პრეზენტაციას კი, რომელიც პარიზში შედგა, ახლახან დაოჯახებული სუპერ მოდელი ნაომი კემპბელიც დაესწრო. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოქროს თასისთვის პირველად დამზადდა ქეისი.

ამხანაგური მატჩები: ზიმბაბვე-ბრაზილია 0:3; აზერბაიჯანი-ჰონდურასი 0:0; საბერძნეთი-პარაგვაი 0:2; ნორვეგია-უკრაინა 0:1; რუმინეთი-მაკედონია 0:1; ბელარუსი-შვედეთი 0:1; ალბანეთი-ანდორა 1:0; სერბეთი-პოლონეთი 0:0; ავსტრალია-დანია 1:0; შვეიცარია-კოსტარიკა 0:1; ჰოლანდია-განა 4:1; პორტუგალია-კამერუნი 3:1; სამხრეთ-აფრიკა-გვატემალა 5:0; ჩილე-ისრაელი 3:0; ტუნისი-საფრანგეთი 1:1; გამბია-მექსიკა 1:5; ნიგერია-კოლუმბია 1:1; პარაგვაი-კოტ დ'ივუარი 2:2; ბელარუსი-კორეა 1:0; ინგლისი-იაპონია 2:1; ვენესუელა-კანადა 1:1; აშშ-თურქეთი 2:1; უნგრეთი-გერმანია 0:3; უკრაინა-რუმინეთი 3:2; შვედეთი-ბოსნია 4:2; აზერბაიჯანი-მაკედონია 1:3; ესპანეთი-საუდის არაბეთი 3:2; ისლანდია-ანდორა 4:0; სერბეთი-ახალი ზელანდია 0:1; პოლონეთი-ფინეთი 0:0; მოლდოვა-საამიროები 2:3; ნორვეგია-მონტენეგრო 2:1; სლოვაკეთი-კამერუნი 1:1; ირლანდია-ალჟირი 3:0

ფოტოისტორია

ჟოზე ალტაფინი და მანე გარინჩა განუყრელი სიგარეტით...

1958 წელს შვედეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მათ ერთად მოიგეს. სამშობლოში მაცოლად გადაქცეულმა ალტაფინიმ პირველ ორ მატჩში ითამაშა, მერე კი ვავას დაუთმო ადგილი. გარინჩამ კი პირიქით, საწყისი ორი შეხვედრა გამოტოვა, თუმცა, მერე პელესთან ერთად გამოჩნდა და...

0x01 graphic

მათ ოთხი წლის შემდეგაც იასპარეზეს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე: გარინჩა კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ჟოზე ალტაფინის იტალია კი ჯგუფში ჩარჩა...

1983 წელს იანვარში, გარინჩა 49 წლისა გარდაიცვალა.

1983 წლის ზაფხულში 45 წლის ჟოზე ალტაფინიმ შვეიცარიასი დაასრულა კარიერა...

ისტორიული ფაქტები

...1994 წელს, იტალიანორვეგიის მატჩში, მსაჯმა სკუადრა აძურას მეკარე ჯანლუკა პალიუკა გააძევა. ის გახდა პირველი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც წითელი ბარათი უჩვენეს.

...1998 წელს, ჩილესთან მატჩში, კამერუნელთა მცველი რიგობერტ სონგი გააძევეს. ის იყო პირველი, რომელმაც მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მიიღო წითელი ბარათი. 2006 წელს, ფინალურ მატჩში, სონგის ანტირეკორდი ზინედინ ზიდანმა გაიმეორა.

...2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ავსტრალიის ნაკრებმა რეკორდი დაამყარა: შესარჩევ მატჩებში 73 გოლი გაიტანა! მათგან 53 ორ მატჩში: 2001 წლის 9 აპრილს ავსტრალიელებმა ტონგას სტუმრად 22:0 სძლიეს, ორი დღის შემდეგ კი სამოას უმასპინძლეს და 31:0 გაიმარჯვეს!

...2002 წელს, მესამე ადგილისთვის მატჩში, თურქმა თავდამსხმელმა ჰაქან შუქურმა კორეელთა კარი მე11 წამზე დალაშქრა! ტურნირის ისტორიაში ეს ყველაზე სწრაფი გოლია.

…2006 წელს, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონმა. მანამდე ფიფას თასის მფლობელები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გადიოდნენ.

წიგნი: მსოფლიო თასის ისტორია 1930-2010

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

ფეხბურთის მოყვარულებმა უდიდესი საფეხბურთო ტურნირის წინ შესანიშნავი საჩუქარი მიიღეს: მსოფლიო თასის ისტორია 1930-2010.

წიგნი, რომლის ავტორია ლაშა გოდუაძე, 500-გვერდიანია. მას თან ახლავს 2 DVD, რომლებზეც მსოფლიოს 18 ჩემპიონატის საუკეთესო თამაშები, მომენტები და თითქმის ყველა გოლია ჩაწერილი.

მსოფლიო თასის ისტორია 1930-2010 სამი თავისგან შედგება.

პირველ ნაწილში წინა ტურნირების ისტორიას გაეცნობით, მეორე განყოფილება მსოფლიო ჩემპიონატებზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს და საქართველოს ნაკრებს ეთმობა, მესამე თავით კი სტატისტიკის მოყვარულები ისიამოვნებენ: გაეცნობით უკლებლივ ყველა საკვალიფიკაციო თამაშის ანგარიშს, ფინალური ეტაპის მატჩები კი სრული ოქმებითაა წარმოდგენილი.

წიგნი უხვადაა ილუსტრირებული: გამოყენებულია ფოტოები ქართველი ფეხბურთელების პირადი ალბომებიდან, ასევე მასალები მსოფლიო სპორტის და ავტორის არქივებიდან.

27 გილოცავთ, ალუჩა მწიფდება!

▲back to top


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

მორჩა. იწყება.

რაც მორჩა, და საწყებზე არანაკლებ გემრიელი და ადრენალინიანი ამბავია. ის ზამთრის დამთავრებისთანავე გიწყებს ღიტინს და როგორც კი მარწყვი შემოდის, ეს სასიამოვნო ღიტინი ძლიერდება და მრავალფეროვანი ხდება.

მწვრთნელები შემადგენლობებს ასახელებენ, ეს შემადგენლობები სხვადასხვა წერტილებში იყუჟებიან მოსამზადებლად, გულშემატკივრები ექსკლუზიურ პასიანსებს შლიან გონებაში და თავიანთ ფავორიტებს ვირტუალურად ამარჯვებინებენ. გამოდის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრები. ხშირდება და მძაფრდება დისკუსიები. ბავშვები გვიან დაძინების მულტივიზას იღებენ. მაზავშიკები სქემებს თავს ახლიან და არიფების ძიებას ააქტიურებენ. თანდათან ინტერესდებიან ქალებიც და ცხოვრება საფეხბურთო გრაფიკზე გადასასვლელად ემზადება. გადის მარწყვი. სამაგიეროდ მსხვილდება და მრავლდება ალუჩა, რომელსაც ბალი და ალუბალი უძმაკაცდებიან.

სწორედ მოზრდილი, დამტკბარი და წყლიანი ალუჩაა იმის ინდიკატორი, რითიც დავიწყეთ: ლოდინი მორჩა, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

0x01 graphic

მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ოთხწლიან პაუზებს შორის ჩაკვეხებული ერთთვიანი ტიხარი. ეს მსოფლიო ტიხარია ყველაზე ემოციური, ფერადი და საერთაშორისო. არც ერთ მოვლენას არ აქვს ამხელა გამაერთიანებელი ენერგეტიკა, არა ფერს შეუძლია მთელი დედამიწა ასე ერთ ენაზე ალაპარაკოს.

შეიძლება ფილტვების ანთებით ბედნიერი იყო? რასაკვირველია, არა. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს ესეც შეუძლია 2002 წელს ჩემს მეგობარს დაემართა და მთელი ტურნირი ლოგინში, ტელევიზორთან გაატარა НТВ ფუტბოლის რეპორტაჟებსა და მიმოხილვებში შემძვრალმა. და დღემდე გაიძახის, იმაზე ბედნიერი, ალბათ, აღარც ვიქნებიო (მაშინ დღევანდელივით მხოლოდ ქართულ არხებზე არ იყო ფეხბურთი, თორემ ვნახავდი, როგორი ბედნიერიც იქნებოდა).

1994 წელს, როცა ტურნირი ამერიკაში ჩატარდა და რეპორტაჟები დილის ხუთ საათზე იწყებოდა, ნახევარი თბილისი ყავის მარცვლებს ვახრაშუნებდით, რომ არ დაგვძინებოდა. თავიდან შველოდა, მაგრამ მერე ორგანიზმი მიეჩვია და უკვე სამი საათისკენ იმ ნახევარი თბილისის ნახევარს გემრიელად ეძინა.

ერთხელ მეც ჩამეძინა ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე. გამეორება საღამოს იყო, ამიტომ გადავწყვიტე ანგარიში არ გამეგო (ცნობილანგარიშიანი ფეხბურთის ყურება დაახლოებით იგივეა, რაც გასაბერი ქალის სიყვარული) გამოვრთე ტელევიზორი, გავაჩუმე რადიო, ტელეფონს არ ვიღებდი და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ სიგარეტი აღარ მაქვს. სწრაფად და კონსპირაციულად უნდა მემოქმედა, რომ შემთხვევით ანგარიშისთვის არ მომეკრა ყური. სახლიდან მაღაზიამდე ვირბინე. უკანა გზაზე აღარ მომიწია, აუტანელ სიცხეს ხალხი სახლებში ჰყავდა გამოკეტილი. მხოლოდ ერთი ტიპი იდგა ჩემი ეზოს წინ და ცაში იყურებოდა. ავიხედე. არავინ იყო. ამოვისუნთქე და ეზოში შესული ისე კარნავალურად დავმშვიდდი, როგორც ასდოლარიანებით სავსე დიპლომატიანი კრიმინალი ამერიკა-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის წამს. და უცებ საზარელი ხმა გაისმა: „ტრინოლ დამთავრდა, ტრინოოოლ!“ მეზობელი უყვიროდა ზეცაში მაყურებელ უცნობს. ცოტა პატარა რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიტირებდი...

მაგრამ რა დროს ტირილია, როცა ალუჩა მწიფდება და იწყება ის, რაც მორჩა.

28 გლობალური კონკურენციის ინდექსი და საქართველო

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

საქართველო გლობალური კონკურენციის მხრივ, მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზეა ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2009-2010 წლის ანგარიშის შედეგები.

თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენციის ინდექსისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული ასპექტების მიხედვით, მაგალითად, ბიზნესის კეთების სიადვილე და ეკონომიკური თავისუფლება, რომელთაც განსხვავებული ინდექსები ზომავს, საქართველოს გაცილებით უკეთესი ქულები აქვს: ბიზნესის კეთების სიადვილის მხრივ, მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოში 26-ზე, ევროპაში კი მე-14 ადგილზეა „მეტწილად თავისუფალ“ კატეგორიაში.

ქვეყნისთვის ამ განსხვავებებს იწვევს თავად ინდექსების სპეციფიკა. პირველ ორ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ლიბერალიზაციაზე ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოზე, და ზოგადად, ეკონომიკურ თავისუფლებაზე. გლობალური კონკურენციის ინდექსი კი აქცენტს ამ ფაქტორების გარდა, კარგი მმართველობისთვის აუცილებელ ინსტიტუტებზეც აკეთებს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში აჩვენებს, რომ ლიბერალიზაცია და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა. ამის მიზეზია ძველი, ანტისაბაზრო ინსტიტუტები, რომელთა დემონტაჟიც აუცილებელია და მათ ნაცვლად ახალი, კარგი მმართველობისთვის ხელსაყრელი ინსტიტუტები უნდა აშენდეს.

ბოლო წლებში საქართველომ ამ მიმართულებით რეფორმები გაატარა, მაგალითად, საბაჟო ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემის გამარტივება ან შრომის კოდექსი, რომელიც, ამ ინდექსის მიხედვითაც, შეფასებულია, როგორც კონკურენტუნარიანი და მსოფლიო ოცეულში შედის.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივაც: ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, საქართველო კორუფციის დონით მსოფლიოში 169 ქვეყანას შორის 66-ე ად გილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტურობასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რადგან ამცირებს ბიზნესის ეკონომიკურ ხარჯს და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, საშუალოდ, გასამმაგდა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მშენებლობამ ინვესტორთა დაინტერესება და საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა გამოიწვია. მეორე მხრივ, კარგი მმართველობისთვის აუცილებელი ინსტიტუტების შენება და გლობალური კონკურენტუნარიანობის მიღწევა ხანგრძლივი და ნელი პროცესია, რასაც ზუსტად ასახავს გლობალური კონკურენციის ინდექსი.

ინდექსი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს, როგორც იმ ინსერთობტიტუტების, კანონებისა და ფაქტორების ერთობლიობას, რომელიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს ადგენს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკური დოვლათის დაგროვებას უწყობს ხელს. ეკონომიკური დოვლათის პირობებში კი მოქალაქეების შრომა უკეთ ანაზღაურდება. ამდენად, რაც უფრო კონკურენტუნარიანია ეკონომიკა, მით მაღალია ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის დონე.

ინდექსის მიხედვით, ასეთი თორმეტი ფაქტორია.

ინსტიტუტები - გავლენას ახდენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, წარმოების ორგანიზებაზე და იმაზე, თუ როგორ ანაწილებს საზოგადოება სარგებელს და ანაზღაურებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პოლიტიკის ხარჯს. მნიშვნელოვანია მთავრობის ლიბერალური დამოკიდებულება ბაზრისა და მისი თავისუფლების მიმართ და საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები, კომპანიები და მთავრობა ურთიერთობენ, რათა მიიღონ შემოსავალი და შექმნან დოვლათი. საქართველო 72-ე ადგილზეა.

ინფრასტრუქტურა - ამცირებს მანძილს რეგიონებს შორის, რასაც შედეგად მოსდევს ნაციონალური ბაზრის ინტეგრირება და მცირე ხარჯით მისი დაკავშირება სხვა ქვეყნებისა და რეგიონების ბაზრებთან. საქართველო 72-ე ადგილზეა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა - კომპანიებს გაუჭირდებათ ეფექტური საქმიანობა მაღალი ინფლაციის პირობებში. ეკონომიკის ზრდა მდგრადი ვერ იქნება, თუ მაკროეკონომიკური გარემო სტაბილური არ იქნა. საქართველო 117-ე ადგილზეა.

ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება - ჯანმრთელი სამუშაო ძალა პროდუქტიულობის საზომია, განათლებული მუშახელი კი უკეთ ახერხებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და ამით ბიზნესის ხარისხს აუმჯობესებს. საქართველო 78-ე ადგილზეა.

უმაღლესი განათლება და ტრენინგი - განათლება და სამუშაო ადგილზე ტრენინგი აუცილებელია, რათა მუშახელის უნარები ეფექტურად მოერგოს ეკონომიკის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს. საქართველო 84-ე ადგილზეა.

სასაქონლო ბაზრის პროდუქტიულობა - საქონლის გაცვლისთვის საუკეთესო პირობები მოითხოვს ბიზნესაქტივობაში მთავრობის ჩაურევლობას. მაგალითად, კონკურენციას ხელს უშლის მაღალი გადასახადები ან უცხოური ინვესტიციებისთვის დისკრიმინაციული წესების დადგენა. საქართველო 74-ე ადგილზეა

შრომითი ბაზრის ეფექტურობა - შრომით ბაზარს უნდა შეეძლოს მუშახელის სწრაფად და მინიმალური ხარჯით გადანაცვლება ერთი ეკონომიკური აქტივობიდან მეორეზე. შრომითი ბაზრის ეფექტურობა დამოკიდებულია მუშახელის ძალისხმევასა და მოტივაციის სისტემის ურთიერთქმედებაზე. საქართველო მე-17 ადგილზეა

ფინანსური ბაზრის სრულყოფა - მნიშვნელოვანია კერძო სექტორში ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო კაპიტალის დასაგროვებლად. საქართველო 95-ე ადგილზეა.

ტექნოლოგიური მზაობა - რამდენად მიუწვდებათ ხელი ქვეყანაში მოქმედ ფირმებს განვითარებულ პროდუქტებსა და პროექტებზე და რამდენად აქვთ მათი გამოყენების უნარი. საქართველო მე-100 ადგილზეა.

ბაზრის ზომა - გლობალიზაციის ერაში საერთაშორისო ბაზრებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი ბაზრები, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისთვის. ვაჭრობას დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვისი ადგილობრივი ბაზარიც მცირეა. საქართველო 101-ე ადგილზეა.

ბიზნესის ხარისხი - დამოკიდებულია ბიზნესქსელებისა და ინდივიდუალური კომპანიების მუშაობასა და სტრატეგიებზე ქვეყნის მასშტაბით. საქართველო 113-ე ადგილზეა.

ინოვაცია - ასახავს ქვეყანაში არსებულ მაღალი ხარისხის კვლევით ინსტიტუტებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს, უნივერსიტეტებისა და ბიზნესპროფესიონალების ერთობლივ კვლევებს და კერძო სექტორის მიერ კვლევასა და განვითარებაში ინვესტიციების დაბანდების ტენდენციას. საქართველო 119-ე ადგილზეა.

თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საქართველოს უპირატესობას განსაზღვრავს სფეროები, რომლებშიც სახელმწიფომ ლიბერალური მიდგომა არჩია, მათ შორის, დაბეგვრის სიხშირე და ეფექტი, ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების რაოდენობა და დრო, მცირე სავაჭრო და სატარიფო ბარიერები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინების არადისკრიმინაციული წესები, საბაჟო მომსახურების ტვირთი, ინვესტორთა დაცვა, სახელმწიფო რეგულირების დაბალი ტვირთი.

კვლევა აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური მზაობის, ბაზრის ზომის, ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის კუთხით, საქართველოს გლობალური კონკურენციის არენაზე უპირატესობანი არ აქვს.

მეორე მხრივ, ყველა ეს პრობლემური სფერო ერთმანეთს უკავშირდება და მათი გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ საქართველო ბაზარს კიდევ უფრო გააფართოებს. ადგილობრივი ბაზრის ინვესტორებისთვის გახსნით ქვეყანა მიიღებს არა მხოლოდ მეტ ფულს, არამედ მათ გამოცდილებას და ექსპერტიზას, ტექნოლოგიებში გაცნობიერებულობას, რაც მომავალში ინოვაციისა და მზარდი კონკურენტუნარიანობის საწინდარი შეიძლება გახდეს.

0x01 graphic

29 ამბები

▲back to top


კულტურა

ყველა ფოტო: REUTERS ©

მაიკლ ჯექსონის ანდერძი

0x01 graphic

მაიკლ ჯექსონმა მთელი ქონება დედას და სამ შვილს - 13 წლის პრინცს, 12 წლის პერისს და 8 წლის ბლენკიტს დაუტოვა - თითოეული მათგანი 33 მილიონ დოლარს მიიღებს. რაც შეეხება მომღერლის დედას, 80 წლის კეტრინს მემკვიდრეობის 40%25 ანუ 99 მილიონი ერგო. დარჩენილი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. საკუთარი ფულის სრულად განკარგვის უფლება ჯექსონის შვილებს მხოლოდ 40 წლის ასაკში მიენიჭებათ, 30 წლის შესრულების შემდეგ კი მემკვიდრეობის მესამედის დახარჯვის უფლება ექნებათ. ამჟამად ჯექსონის დედა თვეში 80 ათას დოლარს იღებს, რათა ბავშვების ხარჯები დაფაროს. სწორედ კეტრინი ითვლება მაიკლის შვილების მეურვედ, რადგან ბიოლოგიურმა დედამ გასულ ზაფხულს 4 მილიონად დედობაზე უარი განაცხადა. ანდერძის თანახმად, მომღერალს არაფერი დაუტოვებია საკუთარი ძმებისა და დებისთვის.

დენის ჰოპერი - ხავერდიდან მულტფილმამდე

0x01 graphic

2010 წლის 29 მაისს, საკუთარ სახლში, პროსტატის სიმსივნით გარდაიცვალა დენის ჰოპერი.

ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს გასული წლის დეკემბერში დაუსვეს სასიკვდილო დიაგნოზი. ის 74 წლის იყო და შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა.

დენის ჰოპერმა მსახიობობა დაიწყო 1950-იან წლებში, თუმცა, სახელისა და დიდების მომტანი აღმოჩნდა უდარდელი მხედარი - 1969 წელს მისივე რეჟისურით გამოსული ფილმი, რომელიც 60-იანი წლების სიმბოლოდ იქცა, საკულტო ნამუშევარი თავისუფლებასა და დაუმორჩილებლობაზე, რომელიც ბაიკერების თვალით დანახულ ამერიკას წარმოგვიდგენს.

მსახიობის კარიერა არც ისე კარგად აეწყო. ამის მთავარი მიზეზი როლების არასწორად შერჩევა იყო. დენის ჰოპერმა უამრავ მდარე ფილმში ითამაშა, რითაც საგრძნობლად ავნო თავის კარიერას. თუმცა, უაზრო პერსონაჟების გვერდით მსახიობმა დაუვიწყარი სახეებიც შექმნა: გიჟი ფოტოგრაფის როლი ფილმში აპოკალიფსი დღეს, ოსკარის ნომინაციის მომტანი ბრწყინვალე თამაში ჰუსერში და, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი პერფორმანსი დევიდ ლინჩის ლურჯ ხავერდში.

უკანასკნელად დენის ჰოპერმა მულტფილმში ალფა და ომეგა ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა.

ტომ ჯონსს

Music Industry Trusts Award-ის პრემიას მიანიჭებენ

პრემია Music Industry Trusts Award ბრიტანეთში 1992 წელს დაარსდა. წლეულს დაჯილდოება 1 ნოემბერს ლონდონში, სასტუმრო Grosvenor House-ში გაიმართება. 2010 წელს მუსიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის პრემიას ტომ ჯონსს გადასცემენ. Music Industry Trusts Award-ი ბრიტანეთის შოუბიზნესის წარმომადგენლებმა დააარსეს და მისი ლაურეატები იყვნენ: ჯორჯ მარტინი - The Beatles-ის პროდიუსერი, ახმედ ერტეგუნი - Atlantic Records-ის დამფუძნებელი და Led Zeppelin-ის მენეჯერი, ელტონ ჯონი, ბერნი ტოპინი, ენდრიუ ლოიდ ვებერი, ჯონ ბარი, პიტერ გებრიელი და კაილი მინოუგი.

ტომ ჯონსმა მუსიკალური კარიერა 1963 წელს დაიწყო. ამჟამად მომღერალი მუშაობს ახალ ალბომზე Praise and Blame. 7 ივნისს ჯონსს 70 წელი უსრულდება.

30 წითელი პლასტმასის იმპერია სამოთხეში, კვირადღეს

▲back to top


ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი

0x01 graphic

2010 წლის 15 მაისია. საღამოს 4.30. ვზივარ ტყეში. გარშემო თანაბარი განათებაა, რბილი, სასიამოვნო. აქ მწვანის ყველა ტონს და ფერს ნახავ. ტინგიცა ხასხასა მწვანე ბალახით დაწყებული და 25-მეტრიანი ნაძვების დაბურული ტოტების ჩამუქებულ-მოშავო, დინჯი მწვანით დამთავრებული. პატარა ნაძვები და უზარმაზარი ბებერი ხეები ერთად ისე დგანან, თითქოს სულ ასე ყოფილიყვნენ. თითქოს დრო გაჩერდა. სიცოცხლის ერთი სტოპკადრი. ყველა თაობის ხე ერთადაა. უკვე მკვდარი ხეებიც ამათთან დგანან, ან გადაწოლილები არიან ცოცხლებზე, ან კუნძებად ახსენებენ თავს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გახსენებაზე ვზივარ. დიდი ხე იყო, ეტყობა. უზარმაზარი ფესვებით, ჟიულ ვერნის მოთხრობის რვაფეხასავითაა შემოხვეული პატარა ბორცვს. საკუთარი სუნთქვა და გულისცემა მესმის მხოლოდ. „რა სიმშვიდეა, - ვფიქრობ, - სიმშვიდე, როგორიც სამოთხეში კვირადღეს“.

უცებ მივხვდი, რომ სიმშვიდე კია, მაგრამ სიჩუმე - არა. ალბათ ათი სახეობის ფრინველი ერთად გალობს. ვიღაც ნისკარტით აკაკუნებს. დიდი ამბავია. სხვადასხვა რიტმი, მელოდია, კილო, ბგერა, განწყობა, ხმამაღლობა, მაგრამ სრული ჰარმონიაა. იმდენად სრული, რომ თავიდან სიჩუმედ მომეჩვენა. არც ერთი ყალბი ნოტი ან თანაჟღერადობა. ერთადერთი, რამაც დისონანსი შემოიტანა, თვითმფრინავის მონოტონური გუგუნი იყო, ისიც შორიდან და ხანმოკლე.

ნელ-ნელა მეც ჩავერთე ამ ორომტრიალში. უკვე მხოლოდ საკუთარი სუნთქვა აღარ მესმის, გულისცემა ხომ საერთოდ დავკარგე. მწერების სტერეოზუზუნი კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ ჟღერადობის მოცულობას. უცებ ჩემს მარჯვნივ მდგარ ხეზე შრიალი მომესმა. ნელა მივატრიალე თავი და მოზრდილი ციყვი დავინახე. ძალიან ახლოს, დაახლოებით ორ მეტრში. გადაირბინა ტოტი, მეორეზე გადახტა, მერე ცოტა ქვევით დაეშვა, გამძლე ტოტი მონახა, გადაირბინა სხვა ხეზე. ასე ელეგანტურად, ჩინელი აკრობატივით გაირბინა, დაბურულ დიდ ნაძვში შეძვრა და გზა განაგრძო. ეტყობა, იმდენად გაუნძრევლად ვიჯექი, რომ ადგილობრივები ვეღარ მამჩნევდნენ. მე იქ სტუმარი ვიყავი. შეიძლება ვიღაცის გზაზე ვიჯექი.

რამდენად მუდმივია ეს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ისმის და ჩანს, კაცობრიობის ისტორიასთან შედარებით. ვიფიქრე, ალბათ იგივე ისმოდა და ჩანდა ამ ადგილას 10, 50, 70 წლის წინ.

აქედან დაახლოებით 100 მეტრში ტელესკოპი დგას. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერმა სტალინს ცეისის ცნობილ ქარხანაში დამზადებული ლინზები აჩუქა ახალი ობსერვატორიისთვის. ორი მდაბიო ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდა და მსოფლიოს გადასანაწილებლად ემზადებოდა.

დარწმუნებული ვარ, კოდალას კაკუნი მაშინაც ზუსტად ასე ისმოდა.

როდესაც საბჭოთა, წითელი იმპერიის ნანგრევებს ფიზიკურად ხედავ, ხვდები, რომ სტუმრები ვართ.

აქვე, ობსერვატორიის ტერიტორიაზე, კარგი, ახალი სასტუმროა. ორი დღის წინ სტუმრები ჩამოვიდნენ. სემინარი აქვთ. გარეთ, ეზოში, სასტუმროს წინ, ორი მერხი და სანაგვე ურნა დგას. საღამოს რამდენიმე მონაწილე ხუთლიტრიანი პლასტმასის ბოცით მოტანილ სახლის ღვინოს ჩაუჯდა. მერხები ერთმანეთის პირისპირ შემოაბრუნეს და პატარა სახელდახელო სუფრა გაშალეს. სუფთა ჰაერი, სახლის ღვინო და უთვალავი ვარსკვლავი უჩვეულოდ შავ ცაზე სასიამოვნო, რომანტიკულ განწყობას გიქმნის. ღვინის სმის ქართული ტრადიციის მიხედვით, დარწმუნებული ვარ, საქართველოს სადღეგრძელო, სულ მცირე, ერთხელ მაინც დაილია იმ საღამოს. სამწუხაროდ, გვიან ღამით რომ გამოვედი, იმ ადგილას ხალხი აღარ დამხვდა, მაგრამ მერხები ისევე შემოტრიალებული დაუტოვებიათ, იქვე სიგარეტის ცარიელი კოლოფი, წყლის პლასტმასის ბოთლები და ხუთლიტრიანი ცარიელი ბოცა დაუგდიათ. ჩემთვის ესეც იმ წითელი იმპერიის ნანგრევებია.

ტყეში ბგერისა და ფერის სიმფონია გრძელდება. მზე სხივებს გვერდიდან უშვებს. საღამოა. ამ მწვანე ფერის დღესასწაულში თვალი მომჭრა არაბუნებრივმა წითელმა ფერმა. ახლოს რომ მივედი, არაბუნებრივი, ხასხასა წითელი ფერის პლასტმასის ბოთლი აღმოჩნდა. ეტყობა, ეს ბოთლი წითელი იმპერიის ნანგრევებიდან გამომძვრალმა, ჩარეცხილმა თუ ჯერ კიდევ ჩასარეცხმა მოჩვენებამ დააგდო.

თუ სტუმარი ხარ და კვალის დატოვება გინდა, ისეთი მაინც დატოვე, რომ მასპინძელიც ასიამოვნო და შენი შთამომავლობაც სიამაყით გიხსენებდეს, და არა ისეთი, როგორიც ხასხასა წითელმა, პლასტმასის იმპერიამ დაგვიტოვა.

vahotabula@gmail.com

31 საბავშვო წიგნი - წლის საჩუქარი გამომცემლებისგან

▲back to top


კულტურა|ლიტერატურა

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გახლდათ. ამასთან დაკავშირებით ტაბულამ ზოგიერთ გამომცემლობას შესთავაზა, წარედგინა თითო საბავშვო საკითხავი, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესო საჩუქარი იქნება პატარებისთვის. აქ თითქმის ყველა კატეგორიის გამოცემას შეხვდებით. მაშ ასე:

0x01 graphic

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ასტრიდ ლინდგრენი. ემილის თავგადასავალი.
მთარგმნელი - ჯენეტ ბაჯელიძე ფასი: 15 ლარი.

ბაკურ სულაკაური (გამომცემლობის დირექტორი): საბავშვო პროდუქცია წიგნის ბიზნესში მართლაც ყველაზე აქტუალურია, თუმცა, აქაც ერთგვარი დიფერენციაცია არსებობს - უმეტეს მათგანში ილუსტრაცია ჭარბობს. ჩვენს დღევანდელ საჩუქარში წინა პლანზე ტექსტი დგას - გთავაზობთ ყველა თაობის საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს. მისი ხელმეორედ გამოცემა გადავწყვიტეთ თუნდაც იმიტომ, რომ რაკი თავის დროზე რუსულიდან ითარგმნა, გადმოღებული იყო რუსულად თარგმნილი გეოგრაფიული სახელები. მაგალითად, ეწერა ლიონებერგელი და არა ლენებერგელი. ტექსტი ორიგინალს შეადარა და გამოტოვებული ადგილები შეავსო თამარ მაისურაძემ.

0x01 graphic

სიესტა
ანბანი მხიარული ლექსებით და გამოცანებით

ხალხური, ვაჟა-ფშაველას, გივი ჭიჭინაძის, მორის ფოცხიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი წერეთლის, ალეკო შენგელიას, მზია ჩხეტიანის, მარიამ წიკლაურის, ირმა მალაციძის, ვასო გულეურის, გიორგი კეკელიძის, ნათია ჯანაშიას ლექსები და გამოცანები.

ფასი: 5 ლარი

ქეთი კიღურაძე (გამომცემლობის დირექტორი): ჩვენი ერთ-ერთი კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ სკოლაში წამსვლელი ბავშვებისთვის მოსახერხებელი ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვება. ვიფიქრეთ, როგორ მიგვეწოდებინა მათთვის ქართული ანბანი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მარტივი ბარათები. ამოვარჩიეთ სიტყვები და მივუსადაგეთ სხვადასხვა ავტორის ლექსები და გამოცანები მაია მაჩალაძის შესანიშნავი ილუსტრაციებით. ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო საქმე გამოვიდა - უკვე უამრავი ადამიანი დაინტერესდა.

0x01 graphic

ქარჩხაძის გამომცემლობა
ნატო დავითაშვილი - ამბავი ლილე იროელისა
ფასი - 14.90 ლარი

გია ქარჩხაძე (გამომცემლობის დირექტორი): ვფიქრობ, ეს ქართული „ბეჭდების მბრძანებელია“. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ვრცელ ტექსტებიან წიგნებს, დასათვალიერებელთან შედარებით, ბაზარზე უჭირს, ეს გამოცემა მალე ძალიან პოპულარული გახდება. იროელის ამბავი ქართულ მითოლოგიაზე აგებული ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია, ჩემი აზრით, შედევრი. უაღრესად საინტერესო სიუჟეტი საოცარი პერსონაჟებით. მალე წიგნის თარგმნას და უცხოეთში გატანასაც ვაპირებთ. პატარა მკითხველს წინ არაჩვეულებრივი სამყარო ელის - ღვთისშვილების ბრძოლა ბალღამისთასის დასამსხვრევად.

0x01 graphic

დიოგენე
ბეკი ბლუმი, პასკალ ბეი - წიგნიერი მგელი

ქართული გამოცემა მოამზადეს: თამარ ჯაფარიძემ, ანა ჭაბაშვილმა, ლალი ქადაგიძემ, თამარ ლებანიძემ, კახა გოქსაძემ

ფასი - 12.90 ლარი

ნათია მერებაშვილი (მენეჯერი): საბავშვო გამოცემას ერთი კარგი თვისება აქვს, ჩვეულებრივი ბესტსელერი, რაც არ უნდა კარგად იყიდებოდეს, ერთი ორი ტალღაა და გადაივლის, აქ კი საქმე გაცილებით სტაბილურადაა. „წიგნიერი მგლის“ ვიდეო რეკლამას წიგნის ფესტივალზეც წააწყდებოდით. ეს არის ცხოველების ფერმაში მოხვედრილი მგლის პატარა და სახალისო თაგვადასავალი, მიმზიდველი ნახატების ფონზე. ვფიქრობთ, მისი წიგნიერება პატარებისთვისაც გადამდები იქნება.

0x01 graphic

პალიტრა L
ჯოან სეიდენსტიკერი და სიუზან ლამპკინი - მტაცებლები
მთარგმნელი - ნინო ბელთაძე
ფასი - 20 ლარი

ქეთი ჭეიშვილი (გამომცემლობის დირექტორი): ეს პალიტრა L-ის სერია საყმაწვილო ბიბლიოთეკის გამოცემათაგანია, თვეში ერთხელ გამოდის და აქციის ფარგლებში, კვირის პალიტრასთან ერთად, 15 ლარი ღირს, მაღაზიებში - 20 ლარი. ეს სერია არამხატვრულ, შემეცნებით გამოცემებს ითვალისწინებს, ერთგვარი ენციკლოპედიაა. უშუალოდ ეს წიგნი მტაცებლებზე, მათ კატეგორიებზეა. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მათ შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.

0x01 graphic

პეგასი
ზაზა აბზიანიძე - ბაბთა
(ავტორის ილუსტრაციებით)
ფასი - 12 ლარი

მარინე ცხადაია (გამომცემლობის დირექტორი): 2001 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაცხადა კონკურსი - ბავშვთა უფლებების კონვენცია უნდა წარმოდგენილიყო ლიტერატურული ფორმით და გაიმარჯვა ბატონმა ზაზა აბზიანიძემ. გადავწყვიტეთ, წლეულს გამოგვეცა ეს წიგნი, რომელსაც ბაბთა (ბუსუნსულების ასოციაციის ბავშვებთან თანადგომის აქცია) ეწოდება. აქ კონვენციის სხვადასხვა მუხლი ზღაპრადაა წარმოდგენილი, საინტერესო და სახალისო სიუჟეტია - ცხოველები ათამაშებენ ამ ყველაფერს. თუ დღეს ვაყალიბებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა ბავშვობის ასაკიდანვე უნდა გათვითცნობიერდეს. მხატვრული ღირებულების გარდა, ესეცაა ამ წიგნის მნიშვნელობა.

0x01 graphic

ლოგოს პრესი
შემდენელი პეტ ჰეგარტი - ჩემი პირველი ჯიგსოები
ფასი - 22.90 ლარი

მაია ბერაია (საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი): თქვენს წინაშეა წიგნი და სათამაშო ერთად. ის შედგება ფაზლებისგან. დაშლის და აწყობის პრინციპი ბავშვს ეხმარება, რომ სხვადასხვაკა ტეგორიის მიხედვით შესატყვისი მოუძებნოს პირველ ნახევარს. ვფიქრობთ, ამ ფაქტით ყველა მშობელი დაინტერესდება. წიგნი ტონი პოტერის გამომცემლობასთან ერთად გამოვეცით.

32 მუსიკალური არდადეგების მოყვარულთათვის

▲back to top


კულტურა|მუსიკა

0x01 graphic

მოვიდა ზაფხული - მუსიკალური ფესტივალების დრო, როცა მელომანები მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ ყულაბებს აცარიელებენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებისკენ მიემართებიან.

Download Festival 2010
(დონინგტონი/ბრიტანეთი 11-13 ივნისი)

ვინც ბრიტანეთისკენ აიღებს გეზს, ნამდვილად არ ინანებს, რადგან 1113 ივნისს გაიმართება Download Festival. შედარებით სუსტი შემადგენლობის მიუხედავად, დაუნლოუდი მაინც ინარჩუნებს საუკეთესო ფესტივალის სტატუსს. ჰედლაინერებს შორის იქნები ან როკენ როლის ლეგენდები AC/DC და Aerosmith. მათ გარდა, მთავარ სცენაზე გამოვლენ Slash პირველი სოლო ალბომით, ვეტერანები Megadeth, Cinderella და motorhead.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სცენას რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი კიდევ ერთი როკ ლეგენდის, რონი ჯეიმს დიოს სახელი ეწოდება. ამ სცენაზე გამომსვლელი ჯგუფებიდან ყველაზე ცნობილები არი ან Bullet For My Valentine, 30 Seconds To Mars, Him და პროგრესივ როკის ცოცხალი ლეგენდები Porcupine Tree.

0x01 graphic

Glastonbury Festival
(გლასტონბერი/ბრიტანეთი 23-27 ივნისი)

წელს გლასტონბერის ფესტივალი მეორმოცე წლისთავს აღნიშნავს. მელომანი ფერმერის ეზოში დაწყებული ფესტივალი დღემდე ბრიტანელი შემსრულებლების საუკეთესო ნაწილს უყრის თავს. სამწუხაროდ, ვარაუდები არ გამართლდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული გაერთიანებები ვერ შედგა (შეგახსენებთ, წლეულს The Pulp და Led Zeppellin აპირებდნენ გაერთიანებას ფესტივალის იუბილეს აღსანიშნავად). ამ უსიამოვნო ფაქტს თუ არ ჩავთვლით, სხვა ყველაფერი რიგზეა. თითქმის მთელი ბრიტანული სცენა და რამდენიმე სტუმარი ოკეანის მეორე მხრიდან, მათ შორის, Stevie Wonder, Shakira, Snoop Dogg და Slash.

Sonisphere
(სტამბული/თურქეთი 25-27 ივ ნი სი)

თურქი პრომოუტერები აგრძელებენ რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ტრადიციას და 2010 წელსაც უძლიერეს შემადგენლობას უყრიან თავს სტამბულში. ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით დაუკრავენ მეტალიკა, რამშტაინი, სლეიერი, მანოვარი, მეგადესი და სხვა ჯგუფები მძიმე მუსიკის სამყაროდან.

Heineken Open Air
(გდანსკი/პოლონეთი 1-4 ივლისი)

აღმოსავლეთ ევროპაში ჰაინე კენის ეგიდით გამართული ყველაზე მასშტაბური ფესტივალი პოლონეთში ელექტრონული მუსიკის საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყრის თავს. მსხვილ ფესტივალებზე თუ დაავიწყდათ, პოლონელებს არ დავიწყებიათ მოეწვიათ Massive Attack, Tricky, Groove Armada, Fetboy Slim. ამ შემსრულებლების მოსასმენად, ჰაინე კენის დასაგემოვნებლად და პოლონელი გოგონების გასაცნობად საუკეთესო საშუალებაა, მელომანებმა პოლონურ ოუფენეარზე შეაჩერონ არჩევანი.

0x01 graphic

Wireless Festival
(ლონდონი/ბრიტანეთი 2-4 ივ ლი სი)

ვისაც ბრიტანული მუსიკა უყვარს, მაგრამ, გლასტონ ბერისგან განსხვავებით, შედარებით გაფილტრული შემადგენლობის მოსმენა სურს, ივლისის დასაწყისში აუცილებლად უნდა ეწვიოს ლონდონს. ამ დროისთვის დადასტურებულ სტუმრებს შორის სამი ტენდეცია შეიმჩნევა ბრიტანული ელექტრონული სცენის გიგანტები, მეინსტრიმ ჰიპჰოპის ვარსკვლავები ამერიკიდან და ტრადიციული ბირტ პოპის და ინდიროკის ადგილობრივი წარმომადგენლები.

მაშ ასე, ბრიტანული ელექტრონული სცენის წარმომადგენლები იქნებიან UNKLE, DJ Shadow და LCD Sound systems, ჰიპ ჰოპის ღირსებას დაიცავენ Jay Z, D12 და Snoop Dogg. რაც შეეხება მესამე კატეგორიას: Taylor Hawkins and the Coattail Riders, New young pony club, The big pink და კიდევ ათამდე შემსრულებელი.

Black Sea Jazz Festival
(ბათუმი/საქართველო 15-18 ივლისი)

ივლისში ქართველ ჯაზის მოყვარულებს შესანიშნავი სამი დღის გატარება შეუძლიათ ულამაზეს ბათუმში. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ფესტივალზე ეისიდის, ფანკის, ფუჟენის სახელოვანი შემსრულებლები დაუკრავენ. უკვე დადასტურებულია, რომ ბათუმს ეწვევა მაიკ სტერნი ბენდთან ერთად. სტერნს სხვადასხვა დროს უმუშავია მაილს დევისთან, ჯორჯ ქოულმენთან, ჯაკო პასტორიუსთან და სხვებთან. მაიკ სტერნის გარდა, ბათუმში ჩამოვლენ ჰიუმა საკელა ბენდთან ერთად, The Brand New Heavies, RH FACTOR და როი ჰარგროუს კვინტეტი. ხოლო ქართველებიდან: გიორგი მიქაძის და ბექა გოჩიაშვილის ტრიოები.

FIB Heineken Festival
(ბენიკასიმი/ესპანეთი 15-18 ივ ლი სი)

აღმოსავლეთ ესპანეთის ულამაზეს ბუნებაში არაფერი სჯობს ჰაინე კენის ლუდის სმას და ევროპის მნიშვნელოვანი ჯგუფების მოსმენას. წლეულს ცნობილ ესპანურ ფესტივალს საგანგებო ჰედლაინერი ეყოლება პროდიჯის სახით. ელექტრო პანკის პიონერები წლეულს არც ისე ბევრ ფესტივალზე გამოდი ან. ასე რომ, ვისაც მათი ბოლო ალბომის მოსმენა სურს სხვა ჰიტებთან ერთად, აუცილებლად უნდა შეუკვეთოს ბილეთები ესპანეთის მიმართულებით. პროდიჯის გარდა, წლეულს ფიბზე გორილაზიც გამოვა. ტრადიციულად, ფესტივალის სტუმრებისთვის ჰაინეკენის ლუდი უფასო იქნება.

Wacken
(ვაქენი/გერმანია 4-7 აგვისტო)

ფესტივალი, რომელიც გერმანიაში ყოველწლიურად უყრის თავს ექსტრემალური მუსიკის მოყვარულებს, აგვისტოში გაიმართება. 2010 წლის შემადგენლობაც ტრადიციულად „სასიკვდილოა“ სცენას უბრუნდება ბლექ მეტალის ლეგენ და Immortal. ვისაც მოენატრა უბერებელი აბატის „გროულების“ მოსმენა, აუცილებლად გერმანიისკენ უნდა აიღოს გეზი. დადასტურებულ სტუმრებს შორის ასევე არი ან Fear Factory, Iron Maiden, Kamelot, Lake Of Tears, Motley Clue, Equilibrium და სხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ჯგუფები.

33 ხე

▲back to top


კულტურა|ინტერვიუ

ინტერვიუ ჟიული ბერტუჩელთან

სალომე კიკალეიშვილი

პრობლემები, ტკივილი, მშობლებთან ურთიერთობა - ის, რაზეც არასდროს, არავისთან მინდოდა საუბარი. თანდათან მივხვდი, ჩემთვის მხატვრული კინო იყო გზა, ეს ყველაფერი ხმამაღლა მეთქვა, მომეყოლა.

0x01 graphic

კადრები ფილმიდან ხე

ჟული ბერტუჩელის კანში, საფესტივალო გადარბენისას შევხვდი. აღარც მახსოვს... მესამედ ვნახე? ჰო, მგონი. არ შეცვლილა. მაღალი, გაჩეჩილი თმით და ისევ ისეთი ენერგიული, როგორც ექვსი წლის წინ. მაშინ, როდესაც ქმართან, ოპერატორ კრისტოფ პოლოკთან ერთად საქართველოში იღებდა თავის პირველ მხატვრულ ფილმს „რაც ოთარი წავიდა...“ ფილმი ახალგაზრდა რეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 90-იანების საქართველოს რეალობაზე გადაღებულმა სენსიტიურმა ამბავმა კანში კრიტიკის კვირეულის გრან-პრი, საუკეთესო დებიუტისთვის „სეზარი“, ვარშავის კინოფესტივალისა და ფიპრესის სპეციალური ჯილდოები დაიმსახურა. ამის შემდეგ ჟული საფრანგეთში, ოთარ იოსელიანის გადაღებებზე ვნახე. როგორც ნამდვილი კუ, ზურგზე მიმაგრებული კამერით, ლანდივით დაჰყვებოდა იოსელიანს და ცდილობდა, არც ერთი დეტალი არ გამორჩენოდა; დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ფილმს იმაზე, თუ როგორ აკეთებს კინოს იოსელიანი: იდეიდან - სამონტაჟო მაგიდამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაში, მან ცოტა ხნით შეწყვეტა მუშაობა. მეუღლისა და პარტნიორის კრისტოფის გარდაცვალების შემდეგ ჟულიმ დიდი პაუზა აიღო.

0x01 graphic

კანის კინოფესტივალის დახურვა

ხე - ასე ჰქვია მის ახალ ფილმს, რომელმაც კანის 63-ე კინოფესტივალი დახურა. მიუხედავად იმისა, რომ ხე ჯუდი პასკოუს რომანის მიხედვითაა გადაღებული, ის თითქოს ჟულის ისტორიას გიყვება. იმას, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო. იმას, რის დაძლევაშიც სწორედ ეს ფილმი დაეხმარა.

ახალგაზრდა ოჯახი. ფილმის დასაწყისის იდეალური კადრები უცებ იცვლება ტრაგედიით - მამა გულის ინფარქტით იღუპება და მისი მანქანა სახლის გვერდით, ვეებერთელა ხეს ეჯახება. დედა (შარლოტ გინზბურგი) ოთხ შვილთან ერთად რჩება. უმცროსი გოგონა სიმონა დარწმუნებულია, რომ მამის სული სწორედ ამ უზარმაზარ ხეში ჩასახლდა; ზედ აფოფხებული, მის ფოთლებს ხშირად ესაუბრება ხოლმე. ბავშვის თვალით დანახული ტრაგედია მას შემდეგ უფრო მძაფრდება, რაც დედა რომანს გააბამს ახალ უფროსთან და „ჯადოსნური“ ხე, რომლის ფესვები საფრთხეს უქმნის სახლს, მოსაჭრელი გახდება.

საიდან მოვიდა რეჟისურა? ვიცი, რომ ბავშვობიდან კინოსივრცეში გაიზარდეთ. მამის კვალს გაყევით... მაგრამ მაინც, გიფიქრიათ ოდესმე რაიმე სხვაზე?

კინოს კეთების სურვილი ბავშვობიდან მოდის. უბრალოდ, როცა გავიზარდე, მივხვდი, არ მინდოდა, აი, ასე, ჰოპ და ფილმების გადაღება დამეწყო. მამაჩემისგან ვიცოდი, რომ ასე უცებ რეჟისორობა არ გამოვა; მანამდე საჭიროა რაღაც დააგროვო, განათლება მიიღო. ამიტომ დავიწყე ფილოსოფიით - ეს იყო ის, რაც ძალიან მიყვარდა. მინდოდა, კინოში მოსვლამდე ბევრი წამეკითხა, ბევრი მესწავლა, რადგან კინოში ისეთი დაკავებული ხარ, რომ დრო არაფრისთვის აღარ გრჩება. მხატვრულ ფილმებამდე დოკუმენტურ კინოს ვიღებდი. ალბათ იმიტომ, რომ სანამ ამბების მოყოლას დავიწყებდი, მინდოდა, სამყარო აღმომეჩინა, დავკვირვებოდი. ამბების მოყოლა ხომ... ეს არის საყვარელი ადამიანების, შენი ოჯახის, შენი ისტორიები. ძალიან პირადული რამ. მე კი მორცხვი ვიყავი. არავისთან არ მინდოდა პირადულზე საუბარი. არასდროს.

კი, მაგრამ ამის გარეშე ხომ არ გამოვა კინო?

სწორედ ეგ არის. ალბათ ამიტომაც დავიწყე დოკუმენტურით. ამ დროს მარტო ხარ. მარტო კამერით. სულ მუშაობ. არასდროს არ იცი, შენი მიუსვლელობით რას გამოტოვებ, რას გაუშვებ ხელიდან. დროს უკან ხომ ვერ დააბრუნებ?! ვერც სცენას გაიმეორებ. ძალიან შრომატევადი საქმეა. არ იცი, როდის მორჩები გადაღებებს, სულ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. მაგრამ... ნელ-ნელა მივხვდი. უფრო სწორად, ჩემთვის აღმოვაჩინე მხატვრული კინო, როგორც გზა, რომელიც საშუალებას მაძლევს, მოვყვე. მოვყვე განცდებზე, ემოციებზე. უბრალოდ, მოვყვე ისტორიები. ჩემი ბოლო ფილმით ვიგრძენი, რომ ეს ზოგჯერ აუცილებელიცაა.

0x01 graphic

ჟული ბერტუჩელი და მსახიობი დინარა დრუკაროვა
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

დიდი პაუზა გქონდათ. თან ეს ფილმი მგონი იმდენად პირადული გამოვიდა, რომ შარლოტ გინზბურგს ლამის გარეგნობითაც მიგამსგავსეთ...

დიახ. ჯერ იყო და, ჩემმა წინა ფილმმა წაიღო დიდი დრო: ფესტივალები, რეკლამირება... მეორე ბავშვი გამიჩნდა... მერე პირადი პრობლემები მქონდა. დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. მაშინ ვიპოვე ეს ნოველა. ამბავი სიკვდილზე, სიცოცხლეზე... იმაზე, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები შეეგუონ და გააგრძელონ ცხოვრება. მინდოდა მთელი აქცენტი დროზე გამეკეთებინა! იმაზე, რომ ყველაზე ძნელია იგრძნო დრო! არ უნდა მიაწვე შენს თავს... ჩემმა გმირმა ეს შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც დაატყდა თავს. ჩემთვისაც ასე იყო. ზოგჯერ ხელოვნება გეხმარება. პირადად მე ეს ფილმი ძალიან დამეხმარა. ბევრი პირადული ჩავდე. ჩემი და ჩემი შვილების ამბავი.

შარლოტი? არა, მანამდე არ ვიცნობდი. ძალიან მინდოდა, ეს გმირი ქეით ბლანშეტს განესახიერებინა, მაგრამ ქეითი დაკავებული იყო, შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც კი ფრანგ მსახიობზე დავფიქრდი, მაშინვე შარლოტზე ვიფიქრე. მგონი ის უკვე მზად იყო ასეთი როლისთვის.

ახალგაზრდა რეჟისორი, რომლის ფილმი დახურავს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენას. მგონი საყურადღებო ფაქტია. რა გეგმები გაქვთ?

ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის დახურვა ძალიან დიდი პატივია. თან ცოტა მეშინია, როგორ მიიღებს აუდიტორია, რას იტყვიან... თუმცა, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ამ ფილმს ჩემი გადამღები ჯგუფი სწორედ დღეს საღამოს, აქ ნახავს. გეგმები? ოო, რა დროს ეგაა... ჯერ არაფერი! არაფერი! ჯიბე ცარიელი მაქვს!

34 თბილისის პიცერიები

▲back to top


კონსიერჟი

0x01 graphic

პიცა ყველაზე მოსახერხებელი საჭმელია. მისი ჭამა შეიძლება ნებისმიერ პირობებში, ყველანაირი ატრიბუტის გარეშე - უდანაჩანგლოდ, უთეფშოდ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორისგან თვალმოუშორებლადაც. ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს სახლში მოტანილი პიცა, შესაძლოა, ყველაზე კარგი და იაფი საშუალება იყოს ტელევიზორის ეკრანებთან მიმსხდარი სტუმრების გასამასპინძლებლად. გასული თვის განმავლობაში, გურმანის თხოვნით, ტაბულას თანამშრომლები თბილისის პიცერიებს სტუმრობდნენ და აგემოვნებდნენ. მათი შთაბეჭდილებები აქ შევაჯერეთ, რათა მკითხველისთვის თბილისში არსებული პიცერიების ზოგადი სურათი მიგვეწოდებინა.

პანეტერია იტალიური საცხობი

მის: ჟღენტის 3ა, ნუცუბიძის II პლატო
სამუშაო საათები: 11:00 - 22:00
ტელ: 21-22-18 / 899 16 -71-67
ფასი: 11-17 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 22 საათამდე

მყუდრო ატმოსფერო, კედელზე იტალიური ქალაქების ამსახველი ულამაზო ნახატებით და მაგიდაზე გემრიელი მარილიანი ჩხირებით. მენიუში პირველივე პიცა - „შეფი“ (ლორი, ცხარე სალიამი, მოცარელა, ტომატის სოუსი, ზეთისხილი და სოკო) შევუკვეთე. შეკვეთის მოლოდინში ფარდა გადავწიე, რომ ხედით დავმტკბარიყავი, მაგრამ როდესაც ბეტონის უსახური სიმფონია გადაიშალა ჩემს თვალწინ, ფარდა უმალ დავხურე. დროის მოსაკლავად მეზობელ მაგიდასთან მსხდარი მთვრალი ბიჭების საუბარს მივაყურადე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. საბედნიეროდ, პიცა „შეფი“ საოცრად სწრაფად მომიტანეს. როგორც კი დავხედე, მივხვდი, რომ აქ ამოსვლაში ბენზინი ტყუილად დავწვი. პიცა იყო საშუალო ზომის, ცომი - სქელი და რბილი, სოკო დაკონსერვებული, ძეხვი - ზედმეტად დაბრაწული. პიცას თითქოს არაფრის გემო არ ჰქონდა, ან, თუ ჰქონდა, - უმნიშვნელო. როდესაც მეორე ნაჭერს მივადექი, მივხვდი, რომ მეტის ჭამა ნამდვილად აღარ მინდოდა. არ ვიცი, ვინ დადის აქ. ალბათ ის პლატოელები, ვისაც გემრიელი პიცის საჭმელად გრძელი გზის გავლა ეზარებათ.

ჩაო იტალია

მის: მოსაშვილის 1, ვაკე
სამუშაო საათები: 11:00 - 22:00
ტელ: 890 40-64-54
ფასი: 11-18 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არ არის

მოსაშვილის ქუჩაზე ახლად გახსნილი პიცერია ცოტა უცნაური დიზაინით გამოირჩევა: ძველრომაული ქანდაკებები, სარკეები, იტალიის დროშის ფერები და სხვადასხვა შინაარსის პოსტერები: მარლონ ბრანდო ვიტო კორლეონეს როლში, ლამაზი იტალიელი ბიჭები და გოგოები, რომელიღაც ქალაქის პეიზაჟი და ალ კაპონე სიგარით. იქ შესულს დამხვდა არცთუ იდეალური განათება, ახალი რემონტის არომატი და რატომღაც ბარი უაიტის მუსიკა. ათივე მაგიდა ცარიელია. ეტყობა, რომ ახალი გახსნილია. სახლში მიტანის სერვისი არა აქვთ. დიდი-დიდი, დარეკოთ და გამზადებულს დაგახვედრებთო. ორი პიცის, კუატრო ფორმაჯის (ოთხი ყველი) და ჰავაის (ყველით, ბეკონით და ანანასით) მომზადებამ დაახლოებით 20 წუთი წაიღო, თუმცა გემრიელი იყო, სანელებლებით კარგად შეზავებული და ძალიან თხელი, ფურცელივით ცომით, რაც თბილისის პიცერიებში იშვიათობაა. მომსახურება ნორმალურია, ისევე როგორც ფასები: რვანაჭრიანი ორი პიცა, უალკოჰოლო სასმელთან ერთად, 30 ლარი დაგიჯდებათ.

Coffee.ge

მის: აბაშიძის 27, ვაკე
სამუშაო საათები: 10:00-24:00
ტელ: 22-50-66
ფასი: 10-22 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 11:00-23:00

კვირადღის მიუხედავად, ოცამდე მაგიდიდან სულ რამდენიმე იყო დაკავებული. მიმტანმაც თავაზიანად გაგვიღიმა და თავისუფალი ადგილებისკენ მიგვითითა. ყველაზე მეტად ფანჯარასთან მდგარმა მაგიდამ მიმიზიდა, საიდანაც უკანა ეზო და ფანჯრის მინაზე მობჯენილი მწიფე ბლის ტოტები ჩანდა. ოფიციანტის მოხმობა ადვილი გამოდგა - საკმარისი იყო მისკენ მიგეხედა. მუსიკა ზომიერად ხმამაღალი იყო. სამი არჩევანიდან ყველაზე დიდი - პეპერონის პიცა შევუკვეთეთ. ძალიან მომეწონა ბუხარი, რომელშიც პიცა ჩვენს თვალწინ გამოაცხვეს. შეკვეთა არ დაგვიგვიანეს - მხოლოდ ორ-ორი ღერი სიგარეტის მოწევა მოვასწარით. ამ ხნის განმავლობაში მიმტანი დროდადრო მოდიოდა და გამამხნევებელ წინადადებებს გვაძლევდა. პიცა იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით - ექვსნაჭრიანი, მაგრამ თხელი ცომით და კარგად შეზავებული გემრიელი ინგრედიენტებით. თუმცა, ცომთან ერთად, რომელიც გადაკეცვის ადგილებში მაინც ტყდებოდა, თხელი აღმოჩნდა ყველის ფენაც. საბოლოოდ, კარგმა ინტერიერმა და სასიამოვნოდ მოღიმარმა პერსონალმა დადებითად განგვაწყო იქაურობის მიმართ.

ფიორინო

მის: კოსტავას ქ. 77, საბურთალო
სამუშაო საათები: 10:00 - 24:00
ტელ: 44-12-61
ფასი: 8-14 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არ არის

კოსტავას 77-ში მდებარე პიცერია ფიორინო ინტერიერითა და ვიზუალური მხარით ვერ დაიკვეხნის. პიცერიაში შესულს თვალში გხვდება უგემოვნო, უსულო სურათები, უსიამოვნო ფერები და მუსიკა, რომელიც არამდგრადია იმ ქალივით, რომელსაც კრიტიკული დღეები უდგას. მაგრამ ყველა ამ ნაკლს კარგი მომსახურე პერსონალი და გემრიელი პიცა ფარავს. ფასებიც ხელმისაწვდომია - 8-დან 14 ლარამდე მერყეობს. უალკოჰოლო სასმელის ჩათვლით, 30 ლარად, ორი კაცი გემრიელად დანაყრდება. ფიორინოს სახლში გამოწერის სერვისი არ აქვს. სამაგიეროდ შესაძლებელია ადგილზე შეკვეთის მიცემა და პიცის შინ წაღება.

რონის პიცა
კლასიკური ამერიკული პიცა საქართველოში

მის: პეკინის 36, საბურთალო.
სამუშაო საათები: 11:00 - 21:00
ტელ: 47-24-72
ფასი: 9.50-34.50 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 21 საათამდე

რონის პიცერია იმდენად პატარაა, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიო. შესვლისთანავე მიხვდები, რომ ამერიკული სტილის პიცერიაში მოხვდი. ატმოსფერო სასიამოვნოა. კედლები გაფორმებულია სხვადასხვა შტატის სამანქანო ნომრებით. ისმის მუსიკა, რომელიც არ გაწუხებს. დგას სამი პატარა მაგიდა. თუ ბევრ მეგობართან ერთად გინდათ აქ წამოსვლა, ვერ დაეტევით. თუ მყუდრო გარემოს ეძებთ, მაშინ რონი ნამდვილად არ გამოგადგებათ. პიცერიის კარი თითქმის არ იხურება. მუდმივად მოძრავი ხალხის ნაკადი უხერხულ მდგომარეობაში გაგდებს - პიცერია პატარაა და თითქმის ყველა შემომსვლელი ინტერესით გათვალიერებს. ტელეფონიც განუწყვეტლივ რეკავს. როგორც ჩანს, რონის გარე შეკვეთებიც მრავლად აქვს. პერსონალი დადებით განწყობას გიქმნის. შესვლისთანავე გაღიმებული სახით მოგაქცევენ ყურადღებას. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, მზად არიან, დაგეხმარონ. შეუკვეთავთ და... ათ წუთში პიცა მზად არის.

ფანტასტიკო

მის: ნაფარეულის 3ა, თბილისი, ვაკე
სამუშაო საათები: 10:00 - 23:00
ტელ: 29-46-75
ფასი: 9-24 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 23 საათამდე

ფანტასტიკოს ხუთშაბათ საღამოს ვესტუმრეთ. რვა მაგიდიდან ექვსი დაკავებული იყო. დარჩენილი ორიდან უფრო მოსახერხებელი ავირჩიეთ და დავსხედით. ოფიციანტი მაშინვე მოვიდა, მენიუ მოგვართვა და მოსაფიქრებლად დრო მოგვცა. ფანტასტიკოს 32 სახეობის პიცა აქვს, ფასი ზომისა და ინგრედიენტების რაოდენობის მიხედვით იცვლება. პატარა პიცა 9 ლარი ღირს, საშუალოს ფასი 14-დან 18 ლარამდე მერყეობს, დიდი პიცის მაქსიმალური ფასი კი 24 ლარია. გოგონამ შეკვეთა მიიღო, სასმელი მაშინვე მოგვიტანა, ხოლო ორი სახეობის პიცა, რომელიც ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შევუკვეთეთ, ათ წუთში მზად იყო. მუსიკა ხმადაბლა იყო ჩართული. არც სტუმრები ხმაურობდნენ. ფანტასტიკოში მყუდრო გარემოა, სისუფთავე, მოგხიბლავთ მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი. მაგიდას ყოველთვის ამშვენებს ერთი ცოცხალი ვარდი, რაც გარემოს უფრო ალამაზებს. აღსანიშნავია მენიუს მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასები. ფანტასტიკო ნა მ დვ ი ლა დ ფანტასტიკურია.

0x01 graphic

პრეგო საბურთალო

მის: ვაჟა-ფშაველას 2, საბურთალო
სამუშაო საათები: 09:30 - 22:00
ტელ: 37-36-10
ფასი: 6-25 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 22 საათამდე

ვაჟა-ფშაველას კუთხეში მდებარე პიცერია პრეგო გახსნისთანავე იქცა საბურთალოელი ნაღები საზოგადოების თავშეყრის ადგილად, თუმცა, ავანსად მიღებული პატივი ვერ შეიფერა და დღეს მუშათა სასადილოს სულ ოდნავ თუ სჯობს.

შესვლისთანავე თვალში გეცემათ საოცრად არამყუდრო ატმოსფერო. ჩვენი ვიზიტისას ერთმანეთზე მიდგმულ ორ მაგიდასთან ღიპიანი ბიძების ნაკრები სახინკლის საუკეთესო ტრადიციებში ლაღობდა. ატმოსფეროსგან განსხვავებით, სერვისი მაღალ დონეზეა. დასხდომისთანავე ოფიციანტმა მენიუ მოგვართვა. სანამ პიცას შევარჩევდით, დელიკატურად გამოთქვა მზადყოფნა, დაგვხმარებოდა. მეტი რომ არ ვთქვათ, ალბათ ცოტა უხერხული იყო ის, რომ ბართან მიმჯდარი ბუღალტერი საქმიანად აშრიალებდა ქაღალდებს და პარტნიორთან პიცერიის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობაზე ხმამაღლა ბჭობდა. პიცა მალე მოგვიტანეს, თუმცა, სჯობდა, სულ არ მოეტანათ: უგემური ყველი, დამწვარი ცომი და სანელებლად გამოყენებული უცნობი წარმომავლობის კენჭის მაგვარი ნაწილაკები მხოლოდ კარისკენ გვიბიძგებდა. საბედნიეროდ, ანგარიში დროზე მოგვიტანეს და ჩვენც სწრაფად დავტოვეთ იქაურობა, იმ იმედით, რომ ისე არასდროს მოგვშივდება, კვლავ პრეგოს მივაკითხოთ.

პრეგო ვაკე

პრეგო მის: ფალიაშვილის 14, ვაკე
სამუშაო საათები: 11:00 - 23:00
ტელ: 99-97-23
ფასი: 5-15 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არის

პრეგოში ხუთშაბათს, 3 საათზე მივედით. „საუკეთესო იტალიური რესტორანი“ ამ დროისთვის სრულიად ცარიელია. მყუდრო ატმოსფერო, ნელი ელექტრონული მუსიკითა და ორად გაყოფილი სივრცით, საშუალებას გაძლევს, უკეთ აღიქვა კედლებზე გამოფენილი ბანერები, რომლებზეც იტალიის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობაა აღბეჭდილი. კოლიზეუმი, ვენეცია, ვერონა და წმინდა პეტრეს ტაძარი პიცის ჭამისთვის კარგ განწყობას ქმნის. ოფიციანტმა შესვლისთანავე შეგვამჩნია და თავაზიანად შემოგვთავაზა ადგილი. ეროვნულ სამზარეულოზე გაზრდილი ქართველისთვის ძნელია მხოლოდ სახელების მიხედვით სასურველი კერძის ამორჩევა. ასეთ დროს სურვილი გიჩნდება, ვინმე დაგეხმაროს და, ბოლოს და ბოლოს, გაგაგებინოს, რა ჯანდაბაა ეს „ნაპოლეტენა“! თუმცა, რა გაეწყობა, ოფიციანტი თავზე გადგას და ცდილობს, შეკვეთა მალე გამოგტყუოს, კვლავ ძველი და ნაცადი - პიცა პეპერონით, თუ შეიძლება! ყურადღებას იპყრობს საფერფლე მაგიდაზე, რომელსაც რუსული წარწერა აქვს და გიფუჭებს განწყობას, რომელიც შენს წინ დაკიდებულმა ვენეციურმა ხედმა შეგიქმნა. ეს სლავური წარმოშობის ერთადერთი ელემენტი არ არის იტალიურ რესტორანში. ტელევიზორიც რუსულ არხს აჩვენებს. სწორედ რომ აჩვენებს, რადგან ხმა ბოლომდე აქვს ჩაწეული. პიცა ათ წუთში მზად არის. ფირფიტა ტკაცუნებს, არც ყველი დანანებიათ და არც ძეხვი. პიცის გარშემო სქელი ზედაპირი კი გეხმარება, ნაჭერი ადვილად დაიჭირო ხელში.

გარაჟი

მის: მცხეთის 1, თბილისი, ვაკე
სამუშაო საათები: 12:00 - 22:00
ტელ: 877 78-00-90
ფასი: 7-18 ლარი
ბარათები: არ მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 22 საათამდე

როგორც ჩანს, გარაჟი აქ მოღვაწე უცხოელებში პოპულარულია. ზოლიანი მაგიდები ინგლისურად ან იტალიურად მოლაპარაკე ხალხით არის სავსე. კედლებზე პიცის, ყველისა და იტალიური პასტის მადისაღმძვრელი სურათები კიდია - მასშტაბით ერთი ასზე. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი შეუკვეთო. ფასები ზომიერია, მომსახურება - კარგი; შესვლისთანავე გთავაზობენ მაგიდას. რაც უფრო სასიამოვნოა, სანამ შეუკვეთავ, იტალიური პომიდვრიანი ტოსტი - ბრუსკეტა მოაქვთ, საჩუქრად, სამზარეულოს ხარჯზე. პიცა გემრიელია, არც ძალიან თხელი და არც სქელი, გემრიელი ყველითა და კარგად დაბრაწული სოკოთი. ინგრედიენტების არჩევანიც დიდია. შეგიძლია პიცა საკუთარი არჩევანით შეადგინო. სულ რვა მაგიდაა, სასიამოვნო გარემო. თითქოს საქართველოში არც ხარ. მასშტაბებიც პატარა, რაღაცნაირად ადამიანური. მოკლედ, პატარა და საყვარელი რესტორანია. გარაჟი რატომ ჰქვია - გაუგებარია.

0x01 graphic

პიკოლო

მის: ჯავახიშვილის 8, ვერა
სამუშაო საათები: 11:00 - 22:00
ტელ: 92-26-28
ფასი: 8,50-15,60 ლარი
ბარათები: არ მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არის

რესტორნის ინტერიერს საბჭოური უფრო ეთქმის, ვიდრე იტალიური. პლასტიკის უგემოვნო დეკორაციით (მოწყენილ-მხიარული ნიღბები, პლასტმასის ყვავილები, მდარე სურათები...), უადგილოდ ჩადგმული გაურკვეველი წარმოების მაცივრით, აქა-იქ, პლინტუსებთან ახეული ბორდოსფერი შპალერით, რომელთანაც ხელსახოცის ფერი შეუხამებიათ, ან პირიქით - ხელსახოცთან შეუხამებიათ დანარჩენი გარემო. და კიდევ, სამლიტრიანი ქილებით აქეთ-იქით მორბენალი გაურკვეველი ფუნქციის მომსახურე პერსონალი... ვუკვეთავ პიცა კალაბრეზეს (პომიდორი, ყველი, ძეხვი, რეჰანი, პარმეჯანო. ფასი - 10 ლარი), სიცილიურ პიცას (პომიდორი, ყველი, სოკო, ქათმის ფილე, ზეთისხილი, გაუდა, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, პარმეჯანო. ფასი 10.6 ლარი). ჰო, კინაღამ დამავიწყდა! სანამ შეკვეთას ელით, საპირფარეშოში ნუ შეხვალთ - დიდი შანსია, მადა დაგეკარგოთ. თუ მადა არ დაგეკარგათ, მაინც ვერ შეჭამთ, ან შეჭამთ ხელდაუბანელი - შელახული სასაპნე მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. არც საშრობი მუშაობს. პიცას არა უშავდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინგრედიენტი დაავიწყდათ ან დაზოგეს. ცომი თხელი, ზომიერად შებრაწული. გასვლისას ჩეკი რომ მოვითხოვე, ლამაზმა მიმტანმა ისე შემომიბღვირა, მეგონა, ჩეკის ნაცვლად ის წამომცდა, რაც თავში მიტრიალებდა. გამოძახების მენიუც წამოვიღე. ჩემდა გასაკვირად, იქ, პიცის გარდა, ყველა კერძია ჩამოთვლილი. მოკლედ, თუ ხუთი შესაძლოდან სამვარსკვლავიანი პიცა მოგინდათ, ესტუმრეთ პიკოლოს. ოღონდ არამც და არამც რომანტიკული ვახშმისთვის. რომში, ალბათ, ზუსტად ასეთი „ელდეპოებია“.

35 მედიტერანული სალათა

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

თეკუნა გაჩეჩილაძე შეფ-მზარეული

4 ულუფა
500 გრ. პომიდორი „ჩერი“
500 გრ. კიტრი
500 გრ. ყველი „ფეტა“
100 გრ. მწვანე სალათის ფურცელი
20 გრ. ტარხუნა, პიტნა და შაშკვლავი
100 გრ. წითელი ხახვი
200 გრ. შავი ზეთისხილი
10 გრ. ანჩოუსი (სურვილისამებრ) საკაზმი (დააბლენდერეთ და მოხმარებამდე
მაცივარში გააჩერეთ)
60 გრ. ზეითუნის ზეთი
30 გრ. ძმარი ბალზამიკო (შავი)
1 ჩაის კოვზი მდოგვი
1 ჩაის კოვზი ორეგონი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ჯამში 18 ლარი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

სალათისთვის: კუბებად დაჭერით კიტრი, პომიდორი „ჩერი“ და ყველი „ფეტა“. დაუმატეთ დანაწევრებული ანჩოუსი, სალათის ფურცლები, ზეთისხილი, მწვანილი და ხახვი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

გამზადებული საკაზმი გამოიღეთ მაცივრიდან და სუფრაზე მიტანის წინ მოასხით სალათას.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).