![]() |
ტაბულა №41 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გოგიბერიძე ნინი, ჩერგოლეიშვილი თამარ, ხორბალაძე თამარ, ფორტენბერი ჯეფ, ავალიანი დიმიტრი, ტორონჯაძე მირიან, ელერდაშვილი ვახო, უგულავა სალომე, თავხელიძე მიშა, კვანჭილაშვილი ელენე, სუთიძე ლევან, ქორიძე ავთო, ტურაშვილი თეონა, მიქავა მარიამ, ბასილაია მიხეილ, საბელაშვილი პაატა, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ლორთქიფანიძე მერაბ, მაყაშვილი ანა, კალატოზიშვილი გიორგი, ბეკმამბეტოვი ტიმურ, მიქუტიშვილი შალვა, ძნელაძე ლევან, ხარბედია მალხაზ, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|31 იანვარი - 6 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/კომერციული მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/ც 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„ჩვენ საფრანგეთში ალბათ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ტუნისელი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას დიდი ხანი დასჭირდა ტუნისის კრიზისის აღიარებისთვის. საფრანგეთი ტუნისს 1957 წლამდე მართავდა. 25 იანვარი
„რეპრესიულ მთავრობებთან დიალოგი ძალიან ხშირად გამოიყენება ადამიანის უფლებათა კუთხით უმოქმედობის გასამართლებელ საბუთად“.
Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეთ როთმა გაკიცხა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ „რბილი ზომების“ მიღების ზრდის ტენდენცია იმის გარანტიების გარეშე, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში რამე ცვლილებები მოხდება. 24 იანვარი
„წუხელ მან ტელევიზორს უყურა - ეს იყო CNN-ი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ ფაქტით, რომ მან ერთი საათის განმავლობაში ტელევიზორის ყურება შეძლო“.
აშშის ქალაქ ტუკსონში 8 იანვარს მომხდარი სროლის დროს თავში დაჭრილი კონგრესმენის, გაბრიელ გიფორდსის მეგობარმა, დები ვასერმან შულცმა ჟურნალისტებს გიფორდსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ აუწყა. 26 იანვარი
ყველა ფოტო: REUTERS ©
„ახალი კანონები მხოლოდ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდაჭერით გავა. ჩვენ ან ერთად წავალთ წინ ან საერთოდ არა. ის გამოწვევები, რომლების წინაშეც ვდგავართ, უფრო დიდია, ვიდრე პარტია, ვიდრე პოლიტიკა“.
აშშის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამერიკის დაყოფილ პოლიტიკურ ძალებს საერთო გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. 26 იანვარი
![]() |
2 კვირა |
▲back to top |
23 იანვარი
პოლონეთის სახელმწიფო ხაზინამ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნათესავებს 90 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია შესთავაზა. საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, რამდენიმე ოჯახმა და მათმა ადვოკატებმა აღნიშნულ თანხას „ძალიან მცირე“ უწოდეს. პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.
24 იანვარი
პაკისტანში 17 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა ელექტროშოკის გამოყენებით მოკლეს იმის გამო, რომ უფროსების თანხმობის გარეშე აპირებდა გათხოვებას. საიმა ბიბის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სოფლის საბჭოს კრებაზე გადაწყდა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავებიც მონაწილეობდნენ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რეზა გილანიმ სამართალდამცავ ორგანოებს საქმის „დეტალური გამოძიება“ დაავალა. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის ანგარიშში მითითებულია, რომ 2009 წელს „ღირსების დასაცავად“ პაკისტანში დაახლოებით 560 ქალი მოკლეს.
ცნობილ ექიმს, პლასტიკურ ქირურგ ივა კუზანოვს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ერთი თვით შეუჩერდა. გადაწყვეტილება სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველი ექიმის მიერ შარშან 17 წლის დავით თოთოშვილისთვის ფეხზე ნერვის აღდგენის ოპერაცია გახდა. ოპერაციის შემ დეგ გაირკვა, რომ პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. პაციენტის ოჯახი მიიჩნევს, რომ კუზანოვმა თოთოშვილს ოპერაცია უხარისხოდ ჩაუტარა, რის გამოც ახალგაზრდას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. კუზანოვი ბრალდებებს უარყოფს.
რუსეთმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ТочкаУ-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის დივიზიონი განათავსა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა. ქართული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ცხინვალის რეგიონში Точка-У-ს განთავსება სასტიკად დაგმო.
25 იანვარი
რუსეთმა და საფრანგეთმა ორი ფრანგული სადესანტო ავიამზიდი ხომალდის, მისტრალის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის და რუსეთის ვიცე-პრემიერის, იგორ სეჩინის თანდასწრებით მოეწერა ხელი. ექსპერტების შეფასებით, პირველი ხომალდის ფასი დაახლოებით 700 მილიონი ევრო, მეორის კი დაახლოებით 600 მილიონი ევრო იქნება. რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გააპროტესტა.
საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch (HRW), 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები „არათანაბარი“ იყო. ანგარიშის ავტორების თქმით, მთვრობამ თბილისში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან ასობით იძულებით გადაადგილებული პირი გამოასახლა. „ხშირად ისინი საცხოვრებელი სახლებისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე რჩებოდნენ“, ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელების და ვირტუალური ურთიერთობების ფენომენზე ისაუბრა. პონტიფიკოსმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა. მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ახალი ნაცნობების შეძენის, ცოდნის ურთიერთგაზიარების და კულტურათა შორის დიალოგის საშუალებას იძლევა. „თუმცა თავიდან უნდა ავიცილოთ პარალელურ რეალობაში ჩაფლობის საფრთხე“, აღნიშნა მან.
26 იანვარი
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები, მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი დევდარიანი დააკავეს. ისინი სამთო ასაფეთქებელი სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
ეგვიპტეში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე გამოსულ ადამიანებს პოლიცია წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით გაუსწორდა. დაპირისპირებებს ეგვიპტის ორ ქალაქში - კაიროსა და სუეცში სამი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ემსხვერპლა. მეზობელი ტუნისის მაგალითით შთაგონებულმა ეგვიპტელებმა დედაქალაქ კაიროში რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს და პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომა მოითხოვეს. ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში მომხდარი არეულობების შედეგად სულ 77 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 23 სამართალდამცავია.
ჩილეს პრეზიდენტს, სებასტიან პინერას ოპონენტები „უპასუხისმგებლო საქციელში“ სდებენ ბრალს. პინერამ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ინტერნეტით გავრცელდა სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ დასვა პრეზიდენტმა საკუთარი ვერტმფრენი საავტომობილო ტრასაზე. პინერას განცხადებით, მას საწვავი დაუმთავრდა და იძულებული იყო ავარიული დაშვება განეხორციელებინა. „სამწუხაროდ, ვერტმფრენებს და მანქანებს საწვავი სჭირდებათ“, განუცხადა პინერამ ჟურნალისტებს ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
ყაზბეგში, მყინვარწვერის დალაშქვრისას თურქი მთამსვლელი დაიღუპა. ალპინისტების სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ისვენებდა, როცა ჯგუფს ერთ-ერთი მთამსვლელი მოწყდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ალპინისტები დაბა სტეფანწმინდამდე ჩამოვიდნენ და სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდნენ. საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ თურქ მთამსვლელებს ქართველი გიდი არ ჰყავდათ, ხოლო მყინვარწვერის დასალაშქრად მათ ყველაზე რთული მარშრუტი შეარჩიეს.
![]() |
3 ტერაქტი მოსკოვში |
▲back to top |
არენა
ნინი გოგიბერიძე
24 იანვარს, დაახლოებით 16:40 საათზე, მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი აფეთქება მოხდა. თავდამსხმელი (ან თავდამსხმელები - დაუდგენელია, ტერორისტი მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველთან ერთად) აეროპორტის დახვედრების დარბაზში შევიდა, მომლოდინეთა ჯგუფს შეერია და ტროტილის 7-კილოიანი ბომბი აამოქმედა. დაიღუპა 35 და დაშავდა 168 ადამიანი.
გამოძიების კვალს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ისლამისტ მებრძოლებთან მივყავართ. ვიტალი რაზდაბუდკოზე ფედერაციის მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული. სტავროპოლის მკვიდრი, ეთნიკურად რუსი, რაზდაბუდკო დომოდედოვოს ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორად ანდა უშუალო განმხორციელებელად სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ვაჰაბიტური დაჯგუფება ნოგაის ჯამაათის წევრია.
ვინც არ უნდა იდგეს დომოდედოვოს აფეთქების უკან, აშკარაა, რომ იგი წარმოშობით იმ რეგიონიდანაა, რომლის დამორჩილებასაც კრემლი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია ამაოდ ცდილობს. თავდასხმის დროც ვერ იქნებოდა რუსეთისთვის უფრო არახელსაყრელად შერჩეული: დმიტრი მედვედევს, სამშაბათს, 25 იანვარს, დავოსში დონორების შეკრებაზე ამბიციური პაკეტი უნდა წარედგინა. 10-მილიარდიანი საინვესტიციო წინადადება, ჩრდილოეთ კავკასიის შვიდიდან ხუთ კვაზიავტონომიურ რესპუბლიკაში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობას გულისხმობს. ქაღალდზე ეს პროექტი მართლაც რომ შთამბეჭდავად გამოიყურება, ამასთან ფინანსურადაც მომგებიანია. თუმცა, მსოფლიოს დარწმუნება, რომ რუსეთი ამ მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად უსაფრთხო ადგილია, ახლა უფრო რთული გახდება. 2014 წელს რუსეთმა სოჭში ზამთრის ოლიმპიადასაც უნდა უმასპინძლოს. 4 წლის შემდეგ კი დომოდედოვოს აეროპორტი საზეიმოდ უნდა შეეგებოს 2018 წლის მუნდიალის გულშემატკივართა ნაკადს. დაღუპულთა და დაჭრილთა სხეულებით მოფენილი და კვამლში გახვეული საერთაშორისო აეროპორტის დარბაზის სურათების ხილვამ კი, მოსკოვში სტუმრად მყოფი ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, ნამდვილად უნდა დააფიქროს.
სიმართლე ის არის, რომ ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში უარესდება. წინა წლებთან შედარებით ტერორისტული თავდასხმები ამ რეგიონში გაორმაგდა. National Review-ს მონაცემებით, თუ 2000 წელს 130-მდე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, დღეს ეს რიცხვი წელიწადში 750-ს აღწევს. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები იტყობინებიან, რომ მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში ისლამისტების ან რუსეთის სპეცსამსახურების წყალობით 110 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა იქ. გასული წლის მარტში კი დასრულდა დედაქალაქზე თავდასხმების 6-წლიანი „მორატორიუმიც“, როდესაც ორმა დაღესტნელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოსკოვის მეტროსადგურებში ბომბები აამოქმედა და 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ძალადობის ჩასახშობად, ოფიციალურმა მოსკოვმა ახალი გეგმა შეიმუშავა. გამოცდილი მათრახი - თაფლაკვერით ჩაანაცვლა და რეგიონის ფულით მოტკბობა განიზრახა. მედვედევმა ეს პროექტი, ალექსანდრ ხლოპონინს, განათლებით ეკონომისტს, მოწოდებით - პუტინის მეგობარს, ჩააბარა. ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების ცენტრად გადაქცევას ახალგაზრდობა ისლამური ფუნდამენტალიზმისგან უნდა შემოებრუნებინა. ხლოპონინს ამ ურთულეს მისიასთან ერთად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაც დაევალა. კრემლის ზეწოლის მიუხედავად, უკანონო რეგიონში მილიონობით დოლარის ჩადება, კერძო ბიზნესმა ვერ გარისკა. ამას დაემატა ისიც, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსკოვმა შვიდიდან ექვს ჩრდილოკავკასიურ ავტონომიურ რესპუბლიკას 20%25-ით შეუმცირა საბიუჯეტო დაფინანსება. ჩრდილოკავკასიელმა ობივატელებმა სრულიად დაკარგეს უკეთესი მომავლის იმედი. ამის ხარჯზე ისევ გაძლიერდა ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფებები.
დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე გავლენიანი დოკუ უმაროვის ისლამისტური დაჯგუფებაა. პირველ ეტაპზე იგი ტერორიზმს, როგორც ბრძოლის იარაღს, უარყოფდა კიდეც. მაგალითად, 2004 წელს მან მკაცრად დაგმო ბესლანის ტერაქტის მონაწილეები. თუმცა, მას შემდეგ, კრემლმა ჩეჩნეთს კადიროვების კლანი მოუვლინა, რომლებიც რეგიონს ტერორით მართავდნენ. 2007 წლისთვის ჩეჩენი მეამბოხეები ძირითადად დამარცხებულები იყვნენ. ისლამისტი რადიკალების ზეწოლით, რომელნიც იმ დროისთვის ძლიერდებოდნენ, უმაროვმა შეწყვიტა ჩეჩნური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ჩრდილოკავკასიური ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეით გამოვიდა. იგი საკუთარ თავს ისლამური მეამბოხეების ემირად მიიჩნევს. ისლამისტური ჩრდილო კავკასიის იდეა მთელი რეგიონის მეამბოხეებმა აიტაცეს. კრემლმა ამ გამოწვევას კორუმპირებული ადგილობრივი ლიდერების ხელდასმით უპასუხა. მათმა სისხლიანმა ტაქტიკამ კი კიდევ უფრო გაამწვავა აჯანყება. უმაროვიც ტერორში ჩაერთო. ერთ-ერთ პირველ ვიდეომიმართვაში, მან განაცხადა, რომ „სისხლი არა მარტო ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში“, არამედ რუსეთის ქუჩებშიც დაიღვრებაო. შედეგმაც არ დააყოვნა - 2009 წელს მან აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი ნევსკი ექსპრესის აფეთქებაზე, რომლის დროსაც 27 ადამიანი დაიღუპა; 2010 წელს კი - მეტროსადგურებში თვითმკვლელი ტერორისტების მოქმედებებზე. ექსპერტები 24 იანვრის დომოდედოვოს აეროპორტის აფეთქებასაც სწორედ მას მიაწერენ.
ჩრდილოკავკასიური ტერორიზმის გაძლიერებასთან ერთად, ზოგს შეიძლება ეფიქრა, რომ რუსები პუტინს რეგიონის მიმართ წარუმატებელი პოლიტიკის განხორციელებაში დაადანაშაულებდნენ. მოსკოვში არსებული განწყობა კი საპირისპიროზე მეტყველებს. დეკემბრის შუა რიცხვებში 5 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი წითელ მოედანთან ახლოს დემონსტრაციებს მართავდა. აქციების კატალიზატორი, ჩხუბის დროს კავკასიური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების მიერ ერთ-ერთი გულშემატკივრის მკვლელობა გახდა. მანეჟის მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები თავს ესხმოდნენ ნებისმიერ გამვლელს, რომელსაც არასლავური იერსახე ჰქონდა. სხვა ქვეყნებში, ასეთ საქციელს სულ მინიმუმ საჯაროდ გააკრიტიკებდნენ, პუტინის რუსეთი კი თავდამსხმელების მხარეს აღმოჩნდა. „მათ, ვინც ეთნიკური დანაშაულებრივი დაჯგუფებების რიგებს ავსებს და შემდეგ ჩვენს ბიჭებს ესვრის, ამოვძირკვავთ“, - ასეთი იყო ოფიციალური მოსკოვის პოზიცია.
ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ 24 იანვრის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთისთვის ჩვეული რუტინა მოჰყვა თან: აფეთქება, დაბნეულობა, პოლიციელების, სახანძრო მანქანების, სასწრაფო დახმარების პერსონალის საქმიანი სირბილი, სამართლიანობის ოფიციალური დაპირებები... მეტი დაბნეულობა და, რამდენიმე საათის შემდეგ სრული სიჩუმე...
როგორც წესი, ტერორისტული აქტის მსხვერპლად გახდომის შიში და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები ფართო მასებში დაუყოვნებლივ, თავდასხმის შემდეგვე წარმოიშობა. ასე მოხდა ნორდ-ოსტისა და ბესლანის შემდეგ - ფონდ Общественное мнение-ს რესპონდენტების 67%25-ს ტერაქტების ეშინოდათ. გამოკითხულთა იგივე რაოდენობას პრეტენზიები ჰქონდათ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხოების სათანადო ზომები. მაგრამ უკანასკნელ წლებში ტერორისტული საფრთხის შეგრძნებამ რუსეთის მოქალაქეებში იკლო. 2010 წლის ნოემბერში, ბევრ ადამიანს არც კი ახსოვდა მარტში მოსკოვის მეტროში განხორციელებული თავდასხმა: ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალში პირველ ადგილზე ფასების ზრდა დასახელდა (50%25), სუსტი და არაეფექტიანი ანტიტერორისტული ღონისძიებების მიმართ პრეტენზიები კი მხოლოდ მეცხრე ადგილზე იყო (12%25).
დომოდედოვოს ტერორისტული აქტი მთელმა მსოფლიომ დაგმო. მოსკოვი კი ამ ტრაგედიას საკადრო ცვლილებებით გამოეხმაურა. მედვედევმა აეროპორტის მენეჯმენტი და სატრანსპორტო პოლიცია უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობაში დაადანაშაულა. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჩინოვნიკი და აეროპორტში მიმოსვლის წესების გაძლიერება მოითხოვა.
რუსეთის პოლიცია, რომელიც უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ხშირად ქრთამის აღებით უფროა დაკავებული, ვიდრე საეჭვო პირების გამოვლენით. მაგალითად, 2004 წელს ორმა თვითმკვლელმა ქალმა, რომლებმაც დომოდედოვოს აეროპორტში შემოწმების გავლის შემდეგ ბომბები თვითმფრინავებზე აიტანა, 88 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მოსკოვზე გახშირებული თავდასხმები კითხვებს რუსული სპეცსამსახურების ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც ბადებს. როგორც ჩანს, ФСБ უკეთ ახერხებს კრემლის ოპონენტებთან გამკლავებას, ვიდრე ტერორისტულ სინდიკატებში ინფილტრაციას და თავდასხმების პრევენციას.
![]() |
4 პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი
25 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანმა საინფორმაციო არხმა მაუწყებლობა საქართველოს პრეზიდენტთან ტელეხიდით განაახლა. ტელეპროექტის - „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს“ - ნახვა შეეძლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის, ბელარუსის, აღმოსავლეთ ევროპის, დანარჩენი რუსეთისა და ირანის მოსახლეობას. ახალი რუსულენოვანი არხის სიგნალი ამ არეალში ვრცელდება.
პრეზიდენტმა კავკასიურს მაუწყებლობის დაწყება მიულოცა, ხელმძღვანელი ჟურნალისტები შეუქო და მაყურებელს განუცხადა, რომ არხმა ხელისუფლებისგან „სრული თავისუფლების გარანტია“ მიიღო. თუ რატომ დასჭირდა ამ უკანასკნელს თავისუფლების გარანტიის ხელისუფლებისგან მიღება, აღარ დაუკონკრეტებია. პრეზიდენტმა დატუქსა ისინი, ვინც სააკაშვილსა და მის ჩრდილოელ კოლეგებს შორის პარალელის გავლებისკენაა მიდრეკილი და შეახსენა, რომ „იქ“ ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს, თავად კი მზად არის ყველაზე მწვავე შეკითხვებს უპასუხოს. ამ თემას, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისადმი კეთილად განწყობილი ტელეარხები აიტაცებენ და უახლოეს დღეებში ჩვეული „დამაჯერებლობით“ აგვიხსნიან, თუ რა განსხვავებაა „იქაურ“ და „აქაურ“ ტელეხიდებს შორის. ოპოზიციურად განწყობილებს კი სააკაშვილის პუტინიზაციის ახალი „მტკიცებულებები“ გაუჩნდებათ.
ჩვენი პრეზიდენტის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ დასმული შეკითხვები მართლაც მწვავე თემებს ეხებოდა. მეტიც, მომეჩვენა, რომ მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს კითხვის „მწვავე“ ჟღერადობით კეკლუცობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე შეკითხვის აზრი ან პრეზიდენტის პასუხი. დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთი ჟურნალისტის ლირიკულმა გადახვევამ, საქართველოში „გულწრფელი, პატიოსანი და სერიოზული“ დემოკრატიის დამყარების თაობაზე.
„საუბარი პრეზიდენტ ობამასთან“ - ამ სახელწოდების პროექტი გასულ ოქტომბერს მუსიკალურმა არხმა MTV-მ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა გადასცეს. ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ მოსახლეობასთან შეხვედრების სერია გამართა. ობამამ ამ გადაცემაში ახალგაზრდა ამომრჩევლის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას 250-მდე ადამიანი ესწრებოდა, ამას გარდა, პრეზიდენტმა Twitter-ის მეშვეობით 1000-მდე შეკითხვა მიიღო. გადაცემა ისე დასრულდა, რომ თავისუფლების ქანდაკების ან გრანდ კანიონის ფონზე გამართული სატელევიზიო ჩართვები არ გვინახავს, არც Apple-ისა და Microsoft-ის წარმატებულ საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლების ბედნიერი სახეები უჩვენებიათ - არადა, უმუშევრობა შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რამაც 2012 წლის არჩევნებში, შესაძლოა, პრეზიდენტ ობამას ბედი განსაზღვროს.
ეკონომიკური გუნდის მსგავსად, ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციის პროცესის მიზეზად საქართველოს პრეზიდენტმაც მსოფლიოში ფასების მატება დაასახელა. ეს, მისი აზრით, ისეთი ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია, როგორიც ჩინეთია - ამ უკანასკნელის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ამაღლდა, რის შედეგადაც პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა და ფასების მატება მივიღეთ. სააკაშვილმა ცალსახად უარყო, რომ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა ნაკლულია და ინფლაციას ესეც იწვევს.
„ჩვენ გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში არ გვექნება“, - თქვა პირველმა პირმა. თუმცა არ ახსნა, ანდაც რატომ ახსნიდა, როცა არავის უკითხავს, რატომ არ შეეხო მსოფლიოში ფასების მატება შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს ისე, როგორც ჩვენ; როგორ მოხდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენსაზე 2-ჯერ, შეერთებული შტატების და ბალტიისპირეთის ქვეყნების მაჩვენებელი კი - 3-ჯერ და მეტჯერ დაბალია? ხელისუფლება იტყვის, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა ქართველებზე მდიდარია და მათი შემოსავლის ნაკლები წილი იხარჯება გაძვირებულ კარტოფილსა და ხორბალზე. მაგრამ, როგორ ახსნის იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის იგივე მონაცემების მიხედვით, მიწისძვრით განადგურებულ ჰაიტიში უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში?
სააკაშვილს ვერ შეედავები - ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი ეკონომიკის განუხრელი და მკვეთრი ზრდაა. როგორ მოახერხებს ელექტრომობილებში გადასაბარგებლად მზადმყოფი მთავრობა საქართველოს სწრაფი ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფას, ცალკე საკითხია.
იმას, რომ განათლების სისტემაზე და მის რეფორმაზე საუბრისას, პრეზიდენტს ჩვევად ექცა დიმიტრი შაშკინის პოლიტიკის ოპონენტებზე ქილიკი და მათი ისეთი ეპითეტებით შემკობა, როგორიცაა „ჭკუისკოლოფები“, „ვითომ ლიბერალები“ და „ოროსნები“ - დაკვირვების გარეშეც შეამჩნევ. ეს თუ მართლაც ასეა, ჩნდება კითხვა რატომ იღებდნენ გადაწყვეტილებებს „ოროსნები“? სად იყო პრეზიდენტი, როცა განათლების დარგს ისინი მართავდნენ? ან სად არიან „ოროსნები“ დღეს?
საქართველოს პირველი პირის ტელეხიდი თითქმის სამ საათს გაგრძელდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საზოგადოებაში დაგროვილი ყველა ძირითადი, მტკივნეული ან უბრალოდ ყბადაღებული შეკითხვა მოისმინა. ისაუბრა უმუშევრობაზე, სოციალურ დახმარებებზე, წამლის ფასებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, დევნილებზე, ვეტერანებზე, თავის პოლიტიკურ მომავალზე და ინგლისურის ენის სწავლების მართლაც რომ მნიშვნელოვან პროექტზე. ყურს სასიამოვნოდ მოხვდა პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ „უფასო ტრაქტორებმა არ გაამართლა“ და სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალა არა მთავრობა, არამედ კერძო სექტორი უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ყველა კითხვაზე პირდაპირი პასუხი ვერ მივიღეთ. ზოგიერთ პასუხს ზედმეტად პოპულისტური ელფერი დაკრავდა.
თუმცა არაპოპულარული, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული განცხადებებიც გაკეთდა. საზოგადოების ნაწილის ნაციონალისტურ და შოვინისტურ განწყობებს - თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით - პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად უპასუხა: „თუ ჩვენ ყველას გვინდა სახელმწიფო, იაფფასიან დემაგოგიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საქართველო ეკუთვნის ყველას“.
ვისურვებდი, პრეზიდენტის ყველა პასუხი ასეთი მკაფიო და პირდაპირი ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ორუელი ბრძანებს, პოლიტიკური ენა იმგვარადაა მომართული, რომ „ჰაერს წონა მისცეს“.
![]() |
5 პოლიტიკური სკანდალი რუსული ფულის არომატით |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ხორბალაძე
2011 წელი, ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსული ფინანსების განაწილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერის 48-საათიანი დაკავება აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ძალებისთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება გახლდათ. სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა, საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურამ, რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის წინააღმდეგ ცილისწამებაში დაადანაშაულა. დაკავებულის განთავისუფლების მიუხედავად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და აფხაზ ოპოზიციონერს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იაკუბ ლაკობა აფხაზური პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, კოლორიტული, თუმცა მარგინალად ქცეული წარმომადგენელია. იგი ყოფილი კანონიერი ქურდის ძმა და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილეა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე კი, რომელიც 2005 წლის იანვარში გაიმართა (მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი მთავარი კანდიდატი - სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯინბა მოარიგა), ლაკობამ 5 პროცენტამდე ხმები მიიღო. მისი სახალხო პარტია აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის სათავეებთან იდგა. მიხედავად ამისა, ამჟამად სახალხო პარტია ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ვეღარ თამაშობს. პარტიამ 2008 წელს კიდევ ერთ შიდაოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან - ერა (აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია) - დადო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ლაკობას 2009 წელს საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია. იაკუბ ლაკობა სერგეი ბაღაფშის კლასელია. იგი პარტიის საიტზე მუდმივად აქვეყნებს კრიტიკულ წერილებს და ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი, მას აფხაზ ჟირინოვსკის უწოდებს. მორიგი სტატიის გამო მისი დაპატიმრება, გაუგებარიც იქნებოდა, რომ არა კონტექსტი, რომლის ფონზეც ლაკობა დააკავეს: რუსული ფულის გაფლანგვის შესახებ მსჯელობა ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა აქტუალური. 2011 წელს ეს ხმები რუსეთის კონტროლის პალატის დასკვნამაც დაადასტურა. ფინანსური აუდიტის შედეგები 20 იანვარს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ 2009-2010 წლებში სეპარატისტული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გაწეული 7.295 მლრდ რუბლის (დაახლოებით 244 მლნ აშშ დოლარი) ფინანსური დახმარების ფარგლებში, 346,8 მლნ რუბლის (დაახლოებით 11.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით დარღვევა გამოვლინდა.
ამ დარღვევების შესახებ განცხადება რაულ ხაჯინბას ეროვნული ერთიანობის კავშირის თანათავმჯდომარემ, საოკუპაციო პარლამენტის დეპუტატმა რიტა ლოლუამ ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში გააკეთა. ამ ფონზე აფხაზური ოპოზიცია საგანგებოდ ელოდებოდა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარის, სერგეი სტეპაშინის სოხუმში ვიზიტს. ამისგან, ის საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ელოდა, თუმცა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო.
სტეპაშინი სოხუმში კონტროლის პალატის დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. მან არსებულ დარღვევებზე განაცხადა, თუმცა სერგეი ბაღაფშის ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად ადგილობრივ ოპოზიციას დაესხა თავს. მან ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ის, რომ ოპოზიცია სამთავრობო აგარაკების რუსეთისადმი გადაცემას ეწინააღმდეგებოდა: „ვისურვებდი, რომ უსაფუძვლო რაღაც-რაღაცების გამოქექვის ნაცვლად ოპოზიცია კონკრეტულ, საქმიან რეკომენდაციებს იძლეოდეს... სხვა მეგობრები მოვლენ მეზობელი ქვეყნიდან და ისინი შექმნიან ოპოზიციას, რომელიც პოლიტიკური სკანდალი რუსული ფულის არომატით ტკბილად არ მოგეჩვენებათ“, - აფხაზური წყაროების ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე აფხაზურ ოპოზიციას.
სტეპაშინის განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა აფხაზური ოპოზიციისთვის. აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა რაულ ხაჯინბამ, სტეპაშინის სიტყვები აფხაზური ოპოზიციის შესახებ შეაფასა, როგორც „შანტაჟი მუქარის ელემენტებით“.
უფრო მკაცრი იყო სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა, რომელსაც ამ ეტაპზე არცთუ დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს და შესაბამისად - რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებასაც ნაკლებად ცდილობს. მან პარტიის საიტზე რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელს „პოლიტიკური ინტრიგანი“ და „შანტაჟისტი“ უწოდა. ლაკობამ კითხვები სტეპაშინის „უანგარობასთან“ დაკავშირებითაც დასვა. საინტერესოა, რომ სტეპაშინის მეუღლე რუსული ბანკის, ვითიბის, ვიცე-პრეზიდენტია. ბანკი აფხაზეთში დაწყებულ რკინიგზის რეაბილიტაციის პროცესს აფინანსებს. სხვათა შორის, 12 მილიონის დადასტურებულად გაფლანგვის მიუხედავად, კონტროლის პალატის დასკვნის გამოქვეყნებიდან 4 დღეში, ცნობილი გახდა აფხაზეთისთვის რკინიგზის აღსადგენად დამატებით 2 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 67 მილიონი აშშ დოლარის) გამოყოფის შესახებ.
აფხაზი ბლოგერები წერენ, რომ თუ აფხაზი ოპოზიცია თავისი კრიტიკული გამოხტომებით დიდი რუსული ბიზნესის ინტერესებში შეიჭრა, ლაკობას დაკავება მოულოდნელი აღარ არის. ეს გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელიცაა. მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე ბაღაფშის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთის კეთილგანწყობის შენარჩუნება შეძლო. ურთიერთობების დაძაბვისა და ბაღაფშის ჩანაცვლებისკენ მიმართული ოპოზიციური მცდელობა კი, შესაძლოა, ამ უკანასკნელთა დაპატიმრებითაც დასრულდეს.
![]() |
6 ჯეფ ფორტენბერი: ვიმედოვნებ, საქართველო ახალი ევროპის ლიდერი გახდება |
▲back to top |
პოლიტიკა
ფოტო: ჯეფ ფორტენბერის პრესსამსახური ©
„საქართველოში არსებული მდგომარეობა სარატიფიკაციო პროცედურების დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ უნდა მივიჩნიოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გასულ მაისს და კონგრესს 123-ის სახელით ცნობილი, აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაუგზავნა. ამ დოკუმენტს ხელი მხარეებმა 2008 წლის მაისში მოაწერეს. რუსეთ-საქართველოს ომის გამო ბუშის ადმინისტრაციამ მისი ძალაში შესვლა შეაჩერა. პროცედურის მიხედვით, შეთანხმებას, ხელშეკრულებისგან განსხვავებით, რატიფიკაცია არ სჭირდება. შეთანხმება ძალაში შესულად ითვლება, თუ კონგრესმა დოკუმენტი შესვლიდან 90 სასესიო დღის გასვლამდე არ დაბლოკა. 123-ის სახელით ცნობილი შეთანხმება ცოტა ხნის წინ, 2011 წლის 11 იანვარს ამოქმედდა.
ადმინისტრაციის ინიციატივას კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობა შეხვდა. წინააღმდეგობის ავტორები რესპუბლიკელი ჯეფ ფორტენბერი და დემოკრატი ედუარდ მარკი იყვნენ, რომლებიც ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნას ასახელებდნენ.
5 ქალიშვილის მამა ჯეფ ფორტენბერი, 2005 წლიდან ამერიკის კონგრესში ნებრასკის 1-ლი საარჩევნო ოლქის წარმომადგენელია. ის რამდენიმე, მათ შორის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრიც არის. გასულ აპრილს კონგრესმენი ფორტენბერი კოლეგებთან ერთად საქართველოს ესტუმრა. ხანმოკლე ვიზიტის განმავლობაში ოპერა „კარმენის“ არასრულად ნახვა და იმ ადამიანებთან შეხვედრა მოასწრო, რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკას ქმნიან - „შთამბეჭდავია ამდენი ახალგაზრდა პროფესიონალის ხილვა საკვანძო პოზიციებზე, ვფიქრობ, ეს საქართველოს პოტენციალს გაზრდის“, - უთხრა მან ტაბულას დამშვიდობებისას. მანამდე კი, ფორტენბერიმ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, კონგრესის გეგმებზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
აისახება თუ არა რესპუბლიკური პარტიის წარმატება კონგრესის შუალედურ არჩევნებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე?
კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. ამასთან ერთად, მინდა იცოდეთ, რომ წარმომადგენელთა პალატის მთავარი საზრუნავი, მაინც შიდა ეკონომიკური პრობლემები იქნება. ბიუჯეტი დასაბალანსებელია. საგარეო ვალი იზრდება, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას და ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. გასულ არჩევნებს სწორედ ეკონომიკური საკითხები წარმართავდა, რაც კონგრესში რესპუბლიკური უმრავლესობის მოსვლით დასრულდა. წარმომადგენელთა პალატას ორ წელიწადში ერთხელ ვირჩევთ. ეს ინსტიტუტი ყველაზე მეტადაა მორგებული ამომრჩევლის მოთხოვნებს. ამერიკაში ბევრი ადამიანი დაზარალდა. აღმოცენდა ხანგრძლივი სტრუქტურული უმუშევრობა. ვფიქრობ, რომ გადახარჯვა და ვალის განუხრელი ზრდა ეკონომიკას აღმასვლის საშუალებას არ აძლევს. ჩვენი მთავარი ამოცანა ფისკალური პრობლემების მოგვარება იქნება, რაც თავის მხრივ უმუშევრობას შეამცირებს და ქვეყანაში შესაძლებლობების დიაპაზონს გაზრდის. ძალიან რთულია ასეთ რთულ ვითარებაში საერთაშორისო საკითხებზე ფოკუსირება. ვიცი, რომ უცხოელი კორესპონდენტისათვის არცთუ სახარბიელო პასუხია, მაგრამ ეს ასეა.
ხშირად ავლებენ პარალელს ბილ კლინტონთან, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა საგარეო პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ კონგრესზე კონტროლი დაკარგა და პრეზიდენტს შიდა პოლიტიკაში ხელფეხი შეეკრა…
საკითხს ამ მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ვეღარ აკონტროლებს, ცხადია, მას დღის წესრიგის შეცვლა მოუწევს, რადგან კონგრესთან პირდაპირი კონტაქტი დასჭირდება. უკვე ვხედავთ კიდეც ამის ნიშნებს ბიუჯეტის შემცირების და ჯანდაცვის რეფორმის კუთხით. მიუბრუნდება თუ არა პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი ოპოზიციურია? შესაძლოა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. შიდა ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად ისეთი რთულია, ვფიქრობ, მაინც ყურადღების ცენტრში დარჩება და სწორედ ეს სურს ამერიკელთა უმრავლესობას. წარმომადგენელთა პალატის ტრადიციული ფუნქცია ეს იყო და ახლა, როდესაც კონგრესს ახალი, განსხვავებული ფილოსოფიური ხედვის შემადგენლობა ჰყავს, შიდა პოლიტიკური თემები კიდევ უფრო გააქტიურდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბევრი კონგრესმენი, ჩემი ჩათვლით, საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. თანამედროვე ტექნოლოგიები ზრდის ჩვენს შესაძლებლობას - ხელი შევუწყოთ ახალ დემოკრატიებს. სწორედ ამიტომ ვარ კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის წევრი. ამ მიზნით შეიქმნა ეს ჯგუფი - რათა დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ახლახან დააღწიეს თავი რეპრესიულ კოლექტიურ რეჟიმს - თქვენს შემთხვევაში, ან დიქტატურას, ანდაც ქაოსს და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოძრაობაა. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესში მუდმივად მოხდეს ამის ხაზგასმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ, ვერ დამყარდება კომუნიკაცია, დაიწყება ბრძოლა რესურსებისთვის, თავს წამოყოფს ნაციონალიზმი, ნაცვლად ისეთი მოდელის შექმნისა, რომელიც საერთო მიზანს ემყარება - ძალაუფლება ხალხს. ასე რომ, კარგი ურთიერთობები, კარგი დიპლომატია, დაძაბულობის განმუხტვა, ომის თავიდან აცილება, ეს ის საკითხებია, რასაც მე ჩემი საქმის ნაწილად მივიჩნევ. მაგრამ ამ პერიოდში, ამ საკითხებზე ფოკუსირება კონგრესს გაუჭირდება რთული შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო.
რას ფიქრობთ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაზე, აღწევს ის თავის მიზანს? ადმინისტრაცია გადატვირთვის წარმატებად მიიჩნევს გაეროს მიერ ირანზე დაკისრებულ სანქციებს, START-ის ხელმოწერას, რუსეთის მიერ ირანისთვის შ-300-ების მიყიდვაზე უარის თქმას.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა სცადა. ყოველთვის ასეა, ახალ ადმინისტრაციას წინამორბედთან შედარებით გზა უფრო ხსნილი აქვს. რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. საჭიროა, რომ მათი განზრახვების შესახებ ვიცოდეთ და ამ საკითხებს გლობალიზაციის გამოწვევების გათვალისწინებით მივუდგეთ. მიმაჩნია თუ არა წარმატებად თქვენ მიერ მოყვანილი საკითხები? ვნახოთ. START-ის ხელშეკრულებას კაპიტოლიუმის მთაზე ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს. მე ამ დოკუმენტზე კენჭისყრაში არ ვმონაწილეობ. მას სენატი განიხილავს. თუმცა ბევრ ჩვენგანს იზიდავს ბირთვული დაძაბულობის შემცირების პერსპექტივა. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ საჭიროა ამ თემის ისეთ საკითხთან მიბმა, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო ფარის საჭიროება - როგორც აღნიშნეთ, რეალურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი საკუთარი არსენალის მოდერნიზაციას საფრთხე არ დაემუქრება.
შეცდომაა იმის თქმა, რომ გადატვირთვამ თავის მიზანს მიაღწია, ისევე როგორც არ იქნებოდა სწორი მისი მარცხად გამოცხადება. ჩემი აზრით, ის სადღაც შუაშია.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსული სამხედროების ქართულ მიწაზე ყოფნა ოკუპაციად შეაფასა. სენატში ინიცირებულია ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. კონგრესში თუ უნდა ველოდოთ მსგავსი დოკუმენტის განხილვას?
წინა კონგრესმა მსგავსი დოკუმენტი იმიტომ არ მიიღო, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. მათ საქმის გართულება არ სურდათ და გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის პარტია აკონტროლებდა, საკანონმდებლო ორგანომ ამ შინაარსის რეზოლუცია არ განიხილა. მე ასე ვფიქრობ. მჯერა, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილს უნდა იკავებდეს. რუსეთის შეჭრა საქართველოში და მის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია, კონგრესში უამრავ ადამიანს აწუხებს და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იზრუნოს ამაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციამ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას დაუჭირა მხარი, რას უნდა ველოდოთ კონგრესის მხრიდან? ექნება ადმინისტრაციას ამ საკითხში კონგრესის მხარდაჭერა?
ვფიქრობ, პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ირონიულია. ის დიდი ხანია საუბრობს უფრო აგრესიულ, გახსნილ ვაჭრობაზე, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა. ვიმედოვნებ, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმება სამართლიანი იქნება, საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას წინ არაფერი უნდა დაუდგეს. გულწრფელად გითხრათ, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო ახალი ევროპის ლიდერად ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს და პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ამ ბოლო დროს ბევრს ნერვიულობენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე. ამბობენ, რომ ის კვდება და მაგალითად ავღანეთი მოჰყავთ. ამას დაემატა საფრანგეთ-რუსეთის შეთანხმება მისტრალზე. ისიც, რომ NATO-ს გაფართოება შეჩერებულია…
NATO-მ ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური როლი ითამაშა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დღეს იმავეს საერთაშორისო მასშტაბით აკეთებს. პირველ რიგში, მსურს თქვენი დახმარებით მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს ავღანეთში გაწეული ძალისხმევის გამო - თქვენ თქვენი წონითი კატეგორიის მიღმა იბრძვით. პატარა ქვეყანა მძიმე ტვირთს ზიდავთ და ჩვენ მადლიერნი ვართ. ვიმედოვნებ, NATO განაგრძობს იმგვარ ორგანიზაციად ყოფნას, რაც მის მნიშვნელობას და წარსულს შეეფერება. ვფიქრობ, ევროპამაც სულში უნდა ჩაიხედოს და შეაფასოს საკუთარი უსაფრთხოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო ფეთქებადი ხდება
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება რუსეთის საქციელზე?
რთული კითხვაა, თანაც ეს უკვე არ მოხდა. მოდით, მხოლოდ იმას გაგიმეორებთ, რომ ვიმედოვნებ, საქართველო განაგრძობს განვითარებას და ახალი ევროპის ლიდერი გახდება.
![]() |
7 ოფიციალური იდილია და დაფარული პრობლემები |
▲back to top |
პოლიტიკა
საქართველო-სომხეთი
დიმიტრი ავალიანი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ©
22-23 იანვარს, ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა ორივე სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან მეგობრული რიტორიკის ფონზე ჩაიარა.
ერევანში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკება, ასევე საგარეო უწყებების მეთაურებისა და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრები გაიმართა. ოფიციალური კომენტარების თანახმად, თბილისმა და ერევანმა სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება, თბილისის ინიციატივით, სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებას დაეთმო. ამან, საბოლოოდ, საზღვრის უფრო მეტ გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი.
მოლაპარაკებების მონაწილეებს იმ პრეტენზიების თაობაზე საჯარო კომენტარები ამჯერადაც არ გაუკეთებიათ, რასაც სომეხი პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების ნაწილი თბილისს დიდი ხანია უყენებს. ქართული დელეგაციის ვიზიტის წინ ჯავახეთის სომეხთა უფლებების დაცვის საბჭომ მორიგი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული. ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გარდა, აქტივისტები უკმაყოფილებას საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების გამო გამოთქვამენ. მათი აზრით, ეს მშობლიური ენის შესწავლისა და სომხეთიდან ლიტერატურის მიღების შესაძლებლობებს ზღუდავს. ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსი თბილისს ჯავახეთის სომხური ორგანიზაციების აქტივისტების უკანონო დევნაში ადანაშაულებს.
უკმაყოფილებას სომხურ საზოგადოებაში საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსის გაურკვევლობა და ზოგიერთი ტაძრის კუთვნილების შესახებ გაჭიანურებული დავა იწვევს.
როგორც სააგენტო რეგნუმს სომხეთის პარლამენტის წევრმა, ორგანიზაცია ჯავახკის სათვისტომოს ლიდერმა შირაკ ტოროსიანმა განუცხადა, „თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა და აქცენტი მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროზე გაკეთდა, არსებული სირთულეები გაღრმავდება და ორივე ქვეყანა მათ ადრე თუ გვიან შეეჯახება“.
სააკაშვილის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით რადიო დოიჩე ველე აღნიშნავს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც დღეს თბილისსა და ერევანს შორის დგას, საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის შესაძლო გასხვისებაა. მისი პრივატიზების მიმართ ინტერესი ოფიციალურად აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია სოკარმა დაადასტურა. ერევანში მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში ბაქოს ინტერესი არა ეკონომიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა. სომხეთის პოლიტიკური ელიტა ენერგეტიკული ბლოკადის შიშმა შეიპყრო. სომეხმა პოლიტიკოსებმა აზერბაიჯანზე გაზსადენის შესაძლო გასხვისებას საქართველოს მხრიდან „მტრული დემარში“ უწოდეს.
„მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთზე კონტროლი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს გააფართოოს სომხეთზე ზეწოლის მექანიზმები მთიანი ყარაბაღის საკითებში, რაც სომხეთის ეროვნულ ინტერესებს დიდ დარტყმას მიაყენებს“, - განუცხადა დოიჩე ველეს სომეხმა ექსპერტმა, ჟურნალ ბაზისის რედაქტორმა აშოტ აბრამიანმა.
საქართველოს პრეზიდენტის ერევანში ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში კიდევ ერთი გარემოება გამოავლინა - საქართველოში გატარებული რეფორმები თანდათან სომხეთის შიდა პოლიტიკის ფაქტორი ხდება. თავის გამოსვლაში სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს „შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან“ რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. როგორც რადიო ეხო კავკაზას ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა რუბენ მეხრაბიანმა განუცხადა, პრეზიდენტის ეს განცხადება „შიდა მოხმარებისთვის“ იყო განკუთვნილი. მისი თქმით, ერევანი ბოლო დროს „საკუთარი სახის გაუმჯობესებით“ არის დაკავებული, საქართველო კი სომხეთში ბოლო დროს „მოდური“ თემა გახდა. მეზობელ ქვეყანაში დასასვენებლად ამ სახელმწიფოს უამრავი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ქართული რეფორმების შედეგები, მაგალითად, არაკორუმპირებული პოლიცია.
გამოცდილების გაზიარების გარდა, თბილისს ერევანთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერესი აკავშირებს. პირველ რიგში ეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა. გარდა ამისა, ქვეყანა სომხეთიდან ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვით, ასევე საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტის გაზრდით მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული. გასულ წელს, ერევანთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა, რითაც პირველ რიგში სომხეთი იყო დაინტერესებული.
თბილისისა და ერევნის თანამშრომლობას, თითქოს, ის უშლის ხელს, რომ სომხეთი რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში მოიაზრება. თუმცა, ამავე დროს, ერევანი რეგიონში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ე.წ. მადრიდის პრინციპების გარშემო ბოლო პერიოდში დამუხრუჭდა. ასევე გაჭიანურდა სომხეთ-თურქეთის „ისტორიული შერიგების“ პროცესი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისთვის საზღვარი უნდა გახსნილიყო.
დღეისთვის ცხადია, რომ სომხეთის იზოლაციიდან გამოსვლა ისევ შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობას ქვეყნისათვის კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
თბილისთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით ერევანი ზოგჯერ ისეთ ნაბიჯებსაც დგამს, რომელსაც მოსკოვის გაღიზიანება შეიძლება მოჰყვეს. ასეთ გადაწყვეტილებად შეაფასეს სომხეთში 2009 წლის ზაფხულში, ერევანში მიხეილ სააკაშვილის წინა ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტისთვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს გადაცემა. სააკაშვილს კრემლი მაშინ „პოლიტიკურ გვამს“ და „პერსონა ნონ გრატას“ უწოდებდა.
სომეხი ექსპერტის რუბენ მეხრაბიანის შეფასებით, გულთბილი მასპინძლობა, რომელიც ერევანმა სააკაშვილს როგორც წინა, ასევე ბოლო ვიზიტის დროს გაუწია, პირველ რიგში მოსკოვისათვის განკუთვნილი გზავნილია. ამით, მისი აზრით, ერევანმა კრემლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყარაბაღის საკითხებზე მოლაპარაკებებში სომხეთის ინტერესები მეტად უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, რომ სააკაშვილის ვიზიტი ერევანში წინ უძღოდა მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის.
![]() |
8 სოციალური მედიის აქილევსის ქუსლი - სად გადის შესაძლებლის ზღვარი |
▲back to top |
საზოგადოება
მირიან ტორონჯაძე
ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებლების რაოდენობის მატების კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი ადამიანების ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. მთავარი მახასიათებელი, რომელიც სოციალურ მედიას ტრადიციულისგან განასხვავებს, ისაა, რომ მისი ძირითადი ნაწილი მომხმარებლების მიერვე იქმნება. ძველი ვერსიის ინტერნეტსაიტებზე ინფორმაციის ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა - საიტის ადმინისტრატორიდან მისი მომხმარებლებისკენ. ამ უკანასკნელს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის ან სულაც ინფორმაციის განვრცობის და შევსების საშუალება არ ჰქონდა. Web 2.0-თან ერთად საიტებზე ინტერაქციის შესაძლებლობა გაჩნდა. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალურ მედიას.
ინტერაქტიული ურთიერთობა ყველასთვის მომგებიანია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით. მის ავტორებს კი მომხმარებლის დამოკიდებულების შესახებ ექმნებათ წარმოდგენა.
კომერციული საქმიანობა სოციალური მედიის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობის ეს ფორმა კარგი ინსტრუმენტია ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფებისთვის. მათ საშუალება ეძლევათ, დაგეგმონ და განახორციელონ ესა თუ ის აქტივობა: უბრალოდ შემოიკრიბონ თანამოაზრეები, ან რაიმე ერთობლივი საქმე გააკეთონ. მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტში ინიცირებულ აქტივობათა უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, 2009 წლის გაზაფხულზე მოლდოვაში განვითარებული მოვლენები „Twitter-ის რევოლუციად“ მოინათლა. ამ პერიოდში კომუნისტური მთავრობის საწინააღმდეგო მოთხოვნებით ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციების მასშტაბურობაში დიდი როლი სწორედ სოციალურმა საიტმა Twitter-მა შეასრულა - მისი მეშვეობით ახდენდნენ ორგანიზატორები აქციების მონაწილეთა კოორდინაციას. მაგალითად, 2004 წელს საქართველოში ინტერნეტჯგუფ „რე-აქციას“ მიერ წამოწყებული საზოგადოებრივი პროტესტიც გამოდგება. მისი მონაწილეები წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ორგანიზება ამ შემთხვევაშიც ინტერნეტფორუმების დახმარებით მოხდა.
ეს მაგალითები მართლაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სოციალურმა ქსელებმა აქტივობის ფორმა თვისობრივად შეცვალა. მეტიც, ინტერნეტმარკეტოლოგების და აქტივისტების წრეში უფრო და უფრო ხშირად ისმის მოსაზრება მის ყოვლისშემძლეობაზე. თუმცა, ზოგიერთი ასპექტით ეს შეფასება გადაჭარბებულია. გარდა მისი საყოველთაოდ აღიარებული სიკეთეებისა, არსებობს ისეთი რამ, რაც სოციალურ მედიას არ შეუძლია. ეს კი ხშირად რჩება ყურადღების მიღმა.
სოციალური მედია საზოგადოებრივი აქტივობის ერთადერთი ინსტრუმენტი არ არის. ვირტუალურ ქსელში ატეხილი აურზაური ხშირად ქსელშივე რჩება, ან მხოლოდ შესუსტებული სახით თუ გადმოდის საზოგადოების რეალურ ცხოვრებაში. სინამდვილეში, იმედი რეალური კავშირებისა გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე ათასობით ინტერნეტ „მეგობრის“, რომლებთანაც უმეტეს შემთხვევაში რეალური ნაცნობობა არ გვაკავშირებს. ძლიერი კავშირების უქონლობა Facebook-ის გვერდის წევრებს შორის, რომლითაც მონაწილეები ურთიერთობენ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ვირტუალურ სივრცეში დაგეგმილ და შემდგომ განხორციელებულ პროტესტს ხშირად არ აქვს ჩაფიქრებული მასშტაბი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში, ნებისმიერ იდეაზე იმდენივე აზრი არსებობს, რამდენიც მის გარშემო მოწყობილი დისკუსიის მონაწილეა. არ არსებობს მომხმარებელთა იერარქია, რაც საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას და რაიმე სახის აქტივობის დაგეგმვას ართულებს. ყოველთვის უფრო მარტივია, დააჭირო თანხმობის ღილაკს და თავი აქტივობის მონაწილედ მოიაზრო, ვიდრე მართლაც ჩაერთო მასში. მით უმეტეს, თუ ეს რაიმე სახის რისკთან, ან სოციალური პრესტიჟის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. თუმცა ურთიერთობის ინტერაქტიული ფორმა ჯერჯერობით მაინც ახალი ხილია და შეიძლება ეს არის კიდეც მისი ნაკლები ეფექტიანობის მიზეზი.
სფერო, სადაც ინტერაქტიული ურთიერთობების გამოყენება კარგ შედეგს იძლევა - ინტერნეტმარკეტინგია. თუმცა იქ მოღვაწე საიტი Media Connections-ის ავტორების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაშიც სოციალური მედია უძლურია, არის თავად მარკეტინგის სტრატეგიის ჩანაცვლება. თუკი არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული მიზანი და ამა თუ იმ იდეის განვითარების მიმართულება, ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტითაც კი შეუძლებელია მისი სიცარიელიდან შექმნა. ეს მოსაზრება ასევე ვრცელდება ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ აქტივიზმზე.
ყველაზე პოპულარული და აქედან გამომდინარე, ეფექტიანი საშუალება ინტერაქციისთვის დღეს Fაcebook-ია. გლობალურად მისი მომხმარებლების რაოდენობამ 500 მილიონს მიაღწია. „ალექსას“ რეიტინგის მიხედვით იგი საქართველოშიც პოპულარულია და Google-თან ერთად, ვიზიტორების რაოდენობით, პირველ-მეორე ადგილს იყოფს. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანად ხდება აქედან რაიმე სახის სარგებლის მიღება. ხშირად ბრენდის წარმატების ძირითად კრიტერიუმად აღებულია Facebook-ის გვერდის ფანების, Twitter-ის ანგარიშის მიმდევრების და Youtube-ის არხის გამომწერების რაოდენობა. საქართველოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუკი დავაკვირდებით როგორი მონდომებით ცდილობენ ცნობილი ქართული კომპანიები ინტერნეტფანების მოზიდვას. ზოგიერთი მათგანი ამისთვის სხვადასხვა კონკურსებსაც ატარებს და ფასიან პრიზებს აწესებს. Facebook-ის გვერდის ფანების რაოდენობის თვლა აზრს მოკლებულია, თუკი არ გავითვალისწინებთ, რეალურად აინტერესებთ მათ ეს გვერდი თუ უმიზნოდ არიან მასზე გაწევრიანებულები.
როდესაც 2009 წელს ირანში სტუდენტების პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა, Twitter-მა, ერთი შეხედვით, დიდი როლი შეასრულა ამ ტალღის აგორებაში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისთვის უჩვეულო ნაბიჯიც კი გადადგა და Twitter-ის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, უზრუნველეყო საიტის განსაკუთრებულად სტაბილური მუშაობა. „Twitter-ის გარეშე ირანის საზოგადოება ვერ იგრძნობდა იმხელა ძალაუფლებას, რაც საკმარისი იქნებოდა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაბმისათვის“, - აღნიშნა მოგვიანებით ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, მარკ ფეიფლმა. თუმცა სხვა შეფასებებით, Twitter-ის როლი აქაც გადაჭარბებითაა აღქმული. ამის შესახებ საუბრობს ირანელი რეპორტიორი, გოლნაზ ესფანდიარი. „დასავლელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს, ან უფრო, არ შეიწუხეს თავი ირანში ჩამოსვლით და აქაურ ხალხთან საუბრით, უბრალოდ Twitter-ზე მონახეს ინგლისურენოვანი ახალი ამბები, რომლებიც გაერთიანებული იყო ირანის არჩევნების სათაურის ქვეშ. იმაზე კი არ დაფიქრდნენ, რატომ გამოიყენებდნენ პროტესტის მონაწილეები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ინგლისურ ენას და არა ფარსის დიალექტს“ - წერს ესფანდიარი.
სოციალური მედიის როლის გადაფასება, ერთი მხრივ, მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტექნოლოგიებია. ინოვატორები ყოველთვის ცდილობენ ყველა ფაქტის ერთ თარგზე მორგებას. ამ შემთხვევაში ეს სოციალური მედია აღმოჩნდა, რომელსაც ხშირად ისეთ დამსახურებებსაც მიაწერენ, რაც მას არ აქვს. კავშირის თანამედროვე ტექნოლოგიებმა არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნა იმ პერიოდზე, როდესაც ისინი არ არსებობდა. როდესაც ვუყურებთ ახალ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, ტელეფონსა და ტელევიზიას, გვავიწყდება, რომ ადამიანები მათ შექმნამდეც ახერხებდნენ კომუნიკაციას და არანაკლები წარმატებითაც.
სოციალურ მედიას კარგი დახმარების გაწევა შეუძლია საკუთარი საქმიანობის და იდეების, მსოფლიოსთვის ან თუნდაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გასაცნობად, რაც უდავოდ პლუსია. ამის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის უსასრულო. ახალი ტექნოლოგიები ჭკვიანი მფლობელის ხელში კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ მას არ შეუძლია წყალი ღვინოდ აქციოს.
![]() |
9 სტივ ჯობსი - ვაშლის გამყიდველი |
▲back to top |
ვახო ელერდაშვილი|სვეტი
სტივ ჯობსის შესახებ პირველად უნივერსიტეტში გავიგე, ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, ინფორმატიკის ლექციებზე. ეს სახელი და გვარი მაშინ არაფერს მეუბნებოდა, არადა იმ დროს ჯობსი Apple Computer-ში ახალი დაბრუნებული იყო და დაღუპვას უნდა გადაერჩინა კომპანია, საიდანაც თორმეტი წლის წინ, დირექტორთა საბჭომ დაითხოვა და მერე რა, რომ ეს კომპანია მისი დაარსებული იყო! მაშინ არ ვიცოდი, რომ იგი ვაშლის გამყიდველი იყო და თანაც დამპალი ვაშლის, ისეთ დღეში იყო მაშინ Apple-ი ჩავარდნილი! თავად „ვაშლის გამყიდველი“ კი ჩემთვის ზუმბას სიმღერასთან ასოცირდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებში რომ გაისმოდა იმ შავბნელ წლებში.
უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, რომ „სტივ ჯობსი“ მხოლოდ სახელი და გვარი იყო ჩემთვის, საჯარო ბიბლიოთეკის რომელიღაც მტვრიან წიგნში ამოკითხული. მეტი ინფორმაცია მის შესახებ ჩემ გარშემო არ მოიძებნებოდა, ინტერნეტი კი ძალიან იშვიათი ფუფუნება იყო. სადღაც მაგ დროს ვიყიდე თავისუფლებაზე მიწისქვეშა გადასასვლელში ჯინ ლანდრამის წიგნი „13 მამაკაცი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“. წიგნის ცამეტ პერსონაჟს შორის სტივ ჯობსიც ერია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ეს ადამიანი ჩემთვის სახელი და გვარი აღარ იყო. მან ბიოგრაფიული შტრიხები შეიძინა და ვაშლის გამყიდველი გახდა, რომელიც სტივ ვოზნიაკთან ერთად, მშობლების გარაჟში პერსონალურ კომპიუტერს აწყობდა და ამგვარად აპირებდა მსოფლიოს შეცვლას.
2005 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების წინაშე წარდგა. იმ დროს სტივი უკვე ჩემი ძველი ნაცნობი იყო, მრავალი რამ მსმენოდა მის შესახებ, მისი როლიც გაცნობიერებული მქონდა ციფრულ ეპოქაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. კურსდამთავრებულის მანტიამოსხმული ჭაღარამორეული ჯობსი კათედრასთან მივიდა და იქ დამსწრე სტუდენტებს განუცხადა სამი ისტორია უნდა მოგითხროთო. პირველი წერტილების შეერთებაზე იყო, მეორე - სიყვარულზე და დანაკარგზე, მესამე კი - სიკვდილზე.
პირველ ისტორიაში მოთხრობილი იყო იმაზე, თუ როგორ არ დაამთავრა ჯობსმა კოლეჯი და უნივერსიტეტი, როგორ სწავლობდა ხან კალიგრაფიას, ხან აღმოსავლურ რელიგიებს, ხან - რას და ხან - რას და თუ როგორ შეერთდა წარსულის თითოეული წერტილი, ჯობსის სიტყვებით, „უმშვენიერეს ქმნილებაში“, მაკინტოშში. მეორე ისტორიაში ჯობსმა Apple-იდან წასვლაზე, Pixar-ის და Next-ის დაარსებაზე და კვლავ მშობლიურ კომპანიაში დაბრუნებაზე ისაუბრა, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს. მესამე ისტორიაში კი სტივმა სიკვდილზე და ადამიანის ცხოვრებაში მის მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება, მან თქვა:
„სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, სადაც ყველანი მოვხვდებით. არავის დაუღწევია თავი ამისგან და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ის ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელია. ის ძველს აცილებს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც გაგაცილებენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს ასეა. თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში - ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს, ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის უნარი. ამ ორმა უკანასკნელმა იცის, ჭეშმარიტად რა გსურთ, ყველაფერ დანარჩენს კი - არ აქვს მნიშვნელობა“.
პირველად მაშინ გაიგო ყველამ, რომ ჯობსი პანკრეასის სიმსივნით იყო დაავადებული, რის გამოც დროებით კომპანიიდან წასვლაც კი მოუწია ორჯერ, 2004 და 2009 წლებში, პირველად - როცა პანკრეასის სიმსივნე მოკვეთეს, მეორედ კი - ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა მაშინ ეს არ იყო მთავარი. ჯობსი იმ დღიდან მილიონების სულიერ ლიდერად იქცა, მის შესახებ შემდეგ დაწერენ, რომ იგი სეკულარული ხანის მოციქულიაო და მისი ევანგელე იმედის და ცხოვრების აზრის ახლებურ გააზრებას გვთავაზობსო. ჯობსი, ზუმბასი არ იყოს, თითქოს მთელი შინაგანი არსებით მოუწოდებდა სტუდენტებს: „ზოგჯერ უბრალოდ მოინდომეთ, ბოლოს აგისრულდებათო“ - რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორად ასე იშიფრება აბრევიატურა „ზუმბა“.
ავადმყოფობასთან ბრძოლის პარალელურად ჯობსი ციფრული ეპოქის მთავარი ვიზიონერი გახდა, iPod-ებმა, iPhone-ებმა და iPad-ებმა კი ახალ რელიგიას დაუდეს დასაბამი. ჯობსის „ვაშლები“ აღარ იყო „დამპალი“, როგორც უწინ, მისმა კომპანიამ მთავარ კონკურენტს, Microsoft-საც კი გაუსწრო თითქმის ყველა პარამეტრით. დღესდღეობით კი ჯობსის ახალ პრეზენტაციებს მილიონები გულისფანცქალით ელიან, სადაც ის ჯინსებში, გაუპარსავი და კეთილი ღიმილით დადგება სცენაზე და ახალ საოცრებას წარუდგენს სამყაროს.
სტივ ჯობსი გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებულ CEO-დ, ანუ გენერალურ დირექტორად დაასახელეს და მართლაც, ბოლო ათი წელიწადი მისი იყო, მან აჩვენა ბიუროკრატ ჰალსტუხიანებს, რომ ჯინსებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა. დაუმტკიცა ყველას, რომ ინდივიდუალიზმთან და ქარიზმასთან ერთად გუნდური მუშაობაც აუცილებელია, რისი მასტერკლასიც, მან კომპანია Apple-ის მაგალითზე აჩვენა და ბოლოს, არავინ რომ არ ელოდა, წერილი მისწერა თავის თანამშრომლებს, სადაც ეწერა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიდიოდა კომპანიიდან განუსაზღვრელი ვადით...
როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის სტივ ჯობსის ეპოქასაც. მრავალი მილიონი ადამიანი, მათი სულიერი ლიდერის ჯანმრთელობითაა შეწუხებული, იგი ხომ ის ვაშლის გამყიდველია, რომელიც არასოდეს იქნება მიწადასაყრელი!
![]() |
10 განათლების რეფორმა: გაორებული საზოგადოებრივი აზრი |
▲back to top |
საზოგადოება
სალომე უგულავა
კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ ტაბულას დაკვეთით საზოგადოებაში განათლების სისტემის მიმართ დამოკიდებულება გამოიკვლია. მათ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის დიდ ქალაქებში 16 წელს ზემოთ 1200 რესპონდენტი გამოკითხეს. კვლევის მიზანი იყო, შეეფასებინა: განათლების სფეროში გატარებული რეფორმები, სწავლების ხარისხი უნივერსიტეტებსა და სკოლებში, საჯარო სკოლებში ალტერნატიული სახელმძღვანელოების არსებობის აუცილებლობა. მათ უნდა დაესახელებინათ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების შერჩევასა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები. გამოკითხულებს ასევე ჰკითხეს, თუ ვის წინაშე უნდა იყოს სკოლა ანგარიშვალდებული და რა უფრო მნიშვნელოვანია: სკოლის დამთავრების შემდგომ ნასწავლი ფორმულებისა და ტექსტების ცოდნა, თუ მათი პრაქტიკულად გამოყენება.
კვლევა წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს ასახავს. ერთი მხრივ, მოსახლეობა განათლების ცენტრალიზებულ სისტემას უჭერს მხარს - მათთვის სასურველი დაწესებულება, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოებს შეარჩევს და დაამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, განათლების სამინისტროა. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ მოცემულ საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი უნდა სწავლობდნენ. უმრავლესობა თვლის, რომ საჯარო სკოლები ანგარიშვალდებულები სამინისტროს წინაშე უნდა იყვნენ.
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლისათვის ტექსტების ფორმულებისა და ფაქტების ცოდნისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მნიშვნელოვნება
თქვენი აზრით, სკოლის დამთავრებისას, რა უფრო მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის, რაც შეიძლება მეტი ტექსტის, ფორმულისა და ფაქტის ცოდნა, თუ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი?
სასურველი დაწესებულება, რომელიც შეარჩევს საჯარო სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოებს და დაამტკიცებს ბიუჯეტს
თქვენი აზრით, ვინ უნდა შეარჩიოს საჯარო სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოები?
თქვენი აზრით, ვინ უნდა დაამტკიცოს საჯარო სკოლების ბიუჯეტი?
მეორე მხრივ, გამოკითხულები დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგებსაც იწონებენ. დიდი ნაწილი სკოლებში სამეურვეო საბჭოების დანერგვას წარმატებულად მიიჩნევს. თავის მხრივ კი, ეს საბჭოები სკოლების დამოუკიდებლად სამართავად შეიქმნა. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა წარმატებულად შეაფასა საბჭოს მიერ დირექტორების არჩევაც. გარდა ამისა, უმრავლესობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსწავლისთვის უფრო მნიშვნელოვანი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, ვიდრე ბევრი ტექსტის, ფორმულისა და ფაქტის ცოდნა. ეს კი ცენტრალიზებულ სისტემაში ნაკლებად მიიღწევა.
სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კვლევით ნაჩვენები განწყობა, რომ მოქალაქეებს განათლების ცენტრალიზებული სისტემა მოსწონთ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ფსიქოლოგიაში ჯერ კიდევ მყარად არის გამჯდარი საბჭოთა სოციალისტური წარმოდგენები განათლების სისტემის და, ზოგადად, მთავრობის როლის შესახებ.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია კი ამბობს, რომ ისინი ვერ აკავშირებენ განათლების პოლიტიკის შედეგებს საკუთარ მიზნებთან. მას მაგალითად მოჰყავს ის, რომ გამოკითხულთათვის ფაქტობრივ ცოდნაზე მნიშვნელოვანი მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარები აღმოჩნდა და, ამავე დროს, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებენ.
განათლების სისტემის რეფორმების პირველი და მეორე ეტაპის შეფასება
გთხოვთ მითხრათ, ზოგადად, როგორ აფასებთ, 2004-2007 წლებში საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს?
გთხოვთ მითხრათ, ზოგადად, როგორ აფასებთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს?
კვლევაში განათლების სფეროში გასული წლის ორი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა - სკოლებში მანდატურების შესვლა და ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანაცაა შეფასებული. უკანასკნელი რეფორმა გამოკითხულთა 34%25-მა წარმატებულად, ხოლო 37%25-მა წარუმატებლად მიიჩნია დანარჩენი ან ნეიტრალურადაა განწყობილი, ან არ ისურვა პასუხის გაცემა. საერთო ჯამში, მანდატურების სისტემის ამუშავება უფრო წარმატებულად (43%25) შეფასდა, ვიდრე წარუმატებლად (23%25). ის მეტი მხარდაჭერით რეგიონებში სარგებლობს - იქ, სადაც სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ ამუშავდა. დედაქალაქში თუ მხარდაჭერის მაჩვენებელი 37%25-ია, რეგიონებში ის 58%25-ს აღწევს.
მხარდაჭერით სარგებლობს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროგრამაც. მას განათლების სისტემაში სხვადასხვა წელს გატარებული რეფორმების შესაფასებელ ხუთბალიან შკალაზე ყველაზე დადებითი შეფასება აქვს მიღებული. ამ შკალაზე მას სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდები მოჰყვება. აქ ყველაზე ნაკლებად წარმატებულ რეფორმად ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას ასახელებენ.
ზოგადად, განათლების რეფორმის პირველ ეტაპს, რომელიც სისტემის დეცენტრალიზაციისა და ლიბერალიზაციისკენ იყო მიმართული, გამოკითხულთა 17%25 პოზიტიურად, ხოლო 39%25 ნეგატიურად აფასებს. სისტემის ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები კი - რეფორმის მეორე ეტაპზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები - 37%25-სთვის აღმოჩნდა მოსაწონი 26%25-ის წინააღმდეგ. შესაბამისად, გამოკითხულთა 44 პროცენტი თვლის, რომ რეფორმის მეორე ეტაპზე სკოლებში განათლების ხარისხი გაუმჯობესდა, პირველ ეტაპზე კი ანალოგიური მაჩვენებელი 19%25-ია. ხოლო უნივერსიტეტების შემთხვევაში პროცენტები პირველ და მეორე ეტაპზე ასე ნაწილდება - 20%25 და 39%25.
სიმონ ჯანაშიას თქმით, ეს გვიჩვენებს იმ ტენდენციას, თუ როგორ არის შემცირებული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. მას მაგალითად მოჰყავს 2007 წელს BჩG-ს მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც მაშინდელ რეფორმებს 65%25-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მისი თქმით, ხელისუფლების აგიტაციამ, რომ ის არ ვარგოდა, რაც 2004-07 წლებში მუშაობდა, იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე და ახლა ამ რეფორმებს დაბალი შეფასება აქვს. თუმცა, მაღალი მხარდაჭერა არც მიმდინარე ცვლილებებს აქვს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ კიდევ ერთი წინააღმდეგობა განათლების ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით იკვეთება - თუ წინა წლებში რეფორმა არასწორად მიმდინარეობდა, მაშინ საიდან მოვიდა განათლების ხარისხის გაუმჯობესება?! მისი აზრით, ადამიანები, უბრალოდ ემოციურ დონეზე მსჯელობენ, რაც მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებულ ინფორმაციასა და პირად გამოცდილებას ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემის თითქმის ყველა რეფორმა, რეგიონებში დედაქალაქზე უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.
![]() |
11 მთავრობის თანდაყოლილი ცოდვა |
▲back to top |
მიშა თავხელიძე|სვეტი
„ინფლაცია ცოდვასავით არის - ყველა მთავრობა მას გმობს, მაგრამ მაინც სცოდავს“, - ამბობდა ბრიტანელი ეკონომისტი ფრედერიკ ლეი როსი და მართალი იყო. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, როდესაც ლეი როსი უინსტონ ჩერჩილის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ, არაფერი შეცვლილა.
საქართველოს მთავრობაც ინფლაციას გმობს, მაგრამ მაინც სცოდავს.
ეროვნული ბანკის სტანდარტული ნარატივი, რომელსაც მისი წარმომადგენლები ბოლო დღეები ყველგან იმეორებენ, შემდეგია: მაღალი, 12-პროცენტიანი ინფლაციის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე საკვების ფასების ზრდაა; იმის ნახევარი, რასაც საქართველო მოიხმარს, იმპორტირებულია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ნიუ იორკის ბირჟაზე გავლენა, სამწუხაროდ(!), არა აქვს; შესაბამისად, ინფლაცია არავისი ბრალი არ არის და ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც მეწყერი; კარტოფილის ფასის ზრდა რომ არა, ინფლაცია 6 პროცენტს არ ასცდებოდა.
ერთი შეხედვით დამაჯერებელი ნათქვამია. ოღონდ ერთი პრობლემა აქვს: რეალობისგან ისევე შორსაა, როგორც ეროვნული ბანკი - სოფლის მეურნეობისგან. ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან და ეკონომისტებთან გასულ კვირას დისკუსიებმა მხოლოდ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ (ყბადაღებული) კარტოფილი აქ არაფერ შუაშია!
მეტიც, საკვებზე ფასების ზრდაზე ოფიციალური პირების გაუთავებელმა ლაპარაკმა უკვე შექმნა მოსახლეობაში არაჯანსაღი აჟიოტაჟი - ხალხმა პროდუქტების მომარაგება დაიწყო. ასე თუ გაგრძელდა, გაზრდილი მოთხოვნა ფასების მატებას გამოიწვევს, რაც ინფლაციის კონტროლს კიდევ უფრო გაართულებს და, შეიძლება, შეუძლებელიც კი გახადოს.
მსოფლიო ბაზარზე საკვების ფასები, უდავოდ, გაიზარდა. ცხადია, ამან გავლენა იქონია ინფლაციაზე, რომელიც სამომხმარებლო კალათის ფასზე დაკვირვებით იზომება. მაგრამ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც დამოკიდებულია იმპორტულ საკვებზე. ასეთია აფრიკის ბევრი ქვეყანაც, მაგრამ იქ ინფლაცია გასულ წელს ასეთი მაღალი არ ყოფილა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ინფლაცია ჯერ კიდევ 8.8%25 იყო, ბურკინა ფასოში - 1.98, ალჟირში - 5.25, ალბანეთში - 3%25, ყირგიზეთში - 6%25 გახლდათ.
ახლა კარტოფილს მივხედოთ. საქსტატის მონაცემებით, მისი იმპორტის მოცულობა 700 ათასი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტის - მილიონ 200 ათასი. ეს იმდენი კარტოფილია, რამდენსაც თბილისი მოიხმარს, ალბათ, ერთ კვირაში. მსოფლიო ბაზარზე მასზე ფასის მომატებამ როგორ უნდა გამოიწვიოს ორნიშნა ინფლაცია საქართველოში, მე პირადად არ მესმის.
სინამდვილეში, საქართველოში ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ინფლაცია გამოიწვია იმან, რომ ჩვენმა მთავრობამ გასულ წელს (მათ შორის, ინფრასტრუქტურაზე და ტურიზმზე) დახარჯა იმაზე მეტი, რაც საჭირო იყო. ეროვნულმა ბანკმა კი ამ ხარჯვაში მთავრობას ხელი შეუწყო ფულის მასის ზრდით, ანუ ახალი ფულის ბეჭდვით.
მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას ეროვნული ბანკის ნარატივის, ეტყობა, სჯერა და ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას სოფლის მეურნეობის ე.წ. სტიმულირებით აპირებს. ამაზე, როგორც მთავრობის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის მენეჯმენტი ლაპარაკობს.
„სტიმულირება, შესაძლოა, ლამაზი სიტყვაა, მაგრამ რეალურად მარტივ რამეს ნიშნავს: ან იმპორტისთვის ბარიერების აღმართვას, ან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალი იმიტომ არის, რომ საქართველოში მათი წარმოება, ელემენტარულად, ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი იმპორტული პროდუქტი (მაგ. ბოსტნეული) საბაჟო 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება, ლოკალური ნაწარმი ბაზარზე ფასების კონკურენციას ვერ უძლებს. სხვა პროდუქტებზე საბაჟო განაკვეთების აწევა, მართალია, ეროვნულ სოფლის მეურნეობას ცოტა უფრო მომგებიანს კი გახდის, მაგრამ ზოგადად ფასებს გაზრდის. ეს ისევ ინფლაციას გამოიწვევს, რომლითაც, პირველ რიგში, მოსახლეობის ღარიბი ნაწილი იზარალებს.
იგივე ეფექტი ექნება სუბსიდირებასაც: პირდაპირს - მაგალითად, თუ სახელმწიფო ხელოვნურად მაღალ ფასად შეისყიდის ადგილობრივ ხორბალს, ან არაპირდაპირს - მაგალითად, თუ სახელმწიფო სოფლად რაიმე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას დააპირებს. ორივე შემთხვევაში საჭირო გახდება სახელმწიფო ხარჯების გაზრდა. ვინაიდან, მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა სექტორში სახელმწიფო ხარჯების შემცირება მოსალოდნელია, სუბსიდირებაც, მგონია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის ხარჯზე მოხდება. ანუ იგივეს მივიღებთ, რამაც ორნიშნა ინფლაციამდე უკვე მიგვიყვანა. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ყველაზე მეტად მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილი დაზარალდება.
ერთადერთი კარგი, რაც შექმნილ სიტუაციაში შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, არის სახელმწიფო ხარჯების შემცირება. ეს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა, მაგრამ მას მერე, რაც ინფლაციის თემა აქტუალური გახდა, ფინანსთა სამინისტრო მოკრძალებულად დუმს.
![]() |
12 საქართველოს ხრა მინუსი და რთი პლუსი |
▲back to top |
ეკონომიკა
საქართველო VS სინგაპური VS შვეიცარია
ელენე კვანჭილაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა თავის არაერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების მისაბაძი მოდელი - „ვეიცარია სინგაპურის ელემენტებით“- უნდა იყოს. არც ქვეყნების შერჩევა და არც მიზნის ფორმულირება შემთხვევითი არ არის. ორივე ქვეყანასთან საქართველოს რამდენიმე მსგავსება გააჩნია.
საქართველო შვეიცარიასავით პატარა ქვეყანაა, მწირი ბუნებრივი რესურსებით (ორივე შეიძლება მხოლოდ წყალს დაეყრდნოს). შვეიცარიაც და საქართველოც გარშემორტყმულია მათზე გაცილებით დიდი სახელმწიფოებით. საზოგადოება ორივეგან მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია. ორივე ქვეყანას მდიდარი ბუნება აქვს, რაც მათ ტურისტულად მიმზიდველს ხდის.
სინგაპურს, ისევე როგორც საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა „კეთილად“ და „ბოროტად“ ანწყობილი გარეშე ძალები, რომლებსაც მისი დაპყრობა სურდათ. სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაც ზრდის მის სავაჭრო ფუნქციას.
ეკონომიკური პოლიტიკა სამივე ქვეყნისთვის საერთოა - ლიბერალური, ღია და ექსპორტზე ორიენტირებული. ამ მიმართულებით საქართველომ ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა: მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორია, ბიზნესის წარმოების სიადვილის მიხედვით კი, მე-12 ადგილს იკავებს. 2005-2007 წლებში თხუთმეტი საბაჟო პროცედურა შვიდამდე შეამცირა. 2010 წელს 138 ქვეყანასთან ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები. იმპორტის თითქმის 86%25 გადასახადისგან თავისუფალია. 2005-2010 წლებში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 120 მილიონი აშშ დოლარით იზრდებოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება ამ სამ ქვეყანას შორის ისაა, რომ სამივე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. 2009 წელს, სინგაპურმა, სადაც 4.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 16.8 მილიარდი დოლარი ინვესტიცია მოიზიდა. შვეიცარიამ, სადაც 7.3 მილიონი ადამიანია - 9.7 მილიარდი, საქართველომ კი, რომლის მოსახლეობაც 4.4 მილიონია - 764 მილიონი დოლარი. შესაბამისად, სინგაპურში მშპ ერთ სულზე 50.5 ათასი დოლარი იყო, უმუშევრობა - 3%25, ინფლაცია - 0.2%25. შვეიცარიაში - მშპ ერთ სულზე - 43 ათასი დოლარი, უმუშევრობა - 4.4%25, ინფლაცია კი უარყოფითი: -0.4%25. საქართველოში კი - მშპ ერთ სულზე 4.8 ათასი დოლარი, უმუშევრობა - 16.4%25, ინფლაცია - 1.7%25.
რა განაპირობებს სინგაპურისა და შვეიცარიის ეკონომიკურ წარმატებას? ორივე ქვეყანა თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, სინგაპური მსოფლიოში მეორე ადგილზეა, შვეიცარია - მეხუთეზე, საქართველო - ოცდამეცხრეზე.
გრაფიკები
სინგაპურმა თავისი სამოქმედო პრინციპები 1966 წლიდან შეიმუშავა და მისი ერთგული რჩება: ამ ქვეყნის სამთავრობო ხარჯი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირეა (მთლიანი სამთავრობო ხარჯები ყოველთვის მშპ-ს 20%25-ზე ნაკლები იყო, 2010 ფისკალურ წელს, მაგალითად, 16.7%25); კანონის უზენაესობის კუთხით საუკეთესო ათეულში შედის (საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის მიხედვით შედგენილ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით, მე-8 ადგილზეა); მკაცრ მონეტარულ (ფულის მასის კონტროლი და დაბალი ინფლაცია) და ფისკალურ (დაბალი გადასახადები და მინიმალური სამთავრობო ხარჯები) პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, 2010 ფისკალურ წელს, სინგაპურის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2%25 იყო, თითქმის იგივე, რაც შვეიცარიაში. ეს უკანასკნელი ფინანსური სტაბილურობის მაღალ ხარისხთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი კარგი მმართველობის, ძლიერი დამოუკიდებლობის (ფედერალიზმის ხანგრძლივი ტრადიცია) და ეკონომიკური მოქნილობის გამოა (შვეიცარიის თითოეულ კანტონს (რეგიონს) ფართო უფლებამოსილება აქვს, თავად განსაზღვროს დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები).
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელსაც Heritage Foundation-ი 1995 წლიდან ადგენს, ყველა ამ პარამეტრს აფასებს. 1995-2011 წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მთელ პერიოდში სინგაპურის და შვეიცარიის ეკონომიკა თავისუფალი და მეტწილად თავისუფალი იყო. საქართველომ კი, ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი ნიშნულიდან (რეპრესირებული) დაწყებული ყველა ეტაპი გამოიარა: მხოლოდ 2006 წელს გადავიდა ნაწილობრივ თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში. 2009 წლიდან დღემდე კი მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
ეკონომიკური თავისუფლების კომპონენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ის, რაც ყველაზე პრინციპულია სინგაპურისა და შვეიცარიის შემთხვევაში - მთავრობის ზომა და საკუთრების უფლებები - საქართველოში მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები ქულით ფასდება. მთავრობის ზომისა და საკუთრების უფლებების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 3.6 პუნქტით ჩამორჩება.
ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მთელი 6 წლის განმავლობაში, მთავრობის ზომის კომპონენტის მიხედვით, საქართველოს ინდექსი 2011 წლამდე ყოველთვის აღემატებოდა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. ამ კომპონენტის მიხედვით, ქვეყანა, საშუალოდ, ყოველთვის მეტწილად თავისუფალ კატეგორიაში ხვდებოდა. მაჩვენებლის გაუარესება 2009 წლიდან დაიწყო: საქართველომ ჯერ ნაწილობრივ თავისუფალ და შემდეგ, მეტწილად არათავისუფალ კატეგორიაში გადაინაცვლა.
საკუთრების უფლებების მხრივ, საქართველო ყოველთვის ჩამორჩებოდა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. თუმცა 2009 წლიდან უმნიშვნელო გაუმჯობესება მაინც შეიმჩნევა.
მთავრობის ზომის კომპონენტის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 113-ე ადგილზეა. სინგაპური საქართველოზე 31 ქულით, ხოლო შვეიცარიაზე - 22 ქულით წინაა. 2011 წელს სინგაპურის მთავრობის ზომის კომპონენტი 4 პუნქტით გაუარესდა. მთავარი მიზეზი მთლიანი სამთავრობო ხარჯის მშპ-ს 17%25-მდე გაზრდა გახდა. ეკონომიკაში ჩარევა ძირითადად სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ხდება. სინგაპურს მალე ახალი სახელმწიფო კომპანიებიც შეემატება - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. შვეიცარიამ მთავრობის ზომის კომპონენტი 0.4 ქულით გააუმჯობესა. ამის მთავარი მიზეზი ვალის მშპ-ს 40%25-მდე შემცირებაა. მთავრობის პირდაპირი ჩარევა ეკონომიკაში შემოიფარგლება ფოსტის, რკინიგზისა და თავდაცვის რეგულირებით. საქართველოში მთავრობის ზომის კომპონენტი 5 ქულით გაუარესდა. მთავარი მიზეზია სამთავრობო ხარჯის ზრდა მშპ-ს 36.4%25-მდე. საბიუჯეტო დეფიციტის ნიშნული 9.3%25-ზე და მშპ-ს 30%25-ზე მეტი საგარეო ვალი, ასევე, სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების შენელებული ტემპი. ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველო მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 3.6 ქულით ჩამორჩება. მთავრობის ზომის გლობალური მაჩვენებელი 1.1 ქულით გაუარესდა. გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, ბევრი ქვეყნის მთავრობამ, განსაკუთრებით კი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, აამოქმედა სხვადასხვა მასტიმულირებელი პროგრამა და გაზარდა მთავრობის ზომა. მთავრობის ზომის გლობალური მაჩვენებელი 33.5%25-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 0.7 პუნქტით მეტია.
საკუთრების უფლებების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა. სინგაპური ორივე ქვეყანას - საქართველოს და შვეიცარიას მნიშვნელოვნად - საშუალოდ 50 ქულით უსწრებს. ამ კომპონენტის მხრივ, საქართველოს 2011 წლის ინდექსში ყველაზე დაბალი ქულა აქვს. მთავარ მიზეზად, კვლევა დაუცველ კერძო საკუთრებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს ასახელებს. მსოფლიო მასშტაბით საკუთრების უფლებები 0.2 პუნქტით გაუარესდა. მთავარი მიზეზი გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ბევრი ქვეყნის მთავრობის მხრიდან საკუთრების ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება გახდა. საკუთრების უფლებების დაცულობა მთელს მსოფლიოში მხოლოდ 15 ქვეყანაში გაიზარდა.
საქართველოს ქულები აკლდება მონეტარულ თავისუფლებაში, შვეიცარიასა და სინგაპურთან შედარებით, მაღალი ინფლაციის გამო: 2007-2009 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი სინგაპურსა და შვეიცარიაში მშპ-ს 1.5%25 იყო, საქართველოში - 4.4%25.
ფისკალური თავისუფლების კუთხით, საქართველო შვეიცარიაზე წინაა, თუმცა 2011 წელს შვეიცარიამ და სინგაპურმაც თავიანთი მაჩვენებლები გააუმჯობესეს, საქართველომ კი გააუარესა. ორივე ქვეყანაში გადასახადები შემცირდა: სინგაპურში კორპორატიული 18-დან 17%25-მდე, შვეიცარიაში ფედერალური საშემოსავლო, რომელიც კანტონურ დონესთან შედარებით, თითქმის სამჯერ ნაკლებია. საქართველოში საშემოსავლო გადასახადის 15%25-მდე შემცირება გადავადდა. სინგაპურთან და შვეიცარიასთან შედარებით, ქვეყანაში მაღალია სავაჭრო ტარიფებიც: შვეიცარიასა და სინგაპურში შეწონილი საშუალო ტარიფი 0%25-ია, საქართველოში 0.4%25.
თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს აქვს ის, რაც შვეიცარიამ და სინგაპურმა უკვე გამოიარეს - სწრაფი განვითარების შანსი. ამის საფუძველს წლების განმავლობაში საინვესტიციო თავისუფლების განვითარების ტენდენციაც იძლევა.
2011 წლის რეიტინგში, საინვესტიციო თავისუფლების მიხედვით, სამ ქვეყანას შორის ლიდერი საქართველოა. ის სინგაპურსა და შვეიცარიაზე წინაა, შესაბამისად, 5 და 10 ქულით. 2009 წელს გლობალურად უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული 102 გადაწყვეტილება მიიღეს. აქედან 71 ემსახურებოდა ლიბერალიზაციასა და ინვესტიციების წახალისებას. მსოფლიო მასშტაბით, საინვესტიციო თავისუფლება 1.3 ქულით გაუმჯობესდა.
ეკონომიკური თავისუფლების კვლევას ერთი მთავარი შედეგი აქვს: ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს სცემს პატივს და კერძო ბიზნესის წახალისებას უწყობს ხელს, დადებითი შედეგები მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მისი ისტორიის, რესურსების ან განვითარების დონის განურჩევლად.
![]() |
13 ნახევარმთვარის მოტცება |
▲back to top |
ფოკუსი
ლევან სუთიძე
სოფელ მოხეს მეჩეთი
„ვინც ამბობს, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს, ცდება. ჩვენ ამით პირდაპირ ვეუბნებით ხულოელ და მარნეულელ მუსულმანებს, რომ არაა საქართველოში მათი ადგილი. მეჩეთების თემით სიტუაციის ამტუტება და სპეკულირება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაუშვებელია“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მედიაპროექტში „პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს“. თურქულ-ქართული მოლაპარაკებების თემა, ტაოში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში თურქებისთვის მნიშვნელოვანი მეჩეთების რესტავრაციასა და აშენებას გულისხმობს. მათ შორისაა აზიზეს მოჩუქურთმებული მეჩეთი, რომელიც ბათუმში კომუნისტებმა დაანგრიეს. თურქეთი სანაცვლოდ ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს.
სოფელ აბასთუმნის მეჩეთი
სიტუაციის „ამტუტება“ საზოგადოების იმ ნაწილის პრობლემაა, რომელიც მუსლიმური სალოცავის მშენებლობის შემთხვევაში ბუნტის დაწყებით იმუქრება, თუმცა ქვემო ქართლის, ქობულეთისა და ადიგენის რაიონებში მდგარ არაერთ მეჩეთს, სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, თავისუფლად შეგვიძლია „ამტუტებული“ ვუწოდოთ. უკვე რამდენიმე წელია, მუსლიმები მეჩეთების გადაცემას მოითხოვენ, რომელთა ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, ხოლო ერთი მათგანი ხელისუფლებამ დაანგრია. უნდა აღინიშნოს, რომ გადასაცემი მეჩეთების რაოდენობა ბოლომდე დადგენილი არ არის, ქვემო ქართლში არსებული ოცამდე უმოქმედო სალოცავის საკითხი კი შესწავლას საჭიროებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რელიგიური ნაგებობების ისტორიული პატრონისთვის დაბრუნება სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენდა, მაგრამ ეს სრულყოფილად მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში განხორციელდა. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, საქართველოში მდგარი ყველა მართლმადიდებლური ტაძარი, განურჩევლად მისი ისტორიული და კულტურული ღირებულებისა, საპატრიარქოს კუთვნილებაშია. უმცირესობათა ისტორიული ქონების ნაწილის დაბრუნება კი დღემდე სტერეოტიპული გარჩევების თემად არის ქცეული. საპატრიარქოს არგუმენტი, რომ საქართველოში 240-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს და მეტის აგება საჭირო აღარ არის, საბჭოურ „ყველას საჭიროების მიხედვით“ აზროვნებას წარმოადგენს და პირადი საკუთრების ფუნდამენტურ ღირებულებას ეწინააღმდეგება. აჭარის დედაქალაქში მეჩეთის აშენება მუსლიმებს იქამდე უნდოდათ, სანამ სახელმწიფო ტაო-კლარჯეთში მდებარე ტაძრებით დაინტერესდებოდა და თურქული მხარე აზიზეს მეჩეთის აღდგენის სურვილს გამოთქვამდა. ქალაქის მთავარ მეჩეთში, პარასკევ დღეს ხალხი ვეღარ ეტევა. ასეც რომ არ იყოს, რელიგიური ნაგებობის მშენებლობა „მოთხოვნა-დაკმაყოფილების“ ფარგლებში არ უნდა განვიხილოთ. რელიგიური ნაგებობის მშენებლობის უფლება ყველა მოქალაქისთვის თანაბრად არის გარანტირებული.
ქობულეთის რაიონში, სოფელ მუხაესტატეს მე-18 საუკუნეში აგებულ მეჩეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო პოლიციის განყოფილებად იყენებდა. მოგვიანებით შენობა დაანგრიეს და მის ნაცვლად ახალი, გამჭვირვალე პოლიციის შენობა აშენდა. ადგილობრივი მუსლიმები სანაცვლოდ ახალი მეჩეთის აგებას მოითხოვენ, თუმცა დღემდე მათი სურვილი არ კმაყოფილდება.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დგას მეორე, ისტორიული მეჩეთი. აღნიშნული შენობა ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, თუმცა უცნობია რა ბედი ეწევა მომავალში. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლება მუსლიმურ თემს დაჰპირდა, რომ სალოცავის გადაცემა მალე მოხერხდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. მუსლიმები სოფელ ლეღას 1847 წელს აგებულ მეჩეთსაც ითხოვენ, რომელიც ასევე სახელმწიფოს საკუთრებაშია და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.
თურქული მხარე ახალციხის რაბათის ისტორიული მეჩეთის, იქვე არსებული მედრესესა და აბანოების რესტავრაციითაც არის დაინტერესებული. ქართველი მუსლიმები აღნიშნული ძეგლების გადმოცემას მოითხოვენ, მანამდე კი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვთ.
ახალციხის ამ ისტორიულ უბანში, მეჩეთი 1752 წელს ახმედ ფაშა ჯაყელს აუშენებია. ჯაყელების საგვარეული ციხეში მეჩეთის ასაშენებლად ფაშამ იტალიიდან ხუროთმოძღვარი მოიწვია და სტამბოლის აია სოფიას ტაძარს მიამსგავსებინა. აქვე ამოქმედდა მედრესე, ანუ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, სადაც უნიკალური ბიბლიოთეკა ყოფილა. „1828 წელს, ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გენერალ პასკევიჩის ხელმძღვანელობით სამცხის ციხე აიღო, მედრესე გააუქმა, ხოლო მეჩეთი რუსულ ეკლესიად გადააკეთა და საკურთხეველი მიადგა“, ამბობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი, ციური ლაფაჩი. კომუნისტების პერიოდში ნამეჩეთარ ეკლესიაში მუზეუმი გაიხსნა. დღეს კი იქ ეპიგრაფიული ძეგლების გამოფენაა. ქალბატონი ციური განმარტავს, რომ მათ უკვე მოახერხეს შელესილი ფენის ჩამოღება და მისთვის სათანადო ისტორიული ფორმის დაბრუნება. არქიტექტურულად კი ძეგლი შეკეთებას არ საჭიროებს, მხოლოდ სახურავის განახლება გახდება საჭირო. სამაგიეროდ, კატასტროფულ მდგომარეობაშია როგორც მედრესე, ასევე შუა საუკუნეების აბანოები.
ქართველი მართლმადიდებლები ხშირად წუხან თურქული სახელმწიფოს უყურადღებობაზე, რომელსაც ის ქართული ტაძრების მიმართ იჩენს. რამდენიმე წლის წინ პილიგრიმებს ოშკზე მიშენებული ტუალეტიც აღაშფოთებდათ, თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძეგლი იუნესკოს სიაშია შეტანილი. მორწმუნისთვის ტაძარზე მიშენებული საპირფარეშო, რელიგიურ ემოციებთან არის დაკავშირებული და შეურაცხმყოფელია. იმავეს განიცდიან ის მუსლიმები, რომლებიც ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის, მოხესა და ფლატეს მეჩეთებს ხედავენ.
სოფელ აბასთუმნის მეჩეთი
აბასთუმანში, გზიდან მარჯვნივ თუ გადაუხვევთ, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული მეჩეთის ნანგრევებთან აღმოჩნდებით. აქვე რეპატრირებულ მესხთა 12-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ყოველდღე უყურებენ შებღალულ სალოცავს, რომელსაც მოსახლეობამ კარები ჩამოხსნა და ახლა ბოსლად იყენებს. ამის გამო მეჩეთი ცხოველთა ფეკალიებითაა სავსე. ბატონი ალი მეხრიევი ამ სოფლის მცხოვრებია, ხელის გაშვერით მიგვანიშნებს მეჩეთისკენ და ამბობს: „როგორ გგონიათ, რას ვგრძნობ ამის მხილველი? სწორედ იმავეს, რასაც ქრისტიანები იგრძნობდნენ, ეკლესიაში მორბენალი ძროხა რომ ენახათ“.
სოფელ ფლატეს მეჩეთშიც, მოხსნილი კარების გამო საქონელს ადვილად შეუძლია შესვლა. აქაც უხვად არის ფეკალიები და ნაგავი. კედლებზე ყურადღებას იქცევს ადგილობრივი არასრულწლოვნების ფერადი შემოქმედება. სოფლის მოსახლეობა მეჩეთს არ იყენებს. 1917 წელს აგებულ საკულტო ნაგებობას კომუნისტებმა ხან მაღაზიის ფუნქცია მისცეს, ხანაც ბიბლიოთეკის. ორი წლის წინ ის მართლმადიდებელ ქრისტიანთა მსხვერპლად იქცა. ზარზმის მონასტრის ძმობამ შენობის დანგრევა სცადა, მოხსნა ზედა ორი რიგი ქვა და კარიბჭის ნაწილი ჩამოანგრია. ქვები სენაკების ასაშენებლად დასჭირდათ. რომ არა მუსლიმების პროტესტი, ზარზმის მონასტერში ალბათ უფრო მეტი მუქთა სამშენებლო მასალა ექნებოდათ. ორი წლის წინ სახალხო დამცველის აპარატიდან ჩასულმა ჯგუფმა, ზარზმის მონასტერში ფლატედან წაღებული ქვები აღმოაჩინა. საქმე დაიძრა, მაგრამ ამ დრომდე არავინ არის დასჯილი. მუსლიმები სოფელ ფლატეში ძეგლის გადაცემას ღვთისმსახურების აღსადგენად არ მოითხოვენ, მათ ფეკალიების სუნი აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფლატეში მხოლოდ რამდენიმე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს, საკულტო ნაგებობაში ფეკალიების სუნს, შეურაცხმყოფელი ხასიათის გამო, ჩვეულებრივზე დიდი გავრცელების დიაპაზონი აქვს.
სოფელ მოხეში სამოციან წლებში მაღალმთიანი აჭარიდან მუსლიმები გადმოსახლდნენ. მოსახლეობის უმრავლესობას ისლამის მიმდევრები წარმოადგენენ. ცენტრში 1940 წელს აგებული მეჩეთი დგას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იძულებით გადასახლებული მესხების აშენებულია. შენობას მაშინდელი მთავრობა ხან საწყობად, ხან ბიბლიოთეკად, ხანაც სოფლის კლუბად იყენებდა. დღეს ის ამორტიზირებული და უფუნქციოა. 2008 წელს მუსლიმებმა მისი დანგრევის თავიდან აცილების მიზნით მეჩეთის გარშემო ღობის შემოვლება დაიწყეს. ამან ქრისტიანული მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. იმამი მამუკა ვაშაყმაძე გვიყვება, რომ „ძირითადად ქალბატონები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამ სოფელში მეჩეთი არ გვჭირდებაო, ჩვენც გავჩერდით. არ გვინდოდა სიტუაცია გაგვემწვავებინა“. ინციდენტის შემდეგ, მოხეელმა მუსლიმებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს, რომელმაც 2008 წლის 25 თებერვალს გამოგზავნა წერილი, სადაც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ აღნიშნული შენობა არის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრება და მისი შეკეთება მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ“. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ბატონი მამუკა სამი სოფლის მრევლს კვლავ საგანგებოდ ნაყიდ სახლში მიუძღვის და ლოცვას აღავლენს. „ფული ავკრიბეთ და სახლი ვიყიდეთ, ახლა იქ ვლოცულობთ, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება ჩვენს მეჩეთში ვილოცოთ“, ამბობს იმამი და ამატებს: „ბოლოს და ბოლოს ამ მეჩეთს უნდა ჰყავდეს პატრონი. ეს ეკუთვნის მუსლიმებს. ჩვენ ამგვარი სიტუაცია შეურაცხმყოფლად მიგვაჩნია და როგორც მორწმუნისთვის, მტკივნეულია. ეს არ შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს, გვინდა ჩვენსავე სამლოცველოში კანონიერად ვილოცოთ“.
სოფელ აბასთუმნის მეჩეთი
ბატონი ნოდარი ერთ ინციდენტს იხსენებს. სოფელ ჭელაში მეჩეთს აშენებდნენ. ზარზმის მონასტრიდან, მოლხენილი მრევლი სოფელში დაიძრა. „შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ თათრები. ყვიროდნენ, ამ რეგიონში ისლამს ვერ გაავრცელებთო“, ამბობს ბატონი მამუკა. აღნიშნული ინციდენტი ორჯერ განმეორდა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით მოგვარდა.
სამწუხაროდ, საზოგადოება აღნიშნულ პრობლემებზე დუმს. მეტიც, როდესაც საქმე საქართველოს მოქალაქე მუსლიმთა აღმსარებლობის თავისუფლების შელახვასა და სახელმწიფოს მხრიდან არათანასწორ მოპყრობაზე მიდგება, ხშირად ისმის გაუაზრებელი შედარებები. საზოგადოების ერთი ნაწილი, მათი პრობლემების პასუხად ისტორიულ ტაოსა და საინგილოში ქრისტიანთა პრობლემებზე იწყებს საუბარს. მუსლიმებს კი კიდევ ერთხელ უწევთ დაგვარწმუნონ - „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ! ჩვენ არაფერი გვაკავშირებს უცხო ქვეყანასთან! ჩვენ არ და ვერ ავიღებთ მათზე პასუხისმგებლობას!“
რაბათის მეჩეთი
![]() |
14 ფოტოესე |
▲back to top |
ეგვიპტეში, საპორტო ქალაქ სუეცში, ანტისამთავრობო ძალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას, რომელიც 30 წელია მართავს ეგვიპტეს. 27 იანვარი, 2011.
![]() |
15 პრეზიდენტის წლიური მიმართვა |
▲back to top |
მსოფლიო
ავთო ქორიძე
25 იანვარს ბარაკ ობამამ კონგრესს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა. გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო ნოემბრის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების დამარცხების გამო. ობამას უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ აპირებს ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ კონგრესთან მუშაობას. მისი მიმართვა დამარცხებული პარტიის ლიდერის მიერ ჭრილობების მოლოკვას უფრო ჰგავდა. საპასუხოდ რესპუბლიკური პარტიის ამომავალი ვარსკვლავი, საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პოლ რაიანი გამოვიდა.
ბარაკ ობამამ გამოსვლაში ეკონომიკაზე გააკეთა აქცენტი. პრეზიდენტმა ნათელი მომავლის მისაღწევად მთავრობის მიერ ხარჯვის გაგრძელების საჭიროება დაასახელა. ერთი წლის წინ ობამა ამას ეკონომიკურ სტიმულს უწოდებდა, ამჯერად სიტყვა „ინვესტიცია“ ამჯობინა. პრეზიდენტი ეცადა ამერიკელები დაერწმუნებინა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორს განვითარებაში ეხმარება. ობამამ ინფრასტრუქტურაში, განათლებასა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში ინვესტიციების დადებით მხარეებზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა აღიარა ხარჯვის შემცირების აუცილებლობა. Resurgent Republic-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 61%25 ფიქრობს, რომ მთავრობა უფრო ნაკლებს უნდა ხარჯავდეს. პრეზიდენტი დეფიციტის აღმოფხვრას ნაკლებ მნიშვნელოვანი არასამხედრო ხარჯების ხუთწლიანი გაყინვით აპირებს. ობამას გეგმა აშშ-ს შემდეგი ათი წლის განმავლობაში 400 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
ობამას ინაუგურაციამდე ვალი 10,6 ტრილიონი დოლარი იყო, ახლა კი 14,2-ია. ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის წილი მშპ-სთან შედარებით 20%25-დან 25%25-მდე გაიზარდა. ჰარვარდის პროფესორ რობერტ ბაროს მიხედვით, ობამას ეკონომიკური სტიმულის სახელმწიფო პროგრამები 600 მილიარდი დოლარის სიკეთეს შექმნის კერძო სექტორიდან ამოღებული 900 მილიარდი დოლარის ფასად. ეს ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადატანა და ბიუროკრატიის არაეფექტიანობის გამო გარკვეული ნაწილის დაკარგვაცაა.
ობამა ჯანდაცვის კანონსაც შეეხო, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტს შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 239 მილიარდი დოლარით გაზრდის. ობამამ კანონში ცვლილების შეტანის შესახებაც ისაუბრა, თუმცა ეს ცვლილებები მინიმალური იქნება. რესპუბლიკელები არ აპირებენ კანონში რამდენიმე სიტყვის ცვლილებით შემოიფარგლონ და ობამას რეფორმის საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დატოვება სურთ. რესპუბლიკელების გამარჯვებით შებოჭილმა ობამამ უკვე უარი თქვა მდიდრებისთვის გადასახადების აწევაზე.
რესპუბლიკელების ხარჯვის შემცირების გეგმა პოლ რაიანმა თავის მოკლე გამოსვლაში ჩამოაყალიბა; მხოლოდ რამდენიმე სექტორის შეკვეცა საკმარისი არ იქნება ბიუჯეტის დაბალანსებისათვის. პრეზიდენტის მიერ ნახსენები ინვესტიციები რეალურად სახელმწიფოს ხარჯების გაზრდას გულისხმობს, რადგან ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ეს კერძო სექტორის მძიმე დაბეგვრას (რაც მის პროდუქტიულობას მკვეთრად დაწევს) ან ვალის კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს. 3,5-ტრილიონიანი ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი სავალდებულო ხარჯვაა და ამ თანხის შემცირება შეუძლებელია. რესპუბლიკელები ბიუჯეტის წელიწადში 100 მილიარდით შემცირებას აპირებენ, რაც 10 წლის განმავლობაში 1.5 ტრილიონ დოლარს დაზოგავს.
პრეზიდენტ ობამას გამოსვლის ლაიტმოტივი ფრაზები „დროა მომავალი მოვიგოთ“ და „ჩვენ დიდ საქმეებს ვაკეთებთ“ გახლდათ, თუმცა არსით მისი მოხსენება მინიმალისტური იყო. პრეზიდენტი თეთრ სახლში სახელმწიფოს სრული რეფორმაციის თითქმის რევოლუციური იდეით მოვიდა, თუმცა ნოემბრის არჩევნებმა პოლიტიკური რეალობის წინაშე დააყენა.
ბარაკ ობამას მთავარი სლოგანი ხელისუფლებაში მოსვლისას იმედი და ცვლილება იყო. თუმცა ნოემბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხი მის მიერ გატარებული ცვლილებით უკმაყოფილოა. ობამას არც მეორე სლოგანი, იმედი, შემორჩა ამერიკელ ხალხს: კომპანია Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ზოგადი განწყობა უარყოფითია. მაგალითად, ჯორჯ ბუშის დროს მოსახლეობის კმაყოფილება ფედერალური მთავრობით 50%25-დან 41%25-მდე დაეცა, ობამას პერიოდში კი 31%25-ს გაუტოლდა. ეს კი ობამასთვის შეიძლება მომავალი არჩევნების წინასწარმეტყველებად იქცეს.
![]() |
16 ჩრდილოეთ ევროპა თანამშრომლობას აღრმავებს |
▲back to top |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
სამიტის მონაწილეები პრემიერ კამერონის რეზიდენციას ტოვებენ
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კამერონმა, იანვრის ბოლოს, ლონდონში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების დელეგაციებს (შვედეთი, ფინეთი, დანია, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია, ისლანდია) უმასპინძლა. მხარეებმა ეკონომიკური ზრდის, ერთმანეთთან ვაჭრობის გაღრმავებისა და დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. მომავალში „საერთო ინტერესების მქონე ალიანსის“ შექმნასაც არ გამორიცხავენ. სამიტი ჩრდილოეთ ევროპულ ქვეყნებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის ერთგვარი გაგრძელებაა. დამსწრეთა განცხადებით, მთავარი მიზანი არსებული ფინანსური კრიზისის პერიოდში ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.
რუსულმა მედიამ სამიტი „მინი-NATO-ს“ შექმნის მცდელობად შეაფასა. ცხრა ქვეყნის შეხვედრა 2009 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტორვალდ სტოლტერბერგის მიერ „ნორდული პაქტით“ ინიცირებული პროექტის განახლებად მიიჩნიეს. ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას ბლოკი - „სკანდინავიის ქვეყნები და არქტიკა“. იგი მოიცავს სკანდინავიური ქვეყნების სამხედრო და საზღვაო ძალებს, დაზვერვას, კიბერშეტევებისგან თავდაცვით და არქტიკაზე მოქმედ საკოორდინაციო ცენტრებს. დასავლეთის ქმედებები რუსეთს მისი მხრიდან არქტიკის (Arctic Shelf) შელფის ათვისების მცდელობისადმი პასუხად მიაჩნია. ექსპერტების განცხადებით, არქტიკაში გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგებია (დაახლოებით 25%25).
სამიტზე ჩრდილოეთი ზღვის ოფშორული ქარის ძალის წყაროს გამოყენების პერსპექტივები განიხილეს. ბრიტანეთის პრემიერი ეკონომიკის განვითარებისთვის ციფრული და „მწვანე“ ტექნოლოგიის დანერგვას ემხრობა. ამისთვის მას სკანდინავიური ქვეყნების დახმარება სჭირდება. ნორვეგიამ ქარის ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთში ინვესტიციები ჩადო. მშენებლობა 2014 წლისთვის იწყება. მიღებული ელექტროენერგია ბრიტანეთის მოთხოვნის 10%25-ს უზრუნველყოფს.
ენერგეტიკული საკითხების გარდა განიხილეს მონაწილე ქვეყნებს შორის ვაჭრობის პერსპექტივები. ეს ფინანსური კრიზისის შემდეგ თითოეული მათგანის ეკონომიკას დიდად წაადგება. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს საკმაოდ ძლიერი კომერციული კავშირები გააჩნიათ. ბრიტანეთსა და დანარჩენ რვა ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობა 86,3 მილიარდი დოლარია. არსებული საბანკო კრიზისისა და რეცესიის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ეკონომიკური რეფორმების განხილვას.
დევიდ კამერონი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს დანახარჯების შემცირებას, ლიბერალური რეფორმების გატარებას, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას. ის ემხრობა საჯარო სამსახურების ნაცვლად კერძო სექტორ შიდა საქმების გაფართოებას. როგორც ჩანს, ამ მხრივ თანამოაზრეები სწორედ ჩრდილოეთ ევროპაში იპოვა. საგულისხმოა, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკები აქვთ. Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, უმეტესმა მათგანმა 2011 წლისთვის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გააუმჯობესა. ცხრა ქვეყნიდან შვიდი „უმეტესწილად თავისუფალ“ კატეგორიაში მოხვდა. თუ ევროპისთვის აღნიშნული ინდექსი საშუალოდ 66,8-ს უტოლდება, იგივე მაჩვენებელი ამ ცხრა სახელმწიფოს შემთხვევაში 72,2-ია. ეს ქვეყნები დღეს ლიბერალურ რეფორმებს აქტიურად უჭერენ მხარს. დიდ ბრიტანეთში ამგვარი ცვლილებების საჭიროებას კამერონი ლეიბორისტული მთავრობის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გამო ხედავს. წინა წელთან შედარებით გაერთიანებულმა სამეფომ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-11 ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. ამ პირობებში, პრემიერი ეკონომიკის წახალისებას თავისუფალ ვაჭრობაში, მეზობლებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და მათი გამოცდილების გაზიარებაში ხედავს. სწორედ შვედეთის მაგალითის გათვალისწინებით მშობლებს, მასწავლებლებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს „თავისუფალი სკოლების“ (free school) და ფუძნების უფლება მისცეს.
ეკონომიკური სიძნელეების გარდა სამიტის მონაწილე ქვეყნებს ევროინტეგრაციისადმი სკეპტიციზმი, თავისუფალი ბაზრისადმი მიდრეკილება აერთიანებთ. დღეს მხოლოდ ორი (ფინეთი და ესტონეთი) მათგანია ევროზონის წევრი, ნორვეგია და ისლანდია კი საერთოდ არ შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში. ამიტომაც ზოგმა კამერონის მიერ სამიტის მოწვევის ინიციატივა ატლანტიკური ქვეყნების „ჩრდილოეთის ლიგის“ შექმნის მცდელობად აღიქვა, რომელიც მიმართული იქნებოდა სამხრეთ ევროპელების და მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ. კამერონის განცხადებით კი, „ჩრდილოეთის ალიანსი“ ევროპაში ღია ბაზრის, ახალი, „მწვანე“ ტექნოლოგიების (green technology) დანერგვის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება.
შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება იყო. ამგვარ კონსულტაციებს მომავალშიც განაგრძობენ. ეს ამ ქვეყნებს შორის მანამდე დაწყებული სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ორი თვის წინ ნორვეგიაში ცხრავე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, ცხრა თვის წინ დანიამ, ფინეთმა, ისლანდიამ და შვედეთმა გააფორმეს შეთანხმება (სკანდინავიური/ნორდული თავდაცვის თანამშრომლობა - Nordic Defense Cooperation) კოლექტიური სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმის შექმნის შესახებ.
როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნები თანამშრომლობას აგრძელებენ, თანაც უკვე სხვადასხვა სექტორში. მაღალჩინოსნების განცხადებით, ამგვარი სამიტები და კონსულტაციები შესაძლოა, რეგულარულად ჩატარდეს.
სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები ლონდონში
![]() |
17 სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა?! |
▲back to top |
მსოფლიო
მარიამ მიქავა
იანვრის შუა რიცხვებში, სამხრეთ სუდანში რეფერენდუმი ჩატარდა. კენჭისყრაში მოსახლეობის 60%25-ზე მეტი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა დაახლოებით 99-მა პროცენტმა ჩრდილოეთ სუდანისგან გამოყოფას და საკუთარი ქვეყნის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. ამდენად, აფრიკის უდიდესი ქვეყანა ორად გაყოფას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ეს რეფერენდუმი 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლითაც სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანის ორი ათწლიანი სამოქალაქო ომი დამთავრდა.
რეფერენდუმის წინა დღეს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ New York Times-სთან ინტერვიუში აღნიშნა: „ყველა თაობას არ აქვს შესაძლებლობა გადაშალოს წარსულის ფურცელი და ისტორიაში ახალი თავი ჩაწეროს. თუმცაღა დღეს - 50-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელშიც 2 მლნ ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა - სამხრეთ სუდანის მოსახლეობას აქვს ამის შესაძლებლობა“.
ყველაფერმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი ინციდენტი სამხრეთისა და ჩრდილოეთის სასაზღვრო აბეის რაიონში მოხდა, სადაც არაბი მომთაბარეები და სამხრეთელი შავკანიანი ტომები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაიღუპა 20 ადამიანზე მეტი. მიუხედავად რეფერენდუმის შედეგებისა, აბეი, ალბათ, სადავო ტერიტორიად დარჩება. ამ ნავთობით მდიდარ რაიონთან განშორებას არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი არ მოისურვებს. დაპირისპირების მთავარი ფაქტორი სწორედ ბუნებრივი რესურსია. სუდანის ნავთობის მარაგის 80%25 სამხრეთში მდებარეობს. სამხრეთ ნაწილის გამოყოფის შედეგად ქვეყანა დაკარგავს ტერიტორიის მესამედს და ნავთობტერიტორიის ორ მესამედს, რაც მილიარდობით დოლართანაა დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკაცრი გამიჯვნა ვერ მოხდება, რადგან საექსპორტოდ ნავთობი სამხრეთიდან ჩრდილოეთზე გამავალი მილსადენებით მიედინება.
ჯუბაში საეკლესიო მსახურებაზე, სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა, სალვა კიირმა, ომის ვეტერანებს გამარჯვება მიულოცა და ჩრდილოეთელებისთვის მიტევებისკენ მოუწოდა. ვაშინგტონში, ბარაკ ობამამაც მიულოცა სამხრეთ სუდანს მშვიდობიანი, მოწესრიგებული რეფერენდუმის ჩატარება და მას „შთაგონება“ უწოდა. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მსოფლიო მალე ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს იხილავს.
რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ცნობილი 2011 წლის თებერვლის შუა რიცხვებისათვის გახდება. ალბათობა მეტია, რომ სამხრეთ სუდანი დამოუკიდებლობას მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენდუმი უკვე ყველამ სანდოდ და სამართლიანად აღიარა, შესაძლებელია, სამხრეთ სუდანი გაეროს 193-ე წევრი ქვეყანა გახდეს. სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ სუდანის დამოუკიდებელ ხელისუფლებას უფლებამოსილება მხოლოდ 2011 წლის 9 ივლისს მიენიჭება.
სამხრეთელები შავკანიანები - ქრისტიანები და ანიმისტები არიან. მათ სწორედ რეფერენდუმის მეშვეობით სურთ არაბულ, მუსლიმურ ჩრდილოეთს მშვიდობიანად გამოეყონ. ზოგიერთი დამკვირვებელი შიშობს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება ბევრი აფრიკული სახელმწიფოსათვის, სადაც ძლიერი სეპარატისტული მოძრაობები არსებობს.
კოლონიალიზმის წყევლა - ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აფრიკა კვლავაც რჩება შეუმდგარი და დაცემული სახელმწიფოების მატერიკად. საუკუნის წინ კოლონიზატორების მიერ დადგენილი საზღვრები დღესაც მოქმედებს.
„აფრიკული ერთობის ორგანიზაციამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი: მან საზღვრები ურყევად აღიარა. მაგრამ ახლა ეს ურყევობა გაქრა. თვითგამორკვევის მოძრაობა მიგვიყვანს სუდანის, ეთიოპიის, უგანდის, მთელი აფრიკის გახლეჩასთან, რადგან ყველა აფრიკული სახელმწიფო ჩამოყალიბებულია ჰეტეროგენული ელემენტებისაგან...პანდორას ყუთი ღიაა“, - განაცხადა სუდანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სადიქ-ალ-მაჰდიმ New York Times-სთან ინტერვიუში.
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კიირი არჩევნებზე
მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის არ არსებობს მკაფიო საზღვარი. ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ადმინისტრაციული საზღვრები თემობრივი დაპირისპირების გაუთვალისწინებლად „დახატეს“. მაგალითად, დღეს მისსერიას მომთაბარე ტომი უარს ამბობს საკუთარი თავი ჩრდილოეთს ან სამხრეთს მიაკუთვნოს. გაყოფამ მიწათმფლობელებსა და მომთაბარეებს შორის კონფლიქტი შეიძლება უფრო გააღრმაოს. ამას ტომობრივი მრავალფეროვნების შედეგად დაპირისპირებებიც ემატება.
![]() |
18 ტრაიბალიზმის დაბრუნება? |
▲back to top |
მსოფლიო
ჩინეთი გლობალურ პოლიტიკაში
მიხეილ ბასილაია
იანვარში ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია. ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი შეხვდა. ჩინეთის წინსვლას განსხვავებული პროგნოზები და შეფასებები ახლავს. ერთი მოსაზრებით, ქვეყანა იბრუნებს ლიდერის კუთვნილ ადგილს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს იდეა იქაურ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაშიც არის გავრცელებული, რასაც ჩინეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა აქვს.
სახელწოდება ჩინეთი - ჩინურ ენაზე ცენტრალურ ქვეყანას ნიშნავს. ტრადიციული პოლიტიკური თვალთახედვით, როგორც ჩინეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები და მეზობელი ქვეყნები, ისე სხვა კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოებიც პერიფერიებად მიიჩნევიან. მე-18 საუკუნეში, როდესაც ბრიტანელებმა ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისია გაგზავნეს ჩინეთის იმპერატორთან, ამ უკანასკნელს გაუკვირდა, თუ რატომ არ მიართვეს ხარკი ევროპელმა ბარბაროსებმა.
მე-19 საუკუნეში ქვეყანა ევროპის პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ მოექცა. ამ პერიოდს ჩინეთში შეურაცხყოფის ასწლეულს უწოდებენ. მე-20 საუკუნეში სოციალისტური ალტერნატივა გამოჩნდა. ამას, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკური განვითარებას ამბიციების გაზრდაც მოჰყვა თან. ჩინელებს გაუჩნდათ საკუთარი ტრადიციული პოლიტიკური თუ კულტურული ღირებულებების წინ წამოწევის საშუალება. ამ ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტისა და მედიასაშუალებების განვითარება არ ნიშნავს დასავლური ფასეულობების, კონკრეტულად კი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას. ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს როგორც ბეჭდურ მედიას, ისე ინტერნეტს. პეკინს არ სურს საკუთარი კრიტიკის ან მეტი პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნის მოსმენა, თუმცა მისთვის რადიკალური ნაციონალიზმი მისაღებია. მრავალი გადამდგარი სამხედრო მოსამსახ ურე წერს პოლიტიკურ ნაშრომებს ჩინეთის მსოფლიო ლიდერობაზე. ასეთი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჩინეთის ქალაქებში ხშირადაა ნაციონალისტური გამოსვლები, რომლის მონაწილეები მთავრობისგან უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ან პრინციპულ გადაწყვეტილებებს მოითხოვენ. სწორედ ასეთი რეაქცია მოჰყვა სექტემბერში იაპონელების მიერ სენკაკუს სადავო კუნძულებთან ჩინური სარეწაო გემის დაკავებას. ერთი მხრივ, საკითხავია, რა როლი აქვს მთავრობასა და კომუნისტურ პარტიას ნაციონალისტური სენტიმენტების ამოფრქვევაში, მეორე მხრივ კი, რამდენად შეძლებენ ისინი ამ ემოციების გაკონტროლებას.
ჩინეთის მოსახლეობის 92%25 - 1.2 მილიარდი ადამიანი - მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან, ჰანის ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ჩინეთში კიდევ რამდენიმე ათეული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთა საერთო რაოდენობა 150 მილიონამდეა. ისინი გაბნეული არიან ჩინეთის ტერიტორიაზე და ზოგიერთ პროვინციაში უმრავლესობასაც წარმოადგენენ. ქვეყნის შიგნით არსებობს პრობლემები უიღურებთან და ტიბეტელებთან. უიღურებით დასახლებულ სინძიანის ავტონომიურ ოლქსა და ტიბეტში 2007-2008 წლებში ჩინეთის სამთავრობო პოლიტიკას ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში ჰანის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების დიდი რაოდენობით მიგრაცია იყო. მთავრობა ხელს უწყობს შიდა მიგრაციას სინძიანის პროვინციაში ეთნიკური ბალანსის შესაცვლელად. მიგრაციის კიდევ ერთი მიზეზია მწირად დასახლებული დასავლეთი პროვინციების ათვისება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გადანაწილება.
ჩინურ ნაციონალიზმზე საუბრისას, აღსანიშნავია სამხედროების როლი. მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეც კი სამხედროებს მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს. ხოლო სხვა პოლიტიკურ უწყებებთან შედარებით სამხედრო ელიტა ნაციონალისტურობითა და რადიკალიზმით გამოირჩევა. ორიოდე კვირის წინ ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი ჩინეთს ესტუმრა. მის ვიზიტს დაემთხვა ჩინელების მიერ რადარებისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი, სტელსის ტექნოლოგიით აღჭურვილი თვითმფრინავის გამოცდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გეიტსთან შეხვედრისას ამ ფაქტზე კომენტარს ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ თავი აარიდა. ნაკლებ მოსალოდნელია, პრეზიდენტს არ ჰქონოდა ინფორმაცია თვითმფრინავის ტესტირების შესახებ, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დასვა კითხვა თუ რამდენად ექვემდებარება სამოქალაქო პოლიტიკურ კონტროლს ჩინეთის სამხედრო ელიტა. 2012 წლიდან ჩინეთს ახალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ეყოლება. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამხედროების როლის შეზღუდვა იქნება.
ჰუ ძინტაო აშშ-ში
ყველა ფოტო: REUTERS ©
განვითარების მიუხედავად, ჩინეთს რადიკალური ნაციონალიზმი კარგს არაფერს უქადის. აზიაში ჩინეთის გარდა აღმავლობის გზაზე ინდოეთიცაა. იაპონია სამხრეთ კორეასთან, ინდოეთთან და სხვა აზიურ ქვეყნებთან თანამშრომლობას აღრმავებს, ამერიკა კი ჯერჯერობით ისევ მთავარ ძალად რჩება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ასეთ პირობებში აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ ჩინეთი, შესაძლოა, დანარჩენი მსოფლიოსგან გარიყული დატოვოს.
![]() |
19 უმუშევრობის ზრდა ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ნაკლებია |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
მსოფლიოში უამრავი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. მათ უმრავლესობას საერთო პრობლემა აქვს - სამუშაო ადგილების ნაკლებობა. მეორე მხრივ, ხშირად ნებისმიერი სამსახური უბრალოდ საკმარისი არ არის.
დასაქმების პრობლემაზე ფიქრისას, ყველას ერთი და იგივე რამ უტრიალებს თავში - უმუშევრობა. თუმცა დასაქმების ბაზრის კვლევისას, მხოლოდ ამ ასპექტის გათვალისწინებამ შეიძლება არასანდო შედეგები მოგვცეს. მათი ინტერპრეტაციაც, შესაბამისად, არაზუსტი იქნება.
ხშირად, არაერთ განვითარებად ქვეყანაში უმუშევრობის დონე განვითარებულ ქვეყნებზე უფრო დაბალია. საქმე ისაა, რომ იქ დასაქმებად ითვლება ნებისმიერი სამუშაო, რომელიც საარსებო მინიმუმს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ფორმალურად მართლაც დასაქმებულები არიან, ეს სამუშაო ადგილები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის ძალიან ცოტას ნიშნავს. ასეთი სამუშაო ადგილები ხშირად ამ ადამიანების სიღარიბის შემსუბუქებას ვერ უზრუნველყოფს.
Gallup-მა გადაწყვიტა, ინტერპრეტაციის ცდომილება მაქსიმალურად შეამციროს: ის ცდილობს, არა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დათვალოს 129 ქვეყანაში, არამედ მათი ინდივიდუალური კეთილდღეობა და სამსახურით კმაყოფილება გაზომოს. Gallup-ი ითვლის არა მხოლოდ ნებისმიერ სამსახურს, ის ითვლის „კარგ“ სამსახურებს. ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოკითხავს 129 ქვეყნის რესპონდენტებს და ამოწმებს, თუ რამდენი მათგანია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული და რამდენია უმუშევარი.
სრულ განაკვეთზე დასაქმებულად ითვლება ის, ვინც დაქირავებული თანამშრომელია და კვირაში სულ მცირე 30 საათს მაინც მუშაობს. ის შეიძლება თვითდასაქმებულიც იყოს, ოღონდ ისიც სამუშაოს კვირაში მინიმუმ 30 საათს უნდა უთმობდეს. ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულად ითვლება ის, ვინც კვირაში 30 საათზე ნაკლებს მუშაობს. აქ რესპონდენტები ორ ჯგუფად იყოფიან: პირველი, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობით კმაყოფილია, დამატებით სამუშაოს არ ეძებს და რომც შესთავაზონ, მაინც არ დათანხმდება. მეორე, ვინც დამატებითი სამუშაოს ძიებაშია და თანახმაა, დაუყოვნებლივ შეუდგეს მუშაობას. უმუშევრად ითვლება ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს, ვერ შოულობს, თუმცა მზად არის სამსახურის გამოჩენისთანავე დაიწყოს მუშაობა. კვლევა ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როდესაც რესპონდენტებს ან უბრალოდ არ უნდათ მუშაობა, ან სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ: მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც სრული დატვირთვით სწავლობენ, პენსიონერები ან შეზღუდული უნარების მქონე პირები.
Gallup-ის 2009 და 2010 წლების კვლევის შეფასებით, მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 7%25 უმუშევარია. 40%25 დასაქმებულია სრულ განაკვეთზე, 12%25 - ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ დამატებითი სამუშაოს ძებნის პროცესშია. 2009-2010 წლებში უმუშევრობის დონემ მსოფლიოს ყველა რეგიონში მოიმატა. შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში უმუშევრობა ყველაზე მეტად გაიზარდა: შუა აღმოსავლეთში 2009 წელს 8%25-დან 13%25-მდე და აფრიკაში - 6%25-დან 12%25-მდე.
ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა ასეთი დრამატული არ ყოფილა. Gallup-ის კვლევის შეფასებით, საქართველოში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 20-29%25. ნახევარ განაკვეთზე - 35%25-ზე მეტი. უმუშევარია - 15%25-ზე მეტი. საქართველოს უშუალო მეზობლებიდან, სომხეთში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 30-39%25. ნახევარ განაკვეთზე - 35%25-ზე მეტი. უმუშევარია - 15%25-ზე მეტი. რუსეთში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 50%25-ზე მეტი. ნახევარ განაკვეთზე - 15%25-ზე ნაკლები. უმუშევარია 5-9%25. თურქეთში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 40-49%25. ნახევარ განაკვეთზე - 15-24%25. უმუშევარია 10-14%25.
აზერბაიჯანის შესახებ კვლევას მონაცემები არ აქვს. საქართველოს შემთხვევაში, კვლევამ ვერ გაითვალისწინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 7%25-ია. ამის მიზეზად ინტერვიუერების უსაფრთხოება დაასახელა.
გლობალურად, საშუალოდ, დასაქმების ადრეული ასაკი 15, ხოლო გვიანი - 69 წელია. ამასთან, 15-დან 29 წლამდე რესპონდენტები ან დამატებითი სამუშაოს ძიებაში არია, ან საერთოდ უმუშევრები. 50-დან 69 წლამდე რესპონდენტები, საშუალოდ, ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ და სხვა სამსახურის შეთავსებაც უნდათ. 69 წლიდან იზრდება იმის ალბათობა, რომ არ მუშაობენ და არც სურვილი აქვთ. მამაკაცებს უფრო უმართლებთ ვიდრე ქალებს: მსოფლიოში დასაქმებული მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ორჯერ აღემატება. ამასთან, როგორც წესი, მეტი ალბათობაა, რომ სწორედ მამაკაცი იქნება სრულ განაკვეთზე დასაქმებული.
კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, ერთ სულზე მშპ-ც უფრო მაღალია. ამასთან, სრულ განაკვეთზე კონტრაქტით დაქირავებული თანამშრომლები უფრო დადებითად აფასებენ საკუთარ კეთილდღეობას, ვიდრე თვითდასაქმებულები. ინდივიდუალური კეთილდღეობისა და წარმატების შეფასებისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სამუშაო სტატუსიცაა.
Gallup-ის კვლევის შეფასებით, ხარისხიან სამუშაო ადგილებს ყველაზე ეფექტიანად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. ამ კომპანიების სათავეში, როგორც წესი, ნებით და არა აუცილებლობის გამო თვითდასაქმებული ადამიანები არიან. თუ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, ამ ადამიანებს მეტი შანსი ექნებათ, სხვები კონტრაქტის საფუძველზე დაიქირაონ. ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება ინდივიდუალური კეთილდღეობა და საზოგადოების პროდუქტიულობა - კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორობა (რომელიც, პირველ რიგში, სწორედ ამ მიზნისკენ სტაბილური სვლის საზომია) საქართველოსთვის არც ისე პატარა მიღწევაა.
სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა
ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა
უმუშევართა რაოდენობა
![]() |
20 ტექნოლოგია თოთხმეტი წლის არშემდგარი მილიონერი |
▲back to top |
ტექნოლოგია
რობერტ ნეი
ფოტო: REUTERS ©
ტექნოლოგიურ სამყაროში ამერიკული ოცნება შემდეგნაირად გამოიყურება: მავანი პროგრამისტი, თუ დეველოპერი წერს თამაშს, შემდეგ ამ თამაშით მთელი პლანეტა ავადდება. ფრიკები და გიკები ღამეებს ათენებენ, სანამ ბოლო ეტაპამდე არ მივლენ და არ დახურავენ მას, დეველოპერი კი თავს ანებებს პროგრამების წერას, ვინაიდან მდიდრდება, ფულს შოულობს და სხვა, უფრო საინტერესო საქმიანობით კავდება.
2011 წლის იანვარში კიდევ ერთი ასეთი ამერიკული ოცნება ახდა, ოღონდ სანახევროდ: იუტას შტატში მცხოვრები მერვეკლასელისკენ, რობერტ ნეისკენ ამერიკელი ჟურნალისტები დაიძრნენ და მისი წვალება დაიწყეს. შემდეგ, როგორც ფილმებშია ხოლმე - საქმეში ტელევიზია ჩაერთო, ინტერნეტ-რევიუები დაიწერა, მითქმა-მოთქმა ატყდა, არსაიდან ფანების და მიმბაძველების არმია გამოჩნდა და ამერიკელი მოზარდის დიდების თხუთმეტი წუთიც დაიწყო.
თამაშის შემქმნელის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, უყვარს მათემატიკა, პიცა და კომპიუტერული თამაშები. იგი წარმატებით უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, თუმცა „დაკვრა“ ყველაზე წარმატებით მას კომპიუტერის კლავიატურაზე გამოუვიდა, როდესაც ნოემბერში თავისი iPhone-ისთვის თამაშის წერა დაიწყო. 22 დეკემბერს ერთი შეხედვით პრიმიტიული თამაში სახელწოდებით Bubble Ball მზად იყო და რობერტმა ის App Store-ში, iPhone-ის აპლიკაციების ცენტრალიზებულ საცავში ატვირთა, სადაც 300 ათასი აპლიკაციაა განთავსებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად რობერტ ნეის გაუმართლა.
„მე მხოლოდ ის მსურდა, რომ ჩემი ტელეფონისთვის თამაში დამეწერა, მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა“, - განაცხადა რობერტმა ერთ-ერთ ინტერვიუში და დაამატა: „დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი მსგავს თამაშებს, შემდეგ ჩემი საყვარელი თამაშებიდან ის ნაწილები ამოვკრიფე, რაც მომწონდა, დავუმატე ჩემი იდეები და რაც გამოვიდა, შეგიძლიათ App Store-იდან ჩამოქაჩოთ“.
თამაში სტივ ჯობსის ფილოსოფიას იზიარებს, რაც მაქსიმალურ სიმარტივეში გამოიხატება. ის იმდენად ადვილად გასაგებია, რომ ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს. თამაშის მიზანია მოთამაშემ ფიზიკის კანონების გათვალისწინებით ბურთი ფინიშის ალამთან მიიტანოს, ასევე უნდა მოიფიქროს თუ სად განათავსოს ხის და ლითონის ბარიერები და საყრდენები, რომ ბურთი დანიშნულების ადგილამდე მიგორდეს. თამაში 21 ეტაპისგან, ანუ ე.წ. ლეველისგან შედგება, რომლებიც თანდათან უფრო რთულდება და საინტერესო ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვური გულუბრყვილობით, თუ ალტრუისტული ჩანაფიქრით ახალბედა პროგრამისტმა თამაშის ჩამოქაჩვას საფასური არ დაადო და შესაძლოა, ამანაც განაპირობა მისი პოპულარობა.
პირველ ორ კვირაში Bubble Ball ერთმა მილიონმა „ვაშლის მოყვარულმა“ ჩამოქაჩა. იანვრის ბოლოსკენ კი მან ყველაზე ჩამოქაჩვად უფასო თამაშს, Angry Birds-ს გაუსწრო და დღესდღეობით კვლავაც პირველ პოზიციას ინარჩუნებს. სიხარულმა და ეიფორიამ რომ ჩაიარა, მერე კი გააცნობიერეს რობერტ ნეიმ და მისმა კეთილისმსურველებმა, რომ თამაშისთვის ტრადიციული ფასი, 99 ცენტი რომ დაედოთ, ამით ახალბედა პროგრამისტი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისათვის საჭირო ფულს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი სანათესაოსთვის იშოვიდა, თუმცა რაღას გააწყობდნენ?! მამამისმა ღეუტერს-თან მიცემულ ინტერვიუში კბილებში გამოცრა, რომ - „ბედნიერია, მისმა შვილმა მილიონობით ადამიანს სიხარული რომ მოუტანა“ - და იქვე ისიც დაამატა - რობერტმა უკვე დაიწყო ახალ თამაშზე მუშაობა, რომელიც სავარაუდოდ აღარ იქნება უფასოო.
![]() |
21 სიძულვილის თავისუფლება |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
პაატა საბელაშვილი
1 niger in the river - pollution,
100 nigers in the river - solution”.
წინამდებარე წერილი გამოხმაურებაა ლევან სუთიძის სტატიაზე
„სიყვარულის ტირანია“ (ტაბულა 23.01.2011).
2010 წლის განმავლობაში „სიძულვილის ენაზე“ საზოგადოების მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. პოზიციები ძირითადად პოლარიზებული იყო. ერთნი ამბობდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ისაა, როგორც ეს ამერიკაში წარმოუდგენიათ, ანუ, შეზღუდვის გარეშე. მეორენი კი ამტკიცებდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება სიძულვილის ენის გასამართლებლად არ გამოდგება, როგორც ეს არა ერთხელ დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. სტატია „სიყვარულის ტირანია“ თითქოსდა მიზნად ისახავს ამ თემებზე საზოგადოების მსჯელობის გაგრძელებას, განვრცობას. თუმცა, სტატიის წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ის საქართველოში მომხდარი კონკრეტული ინციდენტის ხელახალი გააზრების მცდელობაა, მთელი დანარჩენი მსჯელობა კი ამის გასამყარებლად გამოიყენება.
საუბარია 2010 წლის 34 მაისს ილიას უნივერსიტეტის წინ მომხდარ ინციდენტებზე, როდესაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის წევრებმა ერეკლე დეისაძის წიგნის აკრძალვა მოითხოვეს. მეორე დღეს სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი იმავე ადგილას შეიკრიბა გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად. ამ დროს გამოჩნდნენ წინა აქციის ორგანიზატორები და აქციის დაშლას ეცადნენ. ამ ყველაფერს კი პოლიცია მაღალი ტოლერანტობით უყურებდა და მხოლოდ უკიდურესი დაძაბულობის დროს „აშველებდა“ დაპირისპირებულ მხარეებს. საბოლოოდ, პოლიციამ უფლება მისცა რელიგიურ ექსტრემისტებს და მათ წამქეზებელ სასულიერო პირებს, ადამიანთა სხვა ჯგუფისათვის შეეზღუდათ, როგორც გამოხატვის, ისე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. აგრეთვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 3 დღის შემდეგ პოლიციას იმავე ადამიანების ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში დაკავება მოუწია.
„არგუმენტები“
ავტორი სტატიას ჩიკაგოს ებრაელებით დასახლებულ გარეუბანში გამართულ ნაცისტურ დემონსტრაციაზე საუბრით იწყებს და დასძენს, რომ სასამართლოს აზრით, ეს აქტი ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში, რომელსაც ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება ითვალისწინებს. თუ გავეცნობით ამ შესწორების ინტერპრეტაციის ისტორიას, ვნახავთ, რომ 1930-იან წლებამდე მასზე შეზღუდვები გამოიყენებოდა მთავრობისათვის ისეთი არასასურველი თავყრილობების აღსაკვეთად, როგორიც იყო შავკანიანთა გამოსვლები, პროფკავშირების მოწყობილი პიკეტები და ა.შ. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნა ამერიკის სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობების დიდი ბრძოლის შედეგი იყო და არა იდეების თავისუფალ ბაზარზე აღმოცენებული უნივერსალური ფასეულობა, როგორადაც წარმოჩენას ცდილობს ავტორი. ხოლო სკოუკის მაგალითი ხშირად მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ გამოიყენება, თუ როგორი რადიკალური ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს პირველ შესწორებას. სტატიის ავტორი ამ თემაზე მომუშავე სხვა ავტორებისათვის დამახასიათებლად იქვე ადარებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ევროპულ ტრადიციას და რეჟიმთა აბსოლუტიზმით განმარტავს იმ შეზღუდვებს, რომლის მსხვერპლი „თვით ჰიტლერი“ გახდა 1925 წელს. ამით ის ასკვნის, რომ ნაციზმის აღზევება არა თავისუფალმა სიტყვამ, არამედ მისმა შეზღუდვამ გამოიწვია. რა გამოდის, რომ თანამედროვე ევროპისთვის დღესაც მიუღებელია თვითორგანი ზებული სამოქალაქო ჯგუფების არსებობა და სწორედ ეს ხდება სიძულვილის ენის შეზღუდვის მიზეზი?
ავტორი ნებით თუ უნებლიეთ უგულებელყოფს მსოფლიო ომებს შორის პერიოდის პოლიტიკურ კონტექსტს: მძიმე რეპარაციადაკისრებული გერმანია იმყოფება ღრმა კრიზისში, ამ დროს ჩნდება ჰიტლერი და იწყებს კომუნისტების, ებრაელებისა და ჰომოსექსუალების (და სხვათა) განტევების ვაცად ქცევას, ახდენს მათ დემონიზაციას, „ჩაგრულ“ უმრავლესობას პრივილეგირებულობის განცდას უღვივებს, რომელზე დაყრდნობითაც ახერხებს ძალაუფლების მოპოვებას (ეს ძალი ან მარტივად რომ ვთქვათ). არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არაერთი მკვლევარი მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ ერთუმთავრეს წანამძღვრად ევროპაში ლიბერალიზმისა და ინსტიტუციონალიზმის კრახს ასახელებს. სწორედ იმ რეჟიმის კრახს, რომელმაც ჰიტლერს საშუალება დაუტოვა აღზევებულიყო და „მყისიერად“ არა, მაგრამ ასე 45 წელიწადში კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა მოეწყო.
შემდეგ ავტორი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ავსტრიის ქმედება, აღეკვეთა ფილმის ჩვენება, რადგან ის ტიროლის კათოლიკური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროსასამართლოს არ ევალება ნაციონალური კანონმდებლობის სფეროში ჩარევა. სასამართლომ განაჩინა, რომ კინოჩვენების აკრძალვა კანონიერად მოხდა, ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად (რელიგიურ მცნებათა დამცირება). მეტიც, ფილმის კონფისკაციამ შეაფერხა კინოთეატრის მმართველის მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენა და იხსნა ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ავსტრიის სააპელაციო სასამართლომ კი მხოლოდ იმიტომ არ განიხილა კინოთეატრის მმართველის სარჩელი ფილმის კონფისკაციასთან დაკავშირებით, რომ ის მხარედ არ მიიჩნია ფილმზე საავტორო უფლების უქონლობის გამო. ეს მაგალითი იმას კი არ გვიჩვენებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ზოგადად არღვევს კონვენციას, არამედ იმას, რომ ქვეყნის მთავრობამ კანონის ფარგლებში იმოქმედა, როგორი ცუდიც უნდა გვეჩვენებოდეს კათოლიკური ავსტრიის 1994 წლის კანონმდებლობა.
რაც შეეხება ერთი ჯგუფის მეორეზე პრიორიტეტულობას, აქაც გაუგებარია ავტორის არგუმენტაცია. ის ერთმანეთში ურევს კონკრეტული ადამიანების მიმართ პათოლოგიზაციისა და კრიმინალიზაციის შემცველი ეპითეტებით მოხსენიებასა და ერთი კონკრეტული რელიგიის სიწმინდეების აუგად ხსენებას. ამაზე დიდხანს მსჯელობით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გაგახსენებთ - რატომ მოხდა ისე, რომ, ავტორის თქმით, ცენზორი ევროპის სახელმწიფო დანიამ არ აღკვეთა წინასწარ მეტყველი მუჰამედის კარიკატურების გავრცელება და გამოხატვის თავისუფლების საზღაურად საფრთხის ქვეშ დააყენა მისი მოქალაქეები, დიპლომატიური მისიები და საგარეო ვაჭრობა? და რატომაა, რომ ამერიკა დეფამაციად მიიჩნევს გარკვეული ჯგუფების გარკვეული ეპითეტებით მოხსენიებას?
სტატიაში აგრეთვე გვხვდება კატეგორიათა აღრევა, როდესაც ავტორი საპატრიარქოსა და ლგბტ უფლებადამცველებს განსხვავებული მსოფლმხედველობის ორ ჯგუფად მოიაზრებს. საპატრიარქო არის დაწესებულება, რომელსაც ევალება ეკლესიის ადმინისტრირება. ლგბტ აქტივისტები კი ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის უფლებების დაცვისთვის იბრძვიან. ეს ნამდვილად არ უნდა აღელვებდეს საპატრიარქოს, ვინაიდან არც ერთის საქმეა ადამიანის უფლებების საკუთარი რელიგიური დოქტრინის მიხედვით განსაზღვრა და არც მეორის - საეკლესიო სწავლებაში დისკრიმინაციის დაძლევა. თუ უფრო განვაზოგადებთ, ავტორის აზრით გამოდის, რომ აღმსარებლობა და ორიენტაცია გარკვეულ პირობებში ურთიერთგამომრიცხავი „მსოფლმხედველობებია“, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
სტატიის ავტორი პრივილეგირებული უმცირესობისა და ჩაგრული უმრავლესობის ბინარობაში ცდილობს დაგვისაბუთოს, რომ ჩვენთვის უმჯობესია ამერიკული ტრადიცია და არა ევროპული ცენზურა გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს საბოლოო ჯამში „სიყვარულის ტირანიამდე“ მიგვიყვანს; დაცულ ჯგუფებს არ აგრძნობინებს თავს უფრო უკეთესად; რადიკალებს იატაკქვეშეთში განდევნის, სადაც ისინი ზომიერ ძალებზე უკეთ იგრძნობენ თავს და ა.შ.
ისევ ის ინციდენტი რომ მოვიშველიოთ, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ავტორისათვის ამ სტატიის შთაგონების წყარო გახდა (ილიას უნივერსიტეტის წინ გამართული შეხლა-შემოხლა), დავრწმუნდებით, რომ სწორედ ის გახდა მმკს წევრების კრიმინალიზაციისა და იატაკქვეშეთში გადაადგილების მიზეზი, რომ 4 მაისს მათ მიერ ოპონენტების დაშლა, ავტორის მსგავსად, სახელმწიფოს მიერ მათი გამოხატვის თავისუფლებად იქნა მიჩნეული.
![]() |
22 ვაშა, ამხანაგებო კი არა და... დელეგატებო |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტად ყოფნის 16 თვის განმავლობაში გაიძახოდა, ეს საქმე არ მაინტერესებს და ვადის ამოწურვისთანავე წავალო, „არჩევნებში“ მონაწილე დელეგატებმა არ დაიშალეს, მანაც უარი ვერ თქვა და გადაწყდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლამდე დომენტი (ზვიად) სიჭინავა უხელმძღვანელებს!
სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართულ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონე ოცდაათივე დელეგატმა ერთადერთ კანდიდატს, ანუ დომენტი სიჭინავას დაუჭირა მხარი. მერე რომ არავინ შემომედავოს, გეტყვით, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 33 დელეგატს ჰქონდა, უბრალოდ, სამი არ გამოცხადდა (თავიანთ თავს დააბრალონ ამ ისტორიული მოვლენის გამოტოვება), დანარჩენის არჩევანზე კი უკვე გითხარით.
30 ამომრჩეველი და ამდენივე ხმა. იდეალური, სკკპ-სთვისაც კი მისაბაძი ჰარმონიაა.
და თქვენ რა, სხვა აზრის იყავით?
ნუთუ ფიქრობდით, რომ რომელიმე დელეგატს კანდიდატის წინააღმდეგ წასვლა თუ არა, თავის შეკავება მაინც მოუვიდოდა აზრად?
აპ, აპ, აპ!
ეგეთები არ იყოს - ეჭვიანობის დრო წარსულს ჩაბარდა!
უცნაურია, მაგრამ დომენტი სიჭინავასგან არაერთგზის გაკრიტიკებული სფფ-ს წინამორბედი ხელმძღვანელობის დროს შემუშავებული სლოგანი - ჩვენ ერთი გუნდი ვართ! - ახლა უფროა ზედგამოჭრილი ქართული ფეხბურთის მმართველი სახლისთვის, ვიდრე 2006-2009 წლებში.
არის ამაში რაღაც სიმბოლური. კი, უდავოდ.
ხუმრობა ხომ არაა: ოცდაათივე სუბიექტი შენს სიმართლეში დაარწმუნო?!
ამას მოხერხება უნდა, ბატონმა პრეზიდენტმა კი ეს შეძლო!
ვინ იყო ის, შარშან ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელ სვლაში ლომის წილი რომ დაიდო?
კარგით ახლა, იმას ნუ იტყვით, რომ ქეცბაიას რჩეულთა შორის სიჭინავა ერთხელაც ვერ მოხვდა.
ვინ იყო ის, სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხებით ვალების დიდი ნაწილი რომ დაფარა?
ნუ, რა ლაპარაკია? კი, ამას სხვაც მოახერხებდა, მაგრამ მისნაირად? გამორიცხულია!
ვინ იყო ის, საქართველოს სამ კლუბს ღირსეული პატრონი რომ მოუძებნა? ბოროტი ენები აქ იტყვიან, რომ ამდენივე კლუბი სულს ღაფავს და თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელები იფიცებიან, მაგრამ ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ აყვებით. ამის დროა ახლა?
ვინ იყო ის, უეფას პრეზიდენტი ყანასთან რომ მიიყვანა და სთხოვა, ერთ-ორ წელიწადში აქ ევროთასის ფინალი ჩაგვატარებინეო?
უი, ეს რა დამიბეჭდია? მართლა ეშმაკის მანქანაა კომპიუტერი - კაცი ერთთავად სიკეთეზე, ჩახუტებაზე, სიყვარულზე ფიქრობ და ისეთი რაღაც შემოგებეჭდება ხელში, რომ...
ჯანდაბას, კომპიუტერი იქით იყოს და განა მარტო საქმით ფასობს კაცი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას აპირებს.
აი, მაგალითად, მართალია ბატონმა დომენტიმ სამოქმედო პროგრამა არ წარმოადგინა (ისედაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ იღვაწებს), სამაგიეროდ პრიორიტეტები გაგვაცნო.
აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, მისეული პრიორიტეტები ამჯერად ჟურნალისტებისთვის არ დაიბეჭდა - მხოლოდ დელეგატებისთვის (პატიოსანი კაცი ამაში პრეზიდენტის მომჭირნეობას დაინახავს - ფინანსებს დაზოგვა უნდა, ვალს კი დაფარვა). მეც, დარბაზის ერთ-ერთ მაგიდაზე მიგდებული (ამის გაკეთება იქნებოდა?!) რამდენიმე ბროშურიდან ერთ-ერთი გადავშალე და:
კი მაგრამ, ეს ხომ ორი წლის წინ წავიკითხე?
რა კარგია, რომ სფფ-ს მესვეური არჩეული კურსის მიმდევარია!
დიახ, ამჯერად კორექტურული შეცდომა კიდევ უფრო ნაკლებია - სულ ერთი-ორი, წინადადებებიც გამართულია, მაგრამ პრიორიტეტები?
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის იგივე - ახლა არ დამიწყოთ, ჩამონათვალში ყველაფერი ფედერაციის მოვალეობაა და მეტი არაფერიო. ამას ბროშურის ადრესატთაგან ერთი, ჰა, ორი კაცი თუ მიაქცევდა ყურადღებას და ჩვენც ჩუმად ვიყოთ - საქმისთვის ასე აჯობებს. (ისე, ძალიან საეჭვოა, ეს ბროშურა საერთოდ ვინმეს წაეკითხა).
ყველაზე დასამახსოვრებელი და, რა თქმა უნდა, ამაღელვებელი კი ჩემთვის ორი პროექტი აღმოჩნდა: ბავშვთა საფეხბურთო ტურნირების გაშუქება და ფინალური შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციები, რომელიც დამატებითი სტიმული იქნება ნორჩი ფეხბურთელებისთვის, და სპორტულ-საგანმანათლებლო გადაცემა სახელწოდებით “ვეტერანები გვიამბობენ“, რომელიც „ხელს შეუწყობს ვეტერანთა როლის ამაღლებას ქართულ ფეხბურთში და რაც მთავარია მათ ცნობად სახეებად აქცევს ახალგაზრდა თაობაში“ - ეს ისე ლამაზად ჟღერს, რომ სიტყვასიტყვით გადმოვბეჭდე.
დიახ, აბა როგორ? ვიღაც უნიჭო შოუბიზვარსკვლავები თუ არიან ცნობადი სახეები, ვეტერანმა ფეხბურთელებმა რა დააშავეს?
ცნობადი შოუბიზვარსკვლავები იქით იყოს და განა ჩვენ სულმნათ წინაპრებს არ უთქვამთ, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა?
ვაშა, ამხანაგებო კი არა და... დელეგატებო!
![]() |
23 ამერიკული სილამაზე |
▲back to top |
სპორტი|ჩოგბურთი
ზურაბ თალაკვაძე
შტეფი გრაფი და ანდრე აგასი
მარდი ფიში
9 ივლისს ჩოგბურთის დიდების დარბაზში ანდრე აგასი შეაბიჯებს. ხოტორა შოუმენი დააფასეს. სხვას რომ ეთქვა, ტურნირებს ანაბოლიკებით ვიგებდიო, პრო ტურის ფულიანი ბიძები გაუბრაზდებოდნენ, ყურს აუწევდნენ, მოგებულს წაართმევდნენ. აგასის იქით მოუხადეს ბოდიში. აგასი 30 კვირით პირველი ჩოგანი გახდა, უიმბლდონზე პროტესტის გამო (იქ სულ თეთრებში უნდა ითამაშო და აგასის შავ-ვარდისფერი მოსწონდა) არ ჩადიოდა და ბრუქ შილდსს 16 თვეში კარიერის თითქმის მთელი საპრიზოები დაახარჯა. ანდრეს, ჭრელ და საინტერესო კარიერაში დიდი სლემის 8 ტურნირი აქვს მოგებული. იმდენივე, რამდენიც ივან ლენდლს, უფრო მეტი, ვიდრე ჯონ მაკინროის და ორჯერ ნაკლები, ვიდრე როჯერ ფედერერს. ანდრეს მეუღლე შტეფი გრაფია, რომელიც დიდების დარბაზში გაცილებით ადრე, 7 წლის წინ მიაცილეს. ნიუპორტის საჩოგბურთო სამოთხეში ანდრეს შტეფი და ჯიმბო კონორსი წარადგენენ.
აგასი დღესაც ვარჯიშობს, ანუ შტეფისთვის დილაობით მარკეტიდან იოგურტი ამოაქვს, ასეირნებს ორ ნიუფაუნდლენდს, სატრენაჟორო დარბაზშიც შედის და კორტზეც ცელქობს. ცელქობს ცოლთან ერთადაც და ცოლს ხანდახან პამ შრაივერი ცვლის. ამერიკულ ჩოგბურთს დღეს ანდრეც მაგრად გამოადგებოდა და ღიპიანი შრაივერიც. შტეფი ოფსაიდშია.
ამერიკაში ნიკ ბოლეტიერის, კრის ევერტის, კიდევ რამდენიმე სახელოვანი და შედეგის მომტანი საჩოგბურთო აკადემიაა. ამერიკაში საჩოგბურთო სამოთხეს უფრთხილდებიან და ამერიკულ ჩოგბურთს მომავალი არ უვარგა. რაც იყო, უკვე წარსულშია და წარსულს მომავლის ნიღაბს ვერ გაუკეთებ. არ მოერგება, ყურებზე მოუჭერს.
შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელებმა სულ ფლეშ როიალები გაშალეს, მიზერები „უპრიკუპოდ“ ითამაშეს, ჯეკპოტები დახსნეს, კორტზე მონდომებულები გადიოდნენ. კაცებში ერთჯერადი მოხმარების ყველაზე პოპულარულმა საგანმა, ენდი როდიკმა ფინალამდე ვერ მიაღწია. და ტურნირი მაინც ამერიკული იყო.
ქალებში ბიცეფსები აათამაშა ყველაზე ნაზი ნაკვთების და ქალური იერის სერენა უილიამსმა. ამ გოგონამ მასტერკლასი ჩაატარა, ფინალში ჟუსტინ ანენი დააეისა და ჩემპიონი გახდა. ქალების წყვილებში სერენამ უფროს დაიკოსთან ერთად შემოაგდო აქანდაზზე დაღლილი და გაცვეთილი ლიზელ ჰუბერი, ზედ რამდენიმე ბურთი და ლიზელის მეწყვილე, კარა ბლექიც მიაგდო. ამერიკული ჰეგემონია ბობ და მაიკ ბრიანებმა განავრცეს და დისაიდერში დანიელ ნესტორის და ნენად ჟიმონიჩის ტანდემს აწყენინეს. ამერიკელებმა ოთხი ძირითადი საჩემპიონო თასიდან, სამი თან წაიღეს.
წელს სულ სხვა სიტუაციაა.
ქალებში ვერ დაიცვა ტიტული ტრავმირებულმა სერენამ, ვენუსი კი პირველი კვირის თავზე დაილეწა. უილიამსების გარდა სტაბილურობასთან ვერც ერთი ამერიკელი მანდილოსანი ვერ დაქალობს. ერთეულებში, მეოთხედფინალში ამერიკელი ქალი არ გასულა.
ენდი როდიკი
როდიკი სტაბილურად აგებს მაშინ, როდესაც უნდა მოიგოს. ენდიმ მეიჯორის დაწყებამდე დაიცვა სამი სადოქტორო თემაზე „მე უკვე ფედერერზე უკეთესი ვარ“ და მერე, საბოლოო მოხსენების დროს, ტექსტი დაავიწყდა. როჯერამდე, ანუ რვა საუკეთესომდე, როდიკი მეორე შვეიცარიელმა, სტას ვავრინკამ არ მიუშვა. პრინციპში, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი იქ მოხვედრას არ იმსახურებდა. როდიკი ფავორიტის პერმანენტული პაროდია გახდა.
ამერიკას ენდის გარდა, კიდევ სამი მონდომებული ბიჭის იმედი ჰქონდა. მეორე კვირის სტარტზე განაცხადში უნდა დარჩენილიყვნენ სემ ქუერი, მარდი ფიში და ჯონ ისნერი.
ისნერს კიდევ ერთმა ორმეტრიანმა სუბიექტმა, მარინ ჩილიჩმა მოტეხა მაჯა. ჯონმა სლაი სტალონეს მონდომებული, მაგრამ უინტელექტო პერსონაჟივით, რამდენჯერმე შემოიტრიალა კეპი, მაგრამ მაინც წააგო 6:4, 2:6, 7:6, 6:7, 7:9.
ამავე სტადიაზე რაიან სვიტინგი მეოთხედფინალში გავარდნილ ნადალს შემოეჭამა და ამაზე ჭორაობაც არ ღირს. მაიკლ რასელმა პირველ ორ სეტში დავიდ ფერერს ერთი გეიმი ესესხა, მესამეში ცოტა მოუმატა და ჯამში, 6 მოგებული გეიმით (0:6, 1:6, 5:7) გადაფრინდა ვისკონსინში.
მარდი ფიშის ამბავი უკვე მოახსენეს მარტინ სკორსეზეს, რომელმაც ბოლეტიერისგან პროდიუსერობაზე თანხმობა მიიღო და DEPAღთED 2-ის გადაღებას იწყებს. ფიშის როლში ჯოშ ბროლინი შევა. მარტინმა ჯერ ვერ მოიფიქრა, ვინ აიყვანოს ტომი რობრედოს როლზე. პენსიონერმა ესპანელმა ფიშს 4 სეტში (1:6, 6:3, 6:3, 6:3) შეუსრულა. რეჟისორი რობრედოს როლისთვის კლინტ ისტვუდის მძღოლს აკვირდება. ბებერი და მონდომებული ტიპი ჩანს.
ჯონ მაკინროი
ყველაფერი ეს მეორე წრეში იყო. უფრო დიდ გაუგებრობაში მოხვდნენ ამერიკელი ქალბატონები. ბრიანები არ გავარდნილან და მოგებული Vშ-ის შემდეგ, ერთ-ერთი ძმა ისევ საცვალში შედის ბრიფინგზე. ბრიანები თან ერთობიან, თან იგებენ და თან, მორალზე აცრილები არიან. ამის გამო, სტაბილურად იხდიან საჯარიმო ბონუსებს.
ავსტრალიაშია ჯონ მაკინროიც, რომელიც სამ კომერციულ ტელეარხზე ანალიტიკოსად მუშაობს და მაგრად ერთობა. სტუდიაში ხატავს, იძინებს, ვისკის მიირთმევს და ლამაზი გოგონებიც შეჰყავს. მაკინროი დღესაც ყველაზე ქარიზმატული ამერიკელია, ვინც ჩოგბურთთან არის დაკავშირებული. მაკინროის ეცინება, როდესაც მისი გენერაციის და დღევანდელების შედარებას იწყებენ.
მაკინროი: „არ შეიძლება რემბრანდტის და ჯონ მაკინროის ნახატების შედარება. არ შეიძლება ბობ დილანის და ჯონ მაკინროის მუსიკალური ნიჭის შედარება. არ შეიძლება სემ ქუერის და ჯონ მაკინროის ჩოგბურთის შედარება, ანუ, ქუერის და ამ ფულზე შეყვარებულ გოჭებს დღესაც მოვუგებ. ორსეტიანს, სამსეტიანს, ათსეტიანს, ნებისმიერ მატჩს მოვუგებ. ყველაზე ცუდია, რომ მათ ეს ჩემზე კარგად იციან. გული მწყდება, რომ დაიკარგა როდიკი. ენდიმ რვა წლის წინ ამერიკის ღია პირველობა მოიგო და დაიკარგა. თავის დროზე მაიკლ ჩანგს მეორე ეშელონის ვარსკვლავს უწოდებდნენ. დღეს ვინც ამერიკის სახელით თამაშობს, მაიკლი ყველას მოუგებდა. ამერიკული ჩოგბურთი უკანალშია და იქ დიდხანს დარჩება“.
ვერ გაქაჩეს რუსებმაც, მაგრამ ოთხეულში ერთი რუსი მაინც შევიდა. შევიდა და იქვე დარჩა. ვერა ზვონარევა არაჩვეულებრივი გოგონაა, ხშირად ურიცხავს უსახლკაროებს დიდ ფულს, ერუდირებულია, ავტობიოგრაფიის წერაც დაიწყო. პრო ტურზე პატარა ვერას ყველა ედაქალება და ბოლო 18 თვეში ზვონარევამ სერიოზულად მოუმატა. უბრალოდ, ვერა მსოფლიოს მეორე ჩოგანია და ჩოგბურთის რეგრესის სახეა. პატარა ვერა უფრო ეფექტური პავლოვზე, კოხტა „შანხაის” ძველ ეკრანზე იყო, ვიდრე - ეს ვერა კორტებზე. დადებითი მხარეები ამ ვერასაც აქვს. ზვონარევა კირკ ჰემეტის დიდი ფანია. აი, ყოჩაღ, გემოვნების მხრივ ათიანში ურტყამს.
![]() |
24 დღეს ხომ შენი დაბადების დღეა... |
▲back to top |
სპორტი
ფოტო: REUTERS ©
18 იანვარს ბარსელონას მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა 40 წლის გახდა.
თანამედროვეობის საუკეთესო კლუბი მის იუბილეს უამრავი რეკორდით შეხვდა - ბარსელონამ ამ მენეჯერის ხელმძღვანელობით წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია და გაჩერებასაც არ აპირებს.
გვარდიოლა 2008 წლის ივლისიდან წვრთნის ესპანეთის ჩემპიონს და არასრულ სამ სეზონში უკვე 8 ტიტული მოიგო.
ისევე, როგორც 2009 და 2010 წლებში, მისი კლუბი ახლაც შეუდარებელია და ალბათ, ბარსელონელი ჯადოქრები კიდევ ბევრ მიღწევას გააუმჯობესებენ. აბა, რეკორდები რისთვის არსებობს?
ესპანეთის რეკორდები
2008-09 წლების სეზონში კლუბმა 6 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა (2008-09)
ჩემპიონატის პირველ წრეში ყველაზე მეტი ქულა და გოლი: 52 ქულა და 61 გოლი (2010-11)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა: 99 (2009-10)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება: 31 (2009-10)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება: 13 (2008-09)
ყველა ტურნირში ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება ზედიზედ: 13 (21.09.2008 - 11.01.2009)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება ზედიზედ: 9 (2008-09 და 2010-11)
ჩემპიონატის სტარტზე ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება ზედიზედ: 9 (2008-09 და 2010-11)
ერთადერთი კლუბი პრიმერადივიზიონის ისტორიაში, რომელმაც პირველ წრეში ყველა გასვლითი მატჩი მოიგო (2010-11)
ყველაზე მეტი გოლი სტუმრად: 44 (2008-09)
ბურთების საუკეთესო შეფარდება ჩემპიონატის ისტორიაში: +74 (2009-10)
ყველაზე მეტი გამარჯვება სეზონში ყველა ტურნირზე: 45, 59-დან (2009-10)
ჩემპიონატის პირველი წრე დაუმარცხებლად: 15 მოგება, 4 ფრე (2009-10)
ჩემპიონატის ერთ საგარეო მატჩში გატანილი ყველაზე მეტი გოლი - 8 (ალმერიასთან - 20.11.2010)
საკლუბო რეკორდები
ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: 105 (2008-09)
დაუმარცხებელი სვლა ჩემპიონატში: 21 მატჩი (2009-10)
სხვადასხვა რეკორდები
...2009-10 წლების სეზონში გუნდმა ზედიზედ 34 მატჩში გაიტანა გოლი: ლა ლიგაში - 27, ჩემპიონთა ლიგაში - 5, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - 2.
...მიმდინარე სეზონში კლუბმა ზედიზედ 28 მატჩი ჩაატარა წაუგებლად - 23 მოგება და 5 ფრე. 17 თამაში ჩემპიონატში, 5 თასზე და 6 ჩემპიონთა ლიგაში.
...2009-10 წლების სეზონში ბარსელონამ 31 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი - ჩემპიონატში 20 მატჩი, ჩემპიონთა ლიგაში 6, 1 ესპანეთის სუპერთასზე და 1 ევროპის სუპერთასზე.
![]() |
25 ოქროს ფიატ ჩინკვეჩენტო ჩინელმა ბიზნესმენმა შეიძინა |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
იტალიურმა სატუნინგო კომპანიამ - ფენიჩე მილანო - დაამზადა ფიატ ჩინკვეჩენტოს ექსკლუზიური ვერსია, რომელშიც ჩინელმა ინკოგნიტო ბიზნესმენმა 550 ათასი ევრო გადაიხადა. საქმე ისაა, რომ ავტომობილს, რომელსაც სახელად ლა დოლჩე ვიტა გოლდ ენდ დაიმონდსი უწოდეს, ძარის ოქროთი მოპირკეთებული დეტალები აქვს და სალონშიც ბევრი რამ ოქროსფრად ბრწყინავს.
ავტომობილის ძარა თეთრადაა შეღებილი, საღებავში კი 999 სინჯის ოქროს მტვერი შეურიეს. გარდა ამისა, ოქროთია მოვარაყებული ბორბლები, კარის სახელურები, ზღურბლები და სხვა ელემენტები. სალონი სპილოს ძვლის ფერის ტყავით, ალკანტრით და ღია ფერის ხითაა გაწყობილი.
მოოქროვილი ავტომობილი ფიატ 500 კონვერტაიბლ აბარტზეა ბაზირებული. არავის დაუზუსტებია, რატომ, მაგრამ ყველა მოოქროვილი დეტალი, 24 კარატი ოქროთია დაფარული. ძარის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც არც ოქრო შერეული საღებავი შეეხო და არც მოოქროვილია, არის შავი რბილი სახურავი.
რადიკალურადაა შეცვლილი ინტერიერი. იატაკის ხალიჩა ხის საფენითაა დაფარული. ხისაა საჭის რგოლიც, რომელსაც ზოგიერთი დეტალი მოოქროვილი ლითონისა აქვს. ხისგან დამზადდა ხელსაწყო-მაჩვენებლების პანელიც. სამართავ მოწყობილობას მოოქროვილი არშია აქვს, პანელის ცენტრში კი Apple-ის მოზრდილი iPad-ია მოთავსებული, რომელიც ადვილად იხსნება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისიც ოქროთი მოარშიებულ ჩარჩოშია ჩასმული, მაგრამ როცა ფოსოდან ამოიღებთ, კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩებით - კომპიუტერს ზურგის მხარეს, ზედა ნაწილში, ბრილიანტის თვლებისგან შემდგარი ზოლი აქვს, Apple-ის ემბლემა - მოკბეჩილი ვაშლიც, ბრილიანტებითაა გაწყობილი. ბრილიანტებთან დაკავშირებული სამუშაოები, ინგლისელმა დიზაინერმა სტიუარტ ჰიუზმა შეასრულა.
გაუმჯობესდა ავტომობილის აღჭურვილობაც. ძრავზე ახალი ტურბინა დააყენეს, შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა და ძრავის სამართავი კომპიუტერული პროგრამა. ყოველივეს შედეგად, 1.4 ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 140-დან 200 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოქროში ჩასმული ჩინკვეჩენტო ბრემბოს მუხრუჭებით და სპორტული საკიდარით აღჭურვეს.
![]() |
26 შკოდა მინიავტომობილის წარმოებას წლეულსვე დაიწყებს |
▲back to top |
ავტო
როგორც ჩანს, პირველი კომპანია, რომელიც ფოლკსვაგენის კონცეპტუალურ მინი მოდელ UP-ის ბაზაზე სერიულ ავტომობილს გამოუშვებს, გერმანულ ჯგუფში შემავალი ჩეხური კომპანია შკოდაა. მისმა ხელმძღვანელობამ ახლახან დაადასტურა ჩეხურ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის ავტოშოუზე, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
დღეისათვის, ახალი ავტომობილის სამუშაო კოდური სახელწოდებაა ნიუ სმოლ ფემილი (NSF), ანუ ახალი პატარა ოჯახი. მის შესახებ შკოდა დაწვრილებით ინფორმაციას ფრანკფურტამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელებს, დღეს კი ჩეხურმა კომპანიამ უარყო ადრე გავრცელებული ცნობა, თითქოს, პატარა ავტომობილს, რომელსაც ალბათ ჯოისტერს დაარქმევენ, კალუგაში (რუსეთი) გამოუშვებს.
შკოდას განცხადებით, ჯოისტერი იქნება საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელიც საშუალო მყიდველუნარიან კლიენტურაზეა გათვლილი. პატარა ავტომობილი მცირე ლიტრაჟიანი ძრავების გამას და თანამედროვე ტრანსმისიას მიიღებს და უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემებით აღიჭურვება. მისი სახით, სუბკომპაქტური კლასის ევროპელ ლიდერებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.
მართალია, ზომებით და აღჭურვილობით, ახალი ავტომობილი ახლოს იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ ფაბიასთან, მაგრამ მას კონკურენციას მაინც არ გაუწევს. პირველ რიგში, მათს მეტოქეობას, გაბარიტებსა და ფასთა შორის სხვაობა გამორიცხავს. შკოდაში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ავტომობილი კომპანიის სამოდელო გამას ორგანულად შეერწყმება და, რაც მთავარია, გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.
ახალ ავტომობილს შკოდას ბრატისლავას (სლოვაკეთი) ქარხანა გამოუშვებს და იქ წარმოებული ავტომობილები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გაიყიდება. მოგვიანებით, იმავე ავტომობილის წარმოებას, საკუთარი ლოგოთი და შეცვლილი გარეგნობით, ფოლკსვაგენი და სეატიც დაიწყებენ. ბოლოს კი, მისსავე ლუქს ვერსიას, სახელით A2, აუდიც გამოუშვებს.
![]() |
27 ფოლკსვაგენი ულტრაეკონომიურ ავტომობილს გამოუშვებს |
▲back to top |
ავტო
ერთლიტრიანი ავტომობილი, ანუ L1ქარ - ამ სახელითაა ცნობილი კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ფოლკსვაგენმა ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე ორი წლის წინ წარადგინა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ავტომობილს ოდესმე კონვეიერზე დადგომა ეღირსებოდა, მაგრამ არ გასულა ორი წელი და ვოლფს ბურგელებმა მისი წინასერიული ვერსია მოამზადეს, რომელსაც პირველები ყატარის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლები მალე იხილავენ.
ჯერჯერობით, ყატარისთვის მომზადებული ავტომობილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ის ფრანკფურტში ნაჩვენები L1-ის გაუმჯობესებული (სავარაუდოდ, ჰიბრიდული) ვერსიაა. იმ ავტომობილს მართლაც განსაცვიფრებელი მახასიათებლები ჰქონდა. მისი მთავარი თვისება კი სახელწოდებაშია ასახული - L1 ერთ ლიტრს აღნიშნავს.
ჯერ ერთი, ის თითქმის ლიტრიანი (0.8 ლიტრი) TDI დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და 100 კილომეტრზე თითქმის 1 ლიტრ (უფრო ზუსტად კი 1.38 ლიტრ) საწვავს მოიხმარს. ძრავი სულ რაღაც 27 ცხენის ძალას (4 ათასი ბრ/წთზე) და 100 ნიუტონ მეტრს (1 900 ბრ/წთზე) იძლევა. ამასთან, ამ აგრეგატის სპორტული მოდიფიკაციის სიმძლავრე 39 ცხენის ძალას აღწევს.
ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც 380 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 14.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთია. ერთი კილომეტრის გავლისას, „ლიტრიანი“ ატმოსფეროში მხოლოდ 39 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ცნობილია, რომ „ლიტრიანის“ ყატარული ვერსია ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი - დიზელის ძრავის გარდა, მას ელექტროძრავიც ემსახურება. ბუნებრივია, ეს გარემოება ავტომობილის აბსოლუტურად ყველა მახასიათებელს შეცვლის. გარდა ამისა, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ძარის და სამზადებლად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტს იყენებს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა საგრძნობლად შემცირდა.
![]() |
28 GEORGIA IN SEX |
▲back to top |
ანა მაყაშვილი|სვეტი
რამდენიმე თვის წინ, ერთ ბლოგზე პოსტის - Sex in Georgiა-ს წაკითხვა მირჩიეს - აღშფოთდები რომ წაიკითხავ და მერე კომენტარებს რომ ნახავ, ვეღარ მიხვდები, პოსტზე უფრო აღშფოთდები თუ კომენტარებზეო. როგორც მეტ-ნაკლებად პედანტმა ადამიანმა და წინასწარი დასკვნებისგან თავის დასაცავად, გადავწყვიტე ბლოგის ავტორის ამ გახმაურებულ პოსტამდე დაწერილი ყველა ტექსტი წამეკითხა.
აღმოჩნდა, რომ ბლოგი არანაკლებ გახმაურებული ქართული მოვლენის, TLG-ის („ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“) ნიუ იორკელ მასწავლებელს ეკუთვნოდა, და ერთობ გაცვეთილი სახელი, Georgia on My Mind ერქვა. როგორც ჩანს, მასწავლებელმა გადაწყვიტა ბლოგი მთლიანად თავისი ქართული გამოცდილებისთვის მიეძღვნა. პოსტები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ჟურნალის ცნობილ მესვეტეს, სულელ უცხოელს, ერთგვარ კონკურენციასაც კი გაუწევდა.
წერის უნართან ერთად, მასწავლებელს მსუბუქი კულტურული იუმორი თუ მახვილი თვალიც არ ღალატობს. მაგალითად, ერთ პოსტში უწერია, რამე კარგი ამერიკული საჭმელი მომენატრა - პიცა ან ჰამბურგერიო (და ქართველი მკითხველის დაუნდობლობას მიჩვეული, ფრჩხილებში აღნიშნავს, არ დამიწყოთ ახლა, ვიცი - პიცა იტალიურია და ჰამბურგერი - გერმანულიო).
აი, პოსტში კი, დიდად სკანდალური ვერაფერი ვნახე. მოთხრობილი იყო, როგორ გააფრთხილეს TLG-ელები ადგილობრივმა თანამშრომლებმა, რომ ქართულ სექსთან ფრთხილად ყოფილიყვნენ: კაცებმა იმ დღეში არ ჩაიგდოთ თავი, რომ არასასურველ ქორწინებაში აღმოჩნდეთ, ქალები კი ფრთხილად იყავით, სექსუალური მანიპულაციის მსხვერპლნი არ გახდეთო; ამიტომ, იქნებ სუსტმა სქესმა ყალბი საქორწინო ბეჭდებიც ატაროთო, რადგან პატიოსან გოგოებს აქ „პატრონები“- მამები ან ძმები - ჰყავთ და ქორწინებამდელი სექსი ეკრძალებათო. ბიჭები კი ქორწინებამდე სექსში გამოცდილები უნდა იყვნენო. მესამე ფაქტორის გარეშე ეს სისტემა არ იმუშავებსო, ამბობს ავტორი, ამისათვის კი მეძავები არსებობენ და დასავლელი ქალები, რომლებიც ქართველ კაცებს პერის ჰილტონები ჰგონიათო. ეს ტრადიციები უფრო რურალურ რეგიონებს ეხებათ, თბილისში უკეთესი მდგომარეობააო. თუმცა, მაინც სავალალოდაა საქმე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩამოსული TLG-ელების უმეტესობა 20-30 წლისები ვართო.
პოსტის ქვეშ კომენტარების ჯარი დღემდე არ წყდება. ამ ჯარიდან ორი ძირითადი რამ გამოიკვეთა: ვინც ინგლისური და კომპიუტერი იცის, ქორწინებამდელი სექსის წინააღმდეგი არაა; ოღონდ კითხვა არ იციან: ვერ იგებენ იმას, რომ ავტორი საკუთარ გამოცდილებას კი არა, TLG-ის ქართველი თანამშრომლებისა და მოქალაქეების საუბრებს ეყრდნობა. შედეგად გაჩნდა ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი კომენტარების კასკადი (ნუ გვაბრალებ ქართველებს სისულელეებსო, წადი შე ამერიკელო ღორო სადაც გინდაო და ა.შ.). ამიტომაც ავტორმა ცალკე პოსტი მიუძღვნა ინტერნეტში კომენტირების ელემენტარულ წესებს, რომლის ბოლოსაც თქვა - ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სტრესები, პრობლემები და ცუდი დღეებიო, და არ ვაპირებ თავი მოგაჩვენოთ, თითქოს მე გამონაკლისი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ჩემი მკითხველი იმდენად მგრძნობიარეა, მათ ქვეყანაში თუ ავად ვხდები, ჰგონიათ, ამით მათ ქვეყანას ვაყენებ შეურაცხყოფასო.
პოსტის მონახულების და კომენტარების რიცხვმა რეკორდები რომ მოხსნა, ავტორმა ნახევრად ირონიულად იკითხა - ნეტავ, რამდენმა დაგუგლეთ სიტყვათაშეთანხმება სექსი და საქართველოო.
ამ ფრაზაზე ერთი პირადი ინციდენტი გამახსენდა. ერთხელ ერთი ბიჭი მომეწონა - ეტყობა ძალიან, იმიტომ რომ ინტერნეტში ჩვენი ზოდიაქოთა თავსებადობის კითხვით რომ ვიჯერე გული, მერე Google-ში გამალებით ვწერდი: „მოვწონვარ თუ არა“ და შესაბამისი ტესტების შევსება დავიწყე. მას მერე, რაც 30 ასეთი ტესტი შევავსე ანუ ვუპასუხე სხვადასხვა ვარიაციებში დასმულ კითხვებს - „წითლდება ან ოფლიანობს ხოლმე რომ გელაპარაკება?“, „გაგაცნო საკუთარ მეგობრებს?“ „შენ დანახვაზე მისი მეგობრები ჩურჩულებენ?“ „შენთან თვალებით კონტაქტს ამყარებს?“ და ა.შ., - 31-ე ტესტის შედეგმა, დანარჩენი 30 იმედისმომცემისგან განსხვავებით, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. აი, რა ეწერა: არა. არ მოსწონხარ, იმიტომ რომ ნამდვილი ლუზერი ხარ. შეეშვი საძიებო სისტემების აჭრელებას უაზრო კითხვებით. თუ გაინტერესებს, ადექი და ჰკითხე.
თვითირონია დამიბრუნდა, გამეღიმა და დავანებე თავი ყოვლისშემძლე Google-ს. არა მგონია, გვირილის ფურცლებზე მარჩიელობას გოგოსთვის ოდესმე მსგავსი მახვილგონივრული პასუხი გაეცა.
![]() |
29 ვიკრუტასები |
▲back to top |
კულტურა|ინტერვიუ
გიორგი კალატოზიშვილი
კადრი ფილმიდან „ვიკრუტასები“
დანელიას ფილმში „ქინ-ძა-ძა“ ის მევიოლინეს თამაშობს, რომელიც ვიოლინოზე ცუდად უკრავდა. ბათუმელი გედევანი ყველას ახსოვს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ როლის შემსრულებელი ლევან გაბრიაძე, ცნობილი მწერლისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის შვილია. იგი 90-იანი წლებიდან ამერიკაში მოღვაწეობს და ტიმურ ბეკმამბეტოვთან ერთად კინოკომპანია ბაზელევსს ხელმძღვანელობს. ლევან გაბრიაძე კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტია, ბეკმამბეტოვის სახელგანთქმულ ფილმებში „დღის გუშაგი“ და „ღამის გუშაგი“ თავისი შემოქმედებითი წვლილი შეიტანა, მაგრამ მისი რეჟისორული დებიუტი მხოლოდ 2010 წელს შედგა ფილმით „ვიკრუტასები” («Выкрутасы»). ასეთ დებიუტს ყველა რეჟისორი ინატრებდა - მთავარ როლებში მილა იოვოვიჩი და კონსტანტინ ხაბენსკი, მთავარი პროდიუსერი - Wanted-ის რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვი.
რას ნიშნავს სიტყვა „ბაზელევსი“ და რატომ უწოდეთ ეს სახელი თქვენს კინოკომპანიას?
თავდაპირველად ჩვენს კინოკომპანიას ვუწოდეთ იმპერიალი. ალბათ გახსოვთ, 90-იანი წლების დასაწყისში პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან პოპულარული იყო ბანკ იმპერიალის რეკლამები, რომელიც ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დაამზადა. 90-იანი წლები გარდატეხის პერიოდი იყო ბიზნესისთვის, ამ მხრივ არც ბანკი აღმოჩნდა გამონაკლისი. ამიტომ, როდესაც ბანკი იმპერიალი გაკოტრდა და დაიხურა, კომპანიისთვის ახალი სახელწოდება შევარჩიეთ. ყველანი ვეძებდით ისეთ ჟღერად სახელს, რომელიც კავშირში იქნებოდა ევროპასა და აზიასთან, არ განიცდიდა გაუცხოებას სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან. ბოლოს ავირჩიეთ ბიზანტიელი იმპერატორების წოდება და ვუწოდეთ კომპანიას ბაზელევსი.
„ვიკრუტასების“ სცენარისტი იყო თქვენი მამა, ბ-ნი რეზო გაბრიაძე და ფილმი რაღაცით ჰგავს მის ადრინდელ ნამუშევარს „ფეოლა“. იყო თუ არა „ფეოლა“ შთაგონების წყარო „ვიკრუტასებისთვის“?
„ვიკრუტასები“ პროვინციელი მასწავლებლის სლავა კოლოტილოვისა (კონსტანტინ ხაბენსკი) და მოსკოველი ლამაზმანის ნადიას (მილა იოვოვიჩი) სიყვარულზეა. „ფეოლაში“ კი სიყვარული არ არის. „ვიკრუტასები“ რომანტიკული კინოკომედიაა იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის ორი მამაკაცი ერთი ქალის სიყვარულისთვის და ამ ბრძოლაში მათ უამრავი ფათერაკის გადატანა და ბარიერის გადალახვა უწევთ; კოლოტილოვი ტიპური „ლუზერია“, რომელსაც მოულოდნელად გაუმართლა და ახლა უნდა დაუმტკიცოს ბედისწერას, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს ნადია, რომელზეც ყოფილი საქმრო (ივან ურგანტი) ნადირობს. როდესაც ფილმის სცენარი იწერებოდა, იმაზე ვფიქრობდით, რომ „ვიკრუტასებმა” ბავშვებიც უნდა დააინტერესოს და მოიზიდოს კინოთეატრებში. ბავშვი ყველაზე ერთგული მაყურებელია და თუ შენ მოახერხებ მისი ყურადღების მოპოვებას, ეს სეგმენტი სამუდამოდ დარჩება შენი ერთგული და არასოდეს გიღალატებს. მარკეტინგულადაც ხომ ასეა - ნებისმიერი ბრენდი თავის მომხმარებელს ადრეული ასაკიდანვე ლოიალურს ხდის ამა თუ იმ პროდუქტისადმი.
„ვიკრუტასების“ მთავარი სამიზნე სწორედ ბავშვები არიან. მით უმეტეს, რომ ფილმი ეხება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტს, ფეხბურთს, თან თხრობა მიმდინარეობს კომედიურ ჟანრში და სპეცეფექტების თანხლებით. ეს ფილმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც კომედია. მსოფლიოში კომედიური ჟანრის ფილმებს მაყურებლის 95%25 უყურებს და ამ ჟანრის ფილმები ახდენენ ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. ეს ფაქტორი კი კონკურენტუნარიან გარემოს უქმნის კომედიას ტრილერის, საშინელებათა თუ ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ფონზე. მაყურებელს სურს განიცადოს ბედნიერება, სიცილი, სიხარული, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით აჯანმრთელებს. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მსურდა გადამეღო ბავშვებისთვისაც და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც, საინტერესო და ცოცხალი სანახაობა. რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი უსახლკარო ბავშვი ცხოვრობს. ჩვენი ფილმით აუცილებლად უნდა გვეთქვა, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი. ეს თავისთავად ახდენს ამ სპორტის პოპულარიზაციასაც და უღვიძებს ამ კატეგორიის ბავშვებს გამარჯვების წყურვილსა და მადას.
მართალია, რომ ფილმს „ვიკრუტასი“ საწყის ეტაპზე სცენარის დაახლოებით 40-მდე ვარიანტი ჰქონდა?
თუ ფილმს სცენარის 40-ზე მეტი ვარიანტი არ ჰქონდა, ესე იგი მასზე ბევრი არ უფიქრიათ. თუ სცენარის წერის დიდი გამოცდილება არ გაქვს, მაშინ სცენარის წერის დროს ექსპერიმენტატორობა სასარგებლოც კი არის. „ვიკრუტასების“ სცენარის შემთხვევაში იცვლებოდა ძირითადად დიალოგები... დროდადრო გეუფლება განცდა, რომ ეს ხუმრობა არ „მუშაობს“ და არ მოახდენს სათანადო ზემოქმედებას მაყურებელზე. ამის შემდეგ კარდინალურად იცვლება დიალოგიც და გეგიც. არის ხოლმე, რომ პროდიუსერი, რომელიც ნაკლებად ერევა და ინტერესდება შემოქმედებითი პროცესით და მხოლოდ საბოლოო პროდუქტი აინტერესებს, დათქმულ დროს გთხოვს სცენარის სამუშაო ვარიანტს. შენც იძულებული ხარ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილო და შუალედური შედეგის, ან თავისებური ძვალის სახით აძლევ სცენარის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელსაც მთელი ძალით „ღრღნის“ პროდიუსერი. სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე სცენარის ტირაჟირება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, როდესაც რეჟისორი თავისივე ფილმის პროდიუსერია. მაგალითად, ეს მოახერხა ტიმურ ბეკმამბეტოვმა - მასში ორი კონფლიქტური პიროვნებისა და ინტერესის კომპრომისია მიღწეული. ინტერესების კონფლიქტი ხომ თავიდანვე დევს რეჟისორსა და პროდიუსერს შორის.
მე გამიმართლა, რომ ჩემი ფილმის მთავარი პროდიუსერი იყო ტიმურ ბეკმამბეტოვი და შემეძლო მისთვის შუა ღამით დამერეკა, გამეღვიძებინა და მეთქვა, რომ სცენარი საჭიროებს დამუშავებას, მოითხოვს ცვლილებების შეტანას და ა.შ. და ა.შ. გამიმართლა, ტიმური ძალიან გამბედავია.
ფილმის პირველ ტრეილერში მთავარ როლში სულ სხვა მსახიობ ქალს ვხედავთ და, ამასთანავე, მოვლენებიც სხვაგან ვითარდება. საიდან გაჩნდა ფილმში მთავარ როლში მეგავარსკვლავი მილა იოვოვიჩი?
სცენარისა და ფილმის თავდაპირველ ვარიანტში მოვლენები ერთი პროვინციული ქალაქიდან, მეორე, ასეთივე პატარა პროვინციულ ქალაქში ინაცვლებდა და სანახაობისა და დრამატურგიის თვალსაზრისით არ იქმნებოდა სასურველი კონტრასტი. პირველ ვარიანტში ნადია პროვინციელი გენერლის ქალიშვილი იყო, საბოლოოდ კი, როდესაც სასიყვარულო ისტორია მოსკოვში განვითარდა, გადაწყდა, რომ ნადია მეგაპოლისის მკვიდრი და დახვეწილი მანდილოსანი უნდა ყოფილიყო. მოსკოვში მოქმედების გადატანამ მოითხოვა სხვა განწყობა და სხვა ტიპაჟი. იმაზე ვფიქრობდით, თუ ვინ იქნებოდა პროვინციელი კოლოტილოვისთვის საოცნებო ქალი? უიღბლო პროვინციელი მასწავლებლისთვის მოსკოველი ქალი თავისთავად ოცნების მწვერვალი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უფრო შორს წავედით! მოსკოველი და თან მილა იოვოვიჩი, რომელიც მშვენივრად ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ბეკმამბეტოვი მილას ტელეფონით დაუკავშირდა, შემდეგ სცენარიც გადავუგზავნეთ, რომელიც მსახიობს ძალიან მოეწონა. ფილმის გადასაღებად ჯამში 50 დღე გვქონდა გამოყოფილი, ამიტომ იოვოვიჩის სცენები 10 დღეში გადავიღეთ.
ქართულ კინოში ნელ-ნელა აქტუალური ხდება Product Placement-ი. თქვენ კინოში რეკლამიდან მიხვედით და მშვენივრად იცით, როგორ მოიზიდოთ და გამოიყენოთ კინოში რეკლამა. ფილმში „ვიკრუტასი“ ბევრი Product Placement-ია?
Product Placement-ის გამოყენებისას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს როგორც რეჟისორს, ისე დამკვეთს. Product Placement-ისადმი არასწორმა მიდგომამ შეიძლება უარყოფითი მიმართულებით გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და იმიჯი და ეს მეტწილად იმიტომ ხდება, რომ როდესაც კინოთეატრში რელაქსაციისთვის მოსულ მაყურებელს შენ გამუდმებით უწყვეტ კავშირს ფილმთან დრამატურგიულად უადგილო სარეკლამო ჩანართებით - მაიონეზის, ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის, სიგარეტის, ავტომობილის Product Placement-ით, შენ აღიზიანებ მას!
ის Product Placement-ია კარგი, რომლის გარეშეც ფილმის სიუჟეტი უბრალოდ არ იმუშავებს და არ შედგება. რეჟისორიც და კლიენტიც იმით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი ბრენდი დრამატურგიულად იყოს გამართლებული. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ „ვიკრუტასებში“ საერთოდ არ არის Product Placement-ი. ბუნებრივია, რაღაც-რაღაცა ბრენდი ფილმში ჩანს, მის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და ბუნებრივია, ვერც სურათი იარსებებდა, მაგრამ ისინი მონაწილეობენ ფილმში ზედმეტი აქცენტირების გარეშე. ამ ბრენდებისგან კაპიკი არ აგვიღია! მიხარია, რომ ეს „ჩვენი“ ფილმია ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. თბილისში ფილმ „ვიკრუტასების“ პრემიერას 25 თებერვალს ვგეგმავთ და იმედია, ქართველი მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს ამ კინოკომედიისაგან.
![]() |
30 ძმები მინესოტადან |
▲back to top |
კულტურა|კინო
შალვა მიქუტიშვილი
არ დავიწყებ მომაბეზრებელ ახსნა-განმარტებებს იმაზე, რომ კინოს ისტორიაში პირველი ფილმის ავტორები ძმები იყვნენ და კინოსამყაროში არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ტავიანების კინო, ვაჩოვსკების კინო, დარდენების კინო და სხვა. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე დღეში ბერლინის კინოფესტივალს, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოჯახური ტანდემის შედეგად შექმნილი ფილმი გახსნის. ძმები მინესოტადან, ჯოელ და ეთან კოენები, ადამიანები, რომელთა სახელების ხსენებისას, ხშირად ახსენებენ სიტყვებს - ამერიკული დამოუკიდებელი კინო, კინოხულიგნები, გესლიანი სატირიკოსები.
მათი ფილმების ყურებისას ყველაფერი ერთდროულად გემართება: გაოცებს უსაზღვრო ფანტაზია, ივსები შთაბეჭდილებებით, გიპყრობს შიში, ერთდროულად გეცინება და სევდა გეუფლება. ზოგჯერ რეჟისორების ბანალურობაც კი გაღიზიანებს, თუმცა არასოდეს გავიწყდება მათი „შეთამაშება“ მაყურებელთან, თუნდაც ასეთი, როდესაც ფილმს „ო, ძმაო, სად ხარ?“ (O Brother, Where Art Thou? 2000) წამძღვარებული ჰქონდა ტიტრები: „ეფუძნება ჰომეროსის „ოდისეას“, შემდეგ კი კოენებმა განაცხადეს, რომ ჰომეროსის „ოდისეა“ საერთოდაც არ ჰქონიათ წაკითხული.
მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სამი წელია.
ჯოელი 1954 წლის 29 ნოემბერს დაიბადა, ეთანი 1957 წლის 21 სექტემბერს.
ისინი მინესოტას შტატში, მინეაპოლისთან ახლოს იზრდებოდნენ. მამა ეკონომიკის პროფესორი იყო მინესოტას უნივერსიტეტში, დედა ხელოვნების კრიტიკოსი, ძმებს ერთი და ჰყავთ - დები, რომელიც შემდგომში ექიმი გახდა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაშინ როდესაც ბიჭების განათლება კინოსამყაროში ძირითადად სატელევიზიო ფილმებით შემოიფარგლებოდა და ეგონათ, რომ ყველა სამუშაო - მონტაჟი, ეფექტები თუ პროექცია - ერთ კამერაში ხორციელდებოდა, ძმებმა დაგროვილი ფულით Vivitar Super-ის 8-მილიმეტრიანი კამერა იყიდეს. კინოკამერასთან ეს მათი პირველი შეხება იყო. 1976 წელს სან ლუი პარკის უმაღლესი სკოლის დამთავრებისთანავე მათ სხვადასხვა გზა აირჩიეს - ჯოელმა საბაკალავრო კინოპროგრამით ნიუ იორკის უნივერსიტეტში ოთხწლიანი კურსი გაიარა; ეთანმა კი პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯოელმა ასისტენტად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა კლიპებზე და პროექტებზე. ზუსტად ამ პერიოდში ის შეხვდა რეჟისორ სემ რაიმის, რომლის ფილმზეც „The Evil Dead“ (1981) მემონტაჟის ასისტენტად იმუშავა. ეთანი კი ამ დროს მოთხრობებს წერდა - New Yorker-sa da Playboy-სთან თანამშრომლობდა.
1984 წელს ძმები კოენები ერთად წერენ სცენარს ფილმისთვის „უბრალოდ სისხლი“ (Blood Simple). ეს არის კრიმინალური დრამა ეჭვიან ქმარზე, რომელიც დაუნდობელ დეტექტივს საკუთარი ცოლის და ამ ცოლის საყვარლის მოსაკლავად დაიქირავებს, დეტექტივი ცოლისა და საყვარლის მაგივრად თავად ქმარს, დამქირავებელს კლავს. დრამატურგიული მოულოდნელობა და შავი იუმორი, რომლითაც ფილმი უხვად არის გაჯერებული, უკვე ცხადყოფს რეჟისორების ხაზს კინოში. სურათის გამოსვლის შემდეგ ჯოელ კოენი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობზე, ფრენსის მაკდორმანდზე ქორწინდება. „უბრალო სისხლს“ მოჰყვება კიდევ ორი კინოსურათი „არიზონას აღზრდა“ და „მილერის გზაჯვარედინი“, რომლის პერსონაჟების და დიალოგების შთაგონების წყარო დეშილ ჰემეთის რომანები „სისხლიანი მოსავალი“ და „შუშის გასაღებია“.
რეჟისორებისთვის პირველი საერთაშორისო აღიარება ფილმს „ბარტონ ფინკი“ (Barton Fink. 1991) მოაქვს. 1991 წელს სურათი კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ხდება, მთავარი როლის შემსრულებელს, ჯონ ტურტუროს კი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის აჯილდოებენ. ფილმზე მუშაობისას კოენები პირველად თანამშრომლობენ ოპერატორ როჯერ დიკინსთან, მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოელი აღნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ საერთო - ორივეს უყვარს ღამის სცენებისა და ინტერიერში გადაღება. სწორედ დიკინსის მიერ შექმნილი გარემო წარმოადგენს კოენების ფილმების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მხარეს: გადათოვლილი, ცასთან შერწყმულ-გადალესილი პეიზაჟები „ფარგოში“ (Fargo. 1996), ერთიანი სივრცის, უფრო სწორად უსივრცობის შეგრძნებას რომ იწვევს, ან მზით გადანათებული, ტექსასის უკაცრიელი ლანდშაფტი, შიშისა და სიკვდილის გამომხატველი, თითქმის ალეგორიული გარემო ფილმში „მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის“ (No Country for Old Men. 2007).
კოენები წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე, ჩარლი პორტისის ნოველის მიხედვით 1969 წელს გადაღებული საკულტო ვესტერნის რიმეიკს წარმოადგენენ. „ნამდვილი ქვიშა“ (True Grit) - ასე ჰქვია სათავგადასავლო ფილმს, სადაც მთავარ როლებს ჰეილი სტაინფელდი, ჯეფ ბრიჯესი, მეთ დეიმონი და ჯოშ ბროლინი ასრულებენ, ფილმი 14 წლის გოგონას, მეთი როსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მამის მკვლელების ძიებისას ველური დასავლეთის გზებზე უამრავ ხიფათს აწყდება. პირველად ფილმი ჰენრი ჰეთვეიმ გადაიღო, მაშინ მთავარი როლის შესრულებისთვის ამერიკის კინოაკადემიამ ჯონ უეინს ოსკარი მიანიჭა. კოენების ინტერპრეტაცია წლევანდელი ოსკარების ერთ-ერთ პრეტენდენტადაც ითვლება, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და იმედი ვიქონიოთ, რომ თბილისის კინოთეატრები ჩვენს მაყურებელსაც მისცემენ ფილმის ხილვის შესაძლებლობას.
![]() |
31 თეატრალური იუბილე |
▲back to top |
კულტურა
2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისთვის განსაკუთრებულად დაიწყო. 6 თებერვალს თეატრის დამაარსებელს 90 წელი უსრულდება. დასი და თეატრის ადმინისტრაცია საიუბილეო წლის საინტერესო პროექტებით აღნიშვნას გეგმავს. „ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ აღგვენიშნა ეს თარიღი და ტრადიციულ შემოქმედებით საღამოზე უარი ვთქვით. ვფიქრობთ, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვისი ღვაწლის ერთ საღამოში ჩატევაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის საიუბილეო წელიწადად გამოგვეცხადებინა და მასთან მთელი რიგი პროექტებისა დაგვეკავშირებინა“, - აღნიშნავს თეატრის მმართველი ზურაბ გეწაძე.
4 თებერვალს საიუბილეო წლის დაწყების აღსანიშნავად, თუმანიშვილის თეატრი კვირეულს უმასპინძლებს, რომელიც 9 თებერვლამდე გაგრძელდება. „პირველ რიგში აღვადგენთ თუმანიშვილის უკვდავ სპექტაკლს „ჩვენი პატარა ქალაქი“, რომელსაც მაყურებელი 5 და 6 თებერვალს იხილავს“. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებებს: თეატრისა და კინოს მუზეუმთან თანამშრომლობით, ფოტოებისა და კოსტიუმების გამოფენას, აგრეთვე ყველა იმ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ოდესმე დაწერილა დიდ რეჟისორზე და მასტერ - კლასებს მომავალი რეჟისორებისათვის. „გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახლად რედაქტირებული და გამოცემული იმ წიგნების პრეზენტაცია, რომლებიც თავად რეჟისორმა სტუდენტებისთვის შექმნა: „რეჟისორი მიდის თეატრიდან“, „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ და „ახლა კი ფარდა“. ამასთან ერთად, იგეგმება წლიური პროექტიც „მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეები თუმანიშვილის თეატრში“, რომლის ფარგლებშიც ხუთმა რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლემ, რომელთა ვინაობაც ჯერ არ არის დაზუსტებული, თითო სპექტაკლი უნდა დადგას.
თეატრის შემოქმედებითად დატვირთული წელი უკვე დაიწყო. დაგეგმილი პრემიერების, ღონისძიებებისა და რეპეტიციების პარალელურად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ასე, ახალ 2011-შიც, სიახლისა და ძიებების თეატრი თავის ტრადიციებს არ ღალატობს.
![]() |
32 თვის მუსიკალური ალბომები |
▲back to top |
კულტურა|თვის მუსიკალური ალბომები
Destroyer
Kaputt (Release date: January 25 / 2011)
ახალი 2011 წელი მუსიკის მოყვარული ადამიანებისათვის ნამდვილად იმედისმომცემად გაიხსნა. კანადური Indie ჯგუფ Destroyer-ის ახალი და რიგით მეცხრე ალბომის „Kaputt”გაყიდვა 25 იანვარს დაიწყო.
მასში ცხრა თრექია და თავიდან ბოლომდე მშვიდ და ლამაზ ატმოსფეროს ინარჩუნებს . რამდენიმე მათგანში კი საქსოფონიც შემოდის, რაც ჯაზური ელემენტებით ამრავალფეროვნებს ალბომს. მრავალფეროვნება ამ დუეტს არც წარსულში აკლდა, მაგრამ როგორ ჩანს გამოცდილი მუსიკოსები ახალ ფორმას ეძებენ ერთგული მსმენელისათვის, რაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ერთხელ ნამდვილად წარმატებით გამოუვიდათ.
British Sea Power
Valhalla Dancehall (Release date: January 10 / 2011
British Sea Power ინგლისური Alternative Rock ბენდია, რომელიც 2000 წლიდან მოღვაწეობს, ამა წლის 10 იანვარსმათ ახალი, რიგით მეოთხე დისკი „Valhalla Dancehall” გამოუშვეს.
ალბომში 13 თრექია და დიდად საინტერესოს ვერაფერს ვიპოვით. სტანდარტული, ნორმალური ალბომია, რომლის მოსმენაც ნამდვილად ღირს.
ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია “Georgie Ray” ჯორჯ ოუელისა და ბრედბერის შემოქმედებით არიან
ინსპირირებული.
Talib Kweli
Gutter Rainbows (Release date: January 25 / 2011)
25 იანვარს New Era New York Flagship-ში აწ უკვე ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის Talib Kweli-ს ახალი ალბომის “Gutter Rainbows” -ის პრეზენტაცია გაიმართა.
ეს მისთვის რიგით მეოთხე სოლო ალბომია, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო ნამუშევარია 2002 წელს გამოსული „Quality” -ს შემდეგ. ბევრი მისი კოლეგისაგან განსხვავებით Talib Kweli ჰიპ-ჰოპში მოღვაწე იმ მ უსიკოსების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მეინსტრიმის სივრცეშიც ცდილობენ ხარისხიანი პროდუქტი შექმნან და ძველი თაყვანისმცემლების პატივისცემა შეინარჩუნონ.
Smith Westerns
Dye It Blonde (Release date: January 18 / 2011)
Smith Westerns შედარებით ახალბედა ჯგუფია ილიონის შტატიდან, რომელიც 18-20 წლის მუსიკოსებისგან შედგება. 2009 წელს მათ თავიოანთი სადებიუტო ალბომი ჩაწერეს. ამა წლის 18 იანვარს კი რიგით მეორე დისკი “DyeIt Blonde” გამოუშვეს.
ალბომში ათი თრექია და ახალგაზრდული ენერგიით სავსე. შეიმჩნევა გლემ-როკის და 6-იანების გარაჟ როკის გავლენა. ვგულისხმობ ისეთ მუსიკოსებს რომლებიც T-Rex და The Modern-ში უკრავდნენ “Dye It Blonde” მშვანიერი ალბომია, რომლის მოსმენაშიც დროის ხარჯვა ღირს. რა იცით იქნებ შეგიყვარდეთ კიდეც.
ლევან ძნელაძე
![]() |
33 რამიშვილის ბრძოლა ნატვრისთვალისთვის |
▲back to top |
კულტურა|რეცენზია
შალვა რამიშვილის ზღაპრის სიგრძე, ჩანაფიქრის სიღრმე, აუდიტორიის სიგანე
გიორგი კალატოზიშვილი
3D ფილმს „საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის“ თითქმის ერთი წელი ამზადებდნენ (საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნა). სცენარის ავტორი და რეჟისორი შალვა რამიშვილია, ანიმაციური პერსონაჟების ანატომისტი - ცნობილი მხატვარი, კარიკატურისტი ზაალ სულაკაური.
ანიმაციის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინის ფონზე (ფილმის ვებგვერდზე ხომ კარგი ხუთვარსკვლავიანი კონიაკის ეტიკეტივით ეწერა: „საახალწლო ზღაპარი მზადდება უახლესი 3D სისტემით, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება დასავლურ სტანდარტებს“) სავსებით კანონზომიერია მაყურებლის კატეგორიულობა და მიუღებელია ავტორების თავის მართლება: 1) ეს ფილმი სწრაფად კეთდებოდა (ანუ სახელდახელოდ, კუსტარულად?); 2) ჰოლივუდის 3D ფილმებთან შედარებით მისი ბიუჯეტი საკმაოდ მწირი იყო (სპონსორები ვერ მოიძიეთ?); 3) ფილმზე პატარა შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა (პროფესიონალებმა დიდი თანხა მოითხოვეს?); 4) მთავარია, რომ ეკრანებზე პირველი ქართული 3D ანიმაცია გამოვიდა (მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება?)...
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დრამატურგიულად სუსტია, ხოლო კომპიუტერული გრაფიკა საკმაოდ უხარისხოა (ასინქრონიზაცია, პერსონაჟების გადაადგილებისას თოვლზე არ ემჩნევა ნაკვალევი, თუმცა გრაფიკოსებისთვის ალბათ მთავარი იყო ქართულ ანიმაციაში კვალის დატოვება... ანუ, მონაწილეობა და არა გამარჯვება!), რამიშვილმა გადალახა მთავარი ბარიერი - პერსონაჟების გახმოვანება, დუბლირება, რომელიც ჩვენი აქილევსის ქუსლია. კარგი დუბლირების მოთხოვნა იზრდება იმ კანონიდან გამომდინარეც, რომელიც ავალდებულებს კინოთეატრებს, ფილმები აჩვენონ ან ორიგინალურ ენაზე ქართული სუბტიტრებით, ან მხოლოდ ქართულად დუბლირებული. არსებობდა უარყოფითი მოლოდინი იმისა, რომ 3D ფილმს „საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის“ კვლავ ზვიო, შონზო და მისთანები გაახმოვანებდნენ ჩვეული კვაზიესთეტურობითა და გაცვეთილი ლექსიკით, თუმცა ამჯერად პერსონაჟები გივი ბერიკაშვილმა და სხვა მსახიობებმა გაახმოვანეს. როგორც იქნა, რამიშვილიც მიხვდა, რომ რადიო 105-ის ხუმრობები და ინტონაცია აქ უადგილო იქნებოდა და მას მართლაც უნდა შეექმნა „პირველი ქართული 3D ფილმი“ და არა მორიგი კინოანეკდოტი.
შალვა რამიშვილის ანიმაციურ ფილმს „საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის“, მის წარსულთან კონტექსტში თუ განვიხილეთ, გამოვა, რომ რამიშვილი იბრძვის ნატვრისთვალისთვის, რომელმაც მხოლოდ ერთი ნატვრა უნდა აუსრულოს - შეცვალოს რეჟიმი! ამიტომ გარკვეული ეპატაჟის მოლოდინი ამ ფილმის შემთხვევაშიც გვქონდა და ამ მოლოდინს ბავშვებით სპეკულაცია ნაკლებად ანეიტრალებდა. ბრძოლა ნატვრისთვალისთვის იმის მიმანიშნებელი იყო, რომ რამიშვილი დაიწყებდა ერის კრიტიკას: 1) სულ ნატვრისთვალის ძიებაში ვართ! 2) საკუთარი ხელით არაფრის გაკეთება გვსურს! ყველაფერი სხვამ, ანუ ნატვრისთვალმა უნდა აკეთოს და ა.შ. და ა.შ. თუმცა ეს არ მოხდა. მაგრამ პოლიტიკური მოვლენების მიღმა რომ არ დარჩენილიყო რამიშვილი, „საახალწლო ზღაპარში“ მსუბუქად პოლიტიზირებულ განცხადებას აკეთებს ხევისბერის პირით, რაც გლეხის მხრიდან გლობალიზაციისა და საერთაშორისო პოლიტიკის მართლზომიერებისა და ავ-კარგიანობის შეფასებას ჰგავს. ხევისბერი ამბობს, რომ „უგუნურმა ადამიანებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს, დედამიწაზე ყინული და თოვლი დნება და ჩვენს სამყაროს საფრთხე ემუქრება, რადგან გაყინული ბოროტება თავისუფლდება“. ბრავო! ალბერტ გორი იამაყებდა ჩვენით. როლანდ ემერიხის „დღე ხვალის შემდეგ“ და „2012“-იც კი ჩამოვიტოვეთ გლობალური დათბობის თემის აქტუალიზაციის მხრივ.
და კიდევ ერთი. ნებისმიერი ბრძოლა - ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ღმერთსა და ეშმაკს, არქეტიპებსა თუ გამყარებულ სტერეოტიპებს შორის, ამიტომ რამიშვილ-სულაკაურის ტანდემის შეფასებისას იმაზე ლაპარაკი უადგილოა, რომ „ეს სადღაც უკვე იყო და უკვე გვინახავს! ამაზე უკვე გვსმენია!“. ხელოვანი ადამიანი ხომ თითქმის ყოველთვის გამოხატავს სამყაროსა და რეალობას განზოგადებული ფორმითა და სიმბოლო-მეტაფორებით. ნუ განსჯით, თუკი მათ მიერ შეთხზული გმირები და ანტიგმირები მჭიდროდ იქნებიან შეკავშირებულნი „ბეჭდების მბრძანებელთან“ (ორკები, სარუმანი და მალხაზის მიერ დროებით მწყობრში ჩაყენებული მკვდარ ხევსურთა სულები, რომლებიც გახსენებენ „ბეჭდების მბრძანებელში“ არაგორნის მიერ დამონებულ მიცვალებულთა არმიას...). ნუ განსჯით, რადგან ისინი დასავლურ სტანდარტებზე და ხარისხზე იყვნენ ორიენტირებულნი!
სხვათა შორის, მომეწონა, რომ ამ ფილმში ანტიგმირებად მოგვივლინეს ორკები (ოკუპანტები) და არა ჩვენი საყვარელი დევები. დიდი მადლობა რამიშვილს იმისათვის, რომ ხელი შეუწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და დევების იმიჯის რეაბილიტაციას, რომლებიც, თქმულების მიხედვით, სულაც არ იყვნენ ბოროტები, ველურები, კაციჭამია და ბავშვების საფრთხობელა (თუ არ ვცდები, გადმოცემის თანახმად ეს იყო შორეული სპარსეთიდან გადმოხვეწილი კერპთაყვანისმცემელთა ჯგუფი, რომლის დემონიზირებაც დაიწყეს ჩვენმა ქსენოფობმა წინაპრებმა გარკვეული დროის შემდეგ...). ბუნებრივია, ადგილობრივი დევების რეაბილიტაციას ხელი შეუწყო შრეკის წარმატებამ, რომელიც ძალიან უყვართ პატარებს („ბომბორა“ მხოლოდ პარკი თუ იციან ბავშვებმა). ასე რომ, თუ დათრგუნავთ საკუთარ ეგოს, სუბიექტურ რეალობას, შეფასების კრიტერიუმებს, მაშინ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი პატარები 3D ფილმზე „საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის“ იმისათვის, რომ ადრეული ასაკიდანვე გაიგონ ეროვნული ფილმწარმოების „ჭეშმარიტი” ფასი და გაითავისონ, რომ მთავარია გამარჯვება და არა მონაწილეობა, ანუ ხარისხი და არა რაოდენობა (ქრონომეტრაჟი).
![]() |
34 რა მივაყოლოთ წინანდალს და კახური წარმოშობის სხვა კლასიკურ (ე.წ. ევროპულ) ღვინოებს? |
▲back to top |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
ამ თემაზე ლაპარაკს, როგორც სათაურიდანაც ჩანს, წინანდლით დავიწყებთ. წინანდალი საფლაგმანო ქართული ღვინო და კახეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილწარმოშობაა. აქ რქაწითლიდან და კახური მწვანედან აყენებენ სასიამოვნო მჟავიანობის, ძალიან ცოცხალ ღვინოს, რომელიც კერძების საკმაოდ ფართო სპექტრს შეიძლება შეეხამოს. არსებობს მუხაში დავარგებული წინანდლებიც და ხალასი, უმუხო წინანდლებიც, შესაბამისად, ცოტათი განსხვავებული უნდა იყოს მათი მისაყოლებელიც. ზოგიერთი მაღალმჟავიანი წინანდალი აპერიტივადაც კარგი იქნება, ზოგადად უმუხო წინანდლებთან კი კარგი იქნება ქათმის სალათები, მშრალი ყველები, კიბორჩხალა და სხვა ზღვის ნაწარმი, ასევე მოხარშული თევზი, ინდაურის და ქათმის თეთრი ხორცი, ხოლო მუხაში დავარგებულებთან წავა - ლორიანი სალათები, სუნელებში დაბუღული კალმახი, შემწვარი ქათამი და ინდაური, საქონლის ტვინი.
ასევე უნდა ვახსენოთ ადგილწარმოშობის ღვინოები გურჯაანი, ვაზისუბანი, ნაფარეული, მანავი და სხვა. ამ ღვინოთაგან ზოგიერთს ძალზე მდიდარი სურნელები ახასიათებთ, გვხვდება უაღრესად ხალისიანი ნიმუშები, სხვები კი ფოლადისებული ხასიათით, ნეიტრალური გემოთი და მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა. ასეთი ღვინოები ხშირად რქაწითლისა და კახური მწვანის კუპაჟს წარმოადგენს, თუმცა არის მონოვარიეტალებიც, სადაც მხოლოდ ერთი ჯიშია გამოყენებული. რამდენიმე წელია, რაც ქართველმა მეღვინეებმა დაიწყეს ძალზე საინტერესო ევროპული ტიპის ღვინოების წარმოება ქისისა და ხიხვის ჯიშებიდანაც.
შესანიშნავი ღვინო დგება მწვანე კახურის ჯიშიდან გარე კახეთში. პირველ რიგში ლეგენდარული მანავის მიკროზონა უნდა აღვნიშნოთ. ასევე გამორჩეულია ალაზნის მარცხენა ნაპირის მწვანეები, ახმეტის რაიონის სოფლებით დაწყებული - ყვარლის ზონით დამთავრებული. ამ ღვინოებთან, რა თქმა უნდა, თევზეულია საუკეთესო მისაყოლებელი, მსუბუქად გამოყვანილი, მოხარშული, შემწვარი... შედარებით ეგზოტიკურია ქისისა და ხიხვის ჯიშებიდან დამზადებული ევროპული ტიპის ღვინოები, ამიტომ მსუბუქ სალათებთან და ორთქლზე მოხარშულ თევზთან ჯობია მივირთვათ. ხიხვში, მაგალითად, ბზისა და სხვა უცხო მცენარეული ტონებიც მოჩანს, ამიტომ მასთან, მემგონი კარგად შეკმაზული, ორთქლზე მომზადებული თევზიც შეიძლება წავიდეს.
დაკვირვებული მომხმარებელი ასევე იშოვის კახეთის რეგიონში მოწეული შარდონესა და სოვინიონ ბლანისგან დაწურულ ღვინოებსაც. რა თქმა უნდა, ეს ღვინოები ისეთი გამორჩეული და ტიპური არაა, როგორც, ვთქვათ, შაბლის რეგიონის შარდონეები ან სანსერისა და პუიი ფიუმეს სოვინიონ ბლანები, მაგრამ მისგან მაინც საკმაოდ თვითმყოფადი ღვინოები დგება და იგი თავის მეწყვილეს ადვილად იპოვის - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღვის ნობათს უნდა მივაყოლოთ, მიდიების სუპს, კრევეტებს და სხვა.
ევროპული ტიპის კახური ღვინოები პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება გაიყოს: ხასიათიანი, ჯიშური არომატებისა და მდიდარი ბუკეტის ღვინოები (მუხაში დავარგებული წინანდალი, საუკეთესო ნაფარეული და მანავი, ხიხვი და ქისი), რომლებიც ძალიან მშრალებიც ინარჩუნებენ ხილის სურნელს და მეორე, შედარებით ორდინარული ღვინის არომატებიანი მაღალი მჟავიანობის ღვინოები (ასეთები ძირითადად გურჯაანული და საგარეჯოული ყურძნისგან მზადდება). ეს ორდინარული „ევროპული კახურები“ აპერიტივად არ გამოდგება, სამაგიეროდ შემწვარ თევზთან და ფრინველის ხორცთან ისინიც შეუცვლელნი არიან, ზოგიერთი მათგანი მწარე და შეკმაზული კერძების ზეწოლასაც უძლებს (ასეთ შემთხვევაში ღვინო სასურველია გრილი მივირთვათ), უხდება უმარტივეს სადილებს, სხვადასხვანაირ ყველს, კარტოფილიან კერძებს, სალათებს, ხორციან წვნიანებს, მწვანე ლობიოსა და ხაჭაპურს, ღვეზელებს.
![]() |
35 შემწვარი პრასი ნუშით და პარმეზანით |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე
6 ულუფა
მასალა:
1 კგ. პრასი (მხოლოდ თეთრი და ღია მწვანე ნაწილი)
200 გრ. კანგაცლილი ნუში
100 გრ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. ძმარი
ბალზამიკო (თეთრი)
150 გრ. ყველი პარმეზანი
ფერადი წიწაკა
ზღვის მარილი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
მარილი
ჯამში 15 ლარი
მომზადების წესი:
ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოწალეთ პრასი. დაახლოებით რვა წუთი. გადაწურეთ და გააშრეთ ქაღალდზე.
გააცხელეთ ტაფა ან გრილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და შეაპიწკინეთ პრასი თითო მხარეს ორი წუთი.
შემწვარი პრასი გადმოიღეთ დიდ ლანგარზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო, მოაყარეთ ზღვის მარილი, ფერადი წიწაკა, ხმელი ქინძი და წვრილად დაჭრილი მოხალული ნუში.
სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03 ).