ტაბულა №33


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჯაფარიძე ზურა, ბლანკი სტივენ, ჯანაშია სიმონ, ორჯონიკიძე მაია, დივაცი ვლადე, გიორგობიანი ქეთო, ბაღდოშვილი გურამ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 22 - 28 ნოემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


ონლაინ გამოხმაურება

კახა ბენდუქიძის სვეტი:

რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

gela_jvania 17 ნოემბერი 2010 19:08

ქურუმთა (სამღვდელოება) კასტა კი ამაოდ სიბრძნის მეტყველებს: ყველაფერ ქართულს ებრძვიან და ჩვენი გადაჯიშება აქვთ განზრახულიო; მართლმადიდებლობას და დედა ეკლესიას გვიგინებენო; სულს გვართმევენო; ენას გვიბილწავენო; ევროპიდან შემოდის ყოველგვარი ბოროტებაო და სატანისტები არიანო; რუსეთია ჩვენი მამა-მარჩენალიო. ამდაგვარი სისულელეებით ცდილობენ ხალხის დავერბოვკებას და ისევ მონღოლოიდური რუსეთის კალთისქვეშ ნაციის შეფარებას. რუსული სპეცსამსახურების საქმეს სამღვდელოება აკეთებს ღმერთისა და ეკლესიის სახელით... ლუსტრაციას ექნება ჭიის წამალის ეფექტი: ნაწლავებიდან გარეთ გამოყრის და საკანალიზაციო მილებში ჩაირეცხება აღნიშნული წურბელები...

nickbolkvadze 17 ნოემბერი 2010 13:41

მათ, ვისაც ეშინიათ გარყვნის, გამოშტერების და გადაიეღოველების, გაიხსენონ ან წაიკითხონ, ბრმად ნუ დაუჯერებენ ამბიონზე მდგარ მოძღვრებს, ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება იმპულსურად მოქმედებდნენ, შეიძლება ეშლებოდეთ. წაიკითხონ წმინდანთა ცხოვრება და აღმოაჩენენ, რომ უმრავლესობა წმინდა მამებისა საკმაოდ განათლებული ადამიანები იყვნენ და ბევრი ენაც იცოდნენ.

Natia_klimti 17 ნოემბერი 2010 13:04

როგორც ყოველთვის - სხარტი და ინფორმატიულია :) პირველი კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა შეიმუშავა სტანდარტიც და შესაბამისი მასალებიც: მოსწავლის სახელმძღვანელო, მასწავლებლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევი. პირველ კლასში, როდესაც მოსწავლემ ჯერ საკუთარ ენაზე არ იცის წერა და კითხვა, ცენტრი რეკომენდაციას აძლევს მასწავლებლებს, რომ ასწავლონ თამაშით, სმენისა და საუბრის უნარები განუვითარონ ბავშვებს.

crazy96 17 ნოემბერი 2010 12:39

ჩემი 6 წლის შვილი სამ ენაზე საუბრობს. ქართულად ჩემთან, გერმანულად სკოლაში, მეგობრებთან და ა.შ. და რუსულად სახლში, დედამისთან. თავიდან ურევდა ერთმანეთში სამივე ენას. ახლა მშვენივრად საუბრობს. თვითონ ამაყობს, სამი ენა ვიციო :))

gonzi 17 ნოემბერი 2010 12:34

უცხო ენების სწავლაში თავისთავად ცუდი არაფერია. რაც შეეხება 2 ენაზე აზროვნების ავკარგიანობას, ამ საკითხში არც ისე კარგად ვერკვევი, თუმცა მე-2 კლასიდან ასწავლიდნენ ჩემს სკოლაში (ოღონდ „მსუბუქად“) და მგონი დამთრგუნველად არ უმოქმედია. აქ მთავარია ინიციატივის მიზანი, რომელიც შეიძლება იყოს ორნაირი.

1 განათლების სამინისტროს მიაჩნია, რომ მომავალი თაობისთვის აუცილებელია ორ ენაზე აზროვნება. ამ შემთხვევაში სწავლება იქნება ინტენსიური და მოხდება სხვა საგნების ხარჯზე. თუმცა რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი, ძალიან შორს წაგვიყვანს და ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ არა მგონია ქართული საგანმანათლებლო სისტემის მამებს ამდენი ეფიქრათ. შესაბამისად, მე სხვა ვარიანტისკენ ვიხრები.

2.იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ქართველების მიერ ინგლისურის ცოდნის საშუალო დონე ჩამოუვარდება აუცილებელს და საჭიროა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება. ზემოაღნიშნული დაშვება სადაოა, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხავია რატომ არის უცხო ენა პრიორიტეტი, როცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვართ? იგულისხმება ერთიანი პოლიტიკის არარსებობა იმის შესახებ, რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში და რა უნარები უნდა ვითარდებოდეს ამ დროს მოსწავლეში. მოკლედ, მივდივართ სკოლის მიზნობრივ დანიშნულებამდე, რომლის გააზრების შემდეგაც შეიძლება საუბარი, რა საგანი რომელი კლასიდან ისწავლებოდეს.

დასკვნა:

სტატიას რაც შეეხება, მომწონს :)

Etusik 17 ნოემბერი 2010 11:42

არადა მეც მიმაჩნდა, რომ ბავშვის ტვინის ზედმეტი დატვირთვაა ეგ. ახლა ვფიქრობ და აღარ ვიცი რა დავწერო. კარგია ნეტა? თუ ცუდია ნეტა?

არც განათლების სამინისტროს უახლეს რეფორმებსა თუ პროექტებს ვიცნობ (ტელევიზორი ვახშმის მენიუდან დიდი ხანია ამოვიღე), არც საერთაშორისო კვლევებსა და გამოცდილებას, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ - გააჩნია როგორ, რა „დოზით” და რა ფორმით მიაწვდიან პირველკლასელის ტვინს მეორე ენას. ანუ, რეალურად ზის ხალხი და ფიქრობს 6-7 წლის საშუალო ბავშვის ტვინისთვის რა არის კარგი და რა არა?? და ამის მიხედვით იცვლება მეთოდები, თუ უბრალოდ ამოჩემებულია ინგლისური ენის სწავლება კარგიაო და ბარემ 1-ლი კლასიდან დავიწყოთო? (1000 ინგლისურენოვანი „მასწავლებლის” ჩამოყვანა გამახსენდა და გამეღიმა „ულვაშებში“.)

აბა მულტფილმებს მეც ვაყურებინებ ჩემს შვილს 3 ენაზე და მგონია, რომ ბავშვობიდანვე ბევრი ენის „მოსმენა” მას დაეხმარება მომავალში ადვილად აითვისოს ენები. მაგრამ, რატომღაც მაინც მგონია, თუკი ქართულ ანბანთან ერთად ინგლისურსაც დაურთავენ, არ იქნება მთლად მართებული.

მოკლედ, არ მაქვს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, მით უმეტეს, რომ ინფორმაცია თემის შესახებ მხოლოდ ის მაქვს, რაც თქვენს პოსტში ვნახე. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, თქვენი პოსტი „შემომეკითხა” :))

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„სავსებით ნათელია, რომ ჩვენ Facebook-ზე გვერდი არ გვაქვს”.

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, სტივენ ბრეიერს, მიაჩნია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო უნდა მოერგოს იმ სამყაროს, სადაც სოციალური ქსელები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 17 ნოემბერი

„მე ეროვნული თანხმობისა და დიალოგის მომხრე ვარ.

0x01 graphic

  • ან სან სუ ჩი, ბირმის დემოკრატიის სიმბოლო და ნობელის პრემიის ლაურეატი, პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლებისათვის; იგი შიდა პატიმრობიდან შაბათს გაათავისუფლეს.

14 ნოემბერი

„ჩვენ ახლახან წავაგეთ არჩევნები, საჭიროა, ზღვარი გავავლოთ... და თუ ეს პრეზიდენტი ვერ აკეთებს იმას, რაც გვჭირდება, დროა, სხვისი ძებნა დავიწყოთ”.

0x01 graphic

  • განუცხადა უნგრული წარმოშობის ამერიკელმა ფინანსისტმა, ჯორჯ სოროსმა, დონორთა მცირე ჯგუფს, რომლებიც ვაშინგტონში შეიკრიბნენ დემოკრატიული ალიანსის ყოველწლიურ შეხვედრაზე. 16 ნოემბერი

NATO ირანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მას არ შეუძლია მსოფლიოს მომავალ ცვლილებებზე გავლენა იქონიოს”.

0x01 graphic

  • განაცხადა ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას მაჰმუდ აჰმადი ნეჟადმა, რითაც პასუხი გასცა შეკითხვას თურქეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო განთავსების თაობაზე. 18 ნოემბერი

3 კვირა

▲back to top


13 ნოემბერი

  • ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ირანთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მისი ბირთვული პროგრამების შესახებ. შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება. მოლაპარაკებები ირანის მიერ შემოთავაზებული სტამბოლის ნაცვლად ავსტრიაში და შვეიცარიაში გაიმართება. თუ თეირანი აღნიშნულ შემოთავაზებას დათანხმდა, ეს პირველი მოლაპარაკებები იქნება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

14 ნოემბერი

0x01 graphic

  • ისრაელმა გადაწყვიტა 8 ათასი ფალაშ მურას საზოგადოების წევრი საკუთარ ტერიტორიაზე საცხოვრებლად შეუშვას. ეს საზოგადოება ჩრდილოეთ ეთიოპიაში ცხოვრობს და მათ ებრაელი წინაპრები ჰყავთ. პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის მორალური ვალდებულება ჰქონდა. ფალაშ მურას წინაპრები მეცხრამეტე საუკუნეში გაქრისტიანდნენ და ისრაელის დაბრუნების შესახებ კანონის მიხედვით მათ არ ჰქონდათ ამ ქვეყანაში დაფუძნების უფლება. თუმცა მთავრობამ გამონაკლისის დაშვება გადაწყვიტა.

15 ნოემბერი

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთიდან (ჰელმანდის პროვინცია) საქართველოში დაბრუნდნენ. მათ როტაციის წესით მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ჩაანაცვლებს.

0x01 graphic

  • თალიბანის ლიდერმა მულაჰ ომარმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. მან აღნიშნა, რომ სავარაუდო შეხვედრების შესახებ „ჭორებს“ დასავლეთი საკუთარი მარცხის დასაფარად ავრცელებს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ხშირად საუბრობენ მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა ოფიციალურ დონეზე ჯერ არც ერთი შეხვედრა არ გამართულა.

0x01 graphic

  • საბერძნეთის 2009 წლის ბიუჯეტის დეფიციტი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. აპრილში გავრცელებული ცნობის მიხედვით დეფიციტი 13.5%25 იყო, თუმცა ევროსტატის, ევროკავშირის სტატისტიკური ორგანოს ახალი ანგარიშის მიხედვით დეფიციტი 15.4%25-ია. შესაბამისად, საბერძნეთის გეგმა, დეფიციტი 7.8%25-მდე დაეყვანა, შეიცვალა და ახალი მიზანი მისი 9.4%25-მდე შემცირებაა.

0x01 graphic

16 ნოემბერი

  • წალკა-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა ექსპლუატაციაში შევიდა. ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებით, დედაქალაქიდან ახალქალაქში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში მოხერხდება. სამუშაოებზე სულ 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ის აშშ-ის მთავრობამ და „ათასწლეულის განვითარების კორპორაციამ“ დააფინანსა.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა.

  • ნიგერიის სამართალდამცავებმა ირანიდან მომდინარე ტვირთი დააკავეს. კონტეინერი, საშენი მასალის ნაცვლად, იარაღით იყო დატვირთული. კონტეინერს სარაკეტო ტორპედოები და გრენადები მიჰქონდა. ნიგერიელი მაღალჩინოსნების განცხადებით, იარაღის აღმოჩენით დამტკიცდა, რომ ირანმა გაეროს სანქციები დაარღვია. თეირანმა ფაქტს „გაუგებრობა“ უწოდა.

17 ნოემბერი

0x01 graphic

  • დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და ქეით მიდელტონი დაინიშნენ. ორივე მათგანი 28 წლის არის და სავარაუდოდ ქორწილი შემოდგომაზე ან ზაფხულში გაიმართება. წყვილმა ერთმანეთი წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტში გაიცნო. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა წყვილს ნიშნობა მიულოცა.

  • საქართველოს ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი რაიმუნდას პალაიტისი ესტუმრა და ქართველ კოლეგასთან ვანო მერაბიშვილთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ბათუმში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს და პოლიციის აკადემია მოინახულეს

  • გერმანიის მთავრობამ აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღო. მათი ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ტერაქტების სერია იგეგმება. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორისტული თავდასხმების უკან ისლამურ ექსტრემისტთა დაჯგუფებები უნდა იდგნენ

0x01 graphic

  • სილვიო ბერლუსკონის სამთავრობო კოალიციიდან 4 წევრი გამოვიდა. ყველა გადამდგარი მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე მხარს უჭერს პარლამენტის სპიკერ ჯანფრანკო ფინის, რომელმაც პრემიერის პარტია ჯერ კიდევ ზაფხულში დატოვა. სენატში ბერლუსკონის მხარდამჭერები ისევ ინარჩუნებენ ხმების უმრავლესობას. თუმცა, ქვედა პალატაში ფინისთან კოალიციის დაშლის შემდგომ პრემიერის პარტია უმცირესობაში აღმოჩნდა.

0x01 graphic

  • ჟურნალ Time-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში, 2010 წლის „წლის ადამიანის“ რეიტინგში თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს. მას უკვე 110 ათასი ადამიანი უჭერს მხარს. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი, ხმათა რაოდენობის მიხედვით მეექვსე ადგილზეა.

18 ნოემბერი

  • ირლანდიიდან 40-მდე არალეგალი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. გადაწყვეტილება ირლანდიის სასამართლომ მიიღო. დადგინდა, რომ არც ერთი მათგანი საკუთარ სამშობლოში რელიგიური, ნაციონალური და პოლიტიკური ნიშნით არ იდევნება და არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების რატიფიცირებისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ კლინტონმა კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რესპუბლიკელების მკვეთრი პოზიციის მიუხედავად, იგი ეცდება ახალი შეთანხმების რატიფიცირებას 2011 წლის იანვრამდე მიაღწიოს.

19 ნოემბერი

0x01 graphic

  • ჰაიტიზე ქოლერის ეპიდემია მძვინვარებს. უკანასკნელი მონაცემებით, ეპიდემიის შედეგად უკვე 1000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოებში თითქმის 16 ათასი ადამიანი მკურნალობს.

  • აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო, პოპულარული სოციალური ქსელების მომხმარებელთა თვალთვალის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. ფედერალურმა ბიურომ უკვე მოუწოდა წამყვან ინტერნეტ-კომპანიებს, მათ შორის, Google-ს და Facebook-ს შექმნან საკუთარი ტექნოლოგია, რითაც იმ ადამიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციების „დატაცება“ იქნება შესაძლებელი, რომლითაც პოლიცია ინტერესდება.

4 მტერთან ლოგინში: სამთავრობო ცვლილებებით 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ სტარტი აიღო

▲back to top


არენა

საფრანგეთი

0x01 graphic

პრეზიდენტი სარკოზი და პრემიერი ფიიონი
ფოტო: REUTERS ©

გასულმა კვირამ საფრანგეთში დაძაბულ საინფორმაციო რეჟიმში ჩაიარა - მთავრობა გამოიცვალა. ეს მოვლენა პრესამ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების მორიგ ნაბიჯად შეაფასა და სეირის ყურებას შეუდგა.

ახალი მთავრობის შემადგენლობა იმის დასტურია, რომ სარკოზის „გახსნილობა“ მემარცხენეთა მიმართ დასრულდა. სამი წლის თავზე ცხადი გახდა, რომ ის, რაც თავიდან ბევრს შეგნებულ ნაბიჯად მიაჩნდა - მემარჯვენე პრეზიდენტის კონსტრუქციულობა და მჭიდრო თანამშრომლობა გამოჩენილ მემარცხენე ლიდერებთან - წარუმატებლად დამთავრდა. პერსონალიებსა და პოლიტიკურ ხედვებს შორის მკვეთრმა განსხვავებამ, დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელი გახადა.

საფრანგეთის პრეზიდენტს მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი - ბოლო კვლევების მიხედვით 30%25 - გაზარდოს და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საბრძოლო ფორმაში შეხვდეს. ანალიტიკოსები გასულ ზაფხულს ბოშათა ბანაკების პომპეზურ მოშლას და საპენსიო რეფორმას, რომელიც 27 ოქტომბერს პარლამენტმა ხმაურიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად დაამტკიცა და რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკის ზღვარი საფრანგეთში 60-დან 62 წლამდე გაიზარდა - საარჩევნო სამზადისს უკავშირებენ. მთავრობის გამოცვლაც ამ ჯაჭვის ნაწილია. შედეგად, სარკოზი მემარჯვენე ამომრჩევლის გულის მოგებას ვარაუდობს.

სპეკულაციები მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით გასულ გაზაფხულს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სარკოზის პარტია - გაერთიანებული სახალხო მოძრაობა - თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა. თუმცა, ივნისში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობას მანამდე არ შეეხებოდა, სანამ ყბადაღებულ საპენსიო რეფორმას არ ჩაამთავრებდა.

2007 წელს რეფორმატორული დღის წესრიგით მოსულმა სარკოზიმ, სამი წლის განმავლობაში ამომრჩეველს ბევრი ვერაფერი შესთავაზა - უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, მოსახლეობის მსყიდველობითი უნაგარი - დაბალი, საუნივერსიტეტო რეფორმა - დაუსრულებელი, საჯარო ხარჯები - შესამცირებელი, ხოლო საპენსიო სისტემა - გაკოტრების ზღვარზე. მემარჯვენე ამომრჩეველი რეფორმების ტემპს აკრიტიკებს, ხოლო მემარცხენეებს უკმაყოფილებისთვის ისიც ყოფნით, მთავრობა რომ ბედავს და ლიბერალურ რეფორმასა და საჯარო ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, მოულოდნელობის გარეშე არ ჩაუვლია. პრემიერ-მინისტრმა ფიიონმა პოსტი შეინარჩუნა, თუმცა ყველა საპირისპიროს ელოდა.

ხუთი შვილის მამა, ფრანსუა ფიიონი გოლისტია. მან ნიკოლა სარკოზის ერთგულება 2005 წელს შეჰფიცა - მას შემდეგ, რაც ჟაკ შირაკის მთავრობიდან, უფრო ზუსტად კი განათლების მინისტრის პოსტიდან დაითხოვეს. მანვე უხელმძღვანელა სარკოზის წარმატებულ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც 2007 წელს პრემიერ-მინისტრობამდე მიიყვანა.

თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა - ჰიპერაქტიული პრეზიდენტის პირობებში, ფიიონს პოლიტიკურ წრეებში „ბ-ნი არავინ“ შეარქვეს. მისდამი დამოკიდებულებას სარკოზი არ მალავდა. როგორც ბრიტანული Guardian-ი წერს, საფრანგეთის პრეზიდენტს არაერთხელ „აუხსნია“ გარშემომყოფთათვის, რომ პრემიერ-მინისტრი მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომელია და სხვა მხრივ, მასთან საერთო არაფერი აქვს.

0x01 graphic

საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ აიო-მარი

ფიიონმა კი სულ ცოტა ხნის წინ, საჯაროდ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „მისი მენტორი არ არის“.

განსხვავებით პრეზიდენტისაგან, პრემიერ-მინისტრს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. ავტორბოლითა და ფერარით გატაცების მიუხედავად, მას საფრანგეთში წყნარ, შეიძლება ითქვას მოსაწყენ კაცად იცნობენ. თუმცა, ასეთი ხასიათი სარკოზის ექსჰიბიციონიზმით და ჰიპერაქტიურობით შეწუხებული ფრანგების თვალში ფიიონს სოლიდურობას და სერიოზულობას მატებს. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლებისას დეპუტატების ოვაციები არ წყდება ხოლმე, რაც სარკოზის იშვიათად ღირსებია. 2007 წელს, სწორედ მან ამცნო ქვეყნის მოსახლეობას, რომ „საფრანგეთი ბანკროტია“ და მას მხოლოდ რეფორმა და საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა გადაარჩენს.

ფიიონი მოსწონთ როგორც პარლამენტში, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პარტია წარმოადგენს, ისე პარლამენტს გარეთ - ის ხალხშიც პოპულარულია. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თუ სარკოზი მოწინააღმდეგე სოციალისტური ბანაკის ლიდერთან მარცხდება, ფიიონი იგებს.

მტკივნეული რეფორმა, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრს აზარალებს ხოლმე და მისი თანამდებობიდან დათხოვნით პრეზიდენტს კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა შეუძლია. პარადოქსია, მაგრამ საპენსიო რეფორმითა და სხვა სოციალური თემებით გამოწვეული უკმაყოფილება, ფრანსუა ფიიონს თითქოს არ შეხებია. მისი რეიტინგი, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, 48%25-ია. ფიიონის დათხოვნის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი 2012 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად მოგვევლინოს და სარკოზის ხელმეორედ არჩევის შანსი წაართვას.

ფიიონის პოსტზე დატოვება სარკოზის სისუსტის გამოვლინებად შეფასდა. როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (Sciences Po) ანალიტიკოსმა, როლანდ კაიროლმა აღნიშნა: „სამთავრობო ცვლილებები იმიტომ გატარდა, რომ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის შეცვლა სურდა, რათა ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე განახლებული ძალებით გადასულიყო… ყველაფერი კი იმავე ადამიანის დანიშვნით დასრულდა... ეს პრეზიდენტის სისუსტეზე მიუთითებს“. ბევრმა ისიც თქვა, რომ სარკოზი ვითარებამ აიძულა მეგობრები ახლოს, ხოლო მტერი - კიდევ უფრო ახლოს ჰყოლოდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტეს უთანხმოებების გვერდზე გადადება და სარკოზის მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ბოლო 18 თვის დაგეგმვას შეუდგნენ. როგორც ფრანსუა ფიიონმა აღნიშნა, ეს პერიოდი ამომრჩევლის ეკონომიკური შიშების შემცირებას, უსაფრთხოების გაუმჯობესებას და უმუშევრობის დაძლევას დაეთმობა.

სამაგიეროდ, მთავრობა დატოვა ეკოლოგიის მინისტრმა ჟან - ლუი ბორლომ, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობას უწინასწარმეტყველებდნენ და არ აუხდა. დაუდევარი ჩაცმულობის, გაუპარსავობის და ალკოჰოლისადმი თბილი დამოკიდებულების გამო „ფრანგული პოლიტიკის სერჟ გენსბურგად“ წოდებულმა, იმედგაცრუებულმა ბორლომ ფიიონის მთავრობაში დარჩენა არ ისურვა. თუმცა, ეს გასაკვირი სულაც არ არის - მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ხშირად კორექტულობის ფარგლებსაც სცდებოდა - ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ფრანსუა ფიიონმა გასულ სექტემბერში, პასუხად „დაახვიე“ მიიღო, მას შემდეგ, რაც ჟან-ლუი ბორლოს, ბეარიცის შეხვედრიდან დასაბრუნებლად პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავით მგზავრობა შესთავაზა.

ფიიონის მსგავსად, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დარჩა სარკოზის ძველი მეგობარი და თანამოაზრე - ბრის ორტეფუ; თანამდებობა შეინარჩუნა ფინანსთა მინისტრმა კრისტინ ლაგარდმა; იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ასევე გოლისტმა მიშელ აიო-მარიმ კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა, სოციალისტ ბერნარ კუშნერის ნაცვლად.

ყოფილი უფლებადამცველის შესაძლო გადადგომაზე პრესა უკვე დიდი ხანია საუბრობს. კუშნერმა სარკოზის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ჯერ კიდევ აგვისტოში, ბოშებთან დაკავშირებული სკანდალის დროს მიმართა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის მრჩევლები, მას „ამცირებდნენ“. ხელით ნაწერი გადადგომის მოთხოვნა ფრანგულმა გამოცემამ - Nouvel Observateur-მა გამოაქვეყნა.

თუმცა, წერილის გარეშეც საქვეყნოდ ცნობილი იყო, რომ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას არა კე დ'ორსეზე მდებარე სამინისტრო, არამედ ელიზეს სასახლიდან, პრეზიდენტის მრჩევლები წარმართავდნენ. ფრანგული პრესა იმასაც ამტკიცებდა, რომ კუშნერი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას გაზეთებიდან იღებდა. ასე შეიტყო საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ მისმა ქვეყანამ 2009 წლის აპრილში ჩინეთთან ფორმალურ შერიგებას მოაწერა ხელი და ტიბეტის დამოუკიდებლობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.

0x01 graphic

თავდაცვის მინისტრი ალან ჟუპე
ფოტო: REUTERS ©

ბერნარ კუშნერის წასვლით, საფრანგეთის მთავრობაში, თავიდან დანიშნული 7 მემარცხენედან ერთიღა დარჩა - ერიკ ბესონი, ყოფილი იმიგრაციისა და ეროვნული იდენტობის საკითხთა მინისტრი, რომელიც დააქვეითეს და ნაკლებად პრესტიჟულ, მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადაიყვანეს.

გოლიზმი II მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერისა და V რესპუბლიკის ფუძემდებლის, გენერალ შარლ დე გოლის იდეოლოგიაა და ეროვნულ დამოუკიდებლობაზე დამყარებულ საგარეო და დირიჟისტულ საშინაო პოლიტიკას გულისხმობს. დე გოლის შემდეგ საფრანგეთს უკვე მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს, მათ შორის 2 სხვა პარტიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ამ პრინციპებისგან არც ერთს არ გადაუხვევია.

გოლიზმის არსი საფრანგეთის უნიკალური ისტორიული მისიის რწმენაა. საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოს დემოკრატიის უნივერსალური ფასეულობები მოუტანა. ქვეყანამ თავისი ცივილიზატორული მისიის შესრულება დღესაც რომ შეძლოს, მას საგარეო ძალებისაგან და ცვალებადი შიდა კონიუნქტურისაგან დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები სჭირდება

ყოველივე ანგლოსაქსურის მიუღებლობა გამჭოლ ხაზად გასდევს გოლისტურ ფილოსოფიას. გოლისტებს მიაჩნიათ, რომ ამერიკული ჰეგემონია, ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი უამრავ სიკეთესთან ერთად გარკვეულ ხიფათსაც შეიცავს. გოლიზმი გულისხმობს არა მათ უარყოფას, არამედ საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დაბალანსების მცდელობას.

გოლისტებს კარგად ესმით, რომ ცალკე აღებულ საფრანგეთს არ შესწევს იმის ძალა, თამაშის წესები უკარნახოს ამერიკას ან გლობალიზებულ კაპიტალიზმს. სწორედ ამით არის ნაკარნახევი საფრანგეთის ევროპული პოლიტიკა - გაერთიანებულმა ევროპამ უნდა გააწონასწოროს მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო და ანგლოსაქსურ თავისუფალ ბაზარს უფრო სოციალურად ორიენტირებული ალტერნატივა დაუპირისპიროს

0x01 graphic

ეკოლოგიის ყოფილი მინისტრი ჟან-ლუი ბორლო

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან განსხვავებით, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დანიშვნამდეც კარგად იცნობდა, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ, საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ცოტას სმენია. მიშელ აიო-მარის ქალებისთვის ფრანგული პოლიტიკური სივრცის გზამკვლევს უწოდებენ. მემარჯვენე ქალბატონი პირველია, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალის - გოლისტების რესპუბლიკური კავშირის ლიდერის არჩევნები მოიგო და 1999 წელს პარტიის პრეზიდენტი გახდა. ამას გარდა, მიშელ აიო-მარი საფრანგეთის ისტორიაში პირველი მდედრობითი სქესის თავდაცვის (2002), ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრია (2007). ჟურნალმა Forbes-მა, ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2007 წლის ნუსხაში, მე-11 ადგილას მოათავსა.

მიშელ აიო-მარი საფრანგეთის ძალოვან უწყებას მაშინ უძღვებოდა, როდესაც შირაკსა და ჯორჯ ბუშს შორის ურთიერთობა ერაყის ომის გამო მეტისმეტად გაფუჭდა. მას არ დაუმალავს, რომ ერაყში ომის წინააღმდეგი იყო: „ომის დაწყება ადვილია, განსაკუთრებით ამერიკის შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის… მშვიდობის დამყარება - გაცილებით რთული“. მოგვიანებით კი, როგორც იუსტიციის მინისტრი, აქტიურად უჭერდა მხარს ჩადრის აკრძალვას და კანონის მიღება ფრანგული ღირებულებების გამარჯვებად მონათლა.

ვნახოთ, როგორ გავლენას მოახდენს გოლისტი ქალბატონი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე, რომელსაც ბოლო დროს ექსპერტები არათანმიმდევრულს უწოდებდნენ და მიზეზად სარკოზისა და კუშნერს შორის „ჩატეხილი ხიდი“ მოჰყავდათ.

ახალ მთავრობას მემარჯვენეთა საარჩევნო კამპანიისთვის შეკრული გუნდი უწოდა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ერვე მორანმა - „საფრანგეთს პლურალიზმი სჭირდება, დემოკრატიას - ბალანსი. 2010 წლის აპრილიდან მოყოლებული, სახელმწიფოს მეთაური აღარ იზიარებს ამ მოსაზრებას, ასე რომ, ჩემი ადგილი საფრანგეთის მთავრობაში აღარ არის“, - თქვა მან.

ერვე მორანის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალან ჟუპე დაინიშნა. ჟუპე, რომელიც 1995-1997 წლებში შირაკის მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო, ნასამართლევია და 18 თვე ციხეში გაატარა საჯარო სახსრებით ბოროტად სარგებლობის გამო. მას საჯარო სამსახურიც აეკრძალა ათი წლით, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ, ვადა ერთ წლამდე შეუმცირეს.

„საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სისხლის სამართლის დამნაშავეა“ - ამგვარი სათაურებით შეეგება ჟუპეს დანიშვნას ბრიტანული პრესა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თვის დასაწყისში საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო რესურსი, როგორც საზღვაო, ისე ატომური, გააერთიანეს, რაც ავტომატურად ნიშნავს ბრიტანეთის მთავრობისა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო ურთიერთობას, ბრიტანული მედიის ემოციური რეაქცია ბუნებრივად მოგვეჩვენება.

სარკოზიმ კაბინეტი დაატოვებინა შრომის მინისტრს - ერიკ ვორსს, რომელიც საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ფლაგმანი გახლდათ. ეს უკანასკნელი, ქვეყნის მეთაურთან ერთად, კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ის მდიდარ მფლობელთან დაკავშირებული სკანდალის მთავარი მოქმედი პირია და ბრალი ედება სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის არაკანონიერი გზით თანხების მოზიდვაში.

საფრანგეთის მთავრობა არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ ეთნიკური კუთხითაც ერთფეროვანი გახდა. მისი რიგები დატოვა ურბანული განვითარების ჩრდილო აფრიკული წარმომავლობის მინისტრმა - ფადელა ამარამ, რომელიც ფრანგული ბანლიოებისთვის (გარეუბნები) „მარშალის გეგმის“ შექმნას ისახავდა მიზნად და რამა იადემ - სენეგალში დაბადებულმა სპორტის მინისტრმა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის 75%25-ზე მეტი სამთავრობო ცვლილებებს არ მიიჩნევს სარკოზის მიმართ ნდობის აღდგენის წინაპირობად. ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტის ამბავს „აურზაური არაფრის გამო“ უწოდა. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად მოახერხებს საფრანგეთის პრეზიდენტი მთავრობის ამ შემადგენლობით თავის სასარგებლოდ მემარჯვენე ამომრჩევლის მობილიზებას.

5 რუსეთი WTO-ში - წინააღმდეგობა ვაშინგტონსა და თბილისში

▲back to top


პოლიტიკა

ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა, ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების წინააღმდეგ აშშ-შიც გამოდიან. კრემლის მაღალჩინოსნები კი აღიარებენ, რომ, ვაშინგტონის მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს წინააღმდეგობა რუსეთის WTO-ში წევრობის გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება

15 ნოემბერს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა WTO-ში რუსეთის გაწევრიანების პროცესი „არ დააჩქაროს“. მისი განცხადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია „კარგი თემაა იმისთვის, რომ რუსული რეჟიმის ჭეშმარიტ არსზე და მის ქმედებებზე დისკუსია განვაახლოთ“.

რუსეთთან მკაცრი დამოკიდებულების მიზეზებს შორის სენატორმა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების შელახვა და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაასახელა. მაკკეინმა აღნიშნა, რომ კრემლი კვლავაც არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

„მართლაც იმსახურებს რუსეთი გაწევრიანებას და შეესაბამება თუ არა აუცილებელ კრიტერიუმებს? მეჩვენება, რომ თეთრმა სახლმა ამ საკითხზე დისკუსია უნდა გააფართოოს“, - აღნიშნა სენატორმა.

ჯონ მაკკეინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელებმა ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკას შეუტიეს. მათ საკმაოდ მკაცრად შეაფასეს რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა ობამას ადმინისტრაციას პრობლემები რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხშიც შეუქმნეს. სწორედ მემარჯვენე სენატორთა ძალისხმევით, მისი განხილვა მომავალი წლისთვის, უკვე ახალი მოწვევის კონგრესის უფლებამოსილების დაწყებამდე გადაიდო. შესაბამისად, ამით ობამას მიერ მოსკოვისათვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება ვეღარ შესრულდება

დღეისთვის რუსეთი WTO-ს მიღმა დარჩენილი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა. მოლაპარაკებებს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოსკოვი 17 წელია აწარმოებს

ვაშინგტონს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცალსახად მხარს უჭერს. ამ პროცესის დაჩქარების მორიგი დაპირება, რუსული მხარის მტკიცებით, ბარაკ ობამამ რუს კოლეგას 14 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის იოკოჰამას სამიტზე პირისპირ შეხვედრისას მისცა. როგორც დმიტრი მედვედევმა განაცხადა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხში „სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს“.

მაგრამ, იოკოჰამას სამიტის კულუარებში რუსმა მაღალჩინოსნებმა ისიც აღნიშნეს, რომ რუსეთისათვის WTO-ში გაწევრიანების გზაზე პრობლემად საქართველოს წინააღმდეგობა რჩება. ეს ფაქტი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში არკადი დვორკოვიჩმა დაადასტურა. ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ „ის ქვეყნები, რომლებიც ორგანიზაციაში ჩვენს გაწევრიანებას მხარს უჭერენ, ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან“. დვორკოვიჩის აზრით, რუსეთის WTO-ში გაწევრიანება მომავალი წლის ბოლომდე მოხდება

როგორც, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, „პირობებს, რასაც საქართველო აყენებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ან რუსეთის მასში გაწევრიანებასთან კავშირი არ აქვს“.

ქართული მხარის პოზიცია კიდევ ერთხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 7 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტით ყოფნისას გამოთქვა. მისი განცხადებით, საქართველო WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მოსკოვი ამ ორგანიზაციის წესებს შეასრულებს. კერძოდ, უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საბაჟო გამშვები პუნქტების გამჭვირვალობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, WTO-ს წესები მოითხოვს.

იმ პრობლემების მიუხედავად, რასაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხი ქმნის, აშშ-ის ადმინისტრაცია თბილისსა და მოსკოვს შორის ამ საკითხში შუამავლის ფუნქციის შესრულებას არ აპირებს. აშშ რუსეთის წევრობაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველოსთვის რაიმეს შეთავაზებას არ გეგმავს. ეს მიდგომა ოქტომბრის ბოლოს გამოცემა Foreign Policy-სთან საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა. წყაროს განცხადებით, ეს საკითხი რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების თემაა. თუ რუსეთს WTO-ს წევრობა ნამდვილად სურს, მან პირველი ნაბიჯი თბილისთან მოლაპარაკებებისათვის თავად უნდა გადადგას. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება, თუ საქართველოსთან ძირითად სასაზღვრო და საბაჟო პრობლემებს ვერ მოაგვარებს

0x01 graphic

სენატორი ჯონ მაკკეინი

6 პენიტენციური რეფორმის ახალი ეტაპი უფრო მოქნილი და სამართლიანი სისტემისაკენ

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

საქართველოში პირობით ვადამდე გათავისუფლების ახლებური პრინციპი ამოქმედდა. პატიმრობის ახალი კოდექსის მიხედვით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები შეიქმნა. ისინი უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას, პირი გაათავისუფლონ, თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეუცვალონ.

ამჟამად სულ სამი საბჭო ფუნქციონირებს - აღმოსავლეთის, დასავლეთისა და არასრულწლოვანთა. მომავალში საბჭოების რაოდენობის ზრდაცაა შესაძლებელი.

ცვლილებები პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ძალაში ოქტომბერში შევიდა. იქამდე პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს ერთი ცენტრალიზებული კომისია განიხილავდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოში მიიღებოდა.

საბჭოებმა თავიანთი მოვალეობა პირველად ნოემბრის პირველ ნახევარში შეასრულეს. მათ, საერთო ჯამში, 20 პატიმრის განცხადება დააკმაყოფილეს - აღმოსავლეთის საბჭომ-14, დასავლეთის საბჭომ-4, ხოლო არასრულწლოვანთა საბჭომ - 2.

შუამდგომლობის განხილვისას საბჭო აფასებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში; წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს; ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; პატიმრის პიროვნებას; მის ოჯახურ მდგომარეობას; ასევე იმას, მიღწეულია, თუ არა სასჯელის მიზანი და ა.შ.

პირობით ვადამდე გათავისუფლება არ ნიშნავს სასჯელის მოხდისგან სრულ გათავისუფლებას. შემდგომში მსჯავრდებულის ყოფაქცევას პრობაციის ბიურო აკონტროლებს. კონტროლის გარდა, ისინი ამ ადამიანებს რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში ეხმარებიან.

თავის მხრივ, საბჭოებს მუდმივმოქმედი კომისია ზედამხედველობს. ის არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს საბჭოების ანგარიშებს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. კომისიას შეუძლია, გამოითხოვოს საბჭოს განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ კომისია უარს იტყვის გათავისუფლებაზე, ეს შეიძლება სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრდეს, ისევე როგორც საბჭოს უარი.

როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ტატო ქელბაქიანი განმარტავს, ცვლილების მიზანი დეცენტრალიზებული სისტემის შექმნაა. მისი თქმით, რაც უფრო დეცენტრალიზებულია სისტემა, მით უფრო ეფექტიანად მუშაობს და მეტ ადამიანს მიეცემა გათავისუფლების საშუალება.

სასამართლოებს პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გარდა, სხვა უამრავი ფუნქცია აქვთ. იმ ორგანოების შექმნა კი, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე იქნებიან ფოკუსირებული, მისი თქმით, იმედს იძლევა, რომ თითოეული ადამიანის პირად საქმეს მეტ ყურადღებას დაუთმობენ. ქელბაქიანი ხაზს უსვამს, რომ საბჭოებში დაცულია ყველა ის პრინციპი, რაც სამართლიანი სასამართლოს სტანდარტია - ზეპირი მოსმენა, ადვოკატის მონაწილეობა, შეჯიბრებითობა...

ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) წარმომადგენელი ცირა ჭანტურია ცვლილებებს დადებითად აფასებს. ის ხაზს უსვამს როგორც დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას, ასევე არასრულწლოვნების საბჭოს ცალკე ერთეულად გამოყოფას და იწონებს მათთვის შემუშავებულ მიდგომებს. ეს საბჭო საქმეებს არასრულწლოვანთა სპეციფიკის გათვალისწინებით განიხილავს.

არასრულწლოვნების მიმართ განსხვავებული მიდგომა ინერგება პირობით ვადამდე გათავისუფლების ხელახლა თხოვნის ვადებთან დაკავშირებითაც. საბჭო ყოველთვიურად განიხილავს შუამდგომლობებს. უარის შემთხვევაში, პატიმარს უფლება აქვს 6 თვის შემდეგ მას ხელახალი თხოვნით მიმართოს. არასრულწლოვნებისთვის კი ეს ვადა სამი თვით განისაზღვრება.

არასრულწლოვნებისთვის გასულ კვირას კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა - განრიდებისა და მედიაციის. განრიდება პროკურორის მხრიდან არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას გულისხმობს ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრების გზით.მედიაცია კი არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესია, თუ დაზარალებულიც თანახმაა. მისი უარი განრიდების პროცესს არ აფერხებს. შანსი იმ არასრულწლოვანს ეძლევა, რომელიც პირველად ჩაიდენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ის უნდა აღიარებდეს ბრალს და ბოდიში მოიხადოს. არასრულწლოვანი და მისი ოჯახი ასევე მზად უნდა იყვნენ დაზარალებულისთვის (თუ თავად უარს არ იტყვის) ზიანის ასანაზღაურებლად.

არასრულწლოვანთან ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება (მაქსიმუმ 12 თვით). ამ ხელშეკრულებით მისი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება. მასზე ხელს აწერს სოციალური მუშაკიც, რომელიც პროკურორთან ერთადაა ჩართული პროცესში. დაკისრებული სანქცია მისი ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს. ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას მის პიროვნებასა და ინტერესებს გაითვალისწინებენ.

თუ არასრულწლოვანი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს, პროკურორი უფლებამოსილია დაიწყოს, ან განაახლოს სისხლის სამართლებრივი დევნა. განრიდების შანსი არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ ეძლევა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილების მიზანი, ერთი მხრივ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაა. მეორე მხრივ კი, რეციდივის - განმეორებითი დანაშაულის - თავიდან არიდება.

პროგრამა ჯერჯერობით ოთხ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში - ამოქმედდა.

7 ოკუპაციას არ ვაღიარებთ

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ოკუპირებული უწოდა. ეს მან 17 ნოემბერს ბრიუსელში, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს მგრძნობიარე თემაა და მასზე ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვქონდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არაერთხელ გამოვხატეთ ღიად, რომ საქართველოს რომელიმე ნაწილის ოკუპაციას არ ვაღიარებთ. ჩვენი პოზიცია ნათელია. მას მომავალშიც დავიცავთ”, - თქვა მან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას თავის სახელს არქმევს.

ბრიფინგზე ჟოზე მანუელ ბაროზომ და მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მიმოიხილეს.

ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირს ძლიერი სტრატეგიული ინტერესი აქვს, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობა, კეთილდღეობა და დემოკრატია იყოს. საქართველო კი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია.

მან ხაზი გაუსვა ორმხრივ თანამშრომლობას - ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, რაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას მოიცავს.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მისი თქმით, კანონმდებლობისა და რეგულაციების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია. თუმცა, მათ განსახორციელებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო. ბაროზოს განცხადებით, მოლაპარაკებების დაწყება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.

ბაროზომ აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის სამხრეთ კორიდორის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებისთვის. საქართველოს განსაკუთრებული ტრანზიტული როლი აქვს. მან მოუწოდა ქართულ მხარეს ევროპის ენერგოთანამეგობრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი. მისი წევრობა საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „საქართველოს არჩევანი არის ევროპა. მას ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს, ევროპა დააფასებს ამას და სულ უფრო მეტად შეხედავენ საქართველოს, როგორც არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყანას, არამედ როგორც ამ არაჩვეულებრივი გაერთიანების სრულფასოვან წევრს“.

8 ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს

▲back to top


პოლიტიკა

პროფესორი სტივენ ფ. ჯოუნსი,
მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი

ცივი ომის დასრულების შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ საყოველთაო მიმზიდველობა დაკარგა. მას ისეთივე ცუდი თვისებები მიეწერა, როგორც კომუნიზმს. კომუნიზმის მსგავსად, ეს იყო მემარცხენე იდეოლოგია - თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგე, ყავლგასული, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენს თავისუფლებებს. მაგრამ კომუნიზმისა და სოციალ-დემოკრატიის დაწყვილება ისევე არასწორია, როგორც ლიბერალიზმის გაიგივება ფაშიზმთან. ნეოლიბერალი პოლიტიკოსები საქართველოში ამ ასოციაციას იყენებენ ეკონომიკაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ჩარევის ნებისმიერი ისეთი მცდელობის დასაგმობად, რომელიც დაქირავებულთა უფლებების ან გარემოს დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა, ამ თემით მანიპულირება აქ არ მთავრდება, იგი უფრო შორს, ქვეყნის წარსულში მიდის. ერიკ ჰობსბაუმს ნათქვამი აქვს, რომ ისტორიის „არჩევას, დაწერას, აღწერას, პოპულარიზებას და ინსტიტუციონალიზებას ისინი აკეთებენ, ვისი ფუნქციაც ამის კეთებაა“. საბჭოთა საქართველოში, ისტორიის შექმნა პარტიისა და მორჩილი ინტელიგენციის ფუნქცია იყო, რომლებიც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, იმასაც გვიმტკიცებდნენ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი პროგრესული აქტი იყო და რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ასახავდა. ასეთი ისტორიული შეფასება საბჭოთა იდეოლოგიის ნაკარნახევი იყო. საქართველოში დღეს წარსულის ასეთივე იდეოლოგიზებული ხედვაა. თუ ნეოლიბერალიზმი კარგია, მაშინ ყველაფერი, რაც წარსულში მარცხნივ იხრებოდა - სოციალ-დემოკრატიიდან დაწყებული კომუნიზმით დამთავრებული - ცუდი უნდა იყოს. ამაში, რასაკვირველია, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც შედის.

ხშირად არასწორად მენშევიკურად წოდებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დღეს ან იგნორირებულია (შეგნებულად დავიწყებული ისტორია), ან დაგმობილია, როგორც მარქსისტული სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატა. ითვლება, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები უკიდურესი მემარცხენეები იყვნენ, რის გამოც პატრიოტები ვერ იქნებოდნენ; მათი ერთგულება სოციალისტური იდეებისადმი კი მიჩნეულია ანტიეროვნულად და ანტირაციონალურად. ამბობენ, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პოლიტიკამ ხელი შეუშალა ძლიერი ერისახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ბოლშევიკური რუსეთისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას. ამ მიდგომის ნათელი მაგალითია „ქართულ ჟურნალში“ (2010 წლის 7-13 ოქტომბერი, გვ.15) გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ღალატი იყო. სტატიაში ნოე ჟორდანია დახასიათებულია უიმედოდ გულუბრყვილო, სუსტ ადამიანად, რომელიც პასუხისმგებელია პირველი რესპუბლიკის მარცხზე. ნათქვამია, რომ მან „საქართველო სოციალიზმისა და კომუნიზმის თავშესაფრად აქცია“ და „აიძულა ფრანგი და ინგლისელი სამხედრო შენაერთები და ფლოტი, საქართველო დაეტოვებინათ“. ასევე წერია, რომ 1920 წლის გაზაფხულზე, ხელშეკრულების ხელმოწერის ნაცვლად, საქართველოს არმიას სამხრეთ კავკასია უნდა გაეთავისუფლებინა რუსული სამხედრო შენაერთებისაგან.

0x01 graphic

ნოე ჟორდანია

ეს განცხადებები ფანტასტიკის სფეროდანაა. 1920 წლის მაისის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბოლშევიკების მდგომარეობა, მიუხედავად კომუნისტური პარტიის ლეგალიზებისა, გაუარესდა. ეს შედეგი იყო როგორც საქართველოს მთავრობის რეპრესიებისა, ასევე ადგილობრივი ბოლშევიკების დემორალიზებისა იმის გამო, რაც მათ საქართველოს მთავრობის წინაშე კაპიტულაციად მიიჩნიეს. ჯერ ერთი, საქართველო არ იყო ბოლშევიკების „თავშესაფარი“ (გაუგებარია, ვინ იგულისხმება „სოციალისტად“). მეორე, ფრანგებსა და ინგლისელებს ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების მაისის ქმედებების გამო არ დაუტოვებიათ; მათ მანამდე გამოაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ საქართველო და მანდატი იტალიელებისათვის გადაებარებინათ, რასაც საქართველოს მთავრობაც უჭერდა მხარს. მესამე, მიუხედავად იმ დროს ბოლშევიკთა დანაკარგებისა უკრაინაში, საქართველოს არმიას და ეროვნულ გვარდიას არ ჰქონდა საკმარისი რესურსები, ესარგებლათ ბოლშევიკების სისუსტით და კავკასიიდან გაეძევებინათ რუსული სამხედრო ძალები. ასეთი ომი დაასუსტებდა ისედაც ფინანსურად გაკოტრებულ სახელმწიფოს და უმცირესობებს შორის ეთნიკურ შუღლს გააღვივებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 1920 წელს ჟორდანიას მშვიდობა ესაჭიროებოდა, მშვიდობა ესაჭიროებოდა ქართველ ხალხსაც.

„ქართულ ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში გრიგოლ უროტაძე, რომელიც რუსეთთან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დახასიათებულია სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოუცდელ წევრად, რომელიც არ იყო „პოლიტიკური ფიგურა“. ეს დახასიათება არასწორია - 1904-1905 წლებში გურიის აჯანყებაში მისი წამყვანი როლის შემდეგ, უროტაძე პარტიის გამოცდილი და აქტიური წარმომადგენელი იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებაში. რუსეთთან ხელშეკრულება, რომლის მოლაპარაკებასაც იგი უძღვებოდა, არ იყო სრულყოფილი, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილიც კი დაეთანხმებოდა იმ აზრს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად. ეს ხელშეკრულება ნოე ჟორდანიას მემარცხენე სიმპათიების კი არა, მისი ზომიერი პრაგმატიზმის ამსახველია.

საბჭოთა მემკვიდრეობას საქართველოში ღრმა ფესვები აქვს. თუმცა, საკმარისი დროა უკვე გასული (20 წელი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ემოციებისა და ყველაფერი მემარცხენისადმი უარყოფითი განწყობის გარეშე რომ შეფასდეს. პირველი რესპუბლიკის ნებისმიერი სამართლიანი ანალიზი დაგვანახებდა იმ უკიდურეს სირთულეებს, რომელთა წინაშეც ნოე ჟორდანიას მთავრობა იდგა - კომპრომისიროგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში გარდაუვალი იყო ისეთი პატარა და სუსტი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. 1928-1921 წლების ქართული სოციალ-დემოკრატიის სათანადო და თავშეკავებული კვლევა დაგვანახებდა, რომ ისინი არავისზე ნაკლები პატრიოტები არ იყვნენ; ბევრმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ქართული სოციალ-დემოკრატია არ იყო არაპატრიოტული და როგორც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ბოლშევიზმთან მათი ბრძოლით დაამტკიცეს, მათ კომუნიზმთან არაფერი ჰქონდათ საერთო.

1888 წელს ილია ჭავჭავაძემ თქვა: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“. საქართველოს მდიდარი, მრავალფეროვანი ისტორია აქვს და პოლიტიკურ ელიტებს შორის ნეოლიბერალიზმის სისწორეზე ამჟამად არსებულმა კონსენსუსმა არ უნდა დაჩრდილოს ის კონსტრუქციული ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც სოციალ-დემოკრატების ისეთი ლიდერები ატარებდნენ, როგორებიც ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი იყვნენ. ისინი თანამედროვე ქართული ერისა და რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები“ იყვნენ და იმსახურებენ, რომ სამშობლოს პატრიოტ ქართველებად ახსოვდეს

0x01 graphic

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა

9 ორუელის აჩრდილი

▲back to top


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

„კინგ, შენ ერთადერთი რამ დაგრჩა გასაკეთებელი. იცი რასაც ვგულისხმობ. შენ დამთავრდი. შენთვის ერთადერთი გზა არსებობს. შენთვისვე აჯობებს თუ ამ გზას აირჩევ, სანამ შენი ბილწი არსება გაშიშვლებულა მთელი ერის წინაშე“ - ასეთი შინაარსის წერილი მიიღო მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა ერთ მშვენიერ დღეს. იმავე დღეს მისმა მეუღლემ ფოსტით მიიღო აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდებოდა კინგის სასიყვარულო ურთიერთობა სხვა ქალთან.

როგორც წერილის, ისე ჩანაწერის „ავტორი“ გახლდათ ჯონ ედგარ ჰუვერი, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ერთ-ერთი დამაარსებელი და ამავე ბიუროს დირექტორი 37 წლის განმავლობაში. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, გაითვალისწინა რა ჰუვერის უზომოდ დიდი ავტორიტეტი, სპეციალური გამონაკლისი გააკეთა მისთვის, არ გაუშვა სავალდებულო პენსიაზე 70 წლის ასაკში, და სიცოცხლის ბოლომდე დატოვა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორად. ჰუვერის ეს ქმედება მიზნად ისახავდა მარტინ ლუთერ კინგის იძულებას თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე.

0x01 graphic

2006 წელს საქართველო შეუერთდა 1981 წლის ევროპულ კონვენციას „პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ჩვენს სახელმწიფოს მიიღოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. კანონი ასეთი სახელწოდებით უკვე მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს ისეთი საკითხების დარეგულირებას, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა დამუშავების წესები, გარდაცვლილ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა, მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება საჯარო დაწესებულებების და კერძო პირების მიერ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება ქუჩასა და შენობებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ კანონი ვრცელდება როგორც საჯარო დაწესებულებებზე, ისე კერძო კომპანიებზე. შესაბამისად, ბიზნესი პერსონალური მონაცემების დაცვის ისეთივე წესებს უნდა მიჰყვეს, როგორსაც მიჰყვება მაგალითად სამოქალაქო ან საჯარო რეესტრი. წესების დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია შესაბამისი ჯარიმები, რამდენიმე ასეული ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე.

თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნული კანონის მიღება გაზრდის ბიზნესის ხარჯებს. რამდენად დიდი იქნება ნეგატიური ეფექტი ამა თუ იმ ბიზნესისთვის, რთული გასათვლელია და დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად მოხდება კანონით განსაზღვრული რეგულაციების დეტალიზება და რამდენად მკაცრი იქნება მათი ადმინისტრირება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ კანონის მთავარი პრობლემა მხოლოდ ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯების გაჩენაში არ მდგომარეობს.

განვითარებულ ქვეყნებში პერსონალური მონაცემების დაცვის სხვადასხვა პრაქტიკა ჩამოყალიბდა. მაგალითად აშშ-ში მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ერთიანი ფედერალური კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობს. კონფიდენციალურობის დაცვის ამერიკული პრაქტიკა პირადი მონაცემების სფეროში დარღვევების გამოსწორებას ძირითადად საბაზრო მექანიზმებით ან სასამართლო დავების წესით ითვალისწინებს. შესაბამისად, აშშ-ში არ არსებობს მონაცემთა დაცვის მაკონტროლებელი არც რაიმე სპეციალური ინსტიტუტი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კი ეფუძნება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას და ითვალისწინებს სპეციალური სახელმწიფო მაკონტროლებლის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის - შექმნას. ინსპექტორის ერთ-ერთი ამოცანა იქნება „მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში'. ხოლო აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, ინსპექტორი „უფლებამოსილია, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებულ პირთა განცხადების საფუძველზე, განახორციელოს მონაცემთა ნებისმიერი დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის შემოწმება“. იგი ასევე უფლებამოსილია „შემოწმების ჩატარების მიზნით შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინ ფორმაციას მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლადშექმნილ სახელმწიფო სტრუქტურას ექნება უფლება შევიდეს ყველგან, სადაც მოესურვება და მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ მოქალაქეზე.

0x01 graphic

რამდენ ორგანიზაციასა თუ დაწესებულებაში შეგივსიათ რაიმე სახის განაცხადის ფორმა, სადაც პირადი მონაცემები მიუთითეთ? ოდესმე გახსენით ბანკში ანგარიში? სუპერმარკეტში პროდუქტების შეძენის მიზნით საკრედიტო ბარათით სარგებლობთ? რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში შემთხვევით ანკეტა ხომ არ გაქვთ გახსნილი? მობილური ტელეფონით ეკონტაქტებით თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს? ინტერნეტში შედიხართ პირადი კომპიუტერიდან?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს შევიდეს ორგანიზაციაში, სადაც თქვენ მუშაობთ და მოითხოვოს თქვენ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, მოიპოვოს ნებისმიერ ბანკში თქვენს ანგარიშებზე მოძრავი თანხების შესახებ დეტალური მონაცემები, მიიღოს თქვენი საცხოვრებელი კორპუსის ნულოვან სართულზე მდებარე სუპერმარკეტიდან ინფორმაცია იმის თაობაზე საშუალოდ რამდენ კილოგრამ სოსისსა და ლუდს შეიძენთ თვის განმავლობაში, საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში გაეცნოს თქვენს ჯანმრთელობის პრობლემებს, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიისგან შეიტყოს ვის ესაუბრებით, ხოლო ინტერნეტ კავშირის მომწოდებლისგან - რომელ ვებ-გვერდებზე გიყვართ სტუმრობა.

ამ შემთხვევაში აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ევრო-ბიუროკრატების მოთხოვნის საფუძველზე იქმნება სრულიად ზედმეტი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის შენახვაც დამატებით ხარჯად დააწვება გადასახადის გადამხდელებს. ნებისმიერი ეკონომიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ კანონის მიღებასთან, მეორე პლანზე გადადის, რადგან იზღუდება ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლება და სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტები აქტიურად შეიჭრას მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპერტებს GOOGLE-ით გაკეთებული რამდენიმე საძიებო ოპერაციის საფუძველზე შეუძლიათ დახატონ ადამიანის ფსიქო პორტრეტი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ კანონით ფაქტობრივად ვუახლოვდებით ორუელისეულ 1984-ს, სადაც „დიდი ძმა“ ყველაფერს ხედავს და ისმენს.

პრობლემა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების შიშში არ არის. ჩვენ შეიძლება თვალდახუჭული ვენდობოდეთ ხელისუფლებას, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ შემდეგი ხელისუფლებები ბოროტად არ გამოიყენებენ ამ კანონით მინიჭებულ უფლებებს კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ? ესეც რომ არ იყოს, ხელისუფლებები ხშირად იცვლიან შეხედულებებს გამომდინარე პოლიტიკური თუ სხვა ტიპის მოსაზრებებიდან და მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დღეს ხელისუფლების მიერ პერსონალური მონაცემების მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე - ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ სკეპტიკურები და ვიკითხოთ: რა უფრო მნიშვნელოვანია, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს რამდენიმე ადამიანს მათი პერსონალური მონაცემების ვინმეს მიერ დაუკითხავად გამოყენების შემთხვევში (მითუმეტეს თუ მათ ექნებათ სასამართლოს გზით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა), თუ ზოგადად ადამიანების თავისუფლება სახელმწიფო კონტროლისგან?

ადამიანები არ არიან ანგელოზები. ისინი უშვებენ შეცდომებს. ვერც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იქნება ანგელოზი. ისტორია კი სავსეა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა წინააღმდეგ პერსონალური მონაცემების გამოყენების მაგალითებით, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა რომელიღაც ბიუროკრატმა. ეს სტატია ერთ-ერთი გახმაურებული მაგალითით დავიწყე.

10 თბილისის ბიუჯეტი - დასაზოგი კიდევ ბევრია

▲back to top


ეკონომიკა

0x01 graphic

თბილისის საკრებულო
ფოტო: ხატია ფსუტური ©

თბილისის ბიუჯეტი ქამრების შემოჭერას დეკლარირებული სიტყვებიდან საქმედ აქცევს. 2011 წელს თბილისის ბიუჯეტი 123 მილიონი ლარით მცირდება: შემოსავლები - 104 მილიონი, ხოლო ხარჯები - 131 მილიონი ლარით.

თბილისის მერია საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებას 2011 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით (65 მილიონი ლარი), 17 მილიონი ლარით ამცირებს. მერიის სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 30%25-ით იკლებს. მცირდება მათი შრომის ანაზღაურებაც: მიმდინარე წელთან შედარებით (22 მილიონი ლარი), 2011 წელს ამ მიმართულებით (15 მილიონი ლარი), 7 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.

სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკა ხარჯების თითქმის ყველა პუნქტს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ თბილისის საკრებულოა. საკრებულოს დაფინანსება 1.2 მილიონი ლარით იზრდება. იქ მომუშავეთა რიცხვი 40 კაცით შემცირდა. თუმცა შრომის ანაზღაურება 100 მილიონი ლარით გაიზარდა.

თბილისის ბიუჯეტის მთავარი მიზანი სერვისის გაუმჯობესებაა. ზედმეტი ხარჯების შეკვეცასთან ერთად, თბილისის ბიუჯეტი პრიორიტეტებს განსაზღვრავს

თბილისის მერიამ 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობასთან ერთად დაგეგმა. მათ შორისაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, მოსახლეობისთვის მომსახურების გაუმჯობესება, ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, ასევე ქალაქის გამწვანება, განათლება და გარეგანათება.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქის ბიუჯეტის ეკონომიკური საქმიანობის პუნქტში შედის. აქვეა გზებისა და ეზოების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთებაც. სულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს რიცხვი, 2010 წელთან შედარებით (153 მილიონი ლარი), 63 მილიონი ლარით ნაკლებია.

2011 წელს თბილისის მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 112 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2011 წლის ბიუჯეტი აქცენტს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე - ხანდაზმულებზე, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებზე აკეთებს. ხანდაზმულთა პენსიების დანამატებით უზრუნველყოფისთვის 2011 წელს ბიუჯეტი 24.6 მილიონ ლარს გამოყოფს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით (24.1 მილიონი ლარი) 500 ათასი ლარით მეტია. გრძელდება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაც. ამ მიმართულებით 2011 წლის ბიუჯეტში 1.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წელთან შედარებით (1.4 მილიონი ლარი), 300 ათასი ლარით მეტია. სულ სოციალურ დაცვაზე მიმდინარე წელთან შედარებით (125 მილიონი ლარი), 13 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.

მოსახლეობისთვის მომსახურების გაუმჯობესება და გარეგანათება, ასევე, ბინების მესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითარება და სადარბაზოების შეკეთება ქალაქის ბიუჯეტის თბილისის მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მეურნეობის პუნქტში შედის. საბინაო-კომუნალური მეურნეობისთვის 196 მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს რიცხვი, მიმდინარე წელთან შედარებით (226 მილიონი ლარი), 30 მილიონი ლარით ნაკლებია.

0x01 graphic

გიგი უგულავა
ფოტო: ხატია ფსუტური ©

ქალაქის დასუფთავება და გამწვანება ქალაქის ბიუჯეტის გარემოს დაცვის მუხლში შედის. აქვე იგულისხმება ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება, ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა. თბილისის გარემოს დაცვას 2011 წელს 63.2 მილიონი ლარი მოხმარდება. ეს რიცხვი, მიმდინარე წელთან შედარებით (63.3 მილიონი ლარი), 100 ათასი ლარით ნაკლებია.

2011 წელს განათლებას თბილისის ბიუჯეტიდან 31 მილიონი ლარი მოხმარდება. აქ შედის სკოლამდელი აღზრდა და ბაგა- ბაღების დაფინანსება. მიმდინარე წელთან შედარებით (45 მილიონი ლარი), ამ მიმართულებით, 14 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.

თბილისის ბიუჯეტი ამ პრიორიტეტების გარდა, საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კულტურას აფინანსებს. აქედან, მიმდინარე წელთან შედარებით, საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებაზე 18 ათასი ლარით, ხოლო კულტურაზე - 548 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება. ჯანმრთელობის დაცვის ხარჯი 3 მილიონი ლარით მცირდება. ყველა ეს მიმართულება ცენტრალურ ბიუჯეტთან საზიაროა.

მოსახლეობის პრიორიტეტებს შორის მოხვდა ორი პროგრამა: ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე და თბილისის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

2011 წელს თბილისის ეკონომიკის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 5.3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროგრამის მიზანია ბიზნესის დაწყების მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება. პროგრამის ფარგლებში იგეგმება იაფი სესხების გაცემა მცირე და საშუალო ბიზნესებზე, დამწყები ბიზნესმენებისთვის ტრენინგი და ბიზნესკონსულტაციები. მიმდინარე წელთან შედარებით (4.6 მილიონი ლარი), 2011 წელს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, 637 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა. ბიუჯეტი არ აკონკრეტებს თანხას, რომელიც თითოეულ ქვეპროგრამას მოხმარდება. არც ტრენინგებისა და ბიზნესკონსულტაციების რაოდენობა და ხანგრძლივობაა დაზუსტებული.

2011 წელს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის ფარგლებში 64 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის მთავარი მიზანია სამშენებლო ბიზნესის განვითარება და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მიმდინარე წელთან შედარებით (10 მილიონი ლარი), 2011 წელს ბიუჯეტიდან 54 მილიონი ლარით მეტი გამოიყოფა.

ორივე ეს პროგრამა მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს. 2010 წლიდან მომავალ წელს კიდევ 10 პროგრამა გაგრძელდება.

თბილისის მერიამ შეძლო ის, რაც ვერც ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ვერც საკრებულომ ვერ მოახერხა - მაქსიმალურად შეკვეცა ხარჯები, მათ შორის, პირველ რიგში, ადმინისტრაციული და ბოლომდე შეინარჩუნა ყველა ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, ბიუჯეტის განხილვების პროცესში არ დათმო მთავარი პრინციპი - 2011 წლიდან შემცირდება ადამიანების პირდაპირი სუბსიდირება დახმარებებით და მათი დასაქმების ალბათობა გაიზრდება.

11 სტივენ ბლანკი: რესპუბლიკელების გამარჯვება - დარტყმა „გადატვირთვისთვის“

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

სტივენ ბლანკი - ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯისსტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი.

ინტერვიუ არ გამოხატავს კოლეჯისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოზიციას

  • თქვენ გააკრიტიკეთ ობამას ადმინისტრაცია „გადატვირთვისა“ და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პოლიტიკის გამო. თუ ჩავთვლით, რომ ობამას პრეზიდენტობის პირველი ფაზის მიზანი იყო შტატების, როგორც „მეგობრული სახელმწიფოს“ იმიჯის აღდგენა მსოფლიოში, და ეს მიზანი მიღწეულია, ხედავთ ცვლილების ნიშნებს ან შესაძლებლობას ამ თვალსაზრისით?

„გადატვირთვის“ მთავარი პრობლემა იყო ამერიკის სტრატეგიის არარსებობა ევრაზიასთან. სტრატეგიის არარსებობა ჩანს როგორც სტრატეგია და მოსკოვმა ამის თავისებური ინტერპრეტირება მოახდინა: თითქოს ვაშინგტონმა თქვა, „კი, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გავლენის სფეროები“. რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობას არ აქვს ეკონომიკური საფუძველი. ჩინეთის შემთხვევაში გვაქვს უზარმაზარი ინვესტიციები და აქტიური ვაჭრობა, რუსეთში კი - არა. შესაბამისად, არც რუსეთში და არც შეერთებულ შტატებში არ მოიპოვება შიდა „ლობი“, რომელიც დაინტერესებულია ამ ურთიერთობებით. თუ ასეთ ვითარებაში რომელიმე მხარეს სურს „გადატვირთვის“ მსგავსი პოლიტიკის გატარება, მას ამისთვის საშინაო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. რუსეთში ასეთი მხარდაჭერის შექმნის შესაძლებლობა არ არის, თუ არ ჩავთვლით მცირერიცხოვან ელიტას. იქ ფიქრობენ - „ჩვენ არანაირ სერიოზულ დათმობებზე არ წავალთ“, ხოლო ეს შანსი დასავლეთის ხარჯზე მეტი სტრატეგიული წარმატების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც ვერ მოახერხა „გადატვირთვისთვის“ საშინაო მხარდაჭერის შექმნა ან იმის ახსნა, თუ რატომ არის ეს კონკრეტული პოლიტიკა მნიშვნელოვანი ამერიკისთვის. შედეგად, ვხედავთ რესპუბლიკელების მზარდ ოპოზიციას და უკმაყოფილებას ამ პოლიტიკის გამო.

  • რუსეთი იმყარებს სამხედრო პოზიციებს რეგიონში. ამაზე მეტყველებს ბაზების მშენებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გიუმრის ბაზით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელება და ა.შ. როგორ შეუძლია დასავლეთს ამ სამხედრო ექსპანსიის შეჩერება?

მხოლოდ NATO-სა და შეერთებული შტატების ერთობლივი წინააღმდეგობით. ამერიკა ატარებს კონკრეტულ პოლიტიკას, რომ საქართველომ არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, რუსეთმა პროვოკაციულად განიხილოს - თავს ვიკავებთ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე, რაც არც ისე ბრძნული პოლიტიკაა რუსეთის შესაჩერებლად და ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა არ გამოიყენოს. თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ დე ფაქტო ემბარგო გადაიხედება და ამერიკა განაახლებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას. მაგრამ, ამავე დროს, რუსეთის პოლიტიკური სისტემა სულ უფრო და უფრო ანტიდემოკრატიული ხდება. შესაბამისად, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ყოველთვის დიდია, რაც მუდმივი დაძაბულობის მიზეზს ქმნის.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 თვეშია დაგეგმილი და ჯერჯერობით ნაადრევია იმის ვარაუდი, თუ როგორ იმუშავებს ეს ფაქტორი სამხედრო პოზიციების გამყარებასთან კომბინაციაში. თუმცა მზარდი ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში და მოსკოვს წარმოდგენა არ აქვს როგორ გაუმკლავდეს მას - ამცირებს საქართველოზე თავდასხმის ალბათობას. 2008 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიაში 250 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იყო და მაშინაც ვერ შეაჩერეს ძალადობა. ეს არც ახლა ძალუძთ - რუსებს არ აქვთ პასუხი ძალადობის ყოველდღიურ ფაქტებზე დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო- ბალყარეთში. ამ ვითარებაში ფრონტის გაფართოება სტრატეგიული შეცდომა იქნება მოსკოვისათვის, მით უმეტეს NATO-სა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ვთვლი, რომ დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში მისთვის გარკვეულწილად დამცავი მექანიზმია.

  • ამ კონტექსტში ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ რას იტყვით?

საქართველოს მთავრობის და, კერძოდ, სააკაშვილის ეს ნაბიჯი დათვისთვის კუდის მოქაჩვას მიაგავს... მაგრამ ეს გაფრთხილებაა მოსკოვისთვის. რუსეთის ხელისუფლება, სამხედრო ძალის გამოყენებით თავს გვახვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოითხოვს, რომ ეს ყველამ აღიაროს. ეს პრეცედენტია. ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკურ უმცირესობებს შეუძლიათ თქვან: „ჩვენ ვართ თანასწორი ერები და გვავიწროვებენ, რადგან დამოუკიდებლობა გვსურს“. ასე რომ, საქართველომ ამ ნაბიჯით რუსეთს უკან დაუბრუნა პრეცედენტი, რომელიც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში თავად შექმნა.

ევროკავშირი მუდმივად აცხადებს საკუთარი გააქტიურების შესახებ, მაგრამ, რომც დავუჯეროთ, ეს მხოლოდ მცირედია. ევროკავშირს არასოდეს ჰქონია სტრატეგია კავკასიაში და არც ახლა აქვს. ამერიკა არ წავა იმაზე შორს რუსეთთან, ვიდრე ახლაა, რადგან ვაშინგტონი დიდ თამაშს თამაშობს მოსკოვთან. ეს ფაქტია, და საქართველოს მთავრობამ ახალ რეალობასთან ადაპტირება უნდა შეძლოს.

  • როგორ?

საქართველოს გაძლიერებით, ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ უნდა განაგრძოს ქვეყნის განვითარება ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეული შედეგების საფუძველზე.

  • ენერგოტრანზიტის პროექტები, რომლებშიც საქართველოა ჩართული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა დასავლეთისთვის. ფიქრობთ, რომ ეს „წითელი ხაზია“ შტატებისა და ევროპისთვის იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მათ საბოტირებას შეეცდება?

გეთანხმებით. ეს ის საკითხებია, რომელიც, ჩემი აზრით, დასავლეთმა უკვე წამოჭრა რუსეთის წინაშე. ამ პროექტებს შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოები აუცილებლად დაიცავენ.

  • დოვილში შედგა სამი სახელმწიფოს მეთაურის არაფორმალური სამიტი. ფიქრობთ, რომ ევროპის სახელმწიფოების ლიდერების მიერ უსაფრთხოების საკითხების განხილვა რუსეთთან ამერიკის მონაწილეობის გარეშე ვაშინგტონისთვის შეშფოთების მიზეზია?

ნათელია, რომ გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ ინდივიდუალური გარიგებების მიღწევას მოსკოვთან. საფრანგეთს არ უნდა გერმანიას ჩამორჩეს. ეს შეშფოთების მიზეზია ვაშინგტონისთვის, რადგან ამან, შესაძლოა, ალიანსის ერთობა შეარყიოს.

  • რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? გულისხმობთ, რომ ევროპული სახელმწიფოები, შესაძლოა, დათანხმდნენ მედვედევის მიერ შემოთავაზებულ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის პროექტს, ან მის სერიოზულ განხილვას?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი მედვედევის პროექტს უარყოფს, რუსეთს შეუძლია ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა. მეორეც, მოსკოვისთვის მთავარი საფრთხე გაერთიანებული ევროპაა, უფრო ზუსტად, ერთიანი დემოკრატიული ევროპა. იმედი მაქვს, ევროპელები ხვდებიან, რომ მხოლოდ ერთიანობით და დემოკრატიულობით შეუძლიათ რუსეთის ევროპულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა.

  • საფრანგეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთთან მისტრალის მიყიდვის საკითხზე. მოსკოვი ითხოვს ტექნოლოგიასაც. რამდენად წინდახედულია NATO-ს წევრი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი?

ეს ფაქტი არასწორი სიგნალია. რუსებს სურთ ტექნოლოგია და არა მხოლოდ ხომალდი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჯერ არაფერი მიუყიდიათ. ფრანგები, შესაძლოა, NATO-ს ზეწოლით ფეხს ითრევენ რუსეთისთვის ტექნოლოგიის გადაცემაზე. ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები მიდის ფასზე და ვადებზეც. რუსეთის სამხედრო ინდუსტრია აცხადებს, რომ მათ თავად სურთ და შეუძლიათ ხომალდის აგება, მაგრამ აქვე ჩნდება ასევე ე.წ. ატკატების და ქრთამების საკითხი. ასე რომ, სანამ არ გადაწყდება, თუ ვინ რას და რამდენს მიიღებს, საბოლოო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამ მოლაპარაკებებზე დიდი ფულის საკითხი წყდება.

  • NATO-ს ლისაბონის სამიტში მონაწილეობას ობამა და მედვედევი გეგმავენ. რა შეიძლება იყოს შეერთებული შტატების მთავარი გზავნილები რუსეთისთვის?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პირველ რიგში, გადაჭრით უნდა უარყოს ევროპის უსაფრთხოების შეთანხმება და როგორც ეს ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივანმა გააკეთა უსაფრთხოების არსებულ სისტემას დაუჭიროს მხარი. მეორე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ახალ შეთანხმებაზე პროგრესი ვერ მიიღწევა, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მე სიტყვა ოკუპაციას ხაზს ვუსვამ. მესამე, რუსეთი უნდა დაემორჩილოს ჰელსინკის შეთანხმებას ადამიანის უფლებების შესახებ და დათანხმდეს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მშენებლობას.

  • დასავლეთი რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობის ეტაპზეა. თქვენი აზრით, რა არის რუსეთის მხრიდან დათმობების ის მინიმუმი, რომლის მიღწევაც დასავლეთს ამ ეტაპზე შეუძლია?

ე.წ. მოდერნიზაციის პარტნიორობის ფარგლებში დასავლეთმა უნდა მიიღოს რუსეთში უცხოური ინვესტიციებისთვის აბსოლუტური, ლეგალური გარანტიები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. რაც მთავარია, რუსეთმა უნდა დაიწყოს მოძრაობა ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის მიმართულებით.

12 ახალი ჩრდილოური ფედერაცია

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

სკანდინავიის ქვეყნები გაერთიანების ძველ იდეას აცოცხლებენ. სამთავრობათშორისო სკანდინავიური საბჭოს ყოველწლიური სხდომების ბოლო რაუნდი, 22 ოქტომბერს რეგიონის ერთ-ერთ დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა. ეს შეხვედრა ოჯახურ შეკრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საერთაშორისო სამიტს. სამიტზე შვედმა ისტორიკოსმა გუნარ ვეტერბერგმა გამოთქვა ინიციატივა სკანდინავიური ფედერაციის შექმნის თაობაზე. მოსაზრების მიხედვით, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი, ერთი მონარქის - დანიის დედოფლის, მარგარეტის ტახტის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. ხუთ ქვეყანას დაემატება 3 ავტონომიური ტერიტორია - გრელანდია, ფარელის კუნძულები და ალანდა. რეგიონის ქვეყნები, რომელთაც აქვთ შიდა ავტონომიის ძლიერი ტრადიცია, შეინარჩუნებენ მას, ხოლო ეკონომიკა, ბაზარი, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელება ფედერაციას დაეთმობა. როგორ შეეწყობა ის ევროკავშირს, ცნობილი არ არის, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც მისი სამი პოტენციური წევრი ქვეყანა - დანია, ფინეთი, შვედეთი ამ ორგანიზაციის წევრია და ისლანდია კი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. იდეის სულისჩამდგმელი გ. ვეტერბერგი აცხადებს, „ეს არის რეალისტური უტოპია, რომელიც შეიძლება 20 წლის განმავლობაში განხორციელდეს“. სკანდინავიის ფედერაციას ეყოლება 25-მილიონიანი მოსახლეობა და 1.6 ტრილიონი დოლარის ღირებულების მთლიანი შიდა პროდუქტით ის მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის მე-10 ადგილს დაიკავებს. ფედერაცია G20-შიც მიიღებს ადგილს. გაერთიანებული ეკონომიკა უფრო დინამიკური იქნება და უკეთ შეძლებს კეთილდღეობისა და ცხოვრების სტანდარტის ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას. მას დასჭირდება საერთო კონსტიტუცია, საკანონმდებლო ასამბლეა და მთავრობა. ამ ფედერაციის მოდელად შესაძლებელია შვეიცარია ან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენონ.

0x01 graphic

ეჭვგარეშეა, რომ ფედერაციის დაარსება ხანგრძლივი პროცესი იქნება. ეს შეიძლება სკანდინავიური საბჭოს მიერ თანამშრომლობის ალტერნატიული ფორმების განხილვის შედეგად მოხდეს. მოგვიანებით, პარლამენტი და რეგიონის მოსახლეობა იტყვის საკუთარ სათქმელს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში დაახლოებით 2030 წლისათვის რეგიონი მზად იქნება, აირჩიოს თავისი პირველი ერთობლივი საკანონმდებლო კრება.

ჩნდება კითხვა: თუ სკანდინავიური ფედერაციის შექმნა ასეთი კარგი იდეაა, რატომ არ განხორციელდა აქამდე? ამაში ვეტერბერგი ადანაშაულებს მე-16 საუკუნიდან დაწყებულ გაერთიანების ინიციატივებში საგარეო ფაქტორების უხეშ ჩარევას, რამაც მათ ერთობას ხელი შეუშალა. ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს შედარებით გვიანდელი წინააღმდეგობა: მე-20 საუკუნის შუა წლებში აშშ და სსრკ ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჰანსეატიკის ლიგაში შემავალი ქვეყნების უფრო მეტი დაახლოებისათვის. „ამჯერად, - აცხადებს ისტორიკოსი, - დიდი ძალები ვეღარ ჩაერევიან ამ ინიციატივაში და პირველად 600 წლის განმავლობაში, სკანდინავიის ქვეყნებს საშუალება ექნებათ, თავიანთი კოლექტიური მომავალი მშვიდად განსაზღვრონ“.

სკანდინავიის საბჭოს მიერ სამიტის წინ ჩატარებულ გამოკითხვაში რეგიონის მოქალაქეების 42%25 მაღალ ან უმაღლეს შეფასებას აძლევდა რეგიონალური პოლიტიკური გაერთიანების იდეას, მაგრამ დანარჩენი ნაწილი დაუპირისპირდა მას. უკიდურესი მემარჯვენე პარტიების ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა სკანდინავიაში ცხადყო, რომ ეროვნული სუვერენიტეტის მოთხოვნილება რეგიონების ქვეყნებში გაიზარდა. ასე რომ, სკანდინავიის კავშირის იდეის განხორციელება ახლო მომავალში საეჭვოა.

13 გერმანელი ლიდერი მკაცრდება

▲back to top


მსოფლიო

გასული კვირის დასაწყისში ქალაქ კარლსრუეში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიან- დემოკრატიული კავშირის კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. ათასი დელეგატისგან შემდგარი აუდიტორია მერკელისგან მისთვის დამახასიათებელ პრაგმატულ გამოსვლას ელოდა. კანცლერმა კი ყველას გასაკვირვად სხვაგვარი ტონი შეარჩია. იგი ცეცხლოვანი ლიდერის ამპლუაში მოევლინა თანაპარტიელებს. „რა არის ჩვენი ქმედებების მთავარი მიზეზი? ეს არის ერთობა, სამართლიანობა და თავისუფლება ჩვენი სამშობლოსთვის“, - არაორაზროვნად მიუთითა მერკელმა გერმანიის ეროვნულ ჰიმნზე.

ამ გამოსვლით მერკელი - მედიატორის იმიჯი, რომელიც 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა საკმაოდ რთულ სამთავრობო კოალიციას, წარსულს ჩაბარდა. ამ კოალიციაში მისი იდეოლოგიური ოპონენტებიც (სოციალ-დემოკრატები) შედიოდნენ. კარლსრუეში შეკრებილმა საზოგადოებამ მკვეთრად კონსერვატორი ლიდერი იხილა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პარტიის ტრადიციულ - კონსერვატიულ და ქრისტიანულ - ღირებულებებზე აკეთებდა აქცენტს.

ეს ზუსტად ის მინიშნებები იყო, რისი მოსმენაც აუდიტორიას სურდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ კონფერენციამ 90,4%25-ით მერკელი კიდევ ერთხელ აირჩია CDU-ს ლიდერად.

კანცლერის გამოსვლამ ნამდვილად გაათბო მემარჯვენე მხარდამჭერთა გულები, რომლებიც უკვე თითქმის შეეგუენ გასული წლის რეგიონალურ არჩევნებში განცდილ მარცხს და მემარჯვენე- ცენტრისტული მთავრობის რეიტინგის კლებას. 75-წუთიან გამოსვლაში, მერკელი აშკარად საბრძოლო განწყობაზე იყო. მისთვის ჩვეული ფრთხილი ლექსიკის გამოყენების ნაცვლად, მან ტრაბახით წარმოაჩინა მთავრობის წარმატებები და ჯანდაცვის რეფორმა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება და საბერძნეთის „გამოსყიდვით“ ევროს გადარჩენა საკუთარ გუნდს მია2010 წერა. მერკელმა კიდევ ერთხელ გამორიცხა გადასახადების შემცირება უახლოეს მომავალში და განაცხადა, რომ პრიორიტეტი კვლავაც ფისკალური მომჭირნეობის შენარჩუნება იქნება.

„გერმანია ისლამის მოზღვავებას კი არა, ქრისტიანობის ნაკლებობას განიცდის“, - ამგვარად შეეხო კანცლერი ემიგრანტების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს. ყოფილმა ფიზიკოსმა ოჯახის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თანაპარტიელებს ემბრიონებზე კვლევების აკრძალვისკენ მოუწოდა.

ახლადშეძენილი სიმკაცრის კვალდაკვალ, კანცლერმა სოციალ- დემოკრატებთან და მწვანეთა პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბება უარყო. აღნიშნულმა პარტიებმა კარგად გამოიყენეს ბირთვული ენერგიის წარმოების წინააღმდეგ მოსახლეობაში აგორებული საპროტესტო ტალღა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობენ.

CDU-ს კონფერენცია დაემთხვა მნიშვნელოვან მომენტს - გერმანია ნელ-ნელა გამოძვრა კრიზისიდან და 2011 წელს 3.7%25-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით შეხვდება. მიუხედავად ამისა, მერკელს და მის პარტიას მომავალ წელს მაინც მოუწევთ 16 ფედერალური მხარიდან ექვსში გასამართი გადამწყვეტი რეგიონალური არჩევნების გადაგორება.

კანცლერი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ახლა საჭიროა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და კვლავ თავის მხარეს მოიმხროს კონსერვატორი ელექტორატი, რომელსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო უჭირს არჩევანის გაკეთება.

0x01 graphic

14 ახალი მოდელის ჯარი

▲back to top


მსოფლიო

გერმანია

0x01 graphic

მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი სამხედროებთან შეხვედრაზე

ფოტო: REUTERS ©

15 ნოემბერს გერმანიის მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და სრულიად პროფესიულ ჯარზე გადასვლას. ჯარის რაოდენობის შესახებ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, თუმცა ის აუცილებლად შემცირდება. ამავდროულად 7-დან 14 ათასამდე გაიზრდება იმ სამხედროთა რიცხვი, რომელსაც გერმანია უცხოეთში ერთდროულად გააგზავნის.

ეს რეფორმები თავდაცვის მინისტრ კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგის წარმატებაა. 1957 წლიდან, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური შემოიღეს, ის სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ერთგვარ გამაერთიანებელ ხიდად იყო წარმოჩენილი. მაგრამ ამან ჯარის განვითარებას ხელი შეუშალა.

ცივი ომის პერიოდში გერმანული არმიის მთავარი ფუნქცია საბჭოთა ტანკების შეკავება იყო, თუმცა დრო და შესაბამისად საფრთხეებიც შეიცვალა. გერმანიის სამხედრო სამსახურში კი რეფორმა არ ტარდებოდა. გერმანიის ჯარი ევროპაში ყველაზე დიდია, მაგრამ მისი სხვაგან გადასროლის შესაძლებლობა მინიმალურია. ამის ნაწილობრივი მიზეზი კი ის არის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ 6-თვიანია, კონტინგენტის როტაცია საკმაოდ ხშირია. პროფესიონალურ ჯარს უფრო მეტი საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში.

თუმცა, სანამ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებს, გერმანიას უკეთესი სამხედრო ტექნიკაც დასჭირდება. ამასთანავე საჭიროა, გერმანული ჯარის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის წესებიც გადაიხედოს. ამ ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით მისი სამხედროების სხვა ქვეყანაში გაგზავნას შეზღუდული მანდატი აქვს. მიდგომა უნდა შეიცვალოს. არ არის აუცილებელი გერმანიის ჯარებს თავდასხმით ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს, მაგრამ საჭიროა მათი იმაზე უფრო სერიოზულ ოპერაციებში ჩაბმა, ვიდრე დღეს მონაწილეობენ.

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ გერმანია ისეთივე საერთაშორისო სამხედრო ძალაა, როგორც გაერთიანებული სამეფო ან აშშ, თუმცა NATO-ს ლისაბონის სამიტზე ასეთი ახალი ამბები ნამდვილად პოზიტიური იქნება და აჩვენებს, რომ ევროპა კვლავ მზადაა ავღანეთის ოპერაციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

15 კუნძულოვანი პრობლემა

▲back to top


მსოფლიო

იაპონია

ბარაკ ობამამ ათდღიანი აზიური ტურნე იაპონიაში მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა აღიარა, რომ ამერიკა მისი ქვეყნის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ობამამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკას იაპონიის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად ხილვა სურს. იაპონიამდე გაეროში დაწინაურებაზე დახმარება ობამამ ინდოეთსაც აღუთქვა.

კანის წინამორბედმა იუკიო ჰატოიამამ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ იაპონია ამერიკის ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას აპირებს. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ჰატოიამას განცხადების გადაჭარბებული ამბიციურობა აჩვენა. იაპონიის ბოლო ორი პრემიერი საგარეო პოლიტიკაში ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე ქვეყნებს შორის მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა. სექტემბერში იაპონიის სანაპირო დაცვამ სენკაკუს კუნძულებთან დააკავა ჩინური სარეწაო გემი და მისი კაპიტანი. სენკაკუს კუნძულებს ამჟამად იაპონია აკონტროლებს, თუმცა მათზე ჩინეთსაც აქვს პრეტენზია. ინციდენტმა ჩინური მხარის განრისხება გამოიწვია. იაპონელებმა კაპიტანი მალე გაათავისუფლეს, თუმცა პეკინი ამით არ დაკმაყოფილდა. ჩინელებმა ზარალის ანაზღაურება და ოფიციალური ბოდიში მოითხოვეს. ეს ულტიმატუმი იაპონურმა მხარემ არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის მანძილზე ჩინეთის ქალაქებში გრძელდებოდა ანტიიაპონური გამოსვლები. გაჩნდა ეჭვი, რომ ნაციონალისტური სენტიმენტების ამოფრქვევაში მთავრობის ხელიც ერია.

სექტემბერსა და ოქტომბერში გამართულ საერთაშორისო სამიტებზე ჩინეთისა და იაპონიის ლიდერებმა მხოლოდ 15 წუთით მოახერხეს არაფორმალურ გარემოში შეხვედრა. ოქტომბრის ბოლოს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე დაგეგმილი შეხვედრა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს შორის კი ჩინეთის მხარემ გააუქმა. ამერიკელებმა სცადეს პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდნენ მეზობლებს. ჰილარი კლინტონმა მხარეებს მედიატორობა შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და კანი, ობამას ვიზიტისას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა 20-წუთიანი დიალოგი ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის გამოსასწორებლად.

ჩინეთმა გადაწყვიტა საკუთარი ეკონომიკური ბერკეტები აემოქმედებინა და ამერიკასა და იაპონიას იშვიათი მეტალების ექსპორტი შეუწყვიტა. ხსენებული მეტალები (სულ 17 უიშვიათესი ელემენტი, მათ შორის ლანთანუმი და ცერიუმი) უახლესი ტექნიკური აღჭურვილობის (კომპიუტერული ჩიპებისა და ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით) დასამზადებლად გამოიყენება. იაპონიისა და ამერიკის ინდუსტრიას მისი დეფიციტი ემუქრება. პეკინს სურს, ამერიკულმა და იაპონურმა კორპორაციებმა საკუთარი ქარხნები ჩინეთში განალაგონ. ამით ქვეყანა პირდაპირი ეკონომიკური დივიდენდების გარდა (ტექნოლოგიებისა და განათლების სწრაფი ტრანსფერი), მსოფლიოს უდიდეს კორპორაციებზე გარკვეულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამერიკას იშვიათი მეტალების საკუთარი რეზერვებიც აქვს, ჩინეთიდან იმპორტის მიზეზი კი სიიაფე იყო. იაპონიას ასეთი რესურსები არ გააჩნია.

0x01 graphic

პრემიერი ნაოტო კანი
ფოტო: REUTERS ©

გამოღვიძებული წითელი დრაკონის გარდა, რუსეთის სახით იაპონიას ახალი საზრუნავი დაემატა. ორიოდე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კუნძულ კუნაშირს ეწვია, რომელიც კურილიის კუნძულებს მიეკუთვნება. დავა რუსეთსა და იაპონიას შორის მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული არსებობს. მთელი არქიპელაგი რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა, თუმცა იაპონია საკუთარ პრეტენზიებს არ თმობს. ნაოტო კანის განცხადებით, მედვედევის ვიზიტმა უარყოფითად იმოქმედა იაპონელი ხალხის გრძნობებზე. მედვედევმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ კუნძულს რუსების გულშიც არანაკლები ადგილი უჭირავს.

ორ ცეცხლს შორის აღმოჩენილმა ნაოტო კანმა არ დაახანა ობამასთან აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის აღნიშვნა. ამას გარდა, ის თეთრის სახლის პირველ პირს დაჰპირდა, რომ ნოემბრის ბოლოს ოკინავაზე განლაგებულ ამერიკულ ბაზას კუნძულის დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანენ.

ობამას ვიზიტისას ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ეკონომიკასა და განათლების სფეროში. ძალაში შევიდა ღია საჰაერო სივრცეების შესახებ შეთანხმება, რომელიც სამოქალაქო ავიაციის ბაზრების ლიბერალიზაციას გულისხმობს. ამას გარდა, კანმა ისაუბრა ტრანსოკეანური თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე, რომელიც ამჟამად ამერიკას, ავსტრალიას, ჩილესა და წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებს აერთიანებს. კანის თქმით, იაპონიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდეს თუ არა ამ ხელშეკრულებას. ამჟამად იაპონიის წინაშე მდგარი საკითხების სიღრმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს ქვეყანა კიდევ საკმაო ხანს ვერ მოიცლის თავისუფალი სავაჭრო ზონებისთვის

16 ჩინეთის „მუდმივი გადატვირთვა“

▲back to top


მსოფლიო

გლობალური ურთიერთობების პირობებში ჩინეთის ლიდერები მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონკურენციისა და ზესახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის მიხედვით უყურებენ. თუმცა ჩინეთი არასდროს ყოფილა ასეთი „ღია“. მისი საგარეო პოლიტიკა თავიდან ბოლომდე საშინაო პოლიტიკის ცხად გამოვლინებად რჩება.

დღეს მოდურია საუბარი გლობალური ძალის აღმოსავლეთით გავრცელებასა და ჩინეთის XXI საუკუნის ზესახელმწიფოდ გადაქცევაზე. მიუხედავად შთამბეჭდავი ეკონომიკური ნახტომისა, ეს ქვეყანა მაინც განვითარებად ქვეყნად რჩება. მენტალიტეტი, რომლითაც ის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს განიხილავს, ძირითადად განვითარებადი სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჯერ არ გამოუმუშავებია ინსტინქტები, ძლიერი სახელმწიფოებისათვის „ბუნებრივი“ ინსტინქტები. პეკინს ვიწრო სტრატეგიული ჰორიზონტი აქვს. მთავრობა კარგად აანალიზებს საკუთარ სისუსტეებს და ნებისმიერი რისკის თავიდან აცილებისკენ ისწრაფვის. ჩინეთი და ჩინური დიპლომატია გარდამტეხ პერიოდშია - ეს არც ადვილი იქნება და არც მოკლე.

ჩინეთმა გააფართოვა ეკონომიკური გავლენა ცენტრალურ აზიაში. ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოდ წამორჩნდა და აქვს შესაბამისი მზაობა რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორობისათვის“. თუმცა ბოლოდროინდელმა მღელვარებამ ყირგიზეთში აჩვენა, რომ პეკინი ჯერ მზად არ არის წამყვანი რეგიონული ზესახელმწიფო გახდეს. მისი დომინირება ევრაზიაში დროის საკითხია.

შეიცვლება თუ არა ქვეყნისათვის დამახასიათებელი კონსერვატიზმი და თავდაჯერებულობა ჩინეთის ტრანსფორმაციის შემდეგ?! ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მართლაც იცვლება, მაგრამ შორსმიმავალი სტრატეგიის ნიშნები არ ჩანს. ჩინელი პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვით. პეკინი თავშეკავებულად და ფრთხილად რეაგირებს საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამგვარი მიდგომა ერთდროულად აძლიერებს და ასუსტებს ქვეყნის პოზიციებს. თუ კი ჩინეთი ზესახელმწიფოდ იქცევა, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები უფრო გართულდება. მათ დასჭირდებათ არა ერთჯერადი „გადატვირთვა“, არამედ მუდმივი ადაპტაცია. ასევე აუცილებელია მანევრირება, მოქნილობა და არა ის ურყევი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ პეკინის ქცევას მსოფლიო არენასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ჩინეთს ჯერ კიდევ წინ აქვს ბედნიერება, გამოიმუშაოს წარმოდგენა საკუთარ ადგილზე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ელიტა და ფართო საზოგადოება ამაყობს ქვეყანაში მიმდინარე შთამბეჭდავი გარდაქმნებით, მაგრამ ჩინეთი მაინც სუსტი და ჩამორჩენილია, ხოლო გარემომცველ სამყაროს (პირველ რიგში დასავლეთს) არ სურს მისი გაძლიერება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინელი პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, კვლავ ნარჩუნდება კონსერვატორული სტრატეგიული კულტურა. თანამედროვე ჩინეთი იმპერიაა და გარე სამყარო მას იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ის მას შიდაპოლიტიკური ამოცანების რეალიზაციაში ეხმარება.

ჩინეთის საგარეო ინტერესები ორი სფეროთია შემოსაზღვრული: რუსეთი და შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ჩინეთი რუსეთს ძლიერ სახელმწიფოდ და სტრატეგიულ პარტნიორად თვლის. მიუხედავად იმისა, რომ კრემლს არ შეუძლია მოდერნიზაციის განხორციელება და ქვეყნის XXI საუკუნის ზესახელმწიფოდ დაკანონება, ის მაინც რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე. დასუსტებულ რუსეთსაც კი შეუძლია, ჩინეთს და მის ინტერესებს ზიანი მიაყენოს. პეკინი ამჯობინებს მოსკოვში მტრის ნაცვლად „სტრატეგიული პარტნიორი“ დაინახოს.

ცენტრალური აზია სულ სხვა კატეგორიას მიეკუთვნება. ამ ქვეყნებთან ურთიერთქმედებით პეკინი გვერდიგვერდ ათავსებს როგორც კეთილმეზობლურ, ისე კომერციულ პოლიტიკას. ჩინეთი განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს მეზობელი ქვეყნების არასტაბილურობაზე. საზღვრების უსაფრთხოებაზე ღელვა გეოპოლიტიკური ტენდენციებით ძლიერდება. ეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალამ განაპირობა. ამას დაუმატეთ ინდოეთის მზარდი აქტივობა, იაპონიის ეკონომიკური გავლენის შენარჩუნება და ბოლოდროინდელი ურთიერთობების გაუმჯობესება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

და საერთოდ, რა სურს ჩინეთს? არავითარი ყოვლისმომცველი სტრატეგია მას არ გააჩნია. პეკინს მხოლოდ არსით ერთმანეთთან დაკავშირებული პრიორიტეტები აქვს: 1. შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გამყარება, 2. რეგიონში უსაფრთხოების გამაგრება, 3. ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვა, 4. რესურსების მოპოვება, 5. ძალის პროეცირება, 6. ჰარმონიული სამყაროს შექმნა, 7. საერთაშორისო პოლიტიკაზე ზეგავლენა, 8. ვალდებულებათა მინიმუმი.

ჩინეთმა ბევრს მიაღწია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში შეჭრის კუთხით. მან მიაღწია რეგიონალურ თანამშრომლობას უიღურების მოღვაწეობის აღკვეთის საკითხში, არ დაუშვა ქვეყნის დასავლეთით მუსლიმური ექსტრემიზმის გავრცელება, მოიპოვა ფართო მხარდაჭერა ჩინეთის სუვერენიტეტის შესახებ (სინცზიანი, ტიბეტი და ტაივანი). ჩინური ენერგეტიკული კომპანიები დაფუძნდნენ ცენტრალური აზიის ბაზრებზე და ამასთან, პეკინმა შემზღუდველ ვალდებულებებს აარიდა თავი.

0x01 graphic

მაგრამ ყველაფერი არც ასე კარგადაა. არსებობს სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ჩინეთის გეგმებს აფერხებს.

1) რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ერთ-ერთი ნეგატიური ფაქტორი ჩინეთ-რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორობაა“ მსოფლიო რეცესიას, ჩინეთის უწყვეტ გაძლიერებას და რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვას“ მივყავართ იქამდე, რომ ადრეული უთანხმოება მოსკოვსა და პეკინს შორის უფრო და უფრო აშკარა ხდება. რუსი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებებით საერთო ატმოსფერო იცვლება. მიუხედავად ამისა, რუსულ-ჩინური ურთიერთობები უცებ ვერ გაცივდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მხარეებს კონფრონტაცია არ სურთ. თუ ადრე რუსეთი ჩინეთს განიხილავდა ეკონომიკური და სტრატეგიული შესაძლებლობების პრიზმაში, ახლა ის ამ ქვეყანაში გრძელვადიან გეოპოლიტიკურ საფრთხეს ხედავს.

2) ჩინეთის მცდელობები, კეთილშობილ ქვეყნად წარმოჩნდეს, უფრო ნაკლებ დამაჯერებელია. მსოფლიომ სხვანაირად აღიქვა პეკინის წარმატებული გამოსვლა ფინანსური ქარიშხლიდან იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა „დიდი ოცეულის“ ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა. მსოფლიოში ძლიერდება წარმოდგენა, რომ ჩინეთი პარაზიტული და ქედმაღალი სახელმწიფოა. თუ ადრე ჩინეთის იმიჯი რუსეთზე უკეთესი იყო, ბოლო 12 თვის მანძილზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

3) საზღვარი ერთი მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს შორის, მეორე მხრივ სამხედრო-პოლიტიკურ გავლენაზე იშლება. აქ არის ორი პრობლემა: ჩინეთს საქმის სხვისი ხელით მოგვარების მოყვარულად აღიქვამენ. ძლიერდება წამყვან მოთამაშეთა (რუსეთის ჩათვლით) ეჭვები, რომ პეკინი გეოპოლიტიკური სარგებლის მისაღწევად ეკონომიკურ აქტივებს იყენებს.

ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში ჩინეთი მიეჩვია იმას, რომ მსოფლიო თვითონ მიდის მასთან. პეკინს არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევის გამოყენება სხვადასხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. XXI საუკუნის სტრატეგიული რეალიები ჩინეთის ხელმძღვანელობის მენტალობაში რევოლუციებს ითხოვს. პოსტმაოური რეჟიმის ფსიქოლოგიურ „მოდერნიზაციას' აუცილებლად უნდა დაემატოს სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაციაც. საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა დღეს „გამუდმებულ გადატვირთვას“ საჭიროებს.

ის, რომ ჩინეთი მომავალ ორ ათწლეულში აშშ-ს გაუტოლდება, არცთუ ისე დამაჯერებელია, რადგან მშპ აშშსთან „თანასწორობის“ მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია. ამ მიზნის მისაღწევად მას დიდი ძალისხმევა და, რაც მთავარია, ძირეული რეფორმები სჭირდება

17 ლისაბონის გამოწვევა

▲back to top


ფოკუსი

0x01 graphic

პორტუგალიამ მე-16 საუკუნეში, ამერიგო ვესპუჩის სამოგზაუროდ გაგზავნის შედეგად, ამერიკას სახელი აჩუქა. 21-ე საუკუნეში კი იმ სამიტს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ატლანტიკური თანამშრომლობის „გამოცოცხლებას“ ისახავს.

ლისაბონში გამართული ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. თეთრი სახლისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციები იუწყებიან, რომ ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და მზარდ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო დემოკრატიულ ფასეულობებსა და სტრატეგიულ მიზნებს ემყარება. მათ განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ობამამ კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრეზიდენტს ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაწეული სამსახურის გამო. ლიდერებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე არაფერი გაცხადებულა ისეთი, რაც აქამდე აშშ-ის ან საქართველოს ხელისუფლებას არ უთქვამს, მაგრამ ბარაკ ობამამ ამ ჟესტით აჩვენა, რომ რუსეთთან დამთბარ ურთიერთობას საქართველოს ინტერესები არ გადაყვება. პირიქით, როგორც ამერიკის ხელისუფლება და NATO-ს მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება, რუსეთთან თანამშრომლობის პირობებში უფრო რეალისტურად გამოიყურება. ინტერნეტგამოცემა eurasia.net-თან ინტერვიუში, German Marshal Fund-ის ტრანსატლანტიკური ცენტრის დირექტორმა, რონალდ ასმუსმა ისიც კი აღნიშნა, რომ, როგორც წესი, NATO-ს გაფართოება რუსეთთან არა დაძაბული, არამედ ნორმალური ურთიერთობის დროს ხდებოდა.

0x01 graphic

პრეზიდენტი ობამა საქართველოს დელეგაციას ხვდებ
ფოტო: ირაკლი გედენიძე ©

„მე რაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიმყოფები, ასეთი ნაყოფიერი კვირა ჯერ არ მქონია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. მისი განმარტებით, „ყველა მცდელობა, რომ ფარული და ღია რესურსებით საქართველოს გარიყვა მომხდარიყო, საპირისპიროდ შემობრუნდა. 21-ე საუკუნეში ოკუპანტის სახელს დიდხანს ვერავინ ატარებს. პრობლემის გადაჭრისთვის ჩვენ მოთმინება, ერთობა და მუხლჩაუხრელი შრომა გვჭირდება“.

უცნობია, რამდენად უკავშირდება პრეზიდენტის აქტიურ კვირას სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი: რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. იაკობაშვილს, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე უშიშროების საბჭოს მდივანი - ეკა ტყეშელაშვილი შეცვლის. ხოლო ტყეშელაშვილის ადგილზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია გადავა. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ წაუძღვება ჟენევის მოლაპარაკებებს, მას შემდეგ რაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება.

ევროპაში ობამა დიდი აზიური ტურნეს შემდეგ ჩავიდა. ამერიკის პრეზიდენტის საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებას წინ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური მოვლენა უსწრებდა. 2 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე მისმა პარტიამ ბოლო 72 წლის მანძილზე ყველაზე დიდი მარცხი იწვნია. საგარეო პოლიტიკა საშინაოს ერთგვარი გაგრძელებაა. შიდა ფრონტზე მიმდინარე ბატალიები გამოძახილს საერთაშორისო ურთიერთობებში ჰპოვებს.

ვარაუდობენ, რომ კაპიტოლიუმზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ საშინაო ფრონტზე ხელფეხშეკრული ობამა საერთაშორისო საკითხებს მეტ ყურადღებას დაუთმობს. ასეთი ცვლილების არქეტიპულ მაგალითად მიმომხილველებს ბოლოს წინა დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მოჰყავთ. ობამას მსგავსად, თავის დროზე, მანაც სცადა ჯანდაცვის სოციალიზაცია და ამის შედეგად კონგრესში უმრავლესობა დაკარგა.

1994 წლის კონგრესის შუალედური არჩევნები კლინტონის მმართველობაში წყალგამყოფი აღმოჩნდა. თუკი მანამდე ის საშინაო მიმართულებით აქტიურობდა და პასიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, არჩევნების შემდეგ ვითარება შეტრიალდა - ქვეყნის შიგნით თამაშის წესებს რესპუბლიკური კონგრესი განსაზღვრავდა, პრეზიდენტი კი უფრო საერთაშორისო საქმეებზე გადაერთო. კლინტონის განახლებულ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება ამერიკის ჩარევა ბალკანეთის კრიზისში და NATO-ს ცივი ომის შემდგომი გაფართოების პირველი ტალღა. ამან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ანალოგიები მართლაც საფუძვლიანია, მაგრამ, როგორც ცნობილია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს ევროპულ თეატრზე კონცენტრირებაში ამერიკას ხელს უშლის აზიაში ერთდროულად 2 ომი და დიდი რეცესია. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სხვა სახელმწიფოთა აღზევების ფონზე შეიცვალა მსოფლიოს გეოეკონომიკაც. კლინტონისგან განსხვავებით, ობამას უფრო აგრესიულ და ნავთობზე მაღალი ფასებით გათამამებულ რუსეთთან აქვს საქმე. ყოველივე ეს ძველი კონტინენტით ამერიკის დაინტერესების მიმართ ეჭვებს აღრმავებს.

სწორედ ეს ეჭვები გამოხატა ხოსე მარია აზნარმა, როცა ბარაკ ობამას ამერიკის ისტორიაში ევროპით ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული პრეზიდენტი უწოდა. „ჩვენ შეიძლება ზოგჯერ სასარგებლონი ვიყოთ, მაგრამ პრიორიტეტი არ ვართ. პრიორიტეტი ჩინეთი, მუსლიმური სამყარო და რუსეთთან ურთიერთობაა“, - თქვა ესპანეთის ყოფილმა კონსერვატორმა პრემიერმა.

0x01 graphic

NATO- წევრი ქვეყნების ლიდერები. ლისაბონიშენარჩუ
ფოტო: REUTERS ©

ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას წარმატებად მიიჩნევს. როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა განაცხადა, „გადატვირთვის პოლიტიკამ დივიდენდების მოტანა დაიწყო… ჩვენ ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ (START) ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი… შევთანხმდით ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე, როგორიცაა ავღანეთის მიმართულებით მიმავალი ტვირთის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე… თანამშრომლობა ავაწყვეთ ირანის მიმართულებითაც, ვგულისხმობ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ასევე ირანისთვის S-300 რაკეტების მიყიდვის აკრძალვას. და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ პრინციპებისთვის არ გვიღალატია - კერძოდ, ჩვენთვის ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია…“

წერილში, რომელიც ლისაბონის სამიტის პირველ დღეს International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა, ბარაკ ობამამ NATO-ს მოუწოდა აშშ-ს მიბაძოს და რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას შეუდგეს. მართლაც, ლისაბონში გამართული სამიტი პირველია, სადაც საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მიიწვიეს. დიმიტრი მედვედევმა თავი დაიფასა და, როგორც პრესა იუწყება, ანდერს ფოგ რასმუსენი რამდენიმე კვირა ალოდინა, სანამ მოსაწვევზე პასუხს გასცემდა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსეთი სამართლებრივ გარანტიას მოითხოვს, რომ ყოფილ ვარშავის პაქტის ქვეყნებში NATO-ს ჯარები არ განთავსდება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეთრი სახლი ევროპაში სამხედრო ძალების შესახებ. სამხედრო კონტინგენტის სრული რაოდენობით შენარჩუნება აჩვენებს ევროპას, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებაზე საზრუნავად კვლავაც მზად არის.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი და ქეთრინ ეშტონი
ფოტო: REUTERS ©

დღეს ძველ კონტინენტზე 80 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღების შემდეგ დაგეგმილია ამ სამხედრო ძალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. რუსების მსგავსად, სამხედრო ბიუჯეტის შემცირების მომხრე ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი მოითხოვს დანაყოფების 30 ათასი ჯარისკაცით შემცირებას.

ამა წლის მარტში, ევროპაში ამერიკის ჯარების სარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემდგომი შემცირება რისკის ქვეშ დააყენებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და მოკავშირეთათვის მიცემული გარანტიები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

შეშფოთება არ დამალა პოლონეთის საგარეო მინისტრმა რადეკ სიკორსკიმაც. მან ამერიკული ჯარის არსებული ოდენობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხოლო, იმ გერმანული რეგიონების დელეგაცია, სადაც ამერიკული ბაზებია განლაგებული, სპეციალურად ეწვია ვაშინგტონს, რათა შეერთებული შტატების მთავრობა ჯარის შემცირების და ბაზების დახურვის მიზანშეუწონლობაში დაერწმუნებინა.

თავისთავად, ისიც საკამათოა, რამდენად შეუწყობს ხელს უცხოეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების შინ დაბრუნება ხარჯების ეკონომიას. მოკლევადიან პერსპექტივაში ხარჯები პირიქით, გაიზრდება, ვინაიდან შეერთებულ შტატებში ახალი ინფრასტრუქტურა იქნება ასაშენებელი დაბრუნებული ჯარისკაცების განსათავსებლად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გრძელვადიანი დანაზოგები საუკეთესო შემთხვევაში მიზერული იქნება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბაზების განთავსების შესახებ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის მიღება მომავალში უფრო რთული იქნება. თუ კი ეს სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ამერიკა არაკეთილსაიმედო პარტნიორია - რომელმაც ნებისმიერ მომენტში მიმდინარე კონიუნქტურის ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიულ მიზნებზე შეიძლება უარი თქვას - ასე ადვილად ბაზების განთავსებას აღარ დათანხმდებიან.

რაც მთავარია, უპატრონო ეკლესია დიდხანს არ დარჩება მსურველის გარეშე. ამერიკის გასვლით წარმოშობილ უსაფრთხოების ვაკუუმს ვინმე აუცილებლად შეავსებს. აღმოსავლეთ ევროპაში ზუსტად იციან, ვინ შეიძლება გახდეს ეს მოთამაშე.

იმის დასტურად, რომ ობამასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძველ კონტინენტთან გაცივებული ურთიერთობის ფონზე, ევროპელი ლიდერების გულის მოლბობა გახლდათ, International Herald Tribune-ში გამოქვეყნებული წერილიც კმარა: „მე ვამაყობ, რომ ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ექვსჯერ ვეწვიე ევროპას… შეერთებულ შტატებს არც ერთ სხვა რეგიონთან არ აქვს ისეთი თანხვედრა ღირებულებების, ინტერესების, შესაძლებლობების და მიზნების კუთხით [როგორიც ევროპასთან]… არც ევროპას და არც შეერთებულ შტატებს არ შეუძლიათ თანამედროვე გამოწვევებს ერთმანეთის გარეშე გაუმკლავდნენ“.

ამერიკის პრეზიდენტს ევროპელი ლიდერებისთვის მისი ტრანსატლანტიკური ვიზიტების რაოდენობისა და განსაკუთრებული ურთიერთობის შეხსენება, სავარაუდოდ, იმისთვის დასჭირდა, რომ ძველი კონტინენტის მიმართ მისი გულგრილობის გამო გამოთქმული ბრალდებები გაექარწყლებინა.

ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და ევროპას შორის ბზარის გაჩენის სიმბოლოდ, ბევრმა ობამას მიერ თეთრ სახლში მდგარი ჩერჩილის ბიუსტის ბრიტანეთისთვის დაბრუნება აღიქვა. ევროპელები განაწყენდნენ მაშინაც, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს, ევროკავშირისა და ამერიკის სამიტზე ჩასასვლელად ვერ მოიცალა. ობამა არც გერმანიის გაერთიანების 20 წლის იუბილეს დასწრებია, ხოლო პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო ფარის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება პოლონელებს, საბჭოთა ჯარების მიერ პოლონეთის ოკუპაციის წლისთავზე ამცნო. ამერიკის პრეზიდენტი, არც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დასაფლავებაზე ჩასულა.

ბუშის დროს ამერიკასა და ევროპას შორის ხშირი იყო ღია თუ ფარული კონფლიქტები და კოლიზიები, რის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებად ერაყის ომი და NATO-ს ბუქარესტის სამიტი იქცა. მისი შემცვლელის პრეზიდენტობისას, დაახლოების ნაცვლად, ძველ და ახალ კონტინენტებს შორის დისტანცია კიდევ უფრო გაიზარდა. კონფლიქტების ადგილი გულგრილობამ და იგნორირებამ დაიკავა.

ამერიკის ევროპისადმი ყურადღების შესუსტების ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება დიდი ევროპული ქვეყნების მისწრაფება მსოფლიო პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ. მათ სურთ შეერთებული შტატებისაგან დამოუკიდებლად, ხშირად კი მისი ინტერესების იგნორირებით, რუსეთთან, ისლამურ სამყაროსთან, ლათინურ ამერიკასთან თუ ჩინეთთან საკუთარი სეპარატული ურთიერთობები განსაზღვრონ. დოვილში სარკოზის, მერკელისა და მედვედევის შეხვედრა სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია.

0x01 graphic

NATO- გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
კოფოტო: REUTERS ©

დღეს, ობამას წყალივით ესაჭიროება ევროპის დახმარება ავღანეთში. საქმე ისაა, რომ მას საკუთარი პარტია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას სთხოვს. იმისთვის რომ ტერორიზმთან ბრძოლაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ობამას ევროპელების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ამერიკელების ხარჯზე კოალიციური ძალების რაოდენობას კიდევ უფრო ვეღარ გაზრდის. ავღანეთში წარმატება კი პრესტიჟის საკითხია. წარუმატებლობა ალიანსის რეპუტაციაზე უმძიმესი დარტყმა იქნება.

0x01 graphic

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
ფოტო: REUTERS ©

მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებით განებივრებული ევროპელები სოციალური ხარჯების ნაცვლად, თავდაცვის ბიუჯეტს ამცირებენ. ეს ძველი კონტინენტის ისედაც პატარა წვლილს ავღანეთში კიდევ უფრო ამცირებს. როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის (King's College) პროფესორმა, ანატოლ ლივენმა აღნიშნა - „ძალიან მალე, ბრიტანეთის გარდა, არც ერთი NATO-ს წევრი სახელმწიფო აღარ შეიტანს მნიშვნელოვან სამხედრო წვლილს ავღანეთში… ევროპული საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ იმიტომ ეგუება ხანგრძლივ მონაწილეობას, რომ შედეგად მსხვერპლი თითქმის არ არის … ჩვენ, ევროპელები მინიმალური ძალისხმევით ვცდილობთ ამერიკის მხარდაჭერის შენარჩუნებას უსაფრთხოების კუთხით“.

ყველა თანხმდება, რომ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად შეიქმნა, „ბოროტების იმპერიის“ დაშლის შემდეგ იდენტობის კრიზისი დაეწყო. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა წევრ სახელმწიფოებს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია წარუდგინა. ალიანსში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს დოკუმენტი „განსაზღვრავს, თუ რა როლი აკისრია NATO-ს 21-ე საუკუნეში. ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც ალიანსის სამომავლო საქმიანობას განსაზღვრავს, NATO ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ამტკიცებს“.

საქართველოს საკითხის მიმართ ქართული დელეგაციის იმედი გამართლდა - დოკუმენტი ცალსახად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე საუბრისას, ამერიკის ხელისუფლება განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ამოსავალი წერტილი კვლავინდებურად ქარტიის მე-5 მუხლია. ეს მუხლი ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმას ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს და წევრ სახელმწიფოებს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას აკისრებს.

სტრატეგიული კონცეფცია განსაზღვრავს იმ მექანიზმებს, რაც ალიანსს ახალი და მომავალი საფრთხეების დასაძლევად სჭირდება. მათ შორისაა რაკეტსაწინააღმდეგო და კიბერუსაფრთხოების სისტემები. „პირველად შევთანხმდით იმგვარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განვითარებაზე, რომელიც დაიფარავს როგორც NATO-ს ევროპულ ტერიტორიას და მოსახლეობას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ლისაბონში, მას შემდეგ რაც ალიანსმა კონცეფცია დაამტკიცა.

ამას გარდა, ახალი კონცეფცია გულისხმობს ორგანიზაციის რეფორმას. კონცეფციის ავტორის - ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, ეს NATO-ს საშუალებას მისცემს საკუთარი ფუნქციები უკეთ შეასრულოს.

მოცემულ კონცეფციას აშშ და ალიანსის გენერალური მდივანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, შორს ვერ წაგვიყვანს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმატება, როგორც წესი, სახელმძღვანელო დოკუმენტებზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ამის მაგალითი მისტრალის გარიგებაა.

ლისაბონის სამიტის საბოლოო წარმატება მეტწილად ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაზეა დამოკიდებული. ეს აშშ-ის გლობალურ სტრატეგიაში ევროპისთვის ცენტრალური როლის დაბრუნებას გულისხმობს.

NATO-ს უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო, ევროპა ერთიანი და თავისუფალი შეენარჩუნებინა. მისი გაფართოება კავშირის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვან კონტრიბუციად ითვლებოდა. პოლონეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მეზობლების NATO-ში შეყვანა რეგიონში მშვიდობის გარანტიაა. დღეს, როდესაც სწორედ ალიანსში ინტეგრაციაზეა დამოკიდებული რუსეთის მეზობელ დემოკრატიათა მომავალი, ამ საკითხს აქტუალობა დაკარგული აქვს.

2008 წლის ბუქარესტის სამიტმა და საქართველო-რუსეთის ომმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NATO-ს უუნარობა - გაფართოვდეს და უსაფრთხოების ვაკუუმი შეავსოს - არასტაბილურობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ამ მხრივ ალიანსის უმოქმედობა რევიზიონისტულ ძალებს ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის გადასინჯვის ცდუნებას უღვივებს.

0x01 graphic

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
ფოტო: REUTERS ©

18 მეტად ხარისხიანი სახელმძღვანელოები ნაკლებფასად?

▲back to top


სიმონ ჯანაშია|სვეტი

0x01 graphic

ზოგჯერ მიზანი, რომელსაც გვთავაზობენ, მოსაწონია. პრობლემები, რომლის გადაჭრასაც გვთავაზობენ - ნაცნობი და მტკივნეული. შემოთავაზებული ფორმულა - მარტივი და ერთი შეხედვით ლოგიკური. შესაძლოა იმედიც გაგვიჩნდეს, რომ სიახლე სიკეთეს მოგვიტანს. თუმცა თუ ცოტა უფრო რაციონალურადაც მივუდგებით საკითხს, შესაძლოა ფორმულაც გამოვცადოთ, თუნდაც ქაღალდზე, რომ დავაკვირდეთ, რა ზიანის ან სიკეთის მოტანა შეუძლია მას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ნოემბრის დასაწყისში, დავით პაიჭაძის გადაცემაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი დიმიტრი შაშკინი საუბრობდა სახელმძღვანელოების გრიფირების, შინაარსის, საავტორო უფლებების, რეალიზაციისა და გავრცელების სისტემის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების ახალი მექანიზმების შემოღების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია გააიაფოს სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო ბაზარზე.

მინისტრის აზრით, სახელმძღვანელოების ფასი ხელოვნურად მაღალია. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას ის იძლევა, რომ მას შემდეგ რაც მასწავლებელი სახელმძღვანელოს შეარჩევს, მშობელი იძულებულია, შეისყიდოს სახელმძღვანელო მხოლოდ ერთი კონკრეტული გამომცემლობის მიერ დაწესებული ფასის მიხედვით. ამ ვითარებაში, მინისტრის ინფორმაციით, გამომცემლობები ცდილობენ ხელოვნური დეფიციტი შექმნან ბაზარზე, რაც აძვირებს სახელმძღვანელოებს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მინისტრი გვთავაზობს ახალ ფორმულას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე გადაცემამდე, 2 ნოემბერს გამოქვეყნდა: სახელმძღვანელოს შექმნის გამომცემლობა ან ფიზიკური პირი; შემდეგ კი მისი დაბეჭდვის უფლება ექნება ნებისმიერს, რომელიც საავტორო უფლების მქონე პირს დადგენილი მოგების 25%25-ს გადაუხდის. ამ უფლების უზრუნველსაყოფად სამინისტრო გრიფის მინიჭების მომენტში ხდება სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე. სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე შეეძლება საავტორო უფლებების მთლიანად შესყიდვაც.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ეს შემოთავაზება მრავალ ხარვეზს შეიცავს. განხორციელების შემთხვევაში სახელმძღვანელოების წარმოების თვალსაზრისით პრობლემების ჩამონათვალი და ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება. იკლებს ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნის მოტივაცია.

გთავაზობთ ავიღოთ რაიმე პარამეტრები და ჩავსვათ შემოთავაზებულ ფორმულაში. მაგალითისთვის ავიღოთ ბაკურ სულაკაურის მიერ ტაბულაში მოყვანილი ციფრები. ის ამბობს, რომ სახელმძღვანელოს ფასი, რომელიც 10 ლარად იყიდება, შესაძლოა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან: სასტამბო ხარჯი - 4 ლარი, სადისტრიბუციო და გაყიდვის ხარჯი - 1.5 ლარი, საავტორო ჰონორარი - 1.5 ლარი, მარკეტინგის ხარჯი - მინიმუმ 0.5 ლარი და გამომცემლობის მოგება და რისკების ანაზღაურება - მაქსიმუმ 2.5 ლარი.

ჩავსვათ რეალური ციფრები მაგალითისთვის 10 ათასიანი ტირაჟისთვის, რაც საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

გამომცემლობის ხარჯები და მოგება დღეს

ერთი ეგზემპლარის ფასი

10 ლარი

ხარჯები

სასტამბო

4, 000

დისტრიბუცია/გაყიდვა

1,500

საავტორო ჰონორარი

1,500

მარკეტინგი

500

სულ ხარჯი

7,500

შემოსავალი

მოგება

2,500

განათლების მინისტრის განცხადებით, გამომცემლობის მოგების კომპონენტის არაადეკვატურად გაზრდა ხდება, რაც მოსახლეობას მძიმედ აწვება. ამიტომ თუ ვინმე კერძო პირი დაბეჭდავს ამავე სახელმძღვანელოს, გაჩნდება კონკურენცია, რაც სახელმძღვანელოებს გააიაფებს.

დავუშვათ, რომ მართლაც რომელიმე სხვა კონკურენტმა გამომცემლობამ გადაწყვიტა ამავე სახელმძღვანელოს დაბეჭდვა. მან უნდა შეამციროს ზემოთ აღწერილ კომპონენტებში ხარჯები. თუ ვთქვათ მას უფლება არ ექნება, რომ თვისებრივად სხვა პოლიგრაფიული სტანდარტით დაბეჭდოს წიგნი, სავარაუდოა, რომ მას სასტამბო ხარჯების შემცირება გაუჭირდება. დისტრიბუციას საქართველოში დისტრიბუტორები ეწევიან, რომელთა ფასებზე წიგნის მბეჭდავთა მეტი რაოდენობა, გაუგებარია, როგორ იმოქმედებს. მართალია, საავტორო ჰონორარი, იმ სახით, როგორც სახელმძღვანელოს შემდგენელ გამომცემლობას აქვს, ამ შემთხვევაში არ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ სამაგიეროდ შემოდის მოგების 25%25-ის გადახდის ვალდებულება. მარკეტინგის ხარჯი მნიშვნელოვანი კომპონენტია მაშინ, როდესაც კონკურენციაზეა საუბარი. თუ რეალურ ციფრებს გადავხედავთ, კონკრეტული სახელმძღვანელოსთვის განკუთვნილი სამარკეტინგო ხარჯი არცთუ ბევრია. გამომცემლობამ შესაძლოა შეამციროს თავისი მოგება და რისკების ანაზღაურება.

ვთქვათ კონკურენტმა გამომცემლობამ მართლაც საკუთარი მოგების ხარჯზე შეამცირა სახელმძღვანელოს ფასი 10%25-ით. 10 ათასი ტირაჟის მისი სახელმძღვანელოს ფასი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ახალი ფორმულის პირობებში კონკურენტი
გამომცემლობის ხარჯები და მოგება

ერთი ეგზემპლარის ფასი

9 ლარი

ხარჯები

სასტამბო

4, 000

დისტრიბუცია/გაყიდვა

1,500

მარკეტინგი

500

მოგების 25%25 საავტორო უფლების მფლობელს

600

სულ ხარჯი

6,600

შემოსავალი

მოგება

2,400

იმ შემთხვევაში გამომცემლობა უარს არ იტყვის წიგნის დაბეჭდვაზე, შეიძლება ვივარაუდოთ რამდენიმე რამ. მისი ხარჯები გაიზრდება მარკეტინგის კომპონენტში. დღეს მარკეტინგში იგულისხმება ძირითადად პროცესი, სანამ მასწავლებელი შეარჩევს ალტერნატივებიდან ერთ-ერთს. ამ დროს მასწავლებლებს გადასცემენ ბუკლეტებს, საჩუქრად სახელმძღვანელოებს, იმართება შეხვედრები, რეკლამა თავსდება მედიაში და სხვ. ახალ პირობებში ამ პროცესს დაემატება კონკურენცია სახელმძღვანელოს შერჩევის შემდეგაც. კონკურენციის გამო თუ ტირაჟი შემცირდა, შესაძლოა გაიზარდოს სასტამბო ხარჯებიც, რადგან ცნობილია, რომ სასტამბო ხარჯი თითო ეგზემპლარზე იკლებს ტირაჟის რაოდენობის ზრდასთან ერთად.

თუ სახელმძღვანელოს შემდგენელი გამომცემლობა უარს იტყვის ბაზარზე კონკურენციის გაწევაზე, მაშინ ჩვენს მაგალითში, მან კონკურენტის მოგებისგან 25%25-ის ფარგლებში შემოსული 600 ლარით უნდა გაისტუმროს საავტორო ჰონორარი, რაც მას 1500 დაუჯდა და თან ამავე თანხის ფარგლებში იფიქროს საკუთარ მოგებაზეც.

ვფიქრობ, თვალსაჩინოა, რომ პირველ თუ მეორე შემთხვევაში, სახელმძღვანელოს შემდგენელი გამომცემლობა იმგვარ გარემოში ხვდება, რომელშიც იზრდება მისი წარუმატებლობის შანსები, ხოლო ფასის სხვის მიერ დაწევის შემთხვევაში (რაც, მინისტრის აზრით, იქნება დადებითი შედეგის მომტანი) ის იძულებული იქნება, მინიმუმამდე დასწიოს სახელმძღვანელოს შექმნის ფასი. ეს კი ნიშნავს, რომ ავტორი, რედაქტორი, დიზაინერი, მხატვარი, კორექტორი თუ სხვა, უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციას შექმნის. ან მივიღებთ იმ ვითარებას, რაც 2004 წლამდე გვქონდა, როდესაც ავტორების ნაწილი ხელნაწერებით მიდიოდა სამინისტროში გრიფის სათხოვნელად.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საქართველოში ამის წარმატებული მაგალითები არსებობს. მათ შესახებ ვრცელი ანგარიშები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინახება. ამის გარდა კი, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისოდ აპრობირებული გზები, რომელთა გაზიარებაც სულაც არ იქნებოდა ურიგო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შემოთავაზებას აღწერილის გარდა სხვა უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ გამომცემლობებს ჩემზე უკეთ შეუძლიათ მათი წარმოჩენა. ჩემი მიზანი მხოლოდ იმის ილუსტრირება იყო, რომ აუცილებელია ცოტა მეტს დავფიქრდეთ რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე, რათა დავინახოთ ის, რასაც მანამდე ვერ ვხედავთ. ეს თანაბრად ეხება როგორც საზოგადოებას, ისე გადაწყვეტილებების მიმღებებს.

19 საქართველოს ამერიკელი მეგობრები

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

ფოტო მოგვაწოდა ორგანიზაციამ საქართველოს ამერიკელი მეგობრები
აქცია ნიქოზში. ცენტრში მარუსია ჭავჭავაძე

მარუსა ჭავჭავაძე ყოველ ზაფხულს ბებია-ბაბუას ქეიფ კოდში (მასაჩუსეტსი) სტუმრობდა. ბაბუა პოლი, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, წინაპართა შესახებ შვილიშვილებს საინტერესო ამბებს მოუთხრობდა ხოლმე. 1977 წელს მამამ, დავით ჭავჭავაძემ, მარუსა საქართველოში ჩამოიყვანა. წინანდალიც მოინახულეს. მარუსა გაოცდა, როდესაც ერთ-ერთ კედელზე ბაბუამისის ფოტოსურათი შენიშნა. თუმცა, გიდი, პოლ ჭავჭავაძის წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დუმდა. მოგვიანებით მარუსამ შეიტყო: გიდი საგანგებოდ გაუფრთხილებიათ, ქართველ-ამერიკელი თავადებისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიეწოდებინათ და რიგითი ტურით შემოფარგლულიყვნენ.

0x01 graphic

პოლ ჭავჭავაძე საქართველოდან 1919 წლიდან წავიდა. თავადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლები ამერიკაში დამკვიდრდნენ. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მარუსა ხშირად (წელიწადში ერთხელ მაინც) ჩამოდის საქართველოში. ამის მიზეზი საერთო საქმეა, რასაც იგი სხვებთან ერთად აკეთებს. ყველაფერი კი ასე დაიწყო... 1994 წელს ქართველი ემიგრანტის შთამომავალმა, კონსტანტინე სიდამონ ერისთავმა, მარუსას საქველმოქმედო საზოგადოების - საქართველოს ამერიკელი მეგობრების - დაარსებაში თანამშრომლობა სთხოვა. მარუსა დათანხმდა, მაგრამ ღელავდა, რადგან მანამდე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონია.

1995 წელს კონსტანტინე სიდამონ ერისთავის დავალებით მარუსა საქართველოში ჩამოვიდა. მას უნდა დაედგინა ის ჯგუფები, რომლებიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებდნენ. მარუსა იხსენებს საავადმყოფოში სტუმრობის დღეს, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები ნახა. პატარები დედებს ხელში აკვდებოდნენ. მარუსა კასპის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლსაც სტუმრობდა, სადაც ზამთარში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოცდაოთხი ბავშვი შიმშილისა და სიცივისაგან გარდაიცვალა. - „ეს იყო საშინელი გაჭირვება, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ამას თან უშუქობაც ახლდა და ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს ბნელი ხანა დაბრუნდა“

0x01 graphic

ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას საქართველოშიც ჰყავს პარტნიორები. საქართველოში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლენა კილაძეა. იმ პერიოდში ორგანიზაციისთვის ნათელი იყო, რომ მათ მხარდაჭერას ყველაზე მეტად ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები და ხანდაზმულები საჭიროებდნენ. სწორედ ამიტომ, განხორციელებული პროექტები ძირითადად მათი დახმარებისკენ იყო მიმართული.

ერთ-ერთი პირველი ძეგვი-ბედიანის პროექტი ამუშავდა. საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიანში 12 სახლის შეძენა მოახერხეს, სადაც 120 მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთან ერთად აღმზრდელ-პედაგოგებიც ცხოვრობდნენ. მათ თელავში შეიძინეს სკოლის შენობა, სადაც ინკლუზიურ სწავლებას ჩაეყარა საფუძველი. ქრონიკული დაავადების მქონე ხანშიშესულთათვის ფერისცვალების მონასტრის ტერიტორიაზე დაარსდა პალეატიური მზრუნველობის ცენტრი. აქვე ჩამოყალიბდა განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მედდების სახელობო სასწავლებელიც; 1995 წლიდან Project Hope-თან ერთად რამდენიმე პროექტი განხორციელდა - სამედიცინო კლინიკები თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მედიკამენტებით უზრუნველყვეს; ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი ლეიკემიით დაავადებულთა მშობლებისთვის აშენდა სახლი.

საქართველოს ამერიკელი მეგობრები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარნენ შეეძინათ გარკვეული უნარები (ინგლისური, კომპიუტერი, სტილისტიკა, კოსმეტოლოგია, მასაჟი, მინანქარი, კერამიკა...). პროექტი კვლავ გრძელდება ნიქოზში, სადაც მოსახლეობა ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება დაარსდა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის სასწავლებელი, სადაც დღესდღეობით 18-40 წლის 300-მდე ადამიანი იღებს განათლებას; წარჩინებულებს კი საშუალება აქვთ გერმანიის, პოლონეთისა და ინგლისის საუკეთესო სკოლებში გააგრძელონ სწავლა.

საქართველოს ამერიკელი მეგობრების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფილანთროპიის პროპაგანდაა. „მარტო სახელმწიფო ვერ მოახერხებს დაძლიოს ის სოციალური პრობლემები, რაც ქვეყანაში არსებობს. თითოეული ადამიანის, თითოეული ბიზნესორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა ჩაერთოს ამ პროცესში“, - ამბობს ლენა კილაძე. სწორედ ქველმოქმედთა დახმარებით მოხერხდა პროექტების განხორციელება და თითოეული ადამიანის დახმარება. ლენა კილაძის თქმით, ბიზნესმენების მხრიდან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ქართველი მხატვრები ხშირად უსასყიდლოდ გადასცემენ თავიანთ ნახატებს, რითაც ძველი პროექტების გაგრძელებასა და ახლის დაწყებაში შეაქვთ წვლილი. საქართველოს ამერიკელი მეგობრების მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოზე მხატვარ გია გუგუშვილის ნახატი აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა შეიძინა, ხოლო გოგი ალექსი-მესხიშვილის ნახატი 7 625 დოლარად გაიყიდა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ლევან ხერხეულიძე/ფოტოები მოგვაწოდა საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა

საქართველოს ამერიკელი მეგობრები საქველმოქმედო საღამოებსა და გამოფენა-გაყიდვებს ამერიკაშიც ხშირად აწყობენ. ამ გზით ისინი ქართული კულტურის პროპაგანდას ცდილობენ. მარუსა ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობით ბიზნესმენები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან საქართველოთი და დახმარების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდებათ. კონსტანტინე სიდამონ ერისთავი კი ფიქრობს, რომ ქართული ფილანთროპია ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, დახმარება კი კიდევ ბევრს სჭირდება

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი საქართველოდან ამერიკაში ემიგრირებული ოჯახიდანაა. პროფესიით იურისტმა 1994 წელს დააარსა საქველმოქმედო საზოგადოება - საქართველოს ამერიკელი მეგობრები, რომელსაც დღემდე თავმჯდომარეობს

20 საზოგადოება - ამბები

▲back to top


საზოგადოება

ჩინური სუპერკომპიუტერი

ჩინეთის ქალაქ ტიანცზინში სულ ახლახან სუპერკომპიუტერი ააწყვეს, რომელიც დღესდღეობით არსებულ ყველა სუპერკომპიუტერზე ძლიერია. მისი სიმძლავრე 2.57 პეტაფლოპსია, რაც საუკეთესო სამომხმარებლო კომპიუტერს თითქმის 500 ათასჯერ აღემატება. დღემდე მსოფლიოში ყველაზე მძლავრად ამერიკული Cray XT5 Jaguar სისტემა ითვლებოდა, რომელიც ამერიკის კომპიუტერულ ცენტრში დგას. გამოთვლითი ტექნიკის სიმძლავრე განაპირობებს ქვეყნის განვითარებას მრავალ სფეროში, მათ შორის არის იარაღის წარმოებაც. თუმცა ჩინელები ამაზე არ აპირებენ გაჩერებას და უახლოეს ხუთ წელიწადში ამაზე 30-ჯერ და მომდევნო ხუთ წელიწადში კი 500-ჯერ მძლავრი კომპიუტერის აწყობასაც გეგმავენ, რითაც ამერიკასა და რუსეთს საბოლოოდ ჩამოიტოვებენ უკან.

0x01 graphic

ბრიტანელი მძევლები

სომალელი მეკობრეების მორიგი ორი მსხვერპლი 388-დღიანი ტყვეობის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ბრიტანელი წყვილი, რომელიც საკუთარი იახტით სეიშელის კუნძულებიდან ტანზანიისკენ მიემართებოდა, 2009 წლის ოქტომბერში შეიარაღებული სომალელი მეკობრეების ხელში ჩავარდა. მიუხედავად ბრიტანეთის ხელისუფლების მცდელობისა, მათი გათავისუფლება გამოსასყიდის გადახდის გარეშე მაინც არ მოხერხდა. წყვილის გამოხსნაში 620 ათასი ფუნტ-სტერლინგი გადაიხადეს. ვინ გაიღო ეს თანხა, არ ხმაურდება. წყვილმა გათავისუფლების შემდეგ შეიტყო, რომ სანამ მეკობრეების ხელში იყვნენ, ერთ-ერთი მათგანის მამა გარდაცვლილა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

დელიში სახლი დაინგრა

15 ნოემბრის საღამოს, ინდოეთის დედაქალაქ დელიში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევას დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. ამ ეტაპზე ცნობილია 66 დაღუპულის შესახებ, თუმცა სამაშველო სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულა და ეს მონაცემიც საბოლოო არ არის. მაშველები დღე და ღამე მუშაობენ გადარჩენილების ამოსაყვანად, თუმცა რაც დრო გადის, მათი ცოცხლად პოვნის შანსი უფრო და უფრო მცირდება. ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 30-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი იყო. დელის ოფიციოზის თქმით, სახლის ჩამონგრევა მშენებლობის ნორმების დარღვევამ და მის საძირკველში შესულმა წყალმა გამოიწვია. დელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია, თუმცა მსგავსი დარღვევებით აშენებული სახლები იქ საკმაოდ ბევრია, ასე რომ, ნგრევების გამეორება მომავალშიც არის მოსალოდნელი.

0x01 graphic

21 ულრიკე მაინჰოფზე, წითელ არმიაზე და არამხოლოდ ანუ რატომ არა ვარ მემარცხენე

▲back to top


ტაბულა|რაზა

მაია ორჯონიკიძე

0x01 graphic

„ტაბულა“ №33 მაია ორჯონიკიძე ამასწინათ ფეისბუკში ჩემთვის საყვარელი მწერლის, ანა კორძაია-სამადაშვილის სტატიას გადავაწყდი. წერილი მე-20 საუკუნის 70-იანი წლების გერმანიაში დატრიალებულ მოვლენებსა და მათ ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტებს-ულრიკე მაინჰოფსა და ანდრეას ბაადერის ტერორისტულ ჯგუფს ეძღვნებოდა. სტატია ანასთვის დამახასიათებელი ნიჭიერებით იყო დაწერილი, სადაც ავტორი სევდით იხსენებდა გერმანული ტეროროსტული ჯგუფის - „წითელი არმიის“ (RAF -ის) სულისჩამდგმელსა და მეთაურს-იმავდროულად ნიჭიერ მემარცხენე ჟურნალისტს ულრიკე მაინჰოფს.

ავტორი დისტანცირდა ულრიკესა და მისი ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტებისგან და ულრიკე მემარცხენეებისთვის დამახასიათებელ ნოსტალგიურ-ჰეროიკულ ჭრილში წარმოგვიდგინა. დიახ,ულრიკე მაინჰოფი გერმანელების ერთგვარი ჩე გევარა გახლდათ,სადაც რეალური და მითოლოგიური ორგანულად გადაიხლართა ერთმანეთში.

ულრიკემ და მისმა ჯგუფმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს „სახელმწიფოს უსამართლობას, მის ორმაგ სტანდარტებს და ლეგიტიმურ ძალადობას“ - მათი ვერბალური პროტესტი სულ მალე გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, რომელიც ამავე პროტესტით მართლდებოდა. დრომ შემოგვინახა ულრიკეს მანიფესტები და პუბლიკაციები.მე მხოლოდ მის ორ ამონარიდს მოვიყვან, ისევ ანას სტაატიიდან:

„პროტესტი: ვაცხადებ, რომ ესა და ეს არ მაწყობს. წინააღმდეგობა: ვიქცევი ისე, რომ რაც არ მაწყობს, არსებობას წყვეტს. პროტესტი: ვაცხადებ, რომ მორჩა, მე ამაში აღარ ვმონაწილეობ. წინააღმდეგობა: მე ვიქცევი ისე, რომ ამაში აღარავინ მიიღებს მონაწილეობას“.

და იქვე სრულიად საწინააღმდეგო: „დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად ძვირფასია, ვიდრე ფანჯრის მინები და მანქანები“...

ეს სიტყვები იმ ჯგუფის ლიდერს ეკუთვნის - ვის სინდისზეც მინიმუმ „5 მკვლელობა, 55 თავდასხმა და მრავალი სხვა საშინელებაა - ცეცხლის გაჩენა, გატაცებები... საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ RAF-ის გამო, 39 ადამიანი მოკვდა და 75 აფეთქებების დროს დაშავდა“(ა.კ.).

შემდეგ ანა წერს - „მისი ტექსტები მარწმუნებს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია - და კიდევ ერთხელ მაჩვენებს, რომ ამის გამბედაობა და უნარი არ მყოფნის. ამავე დროს ის, ჩემი ულრიკე მაინჰოფი, იყო ტერორისტი. მკვლელი. მე კი მაინც ძალიან მინდა, ისეთი გავხდე, როგორიც ულრიკე მაინჰოფი იყო.

სამარცხვინო მდგომარეობაა.

ქალბატონი ულრიკე მაინჰოფი ახლაც ძალიან სახიფათო ქალი გახლავთ.

და აი, ლაშა ბაქრაძემ ამიხსნა, რომ ეს სწორია. რომ RAF-ის და ულრიკეს ცალსახა შეფასება შეუძლებელია. მან მითხრა, რომ ულრიკე მაინჰოფი რომ არა, RAF არ იარსებებდა, ხოლო RAF რომ არა, დღევანდელი გერმანია და, გარკვეულწილად, დღევანდელი ევროპა ასეთი არ იქნებოდა; რომ მუდამ უნდა არსებობდეს ძალა, რომელსაც, პროტესტთან ერთად, წინააღმდეგობის უნარიც აქვს“!

ამ ყოველივეს წაკითხვის შემდეგ ანა კორძაიას წერილზე პასუხის დაწერის სურვილი გამიჩნდა, რადგანაც ნებით თუ უნებლიედ ძალადობასთან ძალადობით ბრძოლა ბევრს შესაძლოა ჩვენშიც მომხიბლავად ეჩვენოს...

პირველად ბაადერ-მაინჰოფსა და რაფ-ის „წითელ არმიაზე“ 1977 წელს გავიგე,უფრო სწორად-საბჭოურ ჟურნალ „როვესნიკში“ წავიკითხე.ეს „როვესნიკი“ საინტერესო გამოცემა გახლდათ ვინც იმ დროს მოსწრებია და მაშინაც ინტერესდებოდა-თუ რა ხდებოდა მსოფლიოში ბოქლომზე ჩაკეტილი ეგზოტიური ქვეყნის-სსრკ-ს ფარგლებს გარეთ-კარგად ეხსომება ეს ყოველთვიური გამოცემა.

ჟურნალი ექსკლუზიურად ყმაწვილებზე იყო გათვლილი, სადაც ჩვეული საბჭოური პროპაგანდისტული მაკულატურა იბეჭდებოდა, მაგრამ ერთი დიდი ღირსებაც ჰქონდა,რაც მის მინუსებს აჭარბებდა და რის გამო ის დეფიციტური იყო საბჭოთა პრესის ჯიხურებში: კარგად მახსოვს-მის თითოეულ ნომერს როგორ ვუდარაჯებდი ნაცნობ მეჯიხურეებთან... უხვად ილუსტრირებულ და იმ დროისთვის ხარისხიანი ბეჭდვის ჟურნალში სავალდებულო პროპაგანდისტულ-კომკავშირული სტატიების გარდა ყოველ ნომერში წააწყდებოდი ინფორმაციას დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე-ფილმებზე, წიგნებზე, მუსიკაზე და ცნობილ, „ბურჟუაზიული ქვეყნების“ საკულტო ადამიანებზე. სწორედ იმ ჟურნალში ამოვიკითხე ბაადერ-მაინჰოფის ტერორისტულ ჯგუფზე.კარგად მახსოვს სტატიის ავტორის ცუდად დამალული აღფრთოვანება „ჰეროიკული“ ულრიკესა და ბაადერის ტერაქტების მიმართ.მათი თავგადასავალი ხომ პირდაპირი დასაბუთება იყო,თუ რამდენად გაიხრწნა „ბურჟუაზიული დასავლეთი“ და რა ბედნიერები ვართ ჩვენ, სსრკ-ში მცხოვრები ახალგაზრდა თაობა, ბედმა ულრიკეს ნაოცნებარ ქვეყანაში დაბადება რომ გვარგუნა...

მახსოვს, 17 წლის გოგონა მაშინ ირონიით ვფიქრობდი-ჩამოიყვანეთ ეგ ულრიკე მაინჰოფი ბედნიერ საბჭოეთში და ექვსი თვის თავზე სანიმუშო „ბურჟუას“ მიიღებთ - იმის შემდეგ, რასაც აქ საკუთარი თვალით იხილავს-მეთქი.როგორც ამბობენ-კარგია იქ, სადაც ჩვენ არა ვართ!

ნეტა დასცლოდა!

შემიძლია ვთქვა-ბევრი იმათგანი, ვინც ასე თუ ისე ყმაწვილობიდან მიჩვეულნი ვიყავით ფიქრს და სსრკ-ში ცხოვრების ნაწილი მაინც გაგვიტარებია - სამუდამოდ ავიცერით ყველა სახის მემარცხენეობაზე-ვარდისფერი იქნება ის, ალისფერი თუ წითელი.მესმის ჰიპოტეტიურ ოპონენტთა შეძახილი-სსრკ-ში მემარცხენე იდეები დამახინჯებული, გიპერტროფირებული იყო ტოტალიტარული რეჟიმის მიერ და ეს სულაც არ არის მემარცხენეობაო! დიახ,შესაძლოა დამახინჯებული გახლდათ, მაგრამ საფუძველი ორივეს ერთი ჰქონდა! ტერორით ხომ არასოდეს არაფერი არ აშენდება და თუ ოდესმე აშენებულა,მხოლოდ იქამდე მდგარა-სანამ შიშის ფაქტორი ადუღაბებდა! ასეთი რეჟიმებისთვის თავისუფლების პატარა სიოც ხომ უდიდესი საფრთხეა.

შესაძლოა მომიგონ - მემარჯვენე დიქტატურებიც ხომ არსებობდნენო და მაშინვე გამახსენონ პინოჩეტიცა და ფრანკოც.ვუპასუხებდი - ცხადია, არსებობდნენ, მაგრამ ერთი დიდი განსხვავებაა ამ ორ სისტემას შორის-ისტორიამ და დრომ დაგვანახა (მასზე ზუსტი მსაჯული კი არავინაა) - პრაქტიკულად ყველა მემარჯვენე დიქტატურა ევოლუციურად გადავიდა დასავლური ტიპის დემოკრატიაში, რაც კატეგორიულად არ დაემართა არცერთ მემარცხენე დიქტატურას. ფაქტია,რომ ახლაც იმავე სახით არსებობს ჩრდილოეთი კორეაცა და ჩინეთიც (თუმცა ჩინეთი კიდევ ცალკე თემაა).

ნურავინ იფიქრებს-არ მესმოდეს, მემარცხენე იდეებმა რა ისტორიული როლი შეასრულა დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივ განვითარებაში.თავად მარქსი წერდა-მისი იდეების განხორციელება მხოლოდ მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში იყო დასაშვები და არავითარ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებში, როგორც რუსეთია, სადაც ისტორიულად დემოკრატიული ტრადიციის დეფიციტი და ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დაბალი ხარისხი იყო.

ცხადია, დღევანდელი დასავლური კაპიტალიზმი ხარისხობრივად სხვა წყობაა, ვიდრე მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე გახლდათ და მის ამ სახით ჩამოყალიბებაში მემარცხენე მოძრაობას თავისი წვლილი ნამდვილად მიუძღვის, რადგანაც გარკვეულწილად მოხდა ორივე სისტემათა კონვერგენცია-სადაც თითოეულ სისტემას დაესესხნენ იმას, რაც საზოგადოებას წაადგებოდა მისი განვითარების გზაზე - აქედან გაჩნდა ნორმირებული სამუშაო დღე, ქალთა უფლებები, სოციალური დახმარების სისტემა და ა.შ.

ყოველივე ეს რაღა თქმა უნდა, ძალაშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი პროგრესი ძირეულად მიიღწევა არა ძალადობითა და რევოლუციებით, არა პოპულისტი ლიდერების ანგარებიანი დემაგოგიით, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ და ევოლუციურად. მე-20 საუკუნის ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ამდენად აღარც დავკონკრეტდები.

ახლა კი ავხსნი-თუ რამ მიბიძგა ამ სტატიას გამოვხმაურებოდი.წერილის თავში მოგახსენეთ, ანას სტატია ფეისბუკზე წავიკითხე-მეთქი.ჰოდა მის ქვემოთ,კომენტარებში ერთი ასეთიც შემხვდა-„დიახ, ულრიკე მართალია... ვისაც მოსწონს მონად ყოფნა, შეუძლია დარჩეს, მეტს არც იმსახურებენ და ვისაც თავისუფლება გვწყურია-გაგვატარეთ და ნუ გაგვხდით იძულებულს ვინმე ავაფეთქოთ“!!! (სტილი დაცულია)

დამეთანხმეთ, მშვენიერი კომენტარია-მგზნებარე-რევოლუციური! დიახ, ქაღალდზე ყველაფერი ლამაზად მოჩანს, მკითხველიც და პუბლიცისტიც ერთ რომანტიულ ტალღაზე სუნთქავენ და ამ იდილიას რა დაარღვევდა, რომ არა ისტორიული გამოცდილების სასტიკი პროზაულობა, ასე არარომანტიული და სუბიქტურობისგან დაცლილი!

ეს რუტინული ისტორიული გამოცდილება კი სულ სხვა სურათს გვიხატავს და არა მხოლოდ გვიხატავს-ფაქტებითაც გვახსენებს, რომ სინამდვილე სულ სხვაა-კაცობრიობის გაბედნიერების ამბიციური მოყვარულნი როგორც წესი ბანალურ მოძალადეებად იქცეოდნენ მაშინვე-რა წამს ძალაუფლებას იგდებდნენ ხელში.

დღეს ძალადობრივი აქციებით ერის გაბედნიერების თემა საქართველოშიც მუსირებს-მართალია ისე ვეღარ,როგორც 2007-2009 წლებში, რადიკალური ოპოზიციის „პოლიტიკის“ პიკზე, მაგრამ ამის მუდმივი მცდელობები არსად გამქრალა-ეგაა რომ საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობს და თავისთავში იხარშება.ამ ფონზე და განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანა ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის რეჟიმში აგრძელებს ცხოვრება-განვითარებას-ულრიკე მაინჰოფის მსგავსი პერსონაჟები განსაკუთრებით სახიფათონი არიან.პოტენციურად რაღა თქმა უნდა-როგორც მაგალითი უმწიფარი გონებისთვის, რომელსაც სამართლიანობა სწყურია, მაგრამ არ იცის,რა გზას დაადგეს და რა საშუალებით მიაღწიოს მიზანს.რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ძალადობით უკეთეს მომავალს შექმნის და რომ მიზანი ამართლებს საშუალებას...

არ გეცნობათ ქრესტომათიული-„ხეს როცა ჭრიან-ნაფოტები ცვივაო“?

ერთი რამ ვიცი-ძალადობა ძალადობით ჯერ არავის გამოუსწორებია! სახელმწიფო ერთადერთია, ვისაც ლეგიტიმური, შეზღუდული ძალადობის უფლება გააჩნია და უნდა გააჩნდეს.ასე რომ არ იყოს - სახელმწიფო ვერ იარსებებდა, იქნებოდა სრული განუკითხაობა.წარმოვიდგინოთ-ყოველმა მოქალაქემ რომ იგივე უფლება დაიჩემოს-რის უფლებასაც ულრიკე მაინჰოფი აძლევდა თავს!

აქ მთავარია პრინციპის ურღვევობა-რომ ინდივიდს არა აქვს მეორე ინდივიდის სიცოცხლის ხელყოფის უფლება და აქ არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება! თუ ეს პრინციპი არ იმუშავებს-ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, სხვისი სიცოცხლის ხელყოფის „წონად არგუმენტს“ რომ გამოძებნიან!ვინ უნდა იყოს მსაჯული-ვისი მოკვლა შეიძლება და ვისი არა?ან რის გამო შეიძლება ადამიანის მოკვლა და რის გამო არა? ამიტომ პრინციპი ყველასთვის ერთია, გამონაკლისის გარეშე-რა „არგუმენტებსაც“ არ უნდა იყენებდნენ ადამიანთა ძალით გაბედნიერების მარადიული მოყვარულნი.ისტორიის მატარებელი დიდი ხნის გასულია ბაქანიდან-ცივილიზებულმა კაცობრიობამ კარგა ხანია რაც მოიხადა ეს „საყმაწვილო“ სენი-საყოველთაო ბედნიერების და სამართლიანობის სახელით მილიონებს რომ წყვიტავდნენ სწორედ ულრიკეს სულიერი წინაპრები მის დაბადებამდე სულ რამდენიმე ათეული წლით ადრე! გვეყო!

რეალობა ისაა, რომ საზოგადოება ნელ-ნელა მწიფდება დემოკრატიისთვისაც და ეკონომიური პროგრესისთვისაც და ყველანი,ვინც ამ ძნელად,მაგრამ აუცილებლად გასავლელ გზაზე გულწრფელად ცდებიან თუ გამიზნულად სპეკულირებენ-ნებით თუ უნებლიედ საზოგადოების განვითარების შეფერხებას უწყობენ ხელს.აი ეს მასწავლა ჩემმა პირადმა გამოცდილებამ და იმ ისტორიულ მოვლენათა ანალიზმა, რომლებითაც სავსე იყო გასული საუკუნე.

და ბოლოს მახსენდება ერთი შესანიშნავი ფრაზა - „კეთილი ზრახვებით არის მოფენილი გზა ჯოჯოხეთისკენ“! ვაი,რომ ასეა!

22 საქართველო - მსოფლიოს პირველი რეფორმატორი

▲back to top


ბიზნესი

საქართველო, 174 ქვეყანას შორის, ნომერ პირველი რეფორმატორია - ასეთია მსოფლიო ბანკის კვლევის Doing Business 2011-ის დასკვნა

საქართველო ბიზნესის კეთების სიადვილის მხრივ, მსოფლიოში მე-12, ევროპაში - მე-5 ადგილზეა. მეზობლებს - სომხეთს, თურქეთს, რუსეთს და აზერბაიჯანს კი - საშუალოდ 61 ადგილით უსწრებს. მსოფლიო ბანკის დაკვირვებით, ძალიან ცოტაა ქვეყანა, რომელიც რეფორმირებას სტაბილურად აგრძელებს. სწორედ ამ ნიშნით გახდა საქართველო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი.

საქართველომ სერიოზული კონკურენცია დაძლია: მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, 117-მა ქვეყანამ გაატარა 216 რეფორმა ბიზნესის დაწყების გასამარტივებლად. ადგილობრივი კომპანიებისთვის ბიზნესის კეთება 174 ქვეყნის 85%25-ში გაადვილდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში, 105-მა ქვეყანამ გაატარა 146 რეფორმა და კომპანიებს ქონების დარეგისტრირების პროცედურები გაუმარტივა: მსოფლიო მასშტაბით, ქონების გადაცემის დრო შემცირდა 38%25-ით, ფასი კი - 10%25-ით.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქონების დარეგისტრირებისა და საერთაშორისო ვაჭრობაზე ბიუროკრატიის ტვირთის ინოვაციური და ეფექტიანი შემცირების გამო, საქართველო ე.წ. good practice ანუ სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითია. ქვეყანამ დანერგა ცენტრალური რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა, რომლითაც სარგებლობა ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი და გაამარტივა საბაჟო პროცედურები. ქონების დარეგისტრირების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზე და 172 ქვეყანაზე წინაა. საერთაშორისო ვაჭრობის მიხედვით კი - 35-ე ადგილზე და 139 ქვეყანაზე წინ.

საქართველო მშენებლობის ნებართვების გაცემისა და ბიზნესის დაწყების სიადვილის მიხედვით მსოფლიო ათეულში შედის; ხოლო კრედიტზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტორთა დაცვის მიხედვით - მსოფლიო ოცეულში.

კიდევ უფრო გასამარტივებელია გადასახადების ადმინისტრირება და ბიზნესის დახურვის პროცედურები: გადასახადების გადახდის კომპონენტის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზე და 113 ქვეყანაზე წინაა. ბიზნესის დახურვის მხრივ კი - 105-ე ადგილზე და 69 ქვეყანაზე წინ.

მსოფლიო ბანკის კვლევამ აკადემიური აჟიოტაჟი გამოიწვია: რა კავშირი არსებობს ბიზნესის კეთების სიადვილის კომპონენტებსა და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს შორის? 650-მდე კვლევა უკვე გამოქვეყნებულია. კიდევ 2 ათასამდე კი - დამუშავების პროცესშია. ამ დრომდე დასკვნა ასეთია: ბიზნესის დაწყების გაადვილება და გაიაფება პირდაპირ აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე - იზრდება კომპანიების კმაყოფილება, დანაზოგების მოცულობა, ოფიციალურად დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა, ფინანსური რესურსები, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და დასაქმების ალბათობა. კორუფცია და ჩრდილოვანი სექტორი მცირდება.

ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნების 85%25-მა გაამარტივა ბიზნესის კეთება. 2006 - 2011

0x01 graphic

23 ვლადე დივაცის MiSSion PoSSiBLe

▲back to top


კალათბურთი|სპორტი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

თბილისში ერთი დღით ვლადე დივაცი ჩამოვიდა. აეროპორტის ViP-ში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონს და ყველა დრო ის ერთ-ერთ წონად ევროპელ კალათბურთელს ათამდე დამხვედრი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც. ვლადე, რომელიც (2009დან) სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, ჩვენთან მნიშვნელოვანი მისიით ჩამოფრინდა: 2015-ში გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამ ლამაზი ღონისძიების მასპინძელი 27 ნოემბერს, ბელგრადში გაირკვევა. ფინალში თბილისი და ბრნო გავიდნენ.

დივაცს არჩევნებზე ერთი ხმა ექნება, მაგრამ ვლადე სპორტულ გალაქტიკაში დიდი პერსონაა და იმ ერთი ხმის გარეშეც, თბილისისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. დივაცმა დაათვალიერა ოთხი სპორტული ობიექტი, სეოკის პრეზიდენტისგან, გია ნაცვლიშვილისგან აუცილებელი გარანტიები მიიღო და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთან სასაუბროდაც მოიცალა.

ვლადე დივაცი: თბილისს და ბრნოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის თანაბარი შანსები აქვთ. თბილისის დათვალიერებას ვერ მოვასწრებ, მაგრამ რაც ვნახე, ყველაფერი მომეწონა. თანამედროვე შენობები, ლამაზი და არასტანდარტული ადგილები, უამრავი ისტორიული ძეგლი... თბილისი და საქართველო სერბეთს მაგონებს. საქართველომ და სერბეთმა რთული პერიოდი გამოიარეს და იმედი მაქვს, ყველაფერი ცუდი უკვე წარსულშია. საქართველო სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანაა და თქვენი მეგობარი, გულშემატკივარი ვარ. გამიხარდება, 27 ნოემბერს თბილისმა რომ მოიგოს. უბრალოდ, პროგნოზის გაკეთება არ მინდა. 27 ნოემბერს დაველოდოთ. ყველაფერია შესაძლებელი.

  • კარგ ფორმაში ხართ. როგორც ვიცი, ხშირად ვეტერანების ტურნირებში მონაწილეობთ.

ბიჭები ხანდახან ვერთობით. ორი კვირის წინ მეგობართან დარჩენა მომიწია. ყველაზე ადრე მე გამეღვიძა, გავედი ეზოში და იქვე, ჭიშკართან კალათბურთის მოედანი დავინახე. თამაშს ნამდვილად არ ვაპირებდი, ისე, გავედი ეზოდან და ფართან დავდექი. რამდენიმე წუთში მოდის ორი ბავშვი, იქნებ ბურთი ჩაგვატენინოო, მთხოვეს. ერთი ხელში ავიყვანე და სანამ კალათამდე ავწევდი, მეორე მობილურით ფოტოებს გვიღებდა. მერე, როლები შეცვალეს. ხუთ წუთში მოედანზე მთელი უბანი შეგროვდა. მაგრად ვიხალისეთ, მაგრამ იმ გართობის შემდეგ, ზურგი დღესაც მტკივა.

  • ზედმეტი წონის პრობლემა ალბათ, არ გაწუხებთ.

მეც მიკვირს, მაგრამ ოპტიმალური წონის შენარჩუნება ადრე უფრო მიჭირდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაც კარიერა დავასრულე, ზედმეტი წონის პრობლემა არ მქონია. პეჟა სტოიაკოვიჩთან ერთად ბელგრადში ჩავატარეთ მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობდნენ სერბეთის დღევანდელი ნაკრების წევრებიც. აქციის პროცესში ბავშვებმა გვთხოვეს, შენ და პეჟა ახალგაზრდებს ეთამაშეთო. 5-6 წუთით გავერთეთ და ახალგაზრდებს მაგრად მოვუგეთ. მეგობრებმა მითხრეს, შენი და პეჟასი მოერიდათო, მაგრამ პეჟას ტუჩი გაუხეთქეს, ნიკაპში მეც მაგარი მომარტყეს და მაინც მგონია, რომ სერიოზულად გვეთამაშებოდნენ.

  • კალათბურთი არ გენატრებათ?

არა. ყველაფერს სიამოვნებით ვიხსენებ და მსიამოვნებს, რომ ბევრი დიდი გუნდის წევრი ვიყავი, მაგრამ როდესაც კარიერა დავასრულე, ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი. ზურგის, მუხლის ტრავმების გამო ძალიან ბევრი პრეპარატის მიღება მჭირდებოდა, მუდმივად ქირურგებთან კონსულტაციებზე გავრბოდი. ბოლოს, საკრამენტოდან ლეიკერსში რომ დავბრუნდი, ზურგის ტკივილი ისეთი მწვავე იყო, რომ ეგრევე, დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ. ფანებისთვის, თქვენთვისაც ამის გაგება რთულია. ზოგს არ ესმის, როგორ შეიძლება დაასრულო კარიერა, როდესაც კიდევ 10-15 მილიონი დოლარის აღების შანსი გაქვს. ალბათ, რომ არ მეთამაშა და ყველაფერი ჩემი თვალით არ მენახა, ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამომეცადა, იმავეს ვიფიქრებდი. დამიჯერეთ, ყველაფერი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ მატჩის მერე შვილს ხელში ვერ აიყვან და მეუღლეს საკუთარ ჩანთას წამოაღებინებ... უბრალოდ, ჩემი დრო წასული იყო.

  • თამაშის გაგრძელება შეგეძლოთ?

რომ მომენდომებინა, ორ სეზონს კიდევ ვითამაშებდი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ გუნდი ამით არ იზარალებდა. ბოლო სეზონში, როდესაც ლეიკერსმა მანამდე კარლ მელოუნი და გარი პეიტონი გაუშვა, კობიმ მითხრა, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ყველაფერი უნდა ასწავლო, შეაგნებინოო. პრობლემა არ არის-მეთქი და რამდენიმე მოთამაშესთან პირად მეცადინეობასაც ვატარებდი. და მალე ყველაფერი დასრულდა. ლეიკერსი სეზონის ბოლომდე ხელფასს მაინც მიხდიდა, მაგრამ როდესაც აგვისტოში კიდევ ერთი წლით დარჩენა შემომთავაზეს, უარი ვუთხარი. არ მინდოდა, ვინმეს ვალი მქონოდა და რომ დავრჩენილიყავი, ხელფასს არაფერში გადამიხდიდნენ. როდესაც სახელფასო ლიმიტის გამო სხვები ხელფასს იკლებენ და გუნდის ინტერესებს ითვალისწინებენ, დარჩენის და ფულის არაფერში აღების უფლება არ გაქვს.

  • ვლადე, თქვენი უკანასკნელი დიდი გამარჯვება 2002-ში, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო. გახსოვთ ის ტურნირი?

0x01 graphic

კობი ბრაიანტი და ვლადე დივაცი

კი, მშვენივრად მახსოვს. იუგოსლავიას სერიოზული ნაკრები ჰყავდა, მაგრამ ფავორიტი ამერიკა იყო. ჯერ ერთი, ჩემპიონატი ინდიანაპოლისში ტარდებოდა და ამერიკელები იმ დარბაზში ტურნირის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბნენ. ტრავმით ჩამოვიდა ტურნირზე დეიან ბოდიროგა, ვარჯიშზე ზურგი იტკინა სტოიაკოვიჩმა, დრობნიაკს ნათესავი დაეღუპა და თამაში საერთოდ არ უნდოდა, მეც არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში. ამერიკელებმა უპრობლემოდ მოიგეს სამივე მატჩი ჯგუფში, ჩვენ კი ესპანეთთან წავაგეთ. უბრალოდ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ამერიკას რომ მოეგო და ჩვენც თურქეთთან არ წაგვეგო, გასავარდნ ეტაპს ამერიკით არ დავიწყებდით. თურქებს მოვუგეთ, ამერიკის მატჩი არგენტინასთან გვიან იწყებოდა. ამერიკამ წააგო. უშანსოდ წააგო, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა ეგრევე გვითხრა, უკეთესია, რომ ამერიკასთან მერვედფინალში თამაში გვიწევს. თუ ამერიკას არგენტინამ მოუგო, რატომ ვერ უნდა გააკეთოს იგივე იუგოსლავიამ?

  • ამერიკელებთან ორჯერ მოედნიდან გაგდებას გადარჩით. ერთხელ, ბენ უოლასმა იდაყვით მსაჯების მაგიდაზე გადაგაგდოთ და იუგოსლაველმა ფანებმა უოლასს თავში ჰამბურგერი გაარტყეს. თქვენ, ფანების დაწყნარების ნაცვლად, იმ ჰამბურგერის ნატეხი აიღეთ და ჩაკბიჩეთ.

კი, ეგ ეპიზოდიც მახსოვს. მძიმე, დაუნდობელი მატჩი იყო. ბოდიროგას დიდ შესვენებაზე ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს, მარკო იარიჩს ორი კბილი ჰქონდა მოტეხილი, მეც მაგრად მომხვდა. უბრალოდ, იმ მატჩს არ წავაგებდით. არ გვინდოდა ამერიკასთან წაგება და რაც ვთქვით, ის შევასრულეთ.

  • ფინალის წინ არგენტინას დაემტვრა მანუ ჯინობილი. დაგვეთანხმეთ, რომ ეს თქვენთვის დიდი ბონუსი იყო.

ჯინობილის ტრავმა ყველამ ნახა და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რომ გენახათ, რა დღეში იყვნენ ჩვენი ნაკრების წევრები, ჯინობილის არც კი გაიხსენებდით. ფინალში დალეწილები, ნაცემები გავედით, სტოიაკოვიჩს ამერიკასთან მატჩის შემდეგ ყურზე რამდენიმე ნაკერიც დაადეს. ჯინობილი დიდი ჩემპიონია, მაგრამ ფინალში ჯანზე რომც ყოფილიყო, იუგოსლავია იმ შეხვედრას არ წააგებდა.

  • ვერ მოიგეთ ოლიმპიადა და NBA-ს ფლეი ოფი...

ალბათ, ორივე ტურნირის მოგება შემეძლო. 1988-ში ოლიმპიადის ფინალი რუსებთან წავაგეთ და 8 წლის შემდეგ, უკვე ამერიკამ მოგვიგო. სეულში ძლიერი ნაკრებით ჩავედით და ფინალში ოდნავ ყურადღებით რომ გვეთამაშა, რუსებს მოვუგებდით. უბრალოდ, ვერ გავაჩერეთ მათი რამდენიმე ლიდერი, ბოლოში 2 მეტრიდან 2 სროლა გავაფუჭეთ, მსაჯებმა დრაჟენ პეტროვიჩზე სამჯერ თუ ოთხჯერ ჯარიმა არ დააფიქსირეს. რუსებსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ, ამერიკამაც კარგი ნაკრები ჩამოიყვანა, სადაც NBA-ს მომავალი სუპერვარსკვლავები დევიდ რობინსონი, მიჩ რიჩმონდი და დენ მარლი იყვნენ. NBA-ს ფლეი ოფის მოგება კი ყველაზე რთულია. ლეიკერსთან ერთად წავაგე ფინალი ჩიკაგოსთან და იმ ბულზში ჯორდანი და პიპენი იყვნენ. საკრამენტოსთან ერთად ფინალშიც კი ვერ გავედი, მაგრამ ჩემპიონობასთან იმ გუნდთან ერთად უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე - ლეიკერსთან. 2002-ში ლეიკერსზე უკეთესი, უფრო შეკრული გუნდი გვყავდა, მაგრამ დასავლეთის კონფერენციის მეშვიდე მატჩი მაინც წავაგეთ. ლეიკერსს ჰყავდა შაკი. ის სერია შაკმა მოიგო.

  • სლემის ერთ-ერთ გამოცემაში ტიმ დანკანმა წინა გენერაციის ევროპელებიდან საუკეთესოდ დაგასახელათ.

კი, სლემის ის გამოცემა შენახული მაქვს. ტიმი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მესიამოვნა, როდესაც მის ინტერვიუში ეს სიტყვები ამოვიკითხე. დანკანი სამაგალითო მოთამაშე და პიროვნებაა, აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში და დღესაც შეუძლია ნებისმიერი მატჩის მარტოდ მოგება.

  • ტიმს ეთანხმებით?

საუკეთესო ევროპელს ამერიკაში არ უთამაშია. საუკეთესო ბოდიროგა იყო.

  • ეტროვიჩზე და საბონისზე ძლიერი?

სამივე უდიდესი მოთამაშე იყო, მაგრამ საუკეთესო ბოდიროგაა.

24 უცხო სიხარული

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო, ამხანაგურ მატჩში სლოვენიას სტუმრად 2:1 მოუგო!

მასპინძელთა გოლი ჯერ შეცვლაზე შესულმა სანდრო გურულმა გაქვითა - მცველებს შეცდომა არ აპატია, რამდენიმე წამში კი ჯანო ანანიძემ მათე ვაწაძის შესანიშნავი პასით მეორე გაიტანა. ეს გოლები ორივესთვის პირველი იყო ნაკრებში, სანდრო გურულმა კი სულაც დებიუტი აღნიშნა გოლით!

ქართველებმა სლოვენიელებს მეოთხე ცდაზე პირველად სძლიეს. აქამდე გამართული სამი დაპირისპირებიდან მეტოქემ ორი მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 2010 წელი დაუმარცხებლად დაასრულა: მარტში, ესტონეთთან ასევე 2:1 მოგებული თამაშის შემდეგ ნაკრებმა 4 ოფიციალური და 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დაუმარცხებელი სერია რვამდე გაზარდა. ეს რეკორდის გამეორებაა (1997 წელს სამი წაუგებელი მატჩი დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით, 1998 - ვლადიმერ გუცაევმა ნაკრები ხუთჯერ ათამაშა დაუმარცხებლად).

სლოვენიაში მოგებული თამაში არაერთი საინტერესო ფაქტის გამოა აღსანიშნავი, თუმცა მთავარი, ცხადია, მოგებაა. თუნდაც არცთუ კარგი თამაშის ფონზე - ჩვენი გუნდი ნამდვილად არ იყო შთამბეჭდავი, მაგრამ შედეგს კი სასურველს მიაღწია.

თემურ ქეცბაია პირველი მწვრთნელია ნაკრების ისტორიაში, რომელიც საწყის 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია!

ეს რეკორდია და ამავდროულად, უტყუარი დადასტურებაც: მის ხელში გუნდი პროგრესირებს და იგებს მატჩს, თუნდაც სტუმრად, თუნდაც მეორე შემადგენლობით და თუნდაც გაშვებული გოლის შემდეგ. მთავარი, რაც ქეცბაიამ მოახერხა, არის ის, რომ ფეხბურთელებს თვითრწმენა დაუბრუნდათ, ბოლომდე იბრძვიან და წაგების რცხვენიათ.

საქართველოს ნაკრებს ბევრი სამუშაო რომ აქვს, არავინ დაობს, მაგრამ ამაზე საუბრით ამჯერად თავს არ შეგაწყენთ. ახლა სიხარულის დროა, რადგან ჩვენი გუნდისთვის წლევანდელი შედეგები უცხოა, სასიამოვნოდ უცხო, ჩვენ, გულშემატკივრები კი ამას ძალიან დიდხანს ველოდით.

შეუდარებელი გრძნობაა, როცა შენი საყვარელი გუნდით ამაყობ! საქართველოს ნაკრებმა მოიგო, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.

ჩვენც გავიხაროთ, ხოლო ნაკლოვანებებზე საუბარი თემურ ქეცბაიას და მის თანაშემწეებს მივანდოთ. მით უმეტეს, რომ ჩანს, მათ ეს საქმე კარგად ეხერხებათ.

იმედია, 2011 წელიც ასეთივე წარმატებული იქნება

0x01 graphic

ჯანო ანანიძემ ეროვნულ გუნდში პირველი გოლი გაიტანა

ფოტო: REUTERS ©

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2010 წელს
3 მარტი. თბილისი. ამხანაგური მატჩი 2:1 ესტონეთი (ლ. კობიაშვილი, დ. სირაძე)
25 მაისი. ავსტრია, ლიენცი. ამხანაგური მატჩი 0:0 კამერუნი
11 აგვისტო. მოლდოვა, კიშინიოვი. ამხანაგური მატჩი 0:0 მოლდოვა
3 სექტემბერი. საბერძნეთი, ათენი. ევრო 2012 1:1 საბერძნეთი (ა. იაშვილი)
7 სექტემბერი. თბილისი. ევრო 2012 0:0 ისრაელი
8 ოქტომბერი. თბილისი. ევრო 2012 1:0 მალტა (დ. სირაძე)
12 ოქტომბერი. ლატვია, რიგა. ევრო 2012 1:1 ლატვია (დ. სირაძე)
17 ნოემბერი. სლოვენია, კოპერი. ამხანაგური მატჩი 2:1 სლოვენია (ს. გურული, ჯ. ანანიძე)

25 სებასტიან ფეტელის და რედ ბულის პირველი ტრიუმფი

▲back to top


სპორტი

აბუ დაბის დიდი პრიზით ფორმულა 1-ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაკავებული პირველი ადგილით რედ ბულის გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა უძლიერესის ტიტული მოიგო - 23 წლის და 133 დღისა, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. წელს მან 5 რბოლა მოიგო, 10-ჯერ კი საკვალიფიკაციო რბოლებში იმარჯვა. მიხაელ შუმახერის შემდეგ სებასტიან ფეტელი მხოლოდ და მხოლოდ მეორე გერმანელი პილოტია, რომელმაც ტიტულის მოგება მოახერხა.

აბუ დაბის დიდი პრიზის წინ ჩემპიონატს ფერარის ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო ლიდერობდა, თუმცა მან მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა, ეს კი ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო რბოლის წინ ის ფეტელს 15 ქულით უსწრებდა.

არ ვიცი რა ვთქვა! ძალიან დაბნეული ვარ, მე ხომ ისეთი პილოტების გვერდით დავდექი, მიხაელ შუმახერი და აირტონ სენა რომ იყვნენ, - განაცხადა ჩემპიონმა პრესკონფერენციაზე.

0x01 graphic

სებასტიან ფეტელი
ფოტო: REUTERS ©

რბოლის წინ რედ ბულის ხელმძღვანელობა მას გუნდის ინტერესების გათვალისწინებას და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელ მარკ უებერისთვის გზის დათმობას სთხოვდა - უებერი ალონსოს უახლოესი მდევარი იყო, თუმცა აბუ დაბიში ვერც მან ივარგა: ალონსოს ჩამორჩა, საბოლოოდ კი წლევანდელი სეზონი, ესპანელის შემდეგ, მესამე ადგილზე დაასრულა.

ეს სპორტია - ხან მოიგებ, ხან წააგებ. ბოლო ეტაპებზე საქმე კარგად წაგვივიდა და ჩემპიონატის მოგების შანსიც გამიჩნდა, მაგრამ არ გამიმართლა. გაოგნებული ვარ - ძალიან ახლოს ვიდექი ტიტულთან... - ფერნანდო ალონსო რბოლის წინ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა გაამხნევა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ალონსო კვლავაც ორგზის ჩემპიონად დარჩა: მან 2005 და 2006 წლებში რენოსთან ერთად მოიგო ორი ტიტული...

ჩემპიონი გახდა სებასტიან ფეტელის გუნდიც: ავსტრიის რედ ბულმა, გერმანელი პილოტის დარად, პირველად მოიპოვა უძლიერესის სახელი. მეორე ადგილზე მაკლარენი გავიდა, მესამეზე კი ფერარი. კონსტრუქტორთა თასის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება - 16 - სწორედ ფერარის ანგარიშზეა. რბოლების ისტორიაში თასი პირველად მოიგო ავსტრიულმა გუნდმა.

წლეულს 19 ეტაპი ჩატარდა, ეს კი ფორმულა 1-ის რეკორდის გამეორებაა - 2005 წელსაც სწორედ ამდენი რბოლა მოეწყო. მაშინაც გერმანელმა იმარჯვა - ფერარის პილოტმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა.

სათქმელია ისიც, რომ სწორედ წლევანდელი სეზონის წინ შეიცვალა ქულათა დარიცხვის სისტემა, რომელიც საგაისოდაც შენარჩუნდება: გამარჯვება 25 ქულად ფასდება, მეორე ადგილი - 18 ქულა, მესამე - 15, მეოთხე - 12, მეხუთე - 10, მეექვსე - 8, მეშვიდე - 6, მერვე - 4, მეცხრე - 2, მეათე - 1.

ფორმულა 1-ის მესვეურთა თქმით, 2011 წელს ეტაპების რაოდენობა ისტორიაში პირველად მიაღწევს ორ ათეულს: წელს გამართულ ეტაპებს ინდოეთის დიდი პრიზიც დაემატება.

პილოტები (საუკეთესო სამეული)

1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) - 256 ქულა; 2.ფერნანდო ალონსო (ფერარი; ესპანეთი) - 252; 3.მარკ უებერი (რედ ბული; ავსტრალია) - 242

კონსტრუქტორთა თასი (საუკეთესო სამეული)

1.რედ ბული (ავსტრია) - 498 ქულა; 2.მაკლარენი (დიდი ბრიტანეთი) - 454; 3.ფერარი (იტალია) - 396.

26 მეექვსე ელემენტი

▲back to top


ავტო

0x01 graphic

0x01 graphic

პარიზის წლევანდელი საავტომობილო შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, ლამბორგინის კონცეპტუალური ავტომობილი სესტო ელემენტო (მეექვსე ელემენტი) იყო. მისი ფოტო ტიზერების გავრცელება იტალიურმა კომპანიამ, გამოფენის გახსნამდე ერთი თვით ადრე დაიწყო და ამით, ამ ავტომობილისადმი ისედაც დიდი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა.

საავტომობილო საზოგადოება „ხარებისგან“ ფლაგმან მურსიელაგოს შემცვლელ ჯოტას კი ელოდა, მაგრამ ამ უკანასკნელის დებიუტი, სულ მცირე, ჟენევამდე გადაიდო, მის ნაცვლად კი პარიზის ვერსალის საგამოფენო კომპლექსში მეექვსე ელემენტი გაგვაცნეს, რომელმაც ეს სახელი, ქიმიური ელემენტების ცხრილში მეექვსე ადგილზე მდგარი ნახშირბადის ხათრით მიიღო.

თითქოს, ეს ავტომობილი კონცეპტუალური პროტოტიპის სახითვე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა ინტერნეტ გამოცემა აუტომოტომ გაავრცელა ცნობა, რომ ლამბორგინი სესტო ელემენტოს მცირესერიულად წარმოებას აპირებს.

ისევე როგორც ყველა ლამბოს, მეექვსე ელემენტსაც უმძლავრესი ძრავი აქვს, მაგრამ მას სხვა ხარებისგან განმასხვავებელი თავისებურებაც გააჩნია. ეს თავისებურება კი სიმსუბუქეა. საერთოდ, უსაფრთხოების გამკაცრებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ავტომწარმოებლები იძულებულნი არიან, თავიანთი პროდუქცია ახალ-ახალი სისტემებით აღჭურვონ, რაც ავტომობილის დამძიმებას იწვევს. ეს კი ყველაზე მეტად სპორტულ სუპერავტომობილებს არ უხდება, რადგან გაზრდილი წონა მათ ტემპერამენტზე, მართვადობასა და მუხრუჭების ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ამიტომ, კომპანიები წარმოებაში ისეთი მსუბუქი მასალების დანერგვას ცდილობენ, როგორებიცაა კარბონის კომპოზიტი და ალუმინი. მაგრამ თუ ალუმინის დეტალების მასობრივი წარმოების საკითხი მეტ-ნაკლებად გადაჭრილია, კარბონთან დაკავშირებით, იგივეს თქმა არ შეიძლება. მას მხოლოდ ექსკლუზიურ ავტომობილებში იყენებენ და ისიც, ძალიან შეზღუდულად.

და აი, პარიზში ლამბომ ყველას უჩვენა, რომ სერიული ავტომობილების საწარმოებლად, მეტწილად ნახშირბადოვანი კომპოზიტის გამოყენება შესაძლებელია. აეროკოსმოსურ გიგანტ ბოინგთან ერთად, ხარებმა კარბონის დეტალების სერიულად დამზადების ტექნოლოგიები შეიმუშავეს, რომლებიც პირველად სწორედ მეექვსე ელემენტზე გამოიყენეს და ამ ავტომობილს სახელიც ამის მიხედვით შეურჩიეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გრაფიტის ფერის მონსტრი მეტწილად ნახშირბადისგანაა დამზადებული.

მოკლედ, კარბონის წყალობით, სესტო ელემენტო სულ რაღაც, 999 კილოგრამს იწონის. ეს კი 341 კილოგრამით ნაკლებია გალიარდო LP 570-4 სუპერლეგარას (ანუ, სუპერმსუბუქის) წონაზე. კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული ავტომობილი LP 570-4 სუპერლეგარას აგრეგატებითაა აღჭურვილი. ესაა 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი, რომელიც 570 ცხენის ძალას იძლევა. ამგვარად, წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1.75 კილოგრამია ყოველ ცხენის ძალაზე. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ მეექვსე ელემენტმა ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 2.5 წამში მოასწროს. მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარები მხოლოდ 7-10 ცალი სესტო ელემენტოს დამზადებას აპირებენ, მისი შეძენის მსურველებს კი 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

27 მაკლარენი ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილებს გამოუშვებს

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ინგლისური კომპანია მაკლარენ ავტომოტივი, რომელიც თავის პირველ სუპერ მოდელ MP4-12C-ს გაყიდვებს გაზაფხულიდან დაიწყებს, თავისი სამოდელო გამის (რომელიც მალე სამამდე გაიზრდება) ყველა ავტომობილის ჰიბრიდული ვერსიის წარმოებასაც გეგმავს. ამის თაობაზე ინფორმაცია კი ბრიტანულმა გამოცემა ქარმა გაავრცელა.

ინფორმაციის საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ მაკლარენმა ინტენსიურად დაიწყო იმ სპეციალისტების დაქირავება, რომლებსაც ჰიბრიდული ძალური დანადგარების შექმნის გამოცდილება აქვთ. ქარის ცნობით, ახალ პერსონალს მაკლარენისთვის ყველა იმ ელექტრონული კომპონენტის შექმნა მოუწევს, რომლებიც ჰიბრიდული აგრეგატებისთვისაა საჭირო.

ჯერჯერობით, მაკლარენის ჰიბრიდულ მოდელზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ კომპანია მალე თავის საწარმოო პროგრამას კიდევ ორ ავტომობილს დაუმატებს. მათგან ერთი ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის შთამომავალი იქნება, მეორე კი - შედარებით იაფფასიანი სპორტული მოდელი, რომელმაც კონკურენცია პორშე კაიმანსა და ნისან 370Z-ს უნდა გაუწიოს.

რაც შეეხება MP4-12C-ს, მისი კონცეპტუალური ვერსიის პირველი ჩვენება შარშან, ზაფხულში შედგა, სერიული ავტომობილი კი მსოფლიო საზოგადოებამ პირველად ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე იხილა. ეს ავტომობილი 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის დახმარებით, MP4-12C-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის 3.4 წამში აკრეფა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს.

რაც შეეხება F1-ის შთამომავალს, მასაც ძრავი (გაცილებით ძლიერი) ბაზაში ექნება განლაგებული. მონოკოკი კი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. მაკლარენი აცხადებს, რომ ამ ავტომობილზე არაერთ ისეთ ტექნოლოგიურ სიახლეს გამოიყენებს, რომელთა წყალობითაც, მას თავისუფლად შეიძლება რევოლუციური ეწოდოს. ამ ავტომობილის დებიუტი ორი წლის შემდეგაა დაგეგმილი.

მაკლარენი მხოლოდ 1000 ცალი MP4-12C-ს წარმოებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მეტი - 400- 500 ცალი ავტომობილი ევროპის ბაზარზე გაიყიდება, 300-400 ცალს ჩრდილოამერიკული ბაზარი მიიღებს, დანარჩენი მსოფლიოს კლიენტურისთვის კი მხოლოდ 100-200 ცალი რჩება. დიდ ბრიტანეთში MP4-12C-ს ფასი 175 000 გირვანქაა.

28 პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები ადამიანების ამბავი ერთ წიგნად

▲back to top


ლიტერატურა|კულტურა

ექვსი ქართველი ავტორი შვიდი ნაწარმოებით - „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ გერმანელმა მკითხველმა უკვე გაიცნო: ლაშა ბუღაძე „ლიტერატურული ექსპრესით“, ბასა ჯანიკაშვილი „აბსურდისტანით“, დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობით“, ბესო ხვედელიძე „თაგვის გემოთი“, აკა მორჩილაძე „ტერცო მონდოთი“, ზაზა ბურჭულაძე „passive attack-ითა“ და „ადიბასით“. სწორედ ამ ნაწარმოებების ნაწყვეტებით დაკომპლექტდა გერმანულ ენაზე გამოსული ანთოლოგია, რომლის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს, მთარგმნელობითი პროექტის „წიგნისა და ლიტერატურის განვითარების“ ფარგლებში გამოცემული ანთოლოგია კი ქართველი მკითხველის წინაშე 12 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში წარადგინეს. შეკრებილი აუდიტორია ყურადღებით უსმენდა ავტორებს, რომლებიც საკუთარი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ, მწერლებს პერიოდულად მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ცვლიდა. სპეციალურად გერმანელი სტუმრებისთვის, წაკითხული ტექსტები გერმანულ ენაზე ნათარგმნი, ეკრანზე პროექტორით გადიოდა. პარალელურად, დარბაზში პერფორმანსისთვის თემატურად შერჩეული ჯაზის კომპოზიციები ისმოდა, რაც მსმენელს ისტორიაში დაბრუნების ილუზიას უქმნიდა. მოკლედ, ლიტერატურულ-მუსიკალურმა პერფორმანსმა, შეკრებილი საზოგადოება პოსტსაბჭოთა სივრცეში გადაისროლა... აქ წარმოდგენილი ნაწყვეტები ხომ სწორედ ამ პერიოდის საქართველოში მცხოვრები ადამიანების თავგადასავალს მოგვითხრობდა - „ქართული რომანებიდან ამოღებული ფრაგმენტები, პირდაპირი მნიშვნელობით ისტორიას არ ასახავს, მაგრამ ლიტერატურის თვისებაა ჰქონდეს სოციალური ფუნქცია, რის მეშვეობითაც სწორედ ტექსტები ასახავენ დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პოსტსაბჭოურ პერიოდს. წიგნი გაერთიანდა ასეთი ტიპის ფრაგმენტებით და საერთო ჯამში გამოვიდა ერთი - პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები ადამიანების ამბავი“, - ამბობს ლაშა ბუღაძე.

კულტურის სამინისტროს ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ენებზე თარგმნას და ამ გზით მის ინტეგრაციას მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში. „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ ამის ნათელი დადასტურებაა.

ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი დასრულდა. დასრულდა იმ იმედით, რომ ეს პატარა ნაბიჯი ქართულ თანამედროვე ლიტერატურას სასიკეთოდ წაადგება, ქართველ მწერლებს კი მიეცემათ საშუალება, მათი ნაწარმოებები გასცდეს საქართველოს საზღვრებს და უცხოელი მკითხველიც შეიძინოს

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

29 ვიენალე - ვენა დისტანციიდან

▲back to top


კულტურა|კინო

ქეთო გიორგობიანი ვენიდან

1962 წელი. მაშინ, როდესაც ბრიტანეთში The Rolling Stones იბადება, ჯონ შლეზინგერის ფილმი A Kind Of Loving ბერლინალეზე ოქროს დათვით ჯილდოვდება, კანში კი მიქელანჯელო ანტონიონის „დაბნელებასა“და რობერ ბრესონის „ჟანა დარკის პროცესს“ ჟიურის სპეციალურ პრიზს გადასცემენ - ავსტრიელი კინოჟურნალისტების ინიციატივით, ვენაში პირველი საერთაშორისო ფესტივალი (შემდგომში ვიენალე) იმართება

ჯერ კიდევ არ დამდგარა 1968 წელი, როდესაც ლუი მალი, რომან პოლანსკი, ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ ბერი, კლოდ ლელუში და ჟან-გაბრიელ აბიკოკო კანის ფესტივალის სასახლეში ჩვენებას გაფიცული სტუდენტებისა და მუშათა კლასის მხარდასაჭერად ჩაშლიან.

ჯერ არც ბერლინალეს დაუმკვიდრებია თავისი ცნობილი „პოლიტკორექტული და საქმიანი“ კინოფესტივალის იმიჯი - დირექცია აქაც, კანის მსგავსად, გლამურული სანახაობის შექმნას ცდილობს.

1962 წელს მსოფლიო უკვე კარგად იცნობს ფრიც ლანგს, ერიხ ფონ შტროჰაიმს, იოზეფ ფონ შტერნბერგს, ბილი უაილდერს, ოსკარ ვერნერსა და რომი შნაიდერს, წინ აქვს მიხაელ ჰანეკეს აღმოჩენა, მაგრამ (არათუ მაშინ) დღესაც ცოტამ თუ იცის, რომ ჩამოთვლილნი წარმოშობით ავსტრიელები არიან.

ისინი პოპულარობას საკუთარი ქვეყნის გარეთ იხვეჭენ და ზოგიერთ მათ ფილმს ავსტრიელი მაყურებელი საერთოდაც ვერ ნახულობს.

სწორედ ამ მიზნით იქმნება ვენის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დევიზიც არის: „ფილმები, რომლებიც ჩვენამდე არასოდეს მოაღწევდა“. დასაწყისისთვის აქცენტი წარმოშობით ავსტრიელი კინემატოგრაფისტებისა და აღმოსავლეთ ევროპის კინოზე კეთდება.

ფესტივალი, რომელიც არც ბერლინალეს მსგავსად - პოლიტკორექტული კინოს პროპაგანდას, არც ოსკარის მსგავსად - კომერციული კინოს პოპულარიზაციასა და არც კანის მსგავსად - კონიუნქტურისა და მოდის კანონდებას არ ცდილობს; არც ინოვაციურობით, აღმოჩენებით ან სკანდალურობით გამოირჩევა, ჯილდოს გაცემასაც კი მხოლოდ 1995 წლიდან იწყებს - დღესდღეობით ევროპაში უკვე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ მოვლენად მოიაზრება.

ვენა ხომ არც ბერლინია და არც პარიზი, მით უმეტეს, არც შტატები - აქ ცხოვრება სულ სხვა ტემპში მიმდინარეობს.

კულტურული, პოლიტიკური - საერთოდაც, რაიმე სახის რევოლუციებით თავს არავინ იწუხებს. ხალხი ძველისძველ ვენურ კაფეებში ვალსის ფონზე ყავა მელანჟის სმით, ოპერაში მოცარტის სმენითა და შონბრუნის პარკში სეირნობით ირთობს თავს. ვენა მედიტაციაა. მედიტაცია კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიმშვიდეს, თავშეკავებულობას, მუდმივ დაკვირვებას გულისხმობს. აბა, რა უნდა აკეთოს აქ ახალგაზრდობამ? სად წაიღოს მისთვის დამახასიათებელი დესტრუქციის დაუოკებელი ჟინი? ამ ქალაქში ხომ ახალი შენობებიც კი თითქმის აღარ შენდება! არა, ახალგაზრდობას ვენაში არაფერი ესაქმება - უმეტესობა სწორედ ბერლინს, პარიზსა და შტატებს ამჯობინებს; ვენა კი ისევ ძველ ტრადიციებსა და კულტურაში ჩაფლული რჩება და ყველაფერ თანამედროვეზე დაკვირვება მაინც დისტანციიდან ურჩევნია. ალბათ, კანონზომიერებაა - პოლიტიკურად ნეიტრალურ ქვეყანაში ადგილი აღარც კულტურული რევოლუციებისთვის რჩება.

ფესტივალიც ასეთი აქვთ: მშვიდი, ელიტარული, ყოველგვარ პომპეზურობასა და სკანდალს მოკლებული; სნობურსაც კი უწოდებდა კაცი.

თუკი ბერლინალეს ოსკარის რეპეტიციად მოიაზრებენ, ვიენალე ე.წ. ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალების - კანის, ოსკარის, ბერლინალეს, ვენეციისა და ლოკარნოს ერთგვარ მიმოხილვად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ტრადიციულად, შემოდგომის ბოლოს ჩატარებული ფესტივალი წლის განმავლობაში კინოსამყაროში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფილმებს აჯამებს; ზემოთ ჩამოთვლილი ფესტივალებისგან განსხვავებით, არც მაყურებელს და არც მონაწილეებს შეჯიბრისა და კონკურსში გამარჯვების მოლოდინით არ ძაბავს. მხოლოდ 1995 წლის შემდეგ, რაც ვენის საერთაშორისო ფესტივალზე FIPRESCI - კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებამ, სპეციალური პრიზი დააწესა, ვიენალეს პროგრამა საკონკურსოდ იქცა. დღეს უკვე სამი ჯილდო არსებობს: FIPRESCI, ქალაქ ვენის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი და ავსტრიული გაზეთის - STANDART-ის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი აუდიტორიის ჯილდო.

მაგრამ ჯილდო ვიენალეზე მნიშვნელოვანი მაინც ვერ გახდა. აქ თვალში არ მოგხვდება არც წითელი ხალიჩა, არც პაპარაცების ქოთქოთი, არც ფრაკსა და ბაფთებში გამოწყობილი ვარსკვლავები. ყველაფერი პირიქით ხდება - რეჟისორი კი არ ელის მაყურებლისა და კრიტიკის შეფასებას, არამედ ეს უკანასკნელნი ისმენენ ავტორისგან მიღწეული წარმატების „რეცეპტებს“.

„საუკეთესო ადგილია კონტაქტების დასამყარებლად, პროგრამაში, როგორც წესი, მხოლოდ წლის ყველაზე წარმატებული პროექტები ხვდება. მათთან ერთად, ვიენალეზე შემქმნელებიც ჩამოდიან“, - მითხრა რუსუდან პირველმა, რომლის ბოლო ფილმი „სუსა“ ვენის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში აპიჩატპონგ ვირასეტაკულის, ფრანსუა ოზონის, დენი კოტეს, სოფია კოპოლას, ვუდი ალენისა და სხვათა ფილმებთან ერთად, ანუ „წარმატებულთა“ სიაში მოხვდა.

„ამაღელვებელი, სულისშემძვრელი, სევდიანი, გულისამაჩუყებელი“ - ასე ახასიათებდა პუბლიკა „სუსას“ რეჟისორთან საუბრისას, რომელთა კითხვებიც რუსუდანთან ძირითადად, ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობას, პროდუქციის სიმცირისა და მძიმე სოციალური თემების აქტუალურობის მიზეზებს ეხებოდა.

პატარა გარეუბნელი ქართველი ბიჭის ისტორიის სრული ანშლაგით ჩვენების პარალელურად, ვიენალეს ფარგლებში ერიკ რომერის „ზამთრის ზღაპარს“ უჩვენებდნენ - წელს რომერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო. ალბათ, უბრალო დამთხვევაა, რომ სწორედ რომერის ფილმები გასდევდა ფონად წლევანდელ საკონკურსო პროგრამას, სადაც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სიუჟეტად ოჯახური ურთიერთობები რჩებოდა: მამა და ქალიშვილი, როგორც ამას ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომის მფლობელი, „სადმე“ (სოფია კოპოლა), ამავე ფესტივალის საუკეთესო შემსრულებელი ქალს ნომინაციაში გამარჯვებული ბერძნული ფილმი „ატენბერგი“ (ათინა ცანგარი), ლოკარნოში საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მფლობელი დენი კოტე და სხვები მოგვითხრობდნენ.

რომერი უხდება ვენას. ალბათ, ამიტომაც იყო მისი 24 ფილმის ჩვენებაზე სრული ანშლაგი. მსგავსი რამ მსოფლიოში თურმე დიდი იშვიათობაა. მისი ფილმები ბევრგან არ უყვართ. რომერის კინო ხომ არააქტუალურია - შესაბამისად, უკვდავი; მაგრამ მსოფლიოს მარადიულ თემებზე უფრო „აქტუალური“ კინო აინტერესებს - ინფორმაცია მალფუჭებადი პროდუქტია და დღეს სათქმელი ხვალ უკვე მოძველებული იქნება. აბა, ვისღა ადარდებს უკვდავება და რომერის „ზღაპრები“? ან ისტორია, რომელსაც სიკვდილიც კი ვერ ასრულებს? აი, ვენაში, როგორც ჩანს, ადარდებთ. და ბევრად მეტად, ვიდრე კოპოლას კინოვარსკვლავისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობის მდორე ამბავი; სადაც ერთადერთი ფრაზა, რაც ფილმის ყურებისას თავში მომივიდა, იყო „გავიცინეთ, გვეყო!“ - სულ რამდენიმე მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდიც კი კოპოლას ყველაზე წარმატებული ნამუშევრის, „თარგმანში დაკარგულების“ პირდაპირი კალკი იყო!

რომ აღარაფერი ვთქვათ 2010 წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფილმზე „ლურჯი ვალენტინი“. ისტორია ერთ დროს ბედნიერი წყვილის დანგრეული ურთიერთობის აღდგენის უშედეგო მცდელობაზე იმდენად უღიმღამო და მოსაწყენია, რომ ფილმს ვერც მიშელ უილიამსისა და რაიან გოსლინგის რეალური სექსუალური სცენები, ვერც თავად ბრწყინვალე რაიან გოსლინგი შველიან.

არადა, რომერიც ხომ ასეთივე ბანალურ ისტორიებს გვაჩვენებს...

ჰოდა, მთელს მსოფლიოს შეუძლია, „აქტუალური“ და მოდური სოფია კოპოლა გააღმერთოს, ხოლო ვენას კონსერვატიული და მოსაწყენი უწოდოს; ეს ქალაქი კი მაინც ერიკ რომერის უკვდავი „ზღაპრების“, უილიამ ლუბჩანსკის ოპერატორული შედევრების, ახალი აღმოსავლური და ლათინოამერიკული კინოსა და ოთარ იოსელიანის ფილმების ერთგული დარჩება.

0x01 graphic

სოფია კოპოლა

0x01 graphic

კადრი ფილმიდან სუსა

0x01 graphic

ერიკ რომერი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან სადღაც”

0x01 graphic

კადრი ფილმიდან სუსა

30 Seazone in Deadzone

▲back to top


კულტურა|კინო

საქართველოში მივეჩვიეთ იმას, რომ არაფერი თავის დროზე არ ხდება. კონცერტი გვიან იწყება, ფილმის პრემიერა თბილისის გზებზე საცობებზეა დამოკიდებული, რადგან რეჟისორს ან პროდიუსერს ნამუშევარი ბოლო წამს მიაქვს კინოთეატრში. Seazone-მა ყველა რეკორდი მოხსნა. ნამუშევარი კინოში 28 ოქტომბრიდან უნდა გასულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო პრემიერა 12 ნოემბრამდე გადაიდო. თუმცა ის მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული ფილმი. დათო ბორჩხიძის ნამუშევარი, ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის დახურულ ჩვენებაზეც ჟურნალისტებისთვის დასაჯდომი ადგილი არ იყო გამოყოფილი.

Seazone-ის დასაწყისი არაფერ კარგს არ მოასწავებდა. ზედიზედ რამდენიმე კომპანიის product placement, რეკლამა, რომლის უაზროდ ჩასმასაც ვერ გადაეჩვივნენ ქართველი რეჟისორები. ბორჩხიძემ პირნათლად მოიხადა ვალი სავარაუდო სპონსორების წინაშე და ნელ-ნელა ფილმიც გახურდა. ოთხი მთავარი პერსონაჟი გაგვეცნო: რატი, ნიკა, გიგა და სანდრო. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ბათუმში მიდიან დასასვენებლად, გზაში ხუმრობენ, გოგოების შებმას ცდილობენ. მეორე დღეს ოთხივე მეგობარი აღმოაჩენს, რომ ბათუმში მათ გარდა არავინაა. თავიდან დაბნეულობა და შიში იპყრობთ, ფიქრობენ, რომ ქალაქი ეპიდემიის განგაშის გამო დაცარიელდა. მაგრამ მალე დამშვიდდებიან და გართობას გადაწყვეტენ - განიზრახავენ ტანსაცმელი და ფული მოიპარონ და თბილისში დაბრუნდნენ. აი აქ იწყება მთავარი ამბავი, ფილმის ოთხი გმირი ბათუმიდან გასვლას ვერაფრით ახერხებს. ეს ადგილი რეჟისორმა კარგი ოპერატორის და მშვენიერი მონტაჟის წყალობით ნორმალურად გააკეთა. რიტმი სწრაფია, სასაცილო ეპიზოდები და დაძაბულობა ერთმანეთს ცვლის. კომედია, დრამა, ჰორორი ერთმანეთში ირევა და თითქოს ყველაფერი საინტერესოდ მიდის. ბიჭები ნელ-ნელა უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“ პერსონაჟებს ემსგავსებიან. რატისა და ნიკაში ცხოველური ინსტინქტი იღვიძებს, გიგა შეშინებულია და თვითმკვლელობასაც კი ცდილობს, სანდრო საკუთარ თავში იკეტება და მხოლოდ შეყვარებულზე ფიქრობს. ამ დროს ბიჭების ცხოვრებაში ორი გოგო ჩნდება - ანკა და სოფო. აქ კვდება ფილმი.

ახალგაზრდა, გამოუცდელი რეჟისორი დათო ბორჩხიძე ვერ გაერკვა რისი გადაღება სურდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეორე ნაწილი რეჟისორმა არ დაამონტაჟა, რა კადრებიც გადაიღო, ყველა ფილმში ჩასვა, თან ზოგიერთი ისეთი, რომელსაც სიუჟეტთან არაფერი საერთო არ აქვს. მსახიობების თამაშიც სწორედ მაშინ სუსტდება, როდესაც მეტი ექსპრესია და სიღრმე იყო საჭირო. ფილმში ატმოსფერო სულ უფრო ხელოვნური ხდება. მეორე ნაწილში რიტმი საერთოდ ეცემა... აი თუნდაც, ერთი ეპიზოდია, როდესაც სანდრო ტყის გავლით ცდილობს ბათუმიდან გასვლას. ეს ეპიზოდი იმდენად გაწელილია, რომ შეგიძლიათ მეგობართან ერთად თავისუფლად განიხილოთ - 2010 წლის ფილმები, წლევანდელი ოსკარის პრეტენდენტები, 2 pac შაქურის სიკვდილის მიზეზები, ჰანსელისა და გრეტელის და-ძმური სიყვარულის უკვდავება. საუბრის დასრულების შემდეგ კი მაინც ტყეში იქნებით დათრგუნულ სანდროსთან ერთად, რომელიც შეყვარებულს მისტირის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Seazone არის თანამედროვე ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე გაწელილი ფილმი, ბორჩხიძის ფილმთან შედარებით დევიდ ლინის სამსაათნახევრიანი „არაბი ლოურენსი“ მოკლემეტრაჟიანი კინოა.

Seazone deadzone-ში შევიდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. არადა ფილმს აქვს პლუსებიც: დათო ევგენიძის მშვენიერი მუსიკა და ომარ გელაშვილის საინტერესო ოპერატორული ნამუშევარი. თუმცა კარგი კინოს გასაკეთებლად, მარტო ეს საკმარისი არ არის. ფილმს თავისი ჟანრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები: ექშენი და სასპენსი აკლია. ვიმედოვნოთ, რომ ეს მხოლოდ რეჟისორის გამოუცდელობის ბრალია.

0x01 graphic

31 ერთი კვირის ორეული

▲back to top


კულტურა|მოდა

0x01 graphic

საქართველოს მოდის კვირეული
ფოტო: REUTERS ©

ალბათ ყველას გვახსოვს - ერთი თვის წინ საქართველოს მოდის კვირეული გაიმართა. 20 ნოემბერს კი თბილისის მოდის კვირეული დაიწყო. თანამედროვე ქართულ მასკულტურაში ხშირად შეხვდებით მოვლენების, ან როგორც ახლა ამბობენ - „პროექტების“ დუბლირებას. ერთსა და იმავეს თვიდან თვემდე გვთავაზობენ. ამის მაგალითები მრავლადაა: ფოლკლორული თემატიკით გამსჭვალული მინი და მეგა ფესტივალები, ფოტოგამოფენები სევდიანი ბავშვების და გაპარტახებული სივრცეების ამსახველი იდენტური ექსპოზიციებით და რა თქმა უნდა, ლოკალური სატელევიზიო არხების დილის, დღის და საღამოს გადაცემები, რომელთა განსხვავება მხოლოდ იმით შეიძლება, რომელია უფრო მდარე და უფრო პრიმიტიული.

ამ ორეულებში ყველაზე სიურრეალისტური მაინც მოდის ორი კვირეულია. მოდის კვირეული პირველად 1943 წელს ნიუ- იორკში ჩატარდა. ოკუპირებულ პარიზში ვეღარ მოგზაურობდნენ ლუქსტანისამოსის მოყვარულები, ამერიკელ მოდელიორებს კი პოპულარობა აკლდათ და სწორედ ამერიკელი დიზაინერების ნდობის მოსაპოვებლად მოეწყო მსოფლიოში პირველი მოდის კვირეულიც. შემდეგ კი ტანისამოსის ინდუსტრიის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კვირეული ბუნებრივი და ტრადიციული ამბავი გახდა, დაიხვეწა სისტემა, რომლის მიხედვითაც დიზაინერები დროის გარკვეულ პერიოდში აჩვენებენ ახალ კოლექციას და მომავალი სეზონისათვის შეკვეთებს იღებენ. მოდის ინდუსტრიისათვის მთავარი მოთამაშე მთელ მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ქალაქია (ნიუ იორკი, ლონდონი, მილანი, პარიზი). ისინი ერთიმეორის მიყოლებით მართავენ ერთ მოდის კვირეულს, რომელიც სანახაობასთან ერთად, სერიოზული კომერციული და შემოქმედებითი საქმიანობის პერიოდია.

თბილისში მხოლოდ ორი მაღაზიაა, რომელშიც მეტ-ნაკლებად ხარისხიანი, ძირითადად გასული სეზონების იტალიური ქსოვილების მწირი არჩევანია. ორად-ორი მოდელიორია, რომელსაც საკუთარი სახელობის მაღაზია აქვს, სადაც ტანისამოსი მართლა იყიდება და 37-მდე შპს ან კერვით დაინტერესებული ინდმეწარმე, რომელიც სამკერვალო-მანუფაქტურას ფლობს, მაგრამ სერიულ ტანსაცმელს ვერ აწარმოებს, რადგან ბაზარი უბრალოდ არ არსებობს და მცირე რაოდენობის ტანისამოსი ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება.

ამ პრეისტორიული მდგომარეობის ფონზე, გვჭირდება კი ორი მოდის კვირეული?! ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში ისევ ადგილობრივი დიზაინერები არიან - ეფემერული წარმატების მოლოდინში ორ ცეცხლს შორის მოქცეულებს, ჯერჯერობით არც რეალური ასპარეზი და არც კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.

32 EXIT

▲back to top


მუსიკა|კულტურა

2010 წლის ოქტომბერში Tbilisi/altervision/ newcomers-მა მეორედ გამართა გრანდიოზული კონცერტი სპორტის სასახლეში და მსმენელს 12 ახალბედა მუსიკოსი წარუდგინა. ერთ-ერთი იყო Exit - ლუკა ნაკაშიძე, რომელიც 13 წლიდან წერს მუსიკას და გასულ კვირას დაბრუნდა ეგვიპტიდან, სადაც წარმატებული გამოსვლა ჰქონდა.

ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და 55-ე სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მუსიკას არა გართობად, არამედ საკუთარ პროფესიად მიიჩნევს. შექმნილი აქვს 50-მდე ტრეკი, აქედან 20 დასრულებულია.

დასაწყისი

13 წლის ვიყავი, პირველად რომ მქონდა მუსიკასთან შეხება. თავიდან პატარ-პატარა კომპოზიციებით დავიწყე. დამაინტერესა, მომეწონა და შემდეგ უკვე კომპიუტერული სინთეზატორების და სემპლერების გამოყენებით სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. ვუკრავდი ტექნოს. პირველად ცოცხლად კუბიკ-რუბიკში დავუკარი, 15 წლის ვიყავი. საზოგადოებას მოეწონა ჩემი მუსიკა და შემდეგ ხშირად ვუკრავდი სხვადასხვა კლუბში. თუნდაც night office-ში, როდესაც M.A.N.D.Y იყო ჩამოსული. შემდეგ ტექნოს კეთებას შევეშვი და უფრო ექსპერიმენტულ მუსიკაზე გადავედი.

მუსიკის წერის პროცესი

შეიძლება ერთ დღეში გავაკეთო ტრეკი ან ორი თვე მოვანდომო, ყველაფერი ხარისხზე არის დამოკიდებული. თუ ბიტი კარგია, შესაბამისად ხარისხიც კარგი გამოდის.

დღის მანძილზე მუსიკას შეიძლება ექვსი საათი დავუთმო, ან ნახევარი საათი, მაგრამ ეს უბრალოდ გატაცება არ არის და არასდროს იქნება ჩემთვის მეორეხარისხოვანი.

Exit

ერთი წელია ლუკა ნაკაშიძე გახდა Exit. თავიდან ვფიქრობდი, რომ Experienceit ყოფილიყო, მაგრამ ტირე ამოვიღე და უბრალოდ Exit გამოვიდა, რასაც გასასვლელთან არავითარი შეხება აქვს. სწორედ ამ სახელით წარვდექი სპორტის სასახლეში მსმენელის წინაშე.

Tbilisi/altervision/newcomers 2010

ნამდვილად დიდი გამოცდილება მომცა, ამხელა პუბლიკის წინაშე პირველად დავუკარი. ვიფიქრე, რომ შემეძლო რაღაც ახალი მეჩვენებინა საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა. გასულ წელს არ ვიყავი მზად, ვიცოდი, რომ ვერ ვაჩვენებდი ისეთ ხარისხს, როგორიც მინდოდა, ამიტომაც მუსიკა დავხვეწე და წელს მივიღე მონაწილეობა.

Ministry of Sound

ერთ-ერთმა ტურისტულმა სააგენტომ ეგვიპტეში, ცნობილ კლუბში Ministry of Sound საკუთარი მომხმარებლებისთვის ფართი გააკეთა. მეც მიმიწვიეს. სტუმრები ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ და ჩემს მუსიკას კარგი გამოხმაურება მოჰყვა

სამომავლო გეგმები

წელს მთელ დროს მუსიკას ვუთმობ, მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავალ წელს, აბიტურიენტი ვიქნები. ერთი ვიცი - მუსიკა არასდროს გახდება მეორეხარისხოვანი. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი თუ სად ჩავაბარებ, მაგრამ რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, აუცილებლად მუსიკასთან იქნება დაკავშირებული. ამჟამად ველოდები პასუხს ლეიბლებიდან, რომელთაც ჩემი მუსიკა გავუგზავნე.

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

33 NO SOLO ქართველი - გურამ ბაღდოშვილი

▲back to top


გურმანი

www.nosoloagua.com

„პორტუგალიელი ქართველი“ - ამგვარად საზღვრავს საკუთარ ეროვნებას 35 წლის შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელიც 12 წელია პორტუგალიაში მოღვაწეობს. დღეს ის პორტიმაოს (სანაპირო ქალაქი ალგარვის რეგიონში, სამხრეთ პორტუგალია) ზღვისპირა კლუბისა და რესტორნის NoSoloÁgua-ს შეფ-მზარეულია. მის სახელს პორტუგალიაში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სამშობლოში, თუმცა გურამის საქართველოში ვიზიტმა მისი ახლოს გაცნობის საშუალება მოგვცა. მომდევნო გვერდზე გურამ ბაღდოშვილის მიერ მომზადებულ ორაგულის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც გურამმა სპეციალურად ტაბულას მკითხველისთვის მოამზადა.

როდის გადაწყვიტეთ მზარეულობა?

კარიერა საკმაოდ ადრე, 15 წლის ასაკში დავიწყე სასტუმრო აჭარას სამზარეულოში. მაშინ ეს სასტუმრო საბჭოთა სასტუმროების ქსელს ინტურისტს, ან როგორც იმ დროს ამბობდნენ ინტურისტებს ეკუთვნოდა. ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი, იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები, მივიღე პირველი შთაბეჭდილებები და იქ მოხდა ჩემი ამ საქმით გატაცება. შემდეგ იყო მოსკოვი, პეტერბურგი. ბოლოს, ბელგიის გავლით პორტუგალიაში მოვხვდი და იქ ვიპოვე მეორე სამშობლო. 12 წელია იქ ვარ, საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ.

თქვენს დღევანდელ საქმიანობაზე გვითხარით, სად მოღვაწეობთ?

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

დღეს NoSoloÁgua-ს შეფ-მზარეული ვარ. რესტორანი ეკუთვნის NoSoloItalia ჯგუფს, რომელიც ამ სახელწოდების რამდენიმე დასასვენებელ კომპლექსს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. NoSoloÁgua-ს მენიუ ბრენდის პოლიტიკის მიხედვით სტანდარტული იტალიური კერძებისგან შედგებოდა, პიცა, პასტები. მე ეს ყველაფერი შევცვალე, სამზარეულო განვავრცეთ და დღეს რესტორანში კლიენტს მსოფლიო სამზარეულოს სადეგუსტაციო მენიუს ვთავაზობთ, რასაც ჩვენ ოთხი კონტინენტის სამზარეულოს ვუწოდებთ.

როგორია პორტუგალიური სამზარეულო? არის რამე მსგავსება ქართულთან?

პირველი 5 წელი პორტუგალიურ სამზარეულოს ვსწავლობდი, ვაკვირდებოდი პორტუგალიელების გემოვნებას. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ტრადიციულები არიან და ადვილად არ თმობენ საკუთარ კულინარიულ ჩვევებს. პორტუგალიური სამზარეულო ქართულის მსგავსად რეგიონალურად მდიდარი და მრავალფეროვანია. ამათგან ყველაზე დახვეწილ და განვითარებულ სამზარეულოს ჩრდილოეთში შეხვდებით. ქართულს უფრო სამხრეთის რეგიონალური სამზარეულო ჰგავს, მაგალითად აქვთ ასეთი წვნიანი, açorda alentejana (ალენტეჟანური წვნიანი), რომელიც შეიძლება ბოზბაშის ნათესავად მივიჩნიოთ. ფართოდ გამოიყენება ლობიო, ღორის ყურები, ჩლიქები ან შიგნეული. პორტუგალიური სამზარეულოს საიდუმლოდ ითვლება bacalhau-ს მომზადება (bacalhau - დამარილებული ვირთევზა), რომელიც ბევრ ზეითუნის ზეთში, კარტოფილთან ერთად მზადდება.

რა ამოცანები ან პროფესიული მისწრაფებები გაქვთ დღეს?

ჩემი მიზანი სწავლაა, საკუთარი პროფესიის განვითარება და დახვეწა. არ მაქვს სურვილი მიშლენის ვარსკლავების მოსაპოვებელ რბოლაში ჩავება. მირჩევნია მიცნობდნენ იმად, რაც ვარ, ანუ ჩემი სამზარეულოს დასაგემოვნებლად მოდიოდნენ და არა იმიტომ, რომ რესტორანს ვარსკვლავი აქვს. მაინტერესებს ახალი ტერიტორიები, მაღალი სამზარეულო, მოლეკულური კულინარია. ჩემთვის კულინარია კომუნიკაციაა. ყოველი კერძით, გარკვეული კომბინაციით მე რაღაცის თქმა მსურს, რამაც გარკვეული ასოციაცია, გამოცდილება უნდა გამოიწვიოს. ამიტომ, მე დიდ დროს ვუთმობ როგორც ძველ, ისე ახალ კლიენტებთან ურთიერთობას. მიმაჩნია, რომ კლიენტთან ურთიერთობა ჩვენი პროფესიის განუყრელი ნაწილია. მაინტერესებს რა მოსწონთ, ან რა არ მოსწონთ, რა გამოცდილება მიიღეს, მათ აზრს ვიმახსოვრებ და ხშირად ვითვალისწინებ. მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატების დიდი ნაწილი ურთიერთობის ამ უნარმაც განაპირობა.

34 ორაგული შამპანურის სოუსში

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

გვერდის სტუმარია შეფ-მზარეული
გურამ ბაღდოშვილი

2 ულუფა
მასალა:
250 გრ. ორაგულის ფილე წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის ბუკეტი (70-70 გრ. სტაფილო, კომბოსტო, პრასი, წითელი ჭარხლის ფოთლები, ქამა სოკო, წითელი ხახვი)
2 ღერი კამა
2 თეთრი ხახვი
1 კბილი ნიორი 200 გრ. კარაქი
200 გრ. შამპანური
50 გრ. ზეითუნის ზეთი 1
ლიმონი
მარილი
ჯამში 18 ლარი

მომზადების წესი

ორაგულის ფილე ჩადეთ მარინადში (ზეითუნის ზეთი, ლიმონი, კამა, მარილი) 20 წუთით.

თევზი გადაიღეთ ცეცხლგამძლე განიერ ჭურჭელში, მოასხით მარინადი და მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთი.

ბოსტნეული:

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მასზე ერთი კბილი ნიორი. წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის ბუკეტი დაყარეთ ტაფაზე და ურიეთ სამი წუთი.

ბოსტნეულმა ბუნებრივი სიმკვრივე უნდა შეინარჩუნოს

შამპანურის სოუსი:

ალყა-ალყა დაჭერით თეთრი ხახვი და ჩაყარეთ პატარა ქვაბში. დაუმატეთ კარაქი და შამპანური.

სოუსი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 25 წუთი, შემდეგ დააბლენდერეთ.

გაანაწილეთ ბოსტნეული ორ თეფშზე, დაადეთ შემწვარი თევზი და მოასხით შამპანურის სოუსი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03 ).