ტაბულა №43


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ქორიძე ავთო, ბურჯალიანი თინა, ავალიანი დიმიტრი, ხორბალაძე თამარ, უგულავა სალომე, სვანი ბარბარა, მაჭარაშვილი ნინო, ნამჩავაძე ბესიკ, ჩერგოლეიშვილი თამარ, ზურაბაშვილი თამარ, ტურაშვილი თეონა, მამალაძე სალომე, კვანჭილაშვილი ელენე, კახნიაშვილი გიორგი, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ლორთქიფანიძე მერაბ, ჭკადუა ეთერ, კიკილაშვილი სალომე, ჯაფარიძე თეონა, მესხიშვილი გიგო, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 | 14 - 20 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/კომერციული მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/ც 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


ავთო ქორიძის სტატია - პირამიდა მუბარაქის გარეშე

0x01 graphic

09 თებერვალი 2011 წელი 14:22
@ http://www.facebook.com/tabula.ge Nino Malashkhia:

მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებით ინფორმაცია სრული არაა და თანმოძველებულია. მე რაც მოვისმინე CNN-ზე, BBC-ზე და Aljazeera International-ზე გასული ინტერვიუებიდან ამ საძმოს წევრებთან, მათი მიზნები სეკულარიზმი და დემოკრატიული სახელმწიფოა და სულაც არ აპირებენ თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. მათმა წევრმა ასევე განაცხადა, რომ სხვა თუ არაფერი, ეს შეუძლებელია ეგვიპტეში, რადგან აქ მოსახლეობის 10%25 ანუ 9 მილიონამდე ქრისტიანი ცხოვრობსო...

ეგვიპტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს საფრთხე მუბარაქის რეჟიმის გაზვიადებად მიაჩნია. მათი თქმით, საძმოს მხარდამჭერთა რიცხვი რეპრესიების და უალტერნატივობის პირობებში 15-20%25-ია. ამ საუბრებს საძმოზე იქითკენ ხომ არ მივყავართ, რომ დიქტატურა გავამართლოთ იმის შიშით, რომ უარესი არ მივიღოთ? ეს ნამდვილად ორმაგი მორალი და აღმაშფოთებელი ცინიზმია.

აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს. თუ შეიძლება გვყავდეს კონსერვატიული ქრისტიანული ან იუდაისტური პარტია, და ისინი მოდიოდნენ ხელისუფლებაში, რატომ არ შეიძლება მაჰმადიანებს ჰყავდეთ კონსერვატიული მუსლიმური პარტია და რატომ არის ეს საშიში? რა, თურქეთში ფუნდამენტალიზმია? იქაც ხომ კონსერვატორები არიან ახლა ხელისუფლებაში.

და კიდევ ერთი რამ, ეგვიპტელებს სასაცილოდ არ ყოფნით რა თქვა აჰმადი ნეჟადმა და ხამენეიმ. როგორც ალ ბარადეიმ თქვა, ეს ორი საზოგადოება პრინციპულად განსხვავებულია და საერთო არაფერი აქვთო. მე მის მსჯელობას ვენდობი, რადგან ის კარგად იცნობს ორივე საზოგადოებას, და ასევე ევროპასაც და ამერიკასაც.

ეს არის ხალხის რევოლუცია და არაფერ შუაშია ისლამიზმი! ესაა რევოლუცია დიქტატურის და რეპრესიის წინააღმდეგ. ჩვენ, ვინც გავიარეთ ეს საშინელება, კარგად უნდა გვესმოდეს მათი და სოლიდარობას უნდა ვუცხადებდეთ ამ ხალხს, ვინც ასე გმირულად იბრძვის (პირდაპირი გაგებით იბრძვის) თავისუფლებისათვის და ადამიანის უფლებებისათვის!

სტატია: ნახევარმთვარის მოტაცება ochila 04 თებერვალი 2011 19:35

მეგონა, ტაოში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის საქმეში მაინც დააყენებს ჩვენი ეკლესია წინ სახელმწიფოებრივ, ნაციონალურ ინტერესებს... სამწუხაროდ, ისევ ჩვეული „მტრის ხატები“, ისევ სხვა რწმენის ადამიანები სადმი შეუწყნარებლობა, კვლავ ვიწრო „საუწყებო“ ინტერესები და შიშები!

სტატია: წითელ მარტინიში შემწვარი საქონლის ჩალაღაჯი

Kakha Maskharashvili

რატომღაც სულ იტალიური ინგრედიენტებით დამზადებული კერძების რეცეპტებია. სად არის ფრანგული ნამდვილი სამზარეულო? იტალიურს მაკარონს თუ შეჭამს კაცი, ისიც მარხვაში. (Facebook -ი)

სტატია: Georgia in Sex HDD 06 თებერვალი 2011 15:58 კარგი სტატია კარგ ბლოგზე და საერთოდ იმაზე, რომ დღემდე უმრავლესობას არ შეუძლია სხვისი აზრის მოსმენა და გაგება, ყველა გენიოსია და თავის თავში დარწმუნებული. ეს მოკლედ:).

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

ჩვენ დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე განვაცხადებთ, რომ ვეთანხმებით შედეგებს და ვაფასებთ სამხრეთ სუდანელების არჩევანს.

  • სუდანის პრეზიდენტმა, ომარ ჰასან ალ-ბაშირმა განაცხადა, რომ მიიღებს სამხრეთის არჩევანს დამოუკიდებლობის შესახებ. იანვარში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, დაადასტურებს სამხრეთ სუდანის გამოყოფას. 7 თებერვალი

0x01 graphic

მე ვერ გეტყვით, რომ ასობით ჩვენგანია მზად ჯიჰადის დასაწყებად. თუმცა, ღვთის ნებით, 50-60 ადამიანს ვიპოვით.

  • ჩეჩენი ბოევიკების ლიდერი, დოკუ უმაროვი, რომელმაც მოსკოვის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, ახალი ტერორისტული აქტების მოწყობით დაიმუქრა. 8 თებერვალი

0x01 graphic

უკვე ერთი წელია, მას სიგარეტი არ მოუწევია. ძალიან ვამაყობ ამით. ჩემს მეუღლეს მოწევისთვის თავის დანებება ყოველთვის სურდა.

  • აშშ-ის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოწევას თავი დაანება. 8 თებერვალი

0x01 graphic

დღეიდან მთავრობის წევრებმა არდადეგების საფრანგეთში გატარება უნდა ამჯობინონ.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ თავის მინისტრებს არ დადეგებზე საფრანგეთში დარჩენისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი ეგვიპტის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საოჯახო მოგზაურობაში წასვლის გამო გააკრიტიკეს. 9 თებერვალი

3 კვირა

▲back to top


5 თებერვალი

0x01 graphic

  • ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დეოკუპაციას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. „მე ყოველთვის ვიქნები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების უხეში დარღვევის წინააღმდეგი, მსოფლიო არ ეთანხმება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას“, - განაცხადა სენატორმა.

6 თებერვალი

  • საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „მშვიდობა და პოლიტიკური დიალოგი საკითხების მოგვარების ერთადერთი საშუალებაა“, განაცხადა პრეზიდენტმა.

7 თებერვალი

  • ავღანეთში საქართველო დამატებითი კონტინგენტის სახით სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირებსაც გაგზავნის. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ავღანეთს გამოცდილება გაუზიაროს როგორც პოლიციის რეფორმის, ისე ეკონომიკის სფეროში.

  • ეგვიპტეში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილე წყვილმა კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე იქორწინა. 29 წლის აჰმედ ზააფანის და 22 წლის ოლა აბდელ ჰამიდის საქორწინო ცერემონიას მოედანზე შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი დაესწრო. „ბოლო ორი კვირაა ჩვენ ამ მოედანზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად გამოვხატავთ პროტესტს. ოლას და მე გვსურდა ჩვენი ბედნიერება ყველასთვის გაგვეზიარებინა“, აღნიშნა ახალდაქორწინებულმა დემონსტრანტმა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ ქართულ რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულების აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია „სრული სისულელეა“. „კანონში ამის შესახებ არანაირი აკრძალვა არ არის გათვალისწინებული“, განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

0x01 graphic

8 თებერვალი

  • კანადურმა ტელეკომპანია CBC-მ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას დაღუპული მოციგურავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები გამოაქვეყნა. კანადელმა ჟურნალისტებმა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციას შორის მიმოწერას მიაკვლიეს. ელექტრონულ წერილებში მითითებულია, რომ ციგაობის ფედერაცია ოლიმპიადის გახსნამდე 11 თვით ადრე უკვე გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ შესაძლოა ახალ ტრასაზე სპორტსმენები „მძიმედ დაშავებულიყვნენ, ან კიდევ უარესი მომხდარიყო“. კერძოდ, ფედერაციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ტრასის სიჩქარე დასაშვებზე გაცილებით მეტი იყო.

0x01 graphic

  • რუსეთიდან ბრიტანელი ჟურნალისტი, ლუკ ჰარდინგი გააძევეს. გაზეთ Guardian-ის კორესპონდენტი მაშინ დააკავეს, როდესაც ის რუსეთის საზღვარს კვეთდა. Guardian-ის ინფორმაციით, შვებულებიდან დაბრუნებულ ჟურნალისტს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუუქმეს რუსეთის ვიზა.

0x01 graphic

  • კათოლიკურმა ეკლესიამ მრევლს ნება დართო გამოიყენონ iPhone-სთვის შექმნილი სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ აღსარების ჩაბარებაში დაეხმარება. პროგრამა სახელად „აღსარება“ გასულ კვირას 1.99 მილიონ დოლარად გაიყიდა. აპლიკაციის შემქმნელების თქმით, ის „ნებისმიერი მომნანიებლისთვის შესანიშნავი დამხმარე იქნება“. პროგრამა მომხმარებლებს აღსარების წესების დაწვრილებით ინსტრუქციას სთავაზობს. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარი ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება აღსარების ტრადიციულ რიტუალს კი არ ანაცვლებს, არამედ წაახალისებს მრევლს, რომ შენდობისთვის მოძღვარს მიმართონ.

9 თებერვალი

  • ისლამისტური დაჯგუფება ალ-ყაიდას ერაყის ფრთამ ეგვიპტის მოსახლეობას „წმინდა ომის“ დაწყებისკენ მოუწოდა. ალ-ყაიდას მიმართვა ერთ-ერთ ისლამისტურ საიტზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტის მოსახლეობამ „ვაშინგტონის და თელ-ავივის მარიონეტის“, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ „ჯიჰადის მარში“ უნდა დაიწყოს და ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც „ყურანის წესებს დაიცავს“.

0x01 graphic

  • აზერბაიჯანის ოფიციალური სამხედრო ხარჯები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის დროს 20-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები, წლიურად, საშუალოდ 50 პროცენტით იმატებს და 2003 წლის შემდეგ 135 მილიონი დოლარიდან 3.12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მონაცემებით, სამხედრო ხარჯების ზრდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შესაბამისი იყო და მის 10-14 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, დოკუმენტში მითითებულია, რომ 2011 წელს სამხედრო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის 20 პროცენტი იქნება.

  • პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა, პრემიერ- მინისტრის, იუსუფ რეზა გილანის ჩათვლით, გადადგა. ქვეყნის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი მათ სამთავრობო აპარატის ხარჯების შემცირების მიზნით გადადგეს. პაკისტანის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას „უფრო ნაკლებად მხარჯველი“ კაბინეტი სჭირდება და სწორედ ამიტომ გადაწყდა მინისტრთა რაოდენობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დღემდე 62 ფედერალური მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და მრჩეველი შედიოდა. პაკისტანის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მთავრობის გადადგომას ეგვიპტესა და ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს. „ეს მხოლოდ ხალხისა და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას უკავშირდება“, განაცხადა პაკისტანის მთავრობის პრესსპიკერმა.

4 ყველაფერი მუსლიმური საძმოს შესახებ

▲back to top


არენა

0x01 graphic

ავთო ქორიძე

„მე ხალიდ ისლამბული მქვია. მე ფარაონი მოვკალი და სიკვდილის არ მეშინია“. ეს სიტყვები 1981 წლის ოქტომბერს კაიროში, პრეზიდენტ ანვარ სადათის მოკვლის შემდეგ, ექსტრემისტმა მუსლიმმა წარმოთქვა. ხალიდ ისლამბული მუსლიმური საძმოს წევრი იყო და სწორედ მისი „დახმარებით“ მოვიდა ეგვიპტის სათავეში ჰოსნი მუბარაქი.

30 წლის შემდეგ, მუსლიმური საძმო მომავალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში, მნიშვნელოვან როლს კიდევ ერთხელ თამაშობს.

მუსლიმური საძმო 1928 წელს სკოლის მასწავლებელმა და აქტივისტმა ჰასან ალ ბანამ ჩამოაყალიბა. საძმო სუნიტურ ფუნდამენტალიზმს დაეფუძნა და მისი დევიზი დღესაც ასეთია: „ალაჰი ჩვენი მიზანია, ყურანი ჩვენი კონსტიტუცია, მოჰამედი ჩვენი ლიდერი, ჯიჰადი ჩვენი გზაა და ალაჰისთვის სიკვდილი ჩვენი ყველაზე დიდი მისწრაფება“.

მუსლიმური საძმოს დეკლარირებული მიზანი დედამიწაზე ალაჰის სამეფოს - ანდალუსიიდან ინდონეზიამდე გადაჭიმული შარიათის კანონებზე დაფუძნებული ისლამური ხალიფატის აღდგენაა. ახალი ხალიფატის ჩამოყალიბებას ერთადერთი მტერი ჰყავდა და ალ ბანას აზრით, ეს დასავლეთი იყო. საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი დღესაც არაა. მაგალითად, მუსლიმური საძმოს ყოფილი ლიდერი მუჰამედ აკაფი 2004 წელს აცხადებდა, რომ ისლამი ევროპაში და ამერიკაში შეიჭრებოდა.

რამდენად ირონიულიც უნდა იყოს, დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ალ ბანა ევროპაში აღმოცენებულ იდეოლოგიებს, ნაციზმსა და სოციალიზმს იყენებდა. სწორედ აქედან იღებს ისლამიზმში სათავეს ანტისემიტური და ანტიკაპიტალისტური მოტივები.

მუსლიმური საძმოს იდეოლოგიაში ნაცისტური ელემენტები მოიცავს - მილიტარიზმს, ლიბერალური დემოკრატიის ტოტალურ უარყოფას, პიროვნების კოლექტივისთვის დაქვემდებარებას, სახელმწიფოს ბატონობას საზოგადოებასა და ეკონომიკაზე, პატრიარქალურობას და ქალების დისკრიმინაციას, სიკვდილის კულტს და რაღა თქმა უნდა, ებრაელების და კაპიტალისტების სიძულვილს.

ორივე მოძრაობა სოციალისტური იდეოლოგიის გარკვეულ ნაირსახეობას ქადაგებდა, ებრძოდა მორალურ რელატივიზმსა და კულტურულ დეკადანსს და მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა, იმ განსხვავებით, რომ ნაციზმის შემთხვევაში, მსოფლიო არიელთა რასას უნდა ემართა, მუსლიმური საძმოს ვერსიით კი - მუსლიმებს. მუსლიმური საძმო მოითხოვს საბანკო პროცენტის აკრძალვას, ბირჟების გაუქმებას, მიწისა და ბანკების ნაციონალიზაციას.

ნაცისტებსა და ისლამისტებს შორის თანამშრომლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1937 წელს გერმანიის საგარეო მინისტრმა ფონ ნეურატმა პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის ბრიტანულ გეგმასთან დაკავშირებით რაიხის სტრატეგია ასე ჩამოაყალიბა: „მთელი მსოფლიოს ებრაელების ძალაუფლების ამგვარი გზით შესაძლო ზრდის საპირისპიროდ, გერმანიის ინტერესს წარმოადგენს არაბული სამყაროს გაძლიერება“.

არაბები იღებდნენ გერმანულ სტიპენდიებს, გერმანულ ფირმებში სტაჟირების შესაძლებლობებს. არაბ პოლიტიკოსებს ნაცისტურ პარტიულ ყრილობებსა თუ დემონსტრაციებზე იწვევდნენ, ხოლო სამხედროებს ვერმახტის მანევრებზე. ბერლინში არაბული კლუბი დაარსდა.

გებელსის პროპაგანდის სამინისტრომ ახლო აღმოსავლეთში არაბულენოვანი მაუწყებლობა დააარსა. ამ რადიოს ხელმძღვანელი მუსლიმური საძმოს პალესტინური ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი, იერუსალიმის მთავარი მუფტი, ჰაჯამინ ჰუსეინი გახდა. მისი მთავარი გზავნილი ასე ჟღერდა - „დახოცე ებრაელები ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდება. ეს სურს ღმერთს, ისტორიასა და რელიგიას“. ამ რადიოს ერთ-ერთი ერთგული მსმენელი იყო ადამიანი, რომელიც შემდგომში მსოფლიომ აიათოლა ხომეინის სახელით გაიცნო.

1937 წელს ადოლფ ეიხმანი და ეს-ეს-ის ებრაული განყოფილების სხვა წარმომადგენლები ნაცისტთა არაბი მოკავშირეებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით ახლო აღმოსავლეთს ეწვივნენ. მუსლიმური საძმო მესამე რაიხის ფულს კაიროში მდებარე გერმანული ლეგაციის მეშვეობით იღებდა. ამან მათ სტამბის დაარსებისა და ნაცისტებისგან პროპაგანდის უახლესი მეთოდების დაუფლების საშუალება მისცა. მუსლიმურმა საძმომ ჰიტლერის “Mein Kampf-იც გადათარგმნა არაბულად, სახელად კი „ჩემი ჯიჰადი“ შეურჩია. თუკი 1938 წლამდე ეგვიპტურ მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში ანტიებრაული განწყობები ძლიერი არ იყო, მუსლიმური საძმოს ძალისხმევითა და ნაცისტური ფულით, ეს ვითარება სულ მალე რადიკალურად შეიცვალა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ნელ-ნელა მუსლიმურმა საძმომ გავლენა გააფართოვა და პალესტინაც მოიცვა. აქ მის საქმიანობას, ჰასან ალ ბანას ძმა აბდელ რაჰხმანთან ერთად, ზემოთ ნახსენები ჰაჯამინ ჰუსეინი ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ 1920-1921 წლებში აწყობდა ებრაელთა დარბევებს, ხოლო 1929 წელს ასეთმა რბევამ ჰებრონის უძველესი ებრაული თემი გაანადგურა. 1936-39 წლებში მისი ქადაგების შედეგად და ნაცისტების ფულით ისრაელში დიდ არაბულ აჯანყებად მონათლული ებრაელთა ხოცვა-ჟლეტა მოეწყო.

არაბულმა აჯანყებამ, ნაცისტების დახმარების წყალობით, ორგანიზაციას წარმატება მოუტანა. 1936 წელს საძმოში მხოლოდ 800 ადამიანი შედიოდა, 2 წლის შემდეგ კი წევრების რაოდენობა 200 ათასამდე გაიზარდა. 1930-იანი წლების ბოლოს კი ორგანიზაციაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი იყო შესული.

ერაყში ფაშისტური გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ჰაჯამინ ჰუსეინი1941 წელს ბერლინში გაიქცა და იქ ჰიტლერის პერსონალური სტუმრის სტატუსით ცხოვრობდა. მან ვაფენ-ეს-ეს-ის მუსლიმურ დივიზია Hანდჯარ-ში ათასობით მუსლიმი გაწვრთნა. არაბი ნაცისტების ეს შენაერთი ხორვატიაში იყო განთავსებული და ჰიტლერის ახალი არმიის ბირთვს წარმოადგენდა, რომელსაც აფრიკა და არაბული ნახევარკუნძული უნდა დაეპყრო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მუსლიმურმა საძმომ წერილობითი ვალდებულება აიღო, რომ გენერალ რომელის დასახმარებლად აჯანყებას მოაწყობდა და კაიროსა და ალექსანდრიაში ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარისკაცებს გაანადგურებდა.

არაბულ სამყაროში ნაცისტებმა პოპულარობა მეორე მსოფლიო ომში მარცხის შემდეგაც შეინარჩუნეს. უამრავმა მათგანმა თავშესაფარი ახლო აღმოსავლეთში ჰპოვა, მათ შორის ეიხმანის მოადგილე ალოის ბრუნერმაც, რომელიც დამასკოში დასახლდა. გერმანელი სამხედრო დამნაშავეები რეგიონის ლიდერთა, პირველ რიგში ნაცისტებისადმი სიმპათიებით ცნობილი  გამალ აბდელ ნასერის მრჩევლებად იქცნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ისინი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ.

0x01 graphic

მუსლიმური საძმოს სპიკერი ესამელ ერიანი

1946 წელს ჰაჯამინ ჰუსეინმა თავი ეგვიპტეს შეაფარა, სადაც გასამართლების ნაცვლად პალესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს. მუფტი აქტიურად იღვწოდა, რათა არაბებს არ მიეღოთ ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოთა შექმნის გაეროს გეგმა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1948 წლის ისრაელ-არაბული ომის გაჩაღებაში. სწორედ ამ ომმა უბიძგა იმჟამად კაიროს უნივერსიტეტის სტუდენტ იასირ არაფატს მუსლიმური საძმოს რიგებში შესულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დეკოლონიზაციის ერა დაიწყო. არაბულ სამყაროში დომინანტურ იდეოლოგიად სოციალისტური ნაციონალიზმი იქცა. 1950-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში ახალგაზრდა ნაციონალისტი ოფიცრები სამხედრო გადატრიალებების გზით ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და საზოგადოების ავტორიტარულ მოდერნიზაციას შეუდგნენ.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სეკულარულ ნაციონალიზმსა და ისლამურ ფუნდამენტალიზმს შორის დაპირისპირება. ისლამური საზოგადოების ტრადიციული ინსტიტუტები მტრულად შეხვდნენ მოდერნიზაციის მცდელობას. ამ წინააღმდეგობაზე სამხედრო დიქტატურის პასუხი უსასტიკესი რეპრესიები იყო - შედეგი კი ისლამისტების რადიკალიზაცია გახდა.

1948 წელს მუსლიმური საძმოს წევრმა მოკლა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ ნუქრაში, მოგვიანებით კი ნასერის მთავრობას დაუპირისპირდა. 1954 წელს ნასერის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ორგანიზაცია ოფიციალურად აკრძალეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტერორისტული ჯგუფისთვის ეგვიპტურ პოლიტიკაში ჩართულიყო: ორგანიზაციის წევრები დამოუკიდებელი კანდიდატების სახით იყრიდნენ კენჭს საპარლამენტო არჩევნებში.

სოციალისტურმა აღმშენებლობამ არაბულ სამყაროს ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა და ვერც სამხედრო ძლევამოსილება. ისრაელის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა ომი მარცხით დასრულდა. წარუმატებლობას თანდართულმა კორუფციამ სეკულარული ნაციონალისტების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შეარყია და ისლამისტების გავლენის ზრდისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

არაბი ნაციონალისტებისგან განსხვავებით, ფუნდამენტალისტები არა მხოლოდ ვესტერნიზაციას, არამედ მოდერნიზაციასაც უპირისპირდებოდნენ. ნაციონალისტებმა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს დასავლეთის და ისრაელის დამარცხება, რომ მათ ქვეყანა არასწორი მიმართულებით - წინ მიჰყავდათ. ეს განწყობა კარგად გამოხატა აიათოლა ხომეინიმ, რომელიც ოპონენტებს 1400 წლით უკან ისტორიაში დაბრუნების სურვილის უქონლობის გამო აკრიტიკებდა.

ეგვიპტე ისლამური ფუნდამენტალიზმის სამშობლოა, ხოლო მუსლიმური საძმო პირველი ისლამისტური პოლიტიკური ორგანიზაცია. დღეს იგი საერთაშორისოს სტატუსს ატარებს და ბაჰრეინში, სირიაში, პალესტინაში, იორდანიაში, ირანში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ალჟირში, სუდანში, სომალიში, ტუნისში, ლიბიაში მოქმედ ჯგუფებს აერთიანებს. ღაზის სექტორის მმართველი პარტია ჰამასი მისი განშტოებაა.

მუსლიმურ საძმოს უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია - ალ-ყაიდა. 1966 წელს მუსლიმური საძმოს მთავარი იდეოლოგის და პროპაგანდის უფროსის, საიდ ქუთბის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მისი ძმა მოჰამედი საუდის არაბეთში გადასახლდა და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. ოსამა ბინ ლადენი და მისი მოადგილე აიმან ალ ზავაჰირი მოჰამედ ქუთბის მოსწავლეები იყვნენ.

დღეს მუსლიმური საძმო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეგვიპტურ ოპოზიციაში. თუმცა თუ მის ისტორიას გადავხედავთ, ეს ორგანიზაცია არც სეკულარული ყოფილა ოდესმე, როგორც ამას ზოგიერთი მემარცხენეპოლიტიკოსი ხატავს და არც ლიბერალური დემოკრატიის მშენებელი.

5 თინა ბურჯალიანი: რუსეთი პირველად აღმოჩნდა მოპასუხედ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

საქართველო რუსეთს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. რას ეფუძნება ეს საჩივრები, რა ეტაპზეა განხილვა და სხვა მსგავს საკითხებზე ტაბულა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს ესაუბრა.

  • რას ედავება საქართველო რუსეთს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

საქართველოს სარჩელი შეტანილი აქვს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის საფუძველზე. ფორმულირება ასეთია - რუსეთი პასუხისმგებელია 90-იანი წლებიდან დღემდე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში (და მიმდებარე ტერიტორიებზე) მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნაზე. სარჩელი 2008 წლის 13 აგვისტოს შევიტანეთ.

ეს კრემლისთვის შოკი და არც დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის იყო ჩვეული რამ - რუსეთი პირველად აღმოჩნდა მოპასუხედ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში არც ისე მარტივ თემაზე. რუსეთისთვისაც კი არ არის კომფორტული, საერთაშორისო სასამართლოში ედავოს მეზობელი, რომ ეთნიკური წმენდის, სულ მცირე, 17-წლიანი ისტორია აქვს.

სასამართლოს სწრაფი რეაქცია ჰქონდა. სხდომა მალევე გაიმართა და ოქტომბერში თქვა, რომ აქვს იურისდიქცია მსგავსი საკითხების განსახილველად. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლომ საქმე არსებითად არ განიხილოს და ეს საქმე მოკვდეს სწრაფად. პირველადი შეპასუხება მალევე შეიტანა.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ორი საკითხი - რუსეთი ამტკიცებს, რომ არ არსებობს დავა საქართველოსთან ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით. მეორე წინააღმდეგობა ისაა, რომ საქართველოს არ ამოუწურავს დიპლომატიური რესურსები - ამ კონკრეტულ საკითხზე ქვეყნებს შორის საკმარისი მოლაპარაკებები არ გამართულა და ჯერ არ აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. არადა, აცხადებდნენ, რომ საქართველოს მთავრობასთან ლაპარაკს არ აპირებენ. სასამართლო სხდომა გაიმართა 2010 წლის სექტემბერში და გადაწყვეტილებას ყოველდღე ველოდებით. თუ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა ეს საკითხები, რუსეთს შეპასუხების მოსამზადებლად ჩვენს არსებით არგუმენტებზე 7 თვე ექნება.

დავა ჩვენსა და რუსეთს შორის საერთაშორისოა და უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სასამართლოში. საქართველომ ამჯობინა, რუსეთთან საქმე გაარკვიოს ცივილურად და მშვიდობიანად. ეს მხოლოდ ჩვენთვის არაა მნიშვნელოვანი. მჯერა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს. ეს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს სჭირდება.

  • როგორ შეიძლება პასუხი აგოს რუსეთმა?

პასუხისმგებლობის საკითხი ორნაირად შეიძლება დადგეს ამ სასამართლოში. ერთი, რომ მისცეს შეფასება, რომ ეს ნამდვილად იყო ეთნიკური წმენდა, რომელზეც რუსეთია პასუხისმგებელი. ჩვენ გვაქვს ამაზე პოლიტიკური განცხადებები და დოკუმენტები, სადაც ეთნიკურ წმენდას აღიარებენ და გმობენ, მაგრამ სამართლებრივი შეფასება მხოლოდ სასამართლომ შეიძლება გააკეთოს.

მეორე არის ფინანსური თემა. რუსეთმა შეიძლება პასუხი აგოს ფინანსური კომპენსაციის გადახდით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებლობა მიეცეთ ეთნიკურად ქართველებს (ყველა სხვა ეთნიკურ ჯგუფსაც), რომ დაბრუნდნენ უკან და იცხოვრონ დისკრიმინაციის, ზეწოლისა და დევნის გარეშე.

  • ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთი ამას შეასრულებს...

საერთაშორისო სასამართლოს არ ჰყავს ჯარი, პოლიცია, რომ რუსეთს პასუხი აგებინოს. თუმცა, ადრე თუ გვიან, მოუწევს ამ გადაწყვეტილების შესრულება. იმ პერსპექტივასა და გეგმაში, რაც საქართველოს სახელმწიფოს აქვს - სხვადასხვა დიპლომატიური არხების მაქსიმალური გამოყენება და ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყნის დეოკუპაცია-გაერთიანება მოხდეს - ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. არგუმენტები, რომლის დაყენებაც ჩვენ გვიწევს ამ ბრძოლაში, საჭირო აღარ გახდება. ჩვენ გვექნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულია საერთაშორისო სამართალში.

  • საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები შეტანილი აქვს ევროსასამართლოშიც. პირველი .. დეპორტაციების საქმეა, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოდევნას ეხება. საქმე 2009 წელს დასაშვებად ცნეს. რა ეტაპზეა პროცესი?

საქმე 2007 წელს შევიტანეთ. დეპორტაციები იყო მიზანმიმართული ქმედება ქართველების დასასჯელად. ადამიანებს მასობრივად აკავებდნენ და სვამდნენ საპატიმროებში გაუსაძლის პირობებში. შემდეგ ჩაატარეს ე.წ. სასამართლო პროცესები. ბევრი არც შეუყვანიათ სასამართლოში, ისე გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები და კვლავ აპატიმრებდნენ. არ მისცეს უფლება, თავად დაეტოვებინათ ქვეყანა. ეს იყო მთლიანად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება, რომლის დროსაც ათასობით ქართველის უფლებები დაირღვა. მსგავსი ქცევა თანამედროვე რასიზმი და ქსენოფობიაა - ევროპული სტანდარტებით მიუღებელია. დეპორტაციების საქმე არსებითად განიხილება. ერთი კვირის წინ გვქონდა მოწმეების მოსმენა.

რუსეთის არგუმენტი ისაა, რომ მიგრაციას აკონტროლებდნენ და ეს ადამიანები იქ უკანონოდ იყვნენ. ვაღიარებთ, რომ ადამიანების ნაწილი მართლაც დოკუმენტაციების დარღვევით იყო იქ, მაგრამ მათ ეს სანქცია გამოიყენეს რუსეთში კანონიერად მყოფთა - მათ შორის, რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიმართ. ამას მიგრაციის კონტროლთან საერთო არაფერი ჰქონდა. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია და ევროსაბჭოს ფარგლებში არაერთი დასკვნაა, რომ 2006 წელს რუსეთის კანონმდებლობა მიგრაციაზე ისეთი იყო, რომ გამორიცხული იყო ამ კანონმდებლობასთან აბსოლუტური შესაბამისობა. ეს მათ გამოიყენეს ქართველების წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ამ საქმეზე გადაწყვეტილება წელს იქნება. ჩვენ ვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას ამ ადამიანებისთვის - ადეკვატურს და სამართლიანს. თუ რას, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

  • საქართველოს სტრასბურგში კიდევ ერთი საქმე აქვს, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება...

ეს საქმე უფრო სპეციფიკურია. ეხება კონკრეტულად აგვისტოს ომსა და კონკრეტულ მუხლებს - სიცოცხლის უფლება - მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა; თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ასევე ეხება ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობას - წამებას...

სავარაუდოდ, წელს იქნება ზეპირი განხილვა ამ საქმის დასაშვებობასთან დაკავშირებით. აქამდე მხარეებს შორის მხოლოდ წერილობითი დოკუმენტები იცვლებოდა. ყველა ამ საქმეს რამდენიმეწლიანი პერსპექტივა აქვს.

  • ევროსასამართლოში ოსი მოქალაქეები უჩივიან საქართველოს. საქმეების ნახევარი უკვე გაიცხრილა. რას დავობენ ისინი?

თავიდან შეტანილი იყო 3700 სარჩელი. არ ვიცით ამ სარჩელების შინაარსი. სასამართლომ 2 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ, 7-7 საქმე გადმოგვიგზავნა - სიცოცხლის უფლებაზე, ქონების განადგურებაზე... პირველ შვიდეულში 5 გამორიცხა სასამართლომ და ზედ მიაყოლა 1500. დანარჩენიც, დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ განხილვის ფაზამდეც ვერ მივა.

  • ევროსასამართლოში შეტანილია საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელებიც რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობოებმა მოამზადეს. ჩვენ არ ვიცით დეტალები. კარგია, რომ ქართული სარჩელები ჯერჯერობით არ ამორიცხულა სასამართლოს მხრიდან. ევროსასამართლოში საქართველოს მისი მოქალაქეებიც უჩივიან. ძირითადად, რას ედავებიან სახელმწიფოს? არამხოლოდ მიმდინარე წელს, ზოგადად, ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ. რა იცვლება?

გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგში დიდი დრო სჭირდება საქმეების დამუშავებას. ახლა შეიძლება, მქონდეს საქმე, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარს ეხება.

სარჩელების დიდი ნაწილი პენიტენციურ სისტემაზეა. ახალ საქმეებში მთავარი საკითხი არის ჯანდაცვა - ადეკვატური მკურნალობა. მინდა, ვთქვა, რომ დიდი პროგრესი გვაქვს საქმეების არგანხილვისა და დაუშვებლად გამოცხადებაზე სტატისტიკაში სასამართლოს მხრიდან. ეს ძირითადად პენიტენციურ სისტემაში რეფორმების მიმდინარეობის ხარჯზეა. ჩვენი ციხეების აბსოლუტური უმრავლესობაც არის ახალი და აღმოფხვრილია ბევრი პრობლემა, რაც ადრე იყო. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ რესოციალიზაციაზე, სამედიცინო საკითხებზე.

ამას ისე არ ვუყურებთ - რომ საქმეს ვიგებთ სტრასბურგში და აი, რა მაგრები ვართ. ჩვენი მიზანია, ჩვენი მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ წაღებული სარჩელების რაოდენობა იყოს მინიმალური. მუდმივად ვატარებთ რეფორმებს სისხლის სამართლის სფეროში, პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

0x01 graphic

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

6 მანდატურები კერძო სკოლებში - საკანონმდებლო ამაოება

▲back to top


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

მანდატურების „მანდატი“ ფართოვდება - „უსაფრთხო სკოლის“ პროგრამის მოქმედება არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებზეც გავრცელდება. ცვლილებები ზოგადი განათლებისა და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კერძო სკოლებში მანდატურების შეყვანა სავალდებულო არ იქნება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის ამოქმედების თხოვნით უწყებას კერძო სკოლებმაც მიმართეს. როგორც მანამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, „კერძო სკოლებმა დაინახეს, რამდენად წარმატებული იყო მანდატურების შესვლა საჯარო სკოლებში“. სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ კერძო სკოლებს საშუალება მიეცემათ მანდატურების სამსახურთან კონტრაქტი გააფორმონ. მანდატურთა შრომის ანაზღაურება ამ შემთხვევაში სკოლებს დაეკისრებათ.

უწყების მთავარი არგუმენტი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ საჯარო სკოლებში მანდატურების პროგრამის წარმატება გახდა. „უსაფრთხო სკოლის“ პროგრამა გასულ წელს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რამდენიმე ქალაქის საჯარო სკოლებში ამოქმედდა. 900-მდე მანდატურს საჯარო სკოლებში წესრიგის და დისციპლინის დაცვა დაევალა.

განათლების სამინისტრომ იანვრის დასაწყისში სკოლებში არსებული სიტუაციის კვლევის შედეგები წარმოადგინა - საჯარო სკოლებში მანდატურების შესვლის დღიდან სასწავლებლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დისციპლინა და შემცირდა ძალადობა და დანაშაული. 80 პროცენტით შემცირდა გაკვეთილზე დაგვიანებები, 75 პროცენტით - გაკვეთილებიდან წასვლა, 95 პროცენტით - ფულის გამოძალვის შემთხვევები. მნიშვნელოვნად შემცირდა ჩხუბებისა (80 პროცენტით) და სკოლების ქონების დაზიანების შემთხვევების რიცხვი (90 პროცენტით). სიგარეტის მოწევა სკოლებში პრაქტიკულად აღმოფხვრილია.

კერძო სკოლების ნაწილი სიახლით დაინტერესებას გამოთქვამს. ტაბულას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა ლევან ხარატიშვილმა განუცხადა,  რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დისციპლინის პრობლების მოგვარებაში დახმარება სჭირდებათ. თუმცა, მისი თქმით, „კერძო სკოლების უმეტესობა საჯარო სკოლებისგან იმით განსხვავდება, რომ მათ დისციპლინის საკუთარი ნორმები აქვთ“, მანდატურების უფლება-მოვალეობები კერძო სკოლებში დაზუსტებას მოითხოვს. ამ  საკითხის გარკვევა რამდენიმე სკოლაში საპილოტე პროგრამის განხორციელების გზით უნდა მოხდეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების უფლება-მოვალეობები ზოგადი განათლების შესახებ კანონით რეგულირდება და თანაბრად გავრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, რომლებიც მანდატურებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ.

მანდატურები არა სკოლების ხელმძღვანელობას, არამედ უშუალოდ განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ გამოთქვამენ კერძო მეწარმეები დაინტერესებას სახელმწიფოს მიერ მათი კონტროლის გაძლიერებით? და მოთხოვნა კერძო სკოლების მხრიდან  მანდატურების შემოსვლაზე მათი სურვილია თუ სახელმწიფოს ზეწოლის შედეგი? დღემდე კერძო სკოლები უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაცვას თავად ქირაობდნენ და ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა.

როგორც დაცვის, ასევე დისციპლინის უზრუნველყოფის წესებს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ. გაურკვეველი რჩება, თუ რატომ უნდა ანდოს კერძო სასწავლებელმა შინაგანაწესის დაცვისა თუ დისციპლინის საკითხის მოგვარება სახელმწიფო ინსტიტუტს, როდესაც დაცვის, პედაგოგებისა თუ ადმინისტრაციის  თანამშრომელთა შერჩევის, მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსაზღვრის სრული თავისუფლებით სარგებლობს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაშიც მანდატურების საქმიანობის ხარჯები კერძო სასწავლებლების მფლობელებს უნდა დაეკისროთ.

7 განიყვეს სავარძელი მისი

▲back to top


პოლიტიკა

თამარ ხორბალაძე

მთავრობა ეკოლოგიური უწყების რეორგანიზაციას გეგმავს

საქართველოს აღმასრულებელ სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება. გასულ კვირას კიდევ ერთი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლა-რეორგანიზაციის შესახებ გახდა ცნობილი. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილების უკვე მეორე შემთხვევაა. თუ 2010 წლის ივნისში მთავრობას გაუგებარი მოტივით ახალი სამინისტრო დაემატა, ახლა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სამ ნაწილად გადანაწილდა. ამასთან, შესაკრებთა გადანაცვლებას მინისტრების რაოდენობის ცვლილება არ გამოუწვევია. ქვეყანაში ისევ 20 მინისტრი დარჩება, თუმცა თუ დღემდე 17 - პორტფელიანი იყო და 3 - უპორტფელო, ახლა ერთს პორტფელი და სამინისტროს 2 ათას კაციანი შემადგენლობა ჩამოართვეს.

0x01 graphic

გარემოს დაცვის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში, ძირითადად, სისტემაში კორუფციული ფაქტების მხილების კონტექსტში ჩნდებოდა ტელეეკრანებზე. ეს სტატისტიკა სამინისტროს სტრუქტურაში რეალურად არსებულ პრობლემებზეც გვამცნობდა. ამით დადასტურდა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ხშირად გარემოს დაცვის დროშისა და ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურებისა და რეგულაციების უკან, გარემოზე ზრუნვაზე მეტად კორუფციული საფრთხეები იმალება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ საფრთხეების აღმოფხვრისკენ მიმართული რეფორმები სამინისტროში პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

გეგმა, რომელიც საზოგადოებას პრემიერმა ნიკა გილაურმა გააცნო, პრობლემური სამინისტროს გაუქმებას ისახავს მიზნად. თუმცა, ამის პარალელურად, სხვადასხვა ქუდის ქვეშ ფაქტობრივად ნარჩუნდება სამინისტროს ქვეუწყებები, რომელთაც ანალოგიური სისტემური პრობლემები აქვთ. მეორე მხრივ, ერთ სამინისტროში აკუმულირებული, ბუნებრივი რესურსების მართვასა და გარემოს დაცვის ფუნქციებს შორის არსებული ფაქტობრივი ინტერესთა კონფლიქტი, ამ ცვლილებებით აღმოიფხვრება - როცა ერთის მიზანი მოგების მიღებაა, მეორესი კი იმის კონტროლი, რომ მოგებისკენ სწრაფვამ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს. 

რეორგანიზაციის გეგმის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებებსა და მოვალეობებს არსებული სამინისტროები და ახლად შექმნილი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადაინაწილებს.

ეკონომიკის სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი შეუერთდება. ენერგეტიკის სამინისტრო იკისრებს ბუნებრივი რესურსებისა და ლიცენზირების საკითხების მართვას - მათ შორის ლიცენზირების აუქციონების მოწყობის ფუნქციასაც, რომელსაც ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოს დაცვის ინსპექციის დეპარტამენტს გადაიბარებს.

რეორგანიზაციის გეგმის გაცნობის პარალელურად, პერსონალურ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა - შეინარჩუნებს თუ არა ამჯერად სახელმწიფო მინისტრის პოსტს გოგა ხაჩიძე.

ტაბულას მცდელობა, 2004 წლის შემდეგ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციისა თუ საკადრო ცვლილებებისთვის თვალი მიედევნებინა, თავბრუსხვევით დასრულდა. საბოლოოდ კი გამოიკვეთა, რომ მინისტრთა რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში 19-დან 20-მდეა გაზრდილი. არადა ისტორია ცხადყოფს, რომ მეტი ბიუროკრატია უფრო ეფექტიან მმართველობას სულაც არ ნიშნავს. აშშ-ის პირველ პრეზიდენტს კაბინეტში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სულ  4 წევრი ჰყავდა - სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა და ომის (სამხედრო) მინისტრები და გენერალური პროკურორი. ამ გუნდმა დაშლილ-დანაკუწებული ქვეყნის მსოფლიოს პირველ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევა შეძლო.

8 წინ ევროპისაკენ

▲back to top


პოლიტიკა

თამარ ხორბალაძე

2011წლის 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს უწყლობით დახრჩობისა და ნაგავში ყოფნის არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ. ე.წ. ერთიანი, კომუნალური ქვითარი და მისი ადმინისტრირების ერთიანი წესი, წყლის და დასუფთავების სამსახურის მომსახურების სამსახურის საფასურის გადაუხდელობისთვის მათ ელექტროენერგიის შეწყვეტას უწესებს. საბაზრო ეკონომიკის მთავარი წესი, რომელიც მიწოდების - მოთხოვნაზე ერთი პროდუქტის - ერთ გადასახდელზე მიბმას გულისხმობს, ირღვევა.

ერთიანი კომუნალური ქვითრის ახალმა ადმინისტრირების წესმა კრიტიკა და პოლიტიკური სპეციალური სპეკულაციებიც დაიმსახურა - ქრისტიან-დემოკრატებმა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

გადაწყვეტილების ინიციატორთა არგუმენტაცია წყლისა და დასუფთავების გადასახდელების ადმინისტრირების სირთულესა და დაბალ მაჩვენებელს ეფუძნება.

თბილი წყლის გამანაწილებელი კომპანიის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, საფასურის მაჩვენებელი 2008 წლისთვის, დაახლოებით, 35%25-ს შეადგენდა, 2009 წლის პირველ ნახევარში კი-45%25-ს. 2009 წლის მაისიდან მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა.

დასუფთავების სამსახურის სტატისტიკის თანახმად თბილისის 340 ათასი აბონენტიდან დასუფთავების საფასურს 130 ათასი იხდიდა. ახალი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში, ეს მაჩვენებელი 240 ათასამდე გაიზარდა, დღეისთვის კი 255 ათასსაც მიაღწია. ამან დაადასტურა, რომ პრობლემა მოხმარებლის მიდგომაშია.

თუმცა გადასახადის ადმინისტრირების წესი, რომელიც სახელმწიფომ მომხმარებელს შესთავაზა, საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის ნაცვლად ტოტალიტარული ადმინისტრირების ნაცვლად ტოტალური ადმინისტრირების მეთოდისკენ გვაბრუნებს.

ვერც პარლამენტში, ვერც მარეგულირებელ კომისიაში და ვერც კომპანიაში ტაბულას მსგავსი პრეცედენტების შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდეს. ერთიანი ქვითარი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა წყლის საფასურის გადაუხდელობისთვის შუქის მიწოდების ან სხვა შეზღუდვის მაგალითი ვერ მოვიპოვეთ. ეს არ ნიშნავს, რომ არგადამხდელების მიმართ მიდგომა ლიბერალურია: ევროპული გამოცდილება ინდივიდუალური მოხმარების აღრიცხვასა და ინდივიდუალურ მიწოდებაზეა აგებული. გადასახადების ადმინისტრირება, ძირითადად, საბანკო გზებით ხდება. ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი აირის გადასახადის გადაუხდელობაც არა მათი შეზღუდვით, არამედ საბანკო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მიღებული სააღსრულებლო მეთოდებით სრულდება. დასვლეთ ევროპის ქვეყნებში დასუფთავების დავალიანებას თუ არ დაფარავთ, კარების წინ არც ნაგავს დაგიყრიან და არც შუქს ჩაგიჭრიან. დაგროვებულ დავალიანებას კომპანია სასამართლოში გაასაჩივრებს და კარზე აღმასრულებელი მოგადგებათ - უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვის მოთხოვნით.

სანამ საქართველოს ხელისუფლება და მომხმარებელი საბაზრო ეკონომიკის ანაბანას აითვისებს, მოსახლეობას 7 თებერვლიდან უკვე ამოქმედებული წესით მოუწევს კომუნალური მომსახურების საფასურის დაფარვა. სადამსჯელო ღონისძიებები 15 თებერვლიდან დაიწყება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ხელმძღვანელის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, წყლის და დასუფთავების კომპანიებს დაევალათ, დავალიანების რესტრუქტურიზება, მინიმუმ 36 თვით მოახდინონ.

კომპანიებში აცხადებენ, რომ რესტრუქტურიზებისთვის გადამხდელის მიმართვაა საჭირო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი იორგ მათისი ტაბულას მკითხველისთვის განმარტავს, რომ კომპანიას რამდენიმე შემოსავლი აქვს: დავალიანების მთლიანი თანხის 36 თვეზე განაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება; თუ აბონენტი 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60%25-ს გადაიხდის, 40%25-ს კომპანია ჩამოაწერს; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის კი დავალიანების გასტუმრების ინდივიდუალური პირობები დაწესდება.

2011 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე კომპანია ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების პროცესს დაასრულებს. აღრიცხვის კვანძების მოწყობის ხარჯები ტარიფში არ აისახება. მისი მოწყობის საფასურის ზედა ზღვარი 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა და აბონენტმა თვითონ უნდა დაფაროს. თანხას, პირველ ეტაპზე, კომპანია თავად გაიღებს, აბონენტი კი ამ ვალის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებს.

9 პრეზიდენტის ანგარიში

▲back to top


პოლიტიკა

სალომე უგულავა

11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის წინაშე მდგარ მყისიერ პრობლემად სააკაშვილმა ფასების მატება დაასახელა და მოსახლეობისთვის მისი შემსუბუქებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე - ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერზე ისაუბრა, მარტიდან კი მოსახლეობას 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს დაჰპირდა.

0x01 graphic

სურსათის გაძვირებასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად პრეზიდენტმა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარება დაასახელა და ახალი ინიციატივა წარმოგვიდგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობით აშენდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სასაწყობე მეურნეობები და ლოჯისტიკური ცენტრები. იქ გლეხებისგან მიღებულ პროდუქციას მაღალხარისხიანი სასაქონლო სახე მიეცემა, რაც უცხოურ ბაზრებზე მათ კონკურენტუნარიანს გახდის. ლოჯისტიკური ცენტრები იზრუნებენ გასაღების ბაზრის მოძიებაზე და გაამარტივებენ პროდუქციის ტრანსპორტირებას. ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით ჩაერთვება სახელმწიფო ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაში. ერთი, რაც ვიცით ისაა, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება 150 მილიონი ლარით გაიზრდება.

პრეზიდენტმა მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა უმუშევრობა, ხოლო მისი მოგვარების საშუალებად ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორის განვითარება.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტირებული ნავთობპროდუქტებით საზრდოობს, რაც ფასს აძვირებს და ქვეყნის მოსახლეობას აზერბაიჯანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაწყების შესახებ ამცნო. მისი თქმით, 2015 წლისთვის საქართველოში წარმოებული საწვავი მთლიანად დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნას.

პრეზიდენტმა შეაქო ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა, მაგრამ აღნიშნა, რომ არაკორუმპირებული სისტემის შექმნით მივიღეთ საკმაოდ მკაცრი და გადაცდომებისა და დარღვევებისადმი სრულიად შეუწყნარებელი, არამოქნილი სისტემა. პირველი პირი დაგვპირდა, რომ სამომავლოდ ფინანსური სტრუქტურები არა მხოლოდ დასჯაზე, არამედ ბიზნესთან თანამშრომლობაზე იქნებიან ორიენტირებული.

პრეზიდენტმა ისაუბრა ჯანდაცვის სფეროზეც. მან თქვა, რომ დაპირებული 100 საავადმყოფოსთვის ახალი დაფინანსების წყაროები გამოიძებნა და 2013 წლისთვის 100-ზე მეტი ახალი საავადმყოფო იფუნქციონირებს. მთელი ჰოსპიტალური სექტორი პრივატიზებული იქნება. ეს, მისი თქმით, გამორიცხავს კორუფციას და მომსახურების ხარისხს გაზრდის. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ დაიტოვებს ისეთ არაკომერციულ მიმართულებებს, როგორიც არის ფსიქიატრია, ტუბერკულოზი, ინფექციური დაავადებები და შიდსი. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის კი ყველა არსებული ჯანდაცვის პროგრამა შენარჩუნდება.

ქვეყნის პირველმა პირმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობაზეც, რომ მათ საკუთარი უნარებისა და მიზნების რეალიზაციისათვის საქართველოში გზა გახსნილი ჰქონდეთ. მან მაგალითად მოიყვანა წინა წელს ამუშავებული პროგრამა, რითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საგამოცდო ბარიერის გადალახვა და უმაღლესი განათლებისკენ გზა გაუმარტივდათ. სააკაშვილმა ისაუბრა მრავალკონფესიურ საქართველოზეც, „რომელშიც ყველა თემი არის ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი“, ოღონდ საყურადღებოა, რომ საპატრიარქოს გარდა, მის გამოსვლას არც ერთი კონფესიის წარმომადგენელი არ დასწრებია. ამ უკანასკნელთა თქმით, ისინი პარლამენტში არავის მიუწვევია, რაც გასაკვირია, განსაკუთრებით პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების ფონზე.

პრეზიდენტმა რუსეთზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ოკუპანტად აღიარების მნიშვნელობას და ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რაც, მისი თქმით, ოკუპაციასთან შეგუებას არ გულისხმობს.

სააკაშვილი ხშირად ახსენებდა 2015 წელს და, როგორც შემდგომში ახსნა - ამ დროს შეჯამდება საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის პირველი ეტაპი. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ამ დროისთვის იქნება 5 მილიონი, ბიუჯეტი გაორმაგებული, ხელფასები 50%25-ით გაზრდილი. რატომ უნდა გვიხაროდეს გაორმაგებული ბიუჯეტი -  გაუგებარია.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები დეპუტატების გამოსვლით გაიხსნა. ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლება დევნილების მოტყუებაში, ვეტერანებისადმი უსამართლოდ მოქცევასა და ელიტური კორუფციის შექმნაში დაადანაშაულეს. მათ აღნიშნეს ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაც. პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი პრეზიდენტს ხელისუფლების წამოწყებული ჩავარდნილი პროექტები ჩამოუთვალა. დევნილების პრობლემაზე ისაუბრა პარტიის „ჩვენ თვითონ“ ლიდერმა პაატა დავითაიამაც.

10 სამაუწყებლო მედიის მფლობელები გამადიდებელი შუშის ქვეშ

▲back to top


საზოგადოება

ბარბარა სვანი

0x01 graphic

მედიასამართლის ამერიკელი ექსპერტი ბარბარა სვანი ჟურნალ ტაბულას უცხოელი მრჩეველია სარედაქციო საკითხებში. ბოლო 15 წელია, იგი საქართველოში მოღვაწეობს. ბარბარა სვანი დახმარებას უწევს საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიის შესახებ კანონმდებლობის, ინფორმაციის თავისუფლების და საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის საკითხების კომენტირებითა და ანალიზით. სხვადასხვა დროს იგი აშშ-ის მედიასამართალსა და რეგულაციებს ასწავლიდა; აქვეყნებდა ნაშრომებს ევროპული მედიაპრაქტიკისა და იურისპრუდენციის საკითხებზე; მუშაობდა საერთაშორისო მედიაკომპანიების სასამართლო საქმეებზე; აშუქებდა იურიდიულ საკითხებს როგორც ბეჭდვით, ასევე ელექტრონულ მედიაში და კონსულტაციას უწევდა საზოგადოებრივ მაუწყებლებს პროგრამების დაგეგმვაში.

2011 წლის თებერვალში ბარბარა სვანი საქართველოს წამყვანი იურისტების საერთაშორისო პროექტის - The International Senior Lawyers Project (ISLP), ფარგლებში ეწვია. ნიუ იორკში რეგისტრირებული ეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული IREX G-MEDIA პროგრამასთან ერთად მუშაობს საქართველოს მედიაგარემოს გაჯანსაღებაზე. ბარბარა სვანი მაუწყებლობის საკუთრებისა და ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს.

საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობა ამჟამად მაუწყებლობის საკუთრების საკითხზეა კონცენტრირებული. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ შესატანი ცვლილებების პროექტი შეიმუშავა. შემოთავაზებული ცვლილებების ალტერნატიული პაკეტი მედიასამართლის ქართველმა სპეციალისტებმა მოამზადეს. ამ პაკეტს საპარლამენტო უმცირესობა უჭერს მხარს. დღეს, ეს ორი მხარე ამ ვარიანტების შეჯერებას ცდილობს. ცვლილებებს, რომლებმაც სამაუწყებლო მედიის საკუთრების და ფინანსური გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მარტში უყრის კენჭს.

რატომ უნდა აღელვებდეს ვინმეს აღნიშნული საკითხი  ხელისუფლებისა და მედიის სფეროს გარდა? იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არაფერია იმაზე უფრო ფუნდამენტური, ვიდრე გამოხატვის თავისუფლების უფლება. იმიტომ, რომ ადამიანთა უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, სერიოზული საფრთხე ემუქრება, როდესაც ეთერი საკუთრების ფარული ინტერესებით კონტროლდება. მედიაორგანიზაციების მესაკუთრეთა გამჭვირვალობა ფარული ინტერესებით (იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უცხოური) ამცირებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო დისკურსის მანიპულირების შესაძლებლობას. სამაუწყებლო მედიის საკუთრების წესები აუცილებელია, რადგანაც მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი ტელემაუწყებლობა, აზროვნების სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ის აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებას როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. მიუხედავად ახალი მედიის განვითარებისა და მისი გავრცელების უსაზღვრო არეალისა, ტელევიზია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება. ჩვენ გვინახავს, რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებებისა და ოლიგარქების მიერ საინფორმაციო წყაროების კონტროლს. არც ისე დიდი დროა გასული საბჭოთა ეპოქის დასრულებიდან და არც ისე შორსა ვართ გეოგრაფიულად - ჩრდილოეთით, სამხრეთითა თუ აღმოსავლეთით - ისეთი ხელისუფლებებისგან, რომლებიც სამაუწყებლო მედიას სათავისოდ იყენებენ. ისინი ცდილობენ, აკონტროლონ, რას ხედავენ და ისმენენ მოქალაქეები მათი მთავრობის  შესახებ.

საქართველოში მიმდინარე საჯარო დისკუსია ძირითადად იმ უცხოური კომპანიების მფლობელების გაუმჭვირვალობას ეხება, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. ასეთ ზონებში მოქმედი კანონები ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, საქართველოში სამაუწყებლო კომპანიების მესაკუთრეთა ვინაობის განსაჯაროებას აფერხებს. ეს შეშფოთება საფუძვლიანია, მაგრამ ასეთივე ყურადღება ადგილობრივი მფლობელების ფარულ ინტერესებსაც უნდა დაეთმოს. ცოტა რამ არის ცნობილი იმ ძალების შესახებ, რომლებიც მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების უკან რეალურად დგანან. ასევე, არც ისე ბევრი ვიცით ამ ძალების ზეგავლენის შესახებ სარედაქციო პროცესებსა და პროგრამების შინაარსზე.

მაუწყებლობის საკუთრების გამჭვირვალობა როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა. ქვეყნები ცდილობენ სათანადო ბალანსის დაცვას ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ინტერესსა და მეორე მხრივ, თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის ინტერესებს შორის. კონფლიქტი დამახასიათებელია ნებისმიერი სამთავრობო სისტემისთვის, რომელიც მედიას არეგულირებს. გაზრდილმა სახელმწიფო რეგულირებამ შეიძლება სამაუწყებლო მედიაზე კონტროლის გამკაცრებასთან მიგვიყვანოს. თუმცა, მედიის საკუთრების სტრუქტურული წესები მედიის თავისუფლებაში ყველაზე ნაკლებად იჭრება, ვინაიდან მაუწყებლობის საკუთრებას არეგულირებს და არა სამაუწყებლო პროგრამებს. საკუთრების გამჭვირვალობა სარედაქციო დამოუკიდებლობას იმ ფარული ინტერესებისაგან იცავს, რომლებიც მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ამბების გაშუქებას თავის მიკერძოებულ კვალს ამჩნევს.

წარსულის იმ საკანონმდებლო ინიციატივებისაგან განსხვავებით, რომლებიც დონორების მიერ იყო ნაკარნახევი და რომლებითაც ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები საქართველოს კითხვებს პასუხს სცემდნენ, მაუწყებელთა საკუთრების გამჭვირვალობა ადგილობრივი ინიციატივაა. მისი მეშვეობით ქართველები უცხოელი ექსპერტების „პასუხებს“ კითხვის ქვეშ აყენებენ. ასეთი ცვლილება სამართლიანია. არც საკუთრების ევროპული წესები და არც მაუწყებლობის ამერიკული რეგულაციები არ უზრუნველყოფენ პასუხს კითხვაზე, როგორ გაუმჯობესდეს ქართული სამაუწყებლო მედიაგარემო. დასავლეთში, მაუწყებლობის საკუთრება რამდენიმე მძლავრი მრავალეროვნული და ტრანსინდუსტრიული მედიაკონგლომერატის ხელშია კონცენტრირებული. კორპორატიული მედია ფინანსურ ანგარიშებს ეყრდნობა და არა მაღალ პრინციპებს - მედიის პლურალიზმზე უფრო კორპორატიული მოგება აინტერესებს. ამერიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების რაოდენობა შეერთებულ შტატებში მაშინ გაიზარდა, როდესაც საკუთრება უფრო მკაცრად რეგულირდებოდა, ვიდრე ახლანდელ გარემოში იზრდება. მსგავსი რამ მოხდა ევროპის ზოგ ქვეყანაშიც.

სამაუწყებლო მედიის საკუთრების გამჭვირვალობა იმ ბარიერებს მოშლის, რომლებიც მედიის მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს ეღობება - დამოუკიდებელი და ჯანსაღი სამაუწყებლო გარემოს ორ ძირითად მახასიათებელს. საკუთრებისა და ფინანსური გამჭვირვალობის შორსმჭვრეტელური და ფრთხილად შემუშავებული წესები ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც იდეების ბაზარზე დამოუკიდებელ მაუწყებლებს მრავალფეროვანი მოსაზრებების გამოხატვის საშუალებას აძლევს. ჩრდილოვანი ინტერესების „მზის სხივით დეზინფექცია“ მაუწყებლობის მიერ მრავალფეროვანი და ღრმა შინაარსის მქონე პროგრამებით უფრო ფართო აუდიტორიის მოცვას უზრუნველყოფს.

ახლა, საქართველოს რეალური პრობლემა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საკუთრების და ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნებთან შესაბამისობაა. ის, რომ საქართველოში მაუწყებლობის საკუთრება არ არის გამჭვირვალე, ნაწილობრივ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შედეგია - ძირითადად კი იმისა, რომ მარეგულირებელი უწყება არ ასრულებს საკუთარ საქმეს, რაც კანონის აღსრულებას გულისხმობს. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებითაც ამ ხარვეზების გამოსწორება სარედაქციო დამოუკიდებლობის, პირადი ხელშეუხებლობის უფლების ანდა კომერციის თავისუფლების შეულახავად შეიძლება. თუმცა, საკუთრებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების ახალი წესები იმოქმედებს იმ შემთხვევაში და ისე, როგორც მათი აღსრულება მოხდება. პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ რეალური გამჭვირვალობა სურს. კანონმდებლებმა, შესწორების შემდეგ, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება უნდა უზრუნველყონ.

11 ამბები - საზოგადოება

▲back to top


ამბები|საზოგადოება

დევიდ ბექჰემის არასპორტული გმირობა

0x01 graphic

გასულ კვირას მთელმა მსოფლიომ შეიტყო დევიდ ბექჰემის გმირობის შესახებ. თუმცა, ამჯერად მისი სახელი ფეხბურთს არ უკავშირდება. სპორტსმენი სატრანსპორტო გმირი გახდა.

პოლ ლონგს შვილები სკოლაში მიჰყავდა, როდესაც მისი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და შუა გზაზე გაჩერდა. ინტენსიური მოძრაობის გამო მანქანიდან გადასვლა შეუძლებელი იყო. ლონგს ეშინოდა, გამვლელი ავტომობილების მსხვერპლი არ გამხდარიყო.

განსაკუთრებით, უკანა სავარძელზე მოკალათებულ მცირეწლოვან ბავშვებზე ნერვიულობდა. პოლისა და მისი ორი შვილის მხსნელი მხოლოდ ათი წუთის შემდეგ გამოჩნდა. იგი, არც მეტი, არც ნაკლები, დევიდ ბექჰემი აღმოჩნდა და მანქანის გზიდან გადაყვანაშიც დაეხმარა. ვარსკვლავის გმირობის შესახებ პოლ ლონგმა BBC-ის რადიოს მეშვეობით ამცნო საზოგადოებას. ამ ამბავში ბექჰემის მონაწილეობა ფეხბურთელის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

პატიმრობა ციხის გარეთ

0x01 graphic

10 თებერვალს ინტერნეტით ცნობილი ჩინელი ადვოკატისა და დისიდენტის ჩენ გუანჩენის ვიდეო გავრცელდა. იგი ყვება, თუ როგორ არ აძლევენ ჩინელი სამართალდამცავები სახლის დატოვების უფლებას. უსინათლო ჩენმა ციხე 5 თვის წინ დატოვა, მაგრამ დღემდე, მთელ ოჯახთან ერთად შინაპატიმრობაშია. დაპატიმრების მიზეზი მისი საქმიანობაა. თვითნასწავლი ადვოკატი აქტიურად იცავდა ადამიანთა იმ ჯგუფების უფლებებს, ვინც აბორტისა და სტერილიზაციის აკრძალვას მოითხოვს. მას 2006 წელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩენის შინაპატიმრობა მკაცრად გააკრიტიკა ჰილარი კლინტონმა და ჩინეთის მთავრობას დევნის შეწყვეტა სთხოვა.

„მე 2006 წლიდან პატარა ციხეში ვიჯექი, ახლა დიდში გადმომიყვანეს“, - ამბობს ჩენი გავრცელებულ ვიდეოში. დისიდენტის თქმით, მის ოჯახს 20-მდე აგენტი აკონტროლებს. ვიდეო ჩინეთში მოქმედმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა. მათ ჩანაწერი ერთი-ერთმა ჩინელმა პოლიციელმა მიაწოდა.

მორიგი სიკვდილმისჯილი ირანში

0x01 graphic

35 წლის ირანელ ვებპროგრამისტს პორნოგრაფიული საიტების შექმნისა და ხელშეწყობისათვის სიკვდილით დასჯა ემუქრება.

კანადაში მცხოვრები საიდ მალეკპური 2008 წლის ოქტომბერში, თეირანში ვიზიტის დროს დააპატიმრეს პორნოგრაფიული ვებსაიტების შექმნისა და ადმინისტრირების ბრალდებით. ირანის სასამართლომ საიდის ქმედება ნაციონალური უშიშროებისთვის საფრთხედ და ისლამის პრინციპების ღალატად შეაფასა.

ტორონტოში მცხოვრები მალეკპურის მეუღლის განცხადებით, საიდმა მხოლოდ ფოტოების ატვირთვისთვის საჭირო პროგრამა შექმნა, რომელიც პორნოგრაფიულმა საიტმა მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს ირანის სასამართლოს ქმედება. „საერთაშორისო მოძრაობამ ირანში ადამიანის უფლებების დაცვისათვის“ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 20 დეკემბრიდან 2011 წლის 31 იანვრამდე ირანში სიკვდილით 121 ადამიანი დასაჯეს.

12 სკოლების ვარსკვლავური ომები

▲back to top


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

როგორც წესი, ტერმინი „ბრენდირება“ იმ მარკეტინგული ტექნოლოგიის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის მიზანი სავაჭრო მარკის გამორჩეული ნიშნის შექმნა და მისი პოპულარიზაციაა. თუმცა, საქართველოს განათლების სისტემაში ეს სიტყვა ამიერიდან არა გამორჩეულობას, არამედ სტანდარტიზაციას დაუკავშირდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა სწორედ სკოლების სტანდარტიზაციისკენ გადადგმული მომდევნო ნაბიჯი გახლავთ: 2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს სკოლებში ე.წ. ბრენდირების სისტემა დაინერგება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია. ცნობილია, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ბრენდირების სისტემაში ჩართვა ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო, კერძო სკოლებისთვის კი - ნებაყოფლობითი იქნება.

განათლების სფეროში მსგავსი მიმართულებით განხორციელებული სხვა ინიციატივების მსგავსად, სკოლების ბრენდირების პროცესიც მრავალ კითხვას აჩენს და სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემაზე მიგვითითებს: მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა, ლიბერალიზაციის ნაცვლად განათლების სისტემა ცენტრალიზაციისკენ წარმატებით განაგრძობს სვლას.

საუბარი სკოლების ბრენდირების შესახებ ახლა არ დაწყებულა. შესაბამისი პროცედურებისთვის მოსამზადებელი პროცესი გასული წლის სექტემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებისგან ინფორმაციასა და საჭირო მასალებს ყოველდღიურად იღებენ.

მაინც რას გულისხმობს ბრენდირება? ამ პროცესის ფარგლებში სკოლებს ვარსკვლავების გარკვეული რაოდენობა მიენიჭებათ. რაც უფრო მეტ ვარსკვლავს მოიპოვებს სასწავლო დაწესებულება, მით უფრო წარმატებულად ჩაითვლება ის. საწყისი ხუთი ვარსკვლავი ყველას ავტომატურად ექნება. შედეგები საბოლოოდ  ათვარსკვლავიან შკალაზე განლაგდება. საუკეთესო სკოლების მოსწავლეები, სავარაუდოდ, ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდებისგან გათავისუფლდებიან.

როგორც ცნობილია, თითოეული სკოლა თვითშეფასებას თავადვე მოახდენს, მონაცემების გადამუშავების შემდეგ კი შესაბამისი ვარსკვლავის მფლობელი გახდება. სკოლის მხრიდან მიკერძოებული შეფასება თავიდან რომ აირიდონ, სამინისტროში გარკვეული ზომებიც მიიღეს: სპეციალურად შექმნილი კომისია თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას მუდმივად განახორციელებს. ამ კომისიას მინისტრის პირველი მოადგილე, აკაკი სეფერთელაძე უხელმძღვანელებს. მონაცემების განახლება წელიწადში ერთხელ მოხდება.

საბოლოოდ, ინიციატივამ სკოლების გარკვეული პარამეტრების შეფასება ერთიან სისტემაში უნდა მოაქციოს და მათ შორის არსებული განსხვავება უფრო თვალსაჩინო გახადოს.  პარალელურად, სკოლებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ, სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს დაუახლოვდნენ, რაც თავისთავად, კარგი სულაც არ არის.

ხარისხის შეფასება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მოხდება. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კრიტერიუმები ასე გამოიყურება: მოსწავლეთა მონაწილეობა პროგრამებში და პროექტებში, სკოლის ინსტიტუციური მონაცემები, სწავლება და მასწავლებელთა კვალიფიკაცია. ეს  ნიშნავს, რომ ვარსკვლავების მინიჭებისას გაითვალისწინებენ: მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, წარმატებას ოლიმპიადებზე თუ სპორტულ შეჯიბრებებში, გასულ წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა და გრანტის მქონეთა რაოდენობას, სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობას, სკოლის შენობის მდგომარეობას, ინვენტარს, ბიბლიოთეკის მდგომარეობას, ლაბორატორიების აღჭურვილობას, სანიტარული ნორმების დაცვას და სხვა.

მინისტრის განცხადებით, კრიტერიუმების შერჩევა განათლების სისტემაში არსებული ექსპერტების დასკვნების შედეგებზე დაყრდნობით მოხდა. პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც უშუალოდ განათლების სამინისტრო, ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრი და ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები.

ამრიგად, გაზაფხულიდან საქართველოს მასშტაბით არა მხოლოდ მრავალვარსკვლავიანი  სასტუმროები თუ რესტორნები, არამედ ბრენდირებული სკოლებიც გვექნება. ბრენდირების პროცესის ოფიციალური მიზანი სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და შედეგად, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაა. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლებს დამატებითი მოტივაცია უნდა გაუჩნდეთ, რათა გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა თუ მასწავლებელთა კომპეტენცია. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ გზით ადამიანებს არჩევანი გაუმარტივდებათ: სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სკოლაშია უმჯობესი ბავშვის შეყვანა.

ბრენდირების სისტემამ შესაძლოა, მართლაც მისცეს მშობლებს თვალსაჩინო ინფორმაცია, თუმცა, რეალური არჩევანის საშუალება მხოლოდ ქალაქების მცხოვრებლებს ექნებათ. ბუნებრივია, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სოფლებში, სადაც ხშირად ერთი, ან რამდენიმე განსხვავებული პროფილის სკოლა არსებობს, მოპოვებული ვარსკვლავების რაოდენობა არაფერს ცვლის და არც რაიმე სახის კონკურენციას უწყობს ხელს. ეს სახელმწიფოსთვის სკოლის კონტროლისა და მისი წნეხში ყოლის დამატებითი მიზეზი ხდება.

ის კონკრეტული ქულები, რომლებიც თითოეულ  კრიტერიუმს აბსოლუტური შეფასებისას მიენიჭება, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროში საპირისპიროს ამტკიცებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი: ხომ არ დაიჩაგრებიან ინფრასტრუქტურის კრიტერიუმის ხარჯზე გარკვეული სკოლები. მსგავს მოლოდინს ამყარებს ფაქტი, რომ კრიტერიუმთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სწორედ ინვენტარზე, სკოლის შენობის მდგომარეობაზე, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე თუ ლაბორატორიების აღჭურვაზე მოდის.

თავისთავად ცხადი არც ის საკითხია, დაბალი შეფასების მიღება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის მოტივირებას მოახდენს, თუ პირიქით - თვითშეფასებასა და ამბიციებზე ნეგატიურად იმოქმედებს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, თუ ისინი ბრენდირების სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვას გადაწყვეტენ, არსებული კრიტერიუმებით ზოგიერთი მათგანი უფრო პატარა შეფასებას მიიღებს, ვიდრე რეალურად მასზე დაბალი დონის საჯარო სკოლა. კერძო სკოლების ნაწილი, მაგალითად, ამერიკის აკადემია, საერთოდ არ მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში - მათი ამბიციები, არა მსგავს წარმატებებს, არამედ, ვთქვათ, საზღვარგარეთ სტიპენდიით გაგზავნილი მოსწავლეების რაოდენობას უკავშირდება. განათლების საკითხების მკვლევრის, სიმონ ჯანაშიას თქმით, უცნაურია, რომ კერძო სკოლები ვაიძულოთ, საკუთარი წარმატების უფრო დაბალი საზომები გამოიყენონ, ვიდრე რეალურად აქვთ. როგორც ჩანს, კერძო სასწავლებლებისთვის საერთო შეჯიბრში მონაწილეობა მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, British Connection-ის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლებს შორის ისედაც არსებობს კონკურენციის საკმარისი დონე,  პროცესში მაინც ჩაერთვებიან.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრენდირების სისტემის დანერგვისას საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობიან. განათლების და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ტაბულასთან საუბარში შანხაის ცნობილი რეიტინგების სისტემაც ახსენა, როგორც მსოფლიოში არსებული მსგავსი პრაქტიკის მაგალითი. სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგების შედგენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართლაც აპრობირებული მეთოდია. განსხვავება ისაა, რომ, როგორც შანხაის შემთხვევაში, ასევე სხვა უმრავლეს შემთხვევებშიც, მსგავსი რანჟირება დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. სხვადასხვა უნივერსიტეტები, ვებსაიტები, თუ გავლენიანი ჟურნალები, მათ შორის Times-ი და Economist-ი, საკუთარი ინიციატივით ადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგს. პროცესში მონაწილეობა უნივერსიტეტებს ან საერთოდ არ უხდებათ, ან ეს მათთვის სავალდებულო არ არის. შესაბამისად, მიღებულ შედეგებს სახელმწიფო კონკრეტული სასწავლებლებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად არ იყენებს. გარდა ამისა, როგორც წესი, არ ხდება რეიტინგების ერთიან შკალაზე განლაგება. მაგალითად, აშშ-ში ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებსაიტი U.S. news & world report-ი სასწავლებლებს სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს ისე, რომ კოლეჯს, რომელსაც სხვა კომპონენტებში ცუდი შედეგები აქვს და სამაგიეროდ, ფლობს კარგ სპორტულ დარბაზებს, საშუალება ეძლევა, პირველ ადგილზე ამ კრიტერიუმით იყოს. ამრიგად, სასწავლო დაწესებულებები საკუთარ ძლიერ მხარეებს წარმოაჩენენ. მიუხედავად ამისა, რანჟირების ასეთი მეთოდებიც კი კრიტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

ერთ-ერთი მთავარი გვერდითი მოვლენა, რომელსაც რეიტინგების სისტემა აშშ-სა და ევროპაში წააწყდა, ისაა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევის სურვილი დამატებით მოტივაციას უჩენდა მასწავლებლებს, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი გაეყალბებინათ. სასწავლო პროცესის შეფასების კრიტერიუმებზე მორგებაც პრობლემებს წარმოშობს.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, პრობლემა სწორედ საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ტენდენციაა, რისი ნაწილიც ბრენდირების სისტემის დანერგვა გახლავთ. სახელმწიფოს მზარდი ჩარევა სკოლების საქმეში მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას უზღუდავს და დამოკიდებულს ხდის. რეგულაციის ზრდა ჯანსაღ კონკურენციას ხელს  უშლის. არჩევანის შესაძლებლობას მხოლოდ თავისუფალი გარემო იძლევა. მსგავსი ბერკეტების ფლობა გარკვეულ ორგანოებს საშუალებას აძლევს, დასაჯონ ან წაახალისონ კონკრეტული სასწავლებლები პირადი ინტერესის შესაბამისად, რისგან დაზღვეულიც არავინაა.

13 ბოდიში, თქვენ გელით სტაგფლაცია

▲back to top


ეკონომიკა

ბესიკ ნამჩავაძე

იანვრის ბოლოს, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობას ტვირთად აწვება, კიდევ უფრო საშიში მთავრობის პოზიციაა, რომლის მიხედვით, ინფლაცია 90%25-ით საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ინფლაციის დონის შესამცირებლად რადიკალურ ზომებს არ გაატარებს - მეტიც, იგივე ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას გააგრძელებს, რამაც 12.3%25-იან ინფლაციამდე მიგვიყვანა.

ინფლაციას რომ ჭარბი ფულის მასა იწვევს, მსოფლიოს გავლენიანი ეკონომისტები ამაზე თითქმის აღარ კამათობენ. დავის საგნად რჩება ახალისებს თუ არა დასაქმებას ინფლაციის გარკვეული დონე, რა უფრო ეფექტიანია, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით ეკონომიკის სტიმულირება, რომელსაც ინფლაცია მოჰყვება, თუ დაბალანსებული ფასები და კონსერვატიული ეკონომიკური პოლიტიკა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ამ თემებზე კამათის ეტაპამდე არ მივსულვართ. ამის მიზეზი ისაა, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ეკონომიკურ თეორიაში ფართოდ მიღებულ აზრსა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიციას შორის კონსენსუსს ვერ ვაღწევთ.

განვითარებად ქვეყნებში დაბალი დონის (3-5%25-იან) ინფლაციაზე აზრი ორად არის გაყოფილი. ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწრაფად მზარდი ეკონომიკისთვის დაბალი ინფლაცია საჭირო ან გარდაუვალია და მის მოთოკვას ეკონომიკური ზრდა არ უნდა შევწიროთ. მაგრამ როდესაც ინფლაცია 5-6%25-ის ზემოთ ადის, ეს უკვე ის სიდიდეა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას დააზარალებს. ამ დროს ჩნდება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მოშლის საფრთხე, მცირდება დანაზოგები. ძირითადი მაჩვენებლები, როგორიცაა მომავალი ფასების დონე, ვალუტის კურსი და საპროცენტო განაკვეთები, რთულად პროგნოზირებადი ხდება. ინვესტორს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო სჭირდება, განსაკუთრებით მას, ვინც საქართველოში დიდი კაპიტალის ჩადებას აპირებს და მოგებას გრძელვადიან პერიოდში მოელის.

ყველაფერი აქ არ სრულდება. მაღალმა ინფლაციამ და ხელისუფლებისგან ინფლაციის მასტიმულირებელი პოლიტიკის გაგრძელებამ, შესაძლოა, სტაგფლაციამდე მიგვიყვანოს. სტაგფლაცია აერთიანებს ორ ტერმინს - ინფლაციას და სტაგნაციას. სტაგნაცია არის მდგომარეობა, როცა ქვეყანაში მცირდება დასაქმება და წარმოება. სტაგფლაციის დროს იზრდება ფასები და უმუშევრობა. სტაგნაცია რეცესიაზე მტკივნეული მოვლენაა, რადგან რეცესიის დროს ფასები კლებულობს.

ტერმინი „სტაგფლაცია“ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, როცა სანავთობო შოკების გამო ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია პროდუქციის წარმოების შემცირება და ამავე დროს ფასების ზრდა. კეინსიანური თეორიის ერთ-ერთ დასკვნა, რომ ინფლაცია და უმუშევრობა უკუდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან, ამ შემთხვევაში არ გამართლდა.

„მიწოდების ფრთის“ წარმომადგენელი ეკონომისტები 70-იანი წლების სტაგფლაციას, 1971 წელს ოქროს სტანდარტის გაუქმებით და ქვეყნების უმრავლესობის ცენტრალური ბანკის სისტემაზე გადასვლით ხსნიან. მათი აზრით, სტაგფლაციის მიზეზი (ისევე როგორც ინფლაციის) მთავრობის მიერ მოთხოვნის სტიმულირებაშია და არა მიწოდების მხრიდან წარმოქმნილ შოკებში. ეს აზრი 2008 წელს მსოფლიოში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა გაამყარა. 2008 წლის ივნისისათვის, 2006 წელთან შედარებით, ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა, მაგრამ რეცესიის და ზოგ ქვეყანაში სტაგფლაციის გამომწვევ მრავალ მიზეზს შორის ნავთობის ფასი არ სახელდება. პირიქით, ნავთობის ფასის ძალიან სწრაფი ზრდა მონეტარული ექსპანსიით შექმნილმა ფინანსურმა ბუშტმა გამოიწვია.

საქართველოში 2009 წელს სწორედ სტაგფლაცია აღინიშნა. წარმოება 4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ფასები გაიზარდა 3 პროცენტით. შესაბამისად, გაიზარდა უმუშევრობაც, 2008 წლის 16.5%25-დან 2009 წლის 16.9%25-მდე. ამავე წელს, სტაგფლაცია იყო აშშ-ში, ბრიტანეთში, ბულგარეთში, დანიაში, ფინეთში, საბერძნეთში, შვედეთში, ისლანდიაში, ლიტვაში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში. სტაგფლაციის გამომწვევი მიზეზი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით განხორციელებული ფისკალური და მონეტარული ექსპანსია გახდა.

დღეისათვის საქართველო კვლავ უახლოვდება იმ ზღვარს, სადაც მთავრობის მასტიმულირებელ ეკონომიკურ პოლიტიკას შესაძლებლობები ეწურება. როდესაც ბიუჯეტის დეფიციტით (ფისკალური ექსპანსია) ან ჭარბი ფულის ბეჭდვით (მონეტარული ექსპანსია) სტიმულირება იწყება, მას ყოველთვის მოკლევადიანი (1 ან 2 წლის) დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკის ზრდაზე. გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდისთვის საჭიროა ინვესტიციების მდგრადი ტემპით ზრდა ანუ ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის ზრდა, რომ  უფრო მეტი საქონელი აწარმოოს.

ფულის ბეჭდვის პროცესის განმავლობაში (ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება იქნება თუ სხვა მონეტარული ინსტრუმენტი) ხელოვნურად სტიმულირებულ მოთხოვნას ეკონომიკის გარკვეული დონის ზრდამდე მივყავართ. ამასთან ერთად, შედეგად ვიღებთ მაღალ ინფლაციას, რის გამოც ადამიანების რეალური ხელფასი, დივიდენდზე შემოსავალი, ვაჭრობიდან ამონაგები და სხვა სახის შემოსავლები მცირდება. შესაბამისად, ყველა საკუთარი შემოსავლის ზრდაზე ზრუნვას იწყებს, ბიზნესი იძულებულია დასაქმებულებს ხელფასი გაუზარდოს, დეპოზიტორი ანაბრებზე მეტ პროცენტს ითხოვს - პროცენტი იზრდება სესხებზეც, მოგებაზე დამოკიდებული ფიზიკური და იურიდიული პირები ზრდიან მოგების ნორმას, რადგან ინფლაცია ამცირებს რეალურ მოგებას. ყოველივე ამის შედეგად ეკონომიკა იწყებს უკუსვლას. ის უბრუნდება პოტენციურ დონეს - რა რაოდენობის პროდუქტის წარმოებაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკას არსებული კაპიტალით. რეალური შემოსავლის მატებისთვის გაზრდილი ხელფასები და სარგებლის განაკვეთი კიდევ უფრო ზრდის ფასების დონეს.

მოთხოვნის სტიმულირებით დროებით მიღწეული წარმოების დონიდან უკუსვლა, რომელსაც თან ახლავს ფასების ზრდა, სტაგფლაციური პროცესია.

საქართველოს სტაგფლაციური პროცესების განვითარების საფრთხისგან ვერც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, ვერც კარტოფილზე და სხვა ცალკეულ პროდუქტზე მსოფლიო ფასის კლება და ვერც ტურისტების მიერ საქართველოში დიეტის დაცვა იხსნის (ხელისუფლებისგან ძირითადად ეს 3 მიზეზი სახელდება).

მაღალი ინფლაციის დასაძლევად, პირველი ნაბიჯი ფასების ზრდის რეალური მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს - ბიუჯეტის დეფიციტისა და ფულის მასის შემცირება და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა. იმპორტის შეზღუდვა, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, ფასების და მოგების ნორმის კონტროლი, სოციალური დახმარებების ზრდა სტაგფლაციური ხაფანგისკენ მიმავალი გზაა. ასეთ „ანტიინფლაციურ“ ქმედებებს უმოქმედობა სჯობია.

14 მეტი კონკურენტუნარიანობისკენ კონკურენციის გარეშე

▲back to top


ეკონომიკა

გერმანია-საფრანგეთის ფისკალური ინიციატივა

ელენე კვანჭილაშვილი

ბერლინმა და პარიზმა გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად ახალი გეგმა შეიმუშავეს. ევროზონისა და უფრო ფართოდ, მთელი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ვალთან დაკავშირებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, ევროზონის პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორმა მთავარმა ქვეყანამ კონკრეტული პუნქტები გაწერა. ეს ითვალისწინებს: დაწესდეს ზღვარი ვალის დონეზე, რომელსაც დაარეგულირებს თითოეული ქვეყნის კანონმდებლობა; გაიზარდოს საპენსიო ასაკი, თითოეული ქვეყნის დემოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით; გაუქმდეს ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან; შემუშავდეს საერთო მექანიზმები საბანკო კრიზისის გადასაჭრელად და კორპორატიული გადასახადი მინიმუმამდე შემცირდეს. ევროკავშირის 17 ქვეყანა ამ ზომების წინააღმდეგია.

ამ ჰარმონიზაციის ინიციატორი ანგელა მერკელია, კონკრეტული პუნქტები კი ზუსტად იმეორებს ე.წ. ბერლინის ქამრების მოჭერის მოდელს.

ბერლინის მოდელი ძირითადად წესების ორ წყებას ეყრდნობა: პირველი, დეფიციტის შემცირება მშპ-ს 5%25-დან სულ მცირე 3%25-მდე 2013 წლამდე. მეორე - ბიუჯეტის დაბალანსება და შემოსავლებსა და ხარჯებს შორის განსვლის შემცირება არსებული 70 მილიარდიდან 60 მილიარდამდე ანუ 2011 წლიდან, ყოველწლიურად 10 მილიარდი ევროთი.

თუმცა ბერლინის ეკონომიკურ მოდელს უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგალითად, გადასახადები მაღალია, საგადასახადო კოდექსი რთულია, ხოლო შრომის ბაზარი - ზედმეტად რეგულირებული. მერკელ-სარკოზის პაქტი კი ზუსტად კორპორატიული საგადასახადო რეჟიმების, შრომის რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და საპენსიო ასაკის ჰარმონიზებას მოითხოვს.

მერკელი ფისკალურ ჰარმონიზაციაზე აკეთებს აქცენტს, ნიკოლა სარკოზის კი უფრო პოლიტიკური ამბიციები აქვს: საფრანგეთის პრეზიდენტს ერთიანი ევროპული ეკონომიკური მთავრობის შექმნა და მისი მეშვეობით ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის კოორდინირება სურს.

რეფორმატორებს ევროპის კონკურენტუნარიანობის მიღწევა უნდათ, მაგრამ პარადოქსულია, რომ ქვეყნებს შორის კონკურენციის გარეშე. კონკურენტუნარიანობის პაქტი მთელი ევროპის ფრანკო-გერმანულ თარგზე მოჭრას ისახავს მიზნად. თუმცა გერმანია წინა პლანზეა, რადგან მისი გავლენა სულ მცირე 440 მილიარდი ევრო ღირს.

ევროზონის დახმარების ფონდის - ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმი (EFSF) - ქამარი ბერლინის ხელშია: ბაზარზე ობლიგაციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოტანა მხოლოდ ვალის მენეჯმენტის გერმანიის ოფისის მხარდაჭერით ხდება. ფინანსური დახმარების, ე.წ. ბაილ-ოუტ-ის ფონდში 440 მილიარდი ევროა. მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე დისკუსია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. საქმე ისაა, რომ რეალური სასესხო თანხა 250 მილიარდ ევროს არ აჭარბებს, რადგან დანარჩენი 190 მილიარდი ევრო ფონდის იმ გარანტიებს ხმარდება, რომლებმაც მისი მაღალი საკრედიტო რეიტინგი უნდა შეინარჩუნონ. მოზიდული თანხებით ფონდი ივსება და ევროზონის იმ ქვეყნებზე ნაწილდება,  რომელთაც ფინანსურად ყველაზე მეტად უჭირთ - მაგალითად, სჭირდებათ ბანკების რეკაპიტალიზაცია ან სუვერენული ვალის გამოსყიდვა. ამდენად, ბერლინს შეუძლია იმ მიმართულებით მოუჭიროს ამ ქამარს, საითაც დასჭირდება.

დღეს დეფოლტის ყველაზე რეალური რისკის ქვეშ ორი ქვეყანა - პორტუგალია და ესპანეთია. პორტუგალიას 9.5 მილიარდი ევროს რეფინანსირება უწევს ორ ტრანშად - აპრილსა და ივნისში. ქვეყნის მთლიანი ვალი დაახლოებით 150 მილიარდი ევროა. აქედან 40%25 - დაახლოებით 60 მილიარდი ევრო ესპანურ ბანკებზე მოდის. ამდენად, ორივე ქვეყანა  ჩაკეტილ წრეში მოყვა: პორტუგალია შეიძლება იძულებული გახდეს, ესპანურ ბანკებს ვალის რესტრუქტურიზაცია სთხოვოს. თუ ესპანური ბანკებისთვისაც აუცილებელი იქნება რეკაპიტალიზაცია - სხვადასხვა გათვლით, კაპიტალის სახით, შეიძლება 50 მილიარდი ევრო დასჭირდეთ - მაშინ არა მხოლოდ პორტუგალიის, ესპანეთის ვალის რესტრუქტურიზაციაც ავტომატურად დადგება დღის წესრიგში.

დღევანდელი გათვლებით, თუ საბოლოოდ გაკოტრების ზღვართან ყველაზე ახლოს მყოფ ორ ქვეყანას - პორტუგალიასა და ესპანეთს ერთდროულად დასჭირდებათ გამოსყიდვა, ფონდში საკმარისი სახსრები ვერ მოიძებნება.

მეორე მხრივ, თვითონ ამ ქვეყნების შიგნით, სულ უფრო მატულობს კონსენსუსი, რომ გამოსყიდვა რეალურად გამოსავალი არ არის: ამით კარგა ხნით შენელდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა - გაძვირდება კორპორატიული კრედიტი, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახების შემოსავალს.

ესპანეთსა და პორტუგალიას - ევროკავშირის სხვა მსხვილ და პატარა ქვეყნებთან ერთად - ბელგიითა და ავსტრიით დაწყებული და ირლანდიით, პოლონეთითა და ლუქსემბურგით დასრულებული - ფისკალური ჰარმონიზაციის ფრანკო-გერმანული არც მეთოდები მოსწონთ და არც პუნქტებად გაწერილი შეთავაზების შინაარსი. ირლანდია აპროტესტებს კორპორატიული გადასახადის ზღვარის ჰარმონიზებას, ბელგია, ესპანეთი და პორტუგალია - ინფლაციას მიბმული სახსრების გაუქმებას, ხოლო საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგი ყველა ის ქვეყანაა, სადაც ძლიერი პროფკავშირები და ლობისტები ჰყავთ.

თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ სტაგნაციაში მოყოლილ, გადახარჯვებს გადაყოლილ ბებერ კონტინენტს რეფორმირება მართლაც სჭირდება. მაგრამ მნიშვნელოვანია რა გზით მოხდება ეს. საერთო ბაზარი საერთო ეკონომიკურ მოდელს არ მოითხოვს. ესპანეთი შეიძლება არასდროს გახდეს გერმანიასავით ინდუსტრიის ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, თუმცა ვერც გერმანია შეძლებს ტურისტებისთვის ესპანეთივით მიმზიდველი გახდეს. თითოეული ასეთი კონკურენტუნარიანი უპირატესობა ევროპის, როგორც ერთი მთლიანის, ძალაა. მეტიც, გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ევროპის ყველა ქვეყანა ერთდროულად დადგება ეკონომიკური საფრთხის წინ, თუკი, ერთიანი სტრატეგიის ჰარმონიზების ნაცვლად, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად  ეკონომიკური ზრდის მიღწევის კონკურენტუნარიან მოდელს შეიმუშავებს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ევროზონა თავის დროზე ერთ დიდ ეკონომიკურ ლაბორატორიად ჩაიფიქრეს, სადაც წევრ ქვეყნებს შორის ბიზნესსა და ეკონომიკურ ზრდაში თავისუფალი კონკურენცია იქნებოდა. ეს კონკურენცია ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამჟღავნდებიან წარმატებული და წარუმატებელი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ყველა გერმანია (ან საფრანგეთი) ვერ იქნება. თუმცა ზოგს ეს არც უნდა.

15 აბსურდის თეატრი

▲back to top


ტაბულა|ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

7 თებერვალს „ყველაზე რეიტინგული“ არხის საინფორმაციო გამოშვებამ დაწყებისთანავე თავზარდამცემი ამბავი გვამცნო - სახალხო ექიმი დომენტი გაგნიძე პროქტოლოგ გელა მუხაშავრიას დაპირისპირებია.

ქრონიკამ დაწვრილებით მიმოიხილა ექიმსა და ექიმბაშს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დეტალები. არც ის დაუმალავს, რომ ბატონი დომენტი კიბოს და სხვა 12 სახეობის დაავადებას არჩენს „სიზმრად ნანახი, სხვადასხვა ყვავილების, ბალახებისა და ფოთლების ნაზავით დამზადებული პრეპარატებით“ - დომენტოლითა და გაგნოლით.

იმედის საინფორმაციო სამსახურმა „საპირისპირო“ აზრზეც იზრუნა და გაგვიმხილა, რომ დასიზმრებული პრეპარატები „პროქტოლოგიის ცენტრს ძლიერ იმუნოსტიმულატორებად მიაჩნია“, ოღონდ მათი მეშვეობით კიბოსგან განკურნვის პერსპექტივას გაზვიადებულად თვლის. ამავდროულად, ჟურნალისტებმა დაგვამშვიდეს, რომ დომენტი უკან დახევას არ აპირებს.

„ავადმყოფობის დამარცხების პროცესი უკვე დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს“, - განგვიცხადა ქართული მედიის ახლად გამოჩეკილმა ვარსკვლავმა, რომლის დებიუტიც, თუ არ ვცდები, ვახო სანაიას „რეპორტაჟში“ შედგა. მაშინ, ექიმბაშმა საჯაროდ დაიფიცა, რომ მისი წამლით მხოლოდ ქართველებს გადაარჩენს, უცხოელებს კი მილიონის სანაცვლოდაც არ განკურნავს.

„პატრიოტი ესკულაპეს“ ტელესივრცეში დაბრუნებას, ამჯერად ხელი ადგილობრივი ბეჭდური მედიის ვეტერანმა გაზეთმა ქრონიკამ შეუწყო. ამ გამოცემაში დაიბეჭდა ბ-ნი გაგნიძის ინტერვიუ, სადაც ის პროქტოლოგ მუხაშავრიას „ამხელს“.

„ტიტანების ბრძოლის“ ფართო მასებთან მიტანამდე ერთი კვირით ადრე, უფრო ზუსტად კი 1 თებერვალს, ქრონიკის წამყვანმა ისტერიული ტონით კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავი გვამცნო - ანტიბაქტერიული ჰიგიენური საშუალებები, კერძოდ Palmolive, Camey, Protex და შაფეგუარდ შეიცავს ქიმიურ ნივთიერება ტრიკლოზანს, რომელიც თავის მხრივ იწვევს კიბოს, ჩიყვს, გენურ მუტაციას და „სიმახინჯეს“.

ჩამოთვლილი პროდუქციის პოპულარობის და მისი მომხმარებლისთვის გამოტანილი მომაკვდინებელი განაჩენის გააზრების შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჟურნალისტის შთაგონების წყაროს გავყევი. „ველიკაია ეპოხა“ - ასე ჰქვია ჩინელი დისიდენტების მიერ დაფუძნებული ვებგვერდ Epoch Times-ის რუსულენოვან ვერსიას, სადაც იმედის ჟურნალისტმა ეს „სენსაციური“ ამბავი ამოიკითხა, თარგმნა და უაპელაციოდ მოგვახალა. ამ შემთხვევაში, სიუჟეტის ავტორს მოვალეობის მოხდის მიზნითაც არ უცდია საპირისპირო არგუმენტის მოძებნა. როგორც ჩანს, ტელეიმედის მაყურებელი არ იმსახურებს იმის ცოდნას, რომ, ბევრი პროფესიონალის აზრით, ტრიკლოზანი შეუცვლელია ბაქტერიების გასანადგურებლად და იმ დროს, როდესაც მსოფლიოში H1N1 ვირუსი მძვინვარებს, მისი აკრძალვა ადამიანებს მხოლოდ ზიანს მოუტანს.

ტრიკლოზანზე სტატიის კითხვისას, ყურადღება მისი გამოქვეყნების თარიღმა მიიქცია - ინფორმაცია ცნობილი ჰიგიენური საშუალებების „მომაკვდინებელი ეფექტის“ შესახებ ზემოხსენებულ ვებგვერდზე 2010 წლის 1 აგვისტოს განთავსდა. იმედმა კი ქართველ მომხმარებელს ამის თაობაზე 7 თვის დაგვიანებით ამცნო. უცნაურია ისიც, რომ „ველიკაია ეპოხა“, ზემოხსენებული საპნებისა და შამპუნების გარდა კბილის პასტების, უფრო კონკრეტულად კი Colgate Total-is, Blend-a-Med-is da Aquafresh-ის მავნე ზემოქმედებაზეც საუბრობს, იმედი კი - არა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მეფიქრა, რომ:

ა) არხზე კორუფციას აქვს ადგილი და ტელეიმედი Palmolive-ის, Camey-ის,  Protex-ისა და Safeguard-ის იმპორტიორ კომპანიას ერჩის, სხვა კომპანიის სასარგებლოდ - ეს უკანასკნელი კი საპნის ბიზნესშია და კბილის პასტა, საერთოდ არ აინტერესებს.

ბ) იმედის მაყურებელი კბილებს არ იხეხავს, ეს მშვენივრად იცის არხის ხელმძღვანელობამ და კბილის ჰიგიენურ საშუალებებზე დროს არ კარგავს.

მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ლოგიკის დახმარებით ძაღლის თავის ძიება უადგილოა. რეალურად ყველაფერი ადგილობრივი მედიასივრცის ვირუსის - საღი აზრის დეფიციტის სინდრომის ბრალია.

0x01 graphic

ეროვნული რესურსების დაცვის ცენტრი (NRDC) - ასე ჰქვია არასამთავრობო, გარემოსდამცველ ორგანიზაციას, რომლის მოსაზრებაზე დაყრდნობითაც „ველიკაია ეპოხა“ წერს. ორგანიზაცია 1970 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ კონგრესში გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ რეგულაციებს აქტიურად ლობირებს. NRDC ებრძვის კორპორაციებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, სუფთა წყლისა და სუფთა ჰაერის შესახებ კანონმდებლობას არღვევენ, სისტემატურად ჩივის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, საქმეთა დიდ ნაწილს აგებს, მაგრამ არ ნებდება და ხანდახან წარმატებასაც აღწევს, იმის მიხედვით, კონგრესს დემოკრატები აკონტროლებენ, თუ რესპუბლიკელები.

ბუნებრივი რესურსების დაცვის ცენტრი ამტკიცებს, რომ ტრიკლოზანი, რომელიც 1960-იან წლებში გამოიგონეს და დღეს არა მხოლოდ ჰიგიენური საშუალებების, არამედ სათამაშოების, სამზარეულო აღჭურვილობის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და საკვების წარმოებაშიც კი გამოიყენება, საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს. გასულ წელს, ამ ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) წინააღმდეგ და საკვები, ჰიგიენური და ფარმაცევტული პროდუქციის უვნებლობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ამ უკანასკნელს ტრიკლოზანი არ აუკრძალავს. ორგანიზაციის განცხადებით - „ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ტრიკლოზანი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის… სააგენტოს არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ მომხმარებელს ტრიკლოზანის შემცველი პროდუქტის მოხმარებისგან თავის შეკავება ურჩიოს“.

მაგრამ რად გინდა?

მანამდე, სანამ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტო თანამემამულეების უსაფუძვლოდ შეშინებისგან თავს იკავებს, ტელეიმედმა, როგორც ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე მედიას შეშვენის, ზემოხსენებული პროდუქციის ქართველ მომხმარებელს ყველასთვის კარგად ნაცნობი - კიბო და აქამდე გაუგონარი გვერდითი ეფექტი - სიმახინჯე  არგუნა.

ირკვევა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტო უკვე 38 წელია იკვლევს ტრიკლოზანს. სამწუხაროდ, ამ დაწესებულებაში არაფერი იციან საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შესახებ, რომლის თანამშრომელი ქალბატონიც იმედის ობიექტივში კომპეტენტური პირის სტატუსით მოხვდა. მან გულისწყრომით აღნიშნა, რომ მწარმოებელი, ამ შემთხვევაში Colgate-Palmoliv-ის ტრანსნაციონალური კორპორაცია, ვალდებულია პროდუქცია მათთან შეიტანოს შესამოწმებლად და არ შეაქვს. არადა, ხომ შეიძლება ამ ქალბატონსაც, ექიმბაში დომენტის მსგავსად, დასიზმრებოდა ის, რაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის ლაბორატორიებში 38 წლის განმავლობაში ვერ დაადგინეს.

0x01 graphic

მათ, ვინც გაზეთ ქრონიკისა და ეგზოტიკური შინაარსის რუსულენოვანი ვებგვერდების გარდა, სხვა მედიასაშუალებებითაც ინტერესდება, ეცოდინებათ, რომ სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები დიდი ხანია გარემოსდამცველებმა მიზანში ამოიღეს. ასე მაგალითად, გასული წლის შემოდგომაზე, შეერთებული შტატების მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ მათი ჭურჭლის სარეცხი მანქანები აღარ რეცხავს. როგორც გაირკვა, მანქანა არაფერ შუაშია და ყველაფერში დამნაშავე სარეცხი საშუალებაა - მას გარემოსდამცველთა დაჟინებული მოთხოვნით ფოსფორი გამოაცალეს. რატომ? იმიტომ, რომ „მწვანეთა“ მტკიცებით, წყალში შერეული ფოსფორი წყალმცენარეების მომრავლებას იწვევს, შედეგად კი, თევზები ზარალდებიან. დაზარალებულ წყლის ბინადრებსა და ჭურჭლის სარეცხ საშუალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა დღემდე სადავო საკითხად რჩება. როგორც თავად გარემოსდამცველები ამბობენ, თევზების პრობლემა გაურეცხავმა დანა-ჩანგალმა ვერ მოაგვარა, სამაგიეროდ, წყლის ხარჯი გაზარდა, რადგან სარეცხი მანქანიდან გამოღებული ჭურჭელი, ხშირად ხელახლა, ხელით ირეცხება.

წყლის ხარჯვა დამატებითი თავის ტკივილია. დედამიწაზე „სხვებზე მეტად შეყვარებულები“ ირწმუნებიან, რომ წყლის მოხმარებას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. ვინც ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობს ხოლმე, შეამჩნევდა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სასტუმროების მომსახურე პერსონალისთვის ნახმარი პირსახოცი გასარეცხ პირსახოცს არ ნიშნავს. თუ გსურთ, რომ გამოგიცვალონ, ის ძირს უნდა დააგდოთ. რატომ? იმიტომ, რომ სასტუმროები ბუნებას მფარველობენ და ცდილობენ ნაკლები წყალი და სარეცხი საშუალება დახარჯონ.

თუ „ბედმა გაგიღიმათ“ და გარემოზე „გადამკვდარ“ სასტუმროში მოხვდით, არ გაიკვირვოთ - ბუნებასთან დამეგობრებულ უნიტაზს პატარა ავზი აქვს, რათა ჩასარეცხად ცოტა წყალი დაიხარჯოს. შესაბამისად, თუ ტუალეტის სუფთად დატოვება, ნახმარი პირსახოცის გამოცვლისა არ იყოს, მართლა გულით გსურთ, ავზის რამდენჯერმე გავსება და დაცლა მოგიწევთ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე გარემოს დამცველებმა წარმატებით მოახერხეს საზოგადოების რაღაც ნაწილის საკუთარ სიმართლეში დარწმუნება. ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ ბანაობა, ჭურჭლის რეცხვა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ დასუფთავება დედა-ბუნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. რა მოხდა, ოდესღაც, დედამიწაც კუს ბაკანზე მდგომი ოთხი სპილოს ზურგზე შემოდებული მიწის ნაჭერი ეგონათ. ახლა კი ვიცით, რომ ის მრგვალია და ბრუნავს.

მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალების ხმაც ისმის, როგორებიც მაგალითად, ანარქო-პრიმიტივისტები ან დედამიწის განმათავისუფლებელი ფრონტის წარმომადგენლები არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ დროა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგებზე უარი ვთქვათ, გამოქვაბულს დავუბრუნდეთ და ნადირობის უფლება ჩამორთმეულმა, კენკრით გავიტანოთ თავი. ანდაც კენკრამ რაღა დააშავა, ისიც ხომ ბუნების ნაყოფია, სჯობს ადამიანთა მოდგმამ საყოველთაო ხარაკირი გავიკეთოთ და ამოვწყდეთ - ასე ჩვენც დავისვენებთ და დედამიწასაც დავასვენებთ.

გამორიცხული სულაც არაა, „ველიკაია ეპოხამ“ ან სხვა რუსულენოვანმა ვებგვერდმა ამ ყაიდის გარემოსდამცველების მოსაზრებებიც გამოაქვეყნოს. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, არ შეშინდეთ და რაც მთავარია, არ დაიჯეროთ, თუ ტელეიმედმა ერთ მშვენიერ საღამოს, სათაფლიის მღვიმეში შესახლება, ანდაც საყოველთაო თვითმკვლელობა გვირჩია.

ვიცი, რომ მიუღებელი იდეების მიმართ შემწყნარებლობა ის ფასია, რომელსაც პლურალისტურ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის ვიხდით. მჯერა, რომ ბრიყვისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება მისთვის ტრიბუნის მიცემაა. ამიტომ მზად ვარ ავიტანო ქალბატონი მადონა, რომელიც „ყველაზე რეიტინგული“ ტელევიზიის „სპეციალური რეპორტაჟიდან“ სამარცხვინოდ მიმტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი „აღზრდის ბრალია“, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის „თავზე ხელის გადასმა არ არის საჭირო“ და რომ ისინი თავად ნანობენ საკუთარ ორიენტაციას. გაუშვით - ილაპარაკოს! ოღონდ იმ პირობით, რომ განსხვავებულ აზრსაც მოვისმენ, თუ იმავეზე არა, სხვა არხზე მაინც. მაგრამ ვერ მოგართვით! ჩემს სამშობლოში, განსხვავებით შეერთებული შტატებისაგან, სადაც მედიაში გაჟღერებულ უამრავ სისულელეს საღი აზრი აბალანსებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ უკანასკნელის მწვავე დეფიციტია.

განსაკუთრებული დაკვირვება არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან ნაწილს ქართული საზოგადოება იდიოტთა ნაკრები ჰგონია. ითვლება, რომ რაც უფრო ბრიყვულია ინფორმაცია, მით უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს - არ აქვს მნიშვნელობა გენმოდიფიცირებულ, მანათობელ კურდღლებზე მოყვები თუ მიხაილ გორბაჩოვის ქართველ ძმაზე, მთავარია ეს ექსკლუზიური სისულელე იყოს. მაგრამ, როგორც აბრაამ ლინკოლნი იტყოდა - „შეიძლება საზოგადოების ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება მთელი საზოგადოება გააბრიყვო მცირე ხნით, მაგრამ ვერ გააბრიყვებ მთელ საზოგადოებას მუდმივად“ - თვალსაჩინოა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ მზარდმა ნაწილმა ტრადიციულ არხებს და ადგილობრივ ბეჭდურ მედიას ზურგი შეაქცია და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს ინტერესის დაკმაყოფილებას, ხოლო საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში გამოთქვამს.

ერთი გარემოება რომ არა, შესაძლოა, ადგილობრივი მაუწყებლობის უბედურება, ტელეკომპანიებში პლურალიზმის ნაკლებობით და „ტოტალური კონტროლით“ ამეხსნა, მაგრამ რა ვუყოთ ბეჭდურ პრესას? ბეჭდური პრესა ხომ ჭრელია - როგორ მოხდა, რომ ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა კიდევ უფრო უპასუხისმგებლო, ბრიყვული, დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას მიიჩნევს მის დანიშნულებად?

ზოგიერთი, ქართული მედიის მძიმე მდგომარეობას ჟურნალისტების უვიცობას აბრალებს. ჩვენი განათლების სისტემა რომ მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, ეჭვგარეშეა. მაგრამ რომ დაფიქრდე, რა დიდი ცოდნა უნდა იმის მიხვედრას, რომ ქვეყნის მოსახლეობას კიბოს და გენურ მუტაციას ვიდრე უწინასწარმეტყველებ, ინფორმაციის წყარო უნდა გადაამოწმო?

უფულობა? ვითომ მედიაში ხელფასები დაბალია და ამის გამო კვალიფიციური ადამიანები სხვა ბიზნესში მიდიან? შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ. თანაც, გამოძიება არ სჭირდება იმის დადგენას, რომ საქართველოში, მით უმეტეს თბილისში, ჟურნალისტის ხელფასი საშუალოზე ბევრად მაღალია.

უპასუხისმგებლობა? სიზარმაცე? პროვინციალიზმი? ცნობისმოყვარეობისა და თავმოყვარეობის დეფიციტი?

ალბათ, ყველაფერი ერთად.

16 ფოტოესე

▲back to top


ამსტერდამი. ჰოლანდია

0x01 graphic

17 თიხისფეხება კოლოსი

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

ევროპის უმეტესი ქვეყნები დეფიციტის აღმოსაფხვრელად ხარჯებს ამცირებენ, ნავთობზე მზარდი ფასი კი რუსეთს ფულის ფლანგვის დამატებით საშუალებას აძლევს. უკანასკნელ კვირას პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 678 მილიარდი გამოყო ახალი თავდაცვითი ხარჯებისთვის მომავალი ათწლეულის განმავლობაში. ამ თანხის მეოთხედი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მოდერნიზაციას მოხმარდება. კრემლის შენაძენთა სიაშია: 20 ახალი გემი, რაკეტული წყალქვეშა ნავები, ფრეგატები და ავიამზიდები.

თითქოსდა ამ ხარჯების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალოვან თამაშს წყნარ ოკეანეში. მაგრამ კრემლს ხარჯების გაწევა ქვეყნის დაბეჩავებული სამხედრო წარმოების გამოსაცოცხლებლადაც მოუწევს. რუსეთის სამხედრო წარმოებაში დასაქმებულთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება და ყველა წარმოებაში მომუშავეთა 80%25-ს შეადგენს. რუსეთის ფედერაცია  ჩვეულებრივი შეიარაღების მეორე უდიდესი ექსპორტიორია აშშ-ის შემდეგ, თუმცა მისი თავდაცვითი წარმოება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. უკანასკნელ წელს რუსეთმა გაყიდა დაახლოებით 10 მილიარდის შეიარაღება - უმეტესად უცხოელ კლიენტებზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის  თავდაცვითი საწარმოების 25%25 გაკოტრების წინაშეა და საბჭოთა სამხედრო წარმოების გადმონაშთია. თვით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად საზღვარგარეთს მიაშურა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, რომლის წარმოების უნარიც თავად რუსეთს არ აქვს. მაგალითისთვის გამოდგება 20-ათასტონიანი მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდები, რომელიც კრემლმა საფრანგეთს შეუკვეთა - თითოეული 1 მილიარდ ევროდ.

რუსეთის არმიაც არაა უკეთეს მდგომარეობაში. მოსკოვში მდებარე ანალიზის და სტრატეგიული ტექნოლოგიების ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ თეორიულად 1.1 მილიონი სამხედროსგან შემდგარი შეიარაღებული ძალებიდან, რეალურად ოპერაციაზე გასვლა  მხოლოდ ორ ბრიგადას - 9 ათას კაცს - შეუძლია.

რეფორმების გარეშე თავდაცვით სფეროში ფულის ფლანგვა რუსეთის არმიას თანამედროვე საბრძოლო ძალად ვერ აქცევს, მაგრამ მილიონზე მეტი ჯარისკაცი, მეზღვაური და სამხედრო წარმოების მუშაკი ნამდვილად შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კრემლის მიერ თავდაცვაზე გაღებული დანახარჯები არაერთ ბიუროკრატს და თავდაცვის კონტრაქტების შემსრულებელს გაამდიდრებს. პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვითონვე ამბობდა, რომ უკანასკნელ წელს რუსეთს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ბიუროკრატებმა ტრილიონი რუსული რუბლი ანუ 33 მილიარდი დოლარი მოპარეს. ამ ფონზე, კრემლმა მედვედევისთვის შეძენილი ახალი, 35-მილიონიანი სუპერიახტის დემონსტრირება მოახდინა. ჩაითვლება კი ეს რუსეთის ფლოტის ძლიერებაში შენატან წვლილად?

18 სირია ეგვიპტურ გაკვეთილებს სწავლობს

▲back to top


მსოფლიო

თამარ ზურაბაშვილი

ეგვიპტეში მიმდინარე დაუჯერებელი ამბოხებები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ მოვლენები არაბულ სამყაროში „დომინოს ეფექტით“ განვითარდება. ერთი არაბული ქვეყნის წარმატება დიქტატორის ჩამოგდებაში ავტორიტარული რეჟიმების მქონე დანარჩენ არაბულ ქვეყნებსაც აღაფრთოვანებს  და  მის მაგალითს გაჰყვებიან. ფიქრობენ, რომ სირია, იემენი და ალჟირი ამგვარი ტრანსფორმაციის მომავალი კანდიდატები არიან.

0x01 graphic

ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი

ფოტო: REUTERS ©

სირიასა და ეგვიპტეს ბევრი საერთო აქვთ. შესაძლოა ბაშარ ალ-ასადმაც მუბარაქის ბედი გაიზიაროს - ორივე სეკულარული რესპუბლიკაა, რომელთა რეჟიმები სამხედრო გადატრიალების გზით დამყარდა; ორივე მათგანის მმართველი ცდილობდა, გადადგომის შემდეგ ხელისუფლების სათავეში საკუთარი ვაჟები დაეტოვებინა. სირიაში, 2000 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ბაშარ ალ-ასადმა სახალხო წინააღმდეგობის გარეშე შეძლო ხელისუფლების გადაბარება; იგივეს აპირებდა მუბარაქის ვაჟი ეგვიპტეში, რაშიც მას აგორებულმა საყოველთაო აჯანყებამ შეუშალა ხელი. ორივე ერთპარტიული სახელმწიფოა და პარტიების ქმედება სტატუს-კვოს შენარჩუნებითა და გამყარებით შემოიფარგლება. სირიაში, ეგვიპტის მსგავსად, საშინელი კორუფციაა - ახლახან იგი მსოფლიო ბანკის ანგარიშით ბიზნეს-მეგობრულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარუმატებელად დასახელდა. პრეზიდენტის გარემოცვა ფლობს დიდ, მონოპოლიურ კომპანიებს. სირიაც, ეგვიპტის მსგავსად, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის: ბოლო პერიოდში, პურსა და ნავთობზე გაუქმებული სუბსიდიების ფონზე, სიღატაკისა და უმუშევრობის დონემ აიწია.

ტუნისისა და ეგვიპტის ქუჩის აქციებმა სირიის ოპოზიცია აღაფრთოვანა. მათ ამბოხების დღედ 4 თებერვალი გამოაცხადეს. პროტესტის ორგანიზატორები მოსახლეობის მობილიზაციისათვის Facebook-სა და Twitter-ს იყენებდნენ. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ აჯანყებულიყვნენ კორუფციის, რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ეკონომიკური თავისუფლების დაბალი დონის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. მაგრამ, განსხვავებით ეგვიპტისა და ტუნისისაგან, სირიას უფრო მცირე სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს ოპოზიცია, ამ პროტესტს ორგანიზება გაუწიოს. პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, Facebook-ითა და საერთოდ, ინტერნეტით სარგებლობა დაუყოვნებლივ აიკრძალა. რეჟიმის მიერ კონტროლირდება პროფესიული კავშირებიც, რომლებმაც ტუნისში დიდი როლი შეასრულეს. ხელისუფლებისადმი  რელიგიური წრეებიც ლოიალურადაა განწყობილი.

სირიის ხელისუფლება მიმდინარე მოვლენებს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა ამას არ აღიარებს. გასულ კვირას, ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ისათვის მიცემულ რიგით ინტერვიუში ბაშარ ალ-ასადმა მომავალში შიდა რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკური რეფორმების გზით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ბიზნესის წარმოება გამარტივდეს. მაშინ, როცა მიმდინარე მოვლენებს ახლო აღმოსავლეთში ახალი ერის დასაწყისად აფასებენ, იგი 1979 წლის ირანის რევოლუციაზე, როგორც ამ ახალი წამოწყების წყაროზე, მიუთითებს.  

19 ეკონომიკური ლიბერალიზაცია პოლიტიკური სტაბილურობის სამსხვერპლოზე

▲back to top


იორდანია

თეონა ტურაშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

პრემიერ-მინისტრი მარუფ ბახიტი

იორდანიის მეფე აბდულა II-მ  იანვრის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა - პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა დაითხოვა. ახალ მინისტრთა კაბინეტს არმიის ყოფილი გენერალი, მარუფ ბახიტი ჩაუდგება სათავეში. თუმცა, პრემიერის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა ისლამისტებისთვის.

ბახიტს აღნიშნული თანამდებობა 2005-2007 წლებშიც ეკავა. მანამდე იგი სამეფოს ეროვნულ მრჩევლად და ისრაელში ელჩად მსახურობდა. სწორედ ბახიტი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომიტეტს, რომელიც 1994 წელს იორდანია-ისრაელს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ზედამხედველობდა. ოფიციალური ამანი არაბულ სამყაროში მეორე სახელმწიფოა, რომელსაც იერუსალიმთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. იგი რეგიონში შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ერთ-ერთ საკვანძო მოკავშირედ ითვლება.

ბახიტის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ განსაკუთრებით გაანაწყენა მთავარი ისლამისტური ოპოზიცია, რომელსაც 1992 წელს შექმნილი ისლამური მოქმედების ფრონტი წარმოადგენს. ეს პოლიტიკური გაერთიანება 2007 წლის არჩევნებში წარუმატებლობასა (84-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში მხოლოდ 6 ადგილის მოპოვება შეძლეს) და შედეგების გაყალბებაში ბახიტს ადანაშაულებს. სწორედ ამ უკანასკნელის სამხედრო პერსონალი აკვირდებოდა კენჭისყრის პროცესს.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი სამინისტრო პორტფელების გადანაწილების დროს არჩევანს კერძო სექტორის წარმომადგენლებზე ნაკლებად შეაჩერებს. ის საჯარო სექტორში დასაქმებულთა ინტერესების დაცვას შეეცდება. მისი წინამორბედი, სამირ რიფაი კი თავისი პრემიერობის პერიოდში უპირატესობას კერძო სექტორის განვითარებას, საბაზრო პრინციპების თანდათან დანერგვასა და სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებას ანიჭებდა. მის ამ ქმედებებს უარყოფითად შეხვდა ე.წ. ისტ ბანკის (East Bank) იორდანიელი მოსახლეობა, რომლებიც ადგილობრივი ბედუინთა ტომების შთამომავლები არიან. იორდანიის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სწორედ ისტ ბანკის წარმომადგენლები დომინირებენ. ეს ფაქტი განსაზღვრავს მათ პრივილეგირებულ მდგომარეობას - ისინი მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით მეტ და მაღალანაზღაურებიან სამსახურებს ფლობენ, სახელმწიფო სუბსიდიების დიდი ნაწილიც მათ ხმარდებათ. ქვეყანაში არსებული რეცესიის აღმოსაფხვრელად დაწყებული ეკონომიკური ლიბერალიზაცია სწორედ ამ უპირატესობის დაკარგვის მომასწავებლად მიიჩნიეს.

ახალმა პრემიერმა სამთავრობო შემადგენლობა მომდევნო დღეებში უნდა დაასახელოს. უკმაყოფილო მოსახლეობა კი აქციების განახლებას აპირებს. საპროტესტო ტალღის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, მთავრობა გარკვეულ პოლიტიკურ დათმობაზე კიდევ  წავიდეს. ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლება პოლიტიკური არეულობისადმი უფრო მგრძნობიარე და ფრთხილი გახდა. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ სამთავრობო კაბინეტის დათხოვნა ვითარების განმუხტვის აპრობირებული პრაქტიკაა იორდანიაში. მეფე აბდულას მამამ, მეფე ჰუსეინმა 47-წლიანი მმართველობის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი 45-ჯერ შეცვალა. იორდანიელები მეფეს ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა ბოლო დროს გახშირდა მისი კრიტიკა საზღვარგარეთ დიდხანს ყოფნისა და სახელმწიფო ფონდების თვითნებურად განკარგვის გამო.

20 პანარაბული დომინოს ეფექტის შიში

▲back to top


მსოფლიო

სალომე მამალაძე

0x01 graphic

კაირო, ეგვიპტე

ბოლო რამდენიმე კვირაა, არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბების საპროტესტო აქციები ერთი ქვეყნიდან მეორეში ინაცვლებს. ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება და ახლა ექსპერტთა მთავარი შეკითხვაა, თუ ვინ იქნება შემდეგი.

არაბული ლიგის ქვეყნებზე გაკეთებულ 2009 წლის ანგარიშში, გაეროს სპეციალური კომისია მიუთითებდა, რომ ამ რეგიონში უმუშევრობის, სოციალური უთანასწორობის, რეპრესიებისა და კორუფციის განსაკუთრებულად მაღალი დონეა. 2010-11 წლებიდან ამ ყველაფერს საკვებ პროდუქციასა და ნავთობზე ფასების ზრდაც დაემატა. დაუსაქმებელი მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის კი ეს ყველაფერი გაუსაძლის მდგომარეობას ქმნიდა. გახშირდა ადამიანების მიერ თავის დაწვის ფაქტები. პიროვნული პროტესტი, ინტერნეტსაიტებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით მალე მოქალაქეთა საერთო ამბოხებად იქცა. მანიფესტანტები სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად არსებული რეჟიმების შეცვლასაც მოითხოვენ. ტუნისსა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლენებით შეშინებულმა იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ საკუთარი ხალხის სურვილი უკვე დააკმაყოფილა - მან მთავრობა დაითხოვა და ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა.

მომავალი აჯანყებების ყველაზე რეალურ მსხვერპლად ექსპერტებს იემენის პრეზიდენტი - ალი აბდულა სალეჰი მიაჩნიათ, რომელიც ჩრდილოეთ იემენს 1978 წლიდან უდგას სათავეში, ხოლო უკვე გაერთიანებულ სახელმწიფოს 1990 წლიდან ხელმძღვანელობს. გასულ კვირას ქვეყნის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მოეწყო, რომლის ორგანიზებაც ინტერნეტსაიტების მეშვეობით სტუდენტებმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა და ისლამისტებმა მოახერხეს. ჯერჯერობით სალეჰი იემენის მმართველად რჩება - იგი ქვეყნის ტომობრივი მოსახლეობით მანიპულირებს, შეიარაღებული ძალებიც მხოლოდ მას ემორჩილებიან. შეძლებენ თუ ვერა პროტესტანტები სალეჰის მმართველობის დამხობას, ჯერჯერობით ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მმართველობის რევოლუციის გზით დასრულება იემენის არაერთგვაროვან საზოგადოებაში დიდ ქაოსს გამოიწვევს.

მშვიდი მდგომარეობა არც სუდანშია. ქვეყნის სამხრეთი ნაწილის დაკარგვაზე პასუხისმგებლობას მოსახლეობა ომარ ალ-ბაშირს, მოქმედ პრეზიდენტს აკისრებს. მან საკუთარი მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები და მათთვის მიცემული პირობების ნახევარზე მეტი ვერ შეასრულა. ცხოვრების დონე ამ ქვეყანაში ისევ დაბალია, ფასები კი მუდმივად იზრდება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში უმუშევარი ახალგაზრდები დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, მათი აქციები მალე სამართალდამცავებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 70 პროტესტანტი კი დააკავეს.

ალჟირსა და ლიბიას მეზობელმა სახელმწიფოებმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს. იმის შიშით, რომ იგივე მათ ქვეყნებშიც არ განმეორდეს, ამ სახელმწიფოების ლიდერებმა უკვე შეამცირეს იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული გადასახადები, ხოლო საკვებ პროდუქტებზე ფასები დაწიეს.

განსაკუთრებულად რეპრესიული სახელმწიფოების ლიდერები, როგორიცაა ლიბიის მმართველი მუამარ კადაფი და სირიის ხელმძღვანელი ბაშარ ალ-ასადი, ჯერჯერობით მტკიცედ დგანან ქვეყნის სათავეში და ნებისმიერ საპროტესტო ელემენტს მკაცრად უსწორდებიან. თუ ამ ქვეყნებში პროტესტმა ისეთივე მასშტაბებს მიაღწია, როგორც მაგალითად ეგვიპტეშია, მაშინ, ექსპერტთა ვარაუდით, იგი ბევრად უფრო სისხლიანი იქნება.

0x01 graphic

სანაა, იემენი

0x01 graphic

სუდანის პრეზიდენტი ალ-ბაშირი

0x01 graphic

საპროტესტო აქცია ალჟირში

მაროკოს მეფე თავს ჯერჯერობით უსაფრთხოდ გრძნობს.  მისი საკითხი ნაკლები სიმწვავით დგას - მონარქის დიდი სამხედრო არმია ქვეყნის მცირერიცხოვან მოსახლეობას მარტივად უმკლავდება. რაც შეეხება საუდის არაბეთს, აქ საქმე ცოტა განსხვავებულადაა. განათლებული მოსახლეობის მზარდი რაოდენობა ქვეყნის საშუალო ფენას წარმოადგენს, მონარქის პოლიტიკა დიდად წარმატებული უკვე აღარ არის, ალ-ყაიდასთან არსებული მოუგვარებელი პრობლემებიც მის არაეფექტიანობაზე მიუთითებს.  მარტივი შესაძლებელია, ქვეყანაში არსებული მოჩვენებითი სიმშვიდიდან, დიდ არეულობამდე დროის მცირე მონაკვეთი იყოს დარჩენილი.

2003 წლის ნოემბერში ჯორჯ ბუშმა შუა აზიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გამოსვლაში კითხვა დასვა: „აქვს თუ არა რაიმე შანსი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას მიაღწიოს თავისუფლებას? მილიონობით ქალს, მამაკაცსა და ბავშვს საკუთარმა ისტორიამ და კულტურამ ხომ არ მიუსაჯა მუდმივ დესპოტიზმში ცხოვრება? ამ რეგიონის მოქალაქეები განწირულები ხომ არ არიან იმისთვის, რომ ვერასოდეს გაიგონ რა არის თავისუფლება და  ვერასოდეს გააკეთონ საკუთარი ნების შესაბამისი არჩევანი?“. 8 წლის შემდეგ არაბული სამყაროს მოსახლეობის პასუხი ამ კითხვებზე ცალსახაა. უკანასკნელი პერიოდი რიგი არაბული სახელმწიფოებისთვის ავტოკრატიული მმართველობისაგან გათავისუფლების და დემოკრატიისაკენ სწრაფვის პერიოდია. იმ პირობების გამოსწორება, რომელიც ამ ქვეყნებში უკვე მრავალი წელია არსებობს, ახალი, დემოკრატიული მთავრობებისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.  

21 დაითვალა, აიწონა, გაიყო ანუ ეგვიპტოლოგიის გაკვეთილი

▲back to top


მსოფლიო

ავთო ქორიძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი დიქტატურის დასრულებამ საყოველთაო ეიფორია გამოიწვია. ლოტოსის რევოლუციამ უზარმაზარი სახალხო ენერგია გამოათავისუფლა. 5-ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე პირველად, ეგვიპტის მოქალაქეებს მიეცათ შანსი, ააშენონ ჭეშმარიტად თავისუფალი ქვეყანა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამგვარ ტრიუმფალიზმს არ იზიარებენ, დემოკრატიის გამარჯვების ზეიმს ნაადრევად მიიჩნევენ და ისლამისტური ძალების აღმავლობას შეშფოთებით უყურებენ. ამ დებატების მიმართ არც ამერიკული საზოგადოებაა გულგრილი. გამოკითხულთა 80%25 თვლის, რომ ეგვიპტის მოვლენებს გავლენა ექნება შეერთებულ შტატებზე. Fox news-ის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ცხადყოფს, რომ ამერიკელთა 67%25 შეშფოთებით უყურებს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს და მხოლოდ 19 %25 - იმედითა და აღფრთოვანებით.

ეგვიპტის რევოლუციის შესახებ დასავლურ მედიაში ორი ნარატივი არსებობს. პირველის მიხედვით, დღევანდელი ეგვიპტე ლამის 2008 წლის აშშ-ია, სადაც იმედით აღსავსე და ცვლილებებს მოწყურებული ახალგაზრდები დრომოჭმულ პოლიტიკას უპირისპირდებიან.

მეორე ნარატივი უფრო კონსერვატიულ წრეებშია გავრცელებული და ეგვიპტეს ახალ ირანად წარმოსახავს. ჩამორჩენილ ისლამურ საზოგადოებაში პროამერიკური ავტოკრატიის წინააღმდეგ სახალხო ამბოხება მათში 1979 წლის ასოციაციებს იწვევს, ხოლო ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის - მუსლიმური საძმოს რიგებში ეგვიპტელი აიათოლა ხომეინის აჩრდილს ხედავენ.

პირველი ნარატივი ობამას დაეხმარება ეგვიპტის ლოტოსის რევოლუციის მაგალითით ხელახლა გამოაღვიძოს ახალგაზრდული ენთუზიაზმი, რომლის მინავლებამ გარკვეულწილად 2010 წლის ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მარცხი გამოიწვია და რის გარეშე 2012 წელს ობამას ხელახალი არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორე ნარატივი აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას დაეხმარება, ობამა ახალ ჯიმი კარტერად წარმოაჩინოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით შეშფოთებული ამომრჩეველი რეალისტურად მოაზროვნე კონსერვატიული კანდიდატების მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ობამას დაზვერვის ეროვნული დირექტორი ჯეიმს კლაპერი იქამდეც მივიდა, რომ მუსლიმური საძმო „ძირითადად სეკულარულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა, რისთვისაც თავად მემარცხენე კომენტატორებისა და ჟურნალისტების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით კლაპერი იძულებული გახდა ეღიარებინა თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება - ის, რომ მუსლიმური საძმო სეკულარული ორგანიზაცია არაა.

მულტიკულტურალიზმის დასავლელი იდეოლოგების მსგავსად, ეგვიპტური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ ალ-ბარადეიც ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას, რომ მუსლიმური საძმო დემოკრატიული მისწრაფებების მქონე კონსერვატიული გაერთიანებაა, ისეთივე, როგორიც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატები ან თურქეთის განვითარებისა და სამართლიანობის პარტია (AKP).

თურქეთის AKP-სთან პარალელები ზოგზე დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ ზოგისთვის - პირიქით, განგაშის მიზეზია. სწორედ მის მმართველობას უკავშირდება კრიზისი თურქეთის ურთიერთობებში ამერიკას, ევროპასა და ისრაელთან და ანკარის ფლირტი მოსკოვთან, თეირანთან თუ დამასკოსთან. თუკი პოსტმუბარაქული ეგვიპტეც ამ გზას დაადგება, ეს ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაში დასავლეთისთვის არასასურველი ტექტონიკური ძვრის ტოლფასი იქნება.

მიუხედავად  ამისა, დასავლელი მემარცხენეების უმრავლესობა განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ისლამიზმსა და ისლამს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც საბჭოურ კომუნიზმსა და შვედურ სოციალ- დემოკრატიას შორის. მსგავსი პარალელები მემარჯვენეებში სულ 1917 წლის რუსული რევოლუციების ასოციაციებს იწვევს - „ზომიერმა“ სოციალისტმა კერენსკიმ ძალაუფლების შენარჩუნება დიდი ხნით ვერ შეძლო. კაიზერული გერმანიის ფულით მოქმედმა ბოლშევიკურმა პარტიამ უწინდელზე უფრო სასტიკი ტირანია დაამყარა, თანაც თავის ევროპელ მოკავშირეებს ყველაზე კრიტიკულ მომენტში განუდგა და მოწინააღმდეგესთან სეპარატული ზავი გააფორმა.

სკეპტიკოსები საკუთარ მოსაზრებებში უფრო დარწმუნდნენ, როცა დემონსტრაციების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მუსლიმური საძმოს სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სიონიზმის მიუღებლობა და მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმების პირობა დადო.

პროდასავლური ავტოკრატიის ისლამისტური ტოტალიტარიზმით შეცვლის პერსპექტივით შეშფოთებული პოლიტიკური წრეების განწყობა გამოხატა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ტონი ბლერმა, როცა განაცხადა, რომ თეოკრატია, თუნდაც დემოკრატიული, კორუმპირებულ ავტორიტარიზმზე უკეთესი ალტერნატივა არ არის.

თუ ავტოკრატია ძირითადად პოლიტიკურ სფეროს ზღუდავს და კერძო ცხოვრებაში ნაკლებად ერევა, ტოტალიტარიზმი ასეთ გამონაკლისებს არ ცნობს და ადამიანის საქმიანობის ყველა ასპექტს დიდი ძმის კონტროლს უქვემდებარებს. ამიტომ, ავტოკრატიული რეჟიმების ლიბერალიზაცია უფრო ადვილია, მაშინ როცა ტოტალიტარიზმი ბევრად უფრო სტატიკურია და მისი რეფორმირების ნებისმიერი მცდელობა რეჟიმის სრული კოლაფსით და საყოველთაო ქაოსით მთავრდება.

კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში რადიკალურ ისლამისტებსა და ჩვეულებრივ მუსლიმებს არა იმდენად მსოფლმხედველობა განასხვავებთ, რამდენადაც მზადყოფნა, პირადი წვლილი შეიტანონ საკუთარი შეხედულების განხორციელებაში. საკუთარი პოზიციის სასარგებლოდ, ისინი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ეგვიპტეში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას იშველიებენ.

მაშინ ეგვიპტელთა 91%25-მა სიხარული გამოთქვა ტერაქტის გამო, 94%25-მა ტერორისტებს რწმენისთვის წამებული შაჰიდები უწოდა, 88%25-მა კი განაცხადა, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის წინააღმდეგ ახალ ტერაქტებს.

საინტერესო შედეგები გამოვლინდა შარშან ახლო აღმოსავლეთში ისლამის როლის შესახებ Pew Research Centre-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. გაირკვა, რომ ეგვიპტელთა 82%25 აშშ-ის გავლენას უარყოფითად აღიქვამს, მაშინ როცა ალ-ყაიდა მხოლოდ 72%25-ს არ მოსწონს. მოდერნისტებსა და ისლამისტ ფუნდამენტალისტებს შორის, ეგვიპტელების 59%25-მა ფუნდამენტალისტებს მიანიჭა უპირატესობა და მხოლოდ 27%25-მა არჩია მოდერნისტები.

ეგვიპტის მოსახლეობის 84%25 მომხრეა რელიგიის შეცვლისთვის მუსლიმი სიკვდილით დაისაჯოს. გამოკითხულთა 54%25 სამუშაო ადგილზე ქალთა და მამაკაცთა სეგრეგაციის კანონის შემოტანას უჭერს მხარს. 54%25 თვლის, რომ თვითმკვლელი ტერორისტის მოქმედება ზოგჯერ გამართლებულია, 82%25 კი მრუშობის შემთხვევაში ქალის ჩაქოლვის გზით სიკვდილით დასჯის მომხრეა.

თავისუფლებისათვის მებრძოლი ეგვიპტელი ხალხისადმი თანაგრძნობასთან ერთად, ბევრს აწუხებს კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელია დემოკრატია დემოკრატების გარეშე, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30 %25-მა წერა-კითხვა არ იცის, ნახევარზე მეტი 20 წელზე ახალგაზრდაა (მათ შორის 39%25 15 წელზე ახალგაზრდა და მხოლოდ 4%25 - 65 წელზე დიდი) და სადაც ყოველი მეხუთე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ ეგვიპტეს, ძვ.წ.აღ. 3150 წლიდან დღემდე არასდროს ჰქონია დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მას სამხედროები მართავდნენ. ვერავინ ამბობს, თუ ვინ შეძლებს მუბარაქის წასვლის შემდეგ წარმოშობილი პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას. ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრეტენდენტი მუსლიმური საძმოა. სწორედ მას უკავშირდება შიში, რომ პოსტმუბარაქულ ეგვიპტეში დემოკრატიის ნაცვლად უმრავლესობის ტირანია დამყარდება.

22 საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა

▲back to top


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი

მსოფლიო ბანკის ახალი ინიციატივა

მსოფლიო ბანკმა საზღვრებს გარეთ ინვესტირების (Investing Across Borders - IAB) კვლევა გამოაქვეყნა. მისი ახალი ინიციატივა 87 ქვეყნის ეკონომიკას ერთმანეთს ადარებს იმ კანონების, რეგულაციების და პრაქტიკის მიხედვით, რომლებსაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავლენა აქვთ. კვლევის თანახმად, საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

საზღვრებს გარეთ ინვესტირების კვლევა ოთხ თემატურ კომპონენტს მოიცავს: ინვესტირება სექტორების მიხედვით (კვლევა გამოყოფს 14 სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, მედია, ბანკები, ტრანსპორტი, დაზღვევა, ელექტროენერგია და სხვა); ბიზნესის დაწყება (საჭირო დრო და პროცედურები); სამრეწველო მიწაზე ხელმისაწვდომობა (იჯარით აღებისა და ყიდვის შესაძლებლობები, ინფორმაციის საჯაროობა) და კომერციული დავების გადაწყვეტა (საერთაშორისო კანონმდებლობასთან თავსებადობა, და ვების გადაჭრის პროცედურების სიმარტივე, ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარება).

მსოფლიო ბანკის 2010 წლის IAB კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ყველაზე ღიაა უცხოური კაპიტალისთვის. რეგიონში მხოლოდ ორი ქვეყანა - საქართველო და მონტენეგრო უშვებს უცხოური მფლობელობის შესაძლებლობას კვლევით გათვალისწინებულ აბსოლუტურად ყველა სექტორში. საბანკო, სამშენებლო, ჯანდაცვის, სადაზღვევო და ტურიზმის სექტორები რეგიონის ყველა ქვეყანაში ღიაა უცხოური მფლობელობისთვის. თუმცა მედიისა და ტრანსპორტის სექტორები ამ მხრივ შეზღუდულია. რეგიონში ყველაზე მეტ შეზღუდვას მედიის უცხოელ მფლობელებზე აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უკრაინა აწესებს. აზერბაიჯანში შეზღუდვები ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის სექტორებზეც ვრცელდება; სომხეთში - ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სექტორებზე; რუსეთში - სადაზღვევო, ტრანსპორტისა და მედიის სექტორებზე; თურქეთში - ელექტროენერგიის, ტრანსპორტისა და მედიის სექტორებზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეგულირება დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 1970-2009
(მილიარდი აშშ დოლარი

0x01 graphic

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შედის 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფად შეიძლება ბიზნესის დაწყება: საქართველო (4 დღე); ალბანეთი (7 დღე); მაკედონია (8 დღე); ბელარუსი (7 დღე) და თურქეთი (8 დღე). საქართველოს უშუალო მეზობლებთან შედარებით ყველაზე ადვილი ბიზნესის დაწყება საქართველოშია - 4 დღე და 4 პროცედურა. შემდეგ სომხეთში, სადაც ბიზნესის დაწყებას 18 დღე და 8 პროცედურა სჭირდება. სომხეთს მოსდევს აზერბაიჯანი 11 დღე და 7 პროცედურა. ბოლოა რუსეთი - 31 დღე და10 პროცედურა. უცხოური ინვესტიციის დაბანდებისათვის, რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ არის საჭირო რაიმე ტიპის ოფიციალური ნებართვა. საინვესტიციო შეტყობინებას ან დეკლარაციას, რეგიონის 20 ქვეყნიდან მხოლოდ 5 ქვეყანა ითხოვს.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უცხოური კომპანიები მიწის იჯარით აღებაზე უფრო ხშირად მიწის ნაკვეთს პირდაპირ ყიდულობენ. ყირგიზეთის რესპუბლიკის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანაში უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია რეგიონის მასშტაბით საშუალოდ ხელმისაწვდომია. თუმცა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. საქართველოს უშუალო მეზობლების შემთხვევაში, საკუთრების უფლებები ყველაზე ნაკლებად თურქეთშია დაცული. მიწის იჯარით აღების უფლებები - აზერბაიჯანში. ამ ქვეყნის საჯარო მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციაც ყველაზე რთულად ხელმისაწვდომია. მიწის ნაკვეთებზე სტატისტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი ნაკლებობა საქართველოშია. რეგიონის მასშტაბით, მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას კერძო მფლობელისგან სჭირდება სულ მცირე ერთი კვირიდან (საქართველო) 5 თვემდე (პოლონეთი). სახელმწიფოსგან მიწის დაგირავებას სულ მცირე ორი თვიდან (კოსოვო) თითქმის ერთ წლამდე (ბულგარეთი) უნდა.

უცხოური ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო ქვეყნების მიხედვით

0x01 graphic

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების დაახლოებით 80%25-ს კომერციული არბიტრაჟის შესახებ სპეციალური კანონები აქვს. უძრავი ქონების შესახებ კომერციული დავების არბიტრაჟით გადაწყვეტას ზღუდავს რეგიონის ქვეყნების 70%25, კომპანიის შიგნით არსებული დავებისას - 55%25 , მეწილეების დავებისას - 25%25 და სავაჭრო ნიშნების პატენტებთან დაკავშირებული დავებისას - 20%25. საქართველოს რაც უფრო თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტია შანსი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა. ბიზნესი უცხოური ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო ქვეყნების მიხედვით ანგოლა ჰაიტი ვენესუელა ბრაზილია პაპუა ახალი გვინეა ჩინეთი ვიეტნამი კამბოჯა ინდონეზია ბოსნია-ჰერცოგოვინა საფრანგეთი სინგაპური ეგვიპტე თურქეთი მაკედონია ბელარუსი ალბანეთი ავღანეთი კანადა საქართველო რუანდა უშუალო მეზობლებიდან კანონის აღსრულება ყველაზე ნაკლები რუსეთშია. კომერციული დავების საარბიტრაჟო პროცედურები აზერბაიჯანში სხვებზე მეტადაა გართულებული. იურიდიული დახმარება კი ყველაზე უფრო შეზღუდული სომხეთშია.

კვლევის მიხედვით, რაც უფრო თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტია შანსი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა: მკაცრი კანონები და ხისტი რეგულაციები კი ამას აფერხებს. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში გამართულად ფუნქციონირებდნენ საჭირო ინსტიტუტები: ეს ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და მათ პროგრესულ ზრდას.

23 ინტერნეტი IP-მისამართების დეფიციტის ზღვარზე

▲back to top


ტექნოლოგია

ინტერნეტის მამებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს - ისინი კარსმომდგარი ტექნოლოგიური პრობლემით არიან შეშფოთებულები. ინტერნეტის დამისამართების მარეგულირებელი სააგენტოს, IANA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას IP-მისამართების უკანასკნელი ბლოკები გასცეს ISP-ებზე ანუ ინტერნეტის სერვის-პროვაიდერებზე. ამით პრობლემა, რომლის შესახებაც გასული ხუთი წელიწადია მსჯელობენ, აქტუალური გახდა. დასავლურმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ „ინტერნეტი გაივსო“ და უმალვე დაიწყეს ათი წლის წინანდელ მილენიუმის პრობლემასთან პარალელების გავლება. გახსოვთ, ალბათ, დაუდევარმა პროგრამისტებმა დროის აღსარიცხად პროგრამებში მხოლოდ ორი ციფრი რომ გაითვალისწინეს და 99-ის შემდეგ 00-ის დადგომას ყველა ისე რომ ელოდა, როგორც მეორედ მოსვლას, თუმცა წინასწარ დაჭერილი თადარიგის წყალობით კატაკლიზმს ადგილი არ ჰქონია და ეს ამბავიც წარსულს ჩაბარდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიები ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაშინდელ ინჟინრებს აზრადაც კი არ მოუვიდოდათ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც IP-მისამართის ოთხი ბაიტისაგან შემდგარი კომბინაცია, ანუ ე.წ. IPv4, ინტერნეტში ჩართულ ყველა მოწყობილობას ვერ დაამისამართებდა. პრობლემა ისაა, რომ IP-მისამართის ოთხი ბაიტი თეორიულად 232, ანუ 4294967296 მისამართს იტევს (დავამრგვალოთ - 4.3 მილიარდამდე), ბოლო წლებში მომრავლებული ქსელური მოწყობილობების - მობილური ტელეფონების, ნეტბუქების, ლეპტოპების და კომპიუტერების წყალობით კი, რომელთაც „დატიუნინგებული“ მაცივრები და ტელევიზორებიც შეუერთდნენ, IP-მისამართების დეფიციტი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ინტერნეტში მოვისურვებთ „შესვლას“, ჩვენი პროვაიდერი IP-მისამართს არ მოგვანიჭებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ყველა IP-მისამართი უკვე დაკავებული იქნება. მაგალითისთვის, ეს პრობლემა უკვე დგას ჩინეთში, სადაც ერთ IP-მისამართზე 4 სული მოსახლე მოდის.

მილენიუმის პრობლემისაგან განსხვავებით IP-მისამართების პრობლემას არ გააჩნია კონკრეტული თარიღი. უცნობია ზუსტი დრო, როდესაც ის კარზე მოგვიკაკუნებს. ეს გარემოება ინტერნეტპროვაიდერებს საშუალებას აძლევს თავი ისე მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი რიგზეა - ოღონდაც გაუთვალისწინებელი ხარჯები არ გაიღონ. საინტერესოა ისიც, რომ სირთულის გადაჭრაზე უკვე იზრუნეს და აგერ უკვე რამდენიმე წელია IPv4-ის პარალელურად IPv6 არსებობს. ეს უკანასკნელი 128 ბიტ-ინფორმაციას შეიცავს და იმდენად კოლოსალური რაოდენობის ქსელური მოწყობილობების დამისამართება შეუძლია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს (2128, რაც ოცდაცხრამეტნიშნა რიცხვია!). ისმის შეკითხვა: თუ IPv6 არსებულ პრობლემას გადაჭრის, რატომ აგრძელებს ყველა ძველი ვერსიით სარგებლობას? - ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ანალოგიას მივმართოთ: დედამიწაზე უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ამოწურვად ნავთობს ჩაანაცვლებენ, თუმცა მთელი მსოფლიო ავტომობილებში კვლავაც  საწვავს ასხამს, მაშინ, როდესაც ელექტრომობილებით სარგებლობა შეიძლება! პრობლემა ისაა, რომ IPv6 ძველ მოწყობილობებთან არათავსებადია. თუ ერთ მშვენიერ დღეს, მთელი ინტერნეტი პროტოკოლის ახალ ვერსიაზე გადავა, ყველას ძველი რუტერების გადაყრა და ახლის შეძენა მოუწევს ისევე, როგორც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შეცვლა იქნება საჭირო, როგორც კი ნავთობი ამოიწურება.

ვინსენტ სერფის, ინტერნეტის ერთ-ერთი მამის და კომპანია Google-ის ინტერნეტ-მოციქულის აზრით, IP-მისამართების პრობლემა მსოფლიოს სერიოზულ თავის ტკივილს გაუჩენს. ექსპერტები ასახელებენ თარიღს, როდესაც ამ პრობლემასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევა - 2012 წლის 1 იანვარი. ასე რომ, მომავალ წელს ექსპერტთა „პროგნოზით“ წლის დასაწყისში ინტერნეტის დამისამართების პრობლემა გველის, წლის ბოლოს კი - პლანეტა ნიბირუ გვესტუმრება!

24 რამდენიმე სიტყვა სკოლაში ქიმიის სწავლების შესახებ

▲back to top


ტაბულა|რაზა

გიორგი კახნიაშვილი
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

კონსულტაციებმა, რომლებსაც ჩემი ახლობლების შვილებს ვუწევდი, დამანახა სკოლის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობის ქიმიის ცოდნის მეტად სავალალო დონე.

მიზეზი არაერთია, მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო უაღრესად შეკვეცილ სასკოლო პროგრამაზე ქიმიაში, რაც ყველა სასკოლო სახელმძღვანელოში აისახა.

მაგალითისთვის განვიხილავ მ. ვარდიაშვილის და ს. ადამიას მიერ შედგენილ XIXII კლასების ქიმიის სახელმძღვანელოს.

ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორც რეზერფორდის მიერ α ნაწილაკების განბნევის აღმოჩენაა, ექსპერიმენტი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა წარმოდგენები ატომის შესახებ, მოცემულია სავარჯიშოს სახით, ხოლო ილუსტრაცია სათანადოდ ვერ გადმოსცემს ამ უდიდესი აღმოჩენის არსს. არაფერია ნათქვამი რეზერფორდის მიერ შემოთავაზებულ ატომის აგებულების პლანეტარულ მოდელზე (რომლის კლასიკური ფიზიკის მიდგომებით ახსნის შეუძლებლობამ ნილს ბორს თავისი პოსტულატების ჩამოყალიბებისკენ უბიძგა), თავად ბორის პოსტულატებზე და აქედან ლოგიკურად გამომდინარე ელექტრონთა ენერგიის დისკრეტულობაზე.

ატომთა ელექტრონული გარსის აღწერისას ჯერ მოყვანილია ორბიტალების ტიპები, მათი ფორმები და მხოლოდ შემდეგაა განხილული კვანტური რიცხვები. კვლევის სპექტრალური მეთოდები მოყვანილია ბორის პოსტულატების განხილვის გარეშე, ანუ არაფერია ნათქვამი თუ როდის ასხივებს ან შთანთქავს ენერგიას ატომი.

სახელმძღვანელოს II, III და IV თავებში შესაბამისად განხილულია ქიმიური ბმის ტიპები, ჟანგვა-აღდგენის რეაქციები და დაჟანგულობის ხარისხი, ქიმიური კინეტიკის საწყისები და ქიმიური წონასწორობა. მხოლოდ V თავში განიხილება მენდელეევის მიერ პერიოდულობის კანონის აღმოჩენა, პერიოდული სისტემის სტრუქტურა, მისი კავშირი ატომის აღნაგობასთან და ელექტრონული დონეების შევსების კანონზომიერებასთან.

კოვალენტური ბმის შესახებ მასალის გადმოცემისას მოსწავლეებს თვითონ უწევთ დასკვნების გამოტანა კოვალენტური ბმის თვისებების შესახებ, რაც შესაძლოა ბევრს გაუჭირდეს. ათვისების გასაადვილებლად უკეთესი იქნებოდა საკითხის სისტემური განხილვა, ანუ უფრო მკაფიოდ ყოფილიყო მოცემული კოვალენტური ბმის თვისებების დახასიათება - გაჯერებულობის, რომელიც განპირობებულია ატომის ვალენტური თვისებების შეზღუდულობით და გეზურობის, რაც გამოწვეულია p და d ტიპის ორბიტალების გეომეტრიული კონფიგურაციით. ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი ცნება, როგორიცაა ქიმიური ელემენტების ელექტროუარყოფითობა, უნდა განხილულიყო პერიოდულობის კანონის თეორიულ დასაბუთებასთან და ქიმიური ელემენტების თვისებების პერიოდულობასთან ერთად. საერთოდ, პერიოდულობის კანონის შესწავლა, როგორც ზოგადი ქიმიის ერთ-ერთი საფუძვლისა, უნდა უსწრებდეს ქიმიური ბმის, ქიმიური კინეტიკისა და ჟანგვა-აღდგენის რეაქციების შესწავლას.

ჟანგვა-აღდგენის რეაქციების განხილვისას აჯობებდა მე ტალთა ელექტროქიმიურ ძაბვათა რიგისთვის მეტი ყურადღების დათმობა - სტანდარტული ელექტროქიმიური პოტენციალის ფიზიკური არსის განმარტება მოსწავლეებს ბევრად გაუადვილებდა მეტალების ქიმიური თვისებების, კერძოდ, წყალთან, მჟავებთან და მარილებთან მათი ურთიერთქმედების არსის გაგებას.

მენდელეევის მიერ პერიოდულობის კანონის აღმოჩენა წიგნში საკმაოდ მშრალადაა აღწერილი. არაფერია ნათქვამი მენდელეევის მიერ გაკეთებულ დაშვებებზე - რომლებიც შემდგომ გამართლდა ატომის აღნაგობის შესწავლისას - როდესაც აღმოჩნდა, რომ ქიმიური ელემენტის ატომის ელექტრონების რიცხვი, შესაბამისად, მისი ელექტრონული გარსის კონფიგურაცია და ქიმიური თვისებები დამოკიდებულია ატომგულის მუხტზე. იზოტოპების აღმოჩენამ პირველ რიგში ახსნა, თუ რატომ გამოისახება ელემენტების უმრავლესობის ატომური მასები წილადი რიცხვებით, დაადასტურა მენდელეევის მიერ გაკეთებული დაშვებების მართებულობა და აგრეთვე, რასაკვირველია, ელემენტების თვისებების დამოკიდებულება ელემენტის ატომის ბირთვის მუხტის სიდიდეზე.

ცალკეა განხილული მარილთა ჰიდროლიზი, რომლის შესწავლა მეთოდურად უფრო გამართლებული იქნებოდა საერთო კონტექსტში წყლის იონურ ნამრავლსა და წყალბადის მაჩვენებელთან.

* * *

ამავე დროს, სახელმძღვანელოში შეტანილი სასწავლო მასალის გადმოცემა შემდგენელთა პროფესიონალიზმსა და ერუდიციაზე მეტყველებს. ადვილი წარმოსადგენია თუ რა სირთულის ამოცანის გადაჭრა მოუწიათ წიგნის ავტორებს ქიმიის სასკოლო პროგრამის პროკრუსტეს სარეცელის ფარგლებში.

არავინ კამათობს იმაზე, რომ საბჭოთა სკოლებში სწავლის პროცესი უკიდურესად იდეოლოგიზებული იყო, მაგრამ ყველაზე ნაკლებად იდეოლოგიზაცია ფიზიკასა და ქიმიას შეეხო. მიუხედავად ზოგიერთი ხარვეზისა, მხოლოდ 80-იანი წლების ქიმიის სკოლის სახელმძღვანელოების გამოყენებით შესაძლებელი იყო ქიმიაში დადებითი ნიშნის მიღება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მისაღებ გამოცდაზე, ანუ ამ საგანში საქართველოს მასშტაბით ყველაზე რთულ მისაღებ გამოცდაზე.

ამჟამად არსებული ქიმიის პროგრამა ვერავითარ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქიმიის სპეციალობაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა სკოლაში მიღებული ცოდნის ხარვეზების საფუძვლიანი აღმოფხვრის გარეშე (რაზეც საკმაო დროის დახარჯვა მოუწევს), შეძლოს თავისი ცოდნის შემდგომი გაღრმავება.

სასწავლო პროგრამების სრულყოფა პერმანენტული ზრუნვის და დაუღალავი შრომის საგანი უნდა იყოს. ამ დროს, რასაკვირველია, აუცილებელია სხვა ქვეყნების მოწინავე გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია იმ კარგის შენარჩუნებაც, რაც მოქმედ სასწავლო კურსებშია.

25 უკეთ, ვიდრე კვიპროსში

▲back to top


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წელიც გამარჯვებით დაიწყო: კვიპროსში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო.

ყველაზე კარგი ამ მატჩის შედეგი იყო - გამარჯვება. თუმცა ის, რაც საკმარისი გამოდგა სომხეთის ნაკრების დასამარცხებლად, დიდი შანსია, არც ხორვატიას ეყოს და არც ისრაელს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს გაზაფხულზე თამაში ყოველთვის უჭირდა.

22-ე წუთზე პირობითად სტუმრის სტატუსით მოთამაშე ჩვენმა გუნდმა ანგარიში გახსნა: ლამაზად გათამაშებული სამსვლიანი კომბინაცია ლევან კობიაშვილის ზუსტი პასით და ალექსანდრე იაშვილის გოლით დასრულდა. კობიაშვილმა, რომელიც ნაკრებში 93-ე მატჩს ატარებდა, მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა მეკარის საჯარიმოში, იაშვილმა კი მეკარეს დაასწრო და კარიერაში მე-15 სანაკრებო გოლი შეაგდო - 1:0. ახლა ის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირ თემურ ქეცბაიას (პირველი შოთა არველაძეა - 26 გოლი).

33-ე წუთზე იმავე კობიაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მცველებმა ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს, არეულობით კი ყველაზე უკეთ დავით სირაძემ ისარგებლა - 2:0. ბოლო სამი თამაშია ის მინდორს უგოლოდ არ ტოვებს: ოქტომბერში, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩებში, მან ჯერ მალტელებს გაუტანა, შემდეგ კი ლატვიელებს. ნოემბერში სლოვენიასთან დათოს არ უთამაშია.

სომხეთის ნაკრებმა ერთადერთი გოლი საეჭვო პენალტით გაიტანა: 63-ე წუთზე მსაჯმა დავით კვირკველია საჯარიმოში წესების დარღვევაში დაადანაშაულა, სომეხთა საუკეთესო მოთამაშემ ედგარ მანუჩარიანმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:1.

პირველი ტაიმი თუ ჩვენი იყო, შესვენების შემდეგ მეტოქემ გვაჯობა: შეცვლაზე შესულმა ქართველებმა აშკარად ვერ შეძლეს ძირითადი შემადგენლობის დატოვებულის შენარჩუნება და სავარაუდოდ, ამიტომაც იყო, რომ გიორგი ლორიას ნაცვლად კარში ჩამდგარ ნუკრი რევიშვილს გაცილებით მეტი საქმე ჰქონდა. თუმცა ამხანაგური მატჩი სწორედ იმისთვისაა, რომ ნაკლი დაინახო და მის გამოსწორებაზე იმუშაო. ნაკლი კი სუსტ სომხეთთან უამრავი გამოჩნდა, განსაკუთრებით დაცვის ცენტრში და საყრდენების ზონაში - სომხებმა ჩვენი საჯარიმოს პერიმეტრიდან დაახლოებით ათჯერ დაგვირტყეს და იქ, სადაც მოწინააღმდეგეს ამოსუნთქვის საშუალებას არ უნდა ვაძლევდეთ, ბევრიც ისეირნეს. ხორვატია ამას არ გვაპატიებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხიზანიშვილი ცოტა წონას დაიკლებს და დაუშვილი ნაკლებად აგრესიული და უფრო დაკვირვებული იქნება. ბუნებრივია, ქეცბაია ამას შენიშნავდა ბევრ სხვა დეტალთან ერთად. და იმასაც, რომ სათადარიგოებს მოედანზე ერთმანეთის საერთოდ არ ესმოდათ.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს მეხუთე დაპირისპირებიდან მესამედ სძლია, დარჩენილი ორი მატჩიდან კი ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც მეტოქემ გვაჯობა. გარდა ამისა, თემურ ქეცბაიას გუნდმა შარშანდელ 8 წაუგებელ თამაშს წლეულს მეცხრეც მიაყოლა და მორიგი, ამჯერად სასიამოვნო რეკორდიც დამყარდა - აქამდე ნაკრებს ამდენი ხნის მანძილზე დაუმარცხებლად არასდროს უვლია.

ახლა გუნდს ამ ჩინებული სერიის დამრგვალების შანსი აქვს: 26 მარტს ხორვატებს თბილისში ვმასპინძლობთ. თუმცა ფეხბურთელებმა გაცილებით უკეთ უნდა ითამაშონ, ვიდრე კვიპროსში სომხებთან.

26 ცა და დედამიწა

▲back to top


სპორტი

ლაშა გოდუაძე

დღეს ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მისმა 7 ფეხბურთელმა კი შარშან, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთის ნაკრებს ისტორიაში პირველად მოუტანა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

შვიდივე ჩემპიონი ბარსელონამ თავად აღზარდა - ფაქტი, რომელსაც კომენტარი არ სჭირდება.

ლა მასია - რეზიდენცია. დაახლოებით ასე ითარგმნება კატალონიური კლუბის საფეხბურთო აკადემიის სახელი, რომელიც 1980 წელს XVIII საუკუნის შენობაში გაიხსნა.

იქ მოხვედრა ფეხბურთზე შეყვარებული ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა, თუმცა ლა მასიას კარი მხოლოდ რჩეულთათვის იღება - სამსართულიან შენობაში ის ბიჭები ცხოვრობენ, რომლებმაც უმკაცრესი შემოწმება გაიარეს და გარდა იმისა, რომ ბურთთან დამეგობრება სურდათ, არც სხვა სასკოლო საგნებში შეირცხვინეს თავი.

ლა მასიაში 10-დან 17-წლამდე ასაკის 24 ფეხბურთელი ცხოვრობს, მათი 36 თანატოლი კი იქვე, ორი წუთის სავალზე, პირდაპირ კამპ ნოუზე ემზადება დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. წლეულს საფეხბურთო აკადემიის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება და ყველა ერთად მოიყრის თავს, მანამდე კი ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდება.

60 მოთამაშისთვის აკადემიაში იდეალური პირობებია შექმნილი, თუმცა დისკომფორტზე ვერც ის 500-მდე ბავშვი დაიწუწუნებს, ბარსელონას სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებში რომ ვარჯიშობს.

0x01 graphic

აკადემიას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა ყველას ევალება - დირექტორით დაწყებული, დამწყები მოსწავლით დამთავრებული.

ერთ-ერთი უმთავრესი წესი სტუმრების მიწვევისგან თავის შეკავებაა: ბიჭებს ამხანაგების მიპატიჟება აკრძალული აქვთ. აი, მშობლებს კი, შვილების მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მაგრამ როგორც წესი, ისინი მწვრთნელ-პედაგოგების რჩევას ითვალისწინებენ და ძალიან არ აქტიურობენ. რაც შეეხება ლა მასიას არაესპანელ აღსაზრდელებს, პატარა ლეგიონერებს მშობლები წელიწადის მანძილზე ორ-სამჯერ თუ ინახულებენ - ყველა შემთხვევაში მათი მგზავრობის და ბარსელონაში ცხოვრების ხარჯებს კლუბი იხდის. ისიც სათქმელია, რომ მოზარდები ინტერნეტით სარგებლობაშიც შეზღუდულნი არიან: ელექტრონული ფოსტის, სკაიპის და სხვა კომპიუტერული საკონტაქტო საშუალების გამოყენების უფლება მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა შესაბამის საგანში უტარდებათ გაკვეთილი.

0x01 graphic

ლეო მესი

ლა მასიას საკუთრებაა 9 სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი, რომელთაგან 2 ხელოვნურსაფარიანია. რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, მათში ყველაზე მთავარია საფეხბურთო აზროვნების განვითარება და ბურთით ვარჯიში. და ცხადია, ხშირი პრაქტიკა, ანუ თამაში.

ბარსელონას სპორტული დირექტორის მოადგილის და აკადემიის ერთ-ერთი კურატორის, პაკო მარტინესის თქმით, მათი მოსწავლეებიდან უკლებლივ ყველა თამაშობს: გამორიცხულია, რომ რომელიმე მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იჯდეს ან რამდენიმე წუთით ერთვებოდეს თამაშში - ყველა ჩართული უნდა იყოს ფეხბურთში, ბურთთან ურთიერთობა რომ დახვეწოს და მწვრთნელების მითითებები მაქსიმალურად კარგად შეასრულოს“.

აკადემიის დაარსების დღიდანვე მკაცრადაა აკრძალული 15 წლამდე ბავშვების ფიზიკურად დატვირთვა - როგორც წესი, ამას შემდგომ წლებში ექცევა ყურადღება, როცა მოზარდის სხეული საამისოდ მზადაა.

ცხადია, ლა მასიას ყველა აღსაზრდელს ექიმები მუდმივად ამოწმებენ - სამედიცინო პერსონალი თითოეულ მოსწავლეს აკვირდება და მწვრთნელებიც მხოლოდ მათ რჩევებზე დაყრდნობით ადგენენ ვარჯიშებს.

ექიმების გარდა აკადემიაში ფსიქოლოგებიც მუშაობენ: როცა ბავშვი ოჯახურ გარემოს წყდება, მას პრობლემები ექმნება და არავის უკვირს, რომ ბიჭს ერთ-ორ კვირაში, შესაძლოა, მშობლები და მეგობრები მოენატროს, სწავლაზე გული აუცრუვდეს და...

კარლოს ფოლხერას, აკადემიის ხელმძღვანელს აღმზრდელობით დარგში, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ანდრეს ინიესტას მაგალითი მოჰყავს: „ის ალბასეტესთან ახლოს, პატარა სოფელში დაიბადა, ჩვენთან კი 12 წლის მოხვდა. მკაცრ რეჟიმს მიჩვეული არ იყო და 14 წლამდე მშობლებს ურეკავდა და აქედან წაყვანას სთხოვდა. ფსიქოლოგები დიდხანს მუშაობდნენ მასთან და საბოლოოდ, პრობლემა მოაგვარეს. არადა, ასე რომ არ მომხდარიყო, ინიესტას დავკარგავდით. ხომ ხვდებით რაც მოხდებოდა - მერე ვინ გაუტანდა გოლს ჰოლანდიელებს?“

დღეს აკადემიის მოსწავლეთა 35%25 უცხოელია. ლა მასიაში სწავლობენ კამერუნელი, სენეგალელი, ნიგერიელი, დომინიკელი, შვედი, უნგრელი, ბრაზილიელი და არგენტინელი ბიჭები.

ისინი ბარსელონაში იმ სელექციონერების რეკომენდაციით მოხვდნენ, მსოფლიოს რომ არიან მოდებულნი. როგორც წესი, გამორჩეულ ბავშვს თავდაპირველად კლუბის წარმომადგენელი ეცნობა, აკვირდება და შემდეგ უკავშირდება ლა მასიას ხელმძღვანელობას. არის მეორე ვარიანტიც, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება: თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მის შვილს ტალანტი აქვს, ვიდეორგოლს და წერილს საფეხბურთო კლუბს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით უგზავნის. თუ ჩათვალეს, რომ ბიჭის საქმეში ნახვა ღირს, პასუხი არ დააყოვნებს.

უკანასკნელი ეტაპი მკაცრი შემოწმებაა და თუ კანდიდატი ამ ბარიერსაც გადალახავს, აკადემიაში ირიცხება.

ლეო მესი ყურადღებიანი სელექციონერის წყალობით მოხვდა ლა მასიაში. ეს თითქმის ათი წლის წინ მოხდა. ამ ძალიან წარმატებულმა გარიგებამ ბარსელონას არგენტინაში საფეხბურთო სკოლის დაარსება გადააწყვეტინა: 2007 წელს, ხოან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, ბარსამ არგენტინული ატლეტიკო ლუხანისგან ლიცენზია შეიძინა და მის ბაზაზე მცირე ხანში ბარსელონა ხუნიორს დე ლუხან დააარსა. სკოლის ხუთმა აღსაზრდელმა უკვე ითამაშა არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში, ერთ-ერთი მათგანი, მაქსი როლონი კი გასულ ზაფხულს ლა მასიაშიც ჩაირიცხა.

აკადემიის დაახლოებით რამდენმა აღსაზრდელმა შეძლო დიდი ფეხბურთის თამაში?

ლა მასიას ხელმძღვანელები ყველაფერს აკონტროლებენ, ხოლო თუ განვლილ წლებს პროცენტებში გადავიყვანთ, ერთი შეხედვით მოულოდნელ სურათს მივიღებთ: საბოლოო ჯამში, ბიჭების მხოლოდ 10-15 პროცენტი რჩება ფეხბურთში და ამათგან ნახევარი თუ ახერხებს პრიმერადივიზიონის კლუბებში დამკვიდრებას. დანარჩენები უცხოეთში ან სეგუნდადივიზიონში ნაწილდებიან.

„ეს რომ ვიცით, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ბიჭებისგან ფეხბურთის კარგად თამაშის გარდა კარგად სწავლასაც. აკადემიის მთავარი მიზანი ძლიერი ფეხბურთელის აღზრდა კი არა, განათლებული ადამიანის ჩამოყალიბებაა. ამიტომაც, თუ ბიჭი ფეხბურთს კარგად თამაშობს, მაგრამ ვერ სწავლობს, მას ვსჯით - ვარჯიშებს ვუკრძალავთ და არც ტურნირებზე გაგვყავს. აკადემიის მოსწავლეთათვის გუნდის მიღმა დარჩენაზე დიდი სასჯელი არ არსებობს! არ გვინდა, რომ ჩვენგან ვინმე უცოდინარი წავიდეს - ცხოვრება ხომ მხოლოდ ფეხბურთი არაა“, - ამბობს კარლოს ფოლხერა.

ვერ გეტყვით, რას მიაღწიეს მათ, რომლებმაც ფეხბურთელობას სხვა პროფესია არჩიეს, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას ლა მასიაში 6 წლის მანძილზე სწავლა და ფეხბურთში დარჩენა რომ არ უნანია, ნათელია: ის აკადემიის 1989 წლის გამოშვებიდანაა. მალევე იქცა იოჰან კრუიფის დიდი გუნდის ნახევარდაცვის ლიდერად, უამრავი ტიტული მოიგო, 2008 წლის ზაფხულში კი უკვე მთავარი მწვრთნელის ამპლუაშიც მოგვევლინა. ამას რაც მოჰყვა, ყველა კარგად ვხედავთ. ახლახან გვარდიოლამ, რომელმაც არასრულ სამ სეზონში 8 ტიტული მოუტანა ბარსას, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა...

ასევე ლა მასიას კურსდამთავრებულია გვარდიოლას თანაშემწე ტიტო ვილიანოვა. იგივე ითქმის ბარსელონას ფიზმომზადების მწვრთნელზეც. ლა მასიას დღევანდელი ხელმძღვანელი გილერმო ამორიც კლუბის აღზრდილია - 1984 წლის გამოშვებაა...

ბარსელონას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებზე აღარაფერს ვამბობთ: ვიქტორ ვალდესი, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ლეო მესი, პედრო როდრიგესი, ბოიან კრკიჩი - ეს ბიჭები ლა მასიადან მოდიან...

* * *

2007 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება და მოთამაშეთა კატალოგიზაცია დაიწყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, ეს პროცესი დროებით შეჩერდა.

0x01 graphic

საფეხბურთო სკოლა „ირაო“

დღესდღეობით სფფ-ში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ბავშვთა ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება და ამ სფეროს განვითარება ევალება. კომისიას ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა ხელმძღვანელობს.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს პირველი ეტაპი, რის შემდეგაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება დაიწყება: იმ სასწავლებლებს, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ბავშვების მიღების უფლება აღარ ექნებათ და, რაც მთავარია, ვერც სფფ-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში იასპარეზებენ.

ლიცენზიის მოსაპოვებლად არაერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო: სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნის ქონით დაწყებული, მსაჯთა ოთახის კეთილმოწყობით დასრულებული. ცხადია, არაფერს ვამბობთ გასახდელებზე, საშხაპეებზე, საფეხბურთო ინვენტარიზაციაზე და, რა თქმა უნდა, კვალიფიციურ მწვრთნელებზე.

ამ წერილის მიზანი არაა ქართული საფეხბურთო სკოლების და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის საფეხბურთო აკადემიის შედარება. ამაზე საუბარი არც ღირს: ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა.

უბრალოდ, იმის თქმა გვინდა, რომ სწორი მიდგომით სასურველი შედეგი ჩვენთანაც აუცილებლად იქნება. შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ზეგ - აუცილებლად.

0x01 graphic

ანდრეს ინიესტა მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს

მთავარი იმ ადამიანების კეთილი ნებაა, რომლებსაც ქართული და რა თქმა უნდა, ბავშვთა ფეხბურთი აბარიათ. თუ ამ სფეროს აქედანვე არ მიექცა ყურადღება, 15-20 წლის შემდეგაც იგივე სიტუაცია იქნება - ერთი-ორი გამართული სკოლის გარდა უამრავი ფსევდოსაფეხბურთო სექცია, ვარჯიში ყანაში, დროგამოშვებით მსუბუქად შეზარხოშებული მწვრთნელები და გულისმომკვლელი სიტყვები:

ფული კიდევ არ მოგიტანია? დავაი, ათი კრუგი.

მალე!

27 ოფისი და ოთხი პერანგი

▲back to top


სპორტი|ჰოკეი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

1983. 27 ნოემბერი. ნიუ იორკი. სტუდია The Factory. 9:30.

ფრენს უილიამსი აივანზე გადის, ისწორებს თმას, პერანგზე ზედა ღილს იხსნის. ღილი წყდება. პერანგი... რა უაზრობაა. ის თავისი მეგობრის ნდობას კარგავს და პერანგზე ფიქრობს? აღარ ნერვიულობს. ფრენსი ერთი საათის წინ ნერვიულობდა, როდესაც სტუმარი დათქმულ დროს არ გამოცხადდა.

დიდ ჰოლში უილიამსის მეგობარი ტილოს მტვერს აშორებს. საყვარელი ქალივით ეფერება, სულს უბერავს, კიდევ ერთი შედევრისთვის ამზადებს. კარგი იქნება, თუ ფრენსის ნაცნობი მალე გამოჩნდება. საერთოდ, გამოჩნდება? 8:30 ერთი საათის წინ იყო და სტუდიაში ახალი არავინ შემოსულა. მხოლოდ რამდენიმე მტრედი ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე. მტრედებს The Factory ყოველთვის იზიდავდა. ალბათ, ერთხელ ტილოზე ამ უსაქმური, მფრინავი ბალასტის გადატანასაც შეძლებს. თუ დღევანდელ მოლოდინს გადაიტანს.

კარზე აკაკუნებენ. ფრენსი აივნიდან დიდ ნახტომს აკეთებს. პერანგით გამოედო პატარა, ზალცბურგიდან ჩამოტანილ ურდულს. აი, მეოთხე პერანგიც გამოსაცვლელია. ფრენსი კართან მიფრინდა, მეგობრის ქუდით სახიდან ოფლი მოიწმინდა და შუშის კარი გამოაღო.

- ფრენს, მაპატიე, კარგი? თუ ენდის ჩემი დანახვა არ სურს, გავიგებ, გესმის? ნებისმიერ შემთხვევაში, მაპატიე რა...

- შემოდი... თქვენ მაპატიეთ. სავარძელში ჩამეძინა (აუუ, რა უაზრობას ვამბობ?!), პერანგის გამოცვლა ვერ მოვასწარი.

ფრენსმა სტუმარი ჰოლში შეიყვანა. იქ ყველაფერი მზად არის. დაბალ, შუშის მაგიდაზე ნუშის ლიქიორი, სამი ჭიქა, პატარა ლარნაკზე დაყრილი შოკოლადის ბურთები, ხერესი.

0x01 graphic

გრეცკის პორტრეტი. ავტორი - ენდი უორჰოლი

- უეინ, გაიცანი, ჩემი მეგობარი, ენდი უორჰოლი. ენდი, გაიცანი, უეინ გრეცკი.

...რთული, დამღლელია სტატისტიკასთან მეგობრობა. შენი დახასიათებისას ჯერ ყოველთვის სტატისტიკას გაიხსენებენ და შემდეგ, ორ-სამ სიტყვას შენზეც იტყვიან. სტატისტიკურად, სტატისტიკური გენიოსები ჟურნალისტებისთვის პიროვნულად სულ სტატისტები არიან.

NHL გახდა ერთი ცქმუტუნა კანადელი ვაჟიშვილის, უკბილო, აუტანელი და თავხედი რუსის, შვედი ბუღალტერის და სხვა, პატარა ელემენტების ლიგა. ეს დროებითია. ჩემთვის NHL სულ ერთი ზრდილობიანი, ელეგანტური, საინტერესო ახალგაზრდაა.

NHL = უეინ გრეცკი.
უეინ გრეცკი = 50.
50 = 50

894 შაიბა, 1 963 პასი, 2 857 ქულა, 60 ინდივიდუალური რეკორდი. ეს სულ გრეცკია და თჰე Gრეატ Oნე 50 წლის გახდა.

26 იანვარს გრეცკი 50 წლის გახდა.

გრეცკი ჰოკეიში ისეთივე ელჩი იყო, როგორც ლარი და მეჯიქი კალათბურთში. გრეცკი ოპონენტის მეკარის ზონაში შედიოდა და თავის ოფისს ხსნიდა. იღებდა ფუნჯს, გადაავლებდა თვალს აკვარელს და ტილოზე პირველი კონტურის დატანა იწყებოდა. ფერებს თითქმის სულ თვითონ არჩევდა. გრეცკი ხედავდა იმ ბილიკს, რომელზეც მარკ მესიეს, იარი კურის, გლენ ანდერსონს, პოლ კოფის უნდა გაევლოთ, მაგრამ სხვებისთვის ეს ბილიკი არ ჩანდა. მეკარის უკან ინთებოდა წითელი შუქი, დამღლელი სირენა 20 წამით კივილს იწყებდა და ყველა ხვდებოდა, რომ გრეცკიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა, შედევრი სხვისთვის და რუტინა უეინისთვის. ის აკეთებდა იმას, რაც იცოდა. მშვიდად აბარებდა ოფისის გასაღებს დაცვის თანამშრომელს, თავაზიანად ემშვიდობებოდა ყველას და ოფისიც იკეტებოდა.

გრეცკის კარიერაში ყველაზე დიდი დღის გახსენება სთხოვეს. უეინი ჩაფიქრდა, კეთილ სახეზე ღიმილმა გადაურბინა და მოგონებების მარანი გახსნა.

უეინი იხსენებს 1999 წლის 18 აპრილს. გრეცკის ბოლო მატჩი NHL-ში. მედისონ სკვერ გარდენში უეინის რეინჯერსმა ოვერტაიმში 1:2 წააგო პიტსბურგთან.

0x01 graphic

მარკ მესიე და უეინ გრეცკი

უეინი რამდენიმე წამით დაფიქრდა. იმ წამებში დეტალურად, ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებამდე აღიდგინა 18 აპრილი. გაიხსენა, 8 წლის ასაკში ყინულზე რომ შესრიალდა და მეზობელმა, 14 წლის ბრედ მაკარტურმა აგურით მარვენა მაჯა გაუტეხა. უეინი თაბაშირის დადების დროს ტიროდა. რამდენიმე დღეში, მაკარტურს გრეცკის ძმაკაცმა საკუთარ სადარბაზოსთან თავი ტაფით გადაუხსნა. ტიროდა მაშინაც, როდესაც NHL-ს 18 აპრილს ყველაფრისთვის მადლობას უხდიდა და დასამშვიდობებლად, ხელის გაწოდება ერიდებოდა.

გაიხსენა მშობლები, დედა ფილისი და მამა, უოლტერი. ფილისს უეინის დაბადების დღეს მარჯვენა მკერდი მოკვეთეს. მამამ სამჯერ დაკარგა სამსახური, მაგრამ უეინს სითბოს, ყურადღების, სიყვარულის პლედს აფარებდა და ბედნიერი იყო. ფილისი და უოლტერი 18 აპრილსაც ბედნიერები იყვნენ. მათმა უეინმა გაიარა გზა და ის გზა დამთავრდა. დაკაწრული ციგურებიდან უეინი ერთხელაც ჩამოყრის ყინულის მტვერს და წავა.

38 წლის გრეცკისთან მისრიალდა მარკ მესიე. მოიხსნა ხელთათმანი, უეინს მხარზე დაადო ხელი და თვალებში ჩახედა. დარბაზში სიჩუმეა. ისმის მარკის და უეინის გულისცემა. მესიემ ბავშვობის მეგობარს სამახსოვროდ იმ მატჩის შაიბა გადასცა. უეინი ისევ ატირდა. როგორც მაშინ, 8 წლის რომ იყო და მოტეხილ მაჯაზე თაბაშირს ადებდნენ. მაშინ, 8 წლის მარკ მესიემ მაკარტური კინაღამ მოკლა.

მარკმა ხმა ვეღარ ამოიღო, სახეზე ჩაფხუტი აიფარა და უეინს მიკროფონი გადასცა. გრეცკი ხმას არ იღებს. გადის ერთი წუთი. დარბაზში სიჩუმეა. უეინიც იხსნის ჩაფხუტს და მიკროფონს მარკს უბრუნებს. ყინულზე გადიან ფილისი და უოლტერი. უეინი უახლოვდება მშობლებს, მამას მხარზე ხელს ადებს, თვალებზე კოცნის დედას. 38 წლის გრეცკი ისევ ის, 8 წლის ბავშვია, რომელიც ყინულზე ყველაფერს შიფრავდა და ვერ გაშიფრა ბოლო, გამოსათხოვარი მომენტის ემოცია, სითბო. ვერაფერი ვერ გაშიფრა. უბრალოდ, წავიდა.

...ენდი უორჰოლმა დაასრულა მუშაობა.

- უეინ, ფრენსისგან ვიცოდი, რომ პუნქტუალური ახალგაზრდა ბრძანდებით. მაპატიეთ, თუ უტაქტოდ ვიქცევი, მაგრამ რატომ დაიგვიანეთ?

- მაინც არ დამიჯერებთ...

- ???

- სასტუმროს ლიფტში ორი პოლიციელი შემოვიდა. დაიწყეს ჰოკეიზე საუბარი. ერთ-ერთმა დაიწუწუნა, დღეს საღამოს მედისონში ვართ, რეინჯერსი ედმონტონს ხვდება და იმ ბიჭმა შაიბა რომ ვერ გაიტანოს, აზრზე ხარ, ნიუ იორკში რა ამბები იქნებაო?

- თქვენზე საუბრობდნენ?

- დიახ, ჩემზე. ბოდიში მოვუხადე, საკუთარი თავი გავაცანი. ბოლომდე არ იჯერებდნენ, რომ მართლა უეინ გრეცკი ვიყავი. შევპირდი, დღეს ნიუ იორკი მშვიდად დაიძინებს-მეთქი. გავისაუბრეთ, ყვანჯზე ავტოგრაფი დავუტოვე და დამაგვიანდა. ასე რომ, ენდი, რამდენიმე საათში მინიმუმ, ერთი შაიბა უნდა გავიტანო.

იმ დღეს ენდი უორჰოლმა გრეცკის ექვსი პორტრეტი დახატა. უეინ გრეცკიმ რეინჯერსს ორი შაიბა გაუტანა. გრეცკიმ ის შაიბა უორჰოლს აჩუქა. ნიუ იორკში სიმშვიდე იყო. ყოველ შემთხვევაში, რეინჯერსის ფანები მშვიდად იყვნენ. გრეცკის ოფისიც დაიხურა. ფრენს უილიამსს მეხუთე პერანგი აღარ გაუფუჭებია.

28 მაკლარენმა სუპერავტომობილის ფასი გამოაცხადა

▲back to top


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

როგორც იქნა, მაკლარენმა თავისი ახალი სუპერავტომობილის, მაკლარენ MP4-12C-ს ფასი გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომელიც ინგლისურმა კომპანიამ საზოგადოებას შარშან წარუდგინა, 229 ათასი დოლარი ეღირება.

ფასიდანაც ჩანს, რომ ამ ავტომობილით მაკლარენი კონკურენციას ფერარის და ლამბორგინის შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს - ამათგან 458 იტალია 225 ათასი დოლარი, გალიარდო LP-570-4 კი 237 ათასი დოლარი ღირს (სამივე ფასი აშშ-ის ბაზრისთვისაა).

რა თქმა უნდა, მაკლარენის მიერ გამოცხადებული ფასი გაიზრდება, თუ მყიდველი საბაზო ავტომობილს არ დასჯერდება და მის საკუთარი გემოვნების შესაბამისად გაწყობას ისურვებს. კერძოდ, ინგლისური კომპანია თავის კლიენტებს განსხვავებულ ბორბლებს, სხვა ფერში შეღებვას და პროფესიონალური კამერების დაყენებას სთავაზობს, რომლებითაც სატრეკო დღეების დროს, საკუთარი რბოლის ვიდეოგადაღება იქნება შესაძლებელი.

სხვათა შორის, მაკლარენ MP4-12ჩ-ს ფასის გაგება და შესაბამისი თანხის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილის შეძენას შეძლებთ, რადგან მასზე უკვე რიგები დგას. არადა, მაკლარენს მანქანის წარმოება ჯერ არ დაუწყია. და კიდევ, მაკლარენ MP4-12C ბოლო ათ წელიწადში პირველი საგზაო ავტომობილია, რომელსაც მაკლარენი გამოუშვებს.

MP4-12C მაკლარენის წარმოების 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელსაც წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მასთან კი ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი კოლოფი (SSG) უწყვილდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარება (100 კმ/სთ-მდე) დაახლოებით 3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ს აღწევს.

მყიდველს შეუძლია, არჩევანი სალონის 14 გაფორმებას შორის გააკეთოს. გარდა ამისა, შესაძლებელია სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის და კარბონ-კერამიკული მუხრუჭების დაყენება. მყიდველს ასევე ძრავის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალებით გაფორმებას შესთავაზებენ.

0x01 graphic

29 მომდევნო ფორდ GT40 ჰიბრიდული იქნება

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ფორდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ალბათ ყველაზე ტემპერამენტიანი ავტომობილი, სუპერქარი GT-ა, რომელიც სულ ორჯერ გამოჩნდა ცისფერი ოვალის საწარმოო პროგრამაში, თუმცა ავტოინდუსტრიის და ავტოსპორტის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

დღეს GT კვლავ მიძინებულია, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ცნობები იმის იმედს იძლევა, რომ ამ შესანიშნავ ავტომობილს, ბაზარი კვლავ იხილავს. ოღონდ, ამჯერად ის ეკოლოგიაზე მზრუნველის „სამოსში“ გამოწყობილი, ჰიბრიდის სახით მოგვევლინება.

უფრო მეტიც, მას ოთხივე ბორბალი წამყვანი ექნება. ამასთან, უკანა ბორბლებს ისევ შიდაწვის ძრავი დაატრიალებს, წინებს კი - ელექტროძრავები მოემსახურება. ამგვარად, ჰიბრიდული სისტემა დაახლოებით იმ კონფიგურაციისა იქნება, როგორიც პორშეს კონცეპტუალურ 918 სპაიდერსა და 911 GT3R ჰიბრიდს აქვს.

ისევ ვარაუდის დონეზე შეიძლება იმის თქმაც, რომ ახალი GT-ს მექანიკურ დამჭირხნიანი შიდაწვის 5.4-ლიტრიანი V8 იქნება, რომელიც 500 ცხენის ძალის ფარგლებში გამოიმუშავებს. მასთან უნისონში კი ელექტროძრავები (ან ელექტროძრავი) იმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 100 ცხენის ძალა უნდა იყოს. ახალი ავტომობილი თავის წინამორბედზე დაახლოებით 200 კილოგრამით მსუბუქი - 1400 კილოგრამი იქნება. ამგვარად, სიმძლავრისა და წონის ფარდობა, ყოველ ტონაზე 430 ცხ.ძ-ს მიაღწევს. ჰიბრიდული Gთ-ს მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი ის თითქმის სამ წამში მოასწრებს.

თუ მეორე თაობის GT ძალიან ჰგავდა პირველს, მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელი სრულიად განსხვავებული იქნება, თუმცა თავისი დინამიური გარეგნობით, ის წინამორბედებზე არაფრით ნაკლები არ უნდა იყოს. ის რადიატორის უფრო დიდ ჰაერის ამღებს, დაკუთხვილ ფარებს მიიღებს, კაპოტსა და უკანა ფრთებზე კი „სასუნთქ“ ნასვრეტებს დაუტოვებენ. საერთო ჯამში, ახალი გრანტურიზმო წინამორბედების პროპორციებს შეინარჩუნებს.

სხვათა შორის, ახალი GT-სთვის, ცისფერ ოვალს სრულიად ახალი პლატფორმის შემუშავება მოუწევს, რომელსაც სხვა მოდელებზე ვერ გამოიყენებს. ამიტომ, ეს პროექტი ძალიან ძვირი დაჯდება. თუმცა, რამდენადაც ეს საიმიჯო ავტომობილია, განახლების და აღმავლობის გზაზე შემდგარ ფორდს ის აუცილებლად დასჭირდება. მოგვიანებით, ამავე პლატფორმაზე დირბორნელები ელექტრომობილსაც გამოუშვებენ.

ცნობისათვის, მეორე თაობის GT-ს პრემიერა 2003 წელს შედგა. თავიდან ფორდი ამ ავტომობილის შეზღუდული რაოდენობით წარმოებას გეგმავდა, მაგრამ მასზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამერიკულმა კომპანიამაც, ორ წელიწადში 1302 ცალი GT დაამზადა. კიდევ ორი წლის შემდეგ, მყიდველთა რაოდენობამ 3.5 ათასს მიაღწია. თუმცა, 2007 წელს, მისი წარმოება შეწყდა, რისი მიზეზიც ფორდის რესტრუქტურიზაცია და ქარხნების პერსონალის შემცირება გახდა…

30 რაც იცხოვრე, ის იხატება: ინტერვიუ ეთერ ჭკადუასთან

▲back to top


კულტურა|ინტერვიუ

0x01 graphic

ეთერ ჭკადუას პერსონალურ გამოფენას თოჯინების მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიცია მინირეტროსპექტივას წარმოადგენს - ორი ახალი ტილო ოტობაია და მყვინთავი, სტუდენტობის პერიოდში შესრულებული ნამუშევრები და ფანქრით დახატული ესკიზები ფერწერული კომპოზიციებისათვის ნათლად წარმოაჩენს ამ გამორჩეულად ინდივიდუალური ხედვის მხატვარს, მისი შემოქმედების განვითარების გზას, მის ესთეტიკას.

დიდი ხანი არაა, რაც ნიუ იორკსა და იამაიკაზე ცხოვრობს, ცამეტი წელია, ჯივამუქტი იოგას პრაქტიკითაა დაკავებული, უყვარს ლიტერატურა, რასტაფარები, მარიხუანის ლეგალიზაციის აქტივისტი და გამორჩეულად ნიჭიერი, სიცოცხლის ვნებით სავსე არტისტია. მასთან საუბარი ისეთივე საინტერესო და განსაკუთრებული მანერის აღმოჩნდა, როგორიც მისი ნახატები, როგორიც თავად ეთერია.

  • შენს ნამუშევრებში აკადემიური ნახატი კონცეფციის ნაწილია, წამყვან როლს ასრულებს. რამდენად მნიშვნელოვანია ნახატი და შემდეგ უკვემაგიური ფემინიზმი, „კონცეპტუალური რეალიზმი?

მას შემდეგ, რაც „ნადირობა“ (1988წ.) დავხატე, ფიგურატიულ ნახატზე, ნაწილობრივ რეალიზმზე უარი აღარასოდეს მითქვამს. ვგრძნობ რომ ჩემია. თუმცა მაშინ, ეს არავის აინტერესებდა. მე კი ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ამ ფორმით მოვახერხებდი რამეს. მახსოვს, იმ დროს იმასაც კი მეუბნებოდნენ - არ გეზარება რომ ხატავ, დაიქირავე ვინმე, მაგალითად კორეელები და იმათ მიეცი შეკვეთა, დაგიხატონო.

ერთი ფოტო მაქვს, სადაც მე და ჩემი ძმა ძალიან პატარები ვართ - მე სამი წლის და ვხატავ, ყოველთვის მიყვარდა ხატვა. კარგად ვსწავლობდი სკოლაში, ბეჯითი ვიყავი.  უფრო დისციპლინა მაქვს, თორემ ისე...

0x01 graphic

მყვინთავი 2010

ყველაფერს ვნახულობ და ყველგან დავდივარ - რაც იცხოვრე,  მერე ის იხატება. დღისით სხვადასხვა რამეებს ვაკეთებ, თითქმის ყოველ საღამოს კი ვხატავ. ამ ბოლო დროს წელიწადში ორ-სამ ნამუშევარს ვასრულებ, ბევრს ვფიქრობ კომპოზიციაზე, რაკურსზე მანამ, სანამ ზუსტად არ დავინახავ. მერე კი, როგორც მედიტაცია, კონცენტრირებას ვაკეთებ და ნელა ვმუშაობ, ხანდახან ისე ვიღლები... ხელი მტკივა, მეჭიმება, მაგრამ მხოლოდ ასე იხატება.

  • როგორ შეიცვალა შენი ნახატების თემატიკა, შენი ნამუშევარი წითელში, რომელიც ალბათ დასაწყისია ზოგადად იმ სერიისა, რომელზეც ახლაც მუშაობ?

როდესაც საქართველოდან წავედი, 23 წლის ვიყავი და ზუსტად ამდენივე წელიწადია, რაც საზღვარგარეთ  ვცხოვრობ. პრინციპში იქ გავიზარდე ფიზიკურადაც და ნახატებშიც. რასტაფარების სუბკულტურით ვიყავი მოხიბლული, მიზიდავდა მათი დაუმორჩილებლობა, ანარქიზმი... დღეს ნაწილობრივ კინგსტონში ვცხოვრობ. ჩემს ადრეულ ნამუშევრებში სწორედ მათზე ვყვებოდი, ისინი იყვნენ პერსონაჟები, დეკლასიფიკაციას ვუკეთებდი, ამაღლებულად, წმინდანებად ვხედავდი. კლასიკური მანერით ვხატავდი. ნიუ იორკისთვის ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული, ვერ ხვდებოდნენ რა მომწონდა, რატომ ვაკავშირებდი ერთმანეთთან ამ ორ რამეს - რასტაფარებს და იდეალიზირებულ სტილს. ერთ რასტაფართან,  შეინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრად მიყვარდა. ის იყო ჩემი ინსპირაცია. როდესაც ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა, ცუდად ვიყავი, სწორედ მაშინ დავხატე ორი ნამუშევარი „ლურჯი საყურე“ და „წითელში“. ალბათ ეს იყო გარდატეხის მომენტი, როდესაც გაჩნდა ეგზოტიკური გარეგნობის ეს უცნაური ქალი. ამის შემდეგ ასეთი ფორმით გადმოვცემ ისტორიებს. ნიუ იორკში მოსწონთ, იბნევიან, აინტერესებთ საიდან არის, ვინ არის, როგორია, რა უნდა...

  • დილერები, გალერისტები, კოლექციონერები - როგორ აეწყო შენი ურთიერთობა სისტემასთან, რომელიც მართავს თანამედროვე ხელოვნებას?

გალერეები, დილერები და კურატორები ქმნიან და მიმართულებას აძლევენ მხატვრებს, უვლიან და უზრუნველყოფენ ყველაფრით - ინტელექტუალური თამაშივითაა. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მხატვრის ნამუშევარია, მათ პირადად უნდა მოსწონდეთ. ძლიერი ხედვის მქონე გალერისტებს და კოლექციონერებს აქვთ ამბიცია, რომ ისტორიის ეს მონაკვეთი მათ სახელს უკავშირდებოდეს. თან თაობა იცვლება, ახალ ხალხს აქვს ფული და სურვილი რაღაც სხვა მოსწონდეთ. სწორედ ამიტომაა, რომ ერთი რისკიანი დილერი მთლიანად ფლობს რომელიმე მხატვრის ნახატებს და მერე ასტრონომიულ ფასად ყიდის. ჩემი ნახატების დიდი ნაწილი დილერის ხელშია და ჯერ კიდევ წინაა განსაკუთრებული მომენტი.

0x01 graphic

ოტობაია 2010

  • როგორ იცვლება საქართველო შენთვის, რას ფიქრობ თანამედროვე საქართველოზე, კულტურაზე?

ახალი ეკლესიების აშენების მაგივრად ძველს უნდა მივხედოთ, უფრო ინტიმური უნდა იყოს რელიგია და არა ასე აფიშირებული. ეს ძალიან შესამჩნევია... ადრე უფრო იყო მისტერიის განცდა.

ჩვენ მხოლოდ მაღალი დონის, მაღალი რანგის ხელოვნებასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, უნდა ჩამოვიყვანოთ ლექციებით ნომერ პირველი, დიდი მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები... რომ ახალგაზრდებმა ნახონ რა ხდება მსოფლიოში, რა არის მოდერნ-არტი. ხელოვნება შეიძლება იყოს და უნდა იყოს  პოლიტიზირებული, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი პოლიტიკოსების ინტერესებისაგან. უნდა არსებობდეს სკოლა, ახალი და გულწრფელი კრიტიკა, სხვანაირად ისევ უკან აღმოვჩნდებით. ამიტომ მომწონს ახალი არქიტექტურა. თუ აქ მაგარი არქიტექტორები ააშენებენ, კარგი იქნება.

რაც ჩვენია, ჩვენი ტრადიციაა: სტუმარი, სიყვარული, სტუმართმოყვარეობა - ესაა ჩვენი გზა, ეს უნდა ვაკეთოთ, ეს ვიცით. ბევრი სტუმარი უნდა მივიღოთ, რომ მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია თუნდაც სამედიცინო მიზნებით, მაშინ როდესაც ხალხი ტრავმირებულია ამდენი სტრესების შემდეგ, არაჩვეულებრივი საშუალებაა განტვირთვისათვის და არაა ისეთი აგრესიული, როგორც ალკოჰოლი. ჩვენც ვისიამოვნებთ და ტურისტებისთვისაც კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში და აქ 18 წლის მოზარდებს არ ვგულისხმობ. ვიღას მოუნდება ცივი ამსტერდამი. აქ კარგი ამინდია, კარგი საჭმელი, ეგზოტიკაა, ახალი ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც თავისუფალი, ლიბერალური, ლაღია. აქ ყველას მოუნდება ჩამოსვლა. წინ წავალთ.

31 უცხო ჭენება ВОТ, ЧТО ПОЭТ ДУМАЕТ ЗА „МЕРАНИ”:

▲back to top


გიორგი კეკელიძე|სვეტი

0x01 graphic

ადრე ერთმა კაცმა ამგვარი რამ მითხრა: ნამდვილ მეძავებს და პოეტებს კოლეგების შური არ აქვთო. სად მითხრა აღარ მახსოვს, სიზმარში თუ მწერალთა სასახლის ალაგ-ალაგ მოკაშკაშე დარბაზში, სადაც ყრმა მოლექსეებს გვაჯილდოებდნენ. მაშინ დავუჯერე, თუმცა მას მერე ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ეს მოხუცი გუნებაში ჩემს ზნეკეთილ მოქალაქედ აღზრდას ესწრაფვოდა და შესაბამისად - ცრუობდა.

თანამედროვე პოეზიის რომელიმე ცალკე აღებული ტექსტი მერანს ვეღარ დაეწევა, შესაძლოა ათწლეულების მერე სადმე მკვდარს გადააწყდეს და კეთილი ყვავ-ყორნის კოლექტიური როლი წაითამაშოს. სხვა რამეს ვამბობ, იმას არა, რაც თქვენ იფიქრეთ, მაგრამ პოსტმოდერნდეკონსტრუქტინტერტექსტეუალური (ენისმოტეხვის სიცილაკი) სახით ვამბობ და რიზომული გამომეტყველებით და მე თვითონვე ვიბნევი. ისე კი, რა მინდოდა მეთქვა: გალაკტიონის ტომებიდან მე პირადად მხოლოდ რამდენიმე ფურცელს ამოვხევდი და შევინახავდი. ასევე: ბოლო ხანებია, მიკვირს როგორ მოახერხა ბარათაშვილმა „მერანის” დაწერა მისი დანარჩენი ლექსების ფონზე. თანამედროვე პოეტებს ფონი აღარ აქვთ. მათი ლექსები შეუმჩნევი მეტ-ნაკლებობით ან ერთნაირად ძლიერია, ან თანაბრად საშუალო ან მსგავსად მდარე. შედევრების ეპოქა წარსულმა ჩაიბარა (გნებავთ - ჩაბარდა).

„მერანი“ შედევრია. თითქმის აბსოლუტური კატეგორიის.

დავივიწყოთ კომპარატივისტიკული სიამტკბილობანი ედგარ პოსთან და ადამ მიცკევიჩთან, ვთქვათ ისე, როგორც იყო. ცხოვრობდა ერთი გაღარიბებული თავადი კაცი , ხეიბარი (ნუ შეადარებთ ბაირონს), სალონური ლაქლაქის და „დამმების“ მოყვარული (ნუ შეადარებთ უაილდს, ან კი როგორ შეადარებთ?). კაცი, ზოგის მიერ ახლა უკვე, და შესაძლოა მართებულადაც, კოლაბორაციონისტის სახელ შერქმეული. ხშირად წერდა პირად წერილებს და ნიჭიერი სკოლის მოსწავლესავით დედის და მამის (აქ: ძირითადად ბიძის) გულისგასახარად ლექსებსაც დაურთავდა.

„მერანის“ მაგალითი გვარწმუნებს, რომ ცნობა მუზების არსებობის შესახებ გადაჭარბებული სულაც არ გახლავთ. ეს ისე, ოღონდ ხუმრობით არა... ანუ ხანდახან მგონია, რომ პოეტს სიტყვები თავს აძალებდნენ და ტექსტში „გაიპარა“ იმ პერიოდისთვის და იმ ადამიანისთვის სუპერრევოლუციური ფრაზები: „საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“, „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“... ეს უკვე სხვა არჩევანი იყო, სრულიად უცხო ქართული ლიტერატურისთვის. იმაზე დიდიც, ვიდრე მერე ტერენტი გრანელის „რაღაც სხვა, მესამე” გახლდათ. ეს არჩევანი ნოვატორულობის თვალსაზრისით მისი გვიანდელი გაჯიბრების (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა) მცდელობაზე - „ლურჯა ცხენებზე“ უპირატესია.

საუნივერსიტეტო რეფერატის ენაზე რომ ვთქვათ: მერანის დრო უფლის დროსთანაა გაიგივებული, თუ კაცის 100 წელი ღვთისთვის წამია, რაშის რბენა აქ მხედრის ფრენას ნიშნავს („მირბის და მიმაფრენს“). მაგრამ გმირისთვის ეს როლი როდი აკმაყოფილებს, მისი სავარაუდო ტრაგიკული ბოლო, სხვა „სიამეთა“ მოკლების წილ განღმრთობის უსათუო ნიშანია („სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი“), - ეგებ ლუციფერის მსგავსად, რომელიც თავისი ძალით ყველა მოირას აღემატება - „მივალალებენ სვავნი მყივარნი!“ კარგი, მოვრჩეთ რეფერატს და „გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“.

ყოველივე ამის შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილს (მისი სახელ-გვარი, ახლა შევამჩნიე, რატომღაც პირველად ვახსენე) უცნაური ბიძისთვის სხვათა შორის მიეწერა:

вот, что поэт думает за Илико:

და მერე, როგორც შესაბამის გამოცემებში აღნიშნავენ:

[„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი! (მოყვანილია მთელი ლექსი) ]

ლექსი, რომელიც კიდევ ერთხელ მარწმუნებს მოხუცი კაცის სიტყვების სიმცდარეში.

32 დათვებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

▲back to top


ფესტივალი|კულტურა

ბერლინალე 2011

სალომე კიკილაშვილი

0x01 graphic

ყოველ თებერვალს, ბერლინში, დათვებზე ნადირობის სეზონი იწყება.

10 დღის მანძილზე, ქალაქის 20-მდე სხვადასხვა კინოდარბაზში 500-მდე კინოჩვენებით, 500 ათასზე მეტი მაყურებლით, 16 ათასი აკრედიტირებული სტუმრით, წითელ ხალიჩაზე სიფრიფანა კაბებში სეირნობით და ავტოგრაფის მოლოდინში, მინუსიან ყინვაში საათობით ატუზული ფანებით - ეს, ბერლინალეა. კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი. ფესტივალი - პოლიტკორექტულობასა და გლამურს შორის.

მეორე მსოფლიო ომიდან 6 წელია გასული. საკინოფესტივალო რუკაზე, კანი სულ ახალი აღმოცენებულია. კიდევ ერთი კანი? დასავლეთ ბერლინში? რატომაც არა?! ამერიკელი ოფიცრების მონდომებით, 1951 წლის 6 ივნისს ბერლინში პირველი ბერლინალე ტარდება. ახალ ფესტივალს საზეიმოდ ხსნის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „რებეკა“. ბერლინურ დათვებს იმ დროის ცნობილი მოქანდაკე რენე სინტენისი ამზადებს. ახლად შექმნილ ფესტივალს რამდენიმე წლის მანძილზე საერთაშორისო ჟიური არ ჰყავს, გამარჯვებულ ფილმებს კი მაყურებელი ასახელებს. სწორედ ამ უკანასკნელის „დამსახურებით“, 1952 წელს პრიზების გარეშე რჩება აკირა კუროსავას „რასიომონი“ და ჟან რენუარის „მდინარე“.

60-იან წლებში ბერლინალე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს და მთლიანად ცვლის საკუთარ პოლიტიკას: ახალი შენობა, მოწვეული საერთაშორისო ჟიური, მოპატიჟებული ვარსკვლავები, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და 180 გრადუსით ევროპული კინოსკენ შემოტრიალება. ამის შედეგად, ფესტივალზე ერთიმეორეს მიყოლებით იმარჯვებენ: ინგმარ ბერგმანი, კლოდ შაბროლი, ჟან-ლუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიონი...

70-იან წლებში ფესტივალი საერთაშორისო სახელს იხვეჭს. იკვეთება ის, რაც ყოველთვის განასხვავებდა ბერლინალეს სხვა, „ა“ კლასის კინოფესტივალებისგან - პოლიტიკა და სოციალური თემატიკა. ამ თემების დამსახურებაა, რომ ბერლინალე განუწყვეტლივ, ყურადღების ეპიცენტრში იყო. 1970 წელს ფესტივალი გამარჯვებულების გარეშე, სკანდალით იხურება. ჟიურის თავმჯდომარე, ამერიკელი რეჟისორი ჯორჯ სტივენსი „ანტიამერიკულობის“ გამო პროგრამიდან მაიკლ ვერხოვენის ფილმის “O.K.” ამოღებას ითხოვს. ესაა ფილმი, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, ვიეტნამში ამერიკელი ჯარისკაცების „ქმედებებია“ ასახული. ასევე სკანდალით სრულდება 76-ში ნაგისა ოშიმას „გრძნობათა იმპერიის“ ჩვენება, რის შემდეგაც პროგრამა ფორუმის დამაარსებელს, ულრიხ გრეგორს პორნოგრაფიის გავრცელებაში სდებენ ბრალს. საფესტივალო „თავგადასავლების“ და „ბრალდებების“ კასკადის მიუხედავად, რომელსაც, სიმართლე უნდა ითქვას, ბერლინალე მშვენივრად „ირგებდა“ ხოლმე, ფესტივალი ძიებას აგრძელებდა. ცდილობდა ეპოვა და აღმოეჩინა ახალი სახელები, ახალი კინოქვეყნები. 70-იანებიდან მოყოლებული ფესტივალზე ჩნდება ფილმები საბჭოთა კავშირიდან, ყველასთვის უცნობი სამხრეთ ამერიკული თუ აფრიკული კინო. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ-აღმოსავლური ქვეყნების კინოპოეზიის, მათ შორის კორეული კინოს აღმოჩენაც, სწორედ  ბერლინალეს დამსახურებაა.

0x01 graphic

მოპარულიხოდორკოვსკიდა ცარიელი სკამი პანაჰისთვის

არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ბერლინალე დათვებს ერთმანეთზე უფრო „გაპრიალებულ“, საგანგებოდ კონკურსისთვის დამზადებულ, საოცარი სიმეტრიულობით აწყობილ ფილმებს ჩუქნის. ამისათვის ბერლინალეს შარშანდელი გამარჯვებულის ხსენებაც კმარა - თურქი რეჟისორის სემი კაპლანოღლუს „თაფლი“, რომელიც იმდენად ტკბილი იყო, მეეჭვება დიდი წვალების გარეშე შეძლებოდა ვინმეს მისი „გასინჯვა“.

წლევანდელ ფესტივალზე ყველა კრიტიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ საკონკურსო პროგრამა საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება. ოფიციალურ ნაწილში ვეტერანი, უნგრელი ბელა ტარის გარდა თითქმის ყველა დებიუტანტია, რომელთა შორისაა მსახიობი რალფ ფაინსიც. თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს ფესტივალის დირექტორის, მუდამ მომღიმარი დიტერ კოსლიკის გათვლაა, რომელმაც დღემდე ვერ აპატია კანს რუმინელი კრისტიან მუნჯიუს აღმოჩენა და ახალი სახეების ძიებაშია „დაკარგული“.

კანზე გამახსენდა. 2010 წლის კანის გახსნის ცერემონიაზე, მაშინ როდესაც კრისტინ სკოტ ტომასი მოსულ სტუმრებს სცენიდან „ართობდა”, ჟიურის გვერდით ცარიელი სკამი იდგა, წარწერით - ჯაფარ პანაჰი. ფესტივალის დირექციამ ამ ფორმით გამოხატა თანადგომა და გვერდში ამოუდგა აჰმადინეჟადის მთავრობის რეპრესიების მსხვერპლს, ირანელ რეჟისორს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ფილმების კეთების ბრალდებით ციხეში იყო გამომწყვდეული. მიუხედავად იმისა, რომ მის ფილმებში სისტემის აშკარა კრიტიკაა, პანაჰი საკუთარ თავს სოციალური ფილმების რეჟისორს უწოდებდა, მისი ფილმები ხომ ყოველთვის უტრიალებდა სოციალურ თემებს.

კანის, ვენეციის და ბერლინალეს გამარჯვებული, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა ირანის მთავრობას და ბრალს სდებდა პრეზიდენტს მისი ხალხის უფლებების დარღვევაში, პირველად 2009 წელს დააპატიმრეს. მაშინ ის აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს მოკლული გოგონას - ნედა სოლტანის საფლავზე მივიდა. მართალია, მაშინ მწვანეთა მოძრაობის წევრი რეჟისორი გაათავისუფლეს, თუმცა საბუთები ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. მეორედ კი პანაჰი 2010 წლის 1 მარტს, პირდაპირ სახლიდან აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა კინოსამყაროში ვარსკვლავი თუ მეგავარსკვლავი, რომელმაც ირანის მთავრობას საპროტესტო წერილით არ მიმართა, პანაჰს არათუ შეუმსუბუქეს მდგომარეობა, პირიქით, 2010 წლის დეკემბრის მიწურულს 6 წელი მიუსაჯეს. მას აეკრძალა ადგილობრივ თუ უცხოურ პრესასთან ურთიერთობა, სცენარების წერა და, რაც მთავარია, 20 წლის განმავლობაში ფილმების გადაღება.

0x01 graphic

ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოსლიკი

პარადოქსია, მაგრამ თუ შარშანდელ ბერლინალეზე, საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოებულ რომან პოლანსკიზე დარბაზში იხუმრეს კიდეც - „პოლანსკის პრიზს ახალ გეტოში საზეიმოდ გადასცემენო“ (შეგახსენებთ, რომ იმ დროს რეჟისორი პატიმრობაში იმყოფებოდა), წლევანდელ ბერლინალეზე „გეტო“ ისევ აქტუალური დარჩა.

0x01 graphic

61-ე ფესტივალი  ჟიურის თავმჯდომარემ, იზაბელა როსელინიმ გახსნა, რომელმაც დარბაზს პანაჰის ღია წერილი წაუკითხა. ბერლინალეს გახსნის ცერემონია ირანის მთავრობის საჯარო დასჯას ჰგავდაო, - დაწერა Hollywood reporter-მა. ამონარიდი წერილიდან:

-„კინორეჟისორის სამყარო რეალობისა და გამოგონილის ურთიერთქმედებით იქმნება. ამ რეალობაში მე ამიკრძალეს ფიქრი და წერა 20 წლის მანძილზე. მაგრამ ისინი ვერ ამიკრძალავენ იმაზე ოცნებას, რომ ინკვიზიციის და დაშინების წლებს აუცილებლად მოჰყვება თავისუფლება. მათ მე ოცწლიანი დუმილი მომისაჯეს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯარო წერილი დიდ პრობლემებს შეუქმნის, - განაცხადა კოსლიკმა, - პანაჰის წერილი მისივე თხოვნით წავიკითხეთ“.  შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ბერლინალე, რომელზეც პანაჰის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება, ირანელ რეჟისორს და მის კოლეგას, ასევე დაპატიმრებულ მუჰამედ რასულოფს ეძღვნება.

და, რა თქმა უნდა, კანის მსგავსად, ბერლინალე პალასის სცენაზე ისევ იდგა ცარიელი სკამი წარწერით - პანაჰი.

„ეს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც... ცუდ ფილმში“, განაცხადა 4 თებერვალს, Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა რეჟისორმა სირილ ტუშიმ, მას შემდეგ, რაც ოფისში დილით მიბრუნებულს ჩატეხილი კარი და 4 გამქრალი კომპიუტერი დახვდა. ამ კომპიუტერებში ინახებოდა იმ ფილმის მასალა, რომელზეც ტუში 5 წლის მანძილზე მუშაობდა. ის ხომ ერთადერთი იყო, ვინც მოახერხა და ЮКОС-ის მფლობელს მიხაილ ხოდორკოვსკის პირდაპირ სასამართლო დარბაზში ჩამოართვა ვიდეოინტერვიუ. 200-საათიანი მასალიდან, სადაც პუტინის „პირადი პატიმრის“ მთელი ცხოვრება იყო თავმოყრილი, ტუშიმ 100-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ხოდორკოვსკი“ გააკეთა, რომლის ჩვენება პროგრამა პანორამას ფარგლებში უნდა გამართულიყო. როგორც ბერლინის პოლიციამ განაცხადა, „ეს იყო მაღალ დონეზე, პროფესიონალების მიერ ორგანიზებული ძარცვა. იგი არ იყო შემთხვევითი და ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს“, რადგან, სხვა თუ არაფერი, მძარცველებს არაერთი ძვირადღირებული ტექნიკა „დარჩათ“ ოფისში. თუ ამ ყველაფერს ერთი თვის წინანდელ ამბავს დავუმატებთ, როდესაც ტუშის სასტუმრო ოთახიდან მისი ნოუთბუქის მყარი დისკი აორთქლდა, მაშინ კრემლის მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კი რეჟისორმა ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესებს აბსურდის კომედია უწოდა და მისი დევნა ძალიან მარტივად ახსნა: ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ხოდორკოვსკი პუტინზე ჭკვიანი და მასზე გაცილებით სიმპათიურიაო. სულ რამდენიმე დღის წინ კი Berliner Post-ში გაჩნდა სტატია, რომლის თანახმადაც ფილმის პრემიერა მაინც იგეგმება - თუ საჭიროა, საერთოდ აღარ დავიძინებ და მთელ დროს სამონტაჟოში გავატარებო, განუცხადებია რეჟისორს.

დაბოლოს

მიუხედავად მთელი ამ პერიპეტიებისა, პოლიტიკისა თუ პოლიტკორექტულობისა, 61-ე ბერლინალეზე არაერთი საინტერესო  ჩვენება გაიმართება.

პირველ რიგში, ეს არის ძმები კოენების 10 ოსკარზე ნომინირებული ვესტერნი  “True Grit”,  რომელმაც  „დათვებზე ნადირობის“  61-ე სეზონი ოფიციალურად გახსნა.

წლევანდელი ბერლინალე ნამდვილად სწყალობს 3D ფორმატს და შავი სათვალეების მორგებას ვერნერ ჰერცოგის და ვიმ ვენდერსის კინოს მოყვარულებს სთავაზობს. განსაკუთრებით საინტერესო ვენდერსის „პინა“ უნდა იყოს, რომელიც ლეგენდარული მოცეკვავის, პინა ბაუშის შესახებ რეჟისორმა 3D-ში გააკეთა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ჩერნობილის ავარიაზე გადაღებული ალექსანდრე მინდაძის ფილმი  „შაბათს“, რომელსაც უკვე უწინაწარმეტყველეს წარმატება.

აი, ეს კი ბოლოსთვის, გემრიელ დესერტად მოვიტოვე. სხვა რომც არაფერი, 61-ე ბერლინალეზე დასწრება მარტო მისი ფილმების სანახავად ღირდა - ფესტივალზე, შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. რეტროსპექტივა, რომლის დროში გაყინული  გმირები, ისევ ისე, სიცარიელეში ხელის ცეცებით განაგრძობენ სიყვარულის ძებნას.

33 თბილისის კონტური საგამოფენო სივრცეში

▲back to top


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

ამ გამოფენაზე დამთვალიერებელი რამდენჯერმე მოვიდა. ამიტომაც გალერეის მფლობელებმა ექსპოზიცია საკმაოდ დიდი ხნით დატოვეს. კოტე სულაბერიძის გამოფენა - „ცა თბილისის თავზე“, ზამთრის საგამოფენო სეზონის ჰიტი გახდა. ეს არც თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი არტია და არც ტრადიციული ფერწერა. დამთვალიერებელი Gala Gallery-ში ძირითადად რამდენიმე მიზეზის გამო მოდიოდა: ნამუშევრების კონცეფციის, მისი ტექნიკური გადაწყვეტის ანაც ჩვენი დროის თბილისის აღმოსაჩენად.

თავიდან ნელ-ნელა ინაცვლებდი ერთი ტილოდან მეორეზე და თბილისის ნაცნობი ადგილების (შოთა რუსთაველის ძეგლი, მუზა და ფილარმონიის კონტური, ტელეანძა...) „ამოცნობით“ ერთობოდი. და მერე ნელ-ნელა ხვდებოდი, რომ მუზაც, შოთას ძეგლიც, ანძაც თუ მხატვრის მიერ დახატული რომელიღაც კორპუსის „შავი კარკასიც“ მთლიანობაში თბილისის კონტური იყო, რომელიც თავისდაუნებურად თბილისის ცას შემოსაზღვრავს. მარტივად რომ ვთქვათ, გალერეაში წარმოდგენილი 14 ტილო მთლიანობაში თბილისის ცის ერთი დიდი ფერწერული ტილო იყო.

კოტე სულაბერიძე პირველი მხატვარია, რომელმაც  „გაბედა“ და თბილისის უახლესი ისტორიის პეიზაჟი - „ახალი ესტაკადა” ტილოზე გადაიტანა. თქვენ წარმოიდგინეთ, გამოფენის გახსნაზე სწორედ ამ ნამუშევრის წინ ირეოდა ყველაზე მეტი დამთვალიერებელი.

კოტე სულაბერიძე: „ჰო, ესტაკადა გაცილებით ლამაზია ჩემს ტილოზე, ვიდრე სინამდვილეშია. სიმართლე გითხრათ, როცა მის ჩანახატს ვაკეთებდი, საზოგადოების განწყობაზე არც მიფიქრია. მე მჭირდებოდა კონკრეტული „ობიექტები“ ცის „აღსანიშნად“.

- იმპულსი საიდან წამოვიდა?

კოტე სულაბერიძე: „ყველაფერი ბავშვობის მოგონებით დაიწყო, როცა ჩვენ -4 მეგობარი მთელი დღეები ქალაქის ქუჩებში დავეხეტებოდით და ჩანახატებს ვაკეთებდით. ფაქტობრივად ამ დროიდან იწყება ქალაქის კონტურის შეგრძნება. ჩემთვის თბილისის აღქმა ხატვით დაიწყო.

ორი წლის წინ სწორედ თბილისის ქუჩებში ეს ბავშვობის დროინდელი ხეტიალი გავიხსენე და ჩანახატებიც მაშინ გავაკეთე. ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობის დრომ წვიმამ მომისწრო და ხატვა შევწყვიტე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ის ადგილი ცარიელი დარჩენილიყო, როგორც კონტური. სწორედ აქედან წამოვიდა იმპულსი, დამეხატა არა ტრადიციული ფასადები და ჩუქურთმები, არამედ კონტურები და ცა თბილისის თავზე“.

ექსპოზიცია გალერეის თეთრ კედლებზე მკაცრად, რეგლამენტირებულად იყო გამოფენილი, თვალშისაცემი სტილითა და პროფესიონალიზმით.

„ეს ნამუშევრები სპეციალურად ამ გალერეისთვის შევქმენი ორ თვეში და ორი წლის წინანდელი ჩანახატები ტილოზე გადავიტანე“, - ამბობს მხატვარი.

სხვათა შორის, Gala Gallery-ის ხელწერა და მხატვრებთან მუშაობის პრინციპი თბილისის საგამოფენო სივრცეში დასავლური სტანდარტების გამოჩენაზე  მიგვანიშნებს. თითქმის ერთწლიანი არსებობის მანძილზე აქ არ გაკეთებულა კომპრომისები მდარე ხარისხის გამოფენებზე. ერთიმეორის მიყოლებით ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძის, გურამ წიბახაშვილის, კოკა რამიშვილის გამოფენებისთვის აქ პერსონალურად, ყოველ ჯერზე იცვლება სივრცე, იღებება კედლები, იდგმება ტიხრები და ა. შ., იმისათვის, რომ  ნამუშევარი და საგამოფენო სივრცე ერთმანეთს ლოგიკურად მოერგოს.

ახალი ექსპოზიცია კი გალერეის სამ დარბაზში გამოიფინა. Gala Gallery-მ, უკვე მკეთრად გამოკვეთილი საკუთარი ავტორები (კოტე სულაბერიძე, ოლეგ ტიმჩენკო, გურამ წიბახაშვილი, კოკა რამიშვილი, ვახო ბუღაძე, მიშა გოგრიჭიანი, მიშა შენგელია, უშანგი ხუმარაშვილი) კლასიკოსების - გუდიაშვილის, კაკაბაძის, ახვლედიანის, ბაიაღჩევის გვერდით გამოფინა შემდეგი კონტექსტით: „კლასიკოსები და მომავალი კლასიკოსები“.

ახლების ანუ „მომავალი კლასიკოსების“ ნამუშევრები ამჯერად ერთ პროექტში ერთიანდება, რომელსაც „აფხაზეთში ნაპოვნი ნიჟარები“ ჰქვია. სახელწოდებისა და განწყობის ინსპირაციის წყარო მიშა გოგრიჭიანის მასშტაბური ტილო იყო, რომელიც გალერეაში შესვლისთანავე მოგხვდებათ თვალში. დანარჩენი კი სჯობს, თავად შეაფასოთ.

მის: ათონელის ქ.#27
(მშრალი ხიდის ქვეშ)

0x01 graphic

0x01 graphic

კოტე სულაბერიძის ნამუშევრები

34 ატენური წარჩინებული

▲back to top


გურმანი|ღვინის კლუბი

გიგო მესხიშვილი

0x01 graphic

ატენური ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ქართული ღვინოა. ის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი და ამ ტიპის ღვინოს ამ ხეობაში დღემდე წურავენ. მეღვინეობის მნიშვნელობა მდ. ტანას ხეობაში იქიდანაც ჩანს, რომ 100 წლის წინ იქ 75%25 სამეურნეო მიზნებისთვის განკუთვნილი მიწებისა ვენახს ეკავა.

XX საუკუნეში ატენის ხეობა ორ ზონად დაიყო. ე.წ. ზედა ზონა: სიონი, დიდი ატენი, პატარა ატენი, გარდატენი, მიხანათ უბანი და სხვა. ქვედა ზონაში: ხიდისთავი, ჯებირი, დეგეულა. თანამედროვე მონაცემებით, მიკროზონაში ვენახები 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებშია მოქცეული და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

ეს ზონა საკმაოდ განსხვავდება შიდა ქართლის სხვა ხეობებისგან, პირველ რიგში კი იმით, რომ მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარე ტანას ხეობა ქარებისაგან მაქსიმალურადაა დაცული. საქპატენტის მონაცემების მიხედვით, თრიალეთის ქედის განშტოებები საცხენისისა და წერეთის ქედები მდ. ტანას ხეობას აღნიშნული მიმართულებებიდან ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან იცავენ. ქარები უმთავრესად ხეობის გასწვრივ ქრიან, რომლის სიღრმეში მათი სიძლიერე თანდათან მცირდება.

ატენური ე.წ. კლასიკურ მოგუდულ ღვინოდ ითვლება (მას ბუნებრივ ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ.). შაქრისა და ნახშირორჟანგის შენარჩუნების მიზნით ატენის ხეობაში, მაღლობ ადგილას სპეციალურად იყო მოწყობილი ქვევრები, სადაც ბუნებრივ სიცივეს იყენებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი ახსენებს ე.წ. საცივის მარანს, „საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული“, ადგილს, რომელიც დღემდე არსებობს. მართალია ძველი ქვევრები ძალიანაა დაზიანებული, მაგრამ ადგილს დღემდე საცივი ჰქვია და ტემპერატურული სხვაობა დღესაც იგრძნობა. ღვინის კლუბმა ეს ადგილი 2 წლის წინ მოინახულა და შესაბამისი ფოტომასალაც ჩამოიტანა.

XIX საუკუნის ავტორების ცნობით, ატენის ხეობაში ძირითადად გორული მწვანე, თავკვერი და ბუდეშური მოდიოდა და ზოგიერთი ავტორის თანახმად, ძველი ატენური მხოლოდ ბუდეშურიდან დგებოდა. უფრო გავრცელებულ ვარიანტებში - ჩინურიდან და გორული მწვანედან, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალიგოტეც ემატებოდა.

დღესდღეობით ატენში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინური მოდის, რასაც  გორული მწვანე, ასევე მცირე რაოდენობით ბუდეშური, ალიგოტე და რქაწითელი მოსდევს. გარდა ამისა, საფერავიდან და თავკვერიდან დღესაც საკმაოდ მაღალი ხარისხის მსუბუქი წითელი ღვინოები მიიღება.

ტრადიციულად, ატენურს, რა თქმა უნდა, ქვევრში აყენებდნენ, ზემოხსენებულ საცივის მარანში. ამ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს, იგი დეტალურად აქვს გადმოცემული ეთნოგრაფ ლევან ფრუიძეს, სტატიაში „საცივი მარანი“ ატენში“, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოქვეყნდა. სტატია სრულად vinoge.com-ზე შეგიძლიათ ნახოთ, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი უძველესი, ტრადიციული ქართული ცქრიალა ღვინის ამბავი.

0x01 graphic

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ატენში ღვინის წარმოებისთვის წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური პროცესის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიდანაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნიეს გ. ბერიძის სქემა. ეს შამპანური ღვინო 3 წლის მანძილზე სარდაფში ინახებოდა, დანარჩენი პროცესები კი ბოთლური მეთოდის მიხედვით ვითარდებოდა და ბოლოს საექსპედიციო ლიქიორს უმატებდნენ, ისე, რომ ღვინოში შაქრიანობა 2-5%25-მდე ასულიყო.

ასევე აყენებდნენ ატენურს რეზერვუარული მეთოდით, ძირითადად ჩინურის ჯიშის ყურძნის გამოყენებით. ის ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინის ტექნოლოგიის მიხედვით მზადდებოდა. დადუღებული ღვინო კი 60-დღიან დამუშავებას გადიოდა.

35 შემწვარი კალმახი ბეკონით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

2 ულუფა
მასალა:
მოზრდილი კალმახი (300-350 გრ)
300 გრ. ბეკონი
1 სუფრის კოვზი პესტო
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი
1 ლიმონი
ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:

ჯამში გახსენით პესტო, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი. ხსნარში ჩადეთ კალმახი და გააჩერეთ 20 წუთი (თევზის ამოღების შემდეგ პესტოს მასა შეინახეთ).

გააცხელეთ ღუმელი, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ კალმახი და შეახვიეთ ბეკონის ნაჭრებში. წაუსვით შენახული პესტოს მასა და შედგით ღუმელში 20-30 წუთი.

გამზადებულ თევზს მოასხით ლიმონის წვენი და დააგემოვნეთ.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03).