ტაბულა №34


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კოვზირიძე დავით, დომინგო პლასიდო, იაკობაშვილი თემურ, მეგრელიშვილი ვახტანგ, სმიტი დევიდ ჯ, ელერდაშვილი ვახო, ჯანაშია სიმონ, მამალაძე სალომე, ბარათაშვილი ბიძინა, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 29 ნოემბერი - 5 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

წავიკითხე ტაბულას 33-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატია „ორუელის აჩრდილი“ და აღშფოთებულმა გადავწყვიტე მომეწერა. რომ არა ზურაბ ჯაფარიძის კონკრეტული სვეტი, ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის საერთოდ უცნობი დარჩებოდა სახელმწიფო ბიუროკრატიის ქიმერად გარდაქმნის შესაძლო მომავალი. სამოქალაქო კულტურის არარსებობის გამო, სამწუხაროდ, კანონპროექტების განხილვა მხოლოდ არჩევნებზეა პოპულარული და მსგავსი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანაფიქრები ყურადღებას ნაკლებ იქცევენ.

დამღალა სახელმწიფოს აღმზრდელმა როლმა, რომელიც სულ მეტად და მეტად აძლევს თავს უფლებას, ინდივიდის ცხოვრებაში ჩაერიოს. არქიფო სეთურის „მზრუნველობა“ მხოლოდ „კეთილი“ მიზეზების გამო არ არის საშიში. როცა ჩემ მიერ დაქირავებული სახელმწიფო თავხედდება და პიროვნულ სივრცეში შეჭრის შესაძლებლობას იტოვებს, მე აღარ მაქვს საშუალება ვიყო ინდივიდი.

გავკადნიერდები და სტატიის შინაარსთან დაკავშირებით ავტორს კიდევ ერთ შედარებას შევთავაზებ. მე ამ სტატიას „მორდორის თვალს“ დავარქმევდი, ტოლკიენის ცნობილი ნაწარმოებიდან „ბეჭდების მბრძანებელი“. ბოროტება ყველაფერს აკონტროლებს. არავის შეუძლია დაუძვრეს მის მზერას. სწორედ ასე აკონტროლებს ის ორკებს. ზომბირებულ არსებებს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებზე ყველაფერი იცის, სწორედ ბოროტებაა. კანონპროექტის ავტორებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მე, პირად ინფორმაციას მათაც ვუმალავ, რადგან, როგორც არ უნდა გაუკვირდეთ სოციალისტური წარსულით მოწამლულ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებაშიც ადამიანები არიან.

რუსუდან სუხაშვილი

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„კონფლიქტიდან ორი წლის თავზე, დროა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“.

  • ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა თემთა პალატის დეპუტატებს ლისაბონის სამიტის შესახებ ანგარიში ჩააბარა და საქართველო მაშინ ახსენა, როდესაც NATO-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობაზე საუბრობდა. 22 ნოემბერი

0x01 graphic

„ჩვენ ჩვენი ჩრდილო კორეელი მოკავშირეების გვერდით უნდა ვიდგეთ.“

  • კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენების შეფასებისას სარა პეილინს გლენ ბექის პოპულარულ რადიო გადაცემაში სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ერთმანეთში უნებლიეთ აერია. 24 ნოემბერი

0x01 graphic

„ხვალამდე, ჩემო პედოფილო მეგობრებო!“

  • ნიკოლა სარკოზიმ ლისაბონში NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს ბრიფინგზე ჟურნალისტებით სავსე ოთახს off-the-record (ციტირების გარეშე) პედოფილები უწოდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სარკოზის კორუფციულ გარიგებებზე კომენტარი სთხოვა. პრეზიდენტმა კი მასთან მედია ეთიკის შესახებ არაფორმალური კამათი გამართა. დისკუსიის დროს სარკოზიმ ჟურნალისტს მიუგო: „აი, თქვენ მოგმართავთ; მე არაფერი მაქვს თქვენი საწინააღმდეგო, თუმცა მგონია, რომ პედოფილი ხართ. ეს ჩემი პირადი დასკვნაა. ახლა შეგიძლიათ თავი იმართლოთ!“. 21 ნოემბერი

3 კვირა

▲back to top


21 ნოემბერი

0x01 graphic

  • ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემამ L'Osservatore Romano პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტეს გამოსაცემად გამზადებული წიგნიდან ამონარიდები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანში პაპი აცხადებს, რომ სექს მუშაკისთვის პრეზერვატივის გამოყენება მორალური ცხოვრების დასაწყებად შესაძლოა პირველ ნაბიჯად იქცეს. პაპის პოზიცია შიდს-თან ბრძოლის საკითხებში კი უცვლელი რჩება „კონდომის გამოყენება არ არის მართებული გზა შიდსის დასამარცხებლად. აუცილებელია სექსუალური ცხოვრების გაადამიანურება“. მიუხედავად ამისა, პონტიფექსმა პირველად დაუშვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში პრეზერვატივის გამოყენება შესაძლოა ნაკლები ბოროტება იყოს.

22 ნოემბერი

  • საქართველომ და ევროკავშირმა რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალთა ყოფნისა და დეპორტაციის ვალდებულებებს და პროცედურებს განსაზღვრავს.

23 ნოემბერი

  • საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ესტუმრა. მოლდოვაში ყოფნისას პრეზიდენტმა წყალდიდობისგან დაზარალებული ობილენი დაათვალიერა, რომელიც ქართული მხარის დახმარებით აშენდა. ახალ დასახლებაში საქართველოს ქუჩაც გაიხსნა. მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - რესპუბლიკის ორდენი გადასცეს.

0x01 graphic

  • ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა დააკმაყოფილეს ირლანდიის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. ეს დახმარება ევროზონის ქვეყნების ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

24 ნოემბერი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • ახალ ზელანდიაში მაღაროს აფეთქების შემდეგ მიწის ქვეშ ჩარჩენილი 29 მაღაროელი დაიღუპა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინციდენტს ეროვნული ტრაგედია უწოდა.

  • უკრაინა 2013 წლიდან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ეს გადაწყვეტილება ეუთოს 56 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. წელს თავმჯდომარე ქვეყანა ყაზახეთია. 2011 წელს ხელმძღვანელობა ლიტვას გადაეცემა, ხოლო 2012 წელს - ირლანდიას.

  • გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში აივ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა.

0x01 graphic

  • ლონდონის ქუჩებში ათასობით სტუდენტი გამოვიდა. ისინი მთავრობის გეგმებს აპროტესტებდნენ. მიზეზი სწავლის საფასურის გასამმაგებაა. ნოემბრის თვეში ეს სტუდენტების მეორე მასშტაბური გამოსვლაა. აქციამ ექსცესებით ჩაიარა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციის ოფიცერი. სამი მომიტინგე დაკავებულია.

  • პორტუგალიაში მთავრობის გადაწყვეტილებამ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით მასშტაბური გაფიცვა (ქამრების შემოჭერის პოლიტიკა) გამოიწვია. ქვეყნის მასშტაბით გაფიცვაში მონაწილეობას იღებდნენ სატრანსპორტო საშუალებების, რკინიგზის, აეროპორტების, დასუფთავების სამსახურების, საავადმყოფოებისა და ბანკების თანამშრომლები.

25 ნოემბერი

0x01 graphic

  • დიდი ბრიტანეთის დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი აბუ დაბის ესტუმრნენ. სამეფო წყვილის სტუმრობა არაბეთის ნახევარკუნძულზე 5 დღეს გაგრძელდება, ვიზიტის ფარგლებში მონარქი არაბული ქვეყნების ლიდერებთან ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრებს.

  • ორი აზერბაიჯანელი ბლოგერი გაათავისუფლეს. ემინ მილი და ადნან ჰაჯიზადე 2009 წლის ნოემბერში დააკავეს და ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის მოწყობის გამო დამნაშავედ ცნეს. ბლოგერების მტკიცებით, ისინი ინტერნეტში განთავსებული პოლიტიკური განცხადებებისთვის დააკავეს. აშშ - ის საელჩო ბაქოში მიესალმა ბლოგერების გათავისუფლებას და ამ ფაქტს პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

  • ალასკის ყოფილმა გუბერნატორმა და ვიცე - პრეზიდენტობის კანდიდატმა სარა პეილინმა ამერიკული ტური დაიწყო. მიზანი საკუთარი წიგნის რეკლამაა, რომელიც ახლახან გამოვიდა. წიგნში „ამერიკა, ფიქრები ოჯახზე, რწმენასა და დროშაზე“ იგი მწვავედ აკრიტიკებს ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონს. ამ უკანასკნელს იგი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჩარჩენილს უწოდებს. ახლახან ერთ- ერთი ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში პეილინმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული 2012 წელს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს.

  • ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის 4-დღიანი რეიდები ქალაქის ქუჩებში კრიმინალებთან შეტაკებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებას 15 ადამიანი შეეწირა.

26 ნოემბერი

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, პასიური მოწევისგან ყოველწლიურად მსოფლიოში 600 ათასი ადამიანი იღუპება. WHO-ს მიერ დაფინანსებულმა პირველმა გლობალურმა კვლევამ, რომელიც 192 ქვეყანაში ჩატარდა, გამოავლინა, რომ დაღუპულთა ერთი მესამედი ბავშვები არიან.

  • უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, აიაქსთან სტუმრად 4:0 მოგებულ მატჩში მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა ხაბი ალონსომ და სერხიო რამოსმა მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათები მიიღეს, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიესაჯათ და უკანასკნელი ტურის მატჩს გამოტოვებენ. უეფა ეჭვობს, რომ ფეხბურთელებმა მეორე გაფრთხილება მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს მოთხოვნით, განზრახ მიიღეს. უეფას სადისციპლინო კომისია მომხდარს 30 ნოემბერს საგანგებო სხდომაზე განიხილავს.

0x01 graphic

4 პლასიდო დომინგოს მუსიკა, ფეხბურთი და სიყვარული

▲back to top


არენა

დავით კოვზირიძე ბათუმიდან
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

სტანდარტულ კითხვაზე - როგორ ხარ? - 25 ნოემბრის საღამოს რამდენიმე არასტანდარტული პასუხი მივიღე - ბედნიერი ვარ. ჩემ გვერდით მჯდომმა ხანშიშესულმა კაცმა კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე წაიქვითინა. ბედნიერებისგან.

იმ დღეს ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. დაწყებული ამინდით: დილიდან მოღრუბლული იყო და ყველას წვიმის ეშინოდა, მაგრამ შუადღეს მზე გამოვიდა და ბათუმში დაცხა. დამთავრებული გალა - კონცერტით: ძალიან სადად და გემოვნებით იყო გაკეთებული სცენა, რომელიც მოუხდა ასევე კარგად გაფორმებულ პიაცას და ულამაზესი სივრცე შექმნა. მაღალ დონეზე დაუკრა თბილისის ოპერის სიმფონიურმა ორკესტრმა და ბრწყინვალედ იდირიჟორა იუჯინ კონმა. როგორც ყოველთვის, ქართველმა მომღერლებმა ძალიან გვასიამოვნეს. და პლასიდო დომინგო. სამოცდაათი წლის ადამიანი, რომელსაც თვალები ოცი წლის ბიჭივით უელავს, ძალიან აქტიურია, ეპრანჭება ქალებს, დირიჟორობს და ცეკვავს ტანგოს.

0x01 graphic

დირიჟორი იუჯინ კონი, პაატა ბურჭულაძე და პლასიდო დომინგო

მაესტროს გვიან შევხვდით ინტერვიუზე, მაგრამ მას საერთოდ არ ეტყობოდა გრძელი დღის კვალი. ის აღფრთოვანებული ლაპარაკობდა და რამდენჯერმე გაიმეორა: ამდენი ბედნიერი ადამიანის ნახვით ძალიან ბედნიერი ვარ!

  • რაზე მეტყველებს ის, რომ საქართველომ, პატარა ქვეყანამ, თანამედროვე მსოფლიო საოპერო ხელოვნებას რამდენიმე ვარსკვლავი აჩუქა. მაგალითად დღევანდელი გალა - კონცერტის მონაწილენი?

ეს დიდადაა დამოკიდებული შენს სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე, იქაურ ტრადიციებსა და რასაკვირველია, გენეტიკაზე. საქართველოში უაღრესად საინტერესო ხმები მოვისმინე. სხვათა შორის, ვახშამზე ქართული ცეკვაც ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი. თქვენთან ოდითგანვე სრულდებოდა მრავალხმიანი სიმღერა და ეს ბევრს ნიშნავს. ამიტომაც იმდენი კარგი საოპერო მომღერალი გყავთ, რომ უკვე დათვლაც მიჭირს. ვწუხვარ, რომ დღეს აქ არ იყო ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც შესანიშნავი ხმა და დიდი მომავალი აქვს.

ასე რომ, შედარებით ძველ თაობას, პაატას, ლადოს და ეთერს ღირსეული შემცვლელები ეზრდებათ. ორივე ნინო (მაჩაიძე და სურგულაძე) ბრწყინვალეა. საერთოდ, დღევანდელი საღამო ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. იცით, ხმა ცოტა მისტიკური რამაა და როცა ეს მისტიკა შენკენაა, როცა ყველაფერი გამოგდით შენც და შენს კოლეგებსაც, როცა ბრწყინვალეა ორკესტრი, დირიჟორი, პუბლიკა, მაშინ იქმნება ჰარმონია და ეს ყველასთვის ბედნიერებაა, ჩემთვისაც და ჩემი მსმენელისთვისაც. ადრენალინისგან დავიცალე და ძალიან ბედნიერი ვარ.

  • ქველმოქმედებასთან ერთად, დიდ ყურადღებას უთმობთ დამწყები არტისტების აღმოჩენას და განვითარებას. ვის გამოარჩევდით ახალგაზრდა მომღერლებიდან და ვინ მიგაჩნიათ თქვენს მემკვიდრედ?

ტენორების ძალიან კარგი თაობა მოდის, მაგალითად დიეგო ფლორესი, ან ვიტორიო გრიგოლო. ისინი ყველანი ძალიან ახალგაზრდები და ნიჭიერები არიან, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, ვის როგორ მიიღებს პუბლიკა. ეს გადამწყვეტი ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ტენორიც გამოჩნდება, თქვენ ხომ ასეთი საინტერესო ხმები გაქვთ. ჩემი მემკვიდრე ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ კონკურენცია იმდენად დიდია და თუნდაც ჩემს კონკურსებში ისეთი გამარჯვებულები გვყავს, რომ შემცვლელი აუცილებლად ღირსეული მეყოლება.

  • სულ ცხრა გრემი გაქვთ მიღებული, მეხიკოში თქვენი ქანდაკება დგას, უამრავი წოდება და ორდენი გიბოძეს დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, მექსიკის, ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ - ის ლიდერებმა და მონარქებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რომელი ჯილდოა თქვენთვის უძვირფასესი?

ნებისმიერი ჯილდო სასიამოვნოა, მისი მიღებისას ხვდები, რომ რაღაც კარგს აკეთებ, აკეთებ იმას, რაც ხალხს მოსწონს და ეს განუმეორებელი შეგრძნებაა. თუმცა მთავარი მაინც პუბლიკაა, მისი რეაქცია და ემოციები. როდესაც შენკენ სიყვარული და ბედნიერება მოდის, ამაზე დიდებული არაფერია.

  • თქვენ, ხოსე კარერასი და ლუჩანო პავაროტი (სამი ტენორი) პირველად მსოფლიოს 1990 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის წინ წარსდექით მსმენელის წინაშე. იგივე განმეორდა მომდევნო ჩემპიონატებზე. ფეხბურთი გიყვართ თუ ეს უბრალოდ მაქსიმალურად დიდ აუდიტორიაზე გასვლის მცდელობა იყო?

ფეხბურთი ძალიან მიყვარს. 1950 წლიდან მოყოლებული აქტიური გულშემატკივარი ვარ. მაშინ ჯერ კიდევ რადიოში ვუსმენდი რეპორტაჟებს, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია, ყველგან ვიყავი. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი გამომიტოვებია, მით უმეტეს, რომ გამარჯვების არომატს ვგრძნობდი, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ვემზადებოდი და ასეც მოხდა. სტადიონზე არნახული ატმოსფეროა და ფანების წინაშე გამოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულად მსიამოვნებს.

  • რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?

რეალ მადრიდ!

  • ორშაბათს ელ კლასიკოა ბარსელონაში, რეალი ჩადის. თქვენი პროგნოზი?

რეალი ერთი ქულით წინაა, 33 გოლი აქვს გატანილი და ექვსი გაშვებული, ბარსელონას 33 გატანილი და რვა გაშვებული, კრიშტიანუ რონალდუმ უკვე 15 გოლი შეაგდო, მესიმ - 13, ანუ ისეთი თანაბარი მდგომარეობაა, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ჩემი ნატვრაა რეალმა მოიგოს, მაგრამ თამაში ბარსელონაშია და ფრეც გამახარებს. ბარსა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, მეც სიამოვნებით ვუყურებ და ყველა სხვა გუნდთან წარმატებას ვუსურვებ, თუმცა რეალთან ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. დღეს ეს ორი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში.

  • რა მუსიკას უსმენთ თავისუფალ დროს და ვინაა თქვენი ფავორიტი მუსიკოსი/კომპოზიტორი?

უმეტესად, რასაკვირველია, კლასიკურ მუსიკას ვუსმენ. ძალიან მიყვარს ბახი, ის ჩემთვის განცალკევებულია. კიდევ ოთხ კომპოზიტორს გამოვყოფდი: მოცარტს, პუჩინის, ვერდის და ვაგნერს. მათ ძალიან მრავალფეროვანი და გენიალური რეპერტუარი დაგვიტოვეს. ხანდახან თანამედროვე მუსიკასაც ვუსმენ, უფრო რიტმულს, ბალადებიც მომწონს. ერთადერთი, რასაც ვერ გავუგე, რეპია. ეს არაა სიმღერა, თითქოს პოეზიას ჰგავს, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო შთამბეჭდავი პოეზია ყოფილიყოს.

0x01 graphic

პლასიდო დომინგო

  • გაქვთ თუ არა აუსრულებელი მუსიკალური ოცნება? მაგალითად, ვინმესთან ერთად სცენაზე გასვლა?

მგონი ყველა დიდ ვარსკვლავთან მიმღერია. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ ისაა, რომ მარია კალასთან ერთად ვერ მოვახერხე გამოსვლა და ეს შეგვიძლია ჩემს მუსიკალურ ოცნებად მივიჩნიოთ. ყველა ჩემი კოლეგა განსხვავებული და თავისებურად საინტერესო მომღერალი და ადამიანია, თუმცა ჩემთვის მთავარია ჩემი საქმე ვაკეთო კარგად და რაც შეიძლება დიდხანს.

  • თქვენი მეუღლე, მარტა ორნელასი, 1962 წელს მექსიკის წლის საუკეთესო მომღერლად აღიარეს, თუმცა მან პერსპექტიული კარიერა მიატოვა და მთლიანად ოჯახზე გადმოერთო. როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა?

თავად ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და რომ არასდროს უნანია ამის გამო. მან მითხრა - ძალიან ძნელია ერთად იყო კარგი მომღერალი, ცოლი და დედა. ის აუცილებლად დიდი მომღერალი გახდებოდა, მაგრამ გახდა ჩემი თანამგზავრი, დამცველი, კომპანიონი, მრჩეველი. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, მისი ნიჭი, ერთგულება, მისი გემოვნება ჩემთვის შეუფასებელია და უზომოდ მიყვარს.

5 რუსი კეთილისმყოფელები და უმადური აფხაზები

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ისტორიულ და ქონებრივ საკითხებზე დავების შემდეგ სოხუმსა და მოსკოვს შორის პოტენციური დაძაბულობის მიზეზი თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის რუსეთის მიერ აღმოჩენილი ფინანსური დახმარება და „ინვესტიციები“ ხდება. ადგილობრივი ოპოზიცია აფხაზეთის რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებითა და რუსული თანხების ხარჯვის გაუმჭვირვალობით უკმაყოფილებას გამოთქვამს. სოხუმში რუსეთის მიერ თავს მოხვეულ კორუფციულ სქემებზე საუბრობენ.

„რაც სახელმწიფოს მართვის რუსული სქემები მივიღეთ, ჩვენ მათი ყველა სენი შეგვეყარა. აფხაზეთისა და რუსეთის თანაარსებობა ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივ აქტს ჰგავს. მიღებული სიამოვნების საფასური კი კორუფციის ვირუსისგან ძვირადღირებული და ხანგრძლივი მკურნალობა გახდება“, - ასე აღწერს აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას ჟურნალისტი და ბლოგერი ახრა სმირი.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კორუფციული სქემების შემოღებას ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა მოჰყვა. სიძვირე კი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აფხაზური ეკონომიკის არაკონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

0x01 graphic

კერძოდ, მისი აზრით, მონოპოლისტი რუსული კომპანიის შემოსვლამ აფხაზეთში მეციტრუსეობა ფაქტობრივად დაღუპა. საფრთხეშია ტურიზმი - მუდმივად მზარდი ფასების პირობებში აფხაზეთმა ერთადერთი უპირატესობა დაკარგა, რაც 2010 წლის სეზონის ჩავარდნამ დაადასტურა.

აფხაზური ოპოზიცია სოხუმის რეჟიმისაგან რუსეთიდან შემოსული თანხების გამოყენებაზე ანგარიშს მოითხოვს. ამან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის კონსტანტინ ზატულინის გაღიზიანება გამოიწვია. მისი თქმით, „ამ ეტაპზე აფხაზეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება რუსეთს საკუთარი პირობები უკარნახოს ან რაიმე გადაწყვიტოს მისი თანხმობის გარეშე. ამიტომაც (ოპოზიციის) პრეტენზიები აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ უსამართლოა. ეს ხომ რუსული ფულია“.

ზატულინს პასუხი სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა, ყოფილმა „ვიცე-პრეზიდენტმა“ და ბაღაფშის ხელისუფლების ოპონენტმა რაულ ხაჯიმბამ გასცა. მისი განცხადებით, რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში აფხაზებს ხშირად „უმადურობაში“ ადანაშაულებენ, რადგან „აფხაზეთი ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის ნაწილად მიაჩნიათ“. ზატულინი კი თავისი განცხადებით ცდილობს აფხაზურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას „თავისი ადგილი“ მიუჩინოს. „მთხოვნელის როლში აფხაზეთის ყოფნა რუსეთს ხელს აძლევს“, - დასძენს ხაჯიმბა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები 1 მილიარდ 55 მილიონი რუბლის (დაახლოებით 35 მილიონი დოლარის) ოდენობით დაიგეგმა. „სხვა შემოსავლები“, რაშიც დიდწილად რუსული დახმარება იგულისხმება - 3 მილიარდ 380 მილიონი რუბლის ოდენობით ($112 მილიონი). წელს, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმმა რუსეთისგან სამი მილიარდი რუბლი ($100 მლნ) უკვე მიიღო. ეს თანხები საქალაქო ტრანსპორტზე, გამწმენდ ნაგებობებზე, გაგრის შემოვლითი გზისა და ოჩამჩირე - გალის გზის მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო. თანხების ხარჯვის შემოწმებას ამჟამად რუსეთის საანგარიშო პალატა აწარმოებს.

სოხუმის რეჟიმის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს რუსეთისგან უკვე 5,8 მილიარდ რუბლს ელის. სულ 2010-2012 წლებში აფხაზეთი რუსეთის ბიუჯეტიდან 11 მილიარდ რუბლს - 350 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.

აფხაზური ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსული დახმარების წილი ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს. თუმცა, ოპოზიციური ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუტბა აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი 65%25-ს უახლოვდება. მისი თქმით, „საქველმოქმედო შემოწირულობებზე მუდმივად ცხოვრება დაუშვებელია” და აფხაზეთმა ამ სიტუაციას თავი აუცილებლად უნდა დააღწიოს.

როგორც, თავის მხრივ, რუსული სათვისტომოების კონგრესის ლიდერი გენადი ნიკიტჩენკო აღნიშნავს, ადგილობრივი მოსახლეობა „რუსული ფულის ეფექტს ვერ ხედავს“. მისი თქმით, კრემლის დახმარების თითქმის ნახევარი რუსეთისავე სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურას ხმარდება. ამავე დროს, ცალკეულმა რუსმა ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა აფხაზეთის თითოეულ მაცხოვრებელს უკვე 15 ათასი დოლარის „ვალი დაადეს“.

6 მესამე გზა კავკასიისთვის

▲back to top


პოლიტიკა

საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკური აქცენტი დღეს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე გადის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყანა კავკასიურ კონტექსტში დაანახოს და ჩრდილოეთ კავკასიას განვითარების ე.წ. მესამე გზა შესთავაზოს.

ჩრდილოეთ კავკასიას უკვე კარგა ხანია დენთის კასრს ადარებენ, რომლიდანაც დროდადრო ცეცხლის ალი მოჩანს. 2010 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნამ შედეგი ვერ გამოღო. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმაც ღიად აღიარა, რომ სიტუაცია სამოქალაქო ომს ემსგავსება.

რუსეთის უსაფრთხოების ძალები სასტიკად და დაუსჯელად მოქმედებენ, რაც საპასუხო რეაქციას და სიტუაციის შემდგომ რადიკალიზაციას იწვევს.

ჩეჩნეთში დღეს შექმნილი სიტუაცია 1990-იანი წლებისგან განსხვავდება. მაშინ ანტისახელმწიფოებრივი მიზნები იყო წამყვანი, ახლა ამას რელიგიური, ისლამისტური მიზნები ემატება. პარალელურად, არსებობს მოსაზრება, რომ ჩეჩნური (ისლამისტური) წინააღმდეგობა შარიათის კანონებით რუსეთის ფარგლებში დათანხმდება, რაც სასარგებლო ორივე მხარისთვის იქნება, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებთან არ თავსდება.

პროფესორ გია ნოდიას განმარტებით, იმ ვითარებაში, როცა ჩრდილოეთ კავკასიელები ორი არჩევანის - პუტინი ან რადიკალური ისლამი - წინაშე დგანან, საქართველოს მათთვის ახალი - მშვიდობიანი ევროპული გზის შეთავაზება შეუძლია.

სადისკუსიო ტრიბუნად საქართველომ უკვე შესთავაზა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს კონფერენციები, რომლებიც 2010 წლის მარტსა და ნოემბერში თბილისში ილიას უნივერსიტეტისა და ჯეიმსთაუნის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

ამას გარდა, ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2010 წლის დასაწყისში საქართველოში კავკასიური არხის გახსნა ოფიციალურად გამოცხადდა. თებერვალში პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომიტეტმა ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობის დარეგულირება დაისახა მიზნად. მარტში თბილისში გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ცხადი საქართველოს ახალი საგარეო კურსის იმ მიმართულების შინაარსი, რომელსაც 2010 წლის სექტემბერში სააკაშვილმა, გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას „მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის“ პოლიტიკა უწოდა. ოქტომბერში საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი შემოიღო. ქვეყნის პარლამენტში უკვე შესულია ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი და წინასწარი განცხადებებიც კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი 2011 წლის გაზაფხულზე მიიღებს. ეს ჩერქეზთა საკითხს ახალ - იურიდიულ განზომილებაში გადაიყვანს. საქართველოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მისაბაძი გახდეს ბალტიის სახელმწიფოების პარლამენტებისთვისაც. ეს კი ჩერქეზთა პოლიტიკური ოცნების და მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლის წარმატებულ შედეგად შეიძლება იქცეს. ამასთან, ეს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რომელიც 2014 წელს ოლიმპიადის ჩატარებას სწორედ იმ ტერიტორიაზე აპირებს, სადაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ათასობით ჩერქეზს გენოციდი მოუწყვეს.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ყაბარდო - ბალყარეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სუფიან ჟემუხოვი წერს, რომ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. ჩერქეზთა გენოციდი რუსეთში დისკუსიისთვის მიღებულ და აღიარებულ თემად იქცა. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები 1864 წლის მოვლენებს ჩერქეზი ხალხის ტრაგედიად განიხილავენ. ეს დიდი მიღწევაა იმ წარმოდგენებთან შედარებით, რომელიც დისკუსიებზე მანამდე დომინირებდა. მაშინ ჩერქეზებს როგორც ყაჩაღებს, ისე მოიხსენიებდნენ. თითქოსდა ისინი მშვიდობიან რუსულ ჯარს საზღვარზე თავს ესხმოდნენ.

საქართველოს როლზე საუბრისას უფრო ფრთხილი შეფასებები აქვთ ჩრდილო კავკასიის ნაციონალისტური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მაგალითად ჩერქეზთა კონგრესის ერთ-ერთ ლიდერს რუსლან კაშევს ანაც ადიღეის ჩერქეზთა კონგრესის ხელმძღვანელს მურატ ბერზაგოვს. ამ სიფრთხილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებია. მიუხედავად ამისა, მედიასთან საუბრისას ჩერქეზთა კონგრესის ლიდერები აცხადებენ, რომ განხეთქილება საქართველოს როლთან დაკავშირებით ამ საკითხში ჩერქეზულ ორგანიზაციებს შორის არ არსებობს. აფხაზებისგან ისინი ამ პროცესისადმი, სულ მცირე, ჩუმ თანხმობას ელიან. პარალელურად, მედიაში ჩნდება მოსაზრებები იმაზეც, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკის წარმატებამ არჩევანის წინაშე ოკუპირებული ერებიც კი შეიძლება დააყენოს, რომელნიც დღეს ისედაც რუსეთის მიერ ასიმილირების საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

საქართველოს ახალი - კავკასიური პოლიტიკის კომენტირებისას ჟურნალისტები ხშირად იმ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს, რაც რუსეთისადმი ამ დარტყმის მიყენებამ შეიძლება გამოიწვიოს. ევრაზიანეტი 2002 წელს იხსენებს და წერს, რომ საქართველო რუსეთს იმავე მეთოდით პასუხობს, რაც კრემლმა აფხაზეთსა და ოსეთში გამოიყენა. ევრაზიანეტი იხსენებს, რომ მაშინ რუსეთმა საქართველოს, ტერორისტთა მხარდაჭერის მოტივით, ბრალი დასდო და ქვეყნის ტერიტორიების წერტილოვანი დაბომბვა განახორციელა. თუმცა, ამავდროულად, მედიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთთან ურთიერთობები ისედაც უკიდურესად დაძაბულია.

ქართული ინიციატივების მიმართ ჩრდილო კავკასიელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. მშვიდობიანი კავკასიის ასიმეტრიული პოლიტიკა გააძლიერებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას. საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატულებად ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლისადმი დიდი ყურადღება შეიძლება ჩაითვალოს.

0x01 graphic

7 ახალი რეალობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში

▲back to top


პოლიტიკა

ინტერვიუ თემურ იაკობაშვილთან

გახდება თუ არა ნოემბერში ამერიკაში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნები და პრეზიდენტების, ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანის წინაპირობა? რა პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩად ვიცე - პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა? ამ და სხვა კითხვებზე ტაბულას ესაუბრა თემურ იაკობაშვილი, რომლისთვისაც ახალი დანიშვნა დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებას ნიშნავს - იგი ხომ 1990 წლიდან 2001 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობდა, სადაც სხვათა შორის ამერიკისა და კანადის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2001-2008 წლებში კი ის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის აღმასრულებელი ვიცე - პრეზიდენტი იყო და ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც აქვს.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

  • დიპლომატიურ სამსახურს უბრუნდებით. რით იყო თქვენი დანიშვნა განპირობებული?

ბათუ ქუთელია ძალიან კარგი და ღირსეული ელჩი იყო. იმის გამო, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა იქ სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ფიგურა გაეშვა. ფიგურა არა იმ თვალსაზრისით, რომ მე მაგარი პოლიტიკოსი ვარ - არამედ, როდესაც ვიცე - პრემიერს გზავნი ელჩად, ეს ერთგვარი პოლიტიკური სიგნალის მატარებელია და ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებში გაჩენილ ახალ რეალობებზე პასუხს წარმოადგენს

  • რას გულისხმობთ „ახალ რეალობებში“?

ახალ რეალობებში რამდენიმე კომპონენტია. პირველი ისაა, რომ მსოფლიოში საქართველოს მიმართ ომით გამოწვეულმა დაბნეულობამ ჩაიარა.

ბოლო ორ წელიწადში სამი ძალიან სერიოზული კრიზისი გადავიტანეთ - რუსეთთან ომი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. საქართველო ღირსეულად გამოვიდა ამ კრიზისებიდან. დღეს კვლავ საქართველო გვქვია და ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცა დაიკარგა, არამედ იმაზე, რომ ოკუპაციასთან გვაქვს საქმე.

ომის შემდგომ დადასტურდა ის, რაც ჩვენ ვიცოდით და ერთმანეთში ვლაპარაკობდით - რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელი არ ყოფილა და მისი ჯარი არის საოკუპაციო ძალა. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის მხრიდანაც.

წელს ჩვენთან 6%25-იანი ეკონომიკური ზრდაც აღინიშნა. ამბიცია გაცილებით დიდია, თუმცა ეს ციფრი, რაც გვქონდა, იმასთან შედარებით პროგრესის მანიშნებელია. შევძელით ისიც, რომ წელს ჩავატარეთ, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ღირსეული არჩევნები. ეს რეალობის ერთი ბლოკია და ხსენებული ფაქტორები მსოფლიოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

მეორე კომპონენტი ისაა, რომ ობამა აღარ არის ახალი პრეზიდენტი. მან უკვე მიიღო გამოცდილება. ის შეხვედრა, რომელიც ახლახან გაიმართა ორ პრეზიდენტს შორის, არ იყო მხოლოდ სიმბოლური. მე ვიყავი ამ შეხვედრაზე და საკმაოდ დეტალურად იყო საუბარი იმ თემებზე, რომელიც განსახორციელებელია.

მესამე ფაქტორი კი, ამერიკის არჩევნები და კონგრესში და სენატში ახალი ხალხის მოსვლაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ორივე პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორობა სახელმწიფო ინტერესების ბაზაზეა აგებული, ანუ ემთხვევა საქართველოსა და ამერიკის ინტერესები და არა ცალკე აღებული პოლიტიკური ელიტების ინტერესები.

ეს ყველაფერი კომბინაციაში იძლევა შესაძლებლობას, რომ ის საქმე, რაც წამოწყებული იქნა საქართველოსა და ამერიკას შორის ქარტიის გაფორმებით, განხორციელების აქტიურ ფაზაში გადავიდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა სხვანაირი ძალების მობილიზაცია და განსხვავებული მიდგომები. ეს ყველაფერი კი, საკადრო გადაწყვეტილებებზეც აისახება.

  • ამერიკის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის?

ის, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა გააქტიურდა, ფაქტია. ჩვენთვის იცით რა არის მნიშვნელოვანი? უნდა შევხედოთ, თუ რა პოლიტიკური დისკურსის ნაწილია საქართველო. აქამდე ჩვენ ვიყავით ერთი პოლიტიკური დისკურსის ნაწილი, რომელსაც სახელად ერქვა თავისუფალი და გაერთიანებული ევროპა. მე მიმაჩნია, რომ ის თვისებები, რაც საქართველოს აქვს შეძენილი საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის და პოლიტიკის გამო, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე თავისუფალი და მთლიანი ევროპის კონტექსტი.

ჩვენ უკვე დემოკრატიზაციის კონტექსტში მოვიაზრებით, როგორც ამის წარმატებული მაგალითი. ასევე მოვიაზრებით ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ენერგოუსაფრთხოების, ავღანეთის კონტექსტში - როგორც მონაწილეობის, ასევე ტრანზიტის თვალსაზრისით; ასევე სატრანზიტო დერეფნის, თურქეთთან, რუსეთთან და ირანთან ურთიერთობის კონტექსტში. ჩვენ ვჯდებით გლობალური უსაფრთხოების ისეთ კონტექსტში, როგორიცაა ტერორიზმი. რაღაც ტერორისტულ სენდვიჩში ვართ - ზემოდან ჩრდილო კავკასია, ქვემოთ ახლო აღმოსავლეთი.

მე იმის თქმა მინდა, რომ ეს დისკურსი, რომელიც მოიაზრება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ცოტა მოძველებულია. ახალი თვისებები, რის გამოცაა საქართველო საინტერესო, ჯერ სათანადოდ წარმოჩენილი არ გახლავთ. თუმცაღა სიახლის შეგრძნება აშკარად არის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამის დანახვა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა მიმართულებით აპირებთ აშშ - ში მუშაობას?

მე ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიყვანო ქართულ - ამერიკული ურთიერთობები. აქ არის ორი ძირითადი ელემენტი, პირველი - ქარტიის განხორციელება და მეორე - საქართველოს ახალ კონტექსტებში ჩასმა და ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

  • ნელ-ნელა ევროატლანტიკურ ლექსიკონში აფხაზეთისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის მიმართ მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია. როდის გადავა დასავლეთი რეალობის სწორი აღწერიდან მისი შეცვლის პოლიტიკაზე?

მსოფლიოში რუსეთთან ურთიერთობის სამი მეთოდოლოგია არსებობს. ისტორიულად ასეა. ესენია - კონფრონტაცია, დაყვავება- დათმობა და მცდელობა, რომ რუსეთი ჩართო პროცესებში და ამ გზით გახადო მისი ქცევები უფრო პროგნოზირებადი და ცივილიზებული. მსოფლიოს ურთიერთობა რუსეთთან ძირითადად ამ სამი თარგის მიხედვით მიმდინარეობდა ხოლმე. ხანდახან ეს კომპილაცია, ხანდახან ერთ-ერთი მათგანი იყო.

თუ გვაინტერესებს, რომელია ამათგან ყველაზე წარმატებული - ალბათ, ეს გახლდათ კომბინაცია ჩართულობისა და დაპირისპირებისა. კლასიკური ამ თვალსაზრისით რეიგანის ეპოქა იყო. მშვენივრად გვახსოვს, რომ ღია კონფრონტაცია რუსეთთან კარგად არასდროს დამთავრებულა - არც გერმანელებისთვის, არც ფრანგებისთვის, არც თურქებისთვის, არც იაპონელებისთვის... და ყველაზე ეფექტიანი გამომდგარა კონფრონტაციის დიპლომატიურად წარმართვა და მცდელობები, რომ რუსეთი ჩართო უფრო ფართო პროცესებში. ვფიქრობ, დღეს მსოფლიო ცდილობს რუსეთთან ასეთი პოლიტიკა აწარმოოს.

მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, თუ ამერიკა, ევროპა და რუსეთი ერთმანეთთან ურთიერთობას დაათბობენ. ეს დათბობა საქართველოს ხარჯზე არ ხდება. მეტიც, საქართველოს საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში და რუსეთთან უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები ამგვარად არ წარმოჩნდეს - ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემა რუსეთთან აქტიური დისკუსიის საგანი იყოს.

ზედმეტი ოპტიმიზმი არ მახასიათებს, ეს თემა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. თვითონ მედვედევის სიტყვებს გავიმეორებ, ის ამბობს, რომ შეუთანხმებლობის ძირითადი ელემენტი საქართველოა. სრულფასოვანი თანამშრომლობა კი მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებში მოიაზრება. საქართველო უბრალოდ ერთ-ერთი თემა არაა. ის არის ყველაზე სერიოზული უთანხმოების თემა.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამ თემის კიდევ უფრო აქტივიზაცია და იმის მცდელობა, რომ რუსეთიმა - დასავლეთთან ჩახუტებით იქნება, თუ მეტი ინტეგრაციით - შეცვალოს თავისი დამოკიდებულება მეზობლებთან და ცივილურ ურთიერთობებზე გადავიდეს.

8 სირბილი წრეზე

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

გასული კვირის პოლიტიკურმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქართული ოპოზიცია ჩიხშია. დაქსაქსულობამ და სამოქმედო გეგმების არარსებობამ ოპოზიციურ ძალებს მხარდამჭერები დაუკარგა და გამოსავლის ძიების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

რადიკალურ და პრორუსულ ფლანგზე ოპოზიციური ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვებას სამი ძალა ცდილობს. ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი, კოკა გუნცაძე და სხვები პოლიტიკური ბრძოლის იმავე მდინარეში ახალი - ქართული პარტიის სახელით აპირებენ შესვლას. მსგავს ელექტორატზე და ბრძოლის ფორმებზე იყო გათვლილი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაცოცხლების მცდელობა, რომელიც გასულ კვირას საზოგადოებას „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ სახელით შესთავაზეს. ამ ფლანგზე იბრძვის ექსპრემიერი ნოღაიდელიც. ამ უკანასკნელმა თავის დროზე რუსეთის პრემიერ პუტინთან შეხვედრა ნინო ბურჯანაძესაც კი დაასწრო. მიუხედავად იდეოლოგიური თანამოაზრეობისა, პოლიტიკური ამბიციები ამ ძალების გაერთიანების გზაზე გადაულახავ წინაღობად იქცა.

პოლიტიკურ პროცესებში მეორე ნაპირზე აღმოჩნდა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გაურბის. დიალოგის თემა და შესაბამისად, მთავრობის შეცვლის მათ მიერ არჩეული გზა არჩევნების სამართლიანობის მიღწევა და მასში მონაწილეობაა. ხელისუფლების ცვლილების ფორმების გარდა ამ პარტიებისთვის (ქრისტიან-დემოკრატები, ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ახლები თუ სხვები) საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც საერთოა. თუმცა გაერთიანება ე.წ. ზომიერთა ფრთა მაც ვერ მოახერხა. მეტიც, ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული შედეგის შემდეგ ამ ფლანგში არსებული ერთადერთი ერთობა - ალიანსი საქართველოსთვის - გაძლიერების ნაცვლად, დაიშალა. ახლა მისი ყოფილი წევრები დამოუკიდებლად ცდილობენ პოლიტიკურ დინებებში გარკვევას.

ამ ორი ფლანგის გარდა ოპოზიციურ სპექტრში იკვეთებიან პოლიტიკური ნიშის მაძიებელი შედარებით ნაკლებ რესურსიანი პარტიები - მაგალითად ეროვნული ფორუმი, რომელიც ხან საარჩევნო ცვლილებებს ამზადებს და ხელისუფლებასთან დიალოგს მართავს, ხან კი სახალხო კრებას ესწრება. სახალხო კრების წიაღში ადგილს სახალხო პარტია, კონსერვატორები, შაშიაშვილის „თეთრები“ და სახალხო კრების დამფუძნებლებიც ეძებენ. ცალკე თემაა ლეიბორისტული პარტია, რომელიც ერთგული ელექტორატის იმედად, ალიანსებში გაერთიანებას მუდმივად გაურბის.

შედეგად, 2010 წლის ნოემბრისთვის ქართული ოპოზიცია ჩიხში აღმოჩნდა. ოპოზიციურ ელექტორატს მინიმუმ 17 ალტერნატივა აქვს ასარჩევი. ალტერნატივათა სიმრავლე კი მხარდამჭერთა მეტად იმედგაცრუებულთა რიცხვს ამრავლებს - ამის ნიშანი გასულ კვირას სახალხო კრებაზე მისული ხალხის განწყობაც გახლდათ.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

9 რატომ ვზრდით სიღარიბეს ხელოვნურად?

▲back to top


ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი

0x01 graphic

რამდენიმე დღის წინ მანქანაში რადიოთი სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოსვლა ერთმანეთის მიყოლებით მოვისმინე. აშკარად თბილისის საკრებულოს სხდომას გადმოსცემდნენ, სიტყვით გამომსვლელები თბილისის ბიუჯეტზე საუბრობდნენ. დასაწყისში თითოეული მათგანი უგულავას რაღაცის გამო მადლობას უხდიდა, შემდეგ თბილისის ბიუჯეტს აკრიტიკებდა. 7 წუთში სამივე ბევრ თემას შეეხო, მაგრამ ერთი საერთო წუხილი აშკარად გამოიკვეთა. პოლიტიკოსებს გაჭირვებულებისათვის დასარიგებელი ფულის სიმცირე აწუხებდათ. ერთ-ერთმა თქვა, არ ვითხოვ ას დოლარ პენსიას, „საარსებო მინიმუმის“ ტოლი მაინც იყოსო.

მეც მაწუხებს საარსებო მინიმუმის საკითხი. ალბათ სხვა შემთხვევაშიც შემაწუხებდა, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებული მიზეზი მაქვს. თითქმის ერთი წელია, საარსებო მინიმუმის დათვლა მევალება. ამიტომ ალბათ მმართებს კიდეც საჯაროდ შევეცადო გავარკვიო „საარსებო მინიმუმის“ სახელით ცნობილი საზომი ერთეულის შინაარსი და პრობლემები.

რამდენიმე ფაქტი საკმარისი იქნება ამ საზომი ერთეულის მნიშვნელობის შესაფასებლად. ფრაზა მოხსენიებულია საქართველოს კონსტიტუციაში, ამიტომ მის გაანგარიშების წესს სპეციალური კანონი ეძღვნება. კანონი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილების გასაგებად და ღარიბი ნაწილისათვის მიზნობრივი დახმარების პოლიტიკის გატარებისათვის.

შეიძლება ფრაზა „საარსებო მინიმუმს“ ჰქონდეს ორიენტირის მნიშვნელობა პროფესიონალი სტატისტიკოსისათვის ან მეცნიერისათვის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის, დამეთანხმებით, შეუძლებელია. „საარსებო მინიმუმი“ ჟღერს, როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელი შემოსავლის საზომი. ამ შემოსავალზე ნაკლები, შიმშილობის გამო სხეულის წონის შემცირებას და შემდეგ სიკვდილს უნდა იწვევდეს.

ამიტომაც ლოგიკურად და ლეგიტიმურად ჩანს პოლიტიკოსების სურვილი, ამომრჩეველს აჩვენონ თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლის მაგალითი. არათუ პოტენციური დახმარების მიმღები ღარიბი, არამედ გადასახადის გადამხდელი შეძლებული ამომრჩეველიც ბუნებრივია დადებითად განეწყობა, როდესაც პოლიტიკოსები ითხოვენ გადასახადის სამართლიან გადანაწილებას. რა შეიძლება იყოს შიმშილის და არსებობის საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის დახმარებაზე უფრო სამართლიანი? ამიტომაც არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების მოთხოვნა, მიზნის მისაღწევად მეტი ფულის ხარჯვაა.

მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ბოლო 5 წლის მანძილზე ე.წ. სოციალური ხარჯები გაზარდა 6-ჯერ, ხოლო ამ პერიოდის ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით 4-ჯერ. ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაორმაგდა. შესაბამისად, მთავრობას აქვს სურვილი, აჩვენოს, რომ გატარებულმა პოლიტიკამ გამოიღო გაზომვადი შედეგი. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული სპეციალური კვლევები აჩვენებს, რომ სიღარიბე შემცირებულია. სიღარიბის შემცირების მიზეზად ღარიბებისათვის მიზნობრივად გაწეული დახმარება და მოხუცებულებისათვის არამიზნობრივი, მაგრამ მიზნობრივთან შედარებით თითქმის 6-ჯერ დიდი საპენსიო პროგრამაა. ამიტომ ბუნებრივია მთავრობის სურვილი, სოციალურ სფეროში წარმატება პატრულისა თუ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მსგავსად აღიარებული იყოს.

სტატისტიკის სამსახური ორ შინაარსობრივად დაკავშირებულ მონაცემს იკვლევს და მათ ცვლილებას აკვირდება. პირველია საარსებო მინიმუმი, რომლის ძირითადი შემადგენელია სასურსათო კალათა. კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისაგან, რომლის საშუალო საბაზრო ფასის გარკვევის შედეგად დგინდება რა ჯდება კვება. კვება მიჩნეულია მოხმარების 70%25-ად, ხოლო დანარჩენ 30%25-ს ეწოდება „არასასურსათო ხარჯები“.

მეორე მონაცემია შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები დგინდება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შესაძლებელია განვალაგოთ შემოსავლების ზრდის მიხედვით, დავაჯგუფოთ და გავიგოთ თითოეული ჯგუფის შემოსავალი. თუ მოსახლეობის შემოსავალი და არსებობისათვის საჭირო მინიმუმი ცნობილია, მარტივად ვიგებთ რამდენ ადამიანს აქვს არსებობასთან დაკავშირებული პრობლემა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების სიზუსტეში დარწმუნებული ადამიანი ჯერ არ მინახავს, მაგრამ საინტერესოა მიკერძოების მიმართულება. საჯარო სტატუსიდან და საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამომდინარე, მასზე ხელისუფლების გავლენა ლამის დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევა. მთავრობა ოფიციალურ სტატისტიკას იშვიათად იყენებს ან ცდილობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ალტერნატიული კვლევით მის გამყარებას. მოწინააღმდეგე მხარე თვლის გაყალბებულად, თუმცა, თუ გაყალბების მიუხედავად სტატისტიკური მონაცემები მაინც საკმარისია მისი პოზიციის გასამყარებლად, მაშინ ოფიციალური სტატისტიკა ეჭვს აღარ იწვევს და ფაქტად გადაიქცევა.

სპეციალისტებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებაში რიგი შეცდომები ეჭვს არ იწვევს. შეუძლებელია მოხმარებული პროდუქტების ჩამონათვალი ხელმოკლე ოჯახებში სეზონურად არ იცვლებოდეს. მეორე, შეუძლებელია ამ პროდუქტების ფასები იყოს გაზომილი ისე, თითქოს საკვებ პროდუქტებს სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანები ერთნაირ ფასად ყიდულობდნენ. მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ დადგენილი პროდუქტების ჩამონათვლიდან თუ რომელიმე პროდუქტის ფასი გაიზარდა და აისახა სასურსათო კალათის ღირებულებაზე, ის ასეთივე პროპორციით აისახება ოჯახის ხარჯებზე. რადგან ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ხარჯების ოპტიმიზაცია, ისეთ შემცვლელ პროდუქტს შეიძენს, რომლის ფასი არ შეცვლილა.

კიდევ უფრო ნათელი პრობლემებია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები საოცრად დაბალია. შინამეურნეობები 2.5-ჯერ ნაკლებს მოიხმარენ ვიდრე საქართველოში იქმნება პროდუქცია. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით გვაქვს რეალობის ორმაგად დამახინჯებული სურათი: საარსებო მინიმუმი შეცდომით გაზრდილია, მოსახლეობის შემოსავლები - შეცდომით შემცირებული.

კიდევ უფრო ნათელი პრობლემებია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები საოცრად დაბალია. შინამეურნეობები 2.5-ჯერ ნაკლებს მოიხმარენ ვიდრე საქართველოში იქმნება პროდუქცია. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით გვაქვს რეალობის ორმაგად დამახინჯებული სურათი: საარსებო მინიმუმი შეცდომით გაზრდილია, მოსახლეობის შემოსავლები - შეცდომით შემცირებული.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

გთავაზობთ ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე მხოლოდ საღ აზრზე დაყრდნობით შევაფასოთ, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით.

1 კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა საარსებო მინიმუმის ნახევარი შემოსავლის შემთხვევაში?

ჩემი სავარაუდო პასუხია ექვსი თვე.

2 კითხვა: რამდენ საქართველოს მოქალაქეს აქვს საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლები შემოსავალი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით?

ოფიციალური სტატისტიკის პასუხი: საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლები შემოსავალი დაახლოებით 1,500,000 ადამიანს აქვს.

ინფორმაციისათვის: საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი დაახლოებით 2,500,000 ადამიანს აქვს. რაც ყველაზე მეტად დაუჯერებელია, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის შემოსავალი საარსებო მინიმუმის 15%25-ია.

თუ ამას გონიერი ადამიანი დაიჯერებს, მაშინ მან უნდა დაიჯეროს, რომ გაზაფხულამდე საქართველოს მოსახლეობა, სულ ცოტა, ნახევარი მილიონით შემცირდება.

შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს ქვეყანაში რომელიმე კონკრეტულ მომენტში არავის შია ან არასრულფასოვნად არ იკვებება, მაგრამ ჭორადაც არ გამიგია, რომ სადმე საქართველოში ვინმე შიმშილით გარდაცვლილიყო.

სტატისტიკაში ერთი წლის წინ რეფორმა დაიწყო. ცდილობენ გამოასწორონ შეცდომები, რომლებიც 1996 წლის შემდეგ დაგროვდა. მაგრამ რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობს. რაციონალურ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება წარსულის ფეხებზე დაკიდება და კვლევების სწორი მეთოდოლოგიით პუნქტუალურად კეთება?

სამწუხაროდ, რადიკალურ რეფორმას ობიექტურ ფაქტორებზე მეტად სუბიექტური უშლის ხელს. მაგალითად, რადიკალური რეფორმის საწინააღმდეგო არგუმენტი შეიძლება იყოს ახალი და ძველი წესით მიღებული ინფორმაციის შედარებადობა. ანუ თუ დღევანდელი წესით სტატისტიკას ვაწარმოებთ 1996 წლიდან და მეთოდოლოგიას შევცვლით, ახალი მონაცემები (მერე რა, რომ უფრო ზუსტი) აღარ იქნება შედარებადი ძველ (მერე რა, რომ არაზუსტ) მონაცემებთან. ამიტომ შეუძლებელი გახდება ე.წ. დროით მწკრივზე ანუ ცვლილებაზე დაკვირვება.

ხელის შემშლელი მოსაზრება ასეთია: თუ საარსებო მინიმუმისა და ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის კვლევის მეთოდოლოგია შეიცვალა, კვლევების ხარისხი გაუმჯობესდა და ახალი მონაცემები ძველისაგან მკვეთრად განსხვავებული, ღმერთმა დაიფაროს და, უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი აღმოჩნდება, მაშინ დაგვბრალდება ხელისუფლების დაკვეთით მუშაობა.

ვფიქრობ, სხვადასხვა სახის შიშის მიუხედავად, ცვლილებას ალტერნატივა არ აქვს. ცვლილების გარეშე ვერასოდეს გავიგებთ:

  • მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს;

  • საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობას; მართლა ღარიბებს ვახმართ ბიუჯეტის სახსრებს თუ შეძლებული ოჯახები უფრო მეტად სარგებლობენ?

  • რამდენი ფული გვაქვს გადასახდელი, რათა ჩვენ ირგვლივ ნამდვილად არავინ შიმშილობდეს, უნარიან შვილს განათლების გარეშე არ ტოვებდეს და სამედიცინო დაზღვევაში ფულის გადახდას ვერ ახერხებდეს?

ჩემი აზრით, ამ კითხვებზე სწორი პასუხების ცოდნის შემთხვევაში შეიძლება სიღარიბეზე, ბიუჯეტის ხარჯების ზომაზე და დასახმარებელთა შერჩევაზე დისკუსია და რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

10 ყივჩაღები სამხრეთ აფრიკიდან

▲back to top


ეკონომიკა

0x01 graphic

ბური ფერმერები საკუთარი ინვესტიციებით საქართველოში დასახლებას აპირებენ: დეკემბერში ექსპერტები ჩამოვლენ, შეისწავლიან საქართველოს შიდა და საგარეო ბაზარზე მოთხოვნას და გადაწყვეტენ, ღირს თუ არა ქვეყანაში კაპიტალის დაბანდება. საქართველოს მთავრობა თანახმაა, ბურებმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში საკუთარი ექსპერტიზა დანერგონ.

ბურები სამხრეთ აფრიკაში 200 წლის წინათ დასახლდნენ. ისინი ჰოლანდიელების შთამომავლები არიან და აფრიკაანსულად საუბრობენ. სიტყვა ბური ამ ენაზე ფერმერს ნიშნავს, ძველჰოლანდიურად კი - გლეხს.

1899 წელს ბურებს ინგლისელებმა შეუტიეს. ანგლო - ბურების სამწლიან ომში ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, ნიკო ბაგრატიონი მოხალისედ, ბურების მხარეს იბრძოდა. მამაცობისა და შეუპოვრობისათვის მას პოლკოვნიკობაც კი მიანიჭეს. ნიკო ბაგრატიონი დღემდე ნიკო ბურის სახელით არის ცნობილი.

აფრიკაში ბურებს პრობლემები არ ელევათ. ისინი უმცირესობაში არიან და მსოფლიოში რასობრივად მოტივირებული ძალადობის ყველაზე ხშირ სამიზნეს წარმოადგენენ: 1994 წლიდან - მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი გაუქმდა - დღემდე 3 ათასი ბური ფერმერი მოკლეს. რესპუბლიკის მთავრობა ძალადობის ამ ფაქტებს აკანონებს: ახალი კანონმდებლობით, მიწის 30%25 ბურებს ჩამოერთმევათ და მთავრობის შავკანიან მხარდამჭერებს გადაეცემათ.

უახლოეს წარსულში რამდენიმე ათასი ბური ფერმერი უკვე ზიმბაბვედან იძულებით გამოყარეს. ისინი ზიმბაბვეს მთელი მოსახლეობის გამოკვებას და მორჩენილი პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტირებას ახერხებდნენ. მათ გარეშე ზიმბაბვე ეკონომიკური კოლაფსის პირასაა და შიმშილის დასაძლევად, უცხოურ დახმარებებზე სრულად დამოკიდებული გახდა.

ბურების ექსპერტიზა ვრცელდება მეცხოველეობას, მიწათმოქმედებასა და ღვინის წარმოებაზე: სხვადასხვა გათვლით, ერთი ბური ფერმერი საშუალოდ 1500 კაცის გამოკვებას ახერხებს.

ამ ექსპერტიზის იმპორტირება საქართველოს მთავრობას სურს. ის აპირებს ქართლსა და კახეთში აუთვისებელი დაუმუშავებელი მიწები სიმბოლურ ფასად დაუთმოს ბურებს იმ პირობით, რომ მომდევნო წლებში ისინი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დააბანდებენ. თავიდან საქართველოში 10-20 ფერმერი ჩამოვა. ემიგრანტობის მოსურნე ბურების შეფასებით, საქართველოში ათასზე მეტი ფერმერი ჩამოსახლდება. ერთ- ერთმა მათგანმა, პიეტ კემპმა The Independent-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ენის, კლიმატური პირობებისა და მეთოდების მიუხედავად, მზად არის გარისკოს: თუ ჩამოვალ, საქართველოში ახალი სამხრეთ აფრიკის შენებას არ დავიწყებ. ქართველი გავხდები.

მსგავსი განწყობის მიუხედავად, ბურების საქართველოში დასახლების იდეას კრიტიკოსები არ ელევა. მთავარი არგუმენტია, რომ თუ ბურები შემოიტანენ ფულს და ტექნიკას, მაღალხარისხიან პროდუქციასაც აწარმოებენ და ქართველი გლეხების უმეტესობა გაკოტრდება.

არგუმენტი მსჯელობაში არათანმიმდევრულია. საქართველოში საოჯახო ტიპის მეურნეობები ჭარბობს და ამიტომ მოგებაც ნაკლები მოაქვს: საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში, 2006-2009 წლებში, საშუალოდ 7%25-ს არ აღემატება. ბურების ექსპერტიზა საერთაშორისო ბაზარზე კარგად ცნობილია. საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი კი საოჯახო ტიპის მეურნეობის კონკურენტი ვერ იქნება. ეს ორი სხვადასხვა სფეროა.

მეორე მხრივ, თუ ფერმერს საკუთარი ოჯახის შენახვა უჭირს - რომ აღარაფერი ვთქვათ პროდუქციის შიდა ბაზარზე ან ექსპორტზე გატანაზე - ის უბრალოდ წარმატებული არ არის ამ სფეროში და სხვა საქმიანობას უნდა მოკიდოს ხელი. იმისათვის, რომ ფერმერმა დასაქმება უფრო წარმატებულად შეძლოს, ქვეყნის ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. ეკონომიკის ზრდისთვის კი აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, სულ მცირე, ორი პირობა: ექსპორტმა გადააჭარბოს იმპორტს და ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს.

საქსტატის ცნობით, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ბალანსი უარყოფითი - 2.41 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 5%25-ით მეტია. ამავე უწყების ინფორმაციით, 2010 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%25-ით შემცირდა. თუ შარშან იანვარ-ივნისში 291.2 მილიონი დოლარი შემოვიდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში შემოსავალი მხოლოდ 272.6 მილიონი დოლარი იყო. ბურების ინვესტიცია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგის, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარების პირობა შეიძლება გახდეს.

კრიტიკოსები სხვანაირად ფიქრობენ: საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარების ძირითადი წინაპირობა, მათთვის, მთავრობის მხრიდან ქართველ გლეხებზე გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 50%25-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით ახდენს მათ სუბსიდირებას. ეს აუცილებელი ხდება, რადგან სოფლის მეურნეობის დარგი იმდენად განუვითარებელია, რომ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი უჭირს. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2006-2009 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ საშუალოდ 2.2 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე მხრივ, ყველაფრის იმპორტირება უბრალოდ შეუძლებელია. შედეგად, ქამრების მოჭერის პოლიტიკის მიუხედავად, თბილისის ბიუჯეტში ჩადებული ეკონომიკის პროგრამა 637 ათასი ლარით გაიზარდა. სულ, მცირე და საშუალო ბიზნესებზე იაფი სესხების გაცემას და დამწყები ბიზნესმენების ტრენინგებსა და ბიზნესკონსულტაციებს, 2011 წელს 5.3 მილიონი ლარი მოხმარდება.

ცხადია, რომ მთელი ეს თანხა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს ვერ გასწვდება. თანაც, სესხის გაცემას მათზე აქვს აზრი, ვინც საბოლოოდ მის დაფარვას შეძლებს. ამდენად, სახელმწიფოს მოუწევს გამოარჩიოს უფრო ეფექტიანი და ნაკლებ ეფექტიანი ქართველი გლეხები და შერჩევითად დააფინანსოს. ბურების შემთხვევაში მხოლოდ ის იცვლება, რომ მეტად და ნაკლებად კონკურენტუნარიან გლეხებს ბაზარზე კონკურენცია გამოარჩევს. თანაც, ამ პროცესში საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი დაიზოგება და ვალის დაფარვას ან დეფიციტის შევსებას მოხმარდება, რაც თავის მხრივ ისევ ეკონომიკას გააჯანსაღებს.

სახელმწიფოსაც მეტი თანხა დარჩება, სამიზნე ტრენინგ პროგრამები დააფინანსოს და ქართველ გლეხებს ბურების მიერ შემოტანილი თანამედროვე ტექნიკა შეასწავლოს. ამით სახელმწიფო ქართველი გლეხების კონკურენტუნარიანობასაც გაზრდის და ფულსაც უფრო ეფექტიანად დააბანდებს. ტექნიკის ათვისების შემდეგ, შემცირდება ფიზიკური შრომის წილი წარმოებაში. შესაბამისად, შემცირდება ფასიც და საქართველოში წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდება. ეს გაზრდის ექსპორტის მოცულობას. მთავრობის მიერ ამგვარად დაბანდებული ფული გლეხებისთვისაც უფრო მომგებიანი იქნება: მათ ფულის დაბრუნება არ მოუწევთ.

ამ ეტაპზე ჯერ ცნობილი არ არის რამდენი ბური ჩამოსახლდება საქართველოში. სამხრეთ აფრიკაში სულ 41 ათასი ოჯახი ანუ 150 ათასამდე ბურია.

11 ქაოსი ნახევარკუნძულზე

▲back to top


მსოფლიო

ორი კორეა

0x01 graphic

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ორჯერ გააკვირვა მსოფლიო. ჯერ ამერიკელი მეცნიერები მიიწვია ქვეყანაში და ულტრათანამედროვე ატომური რეაქტორი აჩვენა, შემდეგ კი სამხრეთ კორეის დასახლებული კუნძული არტილერიით დაბომბა. ინციდენტს სამხრეთ კორეის მხრიდან ორი სამოქალაქო და ორი სამხედრო პირი შეეწირა. სამხრეთელებმა ჩრდილოელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და სამხედრო ბაზები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. კუნძულ იონპიონის დაბომბვა ჩრდილოეთ კორეის პირველი გამოხტომა არ არის. მარტში მათ ამ კუნძულისვე შორიახლოს სამხრეთ კორეის სამხედრო გემი ჩაძირეს, რასაც 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა.

ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის აგრესიული ქმედებების ერთი მიზეზი ძალაუფლების გადაცემა შეიძლება იყოს. ჯანმრთელობაშერყეულმა კიმ ჩენ ირმა მომავალ ლიდერად უმცროსი ვაჟი კიმ ჩენ იუნი დაასახელა. უმცროს კიმს სამხედრო გამოცდილება არ აქვს, თუმცა უკვე გენერალია. შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას სურს მსოფლიოს დაანახოს, რომ ხელმძღვანელობის ცვლილების მიუხედავად ისევ ის ძლევამოსილი ქვეყანაა.

შესაძლებელია ჩრდილოელებს სამხრეთელი მეზობლებისა და ამერიკისგან გარკვეული დათმობების მიღება სურდეთ. როდესაც მათ სჭირდებოდათ მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომა, ყოველთვის მსგავსი საქციელით იპყრობდნენ ყურადღებას, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა სიახლეა. ატომური რეაქტორის არსებობის გამხელაც სავარაუდოდ დახმარების მიღების სურვილით აიხსნება. ჰუმანიტარული დახმარება ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის მთავარი საყრდენია, სამხრეთელები კი მეზობლებს სულ უფრო და უფრო ნაკლებ ბრინჯს უგზავნიან, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ კი შესაძლოა საერთოდ შეუწყვიტონ. ჩრდილოეთის ერთადერთი მხარდამჭერი ჩინეთია, რომელიც გაეროს სანქციების დარღვევით ეკონომიკური თვალსაზრისით კორეის ტოტალიტარულ რეჟიმს ინარჩუნებს. ჩინეთს ჩრდილოეთ კორეა რეგიონში ამერიკის საპირწონედ სჭირდება. კიმ ჯონგ ილის რეჟიმი წარმოადგენს ბერკეტს სამხრეთ კორეისა და იაპონიის წინააღმდეგაც.

მიუხედავად სიტუაციის გამწვავებისა, კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომამდე ესკალაცია ნაკლებ სავარაუდოა. სამხრეთ კორეისთვის ომი დამანგრეველი იქნება. დედაქალაქ სეულზე, რომელიც საზღვრიდან 100 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს, დამიზნებულია ჩრდილოეთ კორეის მთელი სამხედრო არსენალი. თავად ჩრდილოეთში დასანგრევი ცოტა რამ დარჩა, თუმცა ომი ბოლოს მოუღებდა ტოტალიტარულ რეჟიმს.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

კუნძულის დაბომბვამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეას გარე დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლია. აგრეთვე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი გლობალურ პოლიტიკაში პასუხისმგებელი აქტორის მაგივრად, ზოგიერთ შემთხვევაში, პრობლემის ნაწილს წარმოადგენს. ზოგი მიმომხილველის აზრით, ამერიკის მხრიდან მოლაპარაკებებზე დათანხმება სისუსტის გამოვლინება იქნებოდა, რადგანაც ჩრდილოეთ კორეა მიეჩვია აგრესიის სანაცვლოდ დათმობების მიღებას. ამას გარდა, გამოჩნდა პრობლემები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხშიც. საეჭვოა, ჩრდილოეთ კორეას თანამედროვე ბირთვული რეაქტორის აშენების ფინანსური სახსრები ან უკვე აშენებულის მართვის ინტელექტუალური რესურსები ჰქონოდა. როგორც ჩანს, სხვადასხვა სანქციებისა და კონტროლის მიუხედავად, შესაძლებელია ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ექსპერტიზის შორ მანძილებზე გადატანა. ამას ადასტურებს სირიაში 2007 წელს ისრაელის საჰაერო ძალების მიერ პრაქტიკულად უკვე დამთავრებული ბირთვული რეაქტორის განადგურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეაქტორი ახლო აღმოსავლეთში შორეული აღმოსავლეთიდან ირანის ხელშეწყობით მოხვდა.

ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენები სავარაუდოდ გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს როგორც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, ისე ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი ტოტალიტარული რეჟიმის გამოხტომებია, რომელსაც უკვე სხვა ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მეორე საკითხი კი ბირთვული რეაქტორია - აქვს თუ არა მასობრივი განადგურების იარაღი ჩრდილოეთ კორეას? ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკურ იდეალს - უბირთვო მსოფლიოს, საფრთხე ემუქრება

12 სერჟ სარგსიანი: ბოიკოტი ლისაბონს - გზავნილი ასტანის სამიტის მონაწილეებს

▲back to top


მსოფლიო

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ლისაბონში არ გაემგზავრებოდა. მას ავღანეთში ISAF-ის მხარდამჭერი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მართალია, სარგსიანის ბოიკოტს NATO-ს სამიტის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა არ ჰქონია, მაგრამ ლოკალურ დონეზე, ყარაბახის კონფლიქტის კუთხით მინსკის ჯგუფისათვის მნიშვნელოვან გზავნილად შეიძლება განვიხილოთ. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს ასტანაში გაიმართება ეუთოს სამიტი, სადაც ყარაბახის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც რეზოლუცია, ასევე საკუთრივ მოლაპარაკებათა პროცესი მეტად მნიშვნელოვანია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ვიზიტის გაუქმების მიზეზის ოფიციალური ვერსია სერჟ სარგსიანის განცხადებას ეყრდნობა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს დეკლარაციის სამუშაო ვარიანტში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან საერთაშორისო სამართლის მხოლოდ ერთი პრინციპის - ტერიტორიული მთლიანობის, გამოყენებამ შესაძლოა, ნაგატიური გავლენა იქონიოს მოლაპარაკებათა პროცესზე. ბოიკოტის ოფიციალურ მიზეზად ითვლება NATO-ს რეზოლუციის ტექსტში კავკასიაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპის არარსებობა.

გადაწყვეტილების გახმოვანებამდე სარგსიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ის ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ეს მიზეზი საკმარისი აღმოჩნდა სომხური ელექტრონული მედიისთვის, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძვლად პუტინისადმი „სოლიდარობა“ ჩაეთვალა. მართლაც, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მისთვის მიუღებელი იყო, რადგან იგი პირდაპირ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ასტანის სამიტის წინ სიტუაცია კიდევ უფრი იძაბება. თუკი ადრე მხოლოდ აზერბაიჯანის მხარე განიხილავდა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას, დღეს სომხეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები პრევენტიული ომის აუცილებლობის შესახებ. ერთ-ერთი სომხური ინტერნეტ-გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც გაანალიზებული იყო სომხეთის შესაძლებლობები პრევენტიული ომის შემთხვევაში - თუ რა პრობლემებს შექმნის დემოგრაფიული სიტუაცია და რამდენ დღეს მისცემს ბრძოლის საშუალებას ბიუჯეტი სომხურ ჯარს?! პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დღეს სომხეთის არმია ძლიერია, როგორც არასდროს“. ცხადია, ასეთი რიტორიკა კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, მაშინ როცა სასაზღვრო ზოლში არასტაბილური სიტუაციაა. ბოლო პერიოდში ორივე მხრიდან ათამდე სამხედრო დაიღუპა.

სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ეუთოს სამიტი დამატებით ღირებულებას იძენს. აზერბაიჯანში ღიად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მიიღონ მინსკის ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუცია. საპირისპიროდ, სომხეთში ეუთოს სამიტისაგან მნიშვნელოვანს არაფერს ელოდებიან. ისინი მხარს არ დაუჭერენ დოკუმენტს, სადაც თვითგამორკვევის პრინციპი არ იქნება დომინანტი. გარკვეულწილად სარგსიანის „დემარში“ სწორედ ამის ნათელყოფას ითვალისწინებდა. მისი გადაწყვეტილება წარმოადგენდა გზავნილს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოებისთვის - „NATO-ს მსგავს რეზოლუციას კონფლიქტების თაობაზე“ სომხეთი ხელს არ მოაწერს.

თუკი მოხერხდება ასტანაში რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, თუნდაც სიმბოლურის, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების ნორმალიზაციას და სიტუაციის დეესკალაციას. შესაძლებელია შერბილდეს აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ჩართვას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. თუ ვერ მოხერხდა რაიმე შეთანხმების მიღწევა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ეუთოს როლი, მინსკის ჯგუფის რელევანტურობა. ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და მოვლენების ფორსირებას.

13 პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

▲back to top


მსოფლიო

იტალია

0x01 graphic

ჯანფრანკო ფინი და სილვიო ბერლუსკონი
ფოტო: REUTERS©

პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად იტალიის ხელისუფლების ხუთმა წევრმა თანამდებობა დატოვა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა იტალიის სახელისუფლებო კრიზისი. ნავარაუდევია, რომ კრიზისს მთავრობის გადადგომა მოჰყვება.

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა და ყოფილმა ნეოფაშისტმა ჯანფრანკო ფინიმ თავისი პარტიის შეხვედრაზე განაცხადა: „ბერლუსკონიმ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და გადადგეს. წინსვლა შეუძლებელია, დაკარგული დროის დასაწევად საჭიროა პოლიტიკის მთლიანად შეცვლა“. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინი და მისი მომხრეები მმართველი ხელისუფლებიდან გამოსვლით დაიმუქრნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბერლუსკონი არ დათანხმდა მოთხოვნას. მან განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ინიციატივით მსგავსი ნაბიჯის გადადგმას და მზადაა დატოვოს თანამდებობა თუ ამას მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს. შედეგმაც არ დააყოვნა - ფინიმ ხუთი თანამოაზრე გაიწვია თანამდებობიდან.

კვირინალის სასახლეში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ, სენატის თავმჯდომარე რენატო სკიფანიმ და ჯანფრანკო ფინიმ გადაწყვეტილება მიიღეს. ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხი პარლამენტში მხოლოდ 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა და ეგრეთ წოდებული სტაბილურობის კანონის მიღების შემდეგ განიხილება. ეს უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგოდ გადაუდებელი ზომების მიღებას ითვალისწინებს. ცერემონიალის შემდეგ სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ უნდობლობის ვოტუმის გამოტანის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პრემიერის ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ვადამდელი არჩევნები გადაწიოს და მანამდე დროებითი მთავრობა შეიქმნას, რომელიც საარჩევნო კანონს შეცვლის.

The Wall Street Journal-ის მონაცემებით იტალიის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 115%25-ს ანუ 1,7 ტრილიონ ევროს შეადგენს. ეს ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით. Reuters-ის მიხედვით, ევროს ზონის 27 ქვეყნიდან იტალიას ვალის მოცულობით პირველი ადგილი უჭირავს.

ასეთ ვითარებაში სახელისუფლებო კრიზისი იტალიის საერთო სურათს კიდევ უფრო ამწვავებს. საბოლოოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 13 დეკემბერს ბერლუსკონი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე წარდგება და უკვე მომდევნო დღეს, 14 დეკემბერს ნდობის ვოტუმი შედგება. სენატში ბერლუსკონის მომხრეები უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ ქვედა პალატაში ფინისთან განხეთქილების შემდეგ პრემიერი უმცირესობაში რჩება. თუ ბერლუსკონი ვერ „ჩააბარებს ტესტს“, ის იძულებული იქნება დატოვოს თანამდებობა.

The New York Times-ი მიმდინარე მოვლენებს ასე აღწერს: განწყობები იტალიაში არსებითად შეიცვალა - ჩვეული პოლიტიკური თეატრიდან იმპერიის დასასრულამდე. რა თქმა უნდა, აქ ბერლუსკონის იმპერია იგულისხმება, რომელიც იტალიურ პოლიტიკაში 1994 წლიდან დომინირებს. ბოლო დროს ბერლუსკონის პოპულარობა და პოლიტიკური წონა მნიშვნელოვნად დაეცა და დღეს ფინი, ისე როგორც არასდროს გრძნობს, რომ პრემიერის იმპერია შეუძლია დაამხოს. პრემიერს კარგად ახასიათებს Repubblica - „მისმა წებომ ძალა დაკარგა“!

74 წლის პრემიერ-მინისტრის გარყვნილი პირადი ცხოვრების მრავალფეროვანი დეტალებით ამომრჩევლები უკვე დაიღალნენ. ბერლუსკონი უმოქმედოა არა მარტო მაშინ, როდესაც ნეაპოლი ეფლობა სანაგვო კრიზისში ან პომპეის ნანგრევები იმყოფება გაქრობის ზღვარზე, ის უუნაროა მაშინაც, როდესაც იტალიის სახელმწიფო ვალი 1,7 ტრილიონ ევროს აღწევს.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები! ნუთუ „ბებერი მაჩო“ ისევ შეძლებს ოპონენტების დამარცხებას?!

14 მთავრობის ფორმირება კიდევ ჭიანურდება

▲back to top


მსოფლიო

ერაყი

ერაყის პარლამენტმა რვათვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ ახალი სპიკერისა და პრეზიდენტის არჩევა მოახერხა. ეს ქვეყნის ძირითად ძალებს შორის მიღწეული ე.წ. ძალაუფლების გამანაწილებელი ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა გახლდათ. თუმცა, ამ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესასრულებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ჯერ კიდევ რამდენიმე დაბრკოლების გადალახვაა საჭირო.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი პოსტს კვლავაც ინარჩუნებს. იგი შიიტური პარტია სამართლებრივი სახელმწიფოს ლიდერია. პრეზიდენტის თანამდებობაზე პარლამენტმა ისევ ქურთი ჯალალ თალაბინი დაამტკიცა. იად ალავის სეკულარული, ზომიერი შიიტებისა და სუნიტების პოლიტიკური გაერთიანების, ერაყის ეროვნული მოძრაობის წევრს კი პარლამენტის სპიკერობა ერგო. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სტრატეგიული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელსაც ალავი უხელმძღვანელებს. ახალ მთავრობაში შესაძლოა მისი ბლოკის წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც დაიკავოს.

ერაყელ კანონმდებლებს აღნიშნული შეთანხმება 11 ნოემბრის საპარლამენტო სესიაზე უნდა მიეღოთ. სპიკერის არჩევის შემდეგ ალავის ბლოკმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა. მიზეზად ოპონენტების მიმართ უნდობლობა დაასახელეს. სამაგიეროდ ხელშეკრულების განხორციელებისთვის დამატებით საერთაშორისო გარანტიები მოითხოვეს. ერთ-ერთ წინაპირობად ისინი სტრატეგიული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს ფუნქციებისა და ძალაუფლების განსაზღვრას აყენებენ. გარდა ამისა, მათი პარტიის სამი წევრისთვის მთავრობაში მონაწილეობის უფლების აღდგენას ითხოვენ. ისინი სადამ ჰუსეინის ყოფილი პარტიის წევრები იყვნენ. არჩევნებამდე მიღებული სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების კანონის მიხედვით კი, მათ მთავრობასა და უშიშროების სამსახურებში რაიმე თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.

პარლამენტში დარჩენილმა 232-მა კანონმდებელმა პრეზიდენტი აირჩია. მოსალოდნელი იყო მთავრობის ფორმირების პროცესის დაწყებაც, თუმცა ეს მორიგი სესიებისთვის გადაიდო. ამ დღეებში პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მთავრობის დაკომპლექტებას დაავალებს, რისთვისაც პრემიერს 30-დღიანი ვადა ექნება.

სუნიტების უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად არჩევნების შედეგებთან შედარებით მათთვის მცირე ძალაუფლების მიღება შეიძლება დასახელდეს. 28 მარტის კენჭისყრის შედეგად, ალავის ბლოკმა 91, პრემიერის კოალიციამ კი 89 მანდატი მიიღო პარლამენტში. 325-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად ორივეს 163 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თავიდან წარმატებას ალავის უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოქმედმა პრემიერმა შეძლო უპირატესობის მოპოვება. მან ქურთებისა და სხვადასხვა შიიტური ბლოკების მხარდაჭერა მოიპოვა. შიიტური პარტიებიდან აღსანიშნავია ალ-სადრის კოალიცია - ერაყის ეროვნული ალიანსი (39 მანდატი). იგი ანტიდასავლური პოზიციითა და ირანთან კავშირითაა ცნობილი. გავრცელდა ეჭვები, რომ სწორედ ირანელმა მაღალჩინოსნებმა შეიტანეს წვლილი მალიქის კოალიციის გარშემო შიიტების გაერთიანებაში.

შესაძლოა, სწორედ შიიტური რელიგიური ჯგუფების გავლენის მატებას უკავშირდება აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის განცხადებაც. მისი თქმით, ვაშინგტონი მზადაა ოფიციალური ბაღდადის თანხმობის შემთხვევაში ჯარები 2011 წლის შემდეგაც დატოვოს ერაყში.

მეტიც, ალ-სადრის მალიქისკენ გადახრამ აშშ კიდევ უფრო გაააქტიურა. ბარაკ ობამამ პირადად სთხოვა ქურთების ლიდერს პრეზიდენტობა ალავისთვის დაეთმოთ, რაზეც უარი მიიღო. დაუდასტურებელი ცნობით, ქურთებს სანაცვლოდ სპიკერისა და ნავთობის მინისტრის პოსტებს სთავაზობდნენ. მართალია პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით ცერემონიალური უფლებამოსილება აქვს, მაგრამ ქურთები ამ თანამდებობას ავტორიტეტულად მიიჩნევენ.

0x01 graphic

სპიკერი ალ ნუჯაიფი, პრემიერი ალ-მალიქი და პრეზიდენტი თალაბინი
ფოტო: REUTERS ©

ქვეყანაში ძალაუფლების განაწილების მოლაპარაკებებში ქურთებმა დიდი როლი ითამაშეს. სწორედ ქურთების კოალიციის პოზიციამ (43 ადგილი პარლამენტში) შეცვალა ბალანსი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მალიქის სასარგებლოდ. სანაცვლოდაც, ისინი ცენტრალური მთავრობისგან ქურთებით დასახლებული, ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიების საკითხზე მნიშვნელოვან დათმობებს ელიან. მათ ამ ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოხმარებაში უფლებების გაზრდის დაპირება მიიღეს

15 NATO ლისაბონში: ზომიერი წარმატება

▲back to top


დევიდ . სმიტი|სვეტი

0x01 graphic

სამიტის ხმაურიანმა რეკლამირებამ, რომელსაც, ძირითადად, NATO აწარმოებდა, დამკვირვებლებს გადაჭარბებული მოლოდინი კი გაუჩინა, მაგრამ 19-20 ნოემბრის NATO-ს სამიტი ლისაბონში ზომიერ წარმატებად შეიძლება შეფასდეს. ალიანსმა რამდენიმე მოზომილი ნაბიჯი გადადგა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ოსტატურად აარიდა თავი რამდენიმე პოლიტიკურ ნაღმზე დაბიჯებას და განსაზღვრა ის დიდი სამუშაო, რომელიც მას ელის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც, ალბათ, ლისაბონში გაკეთდა, NATO-ს გამოცოცხლება იყო.

ირონიულია, მაგრამ მაშინ, როდესაც NATO-ს გაფართოება დღის წესრიგიდან მოხსნილია და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ყველაფერს ჩრდილავს, სამიტიდან გამარჯვებული საქართველო გამოვიდა. უფრო ირონიულია, რომ საქართველოს სამიტზე დასწრების მოკრძალებულმა აფიშირებამ მედვედევის ტრიუმფალური ღიმილის გვერდით, როგორც ჩანს, ალიანსს უფრო ფხიზელი მსჯელობისაკენ უბიძგა, ვიდრე ამას ბოლო დროს აკეთებდა.

საქართველომ წარმატების სამი ქულა ჩაიწერა. პირველი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. ობამა, აშკარად, კარგად იყო ინფორმირებული და შეხვედრაც სერიოზული გამოდგა. მან შეაქო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვა ამერიკის დახმარებას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

უეჭველია, ობამა გარკვეულწილად მოტივირებული იყო, მედვედევის პერსონით შეშლილ ადამიანად არ გამოჩენილიყო - სააკაშვილის იგნორირება ამერიკის პრეზიდენტს ზიანს მიაყენებდა ვაშინგტონის ახალ, სუპერდამუხტულ პოლიტიკურ გარემოში. ამაში საქართველომ ამერიკას კარგი სამსახური გაუწია და დაეხმარა მედვედევზე შეშლა რაღაცა ტიპის მისაღებ პერსპექტივაში მოექცია.

მეორე, სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია ავალდებულებს NATO-ს, „გააგრძელოს და განავითაროს პარტნიორობა საქართველოსთან“. ეს მოკრძალებული პასაჟია, მაგრამ შეტანილია იმ დოკუმენტში, რომელიც ალიანსის ყველა განცხადებებსა და სამიტის დეკლარაციებს გადაწონის.

მესამე, NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა: გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაცია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება; მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. და ლისაბონის სამიტის დეკლარაციამ აღიარა საქართველოს წვლილი NATO-ს ოპერაციებში, განსაკუთრებით, ავღანეთის მისიაში.

ის, რომ 2010 წლის მიწურულს ამის კიდევ ერთხელ დადასტურება გახდა საჭირო, სამიტის მონაწილეებისთვის, როგორც ჩანს, გარკვეული დაფიქრების მიზეზი გახდა. მედვედევის დახვედრა უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე მისი ჩამოსვლის ანონსი. და რამდენიმე ფრთხილი ჩანაწერი, რომლებიც სამიტის დოკუმენტებში მოხვდა. მაგალითად, სტრატეგიული კონცეფცია ალიანსს ავალდებულებს, „იმუშაოს ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერებისთვის თანამშრომლობის, გამჭვირვალობის და მასპინძელი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე“, რაც თითქმის დაუფარავი ქარაგმაა რუსეთთან არსებულ პრობლემაზე.

უფრო ფართო კონტექსტში, სამიტი ახალი სტრატეგიული კონცეფციის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და ავღანეთის შესახებ უნდა ყოფილიყო. გულახდილად თუ ვიტყვით, ახალი კონცეფცია არ ბრწყინავს. იგი განიხილავს ახალ საფრთხეებს, აფართოებს NATO-ს პარტნიორობის არეალს და გამოხატავს რუსეთთან პარტნიორული თანამშრომლობის სურვილს. თუმცა, ახალს არაფერს ამბობს და ალიანსს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას უსახავს. მისი მთავარი წვლილი ალიანსის დისკუსიებისთვის პარამეტრების დადგენაა და ამით იმ დიდი სამუშაოს განსაზღვრა, რაც გასაკეთებელი დარჩა.

კონცეფცია, ასევე, თავს არიდებს ერთ-ერთ პოლიტიკურ ნაღმს და ნიღბავს ბირთვული იარაღის ირგვლივ არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს. NATO იმუშავებს, რათა „მსოფლიო ბირთვული იარაღისგან გათავისუფლდეს“, ნათქვამია კონცეფციაში, „მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ NATO დარჩება ბირთვულ ალიანსად მანამ, სანამ მსოფლიოში ბირთვული იარაღი იარსებებს“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კიბერუსაფრთხოებაა. დოკუმენტში კიბერშეტევა განსაზღვრულია მთავარ საფრთხედ, რომელმაც „შესაძლოა ისეთ მასშტაბს მიაღწიოს, რომ საშიშროება შეუქმნას ეროვნულ და ევრო-ატლანტიკურ წინსვლას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. ეს გულისხმობს იმას, რომ ზოგი კიბერშეტევა შეიძლება განხილული იქნეს NATO-ს ქარტიის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შეტევად, თუმცა დოკუმენტი ამას არ აკონკრეტებს.

მასობრივი განადგურების იარაღი კიდევ ერთი მთავარი საფრთხეა, რომლის აცილების მნიშვნელოვანი საშუალება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაა. მედვედევი დაეთანხმა თანამშრომლობას ჯერჯერობით განუსაზღვრელ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე. თუმცა, მან განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს „სრულფასოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთსა და NATO-ს შორის... სხვა შემთხვევაში, თანამშრომლობა არ შედგება“. NATO-ცა და რუსეთიც გულისხმობენ ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ან მეტ დამოუკიდებელ სისტემას, თუმცა, ეშმაკი დეტალებში გამოჩნდება - და იმაში, თუ რა მიმართულებას მიიღებს რუსეთთან ურთიერთობები.

0x01 graphic

NATO - სამიტი ლისაბონში. 2010

სამიტმა ასევე თავი აარიდა პოლიტიკურ სკანდალს თურქეთთან იმით, რომ არ დაასახელა ირანი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის სავარაუდო წყაროდ.

შემდეგ იყო ავღანეთის საკითხი, ყველაზე დიდი გამოწვევა NATO-ს მომავლისათვის. იყო კამათი მისიის დასრულების მომხრეებსა და ჯარების გამოყვანის განრიგის შემუშავების მომხრეებს შორის, მაგრამ სამიტმა სანაქებოდ შეძლო მძიმე საკითხების შეჯერება. სტრატეგია ითვალისწინებს უსაფრთხოების ფუნქციების გადაბარებას NATO-სა და NATO-ს სარდლობის ქვეშ მყოფი ძალებისაგან ავღანეთის ძალებისთვის 2014 წლის ბოლომდე. „გადაბარება“, როგორც სამიტის დეკლარაციაში წერია, „დამოკიდებული იქნება წაყენებული პირობების შესრულებაზე და არა კალენდარზე“.

ამ სტრატეგიის გამოცდა უკვე მომავალ თვეს მოხდება, როდესაც ობამას სტრატეგიის გადასინჯვაა დაგეგმილი, და შემდეგ, დროდადრო, პირობების შემუშავებისა და იმ ზეწოლის მიხედვით, რომლის ქვეშაც ქვეყნების ლიდერები მოექცევიან, რომ სამხედროები შინ დააბრუნონ. და მაინც, სამიტმა შეძლო ის, რაც შესაძლებელი იყო ალიანსის ამჟამინდელი მსოფლიო ხედვის ფარგლებში.

0x01 graphic

ფოგ რასმუსენი და დმიტრი მედვედევი
ყველა ფოტო: REUTERS ©

ავღანეთის საკითხზე სამიტმა კონსენსუსს მიაღწია. სხვა საკითხებზე - პარამეტრები განსაზღვრა მრავალმხრივი დებატისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო - და შესაძლოა, სამიტის ხმაურიანი რეკლამირება, ამ თვალსაზრისით, სასარგებლოც კი იყო - ლისაბონმა გამოაცოცხლა NATO იმ რთული სამუშაოსათვის, რომელიც მას ელის.

16 ბრძოლა მშვიდობისთვის

▲back to top


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე
ფოტო: REUTERS ©

„დადგება დღე, როდესაც კონტინენტის ყველა ერი, თქვენი განსაკუთრებულობის და საუცხოო ინდივიდუალიზმის დაკარგვის გარეშე, უზენაეს ერთობას დააფუძნებთ და ევროპული საძმოს წევრები გახდებით.

დადგება დღე, როცა ბრძოლის ველი თავისუფალ ბაზარს და იდეებისადმი გახსნილ აზროვნებას დაეთმობა.

დადგება დღე, როცა ტყვიებს და ნაღმებს საარჩევნო ხმები, საყოველთაო არჩევნები და სუვერენული სენატი შეცვლის. სენატი იგივე იქნება ევროპისთვის, რაც ინგლისისთვის პარლამენტი, გერმანიისთვის რაიხსტაგი და საფრანგეთისთვის საკანონმდებლო ასამბლეაა“, - ეს, იმ დროისთვის დაუჯერებელი, დღეს კი, დიდწილად ახდენილი წინასწარმეტყველება ვიქტორ ჰიუგომ მშვიდობის საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს გაუზიარა პარიზში, 1849 წელს.

ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებლის ოპტიმისტური სიტყვები ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამჯერად ვარდების რომანტიზებული რევოლუციის ლიდერისგან მოისმინეს. საქართველოს პრეზიდენტი, რევოლუციის 7 წლისთავზე, 2010 წლის 23 ნოემბერს, საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, პოლონელი პოლიტიკოსისა და ყოფილი დისიდენტის, იეჟი ბუზეკის მოწვევით ჩავიდა. საქართველოს პირველ პირს ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა უკვე მეორედ ერგო. პირველად მან ევროპარლამენტს 4 წლით ადრე, 2006 წლის 4 ნოემბერს მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი საქართველოს პრეზიდენტს, დალაი ლამასთან ერთად ერთგვარ გამონაკლისად აქცევს - ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შანსი ორჯერ, არაწევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის, ტიბეტის დევნილი სულიერი ლიდერისა და ოკუპირებული საქართველოს პრეზიდენტის გარდა, არავის მისცემია.

მოვედი რათა დაგარწმუნოთ, რომ მშვიდობა - სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა - მიღწევადია ჩემს რეგიონში, და რომ ამ საქმეში ევროპის მხარდაჭერა გვჭირდება“, - მიმართა სააკაშვილმა ევროპელ დეპუტატებს და იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, „საზეიმო ფიცი“ დადო: „დღეს ვიჩენთ ცალმხრივ ინიციატივას და ვაცხადებთ, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენადდა რომ დეოკუპაციისკენ და გაერთიანებისკენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ივლის“.

მოსკოვმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა „პოლიტიკურ მეტიჩრობად“ შერაცხა. რუსეთის საგარეო უწყების აზრით, სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალის გამოყენების უფლებას, მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს, „ორმაგ შთაბეჭდილებას“ ახდენს. როგორც ჩანს, შთაბეჭდილების „გაერთმაგება“ მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სააკაშვილი არამცთუ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ გამოიყენებს ძალას, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართლით აღიარებულ - თავდაცვის უფლებაზე იტყვის უარს.

რუსეთის უკმაყოფილების მიზეზი ძნელი გამოსაცნობი არაა - ჩრდილოელი მეზობელი წლებია ითხოვს, გაფორმდეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის. საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აგვისტოს ომამდე, მოსკოვის, სოჭისა და დაგომისის ხელშეკრულებებით ჰქონდა აღებული, მაგრამ ამ ხელშეკრულებათა პაკეტში აფხაზეთში დევნილების დაბრუნების პირობაც იყო ჩადებული, რაც რუსეთს არ აწყობდა. შესაბამისად, აგვისტოს ომამდე, რუსეთი ამ ორი საკითხის განცალკევებას ისახავდა მიზნად, იმ იმედით, რომ ახალი შეთანხმების გაფორმების შედეგად, დევნილების დაბრუნების ვალდებულება შესუსტდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლება კი დევნილების საკითხის გარდა, უარის თქმის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ კონფლიქტის მხარე რუსეთი იყო, და არა აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი და ამ მიმართულებით ცდილობდა იქამდე არსებული ფორმატის შეცვლას.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მოქმედებების შედეგად ამ ხელშეკრულებებიდან არაფერი დარჩა. მაგრამ, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ახლაც მოქმედებს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული, 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე. ოღონდ აქ კონფლიქტის მხარეებად რუსეთი და საქართველოა წარმოდგენილი. რუსეთის მთავარი პრობლემა, ამ ხელშეკრულების მიმართ არის არა მხოლოდ ის, რომ ჯარების გაყვანის ვალდებულება ეკისრება, რომელსაც ის არ ასრულებს, არამედ ისიც, რომ თავად ფიგურირებს კონფლიქტის მხარედ. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ეთანხმება აშშ-ის საგარეო უწყებაც: „მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრეზიდენტ მედვედევს შორის, პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, უკვე აკისრებს მხარეებს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი რაუნდის შემდეგ.

რუსეთის დამოკიდებულება კონფლიქტის მხარედ წარმოდგენის მიმართ, კარგად გამოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ნოემბრის განცხადებაში, რომელიც სააკაშვილის ინიციატივას მოჰყვა პასუხად - „ბატონი სააკაშვილი კვლავაც ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას რუსეთსა და საქართველოს შორის რაიმე კონფლიქტის არსებობაში, მაშინ როცა საუბარი უნდა წარიმართოს მრავალწლიან კონფლიქტზე თბილისს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის“.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, მოსკოვი ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეს ვერ პოულობს. ამის მაგალითი ჟენევის მოლაპარაკებებია, სადაც მხარეებად პლენარულ სხდომაზე რუსეთი და საქართველოა წარმოდგენილი. მარიონეტული რეჟიმები, როგორც კონფლიქტის მხარეები, ჟენევის ფორმატში არ არსებობენ. სწორედ ამიტომ, რუსეთი ბოიკოტს უცხადებს პლენარულ სხდომას და მოლაპარაკებები მხოლოდ სამუშაო ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობს. ამ შეხვედრებს მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები პერსონალური სტატუსით ესწრებიან. ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დევნილი ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები.

ის, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეა და სხვა არაფერი, დმიტრი მედვედევს სულ ახლახან მისმა მთავარმა ევროპელმა პარტნიორებმა, ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმაც შეახსენეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ დოვილში - ამის შესახებ, საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა წყარომ ტაბულას სტრასბურგში აცნობა.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას იმ დღესვე გამოეხმაურა ოფიციალური პარიზი: „საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე საჯაროდ აღებულ ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად… ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიაში მშვიდობის გასამყარებლად... საფრანგეთი სარგებლობს ამ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“. ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიშელ ალიო მარიმ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა, ნდობით მოეკიდონ საქართველოს ცალმხრივ დეკლარაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვან.

სააკაშვილის პირობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ქეთრინ ეშტონიც მიესალმა და „კონსტრუქციული ნაბიჯი“ უწოდა.

0x01 graphic

ევროპარლამენტი. სტრასბურგი

პრეზიდენტის დეკლარაცია არის ის, რისი მოსმენაც სურთ ევროპელებს, - განუცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ ტაბულას, - ასეთი განცხადება, საქართველოს პოზიციებს სერიოზულად აძლიერებს. ეს იყო საუკეთესო რამ, რაც სააკაშვილს შეეძლო გაეკეთებინა იმ ფონზე, როდესაც დასავლეთში აგვისტოს ომის შემდეგ, მაინც დარჩათ წარმოდგენა, რომ რუსეთი ცუდია, მაგრამ სააკაშვილიც აგრესიულია“. ნოდია მიიჩნევს, რომ ეს განცხადება საქართველოს გაერთიანების მხრივ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ საქართველოსა და დასავლეთს შორის პოზიტიურ ფონს შექმნის.

საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე რუსეთის რეაქცია, ამ უკანასკნელს, ამერიკასთან და ევროპასთან დამთბარი ურთიერთობების მიუხედავად, ამ კონკრეტულ საკითხზე მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ამაზე მეტყველებს ევროპელი დიპლომატების გამოხმაურება სააკაშვილის გამოსვლაზე. გარდა ამისა, ამერიკელების კვალდაკვალ, ტერმინი ოკუპაცია არცთუ იოლად, მაგრამ უკვე ევროპელთა ლექსიკონშიც მკვიდრდება, რაც რუსეთს სამხრეთელ მეზობელთან კონფლიქტის საქართველოს შიდა ეთნიკურ შუღლად გასაღების საშუალებას უსპობს.

„კონსტრუქციული უნილატერალიზმი“, ასე უწოდა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა თავის სტატიაში, რომელიც გასულ აგვისტოს ინტერნეტ გამოცემა civil.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მაშინ როდესაც კონფლიქტის მხარეები ვერც ფორმალურ და ვერც არაფორმალურ შეთანხმებას ვერ აღწევენ, ცალმხრივი დათმობა შესაძლოა ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად იქცეს. შედეგად, მხარე, რომელიც გაბედულად მიდის დათმობაზე, არამცთუ ზარალდება, არამედ სარგებელსაც ნახულობს“, - ამბობს ჰაბერი.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი და იეჟი ბუზეკი

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას სწორედ ჰანსიორგ ჰაბერს დაეყრდნო. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა უზენაესი ინტერესია და დარწმუნებულნი ვართ, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია, - მიმართა მან ევროპელ დეპუტატებს, - მშვიდობისთვის საფრთხის შექმნით, ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიეთ და მომავალში გვინდა მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ, აქ მოვედი, რათა „კონსტრუქციული უნილატერალიზმის“ პოლიტიკის შემდეგი ნაბიჯის შესახებ განვაცხადო“.

საეჭვოა სააკაშვილის ცალმხრივმა დეკლარაციამ სტატუს-კვოს ადგილიდან დაძვრა შეძლოს, მაგრამ ამ ნაბიჯის ერთგვარი შედეგი უკვე სახეზეა, საქართველოს ხელისუფლებამ ბურთი რუსეთის მოედანზე გადააგდო. 2010 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, რუსეთს, საქართველოს მიმართ, ძალის გამოუყენებლობის თემით ვაჭრობა გაუჭირდება.

პრეზიდენტის ლისაბონსა და სტრასბურგში გატარებულმა „ყველაზე აქტიურმა“ კვირამ თვალსაჩინო გახადა, რომ მიუხედავად რუსეთთან დამთბარი ურთიერთობისა, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან, ფორმალურად მაინც, არ იხსნება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხარდამჭერი რეზოლუციები და განცხადებები დეოკუპაციის საკითხს მყისიერად ვერ გადაჭრის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მოკლე ვადაში დანარჩენი საქართველოს უსაფრთხოებას გაამყარებს. საშუალო ვადაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დეოკუპაციამდე მიგვიყვანოს

17 პლასიდო დომინგო და ოპერის ქართველი მომღერლები ბათუმში

▲back to top


ფოტოესე

0x01 graphic

18 საქართველოს მანანებო

▲back to top


ვახო ელერდაშვილ|სვეტი

0x01 graphic

საქართველოში მრავალ სხვა ინსტიტუტთან ერთად სუფრის ინსტიტუტიც გვაქვს, ამასთან ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული. მერე რა, რომ „სუფრა“ არაბული სიტყვაა და გზაში წაღებულ საგზალს ნიშნავს, ან ქსოვილის ნაჭერს, რომელსაც ბედუინები მზის გულზე გავარვარებულ ქვიშაზე შლიდნენ, წაიხემსებდნენ, შემდეგ აქლემს აჰკიდებდნენ და გზას განაგრძობდნენ ხოლმე თვალუწვდენელ უდაბნოში. ქართული სუფრა სტუმრის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომელიც უნდა მიიპატიჟო, შემდეგ ასვა და აჭამო, სანამ ამ უკანასკნელს გადაადგილების და აზროვნების უნარი არ წაერთმევა და ყველაფერზე იქნება თანახმა, ოღონდ მეტი აღარაფერი შესთავაზონ საჭმლის და სასმელის სახით.

ამას წინათ ზურაბ ქარუმიძის ვიდეოაზრებს ვუსმენდი ინტერნეტში, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ დაატყვევეს გურულებმა შავ ზღვაში სამეკობრეოდ შემოხეტებული ბურგუნდიელი რაინდები, დიდი ხნის განმავლობაში ცივი ნიავი არ მიაკარეს, არაფერი მოაკლეს, ასვეს, აჭამეს და გალოთებულები გაუშვეს უკან შორეულ ბურგუნდიაში. ამ ისტორიის თხრობისას ჩანაწერის ავტორმა მე-15 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსის, ჟან დე ვოვრენის სამტომეული ნაშრომი მოიშველია, სადაც მართლაც დაცულია ეს ერთი მხრივ სახალისო და მეორე მხრივ ნიშანდობლივი ისტორია.

0x01 graphic

ბურგუნდიელ რაინდებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების დიდი პარტია მივიღეთ, ვინ იცის ისინიც ავიკლეთ პატიჟით, სმა-ჭამითა და სადღეგრძელოებით. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ლაპარაკი. სამწუხაროდ არც ყივჩაღების და არც ბურგუნდიელი რაინდების უშუალო ჩანაწერები არ შემორჩა ისტორიას, განსხვავებით იმ „ნეითივსფიქერებისაგან“, რომლებიც განათლების სამინისტრომ დაპატიჟა საქართველოში ჩვენი ახალი თაობის ინგლისურ ენაში გასავარჯიშებლად. მასწავლებლობის გარდა ისინი სოციალმედიურად აქტიური ხალხი აღმოჩნდნენ და ინტერნეტში ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, რომლებიც უმალვე „ყივჩაღთა ბლოგებად“ მოინათლა და აგერ უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ინტერნეტში არ ცხრება დისკუსიები მათ გარშემო.

როგორც მათი ბლოგებიდან ირკვევა, ისინი ოჯახებში გადაანაწილეს და თითო სტუმარს თითო მზრუნველი თვალი და ყური მიუჩინეს, როგორც ისინი უწოდებენ, ჰოსტ-დედის სახით, რომლებმაც უცხო სტუმრებს საუცხოო მასპინძლობა გაუწიეს და ამას კვლავაც ჩვეულ რიტმში აგრძელებენ, თუმცა ვაი რომ ზემოხსენებულმა ჰოსტ-დედებმა ინგლისური არ იციან და მათი ბლოგების წაკითხვა არ შეუძლიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ თითოეული ჩვენი ამერიკელი, თუ ავსტრალიელი სტუმარი იმაზე წუხს თუ რამდენს აჭმევენ მათი ჰოსტ-დედები და რამდენს ასმევენ მათი ჰოსტ-მამები. ერთმა მათგანმა თავს დამტყდარი გასტრონომიული უბედურება განაზოგადა და ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოში ქალები მზარეულები არიან და კაცები კი - მსმელებიო.

ერთ ასეთ მასწავლებელ-ბლოგერს ორმაგად არ გაუმართლა. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ რუსული იცის და მეორედ კი იმიტომ, რომ სახლში ორი ჰოსტ-დედა დახვდა და ორივე სახელად მანანა. ჰოსტ-დედებმა ახალჩამოსული სტუმარი გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს და ტრაპეზობისას ავანჩავანის გამოკითხვა დაუწყეს (სხვა ჰოსტ-დედები ამ „ბედნიერებას“ მოკლებულნი არიან, ვინაიდან, როგორც ირკვევა, მათ ინგლისური არ იციან). მანანებმა გამოარკვიეს, რომ ჩვენი სტუმარი უცოლო იყო და სანათესაოში და სამეზობლოში ახალგაზრდა გოგო არ დატოვეს, რომ მისთვის გარიგება არ ეცადათ. საბოლოოდ კი ჩვენს სტუმარს მოსწრებული ენა აღმოაჩნდა და საკუთარ ჰოსტ-დედებზე განაცხადა: I don't know what it is with these Mananas but they're driving me bananas! (მოკლე თარგმანი ასეთია: მანანებმა ჭკუიდან გადამიყვანესო). ჰოდა, არ გამიკვირდება სულ მოკლე ხანში ინგლისურ ენაში ახალი სიტყვა - Manana - რომ დამკვიდრდეს ქართველი აბეზარი დიასახლისის აღსანიშნავად.

ძვ. ქართულში, აი იმ დროს, როცა ჩვენ ჯერ ყივჩაღები გვეწვივნენ და შემდეგ ბურგუნდიელი რაინდები, სიტყვა „პატიჟი“ ტანჯვა-წამებას ნიშნავდა (სულხან-საბა დამემოწმება), „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელი ავთანდილს გამიჯნურების ისტორიას რომ უყვება, ერთ ადგილას ამბობს: „შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად“-ო. როგორც ჩანს, სტუმრის განსაკუთრებული პატივისცემა, ე.წ. „პატიჟი“ ჩვენი საიდუმლო იარაღი ყოფილა და არის უცხოებთან საურთიერთოდ: ყივჩაღები მოვინელეთ, ბურგუნდიელი რაინდები გავალოთეთ, ჰოდა ახლა „ნეითივსფიქერი“ მასწავლებლების ჯერია!

19 მუქარის გაკვეთილი

▲back to top


სიმონ ჯანაში|სვეტი

0x01 graphic

2010 წლის 24 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდა. ნეტგაზეთის აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, ის დირექტორებს, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასჯით დაემუქრა. მუქარა ასე იყო ფორმულირებული „თქვენს სისხლს დავლევ“! სხვა საკითხზე საუბრისას ის იმ კერძო სკოლებს დაემუქრა, რომლებიც მისი აზრით სათანადო განათლებას არ აძლევენ მოსწავლეებს. მუქარა მათ მიმართ ასე ჟღერდა „ამ სკოლებში ოც მილიონს ვხარჯავთ. ამ ოც მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ“! ამგვარი ლექსიკის და ზოგადად მუქარების ენით სკოლების დირექტორებთან საუბარი გარდა იმისა, რომ მორალური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია და მნიშვნელოვნად ცდება დემოკრატიული სახელმწიფოს მოხელისთვის დასაშვებ ლექსიკას, პრაგმატული თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ეს მიდგომა რამდენიმე მიზეზით ამცირებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სასიკეთო ძვრების განხორციელების შესაძლებლობას.

განათლების სფეროს რეფორმა მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს. მრავალ ქვეყანაში დადასტურდა, რომ ძირეული ცვლილებებისთვის სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი მოკავშირე და თანამოაზრე სკოლის დონეზე. სკოლის დირექტორები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სისტემის შიგნით სიახლეების დანერგვაში და მათი თანამონაწილეობა, პარტნიორობა კრიტიკულია. დავალებების მიცემის და შემდეგ დახმარების ნაცვლად, ან თუნდაც დახმარებასთან ერთად, მუქარით პარტნიორობა ვერ მიიღწევა. პარტნიორი დაინტერესებული უნდა იყოს საერთო საქმის წარმატებით და არა იმით, რომ მისმა ზემდგომმა არ დასაჯოს.

0x01 graphic

განათლების სისტემისთვის საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური რესურსების ჯანსაღი ცვლა ხდებოდეს. სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ წარმატებულ, მცოდნე, ინიციატივიან ადამიანებს მოტივაცია შეუქმნას, რომ სკოლებში დაიწყონ მუშაობა. ამგვარი ადამიანებისთვის სისტემა, სადაც ძალაუფლების მქონე პირები თავს უფლებას აძლევენ, რომ მსგავსი მიდგომები გამოიყენონ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმზიდველი იყოს.

იმისთვის, რომ დირექტორმა სკოლის ეფექტიანად მართვა შეძლოს, მას სჭირდება ძალაუფლება. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების თვალში იმ დირექტორის ავტორიტეტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამგვარად მიმართავს, მაღალი ვერ იქნება. ასევე არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ ზოგიერთი დირექტორი, სამწუხაროდ, მინისტრის მაგალითს მიბაძავს და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას უხეში საუბრებითა და მუქარით შეეცდება.

სამწუხაროა, როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თავის ავტორიტეტზეც არ ზრუნავს. რამდენიმე კვირით ადრე მან დამალა სიმართლე, როდესაც სკოლის დირექტორები აიძულა თანამდებობები დაეტოვებინათ და ეს საჯაროდ უარყო. მისი ეს საქციელიც, თავისთავად ცხადია, მუქარა იყო. შემდეგ ის საუბრობს ისე, თითქოს არა თავის კოლეგებთან და პარტნიორებთან, არამედ ქვეშევრდომებთან ჰქონდეს საქმე. ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ კარგი ინიციატივების მიმართ სახელმწიფოსთვის განათლების სფეროში ჩართული ადამიანების ნდობის მოპოვება უფრო რთული გახდება. ნდობისა და თანამონაწილეობის გარეშე კი სასიკეთო ცვლილებების გავრცელება მინისტრს არათუ საქართველოს ყველა სკოლაში, არამედ საკუთარი კაბინეტიდან რამდენიმე მეტრშიც კი გაუჭირდება.

20 თბილისური ბუდა

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

„თბილისში ბუდას ქანდაკების დადგმას აპირებენ“ - ჩურჩულით, აღშფოთებით თუ აღფრთოვანებით წარმოთქმული ეს მოარული ფრაზა გაზვიადებული სულაც არ არის. დიახ, მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალი გახლავთ.

ბუდა ბარი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის რესტორანია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს 2011 წლიდან შეემატება. უკვე რამდენიმე თვეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის გვირაბის შესასვლელთან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ამ ადგილას განლაგებული ერთადერთი შენობა იქნება და განახლებული რიყის ტერიტორიის 1400 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. დანარჩენი სივრცე პარკს დაეთმობა.

ბუდა ბარის ისტორია არც თბილისით იწყება და სავარაუდოდ, არც სრულდება. მისი თავდაპირველი იდეა და კონცეფცია რუმინელი წარმოშობის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს, რაიმონდ ვისანს ეკუთვნის. თხუთმეტიოდე წლის წინ, მოგზაურობის მოყვარულმა ვისანმა მოისაზრა, ბიზნესისა და კრეატიული პროექტების კეთების უნარი საკუთარ გატაცებებთან შეეთავსებინა. ასე მოხდა ორიენტალური ეგზოტიკის სიყვარულის გარდასახვა ბარებისა და რესტორნების ქსელში. 1995 წელს გახსნილ B*Fly-ის მაღალი კლასის ბარების მყისიერმა წარმატებამ იდეებს ფრთები შეასხა და შედეგად, 1996 წელს პარიზში პირველი ბუდა ბარი, აწ უკვე ლეგენდარული მსოფლიო ბრენდი დაიბადა.

დღესდღეობით ბუდა ბარი ჰარმონიულად თანაარსებობს მრავალი ქალაქის, მათ შორის მონტე-კარლოს, ლონდონის, პრაღის, დუბაის, კიევის, სან-პაულოს, ბეირუთის, კაიროს ლანდშაფტებთან. სულ ცოტა ხანში ეს ლუქს-კლასის ღირსშესანიშნაობა ვაშინგტონსაც შეემატება. სწორედ კრეატიული კონცეფციაა ის, რაც ტურისტებს თუ უბრალოდ, გართობის მოყვარულ ადამიანებს ამდენი წლის მანძილზე განუხრელად იზიდავს. აღმოსავლური დიზაინი ორიგინალური ჭაღებითა და არტეფაქტებით, ეგზოტიკური სამზარეულო და რაღა თქმა უნდა, მუსიკა, რომელზე მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ კომპანია ჯორჯ V-ემ ბარის დიჯეების მიერ შემოთავაზებული მუსიკის რამდენიმე ათეული ალბომის გამოცემაც მოასწრო. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ბრენდის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს, მის ცენტრში აღმართული ბუდას გრანდიოზული ქანდაკებაა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ ბუდა ბარს ევალება. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს სიამოვნება მომხმარებელს არც ისე იაფი უჯდება, თანაც, როგორც „ბოროტი ენები“ ამბობენ, მსოფლიოში სხვა უკეთესი სამზარეულოს მქონე დაწესებულებებიც არსებობს, ბარის გულშემატკივრებს შეუძლიათ, არ ინაღვლონ: მისი სახელი და გართობის განსხვავებული საშუალებების სინთეზი მყარ გარანტიას იძლევა, რომ მაგიდები კიდევ კარგა ხნის მანძილზე არ დარჩება დაუჯავშნელი.

ხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილება თბილისის ბუდა ბარსაც მოუწევს. როგორც წამოწყების მესვეურები იტყობინებიან, მშენებლობის პროექტი სწორედ ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნის და მომსახურების ხარისხის მეთვალყურეები შემდგომშიც ფრანგები იქნებიან. რა თქმა უნდა, თუ ეს „შემდგომში” საერთოდ იარსებებს.

საქმე ისაა, რომ ბუდა ბარის იდეამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არა იმიტომ, რომ ჩვენ გასართობი ან საკვები დაწესებულებების მიმართ განსაკუთრებით სკეპტიკური დამოკიდებულება გვაქვს, მიზეზი რესტორნის კონკრეტული კონცეფცია, უფრო სწორად - ამ კონცეფციის გაზვიადებული აღქმაა. მდგომარეობას დელიკატურობას ბუდას ქანდაკებით „აღჭურვილი” გასართობი დაწესებულების ადგილმდებარეობა სძენს. მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ათასობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბუდას ქანდაკების დადგმა სანაპიროზე, ანუ წმინდა მიწაზე. ილია II-ს ამ ადგილას ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენება სურს. ეკლექტური თბილისისთვის და მისი სანაპიროებისთვის უცხო არ არის საკრალური და გასართობი ობიექტების მშვიდობიანი თანაარსებობა, მაგრამ ამ ქანდაკებისთვის რელიგიური კონოტაციის მინიჭებამ საკითხს სპეციფიური ელფერი შესძინა: დღის წესრიგში რელიგიური მიუღებლობისა თუ ტოლერანტობის საკითხები დადგა, დისკუსიაც ამ კუთხით წარიმართა. „ბუდისტებიღა გვაკლდა“ - წუხან მუსლიმებისგან, კათოლიკეებისგან თუ იუდეველებისგან რატომღაც გადაღლილი მართლმადიდებლები. „ბუდისტები გვაკლია!“- დაჟინებით ითხოვენ სხვანი.

სხვათა შორის, ერთადერთი ქალაქი, სადაც ბუდა ბარი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც, ჯაკარტა გახლავთ. თუ საქართველოში ბარის „რელიგიური“ დატვირთვის გამო წუხან, ინდონეზიის დედაქალაქის მკვიდრი ბუდისტების მძაფრი პროტესტი საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია: მათთვის ბუდას სახელი და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოების გამოყენება საკრალურობისა და რელიგიური შინაარსისგან დაცლილი გასართობი ცენტრის მიერ, ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია.

ამრიგად, ვერც თბილისში ვიხილავთ ბუდისტური რიტუალების აღსრულებას ან ლოტოსის პოზაში მყოფ ბერებს ალკოჰოლური სასმელისა და აღმოსავლური კერძების ოხშივარში გახვეული ქანდაკების წინ. თუ პროექტი განხორციელდა - რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ შეძლებულ თუ ნაკლებად შეძლებულ ქართველებს და მხიარულ ტურისტებს გადავაწყდებით.

21 სამეფო ნიშნობა

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდებიან. ეს დღე უკვე სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. საქორწინო ცერემონიალი ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, რომელსაც ათასწლიანი სამეფო ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ აქ პრინცის მშობლებმა, პრინცმა ჩარლზმა და პრინცესა დიანამ, ასევე უილიამის ბებიამ, დედოფალმა ელიზაბეთ II-მ და დიდმა ბებიამ იქორწინეს. ქორწილისათვის საჭირო თანხას ნეფე-პატარძლის ოჯახი გადაიხდის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯები კი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

0x01 graphic

სამეფო ნიშნობის ამბავი მასმედიისათვის გასულ კვირას გახდა ცნობილი. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ჟურნალისტებით გადაჭედილ დარბაზში გაბრწყინებული სახეებით გამოჩნდნენ. ქეითს უილიამის მკლავში ხელი ისე ჰქონდა გაყრილი, რომ მის თითზე მბრწყინავი ბეჭედი მაშინვე იქცევდა ყურადღებას. „სწორი დრო შევარჩიეთ. ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ“, - განაცხადა პრინცმა უილიამმა. ქეითს ხელი ოქტომბერში კენიაში დასვენების დროს სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას, ბეჭდით დანიშნა.

0x01 graphic

პრინცესა დიანა შვილებთან ერთად

ბეჭედი თვრამეტკარატიანი ლურჯი საფირონითა და ბრილიანტებით არის შემკობილი. უილიამის განცხადებით, საცოლისათვის მისი ჩუქებით დედის სიახლოვეს გრძნობს. დღესდღეობით, ეს ბეჭედი ყველაზე პოპულარული დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მომხმარებლები იუველირებს გამუდმებით სთხოვენ ამ სამკაულის ასლის დამზადებას.

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის სასიყვარულო ისტორია შოტლანდიაში, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში დაიწყო და ცხრა წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო მედია წყვილს გამადიდებელი შუშის ქვეშ აკვირდებოდა. სამეფო ოჯახი უილიამის პირად ცხოვრებაზე მედიასთან არ საუბრობდა. ჟურნალისტების ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ჭორები კი მრავლდებოდა. ტაბლოიდები ცხრა წლის განმავლობაში უცდიდნენ უილიამისა და ქეითის ნიშნობას. მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ მედიამ რამდენჯერმე წყვილის ნიშნობის შესახებ ცრუ ინფორმაციაც კი გაავრცელა. ხოლო მოგვიანებით ნიშნობის საგა დაშორების ისტორიით ჩაანაცვლეს.

0x01 graphic

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
ყველა ფოტო: REUTERS ©

პრინცი უილიამი, საკუთარი ტიტულიდან გამომდინარე, საზოგადოებისა და მედიის ინტერესის ობიექტი ყოველთვის იყო. ქეითის ოჯახის წარმომავლობითა და საქმიანობით კი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მიდლტონი პრინცის გვერდით შენიშნეს. მათი სიყვარულის ისტორია იმ ზღაპრებს ჰგავს, რომელსაც მშობლები პატარებს ღამღამობით უყვებიან ხოლმე. ამ ზღაპრის მთავარი გმირი ქეითია. მიდლტონების ოჯახი ხომ საშუალო სოციალური ფენიდან იყო. მისი დედა ბრიტანული ავიახაზების ბორტგამცილებელი იყო, ხოლო მამა - დისპეტჩერი. მოგვიანებით, ოჯახმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო (Party Pieces) - ონლაინ კომპანია, რომელიც ბავშვების სადღესასწაულო აქსესუარებს ყიდდა. პატარა ქეითი და მისი და-ძმა კი ამ პროდუქციას უკეთებდნენ რეკლამას. ბიზნესმა მიდლტონების ოჯახს წარმატება და დიდი შემოსავალი მოუტანა. სულ მალე ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა, ბავშვებს კი უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც ჩანს, ზღაპრებს პატარა ქეითსაც ხშირად უყვებოდნენ, რადგან ყველა გოგოს მსგავსად, ისიც თავის პრინცს ელოდა. როგორც მისი ერთ-ერთი კლასელი, ჯესიკა ჰეი გაზეთ Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, როდესაც გოგონები სკოლელ ბიჭებს აფასებდნენ, ქეითი ამბობდა, რომ არც ერთი მათგანი არ ჰგავდა პრინც უილიამს. ცხრამეტი წლის ასაკში ქეითმა სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მან თავისი კურსელი „უილიამ უელსი“ გაიცნო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქეითი ოჯახის ახლობლებთან აქსესუარების ფირმაში მუშაობდა. The Daily Telegraph-მა იგი ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად დაასახელა („Most Promising Newcomer).

ქეითი სულ მალე, რამდენიმე თვეში, პრინცესა იქნება, მომავალში კი შეიძლება, დედოფალიც გახდეს. Independent Communication and Marketing-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 64%25-ს ურჩევნია, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალი მონარქი პრინც ჩარლზის ნაცვლად უილიამი გახდეს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხალხის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უილიამის მეფობა ჩარლზის კეთილ ნებაზე და დედოფლის თანხმობაზეა დამოკიდებული.

22 ტექნოლოგიური სიახლეები

▲back to top


საზოგადოება|ტექნოლოგიური სიახლეები

რუპერტ მერდოკის და სტივ ჯობსის გაზეთი

0x01 graphic

სტივ ჯობსი და რუპერტ მერდოკი დაძმობილდნენ და ნოემბრის ბოლოს ერთობლივ პრეზენტაციას გეგმავენ. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ახირებულები არიან, რისი მიზეზიც მედიასამყაროში ჩაფიქრებული რევოლუციაა. ისევე როგორც სტივ ჯობსმა ჩაიფიქრა ერთხელ, რომ ტელეფონს ზედმეტი ღილაკები არ უნდა ჰქონდესო, ასევე აიხირა რუპერტ მერდოკმა ბეჭდური პრესა მალე აღარ იარსებებსო, ჰოდა თქვა და საამისოდ პირველი ნაბიჯი გადადგა კიდეც. მსოფლიოში პირველი მეგაზეთე და პირველი მეტაბლეტე დეკემბრიდან ახალ გაზეთს გამოსცემენ, თუმცა სიტყვა „გამოსცემენ“ აქ ტექნოლოგიური ანაქრონიზმია, ვინაიდან ახალი გაზეთი, რომლის სახელწოდება Daily იქნება, მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გავრცელდება და არ ექნება საერთო გაზეთის კლასიკურ „გამოცემასთან“, ანუ არ იარსებებს მისი არც ბეჭდური და არც ინტერნეტ ვერსია. ნებისმიერ მსურველს კვირაში სულ რაღაც 99 ცენტად შეეძლება ხელმოწერის გაკეთება და Daily-ის ჩამოქაჩვა, რომელიც სპეციალურად პლანშეტური კომპიუტერისათვის იქნება ადაპტირებული.

რუპერტ მერდოკმა საამისოდ ასი ჟურნალისტი დაიქირავა და ახლადგამოჩეკილ მედიასიახლეს News Corp-ის ცათამბჯენის მთელი 26-ე სართული დაუთმო. სტატისტიკური გათვლებით 2011 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში iPad-ის 40 მილიონი მომხმარებელი იქნება, თუ ამას ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე პლანშეტებს და Blackberry RIM-ის Playbook-ის გაყიდულ რაოდენობასაც დავუმატებთ, ნათელი ხდება თუ რას უმიზნებენ Daily-ის შემქმნელები. მერდოკს და ჯობსს ღრმად სწამთ, რომ ასეთი ტიპის მედიასაშუალებები იქნება მათი მთავარი შემოსავლის წყარო მომავალში. საინტერესო ასევე ის არის, რომ ეს არ იქნება გაზეთი კლასიკური გაგებით, ვინაიდან პლანშეტური კომპიუტერი, სტივ ჯობსის შემთხვევაში iPad, უფრო მეტის საშუალებას იძლევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ საგაზეთო მასალებში ჩართული ვიდეომასალა, ინტერაქტიული ანიმაციები და აუდიოჩანაწერებიც შეიძლება ვიხილოთ, დაახლოებით იმ სტილში, ჰარიპოტერიანაში The Daily Prophet რომ არის, ჯადოქრების მთავარი სამაუწყებლო ორგანო. თუ რა სახე ექნება პირველ ტაბლეტურ გაზეთს, ამას რამდენიმე კვირაში შევიტყობთ.

Facebook-ის ელექტრონული ფოსტა

„ჩვენ არ გვაქვს ამბიცია ინტერნეტის მომხმარებლებს e-mail killer შევთავაზოთ“, - განაცხადა ამას წინათ სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე ციფრული სამყაროს ოქროს ბიჭუნამ, Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა. სოციალურ მედიაში ახალი ტიპის მესიჯინგ-სერვისი ინერგება. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ეს ციფრული კავშირის განსხვავებული საშუალება იქნება, რომელიც გააერთიანებს კლასიკურ e-mail-, Facebook-ის მიწერ-მოწერის სერვისს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ე.წ. SMS-ებს. მარკ ცუკერბერგი იმასაც ამბობს, რომ ეს არ არის ახალი email, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის მომხმარებლებს შეეძლებათ @facebook.com მისამართის ქონა. კონფერენციაზე ასევე ისიც ითქვა, რომ სერვისი მოხმარებაში ეტაპობრივად ჩაეშვება და დეკემბრის შუა რიცხვებისათვის ყველა მომხმარებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი.

დასავლურმა მედიამ სან-ფრანცისკოში გაკეთებული ანონსი უმალვე გამოწვევად მონათლა და გიგანტების ბრძოლას შეასხა ხოტბა. მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგი აცხადებს, ჩვენი ახალი სერვისი სოციალური გზავნილების ყუთი იქნება და მეტი არაფერიო, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა ტიპის ტექსტური შეტყობინებებიო, უკვე დაირხა ხმები და სტატისტიკაც დაიდო, თუ პირველი ვის წინააღმდეგ გაილაშქრებს Facebook-ის ელექტრონული ფოსტა. მთავარი მოთამაშეების სია ასე გამოიყურება: Google-ის Gmail - 193 მილიონი მომხმარებელი, Microsoft-ის Hotmail - 361 მილიონი და Yahoo!-ს ელექტრონული ფოსტა - 273 მილიონი. რამდენად შეძლებს Facebook-ი მომხმარებლების 666 მილიონიანი არმიით თამაშის წესების შეცვლას ზემოხსენებულ საკომუნიკაციო გიგანტებთან, ამას დეკემბერში შევიტყობთ. მანამდე კი დედამიწის მოსახლეობის მეათედს თითები ექავება Facebook-ის e-mail-ის მოლოდინში.

ადამიანური საძიებო პორტალი

0x01 graphic

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ მიემგზავრებით ბუენოს-აირესში, დუბლინში, ან მიუნხენში რამდენიმე დღით. პირველი, რასაც ტექნომანი გააკეთებს ის იქნება, რომ შევა Google-ში და მის წვალებას დაიწყებს. თუმცა რამდენად შეესაბამება ის ინფორმაცია, რასაც ჩემოდნებჩალაგებულ მაძიებელს Google შესთავაზებს, იმას, რისი გაგებაც მას მცირე დროში უნდა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ინფორმაციის უმეტესობა, რომელსაც Google თავისი pagerank ალგორითმის წყალობით გამოიტანს პირველივე გვერდზე, სარეკლამო ხასიათის სპამი, ან ენციკლოპედიური რაოდენობრივი აღწერა იქნება. ადამიანები კი მშრალ ფაქტებს და რიცხვებს ვერ აღიქვამენ, მათ სურთ, რომ ამბავი მოუთხრონ, სურათები აჩვენონ და ლამაზი ფერებით დაუხატონ ის, თუ რა ნახონ და რას ეწვიონ.

დუგ იმბრიუსი და ლუი მონიე მივიდნენ დასკვნამდე, რომ საძიებო სისტემებს ადამიანურობა აკლია, რაც მოძებნილი ინფორმაციის უსისტემო გროვაში გამოიხატება. თითოეულ ადამიანს ძებნა-ძიების დროს თავად უხდება საძიებო სტრატეგიის შემუშავება, ამიტომაც ზემოხსენებულმა ბატონებმა წარსული გამოცდილება გაითვალისწინეს (ლუი მონიე წარსულში ცნობილი საძიებო სისტემის Altavista-ს შემქმნელია) და განსხვავებული კონცეფცია წარუდგინეს სილიკონის ველის ბინადრებს. საამისოდ მათ ახალი სიტყვა Qwiki მოიფიქრეს და სრულიად უჩვეულო საძიებო სისტემის მშენებლობას შეუდგნენ.

Qwiki პრეზენტაციებით შექმნილი საძიებო პორტალია. შედარება რომ მოვახდინოთ, ეს არის რესტორანი, სადაც სტუმრებს საფირმო კერძებს სთავაზობენ. Google კი სუპერმარკეტია, სადაც რაიმე კერძისათვის საჭირო ინგრედიენტებს თქვენ თავად ყიდულობთ და კერძსაც თავადვე იმზადებთ, ამიტომაც Qwiki არ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ტრადიციული საძიებო პორტალების კონკურენტი. პირიქით, შემქმნელები მას, სწრაფი შთაბეჭდილების შესაქმნელ ინსტრუმენტს უწოდებენ, ამიტომაც ისინი აქცენტს აუდიოვიზუალურ ინფორმაციაზე აკეთებენ და მოძებნილ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით გვთავაზობენ. ჯერჯერობით პორტალი სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა რამდენიმე ჩინებული პრეზენტაციის ხილვა უკვე შესაძლებელია

23 ობამას დაისი

▲back to top


ტაბულა|რაზა

ამერიკელი ამომრჩეველი ქედს არ უხრის ისტებლიშმენტს

სალომე მამალაძე

2 ნოემბრის არჩევნები ბარაკ ობამას მმართველობის რეფერენდუმად იქცა. ამერიკელმა ამომრჩეველმა არა მხოლოდ მისი პოლიტიკა უარყო, არამედ შეერთებული შტატების პოლიტიკური ლანდშაფტის ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი. კონსერვატიზმის წარმატებასთან ერთად ეს დღე ამერიკული დემოკრატიის ტრიუმფის სიმბოლოც აღმოჩნდა - რიგითმა ადამიანებმა ყოვლისშემძლე ისტებლიშმენტს მძიმე მარცხი აწვნიეს.

1948 წლის - ხოლო შუალედური არჩევნების შემთხვევაში 1938 წლის - შემდეგ მსგავსი წარმატება არჩევნებზე არც ერთ პარტიას არ ჰქონია. თუ კი წინა 2 საარჩევნო ციკლის დროს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში 55 ადგილი დაკარგეს, მხოლოდ წელს 64 მოიგეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან წარმატებას დიდმა ძველმა პარტიამ არა იმდენად ფედერალურ, არამედ შტატების დონეზე მიაღწია - ლეგისლატურებს 680 ახალი რესპუბლიკელი წევრი შეემატა.

ბარაკ ობამას მემარცხენე ექსპერიმენტის საარჩევნო კრახის მიზეზი ბევრია. მათგან პირველ რიგში ხაზგასასმელია 44-ე პრეზიდენტსა და საშუალო ამერიკელებს შორის იდეოლოგიური შეუთავსებლობა. თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი ყველა წინამორბედზე უფრო მემარცხენეა, მაშინ როცა ამერიკაში კონსერვატორებსა და მემარცხენეებს შორის თანაფარდობა თითქმის 2.5 - 1-თანაა: შეერთებული შტატების მოქალაქეთა 48%25-თავს კონსერვატორად მიიჩნევს და მხოლოდ 20%25 თვლის, რომ მემარცხენეა.

0x01 graphic

ობამა ესალმება საუდის არაბეთის მეფე აბდულას

ობამასეული დიდი სახელმწიფოს ევროპული ხედვა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, ამერიკული საზოგადოების უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამერიკელებს არა ცხოვრებაში მთავრობის როლის ზრდა, არამედ ბიუროკრატიის, რეგულაციების, გადასახადების, ხარჯების და ვალის შემცირება სურთ.

0x01 graphic

ობამა ესალმება იაპონიის იმპერატორ აკიხიტოს

საკუთარი პოლიტიკის არა პოპულარობის მიზეზების ახსნას მემარცხენეები შეთქმულების თეორიის მეშვეობით შეეცადნენ. დამნაშავე სწრაფად იპოვეს - კონსერვატიული მედია. თეთრმა სახლმა მის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო და წარუმატებლად შეეცადა ამერიკული საზოგადოების დარწმუნებას, რომ ისინი ლეგიტიმური ჟურნალისტები კი არა, იდეოლოგიზებული პროპაგანდისტები იყვნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კამპანიამ მმართველი პარტია კიდევ უფრო დაასუსტა, ხოლო მისი ოპონენტები - გააძლიერა.

ობამასთან ერთად მემარცხენე მედიაისტებლიშმენტის პოპულარობა და ავტორიტეტიც კლებულობს. The Washington Post და The New York Times მკითხველს კარგავს, ხოლო NBC, CBS, ABC და CNN - მაყურებელს. სამაგიეროდ რუპერტ მერდოკის Wall Street Journal დღეს ყველაზე უფრო კითხვადი გამოცემაა (მან უკან ჩამოიტოვა ერთ დროს ყველაზე დიდ ტირაჟიანი USA Today), ხოლო მისივე Fox News უფრო მეტი ადამიანი უყურებს, ვიდრე ერთად აღებულ ყველა მეინსთრიმულ ტელევიზიას. რადიო ტალღებზე რაშ ლიმბო, გლენ ბექი, შონ ჰანითი, მარკ ლევინი, ლორა ინგრემი და სხვა მემარჯვენე წამყვანები დომინირებენ.

კიდევ ერთი მიზეზი საშუალო ამერიკელის პირველი შავკანიანი პრეზიდენტისგან გაუცხოებისა იყო ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა - ობამა ამერიკის განსაკუთრებულობას არად მიიჩნევს. მოქალაქეებისათვის აშშ სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიო მმართველობის მძიმე და უნიკალური მისია აქვს ნატვირთი. ამერიკელი ამომრჩევლისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მსოფლიო საქმეებში ლიდერობის მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი ინსტიტუტებითა და ხელშეკრულებებით ჩანაცვლება. ობამას საგარეო პოლიტიკა ბევრმა შეაფასა, როგორც დეკადენტური, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ წინ აღუდგეს შეერთებული შტატების გლობალური გავლენის დაკნინებას, პირიქით, პოსტამერიკული საერთაშორისო წესრიგის ფორმირებისაკენაა მიმართული.

ამერიკელ ამომრჩეველს არ მოეწონა, რომ მისი პრეზიდენტი ზედმეტად ხშირად იდრეკდა ქედს, (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) უცხო, ზოგჯერ შეერთებული შტატებისადმი არც თუ კეთილგანწყობილი სახელმწიფოების მეთაურების წინაშე. რიგითმა მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ის ენთუზიაზმი, რომლითაც მათი პრეზიდენტი ბოდიშებს იხდიდა შეერთებული შტატების ისტორიის გამო, უმჯობესი იყო მას ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვისას გამოევლინა.

ამიტომაც ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ დაასკვნა, რომ მემარცხენეები, რომელთაც არ სჯერათ საკუთარი ერის დიდების, ვერ შეძლებენ უდიდესი გამოწვევებისა და საფრთხეების დროს ქვეყანას წინ წარუძღვნენ.

ამჟამად პრეზიდენტი ობამა არჩევანის წინაშეა: ყურად იღოს ამერიკელი ხალხის სურვილი ან გააგრძელოს თავისივე აღსასრულისკენ მიმართული ძველი პოლიტიკა. პირველ შემთხვევაში მას ჯერ კიდევ აქვს შანსი თავიდან აიცილოს ის მარცხი, რომელიც შუალედურ არჩევნებზე მისი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა იწვნიეს.

0x01 graphic

ობამა ესალმება ჩინეთის პრემიერ ვენ ძიაბაოს

0x01 graphic

ობამა ესალმება ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს

24 ქართული წყლის პოტენციალი

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

თურქულმა კომპანიამ Kolin Construction-მა ჰიდროელექტროენერგიის პროექტში 150 მილიონდოლარიანი ინვესტიცია ჩადო. საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

ხელშეკრულების თანახმად, Kolin-მა სამეგრელოში, მდინარე ტეხურაზე 4 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადი უნდა ააგოს. მას, სულ მცირე, 105.7 მეგავატი სიმძლავრე უნდა ჰქონდეს. კასკადის მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდება.

ამ ხელშეკრულებით, ინვესტორები პირობას დებენ, რომ მომდევნო 10 წლის მანძილზე, ზამთარში, სამი თვის განმავლობაში, მთლიანი სიმძლავრე მხოლოდ შიდა ბაზარს მოხმარდება. წლის დანარჩენ დროს, ინვესტორს შეუძლია ელექტროენერგია საზღვარგარეთ გაყიდოს.

0x01 graphic

კიდევ ერთი თურქული კომპანია Nuroli Construction and Trading-ი, სამხრეთ კორეულ კომპანია SK Engineering and Construction-თან ერთად, ჩართულია პროექტში, რომელიც მდინარე რიონზე 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. სამივე მათგანის ჯამური სიმძლავრე 450 კილოვოლტი იქნება. პროექტის მთავარი ინვესტორი სამხრეთ კორეის სახელმწიფო კომპანია KEPCO-ა. KEPCO-ს ინვესტიცია 1 მილიარდი დოლარია.

კიდევ ორი თურქული კომპანია Limak Holding (Limak Enerji) და Anadolu Industrial Holding Group მომდევნო ტენდერების მოლოდინშია.

თურქების ინტერესი გასაგებია. 2010 წლის მარტში ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის ფონდმა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) 315 კმ სიგრძის შავი ზღვის რეგიონული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დააფინანსეს. გადამცემი ხაზის მშენებლობაზე 2011 წლის ბიუჯეტში დამფინანსებლები 1 მილიონ ლარს გამოყოფენ. პროექტი 2012 წელს უნდა დასრულდეს. ხაზის სიმძლავრე 500 კილოვოლტი იქნება. ეს ხაზი საქართველოსა და თურქეთის ქსელებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მზად კიდევ 90-მდე საინვესტიციო პროექტი აქვს. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამბობს, რომ ჰიდროენერგო პროექტებით ამერიკული და კანადური კომპანიებიც ინტერესდებიან. საქართველოს მთავრობა ამ სფეროში მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.

25 34:33 თუ 36:37, ანუ ვინაა წინ სამხრეთამერიკულ სუპერ კლასიკოში

▲back to top


ბიძინა ბარათაშვილ|სვეტი

0x01 graphic

ნოემბრის მეორე ნახევარი მსოფლიოს უპრინციპულესი საფეხბურთო დაპირისპირებებით აღინიშნა.

იტალიაში რომამ შეაჩერა თანაქალაქელი ლაციოს ტრიუმფალური სვლა, მერე მილანმა მოუგო „დერბი მადონინა“ ინტერს და ეჭვქვეშ დააყენა მეტოქის ესპანელი თავკაცის ბენიტესის კვალიფიკაცია და მეზობელთა საჩემპიონო ამბიციები. ინგლისში მანჩესტერული კლუბების დუელი უგოლოდ დასრულდა, ლონდონში კი ტოტენჰემმა სტუმრად მოუგო არსენალს; არგენტინულ სუპერკლასიკოში მწვრთნელდათხოვნილმა რივერმა დაამარცხა ბოკა და მისი თავკაცი ბორხი შეიწირა; მექსიკის პლეიოფში პუმასმა გამოაგდო რეგულარულის მომგები კრუს ასული...

0x01 graphic

ბრაზილია - არგენტინა. ლეო მესი

არანაკლები ემოციები დაიხარჯა სანაკრებო დონეზეც. ფრანგებმა ინგლისში მოიგეს, პორტუგალიამ ესპანეთს გადაუარა და სამხრეთაფრიკული ტრიუმფიდან ოთხი თვის თავზე ვისენტე დელ ბოსკეს საქმე საბოდიშოდ გაუხადა (არგენტინასთან 1:4, მეზობლებთან 0:4).

და მთავარი ჯახი - როგორც იქნა, არგენტინამ ნავსი გატეხა და მეზობელ ბრაზილიას დოჰაში 1:0 მოუგო, რასაც „ალბისელესტე“ და მისი თაყვანისმცემლები 2005 წლიდან ელოდნენ! ანუ იმ დროიდან, როდესაც პეკერმანის გაწვრთნილმა გუნდმა გერმანიის მუნდიალის შესარჩევში 3:1 აჯობა „კანარინიას“. მას მერე მსგავსი აღარაფერი მომხდარა, ბრაზილია უპრინციპულეს მეტოქეს ყველა შეჯიბრებაში თუ ამხანაგურში ჯაბნიდა - 3:0 ჩვეულებრივ ანგარიშად იქცა და 2 ფრეც კი არგენტინელთა აქტივში იწერებოდა. ამასთან, ორივე მოსაგები იყო, მაგრამ ბრაზილიამ ჯერ 2005 წლის კოპა ამერიკას ფინალში გაათანაბრა ბოლო წამზე (2:2 და პენალტებით მოიგო), მერე კი ბოლო მსოფლიო პირველობის საშინაო პაექრობაში გაჭირვებით შეინახა კარიმშრალად. სამაგიეროდ,

პენტაკამპეონმა ალფიო ბასილე შეარცხვინა ორჯერ (3:0 კოპა ამერიკა 2007 ფინალში, და ლონდონურ ამხანაგურში), თითოჯერაც პეკერმანი (2005 წლის 4:1 კონფედერაციათა თასის ფინალში) და მარადონა (3:1 ბოლო შესარჩევში), სანუგეშოდ კი არგენტინას პეკინის ოლიმპიდაზე „მინი რევანში“ (რონალდინიოიან ბრაზილიასთან 3:0) და ახალგაზრდულ პირველობებზე გამარჯვებები დარჩა...

ახლა უკვე არგენტინელებს დაუდგათ ზეიმის დრო! აბსოლუტურად თანაბარი მატჩის ბედი გენიოსის მორიგმა შედევრმა განსაზღვრა - 91-ე წუთზე ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომ დაუდგა პრინციპული სანაკრებო გოლის გატანის დრო, ცენტრიდან წაიღო ბურთი მეტოქის საჯარიმომდე, ფეხებზე დაიკიდა 4 ყვითელფორმიანი და დაბალ კუთხეში შეუგორა გამარჯვებულის სახელის მატარებელ ვიქტორს! 5 წუთში ბრაზილიის თავგადაკლულმა ფანმა გიგა ბედინეიშვილმა ალბანეთიდან გამომიგზავნა sms: What a fucking genius! მოდი და ნუ დაეთანხმები!

ახლა ურთიერთშეხვედრებში არგენტინული ვერსიით არგენტინა ლიდერობს - 34:33, ბრაზილიურით - ბრაზილია 37:36!

დღეს ესპანეთის დამმარცხებელთა სუპერვარსკვლავები - მესი და რონალდო კატალონიის დედაქალაქში გასამართ პირად დუელში გამოავლენენ კიდევ ერთი კლასიკოს გამარჯვებულს - ბარსა თუ რეალი? ეს კითხვა აღელვებს ახლა მთელ საფეხბურთო სამყაროს...

..ჩვენთან კი დინამო იყიდება სიმბოლურ ფასად...

0x01 graphic

რაფაელ ბენიტესი

0x01 graphic

ფაბიო კაპელო

0x01 graphic

ვისენტე დელ ბოსკე

P.S. ჰო, დერბის თემაზე საუბარში კინაღამ მთავარი დამავიწყდა - საქართველომ სტუმრად მოუგო სლოვენიას. ლორიამ პენალტი აიღო, ჩვენ ერთ წუთში გატანილი დუბლით წაგებული შემოვაბრუნეთ, თანაც გასვლაზე და უკვე 8 მატჩია არ ვაგებთ! ბრავო, თემურ, ბრავო, ბიჭებო! ხომ ვამბობდი, ქეცბაია ყისმათაა-მეთქი!

26 სან ანტონიოს ხუთი მიზეზი

▲back to top


სპორტი|კალათბურთი

0x01 graphic

შაკი თავისი დომინაციის დროს ამ გუნდის ლიდერებს წიკვინა ქალიშვილებს ეძახდა, დომინიკ უილკინსმა ტეხასში გატარებული პერიოდი გეტოს შეადარა და რეი ალენმა 5 წლის წინ პარალელი სპურსს და ბორდელს შორის გაავლო

სან ანტონიო არ არის პოპულარული, სან ანტონიო მტვრიანი ტეხასია და სან ანტონიო ბოლო დეკადაში, NBA-ს საუკეთესო ფრენჩაიზია.

ტიმ დანკანის ერაში დეზებმა ოთხჯერ დაირტყეს ჩემპიონის ბეჭდები, ადმირალ რობინსონი 2003-ში ჩემპიონად გააცილეს და წელს ლიგის მთავარ სენსაციებშიც დასეირნობენ. დინჯად, მშვიდად აკეთებენ გასაკეთებელს და პირველი 13 VS-დან 12 მოიგეს, რაც სპურსის ისტორიაში საუკეთესო სტარტია. გრეგ პოპოვიჩის გუნდის წარმატების ხუთ ძირითად მიზეზზე გავისაუბროთ.

სწრაფი ტემპი

სან ანტონიოს დაცვაში ჩაჯდომა და სადისტური დაცვა წარსულშია. სპურსს აღარ ჰყავს ბრიუს ბოუენი, ანუ კობი ბრაიანტს მოედნის საკუთარ ნახევარზე არავინ ატაკებს თვალში თითს და ლებრონს ყურზე არ უკბენენ.

სან ანტონიოს დაუბერდა მთავარი დამცველი, ტიმ დანკანიც. ამის გათვალისწინებით, პოპოვიჩმა ყველაზე მარტივი გამოსავალი მონახა - მანუ ჯინობილი გუნდის ჯოკერი გახდა, ტონი პარკერი ბოლომდე დაიქოქა, რიჩარდ ჯეფერსონმა მოტივაციის ლექციებზე დასწრება გააუმჯობესა. ერთობლიობაში, ამით სან ანტონიოს კალათბურთი სწრაფი, მოქნილი, რთულად გასაშიფრი გახდა.

სპურსი ხუთი კაცით გარბის და ხუთი კაცით იცავს თავს. დანკანი ასაკშია, მაგრამ კოორდინაციის და გამძლეობის პრობლემა ჯერ არ აქვს. მშვენივრად ჩაჯდა გუნდის სქემებში ბრაზილიელი ტიაგო სპლიტერი. სან ანტონიო ერთ მატჩში აღებული ქულებით მეორეა (107.2), რაც დანკანის გუნდში მისვლის შემდეგ არ ყოფილა.

რიჩარდ ჯეფერსონი

შარშან ჯეფერსონი აუტანელი, ზარმაცი, ზედმეტად ამბიციური იყო.

წელს ჯეფერსონი საყვარელი, ბუნჩულა, მაგრამ მაინც ზედმეტად ამბიციურია.

პოპოვიჩის დაცვით ხაფანგებში რიჩი უკვე თავის როლს ასრულებს, სხვას ხელს არ უშლის და ტიმის ცოლსაც ღამის კლუბში არ ეპატიჟება (შარშან დაპატიჟა და ოთხი კბილი დაკარგა).

რიჩარდმა შარშან საშუალოდ 12.3 ქულა აიღო, წელს კი ამაზე ბევრსაც აგროვებს, მშვენივრად ისვრის სამიანებს და რვაჯერ 18 და მეტი ქულით დაასრულა მატჩი.

ჯინობილი სასტარტო ხუთეულში

მანუ გრეგის ნებისმიერ დავალებას ასრულებს. მანუ გენიოსია, მანუ გრეგის ძაღლს ასეირნებს, მანუ ტონისთვის ევაა და მანუ წელს მთელი გუნდია.

პოპოვიჩმა პირველი ორი ჩემპიონობა სათადარიგო არგენტინელით მოიგო, მერე მანუ სასტარტო ხუთეულში დააყენა და ბოლოსკენ ისევ ექსპერიმენტების ბილიკისკენ გაუხვია.

დღეს ჯინობილი პირველი ხუთეულის პერმანენტული წევრია, მანუ კარიერაში ყველაზე პროდუქტიულ სეზონს ატარებს და ამის ხარჯზე, პოპოვიჩი დანკანს 30 წუთზე ნაკლებს ათამაშებს. შარშან, მანუ მეექვსე კაცი იყო და სპურსმა რეგულარულის სტარტი (6:6) ჩააგდო. წელს ჯინობილი სასტარტოშია და ყველაფერი შეიცვალა.

ბონუსი: გრაფიკი

ინდიანა, კლიპერსი (ორჯერ), ჰიუსტონი, შარლოტი, ფილადელფია, კლივლენდი. სან ანტონიომ რეგულარულის პირველ სემესტრში ამ ცუდ მესპარინგეებთან წაივარჯიშა, პროცესში კი რამდენიმე ძლიერ გუნდსაც აჯობა.

ოკლაჰომას, იუტას, ფინიქსს და ორლანდოს სერიოზული ხალხი ჰყავს. სპურსმა ყველას მოუგო და ერთადერთხელ დამარცხდა (ნიუ ორლეანთან). გრაფიკიც სან ანტონიოს ეხმარება.

ახალი გენერაცია

პოპოვიჩი რაციონალურად ანაწილებს ყველას სათამაშო დროს. გრეგმა მიქსტში მოურიდებელი ღლაპებიც გაურია და სან ანტონიო ლიდერებს დიდი ხნით ასვენებს

სპლიტერით (25), გარი ნილით (25), ჯეიმს ანდერსონით (21), ჯორჯ ჰილით (24) და დეკუან ბლერით (21) პოპოვიჩმა ყველაზე სწრაფი და ახალგაზრდა მეორე შემტევი რუსტერი შეკრა.

სტატისტიკის მხრივ, გაუცვეთავ დეზებში ყველაზე კარგია ჰილი, რომლის საშუალო სტატისტიკაც 8.5 ქულა, 2.6 მოხსნა და 2.4 შედეგიანი გადაცემაა. ჰილი ამათში ყველაზე სტაბილურია, სპლიტერი - ყველაზე გამოცდილი (შარშან ესპანეთის ჩემპიონატის MVP გახდა და კახა ლაბორალს ჩემპიონობა დაუტოვა) და ბლერს ყველაზე მძიმე უკანალი აქვს. ჩარლზ ბარკლიზე მძიმე. პოპოვიჩმა ამაშიც ჯეკპოტი მოხსნა.

27 იდეალური ჩოგბურთელი

▲back to top


ჩოგბურთი|სპორტი

0x01 graphic

თითო მერი შელი სპორტის ყველა სახეობას უნდა ჰყავდეს. ფრანკენშტეინის სკალპელს დღეს იდეალური ჩოგბურთელის შესაქმნელად გამოვიყენებთ და არსენალში მხოლოდ მოქმედი მოთამაშეების კომპონენტებს ჩავრთავთ.

სემ ქუერის მოწოდება

ამერიკელი ჯონ ისნერზე ნაკლებ ეისს აწვდის. სემ ქუერის მოწოდების დროს რადარზე თითქმის არ ფიქსირდება 230 კილომეტრი/საათში (როგორც ამას ენდი როდიკი აკეთებს). ქუერი ბრეიკ პოინტებს უფრო კომპლექსური ჩოგბურთით და არა მხოლოდ მოწოდებით იღებს. და სემ ქუერის მაინც საუკეთესო მოწოდება აქვს.

სემი მოწოდების დროს ისეთივე ელეგანტურია, როგორც მიხაელ შტიხი და მეორე მოწოდების დროს რისკავს. ქუერი ორმაგებსაც დიდი დოზით აგროვებს, მაგრამ მოწოდება მაინც საუკეთესო აქვს.

როჯერ ფედერერის ტვინი

ფედერერი იდეალურად კითხულობს თამაშს. სრულყოფილ ჩოგბურთელთან ყველაზე ახლოს ფედერერია და როჯერი ოპონენტებს მათივე კოზირებით უგებს. როდიკთან მის ანგარიშზე უფრო მეტი ეისი და ნაკლები ორმაგია. აგასისთან ფედერერი ფორჰენდით იგებდა და თამაშის ტემპსაც ანდრეზე ხშირად ცვლიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან როჯერი შემოკლებულების მთელი კასკადით ამტვრევს სერბს და როცა უნდა მოუგოს, მაშინ სულ უგებს. ენდი მარეის კი ინტელექტით უგვარებს ყველაფერს და სქოთი ამის გამო უფრო უზრდელი და უმიზეზოდ ამბიციური ხდება.

მოკლედ, როჯერი გენიოსია

ხუან მარტინ დელ პოტროს ფორჰენდი

წელს პრო ტურს თავისი მუღამი აკლდა. უმძიმესი ტრავმის გამო ვერ ითამაშა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ და ფედერერსაც თავისი (ასაკით) პატარა ძმაკაცი მოენატრა.

დელ პოტროს ფორჰენდი უფრო სწრაფია, ვიდრე ნიკოლაი დავიდენკოს მოწოდება და უფრო სტაბილური, ვიდრე - ენდი როდიკის ფსიქიკა. დელ პოტრომ ამერიკაში პირველი მეიჯორი მოიგო და ეგრევე დაიმტვრა. არგენტინელი თებერვალში დაბრუნდება.

რაფაელ ნადალის ბექჰენდი

ესპანელი მიღებაზე თითქმის აგასია და უფრო სტაბილურია, ვიდრე ევგენი კაფელნიკოვი. ბოლო დეკადის ორი უდიდესი მიმღების ფონზე, ესპანელი იდეალურად იყენებს ბექჰენდს და არ ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად, ცაცია ფორჰენდით დააბრუნოს ბურთი.

ნადალი უნივერსალია და ბექჰენდით, ელეგანტური აბრაგნის დროსაც ისეთივე არაპროგნოზირებადი და სახიფათოა, როგორც ძალისმიერი მიღების დროს.

როჯერ ფედერერის შემოკლებული

წინა გენერაციაში ყველაზე კარგი შემოკლებული მარსელო რიოსს ჰქონდა, მანამდე კი ამ კომპონენტში ყველაზე კარგი ივან ლენდლი იყო.

ფედერერის შემოკლებული იშვიათი, მაგრამ თითქმის იდეალურია. როჯერმა შარშანდელი უიმბლდონის ფინალში როდიკს მოწოდებით და შემოკლებულით აჯობა და იდეალურ სპრინტერს, რაფაელ ნადალსაც ხშირად ამით უგებს.

მარდი ფიშის ბადესთან თამაში

პატრიკ რაფტერამდე ფიშს ბევრი უკლია, მაგრამ უკანა ხაზზე გაქვავებული ჩოგბურთის ეპოქაში, ამერიკელი მაინც გამორჩეული პერსონაჟია.

მარდი სულ ბადესთან გარბის. პირველი მოწოდების დროს, მეორე მოწოდების დროს, საკუთარი თუ ოპონენტის შემოკლებულზე - ფიში ბადესთან არის.

ამერიკელმა წელს, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ბლომად ქულები აიღო და საბანკო ანგარიშიც დაიმძიმა. კარგ მოწოდებასთან ერთად, მარდის ამაში ბადესთან ხშირი, მომენტებში ფორსირებული და კარგი თამაში დაეხმარა.

28 პირველად იყო კიგანი...

▲back to top


სპორტი

0x01 graphic

2011 წლის 10 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფა ტრადიციულად დაასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს და მას ოქროს ბურთით დააჯილდოვებს.

თუ ევროპულ პრესას ვენდობით, გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეს ინიესტაა, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი.

მაგრამ ვეჭვობთ, რომ ინიესტას, თუნდაც ასეთი კოზირით, ოქროს ბურთის აღმართვა ძალიან გაუჭირდება - ჩვენი აზრით, ის უკვე დაჩრდილა თანაკლუბელმა ლეო მესიმ.

ბარსელონას შემხედვარე, ფიქრობ, რომ კატალონიური კლუბი ერთი მსახიობის თეატრია - არგენტინელი გენიოსი ყოველ საღამოს შეუდარებელია!

ფიფამ 2009 წელს სწორედ ის დაასახელა საუკეთესოდ და მესიც ყველგან ამტკიცებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არ შემცდარა: ესპანეთის ჩემპიონატია, ლიგა თუ სანაკრებო თამაში, არგენტინელი შეუჩერებელია!

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მან პანათინაიკოსი დაამწუხრა და ერთბაშად ორი რეკორდიც დაამყარა: ბარსელონას ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ზედიზედ 10 მატჩში რომ შეძლო გოლის გატანა და ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდა - 23 წლის - 150-ე გოლი რომ მიითვალა!

და რადგან რეკორდები ვახსენეთ, წელს მესის მიერ დაპყრობილ მწვერვალებზეც ვთქვათ:

17 იანვარს, სევილიასთან 4:0 მოგებულ მატჩში ბარსელონას მაისურით მე-100 გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა გახდა, ამ ნიშნულს რომ უწია!

24 მარტს, ოსასუნას წინააღმდეგ მეორასედ ითამაშა კლუბში - 23 წლის ბიჭის კიდევ ერთი რეკორდი!

6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაში არსენალს 4 გოლი გაუტანა და ბრაზილიელი რივალდოს რეკორდი გააუმჯობესა - ჩემპიონთა თასზე კატალონიელთა მთავარი ბომბარდირი გახდა!

2009-2010 წლების სეზონი ლა ლიგაში გატანილი 34 გოლით დაასრულა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა!

მერე სამხრეთ აფრიკა იყო, სადაც მესი სხვებმა დაჩრდილეს, მაგრამ დაიწყო თუ არა 2010-2011 წლების სეზონი, არგენტინელმაც გაილაღა და დღემდე არ გაჩერებულა:

ვილიარეალთან 3:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი მისთვის წლეულს საიუბილეო, 50-ე გამოდგა ბარსელონას მაისურით!

ერთი კვირის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ალმერიას 8:0 გადაუარა, ლეომ კი სეზონში მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამ მატჩში შეგდებული მეორე ბურთით ის კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ლა ლიგაში 100 გოლს რომ უწია!

ალმერიას საბერძნეთში პანათინაიკოსთან 3:0 მოგება და ლეოს ერთი ზუსტი დარტყმა მოჰყვა...

საოცარია: ამ სეზონში მესიმ კატალონიელთა შორის 18- ჯერ ითამაშა და 23 გოლი გაიტანა!

ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერთ, ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდა მორიგი ელ კლასიკო - ბარსელონა-რეალი.

ვერც იმას გეტყვით, ვინ მოიგებს 2011 წლის 10 იანვარს ფიფას ოქროს ბურთს.

თუმცა, ის კი ვიცით, რომ ლეო მესის შეუძლია ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდეს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, თუმცა წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაინც მოიპოვა.

პირველი ინგლისელი კევინ კიგანი იყო 1978 წელს.

მაშინ კიგანის ინგლისი არგენტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ მოხვდა...

29 ჰიუნდაის ახალი ელანტრას პრემიერა ლოს ანჯელესში

▲back to top


ავტო

0x01 graphic

კორეული დებიუტის შემდეგ, ახალ ჰიუნდაი ელანტრას ამერიკაში გამოჩენის დრო დაუდგა - ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, ის ჩრდილოამერიკული საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა. კორეული კომპანია ამერიკის ბაზარზე ექსპანსიას აგრძელებს და სწორედ ამიტომაა, რომ ევროპულ პრემიერამდე, ეს ავტომობილი ამერიკელებს უჩვენა. ძველი კონტინენტის და შესაბამისად, საქართველოს ჯერი კი შემდეგ დადგება

ეს მოდელი ჰიუნდაის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელსაც მწარმოებელი თხიერ სკულპტურას უწოდებს. ცნობისათვის, ეს სტილი კომპანიამ პირველად ახალ ტუსანსა და სონატაზე გამოიყენა. ახალი ელანტრა ძველზე, რომელსაც ჰიუნდაი 2006 წლიდან აწარმოებს, 3 სანტიმეტრით გრძელია. მისი ტოპ ვერსია ლიმიტედს, ტყავის სალონით, გამჭვირვალე სახურავით, ყველა სავარძლის გამათბობლით და 15-დუიმიანი ბორბლებით გამოირჩევა. ამასთან, მყიდველს 16 და 17-დუიმიანი ბორბლების შეკვეთის საშუალებაც ექნება.

ახალი ელანტრა ოთხცილინდრიანი 1.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 148 ცხენის ძალას და 186 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავის მაბრუნი მომენტის გადამუშავება 6-საფეხურიან მექანიკურ, ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ევალება. მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, ელანტრა ტრასაზე მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, დაახლოებით 6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ქალაქში კი იმავე მანძილისთვის 8 ლიტრი სჭირდება.

სხვათა შორის, ელანტრას კორეულ ვერსიაზე, რომელიც იქ ავანტეს სახელითაა ცნობილი, ჰიუნდაი თავის უახლეს, სერია გამა-ს ოთხცილინდრიან 1.6-ლიტრიან GDI ძრავს იყენებს, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. ამ აგრეგატის სიმძლავრე 140 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 180 ნიუტონმეტრია, თუმცა 1.8-ლიტრიანზე ეკონომიურია. აღნიშნული ძრავით აღჭურვილ ელანტრას ევროპელ მყიდველსაც შესთავაზებენ.

ჰიუნდაის ამერიკული შტოს მთავარ აღმასრულებელ ჯონ კრაფჩიკის განცხადებით, ახალი ელანტრა ყველაზე ეკონომიურია კომპაქტური სედანების კლასში, სადაც მას კონკურენცია ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან მოუწევს, როგორებიცაა ტოიოტა კოროლა, ჰონდა სივიკი, ნისან სენტრა და ფორდ ფოკუსი.

სავარაუდოდ, ეს ავტომობილი საქართველოში 2011 წელს, ივლისში შემოვა. ჯერჯერობით ცნობილი არაა მისი ფასი. ცნობისათვის, კორეასა და ამერიკაში საბაზო კომპლექტაციით, ელანტრა 15 550 დოლარი ღირს.

0x01 graphic

30 ჰენესი ვენომ GT - ავტომობილი თავზეხელაღებულებისა და ძალიან მდიდრებისთვის

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ტექსასური კომპანია ჰენესი ავტომობილების ტიუნინგზეა სპეციალიზებული, თუმცა ხშირად ინდივიდუალურ პროექტებსაც ახორციელებს და სუპერავტომობილების გურმანებს გაოცებულებს ტოვებს. წელს კომპანიამ მორიგი სუპერსათამაშო მოამზადა, რომელიც ლოტუს ელისის ბაზაზე შექმნა და რომელსაც სახელად ვენომ GT უწოდა.

ეს ავტომობილი წარმოუდგენელი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და ასე განსაჯეთ, თვით სიჩქარის მეფეს - ბუგატი ვეირონსაც კი ფორას მისცემს. ის ლოტუს ელისის დაგრძელებულსა (0.60 მეტრით) და გაგანიერებულ (0.30 მეტრით) პლატფორმაზე შეიქმნა. ძარის დასამზადებლად, კარბონის კომპოზიტი გამოიყენეს, რისი წყალობითაც ავტომობილის წონა სულ რაღაც 1070 კილოგრამია.

არადა, მის ბაზაში შევროლე კორვეტისგან აღებული 6.2-ლიტრიანი, წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8 მონსტრი ჩადგეს, რომელსაც მყიდველს ფორსირების სამი განსხვავებული დონით სთავაზობენ. მათგან ყველაზე სუსტი 725 ცხენის ძალას იძლევა (ამ ვერსიით, ძრავი ატმოსფერულია), საშუალოს სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალაა, ყველაზე ძლიერი კი - 1 200. რა თქმა უნდა, ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება, შუალედურ რგოლად კი გამოყენებულია კომპანია რიკარდოს წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი.

ამ ავტომობილს (1 200-ცხენისძალიანი ძრავით) ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.4 წამში შეუძლია, 160 კმ/სთ სიჩქარეს 5.3 წამში ავითარებს, 240 კმ/სთ-ს 8.9 წამში აღწევს, 320 კმ/სთ-ს კი - 15.6 წამში. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ვენომ GT-ს ჭერი 429 კმ/სთ-ია.

ჰენესი ვენომ GT რეგულირებადი საკიდარითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, სხვადასხვა სიჩქარეზე მაქსიმალური აეროდინამიკური ეფექტის მისაღწევად, ავტომობილს ასევე რეგულირებადი უკანა ანტიფრთა და უკანა სპოილერები ემსახურება. ასეთი ტემპერამენტის მქონე ავტომობილს მუხრუჭებიც შესაფერისი აქვს. სამუხრუჭე სისტემის მთავარი კომპონენტია იტალიურ კომპანია ბრემბოს წარმოების, ექვს (წინ) და ოთხცილინდრიანი (უკან) სუპორტები, რომლებიც კარბონ-კერამიკული კომპოზიტისგან დამზადებულ სამუხრუჭე დისკოებს ემსახურება. საბურავები კი ფრანგული მიშლენისაა და ისინი კარბონის 19-დუიმიან ბორბლებზეა ჩაცმული.

კომპანიის დამაარსებელი და მფლობელი ჯონ ჰენესი ამბობს, რომ თუ რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავის მართვა გსურთ, მაგრამ ამის საშუალება არ გეძლევათ, შეგიძლიათ იგივე გრძნობები მისი ავტომობილის დახმარებით გამოსცადოთ. ამისათვის კი 600-დან 725 ათას დოლარამდე გადახდა მოგიწევთ. ფასი ავტომობილის აღჭურვილობის (ძირითადად ძრავის ფორსირების ხარისხის შესაბამისად) მიხედვით მერყეობს. დაბოლოს, ჰენესი წლიურად მხოლოდ 10 ცალი ვენომ GT-ს წარმოებას აპირებს

0x01 graphic

31 შუა საუკუნეები ახალი საგამოფენო კონცეფციით

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

დოქტორი ჰელენ ევანსი მეტროპოლიტენ მუზეუმის დირექტორთა საბჭოს წევრი და მუზეუმის კოლექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და საინტერესო კოლექციის - მერი და მაიკლ ჯაჰარისის სახელობის ბიზანტიური ხელოვნების გალერეების კურატორია. სწორედ ევანსმა „აღმოაჩენინა“ საქართველო ნიუ იორკელ დამთვალიერებელს, მაშინ როდესაც ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმში, შუასაუკუნეების განყოფილებაში დაცული უნიკალური ექსპონატები ცნობილ მუზეუმ მეტროპოლიტენში გამოფინა.

„ეს 1997 წელს იყო, როცა მეტროპოლიტენში ჩემი ცნობილი გამოფენა „ბიზანტიის დიდება“ მოვაწყვე. ჩემმა საგამოფენო კონცეფციამ სულ სხვა რაკურსით წარმოაჩინა ბიზანტიის ისტორია და კულტურა; დამთვალიერებელს აქცენტი იმპერიაში შემავალი ქვეყნების როლსა და მნიშვნელობაზე გააკეთებინა. საქართველო, როგორც დასავლური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, იმ გამოფენაზე მილიონამდე ვიზიტორმა აღმოაჩინა“, - იხსენებს ქალბატონი ჰელენ ევანსი.

მეტროპოლიტენ მუზეუმში წარმოდგენილმა „ბიზანტიის დიდებამ“ და მოგვიანებით, 2004 წელს ისევ ჰელენ ევანსის კურატორობით ჩატარებულმა მასშტაბურმა გამოფენამ „ბიზანტია: რწმენა და ძალაუფლება“ დიდი რეზონანსი გამოიწვია. New York Times-მა ორივე გამოფენა წლის მოვლენად აღიარა, ხოლო Apollo Magazine-მა „ბიზანტიის დიდება” წლის კულტურული მოვლენების ტოპ-ხუთეულში შეიყვანა. „ბიზანტია: რწმენა და ძალაუფლების“ კატალოგი კი ალფრედ ბარის და ჯორჯ ვიტერბორნის პრიზებით დაჯილდოვდა.

„თბილისში პირველად 80-იანებში ჩამოვედი. მაშინ ამდენ უცხოელს აქ ნამდვილად ვერ შეხვდებოდით, ცოტა თუ იცნობდა პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ პატარა და საინტერესო ქვეყანას. მახსოვს ძალიან გამიხარდა, როცა თბილისის ქუჩებში ამერიკის ჯორჯიის შტატიდან გაცვლითი ვიზიტით მყოფ რამდენიმე სტუმარს შევხვდი. აი, მუზეუმის საცავებში კი უნიკალური კოლექციები ვნახე შუასაუკუნეების სამყაროდან და ძალიან მომინდა, რომ ეს უძველესი ქვეყანა მსოფლიოს გაეცნო. მოგვიანებით, როცა „ბიზანტიის დიდებაზე“ ვმუშაობდი, 90-იანებში კვლავ ჩამოვედი თბილისში და გამოფენისთვის მეტროპოლიტენ მუზეუმში რამდენიმე მეტად შთამბეჭდავი ნივთი წავიღე. სწორედ ამ რამდენიმე უნიკალური ნივთის სწორად ექსპონირებით, საინტერესოდ გაკეთებული წარწერებით, რუკაზე საქართველოს მდებარეობის მითითებით და კიდევ სხვა კომპონენტებით, საქართველოსა და შუა საუკუნეების სამყაროში მის როლზე უამრავმა დამთვალიერებელმა შეიტყო“, - ამბობს ჰელენ ევანსი.

2011 წლისთვის დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების ფართო აუდიტორიისთვის ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა. კონცეფციის შექმნისა და ექსპოზიციის მოწყობისთვის საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და დოქტორ ჰელენ ევანსს მიმართა. გამოფენების ცნობილი ექსპოზიციონერი და მეცნიერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მეტროპოლიტენ მუზეუმის მთავარ დიზაინერთან - დანიელ ქერშაუსა და ცნობილ რესტავრატორთან - ჟაკ სულთანიანთან ერთად ესტუმრა. დანიელ ქერშაუ კონსულტაციას უწევს ლოს-ანჯელესის პოლ გეტის, სალვადორ დალისა და სხვა წამყვან მუზეუმებს, ონასისის ფონდს ნიუ იორკში... ნიუ იორკის მეტროპოლიტენში კი მას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენების („პერგამონის ფრიზი“, „რენესანსული პერიოდის გობელენი“, „აფრიკული ხელოვნების გენეზისი“, „ფრანცისკო გოია“, „პუსენიდან მატისამდე“, „ედგარ დეგა“, „სეზანიდან ვან-გოგამდე“ და. ა.შ.) დიზაინი აქვს გაკეთებული. რაც მთავარია სწორედ დანიელ ქერშაუს მიერაა განხორციელებული მეტროპოლიტენ მუზეუმის შუა საუკუნეებისა და ბიზანტიური გალერეების რეინსტალაცია.

ჟაკ სულთანიანი კი მიწვეულია, როგორც ნიუ იორკის ფრიკის კოლექციის, ლოს-ანჯელესის პოლ გეტის მუზეუმის, ჰიუსტონის მენილის კოლექციების, იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეის, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმისა და სხვა წამყვანი მუზეუმების კონსულტანტი კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში. აღსანიშნავია, რომ ლუვრში ჩატარებული სამუშაოების გამო, მას საფრანგეთის მთავრობამ „Chevalier dans l'Ordre des Arts et des Lettres“ საპატიო წოდება მიანიჭა.

„ექსპოზიცია საუკეთესოა მაშინ, როცა დიზაინი უკანა პლანზე გადადის და მნახველს საშუალებას აძლევს ყურადღება გამოფენილ ობიექტებზე გადაიტანოს“, - გვიხსნის დანიელ ქერშაუ.

„შუა საუკუნეების გალერეების ექსპოზიცია ერთდროულად ქართველ და უცხოელ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ ამ ნივთებითა და საინტერესო კონცეფციით საქართველო მსოფლიო ისტორიის კონტექსტში საკმაოდ ეფექტურად ჩაჯდება“, - ამბობს ჰელენ ევანსი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ეს თანამშრომლობა UNESCO-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

0x01 graphic

32 მოდერნიზებული ჩოხა ლონდონის ქუჩებში

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

ლონდონელებს რომ უცნაურად ჩაცმა უყვართ და ამ ქალაქის ქუჩის მოდა განსაკუთრებული ფენომენია - ეს ცნობილი ფაქტია. აქ შესაძლოა ადამიანმა ერთდროულად ჩაიცვას დიორის პიჯაკი, ადიდასის სპორტული ფეხსაცმელი, ვინტაჟის კაბა და მასთან ერთად, მაგალითად, გაურკვეველი წარმომავლობის ყვავილებიანი შარვალი - სტილების ასეთი აღრევით ლონდონელები ეტყობა ბრენდების ერთგვარ დიქტატურას უპირისპირდებიან და პიროვნულ თავისუფლებას ეძებენ.

„ჰო, უცნაურად ჩაცმულები დადიან. ლონდონის ქუჩებში ყოველთვის ექსტრავაგანტული მასაა, ოღონდ აკადემიურად ექსტრავაგანტული“, - ამბობს ანკა კალატოზიშვილი და თან ლონდონში გაგზავნილი თავისი ჩოხის შესახებ ყვება. ის, რაც ექსკლუზიურად ტაბულას ფოტოობიექტივში მოხვდა, ტრადიციული ჩოხა ნამდვილად არ არის. ეს ქალის პალტოა - ლონდონის ქუჩებისთვის გამორჩეულად უცნაური და იქაური ცივი და ნესტიანი შემოდგომისთვის შესაბამისად თბილი შალის ქსოვილისგან შეკერილი.

მისი მფლობელი ცნობილი ლონდონელი მოდის ფოტოგრაფი Zanna აღმოჩნდა. 4 ნოემბერს ის დამთვალიერებლის წინაშე გრანდიოზული პერსონალური გამოფენით წარდგა, რომლის სახელწოდებაც Zanna & Jhon Galliano გახლდათ. გამოფენა Wapping Project Bankside-ში გაიხსნა. ეს ცნობილი საგამოფენო სივრცეა ლონდონის უძველეს უბანში. ის, როგორც კონცეპტუალური ფოტოგრაფიის, ფილმებისა და ვიდეო-არტების გალერეა, 10 წლის წინ ვიქტორიანული ეპოქის ერთ მიტოვებულ ელექტროსადგურში გაიხსნა. Zanna-მ სწორედ აქ გამოფინა გალიანოს 40-მდე იმიჯი, რომლებიც ფოტოგრაფმა დიზაინერთან ხუთი წლის მანძილზე მუშაობის პერიოდში შექმნა.

„ჩოხის შეკერვა ჩვენმა ერთმა საერთო მეგობარმა შემომთავაზა, რომელიც ლონდონიდან ჩამოვიდა. მაგრამ ჩოხა ჩოხაა და მასზე მუშაობისას ძალაუნებურად სტანდარტები უნდა დაიცვა. მე კი მისი მოდერნიზებული ვარიანტის შექმნა მაინტერესებდა. ეს პალტო უნდა ყოფილიყო და თან ქალის. დავიწყე ფიქრი და საბოლოოდ საკმაოდ მომგებიანი ვარიანტი გამოვიდა: ადაპტირებულია ქალის სილუეტთან, მასალა ნატურალურია - გამოვიყენე მაღალი ხარისხის შავი ფერის შალის ქსოვილი, ქილები ძველი ჭრელი ფარდაგისგან გავაკეთე (სხვათა შორის ეს ფარდაგი ფარაჯანოვის ნაჩუქარი იყო), ყაბალახის გამოყენება ცალკე აქსესუარადაც შეიძლება, ის უამრავი კომბინაციის საშუალებას იძლევა...“ - ამბობს ანკა კალატოზიშვილი.

ლონდონური გამოფენის შემდეგ ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაღებებზე პარიზში გადაინაცვლა და როგორც შევიტყვეთ, მისი უცნაური „პალტო“ დიდი მოწონებით სარგებლობს პარიზის სახელოვნებო წრეებში.

ანკა კალატოზიშვილისთვის კი უამრავი თეატრალური კოსტიუმის შემდეგ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში ეს ერთ-ერთი პირველი და საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია. რაც შეეხება მის ესკიზებს, თეატრალურ კოსტიუმებსა და ცნობილ აპლიკაციებს, მათი ნახვა გალერეა ვერნისაჟში შეგიძლიათ, სადაც მხატვრის პერსონალური გამოფენა ამ ორი დღის წინ გაიხსნა და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.

უჩვეულო გამოფენა სამხატვრო აკადემიაში

ანტონ ბალანჩივაძის სლაიდშოუ, მაკა ბატიაშვილის, გია ბუღაძის, თეა თელიას, სოფია ჩერქეზიშვილის ინსტალაციები, კოტე მინდაძის სკულპტურა, გიორგი კეკელიძის, როკო ირემაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს ვიდეო და კიდევ არაერთი საინტერესო ქართველი არტისტის ნამუშევრების გახსნა 25 ნოემბერს, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

თავდაპირველად, სოფია ჩერქეზიშვილის ოქროსფერი ყვავილების სკულპტურული ინსტალაცია, დავით ალექსიძის „პანდორას ყუთი“ და კონსტანტინე მინდაძის „პლანეტარიუმი“, ჟურნალ ტაბულას მხარდაჭერით შეიქმნა და 2 ოქტომბერს, წინანდალში ჩატარებულ ღონისძიებაზე იქნა წარმოდგენილი. ეს იყო მცდელობა ისტორიულ ზონაში შექმნილიყო პრეცედენტი გარე გამოფენისა - მოდერნისტულის, მულტისენსორულის. სწორედ წინანდლის გამოფენა იყო ფუნდამენტი, რაზეც აიგო სამხატვრო აკადემიაში ახალი ექსპოზიციის არქიტექტურა. კურატორებმა კი, სხვა ავტორების დამატებით, კიდევ უფრო მასშტაბური გახადეს სანახაობა, რომელიც ავტორთა ხელწერის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

33 თბილისის მოდის კვირეული - ძველი და ახალი სახელებით

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

გაზაფხული-ზაფხული 2011 თბილისის მოდის კვირეული დასრულდა. მოგეხსენებათ ეს მეორე კვირეული იყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ საქართველოს მოდის კვირეული ჩატარდა, ეს კი თბილისის მოდის კვირეული გახლდათ. ღონისძიება კომპანია ჯეოფეშენმა გამართა. ამ გაორებულ გაუგებრობაში მოხვედრილი ქართული მოდა საკმაოდ დაბალ საფეხურზე და განვითარების საწყის ეტაპზეა. სწორედ ამიტომაც, მსგავს ღონისძიებებს სამომავლოდ მძაფრი კრიტიკა და მკაცრი კონტროლი სჭირდება.

0x01 graphic

გიორგი ქებურია
ფოტო: თამთა ჭოჭუა

0x01 graphic

გიორგი ქებურია
ფოტო: თამთა ჭოჭუა

ორგანიზატორებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენებები არაორდინარულ სივრცეში, დაუმთავრებელ გრატო პასაჟში გამართეს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტ მუშაობას და სითამამეს მოითხოვდა. წინა სეზონის მსგავსად, თბილისის მოდის კვირეული ჩამოყალიბებულ დიზაინერებთან თანამშრომლობის გარდა, საინტერესო ახალგაზრდებს, ახალ სახეებს ეძებს. ორგანიზატორები ნონკონფორმისტული გადაწყვეტილებების მიღებას არ ერიდებიან.

იკა ბობოხიძემ და თეონა თავართქილაძემ (ატელია-10ა) რომანტიული, ჭრელი კოლექცია აჩვენეს. მათ ნამუშევარი მწვანე ფერზე ააწყვეს, აღმოსავლური მოტივებით მოჩითული მაღალი ხარისხის ქსოვილებით შეკერილი სამოსი შორეული აღმოსავლეთის, ინდო-ჩინეთის ნაზ ასოციაციებს იწვევდა.

დათუნა სულიკაშვილმა კათოლიკე მონაზვნები მათი გროტესკული თავსაბურავით და ჟაკ-ლუი დავიდის „ტელემაქოსი და ევქარისი“ საკუთარი კოლექციის ინსპირაციად აქცია. ქალური, ელეგანტური კაბები და პიჯაკები სხვადასხვა მუქი ქსოვილებისაგან შეკერა. იპოვა თხელი აბრეშუმი, რომელზედაც ამ ნეოკლასიკური ნახატის ფრაგმენტი იყო დაბეჭდილი და ამ ქსოვილისაგან, საშუალო სიგრძის კაბები შემოგვთავაზა.

გიორგი შაღაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული დიზაინერია. მისი ხელწერა - დეკონსტრუირებული ტანისამოსია, ფერები - ძირითადად მუქი. ამჯერად მისი ჩვენების მთავარი თემა „ტვინი და აზროვნება“ იყო. მოდელებს თავზე ტვინის შავ-თეთრი გრაფიკული გამოსახულება ჰქონდათ დამაგრებული, იგივე გრაფიკა მაისურებზეც იყო დაბეჭდილი ინგლისური წარწერით „use it. ალბათ, ამ პლაკატური სლოგანით, მოდელიორი ფიქრისა და აზროვნებისაკენ მოგვიწოდებდა.

თამუნა ინგოროყვამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი და მოდის დიზაინის დიდი ცოდნა. მის ნამუშევარში ნათლად ჩანს, რომ ის ზუსტად ხვდება, რა უნდა შესთავაზოს თანამედროვე ქალს. თამუნამ მძიმე და მსუბუქი ქსოვილების კონტრასტზე ააგო საკუთარი კოლექცია, მდგრადი ქსოვილებისაგან დრაპირებული პიჯაკებით და მოკლე კაბებით, პასტელურ ტონებს წითელი ფერი დაუპირისპირა. თხელი აბრეშუმისაგან კი ნეორომანტიული, ანტიკური ქიტონების მსგავსი გრძელი, ჰაეროვანი საღამოს კაბები წარმოადგინა.

ნინო ჩუბინიშვილმა ნიკა მაჩაიძის ანიმაცია და ტუსია ბერიძის ელექტრონული მუსიკა საკუთარ სიმბოლურ ნამუშევრებს - ტყავის რელიეფურ კაბებს დაუკავშირა. მათ პერფორმანსი გამართეს: ექვსი ანტიკვარული კარადა ექვს არტობიექტად აქციეს. თითოეულ კარადაში თითო კაბა ეკიდა, რომელზეც მაჩაიძის ანიმაცია მიდიოდა. ცენტრალურ კარადაში კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი ტუსია ბერიძე იდგა, რომლის სკულპტურულ კაბას ციფრული პროექცია ეცემოდა. ამიტომ კაბა ხან ჭრელი, ხან გრაფიკული, ხან კი ერთი ფერის სიმბოლური ობიექტი ხდებოდა.

თბილისის მოდის კვირეული ყოველ სეზონზე მართავს კონკურსს, რომელშიც სტუდენტებს თუ მოტივირებულ ახალგაზრდებს მონაწილეობა შეუძლიათ. წელს 18 ახალბედა დიზაინერი შეირჩა და მათ შორის ორი გამარჯვებული გამოვლინდა. თამუნა ბოჩიკაშვილი თავისი მხიარული კოლექციით და გიორგი ქებურია. გიორგი 20 წლის სტუდენტია. ის ბიზნესის მენეჯმენტს სწავლობს და ჰიპერმარკეტ გუდვილში მუშაობს. ახალი თაობის თავისუფალი ხელოვანია, რომელიც ყოველგვარი გავლენებისაგან თავისუფალ, ინდივიდუალისტურ, ძლიერ ნამუშევრებს ქმნის. მან მოდერნისტული, ინტუიტიური კოლექცია აჩვენა. მისი გულწრფელი ნამუშევარი თბილისის მოდის კვირეულის ყველაზე საინტერესო, იმედისმომცემ ნაწილად იქცა.

0x01 graphic

ნინო ჩუბინიშვილი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

34 პატარა ინდოეთი

▲back to top


გურმანი|რეტრო

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

კანდელაკის 23 თბილისი, 0160
უბანი: საბურთალო
ტელ: 890 526 999, 868 888 002
სამზარეულო: ინდური
საათები: ყოველდღე 12-24
ბარათები: მიიღება, ამერიკან ექსპრესის გარდა
ფასი: 75 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ალკოჰოლური სასმელის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: კანდელაკის ქუჩაზე
www.letseat.at/littleindia13

არ ვიცი რამდენი ინდოელი სტუდენტი სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უფრო საინტერესო საკითხავი იქნებოდა თუ რას სწავლობენ და რატომ ამ უნივერსიტეტში, თუმცა ამ კითხვის ადგილი უფრო სხვა გვერდზეა და არა ამ რუბრიკაში. ჩვენთვის კი ეს ფაქტი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ვეძისს - უბანს, რომელსაც სტუდენტები ალბათ უნივერსიტეტთან სიახლოვის გამო საცხოვრებლად ეტანებიან, აგვისტოში ინდური რესტორანი - პატარა ინდოეთი შეემატა. როგორც აღმოჩნდა, საქმე ჯერ კიდევ კარგად მიდის, ანუ ჯერ არ გაუფუჭებიათ.

ორი სიტყვა ინდურ სამზარეულოზე ქართულთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ინდური ქართულ სამზარეულოს ძალიან ჰგავს. ქართულმა სამზარეულომ, ისევე როგორც ინდურმა, სპარსულის დიდი გავლენა განიცადა. ქართველებს გვაქვს თონე - ინდოელებს თანდური, სადაც ისეთივე ლავაში ცხვება, როგორსაც მესხეთში დღემდე აცხობენ. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ უსაფუვრო პური ჰინდიზეც ზუსტად ისევე ჟღერს როგორც ქართულად - pūrī. თუ საქართველოში რეგიონალური მრავალფეროვნებით მოგვაქვს თავი, იგივე უფრო თამამად ინდურზეც შეიძლება ითქვას: ინდური სამზარეულო ინდოეთივით ჭრელი, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია. მდიდრული სანელებლებით გაჯერებული რეცეპტები, ისევე როგორც ქართული, საუკუნეების განმავლობაში დედიდან შვილს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ინდური სამზარეულოს მიხედვით გემოვნება ექვს კატეგორიად იყოფა: ტკბილი, მჟავე, მლაშე, ცხარე, მწარე და მსუსხავ-მკბენარი, თუ შეიძლება ასე ითქვას. კარგად გაჯერებული ინდური კერძი ექვსივე არომატს შეიცავს, თუმცა ეს არც ისე ადვილი მისაღწევი და შესაბამისად იშვიათია.

კანდელაკის ქუჩიდან რამდენიმე კიბით მკრთალად განათებულ სარდაფში ჩავდივართ და ფარდულ კუპეებად დაყოფილ გაურკვეველ სივრცეში ვხვდებით. მიუხედავად ამისა, ნამდვილად კარგი დასაწყისია, როდესაც ინდურ რესტორანში ინდური თანდური - ზარის ფორმის თონე დგას, სადაც პურს და თანდურის კერძებს ამზადებენ.

პატარა ინდოეთის ატმოსფერო იმდენად არანაირია, რომ მიჭირს საერთოდ რაიმეს თქმა. რატომღაც ადრეული 1990-იანების პირველი კოოპერატივები გამახსენდა, სადაც ცარიელ ბინებში ნამცხვრები მარტივი კონსტრუქციის ხის თაროებიდან იყიდებოდა. დაკავებული კუპეების ფარდები დახურულია - ფარდებსმიღმა სივრციდან ინგლისური ყაყანი და შუახნის მამაკაცების მოურიდებელი სიცილი ისმის.

მენიუ დაყოფილია ფრინველის, ხორცის, ბოსტნეულის და ბრინჯის კერძების პუნქტებად (items). სიტყვა item კერძთან მიმართებაში ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია: ინდურ მენიუში ხშირად შეხვდებით მაღალფარდოვნებას. შეკვეთისას კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდოელთა უმეტესობა ვეგეტარიანელია და ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება, ამიტომ, საქონლის ხორცის კერძის (curry) შეკვეთა ცოტა არ იყოს უხერხული ტონია. ოფიციანტი გოგონები საკმაოდ გაცნობიერებულები არიან მენიუში - ასე რომ, ვრცელი პუნქტების ჩამონათვალში გასარკვევად მათ დაეკითხეთ.

პატარა ინდოეთი იაფი რესტორანი არ არის. შედარებით იაფია ირანული წარმოშობის ბირიანის კერძები (ბისმათის ბრინჯისა და ხორცის ფლავი). აუცილებლად დაიწყეთ ტანდორი ნაანით, გნებავთ ჩვეულებრივი, გნებავთ კარაქით (3-4 ლ). ძალიან კარგი იყო ჰიდერიბადული კერძი ქათამი დო-პიაზა (16ლ), მდიდრულად შეზავებული ცხვრის მასალა (20ლ.) და კარტოფილი დამ ალუ ქაშმირი (7ლ). თუ ექვსი არომატი არ იგრძნობოდა, ორ-სამს მაინც ადვილად გამოარჩევდა დაკვირვებული ადამიანი. ხორციანი კერძების შეკვეთა იმიტომაც არ ღირს, რომ ხშირ შემთხვევაში რთული სათქმელია, რისი ხორცია ძვლოვან-ხრტილოვანი ნაჭრები, თუნდაც გემრიელ სოუსში მორთმეული. მიუხედავად ამისა, ნამდვილად ღირს პატარა ინდოეთის დაგემოვნება - თუნდაც განსაკუთრებულად უფერული ატმოსფეროს, მაგრამ უდავოდ გემრიელი სამზარეულოს გამო, მით უმეტეს, რომ თბილისში ინდურის უკეთესი არჩევანი არ გვაქვს.

ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად

35 ლორში შეხვეული მწყერი კენკრის სოუსით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

4 ულუფა
მასალა:
8 მწყერი
16 თხელი ნაჭერი უმად
შებოლილი იტალიური ლორი (პროშუტო კრუდო) უმჯობესია სან დანიელე
200 გრ. ჟოლოს ძმარი
500 გრ. შერეული კენკრა: ცოცხალი მაყვალი, ჟოლო,
მოცვი (ზამთრის ალტერნატივად გამოიყენეთ კენკრის გაყინული მიქსი)
1 კონა ქინძი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. ბალზამიკოს ძმარი
1 კბილი ნიორი
მარილი, ფერადი წიწაკა
ჯამში 32 ლარი

ახალი ქართული სამზარეულო - წინანდლის რეცეპტი

მომზადების წესი:

მწყერი გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გულ-მკერდის ძვლები და ჩადეთ მარინადში (იხილეთ ქვემოთ) 2-6 საათის განმავლობაში. მწყერის ნაჭრები ამოიღეთ მარინადიდან, გაამშრალეთ და შეწვით ცხელ ტაფაზე, 5 წუთი თითო მხარეს.

შემწვარი მწყერი გაკეცეთ შუაზე, გაახვიეთ ლორის თხელ ნაჭერში და დაამაგრეთ კბილის ჩხირით. ლორში შეხვეული მწყერის ნაჭრები გადაიტანეთ ცეცხლგამძლე განიერ ჭურჭელში და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 10 წუთი. შემწვარი მწყერი გაანაწილეთ 4 თეფშზე, მოასხით კენკრის სოუსი (იხილეთ ქვემოთ) და გემრიელად მიირთვით

მარინადი: 100 გრ. ზეითუნის ზეთი, 100 გრ. ჟოლოს ძმარი, 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი, მარილი, წიწაკა.

კენკრის სოუსი: შერეული კენკრა დააბლენდერეთ ნიორთან, ქინძთან და დარჩენილ ჟოლოს ძმართან ერთად. მარილი და წიწაკა გემოვნებით.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).