![]() |
ტაბულა №53 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ქორიძე ავთო, გოგიბერიძე ნინი, ავალიანი დიმიტრი, ხორბალაძე თამარ, აბაშიძე ელენე, კოკიჩაიშვილი თეონა, თოდუა მაია, ლოუსონი ბერტ, კვანჭილაშვილი ელენე, დარსალია გაგა, უგულავა სალომე, სუთიძე ლევან, ბაძაღუა ივანე, ტურაშვილი თეონა, მუჯირიშვილი ნატა, გამყრელიძე ნორა, მიქავა მარიამ, ლომიტაშვილი თენგიზ, ელერდაშვილი ვახო, ვაშაკიძე თათია, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ლორთქიფანიძე მერაბ, ახლოური ნინა, ბეჟანიშვილი ანა, მაჩაბელი სიმონ, გრიგალაშვილი ნათელა, ჯაფარიძე თეონა, კრიხელი დალი, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|25 აპრილი - 1 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„სასწორზე ხომ თეთრი რასის გადარჩენა დევს, ეს საკითხი რუსეთში საგრძნობია“.
რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის პრესმდივანმა, კონსტანტინ პოლტორანინმა სამსახური ტელეკომპანია BBC - სთვის ნათქვამი ამ სიტყვებისთვს დაკარგა. 20 აპრილი
„ჩემისთანა და შენისთანა ხალხმა, მარკ, ცოტა მეტი გადასახადი უნდა გადაიხადოს. ვიცი, რომ შენ წინააღმდეგი არა ხარ.“
აშშ-ს პრეზიდნეტი ბარაკ ობამა facebook - ის დამაარსებელს მარკ ცუკენბერგს შეხვდა. პრეზიდენტმა განსაკურებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ცუკენბერგმა მასთან შეხედრის გამო ტრადიციულ მაისურებზე უარი თქვა და პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილი შეხვდა. 20 აპრილი
„ნებისმიერ მეხუთე, მეექვსე, თუ ოცდამეხუთე კოლონას გავანადგურებთ, ჩვენ ამისთვის რესურსები გვაქვს“.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტისადმი ყოველწლიურ ტრადიციულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია დასავლეთიდან მიღებული ფულით სარგებლობს და უცხოური დაფინანსების წყაროების „დახურვის“ ბრძანება გასცა. 21 აპრილი
„ჰაიტელებს მითიტებები კი არა, სიმდიდრის შექმნისთვის აუცილებელი პირობები სჭირდებათ.“
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების სააგენტოებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ჰაიტის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მიშელ მარტელიმ. 22 აპრილი
![]() |
2 კვირა |
▲back to top |
16 აპრილი
ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალებმა ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ მისრატის მიმართულებით „გრადის“ ტიპის 100 რაკეტა გაუშვეს. საინფორმაციო სააგენტო Reuters - ის ცნობით ლიბიელი ამბოხებულების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კადაფის ძალები მისრატის სამრეწველო რაიონებს ესროდნენ. „მხოლოდ ის ვიცით, რომ დაიბომბა რძის საწარმო, შენობა სრულად განადგურებულია“, აღნიშნეს ამბოხებულებმა.
17 აპრილი
ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსთან ორი ჩინური ტანკერის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მათგანიდან ზღვაში ორი ტონა დიზელის საწვავი ჩაიღვარა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის გავრცელებისა და გარემოს დაბინძურების საშიშროება არ არსებობს, რადგან ვითარება კონტროლირდება. ტანკერების შეჯახების შედეგად ტანკერების ჩაძირვის საფრთხე არ შექმნილა. ტანკერების შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
18 აპრილი
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნაციონალისტური ორგანიზაცია - მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ - ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და მისი საქმინობა აკრძალა. რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მიზანი „ექსტრემისტული საქმიანობა“ იყო. სამართალდამცველებმა სასამრთლოს წარუდგინეს მტკიცებულებები ამ ორგანიზაციის წევრთა მონაწილეობის შესახებ იმ აქციაში, რომელიც მათი თქმით, „ეთნიკურ შუღლს „აღვივებდა“ . საუბარია 2010 წლის დეკემბერში მოსკოვში, მანეჟის მოედანზე მომხდარ მასობრივ თავდასხმებზე კავკასიური წარმოშობის ადამიანებზე.
ორი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ავაღანეთის დედაქალაში თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელმა, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, სამინისტროს შენობის მეორე სართულზე შეაღწია და ცეცხლის გახსნა. სწორედ მეორე სართულზე მდებარეობს ავღანეთის თავდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების კაბინეტები. შეიარაღებული მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს დაცვის თანამშრომლებმა მოკლეს. თავდასხმა თავის თავზე დაჯგუფება თალიბანმა აიღო.
აშშ-ში ტორნადოს 43 ადამიანი ემსხვერპლა. განსაკუთრებით დაზარალდა ჩრდილოეთ კაროლონას და ვირჯინიას შტატები, სადაც ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის შედეგად დაინგრა ასობით სახლი, ხოლო ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
19 აპრილი
ინტერნეტსივრცის თავისუფლების მიხედვით საქართველომ სამიდან ორი ინდიკატორი გააუმჯობესა. ამის შესახებ მონაცემებს ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2009 წელთან შედარებით, ინტერნეტთან წვდომის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ასევე შემცირდა შეზღუდვები ქსელში განთავსებული მასალის შინაარსთან დაკავშირებით. Freedom House-ის მონაცემებით, საქართველო კვლავ რჩება „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად“ ინტერნეტსივრცის თავისუფლების კუთხით.
საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთთან სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ 2006 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულება სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის საქართველოს გავლით მომარაგებას გულისხმობს პერსონალითა და სამხედრო ტექნიკით. ხელშეკრულების გაუქმების წინადადებით პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. ქართულმა მხარემ შეთანხმების გაუქმების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია დაასახელა.
20 აპრილი
საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ცნობით, კომპანია Microsoft-ის დამაარსებელს, ბილ გეიტსს ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყნის 3 დღეში დატოვება მოსთხოვა. პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ქვეყნიდან სამუშაო ძალის უკანონო გამოყენებისთვის გააძევეს. ბილ გეიტსი რამდენიმე ადამიანის თანხლებით მდინარე რიუ-ნეგრუზე კრუიზში იმყოფებოდა, საზღვაო პატრულმა მისი იახტა შემოწმებისთვის შეაჩერა. ტურისტებს ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ, ეკიპაჟის წევრებს კი გემზე მუშაობის ნებართვები არ აღმოაჩნდათ. არალეგალური სამუშაო ძალის უკანონოდ გამოყენებისთვის, გეიტსი დააჯარიმეს და დეპორტაცია გაუკეთეს. ცნობილია, რომ გეიტსს ამაზონის აუზში შვებულება ადრეც არაერთხელ გაუტარებია.
თბილისსა და რომს შორის, შესაძლოა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყოს. მთავრობის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა დაადასტურა, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის იტალიაში ვიზიტის დროს გამართული ოფიციალური შეხვედრებისას. გილაური იტალიის ეკონომიკის მინისტრს, მთავრობის ვიცე-პრემიერებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის უფროსის ბრალდება, თითქოს ევროპაში ნარკოტიკების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებიდან ხვდება. „რუსეთის ხელისუფლება, წლებია, სხვადასხვა დონეზე, დაჟინებით ეძებს არარსებულ ქართულ კვალს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველა პრობლემაში“, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა და „სინანული“ გამოთქვა იმ „ტენდენციური ფორმულირების გამო“, რომელიც განცხადებაშია გამოთქმული რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო „რიტუალური შელოცვის მორიგი გამეორება რუსეთის მიერ თავისი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობის თაობაზე ცრუ სიგნალებს აგზავნის და სინანულს იმსახურებს“, ვკითხულობთ განცხადებაში.
21 აპრილი
გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განკარგულება გასცეს ქვეყანაში ვიზიტით მყოფი რადიკალი იმამის გერმანიიდან გაძევების შესახებ. უცხოური მედიის ცნობით, მუსლიმი სასულიერო პირი იმით არის ცნობილი, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების სიკვდილით დასჯას მოითხოვს. იმამმა აბუ ამენა ბილალ ფილიპსმა ოთხშაბათს ფრანკფურტში 2 ათასი მუსლიმის წინაშე იქადაგა. თუმცა, 60 წლის სასულიერო პირს გერმანიაში თავისი საფირმო მოწოდება არ გაუმეორებია.
22 აპრილი
ჟურნალმა TIME-მა 2011 წლის მსოფლიოს 100 გავლენიანი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა. ასეულში შესული ადამიანები არიან აქტივისტები და მსახიობები, რეფორმატორები და მეცნიერები, სახელმწიფო მეთაურები და ბიზნესის ლიდერები. მათმა რევოლუციურმა იდეებმა 2011 წლის მნიშვნელობა განსაზღვრეს. სიის სათავეში მოექცა ეგვიპტელი ვაელ ღონიმი, რომელიც სოსოციალური ქსელის მეშვეობით საპროტესტო გამოსვლებს ხელმძღვანელობდა.
![]() |
3 ხელები შორს პაჩამამასგან |
▲back to top |
არენა
ავთო ქორიძე, ნინი გოგიბერიძე
დედამიწის დღეს მწვანეები ახალი იდეებით ხვდებიან
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება და ამით ადამიანები პლანეტისადმი მადლიერებას გამოხატავენ. საინტერესოა, რომ ამ დღის აღნიშვნასთან ერთად, ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა დედამიწის გაპიროვნების ინიციატივით გამოდის. ახლახან ბოლივიამ გაეროს საერთაშორისო კონვენციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ჩვენი პლანეტის ცოცხალ არსებად აღიარებას და მისთვის ადამიანთან გათანაბრებული უფლებების მინიჭებას მოითხოვს.
ბოლივიურ ინიციატივაზე გავლენა ადგილობრივი ანდური ტომების მსოფლმხედველობამ იქონია. ისინი დედამიწის ღმერთს - პაჩამამას ცხოვრების ცენტრად აღიარებენ, ეს უკანასკნელი კონვენციის პროექტის ტექსტშიც მოხვდა - „ის (პაჩამამა, დედამიწა) წმინდა და ცხოვრების მთავარი წყაროა, რომელიც კვებავს და ზრუნავს მის საშოში არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. ის მუდმივ ბალანსში, ჰარმონიასა და კავშირშია კოსმოსთან და შედგება ყველა ეკოსისტემისგან და ცოცხალი ორგანიზმებისგან“.
დედამიწის უფლებადაცვით საქმეში ბოლივიას რეგიონის სხვა ქვეყნებიც აყვნენ - მაგალითად, ეკვადორი. 2008 წელს ამ ორმა ქვეყანამ საკუთარი კონსტიტუციების პირველ მუხლში ადამიანთა უფლებებთან ერთად, დედამიწის 11 უფლებაც განმარტა. მათ შორისაა პლანეტის ცხოვრებისა და არსებობის, სასიცოცხლო ციკლების და პროცესების ადამიანისგან ჩაურევლად გაგრძელების, ბალანსის, სუფთა ჰაერისა და წყლის უფლება. ასევე, დედამიწას უფლება აქვს, არ იყოს დაბინძურებული ან შეცვლილი ადამიანის მიერ აგებული კონსტრუქციებით. პარალელურად, ლათინურ ამერიკაში ცხოველთა და მცენარეთა უფლებადაცვითი საქმიანობაც აქტიურად მიმდინარეობს. აქტივისტები თვლიან, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აკრძალვა საკმარისი არ არის და მათთვის ადამიანის ტოლი უფლებების მინიჭებას მოითხოვენ.
ისინი აცხადებენ, რომ ადამიანებისა და ცხოველების მსგავსება, ორივეს შესაძლებლობა იგრძნონ ტკივილი და სიამოვნება - თანაბარ არსებებად აქცევს მათ. იდეის მომხრეები ცხოველთათვის უფლებების მინიჭების დაბრკოლებას, სახელმწიფო მჩაგვრელ სისტემას აბრალებენ: სახელმწიფოები ხომ აქამდე ქალებისთვის, ჰომოსექსუალებისთვის და ზოგიერთი რასისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებაზეც უარს ამბობდნენო.
იდეის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცხოველებს არ აქვთ სოციალური კონტაქტის ან მორალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. შესაბამისად, მათ უფლებები ვერ ექნებათ. კონსერვატორი ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონი წერს, რომ მხოლოდ ადამიანებს გააჩნიათ მოვალეობები და, შესაბამისად, უფლებებიც მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ.
ცხოველებთან და მცენარეებთან გაიგივება ადამიანს გამორჩეულობას უკარგავს. მისი სიცოცხლის მნიშვნელობა დასავლური საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს. მსგავსმა მიდგომამ, ბუნებისთვის უფლებების მინიჭების ნაცვლად, ადამიანების უფლებების გაუფასურება და დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
თუ ცხოველებს ადამიანების ტოლ უფლებებს მივანიჭებთ, მათი საკვებად გამოყენება გენოციდის ტოლფას დანაშაულად ჩაითვლება. ცხოველთა წამება თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალულია - გართობის ან რაიმე სხვა არასაჭირო მიზნისთვის, ტკივილისა და ზიანის მიყენებას კრძალავს. ეს კანონი ცხოველების საკვებად ან ტანისამოსად გამოყენების შემთხვევებს არ ზღუდავს - ხსენებული მოთხოვნა კი ამასაც კრძალავს. ცხოველთა გათავისუფლების მომხრეები, იგივე აბოლიციონისტები, სწორედ ასეთი უფლებების მინიჭებას მოითხოვენ. მათ იდეოლოგიურ საფუძველს ვეგანიზმი, ცხოველური წარმოშობის ნებისმიერი საკვების აკრძალვის მომხრე იდეოლოგია წარმოადგენს.
მსგავსი პრეცედენტები ევროპაშიც მრავლადაა. ესპანეთში სოციალისტები და მწვანეები აქტიურობენ. ისინი ადამიანის მსგავსი მაიმუნებისთვის სიცოცხლისა და თავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვენ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ავსტრიიდან მიიღო საქმე, რომელიც შიმპანზეების ლეგალურ პიროვნებებად აღიარებას მოითხოვდა. შვეიცარიამ კი კონსტიტუციურად აღიარა ცოცხალი ორგანიზმების ღირსების უფლება - ამას საფუძვლად ადამიანებსა და მცენარეებს შორის მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე არსებული მსგავსება დაუდო. ეს მაშინ, როცა შვეიცარიის ზოგიერთ კანტონში, ქალებმა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1990-იან წლებში მოიპოვეს.
ინდონეზიელი მწვანეები დედამიწის დღეს აღნიშნავენ
ფოტო: REUTERS ©
ევროპაში ასეთი რადიკალური ინიციატივების ავტორები მწვანეთა მოძრაობის ფუნდამენტალისტური ფრთის წარმომადგენლები, ე.წ. ფუნდები არიან. მათი აზრით, დაბინძურებისა და სოციალური უთანასწორობის მთავარი გამომწვევი, ეკონომიკური განვითარება და მომხმარებლური საზოგადოების მატერიალისტული ფასეულობებია. ეკოლოგიური აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად საზოგადოება მწვანე ასკეტიზმის გზას უნდა დაადგეს - უარი თქვას მოხმარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ფუნდები საზოგადოებას სამუშაოს განაწილებასა და საკუთარ მანქანებზე, კონდიცირების სისტემაზე, სარეცხ საშუალებებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვა მიღწევებზე უარის თქმას სთავაზობენ. სანაცვლოდ კი საზოგადოება მეტ დროს მუსიკას, ხელოვნებასა და ოჯახს დაუთმობს.
ბარაკ ობამას მრჩეველი მეცნიერების საკითხში, ჯონ ჰოლდრენიც ამ იდეის მომხრეა. წიგნში „ადამიანის ეკოლოგია“ ის წერს: „ზრდის შეჩერება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომისტებისთვის, მათ უნდა შექმნან ისეთი ეკონომიკა, რომელშიც მომხმარებელი ნაკლებ პროდუქტს მოიხმარს და ამასთანავე რესურსები თანაბრად განაწილდება“.
ჰოლდრენი მხარს უჭერს დე-დეველოპმენტს (უკუგანვითარება) და აღნიშნავს: „დე-დეველოპმენტი ნიშნავს ჩვენი ეკონომიკური სისტემის (განსაკუთრებით კი მოხმარების) ეკოლოგიურ რეალობასთან და რესურსების გლობალურ სიტუაციასთან შეთავსებას“. ეს თეორია მოხმარების მნიშვნელოვან შემცირებას ქადაგებს და თავისუფალი ბაზრის იდეას უპირისპირდება. მსგავსი იდეების გავლენით, მწვანეები აშშ-ში მადლიერების დღის შემდეგ პარასკევს „არაფრის ყიდვის“ დღეს აღნიშნავენ.
განვითარების შეჩერების იდეა განსაკუთრებით აქტუალური 90-იან წლებში გახდა.1997 წელს მიღებულ კიოტოს პროტოკოლს სამრეწველო გამონაბოლქვზე ლიმიტები უნდა დაეწესებინა. აშშ-ის კონგრესმა უარი თქვა მის რატიფიკაციაზე, ვინაიდან მრეწველობის მკაცრი რეგულირება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასს მნიშვნელოვნად გააძვირებდა - ამერიკული საწარმოები კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავდნენ და უმუშევრობაც გაიზრდებოდა.
2010 წელს კლიმატის ცვლილების შესახებ გამართულ კოპენჰაგენის კონფერენციაზე, გადაწყვეტილების მიღება ახლა უკვე განვითარებადმა ქვეყნებმა დაბლოკეს. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ საკუთარი ინდუსტრიების რეგულაციაზე უარი განაცხადეს. მათთვის პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის დასაქმება და სიღარიბესთან ბრძოლაა, ხოლო გარემოს დაცვას ფუფუნებად განიხილავენ.
განვითარებადი ქვეყნები ამტკიცებენ, რომ რაკიღა განვითარებულმა ქვეყნებმა კეთილდღეობის არსებულ დონეს გამონაბოლქვის შემზღუდავი რეგულაციების გარეშე მიაღწიეს, ახლა მათ მიერ ღარიბი ქვეყნებისგან გარემოს დაცვის მოთხოვნა, ორმაგი სტანდარტების და უსამართლობის გამოვლინებაა. 2050 წლისთვის განვითარებულ ქვეყნებს, ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ მეტი გამონაბოლქვი ექნებათ, ვიდრე განვითარებად ქვეყნებს. ამ უკანასკნელებმა მდიდარი სახელმწიფოების მიერ დაბინძურებული გარემოს დასუფთავების ხარჯი უნდა გაიღონ.
ევროპაში ეკოფუნდამენტალიზმი ნაკლები გავლენით სარგებლობს. პოლიტიკურ წარმატებას, უმეტესწილად, ზომიერი მწვანეები - რეალოები, იგივე რეალისტები აღწევენ. ზომიერები გარემოს დაბინძურების პრობლემის მოგვარებას სუფთა ტექნოლოგიების საგადასახადო სტიმულირების გზით აპირებენ. რეალოებს სჯერათ, რომ გარემოს სუფთად შენარჩუნებისათვის ეკონომიკურ ზრდაზე სრულად უარის თქმა საჭირო არ არის. თუმცა, მათი აზრით, ზრდის ტემპების შენელება და ტრადიციული ინდუსტრიული სისტემის ჩანაცვლება სუფთა ტექნოლოგიებით, ბუნებრივი კატასტროფების არიდების ერთადერთი გზაა.
რეალო მწვანეების წარმატების უკანასკნელი მაგალითი, გასული თვის ბოლოს გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე, ბადენვუტემბერგში ჩატარებული არჩევნებია. რეგიონი, რომელსაც 60 წლის განმავლობაში ქრისტიან-დემოკრატები აკონტროლებდნენ, მწვანეთა ხელში დარჩა. მხარის პრემიერი ადგილობრივ მწვანეთა ლიდერი ვინფრიდ კრეჩმანი გახდა.
ევროპაში გერმანიის მწვანეთა პარტია ყველაზე გავლენიანია. ის 1979 წელს ჩამოყალიბდა და შემდეგი წლის არჩევნებში მხოლოდ 1,5%25-ს დასჯერდა, 2009 წლის ფედერალურ არჩევნებში კი მისი მხარდაჭერა 10,7%25-მდე გაიზარდა. დღეს მწვანეები გერმანიის პარლამენტის 622 ადგილიდან 68-ს აკონტროლებენ.
გერჰარდ შროდერის კოალიციურ მთავრობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მწვანეთა ლიდერს, იოშკა ფიშერს ეკავა. ფიშერი თანამედროვე გერმანულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო.
გერმანელ მწვანეებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ მალე ლიბერალებს ჩაანაცვლებენ და მესამე ყველაზე დიდ პარტიად იქცევიან. ზოგიერთი უფრო თამამ პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ არც ისე შორეულ მომავალში შესაძლოა მწვანეებმა პოპულარობით სოციალ-დემოკრატებსაც კი გაუსწრონ. ბადენ-ვუტემბერგი შეიძლება ამის მაგალითად გამოდგეს. ტრადიციულ წითელ-მწვანე კოალიციაში, სადაც სოციალ-დემოკრატები ყოველთვის უფროს პარტნიორს წარმოადგენდნენ, ამჯერად მათთვის უჩვეულო, უმცროსი პარტნიორის როლში აღმოჩნდნენ.
გერმანიასთან ერთად მწვანეთა პოპულარობა საფრანგეთშიც იზრდება. ამის ნათელი მაგალითი საფრანგეთის 2011 წლის რეგიონალური არჩევნებია - პარტიამ ხმათა 8,2%25 მოიპოვა. ფრანგმა მწვანეებმა განსაკუთრებით დიდი წარმატება 2010 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვეს, ხმათა 16,28%25 მოაგროვეს და საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას მხოლოდ 0,2%25-ით ჩამორჩნენ. ამ არჩევნების შედეგად მწვანეები ევროპარლამენტში მესამე ყველაზე დიდ ფრანგულ პარტიად იქცნენ.
თანამედროვე მწვანეების პოლიტიკური წარმატების მთავარი გამომწვევი ფაქტორი, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური პროგრესის შედეგად მომხდარი ფასეულობების ცვლილებებია. სიმდიდრის ზრდამ, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა მატერიალურ მოთხოვნილებებზე და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვის სტრესისგან გაათავისუფლა.
მოქალაქეებს საშუალება მიეცათ თვითგამოხატვაზე, ინდივიდუალურ თავისუფლებებზე ეფიქრათ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ ინგლჰარტი ამას უწოდებს საჭიროებების საზოგადოების ჩანაცვლებას არჩევანის საზოგადოებით. მატერიალისტური, ანუ ინგლჰარტის ტერმინოლოგიით, გადარჩენის ღირებულებები (ეკონომიკური კეთილდღეობა და ფიზიკური უსაფრთხოება), გამოხატვის, იგივე პოსტმატერიალისტურმა ღირებულებებმა შეცვალა (პერსონალური ავტონომია, ჰუმანიზმი, სოციალური ტოლერანტობა, ცხოვრებით კმაყოფილება, სამოქალაქო მონაწილეობა, გარემოს დაცვა).
მატერიალისტური, ანუ გადარჩენის ღირებულებების უკანა პლანზე გადასვლამ, ძველი მემარცხენე პარტიების მხარდაჭერა შეასუსტა. თუ აქამდე ევროპის ეროვნულ პარლამენტებში ტრადიციულად მემარცხენე პარტიები ხმათა 35%25-მდე იღებდნენ, უკანასკნელ პერიოდში მაჩვენებელი საშუალოდ მხოლოდ 27%25-ია. 2000 წელს ევროკავშირის 15 ქვეყნიდან 13-ს სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, დღეს კი 27 ქვეყნიდან, მემარცხენეები მხოლოდ 5-ის ხელისუფლებაში არიან. ტრადიციული მემარცხენეების ეროზიით, პოსტმატერიალისტული პარტიების (მათ შორის მწვანეების) მხარდაჭერა გაიზარდა.
![]() |
4 ისრაელური სამხედრო- პოლიტიკური ბიზნესი აფხაზეთში |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
ისრაელი სოხუმის რეჟიმთან თანამშრომლობას არც ერთ სფეროში, მათ შორის სამხედრო საკითხებში, არ გეგმავს. ქვეყანა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ასეთი განმარტებები გააკეთა საქართველოს საგარეო უწყებამ ისრაელის ელჩთან კონსულტაციების შემდეგ. დიპლომატიურ რიტორიკას ის ნეგატიური ეფექტი უნდა შეერბილებინა, რაც სოხუმში ებრაელი სამხედრო სპეციალისტების ვიზიტს მოჰყვა. ოფიციალური თბილისი დიპლომატიურ დონეზე საკითხს ამოწურულად მიიჩნევს და რაიმე სახის რეაგირებას არ გეგმავს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არ ვაპირებთ შეიარაღება მივყიდოთ. შესაძლოა, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები აფხაზეთს სტუმრობდნენ, თუმცა, ისინი ისრაელის მთავრობის სახელით ვერ ისაუბრებდნენ“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, იცხაკ გერბერგმა.
უსაფრთხოების დარგში ებრაული საკონსულტაციო კომპანიის, Global CST-ის დელეგაცია სოხუმს 14 აპრილს ეწვია. მას კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ისრაელ ზივი (შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი) და აღმასრულებელი დირექტორი მეირ კლიფი (მოქმედი პრემიერ-მინისტრის ყოფილი სამხედრო მდივანი) ხელმძღვანელობდნენ.
როგორც ისრაელ ზივმა სოხუმში ყოფნისას განაცხადა, კომპანია Global CST „პოლიტიკით არ არის დაკავებული“. მაგრამ ამ ვიზიტს პოლიტიკური განცხადებებისა და ინტერპრეტაციების გარეშე არ ჩაუვლია. „ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. აფხაზეთი (ისევე როგორც ისრაელი) პატარა სახელმწიფოა, რომელსაც საკმაოდ პრობლემური მეზობელი ჰყავს“, - განაცხადა ბიზნესმენმა აფხაზური მთავრობის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ებრაული კომპანიის ვიზიტს პოლიტიკური იმედები დაუკავშირა: „ისრაელს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთის ქვეყნებს შორის და მზადაა გამოიყენოს ეს გავლენა, რათა აფხაზეთში უცხოური ბიზნესი მოიზიდოს“. შამბას თქმით, აფხაზეთს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობები გართულებული აქვს, რადგან ისინი არაღიარების შეთანხმებულ პოლიტიკას ახორციელებენ, „ისრაელს კი ასეთი ვალდებულება არ აქვს“.
აფხაზური მხარის განცხადებით, ებრაულ დელეგაციასთან მოლაპარაკების შედეგად, თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები განისაზღვრა - სოფლის მეურნეობა, კურორტები, ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ლოგისტიკის განვითარება. სამომავლოდ, სერგეი შამბამ ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაც არ გამორიცხა, რადგან კომპანიას გავლენიანი სამხედრო სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.
მოსაზრება, რომ ებრაული კომპანიის ხელმძღვანელთა ვიზიტი სოხუმში, საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო „შურისძიება“ იყო, აფხაზი მაღალჩინოსნების განცხადებებმა გააბათილა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბესლან ეშბამ განაცადა, რომ ებრაელი ბიზნესმენების ვიზიტისათვის მზადება გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობდა. ფუქსი და ფრენკელი კი ქართველმა სამართალდამცავებმა ოქტომბერში დააკავეს.
კომპანია Global CST მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქმიანობს, მისი სფეროები იარაღით ვაჭრობა, სპეციალური ქვედანაყოფების მომზადება, სტრატეგიული დაგეგმვა და სამხედრო კონსულტაციებია. 2008 წლამდე კომპანია, მეორე ებრაული ფირმის, Defensive Shield Holdings-ის დაკვეთით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მომზადებას ეწეოდა. თუმცა, საქართველოში საქმიანობა რუსეთ-საქართველოს ომამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა.
ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ტელეკომპანია ალ ჯაზირამ გაავრცელა ცნობა, რომ კადაფის რეჟიმისთვის აფრიკელ დაქირავებულებს სწორედ Global CST წვრთნიდა. Global CST აქტიურად საქმიანობდა ლათინურ ამერიკაშიც, კერძოდ, კონსულტაციებს უწევდა პერუს, კოლუმბიისა და პანამის სპეცსამსახურებს. როგორც Wikileaks-ის მასალებიდან ირკვევა, ამ რეგიონში კომპანიის საქმიანობამ 2009 წლის ბოლოს აშშ-ის უკმაყოფილება გამოიწვია. ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად, ებრაული კომპანიის გარიგებების დიდი ნაწილი ლათინურ ამერიკაში ჩაიშალა.
თუმცა, როგორც ჩანს, Global CST-მ ახალ, ძალზე მომგებიან ბაზარს მიაგნო. გასული წლის მარტში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვში განიხილა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ებრაული კომპანიების მონაწილეობის საკითხი. დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადის დაცვაზე კონტრაქტის მოპოვებას Global CST-ს შვილობილი კომპანია - Global Law Enforcement & Security Ltd ცდილობს. თანაც, მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან არა მხოლოდ ოლიმპიადის, არამედ 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც შეეხო. საერთო ჯამში, საუბარი, სულ მცირე, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს შეეხება. ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად Global CST-ს დელეგაცია მოსკოვს იანვარში ეწვია.
როგორც ჩანს, ისრაელის სამხედრო კომპანიების დაინტერესება რუსეთის ბაზრით იმდენად მაღალია, რომ ისინი მზად არიან, კონტრაქტების მოსაპოვებლად „პოლიტიკური ფასიც“ გადაიხადონ. მაგალითად, აფხაზეთში დემონსტრაციული ვიზიტების სახით - ეს მოსკოვს ადგილობრივი რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება. თბილისში არ სჯერათ, რომ ისრაელის წარმომადგენელთა კონტაქტები სოხუმის რეჟიმთან ოფიციალურ ხასიათს მიიღებს.
![]() |
5 საზღვაო ქვეითთა ნაწილი საწვრთნელ მისიას აგრძელებს საქართველოში |
▲back to top |
პოლიტიკა
საზღვაო ქვეითთა ქრონიკა
დენ ლამოტი - სპეცკორი
გამოქვეყნებულია: Marine Corps Times-ში, 2011 წლის 6 აპრილს
კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის - „საქართველოს“ - საზღვაო ქვეითთა უფროსობა წარმატებული საწვრთნელი პროგრამის გაგრძელებას გეგმავს. მათი მიზანი, ავღანეთში გასაგზავნად, საზღვაო ქვეითებთან ერთად, ქართული საბრძოლო ბატალიონის მომზადებაა.
საქართველოს სამხედრო ძალთა დისლოცირების პროგრამა 2009 წელს დაიწყო. პირველი, 31-ე ბატალიონი ავღანეთში 2010 წლის გაზაფხულზე გაიგზავნა. ქართული 32-ე ბატალიონი ჰელმანდისა და ნიმროზის პროვინციებში საზღვაო ქვეითთა სარდლობას ექვემდებარება. მას პოლკოვნიკ ერიკ სმითის მეთაურობით, მე-8 საპოლკო საბრძოლო ჯგუფი აკონტროლებს.
2011 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე 33-ე და 31-ე ბატალიონების კიდევ ორი ექვსთვიანი როტაცია იგეგმება. ამით ეს ორწლიანი პროექტი დასრულდება. პროექტმა საქართველოს სამხედრო ძალები გააძლიერა. ამავდროულად, ამან აშშ-ს შესძინა პარტნიორი, რომელიც მზადაა, საბრძოლო სივრცე ბაზის კედლებს მიღმა თავისი ძალებით დააკომპლექტოს. ამას საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების (SAF) ყველა ქვეყანა არ გააკეთებს.
„ეს ბიჭები ომში არიან, მათ უნდათ, რომ იბრძოლონ და ვასწავლოთ, თუ როგორ იბრძოლონ, ეს მშვენიერია“, - თქვა მაიორმა ენდრიუ დელ გაუდიომ, შვიდკაციანი საწვრთნელი გუნდის უფროსმა. გუნდი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოშორებითაა ბაზირებული.
სერჟანტ- მაიორ კარლტონ კენტთან, საზღვაო ქვეითების უფროს სამხედრო მრჩეველთან, გამართულ შეხვედრაზე 10 მარტს საწვრთნელი გუნდის საზღვაო ქვეითებმა განაცხადეს, რომ კიდევ რვა ბატალიონის როტაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისად, ქართული საჯარისო დანაყოფები განაგრძობენ სამხედრო ოპერაციებს სამხრეთ ავღანეთში და წვრთნებს სამშობლოში, სადაც მეზობელ რუსეთთან ისევ დაძაბული ვითარებაა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეები დაბომბა. ტანკებითა და ჯარებით გადაუარა ასეულობით სოფელს. საქართველოს ტერიტორია დანგრეულ-დაზიანებული შენობებითაა მოფენილი.
მწვრთნელთა გუნდი პატარაა, ამიტომ საზღვაო ქვეითები რიგრიგობით მიდიან მცირევადიანი მივლინებებით საქართველოში ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად. მაგალითად,საქართველოს 33-ე ბატალიონთან იმუშავეს მე-2 ბატალიონის ქვედანაყოფის, კალიფორნიაში (Camp Pendleton, Twentynine Palms) განთავსებულმა მე-4 და მე-7 საზღვაო ქვეითთა კორპუსებისა და მე-3 ბატალიონის სამხედროებმა. ქართული 33-ე ბატალიონი უახლოეს მომავალში გაემგზავრება ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები ბოლო გადასროლის დროს, რომელიც სექტემბერში დასრულდა, ავღანეთის ტერიტორიის 3/7-ს პატრულირებდნენ.
ქართულ სამხედრო ძალთა გადასროლის პროგრამას, გერმანიაში ბაზირებული ევროპის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ზედამხედველობს - ნორფოლკის (ვირჯინია) სარდლობასთან ერთად, მაგრამ კადრებს უმეტესად ეს უკანასკნელი აგზავნის. აშშ-ის სამხედროები ქართველ ჯარისკაცებს 2002 წლიდან წვრთნიან, როცა აქ აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება დაიწყეს. ქვეითებმა წვრთნები 2003 წელს განაგრძეს და რამდენიმე შენაერთი მოამზადეს ერაყში დისლოცირებისთვის, სანამ ყურადღებამთლიანად ავღანეთზე გადავიდოდა.
ავღანეთიდან ახლახან შვებულებით დაბრუნებულმა გენერალ-მაიორმა რიჩარდ მილსმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები მედგარი და ეფექტიანი მებრძოლები არიან. თუმცა გარკვეული პრობლემები კომუნიკაციებისა და ლოგისტიკის სფეროებში შეინიშნება.
„მართლაც ძალიან კარგი ჯარისკაცები არიან, - თქვა მან საზღვაო ქვეითთა ქრონიკასთან ინტერვიუს დროს ავღანეთიდან, - მათი ოფიცრები, როგორც წესი, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და ხშირად იგდებენ თავს საფრთხეში. დანაკარგებიც აქვთ, მაგრამ ძალზე სწრაფად ბრუნდებრუნდებიან საბრძოლო ფორმაში, მუდამ კონცენტრირებულნი არიან და დავალებასაც ბოლომდე ასრულებენ“.
კენტმა ქართველებს ფრონტელი მეგობრები უწოდა. 10 მარტს ის ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც ქართველი ჯარისკაცები დისლოცირებამდე წვრთნებს გადიან. ეს ბაზა რუსებმა 2008 წელს დაბომბეს. კენტმა ქართველ სამხედრო მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ გენერალ ჯიმ ამოსთან ერთად, გერმანიის ლანდშტულის სამკურნალო ცენტრში, დაჭრილი ქართველი მეომრები მოინახულა და მადლიერება გამოხატა ავღანეთში მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. როგორც საზღვაო ქვეითებმა აღნიშნეს, ქართველებმა ბრძოლებში, სულ მცირე, ხუთი ჯარისკაცი დაკარგეს.
„მათ არ ეშინიათ ბრძოლის და იციან თავიანთი ტაქტიკა, - თქვა კენტმა, - ისინი ჩვენ გვერდით იბრძვიან. ჩვენი ქვეითები ძალიან დადებითად საუბრობენ მათზე. ქართველები, სხვების მსგავსად, მსხვერპლს იღებენ და საკუთარ ტვირთს ატარებენ“.
![]() |
6 ამერიკელი სენატორები თბილისში |
▲back to top |
პოლიტიკა
აშშ-ის რესპუბლიკელ სენატორთა დელეგაცია, აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა. ჯონ კაილმა, მაიკლ კრაპომ, რონ ჯონსონმა და ჯეფ სეიშონმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და ევროკავშირის დამკვირვებლებთან შეხვედრები გამართეს. მათ სურდათ გაცნობოდნენ, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა „გადატვირთვის პოლიტიკამ“ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებაზე.
სენატორმა კაილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი საქართველოსთვის მხარდაჭერის დემონსტრირება და დახმარების მიმართულებების განსაზღვრაა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას კი სენატორებმა ყურადღება ავღანეთის ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე გაამახვილეს.
ჯონ კაილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას „მოკლედ“ შეეხო სენატორთა ინიციატივას საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარის განთავსების შესახებ. „საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იდეალური ადგილი იქნებოდა რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებისთვის“, - ასეთი მოწოდებით პენტაგონს თებერვალში კაილმა სამ სენატორებთან ერთად უკვე მიმართა.
საქართველო, როგორც აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების განლაგების შესაძლო ადგილი, კიდევ ერთ წერილშია ნახსენები. ის პრეზიდენტ ობამას 39 რესპუბლიკელმა სენატორმა 14 აპრილს გაუგზავნა. დოკუმენტში სენატორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადმინისტრაციას, რადარის განლაგების ადგილად განიხილონ „თურქეთი, საქართველო ან სხვა ადგილი, რომელიც ხელსაყრელი იქნება ამერიკელი ხალხის დასაცავად“.
სენატორი ჯონ კაილი აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის წევრია და სენატის რესპუბლიკური ფრაქციის ხელმძღვანელობაში რიგით მეორე თანამდებობა უკავია. კაილი, ჯეფ სეიშონთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკის კრიტიკით არაერთხელ გამოსულა.
„საქართველოს მომავალს რუსეთთან გადატვირთვის მსხვერპლად არ ვაქცევთ, რაღაც თეორიული ფასეულობების სანაცვლოდ“, - განაცხადა ჯონ კაილმა თბილისში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაციასაც ანალოგიური პოზიცია აქვს, თუმცა, „საკითხავია, რამდენად ადეკვატურია მისი მოქმედებები“.
![]() |
7 კონსენსუსამდე ჯერ კიდევ შორია |
▲back to top |
პოლიტიკა
საარჩევნო რეფორმა
თამარ ხორბალაძე
ოპოზიციისა და ხელისუფლების ამჟამად შეჩერებული, საარჩევნო დიალოგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, საარჩევნო სისტემის ცვლილებაა.
დღეს საქართველოში ე.წ. პარალელური საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 150-კაციანი პარლამენტიდან 75-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ - ამომრჩეველი ე.წ. დახურული სიებით წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას. ამ შემთხვევაში 5%25-იანი ბარიერია დაწესებული. 75 მაჟორიტარი კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რჩეულია. მაჟორიტარულ არჩევნებში 30%25-იანი ბარიერი მოქმედებს. ოპოზიციამ ხელისუფლებას შერეული პროპორციული სისტემის შემოღება შესთავაზა. ამ სისტემის მიხედვით, წარმომადგენლები ორი სხვადასხვა წესით აირჩევიან: პროპორციული სიებით და მაჟორიტარული სისტემით. პროპორციული არჩევნების შედეგი პარლამენტში პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. ამ რაოდენობაში გეოგრაფიულ საარჩევნო ოლქებში არჩეული მაჟორიტარული მანდატებიც შედის. გეოგრაფიული ოლქებიდან არჩეული წევრები (მაჟორიტარები) პარტიის მანდატების ოდენობას ისე გამოაკლდებიან, რომ მთლიანი პროპორციულობა დაცული იქნება. ამას გარდა, ოპოზიცია მაჟორიტარული საარჩევნო ბარიერის 50%25-მდე გაზრდასაც ითხოვს.
მოქმედი და ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემები, პარლამენტის ნაწილის პროპორციული დახურული სიებით არჩევას გულისხმობს. ამდენად, ამომრჩეველს საარჩევნო სიაში კანდიდატების თანმიმდევრობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. სისტემებს კიდევ ერთი საერთო აქვთ: ორივე მათგანი მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერს (მოქმედი - 30%25, შემოთავაზებულში - 50%25) და, შესაბამისად, ორტურიანი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.
დღეს არსებული მაჟორიტარული არჩევნების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ისაა, რომ აღნიშნული წესი, თეორიულად, ამომრჩეველთა დაახლოებით 70-მდე პროცენტის ხმების უგულებელყოფის საშუალებას იძლევა (30%25 ბარიერის გამო). თუმცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პრაქტიკა მოწმობს, რომ ეს მსჯელობა განყენებული ხასიათისაა. 2008 წელს გამარჯვებული მაჟორიტარებიდან ყველაზე ნაკლები ხმით (37-38%25-ით) გამარჯვება მხოლოდ ორ მაჟორიტარს - გლდანის და საბურთალოს ოლქებში აქვთ მოპოვებული. უმრავლესობას (85-დან 77-ს) არა 30-იანი, არამედ 50%25-იანი ბარიერი აქვთ გადალახული.
ეს ციფრები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ბარიერის 50%25-მდე გაზრდის შემთხვევაში, 2008 წლის არჩევნების შედეგი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვლებოდა: 86 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მხოლოდ 8-ში გახდებოდა აუცილებელი. ამასთან, 2008 წელს ამ 8-დან 2 მანდატი 50-ზე ნაკლები პროცენტით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოპოვებული. მეორე ტურში კი ყველაფერს ისევ ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობა გადაწყვეტდა.
სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარულ არჩევნებში საერთოდ არ აქვთ შემოღებული - მათ შორის აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში.
საქართველოში როგორც არსებულ, ისე შემოთავაზებულ მოდელებს სხვა პრობლემებიც აქვთ. მაგალითად, ქვეყნაში არსებული სისტემის ერთ-ერთ მთავარი პრობლემა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა შორის არსებული დისპროპორციაა. 100-ათასიან და 20-ათასიან ამომრჩეველთა ოლქებს ერთი მაჟორიტარული მანდატი აქვთ. ასეთი სხვაობა ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებულ 10, მაქსიმუმ 15%25-ს. თუმცა, იმავე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გეოგრაფიული და დემოგრაფიული თავისებურებების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის და მსგავსი მოსაზრებებით ამომრჩეველთა შორის მნიშვნელოვანი სხვაობის შესაძლებლობაზეცაა საუბარი. ისიც მოცემულობაა, რომ 20-მდე მაჟორიტარულ ოლქს (მაგალითად, ადიგენი, ასპინძა, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, ყაზბეგი და ასე შემდეგ) 20 ათასზე ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს. ამასთან, თითოეული მათგანი გეოგრაფიულად საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. მათი წარმომადგენლის გარეშე დატოვება, მთელი რეგიონის წარმომადგენლობითობაზე უარის თქმას ნიშნავს.
ხელისუფლების ახალი ინიციატივა ამ დისბალანსის შემცირებას ისახავს მიზნად. მისი მიხედვით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია, ოლქი უნდა გაიყოს. ამით მაჟორიტართა მანდატების ჯამური რაოდენობა 10-ით გაიზრდება, ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის სხვაობა კი შემცირდება. თუმცა, ამ ვარიანტშიც რეკომენდებული ზღვარის დაცვა მაინც ვერ ხერხდება; ცვლილება კი რეფერენდუმის შედეგების გადახედვას, კერძოდ - პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.
რეგიონული წარმომადგენლობითობის პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მეორე ვარიანტი გამოიწვევს. ამ უკანასკნელის თანახმად, არჩევნების პარალელური საარჩევნო სისტემა ნარჩუნდება, თუმცა 150-წევრიან პარლამენტში 100 პარტიული სიით, ხოლო 50 - მაჟორიტარული წესით უნდა აირჩიონ. ეს ინიციატივა, ხელისუფლების წინადადებისგან განსხვავებით, პარლამენტის წევრთა შემადგენლობას არ ზრდის, თუმცა იწვევს მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გადახედვას. ეს ერთმანდატიანი ოლქების მოცულობას გაზრდის და დეპუტატისა და ამომრჩევლის კავშირს (რასაც მკვლევრები გარდამავალი ქვეყნების სისტემებისთვის მნიშვნელოვან შემადგენელად თვლიან) კიდევ უფრო შეამცირებს
![]() |
8 საგამოცდო შიში და ძრწოლა |
▲back to top |
საზოგადოება
ელენე აბაშიძე
2010 წლის მარტში, განათლების სამინისტრომ გამოსაშვები გამოცდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოპტიმისტური პროგნოზით, ამან სწავლების ზოგადი დონე უნდა აამაღლოს. ამიერიდან მოსწავლეებს მოუწევთ, არა მხოლოდ იმ საგნებში მოემზადონ, რომლებიც უმაღლესში მოსახვედრად სჭირდებათ, არამედ დანარჩენ საგნებსაც დაუთმონ ყურადღება. საატესტატო გამოცდების მთავარი რისკი სასწავლო პროცესში გამოცდების მნიშვნელობის ზრდაა: ამან, შესაძლოა, მოსწავლეთა უმთავრეს მიზნად არა ზოგადად ცოდნის დაუფლება, არამედ საგამოცდო ტესტების კარგად ჩაბარება აქციოს. შესაბამისად, განათლების პროცესის პრიორიტეტი, სწორი პასუხების დაზეპირება და გამოცნობა იქნება. გარდა ამისა, სტანდარტიზებული გამოცდების როლის ზრდა, კერძო სკოლებს სიახლის დანერგვის მოტივაციას უკარგავს. რამდენად შეცვლის მოსწავლეთა მოტივაციას ან რამდენად აამაღლებს საშუალო განათლების ღირებულებას ეს სიახლე - ამას დრო გვიჩვენებს. ამჟამად ტაბულა საგამოცდო პროცესის აღწერას გთავაზობთ.
ახლოვდება სასწავლო წლის ბოლო და შესაბამისად, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ნერვიულობა მატულობს. მიზეზი საატესტატო გამოცდებია, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს საქართველოში პირველად ატარებს.
საატესტატო გამოცდები 20 მაისის შემდეგ დაიწყება და ივნისის პირველ რიცხვებში დასრულდება. მე-12 კლასის მოსწავლეებს 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (რომელსაც სკოლაში სწავლობდა), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
უმაღლესში მისაღები გამოცდებისგან განსხვავებით, ეს გამოცდები სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო იქნება.
ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანში დადებით შეფასებას ვერ მიიღებენ, საატესტატო გამოცდებზე არ დაიშვებიან.
საატესტაციო გამოცდები ყველასთვის ერთნაირად სავალდებულოა. გამოცდებს კერძო სკოლების მოსწავლეებიც ჩააბარებენ. შედეგად, ისინი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ ატესტატს ჩვეულებრივ მიიღებენ.
გათვალისწინებულია ქვეყნის მრავალეროვნულობაც - გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც, ანალოგიური ფორმატით.
ყველაზე მეტი კითხვა, ძირითადად, ტესტების გარშემო ჩნდება. საქართველოში განათლების სფეროში ეს მეთოდი პირველად გამოიყენება და საზოგადოებისთვის ისეთივე შიშის მომგვრელი სიახლეა, როგორც 2005 წლის უმაღლესში მისაღები გამოცდების ტესტები იყო. თუმცა ახალგაზრდებს ამის საბაბი ამჯერადაც არ აქვთ.
CAT-ის სისტემა, მოსწავლეს ყოველ მომდევნო კითხვას, მისი წინა პასუხიდან გამომდინარე ურჩევს. გამოსაშვები გამოცდების კითხვების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ ტიპის გამოცდის უპირატესობა ისაა, რომ პროგრამა მოსწავლეს მომდევნო კითხვას, კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს, სანამ მის შესაძლებლობებს არ დაადგენს. თუ საშუალო სირთულის კითხვაზე მოსწავლე პასუხს ვერ გასცემს, შემდეგი კითხვა შედარებით მარტივი იქნება, ხოლო იმავე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მომდევნო შეკითხვა შედარებით გართულდება. შესაძლებელია, ერთი მოსწავლის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა 30 აღმოჩნდეს, მეორის შემთხვევაში კი - 18. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა წინასწარ იქნება განსაზღვრული. მოსწავლე ვერ დაინახავს სწორად უპასუხა თუ არა, პროგრამა მას უბრალოდ მომდევნო კითხვას მიაწვდის. შეცდომის შემთხვევაში პასუხის გასწორება ამ სისტემით შესაძლებელი არ არის. თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლეს განსაზღვრული დრო ექნება, გამოცდის ხანგრძლივობა კი საათ-ნახევარი იქნება.
ტესტები არჩევითპასუხიან დავალებებს მოიცავს, ანუ კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეს თემის დაწერა არ მოუწევს - მან 4 შემოთავაზებულიდან მხოლოდ ერთი, მისი აზრით სწორი პასუხი უნდა მონიშნოს. მოსწავლეს ექნება ქაღალდი და ფანქარი იმ შემთხვევებისთვის, თუ გამოანგარიშება დასჭირდა. ქიმიის გამოცდაზე პერიოდულობის სისტემისა და ხსნადობის ცხრილის გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო გეოგრაფიის გამოცდაზე რუკით სარგებლობაც დაშვებულია.
უმაღლესში ჩასაბარებლად მომზადებულ მოსწავლეებს, წესით, არც უნდა გაუჭირდეთ ამ „საფეხურის“ გადალახვა. მაგრამ ბავშვებს აშინებთ გამოცდები იმ საგნებში, რომელსაც არ აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შესაბამისად, აბიტურიენტობის პერიოდში სისტემატურად არ მეცადინეობდნენ. გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ფაქტორს ითვალისწინებს: 2011 წელს საატესტატო გამოცდებზე (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც) დავალებების ძირითადი ნაწილი მარტივი დავალებების ბლოკიდან შეირჩევა.
გამოსაშვები გამოცდები, სავარაუდოდ, ყოველდღე ჩატარდება. შედეგს (ქულას) მოსწავლე კომპიუტერის მონიტორზე, გამოცდის დასრულებისთანავე დაინახავს. გამოცდების ეროვნული ცენტრის მტკიცებით, მოსწავლეები დაზღვეულნი იქნებიან ტექნიკური ხასიათის პრობლემებისგან. თუ გამოცდის მსვლელობისას მცირე შეფერხება მოხდა, მოსწავლე ამით არ დაზარალდება. მისი ყველა პასუხი ავტომატურად შეინახება და შეფერხების აღმოფხვრისას, ის მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს. თუ შეფერხება ხანგრძლივი აღმოჩნდა, მოსწავლე ამ გამოცდას სხვა დღეს ჩააბარებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამჟამად გამოსაშვები გამოცდებისათვის ტექნიკური ბაზის მონიტორინგს ახორციელებს. სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს მასშტაბით კომპანია მაგთიკომი უზრუნველყოფს.
თუმცა, ნერვიულობის მცირე საბაბი მაინც არსებობს. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე ვერ გადალახავს ბარიერს, ვერ აიღებს ატესტატს, შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ბარიერი დადგინდება პრეტესტის შედეგების გაანალიზების მიხედვით. ეს დამოკიდებულია მოსწავლეთა მიერ გამოცდების შედეგად გამოვლენილ შესაძლებლობათა საშუალო მაჩვენებელზე. რაც უფრო დაბალი იქნება ეს მაჩვენებელი, გადასალახავი ბარიერიც მით უფრო დაიწევს.
თუ მოსწავლე დარჩა ატესტატის გარეშე, მას მომდევნო წელს ექნება იმ საგნების ჩაბარების შესაძლებლობა, რომლებშიც ბარიერი ვერ გადალახა.
მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ოქროს მედალზე აცხადებს პრეტენზიას. ოქროს მედალს სკოლა გადასცემს იმ მოსწავლეს, რომელმაც სასწავლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა. შესაბამისად, საატესტატო გამოცდაში მიღებული შედეგი მედლების გაცემაზე გავლენას არ ახდენს. თუმცა, ბუნებრივია, თუ მისი კანდიდატი რომელიმე გამოცდაში ჩაიჭრა, ის მედალს ვერ მიიღებს.
![]() |
9 ახალი მიდგომები ქართულ ფსიქიატრიაში |
▲back to top |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
აქართველოში ოფიციალური მონაცემებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე 100 ათასამდე ადამიანია. რეალურად ეს რიცხვი გაცილებით დიდია, რაზედაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშშიც არის საუბარი: შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 17 ათასი ადამიანია რეგისტრირებული - „მაშინ როცა შიზოფრენიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, უნდა მოველოდეთ, რომ საქართველოში შიზოფრენიის მქონე დაახლოებით 40 ათასი ადამიანია“.
არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური სტიგმაა. ფსიქიატრიულის პაციენტებს ხშირად გიჟებად მოიხსენიებენ, რაც მათ სტიგმატიზირებას იწვევს. შესაბამისად, ფსიქიკური პრობლემების მქონეები და მათი ახლობლები დაწესებულებაში მოხვედრას გაურბიან. „ეს იყო იზოლირებული, თითით საჩვენებელი შენობები. საქართველოში საგიჟეთს ეძახიან, რაც შეურაცხმყოფელია. რომელიმე საავადმყოფოში წაყვანა თანაგრძნობას იწვევდა, აქ კი მხოლოდ ღიმილსა და გარკვეულწილად აგდებულ დამოკიდებულებას“, - ამბობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ანდრია ურუშაძე.
ფოტო: ბესო დარჩია
წლების განმავლობაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მხოლოდ სახსრების, პირადი საცხოვრებლის არმქონენი ან ყველაზე მწვავე პრობლემის მქონე პაციენტები აკითხავდნენ. მკურნალობდნენ და შემდეგ წლობით რჩებოდნენ, რადგან ჰოსპიტალგარეთა მკურნალობა ნაკლებად იყო განვითარებული. დაწესებულებებში მკურნალობის საჭიროების მქონეთა წლობით დარჩენას საბჭოთა სახელმწიფოს პატერნალისტური მიდგომაც განაპირობებდა - „მამა, რომელიც ზრუნავს“, ვალდებულებას არ აკისრებდა თვით პაციენტსა და მის ოჯახს. ახლაც არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის საავადმყოფოდან გაყვანაზე მეურვე სხვადასხვა მიზეზით ამბობს უარს. მაგალითად, მარინა მ.-მ თერთმეტი წელი ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, რადგან მეურვე, საკუთარი ძმა მის სახლში ცხოვრობს და საავადმყოფოდან დის წაყვანაზე უარს ამბობდა. თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი დამანა ს. 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დანარჩენები სამკურნალოდ ან უცხოეთში მიდიოდნენ, ან დაწესებულებებს საერთოდ არ მიმართავდნენ. ფსიქიატრიული რეესტრის აღრიცხვაზე არ დგებოდნენ, სახლის პირობებში მკურნალობდნენ, რაც ჰოსპიტალგარე მკურნალობის ალტერნატივად მიიჩნეოდა.
მკურნალობის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ცუდი პირობებიცაა. დღესდღეობით, სახელმწიფო ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას ექვს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ახორციელებს, სადაც დაახლოებით 1000 საწოლია. საწოლების რაოდენობა რომ არასაკმარისია და საქართველოში ფსიქიატრიული დახმარება გაცილებით მეტ ადამიანს ესაჭიროება, ამაზე მინისტრიც საუბრობს - „ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ე.წ ბალანსირებული მკურნალობის განვითარება, როდესაც ჰოსპიტალგარეთა სერვისებიც არის. თუ ადამიანს პრობლემა აქვს, ამბულატორიულად უნდა მოაგვაროს და საავადმყოფოში დასაწოლი არ გახდეს“.
ფსიქიატრიაში რეფორმის დაწყების აუცილებლობა სწორედ წლობით დაგროვილ პრობლემებს უკავშირდება. რეფორმა ზოგადი პროფილის კლინიკებში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. ქრონიკული პაციენტებისთვის კი ცენტრები მოეწყობა, რაც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. ისინი ფსიქიატრიულში ცხოვრებისთვის იყვნენ განწირულები. მიმდინარე რეფორმა „ფსიქიატრიაში ჩაკეტილი წრის“ პრობლემას მოაგვარებს. ამაზე ომბუდსმენი 2010 წლის ანგარიშშიც საუბრობს - „ჰოსპიტალგარე სერვისების დეფიციტის გამო პაციენტთა დიდი ნაწილი, რომელიც სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რჩება. ხოლო გაწერილი პაციენტების დიდი ნაწილი მალევე ბრუნდება სტაციონარში და ხელახალ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს“.
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზო
ფსიქიკური ცენტრების რეაბილიტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. თბილისში მწვავე მდგომარეობისთვის განკუთვნილი განყოფილებების რეაბილიტაცია ოთხ მულტიპროფილურ კლინიკაშია დაწყებული (რეფერალური საავადმყოფო, ღუდუშაურის კლინიკა, მეხუთე საავადმყოფო და ახალი შენობა ქავთარაძის 21 ნომერში). იქმნება ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. არადა ფსიქიკური პრობლემები თოთხმეტ წლამდე 1496 ბავშვს აქვს. თუკი ამჟამინდელი სტატისტიკის უზუსტობას გავითვალისწინებთ, მკურნალობა კიდევ უფრო მეტ ბავშვს ესაჭიროება. მინისტრის თქმით, ზაფხულიდან ამ დაწესებულებებში პირველ პაციენტებს მიიღებენ და სათანადო მკურნალობის გაწევას შეძლებენ.
სარემონტო სამუშაოებმა და ახალმა ინფრასტრუქტურამ ის პრობლემები უნდა მოაგვაროს, რაზედაც ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშებშია საუბარი. მაგალითად, ესაა პაციენტისთვის პირადი სივრცის უქონლობა, ცუდი განათებისა და გათბობის სისტემები, მძიმე სუნი, რომელიც განყოფილებებში ვენტილაციის არარსებობის გამო დგას. „გაუსაძლისი, არაადამიანური პირობები, რომელზეც სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა სრულიად სამართლიანად, ცოტა ხანში აღარ იქნება. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების სერვისი გულისხმობს არა მხოლოდ თანამედროვე მედიკამენტოზურ მკურნალობას, არამედ იმ გარემოსაც, რომელშიც პიროვნება უნდა მკურნალობდეს“, - ამბობს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დავით ზურაბაშვილი.
საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, ფსიქიატრიული დაწესებულებების უმრავლესობაში, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონეც დაბალია. სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების შესახებ სპეციალური წვრთნა პერსონალს არ აქვს გავლილი, რაც პაციენტებთან მათი მოპყრობისას ვლინდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების პროფესიულ მომზადებას გულისხმობს.
ამჟამად გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში უცხოელ კოლეგებთან ერთად სატრენინგო მოდულებს ამუშავებს. შექმნილია ექთნების, კლინიკური ფსიქიატრიის საკითხების, სოციალური ფსიქიატრიის, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფებიც. ამ პროგრამაში მონაწილე ყველა ექთანი გაივლის „მულტიდისციპლინარული გუნდის და შემთხვევის მართვის მოდულს“, ასევე „აგრესიის მართვის პრაქტიკულ კურსს“. ტრენინგები აპრილიდან დაიწყო, პირველი ეტაპი კი ივნის-ივლისისთვის დასრულდება. მთლიანი პროგრამა 2 წელს გასტანს. ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი ნინო მახაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ინტენსიური ტრენინგები პროფესიული ეთიკის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ექსპერტები შეეცდებიან ქართულ ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სფეროში ის ცოდნა შემოიტანონ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციისა და ევროპის ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ არის აღიარებული, როგორც საუკეთესო პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სახელმძღვანოებისა და პროფესიული ლიტერატურის შერჩევა და ქართულ ენაზე თარგმნა. ამ მიზნით, კემბრიჯისა და ოქსფორდის საუნივერსიტეტო გამოცემებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სატრენინგო მოდულების მომზადებას ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო აფინანსებს.
რეფორმის ფარგლებში შენობების გარემონტება და აღჭურვა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამიდან ხდება - სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფინანსებაზე არ იმოქმედებს. 2006 წლიდან დღემდე დაწესებულებების დაფინანსება გლობალური ბიუჯეტის ფარგლებში ხდებოდა და თითოეულ საწოლზე დაახლოებით 20 ლარი იყო გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაწესებულებების ამოქმედება უკვე ზაფხულიდან იგეგმება, ჯერ კიდევ უცნობია, შეიცვლება თუ არა დაფინანსების სისიტემა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ფსიქიატრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამჟამად სწორედ ამ საკითხზე მუშაობენ.
![]() |
10 უხილავი სამყარო |
▲back to top |
მაია თოდუა|სვეტი
ნაწილი 2. ფარული ენერგია
პირველ ნაწილში საუბარი გვქონდა ფარულ მასაზე, ახლა კი ფარულ ენერგიას შევეხებით. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ვიცით მის შესახებ, უფრო სწორად, რა არ ვიცით, რადგანაც ჩვენთვის ის სრულიად უცნობია. 1998 წლამდე - სულ რაღაც 13 წლის წინ - „ფარული ენერგიის“ ცნება არც არსებობდა. შემდგომ, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩვენი სამყარო აჩქარებით ფართოვდება. ამის ასახსნელად ფარული ენერგიის შემოღება გახდა საჭირო. ითვლება, რომ კოსმოსის 70%25 ამ ენერგიისგან შედგება, ოღონდ რა არის ის, ჯერჯერობით დაუდგენელია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მეცნიერები (მათ შორის ალბერტ აინშტაინიც), გარკვეული ფილოსოფიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თვლიდნენ, რომ სამყარო უნდა ყოფილიყო სფერული ფორმის და სტაციონარული, ანუ უცვლელი. ცვლილება მხოლოდ მის შემადგენელ ნაწილებს ეხებოდა - ვარსკვლავებს, პლანეტებს, გაზ-მტვროვან ღრუბლებს. თუ სამყარო სასრულია, ადრე თუ გვიან ყველა სხეული მიზიდულობის გამო ერთმანეთს დაეცემა, რაც სტაციონარულობას ეწინააღმდეგება. ამიტომაც ალბერტ აინშტაინმა თავის ზოგადი ფარდობითობის თეორიაში გრავიტაციის გასაწონასწორებლად ე.წ. კოსმოლოგიური კონსტანტა შემოიტანა (აღინიშნება ბერძნული ასოთი ლამბდა - λ).
1920-იანი წლების მიწურულს, ედმუნდ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები ერთმანეთს გაურბიან. ეს ნიშნავდა, რომ წარმოდგენა სამყაროს სტაციონარულობაზე მცდარი იყო. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ აბსტრაქტულ ფილოსოფიურ მოსაზრებებზე დაყრდნობილი ჰიპოთეზა ძალზე იშვიათად ამართლებს, ხოლო რაც ამართლებს, ის უბრალოდ დამთხვევაა. ჰაბლის დაკვირვებებიდან გამომდინარეობდა, რომ სამყარო თანაბარი სიჩქარით ფართოვდება (რომელიც ჰაბლის მუდმივის სახელწოდებითაა ცნობილი). კოსმოსის ეს „გაბერვა“ დიდი აფეთქების საწყისი ბიძგის შედეგი იყო. ამ აღმოჩენის გამო, აინშტაინმა უარი თქვა კოსმოლოგიურ კონსტანტაზე და მას თავისი უდიდესი შეცდომა უწოდა.
გავიდა თითქმის 70 წელი და 1998 წელს Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სამყარო არა თანაბარი სიჩქარით, არამედ სულ უფრო მზარდი ტემპით ფართოვდება. Ia ტიპის ზეახლები წარმოადგენს ორმაგ ვარსკვლავთა სისტემას, რომელშიც ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავია, ხოლო მეორე - თეთრი ჯუჯა (მზის მასის და დედამიწის ზომის მქონე ვარსკვლავი) და ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ - წარმოიდგინეთ, ერთი მზის ნაცვლად ორი რომ გვქონოდა. ამ სისტემაში ნივთიერება პირველიდან მეორეში გადაედინება. როდესაც თეთრი ჯუჯის მასა იმდენად გაიზრდება, რომ გარკვეულ კრიტიკულ სიდიდეს მიაღწევს, ის ფეთქდება და კოლოსალურ ენერგიას გამოყოფს. ასეთი ზეახლები თითქმის ყველა გალაქტიკაშია და სიკაშკაშით ზოგჯერ შეიძლება თავად გალაქტიკა დაჩრდილოს. ყველა ჯუჯის მასა და სიკაშკაშე აფეთქებისას ერთნაირია, ამიტომ რაც უფრო შორსაა ის, მით უფრო მკრთალი ჩანს, მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად. ამ თვისების გამო Ia ტიპის ზეახლებს ასტრონომიაში მანძილის საზომად იყენებენ და მათ „სტანდარტულ სანთლებს“ უწოდებენ. თუ დაკვირვებებიდან ასეთი ვარსკვლავის სიკაშკაშე ვიცით, შეგვიძლია იმ გალაქტიკამდე - სადაც ის იმყოფება - მანძილიც განვსაზღვროთ.
ამას გარდა, ზეახლის სპექტრის საშუალებით, შეგვიძლია გავზომოთ მისი სიჩქარე მხედველობის სხივის გასწვრივ. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შორეულ გალაქტიკებში მყოფი ვარსკვლავები უფრო სწრაფად გარბიან ჩვენგან. სხვადასხვა მანძილებზე მყოფ გალაქტიკებში Ia ტიპის ზეახლების სიკაშკაშისა და სიჩქარის შესწავლით ასტრონომებს შეუძლიათ შეაფასონ, თუ როგორ ფართოვდებოდა სამყარო სხვადასხვა დროს.
თუ სამყარო ერთნაირი სიჩქარით ფართოვდება, მაშინ ზეახლის სიკაშკაშე და სიჩქარე ერთნაირად უნდა იცვლებოდეს. მაგრამ დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უფრო შორი ზეახლები მოსალოდნელზე უფრო მკრთალები იყვნენ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სამყარო ადრე ახლანდელზე უფრო ნელა ფართოვდებოდა.
ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ასტრონომები თვლიდნენ, რომ სამყაროში მასათა შორის მიზიდულობის გამო გაფართოება უნდა შენელებულიყო. მაგრამ დაკვირვებები ჯიუტად უარყოფდა ამ ერთი შეხედვით ლოგიკურ მოსაზრებას.
სრულიად გაუგებარი იყო, რას უნდა გამოეწვია დაჩქარებული გაფართოება. როგორც ჩანს, რაღაც მოქმედებს მიზიდულობის საწინააღმდეგო მიმართულებით. მას ფარული ენერგია დაარქვეს. აქ კვლავ გაიხსენეს კოსმოლოგიური კონსტანტა - სიდიდე, რომელიც აინშტაინმა „უდიდეს შეცდომად“ აღიარა და რომელიც თავის დროზე უარყვეს. აღმოჩნდა, რომ შეცდომის აღიარება თავად იყო შეცდომა. საინტერესოა, რომ მეცნიერება თითქმის მთლიანად შეცდომების სერიებისგან შედგება. ძალზე ხშირად სწორედ მათ მივყავართ მეცნიერულ ჭეშმარიტებამდე. თუმცა ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ყველა მათგანს მივყავდეთ სწორ პასუხამდე და ნებისმიერ მოსაზრებას მეცნიერული შეიძლება დაერქვას.
კოსმოლოგიური კონსტანტის ბუნება გაურკვეველია. ეს შეიძლება იყოს სივრცის თვისება. ცარიელი სივრცე - ვაკუუმი - არ არის „არაფერი“, მასში ინახება ენერგია, რომელიც გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ფარული ენერგიის ბუნების შესახებ განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. ამჯერად სხვა უარყოფილი და დავიწყებული ტერმინი გაიხსენეს - კვინტესენცია, რაც ლათინურად „მეხუთე ელემენტს“ (quinta essentia) ნიშნავს. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების წარმოდგენით, სამყარო ოთხ ელემენტთან ერთად - მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი - შედგებოდა მეხუთე ელემენტის - ეთერისგან, რომელიც დედამიწის მიღმა სივრცეს ავსებდა. თანამედროვე გაგებით, კვინტესენცია არის უარყოფითი გრავიტაციული მასის მქონე სუბსტანცია, რომელიც მთელს სამყაროს მოიცავს. თანამედროვე გაგებით, კვინტესენცია არის უარყოფითი გრავიტაციული მასის მქონე სუბსტანცია, რომელიც მთელს სამყაროს მოიცავს.
საინტერესოა, როგორ ცოცხლდება ხოლმე ძველი, უარყოფილი და მივიწყებული ტერმინები ახალი მოვლენებისა და საიდუმლოებების ასახსნელად. ასე იყო ატომის შემთხვევაში, რომელიც პირველად ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა დემოკრიტემ ახსენა, თუმცა ეს უმცირესი ნაწილაკი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. ახლა უკვე კვინტესენციაც „გააცოცხლეს“. თუმცა უნდა ითქვას, რომ ძველი ტერმინების თანამედროვე შინაარსი ძირეულად განსხვავდება მათი თავდაპირველი მნიშვნელობისაგან. ტერმინების გაცოცხლება სულაც არ ნიშნავს მათი მატარებელი ძველი ცნებების აღორძინებას. თანამედროვე გაგებით კვინტესენციას არაფერი აქვს საერთო მის ანტიკურ „სეხნიასთან“, გარდა იმ თვისებისა, რომ ისინი სამყაროს ავსებენ.
ფარულ ენერგიაზე კოსმოსური მიკროტალღური გამოსხივების ანალიზიც მიუთითებს. ის გვიჩვენებს, რომ, აინშტაინის მოსაზრებისგან განსხვავებით, სამყარო არა სფერული, არამედ ბრტყელია. ამ სიბრტყელეს ჩვეულებრივი და ფარული მასები ვერ უზრუნველყოფს და ესეც მოითხოვს ფარული ენერგიის არსებობას.
ცოტა ხნის წინ ჩვენ გვეგონა, რომ კოსმოსი უმეტესწილად ცნობილი და გასაგები იყო. აღმოჩნდა, რომ სამყაროს უდიდესი ნაწილი უხილავია ჩვენთვის და მისი საიდუმლოება ამოხსნას ელის.
![]() |
11 თავისუფლება და განვითარება |
▲back to top |
ეკონომიკა
ბერტ ლოუსონი
რობერტ ლოუსონი
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური ანგარიშის თანაავტორი. Auburn უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. Mont Pelerin საზოგადოების წევრი. 1996-2008 წლებში ასწავლიდა Capital უნივერსიტეტში. იყო Private Enterprise Education ასოციაციის პრეზიდენტი.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში გატარებული რეფორმების ტემპი მართლაც განსაკუთრებული იყო. 1990 წელს, საქართველო, საბჭოური ცენტრალური დაგეგმვის პრაქტიკით შეიარაღებული, გადასახადებით დამძიმებული, სუბსიდიებზე დამოკიდებული, რეგულირებადი და კონტროლირებადი ეკონომიკა იყო. ახლა კი - მსოფლიოში 23-ე ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა - კანადური ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით. ქართველები რომ გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად - უტყუარი ფაქტია. ეს მიღწევა თავისთავად აღნიშვნის ღირსია.
პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველი დამანგრეველი დეკადის შემდეგ, წლიური ეკონომიკური ზრდა უარყოფითი - 8.1%25 - იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველომ 2000-2009 წლებში, საშუალოდ, დადებით 6.5%25-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ეს ფაქტი, მას 2000-იან წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ათავსებს. უეჭველია, რომ ასეთი სწრაფი ეკონომიკური პროგრესის მთავარი მიზეზი, საქართველოს მიერ არჩეული ეკონომიკური ლიბერალიზაციის კურსი გახდა.
გარღვევის მიუხედავად, დღეს საქართველოს წინაშე კიდევ მრავალი პრობლემაა. ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოსთვისაც 2009 წელი რეცესიის წელი იყო. ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ ღარიბია - ერთ სულზე მშპ დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარია. შედარებისთვის, აშშ-მა პირველად ამ ნიშნულს 1909 წელს - 100 წლის წინ მიაღწია.
რობერტ ლოუსონი მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური ანგარიშის თანაავტორი. Auburn უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. Mont Pelerin საზოგადოების წევრი. 1996-2008 წლებში ასწავლიდა Capital უნივერსიტეტში. იყო Private Enterprise Education ასოციაციის პრეზიდენტი. თუმცა დღეს, ქვეყნის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევები, ეკონომიკური კი არა, პოლიტიკურია. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, რუსეთთან არსებულ გეოპოლიტიკურ პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოსთვის მთავარი საფრთხე დასავლელი პოლიტიკოსებისა და მარეგულირებლებისგან მოდის. ევროკავშირი საქართველოსგან დღეს მოითხოვს, რომ ქვეყანამ, გაცილებით უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებთან, თავისი მარეგულირებელი და საგადასახადო სტრუქტურის „ჰარმონიზება“ მოახდინოს. ეს საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მთავარი პირობაა. შეერთებული შტატებიც, თავისუფალ სავაჭრო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში, მსგავს ანტილიბერალურ რეფორმებს მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო, შრომითი და ჯანდაცვის რეგულირებები, რასაც დღეს ევროკავშირი და შეერთებული შტატები საქართველოსგან მოითხოვს, ამ ქვეყნებში მანამ არ გატარებულა, სანამ განვითარების მაღალ დონეს არ მიაღწიეს. 1909 წელს, როცა აშშ განვითარებით საქართველოს დონეზე იყო, ამერიკას არ ჰქონდა მინიმალური ხელფასის შეზღუდვა, მაქსიმალური სამუშაო საათების მარეგულირებელი კანონები, აუცილებელი პროფკავშირები, საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონები, ფედერალური საშემოსავლო გადასახადი, აკრძალვები ფარმაცევტულ ნაწარმზე, საპენსიო სისტემა, მცირე დოზით ან საერთოდ არ არსებობდა სოციალური უსაფრთხოების ქსელი, და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
დასავლურევროპული და ამერიკული სტილის გადასახადები და რეგულაციები ფუფუნებაა, რის უფლებაც თავს შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებმა მისცენ, რომლებმაც გამდიდრება უკვე მოასწრეს. საქართველოს ტიპის ღარიბი ქვეყნისთვის, მსგავსი კანონების ამოქმედება, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც საფრთხეს შეუქმნის შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც მან ამ წლების მანძილზე მიაღწია. ამ მახეში საქართველო არაფრის ფასად არ უნდა გაებას.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ადამ სმიტის, მილტონ ფრიდმანისა და ფრედერიკ ჰაიეკის აზრით, თავისუფალი ბაზარი ეკონომიკური პროგრესის ძრავია: გაცვლისა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების გარეშე, თანამედროვე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზომავს სხვადასხვა ქვეყნების ინსტიტუტებისა და პოლიტიკის ეკონომიკურ თავისუფლებასთან თავსებადობას. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამომცემლები არიან Cato-ს, კანადის Fraser-ისა და მსოფლიოს 70-ზე მეტი გამორჩეული კვლევითი ინსტიტუტი
![]() |
12 გამთანაბრებლობა VS შემწყნარებლობა |
▲back to top |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
მთავრობისა და თავისუფალი ბაზრის როლზე საზოგადოებაში ბევრს დავობენ. მთავრობის მიზანია ამომრჩეველი ცხოვრებით კმაყოფილი ჰყავდეს, შესაბამისად - ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. თავისუფალი ბაზარი მთავრობას ამ მიზნის მიღწევას ურთულებს, რადგან ცხოვრებით კმაყოფილების ერთ-ერთ ცენტრალურ კომპონენტს - შემოსავალს, თანაბრად არასდროს ანაწილებს.
Northwestern University-მ გამოიკვლია, თუ რა ტიპის ადამიანი უპირისპირდება უფრო ხშირად სხვას და ამჟღავნებს ცხოვრებით უკმაყოფილებას. ამისთვის კვლევის ავტორმა, ჯეიმს ლინდგრენმა თავისუფალი ბაზრის მომხრე-მოწინააღმდეგეების ფსიქოლოგიური პორტრეტები შეადგინა: მოწინააღმდეგეები, მომხრეებთან შედარებით, ნაკლებად ტოლერანტულები და ემოციურად უარყოფითად დამუხტულები აღმოჩნდნენ.
ლინდგრენი 1980-2004 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ რეგულარულად ჩატარებული ზოგადი სოციალური გამოკითხვის (GSS) 16 რეპრეზენტატულ შერჩევას დაეყრდნო. მან 18 წელზე უფროსი, შემთხვევითად შერჩეული 535-დან 16 ათასამდე რესპონდენტის პასუხი გააანალიზა.
ტოლერანტულობის გასაზომად, რესპონდენტები ხუთ განსხვავებულ ჯგუფს (რასისტები, ჰომოსექსუალები, კომუნისტები, რადიკალი მილიტარისტები და ათეისტები) სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ. ლინდგრენმა ეს შეფასებები სოციალური თანასწორობისა და კაპიტალიზმისადმი არსებულ დამოკიდებულებებს შეადარა.
კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ტრადიციულად რასისტულ შეხედულებებს გამოხატავს, დადებითად აფასებს სოციალური თანასწორობის იდეას და კაპიტალიზმის წინააღმდეგია. ის კი, ვინც კაპიტალიზმის მომხრეა და შემოსავლის ხელოვნურ გათანაბრებას ეწინააღმდეგება, ჩვეულებრივ, უფრო განათლებული, შეძლებული, ნაკლებად რასისტი და არაპოპულარული ჯგუფების მიმართ ტოლერანტულია.
სხვადასხვა შეხედულებების გამო, კაპიტალიზმის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ქცევებიც განსხვავებულია. კაპიტალიზმის მომხრეები უფრო ხშირად და ხელგაშლილად ეწევიან ქველმოქმედებას და ზოგადად, უფრო მიდრეკილნი არიან ალტრუისტული ქცევის განხორციელებისკენ. სოციალური გათანაბრების მოწინააღმდეგეები, მომხრეებთან შედარებით, უფრო ტოლერანტულები არიან და თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.
GSS-კვლევის ერთ-ერთი კომპონენტის მიხედვით, რესპონდენტები თვითშეფასების კითხვარს ავსებენ. პერსონალური ანგარიშების გაანალიზებამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც მთავრობისგან შემოსავლების დონის გათანაბრებას მოითხოვენ, უფრო ძუნწები არიან და ამ მიზნის მიღწევას დამოუკიდებლად არ ცდილობენ. მაგალითად, არ აბრუნებენ ზედმეტ ხურდას, არ იმეტებენ ფულს საქველმოქმედო ან სხვა ტიპის ალტრუისტული მიზნებისათვის, გარდა ერთისა - ქუჩაში მდგომ შემწეობის მთხოვნელ ადამიანს, კაპიტალიზმის მომხრეებთან შედარებით, უფრო ხშირად ეხმარებიან.
სოციალური გათანაბრების მოწინააღმდეგენი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. 1996 წლის GSS-კვლევაში თავისი ემოციონალური მდგომარეობა 900-მა რესპონდენტმა შეაფასა. ლინდგრენმა ეს შეფასებები სოციალური თანასწორობის შესახებ არსებულ დამოკიდებულებებს შეადარა.
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური თანასწორობის მოწინააღმდეგეები, ამ იდეის მომხრეებთან შედარებით, უფრო ხშირად გრძნობენ თავს ბედნიერად და ცხოვრებაში მეტ ინტერესს ავლენენ. სოციალური თანასწორობის მომხრეებში ჭარბობს სიბრაზე, ნაღველი, მარტოსულობისა და შფოთვის შეგრძნება. აქედან სიბრაზის განცდა ყველაზე ხშირია. ეს ემოციური მდგომარეობა, თავისუფალი ბაზრის მომხრეებთან შედარებით, მათში ორჯერ უფრო დიდხანს ნარჩუნდება. გაბრაზებაზე ყველაზე უფრო ხშირი საპასუხო რეაქცია, სოციალური თანასწორობის მომხრეების მხრიდან შურისძიების დაგეგმვაა.
ამ შედეგებით Northwestern University-ს უახლესი კვლევა თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლუდვიგ ფონ მიზესის თეზისს ამყარებს: სოციალური თანასწორობის მომხრეებს ძირითადად სხვისი ქონების მიმართ შური და კაპიტალისტურ სისტემაში საკუთარი ადგილით გამოწვეული ფრუსტრაცია ამოძრავებთ.
![]() |
13 სავალდებულო სამხედრო სამსახური ანუ მონობის ლეგალიზებული ფორმა 21-ე საუკუნეში |
▲back to top |
ეკონომიკა
გაგა დარსალია
2011 წლის განმავლობაში, 9 ათასამდე 27 წლამდე ახალგაზრდას ჯარში გაიწვევენ. 300 ათასზე მეტ 27-დან 40 წლამდე მოქალაქეს კი - წელიწადში არაუმეტეს 45 დღით სარეზერვო სამსახურის მოხდა ეხება. სამხედრო ორგანიზების სწორედ ასეთი, სავალდებულო სისტემა უზარმაზარ რეალურ და ფარულ დანახარჯებს შეიცავს. არსებობს ალტერნატივა - საკონტრაქტო ჯარი.
ქართული სამხედრო სისტემა პირობითად სამ ძირითად კომპონენტად შეგვიძლია დავყოთ: 1. პროფესიული - სადაც ჯარისკაცები, კონტრაქტით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, თავიანთი ნებით მსახურობენ. ქართულ ჯარში 37 ათასამდე კონტრაქტიანი სამხედრო მოსამსახურეა. 2. სავალდებულო - ამ ტიპის სამსახურის ხანგრძლივობა 12 თვეა და ვალდებულება ეხება ყველა 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც არ სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, ან არ აკმაყოფილებს გაწვევის გადავადების პირობებს. 3. რეზერვი - ამ ტიპის სამსახურიც სავალდებულოა და ეხება საქართველოს 300 ათასზე მეტ მოქალაქეს - ყველა მამაკაცს, 27-დან 40 წლამდე.
სამხედროვალდებული პირები საქართველოს შრომითი ძალის თითქმის 16%25-ს წარმოადგენენ. რეზერვის გაწვევების სრული მოცულობის მიღწევის პირობებში, საქართველოს ეკონომიკას წელიწადის 12.3%25-ის განმავლობაში, შრომითი ძალის 16%25-ის გარეშე ვტოვებთ.
სავალდებულო რეზერვში მსახურობისას სახელმწიფო უზრუნველყოფს გაწვეულთათვის სამსახურის შენარჩუნებას. კანონი ავალდებულებს კომპანიებს, რეზერვისტებს გაწვევის პერიოდში სამსახური შეუნარჩუნონ. თუმცა სახელმწიფოს, კომპანიებისთვის თანამშრომლის ნაკლებობით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად, არანაირი მექანიზმი არ აქვს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ რეზერვში გაწვეული ადამიანები სხვადასხვა კომპეტენციის არიან და შესაბამისად, კომპანიების ფუნქციონირებაში სხვადასხვა როლს თამაშობენ. სახელმწიფოს არც თვითდასაქმებული რეზერვისტებისთვის აქვს რაიმე მექანიზმი. რეზერვისტებს მობილური ტელეფონების გამოყენებასაც კი უკრძალავენ - წელიწადში 45 დღის განმავლობაში ისინი სრულიად მოწყვეტილები არიან საკუთარ საქმეს.
საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვაზე ყველაზე მეტი - ბიუჯეტის 24%25 და მშპ-ს 8.1%25 - 2008 წელს დაიხარჯა. ამ მაჩვენებლით სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველო 154 ქვეყნიდან მე-4 ადგილზე იყო - ერიტრეას, ომანისა და საუდის არაბეთის შემდეგ. 2008-დან 2011 წლამდე თავდაცვის სფეროზე გაწეული დანახარჯები 58%25-ით შემცირდა. 2011 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი დანახარჯების 9.5%25 მოდის. აქედან ყველაზე მეტი - თითქმის 60%25, ხელფასებზეა გამოყოფილი.
დანახარჯები არ შემცირებულა სამხედრო მოსამსახურეთა ნომინალური ხელფასების კლების ხარჯზე. ისინი 2008 წლის ნიშნულზე, კაპრალებისა და დაბალი წოდების ოფიცრებისთვის საშუალოდ 1000 ლარზე შენარჩუნდა. თუმცა ინფლაციის გამო საკონტრაქტო ჯარისკაცთა ხელფასებმა თითქმის 18%25-ით მაინც იკლო. ამან 2008 წლის რუსულ სამხედრო აგრესიასთან ერთად საკონტრაქტო ჯარისკაცობის სტიმულები საგრძნობლად შეამცირა. ამ პირობებში გონივრულია ეჭვი, რომ მიმდინარე 4-წლიანი კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ ჯარისკაცთა მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი აღარ მოინდომებს მათ განახლებას. არაა გამორიცხული, მთავრობამ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე არჩიოს დატვირთვის გადატანა. მით უმეტეს, რომ ამის ნიშნები უკვე არსებობს. 2011 წელს წინა წელთან შედარებით 30%25-ით მეტი ახალგაზრდის გაწვევა იგეგმება, ხოლო რეზერვის ახალი კონცეფცია მასშტაბური სამხედრო ძალის შექმნაზეა ორიენტირებული.
სამხედრო სფეროში დასაქმებისთვის არამოტივირებულ ადამიანებს, ამ სამსახურის თავიდან აცილების ლეგალური საშუალებები ძლიერ შეზღუდული აქვთ. სამხედრო სამსახურის 18 თვით გადავადების საფასური 2 ათას ლარს შეადგენს. გადავადება მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი და ისიც მხოლოდ 25 წლამდე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური 24 თვის განმავლობაში გრძელდება. რეზერვისთვის მსგავსი მექანიზმები საერთოდ არ არსებობს.
სავალდებულო სამხედრო სამსახურს აქვს ეკონომიკურად და პროფესიონალურად უფრო ეფექტიანი ალტერნატივა - საკონტრაქტო ჯარი. საკონტრაქტო მოდელი, სავალდებულოსგან განსხვავებით, ჯარისკაცებს დაქირავებულ შრომით ძალად აქცევს, რითაც ქმნის ახალ შრომით ბაზარს: ჯარისკაცი ამ ბაზარზე შრომის, როგორც საქონლის ერთ-ერთი ტიპის, ნებაყოფლობითი მიმწოდებელია. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ხელფასზე და სხვა პირობებზე მისი თანხმობა ნიშნავს, რომ ის მომგებიან გარიგებას ახორციელებს. სავალდებულო გაწვევისგან განსხვავებით, მის მიერ მიღებული სარგებელი აუცილებლად აჭარბებს დანახარჯებს.
საკონტრაქტო მოდელის პირობებში ფარული დანახარჯები მცირდება. სავალდებულო გაწვევისას სახელმწიფო ცალკეული ინდივიდების განსხვავებულ დანახარჯებს უგულებელყოფს. მენეჯერს, რომელსაც წელიწადში 45 დღით კომპანიის მიტოვება უწევს, რეზერვისტობა გაცილებით „მეტი უჯდება“, ვიდრე დროებით უმუშევარს. იგივე შეიძლება ითქვას ჭარბწონიან ადამიანზე, ფიზიკურად მზადმყოფთან შედარებით. სწორედ ამიტომ, სავალდებულო მოდელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, არაეფექტიანია.
საბაზრო მექანიზმების წყალობით, საკონტრაქტო ჯარი გაცილებით მეტად მოტივირებული და პროფესიონალური თვალსაზრისით განვითარებულია. საკონტრაქტო მოდელი ნიშნავს საზოგადოებაში შრომის ეფექტიან დანაწილებას. სავალდებულო გაწვევისას კი, ასეთი შედეგი, შესაძლოა, მხოლოდ გარემოებათა არაჩვეულებრივი დამთხვევის პირობებში მივიღოთ: თუ, მაგალითად, სახელმწიფოს გაუმართლებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევს ადამიანებს, რომლებიც იძულების გარეშეც იმსახურებდნენ თვეში 15-დან 70 ლარამდე გასამრჯელოს სანაცვლოდ, ხოლო რეზერვისტები ალტრუისტული მოსაზრებებით იხელმძღვანელებენ.
ვილიამ მეკლინგს თუ დავუჯერებთ, სამხედრო ძალების ჩამოყალიბება ორი გზით შეიძლება მოხდეს. პირველი: მთავრობამ ექსპროპრიაცია უნდა გაუკეთოს კერძო საკუთრებაში არსებულ იარაღებს და ადამიანებს მუშაობა დაავალდებულოს; მეორე - შეიძინოს საჭირო იარაღები და სამუშაო ძალა. მეკლინგის აზრით, გაწვევა პირველ გზას შეესაბამება და, რეალურად, ასაკობრივი და გენდერული ცენზით დაწესებული გადასახადია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მაშინ როდესაც შექმნილი სერვისით (თავდაცვით) მთელი მოსახლეობა სარგებლობს.
მიურეი ნ. როთბარდი (1926-1995)
ამერიკელი ინდივიდუალისტი, ანარქისტი, ავსტრიის ეკონომიკური სკოლის წევრი, ოც წიგნზე მეტის ავტორი, ამერიკის ლიბერტარიანული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
ვილიამ ჰ. მეკლინგი (1922-1998)
გამოჩენილი ეკონომისტი, როჩესტერის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის პირველი დეკანი. რიჩარდ ნიქსონის მიერ შექმნილი ანტისავალდებულო სამხედრო სამსახურის კომისიის აღმასრულებელი დირექტორი.
![]() |
14 დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან |
▲back to top |
ფოკუსი
სალომე უგულავა, ლევან სუთიძე
„საქართველოს სსრ რესპუბლიკის თურქეთთან მოსაზღვრე რაიონებში თურქი მოსახლეობა ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ენათესავებიან თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებლებს - ამჟღავნებენ ემიგრაციულ განწყობას; დაკავებულნი არიან კონტრაბანდითა და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისთვის წარმოადგენენ ჯაშუშური ელემენტების წყაროს, გადმობირებისა და ბანდიტური ჯგუფების ფორმირებისთვის...“ - წერდა 1944 წლის 24 ივლისს ლავრენტი ბერია ამხანაგ სტალინს.
წერილმა, რომელშიც ჩინოვნიკი მესხეთისა და აჭარის გარკვეული რაიონებში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის შუა აზიაში გადასახლებას ითხოვდა, ასი ათასამდე ადამიანის ბედი სამუდამოდ შეცვალა. რამდენიმე თვეში ბერიას გეგმა გადაჭარბებით შეუსრულეს. მოკლე პერიოდში, მესხეთის მუსლიმ მოსახლეებს იმ რკინიგზის გაყვანა დააჩქარებინეს, რომლითაც შემდეგ გეტოებისკენ მიმავალ გზას გაუყენეს.
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 300 000-450 000-მდე დეპორტირებული მესხი და მათი შთამომავალი ცხოვრობს. მათგან რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელი სულ 8900 ადამიანია.
1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ მათი რეპატრიაციის საკანონმდებლო ბაზის მომზადებისთვის ვალდებულება აიღო. 2007 წელს ქვეყანამ, ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონი მიიღო. მასში გაწერილი სამართლებრივი მექანიზმებით მესხებს შეუძლიათ ჯერ სტატუსი და შემდეგ მოქალაქეობა მიიღონ.
ოთხი წლის წინ, როდესაც აღნიშნულ კანონს პარლამენტში განიხილავდნენ, ოპოზიციური პარტიები ცდილობდნენ, რომ ის პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამოეყენებინათ. ისინი ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ დეპორტირებულთა დაბრუნება მათ უსაფრთხოებას დაემუქრებოდა.
ამ კანონის მიზნად ისტორიული სამართლიანობის აღდგენა გამოცხადდა. ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ არის, ფინანსური კომპენსაციის ვალდებულება არ აუღია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ მესხებსა და მათ პირდაპირ შთამომავლებს ერთი წელი მიეცათ, რომ შესაბამისი განცხადებით საქართველოს სახელმწიფოსათვის მიემართათ. შემდეგ ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა. სულ შემოსულია 5841 განცხადება (8900 პირზე).
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებები, პირობითად, სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. პირველი ჯგუფი - 35 აპლიკაცია უხარვეზოა და ყველა დოკუმენტაციას მოიცავს, რაც კანონით იყო განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ამ აპლიკანტების ოჯახის წევრებს შესაბამისი საბუთების ნაწილი აკლიათ, ოჯახის განუყოფლობის პრინციპს გაითვალისწინებენ და მათ თხოვნებს ერთობლივად განიხილავენ. ეს საერთო ჯამში ას ადამიანს შეეხება. რეპატრიანტის სტატუსის მისანიჭებლად, სამინისტრო სავარაუდოდ პირველად სწორედ მათ განიხილავს. რაც შეეხება დანარჩენ ორ ჯგუფს, ერთ ნაწილს მხოლოდ დეპორტაციის საბუთი აკლია. საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ობიექტურ გარემოებებს, რომ მესხებს ეს დოკუმენტი შესაძლოა დაეკარგათ - მათ მიმართ ალტერნატიულ მიდგომას შეიმუშავებენ. მესამე ჯგუფს კი რამდენიმე საბუთი არ აქვს. მათ ხარვეზების შესახებ ინფორმაციას თავიანთ ენაზე უთარგმნიან. ასევე, დოკუმენტაციის სრულად წარმოსადგენად, კანონით გათვალისწინებულ 4 თვეს მისცემენ.
რეპატრიანტის სტატუსის მიღების ყველაზე მეტი მსურველი - 5389 - აზერბაიჯანის, 173 - ყირგიზეთის, ხოლო 144 - თურქეთის მოქალაქეა. დანარჩენები ყაზახეთიდან (16), რუსეთიდან (64), უკრაინიდან (9) და უზბეკეთიდან (25) არიან. 21 ადამიანს სსრკ-ს პასპორტი აქვს, არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს. ეს ის სახელმწიფოებია, სადაც დეპორტირებული მესხები და მათი შთამომავლები არიან გაფანტულნი.
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) 2005 წლის ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მესხების თვითიდენტიფიკაცია, ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. აქვე ვკითხულობთ, რომ 6 წლის წინ აზერბაიჯანში 95 ათასამდე დეპორტირებული მესხი ცხოვრობდა, ყაზახეთში 150 ათასი, ყირგიზეთში 50-70 ათასი, რუსეთში 70 ათასი, უკრაინაში 9 ათასი, თურქეთში 35 ათასი, ხოლო ამერიკაში 2 ათასამდე ადამიანი. უზბეკეთში დაახლოებით 15-30 ათასამდე მესხი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა სანდო სტატისტიკა არ არსებობს.
ბადალ ნაზიროვის ოჯახი. ახალციხე
უზბეკეთში გადმოსახლების შემდეგ, 1989 წელს, მათ კიდევ ერთი უბედურება დაატყდათ თავს. მესხების ქონების განადგურება, ფერგანის ველზე, ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდა. ამ დროს 17 000 მესხი ცენტრალურ რუსეთში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მათ მიმართ ძალადობა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა. შედეგად, 70 ათასმა მესხმა უზბეკეთი თავად დატოვა. ანგარიშის თანახმად, იქ დარჩენილ მესხთა წარმოდგენებში, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც აქაურ მცხოვრებლებთან ერთ ეთნოსად იცხოვრებდნენ. საქართველო მხოლოდ მოხუცებისთვისაა სამშობლო. აღსანიშნავია, რომ ასაკოვანი მესხებისთვის ჯერაც არ არის ცნობილი, თუ რა მიზეზით გადაასახლეს და რატომ არ შეუძლიათ უკან დაბრუნება. ახალგაზრდების სამშობლო კი უზბეკეთია. თუ სადმე წავიდოდნენ - არა ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, არამედ უმთავრესად ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით. აქ მცხოვრებ მესხთა უმრავლესობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, რაც უზბეკეთში განუვითარებელ დარგად ითვლება.
მესხები ცენტრალურ რუსეთში 1960 წლიდან ცხოვრობდნენ, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ფერგანის ტრაგედიის შემდეგ მოვიდნენ. განსაკუთრებულ დისკრიმინაციას ისინი კრასნოდარის მხარეში აწყდებიან, სადაც არალეგალი მიგრანტების სტატუსი აქვთ. რუსეთში მცხოვრები დეპორტირებულებიდან მცირე ნაწილს თავი ქართველად, ხოლო დანარჩენს - თურქად მიაჩნია. კვლევის ფარგლებში ვერ დადგინდა, თუ რამდენს სურდა ამჟამინდელი საცხოვრებლის დატოვება. თუმცა ყველაზე მეტად აშშ იზიდავდათ, ქვეყანა, რომელმაც მესხების ნაწილი „განსაკუთრებული ჰუმანიტარული ხასიათის ლტოლვილის“ სტატუსით მიიღო. მათ ხომ ჯერ გადასახლებისა და ფერგანის ტრაგედიის გამოვლა, ხოლო შემდეგ დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება მოუხდათ.
ყირგიზეთში ყველაზე მეტი დეპორტირებული მესხი ცხოვრობს და უმრავლესობა კარგად არის ინტეგრირებული. ადგილობრივებთან კონფლიქტი იშვიათია. მკვლევრების თქმით, ეს წარმატებული ინტეგრაციის კარგი მაგალითია. საქართველოში დაბრუნების იდეა, - აღნიშნულია უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ანგარიშში, - აქაც, მხოლოდ მოხუცებში იყო პოპულარული. სხვები დასაბრუნებლად მხოლოდ უფროსების პატივისცემის გამო იყვნენ მზად. ყირგიზეთში მცხოვრები მესხების უმრავლესობამ არაფერი იცოდა საქართველოზე, რუკაზე მესხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მოძებნაც კი უჭირდათ. საქართველოს უკვე დაკარგულ „სამოთხედ“ აღიქვამდნენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანში მცხოვრებ დეპორტირებულ მესხებს, უმრავლესობა თავს აზერბაიჯანელად მიიჩნევდა. მხოლოდ 30%25-ს - ძირითადად მოხუცებს, სურდათ სამშობლოში დაბრუნება. ყაზახეთში მცხოვრები მესხებიდან მხოლოდ 5 %25-ს - კვალავაც ძირითადად ხნიერებს - სურდათ საქართველოში ჩამოსვლა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ „მესხეთი“ და საქართველო მათთვის სიმბოლური სამშობლოა. ისინი მეტ-ნაკლებად ინტეგრირებულები იყვნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების დონით არ ჩამოუვარდებოდნენ. რაც შეეხება უკრაინაში მცხოვრებ მესხებს, იქ1992 წელს უზბეკეთიდან ჩავიდნენ და თავს თურქებს უწოდებენ. ეს ადამიანები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მესხებმა თურქეთისკენაც დაიწყეს გადაადგილება. ინტერგაციის მხრივ მათ პრობლემები არ აქვთ - ძირითადად სტამბოლში, ბურსასა და ანტალიაში ცხოვრობენ. მათ საზოგადოებრივი და ადგილობრივი მოსახლეობის სოლიდარობაც აქვთ. უმრავლესობას - თუ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუხდებოდა - საქართველოში დაბრუნება არ სურდა.
განსხვავებული ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მესხებს ერთი სახელით მოიხსენიებენ - თურქი მესხები. ლავრენტი ბერია ამ ადამიანებს თურქებს უწოდებდა. თუმცა, მკვლევრების უმრავლესობა მათი ქართული წარმომავლობის ვერსიას ემხრობა. ისინი სამხრეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში გამუსლიმდნენ და თურქულ ენაზე ამეტყველდნენ. 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან იძულებით გასახლებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთნიკური წარმოშობის მიხედვით ქართველი იყო. შედარებით მცირე რაოდენობით იყვნენ თურქები, ხემშილები, ქურთები, ყარაფაფახები, თარაქანები, ბოშები, აგრეთვე 1930-იან წლებში აჭარიდან მესხეთში ჩასახლებული მუსლიმი ქართველები. მეორე მხრივ, როგორი წარმომავლობისაც უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ფაქტია, რომ საქართველოს მიწა-წყალზე საუკუნეების მანძილზე სახლობდნენ. საბჭოთა ოკუპაციურმა რეჟიმმა კი სამშობლო იძულებით დაატოვებინა.
საბჭოთა მთავრობის მოტივებზე მრავალ ვერსიასა თუ სპეკულაციას მოისმენთ. ყველაზე სარწმუნოდ მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირი თურქეთის წინააღმდეგ გეგმავდა ომს და „არასაიმედო“ მუსლიმური მოსახლეობის საზღვრისპირა რეგიონიდან მოშორება სურდა.
ეს მოტივი სტალინის ეთნიკური ინჟინერიის პოლიტიკას პასუხობს. ადრეული 20-იანი წლებიდან ბელადის სიკვდილამდე (1953წ.), შუა აზიაში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირში მცხოვრები მილიონობით ადამიანი გადაასახლეს. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გადასახლება კიდევ რამდენიმე დიდ ჯგუფს შეეხო. სრულად სულ რვა ჯგუფი გადაასახლეს. პირველები - მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმიდან რამდენიმე თვეში - ვოლგისპირელი გერმანელები აღმოჩნდნენ. 1943-1944 წლებში მათ ყარაჩაელები, ყალმუხები, ბალყარელები, ჩეჩნები, ინგუშები და ყირიმელი თათრები მიაყოლეს.
როგორც მთელ ეთნიკურ ჯგუფებს, ისე მათ ნაწილს ასახლებდნენ - მაგალითად, ბალტიისპირელებს. შემდეგ კი საპირისპირო გადმოსახლება იწყებოდა. ამ კოლონიზაციური პოლიტიკის შედეგად ბალტიისპირეთიდან ზრდასრული მოსახლეობის 10%25 ან გადაასახლეს ან შრომით ბანაკებში წაიყვანეს - მათ ადგილას კი რუსები ჩაასახლეს.
გადასახლების მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო. ზოგს არასაიმედო ჯგუფებად მიიჩნევდნენ - საბჭოთა მთავრობა შიშობდა, რომ გარკვეული ეროვნების ადამიანები საომარი ოპერაციების დაწყების შემთხვევაში „მეხუთე კოლონად“ იქცეოდნენ. შესაბამისად, კრემლი ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ყველა ზომას იღებდა. ზოგს კოლაბორაციონიზმში დასდეს ბრალი. გადასახლებები შრომითი რესურსების გადასროლის მიზნითაც ხდებოდა.
მუსლიმი მესხები სტალინის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
„გვიანი ღამე იყო. ყველას გვეძინა. კარზე ბრახუნის ხმა გაისმა. ფორმიანი კაცები შემოვიდნენ და გვითხრეს - რამდენიმე საათს გაძლევთ, რომ აბარგდეთო. დავიბენით. ვერ გავიგეთ, სად და რატომ მივყავდით. ეს დღემდე არ ვიცი. რამდენიმე საათში უკვე მატარებლის ვაგონებში ვისხედით და გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდით“, - იხსენებს 77 წლის ბადალი. ის ბავშვი იყო, როდესაც მესხეთი დაატოვებინეს და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს.
საერთო ჯამში, საქართველოს სამხრეთიდან შუა აზიაში გადასახლებულ 100 ათასამდე ადამიანში უმრავლესობას ბავშვები და ქალები წარმოადგენდნენ. კაცები კი უმცირესობაში იყვნენ. 30 ათასზე მეტი მუსლიმი მესხი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომგამოვლილებს ოჯახები აყრილი, ხოლო სახლები კარაჭედილი დახვდათ.
ივარაუდება, რომ გზად რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა წყაროებში ხშირად 17 ათასს ასახელებენ. თუმცა, საბჭოთა ნომენკლატურის მიმოწერებში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 457-ია. ოფიციალურ დოკუმენტებში აღწერილი მდგომარეობა და თვითრეპატრირებულების მონაყოლი ერთმანეთისგან სხვა შემთხვევებშიც განსხვავდება. ნაზირა ვაჩნაძე თავის წიგნში დეტალურად აღწერს, რომ შუა აზიისკენ მიმავალთ ცუდად კვებავდნენ და ეპიდემიები ვრცელდებოდა. არ იცოდნენ სად მიდიოდნენ. დროც იწელებოდა - სათვალავი რომ არ არეოდათ, გათენება-დაღამების ნიშნებს ვაგონის კედლებზე კაწრავდნენ. ავტორი აღნიშნავს, რომ გზად ბევრი დაიღუპა, გვამებს ვაგონებიდან პირდაპირ ისროდნენ უკაცრიელ ადგილებში. კრემლის დადგენილებაში კი მათთვის არა მხოლოდ საგზაო საკვები, არამედ სამედიცინო მომსახურებაც იყო გათვალისწინებული.
ოსმან მეხრიევი. აბასთუმანი
18-დღიანი გაურკვევლობისა და ტანჯვის დასასრულს მათ საბჭოთა გეტოები ელოდათ - უფრო ხანგრძლივი, თუმცა გარკვეული მომავლის საწყისი. განუმარტეს, რომ ახალი საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულაგებში მძიმე, 15-20-წლიანი შრომა ელოდათ.
სტალინის სიკვდილის შემდეგ, გადასახლებულ ჯგუფებს იმედი ჩაესახათ, რომ სამშობლოს დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ყარაჩაელებს, ყალმუხებს, ბალყარელებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს მიეცათ. ვოლგისპირელ გერმანელებს, ყირიმელ თათრებსა და მესხებს ეს პოლიტიკა არ შეხებია. მათ გადაადგილების თავისუფლება მიენიჭათ, მაგრამ გადმოსახლების ადგილებში დაბრუნების უფლება კვლავაც არ ჰქონდათ.
მესხების მცირე ნაწილმა საქართველოში მხოლოდ 70-80-იან წლებში მოახერხა დაბრუნება - უმეტესად აზერბაიჯანიდან, სადაც ნაწილობრივი თავისუფლების მიცემის შემდეგ, სამშობლოსთან სიახლოვის გამო სახლობდნენ. რეპატრირებულთა ეს ნაწილი ოზურგეთისა და სამტრედიის რაიონებში ჩამოვიდა, სადაც დღეს 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.
90-იან წლებში, ქსენოფობიური განწყობების გამო, მრავალ ადრე დაბრუნებულსაც კი ქვეყნის ან რაიონის დატოვება მოუწია. მაგალითად, სოფელ ცხრამუხაში ერთ დაბრუნებულ ოჯახს მიცვალებული არ დააკრძალინეს, „თურქი აქ რატომ უნდა დაიმარხოსო“. ხოლო ახალციხეში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო. მაჰმადიან მესხებს სამცხე-ჯავახეთში კვლავაც თათრებად მოიხსენიებენ.
მესხების რეპატრიაციის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა დღესაც უარყოფითია. ამას 2007 წელს IRI-ის ჩატარებული კვლევა ადასტურებს. მაშინ 67%25 მესხების რეპატრიაციის წინააღმდეგი იყო, მომხრე კი - მხოლოდ 16%25.
ერთ-ერთი რეპატრიანტი, ალი მეხრიევი ჰყვება, რომ როდესაც 5 წლის წინ, სოფელ აბასთუმანში, მამის დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა დასახლება, ორი სოფელი შეიკრიბა - თათარს არ შემოვუშვებთო. თუმცა, მეზობლებთან დღეს უკვე კარგი ურთიერთობა აქვს.
მესხების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ორმხრივ სირთულეებს საქართველოს მთავრობაც ითვალისწინებს. ამა წლის მარტში ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომელიც რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობს, ინტეგრაციის გეგმის შემუშავებას აპირებს. ამჟამად საქართველოში დეპორტირებული მესხების დაახლოებით ორასი ოჯახია. მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირებიც არიან. ამ უკანასკნელებს თვითრეპატრიანტებს უწოდებენ. ისინი, დაახლოებით 83 ადამიანი, სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. თვითრეპატრიანტები 2008-2009 წლებში საკუთარი ინიციატივით შემოვიდნენ და დასახლდნენ.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
„ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, კანონი ხომ მიიღეთ და რატომ არ გვიღებთო?“ - ამბობს ცირა მესხიშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელია და თვითრეპატრიანტებს ინტეგრაციაში ეხმარება. მისი თქმით, ეს ადამიანები არასწორად იყვნენ ინფორმირებულები. ისინი გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებას, რეპატრიანტთა კანონით გათვალისწინებული ლეგალური მექანიზმების გარეშე ვარაუდობდნენ.
მოქალაქეობის არქონის გამო ბავშვები განათლებას ვერ იღებდნენ. ეს პრობლემა მოგვარდა - განათლების სამინისტრომ თვითრეპატრირებულთა დროებითი ნომერი მიანიჭა და ვაუჩერული დაფინანსებაც გამოუყო.
თვითრეპატრიანტებს შორის მოხუცებიც არიან. მათ მშობლებისგან მითებად გადმოეცათ, რომ ამ მიწაზე „რძისა და თაფლის მდინარეები“ მოედინება პრობლემები აქაცაა - ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აზერბაიჯანის საზღვრის სამ თვეში ერთხელ გადაკვეთა ურთულდებათ.
დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ თვითრეპატრიანტებს შეეძლოთ სტატუსის მინიჭების თხოვნით მიემართათ. ეს მათ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საშუალებას მისცემდა. თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა გააკეთა. დანარჩენებისთვის კი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, უკვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს.
![]() |
15 ფოტოესე |
▲back to top |
სააღდგომო მსვლელობა მალაგაში.
ესპანეთი
![]() |
16 მთავარი ქალი პოლიციელი ახალი პრეზიდენტი გახდა |
▲back to top |
მსოფლიო
კოსოვო
ივანე ბაძაღუა
კოსოვომ მიმდინარე წელს, ქვეყნის პრეზიდენტი უკვე მეორედ აირჩია. 7 აპრილს, ატიფტე იაჰიაგა, კოსოვოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდა. დღემდე იგი გენერალ-მაიორი და ქვეყნის პოლიციის დირექტორის მოადგილე იყო. აპოლიტიკური წარსულის გამო პოლიტელიტა მას ნაკლებად იცნობს, თუმცა სწორედ იაჰიაგას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი ქაოსის დასრულება.
პოლიტიკური კრიზისი კოსოვოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია - 22 თებერვალს, მთავრობის მიერ ბეჰჯეტ პაცოლის პრეზიდენტად არჩევის პროცედურა არაკონსტიტუციურად ცნო. კონსტიტუციის დარღვევად ორი ძირითადი გარემოება შეფასდა: პირველი - ხმის მიცემის დროს ალტერნატიული კანდიდატი არ იყო წარმოდგენილი და მეორე - 22 თებერვლის სხდომაზე არ შედგა კვორუმი. ოპოზიციური პარტიებიდან 53-მა დეპუტატმა (კოსოვოს პარლამენტში სულ 120 დეპუტატია) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის ძირითად მიზეზად პაცოლის რუს მაღალჩინოსნებთან კავშირი სახელდება.
მულტიმილიონერი ბეჰჯეტ პაცოლი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ალბანელია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მან სწორედ ელცინის რუსეთში დააგროვა და რუს ბიუროკრატებთან დღესაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს.
კოსოვოს ახალი პრეზიდენტი ატიფტე იაჰიაგა
პაცოლისაგან განსხვავებით კონსტიტუციის ნორმების სრული დაცვით აირჩიეს ატიფტე იაჰიაგა. 100 დეპუტატიდან 80-მა ხმა სწორედ მას მისცა. უშუალო კონკურენტმა, სუზან ნოვობერდალიმ კი 10 ხმა მოაგროვა.
იაჰიაგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. როგორც წესი, პოლიტიკური გამოცდილება და პარტიის სახით მტკიცე ზურგი, კარიერული წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, ატიფტე იაჰიაგას შემთხვევაში, წარმატება სწორედ მათმა არარსებობამ განაპირობა: მოქიშპე პოლიტიკური ძალები უპარტიო, არაპოლიტიკური წარსულის მქონე პიროვნებაზე უფრო მარტივად შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კრისტოფერ დელიმ ითამაშა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა მმართველი კოსოვოს დემოკრატიული პარტია, მისი კოალიციური პარტნიორი - ახალი კოსოვოს ალიანსი და ოპოზიციური ძალა - კოსოვოს დემოკრატიული ლიგა. პაცოლის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე მიიღეს.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიუხედავად, ამერიკის ელჩის აქტიურ მონაწილეობას პროცესში მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის Vetevendosje-ს (თვითგამორკვევა) წევრების განცხადებით, კოსოვოელების უფლებების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე - „ეს არ არის დემოკრატია - ეს დელ-ოკრატიაა. ხალხმა უნდა აირჩიოს, და არა საერთაშორისო თანამეგობრობამ“.
თავის მხრივ, პარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში, ატიფტე იაჰიაგამ პირობა დადო, რომ ის თითოეული კოსოვოელის წარმომადგენელი იქნება - მიუხედავად მათი ეროვნული, რელიგიური, რასობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა. ერთი რამ დასაწყისშივე ცხადია, ახალბედა პრეზიდენტს გაუჭირდება დანაპირების შესრულება, რადგან მისი პოსტი რეალურად საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლებით სარგებლობს. ამას პარტიული ზურგის არარსებობაც ემატება. ცხადია, მისი გაპრეზიდენტების მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა და სავარაუდოდ, პოსტზე ვადის ბოლომდე არც დარჩება. მისი კანდიდატურა პოლიტიკური კრიზისის შემდგომი გაღრმავებისა და დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად დაასახელეს. დღეს უკვე მთავარია, რომ კონსტიტუციაში მომზადდეს ჩასწორება, რომლის მიხედვით, ხალხი პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევს. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვისა საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, იაჰიაგა საკუთარ საქმეს დაუბრუნდება.
![]() |
17 ევროსკეპტიკოსთა გამარჯვება: მემარჯვენე ძალები ფეხს იკიდებენ |
▲back to top |
მსოფლიო
ფინეთი
თეონა ტურაშვილი
ფინურ არჩევნებს, როგორც წესი, საერთაშორისო რეზონანსი იშვითად მოსდევს. თუმცა 17 აპრილის საპარლამენტო არჩევნებმა ეს ტრადიცია დაარღვია. კენჭისყრის შედეგებმა ევროსკეპტიკოსი პარტიების მოულოდნელი წარმატება აჩვენა. ქვეყნის მმართველ ელიტაში მათმა მომრავლებამ კი, შესაძლოა, ევროკავშირის გეგმები პორტუგალიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, თავდაყირა დააყენოს.
წინა არჩევნების შედეგები ყველაზე მეტად მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ - ჭეშმარიტმა ფინელებმა - გააუმჯობესა. ტიმო სოინის პარტიამ 4,1%25-იანი მაჩვენებელი 19%25-მდე გაზარდა და 200-ადგილიან პარლამენტში 39 მანდატი მოიპოვა. პარტია ევროზონის ქვეყნებისთვის - პორტუგალია, ირლანდია, საბერძნეთი - დახმარების პაკეტის გამოყოფას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა „ეროვნული იდენტობის“ დაცვის მოტივით, იგი ლტოლვილების კვოტების შემცირებასაც ითხოვს.
ფინური არჩევნების მთავარ გამარჯვებულად კვლავაც ცენტრისტულ-მემარჯვენე, პროევროპული ნაციონალურ-კოალიციური პარტია რჩება. მათ ხმათა 20,4%25 და 44 მანდატი მოიპოვეს. ეს გაერთიანება ევროზონის სტაბილურობის ხელშესაწყობად ე.წ. ბეილ-აუთის მომხრეა - თანახმაა მიგრანტებისთვის სამუშაო ადგილები შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, საშემოსავლო და კორპორატიული (22%25-მდე) გადასახადები შეამციროს. ფინეთში, დანიაში, შვედეთსა და ჰოლანდიაში იმიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე მემარჯვენე პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
19,1%25-ით და 42 ადგილით მეორე ადგილი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ერგო. ეს პოლიტიკური გაერთიანებაც პორტუგალიისთვის დახმარების გამოყოფის გეგმებს აკრიტიკებს, ვინაიდან შიშობს, რომ ეს კერძო ინვესტორებსა და ბანკებზე დამატებითი პასუხისმგებლობის სახით აისახება.
ტიმო სოინი, პარტია ჭეშმარიტი ფინელები
წინა წლებთან შედარებით, შედეგები საგრძნობლად გააუარესა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბლოკმა - ცენტრის პარტიამ; 23%25-დან მისი მხარდაჭერა 15,8%25-მდე დაეცა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით ახალი მთავრობის შექმნის მოლაპარაკებებს ნაციონალურ-კოალიციური პარტია გაუძღვება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ისინი შედარებით იოლად მოახერხებენ სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერის მოპოვებას. მართალია, სოციალ-დემოკრატები პორტუგალიის დახმარებას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ კომპრომისის მიღწევა (ბეილ-აუთზე თანხმობის ნაცვლად ლისაბონისთვის რეგულაციების გამკაცრება) სავსებით რეალური იქნება. მიუხედავად ამისა, ნაციონალურ-კოალიციურ პარტიას, უმრავლესობის მოსაპოვებლად, სოინის ჭეშმარიტი ფინელების მხარდაჭერაც დასჭირდება. სოინი მთავრობაში შესვლის სანაცვლოდ, ევროკავშირთან დამოუკიდებელი ხაზის გატარების უფლებას ითხოვს. ამას კი ნაციონალურ-კოალიციური პარტიის წევრები განუხორციელებლად მიიჩნევენ.
ჭეშმარიტი ფინელების ქარიზმატულმა ლიდერმა ქვეყნის მიერ გაღებული საგარეო დახმარებების მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა. ამით მან ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებით იმედგაცრუებული ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა. ფინეთი ევროზონის 17 ქვეყანას შორის ფისკალური თვალსაზრისით ყველაზე სტაბილურია. მიუხედავად ამისა, კრიზისი ფინეთის პატარა და ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკასაც შეეხო: 2009 წელს მშპ-ს ზრდის კოეფიციენტი 0,9%25-დან 8%25-მდე დაეცა, ექსპორტმა 32%25-ით იკლო, უმუშევრობამ კი 8,2%25-ს მიაღწია.
იურკი კატაინენი, ნაციონალურ-კოალიციური პარტია
2011 წლისთვის ეკონომიკური მონაცემები ოდნავ გაუმჯობესდა. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფინეთში მიმდინარე წლისთვის 3,1%25-იან ეკონომიკის ზრდას ელოდება; შემცირდა უმუშევრობის დონეც - 8%25-დან 7,8-მდე; ქვეყნის დეფიციტი (2010 წელს მშპ-ს 2,5%25) და ვალი (მშპ-ს 48,4%25) ევროზონაში ყველაზე დაბალია. სწორედ ამ უპირატესობის დაკარგვა და დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება აშინებს ფინეთის მოსახლეობას. ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის ფარგლებში დასავლეთის ლიდერები პორტუგალიისთვის 80 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. ეს ფინეთს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წევრს, 7,8 მილიარდი ევრო დაუჯდება. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროზონის ჩვიდმეტივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ფინეთი კი იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ მისი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია დახმარების პაკეტის ბედი. არჩევნების შედეგებით კი პარლამენტში ევროსკეპტიკოსები ჭარბობენ - ბუნებრივია, ეს ევროპისთვის დამაფიქრებელია.
იუტა იურპილაინენი, სოციალ-დემოკრატიული პარტია
ფინელებში ცვლილებების არარსებობამ და მთავარი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულმა სკანდალებმა პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა გააჩინა. კულმინაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მატი ვანჰანენის გადადგომა იყო - მისი პარტიისთვის უძრავი ქონების ფონდიდან თანხის საეჭვო გადარიცხვა გამოაშკარავდა. ამის ფონზე, სოინი ახალი ენერგიის წყაროდ მიიჩნიეს.
პოპულისტმა ლიდერმა ფინელების მხარდაჭერა ანტიისლამური, ანტიიმიგრაციული და ნაციონალისტური რიტორიკითაც შეძლო. ის ემხრობა შრომით მიგრაციას, თუმცა, ამავე დროს, ფინური იდენტობის დაცვის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს.
ეს სკანდინავიის ქვეყნებსა და ევროპის გარკვეულ ნაწილში ბოლო ხანს გავრცელებული ტენდენციის გაგრძელებაა. დანიაში, შვედეთსა და ჰოლანდიაში იმიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე მემარჯვენე პარტიებმა (დანიელი ხალხის პარტია, შვედი დემოკრატები, ჰოლანდიის თავისუფლების პარტია) მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 24 მილიონი უმუშევარი ადამიანის ფონზე ევროპას მიგრანტების ახალი ტალღის მიღება არ სურს.
ამავე დროს, ევროპის მასშტაბით ფეხს იკიდებენ მემარჯვენე ფრთის პარტიები: საფრანგეთში ნაციონალური ფრონტის პარტიამ რეგიონულ არჩევნებში კარგი შედეგები აჩვენა. თვითონ სკანდინავიაც, ადრე ერთმნიშვნელოვნად ცენტრისკენულ-მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალების რეგიონად მიიჩნეოდა. თუმცა დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში მომხდარი ცვლილებები ახალ, განსხვავებულ სურათს ქმნის.
![]() |
18 დინასტების ომი |
▲back to top |
მსოფლიო
ფილიპინები
ნატა მუჯირიშვილი
ფილიპინების მთავრობამ, ყოფილი პრეზიდენტის, გლორია მაკაპაგალ აროიოს უფროსი ვაჟი, გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. საგადასახადო სამსახურის (BIR) მტკიცებით, კონგრესმენ ხუან მიგელ აროიოს და მის მეუღლეს 2005, 2008 და 2009 წლებში საშემოსავლო ანგარიშები არ წარუდგენიათ. სახელმწიფო წყვილს, საერთო ჯამში, 1.7 $ მილიონს ედავება. აროიო წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. კონგრესმენი ირწმუნება, რომ პრეზიდენტ აკინოს მისი ოჯახის დისკრედიტაცია პირადად სურს. იგი აცხადებს, რომ საზოგადოებაში აკინოს რეიტინგი უფრო და უფრო მცირდება, ამიტომაც ისეთი ქმედებები ესაჭიროება, რაც პოპულარობას მოუტანს. ამას ჯერჯერობით ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის ოჯახთან დაპირისპირებით აღწევს.
პრეზიდენტი ბენინგო აკინო
მართლაც, წყვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, პრეზიდენტის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს მისი წინამორბედი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კორუფციის გამოძიებას. ბრალდებების ტალღას წინ უძღოდა აკინოს მიერ „სიმართლის დამდგენი“ კომისიის შექმნა. ეს უკანასკნელი ყოფილი პრეზიდენტის, გლორია მაკაპაგალ აროიოს წინააღმდეგ მუშაობს. ჩატარებული გამოძიების შედეგად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციას არღვევდა.
ხუან მიგელ აროიო
პრეზიდენტი აკინო დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული მმართველი იყო. მაღალ რეიტინგს იგი ხან მშობლების რეპუტაციის, ხანაც წინამორბედის არასახარბიელო ავტორიტეტის ხარჯზე აღწევდა. აკინოს დედა ფილიპინების პირველი ქალი პრეზიდენტი იყო, რომელმაც 1986 წელს ფერდინანდ მარკოსის დიქტატორული რეჟიმი დაასრულა. მამა - დემოკრატიისთვის მებრძოლი ბენინო აკინო უფროსი - მარკოსის დიქტატორულ რეჟიმს ემსხვერპლა.
რეიტინგის კლება აკინოსთვის მართლაც პრობლემაა. Social Weather Stations-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მისი რეიტინგი 13%25-ით დაეცა. თუმცა, თავდაპირველად, წინამორბედ პრეზიდენტებთან შედარებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აკინომ პრიორიტეტებად კორუფციასთან ბრძოლა და სიღარიბის შემცირება დაასახელა. თუმცა Transparency International-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფილიპინელთა უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ბოლო დროს განხორციელებულმა მთავრობის ქმედებებმა კორუფციის დონე ვერ შეამცირა.
კორუფციის მაღალი მაჩვენებელი სიღარიბეზე პირდაპირ აისახება. ფილიპინები, სიმდიდრის მიხედვით, მსოფლიოში 180 ქვეყანას შორის 162-ე ადგილზეა. ცოტა ხნის წინ, Social Weather Survey-ის მიერ ჩატარდა კვლევა. მისი მიხედვით, ბენინო აკინოს პრეზიდენტობის პერიოდში, ფილიპინებში სიღარიბის დონე გაიზარდა.
![]() |
19 გამოცდა ობამათი |
▲back to top |
მსოფლიო
ამერიკა-ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობები
ნორა გამყრელიძე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მიმდინარე წლის მაისში დიდ ბრიტანეთს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრება. პრეზიდენტსა და მის მეუღლეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე, ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლებს.
25 მაისს, პარლამენტის პალატათა გაერთიანებულ სხდომაზე, ობამას სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ამერიკას შეუძლია, თავის ტრადიციულ მოკავშირესთან ბოლო დროს გაციებული ურთიერთობები გააუმჯობესოს.
ისტორიულად, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. თუმცა 2009 წელს, პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ, ამერიკულ-ბრიტანულ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა.
ჯერ იყო და, გაერთიანებული სამეფოს სოლიდარობის გამოხატვის სიმბოლო, უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბრიტანეთმა თეთრ სახლს საჩუქრად გადასცა, ობამას ადმინისტრაციამ ბრიტანეთის საელჩოს უკან გაუგზავნა.
გარდა ამისა, თუ აქამდე ამერიკა გაერთიანებული სამეფოსა და არგენტინის კონფლიქტზე ბრიტანეთის პოზიციას იკავებდა, ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციამ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე უარი თქვა. არგენტინაში ვიზიტისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ეს საქმე საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. ამასთანავე, ამერიკის მთავრობა „ცნობს დიდი ბრიტანეთის დე ფაქტო მმართველობას კუნძულებზე, მაგრამ ქვეყანა ამ ტერიტორიაზე არც ერთი მხარის სუვერენიტეტს არ აღიარებს“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ობამა თავის გამოსვლებში ხაზს არ უსვამს ბრიტანეთის წვლილს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. ამერიკის წინა პრეზიდენტები, ობამასაგან განსხვავებით, ყოველთვის აღნიშნავდნენ ამერიკა-ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრი კამერონი და პრეზიდენტი ობამა
პოლიტიკური მიმომხილველები იმაზეც საუბრობენ, რომ დღეს ვაშინგტონი ლონდონს რიგით ევროპულ ძალად განიხილავს და მაგალითად, პარიზიდან ან ბერლინიდან არ გამოარჩევს.
აქამდე ბრიტანეთი ამერიკის ევროპული პოლიტიკის გამტარებელი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია ეკონომიკურ გიგანტად იქცა, თუმცა სუსტი პოლიტიკური ხმა ჰქონდა. საფრანგეთი გოლისტურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ხშირად ამერიკის მთავარ ოპონენტადაც გვევლინებოდა. ამიტომ დიდი ევროპული ქვეყნებიდან ბრიტანეთთან მოკავშირეობას ამერიკისათვის საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს კი ობამა ევროპის ფედერალიზაციის მომხრეა, ბრიტანეთი კი ამ მოდელს თავისი სუვერენიტეტისათვის საფრთხედ აღიქვამს.
ახალი ევროპელი მოკავშირეების, განსაკუთრებით საფრანგეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ბრიტანეთის ხარჯზე ხდება. მართალია, სარკოზისა და ობამას პიროვნულად საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ დღეს თეთრი სახლი საფრანგეთს ამერიკის მთავარ ევროპელ მოკავშირედ მოიხსენიებს.
პრეზიდენტი ბუში და უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი
NATO-ს შიგნით ობამა მხარს უჭერს საფრანგეთის პოზიციების გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრიტანეთის გავლენის შესუსტების სანაცვლოდ კეთდება. ამჟამად NATO-ს ხუთიდან არც ერთი სარდლობის მეთაური, ბრიტანელი გენერალი არ არის, მაშინ როდესაც ორი მათგანი ფრანგი და ერთიც გერმანელია. ამავდროულად, ბრიტანეთს NATO-ს ყველაზე მასშტაბურ მისიაში - ავღანეთში გაცილებით მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ევროპულ ქვეყანას. ბრიტანეთის კონტინგენტი სიდიდით მხოლოდ ამერიკას ჩამოუვარდება.
ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულების შეცვლის მიზეზის ცალსახა ახსნა არ არსებობს. თუმცა ზოგი თვლის, რომ ეს, შესაძლოა, ერაყის ომის დროს ბუშის ადმინისტრაციისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით იყოს გამოწვეული.
საარჩევნო კამპანიის დროს, ობამას სურვილი ბუშის მმართველობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება იყო. მას ევროპის ძველ მოკავშირე სახელმწიფოებთან, პირველ რიგში - საფრანგეთთან, გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორება სურდა. ამ ქვეყანასთან ამერიკას ყოველთვის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა - მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ უახლოეს მოკავშირესთან, ბრიტანეთთან ურთიერთობაშიც პრობლემები გაჩნდებოდა.
![]() |
20 მულტიკულტურალიზმის შემდეგ |
▲back to top |
მსოფლიო
მუსლიმები საფრანგეთში
მარიამ მიქავა
5 აპრილს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და მმართველი პარტიის - სახალხო მოძრაობისთვის კავშირის (UMP) - ორგანიზებით, გაიმართა დებატები თემაზე „ისლამის როლი სეკულარულ საფრანგეთში“. დებატებში არც ერთ მუსლიმ სასულიერო პირს არ მიუღია მონაწილეობა. ისინი მმართველ პარტიას მუსლიმების სტიგმატიზაციაში ადანაშაულებენ. ეს ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმაც დაგმო. დისკუსიის მიზანს, ლაიციზმის შესახებ ფრანგული კანონების დღევანდელობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა. ლაიციზმი დოქტრინაა, რომელიც რელიგიას საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მიჯნავს. საფრანგეთმა ლაიციზმის სისტემა ტოლერანტობის ცხოვრებაში გატარების უზრუნველსაყოფად გამოიმუშავა. ის შესაძლებელს ხდის რელიგიური დოგმატიკით არაშეზღუდული სახელმწიფოს შექმნას - სისტემა, სადაც ოფიციალური რელიგიისათვის ადგილი არ არის. ხანდახან ლაიციზმს შეცდომით ანტირელიგიურობას აბრალებენ. სინამდვილეში კი ის მხოლოდ უარყოფს რელიგიის პრეტენზიას, იყოს კანონისა და პოლიტიკური წყობის საფუძველი.
UMP-ს გენერალური მდივნის, ფრანსუა კოპეს აზრით, დებატები სეკულარული პრინციპების ხელახალი დადასტურება და გზავნილია რადიკალი ისლამისტებისათვის. ნიკოლა სარკოზის თქმით, საფრანგეთში მულტიკულტურალიზმმა „მარცხი განიცადა“, ამდენად იმიგრანტები ფრანგულ საზოგადოებას უნდა „შეერწყან“. „ჩვენ არ გვინდა მოჩვენებითი მლოცველები საფრანგეთის ქუჩებში“, - დააკონკრეტა პრეზიდენტმა. მართლაც, პარიზში, ყოველკვირეულად, მეჩეთ ალ-ფათჰის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩები სავსეა ხალიჩებზე დაჩოქილი ათასობით მლოცველით. პარიზელები წუხან, რომ ამ დროს, მანქანებით თუ ფეხით გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელია. ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენმა მლოცველები არაკორექტულად ნაცისტ ოკუპანტებსაც კი შეადარა.
ფრანგი მუსლიმები თავის მხრივ ნიქაბისა და ბურქის აკრძალვასთან დაკავშირებით კვლავაც ვერ მალავენ უკმაყოფილებას. ჰიჯაბის ტარება მუსლიმი ქალებისათვის რელიგიურ მოვალეობას წარმოადგენს. ახალი კანონის გამო კი მუსლიმი მოსახლეობა თავს შეურაცხყოფილად თვლის. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსგავსი ტანისამოსი მუსლიმური რადიკალიზმის გავრცელებისა და სეპარატიზმის წყაროა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკას ემუქრება. თუმცა თავად სადავო კანონი საერთოდ არ მოიხსენიებს ქალს ან მუსლიმს. ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვის ნებისმიერ ფორმას კრძალავს.
6 მსხვილი ისლამისტური ასოციაციის ხელმძღვანელი, რომლებმაც დებატებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღეს, აცხადებენ, რომ ნებისმიერი რელიგიის სტიგმატიზირება დაუშვებელია და არასახარბიელო შედეგებს გამოიწვევს. საფრანგეთის ორ ქალაქში ახალი ისლამური კულტურული ცენტრის აშენება დაძაბულობას შეანელებს. მუსლიმური ასოციაციები კერძო ფინანსებს სამლოცველო ოთახების შესაძენად გამოიყენებენ. „როდესაც ახალი ისლამური ცენტრი აშენდება, ქუჩაში მლოცველები აღარ იქნებიან“, - განაცხადა დანიელ ვეიანმა, პარიზის მე-18 რაიონის სოციალისტმა მერმა.
2012 წელს საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ნიკოლა სარკოზიმ კი რეიტინგის ასამაღლებლად ფრანგული სეკულარული ტრადიციების თავგამოდებით დაცვა გადაწყვიტა. ამის გამო, კრიტიკოსები პრეზიდენტს მემარჯვენე ელექტორატის გადმობირებაში ადანაშაულებენ, რომლის უმრავლესობაც მარინ ლე პენს ემხრობა. ფრანსუა კოპე მიიჩნევს, რომ თუ ისლამური პრობლემა მმართველი პარტიის იდეების სასარგებლოდ გადაწყდება, მომავალ არჩევნებში ისინი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ.
![]() |
21 საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში |
▲back to top |
ბიზნესი
თენგიზ ლომიტაშვილი
საქართველოში, ბოლო დროს, საერთაშორისო რეიტინგების საშუალებით სპეკულირება პოპულარულ თემად იქცა. ასეთ რეიტინგებს შორის მოხვდა GCI (გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი), რომელიც 2005 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ ფარგლებში გაიანგარიშება. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს სხვა საერთაშორისო კვლევებთან შედარებით დაბალი ქულები აქვს.
განსხვავებებს უმთავრესად კვლევების განსხვავებული მეთოდოლოგია იწვევს: კვლევების ერთი ნაწილი - მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ინდექსი, ან Heritage Foundation-ისა და Fraser Institute- ის კვლევები. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ზომავენ ეკონომიკურ თავისუფლებას - ლიბერალურ გარემოს აფასებენ, GCI კი ამ კომპონენტებთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ ცვლადებსაც ზომავს. მაგალითად, ინსტიტუტები, კონკურენცია ბაზარზე, ფინანსური, სასაქონლო და შრომის ბაზრების ეფექტიანობა, ინოვაცია და ტექნოლოგიური მზაობა კერძო სექტორში, განათლების ხარისხი.
ერთი მხრივ, ეს მიდგომა სწორია. როცა საქმე ქვეყანას, როგორც კომპლექსურ ეკონომიკურ სისტემას ეხება, აქ ლიბერალური გარემო, მაგალითად, ბიზნესის კეთების კუთხით, მხოლოდ სურათის ერთი ფრაგმენტია. საჭიროა სხვა ცვლადების გათვალისწინებაც. თუმცა, მეორე მხრივ, რამდენად მართებული და ვალიდურია მეთოდოლოგია, რომელიც ერთ ინდექსში აერთიანებს კომპლექსურ ეკონომიკურ სისტემას, ეს სხვა საკითხია.
GCI-ს მიხედვით, საქართველო 139 ქვეყნიდან წელს 93-ე ადგილზე მოხვდა. ერთი მხრივ, ვასწრებთ მეზობელ სომხეთს, რომელიც 98-ე ადგილზეა, მეორე მხრივ 57-ე ადგილზე მდგომ მეზობელ აზერბაიჯანს ძალიან ჩამოვრჩებით. სიაში ჩვენ ქვემოთ ძირითადად ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნები სჭარბობენ, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების უმეტესობა კი გვისწრებს. შარშანდელთან შედარებით, 3 ადგილით უკან დავიხიეთ. თუმცა ეს უკუსვლა ტექნიკური მიზეზით მოხდა - კვლევას შარშანდელთან შედარებით წელს 3 ისეთი ქვეყანა დაემატა, რომლებიც ავტომატურად ჩვენზე წინ მოექცნენ. შესაბამისად, გაანგარიშებაში ისინი რომ არ გაეთვალისწინებინათ, 93-ე ადგილის ნაცვლად, ისევ 90-ზე დავრჩებოდით.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ სტრუქტურას 12 გამსხვილებული კომპონენტი შეადგენს. ისინი სამ ძირითად ბლოკად იყოფა: 1. ფუნდამენტური ფაქტორები - ინსტიტუტების არსებობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, პირველადი განათლება და ჯანდაცვა; 2. ე.წ. ეფექტიანობის კატალიზატორები- უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა, შრომის ბაზარი, ფინანსური ბაზრის ეფექტიანობა, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის ზომა; 3. ინოვაციური ფაქტორები - ბიზნესისწარმოების დახვეწილობა და ინოვაცია.
ინდექსის აგების სპეციფიკა ისაა, რომ ინდექსის გამოთვლაში აღნიშნული ფაქტორები თანაბრად არ მონაწილეობს - თითოეული ქვეყნისთვის, მათი განვითარების დონიდან გამომდინარე, სხვადასხვა წონა ენიჭებათ. მაგალითად, განვითარებადი ქვეყნის პოტენციალის დასადგენად, გაცილებით მნიშვნელოვანია ძლიერი პოზიცია ძირითადი ფაქტორების მიხედვით, მაშინ როდესაც განვითარებულში ზრდის მთავარი წყარო ინოვაციაა.
კვლევის მიხედვით, საქართველო სამართლიანად ჩაითვალა ეკონომიკური განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნად. შესაბამისად, შეირჩა წონებიც. შედარებისთვის, ამავე ჯგუფს სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა მიეკუთვნა.
საქართველოს ძლიერ მხარეებს ის კომპონენტები წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად ლიბერალურ გარემოს ზომავს - მაგალითად, ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო (მე-3 ადგილი მთლიან რეიტინგში); მთავრობის რეგულირების ტვირთი (მე-4 ადგილი); სავაჭრო ტარიფების ზომა (მე-3 ადგილი); ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-6 ადგილი), თანამშრომლის დათხოვნისათვის საჭირო პროცედურები და მასთან დაკავშირებული ხარჯები (მე-6 და მე-10 ადგილი).
ძირითადი ფაქტორების მიხედვით საქართველოს, მეზობელ „თანაჯგუფელებთან“ შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობა აქვს - ოთხეულში მხოლოდ უკრაინას უსწრებს. ეფექტიანობის პარამეტრების მიხედვით საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს, ხოლო ინოვაციურობის მიხედვით ქვეყანა ყველაზე დაბლა - 121-ე ადგილზეა. სომხეთი - 114-ე, აზერბაიჯანი - 66-ე, უკრაინა - 88-ე ადგილს იკავებს. როგორც ჩანს, ინოვაცია საქართველოსთვის აქილევსის ქუსლია.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტია უფრო ლიბერალური ზომების გატარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: კონკურენცია ბაზრებზე - როგორც მომწოდებლების, ასევე მომხმარებლების ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალი დონე; თავისუფალი ბაზრის შესაბამისი ინსტიტუტების გამყარება; ტექნოლოგიური, კვლევითი და საგანმანათლებლო სფეროების ხელშეწყობა კერძო სექტორში.
მაკროეკონომიკურ ბლოკში სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის ბალანსირება და საპროცენტო სპრედის დასტაბილურება. ამ საკითხების მიხედვა, მთლიანი პოტენციალის ამაღლების მიზნით, დიდ უკუგებას მოგვცემდა.
უმაღლესი განათლების ბლოკში ადგილობრივი კვლევითი რესურსების განვითარების, მენეჯმენტის სკოლების რაოდენობისდა ხარისხის ამაღლებისთვისაა ყურადღება მისაქცევი.
სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობის ბლოკში, ბაზარზე ადგილობრივი კონკურენციის ნაკლებობა საკმაოდ დიდ გადახრას იწვევს. ამ მხრივ პრიორიტეტული უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის კიდევ უფრო ხელშეწყობა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური თავისუფლება, როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის.
ბიზნესის დახვეწილობის ბლოკში - მთავარი ჩავარდნა არის ადგილობრივი მიმწოდებლების თვისობრივად და რაოდენობრივად დაბალი დონე. ინოვაციის ბლოკში კომპანიების დანახარჯების წილი კვლევაზე და ინოვაციაზე, მთლიანი კვლევითი სისტემის დაბალი ხარისხი, ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ მზაობის არარსებობა სუსტ წერტილს წარმოადგენს. ეს აფერხებს ინოვაციას.
![]() |
22 ტიურინგის ტესტის საჭიროება |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
1950 წელს, ციფრული ერის გარიჟრაჟზე, ალან ტიურინგმა ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც შეეცადა გაერკვია, შეეძლოთ თუ არა მანქანებს ფიქრი. ვინაიდან „ფიქრის“ განმარტება ძალიან სუბიექტური და ძნელადგადასაჭრელი ამოცანა აღმოჩნდა, მან შეკითხვა სხვანაირად დასვა: შესაძლებელია თუ არა შეიქმნას ისეთი მანქანა, რომელთან „ურთიერთობის“ დროსაც შეუძლებელი იქნება იმის გარკვევა, ის ადამიანია თუ არა?! შემდგომში ამ შეკითხვას „ტიურინგის ტესტი“ ეწოდა და ეს უკანასკნელი განსაზღვრავს დღესდღეობით, აქვს თუ არა მანქანას ხელოვნური ინტელექტი.
ტიურინგის ტესტმა თავისი სიმარტივით ყველა მოხიბლა, თუმცა იმ დროს, როცა კომპიუტერები ოთახის ხელა იყო და მათი გამოთვლითი შესაძლებლობები რთული პროგრამების დაწერის საშუალებას არ იძლეოდა, ამით მხოლოდ ფილოსოფოსები დაინტერესდნენ, პრაგმატიკოსებმა პრაქტიკული გამოყენება ვერ მოუძებნეს და შეეშვნენ. ტიურინგის ტესტის პრაქტიკული ასპექტი მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, სოციალური ქსელების ექსპანსიის ეპოქაში გახდა აქტუალური.
ალან ტიურინგი
ბოსტონის კვლევითმა ჯგუფმა, Web Ecology Project-მა, ამას წინათ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც Twitter-ით მომხმარებელთა მანიპულირების სიადვილის დადგენა იყო. კვლევის დასკვნით ნაწილში გაიმართა კონკურსი სახელწოდებით „Socialbots 2011“. კონკურსანტებს ევალებოდათ ისეთი კომპიუტერული პროგრამის, ე.წ. ბოტის შექმნა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში, Twitter-ის რეალურ მომხმარებლებთან ურთიერთობას გააბამდა. ამასთან, მათ „ბოტის“ არაადამიანური წარმომავლობის შესახებ არ უნდა სცოდნოდათ.
კონკურსში რამდენიმე სერიოზული ჯგუფი მონაწილეობდა, გამარჯვება კი წილად ხვდა „ბოტს“, რომელიც Twitter-ში როგორც JamesMTitus-ი იყო რეგისტრირებული. ის თავს 24 წლის, ახალზელანდიელ ახალგაზრდად ასაღებდა და აღფრთოვანებული იყო პატარა ფისოებით. JamesMTitus-ი შეკითხვებს უსვამდა რეალურ ადამიანებს, ერთვებოდა დისკუსიაში და სულ მალე მოიპოვა სანდომიანი ახალგაზრდის იმიჯი, რის გამოც 107 ე.წ. ფოლოუერი შეიძინა, რომლებიც რეგულარულად კითხულობდნენ JamesMTitus-ის „ტვიტებს“.
საუბრის დროს, JamesMTitus-ი, საკუთარ მონაცემთა ბაზაში ცდილობდა მოეძებნა რელევანტური რეპლიკები და კონტრშეკითხვები, რაც მას დიალოგის გაგრძელების საშუალებას მისცემდა და ამავდროულად თანამოსაუბრეს არ დააეჭვებდაკითხვებზე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა, თუმცა არაარსებით პასუხებს Twitter-ის ბინადრები მას ხუმრობად უთვლიდნენ და კონტაქტი არ გაუწყვეტიათ.
JamesMTitus-ის შემქმნელებმა, კონკურსის დასრულების შემდეგ, ბლოგზე დეტალური აღწერა დადეს, თუ რას, როგორ და რატომ აკეთებდნენ. ერთდროულად ღიმილსა და აღფრთოვანებას იწვევს მათი მოხერხებულობა, თუ როგორ ცდილობდნენ დაერწმუნებინათ Twitter-ელები ამ „ბოტის“ ხალას და უანგარო სიყვარულში პატარა ფისუნიების მიმართ. მათი პროგრამა ფოტოსურათების ყველაზე დიდ საცავში, flickr.com-ში ეძებდა სურათს კოდური ფრაზით „cute cat“ (საყვარელი ფისო) და რასაც პოულობდა, Twitter-ელებს უზიარებდა.
ამ ერთი შეხედვით უწყინარმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ისეთი პროგრამების, თუ „ბოტების“ შექმნა, რომლებიც შემქმნელების პირად და ანგარებიან მიზნებს განახორციელებს. ამის საილუსტრაციოდ ირანში საპროტესტო აქციებს ასახელებენ, როდესაც პროტესტანტების მცირე ჯგუფმა, რომლებიც აქტიურად „ტვიტავდნენ“ მიმდინარე მოვლენებს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საზოგადოებრივ აზრზე მთელ მსოფლიოში.
ჯერჯერობით თანამოსაუბრის ადამიანურობის გამოვლენა შედარებით მარტივია. თუმცა ვინ იცის, ეგებ არცთუ ისე შორსაა ის დრო, როდესაც რომელიმე პირად ბლოგზე თუ სოციალური ქსელის პირად „ექაუნთზე“ ჩანაწერების კითხვის დროს, ჩვენ დავფიქრდებით, მათი ავტორი ადამიანია თუ მანქანა!
![]() |
23 რბილი „ლ“ |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
თათია ვაშაკიძე
დღეს მეთერთმეტეჯერ მივიღე Facebookისგან მოწვევა ჯგუფში „რბილი ლ კლავს“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მეთერთმეტეჯერვე დავაიგნორე. სხვათა შორის, ამ ჯგუფის ფანების რაოდენობამ სულ ცოტა ხნის წინ 10 ათასს მიაღწია. ეს მაშინ, როცა R.I.P. Nodar Kumaritashvili - 500მდე, „ცოდნის ეკონომიკისა და მერიტოკრატიული იდეოლოგიის კონცეფცია საქართველოსათვის“ ჯგუფს - 423, პაატა ბურჭულაძეს კი სულ რაღაც 16000 ფანი ჰყავს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის „პროგრესული“ (Facebook-ელები ხომ პროგრესულები ვართ რუსულენოვანი ოდნოელებისაგან განსხვავებით) უმრავლესობისათვის ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ოლიმპიელზე, მერიტოკრატიულ იდეოლოგიასა და პაატა ბურჭულაძეზე უფრო აქტუალური რბილი „ლ“ არის?
მე და ნათია უნივერსიტეტში პოპულარული გოგოები ვიყავით,ორივეს გრძელი ქერა თმა გვქონდა, ყოველთვის მოდურად გვეცვა, თითქმის არავის ვესალმებოდით, გულგრილად, გაპრანჭული სიტყვებით გადავკოცნიდით ხოლმე ჩვენნაირვე გულგრილ და გაპრანჭულ ნაცნობებს და გაპრანჭულად ვსვამდით ყავას, კინოშიც გაპრანჭულები დავდიოდით. საერთოდ ძალიან სასაცილოები ვიყავით...
არა და ჩვენი ფაკულტეტი მაშინ ერთერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა, სადაც მეტნაკლებად პრესტიჟული ოჯახების ბავშვები სწავლობდნენ. სტუდენტების ნახევარზე მეტი რბილ „ლ“-ს სულაც არ ურტყამდა, მაგრამ მე და ნათია დარწმუნებულები ვიყავით, რომ საკმარისად კარგები მაინც არ იყვნენ - ზოგის ჩაცმულობა არ მოგვწონდა, ზოგის სიარულის მანერა, უმრავლესობა კი იმიტომ არ მოგვწონდა, რომ უბრალოდ უცხოები იყვნენ და აპრიორი ჩვენზე ცუდები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო ჩვენ აპრიორი უკეთესები ვიყავით. კიდევ არსებობდა ე.წ. ლიმიტით ჩარიცხული სტუდენტების კატეგორია. ესენი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან,ზოგი კი შორეული მშობლიური მიწაწყლიდან - საინგილოდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან უგამოცდოდ ჩარიცხული სტუდენტები იყვნენ, ხოლო ე.წ. ლიმიტის მიზანი იყო ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების რეინტეგრაცია და მათი თბილისური სტუდენტური ცხოვრებისთვის ზიარება. ნურას უკაცრავად.
არანაირ რეინტეგრაციას ადგილი არ ჰქონია. ე.წ. ლიმიტით ჩარიცხულ ბავშვებთან ურთიერთობა მე და ნათიას კი არა, ჩვენთვის ე.წ. გოიმ და ჩვენზე „ნაკლებ“ სტუდენტებსაც არ დაუჭერიათ. მათ არასოდეს პატიჟებდნენ ქეიფებზე, საახალწლო დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე, მოკლედ, მათი თანაარსებობა არ გვიღიარებია; არასოდეს გვიკითხავს როგორ იყვნენ, რას აკეთებდნენ, სად ცხოვრობდნენ, ვინ იყვნენ, რას ფიქრობდნენ, უბრალოდ არ დავინტერესებულვართ; ფაქტობრივად თეთრკანიანებად და ზანგებად ვიყოფოდით და საზოგადოების სხვადასხვა კასტებს წარმოვადგენდით... მრავალი წლის შემდეგ ერთერთი ასეთი სტუდენტი გუდაურში შეგვხვდა, „კანატკის“ დაცვად მუშაობდა, ისე გაუხარდა ჩვენი ნახვა, „კანატკის“ დაცვა გააფრთხილა ჩემი მეგობრები არიანო და მთელი სეზონი უფასოდ ვსარგებლობდით, განა მარტო მე, ჩემი მეგობრებიც. ეს რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია. არ ვიცი სხვებს რცხვენიათ თუ არა...
რბილ „ლ“-ს დავუბრუნდები: როგორც Facebook-მა გამოავლინა, ქართველებისათვის რბილი „ლ“ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა. ადამიანი, რომელიც ასე მეტყველებს, ავტომატურად მდაბიოა, ხოლო ეპითეტ „სოფლელს“ ჩვენთვის ყველაზე მიუღებელ, უარეს ადამიანებს ვუწოდებთ. ადამიანთა კლასიფიკაცია დიფერენციაციას ისეთი სნობურ ყალბ თეორიულ უსარგებლო კრიტერიუმებით ვახდენთ, რაც შეიძლება მხოლოდ ჩვენნაირ პატარა, განვითარებად და შეუმდგარ ერებს ახასიათებდეს. ჯერ ვიწყებთ იქიდან, ქართველია თუ არა (მადლობა ღმერთს, პირადობის მოწმობაში ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფა ამოვიღეთ, ახლა მთავარია ცნობიერებიდანაც ამოვიღოთ), მერე მოდის დაბადების ადგილი - თუ თბილისელია, ეს უკვე პლუსია შეფასების შკალაზე (თუმცა აქვე გვავიწყდება, რომ სრულიად საქართველო პროვინციაა, ხოლო თბილისი ერთი პატარა პროვინციული ქვეყნის ერთი პატარა პროვინციული დედაქალაქი), მერე მოდის უბანი, სკოლა, სანაცნობო, მერე სამეგობრო. ასე დავდივართ ადამიანების სრულიად შეზღუდულ და გაფილტრულ წრეზე, რომლის ფარგლებშიც კონტაქტი, ჩვენი აზრით, უკვე დასაშვებია. (ვწერ და მრცხვენია). ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით და ვკვდებით ისე, რომ წინასწარვე, დაბადებამდე, ჩვენი მშობლების სტატუსის მიხედვით განსაზღვრული გვაქვს ვისთან უნდა ვურთიერთობდეთ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ადამიანებს იმის მიხედვით კი არ ვაფასებთ, რა ინდივიდუალური ღირებულებების, თვისებებისა და შეხედულებების მატარებლები არიან და რას წარმოადგენენ თავიანთი პიროვნული თუ ინტელექტუალური მონაცემებით, არამედ ჩვენ მიერ გამოგონილი წინასწარ განწყობების საზომის მიხედვით და ასე ვტრიალებთ ბოლომდე ჩაკეტილ წრეში. იამაყო იმ გეოგრაფიული არეალით (თბილისიწაღვერი), სადაც დაიბადე, სახლით, სამეზობლოთი, სადაც ცხოვრობ, სკოლით, რომელშიც დადიოდი ან ასობგე რა „ლ“-ს იდეალური ინტონაციით, აბსურდულია, რადგან არც ერთ ამ მოცემულობასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ჩვენი წვლილიც ამ მოცემულობების შექმნაში ნულის ტოლია. შესაბამისად, უსაფუძვლოა, იამაყო იმით, რაც შენი შექმნილი არ არის.
მოდით, ვიამაყოთ იმით, რასაც ჩვენ შევქმნით ჩვენი უშუალო ნებითა და ძალისხმევით, მერე იქნებ ერთ დღეს ადამიანების შეფასება მათი რეალური თვისებებისა და ღირსებების მიხედვით დავიწყოთ და არა მათი ეროვნული თუ კლასობრივი კუთვნილებით. იქნებ ერთ დღეს მართლა დამკვიდრდეს მერიტოკრატიული იდეოლოგია ჩვენს საზოგადოებაში, მერე იქნებ უფრო ფართოდაც ვიაზროვნოთ და იქნებ უფრო საინტერესო რაღაც რაღაცები აღმოვაჩინოთ, საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების შესახებ.
![]() |
24 დიდების პატარა დარბაზი |
▲back to top |
სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
სპრინგფილდში ტომატის წვენი უფრო გემრიელია, ვიდრე ისტ რუზერფორდში. სპრინგფილდში ტომატის წვენი 75 ცენტით ძვირი ღირს, ვიდრე ისტ რუზერფორდში. სპრინგფილდში დასტი სპრინგფილდმა ირლანდიელი კრიმინალებისთვის უფასო ლაივი ჩაატარა. სპრინგფილდის პოლიციამ დასტი სპრინგფილდი ტერორისტებთან დაქალობისთვის 72 საათით დააპატიმრა. სპრინგფილდში, ჯორჯ ვაშინგტონმა ამერიკელი ჯარისკაცები სპრინგფილდის საიუველირო სამჭედლოში დამზადებული ფიქსატორიანი დანებით შეაიარაღა. სპრინგფილდში ნეისმითის საკალათბურთო დიდების დარბაზია. 52 წლის წინ დარბაზი ლი უილიამსმა გახსნა. დღემდე, დარბაზმა 301 წონადი პერსონა დაიტია. პატარა დარბაზში კიდევ ბევრს შეიყვანენ. ძირითადად, ყველაზე კარგ ბიჭებს და პოპულარულ მოქალაქეებს. მწვრთნელებს, საკალათბურთო ფუნქციონერებს, უბრალოდ მოთამაშეებს და უბრალოდ, უბრალო მოთამაშეებზე კარგებს. ალბათ, ბევრად კარგებს.
ბოლო ორი გენერაციიდან სპრინგფილდში ოფისის გახსნა შეუძლიათ ტიმ დანკანს, შაკს, კევინ გარნეტს, კობის, კრის უებერს, ჯეისონ კიდს, ალენ აივერსონს, ალონზო მურნინგს, რეჯი მილერს, დიკემბე მუტომბოს, დირკ ნოვიცკის. ალბათ, პო გასოლსაც. სხვებმა სხვებზე უფრო უნდა მოინდომონ, მაგრამ ზოგს ასაკი შეუშლის ხელს და ზოგი ვეღარ შეიცვლება.
დევიდ სტერნის ბლოკბასტერებში ეს ხუთი ბიჭიც გადაიღეს. ზოგის როლი სამოყვარულო კამერით გადაღებულ ფილმში გაპიარდა, ზოგი ბროდვეიზე გადავიდა, ჰარი ბი სმითის და გაი ბოლტონის შედევრების რიმეიქებში მიიწვიეს და საკალათბურთო არტისტიზმი სხვა დონეზე გავიდა. ნეისმითის დარბაზში ამ ბიჭების მოხვედრის შანსებზე გავისაუბროთ.
1. ვინს კარტერი
ვინს კარტერი ნეისმითის დარბაზში რომ მოხვდე, ბევრი ქულა, ბევრი მოხსნა, ბევრი ქულა და ბევრი მოხსნა ერთად ან ძალიან ბევრი პასი უნდა გქონდეს. ამერიკაში სტატისტიკა პირველ ცოლზე მაგრად უყვართ და ამერიკაში მეორე ცოლი სტატისტიკით მოჰყავთ.
კარტერი რეგულარულში დაახლოებით 22 ათას ქულას აიღებს. მშვენიერი სტატისტიკაა. ვინსი ქულებით ბობ პეტიტს, ჰოლ გრირს, უოლტ ბელამის, სკოტი პიპენს, ერლ მონროს, დევიდ რობინსონს, მეჯიქ ჯონსონს, დენის ჯონსონს, ჯონ სტოქტონს, კრის მულინს, დეივ ბინგს, ლენი უილკენსს, კევინ მაქჰეილს და დენის როდმანს გადაასწრებს. ალბათ, ლარი ბერდზე მეტ ქულასაც კი დააგროვებს.
ამ ბიჭებიდან, ყველა და ნებისმიერი ვინსზე დიდი და სრულყოფილი მოთამაშეა. დენის როდმანიც, რომელსაც ქულების დაგროვება ეზარებოდა და ვინც 90-იანებში 18.8, 18.3, 17.3, 16.8, 14.9, 16.1 და 15.0 მოხსნას აგროვებდა. როდმანი იყო თავისი გენერაციის პირველი დამცველი და ვინსი სულ დაფრინავს. ძირითადად, იმ სეზონებში, როდესაც გვერდში ნორმალური ჩამგდები არ უდგას ან საკონტრაქტო სეზონი აქვს დასამთავრებელი.
კარტერი ნეისმითისგან უფრო შორს არის, ვიდრე სლაი სტალონეს მეორე ცოლი ოსკარისგან.
2. სტივ ნეში კანადელი ბიჭი თავისი თაობის პირველი ფლეიმეიქერია. ნეში მოედანზე იერონიმ ბოსხია. სულ რაღაცას ქმნის, სულ რაღაცას ხატავს, ბოსხივით ბევრ ფერს იყენებს, ბევრ ფერს კარგავს და ბედნიერია.
ნეში ორჯერ გახდა რეგულარულის ყველაზე კარგი ბიჭი (MVP), ნეში ძმაკაცობს ალესანდრო დელ პიეროსთან და ნეში სულ ქველმოქმედებაშია ჩართული. ეხმარება უსახლკაროებს, ეხმარება შიდსით დაავადებული ბავშვების ფონდს, ეხმარება მარჩინ გორტატს და ეხმარება საკუთარ თავს. სტივი სულ იცინის. დაცვაში გაატარებს ტონი პარკერს და იცინის. კრის პოლს ბუნჩულა ლოყაზე აკოცებს და იცინის.
ბოლო წამზე სამიანით ფინიქსს მოაგებინებს და ბედნიერია. ყველაზე ბედნიერები სანზის ფანები არიან. არიზონაში ნეში პირველი კაცია.
სტივი ვერ გახდა ჩემპიონი, სტივმა ვერ გაიყვანა გუნდი (დალასი, ფინიქსი) სუპერფინალში და ნეში მაინც ყველაზე კარგი პირველი ნომერია. ჯეისონ კიდზე ნაკლებს ხსნის, კრის პოლზე ბევრად ცოტა ჩაჭრა აქვს და მაინც პირველია.
3. ტრეისი მაკგრეიდი კარტერივით მფრინავი, კარტერივით ნიჭიერი, კარტერზე კარგი პასით და კარტერზე ნორმალური დაცვით. კარლ მელოუნი, სტოქტონი, პატ იუინგი და ჩარლზ ბარკლი იგებდნენ სერიებს და აგებდნენ სუპერფინალებს, გადიოდნენ სუპერფინალში და აგებდნენ მაიკლის და სკოტის ბულზთან, ან ჰაკიმის და კლაიდის როკეტსთან.
მაკგრეიდი ყველასთან აგებდა. მაკგრეიდის გუნდები ფლეი ოფამდე სექსუალურ კალათბურთს თამაშობდნენ და გასავარდნ ეტაპზე ვერ ასრულებდნენ. ტრეისი ბევრჯერ გადის ფლეი ოფში და სულ პირველ წრეში აგებს. ტრეისი ყველაზე ბევრს ტლიკინებს რეგულარულში და ფლეი ოფში უფრო მუნჯია, ვიდრე მაკმერფის ინდიელი ძმაკაცი. უბრალოდ, ბელადმა ბოლოში ხმა ამოიღო, გაიქცა და თავისუფლებას დაუმეგობრდა.
მაკგრეიდი ბოლომდე დაკომპლექსებულ, შებოჭილ, უინიციატივო ნიჭიერ კალათბურთელად დარჩა.
ნეისმითის კოხტა დარბაზში ასეთების კუთხე ჯერ არ გახსნილა. ტრეისის იქ შესვლა ძალიან გაუჭირდება.
4. ემანუელ ჯინობილი თუ არგენტინელი დიდების დარბაზში ვერ შევა, ეს ამბავი სკორსეზეს გაუთავებელ (და უაზრობამდე ალოგიკურად დასრულებულ) იგნორირებას დაემსგავსება.
მანუ გენიოსია და მანუს აქვს არასაკმარისად საინტერესო და სრული სტატისტიკა ნეისმითის დარბაზისთვის. არგენტინელი კლასიკოსის სტატისტიკა 15.0 ქულა, 4.0 მოხსნა და 3.8 პასია. ამ სტატისტიკით ჯინობილი სან ანტონიოს დიდების დარბაზშიც ვერ შევა.
უბრალოდ, მანუ სტატისტიკაზე უფრო დიდია.
მანუ ბევრ ნეისმითელზე დიდია.
რომც არ შეიყვანონ, მაინც ბევრზე დიდი იქნება.
მანუ კალათბურთია.
5. გრანტ ჰილი ჰილი მთელი ლიგის გრანტი იყო. ჯორდანი ბეისბოლში ცელქობდა, დევიდ რობინსონი რეგულარულს იგებდა და ფლეი ოფში გასვლის ეშინოდა და ოლაჯუონი დაღლამდე მაგარი იყო. ჰილი პირველ ექვს სეზონში იყო ლებრონი, კობი, დანკანი, დირკი. ჰილი იყო ყველაფერი და შემდეგ, გრანტი გაქრა. ნიჭიერმა ფორვარდმა მუხლის, კოჭის და ზურგის ტრავმებით კარიერის მონაგარი და ნიჭი დაიკლო, დაკარგა სპონსორები და სისწრაფე.
გრანტი დიდების დარბაზში დადებითი აურით თუ შევა. ჰილი ყველას უყვარს. მშვიდი, წესიერი, თბილი ადამიანია, რომელიც ფინიქსის ყველა საშინაო VS-ზე უსახლკარო ბავშვებს პატიჟებს, პატარებს სითბოს აძლევს და ბედნიერია. ალბათ, მაინც შევა დიდების დარბაზში.
ჰილის პირველი ექვსი სეზონის სტატისტიკა:
1994/95 - 19.9 ქულა, 9.8 მოხსნა, 6.9 პასი, 1.8 ჩაჭრა.
1995/96 - 20.2 ქულა, 9.8 მოხსნა, 6.9 ჩაჭრა, 1.2 ჩაჭრა. 1
996/97 - 21.4 ქულა, 9.0 მოხსნა, 7.3 პასი, 1.8 ჩაჭრა.
1997/98 - 21.1 ქულა, 7.7 მოხსნა, 6.8 პასი, 1.8 ჩაჭრა.
1998/99 - 21.1 ქულა, 7.1 მოხსნა, 6.0 პასი, 1.6 ჩაჭრა.
1999/2000 - 25.8 ქულა, 6.6 მოხსნა, 5.2 პასი, 1.4 ჩაჭრა.
![]() |
25 ვარსკვლავები და ასტროლოგები |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
დღეს ისინი ვარსკვლავები და მილიონთა კერპები არიან, მათ მსოფლიო იცნობს და საუკეთესო კლუბებში თამაშობენ. მათ მიერ განვლილი გზა სხვადასხვანაირია და მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ ყველანი ბავშვობიდან მოდიან. ფეხბურთის სიყვარულიც, რა თქმა უნდა, იქიდან მოსდევთ: ერთ მშვენიერ დღეს ეზოში ბურთი გაგორდა და...
უეინ რუნი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ლეო მესი და ფერნანდო ტორესი
„ყველა მწვრთნელი ოცნებობს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაზარდოს. არავინ თქვას, ასე არ არისო. გამონაკლისი არც მე ვიყავი - იგივე მსურდა, მაგრამ დღეს ნამდვილად შემიძლია თქმა, რომ იმ ერთეულთა შორის ვარ, რომელმაც ვარსკვლავი აღზარდა, ტოპ-ფეხბურთელი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით!“ - ბობ პენდლტონი ლივერპულის ევერტონის ბავშვთა გუნდის მწვრთნელი, მოგვიანებით კი სელექციონერი იყო. უეინ რუნი, ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, სწორედ მან აღმოაჩინა.
ერთ მშვენიერ დღეს, ლონგ ლეინის საწვრთნელ ბაზაზე უოლტონის და კირკდეილის იუნიორთა ლიგის მორიგ მატჩზე პენდლტონი კოლჰაუს ჯუნიორსის მწვრთნელთან, დიდ ფილთან სასაუბროდ შეჩერდა. ორი წუთი, სამი წუთი... თითქოს სათქმელი აღარაფერია, მაგრამ ის მაინც არ უბრუნდება თავის გუნდს - 8 წლის ჟღალთმიან ბიჭუნას გაოცებული უყურებს. ყმაწვილი გატაცებით თამაშობს, პასს არ იძლევა, ბავშვურად ჩხუბობს, თანაგუნდელებს უყვირის, ერთიმეორეზე ლამაზი გოლები გააქვს...
„მაშინ 8 წლის იყო, - იხსენებს ბობ პენდლტონი, - მწვრთნელს გამოველაპარაკე და გავარკვიე, რომ ბიჭის დედ-მამა ტურნირს ესწრებოდა. ჯანეტი და ტომასი სწორედ მაშინ გავიცანი, მერე ბელფილდში, ევერტონის საწვრთნელ ცენტრში დავპატიჟე და შვილის ჩვენთან მოყვანა ვთხოვე. საბედნიეროდ, ორივე ჩვენი კლუბის გულშემატკივარი აღმოჩნდა და უმალ დამთანხმდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ 8 წლის უეინი ჩვენი აკადემიის გუნდის ლურჯი მაისურით თამაშობდა“.
1995-96 წლების სეზონში რუნიმ ევერტონის 10 და 11-წლამდელთა გუნდებში 29 მატჩში 114 გოლი გაიტანა! 15 წლის კი უკვე 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. 2002 წელს ევერტონმა სეზონისწინა შეკრება ავსტრიაში გაიარა. უეინიც იქ იყო. 15 ივლისს, ადგილობრივ ვეისთან 3:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში რუნიმაც გამოიჩინა თავი - ეს მის პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი იყო.
2002 წლის 17 აგვისტოს, შინ ტოტენჰემ ჰოთსფურთან ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში მან პირველად ითამაშა პრემიერლიგაში. ჯო როილის შემდეგ ის ევერტონის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს მოახერხა. 2 ოქტომბერს, ლიგის თასზე რექსჰემთან 3:0 მოგებულ მატჩში კი კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე შეიქნა.
19 ოქტომბერს, მე-17 დაბადების დღემდე 5 დღით ადრე, მან ლონდონის არსენალს ბოლო წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი და ამით არსენ ვენგერის კლუბის 30-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც დასრულდა, რუნი კი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
„ბედნიერი ვარ, რომ მისი მწვრთნელი ვიყავი - ის 7 წელი თამაშობდა ჩემთან. უეინის წარმატება ყოველთვის მახარებს - მეამაყება, რომ ინგლისის ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელს თავის დროზე რაღაც ვასწავლე“, - კვლავ ბობ პენდლტონი.
რუნისგან განსხვავებით, მიუნხენის ბაიერნის ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი 13 წლის იყო, ფეხბურთელობა საბოლოოდ რომ გადაწყვიტა. ობერაუდორფის და როზენჰაიმ 1860-ის ნახევარმცველი ფეხბურთს წარმატებით უთავსებდა თხილამურებს, ერთ-ერთ დისციპლინაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონიც იყო.
ჰერმან ჰერლანდი 2000 წლიდან ხელმძღვანელობს მიუნხენის ბაიერნის საფეხბურთო აკადემიას, მანამდე კი ბავშვთა გუნდები ებარა. ბავარიულ კლუბში გადასული ბასტი პირველად სწორედ ჰერლანდთან მოხვდა.
„ძალიან შრომისმოყვარე იყო, პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა ჰქონდა. პირველად სწორედ ამით მიიქცია ჩემი ყურადღება, - იხსენებს ჰერლანდი, - შაბათ-კვირის გარდა, ყოველ დილით 6 საათზე იღვიძებდა და შებინდებამდე დაკავებული იყო: ვარჯიში, სწავლა, ვარჯიში, სწავლა. გასართობად თითქმის ვერ იცლიდა“.
14 წლის ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნის 16 და 18-წლამდელთა გუნდებში გამოდიოდა. მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე ითამაშა, საბოლოოდ კი ნახევარდაცვას მოერგო იდეალურად.
„ასაკთან შედარებით დიდ დატვირთვებს უძლებდა, თუმცა მეტ ყურადღებას დარტყმის დახვეწას უთმობდა. ძალა კი ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე - არა. ნელ-ნელა ესეც გამოასწორა, რამდენიმე თვეში გუნდის ლიდერადაც იქცა, მაგრამ მთავარი პრობლემა, თურმე წინ გველოდა: ძალიან ხშირად ჩხუბობდა, რის გამოც რამდენჯერმე გუნდსაც ჩამოვაშორეთ“, - ამბობს ჰერლანდი.
2002 წლის გაზაფხულზე ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნის დუბლშემადგენლობაში მოხვდა, ნოემბერში კი პირველ გუნდში დებიუტიც შედგა: ოტმარ ჰიცფელდმა ჩემპიონთა ლიგაში, საფრანგეთის ლანსთან შეცვლაზე შეუშვა. დებიუტანტმა რამდენიმე წუთში მარკუს ფულნერს გოლი გაატანინა!
2003 წლის გაზაფხულზე ის გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო, 2004-ში კი ბუნდესგუნდშიც ითამაშა. 26 წლისაა და ნაკრებში 89 მატჩი აქვს ჩატარებული - ასეთი შედეგი თავის დროზე ლოთარ მათეუსსაც არ ჰქონია! „ინდივიდუალურად არაა ისეთი ძლიერი, როგორც მათეუსი, მაგრამ გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი რომაა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ ელის. ასეთი შრომისმოყვარე ბიჭები მიზანს ყოველთვის აღწევენ!“ - 2008 წელს, ევროპის ვიცე-ჩემპიონობისთვის მიღებული ვერცხლის მედალი ბასტიან შვაინშტაიგერმა სწორედ პირველ მწვრთნელს, ჰერმან ჰერლანდს აჩუქა.
იქ, ავსტრია-შვეიცარიაში, ბასტის გერმანია ესპანეთის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. ის ერთადერთი გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა.
„ფინალი რომ დამთავრდა, ტირილი დავიწყე. მეუღლე და შვილები მამშვიდებდნენ, თუმცა ბედნიერი ვიყავი და ცრემლების შეკავება არც მიცდია. როგორია, როცა მშობლიურ ნაკრებს ნანატრ გამარჯვებას შენი გაზრდილი მოუტანს?!“ - აბრამ გარსია 1995-2001 წლებში ფერნანდო ტორესის მწვრთნელი იყო მადრიდის ატლეტიკოს ასაკობრივ გუნდებში.
ავსტრია-შვეიცარიაში ელ ნინიომ (ტორესის მეტსახელი) მესამედ მოიგო ევროპირველობა და მესამედ გაიტანა ფინალში გადამწყვეტი გოლი. 2001 წელს ის ინგლისში 16-წლამდელთა შორის გახდა კონტინენტის ჩემპიონი - ფინალში ფრანგებს გაუტანა ერთადერთი გოლი, 2002 წელს კი უკვე ნორვეგიაში, 19-წლამდელთა შორის მოიგო ევროპირველობა. გადამწყვეტ მატჩში მან გერმანელებს შეუგდო.
„ინგლისშიც და ნორვეგიაშიც ფერნანდო ბომბარდირი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თქვენ რომ იმ წლებში ტორესი გენახათ, ამ წარმატებას კანონზომიერად ჩათვლიდით: თანატოლებს შორის უდავოდ გამოირჩეოდა, ნამდვილი ათლეტი იყო - დაკუნთული, მაღალი, სწრაფი და რაც ყველაზე მეტად მომწონდა მასში, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა! დაახლოებით 30 ფეხბურთელი გავზარდე, რომლებმაც შემდგომში ლა ლიგის დიდ კლუბებში ითამაშეს, მაგრამ მერწმუნეთ, ფერნანდო მათ შორის აშკარად გამოირჩეოდა - ის მოვლენა იყო!“ - ამბობს აბრამ გარსია.
2000-2003 წლებში თავდამსხმელმა ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში (15, 16, 17, 18, 19 და 21-წლამდელები) 30 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა, 2003 წლის 6 სექტემბერს კი, პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში ეროვნული გუნდის მაისური მოირგო. მას შემდეგ ქვეყნის პირველი გუნდის ფორვარდია და 2008 წელს მოგებულ ევროპირველობას შარშან, სამხრეთ აფრიკაში ფიფას ოქროს თასიც მიუმატა.
„1998 წელს ატლეტიკომ ნაიკის თასი მოიგო. ეს დიდი საერთაშორისო შეჯიბრება იყო - ევროგრანდების ბავშვთა გუნდებს ვხვდებოდით. 15 წლის ფერნანდო იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. ხომ ხვდებით, რას ნიშნავს პატარა ბიჭისთვის ასეთი აღიარება - ეს დიდი ცდუნებაა, მაგრამ ყველას გასაკვირად, მან ამას გაუძლო და ალბათ, ეს შინაგანი კულტურაა მისი ყველა წარმატების საფუძველი“, - ამბობს გარსია.
„ის რამდენიმე კვირის გადმოსული იყო ბარსელონაში, როცა ჩვენთან ერთად წამოვიდა იაპონიაში, იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე. ერთი წლით უფროსებში თამაშობდა, თუმცა მაშინვე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ნიჭიერი არ იყო. მახსოვს, პირველ შეხვედრას ფეიენოორდთან ვაგებდით, როცა თამაშში ჩავრთე. 13 წლის ბიჭმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - გოლი არ გაუტანია, მაგრამ ჩვენ 3:1 მხოლოდ მისი ჩინებული თამაშით მოვიგეთ. უკან, ბარსელონასკენ თვითმფრინავში ჩემ გვერდით იჯდა - მის გარდა, მთელ გუნდში მხოლოდ მე ვიყავი არგენტინელი“, - გილერმო ოიოსი ლეო მესის პირველი მწვრთნელი იყო ბარსელონაში.
როსარიოში დაბადებული მესი კატალონიურ კლუბში ასე მოხვდა: მშობლებს ზრდის ჰორმონების დეფიციტის მქონე შვილის მკურნალობა არ შეეძლოთ - მათთვის თვეში 900 დოლარის გადახდა შეუძლებელი იყო და ესპანელთა შეთავაზებას ამიტომ დათანხმდნენ. ბარსელონამ მესის უმკურნალა, მისი ოჯახიც შეინახა და დღეს თქვენ წინაშეა ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი პელეს, დიეგოს და ზიდანის გვერდით აყენებს.
„1979 წელს დიეგოსთან ერთად ვთამაშობდი არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ამიტომ, ვფიქრობ, ზედმიწევნით ზუსტად შემიძლია დიეგოს და ლეოს შედარება. ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: ორივე საოცრად ტექნიკურია, მათთვის ბურთის წართმევა შეუძლებელია, მოედანს ჩინებულად ხედავენ, თუმცა არის ერთი შტრიხი, რომელიც მარადონას და მესის განასხვავებს - დიეგოსთან შედარებით ლეო ძალიან თავდაჭერილია. არა, მორიდებული ნამდვილად არაა, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ლეო უკეთესი პროფესიონალია - იცის, რომ დიდი ფეხბურთი მსხვერპლს მოითხოვს და დაუწერელ წესებს იცავს. თან, დიეგოს თავს გადამხდარი ამბებიც ხომ საკმარისია სხვებისთვის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“, - ლეო ბარსელონას იუნიორთა გუნდის კაპიტანი სწორედ ოიოსის გადაწყვეტილებით გახდა.
მას დიდხანს არ უთამაშია ასაკობრივ გუნდებში: 2004 წლის 16 ოქტომბერს კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონატში იასპარეზა, 2005 წლის 1 მაისს ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე. ორივე ეს მიღწევა მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა გააუმჯობესა, თუმცა მას შემდეგ ლეომ დაამყარა უამრავი რეკორდი, რომელთა არათუ გაუმჯობესება, გამეორებაც კი თითქმის წარმოუდგენელი იქნება.
თუმცა, ვინ იცის? იქნებ ამ წუთებში დედამიწის რომელიმე ეზოში უკვე დარბის ბიჭუნა, რომელზეც წლების შემდეგ იტყვიან, რომ...
ყველანი ხომ ბავშვობიდან მოვდივართ.
![]() |
26 არტეგა სპორტულელექტრომობილს გამოუშვებს |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
პატარა გერმანული საავტომობილო კომპანია არტეგა წარმოებისთვის ამზადებს სპორტულ ელექტრომობილს, რომლითაც კონკურენციას გაუწევს ამერიკული ტესლას ამავე ტიპის სერიულ მოდელს. არტეგამ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი ელექტრომობილის, არტეგა SE-ს წინასერიული ვერსია წარადგინა, რომლის სერიულ ვარიანტსაც ფრანკფურტის გამოფენაზე გვიჩვენებს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლის აპრილში დაიწყებს.
ავტომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. მათ მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები მოჰყავთ, ენერგიას კი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ავტომობილი 1400 კილოგრამს იწონის, აქედან 310 კილოგრამი აკუმულატორებია. წონა ღერძებს შორის 43:57 პროპორციითაა გადანაწილებული, რომელთაგან მეტი პორცია უკანა ნაწილზე მოდის. სხვათა შორის, ელექტრომობილი მხოლოდ ათი პროცენტით მძიმეა მისსავე შიდაწვისძრავიან ვერსიაზე, რომელიც ფოლკსვაგენის 3.6-ლიტრიანი V6 ძრავითაა (300 ცხენის ძალა) აღჭურვილი.
არტეგას ელექტრომობილი შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. კერძოდ, ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მას 4.3 წამში შეუძლია, რაც დაახლოებით 0.5 წამით ნაკლებია ბენზინისძრავიანი არტეგა GT-ს ტემპერამენტზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი დამუხტვით, ეკონომიური რეჟიმით გადაადგილებისას, ელექტრომობილმა 300 კილომეტრის გავლა შეძლოს. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ შერეული რეჟიმით მოძრაობისას, ერთი დამუხტვით მხოლოდ 200 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი.
აკუმულატორების ბლოკის დამუხტვა შეიძლება როგორც სპეციალურ სადგურში, როგორების ქსელითაც მალე მთელი ევროპა დაიფარება, ასევე საყოფაცხოვრებო შტეფსელიდანაც. შტეფსელის გამოყენების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის 90 წუთია საკმარისი.
არტეგა წლიურად მხოლოდ 500 ცალი სპორტული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, თითოეულის ღირებულება კი 150 ათასი ევრო იქნება. ამგვარად, ის კონკურენციას გაუწევს ამერიკულ კომპანია ტესლას ელექტრულ ღია სპორტქარს (როდსტერს), რომელიც უკვე წელიწადზე მეტია იყიდება.
შედარებისთვის, ტესლა როდსტერი ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 288 ცხენის ძალას ავითარებს. მისი მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში იღებს. ენერგია ლითიუმ-იონური კომპაქტური ელემენტებისგან შედგენილ ბლოკში ინახება, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ როდსტერმა 390 კილომეტრი გაიაროს. სამაგიეროდ, მათი სრული დამუხტვისთვის 3.5 საათია საჭირო.
![]() |
27 ტოიოტა ft 86 - subarusTan თანამშრომლობის ნაყოფი |
▲back to top |
ავტო
ტოიოტამ ჟენევის საავტომობილო შოუზე კონცეპტუალური კუპე FT86 წარადგინა, რომლის შემუშავებაშიც, ტოიოტას გარდა, სუბარუს სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ახლახან კი, ბრიტანულმა პოპულარულმა გამოცემა ავტო ქარმა გაავრცელა იაპონური კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონცეპტუალური ავტომობილი პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის და ყველაზე მსხვილი დეტალები, რომელიც კონცეფციიდან საწარმოო ვერსიაზე არ გადაინაცვლებს, 20დუიმიანი ბორბლებია.
FT86ის შასი მონოკოკური სისტემაა, რომელიც ძირითადად მტკიცე ფოლადის განაა შეკრული. მისმა შემქმნელებმა იმდენი შეძლეს, რომ ავტომობილი სულ რაღაც 1100 კილოგრამს იწონის, დაახლოებით 200 კილოგრამით ნაკლებს, ვიდრე 2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავით აღჭურვილი, ანალოგიური კლასის ფოლკსვაგენ შიროკო.
კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4 235 მილიმეტრი, სიგანე 1 795 მილიმეტრი. სიმაღლე 1 270 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2 570 მილიმეტრი. FT86-ის წინა საკიდარი მაკფერსონის სისტემაა, უკან კი მრავალ ბერკეტიანი კვანძია გამოყენებული. გარდა ამისა, ავტოქარის წყაროს ინფორ მაციით, ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია საჭის ელექტრო გამაძლიერებლით, თვითბლოკირებადი უკანა დიფერენციალით და 18 დუიმიანი ბორბლებით.
რაც შეეხება ძრავას, ესაა სუბარუს წარმოების ოთხ ცილინდრიანი 2.0 ლიტრიანი ოპოზიტური აგრეგატი, რომელთანაც 6 საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ზოგიერთი ბაზრისთვის ასევე გათვალისწინებული იქნება 6 საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომლის საფეხურების გადართვასაც, საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტები მოემსახურება.
ტოიოტას და სუბარუს სპეციალისტების გარდა, ძრავის შემუშავებაში, მოტოციკლების მწარმოებელი იამაჰას ინჟინრებიც მუშაობდნენ. მათი შემუშავებულია ძრავის ცილინდრების ბლოკი. ტოიოტამ ძრავის მართვის ელექტრონული სისტემა და მისი პროგრამა, ასევე საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა შეიმუშავა.
ავტოქარმა ვერ შეძლო ამ ძრავის ტექნიკური მახასიათებლების ზუსტი მონაცემების დადგენა. სავარაუდოდ, მისი სიმძლავრე 200 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით 7 წამში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 224 კმ/სთს მიაღწევს.
ადრე დაგეგმილი იყო, რომ წარმოებისთვის ამ ავტომობილის მომზადება ზაფხულში უნდა დასრულებულ იყო. თუმცა, ძნელი სათქმელია, მიწისძვრამ და ცუნამიმ რამდენად შეცვალა ტოიოტას გეგმები. თუ არაფერი შეცვლილა, მაშინ კუპე FT86 ბაზარზე გაისად გამოჩნდება. მისი საბაზო ვერსია ბრიტანეთში (რამდენადაც ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს, ფასიც ბრიტანული ბაზრის შესაბამი სია მოყვანილი) დაახლოებით 25 ათასი გირვანქა იქნება.
მოგვიანებით, ამავე კონცეფციის ბაზაზე, საკუთარ ავტომობილს სუბარუც გამოუშვებს. ორ ავტომობილს შორის გარეგნული განსხვავება მინიმალური იქნება. სამაგიეროდ, სუბარუს ვერსია უფრო მძლავრი, 260 ცხენისძალიანი ტურბოძრავით აღიჭურვება.
![]() |
28 ბუსტროფედონი 41 გრადუსში |
▲back to top |
კულტურა
ნინა ახლოური
როდესაც ეკითხებით, არიან თუ არა ისინი ფუტურისტები, გიპასუხებენ - დიახ. კითხვაზეც, უარყოფენ თუ არა ფუტურიზმს, დადებითი პასუხი აქვთ: „ჩვენ უარვყოფთ ფუტურიზმს, დაე, ის გაქრეს“. აქ უკვე ეჭვი გიჩნდებათ, რომ საქმე შარლატანებთან გაქვთ და არა ფუტურისტებთან. თუმცა არც ამას უარყოფენ. უნიჭოები - ფიქრობთ თქვენთვის და ამბობთ, რომ მათთან ლაპარაკი წარმოუდგენელია. ერთ-ერთ მათგანს სახეზე შვება ეტყობა: „ჰო, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა“. ამის შემდეგ რომელიღაც „შარლატანი“ რაღაც ფურცელს გაჩეჩებთ ხელში და ეს უცნაური, სახეზე ანარქისტული გამომეტყველების მქონე ხალხი სადღაც მიდის. ფურცელზე კითხულობთ:
„ექსტრაორდინალურათ.
ავანგარდისტები ტფილისში. ცნობა!
საქართველოში ჩვენ ვაწყობთ 1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენას
„ბუსტროფედონი“
დარწმუნდით: იწამეთ: იხილეთ:
თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში“
19 აპრილიდან, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპოქის, მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების ავანგარდის გამოფენას, ბუსტროფედონს, მასპინძლობს. მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს მიაჩნია, რომ თუ საქართველო ოდესმე იყო მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ნაწილი, სწორედ ამ დროში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს პერიოდი უკეთ გაიცნოს.
ეს არ არის ტიპური გამოფენა - უფრო დოკუმენტაციაა ამ პერიოდის შესახებ. აქ იხილავთ მიშა ჭიაურელის, ელენე ახვლედიანის, ზიგა ვალიშევსკის, დავით კაკაბაძის, კირილე და ილია ზდანევიჩების, ირინა შტენბერგის, პეტრე ოცხელის და იმ დროში მოღვაწე სხვა ხელოვანი ადამიანების ნამუშევრებს. დაათვალიერებთ ზდანევიჩის სრულიად უნიკალურ სურათებს (რომლებიც აქამდე არც ჩვენში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ არ წარუდგენიათ) ცნობილი ქართველი ბიბლიოფილის, დამიანე ალანიას პირადი კოლექციიდან. საინტერესოა, რომ ზდანევიჩის სურათები ზუსტად ისეა გამოფენილი, როგორც 1917 წელს იყო.
თბილისური ავანგარდის გამოფენა არც ისე დიდი ხნის წინ ნიუ იორკში, კასი კაპლანის გალერეაშიც მოეწყო. მისი კურატორი ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი გახლდათ. დღეს, აქაური გამოფენის მოსაწყობად, ლიტერატურის მუზეუმმა სწორედ ყიფიანი მოიწვია.
სურათების გარდა, გამოფენაზე იმ პერიოდის აფიშები, ფოტო და საარქივო დოკუმენტაცია, აუდიო და ვიდეოჩანაწერებია წარმოდგენილი. 28 აპრილს მუზეუმში ავანგარდული მხატვრული ფილმების ჩვენება დაიწყება, რასაც სამი საღამო დაეთმობა. აჩვენებენ მიხეილ კალატოზიშვილის, კოტე მიქაბერიძის, მიშა ჭიაურელის ფილმებს.
ბუსტროფედონი შენობის პირველ სართულზე მოეწყო. მუზეუმმა ეს ნაწილი ახლახან დაიბრუნა (აქამდე აქ გალერეა ჰობი იყო განთავსებული). სწორედ ამიტომ, მას „41 გრადუსი“ დაერქვა - ზდანევიჩების მიერ თბილისში, 20-იან წლებში ჩამოყალიბებული პირველი ფუტურისტული ჯგუფის პატივსაცემად
![]() |
29 დროის ჩაწერილი მონაკვეთი |
▲back to top |
კულტურა|გამოფენა
ნინა ახლოური
„საზოგადოებას არ აქვს მეხსიერების უნარი, მაგრამ კულტურას, როგორც მეხსიერების ერთ-ერთ ფორმას, საერთო წარსულის დავიწყების საწინააღმდეგოდ ქმნის. ამ შემთხვევაში წარსული მატერიალური მეხსიერების ფორმაში არსებობს, თუმცა იგი ხშირად დროებითი და ეფემერულია“, - ვკითხულობთ იური ლოტმანის წერილში „კულტურა საზოგადოების არამემკვიდრეობითი მეხსიერებაა“. ესე თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისის მიერ გამოცემულ გაზეთში დაიბეჭდა (კურატორული პროექტის - „მეხსიერების“ ფარგლებში)
16 აპრილს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისში სტუმრებმა გამოფენა „დროის ჩაუწერელი მონაკვეთი“ დაათვალიერეს. წარმოდგენილი იყო ცხრა ხელოვანის მიერ განსხვავებულ მედიებში შესრულებული ნამუშევრები. გამოფენა, ისევე როგორც აღნიშნული გაზეთი, ერთგვარი კვლევაა მეხსიერების ფენომენის გარშემო.
გამოფენის თვალიერებისას იური ლოტმანის მსგავსად იწყებდი ფიქრს. ხვდებოდი, რომ მიუხედავად ჩვენი ტვინის ინფორმაციული ტევადობისა (დაახლოებით 2.5 მილიონი გიგაბაიტი), წარსული მაინც დროებითი და ეფემერულია. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის დამახსოვრება, თუნდაც ხანდახან ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იყოს. ზურა ჯიშკარიანის სტატიიდან - „ინფორმაციული უკვდავების სისტემები“ - შეიტყობდით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორის, გორდონ ბელის შესახებ, რომელმაც პროექტი Lifebits-ი შექმნა. ის ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრების ყველა დეტალის დამახსოვრებას, „აციფრულებას“ და დაარქივებას გულისხმობს. ბელის აზრით, „ყველა ხმა ითვლება და ყველა ისტორია მნიშვნელოვანია“.
ასე თვლის ახალგაზრდა ხელოვანი თამუნა ქარუმიძეც, რომელმაც ქაღალდზე ამონაბეჭდებით ერთი მთლიანი კომპოზიცია შეადგინა. ეს კომპოზიცია უსათაუროა და ავტორის პირადი მოგონებების ერთგვარ კრებულს წარმოადგენდა. თავის მხრივ, ნამუშევარი იმ სოციალურ-კულტურულ გარემოს უკავშირდებოდა, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ - იოლად იპოვიდით საკუთარი მეხსიერების რომელიმე ნაწილს. ერთ-ერთ ქაღალდზე ახმატოვას სიტყვებს ამოიკითხავდით: „Не давай мне ничего на память, знаю я, как память коротка“... თუმცა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაშიც, შესაძლოა, ეჭვი შეგპარვოდათ, რადგან გამოფენაზე ბევრ საკმაოდ დასამახსოვრებელ კომპოზიციასაც შეხვდებოდით. მაგალითად, ნატალია ნებიერიძის „რიზომას“, ტყის გამოსახულებას, რომლის შესაქმნელად ავტორმა სიმბოლურად ვიდეოფირის მასალა გამოიყენა.
ყურადღება კოლექტიური მეხსიერების თემასაც დაეთმო, განსაკუთრებით საბჭოთა წარსულის კვლევას, რაზეც მეტყველებს მკვლევრების წერილები ზარია ვოსტოკას შენობის ნგრევის, არქიტექტურის სივრცით მეხსიერებაზე გავლენის საკითხებზე, ლია გულუას კოლაჟები - „ლენინი სატელიტის წინააღმდეგ“, „ო.თ. დაკარგული სიმბოლოები“.
გამოფენაზე, რომელშიც ცხრა ხელოვანი (სოფო აბაშიძე, ლადო ონიანი, ნატალია ნებიერიძე, ლია გულუა, ნიკა სახანბერიძე, გიორგი ცაგარელი, მარიკა ასათიანი, თამუნა ქარუმიძე, რეზო ღლონტი და სალომე ჯაში) მონაწილეობდა, სხვა საინტერესო ნამუშევრებსაც შეხვდებოდით: კოლაჟებს, ფოტო-ვიდეო ინსტალაციებს, ტილოზე შესრულებულ ფერწერას... ეს, საბოლოოდ, მთლიან ექსპოზიციას კრავდა და ერთი თაობის მიერ სხვადასხვაგვარად აღქმულ მეხსიერების ფენომენს საინტერესოდ წარმოაჩენდა.
როგორც პროექტის ერთ-ერთი კურატორის, ანი ჩორგოლაშვილისგან შევიტყვეთ, ის ამ გამოფენით არ სრულდება: თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისში 30 აპრილს, 17 საათზე სემინარი „ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება“ გაიმართება, რომელსაც ზურა ჯიშკარიანი ჩაატარებს. გამოფენა „დროის ჩაუწერელი მონაკვეთი“ კი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
![]() |
30 გიგო გაბაშვილი - ფოტოხელოვანი |
▲back to top |
გამოფენა|კულტურა
ანა ბეჟანიშვილი
20 აპრილის საღამოს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში პრაიმ ტაიმის ახალი პროექტის - „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“ - პრეზენტაცია გაიმართა.
გიგო გაბაშვილს საზოგადოება, როგორც შესანიშნავ მხატვარს და ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებელს იცნობს. მხატვარი 1862 წელს, ციხისძირში დაიბადა. 1886-დან 1897 წლებში პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში სწავლობდა. იმოგზაურა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე შუა აზიაში, რამაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1891 წელს გაბაშვილმა თბილისში, დავით სარაჯიშვილის სახლში პერსონალური გამოფენაც გახსნა, მოგვიანებით კი თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო.
გიგო გაბაშვილი არა მხოლოდ ქართული რეალისტური, არამედ ბატალური მხატვრობის ერთ-ერთ პიონერადაც ითვლება. მისი შემოქმედების თემატიკა მრავალფეროვანი გახლავთ: გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა პორტრეტებით დაწყებული, ორიენტალისტური სურათებით დამთავრებული. 2006 წელს მისი ცნობილი ნახატი, „ბაზარი სამარყანდში“, კრისტის აუქციონზე 1 136 000 დოლარად უცნობმა მყიდველმა შეიძინა.
ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ისინი, ცოტა ხნის წინ, ერმაკოვის ლაბორატორიაში გაამჟღავნეს. დღემდე უცნობი, უნიკალური ფოტოების გამოფენა პრაიმ ტაიმის ინიციატივა იყო. რუსთაველის თეატრში დამთვალიერებლის თვალწინ მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის სახეები გაცოცხლდა, უმეტესწილად ნატურალისტური, შიშველი ქალების, სამარყანდის, ხევსურეთის, ძველი თბილისის ფოტოებში. მათი თვალიერებისას რთული იყო აღტაცების დამალვა. არაჩვეულებრივი შუქჩრდილები, ხასიათის საოცარი ექსპრესია - გენიალური ნამუშევრებია არა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის, თანამედროვეობისთვისაც. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ძვირადღირებული ტილოებიც.
პრაიმ ტაიმი მომავალში ფოტოალბომის გამოცემას და მის ევროპასა და ამერიკაში გატანას აპირებს. ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთში ქართველ ხელოვანს ლამის დღემდე, რუს ორიენტალისტად იცნობენ.
![]() |
31 პოსტმოდერნული მილანი |
▲back to top |
კულტურა
სიმონ მაჩაბელი
უკვე 50 წელია, მილანი ინტერიერის დიზაინის და მასთან და კავშირებული ინოვაციების მსოფლიო მნიშვნელ ბის გამოფენა-გაყიდვას მართავს. ამჟამად, iSaloni 1217 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კომპანია Cosmit-ი, საიუბილეო გამოფენის მთავარი ორგანიზატორი ირონიული სლოგანით - „50 წლით ახალგაზრდა“, ხაზს უსვამდა, რომ მიუხედავად სოლიდური ტრადიციებისა, მუდამ განახლების, ინოვაციის და ახალგაზრდობის მხარეს იქნება. ამის დასტური აბსოლუტურ სიურრეალიზმად ქცეული მილანი გახლდათ: გამოფენის ბირთვს 210030 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებული პავილიონები წარმოადგენდა - ავეჯი, განათება, ახალგაზრდა დიზაინერების პავილიონები და მოდერნული ოფისების მოწყო ბის ტექნოლოგიები. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ფანტასტიკური ინსტალაციებით იყო სავსე. რას არ ნახავდით მილანის ქუჩებში: გოთიკური არქიტექტურის ფონზე აღმართულ მონუმენტურ გასაბერ ბურთ კარვებს, შიგნით კამერა ობსკურათი და მარინა აბრამოვიჩის ვიდეო არტით. ბურთში მოთავსებული რობოტი ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავდა სტუმრების პორტრეტებს. ზაჰაჰა დიდის ერგონომიული ავეჯი გალერეების ვიტრინებში დრამატულად იცვლიდა ფერს... ლეონარდოს კლასიკური ქანდაკება ლა სკალას მოედანზე, მაიკლ იანგმა მოდის სახლ Trussard-ის დაკვეთით, მაღალი ხარისხის მოოქროვილი ალუმინის მოდულებისაგან შემდგარ ბადეში მოაქცია. მოდულების ერთმანეთზე აგება უსასრულოდ შეიძლება და ამ მოლეკულარულ დიზა ინს ცალკე ლექციაც კი მიეძღვნა.
Zonatortona - ეს ინდუსტრიული ნაგებობებით სავსე ქუჩაა, რომელიც მთლიანად ინოვაციური დიზაინის დროებით მუზეუმებად იყო ქცეული. Minicuper-ები ჰაერში ეკიდა, ბნელ ლაბირინთებში კი ლაზერული განათება, ფუტურისტული პროექციები და სიურრეალისტური მრგვალი როიალი ახალგანზომილებებზე გვიყვებოდა. მიუხედავად დიდი სანახაობრივი ეფექტისა, გამოფენა iSaloni ბიზნესის კეთების ადგილიცაა - მთელი მსოფლიოს არქიტექტურული ოფისები მომავალი სეზონის კოლექციებს სწორედ აქ ყიდულობენ.
ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი კი, ქართული კომპანია Rooms-ის მონაწილეობა გახლდათ. თავისი ეკო ისტორიით მან საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. საერთოდ ეკოლოგიის, მეორადი მასალების და ასე ვთქვათ „კორექტული“ დიზაინის თემა, განსაკუთრებით ახალგაზრდა დიზაინერებს შორის, პოპულარული იყო.
მინიმალიზმს, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებიდან „გამარჯვებულ“ ესთეტიკად ითვლება, კვლავ წამყვანი ადგილი უჭირავს სახელოვანი კომპანიების ექს პოზიციებში. შესამჩნევი დეტალი, რომელიც ცივ არქიტექტურულ მინიმალისტურ ავეჯს დაემატა, სენტიმენტალური, პოსტმოდერნული მეხსიერების ელემენტებია. მაგალითად, გაქექილი ხალიჩა ან დათბილული ქსოვილი წარსული ცხოვრების, მყუდრო სახლის თბილ ასოციაციებს იწ ვევს. ზოგად ტენდენციად კი კვლავაც მინიმა ლიზმი და ხაზგას ით საავტორო, საკულტო ავეჯი რჩება.
მაგალითად, უკვე კიტჩად ქცეული ფილიპ სტარკის პლასტიკის სკამი, რომელიც ამ ჯერად კუბზე ამოზრდილი საზურგეთი წარმოგვიდგა. სწორედ ამ სკამზე ესაუბრა ტაბულა მის ავტორს და პოსტმოდერნული სივრცეების კლასიკოსს. ახალი ნამუშევრის - Miss less-ის შესახებ მან მოტოციკლეტისტის ნარინჯის ფერხელ თათმანებში გამოწყობილ მაგვიპასუხა: „ეს კუბია, სკულპტურული ფორმა, რომლის ახალი დეტალი საზურგეა, მონოლითი კუბი და თხელი, მსუბუქი საზურგე. თუ დიზაინი არ არის ახალი, მის გაკეთებას აზრი არ აქვს“. ჩვენს კითხვაზე, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია - სკამი, რომელსაც ადამიანი მოხმარებისას ფარავს თუ ცნობილი დიზაინერი, ვინც შექმნა ეს სკამი და საკუთარი ცნობადობით ტვირთავს, სტარკმა ღიმილით მოგვიგო: „არასოდეს მიფიქრია ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ადამიანი მნიშვნელოვანია, გმადლობთ ამ კითხვისათვის“. ჩვენ უკან უამრავი ჟურნალისტი და ოპერატორი ირეოდა, ხმა მომესმა: „ცხადია, კითხვას თავს აარიდებ და. ის ხომ უკვე დიდი ხანია, მილიონერი ა“...
![]() |
32 10 კითხვა ნათელა გრიგალაშვილს |
▲back to top |
კულტურა
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი ©
პირველი ქალი რეპორტიორი საქართველოში - რა გახსენდებათ იმ პერიოდიდან?
რესპონდენტები, რომლებიც გაკვირვებულები მეკითხებოდნენ - კი მაგრამ, ფოტო ვინ უნდა გადაგვიღოსო?! ვერ წარმოედგინათ, ქალი ფოტოგრაფიც შეიძლება ყოფილიყო.
თქვენი ობიექტივის მთავარი გმირი - სოფელი. რატომ?
სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ბედნიერებაც იქ დარჩა - ჩემს ბავშვობაში. ალბათ ამიტომ.
ქალი ფოტოგრაფი და კაცი ფოტოგრაფი - სტერეოტიპია თუ არსებობს რაიმე რეალური სხვაობა მათ შორის?
ვფიქრობ, რომ არსებობს, ფოტოშიც იგრძნობა ის განსხვავება, როგორადაც სამყაროს აღიქვამს ქალი და მამაკაცი.
თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული სურვილი თუ ამბიცია:
ჩემი სურვილები და ამბიციები იმდენად მცირეა, არც კი ღირს ლაპარაკი .
კადრი, რომელიც ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად გახსენდებათ?
მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, წარსულზე არ ვფიქრობ და ვცდილობ წავშალო მეხსიერებიდან, ჩემთვის ფოტოებიც საკმარისია.
რას ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს?
გადაღებამდე იფიქრონ, რატომ იღებენ ამ ფოტოს.
რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
ბევრი არაფრისთვის მიმიღწევია და არც კი ვიცი, რა ვთქვა.
ფოტოგრაფია თქვენს გადასახადებს იხდის?
ფოტოგრაფია ერთადერთია, რაც ჩემს გადასახადებს (და არამარტო მათ) იხდის.
რა ენატრება ნათელას?
სულის სიმშვიდე.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
კითხვებს ვუსვამ ჩემს თავს და პასუხსაც ვცემ, მაგრამ მირჩევნია ეს ჩემთან დარჩეს.
![]() |
33 სულ მალე...საქართველოს ეროვნულ მუზეუმში... |
▲back to top |
კულტურა
თეონა ჯაფარიძე
დავით ლორთქიფანიძე
„...ალბათ ყველას გახსოვთ ბავშვობისდროინდელი განცდა, მუზეუმთან რომ ასოცირდებოდა - ცოტა დამთრგუნველი. ჩაბნელებული, მკრთალი განათება და სიძველის სუნი... ვიწრო კიბეს „ოქროს ფონდში“ ჩავყავდით. ახლა საგანძურის დარბაზს ყოფილი ბიბლიოთეკაც დაემატა და გაფართოვდა, ბიბლიოთეკა კი აი აქ, მე-4 სართულზე გადავიტანეთ, რომელიც პირდაპირ ღია ტერასაზე გამოდის და სამებას გადაჰყურებს“, - გვიხსნის დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
მუზეუმის შიდა ეზო
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე დავით ლორთქიფანიძე ჩვენ ქვედა ტერასიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ლეგენდარულ შიდა ეზოს გადავყურებთ, სწორედ მას, ბავშვობაში, დიდ გამჭვირვალე ვიტრინაში მამონტის უზარმაზარი ჩონჩხით რომ დაგვამახსოვრა თავი.
გიდმა უკვე დაგვათვალიერებინა მომავალი დროებითი და მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეები, სადაც მუშები უკანასკნელ შტრიხებს უკირკიტებენ, ვიტრინებისთვის „წერტილოვანი განათება“ მონტაჟდება და ჯერ ისევ საღებავის სუნი ტრიალებს. საცავში ახალი ექსპოზიციისთვის ემზადებიან. სპეციალურად მუზეუმის გახსნისთვის დიზაინერი - ლინა მარია ლოპესი (Studio LinArt) ჩამოვიდა. ის ადრე ბრინჯაოს ხანისა თუ გვიანი ანტიკური პერიოდის უძველეს ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, მუდმივმოქმედი ექსპოზიციისთვის ქრონოლოგიურად ალაგებს. სწორედ მან იმუშავა 2007 წელს ნიცასა და პარიზში ჩვენი საგანძურის ექსპოზიციის შექმნაზე.
მუზეუმის ახალი კონცეფცია, ახალი ხედვა და არქიტექტურული გადაწყვეტა, შიდა ეზოში იყრის თავს: რუსთაველის გამზირიდან ცენტრალური შემოსასვლელი ჯერ ფოიეში ამოგაყოფინებთ თავს, სადაც სუვენირების მაღაზია და კაფეტერია დაგხვდებათ. ეს მუზეუმის ე.წ. უბილეთო ზონაა, კაფეტერია გარეთ - ეზოშიც გადის, მისი გადაკვეთის მერე კი რუსთაველის პარალელურ გუდიაშვილის ქუჩაზე მოხვდებით.
„ეს ის შემთხვევაა, როცა მუზეუმის კონცეპტუალური გადაწყვეტა ქალაქის ურბანულ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. ერთი სიტყვით, ეს ჩაკეტილი ეზო ღია მოედნად გადაიქცევა, რომელსაც ქალაქს ვჩუქნით. ადამიანები, რომლებიც აქ რუსთაველის გამზირიდან მოხვდებიან, ვიდრე გუდიაშვილის ქუჩამდე ჩავლენ, ჩამოსხდებიან, ყავას დალევენ და შესაძლოა, რომელიმე საგამოფენო დარბაზშიც ამოჰყონ თავი. ასეთი კონცეპტუალური გადაწყვეტა, ანუ ჩაკეტილი სივრცის გახსნა, სამუზეუმო ინსტიტუციის საზოგადოებრივ ცნობიერებაში შესამჩნევი პოზიციის დაკავებას გულისხმობს“, - გვიხსნის დავით ლორთქიფანიძე.
ეროვნულ მუზეუმში რეფორმა 2005 წელს დაიწყო და დღეს უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. კონცეფცია იუნესკოს მხარდაჭერით დაფინანსდა და ამერიკული სმიტსონის ინსტიტუციის თანამშრომლობით განხორციელდა. ტვინინგის პროექტმა კი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი - ბერლინის ეროვნული მუზეუმებია. სწორედ ბერლინის მუზეუმების კუნძული (მდინარეებს - შპრეესა და კუფერგრაბენს - შორის კუნძულზე განთავსებული 5 მუზეუმი) არის თბილისში სამუზეუმო ქუჩის განვითარების შთაგონების წყარო. კონცეფციის არქიტექტურულ გადაწყვეტაში დასავლური სტუდიები (Studio Milou Architecture; Anida Arquitectura და ELLis Williams Architects - EWA) არიან ჩართულები. სწორედ Studio Milou-მ განახორციელა უკვე ცნობილი დმანისის საველე არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო ქუჩაზეც მომავალში ეს სტუდია იმუშავებს.
ლინა მარია ლოპესი
„განსაკუთრებით უცხოელებს უკვირთ ეს ყველაფერი, რადგან მათ კარგად იციან, რომ მსგავსი სამუზეუმო ცვლილებები მდიდარ ქვეყნებში ხორციელდება (მაგალითისთვის თუნდაც გავიხსენოთ რეფორმები გერმანიის მუზეუმებში დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების პერიოდში). ჩვენთან კი, სადაც ჯერ კიდევ ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ეს თამამი გამოწვევაა. პრინციპული საკითხია, როცა კი არ ვანგრევთ ძველს, რომელსაც ძლიერი ბაზა აქვს კოლექციებისა და მეცნიერული რესურსის სახით, არამედ ვცვლით კონცეფციას - ანუ ყველაფერ იმას, რაც ტოტალიტარიზმთან ასოცირდება და ჩაკეტილი სივრცეების კარს ვაღებთ“, - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოფიციალურად 26 მაისს გაიხსნება. იმავე დღეს ეროვნული გალერეის კარიც გაიღება და შემდეგ თანდათანობით, მთელი წლის მანძილზე, კოლექციები და ექსპოზიციები 21-ე საუკუნის სამუზეუმო სივრცეში ჩაეწერება.
რეალური სამუზეუმო ცვლილებები კი მაშინ დაიწყება, როცა რომელიმე თქვენგანი რუსთაველის ქუჩიდან მუზეუმის ეზოს გადაჭრით, ყავის დასალევად ჩამოჯდებით და მერე რომელიმე საგამოფენო დარბაზს მიაშურებთ.
![]() |
34 ევროპის სახლი |
▲back to top |
გურმანი|რესტო
დალი კრიხელი
შალვა დადიანის ქ. 2.
თბილისი, 0105
უბანი: სოლოლაკი
ტელ: 470310/470312
სამზარეულო: ქართული
საათები: ყოველდღე, 10:00-დან ბოლო სტუმრის წასვლამდე
ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი
ფასი: 80ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: დადიანის ან ლესელიძის ქუჩაზე
7 აპრილს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე, დადიანისა და ლესელიძის ქუჩების კუთხეში მდებარე ორსართულიან შენობაში ევროპის სახლმა დაიდო ბინა. მე-19 საუკუნის ბოლოს ფსევდორენესანსული არქიტექტურული სტილით აგებული შენობის მეორე სართული საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეს უჭირავს, პირველ სართულზე - რესტორანია, უფრო ქართული, ვიდრე ევროპული.
ევროპის სახლის მოწოდება ქართული და ევროპული კულტურების დაახლოება, კულტურებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების მხარდაჭერაა. მცდელობა, რომ ეს ტენდენცია რესტორნის ინტერიერში ასახულიყო, მეტ-ნაკლებად სახეზეა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ეს კულტურათაშორისი დიალოგი გასტრონომიულადაც გამოხატულიყო, მით უმეტეს, რომ საქართველოში, ამ ბოლო დროს, კერძების აღრევის, ახალი ქართული სამზარეულოს შექმნის მცირე, მაგრამ გარკვეული ტენდენცია მაინც სახეზეა და ქართული კერძების შემოქმედებითი ინტერპრეტაციით განვითარების მიმართულება უკვე არსებობს. ევროპის სახლში კი რატომღაც თავდაპირველი ტენდენცია უკუიქცა: ერთი წლის შემდეგ, ამ სახლის სამზარეულო უფრო ძველქართული ფესვებისკენაა მიმართული, ვიდრე სინთეზური ახალქართულისკენ.
რესტორნის ძირითადი სივრცე ფსევდობურჟუაზიული, ეკლექტური ელემენტებითაა გადატვირთული. მარმარილოს ფილებით გაწყობილი იატაკი სიცივის გარდა ვერავითარ გარემოს ვერ ქმნის. მრავალფეროვანი ნელ-თბილი განათება (ჭაღები, ბრები) უფრო აბნევს მომსვლელს, ვიდრე სიმყუდროვეს ქმნის. სამაგიეროდ, უფრო მყუდროა რესტორნის ძირითადი სივრციდან გამოყოფილი ოთახები - „კუპეები“. აზიური ოთახი შუა საუკუნეების გრავიურებით ან ევროპული ოთახი ბიბლიოთეკა-კაბინეტის ინტერიერით.
ღვინის ბარათი მრავალფეროვანია, ზომიერი ფასებით. ბაზარზე ახლად გამოჩენილი ჩამოსხმებიც აქვთ, მენიუში რომ არ არის მოხსენიებული. მაგალითად, თელავის ღვინის მარნის კონდოლი მწვანე-ქისი (25ლ) ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ღვინო თეთრებიდან. ასე რომ, თამამად მოიკითხეთ თქვენთვის სასურველი ღვინო, მიუხედავად იმისა, თუ მენიუში ვერ აღმოაჩენთ.
როგორც აღვნიშნეთ, რესტორნის კულინარიული კონცეფცია თავდაპირველად ემყარებოდა მსოფლიო სამზარეულოს, იგივე fusion კონცეფციას. ამ მიმდინარეობის მიხედვით, მზარეულის შემოქმედებითი მიდგომითა და გავლენით მიიღება ისეთი კერძი, რომელიც იმდენად დაშორებულია პირველწყაროს, რომ არსებითად ახალ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ევროპის სახლის შემთხვევაში მივიღეთ უფრო „სხვა საქართველო“, ვიდრე არსებითად ახალი. ამის კარგი მაგალითია მწვანე ლობიო კვერცხით (7ლ). აქ ახალი ის არის, რომ მწვანე ლობიო უფრო მოწალულია, ვიდრე ტრადიციულად კარგად მოხარშული, თუმცა თავისთავად გემრიელი კერძია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „სხვა სამზარეულოს“ მიმართულებაც არ არის თანმიმდევრული: მაგალითად, პრასის ფხალი (12.90ლ), რომელიც არც ფორმით, არც შინაარსით არ განსხვავდება იმ ფხალისგან, რომელსაც მორიგ ქართულ რესტორანში შეხვდებით. ფორმის მხრივ, უფრო წარმატებულია ელარჯი (6.00ლ) კუბებად დაჭრილი მადისაღმძვრელად მომწვარი ზედაპირით. „სხვა სამეგრელოს“ ხარჩო (10.90ლ) ინდური ქერის კერძს მოგვაგონებს და ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომლითაც სხვა კერძების განვითარება ნამდვილად ღირს.
ამდენად, უმჯობესი იქნება, თუ ერთი წლის შემდეგ ევროპის სახლი საკუთარ კულინარიულ მიმდინარეობას გადახედავს, პრიორიტეტებს თავიდან განსაზღვრავს და ან ყველასთვის გასაგებ ქართულ რესტორნად ჩამოყალიბდება ან, რაც უფრო სასურველია, ევროპული კერძების გავლენით სინთეზურ სამზარეულოს შექმნის. მით უმეტეს, რომ ეს ტენდენცია ევროპის სახლის მსოფლმხედველობას უფრო ესადაგება.
![]() |
35 ხბოს ჩაქაფული |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
10 ულუფა
მასალა:
1 კგ. ხბოს ხორცი
6 კონა ტარხუნა
6 კონა ქინძი
2 კონა ახალი ნიორი
2 კონა მწვანე ხახვი
5 ც. მწვანე წიწაკა (არა ცხარე)
1,5 ჭიქა ახალი, მწვანე ტყემალი
1,5 ჭიქა თეთრი ღვინო
მარილი
პილპილი
ხბოს ხორცის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბატკნის ხორცი.
ჯამში: 30 ლარი
მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი, აგრეთვე ყველა მწვანილი და მწვანე წიწაკა წვრილად.ქვაბში ფენა ფენად ჩააწყვეთ ხორცი, მწვანილი, ტყემალი, მოაყარეთ პილპილი, მარილი და დადგით ცეცხლზე.
15 წუთში, როდესაც გამოუშვებს წვენს, დაუმატეთ თეთრი ღვინო და წამოადუღეთ 20-30 წუთი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).