![]() |
ტაბულა №44 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: უგულავა სალომე, ქორიძე ავთო, ხორბალაძე თამარ, ავალიანი დიმიტრი, მაჭარაშვილი ნინო, ზედანია გიგა, სუთიძე ლევან, მეგრელიშვილი ვახტანგ, კვანჭილაშვილი ელენე, ქობალია ვერა, ბაძაღუა ივანე, ბასილაია მიხეილ, ზურაბაშვილი თამარ, სმიტი დევიდ ჯ, ელერდაშვილი ვახო, ჯანდიერი გია, გოდუაძე ლაშა, ბარათაშვილი ბიძინა, თალაკვაძე ზურაბ, ლორთქიფანიძე მერაბ, კევლიშვილი მაკა, ესებუა ნიკა, სულელი უცხოელი, მაისაშვილი მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011 | 21 - 27 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვებმენეჯერი: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ხათუნა ხუციშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
საფოსტო ყუთი|ონლაინ გამოხმაურება
სტატია: სირია ეგვიპტურ გაკვეთილებს სწავლობს giorgi00183 15 თებერვალი 2011 18:54
http://www.tabula.ge/article-3087.html
დომინოს ეფექტის განვითარების პერსპექტივას სირიაში უფრო სიფრთხილით მოვეკიდებოდი, ვინაიდან იმას გარდა რომ სირიასა და ეგვიპტეს შეიძლება ბევრი, მოსაჩვენებლად, საერთო ჰქონდეთ, ამაზაე უფრო მეტი გასხვავებები აქვთ.
ყველაზე მთავარი ის არის რომ ეგვიპტესგან გასხვავებით სირია იზრაელთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება, სადაც იზრაელს სირიის ტერიტორია აქვს დაპყრობილი. ანუ ქვეყანას საგარეო სამხედრო საფრთხე ემუქრება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, მთავრობებსა და საზოგადოებას არაეთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ეგვიპტესა და იორდანიისადმი, იმ ორადორ სახელმწიფოებისადმი რომლებმაც ზავი დადეს იზრაელთან. ამას, ჩემი აზრით, პრიციპიალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც განვიხილავთ ფართე, საზოგადოებრივი მოძრაობის მაშტაბებს სირიის კონტექსტში.
ამას გარდა, როგორც სტატისს ავტორმა აღნიშნა, სირიაში სამოქალაქო საზოგადოება, რბილად რომ ვთქვათ, ჯერ ჩამოუყალიბებელია. ამ საზოგადოების ალბათ მესამედი სახელმწიფოს უშიშროების (მუჰაბარატის) თანამშრომელია. დამატებითი არგუმენტია ის რომ სირიას ერაყი ესაზღვრება და ეგვიპტესნაირი გადატრიალების შემთხვევაში იმის საშიშროება არსებობს რომ ერაყიდან „არასასურველი“ ელემენტების ინფილტრაცია მოხდეს სირიაში. ნუ დაგვავიწყდება რომ სირია ბასისტური პარტიის ბევრ ძველ ჩინოსანს იფარავს.
კიდევ ერთი: ანალოგიური გადატრიალება სირიის გავლენას ლიბანში შეასუსტებს, შესაბამისად მის გავლენას და დახმარებას ჰეზბულასადმი და ჰამასისადმი. ანუ იზრაელის საწინააღმდეგოდ სამხედრო თუ საზოგადოებრივ მოძრაობას ერთერთი მთავარი საკოორდინაციო ბერკეტი გამოეცლება - ამას სირიის მოსახლეობა მშვენივრად ხვდება. ფართე საზოგადოება სირიაში არის გაერთიანებული იზრაელის როგორც მტრის და საფრთხის გარშემო. შესაბამისად არა მგონია, რომ სირიაში იგივე მოხდეს. ალბათ მთავრობა საზოგადოებას დაასწრებს და თვითონ გამოვა რამოდენიმე რეფორმის ინიციატორად. ის დასაშვებია რომ მცირე მაშტაბვის გამოსვლები მოხდეს სირიაშიც, მაგრამ ამას ეგვიპტური მაშტაბი ვერ მიეცემა. თუნდაც მცირე პროვოკაცია სირიის მხრიდან იზრაელისადმი გოლანის მაღლობებზე გამოიწვევს საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა საკითხზე.
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„მე რომ ვლადიმირ პუტინი ვიყო კრემლში КГБ-ელ მეგობრებთან ერთად, ცოტა უფრო ნაკლებად ამპარტავანი ვიქნებოდი. მე თავს უფრო ნაკლებად დაცულად ვიგრძნობდი ჰუ რომ ვიყო, რომელიც ერთ მუჭა ხალხთან ერთად ისვენებს კურორტზე და ჩინეთს მართავს”.
ტელეკომპანია CBS-თან საუბარში ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ეგვიპტეში მომხდარი მოვლენები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით არ შემოიფარგლება. 14 თებერვალი
„NATO იარაღით არ ვაჭრობს... ორგანიზაციის მოკავშირეებს აქვთ უფლება მიჰყიდონ იარაღი ვისაც სურთ, თუ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება. როგორც ვიცი, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო არ არის დაწესებული. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს ასეც რომ იყოს, კანონიერია”.
საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, რადიო ეხო მოსკვის ეთერში, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ. 15 თებერვალი
„ირანელები ისეთივე უფლებებს იმსახურებენ, როგორსაც ეგვიპტელებმა მიაღწიეს. ეს მათ დაბადებიდანვე გააჩნიათ”.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა ირანულ ოპოზიციას, რომლებმაც თეირანში საპროტესტო აქციები გამართეს. 15 თებერვალი
„თუ მსოფლიო ჩათვლის, რომ შესაძლებელია ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ეს ნაბიჯი ძალადობას და დანაშაულს შეამცირებს, მაშინ დავეთანხმები კიდევაც ამ მოსაზრებას”.
კოლუმბიის პრეზიდენტი, ხუან მანუელ სანტოსი მზად არის ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესაძლებლობა განიხილოს, თუ ეს ქვეყანაში დანაშაულთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.14 თებერვალი
![]() |
3 კვირა |
▲back to top |
12 თებერვალი
თურქეთსა და საქართველოს შორის ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის „პოზიტიური თანამშრომლობის ნიშანია”, - განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ.
13 თებერვალი
ყველა ფოტო: REUTERS ©
ალჟირსა და იემენში ანტისახელისუფლებო მიტინგები დაარბიეს. იემენის დედაქალაქში რამდენიმე ასეული დემონსტრანტი პრეზიდენტ აბდულა სალეჰის გადადგომას მოითხოვდა. ალჟირის დედაქალაქ ალჟირში კი ქუჩაში 10 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მასობრივი შეტაკებები არ ყოფილა, თუმცა სამართალდამცავებმა აქციის 400-მდე მონაწილე დააკავეს.
14 თებერვალი
იტალიაში ასობით ათასმა ქალმა პრემიერ - მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სექსს კანდალების გასაპროტესტებლად ფართო მასშტაბიანი აქციები გამართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „იტალია ბორდელი არ არის”. ბერლუსკონის ბოლო სკანდალი ღამის კლუბის მოცეკვავეს, კარიმა ელ მაჰრუკს, იგივე რუბის უკავშირდება. სამართალდამცველების აზრით, იტალიის მთავრობის მეთაურს მასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუბი 17 წლის იყო. გამოძიების მტკიცებით, ბერლუსკონი მას სექსის სანაცვლოდ ფულს უხდიდა. არასრულწლოვან მეძავთან კავშირი იტალიაში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. თავად ბერლუსკონი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია „პოლიტიკურად არის მოტივირებული”.
ინდონეზიაში რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირის, აბუ ბაქარ ბაშირის სასამართლო პროცესი განახლდა. 72 წლის ბაშირს ტერორიზმში, კერძოდ კი, ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების შექმნასა და დაფინანსებაში ედება ბრალი. ბაშირი გამოძიების მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ექსტრემისტულ მოძრაობებთან არანაირი კავშირი არა აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუსლიმ სასულიერო პირს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
პრინც უილიამის მეჯვარე მისი ძმა ჰარი იქნება, ხოლო პრინცის საცოლე, ქეით მიდლტონს საკურთხეველთან უმცროსი და, ფილიპა მიიყვანს. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება. 28 წლის უილიამის და 29 წლის ქეითის სამეფო ქორწილი 29 აპრილს შედგება. წყვილი გასულ თებერვალს დაინიშნა. ნიშნობის შემდეგ პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ძმის არჩევანით „აღტაცებულია”. „ეს იმას ნიშნავს, რომ მეყოლება და, რომლის ყოლაც ყოველთვის მსურდა”, აღნიშნა ჰარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
15 თებერვალი
ირანელმა კანონმდებლებმა ოპოზიციის ლიდერების, მირ ჰოსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. პარლამენტის 50 წევრი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ დარბაზში შეიკრიბა და საპროტესტო მარში მოაწყო. „სიკვდილი მუსავის, სიკვდილი ქარუბის!” სკანდი სკანდირებდნენ კონსერვატორი პარლამენტარები. ქარუბის და მუსავის ორშაბათს თეირანში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ შინაპატიმრობა აქვთ მისჯილი. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, დემონსტრაციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ ვარიანტზე მუშაობა დაიწყო. დოკუმენტი უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა და უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა განიხილეს. „დოკუმენტში შეტანილი ფუნდამენტური ცვლილება მხოლოდ ის არის, რომ რუსეთი პირველადაა დასახელებული საფრთხედ”, აღნიშნა რეინტეგრაციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა. უშიშროების საბჭოს მდივანმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას ტრადიცია, რომელიც მსგავს დოკუმენტებზე მუშაობაში საპარლამენტო ზედამხედველობას დააწესებს. საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია 2005 წლიდან არ განახლებულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ინციდენტით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, მას შემდეგ რაც ლავროვმა სიტყვა დაასრულა და დარბაზიდან გასვლა დააპირა, აუდიტორიიდან ერთ-ერთმა პირმა დაუყვირა: „ჩვენ გვინდა მედვედევს გადავცეთ მოწოდება - გაათავისუფლეთ ხოდორკოვსკი და ლებედევი!”. პარალელურად, ლონდონის ეკონომიკის სკოლასთან პიკეტი მიმდინარეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით „ბატონო ლავროვ, რატომ მალავთ ლუგოვოისა და კოვტუნს?”. ანდრეი ლუგოვოი და დმიტრი კოვტუნი სკოტლანდ იარდმა ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლაში დაადანაშაულა და მოსკოვს ამ პირების გადაცემა მოსთხოვა, თუმცა კრემლისგან უარი მიიღო.
16 თებერვალი
კომპანია კოკა-კოლამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებს მათ მიერ წარმოებული გამაგრილებელი სასმელის საიდუმლო რეცეპტი ჩაუვარდათ ხელთ. გასულ კვირას პოპულარული ამერიკული რადიოგადაცემის წამყვანმა, აირა გლასმა განაცხადა, რომ კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი იპოვა. მისი თქმით, საიდუმლო რეცეპტი მან ერთ-ერთ ძველ ჟურნალში აღმოაჩინა. ჟურნალისტმა ფორმულა მწერალ მარკ პენდერგრასტის ერთ-ერთ წიგნში გამოქვეყნებულ რეცეპტს შეადარა. გაირკვა, რომ ორივე მათგანი იდენტური იყო.
აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლი ბრაიტმა სენატს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი შტატში ახალი ვალუტის შემოღების შესახებ. პროექტის მიხედვით, სამხრეთ კაროლინის შტატს საკუთარი ვალუტა უნდა ჰქონდეს. უცხოური მედიის ცნობით, აღნიშნულ იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ- ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ეროვნული ბანკის) ჩამოშლის შემთხვევაში, საკუთარი ვალუტის ქონა შესაძლებელს გახდის სერიოზული ეკონომიკური დანაკარგების თავიდან აცილებას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბრაიტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განხორციელებადია, რადგან აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, შტატებს უფლება აქვთ საკუთარი ვალუტა გამოიყენონ.
![]() |
4 ადამიანის უფლებათა პაროდია ჟენევაში |
▲back to top |
არენა
სალომე უგულავა
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ირანი შვედეთში გენდერული თანასწორობის პრობლემას უჩივის, ვენესუელის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ქსენოფობიურ და ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს და ნიკარაგუა მას ადამიანის უფლებების ყველაზე ხშირ დამრღვევად მოიხსენიებს. ანაც პაკისტანი საქართველოს უმცირესობების დისკრიმინაციაში ამხელს. ეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ჩვეულებრივი, რუტინული პროცესია. მსგავსი პარადოქსები აქ არავის უკვირს. ორმაგი სტანდარტები საბჭოს წინამორბედ ადამიანის უფლებათა კომისიისაგან ერგო მემკვიდრეობით.
ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა - მას შემდეგ, რაც სრულად დისკრედიტებული ადამიანის უფლებათა კომისიის გადაქმნის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. საბჭოს ფუნქციები ადამიანის უფლებების დარღვევაზე მუშაობასა და რეკომენდაციების შემუშავებას მოიცავს. ის ასევე წარმართავს უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვას, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ამოწმებს.
საბჭოს 47 მთავრობის წარმომადგენელი შეადგენს. მასში ნელ-ნელა მცირდება თავისუფალი ქვეყნების რიცხვი და მათ ადგილს ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნები იკავებენ (Freedom House-ის თავისუფლების ინდექსის მიხედვით). თუ 2006 წელს 25 ქვეყანა იყო თავისუფალი, ხოლო 13 და 9, შესაბამისად, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი, 2010 წელს თავისუფალი ქვეყნების რიცხვი 20-მდე დავიდა. მიზეზი ისაა, რომ საბჭოში ქვეყნები იმის მიხედვით არ ხვდებიან, თუ როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს. წევრობისთვის დაწესებული ერთადერთი საზომი გეოგრაფიული რეპრეზენტატულობაა. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე უმრავლესობაში აზიური და აფრიკული ქვეყნები არიან - მათ 26 ადგილი ერგოთ. მათი უმრავლესობა მუსლიმური ქვეყანაა. ისინი ერთმანეთისა და მოკავშირეების ინტერესებს წარმატებულად ლობირებენ.
საბჭო იმ ქვეყნებისთვისაა თბილ ბუდედ ქცეული, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის კრიტიკასა და სანქციებს. უფლებათა დამრღვევებს აქ ყოფნა, ერთი მხრივ, თავდაცვას უადვილებს, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს, ყურადღება მათთვის საძულველი სახელმწიფოებისკენ მიმართონ. განხილვისა და დაგმობის უმთავრესი ობიექტი ტრადიციულად ისრაელია. ამერიკის შეერთებული შტატები კი მიკროსკოპული დაკვირვებისა და ხშირად უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი ხდება, მაშინ როდესაც ირანი, რუსეთი, სუდანი, ზიმბაბვე, პაკისტანი და სხვები მხოლოდ მინიმალურ ყურადღებასა და გაკიცხვას იღებენ.
ჯინ ზიგლერი
თუ ისრაელი ისლამური ქვეყნების სამიზნეა, საქართველო რუსეთის ჯგუფის ინტერესებში ექცევა. გასული თვის ბოლოს საბჭოში საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაიმართა. სამსაათიანი განხილვისას ყველაზე აქტიური სწორედ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო. მან აღნიშნა საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა. ასევე განაცხადა, რომ კვლავ გამოსაძიებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უფლებების დარღვევა საქართველოს მხრიდან 2008 წლის ომამდე და ომისას. ვენესუელამ საქართველოს ანტირუსული, ანტიაფხაზური და ანტიოსური პროპაგანდა დაგმო და გააკრიტიკა მკაცრად რეგულირებული მისაწვდომობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთის კიდევ ერთმა მოკავშირემ, ბოლივიამ კი საქართველო უმცირესობების დისკრიმინაციასა და მათგან მტრის ხატების შექმნაში დაადანაშაულა.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შედეგი ფინალურ ანგარიშში აისახება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. საქართველომ 163 რეკომენდაცია მიიღო. მათგან 5 ადგილზე უარყო და 96 გაიზიარა - რაც შეეხება, მაგალითად, პატიმართა პირობების გაუმჯობესებას ციხეებში, დევნილებისთვის ადეკვატური საცხოვრებლების შეთავაზებას, მეტ მხარდაჭერას შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისადმი. საქართველომ 62 რეკომენდაციის მიღებაზე თავი შეიკავა და მათ განსახილველად გარკვეული დრო მოითხოვა. დიდი ნაწილი სხვადასხვა კონვენციების რატიფიცირებას გულისხმობს. მაგალითად, იმ კონვენციების, რომელიც შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების, ანაც მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვას ეხება.
საქართველოს სიფრთხილე და რეალიზმი ამა თუ იმ კონვენციაზე მიერთებისას, მისასალმებელია. ახალი კონვენციების რატიფიცირებამ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილ ქვეყნებსა და მათზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს, რომლებიც უფლებათადამცველ ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევ ფორუმად იყენებენ, შესაძლოა, დამატებითი ბერკეტები მისცეს საქართველოს წინააღმდეგ.
საბჭოს წევრი ქვეყნების თავისუფლების მაჩვენებელი FREEDOM HOUSE-ის მიხედვით (2006-2010)
ვინაიდან წევრი ქვეყნები საბჭოს მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის იყენებენ და არა ადამიანის უფლებების დასაცავად, ამჯერად უკვე საბჭოს გარდაქმნის აუცილებლობაა განსჯის საგანი. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაეროს რეფორმირების საჭიროების შესახებ დებატიც გახსნეს. პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენი გამოდის ინიციატივით, რომ აშშ-ის ფინანსური კონტრიბუცია გაეროში დამოკიდებული იყოს ორგანიზაციაში ნამდვილი რეფორმების გატარებაზე. დაფინანსება, რომელსაც აშშ გაეროს ყოველწლიურად გამოუყოფს, ორგანიზაციის საოპერაციო ბიუჯეტის 22%25-ს შეადგენს და 2011 წლისთვის 516 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს, რაც აშშ-ს მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. ამასთან, აშშ პასუხისმგებელია გაეროს სამშვიდობო ბიუჯეტის 27%25-ზე, რაც 2,18 მილიარდს აღწევს. როს-ლეტინენის განსაკუთრებულ კრიტიკას ადამიანის უფლებათა საბჭო იმსახურებს, რომელიც, მისი თქმით, თაღლითების თავყრილობაა, სადაც ადამიანის უფლებათადამრღვევები დომინირებენ.
კონგრესმენი როს-ლეტინენი
გაერო ადამიანის უფლებების დაცვაში თავის ფუნქციას რომ ვერ ასრულებს და ორგანიზაციაში არსებითი რეფორმების გატარებაა საჭირო, ამაზე ცოტა თუ დავობს. არადა, თავის დროზე, მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე შექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავად სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა გამოცხადდა. 1948 წელს მიღებულმა დეკლარაციამ კი ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი შექმნა. ათწლეულების მანძილზე მოქმედმა ადამიანის უფლებათა კომისიამ არა მხოლოდ მისია ვერ შეასრულა, არამედ მავნე, პოლიტიზირებულ ორგანიზაციად იქცა.
უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ ქვეყნები, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივს არ სცემენ, კომისიაში ადგილს იოლად მოიპოვებდნენ. ლიბია 2003 წელს კომისიის თავმჯდომარეც კი გახდა, მიუხედავად ადამიანის უფლებების აშკარა ხელყოფისა ქვეყნის შიგნით და კავშირისა ბრიტანული ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებასთან, რასაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, კომისიას არც ერთ სხვა ქვეყანაზე არ მიუღია ამდენი რეზოლუცია, რამდენიც ისრაელზე - მასზე მიღებული სპეციალური რეზოლუციების რაოდენობა უტოლდება სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მიღებული რეზოლუციების საერთო ჯამს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მუდმივად იმართებოდა მისი დასაგმობი სესიები და შეხვედრები.
სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ 2005 წელს თავად გენერალური მდივანი კოფი ანანი აღნიშნავდა - კომისია ჩრდილს აყენებს გაეროს სისტემას და ამას მცირე რეფორმები არ უშველისო. ის გამოვიდა წინადადებით, რომ კომისია ახალი, უფრო პატარა და მოქნილი საბჭოთი ჩაენაცვლებინათ. თუმცა, ეს შესაძლებლობა შიდა პოლიტიკური გარიგებების მსხვერპლი გახდა. რამდენიმე არსებითმა ხარვეზმა ცვლილება ფასადური გახადა - გარდა დაწესებული ერთადერთი კრიტერიუმისა - გეოგრაფიული რეპრეზენტატულობისა, პრობლემაა, რომ საბჭო ზომაში მცირედით შემცირდა - 53-დან 47-წევრიანი გახდა.
ერთი მხრივ, საბჭო ისრაელის შევიწროების პოლიტიკას აგრძელებს - 2006-2010 წლებში მან ქვეყნების ამა თუ იმ ქმედების დასაგმობი დაახლოებით 40 რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან 30-ზე მეტი ისრაელზე იყო ფოკუსირებული. ამ დროს კი, მაგალითად, ფაქტობრივად ყურადღებას არ აქცევდნენ ასობით ათასი ადამიანის ხოცვას სამხედრო ხუნტის მიერ მართულ ბურმაში და მილიონების შიმშილსა და ჩაგვრას მუგაბეს ზიმბაბვეში. საბჭო არც იმ მილიონობით ადამიანის ბედით ინტერესდება, რომელთაც ჩინეთში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები წართმეული აქვთ, არც 23 მილიონი ადამიანის შემაძრწუნებელი უფლებრივი მდგომარეობით ჩრდილოეთ კორეაში. საბჭოს წევრები არც საუდის არაბეთის ქალების ყოფას შეუშფოთებია და არც შარიათის კანონებით მართულ ირანში ადამიანების წამებასა და ქვებით ჩაქოლვას. ირანის შემთხვევაში კიდევ უფრო ირონიული ისაა, რომ ქვეყანა ქალთა სტატუსის შესახებ საბჭოშიც აირჩიეს. საბჭომ მანდატები გაუგრძელა რამდენიმე სკანდალურ მომხსენებელსაც, მათ შორის ჯინ ზიგლერს, იმ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც მუამარ კადაფის სახელობის პრიზს გასცემს ადამიანის უფლებების სფეროში. საბჭომ ვერც დარფურის გენოციდის საქმეზე მიიღო რეზოლუცია.
დომინანტმა მუსლიმურმა ქვეყნებმა საბჭოს ორი რეზოლუციაც მიაღებინეს, რომლებიც რელიგიის დიფამაციას გმობს. კანადის წარმომადგენლის განცხადება, რომ უფლებები მხოლოდ ინდივიდებს შეიძლება ჰქონდეთ და არა რელიგიას, ექოდ დარჩა. რეზოლუციებში რელიგიებიდან კონკრეტულად მხოლოდ ისლამია დასახელებული. ეს ყველაფერი მუსლიმურ ქვეყნებს იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიდან აირიდონ ტერორიზმის ნებისმიერი დაკავშირება ისლამთან. ამასთან, ცდილობენ კრიტიკა აარიდონ იმ შუასაუკუნეობრივ და არაჰუმანურ წესებს, რაც ამ ქვეყნების უმრავლესობაშია.
გამომდინარე იმ ხარვეზებიდან, რაც საბჭოს შექმნის ფუნდამენტშივე იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა გენერალურ ასამბლეაში. აშშ-ში შიშობდნენ, რომ საბჭო წინამორბედი კომისიის შეცდომებს გაიმეორებდა და ნაცვლად ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მოქნილი ინსტიტუტისა, მივიღებდით იმავე ტიპის ორგანიზაციას, მხოლოდ განსხვავებული სახელითა და პროცედურებით. მან 2006 წელს უარი თქვა საბჭოში ადგილის დაკავებაზეც. ვინადან აშშ-ის შიშები გამართლდა, ბუშის ადმინისტრაციას აღარც მომდევნო წლებში უცდია საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი დაფინანსებიდან საბჭოსთვის განკუთვნილი წილიც გააუქმა.
ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკა ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა. იმ იმედით, რომ საბჭოს შიგნიდან გარდაქმნიდა, 2009 წელს აშშ-მ საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. კრიტიკოსების აზრით, ეს საბჭოს მოკლე ისტორიის მანძილზე განხორციელებული უსამართლო ქმედებების ლეგიტიმაციას ნიშნავდა, რაზეც ბუშის ადმინისტრაციამ უარი თქვა. ასევე აღნიშნავდნენ, რომ შიგნიდან რაიმეს შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა სისტემური გარდაქმნის გარეშე.
სანაცვლოდ აშშ-მ კვლავ ტალახის სროლა მიიღო. ეს კარგად ჩანს გასული წლის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვიდან, რომელმაც ნახევრად კომიკურ გარემოში ჩაიარა. კუბამ აშშ-ს მოსთხოვა შეეწყვიტა ბლოკადა მის მიმართ, რაც გენოციდის დანაშაულს შეადარა. ასევე აშშ დაადანაშაულა ტერორისტების შეფარებაში. ვენესუელამ კი მას მოსთხოვა, შეეწყვიტა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჯაშუშობა თავის მოქალაქეებზე. აშშ-ს ქსენოფობიის გაღვივებისთვისაც უსაყვედურეს. ირანმა და ჩრდილო კორეამ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის მხრიდან ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფაზე, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. საერთო ჯამში, აშშ-მ ორასზე მეტი რეკომენდაცია მიიღო. ამ დროს კი ეს ქვეყნები ერთმანეთის მიმოხილვისას მხოლოდ მცირე შენიშვნებით შემოიფარგლებიან.
უნივერსალური მიმოხილვა თვითშეფასებასაც მოიცავს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები თავადაც გადაჭარბებულად თვითკრიტიკული იყო. მათ აღნიშნეს, რომ უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში არსებული სიტუაციით, რადგან უმუშევრობა აფროამერიკელებსა და ესპანურენოვან მოქალაქეებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში. ასევე უფრო მეტი თეთრკანიანი ფლობს სახლს და აქვს კოლეჯდამთავრებულის ხარისხი. გაუგებარია, რა საერთო აქვს ამ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, კანონის წინაშე თანასწორობასთან?! ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელმა მანამდე თავი შეიკავა, ხმა მიეცა რეზოლუციისთვის, რომლის მიხედვითაც სუფთა წყალი და სანიტარია ადამიანის უფლებაა, მათ უზრუნველყოფაზე კი მთავრობებმა უნდა იზრუნონ. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა შეიკავოს აშშ-მ თავი იმის თქმისგან, რომ ადამიანის უფლებები მოქალაქეების მთავრობების ტირანიისგან დაცვას გულისხმობს და არა მთავრობებისთვის მათ ცხოვრებაზე მეტი ძალაუფლების მიცემას?!
თავისუფალ სამყაროსა და საბჭოთა კავშირს შორის წლების მანძილზე დავა სწორედ იმაზე მიმდინარეობდა, თუ რას მოიცავს ადამიანის უფლებები. საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებებზე ლაპარაკისას აქცენტი ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე კეთდებოდა - ისეთებზე, როგორიცაა ჯანდაცვაზე, ადეკვატურ კვებასა და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ანაც გარანტირებული დასაქმება. ამ დროს კი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა. ისტორიამ აჩვენა, რომ მთავრობები - პირველ რიგში საბჭოთა კავშირი - რომლებიც ჰპირდებოდნენ თავიანთ მოქალაქეებს ყველაფერს, როგორც მათ უფლებას, საბოლოოდ მხოლოდ ჩაგრავდნენ მათ. ხოლო აშშ-ს სწორედ იმან შეაძლებინა ყოფილიყო ერთდროულად თავისუფალი და მდიდარი, რომ ცოტა რამეს აკეთებდა ადამიანის უფლებების მიმზიდველი სახელით. მის მოქალაქეებს კი კონსტიტუცია იცავდა და არა საერთაშორისო რეზოლუციები.
ადამიანის უფლებების დამცველთა დიდი ნაწილის თანამედროვე მეტყველებაში კი, სამწუხაროდ, თავისუფლება მეტ მთავრობას ნიშნავს, ტოლერანტობა კი ცენზურას ემსგავსება. ორმაგი სტანდარტები არც მათთვისაა უცხო. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ჟენევაში ვიზიტის გაუქმებაც მოუხდა 2011 წლის თებერვალში, რადგან მემარცხენე უფლებათადამცველები მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ. ნაწილს საჩივარიც კი ჰქონდა შეტანილი, რომ ბუში დაეკავებინათ და გამოეძიებინათ ბრალდებები შეკვეთილ წამებაზე. ამ უფლებადამცველებს არასოდეს უცდიათ, პასუხი მოეთხოვათ, მაგალითად, პუტინისთვის, ან ჰუ ძინტაოსთვის.
ობამას ადმინისტრაციას სჯერა, რომ კომპრომისებითა და დიალოგით შიგნიდან შეძლებს საბჭოს გარდაქმნას. ადამიანის უფლებები და კომპრომისი კი ვერ თანაარსებობს. ამგვარი ცუდი კომპრომისის მაგალითია აშშ-სა და ეგვიპტის თანადაფინანსებით მიღებული რეზოლუცია სიტყვის თავისუფლებაზე, რომელიც ნეგატიურ რელიგიურ სტერეოტიპებს გმობს. ისლამური ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნეგატიური სტერეოტიპები და რელიგიის შეურაცხყოფა თანამედროვე ქსენოფობიის გამოხატულებაა. ამგვარი რეზოლუციები შესაძლოა, კაიროს ზოგის თვალში დისიდენტების ჩაგვრის გამართლებაშიც დაეხმარა - მაგალითად, ბლოგერი კარიმის, რომელსაც ისლამის შეურაცხყოფისთვის ოთხი წელი მიესაჯა.
საბჭოს პრობლემები იმდენად კომპლექსურია, რომ ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ვერ მოგვარდება. ცვლილება, პირველ რიგში, წევრობის კრიტერიუმებს უნდა შეეხოს. სხვა შემთხვევაში აშშ-მ, სულ მცირე, გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა გადაყაროს, ან რაიმე ალტერნატივის შექმნაზე იზრუნოს.
![]() |
5 სტრატეგიული დიალოგის დასაწყისი |
▲back to top |
პოლიტიკა
ავთო ქორიძე
ყველა ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 16 თებერვალს 20 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინკონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი პროექტის - სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან - დასაწყისია. კონფერენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, სახელმწიფო მდივნისთვის ონლაინრეჟიმში კითხვები დაესვათ.
ბენჟამინ ფრანკლინის სახელობის დარბაზიდან ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისათვის. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მისაღწევად ყველაზე მტკიცე გზა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობაა.
ჰილარი კლინტონმა აგრეთვე განაცხადა, რომ მან აშშ-ის ელჩებს დაავალა, ყველა ქვეყანაში მუდმივად შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. აშშ-მ ავტოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობის, განსაკუთრებით კი ეგვიპტისა და ტუნისის გამო, დამსწრეებისაგან კრიტიკაც დაიმსახურა. ეგვიპტის წარმომადგენელმა აშშ-ის მიერ დემოკრატიების დახმარების შემცირება გააკრიტიკა. სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს ადამიანის უფლებების როლის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ისეთ პარტნიორებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია.
ჰილარი კლინტონი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
აშშ-ის საელჩოში საქართველოში 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული და მათაც მიეცათ საშუალება სახელმწიფო მდივნისთვის კითხვით მიემართათ. კონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის კითხვა დასვეს: ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ღირებულებები თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა ეწირება ეკონომიკურ განვითარებას. გვინდა ვკითხოთ სახელმწიფო მდივანს, რამდენად არის ეს ნორმალური? და რა დონემდე შეიძლება ერთისთვის მეორესთან შედარებით მეტი უპირატესობის მინიჭება?.
კითხვას სახელმწიფო მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მელანი ვერვიერმა უპასუხა. მან ისაუბრა ინსტიტუტების, დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების კომბინაციის, ასევე კერძო სექტორის ეკონომიკაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
![]() |
6 პენიტენციური სისტემის ლიბერალიზაცია გრძელდება |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ხორბალაძე
2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოში სასჯელის მოხდის ფორმებთან და პირობებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის ამოქმედება იგეგმება. ცვლილებები ლიბერალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
გაზაფხულიდან საქართველოში ალტერნატიულ სასჯელად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენება იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სასჯელს კანონმდებლობა აქამდეც ითვალისწინებდა, დამკვიდრებული პრაქტიკა გვამცნობს, რომ მისი შეფარდება არცთუ ხშირად ხდებოდა. კერძოდ: უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, 2008 წელს სასჯელად გამასწორებელი სამუშაო მხოლოდ 3 პირს აქვს შეფარდებული, 2009 წელს - არც ერთს. ჯარიმები კი 2008 წელს საქმეთა სულ 5 პროცენტის შემთხვევაშია გამოყენებული, 2009 წელს - 7,7 პროცენტის შემთხვევაში. 2010-2011 წლებში ალტერნატიულ სასჯელმისჯილთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა არა რადიკალურად - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა დაეკისრა 186 პირს, 2010 წლის იანვარში კი ასეთი მოქალაქე 121 იყო.
როგორც ტაბულას უზენაეს სასამართლოში განუცხადეს, ამ სტატისტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებული პრობლემები გახლდათ. ალტერნატიულ სასჯელად შრომის შეფარდების შემთხვევაში სახელმწიფო რამდენიმე გამოწვევას ხვდება - პირველ რიგში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სამუშაო ადგილები უნდა გამოყონ მათთვის, ასევე უნდა არსებობდეს შრომამისჯილის გაკონტროლების ეფექტიანი სისტემა.
2011 წლის გაზაფხულიდან ამოქმედებული ცვლილებები გულისხმობს დამატებითი მექანიზმების შემოღებას, რომელიც სასჯელის ამ ზომის შეფარდებას გაამარტივებს და კონტროლის მექანიზმებს დახვეწს. ცვლილებების თანახმად, ალტერნატიული სასჯელი იმ პირებს შეეხებათ, რომლებსაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, არ აქვთ გირაოს გადახდის შესაძლებლობა და საზოგადოებისთვის პოტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენენ. სასამართლო პირს შეუფარდებს სასჯელს და განუსაზღვრავს სამუშაო საათების რაოდენობას, ხოლო პრობაციის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს შრომის სახეს და განახორციელებს კონტროლს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაკავებულ მსჯავრდებულებს გაკეთებული ექნებათ ელექტრონული სამაჯურები, რომელიც უკვე შეძენილია. გაქცევის ან პირობების დარღვევის შემთხვევაში, ისევე - როგორც სამაჯურის მოძრობის, სიგნალი საინფორმაციო ცენტრს მიეწოდება. შედეგად შრომამისჯილს დააპატიმრებენ და სასჯელის ფორმასაც პატიმრობით შეუცვლიან.
საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა შეფარდებულ მსჯავრდებულებისთვის ამ ეტაპზე თბილისის მერიამ 200-მდე სამუშაო ადგილი გამოყო - ისინი ავტობუსების კონტროლიორებად, დასუფთავების და გამწვანების სამსახურებში იმუშავებენ. პრობაციის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ცვლილების მიზანი პატიმრების რესოციალიზაციაა, რაშიც მათ შრომის პროცესში ახალი უნარების ათვისებაც უნდა დაეხმაროს.
ალტერნატიული სასჯელის ამოქმედების პერსპექტივის გარდა, გაზაფხულიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მონახულების ახალი წესებიც ამოქმედდება. საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ პარლამენტარების წინაშე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომელიც პატიმრობის კოდექსში უკვე გათვალისწინებული მუხლის - გრძელვადიანი პაემნების ამოქმედების დაჩქარებას გულისხმობს. ახალი კანონპროექტის თანახმად, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მსჯავრდებულს უფლება მიეცემა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში 24 საათის განმავლობაში იცხოვროს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან ერთად, მსჯავრდებულის ან დასახელებული პირების ხარჯით. წინასწარი ინფორმაციით, პაემნის ღირებულება 65 ლარი იქნება.
ხანგრძლივი პაემანი გავრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებზე და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებზე.
ხანგრძლივი პაემანი გავრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებზე და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებზე. დებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.
ყველა მსჯავრდებულს, რომელზეც გრძელვადიანი პაემანი გავრცელდება, უფლება ექნება ისარგებლოს 24-საათიანი პაემნით წელიწადში ორჯერ და დამატებით მესამე პაემნით - წახალისების მიზნით. არასრულწლოვნები კი პაემნების უფლებით ისარგებლებენ წელიწადში სამჯერ და მეოთხედ - წახალისების მიზნით.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ინფორმაცით, გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტუქტურის მშენებლობა არასრულწლოვანთა №11, რუსთავის №6 და №16 დაწესებულებების ტერიტორიებზე უკვე დასრულებულია. აქ პაემნების პრაქტიკა ცვლილებების დამტკიცებისთანავე ამოქმედდება.
სხვა დაწესებულებებში მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება და სავარაუდოდ, 2012 წლის 1 ივნისისთვის ხანგრძლივი პაემანი ყველა შესაბამის დაწესებულებაში იმოქმედებს.
ცვლილებების თანახმად ფართოვდება მოკლევადიან პაემნებში მონაწილეთა წრეც - მოკლევადიან პაემნებზე პატიმართან შეხვედრის უფლება ბიძას, დეიდას, მამიდას, ბიძაშვილს, ანუ უშუალოდ ოჯახის გარდა, სხვა ახლო ნათესავებსაც ეძლევა. პატიმრები პირველი მარტიდან ვიდეოპაემნების სერვისითაც ისარგებლებენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, გიორგი არსოშვილის განმარტებით, პატიმართან 15-წუთიანი ვიდეოპაემანი 15 ლარი ეღირება. მსჯავრდებულს 15-წუთიანი ვიდეოპაემნით სარგებლობა წელიწადში სამჯერ შეეძლება. ერთ ვიდეოპაემანს, რომელიც პრობაციის ბიუროებიდან განხორციელდება, მსჯავრდებულის სამი ახლობელი შეიძლება დაესწროს.
ეს სიახლეები სისხლის სამართლის ლიბერალური პოლიტიკის ნაწილია. გასულ წელს ოქტომბერში საქართველოში უკვე ამოქმედდა არასრულწლოვანთა განრიდების სისტემა და პირობით ვადამდე გათავისუფლების ახალი პრინციპი, რომელიც მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოების ამოქმედებას გულისხმობდა. ხუთი თვის თავზე შედეგების გადახედვა ასეთ სტატისტიკურ სურათს გვაძლევს:
პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოების მიერ განხორციელებული ზეპირი მოსმენების შედეგად 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე პირობით გათავისუფლებული 107 პატიმარია. შეგახსენებთ, რომ პატიმრობის ახალი კოდექსის თანახმად, შექმნილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველი საბჭოები.
5-წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით. საბჭოები ყოველი თვის ბოლოს იკრიბება. ამასთან - პირობით ვადამდე გათავისუფლება არ ნიშნავს სასჯელის მოხდისგან სრულ გათავისუფლებას. შემდგომში მსჯავრდებულს პრობაციის ბიურო აკონტროლებს.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა ე.წ. განრიდებას (პროკურორის მხრიდან არასრულწლოვნის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრების გზით): საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განრიდება უკვე ამოქმედდა 7 არასრულწლოვნის მიმართ, სამი საქმე კი განხილვის პროცესშია.
![]() |
7 ნაბიჯი ერთიანი კავკასიისკენ |
▲back to top |
პოლიტიკა
საქართველო-თურქეთი
დიმიტრი ავალიანი
„ჩემი სურვილია, არსებობდეს ერთიანი კავკასია” - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12 თებერვალს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ამ იდეის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ესაუბრა და რეგიონში გახსნილი საზღვრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და თურქეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება გახდება.
როგორც მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მაისიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მანქანიდან გადაუსვლელად, თანაც პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობით გახდება შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის „მისაბაძი მაგალითი” გახდეს. თუმცა, პრეზიდენტმა აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღის დაურეგულირებელი კონფლიქტი რეგიონის სახელმწიფოთა დაახლოებას ხელს უშლის.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ახმეთ დავუთოღლუ ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს ესაუბრა და სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, „კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონალური საკითხები” და ნაბუქოს გაზსადენის პროექტის რეალიზაციია განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის თაობაზეც იმსჯელეს. მოლაპარაკებები ანკარასთან საქართველოში სამი მეჩეთის რეკონსტრუქციის და ერთის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოშკის, ხანძთის, იშხანის სამონასტრო კომპლექსების და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციას შეეხება. გრიგოლ ვაშაძის თქმით, აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი მომზადდება, ის საზოგადოებასთვის ცნობილი გახდება. თავის მხრივ დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, „რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ძირძველი ისტორია”. მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლები ასევე თურქეთის კულტურული მემკვიდრეობაცაა.
ბოლო წლებში ოფიციალური ანკარა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ზოგიერთი ექსპერტი თურქეთის ახალ რეგიონულ პოლიტიკას „ნეოოსმანიზმსაც” უწოდებს. მას სათავე 90-იან წლებში თურგუთ ოზალის პრემიერობის დროს დაედო, განვითარება კი ზომიერად ისლამისტური სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰპოვა. ახალი ხედვის შესაბამისად, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგი სწორედ თურქეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრია, თურქეთი არა ევროპის, NATO-სა და აზიის განაპირას, არამედ ევრაზიის შუაგულში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებს, როგორიცაა ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი და კავკასია.
მოსკოვთან ხაზგასმით კარგი ურთიერთობების მიუხედავად, ექსპერტები, ანკარის ახლანდელი კურსის ფარგლებში, რუსეთსა და თურქეთს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად განიხილავენ.
ახალი რეგიონული ინიციატივა ანკარამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს გააჟღერა. 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვში ყოფნისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რეგიონული გაერთიანების - კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პლატფორმის - იდეა წამოაყენა.
მალევე ანკარა ყველაზე პრობლემურ მეზობელ სომხეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას შეუდგა. 2008 წლის 6 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული სომხეთს ეწვია და სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან ერთად სომხეთისა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ამან სათავე დაუდო ე. წ. საფეხბურთო დიპლომატიას, რომლის შედეგი 2009 წლის ოქტომბერში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მიერ ე. წ. ციურიხის ოქმების ხელმოწერა გახდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. ამ მოლაპარაკებებს ქვეყნებს შორის საზღვრის გახსნა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
ხელმოწერილი დოკუმენტები, როგორც სომხური ოპოზიციის, ასევე ბაქოს მხრიდან მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელი გახდა 1915 წლის გენოციდის აღიარების საკითხის „გვერდზე გადადება”. ამავე დროს, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ციურიხის ოქმები გააპროტესტა. ეს იმის გამო, რომ თურქეთი სომხეთთან დოკუმენტების გაფორმებას ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გარეშე დათანხმდა.
ანკარა იძულებული გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიცია არაერთხელ მკვეთრად გამოეხატა. ამან, თავის მხრივ, ერევანის გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოოდ, ციურიხის ოქმების ხელმოწერის რატიფიცირება სომხეთისა და თურქეთის პარლამენტების მიერ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
კულტურული მემკვიდრეობის საკითხი ანკარისთვის სომხეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. თურქულმა მხარემ ახტამარის სომხური ტაძარი აღადგინა, გასული წლის სექტემბერში კი იქ, პირველად 1915 წლის მოვლენების შემდეგ, სომხური ღვთისმსახურება ჩატარდა. თუმცა, ეს ფაქტი სომხეთში არაერთგვაროვნად შეაფასეს - პოლიტიკოსთა ნაწილმა მას „თვალთმაქცობა” უწოდა.
იმას, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა მოწესრიგებისგან ჯერ კიდევ შორსაა, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებაც მოწმობს, რომელიც მან 25 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა. მისი თქმით, ანკარა ერევანთან ურთიერთობის დარეგულირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სომხეთს არა მოწინააღმდეგედ, არამედ პოტენციურ მეგობარ ქვეყნად განიხილავს. ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, სომხეთმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, „რაც ამ ევროპული სტრუქტურის პრინციპებს ეწინააღმდეგება”.
„ერთიანი კავკასიის” იდეის განხორციელებას ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ე. წ. მადრიდის პრინციპების თაობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებაც უშლის ხელს. გარკვეული უნდობლობა ანკარის პოლიტიკის მიმართ როგორც ერევანში, ასევე ბაქოში არსებობს. დღეს ანკარისთვის მისი კავკასიური ინიციატივების რეალიზაციისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორად თბილისი რჩება.
![]() |
8 სასწორზე შეგდებული სიცოცხლე |
▲back to top |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
სარკეში ჩახედვა მთელი ცერემონიალია. თურმე ნუ იტყვით, ხშირად მომხიბვლელი ადამიანებიც კი საკუთარ ანარეკლს თვალს არიდებენ. ის, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თავიანთ გარეგნობას სარკეში ცქერისას, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: თუ ცოტა ხნის წინ მსუყე სადილი მიირთვით, მეზობელმა უტაქტოდ მოგახალათ, რომ წონაში მოიმატეთ ან ღმერთი გაგიწყრათ და მოდის ჟურნალი დაათვალიერეთ, შესაძლოა, თავი არასაკმარისად გამხდარი, მომთხოვნი საზოგადოებისთვის არასაკმარისად შესაფერისი ან მეტიც, უშნო მოგეჩვენოთ.
წვრილი კანჭები, გამოკვეთილი ნეკნები, პატარა მკერდი და ძვალამოჩრილი მხრები - გოგონას, რომელიც დღეს მოდელის თავბრუდამხვევი კარიერისთვის იქნებოდა განწირული, ოდესღაც ალბათ აწოწილს, ძვლების გროვას, ან სულაც, უვარგისს უწოდებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ის ნამდვილად ვერ გახდებოდა ამა თუ იმ ცნობილი ხელოვანის მუზა, ზოგიერთ კულტურაში კი სიმდიდრისა და ნაყოფიერების ნამდვილი ანტიპოდი იქნებოდა.
იდეალური წონის აღქმა დღესაც კი მრავალგვარია. შორს რომ არ წავიდეთ, თუ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სტუმრად ჩასულს მოგახარეს, რომ წონაში მოიმატეთ, გული არ გეტკინოთ. ამით მხოლოდ თქვენი შექება სურთ.
ეს - ლოკალურად. ისე კი, ზოგადი ტენდენცია მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ერთმნიშვნელოვანია: მაღაზიების ვიტრინებიდან მომზირალ მანეკენებზე ჩამოცმული კაბები სულ უფრო მცირე ზომის ხდება. ჭარბი წონა გარშემომყოფების ესთეტიკურ ღირებულებებზე ძალადობად აღიქმება. ასეთია გარეგნობის მიმართ წაყენებული თანამედროვე მოთხოვნა. სამაგიეროდ, რეალობაა განსხვავებული: სანამ მოდელები პოდიუმზე შიმშილით გულწასულები ეცემიან, სხვები კი ყოველი ორშაბათიდან ახალ დიეტას იწყებენ, მსოფლიოში მსუქნების რაოდენობა განუხრელად იზრდება.
4 თებერვალს, გავლენიანმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet გამოაქვეყნა კვლევა, რომლის შედეგების თანახმად, სიმსუქნის მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით უკანასკნელი 30 წლის მანძილზე თითქმის გაორმაგდა. კვლევის ფარგლებში გაითვალისწინეს სამედიცინო მონაცემები მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნებიდან. შედეგად განისაზღვრა, თუ როგორ შეიცვალა 1980 წლიდან 2008 წლამდე ადამიანების სხეულის მასის ინდექსი, სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონე. უკანასკნელი ორი რისკ-ფაქტორი დასავლეთ სამყაროს ქვეყნებში შემცირებულია. სამაგიეროდ, აღმოჩნდა, რომ სულ ახლახან, 2008 წლისთვის დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანი მსუქანი იყო და მათ უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ. კვლევამ კარგად აჩვენა ისიც, რომ 80-იანი წლებისთვის სიმსუქნე მდიდარი სამყაროს დამახასიათებელი ფენომენი გახლდათ. დღეს ეს საყოველთაო პრობლემად იქცა. თუ რუკას დავხედავთ, ვნახავთ, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის სიმსუქნის დონე ყველაზე მაღალი აშშ-შია. მაჩვენებელი მომატებულია ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის გარკვეულ ნაწილსა და ავსტრალიაშიც.
მსოფლიოს მასის ინდექსის რუკაზე წონის მატება საქართველოშიც აღინიშნება. თუ 80-იანი წლებისთვის ნორმალური წონის ჯგუფში ვხვდებოდით, ახლა ჭარბი წონის ჯგუფში გადავედით. ქართველი ენდოკრინოლოგებიც ადასტურებენ, რომ ზოგად ტენდენციას არ ჩამოვრჩებით და სიმსუქნის ხარისხის მატება აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მედიცინის დოქტორის, ექიმ-ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის თქმით, სიმსუქნის პათოლოგიის გამოვლინებამ საქართველოში ორ-სამჯერ მაინც მოიმატა.
ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც ესადაგება. მათი მიხედვით, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები 2009 წლისთვის წინა რვა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. მონაცემთა ცვლილება დაავადებათა დარეგისტრირების რაოდენობის ზრდასაც შეიძლება დავუკავშიროთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია: როდესაც ადამიანს აღენიშნება ჭარბი წონა და მით უმეტეს, სიმსუქნის ხარისხი, ეს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემებს წარმოშობს. სიმსუქნე და მისგან გამოწვეული შედეგები ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ინფარქტი, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, სექსუალური და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა, დისკომფორტი, რომელსაც იწვევს ჭარბთმიანობა, ოფლიანობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გართულებებისა, რაც ამ პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს, თუ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებებს ენდოკრინული გამოკვლევების ჩასატარებლად დროულად არ მიმართავს.
საქმე ისაა, რომ ადამიანებს სიმსუქნის დაავადებად აღქმა უჭირთ, მანამ, სანამ რაიმე სერიოზული ჩივილი არ შეაწუხებთ. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენდოკრინოლოგიურ კლინიკაში ამბობენ, რომ მათ უფრო ხშირად ისეთი ადამიანები აკითხავენ, ვისაც გარეგნობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და არა ჯანმრთელობასთან. შესაბამისად, პაციენტთა ვიზიტები განსაკუთრებით ზაფხულის წინ აქტიურდება.
წონის დაკლების ეს ყოვლისმომცველი ვნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. სილამაზის აღქმა დროსთან ერთად იცვლება, შესაბამისად, ცვალებადია ადამიანების თვითაღქმაც. კვლევებით მტკიცდება, რომ საერთო ჯამში „ლამაზი” ხალხი მეტად წარმატებული, მეტად დაფასებულია და უკეთესად „იყიდება''. ამიტომ, მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს, რომ ეპოქის იდეალს ფეხი ავუწყოთ. არადა, ამერიკელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მასმედიაში და პოპ-კულტურაში გამეფებული წონის სტანდარტების მიღწევა რეალურად პოპულაციის სულ რაღაც ხუთიოდე პროცენტს შეუძლია. დანარჩენებისთვის ეს აუხდენელ და მტანჯველ ოცნებად რჩება. თანაც, სიტუაციას კომიკური ელფერიც დაჰკრავს: ქალები შიმშილობენ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს გადადიან, ოღონდ კი შეძლებისდაგვარად ნაკლები წონა ჰქონდეთ. მაშინ, როდესაც, კვლევებს თუ დავუჯერებთ, მამაკაცების უმრავლესობას სულაც არ იზიდავს ძალიან გამხდარი ქალები.
დიეტის ინდუსტრიის მოგება მარტო აშშ-ში წლიურად ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოს მაჩვენებლები ბევრად მოკრძალებულია, თუმცა, სხეულის გახდომასთან დაკავშირებული პროგრამები, საკვები, აბები თუ პერსონალიები სულ უფრო პოპულარული ხდება. გასაკვირი არც ისაა, რომ ფულის გადახდას უმრავლესობას სრულყოფილების მზა რეცეპტი ურჩევნია: ინტერნეტ-ფორუმებზე, ვებსაიტებზე თუ ყვითელ პრესაში ათასი ინტერპრეტაციით იწერება, იკითხება და გადაიწერება იმ ადამიანთა კვების რაციონი და რეჟიმი, რომელთაც წონაში დაიკლეს. მაკა კორინთელი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეზობლის, მეგობრის თუ ინტერნეტში ამოკითხული დიეტით ვიხელმძღვანელოთ. დიეტა პირველ რიგში ჯანმრთელი კვებაა. ორგანიზმის გამოკვლევის გარეშე თვითდანიშნული „შიმშილით” კი არც გართულებები აყოვნებს და არც ე.წ. იო-იოს ეფექტი - დაკარგული წონის ორმაგად ანაზღაურება.
კვების ჯანსაღი წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მშიერ დედებს უყვართ, როცა საკუთარ პატარებს უზომო რაოდენობის არაჯანსაღი საკვებით „ანებივრებენ” ან სულაც, აძალებენ. „სწორი ფიზიოლოგიური კვება - რაოდენობრივი და საათობრივი - და თქვენ წონის პრობლემა არასოდეს გექნებათ” - ენდოკრინოლოგების აზრით, ეს გამოსავალია. თუ, რა თქმა უნდა, ჭარბმა წონამ უკვე არ შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები. სიმსუქნე ენდოკრინული პათოლოგიაა და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ხოლო თუ ზედმეტი ხუთი კილოგრამის მოსაშორებლად შიმშილს გადაწყვეტთ, იფიქრეთ, რამდენად მომხიბვლელი იქნება თქვენი გამხდარი სხეული ექიმის კაბინეტში.
![]() |
9 სახელმწიფო კაპიტალიზმი |
▲back to top |
გიგა ზედანია|სვეტი
რეცენზია წიგნზე: Ian Bremmer, The End of the Free Market. Who Wins the War between States and Corporations?, New York, 2010. იან ბრემერი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი და რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია. ამ წიგნებს შორის უკანასკნელი ნამდვილი ბესტსელერიც გახდა გასული წლის აშშ-ში. წიგნი, რომლის სახელიცაა „თავისუფალი ბაზრის დასასრული. ვინ იგებს ომს სახელმწიფოებსა და კორპორაციებს შორის?”, თანამედროვე ეკონომიკური სისტემის შიგნით გაჩენილი საფრთხის შესახებ მოგვითხრობს.
საფრთხეს სახელმწიფო კაპიტალიზმი ჰქვია. ტერმინი საკმაოდ ძველია და მე-19 საუკუნის სოციალისტებთან ჩნდება. მსოფლიოში, რომლის განმსაზღვრელი პროცესები გლობალიზაცია და სახელმწიფოების დასუსტება უნდა იყოს, ეს ტერმინი თითქოს სერიოზულად უნდა მოძველებულიყო. მაგრამ ბრემერის დიაგნოზი საპირისპიროს გვეუბნება - სახელმწიფო კაპიტალიზმი წარმოადგენს სისტემას, სადაც სახელმწიფო აკონტროლებს ბაზარს ძირითადად პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კორპორაციები, რომლებიც სტრატეგიული ინდუსტრიების მონოპოლისტებად იქცევიან (მაგ., ნავთობი და გაზი რუსეთისათვის), ავტოკრატებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ კაპიტალისტური სისტემისათვის დამახასიათებელი ხეირი ისე, რომ უარი თქვან პოლიტიკურ თავისუფლებაზე.
ბრემერი კაპიტალიზმის სამ ფორმას გამოარჩევს ერთმანეთისგან და მათი კლასიფიკაციისას იყენებს სპორტული თამაშის მეტაფორას, რათა ნათელი გახადოს თავისი მთავარი თეზისი:
1. თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი - სახელმწიფოს მსაჯის ფუნქცია აქვს, რომელიც უზრუნველყოფს აღიარებული წესების დაცვას; აქ მოთამაშეები ერთმანეთთან ნამდვილ კონკურენციაში არიან ჩართულნი. ეს იდეალია, რომლის მიღწევისკენაც მიისწრაფვიან ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური სისტემები.
2. პოსტსაბჭოთა ტიპის კაპიტალიზმი - თითქმის უწესო სისტემა, სადაც სახელმწიფო მსაჯის როლს კი არ ასრულებს, არამედ ჩართულია კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ბრძოლაში. აქ ყველაზე ძლიერი იმარჯვებს, ხოლო ყველა დანარჩენი - პირწმინდად აგებს თამაშს.
3. სახელმწიფო კაპიტალიზმი - ხელისუფლება აკონტროლებს მსაჯებსაც და მოთამაშეთა ძირითად ნაწილსაც, რათა გავლენა მოახდინოს შედეგებზე. შეზღუდული კონკურენცია ასეთ სისტემაში არსებობს, მაგრამ სახელმწიფო აყალბებს თამაშს ისე, რომ მას წინასწარშერჩეული მოთამაშეები იგებენ (მაგრამ სახელმწიფო კაპიტალიზმი მაინც განსხვავდება საბჭოთა ტიპის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკისაგან, რომელშიც სახელმწიფო აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს: მსაჯებს, მოთამაშეებს და მაყურებლებსაც კი).
საფრთხეს ეს სახელმწიფო კაპიტალიზმი იმიტომ წარმოადგენს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი ქვეყნების ეკონომიკური ღიაობა იმის გარეშე, რომ თავადაც გაიხსნას. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნები ეკონომიკურ რესურსებს საგარეო პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენებენ - მაგალითისთვის რუსული სახელმწიფო კორპორაცია გაზპრომისა და უკრაინის ურთიერთობაც კმარა. ანუ, ასეთი ტიპის სახელმწიფოები შეიძლება თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უსაფრთხოებას დაემუქრონ. ამასთან, კონფლიქტი მათსა და თავისუფალ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ინსტიტუტების ჩარჩოში მიმდინარეობს, რომელთა შიგნით არც დასავლურ ქვეყნებს შორის არსებობს თანხმობა, ხოლო სახელმწიფო კაპიტალიზმის წარმომადგენელი ქვეყნები ხმის სულ უფრო და უფრო მეტ უფლებას ითხოვენ.
იან ბრემერი
მაგრამ სახელმწიფო კაპიტალიზმს აქვს რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის გამარჯვებას თავისუფალ ბაზარზე საეჭვოს ხდის. ჯერ ერთი, მას არ აქვს ისეთი მიმზიდველობა, როგორიც ჰქონდა, მაგალითად კომუნიზმს. ის არაა პასუხი სოციალურ და ეკონომიკურ უსამართლობაზე. ის უფრო მართვის ტექნოლოგიაა, ვიდრე პოლიტიკური ფილოსოფია. ამიტომ ის ვერ გახდება მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრი, როგორსაც კომუნისტური ბანაკი წარმოადგენდა.
მეორეც, სახელმწიფო კაპიტალიზმი ნიშნავს საკუთარი ინტერესების სხვის ხარჯზე გატარების სურვილს. სწორედ აქაა მიზეზი, რატომაც სახელმწიფო კაპიტალისტური ქვეყნები ერთ ბანაკად ვერ ყალიბდებიან.
მესამეც, სახელმწიფო კაპიტალიზმი ეკონომიკურ ეფექტიანობას საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას სწირავს, თანაც ბევრად უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ეს ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ამით ის უარს ამბობს ეკონომიკის განვითარების მექანიზმზე, რომლის ალტერნატივაც არ არსებობს.
ბრემერის წიგნის მთავარი პრობლემა კონფლიქტია მთავარ თეზისსა და მის პრეზენტაციას შორის. პრეზენტაცია ემსახურება მიზანს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნით და სწორედ ის უნდა იყოს ფაქტორი, რომელმაც წიგნი ბესტსელერად აქცია. აქედან ფორმა, რომელიც სათაურიდანვე გვჭრის თვალს: გადაჭარბებული დრამატიზმი, რომ არ ვთქვათ აპოკალიპტიზმი („დასასრული”) და უნივერსალურობის პრეტენზია (წიგნის სათაური რაღაცის დასასრულს კი არა, მთლიანად თავისუფალი ბაზრის დასასრულს წინასწარმეტყველებს). სინამდვილეში, როგორც წიგნიდან კარგად ჩანს, თავად ბრემერსაც არ ჰგონია, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმი გაიმარჯვებს თავისუფალ ბაზარზე. ის ერთი საინტერესო ფენომენის აღზევებას აღწერს, რომელიც სწორედ ბაზრის პარაზიტულ პროდუქტს წარმოადგენს. წიგნის მთავარი ინტერესიცა და ღირსებაც ესაა.
![]() |
10 მირონცხებული ავრორა |
▲back to top |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
20 თებერვალს უკანასკნელი ქართველი მეფის, სოლომონ მეორის დამხობიდან 201 წელი შესრულდა. ამ დროის მანძილზე საქართველოში სამეფო გვირგვინი არავის უტარებია. ორსაუკუნოვანი წყვეტის მიუხედავად, დღეს მონარქისტულ იდეას ეკლესია ლობირებს.
ეკლესიის ავტორიტეტთან ერთად მონარქიზმის წისქვილზე წყალს სხვა გარემოებაც ასხამს. მოსახლეობის ნაწილს ქვეყნის დასავლურ სტანდარტთან მიახლოება მისი ტრადიციებისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია. დემოკრატიული განვითარება და ვესტერნიზაცია თვითმყოფადობის დაკარგვის შიშებს აღძრავს. მონარქია კი განვითარების კონსერვატულ ალტერნატივად არის შემოთავაზებული, რომელიც წინსვლის უსაფრთხო და ნაკურთხ გარანტიად უნდა იქცეს.
მონარქისტები მიიჩნევენ, რომ უცხო ქვეყნის ძალების მიერ დამხობილი ქართველი მეფის ხელისუფლება დღემდე ლეგიტიმურია, რადგან ხალხს მასზე უარი არ უთქვამს. მეფის დაბრუნების გასამართლებლად, ისინი ხშირად ესპანეთის მაგალითსაც იხსენებენ, სადაც ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 1978 წელს მონარქია აღდგა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ესპანეთს ძალიან მოკლე რესპუბლიკური გამოცდილება ჰქონდა - პირველმა რესპუბლიკამ 1873-დან 1874 წლამდე გასტანა, ხოლო მეორემ - 1931-დან - 1939 წლამდე. რესპუბლიკანიზმის ქართული ტრადიცია (1918-21, 1990-დან დღემდე) 2.5-ჯერ უფრო ხანგრძლივია ესპანურზე. ესპანეთში მონარქიის აღდგენისას ჯერაც ცოცხალი იყო თაობა, რომელიც ახლანდელი მეფის ბაბუას, ალფონსო XIII-ეს მოესწრო, მაშინ როცა საქართველოში უკანასკნელად ქართველი მეფე 1810 წელს მეფობდა. ესპანური ვარიანტის მატარებელმა სწორედ 1918-21 წლებში ჩაიარა. ახლა, როგორც ერბოკვერცხიდან უკან კვერცხს ვერ მივიღებთ, ისე თითქმის 20-წლიან რესპუბლიკურ ტრადიციაზე უარის თქმა აღარ გამოვა.
ინგლისელი როიალისტების არგუმენტებიც აბსოლუტურად განსხვავდება ქართველთა შემოთავაზებებისგან. დედოფალი ელისაბედ მეორე ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყნების გარანტორია, მისი ტახტი ტრადიციასთან და რელიგიასთან ერთად, დემოკრატიულ პარლამენტთანაც არის შერწყმული, რომლის მსგავსის შექმნის იდეაც საქართველოში ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს დასამარდა. ბრიტანელებს რესპუბლიკური გარდაქმნები არაფერში სჭირდებათ, იქ მონარქიზმის ხიბლი მის ტრადიციულობაშია. პოლიტიკური მოგების სანაცვლოდ კი საზოგადოებას სამეფო კარისთვის დახარჯული რამდენიმე მილიონი არ ენანება.
თუ ბრიტანელებისთვის მონარქია ისტორიულად გამოცდილ ტრადიციულ ინსტიტუტს წარმოადგენს, ჩვენთან ეს საშიში ექსპერიმენტია. ნაკლოვანებების მიუხედავად, შეუძლებელია, საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ათწლეულები ადამიანმა სანაგვისთვის გაიმეტოს და თავს კონსერვატორი უწოდოს. როგორც ინგლისელი კონსერვატორი რესპუბლიკაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისევე ცხადია, რომ კონსერვატული განწყობების მქონე საქართველოს მოქალაქე კატეგორიულად უნდა შეეწინააღმდეგოს საკუთარი პოლიტიკური ტრადიციების უპატივცემულობას. სპონტანური წესრიგის რადიკალურ ცვლილებას რა შედეგი მოაქვს, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყველას კარგად უნდა მოეხსენებოდეს.
საქართველოში მონარქისტული იდეა სწორედ ტრადიციის წინააღმდეგ არის მიმართული და მის რადიკალურ წყვეტას მოითხოვს. რესპუბლიკის ოცი წელი მეფის დამხობის ორას წლისთავზეც ქართველი ერის ერთადერთი შემდგარი პოლიტიკური ტრადიციაა. მეცხრამეტე საუკუნიდან ჩვენ სხვა საკუთარი პოლიტიკური გამოცდილება არ გვქონია. კარგია თუ ცუდი, სუვერენიტეტის შენარჩუნება რომ შევძელით - პატარა მიღწევა არ არის. შერჩევითი ტრადიციონალიზმი კი არ არსებობს. ტრადიცია სრულად უნდა მივიღოთ და ევოლუციური განვითარების საშუალება მივცეთ.
ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ისტორიის ღრმა წარსულიდან მირონცხებული მონარქის მოხმობას აპირებს. მიზნის მისაღწევად, სელექციური შეჯვარების მეთოდით, ბაგრატოვანთა ორი გვარის წარმომადგენლებს ჯვარი დასწერეს. ანა და დავით ბაგრატიონების შვილს გვირგვინი უნდა მოუმზადონ და მეფედ დასვან. ამ წამოწყებას ბევრი აკრიტიკებს, როგორც კონსერვატულ აბსურდს. თუმცა, რეალურად, საქართველოში მონარქიზმს კონსერვატიზმთან არაფერი აკავშირებს.
„როგორც იტყვიან, ძველქართული ანდაზური გამოთქმით „ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის”. ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხვდეთ”, - წერს მამა არჩილ მინდიაშვილი. ლოგიკა შემდეგია: თუ ბუზებს დავხოცავთ და საქართველოსგან სკას გავაკეთებთ, ჩვენს ქვეყანაში რძე და თაფლი იდენს. საქმე ის არის, რომ კომუნისტების მსგავსად, საპატრიარქოსაც სჯერა, რომ საზოგადოებრივი ყოფის გაუმჯობესება შესაძლებელია. ეს ერთ ელიტურ ჯგუფში ჩასახული „გონივრული” იდეების თანმიმდევრული დანერგვითა და ადამიანებისთვის თავსმოხვევით უნდა მოხდეს. გამოცდილება აჩვენებს, რომ საზოგადოების კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, მსგავსი დამოკიდებულება არაფრით განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი „უკლასო საზოგადოების” მშენებლობისაგან. ეს სოციალური ინჟინერიაა და საკუთარი პრინციპით მონარქიის თანამედროვე იდეა სოციალისტურ უტოპიას ემსგავსება. მას სურს, საზოგადოების გაკეთილშობილება გეგმიურად მოახდინოს. ზუსტად ასევე ცდილობდნენ საბჭოეთის იდეოლოგები - იდეალურ საზოგადოებაზე საკუთარი წარმოდგენებიდან გამომდინარე - სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ ისტორია. გასულ საუკუნეში მდინარეებს უცვლიდნენ კალაპოტს და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნაცვლად ცენტრალური აზიისკენ მიმართავდნენ, ახლა სურთ, ჯერ არშობილ ჩვილს გვირგვინი დაადგან. თუ კომუნისტებს მონარქიის ზეციური წარმომავლობის არ სჯერათ, საპატრიარქო საკრალურ მხარეზე აკეთებს აქცენტს. ამბიონიდან მორწმუნეებს უქადაგებენ, რომ მეფეს ღვთის განსაკუთრებული მფარველობა აქვს, ხოლო მათი გასაჭირი სხვა გარემოებების კი არა, სწორედ მონარქიის არარსებობის ბრალია.
საქართველოში აპრობირებულ პოლიტიკურ მოდელებსაც უჭირთ ხეირის მოტანა. ალბათობა იმისა, რომ მონარქისტული ახირებით დემოკრატიის გაძლიერება მოხდება, ნულის ტოლია. იდეა უკვე დგას სეკულარული პრინციპის უარყოფაზე.
საპატრიარქოს არც ცალკეული მეფეების საგმირო საქმეებზე ხაზგასმა გამოადგება ვალიდურ არგუმენტად პოლიტიკური მოწყობის საკითხის გადაწყვეტისას. ისტორიას ყველანაირი მონარქი ახსოვს - შეურიგებელი მეამბოხეც, ზაქიჭამიაც, შორსმჭვრეტელიც, ბეციც, გმირიცა და მოღალატეც.
ქართველმა მონარქებმა ვერც ორასი წლის წინ შეძლეს პოლიტიკური სიკეთის მოტანა. გეორგიევსკის ისტორიულ კატასტროფას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი თავი მონარქიამ მაშინ ამოწურა, როცა სასახლის კარის ინტრიგებისა და დინასტიური მოსაზრებების გამო, ერეკლე მეორემ საქართველოს გაერთიანებაზე უარი განაცხადა. დაქუცმაცებულმა ქვეყანამ ვერც შინაგან სნეულებებს უმკურნალა და ვერც მომხვდურს გასცა საკადრისი პასუხი. უფრო მეტიც, სწორედ მისი დაქუცმაცებულობა გახდა ყველა მტრისთვის ერთგვარი მოსაწვევი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ სიონის ტაძარი ალყაში აღმოჩნდა და ამას ვერაფერი დავუპირისპირეთ. ქართული მონარქიისა და სახელმწიფოს განადგურებაში, რუსებთან ერთად, არანაკლები წვლილი სწორედ ერეკლე მეორეს აქვს შეტანილი.
თუმცა, რა საჭიროა კონსტიტუცია, როცა ბაგრატიონებს, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ქვეყნის მართვის გენეტიკური მეხსიერება აქვთ. საინტერესოა, მომავალ მეფეს გენეტიკურად უფრო დავით აღმაშენებელი ეხსომება, თუ გიორგი ზაქიჭამია? ან ამ მეხსიერებაში გეორგიევსკის ტრაქტატი როგორაა ასახული?
![]() |
11 ჯანმრთელობის დაზღვევის აუდიტი დამნაშავის ძიებაში |
▲back to top |
ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი
კონტროლის პალატამ საზოგადოებას გააცნო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები. სატელევიზიო ინტერვიუებში თქვეს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა 2008-2010 წლებში სახელმწიფოსაგან მიიღეს 284 მილიონი ლარი, მოემსახურნენ დაზღვეულთა მეხუთედს და მიზნობრივად მიღებული თანხის მხოლოდ 40%25 დახარჯეს. კომპანიებმა მოგების სახით მიიღეს დარჩენილი 170 მილიონი. დასკვნაში ვკითხულობთ:
„ამდენად, დაზღვევის სექტორი ხასიათდება მომეტებული რისკებით და ნაკლოვანებებით:
1. სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა;
2. სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება;
3. სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
4. პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება;
5. პროგრამის მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება”.
ლოგიკურად დალაგებული კონტროლის პალატის დასკვნა გასაგებ ქართულ ენაზე ასე ითარგმნება:
1. კერძო ბიზნესის ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ ნება-სურვილის მიხედვით არ მოემსახურონ საკუთარ კლიენტებს („არაკეთილსინდისიერი ქმედება”);
2. არაკეთილსინდისიერების აღსაკვეთად საჭიროა მთავრობის მიერ დაზღვეულების დაცვა (მკაცრი რეგულირება);
3. კერძო კომპანიები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა ღარიბებს მკურნალობის თანხა არ გადაუხადონ („ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა”);
4. დაზღვეულები არ არიან ინფორმირებულები რა პროდუქტი აჩუქათ მათ სახელმწიფომ და არ იციან მისი გამოყენება („არასაკმარისი ინფორმირება”);
5. დაზღვეულების სია, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებმა სახელმწიფოსაგან მიიღეს, არაზუსტია. კანონიერად დაზღვეულები სიაში არ არიან ან სიაში მოხვდნენ შემთხვევითი ადამიანები შეცდომით („ბაზის ცდომილება”).
აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება: სამართლიანობის აღსადგენად ვინმე უნდა დაისაჯოს, მთავრობის კონტროლი უნდა გაძლიერდეს ან სისტემა შეიცვალოს.
პრობლემის ერთი ნაწილი ტექნიკურია და ეხება არითმეტიკას. მეორე ფუნდამენტურია და იდეოლოგიას ეხება.
ჯი-პი-აი ჰოლდინგმა, პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ საჯაროდ გააპროტესტა ბრალდება და აბსოლუტურად განსხვავებული ციფრები წარმოადგინა. მაგალითად, კომპანია აცხადებს, რომ მისმა მოგებამ 34 მილიონი ლარის ნაცვლად, ოთხი წლის მანძილზე 7 მილიონამდე ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი სადაზღვევო ინდუსტრიის ფინანსური მდგომარეობის ზედამხედველია. მის 2009 წლის ანგარიშში მოტანილია 2008-2009 წლების მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ზარალიანობის კოეფიციენტი, კონტროლის პალატის ინფორმაციისაგან განსხვავებით, თითქმის ორჯერ მეტია.
არითმეტიკა პრობლემის ტექნიკური და მარტივად დასაზუსტებელი ნაწილია.
რაც შეეხება ფუნდამენტურ ნაწილს, პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარის ინფორმირებულობას რაციონალური ახსნა აქვს. ინფორმირებულობა მკვეთრად ზრდის ხარჯებს და სახელმწიფოს და კერძო კომპანიების ინტერესები ამ ნაწილში დაემთხვა. მოსახლეობისათვის ღირებული პროდუქტის დეტალურად გაცნობის და მისი მოხმარების წესების შესწავლით მკვეთრად გაიზრდება ხარჯები. ასეთ შემთხვევაში მთავრობას იგივე რაოდენობის დაზღვეულების შესანარჩუნებლად, ან დამატებითი დაფინანსების მოძიება ან დაზღვეულების რაოდენობის ანაც მომსახურების მოცულობის შემცირება მოუწევდა.
პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება ერთმნიშვნელოვნად ჯანდაცვის უწყების მიმართულებით გამოთქმული შენიშვნაა და შედეგიც უკვე ცნობილია.
ბოლო პერიოდში ხშირად ისმის „სპეკულატიური ფასები” ან „ზემოგება”. რიგითმა ადამიანმა ამ ტერმინების შესახებ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ მათ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების არსებობის დროს ამ ტერმინებს შინაარსი არ აქვთ, თუმცა როდესაც ამ ტერმინებს მთავრობების წარმომადგენლები ხმარობენ, მათი მიზანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება საკუთარი უფლებების და კომპეტენციების გასაზრდელად მოქალაქეების თანამშრომლობის თავისუფლების შეკვეცის ხარჯზე.
მცირე ისტორიამ შესაძლებელია უფრო ნათელი გახადოს მდგომარეობა. 2006 წელს, განადგურებული ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ხარჯებით რეაბილიტაცია არარეალური ჩანდა. მეტ-ნაკლებად ქმედითი სისტემის შესაქმნელად საჭირო იყო სისტემის ყველა ნაწილში ინვესტირება. თუ არჩევანი გაკეთდებოდა ცენტრალიზებულ, არაკონკურენტულ სისტემაზე, მაშინ მისი შექმნა პოლიციის რეფორმის მსგავსად თითქმის ნულიდან უნდა მომხდარიყო. იმავე პერიოდში არც კერძო კომპანიები არსებობდა დღევანდელი სახით. ამიტომ კერძო კომპანიებისათვის მოსახლეობის დასაზღვევად ფულის მიცემა, მათ მიერ ამ რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარი ორგანიზაციული განვითარებისათვის გამოყენებასაც ნიშნავდა. ცნობილია, რომ არჩევანი მეორე ვერსიაზე გაკეთდა.
ნებისმიერი მომსახურების თუ პროდუქციის წარმოება კერძო კომპანიას სახელმწიფოზე უკეთესად იმიტომ გამოსდის, რომ შეცდომების გამო მას სახელმწიფოს ნაცვლად კოლეგა კონკურენტები სჯიან. ამიტომ არჩევანი კერძო სექტორის სასარგებლოდ გაკეთდა ერთადერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობით - სისტემა კონკურენტული უნდა ყოფილიყო. კონკურენცია მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის გარეშე შეუძლებელია.
2007 წელს 7.94-ლარიანი ვაუჩერის პირობებში კომპანიებმა წელი წმინდა ზარალით დაასრულეს და დღის წესრიგში დადგა ვაუჩერის ფასის გადახედვის თემა. 2008 წელს ეტაპობრივად შემოვიდა 11.01-ლარიანი ვაუჩერი. ფასი მიმზიდველი აღმოჩნდა და კომპანიებს შორის რეალური კონკურენცია დაიწყო. 2009 წელს კიდევ ერთხელ მოხდა ფასის ზრდა და ვაუჩერის ღირებულებამ 15 ლარამდე მოიმატა. ახალი ფასით კომპანიები ისე მოიხიბლნენ, რომ ვაუჩერის მფლობელების მოსაზიდად თუ გადასაბირებლად უამრავი მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის ექიმებთან, სოციალურ აგენტებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგება და საკვები პროდუქტების დარიგებაც კი. კონკურენციის ასეთი ფორმა ბიზნესის მორალზე მზრუნველ ადამიანებს არ მოეწონათ. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ტომარა ფქვილი ოჯახისათვის სამედიცინო დაზღვევაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. თავი დავანებოთ მორალს, მთავარია, რომ დაზღვეულების მოზიდვის მეთოდების კრიტიკოსებიდან არავის მიუქცევია ყურადღება მთავარი მიზეზისათვის - მთავრობის მიერ ფასის ნახტომისებური ზრდისათვის. იგივე მოტივაცია შეიქმნება, ხვალ თუ მთავრობა გადაწყვეტს GPS-ით და კომპიუტერული სისტემით აღჭურვილი სატელიტის მეშვეობით მართვადი ტრაქტორების დარიგებას. შედეგის გამოსაცნობად შერლოკ ჰოლმსობა არ არის საჭირო. ტრაქტორის საჩუქრად მიმღები გლეხები ტექნიკას დაშლიან, კომპიუტერებს ცალკე გაყიდიან და ტრაქტორის სამართავად თანასოფლელ ტრაქტორისტებს გამოიყენებენ. ამის გამო ალბათ გლეხებს დავიჭერთ, მაგრამ როგორ უნდა მოვთხოვოთ პასუხი მთავრობას, რომელიც არარაციონალურ პოლიტიკას ატარებს?
რამდენიმე პოლიტიკური სურვილის შესასრულებლად 2010 წლის გაზაფხულზე მთავრობამ თამაშის წესები კვლავ უცნაურად შეცვალა:
1. ვაუჩერის ღირებულება შემცირდა 15-დან 11 ლარამდე;
2. კომპანიებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობად დაუყენა რაიონული საავადმყოფოების მშენებლობა;
3. გაზარდა სადაზღვევო მომსახურების მოცულობა (დაამატა წამლები).
ახალი პირობების საკომპენსაციოდ, კლიენტების მოზიდვისათვის დასახარჯი ფულის (ე.წ. აკვიზიციური ხარჯების) ვითომ შესამსუბუქებლად მთავრობამ სამი წლით აკრძალა თავისუფალი ბაზრის კომპასის გამოყენება ანუ მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება.
ტრაქტორების არ იყოს, ამ შემთხვევაშიც დღესავით ნათელია რა სტიმულები შეიქმნა. კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დაზღვეულებისათვის მომსახურების შესაზღუდად. რაიონებში რომ საავადმყოფო მომგებიანი იყოს, ისედაც ააშენებდნენ, ხოლო ვაუჩერის ფასის კლებისა და სადაზღვევო პროდუქტის გაზრდის საპასუხოდ ანაზღაურების სასწრაფოდ შეზღუდვაა საჭირო.
ჩნდება იგივე კითხვა: რომ არა მთავრობის მიერ ხელოვნური მონოპოლიების რეგიონების დონეზე შექმნა, საერთოდ შეიქმნებოდა თუ არა პრობლემები? ან ტომარა ფქვილის სანაცვლოდ X კომპანიაში დაზღვევა ჯობდა Y კომპანიის ნაცვლად, თუ სადაზღვევო მომსახურებაზე საერთოდ უარის მიღება რეგიონში ერთადერთი Z კომპანიისაგან?
ჩვეულ სტილში სახელმწიფომ შექმნა პრობლემა, შემდეგ შეეცადა მათ გადაწყვეტას, როდესაც ვერ გადაწყვიტა, დაიწყო დამნაშავის ძებნა და იპოვა. აბა, შვილს ხომ არ დასჯიდა?
![]() |
12 200 მილიონი ახალი ხარჯი მთავრობის პასუხი ფასების ზრდას |
▲back to top |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები, 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები და სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობის მასშტაბური პროგრამა სასაწყობო მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გზით - ეს არის ინფლაციაზე საქართველოს მთავრობის პასუხი.
ხსენებული ინიციატივები საქართველოს ბიუჯეტს ძვირი უჯდება: 20 მილიონი ლარი ერთჯერადი ელექტროვაუჩერებისთვის; 30 მილიონი - საკვების ვაუჩერებისთვის და დამატებით 150 მილიონი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად. სულ - 200 მილიონი ლარი.
200 მილიონი ლარი, საშემოსავლო გადასახადის გეგმის - 1.4 მილიარდი ლარის 14%25-ია. მოსახლეობა ამდენივე შეღავათს მიიღებდა, თუ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 6%25-ით შემცირდებოდა.
იგივეა დღგ-ს შემთხვევაში: 200 მილიონი ლარი დღგ-ს გეგმის - 2.5 მილიარდი ლარის 7.9%25-ია. თუ დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის განაკვეთი შემცირდებოდა 10%25-ით, მოსახლეობა იგივე შეღავათს მიიღებდა; ბიზნესი კი - 200 მილიონი ლარით მეტ საბრუნავ საშუალებას.
სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხები საქართველოს ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა. 2011 წლის ბიუჯეტი მთავრობამ ქამრების მოჭერის პრინციპით დაგეგმა და მიზნად დეფიციტის 6%25-დან 4.3%25-მდე შემცირება დაისახა. საშემოსავლო გადასახადის შემცირებაც 2013 წლამდე თავის დროზე იმიტომ გადაიდო, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის ბოლომდე დასაძლევად ბიუჯეტს მეტი თანხა ჰქონოდა. მეტიც, საგადასახადო წნეხის გათანაბრების მოტივით, დაბეგვრის განაკვეთები ქონებისა და აქციზის გადასახადებზე (რომლებზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდება) გაიზარდა და ზოგადად, დაბეგვრის არეალი გაფართოვდა.
შემცირებული ხარჯების პირობებში, ბიუჯეტში წინასწარ გაუთვლელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, 200 მილიონი ლარის მოსაზიდად მთავრობას რამდენიმე გზა აქვს: დაბეჭდოს ფული და ამით გაზარდოს დეფიციტი და ინფლაცია, ისესხოს ფული (ვალი) ან კიდევ უფრო გაზარდოს გადასახადები.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, 791 მილიონი ლარით გაიზარდა და მშპ-ს 9.3%25 შეადგინა. მთავრობამ დეფიციტის დასაფინანსებლად ორი გზა - სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ვალი - აირჩია.
მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, 863 მილიონი აშშ დოლარით მოიმატა. მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კრიზისულ პერიოდში ვალის მაღალი დონე გამართლებული იყო, რადგან ამ ვალის დიდი ნაწილი დეფიციტის დაფინანსებას ხმარდებოდა და ამიტომ კრიზისის დარტყმა საქართველოზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები იყო.
2010 წელს დეფიციტი 6%25-მდე შემცირდა. თუმცა, საგარეო ვალმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2010 წლის წინასწარი მონაცემებით 9.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ამ ვალის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი დეფიციტის დაფინანსების მთავრობის მიერ არჩეული კიდევ ერთი, განსაკუთრებით რისკიანი გზა - სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაც გახდა.
2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება აეკრძალა, თუმცა მან მაინც მიაგნო გასესხების მეთოდს. სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სქემის მიხედვით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამის შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამით მთავრობა ფულის მასას და ინფლაციას ზრდის.
ეროვნული ბანკი ბეჭდავს ზედმეტ ფულს, რომელზე მოთხოვნაც არ არსებობს. ეს ფული კერძო სექტორს არ ეკუთვნის, შედეგად, ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე ფული, რამდენიც ადრე ჰქონდა, მხოლოდ ხაზინას - მეტი. რადგან ხაზინის ახალ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს.
ბოლო პერიოდში, ფულის მასამ ქვეყანაში თითქმის 6-ჯერ, ხოლო ფასებმა თითქმის ორჯერ მოიმატა.
2010 წლის პირველ კვარტალში წინა წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ინდექსი 2.4%25-ით გაიზარდა. ამას იანვარ-აგვისტოში ინფლაციის დონის 4.1%25-იანი ზრდა მოჰყვა. 2010 წლის მარტში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3%25-ით, ხოლო აგვისტოში - წინა წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის 10%25-ით გაუფასურდა. კურსის გაუფასურება უარყოფითად აისახა საგარეო ვალზეც, რადგან სესხები უმეტესად სწორედ აშშ დოლარშია დენომინირებული. საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 12.3%25-ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფლაციასთან საბრძოლველად, დამატებითი 200 მილიონი ლარის მოზიდვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ზრდის წნეხს მოსახლეობაზე - ინფლაციაც და ვალიც ჩვეულებრივი გადასახადებია, რომლებსაც მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. ამასთან, სახელმწიფო 200 მილიონ ლარს უარყოფითი შედეგების მისაღებად ხარჯავს.
გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირიქით, წნეხი მოსახლეობაზე მნიშვნელოვნად მცირდება. ჩნდება კერძო სექტორში დასაქმების რეალური საშუალება. ამასთან, საქართველო იქნებოდა განსხვავებული ქვეყანა, რომელმაც კრიზისთან ბრძოლაში განსხვავებული გზა აირჩია. ამგვარ კონკურენტუნარიან უპირატესობებს საქართველოსთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ეს დადებითად აისახებოდა საერთაშორისო რეიტინგებზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გზა კიდევ უფრო გაიხსნებოდა. ფულიც უკეთესად დაბანდდებოდა: დაბალი გადასახადის პრინციპია - ნაწილი აკლდება ბიუჯეტს, მაგრამ გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის ხარჯზე უფრო მეტი ისევ უკან უბრუნდება.
![]() |
13 მთავარი გამოწვევა ინფლაციაა |
▲back to top |
ტაბულა|ფოკუსი
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
„რომ არა საპრივატიზაციო პროცესი და საინვესტიციო მიმართულება, ეკონომიკის სამინისტრო დღესვე გასაუქმებელი იქნებოდა. იმედია, რამდენიმე წელიწადში ეს ასეც მოხდება”.
ვერა ქობალია
ქართული ეკონომიკის გამოწვევებსა და მიღწევებზე ტაბულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას ესაუბრა.
რა მიგაჩნიათ ქართული ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად?
დღეს მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. სურსათის ფასების მატება განსაკუთრებით მტკივნეულია იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი დაბალია და მთელი ფული საკვებზე იხარჯება. განვითარებული ქვეყნები, მაგალითად აშშ ან კანადა, განიცდის ინფლაციას, მაგრამ იქ ხალხს შემოსავალი მაღალი აქვს და ეს პროცესი ისე არ აწუხებს, როგორც ჩვენს მოსახლეობას.
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ჩინეთი ახსენა, როგორც ინფლაციის წყარო, რის გამოც ის გააკრიტიკეს. რა არის ამაში გაუგებარი? ცხადია, მილიარდიანი ქვეყნის საშუალო კლასი როდესაც ვითარდება, მისი მოთხოვნაც იზრდება და დივერსიფიცირებული ხდება, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა ფასების მატებას იწვევს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზეც. ამაზე მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტი კი არა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები საუბრობენ - მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი.
იმისთვის, რომ საქართველომ უკეთ გაუძლოს გამოწვევებს, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა და პოლიტიკური სპექტრი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის მომავალს. მე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და იქიდან ვადევნებდი თვალყურს 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა უკან დაგვხია, ეკონომიკას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა და ბევრი ინვესტიცია დაგვაკარგინა.
ინვესტორებს ჩვენი მეზობელი რუსეთიც აფრთხობს, ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანამ შეიძლება სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგას. მეორე მხრივ, დადებითად მოქმედებს ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და პოლიტიკური შიდააშლილობის მიუხედავად, წინ მივდივართ და ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორ გზას ვადგავართ.
მილტონ ფრიდმანს თუ დავუჯერებთ, ინფლაცია ყველგან და ყოველთვის მონეტარული ფენომენია. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ინფლაციას მთავრობის მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი?
მონეტარული პოლიტიკაც რასაკვირველია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი და არა - ერთადერთი. რთულია განსაზღვრო მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა რომელმა ნაბიჯმა გამოიწვია ინფლაცია. ეს რომ ცხადი იყოს, რასაკვირველია არ გადავდგამდით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ორნიშნა ინფლაცია შემცირდეს. ვფიქრობ, წლის განმავლობაში ამ მიზანს მივაღწევთ.
საქართველო ერთი მხრივ ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს, მეორე მხრივ - მაგალითებად შვეიცარიას და სინგაპურს ასახელებს, მაშინ როდესაც არც ერთი ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის…
გამეცინა პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფი რომ მოვიდა ბანერებით „ევროპა ვერსუს სინგაპური“. ეს შეცდომაა, რეალობა სხვანაირია - „ევროპა პლუს სინგაპური“
ბევრი კრიტიკა მესმის იმასთან დაკავშირებით, რომ სინგაპური იმიტომ დავიჩემეთ, რომ იქ ტოტალიტარული რეჟიმია და მაინცდამაინც მაგაში გვინდა დავემსგავსოთ. ეს ასე არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ხალხს კევის ღეჭვა ავუკრძალოთ. კრიტიკოსებმა მეტი უნდა იფიქრონ, ვიდრე გაგვაკრიტიკებენ - გაიაზრონ სად მდებარეობს სინგაპური, რა ზომისაა, რამდენად რთული მეზობელი ჰყავს და მიხვდებიან რატომ ვავლებთ პარალელს ამ ქვეყანასთან. ჩვენ სინგაპურს ეკონომიკურ პოლიტიკაში მივიჩნევთ სამაგალითოდ და არა პოლიტიკური სისტემის კუთხით. გვაქვს იმის საშუალება, რომ გავიაზროთ რა ელემენტები გავითვალისწინოთ და რა შეცდომებზე ვისწავლოთ.
ამას გარდა, ჩვენ სხვა არაევროპული ქვეყნების მაგალითებსაც ვითვალისწინებთ. მაგალითად, თურქეთი ავიღოთ - 20 წლის წინ, თურქეთს არანაირი ტურისტული პოლიტიკა არ გააჩნდა. დღეს მათ 25-წლიანი ტურისტული გეგმა აქვთ და მკაფიოდ განსაზღვრული აქვთ რა მიმართულებები აინტერესებთ.
არ გჭირდება ეკონომისტობა იმისთვის, რომ თურქეთში მოგზაურობისას ამას მიხვდე. სერვისი აიღეთ - ყავას შეუკვეთავ და თვალის დახამხამებაში მოგართმევენ - ხვდები, რომ ტურიზმის განვითარებაზე უკლებლივ ყველა მუშაობს, იმიტომ რომ ამით თავად ხალხი რჩება მოგებული.
ჩვენ შეგვიძლია გულზე ხელები დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ საქართველო ლამაზია, ღვინო გვაქვს, აქ ტურისტი მაინც ჩამოვა - მაგრამ ასე წინ ვერ წავალთ. იმისთვის, რომ მაქსიმუმი მივიღოთ, ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩავდოთ, არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ მოსახლეობამაც. შეიძლება ჩვენი თაობა ვერ მოესწროს წარმოუდგენელ სიმაღლეებს, მაგრამ მომავალ თაობებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ კარგად იცხოვრონ.
რა გზით?
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ლიბერალური ეკონომიკური კურსის შენარჩუნება, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, ამაზე უკეთესს ბიზნესს ვერაფერს შევთავაზებთ, იმისთვის რომ განვითარდეს. ხშირად მესმის, რომ უცხოელ ინვესტორებზე აქცენტირება ხელისუფლების მხრიდან გაღიზიანებას იწვევს. ამბობენ, რომ ყველაფერი თუ უცხოელებმა იყიდეს, ქართველებს აღარაფერი დარჩებათ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველი ხალხი დასაქმდეს და შემოსავალი გაუჩნდეს. თუ შემოსავალი არ ექნათ, თავიანთ, თუნდაც მცირე ბიზნესს რით დაიწყებენ?
ინვესტორი როდესაც შემოდის, ლამაზ ბუნებას კი არ უყურებს, ციფრებს აქცევს ყურადღებას. იცის, რომ მოსახლეობა 4.5 მილიონია, ეს კი ის ბაზარი არ არის, რომ დიდი კომპანია შემოვიდეს. ერთადერთი უპირატესობა რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ - ლიბერალური საინვესტიციო გარემოა. ამიტომ ვსაუბრობთ ყოველთვის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგზე, ამიტომ გვიხარია, რომ რეფორმატორი ქვეყანა ვართ და ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ. სხვა გზა არ არსებობს.
თუმცა არ ვფიქრობ, რომ ყველაფერში ლიბერალური მიდგომა გაამართლებს. როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, ლიბერალური ვერ იქნები, იქ უნდა არსებობდეს სტანდარტი და ეს სტანდარტი დაცული უნდა იყოს. ვგულისხმობ ავიაციას, საზღვაო სფეროს.
რას მიიჩნევთ საქართველოს კონკურენტულ უპირატესობად რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით?
თუ რეგიონად სამხრეთ კავკასიას ავიღებთ, შემდეგ სურათს ვიღებთ: აზერბაიჯანს აქვს ნავთობი. სომხეთს კი ძლიერი და აქტიური დიასპორა. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც ძლიერი დიასპორა. ერთადერთი, რითაც ჩვენ შეგვიძლია მათ შევეჯიბროთ - ლიბერალური და არაკორუმპირებული ბიზნესგარემოა და ბიზნესის დაწყების მარტივი წესები. ამას გარდა, ჩვენი მონაპოვარია ადამიანური კაპიტალი. საქართველოში მოსახლეობის თითქმის 100%25 წიგნიერია.
ჩვენ ფული უნდა ჩავდოთ ინფრასტრუქტურაში - იქნება ეს გზები, წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა - და ვდებთ კიდეც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლება.
ახლახან მქონდა შეხვედრა ყატარის ფინანსთა მინისტრთან. ყველამ იცის, რომ ნავთობის გამო, ეს უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ მათ ისიც კარგად ესმით, რომ დღეს, როდესაც ელექტრომანქანებს იგონებენ, ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს. ამიტომ უამრავ ფულს დებენ განათლებაში, რომ ადამიანური კაპიტალი შექმნან და ნავთობი სპეციალისტებით ჩაანაცვლონ.
ჩვენ, ბუნებრივია, იმ მასშტაბის ფინანსური რესურსი არ გვაქვს, რაც ყატარს, მაგრამ განათლებაში ფულის ჩადებას პრიორიტეტად მივიჩნევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღისთვის.
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, პრეზიდენტმა სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობაზე ისაუბრა. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი თანამშრომლობა?
მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის. რასაკვირველია კარგია, ექსპორტს გავზრდით, მაგრამ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იმპორტის შემცირებაა. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტი ადგილზე ვაწარმოოთ და ადგილობრივი მოთხოვნა, საქართველოში წარმოებული პროდუქტით დავაკმაყოფილოთ. ეს ინფლაციის გამომწვევ გარე ფაქტორებზე ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდის. პრეზიდენტმა ლოჯისტიკურ ცენტრებზე, იგივე სასაწყობე მეურნეობებზე ისაუბრა - ხშირად ხდება, რომ გლეხი იმაზე მეტს არ აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს ან მალევე გაყიდის, რადგან მალფუჭებადი პროდუქტის შესანახი პირობები არ აქვს. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ისეთი საწყობები, სადაც მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობები უზრუნველყოფილი იქნება და მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ბაზარზე გატანას. ეს ექსპორტის კუთხითაც მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი ბაზარი რუსეთი აღარ არის, სადაც ერთჯერადად შეიტანდი პროდუქტს და მერე შეგეძლო სულ აღარ შეგეტანა, აღარავინ გთხოვდა. თუ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა გვინდა, სტაბილური მიწოდება უნდა უზრუნველვყოთ. თანამედროვე საწყობის გარეშე - ეს შეუძლებელია.
სურსათისა და ელექტროენერგიის ვაუჩერებს იღებს ყველა, განურჩევლად იმისა - სჭირდება თუ არა. რამდენად სამართლიანია ეს პოლიტიკა?
გასაგებია კრიტიკოსების არგუმენტი, რომ თუ სურსათზე და ელექტროენერგიაზე ვაუჩერებს ვარიგებთ, სჯობს ისინი უკიდურესად გაჭირვებულებს მივცეთ, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისაც ულხინს. ინფლაციამ ყველას დაარტყა, უკიდურესად გაჭირვებულსაც და ნაკლებად გაჭირვებულსაც. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველას მივცეთ და მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ გამოიყენონ ეს დახმარება, თუ ქველმოქმედება გამოიჩინონ და სხვას გადასცენ. მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორ მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი?
დღეს გუბერნატორებს შევხვდი და პრივატიზაციის საკითხებზეც ვიმსჯელეთ. საქმე წინ მიდის. განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც დაინტერესებული ბიზნესმენები ჯერ კიდევ ელოდნენ, როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური მოვლენები. გაყიდვა პანაცეა არ არის - მნიშვნელოვანია, რომ რასაც გავყიდით - განვითარდეს, ხალხი დასაქმდეს და ფული მოიტანოს. ახლა აქცენტი უნდა გადავიდეს რეგიონებზე. კარგი იქნება, თუ ადგილობრივებზე მოხდება განკერძოება. ვფიქრობ, ისინი უკეთ შეძლებენ რეგიონის საჭიროებების სწორად განსაზღვრას.
პრივატიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საავადმყოფოების განკერძოებაა. აუცილებელია, რომ საავადმყოფოები მათ იყიდონ, ვინც პროფილს შეინარჩუნებს. პროფილის შენარჩუნებას ის შეძლებს, ვისაც სამედიცინო ბიზნესი ესმის. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხს ისე, როგორც ბიზნესმენი, რომელსაც ეს საქმე ესმის. ბუნებრივია, ხარისხის მახასიათებლები პრივატიზაციის პირობებში შედის.
ორი სიტყვით საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტების შესახებ.
სოფლის მეურნეობაზე უკვე ვისაუბრე - ამ სფეროში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული და წარმოება ძალიან დაბალია, რაც სამწუხაროა. ტურიზმის სექტორი - ამ სფეროში უამრავ ადამიანს შეუძლია დასაქმდეს. სამწუხაროდ, ისევ ცოცხალია საბჭოთა მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დაწესებულებაში არ მუშაობ, უმუშევარი ხარ. სერვისის სფეროში დასაქმება ადამიანებს ეთაკილებათ, ფიქრობენ, რომ სხვისი მომსახურება სირცხვილია. ეს არასწორია. შენ თუ სხვას ემსახურები, ის შენ გემსახურება, რადგან ფულს გიხდის.
ჰიდროენერგოპოტენციალი - ჩვენ უზარმაზარი რესურსი გვაქვს ასათვისებელი, მაშინ როდესაც თურქეთი ელექტროენერგიის ნაკლებობას განიცდის.
განათლება - ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს ის პროფესია აირჩიონ, ბუნებრივია, პირველ რიგში, რომელიც აინტერესებთ და ამას გარდა, რომელზეც მოთხოვნაა - ასეთი სფეროა საინფორმაციო ტექნოლოგიები. საქართველოში დღეს ყველას იურისტობა და ეკონომისტობა სურს, მაშინ როცა საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტის მოძიება ძალიან ჭირს. ვის სჭირდება ამდენი იურისტი და ეკონომისტი?
საჭიროა თუ არა ეკონომიკის სამინისტრო?
ეს კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ - არა. აგიხსნით რატომ - რაც ნაკლები იქნება ბიუროკრატია, მით უკეთესი. რომ არა საპრივატიზაციო პროცესი და საინვესტიციო მიმართულება, ეკონომიკის სამინისტრო დღესვე გასაუქმებელი იქნებოდა. იმედია, რამდენიმე წელიწადში ეს ასეც მოხდება.
![]() |
14 ფოტოესე |
▲back to top |
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რეჟისორი ვიმ ვენდერსი, მისი მეუღლე დონატა და გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი. ვენდერსის ფილმ „პინას” ჩვენებაზე. ბერლინის 61-ე საერთაშორისო ფესტივალი
![]() |
15 ქაშმირისათვის მისაბაძი კაირო |
▲back to top |
მსოფლიო
ინდოეთი
ივანე ბაძაღუა
ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი დიქტატურა დასრულდა. ამან მოსაზრებას, რომ ტუნისში დაწყებული რევოლუციური ტალღა არაბული სამყაროს სხვა დიქტატურებსაც გადასწვდებოდა, მეტი სიმტკიცე შესძინა. დღეს ანალიტიკოსები განიხილავენ თუ ვინ იქნება შემდეგი... ალჟირი... იქნებ სირია. შესაძლო „შემდეგში” ყველა ავტორიტარული რეჟიმი მოიაზრება.
ბევრისთვის მოულოდნელად ტალღა ინდოეთს, მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიას მისწვდა. სახელმწიფო არც არაბულ სამყაროს მიეკუთვნება და არც ზემოხსენებული კლასიფიკაციის კრიტერიუმებს იზიარებს. შესაბამისად, ბევრისთვის შესაძლებელია ეს აბსურდადაც ჩანდეს, მაგრამ საკითხი სხვაგვარად დგას.
ეგვიპტელებისა და ტუნისელების ამბოხი და ორგანიზებული ბრძოლა მისაბაძ მაგალითად, მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულ ნაწილში - ქაშმირში აღიქვეს. ქაშმირელებისათვის ზემოთ ხსენებული რევოლუციები სწორედ პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
ქაშმირელმა სეპარატისტმა ლიდერებმა მუბარაქის გადადგომისთანავე განაცხადეს, რომ ეს ახალ ბიძგს მისცემს საპროტესტო გამოსვლებს. მოძრაობა თავისუფლებისათვის ლიდერმა საიდ ალი შაჰ გეელანიმ განაცხადა, რომ „ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები არის მთავარი ნიშანი იმისა, რომ ექსპლუატატორი ძალების დომინირების ეპოქა დამთავრდა... ქაშმირელებმა უნდა გაითავისონ ის დისციპლინა და ორგანიზებულობა, რაც ეგვიპტელმა და ტუნისელმა ხალხმა გამოავლინა... სწორედ ასე მოიმკის ჩვენი ბრძოლა ნაყოფს”.
მოძრაობა თავისუფლებისათვის ერთ-ერთია იმ 26 პარტიის გაერთიანებიდან, რომლებიც „ინდური ექსპლუატაციის წინააღმდეგ იბრძვიან”. მათი უმრავლესობა ქაშმირის ინდოეთისგან გამოყოფისა და პაკისტანთან მიერთების მომხრეა.
ქაშმირელი ახალგაზრდები ქვებს ესვრიან პოლიციას
ფოტო: REUTERS ©
ინდოეთისათვის ქაშმირი ორი მთავარი პრობლემის გამო დამოკლეს მახვილად იქცა: პირველია პაკისტანი, მეორე - დემოგრაფია. ქაშმირში მოსახლეობის 95%25 მუსლიმია. რაც შეეხება პაკისტანს, იგი რეგიონიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ აცხადებს პრეტენზიას ქაშმირზე. ისლამაბადი მოითხოვს გაეროს 47-ე რეზოლუციის შესრულებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას პლებისციტის მეშვეობით უნდა გადაეწყვიტა, ამ ორი სახელმწიფოდან რომელს შეუერთდებოდა.
აქცია ქაშმირის სოლიდარობის დღეს. ლაჰორა
ფოტო: REUTERS ©
ორჯერ, 1947-1965 წლებში, ინდოეთთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ პაკისტანმა ირიბი ჩარევის ფორმა აირჩია. ISI (პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა) აქტიურად ეხმარებოდა ქაშმირში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს. გახშირებული ტერორისტული აქტებისა და ინდუსების შევიწროების გამო ქაშმირში ინდოელ სამხედროთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. შესაბამისად, 2000 წლის შემდეგ ძალადობის მასშტაბები შემცირდა.
ამის მიუხედავად, ინდოეთის სამხედრო ძალებს ქაშმირი არ დაუტოვებიათ. დროთა განმავლობაში ამან მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისათვის პოტენციურად უფრო დიდი საფრთხე შექმნა: ინტიფადას მსგავსი ამბოხი პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ. ახალგაზრდების გარდა მოძრაობამ მათი დები, მშობლები და უფროსი თაობაც მოიცვა. დღეს „ქაშმირული ნაციონალიზმი” სწორედ მათი პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვისა და ავტონომიის გაზრდისკენაა მიმართული. ძნელი წარმოსადგენია, მოსახლეობაში ინდოეთისგან გამოყოფასა და პაკისტანთან შეერთებაში ვინმე მნიშვნელოვან სარგებელს ხედავდეს.
ამ მოძრაობას რადიკალიზმი დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამ და ცენტრალური ხელისუფლების უშედეგო დაპირებებმა შესძინა. 2010 წლის ზაფხულში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის 900-მდე შეტაკება მოხდა. New York Times-ის მონაცემებით არ დაღუპულა არც ერთი ჯარისკაცი, მაშინ როცა მათმა ტყვიამ დაახლოებით 110 ქაშმირელი იმსხვერპლა. ხისტი ძალით ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია - ძალადობა წარმოშობს ძალადობას, შესაბამისად - მეტ წინააღმდეგობას.
2010 წლის ზაფხულის მოვლენების შემდეგ მეტ-ნაკლებად შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება, რაც პროგრესის იმედს წარმოშობს: დაპატიმრებული მომიტინგეები გაათავისუფლეს, გაიხსნა დაკეტილი სკოლები და უნივერსიტეტები, გარდაცვლილების ოჯახებს კი ფინანსური კომპენსაცია გადასცეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიმდინარე წელსაც: იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით ქაშმირში დისლოცირებულ სამხედროთა რაოდენობა 25%25-ით შემცირდება (ეს ნიშნავს 125 ათას სამხედროს). ასევე გადაამზადებენ პოლიციელებს. ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულების მაჩვენებელია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე ინდოეთის სახალხო პარტიას (BJP - ოპოზიციური ნაციონალისტური პარტია, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქაშმირში ინდოეთის სახელმწიფო დროშის აღმართვას გეგმავდა) შესაძლო საპროტესტო გამოსვლების თავიდან ასარიდებლად, ქაშმირისაკენ მსვლელობის მოწყობის შესაძლებლობა არ მისცა.
![]() |
16 ფრანგი მინისტრების უიღბლო შვებულება |
▲back to top |
მსოფლიო
საფრანგეთი
მიხეილ ბასილაია
გასულ ნოემბერს, საფრანგეთის მთავრობის პრაქტიკულად მთელი შემადგენლობის შეცვლა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთვის მომგებიანი სვლა ვერ აღმოჩნდა. პრეზიდენტმა თანამდებობაზე დატოვა პოპულარული პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად გამოცდილი გოლისტი ვეტერანი ქალბატონი მიშელ ალიო-მარი დანიშნა. სიფრთხილემ საფრანგეთის მთავრობას სკანდალი თავიდან ვერ აარიდა.
პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი
ფოტო: REUTERS ©
ხმაური ასე დაიწყო: თებერვლის დასაწყისში გაირკვა, რომ საახალწლო შვებულება ფიიონის ოჯახმა ეგვიპტეში აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობის ფინანსების წყალობით გაატარა. აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის სასტუმროს ხარჯები, ნილოსზე ექსკურსია და თვითმფრინავით ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება მთლიანად ეგვიპტურმა მხარემ უზრუნველყო.
ფიიონი საფრანგეთის მთავრობის ერთადერთი მაღალჩინოსანი როდია, რომელმაც ჩრდილოეთ აფრიკის მთავრობების სტუმართმოყვარეობა იგემა. იანვარში, სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები ძალას იკრებდა, ტუნისს ალიო-მარი ესტუმრა. მინისტრს პარტნიორი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი პატრიკ ოლიეც ახლდა. ფრანგმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ალიო-მარიმ ექსკურსიისთვის ადგილობრივი მსხვილი ბიზნესმენის პირადი თვითმფრინავით ისარგებლა. ტუნისელი ბიზნესმენი საპროტესტო აქციების შედეგად განდევნილ პრეზიდენტ ზაინ ბენ ალისთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა. უკან დაბრუნებული ალიო-მარის განცხადებამ - გასაჭირში მყოფ ბენ ალის საფრანგეთი უშიშროების სპეცდანაყოფებით დახმარებოდა - არაერთი კითხვის ნიშანი დაბადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის კლანის მსხვერპლი აღმოჩნდა. მან გაზეთ Le Parisien-ს განუმარტა, რომ არ ეგონა, თუ ამ ამბავს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვებოდა.
ახლანდელ პოსტზე დანიშვნამდე, ალიო-მარი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე იუსტიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1999-2002 წლებში იგი ექსპრეზიდენტ ჟაკ შირაკის პარტიის - გაერთიანება რესპუბლიკისათვის ლიდერი იყო. ალიო-მარის მთავრობაში მუშაობის 25-წლიანი სტაჟი გააჩნია.
პრემიერ-მინისტრ ფიიონს კი გამოცდილი ფინანსური მენეჯერის რეპუტაცია აქვს. ის ერთ-ერთი პირველი ფრანგი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელმაც ელექტორატი სახელმწიფოს გაკოტრების შესახებ გააფრთხილა.
ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადად წარმოაჩინეს, რომ ფრანგ მაღალჩინოსნებს ჩრდილოეთ აფრიკის რეჟიმებთან ახლო ურთიერთობები აქვთ და ეს ხშირად პოლიტიკურ ჩარჩოებს სცდება. სკანდალი ტუნისისა და ეგვიპტის საპროტესტო აქციებმა გაამძაფრეს. შესაბამისად, ორივე მინისტრი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. სარკოზიმ კი სულაც ახალი წესები შემოიღო - ამიერიდან მაღალი თანამდებობის პირებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ საფრანგეთის საზღვრებს გარეთ დასვენებისთვის. მათი შვებულება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასთან უნდა თავსდებოდეს.
ოპოზიცია მთავრობის წაფორხილებით სარგებლობს. სარკოზის ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა და 30 პროცენტს ჩამოსცდა. დაიწია პრემიერ-მინისტრ ფიიონის პოპულარობამაც, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად მოიაზრება. მედიაში ანეკდოტები და სარკასტული მინიშნებებიც არ წყდება, მაგალითად: რატომ არ გადაედოთ საპროტესტო აქციები სხვა არაბულ ქვეყნებს? პასუხი: იმიტომ, რომ ფრანგ მინისტრებს შვებულება იქ არ გაუტარებიათ.
სკანდალი ჩრდილოეთ აფრიკაში საფრანგეთის სუსტი საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა. ამის დასტურეად სარკოზის ინიციატივით 2008 წელს ჩამოყალიბებული ხმელთაშუა ზღვის კავშირიც გამოდგება, რომლის წევრი ქვეყნების ლიდერები მას შემდეგ აღარც შეკრებილან. ბოლო დრომდე ორგანიზაციის თანაპრეზიდენტი სარკოზისთან ერთად სწორედ მუბარაქი იყო.
ფრანგული საზოგადოება თანამდებობის პირების ამგვარ ქცევას ადრე ყურადღებას არ აქცევდა. ექსპრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი მუბარაქის ხშირი სტუმარი იყო, ჩრდილოაფრიკელი მასპინძლების მიერ ფრანგი პოლიტიკოსების შვებულების დაფინანსება კი ახალი მოვლენა სულაც არ არის. ფრანგები განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ მთავრობა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო მათ ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებდა, სხვა სახელმწიფოში ნებივრობდა. თავად სარკოზიმაც განაცხადა, რომ დრო შეიცვალა და ამბავმა, რომელსაც ადრე ჩვეულებრივად აღიქვამდნენ, დღეს საზოგადოება შეიძლება შოკში ჩააგდოს.
საფრანგეთის პრეზიდენტს მდგომარეობის შეცვლისა და საზოგადოების თავის სასარგებლოდ გაოცებისათვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ალიო-მარი
ფოტო: REUTERS ©
![]() |
17 გახდება თუ არა ვენესუელა შემდგომი ეგვიპტე? |
▲back to top |
მსოფლიო
ვენესუელა
თამარ ზურაბაშვილი
უგო ჩავესი ბავშვებთან ერთად
დღეს მთელი მსოფლიოს თვალყური ეგვიპტისკენ და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. ამის გამო, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ბევრს გამოეპარა.
უკვე წავიდა ის დრო, როდესაც უგო ჩავესი 21-ე საუკუნის სოციალიზმის გავრცელებასა და ბოლივარული მოძრაობის ლიდერობას ცდილობდა. ბოლივარიანიზმი სიმონ ბოლივარის, მე-19 საუკუნის სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელი გენერლის მოსაზრებებზეა დაფუძნებული - რედისტრიბუციული სოციალური პოლიტიკის გატარებასა და სამხრეთ ამერიკის გაერთიანებას ითვალისწინებს. ჩავესის რიტორიკისა და ქმედებების საფუძველს სწორედ ამგვარი ხედვა წარმოადგენს. თუმცა, შინ თუ გარეთ განხორციელებული წარუმატებელი პოლიტიკური რაუნდების შემდეგ, მისი რეჟიმი ახლა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში პოზიციების შენარჩუნებაზე ფიქრობს. უგო 2012 წლის დეკემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების თავიდან არიდებისათვის იღვწის.
ჩავესმა ექსტრაორდინარული შესაძლებლობით - ე.წ. სწრაფი უფლებამოსილებით მოქმედება გადაწყვიტა, რომელიც ძველი ეროვნული ასამბლეის დეკრეტით მიიღო. უგოს 2012 წლამდე შეუძლია მისი გამოყენება, თანაც ისე, რომ ახლად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას ანგარიშს არ გაუწევს. ასამბლეაში ოპოზიცია ხმების 47%25-ით 65 ადგილს ფლობს.
მიუხედავად ამგვარი პოლიტიკური მანევრებისა, რეჟიმის დაცემის მიზეზი, შესაძლოა, სუსტი ეკონომიკა გახდეს. შემოსავლების კლება და ინფლაციის მაღალი დონე ხალხს ხარჯების შემცირებას აიძულებს. უმუშევრობა, ინფლაცია და არცთუ ძლიერი ვალუტა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერას შეასუსტებს. ვენესუელას ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია - ნაციონალიზებული საწარმოები შეფერხებებით მუშაობენ. ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე ყოველკვირეულად ახალი სექტორი ხდება. ბოლო მსხვერპლი ნავთობის მრეწველობა გახდა, რომელსაც ბრალი ზედაპირულ კვლევით ღონისძიებებში დასდეს. მომავალ სამიზნედ ვენესუელას საბანკო სექტორი მოიაზრება, რომელსაც შესასრულებლად წარმოუდგენელი ამოცანა მიეცა - კრედიტების მოცულობის ზრდა, მაშინ, როცა კერძო სექტორი საბანკო სესხებისადმი მცირე ინტერესს ამჟღავნებს.
უგო ჩავესის საწინააღმდეგო აქცია
ჩავესმა მოახერხა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დისტანცირებული ჰყოლოდა. ვენესუელას საგარეო დახმარება პეტროკარიბის - კარიბის ზღვის აუზის ნავთობგაერთიანების ქვეყნებისათვის, რომლებიც ნავთობს შეღავათიან ფასებში იძენენ - ქვეყნებისათვის აშშ-ის საგარეო დახმარებას 10-ჯერ აღემატება. ის ამერიკულ ორგანიზაციებში ვეტოს უფლებით სარგებლობს. ვენესუელას მხრიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შიში, ბოგოტას აიძულებს, კარაკასის რეჟიმის შესახებ საკუთარი აზრი ხმამაღლა არ გამოთქვას.
აღსანიშნავია, რომ დიდ ესპანურ ენერგეტიკულ კორპორაციებთან ნავთობკონტრაქტების გამო, ესპანეთის მთავრობა ვენესუელაში დემოკრატიის პრობლემებზე ვერ საუბრობს.
თუმცა დადებითი ძვრებიც შეიმჩნევა. ამერიკული ქვეყნების ორგანიზაციამ (OAS) განაცხადა, რომ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მიერ განხორციელებულმა ბოლო ნაბიჯებმა ინტერამერიკული დემოკრატიული ქარტია დაარღვია. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზადაა, ამ ქვეყნის ქმედებებს უპასუხოს. რამდენად შორს წავა ეს რეაქცია, რომელი ლათინოამერიკული ქვეყნები აღსდგებიან და მოსთხოვენ OAS-ს ვენესუელაში მიმდინარე პროცესების განხილვას - ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ამის ბევრი მსურველი არ უნდა იყოს.
ჩავესის რეჟიმი შესუსტდა, მაგრამ ჯერ არ დამარცხებულა. 2008 წლის იანვარში შეიქმნა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება - კოალიცია დემოკრატიული ერთობისათვის, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლას გეგმაზომიერი მოქმედებით ცდილობს. ამისათვის მას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის შერჩევა სჭირდება. ასეთებად კი გუბერნატორები - ენრიკე კაპრილასი, პაბლო პერესი და ასევე, ყოფილი მერი ლეოპოლდო ლოპესი - მოიაზრებიან.
აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას მიმართ ახალი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია შეიმუშაოს. ამერიკის კონგრესის წამყვანმა წევრებმა ქვეყნისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ წინადადება წამოაყენეს. ხალხში ჩავესის გმირად ქცევით ვენესუელა რეგიონში მეორე კუბა გახდება. ამიტომაც, აშშ-ის მხრიდან ბრძნული ნაბიჯი იქნება, არ ჩაერიოს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებში, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია კონსოლიდირებას თავადვე ახერხებს. თეთრი სახლის აქტიური ჩარევა პრობლემას მხოლოდ გაამწვავებს. აშშ არა ეკონომიკურ ინტერვენციონისტად, არამედ დემოკრატიული გზით ცვლილებების მხარდამჭერად უნდა წარმოჩნდეს.
![]() |
18 მოსკოვის თამაშები კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით |
▲back to top |
დევიდ ჯ. სმითი|სვეტი
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიძი მაეჰარას მოსკოვში 11-12 თებერვლის ოფიციალური ვიზიტის დროს ცივად შეხვდნენ - ისე, როგორც ყველა დანარჩენს, ვინც კი ცივი ომის ყველაზე დაძაბული დღეების შემდეგ სტუმრობდა იქაურობას. იაპონია-რუსეთის ურთიერთობები ამ უკანასკნელის მიერ იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი კუნძულის, ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანისა და ჰაბომაის კლდეების 65-წლიანი ოკუპაციის გამო გაყინულია. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს კუნძულები კურილიის ნაწილს შეადგენენ და ამ თემაზე საუბარი არ სურს.
მაგრამ მოსკოვს ამ კუნძულებთან დაკავშირებით ხმაური ნამდვილად უნდა. შარშან ზაფხულში, რუსეთის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების მეზობლებს არწმუნებდა და უხსნიდა, თუ როგორ სჭირდებოდა რუსეთს ფრანგული საბრძოლო სადესანტო გემი მისტრალი. როგორც მან თქვა, „ჩვენ გვჭირდება ეს გემი წყნარ ოკეანეში მანევრირების შესაძლებლობების გაზრდისთვის - თუ გავითვალისწინებთ ამ გეოგრაფიული რეგიონის მასშტაბებს და იმ ფაქტს, რომ არ გაგვაჩნია შესაბამისი ძალები მის დასაცავად, განსაკუთრებით კი, კურილიის კუნძულების”.
ბუნებრივია, ტალინსა თუ თბილისში შვებით ვერ ამოისუნთქავენ. ფრანგებსა და რუსებს შორის დადებული 25 იანვრის შეთანხმებით ფრანგული გემთმშენებელი კონსორციუმი რუსეთს მისტრალის კლასის ოთხ გემს მიაწვდის. სავარაუდოდ, ბალტიის, ჩრდილოეთ და შავი ზღვებისა და წყნარი ოკეანის ფლოტილიებს საკუთარი მისტრალი ექნებათ.
მისტრალის დანიშნულებაზე გაკეთებული განცხადება მოსკოვის ბოლო ხმაური როდი გახლდათ კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით. სექტემბერში, ჩინეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ, ჰუ ძინტაომ, ყურადსაღები განცხადება გააკეთეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 65-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც იაპონიის 1945 წლის გამარჯვების ერთიანი ხედვა იყო შემუშავებული. რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებამ ამერიკის შეერთებული შტატები წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონის გაბატონებულ ძალად განსაზღვრა.
ამ ერთობლივი ისტორიული ეგზეგეზიდან ორი საკითხი იკვეთება. პირველი - მოსკოვი და პეკინი იაპონიის ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ საერთო მიზანზე მუშაობენ, ერთი კურილიის კუნძულებზე აყენებს პრეტენზიებს, მეორე კი, ჰიდროკარბონით მდიდარ კლდეებზე ოკინავასა და ტაივანს შორის. და მეორე - არც ერთ სახელმწიფოს არ სიამოვნებს ამერიკის გაბატონებული მდგომარეობა წყნარ ოკეანეზე და იაპონიას მის შემცვლელად აღიქვამენ.
მედვედევის ჩინეთში ვიზიტს უფრო ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ, კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იკვეთება. მედვედევმა და ჰუმ ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო და თევზჭერის სფეროებში და გახსნეს აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის ნავთობის მილსადენის განშტოება, რომელიც დაქინში (ჩინეთი) ჩადის. ამის შემდეგ მედვედევმა შანხაიში, მსოფლიო სავაჭრო ექსპოზიცია მოინახულა.
ყველა ფოტო: REUTERS ©
ჩინეთი რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მხოლოდ ევროკავშირს თუ ჩამორჩება. მთელი მსოფლიოს მსგავსად, რუსეთის მზერაც წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ არის მიმართული. ამას გარდა, ვინაიდან გლობალური დათბობის გამო არქტიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი არხი ევროპა-აზიისკენ ზღვაოსნობისთვის იხსნება, რუსეთისთვის ამ რეგიონში ფეხის მყარად მოკიდება ძალიან მიმზიდველი ხდება.
მოსკოვს წყნარი ოკეანის რეგიონში დიდი პერსპექტივა არა აქვს. ვლადივოსტოკს მკაცრ ლანდშაფტსა და კლიმატურ პირობებში გამავალი 9302 კილომეტრის სარკინიგზო ხაზი აშორებს.
აზიაში რუსების მხოლოდ 25%25 ცხოვრობს. ეს ციფრი დღითი დღე მცირდება. და ბოლოს, ვლადივოსტოკი ბუსანი, იოკაჰამა ან შანხაი არ არის. კუნაშირი მეტაფორად გამოდგება რუსეთის მორყეული მმართველობისთვის - წყნარი ოკეანის ცივი სანაპიროს პატარ-პატარა ტერიტორიებზე. პასუხი - იარაღი, ყოყლოჩინობა და არარსებულ საფრთხეებზე უაზრო ლაყბობაა.
ჩინეთიდან დაბრუნებულმა მედვედევმა განაცხადა, რომ ის აპირებს პირველი საბჭოთა თუ რუსი ლიდერი გახდეს, რომელიც კურილიის კუნძულებს ეწვევა. 1 ნოემბერს მედვედევი კუნაშირში ჩავიდა. ამ ვიზიტის დროს, რომელსაც დიდი დრო დაუთმეს ტელეარხებმა, რუსეთის პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ზღვას ბინოკლით გახედა და სტალინის დროინდელ დაჟანგულ ტანკებს შორის გაერთო.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ნაოტო კანმა უკმაყოფილოდ აღნიშნა: „ჩრდილოეთის ოთხი კუნძული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილია და ძალზე სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი იქ ჩავიდა”. ტოკიომ მოსკოვიდან თავისი ელჩი გაიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კი პასუხი არ დაახანა: „კურილიის კუნძულები რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენს და შესაბამისად, ქვეყნის საშინაო საქმეა. პრეზიდენტი თავად გეგმავს შიდა ვიზიტებს”.
შემდეგ, 9 თებერვლის სატელევიზიო გამოსვლისას, რომელიც სპეციალურად დაიდგა, მედვედევი რომ მაგარ ბიჭად გამოჩენილიყო, პრეზიდენტმა მკაცრი მითითებები მისცა თავდაცვის მინისტრს, ანატოლი სერდიუკოვს: „დამატებითი იარაღი, რომელსაც აქ განვათავსებთ, საკმარისი რაოდენობით და თანამედროვე უნდა იყოს, რათა უზრუნველვყოთ იმ კუნძულების უსაფრთხოება, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს... ჩვენ ნებისმიერ საჭირო ზომას მივიღებთ, რომ გავაძლიეროთ რუსეთი და მისი გავლენა კურილიის კუნძულებზე. ეს ჩვენი სტრატეგიული რეგიონი გახლავთ”.
ორი დღით ადრე კი, იაპონიაში ჩრდილო ტერიტორიების დღეს აღნიშნავდნენ. კრემლის მომეტებული აგრესიულობით წაქეზებულმა იაპონელმა ნაციონალისტებმა რუსეთის სახელმწიფო დროშა ტოკიოს ქუჩებში ათრიეს, ხოლო ნაოტო კანმა მედვედევის კუნაშირში ვიზიტი დაგმო, როგორც „აღმაშფოთებელი და უპატიებელი რამ”.
ბუნებრივია, მოსკოვმა ეს ამბავი მტრული დამოკიდებულების გაძლიერების საბაბად გამოიყენა. რუსეთის საგარეო სამინისტრომ აღნიშნა, რომ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი „უპრეცედენტო და აღმაშფოთებელი საქციელი იყო”, რომელიც იაპონიის პოლიტიკის შედეგია. მოსკოვში ჩასულ მაეჰარას აეროპორტში რიტორიკული ხაფანგი დახვდა მზად. ლავროვმა, ამ ტიპურმა აგრესორმა, გესლიანი ღიმილით უთხრა: „სიმართლე გითხრათ... თქვენს ვიზიტს ფონად სრულიად მიუღებელი ქმედებები უდევს”.
სინამდვილეში, მოსკოვი საკმაო დროის განმავლობაში ამზადებდა უთანხმოებას ტოკიოსთან კარგად ნაცნობი სტილით - ექსპანსიონიზმი, პარანოია, საბაბი, სამხედრო ოპერაცია და სამართლიანი აღშფოთება. მართალია, დეტალებში განსხვავებაა, მაგრამ ვინც კარგად იცის 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შესახებ, ის გაიგებს, თუ რა იგულისხმება კურილიის თამაშებში.
P.S. ჟურნალის დასაბეჭდად ჩაშვებისას, რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებმა რია-ნოვოსტის განუცხადეს, რომ მოსკოვი იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვით რაკეტებს განათავსებს. რუსეთი ამ ტერიტორიებს კურილიის კუნძულების ნაწილად მიიჩნევს. S-400 არის S-300-ის მოდერნიზებული ვერსია, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე განალაგა.
![]() |
19 Nokindows: რაღაც აყროლდა ფინეთში |
▲back to top |
ვახო ელერდაშვილი
Nokia-ს კანადელი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი
ფოტო: REUTERS ©
მობილური ტელეფონების ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი ბარსელონაში ტექნომანებისათვის საინტერესო სიახლით დაიწყო. Microsoft-ისა და Nokia-ს წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ სმარტფონების ომში ისინი გაერთიანებული ძალებით მიიღებენ მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინელები უარს იტყვიან ოპერაციულ სისტემებზე Symbian OS-ზე და ჩანასახშივე მკვდრად მონათლულ Maemo-ზე, რომელსაც Nokia-ს თავკაცები ანდროიდის კონკურენტად განიხილავდნენ. ისინი მომავალში დამზადებულ ტელეფონებში Windows phone 7-ს ჩატვირთავენ, ხოლო ამერიკელები უახლესი Nokia-ებისთვის მობილური ტელეფონებისათვის ოპტიმიზირებულ Bing-ის ინტერნეტ-სერვისებს და სათამაშო კონსოლის, xBox-ის მობილურ ვერსიებს შექმნიან.
Nokia-ს კანადელი აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ელოპის თქმით, ისინი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, განვითარების სამ შესაძლო ვარიანტზე ფიქრობდნენ. პირველი ვარიანტი იმავე კურსის, Symbian OS-ის და Maemo-ს განვითარების გზა იყო, რაც Nokia-ს კრახამდე მიიყვანდა, ვინაიდან Nokia-ს გაყიდვებმა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში 12%25-ით იკლო. მათ უფასო ოპერაციული სისტემის, ანდროიდის Nokia-ზე მორგებაზეც თქვეს უარი, როგორც მეორე შესაძლო ვარიანტზე და მესამე - Microsoft-თან ალიანსის შეკვრა აირჩიეს. ეს, სტივენ ელოპის განცხადებით, ბაზარზე ახალი ანგარიშგასაწევი მოთამაშის დაბადების მომასწავებელი იქნება და თუ აქამდე Apple iOS, Google Android და Blackberry RIM ინაწილებდნენ ბაზარს, ამიერიდან Nokindows-ად მონათლული ფინურ-ამერიკული კავშირიც ჩაერთვება ტიტანების ომში. საინტერესოა ისიც, რომ სტივენ ელოპი სანამ ფინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა, მანამდე Microsoft-ში მუშაობდა, თუმცა იგი თავს ტროას ცხენად არ გრძნობს და აცხადებს, რომ ალიანსის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მას ერთპიროვნულად არ მიუღია და მასში Nokia-ს ბორდის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას.
თუ Nokia უარს იტყვის საკუთარი ოპერაციული სისტემის განვითარებაზე, ეს მთლიანად შეცვლის კომპანიის სტრუქტურას, ამიტომ არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ფინეთში Nokia-ს დასაქმებული ოცი ათასი ადამიანიდან, დიდი ნაწილი უსამსახუროდ დარჩება. წინასწარი მონაცემებით სამსახურიდან დათხოვნა ყველაზე ცუდ შემთხვევაში ექვსი ათას ადამიანს შეეხება. ეს ფაქტი Nokia-ს ხელმძღვანელობამ იმით ახსნა, რომ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად იცვლება და სიტუაცია ბაზარზე იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მუდმივი სამსახური, ჩვენს დროში, როგორც წესი, არ არსებობს. საკადრო ცვლილებებს Nokia-ში ივნის-ივლისში ელოდებიან, მანამდე კი ფინური კომპანიის თანამშრობლებს შორის ნერვიულობა სუფევს.
მობილური ტელეფონის არსებობის ბოლო ოცი წლის მანძილზე ოთხი დიდი ტალღა შეინიშნებოდა: პირველი ტალღა Nokia-ს ტელეფონებმა შექმნეს. შემდეგ Blackberry მოვიდა თავისი ელექტრონული ფოსტის დაცული სერვისებით. სტივ ჯობსის ხელში ათამაშებული iPhone ყველამ გაყიდვების დაწყებამდე შეიყვარა და ამით მესამე ტალღა დაიწყო, რომელსაც 2010 წლის ბოლოს ოპერაციულმა სისტემა Android OS-მა წაართვა პირველობა... სტივენ ელოპისა და სტივენ ბალმერის კომპანიებს შორის შეკრული ალიანსი, მათივე განცხადებით, მეხუთე ტალღას დაუდებს დასაბამს. რითი აპირებენ Nokindows-ის შემქმნელები Google Android-ის ახალ ვერსიებთან და იაფფასიან ჩინურ ტელეფონებთან ჭიდაობას, რომლებზეც ასევე ანდროიდია ჩატვირთული, ჯერჯერობით მთლად ნათელი არ არის. თუმცა ყველა ექსპერტი თანხმდება იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა.
![]() |
20 ინფლაცია - ნაბახუსევს |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
გია ჯანდიერი
ბოლო ხანებში მედიაში, აკადემიურ და ექსპერტულ წრეებში ძალიან პოპულარული გახდადის კუსიები ინფლაციაზე. ეს ხდება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც და არგუმენტები დიდად განსხვავებული არ არის.
ინფლაციის „მომხრენი” თვლიან, რომ თუ ქვეყანას სწრაფად განვითარება უნდა, მას სჭირდება მიზანმიმართული, თუმცა საშუალო ზომის - 6-7 პროცენტის ფარგლებში ინფლაცია. იგულისხმება, რომ: ა) როდესაც ხალხს არ უნდა ფულის ხარჯვა, ფული ბაზარზე გარედან უნდა მოხვდეს; ბ) თუ კრედიტორები თავს იკავებენ სესხებაზე, ცენტრალურმა ბანკმა მათ იაფი რესურსები უნდა შესთავაზოს და ამით წაახალისოს კრედიტების გაცემა. ისინი თვლი ან, რომ განვითარებული ქვეყნებისათვის 1-2 პროცენტიინფლაცია საჭიროა, რადგან მათ სწრაფი განვითარება არ სჭირდებათ.
ამ თეორიის მომხრენი ასევე ფიქრობენ, რომ იმ პირობებში, როდესაც კერძო სექტორი თავს იკავებს ეკონომიკური აქტიურობისაგან, აუცილებელია მთავრობამ წაახალისოს საკუთარი ხარჯების გაზრდით, და ამისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, აიღოს ვალები, გაბეროს სახელმწიფო ხარჯები და შექმნას საბიუჯეტო დეფიციტი, ასეთი რთული პროცესის ასამოქმედებლად მთავრობას და ცენტრალურ ბანკს სჭირდებათ:
- აბსოლუტურად ზუსტი მოქმედება და კოორდინაცია;
- მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და ზუსტი რეაგირება.
დაკვირვებული ადამიანი ადვილად შენიშნავს, რომ ასეთი საქმიანობა ეკონომიკის და გეგმვის ერთ -ერთი სახეა და მხოლოდ მისი შემსრულებლების კვალიფიკაციაზე ან ტექნოლოგიური განვითარების დონეზე არ არის დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ცენტრალური დაგეგმვა ვერ იქნება ეფექტიანი, თუნდაც მის განხორციელებას დიდი მსხვერპლი მიუძღვნა. ეს წერილი ცენტრალური დაგეგმვის დისკუსიად რომ არ გადაიქცეს, ამას სხვა დროს მოვუბრუნდეთ, მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: თუ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარულის ჩათვლით, ის უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ანუ, ნებისმიერი სახელმწიფო ჩარევა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წარმართვას ან მიმართვას ცდილობს რომელიმე მიმართულებით, უნდა პასუხობდეს თანამედროვე მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ხარისხობრივ მოთხოვნებს.
გამომდინარე ზემო თქმულიდან უნდა ვერკვეოდეთ, რისი მიღწევა შეგვიძლია საქართველოს ეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით. მნიშვნელოვანია გავერკვეთ, რას ეყრდნობა ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში თუ ასეთი პოლიტიკის გატარებისას შეცდომას დავუშვებთ. ინფლაცია სინამდვილში უხილავი გადასახადია, რომლითაც ფინანსდება ეს პოლიტიკა და წარმოქმნილი რისკები. უნდა გავიაზროთ რამდენად შემძლეა ჩვენი მოსახლეობა ასეთი ხარჯი გაიღოს.
მაგალითად 10-პროცენტიანი ინფლაცია საქართველოს მოქალაქისათვის სერიოზული დარტყმაა - თვეში 400-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანის რეალური შემოსავალი 360 ლარი გახდება; რიგითი ამერიკელის თვეში 3000-დოლარიანი ხელფასის ათპროცენტიანი შემცირებით რეალური ანაზღაურება დარჩება 2700 დოლარი ანუ დაახლოებით 5000 ლარი; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამერიკაში ინფლაცია 2-3 პროცენტს დიდი ხანია არ ასცდენია (თუმცა ახლა ვარაუდობენ რომ ასცდება), საშუალო ამერიკელი ამ ცვლილებას ძნელად თუ შეამჩნევს.
არსებობდა თუ არა შესაძლებლობა ინფლაცია არ ყოფილიყო ასე მაღალი - ასეთი კითხვა ალბათ ყველაზე საინტერესოა. ინფლაცია დაგეგმილი იყო, მსოფლიოს ფასების ზრდაც ხილული - მაშ რატომ ვერ მოხერხდა დროული რეაგირება? საქმე ისაა, რომ რეაგირებასაც სერიოზული რესურსის გარისკვა სჭირდება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ მსოფლიო ტენდენციები სწორად იქნა ამოცნობილი, მათ შორის საკვები პროდუქტების, ენერგეტიკული, ფინანსური რესურსების და სავალუტო ბაზრებიდან მომავალი. იმის შემდეგ, რაც ასეთ ტენდენციებს ამოიცნობ (ამ საქმეს ბევრი ეკონომისტი თავს არიდებს და მარჩიელობას ეძახის), დგება კიდევ უფრო რთული გადაწყვეტილებების მომენტი. ადვილი ფულის მიღებას მიჩველი მთავრობა, საკრედიტო ინსტიტუტები და ბიზნესები, ასევე მთავრობის პროგრამების მხარდამჭერები და ბენეფიციარები არჩევანის წინაშე დადგებიან, ცენტრალურ ბანკთან ერთად: უნდა გადაწყვიტონ - ან გაუძლონ ამ „პახმელიეს”, ან კიდევ დაამატონ (ფული). სწორედ ასე მოხდა ჩვენთან ნოემბერში და დეკემბერში, ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, ფულის მასის ზრდა და საკრედიტო ექსპანსია კიდევ გაგრძელდა.
ჩვენს მეზობელ თურქეთში მსოფლიო ფასების ზრდამ ასევე იქონია გავლენა და 2010 წელს, ინფლაცია იქ რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ იმდენჯერვე შემცირდა. ტენდენცია იქ ინფლაციის შემცირებისკენ იყო, ხოლო საქართველოში წლის ბოლოს ინფლაცია „ხელიდან წავიდა”. როგორც არ უნდა ამტკიცონ ინფლაციის მომხრეებმა, მას ეკონომიკის გამოსწორების არანაირი შანსი არ აქვს - მას მხოლოდ აქტივობის ილუზია შეუძლია შექმნას, შემდგომში განვითარებული მოვლენები კი ამას გააბათილებს და კიდევ უარეს მდგომარეობას შექმნის:
- მოსახლეობა გაღარიბდება;
- კრედიტორები და ზარალდებიან;
- წარმოებებს ხელოვნური წაქეზებით გაუჩნდებათ ზედმეტი პროდუქცია, რომელსაც ვერ გაყიდიან;
- ეკონომიკური აგენტები, მწარმოებლები, გამყიდველები და მომხმარებლები, მთლიანად ეკონომიკა დეზორიენტირებული იქნებიან;
- ქვეყანა კარგავს სტაბილურობის იმიჯს და მომხიბვლელობას ინვესტორებისათვის, შესაბამისად, უარესდება ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების და კონკურენტუნარიანობის სხვადასხვა ინდექსები.
ახლა გამოჩნდა ასეთი აზრიც, თითქოს შეიძლება ინფლაციის შველა სოფლის მეურნეობის განვითარებით, რათა საკვები პროდუქტის გაძვირების კომპონენტი ამ ინფლაციაში შემცირდეს. ასეთი მიდგომა გულისხმობს, რომ ამ სფეროში ჩვენ სერიოზული წინასწარი უპირატესობები გვაქვს ფასის, ხარისხისა და პროდუქტულობის თვალსაზრისით, და ბაზარი გარანტირებულია. ასეთი ხელოვნური პროცესები, როგორც წესი, მარცხით მთავრდება და შემდეგ მთავრობა იძულებული ხდება სუბსიდირებაზე გადავიდეს. ამის გარდა, ამ მოსაზრების მხარდამჭერებს ავიწყდებათ ის საწყისი ინფორმაცია, რომ ინფლაცია არის ფულის მასის ზრდის პროცესი და არა ფასების ზრდის. ფულის მასის მუდმივობის პირობებში ზოგიერთ საქონელზე მსოფლიო ფასების ზრდის შემთხვევაში სხვა საქონლის ფასებმა უნდა დაიკლოს ან მოხმარება შემცირდეს.
არსებობს სხვა გზა იმისათვის, რომ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს და თანაც ინფლაცია დაბალი იყოს? ასეთი გზა, ცხადია, არსებობს - ეს არის მკაცრი მონეტარული და ფისკალური დისციპლინის შემოღება:
- სახელმწიფო ხარჯების შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტზე ქვემოთ;
- გადასახადების განაკვეთების მკვეთრი შემცირება
- საშემოსავლოს 15 პროცენტამდე და დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის ასევე 15 პროცენტამდე, შემდგომში, 3 წლის განმავლობაში, ორივეს 12 პროცენტანდე დაყვანით;
- საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაზე უარის თქმა ან ვალუტების კონკურენციის დაშვება, ლარის ერთადერთი საგადამხდელო საშუალების კანონის გაუქმებით.
ეს სამივე ნაბიჯი რთულად შესასრულებელია, განსაკუთრებით არა პოპულარული შეიძლება იყოს ხარჯების შემცირებისა და სავალუტო რეფორმები. პირველ შემთხვევაში ეს საკითხი დაკავშირებულია სამთავრობო ხარჯებთან, რომელიც უკვე დაგეგმილია და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გაუქმდეს. მეორე შემთხვევაში, საკუთარი მონეტარული პოლიტიკის გაუქმება ბევრს საშიშად მიაჩნია, მაგრამ უფრო საშიში ჩანს ის პროცესები, რომელიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს და მათზე ჩვენი არაადეკვატური რეაქცია. ასევე საშიშია მონეტარული საკითხების პოლიტიზება, რომლისაგან არა მხოლოდ ჩვენნაირი დემოკრატიაში გამოუცდელი ერები არ არიან შორს, არამედ თვით აშ შ - იც.
სწორედ ასეთი მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა იყო განხორციელებული ომის შემდგომ გერმანიაში ლუდვიგ ერჰარდის დამსახურებით, რამაც უზრუნველყო გერმანიის „სასწაული” და მსოფლიოში ნომერ პირველ ექსპორტი ორ ქვეყნად ჩამოყალიბება.
ის მოსაზრება, რომ საკუთარი მონეტარული პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ და, პირიქით, იმპორტირებას გავუწევთ პრობლემებს დოლარისა თუ ევროს ზონებიდან, უბრალოდ მითია. თუ ამ ქვეყნებში მართლაც მოხდა ისეთი სერიოზული კრიზისი, რომლის იმპორტი საშიში გახდება, მაშინ ამას ყველაზე გენიალური მონეტარული პოლიტიკაც ვეღარ უშველის, მითუმეტეს ღარიბ ქვეყანაში. ამასთან, თუ ქვეყანას გააჩნია რისკების მრავალი ფაქტორი, რომელთა შორის ბევრი უბრალოდ ობიექტურია და უახლოეს ხანებში ვერ გადაწყდება (მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიები, საოკუპაციო ჯარები, კონფლიქტები რეგიონში, მცირე და დაბალი მსყიდველუნარიანი ბაზარი, მეზობელი ქვეყნების საინვესტიციო შეზღუდულობა), მაშინ მისი საინვესტიციო მიმზიდველობისათვის ერთ-ერთი სერიოზული რისკ - ფაქტორი - ინფლაცია - სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს.
ფასების ინდექსი და ტენდენციები (წყვეტილი ხაზით) 2010 წელს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოში:
![]() |
21 ინფრასტრუქტურა და ლიცენზირება |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, სარეკონსტრუქციო სტადიონები, კლუბების ლიცენზირება, ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია - ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რასაც ჩვენი საფეხბურთო მეურნეობა მოიცავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ 22 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართულ საფეხბურთო სამყაროს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის შესასრულებლად მომდევნო 4 წლის მანძილზე იღვაწებს. ჩამონათვალში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფიფა- უეფას პროგრამებით ჩვენი კლუბების დახმარებას, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების ლიცენზირებას და ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციას გამორჩეული ადგილი ეჭირა. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ სფფ-ს ლიცენზირების განყოფილების უფროსს ბაქარ ჟორდანიას შევხვდით.
დეკემბერში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განკარგულებაში გადავიდა. სფფ-ს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი სახლისთვის ამ არენას დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, როდის დაიწყება სარბიელის რეკონსტრუქცია?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ ორი თვის წინ გააფორმეს ხელშეკრულება - სტადიონი სფფ-ს გადაეცა, თუმცა კიდევ დარჩა რამდენიმე ფორმალური საკითხი, რომელზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, უახლოეს დროში, როცა ყველა დარჩენილი დოკუმენტი გაფორმდება, არენა საბოლოოდ გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას.
სფფ-ს თანხებით და უეფას ფინანსური დახმარებით რეკონსტრუქციის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უეფას მე-3 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს (სულ ხუთი კატეგორია არსებობს, პირველი ყველაზე დაბალია და მეხუთე საუკეთესო - უემბლი, ალიანს არენა, კამპ ნოუ, სან- სირო და სხვა უმაღლესი კლასის სტადიონები). აქ მხოლოდ სარბიელის კეთილმოწყობას არ ვგულისხმობ - საუბარია არენის გარშემო ტერიტორიაზეც, რეკრეაციული ზონის ჩათვლით.
სფფ-მ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ერთ-ერთ ცნობილ უცხოელ არქიტექტორთან - მას უეფას რეკომენდაციით დავუკავშირდით. ჯერჯერობით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ტრიბუნების დიდი ნაწილი გადაიხურება, კეთილმოეწყობა პრესლოჟა, შენობას დაემატება ვიპ- ლოჟები და გაუმჯობესდება განათება- გახმოვანება. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი რეკონსტრუქციის შემდეგ ეროვნულზე ბევრად კომფორტული იქნება.
რაც შეეხება მინდვრის საფარს, ის მთლიანად გამოიცვლება, თუმცა ეს სამუშაოების ერთ- ერთი ბოლო ეტაპი იქნება.
სტადიონის ძირითადი მომხმარებელი, ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაციაა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, კლუბებსაც შეეძლებათ მისი ქირაობა.
უეფას პროგრამა ჰეთ-თრიქით გამოყოფილი სამი ხელოვნური საფარიდან სფფ-მ ერთი უკვე დააგო რუსთავის სტადიონზე. იგივე უნდა მომხდარიყო ვიტ ჯორჯიას სტადიონზეც, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. რატომ?
ამ პროექტში სფფ-ს მხოლოდ და მხოლოდ მინდვრის საფარის დაგება ევალება, კლუბმა კი ინფრასტრუქტურა თავად უნდა განავითაროს. რუსთავის ოლიმპმა თავისი გეგმა შეასრულა და ახლა ამ სტადიონს 2 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული (ხელოვნურსაფარიანებში სულ ორი ვარსკვლავია. ერთვარსკვლავიანზე საერთაშორისო მატჩები ვერ გაიმართება), რაც ნიშნავს, რომ ხელოვნური საფარის მიუხედავად, სტადიონზე უეფას ეგიდით გამართული ტურნირების მატჩების ჩატარება ნებადართულია.
რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას არენას, სამწუხაროდ, კლუბმა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აქამდე ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეში სფფ საფარს დააგებს, სტადიონს საერთაშორისო მატჩების მიღების უფლება არ ექნება - მას კლუბი მხოლოდ სფფ-ს ეგიდით გამართული ტურნირებისთვის თუ გამოიყენებს.
ამ ტიპის საფარი სპეციფიკურ ქვიშაზე იგება, რომელიც ეგვიპტიდან შემოგვაქვს. ეს პროცესი დასრულებულია და მალე დაგებაც დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ საფარს ყოველი სეზონის ბოლოს სჭირდება ლაბორატორიული შემოწმება. თუ გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მასზე საერთაშორისო თამაშების ჩატარება აიკრძალება.
ცნობილია, რომ იგივე საფარის დაგება ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის სფფ-ს ტექნიკურ ცენტრშიცაა გათვალისწინებული...
სამუშაოები იქაც მიმდინარეობს - ზუსტად იგივე პროცესია ჩასატარებელი, რაც ვიტ ჯორჯიას სტადიონზე.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის არარსებობა კვლავ დიდი პრობლემაა. საინტერესოა, რამდენად რეალურია ქალაქში სარბიელის აშენება და რას აკეთებს ფეხბურთის ფედერაცია საამისოდ?
ჯერჯერობით ახალი არაფერია - ბათუმში სტადიონის აგება მხოლოდ და მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი. სფფ-ს ინიციატივა არაფერს ნიშნავს - აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნება, რათა საკითხი ადგილიდან დაიძრას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყველა პროცესი შეჩერებულია.
როგორც ცნობილია, საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ლიცენზირების პროცესი დაწყებულია...
უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სფფ-ს ლიცენზირების განყოფილება ყველა კლუბს ამოწმებს. პროცესი მაისში დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც მაშინ გაცხადდება. ზოგი კლუბი უეფას ლიცენზიას მიიღებს, დანარჩენი - ეროვნულს. ორივე სახის ლიცენზიას ჩვენი განყოფილება გასცემს. თუ მოხდა და კლუბმა ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ უეფას ლიცენზია ვერ მიიღო, საერთაშორისო ტურნირებს მიღმა დარჩება.
მაისში ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია უნდა დასრულდეს...
ეს პროცესიც საკმაო ხანია მიმდინარეობს - ინსპექტირების ჯგუფები უკვე მუშაობენ და მაისში შედეგებსაც გავიგებთ. არსებობს სკოლების 5 კატეგორია: პირველი - ყველაზე დაბალია, მეორე - შედარებით უკეთესი და ასე შემდეგ საუკეთესომდე, ანუ მეხუთემდე. სავარაუდოდ, ივნისისთვის ყველა საფეხბურთო სკოლა შეფასდება და თავის კატეგორიას მიიღებს. არაა გამორიცხული, იმ სკოლებმა, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საერთოდ ვერ მიიღონ კატეგორია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გავაუქმებთ - კატეგორიზაციის პროცესი ამას არ ითვალისწინებს. როცა საბოლოო სია შედგება, გამოქვეყნდება, ამით კი ჩვენ საშუალებას მივცემთ მშობლებს სრული წარმოდგენა შეექმნათ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებზე და შვილები იქ მიაბარონ, სადაც საჭიროდ ჩათვლიან.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
გეგმაში გვაქვს წამახალისებელი პროექტი, რომელსაც სფფ, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში აამოქმედებს. მაგალითად, თუ რომელიმე სკოლამ მეხუთე კატეგორია მიიღო, შესაძლოა, ინვენტარით დავაჯილდოვოთ ან საერთაშორისო ტურნირზე გავუშვათ. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ გეგმაა - მთავარი ისაა, რომ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებმა განვითარებისთვის იზრუნონ.
![]() |
22 ორიოდ თბილი სიტყვა ბრაზილიაზე |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაფასებდი მათ ფანტასტიკურ ტექნიკას, თამაშის განუმეორებელ, ლაღ სტილს, ამოუცნობ მოძრაობებსა და ფინტებს (ამის არდანახვა მხოლოდ ბრმას თუ შეუძლია!). მაგრამ, ვინაიდან მე ბავშვობიდან მათი არგენტინელი მეზობლების თავგადაკლული ფანი გახლავართ, პენტაკამპეონთა წარმატებები დიდად არასდროს მახარებდა. თანაც, მე შენ გეტყვი, ესენიც არ იძლეოდნენ სანერვიულო საბაბს!
როგორც ჩანს, ასაკში ყველაფერი სხვანაირ ელფერს იძენს. მართალია, დუბაიში მესის გოლით გამარჯვებამ და გასულ კვირაში, კონტინენტურ პირველობაზე არგენტინელ იუნიორთა მოგებამ (2:1) ახლაც ჩინებულ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ პატარა ნეიმარის ტალანტმაც მომხიბლა და ბრაზილიელთა საბოლოო გაჩემპიონებაც მშვიდად გადავიტანე.
აი ახლაც, რონალდო წავიდა ფეხბურთიდანო გავიგე და თითქოს ვიღაც ახლობელი დამაკლდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არც „კიჭა” ყოფილა „ჩემი რომანის გმირი”. პირიქით, საფრანგეთის მუნდიალის დროს, ტროკადეროზე ჯერ იმდროინდელი რონალდინიას (სუზანა ვერნერის) გაცნობამ გაგვხეთქა შურით, საფინალო მატჩის შემდეგ კი მე და კახა იმნაიშვილმა მთელი ელისეს მინდვრები „მარსელიეზას” სიმღერით ჩავიარეთ, ტრიუმფალურ თაღზე გამონათებულ გიგანტურ ზიზუსაც ვეცით თაყვანი და სიხარულით აჟიტირებულებმა კინაღამ გერმანიისკენ მიმავალ მატარებელზე დავაგვიანეთ...
ორი წლის წინ ექტორ კუპერმა მითხრა, რონალდოზე ნიჭიერი შეგირდი არ მყოლია, მაგრამ არც მასზე უფრო მოუწესრიგებელ ფეხბურთელთან მიმუშავია ოდესმეო. ისიც დააყოლა, ღმერთმანი, სულ ტყუილად მაბრალებს თითქოს „ინტერში” დამეჩაგროს - უმძიმესი ტრავმის მერე ვუფრთხილდებოდი და სწორედ ამის წყალობით მოახერხა აზიაში (კორეა-იაპონია) გაბრწყინებაო. სხვათა შორის, იტალიელები მაშინვე წერდნენ, რონალდოს „რეალში” წასვლა უნდა, მაგრამ მასიმო მორატისთან მამა-შვილური ურთიერთობის დაკარგვაც არ აწყობსო. ჰოდა, პატარა ბავშვივით, ყველაფერი “ბოროტ ბიძია ექტორს” დააბრალა და კმაყოფილი გაიქცა მადრიდში...
მსგავსი მიამიტობა ბრაზილიელებს საერთოდ ახასიათებთ. საფეხბურთო სამყაროში ამის უამრავ მაგალითს გადააწყდებით. რუსმა ჟურნალისტმა იგორ ფესუნენკომ ისტორიას შემოუნახა მანე გარინჩას ამბავი, რომელმაც 1962 წლის მსოფლიო პირველობაზე ინგლისის მთელი ნაკრები მოატყუა, რადგან არ იცოდა რომელი მათგანი იყო მცველი ჯიმ ფლაუერსი, ვინც მისი ამოკეტვის პირობა დადო! იმავე კოჭლ გენიოსსა და მცველ ალტაირს უნდა ვუმადლოდეთ ფეირ-პლეის დაუწერელ წესსაც, როცა თამაში ჩერდება მეტოქის ტრავმის გამო, დაზარალებული გუნდი კი ბურთს აბრუნებს. არაერთ განუმეორებელ ნოველას გვთავაზობს ფრანგი მაქს იურბინი წიგნში “საფეხბურთო ისტორიები”. რად ღირს თუნდაც მეკარე კაშამბუს ამბავი, რომელიც ყოველი მატჩის წინ კატის ხორცს მიირთმევდა - ნახტომს გამომიკეთებსო! ან დაბადებით ბრმა გულშემატკივრის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უნახავს, მაგრამ არც ერთ მატჩს არ ტოვებდა და ტრიბუნაზე რადიორეპორტაჟს უსმენდა...
დღემდე ვერ გამიგია, რა მოსდით კარიერის პიკზე ასულ იქაურ ვარსკვლავებს. ნებისმიერი სხვა ხალხისგან განსხვავებით, „კანარინიები” ძალიან ადვილად თმობენ პოზიციებს, სუქდებიან, ლოთდებიან ან დისკოთეკებზე დილამდე ცეკვაში კარგავენ სპორტულ კონდიციებს. დისციპლინის დარღვევა და რიოს კარნავალზე გაქცევა ხომ ცალკე თემაა! რომელი ერთი გავიხსენოთ? რონალდო, ადრიანო, დენილსონი, ედმუნდო, რომარიო, რონალდინიო...
როგორც ჩანს, ჩვენს პრაგმატულ დროშიც კი, ფეხბურთი ბრაზილიელთათვის კვლავაც თამაშად, გართობად რჩება! ამიტომაც გრძნობდნენ მინდორზე თავს ასე ლაღად კოჭლი გარინჩა, ცალთვალა ტოსტაო, ერთმანეთზე მსუქანი რომარიო და რონალდო... ამიტომაც ჰყავს ბრაზილიას ამდენი გულშემატკივარი, რომელიც ყვითლად ღებავს მსოფლიოს ყველა სტადიონის ტრიბუნებს და საოცარ ფერადოვნებას ქმნის - ზუსტად ისეთს, როგორიც მათი განუმეორებელი კარნავალია...
P.S. მგონი, ბრაზილიელთა მიმართ მეტისმეტი სითბო გამოვავლინე. ამიტომ გეტყვით, რომ უზბეკურ ხალათში გამოწყობილ რივალდოსა და კარიმოვის ანჟიში გადასვლაზე დაყაბულებულ რობერტო კარლოსს მაინც ლოთი არიელ ორტეგა მირჩევნია. დიეგო კი პელეზე უკეთესად მღერის, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხბურთის თამაშზე!
![]() |
23 მაისურები და მილიონები |
▲back to top |
ლაშა გოდუაძე
საფეხბურთო გრანდების ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიონი ევროთი განისაზღვრება, კარგი მენეჯმენტის წყალობით კი კლუბები ფინანსური წლის ბოლოს საბანკო ანგარიშებს კიდევ უფრო ზრდიან.
წამყვან ლიგებში გუნდს შემოსავლის უამრავი წყარო აქვს: სატელევიზიო უფლებების გაყიდვით დაწყებული, საკლუბო ჟურნალის და ოფიციალური სამატჩო პროგრამის გამოცემით დასრულებული. მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედი საკლუბო ჟურნალს ჩინელი გულშემატკივრებისთვისაც გამოსცემს, მისი ტირაჟი კი თითქმის 3 მილიონს უტოლდება! და თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ჟურნალის ფასი დაახლოებით 6 ინგლისური გირვანქაა, მიხვდებით, ერთ თვეში მხოლოდ ჩინეთში გაყიდული საკლუბო ჟურნალით კლუბს რამხელა შემოსავალი აქვს...
ფეხბურთი მხოლოდ სპორტი რომ აღარაა, ეს ყველამ დიდი ხანია იცის. მათ შორის, ტრანსკონტინენტალურმა კომპანიებმაც. და ამიტომაცაა, რომ ისინი ფეხბურთში ფულის დაბანდებას ცდილობენ. ცხადია, მეგაკომპანიებს საუკეთესო პირობები სურთ, ფეხბურთში საუკეთესო რეკლამა კი დასახელების ან ლოგოს მაისურზე გამოსახვაა - ამ უფლებას კლუბები სარფიანად ყიდიან.
საუკეთესო ათეულს ტურინის იუვენტუსი ხსნის: იტალიელებს ფრანგულ BetClic-თან 2012 წლის ჩათვლით აქვთ გაფორმებული კონტრაქტი და სანაცვლოდ წელიწადში 6,7 მილიონ გირვანქას იღებენ.
მეცხრე ადგილზეა მანჩესტერ სიტი: არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways 2009 წლიდან სეზონში 7,5 მილიონ გირვანქას იხდის და საკლუბო ცისფერ მაისურსაც მისი სახელწოდება ამშვენებს.
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი მილანი, რომლის სატიტულო სპონსორი მეორე არაბული ავიაკომპანია Fly Emirates-ია, სეზონში 9,8 მილიონს იღებს. სილვიო ბერლუსკონის გუნდმა შარშან გააფორმა ხუთწლიანი ხელშეკრულება.
მეშვიდე ადგილზეა ჩელსი: ლონდონური კლუბის მაისურს მეხუთე სეზონია კორეული Samsung-ის დასახელება ამშვენებს. კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ჩელსი სეზონში 10 მილიონ გირვანქას იღებს, ივნისში იწურება.
ლონდონის კიდევ ერთმა კლუბმა, ტოტენჰემ ჰოთსფურმა, ერთბაშად ორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება: პრემიერლიგაში მაისურს Autonomy-ის ლოგო ამშვენებს, ჩემპიონთა ლიგასა და სათასო ტურნირებში კი Investec. რაც შეეხება შემოსავალს, ის სეზონში 12,5 მილიონი გირვანქაა.
მეხუთე ადგილზე მადრიდის რეალია. სამეფო კლუბის წინა სპონსორის BenQ-ის გაკოტრების შემდეგ ხელმძღვანელობამ საბუქმეიქერო კომპანია BWin-თან 2013 წლის ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი. სანაცვლოდ გუნდის საბანკო ანგარიში ყოველ სეზონში 16,8 მილიონი გირვანქით შეივსება.
ჩემპიონთა თასის ხუთგზის მფლობელ ლივერპულს ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე დანიური ლუდსახარშის Carlsberg-ის ლოგო ამშვენებდა, თუმცა 2009 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ენფილდროუდელთა მაისურზე Standard Chartered Bank-ის სახელწოდება გაჩნდა. შემოსავალი - 19,9 მილიონი გირვანქა სეზონში.
საუკეთესო სამეულს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი ხსნის: ოლდტრაფორდელთა მესვეურებმა ზაფხულში კომპანია Aon-თან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, სანაცვლოდ კი 80 მილიონ გირვანქას მიიღებენ.
მიუნხენის ბაიერნი მეორეა: ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია Deutsche Telekom შარშან ნოემბერში გაფორმებული შეთანხმებით კლუბს 2013 წლის ივლისამდე 71 მილიონ გირვანქას გადაურიცხავს.
და ბარსელონა?
პრეზიდენტმა სანდრო როსელმა საკლუბო ტრადიცია დაარღვია - ბარსელონას მაისურზე პირველად გაჩნდება რეკლამა! ყატარის მეცნიერების და განათლების განვითარების არაკომერციული ფონდის Qatar Foundation-ის ლოგო მომავალი სეზონიდან ხუთი წლით დაამშვენებს მაისურს, თითო სეზონში კი ბარსელონა 25 მილიონ გირვანქას მიიღებს!
![]() |
24 პეტრა პირველი |
▲back to top |
სპორტი|ჩოგბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ბილოვეჩში სულ ორი საჩოგბურთო კორტია. იყო შვიდი და დანარჩენი ხუთი მოანგრიეს. ქალაქის მერიამ ყველაზე ცნობილი ბილოვეჩელის გამო, საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობა დეკემბერში დაიწყო. დიდი ხნის ამბავია და მერიაში აზრზე არ არიან, როდის მორჩებიან ყველაფერს. მანამდე ის გოგონა ითამაშებს. ახალ ჩოგბურთს ითამაშებს და მოიგებს. იდეაში, ბევრი უნდა მოიგოს. წელს ძალიან ცოტა საჩოგბურთო ჯეკპოტი გათამაშდა. ორჯერ ჯეკპოტი პეტრა კვიტოვამ მოხსნა.
პეტრა კორტზე სექსუალურად ჭრის დისტანციას, არ ნერვიულობს და ელეგანტურია. კვიტოვა ოხვრა-ხვნეშა-ცქმუტუნზე დიდ დროს ოპონენტის შესწავლას უთმობს. ამ ყველაფერს მალე აგვარებს და იწყება კვიტოვას ფესტივალი. ჰოლივუდური ფორჰენდი, მოსელეშო ბექჰენდი და თუ ბადესთან გადის, მარტინა დეიდასავით ფარავს ყველაფერს. სეზონი ახალი დაწყებულია, ჯერ არ გახურებულა და კვიტოვამ უკვე ორი ტურნირი მოიგო. ჯერ პირველ მეიჯორამდე, ბრისბენის ჰარდზე ჩაატარა მასტერკლასი და ერთი კვირის წინ, კიმ კლაისტერსს პარიზის ფინალში გადაუჯოკრა. ბუნჩულა ბელგიელმა ბრიფინგზე შეაქო პეტრა, ოფლსაწმენდიც აჩუქა და მოგვიანებით დაამატა, ივარჯიშე და ერთჯერადი მოხმარების საგანი არ იქნებიო.
მაღალი, პოდიუმის პარამეტრებში ჩამჯდარი გოგონებიდან დიდხანს და სტაბილურად, ჩოგბურთი არავის უთამაშია. მაშა შარაპოვა სეზონში ექვსჯერ იხსენებს, რომ ჩოგბურთელია და მაინც ავიწყდება, რის გამო გადის კორტზე. ალბათ, ვეღარ გაიხსენებს. დანიელა ჰანტუხოვას ყველაზე მაგარი ფეხები და მიზერული რაოდენობის ინტელექტი აქვს, ანუ ვერ ქაჩავს. მანამდე ანა კურნიკოვამ ალა კურნიკოვასთან ერთად დაანგრია პაველ ბურეს კარიერა, სერგეი ფიოდოროვის ბიზნესი, ალექსანდრ მოგილნის პირადი ცხოვრება და დღეს იგლესიას ჯუნიორს ზეწრებს უცვლის.
კვიტოვა რუსებზე და დანიელაზე მოტივირებული გოგოა. შარშან, ჩეხი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა და კორტზე სულ ტიროდა. წელს, მხოლოდ ჭორფლიანი კიმისთვის კორტზე სავარძლის მირთმევის პროცესში იტირა. შემდეგ ეგრევე დამშვიდდა, პარიზის ტურნირის მთავარი პრიზი, გიგანტური საბანკო ჩეკიც მიიღო და ბავშვურად გაიხარა.
კლაისტერსი კლასია, სერენა=აგრესიას, ვენუსი გამოცდილებასთან დაქალობს და ზვონარევა-ვოზნიაცკის ჯერ ყველაფერი გასაშიფრი აქვთ. იანინა ვიკმაიერი დიდი ბავშვია და ნელი ტემპით იზრდება. ანენი საერთოდ წავიდა და წესით, მესამედ არ უნდა დაბრუნდეს. შტეფი გრაფი სულ აქ გვყავს და ხოტორა შოუმენს კოკაინს უმალავს.
პეტრა კვიტოვა კი მომავალია. 183-სანტიმეტრიანი მომავალი. რეალური მომავალი. ჩეხური მომავალი, რომელიც 8 მარტს 20 წლის გახდება.
2011. ბრისბეინი. ფინალი. კვიტოვა-ანდრეა პეტკოვიჩი 6:1, 6:3.
2011. Australian Open. III წრე. კვიტოვა-სამანტა სტოსური 7:6, 6:3. IV წრე. კვიტოვა-ფლავია პენეტა 3:6, 6:3, 6:3. პეტრას მეოთხედფინალში ზვონარევამ აჯობა.
2011. პარიზი. ფინალი. კვიტოვა-კიმ კლაისტერსი 6:4, 6:3.
პეტრამ ფედერაციის თასზეც ორივე საერთეულო VS-ი მოიგო. სეტის წაუგებლად და ელეგანტურად. დღეს პეტრა რეიტინგში მეთოთხმეტეა. მალე პირველ ათეულში შევა.
მანდილოსნების პრო ტურზე ახალი, საინტერესო სერიალი დაიწყო. საუნდტრეკში კარელ გოტის ნაცვლად ზაკ უაილდის ბენდი იქნება. და კორტზე კვიტოვა შეასრულებს.
![]() |
25 ლუი ვიუტონის ჩანთა ბორბლებზე |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
საავტომობილო ბაზარზე ბევრ ისეთ ავტომობილს ვერ ნახავთ, რომლებიც სატუნინგო კომპანიების მხრიდან ინტერესს იწვევენ. მაგრამ ინგლისურ კომპანია მინის ავტომობილები ასეთთა რიგებს არ მიეკუთვნება. ყველაზე მეტად კი, მოდიფიცირების ოსტატებს მინი კუპერ უორკსი იზიდავს.
ერთ-ერთი ასეთი სატუნინგო კომპანია გერმანული ქოვერ EFX-ია, რომელმაც ბეემვეს ჯგუფში შემავალი ინგლისური კომპანიის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს გარეგნობაც შეუცვალა და აღჭურვილობაც. და, თავისი ქმნილებით, პრესის ყურადღებაც დაიმსახურა.
პირველ რიგში, ტუნერებმა ხელი ძრავს მოჰკიდეს. 1.6-ლიტრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატისთვის, რომლის სტანდარტული ვერსიაც 211 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ორი კომპლექტი მომზადდა, რომლებიც მის მახასიათებლებს რადიკალურად ცვლიან.
პირველ კომპლექტში 2.5 დუიმი დიამეტრის მქონე მილებით დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა, სპორტული კატალიზატორი და სპორტული ფილტრი შედის. რაც მთავარია, ამ კომპლექტისთვის შეცვლილია ძრავის სამართავი კომპიუტერული სისტემის პროგრამა. შედეგად, აგრეგატის სიმძლავრე 236 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრამდე იზრდება.
თითქმის იგივეა მეორე კომპლექტში შემავალი დეტალების ჩამონათვალი. ოღონდ, ამ შემთხვევაში, კომპიუტერის პროგრამა იმგვარადაა შეცვლილი, რომ ძრავის სიმძლავრე 252 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 382 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ამ კომპლექტისთვის იცვლება გადაცემათა კოლოფის კონსტრუქცია, რის შედეგადაც, მისი საფეხურების შეცვლა სტანდარტულ კოლოფთან შედარებით, უფრო მოკლე დროში სრულდება.
შეცვლილია ავტომობილის საკიდარი, რომელიც კომპანია KW-ს სპორტული ამორტიზატორებით აღიჭურვება. ავტომობილი უფრო ეფექტურ მუხრუჭებსაც მიიღებს. რაც შეეხება ბორბლებს, ესაა კომპანია OZ-ის LM ueiv, რომელზეც კომპანია ტოიოს 205/40 R888 საბურავებია გადაკრული.
ავტომობილის საბაზისო ფერი შავია, რომელიც ოქროსფერი რამდენიმე სახის ფიგურითაა გაწყობილი. ფერთა იგივე კომბინაცია გვხვდება ბორბლებზეც. საერთო ჯამში, ავტომობილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის ბორბლებზე შემდგარი ლუი ვიტონისეული ჩანთა იყოს. ავტომობილის სახურავი და ცალკეული დეტალები ოქროსფრადაა შეღებილი. მას განსაკუთრებულ მდიდრულ იერს ოქროსფერი არშია ანიჭებს, რომელიც ავტომობილს მთელ პერიმეტრზე გარს უვლის. ის განსაკუთრებით სქელი და თვალშისაცემი ბორბლების თაღებზეა.
კომპანია ქოვერ EFX, მის მიერ მოდიფიცირებული მინი კუპერ უორკსის ფასს მოგვიანებით გამოაცხადებს.
![]() |
26 მარდალან ფარბუდის პაგანი სეი - უკეთესი, ვიდრე პაგანი ჰუაირა? |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
მსოფლიოში რამდენი ავტოდიზაინერიცაა, იმდენივე ხედვა არსებობს. დიზაინერი სწორედ იმისთვისაა, რომ მანქანის გარეგნობის ნებისმიერი დეტალი თავისებურად დაინახოს და თუ შესაძლებლობა აქვს, თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს კიდეც. ამის საშუალება კი მხოლოდ ერთეულებს აქვთ, მხოლოდ იმათ, ვისაც კონკრეტული ავტომობილის დიზაინის შემუშავება ევალება.
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არსებული ავტომობილების მათეულ დიზაინს ქმნიან და არცთუ იშვიათად, მათი ნამუშევარი ავტომოყვარულთა მოწონებას იმსახურებს. ასეთთა შორისაა თურქული წარმოშობის ბრიტანელი დიზაინერი არდალან ფარბუდი, რომელმაც სუპერავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია პაგანის უახლესი მოდელის, ჰუაირას მისეული კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა.
ფარბუდმა ქოვენთრის (ბრიტა-ნეთი) უნივერსიტეტის დიზაინის სრული კურსი გაიარა და უკვე რამდენიმე ცნობილ პროექტზე მუშაობა მოასწრო, ამჯერად კი პაგანი ჰუაირას დიზაინის საკუთარი ვერსია შეიმუშავა და კონცეპტუალური პროექტი საზოგადოებას ინტერნეტით გააცნო. თავის ქმნილებას მან სეი (იტალიურად ექვსი) უწოდა.
„ექვსიანი” უჟანგავი ფოლადის მილებისგან შეკრული ორი სუბჩარჩოსგან შედგება, რომელთაგან ერთი კარბონის კომპოზიტით გაძლიერებული მონოკოკის საფუძველს წარმოადგენს და ავტომობილის ძირითადი მზიდი სტრუქტურაა. მეორე კი ძრავის ჩარჩოა, რომელზეც მთავარი აგრეგატი და ტრანსმისიაა დამაგრებული. ძარაც კარბონის კომპოზიტისგან მზადდება და ის ჩარჩოებზე ხისტად მაგრდება.
ძარას ინდივიდუალური დიზაინი გამოარჩევს, ის პაგანის არც ერთ მოდელს არ ჰგავს. იტალიური კომპანიის სუპერავტომობილებთან ყველაზე დიდი მსგავსება, უკანა ნაწილის ცენტრში განლაგებული გამოსაბოლქვი ოთხი მილია. სამაგიეროდ, პაგანის ავტომობილებზე ვერ ნახავთ სამხედრო თვითმფრინავის ტიპის მომრგვალებულ სანთელს, რომლის ქვეშაც მხოლოდ ორი გაბედული ადამიანისთვისაა ადგილი. გაბედულის იმიტომ, რომ მათგან ერთს - მძღოლს, არც მეტი, არც ნაკლები, 1 200 ცხენის ძალის გამკლავება მოუწევს. ეს კი, ადვილი ნამდვილად არაა.
ძრავი გერმანულ კომპანია AMG-ს მიერაა შექმნილი. ესაა 4.8-ლიტრიანი V8, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც საფეხურების შეცვლას სულ რაღაც 80 მილიწამს ანდომებს. ამ ტანდემის დახმარებით, სეის ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა სულ რაღაც, 2.9 წამში შეუძლია.
პროექტის მიხედვით, ავტომობილი1 100 კილოგრამზე მძიმე არ უნდა იყოს. დაბალ წონას კი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენება უზრუნველყოფს. „ექვსიანის” უკანა საკიდარი რეგულირებადია. ისე კი, წინა და უკანა საკიდარიც, მზიდ ელემენტს ორმაგი ჩანგლების მეშვეობით უკავშირდება. ბორბლების ზომებია 19X9.5 წინ და 20X12.5 უკან. შესაბამისად, ისინი 265/35ZR19 და 335/30ZR20 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
უნდა ითქვას, რომ ეს ავტომობილი ჯერ მხოლოდ ესკიზური კონცეპციის სახით არსებობს, თუმცა მისი რეალურ პროტოტიპად დამზადება, ტექნიკურად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს...
![]() |
27 „უცნობი” ტილოები |
▲back to top |
კულტურა
მაკა კევლიშვილი
უცნობი ფერწერული ტილოები ხანდახან აქა-იქ ამოყვინთავენ ხოლმე. ასე იყო ახლაც, როდესაც 2011 წელი ქართული ფერწერისთვის უჩვეულო აღმოჩენებით დაიწყო: ჯერ იყო და, ნიკო ფიროსმანის “მამალი და კრუხ-წიწილა” იპოვეს, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ, ლადო გუდიაშვილის გრანდიოზულმა ფერწერულმა ტილომ მოზარდმაყურებელთა თეატრის სარდაფიდან „ამოყვინთა”.
„მამალი და კრუხ-წიწილა”
არავინ იცის როგორ და საიდან აღმოჩნდა ერთ-ერთი გადამყიდველის ხელში ნიკალას “მამალი და კრუხ-წიწილა”, რომელიც ავტორის სხვა ნამუშევრების ღირებულებასთან შედარებით, ძალიან დაბალ ფასად, 300 ათას ევროდ უნდა გაყიდულიყო. პროკურატურის საგამოძიებო საქმიანობის შემდეგ, აღმოჩენილი ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა, მოხდა მისი ანალიზი, ჩატარდა ექსპერტიზა და დასკვნაც გაკეთდა: ეს არის ავთენტური ნიკო ფიროსმანი, რადგანაც ამ ხარისხის ასლის გაკეთება უბრალოდ, შეუძლებელია. ხელოვნების ისტორიკოსი გია მარსაგიშვილი აღნიშნავს, რომ ნამუშევარი, რომელიც მუყაოზე ზეთით არის შესრულებული, არა მხოლოდ მხატვრის ბიოგრაფიის თვალსაზრისითაა ღირებული. ის მნიშვნელოვანია ზოგადად, ქართული ფერწერისათვისაც - „სერიისათვის დამახასიათებელი საერთო კომპოზიციის აგების სტილი, ფერები და ფუნჯის ერთი მონასმით შესრულებული წიწილები, რომელიც ნამუშევარზეა წარმოდგენილი, მხოლოდ ნიკო ფიროსმანის ხელწერისთვისაა დამახასიათებელი”, - აღნიშნავს მარსაგიშვილი.
როგორც ცნობილია, ამ თემაზე ფიროსმანს კიდევ ოთხი ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომელთაგანაც ორი კერძო კოლექციაში და ორიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. სწორედ მათთან შედარებისა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ექსპერტებმა ნახატს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებში მიუჩინეს ადგილი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით, ნამუშევარი ეროვნულ მუზეუმს გადაეცა, რათა დამთვალიერებელს მისი ნახვის საშუალება მიეცეს.
ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მისი ნამუშევრების აღმოჩენას მომავალშიც არ გამორიცხავენ, რადგანაც მხატვარი ხშირად სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა, რის გამოც მისი ნამუშევრების ერთად თავმოყრა შეუძლებელი იქნებოდა.
„დღესასწაული მდინარის პირას”
მისთვის დამახასიათებელი თვალის ნუშისებრი ფორმები, ფერადოვანი გამა, თავისებური მონასმი და მხოლოდ ერთი განსხვავება - სოცრეალისტური თემა, რომელიც იდეოლოგიურმა წნეხმა განაპირობა - ასე ახასიათებენ ლადო გუდიაშვილის ტილოს. ის აქამდე საზოგადოებისათვის უცნობი იყო.
ტილო, რომელსაც პირობითად „დღესასწაული მდინარის პირას” უწოდეს, საარქივო მასალის მიხედვით, 1946 წელს შეიქმნა. 1950 წელს ის მოზარდმაყურებელთა თეატრმა შეისყიდა და წლების მანძილზე, არა მხოლოდ ფერწერული, არამედ იდეოლოგიური დატვირთვის გამო თეატრის ხელმძღვანელობის კაბინეტს ამშვენებდა. თუმცა შემდგომ, ისტორიულმა ცვლილებებმა მას არქივში დაუდო ბინა. რაც თეატრის ადმინისტრაციამ საკუთარი ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტა, რუბრიკისათვის - „არტეფაქტები” საჭირო გახდა საინტერესო დეტალებისა თუ ნივთების „აღმოსაჩენად” თეატრის არქივის გადახედვა.
„მნიშვნელოვანია, რომ გუდიაშვილის ამ ტილოს შესახებ, სამხატვრო წრეებში არაფერი იცოდნენ. მას მხატვრის ნამუშევრების კატალოგებშიც კი ვერ ნახავთ. ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ლადო გუდიაშვილი კლასიკად იქცა, ნამუშევრის სოცრეალისტურ თემატიკას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც ის დიდი მხატვრის ისტორიისა და შემოქმედების ნაწილია”, - აღნიშნავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მმართველი მიხეილ ანთაძე. აღნიშნული ტილო კულტურის სამინისტროსა და თეატრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა, სადაც გუდიაშვილის სხვა ნამუშევრებთან ერთად, რესტავრაციის შემდეგ, მუზეუმის საექსპონატო დარბაზში დაიდებს ბინას.
![]() |
28 დამსახურებული გრემი კანადელებს |
▲back to top |
კულტურა|მუსიკა
ნიკა ესებუა
1958 წელს გრემი დაიბადა. ყოველწლიური ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება. პომპეზური, სანახაობრივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან პაპსა და, როგორც წესი, საშინელი ნომინანტებით და გამარჯვებულებით.
Lady Gaga
მაგრამ 53-ე გრემის დაჯილდოებაზე ნამდვილი სენსაცია მოხდა. წლის საუკეთესო ალბომის წოდება კანადური ბენდის Arcade Fire-ს ნამუშევარმა The Suburbs მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავარი ჯილდოს მფლობელი ინდი როკ-ბენდი გახდა. ჯგუფმა, რომელსაც არც გავლენიანი პროდიუსერი უმაგრებს ზურგს და არც დიდი ლეიბლები, შეძლო და „გარეუბანში” გაუშვა რეპერი ემინემი თავისი ალბომით Recovery, ქანთრი ტრიო Lady Antebellum ალბომით Need You Now, ლედი გაგას - The Fame Monster და კეიტი პერის -Teenage Dream.
Lady Antebellum
Arcade Fire XXI საუკუნის ინდი ტალღის ერთ-ერთი პიონერია. უინ ბატლერის, მისი მეუღლის რეჯინ შასანისა და მათი მეგობრების მიერ 2003 წელს მონრეალში დაარსებულმა ბენდმა უკვე სამი საუცხოო ალბომი გამოუშვა. მრავალჟღერადობა, ხშირად მელანქოლიური ტექსტები, საოცრად ემოციური ლაივ პერფორმანსები - ეს ყველაფერი Arcade Fire-ს უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია. კვებეკელებმა წლევანდელ გრემიზე Month of May შეასრულეს, დიდებული შოუ დადგეს და სხვა გამომსვლელების ფონზე ღვთის მიერ გამოგზავნილ მესიებს დაემსგავსნენ.
კეიტი პერი
თავი ყველაზე მეტად სი ლო გრინმა შეირცხვინა. არა, მართალია Gnarls Barkley-ს ყოფილმა წევრმა მშვენივრად იმღერა, უბრალოდ თავისი ჰიტი Fuck You! მსახიობ გვინეტ პელტროუსთან ერთად შეასრულა, რომლის სიმღერაც, სხვა თუ არაფერი, საცოდაობა იყო. ოსკაროსანი პელტროუ სცენაზე საშინლად მოძრაობდა, ხშირად სასაცილოდ და კიდევ უფრო ხშირად, გამაღიზიანებლად.
კანადური ბენდი Arcade Fire
კეიტი პერისაც „უჭირს სიმღერა”. ამ მომხიბვლელი გოგოს ლაივ პერფორმანსის მოსმენას ჯობია „ტრანსფორმერები 2” ჩართოთ, თვალები დახუჭოთ და მხოლოდ რობოტების მოძრაობისა და სროლის ხმას უსმინოთ. რატომ იყო მისი Teenage Dream საუკეთესო ალბომისთვის ნომინირებული? ალბათ იმავე მიზეზით, რატომაც ჯასტინ ბიბერს ჰქონდა 2 ნომინაცია. ისინი ხომ დღეს პოპ-ინდუსტრიის ზენიტში იმყოფებიან და შესაბამისად, ტელეეკრანთან ყველაზე მეტ მაყურებელს იზიდავენ, ისევე, როგორც ლედი გაგა, თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის მადონა, დედოფალი, რომელიც იგივე პერისგან და ბიბერისგან განსხვავებით, ნიჭიერი მუსიკოსია და კარგ შოუებს მაინც დგამს. გაგამ წლევანდელ გრემიზე 6 ნომინაციიდან 3 ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო პოპ-ალბომისთვის და პოპ-შემსრულებლისთვის. სამადლობელო სიტყვით გამოსვლა გინებით დაიწყო და უიტნი ჰიუსტონის ქება-დიდებით დაასრულა.
ემინემი
საუკეთესო ახალი შემსრულებელი არც ბრიტანეთის სიამაყე Florence & The Machine გახდა, არც Mumford & Sons ან თუნდაც რეპერი დრეიკი. ეს საპატიო ჯილდო ჯაზის უნიჭიერესმა შემსრულებელმა, მაგრამ ამ ნომინაციის აშკარა აუტსაიდერმა - ესპერანსა სპალდინგმა მიიღო.
2010 წლის ყველაზე წარმატებული რეპერი ემინემია. ყველა დროის ყველაზე ცნობილი თეთრკანიანი ჰიპ-ჰოპის სამყაროში საუკეთესო რეპ-შემსრულებლად და საუკეთესო რეპ-ალბომის ავტორად აღიარეს. გრემიზე ეს მისი მეთორმეტე აღიარება იყო, მაშინ, როდესაც როკის ცოცხალმა ლეგენდამ ნეილ იანგმა, სწორედ წელს, 65 წლის ასაკში თავისი პირველი გრემი მიიღო.
მიკ ჯაგერი
წლევანდელ შოუს ბებერი ლეგენდები ნამდვილად არ აკლდა. გარდა იმისა, რომ სცენაზე ბობ დილანი და მიკ ჯაგერიც გამოჩნდნენ, ბარბრა სტრეიზანდმა MusiCares-ის (ფონდი, რომელიც ეხმარება მუსიკოსებს, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ) სპეციალური ჯილდო მიიღო. ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს წელს მუსიკის სამყაროში ტაიმაუტი ჰქონდა აღებული, თუმცა Duck Sauce-ს „დახმარებით” აქტუალობა არ დაუკარგავს და მათი ელექტროტრეკი Barbra Streisand ნამდვილ ჰიტად იქცა.
გვინეტ პელტროუ
ბარბრა სტრეიზანდმა და კრის კრისტოფერსონმა უმთავრესი ჯილდო Arcade Fire-ს გადასცეს. კანადელებმა კიდევ ერთხელ დაანთეს ცეცხლი დარბაზში, როდესაც Ready to Start შეასრულეს და იმედი ჩამისახეს, რომ გრემიც შეიძლება შეიცვალოს. ძალიან მეინსტრიმული შემსრულებლების დაფასებიდან, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ხარისხიანი მუსიკოსები გააცნოს საზოგადოებას. თითქოს Arcade Fire-მ გრემი „გაამზადა დასაწყისისთვის”, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა. გრემი მაინც დარჩება იმ დაჯილდოებად, რომელსაც საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაცია ცალ-ცალკე აქვს და სადაც 100-ზე მეტი ნომინაცია და კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებაა. დარჩება გრამოფონად, რომელიც დაუკრავს იმას, რასაც ხალხი მოითხოვს.
![]() |
29 გონდრის კრაზანა |
▲back to top |
კულტურა|კინო
ნიკა ესებუა
სუპერგმირებზე ფილმები ყოველთვის პოპულარული იყო ჰოლივუდში. ბეტმენი, სპაიდერმენი, იქს-ადამიანები ყოველთვის ახერხებდნენ მაყურებლის გულის დაპყრობას. ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებულები მუდამ მზად არიან ხალხი დაიცვან კინოში, რეალურ ცხოვრებაში - კინოგაქირავებაში დიდი შემოსავლი მოიტანონ. პიტერ სტებინგის „დამცველით” და მეთიუ ვონის Kick-Ass-ით კი სუპერგმირების ცხოვრებაში ახალი ტალღა დაიწყო, როდესაც უბრალო ადამიანები ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების გარეშე, სუპერგმირობებით ცდილობენ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ამ ტალღის შვილია „მწვანე კრაზანაც”.
მიშელ გონდრის ფილმის მთავარი პერსონაჟი ბრიტ რიდია (სეტ როგენი), უსაქმური მექალთანე, რომლის დილა მუდამ ფინჯანი ცხელი ყავით იწყება და აღვირახსნილი ღრეობით მთავრდება. ბრიტის მამა, ჯეიმს რიდი (ტომ უილკინსონი) შვილით მუდამ უკმაყოფილოა და თავისუფალ დროს მის კრიტიკაში ატარებს, თავისუფალი დრო კი ძალიან ცოტა აქვს. ის ლოს ანჯელესის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთის „დღის გუშაგის” მფლობელი და მთავარი რედაქტორია. ისევე, როგორც ყველგან, ამ ფილმშიც ყველაფერს ერთი უბედური შემთხვევა ცვლის. ჯეიმს რიდის ფუტკრის ნაკბენით გარდაცვალება ბრიტს უბიძგებს ახალი ცხოვრება დაიწყოს. როგენის გმირი მამამისის მექანიკოს კაიტოს (ჯეი ჩოუ) გაიცნობს, რომელიც საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი და ნიჭიერი ინჟინერია. მისით აღფრთოვანებული უმცროსი რიდი გადაწყვეტს სუპერგმირი გახდეს. სახელად მწვანე კრაზანას დაირქმევს, კაიტოს უსახელო თანაშემწედ აიყვანს და ხალხის სამსახურში ჩადგება. თავისი ალტერ ეგოს პოპულარიზაციის მიზნით „დღის გუშაგში” მხოლოდ მწვანე კრაზანაზე აწერინებს ჟურნალისტებს, ასისტენტად კრიმინალისტის ხარისხის მქონე მომხიბვლელ მანდილოსანს, ლენორს (ქამერონ დიასი) აიყვანს, რომლის იდეებსაც ფარულად იყენებს თავისი მიზნების განხორციელებაში.
სუპერგმირების თემა იმდენად გაცვეთილია, ძნელია რაიმე ორიგინალურის შექმნა. მიშელ გონდრი კი სწორედ ის რეჟისორია, რომელმაც ზუსტად იცის სიტყვა ნოვაციის მნიშვნელობა. ფრანგი რეჟისორი კინოში რეკლამისა და კლიპების სამყაროდან მოვიდა. იქ არაერთი დაუვიწყარი ნამუშევარი შექმნა - ბიორკი, Daft Punk, The Chemical Brothers, The White Stripes - ეს იმ შემსრულებლების მცირე ჩამონათვალია, რომლებისთვისაც გონდრის უმუშავია. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ტყვიის შენელების ეფექტი, სწორედ ის ეფექტი, რომელიც ვაჩოვსკებმა „მატრიცაში” გამოიყენეს. გონდრი არასოდეს ერიდება სიახლეს, გამოწვევებს, უყვარს ვიზუალური ექსპერიმენტები. ამ ყველაფერს ის „მწვანე კრაზანაშიც” კარგად იყენებს. ფილმში ბრძოლის სცენები მიშელის კლიპებს ჰგავს -- კამერის საოცარი მოძრაობა, ბრწყინვალედ შერჩეული მუსიკა, მონტაჟით მანიპულირება.
სცენარი ფილმისთვის ევან გოლდბერგმა და სეტ როგენმა დაწერეს. ისინი შეეცადნენ, ფილმი სასაცილო და ჩამთრევი გამოსულიყო. კრისტოფ ვალცის პერსონაჟი ჩუდნოვსკი ცალკე აღნიშვნის ღირსია - მწვანე კრაზანას მთავარი მტერი და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ბალზაკის ასაკის მაფიოზი. შუა ასაკის კრიზისში მყოფს ძალიან აღიზიანებს, რომ მისი არავის ეშინია მიუხედავად იმისა, რომ მაფიის უმთავრესი ბოსია და არაერთი ადამიანი მოუკლავს, გადაწყვეტს იმიჯი შეიცვალოს და ბლადნოვსკი (blood-სისხლი) გახდეს. ის მხოლოდ წითელი სამოსით დადის და სპეციალურ ფრაზასაც შეარჩევს, რომელიც ყველა მსხვერპლს სიკვდილამდე უნდა უთხრას - „ჩემი ნიღაბი იქნება თუ შენი სისხლი, წითელი, იქნება ბოლო ფერი, რომელსაც შენ ნახავ”.
3D ეფექტები, ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიებით გადაღებულ თითქმის ყველა ფილმში, სრულიად ზედმეტია და მხოლოდ სიამოვნების მიღებას უშლის ხელს. მართალია, „მწვანე კრაზანა” კარგი ექშენ ფილმია, რომელიც ახალს და ორიგინალურს არაფერს სთავაზობს მაყურებელს იდეისა და სიუჟეტის თვალსაზრისით, სამაგიეროდ ვიზუალურად მომხიბვლელი და... სასაცილოა.
![]() |
30 ისტორია |
▲back to top |
სულელი უცხოელი|სვეტი
ამბობენ, მცირერიცხოვან ერებს ხშირად ძალზე ხანგრძლივი ისტორია ტანჯავთ. ამ ჰიპოთეზის სისწორე არსად დასტურდება ისე, როგორც საქართველოში. აქ ერს წარსულის ტვირთი ხშირად ძალიან ამძიმებს. ხშირად უთქვამთ ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის - შეფარული ქედმაღლობით - რომ ბოლომდე ვერასდროს გაუგებენ საქართველოს, ვინაიდან ისინი „ახალგაზრდა” ქვეყნის შვილები არიან. „ჩემს ბაღში ზოგი ხე უფრო მეტი ხნისაა, ვიდრე მთელი თქვენი ერი”, ამას წინათ ერთმა ჩემმა ქართველმა ნაცნობმა ამერიკელს ნიშნისმოგებით უთხრა. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი 21 წლის ახალგაზრდა ამჟამად არსებულ საქართველოს სახელმწიფოზე უფროსია.
ცუდად არ გამიგოთ. საქართველოს მართლაც უაღრესად მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს, მაგრამ გადამლაშება არ არის საჭირო. ბევრი ჩემი ქართველი მეგობარი შეშფოთდა, შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო თავი, როდესაც BBC-ის ვებგვერდზე ამას წინათ გამოქვეყნებული სტატიიდან შეიტყო, რომ ღვინის დამზადების უძველესი მოწყობილობა სომხეთში აღმოეჩინათ. „მერე, რა”, თქვეს მათ, „სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ ვაზის კულტურა ყველაზე ადრე საქართველოში მოჰყავდათ”. თითქოს ვაზის უძველესი ნერგი სომხეთში რომ აღმოაჩინონ, ამით საქართველოს ღვინის მეურნეობას ჩრდილი მიადგება, მეორე დღესვე შევწყვეტთ ყველა საფერავის სმას და სუფთა სომხური კონიაკის, „არარატის”, გარდა, სხვა სასმელს აღარ გავეკარებით.
ამას დმანისის ჰომინიდები, საყოველთაოდ ცნობილი „პირველი ევროპელები”, ემატება. ყოველ ჯერზე, როცა კი ტაქსიში ჩავჯდები, ერთი და იმავე ამბის მოსმენა მიწევს: „იცი, რომ ჩვენ, ქართველები, პირველი ევროპელები ვართ. ეს დადასტურებული ფაქტია”. და ყოველ ჯერზე, როცა ამას ვისმენ, უბრალოდ, სიმწრით მეღიმება და ხასიათიც მიფუჭდება. არ ვაპირებ, ლექცია წაგიკითხოთ ადამიანის ევოლუციის შესახებ, მაგრამ ნება მომეცით, ერთი რამ აღვნიშნო - ისინი, რაც დმანისში აღმოაჩინეს, არ არიან ევროპელები - ისინი სრულყოფილი ადამიანებიც კი არ არიან. თუ დროში უკუსვლით წავალთ და ჰომინიდ წინაპრებს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახელების დარქმევას დავუწყებთ, ისინი „პირველი აზიელებიც” კი აღმოჩნდებიან. იცით რა არიან ისინი? უბრალოდ პირველები იმ უძველეს ჰომინიდებს შორის, რომლებიც კი არქეოლოგებს აფრიკის მიღმა აღმოუჩენიათ. ეს უდავოდ საინტერესო ფაქტია, მაგრამ გთხოვთ, ამის გამო ნუ შემოვკრავთ „ოდა სიხარულს” და ნუ გამოვფენთ ევროკავშირის დროშებს. ჰო, ის თუ ვთქვი, რომ ჩვენ მათი შთამომავლები არა ვართ? ჩვენ იმ აფრიკელებისგან წარმოვიშვით, რომლებმაც კონტინენტი ზეზვასა და მზიას მერე, ერთ მილიონზე მეტი ხნის შემდეგ, დატოვეს.
როგორც ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ აინტერესებს წარსული, ვფიქრობ, კარგია, რომ ქართველთა უმეტესობას საკუთარი ქვეყნის ისტორია ასე კარგად ესმის, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ლაქები და უზუსტობები მაინც არსებობს (სხვათა შორის, ქართული ანბანი მეფე ფარნავაზს არ შეუქმნია. ან თუ შექმნა და, მაშინ საგულდაგულოდ გადაუმალავს ისე, რომ რამდენიმე ასწლეული ვერავინ იპოვა). მაგრამ კარგი ისტორია ისეთი რამ არის, რისთვისაც წარსული ამბავია, რომელიც უნდა გაიგო და არა რესურსი პოლიტიკური მობილიზებისთვის. რაც უნდა ბევრი ამტკიცოს საქართველომ, რომ პირველი ევროპელების ქვეყანაა, ამით ის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზას ვერ შეამოკლებს. საქართველოში, წარსულისკენ ცქერით, ხალხი ხშირად აწმყოს ხედვას იბუნდოვანებს.
![]() |
31 თვის ყველაზე ეროტიკული ნეკროლოგი |
▲back to top |
კულტურა|ამბები
თებერვალში სამი, ერთმანეთზე ეროტიკული როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა: მარია შნაიდერი (3-ში, 58 წლის), ლენა ნაიმანი (4-ში, 66 წლის) და ტურა სატანა (4-ში, 72 წლის). თითოეული ერთი ფილმითაა ცნობილი, მაგრამ ეს იმდენად საკულტო სურათებია, რომ მათთან ერთად ქალბატონებიც კინემატოგრაფის ველური დეკადის განუყოფელ ნაწილებად იქცნენ.
1960-70-იანი წლები - ვიეტნამი, კენედის მკვლელობა, მონოკინი, „ბითლზი” იესოზე პოპულარულია, საფრანგეთში სტუდენტური რევოლუციაა, ადამიანი მთვარეზე. პურიტანულ ამერიკაში კი ოსკარებს, ისევ „მუსიკის ჰანგებს” აძლევენ.
და სწორედ იმ ხანებში, ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს, რომ სხეულის გამომზეურება ძველ თაობასთან კავშირის გაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება იყო.
ყველაფერი საიდანღაც იწყება...
ტურა სატანა
ტურამ სახელი მეიერის 1965 წლის ფილმით, “სწრაფად, ფისუნია! მოკალი! მოკალი!” გაითქვა. მეიერი თავისი დროის როდრიგესია - უტრირებული ძალადობა და სექსი, ირონიულ-აბსურდული ჰორორი. სატანას გმირი, ვარლა გოგონების ბანდის ლიდერია. გოგონებს კალიფორნიის გზებზე სწრაფი მანქანებით სიარული იტაცებთ. ერთხელაც წყვილს გადააწყდებიან. ბიჭს ვარლა შიშველი ხელებით კლავს... თავგადასავალიც შესაფერისად გრძელდება.
ამ როლისთვის ტურას ბიოგრაფია უმაგრებს ზურგს. მისი ნამდვილი გვარი იამაგუჩია. 9 წლისა ხუთკაციანმა ბანდამ გააუპატიურა. ის აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლა და დაიფიცა, რომ მოძალადეებზე შურს იძიებდა. სკოლიდან გარიცხეს. ბანდის ლიდერი გახდა. 13 წლისამ ლოს ანჯელესში ბლუზის სიმღერა სცადა. მერე შიშველი პოზირებდა. მალე წარმატებული მოცეკვავე გახდა. ელვის პრესლის ხვდებოდა, მაგრამ მისთვის ცოლობაზე უარი უთქვამს...
„ფისუნია” ერთადერთი ფილმი იყო, რამაც დიდება მოუტანა.
ლენა ნაიმანი
შვედი მსახიობის კარიერა 50 წელს ითვლის. მართალია, მას გაუმართლა და ინგმარ ბერგმანის ფილმში „შემოდგომის სონატა” ლივ ულმანის დის როლი შეასრულა, თუმცა ლენას ვარსკვლავობა უფრო ადრე, შემანის ორი ფილმით იწყება: 1967 წლის „მე ცნობისმოყვარე ვარ (ყვითელი)” და 1968 წლის “მე ცნობისმოყვარე ვარ (ლურჯი)” (შვედეთის დროშის ფერები). “ყვითელმა” 60-იანი წლების შვედურ კინოს თავისი სიტყვა ათქმევინა. ფილმი თითქოს სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს ეხებოდა, თუმცა, ისიც ყველამ იცოდა, რომ მაყურებელს ვერ მოიზიდავდი იმაზე მსჯელობებით, შვედეთი საკმარისად სოციალისტურია თუ არა. მაგრამ აი, ორალური სექსის სცენებით ამას თავისუფლად მოახერხებდი. სწორედ ამიტომ ფილმში მსგავსი ეპიზოდები იმდენად უხვად შევიდა, რომ ამერიკაში, ზოგი სცენა ამოიღეს, მასაჩუსეტსში კი - მთლიანად აკრძალეს. 100 ათასზე ნაკლებ დოლარად შექმნილმა ფილმმა ამერიკაში 20 მილიონი გააკეთა.
ლენამ კი უქარიშხლო კარიერა გააგრძელა.
მარია შნაიდერი
ბერტოლუჩის 1972 წლის ფილმს “უკანასკნელი ტანგო პარიზში” ნაკლები წარდგენა სჭირდება. მცირედ პოპ-ფსიქოლოგიურ ფონს თუ არ ჩავთვლით, მასში მთავარი ეროტიკის სცენებია. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სურათს ორაზროვანი რეაქციები მოჰყვა. როდესაც „ტანგოს” ჟურნალ TIME-ში მთავარი გვერდები მიუძღვნეს, ზოგ მკითხველს, პროტესტის ნიშნად, ჟურნალის გამოწერაც კი შეუწყვეტია. განსაკუთრებული ხმაურის საგანი კარაქის სცენა იყო, რაზეც, 2007 წლის ინტერვიუში მარიას უთქვამს - სცენარში არ ეწერა და გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრანდომ მოიფიქრა. მართალია, რასაც მარლონი აკეთებდა, არ იყო ნამდვილი, მაგრამ მე მართლაც ცრემლებით ვტიროდი. დამცირებულად და გაუპატიურებულადაც ვიგრძენი თავი, როგორც მარლონის, ისე ბერტოლუჩის მხრიდანო.
„ტანგოს” მერე მას სექს-სიმბოლოდ უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე მსახიობად, რაც აღიზიანებდა. 1975-ში ანტონიონის „პროფესია: რეპორტიორშიც” ითამაშა, მაგრამ ნარკოტიკებმა და დეპრესიამ მის კარიერას გასაქანი არ მისცეს. ორმოცამდე როლიდან დღემდე “ტანგოთი” იცნობენ.
ალბათ ამიტომაც თქვა მისი გარდაცვალების მერე ბერტოლუჩიმ: „მარია თავისი ახალგაზრდობის მოტაცებაში მადანაშაულებდა, სიკვდილი ძალიან მალე ეწვია, რომ მისი ნაზად ჩახუტება მომესწრო, რომ ერთხელ მაინც მეთხოვა პატიება”.
„ტანგო” New Yorker-ის ერთ-ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა მოიხსენია ფილმად, რომელზეც იქამდე იკამათებენ, ვიდრე კინო იარსებებს.
რატომ ყავისფრდებიან ვან გოგის ყვითელი „მზესუმზირები”?
ვან გოგის მულტიმილიონებად შეფასებულმა მხატვრობამ რეალური ცხოვრების მიბაძვა დაიწყო.
საქმე ისაა, რომ ლეგენდარული მხატვრის მიერ ხასხასა ფერების გამოყენებამ, რამაც მისი შემოქმედების ინტენსიური ხასიათი და ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი შექმნა, დღეს არც თუ სასურველი შედეგი გამოიღო. საყვარელი ფერების მისაღწევად, ჰოლანდიელი მხატვარი ყვითელ საღებავში თეთრ ფხვნილს ურევდა, მაგრამ ამ კომბინაციას, დროთა განმავლობაში, საწინააღმდეგო ეფექტი მოჰყვა: ფერებს ბუნება, კერძოდ მზის შუქი, ამუქებს. ანტვერპენის უნივერსიტეტის რენტგენოგრაფიულმა კვლევებმა მიზეზად ქიმიური - რედუქციის - რეაქცია დაასახელეს, რაც საღებავში ქრომის ცვლილებებს იწვევს.
მოკლედ, ნამდვილი მზესუმზირებისა არ იყოს, ვან გოგის „მზესუმზირებიც” თანდათან ყავისფრდებიან. ექსპერტებს კი მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ნახატების შენახვის ახალ გზებს მიმართონ და „მზესუმზირებთან” ერთად, ვან გოგის სხვა ნახატებიც მზეს მოარიდონ.
![]() |
32 ქართული სუფრის საგანძური |
▲back to top |
გურმანი
9 თებერვალს რესტორან პურის სახლში „ქართული სუფრის საგანძურის” პრეზენტაცია ჩატარდა. იშვიათი და მივიწყებული რეცეპტების აღდგენა კომპანია ემ ჯგუფის ინიციატივით შარშან, 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყო. რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად, „ქართული სუფრის საგანძური” ცალკე მენიუდ ჩამოყალიბდა, რომელსაც კომპანია საკუთარ რესტორნებში შესთავაზებს მომხმარებელს („პურის სახლი”, „მეტეხის ჩრდილში”, ქსელი „მასპინძელო”).
35 კერძი, რომელიც პრეზენტაცია-ნადიმზე იყო წარმოდგენილი, 150-კერძიანი საგანძურის მხოლოდ ნაწილია. რეცეპტები მთელი საქართველოს რეგიონებში და მათ შორის ტაო-კლარჯეთშიც შეგროვდა. როგორც ემ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერმა შოთა მაჭავარიანმა განგვიმარტა: „სამუშაო მხოლოდ რეცეპტების ჩაწერითა და დამზადებით არ დასრულებულა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე გემოვნებისთვის მოგვერგო კერძები, უფრო მსუბუქი, ნაკლებცხიმიანი გაგვეხადა. თუმცა ამავე დროს ვეცადეთ, არ დაგვეკარგა ამა თუ იმ კერძისთვის დამახასიათებელი გემო და არომატი”. შემდგომი ეტაპი „საგანძურის” ე.წ. ბრენდად ჩამოყალიბება იყო, რაშიც კომპანიას ეთნოგრაფები დაეხმარნენ. შეიქმნა საგანძურის ატრიბუტიკა, ორნამენტული ქართული სუფრა და ჭურჭელი, ტრადიციულად - ლურჯით თეთრზე.
330-მდე მოპატიჟებული სტუმარი განსაკუთრებული ღონისძიების მომსწრე გახდა. ალბათ პირველად მოხდა, რომ ასეთმა მრავალფეროვნებამ იშვიათი კერძების სახით, ერთ სუფრაზე მოიყარა თავი. იმერული სირა ბაჟეს გარდა (რეცეპტს მომდევნო გვერდზე გთავაზობთ), რომელიც, ჩვეულებრივ, ქალაქურ ბაჟესთან შედარებით სქელი კორკოტისებრი ნიგვზის ფაქტურითა და მჟავიანობით გამოირჩეოდა, აღნიშვნის ღირსია ამაზე გაცილებით მჟავიანი შინდის შეჭამანდი, რომელიც, რეცეპტის ავტორის გადმოცემის თანახმად, კახელმა გლეხმა “გახიზნულ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის რაზმელებს ტყეში დააწია”. ჩვენ ეს კერძი მივირთვით როგორც წვნიანი - თხევადი ტყლაპისმაგვარი და მჟავე. სასიამოვნო მჟავიანობის და სირბილის მქონე კერძმა არაერთი სტუმარი კახური შეჭამანდის „საპახმელიო” თვისებებზეც აალაპარაკა, თუმცა ალბათ უფრო საინტერესო იქნება ამ კერძის, როგორც სოუსად და არა წვნიანად განვითარება. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც სტუმრების უმრავლესობა, ისე ჩვენც სრულიად უცხო კერძებს ვაგემოვნებდით, ყველა კერძში იგრძნობოდა ის, რაც თავისთავადი და ულაპარაკოდ საცნობია - ქართული გემოვნება. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო იმერული კვაწიხელა - კვახის ჩირის ფხალი. კარგად ნაცნობი ფხალის გემო, თუმცა უცხო სტრუქტურით, რაც კვახის ნაზმა პიურემ განაპირობა. როგორც საგანძურის მზარეულმა მალხაზ მაისაშვილმა აგვიხსნა, ეს კერძი კვახის ჩირიდან მზადდება (კვაწიხელა - კვახის ჩირია) და კვაწიხელაც სპეციალურად იმერეთიდან მოაქვთ. თუმცა, ალბათ, სრულიად შესაძლებელია ამ რეცეპტის ჩვეულებრივი კვახის პიურედან მომზადება.
უფრო ნაცნობი კერძებიდან დავაგემოვნეთ აჭარული სინორი და ჩირბული, თუმცა ბევრი იყო სრულიად უცნობი. მაგალითად, მეგრული ჭყვინჭყოლია (ღომი შუაში მოქცეული ჭყინტი ყველითა და პიტნით) ან თუშ-ყაფათი - ცომში გადახვეული შემწვარი და დაკეპილი ხბოს ხორცი, რომელსაც თურმე “თუშები მხოლოდ ორ შემთხვევაში - ათნიგენობის დროს ან სტუმრად წვეული ძმადნაფიცის პატივსაცემად ამზადებდნენ”.
ერთი სიტყვით, თუ რომელიმე უცნობმა თუ ნაცნობმა კერძმა მადის ან ცნობისმოყვარეობის საღერღელი აგიშალათ, ეწვიეთ და თავად განსაჯეთ, ქაფშიანი მჭკიდი (ლაზური მჭადი ხამსითა და მწვანილეულით) უკვე თბილისშიც ცხვება.
![]() |
33 სირა ბაჟე |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
მზარეული მალხაზ მაისაშვილი
ემ ჯგუფი
ეს იმერული კერძი მომზადებულია წერეთლების საგვარეულო რეცეპტის მიხედვით
მასალა:
1 კგ ხბოს ჩლიქები
200 გრ ნიგოზი
1 მწიკვი ხმელი ქინძი
2 კბილი ნიორი
1/2 კონა ცოცხალი ქინძი
1/2 ჩ/კ უცხო სუნელი წითელი
3-4 ს/კ ძმარი
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ქართული სუფრის საგანძური
მომზადების წესი:
ხბოს ჩლიქები კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ, სანამ არ ჩაიშლება, გამოძვალეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
ცალკე მოამზადეთ ბაჟე: ნიგოზი და მწვანე ქინძი გაატარეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. დაუმატეთ ნელ-თბილი წყალი და გააჯერეთ ძმრით ისე, რომ ძმრის გემო კარგად იგრძნობოდეს. ბაჟეში ჩააწყვეთ მოხარშული ხბოს ჩლიქები.