![]() |
ტაბულა №54 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, უგულავა სალომე, სოკორი ვლადიმირ, ფაირსტოუნი ჯემისონ, ავალიანი დიმიტრი, კოკიჩაიშვილი თეონა, ბურჭულაძე ზაზა, კვანჭილაშვილი ელენე, ნამჩავაძე ბესიკ, ტუღუში გიორგი, მაჭარაშვილი ნინო, კაცია ნინო, მუჯირიშვილი ნატა, მიქავა მარიამ, ბასილაია მიხეილ, ელერდაშვილი ვახო, თათარაშვილი ნესტან, გოდუაძე ლაშა, კოვზირიძე დავით, ლორთქიფანიძე მერაბ, კეკელიძე გიორგი, ახლოური ნინა, კიკნაველიძე თამარ, მაჩაიძე ნიკა, მესხიშვილი გიგო, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|2 - 8 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
არაფერი იქნებოდა იმაზე უფრო წინდაუხედავი, უმნიშვნელო და წამგებიანი, ვიდრე ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრათ“.
იტალიის პრეზიდენტი, ჯორჯონა პოლიტანო. იტალიამ, საფრანგეთთან ერთად, ევროკავშირს შენგენის ხელშეკრულების რეფორმისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც იტალიაში ჩრდილოეთ აფრიკიდან ათასობით ემიგრანტი ჩავიდა. 27 აპრილი
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველა ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევის გასამართლებლად იყენებს“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰონლეიმ ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ - ჩინეთის მოლაპარაკებების წინ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია თანასწორობისა და ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე ურთიერთგაგება გააღრმაოს. 26 აპრილი
„ძროხასთან ვალში ვარ“.
ტიბეტის ახლად არჩეული დევნილობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერი, ლობ სან სან აი თავის მიმართვაში მოჰყვა, თუ როგორ გაყიდა მისმა ოჯახმა ძროხა 500 რუპიად, რათა მისი სკოლის საფასური გადაეხადა. 26 აპრილი
„ის ფაქტი, რომ აშშ, სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნები მიზანმიმართულად არ ამარაგებენ საკვები პროდუქტებით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს, ნამდვილად ადამიანის უფლებათა დარღვევაა”.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგის განახლების საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა. 28 აპრილი
![]() |
2 კვირა |
▲back to top |
23 აპრილი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 266 მსჯავრდებული შეიწყალა. 266-დან 227 მსჯავრდებული საპატიმროებს და უყოვნებლივ დატოვებს, 24-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, 2-ს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 13 მათგანს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 12 ქალია, არასრულწლოვანი კი - არც ერთი.
24 აპრილი
იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდულა სალეჰმა გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. სანაცვლოდ კი ხელშეუხებლობის გარანტია მოითხოვა. სალეჰის მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით, ძალაუფლების გადაბარება მომდევნო 30 დღის განმავლობაში მოხდება. იემენის ოპოზიციის ლიდერები სალეჰის დაპირებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი აზრით, იემენის პრეზიდენტის განცხადება, შესაძლოა, მისი კიდევ ერთი „მანევრი”იყოს.
25 აპრილი
ყაზახეთის მოქალაქემ ავია კომპანია ალიტალიას კუთვნილი თვითმფრინავის გატაცება სცადა. ის მოითხოვდა, რომ თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან რომის მიმართულებით მიფრინავდა, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დაესვათ. მომცრო დანით შეიარაღებული 48 წლის ვალერი ტოლმაჩევი ეკიპაჟის წევრებმა განაიარაღეს. ტოლმაჩევი ყაზახეთში იუნესკოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩევლად მუშაობს. ის თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას გადასცა.
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეების“ უსაფრთხოების დასაცავად - ამის შესახებ განცხადება ცხინვალში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.ლავროვის თქმით, რუსული მხარე არ გამორიცხავს „სამხედრო პროვოკაციებს“ თბილისის მხრიდან. ქართულმა მხარემ ლავროვის ცხინვალში ვიზიტი „პროვოკაციულ ნაბიჯად“ შეაფასა.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა, გაეროს სირიაში სპეცსამსახურების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყება სთხოვა. გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება HRW-ი. ორგანიზაციამ მოუწოდა აშშ-ს და გაეროს, შემოიღონ სანქციები სირიის იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი.
26 აპრილი
„ჩერნობილის კატასტროფის დროს საბჭოთა კავშირი „სწორად არ მოიქცა“ ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააკეთა. „ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები, ასეთი საფრთხეების დროს სახელმწიფო ვალდებულია სიმართლე უთხრას ხალხს. ხელისუფლება მოქალაქეებს აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს მომხდარი კატასტროფის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ. საბჭოთა კავშირი კი 25 წლის წინ ასე არ იქცეოდა“, განაცხადა მედვედევმა.
თურქეთში სომხეთისა და თურქეთის შერიგების სიმბოლური მონუმენტის დემონტაჟი დაიწყო. ორი ქვეყნის საზღვართან მდებარე მონუმენტს თურქეთში ბევრი აკრიტიკებდა, რადგან ის იქვე მდებარე ისლამურ სალოცავს „ჩრდილავდა”. გასულ იანვარს, მონუმენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა და მას „უცნაური” უწოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მონუმენტის დემონტაჟი.
27 აპრილი
კომპანია Sony-მ გლობალური სისტემის, PlayStation-ის მომხმარებლებს გაფრთხილება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ჰაკერებმა მათი პირადი მონაცემები გატეხეს. შესაძლო მოპარულ მონაცემთა შორის PlayStation-ის მომხმარებლების საკრედიტო ბარათების ნომრებიც შედის. Sony-მ PlayStation-ის ქსელი ჰაკერული თავდასხმის გამო 20 აპრილს გათიშა, თუმცა განცხადება კიბერშეტევის დეტალების შესახებ დაგვიანებით გამოაქვეყნა. ამან PlayStation-ის მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მათგანმა Sony-ს ოფიციალურ ბლოგზე კრიტიკული შინაარსის მწვავე კომენტარები დატოვა.
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის ახლო მოკავშირეს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დიმიტრი ბონდარენკოს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ბონდარენკო დამნაშავედ ცნო „მასობრივი გამოსვლების ორგანიზებაში, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს უხეშად არღვევდა“. საქმე ეხება 19 დეკემბრის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ საპროტესტო აქციებს..
28 აპრილი
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 1961 წლის 4 აგვისტოს 19სთ-სა და 24 წუთზე ჰონოლულუში დაბადებულა. თეთრმა სახლმა ობამას დაბადების ადგილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ბოლო მოუღო და პრეზიდენტის დაბადების მოწმობის სრული ასლი გამოაქვეყნა.
28-29 აპრილს, ქალაქ ბერნში გაიმართება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იოსებ სტალინის პოლიტიკის მხარდამჭერი რუსების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის ისტორიაში სტალინის როლს 2007 წელს გამოკითხულთა 15%25 დადებითად აფასებდა, 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგად ეს რიცხვი 26%25-მდე გაიზარდა.
29 აპრილი
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიტანა, რომლებშიც აღმსარებლობის თავისუფლება შეზღუდულია. კომისიამ მოუწოდა აშშ-ს ხელისუფლებას, აუკრძალოს ქვეყანაში შესვლა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს. მსგავსი რეკომენდაცია ამერიკულმა კომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსაც მისცა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რუსეთი რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო კომისიის „შავ სიაში” მოხვდა.
![]() |
3 Rule, Britannia! |
▲back to top |
არენა
თამარ ჩერგოლეიშვილი
პრინცი ფილიპი, ქეროლ მიდლტონი, დედოფალი ელისაბედი და კამილა პარკერ ბოულსი ჯვრისწერის ცერემონიალზე
„ყველა განზოგადება, ამ განზოგადების ჩათვლით, ყალბია”, - გვარწმუნებდა მარკ ტვენი. თუმცა, არ მგონია ამერიკული ლიტერატურის დამფუძნებელ მამას სიყალბედ ჩაეთვალა, თუ ვიტყოდი, რომ ქალების უმრავლესობას ბავშვობასა და შეიძლება სიყმაწვილეშიც კი, თავი პრინცესად მოაქვს და მომხიბვლელ პრინცს ელის.
„რევოლუციამდელი, გონებაჩლუნგი“ გოგონები, ფატის ნაცვლად, თავზე ბალიშისპირს ან გადაგდებული ტიულის ფარდის ნაგლეჯს ვიხვევდით. თანამედროვე „მინდა ვიყო” პრინცესებს კონკიას, ფიფქიას, არიელისა და ჟასმინის ჩინური წარმოების კაბებსა და ტიარებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ვისაც გაუმართლებს, შესაძლოა, პლასტმასის მაღალქუსლიან ქოშებსაც გამოჰკრას ხელი და შემდეგ მათი კაკუნით ააფორიაქოს ოჯახის წევრები და მეზობლები.
მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს - წარმოსახვითი პრინცისთვის, ბალიშის პირით თავდამშვენებული „პატარძალი“ და ოქროს გვირგვინიანი „პრინცესა“ ერთნაირად თვალისმომჭრელია.
გასულ კვირას პრინცის მომლოდინე გოგონებმა ფრთაშესხმული ოცნება იხილეს. ერთ-ერთი მათგანი, „უბრალო” ქეით მიდლტონი ნამდვილ პრინცზე დაქორწინდა.
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინება Wall Street Journal-მა ბრიტანული მონარქიის ოჯახური ბიზნესის გაჯანსაღების მცდელობად და ბუნდოვანი, განსხვავებული მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
სასიხარულო ამბავმა, პრესას ცუდი დროებაც მოაგონა, შეგვახსენეს პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ხმაურიანი და მტკივნეული განქორწინება, აგრეთვე ავბედითი ავარია, რამაც უინძორების რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა.
1997 წელს, ლედი დის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ოჯახმა საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოსწორება პროფესიონალებს მიანდო. მათ მარკეტინგული მეთოდებით დაადგინეს, თუ რა გაუხანგრძლივებდა მონარქიას სიცოცხლეს.
ამის შემდეგ, დედოფალმა თავისი პირადი შემოსავლიდან გადასახადის გადახდა დაიწყო, დათმო სამეფო იახტა, მნიშვნელოვნად გაზარდა სამეფო ხარჯებზე საპარლამენტო კონტროლი. ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი თანხაც შემცირდა. თუმცა დაფინანსების მოცულობა მაინც შთამბეჭდავია - გასულ წელს მთავრობამ გრანტის სახით უინძორებს 38.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო.
მსგავსი პოლიტიკა სასარგებლო აღმოჩნდა. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, თუ დაიანას სიკვდილის შემდეგ, ბრიტანელების 48%25 მიიჩნევდა, რომ მონარქიის გაუქმება ბრიტანეთისთვის საზიანოა, სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, მათი 62%25 ფიქრობდა ამგვარად. უკანასკნელი მონაცემებით, მოსახლეობის 75%25 მონარქიის მომხრეა, 18%25 კი რესპუბლიკად გარდაქმნას უჭერს მხარს.
ბევრი მიიჩნევს, რომ მონარქიის მხარდაჭერას, უშუალოდ დედოფლის ფაქტორიც დიდწილად განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან თემებზე მოსაუბრე ელისაბედ მეორე ხშირად უნახავთ, ის პოლიტიკაში პრაქტიკულად არ ერევა და მოსაზრებებს თავს არავის ახვევს. როგორც ამბობენ, პრინცი ჩარლზისგან განსხვავებით, მან კარგად იცის - რა შეუძლია და რა არა.
ქეით მიდლტონი საკუთხეველთან მიჰყვათ მამას, დ დას - მაიკლ და პიპა მიდლტონებს.
„მათ, ვისაც წარმოუდგენიათ, რომ პოლიტიკოსი უკეთესი სახელმწიფო სიმბოლო იქნებოდა, ვიდრე მონარქი, ვურჩევ მეტი პოლიტიკოსი გაიცნოს“. ამ უკანასკნელს კი აქტივისტის სახელი აქვს გავარდნილი - როგორც Wall Street Journal-ი გვამცნობს, შარშან ყატარის სამეფო ოჯახის კომპანიამ უარი თქვა ლონდონის ცენტრში თანამედროვე შენობის აგებაზე, მას შემდეგ რაც ჩარლზმა ყატარის პრემიერ-მინისტრთან წერილობით იჩივლა. ტახტის მემკვიდრის აზრით, თანამედროვე შენობა ლონდონის სულს არ უხდებოდა. ქალაქის მუნიციპალიტეტს მოგვიანებით ტრადიციული შენობის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად, რამაც არქიტექტორთა გაშმაგება გამოიწვია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრინცი ჩარლზის პოპულარობა მკვეთრად ჩამოუვარდება დედოფლისას. უილიამი მამაზე გაცილებით მეტი სიმპათიით სარგებლობს. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 46%25 იმასაც ითხოვს, რომ ჩარლზმა ტახტზე უარი თქვას და მეფობა უფროს ვაჟს დაუთმოს, მაშინ როდესაც 47%25 ამის წინააღმდეგია.
უილიამს სხვა პრობლემა აქვს - ხელგაშლილი ცხოვრება უყვარს. ბრიტანელები კი მომჭირნე დედოფალს არიან მიჩვეულნი, რომლის სასახლიდანაც მეორე მსოფლიო ომის დროს კვამლი არ ამოდიოდა - იმის ნიშნად, რომ იქ შეშას არ წვავდნენ. მაშინ როდესაც სამთავრობო ხარჯების მოცულობა კონსერვატორების შარშანდელ გამარჯვებამდე განუხრელად იზრდებოდა, დედოფალმა ბოლო ოცი წლის მანძილზე სამეფო ხარჯები გაანახევრა.
სწორედ ამიტომ, 2008 წელს ბრიტანულ პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენით პრინცის გადაფრენამ მეგობრის წვეულებაზე. თუმცა ნიშნობიდან დღემდე, მის განსაკუთრებულ თავშეკავებულობას ყველა ამჩნევს. ამ მხრივ ნიშანდობლივია ქეით მიდლტონის ჰაი სთრითის იაფფასიან მაღაზიებში, პრესის დასანახად სეირნობა - ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე.
და მაინც, რატომ ინახავს საზოგადოება ძალაუფლებას მოკლებულ სამეფო ოჯახს?
„მათ, ვისაც წარმოუდგენიათ, რომ პოლიტიკოსი უკეთესი სახელმწიფო სიმბოლო იქნებოდა, ვიდრე მონარქი, ვურჩევ მეტი პოლიტიკოსი გაიცნოს“, - ამბობდა გადასახადის გადამხდელთა ფულის მფარველი მარგარეტ თეტჩერი.
საქმე ისაა, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე გაერთიანებულ სამეფოში სამ მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა. ქვეყანაში 2.5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს და ანგლიკანური ეკლესიის უპირატესობის გაუქმებას ითხოვს. ლონდონის მცხოვრებთა მესამედი არაბრიტანელია. ბრიუსელის რეგულაციებმა ბრიტანელების გაევროპელებას შეუწყო ხელი, ხოლო მულტიკულტურალიზმი, კუნძულის მკვიდრთა ცხოვრების წესად იქცა. ამ პირობებში, მონარქია, ბრიტანელების თვალში უფრო მეტია, ვიდრე ცერემონია. ის ტრადიციაა, რომელიც მათი ეროვნული იდენტობის ხერხემალს ქმნის - სწორედ ამაში იხდის ფულს ის, ვინც მონარქიის შენარჩუნებას უჭერს მხარს, გასული კვირის ქორწინებას კი ეროვნული იდენტობის გამოცოცხლებად აღიქვამს.
უკმაყოფილოები მრავლად, თუმცა უმცირესობაში არიან.
![]() |
4 ამომრჩეველთა 38%25-მა არ იცის, ვინ ირჩევს პარლამენტს |
▲back to top |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
როგორ აფასებენ მოქალაქეები საარჩევნო გარემოს და რას ელიან მომავალში; რამდენად ენდობიან არჩევნების შედეგებს; როგორ ახასიათებენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმას; რა არის მათთვის პრიორიტეტული არჩევანის გაკეთებისას. ამ და სხვა მსგავს საკითხებზე გამოკითხვა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ჩაატარა.
საქართველოს ხუთ რეგიონში ორგანიზაციამ კვლევა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით წარმართა. საველე სამუშაოები 20-28 თებერვალს ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 70%25 ქვეყნის მმართველობის ფორმას დემოკრატიულად მიიჩნევს და თვლის, რომ 2008 წლის შემდგომ საარჩევნო გარემო უკეთესი გახდა. გამოკითხულთა 49%25 მოელის, რომ საარჩევნო გარემო უახლოეს ორ წელიწადშიც გაუმჯობესდება.
ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გამოკითხულთა 43%25 ენდობა, დაახლოებით 20%25 კი - არა. შუალედურ პოზიციას გამოკითხულთა 30%25 იჭერს. უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26-35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. ამ თვალსაზრისით ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც გამოირჩევიან.
გამოკითხულთა 88%25 თვლის, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა მონაწილეობა საჭიროა. ამას იმით ხსნიან, რომ დამკვირვებლები საარჩევნო პროცესში წესრიგს უწყობენ ხელს. სხვადასხვა მიზეზს შორის გაყალბების პრევენციაც სახელდება.
უმეტესობა (60%25) არჩევნებში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის არჩევნებში მონაწილეობა პირადი არჩევანის გამოხატვაა. სხვებს ეს საკუთარ მოქალაქეობრივ ვალად მიაჩნიათ. შედარებით მცირე ნაწილი კი აცხადებს, რომ ცვლილებები მხოლოდ ამ გზით მიიღწევა.
ნიჰილისტური განწყობები ჭარბობს გამოკითხულთა დაახლოებით 17%25-ში, ისინი თვლიან, რომ მათი ხმა უმნიშვნელოა. 10%25 კი არჩევნებს ფორმალობად მიიჩნევს და საარჩევნო ადმინისტრაციას არ ენდობა.
შესაბამისად კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს 2008 წლის არჩევნებში მონაწილეობა, ყველაზე ხშირად პასუხობენ, რომ ეს მათი სამოქალაქო ვალია; უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ, ან თითოეული ხმა არჩევნებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. დაახლოებით მსგავსი მოტივებით მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში 2010 წელსაც.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა 2008 წელს - პასუხები დიფერენცირებულია. სახელდება, მაგალითად, პირადი პრობლემები, ან უკეთესი მომავლის იმედის არქონა. 2008 წლის არჩევნებისას, ყველაზე ხშირი პასუხი იყო ის, რომ ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ - 28.6%25. 2010 წელს კი ანალოგიურ პასუხს 8.2%25 სცემს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ISFED-მა იკვლია, ის პრიორიტეტებია, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ. კვლევის მიხედვით, ამომრჩევლებისთვის უმთავრესი ინდიკატორი პოლიტიკური პარტიების პოზიციები აღმოჩნდა კონკრეტულ საკითხებზე. გამოკითხულები პოლიტიკური პარტიის ლიდერის ფაქტორსა და პარტიულ პროგრამებს დაახლოებით თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებენ.
გამოკითხულთა უმრავლესობას ესმის, რომ არჩევნებში მთავარ როლს მოქალაქეები თამაშობენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, თავს იჩენს უცოდინრობაც - მაგალითად, კითხვაზე, ვინ ირჩევს პარლამენტს, დაახლოებით 38%25-ს ან პასუხი არ აქვს, ან არასწორად პასუხობს. მაჩვენებელი უფრო მაღალია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მერის არჩევნების შემთხვევაში.
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, მიიღებდნენ, თუ არა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და თუ კი - რა მიზეზით. მიზეზებში, პოლიტიკურის ნაცვლად, სოციალური საკითხები ჭარბობს. დაახლოებით 17%25 აცხადებს, რომ მიზეზი უმუშევრობა იქნებოდა, 15%25-მდე კი მაღალ ფასებსა და დაბალ ხელფასებს ასახელებს. ამას ადამიანის უფლებების დარღვევა მოსდევს. არჩევნების შედეგების გაყალბება კი 2,2%25-მა დაასახელა. 8,1%25 ამბობს, რომ ვერ ხედავს პრობლემას, რომლის გამოც აქცია შეიძლება გაიმართოს.
![]() |
5 ლავროვი, სოხუმსა და ცხინვალში, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ახალ დეტალებზე საუბრობს |
▲back to top |
პოლიტიკა
ვლადიმირ სოკორი
EURASIA DAILY MONITOR
27 აპრილი, 2011
25 და 26 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „სამუშაო ვიზიტით” ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეწვია. ეს ტერიტორიები რუსეთმა „სახელმწიფოებად“ ცალმხრივად აღიარა. მან მოინახულა რუსეთის არმიისა და სასაზღვრო ჯარების განთავსების ადგილები, შეხვდა მოსკოვის მიერ ხელდასმულ ადგილობრივ ხელმძღვანელებს. მინისტრმა ეს შემთხვევა გამოიყენა, რომ საქართველო დაედანაშაულებინა რუსეთის მიერ ოკუპაციასა და ამ ორი ტერიტორიის მილიტარიზებაში (Итар-Тасс, Риа-Новости, Апсныпресс, РЕС-სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 25, 26 აპრილი).
ლავროვმა მოთხოვნას, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი უნდა მოაწეროს, ახალი ელემენტები დაამატა. თავისთავად, ეს მოთხოვნა ისეთივე ძველია, როგორც რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი. მისი დაყენებით მოსკოვი ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტზე, რომელიც მას საქართველოსთან 1990-იანი წლების დასაწყისიდან აქვს. ამ კონფლიქტის დაწყებიდან 10 წლის თავზე, რუსეთმა საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებები შეიმუშავა და მათი შესრულების გარანტორის როლი იკისრა. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა ეს მოთხოვნა განავრცო და, როგორც ჩანს, ამ პროცესს აგრძელებს.
რუსეთს ამჯერად სურს, რომ საქართველომ თითოეულ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, როგორც „სახელმწიფოებთან”, ძალის გამოუყენებლობის ორმხრივ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი. ამ შეთანხმებების შესრულების „უზრუნველყოფაზე“ რუსეთი ან დამოუკიდებლად ან როგორც უზრუნველყოფის სხვა საერთაშორისო ფორმატის მონაწილე, ისე იზრუნებს. ამ მიმართულებით გადასადგმელ პირველ ნაბიჯად მოსკოვს თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების ცალმხრივად აღება ესახება. ამას შემდეგ ამ ცალმხრივი ვალდებულების ორმხრივი „გაცვლა“ უნდა მოჰყვეს.
როგორც ლავროვმა ცხინვალში თქვა, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ასეთი პირობა საჯაროდ უკვე დადო. მალე აფხაზეთის ხელმძღვანელობაც იმავეს გააკეთებს (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი განცხადებით, ცხინვალმაც და სოხუმმაც ამგვარი ვალდებულება აიღეს - Интерфакс, 7 მარტი; EDM, 10 მარტი). ვიზიტის დროს ლავროვმა ამ მოთხოვნას ახალი ელემენტები დაამატა: პირველი, საქართველომ „უპირობოდ“ უნდა მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან; და მეორე, გაერომ ამ ორი შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი „ჟენევის პროცესზე“ ამ საკითხს, როგორც პრიორიტეტულს (2008 წლის ომისშემდგომ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ) დააყენებს (Интерфакс, 25, 26 აპრილი).
მთელი ამ ხნის განმავლობაში, კრემლი უარს აცხადებს საქართველოსთან ასეთი შეთანხმების ხელმოწერაზე. რუსეთის ხელმოწერა დაადასტურებდა, რომ ეს ქვეყანა საქართველოსთან კონფლიქტის ირიბი მონაწილეცაა, 2008 წლის ომამდე ორი მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით, და უშუალოც - ამ ომის შემდეგ. რუსეთი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ საქართველოსთან კონფლიქტის მხარეები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. შეთანხმებების „უპირობოდ“ ხელმოწერის მოთხოვნა კი ნამდვილად გულისხმობს საქართველოსადმი პირობის წაყენებას - შეეგუოს ოკუპაციას და უარი თქვას როგორც თავის სუვერენიტეტზე, ასევე გამოდევნილი ლტოლვილების უკან დაბრუნების უფლებაზე.
მთელი ამ სქემით (და რუსეთის უარით, მისივე სქემის მონაწილე იყოს), პირველ რიგში, კრემლი ცდილობს, თავისი პასუხისმგებლობა მიჩქმალოს - როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უშუალო მონაწილისა ამ კონფლიქტის დაწყებიდანვე. მეორე, მიიღოს ამ ხელშეკრულებების შესრულების „გარანტორის” ანუ, პრაქტიკულად, სამივე ადგილობრივ მხარეზე უსაფრთხოების არბიტრის უფლებამოსილება. მესამე; გაათანაბროს ორი მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან როგორც სტატუსის, ასევე მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების თვალსაზრისით. და მეოთხე; აღიარებინოს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ეს ორი სეპარატისტული ტერიტორია. ირიბი აღიარების ეს ფორმა უმალ იქცევა აღიარებად, თუ გაერო ასეთი შეთანხმებების რატიფიცირებას მოახდეს, რასაც ლავროვი ბოლო დამატების მიხედვით ითხოვს.
ჟენევის პროცესზე ამ საკითხის, როგორც ლავროვის „პრიორიტეტის“, დაყენება, შეესაბამება რუსეთის ტაქტიკას. კრემლი იმ საკითხთა განხილვაზე თავის არიდებას ცდილობს, რომლებიც ამ პროცესის მანდატით არის განსაზღვრული: ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება და გამოდევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნება.
თავის მხრივ, საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებასა და ხელის მოწერას რუსეთს სთავაზობს. თბილისმა უკვე ცალმხრივად დადო ამის პირობა და მოსკოვს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს. 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ „არასოდეს გამოიყენებს ძალას, რათა უკუაგდოს რუსული ოკუპაცია და აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (Civil Georgia, 23 ნოემბერი 2010). ამ განცხადების შემდეგ თბილისმა ეს ვალდებულება ყველა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას და ჟენევის პროცესში მონაწილე მხარეს ოფიციალური წერილებით დაუდასტურა. საქართველო ასევე ცდილობს რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყებას ყველა სადავო საკითხზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე. თუმცა, რუსეთი საქართველოს მთავრობასთან რაიმე ფორმის დიალოგზე უარს ამბობს. აშკარაა, რომ მოსკოვი, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საქართველოში რეჟიმის შეცვლაზე ისევ ფიქრობს.
ლავროვის ვიზიტის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მსოფლიომ დაინახა ოკუპაციისა და ანექსიის რუსული პოლიტიკა (Civil Georgia, 26 აპრილი).
![]() |
6 ჯემისონ ფაირსტოუნი: ადამიანის უფლებები რუსეთში არ არსებობს |
▲back to top |
პოლიტიკა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ჯემისონ ფაირსტოუნი საადვოკატო კომპანია Firestone Dunkan-ის დამფუძნებელი პარტნიორია, რომელიც რუსეთში 1993 წელს დაარსდა. მისი თანამშრომელი, სერგეი მაგნიტსკი, რუსი თანამდებობის პირების მიერ მილიონობით დოლარის გადასახადის დაფარვის, თაღლითობისა და ქურდობის საქმეზე მუშაობდა. მოგვიანებით მაგნიტსკი დააკავეს და პატიმრობაში გარდაიცვალა. გასულ კვირას, ფაირსტოუნმა თბილისში ფილმი: „სერგეი მაგნიტსკი - სამართლიანობა, კანონი და ბედისწერა“ - ჩამოიტანა. ფილმზე, მაგნიტსკის საქმესა და მასთან კავშირში მყოფ სხვა საკითხებზე, ჯემისონ ფაირსტოუნს ტაბულა ესაუბრა.
შეგიძლიათ გვიამბოთ ფილმზე?
ფილმი ჰოლანდიელ კინემატოგრაფისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გადაიღო. ის მოგვითხრობს ჩემი კომპანიის პარტნიორზე - სერგეი მაგნიტსკიზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციისა და საგადასახადოს თანამშრომლებმა, დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 მილიონი მოიპარეს. მან ეს ამხილა და სარჩელი შეიტანა. სერგეი თავად დაიჭირეს, ერთი წლის განმავლობაში აწამებდნენ და შემდეგ მოკლეს. მე მინდოდა ეს ფილმი საქართველოში მეჩვენებინა და მეამბა, შემდეგ რა მოხდა. ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა და ეს რუსეთია, რომელიც საერთაშორისო წესებით არ თამაშობს.
პრეზიდენტი მედვედევი ბევრს ლაპარაკობს კორუფციასთან ბრძოლაზე, მაგრამ არ ებრძვის კორუფციას. მან ხალხს სთხოვა ბრძოლაში დახმარება და მაგნიტსკიმ სწორედ ეს გააკეთა. რუსეთის მთავრობამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ რუსი ხალხისგან მოპარული ფული ქურდებს და სერგეის მკვლელებს დარჩენოდათ. ის ორი საგადასახადო ინსპექტორი კი, რომლებიც ქურდობის შემდგომ მილიონერები გახდნენ, წესიერ და მშრომელ ადამიანებად გამოაცხადეს. მომხდარი მათ დაბნეულობას მიაწერეს.
ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ ჩინოვნიკები მართლაც „დაბნეულები” ყოფილან. მათ 43 მილიონი თავიანთ შვეიცარიულ ანგარიშებზე გადაურიცხავთ. საგადასახადო დეპარტამენტის სამი ინსპექტორისთვის ოთხი ორმილიონიანი ბინა შეიძინეს. თავად საგადასახადო დეპარტამენტის უფროსმა ორი ბინა იყიდა, მისმა ორმა მოადგილემ - თითო-თითო. ეს თანხები ერთი და იმავე საბანკო ანგარიშიდან მოდიოდა ფულის მითვისებიდან სამი კვირის შემდეგ. აი, ამ „უდანაშაულო” ხალხს იცავს მედვედევი.
რა უნდა გაკეთდეს მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით?
რუს ოფიციალურ პირებს არ ადარდებთ არც რუსეთი და არც რუსი ხალხი. თანამდებობას იკავებენ, რომ იქურდონ. შემდეგ კი ევროპაში იმოგზაურონ, შვილები საზღვარგარეთ გაგზავნონ სასწავლებლად და ფული შვეიცარიის ბანკებში შეინახონ. მათი დასჯა თუ გინდა, ეს პრივილეგიები უნდა წაართვა.
ევროკავშირმა სცადა მიეღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებოდათ და ქონება ჩამოერთმეოდათ. რუსეთის დუმის შემადგენლობის ნახევარი ისე ანერვიულდა, რომ გაფრინდნენ ბრიუსელში და ევროპარლამენტის წევრებს ემუდარნენ, არ მიეღოთ რეზოლუცია, რადგან „გამოძიება ჯერ არ იყო დასრულებული”. ევროპარლამენტმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. რეზოლუციაში ჩაწერეს: „თუ საქმე წინ არ წაიწევს, ვურჩევთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ აკრძალონ ვიზის გაცემა და გაყინონ აქტივები”.
საქმე წინ ნამდვილად არ წასულა. ვიმედოვნებთ, ევროკავშირის სახელმწიფოები დაიწყებენ ვიზის აკრძალვისა და აქტივების გაყინვის პროცესს. ამას გარდა, გასულ პარასკევს აშშ-მა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის რეზოლუციაზე მკაცრია. პროექტში ნათქვამია, რომ რუს ჩინოვნიკთა 60-კაციანი სია სრული არ არის - მასში შევლენ ისინიც, ვინც ხელს უშლიდა ამ საქმის გამოძიებას და თაღლით ჩინოვნიკებს იცავდა. ყველას ჩამოერთმევათ აშშ-ში ჩასვლის პრივილეგია და აქტივები გაეყინებათ.
მაგნიტსკის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ ჟურნალისტთა და იურისტთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როცა ისინი კორუფციის თემაზე მუშაობენ, ან მთავრობას აკრიტიკებენ. როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ვითარება რუსეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით?
ადამიანის უფლებები რუსეთში არ არსებობს. რუსეთის მთავრობას ძალზე მარტივი პოლიტიკა აქვს - მაგალითად, თუ გინდა აქციონერის უფლებების შესახებ რამე იცოდე, გპასუხობენ - მოგვეცი ფული და კითხვებს ნუ დასვამ.
ნებისმიერი დიდი რუსული კომპანიის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, სადაც ცდილობენ გამოიკვლიონ, სად მიდის ფული, თან მოსდევს სისხლის სამართლის სარჩელი.
მაგნიტსკის საქმის მსგავსი შემთხვევები, როდესაც დასავლური კომპანიის პარტნიორს ასე მოექცნენ, რამდენად ახდენს გავლენას ქვეყანაში ინვესტიციების შესვლაზე? ინვესტორებს ხომ არ აფრთხობს?
ჩემი საკუთარი ბიზნესი ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ვისურვებდი, რუსეთი კეთილგანწყობილი იყოს ინვესტიციების მიმართ. თუმცა დასავლელ ინვესტორებს ეს ქვეყანა აფრთხობს. დასავლური ფული რუსეთში არ შემოდის. მას შემდეგ, რაც სერგეის დაემართა, ჩვენთვის უფრო ნათელი გახდა, თუ რა ღრმად აქვს ფესვები გადგმული კორუფციას იქ. მედვედევი ან არ შეებრძოლება კორუფციას, ან ამას ვერ შეძლებს. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა საჭირო, რომ მედვედევმა კორუმპირებული და მკვლელი ჩინოვნიკები დააპატიმროს.
![]() |
7 სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს გირგვლიანის ოჯახისათვის 50 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს დაზარალებულთა სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ყურადღება ასევე საქმის გამოძიებისას და სასამართლოში განხილვის დროს დაშვებულ დარღვევებზე გაამახვილა.
ევროპის სასამართლომ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, გირგვლიანის საქმეში დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების სრულად და დროულად წარდგენა.
ამავე დროს, ევროსასამართლომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაასკვნა, რომ არ მომხდარა კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა. ანუ, სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების უშუალო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.
„სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავეები პირადი მიზნებით მოქმედებდნენ და მათი ქმედებები ოფიციალური პირების სტატუსთან არ იყო დაკავშირებული. ამგვარად, მათ ქმედებებს ვერ მოჰყვება სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობა მკვლელობისათვის“, - ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა. სასამართლომარასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები იმ „საფუძვლიანი ეჭვის“ სასარგებლოდ, რომ დამნაშავეები შსს-ს მაღალჩინოსნების ბრძანებით მოქმედებდნენ.
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, ევროსასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მეორე მუხლის „საპროცესო“ ნაწილი დაირღვა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების განუყოფელ ნაწილად განიხილა სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს ქმედითი სისხლის სამართლებრივი სისტემა და განახორციელოს მკვლელობის ფაქტის ქმედითი გამოძიება.
ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების ტექსტში ვრცლად არის მიმოხილული დარღვევები, რომელიც საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაუშვეს. სასამართლომ განაცხადა, რომ „გაოგნებულია” ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული ქმედებებით, „რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. სასამართლოს დასკვნით, საქმის გამოძიება როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურის მიერ ხარვეზებით წარიმართა. ხელისუფლებამ კაფეში მყოფი პირების დანაშაულში თანამონაწილეობის თაობაზე სარწმუნო ბრალდებებზე „თვალი დახუჭა“. არ გაითვალისწინეს ყველა არსებული მტკიცებულება, დაზარალებულები კი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დროულად არ იყვნენ ინფორმირებულნი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსების თაობაზე, ევროსასამართლომ უკანონოდ შეაფასა. რაც შეეხება საქმის განხილვას, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ამ პროცესის „მთავარი ნაკლოვანება“ იყო ქართული სასამართლოს მტკიცე უარი - მოსარჩელეებისთვის საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დრო მიეცა. ევროსასამართლომ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის „არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა” მსჯავრდებულთა მიმართ - პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 2008 წელს სასჯელი გაუნახევრდათ, 2009 წელს კი ოთხივე მათგანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი, 2006 წლის იანვარში, თბილისში, შარდენ ბარში, შსს-ს მაღალჩინოსნებთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე გირგვლიანის გვამი აღმოაჩინეს. მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დანაშაულიდან რამდენიმე თვის შემდეგ შსს-მ კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავა. სასამართლომ მათ 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობის „დამკვეთების“ - შსს-ს მაღალჩინოსნებისა და მინისტრის მეუღლის, დასჯას მოითხოვდა.
სარჩელი „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის ზაფხულში შევიდა. გირგვლიანის ოჯახი ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის - სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევის აღიარებას, ასევე სახელმწიფოსგან 300 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას მოითხოვდა.
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი მოსარჩელეთა ადვოკატებმა წარმატებად შეაფასეს. ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, დამატებითი გამოძიება ჩაატაროს იმ პირთა მიმართ, რომლებმაც პასუხისმგებლობა თავიდან აიცილეს.
თუმცა, როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა განმარტა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს ვალდებულებას საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარების შესახებ. „საქართველო ევროსასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას ასრულებს და არც ეს საქმე იქნება გამონაკლისი. აღსრულება კი ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას ნიშნავს, ვინაიდან სხვა ვალდებულება სასამართლოს სახელმწიფოსთვის არ დაუკისრებია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განმარტების თანახმად, მოსარჩელეები ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ასაჩივრებდნენ. თუმცა, სასამართლომ სამი მუხლის დარღვევა უარყო. კერძოდ, არ დაადასტურა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტიანი შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა, ასევე ის, რომ დაზარალებული წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. უწყება განმარტავს, რომ „სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებულ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო”.
თინა ბურჯალიანის განცხადებით, მთავრობა „არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით წარიმართა“, განაჩენის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით კი პრეტენზიები არ აქვს. რაც შეეხება კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას, ბურჯალიანის თქმით, სასამართლომ ეს დარღვევა მტკიცებულებების დაგვიანებით წარდგენის გამო დაადასტურა. თუმცა გირგვლიანის საქმესთან ეს არსებით კავშირში არ არის და „საქართველოსა და ევროსასამართლოს შორის კომუნიკაციის თემაა”.
ბურჯალიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ ეტაპზე ევროსასამართლოს ვერდიქტს სწავლობს და გაასაჩივრებს თუ არა მას, მოგვიანებით გადაწყვეტს. ამისთვის მხარეებს სამი თვის ვადა აქვთ.
![]() |
8 დიალოგი რეფორმების შესახებ |
▲back to top |
პოლიტიკა
საქართველო - აშშ
გასულ კვირას, თბილისს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ეწვია. თინა ქეიდენაუმ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა.
თბილისში ყოფნისას ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. „რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ეს გულისხმობს კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებას და ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებლად გადატანას. აშშ საქართველოსათვის ამგვარ მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს და ასეთ პოზიციას ყოველი შესაძლებლობის დროს გამოხატავს“, - აღნიშნა თინა ქეიდენაუმ.
იგი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც შეეხო. ქეიდენაუს თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ „შესაძლოა შეთანხმდნენ რუსეთის გაწევრიანების პირობებზე”. აშშ მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში, თუმცა მიაჩნია, რომ „საქართველოს სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით ლეგიტიმური წუხილები აქვს, რომელთა მოგვარება აუცილებელია”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.
ამერიკული დელეგაციის შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატით შედგა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თინა ქეიდენაუს განცხადებით, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საარჩევნო კოდექსი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და მედიაში არსებული მდგომარეობა.
„შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამ წლების განმავლობაში საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიდი სამუშაოებია გაწეული, თუმცა შესასრულებელი ჯერ კიდევ ბევრია“, - აღნიშნა თინა ქეიდენაუმ.
ამერიკელმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო რეფორმაზე გაამახვილა. მან მხარი დაუჭირა ამ საკითხზე დიალოგის გაგრძელებას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ აშშ შეეცდება „ხელი შეუწყოს დიალოგს“, რათა „მიაღწიონ შეთანხმებას და ყველა საჭირო საკითხი არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდეს”.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე „ოპოზიციური რვიანის“ რამდენიმე ლიდერს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
![]() |
9 დროებითი მართვის მოწმობა |
▲back to top |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
მომავალი წლიდან მართვის მოწმობის აღება 18-ის ნაცვლად, 17 წლის ასაკში იქნება შესაძლებელი. მეთერთმეტეკლასელები კი ახალ საგანს - ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება - ისწავლიან. თეორიის წარმატებით გავლის შემთხვევაში მართვის მოწმობის ასაღებად მათ მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ეს განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივაა. შესაბამისი ცვლილებები ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც შევა. ეს ნიშნავს, რომ ახალი საგნის სწავლება ყველა საჯარო და კერძო სკოლისთვის სავალდებულო იქნება. მეთერთმეტეკლასელებს ახალ საგანს პოლიციის აკადემიაში გადამზადებული მასწავლებლები, ერთი წლის განმავლობაში შეასწავლიან. სახელმძღვანელოებსა და დამხმარე ლიტერატურის მომზადებაზე მუშაობა დაწყებულია და ისინი ამ ზაფხულს დაიბეჭდება.
თეორიული სწავლების შემდეგ განათლების სამინისტრო მოსწავლეებს შესაბამის ცნობას გადასცემს. თუმცა, აიღებს თუ არა მართვის მოწმობას მოზარდი 17 წლის ასაკში, მშობელი გადაწყვეტს. პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელი იქნება მშობლის წერილობითი თანხმობა და გამოცდაზე მისი დასწრება. მართვის მოწმობის მოპოვების პირველი მცდელობა უფასო იქნება. პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ახალგაზრდა საჭესთან ჯდომის უფლებას მოიპოვებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ექნება: მაგალითად, ვერ შეძლებს ამ გზით ფულის გამომუშავებას. მოზარდი, რომელსაც ერთი და იმავე მიზეზით დააჯარიმებენ, მანქანის მართვის უფლებას ერთი წლის ვადით დაკარგავს, ხოლო სიმთვრალის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში - 18 თვით. არასრულწლოვანთათვის გაცემული მოწმობა დროებითი იქნება. მას საერთაშორისო აღიარება არ აქვს. როგორც კი მოზარდი 18 წლის გახდება, დროებით მართვის მოწმობას ავტომატურად შეუცვლიან სტანდარტულით. `
ამ მხრივ საქართველო პირველი იქნება რეგიონში, თუმცა, 18 წლამდე მართვის მოწმობის გაცემის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, დანერგილია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ამერიკის შტატების უმეტესობაში მოწმობას 16 წლიდან აძლევენ. ზოგიერთ შტატში ასადროებითი მართვის მოწმობა თეონა კოკიჩაიშვილი კობრივი ზღვარი 14 წელია (მაგ., სამხრეთ დაკოტა). თუმცა, თინეიჯერებს, რომლებიც მოწმობას მცირე ასაკში იღებენ, მანქანის მართვისას მუდმივად უნდა ახლდეთ სრულწლოვანი მართვის მოწმობის მქონე პირი. ზოგიერთ შტატში კი, 18 ან 21 წლამდე მანქანით სიარულის უფლება მხოლოდ კოლეჯამდე აქვთ. ამ და სხვა შეზღუდვებით, ხელისუფლება ცდილობს, თინეიჯერებში ავტოავარიების მაღალი მაჩვენებელი შეამციროს. აშშ-ის National Highway Traffic Safety Administration-ის მონაცემებით, 2008 წელს ავტოავარიების შედეგად 4 ათასი მოზარდი გარდაიცვალა და დაახლოებით 600 ათასი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 16-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ავარიის რისკი სხვა სეგმენტებთან შედარებით ოთხჯერ მეტია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევის შედეგი გამოაქვეყნა ჟურნალმა Accident Analysis and Prevention, რომელიც 795 ავტოავარიის შემთხვევის ანალიზს მოიცავს. კვლევის მიხედვით, 16-19 წლის მძღოლებს, კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფად მიღება უჭირთ, რაც თინეიჯერებში ავარიების ძირითადი მიზეზია. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში ასევე პრობლემაა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, ანაც არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა.
საქართველში არ არსებობს მსგავსი კვლევა ან სტატისტიკა, რომელიც საავარიო სიტუაციებში მოხვედრილ მძღოლებს ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფდა ან რისკებს შეაფასებდა. განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პროგნოზით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მიერ საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნა, გზებს ბევრად უფრო საიმედოს გახდის. სკოლებში ახალი საგნის დანერგვის მოტივაცია გასაგებია, თუმცა ბუნდოვანია, კონკრეტულად რის საფუძველზე გადაწყდა მართვის მოწმობის გაცემის ზღვრული ასაკის ერთი წლით შემცირება. საკითხის გარკვევას ტაბულა განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე შეეცადა. როგორც გვითხრეს, „უბრალოდ ასე გადაწყვიტეს“. ამიტომ, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს ახალ გაკვეთილზე მეთერთმეტეკლასელების დასწრების მოტივაციის ასამაღლებლად ერთ-ერთი ხერხია.
![]() |
10 საზოგადოება - ამბები |
▲back to top |
საზოგადოება
ხორვატიელი მარკო პოლო?
იტალიელებმა აღშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი ვენეციელი მოგზაურის, მარკო პოლოსადმი მიძღვნილი მუზეუმი ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ხორვატიის ყოფილმა პრეზიდენტმა, სტეპან მესიჩმა გახსნა. მესიჩმა მარკო პოლო „ხორვატიაში დაბადებულ მოგზაურად“ დაასახელა. მართალია, მარკო პოლოს დაბადების ზუსტი დრო და ადგილი ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ის ვენეციელი იყო. იტალიურმა პრესამ ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას „სასაცილო“ და „პროვოკაციული“ უწოდა.
ომი და ჟურნალისტიკა
ქრის ჰონდროსი და თიმ ჰეთერინგთონი
გასულ კვირას ლიბანში ორი ფოტოჟურნალისტი, თიმ ჰეთერინგთონი და ქრის ჰონდროსი მოკლეს. ისინი მისრატში, აფეთქების შემდეგ გამოსროლილ ჭურვის ნამსხვრევს ემსხვერპლნენ. ჰეთერინგთონი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ჰონდროსი კი რამდენიმე საათის განმავლობაში კომაში იყო. იტალიელი ექიმების თქმით, ვერც ერთ მათგანს ვერ გადაარჩენდნენ, რადგან მიღებული ჭრილობები ძალიან მძიმე იყო. ორივე ფოტოჟურნალისტს ცხელ წერტილებში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ომის დროს გარდაცვლილი ჟურნალისტების რაოდენობა დრამატულად იზრდება. ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 1992 წლიდან, სხვადასხვა შეტაკებების დროს 861 ჟურნალისტი მოკლეს. ყველაზე მეტი - 200 ჟურნალისტი, 2006-07 წლებში, ერაყში დაიღუპა.
ტაბუ და ბოლივუდი
ინდოელმა კინოპროდიუსერმა, ონირმა ბოლივუდში ახალი ფილმის გადაღება გადაწყვიტა, რომლის მთავარი გმირები ჰომოსექსუალები იქნებიან. ამ ფილმის დაფინანსებაზე, მისი შინაარსის გამო, ყველა ინდურმა კინოკომპანიამ უარი განაცხადა. ფულის მოძიება ონირმა Facebook-ით სცადა და ამ გზით უკვე 1 მილიონი დოლარიც იშოვა.
„ბევრს ფილმის შინაარსი მოეწონა, ბევრს საკუთარი თავის ხილვა სურდა დამფინანსებლებში, საბოლოოდ, მცირე დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხა მოგროვდა“, - განაცხადა ონირმა. მისი თქმით, კინოკომპანიების კარგად ესმის, რადგან ინდოეთი მაინც კონსერვატული ქვეყანაა.
სურათი, გეების ცხოვრების გარდა, ეხება ბავშვთა უფლებებს, მარტოხელა ქალის ცხოვრებასა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. ფილმის ნახვა, სუბტიტრების მეშვეობით, ექვს სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.
![]() |
11 არა იბოზო! |
▲back to top |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი
ღმერთს სამება უყვარს. ჰოდა, ჟანრის გათვალისწინებით, მეც სამიოდე ციტატას მოვიტან დღეს მოღვაწე ქართველ მამათა ქადაგებებიდან. ვინძლო სწორედ ამ ციტატებში ინახება იბერიის გაბრწყინების გასაღები. მართალია, სხვა ქადაგებებშიც უხვადაა გაბნეული ნამდვილი მარგალიტები, თუმცა დღეს ეს ვიკმაროთ. მაშ ასე:
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: „ჩრდილოეთი დაიშლება, დასავლეთი ოკეანეში ჩაიძირება. იცით თქვენ, რომ ამერიკა - კონტინენტი, საერთოდ აღარ იარსებებს? [...] რად ღირს თუნდაც 5 მართლმადიდებელი მამის წინასწარმეტყველება ევროკავშირის შექმნასთან დაკავშირებით. ბუნდოვნად კი არა, წელი არის ზუსტად დასახელებული: „1992 წელს ევროპის კონტინენტზე უკანასკნელ ჟამს შეიქმნება ევროპის სახე“. კი ბატონო, თქვენ იტყვით - შეიქმნა, მერე რა? რა და, მალე გაბატონდება ანტიქრისტე!“.
მაშასადამე, სასწაულად გაგვიმართლა, ევროკავშირში რომ არ ვართ. ნუთუ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენთან არს ღმერთი? რადგან საკითხავია, თუ არა მან, მაშ ვინ დაგვიფარა ამ წარწყმედილ კავშირში შესვლისგან? ვინ გვიხსნა ესოდენ მძიმე განსაცდელისგან?
მამა დავით ქვლივიძე: „ღმერთი, სანამ მეორედ მოსვლა დაიწყება, ადამიანთა ჭკუაზე მოსაყვანად დაუშვებს და იქნებიან ადგილ-ადგილ მიწისძვრანი დიდ-დიდნი. [...] ამის მიზეზი არის დედამიწაზე გავრცელებული უზნეობა და გარყვნილება. იაპონიაში საერთოდ ქალწულობის ინსტიტუტი აღარ არსებობს. ქალი, სანამ გათხოვდება, თვითონ შოულობს ფულს. თავისი სხეულის გაყიდვით აგროვებს ფულს და ამითი თხოვდება. ყველა ფეხის ნაბიჯზე არის სამეძაო სახლები. და ეს სამარცხვინო კი არ არი, ჩვეულებრივი მოვლენაა”.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ვერანაირი მრეწველობა ვერ გადაარჩენდა საქართველოს. როგორც გაირკვა, ვერც ბორჯომისა და ქართული ჩაის ექსპორტმა გვიხსნა, წლების წინ რომ გვიმტკიცებდნენ. იქნებ, მართლა ქალწულობაღა გვიხსნის განსაცდელისგან?
მამა დავით ისაკაძე: „დიპლომატია და ეკლესია სრულიად სხვადასხვა ცნებაა. დიპლომატია ეკლესიაში ვერ შედგება. რადგანაც ეკლესია მკაცრად განსაზღვრავს: ან უნდა თქვა სათქმელი, როგორც არის ეკლესიის სწავლების მიხედვით, ან შენ უნდა დადგე ეკლესიის გარეთ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. [...] მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა ერთი პედოფილი პიროვნება, გვარად გვახარია. პედოფილია, დიახ, მე ხაზს ვუსვამ ამას. რადგანაც ადამიანი, რომელიც ბავშვებში სექსუალურ აღზრდას ქადაგებს, არის პედოფილი და მას სჭირდება განცალკევება საზოგადოებისგან. ამ ადამიანს ალბათ კლინიკა სჭირდება, რათა ჩაკეტონ და უმკურნალონ”.
ვიცი, ცოდვა გამხელილი ჯობს. ამიტომ როგორც რიგითი ცოდვილი გავამხელ: თუკი მამა დავითს აქვს უფლება გვახარიას პედოფილობა დააბრალოს, რატომ მე არ მაქვს უფლება, რომ მამა დავითს ნეკროფილი ვუწოდო? თანაც ცილისმწამებელი. შორსაც რომ არ წავიდეთ, თუკი სექსუალური განათლება პედოფილიაა, ამავე ლოგიკით, მიცვალებულთა ნეშტებისადმი პიეტეტი რატომ არ არის ნეკროფილია? მე კი ვიცი, რომ არ არის, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არც ბავშვების სექსუალური განათლებაა პედოფილია. თუმცა შეკითხვაზე პასუხი მაინც მაინტერესებს - პირდაპირი პასუხი, არადიპლომატიური ანუ ეკლესიური. მაინტერესებს, არის თუ არა მამა დავითი ნეკროფილი?
ყველაფერ ზემოთქმულის გათვალისწინებით (თან შეკითხვაც რომ გავასამო), ბარემ ვიკითხავ, არის თუ არა ცილისწამება ეკლესიის სწავლება? და კიდევ, მე უვიცს აქვე მაინტერესებს ისიც, თუ როგორ გავიგო ღვთაებრივი ემანაცია. ემანაციის პარადიგმა ხომ თეოდიცეის პრობლემას ხსნის. ანუ სიბოროტე აქ განპირობებულია სამყაროს მოწყობის იერარქიით, რომელიც სემანტიკურად გამომდინარეობს ემანაციის იდეიდან. რამდენადაც ემანაციის ყოველი მომდევნო დონე წინამორბედისგან სრულყოფილების ხარისხით განსხვავდება, და სიბოროტე სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის კანონზომიერი, ბუნებრივი ნაკლი.
დაბოლოს, ნუთუ ქართული ეკლესიის მიხედვით ასე გამოიყურება იბერიის გასაბრწყინებელი ფორმულა? 1. ევროკავშირში არ შევიდეთ. 2. ვიყოთ ქალწულები. 3. გვახარია კლინიკაში მოვათავსოთ.
![]() |
12 ფასების ზრდა და ინფლაცია |
▲back to top |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2011 წელს, საქართველოში ინფლაცია 9.5%25 იქნება. მეზობელი ქვეყნებიდან, ბანკის ანგარიშში სომხეთი და აზერბაიჯანი მოხვდა. ორივე ქვეყანაში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი საქართველოზე 2%25-ით დაბალია. მაღალი ინფლაციის მთავარი მიზეზი, საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, გაზრდილი ფულის მასაა. პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა არსებობს: მთავრობამ ეკონომიკაში ფულის მასის ხელოვნური ზრდა შეწყვიტოს. სტატიის სათაურში ინფლაციისა და ფასების ზრდის ერთმანეთისგან გამიჯვნა, შეიძლება, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს. დღეს ინფლაცია და ფასების მატება სინონიმებია. თუმცა მეცხრამეტე საუკუნემდე, ტერმინი ინფლაცია მხოლოდ ფულის გაუფასურებას აღნიშნავდა. მისი ხარისხით იზომებოდა თუ რამდენად იყო ეკონომიკაში ფულის მასა გაზრდილი, „გაბერილი“. ამ ლოგიკით, ფასების მატება ინფლაციის მამოძრავებელი ძალა არ იყო. ის ინფლაციას ასახავდა: ფასები იზრდებოდა არა პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის, არამედ ზედმეტი ფულის გამო.
ფულის მასის ზრდას ეკონომიკაში ერთჯერადი ეფექტი მართლაც აქვს - ფასები მცირდება. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. როცა გასაყიდი პროდუქციის რაოდენობა იმ ტემპით ვეღარ გაიზრდება, როგორც ფულის მასა, ფასები ისევ მოიმატებს. ამასთან, როგორც კი ფულის მოცულობა პროდუქციის რაოდენობას გადააჭარბებს, ფულის მსყიდველუნარიანობა ეცემა: ჭარბი ფულის პირობებში მისი ერთეული უფასურდება.
აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, შარშან საქართველოში ფულის მასა 35%25-ით, აზერბაიჯანში - 26%25-ით, ხოლო სომხეთში - 12%25-ით გაიზარდა. საქართველოს, ამ პარამეტრის მიხედვით, აზერბაიჯანთან შედარებით 1.3-ჯერ, ხოლო სომხეთთან შედარებით 2.9-ჯერ უარესი მაჩვენებელი აქვს. ეს ერთადერთი პარამეტრია, რის მიხედვითაც, მეზობელ ქვეყნებს შორის დიდი სხვაობაა.
სხვა პარამეტრების მიხედვით (მშპ, საბიუჯეტო დეფიციტი, საგარეო ვალი) საქართველო მეზობლებთან შედარებით ან თანაბარ, ან უკეთეს პოზიციებზეა. 2010 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6.5%25, აზერბაიჯანში - 5%25, სომხეთში კი - 2.3%25 იყო. 2010 წელს, საბიუჯეტო დეფიციტი საქართველოში 6.5%25, სომხეთში - 6%25 გახლდათ. საგარეო ვალის მოცულობამ საქართველოში 37%25, სომხეთში - 35%25 შეადგინა. ორივე პარამეტრის მიხედვით, ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსის - ნავთობის მფლობელი აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით უკეთეს პოზიციებზეა: საგარეო ვალი მშპ-ს 9%25-ია, დეფიციტი კი - მშპ-ს 0.9%25. დეფიციტის ასეთ დაბალ ნიშნულს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდის (SOFAZ) მიერ ეკონომიკაში ჩადებული თანხები უზრუნველყოფს. ეს რომ არა, აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, აზერბაიჯანის დეფიციტი მშპ-ს 15.1%25-ს მიაღწევდა.
სამივე ქვეყანაში, ფულის მასის ზრდას, კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემა და შემდეგ სახაზინო ვალდებულებების გამოშვება იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული (სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, ცენტრალური) ბანკი კომერციულ ბანკებზე დაბალ პროცენტად გასცემს სესხებს - ისინი კი, თავის მხრივ, მთავრობაზე უფრო სარფიანად აპროცენტებენ. შედეგად, ხაზინაში გროვდება ზედმეტი ფული, რომელსაც კერძო სექტორთან კავშირი არ აქვს. ამ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს, რადგან ბაზრის ყველა მოთამაშეს იმდენივე აქვს, რაც ადრე ჰქონდა. მხოლოდ ხაზინას მოეპოვება მეტი. შესაბამისად, ფული უფასურდება - ინფლაცია იზრდება.
აზიის განვითარების ბანკის მონაცემებით, 2010 წელს რეფინანსირების განაკვეთი სამივე ქვეყანამ გაამკაცრა: საქართველოში - 8%25, სომხეთში - 7.25%25, აზერბაიჯანში - 5%25.
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2011 წელს საქართველოში ფულის მასა 20-25%25-მდე შემცირდება. ამ შემთხვევაში ქვეყანას სომხეთის დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, საშუალოდ 1.9-ჯერ უარესი, ხოლო აზერბაიჯანის დღევანდელ მაჩვენებელზე 1.1-ჯერ უკეთესი მაჩვენებელი ექნება.
ბანკის პროგნოზით, 2011 წელს, საქართველოში ინფლაცია მეზობლებთან შედარებით 1.3-ჯერ მაღალი იქნება. ინფლაცია პირველ რიგში ღარიბ მოსახლეობას აზარალებს: შემოსავლის დიდი ნაწილი საკვების შეძენას ხმარდება, მათ ხელთ არსებული თანხა კი სულ უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობს.
აზიის განვითარების ბანკის გათვლებით, 2011 წლის პირველ 8 თვეში ხორბალზე ფასმა 99.6%25-ით მოიმატა. თუ ინფლაცია საშუალოდ ისევ ორციფრა ნიშნულზე შენარჩუნდება, მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 7.2%25-ით გაიზრდება.
გაეროს მონაცემებით, 2010 წელს საკვების იმპორტზე გლობალურად 1 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. მსოფლიოს უღარიბესმა ნაწილმა, 2009 წელთან შედარებით, იმპორტირებულ საკვებში 20%25-ით მეტი გადაიხადა. იმპორტირებულ საქონელზე ადგილობრივ ფასს ვალუტის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს, რაც ქვეყანაში ინფლაციის დონეს პირდაპირ ასახავს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ფასის ზრდა ინფლაციის მამოძრავებელი ძალა კი არა - შედეგია.
![]() |
13 მილტონ ფრიდმანი ინფლაციის შესახებ |
▲back to top |
ეკონომიკა
[Free to Choose: A Personal Statement, 1990]
მილტონ ფრიდმანი
ამერიკელი ეკონომისტი. 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. მონეტარული ეკონომიკის ჩიკაგოს სკოლის ლიდერი. კლასიკური ლიბერალი, ლიბერტარიანელი. ათამდე წიგნის და ორმოცდაათზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მათ შორისაა: Capitalism and Freedom, 1982 და Free to Choose: A Personal Statement, 1990. ნაშრომები ხაზს უსვამს ეკონომიკურ პოლიტიკაში ფულის მასის როლს და სახელმწიფო რეგულაციების ნაცვლად, ინდივიდუალური თავისუფლების წახალისების მნიშვნელობას. 1980-იანი წლების დასაწყისში ფრიდმანის ნაშრომებმა რეიგანის ადმინისტრაციასა და თეტჩერის მთავრობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ იდეებს უკვე ათწლეულია, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც წარმატებით იყენებენ.
ინფლაციას ერთადერთი მიზეზი აქვს - მთავრობა. სწორედ მას აქვს ძალაუფლება განსაზღვროს, რამდენად სწრაფად გაიზრდება ფულის მასა. ინფლაციას პროდუქციაზე მეტად გაზრდილი ფულის მოცულობა იწვევს”.
„თუ ფულის მასის ზრდის ნაცვლად, ინფლაციის მიზეზი გაძვირებული ნავთობია, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ყველა ქვეყნისთვის საწვავზე თანაბრად გაზრდილი ფასის მიუხედავად, ყველა ქვეყანაში ფასები ერთნაირად არ იზრდება? თუ ინფლაციის მიზეზი ნავთობზე მომატებული ფასია, მაშინ როგორ გამოდის, რომ გერმანიაში, რომელსაც ნავთობის სრულად იმპორტირება სჭირდება, ინფლაცია უფრო დაბალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში, რომელიც საჭირო რაოდენობის ნავთობის ნახევარს თავად აწარმოებს? იაპონიას საერთოდ არ აქვს ნავთობი, თუმცა იმ პერიოდში, როცა არაბები ნავთობის ფასს აოთხმაგებდნენ, იაპონიამ ინფლაციის მაჩვენებელი წლიური 30%25-დან 5%25-მდე დაიყვანა. აქ შეცდომა ის არის, რომ ბევრს კონკრეტული ფასი - მაგალითად, ნავთობის ფასი - ზოგადად ფასებში ერევა“.
„ხალხს მოსწონს ინფლაცია. ამას ხმამაღლა არავინ აღიარებს. თუმცა მოსწონთ, როცა საკუთარ პროდუქტს ან სერვისს უფრო ძვირად ყიდიან, მაგრამ უკმაყოფილონი არიან, როცა ყიდვა უფრო ძვირად უხდებათ”.
„ჩვენ პირადი ქცევის საფუძველზე კი არ ვიწვევთ ინფლაციას, არამედ იმით, რომ მხარს ვუჭერთ მთავრობას, დახარჯოს მეტი, შემდეგ გადასახადების გაზრდას ან ახალი გადასახადების დაწესებას ვეწინააღმდეგებით და ამით გაზრდილი ხარჯების დაფინანსების ერთადერთ გზას წავახალისებთ - ეს ფულის ბეჭდვაა”.
„ინფლაციის შესამცირებლად მთავრობა მხოლოდ ერთი არჩევანის წინაშე დგას: ინფლაციის მოთოკვა და გვერდით მოვლენად დროებითი უმუშევრობა, თუ მაღალი ინფლაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ უფრო მაღალი უმუშევრობა“.
„ინფლაცია დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა, მთავრობამ ფულის ბეჭდვა რომ შეწყვიტოს. ნელ მონეტარულ ზრდას ეკონომიკაზე დაგვიანებული დადებითი ეფექტი აქვს. ინფლაციას რომ შეაჩერებ, ჯერ უარყოფით ეფექტებს იგრძნობ, დადებითი ეფექტები მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდება. როცა მთავრობას არ ჰყოფნის ნება, ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს, ის ყველა უარყოფით ეფექტს იმკის და არც ერთი დადებითი არ ხვდება“.
![]() |
14 ინფლაცია - ფაქტები და მითები |
▲back to top |
ეკონომიკა
ბესიკ ნამჩავაძე
2010 წელს საქართველოში, ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ინფლაცია იყო: ერთ წელიწადში ფასებმა 13.9%25-ით მოიმატა. მარტში პროდუქციაზე ფასების ზრდა შეწყდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მიმოქცევაში არსებულმა ფულის მასამ კლება დაიწყო.
გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქართველო 165-ე ადგილზეა - ანუ, შარშან, მსოფლიოს 164 ქვეყანაში, პროდუქციის ფასები ნაკლებად გაძვირდა. 184-დან 102 ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%25-ზე ნაკლები იყო, ფასები ორნიშნა ციფრით მხოლოდ 24 ქვეყანაში გაიზარდა (ცხრილი 1).
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზემოთ მდგომ 164 ქვეყანას უფრო ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, ვიდრე საქართველოს. ცხრილი იმასაც მიუთითებს, რომ აღნიშნული 164 ქვეყნის ცენტრალური ბანკების (ან ცენტრალური ბანკის ფუნქციების განმახორციელებელი სხვა დაწესებულებების) მმართველებმა უფრო ზუსტად და კომპეტენტურად შეაფასეს ინფლაციის გამომწვევი მიზეზი - ინფლაციას, როგორც თეორიულად (რაც წიგნებში წერია), ისე პრაქტიკულად (საქართველოში რაც მოხდა), არარაციონალურად გაზრდილი ფულის მასა იწვევს.
ცხრილი 1. ინფლაციის დონე 2010 წელს |
||
ადგილი |
ქვეყნები |
ინფლაციის დონე |
68 |
ზიმბაბვე |
3.2 |
99 |
ჰაიტი |
4.7 |
100 |
ჩინეთი |
4.7 |
123 |
თურქეთი |
6.4 |
143 |
აზერბაიჯანი |
7.9 |
152 |
რუსეთი |
8.8 |
153 |
უკრაინა |
9.1 |
157 |
სომხეთი |
9.4 |
165 |
საქართველო |
11.2 |
166 |
იამაიკა |
11.7 |
167 |
ნიგერია |
11.7 |
168 |
ვიეტნამი |
11.8 |
169 |
უზბეკეთი |
12.1 |
170 |
იემენი |
12.5 |
171 |
პაკისტანი |
12.7 |
172 |
სან-ტომე და პრინსიპი |
12.9 |
173 |
ტრინიდადი და ტობაგო |
13.4 |
174 |
ერიტრეა |
14.2 |
175 |
მონღოლეთი |
14.3 |
176 |
ანგოლა |
15.3 |
177 |
სუდანი |
15.4 |
178 |
მოზამბიკი |
16.6 |
179 |
სიერა ლეონე |
18.4 |
180 |
ყირგიზეთი |
18.9 |
181 |
ირანი |
20.0 |
182 |
ავღანეთი |
20.4 |
183 |
გვინეა |
20.8 |
184 |
ვენესუელა |
27.2 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი |
ეს ფაქტია. თუმცა მის დროულ აღიარებას, როგორც წესი, სოფლის მეურნეობის სფეროში გავრცელებული მითები უშლის ხელს. ხშირად მათიავტორი თვითონ ხელისუფლებაა. საქართველოში ორი ასეთი მითია გავრცელებული:
1. ბიუჯეტის დეფიციტს ეკონომიკაზე ინფლაციური ზეწოლა არ აქვს, შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას სჯობია, დეფიციტი გქონდეს და მის დასაფინანსებლად სახაზინო ვალდებულებები გაყიდო, რადგან ამით ანტიინფლაციურ მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებდა ეროვნულ ბანკს მიეშველები.
2. ქვეყანაში მაღალ ინფლაციას სოფლის მეურნეობის დაბალეფექტიანობა იწვევს.
პირველი ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს - ისედაც ცხადია, რომ ასეთი ალოგიკური და არათანმიმდევრული მსჯელობა მხოლოდ მითს შეიძლება ახასიათებდეს.
სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ მითთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა: ხელისუფლებას ყველა ოპოზიციური პარტია ეთანხმება, რომლებმაც ინფლაციასთან დაკავშირებით აზრი გამოხატეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სეზონურ ჩავარდნას (მოუსავლიანობას) ან ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე მსოფლიო ფასის სწრაფად ზრდას, მხოლოდ ხანმოკლე (რამდენიმე თვე) გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასების საერთო დონეზე. გრძელვადიანი მაღალი ინფლაციის მიზეზი ყოველთვის ჭარბი ფულის მასაა.
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმატება, ავტომატურად ფასების კლებას არ იწვევს. 140 ქვეყნის მაგალითმა უჩვენა, რომ 2005 წელს, იმ ქვეყნებში უფრო მაღალი ინფლაცია იყო, სადაც სოფლის მეურნეობა იზრდებოდა ანარ მცირდებოდა. 2005 წელს სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპით (12%25) მსოფლიოში საქართველო მე-3 ადგილზე იყო. ეს იმ წელთაგანია, როცა „ამ ხელისუფლებას სოფელი არ ახსოვდა” და მის მნიშვნელოვნად სუბსიდირებას არ ახორციელებდა.
ინფლაციასა და სოფლის მეურნეობის ზრდას შორის გრაფიკზე (ნახაზი 1) ასახული დადებითი დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დარგის განვითარება ინფლაციას იწვევს. ეს ტენდენცია იმით აიხსნება, რომ სოფლის მეურნეობის მაღალი ზრდის ტემპებით ის განვითარებადი ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთაც ამავდროულად არადისციპლინირებული მონეტარული პოლიტიკა აქვთ. ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გადაცდომების გამო, ინფლაციის დონე მაღალია, სოფლის მეურნეობას კი ეკონომიკაში დიდი წილი უჭირავს.
იმავე ტენდენციას აჩვენებს 150 ქვეყნის 2007 წლის მონაცემები: რაც უფრო აგრარულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია ინფლაციის დონე (ნახაზი 2). ბუნებრივია, სოფლის მეურნეობა ფასების სტაბილურობისთვის საშიში არ არის. თუმცა ანტიინფლაციური გავლენა არა რომელიმე, ცალკე აღებულ დარგს, არამედ მთლიანად ეკონომიკის ზრდას აქვს.
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
![]() |
15 გიორგი ტუღუში: მთავარი იარაღი,საზოგადოებრივი აზრია |
▲back to top |
ფოკუსი
ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
31 მარტს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, საქართველოს პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2010 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ზოგადი ტენდენციები, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები. 517-გვერდიანი დოკუმენტის განხილვას პარლამენტი უახლოეს კვირაში დაიწყებს. ზოგადი ტენდენციების, არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, ტაბულა ომბუდსმენს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
უკვე ორი წელია, ომბუდსმენი ხართ. როგორ შეაფასებდით დროის ამ მონაკვეთს? რა მიგაჩნიათ თქვენი აპარატის მთავარ მიღწევად?
საქართველოში ამ ინსტიტუტს ხშირად არასწორად აღიქვამენ, ბოლომდე არ არის გააზრებული რისთვისაა ის შექმნილი. ამ პრობლემას ჩვენ ვაწყდებით არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ ზოგადად მოსახლეობაში. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს, რომელიც უფლებადაცვით სფეროში მოღვაწეობს, არ აქვს კარგად გათავისებული, თუ რას ემსახურება ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტი.
სწორედ ამიტომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ამეხსნა რას ემსახურება ეს დაწესებულება. ომბუდსმენი არის კანონის და კონსტიტუციის მსახური. სახალხო დამცველისა და მისი აპარატის ძირითადი ფუნქცია არის ის, რომ თვალყური ადევნონ, თუ როგორ ასრულებენ ესა თუ ის სახელმწიფო მოხელეები კანონის მოთხოვნებს.
გარდა ამისა, ჩემი პრიორიტეტი იყო სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მონიტორინგის გაძლიერება და შევძელით: 2009 წლიდან ოფისმა მიიღო ახალი - პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია.
მინდოდა გამეძლიერებინა ბავშვთა უფლებებზე მუშაობა. ამ მხრივ, წარმატების საზომი ინდივიდუალური საჩივრებია, რომელთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო და არის ფსიქიატრიული დაწესებულებები და ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობა. მოგეხსენებათ, რეფორმა მიმდინარეობს და ვაპირებთ, რომ ამ რეფორმის საწყისი ეტაპების შეფასება განვახორციელოთ.
ომბუდსმენი არის კანონის და კონსტიტუციის მსახური. სახალხო დამცველისა და მისი აპარატის ძირითადი ფუნქცია არის ის, რომ თვალყური ადევნონ, თუ როგორ ასრულებენ ესა თუ ის სახელმწიფო მოხელეები კანონის მოთხოვნებს. რაც შეეხება ანგარიშს, რომელიც 2010 წლის მდგომარეობას ასახავს, ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, მასში აღგვეწერა ტენდენციები და არ ყოფილიყო ეს მხოლოდ საქმეთა ჩამონათვალი. კონკრეტულად ის, თუ სად ვხედავთ ძირითად პრობლემებს, რა არის სასწრაფოდ მისახედი, სად არის პროგრესი, სად - სტაგნაცია და სად დავიხიეთ უკან. ეს ანგარიში 308 რეკომენდაციას მოიცავს, წლის განმავლობაში 84-ჯერ მივმართე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს რეკომენდაციებით, რათა აღედგინათ დარღვეული უფლებები. ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი რეკომენდაციად დარჩა.
ზუსტად ეგ მაინტერესებს. სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით რა მდგომარეობაა? მაგალითისთვის 2009 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ავიღოთ.
მდგომარეობა გაუმჯობესებულია. არსებობს რამდენიმე სახის რეკომენდაცია: სისტემური - როდესაც ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უფლების დარღვევის მიზეზი კანონია და პარლამენტს სთხოვს კანონში ცვლილებების შეტანას. თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს, შემდეგ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის მაგალითი იყო ბოლოდროინდელი სარჩელი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილეს. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, არის ინდივიდუალური რეკომენდაციები. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ შეგვატყობინეს, რომ სამსახურიდან ჩვენი აზრით უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომელი ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში აღადგინეს ანალოგიურ თანამდებობაზე და გადაუხადეს განაცდური. ეს სასამართლოს ჩარევის გარეშე მოხდა. იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ვერ იღებდნენ საჭირო დოკუმენტებს საჯარო რეესტრიდან ან სოციალური მომსახურების სააგენტოდან - ამ შემთხვევებშიც ჩემი რეკომენდაციები არაერთხელ გაითვალისწინეს. ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც რეკომენდაციაზე არც გვპასუხობენ. ძალიან ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ პასუხი არ აქვთ და დუმილს ამჯობინებენ.
მსგავსი პრობლემები ყველაზე მეტად რომელ უწყებებში გხვდებათ?
დევნილთა და განსახლების სამინისტრო, პროკურატურა - ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ დაწესებულებებს ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დაუტოვებიათ. პრობლემები გვქონდა სასამართლო ხელისუფლებასთანაც, თუმცა ბოლო დროს ურთიერთობა დავარეგულირეთ. რთულია თავდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ამ უწყებათა შესახებ ანგარიშიდან შეიტყობთ.
სასჯელაღსრულებით სისტემაში ჩატარებულ მონიტორინგს რაც შეეხება, ამ უწყების ხელმძღვანელები უარყოფენ ანგარიშში ასახულ უფლებათა დარღვევების ნაწილს, რას იტყვით ამის შესახებ?
სამწუხაროა, რომ უწყება, იმის მაგივრად, ომბუდსმენის ანგარიშს ყურადღებით მოეკიდოს და იმაზე იმსჯელოს, თუ როგორ მოაგვაროს არსებული პრობლემები, ცდილობს თავი დაიცვას უსუსური არგუმენტებით. მე მათგან განსხვავებულ მიდგომას მოველოდი. თუმცა უნდა ვაღიარო - გასულ დღეებში კარგად გამოჩნდა, რომ ეს უწყება გააქტიურდა და ამ პრობლემების მოგვარებას ცდილობს. თუმცა, ამის აღიარება უჭირთ.
თქვენს ანგარიშში აღწერილი ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტად მოიყვანეს ისიც, რომ პატიმართა სიკვდილიანობის ზრდა, პატიმართა რიცხვის ზრდის პირდაპირპროპორციულია. რას იტყვით ამის შესახებ?
თუ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის ახალი სისტემა მოიგონეს, დააპატენტონ და სხვა ქვეყნებსაც გაუზიარონ. არსებობს მეთოდოლოგია, რითაც გამოითვლება სიკვდილიანობის კოეფიციენტი, ითვლება ყოველ 10 ათას პატიმარზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა წელს 2-3 ათასით ნაკლები პატიმარი იყო და სიკვდილიანობა დაახლოებით ნახევარჯერ გაიზარდა, ამ პროპორციაშიც ვერ ვჯდებით. სურათი საგანგაშოა. იმასაც ამბობენ, დაავადების მძიმე ფორმები გავრცელდა და ფატალური შედეგი გარდაუვალი იყოო, მაგრამ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები საწინააღმდეგოს ამბობს, ეს უმძიმესი დაავადებები კი არაა, ამ დაავადებათა შორსწასული ფორმებია. მაგალითად პნევმონია, როდესაც საწყის ეტაპზე არ მიაქციეს ყურადღება, შემდეგ ჩირქი ჩადგა ფილტვებში, ანუ სიკვდილი დაგვიანებულმა სამედიცინო ჩარევამ განაპირობა. ანდაც შეწყვეტილი მკურნალობა ავიღოთ - ანტიბიოტიკებით მკურნალობის დარღვეული ციკლი და შედეგად მიღებული ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმები, რომელთა მკურნალობაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჯანდაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი, მე ვხედავ მცდელობებს, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. იმედი მაქვს, 2-3 წელიწადში უკეთესი სურათი გვექნება. თანაც მინისტრმა ციხეში ტუბერკულოზთან ბრძოლა თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. ჩემი რეკომენდაციაა ჯანდაცვის ექსპერტების მეტი ჩართულობა ამ საქმეში.
მოვუწოდებ პენიტენციური სისტემის მესვეურებს, საინფორმაციო სააგენტოების პირით კი ნუ მესაუბრებიან, მომმართონ წერილობით, გამომიგზავნონ არგუმენტირებული პასუხები, ჩვენ მზად ვართ შენიშვნები გავიზიაროთ.
ანგარიშში საუბრობთ ბავშვთა უფლებებზე. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, თამარ მახარობლიძე ამ შემთხვევაშიც არასრული სურათის დახატვაში გდებთ ბრალს. ის ამბობს, რომ ანგარიშში არ არის მოყვანილი ის ბავშვთა სახლები, სადაც კარგი მდგომარეობაა, ისინი ასევე უარყოფენ ბავშვებთან კონფიდენციალურად გასაუბრებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს. ამაზე რას იტყვით?
ეჭვი მაქვს, რომ ანგარიში კარგად არ წაიკითხა. თუმცა პრობლემებს ყველა ბავშვთა სახლში წავაწყდით. ამას გარდა, სახალხო დამცველი არაა იმისთვის, რომ ვიღაცას ხოტბა ასხას. მისი მოვალეობაა ასახოს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. მე არ უარვყოფ პროგრესს, მაგრამ პრიორიტეტი პრობლემების აღწერაა.
ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ზრუნვის სააგენტოს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ბავშვს არ მოვუსმინოთ. იგივე პიროვნება, იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვი სიმართლეს ამბობს, ჩვენთან საუბრისას მისი სააგენტოს წარმომადგენლის დასწრებას ითხოვს. უფრო მეტიც, ჩვენივე თანდასწრებით გაჰყავდათ ბავშვების აღმზრდელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები და არკვევდნენ რაზე ვისაუბრეთ. სამწუხაროა, რომ ქალბატონმა მახარობლიძემ ვერ გაიგო, რომ ჩვენ ბავშვს უნდა ვენდოთ, სხვა შემთხვევაში მონიტორინგის ჩატარებას აზრი არ აქვს.
საინტერესოა, რომ მახარობლიძისადმი დაქვემდებარებული უწყება შეეცადა ჩაეშალა მონიტორინგი და მხოლოდ ჩემი და მინისტრ ურუშაძის გასაუბრების შემდეგ გახდა შესაძლებელი პროცესის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელება, თორემ მე უკვე ბრიფინგისთვის ვემზადებოდი. მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში არ გვექმნება ისეთი პრობლემები, როგორიც ბავშვთა სახლებში სხვა უწყებებთან მსგავსი დაბრკოლება არ შეგვქმნია, სააგენტოსთან პრობლემები კვლავინდებურად რჩება. მათ კანონის წესიერად წაკითხვაც არ სურთ.
ტაბულა აშუქებს ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს. როგორ აფასებთ ამ რეფორმას და რა პრობლემებს ხედავთ?
პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს. იყო შემთხვევები, რომ ბავშვი დაბრუნდა თავის ბიოლოგიურ ან მინდობით ოჯახში და პრობლემები შეექმნა - მათხოვრობა დაიწყო, შიმშილობდა. ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც მშობელს დედობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრნენ და ბავშვი ძალით გააყვანინეს ბავშვთა სახლიდან, მაშინ როდესაც დედას მისი აღზრდის პირობები არ ჰქონდა - ეს ისევ ბავშვზე აისახა ცუდად.
ცხადია, რაც მეტი ბავშვი დაბრუნდება ოჯახში, მით უკეთესი, მაგრამ შედეგად ბავშვის განვითარება არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ.
მსგავსი შემთხვევები გამონაკლისია თუ ტენდენცია?
ჩვენი დაკვირვებით, რამდენიმე შემთხვევაა. თუმცა აუცილებლად დავუბრუნდებით ამ პროცესს. დავაკვირდებით არა მხოლოდ ბავშვთა სახლებს, არამედ ოჯახებში მათი ინტეგრაციის პროცესსაც. რადგან თემას აშუქებთ, ალბათ იცით, რომ ბავშვები მცირე ზომის, ოჯახური ტიპის დაწესებულებებში გადაჰყავთ, ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად დავაკვირდებით.
ანგარიშში ნახსენებია ფსიქიატრიულ სფეროში არსებული პრობლემები. ამავდროულად მიმდინარეობს ფსიქიატრიული სფეროს რეფორმა, რამდენად ხართ ჩართული ამ პროცესში?
ფსიქიატრია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩავარდნილი მიმართულებაა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. თუმცა საუბარია პირობებზე. პერსონალის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტები პაციენტთა მიმართ არ გამოგვივლენია. საქართველოში სულ 6 ფსიქიატრიული საავადმყოფოა, ყველგან სავალალო მდგომარეობაა. არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ის პირობები, რაშიც ჩვენი ექიმები მუშაობენ, მათი ღირსებისთვისაც შემლახველია. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო უკვე დახურვის რეჟიმშია, საიდანაც პაციენტებს თანამედროვე ტიპის ფსიქიატრიულ სტაციონარებში გადაიყვანენ.
მთავარი პრობლემა საქართველოში ისაა, რომ ფსიქიატრიული პაციენტების 60%25 სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს. ისინი იქ იმიტომ არიან, რომ თავშესაფარი არ აქვთ, ან ოჯახის წევრებს აღარ მიჰყავთ უკან.
რა პრობლემები დგას დღეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წინაშე?
მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სახალხო დამცველს საჩივარი ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით არ მიუღია. აქ რამდენიმე პრობლემა რჩება. ერთი - მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი მეტად ინტეგრაცია, იმისთვის რომ ისინი თავს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად თვლიდნენ. ამ მხრივ აშკარა პროგრესია.
ანგარიშში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობთ, თუმცა პრობლემად მიიჩნევთ სხვა კონფესიებისთვის ქონების დაბრუნების საკითხს…
სახელმწიფომ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. სახელმწიფოს პრეროგატივაა განსაზღვროს, ვის რომელი ნაგებობა ეკუთვნის და დაარეგისტრიროს მათ საკუთრებად. სამწუხაროდ, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის შესახებ. რაში მდგომარეობდა ამ საკითხის მნიშვნელობა და კმაყოფილი ხართ თუ არა მიღწეული შედეგით?
საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რასაც კანონი სახალხო დამცველს ანიჭებს. ჩემი აზრით, მოქმედი კანონი პრობლემატური იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან საინტერესოდ იმსჯელა არაერთი მიმართულებით. ვთვლი, რომ ახალი კანონი გაცილებით უფრო დახვეწილია.
ჩვენ ძალიან კარგი კანონმდებლობა გვაქვს გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ისეთი, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. რაც შეეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, აქ არის ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელადაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა თქვენი საგანგებო განცხადება, იმედის ეთერში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრების მიერ ებრაელებზე ხუმრობის შესახებ. თქვენი შეფასებით, ის ანტისემიტურ ხასიათს ატარებდა. სად გადის ზღვარი ხუმრობასა და სიძულვილის ენას შორის? რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობთ, როდესაც გამოხატვის ამა თუ იმ ფორმას სიძულვილის ენად აფასებთ?
როდესაც ხუმრობა ეხება კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს და ამ ჯგუფისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას, ის გადის ხუმრობის ფარგლებიდან. ჩემდა გასაკვირად, ეს ხუმრობა დარბაზმა სიცილით აიტაცა და მაღალი შეფასებაც მისცა. კარგია, რომ ბოდიში მოიხადეს, ეს ნიშნავს, რომ მიხვდნენ, რომ არასწორად მოიქცნენ.
მსგავსი ფაქტები მედიაში საკმაოდ ხშირია, ხშირია ჰომოფობიური განცხადებები. რამდენად ხშირად ახდენთ რეაგირებას?
ძალიან ხშირია. განსაკუთრებით ბეჭდვით მედიაში, სადაც ადამიანს შეურაცხყოფას მისი ეთნიკური წარმომავლობის მოშველიებით აყენებენ. ეს დაუშვებელია. მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ის დიდ გავლენას ახდენს სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ასევე მნიშვნელოვანია ამ მხრივ საჯარო მოხელეების ქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ ავუხსნათ, რას ნიშნავს უმცირესობის უფლებები და რამდენად დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჟურნალისტებს აკისრიათ. სამწუხაროდ, გასაკეთებელი ძალიან ბევრი რჩება იმისთვის, რომ სასურველი სურათი მივიღოთ. რაღაც შეიძლება ჩვენც გამოგვრჩეს, მეც ტელევიზორთან და რადიოსთან არ ვზივარ დღე და ღამე, თუმცა ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან.
პარლამენტში თქვენი ანგარიშის მოსმენა სულ მალე გაიმართება, რა მექანიზმებს ფლობთ იმის მისაღწევად, რომ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები გაითვალისწინონ?
მთავარი იარაღი საზოგადოებრივი აზრია. ომბუდსმენის ანგარიში ყოველთვის მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, რაც ხან მეტად, ხან ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის ფაქტორია სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას.
2009 და 2010 წლის ანგარიშები რომ შევადაროთ, რა შედეგს მივიღებთ? არის თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავება, რაიმე სახის პროგრესი ან პირიქით?
გარკვეული მიმართულებებით შეიმჩნევა გაუმჯობესება - მაგალითად, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურაში. კარგია, რომ დაიხურა ქსნის ე.წ. ძველი ზონა, გაიხსნა ქალთა ახალი დაწესებულება. პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლა არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ. წარმატებული ნოვაციაა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. უმცირესობების კუთხით გადაიდგა არაერთი პოზიტიური ნაბიჯი. ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პოზიტიურ მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრე. თუმცა ზოგიერთი პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ გაღრმავდა - იგივე პენიტენციურ ჯანდაცვას თუ შევხედავთ.
მიგაჩნიათ, რომ ომბუდსმენს საქართველოში აქვს ის სამუშაო პირობები, რომელიც კანონითაა გარანტირებული?
ვფიქრობ, რომ აქვს. ჩემთვის ხელი ამ წელიწად-ნახევრის მანძილზე არავის შეუშლია. თუ ასეთი რამ მოხდება, ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებ კანონის ფარგლებში, რომ წერტილი დაესვას. თუმცა ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
![]() |
16 ფოტოესე |
▲back to top |
ირლანდიური გვარდია სამეფო ქორწილის ცერემონიალისთვის ემზადება.
![]() |
17 პრეზიდნეტის მთელი ამალა ადგილს იცვლის |
▲back to top |
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გენერალი პეტრეუსი ავღანეთიდან გამოიწვია და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორად დანიშნა, ლეონ პანეტა დაზვერვიდან თავდაცვის მინისტრად გადაიყვანა, დიპლომატი რაიან კროკერი და გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ალენი კი ავღანეთში გაგზავნა. ეს ცვლილებები უფრო სტრატეგიის გაგრძელებაზე მიანიშნებს, ვიდრე რეალურ ცვლაზე.
ობამას ეროვნული უსაფრთხოების ახალი გუნდი:პანეტა პენტაგონი, პეტრეუსი ლენგლიში, ალენი და კროკერი ქაბულში
გენერალი პეტრეუსი აშშ-ში თითქმის გმირის რანგშია აყვანილი. მან ავღანეთში აშშ-ის ჯარების ხელმძღვანელის თანამდებობა გასულ ზაფხულს მოიპოვა, რაც ობამამ გენერალ-ლეიტენანტი სტენლი მაკრისტალი Rolling Stone-ისთვის მიცემული კომენტარისთვის გაათავისუფლა. 2007-2008 წლებში პეტრეუსი აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარების ხელმძღვანელი იყო ერაყის ოპერაციაში. აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებამ მას პოპულარობა მოუტანა.
დაზვერვის ხელმძღვანელად, ანუ სამოქალაქო თანამდებობაზე, სამხედრო მოსამსახურის დანიშვნას წინააღმდეგობრივი შეფასებები მოჰყვა. აშშ დაზვერვაზე ყოველწლიურად 80 მილიარდს ხარჯავს - მეტს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად. მაგრამ დაზვერვამ ვერ შეძლო გლობალური მოვლენების პროგნოზირება: საბჭოთა კავშირის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპის რევოლუციები, იუგოსლავიის დაშლა, 11 სექტემბრის ტერაქტი, გლობალური ფინანსური კრიზისი და არაბული რევოლუციები.
ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს 2 მთავარი ფუნქცია აქვს: ინფორმაციის მოპოვება/ანალიზი და მოწინააღმდეგის ნახევრად სამხედრო გზებით განადგურება. თუმცა ბალანსი ირღვევა: ცენტრალური დაზვერვის დირექტორის თავდაცვის მინისტრად გადაყვანა და ცენტრალური დაზვერვის თანამდებობაზე სამხედრო პირის დანიშვნა ჯარისკაცებსა და ჯაშუშებს შორის განსხვავების გაქრობის ტენდენციას კიდევ უფრო გაამყარებს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. უკვე მეშვიდედ, სამხედრო პირის - ამ შემთხვევაში გენერალ პეტრეუსის - დანიშვნა, სააგენტოს ნახევრად სამხედრო ოპერაციების ჩატარებას კიდევ უფრო დახვეწს და წარმატებულად აქცევს.
გენერალ პეტრეუსს მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდოვარის თანამდებობაზე განიხილავდნენ. ბევრის აზრით, ის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი იყო. თუმცა, ჩანს, პეტრეუსს მეხუთე ვარსკვლავი და არმიის გენერლის ტიტული, ახლო მომავალში არ უწერია. ზოგიერთი 58 წლის პეტრეუსს რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავდა. ჯორჯ ბუში უფროსიც, მის მსგავსად, პოლიტიკაში ცენტრალური დაზვერვის სააგენტოდან მოვიდა. თავად პეტრეუსი პოლიტიკურ ამბიციებს უარყოფს.
ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი წარსულშიც გამხდარა თავდაცვის მინისტრი. რობერტ გეიტსი და ჯეიმს შლესინჯერი ამის ნათელი მაგალითებია. 78 წლის პანეტა კი ამ თანამდებობაზე ყველაზე ასაკოვანი პირი იქნება. პანეტა ცხრაჯერ იყო არჩეული კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში და კალიფორნიას წარმოადგენდა, 2-ჯერ კი საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც გახლდათ. კლინტონის ადმინისტრაციაში მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი, ასევე თეთრის სახლის აპარატის უფროსი იყო.
2 წლის წინ დაზვერვის სააგენტოს პანეტასთვის ჩაბარებას სკეპტიკურად შეხვდნენ. თუმცა მან აღიარება არა მხოლოდ დემოკრატიულ პარტიაში, არამედ რესპუბლიკელთა შორისაც მოიპოვა; შეძლო სააგენტოს ოპერაციების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების შეჩერება და პაკისტანში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დანერგვა.
პანეტა ისრაელის მხარდაჭერით გამოირჩევა და ირანის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს. მას უკავშირდება ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ პარამილიტარული ოპერაციების წარმატება. განსაკუთრებით ოპტიმიზმით უყურებენ პანეტას მიერ პენტაგონის ბიუჯეტის მენეჯმენტის პერსპექტივას: ბოლო ათი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯი იზრდებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გეიტსს შეიარაღების არაერთი პროგრამის შეჩერება მოუწია. ის პირველი დემოკრატი იქნება 1997 წლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
ახალი ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი აქამდე პაკისტანში, ერაყში, სირიასა და ლიბანში მეთაურობდა დიპლომატიურ მისიებს. მას დიპლომატიურ სამსახურში 37-წლიანი გამოცდილება აქვს. ერაყში კროკერი განსაკუთრებით მჭიდროდ პეტრეუსთან თანამშრომლობდა და მათ „საოცნებო გუნდსაც“ კი უწოდებდნენ. 2002 წელს, მას შემდეგ, რაც თალიბანი განდევნეს, ის ავღანეთში აშშ-ის საელჩოს გასახსნელად ჩავიდა. 2009 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ A&M-ის უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშის სახელობის მთავრობისა და საჯარო სამსახურის სკოლის დეკანი გახდა.
ავღანეთ-აშშ-ის ურთიერთობები მცირე კრიზისს განიცდის: ყარზაი ჯარისკაცებს მოქალაქეების დახოცვას აბრალებს, ამერიკელები კი ყარზაის კორუმპირებულად აღიქვამენ. ბევრის აზრით, კროკერი შეძლებს ავღანეთთან ურთიერთობის დათბობას. მისი განცხადებით, ერაყისგან განსხვავებით შიდა განხეთქილება ავღანეთში უფრო ფესვმოკიდებულია, რადგან ცენტრალური ხელისუფლება აქ დიდი ხანია არ არსებობს. კროკერმა აღნიშნა, რომ ალბათ შიდა განხეთქილება კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება და აშშ-მა სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს.
![]() |
18 ახალი კურსი ათათურქის პარტიისაგან |
▲back to top |
მსოფლიო
თურქეთი
ნინო კაცია
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი (სამართლიანობისა და განვითარების პარტია)
თურქეთში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. 12 ივნისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმეტესობას, უკვე მესამედ, დიდი ალბათობით, ზომიერი ისლამისტური, სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოიპოვებს. ამას მზარდი ეკონომიკა, სეკულარული ოპოზიციის სისუსტე და დაქსაქსულობა უწყობს ხელს.
ისლამისტების ჰეგემონია საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას იწვევს. ისინი ამტკიცებენ, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებს ძირს ფარულად უთხრის. მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ თურქული სახელმწიფოს სეკულარული ბუნება სასწორზე დევს.
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მომხრეები, ამგვარ შიშებს გაზვიადებულად მიიჩნევენ - თუკი გერმანიაში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის არსებობა სეკულარიზმს საფრთხეს არ უქმნის, არც მმართველი პარტიის რელიგიური შეფერილობა უნდა იყოს განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი.
სახალხო-რესპუბლიკური პარტია (CHP) პარლამენტში დღეს ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ქემალ ათათურქმა ჩამოაყალიბა, თავდაპირველი პოპულარობით უკვე კარგი ხანია, აღარ სარგებლობს. ბოლო პერიოდში CHP უკომპრომისო სეკულარისტების და ნაციონალისტების ბასტიონად მიიჩნეოდა. ისინი მმართველი პარტიის მიერ გატარებულ, ყველა ლიბერალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ. ამით პარტიამ საშუალო ფენის ამომრჩევლებში მიმზიდველობა დაკარგა - 1999 წლის არჩევნებში CHP-მ პარლამენტში შესასვლელად საჭირო 10%25-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა. მათ მემარცხენე-დემოკრატულ პარტიასთან გაერთიანების შემდეგ 2007 წლის არჩევნებში ხმების მხოლოდ 20%25 მოიპოვეს. გასულ წელს კი, პარტია სექსუალურ სკანდალშიც გაეხვა. შედეგად, პარტიის ყოფილმა ლიდერმა - დენიზ ბაიკალმა პოსტი დატოვა.
წლევანდელ არჩევნებში სახალხო-რესპუბლიკური პარტია ახალგაზრდული შემადგენლობით იბრძოლებს. ახალმა ლიდერმა - ქემალ ქილიჩდაროღლუმ CHP-ს დინამიურ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობად ტრანსფორმირება დაიწყო. მას სუფთა ფურცლიდან სურს პარტიის ისტორიის დაწყება. თუკი მმართველმა AKP-მ საპარლამენტო სიის ნახევარი გადაახალისა, ხოლო ნაციონალისტური მოძრაობისა და მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიებმა ამჟამინდელი დეპუტატების დაახლოებით 40%25 შეცვალეს, CHP უფრო შორს წავიდა და 101-დან 78 კანონმდებელი ახალ პარტიულ სიაში აღარ შეიყვანა. მათი ადგილი უამრავმა ახალგაზრდა (საშუალოდ 30 წელი) კანდიდატმა დაიკავა, რომლებიც პირველად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სიაში მოხვედრილი 11 პოლიტიკოსი ადრე ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის წევრი იყო.
ქემალ ქილიჩდაროღლუ (სახალხო- რესპუბლიკური პარტია)
დევლეთ ბაჰცელი (ნაციონალისტური მოძრაობის პარტია)
22 აპრილს სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა საარჩევნო მანიფესტი, რომელიც სხვა ინიციატივასთან ერთად ახალი კონსტიტუციის მიღებას და ძირეულ პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებსაც ითვალისწინებს. CHP თურქეთის ყველა, მათ შორის ქურთ და ალავიტ მოქალაქეს მეტ თავისუფლებასა და თანასწორობას ჰპირდება.
ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპაში ყველაზე მაღალი, 10%25-იანი საარჩევნო ბარიერი 5%25-მდე დაიწევს. დეპუტატებს იმუნიტეტი მოეხსნებათ, ხოლო პარტიებს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მოუწევთ. გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესის თავისუფლება და სასამართლო დამოუკიდებლობა.
ახალგაზრდების გულის მოსაგებად, CHP სავალდებულო სამხედრო სამსახურის 15-დან 9, შემდეგ კი 6 თვემდე შემცირებას გეგმავს. სტუდენტებს სამხედრო ბეგარის მოხდა საზაფხულო არდადეგების დროს შეეძლებათ. შესაძლებელი იქნება გაწვევის ფასიანი გადავადებაც. გაუქმდება უმაღლესი განათლების საბჭო. მოიხსნება თურქეთში მცხოვრები უმცირესობებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა. საშუალო განათლება 12 წლამდე გაიზრდება. ფოტო: შიდა რეფორმების შედეგად გაზრდილი რეიტინგის წყალობით, პარტიას შეუძლია წელს ხმების 30%25 მოიპოვოს. CHP დასაყრდენს მოსახლეობის უკმაყოფილო ნაწილში, კერძოდ კი ლიბერალ თურქებში, სოფელში მცხოვრებ ამომრჩეველსა და ლურჯსაყელოიან მუშებში ეძებს.
მმართველი პარტიისგან განსხვავებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რელიგიაზე დაფუძნებულ ალიანსებზეა ორიენტირებული, ქილიჩდაროღლუ მკვეთრი პროდასავლური პოზიციის დაკავებას ცდილობს. თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, პარტიის ახალი, ტექნოკრატული და აკადემიური ხელმძღვანელობა უფრო ექსპერტთა კლუბს ჰგავს, ვიდრე სახალხო პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება შეუძლია.
განახლებული CHP-ს სწორედ ამ სისუსტეების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს სიდიდით მეორე ოპოზიციური ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (MHP). ულტრანაციონალ-კონსერვატული MHP-ს ლიდერები იმედოვნებენ, რომ მომავალ არჩევნებში, იმ ნეონაციონალისტი ამომრჩევლების ხმებს მოიპოვებენ, რომლებიც CHP-ს ახალი პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ეს განსაკუთრებით ქურთებსა და თავსაბურავის საკითხთან შერბილებულ დამოკიდებულებას შეეხება. მოლოდინი მთლად უსაფუძვლო არ არის, რადგან სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული მხარდამჭერები, იზმირისა და სტამბოლის საარჩევნო ოლქებში ქილიჩდაროღლუს ნაბიჯებით უკმაყოფილონი არიან.
ვარაუდობენ, რომ ახალ პარლამენტში მეოთხე პოლიტიკური ძალაც - პროქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიაც - მოხვდება.
![]() |
19 რუსეთ-პოლონეთის არშემდგარი შერიგება |
▲back to top |
მსოფლიო
ნატა მუჯირიშვილი
აპრილის დასაწყისში, სმოლენსკის ტრაგედიის წლისთავზე, რუსეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ავიაკატასტროფის 96 მსხვერპლისთვის პატივის მისაგებად, კატასტროფის ადგილზე მივიდნენ. წლევანდელი შეხვედრა, გასულ წელთან შედარებით, უფრო თბილი აღმოჩნდა - თითქოს ტრაგედიამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების დავა წარსულს ჩააბარა და ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. თუმცა ამ ყველაფერს ისეთი ნათელი მომავალი არ უჩანს, როგორც ზოგიერთი ოპტიმისტი ვარაუდობს.
პოლონეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ნაპოლეონისა და ჰიტლერისთვის მიუწვდომელი რამ შეძლო - მოსკოვი აიღო და იქ მეფეც დასვა. თუმცა ეს მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა, მას შემდეგ კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: იყო საბჭოთა კავშირი, ფაშისტური გერმანია, ისევ საბჭოთა კავშირი, კატინი, ტოტალიტარული რეჟიმი და უამრავი მსხვერპლი. საბჭოთა კავშირის დროს კატინის გენოციდის არაღიარება ორი ქვეყნის ურთიერთობას ძაბავდა.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, პოლონეთმა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ის სახით პარტნიორი იპოვა, NATO-ში და ევროკავშირში შევიდა. ამით თითქოს უსაფრთხოების პრობლემა მოაგვარა. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი განსაკუთრებით ქვეყნის ტრადიციული მეტოქეების, რუსეთისა და გერმანიის კრიტიკით გამოირჩეოდა. თუმცა, სმოლენსკმა, რომელიც ყოველთვის იყო განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და პოლონეთს შორის, პრეზიდენტი შეიწირა. აშშ-ში ობამას მოსვლით კი აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობა შედარებით გაცივდა.
ბრონისლავ კომოროვსკი და დმიტრი მედვედევი
ამავდროულად, რუსეთი ენერგორესურსების წყალობით გაძლიერდა და რევიზიულ ძალად იქცა. აგვისტოს ომმა პოლონეთს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ კრემლი ძველი იმპერიის აღდგენას აპირებდა. პოლონეთში შეჭრის 70 წლისთავზე და ობამას მიერ ამ ქვეყანაში სარაკეტო სისტემების დაყენებაზე უარის თქმის დღეს, რუსეთმა პოლონეთზე სიმულაციური ბირთვული თავდასხმა მოაწყო. თამაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ერთგვარი გამოძახილი იყო, რომლის მიხედვითაც, პოლონეთში სარაკეტო სისტემის განთავსების შემთხვევაში, ქვეყანა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე“ გახდებოდა.
თუმცა უცაბედად რუსეთმა პოლონეთთან ურთიერთობის დათბობა გადაწყვიტა. რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას თქმით, ეს არა რუსეთის კეთილი ბუნებით, არამედ პოლონეთში აღმოჩენილი 3 ტრილიონი კუბური მეტრის ფიქლის გაზის მარაგით არის განპირობებული. ფიქლის გაზი, რომლის აღმოჩენითაც აშშ-მა სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწია, შეიძლება ევროპაშიც ენერგიის მთავარი წყარო გახდეს. ეს კი მოსკოვისთვის არასასიამოვნო ამბავია: მის ენერგომონოპოლიას ევროპაზე საფრთხე ემუქრება.
კაჩინსკის მთავრობა პოლონეთის და მთლიანად ევროპის ენერგოსისტემის მომავალს ფიქლის გაზზე ამყარებდა. სმოლენსკის ავიაკატასტროფამ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. ახალი პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი, ფიქლის გაზს მეტი სკეპტიციზმით უყურებს. ის აცხადებს, რომ გაზის მოპოვება ქვეყნის ეკოლოგიისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. გასული წლის ნოემბერში მოსკოვმა და ვარშავამ ხელშეკრულება გააფორმეს.
მისი მიხედვით, 2037 წლამდე, პოლონეთი ყოველწლიურად 11 მილიარდ კუბურ მეტრ აირს შეიძენს. ამასთან ერთად, პოლონეთში შემოსული ბუნებრივი გაზი, მოგვიანებით გერმანიაში წავა. შეთანხმებამ ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს ენერგობაზრის რუსეთის მიერ მონოპოლიზებას გამოიწვევს. პოლონეთის მხრიდან რუსეთთან და გერმანიასთან ურთიერთობის დათბობა აჩვენებს, რომ ქვეყანა ცდილობს არა აღმოსავლეთ, არამედ ტრადიციული დასავლური ევროპის ნაწილი გახდეს.
რუსეთი ამ დროისთვის მშვიდად არის, მისი მონოპოლია ევროპის ენერგობაზარზე ამ მომენტისთვის კონკურენტის გარეშეა. თუმცა, ადრე თუ გვიან, პოლონეთის ფიქლის გაზის რეზერვები გაზპრომის კონკურენტად იქცევა. ეს კი ამ ურთიერთობის ახალ ეტაპს სულ უფრო ბუნდოვანს ხდის, რაც ევროპას პოლონეთსა და რუსეთს შორის ტრადიციული კონკურენციის გაღვიძებას ჰპირდება.
![]() |
20 არჩევნები სამოქალაქო ომის ზღვარზე |
▲back to top |
მსოფლიო
ნიგერია
მარიამ მიქავა
აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვან და ნავთობით მდიდარ ქვეყანა ნიგერიაში, 16 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 12 წლის წინ სამხედრო მმართველობის დამთავრების შემდეგ, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა სამართლიანად შეაფასეს. ნიგერიაში ხმის მიცემის ახალი სისტემა შემოიღეს, რომელიც გაყალბების შესაძლებლობას ზღუდავს. არჩევნებზე სახელმწიფო დანახარჯებმა 580 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 26 აპრილს კი ნიგერიაში გუბერნატორების არჩევნები ჩატარდა 24 შტატში.
ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ გამარჯვებული მმართველი სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მოქმედი პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანია. მან ხმათა 58%25-ზე მეტი დააგროვა (36 შტატიდან, სულ ცოტა, 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო). ჯონათანმა 22 მილიონ ხმაზე მეტი მიიღო, ხოლო მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ყოფილ სამხედრო მმართველ მუჰამად ბუჰარის, მხოლოდ 12 მილიონმა ამომრჩეველმა (31%25) დაუჭირა მხარი.
26 აპრილს ჩატარებულ გუბერნატორების არჩევნებში სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ 16 შტატი მოიგო, 6 შტატი კი ოპოზიციურმა ძალებმა. არჩევნების შედეგები 2 გუბერნიაში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. აქ რელიგიური შეტაკებების გამო არჩევნები დაგვიანებით ჩატარდა სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ.
გუდლაქ ჯონათანის გამარჯვების გამოცხადებიდან მალევე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ოპოზიციის საყრდენს წარმოადგენს, მასობრივი არეულობები დაიწყო. ნიგერიის ჩრდილოეთი მუსლიმებით, ხოლო სამხრეთი ქრისტიანებითაა დასახლებული. ქვეყნის პრეზიდენტი ქრისტიანია, შესაბამისად, მუსლიმურ ჩრდილოეთში პოპულარობით სუნიტი ბუჰარი სარგებლობს. ამ უკანასკნელის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა. არეულობებისას, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.
გენერალმა ბუჰარიმ მიმდინარე მოვლენები „სამწუხარო და უბედურებად” შეაფასა. „ეს ვერაგული აქტი ჩვენი მომხრეების ინიცირებული არ არის, ამიტომ არ შეიძლება მას ჩვენმა პარტიამ დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა მან.
ჯონათანმა ღრმა მწუხარება გამოხატა მასობრივ მღელვარებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას არეულობების შეჩერებისკენ მოუწოდა. „პოლიტიკური ამბიციები არც ერთი ნიგერიელის სისხლის ფასად არ ღირს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
2010 წელს Freedom House-მა ნიგერია ნაწილობრივ თავისუფალ კატეგორიაში მოათავსა. 2011 წლის Economic Freedom Index-ის მიხედვით ქვეყანაა 111-ე, ხოლო კორუფციის ინდექსით 180 სახელმწიფოდან 106-ე ადგილზეა. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,249 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა ჩრდილოეთის 19 გუბერნიაში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სამხრეთისას: ჩრდილოეთში ერთ სულ მოსახლეზე 718 აშშ დოლარია, რაც სამხრეთელების შემოსავლის ნახევარს უდრის. წერა-კითხვა 15 წლის ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 75%25-მა იცის.
ნიგერია მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელია. ნავთობრესურსების დიდი ნაწილი მდინარე ნიგერის დელტაშია, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს. მასობრივ მღელვარებას ნავთობწარმოებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
![]() |
21 დელი გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე |
▲back to top |
მსოფლიო
ინდოეთის საგარეო პოლიტიკა
მიხეილ ბასილაია
აზიის პოლიტიკური ლანდშაფტის განხილვისას, ჩინეთის გაძლიერება სხვა საკითხებს, მათ შორის ინდოეთის განვითარებას, გარკვეულწილად ჩრდილავს. ინდოეთის ეკონომიკა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული წელიწადში საშუალოდ 7%25-ით იზრდებოდა. ქვეყანამ 2009 წლის კრიზისიც დაძლია, 2010 წელს კი მატებამ დაახლოებით 6%25 შეადგინა. ის ახლა მსოფლიოში სიდიდით მეათეა, მოსახლეობის რაოდენობით კი რამდენიმე წელიწადში ჩინეთს გაუსწრებს.
ინდოეთის პრიორიტეტები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს: საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარება და ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება. სამივე მათგანისკენ გზა ამერიკაზე გადის, თუმცა ამჟამად მათი ურთიერთობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.
ცივი ომის დროს ინდოეთი ე.წ. მიუმხრობლობის პოლიტიკის ატარებდა, რეალურად კი საბჭოთა კავშირთან იყო დაახლოებული. ამერიკასთან ურთიერთობები არც ცივი ომის დასრულების შემდეგ აეწყო. ერთი თვის წინ, ინდოეთმა ჩინეთთან, რუსეთთან, ბრაზილიასა და გერმანიასთან ერთად თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიმხრობისგან, რომელიც ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ეხებოდა. ორიოდე კვირის შემდეგ, ოფიციალურმა დელიმ დიდხანს იყოყმანა, სანამ კოტ-დ'ივუარის არაკანონიერი პრეზიდენტის, ლორენ გბაგბოს წინააღმდეგ სანქციებს დაუჭერდა მხარს. ბოლოს კი ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე, ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მსოფლიო სავალუტო სისტემის გადახედვასა და დოლარის გლობალური როლის შესუსტებას. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი აზიის კონტინენტზე პლურალისტურ, დემოკრატიულ მმართველობას წარმოადგენს, მისი საგარეო პოლიტიკა დასავლური ქვეყნების კურსს ხშირად არ შეესაბამება. ამის ერთი მიზეზი, შესაძლოა, ინდოეთის პოლიტიკური წრეებისგან მესამე სამყაროს ლიდერობის აკვიატებული იდეა იყოს. მისი მიხედვით, ჯულიან ასანჟი თანამედროვე წმინდანია, ჩინეთი - მშვიდობის დესპანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და სინგაპური კი ამერიკის ლაქიები. თუმცა ეს მიდგომა თანდათან ძალას კარგავს. არაერთი ინდოელი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სტაბილური, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგია.
ვაშინგტონთან დელის კავშირები ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გამყარდა. მანმოჰან სინგჰი პირველი უცხოელი გახლდათ, რომელსაც გაპრეზიდენტების შემდეგ, ბარაკ ობამამ ვაშინგტონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საკითხი სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებაა. ამერიკასთან ხელშეკრულების სანაცვლოდ, ინდოეთმა ბირთვულ ტესტებზე უვადო მორატორიუმი გამოაცხადა. ეს შეთანხმება ინდოეთის ბირთვული სექტორის განვითარებასა და იმპორტირებულ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას შეუწყობდა ხელს. თუმცა საკანონმდებლო და ბიუროკრატიული ბარიერების გამო ხელშეკრულება პრაქტიკულად ერთ ადგილზეა გაყინული.
მანმოჰან სინგჰი და ჰუ ძინტაო
ფოტო: REUTERS ©
თანამშრომლობის ახალი ფურცელი, შესაძლოა, სამხედრო სფეროში გადაიშალოს. ინდოეთმა საკუთარი სამხედრო ავიაციის განახლება გადაწყვიტა, ამისათვის გამოყოფილი 11 მილიარდი დოლარი კი, სავარაუდოდ, 126 ამერიკული თვითმფრინავის შესყიდვას მოხმარდება. ინდოეთი უკმაყოფილოა თეთრი სახლის პოლიტიკით სამხრეთ აზიაში, რადგანაც ამერიკელთა მთავარი მოკავშირე ავღანეთის საკითხში პაკისტანია. ამ უკანასკნელის მოთხოვნის გამო, ინდოეთს არ შეუძლია ვაშინგტონს ავღანეთში სამხედრო სფეროში დაეხმაროს და მხოლოდ სამოქალაქო პროექტებით შემოიფარგლება.
ინდოეთი გარშემორტყმულია არადემოკრატიული და კონფლიქტისაკენ მიდრეკილი ქვეყნებით. მას თითქმის ყველა მეზობელთან აქვს დავა, მათ შორის ჩინეთთან და პაკისტანთან. დელის არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ავტორიტარული, ერთპარტიული კომუნისტური ჩინეთის გაძლიერება, პაკისტანი კი ისლამური ტერორიზმის ერთ-ერთი კერაა. ბოლო 60 წელიწადში, ამ ორ ქვეყანასთან ინდოეთს 5 ომი ჰქონდა, მაგრამ სადავო საკითხები კვლავაც მოუგვარებელია. ათწლეულების მანძილზე არათუ რეგიონული, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტებიც (ქაშმირი, მაოისტების აჯანყება) ვერ გადაჭრა.
ინდოეთ-პაკისტანის სადავო საკითხებს შორისაა ქაშმირი, ტერორიზმი და ბირთვული იარაღი. 2008 წელს მუმბაიში მომხდარმა ტერაქტმა, მეზობლებს შორის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. პეკინი აფინანსებს ახალი პორტების მშენებლობას ბანგლადეშში, შრი ლანკასა და პაკისტანში. ჩინეთის ახალი საზღვაო შესაძლებლობები ამერიკისა და ინდოეთისათვის საფრთხის შემცველია. ეს ქვეყნები არსებული საზღვაო კვანძებისა და მარშრუტების უსაფრთხოებით არიან დაინტერესებული. ორი აზიური გიგანტი, აფრიკასა და სპარსეთის ყურეში ნავთობისა და სხვა მინერალური რესურსების მოპოვებაში, ერთმანეთის კონკურენტია. თუმცა მათ ურთიერთობებში მთავარი ადგილი ტერიტორიულ დავებს უჭირავს. სასაზღვრო კონფლიქტები სათავეს ჯერ კიდევ 1914 წლიდან იღებს. მაშინ ბრიტანეთმა საზღვრები ისე გაყო, რომ კმაყოფილი არავინ დარჩენილა. 1959 წელს ჩინეთის არმიამ დაიკავა ტიბეტი, რომლის სულიერი ლიდერი დალაი ლამა ინდოეთში გაიქცა, რამაც ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი ბზარი გააჩინა.
იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიუხედავად, ჩინეთის პოლიტიკური გავლენის დაბალანსება და სხვა საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა, ინდოეთს ამერიკის გარეშე გაუჭირდება. ბოლო წლების მანძილზე, რამდენიმე შემთხვევაში ქვეყანამ თეთრი სახლის პოლიტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს წლებში ის კიდევ არაერთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება - მიემხრობა თუ არა გაეროს სანქციებს ირანის წინააღმდეგ? დაუჭერს თუ არა მხარს ისრაელს, რომელთანაც მრავალწლიანი სამხედრო პარტნიორობა აკავშირებს?
ინდოეთმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ამერიკის უგულებელყოფა, ავტორიტარული სახელმწიფოებით გარშემორტყმული დემოკრატიისთვის ოპტიმალური საგარეო პოლიტიკური კურსი.
![]() |
22 OECD-ის ქვეყნებში ანაზღაურების გარეშეც ბევრს მუშაობენ |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 29 წევრი ქვეყნის სამუშაო დატვირთვის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ეს მონაცემები სხვა მსგავსი კვლევებისგან იმით განსხვავდება, რომ არა მხოლოდ ანაზღაურებად სამუშაოს, არამედ იმ დროსაც ზომავს, რასაც ეს ქვეყნები ანაზღაურების გარეშე მუშაობას უთმობენ.
ანაზღაურების გარეშე შესრულებული სამუშაოს წილი OECD-ის მთლიანი მშპ-ს მესამედია. ყოველდღიურად, ანაზღაურების გარეშე საქმიანობას, წევრი ქვეყნები 207 წუთს უთმობენ, აქედან ყველაზე ნაკლებს - 19%25 - კორეაში მუშაობენ, ყველაზე მეტს - 53%25 - პორტუგალიაში.
ანაზღაურების გარეშე საქმიანობიდან OECD-ის ქვეყნებში ყველაზე პოპულარული სამი ტიპის საქმეა - კულინარია, ოჯახზე ზრუნვა და საყიდლებზე სიარული. ამ საქმეებს OECD-ის მასშტაბით დღეში საშუალოდ 229 წუთს უთმობენ.
კერძების მომზადებაზე ყველაზე მეტი დრო - ყოველდღიურად საშუალოდ 128 წუთი - იხარჯება. ამ საქმეს ყველაზე მეტს - ყოველდღიურად 74 წუთს - თურქები ანდომებენ. ამერიკაში ეს მაჩვენებელი ყველაზე ნაკლები - დღეში 30 წუთია. ამერიკელები OECD-ის სხვა ქვეყნებთან შედარებით კვებას საშუალოდ 2-ჯერ ნაკლებ დროს უთმობენ. მოსახლეობის მესამედს კვებითი დარღვევები აწუხებს. ამ მხრივ ამერიკას OECD-ის ქვეყნებში უმაღლესი - OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე 2-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ოჯახზე ზრუნვას OECD-ის ქვეყნებში ყოველდღიურად საშუალოდ 26 წუთი მიაქვს. ამ საქმიანობაზე ყოველდღიურად ყველაზე ნაკლებ დროს ბელგია - 16 წუთიოჯახიაპონია - 18 წუთი და უნგრეთი - 20 წუთი - ხარჯავს. ყველაზე მეტს: ავსტრალია - 45 წუთი, ახალი ზელანდია - 48 წუთი და ირლანდია - 62 წუთი.
საყიდლებზე სიარულს საფრანგეთის (დღეში 32 წუთი), გერმანიისა (დღეში 31 წუთი) და კანადის (დღეში 30 წუთი) მოსახლეობა OECD-ის მასშტაბით ყველაზე მეტ დროს უთმობს. ყველაზე ნაკლებს - კორეა (დღეში 13 წუთი), თურქეთი (დღეში 14 წუთი) და პორტუგალია (დღეში 17 წუთი).
ანაზღაურების გარეშე საქმიანობას, ანაზღაურებად სამუშაოსაც თუ დავუმატებთ, ყველაზე დიდხანს - დღეში 600 წუთს - OECD-ის წევრ ქვეყნებში მექსიკელები მუშაობენ. ყველაზე ცოტას - 480 წუთს - ბელგიელები. მთლიანი სამუშაო დატვირთვა OECD-ის მასშტაბით საშუალოდ 484 წუთი.
![]() |
23 მილიარდიანი ინვესტიცია ხუდონჰესის ასაშენებლად |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
2018 წლისთვის, საქართველოს ახალი ჰიდროელექტროსადგური - ხუდონჰესი ექნება. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის წინასამშენებლო სამუშაოები უკვე წელს, ხოლო თავად ობიექტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება და 6 წელიწადში დასრულდება. 200 მეტრამდე კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა 1 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.
„ეს, ფაქტობრივად, ერთ ობიექტში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა“, - ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.
ხუდონჰესის პროექტი, ბევრ სხვა დეტალთან ერთად, მოიცავს კაშხლის, რეზერვუარის და 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. მისი სიმძლავრე 750 მეგავატია. ეს ყოველწლიურად 1.5 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას ნიშნავს. წინასწარი გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობის შემდეგ, ქვეყნის გენერაცია დამატებით 20%25-ით გაიზრდება. შესაბამისად, მოიმატებს ელექტროენერგიის ექსპორტი და დასტაბილურდება ფასი.
ხუდონჰესს საერთაშორისო კომპანია Continental Energy-ს შვილობილი კომპანია Trans Electrica Ltd ააშენებს. Trans Electrica Ltd, საკუთარი ვებგვერდის თანახმად, „არის კომპანია, რომელიც ცნობილი არარეზიდენტი ინდოელების და ადგილობრივი ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნდა და საქართველოში არსებული ჰიდროენერგორესურსების ათვისებას ისახავს მიზნად”.
კომპანია Continental Energy ხუდონის პროექტს ტექნიკურ-ეკონომიკურად 1.5 წლის განმავლობაში შეისწავლიდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგური „უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობაა”.
კომპანიის შეფასებით, საქართველოში, სადაც 26 ათასი მდინარეა, წლიური 15 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს ყოველწლიურად 80 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის მიღების პოტენციალს.
დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საქართველოში სამი მდინარეა მიმზიდველი - ენგური, რიონი და მტკვარი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ენგურის კასკადების სისტემის ნაწილია. ეს სისტემა დღეს ორ ჰიდროელექტროსადგურს - ენგური (1320 მეგავატი) და ვარდნილი (220 მეგავატი) - მოიცავს. ორივე სადგურის ერთად მუშაობით 5.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიაა ათვისებული. მდინარე ენგურის ჰიდრორესურსების პოტენციალი 2-ჯერ მეტად - 10.3 მილიარდ კილოვატსაათად არის შეფასებული. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, ხუდონის გარდა, კიდევ სამი ჰესის - ხაიშიჰესის, ტობარისა და ფარიჰესის - აშენებაა საჭირო.
ხუდონჰესის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო - გაიყვანეს ჰესამდე მისასვლელი გზა. წყლის მიმწოდებელი ტურბინებისა და შემდეგ ამ წყლით ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი გენერატორების მოსათავსებლად მოამზადეს მთა, რომლის შიგნითაც კილომეტრობით გვირაბები გათხარეს. გამოიყო ადგილიც, სადაც კაშხალს და რეზერვუარს ააშენებდნენ.
1989 წელს მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი გარემოსდაცვით და სეისმურ რისკებზე სხვადასხვა ჯგუფების აპელირება გახდა. სეისმური რისკები დღის წესრიგში 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დადგა. მოგვიანებით, ხუდონჰესის დიზაინი ისე შეიცვალა, რომ რიხტერის შკალით 8 ბალის ნაცვლად, 9-ბალიანი მიწისძვრისთვის გაეძლო. ამ მოდიფიკაციამის გამოიწვია, რომ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა თავდაპირველი 1.7 მილიარდი კილოვატსაათიდან დღევანდელ 1.4 მილიარდ კილოვატსაათამდე შემცირდა. 2006 წელს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული რისკები მსოფლიო ბანკმა შეისწავლა. 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმალურია ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობის გამო - ხუდონჰესი მდინარე ენგურზე არსებულ სხვა ჰიდროელექტროსადგურებთან შედარებით, ყველაზე მაღლაა. სეისმურ რისკებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომთანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებით, ადვილად შეიძლება მათი დაძლევა ისე, რომ ამან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირება არ გამოიწვიოს.
ხუდონჰესის მშენებლობაზე ინდურ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. 21 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში, კომპანია ამ პროექტის მინიჭებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიონ დოლარს გადაიხდის.
![]() |
24 SMS-ის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
თანამედროვე მსოფლიოში მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი (შემოკლებით SMS) ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. მისი აქტიური მომხმარებლები (ორნახევარ მილიარდამდე ადამიანი) ინტერნეტისას თითქმის ორჯერ აღემატებიან. SMS იმდენად მასობრივი და ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ მომხმარებელთა ნაწილს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. SMS-ის ოქროს ხანა ათასწლეულების გზაგასაყარს დაემთხვა, ანუ იმ დროს, როცა სოციალური ქსელები ჯერ კიდევ შექმნილი არ იყო და ინტერნეტი კი კვლავაც ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორად ამ დროს იმძლავრეს GSM ტექნოლოგიებმა და მობილური ტელეფონების მომხმარებლებს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საშუალება მისცეს. გასაგზავნი სიმბოლოების რაოდენობა შეზღუდული იყო, თუმცა ხალხმა ის მაინც შეიყვარა.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები შექმნის დღიდან არ შეცვლილა. გასაგზავნი სიმბოლოების ლიმიტი კვლავაც 160 სიმბოლოა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, დროთა განმავლობაში არ იცვლება SMS-ის გაგზავნის ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ქსელების გამტარობა რამდენიმე ასეულჯერ გაიზარდა (თუ მეტჯერ არა), შესაბამისად, ინფორმაციის გასაგზავნად დახარჯული რესურსებიც პროპორციულად შემცირდა. თუმცა ეს ყველაფერი ფასზე ადეკვატურად არ ასახულა - მიუხედავად მობილური ოპერატორების სხვადასხვა ბონუს-სისტემებისა, თუ სატარიფო გეგმების საშუალებით საგრძნობი ფასდაკლებისა. მაგალითად, საქართველოში 100 SMS-ის ფასად იმავე მობილური ტელეფონიდან ინტერნეტის სერვისის საშუალებით, შეგიძლიათ მოიხმაროთ 10 MB, ანუ 655-ჯერ მეტი ინფორმაცია!
სოციალური ქსელების და სამესიჯო სისტემების განვითარებამ, რასაც თან სმარტფონების შემოსევა დაერთო, SMS-ის არსებობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ეს აისახა კიდეც სტატისტიკაზე - გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა თანდათანობით იკლებს, მობილურიდან Skype-ისა და Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი იმატებს. ეს ლოგიკურია, ვინაიდან 100 SMS-ის ფასად, როგორც აღვნიშნეთ, შეგიძლიათ რამდენიმე დღე არ გამორთოთ Skype-ი თქვენს სმარტფონზე და ამავდროულად, Facebook-ის საშუალებითაც არ გაწყვიტოთ კავშირი გარესამყაროსთან. სტატისტიკური მონაცემები იმასაც ამბობს, რომ SMS-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები თინეიჯერები არიან და როგორც კი მათ მშობლები სმარტფონებს უყიდიან, ამ უკანასკნელთა თანდათანობით გაიაფების ხარჯზე, სურათი შეიცვლება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღესდღეობით სიტუაცია ასეთია: რაც უფრო იაფფასიანი ტელეფონი გაქვთ, მით უფრო ძვირი გიჯდებათ ტექსტური გზავნილის გაგზავნა.
რამდენიმე წლის წინ Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა დაიქადნა, რომ მისი სოციალური ქსელი მოკლავდა ელექტრონულ ფოსტას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, e-mail უფრო მდგრადი გამოდგა, ვიდრე მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი. სპეციალისტების განმარტებით, დამზერილი ტენდენცია არ შეიცვლება და ინტერნეტ-ტექნოლოგიები რამდენიმე წელიწადში მთლიანად ჩაანაცვლებს SMS-ის ფუნქციას. არც ისაა გამორიცხული, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქცია შეიცვალოს და Twitter-ის ტიპის სერვისად მოგვევლინოს, როდესაც ერთი გზავნილით მრავალ ადამიანთან შეძლებთ კავშირის დამყარებას. მესიჯინგ სისტემები ნელ-ნელა პირადი მიმოწერის ადგილს დაიკავებს, SMS-ები კი სადღესასწაულო მილოცვების და სარეკლამო ხასიათის სპამად იქცევა, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილს გამოიწვევს.
![]() |
25 დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
ნესტან თათარაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ თბილისი კვლავ „პატარა პარიზად“ უნდა იქცეს. სამუშაოები გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დასრულებულია, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი - ქართული გაგებით რეაბილიტირებული - ნაგებობა.
ესენია: ე.წ. ლომებიანი ჭიშკარი (N149), 1932 წელს ე.წ. იმელისთვის აშენებული ყოფილი საერთო საცხოვრებელი N95ა, რომლის კონსტრუქტივისტული ფასადის მთლიანი ცვლილება განხორციელდა აივნებისა და პარაპეტის ჩათვლით და უხვად „შეიმკო” მოდერნის (Art Nouveau) სტილის მოტივებით, და 1907 წლის საარქივო პროექტის მიხედვით მშენებარე, ყოფილ კინოთეატრ „კომკავშირელის“ ახალი, აგრეთვე მოდერნის სტილის ფასადი, რომლის შესაბამისობაც არსებულ ნაგებობასთან საკმაოდ საეჭვოა, რადგან მათი განსხვავებული პროპორციები ზერელე დაკვირვებითაც შესამჩნევია. შეიძლება რამე ნაგებობა, მაგალითად „ლომებიანი ჭიშკარი“, ადრე მართლაც იდგა აქ და ძველი ნახაზის მიხედვით რეპლიკის ფორმით აღდგა, მაგრამ დროთა განმავლობაში განხორციელებულმა არქიტექტურულმა ცვლილებებმა მისი თავიდან გაჩენის საჭიროება იმავე ადგილზე უკვე უხერხული გახადა. მიუხედავად ამისა, ისეთი მძაფრი აღმოჩნდა წარსულის კვალის გაცოცხლების სურვილი, რომ ის მაინც ჩააშენეს მე-20 საუკუნის და საწყისში აგებულ შენობასა და საბჭოთა პერიოდის დიდ საცხოვრებელ სახლს შორის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენილი „ლომებიანი ჭიშკარი“ თავისი პროპორციით, დეკორით, ლითონის კარითა და ცხაურით საგრძნობლად განსხვავდება საარქივო ნახაზისგან, რომელზეც ვერც ახლანდელ ლომებს ნახავთ. გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება, ასე მოიქცნენ ქუთაისშიც: დიდი ხნის წინ დანგრეული მოდერნის სტილის კინოთეატრი „მონ პლესირ” ძველი ფოტოს მიხედვით აღადგინეს, მაგრამ ადგილის ცვლილებების გამო ის უკვე ვერც კინო გახდა და მითუმეტეს, ვერც შენობა, ამიტომ დღეს მხოლოდ ბუტაფორიული გასასვლელის როლს ასრულებს. რაც შეეხება ქუთაისის ოპერის განახლებას, აქმხოლოდ ძველი შენობის ფასადების დეკორის ცვლილებით დაკმაყოფილდნენ და სახურავი და პარაპეტებიც ლომებისა და „რომაელი ჯარისკაცების“ ქანდაკებებით და ხუნძლეს. მთავრობა სიხარულს ვერ მალავს მისი ახალი იერის გამო და ამაყობს, რომ ახლა ქუთაისსა და ვენას თითქმის ერთნაირი ოპერები აქვთ.
თუ ასე გვეძვირფასება დროთა ვითარებაში გამქრალი შენობები და თავიდან ვიწყებთ მათ გაცოცხლებას, მაშინ ამ ლოგიკით, პირველ რიგში ძველი თბილისის უმნიშვნელოვანესი ადგილის, მეტეხის არეალისა და რიყის განაშენიანების სრული აღდ გენაც უნდა მოვახდინოთ. და თუ ასე ძალიან გვიყვარს თბილისის ძველი შენობები და უბნები, მაშინ რა დაგვიშავა უძველესმა მირზაშაფის ქუჩამ, რამდენიმე დღეში თავის სახლებიანად და მიმდებარე კლდის მასივიანად რომ მოვთხარეთ და გავანადგურეთ ორიოდე წლის წინ?
აღმაშენებლის მცხოვრებთა და გამვლელ-გამომვლელთა უმეტესობა ძალიან ნასიამოვნებია მიმდინარე სამუშაოებით, სამსახურსაც ბევრი ადამიანი შოულობს. თუმცა ამ დასაქმებული და კმაყოფილი საზოგადოებიდან იმაზე არავინ ფიქრობს, რომ მართალია, დროებით იუმჯობესებენ სოციალურ და ყოფით პრობლემებს, მაგრამ სამაგიეროდ, სამუდამოდ კარგავენ საკუთარი წინაპრების მიერ დატოვებულ აუთენტურ არქიტექტურულ მემკვიდრეობას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამის ცოდნა არც მათ და არც ხელისუფლებას ნამდვილად არ მოეთხოვება. საბიუჯეტო ორგანიზაციები, ანუ ჩვენი ფულით დაფინანსებული ინსტიტუციები, ისინი, ვისაც კანონით ევალება ძველ შენობებზე ზრუნვა - ხმას არ იღებენ. საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ამდენი ფული ალბათ აქამდე არც დახარჯულა, მათ კი ისე უჭირავთ თავი, თითქოს არაფერი ხდება აღმაშენებელზე შარშან გაკეთებული რამდენიმე შენობა მართალია უხარისხობის გამო ახლა თავიდან კეთდება (მათ შორის შარშან დასრულებული „ლომებიანი ჭიშკარიც”), მაგრამ ეს თემა, სხვა ბევრ, არსებით პრობლემასთან შედარებით, ვფიქრობთ, მეორეხარისხოვანია. ბევრად მნიშვნელოვანია სამშენებლო, არქიტექტურული და სარესტავრაციო სამუშაოების პროფესიული ტერმინების ჩვენეული ინტერპრეტაცია, კანონში მათი ასახვა და რეალობაში დანერგვა. ტერმინთა ქართული ვერსიები სავსებით განსხვავდება საერთაშორისო განმარტებებისგან. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ვამბობთ ერთს, საერთაშორისოდ აღიარებული და დადგენილი ცნებების გამომხატველ სიტყვებს - და ვგულისხმობთ და ვაკეთებთ სრულიად სხვას, ანუ უბრალოდ, ვიტყუებით, რასაც საბოლოოდ მას შტაბურ არქიტექტურულ სიყალბემდე და გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ, რაც უკვე ნათლად გამოჩნდა თბილისის ისტორიულ უბნებში, აგრეთვე სიღნაღში, ბათუმში, ქუთაისში, მცხეთაში და ა.შ.
სახელმწიფოსგან სერიოზული ყურადღება სამშენებლო/სარესტავრაციო პროცესისადმი მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით არ გამოიხატება - ხუროთმოძღვრული ამბიციებით შეპყრობილი ხელისუფლების უმაღლესი პირები მთელი საქართველოს მასშტაბით თვითნებურად გეგმავენ და ახორციელებენ კონკრეტულ ურბანულ ცვლილებებს, სამშენებლო -არქიტექტურულ თუ სარესტავრაციო პროექტებს, რაც საერთო ჯამში დარგის სრულ პოლიტიზებას განაპირობებს.
ქართული „რეაბილიტაცია“ აქტიურად გრძელდება. მთავრობა კმაყოფილია, მილიონობით ტურისტს ელოდება თავისი გემოვნებით შექმნილ გარემოში და ვერ ხვდება, რომ თუ სიყალბის მასშტაბური დამკვიდრებით საფრთხეს შევუქმნით საკუთარ იდენტობას, თუ „სახეს” დავკარგავთ, მხოლოდ მმართველი პარტიის არქიტექტურული შემოქმედების სანახავად არავინ გვეწვევა და მალე ჩვენც „მასალად“ გადავიქცევით, რადგან „არის ხალხი - შემოქმედი და არის ხალხი - მასალა; და მხოლოდ ის ხალხი ასრულებს თავის „სახეს“, რომელიც ისტორიულს გარდაქმნაში გამოდის როგორც კულტურის სუბიექტი (გრიგოლ რობაქიძე, „არჩილ ჯორჯაძეს“)“.
ფოტო: მოწოდებულია ავტორის მიერ
![]() |
26 კანტერა და კარტერა |
▲back to top |
სპორტი
ტრადიციაა, რომ რეალი ფეხბურთს თამაშობს, იტალიაში ფეხბურთს არ გათამაშებენ და ბარსელონაში ფეხბურთით გეფერებიან. ბარსელონაში ფეხბურთი უფრო ვივალდია, ვიდრე - ვაგნერი. ბარსელონაში ფეხბურთი ჯიმი პეიჯია. პეიჯი რიფს ეფერებოდა, სითბოს აძლევდა, ძილის წინ სიყვარულს უხსნიდა. სხვები რიფის გაცნობას არ ცდილობდნენ. ბარსელონაში მესი დაინახეს, რეალში რაული დაავიწყდათ. ბარსელონაში რომარიო ხატავდა. რეალში სამი ხედირა სკალპელით დარბის. რეალში ამ საუკუნეში, ნიჭიერი ვარსკვლავების ტრანსფერებზე 1.42 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ბარსელონაში სატრანსფერო ამბები მილიარდზე ნაკლების დახარჯვით მოაგვარეს. სატრანსფერო შეცდომები ბარსელონაშიც იყო. რეალში შეცდომებს უფრო მეტის დახარჯვით ფარავდნენ.
ჩემპიონთა ლიგის გასავარდნი ეტაპის მეორე ფაზაზე ბარსელონა შახტარს გაესაუბრა. სხვებთან უფრო საინტერესო დიალოგი გამოვიდოდა, მაგრამ სხვებმა ბარსელონას სხვები არ შეახვედრეს. ინტერს ჩუპა-ჩუპსი შალკემ წაართვა, ჩელსი ინგლისურ გარჩევებში მიტყიპეს. არ შეახვედრეს ბარსელონა ტოტენჰემსაც. გარეტ ბეილის ბანდასთან გასაუბრება ტერი ვენეიბლზის, გარი ლინეკერის, სტივ არჩიბალდის მოგონებების მარანს გახსნიდა. კარგი, ლამაზი მოგონებები წამოვიდოდა. არ გამოვიდა ეს და გამოვიდა დმიტრო ჩიგრინსკისთან კიდევ ერთი შეხვედრა.
დანი ალვეში
დმიტრო ჩიგრინსკი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
იბრაჰიმ აფელაი
ორი წლის წინ ბარსელონამ ნიჭიერ, მოვიდიჩო დამცველში 25 მილიონი ევრო გადაუხადა შახტარს. ჩიგრინსკი ბარსელონადან დონეცკში 15 მილიონ ევროდ დაბრუნდა. პოტენციურად, ვიდიჩზე უკეთესი ვიდიჩი ისევ ჩიგრინსკი გახდა. ბარსელონა დმიტროს გუნდთან ახალი ბუგატი იყო. შახტარი იმ ტაქსში იჯდა, ბობი დე ნირომ ტაქსისტის გადასაღებ მოედანზე რომ დაამტვრია. ბარსელონა მშვიდად გავიდა რეალზე.
ჩიგრინსკი ბარსელონაში 851 უინტერესო, უმოტივაციო, გახუნებულ წუთს გაიხსენებს. კატალონიური ჰოლივუდის ახალი პრეზიდენტი, სანდრო როსელი ჩიგრინსკის გვარს ვერ იმახსოვრებს. პეპ გვარდიოლასთან შეხვედრის შემდეგ დმიტრო გუნდიდან გაუშვეს. ბიჭს კარლეს პუიოლის და ხერარდ პიკეს ჩაჩოჩება გაუჭირდა. ამ ორის ჩაჩოჩება ყველას უჭირს. ჩიგრინსკიზე ბარსელონამ შახტარს ორჯერ მოახსნევინა ჯეკპოტი. პირველად, როდესაც კარგი მცველი ძალიან კარგი მცველის ფასად იყიდა და მეორედ, როდესაც ცუდ მცველში შახტარს (პროცესში) 10 მილიონი ევრო გააკეთებინა. ბარსელონამ წააგო, ბარსელონამ მოიგო, შახტარმა ორჯერ მოიგო და ერთხელ 1:5 წააგო. ჩიგრინსკიმ ვერ გაიგო, მოიგო თუ წააგო. მთელი ეს ამბავი ერთი დიდი გაუგებრობა იყო.
ბარსელონა არის კანტერა, ანუ ნიჭიერი ონავრების აკადემია.
რეალი არის კარტერა, ანუ საფულე. კარტერაში ბევრი მილიონი ევროა და მადრიდში სულ გაპიარებული, შემდგარი, რეალური ტერორისტები ჩადიან - რონალდო, კაკა, ზიდანი, ფიგუ, ოუენი, ბექემი, რობერტო კარლოსი, კრიშტიანუ. მადრიდამდე ეს ხალხი სხვაგან ნაკლებს იღებდა და ოქროს ბურთს იგებდა. ნოემბერში გვარდიოლას ქანთრი-ბენდმა რეალის ალტერნატიული როკი გადაფარა. ნოემბრის ბარსელონას სასტარტო რუსტერი 92 მილიონი ევრო ღირდა. რეალის პირველი 11 კაცი - 285 მილიონი ევრო.
გვარდიოლა ბარსელონაში სამი წლის წინ დანიშნეს რეჟისორად. გვარდიოლამ ბოსებს ახალ ხალხზე 276 მილიონი ევრო გაასროლინა. პეპის ტრანსფერებიდან ყველამ ვერ გაამართლა.
ბარსელონამ დასვა ბონუსი დანი ალვეშში 36 მილიონი ევროს გადარიცხვით. დღეს ეს ბიჭი გვარდიოლას რობერტო კარლოსია და ანჟის ახალ ლიდერზე სოლიდურია დაცვაში.
დავიდ ვილიაში კლუბმა 40 მილიონი გაუშვა. დავიდ ვილია მეტი ღირს და ბარსელონაში ნაკლებს აკეთებს.
იბრაჰიმ აფელაი სამოთხეში 3.5 მილიონად გამოიქცა და აზრზე მოდის. მალე ფეხბურთის თამაშსაც დაიწყებს.
იბრაჰიმ აფელაი სამოთხეში 3.5 მილიონად გამოიქცა და აზრზე მოდის. მალე ფეხბურთის თამაშსაც დაიწყებს.
ხავიერ მასკერანოს 22 მილიონად გაფორმება უფრო გაუგებარია, ვიდრე რასელ ქროუს გაუგებარი ოსკარი მაქსიმუსისთვის. ქროუს ჯონ ნეში იყო შედევრი, ჯეფრი უიგანდი მაქსიმუსზე ღრმა და დამსახურებული, მაგრამ რასელს უემოციო გლადიატორისთვის აჩუქეს პრიზი.
ადრიანო 9.5 მილიონი დაჯდა და ჯერ სკამზე ზის.
სეიდუ კეიტა 14 მილიონში ჩაჯდა და მაქსველში გვარდიოლას 4.5 მილიონი მართლა უნდა გადაეხადა. 4 მილიონს ერთ სეზონში იუვენტუსის ახალი იმედი, ბრიფინგებზე ელეგანტური და ფეხბურთში ერთუჯრედიანი სენიორ ბონუჩი იღებს. მაქსველი ბონუჩიზე რეალურია.
ენრიკე მოდის გუნდში 8 მილიონად და უთამაშებელს სანტანდერში აგზავნიან.
ალექსანდრ ჰლები ბირმინგემს ათხოვეს. ბარსელონამ ბელარუს რობერტო ბაჯოს ავიაბილეთში 16 მილიონი გადაიხადა და ბიგ ბენის მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად ბორანით გაისტუმრა. ჰლები მეტს არ იმსახურებდა.
კეირისონში გვარდიოლამ ბევრი დაინახა, უფრო ბევრი (14 მილიონი) დახარჯა და ცოტა მიიღო. კეირისონი ბოლო 18 თვეში მესამედ გაანათხოვრეს. მომთაბარე კაცუნა ვერ ჩამოყალიბდა, ფეხბურთის თამაში ფეხებით უფრო სიამოვნებს თუ ჯოისტიკით.
მარტინ კასერესი - 16.5 მილიონი. მარტინ კასერესი არ თამაშობს.
სემი ეტო'ოს სიტუაცია უფრო ამ სიტუაციის მოგვარების აუცილებლობა იყო, ვიდრე - კლუბის სურვილი.
ეტო'ო ბარსელონაში ერთობოდა. სამუელი პოპულარული პერსონაჟი გახდა და არ აეწყო ურთიერთობა ბოსებთან და გვარდიოლასთან. ეტო'ომ ხუთ სეზონში ბარსელონას კომპაქტურ და ტევად ყულაბაში 200 მატჩი და 130 გოლი ჩაუშვა. ეტო'ო გახდა არაპოპულარული და პოპულარულ ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვალეს. კამერუნელის ახალ კლუბს, ინტერს 49.5 მილიონი ევროც მისცეს. მორალური კომპენსაციისთვის.
შვედი ჩემბერლენი უკვე მილანშია და ზაფხულში, ტრანსფერის ფინანსური დეტალების დასრულების შემდეგ, ბარსელონა იბრაჰიმოვიჩში 24 მილიონ ევროს მიიღებს. ეტო'ოს არშემდგარ შემცვლელში კლუბმა 69.5 მილიონი გადაიხადა.
სამი ხედირა
ანუ ბარსას საკუთარის აღზრდა უფრო გამოსდის, ვიდრე სხვების აღზრდილების კარგად შერჩევა და ვაჭრობა. კარტერაში კი, სადაც ფული არასდროს თავდება დევიდ ბექემის მაისურების ბიზნესიდან მოყოლებული, სატრანსფერო პოლიტიკა შოუბიზნესი გახდა. იქ ყიდულობენ ბევრ ვარსკვლავს და აქედან ნახევარმაც რომ გაამართლოს, ფინანსური მოგება მზადაა. მადრიდში დიდი ფსონებია. იქ უზარმაზარი ფული ტრიალებს. და იქ ხედირა სკალპელით დარბის.
![]() |
27 განსაკუთრებულის განსაკუთრებულები |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
ის დიდებული ფსიქოლოგი და სტრატეგია. სხვანაირად ამდენს ვერ მიაღწევდა, - ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, გარი კასპაროვმა ასე დაახასიათა ჟოზე მოურინიო.
მეფის თასის ფინალში ბარსელონასთან 1:0 მოგებით მადრიდის რეალის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო მთავარი მწვრთნელის რანგში. 90-იან წლებში, კამპ ნოუზე მუშაობისას, მან რამდენიმე ჯილდო კი მოიპოვა, ოღონდ იმხანად ჯერ ბობი რობსონის თანაშემწე გახლდათ, შემდეგ კი ლუის ვან გაალის მარჯვენა ხელი.
ფოტო: REUTERS ©
პირველი კლუბი, რომელიც პორტუგალიელმა ჩაიბარა, ლისაბონის ბენფიკა იყო. ეს 2000 წელს მოხდა. მას შემდეგ 11 წელიწადი გავიდა და ამ პერიოდში ჟოზემ უამრავი ტურნირი მოიგო. რაც ყველაზე საინტერესოა, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში და ალბათ, სამართლიანია, რომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა შორის სახელდება.
მე განსაკუთრებული ვარ! - ეს სიტყვები პორტუგალიელმა ჩელსიში, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა. ბრიტანულმა პრესამ, იქით რომ იგონებს ისტორიებს, ლანგრით მირთმეული სიამოვნებით აიტაცა და დაიწყო ის, რაც ახლაც გრძელდება და ვეჭვობთ, დიდხანს არც დასრულდება: მოურინიოს ლამის ყველა პრესკონფერენცია თუ ინტერვიუ ერთი დიდი სპექტაკლია, რომელსაც მედია მოუთმენლად ელის. და არ აქვს მნიშვნელობა „განსაკუთრებული“ ლონდონის ჩელსის წვრთნის, მილანის ინტერს თუ მადრიდის რეალს.
რეალი დიდი კლუბია და მიკვირს, ამდენი ხნის მანძილზე როგორ ვერ მოიგო ტიტულები. აქ ამ შეცდომის გამოსასწორებლად მოვედი! - მადრიდში გამართულ პირველ პრესკონფერენციას მოურინიო ჩინებულ ფორმაში შეხვდა.
პორტუგალიელს სადებიუტო სეზონი ჯერ არ დაუსრულებია, ერთი თასი კი უკვე შემატა პრიზებით გადავსებულ საკლუბო მუზეუმს. სამეფო კლუბის პრეზიდენტი, მილიარდერი ფლორენტინო პერესი იმედოვნებს, რომ ერთ თვეში მისი გუნდი კიდევ ერთ თასს, გაცილებით პრესტიჟულ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ჯილდოს აღმართავს.
ჟოზესაც ამის იმედი აქვს.
და თუ ასე მოხდა, ის მართლა განსაკუთრებული გახდება: ჩემპიონთა თასი სამ სხვადასხვა კლუბში ჯერ არავის მოუგია.
ჟოზე მოურინიოს გამონათქვამები
ლონდონის ჩელსიში
...ბარსელონა დიდი კლუბია, თუმცა ლამის ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი. არც ისე დიდი ხანია, რაც მწვრთნელი ვარ და იგივე ჯილდო მეც ერთხელ მაქვს მოგებული. (2005 წელს, ლიგაში ბარსასთან თამაშის წინ)
...როგორ ფიქრობთ, რატომ მაკრიტიკებენ კოლეგები? იციან, რომ მეორე დღეს გაზეთების პირველ გვერდზე იქნებიან, უფასო რეკლამაზე კი უარს ვერ ამბობენ. .
..ჩელსი დიდებული კლუბია. რატომ? ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ - მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხელმძღვანელობს!
...ოლდ ტრაფორდზე ჩვენთან წაგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მინდორს საპატიო წრეზე შემოურბინეს. პორტუგალიაში მათ ამისთვის ცარიელი ბოთლებით „დააჯილდოვებდნენ”.
...ნამდვილად არ მსურს მწვრთნელობა მასწავლოს ადამიანმა, რომელმაც მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 წააგო. (იოჰან კრუიფის მორიგი წერილის საპასუხოდ)
...როგორ ფიქრობთ, ვითვალისწინებდი თუ არა რომან აბრამოვიჩის აზრებს? ასე რომ ყოფილიყო, პრემიერლიგიდან პირველივე სეზონში გავვარდებოდით.
...მე კი არა, იესო ქრისტეს გამოუჩნდნენ ოპონენტები. ასე რომ, ვერაფრით გამაკვირვებთ.
მილანის ინტერში
...რომ მთხოვონ, საკუთარი თავი 10-ქულიანი სისტემით შეაფასეო, 11-ს დავიწერდი. (2009-10 წლების სეზონის დასრულების შემდეგ)
...სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ბარსელონას მე ავუკრძალე და ასე იქნება მინიმუმ 30-40 წელიწადი. (შარშან, ლიგის ნახევარფინალში ბარსელონას დამარცხების შემდეგ)
...ძალიან გთხოვთ, ალეგრის (მილანის მწვრთნელი) ნუ მადარებთ. მან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა, მე კი ეს ტურნირი უკვე ორჯერ მოვიგე!
...წელიწადში 9 მილიონს კი არა, 11-ს გამოვიმუშავებ, ხოლო თუ სარეკლამო კონტრაქტებსაც მივათვლით, 14 მილიონი გამოვა.
...ძალიან მსიამოვნებს იმის ხილვა, თუ როგორ ზეიმობენ იუვენტუსის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ჩვენთან მოპოვებულ ქულას. და ეს იმის მიუხედავად, რომ 10 ქულით ჩამოგვრჩებიან.
...ვფიქრობ თუ არა იუვენტუსზე? ხომ ხედავთ, უძილობისგან თვალები მაქვს ჩაშავებული. (იტალიის დერბის წინ)
...ვნახე თუ არა იუვენტუსის ბოლო მატჩი? კი, ამაურის გოლამდე ვუყურე, მერე კი ძალიან გემრიელი ვახშამი მოგვიმზადეს და სასადილოში გუნდს შევუერთდი. (იტალიის დერბის წინ)
...ნახევარფინალში ბარსელონასთან მოგებამ უფრო დიდი სიამოვნება მომანიჭა, ვიდრე ფინალში ბაიერნის ძლევამ. .
..არიან მწვრთნელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოუგიათ, თუმცა არის ერთი, რომელიც ფინალს სამი ბურთით იგებდა და მაინც დამარცხდა. (ჩელსის მწვრთნელის კარლო ანჩელოტის კრიტიკის საპასუხოდ)
...ავრაამ გრანტი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება და პრემიერლიგაში მეორე ადგილი ჩავარდნა არაა. ეს დამარცხებული კაცის სიტყვებია, ამის მთქმელი ტიტულებს ვერასდროს მოიგებს!
...იტალიაში გადმოსვლის შემდეგ დღეში ხუთი საათი ვმეცადინეობდი, რომ ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან თავისუფლად მესაუბრა. კლაუდიო რანიერიმ 6 წელი გაატარა ინგლისში და მიუხედავად ამისა, ხეირიანად არც გამარჯობის თქმა შეუძლია და არც დამშვიდობება.
..რანიერის ერთადერთი ტიტული სუპერთასია, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი ჯილდოა. ის ვერასდროს გახდება ჩემპიონი. საამისოდ მენტალიტეტის შეცვლაა საჭირო, მაგრამ ის ვერ მოასწრებს - ძალიან მოხუცია.
მადრიდის რეალში
..ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ასე იყო პორტუში, ჩელსიში, ინტერში და ასეა რეალშიც.
...იმ გოლს, რომელიც ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, ყველა შეაგდებდა. ამისთვის მას ოქროს ბურთი არ უნდა გადაეცეს.
...საკმარისად დიდი ვარ საიმისოდ, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღო. მე ვადგენ შემადგენლობას და შედეგებზეც პასუხისმგებელი თავად ვარ! (გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს კრიტიკის საპასუხოდ)
...ბენზემას გოლების გატანა ძალიან უჭირს, მაგრამ ის ერთადერთი არაა. არის ერთი მოთამაშე, რომელშიც 45 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასაც იშვიათად გააქვს გოლები. თუმცა, მასზე, რატომღაც, საერთოდ არაფერს ამბობენ, ქარიმს კი ლამის ყოველდღე აკრიტიკებენ. (მინიშნება დავიდ ვილიაზე)
...თუ ბარსელონას ქულებს ასე აჩუქებენ, ჩემპიონატის მოგება ძალიან გაგვიჭირდება. (ხიხონის სპორტინგის თითქმის მეორე შემადგენლობის ბარსელონასთან მარცხის შემდეგ)
...არ მესმის, რატომ გაღელვებთ პედრო ლეონის განაცხადს მიღმა დარჩენა? მარადონაა,ზიდანი თუ დი სტეფანო? ორი თვის წინ ის ხეტაფეში თამაშობდა.
...თქვენ მართლა გაინტერესებთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები? 4-3-3 სისტემას ვანიჭებ უპირატესობას! ...ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემზე უკეთესიც არ მოიძებნება.
![]() |
28 თარგმანში დაკარგული |
▲back to top |
დავით კოვზირიძე|სვეტი
ალფრედო დი სტეფანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მადარდებს. მადრიდის რეალის ოთხმოცდაათს მიტანებულმა სინდის-ნამუსმა, ულვაშმა, ლეგენდამ, სიმბოლომ და ზღაპრული ისტორიის პირადად შემქმნელმა 17 აპრილის ელ კლასიკოს შემდეგ თავის გუნდზე ისეთები ილაპარაკა, იმავე დღეს იოჰან კრუიფს რომ არ ულაპარაკია. ჰოდა, როგორაა ეს კაცი იმის შემდეგ, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე ერთხელაც მოხდა გასულ ოთხშაბათს?
პრაგმატიზმის და კიბერნეტიკის მეცნიერებათა დოქტორმა თარჯიმანმა ფეხბურთის მშვენება, ფეხბურთის მსუყე, გემრიელი, ემოციებით და სენსაციებით გადავსებული კლასიკა ყველაზე მახინჯი მიმდინარეობის, კატენაჩოს დაბალ ცეცხლზე შემოდგა და დააშრო. მან ბარსელონა-რეალი შუასეზონურ პადოვა-იუვენტუსს დაამსგავსა და ეს უკვე დანაშაულია. მან ფეხბურთში წარმატების მიღწევა ფეხბურთის თამაშით კი არა, სხვისთვის თამაშში ხელის შეშლით გადაწყვიტა. ესეც დანაშაულია. მან ერთმანეთს გადაკიდა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომელთა გაერთიანებაზე ლუის არაგონესის და ვისენტე დელ ბოსკეს მთელი ნიჭი დაიხარჯა და რომელთა გაერთიანებამაც ესპანეთს ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ამას დანაშაულიც აღარ ჰქვია. მან ჩემპიონთა თასის ცხრაჯერ ერთმანეთზე ლამაზად მომგები გუნდი საკუთარი სტადიონის საკუთარ ნახევარზე ამოკეტა და რეალის ფილოსოფიას, ესთეტიკას, ეროტიკას სულში ჩააფურთხა. ეს სირცხვილია.
თარჯიმანს ისევ იტალიაში ჰგონია თავი. მაგრამ ეს რეალია. რეალში ბევრი ისეთი რაღაც არ მოსულა, რაც სხვაგან ზეიმის საბაბია. რეალმა კი არ უნდა მოიგოს, უნდა მოიგოს ლამაზად. რეალმა უნდა შექმნას, უნდა ითამაშოს, უნდა აგორაოს, ძელებს უნდა ურახუნოს, დიდი ანგარიშით წააგოს და მერე უფრო დიდით ამოატრიალოს. რეალს არ უნდა ეშინოდეს. არავისი. რეალი ბერნაბეუზე უთავდამსხმელოდ არ უნდა გადიოდეს და თანამედროვე ფეხბურთის „შემოქმედებით ელიტას“ სკამზე არ უნდა ალპობდეს. რეალს მადრიდში მხოლოდ ოცპროცენტიანი ბურთისჭერა არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს ლიგის ნახევარფინალში და მით უმეტეს ბარსასთან. რეალის ათი ნომერი ლასანა დიარა არ უნდა იყოს.
ამ ორ კლუბს შორის დღეს მთავარი განსხვავებაც ესაა - ერთში ათი ნომერი ყასაბი დიარაა, მეორეში ლეო მესი, ფეხბურთის მოქმედი ღმერთი, რომელიც თარჯიმანის მოქნეულს გადაეფარა და ფეხბურთი სიკვდილისგან იხსნა.
გთხოვთ, ამიერიდან ასე მოვიხსენიოთ: წმინდა ლიონელ გადამრჩენელი.
მესის შედევრი უბრალოდ შედევრი არ ყოფილა. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი ფეხბურთის ისტორიაში, რადგან იმ წამს ბეჭედი დაესვა საკითხს - რა არის ფეხბურთი - თამაში, ვიღაცების სათამაშო თუ მათემატიკა. და დამტკიცდა ის, რაც ისედაც აქსიომა იყო - ფეხბურთი თამაშია. მისი საფუძველი სწორედ ესაა. თუ არ ითამაშე, თუ არ გაერთე და თუ არ ისიამოვნე, გალიაში გამოგამწყვდევენ.
„გამორიცხულია, ფეხბურთი აღმაფრენის გარეშე ითამაშო“, - თქვა დათო ყიფიანმა თავის უკანასკნელ ინტერვიუში და ეს სიტყვები ყველა პატარა ბიჭს, საშუალო დონის პროფესიონალს, ვარსკვლავს და მწვრთნელს თავში უნდა ჰქონდეს ჩაბეჭდილი.
ფეხბურთი ძალიან ეგზოტიკური და საინტერესოა იმისთვის, რომ თარჯიმანმა მოკლას. მას ყოველთვის დაიცავენ მესისნაირი წმინდანები, ზიდანები, მარადონები, პელეები, გარინჩები, რომარიოები, ყიფოები, კრუიფები და დი სტეფანოები.
ამბობენ, ფეხბურთში ადამიანები მოდიან და მიდიან, ხოლო სტატისტიკა რჩებაო. ვისთვისაც ასეა, იყოს, მე კი ჭაღარაბაკებიანი გიგზის ერთი ბებრული „პადსებია“ მირჩევნია თარჯიმანის ყველა თასს. მთლიანსაც და დამტვრეულსაც.
![]() |
29 როლს როისმა ჩინელებს დაგრძელებული გოსტი უჩვენა |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
შანხაის საავტომობილო შოუზე შედგა როლს როისის „პატარა” მოდელ გოსტის გრძელბაზიანი ვერსიის პრემიერა, ავტომობილის, რომელზეც ინგლისური კომპანია ჩინეთის ბაზარზე დიდ იმედებს ამყარებს. მის წარმოებას როლსი წელსვე დაიწყებს და საბაზო გოსტზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირად გაყიდის. სხვათა შორის, როლს როისის ისტორიაში, ეს პირველი ავტომობილია, რომლის პრემიერაც აზიაში ჩატარდა.
მწარმოებლის განცხადებით, ესაა ავტომობილი, რომელიც „იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ფართო და კომფორტული ავტომობილი სჭირდება, თუმცა არც საბაზო გოსტის დინამიზმის უნიკალური ბალანსი და ზომიერება ეთმობა”. ამ ავტომობილს წელს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მომავალი წლიდან კი მისი წარმოება სრული ტემპით დაიწყება. გრძელბაზიანი ვერსიის ბორბლებს შორის ბაზა 170 მილიმეტრით დაგრძელდა, რისი წყალობითაც, უკანა სავარძლებზე მჯდარ მგზავრთა ფეხებისთვის ადგილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გარდა ამისა, ავტომობილს პანორამული გამჭვირვალე სახურავიც აქვს. საერთო ჯამში, გრძელი გოსტის სიგრძემ 5.40 მეტრს მიაღწია და ამგვარად, ის მოკლებაზიანი ფანტომისას დაუახლოვდა. ვიზუალურად, დაგრძელება უფრო დიდი ზომის უკანა კარებს დაეტყო.
კაპოტქვეშ ისევ 6.6-ლიტრიანი V12 ტურბოძრავია განლაგებული, რომელიც სტანდარტულ გოსტზეც დგას და 570 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს ავითარებს. როლს როისის მონაცემებით, დაგრძელებულ გოსტს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 5 წამში შეუძლია. ამასთან, მაბრუნი მომენტის მაქსიმუმს, ეს აგრეგატი მუხლა ლილვის სულ რაღაც 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს.
გრძელბაზიანი გოსტი საზრიან საკიდარზე დგას, რომელიც ოთხივე ბორბალს დამოუკიდებლად აკონტროლებს და მუდმივად ახერხებს მართვადობასა და კომფორტს შორის ბალანსის დაცვას. საკიდარის ელექტრონულ სისტემას მრავალი სენსორი ემსახურება, რომლებიც საგზაო პირობებს, გადაადგილების სიჩქარეს და სხვა პარამეტრებს აკონტროლებს.
ეს ავტომობილი, უპირველესად, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც გრძელბაზიან ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებული აქცენტი კი ჩინეთზე კეთდება, რომელიც უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და სადაც თითქმის ყველა დიდ ავტოკომპანიას უფრო მეტი ავტომობილი ეყიდება, ვიდრე შინაურ ბაზარზე. ჩინეთში დაგრძელებული გოსტი 5.118 მილიონი იუანი ეღირება, რაც 548 ათასი ევროსა და 784 ათასი დოლარის ტოლფასია.
![]() |
30 ფოლკსვაგენ ხოჭოს მესამე დაბადება |
▲back to top |
ავტო
თავიდან ის სახალხო ავტომობილი იყო და 60 წლის განმავლობაში, 21.5 მილიონი ცალი გაიყიდა. შემდეგ შელამაზებული იერი მიიღო და 13 წელიწადში მისი შეძენა მილიონზე ცოტა მეტმა ისურვა. დღეს კი, აშკარად აგრესიული გამომეტყველებით, ერთდროულად, შანხაისა და ნიუ იორკის ავტოშოუებზე პირველად გამოჩნდა. რა ხნით დარჩება ბაზარზე და რამდენი გაიყიდება, ძნელი სათქმელია. ერთის თქმა ახლავე შეიძლება - ფოლკსვაგენის ხოჭო აღარ არის სახალხო ავტომობილი და თანდათან ძვირფასი სათამაშო ხდება. ისე, გასაკვირი სულაც არაა, რადგან იმ ავტომობილმა, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში, თავად ადოლფ ჰიტლერის შეკვეთით, ავტოინდუსტრიის გენიამ ფერდინანდ პორშემ შეიმუშავა, მოგვიანებით, ფოლკსვაგენის გარდა, სპორტული ავტომობილების მწარმოებელ პორშესაც დაუდო სათავე.
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მესამე თაობის ხოჭო წინამორბედზე აგრესიულ იერს მიიღებდა. მაშინ ვოლფსბურგელებმა კონცეპტუალური რაგსტერი გვიჩვენეს. მართალია, მათ არ უთქვამთ, რომ მისი სახით, ახალი ხოჭოს მომავალს ვხედავდით. თუმცა, ვარაუდები მაშინვე გაჩნდა და ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, ისინი დადასტურდა - მესამე თაობის ხოჭო, რომელსაც სახელწოდებაში, სიტყვა „ახალი“ ჩამოშორდა, სწორედ რაგსტერის სერიული ვერსიაა.
მის აგრესიულობას ხაზს უსვამს თითქმის ჰორიზონტალური სახურავი, გამობერილი საბორბლე თაღები და უზარმაზარი, 19-დუიმიანი ბორბლები. ამასთან. ხოჭო სიგანეშიც (84 მმ-ით) გაიზარდა და სიგრძეშიც (152 მმ-ით). სამაგიეროდ, სიმაღლეში (12 მილიმეტრით) შემცირდა. ამგვარად, მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 278 მმ, სიგანე 1 808 მმ და სიმაღლე - 1 486 მმ. ასევე გაზრდილია წინა და უკანა ბორბლების კვალი და მათ შორის ბაზაც. 209-დან 310 ლიტრამდე მოიმატა საბარგულის მოცულობამ.
სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა ხოჭოს შეთანწყობა - მასში ძრავი ისევ წინაა განლაგებული და თანაც, ის წინა წამყვან ბორბლებს ამოძრავებს. მისი ძრავების გამაში, დიზელის და ბენზინის ძრავები შედის. მათგან ყველაზე მძლავრია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ყველაზე სუსტი კი ბენზინის 1.2-ლიტრიანი აგრეგატია 105 ცხენის ძალით. ასეთივე სიმძლავრე აქვს 1.6-ლიტრიან დიზელსაც, თუმცა ის იმავდროულად, ყველაზე ეკონომიურიცაა - 100 კილომეტრს 4.3 ლიტრი საწვავით გადის და თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, გარემოს მხოლოდ 112 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ეს კი ევრო6 უმკაცრეს სტანდარტს, რომელიც ჯერ შემოღებული არაა, სრულიად აკმაყოფილებს.
ძრავებთან შესაწყვილებლად, 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური (DSG) კოლოფებია გათვალისწინებული. ამასთან, ავტომატურ კოლოფს ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ხოჭოები 5-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფებითაც აღიჭურვება.
ფოლკსვაგენი აცხადებს, რომ ახალი ავტომობილის შემუშავებისას, ინჟინრების მთავარი ამოცანა არა იმდენად რეტროსტილის შენარჩუნება იყო, არამედ მისი ტექნიკური მონაცემების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. კერძოდ, გაუმჯობესებულია მისი მართვადობა, რასაც წინ მაკფერსონის, უკან კი ტორსიონული საკიდარი უზრუნველყოფს.
პირველად მესამე თაობის ხოჭოს ამერიკელ მყიდველს შესთავაზებენ (სექტემბერში), შემდეგ ის ევროპაშიც გამოჩნდება (ოქტომბერში). აზიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში კი მისი გაყიდვები უფრო გვიან დაიწყება.
![]() |
31 ამაოდ გასაბერი ანგელოზი |
▲back to top |
კულტურა
გიორგი კეკელიძე
თუ მწერლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ინერციის გადალახვაა - გნებავთ საკუთარის, გნებავთ მიმდინარე ლიტერატულ პროცესში დამკვიდრებულის - ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი - „გასაბერი ანგელოზი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) - ამის მაგალითად გამოდგება.
პროზაიკოსმა აირჩია მკაფიოდ ფანტასმაგორიული, ონირიული გზა. ნახევრად სიზმრისეულ რეალობაში პერსონაჟები აბსურდული გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ბუნებრივია, ამ საგის დასასრულად იმთავითვე ფატალური ფინალი იგულისხმება - უფრო სწორად, კომიკური იმედგაცრუების მოლოდინს ავტორი ფრაზებს შორის მიგვანიშნებს. ზღაპრული ამბების შემდეგ უკიდურესად გაყოფითებული სცენა - გურჯიევის ერთგვარი განჯადოება, ვთქვათ ამ რომანულადაც - გაფარჩაკება, გაფიქრებინებთ, რომ მთელი ეს კარნავალი იქ დასრულდა, სადაც დაიწყო. ანუ ისედასრულა, როგორც დაიწყო - ცოტაც და ქვეყნის რიტმს დაუბრუნდება. თუმცა ბოლო აბზაცი მოულოდენლად და მთელი ძალით კვალავაც უკან, ტექსტისკენ გვიბიძგებს - მაცივრიდან ძაღლის - ფუკოს მოჭრილი თავი შემოგყურებთ. დასხდნენ ამ ცხოველის კაცი-სეხნიას კოლეგები დაიმტვრიონ თავიო - თითქოს წერტილის დასმის ნაცვლად ამბობს ბურჭულაძე.
ჰო, ცოტა მანამდელზეც...
დიახ, ვისაც არ წაგიკითხავთ, ძალიან ზოგადად გეტყვით, რომ ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, ნიკო და ნინო გოროზიებს, თეფშის ჩვენთ ვის „ტრადიციული“ დატრიალებისას, დიდებული მაგი გურჯიევი გამოეცხადებათ. მერე ამას მოსდევს განსხეულებული სულის „რესოციალიზაცია“ XXI საუკუნის ივერიაში - Facebook-ებითა და ტელე შოუ სერიალებით. და საერთოდაც, მე გურჯიევი ამ ოჯახის (სხვა მრავალთა კრებითი სახე) წარმოსახვითი სარკე მგონია. მიუხედავად, ერთი შეხედვით, მათთვის წარმოუდგენელი ქმედებებისა, ის მაინც გოროზიების რეპრესირებული სურვილების „ამსრულებლად“ წარმოგვიდგება. და ერთხელაც ფულის საშოვნელად კაცის გატაცებას გადაწყვეტენ - ეს ქართული „ამერიკული ოცნებაა” - მარტივად ასასრულებელი, შეიძლება ასრულებულიც, მაგ რამ ილუზორული.
რომანიდან ცოტა ამოვარდნილად მეჩვენა ქალაქის აღწერებისას ფსევდორელიგიური და მსგავსი სიმახინჯეების პუბლიცისტური, თითქმის ბლოგური და ნაცადი ასახვა. ანაც უკვე ელიტურ პაპსად ქცეული ცინიზმი: „მაია ასათიანს ქართული თეატრისა და კინოს სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები ყავდა სტუმრად, როგორც ყოველთვის იყო დიდი ჭმუნვა, გულების შლა და ცრემლის ღვრა“.
ჩვეულებრივი დიალოგებისას შეხვდებით ხოლმე კითხვებს - - არნოლდ ჩიქობავა იყო შენი ვინმე? ბულატ ოკუჟავა იყო შენი ვინმე? პასუხები ბუნდოვანია - ეს კულტურული მეხსიერების კვდომის ან მისი ნაკლებსაჭიროების ტექნიკურად ზუსტი მინიშნებაა.
სხვა სიკეთეები - დასამახსოვრებველი, პროვოკაციულ-ირონიული პასაჟები („ღმერთი გაწმს? ნინომ კითხა - ღმერთმა დამიფაროს“), მოულოდნელი რეფლექსიები (თუნდაც გრიბოედოვის მცირე, მაგრამ შთამბეჭდავი ეპიზოდი) და თხრობის ლაღი სტილი. უკანასკნელი, მწერლისთვის აშკარად გაუმჯობესებული მიღწევაა - ბურჭულაძემ ერთხელ აღნიშნა, რომ თანამედროვე რომანი Fast Food-ი უნდა იყოს, თორემ აღარავინ გაეკარებაო. ავტორს ეს ამბავი მშვენივრად გამოუვიდა - თუ გაწაფული თვალით გაქვთ, თბილისიდან ქუთაისისკენ (ამ ქალაქის ხსენება მხოლოდ მანძილს უკავშირდება, პოსტმოდერნული თამაში როდია) სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას ადვილად მოასწრებთ.
წაკითხვის შემდეგ იოლად ხვდებით, რომ მოდერნ ტფილისური ან სულაც სამამულო „ამაოება ამაოებათა“ (თუმცა აქ ყოველივე ამაო არ არის - მთლად ეგრეც „ცუდი პონტია“) შემოგთავაზეს, ჩვენს ქვაბში აქამდე ნაკლებად ნადუღარი ხერხებით - ამავე ავტორის „ხსნადი კაფკა“ გზის ირიბი წინაპირობა თუ იყო, აკა მორჩილაძის ურბანული ციკლის რომანების ხასიათი სხვაგვარია - ისევე როგორც ლაშა ბუღაძის. ბურჭულაძისეული ამაოება ყოველდღიური, ჩვენეულია, თან ნატურალისტური და თანაც ფანტასტიკური - ეს ქვეყანაც ხომ ასეა, როგორც ერთგან ავტორი წერს - „ანგელოზს ცისკენ აფრენა უნდა, მაგრამ ძაფი არ უშვებს“.
![]() |
32 მულტიკულტურული ესთეტიკა და თბილისის ფოტოფესტივალი 2011 |
▲back to top |
კულტურა|გამოფენა
ნინა ახლოური
თბილისი ეკლექტიკური ქალაქია, რომელსაც კულტურათა სინთეზი, ტრადიციულობასა და თანამედროვეობას შორის არსებული სუსტი ზღვარი, განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ანიჭებს, რაც თავისთავად, ქალაქის მულტიკულტურულობასაც უსვამს ხაზს.
წლევანდელი თბილისის ფოტოფესტივალი, 25-დან 31 მაისამდე, ევროპული კვირის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიმართება. მისი ორგანიზატორები ამჯერადაც თბილისის ევროპის სახლი და ფოტოგრაფიის სახლია. იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს პროექტმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა, ორგანიზატორებმა მისი გაფართოება და რაც მთავარია, ფოტოფესტივალისთვის ყოველწლიური სახის მიცემა გადაწყვიტეს. ფესტივალს, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, წელსაც არაერთი სტუმარი ეწვევა: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან.
„23“ . დავით მესხი
კაზაკი ჯარისკაცი. სტავროპოლი. თომას დვორჟაკი/Magnum Photos ©
წლევანდელი ფოტოფესტივალის მთავარი თემა კავკასიაა - სხვადასხვა სამყაროების შეხვედრის ადგილი. ფოტოსააგენტო მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი წარმოგვიდგენს თავისი ნამუშევრების პირველ დასრულებულ გამოფენას კავკასიის თემაზე - „1993 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე რამდენიმე თვით თბილისში მეცხოვრა, სანამ უნივერსიტეტში დავბრუნდებოდი. მაშინ იყო, კავკასიური კულტურები რომ აღმოვაჩინე. სტუმართმოყვარეობა, ენების მშვენიერება, ცვლილების დაუჯერებელი სისწრაფე პოსტსაბჭოთა პერიოდში, ომი და კონფლიქტი, გაბედულება და ულმობლობა“, - იხსენებს ავტორი და დამთვალიერებელს, სწორედ ამ თემაზე შექმნილ 80 შავ-თეთრ ფოტოს წარუდგენს.
„საქართველო თანამედროვეობის გზაგასაყარზე - მე-19 საუკუნის ერმაკოვის კოლექცია“ უფრო ადრინდელ კავკასიას გააცოცხლებს. ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი იქნება სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობის, თბილისის გოგირდის აბანოების, ქართველი არისტოკრატების პორტრეტების, მთიანი პეიზაჟების ამსახველი ფოტოები დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან.
„ცვლილებები“ - რევოლუციების თემას ეძღვნება და კაიროს, ბელგრადის, ტუნისის, თბილისის, კიევის ცნობილ ამბებს ასახავს. გამოფენის სტუმრები ის ფოტოგრაფები არიან, რომლებმაც ეს მოვლენები თავად ასახეს ფირზე: თომას დვორჟაკი, გიიომ ბინე, იური კოზირევი, ჟულიან დანიელი და სხვა.
„საქართველო - ახალი თაობა“ წარმოგვიდგენს უკვე კარგად ნაცნობი ქართველი ფოტოგრაფების: იური მეჩითოვის, შალვა ალხანაიძის, მარიკა ასათიანის, დავით მესხის და სხვათა ნამუშევრებს.
სურამის გვირაბის მშენებლობა. დიმიტრი ერმაკოვი
28 მაისს, ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იგეგმება - ფოტოგრაფიის ღამე, რომელიც არლის ფოტოგრაფიის ფესტივალის პროგრამის - La Nuit de l'Annee - კავკასიური ვერსიაა. „ათ ეკრანზე, რომლებიც ინსტალირებულია სხვადასხვა ადგილებზე, აბანოთუბნიდან გუდიაშვილის ბაღამდე, მთელი ღამის განმავლობაში ფოტოების ჩვენება გაიმართება. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოების, კოლექტივების, პერიოდული გამოცემების, ასევე რეგიონის ახალგაზრდა ხელოვანთა ფოტოპროდუქცია, რომელიც აჩვენებს თანამედროვე სამყაროს.შარშანდელ ფოტოფესტივალს დაახლოებით ოცი ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რა დიდია დღეს საქართველოში ფოტოგრაფიისადმი ინტერესი“, - აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ნესტან ნიჟარაძემ.
ფესტივალის ბოლო დღეს, მაგნუმის მიერ დაწესებული პრიზი, კავკასიის რეგიონიდან წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს გადაეცემა. წელს ამ ჯილდოს სომეხი ფოტოგრაფი, კარენ მირზოიანი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპული კვირის ფარგლებში, გამოფენებთან ერთად, სხვა საინტერესო ღონისძიებებიც იმართება: ლექციები, კონფერენციები და დებატები მულტიკულტურალიზმის, რეგიონალური უსაფრთხოების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა ბევრი საინტერესო თემის შესახებ. ევროპის კვირა გაიხსნება დებატებით „ევროპა დანახული მისი საზღვრებიდან”, რომლის პარტნიორებიც ჟურნალი ტაბულა და ევროკავშირია.
![]() |
33 Lykke Li: Wounded Rhymes (2011) |
▲back to top |
მუსიკა|კულტურა
ნინა ახლოური
ექსტრაორდინარული, იმედისმომცემი, სრულყოფილებასთან სახიფათოდ მიახლოებული - ასე ახასიათებდნენ კრიტიკოსები შვედ Lykke Li-სა და მის სადებიუტო ალბომს, Youth Novels, რომელმაც დღის სინათლე 2008 წელს იხილა. როგორც დებიუტი, წინა ალბომი მართლაც შესანიშნავი იყო - სკანდინავიური ინდი-პოპისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით, ახალგაზრდული მუხტით, ცოტათი დაშაქრული მელოდიურობით.
როდესაც გასულ წელს, Lykke Li-ს ახალი სინგლი, Get Some გამოვიდა, ყველა მიხვდა, რომ მომავალი ალბომი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, უფრო ზრდასრული ადამიანის შემოქმედების ნაყოფი იქნებოდა - როგორც პიროვნული, ისე მუსიკალური თვალსაზრისით. მართლაც, Wounded Rhymes- ში უფრო მეტი ქარიზმა, თავდაჯერება და როკის ელემენტებია. იგრძნობა სკანდინავიური პირქუშობაც კი, რომელსაც მომღერლის შესრულების ლაღი მანერა ბოლომდე ვერ ანეიტრალებს. როგორც Li-მ Pitchfork Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ვერ იტანს შვედურ ზამთარს, სიბნელეს, ამასთან თავადაც პირქუში ხასიათი აქვს და არ უნდოდა, მუსიკა კიდევ უფრო მძიმე გამოსულიყო. ამიტომაც გადაწყვიტა, ახალი ალბომი ლოს-ანჯელესში ჩაეწერა.
რით მიიზიდა სკანდინავიელი გოგო ლოს-ანჯელესმა? როგორც თავად ამბობს, სინათლემ და განმარტოების შესაძლებობამ მოხიბლა. Wounded Rhymes- ში ამ ყველაფერს აუცილებლად აღმოაჩენთ - უდაბნოს მზის მელანქოლიას, ნორდიკული სიმძიმის დათრგუნვის მცდელობას. თუმცა, სწორედ ამგვარი სიმძიმე მატებს Lykke Li-ს ახალ შემოქმედებას მეტ სერიოზულობასა და სიღრმეს, ინდივიდუალიზმს. ფოლკის გავლენა საგრძნობია, რაც, თუ სკანდინავიისგან თავის გარიდების ფაქტორს გავითვალისწინებთ, თითქმის პარადოქსულიც კია.
პირველ რიგში, ეს რომანტიკული ალბომია, ჰიპნოზური, ხანდახან აგრესიული სენსუალურობით, დეპრესიის გამომრიცხავი სევდით.
![]() |
34 რუსთაველის თეატრში ატეხილი ეიფორია |
▲back to top |
კულტურა|თეატრი
თამარ კიკნაველიძე
სცენა სპექტაკლიდან
ფოტო: რუსთაველის თეატრი ©
მერიკელი ახალგაზრდების, რეჟისორ კოლინ ჰოვდესა და დრამატურგ ლი აუგუსტ პრეილის მიერ რუსთაველის თეატრის მეოთხე სარეპეტიციო დარბაზში განხორციელებულმა წარმოდგენამ, აზრთა სხვადასხვაობა პრემიერამდე გამოიწვია. ამის მთავარი მიზეზი დადგმის ფორმა და მაყურებლის ინტერაქტიულობაზე გაკეთებული აქცენტი აღმოჩნდა.
მისი შექმნის მოკლე ისტორია ასეთია: აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით, ამერიკაში ქართველი სცენოგრაფი ნინო მაღლაკელიძე იმყოფებოდა, რომელმაც ზემოთ ნახსენებ ხელოვანებთან საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. მის ინიციატივას მხარი ამერიკის საელჩომ და რუსთაველის თეატრმა დაუჭირა. სწორედ მაშინ, საქართველოში კოლინ ჰოვდე ჩამოვიდა. ის თანამედროვე დრამატურგიის ნიმუშების გაცოცხლებით არის დაინტერესებული და ლი აუგუსტ პრეილის „ეიფორიის“ (მთარგმნელი დათო გაბუნია) დადგმა მოინდომა.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლები, უცხოეთში წარმოუდგენელ ძალისხმევას ხარჯავენ მაყურებლის შესანარჩუნებლად. ამ მიმართულებით დაფინანსებული პროექტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ეხება კვლევებს, რომელიც აუდიტორიის მოთხოვნებს სწავლობს და აანალიზებს. თითოეული სამიზნე ჯგუფის ინტერესების გამოსავლენადაც კი ცალკეული ინიციატივები ხორციელდება. საქართველოში კი მაყურებლის, როგორც მომხმარებლის, რეალურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებზე ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობთ, სხვადასხვა ტიპის კვლევებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო ქართულ-ამერიკული კო-პროდუქცია, სადაც აქცენტი არა წარმოდგენის მხატვრულ ხარისხზე, რეჟისურაზე, ან საშემსრულებლო ხელოვნებაზე, არამედ მაყურებლის ჩართულობაზე გაკეთდა. ამიტომაც დაიდგა ის რუსთაველის თეატრის მეოთხე სარეპეტიციო დარბაზში და არა მის დიდ, ან მცირე სცენაზე. მონაწილეებმა წინასწარ არ იცოდნენ, თუ როგორ მიიღებდა წარმოდგენას მაყურებელი.
ქართველმა მსახიობებმა აღნიშნეს, რომ მათთვის წარმოდგენაზე მუშაობა არცთუ ისე საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა, როგორც მახსოვს, დაახლოებით ასეთივე რეაქციები ახლდა ალეკი ბლაითის მიერ „ვერბატიმის თეატრის“ პრინციპით აგებულ წარმოდგენას, სახელწოდებით „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?“. იქ მსახიობებს რეჟისორის მიერ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ რეალურ ადამიანებთან ჩაწერილი ინტერვიუები, მათი ხმა, დიქცია და მეტყველება ყურსასმენების საშუალებით ესმით. ყველაფრის სიტყვასიტყვით გაცოცხლებას ისე ცდილობენ, რომ რესპონდენტების ტკივილი, ხასიათი და იუმორიც კი არ დაიკარგოს. მაშინაც ეგონათ, რომ პროექტი ერთჯერადი გამოვიდოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: წარმოდგენა ედინბურგის ფესტივალიდან სამი მთავარი პრიზით დაბრუნდა და მაყურებელმაც კარგად მიიღო.
მართლაც, წინასწარ არავინ იცის, თუ როგორ ჩაერთვება ლიდერის სურვილითა და ინიციატივით ერთ სივრცეში გაერთიანებული გმირების (დარეჯან ხარშილაძე, ნინო არსენიშვილი, ლელა ახალაია, ნინო თარხან-მოურავი, ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ნანა ლორთქიფანიძე, ნინუცა მაყაშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ირაკლი სანაია, ნიკა ქაცარიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, მანანა აბრამიშვილი, ქეთი ხიტირი, ლევან ხურცია, ნანუკა ხუსკივაძე) თამაშში მაყურებელი. მათ ნახევარი საათი აქვთ დარჩენილი იმისათვის, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ - ასეთია პირობა, რომელსაც ყველა ემორჩილება. ლიდერის პირობას გმირები უსიტყვოდ ასრულებენ, მაგრამ რელიგიურ ფანატიზმს როდი ქადაგებენ. როგორც პიესაში წერია, „ისინი არიან განაწამები, გატეხილი სულები, რომელთაც მეტისმეტად ბევრი რამ გადაიტანეს და არც არასოდეს უსწავლიათ, როგორ გამკლავებოდნენ გარემო პირობებს“. თითოეული მაყურებელს საკუთარ ცხოვრებასა და სურვილებზე უყვება, მაგრამ ჯერ დარბაზში ეპატიჟება. თავად ლიდერი კი, რომლის ხმაც ჩანაწერის საშუალებით გვესმის, გვიხსნის, რომ ნამუშევარს ვერც ხელით შევეხებით, ვერც მივაჩერდებით და ვერც ნაწილებად დავშლით - ის უნდა შევიგრძნოთ. წარმოდგენა სავარაუდო რეაქციებზეა გათვლილი - მსახიობთაგან ერთი სათამაშოდ გვიწვევს, სხვები კი ცალ-ცალკე გვთავაზობენ ერთად ვიზეიმოთ - ახალი წელი, დაბადების დღე, შეყვარებული წყვილის ჯვრისწერა თუ სხვა. მოქმედება დარბაზის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება და მაყურებელიც ადგილს ხშირად იცვლის, თუ სურვილი გაუჩნდა, პერსონაჟების რომელიმე გასაშლელ საწოლზე ჩამოჯდომაც შეუძლია. როგორც კი დანიშნული დრო ამოიწურება, ყველა სვამს სითხეს და პირობას ასრულებს. თავიანთ საწოლებზე გაშეშებულ გმირებზე ლიდერი აღნიშნავს: „იცით, აქ რას აკეთებენ? ცოტა წაუძინეს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დაიღალნენ. სიცოცხლით და ყველაფრით დაიღალნენ. მობეზრდათ და იოლი გამოსავალი სჭირდებოდათ, ამიტომაც დათანხმდნენ. ჩვენ ყოველდღე გვაწუხებს სიკვდილზე ფიქრი. გამუდმებით ვეძებთ რაღაცას, რაც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს, კიბოს წამალს, უსაფრთხოების ქამრებს ავტობუსებში და ანტიპერსპირანტებს. სიკვდილის რწმენა სიკვდილამდე მიგვიყვანს. სიცოცხლის, ხელოვნების რწმენა, რწმენა იმისა, რომ რაღაცის შექმნა შეგვიძლია - აი, სულ ეს არის, რაც გვჭირდება“. გამოღვიძებული, თუ სულ სხვა სამყაროში გამოფხიზლებული პერსონაჟები დარბაზიდან სათითაოდ გადიან, მარტოდ დარჩენილი მაყურებელი ტაშს საკუთარ თავს უკრავს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობები აცხადებენ, ჩვენ არც კი ვიცით ვთამაშობთ თუ არა და არც იმპროვიზაციის საშუალება გვაქვსო, საინტერესოა რა მოხდება მაშინ, თუ სპექტაკლის მსვლელობისას ლევან ხურციას მიერ წარმოთქმულ მონოლოგს: „ვინმეს უნდა ჩემთან სექსი?“, მაყურებელთაგან რომელიმე თანხმობით უპასუხებს? აი, მაშინ კი მოგვიწევს იმპროვიზირება და თამაში!
![]() |
35 10 კითხვა ნიკა მაჩაიძეს |
▲back to top |
კულტურა
ფოტო: მაქს ლომბერგი
ნიკა, ნიკაკოი, ერასტი... საიდან ეს სახელები და ახლა კიდევ რამეს თუ დაამატებდით?
ნიკა, ალბათ ჩემს მშობლებს უნდა ჰკითხოთ... ნიკაკოი: ჩემმა მეგობარმა, თეა ჯორჯაძემ, დამარქვა, მეილი რომ გამიკეთა gmx.de-ზე… ერასტი: Эраст Фандорин... ერთდროულად ორ ლეიბლზე მომიწია დისკის გამოშვება და მთხოვეს, რომ სხვა სახელი მეხმარა.
ყველაზე მძაფრი მოგონება ბავშვობიდან?
პირველი კოცნა.
თქვენი CV-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი?
დაიბადა 1972 წლის 11 ნოემბერს.
რა თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
Control freak-ი ვარ.
კინო და მუსიკა - რომელთან უფრო მეტი იდენტიფიკაცია გაქვთ და რომელია თქვენთვის უფრო კომფორტული?
იდენტიფიკაცია ორივესთან ერთნაირი მაქვს, მაგრამ კომფორტული, რა თქმა უნდა, მუსიკა უფროა.
რა მუსიკაა ჩართული სამოთხის თქვენეულ ვარიანტში?
ძალიან ბევრი, ბახით დაწყებული და სტივ რაიხით დამთავრებული, მაგრამ ერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ ფლეილისტში მექნება ტუსიას მუსიკა.
დაასახელეთ ერთი რამე, რაც თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა...
თბილისი რომ ზღვისპირა ქალაქი იყოს.
როგორი იყო ელექტრონული მუსიკის კეთება ელექტროენერგიის დეფიციტის პერიოდში? რა გახსენდებათ ამ პერიოდიდან?
ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ახლა. მახსენდება სხვადასხვა ხაზებზე გადასართველი „რიჩაგები“ (არ მახსოვს ქართულად რა ჰქვია).
რისი ეშინია ყველაზე მეტად ნიკა მაჩაიძეს?
ტარაკნების!!! (როგორც ენტემოლოგიური ასევე ანთროპოლოგიური).
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ბევრს! ამიტომ არც ერთს არ დავწერ...
![]() |
36 ფონდები და კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან |
▲back to top |
კულტურა|მუზეუმი
თასი, რომელზეც გამოსახულია ქალღმერთი ფორტუნა. ვერცხლი. ახ.წ.აღ. II - III საუკუნეები. მცხეთა, არმაზისხევი
ვიდრე 26 მაისს განახლებული ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის კარი ფართოდ გაღებულა, მოდით ეროვნული მუზეუმის კოლექციებს შევავლოთ თვალი.
ლომის ფიგურა. ოქრო. ძვ.წ. აღ. III ათასწლეულის შუა ხანები. ალაზნის ველი, წნორის ყორღანი
ყველა ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მსოფლიოს უმდიდრესი მუზეუმებისაგან განსხვავებით, ჩვენს მუზეუმს არსებობის თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ძვირად ღირებული მსოფლიო შედევრების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, აქ დაცული კოლექციები, ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებსა და მცირე შემოწირულობებზეა დამოკიდებული. თუმცა ეს ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით უდიდეს ინტერესს იწვევს. შესაძლოა, ლუვრში დაბინავებული ჯოკონდას სანახავად მისულთა რიგების მსგავსი აქ ვერ გეხილათ, მაგრამ საქართველოს თუნდაც იმიტომ ბევრი სწვევია, რომ ცნობილი ოქროს ლომის მინიატურულ ფიგურაზე, უძველეს ოქრომჭედლობის ტექნიკის საიდუმლოს ჩაწვდომოდა ან თრიალეთის ვერცხლის თასზე გამოსახული ნიღბოსანი მამაკაცების სარიტუალო მსვლელობისთვის მიეყოლებინა თვალი. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ევროპასა და ამერიკაში იმ ექსპონატებთან დამთვალიერებელთა რიგები არ წყდებოდა, რომელთა ნახვის საშუალებაც სულ მალე გვექნება.
მეცნიერებიდან სანახაობამდე, მიწოდებისა და ექსპონირების ინოვაციურმა ხერხებმა, 2007 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ტურნეში უდიდესი წარმატება მოუტანა „ოქროს შოუს” (საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურს). ის რვა ქვეყანაში თორმეტი გამოფენის, მილიონობით მნახველისა და ახალ-ახალი სამეცნიერო პუბლიკაციისა თუ კატალოგების გამოცემის შემდეგ, 26 მაისს, განახლებულ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში დაიდებს ბინას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წლის დეკემბერში დაარსდა. თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება, როდესაც თბილისში 1852 წელს რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა. დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს 10 მუზეუმს, ორ სამეცნიერო დაწესებულებასა და ეროვნულ გალერეას აერთიანებს. დაცულია არქეოლოგიის, ბუნების ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოლოგიისა თუ ნუმიზმატიკის კოლექციები, ფოტო და ვიდეო არქივი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.
თასი. შემკულია სარდიონის, ფირუზის და გიშრის თვლებით. ძვ.წ. აღ. II ათასწლეულის დასაწყისი. თრიალეთის ყორღანული კულტურა
ეროვნულ მუზეუმში ფონდები ძირითადად ქრონოლოგიური და გეოგრაფიული პრინციპით არის დაყოფილი. თუმცა არის ისეთებიც, სადაც კოლექციები დარგების მიხედვითაა გაერთიანებული: მაგ. ძვირფასი ლითონების, ნუმიზმატიკისა და გლიპტიკის ფონდები.
კოლექციები ქრონოლოგიური და გეოგრაფიული პრინციპით კი ასე გამოიყურება: პრეისტორიული ეპოქა, ანტიკური პერიოდი, შუა საუკუნეები, ეთნოგრაფია, ახლო და შუა აღმოსავლეთი, დასავლეთ ევროპა და ახალი, უახლესი ეპოქა.
აქ წარმოდგენილია ყველაფერი - მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ხანის თავის ქალა თუ ბაზალტისგან დამზადებული მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იარაღი - ჩოპერი (1,75 მლნ წლის), ქვის ხანის საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ანტიკური ხანის სამივე პერიოდის (ადრეანტიკური, ელინისტური თუ გვიანანტიკური) იშვიათი ექსპონატები. ახლო და შუა აღმოსავლეთის კოლექციების გეოგრაფიული დიაპაზონი ეგვიპტეს, ჩინეთს, ტიბეტს, ინდოეთსა და ირანს მოიცავს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ძველეგვიპტური მუმია თუ სარკოფაგი, ფერწერა აბრეშუმზე, აღმოსავლური მინიატურები, ფაიფურისა თუ ქსოვილების, ხალიჩების, ყაჯარული მხატვრობის ყველაზე მდიდარი კოლექცია. დასავლეთ ევროპის განყოფილება იტალიური რენესანსის, ჰოლანდიური, ფლამანდური, გერმანული თუ ფრანგული სკოლის ავტორთა ნამუშევრებს შეიცავს, რომელიც დიმიტრი შევარდნაძისა და შალვა ამირანაშვილის მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა.
შუა საუკუნეების ფონდებს კი საფუძველი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა 4 მოქმედ სიძველეთსაცავში - კავკასიის მუზეუმში, საეკლესიო მუზეუმსა და შინამრეწველობის მუზეუმში დაცული ექსპონატების გაერთიანების საფუძველზე. ამას 1921 წელს საფრანგეთში გატანილი და შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ უკან დაბრუნებული საგანძურიც დაემატა.
კოლექციებისა თუ ცალკეული ექსპონატების ისტორიები და მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. დღეს ეს სიმდიდრე შენახვისა და მართვის ახალ სისტემას ელოდება.
![]() |
37 ბორდო - მოკლე ისტორია |
▲back to top |
გურმანი|ღვინის კლუბი
გიგო მესხიშვილი
ფოტოები მოგვაწოდა ღვინის კლუბმა
ბორდოს ღვინის ისტორია პირველი საუკუნიდან იწყება, როცა რომაელებმა ვენახები ჩაყარეს და პლინიუსმა პირველმა დაადასტურა ბორდოს მხარეში ვენახების არსებობა (ცნობილია ყურძნის პირველი ჯიშიც, ბიტურიკა, რომელსაც სახელი დღევანდელი ბორდოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბიტურგების ტომის გამო დაერქვა). მე-4 საუკუნეში რომაელ პოეტს, ავზონიუსს ვენახი ჰქონდა ბორდოში, უფრო კონკრეტულად კი, დღევანდელი სენტ ემილიონის მხარეში (ახლა მის ადგილას პრესტიჟული კრიუ-ა, Château Ausone). 1152 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ VII გაეყარა თავის მეუღლეს, ელეონორა აკვიტანელს და შესაბამისად, მისი მიწებიც დაკარგა, რომელიც სულ მალე ინგლისის მეფემ მოიპოვა - მას შემდეგ, რაც ელეონორაზე დაქორწინდა. ანუ ბორდო არსებითად ინგლისის ხელში გადავიდა და სავაჭრო ცენტრად იქცა აკვიტანიასა და ინგლისს შორის. იმ პერიოდში ინგლისში განსაკუთრებით პოპულარული იყო ბორდოს წითელი ღვინოები, „კლერეტები“ (დღეს კლერეტს თეთრი ჯიშის ყურძენს უწოდებენ, რომელიც ძირითადად რონის მხარეში მოდის და საიდანაც ცქრიალა ღვინოებს ამზადებენ).
დიდი გავლენა იქონია ბორდოს განვითარებაზე ჰოლანდიასთან სავაჭრო ურთიერთობამ და პირველი სახელოვანი მეღვინეებიც სწორედ ვაჭართა წრეებიდან გამოვიდნენ. ასეთი იყო პიერ დე როზანი (Pierre de Rauzan), რომელიც მმართველად (ანუ ღვინის „რეჟისორად“, regisseur) მუშაობდა „შატო ლატურში“ 1679 წლიდან 1693 წლამდე და დროთა განმავლობაში გარშემო არსებული მიწები მთლიანად შეისყიდა. 1690 წლისთვის იგი უკვე 50 აკრ მიწას ფლობდა, რომელიც მისი ქალიშვილის, ტერეზას გათხოვებასთან ერთად ლონგევილის სინიორის, ჟაკ ფრანსუა დე პიშონის (Pichon) ხელში გადავიდა და უზარმაზარი მამულის, პიშონ-ლონგუევილის (Pichon-Longueville) საფუძველი გახდა. ამ ადამიანმა ასევე სათავე დაუდო ოთხ „მეორე კრიუს“, ანუ deuxièmes crus: შატო პიშონ-ლონგუევილს (Pichon-Longueville), პიშონ-ლალანდს (Pichon-Lalande), როზან-გასიეს (Rauzan-Gassies) და როზან-სეგლას (Rauzan-Ségla).
ჰიუ ჯონსონის წიგნში, „ღვინის ისტორია“, ბევრ ასეთ ცნობას ნახავთ და იმასაც გაიგებთ, რომ XVII საუკუნის შუახანებში, კიდევ ერთმა ვაჭარმა, მუსიე მუატიემ (Moytié), სწორედ ასევე მოუყარა თავი პატარა ნაკვეთებს ლატურიდან სამხრეთით მდებარე ბორცვზე, ნაკადულის მეორე მხარეს, რომელიც სენ-ჟიულენის სამწყსოს პოიაკისგან ყოფდა. მან ამ ქვიშაქვიან ადგილს მონ-მუატიე უწოდა. ასი წლის შემდეგ კი ის საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსიე ლეოვილმა (Léoville) შეიძინა. იმ დროისთვის ეს იყო მედოკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენახი. დღეს ის მფლობელთა სახელების შესაბამისად შემდეგ სამ ნაწილადაა დაყოფილი: შატო ლეოვილ-ლასკასი (Léoville-Las-Cases), ლეოვილ-ბარტონი (Léoville-Barton) და ლეოვილ-პუაფერე (Léoville-Poyferré).
ნიკოლა-ალექსანდრი, მარკიზ დე სეგიური (1697-1755) XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ორ პრემიერ კრიუ-ს, ლაფიტსა და ლატურს ფლობდა, აგრეთვე მუტონს (Mouton), სენტ-ესტეფში კი უზარმაზარი მამულის, კალონ-სეგიურის (Calon-Ségur) პატრონი იყო და მედოკსა და გრავშიც ჰქონდა გაშენებული ვენახები. ლუდოვიკ XV-ს კამზოლს მარკიზ დე სეგიურის მამულში მოპოვებული ალმასისგან გამზადებული ღილები ამკობდა, რის გამოც მას „ღვინის პრინცის“ ტიტული ებოძა. სეგიურის შემოსავალი მხოლოდ ლაფიტისა და ლატურისგან წელიწადში 100 ათასი ლივრი იყო, რომლის 60%25-ს სუფთა მოგება შეადგენდა.
სწორედ მან გაავლო მკვეთრი ზღვარი ლაფიტსა და მეზობელ მუტონს შორის და ამგვარად, ერთმანეთისგან გამიჯნა ორი სრულიად განსხვავებული ტიპის ღვინო. ლატური მის შთამომავლებს 1963 წლამდე ეკუთვნოდა, და სეგიურების ოჯახი დღესაც შატო ლატურის საზოგადოებრივი საბჭოს დირექტორთა შორისაა.
![]() |
38 მსხალი ქინძმარაულში |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
4 ულუფა
მასალა:
4 საშუალო ზომის მსხალი (ალექსანდრია)
1 ბოთლი ქინძმარაული
100 გრ. შაქარი
1 დარიჩინის ჩხირი
1 ანისის ვარსკვლავი
2 თავი მიხაკი
ჯამში: 10 ლარი
მომზადების წესი:
მსხალს გააცალეთ კანი ისე, რომ ყუნწი არ მოაშოროთ. მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაამატეთ ღვინო, სანელებლები და წყალი ისე, რომ მსხალი დაიფაროს.
დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ სამი საათი.
ამოიღეთ მსხალი ქვაბიდან და გააცივეთ, ხოლო ქვაბში დარჩენილი სოუსი ადუღეთ გასქელებამდე. გასქელებული მასა შეინახეთ მოხმარებამდე.
მსხალი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოასხით გამზადებული სოუსი.
მიირთვით ნაყინთან ან ვანილის სოუსთან ერთად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).