ტაბულა №36


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, თავხელიძე მიშა, სტარი ფრედერიკ, სმიტი დევიდ ჯ, მეგრელიშვილი ვახტანგ, თოდუა მაია, ოდილავაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, მაყაშვილი ანა, ბაგრატიონ-დავითაშვილი ალექსანდრე, ბაღდოშვილი გურამ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 6 - 12 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

ონლაინ გამოხმაურება

თამარ ჩერგოლეიშვილის სტატია:

შიშველი სიმართლე

ochila 09 დეკემბერი

2010 07:05 სტატია ზუსტად ასახავს რეალობას - „უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი” ორგანიზაციის პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ორიენტაციას... ნემსის და აქლემის ქურდი არასოდეს ყოფილა ერთი და იგივე - ამერიკა „ნემსის ქურდია”, რუსეთი - „აქლემის ჯოგის”! და მთავარი - ამერიკაში დამნაშავე საჯაროდ დაისჯება, რუსეთში - არა, თუ მოსაშორებელია - პოლონიუმი პირში! კიდევ - ამერიკას არც ავტორის, არც არავისი დაცვა დიდი ხანია აღარ სჭირდება - ის, რუსეთისგან განსხვავებით, ყოველდღიურად, საქმეებით ამტკიცებს საკუთარ დემოკრატიულ არჩევანს! ისე, არც ავტორს სჭირდება ჩემი დაცვა...

Nona-poetessa 09 დეკემბერი 2010 09:06 ochila

გეთანხმებით, ნემსის და აქლემის ქურდი ერთი და იგივე არაა, მაგრამ როგორც ირკვევა ამერიკა სინამდვილეში მხოლოდ ნემსის ქურდი არ ყოფილა.

რუსეთი რამდენის ქურდია ვხედავთ ყველა, მაგრამ არ გგონიათ, რომ ყველაზე დემოკრატიულის ტიტულის მქონესთვის ამ დოკუმენტებით უფრო მეტად იწვის კუდი, ვიდრე ნემსის ქურდობაზე მხილებულისა?

P.S. ჩემთვის ისედაც მონსტრი რუსეთისგან მოულოდნელი თითქმის არაფერია, სამაგიეროდ ამერიკისგან შედარებით მოულოდნელი იყო.

ვახტანგ მეგრელიშვილის სვეტი: რატომ ვზრდით სიღარიბეს ხელოვნურად?

kako 09 დეკემბერი 2010 11:21

სიღარიბის გაზომვის მეთოდიკაში ცვლილებები რომ გასაკეთებელია, ცხადია. გარდა იმ არგუმენტებისა, რაც სტატიაშია მოყვანილი, დამატებითი არგუმენტი ისიცაა, რომ სტატისტიკის სამსახური ქვეყანაში სიღარიბის და უკიდურესი სიღარიბის ზღვრად იღებს მედიანური მოხმარების 60%25-ს და 40%25-ს შესაბამისად. რატომ 60%25 და 40%25, იქნებ 50%25 და 30%25? ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სიღარიბის და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ახლოსაა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებთან. მაგალითისათვის შევადაროთ 2007 წლის მონაცემები

(http:// geostat.ge/index.php?action=pageam p_id=188am lang=eng http://www.cegstar. ge/files/15.PPAreportpresentation.pdf).

ძალიან მინდა სხვა ახსნაც ვუპოვო ამ მიდგომას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ „ვქაჩავ”.

დავუშვათ ქვეყანაში ყველა ოჯახმა კვარტალში დამატებით 100 000 დოლარით მეტი მოიხმარა (ვთქვათ დღევანდელი ფასების პირობებში). გამოდის, მთელი ქვეყანა კეთილდღეობაშია, სადღაა სიღარიბე და შიმშილი? სტატისტიკის სამსახურის დღევანდელი მეთოდიკა კი ასეთ პირობებშიც გვეტყვის, რომ სიღარიბის დონე ქვეყანაში 21%25-ია.

ამ დროს რომ სტატისტიკის სამსახური მოცემული მეთოდიკით უკიდურესი სიღარიბის ზღვარს დაადგენს, კაი შემოსავლიან ბიძებსაც მაგრად შეშურდებათ.

ასე რომ, მისახედია ეგ საქმე და სულაც არ არის გადაუჭრელი ამოცანა. სხვისი შიშით სასიკეთო ცვლილებები თუ არ გაკეთდა, რაც არის, ისიც გაფუჭდება.

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

რატომ დამალეს ბატონი ასანჟი ციხეში?

  • ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დაკავებას.

10 დეკემბერი

0x01 graphic

მათ მკვდარი გმირები ჭირდებათ - როგორიც სიდ ვიშესი და ჯეიმს დინია.მე არ მინდა მკვდარი გმირი ვიყო, ასე რომ, დავიწყეთ...

  • ჯონ ლენონი, ის 30 წლის წინ გარდაიცვლა.სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ Rolling Stones-ს. ინტერვიუ პირველად 2010 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნდა.

0x01 graphic

საზოგადოებრივმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იფიქრონ, რითი დაეხმარონ მას, იქნებ ნობელის პრემიაზე წარადგინონ.“

  • რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჯულიან ასანჟის შესახენ 2010 წლის 9 დეკემბერი.

0x01 graphic

ეს ყველაზე დიდი წნეხია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ხალხის წინ მისი დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვები არ მყოფნის...მართლა არ მყოფნის.

  • ვიქტორ ტროიცკი, სერბი ჩოგბურთელი ფრანგი მიშელ ლოდრას დამარცხების შემდეგ. ტროიცკი პირველი სერბია, რომელმაც დევისის თასი მოიგო.

3 კვირა

▲back to top


6 დეკემბერი

0x01 graphic

  • ინდოეთემა და საფრანგეთმა მრვალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება ინდოეთში ორი ატომური ელექტროსადგურის აშენებას ისახავს მიზნად. გარიგება, რომლის ღირებულებაც 9,5 მილიარდი დოლარია, დელიში გაფორმდა და მას ხელი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანჰომან სიგჰმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოაწერეს.

  • რუსეთის პრეზიდნეტი დმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთს ეწვია. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობის გამოსწორება იყო. მედვედევმა მოლაპარაკებები კოლეგასთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან გამართა. ლიდერებმა ხელი რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას და ინვესტიციების საკითხს შეეხება.

0x01 graphic

  • ოკულირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეჟიმების ლიდერებმა, სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძალის არგამოყენების ცალმხრივი დეკლარაციის პასუხად განცხადება გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ თბილისის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე ვალდებულებას იღებენ, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლებას დაიტოვებენ. მოსკოვმა ეს განცხადებები მოიწონა და შეეცდება ისინი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში სააკაშვილის საპირწონე განცხადებად განიხილოს.

7 დეკემბერი

  • ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო დროს საქართველოში მომხდარი ტერაქტების მოწყობაში ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს. კიდევ ორზე ძებნაა გამოცხადებული. მათ ბრალად ედებათ: ნოემბერში თბილისში - ლეიბორისტული პარტიის ოფისის მახობლად და მუხიანში, ასევე სექტემბერში აშშ-ს საელჩოსთან, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი აფეთქების მცდელობა. შსს-მ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლსი ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დამაზიანებელი ელემენტებით აღჭურვილი 13 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. სულ ამოღებულია 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. ეჭვმიტანილთა ჩვენებით, მათ დავალებებს აფხაზეთში მყოფი რუული საოკუპაციო ძალების ოფიცერი ევგენი ბორისოვი აძლევდა. გამოძიების ვერსიით, დამკვეთი კავშირს ტერორისტული ჯგუფის წევრებთან „რუსეთიუს თავდაცვის სამინისტროზე რეგისტრირებული კორპორატიული სატელეფონო ნომრიდან“ ამყარებდა.

  • ეროვნული უშიშროების საბჭო ახალ ფუნქციას შეიძენს და მას „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის” მომზადების უფლებამოსილება მიენიჭება. ამ დრომდე ეს ფუნქცია თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია იყო.

0x01 graphic

  • ლონდონში Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. 39 წლის ავსტრალიელს ბრალად ედება შვედეთში ორ ქალზე სექსუალური ძალადობა. ასანჟი ბრალდებას უარყოფს.

  • ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ რამდენიმე თვის წინ შეჩერებული მოლაპარაკებები განახლდა. ჟენევის შეხვედრაში, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის გარდა მონაწილეობას ირანი და გერმანია მიიღებენ, ანუ მოლაპარაკება ჩვეულ რეჟიმში „ექვსეული“ პლუს ირანი - გაგრძელდა.

8 დეკემბერი

0x01 graphic

  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთს ეწვია. მან ჰელმანდის პროვინცია მოინახულა, სადაც ბრიტანული სამხედრო კონტინგენტია დისლოცირებული. კამერონმა და ბრიტანელმა გენერალმა დევიდ რიჩარდსმა აღნიშნეს, რომ ბრიტანეთი თავისი ჯარების ავღანეთიდან გაწვევას 2011 წელს დაიწყებს. როგორც კამერონმა განაცხადა, ბრიტანეთი 2015 წლისათვის კონტინგენტს მთლიანად გაიყვანს.

  • ევროკავშირმა და საქართველომ 7 დეკემბერს ბრიუსელში თანამშრომლობის საბჭოს მე-11 შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების და ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს.

0x01 graphic

  • ირანის ხელისუფლებამ მერდოკის ჰოლდინგის მმართველობაში არსებული ტელეკომპანია დახურა. თეირანში ხელისუფლებამ ავღანური MOBY Group-ისა და ამერიკული News Corp-ის ოფისი გააუქმა და ტელეკომპანიის 5 თანამშრომელი შპიონაჟის ბრალდებით დააკავა. მედიაჰოლდინგი რუპერტ მერდოკს ეკუთვნის. ტელეარხი გასართობი ფორმატისაა და ძირითადად უცხოურ ტელესერიალებს აჩვენებს. ირანის პროკურორმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მიერ დასავლური სერიალების ტრანსლირება კონტრრევოლუციურ მიზნებს ემსახურებოდა. ამასთან, მან დასძინა, რომ ტელეკომპანიაში ჩატარებული ჩხრეკისას, ერთგვარი სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის შემოტანაც ირანში აკრძალულია.

  • ევროკავშირმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ და ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა კარელ დე გუტმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტით მხარეებმა ის უთანხმოებები გადაწყვიტეს, რომლებიც ევროკავშირს რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერის საშუალებას არ აძლევდა.

9 დეკემბერი

  • მექსიკაში კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში სანაპირო ზოლის მძიმე ეკოლოგიურ დაზიანებაზე ისაუბრა. აფხაზეთის სანაპირო ზოლზე რუსეთი ინერტულ მასალებს ყოველგვარი წესების გარეშე მოიპოვებს, რის გამოც შავი ზღვის სანაპირო დეფორმაციას განიცდის.

  • ესტონეთი პირველი იანვრიდან ევროზონის წევრი მე-17 სახელმწიფო გახდება. ის ბალტიის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ევროს შემოიღებენ. ეკონომიკური კრიზისის დროს ბევრ ესტონელს ეს არცთუ ისე სასიხარულო ამბად მიაჩნია.

  • 86 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე მაღალია იმ რესპონდენტთა ოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ მთავრობის ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში „ეფექტიანია“, ნათქვამია 2010 წლის კვლევაში „გლობალური კორუფციის ბარომეტრი”, რომელიც Transparency International-მა 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

0x01 graphic

  • ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც კუბაში, გუანტანამოს ციხეში მყოფი პატიმრების აშშ-ის ტერიტორიაზე გადაყვანას არ დაუშვებს. კონგრესმენებმა დოკუმენტის მიღება 6 ზედმეტი ხმით შეძლეს. ეს დარტყმას აყენებს ობამას გეგმებს, რომლის მიხედვითაც, გუანტანამოს პატიმრების გასამართლება აშშ-ის სასამართლოებში უნდა მომხდარიყო.

10 დეკემბერი

0x01 graphic

  • ლონდონში სტუდენტების აქციამ პიკს მიაღწია. როგორც BBC იუწყება, აქციის დროს სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სტუდენტებმა მანქანებს ქვები დაუშინეს. ერთ-ერთ მანქანაში პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, პრინცი და მისი მეუღლე არ დაშავებულან, თუმცა მანქანა დაზიანდა.

4 დიპლოპორნო

▲back to top


არენა

გია ნოდია

0x01 graphic

ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც Wikileaks-ის სკანდალმა მოიტანა, არის ის, რომ არანაირი დიდი აღმოჩენა არ მომხდარა. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში (როგორც ვიცით, მასალების ბეჭდვა გრძელდება). ეს თავისთავად განმაცვიფრებელია. ვიღაცები შეძვრნენ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის ყველაზე საიდუმლო ოთახებში და იქიდან ყველაზე საიდუმლო დოკუმენტები გამოიტანეს. და რა გავიგეთ? რა ფარულ გარიგებებში იყვნენ ჩართული ევროამერიკელი იმპერიალისტები? როგორ ურიგდებოდნენ ისინი საზიზღარ დიქტატორებს და ხარბ კორპორაციებს, რომ უფრო კარგად გაეფცქვნათ მესამე სამყაროს საწყალი ერები და ეწამებინათ მათი ხალხები? ვამხილეთ ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი? არაფერი ამის მაგვარი. გავიგეთ, რომ ჰილარი კლინტონი თურმე გაეროში ვიღაცებზე „შპიონობდა“. დიდი რამე! ან რომ საუდის არაბეთს სინამდვილეში სდომებია, რომ ამერიკამ ირანს დაარტყას. ახალი ამბავი!

აგვისტოს ომზეც გამოქვეყნდა რაღაცები. მერე, რა გავიგეთ არსებითად ახალი? მე პირადად, არაფერზე შემცვლია აზრი. თურმე, ელჩი ჯონ ტეფტი გაგებით ეკიდებოდა ჩვენს მოქმედებებს - თავიდანვე მომწონდა ეს კაცი, ჯაზიც უყვარდა და სხვა საკითხებშიც არ შეეშლებოდა. გავიგეთ, რომ რუსებთან მოლაპარაკებებისას სარკოზი ლავროვს სწვდა პიჯაკში (და არა, ვთქვათ, მედვედევს ჰალსტუხში). ხო, ეს კი მნიშვნელოვანი ამბავია.

ჩემთვის მთავარი დასკვნა ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის დიპლომატია გასაოცრად პატიოსანი ყოფილა. ცხადია, ის მთლად გულწრფელი ვერ იქნება, განსაკუთრებით არადემოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობისას, მაგრამ მისთვის შემარცხვენელი არაფერი გაგვიგია. მართალი გითხრათ, მეც ასეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, მაგრამ მიხარია, რომ დადასტურდა. ერთმა ამერიკელმა რომ მეორეს შინაურობაში უთხრას, სინამდვილეში რას ფიქრობს ბერლუსკონიზე ან ანგელა მერკელზე, რა არის ამაში არასწორი?

უფრო საინტერესო გახდა კამათი პრინციპებზე: ქმნის თუ არა Wikileaks-ის მაგვარი ორგანიზაციების საქმიანობა რაიმე საზოგადო სიკეთეს? არის ეს ინდივიდის დაცვა (საზიზღარი, რეპრესიული) ინსტიტუტებისგან, როგორც ენთუზიასტი სუპერმემარცხენეები გაიძახიან (მათ შორის ჩვენს პროგრესულ პრესაში)? თუ ეს არის სიტყვის თავისუფლების თავისთავად აუცილებელი პრინციპის განხორციელებას მოყოლილი შლამი, ურომლისოდაც ვერ იცხოვრებ, მაგრამ რომელიც აღფრთოვანებას სულაც არ იმსახურებს?

Wikileaks-მა დიდმკერდა ეროტიკული ვარსკვლავი პამელა ანდერსონი და მისი სექს-ვიდეოს ამბავი გამახსენა. პამელა თავის დროზე ჯერ შეეყარა, მერე კი გაეყარა ცნობილ დრამერს სახელად ტომი ლის. შეყრა-გაყრამ, ცხადია, დიდი სენსაცია მოახდინა მასობრივი კულტურის სამყაროში. წყვილის ცხოვრებაზე მრავალი ღირებული დეტალი გავიგეთ: მაგალითად, ის, რომ დრამერს სასქესო ორგანოზე სიტყვა „პამელა” დაუწერია ტატუდ.

გასაკვირი არაფერია: მასკულტურის ვარსკვლავები იმისია, რომ მათი ბიოგრაფიის ინტიმური დეტალები მილიონებმა იცოდნენ. Wikileaks-ს მახსენებს წყვილის თაფლობის თვის ამსახველი ვიდეო, რომელიც მათ მოპარეს და ინტერნეტში დადეს. ეს მასკულტურის სტანდარტითაც ექსტრაორდინარულია. პამელამ და ტომიმ ვიდეო კი გადაიღეს, მაგრამ არა საყოველთაო სარგებლობისთვის: მათაც კი აქვთ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უფლება.

Wikileaks-ის ინფორმაციული ღირებულება ამ ვიდეოსას ჰგავს. თაფლობის თვეზე წყვილს რომ სექსი ექნება, არავის ეჭვი არ ეპარება, მაგრამ კონკრეტულად როგორ გამოიყურება ეს სექსი, მაინც საინტერესოა. ასევე, ჩვენ კი ვიცით, რომ პოლიტიკოსები და დიპლომატები შინაურობაში უფრო ღიად და მწვავედ ლაპარაკობენ, ვიდრე კამერების წინაშე, მაგრამ სარკოზი იმენნა პიჯაკში რომ წვდება იმენნა ლავროვს, მაინც საინტერესოა. მასკულტურის ვარსკვლავის პირადი ცხოვრება უფრო ღიაა საზოგადოებისთვის, ვიდრე რიგითი ობივატელის. ამ ნორმას უკვე შევეჩვიეთ. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ კამერების გარეშე სექსის უფლება აღარა აქვთ? დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს. მაგრამ შეადგენს თუ არა საზოგადო სიკეთეს ის, რომ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს კონფიდენციალური საუბრის უფლება წავართვათ?

გამოხატვის თავისუფლება ლიბერალური საზოგადოების საკრალური პრინციპია. პორნოგრაფია ერთგვარი სასაზღვრო, ბუფერული სფეროა: თუ გამოხატვის თავისუფლება გინდა, პრაქტიკულად შეუძლებელია, პორნოგრაფიაც არ შეიწყნარო. ყოველ შემთხვევაში, დასავლური დემოკრატიების გამოცდილება ამას გვასწავლის. ამიტომ პორნოგრაფიის უფლებების დაცვა კონკრეტულ კონტექსტში აზრიანია: თუ ეს ბუფერული ზონა დაცულია, ზოგადად სიტყვის თავისუფლების სფეროს ნაკლები საფრთხე ემუქრება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პორნოგრაფიის საყოველთაო მისაწვდომობა, თავისთავად, საზოგადო სიკეთედ ჩავთვალოთ და მისი მწარმოებლები გმირებად ვაქციოთ.

ჯულიან ასანჟი დიპლომატიის პორნოგრაფია. სულ სისულელეა, რომ მან რაღაც ახალი მიჯნა შექმნა სიტყვის თავისუფლებაში, „თავდაყირა დააყენა“ ჩვენი წარმოდგენები პოლიტიკაზე, ან ახალი დაცვა შეუქმნა ინდივიდს ინსტიტუტებთან ბრძოლაში. დასავლეთის „რეპრესიულ ინსტიტუტებს“ თავშიც არ გაუვლიათ Guardian-ის ან New York Times-ის დასჯა იმისთვის, რომ მათი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ინფორმაცია გამოაქვეყნეს. თვითონ ასანჟი გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს: პორნოგრაფისგან ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, არა? ცხადია, თუ არსებობს რამე კანონიერი საფუძველი, რომ საიდუმლო ინფორმაციის ქურდები ამ ქურდობისთვისაც დაისაჯონ, რატომაც არა - ეს კონკრეტული სამართლებრივი საკითხია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბერალური პოლიტიკური ინსტიტუტები - რომლებიც შეზღუდულია კანონით და გონივრული გამჭვირვალობის პირობებში მუშაობს - ინდივიდის რეპრესიას კი არ ახდენს, არამედ მისი თავისუფლების აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ მათი დაცვა, გონივრული კონფიდენციალურობის უფლების ჩათვლით, ლეგიტიმურია.

Wikileaks-ის მაგვარი სკანდალები ისევე გარდუვალია თავისუფალი საზოგადოებისთვის, როგორც პორნოგრაფიის საზოგადო მისაწვდომობა. ზოგადად, ამაზე მსჯელობის საფეხური დიდი ხნის გავლილია დემოკრატიულ ქვეყნებში. დღეს კამათი მხოლოდ იმაზეა აზრიანი, ქმნის თუ არა Wikileaks-ი საზოგადო სიკეთეს. ამ მხრივ, ჯულიან ასანჟის ადგილი ნებისმიერი სხვა პორნოგრაფის გვერდზეა. არანაირ თანაგრძნობას, მით უმეტეს აღფრთოვანებას Wikileaks-ის შემქმნელი ჩვენგან, თავისუფლების მოყვარული ადამიანებისგან, არ იმსახურებს.

5 რუსული „სპრუტის“ თაფლიანი ხაფანგი

▲back to top


პოლიტიკა

ბრიტანელი დეპუტატის რუსი თანაშემწის ჯაშუშობაში მხილებამ „ყველაზე პრორუსი პარლამენტარის” რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა. ჯაშუშურმა სკანდალმა ბრიტანელებს ცივი ომი გაახსენა. ისინი დაფიქრდნენ, რამდენად დაცულია ქვეყნის უსაფრთხოება იმ პირობებში, როდესაც რუსეთი დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლებო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში აგენტურის ჩანერგვას, ასევე ევროპის პოლიტიკურ ლიდერებზე უშუალო ზეგავლენის დამყარებას აქტიურად ცდილობს.

გაერთიანებული სამეფოს კონტრდაზვერვის სამსახურმა 5 დეკემბერს პარლამენტის წევრის, ლიბერალ-დემოკრატ მაიკ ჰენკოკის თანაშემწე, 24 წლის კატია ზატულივეტერი დააკავა. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი და დეპორტაცია ემუქრება. ჰენკოკი პარლამენტის ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრია და კლასიფიცირებულ დოკუმენტებზე მიუწვდება ხელი. ამას, გამოძიების მონაცემებით, კატია ზატულივეტერი ბრიტანეთის თავდაცვის სისტემაზე ინფორმაციის მოსაგროვებლად იყენებდა.

ჰენკოკის მტკიცებით, სამსახურში მიღებამდე მისი მომავალი თანაშემწე კონტრდაზვერვამ შეამოწმა. თუმცა, როგორც ბრიტანულმა Guardian-მა გაარკვია, ზატულივეტერს ანტიდასავლური პოლიტიკური შეხედულებები სამსახურში მიღებამდე არ დაუმალავს. კერძოდ, 2008 წელს ბრიტანეთის თავდაცვის ფორუმისთვის დაწერილ ნაშრომში ის წერდა, რომ რუსეთი „იძულებული გახდა” საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა, კონფლიქტი კი აშშ-სა და NATO-ს მიერ იყო პროვოცირებული.

კატია ზატულივეტერი რამდენიმე თვის განმავლობაში არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაცია Article 19-ში სტაჟირებას გადიოდა. ეს ორგანიზაცია საკუთარ მიზნებად გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების მხარდაჭერას აცხადებს. რუსი სტუდენტი ევროპის პროგრამაში თანამშრომლობდა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის უფლებადაცვით და სამეცნიერო წრეებში შეღწევა რუსეთის „გავლენის აგენტების” ჩვეული პრაქტიკაა.

რაც შეეხება ჰენკოკს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ზოგიერთი კოლეგა მას „მთელ დასავლეთ ევროპაში ყველაზე პრორუს” პოლიტიკოსს ღიად უწოდებდა. ისინი ეჭვებსაც გამოთქვამდნენ, რომ ბრიტანელის პრორუსულობა მოსკოვისგან ფინანსდებოდა. ჰენკოკის მიერ რუსული რეჟიმის ქება მის კოლეგებს ზოგჯერ შოკში აგდებდა.

რუსეთის დასაცავად ჰენკოკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, 2008 წლის აგვისტოში განსაკუთრებით გამოიდო თავი. „რა მოხდებოდა, რუსეთი რომ არ ჩარეულიყო, საქართველოს კი მშვიდობიან მოქალაქეთა დახოცვა გაეგრძელებინა. ვიღაცას ეს მკვლელობები უნდა შეეჩერებინა”, _ განაცხადა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ჰენკოკმა და ისიც დასძინა, რომ კრემლი საკუთარი ქმედებებისთვის მადლობას იმსახურებს.

ჰენკოკის ევროპელი კოლეგები იმასაც იხსენებენ, რომ ბრიტანელი დეპუტატი თანაფრაქციელებთან შეხვედრებზე ახალგაზრდა რუსი გოგონების თანხლებით მიდიოდა.

Daily Telegraph-ი 64 წლის დეპუტატის კიდევ ერთი რუსი „პროტეჟეს” ვინაობას ასახელებს. ეს 25 წლის ეკატერინა პადერინაა, რომელიც ბრიტანეთში სტუდენტური ვიზით მოხვდა და 50 წელს მიღწეულ ბრიტანელ მეზღვაურზე გათხოვდა. ხელისუფლება ამ ქორწინებას ფიქტიურად მიიჩნევდა, ცოლ-ქმარს პრობლემები გაუჩნდა და მათ დახმარებისთვის ჰენკოკს მიმართეს. გაზეთის ინფორმაციით, ჰენკოკმა წყვილის პრობლემები მოაგვარა, თუმცა პადერინასთან რომანი გააბა. საქმე განქორწინებით დასრულდა, ჰენკოკმა კი პადერინა თანაშემწედ აიყვანა.

ახალგაზრდა ქალებით გატაცებული პარლამენტარის ამბავმა ბრიტანელებს ცივი ომის დროინდელი სკანდალი გაახსენა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ პროფიუმო 1963 წელს მეძავ კრისტინ კელერთან კავშირში ამხილეს, რომელიც, იმავდროულად, რუსეთის სამხედრო ატაშეს საყვარელი იყო. სპეცსამსახურებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კელერი რუსებისთვის მუშაობდა და მინისტრისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას რუსებს აწვდიდა. კელერისთვის ბრალის წაყენება საკმარისი სამხილების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, ის მხოლოდ ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაადანაშაულეს და ცხრათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროფიუმო მეძავთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, საბოლოდ, ამ ფაქტის აღიარება და თანამდებობიდან გადადგომა მოუხდა. მოგვიანებით პოსტი პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ მაკმილანმაც დატოვა.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი

ცივი ომის დროინდელი ყველაზე მძიმე ჯაშუშური ისტორია ბრიტანეთისთვის კიმ ფილბის ამბავი გახდა, რომელიც საბჭოთა დაზვერვაზე ჯერ კიდევ 1933 წლიდან მუშაობდა. 1940 წელს მან კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა და საბჭოთა მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ფილბიზე ეჭვი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა 1951 წელს, საბჭოთა ჯაშუშური ქსელის ე.წ. „კემბრიჯის ხუთეულის” (რომელშიც ფილბიც შედიოდა) ორი წევრის - საგარეო უწყების თანამშრომლის დონალდ მაკლინისა და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის გაი ბერჯესის ჩავარდნის შემდეგ მიიტანეს. თუმცა, ფილბის წინააღმდეგ სამხილების წარდგენა ვერ მოხერხდა. იგი ბრიტანულ დაზვერვაში 1963 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც ბეირუთიდან მალულად საბჭოთა კავშირში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე პერსონალურ პენსიაზე ცხოვრობდა.

როგორც ჩანს, ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა ყურადღება მოადუნეს - პრესა აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან საფრთხეს ლონდონი სერიოზულად აღარ აღიქვამდა. თუმცა, რუსული დაზვერვის შესაძლებლობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გარკვეულწილად, გაიზარდა კიდეც - დასავლეთის ქვეყნებს უამრავი მიგრანტი მოაწყდა, რომლებიც, როგორც ზატულივეტერის შემთხვევა მოწმობს, სახელისუფლებო სტრუქტურებში ინფილტრაციასა და ინფორმაციის მოპოვებასაც ახერხებენ.

რუს არალეგალ მზვერავებთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში, სავსებით ლეგალურად, რუსულმა კაპიტალმა შეაღწია. ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების საკუთრებაში ბრიტანეთის არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბები, არამედ გავლენიანი გამოცემებიც გადავიდა - რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრ ლებედევმა ჯერ გაზეთი Evening Standard-ი, შემდეგ კი Independent-ი შეიძინა.

თუ რამდენად ძლიერია რუსული გავლენა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკაზე, გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის მაგალითიც მოწმობს. ის ჩრდილოეთის ნაკადის მშენებლობაზე კონტრაქტის გაფორმებას ლობირებას უწევდა. 2005 წელს, კანცლერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სწორედ ჩრდილოეთის ნაკადის კონსორციუმის ხელმძღვანელი გახდა, ხელფასის სახით კი წელიწადში 1,5 მილიონი ევრო დაენიშნა.

ამ ფაქტმა გერმანიის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ ყოფილი კანცლერი კორუფციაში ღიად დაადანაშაულა. შრედერმა მას სასამართლოში უჩივლა, რომელმაც ვესტერველეს ამ ბრალდების გამეორება აუკრძალა.

ჩრდილოეთის ნაკადთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალს ადგილი ფინეთში 2008 წელს ჰქონდა. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტაპიო ლიპონენი გაზპრომთან გარიგებაში დაადანაშაულეს. იგი კონსულტაციებს უწევდა ჩრდილოეთის ნაკადის კონსორციუმს, რომელსაც ფინეთისგან ნებართვა ესაჭიროებოდა. ლიპონენი იმაში დაადანაშაულეს, რომ რუსული პროექტის გარემოს დაცვაზე ზემოქმედების დადებითი დასკვნის მოპოვებაში მან მთავრობაში საკუთარი კავშირები გამოიყენა.

რუსეთის ინტერესების გატარებას ევროპაში გაზპრომის კიდევ ერთი პროექტი - სამხრეთის ნაკადი ემსახურება. შეთანხმებას კონსორციუმის შექმნის შესახებ 2008 წელს რუსულმა მონოპოლიამ და იტალიურმა კონცერნმა ENI-იმ მოაწერეს ხელი. 2008-2010 წლებში შეთანხმებები პროექტის რეალიზაციაზე ბულგარეთთან, სერბეთთან, უნგრეთთან და ავსტრიასთან გაფორმდა.

2009 წლის ივნისში ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნაბუქოს პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით რუსულ პროექტში მონაწილეობას წყვეტს. თუმცა, 2010 წლის ნოემბერში ბულგარეთის ახალი პრემიერის ბოიკო ბორისოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ფარგლებში სამხრეთის ნაკადში ბულგარეთის ჩართვაზე ახალი შეთანხმება გაფორმდა.

Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაცია იტალიის ხელისუფლებაზე რუსეთის ზეგავლენის გამო შეშფოთებული იყო. ამერიკული დიპლომატიური მიმოწერის თანახმად, იტალიის საგარეო პოლიტიკა იმაზეა მიმართული, რომრუსეთს უარი არაფერზე უთხრას”. სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ იტალიის მთავრობა გაზის კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპის ენერგოუსაფრთხოების საერთო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

იტალიური მედია და ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ რუსეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმებით სილვიო ბერლუსკონი პირადად ფინანსურად იყო დაინტერესებული.

2004 წელს ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის როლანდას პაკსასის იმპიჩმენტი დაამტკიცა - გამოძიებამ დაადგინა, რომ პრეზიდენტი რუსულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობდა, მისგან დაფინანსებას იღებდა და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასაც აწვდიდა.

2004 წლიდან 2009 წლამდე კი უნგრეთის მთავრობას ფერენც დურჩანი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელის მთავრობა ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა და მოსკოვისთვის მომგებიანი ენერგეტიკული გარიგებების გაფორმებას ცდილობდა.

მოსყიდვებისა და ჯაშუშობის გარდა, კრემლი ევროპაში საკუთარი ინტერესების გატარებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებითაც ცდილობს. ამისთვის მას ევროპულ საპარლამენტო ინსტიტუტებსა თუ მედიაში აქტიური მხარდამჭერები ეგულება.

6 კერძო სკოლები - ბრძოლა არსებობისათვის

▲back to top


პოლიტიკა

ცოტა ხნის წინ, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ კერძო სკოლებისთვის „მოიცალა“. „ძალიან მაინტერესებს სწავლების დონე ამ სკოლებში. 20 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!“ - თქვა მან დირექტორებთან შეხვედრისას.

0x01 graphic

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

ამ თანხაში მინისტრი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ per capita - სულადობრივ - დაფინანსებას გულისხმობდა, რომელიც ვაუჩერული სისტემის სახელითაა ცნობილი. ამ მოდელის მიხედვით, ფინანსდება მოსწავლე და არა სკოლები, როგორც ეს ძველ სისტემაში ხდებოდა. მაშინ, სკოლებს მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად აფინანსებდნენ. ზოგიერთი სკოლა სხვებზე უკეთეს დაფინანსებას კარგი კავშირებით მეშვეობით იღებდა.

ვაუჩერი რომ არა, კერძო სკოლა ბევრი მშობლისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. სწავლების ნაწილს ისინი ვაუჩერის საშუალებით, ხოლო ნაწილს საკუთარი ჯიბიდან იხდიან. ვაუჩერის ფული გადასახადის გადამხდელთა ფულია. მშობელს სამინისტრო კი არა, გადასახადის გადამხდელი საზოგადოება აფინანსებს. სახელმწიფოს ფუნქცია კი ადმინისტრირებაა. ის კრებს ფულს, რომ მშობლამდე მივიდეს. თავის მხრივ, მშობელს ეს ფული სკოლაში მიაქვს.

ეს სისტემა საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებისთანავე დაინერგა. განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას, განცხადებით, ამგვარი მიდგომის შემოღებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. საზოგადოების წევრებს უნდა გაეაზრებინათ, რომ ისინი თვითონ არიან სერვისის შემსყიდველები. სერვისის მომწოდებლებს - სკოლებს - შორის კი კონკურენცია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევდა. ასევე უნდა დამკვიდრებულიყო სამართლიანობა, რადგან მანამდე ორი მსგავსი სკოლა ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში სხვადასხვა ოდენობის დაფინანსებას იღებდა. სკოლებს უნდა შეემცირებინათ არასათანადო ხარჯებიც.

ვაუჩერული სისტემის იდეის ხარვეზებით განხორციელებამ მას მიზნების მიღწევაში შეუშალა ხელი. დღეს საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სუბსიდიებზეა დამოკიდებული. ეფექტის მისაღებად ვაუჩერი სკოლების დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა ყოფილიყო.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, რომელსაც წყაროდ განათლების სამინისტრო მოჰყავს, ზაფხულის პერიოდში დამატებით 1200-მდე, ზამთარში კი 1400-მდე სკოლას (2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში სულ 2179 საჯარო სკოლა იყო) აფინანსებენ. განათლების სამინისტრომ ტაბულასთან ამ თემაზე გასაუბრება არ ისურვა.

გარდა ამისა, ვაუჩერი არათანაბარია: ქალაქის, სოფლის და მაღალმთიანი სკოლებისთვის სხვადასხვაა. თავი რომ დავანებოთ იმ მცირედ დასახლებულ რეგიონებს, სადაც დიდ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სკოლაა და კონკურენცია ვერ იქნება, ან იმ სკოლებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვები სწავლობენ და ობიექტურად მეტი ფული სჭირდებათ, უთანასწორობაა ქალაქის ტიპურ სკოლებს შორისაც.

ქალაქის წარმატებულ სკოლას, რომელიც 400 ბავშვზე მეტის მიზიდვას ახერხებს, ვაუჩერის მოცულობას უმცირებენ. ისეთ სკოლებს კი, რომლებიც ბავშვებს ვერ იზიდავენ, უფრო დიდ ვაუჩერს აძლევენ, რათა არ დაიხუროს. ეს სკოლებს გაუმჯობესების მოტივაციას უმცირებს. ჩნდება კითხვა - რატომ უნდა დაიქირავოს სკოლამ საუკეთესო მასწავლებლები და აირჩიოს საუკეთესო წიგნები, თუკი მას წარმატებისთვის დასჯიან?! გამოსავალი ამ სკოლებისთვის ვაუჩერის გათანაბრება იქნებოდა. წარუმატებელი სკოლა კი ან დაიხურებოდა, ან წარმატებულ სკოლას გადაეცემოდა სამართავად.

რაც შეეხება კერძო და საჯარო სექტორს შორის კონკურენციას, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლის მოსწავლეებიც მინიმალურ ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ, თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში არიან. ხშირად კერძო სკოლებს ვაუჩერით გათვალისწინებული თანხის ფართის ქირაში გადახდა უწევთ. ეს მაშინ, როდესაც საჯარო სკოლებისთვის ვაუჩერი შეიძლება არასაკმარისი, მაგრამ საოპერაციო ხარჯია და ისინი დამატებით სუბსიდიებსაც იღებენ ამა თუ იმ პროგრამის ფარგლებში. ეს, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, კერძო სკოლებს ისეთი სეგმენტების დაკავებისაკენ უბიძგებს, როგორიცაა, მაგალითად - მაღალი ხარისხი და მაღალი ფასი. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ კერძო სკოლებისთვის ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.

ვაუჩერული დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სკოლების ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის გარეუბნებსა და რეგიონებში. თეიმურაზ ბეიტრიშვილი, რომელიც მუხიანში მდებარე კერძო სკოლა პრომეთეს დირექტორია, ამბობს, რომ ვაუჩერით მიღებულ თანხას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაფერზე თავად სკოლას უწევს ზრუნვა.

ვაუჩერი მისი ხარჯების 25-30%25-ს შეადგენს. პრომეთეში სწავლების საფასური წელიწადში 950 ლარია. ბეიტრიშვილის თქმით, მინისტრის გამოთქმული შენიშვნა სწავლების ხარისხთან დაკავშირებით მის სკოლას არ ეხება, რადგან არც ერთ წელს ჩავარდნა არ ჰქონია. გასულ წელს მისმა 32-ვე კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში და უმეტესობამ გრანტიც მიიღო.

იმაზე, რომ მომხმარებლები კერძო სკოლებში სწავლების დონეს არ უჩივიან, ის მეტყველებს, რომ 2009-2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 283 კერძო სკოლაა და მათში დაახლოებით 48 ათასი მოსწავლე სწავლობს. ეს სკოლები საჯაროსთან შედარებით მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობენ. თუმცა, ლიცენზიას მათ სამინისტრო აძლევს და ეროვნული სასწავლო გეგმით ასწავლიან.

მეორე მხრივ, მინისტრის ჩივილი სწავლების ხარისხზე ლეგიტიმურიც შეიძლება იყოს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის შემთხვევაში. თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემას სახელმწიფოს ჩარევა ვერ უშველის, რადგან პრობლემას სწორედაც რომ ჩარევა ქმნის.

შემდგომში იგი უფრო მეტი რეგულაციის მიზეზი ხდება - იქნება ეს მასწავლებლებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდა, თუ სახელმძღვანელოების კონტროლი. განათლების სამინისტრო სკოლებს უწესებს მასწავლებელთა დაქირავების სტანდარტებს, უმტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო განაკვეთებს. ითვლება, რომ ბიუროკრატმა სკოლაზე უკეთ იცის.

სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ სკოლებს გაუმჯობესების სტიმული არა აქვთ. მათ არ აკონტროლებს სამართლიანი კონკურენცია. ზოგადი განათლების დონის ასამაღლებლად კი სწორედ ამაზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნაა საჭირო.

7 ვიღაცამ მცველი არწივის ბუდეს გადაუფრინა

▲back to top


პოლიტიკა

წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშშ იძულებული გახდა პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების დამატებით /გარანტიებზე საიდუმლოდ ეზრუნა, საქართველოსთვის კი სამხედრო დახმარება პრაქტიკულად შეეჩერებინა. ობამას ადმინისტრაციის მიერდეკლარირებული გადატვირთვის წინააღმდეგობრივი პოლიტიკის დეტალები Wikileaks-ის მასალებიდან გახდა ცნობილი.

მასალები ცხადყოფს, რომ რუსეთის კეთილგანწყობის კენ სწრაფვამ ობამას ადმინისტრაციას ორმაგი სტანდარტით მოქმედებისკენ უბიძგა. რუსეთში აშშ- ის ელჩის ჯონ ბეირლის 2009 წლის ივნისით დათარიღებულ წერილში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აშშ-მ საქართველოს სამხედრო დახმარებაზე უარი უნდა თქვას გადატვირთვის პოლიტიკის წარმატებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არ ითანამშრომლებს მათთან, მათ შორის არც ირანის საკითხში, წერდა ელჩი.

ბეირლი მიიჩნევდა, რომ იარაღის მიწოდება საფრთხის წინაშე ისევ საქართველოს უსაფრთხოებას დააყენებდა, რადგანაც ეს გაზრდიდა ახალი ომის დაწყების შესაძლებლობას, რომელშიც ქვეყანა აუცილებლად დამარცხდებოდა.

Foreign Policy-ს თანახმად, ამ პოზიციას ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ მაკფოლიც იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ გადატვირთვის პოლიტიკა საქართველოს იცავს. მისი აზრით, დღეს კრემლს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის სახით დასაკარგი აქვს. ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის, ალექსანდრ პეტერსენის განცხადებით, დღეს აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოსთან ურთიერთობაში რუსეთის ფაქტორს 100 პროცენტი უკავია, მაშინ როცა 25 პროცენტი უნდა ეკავოს.

აშშ-მ იზრუნა იმისთვის, რომ პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების დასაცავად NATO-ს თავდაცვითი გეგმაკოდური სახელწოდებით „მცველი არწივი” (Eagle Guardian) შეემუშავებინა.

0x01 graphic

NATO-ს მიერ 2010 წლის იანვარში მიღებული გასაიდუმლოებული გადაწყვეტილების თანახმად, ალიანსის თავდაცვითი გეგმა პოლონეთთან ერთად ესტონეთზე, ლატვიასა და ლიტვაზეც გავრცელდა. გეგმის თანახმად, NATO-ს 9 დივიზია (ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და პოლონური) სამხედრო მოქმედებებისთვის იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუ პოლონეთზე ან ბალტიის სამ ქვეყანაზე თავდასხმა მოხდება.

დიპლომატიური მიმოწერიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც მარტივად არ ყოფილა მიღებული. 2008 წლის ომის შემდეგ, უკვე 15 აგვისტოს რიგიდან გაგზავნილ წერილში აშშ-ის ელჩი ლატვიაში იტყობინებოდა, რომ ლატვიაში დაიწყო დისკუსიები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა აგრესია მათი ქვეყნების მიმართაც გამოიყენოს.

2008 წლის ოქტომბრით არის დათარიღებული წერილები ლიტვაში აშშ-ის საელჩოდან, რომლებშიც ჩანს, რომ ლიტველები დაჟინებით სთხოვენ რუსეთისგან დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნას NATO-სა და ევროკავშირს. 2008 წელსვე აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან შეხვედრაზე რაისმა ვერ შეძლო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შიში არ იყო ისტერია. 2009 წლის ადრეულ ოქტომბერში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს ესტონეთში ეს საკითხი ასევე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა.

Wikileaks-ის მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ საწყის ეტაპზე ბალტიის ქვეყნების დამატებით დაცვას ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ გერმანია, რომელიც რუსეთ-NATO-ს დაახლოებისთვის საფრთხის შექმნას მოერიდა, არამედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაც. წინააღმდეგი იყო პოლონეთიც, რომელსაც თავდაცვით გეგმაში მარტო დარჩენა სურდა. საბოლოო გადაწყვეტილებამდე NATO ბალტიის ქვეყნების კატეგორიულმა პოზიციამ მიიყვანა.

თუმცა, აშშ-მ გადატვირთვისა და რუსეთ-NATO-ს დაახლოების პროცესის ჩაშლის შიშით ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება ვერ გაბედა - Wikileaks-ის მასალების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მითითებით გადაწყდა, რომ ინფორმაცია ამ გეგმის შესახებ გასაიდუმლოებული ყოფილიყო.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ ფაქტის გამჟღავნებასთან დაკავშირებით თავშეკავებული რეაქცია გამოავლინეს. 7 დეკემბერს გამართულ რუსეთ- ევროკავშირის სამიტზე, აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ინტერფაქსმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების კომენტარი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მსგავსი ინფორმაცია რუსეთს ბევრ კითხვას უჩენს” და რომ „რუსეთი ამის თაობაზე ინფორმაციას უკვე ფლობდა”.

8 ფრანკენშტეინის საკვები

▲back to top


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

70-იან წლებში მსოფლიო პრესა აღტაცებული წერდა იმაზე, რომ ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანები, გავიყინებით. ან გლობალური ბირთვული ომი მოგვკლავს. წამყვანი გამოცემები - სამეცნიერო-პოპულარული, პირველ რიგში! - გარდაუვალ ახალ გამყინვარებას წინასწარმეტყველებდნენ. ერთ-ერთი სრული სერიოზულობით სთავაზობდა კაცობრიობას არქტიკული ყინულის შავად შეღებვას, რათა მზის სინათლე არ აერეკლა და დედამიწას სითბო შეენარჩუნებინა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეს პერუს მთებში მყინვარებს ღებავენ! ოღონდ შავად კი არა - თეთრად, რათა მზის სინათლე აირეკლოს და სითბო დედამიწაზე არ შეგროვდეს. ერთი კაცთმოყვარე ენთუზიასტის ამ მეცადინეობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და უხარია, რომ დედამიწას ეხმარება. 70-იანების ტექსტებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იმ დროს ყველაზე პოპულარული სიტყვები იყო „კატასტროფა”, „გლობალური”, „ზამთარი“, „შიმშილი” და „ბირთვული”. დღესაც იგივეა, ოღონდ „ბირთვული” უნდა შეიცვალოს სიტყვით „ეკოლოგიური”, „ზამთარი” კი „ზაფხულით”. სიტყვები „წამყვან ევროპელ მეცნიერებს მიაჩნიათ“ შეიძლება უცვლელად დავტოვოთ.

21-ე საუკუნეში მსოფლიო პრესა აღტაცებული წერს იმაზე, რომ მომავალ თაობებს გლობალური დათბობის შედეგად ადიდებული წყალი დაახრჩობს. ან გენურად მოდიფიცირებული პროდუქტი მოკლავს.

მე რომ მკითხოთ, 40 წელიწადში არაფერი შეცვლილა: პრესას თუ დავუჯერებთ, ასე თუ ისე, საბოლოოდ მაინც მოგვეხაზება!

გლობალურ დათბობაზე სხვა დროს დავწერ. ახლა ჩვენი ეკოლოგიური გადაშენების თემა უფრო მაინტერესებს.

პირადად მე გენურად მოდიფიცირებული პროდუქტების მომაკვდინებლობის არ მჯერა.

გენური ინჟინერია არის სურსათის წარმოების რევოლუციური გზა, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ პროდუქტი - უფრო კარგი თვისებებით, ან უფრო იაფი, ან ორივე. მცენარის სხვადასხვა გენების მანიპულირების მიზანია მცენარის მოსავლიანობის, ან დაავადებებისა და პარაზიტებისადმი მდგრადობის გაზრდა, ან ორივე.

ვაშლატამა ხომ გაგისინჯავთ? ბუნებრივად მომხდარი გენური მოდიფიკაციის შედეგია. ადამიანის მიერ გენურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს (ძირითადად, სიმინდსა და ბრინჯს) კი მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანი მოიხმარს ყოველწლიურად. ეს ბოლო 20 წელია, მათ შორის ჩვენც.

აქვე უნდა ვთქვა, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ეხება მხოლოდ მცენარეებს. მოდიფიცირებული ცხოველური ცილები ბაზარზე არ არის, მით უმეტეს სამარხვო პროდუქტებში (ეს “თეორიაც” პოპულარულია!). ვინც ამას ამბობს, უბრალოდ იტყუება ან არ იცის, ან ორივე!

არც ერთი, თუნდაც „წამყვანი ევროპელი მეცნიერების”, გამოკვლევა არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა გენმოდიფიცირებული პროდუქტების ადამიანისთვის მავნებლობას. სინამდვილეში, ადამიანის ორგანიზმისთვის სულერთია, თუ როგორი „პერსონალური” ისტორია ჰქონდა მის მიერ შეთვისებულ ნივთიერებებს. „გენმოდიფიცირებული” (მაგალითად, ნორმალურზე ორჯერ დიდი ტევადობის) დოქიდან იგივე საფერავი რომ დალიოთ, ამით რა შეიცვლება თქვენი სიმთვრალის ხარისხის თვალსაზრისით?

0x01 graphic

უსაფრთხო თუ არ არის, ასეთი აჟიოტაჟი საიდან? პირველ რიგში, ირაციონალური შიშისგან. ხომ გაგიგიათ, რომ ეშმაკისეულია, რომ ამერიკას ქართველი ერის განადგურება უნდა და მრავალი სხვა ამისთანა სისულელე? პანფობია (ყოველგვარი ახლის შიში) ზოგადად ადამიანებისთვის დამახასიათებელია: ხან მომავალი სიცივის გვეშინია, ხან სიცხის; ხან ღორის ან ქათმის გრიპის, ხან ოზონის ხვრელის. მოსალოდნელ კატასტროფებზე ბოლო 100 (და მეტი!) წელია ლაპარაკობენ, ყოველი ახალი თაობა - თავისაზე. არ გამიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობა უაღრესად საშიში ძროხის ანგინის პანდემიის საფრთხის წინაშე დადგება!

როგორც იტყვიან, ამ ირაციონალურ შიშებს „მავანნი იყენებენ”. მაგალითად, სენსაციების მადევარი პრესა. ან ორთოდოქსი ტრადიციონალისტები, ან ევროკომისიის, გაეროსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებში უსაქმური ბიუროკრატები, რათა საქმე ჰქონდეთ და მათ მაღალ ხელფასებს კი - გამართლება. ბიუროკრატები ამ მხრივ უფრო მავნებელნი არიან, რადგან არარსებულ პრობლემებს ჯერ იგონებენ, მერე კი მათ გადაწყვეტაზე ზრუნავენ. მაგალითად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების სავალდებულო მარკირების გზით.

დავიწყოთ იქიდან, რომ თავისუფალი ბაზრის მუშაობაში ჩარევა სახელმწიფოს საქმე არ არის: თუ მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფს უნდა, რომ დანამდვილებით იცოდეს პროდუქტის წარმოშობა, მოთხოვნა/მიწოდების ფუნდამენტური კანონის თანახმად, აუცილებლად გაჩნდება პროდუქტის ისეთი მიმწოდებელი, რომელიც მის წარმოშობის დამადასტურებელ მარკირებაზე იზრუნებს. ხომ გინახავთ, ღვინის ბოთლებს რომ აწერია, ამა და ამ ვენახიდან არის ყურძენიო. ამას ხომ ყოველგვარი კანონის გარეშე აკეთებენ? აქაც იგივე იქნება.

გარდა ამისა, სავალდებულო მარკირება ფული ღირს. ანუ პროდუქტები გაძვირდება. ამ გაძვირებას გაინაწილებენ მომხმარებლები და ბიუჯეტი, ანუ ისევ მომხმარებლები, როგორც ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელები. არ მესმის, რატომ მაიძულებენ მე, რომელსაც არ აინტერესებს პროდუქტების გენეტიკური ბიოგრაფია, გადავიხადო მეტი სხვისი ირაციონალური შიშების გამო?

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, სავალდებულო მარკირების ეფექტიანად გაკონტროლება წარმოუდგენლად ძნელია. მაგალითად, პატარა სალობიოებში მჭადის მარკირება როგორ გავაკონტროლოთ? ალბათ, მოგვიწევს ახალი, გენეტიკური პოლიციის ჩამოყალიბება, რომელიც მოედება ქალაქებსა და სოფლებს...

ერთი სიტყვით, „ფრანკენშტეინის საკვებზე” ლაპარაკი სრულიად უსაფუძვლოა. მით უმეტეს, რომ თვითონ ფრანკენშტეინი გენმოდიფიცირებული არსება კი არა, არამედ ადამიანის ირაციონალურ შიშებზე მოთამაშე ფანტაზიური ქმნილებაა, რომელზეც დაწერილი წიგნები და გადაღებული ფილმები, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყიდება.

9 ახალი გამოწვევების წინაშე

▲back to top


ეკონომიკა

ტაივანი

0x01 graphic

აივანი „4 აზიური ვეფხვის” სახელწოდებით ცნობილი სახელმწიფოებიდან, ერთ- ერთია. მისი ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე, გასაოცარი სისწრაფითა და დინამიურობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მაგალითს „ტაივანურ სასწაულს” უწოდებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ტაივანი უკვე დასახელდა მოწინავე და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნად.

გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით, დღეს ეს ქვეყანა მსოფლიო ოცეულში შედის. მთავარი მიზეზი საგარეო ვაჭრობაში მისი აქტიური მონაწილეობაა: ბოლო 40 წლის განმავლობაში სწორედ საგარეო ვაჭრობის განვითარებამ მოუტანა ტაივანს ეკონომიკური კეთილდღეობა. დღეს იგი მსოფლიოში, კომპიუტერული აღჭურვილობების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.

ტაივანის ეკონომიკა, რომელიც მზარდი და დინამიურია, ექსპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ელექტრონული აღჭურვილობებისა და მანქანა-მოწყობილობების ექსპორტი ტაივანის მშპ-ს 70%25-ს შეადგენს. თუმცა ასეთი დამოკიდებულება, მსოფლიო მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში, ეკონომიკისთვის მტკივნეული ნაწილი იქნება. მაგალითად, 2009 წელს ექსპორტი 27%25-მდე შემცირდა.

ამჟამად ტაივანის ექსპორტი იმპორტზე მეტია. ამ ინდიკატორით იგი ჩინეთის, იაპონიის და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხეა. ჩინეთი იაპონიის შემდეგ მეორე წყაროა ტაივანური პროდუქციის იმპორტისათვის და პირველი, უცხოური ინვესტიციების სფეროში.

თავის მხრივ, ტაიბეიც პეკინთან ურთიერთობების დათბობით და მის ეკონომიკაში ინტეგრაციითაა დაინტერესებული. 2010 წლის იანვარში ტაივანსა და ჩინეთს შორის რამდენიმე სახის ხელშეკრულება დაიდო, რომლებიც საბანკო სისტემების დაცვას, უსაფრთხოებასა და დაზღვევას შეეხებოდა. ყველა ეს ხელშეკრულება ტაივანისათვის ახალი შესაძლებლობების წარმოშობას და მისი კომპანიების ჩინეთში თავისუფლად მუშაობის რეალიზებას ემსახურებოდა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულებები ჩინეთსაც აძლევს სარგებელს: მათი წყალობით მას ბევრად უფრო თავისუფლად შეუძლია ტაივანის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელება და ყველაზე მნიშვნელოვანი - მონაწილეობა მიიღოს ტაივანის ეკონომიკურ პროცესებში, მართალია შეზღუდული ფორმით, მაგრამ მაინც!

0x01 graphic

სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეადგინა ქვეყანების რეიტინგი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობის მიხედვით. შედეგებიდან ირკვევა, რომ წელს ამ ინდიკატორით ტაივანმა იაპონიას გადაუსწრო. იაპონიის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არის 33,800$, ხოლო ტაივანის - 34,700$. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრების ღირებულება ტაივანში იაპონიაზე სამჯერ უფრო იაფია, მოსახლეობის რაოდენობა კი ბევრად უფრო დაბალია.

თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაივანს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე იყენებს. მის სრულად ათვისებას რამდენიმე მიზეზი უშლის ხელს. ერთ-ერთი ტაივანის დიპლომატიური იზოლაციაა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში გავრცელდა სავაჭრო ხელშეკრულებები, ტაივანი კი დღემდე თავს იკავებს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციაზე - ასეთია მისი დიპლომატიური პოლიტიკა. ამას გარდა არის ასპექტები, რომლებზეც სამუშაო ჯერ კიდევ მრავლადაა, მაგალითად, კორუფციის დონე. ამ ინდიკატორით 179 ქვეყანას შორის ტაივანი 39-ე ადგილზეა, ბიზნესის კეთების სიადვილით კი 183 ქვეყნიდან 33-ე. ამის მთავარ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ შედარებით მაღალი გადასახადებია. მაგალითად, თუ ერთიანი განაკვეთი ტაივანში 40%25, ხოლო საქართველოში - 20%25 არის, მოგების გადასახადი საქართველოში 15%25, ტაივანში კი - 25%25-ია.

0x01 graphic

10 ფრედერიკ სტარი: „ცხოვრება თავად“ განსაზღვრავს ამერიკის პოლიტიკას კავკასიაში

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

ფრედერიკ სტარი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტაზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და აბრეშუმის გზისკვლევების პროგრამის თავმჯდომარე

  • რა გავლენას მოახდენს კონგრესის შუალედური არჩევნები ამერიკის პოლიტიკაზე კავკასიის რეგიონში?

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კავკასიას შორის ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა და განახლება გარდაუვალია. ეს ურთიერთობები ობამას პრეზიდენტობის პირველ წელს უდაბლეს ნიშნულზე დავიდა. ბაიდენის ვიზიტი თბილისში ამ თვალსაზრისით, უშედეგო იყო. მან სიტყვა სადღეგრძელოს ფორმით წარმოთქვა და თქვა ის, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობდა. კლინტონის ვიზიტი იყო აღიარება, რომ რეგიონის შემდგომი უგულებელყოფა დაუშვებელია.

მე ინტერესის უცაბედ ზრდას, ან ბრძნულ სტრატეგიას არა, მაგრამ ურთიერთობების მყარ, ეტაპობრივ აღდგენას ველი, პირველ რიგში, საქართველოსთან, და შემდეგ - აზერბაიჯანთან. რუსეთი არ ასრულებს საქართველოსთან ომის შემდეგ ნაკისრ ვალდებულებებს. მხოლოდ განცხადებები, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის რუსეთის ნაწილი, არასაკმარისია. კონკრეტული მოქმედებაა საჭირო. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა უფრო აქტიური და მიზანმიმართული პოლიტიკა კავკასიაში, მყარად იზრდება.

  • რა შეიძლება იყოს ამერიკის შემდეგი, კონკრეტული ნაბიჯი რეგიონში?

ამერიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ კავკასიაში არის ორი პრობლემა და მათზე თვალი არ უნდა დახუჭოს. პირველი ყარაბახია, ხოლო მეორე - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მოსკოვისთვის ძალზე მოსახერხებელი იყო ყარაბახის კონფლიქტის შენარჩუნება 20 წლის მანძილზე, და ის დღესაც ხელს ურევს „ყარაბახის სამზარეულოში”.

თქვენ ნახავთ მზარდ ინტერესსა და აქტივობას აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. მომავალ წელს აფხაზეთის კორუფციული მითვისების ისტორია ყველასთვის კარგად გახდება ცნობილი და სოჭის ოლიმპიადას დაუკავშირდება. ჩამოყალიბდება მტკიცე საზოგადოებრივი აზრი, და მთავრობები ევროპასა და ამერიკაში იძულებული იქნებიან მას ანგარიში გაუწიონ.

  • რუსეთი ცდილობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რისთვისაც მას საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება. ნაკლებსავარაუდოა, თბილისმა რუსეთის კლუბში მიღებას მხარი დაუჭიროს, სანამ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია.

საქართველო ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ამ კოზირის შენარჩუნებით. თბილისმა დიდი სიფრთხილე გამოიჩინა, რომ ამ საკითხის ზედმეტი პედალირება არ მოახდინა. რუსეთსა და მსო-სთან დაკავშირებით ისმის კითხვა: აპირებს თუ არა კრემლი მსო-ის პრინციპების ერთგულებას? თუ ის კლუბის წევრობას გეგმავს, მაგრამ კლუბის ჰალსტუხის გაკეთება ავიწყდება, მაშინ მისი მიღება ორგანიზაციაში სერიოზული შეცდომა იქნება.

  • პრეზიდენტი სააკაშვილი ერთიანი კავკასიის იდეით გამოდის, ახდენს რა ფოკუსირებას რეგიონულ პოლიტიკაზე. როგორია თქვენი შეფასება?

საზღვრისპირა რეგიონებს შორის კონტაქტები წესია და არა გამონაკლისი. რუსეთი ცდილობდა ყველასთვის თავს მოეხვია აზრი, რომ ჩრდილოეთ კავკასია „დაავადების ზონაა” და საჭიროა მისი იზოლირება და დღემდე მშვიდად თანხმდებოდნენ ამას. საქართველოს ინიციატივა აბსოლუტურად ლოგიკურია. რუსებს კარგად ესმით საქართველოს წინადადების ენა. ეს თამაში ორივე მხარეს შეუძლია.

  • ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ განსხვავებაზე პუტინსა და მედვედევს შორის. თქვენ თუ ხედავთ სხვაობას მათ შორის ღირებულებებისა და შეხედულებების თვალსაზრისით?

რუსეთის განვითარება არასოდეს ყოფილა მდგრადი და ევოლუციური - ხშირად ეს მასშტაბური და მოულოდნელი ცვლილებების გზით ხდებოდა. ყველა, ვინც გამორიცხავს მოულოდნელ ცვლილებებს რუსეთში, გულუბრყვილოა. არა მგონია, რუსეთის ხელისუფლება თავად გამორიცხავდეს ასეთ შესაძლებლობას. ისინი საკმაოდ ფხიზლად აფასებენ რეალობას და მოსალოდნელ საფრთხეებს. პუტინის მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ ცინიზმის დონე რუსეთში შემაშფოთებელია. ასეთ ცინიზმს არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებში, არამედ ხელისუფლების შიდა წრეებშიც შეხვდებით. ხელისუფლება თვითონ არის ცინიკური. ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გასტანს.

  • კონგრესის არჩევნების ფონზე როგორ დაახასიათებდით ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებს?

ფრანგული პარლამენტისგან ნასესხები „მემარჯვენე და მემარცხენე გეომეტრიის” გამოყენება ამახინჯებს რეალობას. სინამდვილეში წრიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე: ძლიერ იზოლაციონიზმთან და ასევე ძლიერ ინტერნაციონალიზმთან - ორივე პარტიაში. საჭიროა მსოფლიოში, რომლის განუყოფელი ნაწილიც ვართ, აქტიური პოლიტიკის გატარება. ეს გარდაუვალია, იმისდა მიუხედავად თუ როგორ იმუშავებს მემარჯვენე - მემარცხენეთა, ან რესპუბლიკელ - დემოკრატთა ურთიერთობები.

მემარჯვენეებსა და მემარცხენეებშიც, არის გარკვეული იზოლაციონიზმის ტენდენცია. ყოველთვის ასე იყო, და შესაძლოა, უფრო მეტი ხმაურის მიზეზია, ვიდრე სინამდვილეს შეესაბამება. ეს არის თვალსაჩინო ტესტი, რომელიც გვიჩვენებს, შეუძლია თუ არა ობამას ლიდერობა. მოახერხებს კი იგი აღიარებას, რომ ჩვენ „გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობები მსოფლიოში, და მათ ყურადღება უნდა დავუთმოთ”. ობამამ უნდა შეძლოს შეწინააღმდეგება იზოლაციონისტებთან საკუთარ და რესპუბლიკურ პარტიაშიც. მოახდენს იზოლაციონიზმი ვითარებაზე სერიოზულ გავლენას? არა მგონია.

  • თქვენი აზრით, საშინაო პოლიტიკას არ აქვს გავლენა საგარეო პოლიტიკაზე. ფიქრობთ, რომ ის, თუ როგორ გაართმევს თავს ობამა საშინაო გამოწვევებს, გახდის ეფექტიანს მის საგარეო პოლიტიკას?

ობამას არ აინტერესებს საგარეო პოლიტიკა. თუ ის უშინაარსოა, შეიცავს თეატრს და რიტორიკას, პრეზიდენტი კომფორტულად გრძნობს თავს. აქ გორბაჩოვის სიტყვებით ვიტყვი - „ცხოვრება თავად” აიძულებს მათ იზრუნონ ამერიკისათვის მსოფლიო ლიდერის სტატუსის დაბრუნებაზე - ასეთ ოპტიმიზმს მყარი საფუძველი აქვს, რადგან სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანია. ობამა 70-იანი, 80-იანი წლების ადამიანია, ერთგვარი უკანდახევაა.

ობამა ხშირად ხმარობს სიტყვას „პროგრესული”, თუმცა სინამდვილეში წინა ეპოქის კაცია. ეს ცივი ომისა და კონფრონტაციის ერაა, რომელშიც ევროპული სოციალიზმი საშინლად მომხიბვლელი ჩანდა - ობამა კვლავ ამ სიმღერას მღერის. „გადატვირთვა'' რუსეთთან იმის დასტურია, რომ ის კვლავ ცივ ომში იბრძვის და ცდილობს დადასტურებას, რომ ამ ომის მონაწილე არ არის.

რუსეთთან „გადატვირთვა” არაერთი მესამე ქვეყნის ხარჯზე მოხდა, და დღეს ბრძენი ხალხი ხვდება, რომ ბევრს ვთმობთ, თუმცა სანაცვლოდ თითქმის არაფერს ვიღებთ. ჩვენ ვერ მივიღებთ პუტინის დოქტრინას გავლენის სფეროების შესახებ, რომელიც დამღუპველია არა მხოლოდ კავკასიისა და ცენტრალური აზიისათვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგანაც ეს ქვეყანა იმპერიული სახელმწიფოს როლის დამკვიდრებისთვის იღვწის და არა ღია საზოგადოებისათვის.

თავის დროზე ბევრმა პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკას შეაფარა თავი. სახლში იმედგაცრუებულები ისინი საზღვარგარეთ მოგზაურობდნენ, სადაც ორკესტრებითა და აღლუმებით ხვდებოდნენ. მაგრამ ამერიკისათვის მთავარი გამოწვევა იმის აღიარებაა, რომ შეუძლებელია თავად აირჩიო მოედანი, რომელზედაც თამაში გინდა. ობამა გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა არც ერთ საკითხში არ გაუმართლა. „ცხოვრება თავად”, ანუ რეალობა განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, და არა ცალკეული ინდივიდების კაპრიზები და სურვილები.

11 კავკასიური კრაზანის ბუდე აფეთქების ზღვარზე

▲back to top


მსოფლიო

დაღესტანი

დაღესტნის რესპუბლიკაში ბოლო დროს სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა. 2010 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით აფეთქებებისა თუ ორმხრივი სროლის შედეგად ასზე მეტი სამართალდამცავი დაიღუპა. თითქმის ყოველდღე თავს ესხმიან შინაგან საქმეთა რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს. წინა კვირას კავკასიური ემირატის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმები არაბულს ლინგვა ფრანკად გამოიყენებენ. ეს იქნება „სახელმწიფო ენა”, რომელიც რესპუბლიკების რუსეთისაგან გამოყოფას ხელს შეუწყობს.

0x01 graphic

მიუხედავად მძიმე ვითარებისა, რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. პირიქით, კრემლი ანტაგონიზმის რელიგიური და პოლიტიკური საფუძვლების ნიველირებას ახდენს. მოსკოვი მებრძოლებს, რომლებიც თავის მხრივ „წმინდა ომს” აწარმოებენ, ყაჩაღებად განიხილავს. იშვიათი გამონაკლისი 2010 წლის 4 ოქტომბერს დოკუმენტის „სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიისთვის” გამოქვეყნება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დოკუმენტიც რუსეთის ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან მთავარ პრობლემად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეა განხილული. შესაბამისად, სტრატეგიის უმთავრესი მიზანიც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაა.

რუსეთის ხელისუფლების კურსის მიმართულებას, იულია ლატინინას აზრით, მნიშვნელოვანი საფუძველი განაპირობებს - ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვა. პუტინიზმი, თავისი არსით ძალიან ჰგავს ვაჰაბიზმს - ორივესთვის მიუღებელია დასავლეთი და დასავლური ღირებულებები. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ვაჰაბიტების აზრით ძალაუფლება ალაჰის ხელში უნდა იყოს, მეორეთათვის კი - უფალი ვლადიმირ პუტინია. პუტინიზმი ანტიდასავლური ღირებულებების კულტივირებით ვაჰაბიზმს ახალისებს. ხალხისთვის, რომელმაც რუსული სახელმწიფოსგან უამრავი უსამართლობა იწვნია, მსგავს „ანტიდასავლურ ისტერიაში” ერთადერთ ალტერნატივად ვაჰაბიზმი ჩანს. მათთვის ალაჰის რწმენა პუტინის თაყვანისცემაზე უფრო მიმზიდველია. სწორედ პუტინიზმიდან გამომდინარეობს კრემლის სტრატეგიის მთავარი მიმართულებაც: ვაჰაბიზმის უმთავრეს პრობლემად დასახელება პუტინის 10-წლიანი ჩრდილო-კავკასიური პოლიტიკის მარცხის დეკლარირება იქნება. ამიტომაც აქცენტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე გადააქვთ.

ცხადია, დაღესტნის პრეზიდენტი მაგომედ სალამ მაგომედოვი ცენტრის დირექტივებით მოქმედებს. ამის ნათელი გამოხატულება „მეამბოხე მეომრების ტყიდან გამოყვანის” კომისიის შექმნის შესახებ მისი ინიციატივაა. ამ კომისიის მთავარი მიზანი მეომრების ტყიდან გამოყვანა ანუ მათი მშვიდობიანი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრებისათვის დაბრუნებაა. თუ გავითვალისწინებთ ვაჰაბიტების მიზნებს - კომისიის წარმატებულობის ხარისხი ცხადი გახდება. დღითი დღე ნათელია, რომ რესპუბლიკის ხელისუფლებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეალური ძალა არ შესწევს.

რეგიონული ხელისუფლების მსგავს უუნარობას კრემლის არჩეული კურსი განაპირობებს. რუსეთი ვაჰაბიტებს მხოლოდ და მხოლოდ ებრძვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მართალია, ეს ისრაელის მიერ აპრობირებული პრაქტიკაა, რადგან მოსადს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. ისრაელს არ სჭირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტეგრაცია თავის მოსახლეობასთან, რუსეთის მიზანი კი ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებთან ერთად სახელმწიფოს შექმნაა. პრობლემის გადასაწყვეტად რუსეთმა პირველ რიგში ერთმანეთისგან ტერორისტული აქტი და ყაჩაღური თავდასხმა უნდა განასხვაოს, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორის განვითარებას და მკაცრი ანტიკორუფციული პოლიტიკა აწარმოოს. მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებში დასავლეთთან თანამშრომლობა.

თუ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა, შესაძლოა, არასტაბილურობა რეგიონის სხვა რესპუბლიკებსაც გადაედოთ. დაღესტანი ალ-ყაიდას შესაძლო ჩრდილო-კავკასიური ცენტრის - „სუნიტური სამკუთხედის” ერთ-ერთ „კუთხედ” მოიაზრება.

12 უშიშროების საბჭოს გაფართოება - ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო

▲back to top


მსოფლიო

გაერო

უკვე წლებია, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმაზე საუბრობენ. გაერო და მისი ერთ-ერთი მთავარი ორგანო, უშიშროების საბჭო 1945 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკური ძალთა ბალანსი შეიცვალა. რეფორმის იდეა საბჭოში ახალი სახელმწიფოების ჩართვას ითვალისწინებს, რაც ახლანდელ გლობალურ უსაფრთხოების სისტემას ასახავს. გაფართოების შემთხვევაში უშიშროების საბჭოში მუდმივ ადგილზე პრეტენზია ევროპიდან - გერმანიასა და იტალიას, აზიიდან - იაპონიასა და ინდოეთს, ლათინური ამერიკიდან - მექსიკას, ბრაზილიასა და არგენტინას, აფრიკიდან - ეგვიპტეს, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკას ექნებათ. წლების მანძილზე მუშავდებოდა მოდელები, თუმცა მხარეები სასაუბრო დონეს ვერ გასცდნენ. გაეროს ორგანოებზე საუბრისას მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებული კითხვები ყოველთვის ჩნდება. ახლანდელ საბჭოშიც, სადაც 5 მუდმივი (თითოეულს ვეტოს უფლება აქვს) და 10 არჩევითი წევრია, გადაწყვეტილების მიღება სირთულეებს უკავშირდება. ახალი სახელმწიფოების დამატება ამას კიდევ უფრო გაართულებს, რაც არც ახლანდელი წევრების და არც სავარაუდო კანდიდატების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნოემბრის დასაწყისში აზიურ ტურნეში იმყოფებოდა. ვიზიტები მრავალმხრივ გამორჩეული იყო, თუმცა მის ერთ განცხადებას შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმო. ობამა ჯერ ინდოეთს დაჰპირდა გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ადგილის მოპოვებაში მხარდაჭერას, შემდეგ კი იაპონია იგივე სტატუსისთვის სამაგალითო ქვეყნად მიიჩნია - ის ორგანიზაციის უდიდესი ფინანსური კონტრიბუტორია ამერიკის შემდეგ. იაპონიას უშიშროების საბჭოში დაწინაურებას 40 წლის წინ რიჩარდ ნიქსონიც შეჰპირდა, ბილ კლინტონმა ანალოგიური განცხადებით 1993 წელს გერმანია გაახარა, თუმცა რეალურად არც ერთი ქვეყანა აღთქმულ ადგილს არ მიახლოებია.

ერთი შეხედვით, ობამას განცხადებები მიზნად ინდოეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავდა. მომავალში, ასეთმა დაპირებებმა ამერიკას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოუტანოს, რისი მიზეზიც მათი უპერსპექტივობაა. გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი თვლის, რომ ობამას განცხადებამ შესაძლოა უსარგებლო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ააგოროს, რომლის შედეგი - დაკარგული დრო - წინასწარვე იქნება ცნობილი.

0x01 graphic

ინდოეთისთვის აღთქმულ მხარდაჭერას პაკისტანი მაშინვე უარყოფითად გამოეხმაურა. დღესდღეობით აზიის ქვეყნებიდან მუდმივი წევრის სტატუსი მხოლოდ ჩინეთს აქვს. ამ ქვეყანამ, იაპონიასთან და ინდოეთთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობების გამო, ნაკლებ სავარაუდოა, იდეას მხარი დაუჭიროს. უშიშროების საბჭოს დროებითი წევრობის მსურველ ქვეყნებსაც კი რეგიონის თანადგომა სჭირდებათ. პორტუგალიურად მოლაპარაკე ბრაზილიას გაუჭირდება დანარჩენი ესპანურენოვანი სამხრეთ ამერიკის მიმხრობა. ევროპელებს უკვე აქვთ 2 მუდმივი ადგილი (ბრიტანეთი, საფრანგეთი) და კიდევ 2 ქვეყნის დამატებას სხვა კონტინენტის სახელმწიფოები შეეწინააღმდეგებიან. მეორე მხრივ, არც ბრიტანეთსა და არც საფრანგეთს საბჭოში ევროკავშირის ექსკლუზიური წარმომადგენლების სტატუსის დაკარგვა არ სურთ. რაც შეეხება აფრიკას, არც ერთ ქვეყანას არ აქვს საკმარისი გავლენა, რომ საკუთარ რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს.

ობამას წინააღმდეგობა საშინაო პოლიტიკაშიც შეხვდება. პრეზიდენტები რესპუბლიკური პარტიიდან გაეროს შესაძლებლობებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ. არც დემოკრატებს მოეწონებათ აზრი, რომ უშიშროების საბჭოში ამერიკის ინტერესებს შესაძლოა ინდოეთმა ან ნიგერიამ ვეტო დაადოს. მეორე მხრივ, საკითხავია საერთოდ მოხვდება თუ არა ეს საკითხი ამერიკული საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის წინა პლანზე. ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლისთვის ოპტიმალური პოზიცია სტატუს-კვოს - მინიმალურად ეფექტიანი უშიშროების საბჭოს შენარჩუნებაა, ახალი წევრების დამატებით კი გაერო შეიძლება უმოქმედო ორგანოდ იქცეს.

13 მედვედევი იღუშება

▲back to top


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

„გავიმარჯვეთ! 2018 წელს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ”, აღტაცებულმა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა Twitter-ით აუწყა თანამემამულეებს ახალი ამბავი 2 დეკემბრის საღამოს, ციურიხში ფიფას ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში. ეს დიდი შემობრუნება იყო წარბებშეჭმუხნილი მედვედევისთვის, რომელმაც ერთი დღით ადრე დემონსტრაციულად მიატოვა ეუთოს სამიტი ასტანაში. რუსეთს მაგრად მოხვდა სამიტის გახსნის დღეს და მედვედევმა გადაწყვიტა, აღარ აეტანა მეორე დღესაც ეს დარტყმა. მედვედევის ზაფხულის გაღიმება, როგორც ჩანს, მოახლოებული ზამთრის მოღუშვით იცვლება. ამერიკასთან გადატვირთვისა და NATO-სთან ახალი ურთიერთობის დასაწყისით არსენალში, რუსეთი ასტანაში 56-წევრიანი ორგანიზაციის მიმართულების დემოკრატიზაციის საკითხებიდან უსაფრთხოების საკითხებისკენ შეცვლას გეგმავდა, ყოველ შემთხვევაში, იმ საკითხებისკენ, რომლებიც მოსკოვს აწყობს - ტერორიზმთან ბრძოლა, ადამიანთა ტრეფიკინგი და ნარკოტიკები. შეკვეცილი მანდატით, ეუთო უფრო დიდ აღმასრულებელ ძალაუფლებას მიიღებდა.

არც ერთი ლიდერი არ იტყოდა უარს რუსეთის დღის წესრიგზე, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო მზად, უარი ეთქვა ეუთოს დანარჩენი საკითხების განხილვაზე. დასავლეთს, ნაწილს მაინც, აწუხებს ის, რასაც გადატვირთვის დილემა შეიძლება ვუწოდოთ - ძალიან ბევრი გაწელილი ღიმილი, უამრავი ფუყე სიტყვა რუსეთთან დაკავშირებით. ახლა რუსები დასავლეთის ფოიეში დგანან და არავინ იცის, როგორ მოექცეს ამ უკონტროლო სტუმრებს.

ეუთოს მიზნებიდან გამომდინარე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვერ დაესწრებოდა ევრაზიის კონტინენტის უსაფრთხოების მთავარ ფორუმს ისე, რომ არ განეხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ოკუპაცია ან რუსეთის მიერ 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის ხელშეკრულებების შეუსრულებლობა.

ჰილარი კლინტონმა რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა ასტანაში. „სამწუხაროა,” თქვა მან, „რომ წევრმა სახელმწიფომ მისიას მასპინძლობა შესთავაზა და ეუთოს რეაგირების საშუალება არ მიეცა. ჩვენ ამ ორგანიზაციას საშუალება უნდა მივცეთ, აკეთოს თავისი საქმე და აღადგინოს ქმედითი წარმომადგენლობა საქართველოში”.

აშშ-ში ზოგი კლინტონს რუსების გაღიზიანებისთვის აკრიტიკებს, თუმცა მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. „კარგი მესერი, კარგი მეზობლისგან გიცავს” - ნათქვამი აქვს ამერიკელ პოეტს, რობერტ ფროსტს. პრობლემა ის კი არ არის, რომ კლინტონმა მკაცრი სიტყვები წარმოთქვა, პრობლემა ის არის, რომ დასავლეთმა რუსეთი ისე დაიახლოვა, რომ მკაცრი სიტყვები მოულოდნელი აღმოჩნდა.

მეტიც, კლინტონი ასტანაში იზოლაციაში არ ყოფილა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა: „კონფლიქტები ამ რეგიონში ახლა წარმატებით უნდა მოგვარდეს... ადამიანის უფლებათა ისეთი გარანტიები, როგორებიცაა დემოკრატია და გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, სრულფასოვნად უნდა განხორციელდეს ყველა წევრ ქვეყანაში”. არა მგონია, ასტანა დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი გახდეს. როგორც ალექსანდრ პოუპმა თქვა, ადამიანს იმედი მუდამ აქვს. გარდა ამისა, მოსკოვს ყოველთვის შეუძლია, იპოვოს მეგობარი, რომლისგანაც სარგებელს მიიღებს - იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სამიტის გადასარჩენად აქეთ-იქით დახტოდა, სანამ მედვედევთან და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან სოჭში პაემანზე გაფრინდებოდა, სადაც შვიდ ახალ ბიზნესკონტრაქტს მოეწერა ხელი.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი და ჰილარი კლინტონი. ასტანა
ფოტო: REUTERS ©

ნაადრევი იქნებოდა იმის თქმაც, რომ ასტანა შუალედური ეტაპია დასავლეთის რუსეთთან უფრო ზომიერი ურთიერთობებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ამის ნიშნები არის. როცა მედვედევი ასტანიდან სახლში მიფრინავდა, ალბათ უფრო ბედნიერი დღეები ახსენდებოდა - გასული ზაფხული, როდესაც ფართოდ გაღიმებული სილიკონის ველს ეწვია კალიფორნიაში მაღალი ტექნოლოგიების ძიებაში; ოქტომბერი, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა, შეაქო როგორც „დიადი წინამძღოლი”, ოქტომბერშივე საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ დოვილში მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან ფამილარობა, ვაშინგტონისა და NATO-ს სხვა წევრების გვერდის ავლით.

დოვილი ის კარიბჭე უნდა ყოფილიყო, რომლითაც მოხდებოდა მედვედევის ტრიუმფალური შესვლა NATO-ს ლისაბონის სამიტზე. თუმცა ლისაბონი მხოლოდ რიგითი ვიზიტი აღმოჩნდა - ცუდი არა, მაგრამ არც ტრიუმფალური. გადატვირთვის დილემამ NATO-ს სამიტზეც წამოყო თავი. მიუხედავად მათ შორის მჯდომი მედვედევისა, დასავლელმა ლიდერებმა ვერ აუარეს გვერდი ისეთ საკითხებს, როგორიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაა. არც საქართველო იდგა დღის წესრიგში და არც NATO-ს გაფართოება, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისარგებლა ამ შემთხვევით და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სამიტის დეკლარაციაშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი, აქამდე არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცხადება შევიდა.

ეს სავარაუდოდ სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მედვედევი იყო საპატიო სტუმარი და არა მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საპატიო სტუმარი.

ზოგმა დასავლელმა უფრო ფხიზელი თვალით დაუწყო რუსეთს ცქერა. „ხომ გეუბნებოდით” - იტყვიან სხვები. ზოგი ჩაის წვეულებების და სახელმწიფო სადილების დაგეგმვას გააგრძელებს. ფიფა იტყვის, ყველაფერი კარგად არისო, თუმცა არ არის ასე. და არც იქნება კარგად მანამ, სანამ დასავლეთი მეგობრობის შესახებ მაღალფარდოვანი თუმცა ფუჭი განცხადებების კეთებას გააგრძელებს და რუსეთს მოექცევა როგორც ან მეგობარს ან მტერს და არა როგორც ჭირვეულ მეზობელს, რომელთანაც ცოტა რამ გვაქვს საერთო, ბევრზე კი ვერ ვთანხმდებით - სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მანამ, სანამ მედვედევის სახის გამომეტყველება დასავლეთის პოლიტიკის ბარომეტრი იქნება.

14 მუდმივი რეფორმა

▲back to top


ფოკუსი

ვახტანგ მეგრელიშვილი

0x01 graphic

მოგეხსენებათ, რეფორმა ქართულად ცვლილებას ნიშნავს. მას უფრო ხშირად დადებით კონტექსტში იყენებენ ან, სულ მცირე, კარგ სურვილთან მაინც ასოცირდება. ცვლილებები ჯანდაცვაში დიდი ხანია მიმდინარეობს. ქართული ჯანდაცვა დღესაც რეფორმირების პროცესშია. 20 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმა სამ ეტაპად იყოფა. 1991-1996, 1997-2005 და 2006-დან დღემდე. ასე მოხდა, რომ რეფორმები სხვადასხვა პრინციპების საფუძველზე სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა.

ჯანდაცვის პირველი და მესამე რეფორმის განვითარების მთავარი მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა არ მახსენდება, პირველისთვის ვინმეს რეფორმა ეწოდებინოს. უფრო კოლაფსს, შოკს ან მსგავს ეპითეტებს იყენებენ. თუმცა, რომ არა მეორე ეტაპის რეფორმის კურსი, დღეს პრინციპულად განსხვავებული მდგომარეობა გვექნებოდა.

ჯანდაცვის რადიკალური რეფორმის წლები 90-იანების დასაწყისია. ამ პერიოდში ფუნდამენტური ცვლილება მოხდა: გარდაიცვალა საყოველთაო უფასო ჯანდაცვის სისტემა. 1991 წლისთვის ჯანდაცვა სახელმწიფოს მიერ იმართებოდა. მხოლოდ სახელმწიფო ფლობდა საავადმყოფოებს, ასაქმებდა ექიმებს, ნიშნავდა დაწესებულებების დირექტორებს და ა.შ. ელვისებურმა ეკონომიკურმა კრიზისმა სახელმწიფო დაფინანსება უეცრად გააქრო და სამედიცინო პერსონალი და პაციენტები ერთმანეთის პირისპირ დატოვა. არც ერთ მხარეს ერთმანეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გამოცდილება მანამდე არ ჰქონია, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან გავრცელებულ, ექიმებისათვის მადლიერების ნიშნად ფულის გადახდის პრაქტიკას.

კვების ერთადერთ წყაროზე დამოკიდებულ სისტემას უეცრად მთავარი არტერია დაეხშო. ალტერნატიული წყაროს გარეშე ელემენტარული ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა. დაფინანსების მიღების ერთადერთი გზა პაციენტების მიერ მომსახურების ფასის პირდაპირ გადახდა დარჩა. ინდუსტრია პირველად გახდა კლიენტზე დამოკიდებული და გამოჯანმრთელების შანსი გაუჩნდა.

90-იანების დასაწყისის სახელმწიფო მანქანის განსაკუთრებულ სისუსტეს ღია კრიმინალი ადასტურებდა, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა. თუმცა მეორე მხრივ იმავე მიზეზით ადამიანებმა ბევრად დიდი თავისუფლება მიიღეს. მათ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე აიღეს. ამ პროცესის შედეგად სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაწილი კერძო სექტორში გადავიდა. საავადმყოფოები და პოლიკლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებიდან გამოვიდა. მოხდა სააფთიაქო და სტომატოლოგიური ქსელის თითქმის სრული პრივატიზაცია. სამედიცინო პერსონალს სახელმწიფო მოხელის სტატუსი მოეხსნა და თავისუფალი საქმიანობის უფლება მიიღეს.

თავისუფალი ბაზრის უპირატესობის დამამტკიცებელი უკეთესი მაგალითი, ვიდრე საქართველოს 90-იანების კრიზისის დაძლევაა, ძნელი წარმოსადგენია. ეკონომიკურ თავისუფლებას საშინელი კრიმინალის პირობებშიც კი მოჰქონდა შედეგი. 1995-97 წლებში ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო. მხედრიონმა ქვეყნის განვითარების შეჩერების ამოცანას თავი ჯეროვნად ვერ გაართვა. სამწუხაროდ, ამ ამოცანის შესრულების პასუხისმგებლობა მალე უკეთესად ორგანიზებულმა ინსტიტუტმა - სახელმწიფო მანქანამ გადაიბარა. ასე დაიწყო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპი.

0x01 graphic

1995-2005 წლებში სახელმწიფომ ჯანდაცვაში ჩარევის ბერკეტები შექმნა და აამოქმედა. გაჩნდა კერძო დანახარჯებთან შედარებით მცირე (10 -15%25), მაგრამ მაინც ცენტრალიზებული დაფინანსების წყარო. საინტერესოა, რომ ათწლეულის მანძილზე ჯანდაცვის მამები მოსახლეობას ილუზიით კვებავდნენ, თითქოს ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის და შემოსავლების ზრდის პარალელურად, სახელმწიფო გაზრდიდა საბიუჯეტო დაფინანსებას და კვლავ მოხერხდებოდა საბჭოურის მსგავსი სამედიცინო მომსახურების მოდელის აღდგენა. ბუნებრივია, სიტყვა „საბჭოური” აღარ იხმარებოდა, მაგრამ იდეა ამით არ შეცვლილა. სამედიცინო მომსახურების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მთელი მოსახლეობისათვის უნდა დაეფინანსებინა. იმედოვნებდნენ სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემის შემოღებას. ამ მოდელში დასაქმებული ვალდებული იყო არა მხოლოდ საკუთარი, არამედ არაფორმალურ სექტორში (მაგ. სოფლის მეურნეობაში და თვითდასაქმებულების) დასაქმებულების, უმუშევარი და ღარიბი მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები გადაეხადა. სახელმწიფოს უნდა აღედგინა ისეთი სისტემა, რომლის დაფინანსებას და მართვას საბჭოთა კავშირის მსგავსად, თავად შეძლებდა. შედეგად ჯანდაცვა ყველასათვის უფასო ან უმნიშვნელო ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

ამ იდეის პროპაგანდირების შედეგად, უფასო სამედიცინო პროგრამების და მომსახურების შესახებ პოლიტიკური დაპირება ყოველწლიურად იზრდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამედიცინო პროგრამის საბაზრო ღირებულება მრავალჯერ აღემატებოდა სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულ დაფინანსების მოცულობას. ბუნებრივია, მსგავსი სიტუაციის ხანგრძლივად შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა თუ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები უსიტყვოდ არ დაემორჩილებოდნენ მთავრობას. არაფორმალური გარიგების შედეგად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ითვალისწინებდნენ ხელისუფლების ინტერესს და თანხმდებოდნენ არარეალური მომსახურება ქაღალდზე ეწარმოებინათ. თავის მხრივ, სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელების ინტერესს ითვალისწინებდა, არ ამოწმებდა მათ მიერ გაწეული მომსახურების მოცულობას, ხარისხს და არ ერეოდა მართვაში. ამ ფონზე პრივატიზაციის პროცესის შეჩერება გასაკვირი არ არის. განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ერთადერთ შესაძლებლობად, კვლავ სახელმწიფოს მიერ ინვესტირება განიხილებოდა.

0x01 graphic

სამწუხაროდ, მოქმედი ჯანდაცვის კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი რეფორმის მეორე ეტაპის ნაყოფია. თითქოს არავის ეჭვი არ ეპარებოდა საყოველთაო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის აღდგენის გარდაუვალობაში. ქართული კანონმდებლობა ამ ჰიპოთეზის რეალობად გასაღების ფონზე იწერებოდა. მაგალითად, საქართველო მსოფლიოში მეცხრე ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც პაციენტის უფლებების შესახებ კანონი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის რეალობაში ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი და უშინაარსო იყო. მაგალითად, პაციენტის უფლების საჭიროება, მიმართოს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას ან ექიმს, საბუთდება ისეთი სამედიცინო სისტემის არსებობით, როდესაც მის მაგივრად მომსახურების ღირებულებას სახელმწიფო იხდის. ალტერნატიული აზრის მიღება ან მისთვის სასურველ დაწესებულებაში მკურნალობა დამფინანსებელი ორგანიზაციის მიერ დამატებითი ხარჯის გაწევასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ასეთი უფლება აბსურდია გარემოში, სადაც მკურნალობენ, სადაც სურთ და ფულსაც თავად იხდიან. ასე დამკვიდრდა პრაქტიკა, რომლის მიხედვით კანონმდებლობა წინააღმდეგობაში იყო ან კავშირი არ ჰქონდა რეალურ ცხოვრებასთან. პრაქტიკაში კანონების მიღება ევროპის ქვეყნების კანონების თარგმნის გზით ხდებოდა. ამას სახელმწიფო ბიუროკრატია - როგორც საკუთარი ფუნქციის გაზრდის და კორუფციისათვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნის საუკეთესო საშუალებას - მიესალმებოდა.

2006 წლიდან, მიმდინარე რეფორმა სექტორის ჯანსაღ ეკონომიკურ საწყისებთან დაბრუნების პირველი დაგეგმილი მცდელობაა. პირველი იმიტომ, რომ 90-იანების დასაწყისის ცვლილებები არავის დაუგეგმავს. ის ბუნებრივი, გაუთვითცნობიერებელი და სპონტანური პროცესის შედეგი იყო. დღევანდელი რეფორმის განსაკუთრებულობა ისაა, რომ დღეს ქვეყანას ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე ქმედითი სახელმწიფო მანქანა ჰყავს. მიუხედავად ამისა, რეფორმის შედეგი საბაზრო მექანიზმზე დამყარებული ეკონომიკურად მდგრადი ჯანდაცვის სექტორის ჩამოყალიბება უნდა იყოს.

0x01 graphic

ჯანდაცვის რეფორმა რამდენიმე ტექნიკური ელემენტისაგან შედგება:

1. მთავრობა ეტაპობრივად უარს ამბობს პოპულისტურ, უფასო პროგრამებზე;

2. სახელმწიფო აფინანსებს არა სამედიცინო ობიექტებს, არამედ მოქალაქეების ჯანმრთელობას;

3. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების შემთხვევაშიც კი მოქალაქეებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა;

4. დაფინანსების შუალედურ რგოლად გამოყენებულია არა ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, არამედ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კერძო სადაზღვევო კომპანიები;

5. ინვესტორებისათვის სამედიცინო ობიექტების მშენებლობის და საქმიანობის ნებართვის მიღება გამარტივებულია;

6. სახელმწიფო სამედიცინო ობიექტების დიდი ნაწილი კერძო საკუთრება ხდება;

7. ფარმაცევტული ბიზნესის კეთება გამარტივებულია და საქართველოს ბაზარი გახსნილია ევროპასა და ამერიკაში გამოყენებული წამლებისათვის.

ჯანდაცვის რეფორმის ჩატარება რეფორმის იდეოლოგიური მიმართულების მიუხედავად მტკივნეული და რისკიანი პოლიტიკური პროცესია. ყველაზე მტკივნეული, ასეთი რეფორმა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის შეიძლება ყოფილიყო, ვისაც საკუთარი ჯანდაცვის ხარჯების ჯიბიდან დაფარვა არ შეეძლებოდა. ამიტომ, რომ არა ჯანდაცვის რეფორმის დასაწყისისათვის უკვე იდენტიფიცირებული მოსახლეობის ღარიბი ნაწილი, რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად გართულდებოდა ან, შესაძლოა, განსხვავებული ფორმა მიეღო. ღარიბების აღმოჩენის პროგრამის შექმნის მომენტიდან ნათელი გახდა საბიუჯეტო ფულის სამართლიანად განკარგვის გზა. 2006 წელს პირველად ღარიბი მოსახლეობისათვის დაიწყო პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური მომსახურების დაფინანსება. 2007 წლიდან თამამი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ღარიბ მოსახლეობას გადაეცა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერი, რომლის მეშვეობით მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეეძლოთ კერძო სამედიცინო დაზღვევის იმ კომპანიებს შორის, ვინც დათანხმდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პირობების და საფასურის შესაბამისად დაეზღვია ჯანდაცვის ვაუჩერის მფლობელი მოსახლეობა.

2007 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 ათასი ადამიანის სამედიცინო დაზღვევა დაფინანსდა. 2010 წლისათვის ღარიბი მოსახლეობის დაზღვეული ნაწილის რაოდენობა იზრდებოდა და დღეს 904 ათასი ადამიანია (მოსახლეობის 21%25) დაზღვეული.

საბიუჯეტო ფულის მნიშვნელოვანი ნაწილის ადამიანებისათვის გადაცემამ შექმნა შესაძლებლობა, ჯანდაცვის დაფინანსების სფეროში კონკურენტული გარემო შექმნილიყო. საბაზრო პრინციპით დაფინანსებამ ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურის განკერძოების პროცესის დაწყებას. განკერძოების პროცესის დაძვრას სამედიცინო ობიექტების მშენებლობის და აღჭურვის სავალდებულო პირობების გამარტივება უძღვოდა წინ.

ჯანდაცვის რეფორმის ინფრასტრუქტურის განახლების ნაწილი ცნობილია 100 ახალი საავადმყოფოს პროექტის სახელით. 1000, 100 თუ 10 საავადმყოფოა საჭირო საქართველოსათვის, მხოლოდ ღმერთმა და თავისუფალმა ბაზარმა უწყის - რაც ერთი და იგივეა, მაგრამ თუ ოდესმე შევძლებთ გავიგოთ ბაზრის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების მოცულობაზე და ხარისხზე, ამისათვის ჯერ ეკონომიკური სუბიექტების ბაზარზე არსებობაა საჭირო. დიდი რაოდენობით კერძო საავადმყოფოები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ბაზარზე მდგომარეობას პრინციპულად ცვლის; აუმჯობესებს მენეჯმენტს, ქმნის კვალიფიციური კადრების სელექციის, მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვის საჭიროებას და ასე შემდეგ. რაც მთავარია, საქმიანობის შედეგზე პასუხისმგებლობა კერძო მფლობელებზე გადადის და მოქმედებას სტიმულების ჯანსაღი სისტემა იწყებს.

0x01 graphic

სადაზღვევო ინდუსტრია, თავის მხრივ, საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაცავად, მოტივირებულია აკონტროლოს სამკურნალო დაწესებულებებში მათი კლიენტებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი და ხარჯები. პირველად ჩნდება რეალური მოთხოვნა ყველა იმ უფლებაზე, რასაც მეორე ეტაპის რეფორმების დროს კანონმდებლობა სახელმწიფოს ვალდებულებად და მოქალაქეების უფლებად ასაღებდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მომხმარებლები ამ უფლებებს ყიდულობენ და შეძენილი უფლება არა ზოგადად სახელმწიფოს, არამედ კონკრეტული კომპანიის ვალდებულებაა.

არავის აქვს ილუზია, თითქოს რეფორმა შეფერხებების და კომპრომისების გარეშე მიმდინარეობს. ჯანდაცვაში დარჩენილია თეთრი ლაქები, რომლებსაც ცვლილება ჯერ არ შეხებია. კარგი მაგალითია ექიმების განათლებაზე და მათ კვალიფიკაციაზე სახელმწიფო „მზრუნველობა”, რეფორმის მთავარი პრობლემა საბჭოთა და 1997-2005 წლებში პროპაგანდირებული შეხედულებაა, თითქოს ჩვენს ჯანმრთელობაზე არა თითოეული ჩვენგანი, არამედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი. შეიძლება რთულია საკუთარი თავის რეფორმატორად წარმოდგენა, მაგრამ რა დოზითაც შეძლებს თითოეული მოქალაქე ამ ცრურწმენის დაძლევას, იმდენად წარმატებული იქნება მიმდინარე რეფორმა.

15 ფოტოესე

▲back to top


ზამთარი ევროპაში

0x01 graphic

16 კომეტები და სიცოცხლე

▲back to top


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

ახლახან ნასას თანამგზავრმა EPOXI-მ ჩვენგან 37 მილიონი კილომეტრით დაშორებულ კომეტას ჩაუქროლა და ახლოდან სურათები გადაუღო. ეს ციური სხეული 1.5 კილომეტრის სიდიდის, წაგრძელებული, უსწორმასწორო ფორმის ვეებერთელა ქვის ლოდი აღმოჩნდა. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ კომეტებმა ჩამოიტანეს.

1997 წლის გაზაფხულზე საკმაოდ იშვიათი ციური მოვლენის მომსწრენი გავხდით: რამდენიმე კვირის განმავლობაში ცას ამშვენებდა „კუდიანი ვარსკვლავი”, ზუსტად ისეთი, როგორიც გვინახავს ნახატებსა და ფოტოებზე - კაშკაშა თავით და გრძელი შლეიფით. სურათი იმდენად უჩვეულო იყო, გეგონებოდათ, ცის თაღზე მხატვრის ხელმა მიახატა. ეს გახლდათ ჰიაკუტაკეს (Hyakutake) კომეტა, რომელსაც მისი აღმომჩენის, იაპონელი ასტრონომიის მოყვარულის სახელი დაარქვეს. მას მერე, აგერ უკვე 13 წელი გავიდა და მსგავსი რამ ჩვენი ხილვის არეში ჯერ არ განმეორებულა. მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემაში უამრავი კომეტა მოგზაურობს - ბოლო მონაცემების მიხედვით, 4 ათასამდე, ისინი ყოველთვის არ ხვდებიან შეუიარაღებელ თვალს, თანაც ასეთი შთამბეჭდავი სახით. ტელესკოპით კომეტების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილს ვხედავთ. ასტრონომთა შეფასებით, მათი რიცხვი მზის სისტემაში ტრილიონს აღწევს. კომეტები სხვა სხეულებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ გააჩნიათ ე.წ. კუდი. ბოლო დროს გაჩნდა ციურ სხეულთა ახალი კლასი - ცენტავრები, რომლებიც ავლენენ როგორც კომეტების, ასევე ასტეროიდების თვისებებს.

კომეტებს აქვთ არაწესიერი ფორმის ბირთვები, სიდიდით 100 მეტრიდან 50 კილომეტრამდე. ისინი ბინადრობენ კოიპერის სარტყელში - პლანეტა ნეპტუნის მიღმა და „ოორტის ღრუბლების” არეში - იქ, სადაც მზის სისტემა მთავრდება და ვარსკვლავთშორის სივრცე იწყება, ჩვენგან დაახლოებით 3 სინათლის წლის სიშორეზე (უახლოეს ვარსკვლავამდე - ცენტავრის პროქსიმამდე - მანძილი 4 სინათლის წელია). მზისგან შორს მყოფი კომეტები ვიზუალურად არ განირჩევიან სხვა მნათი წერტილებისაგან, მაგრამ ზოგჯერ, გიგანტი პლანეტების თუ მახლობელი ვარსკვლავების გრავიტაციული შეშფოთების გამო, ისინი მიმართულებას იცვლიან და მზეს უახლოვდებიან. ამ დროს მათი ზედაპირი ცხელდება, მსუბუქი გაზები ორთქლდებიან და მყარი ბირთვის გარშემო ქმნიან ღრუბელს - ე.წ. კომას (რაც ბერძნულად თმას ნიშნავს - აქედანაა სახელწოდება „კომეტა”). მზის გამოსხივების წნევა და მზის ქარი მოქმედებენ ამ გაზზე, ასე ვთქვათ, „უბერავენ” „თმას” - ასე წარმოიშობა კუდი. ეს კომეტები, როგორც წესი, მოძრაობენ მეტად გაწელილ ორბიტებზე, რომელთა გარშემო ერთ ბრუნს ანდომებენ რამდენიმე წლიდან რამდენიმე მილიონ წლამდე დროს. ზოგიერთი მათგანი თავის არსებობას მზესთან ან პლანეტებთან შეჯახებით ამთავრებს. ასე მოხდა 1994 წელს, როდესაც იუპიტერს შუმეიკერ-ლევის კომეტა დაეცა. ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანმა თავისი თვალით იხილა ორი ციური სხეულის შეჯახება კოსმოსში.

ის, რაც დღეს ესოდენ იშვიათია, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაშინ დედამიწას კომეტები წარამარა ეჯახებოდნენ. შემდგომ პლანეტები თანდათანობით ჩამოყალიბდნენ და მდგომარეობა სტაბილური გახდა. ახლა შეჯახებები, საბედნიეროდ, უაღრესად იშვიათად ხდება. დედამიწაზე ასეთი რამ უკანასკნელად 102 წლის წინ, 1908 წელს მოხდა, როდესაც ციმბირში „ტუნგუსკის მეტეორიტი” ჩამოვარდა და 2 ათასი კვადრატული კილომეტრის რადიუსში მთელი ტყე მიწასთან გაასწორა. ითვლება, რომ ეს იყო მცირე ზომის კომეტა ან მისი ნატეხი.

კომეტები შედგება ქვის, მტვრის და გაყინულ მდგომარეობაში მყოფი წყლის, ნახშირორჟანგის, მეთანის და სხვა ნივთიერებებისგან. ყინულის დიდი რაოდენობისა და მტვრის გამო კომეტებს ხანდახან „ჭუჭყიან თოვლის გუნდას” ეძახიან. მათში ნაპოვნია ორგანული ნაერთებიც, რომლებიც სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის წყაროს წარმოადგენენ. 1986 წელს ჰალეის კომეტის მტვრის ნაწილაკების ანალიზმა აჩვენა, რომ ის იყო ორგანული ნაერთებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სხეული მზის სისტემაში.

ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწასთან დაჯახებისას კომეტებმა წყალი და ორგანული ნივთიერებები - ყოველ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილი - მზის სისტემის განაპირა რეგიონებიდან შემოიტანეს. მოგვიანებით, როდესაც ჩვენი პლანეტა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, სწორედ აქ შეიქმნა ისეთი პირობები, რომელთაც ამ ნივთიერებებისგან სიცოცხლის წარმოშობას შეუწყვეს ხელი. სხვა პლანეტებზე კი, რომელთაც ასევე ეჯახებოდნენ ეს ციური ლოდები, ასეთი პირობები ვერ შეიქმნა. მთვარის ზედაპირიც დასერილია კომეტებისგან მიყენებული „ჭრილობებით”. ასტრონომები დიდი ხანია ვარაუდობდნენ მასზე წყლის არსებობას, რაც ახლახან ნასას ერთ-ერთმა მისიამ იპოვა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში (და ზოგიერთთათვის დღესაც) „კუდიანი ვარსკვლავის” გამოჩენა ავისმომასწავებელი ნიშანი იყო, პანიკასა და შიშს თესავდა ადამიანებში. ითვლებოდა, რომ ზოგისთვის სიკვდილი მოჰქონდა, ზოგისთვის კი - ბრძოლის ველზე დამარცხება. მართალია, ამავე დროს ვიღაც იბადებოდა, ხოლო ბრძოლას არა მარტო დამარცხებული, არამედ გამარჯვებულიც ჰყავდა, მაგრამ ეს „ნათელი” მხარეები რატომღაც არავის ახსენდებოდა და მათ კომეტებს არ „უთვლიდნენ”. მაგალითად, მარკ ტვენის დაბადებისა და გარდაცვალების წლებში - 1835 და 1910-ში - ზეცას ორივეჯერ ჰალეის კომეტა სტუმრობდა. არც სტიქიურ უბედურებებთანაა მათი კავშირი დადგენილი. ამიტომ, ძნელი გასაგებია, რატომ დაიმსახურა ასეთმა მშვენიერმა ციურმა სანახაობამ ესოდენ ცუდი რეპუტაცია. 1997 წელს ჰალე-ბოპის კომეტის გამოჩენამ აშშ-ში ერთ-ერთი საზოგადოების წევრთა მასობრივი სუიციდი გამოიწვია - 39 ადამიანმა ერთდროულად მოიკლა თავი. მათ სჯეროდათ, რომ ამგვარად მათი სულები ამ კომეტაზე მოხვდებოდნენ და უცხო პლანეტაზე გადასახლდებოდნენ. უნდა ითქვას, რომ კომეტების მიერ სიცოცხლის შემოტანის თეორიას ყველა მეცნიერი არ იზიარებს. სკეპტიკოსები თვლიან, რომ კომეტები ვერ „მოზიდავდნენ” ასეთი დიდი რაოდენობით წყალს, როგორიც დედამიწაზეა. მომავალი კვლევები გვიჩვენებს, უნდა ვუმადლოდეთ თუ არა ჩვენს არსებობას იმ ციურ სხეულებს, რომელთა გამოჩენისაც ადამიანს მრავალი საუკუნის მანძილზე პანიკურად ეშინოდა.

0x01 graphic

17 ყველაზე ახალგაზრდა შავი ხვრელი

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

სულ ახლახან ნასას რენტგენულმა ობსერვატორიამ ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინა. დაკვირვებით დადგინდა, რომ ის დღემდე ცნობილი შავი ხვრელებისგან განსხვავ დება, რის გამოც ამაღმოჩენის მნიშვნელობა იზრდება.

ისტორია 1979 წელს დაიწყო, როდესაც მერილენდის სკოლის მასწავლებელმა სამოყვარულო ტელესკოპით ვარსკვლავის აფეთქება აღმოაჩინა, რომელსაც SN 1979C უწოდეს. ზე ახალი ვარსკვლავის აფეთქებისას ზოგჯერ წარმოიშობა შავი ხვრელი, რომელსაც ეცემა მახლობლად მყოფი ნივთიერება.

ეს დაცემა წარმოშობს რენტგენულ გამოსხივებას, რასაც ასტრონომები აკვირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ობსერვატორიები ახალახალი ვარსკვლავების აფეთქებას თითქმის ყოველკვირეულად ადასტურებდნენ, შავი ხვრელის წარმოშობაზე დაკვირვება ჯერჯერობით შეუძლებელი იყო.

შავი ხვრელი შორეული კოსმოსური ობიექტია, რომელიც ჩვეულებრივი ვარსკვლავისგან, მაგალითად ისეთისგან, როგორიც ჩვენი მშობლიური მზეა, განსხვავდება იმით, რომ ძალიან მკვრივია. მისი მიზიდულობის ძალა, იმდენად ძლიერია, რომ შავ ხვრელში მყოფი ვერცერთი ობიექტი ვერ ახერხებს მისგან თავის დაღწევას, თვით სინათლის სხივიც კი. სწორედ ამის გამო ობიექტს შავი ხვრელი უწოდეს.

დღიესათვის ცნობილი ყველა სავი ხვრელის ასაკი რამდენიმე მილიონი წლითა განისაზღვრება. ნასას ზემოხსენებული აღმოჩენა კი მხოლოდ 30 წლისაა, რაც კოსმოსური მასშტაბებით ჯერ კიდევ ჩვილს ნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ეს აფეთქება პირველად შეამჩნიეს, „ჩვილმა” შავმა ხვრელმა უკვე შთანთქა დიდი რაოდენობით ნივთიერება. საერთო ჯამში „ჩაყლაპული'' მასა დედამიწის ტოლია. ნასას ასტროფიზიკოსის, კიმბერლი ვეავერის თქმით, ეს კოსმოსური მასშტაბებისთვის არც ისე ბევრია, თუმცა თუკი ამ ყველაფერს ჩვენი, ანუ დედამიწელების თვალით შევხედავთ, შთამბეჭდავია.

აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს ჰარვარდის უვიერსიტეტის ფიზიკოსი, ავი ლოებიც. მისი თქმით, „ჩვენ პირველად გავხდით შავი ხვრელის დაბადების მოწმენი. მასზე სამომავლო დაკვირვებით ბვრ ისეთ რამეს გავიგებთ, რასაც ლაბორატორიულ პიროებბში ვერასოდეს შევძლებდით“.

0x01 graphic

ნასას ცნობიტ, ეს შავი ხვრელი დედამიწიდან დაახლოებით 50 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ მისგან ჩვენამდე სინათლის მოსვლას, რომლის სიჩქარეა 300 ათასი კმ/წმ, 50 მილიონი წელი სჭირდება.

თუმცა მისი შემდგომი ევოლუციის შესწავლა შესაძლებელია და ასტრონომები იმედოვნებენ, რომ სამომავლო დაკვირვებები მათ არაერთი ნიუანსის ახსნაში დაეხმარებათ. ნასას აღმოჩენა დღემდე ცნობილი შავი ხვრელებიდან დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, თუმცა მისგან საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება.

18 მეცნიერული აღმოჩენა: კიბოს პრევენცია ასპირინით?

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

ყველამ ვიცით: ჯანმრთელი კვება, ალკოჰოლისა და თამბაქოსგან თავის შორს დაჭერა და ფიზიკური აქტივობა კიბოსგან თავის დაზღვევის საუკეთესო მეთოდებია. მაგრამ არის ერთი ახალი ამბავიც: მედიცინის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ასპირინის რეგულარული მოხმარება კიბოს პრევენციას ახდენს.

7 დეკემბერს ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. პუბლიკაციის თანახმად, ასპირინის მცირე დოზის ყოველ დღიური მიღება კიბოთი დაავადების რისკს დაახლოებით 20 პროცენტით ამცირებს. ამ ვარაუდს მედიკოსთა განსხვავებული ჯგუფები წლების მანძილზე ამუშავებდნენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგმა, კვლევის წარმმართველმა პროფესორმა პიტერ როთველმა დასკვნები გრძელვადიანი და მასშტაბური ცდების შედეგებზე დაყრდნობით გააკეთა. რვა ცდაში მთლიანად 25 570 ადამიანი იყო ჩართული. მათი ნაწილი 75 დან 100 მგმ დე ასპირინს რეგულარულად იღებდა (შედარებისთვის, ასპირინის საბავშვო დოზა 80100 მგს შეადგენს), მეორე ნაწილს კი პლაცებოს აძლევდნენ.

0x01 graphic

აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც მედიკამენტს რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდნენ, კიბოთი დაავადების რისკი, სულ ცოტა 20 %25-ით შემცირდა.

კიბოს კონკრეტული ტიპებისთვის დაავადების რისკის კლების მაჩვენებლები განსხვავებულია. მაგალითად: საყლაპავი მილის კიბოს შემთხვევისას რისკის კლება 60%25-ს აღწევს, კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში - 40%25-ს, ნაწლავის კიბოსთვის ეს რიცხვი - 30%25ია, პროსტატის კიბოსთვის კი - 10%25. რთული აღმოჩნდა მონაცემების განსაზღვრა პანკრიასის, მუცლისა და ტვინის კიბოს შემთხვევისას. იმის გამო, რომ კვლევაში ცოტა ქალი მონაწილეობდა, ძუძუსა და საკვერცხის კიბოს პრევენციაზე პრეპარატის გავლენა ჯერჯერობით უცნობია. ამრიგად, ძიება ახალი აღმოჩენებისათვის ჯერ კიდევ გრძელდება.

პროფესორ როთველის მტკიცებით, პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება 45-40 წლის ასაკშია მიზანშეწონილი. ამ პერიოდში კიბოთი დაავადების რისკი განსაკუთრებით იზრდება. ჯერჯერობით გაურკვეველია მექანიზმი, რითაც ასპირინი ორგანიზმს კიბოსაგან იცავს, თუმცა, პროფესორის ვარაუდით, პრეპარატი დაზიანებული უჯრედების განადგურებას ადრეულ სტადიაზე ახდენს.

ასპირინს, რომლის ისტორია საუკუნეს ითვლის, მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ იყენებენ. გარდა ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებისა, მედიკამენტს მილიონობით შუა ხნის ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიზნითაც მოიხმარს.

თუ ამ ყველაფერთან ერთად ასპირინი კიბოს პრევენციასაც ახდენს, რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი, ვიდრე მისი ყოველდღე მიღება? თუმცა, აფთიაქში გაქცევას ნუ იჩქარებთ: მედიკოსები გვირჩევენ თვითმკურნალობისაგან თავი შევიკავოთ და ექიმთან კონსულტაციის გარეშე წამლის რეგულარული მიღება არ დავიწყოთ. სხვა მედიკამენტების მსგავსად, ასპირინსაც აქვს გვერდითი მოვლენები. მცირე ასაკის ბავშვებისთვის მისი მიღება მიზანშეწონილი არ არის. ასევე, ამ მეთოდით მკურნალობა არ შეიძლება ადამიანებისათვის, რომელთაც სისხლის მაღალი წნევა აწუხებთ, აქვთ ასთმა ან ალერგიულები არიან მასში შემავალი პრეპარატების მიმართ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ასპირინის ხანგრძლივი მოხმარება, სისხლის შეთხელებას და რიგ შემთხვევაში, მუცლის ღრუში სისხლდენას იწვევს.

და მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასპირინის შთამბეჭდავი პრევენციული შესაძლებლობები ბევრად აჭარბებს შესაძლო ზიანს. თუმცა, მანამ, სანამ მედიკამენტის ანოტაციაში ოქროს ასოებითჩაიწერება: „გიცავთ კიბოსგან“, მეცნიერებს კიდევ მოუწევთ კვლევა-ძიების წარმოება.

19 უმაღლესი განათლების რეფორმის ზიგზაგები

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

ბოლო დროს განათლების სამინისტროს სისტემის ცენტრალიზაციის გამო ხშირად საყვედურობენ. საფუძველს სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიდგომები ქმნის, თუმცა ამის საპირისპიროა ინიციატივა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება და განათლების მინისტრმა 8 დეკემბერს გაახმაურა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს სტატუსი შეეცვლებათ. ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაცვლად, არამომგებიანი კერძო სამართლის პირები ხდებიან. ცვლილება უნივერსიტეტს მეტ ავტონომიას მოუტანს, რაც სისტემის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

აღნიშნულ პროექტს სამინისტროში რამდენიმე თვეა ამუშავებენ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ. მინისტრ შაშკინის განცხადებით, სამინისტრო უნივერსიტეტების ფონდების განკარგვასა და ფინანსურ მართვაში აღარ ჩაერევა.

სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის სტატუსის შეცვლის პირობა უმაღლესი განათლების შესახებ 2004 წელს მიღებულ კანონში იდო და ეს ცვლილება 2007-2008 წლებისთვის უნდა მომხდარიყო, თუმცა გადავადდა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, რაც მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას გულისხმობს. არამომგებიანი კერძო სამართლის პირის სტატუსი კი, უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, თავად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ოპერაცია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე, რომლითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირები ხელმძღვანელობენ.

ვინაიდან დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ. კითხვაზე, თუ რას შეცვლის ეს მისი უნივერსიტეტისთვის, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ ეს მათ გაათავისუფლებს მაგალითად იმ ხისტი კანონისგან, როგორიც არის შესყიდვების შესახებ კანონი. თევზაძის თქმით, იგი აფერხებს ისეთი ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებას, როგორიც უნივერსიტეტია. სტატუსის ცვლილება, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთან, მეორე მხრივ კი, ბიზნესპარტნიორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობას გაუადვილებს.

ამგვარი ცვლილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების სფეროშია. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს კლიშე, რომ განათლების განვითარებაში სახელმწიფოს როლი შეუცვლელია, მაშინ როდესაც კერძო სექტორი წარმატებულად ვითარდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 47 კერძო უმაღლესი სასწავლებელია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კი - 23.

წელს იმ სამ უნივერსიტეტს შორის, რომელშიც საუკეთესო მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტები მოხვდნენ, პირველი ორი კერძო უმაღლესი სასწავლებელია - თავისუფალი უნივერსიტეტი (საშუალო ქულა 2165,58) და უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი” (საშუალო ქულა 2104,86). სამეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასრულებს (2051.70). მას კვლავ კერძო სასწავლებელი - კავკასიის უნივერსიტეტი (1972,74) - მოსდევს.

უნივერსიტეტებისთვის სტატუსის შეცვლა იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, მაგალითად, სამედიცინო სფეროშიც ტარდება და ამგვარი მომსახურების სფეროების ლიბერალიზაციას გულისხმობს. რეფორმებამდე სახელმწიფო იყო მონოპოლისტი, მესაკუთრე და სერვისის მიმწოდებელი. ის ადგენდა წესებს და თავადვე ზრუნავდა სერვისის ხელმისაწვდომობაზე. ახალ მოდელში კი სახელმწიფო მონოპოლისტი აღარ არის, იქმნება კონკურენტული გარემო და კერძო სექტორი ვითარდება. იქ, სადაც რეფორმა წინაა წასული, სახელმწიფოს ორი ფუნქცია რჩება - რეგულირება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სამედიცინო სფეროში საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო კი სოციალურად დაუცველ ფენებს სამედიცინო პოლისების სახით ეხმარება. პოლისების მსგავსი მოდელი სკოლის მოსწავლეების ვაუჩერული დაფინანსებაა.

უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა განკერძოებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მათ სრულად განსახელმწიფოებრიობას არ ნიშნავს. დამფუძნებლად კვლავ სახელმწიფო რჩება. ჯერჯერობით უცნობია, გადაიდგმება თუ არა მსგავსი ნაბიჯები საჯარო სკოლებთან მიმართებაში.

იმავე შეხვედრაზე მინისტრმა მეორე მნიშვნელოვან ცვლილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სწავლა უწინდებურად 30, 50, 70 და 100%25-იანი გრანტებით დაფინანსდება, ხოლო ყველა დანარჩენზე აბიტურიენტები მხოლოდ 100%25-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას. შაშკინის თქმით, „ახალ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების განვითარებაა”. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ დისციპლინებზე დაფინანსდება სწავლა ძველი ან ახალი წესით. გაცხადებული მიზანი პრიორიტეტული დისციპლინების არაპოპულარობის დაძლევაა.

ცვლილების გატარების შემთხვევაში „პრიორიტეტულ” მიმართულებებზე დაფინანსების ბარიერი ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე სხვაგან. ამან შეიძლება დიპლომის მოპოვების მოტივით სტუდენტების ისეთ მიმართულებებზე სწავლა გამოიწვიოს, რომლის მიმართაც ინტერესი არ გააჩნიათ. მაგალითად, საინჟინროზე ჩააბარებს სტუდენტი, რომელიც სხვა ვითარებაში იურიდიულზე ჩააბარებდა. შედეგად, არც ეროვნულ ინჟინერიას შეემატება რამე და ვერც სტუდენტი შეიძენს ისეთ უნარებსა და ცოდნას, რომელიც მომავალში გამოადგება.

გამოდის, რომ იურისტთა და ეკონომისტთა სიჭარბე „პრიორიტეტული” დიპლომების მქონეთა მომრავლებით გვინდა აღმოვფხვრათ. გაუგებარია, რატომ იქნება საზოგადოებისთვის ცუდ იურისტზე სასარგებლო არშემდგარი ფიზიკოსი.

თუ გვსურს პრიორიტეტულ მიმართულებებზე არა უბრალოდ იაფად სწავლის მსურველი, არამედ ამ დარგით დაინტერესებული სტუდენტები მივიზიდოთ, ეს მხოლოდ შრომითი ბაზრისა და მეცნიერების ადმინისტრირების გაუმჯობესებით მიიღწევა. თუ არ შეიცვალა საქართველოში დასაქმების პირობები, მეტი და უკეთესი სპეციალისტი ქვეყანაში მაინც არ დარჩება. გლობალიზებულ სამყაროში კარგი სპეციალისტები საკუთარ ქვეყანაში არ რჩებიან, თუ სხვას უკეთესი ანაზღაურებისა და პირობების შეთავაზება შეუძლია.

დღეს საქართველოში მრავალი დარგის დონე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებებზე არასაკმარისი სტუდენტი სწავლობს. პრობლემა არა სტუდენტთა რაოდენობაში, არამედ მათ მიერ მიღებული განათლების ხარისხსა და შრომის ბაზარშია.

ასევე გაუგებარია, როგორ უნდა დაინერგოს ახალი ინიციატივა იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც პროფესიის არჩევას სტუდენტს პირველივე წელს არ სთხოვენ. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ბაკალავრის ხარისხი მიიღოს, როგორც სოციალურ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მას პროფესიის არჩევა მხოლოდ პირველი სასწავლო წლის ბოლოს შეუძლია. მსგავს ფაკულტეტებზე ნაწილობრივი გრანტის არგაცემა კი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებსაც დააზარალებს, ანუ სწორედ მათ, ვისი წახალისებაც მინისტრს უნდა.

20 საზოგადოება ტექნოლოგიური სიახლეები

▲back to top


საზოგადოება|ტექნოლოგიური სიახლეები

ახალი Google Phone

გაჯეტების მოყვარულებს სალაპარაკო თემა მიეცათ. Google-მა და Samsung-მა ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია Google-ის სმარტფონის გამოშვების შესახებ, რომელსაც Nexus S ერქმევა და წინამორბედისაგან, Nexus One- ისგან განსხვავებით მრავალ სიახლეს გვპირდება. ტექნოლოგიურ ბლოგებზე უკვე სურათების ხილვაც შეიძლება, სადაც მომრგვალებულკუთხეებიანი, სოლიდური თხელი შავი ტელეფონი იწონებს თავს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ტელეფონზე ოპერაციული სისტემა Android-ის ახალი რელიზის, Gingerbread-ის (Android 2.3) სუფთა ვერსია იქნება დაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ზუსტად ისეთი სახე ექნება, როგორიც ის Google-ის ინჟინრებმა შექმნეს.

განსხვავებით წინამორბედისაგან, Nexus S-ს 4-დუიმიანი WVGA ეკრანი, გაუმჯობესებული 1-გიგაჰერციანი პროცესორი, 5-მეგაპიქსელიანი კამერა HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით, 16-გიგაბაიტიანი გარე და 512-მეგაბაიტიანი შიდამეხსიერება ექნება. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ში და ევროპაში Google Nexus S იმავე ფორმით გაიყიდება, როგორც ეს Google Nexus One-ის შემთხვევაში ხდებოდა: ოპერატორზე მიბმული და კოდირებული ტელეფონების შეძენას სხვადასხვა ოპერატორების ქსელში შეძლებთ, კოდმოხსნილები კი მხოლოდ ინტერნეტში გაიყიდება და 529 დოლარი ეღირება. ასევე ცნობილია თარიღიც, თუ როდის მოახერხებენ ტექნომანები Google-ის ახალი სიამაყის შეძენას: აშშ-ში გაყიდვა 16 დეკემბრიდან დაიწყება, დიდ ბრიტანეთში კი - 20 დეკემბრიდან.

მათ გასაგონად კი, ვინც Google Nexus S-ის შეძენას აპირებს, უნდა ითქვას, რომ Android-ის ოპერაციული სისტემა კვლავაც არ ითვალისწინებს ქართული ენის მხარდაჭერას და ერთადერთი შანსი, რომ თქვენს Android ტელეფონს ქართული შრიფტი წააკითხოთ, კვლავაც Root უფლებების მოპოვებაზე გადის, რაც თავის მხრივ ტელეფონის ქარხნული პროგრამული უზრუნველყოფის ხელყოფას და ახლის ჩაწერას გულისხმობს. ასეთ შემთხვევებში Google-ის ინჟინრები პასუხისმგებლობას იხსნიან და დამამშვიდებელს ვერაფერს გვპირდებიან, ჯერჯერობით კი არც ერთ ოფიციალურ ფორუმზე არ გაჟღერებულა ინფორმაცია იმის შესახებ, ექნება Nexus S-ზე დაყენებულ Android Gingerbread-ს ქართული შრიფტის მხარდაჭერა თუ არა.

0x01 graphic

Baidu: ჩინური ინტერნეტი

რავისთვის საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ჩინეთი დანარჩენი მსოფლიოსგან არამხოლოდ დიდი კედლითაა გამოყოფილი. ჩინელები თავს იცავენ დასავლური ინფორმაციული ნაკადისაგან, რაც უპირველესად ინფორმაციის გაფილტვრვაში და ცენზურაში ვლინდება. ოქროს ფარის პროგრამაც აამოქმედეს, რომელიც დასავლეთში უმალვე „Great Firewall of China”-დ მოინათლა. სწორად ამ პრობლემატიკის გამო Google-სა და ჩინეთის მთავრობას შორის დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია. ამერიკელებს არ სურთ დასავლური სტანდარტების დათმობა, ჩინელებს კი - თავისი არ ეთმობათ, ამიტომაც ციური იმპერიის შვილებმა შუალედური გამოსავალი მოძებნეს და საძიებო სისტემა Baidu შექმნეს.

0x01 graphic

2000 წელს რობილ ლი და მისი ათი თანამზრახველი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ათი წლის შემდეგ ჩინური ამბიციის მაგისტრალი მათზე გაივლიდა. ამ ადამიანებმა მაშინ ჩვეულებრივი warez საიტი შექმნეს, Baidu უწოდეს და ჩინურ ინტერნეტში პირატული მუსიკისა და ვიდეოს გავრცელება დაიწყეს, თუმცა მადა ჭამაში მოვიდა და საძიებო სისტემის შენებაც დაიწყეს. სწორად ამ საძიებო სისტემით შეძლო Baidu-მ ჩინეთის დაპყრობა, იქიდან Google-ის გამოძევება (ბოლო მონაცემებით Baidu ჩინეთის ბაზრის 73%25-ს ფლობს) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ Baidu-ს Google-ზე უკეთესად ინფორმაციის მოძიება კი არა - დამალვა ეხერხება.

ჩინელებს სჯერათ, რომ მოვა დრო და Baidu არა მხოლოდ ჩინელ 420 მილიონ ინტერნეტ-მომხმარებელს მოემსახურება, არამედ კედლისიქითა მსოფლიოშიც გავრცელდება. მათი იმედი კიდევ უფრო გაძლიერდა, Baidu-მ იაპონურ და კორეულ ბაზარზეც რომ შეაღწია. მაგალითისთვის Baidu იაპონიაში №1 ინტერნეტ- აუქციონს, Rakuten-ს ემსახურება, რომლის დარეგისტრირებულ იუზერთა რაოდენობა 50 მილიონს აღწევს. რამდენად შეძლებენ ჩინელები მიზნის მიღწევას, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა თანამედროვე სამყაროში Baidu-მ რომ საკუთარი ნიშა იპოვა, ამასაც ვერ უარვყოფთ - Baidu არის ადგილი, სადაც უფასოდ შეგიძლიათ იპოვოთ ის ebook, mp3 თუ ვიდეო, რომელთა გავრცელებასაც დასავლეთში საავტორო უფლებები იცავს.

World of Warcraft: კატაკლიზმი იწყება!

კომპანია Blizzard-მა დეკემბრის დასაწყისში World of Warcraft-ის ახალი, შეცვლილი სამყარო წარუდგინა 12 მილიონ დარეგისტრირებულ მოთამაშეს, რომელთაგან თითოეული თვეში 10 ევროს იხდის, რაც ჯამში მილიარდ ევრომდე გროვდება და ეს ფაქტი Blizzard-ს უმსხვილეს სათამაშო გიგანტად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მომრავლდა უფასო სერვერები, World of Warcraft-ის ოფიციალურ ვერსიას მაინც ვერავინ უწევს კონკურენციას, რაც მუდმივი ინოვაციისა და სრულყოფის შედეგია.

ყველაზე დიდი MMORPG-ს (ინგლ. Massively Multiplayer Online Role-Playing Game - მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში) ახალ ვერსიას Cataclysm ერქმევა და 12 მილიონ ნოულაიფერს (ასე უწოდებენ თამაშებზე გადამკვდარ გეიმერებს, რომელთაც პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ) ახალი ტერიტორიების ათვისებას, ახალ პერსონაჟებს, ახალ დავალებებს და კიდევ მრავალ სიურპრიზს უმზადებს. უმთავრესი განსხვავება წინა ვერსიასთან შედარებით კი ის იქნება, რომ მოიმატებს განვითარების მაქსიმალური დონე 80-დან 85-მდე და დაემატება სათამაშო პერსონაჟების ორი ახალი კლასი: ვორგენი და გობლინი, პირველი ალიანსის მხარეს და მეორე - ჰორდის.

Blizzard-მა აზეროტში, სამყაროში, სადაც მიედინება World of Warcraft-ის ვირტუალური ცხოვრება, ძველი მოთამაშეების დაბრუნება განიზრახა, რომლებმაც ეს თამაში მიატოვეს, ამიტომაც რამდენიმეთვიან უფასო ხელმოწერას სთავაზობს ყველა იმ მომხმარებელს, ვინც მიტოვებულ ექაუნთს აღადგენს და თამაშს გააგრძელებს. თამაშის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ახალი ვერსია იმდენად გადააკეთეს, რომ ძველმა მოთამაშეებმა შეიძლებმა ვერც კი იცნონ ის. და სანამ ისინი ფიქრობენ დაბრუნდნენ თუ არა აზეროტში, 12 მილიონ ნოულაიფერს ღამეები არ სძინავს ახალი ვირტუალური გასართობის მოლოდინში.

0x01 graphic

21 იდეოლოგიზირებული რწმენა

▲back to top


ტაბულა|რაზა

ზურაბ ოდილავაძე

I. ახალი ,,ტაძრულირწმენა - ტოტალიტარული იდეოლოგია

ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი საერთო სახლი, „ხალხთა საპყრობილე“ - საბჭოთა კავშირი. საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ამ აქტით ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ ფაშიზმის და კომუნიზმის ტოტალიტარული რეჟიმები გაათანაბრა. ილუზია - „სოციალიზმი ადამიანური სახით” - საბოლოოდ გაიფანტა.

ტოტალიტარული რეჟიმის არსი მდგომარეობს სახელმწიფოს ყოვლისმომცველ კონტროლში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. სისტემა ემყარება კოლექტივიზმს. პიროვნების უფლებები მკაცრად იზღუდება. საზოგადოების ცხოვრება მთლიანად იდეოლოგიზირებულია. მონოპოლური იდეოლოგიის გარშემო ხდება მასების დარაზმვა რაღაც ზეამოცანის, უტოპიური მიზნის მისაღწევად. საბჭოეთის შემთხვევაში, ამგვარ გამაერთიანებელ იდეად გამოცხადებული იყო მიწიერი სამოთხის - კომუნიზმის მშენებლობა. მოსახლეობაში იდეოლოგიის დანერგვა და რეჟიმის ფუნქციონირება ხორციელდებოდა ტოტალური ზედამხედველობით და ძალადობით, - ურჩთა დაშინება-განადგურებით. გავიდა 80 წლიანი „სროკის” ვადა, ჩვენ „სვაბოდაზე” გამოვედით. დავტოვეთ კი „ციხეში” ტოტალიტარულ წარსული, გაქრა ის ჩვენი ცნობიერებიდან უკვალოდ?

პოსტსაბჭოური ოცი წლის უკიდურეს გასაჭირში, სამოქალაქო ომში, ჩვენ სულის მანუგეშებელ ნავთსაყუდელს ვეძებდით. მისი როლი ეკლესიამ წარმატებით შეასრულა. ათეიზმში გაზრდილმა თაობებმა აღმოაჩინეს სხვა, არამიწიერი ცხოვრება - „ზეციური იერუსალიმი”, გაჩნდა აქამდე არნახული საქმე - სულის ცხონება! ამავდროულად, ქართველებს გვწყუროდა ერის გამაერთიანებელი ნაციონალური დოქტრინა, რომელიც შეცვლიდა „ველიკორუსულ შოვინიზმს”. მოხდა ჩანაცვლება - კომუნისტური იდეოლოგიისა სარწმუნოებით. ტოტალიტარულმა უკრიტიკო და პასიურმა ცნობიერებამ სარწმუნოებაც შესაბამისი აბერაციით მიიღო. ჩვენ შევუდექით „პრაქტიკულ ქრისტიანობას”: 1.შაბლონური აზროვნებით - სიყვარულის გარეშე და აქედან გამომდინარე, გაქვავებულ დოგმებზე და წეს-ჩვეულებეზე დამყარებული, ე.წ. „ტაძრული” რწმენით; 2.ორმაგი ფარისევლური სტანდარტებით - ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორეს კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში; 3. „უზენაესი ავტორიტეტისადმი” უკრიტიკო, მონური მორჩილებით. ახლა, კომუნიზმის მაგივრად, საქართველოს გაბრწინება გამოცხადდა უზენაეს მიზნად, კერძოდ კი, სულების საყოველთაო, კვლავ „კოლექტიური” ცხონება! რათა გარედან ახლადშემოსულ, აშკარად უპირატეს ცხოვრების დასავლურ წესს, რაციონალური აზროვნების და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არ გაემარჯვა, საჭირო გახდა მტრის ხატის შექმნა. დაიწყო დასავლეთის დემონიზაცია, ამუშავდა „წარმოსახვითი უპირატესობის მითების” წარმოების პრორუსული იდეოლოგიური მანქანა. ჩვენ ყველგან მასონები, იეღოველები და სისხლში შეყვანილი ჩიპები გველანდებოდა. ერი დაირაზმა ერთი ამოცანით - სულის გადარჩენა და ერთი სიძულვილით - მასონების თუ იეღოველების ექსპანსიიდან საქართველოს ხსნა! ეკლესიას უამრავი ხალხი მიაწყდა, მისმა გავლენამ საყოველთაო, სახელმწიფოებრივი ხარისხი შეიძინა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი იერარქების საბჭოურ მენტალობას, ადვილი გასაგებია, თუ როგორ მოხდა ის, რაც მოხდა. სარწმუნოებამ არა მხოლოდ ჩაანაცვლა კომუნისტური იდოლოგია, რომელთანაც არც პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ ჰქონდა პრინციპული უთანხმოება, არამედ თვით იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ახლა უკვე ეს, იდეოლოგიად ქცეული „მართლმადიდებლობა“, აღარ კმაყოფილდება ხალხის სულიერი წრვთნით, ის იჩენს ცხოველ ინტერესს და ერევა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ცხოვრების ყველა სფეროში. ორგანიზაციის თუ პირის საზოგადაებრივი მსჯავრდადებით, ეკლესია უკვე იძენს რეპრესიულ ფუნქციას. რელიგიური ლიდერები იდეოლოგიურად აკონტროლებენ მოქალაქეების პირადი ცხვოვრების წესს, კულტურას და ხელოვნებას, პრეტენზია უჩნდებათ ჩაერიონ სოფლის მეურნეობაში და საბანკო-საკრედიტო პოლიტიკაშიც კი! მაგალითები? მღვდელ დავით ისაკაძის დაჯილდოება, ჰელლოუინის მონაწილეთა, „მმკ”-ს მიერ ტრადიციად ქცეული დარბევები; თეატრების და ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა - ასე გამოიყურება სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური წნეხი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ყველაზე ცუდი კი, ცალკეული ადამიანის „პრევენციული” შიში გახლავთ, რათა თავს არ დაატყდეს ეკლესიის რისხვა - ასეთია რეპრესიების სავალალო შედეგი! ასე თანდათან, იერარქების მცდელობით და ჩვენი წაყრუებით, „მართლმადიდებლობა“ თვით გარდაიქმნა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ყველას კარგად გვახსოვს საბჭოეთის ლოზუნგი: „Партия - наш рулевой!“,- აი, ზუსტად ასე! მრევლის და სამღვდელოების გაუნათლებლობამ და მისგან გამომდინარე რელიგიურმა ფანატიზმმა საბოლოოდ დაასრულეს სარწმუნოების იდეოლოგიზაციის პროცესი. საპატრიარქო აღმოჩნდა „მუდამ მართალის” პოზიციაში, ის პოლიტიკური მოთამაშეცაა და, ამავდროულად, უკრიტიკო ველში ცხოვრობს. განსჯის გარეშე დარჩენილი იერარქები ადვილად ინარჩუნებენ უზენაესი არბიტრის და შეუცდომელი ადამიანების სტატუსს. შესაბამისად, დაბალი წოდების სამღვდელოებამ, ღმერთის შესახებ ხალხს ყოველივე „გაუიასნა”, ქრისტეს ღვთაებრივი სწავლება თავგანწირულ სიყვარულზე, წეს-ჩვეულებების მშრალ კრებულად აქცია და შეუდგა „ბაბილონის გოდოლის“ შენებას. ამგვარი მდგომარეობა პირველ რიგში თვით ეკლესიას, მის ავტორიტეტს ვნებს და კულტის მსახურთ უკიდეგანო ამპარტავნებაში აგდებს.

0x01 graphic

II. რუსული შეფუთვა - Made in USSR!

ერთ სარწმუნოებას, მისი „სიწმინდის დაცვისთვის“ შექმნილ მტრის ხატს და საზიარო მითოლოგიას საფუძვლად უდევს საერთო პოლიტიკური და რელიგიური მიზნები. „მესამე რომის“ იდეოლოგიის თანახმად, რუსეთის იმპერია დედამიწის ზურგზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური მასშტაბით, „მსოფლიო მასონიზმი ებრძვის“, კერძოდ კი, „ინგლის-ამერიკა ცდილობს მის განადგურებას”! ამ სახელმწიფოებში ხედავს რუსეთის იმპერია ძირითად ისტორიულ კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონობაზე. თუ გავითვალისწინებთ „ერთმორწმუნე ძმებთან“ მჭიდრო ეკლესიურ კავშირს, ქართველი იერარქების ზაგორსკისეულ განათლებას, ჩვენი სამღვდელოების დიდი ნაწილის სულიერ და მენტალურ ერთობას რუსეთთან, საკმაოდ ადვილი შესამჩნევია ამ მითების და მათგან წარმოებული მტრის ხატის არა მხოლოდ რუსული ფესვები, არამედ მათი მიზანმიმართული „პედალირება” რუსეთის იდეოლოგიური მანქანის მიერ. გაუგებარია მხოლოდ ერთი რამ - ჩვენ რას გვარგებს ცივილიზებულ სამყაროსგან გამიჯვნა, რას აძლევს ქართველ ხალხს რუსეთიდან სარწმუნოების იმპორტი და ამერიკასთან მტრობა? საკითხავი აი ეს არის.

22 კომპანია დექსუსის ახალი პირობები

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

კომპანია დექსუსმა ექვსი პროექტის მშენებლობა განაახლა, მათ შორის სამი სახლი ახალ წლამდე დამთავრდება. კომპანიამ კლიენტებთან ახალი ხელშეკრულებების დადების პროცესი დაიწყო.

დექსუსი სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის 100%25-ის მმართველია. ცენტრ პოინტსა და დექსუსს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელმა ცენტრ პოინტის მიერ დაწყებული ყველა პროექტის სამი წლის განმავლობაში დასრულების ვალდებულება აიღო.

კომპანია დექსუსს სულ 6200 კლიენტი ჰყავს. მათ ნახევარს თანხა სრულად აქვს დაფარული. ზოგიერთი ახალ აშენებულ ბინას უკვე ოთხი წელია, ელის. დექსუსის გენერალური დირექტორი გიორგი ქანანაშვილი ამბობს, რომ ცენტრ პოინტთან გაფორმებული თითქმის ყველა ხელშეკრულება ორმხრივად დარღვეულია: ძველი ხელშეკრულება ადგენს, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, მხარეები ახალ პირობებზე უნდა მორიგდნენ. დექსუსი ამ ეტაპზე კლიენტებთან სწორედ ამ ახალ პირობებს ათანხმებს.

ახალ ხელშეკრულებებში კლიენტთა ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს ამხანაგობებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრება. ისინი ამბობენ, რომ ცენტრ პოინტის შეცდომებზე პასუხი მათ არ უნდა აგონ. დექსუსმა კომპანიის ძველი ვალდებულებები და პრობლემები დამოუკიდებლად და არა კლიენტის ხარჯზე უნდა მოაგვაროს. სოციალურ ქსელში (facebook) უკვე გაჩნდა დექსუსისა და ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებულ კლიენტთა კლუბის გვერდი, რომელიც ამ დრომდე 225 წევრს აერთიანებს.

საპასუხოდ, კომპანია დექსუსი ამბობს, რომ კლიენტის ხარჯზე არაფერს აგვარებს. კომპანია ბინას მხოლოდ მათ გაუყიდის, ან იპოთეკით დაუტვირთავს, ვისაც თანხა სრულად დაფარული არ აქვთ. თანხის სრულად გადამხდელები კი ორ კატეგორიად იყოფიან: ვინც ბინა შეიძინა საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად და ვინც ეს უფრო იაფად მოახერხა. თუ დექსუსი დაადგენს, რომ ფართში გადახდილია მის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, კომპანია კლიენტს ბინას აუშენებს, თუმცა მანამ არ გადაუფორმებს, სანამ დღგ-ს გადასახადს (18%25) არ გადაიხდის. ქანანაშვილის თქმით, არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, ახალი ხელშეკრულებების გაფორმების სტატისტიკა საკმაოდ კარგია - კომპანიამ კლიენტთა 65%25-ის ხელმოწერები შეაგროვა.

თუმცა, კლიენტთა ნაწილი სასამართლოში საჩივლელად მაინც ემზადება. კომპანია დექსუსი კი დეკემბრის შუა რიცხვებში ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის გეგმას წარადგენს. რა ფორმით ადგენს კომპანია ფართის საბაზრო ღირებულებას და ითვალისწინებს თუ არა იმ პერიოდს, როცა ხელშეკრულება პირველად გაფორმდა, სხვა დეტალებთან ერთად, 17 დეკემბერს გახდება ცნობილი.

23 რატომ ბრუნდებიან ჩემპიონები?

▲back to top


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ეს კითხვა არაერთხელ გამჩენია. შარშან მიხაელ შუმახერი მიუჯდა მერსედესის ბოლიდს, იმავე პერიოდში კორტს ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ ჟუსტინ ენენი და კიმ კლაისტერსი, თბილისში მარადონას ვეტერანებთან ერთად ჩამოსული მატიას ალმეიდა კი დღესაც რივერის კაპიტანია...

0x01 graphic

უფრო ხშირად „ქამ-ბექი“ უშედეგოდ მთავრდება - ბიორნ ბორგის ხის ჩოგანი აშკარად მოძველებული გამოდგა თანამედროვე ჩოგბურთისთვის, ვეღარ ივარგეს გორან ივანიშევიჩმა და მონიკა სელეშმა, მარტინა ჰინგისი კოკაინზე ჩავარდა და ახლა ცხენით ჯირითობს, ჯორჯ ფორმენის მესამე ცდა კი უსახურ გერმანელთან წაგებით დასრულდა...

ერთ ასეთ ჩემპიონს ბედმა მეც შემახვედრა.

...2005 წლის აპრილია. მე და ოთარ ბაქრაძე კანში ვართ სატელევიზიო ბაზრობაზე. დილიდან 9 შეხვედრა გავმართეთ. ახლა პალე დე ფესტივალის წინ ყავა უნდა დავლიოთ, მერე ისევ შეხვედრები, 7 საათზე კი მარტინესში ბრაზილიური ტელესერიალების მწარმოებელი გიგანტი გლობო მართავს MIPTV-ს გახსნას...

კრუაზეტზე უამრავი ხალხი ირევა, ადგილი თითქმის არც ერთ კაფეში არაა.

- ბიჭო, მეჩვენება, თუ ეს მართლა ჰოლიფილდია?! - ეჭვით მეკითხება ოთარი და კაფეს წინ მოწყენილად მოყურყუტე გიგანტ ზანგზე მიმანიშნებს.

- ეგაა, ტო, უეჭველი...

- მოდი მივაჭრათ! - ჩვენ ორში ბაქრაძე უფრო თამამია.

- ტეხავს, რა უნდა უთხრა?!

- დაიკიდე! მივიდეთ, ხომ ხედავ მარტო დგას, ყურადღებას არავინ არ აქცევს, ჩვენ გარდა, ვერავინ ვერ ცნობს...

მივედით, გამოვეცნაურეთ, გავუშინაურდით. რომ გითხრათ, გამოცოცხლდა-მეთქი, დავაკლებ - ასეთი სიხარულით დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებსაც არ შეხვდებოდა...

ფოტოებიც გადავიღეთ, ავტოგრაფებიც გამოვართვით და ბოლოს ოთარმა შინაურულად უთხრა - ხო იცი, საღამოს ტუსოვკაა მარტინესში და იქ გნახავთო...

8 საათისთვის კანის ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს პირველ სართულზე რამდენიმე ათასი კაცი „გუგუნებს“. აქეთ სამბა, იქით ლამბადა, ნახევრადშიშველი მოცეკვავეების შემხედვარე ხვდები, რატომ გარბის ყველა ბრაზილიელი ფეხბურთელი რიოს კარნავალზე და მერე უკან დაბრუნებას აღარ ჩქარობს. მზად ვარ მოვიტყუო და თავი „სელესაოს” გულშემატკივრადაც კი გავასაღო... მადლობა ევანდერს! ორი ბოდიგარდის თანხლებით მოდის, მეგობრულად გვესალმება, წვენს გვართმევს და ჩვენთან რჩება - ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიფერებთ...

ოთარი თავის ამპლუაშია, გაკვირვებულ ნაცნობებს ეუბნება ჰოლიფილდი ჩვენი ძმააო და პაატა გაბელიას ყურმოჭმულ ჩემპიონთან ფოტოს აღებინებს. იქვე ვიღაც ფრანგი „ტელევიზიონშიკი“ მეკითხება ვინაა ეს კაციო და ჩემგან დაკვალიანებული ისიც უერთდება „კამპანიას“... 10 საათისთვის ვიშლებით.

...ღამის 1-ლ საათზე მონპელიედან ჩამოსულმა ზაზა ქასაშვილმა რესტორან ბაოლიში დაგვპატიჟა. ცოტა ხანში ჰოლიფილდიც მოვიდა, გარს უკვე 5-6 ლამაზმანი ეხვია, კისერზე კი ის ფრანგი ჰყავდა ჩამოკიდებული, სამიოდე საათის წინ რომ არკვევდა მის ვინაობას.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კანში კიდევ 2 დღეს გრიალებდა, კუდში იმდენი ხალხი დასდევდა, ვეღარც მიეკარებოდი...

ეს კაცი იმიტომ გამახსენდა, რომ ახლაც რინგზეა - 9 დეკემბერს დეტროიტში, ჯო ლუის არენაზე, 48 წლის ჰოლიფილდი შერმან უილიამსს ეჩხუბა...

...ასეთ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანებისთვის ძნელია ჩრდილში მოქცევა. მათ მუდმივად, ჰაერივით სჭირდებათ ტაში, ოვაციები და ფანების ამალა. ყურადღებას მოკლებულები ან გარინჩასავით ლოთდებიან, ან ჯო ფრეზერივით სპორტული დარბაზის მანსარდაში იბუდებენ და მოგონებებში ჩაფლულნი კარგავენ რეალობის შეგრძნებას...

ამიტომაცაა, რომ ძველებს ყოველთვის უფრო ვგულშემატკივრობ. მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ დიდების დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც რისკავენ, ზოგჯერ პრესტიჟისა და სიცოცხლის ფასადაც კი. იმიტომ, რომ სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ იციან, ისინი ხომ ჩემპიონები არიან...

24 რუსეთი 2018: პასუხი ყველა კითხვაზე

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

0x01 graphic

მსოფლიოში მხოლოდ ორი საიდუმლო ორგანიზაცია დარჩა - ფიფა და კგბ, - ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ტერი ვენეიბლზმა 3 დეკემბერს განაცხადა.

ერთი დღით ადრე, 2 დეკემბერს, ფიფამ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის მასპინძლები დაასახელა - რუსეთი და ყატარი.

ინგლისელებს სჯეროდათ, რომ 2018 წელს უდიდეს საფეხბურთო ტურნირს მიიღებდნენ. წინასწარი გამოკითხვით, მათი პროექტი საუკეთესო იყო, თუმცა ფიფამ ეს უფლება რუსეთს გადაულოცა: აღმასრულებელი კომიტეტის 22 წევრიდან ფეხბურთის სამშობლოს მხოლოდ ორმა დაუჭირა მხარი და ბრიტანული პროექტიც პირველივე ტურში ჩავარდა...

ჩანს, ფიფასთვის სიტყვა „დემოკრატია“ უცხოა. წარმოუდგენელია, რომ ინგლისმა მხოლოდ ორი ხმა მიიღო, - ეს უკვე მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გახლავთ.

კიდევ შეიძლება უამრავი სახელგანთქმული ბრიტანელის მოხმობა, მაგრამ საჭირო არაა. ისედაც ნათელია, რომ ნისლიან ალბიონზე ფიფას გადაწყვეტილებით, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაღიზიანდნენ.

ბრიტანული პრესა არა და არ ცხრება. პერიოდულად ქვეყნდება სტატიები, სადაც ფიფას დიდმოხელენი მექრთამეებად არიან მოხსენიებულნი, გაზეთ სანისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესვეურებთან დაახლოებულმა მავანმა ქომაგმა საინტერესო დეტალები გაამხილა: ციურიხში, ფიფას შტაბბინაში ჩასულ ბრიტანელთა დელეგაციას - მეგა-ვარსკვლავი დევიდ ბექემი, პრინცი უილიამი, პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი - აღმასრულებელი კომიტეტის შვიდმა წევრმა მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა მეორე დღეს ხმა სხვას მისცა. ხსენებული წყარო შვიდეულსაც ასახელებს: ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი ტრინიდადი და ტობაგოდან, ამერიკელი ჩაკ ბლეიზერი, გვატემალელი რაფაელ სალხერო, კორეელი ჩანგ-მუნგ იუნი, კვიპროსელი მარიოს ლეფკარიტისი, თურქი შენეშ ერზიკი და კოტდივუარელი ჟაკ ანუმა.

ინგლისელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ფიფას აღმასკომის ამ და კიდევ რამდენიმე წევრმა თავიანთი ხმა უნამუსოდ მიჰყიდა რუსეთს. სახელდება სავარაუდო ქრთამიც: 60 მილიონი გირვანქა და თანხის წყაროც - ლონდონში დაფუძნებული რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი. გაერთიანებულ სამეფოში აბრამოვიჩის ციურიხში გამოჩენას უკვე უწოდეს „პასუხი ყველა კითხვაზე”.

თავიანთი მოსაზრების გასამყარებლად ჟურნალისტებმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეკ უორნერის სიტყვებიც მოიხმეს, რომელიც მან კენჭისყრამდე ორიოდ კვირით ადრე, ფიფასთან დაკავშირებული სკანდალების გამო თქვა: „ევროპაში ინგლისი არავის უყვარს. კი, ფეხბურთი იქ მოიგონეს, მაგრამ მერე რა? მათ ამ სპორტის განვითარებისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებიათ“.

0x01 graphic

რომან აბრამოვიჩი

რაც შეეხება სკანდალებს, ყველაფერი BBC-ს გადაცემა პანორამით დაიწყო: ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ინგლისელებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილე აღმასკომის რამდენიმე წევრმა ქრთამის სანაცვლოდ თავისი ხმა გაყიდა.

ვეჭვობ, რომ მომხდარზე უარყოფითი გავლენა იქონია ინგლისელი ჟურნალისტების აქტიურობამ პრესასა და ტელევიზიაში, რასაც ფიფას იმიჯის შელახვა მოჰყვა, - იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯინჯი ოგურამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, ინგლისის პროექტის ჩავარდნა ხსენებულ გადაცემას დააბრალა. ლონდონში ვარაუდობენ, რომ სწორედ ოგურა იყო ის ერთადერთი ხმოსანი, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციის მესვეურის ჯეფრი ტომპსონის მხარდამხარ, მათ კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ვისაც მოქრთამვა დაუმტკიცდა, დაისაჯა კიდეც. ეს თემა ამოწურულია. რაც შეეხება მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებს, მასპინძლები დასახელებულია და ამ საკითხზე საუბრის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, - ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პოზიცია გასაგებად გამოხატა.

25 თეთრი მარტორქის საჩუქარი

▲back to top


კალათბურთი|სპორტი

0x01 graphic

ღამის კლუბში ორი მოცეკვავის და ბარმენის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის და მანამდე, ტაქსისტის დაყაჩაღებისთვის, მოსამართლემ 35 წლის ერიკ ჯეიმს ტორპის, გისოსებს მიღმა სანატორიუმი 30 წლით გამოუწერა. ტორპიმ სიტყვა ითხოვა, ადვოკატს თავზე ხელი მოუთათუნა და მოკლედ მოჭრა: „ერთი უმნიშვნელო თხოვნა მაქვს. არ ვაპირებ თავის მართლებას. რაც გავაკეთე, გავაკეთე და სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. უბრალოდ, თუ შეგიძლიათ, თავისუფლების აღკვეთა კიდევ სამი წლით გამიზარდეთ. 33 ნომრით ჩემი კერპი, ლარი ბერდი თამაშობდა“. ტორპის თხოვნა დააკმაყოფილეს.

უესტ ბეიდენში (ინდიანა), ჯორჯია და კლოდ ჯოზეფ „ჯო“ ბერდების ოჯახში სულ სიმშვიდე იყო. დილის 5 საათიდან ჯორჯია აეროპორტში დამლაგებლად მუშაობდა, შემდეგ ისვენებდა, ავტობუსით ქალაქის მეორე ბოლოში გადადიოდა და ასაკოვან ცოლ-ქმარს უვლიდა. საღამოს, ჯორჯია ღამის კლუბში მოლარის ჯიხურში იჯდა. ის მშვიდი ქალბატონი იყო.

ჯო ბერდი ძირითადად, სახლში იყო. კორეის ომმა მას პოსტტრავმატული სტრესი დაუტოვა, ჯო თავის საყვარელ სავარძელში იჯდა და ფიქრობდა. სულ ფიქრობდა. 1974-ში დაფიქრდა, მოწესრიგდა, ახალი პერანგი მოიცვა და ვენები გადაიჭრა. ჯორჯიამ მეუღლის გადარჩენა მოასწრო. ჯო ერთხელაც დაფიქრდება ყველაფერზე. ჯორჯიაზე, პატარა ლარიზე, რომელმაც ეკლესიის წინ აფროამერიკელი დაიცვა და ხულიგნებმა სახის ძვალი გაუტეხეს. ჯო დაფიქრდა ომზე, შემდეგ გააღო კარადა, გამოიღო მონადირის დანა და ვენები კიდევ ერთხელ გადაიჭრა. ჯორჯიამ მეორედ ვეღარ გადაარჩინა ჯოზეფი. ორი თვით ადრე ჯორჯიამ ჯოზეფი მიატოვა, მაგრამ კორეის ომის ვეტერანმა ოროთახიანი ბინა დაწვა და დროებით, ყოფილ ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად.

ლარიმ დაკრძალვაზე დააგვიანა. სასაფლაოზე მისულს, იქ მესაფლავის გარდა არავინ დახვდა. ჯორჯიას სადღაც აგვიანდებოდა, ბიძამისი სან ფრანცისკოში თავის საყვარელთან გადაფრინდა და ბებო, 89 წლის ჯულია ბერდი მოხუცებულთა თავშესაფარში დააბრუნეს. საღამოს, ჯორჯიამ ლარის ახალი ფეხსაცმელი მოუტანა. ლარის ეძინა, დედიკომ კი საჩუქარი კარადასთან დაუდო. იმ ღამეს ჯორჯიას ინსულტი დაემართა. გადარჩა, მაგრამ მეტყველების უნარი დაკარგა.

მეორე დღეს ლარიმ, რომელიც მაშინ ინდიანას უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის კაპიტანი იყო, გაყიდა მშობლების ძველი სახლი, ჯორჯიას მომვლელი აუყვანა და ბანკიდან სესხად 5 ათასი დოლარი გამოიტანა. ვარჯიშის შემდეგ, ლარი სახლში ბრუნდებოდა, დედას ეფერებოდა, ძილის წინ ლოცვას კითხულობდა, მშობელს აძინებდა და ისევ სავარჯიშოდ გადიოდა. 100, 200 ზუსტი სროლა, მოგვიანებით 300 და 400. მალე ბერდის ღამის სესია 500 ზუსტი სროლით დაიტვირთა.

ლარიმ დაფარა სესხი და მეორე ბანკიდან 15 ათასი დოლარი გამოიტანა. შვილმა დედიკოს პატარა სამოთხე აჩუქა. კოხტა ბაღში ჯორჯიას საყვარელი ხე, ბაობაბი იდგა. იშვიათი ხე ლარის მეგობრის საჩუქარი იყო. იმ ბაობაბთან ვარდების ორი რიგი გადიოდა, შუაში კი წითელი ქვის ბილიკი იჭრებოდა. ორი ჰამაკი, ბამბუკის მაგიდა და ორი სავარძელი. იქვე დარბოდა, ცელქობდა ლარის როტვეილერი, 2 წლის რუდოლფი.

ლარი უვლიდა ჯოს საფლავს და როდესაც 1978 წლის დრაფტზე ბერდი ბოსტონ სელტიქსმა აირჩია, მან მთელი საღამო სასაფლაოზე გაატარა. ხალხი გაკვირვებული აკვირდებოდა მაღალ სუბიექტს, რომელიც მორყეულ სკამზე იჯდა და თავისთვის საუბრობდა. დანაზე, რომლითაც ჯომ თავი მოიკლა, იყო ციფრების სერია, ბოლო ორ სამიანს კი „ნატო მილიტარის” ლოგო ყოფდა. წლების წინ, ლარიმ ლოგო ამოაგდო და ინდიანაში ორი სამიანი გააერთიანა. ბერდმა პროფესიული კარიერაც 33 ნომრით დაიწყო და დაასრულა.

0x01 graphic

ლარის კალათბურთიც სევდიანი, მაგრამ უნაკლო იყო. სხვები დაფრინავდნენ, ლარი კი დინჯად გადადიოდა მოედნის ერთი ნახევრიდან მეორეზე და ენერგიას ზოგავდა. თუ სამწამიანში მარტო რჩებოდა ან პირველ შეტევაში გარბოდა, ერიდებოდა სლემს. იღებდა ქულებს, საშინელ ულვაშს ისწორებდა და სულ ზემოთ იხედებოდა.

ინდიანას უნივერსიტეტში, ლარის პირველმა მწვრთნელმა ბობი კინგმა მომავალ ლეგენდას ეგრევე უთხრა, თუ გინდა, რომ დაკუნთულმა „ნიგერებმა“ არ დაგჩაგრონ, სევდა ზიზღით და დაუნდობლობით შეცვალეო. წარმოიდგინე, თითქოს პატარა ანტილოპებს უყურებ, შენ კი თეთრი მარტორქა ხარ, უნდა გაიქცე და ყველა გადათელოო. ბერდის კალათბურთში ზიზღმა და დაუნდობლობამ ოროთახიანი აპარტამენტები მაინც ვერ დაირტყეს, მაგრამ ლარი სულ ცოტათი, ოდნავ დაუნდობელი მაინც გახდა.

ბერდთან ძმაკაცობა რთული იყო. მშვიდი, მაგრამ საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი გენიოსი ერიდებოდა ხმაურს, თამაშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და ოჯახურ ფოტოალბომებს ათვალიერებდა. ჯორჯია სავარძელში იჯდა და შვილს თვალებით ეფერებოდა. ლარი დედას აძინებდა, ისვენებდა და სავარჯიშოდ გადიოდა.

ბერდს ერთი ძმაკაცი მაინც ჰყავს. იმ ძმაკაცმა დილის ხუთ საათზე დაურეკა. ლარი, მგონი ვკვდები, მეშინია, მცივა, ლოგინიდან ვერ ვდგებიო. ბერდმა გააღვიძა მეზობელი, ჯორჯიასთან დატოვა, მაგიდაზე 500 დოლარი დადო და აეროპორტში გავარდა. ძმაკაცის დასამშვიდებლად. ლარიმ ერვინ ჯონსონთან ერთი კვირა იცხოვრა და ურჩია, იქნებ კარიერა დაასრულოო. 1991 წლის 7 ნოემბერს ჯონსონმა მოაწყო ბრიფინგი და კარიერის დასრულების განცხადება გააკეთა. მეჯიქი შიდსის ვირუსის მატარებელი იყო.

მალე კალათბურთიდან ბერდიც წავიდა. ...

1992 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელებს უნდა ჩაეყვანათ გუნდი, რომელიც მთლიანად დიდი ხალხით იქნებოდა დაკომპლექტებული. პირველი და განუმეორებელი Dream Team, კალათბურთის ვაგნერები და სთოუნები, დილანები და ნიკოლსონები, თითქმის ღმერთები და ღმერთების ფავორიტები.

ამ ნაკრების კაპიტანი ლარი ბერდი უნდა ყოფილიყო. ამერიკას ასე უნდოდა. ბერდი, რომელსაც ქრონიკული დისკოზი ჰქონდა და ბერდი, რომელმაც 1992 წლის 12 იანვარს მარჯვენა მუხლის მყესები გაიწყვიტა. ბერდმა თავაზიანი უარით გაისტუმრა მთხოვნელები.

იმავე საღამოს ლარის მეჯიქმა დაურეკა. ლარი, ბარსელონაში ნამყოფი არ ვარ და რას იტყვი, ბილეთი რომ აგიღო და ერთად გადავფრინდეთო. ბერდს გაეცინა და მეჯიქს ჰკითხა, შენ თუ ითამაშებო. ჯონსონმა კი, აბა მართლა ესპანეთის დათვალიერება კი არ მინდაო. ბერდი იმ ნაკრების კაპიტნად დანიშნეს, მაგრამ ლარიმ უარი თქვა კაპიტნობაზე და მოითხოვა, კაპიტანი მეჯიქი უნდა იყოსო. Dream Team-ს ბარსელონაში ორი კაპიტანი ჰყავდა, პოპულარული ხეიბარი ლარი ბერდი და შიდსით დაავადებული, ბუნჩულა მეჯიქ ჯონსონი.

... „ლარი, ორი დღის წინ პირველად მომატყუე. რესტორანში მითხარი, რომ გავა წლები და კალათბურთში ახალი ლარი ბერდი იქნება. ლარი, მიყვარხარ და გთხოვ, მეტი აღარ მომატყუო. მეორე ლარი ბერდი აღარ იქნება“, - ბერდის გაცილებაზე მეჯიქი ამ სიტყვების შემდეგ ატირდა.

იმავე წელს ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტმა დაპატიჟა. ბერდმა ჯორჯ ბუშს სელტიქსის სრული ამუნიცია აჩუქა. პრეზიდენტთან შეხვედრა ორ საათში დასრულდა. ბერდი და მეჯიქი თეთრი სახლიდან გამოაცილეს.

მეჯიქი ლოს ანჯელესში გადაფრინდა, სადაც ამანათი დახვდა. მწვანე პარკში „ნატო მილიტარის” დანა იყო. ის დანა, რომლითაც ჯო ბერდმა თავი მოიკლა. იქვე იყო პატარა ბარათი და სიტყვები, „სიყვარულით და პატივისცემით, მეჯიქს ლარისგან. მინდა, რომ ეს შენ გქონდეს”.

26 მასტრეტა MXT - მექსიკური სპორტქარი

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ოთხწლიანი წვალების შემდეგ, მექსიკელმა ინჟინრებმა თავი მოაბეს თავიანთი ქვეყნის ისტორიაში პირველი სპორტული ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას. მათი ნახელავის პირველად ხილვის საშუალება კი პარიზის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლებს ჰქონდათ.

პირველივე შეხედვისთანავე აშკარაა, რომ მასტრეტა MXT - ასე ჰქვია პირველ მექსიკურ სპორტქარს, ერთბაშად ორ ანალოგიური კლასის ავტომობილს, ლოტუს ელისსა და ოპელ სპიდსტერს ჰგავს. მამოძრავებელ ძალას კი მას ფორდის წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი (სერია დურატეკი) ანიჭებს, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 240 ცხენის ძალას ავითარებს.

მასტრეტას მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/სთ-ს აღწევს. ერთ დროს, ასეთი მონაცემებით, ნებისმიერი ავტომწარმოებელი იტრაბახებდა, მაგრამ დღეს ამით ვერავის გააკვირვებ. თუმცა, მასტრეტას მაინც შეუძლია დაიტრაბახოს, რომ თავის მფლობელს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს - ლოტუს ელისის მსგავსად, ისიც მოსახვევებში შესაშური მდგრადობით გამოირჩევა, რასაც სიჩქარის გურმანები ძლიერ აფასებენ.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ავტომობილს სახელი მისმა შემქმნელებმა, ძმებმა დანიელ და კარლოს მასტრეტებმა, თავიანთი გვარის შესაბამისად მისცეს. ისე კი, მათს კომპანიას ტექნოიდეა ჰქვია და ის იმ ავტობუსების დიზაინსა და კონსტრუქციებზე მუშაობს, რომლებსაც მექსიკო სიტისთვის უკვე 20 წელია, მერსედეს ბენცი და ინტერნეიშნლი აწარმოებენ.

0x01 graphic

ავტომობილი ძალიან მსუბუქია, ეს კი შესაძლებელი გახდა მის კონსტრუქციაში ალუმინის იმ შენადნობთა გამოყენებით, რომლებსაც ავიაკოსმოსურ სფეროში მომუშავე კომპანიები იყნებენ. იმავდროულად, ინჟინრებმა თავიანთი მანქანა არაერთი თანამედროვე ელექტრონული სისტემით აღჭურვეს, ისეთითაც კი, როგორიც გლობალური პოზიციონირების სისტემაა (GPS). მწარმოებლის განცხადებით, მასტრეტათი დაინტერესება უკვე გამოთქვეს ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში. ტექნოიდეა მალე სადისტრიბუციო ხელშეკრულებებს ამერიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გააფორმებს. ჯერ მხოლოდ 100 ცალი MXT-ის დამზადება იგეგმება, თუმცა მასზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარმოების მოცულობა გაიზრდება. რაც შეეხება ფასს, ის ისეთია, რომ მასტრეტამ ლოტუს ელისთან კონკურენცია შეძლოს - 55 000 დოლარი.

27 რედ ბულ X1 — ოცნების ავტომობილის შოუ-მოდელი

▲back to top


ავტო

0x01 graphic

გსმენიათ რამე ისეთი სარბოლი ავტომობილის შესახებ, რომელიც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას წამ-ნახევარზე ნაკლებ დროს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 450 კმ/სთ-ზე მეტია? სიმართლე გითხრათ, ასეთი ავტომობილი ბუნებაში არ არსებობს, თუმცა ვირტუალური სამყაროს ვარსკვლავად მაშინვე იქცა, როგორც კი სონი პლეისტეიშნმა, პოლიფონი დიჯიტალსმა და რედ ბულ რეისინგმა თავიანთი ერთობლივი ნამუშევრის, ვიდეოთამაშ გრან პრი 5-ის და მისი ახალი ვარსკვლავის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

როგორც ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი ამბობს, რედ ბულ X1 ავსტრიული გუნდის ტექნიკური დირექტორის, ფორმულა 1-ის გენიოს ედრიან ნიუის ოცნების ავტომობილია, რომელშიც მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვა. თანაც ისე, რომ არანაირი ტექნიკური რეგლამენტი არ ზღუდავდა.

ავტომობილის პროექტირებისას, ნიუიმ ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებიც რეალურად მუშაობს. მართალია, თავად ავტომობილი, მისი ძრავი და ტრანსმისია ვირტუალურია, მაგრამ მათი რეალურად დამზადება არავითარ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს. მაშ, მის მონაცემებსაც უფრო დაწვრილებით გავეცნოთ:

სიგრძე 4.75 მეტრი, სიგანე 2.18 მეტრი, სიმაღლე 0.98 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.90 მეტრი, წინა ბორბლების კვალი 1.85 მეტრი, უკანა ბორბლების კვალი 1.78 მეტრი. ავტომობილის მშრალი წონა 545 კილოგრამი, სრული წონა კი - 615 კილოგრამი. რედ ბულის პრეს რელიზში წერია, რომ ამდენივე იქნება მისი ავსტრალიელი პილოტის, მარკ უებერის წონა, მან რომ მოსახვევი 300 კმ/სთ სიჩქარით გაიაროს. ამ დროს, მასზე მოქმედი გადატვირთვა 8.25G-ს მიაღწევს. ცნობისათვის, ამ მაჩვენებელს სამხედრო თვითმფრინავები აღწევენ...

ახლა X1-ის კაპოტქვეშაც ჩავიხედოთ: თითქოს, იქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვნახავთ - 3.0-ლიტრიანი V6 ბევრ სერიულ ავტომობილზეც დგას. თუმცა, X1-ის აგრეგატს ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (რა თქმა უნდა, თეორიულად) 1483 ცხენის ძალას აღწევს. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 714 ნიუტონმეტრია (12 ათასი ბრ/წთ-ზე), ძრავის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი კი - 15 ათასი.

ამ ვირტუალურმა ავტომობილმა ავტოსამყაროს იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ სონიმ და რედ ბულმა მისი სრულმასშტაბიანი მოდელის დამზადება გადაწყვიტეს და ეს საქმე კომპანია IDC მოდელზს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა კი შეკვეთა, ულტრათანამედროვე კომპიუტერული დანადგარების დახმარებით, სულ რაღაც, 4 კვირაში შეასრულა. დაბოლოს, წარმოდგენა რომ გქონდეთ, რეალურად რა შეუძლია ვირტუალურ რედ ბულ X1-ს (თუ საბურავებმა გაუძლეს), გეტყვით, რომ ფეტელმა ამ ავტომობილით სუძუკას ვირტუალური ტრასა, ფორმულა 1-სთვის სარეკორდო დროზე (ოღონდ, რეალური ტრასისთვის) 20 წამით სწრაფად გაიარა...

0x01 graphic

28 ირაკლი ფარჯიანისეული ზღაპარი

▲back to top


კულტურა

0x01 graphic

0x01 graphic

ადვილი წარმოსადგენია საღებავებით აჭრელებული სახელოსნო, ახალგაზრდა მხატვარი სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალებით, მცირეწლოვან შვილთან ერთად ხატავს. მაშინ სოფიო ფარჯიანი 10 წლისაც არ იყო. მამა გვერდით დაისვამდა ხოლმე და აძლევდა საღებავებს, ფუნჯებს... საათობით ისხდნენ და ერთად ხატავდნენ - „ხშირად მისი ნამუშევარი შემთხვევით გამიფუჭებია კიდეც, ნახატები, რომლებსაც მამა იატაკზე გასაშრობად აწყობდა, გადაყრილი მეგონა და მასზე თავიდან ვხატავდი. მამასთან ხატვა ჩემთვის თამაში იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა, ხოლო მისთვის, როგორც მხატვრისთვის - ძირითადი შთაგონების წყარო”. ირაკლი ფარჯიანის ფანტასმაგორიული, მითებითა და ლეგენდებით სავსე სამყარო ყველა ბავშვისათვის მიმზიდველია. ხშირად საკუთარი შვილების სილუეტებს და თვალის ფორმებს, სხვადასხვა პერსონაჟების გამოსასახად იყენებდა.

0x01 graphic

მხატვარი, რომელიც 18 წლის წინ გარდაიცვალა, ახლაც ცოცხალია, თავისი ნამუშევრებით, ესკიზებით, ილუსტრაციებით, რომელთაგანაც ზოგიერთი დღემდე საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო...

10 დეკემბერს ბაია გალერეაში სწორედ ირაკლი ფარჯიანის საოჯახო არქივში შემონახული უცნობი ესკიზებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიმართა. გამოფენა „ესკიზი, ილუსტრაცია“ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ყველაზე ვრცელ და საზოგადოებისათვის უცნობ მონაკვეთს წარმოაჩენს. დამთვალიერებელმა პირველად იხილა ესკიზები სურათებისათვის. გამოფენამ სტუმრებს საშუალება მისცა თვალი შეევლოთ ირაკლი ფარჯიანის ცნობილი და სერიული ნამუშევრების შექმნის პროცესისათვის.

„როგორ იქმნებოდა სხვადასხვა სერიის სურათები, რელიგიური კომპოზიციები და ილუსტრაციები... რა მოდიფიკაციას განიცდიდა ესკიზი ფინალურ ობიექტამდე - სურათამდე... - ეს ყველაფერი კარგად ჩანს გამოფენაზე წარმოდგენილ მრავალრიცხოვან ესკიზებში, რომლებიც ეტაპობრივად ასახავენ იდეის ტრანსფორმაციას მის განხორციელებამდე. გამოფენა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ რა გზით მიდიოდა მხატვარი საბოლოო გადაწყვეტილებამდე“, - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძე. მისი აზრით, „ესკიზებში მხატვარი არ ითვალისწინებს მომავალ მაყურებელს; ეს დახურული სამყაროა და ამ ნამუშევრებს მისთვის პრეზენტაციული დანიშნულება არ გააჩნიათ. უფრო ინტიმურია - ექსპერიმენტის, რისკის, აღმოჩენის და ზოგჯერ თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს“. სწორედ ამიტომაცაა საინტერესო, რომ პირადი წერილების მსგავსად, მხატვრის ყველაზე ინტიმურმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელი იდუმალ, ზღაპრულ სამყაროში დააბრუნა. რამდენიმე წუთით ყველა მხატვრის სახელოსნოში, მის გვერდით მჯდომი პატარა გოგონას ადგილზე აღმოჩნდა, რომელიც მამასთან ერთად წლების მანძილზე ასე თამაშობდა - ხატავდა. პირველად სწორედ აქ გამოფენილ ესკიზებზე გაცოცხლდნენ ირაკლი ფარჯიანის პერსონაჟები, ამოძრავდნენ და სიცოცხლე შეიძინეს. გამოფენა მხატვრის საიუბილეო, მესამოცე წელს მიეძღვნა. მომავალში თარიღის აღნიშვნა სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება. სპეციალურად ამ დღისთვის გამოიცა კატალოგი, სადაც თავმოყრილია ყველა ის უცნობი ესკიზი და ილუსტრაცია, ხარების და სხვა რელიგიური ნამუშევრების ესკიზები, ბერლინის ციკლის, აბსტრაქციების ჩანახატები, რომელიც გამოფენაზე წარმოადგინეს.

საგამოფენო დარბაზში საგრძნობლად დათბა. თუკი შენც გათბი ამ სუსხიან, ვითომდა თბილ დეკემბერში, ე.ი. კათარზისიც ახლოსაა.

29 ახალი მუსიკალური ალბომები

▲back to top


ახალი მუსიკალური ალბომები|კულტურა

0x01 graphic

Avey Tare (David Portner) ენიმალ ქოლექთივის ერთ ერთი წევრია, რომელმაც ოქტომბერში თავისი პირველი სოლო ალბომი Down There გამოსცა.

ალბომის გამოცემას წინ უძღოდა პერუში მოგზაურობა, რითაც შეიძლება აიხსნას ალბომის ეგზოტიკური აურა. ისე, როგორ შეიძლება, რომ ენიმალ ქოლექთივის წევრი ფსიქოდელიას გაქცეოდა? ასე რომ, ის ამ ალბომშიც უხვად არის. ეს ნამუშევარი ქოლექთივის ადრეული პერიოდის ნამუშევრების სტილშია, ოღონდ შეიძლება ითქვას მეტად მეგობრული მსმენელის მიმართ.

ალბომის ყდა შექმნილია დეივიდის დის მიერ, რომელსაც, როგორც მუსიკოსი იტყობინება, კიბო აქვს და კომპოზიცია „Heather in the hospital“ სწორედ მას ეძღვნება.

0x01 graphic

Darkstar გახლავთ ლონდონური ელექტრონული დუო, რომელიც უკვე ლეგენდარულ დაბ სთეფ ლეიბლზე, Hyperdub ზე გამოდის. ეს მშვენიერი დუეტი 2006 წლიდან არსე ბობს, თუმცა აქამდე მხოლოდ სინგლებსა და რემიქსებს უშვებდნენ. ოქტომბერში კი სადებიუტო სრული ალბომი North ჩაწერეს, რომელიც წინანდელი შემოქმედებისგან ოდნავ განსხვავდება. მაგრამ ეს არის სინთპოპის, გლითჩ პოპისა და დაბსთეფის ძალიან კარგი ნაზავი.

ალბომში ათი თრექია და ელექტრონული მუსიკის მოყვარული ყველა მელომანი, თავისთვის რამეს აუცილებლად აღმოაჩენს.

0x01 graphic

Bryan Ferry ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსია, რომელიც ბრაიან ინოსთან ერთად Roxy Music-ის სულის ჩამდგმელი იყო და ჯგუფის დაშლის შემდეგ, ძალიან წარმატებულ სოლოკარიერას დღემდე აგრძელებს. 25 ოქტომბერს მან ახალი ალბომი Olympia გამოსცა, რომლის შესაქმნელადაც ბევრ საკმაოდ ცნობილ მუსიკოსს სთხოვა დახმარება. ესენი არიან: David Gilmour, Flea, Brian Eno, Phil Manzanera, Groove Armada, Marcus Miller, Scissor Sisters, Jonny Greenwood და ასე შემდეგ.

ფერის ეს დისკი ძალიან კარგი მოსასმენი, ტრადიციულად ხარისხიანი პოპნამუშე ვარი ა. ტრადიციულად გლამურული და სექსუალური საუნდით. საბოლოო ჯამში, შეიძლება დავასკვნათ, რომ დიდი მუსიკოსი ისევ ფორმაშია. ალბომის ყდაზე ცნობილი მოდელის, ქეით მოსის ფოტოა გამოსახული, რომელიც ედუარდ მანეს მე-19 საუკუნის ცნობილი ტილოს, „ოლიმპიას“ ერთგვარ თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს.

0x01 graphic

Robin Miriam Carlsson იგივე Robyn, შვედი მუსიკოსია, რომელიც 1995 წლიდან მოღვა წეობს ელექტროპოპის სცენაზე. შედარებით ფართო აუდიტორიისთვის კი ცნობილი ათი წლის შემდეგ გახდა, როდესაც მისი საკმაოდ წარმატებული ალბომი, სახელად Robyn გამოვიდა.

ნამუშევარი, რომლის მოსმენასაც ამ ჯერად გთავაზობთ, 2010 წელს დაწყებული მინი ალბომების სერიის, Body Talk-ის მესამე და საბოლოო გამოცემაა, რომელიც 22 ნოემბერს გამოვიდა. ამ დისკზე მუსიკოსმა ხუთი თრექი Body Talk-ის წინა ორი ნაწილიდან მოათავსა, ხუთიც კი ახალი ჩაწერა, რითაც ტრილოგიას დასრულებული სახე მისცა.

30 თანამედროვე რომანი

▲back to top


ანა მაყაშვილი|სვეტი

0x01 graphic

დედაჩემი ამბობს, რომ ცივი ომი, რეიგანის ძალისხმევამ კი არა, კომპიუტერმა და კომუნიკაციის განვითარებამ დაასრულა.

მესმის, რასაც გულისხმობს. - იმას, რომ ინტერნეტის წყალობით ინფორმაცია გეოგრაფიულ საზღვრებს მოწყვეტილია: შეგიძლია პირდაპირ ნახო ყოველ მეორე კონტინენტზე მიმდინარე ნებისმიერი ომი და პოპულარული კულტურულ-სპორტული მოვლენა; უცქირო თვალცრემლიან ახალბედა ჰოლივუდელს, რომელიც მადლობას უხდის დედას, მამას, ბებიას, ჯეკს, ლიზას და საერთოდ ყველა იმ პიროვნებას, ვინც მის შემოსვაზე, შემოქმედებაზე და განვითარებაზე კეთილისმყოფელი გავლენა იქონია; დატკბე ვინმე ავსტრალიელი კინოვარსკვლავის კაბების თვალიერებით ან აფროამერიკელი მომღერლის მანქანების კოლექციით.

ინფორმირებული საზოგადოება კი ძნელი დასამორჩილებელ-მოსატყუებელია. მართალია, თავისთავად შესაძლებელია, რომ ინფორმაციის ეს ხელმისაწვდომობა უბრალოდ დაემთხვა რკინის ფარდის ახსნის პროცესს, მაგრამ არაა ხელწამოსაკრავი ის გარემოება, რომ უბრალო დამთხვევის გარდა, ამ კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ევოლუცია-რევოლუციების ხანამ იზოლაციური ფარდის ჩამოხსნას საგრძნობლად შეუწყო ხელი.

მეც ამ ჩამოხსნილი ფარდის და - როგორც მამაჩემმა ქართულად თარგმნა - „მსოფლიოს მომცველი მონსტრის“ (World Wide Web) შვილი ვარ, და ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ვებსივრცეში ერთ საინტერესო ისტორიას გადავაწყდი.

ყველას, ვისაც გახსოვთ ფილმი „ავატარი“ თავისი ახალი სიტყვით არა იმდენად კინემატოგრაფში, რამდენადაც სუპერთანამედროვე 3D ტექნოლოგიებში, ეს ისტორიაც, სავარაუდოდ, გეცოდინებათ:

ის ამ წლის გაზაფხულს მოხდა და ამერიკელ ქალბატონს, ჯენიფერს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ 3D პორნოს ყურებისგან დაორსულდა. ქალბატონის ქმარი, ამერიკელი სამხედრო ერიკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ ერაყიდან ჩამოვიდა და სახლში ორსული ცოლი აღმოაჩინა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ბავშვის მამა არა ფიზიკური კაცი, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, 3D პორნოს გმირია. თანამედროვე ერიკი კი ეჭვების ქვეშაა: „3D ფილმები ძალიან რეალურია. დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ყველაფერია შესაძლებელი“. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯენიფერი და ერიკი თეთრკანიანები არიან, ბავშვისგან განსხვავებით. ეს უკანასკნელი შავკანიანია, რაზეც ჯენიფერს აქვს პასუხი: ბავშვი ზუსტად იმ ფერია, როგორიც ის პორნოვარსკვლავი იყოო. ქალბატონი იმასაც ამბობს, პირველად ვნახე პორნო და მეგობრებს ამაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ 3D-ს ეფექტი განმეცადაო. ასე იყო, თუ ისე, ამ პორნოს ყურებიდან ერთ თვეში თავი მთლად კარგად ვერ იგრძნო, გაესინჯა და ორსულად აღმოჩნდა. ჩემს ქმარს კი სჯერა ჩემი ერთგულების, მაგრამ ქორწინება, შესაძლოა, მაინც რისკის ქვეშ იყოსო.

ეტყობა, ძალიან კარგი პორნო იყო. „ავატარის“ მერე 3D ფილმებმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ ცოტა მერე (როგორც სჩვევიათ) ალაპარაკდნენ იმ მავნებლობებზე, რაც ამ ყველაფრის ხშირად მოხმარებამ შეიძლება თვალებს მოუტანოს. დღეს TechEye (ტექნოლოგიური სიახლეებისა და მათ შესახებ გამოთქმული აზრების ბრიტანული ვებგვერდი) კინოში წასვლამდე უკვე კონტრაცეფციასაც გირჩევთ.

ეს ყველაფერი ოკეანის გადაღმა. და რა ხდება ამ დროს ოკეანის სხვა მხარეს, რითი ორსულდებიან ჩვენთან ქალბატონები?

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთანაც ხდება სასწაულები. ამას იუწყება ქართული ტელესივრცის უბადლო ტოქ-შოუ “პროფილი”. დაორსულების გარანტიას აქ წმინდა ეკლესია მამა-დავითი იძლევა - ვინც მამა დავით გარეჯელის სენაკიდან წამოსული წყალი დალია, ან მამა-დავითის ეკლესიაში ფეხით იარა ყოველ უიკ-ენდზე, ანდა ვისი მეუღლეც იქ სამღვდელო პირად აკურთხეს, ექვს, თექვსმეტ ან სამ წელიწადში შვილი გაუჩნდა.

მოკლედ, არასასურველი ორსულობისგან თავის თასაცავად თანამედროვე სამყარო ყველა ქვეყანაში თავის მინიშნებებს იძლევა. ისევე, როგორც სასურველი ორსულობის გამოსაწვევად.

მე კი კურტ ვონეგუტის სიტყვები გამახსენდა, რომელმაც თქვა - ჩემი აზრით, წიგნები, რომლებიც არაფერს ამბობენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ცხოვრებას ისევე მცდარად წარმოაჩენენ, როგორც ვიქტორიანელები, რომლებიც სექსზე არაფერს ამბობდნენო.

სავსეა სამყარო პარადოქსებით. ვიქტორიანული ეპოქა საუკუნეზე მეტია, დასრულდა. ნეტავ, რა ხდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?!

31 ბასკია

▲back to top


კულტურა

პარიზიდან მარად თქვენი
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ზღვისა და სოფლის ბიოპროდუქტების საკვირაო ბაზრობა ზუსტად პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წინ იმართება. შაბათ-კვირას უამრავი მანქანა, პორტატული საცხობი, ჩვეულებრივი ხილის დახლი და კიდევ მილიონი სავაჭრო რაღაც ერთ რიგში დგება და კილომეტრიან პავილიონს ქმნის. თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ გვერდზე გალერეის მაგვარი რამეა, ისე ჩაურბენ, ვერც შეამჩნევ.

დილაადრიან მისვლის მიუხედავად, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან მაინც ქუჩის სიგრძე რიგი დამხვდა. წინ 10-10 წუთიანი ინტერვალით მივიწევდი. აქ ხომ ამერიკელი პოსტექსპრესიონისტი მხატვრის - ბასკიას ყველა პერიოდის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: „სამოთი“ და ბრუკლინის ქუჩების 70-იანებით დაწყებული, 80-იანების ბოლოს შესრულებული შედევრებით დამთავრებული. 1988 წელს ჟან-მიშელ ბასკია ჰეროინისა და ნარევი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებისგან გარდაიცვალა.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

გამოფენაზე გაგაკვირვებთ გიდების სიმრავლე და მათი დაწვრილებითი განმარტებები თითოეული ნახატის შესახებ. თითოეული გიდი მინიმუმ 30-კაციან ჯგუფს ბასკიას ყოველი ხაზის, წარწერის და სხვა გენიალური ნაბოდვარის და ნაჩხაპნის დაწვრილებით განმარტებას აძლევდა. მათი დარწმუნებული ტონი და დამთვალიერებლების გაფაციცებული სახე („დიახ, მთელი სხეულით გისმენთ!“) ექსპოზიციას კომიკურ ელფერს სძენდა… გაცილებით ადვილი გასაგები იყო იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც კედლებზე რამდენიმე ადგილას მიწერილ ანოტაციას კითხულობდნენ. ისინი შემდეგ საათობით ისხდნენ თითოეულ საგამოფენო ოთახში, ბასკიას მოხატული ტილოების, ფიცრების და სხვა საგნების წინ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს გენიალური კაცი რემბრანდტი არაა, მის იდეალურ ტექნიკაზე, მეოთხედ ტონალობებზე და საოცარ ჩრდილებზე რომ ილაპარაკო. თუ მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ არ შეიძლება მას რაიმე სახის განმარტებითი რეცეპტი შეურჩიო. ამ ნახატებში ანთროპოლოგი გაცილებით კარგად გაერკვევა, რადგან ბასკიას სიმბოლოები სადღაც ჰაიტიზე და პუერტო რიკოზე, იქიდან კი ისევ უკან, აფრიკის შუაგულში გისვრის. მისი ხელი ბავშვივით და პირველყოფილი ადამიანივით უმანკოა. ფიგურებიც პირველყოფილია - სადღაც ბრუკლინის გამოქვაბულებიდან.

ბასკიამ ხატვა ბავშვობიდანვე დაიწყო. დედამისს პატარაობიდანვე მეტროპოლიტენში და სხვა მუზეუმებში დაჰყავდა. მამამისს სამსახურიდან პატარა ჟან-მიშელისთვის ფანქრები და ქაღალდები მოჰქონდა.

თინეიჯერობისას გრაფიტი არტით ერთობოდა და ალ დიასთან ერთად შემოქმედებითი ალიანსი - სამო ( Same Old Shit) შექმნა. “სამოს” სახელით გრაფიტი ნიუ იორკის ქუჩებში 1979 წლამდე ჩნდებოდა.

ბასკიას დიდება 1981 წლიდან იწყება. 1982 წელს გალერისტმა ანინა ნოსეიმ შესთავაზა, რომ მის გალერეაში დასახლებულიყო და ემუშავა. ნოსეის გალერეაში ბასკიამ ბევრი დიდებული ნახატი შექმნა. ნიუ იორკს ლოს ანჯელესის გამოფენები მოჰყვა - ლარი გაგოსიანის გალერეაში. ევროპაში მისი პერსონალური გალერისტი ბრუნო ბიშოფბერგერი გახდა…

ბასკიასთან ნახავთ ვუდუს კულტურის გადმონაშთებს, ქრისტიანულ მითოლოგიას, ჭარბად წააწყდებით რომაელი და ანტიკური საბერძნეთის გმირების სახელებს... ხელოვანი ისტორიაში კარგად ერკვეოდა და მისი ნახატების თვალიერებისას ისეთი წარმოდგენა გრჩება, თითქოს ბასკია ყველა მოხსენიებულ პერსონაჟთან თავს აიგივებდა. ის თავის თავსაც მეფედ წარმოიდგენდა და სიმბოლოდ, გვირგვინი ჰქონდა არჩეული. გვირგვინი მის თითქმის ყველა ნახატზე ჩანს, ეს სიმბოლო კოპირაითის ნიშანთან ერთად მის ხელმოწერად იქცა. ახლა, ტყავის ქურთუკი, რომელსაც ბასკიამ საღებავიანი პულვერიზატორით სამქიმიანი გვირგვინი მიახატა, რამდენიმე მილიონი ღირს. მასთან იმ დროინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ანარეკლებსაც ხშირად შეხვდებით, სხვადასხვა ფრაზებად ან სიმბოლოებად გადმოსროლილებს. ბასკია ყველაფერზე რეაგირებდა და მათგან გამოწვეულ ემოციებს ხატავდა.

მხატვრის თითქმის ყველა პერსონაჟი შავკანიანია და გარდა კონკრეტული პიროვნებების პორტრეტებისა - მას ჰგავს. თმაც ყველას ბასკიასავით აქვს აჩეჩილი...

ბასკიას ბეისბოლი და კრივი უყვარდა, მოკრივეებს ხშირად ხატავდა და მათ ფორმაში გამოწყობილი, ფოტოებსაც ხშირად იღებდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ფოტო ენდი უორჰოლთან ერთად აქვს გადაღებული: ფოტოზე ორივე არტისტს ხელთათმანები უკეთია და ევერლასტის შორტები აცვია.

მეგობრობდა უორჰოლთან, ბრაიან ფერისთან, სანდრო კიასთან, ბლონდის ვოკალისტ დები ჰარისთან. ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანთან, ვინც 70-80-იანების ამერიკაში რამეს წარმოადგენდა. მუსიკოსიც იყო, 1982 წლამდე ბენდი ჰყავდა, სადაც სინთეზატორზე და კლარნეტზე უკრავდა. ის ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა წვეულებებს, როგორც დისკჟოკეი, წერდა მიქსებს და რეპექსპერიმენტებიც ჰქონდა.

ბასკია დიდების ზენიტში მოკვდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი გამოფენები ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, ბერლინსა და პარიზში რეგულარულად იმართებოდა. მის მიერ ოდესღაც სახატავ მასალად გამოყენებული მაცივრები, სკამები, ხის ყუთები, ტანსაცმლის საკიდები ბასკიას სიცოცხლეშივე მილიონებად იყიდებოდა. 1987 წელს ენდი უორჰოლის (თავის ერთ სკეტჩში ბასკია უორჰოლს „გენიოს ბიჭად“ იხსენიებს) გარდაცვალებამ ბასკიაზე ძალიან იმოქმედა. დიდწილად, მხატვრის ნიუ იორკის „სვეცკი“ საზოგადოებაში „გაქაჩვა“ ხომ ბებერი მანიპულატორი ლომის - ენდი უორჰოლის დამსახურებაც იყო.

1988 წელს ბასკია საკუთარ გამოფენაზე დასასწრებად პარიზში ჩავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მშობლიურ ნიუ იორკში დაბრუნდა და აღესრულა. გამოფენა 30 იანვრამდე გაგრძელდება.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

P.S. კარგს იზამთ თუ ფულს არ დაინანებთ (140 ევრო) და მუზეუმის მაღაზიაში ბასკიას ნახატებით გაფორმებულ რიბოკის რეტრო სტილის სპორტულ ფეხსაცმელს შეიძენთ. ლიმიტირებული გამოშვებაა და თან ძალიან ეგზოტიკურია. ჩაიცვით ვიწრო შარვალზე, პალტოზე და ქუჩებში ბევრი იარეთ. ერთი-ორი რამე კედელსაც მიაჩხაპნეთ, რა იცით რა მოხდება მომავალში.

32 დაუნთაუნი

▲back to top


გურმანი

დაუნთაუნ...

თბილისი, 0105
უბანი: სოლოლაკი
ტელ: 92 30 88
სამზარეულო: ევროპული, ამერიკული
საათები: ყოველდღე, 912
ბარათები: მიიღება
ფასი: 35 ლ. (საუზმე ორ ადამიანზე ცხელი სასმელით და სერვისით ჩათვლით)
პარკინგი: ლერმონტოვის, მაჩაბლის ან დადიანის ქუჩაზე
www.downtown.ge
(ჯერჯერობით საიტი არ მუშაობს)

0x01 graphic

თბილისში დიდხანს იდგა დრო, როდესაც რამდენიმე სასტუმროს რესტორნის გარდა, საუზმეს ოქროს ფასადაც ვერ შეჭამდი. დილის ხაშის და ხარჩოს მაძიებლებზე არ მაქვს საუბარი, არც „ოსტრი, მწვადი, კაკაო“-ს მუშტარზე. ასეთი დაწესებულებები დღესაც არსებობს და და ვისაც ასეთი საუზმე ხიბლავს, ღმერთმა შეარგოს. უფრო ზომიერი დილის მოყვარულთათვის, დიდ ხანს ყველაზე კარგი ვარიანტი რუსთაველზე მდებარე ნიკალა იყო, სადაც ქალაქური დილისთვის საკმაოდ გვიან, ათი საათისთვის უკვე შეიძლებოდა დილის ქონიანი ხორცის ღვეზელებით ან, უკეთეს შემთხვევაში, ხაჭოს „პერაშკებით“ დაწყება, და თუ ეს არ დაგანაყრებდა, იმ დროისთვის უკვე ცხელი კატლეტი, პიურე და „კიევურიც“ გამოდიოდა.

უსაუზმობის ხანას პირველი დარტყმა ორიოდე წლის წინ გახსნილმა ფრანგულმა საცხობმა ანტრემ მიაყენა. ანტრემ კარები დილის 8 საათზე გახსნა და კლიენტს ცხელ - ცხელი ფრანგული კრუასანები (სამწუხაროდ უკვე გაფუჭებული), მრავალგვარი ცომეულ - ნუგბარეული, გემრიელი ყავა და კვერცხიანი საუზმის არჩევანიც შესთავაზა. თუმცა ჯერ კიდევ შორს იყო სასაუმე რესტორანი, სადაც სადა და გემრიელ საუზმეს ასევე მარტივად და გემრიელად შეირგებდი.

ორიოდე კვირის წინ, სოლოლაკში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე ამერიკული და ინერის (სასადილოს) ტიპის რესტორანი გაიხსნა. იდეა დროული და მისასალმებელია, თუმცა, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ვერც დაუნთაუნმა მოახერხა ამ ერთი შეხედვით მარტივი პრობლემის გადაწყვეტა: ქალაქი კვლავ იაფფასიანი და გემრიელი სასაუზმე რესტორნის მოლოდინშია.

„ყავის რესტორანი დაუნთაუნი“ - პოპულარული ამერიკული ყავახანის სტარბაქსის მსგავსი ლოგოთი. თურქულ -არაბული ავეჯით, შუშაში მოქცეული ყავის მარცვლებით გაწყობილი მაგიდებით და, რაც მთავარია, დაინერისთვის აუცილებელი ატრიბუტით - რამდენიმე ღია კუპეთი ხედით ტაბიძის ქუჩაზე. ალბათ ნაკლებად მიმზიდველია რესტორნის სიღრმეში, ანტრესოლში ჯდომა, სივრცის დაყოფის ასეთი გადაწუვეტილება არქიტექტორმა სავარაუდოდ მაგიდების რაოდენობის გაზრდის მიზნით მიიღო. ნათელია, რომ პატრონების სურვილია ყავასთან ასოცირება, ეს მოყავისფრო- კრემისფერ დეკორშიც კარგად ჩანს, მოწოდება შიც: „საუკეთესო ყავა საუკეთესო გარემოში, და იმაშიც, რომ მენიუში ყავას და ყავის სასმელებს მთელი ორი გვერდი ეთმობა.

მილქშეიქები და წვენის კოქტეილებიც ბლომად არის. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, დაინერისთვიოს ჯერ არნახული მართლმადიდებლური დეტალი - (რატომ არავეგეტარიანული?). წვნიანის სექციაში ექვსი დასახელების სუპია ჩამოთვლილი „აკროშკით“ (5.90ლ) დაწყებული, „სალიანკით“ (10.90ლ) დამთავრებული. ამათ მოჰყვება სენდვიჩების, სალათების, იტალიური და ევროპული კერძების ვრცელი ჩამონათვალი. გასინჯეთ საკუთარი „შიშისა და რისკის ფასად“. საუზმე კვერცსი მრავალფეროვანი არჩევანით იწყება. კერძების ფოტოები თითქოს მადის აღმძვრელადაც გამოიყურება, თუმცა გაუგებარია, რატომ წვავენ კვერცხს ზეთსი და არა აქვთ „გლაზური“ (7.90) მაიონეზ წასმულ ტოსტზე, ან რატომ აქვს ბეკონის ომლეტს (8.90ლ) ძეხვის ჩიჟი- პიჟის გემო. იქნებ ყველას შვრიის ფაფა (4.90ლ) ჯობს, რაც უფრო რთული გასაფუჭებელია?

გავიმეორებ: წამოწყება ქალაქის ცენტრში არც თუ ისე ზურგმაგარი საშუალო წრისთვის ხელმისაწვდომისა საუზმე-სასადილო არსებობდეს, თუნდაც ყავის რესტორანი ერქვას, ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა შესრულება და სამზარეულო უვარგისი.

ისიც საკითხავია თუ რატომ სჭარბობს მომსახურე პერსონალის რაოდენობა კლიენტურას? ალბათ ახლო მომავალში ანტრესოლის სრულად დატვირთვას ელოდებიან და ამან განაპირობა ყაზარმული მზადყოფნა. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო დამლაგებლის პროფესიის და ზოგადად სისუფთავის მიმართ, თუმცა გაგანია სამუშაო საათებში დამლაგებლის სველი იატაკის ჯოხით გამოჩენა რუტინული წმენდის ჩასატარებლად - გაუმართლებელია. ასეთი შემოსვლა მაშინ, როდესაც მაგიდებიდან ჭურჭელი ცვივა.

33 კრევეტი 5 წიწაკის მარცვლის და ბრენდის სოუსში

▲back to top


გურმანი|რეცპეტი

0x01 graphic

გვერდის სტუმარია შეფ-მზარეული
გურამ ბაღდოშვილი

2 ულუფა
მასალა:
12 ც. კრევეტი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
5 მარცვალი ფერადი წიწაკა
3 კბილი ნიორი
3 ღერი ოხრახუში
30 გრ. ბრენდი
მარილი
ჯამში 12 ლარი

მომზადების წესი:

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და ცხელ ტაფაზე დაყარეთ გასუფთავებული კრევეტები. გადაურიეთ და შეწვით 2 წუთი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ შეიწვას, გადამწვარი კრევეტი სინაზეს დაკარგავს. შეწვისას კრევეტს დაუმატეთ წიწაკის მარცვლები, თხლად დაჭრილი ნიორი და მარილი გემოვნებით. მოასხით ბრენდი და ტაფას მოერიდეთ, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. გამზადებულ კერძს მოაყარეთ ოხრახუშის ღერები. კრევეტები გაანაწილეთ ორ თეფშზე ან ფიალაზე და გააფორმეთ ბაგეტის ტოსტით ან მარილიანი ორცხობილათი.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).