![]() |
ტაბულა №46 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სმიტი დევიდ ჯ, ლორანი ჟან ლუი, ავალიანი დიმიტრი, ხორბალაძე თამარ, მაჭარაშვილი ნინო, ტორონჯაძე მირიან, კვანჭილაშვილი ელენე, ქორიძე ავთო, გოგიბერიძე ნინი, ზურაბაშვილი თამარ, ბაძაღუა ივანე, ელერდაშვილი ვახო, ვაშაკიძე თათია, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ლორთქიფანიძე მერაბ, ესებუა ნიკა, წიბახაშვილი გურამ, კეკელიძე გიორგი, გიორგობიანი ქეთო, მესხიშვილი გიგო, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011 | 7 -13 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვებმენეჯერი: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ხათუნა ხუციშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
საფოსტო ყუთი|ონლაინ გამოხმაურება
მიშა თავხელიძე: მორალური კლიმატი
http://www.facebook.com/tabula.ge
Giorgi Ukleba
მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ვეთანხმები, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ადამიანი, რაც შეიძლება ნაკლებად და მოკიდებული უნდა იყოს კლიმატურ ცვლილებებზე. ამისათვის ახალი ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო. ხოლო იმაში, რომ ამით რაღაც ჯგუფი თუ ჯგუფები ფულს აკეთებს, ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. დასაბამიდან ასეა... ადამიანი ქმნის პროდუქტს, რომელსაც ყიდის, მიუხედავად იმისა ეს პროდუქტი მითია თუ სინამდვილე...
Tamar Gurchiani „დამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება“ ეალურია, ისევე, როგორც მისგან მომავალი სიბრიყვე. ვინც ამ იდეების ტირაჟირებას ახდენს, სწორედაც რომ ფინანსური ინტერესი აქვს, ქართველები კი ტაშს რატომ ვუკრავთ, ვერ ვხვდები.
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„თანამდებობას ვტოვებ იმიტომ, რომ არ მსურს ვიყო ის ადამიანი, რომლის გადაწყვეტილებებსაც, შესაძლოა, მსხვერპლი მოჰყვეს”.
ტუნისის პრემიერ - მინისტრმა მუჰამედ განუჩიმ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის დედაქალაქში ტუნისის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 3 ადამიანი დაიღუპა. 27 თებერვალი
„2007 წელს კადაფის კლანისგან 1 მილიონი დოლარი მივიღე იტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მისი სტუმრებისთვის გამართული 45-წუთიანი შოუსთვის. მე ამ თანხის საქველმოქმედო მიზნით დახარჯვას ვაპირებ”.
მომღერალმა ნელი ფურტადომ ეს განცხადება სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით ლიბიაში დაწყებული დაპირისპირებების შემდეგ გააკეთა. 1 მარტი
„მე მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ და ვიცი, რომ ბევრი უნდა ვეცადო იმისათვის, რომ ხალხის თანაგრძნობა დავიმსახურო. ანტისემიტიზმსა და რასიზმს ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არა აქვს”.
ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერმა ჯონ გალიანომ პარიზის ერთ - ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა. მას სამართალდამცველები ანტისემიტურ გამონათქვამებში სდებენ ბრალს. მის წინააღმდეგ საფრანგეთში საქმე აღიძრა. 2 მარტი
„როცა სიტყვა „მაგიური” გამოვიყენეთ, ხალხი დაგვცინოდა, მაგრამ იცით რა? - ეს მართლაც მაგიური რამ გამოდგა”.
კომპანია Apple-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სტივ ჯობსმა მომხმარებლებს iPad 2 წარუდგინა, რომელიც შემქმნელების თქმით, მის წინამორბედზე გაცილებით სწრაფია. 2 მარტი
![]() |
3 კვირა |
▲back to top |
26 თებერვალი
ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალ სართულიანი კორპუსები და კერძო სახლები დააზიანა. ქარმა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზებიც გამოიყვანა მწყობრიდან, რის გამოც ფოთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფოთის მერიაში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
27 თებერვალი
პერუს დედაქალაქ ლიმადან ანდების მთებისკენ მიმავალი საქალაქთაშორისო ავტობუსი 180 მეტრი სიღრმის ხევში გადავარდა. შემთხვევას 19 მგზავრი ემსხვერპლა, 37-მა კი სერიოზული ტრავმები მიიღო. სტატისტიკური მონაცემებით, პერუს მაღალ მთიან რეგიონებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაიღუპა - 3 ათასი და დაშავდა 5 ათასი მოქალაქე.
28 თებერვალი
საქართველოს მოსახლეობის ხედვა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. Caucasus Barometer-ის 2010 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქართულ - აფხაზური კონფლიქტის დროს მომხდარი უსამართლობები უნდა მოგვარდეს იმისათვის, რომ კონფლიქტი და რეგულირდეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41%25 ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთის დაბრუნების შანსი შემცირდა, 35%25 თვლის, რომ ასეთი შანსი ჯერაც არსებობს, გამოკითხულთა 9%25-ის აზრით კი - იგი გაიზარდა.
1 მარტი
თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიაში მცხოვრებ ეთნიკურ თურქებს შეხვდა. შეხვედრაზე მან თურქული სათვისტომოს 10 ათასამდე წარმომადგენელს მოუწოდა არ დაავიწყდეთ საკუთარი წარმომავლობა და ურჩია შვილებს პირველ რიგში თურქული ენა შეასწავლონ, შემდეგ კი გერმანული. შეხვედრისას მან თურქებისა და, საერთოდ, მუსლიმების მიმართ გერმანულ საზოგადოებაში არსებული „მტრული დამოკიდებულების“ შესახებ ისაუბრა. ერდოღანის თქმით, ასეთი და მოკიდებულება გერმანიაში და მთელ ევროპაში გავრცელებული „ისლამოფობიისა და ქსენოფობიის ბრალია და იგივეა რაც ანტისემიტიზმი“. ერდოღანმა ორივე მოვლენას „კაცობრიობის წინაშე დანაშაული“ უწოდა.
ინდოეთში, გუჯარატის შტატის სპეციალურმა სასამართლომ 11 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 2002 წელს სამგზავრო მატარებლისთვის ცეცხლის გაჩენისთვის. ამავე დანაშაულში ბრალდებულ კიდევ 20 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2002 წლის 27 თებერვალს მუსლიმთა ჯგუფი ინდოელი პილიგრიმებით სავსე მატარებელს ქალაქ გოდრასთან თავს დაესხა და გაჩერება აიძულა. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 25 ქალი და 15 ბავშვი იყო. თავდასხმამ ინდოეთში მასობრივი არეულობები გამოიწვია, რომლის დროსაც 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა მუსლიმი იყო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელსაც სადოქტორო დისერტაციის პლაგიატში ედება ბრალი, თანამდებობიდან გადადგა. კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ „მეგობრული დიალოგის” დროს უთხრა. „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული ნაბიჯი იყო”, აღნიშნა გუტენბერგმა. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2007 წელს დაწერილ სადოქტორო დისერტაციაში კარლ- თეოდორ ცუ გუტენბერგმა სხვა მკვლევრების ნაშრომებიდან, ასევე გერმანიაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდიდან ციტატები წყაროს მითითების გარეშე გამოიყენა.
2 მარტი
ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს განცდილი დანაკარგების მიუხედავად, საქართველო „არ უნდა შედრკეს” და მისიაში მონაწილეობა უნდა განაგრძოს. ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან სტუმრობისას გააკეთა. 22 თებერვალს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში სამშვიდობომისიის შესრულების დროს ქართველი კაპრალი, გიორგი ავალიანი დაიღუპა. ის მეექვსე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
პაკისტანის უმცირესობების მინისტრი შაბაზ ბჰატი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ბჰატი, პაკისტანის მთავრობაში ერთადერთი ქრისტიანი მინისტრი იყო. იგი ითხოვდა ქვეყანაში მოქმედი კანონის რეფორმას, რომელიც ისლამის გმობისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე თალიბანის დაჯგუფებამ აიღო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პაკისტანში ამ კანონის გამო პოლიტიკოსი მოკლეს. იანვარში პუნჯაბის პროვინციის მმართველი, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ისლამის გმობის კანონს, მისმა ერთ- ერთმა მცველმა მოკლა.
3 მარტი
საფრანგეთსა და რუსეთს შორის ხომალდ მისტრალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - მხარეები ფასის შესახებ ვერ თანხმდებიან. რუსეთი ორ ხომალდში 980 მლნ ევროზე მეტის გადახდას არ პირებს, საფრანგეთი კი მინიმუმ 1,15 მლრდ ევროს ითხოვს.
მუამარ კადაფის მხარდამჭერებმა ერთდროულად მიიტანეს სახმელეთო და საჰაერო იერიში ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე, ნავთობით მდიდარ ქალაქებზე - ბრეგასა და აჯდაბიაზე. თუმცა ოპოზიციამ თავდასხმის მოგერიება შეძლო და ქალაქზე კონტროლი მოიპოვა.
![]() |
4 ბევრი გამოწვევა - ერთი დიდი შესაძლებლობა |
▲back to top |
არენა
დევიდ ჯ. სმიტი
რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ზუსტად რა - ჯერჯერობით ნათელი არ არის. მოვლენათა განვითარება და ღრმა ანალიზი ნამდვილად გაახუნებს ზოგიერთ იარლიყს, რომელიც დასავლელმა რეპორტიორებმა იქ მიმდინარე მღელვარებას უცებ მიაწებეს - დემოკრატიული ხანძარი, Twitter-ის პირველი რევოლუცია და ა.შ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავარი მიზეზი საკვებზე ფასების მატება გახლდათ, რომელმაც განვითარებული სამყაროდან ახლო აღმოსავლეთის ჩიხში შესულ ეკონომიკებში შეაღწია. და იმ დროისათვის, როდესაც ჟურნალის ეს ნომერი გამოვა, გაცილებით მეტი რამ მოხდება და მათ შორის ბევრი სიურპრიზიც იქნება. მიუხედავად ამისა, არც ისე ნაადრევია იმ გავლენაზე დაფიქრება, რომელსაც, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთის მოვლენები დასავლეთსა და საქართველოზე მოახდენს.
ამ სტატიის წერის დროს, ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ საკუთარი ქვეყანა - ტრაიბალისტური შეტაკებებით, სამხედრო მოქმედებებით და სუბსაჰარული აფრიკიდან დაქირავებული მებრძოლებით - სამოქალაქო ომში გახვია. 2 ათასი ადამიანი მოკლეს, 140 ათასმა კი ქვეყანა დატოვა. ლიბიის ნავთობწარმოება 50%25-ით შემცირდა და სიცილიამდე მიმავალი მწვანე ნაკადის მილსადენი გადაიკეტა.
დასავლეთით, ალჟირში, სადაც საპროტესტო გამოსვლები უფრო ადრე, საკვებზე გაზრდილი ფასების გამო გაიმართა, 19-წლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ამან დემონსტრანტებს გამბედაობა შემატა, დედაქალაქ ალჟირში უკანონო მსვლელობები მოეწყოთ.
ბაჰრეინი მეტ გეოპოლიტიკურ შეშფოთებას იწვევს. იქ უმრავლესობაში მყოფი შიიტი მუსლიმები უმცირესობაში მყოფი სუნიტი მუსლიმების მმართველობას აპროტესტებენ. მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფას მთავრობა ხან ძალას იყენებს პროტესტის ჩასახშობად და ხან მოლაპარაკებებს მართავს. 750-ათასიანი მოსახლეობით ბაჰრეინი სპარსეთის ყურის გეოპოლიტიკური ღერძია - იქ ამერიკის მე-5 სამხედრო ფლოტია განლაგებული - ქუვეითთან, ერაყთან, ირანსა და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. გარდა ამისა, 25-კილომეტრიანი მაგისტრალი ბაჰრეინს საუდის არაბეთის ძირითადად შიიტებით დასახლებულ ნავთობმწარმოებელ რეგიონთან აკავშირებს. ეს რეგიონი არა მარტო ერ-რიადში მყოფი სუნიტი მმართველების, არამედ მსოფლიოს ენერგოკომპანიების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.
ეს უბრალოდ მოკლე აღწერაა იმ ფენომენისა, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა წამყვან ქვეყნებს დააინტერესებთ, მსოფლიო ეკონომიკაზე იმოქმედებს და რუსეთს გააძლიერებს.
უკვე აშკარაა, რომ დასავლეთმა მეტი ყურადღება მიაპყრო ახლო აღმოსავლეთს. მაგალითად, მიუხედავად თავისუფალი სამხედრო რესურსების ნაკლებობისა, აშშ-ის სამხედრო ფლოტს თავისი მართვის გემი Mount Whitney, ავიამზიდი Enterprise და უნივერსალური სადესანტო გემი Kearsarge ლიბიის სანაპიროებისაკენ გადაჰყავს. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალიაც, რომლებიც ასევე არიან ავღანეთის ოპერაციებში ჩართულნი, მსგავს ნაბიჯებს დგამენ.
ლიბიის კრიზისი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. მაგრამ, რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ახლო აღმოსავლეთში, ის ფართომასშტაბიანი და შორსმიმავალი იქნება. უსაფრთხოების სრულიად ახალი ლანდშაფტი დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ყურადღებას საკმაო ხნით დაიპყრობს.
სამწუხაროდ, ეს რუსეთის ოინებისადმი ყურადღებასაც შეასუსტებს და მოსკოვთან რბილ ურთიერთობებსაც წაახალისებს, მათ შორის ახალ ძალას შეჰმატებს ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას.
ახლო აღმოსავლეთის არეულობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები დასავლეთის კაპიტალსაც შეუცვლის მიმართულებას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უკვე 30 ათასმა ჩრდილო აფრიკელმა ევროპაში გაქცევით უშველა თავს. მოსალოდნელია, რომ კიდევ მეტი მიაშურებს ბებერ კონტინენტს. ამ მიგრაციულ პროცესთან გამკლავება ევროკავშირში და მის 27 ქვეყანას შორის პოლიტიკური უთანხმოების საგანი გახდება.
ყველა ფოტო: REUTERS ©
ნავთობზე მსოფლიო ფასებიც გაიზარდა. ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასმა 24 თებერვალს 119 აშშ დოლარს მიაღწია. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლიბიის ნავთობს შეეხო, რომელზეც მსოფლიო ნავთობწარმოების 2%25-ზე ნაკლები მოდის. მაგრამ ნავთობტრეიდერები უფრო დიდი პრობლემისაგან იზღვევენ თავს - მათ ძალიან აშინებთ არეულობა საუდის არაბეთში, რომელიც მსოფლიო ნავთობის 10%25-ს აწარმოებს. 1 მარტის ევროკავშირის ანგარიშით, 2011 წელს ნავთობის პროგნოზირებული საშუალო ფასი 101 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, როგორც ევროკავშირის ანგარიშში წერია, „გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავრცელებამ”, შეიძლება „ნავთობის ფასის პროგნოზირებულზე მეტად ზრდა გამოიწვიოს”.
ბარელში 100 აშშ დოლარზე მაღალი ნავთობის ფასი დასავლეთის ეკონომიკებს დაარტყამს, რომლებიც გაჭირვებით გამოდიან კრიზისიდან და სავარაუდოდ, სტაგფლაციას - ანუ ეკონომიკური სტაგნაციისა და ინფლაციის კომბინაციას გამოიწვევს.
რასაკვირველია, მსოფლიო ტენდენციები საქართველოშიც აისახება, განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე ფასების, ინფლაციისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კუთხით.
მეტიც, ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკის არასაიმედოობა რუსეთს უფრო გააძლიერებს. მაგალითად, მწვანე ნაკადის მილსადენის გადაკეტვისთანავე გაზპრომმა ეს დანაკლისი შეავსო და იტალიას გაზის მიწოდება დღიური 65-დან 81 მილიონ კუბურ მეტრამდე გაუზარდა. როგორც ჩანს, ევროპა რუსეთის ენერგორესურსებზე მეტად დამოკიდებული გახდება.
მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი ერთი კრიზისიდან მეორე კრიზისში გადადის, კრემლი შეიძლება უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდეს ევროპელებისათვის. ამას კი კონკრეტული შედეგები მოჰყვება, მაგალითად, ტრანსსაჰარის გაზსადენზე უარის თქმა, რომლითაც ნიგერიის ბუნებრივი აირი ნიგერიიდან ალჟირს და იქიდან, ხმელთაშუა ზღვაში გამავალი მილსადენებით, ევროპას უნდა მიეწოდოს.
რუსეთი უკვე გაყოყოჩდა - 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შეკამათება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შემთხვევითი არ ყოფილა. „აქ საუბარია ქონების კონფისკაციაზე”, თქვა პუტინმა ენერგობაზრის ლიბერალიზების ევროკავშირისეული გეგმის შესახებ, რომელიც ენერგოკომპანიების მიერ მილსადენების მონოპოლიზების აკრძალვას ითვალისწინებს. ელოდეთ მაგარ ვაჭრობას მოსკოვისგან ევროპაში თბილი სახლების და შეუჩერებელი წარმოების სანაცვლოდ.
რამდენადაც რუსეთი მოახერხებს ევროპაში ენერგომატარებლების ექსპორტის გაზრდას, იმდენად გაიზრდება მისთვის ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ენერგორესურსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. ამით იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე, ანუ, საქართველოზე გეოპოლიტიკურ ზეწოლას შეინარჩუნებს ან გაზრდის. ამის იდეალური გზა საქართველოს დადანაშაულება ნებისმიერ იმ არეულობაში, რომელიც შესაძლოა სომხეთში, აზერბაიჯანსა ან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოხდეს და ქვეყნაში შიდა დაძაბულობის გამოწვევა იქნება.
შესაძლოა, ეს ნაკლებ რეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ სახელმწიფოებმა - დიდმაც და პატარამაც, საქართველო კი არ არის გამონაკლისი - უნდა იბრძოლონ საერთაშორისო გარემოში იმ ძირეულ ცვლილებებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის მოვლენები იწვევს. იმ დროს, როდესაც დასავლეთის ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, საქართველომ ძალა არ უნდა დაიშუროს ამ რეგიონში გეოპოლიტიკური პროცესების განსამარტავად და ხაზი გაუსვას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელობას. საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, იგი საიმედო მოკავშირედ უნდა დარჩეს ევროკავშირისა თუ NATO-ს ნებისმიერ ძალისხმევაში მონაწილეობით. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანამ უნდა ისარგებლოს ამ დიდი შესაძლებლობით, რათა იმედის გზავნილი ახლო აღმოსავლეთში ყველა იმ ადამიანს მიაწოდოს, ვისაც საკუთარი ერის ძლიერ და სიცოცხლისუნარიან დემოკრატიად გარდაქმნა სურს.
![]() |
5 ჟან ლუი ლორანი: პოლიტიკოსს ვერ მოსთხოვ, რომ პოლიტიკოსივით არ მოიქცეს |
▲back to top |
პოლიტიკა
თებერვლის ბოლოს, საქართველოს ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორი - ჟან ლუი ლორანი ეწვია. ის უკვე 15 წელია, თითქმის ყოველწლიურად გვსტუმრობს და შთაბეჭდილებებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიშში ასახავს. ტაბულა გთავაზობთ ჟან ლუი ლორანთან ინტერვიუს.
რა მიზნით ეწვიეთ საქართველოს?
რამდენიმე მიზანი მქონდა. მოგეხსენებათ, საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას გარკვეული ვალდებულებები იკისრა და მათ შესრულებაზე მონიტორინგს ვახორციელებთ. ვიზიტის შთაბეჭდილებებს რეგულარულ ანგარიშში ავსახავ, რომელსაც მინისტრთა კომიტეტს წარვუდგენ. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ის ნაბიჯები განვიხილე, რაც ევროპის საბჭომ 2008 წლის ომის შემდეგ გადადგა და აგრეთვე ისინიც, რაც რეინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, შესაძლოა, საბჭომ განახორციელოს. და ბოლოს, ხელისუფლებას ევროპის საბჭოს ბიუროს ახალი ხელმძღვანელი - კატარინა ბოლონიეზე - წარვუდგინე.
ორი სიტყვით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, რა სტადიაში ვართ?
ორ ვალდებულებას გამოვყოფდი. რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიაზე მიერთება და მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის კანონის აღსრულება. სხვა ვალდებულებები შესრულებულია, ან პროცესშია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველომ 2008 წელს წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად, რეფორმის პროცესი განაგრძო.
რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია ახსენეთ. კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ ორმაგ სტანდარტებზე და მიუთითებენ, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება საფრანგეთსაც კი არ მოუხდენია…
რატიფიცირება არ მოუხდენია, მაგრამ ხელი მოაწერა.
საქართველომაც რომ მხოლოდ ხელი მოაწეროს, რა მოხდება?
საქართველომ რატიფიკაციის ვალდებულება იკისრა, თუმცა ხელმოწერა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სწორი მიმართულებით.
დაახლოებით 15 წელია საქართველოს აკვირდებით. როგორ აღწერდით იმ გზას, რაც ქვეყანამ ამ პერიოდში გამოიარა?
თქმაც არ სჭირდება, რომ საქართველომ ძალიან მძიმე კრიზისები გამოიარა - სამოქალაქო ომი, ომი. ქვეყნის არც ერთ ხელმძღვანელს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით მანდატი არ დაუთმია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელ საქართველოს არაფერი აქვს საერთო 15 წლის წინანდელ ქვეყანასთან. ამას ზედაპირულადაც ამჩნევ, შეხედეთ თბილისს, ხალხს, ინსტიტუტებს, დანაშაულისა და კორუფციის დონეს. პენიტენციური სისტემის რეფორმა, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ვფიქრობ, საუკეთესოა რეგიონში. უზარმაზარი მიღწევები გაქვთ. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ გასაკეთებელი ბევრი არ დაგრჩენიათ. გასაკეთებელი ყველა ქვეყანას - გამონაკლისების გარეშე - ბევრი აქვს.
მთავარ გამოწვევებად რას დაასახელებდით?
ვფიქრობ, რომ ყველაზე ცხადი გამოწვევა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ისეთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რომელიც სრულ ჰარმონიაში იქნება საერთაშორისო - ევროპის საბჭოს თუ ეუთოს სტანდარტებთან. ასეთი არჩევნები ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპის საბჭო ხშირად ფუნდამენტურ ღირებულებებზე მაღლა პრაგმატულ პოლიტიკას (რეალ პოლიტიკა) აყენებს, რასაც ზოგიერთი ამ ორგანიზაციის საბიუჯეტო პრობლემებითაც ხსნის. ვგულისხმობ რუსეთთან დამოკიდებულებას...
მე ევროპის საბჭოს ძველ თაობას წარმოვადგენ. ამ ორგანიზაციაში 35 წელია ვმუშაობ და მისი ისტორია საკმაოდ კარგად ვიცი. პრაგმატული პოლიტიკა ევროპის საბჭოსთვის ახალი ნამდვილად არ არის - საკმაოდ ძველია. თუმცა ეს ხანდახან უფრო თვალშისაცემია. მართალია, ევროპის საბჭო ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, მაგრამ მას 47 წევრი ქვეყნის მთავრობები და პარლამენტები მართავენ. წარმოიდგინეთ, 47 მთავრობა და 47 საპარლამენტო დელეგაცია - ყველანი პოლიტიკოსები არიან. პოლიტიკოსს ნამდვილად ვერ მოსთხოვ, რომ პოლიტიკოსივით არ მოიქცეს, როდესაც ევროპის საბჭოშია. ამას ევროპის საბჭოს შიზოფრენიულ ხასიათს ვუწოდებ. ღირებულებები სახელმწიფოს ხელყოფისგან უნდა დაიცვა, მაგრამ ამავე დროს შეძლო, რომ ეს სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელით გაკეთდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბალანსის შენარჩუნება. ევროპის საბჭო დაიხურება, თუ ფუნდამენტურ ღირებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას დაივიწყებს. მაგრამ ამ ღირებულებების დამკვიდრების და განმტკიცების გზა პოლიტიკურია.
როგორ იმოქმედა ევროპის საბჭოზე გაფართოებამ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა? როგორც ბრძანეთ, 35 წელია ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობთ.
ამ ორგანიზაციაში მუშაობა რომ დავიწყე, 16 წევრისგან შედგებოდა. ევროპის საბჭოს, 1989 წლამდე, თანამოაზრე სახელმწიფოთა კლუბს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისებს მაშინაც ნახავდით - აღარ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით. დღეს ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია, არა მხოლოდ დემოკრატიული განვითარების მხრივ, არამედ ისტორიითა და კულტურით. მაგალითისთვის, ეკლესიის ფაქტორი ავიღოთ. გაფართოებამდე, არ მახსოვს, რომ ევროპის საბჭოში ვინმე ამ თემით დაინტერესებულიყო. დღეს ეკლესიას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე ფრანგი ვარ, საფრანგეთში უკვე საუკუნეზე მეტია ეკლესიის და სახელმწიფოს ძალაუფლება ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნულია. დღეს ისეთი წევრი სახელმწიფოებიც გვყავს, სადაც ეკლესია დიდ როლს თამაშობს. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. 1989 წლამდე არავინ საუბრობდა უმცირესობათა პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ძველ წევრ ქვეყნებშიც არსებობდა. გაფართოებამ ევროპის საბჭო უფრო პოლიტიკური, სამართავად რთული გახადა და ამავდროულად ბევრად უფრო საინტერესო. ჩვენ ისტორიული შანსი მოგვეცა, ევროპულ ღირებულებებს ბევრი ქვეყანა ვაზიაროთ. ეს პროცესია, მუდამ უნდა გვახსოვდეს და მიუხედავად თანმხლები კატაკლიზმებისა, მაინც პოზიტიური აღმოჩნდა.
სახელმწიფოს და ეკლესიის ძალაუფლების გამიჯვნა ახსენეთ, წარმოგიდგენიათ დემოკრატია, სადაც სახელმწიფო ეკლესიისგან გამიჯნული არ არის?
გადაწყვეტილებას მხოლოდ ის ადამიანები უნდა იღებდნენ, ვინც ხალხმა არჩევნების გზით აირჩია. ამავდროულად ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფასეულობებს, რასაც ეს ხალხი პატივს სცემს. ის, რომ ეკლესიასთან კონკორდატი გაქვთ, არ ნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყანა არ ხართ.
ჩვენ რელიგიური უმცირესობებიც გვყავს.
ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება ჩვენც გამოგვითქვამს. ვფიქრობ, რელიგიური უმცირესობების სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს. სხვანაირად, სწორი არ იქნება.
![]() |
6 მთავარი საფრთხე რუსული ოკუპაციაა |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი პროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა. პირველი ასეთი დოკუმენტი 2005 წელს დაამტკიცეს, ახალ პროექტში კი საქართველოს უსაფრთხოების გარემოში ბოლო წლებში მომხდარი ცვლილებები აისახა.
უსაფრთხოების კონცეფცია ღია დოკუმენტია, სადაც ასახულია ქვეყნის ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, მთავარი საფრთხეები, გამოწვევები და მათზე რეაგირების ზომებია გაწერილი.
დოკუმენტი მთავარი ეროვნული ღირებულებების ჩამოთვლით იწყება - მათ შორის დასახელებულია სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ღირებულებებიდან გამომდინარე კონცეფციაში ეროვნული ინტერესებიც არის მოცემული - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის; ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ეროვნული ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე - მდგრადი ეკონომიკური განვითარება; ენერგეტიკული უსაფრთხოება; რეგიონალური სტაბილურობა; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება; ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება; კულტურული თვითმყოფადობის, ინფორმაციული სივრცისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საფრთხეების კლასიფიცირება კონცეფციაში საფრთხეების შეფასების დოკუმენტიდან არის გადმოტანილი. ამ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც განსახილველად პარლამენტის ნდობის ჯგუფს წარედგინა, ქვეყნის ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხეები, მათი ალბათობისა და შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, დეტალურად არის გაანალიზებული.
ქვეყნის ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე კონცეფციაში ფაქტორების ორი კატეგორიაა გამოყოფილი - საფრთხეები და გამოწვევები. პირველი იმ საშიშროებებს მოიცავს, რაც უკვე გაცხადებული და დეკლარირებულია ან ახლო წარსულში მოხდა. შესაბამისად, მათი ალბათობა არსებობს და შედეგების გათვლაც შესაძლებელია.
დოკუმენტის მიხედვით, პირველი და მთავარი საფრთხე ქვეყნისათვის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა. მეორე - ახალი სამხედრო აგრესიის საშიშროება. დოკუმენტში გათვალისწინებულია კავკასიაში არსებული კონფლიქტების გაღვივების, საქართველოს ტერიტორიაზე „გადმოდინების” საშიშროება და საერთაშორისიო ტერორიზმით გამოწვეული საფრთხეები.
რაც შეეხება დოკუმენტში გათვალისწინებულ გამოწვევებს, ისინი უფრო ჰიპოთეტური შინაარსისაა და მათი დეტალური აღწერა და შედეგების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. გამოწვევებს შორის კონცეფციაში მოცემულია ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული, ეკოლოგიური და დემოგრაფიული გამოწვევები, ასევე ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული.
„ნებისმიერი საშიშროება ჩვენ გარშემო საკმაოდ კომპლექსურია, ბევრი საფრთხე და გამოწვევა ურთიერთგადაჯაჭვულია. შესაბამისად, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც საქართველოა, მათ განეიტრალებას მხოლოდ საკუთარი რესურსებით ვერ შეძლებს”, - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ. შესაბამისად, მისი თქმით, შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ზომები უნდა გატარდეს როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
რაც შეეხება მთავარ საფრთხეს - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე დეოკუპაციის პროცესს, ბათუ ქუთელიას განცხადებით, „საქართველოს სუვერენული უფლებაა უზრუნველყოს საკუთარი თავის დაცვა. ხელისუფლების მოვალეობაა გამოიყენოს საერთაშორისო ნორმებით მინიჭებული უფლება და დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”.
ამავე დროს, მისი თქმით, თბილისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ძალის არგამოყენების პოლიტიკას ახორციელებს. ეს საგარეო პოლიტიკაში აქტიურ ნაბიჯებს - მოკავშირეების შეძენას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებასა და ამ მეთოდებით პროცესის შემობრუნებას - ითვალისწინებს.
რაც შეეხება სამხედრო აგრესიის საფრთხეს, ქუთელიას განცხადებით, „ამ ეტაპზე მისი ალბათობა დაბალია, საერთაშორისო ჩართულობიდან გამომდინარე”. თუმცა, ხელისუფლება ამ სცენარსაც ითვალისწინებს და დოკუმენტის თანახმად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი გამოწვევების, ოპერატიული გარემოსა და ამოცანებისადმი შეიარაღებული ძალების ადაპტირების, აგრესიის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. მაგრამ, მხოლოდ თავდაცვის სრულყოფა შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად საკმარისი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომატიურ აქტიურობას, პარტნიორებისა და მოკავშირეების შეძენას.
იმის გამო, რომ საქართველო ჯერჯერობით რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი არ გამხდარა და კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის იმედი ვერ ექნება, ქვეყნის თავდაცვის დაგეგმვა „ტოტალური თავდაცვის” პრინციპს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ როგორც მოსახლეობას, ასევე მთელ ინფრასტრუქტურას გარკვეულ როლი და ფუნქცია ენიჭება აგრესორის შეჩერებაში. ტოტალური თავდაცვის პრინციპი, შეიარაღებული ძალების განვითარებასთან ერთად, მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვას და რეზერვის ეფექტიანი სისტემის შექმნას.
კონცეფციის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოება რეგიონში შექმნილ ვითარებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. დოკუმენტი ითვალისწინებს ზომებს, მათ შორის დიპლომატიურ ნაბიჯებს, ჩრდილო კავკასიასა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტებთან დაკავშირებული საფრთხეების ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს მთავარ პარტნიორად დოკუმენტში მითითებულია აშშ, რომელთანაც ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია აქვს გაფორმებული. „წამყვან რეგიონულ პარტნიორად” მოხსენიებულია თურქეთი, ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობა „სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა”.
კონცეფციის თანახმად, საქართველო ესწრაფვის, უკრაინასთან „სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები” მაქსიმალურად გამოიყენოს.
დოკუმენტში ცალკე თავი ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკას ეთმობა, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნება და განაპირობებს კერძო სექტორის როლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში. „ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა სწორედ ის მოდელია, რომელიც ამცირებს ჩვენს მოწყვლადობას გარეშე თუ შიდა საფრთხეების მიმართ. ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა, მათ შორის გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ეკონომიკის ომისშემდგომმა რეაბილიტაციამ, ამ მიდგომის სისწორე დაამტკიცა”, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
![]() |
7 ქართული მართლმსაჯულება სტატისტიკის ენაზე |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ხორბალაძე
საქართველოში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპის თანახმად, ქართულ სასამართლოში სახელმწიფოს საქმეს ვერ მოუგებ. არადა, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ადმინისტრაციული დავების დიდ ნაწილს სახელმწიფო აგებს. გამონაკლისია სისხლის სამართლის სფერო. თუმცა, მეორე მხრივ, იგივე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაზე ბევრად უფრო მყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს შეესაბამება.
ადმინისტრაციულ საქმეებზე ზოგადი სტატისტიკა ასეთია - 2010 წელს განხილული სააპელაციო საქმეებიდან 38 პროცენტი ადმინისტრაციული ორგანოების წაგებით დასრულდა, საკასაციო საქმეებიდან კი (ანუ უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულის) იგივე მაჩვენებელი 48 პროცენტია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ტაბულას განუცხადეს, რომ მიუხედავად საკმაოდ დადებითი სტატისტიკისა, მისი შინაარსობრივი ანალიზის გარეშე ცალსახა დასკვნის გაკეთება არასწორი იქნება. ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მათი გამოცდილებით, ფიზიკური და იურიდიული პირები, ძირითადად, ადმინისტრაციულ საქმეებს სოციალური ტიპის დავებში იგებენ. მაგალითად, ქონებრივ და მიწასთან დაკავშირებულ დავებში მოგების მაჩვენებელი მინიმალურია, რაც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ინტერესების სფეროს არსებობაზე მოწმობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ განხილულ ადმინისტრაციულ დავებში საკმაოდ დიდი ნაწილი საგადასახადო დავებს უჭირავს. საქართველოს სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოების მიერ საგადასახადო საქმეების განხილვის სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს სააპელაციო საქმეების 46 პროცენტი დასრულდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ, 2010 წელს - 28 პროცენტი. საკასაციო საქმეებში საგადასახადო ორგანოებს უფრო ნაკლებად გაუმართლათ - 2009 წელს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საქმეების 67 პროცენტი მოიგეს, 2010 წელს კი 48 პროცენტი. ეს სტატისტიკა საქმეების შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებზეც იძლევა გარკვეულ პასუხს.
როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის საქმეებში საწინააღმდეგო სიტუაციაა. გამამართლებელი განაჩენების ზოგადი მონაცემი, რომელიც ზოგს სამართლიანი სასამართლოს იდენტიფიცირების ერთ-ერთ კრიტერიუმად მიაჩნია, საქართველოში, ერთი შეხედვით, მოკრძალებულია: უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2010 წელს ამ ციფრმა საქართველოში განხილული საქმეების 1,05 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2010 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეების 1,2 პროცენტზე დევნა შეწყდა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა ბრალის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი მტკიცებულებები ან პროკურორს თავად უკან მიაქვს ბრალდება ან კონკრეტული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ხდება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ბრალდებულის გამართლებას ნიშნავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებისათვის ეს პროცენტული მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ სასამართლო დღემდე პროკურატურის მორჩილებაში იმყოფება. ეს ასევე არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დღეს დროისა და ფულის უშედეგო ხარჯვაა. სწორედ ამავე მიზეზს უკავშირებს ასოციაციის ადვოკატი მიხეილ ვოვაძე საპროცესო გარიგებების რიცხვის გაზრდასაც - ბოლო მონაცემებით სისხლის სამართლის საქმეებზე ამ მაჩვენებელმა 80 პროცენტს გადააჭარბა. თუმცა, იგივე სტატისტიკა სხვა კონტექსტშიც ჩანს, თუ მას მსოფლიოს ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ.
მაგალითად, 2010 წელს ამერიკის ფედერალური სისხლის სამართლის სასამართლოების მონაცემებით (რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სანდო სასამართლო სისტემად ითვლება), არსებითად განხილული საქმეებიდან 0.4%25 დასრულდა გამამართლებელი განაჩენით. 97 181 ბრალდებულიდან 301 ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, 154 ბრალდებული კი მოსამართლემ - მსაჯულთა გარეშე.
ამ თვალსაზრისით საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლატვიას - 0,8 პროცენტი, უკრაინას - 0,3 პროცენტი, იაპონიას - 0,4 პროცენტი, სამხრეთ კორეას - 0,6 პროცენტი. ევროპული ქვეყნების ანალოგიური საშუალო მაჩვენებელი, ანუ ე.წ. ევროპული სტანდარტი 1,6-დან 3,9 პროცენტამდე მერყეობს: ფინეთში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 1,6 პროცენტია, ბულგარეთში - 2,4 პროცენტი, სლოვაკეთში - 2,9 პროცენტი, ბელგიაში - 3,4, საფრანგეთში - 3,7, ბრიტანეთში - 3,8, ჰოლანდიაში - 3,9 (წყარო: International Statistics on Crime and Justice, 2010).
ამ სტატისტიკის ფონზე საქართველოს მაჩვენებელი საშუალო დონეს აკმაყოფილებს. ამასთან, საინტერესოა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლოს რეპუტაცია მაღალია, გამამართლებელი განაჩენის დაბალ მაჩვენებელს, არა სასამართლოზე ზეწოლით, არამედ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სიმყარით ხსნიან. პროკურატურა, როცა საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, თავად არიდებს თავს სასამართლოში მისვლას.
ანალოგიური ტენდენცია საქართველოშიც შეიმჩნევა - საქართველოს პროკურატურამ 2010 წელს 1394 საქმეზე თავად შეწყვიტა სამართლებრივი დევნა.
რაც შეეხება საპროცესო გარიგებებს - 2010 წელს 16641 საქმიდან საპროცესო გარიგებით 13 342 საქმე დასრულდა, რაც დაახლოებით 80 პროცენტის ფარგლებში თავსდება. თუმცა, მაგალითად აშშ-ში, სადაც ეს პრაქტიკა აქტიურადაა დანერგილი, შტატების მიხედვით მაჩვენებელი 90-95 პროცენტსაც აღწევს. ამასთან, მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ საპროცესო გარიგებები სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, გადაჭარბებულია - ამავე სტატისტიკის თანახმად, 2010 წელს საპროცესო გარიგებების საერთო თანხამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 7-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში სულ 1 პროცენტს შეადგენს.
საინტერესოა გასაჩივრებული განაჩენების სტატისტიკაც - 2009 წელს განხილული 38 464 საქმიდან 2009 და 2010 წლებში დამარცხებულმა მხარემ სულ 1883 საქმე გაასაჩივრა, რაც საერთო რაოდენობის სულ 4,9 პროცენტია. ახალგაზრდა იურისტებისთვის ეს იმის ნიშანია, რომ სასამართლოს პირველ ინსტანციაში დამარცხება მოქალაქეებს სასამართლოსთან დაკავშირებულ უნდობლობას და სტერეოტიპებს უმყარებს. უზენაეს სასამართლოში კი, თავის მხრივ, მიაჩნიათ, რომ ეს მონაცემი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენისადმი პატივისცემის ნიშნადაც შეიძლება ჩაითვალოს.
![]() |
8 ინვესტორების საქმე |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
„ოცი შენ, ოთხმოცი მე. დამთანხმდი ოცზე (20 მილიონი დოლარი) და ამ მომენტიდან შენი ცხოვრება შეიცვლება”, - ამ სიტყვებით მიმართა ებრაელმა ბიზნესმენმა რონი ფუქსმა სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე ქართველ მაღალჩინოსანს. მოგვიანებით, შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი ბრალდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა. გამოძიების ვერსიით, ამ შეხვედრაზე ფუქსი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძესთან გარიგების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, საბოლოოდ კი ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარი შესთავაზა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოსათვის დაკისრებული თანხის დიდი ნაწილის, 75 მილიონის, მიღების სანაცვლოდ.
სასამართლო პროცესი ისრაელის ორი მოქალაქის - რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკემბრის ბოლოდან მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ბიზნესმენები 14 ოქტომბერს ბათუმში, ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე დააკავეს. როგორც გამოძიება ჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, ამ შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტამბოლში ხარაიძისათვის შეთავაზებული პირობები - კვიპროსში ფრენკელის ოფშორული კომპანიის გავლით ფული ქართველი მაღალჩინოსნების ხელში აღმოჩნდებოდა, თანაც ისე, რომ კვალს ვერავინ იპოვიდა. სტამბოლის ჩანაწერის თანახმად, ფუქსი მართლაც აღიარებს, რომ მსგავსი გარიგებები მისთვის უცხო არ ყოფილა - იგი თავად ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში სამთავრობო პარტიას ფული „შესწირა”, თუმცა ეს თანხა სინამდვილეში კონკრეტულ პირებს გადაეცათ.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ფუქსის ბიზნესპარტნიორისა და კომპანია ტრამექსის თანადამფუძნებლის იოანის კარდასოპულოსის მიმართაც. ის გამოძიების ვერსიით ინფორმირებული გახლდათ და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.
ფუქსი და მისი პარტნიორი კარდასოპულოსი საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალწლიან დავას აწარმოებდნენ. ისრაელის მედიის ცნობით, რონი ფუქსს მჭიდრო კავშირები აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან და პრეზიდენტ შიმონ პერესთან დაახლოებულ პარადაც მიიჩნევა. ზეევ ფრენკელი კი ამ გარიგებაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა.
პანამაში რეგისტრირებული კომპანია Tramex International-ის დამფუძნებლები, იოანის კარდასოპულოსი და რონი ფუქსი, საქართველოში ჯერ კიდევ 1991 წელს გამოჩნდნენ. ისინი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან საქართველოში ნავთობის მოპოვებასა და ტრანზიტში ინვესტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მათ გეგმებზე გავლენა არ მოუხდენია ქვეყანაში სამოქალაქო ომსა და ხელისუფლების შეცვლას. სახელმწიფო კომპანია საქნავთობთან ფუქსმა ტრამექსის სახელით ერთობლივი საწარმოს შექმნის ხელშეკრულებას ხელი 1992 წლის 3 მარტს მოაწერა - იმ დროს, როცა ქვეყანას ჯერ კიდევ სამხედრო საბჭო მართავდა და საქართველოში არ არსებობდა ლეგიტიმური ხელისუფლება, კონსტიტუცია და ბიზნესურთიერთობებისათვის აუცილებელი კანონმდებლობა. ამ შეთანხმებით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ მიიღო ექსკლუზიური უფლება საქართველოში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. ერთი წლის თავზე კი ტრამექსმა კონცესიის შეთანხმება გააფორმა ნავთობის ტრანსპორტირების მაშინდელ მონოპოლისტთან - ქართულ სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტთან, რომლის წყალობითაც 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება მიიღო საქართველოში არსებულ ნავთობის სატრანზიტო მაგისტრალებზე. თანაც, კომპანიის ადვოკატები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათ უფლება არა მხოლოდ 1993 წლისთვის არსებულ, არამედ შემდგომში შექმნილ სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზეც მიენიჭათ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიამ ქრთამი გადაუხადა ქართველ მაღალჩინოსნებს 1990-იან წლებში, რათა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლებები მოეპოვებინა.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით კონცესია 1996 წელს გაუქმდა. ხოლო მისი უფლებები იმხანად ახლად შექმნილ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას გადაეცა. ამის ერთ-ერთი საფუძველი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც, ტრამექსსა და საქნავთობს შორის 1992 წლის შეთანხმებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ვინაიდან საქნავთობს მსგავსი შეთანხმებების გაფორმების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
იმ პერიოდში თბილისი მოლაპარაკებებს აწარმოებდა საერთაშორისო კონსორციუმთან საქართველოს გავლით კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების თაობაზე. გარიგება ძალაში რომ დარჩენილიყო, მთელი ტრანზიტი ტრამექსის ხელში აღმოჩნდებოდა. შესაბამისად, ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ინვესტორებს მოლაპარაკებები ამ კომპანიასთან - Tramex International-თან უნდა ეწარმოებინათ.
Bloomberg Businessweek-ს მოჰყავს შევარდნაძის აპარატის მაშინდელი უფროსის, პეტრე მამრაძის კომენტარი, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა თავდაპირველად ფუქსისა და მისი პარტნიორის ექსკლუზიური უფლებების შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, „ეს ნათლად ასახავს ქაოსსა და დეზორგანიზაციას მაშინდელ საქართველოში”.
შევარდნაძის მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ტრამექსისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ამ კომისიამ დაასკვნა, რომ კომპანიას კომპენსაცია არ ეკუთვნოდა.
2005 წელს Tramex International-ის დამფუძნებლებმა საქართველოს მთავრობას საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის ტრიბუნალში უჩივლეს. კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათ ქვეყანაში სატრანსპორტო ქსელის რეაბილიტაცია განახორციელეს და 1992-93 წლებისთვის უპრეცედენტო ოდენობის - 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდეს. თუმცა, ამის დოკუმენტურად დადასტურება დღემდე ვერ შეძლეს.
ქართულმა მხარემ სცადა დაემტკიცებინა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალური იყო, ინვესტორებს მათზე დაკისრებული მოვალეობები არ შეუსრულებიათ და საქართველოში ინვესტიციები არ განუხორციელებიათ. თუმცა, ტრიბუნალმა მიიჩნია, რომ იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა ინვესტორმა ვალდებულებები, მთავრობამ მისი უფლებები შელახა. კერძოდ, ტრამექსისათვის მიცემული უფლებები სხვა კომპანიას - საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას გადასცა, რაც, არბიტრაჟის დასკვნით, საქართველოსა და ისრაელს შორის ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული ქარტიის დარღვევა იყო. ქართული მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ტრამექსის მიერ საქართველოში კონტრაქტების გაფორმების მომენტში საქართველო ამ დოკუმენტების მხარე არ ყოფილა და კომპანიის წინაშე შესაბამისი ვალდებულებები არ გააჩნია.
არბიტრაჟის მიერ 2010 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს, ბიზნესმენთა სასარგებლოდ დაკარგული შესაძლო მოგების, პროცენტისა და სასამართლო ხარჯების სახით 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. საქართველოს მთავრობამ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გასული წლის ივნისში გადაწყვიტა. ფუქსმა და მისმა პარტნიორმა არბიტრაჟისგან მოითხოვეს, რომ, ვერდიქტის შეჩერების შემთხვევაში, საქართველოსგან საბანკო გარანტიები მიეღოთ. პარალელურად, დავის მოგვარების მიზნით, ბიზნესმენებმა მოლაპარაკებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დაიწყეს.
დაკავებულების ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერში საუბარი არა ქრთამის შეთავაზებას, არამედ საქართველოს მიერ გადახდილი თანხის ნაწილის ქვეყანაში ინვესტიციების სახით დაბანდებას ეხებოდა. დაცვის მხარე იმასაც ამტკიცებს, ფუქსი და ფრენკელი საქართველოში მოსალაპარაკებლად ოფიციალური წერილით თავად პრემიერმა გილაურმა მოიწვიაო. წერილში, რომელიც დაცვის მხარეს ხელზე აქვს, პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ბათუმში „უკვე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად”, მორიგების დასასრულებლად და შეთანხებაზე ხელის მოსაწერად ეპატიჟებოდა. ბიზნესმენების საქართველოში მიწვევას ადვოკატები „სპეცოპერაციად” მიიჩნევენ და სამართალდამცავებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავების განმარტებით, დანაშაულისკენ წაქეზება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან არ მომხდარა, პირიქით - ქრთამის შემოთავაზებას ადგილი არაერთხელ ჰქონდა სწორედ ბიზნესმენების მხრიდან.
როგორც გამოცემა Bloomberg Businessweeek-ს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ განუცხადა, გამოძიებას ბრალდების დასამტკიცებლად ძლიერი მტკიცებულებები აქვს. „ამ საქმის ჭეშმარიტი გარემოებები და არა ფუქსის სპეკულაციები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას ძალზე სერიოზულად ეკიდება, რაც ინვესტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას შეუწყობს ხელს”. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქმე სასამართლოში განიხილება და მოგვარებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა მთავარი პროკურორის მოადგილე ადასტურებს, რომ ფუქსის უცხოელმა ადვოკატებმა რამდენჯერმე წამოჭრეს საპროცესო შეთანხმებით საქმის დასრულების საკითხი - ეს ყოველთვის დაცვის მხარის ინიციატივა იყო.
ფუქსისა და ფრენკელის დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ისრაელის მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა სატელეფონო საუბრისას მიხეილ საააკაშვილს ბიზნესმენების გათავისუფლება სთხოვა, იგივე მოთხოვნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ავიგდორ ლიბერმანმა ქართველ კოლეგას წერილობით წაუყენა. თუმცა, თელ-ავივშიც და თბილისშიც ოფიციალური საუბრებისა და მიმოწერის მკაცრ ხასიათს არ ადასტურებენ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფუქსისა და ფრენკელის საქმე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე არ აისახება.
ფუქსის ინტერესებს, ქართველი ადვოკატების გარდა, ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, კომპანია Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom პარტნიორი გრეგორი ქრეგი, ასევე ჯულიან ასანჟის ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი იცავენ. თბილისში ყოფნისას გრეგორი ქრეგმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ ოფიციალური მოწვევით ფუქსის საქართველოში „შემოტყუება” და დაპატიმრება „შოკისმომგვრელია”. მისი აზრით, ებრაელი ბიზნესმენების საქმე „ქვეყნის რეპუტაციას ძირს გამოუთხრის”. ფუქსის ინტერესების დამცველები ბიზნესმენთა დაკავების ფაქტის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებასაც გეგმავენ.
![]() |
9 სახელმძღვანელოები - განათლების სამინისტროს ახალი სამიზნე |
▲back to top |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
განვითარებულ მსოფლიოში სასწავლო პროცესში სახელმძღვანელოების როლი სულ უფრო მცირდება. ის მასწავლებლებლისთვის ერთ-ერთია, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის სხვა მრავალ საშუალებას შორის. საქართველოში კი სასწავლო წიგნების მიმართ ყურადღება სულ უფრო იზრდება.
სექტემბრიდან, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლებში სახელმძღვანელოებიც ახალი იქნება. 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების შემდგომ განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი, გამკაცრებული წესები დაამტკიცა. პირველ ეტაპზე მას სწავლების დაწყებით საფეხურზე, I-დან VI კლასის ჩათვლით დანერგავენ. სასწავლო წიგნებმა, სკოლებში მოსახვედრად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული ტექნიკური, მეთოდური და შინაარსობრივი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭება იგივეა, რაც მისი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის ოფიციალური დასტური. განათლების სამინისტროს მესვეურთა პროგნოზით, გრიფირების ახალმა, გამკაცრებულმა წესმა ბაზარზე არსებული დაბალი ხარისხის სახელმძღვანელოები უნდა შეამციროს, ხელი შეუწყოს კონკურენციას და წიგნების ბეჭდვაზე მონოპოლია აღმოფხვრას.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებზე გამოცხადებული კონკურსი 1 მარტს დაიწყო. მასზე სახელმძღვანელოს წარდგენა არა მხოლოდ გამომცემლობებს, არამედ ინდივიდუალურ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფებსაც შეუძლიათ. გარდა ამისა, წინა წლებისგან განსხვავებით, უნდა წარადგინონ არა ერთი სასწავლო წიგნი, არამედ კონკრეტული საგნის სახელმძღვანელოთა სერია მე-6 კლასის ჩათვლით. გრიფი 5 წლის ვადით მიენიჭებათ - შესაბამისად, ამ ხნის მანძილზე სახელმძღვანელოები აღარ შეიცვლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საგნის ან კლასის შესაბამისი სასწავლო გეგმა იცვლება.
საბოლოოდ, წარდგენილ სახელმძღვანელოთა შეფასება გრიფირების წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით განხორციელდება. საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოცემულია 40 შინაარსობრივი და 10 ტექნიკური კრიტერიუმი. გრიფის მოსაპოვებლად წიგნმა ან სერიამ შინაარსობრივ ნაწილში ჯამური ქულების მინიმუმ 90%25 უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო ტექნიკური კრიტერიუმების შემთხვევაში - 50%25. ნათქვამია ისიც, რომ შეფასების ამ კრიტერიუმებს ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს. მათვე უნდა შეაფასონ საბოლოოდ სახელმძღვანელოები. თუმცა, ცენტრში ამბობენ, რომ ამ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეებს არ აქვთ გარანტია, რომ წიგნებს სპეციალისტები შეაფასებენ და არა ბიუროკრატები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირობები, რომელსაც კერძო პირი ან გამომცემლობა, კონკურსში მონაწილეობის უფლების მისაღებად უნდა დათანხმდეს. გრიფის მინიჭების შემთხვევაში, ის ვალდებულია, ცენტრს მისი გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გადასცეს. ხოლო თუ სახელმძღვანელო ან სერია „განსაკუთრებით საუკეთესოა”, მაშინ განსაკუთრებული ლიცენზიით ავტორობის გადაცემაზე თანხმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოზე საავტორო უფლებების თანამესაკუთრე ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ამის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება” იარსებებს, ცენტრი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დაბეჭდვის უფლება. ასეთ შემთხვევაში, წიგნზე საავტორო უფლებების მფლობელს ჰონორარის სახით რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგების 10%25 ეკუთვნის. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გზით სახელმძღვანელოების ფასმა უნდა დაიწიოს. ამან ხელი უნდა შეუშალოს გამომცემლობებსა და სკოლებს შორის კორუფციული გარიგების შესაძლებლობასაც. აქ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც, მინისტრის თქმით, სკოლები კონკრეტული გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნებს წინასწარი შეთანხმებით ირჩევდნენ - სანამ მსგავსი არჩევანის საშუალება ჰქონდათ.
გამომცემლობები ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან. ლოგოს პრესის დირექტორი, ლაშა ბერაია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი წესების მიუხედავად, ცენტრსა და გამომცემლობებს შორის ურთიერთნდობის ბალანსი არ დაირღვევა. ის იმედოვნებს, რომ ცენტრი ჩვეულებრივი ლიცენზიის სხვა პირთათვის გადაცემას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიმართავს - თუ დაასაბუთებს, რომ ამას საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს: „ეს რომ წესად იქცეს და საავტორო უფლების მფლობელისთვის 10%25-ის გადახდამ დაუმსახურებელი ზარალი მოუტანოს კეთილსინდისიერ გამომცემლობას, მაშინ ცენტრი დადგება საშიშროების წინაშე, რომ ეს გამომცემლობა სახელმძღვანელოებს მომავალში აღარ შექმნის”. საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რა იგულისხმება „საზოგადოებრივ საჭიროებაში”. ღიაა „განსაკუთრებით საუკეთესო” სახელმძღვანელოების საკითხიც. გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა კითხვებზე ამომწურავი პასუხი არც ბაკურ სულაკაურს მისცა. მისი თქმით, უცნაურია გრიფის მისაღებად 90%25-იანი ბარიერის დაწესება: „ეს იმას ნიშნავს, რომ, საკმარისია, ერთ-ერთ ექსპერტს რამე არ მოეწონოს, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ბარიერის გადალახვა”. დასაზუსტებელია ჩვეულებრივი თუ განსაკუთრებული ლიცენზიის გადაცემის ხელშეკრულების საკითხიც - მსგავსი დანართი დოკუმენტს არ ახლავს. არადა გრიფირების კონკურსზე სახელმძღვანელოების წარდგენა ავტომატურად გულისხმობს, რომ მონაწილეს შემოთავაზებულ პირობებზე თანხმობა უკვე აქვს გაცხადებული.
დაბეჭდვისა და გავრცელების უფლების ყველას მიერ ფლობა, თავისთავად, უარყოფითი მოვლენა არ არის. ზოგადად, საავტორო უფლებების არსებობის საჭიროება სადავო საკითხია. მაგალითად, ლიბერტარიანური ხედვით, ინტელექტუალური საკუთრება მატერიალური საკუთრებისგან განსხვავდება. მისი სხვების მიერ მოხმარებით და გავრცელებით თავდაპირველ ვარიანტს ან მის მფლობელს არაფერი აკლდება. შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტზე მესაკუთრის მონოპოლია კი სხვას არაფერს იწვევს, თუ არა პროგრესის შეფერხებას - საავტორო უფლების ავტორს შეუძლია, ხელოვნურად შეაჩეროს სხვის მიერ მისი გამოგონების თუ ინტელექტუალური ნაწარმის გაუმჯობესების პროცესი, რაც ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. ეს არ გულისხმობს, რომ ავტორები თუ გამომგონებლები კომპენსაციის გარეშე უნდა დარჩნენ, ან პროდუქტთან მათი სახელის ასოცირება არ მოხდეს, თუმცა, ხსენებული მიზეზებიც ცხადყოფს, რომ ინტელექტუალურ პროდუქტზე მონოპოლიის ფლობა მისგან მოგების მიღების ერთადერთი და საუკეთესო მოდელი არ არის.
საქმე ისაა, რომ გრიფირების არსებული წესი არა საავტორო უფლებების გაუქმებას, არამედ სახელმწიფოს თანამესაკუთრეობას ითვალისწინებს. თანაც, ეს კონკურსში მონაწილეებს ზედმეტ ვალდებულებებს აკისრებს: თუ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭება, გამომცემლობას ან ავტორს ევალება, ეს წიგნი საჩუქრად გადასცეს ყველა იმ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო პროცესში მისი სახელმძღვანელოდ გამოყენება მოუწევს. ხოლო ინგლისური ენის სახელმძღვანელოს (სერიის) შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადაამზადოს შესაბამისი საგნის ყველა ის მასწავლებელი, რომელიც მას სახელმძღვანელოდ გამოიყენებს. გამომცემლები ამბობენ, რომ წიგნების საჩუქრად დარიგება ისედაც მიღებული წესი იყო, თუმცა ახლა საავტორო უფლების გადაცემა სიტუაციას ცვლის. გარდა ამისა, სამინისტროს საშუალება ეძლევა, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს საავტორო უფლებების საკითხი და ინტერესის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე კონკრეტულ გამომცემლობას თუ პიროვნებას. სიმონ ჯანაშიას აზრით, დანაკარგების შიშით, სახელმძღვანელოების შექმნაში მინიმალური ინვესტიცია ჩაიდება, რაც წიგნების ხარისხსა და ალტერნატივას მხოლოდ შეამცირებს.
ამრიგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ახალი ინიციატივა გამომცემლობებსა და ავტორებს სტიმულს მისცემს, თუ პირიქით, სახელმძღვანელოების ბაზარზე მოთამაშეთა რაოდენობის შეზღუდვა ავტომატურად გამოიწვევს მყიდველისთვის არჩევანის შეზღუდვას.
სახელმწიფო იძულება შეუთავსებელია თავისუფალ ბაზართან - თუ ბიუროკრატია მიუთითებს და აიძულებს მომხმარებელს, შეიძინოს რომელიღაც კონკრეტული პროდუქტი, იგი არათანასწორ პირობებში აღმოჩნდება გამყიდველთან. ეს ამ უკანასკნელს პროდუქტზე არასაბაზრო ფასის დაწესების საშუალებას მისცემს.
არსებული მდგომარეობა სწორედ ასეთია: პროდუქტს სახელმწიფო ირჩევს, მოქალაქე კი მასში ფულს იხდის.
![]() |
10 ყვითელი მიკროავტობუსების მოლოდინში |
▲back to top |
საზოგადოება
მირიან ტორონჯაძე
გასულ ორშაბათს, თბილისის მერიამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმა. შეთანხმების საფუძველზე მათ მიკროავტობუსებით მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადაეცათ. კომპანიებმა თბილქარმა, თბილ ლაინმა, ფაბლიქ ქარმა და კაპიტალ გრუპმა მერიის მიერ 2010 წლის ბოლოს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო გადაყვანის და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებმა 2011 წლის ბოლომდე ახალი და არსებულზე ბევრად კომფორტული მიკროავტობუსები უნდა შემოიყვანონ. გარდა ამისა, ისინი ყველა იმ მძღოლის დასაქმების ვადებულებას იღებენ, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.
სიახლეს ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ინფორმაციის ნაკლებობის ფონზე ხალხში გავრცელდა ცნობა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ერთი დღით გაფიცვაც გამოაცხადეს და მუშაობაზე უარი თქვეს. თბილისის მერის მოადგილე, დავით ალავიძე მიიჩნევს, რომ გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამარშრუტო ხაზების ძველი მფლობელები გახდნენ. მისი თქმით, სიახლემ ისინი სოლიდური და ძირითადად არაოფიციალური შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა. თავის მხრივ, მძღოლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ უკმაყოფილებას შემდეგი ფაქტი იწვევს: საკუთარი ავტომობილებიდან კომპანიების მიერ შემოყვანილ მიკროავტობუსებზე გადაჯდომა მოუწევთ, მათი კუთვნილი ტრანსპორტი კი ფუნქციის გარეშე რჩება და მეპატრონეს ზედმეტ ტვირთად დააწვება.
უკვე დიდი ხანია, რაც სამარშრუტო ტაქსების სფეროში გაურკვევლობაა. ალავიძის თქმით, სამარშრუტო ხაზების არაოფიციალური მფლობელები მძღოლებისგან დღეში 20-დან 200 ლარამდე იღებენ - იმის მიხედვით, თუ რამდენად შემოსავლიანია ესა თუ ის მარშრუტი. თუმცა, როგორც ერთ-ერთი საკმაოდ გრძელი მარშრუტის მძღოლებმა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გვითხრეს, ისინი ხაზის მეპატრონეს დღეში მხოლოდ შვიდ ლარს უხდიან. ოფიციალური ინფორმაციით, მერიის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების მიერ დაწესებული დღიური გადასახადი ათი ლარი იქნება.
დღესდღეობით მანქანის ამორტიზების ხარჯებსაც მძღოლები ანაზღაურებენ. შესაძლოა, ამის გამოცაა, რომ თბილისში მოქმედი 2 ათასი მანქანის 80%25 ამორტიზებულია. არ არსებობს რაიმე სახის სტანდარტი, რომელიც მოქმედმა მიკროავტობუსმა უნდა დააკმაყოფილოს. ამიტომ თბილისში ხშირად შეხვდებით მოუხერხებელ სამარშრუტოს, რომელშიც სკამები ისეა განლაგებული, რომ გამართულად ჯდომაც კი შეუძლებელია. ამის შესაცვლელად კომპანიები ხუთი ავტოპარკის მშენებლობას აპირებენ, რომლებიც მხოლოდ მიკროავტობუსებს მოემსახურება.
ახალი მიკროავტობუსები გაზაფხულსა და ზაფხულში ეტაპობრივად უნდა შემოიყვანონ. ავტობუსებისა და მეტროს მსგავსად, გადახდის ელექტრონული ფორმა იქნება. ეს შესაძლებელს გახდის ფასდაკლების ანალოგიური სისტემის შემოღებას, როდესაც საფასური, დღის განმავლობაში, პირველი მგზავრობის შემდეგ მცირდება. ასევე გათვალისწინებული იქნება 120 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირის ინტერესი და ისინი შეღავათებს მიკროავტობუსით მგზავრობის დროსაც მიიღებენ. ფასში განსხვავებას კი, როგორც ეს უკვე ხდება მეტროსა და ავტობუსში, თბილისის მერია დაფარავს.
გარდა მანქანების ამორტიზებულობისა, პრობლემას წარმოადგენს მძღოლების დაუდევარი ტარების მანერა. მგზავრის ძებნაში ისინი ხშირად კვეთენ გზას დიაგონალურად, აჩერებენ სრულიად მოულოდნელ ან აკრძალულ ადგილებში. ამის გამო, ავარიული სიტუაციები და საცობები ხშირად იქმნება. ცვლილების შემდეგ, თბილისის ცენტრალურ უბნებში მიკროავტობუსების მოძრაობა და გაჩერებები შეიზღუდება და ისინი მხოლოდ სპეციალურ ადგილებზე შეჩერდებიან. თუმცა პერიფერიებში და ისეთ ქუჩებზე, სადაც ეს მოძრაობის პრობლემებს არ შექმნის, ყველაფერი ძველებურად დარჩება. გარდა იმისა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება, სამარშრუტოების მძღოლებისა და მგზავრების ჯანმრთელობას სადაზღვევო კომპანია დააზღვევს.
მიკროავტობუსების გაზრდილი რაოდენობით და ავტოპარკების მშენებლობით მერია არა მარტო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას, არამედ 1200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნასაც გეგმავს. ელექტრონული გადახდის ფორმა და მძღოლების ფიქსირებული ანაზღაურება სამარშრუტოებს შორის მგზავრებისთვის გამართულ ბრძოლას შეამცირებს. გრაფიკის ზუსტი დადგენა თავიდან აგვაცილებს ზოგიერთ მარშრუტთან დაკავშირებულ დისკომფორტს, როდესაც, განსაკუთრებით ღამის საათებში, მიკროავტობუსი იგვიანებს ან საერთოდ არ მოდის.
როგორც ირკვევა, მიუხედავად მერიის მხრიდან გაკეთებული რამდენიმე განმარტებისა, ზუსტ ინფორმაციას საკუთარი მომავლის შესახებ მძღოლების ნაწილი დღესაც არ ფლობს. გაურკვეველია ისიც, შემცირდება თუ არა მათი შემოსავალი. ხოლო ახალი მიკროავტობუსის გამოსყიდვა, ანუ მათი მძღოლების საკუთრებაში გადასვლა გრძელვადიანი პერსპექტივაა.
![]() |
11 თბილი მითები გლობალური დათბობის ილუზია და საკვებზე ფასები |
▲back to top |
ელენე კვანჭილაშვილი
მსოფლიო ბანკის საკვებზე ფასის ინდექსმა 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის იანვრამდე პერიოდში 15%25-ით მოიმატა. შარშანდელთან შედარებით, საკვებზე ფასები 29%25-ით გაიზარდა. თუმცა 2008 წლის პიკს ფასები 3%25-ით ჩამორჩება. მსოფლიო საკვების კრიზისის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა. ამასობაში გაერომ რიტორიკა შეცვალა და 2007-2008 წლებისგან განსხვავებით, საკვების კრიზისში ბიოსაწვავის განვითარების წვლილზე აღარ საუბრობს. მისი ახალი ინიციატივა სოფლის მეურნეობის გლობალური სტიმულირებაა.
2010 წელს ბიოსაწვავზე ხორბლის მსოფლიო მოსავლის 6.5%25, ხოლო მცენარეულ ზეთზე - 8%25 დაიხარჯა. 2007 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები ხორბლის შემთხვევაში თითქმის 3-ჯერ, ხოლო ზეთის შემთხვევაში - 8-ჯერ მეტია. ამ მაჩვენებლების დიდი წილი ბრაზილიაზე მოდის, სადაც დიდი მოთხოვნაა შაქრის ლერწმის ეთანოლზე, და ევროპაზე - სადაც ბიოდიზელია მოთხოვნადი. მართლაც, გლობალურად შაქარი და ზეთი ყველაზე მეტად გაძვირდა.
ბიოსაწვავის თემა გაეროსთვის უხერხული თემაა: ჯერ ერთი, ეს თემა მას სამუშაოს და დაფინანსებას ართმევს, რადგან დედაბუნებას ამ მიმართულებით ზრუნვაში სხვა ლიდერები გამოუჩნდნენ: აშშ ბიოსაწვავით, ბრაზილია შაქრის ლერწმის ეთანოლით და ევროპა ბიოდიზელით. მეორეც, გაეროსთვის ლიდერის პოზიციების დათმობა მით უფრო მტკივნეულია, რომ ალტერნატიული საწვავის თემა მთლიანად გლობალური დათბობის მისეული „აღმოჩენის“ შედეგია.
გლობალური დათბობის შესახებ პირველად, 1990 წელს, ამცნო გაერომ მსოფლიოს და მას შემდეგ ამ მოვლენაში ადამიანის პროცენტულ ბრალეულობას ყოველწლიურად ზრდის. გაეროს კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილი მთავრობათაშორისი პანელის უახლესი, 2010 წლის ანგარიში, რომელიც გაეროს თქმით 2500 მეცნიერის ანალიზს ეყრდნობა, ასკვნის, რომ გლობალური დათბობა 90%25-ით ადამიანის ჩარევის შედეგია. დედამიწის ატმოსფერო იმიტომ თბება, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სულ უფრო იმატებს. სასათბურე გაზი კი ატმოსფეროში სითბოს შეკავებას უწყობს ხელს.
ანგარიშის მომზადებაში ჩართული მეცნიერი დოქტორი რიჩარდ ლინძენი ამბობს, რომ რეალურად, დოკუმენტის შედგენაში მხოლოდ 13 მეცნიერი მონაწილეობს. ავტორების უდიდესი ნაწილი კი გარემოსდაცვითი და ინდუსტრიული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსებისგან შედგება. თითოეული მათგანი დაინტერესებული მხარეა: ორგანიზაციებს გლობალური დათბობის კვლევისა და ადვოკატირებისთვის დაფინანსება, პოლიტიკოსებს კი ალარმისტულ-მესიანისტური პლატფორმა ხიბლავთ.
ალარმისტები ამბობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგად, არქტიკის ყინული ლღვება და სულ მალე პოლარული რეგიონი „ტროპიკული სამოთხე“ გახდება. აქ ჩნდება კითხვა: თუ ადგილი აქვს გლობალურ დათბობას, მაშინ, თუნდაც წელს, რატომ იყო უჩვეულოდ ცივი ამინდები ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში?
ამ კითხვაზე ალარმისტებს ერთი პასუხი აქვთ: ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი უფრო სანდოა; ერთწლიანი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ჯამში, გლობალურად ტემპერატურა იმატებს, ზამთარში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა კი მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
თუმცა უფრო მარტივი პასუხიც არსებობს: მსოფლიოს პერიოდული გათბობა-გაციება ბუნებრივი ციკლის შედეგია. საკვების გლობალური კრიზისებიც, როგორც წესი, ამ ციკლს ემთხვევა. მაგალითად, ასე მოხდა, 2007-2008 წელსაც.
2007 წელს ხორბლის მოყვანისთვის არახელსაყრელმა ამინდებმა (გვალვამ რუსეთში, მშრალმა ამინდმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ჭარბმა ნალექმა კანადაში და წყალდიდობამ პაკისტანში), გლობალურად მოსავლიანობა 107 მილიონი ტონით შეამცირა. დეფიციტმა მარცვლეულზე ფასები გაასამმაგა. საკვების კრიზისი მაშინვე დარეგულირდა, როგორც კი ხორბლის მოსავლიანობისთვის ხელსაყრელი ამინდი დადგა.
თუმცა მანამდე, გაერომ მოასწრო და კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო თანამეგობრობისგან 755 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. გაერომ ეს ფული მიიღო.
თავის წიგნში „გლობალური დათბობის პოლიტიკურად მცდარი მეგზური“ კრისტოფერ ჰორნერი წერს: „გლობალური დათბობა მართლაც ისეთი საშიში პრობლემა რომ იყოს, როგორც ამას მემარცხენე ფატალისტები წარმოაჩენენ, მაშინ მისი „გადაჭრა“ უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხარჯს გავიღებთ, სულ უფრო მეტი იქნება საჭირო. ეს გლობალური დათბობის თემას მიზეზების უძირო ჭად აქცევს და ხელს უწყობს მთავრობის ზომის დაუსრულებელ ზრდას“.
სწორედ გლობალური დათბობის საფრთხე გამოდგა საუკეთესო საბაბი ალტერნატიული საწვავის მთელი ინდუსტრიის შესაქმნელად: სასათბურე გაზს (ნახშირორჟანგს) კაცობრიობა გამოყოფს ნავთობპროდუქტების დაწვით და ამდენად, ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს. ალტერნატიული საწვავის ინდუსტრია ცალსახად სამთავრობო სუბსიდიების წყალობით არსებობს.
მსოფლიო მთავრობები განახლებად ენერგიასა და ბიოსაწვავების ტექნოლოგიების განვითარებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 43-46 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავენ. თუმცა, ეს თანხა ძალიან მცირეა იმ 557 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით, რაც წიაღისეული საწვავის მოპოვებას ხმარდება.
ამასთან, ბიოსაწვავის ეფექტიანობა ეჭვქვეშ სულ უფრო მეტად დგება. ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ის მთავრობამ ბიოსაწვავის სუბსიდირებისთვის 4 მილიარდი დოლარი დახარჯა - მარტო შარშან სამთავრობო დაფინანსება 80 მილიონი დოლარი იყო - თუმცა ამით აშშ-მ საკუთარი ბენზინის მარაგების მხოლოდ 2%25-ის ჩანაცვლება მოახერხა. გადასახადის გადამხდელმა კი ჩანაცვლებული საწვავის ყოველ ლიტრში 1.95 დოლარით მეტი გადაიხადა.
სხვადასხვა ეკონომიკური გათვლით, საკვებზე ფასები შემცირდება, თუ ხორბლის მარაგები თავისი პირდაპირი დანიშნულების მიხედვით განაწილდება და საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი რესურსების უდიდესი ნაწილი ეთანოლის წარმოებას არ მოხმარდება.
სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მოსაბეზრებელ გათვლებს ყურადღებას მიაქცევს, გაერომ მას ახალი ინიციატივით თავბრუ ისევ დაახვია - საკვების კრიზისის ახალი ტალღის შესაჩერებლად, სოფლის მეურნეობის სტიმულირება. უახლეს G7 და G24 მსოფლიო ლიდერთა შეხვედრებზე, გაერომ, ამ მიზნით კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გაინაღდა.
სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის მხოლოდ მსოფლიო ბანკი, 1998-2004 წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 3.5-4.5 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავდა. ამ პერიოდში საკვებზე ფასები უმეტესად იზრდებოდა. თუმცა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მხარდასაჭერად, ბანკმა საკვების კრიზისის პერიოდში (2004-2008 წლებში), დაფინანსება 8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საკვებზე ფასებმაც განაგრძეს მატება.
საკვებზე ფასები ორი ათწლეულის განმავლობაში
მითი 1: საერთაშორისო დახმარებაზე ფინანსური კრიზისის გავლენით, მსოფლიოში შიმშილობის მასშტაბი უპრეცედენტოა.
ფაქტი 1: სხვადასხვა გათვლებით 1990-92 წლებიდან 2010 წლამდე შიმშილობის მაჩვენებელი 20%25-დან 16%25-მდე შემცირდა.
ფასთა ცვლილება სუბსიდიების გაუქმების შემდეგ
მითი 2: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ამერიკასა და მსოფლიოში საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს.
ფაქტი 2: სუბსიდიების გაუქმება მარცვლეულზე მსოფლიო ფასების შემცირებას გამოიწვევს. გამონაკლისი მხოლოდ სიმინდი და ხორბალი იქნება, დანარჩენ საქონელზე ფასები დავარდება.
სუბსიდიების განაწილება
მითი 3: სოფლის მეურნეობის სუბსიდირება აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ფერმერების შემოსავალმა მოიმატოს. ეს საბოლოო ჯამში გაზრდის დასაქმებას და შეამცირებს სიღარიბეს.
ფაქტი 3: სოფლის მეურნეობის სუბსიდიები სამართლიანად არ ნაწილდება. ის სფერო, რომელიც მეტ მოგებას ნახულობს, სუბსიდიასაც მეტს იღებს.
გაუგებარია გაეროს დაფინანსებამ როგორ უნდა შეცვალოს ეს ტენდენცია. სინამდვილეში, სოფლის მეურნეობის სფეროს საკვებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაუჭირდებოდა, ბიოსაწვავი ამ მოთხოვნას რომ არ აორმაგებდეს და სოფლის მეურნეობის სტიმულირებაში, თვითონ გაერო სავაჭრო ბარიერების აღმართვას რომ არ მიესალმებოდეს.
რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის შეზღუდვას გაეროს კრიტიკა არ მოჰყოლია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამით ხორბალი მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის გაძვირდა: მსხვილმა მწარმოებლებმა, მომავალში ნედლი პროდუქციის დეფიციტის შიშით, წინასწარ გაზარდეს ფასები, რომ საკუთარი მარაგები გარე რისკებისგან დაეცვათ. შესაბამისად, დანარჩენი მსოფლიოსთვის არა მხოლოდ ხორბალი, არამედ მთელი საკვების კალათა გაძვირდა. აშშ მსოფლიო ხორბლის ექსპორტის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. ამ ქვეყნის ინფლაციაში საკვების კალათას 7.8%25-ული წილი აქვს.
რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომელთაც მას მიბაძეს, მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა გაამართლეს მოსახლეობის ღარიბი ფენის საკვებთან „გარანტირებული“ წვდომის მოტივით. ამას, მათი აზრით, გლობალური ეკონომიკის, მათ შორის, ვაჭრობის ლიბერალიზაცია აფერხებდა.
ეს არგუმენტი აბსურდულია. ჯერ ერთი, „გარანტირებული“ საკვები, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს და მეორე, ეკონომიკის ლიბერალიზაციას უბრალოდ არ შეუძლია საკვების დეფიციტი გამოიწვიოს. ავიღოთ თუნდაც დიდი შიმშილობის პერიოდი (1315-1317), როცა ღარიბებს (მაშინ, პრინციპში, უმეტესობა ღარიბი იყო) საკვების გარანტირებული ულუფა არ ჰქონდათ: კარგ ამინდში ხორბლის ერთ თესლზე საკვებად ვარგისი 7 მარცვალი მოდიოდა, ცუდ ამინდში კი მოსავლიანობა 2 მარცვლამდე ეცემოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვებად 1 მარცვალი რჩებოდა, რადგან მეორე - მომავალ წელს უნდა დათესილიყო. შუა საუკუნეებში საკვების დეფიციტს ბრიტანეთში, საფრანგეთში, სკანდინავიაში, გერმანიაში, დასავლეთ ევროპასა და შიმშილობის სხვა ეპიცენტრებში, სხვადასხვა გათვლით, მოსახლეობის 10-25%25 ემსხვერპლა.
ეს სასტიკი რეალობა სწორედ ეკონომიკის ლიბერალიზაციამ და ვაჭრობის საზღვრების გახსნამ გამოასწორა: სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის შედეგად, საკვები იმ არეალისკენ მიედინებოდა, სადაც უფრო მეტი ადამიანი შიმშილობდა, რადგან იქ საკვებზე მოთხოვნა მაღალი იყო და შესაბამისად, ფასიც. მიწოდების ზრდასთან ერთად, ფასი მცირდებოდა, საკვები უკეთ ნაწილდებოდა და ღარიბებს მისი შეძენის მეტი საშუალება ჰქონდათ.
დღესაც, ხალხი, რომელსაც შია, გლობალიზებული, ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნებში არ ცხოვრობს. მეტიც, იმ ქვეყნების მოსახლეობა უფრო შიმშილობს, რომელთა მთავრობებიც საკუთარ მოქალაქეებს „გლობალური ეკონომიკური ლიბერალიზაციისგან“ თავგამოდებით „იცავენ“.
მშიერი მოსახლეობა რეგიონების მიხედვით
სულ 925 მილიონი
![]() |
12 გილოცავთ 8 მარტს! |
▲back to top |
ფოკუსი
ლევან სუთიძე, ავთო ქორიძე
კლარა ცეტკინი გერმანიის კომუნისტური პარტიის მიტინგზე. ბერლინი 1921 წელი
„საბჭოთა ქალებო, დაე, 8 მარტი ქცეულიყოს ბინძური კაპიტალისტების დამარცხების დღედ. წინ კომუნიზმისკენ!” - 1922 წელს, ამხანაგმა ფილიპე მახარაძემ ქალებს დღესასწაული ასე მიულოცა. წითელი რევოლუციონერების საამაყო თარიღი, თანამედროვე საქართველოს კალენდარში ქალთა საერთაშორისო დღედ არის მონიშნული და უქმეა. მართალია, ქართველებმა ფილიპე მახარაძის გვამი პანთეონიდან გადმოაგდეს და 8 მარტსაც მდედრობითი სქესისთვის საჩუქრების მისართმევად იყენებენ, მაგრამ ამით დღესასწაულის არსი არ იცვლება. არ იცვლება იმიტომ, რომ 8 მარტი, როგორც 1927 წლის გაზეთ კომუნისტში რეზინის საქსოვი ქარხნის დამკვრელი მუშა, ქალბატონი ნინა ბაკურაძე წერდა, „კომუნისტური მსოფლიოს დღესასწაულია. დღე, რომელიც ლენინმა აჩუქა მშრომელ ქალებს!”
ჩვენთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს ისვენებს - ანგოლა, ბელარუსი, კამბოჯა, კუბა, ერიტრეა, გვინეა-ბისაუ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, მოლდოვა, მოზამბიკი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. „ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების” დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავენ არც პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში და არც შვედეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და დანიაში, სადაც ფემინისტებმა საკუთარი სურვილები ყველაზე მეტად განახორციელეს.
დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას ხშირად ამერიკელ მუშა ქალებს მიაწერენ. ამბობენ, რომ 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, ქსოვილის ფაბრიკაში მომუშავე ქალები 12-საათიანი სამუშაო დღის, მცირე ხელფასისა და მზარდი სამუშაო დატვირთვის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, ბევრი მათგანი დააკავა, ზოგიერთი შეტაკებისას გარდაიცვალა. ორმოცდაათი წლის შემდეგ კი, წლისთავის აღსანიშნავად 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. თუმცა, რათგერსის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და გენდერული საკითხების მკვლევარი, თემა კაპლანი ფრანგ კოლეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს უბრალოდ ლეგენდაა, რომელიც 1955 წლამდე არავის სმენოდა. ამ დემონსტრაციის შესახებ იმდროინდელი ამერიკული პრესაც არაფერს გვეუბნება, მაშინ, როცა სხვა დემონსტრაციები აქტიურად შუქდებოდა. პროფესორის ვარაუდით, ევროპელი სოციალისტები საბჭოთა კავშირთან ასოცირებამ დაღალა და მითიც ამის საფუძველზე შეიქმნა.
სინამდვილეში ამერიკაში, ქალის (მხოლობითში) საერთაშორისო დღე პირველად 1909 წლის თებერვალში აღნიშნეს. 1908 წელს აშშ-ის სოციალისტურმა პარტიამ შექმნა ქალთა ეროვნული კომიტეტი და დემონსტრაციების ჩატარება დაავალა. სოციალისტური პარტიის ნიუ იორკის შტაბმა გადაწყვიტა ბრძანების შესრულებას შედგომოდა და 1908 წლის 8 მარტს მასობრივი გამოსვლა მოაწყო მუშა ქალთა უფლებების დაცვისთვის. ამერიკელმა სოციალისტებმა დაადგინეს, რომ ყოველი წლის თებერვლის ბოლო კვირა დღე, ქალთა ეროვნულ დღესასწაულად უნდა გამოცხადებულიყო. 1909 წლის 23 თებერვალს ნიუ იორკელი სოციალისტი ქალები ისევ შეიკრიბნენ ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. ზოგადად, პროპაგანდისტულ საქმიანობაში, საერთო სოციალისტური კალენდარი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და მემარცხენე ძალის კონსოლიდაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა.
ევროპაში ქალთა დღის დამკვიდრება კლარა ცეტკინის პოლიტიკურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ცეტკინი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მოგვიანებით კი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1890 წლიდან 1915 წლამდე ის გერმანული სოციალისტური გაზეთის - თანასწორობის - რედაქტორი იყო. ცეტკინი გამოცემის საშუალებით პროლეტარიატის ინტერესებს აქტიურად ლობირებდა. გაზეთს ლაიტმოტივად გასდევდა ჩაგრული პროლეტარიატის და კიდევ უფრო ჩაგრული ქალთა „კლასის” ტანჯვის ხატი. კლარას ინიციატივით, ევროპაში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1911 წელს დაიწყეს. 1910 წლის აგვისტოში მეორე ინტერნაციონალის დაწყებამდე კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა კრება გაიმართა. ლუის ზიტცმა და კლარა ცეტკინმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა შემოიტანეს, თუმცა რიცხვი არ დაუთქვამთ. 1911 წლის 18 მარტს პარიზის კომუნის 40 წლისთავს სოციალისტებმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნაც დაამთხვიეს. სოციალისტები პარიზის კომუნას პროლეტარიატის პირველ დიქტატურად თვლიდნენ. იმავე დღეს ქალის საერთაშორისო დღე ავსტრია-უნგრეთის სოციალისტურმა ნაწილმაც აღნიშნა. ვენის ქუჩებში 300-მდე ქალი გამოვიდა.
ყველაზე დრამატულად ქალის დღე 1917 წლის თებერვალს, პეტროგრადში აღინიშნა. ეკონომიკური კრიზისის გასაპროტესტებლად ქალებმა 23 თებერვალი (გრეგორიანული კალენდრით, დასავლეთში - 8 მარტი) აირჩიეს. 25 თებერვალს მეფემ გენერალ ხაბალოვს დემონსტრანტების დაშლა, საჭიროების შემთხვევაში კი სროლა უბრძანა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ყველას კარგად ახსოვს: მეფე წავიდა, დროებითი მთავრობა მოვიდა, ისიც დაამხეს და ბოლშევიკებმა ქვეყანა ხელთ იგდეს. 8 მარტი (ახალი სტილით) რევოლუციის წინმსწრები ბოლშევიკური ღონისძიება გახლდათ. მადლიერმა ლენინმა კლარა ცეტკინს ნატვრა აუსრულა და 1922 წელს ქალთა საერთაშორისო დღე საბჭოთა დღესასწაულად აქცია. სადაც კომუნისტები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, იქ 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად მკვიდრდებოდა. 1965 წელს კი ეს თარიღი მთელ საბჭოთა კავშირში უქმე დღედ გამოცხადდა. კომუნისტური დღესასწაულის საერთაშორისო არენაზე გამოჩენას, ნიუ იორკელი ქალების შესახებ მითმა შეუწყო ხელი. 1977 წელს, გაერომ წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა მდედრობითი სქესისთვის დღესასწაული მათი ისტორიული და კულტურული ტრადიციის მიხედვით მიეძღვნათ. გაეროს რეპუტაციაზე დიდი ხანია აღარავინ დავობს. გასულ კვირას კი პრეზიდენტმა ობამამ ამერიკაში მარტი ქალთა თვედ გამოაცხადა, ხოლო მოქალაქეებს მოუწოდა ქალთა საერთაშორისო დღესასწაულის 100 წლისთავი 8 მარტს აღენიშნათ. რადგან პრეზიდენტმა ათვლის წერტილად 1911 წელი ცნო, ამით ოფიციალურად მოკვდა 1857 წლის მითი. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ მის ხელისუფლებაზე ბევრს მხოლოდ ის ათქმევინა, რომ კრიპტოსოციალიზმის ნიღაბი სულ უფრო გამჭვირვალე ხდება.
საქმე ის არის, რომ ახლა 8 მარტის დღესასწაულს მნიშვნელოვნად ერთი მხრივ ისინი მიიჩნევენ, ვინც ამ დღეს ყვავილების ჩუქებას ან მიღებას მიეჩვია, ხოლო მეორე მხრივ - ვისთვისაც აღნიშნულ დღესასწაულს იდეოლოგიური მიზნები აქვს. მაგალითად, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, თამარ საბედაშვილი ტაბულასთან საუბარში 8 მარტს მნიშვნელოვან დღესასწაულს უწოდებს. განმარტავს, რომ „ეს დღესასწაული დიდი ხანია დაიცალა საბჭოთა კონტექსტისგან, დღეს მას ქალთა უფლებების ადვოკატირებისა და ამ თემაზე პედალირებისთვის ვიყენებთ”. საბედაშვილისთვის ქალთა საერთაშორისო დღეს პრაგმატული მნიშვნელობა აქვს, რომლითაც გენდერული თანასწორობის საკითხმა წინ უნდა წამოიწიოს.
საბედაშვილი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას, ქალის ბედნიერების ხელისშემშლელი ფაქტორების მოშლაში ხედავს, რაც მენტალობის ცვლილებით უნდა მოგვარდეს. ის ქალების პრობლემებს მრავალ ფენად ახარისხებს: ოჯახის რეპრესიული ხასიათიდან დაწყებული - მმართველ ორგანოებში ქალთა არაპროპორციული წარმომადგენლობით დამთავრებული. როგორც დასავლელ ფემინისტებს, მათ ქართველ კოლეგებსაც ხშირად მოჰყავთ სტატისტიკა. ამით ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებ რეალიზებულები არიან, მეტი დატვირთვა აქვთ ბავშვების აღზრდაში და რაც მთავარია, მათი მძიმე სამუშაო ნაკლებანაზღაურებადია.
მთავარი დამნაშავე ქალთა ჩაგვრის პროცესში, ფემინისტების აზრით, ტრადიციული ოჯახია. თუმცა ეს მოსაზრება ახალი არ არის, ჩარლზ ფურიედან - ენგელსის ნაშრომამდე „ოჯახის წარმოშობა, კერძო საკუთრება და სახელმწიფო” ფემინისტებისა და სოციალისტებისთვის, ტრადიციულ ოჯახსა და კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემას შორის ორგანული კავშირი არსებობდა. ოჯახური ჩაგვრის სისტემის აღმოსაფხვრელად, ფემინისტების აზრით, აუცილებელია, ქალმა სახლი დატოვოს და სამუშაოდ გავიდეს. მათ, ვინც დიასახლისობას არჩევს, ზოგჯერ ასეც ახასიათებენ: პარაზიტი (ბევუა და ფრიდანი), ნახევრად ადამიანი (შტაინმანი). ხოლო მეორე ნაწილი მათ შეიცოდებს და იტყვის, ქალებს, რომლებსაც ამგვარი არჩევანის გაკეთება მოუწიათ, ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და შეურაცხყოფისგან დავიცვათო.
საბჭოთა საცვლების დემონსტრაცია
მათი აზრით, ოჯახში ჩაგვრის კიდევ ერთი მექანიზმი არსებობს - ბავშვი. გაჩენისა და ძუძუთი კვების გარდა, ფემინისტების აზრით, ქალს ზედმეტად ბევრი ევალება აღზრდაში. ეს კი მას დიასახლისად აქცევს. მამაკაცზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, ქალი სამსახურში უნდა წავიდეს, სახელმწიფომ კი შექმნას ბავშვებზე მზრუნველობის დღის ცენტრები, სადაც დედები ბავშვებს დატოვებენ. ამ გზით ქალს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს. თუმცა, თუ ადრე ქალი მეუღლეზე იყო დამოკიდებული, ამის შემდეგ ის სახელმწიფოზე ხდება დამოკიდებული. ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ოჯახში დარჩენას აირჩევს თუ სამუშაოზე წასვლას. ორივე გადაწყვეტილება თანაბრად პატივსაცემია. მდედრობითი სქესის წარმომადგენლის გადაწყვეტილებაზე ოჯახის სხვა წევრების პროტესტი „იძულების ფორმა” არ არის. მრავალი ქალის გაბედული ნაბიჯები მეტყველებს, რომ ყველაფრის გადალახავაა შესაძლებელი. ხოლო თუ ქალს ურჩევნია, ოჯახის წევრების გაბრაზებას, წინსვლა ანაცვალოს - ეს მისი ინდივიდუალური არჩევანია. ადამიანს აქვს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ყველა თავისით განსაზღვრავს, რა არის ბედნიერება - ოჯახში დარჩენა თუ სხვა ნებისმიერი.
მეორე პრობლემა, რასაც ქართველი და უცხოელი ფემინისტები ასახელებენ, პოლიტიკაში ქალთა მცირე დოზით მონაწილეობაა. თამარ საბედაშვილი თვლის, რომ სამთავრობო ორგანოებში გენდერული პროპორციულობაა საჭირო. თუმცა გაუგებარია, ეს რას გულისხმობს - როგორ უნდა გადანაწილდნენ ქალები და კაცები 50/50-ზე ისე, რომ ამან საბჭოთა სოციალური ინჟინერია არ მოგვაგონოს: გავთვალოთ, რომელ სექტორში რამდენი კაცი და რამდენი ქალი უნდა მუშაობდეს? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დისკრიმინაცია. თუმცა ამ კონტექსტის გათვალისწინებით პროპორციულობის და კვოტების მაგივრად, ფაქტებზე უნდა ვისაუბროთ.
მესამე მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი ფემინისტებისთვის ქალთა ფინანსური შემოსავალია. ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ერთი და იგივე შრომის გამღებ ქალსა და კაცს, ანაზღაურება სხვადასხვაგვარი აქვთ. თუმცა ერთი რამ გაუგებარია - თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ ქირაობენ კორპორაციები მხოლოდ ქალებს. ეს მათ ხარჯების შემცირების საშუალებასა და კონკურენტებთან მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.
ქალთა უფლებების დამცველები. სიდნეი 1980 წლის 8 მარტი
ფემინისტები ქალთა ბედნიერებისთვის იბრძვიან. მათ მიერ დასახელებულ საკითხებს შორის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად მნიშვნელოვანია. აუცილებელია ქალებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია. თუმცა ფემინისტები აქცენტს მაინც ოჯახისა და საზოგადოების მჩაგვრელ ხასიათზე სვამენ. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ისინი ქალებს მეტ ბედნიერებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ გენდერული როლების ცვლილება გარანტირებულ ბედნიერებას არ ნიშნავს - ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ფემინისტებმა თითქმის ყველა საწადელს მიაღწიეს, ქალთა ბედნიერება ყოველწლიურად იკლებს, მამაკაცებისა კი იზრდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უპრიანი იქნება დაისვას კითხვა, რას, ან რატომ ვზეიმობთ საქართველოში? თუ გვსურს, ქალთა დღე ვიზეიმოთ, 8 მარტი ამისთვის საუკეთესო თარიღი არ არის - პარტიული თარიღია. ეგებ მოვიდა დრო, მიდგომას - „რატომაც არა”, კითხვა - „რატომ?” დავუპირისპიროთ და უარი ვთქვათ იმ დღესასწაულზე, რომელიც კომუნისტურ ფესვებს ვერ მალავს.
ცხადია, ყვავილების ბიზნესის ერთჯერადი გამოცოცხლება ცუდი არაა, მაგრამ ამის გაკეთება სახელმწიფო კალენდრის მიღმაც არის შესაძლებელი.
ბოლოს და ბოლოს, თუ ევროპაში საშუალოდ 10 დღეს ისვენებენ, ჩვენ ყურით მოთრეული თარიღების აღნიშვნის გამო, 40%25-ით მეტს ვისვენებთ.
![]() |
13 ფოტოესე |
▲back to top |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად ვარჯიშობს
![]() |
14 კელტური ვეფხვის არჩევანი |
▲back to top |
მსოფლიო
ირლანდია
ავთო ქორიძე
ირლანდიელებმა 25 თებერვალს პარლამენტის ქვედა პალატის, დოილ ერენის 165 წევრი აირჩიეს. მმართველმა პარტია ფიანა ფაილმა ხმათა 17%25 მიიღო და პარლამენტში 59 ადგილი დაკარგა. არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტმა, ფინე გელიმ გაიმარჯვა. პარტიამ 36%25 მოიპოვა, რაც მას პარლამენტში 70 ადგილს მისცემს.
ლეიბორისტებმა ხმათა 19%25 მიიღეს და ირლანდიის პარლამენტში, მეორე ყველაზე დიდ ძალად იქცნენ. მათ დოილ ერენში 36 ადგილი ექნებათ. დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 14 ადგილი მოიპოვეს. პარლამენტი 9 მარტს ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ირლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის დახმარების მიღების შემდეგ არჩევნები ჩაატარა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დიდი ალბათობით ფინე გელის ლიდერი ენდა კენი დაიკავებს. თუმცა მემარჯვენე ცენტრისტ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში სრული უმრავლესობა არ ექნება. მისი მოკავშირე, სავარაუდოდ, მეორე ყველაზე დიდი პარტია, მემარცხენე ცენტრისტი ლეიბორისტები გახდებიან.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, იამონ გილმორი აცხადებს, რომ კოალიციაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ლეიბორისტული პარტიის სამთავრობო კოალიციაში ყოფნა მემარჯვენე-მემარცხენეთა შორის დაპირისპირებას უფრო გააღრმავებს. მისი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, ფიანა ფაილი აღარ იქნება ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია.
ფიანა ფაილი 1932 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი პარტია იყო პარლამენტში.
1921 წელს ანგლო-ირლანდიური ხელშეკრულებით ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო შეიქმნა. ირლანდიელებს შორის დიდი დაპირისპირება ჩამოვარდა: ერთნი ბრიტანეთის იმპერიის ფარგლებში თვითმმართველობით კმაყოფილდებოდნენ, მეორენი კი მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში აპირებდნენ შეჩერებას. სწორედ ამ უკანასკნელთაგან წარმოიშვა ფიანა ფაილი, რაც ჯარისკაცის ბედისწერას ნიშნავს.
როგორც წესი, ფიანა ფაილი ფინე გელთან შედარებით, უფრო მემარცხენე და ლეიბორისტულ პარტიაზე მემარჯვენეა. მის მოკავშირეებს შორის ყოველთვის მემარცხენე პარტიები ჭარბობდნენ.
პარტია ფინე გელის წინასაარჩევნო კამპანია
ფოტო: REUTERS ©
ამომრჩეველი ეკონომიკურმა კრიზისმა პარტიაზე განაწყენებული დატოვა, არჩევნების შედეგად კი პოლიტიკური ძალა უმცირესობაში აღმოჩნდა. პარტიის ლიდერი ბრაიან კოუენი გადადგა. ფიანა ფაილს მაიკლ მარტინი უხელმძღვანელებს.
1921 წლის ხელშეკრულების მომხრეთა რიგებიდან 1933 წელს ახლა უმრავლესობაში მყოფი ფინე გელი წარმოიშვა. პარტიის სახელწოდება გალ ერს ნიშნავს. ის ყოველთვის ფიანა ფაილის მეტოქედ აღიქმებოდა, თუმცა ლეიბორისტების ან სხვა მოკავშირეებიის გარეშე არასდროს წარმოადგენდა რეალურ ძალას.
პარტია თავის თავს პროგრესულ ცენტრისტულს უწოდებს. ფინე გელი ყურადღებას ამახვილებს შესაძლებლობების თანასწორობაზე, თავისუფალ ბაზარსა და ინდივიდუალურ უფლებებსა და მოვალეობებზე.
ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი გასული წლის დასასრულს, ევროკავშირის მიერ ირლანდიისთვის დახმარების გამოყოფის შემდეგ დაიწყო. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე პარლამენტს დაშლიდა და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა. თუმცა პარტიის პარტნიორი მწვანეთა პარტია სამთავრობო კოალიციიდან გამოვიდა, ამან კი უმრავლესობის კოლაფსი გამოიწვია. არჩევნები 25 თებერვალს დაინიშნა.
არჩევნების დროს მთავარი აქცენტი ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი უმუშევრობის პრობლემასა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების, 85 მილიარდი ევროს პირობებზე კეთდებოდა.
2 წლის წინ ირლანდია ევრო-15 ქვეყნებს შორის უმუშევართა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზე იყო. დღეს კი უმუშევართა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 14%25-ია.
ფიანა ფაილმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ხარჯვის შემცირებითა და გადასახადების აწევით გადაწყვიტა: დეფიციტის ორი მესამედი ხარჯვის შემცირების შედეგად დაზოგილი თანხით უნდა დაფარულიყო, დანარჩენი ერთი მესამედი კი გადასახადებით.
არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გეგმა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება: დეფიციტის 27%25 გადასახადებით დაიფარება, დანარჩენი ნაწილი კი ხარჯვის შემცირებით. ამასთან ერთად ფინე გელის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქციების გაყიდვა სურს.
ლეიბორისტული პარტია გადასახადებსა და ხარჯვის შემცირებას შორის თანაბრად განაწილებას აპირებს. პარტია დეფიციტის აღმოფხვრის პროცესის დროში უფრო გაწელვას და ნაკლებად მტკივნეულად ქცევას გეგმავს. ფინე გელის და ლეიბორისტულ პარტიას სწორედ ამ საკითხზე მოუწევთ შეთანხმება.
პარტიების მიდგომა ევროკავშირის დახმარების მიმართ დიდად არ გასხვავდება. ფიანა ფაილი ევროკავშირთან 5.8%25-იანი მოგების გადასახადის შემცირებაზე მოლაპარაკებას აპირებს. ფინე გელისა და ლეიბორისტული პარტიის ხედვაც, ევროკავშირთან დახმარების პირობების შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკებას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელმა ამომრჩეველმა დასაჯა ფიანა ფაილი, მოქალაქეებს უარი არ უთქვამთ პარტიის მიერ შემოთავაზებულ ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე. სამივე პარტია თანხმდება, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი დეფიციტის აღმოფხვრა.
![]() |
15 პანარაბული დომინოს მოულოდნელი მსხვერპლი |
▲back to top |
მსოფლიო
საფრანგეთი
ნინი გოგიბერიძე
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წლევანდელ გეგმებში არ შედიოდა. მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა ფრანგული დიპლომატიის აღორძინება უნდა გამხდარიყო: საფრანგეთმა სწორედ წელს გადაიბარა დიდი რვიანისა და დიდი ოცეულის (G8 და G20) თავმჯდომარეობა. ეს ქვეყნის საერთაშორისო გავლენის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პლაცდარმია. გარდა ამისა, პრეზიდენტი სარკოზი 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადება. 3 თვის წინ მან სიფრთხილითა და წინდახედულობით უკვე განახორციელა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები, რითაც სამთავრობო პარტიაში (კავშირი სახალხო მოძრაობისთვის) მეტოქე ძალებს შორის მისთვის ხელსაყრელი ბალანსი შეინარჩუნა. მაგრამ, არაბული რევოლუციების ტალღამ საფრანგეთს უხერხულ ვითარებაში მოუსწრო - რეგიონის ოდიოზურ დიქტატორებთან ქვეყნის მაღალჩინოსნების „თანამშრომლობა” გამოავლინა. ზიანის გამოსწორებას ისევ პრეზიდენტი შეეცადა.
27 თებერვალს, ნაჩქარევად დაგეგმილ სატელევიზიო მიმართვაში, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ განაახლა მინიტრთა კაბინეტი: საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიშელ ალიო-მარი თავდაცვის მინისტრმა ალან ჟუპემ შეცვალა.
64 წლის ალიო-მარი, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ჯერ ერთი, იანვრის დასაწყისში ტუნისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გამოცდილ დიპლომატს უხერხული ფრაზა წამოსცდა - ტუნისის ხელისუფლება ფრანგული სპეცრაზმის დახმარებით კარგად ისარგებლებდაო. მერე კი გამჟღავნდა, რომ ქალბატონი მინისტრი ამ სახელმწიფოს საშობაო არდადეგებზე სტუმრობდა. იგი ექსკურსიებისთვის ადგილობრივი მსხვილი ბიზნესმენის, განდევნილი პრეზიდენტის ბენ ალის ნათესავის, პირადი თვითმფრინავით სარგებლობდა.
თავდაპირველად სარკოზიმ სცადა მინისტრის „უნებლიე შეცდომები” მიეჩქმალა. თუმცა ოპოზიციური პარტიების ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ალიო-მარი თავისი სამუშაოსათვის შეუფერებლად დასუსტდა. ასე მაგალითად, თებერვლის ბოლოს, ბენ ალის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველ სახელმწიფო დელეგაციას ტუნისში ფინანსთა მინისტრი - ქრისტინ ლაგარდი - ხელმძღვანელობდა. ქალბატონი ალიო-მარი ამასობაში სარკოზის შორს, ბრაზილიაში, ჰყავდა გაგზავნილი. ამგვარი აბსურდის ხანგრძლივად გაგრძელება წარმოუდგენელი გახდა.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპე
ფოტო: REUTERS ©
სამთავრობო როტაციის ფონზე გამოაშკარავდა ფრანგულ დიპლომატიურ წრეებში არსებული განხეთქილებაც. თებერვალში Le Monde-სა და Le Figaro-ში ზედიზედ გამოქვეყნდა სარკოზის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო დიპლომატთა ანონიმური ჯგუფისა და მისი პოლიტიკის ქომაგთა ღია წერილები. სარკოზის „იმპულსური” და „სამოყვარულო” პოლიტიკის პირობებში ქვეყანამ დაკარგა წონა და გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე, - აცხადებენ „ამბოხებული” დიპლომატები. ლისაბონის შეთანხმებები, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობა, ბრიტანეთთან თავდაცვის საკითხებში მიღწეული შეთანხმებები, რუსეთ-საქართველოს ომის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, სტრატეგიული პარტნიორობა ინდოეთთან და ბრაზილიასთან, ირანის მიმართ სიმკაცრე - ეს მხოლოდ ნაწილია ფრანგული დიპლომატიის წარმატებისა, რომელსაც სარკოზის პოლიტიკის მხარდამჭერები ახსენებენ „განდგომილ” დიპლომატებს. არგუმენტების მიუხედავად, უპრეცედენტოა დიპლომატებს შორის ამგვარი საჯარო „გარჩევის” ფაქტი. დიპკორპუსის წევრობა ხომ, სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, პრეზიდენტის მიმართ უპირობო ერთგულებასაც გულისხმობს. ასეთი „ამბოხი” კი იმის მანიშნებელია, რომ უკმაყოფილებამ ფრანგულ საგარეო უწყებაში აპოგეას მიაღწია.
როგორც ჩანს, სარკოზიმ დიპლომატებს „განხეთქილება” აპატია და ახალ ხელმძღვანელად ალან ჟუპე დაუნიშნა. პრეზიდენტმა იგი გამოცდილ ადამიანად დაახასიათა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 1993-95 წლებში საგარეო უწყებას ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. 2004 წელს ჟუპე ერთი წლით იძულებით ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას: იგი ჟაკ შირაკის მერობის დროინდელ ყალბ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა და პირობითი მსჯავრი მოიხადა.
მას შემდეგ სარკოზის მთავარმა მეტოქემ მშვიდად მოახერხა პოლიტიკური კარიერის აღდგენა. გასულ წელს პრეზიდენტმა იგი მთავრობაშიც დააბრუნა და თავდაცვის სამინისტრო ჩააბარა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჟუპე მის წინამორბედებზე შედარებით „დამოუკიდებელი” იქნება და საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას „სარკოზის კურტიზანივით” არ იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ჟუპე ღიად აკრიტიკებდა სარკოზის საფრანგეთის NATO-ში დაბრუნებისთვის, გასულ წელს კი - საგარეო უწყებისთვის ბიუჯეტის შეკვეცის გამო. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დასავლურ მედიაში ცნობაც კი გავრცელდა, რომ ჟუპე სარკოზის შეთავაზებას გარკვეული ულტიმატუმების „ფასად” დათანხმდა - სრული კარტბლანში საგარეო უწყების გადახალისებაში.
კლოდ გუანი
ჟერარ ლონგე
მიშელ ალიო-მარის ჩანაცვლებას მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოჰყვა. ჟერარ ლონგე, საფრანგეთის სენატში სარკოზის პარტიის ლიდერი, თავდაცვის მინისტრი გახდა. კლოდ გუანმა შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ბრის ორტეფუ სავარაუდოდ სარკოზის პოლიტიკური მრჩეველი გახდება და პრეზიდენტს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში დაეხმარება.
მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ნიკოლა სარკოზის მთავარი გამოწვევაა. მისი პოპულარობის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულს - 30%25-ს - მიუახლოვდა. სამთავრობო სკანდალის გარდა, პრეზიდენტის პოპულარობის ვარდნას ახალი ჭორების გავრცელებამაც შეუწყო ხელი - სოციალისტი დომინიკ შტრაუს-კანი, ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებსო.
სარკოზის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიას ჟან-მარი ლე პენის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალური ფრონტიც პრობლემებს უქმნის. უკანასკნელი გამოკითხვებით ამ პარტიას ამომრჩეველთა 20%25 უჭერს მხარს. ამან კი, შეიძლება, მემარჯვენე ამომრჩეველის ხმები კიდევ უფრო გაყოს.
![]() |
16 მონარქები და პრეზიდენტები |
▲back to top |
მსოფლიო
რევოლუციური ტალღა ახლო აღმოსავლეთში
თამარ ზურაბიშვილი
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა ერთი საყურადღებო ტენდენცია გამოავლინა: რეგიონის მონარქები უკეთ გადაურჩნენ დიდ არეულობებსა და სოციალურ ძვრებს, ვიდრე მეზობელი რესპუბლიკების ლიდერები. ტუნისი და ეგვიპტე უკვე პრეზიდენტების გარეშე არიან. სავარაუდოდ, მათ ბედს იემენისა და ლიბიის ხელმძღვანელებიც გაიზიარებენ. ამ ფონზე კი არაბი მონარქები, ჩანს, უმტკივნეულოდ შეინარჩუნებენ საკუთარ გვირგვინს.
ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფამ შეძლო ამბოხების შეჩერება და თეთრი სახლის მხარდაჭერის მოპოვება. ეს მან უშიშროების ძალების მხრიდან მომიტინგეების სასტიკი დარბევის მიუხედავად მოახერხა. ასევე, საეჭვოდ მიიჩნევენ საუდის არაბეთის მეფის, აბდულას ტახტიდან ჩამოგდების შესაძლებლობასაც, განსაკუთრებით ახლა, როცა სპარსეთის ყურის ემირებმა ამბოხების თავიდან არიდება შეძლეს. იორდანიაშიც, სადაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, მეფე აბდულა II-მ მარჯვე მანევრირებით მოახერხა ქვეყნის სათავეში დარჩენა - მან მინისტრთა კაბინეტი და მთელი მთავრობა განაახლა.
მონარქების წარმატებულმა ქმედებებმა ერთგვარად განსაზღვრეს აშშ-ის საპასუხო ნაბიჯები. ვაშინგტონმა ამ ქვეყნებში მონარქებისათვის რჩევების შესათავაზებლად მთავარი დიპლომატები გაგზავნა. ეს მაშინ, როცა ამერიკის ადმინისტრაცია თავს იკავებს იმ ავტოკრატ პრეზიდენტებთან ურთიერთობისაგან, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ.
არაბი პრეზიდენტები ხელისუფლებაში ძირითადად დემოკრატიული არჩევნების ინსცენირებითა და მისი გაყალბების გზით მოდიან. შესაბამისად, მათი ლეგიტიმურობა მაშინვე ქრება, როცა საზოგადოებაში უკმაყოფილება ჩნდება. პრეზიდენტების უმრავლესობა მჭიდროდ დასახლებულ, ფართო სპექტრის სოციალური პრობლემების მქონე ღარიბ ქვეყნებს მართავს. სპარსეთის ყურის მდიდარი მონარქიებისაგან განსხვავებით, მათ არ შეუძლიათ საზოგადოებრივი უკმაყოფილების პასუხად, გადასახადები შეამცირონ და შემოსავლები გაზარდონ.
საუდის არაბეთის მეფე აბდულა
ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფი
მაროკოს მეფე აბდულა
არაბული მონარქიების სიცოცხლისუნარიანობას, მათი ზომიერი ხასიათი და ცვლილებებისადმი მზადყოფნაც განაპირობებს. ამგვარ ნაბიჯად, შეგვიძლია, აბუ-დაბის პრინცის მოჰამედ ბინ ზაედის ქმედება მივიჩნიოთ. მან, ამბოხების პასუხად, არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკლებად განვითარებული რეგიონის მმართველები დარბაზობის ტიპის შეხვედრაზე მოიწვია. ეს გადაწყვეტილება, სულ მცირე, დემოკრატიული მმართველობისადმი ქედის მოხრად აღიქვეს. მონარქიების სტაბილურობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ რესპუბლიკის მმართველთაგან განსხვავებით, მათ არ უჭირთ მთავრობის სახით „განტევების ვაცის” პოვნა და დასჯა - როგორც ეს იორდანიაში მოხდა.
„რესპუბლიკები, და შესაბამისად, პრეზიდენტები, ყველაზე დაუცველები არიან, ვინაიდან, დემოკრატიულები უნდა იყვნენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ისინი თავს იკატუნებენ და აცხადებენ, ხალხს ხმის უფლება აქვსო - მაგრამ ეს უფლება, რეალურად, არ არსებობს. მონარქიაში კი დემოკრატიაზე ილუზია არავის აქვს”, - ანონიმურად აცხადებს არაბი დიპლომატი.
აშშ-ის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ნებისმიერი სახის სოციალურ ძვრებს გაუძლებს. თეთრი სახლი მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას, ხელი არ შეუშალოს მეფე ჰამადის მცდელობას - განახორციელოს რეფორმები ბაჰრეინში, კუნძულზე, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება იორდანიას, საზღვარგარეთ 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მეფე აბდულამ განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარით გაზრდის ქვეყანაში კეთილდღეობის ხარჯებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს დაქორწინებაში, სახლის შეძენასა და ბიზნესის დაწყებაში. აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს სამეფოები საბოლოოდ კონსტიტუციურ მონარქიებად ჩამოყალიბდება.
ბაჰრეინისა და იორდანიისადმი აშშ-ის ხელისუფლების მიდგომას ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი ელიოტ აბრამსიც იწონებს. ის აცხადებს, რომ ეს ქვეყნები არასაკმარისი სიჩქარით, თუმცა სწორი მიმართულებით მიდიან.
![]() |
17 იემენი აფეთქების ზღვარზე |
▲back to top |
მსოფლიო
ივანე ბაძაღუა
გასულ კვირას იემენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტომის შეიხი ჰუსეინ ალ-აჰმარი მმართველ პარტიას განუდგა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს გადადგომისკენ მოუწოდა. ქვეყანაში, სადაც ტომობრივი კავშირები და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართული, შეიხ ამარის ნაბიჯს შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და პრეზიდენტის პარტია სხვა ტომების ლიდერებმაც დატოვონ. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება იემენის ლიდერისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, სანას ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების დაშოშმინებას ცდილობს.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე სანას ქუჩებიც დემონსტრანტებით გაივსო. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის და მისი მთავრობის გადადგომაა. საბაბად კი, ამ შემთხვევაშიც, კორუფცია და ეკონომიკური არასტაბილურობა იქცა. Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის დონის მიხედვით იემენი 180 ქვეყნიდან 154-ე ადგილს იკავებს; Freedom House-ის მოქალაქეთა პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კი ქვეყანა არათავისუფალ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება.
ალი აბდულა სალეჰის მმართველობა იემენში უკვე 32 წელი გრძელდება. 1978-1990 წლებში ის ჩრდილოეთ იემენის (იემენის არაბული რესპუბლიკა) ხელმძღვანელი იყო. 1990 წელს, მრავალწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა და ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი გაერთიანდნენ. მარქსისტული სამხრეთისა და მუსლიმური ჩრდილოეთის უნიფიკაციას ბერლინის კედლის დაცემამ და მსოფლიოში კომუნიზმის გავლენის შემცირებამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი. გაერთიანებული იემენის პრეზიდენტი კი სალეჰი გახდა.
საპროტესტო მოძრაობის დაწყებისთანავე სალეჰმა წინასწარი ზომები მიიღო. მან პირობა დადო, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ამას არც მისი უფროსი ვაჟი, აჰმედი გააკეთებს, რომელიც დღეს რესპუბლიკურ გვარდიას მეთაურობს. როგორც ეგვიპტურმა გამოცდილებამ აჩვენა, მსგავსი დაპირებები ქუჩაში გამოსული ხალხისთვის ნაკლებად იმედისმომცემია. პირიქით, პრეზიდენტის „არაადეკვატურობამ” პროცესები დააჩქარა და საპროტესტო გამოსვლებს უფრო დიდი მასშტაბი შესძინა.
საპროტესტო აქცია იემენში
იემენში სიტუაციას ორი ძირითადი ფაქტორი ართულებს: გააქტიურდნენ სამხრეთელი სეცესიონისტები, რომლებიც სამხრეთ იემენის ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილისაგან გამოყოფას მოითხოვენ. სამხრეთელები ანიმისტები და ქრისტიანები არიან. მათ მუსლიმურ ჩრდილოეთთან ერთ სახელმწიფოში ყოფნა არ სურთ. სამხრეთული სეცესიონიზმი ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ რეჟიმის დასუსტებამ და ქაოსმა ეს საკითხი უფრო მტკივნეულად წარმოაჩინა. ძალადობამ საპორტო ქალაქ ადენში ბოლო დღეებში პიკს მიაღწია.
დედაქალაქში სიტუაციას ქაოტურობას პრეზიდენტის მხარდამჭერთა ჯგუფების გამოჩენა მატებს. 19-20 თებერვალს ალი აბდულა სალეჰის მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მომიტინგეთა დარბევაში იემენის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ.
სიტუაციის ესკალაციის მიუხედავად, სალეჰი გადადგომას არ აპირებს. 20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ოპოზიციას ძალაუფლების მოსაპოვებლად საარჩევნი ყუთების გამოყენება მოუწევს. სალეჰის ტონის გამკაცრების მიუხედავად, მისი პოზიციები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო დონეზე, სუსტდება. სალეჰი აშშ-ის ერთგული მოკავშირე იყო ალ-ყაიდასთან ბრძოლაში. მაგრამ, ევროკავშირის შემდეგ, ვაშინგტონმა დაგმო ძალადობა სალეჰის მხარდამჭერთა მხრიდან. „აშშ მოუწოდებს სანას პროტესტის მონაწილეთა უფლებების დაცვისკენ და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ”.
ამის საპასუხოდ ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ „არბიტრი ხალხია და არა ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირი”. თუმცა დღეს, სწორედ ეს ხალხი დგას ქუჩაში და რაოდენ პრინციპულიც უნდა იყოს მისი პოზიცია, სალეჰის მათი გათვალისწინება მოუწევს.
პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი
რეჟიმის დასუსტება მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოშობს საერთაშორისო დონეზეც. დაშლილი და არასტაბილური იემენი ზედმეტად კომფორტული ადგილია საერთაშორისო ტერორიზმის განვითარებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამისტური დინამიკა იემენში უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეგვიპტეში. სალაფიტების, ჯიჰადისტებისა და სხვა ჯგუფების გვერდით, აქ მოქმედებს კარგად ორგანიზებული პარტია - იემენის გაერთიანება რეფორმებისათვის (მუსლიმური საძმოს იემენური ვერსია). ჯიჰადისტებს მომხრეები, როგორც ქვეყნის სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში, ასევე დაზვერვაშიც ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ალ-ყაიდას იემენური ფრთაც გამოცოცხლდა. ის აქტიური პროპაგანდის გზით ცდილობს სხვადასხვა ტომთან ურთიერთობის დამყარებას. სიღარიბის დონისა და ტომობრიობის გათვალისწინებით ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა. როგორც Wall Street Journal-ის იემენის პროფილშია აღნიშნული, იემენის ტომები კვლავაც ძველი ლოგიკით მოქმედებენ - „ჩემია ის, ვინც ჯიბეს ფულით მივსებს”. მიმდინარე კრიზისის პირობებში კი, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
![]() |
18 მოგება ნიღბის გარეშე |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
ამერიკულმა კომპანიამ Edelman ბიზნესის როლის მიმართ დამოკიდებულებები გამოიკვლია. კომპანიამ ერთადერთი კითხვა დასვა: „ეთანხმებით თუ არა მილტონ ფრიდმანის გამონათქვამს, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების გაზრდაა?” 23 სახელმწიფოს ინფორმირებული საზოგადოების - ძირითადად უმაღლესი განათლებისა და მაღალი შემოსავლების მქონე პროფესიონალების სულ მცირე 20%25 - ეთანხმება. თუმცა ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
ნობელის პრემიის ლაურეატის, მილტონ ფრიდმანის ციტატა, 1970 წელს ჟურნალ The New York Times-ისთვის დაწერილი სტატიიდანაა - „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების გაზრდაა”. დღეს დებულება განსაკუთრებული დებატების საგანია - მწვანე გარემოს შენარჩუნების მოტივით სახელმწიფო სუბსიდიები ყოველწლიურად იზრდება. ასტრონომიული თანხების პირობებშიც კი მდგრადი შედეგები არ მიიღწევა, ამიტომ მთავრობებს ბიზნესის მდიდარი რესურსებიც სჭირდებათ.
მოგების გარდა, ნებისმიერი პასუხისმგებლობა - გარემოს დაცვა თუ სიღარიბის დაძლევა, ფრიდმანის აზრით, ბიზნესის მხრიდან თვალთმაქცობა და „ჭეშმარიტი სოციალიზმის ქადაგებაა”.
თვალთმაქცობაა იმიტომ, რომ ვითომდა ფილანთროპული მიზნებით გაცემული ხარჯების დაბალანსებისთვის, ბიზნესი სახელმწიფო სუბსიდიებს ან მთავრობებისგან კორუფციულ მხარდაჭერას მიიღებს. ან გაკოტრდება. სოციალიზმის ქადაგება კი იმიტომაა, რომ ნებისმიერი ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ამა თუ იმ „კეთილშობილური” მიზნით განკარგოს კომპანიის ინვესტორების თანხები, არა მხოლოდ ზედმეტი გადასახადის დაკისრება, არამედ ამოღებული თანხის ერთპიროვნულად განკარგვაცაა. გამოდის, რომ რესურსების განაწილება სწორედ პოლიტიკური და არა საბაზრო პრინციპებით ხდება.
მემარცხენეები ასეთ ანალიზს არ ეთანხმებიან: ინვესტორებს ყოველთვის შეუძლიათ უკმაყოფილება გამოხატონ და ფირმის პოლიტიკა შეცვალონ. თუმცა ეს არგუმენტი ფრიდმანის შეხედულებას მხოლოდ ამყარებს: როცა საჭირო ხდება ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, უკვე არა საბაზრო მექანიზმი, არამედ პოლიტიკური მექანიზმია, რომელსაც საფუძვლად კონფორმულობა უდევს. საზოგადოებრივი წნეხის პირობებში, ინდივიდი მიდრეკილია ემსახუროს საყოველთაო სოციალურ ინტერესს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ადგენს ამას - დიქტატორი, ეკლესია თუ უმრავლესობა.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა Edelman-ის კვლევა: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პატივისცემა ნაკლებია იმ ქვეყნებში, სადაც ან ბიზნესია კარგად განვითარებული ან ეკონომიკურად სწრაფად იზრდება.
ფრიდმანის პირველი მომხრე არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. ეს ალბათ გასაკვირი არცაა: შედარებით მცირე ტერიტორიიანი ქვეყანა მთლიანად ბიზნესზეა ორიენტირებული. მეორე ადგილზეა იაპონია. იქ დიდი კომპანიების მიერ ბიზნესის მართვის კულტურა არსებობს. ინვესტორების ინტერესების პატივისცემა და დაცვაც დამკვიდრებული პრაქტიკაა. ფრიდმანის მომხრეების სამეულს ინდოეთი ასრულებს. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია ღარიბი მოსახლეობის წილი, ქვეყნის განათლებული მოქალაქეები კი ამ პრობლემის დაძლევას ბიზნესის განვითარებაში ხედავენ. ბოლო წლებში ინდოეთი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქვეყანაა. თუმცა, იგივე ჩინეთი, რომელიც ეკონომიკური ზრდის მიხედვით მსოფლიო ლიდერია, რეიტინგში მეცხრამეტეა. ამას სავარაუდოდ ქვეყანაში არსებული კომუნისტური წყობა განაპირობებს. საწარმოების უმეტესობაც ნაციონალიზებულია. გარდა ამისა, ჩინეთს სჭირდება კორპორატიულად პასუხისმგებლიანი ქვეყნის იმიჯი იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მის მიმართ, როგორც მზარდი ეკონომიკური მონსტრის მიმართ გაჩენილი მოლოდინები, რომლებიც საყოველთაო ჩინეთიზაციის მითით კიდევ უფრო მყარდება. რეიტინგში ბოლო ადგილებზე მოხვდნენ გერმანია, იტალია და ესპანეთი. ამ სამ ქვეყანას მწვანე გარემოზე ზრუნვა აერთიანებს. მწვანე გარემოს თემა, პირველად გერმანიამ წამოჭრა და არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში გაააქტიურა. იტალიაში, სასათბურე გაზის წინააღმდეგ, ბოლო წლებში, მწვანე კვირეულები იმართება. ესპანეთი მზის ენერგიაზე და ელექტრომობილებზე განსაკუთრებული ყურადღებითაა ცნობილი. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობს სასათბურე გაზის შემცირების ესპანეთის წარმატებულ მოდელზე. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მილტონ ფრიდმანის სამშობლო რეიტინგში მეცხრე ადგილზე მოხვდა.
მადრიდის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ესპანეთის მთავრობის სუბსიდიების საფუძველზე შექმნილ ყოველ „მწვანე” სამუშაო ადგილს საშუალოდ ორნახევარი სხვა სამუშაო ადგილი ეწირება. ამასთან, გრძელვადიანი, ათიდან ერთი ასეთი მწვანე სამუშაო ადგილია. ამერიკის შემთხვევაში, პრეზიდენტ ობამას მწვანე ინიციატივები და ბიზნესისთვის თავსმოხვეული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყანას შეიძლება 60 მილიონ სამუშაო ადგილად დაუჯდეს.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ათვლის წერტილი მწვანე გარემოზე ზრუნვაა. პოლიტიკური დოკუმენტები - ბრიტანეთის 2006 წლის კომპანიების აქტი და გაეროს გლობალური ხელშეკრულება - ბიზნესებს ავალდებულებს ყოველწლიურ ანგარიშში აღნუსხონ ამ მიმართულებით საკუთარი მიღწევები.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესს ისეთი ადვილად გაზომვადი კრიტერიუმების გარდა, როგორებიცაა კანონმორჩილება და ინვესტორებისთვის მოგების მოტანა, თავს ახვევს სრულიად სუბიექტურ მიზნებს - სოციალურ სარგებლიანობას და გარემოს მდგრადობას. ამ მიზნების ბიზნესაქტივობაში ჩართვა აუცილებლად წამგებიანი იქნება, თუ ხარჯები არ დაბალანსდება ან ქამრების მოჭერის პრინციპით, ან იმავე ხელისუფლებასთან სხვადასხვა კორუფციულ გარიგებაში შესვლით. ამიტომ, ხელისუფლებისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა „ტროას ცხენივითაა”: სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიით მას უადვილდება კერძო სექტორის კორპორაციების ნაციონალიზება და მათი აქტივების და ადამიანური კაპიტალის საკუთარი ინტერესების მიხედვით მართვა. ამის უახლესი თვალსაჩინო მაგალითია - BP.
1995 წლიდან BP კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მემარცხენე სამყაროს შეუერთდა და „მწვანე” ნავთობკომპანია გახდა. მისი მწვანე ლოგო - უფრო მეტი ვიდრე ნავთობი - დამყარებული იყო ილუზიაზე, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო მხოლოდ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს გამოიყენებდა და ამით გარემოს დაბინძურებას აღმოფხვრიდა. გარდასახვის შემდეგ კომპანიის სარეკლამო კამპანიას ერთი რამ „გამორჩა” - ალტერნატიული წყაროების განვითარებას ფართომასშტაბიანი სამთავრობო სუბსიდიები დასჭირდებოდა. როგორც დრომ აჩვენა, ამ სუბსიდიების დიდი წილი ისევ BP-ის ჯიბეში მოხვდა. სწორედ ასეთი დაფინანსებისა და მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერით შეძლო BP-მ, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გვერდის ავლით, ამერიკული გადამამუშავებელი ქარხნების Amoco-სა და Arco-ს ჩაყლაპვა. ეს უკანონობაც ალტერნატიული ენერგიის განვითარების გამოცდილებით დაკანონდა. საპასუხოდ BP-მ დააფინანსა დემოკრატიული პარტიის კანდიდატები, მათ შორის, პრეზიდენტი ობამა და მხარი დაუჭირა ამერიკის კლიმატის საკითხებზე პარტნიორობის სამოქმედო გეგმას.
ამ ხარჯების დასაბალანსებლად კომპანიამ ქამრების მოჭერა დაიწყო და თანამდებობიდან გაათავისუფლა Amoco-სა და Arco-ს გამოცდილი მენეჯერები. ამას უბედური შემთხვევების სერია მოჰყვა. 2005 წელს BP-ს ათეულობით თანამშრომელი დაიღუპა ან დაშავდა ტექსასის შტატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. 2006 წელს ალასკაზე BP-ს ნავთობსადენიდან 200 ათასმა ბარელმა (32 ათასი ლიტრი) ნავთობმა გაჟონა. 2010 წელს BP-მ მექსიკის ყურეში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის - სულ 5 მილიონი ბარელი (795 ათასი ლიტრი) ნავთობი ჩაღვარა. ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობა დღეში 53 ათასი ბარელი (8.5 ათასი ლიტრი) იყო.
„ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოგების გაზრდაა”
მილტონ ფრიდმანი
ვაშინგტონმა მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას დააკისრა. თეთრმა სახლმა აქტიურად იმუშავა მის დემონიზებაზე, რომ საკუთარი წვლილი გადაეფარა და შექმნილი სიტუაცია ნავთობკომპანიებზე საგადასახადო ტვირთის გაზრდისთვის გამოიყენა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ BP-ს ჩაციებამ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მას მართვის აუცილებელი პასუხისმგებლობები დაავიწყა და ისიც, თუ საერთოდ რატომ იყო BP ბიზნესში.
მილტონ ფრიდმანს ამაზე ერთი პასუხი აქვს - მოგება ნიღბის გარეშე.
![]() |
19 პირველი ჰუმანოიდი რობოტი კოსმოსში |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
გასულ კვირას აშშ-ში, კანავერალის ნახევარკუნძულზე განლაგებული კოსმოდრომიდან კოსმოსური შატლი დისქავერი უკანასკნელ, ოცდამეცხრამეტე მოგზაურობაში გაემართა. შატლების ეპოქის მიწურული ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა: ასტრონავტიკის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა, რომ კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი არა ადამიანი, არამედ ჰუმანოიდი რობოტი იყო - ე.წ. Robonaut 2, რომელსაც შემოკლებით „ვარსკვლავური ომების” პერსონაჟი რობოტის წაბაძვით R2-ად მოიხსენიებენ.
ჰუმანოიდი Robonaut 2 ჯენერალ მოტორსის და NASA-ს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, ადამიანის მსგავსი მანქანაა, რომელსაც იმ ყოველდღიური რუტინული ოპერაციების შესრულება შეუძლია, რითიც ასტრონავტები ორბიტალურ სადგურზე არიან დაკავებულები. R2-ის სიმაღლე ერთი მეტრია, იწონის 150 კილოგრამს და სპეციალური ბორბლებიანი დანადგარით გადაადგილდება. უახლოეს მომავალში მისი მსგავსი ჰუმანოიდების ფეხებით აღჭურვაცაა დაგეგმილი, რაც მათ უფრო ანთროპომორფულებს გახდის. ჰუმანოიდის თავში ხუთი კამერა და 38 პროცესორია ჩამონტაჟებული, ზურგჩანთაში კი აკუმულატორები და ელემენტებია მოთავსებული, რაც რობოტს ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ამ მოვლენისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე პროექტის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა, სკოტ ჰიგინბოსემმა განმარტა, რომ რობოტის გაგზავნა კოსმოსში მიზნად ისახავს უწონობის მდგომარეობაში ჰუმანოიდების გამოცდას და მათზე დაკვირვებას, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ასტრონავტებისათვის განკუთვნილ სამუშაოებს და ადამიანისათვის ძნელად შესასრულებელ დავალებებს. NASA-ს წარმომადგენლებს მოუწიათ იმის ახსნაც, რომ R2 არაფრით ჰგავს მწყობრიდან გამოსულ ვერაგ რობოტებს, რომლებიც ჩვენთვის სამეცნიერო ფანტასტიკიდანაა ცნობილი. მათი მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი და ამასთან, ჰუმანოიდი რობოტის ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით დიდად ჩამოუვარდება HAL-9000-ს, რომელიც არტურ კლარკმა აღწერა რომანში „კოსმოსური ოდისეა 2001”.
უმთავრესი განსხვავება R2-სა და სხვა რობოტებს შორის მოხერხებულობის მაღალი ხარისხია, რაც ხელის კიდურების, სახსრების და განვითარებული და სწრაფი ათი თითის საშუალებითაა განპირობებული. რობოტს შეუძლია ადამიანის მხარდამხარ მუშაობა, მისი დახმარება და ჩანაცვლებაც კი. R2-ს თანაბარი წარმატებით შეუძლია სიმძიმეების აწევა, ღილაკების დაჭერა და თქვენ წარმოიდგინეთ წერაც კი. მისი მოქნილი კიდურები შრომისუნარიანობით არაფრით ჩამოუვარდება ადამიანისას და, რაც ყველაზე მთავარია, R2-ს არ გააჩნია დაღლილობისა და ძილის შეგრძნება. ეს მის ეფექტიანობას ერთიორად ზრდის.
R2 ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტია. მომავალში მისი ანალოგების ხილვა ქარხნებში, ფაბრიკებში, ფერმებში და სერვის-ცენტრებში შეგვეძლება. შემქმნელების ჩანაფიქრით, მათ უნდა შეასრულონ ყველა ის შავი და სახიფათო სამუშაო, რომლებიც ადამიანებს არც პროფესიულად ზრდის და არც სიამოვნებას ანიჭებს. ჰუმანოიდი რობოტების ეპოქაში აღარ იქნებიან საწარმოო ტრავმის შედეგად კიდურებდასახიჩრებული მუშები და რაიმე დანადგარის მოსამსახურე რობოტადქცეული ოპერატორები. ერთი სიტყვით, NASA-ს და ჯენერალ მოტორსის ინჟინრებს დიდი მიზნები ამოძრავებთ, რამდენად გაამართლებს R2 მათ იმედებს, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი Twitter-ის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჰუმანოიდის კოსმოსურ გზავნილებს გაეცნოს და დედამიწის ორბიტალურ სადგურზე მის მუშაობას დააკვირდეს.
![]() |
20 რატომ არ უნდა გაუშვათ ბავშვები საზღვარგარეთ სასწავლებლად |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
თათია ვაშაკიძე
დიახ, თქვენი შვილები აუცილებლად შეიცვლებიან, როდესაც მათ სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვებთ; დიახ, ევროპისა და ამერიკის შორეულ ქალაქებში მიღებული შთაბეჭდილებები გადაასხვაფერებს მათ და აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებად ჩამოაყალიბებს; დიახ, ისინი დაუმეგობრდებიან ბრიტანელებს, შვედებს, აფროამერიკელებსა და ინდუსებს, გაეცნობიან ფრიდმენისა და ჯეფერსონის ნაშრომებს, დილის 5 საათამდე თვალდახუჭულები მთელი სხეულით იხტუნავებენ როკ - კონცერტებზე და შინდაბრუნებულები ისინი არასოდეს იქნებიან იგივე ადამიანები.
თქვენ, როგორც მშობლები ან პოტენციური მშობლები, იმსახურებთ იცოდეთ სრული სიმართლე იმის თაობაზე, რა მოლოდინები უნდა გქონდეთ და რა „საშიშროებები” არსებობს შვილების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვებასთან დაკავშირებით, რათა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, სანამ განათლების მისაღებად მათ შორეული ქვეყნების გზას გაუყენებთ.
მაშ ასე,
არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ შვილები საზღვარგარეთ სასწავლებლად, იმ შემთხვევაში თუ არ გინდათ, რომ:
- აღმოაჩინოს, რომ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის საჭმელ - სასმელ - ტანსაცმელ - კლუბ - ბალეტკა - კეტებ - პომადის მიღმა კიდევ სხვა, უფრო საინტერესო სამყარო არსებობს; სამყარო წარმოუდგენელი აღმოჩენებით, ფეიერვერკებითა და ისეთი სუნთქვის შემკვრელი მომენტებით, რომ დასანანია ამ ყველაფერზე უარი თქვა და მას არასოდეს ეზიარო;
- დაუმეგობრდეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის ადამიანებს და დაადგინოს, რომ მართმადიდებლობა არ წარმოადგენს ერთადერთ ჭეშმარიტ გზას და რომ ჰოი საკვირველებავ, არც ქართველები ვართ მსოფლიოში ყველაზე მაგრები;
- ერთ დღეს გაცნობოთ, რომ ცოლად მოჰყავს ან ცოლად მიჰყვება მუსლიმს, ბუდისტს, ან კათოლიკეს, ხოლო კითხვაზე რა რელიგიით უნდა აღზარდოს შვილი, ოდნავ გაკვირვებული სახით გიპასუხოთ, რომ ბავშვი გაიზრდბა და შემდეგ თავად აირჩევს;
- გამოგიცხადოთ, რომ იეღოველებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან; სხვათაშორის ჰომოსექსუალებიც;
- განაცხადოს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას ფიქრობენ ან რას იტყვი ან მეზობლები, ნათესავები, ოჯახის მეგობრები, ა.შ. და რომ მისთვის სრულიად უინტერესოა სხვისი აზრი, რადგან მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით სურს ცხოვრება;
- ღმერთმა დაგიფაროთ და განუვითარდეს კრიტიკული აზროვნება; დასვას კითხვები, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც თუ რატომ უხდის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმდიდებლურ ეკლესიას ყოველ წლიურად ათეულობით მილიონ დოლარს ან რატომ იხდის ამისათვის გადასახადებს ქვეყნის კათოლიკე, იეზიდი და მუსლიმი მოსახლეობა;
- მისთვის „პატრიარქმა ბრძანა” არ ნიშნავდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, გიგა ბოკერია ან ლევან რამიშვილი არ იყოს „მწვალებლების” სინონიმები, ხოლო ეპითეტი „თავისუფალი”, მხოლოდ და მხოლოდ დადებით ასოციაციას იწვევდეს;
- გრეჩიხების მორიგი მიტინგის დანახვისას არ ჩათვალოს, რომ ისინი ნამ დვილი ქართველობისა და მართლმადიდებლობის დასაცავად იბრძვიან, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ნაციონალიზმი, როგორც ღირებულება, დიდი ხანია სამოქალაქო ნაციონალიზმით შეიცვალა, და რომ არც რწმენისათვის ბრძოლა არის საჭირო, რადგან მას არავინ გვართმევს;
- თვლიდეს, რომ საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანა ერის გარყვნისა და გადაგვარების პროცესი არ არის;
- არ თვლიდეს, რომ ქალს გენეტიკურად მოსდგამს ჭურჭლის რეცხვა, სადილის კეთება და ნამცხვრების ცხობა, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივა არ არის, მაშინაც კი, როდესაც საქმე ფარდების ფერის შერჩევას არ შეეხება;
- ეწეოდეს თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, ბიჭია თუ გოგონა; არ მიაჩნდეს, რომ კაცობრიობის სიწმინდე ქალწულობის აპკზე გადის; ზოგადად სექსი მისთვის გარყვნილების ნაცვლად ასოცირდებოდეს თავისუფლებასთან, სიამოვნებასა და პირად არჩევანთან;
- პირველი შემოსავლიანი სამსახურის მოპოვებისთანავე გამოგიცხადოთ, რომ მარტო ცხოვრება სურს, იქირაოს ბინადა ცალკე საცხოვრებლად გადავიდეს. და ეს არა იმიტომ, რომ თქვენი ალაგებული ლოგინი ან სიყვარულით გამზადებული საუზმე არ მოსწონს;
- იმის ნაცვლად, რომ 30 წლის ასაკში პირველის ნახევარზე იღვიძებდეს, სიგარეტისთვის ფულს გთხოვდეთ და უბნის ბირჟას ამაგრებდეს, აქეთ შეეძლოს მხარში ამოდგომა და თქვენი მატერიალური უზრუნველყოფა.
თუ ზემოაღნიშნულიდან ნახევარი მაინც თქვენთვის მიუღებელია, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ბავშვები საზღვარგარეთ სასწავლებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არა თუ შეიძენენ აღნიშნულ მახასიათებლებს, შეიძლება უკან დაბრუნების შემდეგ ნაცნობ - მეგობრებსაც გადასდონ უცხოეთში შეძენილ - ნასწავლი მავნე ჩვევები და შეხედულებები. შემდეგ კი უკვე ეპიდემიის საშიშროებაც არ დააგვიანებს.
სხვა შემთხვევაში კი გაუშვით, აუცილებლად გაუშვით ბავშვები საზღვარგარეთ სასწავლებლად! საქართველოს ხომ ჰაერივით სჭირდება როკენროლის მოყვარული, თავისუფალი ქცევის, ლიბერალური შეხედულებებისა და კრიტიკული აზროვნების თაობა. ამ ღირებულებების სამშობლო კი სწორედ „საზღვარგარეთია”.
![]() |
21 საქართველო და 5 უძლიერესი |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
26 მარტს ეროვნული ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევში ხორვატიას უმასპინძლებს. სლავენ ბილიჩის გუნდი ჯგუფის ლიდერია და საუკეთესო ფეხბურთსაც თამაშობს, თუმცა საქართველოს განვლილი წლების მანძილზე ხორვატებზე ძლიერი მეტოქეებისთვისაც უმასპინძლია.
ჩვენ 5 საუკეთესოს გავიხსენებთ.
1. იტალია 2006
თბილისს პირველად ეწვია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი: საქართველოში ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე სკუადრა აძურამ მეოთხედ აღმართა ფიფას ოქროს თასი!
განახლებულ ეროვნულ სტადიონზე იტალიელებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშეს: ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე გერმანია 2006-ის ტრიუმფატორი მარჩელო ლიპი რობერტო დონადონიმ შეცვალა.
მე-17 წუთზე დასანანი გოლი გავუშვით: დანიელე დე როსიმ საკმაოდ შორიდან უძლიერესად დაარტყა და მეკარე გიორგი ლომაიაც შეცდა - 0:1.
25-ე წუთზე ეროვნული კინაღამ დაინგრა: შეტევაში ჩართულმა მცველმა გიორგი შაშიაშვილმა იტალიელთა საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში ბურთი მიიღო თუ არა, მოხდენილად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1! გერმანია 2006-ის საუკეთესო მეკარე ჯიჯი ბუფონი კი გადახტა, მაგრამ გვიანი იყო.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ სტუმართა უპირატესობა გაქრა, თუმცა მეორე ტაიმის საწყის წუთებში მსაჯმა საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მეორედ გააფრთხილა, გააძევა და სტუმრებმაც გვაჯობეს: რამდენიმე წამში, 61-ე წუთზე, მაურო კამორანეზიმ მეორე გოლი გაიტანა ლომაიას კარში, ცხრა წუთში კი კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონმა შეაგდო - სიმონე პეროტამ მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ჩინებულად ისარგებლა.
11 ოქტომბერი, 2006. თბილისი, ეროვნული. 54.000
საქართველო 1:3 იტალია
იტალია: ჯ.ბუფონი, მ.ოდო, ფ.კანავარო (კაპ) (მ.მატერაცი 73), ა.ნესტა, ა.პირლო (ს.მაური 62), დ.დე როსი, ს.პეროტა, ჯ.ძამბროტა, მ.კამორანეზი (ვ.იაკუინტა 86), ლ.ტონი, ა.დი ნატალე
ანრიმ თბილისშიც გაიბრწყინა
2. საფრანგეთი 2006
ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა ხელი ჩაიქნიეს: საერთო აზრით, ავსტრია-შვეიცარიაში საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსი მინიმუმამდე შემცირდა.
რატომ?
კლაუს ტოპმიოლერის გუნდს, ფარერებზე და ლიტვაზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინის, შოტლანდიის და რაც ყველაზე უარესია, იტალიის და საფრანგეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შემოდგომით თბილისი მსოფლიოს ჩემპიონს და ფინალისტს უმასპინძლებდა.
თავდაპირველად გერმანია 2006-ის ვერცხლისმედალოსანი ფრანგები გვესტუმრნენ. რაიმონ დომენეკის გუნდმა საწყის 16 წუთში ორი გოლი გაიტანა: მე-7 წუთზე ფლორენ მალუდამ, მე-16 წუთზე კი ლუის საამ.
თუმცა, მხოლოდ გოლებში არაა საქმე: ფრანგებმა ათი თავით აჯობეს საქართველოს ნაკრებს, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მალხაზ ასათიანის უხეში შეცდომა და ავტოგოლი კი ჩვენ გუნდში გამეფებული სრული უუნარობის ლოგიკური დაგვირგვინება იყო - 0:3.
იმ დღეს საფრანგეთის ნაკრები შეუდარებელი იყო, კაპიტანი პატრიკ ვიეირა და ჩვენი მცველების რისხვა ტიერი ანრი კი, უბრალოდ ბრწყინვალე!
2 სექტებერი, 2006. თბილისი, ეროვნული. 54.000
საქართველო 0:3 საფრანგეთი
საფრანგეთი: გ.კუპე, ე.აბიდალი, ვ.გალასი, კ.მაკელელე (რ-ა.მავუბა 46), ფ.მალუდა, პ.ვიეირა (კაპ), ლ.ტურამი, ვ.სანიოლი, ტ.ანრი, ფ.რიბერი (ს.გოვუ 67), ლ.საა (ს.ვილტორი 84)
3. გერმანია 1995
იმ დროს საქართველოში ძალიან ბნელოდა...
ქართველებმაც, დღე-ღამეში ერთი-ორი საათით რომ მიეწოდებოდათ დენი, რატომღაც იფიქრეს, რომ ნაკრებს აუცილებლად უნდა დაემარცხებინა ბერტი ფოგთსის გაწვრთნილი გერმანია. ხალხმაც „საუკუნის მატჩი” გამოიგონა, უმრავლესობამ წინასწარ გაიხარა კარსმომდგარი ზეიმით, თუმცა მატჩის დასასრულს გახარებული არავინ იყო: სტუმრებმა 2:0 მოიგეს.
ბუნდესგუნდის კაპიტანმა და უდავო ლიდერმა იურგენ კლინსმანმა 24-ე და 45-ე წუთებზე ორჯერ აჯობა მეურვეებს და ზუსტი თავურებით მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეს, აკაკი დევაძეს გაუტანა.
ამ მატჩისადმი მიძღვნილ წერილში კიკერი წერდა: „ბოლო დროს პირველად მოხდა, რომ გერმანიის ჰიმნს არ უსტვინეს. პირიქით, ტაშიც კი დაუკრეს. საერთოდ, ასე გადაჭედილი სტადიონი არსად გვინახავს, ოღონდ თავიანთ გუნდს, 100 ათასი კაცის კვალობაზე, ერთობ უცნაურად ქომაგობდნენ”.
იმავე კიკერმა მასპინძელთაგან საუკეთესოდ კახი გოგიჩაიშვილი და გიორგი ქინქლაძე დაასახელა, ბუნდესგუნდიდან კი, რა თქმა უნდა, კლინსმანი.
ერთი წლის შემდეგ ის გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა.
29 მარტი, 1995. თბილისი, ეროვნული. 110.000
საქართველო 0:2 გერმანია
გერმანია: ა.კეპკე, ტ.ჰელმერი, შ.როიტერი, ი.კოლერი, მ.ბაბელი, მ.ბასლერი, დ.აილტსი, რ.ვებერი (შ.ფროინდი 46), ა.მიოლერი, ი.კლინსმანი (კაპ), ჰ.ჰერლიხი
კახი კალაძე და ფაბიო კანავარო
4. ინგლისი 1996
თამაში, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიწირა - გლენ ჰოდლის ინგლისთან შინ მარცხის შემდეგ სფფ-მ ალექსანდრე ჩივაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ნაცნობი სიტუაცია: მორიგი „საუკუნის მატჩი” და ღიმილისმომგვრელი „არგუმენტი” - „მაგათთან ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. გახსოვთ, დინამო-ლივერპული 79-ში”...
როგორ გავაჩეროთ მაკმანამანი? ქართველი სპეციალისტები მატჩამდე კარგა ხნით ადრე ცდილობდნენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ათას ვარიანტს სთავაზობდნენ საშა ჩივაძეს, ჰოდლმა კი საერთოდ არ ათამაშა მაკმანამანი.
სამაგიეროდ, მოედანზე იყვნენ თბილისში პირად მცველთან ერთად ჩამოსული პოლ გესქოინი და დევიდ ბეტი, რომელმაც ჩვენი გუნდის ლიდერ გიო ქინქლაძეს ფეხი არ გაანძრევინა. მათთან ერთად კი დევიდ ბექემიც, რომლის ვარსკვლავიც სწორედ მაშინ ამოდიოდა.
გოლებზე რა ვთქვათ? კახა ცხადაძე და მურთაზ შელია უხეშად შეცდნენ: მე-15 წუთზე ტედი შერინგემმა გახსნა ანგარიში, 37-ე წუთზე კი ლეს ფერდინანდმა მეორე გოლი გაიტანა ირაკლი ზოიძის კარში. თამაშის მიწურულს მესამეს გადავურჩით - ვეტერანმა არსენალელმა იან რაიტმა ვერ ივარგა.
0:2 და გაუთამაშებელი ახალთახალი მერსედესი. კომპანია საველიჩმა ქართველთაგან გოლის ავტორს სწორედ ის აღუთქვა ჯილდოდ...
9 ნოემბერი, 1996. თბილისი, ეროვნული. 60.000
საქართველო 0:2 ინგლისი
ინგლისი: დ.სიმენი, ტ.ადამსი (კაპ), ს.კემპბელი, გ.საუთგეიტი, დ.ბეტი, ე.ჰინჩკლიფი, დ.ბექემი, პ.გესქოინი, პ.ინსი, ლ.ფერდინანდი (ი.რაიტი 82), ტ.შერინგემი
5. ბულგარეთი 1995
ერთი წლით ადრე ბულგარელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, ევრო 96-ის შესარჩევისთვის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ჩვენმა გუნდმაც სწორედ იმ ბულგარეთს სძლია!
შოთა არველაძემ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში: გოჩა ჯამარაულის დიდებული პასის შემდეგ მეკარე მიხაილოვი მოხდენილად მოატყუა და ზუსტად დაარტყა - 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხარეთ: კახი გოგიჩაიშვილი მცველებმა წააქციეს, გიო ქინქლაძემ კი პენალტი ზუსტად დაარტყა - 2:0.
88-ე წუთზე სტოიჩკოვმა თავისი მაინც გაიტანა - ერთი წლით ადრე ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ხრისტომ მეკარე-მცველები დასაჯა - 2:1.
ბულგარეთის ნაკრები ასე ძლიერი არც მანამდე ყოფილა და არც მას შემდეგ.
11 ოქტომბერი, 1995. თბილისი, ეროვნული. 40.000
საქართველო 2:1 ბულგარეთი
ბულგარეთი: ბ.მიხაილოვი, კირიაკოვი, ტ.ივანოვი (ჩომაკოვი 60), ც.ცვეტანოვი, იანკოვი, ნ.სირაკოვი (დ.ბორიმიროვი 55), ე.კოსტადინოვი, ხ.სტოიჩკოვი, ლ.პენევი, კ.ბალაკოვი, ი.ლეჩკოვი.
![]() |
22 მეოცნებე ღმერთები |
▲back to top |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ჩარლზ ბარკლი, მეჯიქ ჯონსონი, პატრიკ იუინგი, მაიკლ ჯორდანი და კარლ მელოუნი
1992 წელი თავიდანვე საინტერესო იყო.
პოლ საიმონმა მსოფლიო ტური სამხრეთ აფრიკით დაიწყო და აპარტეიდის კულტურული ბოიკოტი ოფიციალურად დახურა.
იუგოსლავია იშლებოდა. სლოვენიამ და ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
კოსმოსში პირველი კანადელი მანდილოსანი შევარდა - რობერტა ბონდარმა იუპიტერის ჰაივეიზე შატლ Discovery-ს პრეზენტაცია მოაწყო.
მილუოკიში ლეგენდარულ სერიულ მკვლელს, ჯეფრი დამერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ერთად აღარ არიან.
გარდაიცვალა მსოფლიოს მერვე ჩემპიონი ჭადრაკში, მიხაილ ტალი.
ბრაზილიის პრეზიდენტს, კოლორიტულ ფერნანდო კოლორ დე მელოს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან ქვეყნის ბიუჯეტი 32 მილიონი დოლარით შეამსუბუქა.
საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა.
ბარსელონაში ჩაიყვანეს Dream Team.
ბრაიან დე პალმას The Untouchables არა ალ კაპონეზე და ერთჯერადი კოსტნერით, არამედ ჩაკ დეილის ნაკრებზე უნდა გადაეღო. კალათბურთის ელვისებმა და ჯაგერებმა სპორტს ერთადერთი სრულყოფილი გუნდი, ნაკრები დაუტოვეს. არაოფიციალურად, იმ ნაკრების მამა ლიტველი მსროლელი, რიმას კურტინაიტისი გახდა. დედიკოს როლში მშვენივრად შევიდა კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცია.
1988 წლის 28 სექტემბერს, სეულში, ამერიკელი კალათბურთელების ნაკრებმა ისტორიაში მეორედ წააგო. 1972 წლის გაუგებრობა ზეპ ბლატერს, ივან ედეშკოს და კომუნისტების მაფიას დააბრალეს. 1988 წლის წაგების მიზეზი უკვე მხოლოდ კალათბურთი იყო. ამერიკამ ნიჭიერი, მონდომებული სტუდენტებით საბჭოთა კავშირთან ვერ მოხსნა ჯეკპოტი. იმ ნაკრებში არვიდას საბონისი და შარას მარჩულიონისი ლიდერობდნენ. ამერიკასთან 28 ქულა კურტინაიტისმა აიღო. დალეწილმა, მოედანზე ტკივილგამაყუჩებლებით გასულმა კურტინაიტისმა. იქვე, საბასმა დევიდ რობინსონს სამწამიანში შესვლა ოთხი წლით გადაუდო და მარჩულიონისმა უფრო იომა, ვიდრე დან მარლიმ. ლიტველი რუსები ფინალში გავიდნენ და ამერიკელები - მესამეზე.
ნახევარი წლის შემდეგ, 7 აპრილს FIBA-მ სათავო ოფისში მოაწყო ბრიფინგი და ოლიმპიადა „ღია ტურნირად” გამოაცხადა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით, კალათბურთის პროფესორებმა ოლიმპიადაზე თამაშის უფლება ნამდვილ მაგარ ბიჭებს დართეს. FIBA-მ მორცხვად გაუწოდა ხელი NBA-ს და ბარსელონას კრებისთვის, ამერიკელებმა პირველი ნაღდი ნაკრები შეკრეს.
1991 წლის 3 სექტემბერს ჩაკ დეილიმ იმ ბანდის საბოლოო რუსტერი გამოცხადა. მანამდე, კრისმა ვინის გარეშე და ჩიკოს ცელქობას მოკლებულმა, (საკუთარი თავის ჩათვლით) 11 რეალური მკვლელი შეკრიბა.
სელექცია კაპიტნის არჩევით დაიწყო. კაპიტანი უნდა ყოფილიყო ლარი ბერდი და ლარიმდე, მაიკლ ჯორდანმა, კაპიტნად მეჯიქი დავაყენოთო. მეჯიქი შიდსის ვირუსის მატარებელი იყო, ლარი პენსიონერი ხეიბრების საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი გახდა და საბოლოოდ, ბარსელონაში წასვლაზე ორივემ თავაზიანი „დიახ” განაცხადა.
კაპიტნების დილემა გადაიჭრა.
ჯორდანის კანდიდატურა არ განიხილებოდა. მაიკლი სელექციამდე იმ ნაკრებში იყო, მაგრამ როდესაც ჩაკ დეილიმ ათკაციანი რუსტერი ჩაიკითხა, ჯორდანმა ერთი კაცის ამოშლა მოითხოვა.
მაიკლს არ უნდოდა აიზია ტომასთან ერთ გუნდში თამაში. დეილი, რომელიც პისტონზში ტომასის მწვრთნელი იყო, შეხვდა მაიკლს და ორსაათიანი საუბრით თითქმის ყველაფერი მოაგვარა. ჯორდანმა, მოსულა, აიზიამ ნაკრებში ითამაშოს, ოღონდ მოედანზე ჩემთან ერთად არ უნდა დადგესო.
ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი და მეჯიქ ჯონსონი
ტომასი ამ ამბებს კომენტარს არ უკეთებდა. უბრალოდ, როგორც კი დეილიმ ჯორდანთან ყველაფერი მოაგვარა, აიზია ნაკრების ბაზაზე გამოცხადდა და პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. ვარჯიშის შემდეგ, ბრიფინგზე სკოტი პიპენმა მოჭრა, თუ დეილი აიზიას ბაზიდან არ გაუშვებს, შეკრებას მე და მაიკლი დავტოვებთო.
ტომასი ბაზიდან დააესკორტეს.
ბერდი, მეჯიქი, ჯორდანი, პიპენი, კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი. დეილიმ ფავორიტებში შეიყვანა „გოლდენ სტეიტის” მსროლელი კრის მულინი, რომელიც 15 წლის კონგოელ მეძავთან სექსის გამო, სასამართლოდან სასამართლოში სირბილით მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში იყო. თან, სამიანს ყველაზე მაგრად ისროდა.
ცენტრების შერჩევის დროს გაითვალისწინეს ბილ რასელის აზრი. რასელს ზურგზე ოპერაცია გაუკეთეს და ჩაკ დეილი მას ბოსტონის ჰოსპიტალში ესტუმრა. ბილმა მარტივად გაშიფრა სიტუაცია. შაკი ბავშვია, შანსს კიდევ მიიღებს და თან, ბოლო დროს უშნოდ ღადაობს, რასელზე და უილტზე მაგარი ვარო. შაკი უარყვეს. აკიმ ოლაჯუონი რეგულარულში და ფლეი ოფში დევიდ რობინსონს ლიფსოებით ნერვებს უშლიდა, მაგრამ რასელმა მაინც რობინსონი წაიყვანეთო. აკიმი ოლიმპიადის შემდეგ, ეგრევე ჰაკიმი და ჩემპიონი გახდა, მაგრამ ბარსელონაში მაინც ადმირალი ჩაიყვანეს. მეორე ცენტრად ნიქსის კინგ კონგი, პატრიკ იუინგი ჩაჯდა.
დეილიმ დაუძახა კლაიდ დრექსლერს და უარი თქვა დომინიკ უილკინსზე.
დეილიმ არც კი განიხილა კევინ ჯონსონის კანდიდატურა და სკოტი პიპენი გუნდის ვიცე-კაპიტნად დანიშნა. ეს ჯორდანის სურვილი იყო.
დეილიმ მოიწონა ყველაზე ნიჭიერი სტუდენტის, კრისტიან ლეიტნერის კანდიდატურაც. წინასწარ იყო ცნობილი, რომ Dream Team-ში 11 პროფესიონალი და ერთი მოყვარული იქნებოდნენ. ლეიტნერი ვერ გახდა ისეთივე წონადი და შეუცვლელი პერსონა, როგორც ბარსელონაში მისი 11 თანაგუნდელი, მაგრამ NBA-ში რამდენიმე საინტერესო სეზონი მაინც ჩაატარა.
ბარსელონაში ჩაკ დეილის არც ერთი წუთშესვენება არ აუღია! წუთშესვენებას სხვები იღებდნენ და იმ დროს ამერიკელები ფოტოსესიებისთვის იყენებდნენ. ბერდის და მეჯიქის ულამაზესი გუნდი ნახევარფინალში საბონისის, კარნიშოვასის, შარასის ლიტვას მიტყეპავს და ფინალსაც მშვიდად მოიგებს.
ანგოლასთან ამერიკამ გააკეთა 46:0 გაქცევა და ეს მარათონი ჩარლზ ბარკლის უხეშობამ დაასრულა. ბარკლიმ რატომღაც, ანგოლელ სათადარიგოს სახეში იდაყვი მიარტყა. ანგოლამ გაქცევა ზუსტი საჯარიმოთი შეწყვიტა. ბარკლიმ ანგოლელს ჰოსპიტალში ოქროს საათი აჩუქა.
ის გუნდი ოლიმპიადაზე ელჩად ჩავიდა, მორცხვად დაასრულა მისია და კალათბურთში ღმერთების სტატუსიც დატოვა. ის სტატუსი არ გახუნებულა. ალბათ, ვერასოდეს გახუნდება.
მეტი Dream Team აღარ იქნება.
![]() |
23 კოპერფილდი |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ზურაბ თალაკვაძე
2006 წელი. სანტიაგო ბერნაბეუს გასახდელთან მწვრთნელმა პერანგის ზედა ღილი შეიხსნა, ურნას ფეხი მიარტყა და ამოაყირავა. წითელ სათვალეს შარფით მტვერი მოაშორა, იქვე, ბურთზე ჩამოჯდა. გასახდელში სიჩუმეა. გუნდი ისვენებს. კიდევ 15 წუთი დაისვენებს და ერთსაათიანი დასვენება გამოუვა. სტადიონზე დაბრუნება აუცილებელია, მაგრამ მწვრთნელს დერეფანში გასვლა აღარ უნდა. ყველაზე მეტი მეკარემ ირბინა, ყველაზე ძვირადღირებულებს ფეხი არ გაუნძრევიათ და მეორე გუნდმა კი რეალური ფეხბურთი ითამაშა.
გასახდელიდან გუნდი გამოდის. მეორე ტაიმი 2 წუთში იწყება. ბოლო, ყველაზე პუტკუნა მოთამაშეც გამოვიდა. მარცხენა ხელში მობილური უჭირავს, ვიღაცას ეჭორავება. მარჯვენა ხელით ღიპს იქექავს. მერე, მწვრთნელს რომ მიუახლოვდა, ტელეფონი დამიჭირეო, ბუცები გაისწორა. მწვრთნელმა ტელეფონი კედელს მიალეწა, გაკვირვებულ მოთამაშეს თვალებში ჩახედა.
- მეორე ტაიმში გაჩერებული არ დაგინახო. გაიქეცი, ეგ ცენტნერიანი უკანალი გაანძრიე. გაიქეცი... გესმის? გაიქეცი!
- შენ გაიქეცი. მე არ დავრბივარ. მე გოლები გამაქვს. და ტელეფონზე არ ინერვიულო. ახალს ვიყიდი.
პუტკუნა გენიოსი მოედანზე გავიდა, ერთი წაიძუნძულა და თამაში განახლდა. რონალდო იდგა. რონალდომ გოლი გაიტანა. რონალდოს არ ურბენია და რეალმა მოიგო. ფაბიო კაპელომ ბრაზილიელს ხელი ჩამოართვა, მადლობა გადაუხადა. რონალდომ იმავე დღეს მწვრთნელისგან ნებართვა აიღო, იქნებ სამი დღით ბრაზილიაში გამიშვა, აი, ტელეფონზე ვისაც ვესაუბრებოდი, იმ ამბავზეო.
- ვის ელაპარაკებოდი?
- მეგობრის დედა... რიოში ცუდად გახდა, ალბათ, საოპერაციო გახდება. ოჯახი გავამხნევე. იქ უნდა ვიყო.
ლუიშ ფიგუ მეუღლე ელენთან ერთად
ფოტო: REUTERS ©
კაპელომ რონალდო სამი დღით გაანთავისუფლა. ბრაზილიელი სამი კვირით გაქრა. ტელეფონი ავტომოპასუხეზე გადაიყვანა. მეორე საკონტაქტო ნომერი, რომელიც იკერ კასილიასმა ჩაიწერა, არარსებული იყო. სამ კვირაში რონალდო დაბრუნდა.
კაპელომ ბრაზილიელი რეალის სათავო ოფისში დაიბარა. რონალდომ 15 წუთი დაიგვიანა, ზამშის წითელი პიჯაკი მაგიდაზე მიაგდო, ყველას მიესალმა, გათიშა მობილური.
ხორხე ვალდანომ კაპელო გააფრთხილა, როდესაც მოგატყუებს და კიდევ ერთხელ დაიწყებს საუბარს შეუძლოდ მყოფ დედაზე, არ ეჩხუბო, დაამშვიდე და გარანტიას გაძლევ, შემდეგ ვარჯიშზე ყველაზე მეტს რონალდო ირბენს, ხომ იცი, კოპერფილდიაო.
კაპელოს გარდა, ოთახში ვალდანო, ლუიშ ფიგუ და კასილიასი არიან. იკერი ხმას არ იღებს, თავი დახრილი აქვს. ფიგუ კაპელოს ელოდება. კაპელომ დაიწყო.
- ვიცი, რომ ბრაზილიაში იყავი. ისიც ვიცი, რომ მომატყუე, მაგრამ დასვენება ყველას გვჭირდება და არ ინერვიულო. რაც ამ ოთახში ითქმება, ოთახშივე დარჩება. უბრალოდ, თუ რიოში მეძავებთან გადაფრენა მოგინდება, მე არაფერი მეცოდინება და ისე დატოვებ მადრიდს...
- მაპატიეთ, მართალი არ ვიყავი. თუ მეძავებთან გადაფრენა მომინდება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. შეიძლება წავიდე, ვარჯიშამდე ერთი ადამიანი მყავს სანახავი?
- რონალდო, შეხედე ლუიშს, აიღე მისგან მაგალითი. არაჩვეულებრივი მეუღლე, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება...
- ლუიშ, შეიძლება შენი მეუღლის ფოტო ერთხელაც ვნახო?
ფიგუს ეცინება, რონალდოს მობილურს აწვდის.
- ფაბიო, ლუიშის ცოლი რომ ჩემი ცოლი იყოს, ბრაზილიაში მეგობრის დედის სანახავად არც მე გადავფრინდებოდი.
კაპელომ ვალდანოს გადახედა. ვალდანოს გაეცინა. რონალდომ პიჯაკი მოიცვა, ყველას ხელი ჩამოართვა და ოთახიდან გავარდა. ფაბიო დაფიქრდა, ისევ ზედა ღილი შეიხსნა, ოთახში მარტო დარჩა. ცოტა ხანში ფანჯრიდან მოედანს გადახედა. გუნდი დარბის, 400 იარდს ითვისებს, რონალდო კუთხეებს ჭრის და 250 იარდში ეტევა.
ფაბიო ისევ ოფსაიდშია.
რონალდომ ისევ მოიგო.
რონალდო სულ იგებდა.
![]() |
24 ყველაზე პატარა მინის სახელად როკეტმენი შეურჩიეს |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
როგორც ჩანს, ჟენევურ ავტო გამოფენაზე, ყველაზე მრავალფეროვანი ექსპოზიცია ბეემვეს და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს ექნებათ. ბავარიული კომპანიის მთავარი სიახლე ახალი სუბბრენდი და მისი გეგმები იქნება, ულტრალუქსის სეგმენტის როლს როისი კონცეპტუალური ელექტრომობილით გაგვაოცებს, მინი კი თავის გამაში ყველაზე პატარა, ასევე კონცეპტუალურ ავტომობილს გვიჩვენებს, რომელსაც სახელად როკეტმენი შეურჩია.
ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ საგამოფენო ექსპონატებს პრემიერამდე კარგა ხნით ადრე გვაცნობენ, მინი თავისი კონცეპციის შესახებ ინფორმაციას პრაქტიკულად არ ავრცელებს. ამ საქალაქო პატარა ავტომობილისადმი ინტერესის გასაღვივებლად, ინგლისურმა კომპანიამ მხოლოდ მისი სახელი გაგვაცნო. ასევე გამოაცხადა ისიც, რომ გაბარიტების მიხედვით, ახალი ავტომობილი პირველი, ლეგენდარული ალექს ისიგონისის მიერ შექმნილი მინის რეინკარნაცია იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა, ის თანამედროვე აგრეგატებით და სისტემებით აღიჭურვება.
მინი თავისი ახალი ავტომობილის (რომლის წარმოებაც უკვე გადაწყვეტილია) შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. თუმცა გამოცემა დი ეიჯმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილის სიგრძე დაახლოებით 3.4 მეტრი უნდა იყოს. ამასთან, სიმაღლით და სიგანით ის ახლოს იქნება მინის თანამედროვე ავტომობილებთან. ავტომობილში ჩასაჯდომი ფორმულაა 3+1.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბეემვე მინის თავისი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას აძლევს. კერძოდ, ახალი ავტომობილი ალუმინის შასის და კარბონის კომპოზიტის ძარას მიიღებს, რომლებიც ბავარიელებმა პროექტ მეგასიტის (ახლა უკვე სუბბრენდ i-ს) ფარგლებში შეიმუშავეს.
და კიდევ, ავტომობილი ბეემვეს უახლესი, სამცილინდრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვება, რომელიც მას 100 კილომეტრს სულ რაღაც 3 ლიტრი საწვავით გაატარებს (თანაც ქალაქში). ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 78.4 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
![]() |
25 პირველად ჟენევაში - ელექტრული როლს როისი |
▲back to top |
ავტო
ბეემვემ ელექტრომობილების წარმოებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი - გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდიც კი შექმნა. ბუნებრივია, ახალ ტენდნციას მის ჯგუფში შემავალი კომპანიებიც აყოლებენ ფეხს და მათ შორისაა როლს როისიც, რომელმაც ჟენევის ავტო შოუსთვის, ელექტრული ფანტომი - 102 EX მოამზადა.
ინგლისური მარკის აღმასრულებელი დირექტორი ტორსტენ მიულერ- ოტვოსი ამბობს, რომ ჟენევისთვის მომზადებული ელექტრომობილი, ეგრეთ წოდებული ტესტ პლატფორმაა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოების აზრის შესწავლა. ამასთან, თუ ბაზარი ამისათვის მზად იქნება, კონცეპტუალური ელექტრომობილის ბაზაზე, როლსის სხვა მოდელების ელექტრიფიკაციაც განხორციელდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, 102 EX ულტრა ლუქსის სეგმენტის პირველი სრულიად ელექტრული ავტომობილია. ჯერჯერობით მისი აღჭურვილობის და ტექნიკური მონაცემების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველაფერ ამას მწარმოებელი გამოფენისთვის ინახავს.
მიულერ- ოტვოსის თქმით, როლს როისი 102 EX-ის სერიულ წარმოებას არ აპირებს. სამაგიეროდ, ამ ავტომობილს ჟენევის შემდეგ, მსოფლიო ტურნე ელის - მას ყველა იმ ქვეყანას მოატარებენ, სადაც როლს როისის ავტომობილები იყიდება. ამ ტურნეს დროს, კომპანიის მარკეტოლოგები პოტენციური კლიენტების აზრს შეისწავლიან და მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ გადაწყვეტენ, როლს როისისთვის აქვს თუ არა აზრი ელექტრომობილების წარმოების დაწყებას.
გარდა ამისა, ბრიტანულმა კომპანიამ სპეციალური ვებგვერდი შექმნა, რომელიც 102 EX-ის მსოფლიო ტურნეს გააშუქებს. მასზევე მოათავსებენ ამ ავტომობილზე ავტომოყვარულების და პოტენცური კლიენტების შთაბეჭდილებებს.
![]() |
26 იუმორინა ამერიკულად |
▲back to top |
კინო|კულურტა
ნიკა ესებუა
ენ ჰეტუეი და ჯეიმ ფრანკო
„რაც შეიძლება მალე იპოვეთ ბარი და გაერთეთ”, - ეს კევინ სპეისიმ ურჩია ოსკარის ნომინანტებს. 83-ე დაჯილდოების ცერემონია ისეთი გამოვიდა, რომ ჯობდა ყველას გაეთვალისწინებინა ოსკაროსანი მსახიობის ნათქვამი და დარბაზში მთვრალი მისულიყო ან ტელევიზორისთვის ნასვამს ეყურებინა. ის, რაც რამდენიმე საათი კოდაკის დარბაზში ხდებოდა, ფხიზელი თვალისთვის მართლაც უმძიმესი სანახავი იყო.
2011 წლის ოსკარი ყველაზე მოსაწყენი, ადვილად გამოსაცნობი, იუმორს მოკლებული და ცუდად დადგმული გახლდათ. ჯეიმს ფრანკომ და ენ ჰეტუეიმ ნათლად გვაჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს წამყვანი. შოუ ვიდეოკლიპით დაიწყო, სადაც ფრანკო და ჰეტუეი მთავარ ჯილდოზე ნომინირებულ ფილმებში მოგზაურობდნენ, ეს უგემოვნო ნამუშევარი MTV-ის კინოდაჯილდოების დონესაც კი ვერ აკმაყოფილებდა. უკბილო ხუმრობებით დახუნძლული ვიდეოს დასრულების შემდეგ, როცა ყველა მუსიკალურ ნომერს ან რაიმე დადგმას ელოდა, ფრანკოს და ჰეტუეის „დაეზარათ” ხალხის გართობა და პირდაპირ საქმეზე, ნომინაციების გამოცხადებაზე გადავიდნენ. ტიმ ბარტონის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” წლის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება იყო - სურათი ორად ორი ღირსებით - კარგი კოსტიუმებით და არტგაფორმებით. ფილმმა ორივე ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა. დამსახურებული ოსკარი აიღო „პიქსარის” მორიგმა შედევრმა. „სათამაშოების ამბავი 3” უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდებისათვის ბრძოლაში და ლი ანკრიჩის სცენაზე ასვლა არავის გაკვირვებია. ისევე, როგორც უოლი ფისტერის („დასაწყისი”, ოპერატორი) და „სოციალური ქსელის” მონტაჟის რეჟისორების (ანგუს უოლი და კირკ ბაქსტერი) გამარჯვება. ყველა ნომინაცია იოლად გამოსაცნობი იყო, თითქმის ყველა ჯილდო უმთავრესმა ფავორიტმა მიიღო. სამაგიეროდ ძნელად წარმოსადგენი გახლდათ ასეთი ცუდი შოუ. ჰეტუეი კაბების გამოცვლით იყო დაკავებული, ფრანკოს ეძინა, ხმის ამოღებაც ეზარებოდა. ხალხს ვეტერანი ვარსკვლავები ართობდნენ. 94 წლის კირკ დუგლასმა, ჯერ ენ ჰეტუეის შეუქო ტანი, შემდეგ ენა არ გააჩერა და კარგა ხანს იხუმრა, რაც მნიშვნელოვანია - სასაცილოდ. დარბაზში მსხდომნი ცოტა გამოაფხიზლა, თორემ დიდი იყო ალბათობა ვინმე ხვრინვით დამხრჩვალიყო ან დორბლი გადასცდენოდა. შოკისმომგვრელის მეტს ვერაფერს დავარქმევთ მელისა ლეოს („მებრძოლი”) სამადლობელ სიტყვას. საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის მსახიობი უდავო ფავორიტად ითვლებოდა და უცნაურია, რატომ გაუკვირდა ასე თავისი სახელის გამოცხადება. ლეო ისეთი დაბნეული იყო, რომ მონოლოგისას სიტყვა FUCK წამოსცდა. სამაგიეროდ, არაფერი შეშლია აარონ სორკინს („სოციალური ქსელი”), რომელმაც საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო ჯილდო, ბრწყინვალე სცენარისტმა თავი არავის შეაწყინა, კარგად დაწერილი სიტყვა წაიკითხა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
„მეფის სიტყვა“
კალაპოტიდან ამოვარდნილ შოუზე კი საშინელებები გრძელდებოდა. ენ ჰეტუეის ხუმრობას ლესბოსელებზე, ტომ ჰენქსის გამოჩენა და ფილმ „ქარწაღებულნის” წარდგენა მოჰყვა, ფილმის, რომელიც დღევანდელ ოსკარებს საერთოდ არაფრით უკავშირდებოდა. ფრანკომ რატომღაც კაბა ჩაიცვა და „იუმორინას” მასშტაბის ხუმრობა გამოაცხო, ჰეტუეის სიმღერას დარბაზში ფხიზლად მყოფი ოცამდე ადამიანი ზრდილობის გამო აპლოდისმენტებით გამოეხმაურა. მისი წვალების შემხედვარე ჰიუ ჯეკმანს სახეზე ღიმილი ჰქონდა შეყინული, ალბათ ორი წლის წინანდელ შოუს იხსენებდა, როცა თვითონ იყო წამყვანი და ოსკარების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შოუ დადგა.
„მებრძოლი“
„ჯანდაბას, აი მესმის ოთახი სავსე ნიჭიერი და გავლენიანი ხალხით, და რას ვაკეთებ მე აქ თქვენ შორის?” - ეს კრისტიან ბეილის („მებრძოლის”) სიტყვებია, რომელიც მან სრულიად დამსახურებული ოსკარის მიღებისას განაცხადა. „მეფის სიტყვის” სცენარისტმა დევიდ სეიდლერმა კი, ჯილდოს გადაცემისას იხუმრა - „მე მინდა მადლობა ვუთხრა მის უდიდებულესობა დედოფალს, რომ ლონდონის სასახლეში არ გამომკეტა, მელისა ლეოს F სიტყვის გამოყენებისთვის”, ფილმში ხომ ინგლისის მეფე სწორედ სიტყვა fuck-ის არაერთგზის გამოყენებით ცდილობს ენის პრობლემების დაძლევას. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი დანიური ნამუშევარი, „უკეთეს სამყაროში”, გახდა. სხვანაირი ოსკარის იმედი გაუჩნდა ყველას, როდესაც სცენაზე ბილი კრისტალი გამოჩნდა. თვალცრემლიანი დარბაზი ოვაციით წამოუდგა ფეხზე, ზოგს სიხარულის ცრემლი სდიოდა, ოცნებობდნენ - დარჩენილი შოუ კრისტალს წაეყვანა, ზოგსაც სევდიანი ნოსტალგია შემოაწვა, მისი ბრწყინვალედ წაყვანილი ცერემონიები გაახსენდა. იმედია, კრისტალი ოდესმე დაუბრუნდება „ძია ოსკარს”.
„შავი გედი“
თუ ვინ გახდებოდა საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი, ამას ნებისმიერი კინომოყვარული გეტყოდათ. ნატალი პორტმანი („შავი გედი”) და კოლინ ფირტი („მეფის სიტყვა”) ნომინაციების ფავორიტები იყვნენ. ფეხმძიმე ნატალიმ ცოტა წამოიტირა, კარგა ხანს ილაპარაკა, მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი სახელიც ოდესმე გაუგია და ჯეფ ბრიჯესთან ერთად დატოვა სცენა. ფირტის მონოლოგი სცენიდან დაახლოებით იმდენხანს იღვრებოდა, რამდენიც „მეფის სიტყვაში” მისი ბოლო გამოსვლა გრძელდება. საბედნიეროდ ეს გამოსვლები ერთმანეთს არა მხოლოდ ხანგრძლივობით, არამედ ემოციურობითა და მშვენიერებითაც ჰგავდა. „მე ვგრძნობ, რომ ჩემმა კარიერამ პიკს მიაღწია”, - თქვა ოსკაროსანმა მსახიობმა მონოლოგისას და ძნელია არ დაეთანხმო. ფირტმა, რომელიც ბრიჯიტ ჯონსზე ფილმებით იყო ცნობილი, ბოლო წლებში თავი სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა და XXI საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანელ მსახიობად დამკვიდრდა.
რამდენადაც მოსალოდნელი იყო პორტმანი-ფირტის წყვილის გამარჯვება, იმდენად მოულოდნელი გახლდათ ტომ ჰუპერის („მეფის სიტყვა”) საუკეთესო რეჟისორად დასახელება. დევიდ ფინჩერმა საუკეთესო რეჟისურის ჯილდო მიიღო თითქმის ყველგან, სადაც ნომინირებული იყო - ოქროს გლობუსიც სწორედ მან მოიგო. მნიშვნელოვანია, რომ „სოციალური ქსელის” რეჟისორს ზურგს არაერთი ძლიერი და საინტერესო პროექტი უმაგრებს, „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი”, „მებრძოლთა კლუბი”, „შვიდი”, „ზოდიაქო” -კინოაკადემიაში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განვლილ ფილმებს. როგორც ჩანს, ფინჩერი სკორსეზეს გზას გაუყოლეს, გზას, რომელიც იმედგაცრუებებით არის სავსე და ოსკარი 60 წლის დადგომასთან ერთად მოდის. ტომ ჰუპერის საუკეთესოდ დასახელების შემდეგ ნაკლებად გასაკვირი იყო „მეფის სიტყვის” საუკეთესო ფილმად გამოცხადება. აკადემიამ ტრადიციული არჩევანი გააკეთა. ისტორიული დრამა, კარგი რეჟისურით და მსახიობების უძლიერესი პერფორმანსით, ამჯობინა ანიმაციურ ფილმს, სამეცნიერო ფანტასტიკას, ამერიკულ ინდი ფილმებს, სოციალური ქსელის შექმნის ისტორიას. კლასიკური გამარჯვებული და ასევე კლასიკური დამარცხებულები. 2011 წლის ოსკარი ისტორიაში უფრო იმით შევა, რომ „სოციალურმა ქსელმა” და „დასაწყისმა” მთავარი ფილმისათვის ბრძოლაში წააგეს, ვიდრე იმით, რომ ამ წელს „მეფის სიტყვა” საუკეთესო ფილმი გახდა. თუმცა შარშანდელი გამარჯვებულის ფონზე („ქარიშხლის მბრძანებელი”), კინოაკადემიის გილდიის წევრებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ჯილდო „მებრძოლს” არ მისცეს.
კრისტიან ბეილი, ნატალი პორტმანი, მელისა ლეო და კოლინ ფირტი
83-ე ოსკარი არც ახალი სიტყვა იყო, არც სოციალური მოვლენა, არც წამყვანებს ეტყობოდათ რამე კარგი.
იმედი მაქვს მომავალ წელს წამყვანი ბილი კრისტალი ან ჰიუ ჯეკმანი იქნება, თორემ ვატყობ, კინომოყვარულებს კევინ სპეისის რჩევის გათვალისწინება და ოსკარების მთვრალ მდგომარეობაში ცქერა მოგვიწევს.
![]() |
27 10 კითხვა გურამ წიბახაშვილს |
▲back to top |
კულტურა
გურამ წიბახაშვილის პირველი ფოტო...
პირველი არ მახსოვს - ალბათ, მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი.
ხოლო ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც ჩავთვალე, რომ ვინმეს შეიძლება აჩვენო ან გამოფინო, იყო 1984-ში. აი, ეს:
იყო რაიმე კონკრეტული მომენტი, შთაბეჭდილება ან სიტუაცია, რამაც ფოტოგრაფობა გადაგაწყვეტინათ?
ყოველთვის მიყვარდა მგზავრობისას ფანჯარასთან ჯდომა და გარეთ ყურება.
რომ არა ფოტოკამერა...
ფანქარი...
რომელი ცნობილი ფოტო გინდათ, რომ თქვენი გადაღებული იყოს?
აი, ეს:
თქვენთვის ყველაზე რთულად სამუშაო?
ანკეტის შევსება.
არის რაიმე, რასაც არასდროს გადაიღებდით?
ომს (სიამოვნებით აღარ გადავიღებდი).
ყველაზე აბსურდული კრიტიკა, რაც თქვენ შესახებ მოგისმენიათ?
ასეთი არ მახსოვს, ძირითადად ისინი წერენ, ვისაც მოსწონს ან ესმის (მადლობა მათ).
ყველაზე უჩვეულოდ გამორჩეული ფოტოგადაღება?
ძალიან საინტერესო იყო პალიასტომის ჭაობების გადაღება, იურა მეჩითოვთან ერთად (როცა მოცურავე ტორფზე დგახარ და ლივლივებ, თან უნდა გადაიღო).
რის გარეშე არ გადიხართ არასდროს სახლიდან?
ტანსაცმლის (იშვიათი გამონაკლისის გარდა - ფოტოაპარატის).
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
კითხვა: რატომ აკეთებ ამას ყველაფერს?
პასუხი: არ ვიცი.
![]() |
28 დიოგენეს დებიუტები |
▲back to top |
კულტურა|ლიტერატურა
გიორგი კეკელიძე
2010 წელს ქართულმა მხარემ ბესიკ ხარანაული ნობელზე წარადგინა. ზურაბ ლეჟავას ერთი მოთხრობა და რამდენიმე პოეტის ლექსი უცხოური გამოცემების ფურცლებზე მოხვდა. სხვა ტრადიციული წვრილმან-მსხვილმანი ამბების გარდა, ეს წელი სამამულო ლიტერატურისთვის იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ მაღაზიათა თაროებს არაერთი ახალი სახელი შეემატა. თუ უახლოეს წარსულს შევავლებთ თვალს - დებიუტების ამგვარი სიმრავლე მე არ მახსენდება. ეს თაროებს, თორემ ავტორებს, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ, დებიუტანტები პირობითად ეთქმით. ლიტ-ინტერნეტ-ეპოქის ერთი დამახასიათებელი თვისებათაგანი ისიცაა, რომ ფორუმების, პორტალებისა და ელ-ბიბლიოთეკების მეშვეობით მწერლის სახელს მკითხველი იმაზე გაცილებით ადრე იგებს ხოლმე, ვიდრე მისი ISBN სამყაროში „ინაუგურაცია” მოხდება. შესაბამისად, ხშირად უკვირთ, როცა უკვე თაობისთვის მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული სახელი კრებულს გამოსცემს და პრემიების ლონგ თუ შორთ ლისტებში დებიუტის განყოფილებაშია მოთავსებული. საერთოდაც, მსმენია, რომ დღეს წიგნების რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით პოეზია, სწორედ პრემიების „ხათრით” გამოიცემა.
ასეა თუ ისე, წელს დებიუტანტთაგან ყველაზე მეტი ელჩი გამომცემლობა დიოგენეს ეყოლება.
თამთა მელაშვილი - გათვლა
ფასი 5.80 ლარი
ეს წიგნი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობას იმთავითვე, ანუ გამოცემის დღიდან არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა, დაიბეჭდა რამდენიმე საინტერესო რეცენზია, სოციალურ ქსელებში კი აღფრთოვანებული შეფასებები დღემდე არ წყდება. კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია მიუთითებს, რომ „თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, „გათვლა” სერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა, აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი”.
„გათვლა” არის ახალი ავტორის დაბადება ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში, შეიძლება ითქვას, ახალი, თვითმყოფადი ხმის, რომელიც შემზარავი რეალობის უზუსტეს და ძალიან ლაკონური პროზის ჩარჩოებში მოქცევას წარმატებით ახერხებს”, - წერს პუბლიცისტი დავით გაბუნია. ეს ორი ამონარიდი იმადაც მოვიტანე, რომ ხაზი გამესვა - თამთას არა როგორც იმედისმომცემ დებიუტანტს, არამედ ქართული პროზის ოჯახის გამორჩეულ წევრად განიხილავენ.
„გათვლა” 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს ასახავს. ამ ომს სხვებთან შედარებით „გაუმართლა” - მასზე უკვე რამდენიმე პროზაული ტექსტი შეიქმნა - ზაზა ბურჭულაძის ADIBAS, დავით ქართველიშვილის „სიყვარული და მსხალი”, გურამ მეგრელიშვილის „ირატტა.რუ”, ბესო ხვედელიძის „სოუზაშვილების შეკრება” და „ჯაჭვური რეაქცია”.
თამთა საკუთარ ნაწარმოებში, მსოფლიო ლიტერატურაში უკვე გამოცდილ ხერხს იყენებს - არა ბატალურ სცენებს, არამედ პარალელურად მიმდინარე ცხოვრებას ასახავს. ორი, პუბერტატის ასაკში მყოფი გოგონა, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს და მათგან ერთია მთხრობელი. ოღონდ პერსონაჟი თითქოს საკუთარი მეგობრის პირითაც გვიყვება და ეს მოთხრობის სტილს თავისებურ ხიბლს და სიმძაფრეს სძენს. აღსანიშნავია ენობრივი თამაშები - პრიმიტიული ტავტოლოგიების სიჭარბე და რაღაც ახალი, საავტორო სლენგი.
გამომცემლები წიგნისგან ბევრს ელიან და სხვადასხვა ლიტერატული პრემიების უპირობო ფავორიტად მიიჩნევენ.
მიშა ბახსოლიანი - ყველას უყვარს მარი
ფასი 6.60 ლარი
ეს კრებულში შესული ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. მიშა მოთხრობებს წერს უშუალოდ, ჟარგონებით, ფანტასმაგორიის ზღვარზე - მისი სიუჟეტები საგანგებოდაა დაშლილი, ერთიანი არქიტექტონიკა ავტორისთვის უცხოა, მხოლოდ დაკვირვებული მკითხველი თუ მოხაზავს შესაბამის კონტურებს. იმას, რომ მიშა ბახსოლიანის ნაწარმოებები კარგად იკითხება, ლიტერატურულ პორტალზე მისი ფანების სიმრავლე და კომენტარების სიუხვე მოწმობს. ავტორი პოსტმოდერნული ხერხებით, ირონიულ-პაროდიულად ცდილობს სოციალური პრობლემების გადმოცემას - აქ ნაკლებია განსჯა და მეტია ექსპრესია - საფიქრალს ტექსტი მეორედ წაკითხვისას ბადებს - ამის გამო ვირტუალურ სივრცეში მიშას ხან ტარანტინოს, ხანაც ვუდი ალენის ქართველ მემკვიდრედ განიხილავენ.
დათო ყანჩაშვილი - სიფხიზლის გამო
ფასი 6.55 ლარი
უკვე დაშლილი ჯგუფის, „ვარდისფერი ავტობუსის” წევრი, იორიკის ფსევდონიმით ცნობილი დათო ყანჩაშვილი ორიათასიანელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია. მისი ტექსტები ადრეული წლებიდან დახვეწილობით გამოირჩეოდა. დათოს ლექსს ზოგი სტერილურ ვერლიბრს უწოდებს, რადგან, როგორც წესი, მაქსიმალურად დაწმენდილია ტროპისგან, ყოველდღიურობას ასახავს. თუ ვინმეს ენათესავება ამ მხრივ დათო, უპირველეს ყოვლისა, ლია სტურუას, თუმცა მის ლექსებში კარგად ჩანს ის პრობლემატიკა, რომელიც მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნის პოეტს შეეძლო დაეწერა. ვფიქრობ, დათოს პოეზია კიდევ უფრო ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ XXI საუკუნის ლექსი გაცილებით მეტია, ვიდრე სპონტანური ემოციების დინება.
![]() |
29 არაერთდროულობის ერთდროულობა |
▲back to top |
კულტურა|გამოფენა
ქეთო გიორგობიანი
„გამოფენის მთავარი მიზანი თანამედროვე ხელოვნებაში სიურრეალურის ახლებურად წარმოჩენა, „არაერთდროულობის ერთდროულობის ჩვენებაა”, - განაცხადა Kunsthalle Wien-ის დირექტორმა, გერალდ მატმა ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას ექსპოზიციის წარდგენისას.
Never Sleep With A Strawberry In Your Mouth (არასოდეს დაიძინო მარწყვით პირში) - ამ სახელწოდების გამოფენა ვენაში, MuseumsQuåartier-ის (მუზეუმების უბანი) ერთ-ერთ უდიდეს საგამოფენო სივრცეში, Kunsthalle-ში ხუთშაბათს, 17 თებერვალს გაიხსნა.
ექსპოზიციის ცენტრში, საგანგებოდ გამოფენისათვის შექმნილი, იგივე სახელწოდების ნახევრად ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადის. მისი თემატიკის ირგვლივ ტრიალებს დანარჩენი ექსპოზიციაც - ცვილის ფიგურები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
„ეს ახალგაზრდა ხელოვანი ძალიან დიდ კარიერას აიწყობს”, - განუცხადა ჟურნალისტებს გერალდ მატმა, რომელმაც ანდრო ვეკუა პირველად რამდენიმე წლის წინ, ბერლინის ბიენალესა და ციურიხში შეამჩნია.
ვეკუა 1977 წელს, სოხუმში დაიბადა. 90-იანების დასაწყისში - 15 წლისას - აფხაზეთის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ იქ აღარ დაბრუნებულა. 34 წლის ხელოვანი დღეს ციურიხსა და ბერლინში ცხოვრობს. გერმანული ჟურნალის, Kunstmarkt-ის თქმით, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
ანდროს ნამუშევრები მიგროსის მუზეუმში (ციურიხი), Camden Arts Center-ში (ლონდონი), Gladstone Gallery-ში (ნიუ იორკი) Centre Pompidou-ში (პარიზი), New Museum-ში (ნიუ იორკი) Carnegie Museum of Art-სა (პიტსბურგი) და სხვ. გამოფენილა. ვენასთან ერთად, ვეკუას ექსპოზიცია Kunsthalle Fridericianum-სა (კასელი) და Castello di Rivoli-ში (ტურინი) გამოიფინება. ამასთან დაკავშირებით სამი ნაწილისგან შემდგარი, სამენოვანი (ინგლისური, გერმანული და იტალიური) პუბლიკაცია დაიბეჭდება.
დაახლოებით, 20 ნამუშევრისაგან შემდგარი ექსპოზიცია Kunsthalle-ს რამდენიმე საგამოფენო დარბაზშია გადანაწილებული. პირველი ოთახი თითქმის მთლიანად ეთმობა ინსტალაციას სახელწოდებით My Bike and Your Swamp - ნეონის ჭახჭახა ყვითელ სივრცეში მოთავსებული ნატურალური ზომის ცვილის გოგონა, რომელიც მოტოციკლეტზე ზის და თვალები დახუჭული აქვს - ავტორის ყველა დანარჩენი ფიგურის მსგავსად: ვეკუას თქმით, „ისინი მზერას არ უნდა პასუხობდნენ. თვალების არქონა მათ არასულიერ იერს ანიჭებს და მნახველს საშუალებას აძლევს, ქანდაკება გარკვეული დისტანციიდან აღიქვას”.
გაუცხოების პროცესი დამთვალიერებელსა და ექსპოზიციას შორის დარბაზში შესვლისთანავე იწყება. იმთავითვე ნათელი ხდება, თუ რას გულისხმობდნენ ორგანიზატორები, როდესაც გამოფენის სიურრეალისტურ და სიმბოლისტურ სტილზე საუბრობდნენ. ანდროგენული გარეგნობის ცვილის გოგონა, უკუღმა წამომჯდარი ვერცხლისფრად შეღებილ მოტოციკლეტზე, ნეონის ყვითელ სივრცეში - ერთმანეთთან აზრობრივად სრულიად დაუკავშირებელი კომპონენტების ერთიანობა (ისევე, როგორც გამოფენისა და ფილმის სათაური და შინაარსი) ერთგვარი science fiction-ის ეფექტს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვეკუა საკუთარ ნამუშევრებს „მოგონებებისა და სიზმრების ნაერთად” ახასიათებს, პირველი შთაბეჭდილებით ექსპოზიცია სწორედ მომავალში მოგზაურობის განწყობას ქმნის. ამას ემატება ფილმის საუნდტრეკი, რომელიც მთელ გამოფენას ფონად გასდევს და დისტანციურობის შეგრძნებას ერთიორად ამძაფრებს.
მეორე ოთახი ერთგვარი კინოდარბაზია, სადაც სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ფილმის ჩვენება უწყვეტად მიმდინარეობს. სურათის მთავარი გმირი My Bike and Your Swamp-ის პერსონაჟის მსგავსი, ანდროგენული - თითქმის უსქესო - ნიღბიანი ფიგურაა, რომელიც ზღვისპირა სახლში ოთახიდან ოთახში დადის და სხვა ფიგურებს ხვდება. ფილმის უკანასკნელი კადრი კომპიუტერული ანიმაციის ხერხით შესრულებული, სახლის აივნიდან ზღვის სანაპიროს ხედია, რომლის თავზეც ოქროსფერი დელფინები პედესტალებზე ტრიალებენ - ეს არის ერთადერთი ადგილი მთელ საგამოფენო სივრცეში, სადაც რიგით მნახველს ექსპოზიციაში ავტორის ბიოგრაფიული დეტალების ამოცნობა შეუძლია; არადა საინფორმაციო მასალა გამოფენის შესახებ (ისევე როგორც თავად კურატორი), ვეკუას შემოქმედების თემატიკად მის მშობლიურ ზღვისპირა ქალაქ სოხუმს, ბავშვობასა და ომზე მოგონებებს ასახელებენ.
გამოფენის უმთავრესი (შესაძლოა, ერთადერთიც კი) ნაკლიც ზუსტად ესაა: არასწორად დასმული აქცენტები და ბიოგრაფიაზე ზედმეტად გამახვილებული ყურადღება. ექსპოზიციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი არა ფილმი, არამედ დამთრგუნველამდე ნატურალისტურად შესრულებული ცვილის ფიგურებია. მათი დახუჭული თვალები, გარემომცველი სივრცე - მყვირალა ნეონის ფერებში გადაწყვეტილი მკაცრი გეომეტრიული ფორმები - ფიგურების ბუნებრივ, მოშვებულ პოზებთან კომბინაციაში თანაგრძნობასა და გაუცხოებას ერთდროულად იწვევს.
მესამე ოთახის მთავარი ექსპონატი ვეკუასთვის ჩვეულ სტილში შესრულებული ფიგურაა, რომელიც ლაპლაპა წითელ ზედაპირზე წევს - რა თქმა უნდა, თვალდახუჭული, და თითქოს, მზეს ეფიცხება.
გამოფენის, პრაქტიკულად, ბოლო ექსპონატი მისსავე აფიშად ქცეული ნამუშევარია: ცისფერ ტონებში შესრულებული უსახელო პორტრეტი - თვალების ნაცვლად მოიასამნისფრო ლურჯი ლაქებით.
„საუბარი არა რეალურ ძალადობაზე, არამედ ძალადობის განწყობაზე, საფრთხესა და დამთრგუნველ ატმოსფეროზეა”, - ასე ახასიათებს ანდრო ვეკუა საკუთარ შემოქმედებას, რომელმაც ავსტრიის საზოგადოებასა და პრესაში საკმაოდ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. თუმცა ფაქტია - ვეკუას ნამუშევრების მიმართ გულგრილი არავინ დარჩენილა.
ქართველი ხელოვანის გამოფენა, რომელსაც ავსტრიული გაზეთი Kurier თანამედროვე ხელოვნების Hot Ticket-ს (იგულისხმება სწრაფად გაყიდვადი), Der Standart-ი კი ამომავალ ვარსკვლავს (ციტატა გაზეთიდან: „ein absoluter Shooting Star”) უწოდებს, Kunsthalle Wien-ში 2011 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება.
![]() |
30 ლეგენდარული Château Pétrus |
▲back to top |
გურმანი|ღვინის კლუბი
გიგო მესხიშვილი
პეტრუსი ბორდოს ყველაზე მცირე და გამორჩეული სუბრეგიონიდან, პომროლიდანაა. აქ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ღვინოებს წურავენ. ამ ერთ ციცქნა მიწაზე წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ღვინოები დგება. ძირითადი ჯიში მერლოა, ხშირად ურევენ კაბერნე ფრანსაც.
Château Pétrus პომროლის ყველაზე სახელოვანი შატოა. მის განსაკუთრებულობას პირველ რიგში ნიადაგი ქმნის (პეტრუსის ვენახებს სულ რაღაც 11,5 ჰექტარი უკავია), რომელიც თავისი შემადგენლობის გამო ღამე ადვილად გრილდება. ეს მერლოს ჯიშს საშუალებას აძლევს დამწიფება გაუხანგრძლივდეს (იგი საადრეო ჯიშად ითვლება). ამის გამო, ღვინო უფრო მდიდარი დგება.
პეტრუსში ვაზის საშუალო ასაკი 50-55 წელია და 18 წლამდე ვაზიდან მოკრეფილი ყურძენი ღვინოში საერთოდ არ გამოიყენება. მოკრეფის გადაწყვეტილებას ბორდოს ტრადიციული „ანალიზის” შემდეგ იღებენ, წიპწების შემოწმებით. თუკი წიპწა ადვილად გაიკვნიტება და ნუშის გემო აქვს, ე.ი. რთველის დროა, თუ ცუდად გაიკვნიტება და მწარე გემოსია, ე.ი. ჯერ ადრეა. ძალზე აქტიურად იყენებენ ე.წ. მწვანე რთველს - მოსავლის ხელოვნურად შემცირებას, რათა დარჩენილმა მტევნებმა მეტი ის ნივთიერება მიიღონ, რომელიც უმთავრესია ღვინისთვის და შემდგომში მის ხასიათს აყალიბებს. მოსავალი მცირდება, სამაგიეროდ, ღვინის კონცენტრაცია იზრდება.
პეტრუსის უნიკალურობა არა მხოლოდ ნიადაგსა და კლიმატში, არამედ ტექნოლოგიაშიც მდგომარეობს. აქ ღვინოს კლერტის გამოცალკევებით წურავენ, რადგან იგი ღვინოს ბალახეულის უხეშ გემოს აძლევს. დაწურვის შემდეგ პირდაპირ ალკოჰოლური დუღილი, ფერმენტაცია იწყება, დღეში სამჯერ დარევით. ფერმენტაციის დასრულების შემდეგ კი, პოსტფერმენტაციული მაცერაციის დრო დგება, რომელიც გულისხმობს დუღილის შემდეგ ღვინის ჭაჭასთან დატოვებას, რათა გემო და ფერი საბოლოოდ დაიხვეწოს და ჭაჭიდან მეტი პიგმენტი და სხვა ნივთიერება გამოვიდეს.
მთლიანობაში დუღილი და პოსტფერმენტაციული მაცერაცია 2-3 კვირას გრძელდება. როცა მეღვინე ჟან კლოდ ბერუე შატოში მივიდა, მაცერაცია ბეტონისა და მუხის კასრებში ხდებოდა. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბეტონს უკეთესი თერმული ინერტობა ჰქონდა და შატოს მესვეურებს ყურადღება მასზე შეუჩერებიათ. ვაშლმჟავა-რძემჟავული ფერმენტაცია ყოველ წელს ტარდება და ამას იმავე როფებში აკეთებენ, სადაც ღვინო ალკოჰოლურ ფერმენტაციას გადის.
ძირითადად ახალ კასრებს იყენებენ (70-80%25), რაც სასმელს ვანილის და სხვა კეთილშობილ სურნელებს ანიჭებს და ღვინის გამოკვეთილ სტრუქტურას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ქმნის. კასრების დარჩენილი 20-30%25 ერთწლიანია. ეს იმიტომ, რომ ძლიერი მუხის ტონები აიცილონ თავიდან. კასრებში დავარგების ხანგრძლივობას ყოველთვიური დეგუსტაციით იგებენ. მუხაში ძირითადად 1-2 წელს აჩერებენ.
ცალკე თემაა ასამბლაჟი, როცა მერლოსგან დაწურულ ღვინოს კაბერნე ფრანსაც ურევენ, თუმცა ეს ყოველთვის როდი ხდება - მხოლოდ გარკვეულ, ე.წ. ყველაზე „მწიფე წლებში”, რათა ღვინოს მეტი ხასიათი მიეცეს (ფრანი სუნელების ტონებს მატებს ღვინოს). ასამბლაჟისას, კაბერნე ფრანს ყოველ წელს სხვადასხვა რაოდენობით ურევენ. სხვათა შორის, შატოს მფლობელი, კრისტიან მუექსი და მთავარი მეღვინე, ჟან კლოდ ბერუე ასამბლაჟის დასრულებისთანავე ივიწყებენ ზუსტ პროპორციებს. ყველამ კარგად იცის, რომ მომავალ წელს ეს პროპორცია არაფერში დასჭირდებათ იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სხვა შეხამება იქნება საჭირო, ანდა ფრანს საერთოდ არ გაურევენ.
![]() |
31 ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს გრატენი |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
4 ულუფა
მასალა:
350 გრ. ბროკოლი
350 გრ. ყვავილოვანი
კომბოსტო
200 გრ. არაჟანი
2 კვერცხი
50 გრ. რძე
100 გრ. გახეხილი მოცარელა
მარილი
შავი პილპილი
ჯამში 10 ლარი
მომზადების წესი:
მდუღარე წყალში ჩაყარეთ მარილი, მოწალეთ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. მოწალული ბოსტნეული გააგრილეთ და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
200 გრ. არაჟანში შეურიეთ 2 კვერცხი და კარგად გადაურიეთ, დაუმატეთ 50 გრ. რძე, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
მიღებული მასა მოასხით ჭურჭელში მოთავსებულ ბროკოლსა და ყვავილოვან კომბოსტოს. მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და შედგით ღუმელში 20 წუთით 200 გრადუსზე.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03 ).