![]() |
ტაბულა №56 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გამყრელიძე ნორა, ბასილაია მიხეილ, დანჟანი არნო, უგულავა სალომე, აბაშიძე ელენე, სუთიძე ლევან, თოდუა მაია, კვანჭილაშვილი ელენე, თავხელიძე მიშა, ჩერგოლეიშვილი თამარ, ტურაშვილი თეონა, ქორიძე ავთო, გოგიბერიძე ნინი, ხორგუაშვილი ზვიად, ელერდაშვილი ვახო, ბაძაღუა ივანე, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ბარათაშვილი ბიძინა, კლდიაშვილი თინათინ, ესებუა ნიკა, მაყაშვილი ანა, გოგიბედაშვილი დავით დეფი, ბურჭულაძე ზაზა, სართანია ნათია, ჯაფარიძე თეონა, ხარბედია მალხაზ, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|16 - 22 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„თუ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“.
ქართული პარტიის ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისელებს აშშ-ის საელჩოსთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს „გონს მოგება“ ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ საქართველოში დაბრუნდება და „არავის დაინდობს“. 10 მაისი
„ახალი წარმომადგენლობის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების და დროებითი ეროვნული საბჭოს დახმარებაა. ჩვენი მიზანია ხალხის თხოვნა შევასრულოთ. გვსურს, მათ დახმარება გავუწიოთ განათლების, ჯანდაცვის და უსაფრთხოების კუთხით“.
ევროკავშირი ლიბიელი ოპოზიციონერების მიერ კონტროლირებად ქალაქ ბენღაზიში თავის წარმომადგენლობას გახსნის, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა. 11 მაისი
„როგორც ადამიანი, შესაძლოა, ბინ ლადენი თანაგრძნობას და შენდობასაც კი იმსახურებს, თუმცა შენდობა არ ნიშნავს იმის დავიწყებას, რაც მოხდა. თუ რამე სერიოზულია და აუცილებელია საპასუხო ზომების მიღება, უნდა მიიღო საპასუხო ზომები“.
ბუდისტების სულიერმა ლიდერმა, დალაი-ლამამ ამერიკელ სტუდენტებთან საუბრისას ალ-ყაიდას ლიდერის, ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე გააკეთა კომენტარი. 10 მაისი
„ბევრი ფიქრის, გააზრების, განხილვისა და ლოცვის შემდეგ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე ერთად მივედით“.
არნოლდ შვარცენეგერმა და მისმა მეუღლემ, მარია შრივერმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს „მეგობრულად შორდებიან“. 10 მაისი
![]() |
2 კვირა |
▲back to top |
7 მაისი
ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა ავია კატასტროფა განიცადა. ბორტზე 25 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ სორონგოდან პაპუას აღმოსავლეთ პროვინციაში მიფრინავდა, დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოვარდა. ლაინერი ტექნიკურად გამართული იყო, კატასტროფა კი უამინდობამ გამოიწვია.
8 მაისი
დაღესტანში, ყიზლარის რაიონში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა შვიდი ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, ისინი „უკანონო დაჯგუფების“ წევრები იყვნენ. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა რუსეთის პოლიციის განსაკუთრებულ დანიშნულებათა რაზმის სამი წევრი.
9 მაისი
სან-მარინომ, შესაძლოა, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ადგურ ხარაზიამ გააკეთა.
სააგენტო Millward Brown-ის კვლევის მიხედვით, კომპანია Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია. ამ მაჩვენებლით Apple-მა კომპანია Google-ს გაუსწრო. ეს უკანასკნელი, ბოლო ოთხი წლის მანძილზე მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სიას ლიდერობდა. კვლევის ავტორების თქმით, Apple-ის ღირებულებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 84 პროცენტით აიწია. სპეციალისტების შეფასებით, ის 153 მილიარდი დოლარი ღირს.
უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ნაციონალისტური პარტია - თავისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლა სცადეს. პარტიის აქტივისტებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ოფიციალურ პირებს ლვოვში დიდების გორაკთან მისვლაში ხელი შეუშალეს. ნაციონალისტების თქმით, მათი აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ გამარჯვების დღეს ლვოვში წითელი დროშები გამოფინეს.
10 მაისი
სირიის ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო ევროკავშირმა სირიას სანქციები დაუწესა. მათ შორის არის ემბარგო იარაღის მიწოდებაზე. გარდა ამისა, სირიის ხელისუფლების 13 წარმომადგენელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ხოლო მათი ევროპული აქტივები გაიყინა. სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს 600-დან 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
კომპანია Microsoft-მა დაადასტურა, რომ ინტერნეტ სატელეფონო სერვის Skype-ს 8.5 მილიარდ დოლარად შეიძენს. ანალიტიკოსების აზრით, Skype-ის ყიდვით Microsoft-ი ვიდეო კონფერენციის სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეს Microsoft-ის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. Skype-ს მსოფლიოს მასშტაბით 663 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, არალეგალურ გარიგებებში ჩართულ 5 ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეეფარდა. ესენი არიან საფეხბურთო კლუბ ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, ზუგდიდის ბაიას ფეხბურთელები - როინ ონიანი და ლევან ვართაგაშვილი და საფეხბურთო კლუბ სამტრედიის ფეხბურთელები - სპარტაკ გოგია და ზაზა კირთაძე. ამ საკითხზე აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრი ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.
11 მაისი
ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრეჰემმა აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც ვაშინგტონის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. დოკუმენტში სენატორები მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ამერიკელი სენატორების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას აშშ-ის სენატის კომიტეტებში განიხილავენ და, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაამტკიცებენ.
მაროკოელმა იმამმა გამოაქვეყნა ფატვა (რელიგიური ბრძანებულება), რომელიც ნეკროფილიას ისლამური რელიგიისთვის მისაღებ ქმედებად - ჰალალად აცხადებს. იმამ ზამზამი აბდელბარის თქმით, ქმარს უფლება აქვს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდეს თავის გარდაცვლილ მეუღლესთან. მან ასევე დასძინა, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ცოლსაც აქვს უფლება, დაამყაროს სქესობრივი კავშირი თავის ქმართან. იმამმა ვერ დააკონკრეტა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა აღნიშნა, რომ ნეკროფილია, ჰალალის მიუხედავად, „საზიზღარი საქციელია, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ“.
12 მაისი
კანში ყოველწლიური კინოფესტივალი გაიხსნა. წელს ფესტივალის ჟიურის ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობს. კინოფესტივალი ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის ახალმა ფილმმა „შუაღამე პარიზში“ გახსნა, რომელშიც ეპიზოდური როლი საფრანგეთის პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნიმ ითამაშა.
ლიტვის გენპროკურატურა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაკითხვას გეგმავს. გორბაჩოვს დაკითხვაზე 1991 წლის 13 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით იბარებენ. 90-იანი წლების დასაწყისში ლიტვის უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციური უწოდა. საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ვილნიუსში ჯარი შეიყვანა. მასობრივ შეტაკებებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 600-ზე მეტი კი დაიჭრა.
13 მაისი
რუსეთის სპეცსამსახურები დარწმუნებულები არიან, რომ დოკუ უმაროვი ცოცხალია და საქართველოში, პანკისის ხეობას აფარებს თავს, იუწყება რუსული მედია. ჩეჩნეთის სპეცსამსახურები კი ირწმუნებიან, რომ დოკუ უმაროვი საქართველოში კი არა, თურქეთში, საკუთარი ძმის სახლშია. ქართულმა მხარემ კომსომოლსკაია პრავდას მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
3 გაყრა შოტლანდიურად |
▲back to top |
არენა
ნორა გამყრელიძე, მიხეილ ბასილაია
5 მაისის შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნები სენსაციურად დასრულდა - შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე ნაციონალურმა პარტიამ გაიმარჯვა. მან 129 ადგილიდან 69 მიიღო, ერთი თვის წინ, რეიტინგით, ლეიბორისტულ პარტიას 10 პროცენტზე მეტით ჩამორჩებოდა. შოტლანდიის პარლამენტის 12-წლიანი არსებობის მანძილზე, უმრავლესობა არავის მოუპოვებია. კრახი განიცადეს ლეიბორისტებმა - სულ 37 ადგილი მიიღეს.
1980-იანი წლებიდან, შოტლანდია ლეიბორისტების რეგიონად ითვლებოდა, ახლა კი ვერც ახლანდელი ლიდერის, ედ მილიბენდისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის ვიზიტებმა უშველეს. პარტიის შოტლანდიური განშტოების ლიდერმა იან გრეიმ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ლეიბორისტებს უელსის არჩევნებში გამარჯვებით შეუძლიათ თავის ნუგეში, თუმცა 60-დან 30 ადგილი ერგოთ და უმრავლესობამდე ერთი ადგილი დააკლდათ.
შოტლანდიური არჩევნები სახარბიელოდ არც კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატებისთვის დასრულებულა - შესაბამისად, 15 და 5 ადგილი მოიპოვეს. მწვანეებმა ორი ადგილის მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატს ერგო.
სეპარატისტული ძალების საარჩევნო წარმატებამ შოტლანდიის დამოუკიდებლობის იდეას ახალი სული შთაბერა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადჰყოფს, რომ ვითარება არც ისე ცალსახაა - ნაციონალური პარტიის პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო კლებულობს დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის მომხრეთა რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ 50%25-ზე მეტი ხმა მიიღო, მის მთავარ საპროგრამო ამოცანას, შოტლანდიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, მხოლოდ ამომრჩეველთა მეოთხედზე ოდნავ მეტი უჭერს მხარს. ეს მაშინ, როცა ინგლისსა და უელსში ამომრჩეველთა 41%25 მიიჩნევს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, თავისი პრაგმატიზმით ცნობილი სალმონდი რეფერენდუმის გამართვას 2015 წლამდე არ ჩქარობს. თეორიულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგის დაბლოკვა შეუძლია, მაგრამ რეალურად, მათ სურვილს წინ ვერ დაუდგება.
შოტლანდიურ ნაციონალიზმს გრძელი ისტორია აქვს. ინგლისელი მეფეები კუნძულის გაერთიანებას მე-13 საუკუნიდან ცდილობდნენ. ნაციონალიზმის გამოვლინებაა 1320 წლის არბროთის დეკლარაცია, რომლითაც მეფე რობერტ ბრიუსის დროს, შოტლანდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფო 1707 წლის კავშირის აქტით დაფუძნდა, დაშლის რეალური საფრთხის წინ კი მხოლოდ 1746 წელს, კალოდენის ბრძოლის წინ იდგა. თანამედროვე შოტლანდიური ნაციონალიზმი მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს. მის განვითარებაში რობერტ ბერნსმა და უოლტერ სკოტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. 1850-1934 წლები შოტლანდიური ნაციონალიზმის აღმავლობის ხანაა, რომელიც 1934 წელს, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის შექმნით დასრულდა. მიზანი შოტლანდიელთათვის ავტონომიის გაზრდა იყო, თუმცა 1934-1979 წლებში წარმატებას ვერ მიაღწიეს. მიზეზი მეორე მსოფლიო ომი, შემდგომი განახლების პერიოდი და ეკონომიკური განვითარება იყო. 1970-იანი წლებიდან შოტლანდიური ნაციონალიზმი ისევ აღმავლობის გზაზეა, რისი მიზეზებიც, ბრიტანეთის ეკონომიკური პრობლემები და ნავთობია. 1970-იანი წლების დასაწყისში, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს. 1973 წელს მსოფლიოში ნავთობის კრიზისი დაიწყო - ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ შავი ოქროს ფასი გააოთხმაგა. ნავთობი შოტლანდიელებისათვის ერთ-ერთ საკვანძო პოლიტიკურ ასპექტად იქცა. 1970 წელს შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებზე, შოტლანდიაში ხმათა 11%25 მოაგროვა. 1974 წელს, ნავთობის მსოფლიო კრიზისის შემდეგ კი - 30%25-ზე მეტი მიიღო.
1979 წელს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი გახდა. შოტლანდიის ეკონომიკა, 1970-იან წლებამდე, მძიმე მრეწველობაზე იყო დაფუძნებული. დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, ძლიერი იყო პროფკავშირები. თეტჩერმა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია მოახდინა და პროფკავშირები დაასუსტა. 1980-იანი წლების დასაწყისში, შოტლანდიაში გაიზარდა უმუშევრობა, მოსახლეობის უკმაყოფილებამაც იმატა. მართალია, თეტჩერის რეფორმებმა შოტლანდიას ეკონომიკური დივერსიფიკაცია და განვითარება მოუტანა, თეტჩერიზმი რეგიონში ყველაზე არასასურველ პოლიტიკურ ტერმინად იქცა. ადგილობრივი პოლიტიკური პარტიები ანტითეტჩერულ რიტორიკაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 2008 წელს, ალექს სალმონდს წამოსცდა, რომ მისი პარტია თეტჩერიზმის ეკონომიკური ასპექტების წინააღმდეგი არ იყო. სალმონდმა კონკურენტების რისხვის ასაცილებლად, მეორე დღესვე ერთ-ერთ რადიოგადაცემაში დარეკა და საკუთარი ნათქვამი შეასწორა.
შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი ალექს სალმონდი
ფოტო: REUTERS ©
შოტლანდიის ნაციონალური პარტია კონსერვატიული და სოციალისტური იდეოლოგიების უცნაური ჰიბრიდია.
ანტითეტჩერიზმმა და ნავთობმა, შოტლანდია გაფართოებულ ავტონომიამდე მიიყვანა. ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა, 1997 წელს ტონი ბლერის პრემიერობის დროს გადაწყდა. 1999 წელს პირველი არჩევნებიც გაიმართა. შოტლანდიელებმა საკუთარ რეგიონში განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებზე ექსკლუზიური უფლებები მიიღეს. თუმცა უფლებებისა და დაფინანსების პარალელურად, მათ პასუხისმგებლობები არ გადმოუბარებიათ. 2010 წელს ქვეყანამ ლონდონისგან 32 მილიარდი გირვანქის მოცულობის გრანტი მიიღო. შოტლანდიის საბიუჯეტო დეფიციტმა გასულ წელს 4 მილიარდი გირვანქა შეადგინა.
შოტლანდიის მთავრობის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე 9,600 გირვანქას უდრის (უელსი - 9,200 და ჩრდილოეთ ირლანდია - 10,000), ეს გაერთიანებული სამეფოსა და ინგლისის საშუალო მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 1,400 და 1,600 გირვანქით მეტია. ინგლისის შედარებით ღარიბ, ჩრდილოეთ რეგიონებში საჯარო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 8,100 გირვანქას უდრის. ლონდონისგან მიღებული ფინანსებით შოტლანდიას, განათლებისა და სოციალურ სფეროებში დამატებითი სახელმწიფო პროგრამების გატარება შეუძლია.
დეფიციტის საპასუხოდ კი შოტლანდიელებს ნავთობის არგუმენტი აქვთ - სალმონდი თვლის, რომ ბრიტანეთის ნავთობის ბიზნესისგან წილს არასამართლიანად იღებენ, თორემ ბიუჯეტს 600-მილიონიანი პროფიციტი ექნებოდა. თუმცა, გათვლები 2009 წლის მონაცემებზეა დაფუძნებული, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარს აღწევდა. შოტლანდიის ბიუჯეტს დეფიციტი არ ემუქრება, თუ ნავთობის ფასი, ბარელზე, სულ მცირე, 120 დოლარი იქნება (2011 წლის მაისისთვის დაახლოებით 110 დოლარია).
ამას გარდა, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის რეზერვები იწურება. 1999 წლისათვის ბრიტანეთი ნავთობის რიგით მე-6 მომპოვებელი იყო მსოფლიოში, ახლა კი მე-12 ადგილზეა. 1999 წელს ნავთობის მოპოვების პიკი იყო, დღეში 4.5 მილიონ ბარელ ნავთობს იღებდნენ, თუმცა მას შემდეგ პროდუქციამ 40%25-ით იკლო.
1970-იანი წლების შემდეგ, აღმოჩენილი მარაგის დაახლოებით ორი მესამედი უკვე გაიხარჯა (ოპტიმისტური გათვლებით, რეზერვები ჯამში 25 მილიარდ ბარელს აღწევს), დარჩენილი რესურსების მოპოვება კი, მათი ადგილმდებარეობისა და სხვა ბუნებრივი თუ ტექნოლოგიური მიზეზების გამო, გართულებულია. დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შოტლანდიას ნორვეგიად ქცევა არ ემუქრება.
შოტლანდიელებს დამოუკიდებელ ქვეყნად ქცევაზე უფრო, მეტი უფლებამოსილებების მიღება უნდათ. ბოლო წლების მანძილზე, დამოუკიდებლობის საკითხი, ყველაზე პოპულარული 2007 წელს, რეგიონული არჩევნების წინ იყო. იანვრიდან მარტის ჩათვლით, დამოუკიდებლობას, გამოკითხულთა 40%25-ზე მეტი ემხრობოდა. წლის ბოლოსთვის მათი რეიტინგი 30%25-მდე დაეშვა.
დამოუკიდებლობის სურვილზე უარყოფითი გავლენა 2009 წლის ფინანსურმა კრიზისმა მოახდინა. მაშინ ბრიტანეთის მთავრობამ შოტლანდიის სამეფო ბანკს, Lloyds-სა და HBOS-ს ჯამში 37 მილიარდი გირვანქა გამოუყო. დამოუკიდებლობის შემთხვევაში, შოტლანდიას ირლანდიისა და ისლანდიის მსგავსი საბანკო სექტორის კატასტროფა არ აცდებოდა.
შოტლანდიელები იმედოვნებენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებით, ევროკავშირში პირდაპირ მოხვდებიან. თუმცა ბრიუსელის პოზიციის მიხედვით, ევროკავშირში გაერთიანებული სამეფო, შოტლანდიის გარეშე დარჩება, ამ უკანასკნელმა კი წევრობის განაცხადი თავიდან უნდა შეავსოს. მართალია, შოტლანდია ევროკავშირის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ გართულებული და ავსტრალიაში, სახელმწიფოს მეთაურად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩაითვლება,
დამოუკიდებლობაზე მინიშნებებმა ლონდონში აურზაური გამოიწვია. კამერონის მრჩევლებს, შოტლანდიაში პრემიერის განსაკუთრებული ვიზიტის ორგანიზება სურთ. საუბრობენ კონსერვატორების პოლიტიკურ პროგრამაში მნიშვნელოვან ცვლილებებზეც. შესაძლებელია, რომ სალმონდი დამოუკიდებლობაზე აპელირებით, პოლიტიკურ ვაჭრობაში უპირატესობის მოპოვებასა და ლონდონიდან დამატებითი ფინანსების მიღებას ცდილობდეს.
პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ არ სურს, გაერთიანებული სამეფოს უკანასკნელი პრემიერი იყოს. რეალური პოლიტიკური ალტერნატივები საარჩევნო ეიფორიის გასვლის შემდეგ გამოჩნდება. კამერონსა და მის გუნდს კი ნებისმიერ შემთხვევაში მოუხდებათ მთელი თავიანთი პოლიტიკური გამოცდილების მოხმობა. პირველ რიგში, კონსერვატორებს შოტლანდიის პარლამენტში უმრავლესობის მქონე სალმონდის გაზრდილი ფინანსური მადის დაკმაყოფილება მოუწევთ. დამოუკიდებლობის საკითხი მათზე დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული.
![]() |
4 ინტერვიუ არნო დანჟანთან |
▲back to top |
პოლიტიკა
ჩვენ გულუბრყვილოები არა ვართ
ევროპარლამენტის თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, არნო დანჟანი, მაისის დასაწყისში თბილისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) მოინახულა. ტაბულა მას ვიზიტის მიზნებზე, EUMM-ის მნიშვნელობაზე, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
როგორ შეაფასებდით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მისია უფრო ეფექტიანი გახდეს?
ვფიქრობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საქართველოში. პროფესიონალი და გონიერი ხალხი მუშაობს. მათ იციან, როგორ აკეთონ საქმე. ამ თვალსაზრისით, ის წარმატებული მისიაა. მისიის მიერ 2008 წლის სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად დაკისრებული მანდატის შესრულებას, რაც ტექნიკურად და პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანია, დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მე, როგორც ფრანგი, ამას საგანგებოდ ვაკვირდები, ვინაიდან ეს შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა.
ევროკავშირს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თერთმეტი ასეთი მისია აქვს, მათ შორის საქართველოში. ჩემთვის, როგორც იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო სადამკვირვებლო მისიებს, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ადგილზე მენახა მისიის მუშაობა და მომესმინა საქართველოს ხელისუფლების მოსაზრება მის შესახებ.
ევროკავშირს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თერთმეტი ასეთი მისია აქვს, მათ შორის საქართველოში. ჩემთვის, როგორც იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო სადამკვირვებლო მისიებს, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ადგილზე მენახა მისიის მუშაობა და მომესმინა საქართველოს ხელისუფლების მოსაზრება მის შესახებ.
პრობლემები, რასაკვირველია, არსებობს. მთავარი სირთულე ის არის, რომ მისიას ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს არ უშვებენ. ცხადია, ვიცით, რომ ამ პრობლემის მოგვარების გასაღები თბილისში კი არა, მოსკოვში დევს, ამიტომაც შეთანხმების სრულად შესრულებას რუსეთისგან ვითხოვთ.
მისია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სიტუაციის საიმედო შეფასებასა და პოტენციური დაძაბულობის განმუხტვაში. მაგალითად, 2009 წელს, რუსეთი ჭორებზე დაყრდნობით რომ აცხადებდა, ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველო სამხედრო ძალას ზრდისო, მისიამ უტყუარი ინფორმაციის მოწოდებით ამ დაძაბულობის განმუხტვა შეძლო.
ჩემთვის ეს ყველაზე ღირებული არგუმენტია, მისიის საქმიანობის გასაგრძელებლად. ამისათვის გამოცდილი პერსონალია საჭირო, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს და პროფესიონალურად ეკიდება თავისი საქმის ყველა ასპექტს. ის, რაც მე ვნახე, ვფიქრობ დამაკმაყოფილებელია. ასეთივეა საქართველოს ხელისუფლების შეფასებაც.
სარკოზის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება ახსენეთ. რამდენად თანმიმდევრულები არიან ევროპელები თავიანთი პრინციპების დაცვაში? რუსეთი ექვსპუნქტიან შეთანხმებას არღვევს, თუმცა ეს ევროპელებს ხელს არ უშლის, ამ ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი ევროპულ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. ხომ არ მიეცა ეს შეთანხმება დავიწყებას?
მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ - მთლიანად ევროკავშირს და, უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტს - მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და კარგად გვესმის თბილისის წუხილი ამ დოკუმენტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ყოველ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით იღებს, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ევროკავშირის დიალოგი რუსეთთან, რასაკვირველია, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს - ენერგეტიკას, ვაჭრობას, პოლიტიკურ ასპექტებს, ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ რეფორმებს და, რა თქმა უნდა, საქართველოში ამ კონფლიქტის საკითხს. ამიტომ, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს საკითხი მივიწყებულია ან მეორე რიგის პრიორიტეტად იქცა.
ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ევროპელები ხანდახან, თავიანთთვის სხვაგვარ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ცდილობს, ეს კონფლიქტი მეორეხარისხოვან საკითხად აქციოს. ამისთვის კრემლი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. მაგრამ ჩვენ გულუბრყვილოები არა ვართ.
საქართველოს კონფლიქტი მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ვფიქრობ, ხელიდან არ უნდა გავუშვათ არც ერთი შესაძლებლობა და რუსეთს მისი ვალდებულებები შევახსენოთ.
ბევრი საუბრობს განსხვავებულ მიდგომებზე ძველ ევროპელებსა და ახალ ევროპელებს შორის. სუფევს თუ არა ერთსულოვნება ევროკავშირში რუსეთთან ან თუნდაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით?
არ ვიქნებოდი მართალი, მეთქვა, რომ აღქმაში განსხვავებები არ არსებობს. როდესაც საქმე რუსეთს და საქართველოში კონფლიქტებს ეხება, ჩვენი კოლეგები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან პრიორიტეტებს სხვაგვარად განსაზღვრავენ. მათთვის ზემოაღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია და მიაჩნიათ, რომ ჩვენ, ძველი ევროპის წარმომადგენლები, გულუბრყვილო მიდგომას ვიჩენთ რუსეთის პოლიტიკისადმი, რომ ვივიწყებთ ჩვენს პრინციპებს და ღირებულებებს. ისინი თვლიან, რომ რუსეთისადმი უფრო მკაცრი თუ არა, უფრო რეალისტური მიდგომა უნდა გვქონდეს. ამრიგად, განსხვავებული მიდგომები ნამდვილად არსებობს.
საქმე ის გახლავთ, რომ ევროპარლამენტი არა მხოლოდ ეროვნული მიდგომების, არამედ იდეოლოგიური პარტიული ინტერესების და ცალკეული პიროვნებების ინდივიდუალური მიდგომების ნაზავია. ამიტომ, მიდგომა ცალსახა არ არის, ის მუდმივად იცვლება.
ავღანეთის მისიაში, ასევე ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობის გამო, პრიორიტეტებსა და დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები ხდება. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია. მე ასე არ მგონია და ვფიქრობ, რომ მომდევნო ევროპული რეზოლუცია საქართველოზე ამის დასტური იქნება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას საქართველოში ოკუპაცია უწოდა. სენატში მზადდება რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს ოკუპაციის დასრულებისაკენ მოუწოდებენ. არ არის გამორიცხული, კონგრესმაც მიიღოს მსგავსი რეზოლუცია. თუ არის შესაძლებელი, მსგავსი რეზოლუცია ევროკავშირმაც მიიღოს იმ განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც მასში არსებობს?
რეზოლუციის ტექსტის წინასწარ შეფასება არ მინდა. ჯერ პროექტიც არ შემუშავებულა. ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. რეზოლუციის შემუშავება ჩვენს პოლონელ კოლეგას ევალება. ამ რეზოლუციის განხილვაში, მე აქტიურად ვიქნები ჩართული. რეალობის ოკუპაციად კვალიფიცირების საკითხი, დებატების თემა იქნება.
ერთი მხრივ, რეზოლუციამ რეალობა უნდა ასახოს. მეორე მხრივ, საკითხავია, მოუტანს თუ არა ასეთი ახალი კვალიფიკაცია მიმდინარე პროცესს დადებით შედეგს, რადგან საქმემ წინ უნდა წაიწიოს და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა უნდა გამოჩნდეს. ამრიგად, ეს საკითხი, ალბათ, საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დებატების ძირითადი თემა იქნება.
ევროპა გადაღლილია ბოლოდროინდელი გაფართოებით. როდის არის ევროკავშირის გაფართოების მომდევნო რაუნდი მოსალოდნელი?
ევროკავშირის გაფართოება ძალზე მგრძნობიარე საკითხია. ევროპას რიგი ქვეყნების - ბალკანეთის ქვეყნებისა და ალბანეთის - წინაშე ვალდებულებები აქვს ნაკისრი. თუმცა მათ შორის მხოლოდ ხორვატიაა თითქმის მზად და ამჟამად, ევროკავშირში სერიოზული დებატები ამ საკითხზე არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება შემდგომ გაფართოებას, ევროპის ინსტიტუტებში და ევროკავშირის ქვეყნებში, თქვენ როგორც აღნიშნეთ, გადაღლილობა შეიმჩნევა, თითქოს მადა დაკარგეს. ეროვნული პოლიტიკური მიზეზების გარდა, ეს ღრმა მონეტარული და ფინანსური კრიზისითაც არის გამოწვეული.
ახლა ყველა ამ კრიზისიდან გამოსვლაზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად ევროკავშირის რეფორმირება, ევროპულ ინსტიტუტებს შორის ახალი ბალანსის დამყარების პროცესი მიმდინარეობს.
ამრიგად, ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა ევროპის გაფართოების პროცესს აფერხებს. შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, კარი ახალი წევრებისათვის კვლავ ღიაა, მექანიკურ დონეზე - გაფართოებაზე მუშაობა გრძელდება, ხოლო შუალედურ, პოლიტიკურ დონეზე - ეს სამუშაო გაყინულია.
ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?
ამ საკითხზე აზრი იყოფა. განცდა მაქვს, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა იზიარებს საფრანგეთის პოზიციას, რომელიც თურქეთის სრულფასოვანი გაწევრიანების წინააღმდეგია, თუმცა ეს ქვეყნები საფრანგეთის პოზიციას არიან ამოფარებულები. თურქეთი ისედაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, NATO-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი.
ამ ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რაც ჩვენს ინტერესებში შედის, მაგრამ არა მგონია, ეს ევროკავშირში მის ავტომატურ სრულფასოვან ინტეგრირებას ნიშნავდეს. ევროკავშირი მხოლოდ ვაჭრობის საერთო წესებითა და საერთო ბაზრით არ შემოიფარგლება. იგი საერთო პოლიტიკურ პერსპექტივასაც მოიცავს.
არა მგონია, ჩვენ და თურქეთს ერთიანი სტრატეგიული ხედვა გვქონდეს. ამის მაგალითი ირანია, რაზეც ჩვენი შეხედულებები აშკარად განსხვავდება. ეს კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. ამიტომ, სჯობს, ერთად ვიმუშაოთ. თურქეთმაც და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. არც ერთი მხარე არ უნდა აჩქარდეს. ვიმუშაოთ და შემდეგ, გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება ჯობია.
ორიოდე სიტყვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენები რეგიონში არსებულ მყიფე მშვიდობაზე?
პირველ რიგში, მივესალმები დემოკრატიულ რევოლუციებს, რაც ტუნისსა და ეგვიპტეში უკვე მოხდა და იმედია, ლიბიაშიც მალე იქნება, თუმცა იქ სამოქალაქო ომი გვაქვს გასავლელი. დემოკრატიული ძალების გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია.
თუმცა შემაშფოთებელია ეგვიპტეში გამოვლენილი სენტიმენტები ისრაელის მიმართ - ისრაელის უსაფრთხოება და მისი არსებობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. იმედი მაქვს, ის გონივრული ნაბიჯები, რომელთა მომსწრეც ამ რეგიონში ვიყავით, არ გადაიზრდება უკვე არსებული შეთანხმებების გადასინჯვის მცდელობაში. ეს განსაკუთრებით ეგვიპტესა და იორდანიას ეხება.
თავის მხრივ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ისრაელმაც უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ჯერჯერობით ეს ქვეყანა საკმაოდ ფრთხილად იქცევა. იგი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და უფრო პროაქტიური უნდა იყოს ამ პროცესში, მიესალმებოდეს დემოკრატიულ რევოლუციებს და ახალ ხელისუფლებებთან ურთიერთობების დამყარება სცადოს.
![]() |
5 პარიზელი ზეინკალი |
▲back to top |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ქართული ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ანტიამერიკული რიტორიკა გაააქტიურა. რევოლუციურად განწყობილი ქართული პარტია, 16 მაისს აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციის მოწყობასაც აპირებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, თავს პარიზიდან გვახსენებს. მისი თქმით, 16 მაისის დემონსტრაციის მიზანი „სათავეში მისვლა“ და „ონკანის გადაკეტვაა“. ონკანში ოქრუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გულისხმობს, საიდანაც, თურმე, „ის ნიაღვარი მოდის, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება“. მეტიც, მისი განცხადებით, თუ რუსები ტერიტორიებს გვართმევენ, ამერიკელებს ჩვენგან თავისუფლება მიაქვთ.
აშშ-ის კრიტიკაში თანაგუნდელს მოგვიანებით მხარი ეროსი კიწმარიშვილმაც აუბა. მან განაცხადა, რომ მის პარტიას და ქართველ ხალხს, არანაირი სურვილი არ აქვთ, „ცეკას ინსტრუქტორები სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით ჩანაცვლდნენ“.
ეს პოზიცია ოპოზიციონერთა მეორე ნაწილმა გააკრიტიკა. გასულმა კვირამ ურთიერთთავდასხმებში ჩაიარა. ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ყოფილი მოკავშირეები (ალიანსი საქართველოსთვის) - რესპუბლიკელების ლიდერი, დავით უსუფაშვილი და აწ უკვე ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უსუფაშვილმა ოქრუაშვილის განცხადება გააკრიტიკა და პარტიის პრორუსულ ორიენტაციას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ კი, სუბარმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე შემთხვევითი არ იყო - ალიანსს რუსეთიდან დაფინანსების მოლოდინი ჰქონდა.
ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა ქართულ ოპოზიციაში აქამდე მივიწყებული თემა იყო. ამ მხრივ 2008 წელი გამოირჩეოდა, როდესაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბუშის ადმინისტრაციას საქართველოში „გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციასა“ და „სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდა.
მაშინ, აშშ-ის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქციაც გაიმართა. პირველი კობა დავითაშვილმა და ხალხის პარტიამ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოაწყო. ისინი აშშ-ის მხრიდან, მათი აზრით, „გაყალბებაზე თვალების დახუჭვას“ აპროტესტებდნენ. მეორე აქცია უკვე რვა ოპოზიციურმა პარტიამ გამართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ვაშინგტონს „არალეგიტიმური“ პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ მიეღო. მაშინ ოპოზიციური კოალიციისა და ახლა ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ბუშის ადმინისტრაციას სთხოვდა, თავისი ქმედებით „ქართველი ხალხისთვის არ შეეძულებინათ ამერიკელი ხალხი“.
ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაცია საგაზაფხულო აქციების მორიგი სერიის დაწყებას ახლავს თან. კახეთში, 9 მაისს, ქართულმა პარტიამ ქუჩის აქციების მორიგი სერია წამოიწყო. სტრატეგიასთან ერთად, მიზანიც უცვლელია - სააკაშვილის რეჟიმის „უსწრაფესად“ შეცვლა. ისინი აქციების გაგრძელებას სხვა რეგიონებშიც, ხოლო დასრულებას თბილისში აპირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, კახეთის სხვადასხვა რაიონში აქციებს ათასამდე ადამიანი დაესწრო. მათი ნახევარი თბილისიდან ჩავიდა. თავად პარტიის წარმომადგენლები რამდენიმე ათასს ასახელებენ
სუბარი-გაჩეჩილაძე-კიწმარიშვილი-ოქრუაშვილის ქართულმა პარტიამ საპროტესტო დემონსტრაციების დაწყება, დაპირისპირებულ, მაგრამ მათ მსგავსად რევოლუციურად განწყობილ მეორე ოპოზიციურ ფრთას, სახალხო კრებას დაასწრო. ბურჯანაძემ და კამპანიამ, საპროტესტო აქციების დაწყება, 21 მაისისთვის დათქვა. ამ დროისთვის, შესაძლოა, ორივე პარტიის აქციები პარალელურად წარიმართოს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი აქციებისაგან თავს შორს იჭერს. ისინი, პირობითად, ორ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ - ერთი ნაწილი საარჩევნო გარემოს შესაცვლელ მოლაპარაკებებშია ჩართული. მეორე, მცირე ნაწილი, კი მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია, რომელ მხარეს დადგეს.
![]() |
6 განრიდების პროგრამა: პირველი ნაბიჯი |
▲back to top |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის გარდაქმნა გრძელდება. გასული წლის შემოდგომაზე, არასრულწლოვნებისთვის დანერგილი განრიდების პროგრამის გავრცელება, სრულწლოვან პირებზეც იგეგმება. თუმცა, განსხვავებული პირობებით. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
სრულწლოვანთა განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია. მასზე გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს - მას შეუძლია, არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურორმა განრიდებას, შეიძლება, იმ შემთხვევაში მიმართოს, თუ დანაშაული ნაკლებად მძიმე, ან მძიმეა. თუმცა, ეს უკანასკნელი ძალადობრივი არ უნდა იყოს.
თავის მხრივ, პირი მზად უნდა იყოს, გარკვეული პირობები შეასრულოს: სახელმწიფოს გადასცეს უკანონოდ მოპოვებული ქონება, ან აანაზღაუროს ამ ქონების ღირებულება; ჩააბაროს დანაშაულის იარაღი, ანდა სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტი; სრულად, ან ნაწილობრივ აანაზღაუროს თავისი ქმედებით გამოწვეული ზიანი; სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადაიხადოს თანხა; უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.
საქართველოს მთავრობის სურვილია, სისხლის სამართლის პროცესში პასუხისმგებლობის ალტერნატიული სახეები დაინერგოს. ამ შემთხვევაში ის ევროპულ გამოცდილებას იზიარებს. იუსტიციის სამინისტრო მიზნად სასამართლოს რესურსების დაზოგვასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაციასაც ისახავს. დამატებითი მოტივატორი კი, დასრულწლოვნებთან არსებული პრაქტიკა გახდა.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბრიდან ამუშავდა. ის, ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანს შეიძლება შეეხოს. მედიაცია არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგსა და შერიგებას გულისხმობს, თუ დაზარალებულიც თანახმაა. განრიდებულ არასრულწლოვანთან ინდივიდუალური ხელშეკრულება ფორმდება - მაქსიმუმ 12 თვით, რაც მას გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს დაზარალებულის, ან საზოგადოების წინაშე.
ამ დროისთვის 22 განრიდება შედგა - აქედან რვა მედიაციით წარიმართა. მედიაციაში მონაწილეობაზე, დაზარალებულებმა მხოლოდ ორ შემთხვევაში თქვეს უარი. იყო შემთხვევები, როდესაც დაზარალებული 11-12 წლის იყო და მისი მედიაციაში ჩართვა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. დანარჩენი ათი დანაშაული კი ცივი იარაღის ტარება იყო და რადგან კონკრეტულად არავის შეხებია - მედიაცია ვერც შედგებოდა. ამ დროისთვის რამდენიმე ხელშეკრულება დასრულდა, არც ერთი მათგანი არ დარღვეულა და არც რაიმე რეციდივი აღნიშნულა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკა - თუ არ დავრწმუნდებით, რომ, მაგალითად, გაუმჯობესდა ამ ბავშვის სკოლაში დასწრება და მოსწრება, ან რომ განმეორებით დანაშაულს აღარ ჩაიდენენ, რაც 5 წლის განმავლობაში შეფასდება, მანამდე სერიოზულ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ“, - ამბობს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური. ის პროცესის დასაწყისს წარმატებულად აფასებს.
არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია ჯერჯერობით თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს მოიცავს. წელს მისი გაფართოება - გორსა და სამტრედიაში - იგეგმება. დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროგრამის დაწყებაც - მაგალითად, განრიდება საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებით, ან ცივი იარაღის ტარებისთვის. ანდრო გიგაური არ გამორიცხავს, რომ მომავალში არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია მძიმე დანაშაულსაც შეეხოს. ერთ-ერთი ჯგუფური ქურდობაა - თუ ის შინაარსით ნაკლებად მძიმეა, თუმცა, ჯგუფურობის გამო, მძიმე კატეგორიაში ხვდება.
ამ და სხვა ცვლილებებით, ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან უხვევს. ამ პოლიტიკამ, დანაშაულის დიდი დოზით შემცირების გარდა, უსაფრთხოების განცდაც დაბადა. ამას დანაშაულის კლების სტატისტიკა და საზოგადოებრივი განწყობების კვლევაც ადასტურებს. უფრო ლმობიერი მიდგომების დანერგვამ, შესაძლოა, მიღწეულ შედეგზე ნეგატიურად იმოქმედოს. ნულოვანი ტოლერანტობის არსი, სწორედ მცირე დანაშაულისადმი შეუგუებლობაა.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების მოწინააღმდეგეებს არგუმენტად ციხეებში ბევრი პატიმრის ყოფნა მოჰყავთ და ის, რომ საქართველო, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს არგუმენტი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც პატიმრები გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს აწვებიან წნეხად. საპირწონე კი უფრო არსებითი რამაა - საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რასაც საფუძველი დანაშაულისადმი და დამნაშავეებისადმი მკაცრმა მიდგომებმა შეუქმნა. დანაშაულისადმი ლმობიერი მიდგომები, საზოგადოებაში დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენის რისკს ქმნის. მით უფრო, რომ უსაფრთხოების სწრაფად მიღწეული ეფექტი, კანონმორჩილების ხანგრძლივი გამოცდილებით არ არის გამყარებული.
ევროპული გამოცდილების გაზიარებამ, შეიძლება, შედეგი ვერ მოიტანოს. ის, რომ ესა თუ ის პროგრამა ევროპაში მოქმედებს, არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც იმუშავებს. მით უმეტეს, რომ ხშირად, ევროპაში, ამგვარი პოპულარული მიდგომების საფუძველი იდეოლოგიური კლიშეა - თითქოს ვინმეს დანაშაული საზოგადოების ბრალია, რაც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გამორიცხავს და თავისი არსით ანტილიბერალურია.
გარდა ამისა, პრობლემები პრაქტიკული თვალსაზრისითაც შეიძლება შეიქმნას. ამ პროცესებში მონაწილე კვალიფიციური და პატიოსანი კადრების მოძიება რთული იქნება. არსებობს საშიშროება, რომ გაწერილი პროცედურები ფორმალობად იქცეს, ხოლო მასში მონაწილეებს კორუფციული ცდუნებები გაუჩნდეთ.
ანდრო გიგაური ამბობს, რომ მათი მიდგომის არსი ისაა, რომ სადაც შესაძლებელია, ადამიანებმა ალტერნატიული ფორმით მოიხადონ სასჯელი - იქნება ეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა თუ უფროს-უმცროსების განრიდება. „უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათზე პოზიტიურად ვზემოქმედებთ. ეს დაუსჯელობის შეგრძნებას არ უნდა ქმნიდეს“, - ამბობს ის.
მას ესმის პრობლემები, რაც პრაქტიკულ დონეზე შეიძლება გაჩნდეს. იმედს პროცესში მონაწილე, სპეციალურად გადამზადებული ადამიანების პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე ამყარებს. გაამართლებს, თუ არა ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
![]() |
7 მოცეკვავე პრეზიდენტები |
▲back to top |
საზოგადოება
ელენე აბაშიძე
სოციალურ ქსელში და ვიდეოპორტალებზე, ბოლო დროს გაჩენილი ვიდეო, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის მონაწილეობით, ინტერნეტჰიტად იქცა. ვიდეოში, კრემლის პირველი პირი, უნივერსიტეტის მეგობრების შეკრებაზე, 90-იანი წლების რუსულ ჰიტზე - „American Boy“ - თავდავიწყებით ცეკვავს.
ვიდეომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მსგავსი მოვლენისადმი დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მსოფლიო ქვეყნების ხალხებს, დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. მაინც როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, საზოგადოების მოწონება რომ დაიმსახუროს?
რახან დემოკრატიას ვეხებით, გასაკვირი არ იქნება, თუ საუბარს ამერიკის შეერთებული შტატებით დავიწყებთ. პრეზიდენტ მედვედევთან დაკავშირებით, შტატების მოქალაქეებს ერთადერთი პრეტენზია ჰქონდათ: შენიშვნა ცეკვის მანერას ეხებოდა. რუსეთის პირველი პირის მოძრაობები ძველმოდურად მიიჩნიეს. სამაგიეროდ, ამერიკელებს უარყოფითად არ შეუფასებიათ პრეზიდენტის საჯაროდ „ტინგიცის“ ფაქტი. ამას არც პოლიტიკური სარჩული დადებია. ეს გასაკვირი არცაა, თუ საკუთარი პრეზიდენტების მსგავს ქცევებთან დაკავშირებით ამერიკული საზოგადოების რეაქციებს გადავხედავთ.
პრეზიდენტი ობამა
ამ მხრივ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბუში-უმცროსი, შტატების ობამამდელი პრეზიდენტი, რომელიც კარგი იუმორითა და ცეკვა-სიმღერისადმი სიყვარულით გახლდათ ცნობილი. ვიდეოპორტალებზე უხვად მოიპოვება ვიდეოები ჯორჯ ბუშის მონაწილეობით, სადაც ის მუსიკის რიტმს აყოლას და სხეულის მკვეთრ მოძრაობებს არ ერიდება. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, საჯარო სივრცეში ხდება. თუმცა, სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე განთავსებულ კომენტარებში, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ ამოიკითხავთ ამ კადრებთან დაკავშირებით უარყოფით მოსაზრებას. სამაგიეროდ, ხშირად შეხვდებით ასეთს - „ბუში კარგი ადამიანი, მაგრამ ცუდი პრეზიდენტი იყო“, „მომენატრება მისი იუმორი“, და ა.შ.
პრეზიდენტი პუტინი
ასეთი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ამერიკელი ხალხის ეთნოფსიქოლოგიითაა გამოწვეული. მათთვის დემოკრატია მართვის ყველაზე გამართლებულ ფორმას წარმოადგენს. ამერიკელთა პრეზიდენტი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორსაც დემოკრატია გულისხმობს. სასურველია, პრეზიდენტი საკუთარ ამომრჩევლებს ჰგავდეს. ეს ქცევის წესებსაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირი არ უნდა არღვევდეს მორალის საზღვრებს, მაგრამ ნებისმიერ სხვა მოქალაქესავით: სადაც საჭიროა, იცეკვოს, სადაც საჭიროა - უნდა იმღეროს კიდეც, ჰქონდეს იუმორის გრძნობა. ამერიკელებს უხარიათ, როდესაც ხედავენ, როგორ „ჩვეულებრივად“ ასეირნებს მათი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ძაღლებს თეთრი სახლის ეზოში. მოსწონთ, როდესაც პირველი პირი, მათთან ერთად თამაშობს „ჩვეულებრივ“ სპორტს და ა.შ. მოკლედ, ამერიკელებს „ჩვეულებრივი“ პრეზიდენტი მოსწონთ.
მედვედევის პრობლემა ისაა, რომ მას დემოკრატი პრეზიდენტის იმიჯის შექმნა სურს. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტივით იქცევა. თუმცა, მედვედევი შეცდა: მან ვერ გაითვალისწინა რუსული საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ამერიკულისგან რადიკალურად განსხვავდება. რუსულ სოციალურ ქსელებში, პრეზიდენტის ცეკვასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარებს უხვად შეხვდებით. ამ ფაქტს პოლიტიკური კონტექსტიც მიანიჭეს და საკუთარ მმართველს „ამერიკელების დაკრულზე მოცეკვავე“ უწოდეს. მოკლედ, რუსულ საზოგადოებას არ მოეწონა თავისი პრეზიდენტის ქცევა.
პრეზიდენტი ელცინი
მსგავს რეაქციას კვლავ ეთნოფსიქოლოგიასთან მივყავართ. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამგვარ ხალხურ გამოთქმას შეხვდებით - „придет барин, барин нас рассудит” (მიახლოებული თარგმანი ასე ჟღერს: მოვა მთავარი და ის განგვსჯის). მმართველი იქ უზენაეს არსებას წარმოადგენს. ის ვალდებულია, ძლიერი და ჭკვიანი იყოს. რაც მთავარია, მისი „ჩვეულებრივობა” სრულიად მიუღებელია. შესაბამისად, რუსები პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის მიმართ დიდი სიმპათიით არიან განწყობილი. ყველას ახსოვს მედიაში გამოჩენილი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროინდელი ფოტოები, სადაც წელს ზემოთ ტიტველი ბატონი პუტინი ხან ცხენზეა შემომჯდარი, ხან ნავით მდინარის ტალღებს მიაპობს. ამ ტანით მომცრო ადამიანის მედგარი გამომეტყველება დაუვიწყარია. ეს იმიჯი მისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძლიერების სიმბოლოა. ამიტომაც, მათთვის მედვედევი სასაცილო მარიონეტია - ადამიანი, რომელსაც სახეზე მუდამ ნაზი ღიმილი გადაკრავს და არც მკაცრი კომენტარებით გამოირჩევა.
პრეზიდენტი მედვედევი
და ბოლოს, პარალელი საქართველოსთანაც შეიძლება გავავლოთ. ჩვენმა პრეზიდენტმა კარგად იცის დემოკრატი მმართველისთვის დამახასიათებელი ქცევის ყველა წესი. პერიოდულად ამის დემონსტრირების მცდელობებიც აქვს. თუმცა, რუსეთის მსგავსად, არც ჩვენი საზოგადოება იწონებს პრეზიდენტის „ჩვეულებრივ“ ქცევებს. განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოების მხრიდან, პრეზიდენტმა რომ საჯაროდ იცეკვოს ან იმღეროს. თუმცა, რუსებისგან განსხვავებით, ქართულ საზოგადოებას ძლიერების დემონსტრირებაც ნაკლებად გვჭირდება. საქართველოს პრეზიდენტი, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანი უნდა იყოს - თავდაჭერილი, თავმდაბალი და თავმოყვარე. მართალია, ეს თვისებები ყველა ქვეყნის მმართველს მოეთხოვება, მაგრამ ქართველებისთვის განსხვავებული, განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა. მეტიც, ეს მხოლოდ ქართველ მეფეებს ახასიათებდათ. შესაბამისად, ქვეყნის მმართველი ხელმწიფის დარი უნდა იყოს.
პრეზიდენტი სააკაშვილი
ფოტო: REUTERS ©
ამიტომაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, კიდევ კარგა ხანს ვერ გაბედავს რომელიმე ქვეყანაში ვიზიტისას ან პოპულარულ ტელეშოუში წამყვანთან ერთად ცეკვას, არც მისი ტორსის დემონსტრირება იქნება ხალხისთვის დიდად მისაღები. შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ - ლაღი მოძრაობები რეალიზებული საზოგადოების, კუნთების თამაში კი „დერჟავას“ თაყვანისმცემლების ხვედრია.
პრეზიდენტი ბუში
![]() |
8 პროფესია: მშობლის ჩრდილი |
▲back to top |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მცირეწლოვანი აღსაზრდელის ცემისთვის ვინმე „ცაცა“ დააკავა. ძიძის დანაშაული მშობლებმა სათვალთვალო კამერის დაყენების შემდეგ აღმოაჩინეს და სასამართლოში იჩივლეს. მსგავსი შემთხვევები ადრეც გახმაურებულა, თუმცა მაშინ მშობელმა დამნაშავე ნათესაური კავშირების გამო დაინდო. მცირეწლოვანზე ძალადობის გასაჯაროვების შემდეგ, მრავალმშობელს კიდევ ერთხელ დაებადა კითხვა - როგორ ვიპოვოთ ძიძა, რომელიც არა მხოლოდ დანაშაულს არ ჩაიდენს, არამედ საკუთარ მოვალეობასაც პირნათლად შეასრულებს?
დასავლელი მშობლებისთვის კარგი ძიძის პოვნა დიდი ხანია მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის ზრდის გამო, ბავშვის აღმზრდელის დაქირავება, ფუფუნებიდან საჭიროებად გადაიქცა. ამან, თავის მხრივ, ახალი პრობლემა წარმოშვა - სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით, ძიძების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ის არის, რომ ხშირად დანაშაულს მშობლები არ ახმაურებენ ან უბრალოდ ვერ იგებენ. სიტუაცია მაშინ რთულდება, თუ მშობელს ყვირილი და დასჯის ძალადობრივი მეთოდები დანაშაულად საერთოდ არ მიაჩნია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენთან აღმზრდელებისა თუ მომვლელების მხრიდან ბავშვებზე ძალადობა, დასავლეთში მსგავსი ფაქტების რიცხვს ჩამოუვარდებოდეს.
სააგენტო მერი პოპინსის ინფორმაციით, რომელიც ძიძებს 1997 წლიდან ასაქმებს, 14 წლის წინ, ბავშვის მეთვალყურეზე მოთხოვნა თითქმის არ იყო. სააგენტოს თვეში ერთი-ორი კაცი თუ აკითხავდა. 2000 წლიდან სურვილმა იმატა, ხოლო 2007 წელს პიკს მიაღწია. ომის დროს ძიძის მაძიებელთა რიცხვმა კვლავ იკლო, ახლა კი მკვეთრად არის გაზრდილი. სააგენტოების ცნობით, საშუალო სტატისტიკური დედისთვის იდეალური ძიძა ასეთია: 35-დან 40 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის, ქართველი ან რუსი ქალბატონი, მართლმადიდებელი, ჯანმრთელი, ჰიგიენური, სამედიცინო ან პედაგოგიური განათლებით და, რაც მთავარია, შესაბამისი გამოცდილებით. სასურველია, არც „ძალიან სასიამოვნო“ გარეგნობის - რადგან დედას მეუღლეზე ეჭვიანობის საბაბი არ ჰქონდეს. რუს ძიძებს ძირითადად ბავშვისთვის უცხო ენის სწავლის სურვილით ირჩევენ, თუმცა მშობელთა ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები რუსი ქალბატონები კარგი დისციპლინითა და განსაკუთრებული ჰიგიენურობით გამოირჩევიან.
პარალელურად, ქართველი დიასახლისების ნაწილი თვლის, რომ ძიძობა ისეთივე ადვილია, როგორც ვთქვათ დამლაგებლობა - განსაკუთრებულ განათლებას არ საჭიროებს, ანუ „ყველას შეუძლია“. ამას ძიძათა სააგენტოში შესული მრავალი ათასი განცხადებაც მოწმობს. გასაუბრების შემდეგ ხშირად ირკვევა, რომ ძიძობის მსურველი იოლი ფულის შოვნას „არაფრის კეთებით“ ცდილობს. ასეთ პირობებში - როცა ყველა ირწმუნება, ბავშვის მოვლა კი ცოტას შეუძლია - მშობელი წარმოუდგენლად რთული არჩევანის წინაშე დგება.
ძიძამ დანაშაული რომც არ ჩაიდინოს, რისკები მაღალი რჩება - შესაძლოა, ბავშვის აღზრდაში მან ნეგატიური წვლილი მაინც შეიტანოს. ეს განსაკუთრებით იმ მოზრდილი ასაკის ბავშვებს ეხებათ, რომელთაც სოციალური უნარ-ჩვევები ახლა უყალიბდებათ. გამოუცდელ დედებს ფსიქოლოგები ურჩევენ, ძიძასთან პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ და ბავშვის აღზრდა საკუთარ თავზე აიღონ. ძიძასთან და ბავშვთან მშობლის მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო. ძიძა არ არის აღმზრდელი - აღმზრდელი მშობელია, ვის მითითებებსაც ძიძა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, იმისდა მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა კონკრეტული მეთოდი მის პირად გამოცდილებას.
ფსიქოლოგ ანა ღლონტის თქმით, „ბავშვმა რეალობა არ უნდა დაკარგოს. ერთი პრობლემაა, როცა ძიძა ბავშვისგან აბსოლუტურად გაუცხოებულია და მოვალეობის შესრულებისას მხოლოდ მომავალ ხელფასზე ფიქრობს, ხოლო მეორე, როცა გახარებული ამბობს, დედას მეძახისო“. მისი აზრით, დისტანცია საჭიროა, ბავშვმა უნდა იცოდეს ვინ არის დედა და ვინ ძიძა. ღლონტის თქმით, ბავშვის მოვლის გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. „აუცილებელია ძიძა იყოს მომთმენი, რაც განსაკუთრებული უნარია და გამოცდილებასთან ერთად მოდის. ბავშვთან ურთიერთობისას უნდა გამოირიცხოს არა მხოლოდ ცემა, არამედ შიში, ყვირილი და დასჯის აბსურდული მეთოდები“.
ძიძა, რომელსაც საკუთარი ფუნქცია კარგად აქვს გააზრებული, ბაზარზე იშვიათია - თუმცა დამქირავებელი, როგორც ჩანს, გონივრულად მოქმედებს და უპირატესობას მაინც გამოცდილებს ანიჭებს. ზოგს ამისთვის ახლობლების რეკომენდაცია ჰყოფნის, ზოგიც სააგენტოების გამოცდილებას ენდობა. თუმცა, როგორც წესი, განმსაზღვრელი ახლობლის რჩევაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ წრეში ისინი საჭირო კადრს ვერ არჩევენ, იმედი უცრუვდებათ, ან უბრალოდ არ სურთ, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში ახლობლობამ ხელი შეუშალოთ - სააგენტოებს მიმართვენ.
სააგენტო მერი პოპინსში ამბობენ, რომ მათ, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სურთ, ურთიერთობა გამოცდილ ძიძებთან და არა ახალბედებთან ჰქონდეთ. ძიძობის კანდიდატმა ცნობარი უნდა შეავსოს, სადაც მშობელთა ძირითად კითხვებზე წინასწარ გასცემს პასუხს - ეროვნებიდან დაწყებული, სარწმუნოებით დამთავრებული. ამასთან, უნდა წარმოადგინონ პირადი მონაცემები, ჯანმრთელობის ცნობა და მასთან ერთად ფსიქიატრიული მონაცემებიც - რადგან ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) დასკვნებს, ბევრი, საკმაოდ სამართლიანად, აღარ ენდობა.
ძიძასთან გასაუბრებისას სააგენტო გვირჩევს, დაწვრილებით და მორიდების გარეშე გამოვიკითხოთ მისი გამოცდილება, ჯანმრთელობა და ის წვრილმანები, რომელმაც შესაძლოა, მომავალში ჩვენს ურთიერთობას ხელი შეუშალოს - მაგალითად, ეწევა თუ არა ძიძა სიგარეტს.
ძიძების კიდევ ერთი სააგენტო, გადია, ოთხი წლის წინ შეიქმნა. გადიას ხელმძღვანელის თქმით, მისთვის „მთავარია ბავშვი იყოს აბსოლუტურად დაცული, ამიტომ პრევენციულ ზომებს წინასწარ ვიღებთ, აყვანა ხდება განსაკუთრებით მკაცრად შერჩეული მონაცემების შემდეგ. ძიძას 7 დღის მანძილზე ტრენინგი უტარდება, თეორიასა და პრაქტიკაში გადამზადდება და სერტიფიკატი ეძლევა“, - ამბობს ქალბატონი თამარი. ტრენინგს ბავშვთა ფსიქოლოგი და უფლებათა დამცველი, იურისტი და მართლმადიდებელი მოძღვარი ატარებს. მოძღვარი ცნობარში რელიგიათმცოდნედ იყო მითითებული, თუმცა რადგან მოთხოვნა მართლმადიდებელ ძიძაზეა, სააგენტოს არჩევანი ალოგიკურად არ გამოიყურება. ამასთან, სააგენტო აყვანამდე ძიძის წინა დამქირავებლების რეკომენდაციებსა და აზრებს ისმენს, ხოლო თავად ძიძის სახლში ქალბატონი თამარი ისე მიდის, რომ მასპინძლისთვის ვიზიტის დრო უცნობია. თუ ძიძა სანდოდ მიიჩნიეს, ის კატალოგში მოხვდება, სპეციალური ნომერი მიენიჭება და პოტენციურ დამქირავებლებს წარედგინება.
თუ მშობელი გადაწყვეტს ძიძა სააგენტოდან აიყვანოს, მას ჯერ კატალოგს აჩვენებენ, სადაც ძიძის ფოტოც არის დართული. სააგენტო რამდენიმე მათგანთან გასაუბრებას უზრუნველყოფს. თუ რომელიმეს მიმართ სიმპათიები გაჩნდა, ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ და საბოლოო სიტყვას ამ ვადის გასვლის შემდეგ იტყვიან. ძიძის მოწონების შემთხვევაში, ხელშეკრულება მშობელს, ძიძასა და სააგენტოს შორის ფორმდება - წვრილად იდება ყველა ის აუცილებელი პირობა, რომელსაც სააგენტო გთავაზობთ. რომელიმე მათგანის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ ძიძას ათავისუფლებთ და სურვილის შემთხვევაში, ახალი გასაუბრება ინიშნება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ სერვისში საშუალო თანხა, 8-საათიანი სამუშაო დღისთვის, სამუშაო დღეების მანძილზე, 350 ლარია, ხოლო 6 დღისთვის - 400. ეს იგივე ანაზღაურებაა, რასაც ჩვეულებრივ საახლობლო წრეში ნაპოვნი ძიძები ითხოვენ.
რასაკვირველია, სააგენტოების მომსახურება, რომელიც ძირითადად აღწერილს ჰგავს, უამრავ პრობლემას ხსნის, აადვილებს ძიძის პირადი ცხოვრების გადამოწმებას. თუმცა, თუ მრავალი ძიძა გამოიცვალეთ და სასურველი მაინც ვერ აარჩიეთ, დიდი შანსია, რომ პრობლემა თქვენშია და არა აღმზრდელში. მეტი გარანტიებისთვის, დასავლელებმა, ძიძის კამერა მოიფიქრეს, რომელიც სათამაშოში, ჭოჭინაში ან ეტლში მაგრდება - გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოების სრული გარანტია არავის აქვს, ეს გონივრულ არჩევნად მიიჩნევა.
![]() |
9 პირველი გალაქტიკები |
▲back to top |
მაია თოდუა|სვეტი
ბუნებაში თითქმის ყველაფერს აქვს დაჯგუფებისკენ მიდრეკილება. მაგალითად - ადამიანებს. აიღეთ რუკა და ნახავთ ალაგ-ალაგ დასახლებულ ადგილებს, ზოგან დიდს, ზოგან მცირეს, რომელთაც ერთმანეთისგან უზარმაზარი სრულიად უკაცრიელი სივრცე აშორებს. ასე არიან ცხოველებიც, მცენარეებიც. ასეა არაცოცხალი ბუნებაც, მათ შორის კოსმოსში, ვთქვათ - ვარსკვლავები. ისინი ხშირად გვხვდება წყვილ-წყვილად (მათ ორმაგი ვარსკვლავები ჰქვიათ), რამდენიმე ერთად (ჯერადი ვარსკვლავები), ათასი ან მილიონი ვარსკვლავისგან შემდგარ ჯგუფებად (მათ, შესაბამისად, ღია და სფერულ გროვებს უწოდებენ). და ბოლოს, გალაქტიკები - ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ჯგუფებად არსებობენ. ამ შეჯგუფებებს გრავიტაციის ძალა განაპირობებს. სამყაროში ეულად მოხეტიალე, „მარტოსული“ გალაქტიკები ძალზე დიდი იშვიათობაა.
ჩვენი გალაქტიკა - ირმის ნახტომი - ასევე გალაქტიკური „ოჯახის“ წევრია, რომელიც 30-ზე მეტი წევრისგან შედგება და რომელსაც „ადგილობრივ ჯგუფს“ უწოდებენ. ვარსკვლავთ სისტემების სხვა დაჯგუფებებს, რომელთაც გალაქტიკათა გროვები ჰქვია, ან თანავარსკვლავედების მიხედვით არქმევენ სახელებს, ან კატალოგის ნომრის მიხედვით. ჩვენს „ოჯახში“ შედის ირმის ნახტომის ორი თანამგზავრი - დიდი და მცირე მაგელანის ღრუბლები (ისინი ჩანან მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან), ასევე სახელგანთქმული ანდრომედას ნისლეული - გალაქტიკა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს ცაზე, და სხვები, რომელთაც საკუთარი სახელები, სამწუხაროდ, არა აქვთ (თუმცა არსებობს უამრავი გალაქტიკა, რომელთაც „ზედმეტსახელებით“ მოიხსენიებენ, როგორც წესი, ფორმის მიხედვით, მაგალითად, „სომბრერო“, „სიგარა“, „კომეტა“, „ბორბალი“ და სხვა).
სამყაროს სტრუქტურა
ადგილობრივი ჯგუფის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილი 10 მილიონი სინათლის წელია. ანდრომედას გალაქტიკას 2.5 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს. ის პირდაპირ ჩვენკენ მოემართება დაახლოებით 100-150 კმ/წმ-ში სიჩქარით. დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავეჯახებით, ორი გალაქტიკის ვარსკვლავები ერთმანეთს შეერევა და ერთ გიგანტურ ელიფსურ გალაქტიკად იქცევა. მსგავსი შეჯახებები სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამით დაჯგუფება არ მთავრდება. გალაქტიკათა გროვები თავად ერთიანდება და უფრო მაღალი იერარქიის სისტემებს - ზეგროვებს ქმნის. ასეთია, მაგალითად, ქალწულის ზეგროვა - Virgo supercluster (მდებარეობს ქალწულის თანავარსკვლავედში), რომელშიც ჩვენი ადგილობრივი ჯგუფიც შედის. ის აერთიანებს გალაქტიკათა 100-მდე ჯგუფს და გროვას, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 100 მილიონი სინათლის წელია. გალაქტიკათა ზეგროვები ყველაზე დიდი იერარქიული სტრუქტურაა სამყაროში.
გროვები და ზეგროვები სამყაროში უჯრედისებრ სტრუქტურას ქმნის, სადაც გროვები განთავსებულია კვანძებში, ხოლო მათ შორის სივრცე თითქმის ცარიელია.
ახლახან ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, უზუსტესი ხელსაწყოების დახმარებით, აღმოაჩინა ყველაზე შორეული და, შესაბამისად, ყველაზე ადრეული ვარსკვლავთ სისტემები, რაც კი დღემდეა ცნობილი - „ბნელი ეპოქის“ შემდგომი პირველი გალაქტიკები. „ბნელ ეპოქას“ (dark ages) ხატოვნად უწოდებენ დიდი აფეთქების შემდგომ პერიოდს, როდესაც სამყარო ცივი და ბნელი იყო, ვარსკვლავები კი ჯერ არ არსებობდა. შემდგომ, პირველმა ვარსკვლავებმა ხელახლა აანთეს სამყარო, ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შთაბერეს მას.
ჰაბლის ულტრა-შორი ველი. ყველაზე შორი გალაქტიკები
Hubble Ultra Deep Field (HUDF) - ჰაბლის ულტრა-შორი ველი - ასე ჰქვია ჰაბლის ტელესკოპით მიღებულ სივრცის გამოსახულებას ორიონის თანავარსკვლავედის სამხრეთით, ღუმლის თანავარსკვლავედში (ეს თანავარსკვლავედი მე-18 საუკუნეში შემოიყვანეს ფრანგი ქიმიკოსის ლავუაზიეს პატივსაცემად, რომელიც ქიმიურ ცდებს ღუმლებში ატარებდა). ჰაბლის ტელესკოპმა შეაღწია დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400-800 მილიონი წლის შემდგომ ეპოქაში, რაც ყველაზე შორეული ადგილია, რასაც კი ოდესმე ოპტიკური ტელესკოპის ხედვის არე გაწვდომია. HUDF-ის გამოსახულებას უჭირავს ფართობი, რომელიც სავსე მთვარის ერთი მეათედის ტოლია, რაც მთელი ცის ფართობის დაახლოებით ერთ ცამეტმემილიონედს შეადგენს. ასე ჩანს ერთი კვადრატული მილიმეტრის ზომის ოთხკუთხედი ერთი მეტრის მანძილზე. ამ გამონასახში 10 ათასი გალაქტიკაა მოთავსებული. კამერის ექსპოზიცია მილიონ წამს გრძელდებოდა (დაახლოებით 11.6 დღე). იმავე მგრძნობიარობით მთელი ცის დაკვირვებას ჰაბლის ტელესკოპი მილიონ წელს მოანდომებდა.
სამყაროს ულტრა-შორი გამოსახულების ანალიზმა აჩვენა, რომ გალაქტიკათა წარმოშობის ადრეულ ეტაპებზე ვარსკვლავების ფორმირება უფრო სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ამჟამად. „თანამედროვე“ გალაქტიკების უმრავლესობას მოწესრიგებული ფორმა აქვს - ძირითადად ელიფსის და სპირალის (როგორც ანდრომედას). პირველი გალაქტიკები კი უმეტესწილად ქაოტური, არაწესიერი ფორმის აღმოჩნდა - წესრიგი და სტრუქტურა სამყაროს ფართომასშტაბიან წარმონაქმნებში ჯერ კიდევ არ იყო დამყარებული. თვით გალაქტიკებიც უფრო სწრაფად ევოლუციონირებდნენ. HUDF-ის მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, უკეთ შეესწავლათ გალაქტიკების ევოლუცია
HUDF-ი დღესდღეობით სამყაროს ყველაზე შორეული ობიექტების ოპტიკურ გამონასახს წარმოადგენს. 2014 წლისთვის დაგეგმილია სამყაროში კიდევ უფრო შორს შეღწევა (შესაბამისად, უფრო მიახლოება დიდი აფეთქების დროსთან) - გაცილებით დახვეწილი კოსმოსური ტელესკოპებისა და ხელსაწყოების საშუალებით
![]() |
10 სოციალური ხარჯების დინამიკა |
▲back to top |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
2011 წელს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დაცვის ხარჯი ისევ - 2017 მილიონი ლარით - იზრდება. სოციალურ დაცვაზე წელს ყველაზე მეტი - 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან ყველაზე ნაკლები - მთლიანი სოციალური დაცვის 0.7%25 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოხმარდებათ, მთლიანი სოციალური დაცვის 16%25 - სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს, ყველაზე მეტი - მთლიანი სოციალური დაცვის 66.4%25, ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას. 2011 წელს, არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალურ სფეროში, 251 მილიონ ლარს შეადგენს.
პოლიტიკოსებისათვის სოციალური ხარჯები ყველაზე სენსიტიური სფეროა. მათი ზრდა არას დ როს არის საკმარისი, შემცირება კი მასობრივ უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა დგება დრო, როცა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი, მთელი ევროპისთვის და საქართველოსთვის ზუსტად ასეთი წყალგამყოფი აღმოჩნდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2010 წელი ერთადერთია, როცა სოციალური დაცვის ხარჯი 40 მილიონი ლარით შემცირდა. კლებაზე გავლენა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოახდინა: 2009 წელს ეკონომიკა 3.9%25-ით დაეცა. 2006-2008 წლებში ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ, 1.8 მილიარდი ლარით იზრდებოდა. სოციალური დაცვის ხარჯი, 2009 წლის ჩათვლით იმატებდა - ყოველწლიურად, საშუალოდ, 181.6 მილიონი ლარით. 2006-2010 წლებში სოციალურ დაცვაზე სულ 5.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
სოციალური ხარჯებისა და მშპ-ს დინამიკა (მლნ. ლარი) (2006-2010წწ)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო / http://mof.ge/4161
სოციალური დაცვის ხარჯებზე განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა საქართველოს პარლამენტისა და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდები. ამ სიტუაციაში ტაბულამ გამოსავალი ნახა ის, რომ ენდო ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს, რადგან ბიუჯეტის საბოლოო სახეზე სწორედ ეს სამინისტრო არის პასუხისმგებელი. თუმცა ამით ფაქტი არ შეცვლილა 20102011 წლების მონაცემები ერთმანეთისგან საშუალოდ 58.8 მილიონი ლარით განსხვავდება.
2006-2010 წლებში არაკლასიფიცირებული ხარჯი, საშუალოდ, 128.7 მილიონ ლარს შეადგენ და. მთელი ამ ხნის განმავლობაში უცვლელი პრიორიტეტი ხანდაზმულთა დაცვა იყო.
საქსტატის ინფორმაციით, 2010 წელს, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები მთელი მოსახლეობის 18.3%25-ს შეადგენდნენ. თითოეული მათგანი, სახელმწიფოსგან დახმარების სახით, საშუალოდ, ყოველთვიურად 92 ლარს იღებდა. 2011 წელს ხანდაზმულთა სოციალური დაცვისთვის დაგეგმილი ხარჯის პირობებში, თითოეული, ყოველთვიურად საშუალოდ 100 ლარს მიიღებს.
საქართველომ სოციალურ დაცვაზე ყველაზე მეტი - 1.3 მილიარდი ლარი ანუ მშპ-ს 7.4%25 - 2009 წელს დახარჯა. არაკლასიფიცირებულ საქმიანობას 178.6 მილიონი ლარი მოხმარდა, რაც მშპ-ს 1%25-ს და მთლიანი სოციალური დაცვის ხარჯის 13.5%25-ს შეადგენდა. სოციალურ დაცვაზე გამოყოფილი თანხის უდიდესი წილი - 895.9 მილიონი ლარი ანუ მშპ-ს 5%25 - ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე დაიხარჯა. შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფი იყო სოციალურად დაუცველი ავადმყოფი ადამიანები, ოჯახები და ბავშვები (მშპ-ს 1.4%25). ყველაზე ნაკლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ამ წელს დაიხარჯა (მშპ-ს 0.01%25).
საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სოციალური დაცვის მსგავსი პრიორიტეტები აქვთ. როგორც ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული, უახლესი, 2001-2008 წლების, სტატისტიკა გვაჩვენებს, სოციალურ დაცვაზე, ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მეტი - მშპ-ს 26.4%25, 2008 წელს დაიხარჯა. არაკლასიფიცირებული საქმიანობა მთლიანი ბიუჯეტის 2.3%25 იყო. აქედან ყველაზე მეტი, მშპ-ს 11.5%25, აქაც ხანდაზმულთა უზრუნველყოფას მოხმარდა. შემდეგ ორ პრიორიტეტულ ჯგუფს - სოციალურად დაუცველი ავადმყოფი ადამიანები, ოჯახები და ბავშვები წარმოადგენდნენ. ყველაზე ნაკლები - უმუშევართა სოციალურ დაცვას მოხმარდა. ასეთი მუხლი საქართველოს სოციალური დაცვის ფუნქციონალურ განაწილებაში საერთოდ არ არის.
2008 წელს, უმუშევართა დაცვაზე, ყველაზე მეტი ბელგიამ - მშპ-ს 3.3%25 და ესპანეთმა - მშპ-ს 3%25 დახარჯა. ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე ყველაზე მეტი - მშპ-ს 16%25 - იტალიამ დახარჯა. იტალიაში 69 წელზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანები, მთელი მოსახლეობის 25.8%25-ს შეადგენდა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ამ მხრივ 22.5%25-ია. ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე ყველაზე ნაკლები - მშპ-ს 5.5%25 - ირლანდიამ დახარჯა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდაა. ირლანდიაში მთელი მოსახლეობის 27%25 20 წელზე ნაკლები ასაკისაა. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისათვის, საშუალოდ, 21.7%25-ია. 60 წელზე უფროსი, ირლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 15.4%25-ია.
ევროკავშირის შემთხვევაში, სოციალური დაცვის ხარჯების დინამიკა უფრო მრავალფეროვანია. ევროსტატის უახლესი - 2001-2008 წლების მონაცემები აჩვენებს, რომ 2002-2003 წლებში სოციალური დაცვის ხარჯი გაიზარდა. შემდეგ, 2005 წლის ჩათვლით სტაბილური იყო. 2007 წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა. 2007-2008 წლებში კი ისევ მოიმატა - საშუალოდ 0.7%25-ით. ეს ძირითადად სოციალური დაცვის ნომინალური ხარჯების მომატებამ და პარალელურად, ევროპის მასშტაბით შემცირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.
2010 წელს, ევროპამ ქამრების შემოჭერა რეალურად დაიწყო. ბრიტანეთმა პენსიები, საჯარო მოხელეების ხელფასები და სოციალური დახმარებები თითქმის გაანახევრა. გერმანიამ სახელმწიფო ხარჯი 80 მილიარდი ევროთი შეკვეცა - ძირითადად ბიუჯეტის სოციალური ნაწილისა და უმუშევართათვის შემწეობის კლების ხარჯზე. უნგრეთმა, ბიუჯეტის ხარჯების 15%25-ით შეკვეცასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადიც გაანახევრა, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კი გადასახადები შეამცირა.
სოციალური დაცვის სფეროს კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, ხშირად გაუმართლებლად დიდი ხარჯი ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად ასუსტებს. ნებისმიერმა ქვეყანამ, განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნდა უპასუხოს შეკითხვას, თუ რა ურჩევნია: პირდაპირ დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულ ადამიანს, მისი მოთხოვნილებების ზრდის პროპორციულად დაუსრულებლად ზარდოს სოციალური დაცვის ხარჯები და ამით დამოკიდებული გახადოს სისტემაზე, თუ პრიორიტეტად ეკონომიკური ზრდა აქციოს; შექმნას დასაქმების შესაძლებლობა და საკუთარ კეთილდღეობაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენას შეუწყოს ხელი.
![]() |
11 პროფკავშირები ბოროტებაა! |
▲back to top |
მიშა თავხელიძე|სვეტი
„პროფკავშირების ფუნქციონერის სამსახურზე გარანტირებული დასაქმება არ არსებობს. მისი დათხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ლოთობს. და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისე სვამს, რომ ფეხზე ვერ დგას“.
ჯორჯ ბერნარდ შოუ
ნებისმიერი მაფია პირამიდის მსგავსი იერარქიული სტრუქტურაა, რომელშიც ფული ქვემოდან ზემოთ მოძრაობს და თითქმის არასდროს საპირისპირო მიმართულებით. ასეთია, მაგალითად, სოპრანოს ოჯახი (ცნობილი ამერიკული სერიალიდან) ან კახა თარგამაძის მილიცია (ედუარდ შევარდნაძის დროინდელი საქართველოდან).
მაფიაში ქვედა დონეზე შეგროვებულსა და ზემოთ გაგზავნილ ფულს „ბოსის პატივისცემა“ ჰქვია, ქურდულ სამყაროში - „სალარო“ („общак“), პროფკავშირებში კი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ბიუჯეტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 5 მილიონია.
როგორც მაფიის შემთხვევაში, ეს ფული რას ხმარდება, ცოტა ვინმემ თუ იცის. ყოველ შემთხვევაში, პროფკავშირების გაერთიანების ვებსაიტზე ამ ინფორმაციას ვერ მივაგენი.
მაფიასაც და პროფკავშირსაც ფულს დაცვაში უხდიან. ამას ინგლისურად protection racket ჰქვია, რუსულად - крыша, ქართულად კი ავტომატური წესით საწევროს გადახდა. მაფია თავის წევრებს იცავს მეზობელი მაფიებისგან, პროფკავშირები კი თავისას - დამსაქმებლებისა და უმუშევრებისგან.
სტანდარტულ მაფიასა და პროფკავშირებს შორის იმდენი მსგავსებაა, გასაკვირი არ არის, რომ ისტორიულად (მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში) ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ და ერთობლივად ატერორებენ ბიზნესებს, პატარასა თუ დიდს.
მიუხედავად ყველაფერი ზემოთქმულისა, პროფკავშირები კლასიკური მაფია არ არის: მაფიას სახელმწიფო დევნის და ებრძვის, პროფკავშირებს კი პრივილეგიებს აძლევს.
აი რამდენიმე მაგალითი: საწარმოში არსებული პროფკავშირების ლიდერი სარგებლობს (უფასოდ!) ამ საწარმოს ქონებით (კაბინეტი ხომ უნდა!); პროფკავშირების დელეგაციების საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი (მე და თქვენ!) აფინანსებს; პროფკავშირები (უფასოდ!) სარგებლობენ დამსაქმებლის ბუღალტერიით, როცა საწარმოში საწევროებს აგროვებს და ერთიანად (ზევით!) დარგობრივი პროფკავშირის ანგარიშზე რიცხავს; თუ პროფკავშირმა მოინდომა დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება, დამსაქმებელს უარის თქმის უფლება არა აქვს.
სხვა სიტყვებით, პროფკავშირებს, რომელიც, პრინციპში, ერთი რიგითი არასამეწარმეო იურიდიული პირია, აქვს შესაძლებლობა, უფასოდ ისარგებლოს კერძო ბიზნესის რესურსებით, ჩაერიოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის საკონტრაქტო ურთიერთობაში და გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები კონფერენციებზე სამოგზაუროდ.
ეს პრივილეგიები „ოფიციალური“ პროფკავშირებისადმი მინიჭებულია საქართველოს პროფკავშირების შესახებ კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთაც საქართველო შეუერთდა. მაგრამ კონკრეტულად პროფკავშირებზე არაფერი წერია საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც დამსაქმებლებთან მისი ურთიერთობების ექსკლუზიურ უფლებას არ ცნობს. ჰოდა, ამ ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ჩვენი პროფკავშირები მზად არიან ძალიან ბევრი გააკეთონ, თუნდაც საქართველოს ეკონომიკისადმი ზიანის მიყენების ფასად.
ცოტა ხნის წინ ბრიუსელში სპეციალურად საქართველოს საკითხის განსახილველად გაიმართა კონფერენცია, სადაც ჩვენი პროფკავშირების წარმომადგენლები ითხოვდნენ საქართველოსთვის ევროკავშირთან ვაჭრობაში შეღავათების გაუქმებას, თუ მათი პრივილეგიები არ გაფართოვდება და არ ჩაიწერება საქართველოს შრომის კოდექსში.
მაგრამ მაფიასთან ანალოგიებსა და საქართველოს ეკონომიკასთან ევროპიდან ბრძოლას თავი რომც დავანებოთ, იმ საბჭოთა გადმონაშთის სახით, როგორც დღეს პროფკავშირები არსებობენ, ისინი ეკონომიკისთვის თავისთავად ბოროტებაა რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველ რიგში იმიტომ, რომ თავისუფალ ბაზარზე მოქმედი აგენტების გარკვეულ ჯგუფს სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად ენიჭება უპირატესობა, რაც თავისუფალ ბაზარს თავისთავად უკვე არათავისუფლად და არაეფექტიანად ხდის. ეს იგივეა, რომ, მაგალითად, კანონით იყოს დადგენილი, რომ გურიაში დაბადებული ადამიანების ხელფასი იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იმათი, ვინც დანარჩენ საქართველოში დაიბადა, მიუხედავად გურულების პროფესიონალიზმისა (გურულებს არაფერს ვერჩი, პრივილეგირებულობის კრიტერიუმი შეიძლება ნებისმიერი იყოს).
პირველი მიზეზიდან გამომდინარეობს მეორე: პროფკავშირების პრივილეგიები ხელს უწყობს უმუშევრობის დონის ზრდას თუ არა, ყოველ შემთხვევაში მის შენარჩუნებას, რადგან ხისტი კოლექტიური ხელშეკრულება საშუალებას არ აძლევს დამსაქმებელს ადვილად დაითხოვოს პროფკავშირის წევრი თუნდაც უვარგისი თანამშრომელი და აიყვანოს სხვა, უკეთესი, ან აიყვანოს დამატებით ვინმე, ოღონდ უფრო დაბალი ხელფასით. ამიტომ მგონია, რომ პროფკავშირები ებრძვიან არა უმუშევრობას, არამედ დამსაქმებლებსა და უმუშევრებს.
მესამე: პროფკავშირების საქმიანობა მუდმივი და მზარდი ინფლაციის მიზეზია, რადგან დასაქმების ბაზარზე მათი მონოპოლია იწვევს ხელფასების გაუმართლებელ ზრდას.
სანამ მეოთხეს დავწერდი, ამ ტექსტის შინაარსი საბჭოთა კავშირში გაზრდილ ჩემს მეგობარს მოვუყევი. „პროფკავშირები მაფია კი არა, კომუნიზმის სკოლააო“. ამაზე უკეთესად ვერ იტყვი.
![]() |
12 კომბოსტოდან კონდომამდე |
▲back to top |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
ბრიტანეთის პარლამენტმა, ახლახან პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 13-16 წლის გოგონებს, სქესობრივი აღზრდის დამატებითი გაკვეთილები უნდა ჩაუტარდეთ, სადაც მათ სექსისგან თავშეკავებას ასწავლიან.
მოგეხსენებათ, რომ „სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს“. ამას გათხოვილ თინეიჯერთა რიცხვიც მოწმობს - საქსტატის მონაცემებით, 2009 წელს დაქორწინებული ქალების 17,6%25 თხუთმეტიდან ცხრამეტ წლამდე ასაკის გოგონებზე მოდის, რაც მაგალითად, საფრანგეთის მაჩვენებელზე 70-ჯერ მაღალია. ამიტომ ვიფიქრე, რომ „ჩვენებურ“ 13-16 წლის გოგონებსაც მოუხდებოდათ დამატებითი გაკვეთილები ადრეულ ასაკში გათხოვებისგან თავშეკავებაზე. მაგრამ, როგორ უნდა დაარწმუნო გოგონები, 16 წლისანი არ გათხოვდნენ, თუ არ აუხსნი, გათხოვება რას ნიშნავს?
საქართველოს საჯარო სკოლებში სქესობრივი აღზრდა, მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, ცოცხალი ორგანიზმების გამრავლების თემისადმი მიძღვნილი 4 გვერდით შემოიფარგლება. „ჩვენი მასწავლებელი ამ გვერდებსაც გადაახტა“, - მითხრა ტაბულას მე-12 კლასელმა თანამშრომელმა, როდესაც ჩემი თხოვნით ბიოლოგიის სახელმძღვანელო მომიტანა. გამახსენდა, რომ 20 წლის წინ, ჩემმა მასწავლებელმაც გამოტოვა ანატომიაში ის თავი, რომელიც განაყოფიერებას ეხებოდა.
ბიოლოგიის სახელმძღვანელოსთან ერთად, ჩემს განკარგულებაში ბავშვთა და მოზარდთა სქესობრივი აღზრდისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნი, მათ შორის საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებული, ფერადი და პრიალა „სიყვარულის ანაბანა“ აღმოჩნდა. გამოცემა 5-8 წლის ბავშვებისთვის კლასგარეშე საკითხავადაა განკუთვნილი.
რედაქციიდან სახლში მისულმა, ის იყო ჩანთა ამოვცალე და წიგნები მაგიდაზე დავაწყვე, რომ ჩემი 5 წლის ქალიშვილიც იქ გაჩნდა. როგორც ამ ასაკის ბავშვს შეჰფერის, მანაც ჩანთიდან ამოღებული ნივთების თვალიერება დაიწყო, იმ იმედით, რომ მისთვის საინტერესოს აღმოაჩენდა. იპოვა კიდეც - ზემოხსენებული ფერადი, პრიალა გამოცემა. „დე, ეს ვისია?“ მკითხა გაბადრულმა, „ეს დიდებისთვისაა“, ვუპასუხე ავტომატურად, წიგნი გამოვართვი და თავი უხერხულად ვიგრძენი, იმიტომ რომ მოვატყუე.
შემდეგ დავფიქრდი - რატომ მოვატყუე? მე ხომ ინფორმირებულ შვილებს ვზრდი? 5 წლის კესომ ზუსტად იცის, რომ ის არც წეროს მოუყვანია და არც კომბოსტოში გვიპოვია. პირიქით, ეს რომ უთხრათ, იფიქრებს, რომ არაფერი გაგეგებათ და თუ ხასიათზე იქნა, შეეცდება აგიხსნათ, რომ სინამდვილეში ის ჩემს მუცელში „იჯდა“. კესომ ისიც იცის, რომ მუცელში ბავშვი მაშინ „ჯდება“, როდესაც მის მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. მაგრამ, მინდა კი მას ამ ასაკში შევატყობინო, რომ „სასიყვარულო ალერსის“ დროს „ვაჟის პენისი დიდდება და ქალის სასქესო ორგანოში შეცურდება“?
ერთმნიშვნელოვნად არა!
ჩემ მიერ ბავშვისთვის დამალულ კლასგარეშე საკითხავში, რომელიც 2004 წელს, ჯისიაიმ გამოსცა, სწორედ ასე წერია.
ჩვენ ხომ ისე გავიზარდეთ, რომ სკოლაში არ გაგვივლია სქესობრივი აღზრდის კურსი? - ისმია მიდგომია მოწინააღმდეგეთა რიტორიკული კითხვა. ის, რომ მშობლის უფლებაა საკუთარი მორალური, რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად აღზარდოს შვილი, დემოკრატიულ საზოგადოებასი ეჭვქვეშ ვერ დადგება. მაგრამ ფაქტია, რომ გვინდა ეს ჩვენ - მშობლებს, თუ არა, ინტერნეტისა და ტელევიზიის პირობებში, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ჩვენი შვილები შეიტყობენ, რომ მხოლოდ გრძნობა არ არის საკმარისი ბავშვის გასაჩენად, რომ ამისთვის საჭიროა სქესობრივი სიმწიფე და სქესი, რომ სქესობრივი აქტი ყოველთვის სიყვარულის გამოვლინება არ არის, რომ სექსით მხოლოდ ბავშვების გასაჩენად არ კვდებიან და რომ ადამიანების დიდ ნაწილს ნებაყოფილობითი სქესობრივი აქტი სიამოვნებას ანიჭებს.
სქესობრივი განათლების მიღების ორნაირი წყარო არსებობს, არაფორმალური და ფორმალური. არაფორმალურ წყაროდ ითვლება მშობელი, მეგობარი, მოძღვარი, მედია, არაფორმალური ორგანიზაციები და მათი ვებგვერდები. ფორმალური წყარო სკოლაა.
თუ თითო-ოროლა კერძო სკოლის აღსაზრდელებს არ ჩავთვლით, ქართველ მოზარდებს სქესობრივი განათლების მხოლოდ არაფორმალურ წყაროსთან მიუწვდებათ ხელი. მისი ფორმალიზების ყველა მცდელობა მარცხით დამთავდრა. „ჩვენ შეიძლება სულაც არგვინდა, რომ მოზარდებმა სექსზე იფიქრონ და სექსით დაკავდნენ, მაგრამ რომ ფიქრობენ და კავდებიან? - ამბობს ტაბულასთან საუბარში ექიმი რეპროდუქციოლოგი მაკა გეგეჭკორი, - ამიტომ უმჯობესია რაციონალურ გამოსავალზე შევთანხმდეთ“.
მაგრამ, შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. საზოგადოების ნაწილი სექსს გარყვნილებად მიიჩნევს, მოზარდის სქესობრივად მომზადებას კი - გარყვნილების წახალისებად და ვინც შეეწინააღმდეგება, მზად არის თავში ჯვარი ურტყას. ზოგი თვლის, რომ 5 წლის ბავშვს „პენისიდან გადმოღვრილ სითხეზე“ თუ არ ესაუბრე, ჩამორჩენილი ხარ. სხვანი ახალგაზრდობის ჰარმონიული განვითარების ეროვნულ კონცეფციებს წერენ და ჭერში აწყობენ. ხელისუფლება ეკლესიის გაღიზიანებას ერიდება. ეს უკანასკნელი მოზარდთა სქესობრივი განათლების წინააღმდეგია. მედიას, მხოლოდ სენსაციები აინტერესებს. საღი აზრი კი, ხომ ვიცით, რომ სენსაციის წყარო ვერ იქნება.
ამ მხრივ საინტერესოა მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში ჩატარდა. როგორც ირკვევა, გამოკითხული 600 მოზარდიდან უმრავლესობა (57.5%25) მიიჩნევს, რომ სექსთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.
თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2002 წელს, ვარდების რევოლუციამდე, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი (66,3%25) იყო.
„აღნიშნული მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ როგორც მოზარდებს, ასევე მათ მშობლებს, არ აქვთ სწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა თემატიკას მოიცავს ეს სწავლება, არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არაკორექტულად წარმართულმა სატელევიზიო თოქ-შოუებმა, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისათვის სქესობრივი განათლების წინაარმდეგ გამოსვლა პიარ კამპანიის ნაწილი გახდა, ტელევიზიით საზოგადოებას დაჟინებით მიეწოდებოდა აბსურდული ინფორმაცია იმის სესახებ, რომ სკოლებში აპირებდნენ სექსოლოგიის სწავლებას და ადამიანებს უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ ეს უნდა ყოფილიყო სექსის პრაქტიკული გაკვეთილები, საშინაო დავალებებით“, - ამბობენ კვლევის ავტორები.
თავისთავად, ის, რომ სქესობრივი განათლება საქართველოში ვნებათაღელვას იწვევს, განუვითარებლობია ნიშან სულაც არ არის. ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენზე წინ წასულ ქვეყნებში მიმდინარეობს. განსხვავება კამათის ინტელექტუალურ დონესა და არგუმენტების ხარისხშია.
უთანხმოების საგანია ის, თუ რას უნდა მოიცავდეს სქესობრივი განათლება: მხოლოდ ანატომიას - ადამიანის სხეულს, მასში მიმდინარე პროცესებს და რეპროდუქციის ბიოლოგიურ მხარეს, თუ სექსისგან თავშეკავებას, კონტრაცეფციას, აბორტს, სქესობრივ განვითარებასთან დაკავშირებულ ემოციებს, ამ გზით გადამდებ დაავადებებს, სექსუალურ სიამოვნებას, ჰომოსექსუალიზმს, ფასეულობებს, რეპროდუქციულ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს და ა. შ.
საკამათოა ისიც, ვისგან უნდა მიიღონ მოზარდებმა ეს ცოდნა - ოჯახისგან თუ სკოლაში. არც ისაა ერთმნიშვნელოვანი, თუ რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი სქესობრივი განატლების მიღება.
ბრიტანეთის მასშტაბით სავალდებულო მხოლოდ ანატომიაა. რაც შეეხება სქესობრივი აღზრდის დანარჩენ ასპექტებს, ის სასკოლო პროგრამის ნაწილია, ოღონდ ინგლისში, განსხვავებით დანარჩენი ბრიტანეთისგან, ამ საგნის შესწავლა სავალდებულო არ არის. გადაწყვეტილებას, ასწავლონ თუ არა სქესობრივი ურტიერთობები სკოლაში, სასკოლო საბჭო იღებს, თუმცა მშობელს უფლება აქვს, შვილი ამ გაკვეთილებს არ დაასწროს.
ამის მიუხედავად, აქტივისტები, მაგალითად ქრისტიანული ინსტიტუტი, აპროტესტებენ იმას, რომ ზოგიერთმა სასკოლო საბჭომ დაწყებითი კლასებისთვის ისეთი წიგნები სეარჩია, რომლებიც სექსის სესახებ კომიქსებითაა დასურათებული.
კონსერვატორი პარლამენტარი, ნადინ დორისი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კანონპროექტის ავტორია, ბრიტანული თინეიჯერების ორსულობის მაღალ მაჩვენებელს სწორედ მსგავს სახელმძრვანელოებს და სქესობრივი განათლების პროგრამაში არასწორად დასმულ აქცენტებს უკავშირებს. დორისი მიიჩნევს, რომ აქცენტი სექსისგან თავშეკავებაზე უნდა გაკეთდეს და არა კონდომების მართებულად „ჩაცმის“ ტექნიკაზე. მას ზურგს ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა უმრავლესობა უმაგრებს.
ქალბატონი დოროსი თუ მოზარდებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამ გზით ცდილობს თინეიჯერთა ორსულობის მაჩვენებლის შემცირებას, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომდგენლებმა, 2009 წლის ზაფხულში, საინფორმაციო კამპანია აწარმოეს, სახელად „დღეში ერთი ორგანიზმი“, რომლის მიზანი იყო, რომ მოზარდებს ყურადღება სქესობრივი აქტიდან, მასტურბაციაზე გადაეტანათ.
ბავშთა ეროვნული ბიუროს ქოლგის ქვეშ მოქმედი ორგანიზაცია, სქესობრივი აღზრდის ფორუმი, ამტკიცებს, რომ საჯარო სკოლაში სქესობრივი განათლების კურსი დაგვიანებული და ზედმეტად ბიოლოგიურია. სავალდებულო სქესობრივი განათლების ადვოკატები მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ იმასაც, რომ სულმნათი დედოფლის - ვიქტორიას სამშობლოში მასწავლებლებს, ბავშვებთან სექსზე საუბარი რცხვენიათ.
მაისის დასაწყისში ორგანიზაცია Baby Child-ის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ სქესობრივი განათლების პრომოუტერთა ძალისხმევის მუხედავად, ბრიტანელი მშობლების 59%25-ს არ სურს სქესობრივი აღზრდა სკოლის კურიკულუმის ნაწილი იყოს, 48%25 კი მიიჩნევს, რომ მსგავსი გაკვეთილებისთვის შესაბამისი ასაკი, 13 წელი და მეტია. „შედეგები არ მაკვირვებს, - ამბობს კვლევის ინიციატორი და ვებგვერდის დამფუძნებელი ენდი ბარი, - ეს სენსიტიური თემაა, ყველა მშობელს თავისებური მიდგომა აქვს, მათ ურჩევნიათ გააკონტროლონ, რა იციან მათმა შვილებმა, განსაკუთრებით პატარებმა“.
შეერთებულ შტატებში სურათი ბევრად უფრო ჭრელია. ფედერალური კანონი, რომელიც საჯარო სკოლებს სქესობრივი განათლების შემოღებას დაავალდებულებს, არ არსებობს, ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე წყდება. ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ თავშეკავებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს აფინანსებს.
სქესობრივ განათლებას ყველა ამერიკელი მოსწავლე იღებს, როგორც წესი, მაღალ კლასებში. მაგრამ შტატების მიხედვით განსხვავდება სქესობრივი განათლების მასშტაბი და ხასიათი. ბევრი შტატი მშობელს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა მისი შვილი სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს.
„თავშეკავება+“ და „მხოლოდ თავშეკავება“ - ასე მოიხსენიებენ შეერთებულ შტატებში გავრცელებული სქესობრივი განათლების ფორმებს. პირველი ფორმა მოსწავლეებს სექსისგან თავშეკავებას ურჩევს, მაგრამ ამავდროულად ინფორმაციას აწვდის კონტრაცეფციის, სქესობრივად გადამდები დაავადებების, ზოგ შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მეორე კი, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავებას ასწავლის და კონტრაცეფციაზე სიტყვასაც არ ძრავს.
როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ბრიტანეთში, კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ სქესობრივი განათლება, მიზნად მოზარდების სქესობრივი აქტივობის თავიდან აცილებას უნდა ისახავდეს. კამათის საგანია ის, თუ რომელი მეთოდია ამის მისაღწევად უფრო ეფექტიანი, ის, რომელიც მხოლოდ თავშეკავებაზეა ორიენტირებული, თუ კომპლექსური. ორივე მხარეს თავ-თავიანთი პოზიციების გასამყარებლად, სხვადასხვა კვლევები მოჰყავთ. კომპლექსური სქესობრივი განათლების მომხრეები, მაგალითად საფრანგეთს, ჰოლანდიას და გერმანიას ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში თინეიჯერთა ორსულობის მაჩვენებელი ბრიტანეთზე და ამერიკაზე გაცილებით დაბალია. მაშინ, როდესაც მათი სქესობრივი აღზრდის პროგრამა სავალდებულოა და ბევრად უფრო გულახდილი. კონსერვატორები შედარებას არაკორექტულს და ზედაპირულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამ შედეგს უამრავი სხვა ფაქტორი განაპირობებს.
მართლაც, საფრანგეთში სქესობრივი განათლება, 1973 წლიდან სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია, მას 30-40 აკადემიური საათი ეთმობა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მოზარდებმა იციან, თუ როგორ დაიცვან თავი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან და არასასურველი ორსულობისგან, რა არის ორგაზმი, მასტურბაცია. მაღალ კლასებში მოსწავლეები საჩუქრად პრეზერვატივებსაც იღებენ.
სქესობრივი განათლება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, სავალდებულოა ფინეთში, შვედეთში, გერმანიაში. ნიდერლანდების სამეფოში მთავრობა აფინანსებს პროექტს „იდღეგრძელე სიყვარულო“ (Long Live Love), რომლის ფარგლებშიც არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ბავშვებიც საუბრობენ სექსუალურობასა და კონტრაცეფციაზე. აქ მასწავლებლები 12-15 წლის გოგონებთან ცდილობენ იმის გარკვევას, რას მოიმოქმედებენ, თუ მათი შეყვარებული უარს იტყვის კონდომის გამოყენებაზე. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სქესობრივი აღზრდა 14-15 წლიდან იწყება, თუმცა შვედეთსა და ჰოლანდიაში, ამ მიმართულებით, 7-10 წლის ასაკის ბავშვებიც იღებენ გარკვეულ ცოდნას.
მოცემულ თემაზე წერისას, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ყბადაღებული ფრაზა პირველი საბჭოთა -ამერიკული ტელეხიდიდან, რომელსაც ფილდონა-ჰიუ და ვლადიმირ პოზნერი უძღვებოდნენ - „საბჭოთა კავშირში სექსი არ არის“. ეს სიტყვები ისეთივე გულუბრყვილოა, როგორიც ზოგიერთი „თანამედროვე განმანათლებლის“ მცდელობა, 5 წლის ბავშვებს მასტურბაციაზე და ეიაკულაციაზე ესაუბროს.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში საქართველოში ამ საკითხზე კონსენსუსი შედგეს. მაგრამ დავუშვათ, რომ ასე მოხდა. ერთ მშვენიერ დილას, გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ეკლესიით დაწყებული, ულტრაპროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული, ყველა შეთანხმდა - სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვმა სქესობრივი განათლება უნდა მიიღოს. რამდენადაა დღევანდელი ქართული სკოლა მზად ამ ამოცანისთვის?
მანამდე, სანამ სკოლას ახალ, ფრიად დელიკატურ ფუნქციებს დავაკისრებთ, ეგებ დავფიქრებულიყავით იმაზე, თუ რამდენად გვაკმაყოფილებს განათლების ხარისხი იმ დისციპლინებში, რომლებიც სკოლაში ტრადიციულად ისწავლება.
სულაც არ მინდა, რომ ჩემს შვილს „პენისის გამაგრებაზე“ იმ პედაგოგიური კორპუსის წარმომადგენელი ესაუბროს, რომელთაგან ათიდან ცხრა, მინიმალურ საატესტაციო გამოცდას ვერ აბარებს - მერცხალი ქვემდებარე იმიტომ ჰგონია, რომ „ის გაზაფხულზეა დამოკიდებული“, შაჰ აბასს მეოცე საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს, ხოლო ილია ჭავჭავაძეს სიმბოლიზმის მიმდევრად თვლის. ამას მირჩევნია, ჩემთვის, მშობლისთვის, ის ლიტერატუ რა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც ბავშვის მიერ დასმულ უხერხულ კითხვებზე კვალიფიციური პასუხის გაცემაში დამეხმარება.
![]() |
13 ფოტოესე |
▲back to top |
პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეთრინი ოჯახის წევრებთან ერთად. ბუკინგემის სასახლის სატახტო დარბაზი
ფოტო: REUTERS ©
![]() |
14 კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა პოზიციები გაიუმჯობესეს |
▲back to top |
მსოფლიო
ინგლისის ადგილობრივი არჩევნები
ფოტო: REUTERS ©
თეონა ტურაშვილი
გაერთიანებული სამეფოს 5 მაისის ადგილობრივ არჩევნებში, ლიბერალ-დემოკრატებმა მწარე მარცხი იწვნიეს. პარტიამ ადგილობრივ ასამბლეებში 748 მანდატი დაკარგა, მათმა კონსერვატორმა კოლეგებმა კი დამატებით 86 ადგილი მოიპოვეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ჩრდილოეთ ინგლისს ლიბერალ-დემოკრატები აღარ აკონტროლებენ. მსგავსი ვითარებაა შეფილდშიც. ამ უკანასკნელს პარტიისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა - პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ნიკ კლეგი, ქვეყნის პარლამენტში სწორედ ამ რეგიონის წარმომადგენელია.
არჩევნებში განსაკუთრებულ წარმატებას ვერც ლეიბორისტებმა მიაღწიეს. მართალია, მათ კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების ხარჯზე ადგილების რაოდენობა გაიზარდეს, თუმცა მოპოვებული მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი - 37%25 - მხოლოდ ორი პროცენტით უსწრებს კონსერვატორებისთვის მიცემულ ხმების ოდენობას.
ტორებისთვის არჩევნების შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: ერთწლიანი ხარჯების შემცირების, წარუმატებელი ჯანდაცვის რეფორმისა და კოალიციაში უთანხმოების შემდეგ, პარტია ხალხში წინა წლის მსგავსი მხარდაჭერით სარგებლობს.
ლიბერალ-დემოკრატების რეიტინგზე ცუდად იმოქმედა საჯარო ხარჯების შეკვეცამ - ბიუჯეტში მათი წილი 19%25-ით შემცირდა. პარტიის რეიტინგი 2007 წლის მონაცემებთან შედარებით, 10%25-ითაა დაცემული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ლეიბორისტებზე მეტად კონსერვატორებს აძლევთ ხელს. მსგავსი ტენდენციის გამეორებას 2012 და 2013 წლების ადგილობრივი არჩევნებისთვის ელოდებიან. თანაც, დევიდ კამერონი საკმაოდ კარგი პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. გამოკითხვების მიხედვით, მას ინგლისელები ძალაუფლების, ქარიზმისა და გამბედაობის გამო, ლეიბორისტ ლიდერზე - ედ მილიბენდზე მაღლა აყენებენ.
არჩევნები გასული წლის მაისში შექმნილი კოალიციის ერთგვარ ტესტს წარმოადგენდა. სამთავრობო ჯგუფში ბზარია გაჩენილი: ტორებისა და ლიბერალ-დემოკრატების ურთიერთობების გაციება 5 მაისის რეფერენდუმის კამპანიამ მნიშვნელოვნად განაპირობა - მხარეები ვესტმინსტერის არჩევნებისთვის, ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემის გამოყენების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. კამერონის მტკიცებით, ამ უკანასკნელის გამოყენებაზე, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისას ჯერ კიდევ გასულ წელს მიაღწიეს თანხმობას. ამის საპირისპიროდ, ლიბერალ-დემოკრატები სისტემის ცვლილებას უჭერდნენ მხარს.
ამგვარი გაურკვევლობების მიუხედავად, კოალიციას პრობლემის დასაძლევად დრო და შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს. ოპტიმიზმის საფუძველს კაბინეტში არსებული კარგი პიროვნული ურთიერთობები იძლევა. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ისინი თავისუფალი ბაზრის მომხრე და ცენტრისტები არიან. ეს პოლიტიკოსები უმნიშვნელოვანეს საკითხებში იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მხარეებს არ წარმოადგენენ.
![]() |
15 ბრიტანეთი ამბობს არას |
▲back to top |
მსოფლიო
ბრიტანეთის რეფერენდუმი
ავთო ქორიძე
ფოტო: REUTERS ©
გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს მსგავსად, ბოლო ერთი წელია, საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე აქტიურად საუბრობდნენ. თუმცა, 5 მაისის რეფერენდუმის კითხვას - გსურთ თუ არა პლურალიტული საარჩევნო სისტემის პრეფერენციული სისტემით შეცვლა - ბრიტანეთის მოსახლეობის 68%25-მა უარყოფითად უპასუხა.
ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მეორე ეროვნული რეფერენდუმი (პირველი - ევროგაერთიანებაში შესვლის შესახებ 1973 წელს), ჩატარდა. ეს ერთი წლის წინანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიციური მოლაპარაკების პირობა იყო.
ლიბერალ-დემოკრატები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოტანას მოითხოვდნენ. კონსერვატორების მთავარი მიზანი, ერთნაირი ზომის საარჩევნო ოლქების შექმნა გახლდათ.
არსებული სისტემის ფარგლებში, ლიბერალ-დემოკრატები იღებენ ბევრად უფრო ცოტა საპარლამენტო მანდატს, ვიდრე ამომრჩევლის ხმას. მაგალითად, 1992 წლის არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატებმა ხმათა 17,8%25 მიიღეს, პარლამენტში კი - ადგილების 3.1%25, 1997 წელს ხმათა 16.8%25-ის სანაცვლოდ პარტიამ პარლამენტში მანდატების 7%25 მოიპოვა, 2001 წელს ხმათა 18.3%25 პარლამენტში 7.9%25-ად იქცა, 2010 წელს კი, პარტიამ ხმათა 23%25-ით, პარლამენტის მხოლოდ 8.8%25 მიიღო. ამიტომაც, ნიკ კლეგის მთავარი მიზანი, პლურალიტული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება და, შესაბამისად, პარლამენტში ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენლობის მკვეთრი გაზრდა იყო.
კონსერვატორებისთვის ეს მოდელი მიუღებელი იყო. მთავარი მიზეზი ისაა, რომ პროპორციული სისტემის არსებობის შემთხვევაში, ბოლო ოცდაათ წელს ჩატარეერბულ ყველა არჩევნებში (გარდა ერთისა), კონსერვატორები უფრო ნაკლებ ადგილს მოიპოვებდნენ პარლამენტში, ვიდრე ეს პლურალიტულ სისტემაში მოახერხეს.
გაერთიანებული სამეფო ამჟამად პლურალიტულ (Plurality, იგივე First Past the Post) სისტემას იყენებს. ყველა ოლქს ერთი დეპუტატი ჰყავს, ამომრჩეველს საშუალება აქვს, ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვინც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს.
პრეფერენციული სისტემით, ბრიტანელ ამომრჩეველს საშუალება ექნებოდა, საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი, ერთზე მეტი კანდიდატი მოენიშნა და პრეფერენციის მიხედვით, მათი რანჟირება მოეხდინა (ყველაზე სასურველისთვის 1 დაეწერა, შედარებით ნაკლებ სასურველისთვის 2 და ა.შ.). თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებდა ამომრჩეველთა 50%25-ს, პირველი პრეფერენციის მიხედვით, მაშინ დაითვლებოდა ამომრჩევლების მეორე პრეფერენცია, შემდეგ მესამე და ა.შ., სანამ რომელიმე კანდიდატი 50%25-ს არ მოაგროვებდა.
ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ნიკ კლეგი
ფოტო: REUTERS ©
კონსერვატორების მიერ პროპორციული სისტემის მიუღებლობა, მემარცხენე ძალების კონსოლიდაციის შიშითაც იყო გამოწვეული. მემარცხენე ხმები აღარ გაიხლიჩებოდა, ლიბერალ დემოკრატები და ლეიბორისტები კი ძლიერ კოალიციას შექმნიდნენ.
ეს შიში გარკვეულწილად გაზვიადებულია. ლიბერალ დემოკრატებსა და ლეიბორისტებს შორის არანაკლები განსხვავებაა, ვიდრე თითოეულ მათგანსა და ტორებს შორის - დაწყებული დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკით, დამთავრებული პოლიტიკური რეფორმით. საარჩევნო რეფერენდუმმაც ცხადჰყო, რომ ლეიბორისტთა მომხრეების უმრავლესობას, არსებული სისტემის შენარჩუნება არ სურს.
პროპორციული სისტემის ნაცვლად, კონსერვატორები, უპირატესობას პლურალიტული სისტემის დახვეწას ანიჭებდნენ. ამიტომაც, კონსერვატორებს საარჩევნო ოლქების ერთნაირ ზომაზე, 76 ათას (±5%25) ამომრჩეველზე, დაყვანა სურთ. აქამდე არსებული განსხვავების გამო, ლეიბორისტები, ამომრჩეველთა ხმების თანაბარი ოდენობის მიღების შემთხვევაში, პარლამენტში, დაახლოებით 50 ადგილით მეტს იკავებენ
ამის მაგალითად, 2001 წლის არჩევნები გამოდგება: ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტში 412 ადგილი მოიპოვა, კონსერვატულმა - 166, ხმათა პროცენტებში განსხვავება კი მხოლოდ 9%25 იყო. როცა კონსერვატორები ლეიბორისტებს ჯაბნიან, განსხვავება არც თუ ისე დიდია: ჯონ მეიჯორის მეთაურობით, კონსერვატორებმა ლეიბორისტებს 7,5%25-ით გაუსწრეს. მათ პარლამენტში 336 ადგილი მოიპოვეს, ლეიბორისტებმა კი - 271.
კიდევ ერთი რეფორმის შედეგად, შემდეგ არ ჩევნებზე, ბრიტანელები 650-ის ნაცვლად, 600 პარლამენტის წევრს აირჩევენ.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ორმა გამარჯვებულმა პარტიამ კონსენსუსს მიაღწია: ლიბერალ -დემოკრატებმა უარი თქვეს პროპორციულ სისტემაზე, რასაც თითქმის ერთი საუკუნეა, მოითხოვენ. ისინი პრეფერენციულ სისტემაზე რეფერენდუმის გამართვას დათანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერალ - დემოკრატები პრეფერენციული სისტემით, არსებულზე უფრო მეტს, მაგრამ პროპორციულ სისტემასთან შედარებით 50%25-ით ნაკლებ ხმას მიიღებდნენ.
პლურალიტული სისტემის მომხრეები, მის ღირსებად, ხოლო მოწინააღმდეგეები ნაკლად იმას მიიჩნევენ, რომ ეს სისტემა კომპრომისისა და კონსენსუსის ნაცვლად, უპირატესობას პოზიციათა მკვეთრ გამოხატვას და დებატებს ანიჭებს. მომხრეებს მოსწონთ, რომ ამომრჩეველი, მკაფიოდ განსხვავებულ ალტერნატივებს შორის აკეთებს არჩევანს. ამ უკანასკნელს ანგარიშვალდებულების მექანიზმსაც უქმნის: თუ ამომრჩეველს მმართველი პარტია არ მოსწონს, მას რეალური ალტერნატივა ჰყავს
კონსერვატორები, როგორც წესი, კონსენსუსს, მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკას ამჯობინებენ. მარგარეტ თეტჩერის აზრით, კონსენსუსი ყველა ღირებულებაზე უარის თქმაა - ეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არავის მოსწონს და არც არავინ ეწინააღმდეგება.
პლურალიტულ სისტემაში მემარჯვენეობა და მემარცხენეობა უფრო მკვეთრად არის გამოხატული. პატარა, პირველ რიგში ექსტრემისტული პარტიების პარლამენტში მოხვედრის შანსი, ძალიან მცირეა. მმართველი, როგორც წესი, ერთი პარტიაა, კოალიციები კი ძალიან იშვიათია.
პლურალიტულ სისტემაში მემარჯვენეობა და მემარცხენეობა უფრო მკვეთრად არის გამოხატული. პატარა, პირველ რიგში ექსტრემისტული პარტიების პარლამენტში მოხვედრის შანსი, ძალიან მცირეა. მმართველი, როგორც წესი, ერთი პარტიაა, კოალიციები კი ძალიან იშვიათია.
ძლიერი მმართველი პარტიის თანმდევი ეფექტი ასეთ სისტემაში მძლავრი ოპოზიციაა. მას მთავრობის მოქმედებების კონტროლი და ამომრჩევლისთვის ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. ოპოზიციას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
პლურალიტული სისტემის მოწინააღმდეგენი, პოლიტიკურ პოზიციათა მკვეთრ გამიჯვნას არასასურველ პოლარიზაციად მიიჩნევენ. მათი აზრით, პოლიტიკა და არჩევნები ხალხის კონსენსუსს წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა სისტემა, რომელშიც პარტიების მთავარი დასაყრდენი ცენტრი იქნება და არა პოლარიზებული პოზიციები. ამასთან ერთად, იმ ადამიანების არჩევანი იკარგება, რომელთაც გამარჯვებული პარტიისთვის არ მიუციათ ხმა.
პროპორციული სისტემა, ხალხის არჩევანის პარლამენტში თანაზომადად ასახვას და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ამ სისტემის კრიტიკოსები მთავარ ნაკლად პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტირებას მიიჩნევენ. შედარებით უფრო მსხვილი პარტიები, დამოუკიდებლად, მთავრობას ვერ ქმნიან და კანონებს ვერ იღებენ. მცირე პარტიებს დისპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ. გადამეტებული საპარლამენტო პლურალიზმის შედეგად, ძალიან მცირე პოლიტიკურ ძალებსაც კი, დიდ პარტიებთან კოალიციის პირობებზე სარფიანი ვაჭრობა შეუძლიათ.
პროპორციულ სისტემას ხშირად იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მისი საშუალებით, ექსტრემისტული პარტიები პარლამენტში შეიძლება მოხვდნენ და ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ. ზოგიერთის აზრით, ვაიმარის რესპუბლიკის ჩამოშლას და გერმანიის ფაშისტების ხელში ჩავარდნას, გარკვეულწილად, პროპორციულმა სისტემამაც შეუწყო ხელი.
პროპორციულ სისტემაში, ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან ინდივიდუალური კანდიდატის დასჯის საშუალება არ აქვს. დიდი ცენტრისტული პარტიის მმართველობიდან გამოდევნა ძალიან რთულია, რადგან მთავრობა უმთავრესად კოალიციურია. ზოგიერთ პარტიას, მიუხედავად ამომრჩევლის მხარდაჭერის მასშტაბისა, მმართველ კოალიციაში მუდმივად ყოფნა შეუძლია.
პროპორციული სისტემა - განსაკუთრებით, დახურული სიის პირობებში, სადაც კანდიდატების ბედს თავად პარტია წყვეტს და არა ამომრჩეველი - ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის გადამეტებულ ცენტრალიზაციას. ამომრჩეველსა და არჩეულ დეპუტატს შორის კავშირი წყდება. პოლიტიკოსები, საზოგადოების ნაცვლად, უფრო მეტად საკუთარი პარტიის და მისი ბოსების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.
პრეფერენციული სისტემა, განსაკუთრებით ცენტრისტი პარტიებისთვისაა მომგებიანი. მათ, მეორე და მესამე პრეფერენციების (როგორც მემარჯვენეების, ასევე მემარცხენეების) მიღების, ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმი, კოალიციური პარტნიორებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად იქცა. პრეფერენციული სისტემის დამარცხებას, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისთვის, შეიძლება, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. პარტიის ზოგიერთი წევრი უკვე ითხოვს ნიკ კლეგის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომას. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ლიბერალ-დემოკრატებმა ადგილობრივ არჩევნებში მარცხი განიცადეს
საპირისპიროდ, რეფერენდუმში გამარჯვება დევიდ კამერონის პოლიტიკური ტრიუმფია. სწორედ ის ედგა სათავეში არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების კამპანიას. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პრემიერმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და კოალიციურ პარტნიორთან, ლიბერალ-დემოკრატებთან ურთიერთობის გაუარესებას მოერიდოს. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, ლიბერალ-დემოკრატები კოალიციას არ დატოვებენ. ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი საპარლამენტო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ხალხის აზრით, პოლიტიკური წყობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, რადიკალურ ცვლილებას არ საჭიროებს. საარჩევნო რეფორმების შესახებ საუბარი, ალბათ, რამდენიმე ათწლეულით შეწყდება.
![]() |
16 ყოფილი მტრები კვლავ ერთიან მთავრობას ქმნიან |
▲back to top |
მსოფლიო
ჩრდილოეთ ირლანდიის არჩევნები
ნინი გოგიბერიძე
თუ გაერთიანებული სამეფოს მთელ რიგ რეგიონებში, 5 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე კონსერვატიული, ლიბერალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ჩრდილოეთ ირლანდიაში მათ გამარჯვების შანსიც კი არ ჰქონდათ. შინ ფეინი და დემოკრატიული უნიონისტების პარტია (DUP) მცირე ზომის პოლიტიკური გაერთიანებების მხარდამჭერების გადაბირებას წარმატებით განაგრძობენ. მთავარი ინტრიგა ის იყო, მოაგროვებდა თუ არა შინ ფეინი DUP-ზე მეტ ხმას და მოახერხებდა თუ არა მისი ლიდერი მარტინ მაკგინესი, DUP-ის ლიდერის, პიტერ რობინსონის პირველი მინისტრის პოსტის დაკავებას.
ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრებს ხუთი პარტია ნიშნავს. მათი რაოდენობა, არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ მოპოვებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. საკანონმდებლო ასამბლეის წევრები პროპორციული საარჩევნო სისტემით შეირჩევიან. სენსაცია არ მოხდა და ხელისუფლება მმართველობაში უცვლელად დაბრუნდა. თუმცა არჩევნებმა, რეგიონის შედარებით პატარა ზომის პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საგრძნობი ცვლილებები აჩვენა.
ჩრდილოეთ ირლანდიის 26 საბჭოს 582-ვე ადგილის ბედი უკვე გარკვეულია. ულსტერელმა უნიონისტებმა და სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ (SDLP) მანდატები DUP-ისა და შინ ფეინის სასარგებლოდ დაკარგეს. DUP-მა 175 ადგილი მოიპოვა, შინ ფეინმა - 138, ულსტერელმა უნიონისტების პარტიამ - 99, SDLP-მ - 87, ალიანსმა კი - 44.
მარტინ მაკგინესი და პიტერ რობინსონი, საკუთარი პარტიების შედეგებით კმაყოფილნი უნდა იყვნენ. ამგვარი შედეგები DUP-სა და შინ ფეინს შორის ახალი, უჩვეულო ალიანსის შექმნას განაპირობებს. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს წარმოადგენენ: პირველი ბრიტანეთთან კავშირს ემხრობა, მეორე კი გაერთიანებული ირლანდიის ქომაგია. გარდა იდეოლოგიური დაპირისპირებისა, აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: მაკგინესი რადიკალური მოძრაობის, ირლანდიის რევოლუციური არმიის შტაბის უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად, ეს ორი პარტია სულ უფრო ახლო თანამშრომლობას ამჯობინებს.
მარტინ მაკგინესი და პიტერ რობინსონი
არჩევნებამდეც, DUP-ი და შინ ფეინი, ჩრდილოეთ ირლანდიას ერთი გუნდივით მართავდა. სხვა პარტიები ჩიოდნენ, მათ ორპარტიული ადმინისტრაცია შექმნესო. წელს ისინი ბიუჯეტის შეკვეცაზეც შეთანხმდნენ და ბელფასტური ტრადიციისთვის უჩვეულოდ, კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერდნენ. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, ისინი ცდილობდნენ, გადაწყვეტილებების მიღება საერთოდ გადაედოთ. ამას კრიტიკოსები საკითხებისადმი თავის არიდებად აფასებდნენ.
DUP-ის და შინ ფეინის დაახლოება მათი ლიდერების პიროვნულმა კავშირებმა განაპირობა. რობინსონი და მაკგინესი ერთმანეთს მეგობრებს უწოდებენ. წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი მათ დაუწერელი კოდექსი შემოიღეს: თავისუფლად გამოხატავდნენ განსხვავებულ აზრებს, მაგრამ სერიოზული კონფრონტაციის აცილებას ცდილობდნენ.
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური პროცესები, 1998 წელს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების გაგრძელებაა. ამ შეთანხმებამ რეგიონის ასამბლეას საკანონმდებლო უფლებამოსილება მიანიჭა. ნაციონალისტებსა და უნიონისტებს შორის წლების მანძილზე მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება, რომელსაც „უსიამოვნებების“ სახელითაც მოიხსენიებდნენ, დასრულდა.
![]() |
17 დევოლუცია უელსურად |
▲back to top |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
ლეიბორისტი კარვინ ჯონსი
5 მაისს, უელსის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, თუმცა კარვინ ჯონსის პარტიას, აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ ცოტა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებით, მათ 45-50%25-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებდნენ. რეალურად, პარტიამ 60-ადგილიან ასამბლეაში, 30 მანდატი მიიღო. ამ შედეგით, ლეიბორისტებმა 2007 წლის ადგილობრივი არჩევნების მონაცემები გააუმჯობესეს - დამატებითი 4 მანდატი აიღეს. მათმა კოალიციურმა პარტნიორმა - უელსის ნაციონალისტურმა პარტიამ კი, 4 ადგილი დაკარგა და მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
კონსერვატორებმა „მწარე-ტკბილი“ გამარჯვება იწვნიეს: მართალია ასამბლეის წევრთა რაოდენობა ორით გაზარდეს, მაგრამ ტორების ლიდერი ნიკ ბურნე უელსის შუა და დასავლეთ რეგიონებში დამარცხდა.
ლიბერალ-დემოკრატებმა, რომლებსაც შოტლანდიურ და ინგლისურ ადგილობრივ არჩევნებში ცუდი დრო დაუდგათ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს - სტატუს-კვო ანუ 5 მანდატი შეინარჩუნეს.
ლეიბორისტებმა წარმატებას სწორი საარჩევნო კამპანიით მიაღწიეს - ეფექტურად გამოიყენეს მედია და დიდი ბრიტანეთის კოალიციის მერყეობაზე ყურადღება გაამახვილეს. ამით ცენტრალური მთავრობისადმი სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
კონსერვატორებმა აქცენტი ჯანდაცვისა და საჯარო დანახარჯების შემცირების მნიშვნელობაზე გააკეთეს, მაშინ როცა ლიბერალ-დემოკრატები მანამდე ტრადიციულად მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრობდნენ. მართალია, კამპანიის დროს უელსის პრობლემებს დაუბრუნდნენ, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის ქომაგთა იმიჯის მოშორება, მცირე დროში ვერ მოახერხეს. ამაზე უელსის ასამბლეის რეფერენდუმის თარიღმაც იმოქმედა.
აღნიშნული რეფერენდუმი მარტის დასაწყისში ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგად, უელსის ასამბლეის საკანონმდებლო ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქამდე ასამბლეას 20 ფართო პოლიტიკურ სფეროზე ჰქონდა გავლენა. მათ შორისაა ჯანდაცვა, განათლება, გარემო და ტრანსპორტი, მაგრამ ახალი კანონის მიღების ექსკლუზიური უფლება არ გააჩნდა. უელსელების დადებითი პასუხით კი ასამბლეას, ვესტმინსტერის თანხმობის გარეშე, კანონების მიღების ძალაუფლება ეძლევა.
![]() |
18 აქციზის გადასახადის ზრდის სოციალური და ეკონომიკური ეფექტები |
▲back to top |
ბიზნესი
ზვიად ხორგუაშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
2010 წლიდან, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და დასაბეგრი ბაზა გაფართოვდა. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების თამბაქო და ალკოჰოლი აქციზით იბეგრება. აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტრომ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებით ახსნა.
თავისუფალ უნივერსიტეტში შარშან, ივნისში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში, მთავრობამ საგადასახადო შემოსავლების ალტერნატიული წყაროების მოზიდვის მიზნით, გადასახადის წნეხის გათანაბრება გადაწყვიტა. შესაბამისად, შეირჩა ქონებისა და აქციზის გადასახადები - მათზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდებოდა.
თავისუფლების აქტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა. ის მთავრობისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. მათ შორისაა რეფერენდუმის გარეშე ახალი გადასახადების შემოღების აკრძალვა. აქტის მთავარი დევიზია - „საქართველო მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი უნდა გახდეს“.
2009 წელს ბიუჯეტში, გადასახადების სახით, 4,16 მილიარდი ლარი შევიდა, ტარიფზე გადასახადი კი მისი 10%25-ია. 2010 წელს, გადასახადების სახით შემოსულმა თანხამ 4.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო აქციზიდან მიღებული შემოსავალი 2%25-ით გაიზარდა და 12%25-ს გაუტოლდა. 2011 წლისთვის, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების 23%25-ით და შესაბამისად, აქციზიდან მიღებული შემოსავლების 22%25-ით გაზრდაა დაგეგმილი.
2010 წელს თამბაქოს წილი იმპორტში 1.55%25 იყო, 2009 წელს კი 1.32%25-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება ალკოჰოლს, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი 0.54%25 იყო, 2010 წლისთვის შემცირდა და 0.48%25-ს გაუტოლდა. შარშან სიგარების, სიგარილების და სიგარეტების საერთო თანხამ იმპორტში 134.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ალკოჰოლის წილი - 41.4 მილიონი ლარია (ლუდი, არაყი, ვისკი და სხვა სპირტიანი სასმელები).
ფილტრიანი, თამბაქოს შემცველი სიგარეტის კოლოფზე აქციზი 60 თეთრია. ერთი ღერი სიგარა 90 თეთრით იბეგრება. 1 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე ბეგარა 40 თეთრიდან 5 ლარამდეა. 2010 წელს 1 ლიტრ ქართულ ლუდზე აქციზი 20 თეთრიდან 40 თეთრამდე იყო. თამბაქოზე აქციზი 2009 წელს გაიზარდა - ერთ კოლოფზე 40 თეთრიდან 60 თეთრამდე.
აქციზის გაძვირებამ ამ პროდუქციის ფასზეც იმოქმედა. ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით - წლიური 13.9%25 - პროდუქცია უფრო მეტად გაძვირდა: მაგალითად, ქართული ლუდის ფასმა 15%25-ით მოიმატა. გაძვირდა მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელებიც. თამბაქოს ფასმა, ტარიფის დაწესების შემდეგ, ზუსტად 20 თეთრით მოიმატა. სხვადასხვა გათვლით, აქციზის არარსებობის შემთხვევაში, ქართველი მომხმარებელი ლუდს 40 თეთრით, არაყს 3 ლარით, ხოლო დანარჩენ ალკოჰოლურ სასმელებს, სულ მცირე, 5 ლარით იაფად შეიძენდა. რაც შეეხება თამბაქოს, ფილტრიანი სიგარეტის კოლოფი 60 თეთრით, ფილტრის გარეშე 15 თეთრით, ხოლო 1 ღერი სიგარა 90 თეთრით იაფად გაიყიდებოდა.
აქციზის გადასახადის გაზრდით, მთავრობის ვარაუდით, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე - თამბაქოსა და ალკოჰოლზე - მოთხოვნა შემცირდება და მათი მოხმარება შეიზღუდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ყოველ წელს, ერთ სულ მოსახლეზე 6.4 ლიტრი ალკოჰოლი მოდის. რუსეთში, მოლდოვაში, სამხრეთ კორეასა და ჩეხეთში, სადაც საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი აქციზის გადასახადია, ეს მაჩვენებელი 16, 18, 15 და 16 ლიტრია. სიგარეტის მოხმარების მხრივ საქართველო 48-ე ადგილზეა, წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე - 1040 სიგარეტი. რუსეთი მეშვიდე ადგილს იკავებს და იგივე მაჩვენებელი 2319 ღერი სიგარეტია. მოლდოვა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი, შესაბამისად, მე-8, 21-ე, 25-ე და მე-5 ადგილებზე არიან.
აქციზის გადასახადი და მისი ოდენობა სიგარეტსა და ალკოჰოლზე მოთხოვნას არ ამცირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიგარეტი და ალკოჰოლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა, მაშინ მათზე ფასის გაძვირების შემთხვევაში, მომხმარებლები უფრო იაფფასიან პროდუქტებზე გადავლენ. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, სიგარეტის მწარმოებლებმა თავიანთ პროდუქციაზე ფასები ხარისხის ხარჯზე შეამცირონ. ეს, ბუნებრივია, პირველ ყოვლისა, მომხმარებლის ჯანმრთელობას ავნებს.
დიდი ბრიტანეთი, აქციზების მეშვეობით ბაზრის რეგულირების წარუმატებელი პოლიტიკის კარგი მაგალითია. აქციზის ღირებულება გასაყიდი ფასის 16.5%25-ს შეადგენს და თუ რაოდენობამ 1000 სიგარეტს გადააჭარბა, დამატებით გადასახადი ემატება. ამგვარი პოლიტიკის შედეგად, დიდ ბრიტანეთში სიგარეტების 60%25-ზე მეტი შავ ბაზარზე იყიდება.
ამდენად, აქციზი საზოგადოებრივ დანაკარგს იწვევს. როდესაც მწარმოებლის დანახარჯები იზრდება, იგი უფრო ნაკლებს აწარმოებს, ხოლო მომხმარებელი, ფასის მატებასთან ერთად, ნაკლები რაოდენობის პროდუქციას შეიძენს. სტიმულების დაკარგვის შედეგად ეკონომიკა ნაკლები ტემპებით ვითარდება.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, თუ მსოფლიოში ტარიფები არ იარსებებს, 2015 წლისთვის, გლობალური ეკონომიკა 830 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ეს, დაახლოებით, დამატებით 1%25-იან ზრდას ნიშნავს.
![]() |
19 აღმატებითი რეალობა |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
გასული საუკუნის 50-იან წლებში, ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა, ჟაკ ლაკანმა რაობები სამ ნაწილად დაყო, შეუსაბამა რა მის შემადგენელ ნაწილებს ზედსართავი სახელები: წარმოსახვითი, სიმბოლური და რეალური. ადამიანის ტვინში წარმოქმნილ ყოველივეს მან უწოდა წარმოსახვითი, მის გარეთ არსებულს − რეალური. ამ ორი უკანასკნელის დამაკავშირებელ მედიუმს, ენას კი − სიმბოლური. ლაკანის ტრიადაში როლები მარტივადაა გადანაწილებული − ადამიანის ტვინი ქმნის წარმოსახვით რაობას, რომელიც სიმბოლური მედიუმის, ენის საშუალებით ითარგმნება რეალურ გარესამყაროში, ან პირიქით, რეალური გარესამყარო აისახება ადამიანის „იმაგინარიუმში” ენის გზით.
სლოვენიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, სლავოი ჟიჟეკმა 50 წლის შემდეგ ლაკანის ტრიადის თითოეულ წევრს ეპოქის ყველაზე პოპულარული ზედსართავი „ვირტუალური“ დაუმატა და ახალი ტრიადა მიიღო. ჟიჟეკი შეეცადა ლაკანის კლასიფიკაცია ციფრული სამყაროსთვის მიესადაგებინა, რისთვისაც მას სულ ერთი, უმნიშვნელო სიტყვის დამატება დასჭირდა, რათა ნათლად ეჩვენებინა ის მეტამორფოზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში გვაქვს სახეზე.
სლავოი ჟიჟეკი
თუ თანამედროვე ტექნოლოგიების მკვლევრებს დავუჯერებთ, პარადიგმა კვლავ იცვლება, ოღონდ ამჯერად რეალობის ტექნოლოგიური ზრდის ხარჯზე. ჩვენს დროში Augmented (ინგლ. აღმატებითი) არის ის ზედსართავი სახელი, რომელსაც თანამედროვე ტექნომანები კრძალვით და ცახცახით წარმოთქვამენ. Augmented Reality კი ის ქრონოტოპოსია, რომელშიც ჩვენ საცხოვრებლად გვეპატიჟებიან 20-30 წლის შემდეგ. ლაკანისა და ჟიჟეკის კლასიფიკაციას თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია იმის თქმაც, რომ „აღმატებითი რეალობა“ არის ყველაფერი ის, რასაც აღვიქვამთ არა სალაპარაკო ენის, როგორც სიმბოლური მედიუმის, არამედ დამხმარე მოწყობილობების საშუალებით.
დღესდღეობით Augmented Reality (შემოკლებით AR) კვლავაც განვითარების ეტაპზე იმყოფება, თუმცა ცვლილებები უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ოცი წლის წინ იყო. მაგალითად წარმოიდგინეთ სიტუაცია: მიაბიჯებთ ტოკიოში და გხვდებათ აბრა გაურკვეველი იეროგლიფებით. იღებთ ჯიბიდან Google Android-ს (თუნდაც iPhone-ს), უღებთ სურათს და იაპონური იეროგლიფების ნაცვლად თქვენთვის გასაგებ ენაზე კითხულობთ აბრაზე გაკეთებულ წარწერას. ან მაგალითად გამვლელი იაპონურად რაღაცას გეკითხებათ, თქვენ არ გესმით რა უნდა მას. კვლავ სმარტფონს იშველიებთ, სთხოვთ მას გაიმეოროს ფრაზა, Google Translate კი გამვლელის იაპონურს თქვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნის. ეს ორი მაგალითი შეიძლება დაუჯერებლად გამოიყურება, მაგრამ უკვე რეალობაა!
ტექნოლოგიური პროგნოზის თანახმად, 2030 წელს ნებისმიერ დედამიწელს შეეძლება კონტაქტური ლინზების შეძენა, რომელიც ადამიანებს სრულფასოვან კიბორგებად აქცევს. ნათელ და გაბრწყინებულ მომავალში, ანუ იმ დროს, როდესაც დედამიწის მოსახლეობის ვიზუალური ინფორმაცია და სხვა მონაცემები ერთ ცენტრალიზებულ ბაზაში იქნება მოთავსებული, ეს კონტაქტური ლინზები გამვლელებს სახეზე ამოიცნობს და დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ქსელურ თამაშებში რომაა: ლინზის ქვედა კუთხეში დაიწერება სახელი და გვარი, ასაკი, დაბადების ადგილი და ა.შ. იმასაც გვპირდებიან, რომ 2030 წელს აღარ იარსებებს უცხო ენების სწავლის საჭიროება, ვინაიდან სპეციალური „ჭკვიანი“ ყურსასმენები მოახდენენ უცხო ენის დეტექტირებას და ჩვენს მშობლიურ ენაზე თარგმნას.
ჟაკ ლაკანი
ვირტუალურ და აღმატებით რეალობებს შორის პრინციპული განსხვავებაა: ვირტუალური რეალობა სინამდვილის ალტერნატივაა, აღმატებითი რეალობა კი ავსებს და უფრო სრულყოფილს ქმნის მას. თუ სლავოი ჟიჟეკის მაგალითს მივყვებით და ლაკანის ტრიადის თითოეულ ნაწილს „აღმატებითს“ მივაწერთ, ახალ „აღმატებით“ ტრიადას მივიღებთ, რომელთაგან Augmented Reality უკვე გვაქვს და მისი სრულფასოვანი რეალიზაცია დროის საკითხია. ხოლო თუ როგორი იქნება „აღმატებითი სიმბოლური“ და „აღმატებითი წარმოსახვითი“ რაობები, ან იქნება თუ არა ისინი საერთოდ, ამას ზემოხსენებული ნათელი და გაბრწყინებული მომავალი გვიჩვენებს.
![]() |
20 ჩრდილოეთ კავკასია |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
ივანე ბაძაღუა
ბოლო თვეებია, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. ამის ფონზე ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს ნაკლები ყურადღება ეთმობა. თუმცა ისლამი ამ შემთხვევაშიც საკვანძო მოვლენა გახლავთ. რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმურობა დღითიდღე მცირდება.
ეს, უპირველესად, რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განცდილი სამხედრო თუ პოლიტიკური მარცხითაა გამოწვეული. მართალია, კრემლი ამას ოფიციალურად არ აცხადებს, მაგრამ რუსეთისთვის ამბოხებული ჩრდილოეთ კავკასია უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, სტატისტიკური მონაცემების მოშველიება საჭირო არაა. თუმცა, მაგალითისთვის გამოდგება, რომ რუსეთის ყოველწლიური დანაკარგი „ჩრდილოეთ კავკასიური კამპანიის“ დროს უტოლდება ბრიტანეთის დანაკარგს ავღანეთში ათი წლის განმავლობაში (The Economist).
რუსი პოლიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი პოლიტიკა ისლამისტური რადიკალიზმის მიმართ, დასავლეთის ნებისმიერი სახელმწიფოს პოზიციასთან თანხვედრაშია. თანამედროვე ტერორიზმი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის არსებობის მიზეზი იდეოლოგიური ან ფინანსური მოტივი როდია. მისი წარმატების მთავარი ფორმულა კრემლის მიერ სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფის უუნარობა და ობიექტური გარემოებების გაუთვალისწინებლობაა. გარე ფაქტორის როლი ძალიან მცირეა. არაბულ სამყაროს არასდროს ჰქონია ერთიანი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, რადგან კონფესიური და პოლიტიკური ნიშნით თვითონ არის დაყოფილი. სხვა მოსაზრებით, ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლებს ალყაიდა აქტიურად ეხმარება - საუბრობენ მათ შესაძლო დასაყრდენ „სუნიტურ სამკუთხედზე“, რომლის ცენტრადაც დაღესტანი მოიაზრება.
ყველა ფოტო: REUTERS ©
თუ ეს სიმართლეა, მაშინ რა შეიცვლება ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ? Regnum - რუსული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ხშირად წერდა არაბი და ჩრდილო კავკასიელი ტერორისტების თანამშრომლობაზე, 2 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, რომ ბინ ლადენის სიკვდილი ჩრდილო კავკასიურ სურათს არ შეცვლის. თუმცა, შესაძლოა, ამ მოვლენამ რუსეთის სამხრეთში ტერორისტების გააქტიურება გამოიწვიოს.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის განმავლობაში რუსეთი რეგიონში ტერორიზმს ებრძვის - ამ სიტყვის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით.
საბჭოთა პერიოდში, ფუნდამენტალისტურ ისლამს რეგიონში არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა, რადგან რელიგიურობა იზღუდებოდა. თავის მხრივ, საბჭოთა სისტემამ, სახელმწიფო ათეიზმისა გაჩენასა და ეთნიკური კუთვნილების ინსტიტუციონალიზებას შეუწყო ხელი.
1990-იან წლებში, ჩრდილოეთ კავკასიაში „წმინდა ისლამის” (Pure Islam) ანგარიშგასაწევი მიმდინარეობა არ არსებობდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოცენდა ისლამის რადიკალური მიმართულება, რომელიც რელიგიური რიტორიკისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გაერთიანებას ცდილობდა.
საომარმა კამპანიებმა ჩეჩნეთში და რეგიონული არჩევნების გაუქმებამ (2004 წლის ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რეგიონული არჩევნები აღარ იმართება. მმართველებს კრემლი ნიშნავს) მუსლიმურ მოძრაობას მეტი რადიკალიზმი შესძინა. მკაცრი ცენტრალიზებული მმართველობის შენარჩუნება რეგიონის განსხვავებული დემოგრაფიული თუ კონფესიური პირობების ნიველირებას ნიშნავს. ეს პრობლემის გადაწყვეტის გზა ნამდვილად არ არის.
ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩრდილოკავკასიურ დილემას კრემლი თვითონ ქმნის. ასეთ მოსაზრებას, ზურგს ორი მნიშვნელოვანი გარემოება უმაგრებს: პირველი, კონფესიური კუთვნილებისა და დემოგრაფიული საკითხის გაუთვალისწინებლობა. მეორე - ანტი დასავლური ღირებულებების კულტივირებით, რუსი ბიუროკრატები, ხალხს რადიკალიზმისაკენ უბიძგებენ.
რეგიონში რუსეთის პოლიტიკური კურსის წარუმატებლობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამბოხებულებთან კრემლის ბრძოლის მეთოდი - «Их мочить в сортире будем!» (ვ. პუტინი). ასეთ ხისტ პოლიტიკას მოსადიც იყენებს, მაგრამ სხვა გეოგრაფიულ არეალში და სხვა მიზნის მისაღწევად. ისრაელისთვის იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სახელმწიფოში ინტეგრაცია საჭირო არ არის, მაშინ როცა რუსეთისათვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხი, 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს ვარაუდი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. 1990-იან წლებში, ჩეჩნეთში გაშლილმა ნაციონალისტურმა მოძრაობამ, ბორის ელცინის ახალგაზრდა დემოკრატია მნიშვნელოვნად დაასუსტა. ვლადიმირ პუტინის პოპულარობის ზრდას მისმა მკაცრმა განცხადებებმა შეუწყო ხელი. მან, მოსკოვის ტერაქტების შემდეგ, „ეშმაკის ბუდის განადგურების” პირობა დადო.
![]() |
21 როლან გაროს 15 მეგობარი |
▲back to top |
ჩოგბურთი|სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
შემდეგი გაჩერება როლან გაროა. ის 22 მაისს იწყება. გრუნტზე ჩოგბურთი უფრო ნელი, მძიმე და ამტანი მოთამაშეებისთვის იქნება მისაღები. როლან გარო რაფაელ ნადალის სახელოსნოა. ნადალი გრუნტის მიქელანჯელოა. ხედავს იმას, რასაც სხვა ვერ ამჩნევს და ამჩნევს იმას, რაზეც სხვა ვერ ფიქრობს. ნადალს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული. გაგაცნობთ როლან გაროს ისტორიაში 15 საუკეთესოს.
15 იან კოდეში
რეპრესიონიზმის დროს, კოდეშმა სამჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირი. პირველი ფინალი (1970) ჩეხმა კორსეტით ჩაატარა. იანმა სატიტულო გასაუბრების წინ, მოთელვაზე იტკინა ზურგი და ჟელკო ფრანულოვიჩს მაინც იოლად (6:2, 6:4, 6:0) მოუგვარა ყველაფერი. ერთი წლის შემდეგ, კოდეშმა უფრო მძიმე, მეტწუთიან ფინალში (ილიე ნასტასესთან, 8:6, 6:2, 2:6, 7:5) მოგებით დაიცვა ტიტული. ჩეხი ფლეიბოი ორი წლის შემდეგ უიმბლდონზეც ბონუსს ამოაგდებს.
14 ჯიმ კურიე
ჯონ მაკინროის ცელქობის შემდეგ, კურიე რეიტინგის პირველი ამერიკელი პირველი ნომერი გახდა. ბეისბოლისტი ჯიმი კორტზე მუშაობდა, ვერ ერთობოდა, სხვასაც არ ართობდა და იგებდა. კურიემ როლან გაროს რესტლინგში ჯერ ანდრე აგასის აუნთო წითელი (1991, 3:6, 6:4, 2:6, 6:1, 6:4) და ერთი წლის შემდეგ პანკ პეტრ კორდას წაართვა ჯონი როტენის კასეტები (7:5, 6:2, 6:1). კურიე კიდევ ერთხელ შეისეირნებს ფინალში და წააგებს სერხი ბრუგერასთან.
13 სერხი ბრუგერა
ბრუგერას ჩოგბურთი თითქმის ისეთივე მაზოხიზმია, როგორც ყველაფერი, რასაც Deep Purple 1993 წლის შედევრის შემდეგ წერს. სერხი იგებს როლან გაროს და იგებს ბევრ სხვა ნელსაფარიან ტურნირს. ბრუგერამ 1993-ში გადაუწია ხელი კურიეს (6:4, 2:6, 6:2, 3:6, 6:3) და 12 თვის თავზე, ტიტული დაიცვა. მეორე ფინალში სერხიმ ბრუგერას ცუდ ასლს ალბერტო ბერასატეგის 6:3, 7:5, 2:6, 6:1 ურტყა. კიდევ ერთ ფინალში (1997) სერხის ერთმა ბრაზილიელმა მოცეკვავემ მოუგო.
12 მარტინა ნავრატილოვა
მარტინამ პარიზში ორი ფინალი და ერთეულებში 51 ტესტი მოიგო. ნავრატილოვა ყველგან აგრესიული იყო. კორტზე, კორტის გარეთ, ბალახზე, გრუნტზე, კრის ევერტთან, სხვასთან, ნებისმიერთან. მარტინა ორჯერ იგებს როლან გაროს. 1982 წლის ფინალში ქალბატონმა მარტინამ ანდრეა იაგერი მიანგრია და ორი წლის შემდეგ, კრის ევერტს წაართვა ლამაზი პრიზი. მაშინ პრიზიც ლამაზი იყო და ჩოგბურთიც. მაშინ ფინალებს ნავრატილოვა იგებდა.
11 გუსტავო კუერტენი
გუსტავო ყველაზე კარგად ერთობოდა. ბრაზილიელი სამბა-ბიჭუნა ბადესთან გაგიცინებდა, დაქოქავდა პილორამას, გაისწორებდა ფორჰენდს და ცეკვა-ცეკვაში მოგიგებდა. გაგართობდა, დაგღლიდა და თავს მოგანატრებდა. კუერტენმა სამჯერ მოიგო როლან გარო.
1997. კუერტენი-ბრუგერა 6:3, 6:4, 6:2.
2000. კუერტენი-მაგნუს ნორმანი 6:2, 6:3, 2:6, 7:6.
2001. კუერტენი-ალექს კორეჩა 6:7, 7:5, 6:2, 6:0.
ბიორნ ბორგი
10 მონიკა სელეში
1993-ში გიუნტერ პარხემ მონიკა სამზარეულოდან მოპარული დანით დაჭრა, ახალი დომინაცია გააჩერა და შტეფი გრაფი დაასვენა. სელეშთან ერთად გრაფი სულ დაძაბული იყო. მონიკამ შტეფის და ყველას 1990-ში მოუგო და ზედიზედ ორჯერ დაიცვა ტიტული. სელეშის მერე კორტი ახალი ასაგები იყო. სელეში 16 წლის და 6 თვის ასაკში, როლან გაროს ყველაზე ნორჩი ტრიუმფატორი გახდა.
9 მათს ვილანდერი
ვილანდერი ბადესთან არ გადიოდა, პატარა ბუნგალო უკანა ხაზზე დაიდგა და იქ რჩებოდა. ჰამაკში იწვა და ისვენებდა. თუ ვინმე მის ტერიტორიაზე შედიოდა, თითს დაუქნევდა, გაუბრაზდებოდა და ბურთს ლამაზად შემოატარებდა. მათსმა სამჯერ მოიგო ტურნირი. პირველ ფინალში (1982) გილერმო ვილასი გააჩერა 1:6, 7:6, 6:0, 6:4. სამი წლის შემდეგ მათსს ნერვები ივან ლენდლმა გააფუჭებინა (3:6, 6:4, 7:6, 6:2). ვილანდერის ბოლო ტიტული 1988 წლით თარიღდება. ვილანდერი-ლეკონტი 7:5, 6:2, 6:1 მორჩა. იყო ორი წაგებული ფინალი იანიკ ნოასთან (1983) და ლენდლთან (1987).
8 ივან ლენდლი
ჩეხმა კიბორგმა ხუთი ფინალიდან სამი მოიგო, ყველაზე ეპიკური კი 1984 წლის VS გამოვიდა. უფრო ეპიკური, ვიდრე ტარია ტურუნენის ვოკალი. ლენდლმა და მაკინროიმ ხუთი სეტი ირბინეს და მარათონი ივანმა 3:6, 2:6, 6:4, 7:5, 7:5 მოიგო. მაკინროიმ რამდენიმე საჩემპიონო ქულა გააფუჭა. ლენდლმა მაკინროის ხასიათი გაუფუჭა. ლენდლი ხასიათს ყველას უფუჭებდა. კიდევ ორი სკალპი შვედური იყო. ლენდლმა ჯერ მიკაელ პერნფორსს (1986) აუწია ყური. ვილანდერის ამბავი მანამდე ვთქვით.
7 არანჩა სანჩეს ვიკარიო
დაუღალავმა ესპანელმა სამ ფინალში სამი ფავორიტი (1989 გრაფი, 1994 მარი პირსი და 1998 სელეში) დაღალა და სამჯერ მოიგო. მისი მთავარი კოზირი სწორედ ეს იყო - მეტოქისთვის ენერგიის წართმევა.
6 ჟუსტინ ანენი
ანენი ოთხჯერ გადის ფინალში. ანენი ოთხჯერ იგებს ფინალს. ანენი ორჯერ მიდის ჩოგბურთიდან. ანენი ერთხელ რობერტ ზემეკისის გაცვეთილ მანქანას ყიდულობს და ბრუნდება. მეორედ, მაიკლ ჯეი ფოქსის მექანიკოსის მისამართი დაკარგა, პოვნა დაეზარა და აღარ დაბრუნდა. ანენმა პარიზში, ერთეულებში 42 შეხვედრიდან 38 მოიგო.
5 მარგარეტ კორტი
ღია ერაში ამ ელეგანტურმა მანდილოსანმა სამჯერ მოიგო როლან გარო (1969-70, 1973). ღია ერამდე მეგიმ კიდევ ორჯერ (1962, 1964) დაიტოვა ლამაზი პრიზი. კორტმა ათჯერ მიიღო მონაწილეობა მძიმე საჩოგბურთო ფესტივალში და ხუთჯერ ყველაზე კარგი იყო. ღია ერაში კორტი კორტზე ოცდაოთხჯერ გავიდა და ერთხელ წააგო.
4 რაფაელ ნადალი
ამ სიაში ეს ბიჭი ერთადერთი მოქმედი კრიმინალია. უფრო დაუნდობელი, ვიდრე რურკის ირლანდიელი პერსონაჟი, უფრო ელეგანტური, ვიდრე აირონსის გერმანელი პერსონაჟი და უფრო კრიმინალი, ვიდრე ალ კაპონე და ბაგსი სიგელი. ნადალი ჩოგბურთია. ზოგს ეს ჩოგბურთი არ მოსწონს, მაგრამ ჩოგბურთი ნადალის პლაჟზეა წამოწოლილი და იქიდან წასვლას არ გეგმავს. რაფაელმა ტურნირი ხუთჯერ მოიგო.
3 ბიორნ ბორგი
1974-ში ბორგმა როლან გაროს ფინალის პირველი ორი სეტი მანუელ ორანტესს 2:6, 6:7 მისცა და შემდეგი სამი 6:0, 6:1, 6:1 წაართვა. შემდეგ სეზონში შვედმა როკერმა ვილასი სამ სეტში ასიამოვნა. ორი სეზონი ბიორნი ისვენებს და ისევ მოგებას იწყებს. ბორგმა ექვსჯერ ითამაშა ფინალი და ექვსჯერ მოიგო.
2 შტეფი გრაფი
უკეთესი, ვიდრე ყველა სხვა ქალბატონი, უფრო ქალური, ვიდრე ბევრი სექსუალური და ვულგარული მანდილოსანი და როლან გაროს ექვსგზის ჩემპიონი. შტეფიმ კარიერა 22 მოგებული მეიჯორით დაასრულა. ნატკენი მუხლით მოხუცმა გრაფმა მონდომებულ, ახალგაზრდა და მოურიდებელ მარტინა ჰინგისს მოუგო.
მოუგო და წავიდა.
1 კრის ევერტი
ცხრა ფინალიდან კრის ევერტმა შვიდი მოიგო. მომთმენი, ელეგანტური, საინტერესო ჰიტმენი. კრისი ყველა შეკვეთას იღებდა და ასრულებდა. ევერტმა 1973-79 წლებში ნელ საფარზე წაუგებლად 125 შეხვედრა ჩაატარა. ევერტი არ აგებდა, ევერტი ვერ აგებდა, ევერტს ვერ უგებდნენ და კრისმა როლან გაროზე 79 ტესტიდან მხოლოდ 6 ვერ მოიგო.
კრისი პარიზის მერილ სტრიპია
კრის ევერტი
გუსტავო კუერტენი
მარტინა ნავრატილოვა
![]() |
22 25 წელი ბერლუსკონისთან ერთად |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
ფოტო: REUTERS ©
„ძალიან დიდი ხანია, რაც კლუბის პრეზიდენტი ვარ. მილანმა ჩემი წყალობით უამრავი ტიტული მოიგო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდა. მგონი, დავიმსახურე, რომ სან სიროს სტადიონს ჩემი სახელი ეწოდოს“, - სერია ა-ს გამარჯვებული მილანის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი თავმდაბლობით არასდროს გამოირჩეოდა.
10 თებერვალს ზუსტად 25 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი გუნდის სათავეში სკანდალური პოლიტიკოსი, მილიარდერი მედიამაგნატი და ქალების გულთამპყრობელი სილვიო ბერლუსკონი გამოჩნდა. გასულ კვირას მილანმა კლუბში მოღვაწეობის 25 წლის იუბილე პრეზიდენტს სკუდეტოთი მიულოცა. ეს მე-18 საჩემპიონო ტიტულია შავ-წითელთა ისტორიაში, აქედან 8 კი გუნდმა სწორედ ბერლუსკონის პრეზიდენტობისას მოიპოვა.
1936 წელს მილანში დაბადებულმა ილ პრეზიდენტემ, იგივე დონ სილვიომ, დიდი ფული საფეხბურთო ბიზნესში მისვლამდე იშოვა, თუმცა სანამ ძლიერთა ამა ქვეყნისათა პატივისცემას დაიმსახურებდა, საკმაოდ ბევრი იარა. ის წლების მანძილზე კრუიზებში მღეროდა, შემდეგ უძრავ ქონებაში სცადა ბედი და პირველი დიდი კაპიტალი მილანის ახალი გარეუბნის - მილანო დუე - აშენებით იშოვა. 70-იანი წლების მიწურულს კი მისი კუთვნილი ჰოლდინგი ფინინვესტი საკაბელო ტელევიზიით დაინტერესდა და სილვიოც რამდენიმე წელიწადში აპენინის ნახევარკუნძულის მთავარ მედიამაგნატად მოგვევლინა.
1984 წლისთვის სწორედ ფინინვესტი ფლობდა ქვეყნის სამ მთავარ ტელეარხს (უამრავ საკაბელოზე არაფერს ვამბობთ), თავად ბერლუსკონი კი იმ დროისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი იტალიელი ბიზნესმენი იყო, რომელსაც მიღწეული არ აკმაყოფილებდა - ახალი იდეების ხორცშესხმა სურდა. თუნდაც ფეხბურთში, რომელთანაც დონ სილვიოს მხოლოდ ის აკავშირებდა, რომ 1980 წელს, ურუგვაიში გამართულ მუნდიალტოს მისი კუთვნილი ერთ-ერთი ტელეარხი გადასცემდა.
და რა ხდებოდა ამ დროს კალჩოში? სერია ა-ში, ისევე როგორც ევროპაში, ტურინის იუვენტუსი დომინირებდა - ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის, ანიელების კუთვნილი გუნდი, სკუადრა აძურა კი ორი წლით ადრე ესპანეთში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უფსკრულში იყო გადაჩეხილი. 1984 წელს, მეზობელ საფრანგეთში ევროპირველობაზე იტალიელები ვერ მოხვდნენ, ორი წლის შემდეგ, მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს კი სკუადრა მერვედფინალში, მიშელ პლატინის ბრწყინვალე საფრანგეთთან უსახური ფეხბურთით გამოეთიშა.
რაც შეეხება მილანს, გუნდს იმ დროს წყალწაღებული უფრო ეთქმოდა: 80-იან წლებში ორჯერ მოესწრო სერია ა-დან დაქვეითება და დაბრუნება, ვალებში ყელამდე იყო ჩაფლული, ბერლუსკონის წინამორბედს, ჯუზეპე ფარინას კი ტიფოზები ილ აგრიკოლტორეს ანუ გლეხუჭას ეძახდნენ - თმიან ყურებს ვერ პატიობდნენ. საბოლოოდ, ყველასგან ათვალწუნებულმა ფარინამ პოლიციელებს ქვეყნიდან გაასწრო და კლუბის ფინანსებით დაინტერესებულ სამართალდამცავებს 71 წლის თანაშემწე როსარიო ლო ვერდე შეატოვა...
1986 წლის 10 თებერვალს ყველაფერი მოგვარდა: ბერლუსკონიმ 40 მილიარდი ლირა გაიღო და მილანის ერთპიროვნული მფლობელი, ამავდროულად კი კლუბის რიგით მეოცე პრეზიდენტი გახდა.
8 ივლისს მილანის პატარა სტადიონ არენა სივიკაზე შავ-წითელთა ათი ათასამდე გულშემატკივარმა მოიყარა თავი: კაცმა, რომელმაც მილიარდები გადაიხადა კლუბის სანაცვლოდ, პრეზენტაციაზე ყველა მიიპატიჟა, ვისაც კი კლუბის ბედი ანაღვლებდა.
პირველი სიურპრიზი ტიფოზებმა სწორედ მაშინ იხილეს: მოედანზე სამი ვერტმფრენი დაჯდა, საიდანაც ჯერ ფრანკო ბარეზის კაპიტნობით ფეხბურთელები გადმოვიდნენ, მათ მწვრთნელები მოჰყვნენ, ბოლოს კი გულშემატკივრებმა ბერლუსკონიც იხილეს.
„მთელი ცხოვრება მილანს ვგულშემატკივრობ, ნამდვილი მილანისტა ვარ! დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ კლუბში მოვედი. ჩვენ წინ დიდი გამარჯვებები გველის!“ - პრეზიდენტს ბევრი არ ულაპარაკია. პრეზენტაცია უეცრად წამოსულმა წვიმამ გააფუჭა, ისევე, როგორც უამრავი ნამცხვარი თუ სასმელი, ბერლუსკონის გუნდს გულშემატკივართათვის რომ გაემზადებინა. გაწვიმდა თუ არა, არენა სივიკა რამდენიმე წუთში დაცარიელდა - გუნდი და ხელმძღვანელობა ვერტმფრენებით მილანთან ახლოს, სილვიოს აგარაკზე გაემგზავრა. პლაკატი, რომელზეც ეწერა „მადლობა, სილვიო“ მხოლოდ მეორე დილით ჩამოხსნეს...
1986-87 წლების სეზონიდან პრეზიდენტმა საოცნებო მილანის შენება დაიწყო.
„გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი. როცა კლუბში მოვიდა და გაგვეცნო, ყველამ ვიგრძენით, რომ გამოჩნდა კაცი, რომელიც სიტუაციას მართლა გამოასწორებდა. ჩვენ მისი ვირწმუნეთ, თავადაც ბოლომდე იხარჯებოდა და მალე ის დიდი მილანიც შედგა, რომელზეც 3-4 წლით ადრე ვერავინ იოცნებებდა“, - ფრანკო ბარეზი 80-90-იანი წლების დიდი მილანის კაპიტანი იყო. ბერლუსკონის ინიციატივით, ბარეზის მილანში სამუდამოდ მიენიჭა მე-6 ნომერი. მან შავ-წითელთა შორის 1978-1997 წლებში 697 შეხვედრა ჩაატარა და 21 ტიტული მოიგო!
1987 წლის ზაფხულში ბერლუსკონიმ მილანი ჩააბარა არიგო საკის, რომელმაც პროვინციულ პარმასთან ერთად უამრავი საოცრება მოახდინა, მალე კი კლუბის მაისური ჰოლანდიელებმა - რუუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა - მოირგეს. მოგვიანებით მათ ფრანკ რაიკაარდიც შეუერთდა - ამ ბიჭების სახელი 80-იანი წლების მიწურულს ყველას პირზე ეკერა. ამას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად იცის: 1988 წელს მილანმა ჩემპიონატი მოიგო, 1989 და 1990 წლებში კი ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები!
საკის შემდეგ, რომელმაც იტალიის ნაკრებში გადაინაცვლა, ფაბიო კაპელოს დრო დადგა: ზედიზედ სამი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ამდენივე ფინალი, 1994 წლის მაისში კი დაუვიწყარი ტრიუმფი ათენში იოჰან კრუიფის ზღაპრულ ბარსელონასთან - 4:0! წარმატებას დროგამოშვებით ჩავარდნა ცვლიდა, თუმცა მოკლე ხანში ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა: 2003 და 2007 წლებში მილანმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2007 წლის დეკემბერში კი, იტალიის კლუბთაგან პირველმა, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, მილანი ინფრასტრუქტურითაც არავის უთმობს პირველობას: საკლუბო ბაზა მილანელო დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. რაც შეეხება სამედიცინო ცენტრს, ის ერთგვარი ეტალონია. პრეზიდენტმა საამისოდ თითქმის 80 მილიონი ევრო დახარჯა...
დღეს სილვიო ბერლუსკონი მხოლოდ მილანის პრეზიდენტი აღარაა - ის იტალიის პრემიერ-მინისტრიც გახლავთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 75 წლის პოლიტიკოსს პირველ რიგში ქვეყნის ბედი აბარია, კლუბს ძველებურად დიდ დროს უთმობს.
შედეგებიც ამაზე მეტყველებს.
ბერლუსკონის მილანმა 27 ტიტული მოიგო. მადრიდის რეალის პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს მსოფლიო რეკორდამდე დონ სილვიოს 2 გამარჯვება აშორებს. და თუ ასე მოხდა, სტადიონისთვის ბერლუსკონის სახელის მინიჭებაც, ალბათ, საკითხავი აღარ იქნება.
სილვიო ბერლუსკონის მილანის ტიტულები
იტალიის ჩემპიონი: 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011; იტალიის თასი: 2003; იტალიის სუპერთასი: 1988, 1992, 1993, 1994, 2004; ჩემპიონთა თასი/ლიგა: 1989, 1990, 1994, 2003, 2007; ევროპის სუპერთასი: 1989, 1990, 1994, 2003, 2007; საკონტინენტთაშორისო თასი: 1989, 1990; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი: 2007
![]() |
23 სამეფო და ქართული ამბები |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
მაისში სპორტულ წრეებში ორ თემაზე საუბრობენ - „გაუთავებელ“ ესპანურ კლასიკოზე და ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალზე. ორივეზე უკვე იმდენი ითქვა, რაიმე ახლის მოგონება ურთულესი საქმეა. ალბათ არცაა საჭირო ორიგინალობა და საკმარისი იქნება, უბრალოდ ორივე მოვლენისადმი ჩემი დამოკიდებულების დაფიქსირება.
დავიწყოთ კლასიკოთი. ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ კვლავ შევცდი და მეორედ მომიწევს პოზიციის შეცვლა, უფრო სწორად, სასტარტო განწყობაზე დაბრუნება - ვფიქრობ, საბოლოოდ! აკი ალფრედო დი სტეფანომაც აღიარა, ბარსა ლომს ჰგავდა, რეალი კი ვირთხასო!
მოკლედ, არ არის ეს პორტუგალიელი რეალის შესაფერისი მწვრთნელი. არ ვდავობ - უმაღლესი კვალიფიკაცია აქვს, მართლაც შესაშური შედეგები პორტუგალიის, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებში, ჩემპიონთა ლიგაც ორჯერ მოიგო სხვადასხვა გუნდებით და უთუოდ კიდევ არაერთხელ მოიგებს, მაგრამ მან ვერაფერი გაუგო სამეფო კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიას და ვერც ვერასოდეს გაუგებს! უბრალოდ, რეალი მისი გუნდი არაა.
ამას რეალის იმ გულშემატკივართათვის ვწერ, ვისაც ესმის რას ვგულისხმობ, თორემ დღეს ისეთიც ბევრია, ვინც მადრიდს რუკაზე ვერ პოულობს, რეალის ლეგენდებზე არაფერი სმენია, მათი თამაში არ უნახავს და მადრიდელებს მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს, რომ ბარსელონა არ უყვარს.
ჰოდა იმათ მოგმართავთ, ვისაც ოთხმოციანებში თეთრწყაროსა და პანტიანში მანქანაში ღამეები გითენებიათ ანდერლეხტის, ბორუსიას თუ ინტერის ისტორიული რევანშების მოლოდინში, მერე პიპინით დაბრუნებულხართ შინ და მთელი თვე სხვა გუნდების ქომაგებთან „ომში“ გაგიტარებიათ მომდევნო სასწაულში დარწმუნებულებს. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს კაცი აბსოლუტურად არ შეეფერება თქვენს გემოვნებას?! განა შეიძლება რეალს წვრთნიდეს ადამიანი, რომელსაც საშინაო შეხვედრაში აზრად მოუვა მოედანზე 7 მცველის გამოყვანა, ბურთის კონტროლს ყურადღებას არ აქცევს და 45 წუთის მანძილზე ფეხბურთელებს მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაარტყმევინებს?! ან რა ჯანდაბად გინდათ ეს შემთხვევით მოპოვებული თასი, თუკი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მხოლოდ იკერ კასილასის ხსენებაში იქნებით და მეორე კარს ტელერეპორტაჟისას მხოლოდ სტადიონის ზედხედში დაინახავთ?!
ახლა ვიღაცა დაიწყებს დავას - თანამედროვე ფეხბურთში მთავარი შედეგია და მის მისაღწევად ნებისმიერი ხერხი მისაღებიაო. კი მაგრამ, ეს ბარსელონა რა, შუასაუკუნოვან ფეხბურთს თამაშობს თუ შედეგი არ აქვს?!
ასე რომ, ბრავო ბარსა!.. მაგრამ ჩვენ კიდევ დავბრუნდებით!
ახლა ჩვენსაზეც ვთქვათ. ის, რაც მაისის თვეში ქართულ ფეხბურთში გახმაურდა, მართლაც დიდი სირცხვილია. გახმაურდა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ამაში ახალი არაფერია.
რა იყო, ისე გაუკვირდა ყველას თამაშების ჩაწყობა და ტოტალიზატორზე თამაში, გეგონება აქამდე მსგავსი არაფერი გაგვიგონია ან თვითონ იმ გაკვირვებულთა დიდი ნაწილი არ ყიდდა ეროვნული (იქამდე კი საკავშირო) პირველობის მატჩებს! ახლა ყველა ერთმანეთს ასწრებს სიტყვის აღებას და კამერების წინ პოზიორობს - არიქა, ვინ არიან ეს გამყიდვლები, ისინი ხომ თავიანთ კლუბს, სოფელს, რეგიონს, ქალაქს, სამშობლოს, კონტინენტს, პლანეტას, გალაქტიკას ღალატობენო!
ჯერ ერთი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართველებს სხვებმა დაგვასწრეს უკადრებელის კადრება. აგერ იტალიაში მსგავსი სკანდალი უკვე მერამდენედ აგორდა. დაგავიწყდათ 80-იან წლებში ჯუზეპე ვილსონისა და პაოლო როსის დისკვალიფიკაცია, ან ბოლოდროინდელი კალჩოპოლი და იუვენტუსის სერია B-ში დაქვეითება? ბრაზილიაში ფედერაციის პრეზიდენტი ტეიშეირა რომ კინაღამ გადააყოლეს მსგავს სკანდალს? აღარაფერს ვამბობ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ათობით ფაქტზე...
უფრო მაღალი დონე გნებავთ? კი ბატონო. დღემდე ჭორაობენ - 1954 წლის ფინალში უნგრეთი გერმანიას დაუწვაო; 1966 წლის მუნდიალზე კი სტენლი როუზმა სამხრეთამერიკელები ერთიანად „გააფუჭებინაო“; 1978 წელს არგენტინამ პერუ იყიდა, 4 წლის მერე კი იტალიამ - კამერუნიო! ესპანეთი-მალტას 12:1 გახსოვთ?!
ამით იმის თქმა კი არ მსურს - ეს რა კარგად მოქცეულან ბიჭები, ადრე უნდა დაგვეწყო ფულის კეთება-მეთქი. უბრალოდ, ჯობს ყველაფერს სისტემურად მივუდგეთ და შედეგს კი არა, მიზეზს ვებრძოლოთ. ამ დღეებში ხშირად გაიგონებ - რას ერჩიან სამტრედიას, ფეხბურთელებს საჭმლის ფული არა აქვთ და სუპერმარკეტი ინახავსო. თუ მართლა ასეა, მსგავსი კლუბი უმაღლეს ლიგაში არ უნდა თამაშობდეს, ფულის არქონა კი ქურდობის და გულშემატკივრის გაბითურების გამართლება არაა!
![]() |
24 პირადი სივრცე |
▲back to top |
აქსესუარი
თინათინ კლდიაშვილი
მე-18 საუკუნის ბოლოს, ნეოკლასიკური განწყობები ქალის სხეულსაც შეეხო. ევროპული მოდა, ანტიკური მაგალითების მსგავსად, მსუბუქ გამჭვირვალე ტანისამოსს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ამ სიფრიფანა კაბების ჯიბეებში უხეში ტყავის ტოპსიკებისა და ქისების ადგილი აღარ მოიძებნებოდა. მონოკლებისა და მარაოების ტარება, ოპერასა და წვეულებებზე კვლავ აქტუალური იყო. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს დასაბამს ის, რაც 250 წლის წინ, საყნოსი თუთუნის და ნელსაცხებლების შესანახ, რბილ ჩანთას წარმოადგენდა, ხშირ შემთხვევაში, კაბის გაგრძელება იყო და დღეს ქალის გემოვნების და სტატუსის უპირობო მაჩვენებელია.
არის რაღაც უცნაური და იდუმალი ქალის ჩანთაში. მისი გარე ნაწილი ყველას დასანახადაა შექმნილი - ეგზოტიკური ტყავები, ძვირფასი ფურნიტურა. შიგნიდან კი სრული იდუმალება სუფევს - აბსოლუტური სიბნელე, პირადი სივრცე. ვერ გეტყვით, ამ ამბივალენტური ფსიქოლოგიური ფაქტორის თუ პრაქტიკული მოსაზრებების გამო, მაგრამ ჩანთები წარმატებულ კულტურებში ფეტიშის ობიექტსაც კი წარმოადგენენ.
Hermes-ის ბირკინი
რამდენიმე ათწლეულია, ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული ორი ჩანთა თანამედროვე მოდის საკულტო ობიექტად და წარმატების საზომადაც კი იქცა. ხშირად პრიალა ჟურნალები ბედნიერების განმსაზღვრელად სწორედ იმას ასახელებენ, ამა თუ იმ ვარსკვლავს რამდენი ბირკინი ან კელი აქვს. ვიქტორია ბექჰემი თურმე 100 ცალ Hermes-ის ბირკინს ფლობს - მათი საერთო ღირებულება მილიონ გირვანქაზე მეტია
Hermes-ის კელის ფენომენალური წარმატებაც და სახელიც პიკანტურ ისტორიას უკავშირდება. 1956 წელს, როცა ცნობილი მსახიობი და მონაკოს პრინცესა გრეის კელი ფეხმძიმედ იყო, პაპარაცებისაგან თავის დასაღწევად, შედარებით დიდი ზომის Hermes-ის ჩანთა დაიჭირა, რათა ყურადღება მასზე გადაეტანა და ფეხმძიმობის ფაქტი დაეფარა. მეორე დღეს პრესა მისი ფოტოებით იყო აჭრელებული. მას შემდეგ ჩანთას, რომლის დიზაინიც გაცილებით უფრო ადრე, 30-იან წლებში იყო შექმნილი, პრინცესას სახელი - კელი დაერქვა.
Louis Vuitton
დღეს ჩანთის ფასი 8 ათასი დოლარიდან იწყება და ორი ალიგატორის ტყავს და 18-საათიანი უმაღლესი სტანდარტების სამუშაოების შესრულებას მოითხოვს. ის მოულოდნელად ჩნდება მხოლოდ Hermes-ის მაღაზიებში. მის შესაძენად, როგორც წესი, მხოლოდ სიმდიდრე არ გახლავთ საკმარისი. დიდი ხნის ლოდინი და რიგში ყოფნა მისი დაპატრონების ერთადერთი გზაა.
თუკი მონაკოს პრინცესა და მისი ჩანთა თანამედროვე არისტოკრატიის კვინტესენციას წარმოადგენენ, მეორე, არანაკლებ პოპულარული ჩანთა ბოჰემური ნატურის მუზას, ჯეინ ბირკინს უკავშირდება. 80-იანი წლების დასაწყისში Hermes-ის მფლობელი ჟან-ლუი დიუმა, ჯეინ ბირკინთან ერთად თვითმფრინავით პარიზიდან ლონდონში მიემგზავრებოდა. გზად ბირკინს ჩალის ჩანთიდან ყველაფერი გადმოეყარა. მომღერალმა დიუმას უსაყვედურა, რომ ვერ იპოვა ისეთი ტყავის დიდი ჩანთა, რომელიც მოკლე მოგზაურობისათვის გამოდგებოდა.
მაღალი ხარისხის საჯინიბო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Hermes-მა, თავის არქივებში 1892 წელს შექმნილი, დიდი ზომის საცხენოსნო მოკაზმულობის სატარებელი ჩანთის საფუძველზე, 1984 წელს, ახალი მოდელი - ბირკინი - შექმნა. მას შემდეგ ჩანთა საოცარი წარმატებით სარგებლობს, მისი ფასი 9 ათასი დოლარიდან იწყება და კელის მსგავსად, ლოდინს, ფულს და სოციალური პოზიციების გამაგრებას მოითხოვს.
ევროპული მოდის სისტემა, რომელიც ყოველთვის მაღალი კლასების, არისტოკრატიის და პრივილეგიის ანარეკლი იყო, მე-20 საუკუნის ბოლოს ახალი ბაზრებისა და ახალი ტიპის მდიდარი მომხმარებლის გაჩენამ, ცოტა არ იყოს, დააბნია. რა თქმა უნდა, ჩანთებიც მის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს და უკანასკნელ პერიოდში, ყველა ცნობილი ლუქსბრენდი, თავის კოლექციებში ხელჩანთებს დიდ ყურადღებას უთმობს.
თუკი კელის და ბირკინის შემთხვევაში კლასიკა, ხარისხი და ექსკლუზიურობა უპირველესია, შედარებით ახალ დიზაინში, სისწრაფემ და ორიგინალურობამ ყველაფერი შეცვალა. ცნობილმა ბრენდებმა დაინახეს, მაგალითად, რუსი მომხმარებლის სიყვარული ვულგარული ლოგოებისა და ოქროს ბიჟუტერიისადმი და უმალ დაიწყეს ჩანთების სწორედ ამ ყაიდაზე გაკეთება, რაც მდიდარ, მაგრამ ნაკლებად გემოვნებიან მომხმარებელს დააკმაყოფილებდა. ამის მაგალითი მრავლადაა Chanel-ის ან Versache-ს კოლექციებში. ცნობილმა ბრენდმა - Louis Vuitton კი თავის აღმოსავლელ ფანებს სიურპრიზი გაუკეთა - კომპანიის დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მეგა პოპულარულ იაპონელ მხატვარ ტაკაში მურაკამისთან ერთად, კლასიკური მონოგრამებიანი ჩანთის პოპ-ვერსია დაამუშავა.
ქართული სინამდვილე ჩანთების მხრივ არცთუ ისე მრავალფეროვანია. ჯერ ქვეყანა ისე არ გამდიდრებულა, რომ რომელიმე ლუქსმწარმოებელმა თბილისში მაღაზია გახსნას. იმ ადამიანების რაოდენობაც მცირეა, ვისაც ჩანთაში 8 ათასი ან თუნდაც 3 ათასი დოლარის გადახდა შეუძლია. თუმცა უსუსური ქართული „ბომონდი“, განსაკუთრებით იაფფასიანი ყვითელი პრესის ფურცლებზე, ხშირად ჩნდება რომელიმე სახელოვანი ბრენდის ჩანთით. ეს განსაკუთრებით კომიკურია იმ არაადეკვატური კეთილდღეობის და წარმატების ფონზე, რომელშიც ზოგადად ქართული შოუბიზნესი იმყოფება.
![]() |
25 რენე წავიდა ჰოლივუდში |
▲back to top |
კულტურა
ნიკა ესებუა
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ილია ჭავჭავაძე
რენე დადიანი (ნიკა თავაძე) 37 წლის მამაკაცია, რომელიც ექიმთან ერთადერთი კითხვით მიდის - როგორ შეცვალოს საკუთარი ცნობიერება წარმოსახვის გასაუმჯობესებლად. ექიმი ფანტაზიის გაღიზიანებასა და რეალობის იგნორირებას ურჩევს. რეჟისორი ალეკო ცაბაძე, ამ ეპიზოდით, რენეს ფიქრების სამყაროში შეგიძღვებათ.
ფილმის მთავარი პერსონაჟი გაზის ბალონებს არიგებს. ერთ-ერთი დავალებით, მან ჭირნახულის ქუჩაზე იაჰუების დასახლებაში, ბალონი უნდა მიიტანოს. იქ მისული რენე უჩას გაიცნობს, პატარა ბიჭს, რომელსაც ჭლექი ჭირს. სიბრალულით გამსჭვალული მთავარი გმირი ცდილობს მისი სიცოცხლე გადაარჩინოს, ან მდგომარეობა შეუმსუბუქოს მაინც, მისთვის ტანსაცმელს და საჭმელს ყიდულობს და ჰპირდება, რომ ექიმთან წაიყვანს.
ალეკო ცაბაძე არაერთი ალეგორიითა და პარარელით სიურრეალისტური სურათის შექმნას ცდილობს. ქართველი იაჰუები ჯონათან სვიფტის იაჰუების პროტოტიპებია - ბინძური, უხეში, არასასიამოვნო, უინტელექტო ადამიანები. ეს ის ხალხია, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს უშლის ხელს, ის - ვინც ილია ჭავჭავაძე მოკლა. რენე დადიანი საზოგადოების ამ ნაწილზე ილაშქრებს და მის ლიდერს, ვაცას (ზურა ბეგალიშვილი), კლავს. თავად რენე ცნობილ ბელგიელ მხატვარს რენე მაგრიტს წააგავს - ხსნას ორივე სიურრეალიზმში ეძებს. მაგრიტის ერთ ნახატში, სარკესთან მდგომი მამაკაცია გამოსახული და სახის მაგივრად ზურგს ხედავს. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში რეჟისორი ამ სურათს ეკრანზე აცოცხლებს.
რენე გაზის ბალონების ტარებასთან ერთად, თეატრალურ ინსტიტუტში კინორეჟისურას ასწავლის. ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა გადაიღონ ფილმი, თავადაც „იღებს“ ფილმს. სიუჟეტის მიხედვით, მას ომი იმ საზოგადოებასთან აქვს გაჩაღებული, რომელსაც მისი დახვრეტა სურს.
ალეკო ცაბაძის სიურრეალისტური ფილმი „რენე მიდის ჰოლივუდში“ ერთი ადამიანის ამბავს გადმოგვცემს. ალან მურის ქმნილების, V-სი („ვი ვენდეტისათვის“) არ იყოს, ის თავის თავში უამრავ პიროვნებას აერთიანებს - რენე დადიანი, ილია ჭავჭავაძე, მეამბოხე ქართველია, იაჰუა. ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, საკუთარი იაჰუები ჰყავს, თავის ფილმს იღებს და ვაცას გვამს ათრევს თან „რასიომონის კარიბჭისაკენ“, იქ, სადაც კიდევ არაერთი გვამია. ის თვითონ კლავს ილია ჭავჭავაძეს, რადგან იცის, რომ ამ საზოგადოებას ერთი გმირი არ სჭირდება. ხალხი თავად უნდა იქცეს გმირად და შემოქმედად.
ფილმის მსვლელობასთან ერთად, რენე თავის ფანტაზიებში უფრო ეფლობა. თქვენც გაგიჭირდებათ რეალობისა და ილუზიის განცალკევება. რეჟისორი ამ ყველაფერს ძალიან აკურატულად და შეუმჩნევლად აკეთებს.
„რენე მიდის ჰოლივუდში“ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოპერატორი (მინდია ესაძე), რეჟისორი და მსახიობები ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ. ამ შემთხვევას თამამად შემიძლია მხატვრული ფილმი ვუწოდო. მდორე რიტმი, პასაჟების იშვიათი ცვლა, უამრავი სიმბოლიზმი, ნიკა თავაძის და ზურა ბეგალიშვილის საინტერესო სამსახიობო დუეტი და კარგი ფინალი.
ასეთი ფილმები გვაფიქრებინებს, რომ ქართული კინო განვითარების გზაზეა. მსახიობები ნელ-ნელა თამაშს იწყებენ, შეშინებული არ შემოგვცქერიან, თითქოს ვინმე ფარული კამერით უღებდეს, სცენარის წერასაც ვსწავლობთ და მის ეკრანზე რეალიზებასაც. ხანდახან ფერების კორექტირებაც კი გამოგვდის და ოპერატორიც კადრს ხელის კანკალის გარეშე იღებს. „რენე მიდის ჰოლივუდში“ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უამრავი დისკუსიის, საუბრის თემა გახდება და ეს ძალიან კარგია. ალეკო ცაბაძის რენეს შეუძლია ჰოლივუდში წავიდეს. მთავარია, სხვებმაც შეძლონ იგივეს გამეორება.
![]() |
26 DEPHYნიცია - ინტერვიუ დავით დეფისთან |
▲back to top |
კულტურა
ესაუბრა ანა მაყაშვილი
ლორი ანდერსონი, დავით დეფი და სალმან რუშდი|
ფოტო: BEOWULF SHEEHAN/PEN AMERICAN CENTER ©
წელს, მისი მოთხრობა - „დასასრულამდე“ (Before The End) შევიდა „2012 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების“ ანთოლოგიაში. პრესტიჟულ, პოეტთა და რომანისტთა საზოგადოებაში Ledig House-ში მიიწვიეს, სადაც 3 თვის მანძილზე ახალ რომანზე იმუშავებს და ნიუ იორკისა და ევროპის გამომცემლობებთან ითანამშრომლებს. მან ნიუ იორკში, 29 აპრილს, ასევე პრესტიჟულ ფესტივალში - Pen World Voices - მიიღო მონაწილეობა და ექსპერიმენტული როკის განთქმულ წარმომადგენელთან, ლორი ანდერსონთან ერთად, მუსიკისა და პოეზიის ლაივ-პერფორმანსი გამართა.
დღეს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ქართველ ავტორს, დავით დეფი გოგიბედაშვილს, როგორც თავად ამბობს - გლობალური საიდენტიფიკაციო კოდით - დავით დეფით იცნობენ.
გამოვა გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალები New York Times Book Review, Wild River Review, სადაც წაიკითხავთ: David Dephy presided over by the iconic Laurie Anderson... Sublime alchemy... These poems are beyond gorgeous... ეს მხოლოდ ნაწყვეტებია...
მოკლედ, დავით დეფი ნიუ იორკული ლიტერატურული ტურნედან:
აქვს ამ წარმატებებს კავშირი ერთმანეთთან, თუ ცალკეული ნაბიჯების შედეგია? რა ძალისხმევა უძღოდა თქვენგან თითოეულ მათგანს?
ზოგჯერ დიდი ძალისხმევა არ გჭირდება, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, მაგრამ ზოგჯერ მთელი ცხოვრება ძალისხმევისა და მოულოდნელობის დიდი და უცნაური კავშირია. ასეა ჩემ შემთხვევაშიც. სამივე წარმატება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, ოღონდ თავთავიანთი დამოუკიდებელი კვანძით.
ნიუ იორკის Ledig House-ი ყველა ქვეყნის მწერლისთვის ოსტატობის ნიშნადაა მიჩნეული. მე შესარჩევ კონკურსში გავიმარჯვე 24 ქვეყნის კანდიდატებში და ახლა აქ ვარ.
როცა ლორი ანდერსონმა პოეზიის ჩემივე ალბომი „დაფიონი“ მოისმინა, გადაწყდა, ნიუ იორკში, ლექსინგტონ ავენიუზე, პოეზიის მსოფლიო ცენტრში ლაივი მექნებოდა, სადაც ჩემთან ერთად, გამოვიდოდა დიდი ამერიკელი პოეტი იუზეფ კომუნიაკაა, პოეზიაში პულიცერის პრემიის ლაურეატი.
ვის ეკუთვნის თქვენი „ევროპული“ მოთხრობის თარგმანი? არსებობს სტანდარტები, რაც ამ წარმატების მოპოვების კრიტერიუმად გამოდგება?
მოთხრობის და ჩემი სამი ნაწარმოების, ვგულისხმობ რომანებს - „დილა სასწაულების წინ“, „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“ და წიგნის გმირებთან საუბრები, „სიტყვები სიტყვები სიტყვები“ - ინგლისური თარგმანი ეკუთვნის ცისანა გაბუნიას. პოეზია კი ჯულია მელიქიძემ და თიმ კერჩერმა თარგმნეს.
29 აპრილს თქვენი პოეზიის მუსიკალურ ფონს ლორი ანდერსონი ქმნიდა...
ანდერსონი ფონს არ ქმნიდა, მან მუსიკა, ჩემს პოეზიაზე საგანგებოდ დაწერა. ეს ჩვენი საერთო ლაივი იყო. პერფორმანსის განაცხადშიც ასე ეწერა: „სადაა ზღვარი და თუ არის საერთოდ ზღვარი. სად მთავრდება მუსიკა და სად იწყება პოეზია“. ლაივამდე ორი საათით ადრე მთხოვა მისვლა და რეპეტიცია გავიარეთ, მაშინ ულამაზესმა და სინათლით სავსე ანდერსონმა თქვა: „როცა ინტერნეტში მოგძებნეთ და შენი „21 რიტუალური კოცნა“ წავიკითხეთ და როცა ახლა შენ გისმენდი, მივხვდი, ნიუ იორკში დღეს რაღაც განსაკუთრებულად მაგარი მოხდება. წამო, ყავა დავლიოთ...“
რუშდი, სცენის მიღმა, საგანგებოდ მეორეჯერ შემოვიდა ჩვენ სანახავად და მეგობრულად მხარზე ხელის მორტყმით, ხმამაღლა თქვა: მე ვიცი და ყველამ იცის, რომ დიდებულია საქართველო, მაგრამ შენ შენი ქვეყანა, სამუდამოდ ჩაწერე თანამედროვე და მომავალი მსოფლიოს ლიტერატურაში.
თქვენი მოთხრობა საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულშია. რას ნიშნავს ეს პირადად თქვენთვის და საქართველოსთვის?
მსოფლიო მნიშვნელობის კონტექსტში ყოფნას. მსოფლიო მნიშვნელობის სტატუსის ფლობას და მისი გავრცელების დიდ სურვილს, შესაძლებლობას, უსაზღვრობას და შნოს.
„პოეტი PhD“ - თქვენი ახალი კონცეფციაა საკუთარი თავის შესახებ. რატომ?
დიახ, ასეა. როგორც გლობალური იდენტიფიკაციისთვისაა არჩეული მხოლოდ დავით დეფი... ქართულადაც და მსოფლიოში არსებულ ყველა ენებზე.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი სახელი დეფი საოცარი ქართული სიტყვიდან წარმოსდგება - „დაფიონი“ და შუმერულ დიალექტზე ის ქურუმთა საიდუმლო დამწერლობას ნიშნავს. ეს მართლაც მაგიაა...
არის თუ არა ნიუ იორკში შემოქმედებითი ცხოვრება სპეციფიკური და რითი გამოირჩევა?
ნიუ იორკს სამყაროს ცენტრად მივიჩნევ, თუმცა სამყაროს ცენტრი თვითონ ადამიანშია. არც კანტი გასულა კიონიგსბერგიდან და არც ვაჟა-ფშაველა ჩამოდიოდა ხშირად ბარში, მაგრამ მოახერხეს სამყაროს ცენტრის თავისივე თავში ამოყვანა... მაგრამ საქმე ისაა, რომ ნიუ იორკი სამყაროს მიჯნაა. აქ ყოველი წამი გეძვირფასება.
რას ფიქრობთ, არსებობს რეალური კონფლიქტი ბეჭდურ და ციფრულ ლიტერატურას შორის?
კონფლიქტი არ არსებობს. ეს პროგრესია. ლიტერატურა ცოცხალი ენერგიაა, ის ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ი-ბუქი არსებობს და ასევე არსებობს კლასიკური წიგნიც. ასე ტიროდნენ ადრე, გაზეთი გაქრებაო, თეატრი გაქრებაო, მერე რადიო უნდა გამქრალიყო, მერე კიდევ რაღაც... BoolShit!
ამას წინათ ინტერნეტით ჩემი პოეზიის ლაივი ჩავატარე - სიახLOVE, მას ევროპის 16 ქვეყანა უყურებდა. ნუთუ ეს საოცარი საშუალება არაა ჩვენი სიახლოვისა?
Stop Russia თქვენი შექმნილი ლოზუნგია. ახლაც რაიმე გზავნილს ხომ არ გადასცემთ ნიუ იორკიდან საქართველოში?
ცხოვრება გრძელია, მაგრამ ჩქარა გადის. მინდა მოვასწრო გითხრა - მიყვარხარ
მე დედამიწის მოქალაქე ვარ და ამიტომაც ვამბობ ამ სიტყვას სიახLOVE.
![]() |
27 Made in Georgia |
▲back to top |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი
მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ მე არ მესმის, რას ნიშნავს „ქართული ლიტერატურა“. მხოლოდ ვიცი ტექსტები, რომლებიც, მიაქციეთ ყურადღება, ქართულად დაიწერა და იწერება, და არა - ეთნიკურად ქართველის მიერ უცხო ენაზე. იმაში გასარკვევად კი, შეიძლება თუ არა თანამედროვე ქართული ტექსტების ევროპული ლიტერატურის ნაწილად მოაზრება, საჭიროა მოკლე ექსკურსი წარსულში.
ქართულად დაწერილი ტექსტებიდან მთავარი ლიტერატურული მწვერვალი „ვეფხისტყაოსანია“ - შოთა რუსთაველის მიერ XII საუკუნეში დაწერილი პოემა. ამის შემდეგ მეთვრამეტე საუკუნემდე მხატვრული ლიტერატურა (fiction) ქართულად თითქმის არ იწერება. ხალხური პოეზია, ალეგორიული მოთხრობები, ანდაზები, იგავები და ა.შ. არ ითვლება; იმის მიუხედავად, რომ იოანე ბატონიშვილის (XVIII ს.) მთავარი - ენციკლოპედიური ხასიათის თხზულების „კალმასობის” ერთი ნაწილი X-XVIII საუკუნეების ქართველ მწერალთა ლექსიკონს წარმოადგენს. მხატვრული ლიტერატურის ადგილი თითქმის მთლიანად ჰაგიოგრაფიას უკავია. რაც ზუსტად იმდენადაა საინტერესო სხვადასხვა მკვლევართათვის, რამდენადაც უინტერესო რიგითი მკითხველისთვის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული მწერლობის პირველი ჟანრის - მარტვილობითის მშვენიერი ტექსტია „შუშანიკის წამება“. თავისი დახვეწილი ენით, სტილითა და მაღალი ესთეტიკური ღირებულებით V საუკუნეში იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილი ეს ტექსტი დღემდე დიდებული საკითხავია. ასე რომ, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან” დავით გურამიშვილის (XVII ს.) „დავითიანამდე“- პოემიდან პოემამდე - ძალიან დიდი და თითქმის უიმედო პაუზაა. თუმცა ეს ორი ავტორი ერთმანეთს ვერ ეწყვილება დაახლოებით ისევე, როგორც დანტე ალიგიერი და ჯაკომო ლეოპარდი. ანუ ამ დროს ქართულად იწერება მეტწილად ლოკალური მნიშვნელობის, საექსპორტოდ თითქმის უვარგისი ტექსტები. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველო არ აღმოჩნდა ერთგვარი „აგრეგატი“, რომელიც რამდენადმე საინტერესო ავტორს შექმნიდა.
და აი, XIX საუკუნეში საქართველოში უცბად ორი გენია ჩნდება. პირველ ნახევარში პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის, მეორე ნახევარში - პოეტ და პროზაიკოს ვაჟა-ფშაველას სახით. ორივე ამ ავტორს ნებისმიერი ერი ფარზე დაისვენებდა. აქედან მოყოლებული მეტ-ნაკლებად უკვე შეიძლება იმ ტექსტების მხატვრულ ღირებულებაზე ლაპარაკი, რომლებიც ქართულ ენაზე დაიწერა.
XX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში თითქმის ერთდროულად ქმნის ტექსტებს ორი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის შემოქმედი - პოეტი გალაკტიონ ტაბიძე (სავსებით უთარგმნელი პოეზიით) და პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი (სავსებით თარგმნადი პროზით). პირველი დიდი ქართველი რომანისტი სწორედ ჯავახიშვილია, რომელიც ქმნის ნამდვილ პროზაულ ნარატივს და, რაც მთავარია, ჟანრულ პროზას. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც გამონაკლისი ამტკიცებს წესს.
წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან მე ორ პროზაიკოსს გამოვყოფდი - ოთარ ჭილაძეს და გურამ დოჩანაშვილს. ჩემთვის პირველის რომანები უფრო საინტერესოა, მეორის - მცირე პროზა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე კარგი, თუმცა თვითკმარი (სამწუხაროდ, ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით) ავტორია. მათი ლიტერატურული გამოცდილება თითქმის სრულიად უსარგებლოა დღევანდელი ავტორებისთვის. თუმცა არც უარყოფითი გამოცდილების საჭიროება უნდა დაგვავიწყდეს.
თანამედროვე ქართველი ავტორებიდან ვინმეს გამორჩევა აქ იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც თვითონ ლიტერატურული პროცესი. ჩემი მოკლე ჭკუით, ქართული პროზა ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც დღესაა, ჯერ არ ყოფილა. მიაქციეთ ყურადღება, აქ საუბარია მრავალფეროვნებაზე და არა - ხარისხზე. ბოლოს და ბოლოს დღეს ქართულ პროზაში გამოჩნდა ჟანრული ლიტერატურის ნიშნები. თანამედროვე ქართველ ავტორთა უმეტესობა ცდილობს, დაწეროს არა განყენებული და ზედროული, არამედ აქტუალური ტექსტი, და თვითონაც, როგორც მწერალი, იყოს დრო-სივრცის ადეკვატური. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ყველაზე მკაფიო ნიმუშია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. ომი, რომელიც თითქმის ყველა რამდენადმე ღირებულ ქართულ ტექსტში რაღაც ფორმით აისახა. პროზის ენაც მაქსიმალურად ცდილობს ყოფით, სამეტყველო ენას დაუზავდეს. არადა ეს ენები აქამდე თითქმის სრულიად სხვადასხვა ქრონოტოპოსში არსებობდნენ.
თავისთავად ძნელია, თანამედროვე ქართული ტექსტების ევროპული ლიტერატურის ნაწილად მოაზრება. რამდენადაც ეს პროცესი თუ აქტი ორ მხარეს გულისხმობს: მწერალი-მკითხველი. ისეთი სტატუსი კი, როგორიცაა „საყვარელი ქართული წიგნი“, პირადად მე, ბევრს არაფერს მეუბნება. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა იწერება დღეს საქართველოში, სულ მცირე, საჭიროა ძალიან ბევრი ასეთი „საყვარელი წიგნის“ დესაკრალიზაცია. რაც დაახლოებით ისეთივე აუცილებელია ბევრი რამის განვითარებისთვის, როგორც დესტალინიზაცია იყო აუცილებელი. როგორ შეიძლება, მკითხველის გემოვნება სტატიკური იყოს? გემოვნება ხომ მარად მოძრავი, ცვალებადი და განვითარებადი რამეა.
დაბოლოს, რაღა დაგიმალოთ და, მე ქართულ პროზაში მიმდინარე პროცესი უფრო მაინტერესებს, ვიდრე გაქვავებული მონუმენტებით ტკბობა. რაც დაახლოებით იმას გავს, ყოველ წელს რომ ვზეიმობთ თბილისის „დინამოს“ ოდინდელ წარმატებას. რაც, ჩემი აზრით, ისეთივე მარაზმია, როგორიც ანსამბლ „მზიურის“ სიმღერებით დღეს მოგვრილი ჟრუანტელი. მე კი მჯერა, რომ დღეს ქართულ ენაზე იწერება საექსპორტოდ ვარგისი ტექსტები, რომლებიც შეიძლება მოვიაზროთ ევროპული ლიტერატურული სივრცის კონტექსტში, მაგრამ იმის სათქმელად, რომ ეს ნამდვილად ასეა, საჭიროა უცხო, არაქართველი მკითხველი.
![]() |
28 10 კითხვა ნათია სართანიას |
▲back to top |
კულტურა
მუსიკოსი
ვინ არის ნათია სართანია, ვინ არის ნასტია და ვინ არის sTia?
ნათია სართანია არის ბავშვობა, გრძელი, ქერა კიკინებით, დაბადებული პიანისტად. :) ნასტია არის ნათიას ოპოზიტი - DJ ჩარჩოების გარეშე. sTia-ს ჯერ კიდევ ვეცნობი.
უფრო მარტივად კი - დავიბადე ნათია სართანიად; ფსევდონიმი „ნასტია” მაშინ მომიგონეს მეგობრებმა, როცა თინეიჯერობისას რადიო 106-ში DJდ ვმუშაობდი; შემდეგ მოვიდა sTia - ეს ჩემი ბოლო ფსევდონიმია, ვიყენებ music making-ის დროს. პასპორტში კი ნათია სართანია-ქიტუაშვილი ვარ.
რა განსაკუთრებულ შტრიხებს აძლევს თქვენს ელექტრონულ მუსიკას თქვენი კლასიკური მუსიკალური განათლება?
ინგლისურად ადვილად გიპასუხებდი: IDENTITY. ქართულად ცოტა მიჭირს :)
რომ არა სოციალური ქსელი myspace, რა ბედი ეწეოდა თქვენს მუსიკას?
ჩემი მუსიკის გავრცელების ერთადერთი წყარო სოციალური ქსელებია, ასე რომ, რომ არა ისინი, ალბათ ამ კითხვარში მონაწილეობას ვერ მივიღებდი. :) თუმცა კი მუსიკის წერას თავისთავად განვაგრძობდი, ხოლო რა ბედი ეწეოდა... ჰმმ... ვინ იცის, თვითონ იპოვიდა თავის გზას.
პარკი თქვენი ლონდონის სახლის გვერდზე - რატომ აქვს შთაგონების ძალა?
ის პარკი ჯადოსნურია, იქ ბევრი რამ გადამიტანია. 15 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. იქ მზეს ვეფიცხებოდი, ძაღლებსა და მათ პატრონებს ვაკვირდებოდი, იქ გამქურდეს, ჩემი ორივე შვილი პირველად იმ პარკში გავასეირნე, იქ ბევრჯერ მიტირია და მიცინია. ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე, ჩემი უზარმაზარი ფანჯრიდან სწორედ ამ პარკს ვუცქერდი... ჩემი მერხიც ისე იყო განლაგებული, რომ მუსიკის წერისას სულ იმ პარკს შევცქეროდი.
როდის ხართ ყველაზე პროდუქტიული?
როდესაც სულს სწყურია :)
რას ნიშნავს თქვენთვის „ელექტრონავტობა“?
„ელექტრონავტი“ მხოლოდ სტატუსია.
როგორია თქვენი პირადი სამოთხე?
ჩემი პირადი სამოთხე ის იქნება, როდესაც არანაირ დანაშაულის გრძნობას არ ვიგრძნობ.
თქვენი ყველაზე ცუდი ჩვევა?
ჩემს ცხოვრებაში ყველა გრძნობა ძალიან ექსტრემალურია. ყველაფერი ძალიან კარგად არის ან ძალიან ცუდად. საშუალო არ არსებობს. ემოციურად დამღლელია. I'm a drama queen!
რითი ამაყობთ ყველაზე ძალიან?
ჩემი ოჯახით.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ეს კითხვა პერიოდულად იცვლება, თუმცა კი ყველაზე ხშირად „ვინ ვარ მე?”, „რა მინდა მე?“
![]() |
29 საქართველოს ეროვნული მუზეუმი - წინ, ევროპისაკენ |
▲back to top |
კულტურა|მუზეუმი
თეონა ჯაფარიძე
1977 წლიდან მოყოლებული, ყოველ 18 მაისს, მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ICOM-მა - მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. მიზანი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცავების და კოლექციების ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობა გახლავთ. ამ დღეს, ვიზიტორებს, მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები სპეციალურ პროგრამებს, უფასო ტურებს, ორიგინალურ ექსპოზიციებს სთავაზობენ. წელს ამ თარიღს პირველად შეუერთდა ცნობილი ფესტივალი - მუზეუმების ევროპული ღამე (The European Night of Museums). ასე რომ, 18 მაისის შუაღამეს მილიონობით დამთვალიერებლისთვის ერთდროულად რამდენიმე ათასი ევროპული მუზეუმის კარი გაიღება და ეს ყოველივე, ერთ კვირას გასტანს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო სამუზეუმო სივრცეს წარმატებით შეუერთდა. საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირებას, ყველაზე თვალსაჩინოდ, 26 მაისს, ჯანაშიას განახლებული მუზეუმის კონცეფციის მაგალითზე ვიხილავთ. მანამდე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან - დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რამდენიმე მსხვილ პროექტს თვალი გადავავლეთ - პირველ რიგში, თვალში საცემია, 2006 წლიდან მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში ეროვნული მუზეუმის ექსპონატთა საერთაშორისო ტურნეები. ღვინის კულტთან დაკავშირებულმა ექსპოზიციებმა, ანტიკური კოლხეთის ეფექტურმა ოქროს საგანძურმა, ფიროსმანმა და საერთაშორისო წრეებისთვის უკვე კარგად ცნობილმა დმანისელი ჰომინიდის - პირველი ევროპელის თავის ქალამ წარმატებით მოიარა ბერლინის, ნიცას, პარიზის, სტოკჰოლმის, ათენის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ლოს-ანჯელესის, ჰიუსტონის და სხვა მუზეუმები.
„სოლო გამოფენებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ცალკეული ექსპონატების მონაწილეობა ისეთ მასშტაბურ, მსოფლიო დონის გამოფენებში, როგორიც იყო, მაგალითად, 2009-2010 წლებში კანდინსკის გამოფენები გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში, როცა პროექტის ორგანიზატორებმა ჩვენი ხელოვნების მუზეუმში დაცული კანდინსკის ორი ტილო - „შავი შტრიხი“ და „სურათი წრით“ ჯერ პარიზის პომპიდუს ცენტრში, შემდეგ კი ნიუ იორკის გუგენჰეიმში გამოფინეს. რამდენიმე ნივთი გამოიფინა ჩვენი საცავებიდან ბრიტანეთის მუზეუმში იმპერატორ ანდრიანეს ეპოქის ამსახველ მასშტაბურ გამოფენაზე. ხოლო მეტროპოლიტენში უძველესი ლითონის გამოფენაზე ჩვენი თრიალეთის თასი საპატიო ადგილს იკავებდა. ასეთი ფაქტები ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ევროპული კულტურის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ“, - აღნიშნავს დავით ლორთქიფანიძე.
მსოფლიო სამუზეუმო სისტემაში ინტეგრირებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისეთ დაწესებულებებთან თანამშრომლობას, როგორიცაა UNESCO ან კიდევ პოლ გეთის საკონსერვაციო ცენტრი (ლოს-ანჯელესი, აშშ).
რაც შეეხება ტვინინგის პროგრამას (Twining Project), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ის ევროკავშირში თავაზიანად გვიღებს კარს. ტვინინგის პროექტი, როგორც წესი, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობის, ტრანსპორტის სფეროში ხორციელდება. კულტურის სფეროში კი მისი პირველი გამარჯვებული საქართველოს ეროვნული მუზეუმია. ეს პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსა და დახმარების მიმღები ქვეყნის თანამშრომლობას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებაში, ტრენინგების, რეორგანიზაციისა და კანონმდებლობის განვითარების გზით.
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი პრუსიის მემკვიდრეობის ფონდი - ბერლინის ეროვნული მუზეუმებია. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აკორდი თბილისში სამუზეუმო ქუჩის განვითარების ხელისშეწყობაა. ბერლინის მუზეუმების კუნძული (Museumsinsel) უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლია, რომელიც ამ ქალაქის ურბანულ ცხოვრებასა და ტურიზმზე დიდ გავლენას ახდენს. კუნძულის ჩრდილოეთ ქიმზე ფერწერული, სკულპტურული თუ ნუმიზმატიკური კოლექციებით მდიდარი ბოდეს მუზეუმის სამკუთხა, ნეობაროკოს სტილის შენობა დგას. მის სამხრეთით ცნობილი პერგამონის მუზეუმია იშთარის კარიბჭით, მშეთას ფასადითა და პერგამონის საკურთხევლით. კუნძულზე პირველად, ათენის პართენონის კოლონების ფასადით, Altes Museum-ის შენობა აშენდა. აქვეა ეროვნული გალერეა და ახალი მუზეუმი. ხუთი მუზეუმისგან შექმნილ ამ კომპლექსს შენობების დაგეგმარების, კოლექციების მართვის, მათი შენახვისა და ექსპონირების უდიდესი გამოცდილება აქვს. ამიტომ ტვინინგის პროექტის ფარგლებში ამ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა, თბილისის სამუზეუმო ქუჩის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს. პროექტი, ეროვნული გალერეის (ცისფერი გალერეა), ალექსანდრეს ბაღის, გუდიაშვილის ქუჩის, ჯანაშიასა და ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმების და მიმდებარე ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნას მოიაზრებს. 26 მაისს პირველი თავისუფალი სივრცე - მოედანი - გაჩნდება, რომელიც ერთმანეთთან რუსთაველის პროსპექტს, ჯანაშიას მუზეუმსა და გუდიაშვილის ქუჩას დააკავშირებს. მანამდე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება და დამთვალიერებელს საინტერესო კვირეულს სთავაზობს.
ექსპოზიცია კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში
ფოტო:საქართველოს ეროვნული მუზეუმი ©
![]() |
30 იმერული ღვინო |
▲back to top |
გურმანი |ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
იმერულ ღვინოებს ჯერ კიდევ ვახუშტი ახსენებდა, განსაკუთრებით სვირულ ღვინოებს აქებდა და ამბობდა, მრავლად არის კარგი ღვინოო. ჩინებულ იმერულ ღვინოებზე ბევრი სხვა წყაროც მოგვითხრობს, თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ფილოქსერის საზოგადოების პირველ აღმწერლებს, ე. ნაკაშიძესა და ე. ვაწაძეს ძალზე სავალალო სურათი დახვდათ მხარეში. 80-იან წლებში იმერეთი ნაცარმა და ჭრაქმა დააზარალა, სულ მალე კი მას ფილოქსერას შემოტევა დაერთო და 90-იანი წლებისთვის იმერეთის მთელი ვენახების ნახევარზე მეტი უკვე განადგურებული იყო. იმერული ღვინო ალბათ სწორედ ჭრაქის შემოსვლის შემდეგ შეიცვალა საბოლოოდ, შეიცვალა ჯიშური შემადგენლობა, მევენახეობის წესები და, რაც მთავარია, მეღვინეობაც.
კიდევ კარგი, ეს დაავადებები და მისი თანამდევი „იზაბელიზაცია“ იმერეთს ისე არ დაეტყო, როგორც გურიას, მაგრამ აქაურობა მაინც ძალიან დაზარალდა. იმერულ ღვინოს დღემდე უჭირს და რომ არა რამდენიმე მცირე მეწარმე და ნამდვილი მეღვინე, მხარეში ძალზე არასახარბიელო სურათი დაიხატებოდა.
იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, მისი 70%25 მთიანი ადგილებია, ყველგან ძალზე განსხვავებულია კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობა, ამიტომაც, თუკი ყველგან ღვინოს ტრადიციების დაცვით დაწურავენ და, რაც მთავარია, კარგად მოუვლიან ვენახსა და ღვინოს, ძალზე მრავალფეროვანი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ.
იმერეთში ოდითგანვე გამოყოფდნენ რამდენიმე განთქმულ ადგილწარმოშობას. მე-19 საუკუნეში ღვინით ყველაზე სახელგანთქმული სოფლები იყო: დიმი, ობჩა, ცხენთარო, როდინაული, სვირი, კვალითი, ცხრაწყარო, ფუთი. როგორც ერთი ძველი ენოლოგი წერდა, იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი (რომელსაც ადრე, როგორც წესი, ოცხანური საფერეთიც ფერავდნენ ხოლმე), ობჩური ცოლიკოურითა და კვალითური ციცქათი. ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი საუკეთესო ღვინოს სოფელ ბაზალეთის, ხარაგაულის, ლაშეს ცარცულ ნიადაგებზეც იძლეოდა.
ბევრს დაუჯერებელი შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ, ენოლოგი კონსტანტინე მოდებაძე გასული საუკუნის 20-იან წლებში მიიჩნევდა, რომ ციცქა „სიძველეში მეტად სასიამოვნო, ნაზ, შინაარსიან ბუკეტს ივითარებს. ციცქას ღვინო დაახლოებით 20 წლის შემდეგ იწყებს მთელ თავის საუკეთესო თვისებათა განვითარებას. ეს არის მისი აყვავების საუკეთესო ხანა“.
ძველად იმერეთში რთველის დროის მიხედვით, სამ ძირითად ჯგუფად ჰყოფდნენ ჯიშებს. პირველ, საადრიო, ე.წ. სამაჭრე ჯიშების ჯგუფში შედიოდა: ყველაური, ჭაჭილაური, ძელშავი, მაისა, კაბისტონი, მაჩანოური. მეორე ჯგუფში იმერული ჯიშების ძირითადი სახეობები შედიოდა: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, რკო, კუნძა და სხვა, რომლებიც სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებში შემოდიოდა მწიფობაში. მესამე ჯგუფში ხვდებოდა არგვეთული საფერე და ოცხანური საფერე, ასევე ადანასური და კამური, რომლებიც ოქტომბერში, ზოგჯერ კი ნოემბერშიც კი მწიფდებოდა.
თეთრი ღვინის დაწურვისას ყოველ 10 ფუთ წვენზე, ანუ 160 ლიტრ ყურძნის წვენზე 5 კილოგრამ ჭაჭას უმატებდნენ, წითლის შემთხვევაში კი ერთიდან 4 ფუთამდე ჭაჭას (ანუ 16-დან 60-70 კილოგრამამდე). ზოგიერთ სოფელში, როგორც, მაგალითად, საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში, 5-8 ფუთ ჭაჭასაც უმატებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა საგვიანო საფერე ჯიშების, ოცხანურისა და არგვეთულის ჭაჭას უკვე დადუღებულ წვენში ყრიდნენ და ამით ხელმეორე დუღილს იწვევდნენ ხოლმე.
დღეს ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელსაც იმერული ღვინო გამოაქვს. პირველ რიგში ეს არის „იმერული ღვინის კომპანია“, რომელიც მეორე წელია ციცქასა და ოცხანურ საფერეს აწარმოებს, ასევე კომპანია ხარება, მისი გამორჩეული კრახუნა, ციცქა და ოცხანური საფერე უკვე კარგადაა ცნობილი ქართველი მომხმარებლისთვის. წელს გამოჩნდა ასევე გაიოზ სოფრომაძის ვანის ჩხავერის ჯიშიდან დაყენებული ღვინოები. ქართულ ბაზარზე გამოსვლას კიდევ ბევრი იმერელი მეღვინე ელოდება.
![]() |
31 ქათამი ლიმონის წვენში |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
2 ულუფა
მასალა:
ქათმის ბარკალი 4 ც.
2 ლიმონი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
100 გრ. სოიოს სოუსი
100 გრ. თაფლი
1 კონა მწვანე ხახვი
50 გრ. ვურსტერის სოუსი
100 გრ. კარაქი
100 გრ. ნაღები
4 საშუალო ზომის კარტოფილი
მარილი
პილპილი
ჯამში: 15 ლარი
მომზადების წესი:
ქათმის ბარკლებს გააცალეთ კანი და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ერთი ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ვურსტერის სოუსი და გააჩერეთ 10 წუთი.
გააცხელეთ ტაფა და შეწვით ბარკლები.
ამასობაში ცალკე, ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით სოიოს სოუსი, თაფლი და წამოადუღეთ. დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი, მარილი, პილპილი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი.
მიღებული მასა მოასხით შემწვარ ქათამს.
მოხარშეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ. წამოადუღეთ ნაღები კარაქთან ერთად, დაუმატეთ კარტოფილს და კვლავ დააბლენდერეთ.
მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, მოაყარეთ კარტოფილს და გადაურიეთ.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).