![]() |
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი, გამოცემა მესამე, ივლისი-სექტემბერი, 2007) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი) |
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კვარტალური ბიულეტენი გამოცემა მესამე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი 0108, თამარ ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა № 10 ტელეფონი: (995 32) 250 463, 250 592 ფაქსი: (995 32) 291 052 ელ-ფოსტა: contact@osgf.ge ვებგვერდი: www.osgf.ge ბიულეტენის მომზადება: საინფორმაციო სააგენტო „სარკე” www.sarke.com დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio ივლისი-სექტემბერი |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ დამოუკიდებელი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა. ფონდი დაარსდა 1994 წელს საქართველოში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის ფასეულობათა მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით.
ორგანიზაციის საქმიანობის სპექტრი ძალზე ფართოა - ფონდი ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანთა უფლებების დაცვას, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემების სრულყოფას, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური რეფორმების გატარებას, კორუფციის დაძლევას.
„ღია საზოგადოება - საქართველო“ ცნობილი ფინანსისტის და მეცენატის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა.
![]() |
2 აჭარის მთავრობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირებს ამყარებს |
▲back to top |
ბათუმში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლობას საფუძველი წელს ბათუმში ჩაეყარა, სადაც აგვისტოში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე დაისახა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სამომავლო გეგმები.
„შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ქართული სამართლებრივი სივრცის გაცნობა და კონტაქტების დამყარება იყო“, - ამბობს თინიკო ბოლქვაძე, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია სწორედ ამ პროგრამამ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა.
ღონისძიების ინიციატორები იყვნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაური, დიმიტრი სანაკოევი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე.
მხარეები შეთანხმდნენ გაცვლით პროგრამებზე კულტურის სფეროში. გარდა ამისა, ოსური მხარის წარმომადგენლები სტაჟირებას გაივლიან აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში. ოქტომბერში დროებითი ადმინისტრაციის აპარატს ჩაუტარდება ტრენინგები.
„ვფიქრობ, ასეთი კავშირები და გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის და კარგ შედეგს მოგვიტანს“, - აღნიშნავს თინიკო ბოლქვაძე. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ იგეგმება კიდევ ერთი - თანამშრომლობაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც ქსელური პროგრამის - „ადგილობრივი ინიციატივების“ ხელშეწყობით განხორციელდება.
![]() |
3 ახალი რეგიონალური იდენტობა |
▲back to top |
„შავი ზღვის რეგიონალური იდენტობის საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ამ რე-გიონის უსაფრთხოების საკითხია“, - თვლის დავით დარჩიაშვილი, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი.
შავი ზღვით საქართველო დანარჩენ დემოკრატიულ სამყაროს უკავშირდება, თუმცა დღეს ამ რეგიონში იდენტობის კრიზისია - გამოკვეთილია ეთნიკური განსხვავებები და პოლიტიკური დაპირისპირება. „ეს ის სირთულეებია, რომლებსაც ჩვენ ვაცნობიერებთ და ვთლით, რომ რეგიონალური იდენტობის მშენებლობით მთელი რიგი მწვავე პრობლემების გადაწყვეტაში შეიძლება წვლილის შეტანა „, - აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი. ფონდის ხელშეწყობით დაიწყო რეგიონალური იდენტობის საკითხის კვლევა. ჩატარდა შეხვედრები თბილისში, სტამბოლსა და სოფიაში, სადაც ექსპერტები ერთმანეთს მოსაზრებებსა და გამოცდილებას უზიარებდნენ.
ამ შეხვედრების შედეგები აისახა ნაშრომში, რომელიც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით დარჩიაშვილმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ, საზოგადოებას 15 სექტემბერს წარუდგინეს თბილისში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები.
„ბიზანტიურ-ოსმალური მემკვიდრეობიდან შავი ზღვის რეგიონალური იდენტობის მშენებლობამდე (ხედვა საქართველოდან)“, - ასეთია სათაური ნაშრომისა, რომელიც ინტერდისციპლინარული მიდგომითაა შესრულებული.
„ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ შავი ზღვის არეალის ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობაში სოციალურ თავისებურებებსა და მსგავსებებში არსებული ის პოტენციალი, რომელიც, შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეთნიკური და ნაციონალური იდენტობების მიერ წარმოებული ფეთქებასაშიში მუხტის განეიტრალების იარაღად გამოდგეს, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი, პრობლემის გადამწყვეტი თემა შემოიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაში“, - აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები. მათი
შავი ზღვის რეგიონი
აზრით, შავი ზღვის ერთიანი სივრცის რეკონსტრუქციით შესაძლებელია ევროპისა და აღმოსავლეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი დასაყრდენი შეიქმნას.
დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ფონდის მიერ ჩატარებული იდენტობის კვლევა ბიძგის მიმცემი გახდება სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოებისათვის. 2008 წლის მაისში კი დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება რეგიონალური იდენტობის თემაზე.
![]() |
4 ფრანგი ჟურნალისტი ქართული მედიის სამსახურში |
▲back to top |
შესამჩნევია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამები ბოლო პერიოდის განმავლობაში უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გახდა. „მოამბის“ ახალი სახის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ოლივიე მიშელს, ფრანგ ჟურნალისტსა და მედია-ექსპერტს, ფრანგული ტელევიზია - „ფრანს 3“-ის საინფორმაციო პროგრამის წამყვანსა და პროდიუსერს.
საქართველოში ოლივიე მიშელი უკვე რამდენიმე თვეა მოღვაწეობს. იგი საინფორმაციო გადაცემა ”მოამბის” მთავარი რედაქტორისა და კონსულტანტის ფუნქციას ასრულებს. საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამედროვე, დასავლური პროფესიული სტანდარტების დანერგვის მიზნით, ოლივიე მიშელი ყოველდღიურ კონსულტაციებს უწევს პროდიუსერებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ამავე დროს, იგი უშუალოდ არის ჩართული ახალი ამბების მომზადების პროცესში.
„ოლივიე მიშელი ჩვენ სერიოზულ დახმარებას გვიწევს და მიმაჩნია, რომ ამ გამოცდილი ფრანგი ჟურნალისტის ხელი მნიშვნელოვნად დაეტყო საზოგადოებრივ მაუწყებელს - ჟურნალისტების პროფესიული დონე საგრძნობლად ამაღლდა, - აღნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ინფორმაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში, ხათუნა კვესელავა და დასძენს, - ამჟამად ჩვენ ძალიან დიდ და ამბიციურ პროექტზე ვმუშაობთ - „მოამბის“ სტრუქტურულ რეფორმასა და სამომავლო სტრატეგიაზე“.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ოლივიე მიშელის თანამშრომლობა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ 6-თვიანი პროექტის - „საინფორმაციო სამსახურის კონსულტანტი“ ფარგლებში ხორციელდება. ის 2006 წელს განხორციელებული პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. გასულ წელს ფრანგმა ექსპერტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და პროდიუსერებს სამ ეტაპად დაგეგმილი, პრაქტიკული ცოდნის მიწოდებაზე ორიენტირებული ტრენინგი ჩაუტარა.
როგორც ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი, გივი ორდენიძე, აღნიშნავს, 2006 წლის ინიციატივამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, რის საფუძველზეც ფონდმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ოლივიე მიშელის თანამშრომლობისათვის უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი ხასიათი მიეცა.
პროგრამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მედიის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა და, შესაბამისად, მედიის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. „აღნიშნული ინიციატივა ჩვენთვის ძალზედ ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ პროექტის ფარგლებში ფრანგი ექსპერტი გამოცდილებას უზიარებს არა მხოლოდ მოქმედ, არამედ მომავალ ჟურნალისტებსაც - სტუდენტების სახით“, - აღნიშნავს გივი ორდენიძე.
პროექტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა. ოლივიე მიშელი სკოლის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ტელესიუჟეტის მომზადების ტექნიკის თემაზე ორ კვირიან სასწავლო კურსს ჩაუტარებს.
„ოლივიე მიშელის ლექციების პრაქტიკული სტილი ხელს შეუწყობს ჩვენს სტუდენტებს, რათა მაქსიმალურად მომზადებულები მივიდნენ სამუშაო ადგილებზე და ადვილად ჩაერთონ პროფესიულ საქმიანობაში - ამბობს სკოლის დეკანი, მაია მიქაშავიძე და დასძენს, - ჩვენი მოლოდინი აღნიშნული სასწავლო კურსის მიმართ ძალზედ დიდია“.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამაც „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
![]() |
5 ფონდის წვლილი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში |
▲back to top |
მონაწილენი ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებზე მსჯელობენ
პროექტი - „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“ ძალზედ წაადგება მათ, ვინც ეძებს ახალ სამუშაოს, ვინც ბიზნესის დაწყებით ან გაფართოებითაა დაინტერესებული.
ამ პროექტს უკვე მეორე წელია ფონდის ,,ღია საზოგადოება - საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა და ქალაქ თბილისის მერია ერთობლივად ახორციელებენ. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია თბილისში, სადაც მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა.
„ვფიქრობ, სახელმწიფოსთან ერთად არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორიც ვალდებულნი ვართ შევიტანოთ წვლილი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში“, - აღნიშნავს ფონდის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დირექტორი, ლევან ალაფიშვილი.
პროექტის - „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის ტარდება ტრენინგები და კონსულტაციები, ხოლო წარმატებული ბიზნეს-გეგმები ფინანსდება პარტნიორი ბანკების დახმარებით.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 18-28 სექტემბერს დამწყები მეწარმეებისათვის ჩატარდა ტრენინგი მენეჯმენტის სპეციფიკური პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც მცირე საწარმოს გახსნის შემთხვევაში, მათ ყოველდღიურად მოუწევთ.
ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, გულიკო კარიაული, აღნიშნავს: „სემინარებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს ცოდნა აუცილებლად წაგვადგება მომავალ საქმიანობაში“. გულიკო კარიაული საოჯახო ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელია და პროექტის მხარდაჭერით აპირებს საოჯახო ტურიზმის განვითარებას როგორც თბილისში, ასევე დაბა ფასანაურსა და სტეფანწმინდაში.
„ჩვენ, ერთი მხრივ, ხალხს დავასაქმებთ, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობას შეღავათიან ფასებს შევთავაზებთ“, - ამბობს კარიაული.
ბიზნესის გაფართოებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ტრენინგის სხვა მონაწილე, გოჩა ქაროსანიძეც აპირებს. იგი თბილისში მცირე საკონდიტრო საამქროს და საფუტკრე მეურნეობის მფლობელია. ბაზარზე მოთხოვნილების გათვალისწინებით, გოჩა ქაროსანიძე დარწმუნებულია, რომ მისი ბიზნესი მომგებიანი იქნება.
პროგრამის დირექტორი, ლევენ ალაფიშვილი, თვლის, რომ ფონდისა და მერიის ერთობლივი პროექტი შეიძლება წარმატებულად შეფასდეს. „საკითხის მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ან თვითმმართველობის სტრუქტურების მხრიდან უფრო მეტი აქტივობა იქნება, - აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი და დასძენს, - ასეთ შემთხვევაში პროექტის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება შესაძლებელი“.
რაც შეეხება ფონდის მიერ დასახულ ახლო მომავლის პერსპექტივებს, ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება უკვე გადაწყვეტილია. საქმე ეხება ყოფილ სამხედროთა გადამზადებასა და ბიზნესის დაწყების ხელშეწყობას, რაზეც მზადყოფნა თავდაცვის სამინისტროდან უკვე გამოთქმულია.
ამჟამად ფონდის მონაწილეობით მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება და მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლიდან პროექტი აუცილებლად დაიწყება.
![]() |
6 ქალთა ერთობა მშვიდობისათვის |
▲back to top |
სამშვიდობო აქცია
მანანა მებუკეს მეუღლე აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და სახლში დაბრუნებისას ბრძოლაში მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა. ასეთი ბედი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მერე ბევრმა ქალმა გაიზიარა.
„ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით - ყველასგან მიტოვებულნი და დავიწყებულნი, გავხდით ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანება გადავწყვიტეთ“, - იხსენებს მანანა მებუკე.
ასე შეიქმნა ინვალიდ-მეომართა და დაღუპული მებრძოლების მეუღლეთა კავშირი, რომელსაც ეს ქალბატონი დღეს ხელმძღვანელობს. ქალთა კავშირი კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება.
„გავერთიანდეთ მშვიდობიანი მომავლისათვის - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, - აღნიშნავს მანანა მებუკე, - საზოგადოებასა და ხელისუფლებაში საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ომისა და მშვიდობის გადაწყვეტის საკითხებში მამაკაცებთან ერთად ქალებიც უნდა იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას“.
ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით შეიქმნა და მოღვაწეობს. დღეს ის ორგანიზაციათა მთელ ქსელს აერთიანებს, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა, მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ქალები. ესენი არიან ქალები, რომლებსაც თვითონ შეეხოთ კონფლიქტები და რომლებიც მუშაობენ მისი მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე.
კავშირის - „ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ეგიდით ჩატარდა რამოდენიმე მრგვალი მაგიდა და შემუშავდა სამშვიდობო კონცეფციის პროექტი, სადაც ასახულია ქალთა ხედვა კონფლიქტების დარეგულირების, სამშვიდობო პროცესისა და ურთიერთშორის ნდობის აღდგენის საკითხებზე. ფონდის დახმარებით, აგრეთვე, გამოიცა ჟურნალის „ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ოთხი ნომერი.
21 სექტემბერს კი (ეს დღე გაეროს მიერ აღიარებულია, როგორც მშვიდობის დღე) ქალთა მოძრაობამ ჩაატარა სამშვიდობო აქცია ერთდროულად თბილისში, ახალციხეში, გორში, ცხინვალში, ქუთაისში, ზუგდიდში, გალში, ბათუმში. თბილისში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპული მეომრების ხსოვნას.
„ომი აღარ უნდა განმეორდეს და კონფლიქტები მოგვარებული უნდა იყოს მშვიდობიანად“, - ხაზს უსვამს მანანა მებუკე.
![]() |
7 საქართველოს კონსტიტუცია აფხაზურ ენაზე |
▲back to top |
ხეობის ერთ-ერთი სოფელი
საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე - აფხაზური, - ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლში. ამ ფრაზის და კონსტიტუციის ტექსტის სრულად წაკითხვა აფხაზურ ენაზეც გახდა შესაძლებელი.
„ჩვენ ნაბიჯი გადავდგით ნდობის აღდგენისკენ და აფხაზ ხალხს დავანახეთ, რომ პატივს ვცემთ მათ ენას“, - ასე აფასებს კონსტიტუციის თარგმნას მალხაზ ბაძაღუა, „დანაშაულის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი.
ცენტრი ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „აფხაზეთის სამართლებრივი დახმარება“. კონსტიტუციის თარგმნა ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ცენტრმა კონსტიტუციის თარგმანი წარუდგინა კოდორის ხეობის მოსახლეობას, სადაც შერეულ ოჯახებში ფლობენ აფხაზურ ენას. პროექტის ფარგლებში ცენტრმა, აგრეთვე, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები, ხოლო ხუთი დიდი სოფლის მკვიდრთათვის ლექციები ჩაატარა სამართლებრივ საკითხებზე.
ეს იყო ორმხრივი საუბრები - ბევრი შეკითხვა დაისვა და ბევრი წინადადება გამოითქვა. მოსახლეობა დაინტერესდა სოციალური
დახმარებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის, ბუნებრივი რესურსების დაცვის და ბიზნესის განვითარების სამართლებრივი საკითხებით.
„ხეობაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგალითად, მიწის რეფორმა იქ პრაქტიკულად შეჩერებულია, კრედიტების აღებას ვერ ახერხებენ, რაც მეწარმეობის განვითარებას აფერხებს“, - აღნიშნავს მალხაზ ბაძაღუა. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ამ დღეებში გახსნილი საკენი-ჭუბერის გზა უფრო აქტიურს გახდის კონტაქტებს თბილისსა და კოდორის ხეობას შორის და პრობლემები უფრო ადვილად გადაწყდება.
ხეობის მოსახლეობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტას ითხოვს