![]() |
ენობრივ პრობლემებთან და განათლებასთან დაკავშირებული კონფლიქტის შესაძლებლობა ქვემო ქართლის რეგიონში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ანალიტიკური ანგარიში (მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი) |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ტექნიკური თანამშრომლობის გერმანული ორგანიზაცია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (თბილისი) ქვემო ქართლში კულტურათა შორის თანამშრომლობის კავშირი ხიდის (გარდაბანი) და საქართველოში აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის (მარნეული) თანამონაწილეობით ანალიტიკური ანგარიში თბილისი-მარნეული-გარდაბანი 2006 |
![]() |
1 წინათქმა |
▲back to top |
მოცემული დოკუმენტის მიზანია შეისწავლოს ის პრობლემები, რომლებიც წარმოდგება იქიდან, რომ ქვემო ქართლში კომპაქტურად მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა ვერ ფლობს ქართულ ენას, რომელიც, 1995 წლის კონსტიტუციით, ერთადერთი სახელმწიფო ენაა საქართველოში (აფხაზეთის ტერიტორიის გამოკლებით). ეს ფაქტორი აბრკოლებს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციას საქართველოს საზოგადოებაში, მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. ენობრივი პრობლემები ქართული და აზერბაიჯანული თემების გაოცხოებას იწვევს და, გარკვეულწილად, ეთნოსთა შორის დაძაბულობის წინაპირობას ქმნის; ქართული საზოგადოების ნაწილი აზერბაიჯანელთა მიერ ქართული ენის არცოდნას განიხილავს როგორც ქართული სახელმწიფოს უპატივისმცემლობას ან მისდამი არასაკმარის ლოიალობას. თავის მხრივ, როცა აზერბაიჯანელებს ქართული ენის ცოდნას სთხოვენ, განსაკუთრებით, კატეგორიულად ფორმით, ისინი ამას უსამართლოდ მიიჩნევენ და ამაში დისკრიმინაციის ელემენტებს ხედავენ.
განათლების სახელმწიფო სისტემა, განსაკუთრებით, საშუალო სკოლის დონეზე, ძირითადი მექანიზმია, რომელიც ამ პრობლემის გადასაწყვეტადაა მოწოდებული. მაგრამ არაქართულენოვანი სკოლების სისტემა, რომლებშიც ეთნიკური უმცირესობების აბსოლუტური უმრავლესობა სწავლობს, პრობლემის ნაწილია და არა მისი გადაჭრის საშუალება. დღეს ამ სკოლის კურსდამთავრებულები ვერ ფლობენ სახლმწიფო ენის იმ მინიმუმს, რაც აუცილებელია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და პროფესიული და კარიერული ზრდისათვის. განათლების სამინისტროს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ჯერჯერობით ვერ გააუმჯობესა სიტუაცია. მეტიც, ამ რეფორმების ფარგლებში გატარებულმა ზოგიერთმა ღონისძიებამ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია; მათი აზრით, ეს ზომები ნაკლებ შანსს უტოვებენ, საქართველოში სრულფასოვანი უმაღლესი განათლება მიიღონ.
დოკუმენტი დაფუძნებულია კვლევაზე, რომელიც 2003 წელს ჩატარდა მშვიდობის, დემოკრტაიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ ქვემო ქართლში კულტურათა შორის თანამშრომლობის კავშირის - ხიდის და საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თანამონაწილეობით ქვემო ქართლის ორ რაიონში - გარდაბანსა და მარნეულში. კვლევის მეთოდოლოგია შემუშავდა GTZ-ის (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ექსპერტებთან ერთად; მათვე მიიღეს მონაწილეობა შედეგების ანალიზში. კვლევის პროცესში შედგა შეხვედრები რეგიონში, ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან, ჩატარდა კვლევა ფოკუს-ჯგუფის მეთოდით და, აგრეთვე, რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა. 2005 წელს GTZ-ის წარმომადგენლებმა, კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელთა მონაწილეობით, მოაწყეს ახალი შეხვედრები და გამოკითხეს ექსპერტები იმ ცვლილებების გამოსავლენად, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციას” და ხელისუფლებაში ახალი რეფორმისტული მთავრობის მოსვლას მოყვა. კავკასიურმა ინსტიტუტმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტექსტის ხელახალი რედაქცია მოახდინა.
![]() |
2 ზოგადი სურათი |
▲back to top |
აზერბაიჯანელები ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს შორის. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 284,8 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6.5%-ს შეადგენდა. მათი უმრავლესობა - 224,6 ათასი - კომპაქტურად არის განსახლებული ქვემო ქართლის რეგიონში, უპირატესად, ამ მხარეში შემავალ ოთხ რაიონში - მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისსა და დმანისში. ქვემო ქართლის მხარეში შედის ქალაქი რუსთავიც, აგრეთვე თეთრიწყაროს და წალკის რაიონები, მაგრამ აქ აზებაიჯანული მოსახლეობის წილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მითითებულ ოთხ რაიონში.
როგორც ცხრილი 1-იდან ჩანს, რომელიც 2002 წლის მოსახლოების აღწერას ასახავს, აზერბაიჯანელი მაცხოვრებლების ხვედრითი წილი ყველაზე დიდი სწორედ იმ რაიონებშია, სადაც კვლევა მიმდინარეობდა - გარდაბანსა და მარნეულში. ამ უკანასკნელში, აზერბაიჯანელები წარმოადგენენ უმრავლესობას რაიონის დონეზე. გარდაბნის რაიონში, ქართული მოსახლეობა რამდენადმე აღემატება აზერბაიჯანულს; მაგრამ კვლევა მიმდინარეობდა რაიონის აღმოსავლეთ რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სადაც კონცენტრირებულია აზერბაიჯანელი მოსახლეობა.
ცხრილი 1
|
სულ |
ქართველები |
აზერბაიჯანე |
სომხები |
სხვები |
ქვემო ქართლი |
497 530 |
222 450, |
224 606, |
31 777, |
18 526, |
გარდაბნის რაიონი |
114 348 |
60 832б, |
49 993, |
1 060,\\ |
2 4 63б |
მარნეულის რაიონი |
118 221 |
9 503, |
98 245, 83,1 |
9 329, |
1 144, |
ბოლნისის რაიონი |
74 301 |
19 926, |
49 026, |
4 316, |
1 033, |
დმანისის რაიონი |
28 034 |
8 759, |
18 716, |
147 |
412, |
ორივე რაიონში სოფლის მოსახლეობა ჭარბობს. ქალაქ მარნეულის გარდა, სადაც რაიონის 22,7% ცხოვრობს, მარნეულის რაიონში შედის 72 სოფელი: 8 ქართული, 55 აზერბაიჯანული, 7 სომხური და 2 ბერძნული. რაც შეეხება გარდაბნის რაიონს, მოსახლეობის 14.1% ცხოვრობს ქალაქ გარდაბანში, დანარჩენი კი 28 ქართულ და 15 აზერბაიჯანულ სოფელზე ნაწილდება.
მარნეულის რაიონში ქართული მოსახლეობა უფრო მეტად ქალაქშია კონცენტრირებული, ვიდრე სოფლად. ქალაქ გარდაბანში მოსახლეობა შერეულია: 30% ქართველია, დანარჩენი - ძირითადად, აზერბაიჯანელი. ეს ფაქტი რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის შერჩევაზეც აისახა: ქართველ რესპონდენტებს შორის ქალაქელთა და სოფლელთა დაახლობით ერთნაირი რაოდენობაა (შესაბამისად 49,6% და 50,4%), ხოლო გამოკითხულ აზერბაიჯანელთა შორის ქალაქელები გაცილებით უფრო ცოტანი არიან, ვიდრე სოფლის მაცხოვრებლები (28,6% და 71,4%).
აღსანიშნავია დემოგრაფიული დინამიკაც: 1990-იან წლებში, მეტწილად, შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრაციის შედეგად რეგიონის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მოსახლეობის გადინება - ძირითადად, ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო - მთელი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ამ მხრივ, ქვემო ქართლი ქვეყნის სხვა ნაწილებისაგან არ გამოირჩევა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ქვემო ქართლის მთელი მოსახლოება 1989 წლის მონაცემებთან შედარებით 18,2%-ით შემცირდა (608,5 ათასიდან 497,5 ათასადმე). თუ 1989 წელს გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა 2,465 ბაშვის დაბადება, 2001 წელს მხოლოდ 935 შობა დარეგისტრირდა. დაფიქსირებული ქორწინების რიცხვმა ამავე რეგიონში ამ წლების განავლობაში იკლო 846-იდან (1989) 242-ამდე (2002). იკლო სიკვდილიანობის სტატისტიკამაც, თუმცა არა იმდენად მკვეთრად: 766-იდან (1989) 677-ამდე (2002). ამავე დროს, ქალაქ გარდაბნის მოსახლეობა გაიზარდა 17,7 ათასი ადამიანიდან (1990) 19,9 ათასამდე (2002). ამავე პერიოდში, ქალაქ მარნეულში მოსახლეობა შემცირდა 28,4 ათასი ადამიანიდან (1990) 26,9 ათასამდე (2002), შობადობა შემცირდა 3,387-იდან (1989) 1,189-ამდე (2001), ქორწინებათა რიცხვი 990-იდან 135-ზე ჩამოვიდა. თუმცა, ამ რიცხვებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ: ისინი ასახავენ როგორც ქორწინებათა და შობადობის რეალურ შემცირებას, ისე ამ აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის კლებასაც. ექსპერტების აზრით, პოსტ-საბჭოთა პერიოდში მრავალი ადამიანი (განსაკუთრებით, სოფლებში), გაურბოდა არა მხოლოდ ქორწინების, არამდედ შობისა და გარდაცვალების სახელმწიფო რეგისტრირებას. ბევრი ექსპერტი კრიტიკულად ეკიდება მოსახლეობის როგორც 1989 წლის, ისე 2002 წლის აღწერის ხარისხს.
განათლების სფეროს სტატისტიკაც მსგავსი სახის დემოგრაფიულ ცვლილებებს ადასტურებს. გარდაბნის რაიონში მოქმედებს 4 დაწყებითი, 12 საბაზისო და 37 საშუალო სკოლა. ამ სკოლებში მოსწავლეთა რიცხვი 1990 წლის მონაცემების მხოლოდ 73.4%-ს შეადგენს. მარნეულის რაიონში ფუნქციობს 6 დაწყებითი, 28 საბაზისო და 53 საშუალო სკოლა. ამ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 70,4%-ია 1990 წელთან შედარებით. გარდაბნის რაიონში ფუნქციობს 26 ქართული, 10 აზერბაიჯანული და ერთი რუსული სკოლა, ხოლო მარნეულის რაიონში - 9 ქართული, 34 აზერბაიჯანული, 5 სომხური და 7 რუსული სკოლა.
ექსპერტების აზრით, გადინების ტენდენცია გრძელდება 21-ე საუკუნის დასაწყისშიც, თუმცა კვლევას არ დაუდგენია ემიგრაციის დონის ცვლილების ზუსტი მონაცემები უკანასკნელი წლების განმავლობაში.
![]() |
3 სახელმწიფო ენის არცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები |
▲back to top |
აზერბაიჯანელი მოსახლეობის უმეტესობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნიდან გამომდინარე პრობლემები რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სირთულეები, რომლებსაც აზერბაიჯანელები სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებაში და შრომითი მოწყობის სფეროში ხვდებიან. ენის არცოდნა აზერბაიჯანელებს ხელს უშლის მიიღონ გარკვეული სახის მომსახურება ან სამუშაო ადგილები სახელმწიფოს მხრიდან. გარდა ამისა, ენის არცოდნა მათ სირთულეებს უქმნის ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიღებაში და დაბრკოლებებს უქმნით ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისას. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ენის არცოდნა ხელს უშლის აზერბაიჯანელებს, ქვეყნის აქტიური მოქალაქეები იყვნენ და გავლენა იქონიონ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე. პრობლემების მესამე წრე დაკავშირებულია გაუცხოებასა და ნდობის დეფიციტთან ქართულ და აზერბაიჯანულ თემებს შორის, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო საურთიერთობო ენის არარსებობა.
ცხრილი 2 აჩვენებს, თუ როგორ აღიქვამენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები სახელმწიფო ენის არცდონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, იგი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანელებს უფრო მეტად ის აშფოთებს, რომ ენის არცოდნა ხელს უშლით სამუშაო ადგილების და სხვადასხვა სახელმწიფო მომსახურების მიღებაში, ხოლო ეთნიკური ქართველები ყველაზე დიდ მნიშვნელობას ენობრივი პრობლემების გამო თემებს შორის წარმოქმნილ სირთულეებს ანიჭებენ.
ცხრილი 2
პასუხები კითხვაზე: ძირითადად, რა პრობლემებს ქმნის/შეიძლება შექმნას ეთნიკური უმცირესობების მიერ ქართული ენის არცოდნამ თქვენს რაიონში? (მონიშნეთ არაუმეტეს სამი პასუხისა)
მთლიანი კვლევა |
ქართვე |
აზერბაიჯანელები |
სომხები |
|
შეუძლებელია კვალიფიციური |
38,2% |
35,6 |
39,3 |
39,7 |
ენის არცოდნის გამო შეიძლება |
30,6 % |
16,7 |
35,2 |
34,5 |
ართულებს სახელმწიფო |
25,0 % |
11,9 |
32,7 |
20,7 |
იქმნება არასრულფასოვნების |
25,5 % |
31,9 |
22,0 |
24,1 |
ართულებს სახელმწიფოში |
21,7 % |
22,2 |
21,8 |
17,2 |
ირღვევა ქართულ ჯარში |
20,7 % |
11,1 |
24,6 |
22,4 |
ენის არცოდნა ქმნის პრობლემებს |
18,1% |
28,1 |
14,5 |
8,6 |
ახდენს კონფლიქტური |
17,3 % |
19,3 |
16,4 |
19,0 |
ხელს უშლის განათლების |
16,2 % |
19,3 |
17,0 |
8,6 |
![]() |
3.1 სახელმწიფო, მოქალაქეები და სამუშაო ადგილები |
▲back to top |
პრობლემების პირველი წრე იმასთანაა დაკავშირებული, რომ ენის არცოდნა აზერბაიჯანელებს სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობას ურთულებს, დაბრკოლებებს უქმნის ასეთ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების მოპოვებაში ან სახელმწიფოს მიერ რეგულირებული პროფესიებით მუშაობის დაწყებაში.
სახელმწიფო ორგანიზაციასთან ურთიერთობის სირთულეები. ვინაიდან სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს მათთან ურთიერთობისას პრობლემები უჩნდებათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა საჩივრები არ მიუღიათ, რადგან დაწერილი არ ყოფილა ქართულად. უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებები მოქალაქეებს თარჯიმნის სერვისს სთავაზობენ. მაგრამ მაშინაც, როგორც მოქალაქეები ჩივიან, მეტწილად, თარგმანი უხარისხოა, რაც მათი უფლებების დარღვევას იწვევს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსულ ენაზე საუბარი დასაშვებია, თუმცა არა ყოველთვის, რადგან ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ფლობს რუსულ ენას.
ზოგიერთ აზერბაიჯანული წარმომავლობის მოქალაქეს მიაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ რეგიონებში, სადაც ისინი უმრავლესობას შეადგენენ, განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში (15-20 წელი), სანამ აზერბაიჯანელი მოსახლეობა არ ისწავლის საჭირო დონეზე ქართულ ენას, საქმის წარმოება ხდებოდეს მათთვის გასაგებ ენაზე (იგულისხმება რუსული ენა).
სამუშაო ადგილის მონახვის და/ან მისი შენარჩუნების სირთულე. აზერბაიჯანელები სუსტად არიან წარმოდგენილნი იმ რეგიონის სახელისუფლებო სტრუქტურებში, სადაც ისინი უმრავლესობას შეადგენენ. ეს განსაკუთრებით შეეხება რაიონის და მხარის დონეს. აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან იმით, რომ „ძალოვან სტრუქტურებში თითქმის ყველა ქართველია.“ მოქალაქეები სახელმწიფოს, პირველ რიგში, სამართალდამცავ ორგანოებთან აიგივებენ, ვინაიდან სწორედ მათთან უწევთ ყველაზე ხშირი კონტაქტი. ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ აზერბაიჯანელების არასაკმარისი წარმომადგენლობა სამართალდამცავ ორგანოებში პრობლემას ქმნის, მაგრამ ამას მათი უმრავლესობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნით ხსნიან.
გარდა ამისა, ენის არცოდნა ხდება მიზეზი იმისა, რომ მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი კარგავს ან ვერ პოულობს სამუშაოს საკუთარი სპეციალობით. ძირითადად, ეს ხდება იმიტომ, რომ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებმა (მაგალითად, ექიმებმა, ადვოკატებმა), უნდა ჩააბარონ სახელმწიფო გამოცდები, გამოცდები კი მხოლოდ ქართულ ენაზე ტარდება. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ნებას რთავენ, გამოცდაზე თარჯიმანი იყოლიონ, თუმცა ეს ყველას არ შველის. რესპონდენტმა მარნეულის ფოკუს-ჯგუფიდან (2003 წ.) მოიყვანა შემდეგი მაგალითი: „ჩემი და ექიმია. მან ორჯერ სცადა გამოცდის ჩაბარება, თან წაიყვანა თავისი [ქართულის] მასწავლებელი, მაგრამ მან ვერ შეძლო მისთვის ტერმინების თარგმნა და ჩემმა დამ ვერ მიიღო ქულების საკმარისი რაოდენობა.“
ბევრი აზერბაიჯანელის აზრით, ენის არცოდნაზე მითითება ხელისუფლების მხრიდან ყურით მოთრეული მიზეზია. ზოგიერთი რესპონდენტი გამოთქვამდა ეჭვს, რომ, სინამდვილეში, მთავრობა არ არის დაინტერესებული იმით, რომ უმცირესობებმა სწრაფად და ეფექტურად შეისწავლონ ქართული ენა. ისინი მთავრობას საკადრო პოლიტიკის წარმართვისას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებდნენ: აზერბაიჯანელების უმრავლესობა, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, არ ფლობენ ქართულ ენას, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ, ვინაიდან მათი მონაწილეობით უფრო ადვილია რეგიონის მართვა. ამავდროულად, ქართულის მცოდნე ახალგაზრდებს სამსახურში არ იღებენ, რადგან ეს უკანასკნელნი ადვილად სამართავები არ იქნებიან. აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლის სიტყვებით, „მათ (საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს) ეს არ აწყობთ, რადგან ენის მცოდნე და კვალიფიკაციის მქონეები არავის დაკრულზე არ იცეკვებენ.“
![]() |
3.2 მოქალაქეთა არსაკმარისი ინფორმირებულობა და პასიურობა |
▲back to top |
ენის არცოდნა საგრძნობლად უმცირებს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრული და ადეკვატური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. ეს, ისევე როგორც იმავე მიზეზით გაპირობებული ურთიერთობის სირთულეები ხელს უშლის მათ, სრულყოფილად გამოავლენონ სამოქალაქო აქტივობა, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და დაიცვან საკუთარი უფლებები.
ენა და საინფორმაციო სივრცე. ტელევიზია ძირითადი საინფორმაციო წყაროა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისათვის. საქართველოში ბევრი კონკურენტული არხია, თუმცა ყველა მათგანის მაუწყებლობა, უპირატესად, ქართულ ენაზე მიმდინარეობს. გამონაკლისი საზოგადოებრივი ტელევიზიაა: ის გადმოცემს ახალ ამბებს (15-20 წუთი) რუსულ ენაზე. თუმცა, რესპონდენტები ასეთ პროგრამას არასაკმარისად და ამავდროულად ცალმხრივად მიიჩნევენ, ვინაიდან იგი სამთავრობო პოზიციას გამოხატავს. ქართულ რადიოს აქვს გადაცემები აზერბაიჯანულ ენაზე, მაგრამ, რესპონდენტების თანახმად, უმრავლესობამ არც კი იცის მათი არსებობის შესახებ. ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობა, მეტწილად, აზერბაიჯანულ, რუსულ და ზოგ შემთხვევაში თურქულ არხებს უყურებს.
2006 წლის თებერვლიდან საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია ეუთო-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საღამოს ახალი ამბების სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ ენაზე დმანისის, ბოლნისის, გარდაბნის და მარნეულის რაიონების ადგილობრივი ტელევიზიების მეშვეობით. ანალოგიური პროგრამის გამოცდილება ეუთო-ს მიერ სომეხი ეროვნების წარმომადგენლებით დასახელებულ სამცხე-ჯავახეთის რაიონებში საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ქართული ახალი ამბების სინქრონული თარგმანი საგრძნობლად გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეს.
კვლევაში შემავალი რეგიონების მოსახლეობას, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ გაზეთებიდანაც: „გურჯისტან“ (აზერბაიჯანულ ენაზე), ან „სვობოდნაია გრუზია“ (რუსულ ენაზე). ორივე გაზეთი სახელმწიფო დოტაციების დახმარებით იბეჭდება (უნდა აღინიშნოს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფო მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების ენებზე გამოსული გაზეთების სუბსიდირებას ახდენს). გარდა ამისა, არსებობს გაზეთი „გარდაბანი“, რომელიც ორი, ქართული და აზერბაიჯანული ნაწილისგან შედგება. ისინი ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავდება: აზერბაიჯანული ნაწილი უფრო კულტურულ ღონისძიებებს ასახავს ან აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებს ეხება.
ამგვარად, მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, შეუძლიათ გარკვეული ინფორმაცია მიიღონ მათთვის გასაგებ ენებზე (აზერბაიჯანულად, რუსულად). მაგრამ ეს ინფორმაცია გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე ქართულენოვანი. გარდა ამისა, ქართულენოვანი მოსახლეობა, უმეტესად, ინფორმაციას იღებს კერძო მას-მედიის საშუალებებით, რომლებიც სხვადასხვა კუთხით წარმოადგენენ ინფორმაციებს და ხშირად კრიტიკულია მთავრობის მიმართ, ხოლო, რუსულ-აზერბაიჯანული მას-მედია დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარებაზე. უკანასკნელი ფაქტორი მათ მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ქმნის: ზოგიერთი ადამიანი ასეთ წყაროებს ფორმალურად, ცალმხრივად და არასარწმუნოდ მიიჩნევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ეს განსხვავება წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, გარდაბნელი ფოკუს-ჯგუფის (2003 წ.) მონაწილის თქმით გაზეთი „გურჯისტანი“ „ისევ საბჭოური ყაიდისაა და მასში არაფერია საინტერესო.“ მაგრამ არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც, ეს გაზეთი შეიცავს ძალიან საჭირო ინფორმაციას აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის და აუცილებელია მისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაგრძელება.
საკუთარი უფლებების არცოდნა. ბევრი რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ ენობრივი პრობლემის მთავარი შედეგი კანონების არცოდნაა. ეს ფაქტორი ამცირებს მოქალაქეთა შანსებს ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები. ამ ფაქტორის მნიშვნელობის გაზვიადება არ ღირს - იურიდიული განათლებულობის ხარისხი არც ეთნიკურ ქართველებს შორისაა დიდი, მაგრამ თავად აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქები, როგორც წესი, ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ეს უკავშირდება აზერბაიჯანელების უნდობლობას ქართველი მოხელეების მიმართ. რესპონდენტთა აზრით, არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში აზერბაიჯანელები, იყენებენ რა ენისა და, შესაბამისად, კანონების არცოდნას: „ზოგიერთი ჩინოვნიკი სარგებლობს სიტუაციით და ატყუებს ფერმერებს, რომლებმაც ცუდად იციან კანონი და საერთოდ ენა. მაგალითად, გადასახადების შემთხვევაში ისინი საკუთარ პირობებს კარნახობენ და ფერმერები მათ ბრმად ემორჩილებიან“ (ფოკუს-ჯგუფი მარნეულში, 2003 წ.).
აზერბაიჯანული თემის წარმომდგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ არასაკმარისად არიან ჩახედულნი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში. მაგალითად, 2005 წლის ბოლოს ჩატარებულ შეხვედრაზე მარნეულში აზერბაიჯანელი მონაწილეები საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან ცოტა იციან მათთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანი პარლამენტის გადაწყვეტილებების შესახებ, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული უმცირესობების შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია (შეხვედრის მონაწილეებმა არ იცოდნენ, რა დათქმებით მოხდა კონვენციის რატიფიცირება) ან კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ორივე შემთხვევაში განსაკუთრებით ის აინტერესებდათ, იძლეოდა თუ არა ეს საკანონმდებლო აქტები სახელმწიფო ენების გარდა სხვა ენების გამოყენების შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
პასიურობა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების მიმართ. ენის არცოდნა და აქედან წარმომდგარი არასამკარისი გათვითცნობიერებულობა მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორია იმისა, რომ აზერბაიჯანელები ქართველებთან შედარებით ნაკლებ აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. რესპონდენტთა უმრავლესობა საუბრობს აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბალ სამოქალაქო აქტივობაზე, რომელიც მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით შემოიფარგლება, თანაც, როგორც წესი, ისინი თითქმის ერთსულოვნად უჭერენ მხარს მმართველ პარტიას.
ეს აიხსნება იმით, რომ მათ თითქმის არაფერი იციან სხვა პოლიტიკური პარტიების შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ უმცირესობები მმართველი პარტიის მხარდაჭერას განიხილავენ როგორც სახელმწიფოსადმი მათი ლოიალურობის გამოხატულებას.
ადგილობრივი მმართველი ორგანოს წარმომადგენლის (აზერბაიჯანელის) სიტყვებით, „ენის არცოდნა სახელმწიფოს პოლიტიკური, კულტურული და სამოქალაქო ცხოვრებისაგან გაუცხოებას ნიშნავს.“ სხვა წარმომადგენლის განცხადებით (ფოკუს-ჯგუფი, მარნეული) „ენის არცოდნა ხელს უშლის ადამიანთა შორის ურთიერთბებს. ისინი ლაპარაკობენ ერთმანეთში, მე კი ვერ ვუერთდები და თავს უცხოდ ვგრძნობ.“
![]() |
3.3 გაუცხოება და ურთიერთუკმაყოფილება ეთნიკურ ჯგუფებს შორის |
▲back to top |
რეპონდენტები აღნიშნავენ, რომ რეგიონში არსებობს გარკვეული გაუცხოება ქართულ და აზერბაიჯანულ თემებს შორის, ამასთან, დინამიკა ამ ტენდენციის გაღრმავებისკენ ვითარდება. ენობრივი პრობლემა ამ მოვლენის ერთ-ერთი უმთავრესი, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორია.
საბჭოთა დროს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მთავარი საკომუნიკაციო ენა რუსული იყო. იგი დღემდე რჩება თემებს შორის ძირითად საკომუნიკაციო ენად, მაგრამ თანდათანობით კარგავს ამ ფუნქციას. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდებმა, როგორც ქართველებმა, ისე აზერბაიჯანელებმა, რუსული უფროს თაობაზე უფრო ცუდად ან საერთოდ არ იციან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსულის მაგივრად ისინი ქართულს სწავლობენ. შედეგად, ქართული და აზერბაიჯანული თემებისათვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში, სულ უფრო რთული ხდება „საერთო ენის გამონახვა“ ამ გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობით.
გარდა ურთიერთობებში ობიექტური პრობლემების წარმოშობისა, ენის პრობლემა თემებს შორის ურთიერთგაღიზიანების საფუძველი ხდება, თუმცა ღია დაპირისპირებამდე ეს არ მიდის. ქართველთა და აზერბაიჯანელთა უმრავლესობა სხვადასხვაგვარად ეკიდება იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანელები თითქმის არ ფლობენ ქართულს. ქართველ რესპონდენტთა 89,3%-ს მიაჩნია, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ამ მოსაზრებას აზერბაიჯანელების მხოლოდ 58,6% ეთანხმება. ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ საკუთარ ქვეყანაში არ არიან ვალდებულები იცოდნენ რუსული ან რომელიმე სხვა ენა ქართულის გარდა. ერთი რესპონდენტის განცხადებით (აზერბაიჯანელი, გარდაბანი), ქართველები ხანდახან უბრალოდ უარს აცხადებენ აზერბაიჯანელებს რუსულად ელაპარაკონ. ამ დროს მათ შეიძლება უბრალოდ არ იცოდნენ რუსული, მაგრამ შეიძლება პრინციპულადაც არ საუბრობდნენ რუსულად და ამით ეუბნებოდნენ აზერბაიჯანელებს: „თუ თქვენ არ თვლით თავს ვალდებულად, ქართული იცოდეთ, ჩვენ რატომ უნდა ვიცოდეთ რუსული?“ ან: „თუ ჩვენ თქვენთან რუსულად საუბარს გავაგრძელებთ, თქვენ ქართულის სწავლით არასოდეს შეიწუხებთ თავს.“ ენის პრობლემამ ამ კვლევის ფარგლებში შერეული ახალგაზრდული ფოკუს-ჯგუფების ჩატარებასაც შეუქმნა სირთულე მარნეულის რაიონში: ქართველი რესპონდენტები რუსულად ლაპარაკზე უარს აცხადებდნენ, დანარჩენ მონაწილეებს კი ქართული არ ესმოდათ.
ბევრი ქართველი იმ აზრისაა, რომ აზერბაიჯანელები არსაკმარისად ირჯებიან სახელმწიფო ენის შესასწავლად, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი არსაკმარისად სცემენ პატივს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც არიან. ისინი ხშირად ამბობენ: გავიდა ათ წელიწადზე მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პროგრესი კი [ენის ცოდნის მხრივ] არა და არ შეიმჩნევა, როდემდე შეიძლება ცდა? ახალგაზრდა ქართველი გოგონას თქმით (ფოკუს-ჯგუფი, მარნეული): „ენის შესწავლის პრობლემა უფრო პირადული ხასიათისაა, ვიდრე ეროვნული; თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, არანაირი სახელმწიფო პროგრამა და მასწავლებელი არ მოიტანს სასურველ შედეგს.“ ბევრი ქართველი რესპონდენტი სახელმწიფოს მხრიდან მკვეთრი პოზიციის დაკავებას ითხოვს ენის საკითხთან მიმართებაში: „თუ სახელმწიფო მკაცრ ზომებს მიიღებს, მაშინ აზერბაიჯანელებს მოუწევთ ენის შესწავლა“ (ფოკუს-ჯგუფი, გარდაბანი).
აზერბაიჯანელების აზრით, ასეთი ბრალდებები უსამართლოა. არც ერთი აზერბაიჯანული წარმოშობის რესპონდენტი (მათ შორის ისინი, ვისაც „რადიკალებად“ თვლიან), არ უარყოფს იმას, რომ აზერბაიჯანელებმა ქართული უნდა იცოდნენ. ბევრმა აღნიშნა, რომ ცდილობენ სწავლას. ამის მიუხედავად, თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არასწორია მათი დადანაშაულება ენის არცოდნის გამო. მათი სიტყვებით, „ის, რომ ქართული არ ვიცით, ჩვენი ბრალი კი არა, უბედურებაა“ (ფოკუს-ჯგუფი, გარდაბანი). ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ ენის შესწავლას დიდი დრო სჭირდება. ამასთან, აზერბაიჯანელი რესპონდენტების აზრით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აკისრია, გაწყვიტოს ეს პრობლემა, ანუ მან ენის შესწავლის პირობები უნდა შექმნას. პირველ რიგში, რესპონდენტები უკმაყოფილო არიან ქართული ენის სწავლების დაბალი დონით, ცუდი მეთოდიკით, სოფლებში ენის გარემოს არარსებობით.
ბევრი რესპონდენტი სახელმწიფოს იმაშიც ადანაშაულებს, რომ იგი არასაკმარისად ქმნის მოტივაციას ქართული ენის შესასწავლად. უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ქართული ენა მცოდნე აზერბაიჯანელებსაც მცირე შანსი აქვთ კარგი სამსახურის შოვნისა. მარნეულის შეხვედრის მონაწილის თქმით, „არ არსებობს ენის შესწავლის სტიმული, თუ არ არსებობს სამსახურის მიღების პერსპექტივა. ბევრი ამბობს: რისთვის ვისწავლოთ ენა, თუ მაინც ბაზარში ვაჭრობა მოგვიწევს, საამისოდ რამდენიმე სიტყვის ცოდნაც საკმარისია. თუ ადამიანი პერსპექტივას დაინახავს, კერძო მასწავლებლისთვის ფულსაც არ დაინანებს.“ გარდაბნის ახალგაზრდული ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტების (რომლებიც მთლიანობაში სხვა ჯგუფებზე გახსნილები იყვნენ) სიტყვებით, „გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თუ ისე ბევრ ადამიანს (დაახლოებით 50%-ს) უნდა ქართული ენის შესწავლა.“ ბევრი ამჯობინებს რუსულ ენას, რადგან რუსეთში გამგზავრებასა და იქ სამუშაოს მოძებნაში მეტ პერსპექტივას ხედავს, ქართული ენის ცოდნით კი კარგი სამსახურის მოძებნის არ ელოდება.
ზოგი რესპონდენტის თქმით, ქართველების მხრიდან ხშირი შენიშვნები ენის არცოდნის გამო არათუ არ ზრდის ქართული ენის შესწავლის მოტივაციას „არამედ საწინააღმდეგო ეფექტსაც იწვევს. ეს აიძულებთ მათ თავი სტუმრებად იგრძნონ საქართველოში, თუმცა თავად აზერბაიჯანელებს უნდათ აღიქვან საკუთარი თავი ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად.“
ამასთან, ბევრი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ, ზოგადად, აზერბაიჯანელ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლისადმი ინტერესს ზრდის ტენდენცია გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელებს შორის ენის შესწავლისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და იგი დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ცხოვრების სტრატეგიასთან. აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილი თვითიზოლაციაზე ან რუსეთსა თუ აზერბაჯანში ემიგრაციაზეა ორიენტირებული; სხვებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია აქვთ მიზნად, ხოლო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნია. კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ენის ცოდნის ხარისხი უფრო მაღალია აზერბაიჯანელების ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის. მარნეულის ფოკუს-ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ: „ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ვინც აქტიურ ცხოვრებაში ჩაერთო, უკვე სწავლობს [ქართულ] ენას.“ „ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა ქართულ სკოლებში, მოსწავლეთა ნახევარი აზერბაიჯანელია, ალბათ, იმიტომ, რომ სხვანაირად ისინი ვერ მიიღებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს.“ „არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ადამიანები არ ცნობენ ქართულ ენას, მე ხუთი შვილიშვილი მყავს; ერთი ქართულ სკოლაში დადის, დანარჩენი ოთხი კი ქართულ საბავშვო ბაღებში“ (სოფლის მაცხოვრებელი, აზერბაიჯანელი). 2003 წლის 24 აპრილს, მარნეულის რაიონის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც გადმოიცა სატელევიზიო კომპანია „ალგეთის“ მეშვეობით, რაიონის ქართულ სკოლებში 700 აზერბაიჯანელი ბავშვი სწავლობდა.
ეს ფაქტი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანული თემის ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქართული ენის შესწავლა ქართულ საზოგადოებაში წარმატების მოპოვების მთავარი წინაპირობაა. როგორც ჩანს, ეს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ქართული ენის სწავლება აზერბაიჯანულ ან რუსულ სკოლებში ძალიან დაბალ დონეზე დგას, ამიტომ ქართულის სწავლის ერთადერთი ეფექტური გზა მათი ქართულ სკოლებში მიბარებაა. აზერბაიჯანელი ბავშვების ქართულ სკოლებში სწავლება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირებას არა მხოლოდ ენის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ პირადი მეგობრული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებითაც.
თუმცა, აზერბაიჯანული თემის უდიდესი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ასეთ სტრატეგიას; მათი აზრით, ინტეგრაციაზე ორიენტაციას არანაირი პერსპექტივა არა აქვს: „საარსებო წყაროს მაინც ვერ ვიშოვით“, „მაინც მეორეხარსხოვან მოქალაქეებად ჩაგვთვლიან.“ ზოგი მათგანი შიშობს, რომ ქართულ სკოლებში სწავლა აზერბაიჯანელების კულტურულ თვითმყოფადობას შეუქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, ზოგიერთმა რესპონდენტმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულ სკოლებში ქრისტიანული პროზელიტიზმის ობიექტი ხდებიან, ანუ მათ მუსლიმური რწმენა შეიძლება დაკარგონ. ქართულ სკოლებში არის რელიგიის გაკვეთილები რაც პრაქტიკულად ხშირად ქრისტიანული ღვთისმეტყველების სწავლებას ნიშნავს - აზერბაიჯანელები ზოგჯერ ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ შვილების ქართულ სკოლებში მიყვანას ერიდებიან. ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ასეთი გაკვეთილები სავალდებულო არ არის და მუსლიმური ოჯახის ბაშვებს მათგან ათავისუფლებენ. როგორც ჩანს, ბევრი აზერბაიჯანელი მშობელი გაკვეთილებიდან გათავისუფლების შესაძლელობას ფორმალურად მიიჩნევს და თვლის, რომ ქართულ სკოლებში მაინც შეეცდებიან მათი შვილების ქრისტიანებად მოქცევას.
![]() |
4 განათლების სისტემის პრობლემები |
▲back to top |
განათლების სისტემა სიმისოდაა მოწოდებული, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშოს სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემის გადაჭრაში. ვინაიდან აზერბაიჯანელი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა არაქართულენოვან (რუსულ და აზერბაიჯანულენოვან) სკოლებში სწავლობს, აქ მხოლოდ ამ სკოლების პრობლემებზე ვისაუბრებთ. არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ დღემდე განათლების სისტემა არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლე უმცირესობათა წარმომადგენლებს არ აძლევდა სახელმწიფო ენის იმ მოცულობით შესწავლის საშუალებას, რაც საკმარისი იქნებოდა მათთვის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. დამოუკიდებლობის შემდეგ, განსაკუთრებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მთავრობა გარკვეულ ზომებს იღებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა რესპონდენტების უმეტესობა ამ ნაბიჯებს არაეფექტურად მიიჩნევს, ხანდახან კი მათ უარყოფითად აფასებს.
![]() |
4.1 ზოგადი მდგომარეობა ენობრივი განათლების სისტემაში |
▲back to top |
საბჭოთა პერიოდში არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის შესწავლას მცირე ყურადღება ენიჭებოდა და აზერბაიჯანელთა მიერ ქართული ენის არცოდნა პრობლემად არ აღიქმებოდა. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა ყველა მოქალაქის მიერ გაცნობიერდა, მაგრამ 1990-იანი წლების პირველ ნახევარში, სახელმწიფო ინსტიტუტების ღრმა კრიზისის პერიოდში, ცვლილებების გატარება არავის უცდია.
1997 წელს მთავრობამ მიიღო ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ანუ იმ რეგიონებში, სადაც არაქართველი მოსახლეობა ჭარბობს. პროგრამის შემდგენლები იქიდან ამოდიოდნენ, რომ ამ რეგიონებში ქართული ენის კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ქართული ენის სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. პროგრამის ფარგლებში ქართული ენის, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებმა გადამზადების კურსები გაირეს. არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის მასწავლებლებისთვის მოტივაციის გასაზრდელად მათ ხელფასზე დანამატს აძლევნდენ გრანტის სახით. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვა რეგიონის მასწავლებლები, მეტწილად, რუსთავიდან და თბილისიდან გააგზავნეს უმცირესობათა რეგიონებში.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, ამ პროგრამის პარალელურად, გამოცხადდა ქართული ენის, აგრეთვე ქართულ ენაზე ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი. მათ ადრინდელთან შედარებით უფრო დიდი გრანტები შესთავაზეს, თუმცა მიზანი იგივე იყო: შექმნილიყო იმის ფინანსური მოტივაცია, რომ კვალიფიციური მასაწავლებლები საქართველოს სხვა ნაწილებიდან ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში წასულიყვნენ. ამჟამად ასეთი მასწავლებლების გარკვეული რიცხვი ქართულ ენას და ლიტერატურას, ისტორიასა და გეოგრაფიას ქართულ ენაზე ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში. არაფორმალურად ასეთ მასწავლებლებს „მისიონერებს“ უწოდებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა ღონისძიებებსაც ატარებს ქართული ენის სწავლების დონის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით. ამისთვის გამოცხადდა კონკურსი ქართული გრამატიკისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის და გეოგრაფიის არაქართული სკოლების სახელმძღვანელოთა მოსამზადებლად და დასაბეჭდად. ამ კონკურსში გაიმარჯვა თბილისში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „ინტელექტმა.“ გრანტის ფარგლებში სახელმძღვანელოები მომზადდა და განაწილდა არაქართულენოვან სკოლებში, თანაც პირველ წელს ეს უფასოდ მოხდა. პროგრამა ასევე აფინანსებს ე.წ. სტრატეგიულად მნიშნველოვან სკოლებს, რომელთა რიცხვს ეკუთვნის აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების სკოლები, როგორიცაა ვახტანგისი და წალკა.
![]() |
4.2 მოსახლეობის დამოკიდებულება განათლების სისტემისადმი |
▲back to top |
სახელმწიფო ენის შესწავლის სამთავრობო პროგრამების ეფექტურობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ბევრი რესპონდენტი, მათ შორის ისინი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პროგრამის განხორციელებაში, მას არაეფექტურად მიიჩნევენ. კერძოდ, რესპონდენტები გამოთქვამენ შემდეგ შენიშვნებს:
ადეკვატური მეთოდიკის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა მასწავლებელმა გაიარა გადამზადება, ბევრი რესპონდენტის აზრით, არ შემუშავებულა ქართულის, როგორც არამშობლიური ენის, სწავლების მეთოდიკა. ქართული გრამატიკის, ლიტერატურის, ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები ზედმეტად რთული და გაუგებარია. გარდა ამისა, ქართულის მასწავლებლები, განსაკუთრებით „მისიონერები“, არ ფლობენ აზერბაიჯანულ ენას, მაშინ, როდესაც მოსწავლეებმა სულ უფრო ნაკლებად იციან რუსული (რაც, გარკვეულწილად, რუსული ენის გაკვეთილების შემცირებასთანაცაა დაკავშირებულია). ეს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის კომუნიკაციას აბრკოლებს. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელბი უნდა ფლობდნენ უცხო ენის სწავლების ისეთ მეთოდს, რასაც მოსწავლეთა მშბლიური ენის ცოდნა არ სჭირდება, მაგრამ ასეთი მომზადება „მისიონერებს“ არ გაუვლიათ. მასწავლებლები აქცენტს აკეთებენ სიტყვების დაზეპირებაზე ან ლექსების დამახსოვრებაზე. მაგრამ მოსწავლეებს უჭირთ გრამატიკულად და ლოგიკურად სწორად ჩასვან სიტყვები წინადადებაში, არ იძენენ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც საჭიროა, ვთქვათ, წერილის შესადგენად ან მოხსენების გასაკეთებელად.
კვალიფიციური მასწავლებლების სიმცირე. მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა, მოიზიდონ „მისიონერები“, ზოგიერთ შორეულ სოფელში ქართულ ენას ისევ კიდევ არაპროფესიონალები ასწავლიან, რომლებსაც შესაბამისი განათლება და პედაგოგიური უნარები არ გააჩნიათ.
ქართულის გაკვეთილების არასაკმარისი რაოდენობა. ქართულის სასწავლებლად განკუთვნილი დრო აშკარად არასაკმარისია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ენა სრულფასოვნად შეისწავლონ.
„მისიონერთა“ უსამართლო პრივილეგიები. მისიონერთა მაღალი ხელფასები და სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება პროტესტის გრძნობას უჩენს ადგილობრივ მასწავლებლებს, ვინც ქვემო ქართლის სკოლებში მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა. კერძოდ, 2005 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო მოხსენებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისიონერებს „გმირები“ უწოდა. ამის გამო ადგილობრივი მასწავლებლები წყენას გამოთქვამენ: რატომაა, რომ ადამიანი, ვინც რეგიონში მაღალი ხელფასის გამო ჩამოვიდა და იქ არცკი ცხოვრებს, „გმირი“, ხოლო მასწავლებლები, ვინც მრავალი წლების განმავლობაში გაცილებით ნაკლები ანაზღაურებით შრომობდა, არავის ახსოვს? პრივილეგირებული „მისიონერები“ ზემოდან უყურებენ ადგილობრივ მასწავლებლებს, რაც პედაგოგთა კოლექტივში არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს. გარდა ამისა, ზოგიერთი რესპონდენტის აზრით, იგნორირება ხდება აზერბაიჯანული წარმოშობის კვალიფიციური კადრებისა, რომლებიც ფლობენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს და უფრო ადეკვატური კანდიდატურები არიან ქართულ და აზერბაიჯანულ სკოლებში სამუშაოდ.
თსუ-ს ადგილობრივ ფილიალში ქართული ენის მასწავლებლების მომზადების დაბალი დონე. მრავალი ზემოთ ნახსენები პრობლემა შეიძლება გადამწყდარიყო, თუ ქართული ენის მასწავლებლებს მოამზადებდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილობრივ ფილიალში, რომელთა სტუდენტებიც უფრო „ფესვგამდგარები“ არიან რეგიონში და უკეთ ესმით მისი პრობლმები. თუმცა, აქ ჯერ-ჯერობით ქართული ენის სწავლების დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სასწავლო დაწესებულება მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლების მომზადებას შეძლებს.
სახელმძღვანელოების არამიმზიდველი სახე. სხვა საგნების სახელმძღვნელოები, რომლებსაც არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები ხშირად საქართველოს საზღვრებს გარედან იღებენ, როგორც წესი, ფერადი და ლამაზია, რაც საგრძნობ კონტრასტს ქმნის საქართველოში დაბეჭდილ ქართული ენის შეუხედავ წიგნებთან.
ყოველივე ამის გამო ქართული ენის სწავლება სკოლებში არაეფექტურია. ზოგიერთი მაცხოვრებელი შვილებისათვის კერძო რეპეტიტორს ქირაობს, მაგრამ ყველას არ გააჩნია ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ისტორიისა და გეოგრაფიის არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება პროტესტს იწვევს აზერბაიჯანულ თემში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ამ სკოლების პედაგოგები არიან, რადგან ისინი ამაში სამუშაოს დაკარგვის საფრთხეს ხედავენ. აღნიშნული საგნების მასწავლებლები არ ფლობენ ქართულ ენას სათანადო დონეზე. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელი ხდება პედაგოგებად ქართველების მოწვევა. მაგრამ ამ შემთხვევაში - ამბობენ მასწავლებლები - პრობლმები ექნებათ მოსწავლეებს, რომლებმაც ქართული ენა არ იციან. მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რათა ასწავლონ ეს ქართულად საგნები; მაგრამ სად შეიძლება მოინახოს ასეთი კადრები? რუსული სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის აზრით: „რატომ უნდა ასწავლიდნენ ისტორიასა და გეოგრაფიას ქართულად რუსულ და აზერბაიჯანულ სკოლებში? იმისთვის, რომ ქართული ასწავლონ? მაგრამ საამისოდ ენის სწავლების უზრუნველყოფაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს არც ისტორია ეცოდნებათ, არც გეოგრაფია და არც ქართული. ეს არაფრამდე არ მიგვიყვანს.“
რესპონდენტები კარნახობენ სიტუაციის გაუმჯობესების კონკრეტულ გზებს. მათი აზრით, არ გამოიყენება ტელევიზიის შესაძლებლობები (ადგილობრივი და ცენტრალური) ქართული ენის პოპულარიზაციის და ენის სწავლების საკითხების განსახილველად. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სასარგებლო იქნებოდა სატელევიზიო კურსების შემოღება ქართული ენის შესასწავლად. ენობრივი გარემოს არარსებობა ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლებაა ენის შესწავლის გზაზე; ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მოხერხდებოდა ერთთვიანი ან თვენახევრიანი საზაფხულო ბანაკების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისათვის.
ეფექტური სახელმძღვანელოების და მეთოდიკის შესამუშავებლად, რესპონდენტთა აზრით, კარგი იქნებოდა იმ ახალგაზრდა აზერბაიჯანელების და სკოლის მოსწავლეების გამოცდილების გამოყენება, რომლებმაც წარმატებით შეისწავლეს ქართული ენა. მათ შეუძლიათ „უკარნახონ“ უფრო ადეკვატური მეთოდები.
![]() |
4.3 მოქალაქეთა დამოკიდებულება უმაღლესი განათლების რეფორმისადმი |
▲back to top |
უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალური რეფორმა ახალი ქართული მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეფასდეს ქვემო ქართლის მოსახლეობის დამოკიდებულება იმ ინიციატივებისადმი, რომლებიც მიმართულია ქართული ენის ცოდნის სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ უშუალოდ ეხება ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.
ზოგადად, რესპონდენტებს შორის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ჭარბობს. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალ წესებს, რომლებიც 2005 წლიდან ამოქმედდა. ამ წესების მიხედვით, ყველა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა მიღება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდის საფუძველზე შეიძლება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ტარდება. ზოგადად, ეს რეფორმა ახალი ქართული მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება, რადგან ამან უნივერსიტეტებში აბითურიენტების შერჩევის პროცესი უფრო სამართლიანი გახადა და კორუფციის დონე შეამცირა. მაგრამ ეთნიკური უმცირესობებს მან ახალი სირთულეები შეუქმნა. ქართული ენა ერთ-ერთი აუცილებელი ჩასაბარებელი საგანია. 2005 წელს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს შეეძლოთ გამოცდის შემსუბუქებული ვარიანტის ჩაბარება, რომელიც დაფუძნებული იყო ამ სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამაზე. თუმცა, რადგან ქართული ენის სწავლების რეალური დონე ამ სკოლებში გაცილებით დაბალია, ვიდრე ამას პროგრამა მოითხოვს, ასეთი გამოცდის ჩაბარებაც ამ სკოლის კურსდამთავრებულთათვის ძალიან გაუჭირდათ. 2006 წელს საგამოცდო მოთხოვნა თანაბარია ყველა სკოლის კურსამთავრებულთათვის, მაგრამ არაქართულენოვანი სკოლის გამოშვების აბითურიენტებს შეუძლიათ ჩააბარონ რუსული უცხო ენის სახით, რაც, განათლების სამინისტროს აზრით, გარკვეულ წილად, ქართული ენის ჩაბარების სირთულის კომპენსაციაა.
რეალურად, არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებს მცირე შანსები აქვთ სქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მოსახვედრად. ეს დაადასტურა 2005 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებმა: უმცირესობათა წარმომადგენლების ძალიან მცირე რიცხვმა შეძლო გამსვლელი ქულის მიღება. გარდა ამისა, მანამდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეძლეოდათ შეღავათები სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარებისას, იმ მოსაზრებით, რომ ისინი მომავალში არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებლები გახდებოდნენ. მაგრამ რევოლუციის შემდეგ, მთავრობამ ეს შეღავათი ყველა სხასთან ერთად გააუქმა.
ეთნიკური უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სამთავრობო პოლიტიკა განათლების სფეროში დისკრიმინაციულია: მათი აზრით, იგი მიმართულია იმისკენ, რომ განათლების მქონე მოქალაქეებს შორის უმცირესობათა წარმომადგენლები აღარ იყვნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით სახელმწიფო თავის ახალგაზრდა მოქალაქეებს ემიგრაციისკენ უბიძგებს: მათ მოუწევთ უცხოეთში გამგზავრება საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად, დაბრუნების შემთხვევაში კი ისინი მაინც ვერ იშოვიან სამსახურს, ვინაიდან ქართული არ ეცოდინებათ.
![]() |
4.4 ინიციატივები ზრდასრულთა განათლების სფეროში |
▲back to top |
დღეისათვის გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში გახსნილია სპეციალური კურსები ქართული ენის შესასწავლად არასასკოლო ასაკის ადამიანებისთვის. პროგრამას რაიონის გამგეობა აფინანსებს და მისით სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. თუ ეს ცენტრები გაამართლებს, მაშინ უახლოეს მომავალში იგეგმება მსგავსი ცენტრების გახსნა სოფლის საკრებულოებშიც.
აზერბაიჯანული მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ინიციატივებისადმი ორგვარია: ერთი მხრივ, როგორც წესი, ზოგადი პრინციპის დონეზე ისინი მიესალმებიან ქართული ენის შესწავლის პროგრამებს. თუმცა, ხშირად გამოითქვმის სკეპტიკურ შენიშვნებიც. ისევე, როგორც სასკოლო განათლების შემთხვევაში, რესპონდენტები საუბრობენ არასრულყოფილ მეთოდიკაზე და მასწავლებელთა არასაკმარის კვალიფიკაციაზე. ასევე, მეორდება ზემოთ ნახსენები არგუმენტები ენის შესწავლის არასაკმარის მოტივაციაზე.
![]() |
5 დასკვნები და რეკომენდაციები |
▲back to top |
ენის პრობლემა რჩება ყველაზე მწვავე - თუმცა არა ერთადერთ - პრობლემად, რომელიც აბრკოლებს აზერბაიჯანული თემის სოციალურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას, თანაც, რაც დრო გადის, ამ პრობლემის სიმწვავე არ მცირდება. აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოხატავს ქართული ენის შესწავლის სურვილს. ამ ფაქტის ყველაზე თვალნათელი მაგალითია აზერბაიჯანელი ბავშვების რიცხვის მომატება ქართულენოვან სკოლებში. თუმცა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი ნაწილი (მათ შორის, ახალგაზრდები) სუსტად არიან მოტივირებულები სახელმწიფო ენის შესასწავლად, ვინაიდან არ მიაჩნიათ, რომ ენის სწავლა გაზრდის ქართულ საზოგადოებაში მათი წარმატების შანსს. მეორე მხრივ, რუსული ენის როლის მუდმივი კლება საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო ართულებს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობას. ყველაფერი ეს ხელს უწყობს როგორც მოსახლეობის ნაწილის მარგინალიზაციას, ისე ეთნიკურ თემებს შორის უნდობლობისა და დაძაბულობის განვითარებას.
ამგვარი პრობლემის გადაჭრის ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაა. ამ მხრივ აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ, რომ, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მნიშნველობა მოქალაქეთა მოტივაციას აქვს: ისინი საკმარისად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ენის შესწავლით. ჯერჯერობით, ეს მოტივაცია აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა შორის არასაკმარისია, და მისი გაძლიერება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელთა განხილვაც მოცემული სტატიის ჩარჩოდან გადის: ესენია ქართული სახელმწიფოს ეფექტურობისა და ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდა, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უმცირესობების ნდობის ამაღლება, ქართული საზოგადოების მეტი ღიაობა უმცირესობათა მიმართ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა შორის წარმატებული კარიერის პრეცედენტების შექმნა და ა.შ. მაგრამ ბევრის მიღწევა შეიძლება სწორედ განათლების პოლიტიკის და საგანმანათლებლო პროექტების ჩარჩოებშიც. როგორც კვლევამ აჩვენა, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგია:
ქართულენოვანი სკოლები უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს უმცირესობათა ბავშვებისათვის. ამის მიღწევა შესაძლოა მოხდეს იმითაც, რომ ეს სკოლები გახდეს უფრო მგრძნობიარე ამ ბავშვების და მათი მშობლების საჭიროებების და წუხილებისადმი, მაგალითად რელიგიის სწავლების სფეროში;
აუცილებელია უფრო ფართოდ გამოიყენებოდეს ორენოვანი სწავლების მეთოდი არაქართულენოვან სკოლებში, პარალელურად უნდა ხდებოდეს უმცირესობების დარწმუნება, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ლახავს მათ უფლებებს, მიიღონ სრულფასოვანი განათლება მშობლიურ ენაზე;
პრიორიტეტი უნდა გახდეს ქართული ენის სწავლების უფრო თანამედროვე მეთოდიკის შექმნა სხვადასხვა დონის და ასაკის მოსწავლეთათვის.