![]() |
თავისუფლება № 10, 2002 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: რამიშვილი ლევან, შათირიშვილი ზაზა, ღაჭავა ნინო |
| თემატური კატალოგი თავისუფლება |
| წყარო: პ.დ. 1289/2002 |
| საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
| თარიღი: 2002 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: ყველა უფლება დაცულია რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 ,,ტელეფონის მართლმსაჯულებიდან“ სახალხო მართლმსაჯულებამდე |
▲back to top |

შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი, შოტლანდიის ყოფილი გენერალური სოლისიტორი, ამჟამად დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატეს წევრი და ჯონ სმიტის მემორიალური ტრასტის თავჯდომარე ლორდი ჯონ მაკლასკი ბრიტანული ორგანიზაცია ,,ლინკსის” მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა.
საქართველოში სამართლებრივი რეფორმის მიმართულებების გაცნობის მიზნით, ვიზიტის პირველივე დღეს ის ,,თავისუფლების ინსტიტუტს” ეწვია. მაკლასკი, რომელიც სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების გაკეთებას გეგმავს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
,,თავისუფლების ინსტიტუტის” ორგანიზებით, 30 სექტემბერს, საჯარო ბიბლიოთეკაში სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ლორდმა მაკლასკიმ წაიკითხა ლექცია, თემაზე: ,,არის თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების საუკეთესო ფორმა?”
გაერთიანებული სამეფო ოთხი ნაწილისგან შედგება: ინგლისის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და შოტლანდიისაგან. მე იმ შოტლანდიიდან გახლავართ, რომელიც ძალიან განსხვავდება გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებისგან. შოტლანდიამ, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გაუძლო სიღარიბეს, იგი დიდი ხანი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ამდენად, ნათლად იკვეთება მსგავსებები საქართველოსა და შოტლანდიას შორის. მას შემდეგ, რაც შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოს შეუერთდა, მან საკუთარი სამართლის სისტემა შეინარჩუნა. იმ დროისათვის შოტლანდიაში რომანულ-ნიდერლანდური სამართლის სისტემა ანუ კონტინენტური სამართალი მოქმედებდა. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია საქართველოსა და შოტლანდიაში დაახლოებით ერთი და იმავე დროს შევიდა ძალაში. ამრიგად მსგავსება საკმაოდ ბევრია, თუმცა, ბევრი სხვაობაცაა, რასაც მე არ ვუგულველყოფ. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამართლებრივი რეფორმების გზაზე, თუმცა, გასავლელი მაინც ბევრი დარჩა. ამ ეტაპზე საქართველო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებს ითვალისწინებს. ამიტომაც მსურს ვისაუბრო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტზე, რომელიც შესაძლოა, საქართველომაც გაითვალისწინოს.
ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი საკმაოდ ნათელი და გამოკვეთილია: საზოგადოებამ იცის, რომ მოსამართლეები კორუმპირებულები არიან, რომ მათ არა აქვთ სათანადო კომპეტენცია და მოქცეულნი არიან პოლიტიკოსების, პოლიციის, პროკურატურის, ძლიერი ბიზნესმენების და სხვათა ზეგავლენის ქვეშ. მართლმსაჯულება გაწელილი, გაურკვეველი და ბუნდოვანია. ამ ქვეყნებში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არავითარი ტრადიცია, რადგან წლების მანძილზე სასამართლო ხელისუფლება მოქმედებდა ე. წ. ,,ტელეფონის მართლმსაჯულების” საფუძველზე. მოსამართლეების მიუკერძოებლობის გარანტია ძვირი სიამოვნებაა, იგი დიდ რესურსებს მოითხოვს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შეუძლებელია წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შექმნა ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლო სისტემა.
დადებითი მხარეები
რა დადებითი მხარეები აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს?
წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელსაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს. დიდი ალბათობაა, რომ მან ქრთამი აიღოს. მე ვიცი მოსამართლეები, რომლებიც საქმეების 60 პროცენტში ქრთამს იღებენ. ნაფიცი მსაჯულების ჟიური კი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და ალბათ, შემდეგშიც აღარ შეხვდებიან. ისინი მხოლოდ ერთხელ ნახავენ ერთმანეთს იმისათვის, რომ დაადგინონ საქმესთან დაკავშირებული ფაქტები, მოცემული ფაქტების საფუძველზე გადაწყვიტონ, დამნაშავეა თუ უდანაშაულო ადამიანი. მათი ინტერესი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ერთჯერადია. რა თაქმა უნდა, ილუზიის შექმნა, რომ მსაჯულები თავისუფლები იქნებიან ყოველგვარი სტერეოტიპებისაგან და წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისგან, არასწორია. ზოგიერთი მსაჯული განსხვავებული რელიგიური შეხედულების იქნება, ზოგიერთი დასაქმებულია და შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებლის პოზიციას დაიჭერს, ზოგს რასისტული შეხედულებები ექნება. ასეთი შეხედულებები ყველა ადამიანს გააჩნია. თუმცა, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად გავლენ, ისინი ამ შეხედულებებს ხმამაღლა არ გამოთქვამენ. მაგრამ ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში, შესაძლებელია იმ დომინანტური შეხედულების თავიდან აცილება, რასაც ერთი მოსამართლის შემთხვევაში აქვს ადგილი.
შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა დაცვა გარე ზეგავლენისაგან. თუ საქმის ვითარება მოითხოვს, დასაშვებია, რომ მსაჯულების ვინაობა საჯაროდ არ გახმაურდეს და იგი მხოლოდ სასამართლოსათვის იყოს ცნობილი. ამ შემთხვევაში ადვილია ნაფიცი მსაჯულების გათავისუფლება სხვადასხვაგვარი ზეგავლენისაგან, რაც ერთი ან რამდენიმე მოსამართლის შემთხვევაში, საკმაოდ ძნელია. ამრიგად, ეს არის ერთ-ერთი გზა მსაჯულების მიუკერძოებლობის მისაღწევად.

შოტლანდიაში ნაფიც მსაჯულთა ჟიური თხუთმეტი ადამიანისგან შედგება, ინგლისში - თორმეტისგან, შეერთებულ შტატებში კი მსაჯულების მინიმალური ოდენობა შესაძლოა, ექვსიც კი იყოს. თუმცა, ციფრებს მნიშვნელობა არა აქვს.
დღეს შოტლანდიაში დაახლოებით 20 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, 300 ნაფიცი მსაჯული უსმენს მოსამართლეს, მხარეების ახსნაგანმარტებებს, პოლიციის ანგარიშებს, მოწმეებს და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა. შესაბამისად, ამ ადამიანებს სისტემის მიმართ გაცილებით მეტი რწმენა უჩნდებათ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ სისტემის მიმართ ხალხს მეტი რწმენა ჰქონდეს. ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ხალხის სამართლებრივი განათლების მექანიზმსაც წარმოადგენს. ამ სამოქალაქო მოვალეობის შესრულების შემდეგ ადამიანებს გაცილებით უკეთ ესმით კანონები, ვიდრე მანამდე.
ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლის პოზიცია საქმესთან დაკავშირებით, ეს პოზიცია ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტზე შესაძლოა, არ აისახოს. ამ მომენტმა საკმაოდ პრობლემატურად იჩინა თავი ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესის დროს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობდა: ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე, კლაინ პონტინგი პრესაში ინფორმაციის გაჟონვაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში სამხედრო გემების შემოსვლას შეეხებოდა. ბატონ პონტინგს ბრალი ოფიციალური საიდუმლოების აქტის საფუძველზე წაუყენეს. თავად პონტინგი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებას ჰქონდა უფლება, სცოდნოდა აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისად, ის დამნაშავე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მისცა განმარტება, რომ ქმედება, რომელიც პონტინგმა ჩაიდინა, დასჯადი იყო, ნაფიცმა მსაჯულებმა მოსამართლის განმარტება არ გაითვალისწინეს და პონტინგი გაამართლეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს სასარგებლოდ არის იმის გარანტია, რომ ამ ინსტიტუტის მეშვეობით მართლმსაჯულება უფრო სწრაფად ხორციელდება. მაშინ, როცა ჩვეულებრივი წესით საქმეების განხილვის დროს დღეს პროცესები დროში ძალიან იწელება, ადრე, როცა შოტლანდიაში სამოქალაქო საქმეებს ნაფიცი მსაჯულები იხილავდნენ, სასამართლო პროცესები 2 დღეში მთავრდებოდა. თუ თქვენ რომელიმე მხარის ადვოკატი ხართ და საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ, აუცილებლად შეეცდებით, რომ კონკრეტულად ისაუბროთ და მსაჯულების დრო ფუჭად არ გაფლანგოთ. ამასთან თუ თქვენ ნაფიცი მსაჯული ხართ, შეეცდებით, ურთულესი იურიდიული არგუმენტებიც კი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცეთ. იმ შემთხვევაში კი, როცა საქმეს მოსამართლე იხილავს, თქვენ თავს არ შეიზღუდავთ, რადგან იცით, რომ მოსამართლეს ხელფასს თქვენი არგუმენტების მოსმენისთვის უხდიან.
საქართველოში ჩამოსვლამდე მე შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შევხვდი. მან შემახსენა, რომ საქართველოში კონტინენტური სამართლის სისტემა მოქმედებს, თანაც თქვენს ქვეყანას საერთოდ არა აქვს გამოცდილება ნაფიცი მსაჯულების სისტემის მხრივ. იმუშავებს თუ არა ეს სისტემა საქართველოში? - მკითხა თავმჯდომარემ. ვფიქრობ, რომ თუ ამ სისტემამ შოტლანდიაში გაამართლა, რომელსაც ამდენი მსგავსება აქვს საქართველოსთან, ის თქვენთანაც უთუოდ გაამართლებს.
როდესაც ქვეყანაში ხდება გადაწყვეტილების მიღება, უნდა დაინერგოს თუ არა ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სისტემა, აუცილებელია გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, საუკეთესო საშუალებაა იმიტირებული სასამართლო პროცესების მოწყობა. იმიტირებული სასამართლოებისათვის, შესაძლებელია, რეალური მტკიცებულებებით ძველი საქმეების გამოყენება. კარგი იქნებოდა, საქმის მსვლელობაში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ჩაბმა. ვფიქრობ, რომ ამგვარი პრაქტიკული საქმიანობა საუკეთესო გზაა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დასანერგად. ასევე კარგი იქნებოდა დოკუმენტური ვიდეომასალის შექმნა, რომელსაც პროცესის დაწყებამდე მსაჯულებს აჩვენებდნენ. მასალაში შეიძლება აისახოს მსაჯულების შერჩევის და პროცესის მსვლელობის პროცედურები.
საბოლოოდ, მინდა ვისაუბრო ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემადგენლობაზე. როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყნებში ეს რიცხი სხვადასხვაა. ჩემი აზრით, საუკეთესო სისტემა არის იქ, სადაც ჟიური მეტი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს გაცილებით მეტ ადამიანს ავუმაღლოთ სამართლებრივი შეგნება და გავუზარდოთ მართლმსაჯულების სისტემისადმი რწმენა.

ლორდი მაკლასკი ,,თავისუფლების ინსტიტუტში“ სტუმრობისას
კითხვა: იმისათვის, რომ მოსამართლე დაინიშნოს თანამდებობაზე, ის სწავლობს იურიდიულ სკოლაში, შემდეგ აგროვებს მუშაობის გარკვეულ სტაჟს, აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას. ნაფიცი მსაჯული კი ჩვეულებრივი ადამიანია. როგორ უნდა გადაწყვიტოს მან ესა თუ ის საკითხი? გადიან თუ არა ნაფიცი მსაჯულები წინასწარ სპეციალურ მომზადებას?
პასუხი: ნაფიცი მსაჯულები პროცესამდე არავითარ მომზადებას არ გადიან. ამისათვის ძალიან მარტივი არგუმენტი არსებობს: თუ მათ შეუძლიათ დაიცვან ქვეყანა, მოუარონ შვილებს და გადაწყვიტონ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები, მაშინ მათ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და არა იურიდიული საკითხების გადაწყვეტაც უნდა შეძლონ. ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ფაქტების შესახებ იღებენ გადაწყვეტილებას. რა განათლებაა საჭირო იმისათვის, რომ პირმა გადაწყვიტოს - იტყუება თუ არა მოწმე, ფალსიფიცირებულია თუ არა მტკიცებულება და ნაწამებია თუ არა ბრალდებული?
![]() |
2 საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ევროკონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში |
▲back to top |

ლევან რამიშვილი
ლექცია
შესაძლებელია თუ არა, ეროვნული კანონმდებლობა აწესებდეს უფლებების დაცვის უფრო დაბალ სტანდარტებს, ვიდრე ეს კონვენციითაა გათვალისწინებული? სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში ჩვენ სწორედ საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ კონვენციას შორის განსხვავებასთან გვაქვს საქმე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში ლაპარაკია იმაზე, რომ სიტყვის, აზრის, რელიგიის, რწმენის თავისუფლება დაცულია იმდენად, რამდენადაც ამ უფლებების განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. შემდეგ 24-ე მუხლში დაკონკრეტებულია, თუ რა შეიძლება იყოს სხვათა უფლებები. საინტერესოა, რომ ეს ჩამონათვალი არ შეიცავს ჯანმრთელობისა და მორალის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. ამასთანავე ჩვენ გვაქვს კანონი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს: ალკოჰოლის მოხმარებასთან ერთად, აქ ლაპარაკია არასრულწლოვანთა ზნეობის დაცვაზე, კერძოდ, არსებობს ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საინფორმაციო საშუალებებში (იგულისხმება სამაუწყებლო საშუალებები) გარკვეული პორნოგრაფიული გადაცემების დროით შეზღუდვებს; არსებობს სხვადასხვა ასაკობრივი შეზღუდვები. ,,ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი” შეიმუშავებს შეზღუდვის კრიტერიუმებს და ადგენს იმ ბეჭდვითი პროდუქციის ნუსხას, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანებზე.
მშობლებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, თუ მათ არასრულწლოვან შვილს უხამსი შინაარსის მქონე პროდუქციას მიჰყიდიან ან აკრძალულ დროს ეთერში ასეთი შინაარსის ფილმი ან პროგრამა გავა. თავისთავად არასრულწლოვანების მიმართ შეზღუდვების არსებობა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც იმ უფლებების სუბიექტი, რომელიც კონსტიტუციის მე-2 თავშია ჩამოთვლილი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის მშობელი და არა ქმედუუნარო ბავშვი. შესაბამისად, შესაძლებელია, სახელმწიფომ იზრუნოს მშობლის უფლებაზე, - დაიცვას თავისი შვილი გარკვეული ზეგავლენისაგან. თუმცა, კანონში მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არარსებობა - თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მავნე ზეგავლენად, გარკვეულ პრობლემებს უნდა ქმნიდეს იგივე ევროკონვენციასთან მიმართებაში. ასევე კურიოზულად გამოიყურება იმ ნუსხის არსებობა, რომელიც ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს.
რაც შეეხება სხვა ძირითად კანონებს, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უმთავრესი კანონები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ეხება, მიღებულია საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებამდე და შესაბამისად, კონვენციის რატიფიცირებამდე. შესაძლოა, თავის დროზე ამ კანონებმა გარკვეული როლი ითამაშეს სიტყვის თავისუფლების განმტკიცების მხრივ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა კონვენციას, მან თავისთავზე აიღო ვალდებულება, კონვენციასთან შესაბამისობაში მოეყვანა თავისი კანონმდებლობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.
1999 წელს იყო მცდელობა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ,,სიტყვის თავისუფლების შესახებ”, მაგრამ ჯერჯერობით კანონი მე-2 და მე-3 მოსმენით არ მიუღიათ. გარდა ამისა, მოქმედებს სხვა ნორმებიც, რომლებიც სიტყვის თავისუფლების ერთგვარ გადაფარვას ახდენენ. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს პირადი არაქონებრივი უფლების დაცვის საკითხს, კერძოდ, მცდარი ცნობებისაგან პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვას. კოდექსის 993-ე მუხლი კი მცდარი ფაქტების გავრცელების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის ვალდებულებას ადგენს. ,,სისხლის სამართლის კოდექსში” არის 148-ე მუხლი, რომელიც დანაშაულის დაბრალებით ცილისწამებას შეეხება.
ევროსასამართლოს მიერ ევროკონვენციის
მე-10 მუხლის დარღვევასთან
დაკავშირებული საქმეები
ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ
1975 წელს, არჩევნების შემდეგ ებრაელთა დოკუმენტების ცენტრის პრეზიდენტმა სიმონ ვიზენტალმა ბრალი დასდო ავსტრიის ლიბერალური პარტიის ლიდერს, ფრიდრიხ პიტერს, ფაშისტური გერმანიის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობაში. მართალია, პიტერსმა არ უარყო ეს ფაქტი, მაგრამ ამასთანავე აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირების მასობრივ ხოცვაში მას მონაწილეობა არ მიუღია. მეორე დღეს, მომავალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, პიტერსი კანცლერ ბრუნო კრაესკის შეხვდა, რის შემდეგაც, სატელევიზიო გამოსვლისას, კრაისკიმ მხარი დაუჭირა ფრიდრიხ პიტერს, ხოლო ვიზენტალის ორგანიზაცია პოლიტიკურ მაფიად მოიხსენია. ამ ბრალდების საპასუხოდ, თავის მხრივ, ლინგენსმა ვენის გაზეთ ,,პროფილში” ორი სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც ფედერალური კანცლერი კრაისკი ავსტრიის პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწე ყოფილი ნაცისტების მიმართ შემრიგებლური პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. საგაზეთო სტატიებში ლინგენსმა ის ,,ოპორტუნისტ”, ,,ამორალურ” და ,,უღირს” კანცლერად მოიხსენია, რის გამოც კრაისკიმ მას სასამართლოში უჩივლა. ავსტრიის სასამართლოებმა ლინგენსი ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დააჯარიმეს.
ლინგენსის მიმართ წაყენებული ბრალდებები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია: პრესის თავისუფლება საშუალებას აძლევს ხალხს, ჩამოუყალიბდეთ აზრი და დამოკიდებულება პოლიტიკური ფიგურების მიმართ. შესაბამისად, მათ მიმართ დაშვებული კრიტიკის საზღვრები უფრო ფართოა, ვიდრე - კერძო პირების მიმართ. მათ წინასწარვე იციან, რომ იმყოფებიან პრესისა და მოსახლეობის მეთვალყურეობის ქვეშ და ამიტომაც უნდა გამოავლინონ თმენის გაცილებით მაღალი ხარისხი.
სასამართლოს აზრით, ფაქტები, რომელთაც დაეფუძნა ლინგენსის მოსაზრებები, უდაო იყო. ამასთან ავტორის ეს განცხადებები კეთილსინდისიერი იყო. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, მაგრამ მოსაზრებები არ ექვემდებარება დამტკიცებას, - დაადგინა ევროსასამართლომ.
უკვე ვახსენეთ კანონი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ, ასევე გვაქვს სახელმწიფო საიდუმლოების კანონი და ინფორმაციის თავისუფლების თავი ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, ასევე კავშირგაბმულობისა და ფოსტის კანონი. ეს ჯერ-ჯერობით არის ერთადერთი აქტი, რომელიც მაუწყებლობის საკითხებს არეგულირებს.
რაც შეეხება ,,პრესისა და სხვა მასობრივი საშუალებების შესახებ” კანონს, რომელიც 1991 წელს არის მიღებული და მასში გარკვეული ცვლილებები 1998 წელს შევიდა, ის პრაქტიკულად მკვდარი კანონია, რადგან არ ხდება მისი გამოყენება. თუმცა, ამ კანონის რამდენიმე მუხლზე ყურადღების გამახვილება, ალბათ, საჭიროა. კერძოდ, მე-18 მუხლის მიხედვით, პრესის დახურვა, მისი საქმიანობის საბოლოო შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ხოლო პრესის საქმიანობის შეჩერება სასამართლო განხილვის შემდეგ უნდა გასაჩივრდეს. ეს ნორმა ხელისუფლებამ ,,ეფექტურად” გამოიყენა 1996 წელს, როდესაც კავშირგაბმულობის სამინისტრომ აბსოლუტურად უკანონოდ შეუწყვიტა ლიცენზია პირველ დამოუკიდებელ ტელეკომპანია ,,რუსთავი-2”-ს. ტელეკომპანიის ადვოკატი მაშინ ქ-ნი ლია მუხაშავრია იყო. უზენაესმა სასამართლომ სწორედ მე-18 მუხლზე დაყრდნობით გააუქმა კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც კავშირგაბმულობის სამინისტროს ლიცენზირების დებულებას ეფუძნებოდა. ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძვლებში ყველაზე საინტერესო საფუძველი ,,და სხვა საფუძვლები” იყო. სწორედ ამ ,,და სხვა საფუძვლების” საფუძველზე ჩამოართვა სამინისტრომ ,,რუსთავი-2”-ს ლიცენზია და სამწუხაროდ, პირველმა ორმა ინსტანციამ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პრესის კანონში ასევე არის ორი მნიშვნელოვანი მუხლი, რომელიც კონფიდენციალურობას ეხება. კერძოდ 21-ე მუხლის ,,ბ” პუნქტი ჟურნალისტს ავტორის საიდუმლოების დაცვის უფლებას აძლევს. 24-ე მუხლი უფრო შორს მიდის და ავალდებულებს ჟურნალისტს, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის წყარო საიდუმლოდ შეინახოს. ანალოგიური მუხლები სისხლის საპროცესო კოდექსშიც არსებობს, თუმცა, იქ გაცილებით ნაკლებად ხისტი ნორმაა, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს ჟურნალისტი ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, ანუ აქ სახეზეა პრესის კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შორის ერთგვარი კოლიზია. სასამართლო არ არის ვალდებული, გაათავისუფლოს ჟურნალისტი, თუ სასამართლო პრესის კანონის 24-ე მუხლს გამოიყენებს, მაშინ მას შეუძლია პასუხიც კი არ მოსთხოვოს ჟურნალისტს, კონფიდენციალურობის ნიშნით განკუთვნილი ინფორმაციის გამხელისათვის. ჩვენ უკვე
გვქონდა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის ორგანოებმა როგორც პრესის კანონის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აბსოლუტური იგნორირება მოახდინეს. ჟურნალისტური გამოძიების მასალების კონფისკაცია მათ თავადვე მოახდინეს. სამწუხაროდ, პროკურატურის ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა სასამართლოში არ გაასაჩივრეს.
იგივე პრესის კანონის მე-7 მუხლი სავალდებულოს ხდის პრესის რეგისტრაციას, ხოლო 26-ე მუხლი არარეგისტრირებული პრესის ორგანოს მიერ გამოცემული პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს. ამასთან, მე-7 მუხლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხოლოდ სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციას ითვალისწინებს. რეგისტრაციისგან გათავისუფლებულია მხოლოდ ის ლიტერატურა, რომელიც 500 ეგზემპლიარზე დაბალი ტირაჟით გამოიცემა. პრესის სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულება, ჩემი აზრით, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ ნორმად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. შეიძლება არსებობდეს გამოცემები, ვთქვათ, ეკოლოგიის, ადამიანის უფლებების, ან სხვა საზოგადოებრივად აქტუალური საკითხების შესახებ, რომელთა გამოცემა არ არის დაკავშირებული კომერციულ საქმიანობასთან და შესაბამისად, მოგების მიღებასთან. ამგვარი გამოცემების არსებობის პირობებში, ძალიან სადაოა პრესის, სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის საჭიროება. ამასთან თუ, რომელიმე მეწარმე საპონს უშვებს და შემდეგ სარეცხი ფხვნილის წარმოებას გადაწყვეტს, ის არ არის ვალდებული, რომ თითოეული პროდუქცია ცალ-ცალკე სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრიროს. მაშინ როცა, თუ ადამიანი უშვებს გაზეთს და შემდეგში ჟურნალის გამოცემას გადაწყვეტს, მან ჟურნალი ცალკე იურიდიულ პირად უნდა დაარეგისტრიროს. გარკვეული კოლიზიაა ასევე პრესის კანონის 21-ე მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლებს შორის. კერძოდ, პრესის კანონის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ან ამ საშუალებაში გამოქვეყნებული მასალის ავტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ყალბი ცნობების გავრცელების, განზრახ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის. მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ე. ი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, იწვევს პასუხისმგებლობას და არ არის საჭირო იმის ჩვენება, მოქმედებდა თუ არა ამ მცდარი ცნობების გამავრცელებელი განზრახ. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლი, რომელიც მცდარი ცნობების გავრცელებით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლებას ითვალისწინებს, უშვებს გამონაკლისს იმ შემთხვევისათვის, თუ ამ მცდარი ცნობების გამავრცელებელი საზოგადოების კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. კერძოდ, თუ მცდარი ცნობების გავრცელებისას წარმოიშვება გარკვეული დავა, სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე მოდის. სწორედ მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს შეესაბამება. ამიტომაც არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლის გამოყენება პრაქტიკულად არ ხდება. ეს მუხლი არის ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს და შესაბამისად, ცნობების გამავრცელებელი პირი არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მისი ცნობა ცილისმწამებლური არ ყოფილა.
ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ
ვენაში მცხოვრებმა ავსტრიელმა ჟურნალისტმა, ობერშლიკმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. რამოდენიმე პირთან ერთად მან ვინმე გრაბერ მეიერის (პოლიტიკური ფიგურა) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. მეიერის დანაშაულთა შორის სიძულვილისაკენ მოწოდება ფიგურირებდა. გარბერ მეიერმა საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ავსტრიელი დედებისათვის დახმარებები უნდა გაზრდილიყო, ხოლო იმიგრანტებისათვის, პირიქით, - შემცირებულიყო. მას შემდეგ, რაც საჯარო ბრალმდებელმა გრაბერ მეიერის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა, ობერშლიკმა გაზეთ ,,ფორუმში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ გრაბერ მეიერი მიზნად ისახავდა ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს იმიგრანტი დედებისათვის აბორტების გაკეთების იძულება ავსტრიელი ხალხის ინტერესებში შედიოდა. ავტორის აზრით, ჩგ-მ-ის მოსაზრებები შეესაბამებოდა ნაციონალური სოციალიზმის იდეოლოგიას. ცილისწამების საფუძველზე გრაბერ მეიერმა კერძო ბრალდების საქმე აღძრა. რეგიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, ვინაიდან საქმე შეფასებით მსჯელობებს ეხებოდა. სააპელაციო სასამართლომ კი იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს სამართლიანობის პრინციპი და წამოწიეს ის მოტივები, რომლებიც გრაბერ მეიერს არ გამოუთქვამს, საქმე რეგიონალურ სასამართლოში უკან დააბრუნა. ამჯერად სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეები 4000 შილინგით დააჯარიმა, მოსარჩელეს კომპენსაციის სახით კი 5000 შილინგი მიაკუთვნა.
ამ საქმის განხილვისას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პოლიტიკურ ფიგურას კვლავ კრიტიკისადმი მეტი თმენის უნარი მოსთხოვა. პოლიტიკურ ფიგურას, ცხადია, უფლება აქვს დაიცვას თავისი რეპუტაცია, მაშინაც კი როდესაც საქმე არ ეხება მის პირად ცხოვრებას, მაგრამ ეს უფლება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პოლიტიკური საკითხების საჯაროდ განხილვის ინტერესს, - ამ არგუმენტების საფუძველზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, ავსტრიამ დაარღვია კონვენციის მეათე მუხლი.
არის პრობლემა თავად ცნება ,,ცნობების” გაგებასთან დაკავშირებით. რა იგულისხმება ცნობებში? ეს არის ფაქტი, თუ აქ აზრი და მოსაზრებაც იგულისხმება. კოდექსი ორ ტერმინს იყენებს: ცნობებს და ფაქტებს. მაგალითად, მე-18 მუხლში ლაპარაკია ცნობებზე, მაშინ როცა 993-ე მუხლში ლაპარაკია ფაქტებზე. სწორედ აქედან იჩენს თავს კონკრეტული პრობლემები უკვე სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც სასამართლოები ტერმინში ,,ცნობები” არა მხოლოდ დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს მოიაზრებენ, არამედ სუბიექტურ მოსაზრებებს, გარკვეულ შეფასებებსა და მსჯელობებს.
თუ ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლს ,,ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით” დავუბრუნდებით, იმის გარკვევისას, თუ რა არის დანაშაული, აქაც გარკვეულ პრობლემებს წავაწყდებით. მართალია, პრაქტიკაში ჯერ ამ პრობლემას თავი არ უჩენია, მაგრამ პრობლემები შესაძლოა, შეიქმნას. ვთქვათ თუ გამოითქმება მოსაზრება, რომ ,,შევარდნაძე არის მკვლელი, მან მოკლა ქართული სულიერება” ან ,,შევარდნაძე არის ქურდი, მან მოგვპარა თავისუფლება”. შეიქმნა კიდეც პრობლემები ხულიგნობის მუხლთან დაკავშირებით, რადგან აქაც საკმაოდ ბუნდოვანი განმარტებაა: საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოების აშკარა უპატივცემულობა. ასეთი პრობლემა იყო, როდესაც ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს პრეზიდენტ გამსახურდიას მიმდევარი კლარა შუკვანი, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკას აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში აპროტესტებდა. კერძოდ იმას, რომ შევარდნაძე შეხვდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერს არძინბას. მაშინ შუკვანი გამოვიდა ტრანსპარანტით: ,,ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე”. ეს მუხლი გარკვეულწილად გაუმჯობესდა, როდესაც ახლანდელ რედაქციაში დაემატა ,,ძალადობა ან მუქარის თანხლება”, მაგრამ აქ მაინც ბუნდოვან ფორმულირებასთან გვაქვს საქმე.
მოკლედ შევეხები სახელმწიფო საიდუმლოების კანონსა და ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავს. სახელმწიფო საიდუმლოების კანონი ინფორმაციის თავისუფლების თავზე გაცილებით ადრე მიიღო პარლამენტმა, ამიტომ გარკვეული პრობლემები და ინფორმაციის თავისუფლების ნორმებთან მიმართებით წინააღმდეგობები ამ კანონშიც არის. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება სახელმწიფო უშიშროებას, ან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს, ან ადამიანის სიცოცხლეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რედაქტორს. რედაქტორი ვერანაირად ვერ იქნება პასუხისმგებელი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე, ან თუნდაც საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე. საბედნიეროდ, ამ ნორმას არავინ იყენებს, შესაბამისად, იმის გამო, რომ არ არის დაზარალებული, არც მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს.
იმავე სახელმწიფო საიდუმლოების კანონს თუ მივუბრუნდებით, ჩვენი კონსტიტუციის 41-ე მუხლი შეიცავს აბსოლუტურ და ძალიან ხისტ დებულებას, როცა არავითარ გამონაკლისს არ უშვებს, რომლითაც პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მის შესახებ არსებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც კონსტიტუციის 41-ე მუხლსა და სისხლის საპროცესო კანონმდებლობას ან იგივე ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის კანონს შორის არსებობს.
საკმაოდ საინტერესო სასამართლო პრაქტიკა ყალიბდება აჭარისა და იმერეთის რეგიონებში. მაგალითად ,,ბათუმის პრესკლუბის” საქმეები შეიძლება მოვიყვანოთ: ,,ბათუმის პრეს-კლუბმა” ჩაატარა პატარა სოციოლოგიური გამოკითხვა - ,,არის თუ არა თავისუფალი პრესა აჭარაში?”. გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ არის. შემდეგ ამ გამოკითხვის მასალები გამოქვეყნდა ორ თბილისურ გაზეთში. აჭარაში გამომავალმა ერთ-ერთმა გაზეთმა ,,აჭარა P.S.”-მა ჩათვალა, რომ ამ პუბლიკაციით შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია და ,,ბათუმის პრეს-კლუბს” სასამართლოში უჩივლა. აჭარაში კიდევ ერთი მიმართულება ყალიბდება. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის გასაჩივრებას, თუ თანხა 1000 ლარს არ აღემატება. აჭარაში სისტემატურად სწორედაც 999 ლარისთვის ჩივიან. ალბათ არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ,,ბათუმის პრეს-კლუბმა” ეს საქმე წააგო, ანუ მოპასუხეს გასაჩივრების საშუალება მოესპო.
,,ბათუმის პრეს-კლუბი”-ს წინააღმდეგ ბათუმის სასამართლოში კიდევ ერთი საინტერესო საქმე იხილება. კერძოდ, გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” გამოქვეყნდა ანონიმური სტატია, სათაურით ,,ასლან აბაშიძემ თევზის მრეწველობას ტრაქტორით გადაუარა”. სტატიას ავტორი არ ჰყოლია, მაგრამ ასლან აბაშიძის პატივისა და ღირსების დასაცავად რატომღაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიტანა სარჩელი, თანაც ,,ბათუმის პრეს-კლუბის” წინააღმდეგ, ალბათ, იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ, ვინ თუ არა ,,ბათუმის პრეს-კლუბი” შელახავდა ასლან აბაშიძის ღირსებას, რადგანაც სხვა ნორმალურ ადამიანს ასეთი რამ შესაძლოა, აზრადაც არ მოსვლოდა. სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში მიიღო და ჯერ-ჯერობით შედეგი უცნობია.
საინტერესოა, ,,აჭარა P.S.”-ის მიერ აღძრული ერთი საქმეც. გაზეთ ,,ქობულეთ”- სა და გაზეთ ,,აჭარა P.S.”-ს შორის სასამართლო დავა სახელწოდებით, ,,ქათამაძე საქართველოს წინააღმდეგ” ერთადერთია, რომელიც ევროკონვენციის მე-10 მუხლთან დაკავშირებით საქართველოდან სტრასბურგში წავიდა. გაზეთ ,,ქობულეთის” რედაქტორმა მეორე გაზეთის წინააღმდეგ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ,,აჭარა P.S.”-ს საეჭვო რეპუტაციის, ჭორიკანა, უზნეოთა გაზეთი და ა.შ. უწოდა. სასამართლომ გაზეთ ,,ქობულეთს” 4000 ლარის გადახდა დააკისრა, რის შედეგადაც გაზეთი გაკოტრდა და ფუნქციონირება შეწყვიტა.
რაც შეეხება იმერეთის პრაქტიკას, 2001 წლის 22 ივლისს ტელეკომპანია ,,ქუთაისის” ეთერით გავიდა გადაცემა, რომელშიც ლაპარაკი იყო ქუთაისის უნივერსიტეტში კორუფციისა და კონკრეტული პროფესორის მამხილებელი ანონიმური წერილის შესახებ. ,,ქუთაისთან” დაპირისპირებულ ტელეკომპანია ,,რიონში” 20-მდე სტუდენტი მივიდა, რომლებმაც გამოთქვეს ანონიმურ წერილზე საკუთარი ხელმოწერების უარმყოფი განცხადების გაკეთების სურვილი. თავისთავად სიტუაცია აბსურდულია, რადგან წერილი ანონიმური იყო, გადაცემაში არავის უთქვამს, რომ მაინცდამაინც ეს სტუდენტები არიან ანონიმური წერილის ავტორები. ტელეკომპანია ,,რიონმა” ეს საპასუხო განცხადება ეთერში გადასცა, რასაც ტელეკომპანია ,,ქუთაისიდან” პასუხის პასუხი მოჰყვა, ჟურნალისტმა ნანა თვალაბერიშვილმა ტელეკომპანია ,,რიონს” არასწორ პიროვნულ ქმედებაში დასდო ბრალი. ისეთი გამონათქვამების გამო, როგორებიცაა ,,ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს” და ,,ორფეხა პირუტყვმაც კი გაჯობათო”, ნანა თვალაბერიშვილს სასამართლომ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსარჩელე ტელეკომპანია ,,რიონის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნანა თვალაბერაშვილის ამ განცხადების შედეგად მათ არხზე რეკლამის მოცულობამ იკლო, თუმცა, ამის დადასტურება სასამართლოში არ მომხდარა. აპელაციის შედეგად, ნანა თვალაბერაშვილს თავისი განცხადების უარყოფა დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კი მოეხსნა.
თორგეირ თორგეირსონი ისლანდიის წინააღმდეგ
თორგეირსონმა რეიკიავიკის გაზეთ ,,მორგუნბლაოლოში” გამოაქვეყნა ორი სტატია მეტროპოლიტენ პოლიციის სისასტიკის შესახებ. ,,რეიკიავიკის ღამის ჯუნგლების აღწერისას” ავტორმა განაცხდა, რომ ნადირებმა უნიფორმაში ფიზიკურად შეურაცყვეს მისი კოლეგა. საჯარო ბრალმდებელმა, ცილისწამების ბრალდებით, თორგეირსონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ისლანდიის სასამართლოებმა ის დამნაშავედ სცნეს და 10000 კრონით დააჯარიმეს.
გამოხატვის თავისუფლება იცავს როგორც პოლიტიკურ დისკუსიას, ისე ნებისმიერ პოლემიკას საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე, - აღნიშნა ევროსასამართლომ და მოსარჩელესათვის განცხადების უტყუარობის მტკიცების ვალდებულების დაკისრება არაგონივრულად და საერთოდ, შეუძლებლადაც კი მიიჩნია.
მოამზადა აკაკი მინაშვილმა
კვლავ ანონიმურობის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ქუთაისში გამომავალ გაზეთ ,,რეზიუმეს” შემთხვევაში. ,,რეზიუმეში” გამოქვეყნდა განცხადება, რომ წმინდა ნინოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები იძულებულები არიან, ქრთამი გადაუხადონ სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეებს. ნათქვამი იყო, რომ თანხები იკრიბება და მიდის ჯიბეში, თუმცა ვის ჯიბეში ნახსენები არ ყოფილა. ამ ჯიბესთან საკუთარი თავი ამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა გააიგივა და პატივისა და ღირსების აღსადგენად 1000 ლარის გადახდა მოითხოვა. საქმე სასამართლოში მორიგებით დასრულდა, გაზეთის მხრიდან განცხადების უარყოფის სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 1000 ლარიან კომპენსაციაზე უარი თქვა. ასეთი საქმეებს ხშირად ვაწყდებით, როდესაც არაიდენტიფიცირებული პირი თავის თავზე სადაო განცხადებას იღებს.
საკმაოდ საინტერესო იყო სასამართლო დავა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ ლევან ბერძენიშვილსა და ეკონომიკის მინისტრ (ამჟამად ყოფილ) ვანო ჩხარტიშვილს შორის. კერძოდ, ბერძენიშვილი ამტკიცებდა, რომ ანტიკორუფციულ კანონს პარლამენტში ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც ყველაზე მეტი მოიპარა, ამ პირთა შორის კი ყველაზე მეტად თავი ბატონმა ჩხარტიშვილმა გამოიჩინა, რაც იმას ამტკიცებს, რომ მან, ალბათ, სხვებზე მეტი მოიპარაო. ჩხარტიშვილთან მიმართებაში ნათქვამია, რომ ის ნულიდან გახდა მილიონერი და რომ მას უკანონო ქონება აქვს. ბ-ნმა ბერძენიშვილმა ეს საქმე საოლქო სასამართლოში მოიგო. საოლქო სასამართლომ გამოიყენა რამდენიმე საქმე სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკიდან, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მოტივით გააუქმა. პირველი და ყველაზე არსებითი მოტივი ასეთია: მართალია, პოლიტიკურ ფიგურებს, საჯარო პირებს თმენის უფრო დიდი ვალდებულება აქვთ, ვიდრე კერძო პირებს, მაგრამ მათ არანაირი ვალდებულება არა აქვთ, მოითმინონ რეგადასული კრიტიკა. უზენაესმა სასამართლომ ასეთ კრიტიკად ბერძენიშვილის გამონათქვამები მიიჩნია: ,,საკასაციო პალატა თვლის, რომ პუბლიკაცია შეიცავს მტკიცებას, რომ ვანო ჩხარტიშვილს ნამდვილად აქვს არაკანონიერი გზით მოპოვებული მოპარული ქონება, რომ მინიშნება არის ფაქტზე, რომ ჩხარტიშვილი ნულიდან გახდა მილიონერი” და ვინაიდან არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს, რომ ბ-ნი ჩხარტიშვილი მართლაც არის მილიონერი (მის წინააღმდეგ რაიმე გამოძიება არავის უწარმოებია), შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბერძენიშვილის გამონათქვამები კანონს არღვევს. სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ კანონი აწესებს პასუხისმგებლობას როგორც ბრალეული, ასევე ბრალის გარეშე ქმედებისათვის. უზენაესმა ინსტანციამ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე მიუთითა, მაგრამ უგულვებელყო პრესის კანონის 21-ე მუხლი.
![]() |
3 ექსტრადიციის სამართლებრივი ასპექტები |
▲back to top |
ექსტრადიციის სამართლებრივი ასპექტები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად:
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად:
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიხედვით:
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების თანახმად, კერძოდ, ლტოლვილთა სამართლის შესახებ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის და 1967 წლის პროტოკოლის მიხედვით:
● არც ერთ ხელმომწერ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, გააძევოს ან რაიმე მეთოდით გადასცეს ლტოლვილი იმ ქვეყანას ან ტერიტორიას, სადაც მისი სიცოცხლე ან თავისუფლება იქნება საფრთხის ქვეშ, მისი რასის, რელიგიური თავისუფლების, ეროვნების, სოციალური ჯგუფებისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო.”
ადამიანთა ექსტრადიციასა და რეპატრიაციას იმ ქვეყნებში, სადაც მათი წამების რეალური საფრთხე არსებობს კრძალავს წამებისა და სხვა ბოროტი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის საწინააღმდეგო კონვენცია (მე-3 მუხლი). ამ კონვენციის ხელმომწერთა შორის რუსეთიცაა.
საერთაშორისო ორგანიზაციების Human Righst Watch -ისა და Amnesty International -ის შეფასებებით, რუსეთი მიჩნეულია ორთავე კონვენციის დამრღვევად. კერძოდ:
● რუსეთის ფედერაცია საფრთხეს უქმნის ჩეჩენ ხალხს მათი რელიგიის, ეროვნებისა და პოლიტიკური მოსაზრებების გამო;
● რუსეთი იყენებს წამებას და სხვა ბოროტ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ, წამების წინააღმდეგ კონვენციის უხეში დარღვევით.
რუსეთის ქმედება საჯაროდ დაგმო ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმაც. თუმცა, რუსეთმა უგულვებელყო და უარი განაცხადა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე.
ჩეჩენთა რუსეთისათვის გადაცემას სხვა საერთაშორისო აქტებიც კრძალავს. კერძოდ:
● 1949 წლის ჟენევის კონვენცია;
● 1948 წლის გენოციდეს თავიდან აცილებისა და დასჯადობის კონვენცია;
● ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია.

![]() |
4 ადამიანის უფლებები: ფუნდამენტური ღირებულება თუ იდეოლოგიური იარაღი? |
▲back to top |
თვალსაზრისი
,,თავისუფლება” გთავაზობთ ახალ რუბრიკას თვალსაზრისი, რომელიც ადგილს დაუთმობს საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა შეხედულებებს, რაც შესაძლოა, ჩვენი ბიულეტენის ფურცლებზე პოლემიკის საფუძველიც კი გახდეს. ველით თქვენს გამოხმაურებებს, რომლებიც შესაძლოა, სრულებით არ ემთხვეოდეს ქვემოთ მოყვანილ პუბლიკაციაში გამოთქმულ შეხედულებებს.

ზაზა შათირიშვილი
ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, რომელიც განთქმულია დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ერთგულებით, არცთუ დიდი ხნის წინ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ მცირერიცხოვან რუს პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა რიგში, რომელიც გმობს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას, უმრავლესობა არარუსია, ებრაელია. წარმომიდგენია, რა მოჰყვებოდა მსგავს გამონათქვამს აშშ-ში ან ცენტრალური ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ეს იქნებოდა პოლიტიკურად არაკორექტული განცხადების ქრესტომათიული შემთხვევა, ხოლო მის ავტორს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდებოდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. მაგრამ საბედნიეროდ პოლიტიკური კორექტულობის აჩრდილი ნამდვილად არ დაეხეტება არცსაქართველოში და არც რუსეთის, როგორც იტყვიან, უკიდეგანო ტრამალებზე.
რას ნიშნავს პოლიტიკური კორექტულობა და რატომ შეიძლება წარმოიშვას წინააღმდეგობა სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურად არაკორექტულ გამონათქვამს შორის?
რამოდენიმე მაგალითი: ამას წინათ ერთერთი ამერიკული უნივერსიტეტიდან სკანდალით გამოაძევეს პოსტსაბჭოთა ლექტორი, რომელსაც წამოსცდა ფრაზა, რომ ვენესუელის ლიტერატურის ისტორიაში ვერ ვიპოვით შექსპირის მსგავს ფიგურას. უფრო ადრე თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატს, სოლ ბელოუს (აქვე არაპოლიტკორექტულად შევნიშნავთ, წარმოშობით ებრაელს) ბოდიშები ახდევინეს იმის გამო, რომ გაბედა ეთქვა - ,,მაჩვენეთ პაპუასი პრუსტი, და მე მას თაყვანს ვცემო”. მხცოვანი მწერალი გაიძახოდა: ,,არა, მე ის ვიგულისხმე, რომ პაპუასებს პრუსტი ჯერ არა ჰყავთო.”
მოდით, გავცდეთ ლიტერატურის ელიტურ სფეროს. იმის წამოდგენაც კი არ მინდა, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს ქართველ ანთროპოლოგს, ,,შავის” ან ,,აფრიკულის” ნაცვლად, ,,ნეგროდულ რასას” თუ ახსენებს. აღარაფერს ვამბობ ისეთ ყოველდღიურ ფრაზებზე, როგორებიცაა: ,,რაგბის ნადვილი მამაკაცები თამაშობენ”, ,,კაცური”, ,,ვაჟკაცური საქციელი” და ა.შ. წარმომიდგენია ის რისხვა, რასაც ეს ფრაზები ფემინისტურ წრეებში გამოიწვევს.
მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ფუნდამენტური პრობლემა. მაგალითად, ასეთი: მაქვს თუ არა უფლება, რომ ჩემს ახლადშეძენილ ვაჟიშვილს ,,ჰიტლერი” ან ,,ბინ ლადენი” ვუწოდო? ეს უკანასკნელი შემთხვევა ნამდვილად მოხდა თანამედროვე ევროპაში და მამისათვის საკმაოდ უიღბლოდ დამთავრდა: სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამას საკანონმდებლო აქტით აუკრძალეს პირმშოსათვის გამოჩენილი ტერორისტის სახელის დარქმევა.
მე მგონი, ეს არაა უბრალო კურიოზი - სახელის დარქმევა თანამედროვე ამერიკასა თუ ევროპაში ხომ ძირითადად დაცლილია იმ საკრალური შინაარსისაგან, რაც ამ აქტს ტრადიციულ ცივილიცაზიებში ენიჭება. მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე არაა. მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ თანამედროვე ევროპასა და ამერიკაში გაბატონებული იდეოლოგია (ე. წ. ,,ლიბერალური კონსერვატივიზმი” ან ,,ლიბერალიზმი”, ფართო გაგებით, ე. ი. ის ,,საერთო ნიადაგი”, რასაც იზიარებენ როგორც მემარცხენეები, ისე მემარჯვენეები) ახალი რელიგიის ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელსაც თავისი დოგმები აქვს. ერთ-ერთი ასეთი დოგმაა - ,,ნაციზმი, როგორც აბსოლუტური ბოროტება”, რაშიც შეუძლებელია თანამედროვე ლიბერალიზმს არ დაეთანხმო. სწორედ ამ დოგმატური პოზიციიდან არ შეიძლება, ახალშობილს დაარქვა სახელი ,,ჰიტლერი”.
აქ ჩნდება ასეთი შეკითხვა: კი, მაგრამ ახალშობილს ,,სტალინი” რომ ვუწოდო? გერმანიაში ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ, დავუშვათ და სხვა რომელსამე ევროპულ ქვეყანაში ვართ, მაშინ? სწორედ ეს არის თავი და თავი პრობლემისა: საქმე ისაა, რომ სტალინიზმის ,,ნიურნბერგის პროცესი” არ შემდგარა და ვერც შედგება, დავსძენთ ჩვენ. რატომ? ერთი უბრალო მიზეზის გამო - ნიურნბერგის პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი და მოსამართლე თავად სტალინი და სტალინიზმია. სწორედ ამიტომაც, დღეს შეუძლებელია სტალინიზმის გასამართლება, რადგანაც ამით ჩრდილი ეცემა მასაც, ვინც სტალინთან და სტალინიზმთან ერთად მოაწყო ნიურნბერგის პროცესი - დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას, რადგან სტალინიზმის გასამართლებისას დასავლური დემოკრატიული ლიბერალიზმი უბრალო მოწმე ვერ იქნება.
დღეს ჰიტლერის სახელი ტაბუდადებულია, ძირითადად, ებრაელი ხალხის გენოციდის გამო. ამ გენოციდს რამოდენიმე სახელი აქვს - ,,კატასტროფა”, ,,შოა” და ,,ჰოლოკოსტი”. როცა ჩვენს პირმშოს ,,ჰიტლერს” ვარქმევთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ 6 მილიონი ებრაელის (ასეთია ოფიციალური სტატისტიკა) შეურაცხყოფა, რომლებმაც სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკებში დაასრულეს. სახელი ,,ჰიტლერის” დარქმევა ესაა ჰოლოკოსტის რევიზია, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგალითებად მოვიყვანთ ბრიტანელი ისტორიკოსის, ე. წ. ,,რევიზიონიზმის” წარმომადგენლის დევიდ იანგისა და ფრანგი ფილოსოფოსის ყოფილი კომუნისტისა და ამჟამად გამაჰმადიანებული როჟე გაროდის სკანდალურ სასამართლო პროცესებს. რევიზიონისტი ისტორიკოსები (ძირითად ფრანგი და ბრიტანელი მეცნიერები) ადასტურებენ რა ებრაელთა დევნასა და შევიწროებას II მსოფლიო ომის პერიოდში გერმანული ნაციზმისა და, ნაწილობრივ, იტალიური ფაშიზმის მხრიდან, უარყოფენ ოფიციალურ სტატისტიკას (რომ მსხვერპლი 6 მილიონია) და ,,საბოლოო გადაწყვეტილების” არსებობას (რომ 1944 წელს ჰიტლერმა გადაწყვიტა ებრაელი ხალხის ამოწყვეტა და შესაბამისი ოფიციალური ბრძანებაც გასცა, რომელიც ისე იყო გასაიდუმლოებული, რომ არქივებში არავითარი კვალი არ დაუტოვებია). ის, რომ რევიზიონიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია, ამას ბევრი ლიბერალი იურისტი ეჭვის თვალით უყურებს, რადგანაც ჰოლოკოსტის უარყოფა, ფორმალური თვალსაზრისიდან გამომდინარე, კერძო აზრია, რომელიც არ შეიცავს ომის, რასიზმის, ანტისემიტიზმისა თუ სხვა პროპაგანდის ნიშნებს. მართლაც, წმინდა ფორმალური პოზიციიდან რევიზიონიზმისა და ჰოლოკოსტის უარყოფის აკრძალვა არადემოკრატიულია და ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებულ პრინციპს. მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ლიბერალური იდეოლოგია და ლიბერალური ღირებულებებისადმი (ფართო გაგებით) ერთგულება უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ფორმალური დემოკრატიის პრინციპები.
მოვიყვანთ ერთ მაგალითს: ჰიტლერმა სრულიად სამართლიანად გაიმარჯვა დემოკრატიულ არჩევნებში. გერმანელი ხალხის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა წესრიგსა და ტოტალიტარიზმს, რამაც საბოლოო ანგარიშით, ერთი მხრივ, ებრაელი და ბოშა ხალხების გენოციდი, ხოლო, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალებისა და სულით ავადმოყოფების განადგურება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე დემოკრატია გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და სხვ. უმცირესობების არა ოდენ დაცვას, არამედ ამ დაცვისათვის მყარი საკანონმდებლო და სამართლებრივი გარანტიების შექმნას.
მეორე მაგალითი: 1990 და 1991 წლებში ჯერ ,,მრგვალმა მაგიდამ”, ხოლო შემდეგ ზვიად გამსახურდიამ სავსებით სამართლიანად და დემოკრატიულად გაიმარჯვეს, შესაბამისად, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ 1992 წლის გადატრიალების შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერა ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა, რადგან ზვიად გამსახურდია აღიქმებოდა, როგორც არალიბერალი და ეთნიკური უმცირესობებისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკური ლიდერი. საგულისხმოა, რომ იმავე წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და აშშ-მ სასტიკად დაგმეს სამხედრო გადატრიალება ჰაიტიზე და მხარი დაუჭირეს დამხობილ პრეზიდენტ არისტიდს, რომელიც ასევე დემოკრატიულად აირჩიეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სულ მცირე, ორი რამ გამომდინარეობს: პირველი ის, რომ ლიბერალური იდეოლოგიისა და ფორმალური დემოკრატიის დაპირისპირების შემთხვევაში სასწორის პინა ლიბერალიზმისკენ იხრება. და მეორე, სულ უფრო და უფრო რთული ხდება დემოკრატიაზე, როგორც უნივერსალურ ფენომენზე საუბარი, რადგანაც ლიბერალური იდეოლოგიის გარეშე დემოკრატიული მექანიზმების ტრანსპორტირება ძალიან პრობლემურია: როგორც წესი, ხდება ის, რასაც პოლიტოლოგი გია ნოდია დემოკრატიის ეროზიას უწოდებს და რისი მაგალითი საქართველოცაა.
მაგრამ ამ ყველაფრიდან მესამე დასკვნაც შეიძლება გამოვიტანოთ: დემოკრატია და, მით უმეტეს, ლიბერალური იდეოლოგია არ წარმოადგენს ისეთ ფენომენებს, რომლებიც შეიძლება ავიღოთ და უმტკივნეულოდ გადავნერგოთ. როგორც მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა, ისინი თავიდან უნდა დაიბადოს - აქ და ახლა. უფრო მეტიც, ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია უკვე განსაზღვრების თანახმად ვერ იქნება უნივერსალური, რადგანც ესა თუ ის კერძო იდეოლოგია გამორიცხავს უნივერსალურობასა და საყოველთაოობას.
თუ ასეა, მაშინ სიტყვის თავისუფლებაცა და ადამიანის სხვა უფლებებიც არაა თავისი არსით ფუნდამენტური - ისინი ისტორიული ფენომენებია, რომლებიც აღბეჭდილია დროისა და პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნით. დაახლოებით ისე, როგორც კონიუნქტურის ნიშნითაა აღბეჭდილი ტერორისტის ის ხატი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩამოყალიბდა.
,,ადამიანის უფლებები”, როგორც პოლიტიკური კონცეპტი და იდეოლოგიური იარაღი, შესანიშნავად მუშაობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 70-80-იან წლებში, მაგრამ იგივე რიტორიკა აბსოლუტურუტად გამოუსადეგარია და უბრალოდ არ მუშაობს ისლამთან მიმართებაში. საქმე ისაა, რომ კომუნისტური იდეოლოგია თავისი არსით ლიბერალიზმის რადიკალური გამოხატულებაა - კომუნიზმი აღიარებს დემოკრატიულ პრინციპებს, ოღონდ იტოვებს მათი სხვაგვარად ინტერპრეტირების უფლებას. აქედანაა ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,საბჭოთა დემოკრატია”, ,,დემოკრატიული ცენტრალიზმი” და ა.შ. მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ კომუნიზმი იმავდროულად მასისა და კოლექტივის ინდივიდზე უპირატესობას აღიარებს. სწორედ აქ შეასრულა თავისი როლი ადამიანის უფლებებზე აპელირებამ - კონკრეტულ მაგალითებზე მითითებით საბჭოთა კავშირი აიძულეს, ან შეესრულებინა საკუთარი კონსტიტუცია (სადაც სიტყვის თავისუფლებას თავისი საპატიო ადგილი ეკავა) ან წასულიყო მნიშვნელოვან პოლიტიკურ დათმობებზე.
მაგრამ ამ ყველაფრიდან მესამე დასკვნაც შეიძლება გამოვიტანოთ: დემოკრატია და, მით უმეტეს, ლიბერალური იდეოლოგია არ წარმოადგენს ისეთ ფენომენებს, რომლებიც შეიძლება ავიღოთ და უმტკივნეულოდ გადავნერგოთ. როგორც მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა, ისინი თავიდან უნდა დაიბადოს - აქ და ახლა. უფრო მეტიც, ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია უკვე განსაზღვრების თანახმად ვერ იქნება უნივერსალური, რადგანც ესა თუ ის კერძო იდეოლოგია გამორიცხავს უნივერსალურობასა და საყოველთაოობას.
მაგრამ საქმეც ისაა, რომ საბჭოთა იდეოლოგიის ენა აბსოლუტურად ყალბი იყო: შინაარსი ფორმას არ შეესაბამებოდა, ენასა და სოციალურ რეალობას შორის ნამდვილი უფსკრული არსებობდა - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანები საკუთარ თავს არ აღიქვამდნენ ოფიციალური დისკურსის მეშვეობით. სწორედ ამან დაანგრია საბჭოთა კავშირი და საბჭოთა ადამიანის მენტალობა.
მაგრამ ისლამი სრულიად განსხვავებული ფენომენია: ისლამს აქვს უაღრესად ნატიფი თვითრეფლექსიისა და მედიტაციის დისკურსები. თვით ისეთ სეკულარულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ერაყია, სადამ ჰუსეინის კვაზირევოლუციური სოციალობის ქვეშ ცოცხალი ისლამური ტრადიცია იმალება. ამ ტრადიციასთან ბრძოლა ,,ადამიანის უფლებების” რიტორიკით უაზრობაა. ამიტომაც ერაყის წინააღმდეგ შედარებით წარმატებით გამოიყენეს სავსებით ადეკვატური - ,,აპოკალიპტურ-მანიაკალური” რიტორიკა: კერძოდ, რომ სადამ ჰუსეინი გიჟია და რომ ის მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებს, რითიც კაცობრიობას ახალი გენოციდით ემუქრება, რაც სავსებით შეესაბამება რიგითი ამერიკელის ფსიქიკაში დალექილ ჰოლივუდურ კლიშეს.
აი, აქ ნამდვილად ღირს დავუბრუნდეთ ნიურნბერგის პროცესსა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას. რატომ არის კომუნიზმი ამ იდეოლოგიის რადიკალური, მაგრამ მაინც ორგანული გამოვლინება? ერთი მარტივი მიზეზის გამო - კომუნიზმი ამოიზარდა ერისა და კლასის იგივეობის ლიბერალური კონცეპციიდან. საქმე ისაა, რომ ფრანგულ-გერმანულმა განმანათლებლობამ, ინგლისურმა პრაგმატიზმმა და ამის პარალელურად ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციებმა საზოგადოების ერთერთი სოციალური სტრატა ერს გაუთანაბრეს: ბურჟუაზიამ - საზოგადოების ერთმა ფენამ, მისმა ნაწილმა და ერთ-ერთმა კლასმა თავი ერად, მთლიანობად გამოაცხადა. ეს იმას ნიშნავდა, რომ არისტოკრატია და საეკლესიო წოდება მეფესთან ერთად ერის მოღალატეები იყვნენ, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ ერის შემადგენელი ნაწილები.
სწორედ ერის ეს ახალი კონცეპტი გახდა ბურჟუაზიული ტერორისა და ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი: ერთი კლასი - ბურჟუაზია = მთელ ერს, მთელ საზოგადოებას. ამერიკული რევოლუცია, ამ აზრით, არაფრით განსხვავდება მისი ევროპული ტყუპისცალებისაგან. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ლიბერალიზმის (თავისი სამი განშტოებით, როგორებიც არიან - დემოკრატიული ლიბერალიზმი, კომუნიზმი და ნაციზმი) სათავე. ადამიანის უფლებები ესაა ახალი კლასის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი პირობა, რომელიც უნდა გაიზიაროს საზოგადოების თითოეულმა წევრმა, თუ მას უნდა ერის სრულფასოვანი წევრი გახდეს. საგულისხმოა, რომ ,,ერი”, როგორც ვხედავთ, სულაც არ წარმოადგენს ,,ბუნებრივ” ფენომენს, იგი პირადაპირი აზრით ხელოვნურად კონსტრუირდება, რასაც, ბუნებრივია, დიდი სისხლის ღვრაც მოსდევს. მსგავსი ნაბიჯი გაიმეორეს რუსმა ბოლშევიკებმა, როცა ,,ახალი ერის” ერთადერთ სტრატად მარგინალები გამოაცხადეს (ე. წ. ,,მუშები და გლეხები”). ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ერისა და კლასის ბურჟუაზიული ერთიანობიდან გათავისუფლების ცდა ერის გაუქმების ხარჯზე. საწინააღმდეგო, მაგრამ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნაციზმმა, როცა კლასიდან არიული რასის (,,მეტაერის”) ალქიმიურ ,,გამოხდას” შეუდგა. მაშასადამე, ადამიანის უფლებები ესაა ბურჟუაზიის მიერ საკუთარი კაპიტალის ლეგიტიმაციისა და დაცვის საშუალება. მაგრამ ეს ლეგიტიმაცია პირდაპირი აზრით მეფის მოჭრილ თავზე დგას, რის გამოც დემოკრატიული ლიბერალიზმის თანამდევი კრიზისი სწორედ ლეგიტიმურობის კრიზისი და ლეგიტიმურობის ნოსტალგიაა. აქედანაა ისეთი კვაზიმონარქისტული ტერმინი, როგორიცაა ,,კანონის უზენაესობა”. მაგრამ, თუკი კანონის წყარო ლიბერალური (კომუნისტური, ნაცისტური და ა.შ.) იდეოლოგიაა, მაშინ როგორ შეიძლება, რომ ის ფუნდამენტური იყოს? სწორედ აქედან ითვლის თავის დასაბამს ახალი პოლიტიკური თეოლოგიის (ლოკი, ჰობსი, კონტი, ტოკვილი, მარქსი, და ა.შ) ძირითადი თავსატეხი - როგორ შეიძლება ფუნდამენტური იყოს ის, რაც კონვენციურია? როგორ მივანიჭოთ სუბსტანციურობა იმას, რაც ისტორიულია? როგორ დავბომბოთ ქვეყანა ისე, რომ ეს სამართლიანი იყოს? ეს შეკითხვა ერთნაირი სიმწვავით ჟღერს როგორც ჩეჩნეთისა და საქართველოს, ისე ერაყისა და სერბეთის შემთხვევაში.
ლიბერალიზმის ცივილიზაციას ამაზე დღემდე ერთადერთი, მაგრამ ძალიან პრაქტიკული პასუხი აქვს - ძალა და ძალაუფლების დისკურსი, რომელიც მალავს ძალას და საუბრობს ,,ადამიანის უფლებებზე”.
დღეს ჩვენს თვალწინ ერთმანეთს უპირისპირდება არა განსხვავებული ცივილიზაციები (როგორც ეს ჰანტინგტონს ჰგონია) ან მოდერნული და არამოდერნული (,,ჩამორჩენილი”) სამყაროები (როგორც ფუკუიამა ფიქრობს), არამედ ,,ადამიანის უფლებები” - XVIII საუკუნეში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონცეპტი - და თვითონ ადამიანი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მისი უფლებები. დღეს ერთმანეთს უპირისპირდება ის, რაც აქვს (ან ჰგონია, რომ აქვს) ადამიანს და ის, რაც სინამდვილეში ადამიანია ჭეშმარიტად.
![]() |
5 სამუსიკო სკოლა-ინტერნატის „არამუსიკალური ამბები“ |
▲back to top |
რეგიონი
,,თავისუფლების ინსტიტუტის” რეგიონალურ ომბუდსმენს ნინო ღაჭავას სამსახურში ორმოცამდე ადამიანი იმის გამო მიუვარდა, რომ მან ნაცემი ბავშვის ინტერესები დაიცვა. დაუსჯელი უნდა დარჩეს თუ არა სკოლის დირექტორის ძალადობა? იქნება თუ არა ეს ერთაერთი ფაქტი ქუთაისის სამუსიკო-სკოლა ინტერნატში? არის თუ არა თუნდაც ერთი ბავშვის ცემა სხვა ბავშვების შებღალული უფლება? - ამის განსჯა თავად მკითხველისთვის და იმ უწყებებისთვის მიგვინდია, რომელთაგანც დუმილის მიუხედავად, ,,თავისუფლების ინსტიტუტი” რეაგირებას დღესაც ითხოვს და მომავალშიც მოითხოვს.

ნინო ღაჭავა
ჩვენში ისევე ილახება ბავშვთა უფლებები, როგორც ზრდასრული ადამიანების. სამწუხაროდ, მშობლებისგან განსხვავებით, ბავშვებს მეტწილად არ შესწევთ საკუთარი უფლებების დაცვის უნარი, ნათესავები კი ყოველთვის არ იყენებენ მათ უფლებებს.
ბექა ბიბილეიშვილი ქუთაისის სამუსიკო სკოლა-ინტერნატის მეოთხე კლასის მოსწავლეა. მას ერთი წლის წინ გარდაეცვალა დედა. მამა კი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რუსეთში იმყოფება სამუშაოდ. ბექა და მისი ძმა შალიკო ბიბილეიშვილი ბებიის, დოდო მარგველაშვილის მზრუნველობის ქვეშ დარჩნენ, რომელმაც მოხუცებულობის გამო ისინი სამუსიკო სკოლა-ინტერნატში მიაბარა. ინტერნატის დირექტორი ქალბატონი დოდოს ნაცნობი იყო და ბებიას იმედი ჰქონდა, რომ ბავშვები განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იქნებოდნენ, მაგრამ მოხდა საპირისპიროდ.
ბექამ, რომელიც ღამით სკოლა ინტერნატში რჩება პიანინოს კლავიშები გააფუჭა, რის გამოც სკოლაინტერნატის დირექტორმა, ამირან ხუჯაძემ ის მკაცრად დასაჯა. მან ბექა ისე სცემა, რომ ბავშვმა მსუბუქი ფორმის ტვინის შერყევა მიიღო. ცემის კვალი მას სახეზე კარგა ხანს ეტყობოდა. ბექას თქმით, ცემის დროს დირექტორი მას ეუბნებოდა: რამდენს დაგარტყამ, იმდენი მადლობა მითხარიო.
ბებიამ მომხდარის შესახებ შემთხვევით გაიგო, როცა ამ ინცინდენტიდან მესამე დღეს ბექას სანახავად მივიდა. ბუნებრივია, ბავშვის მდგომარეობით აღშფოთდა და ის სახლში წაიყვანა. ბექა სისუსტეს და მხედველობას უჩიოდა. პოლიკნინიკის ექიმმა მას ტვინის შერყევა დაუდგინა და შესაბამისი მკურნალობაც დაუნიშნა.
ბექას ცემის შესახებ სხვა ნათესავებმაც შეიტყვეს. მათსა და ინტერნეტის დირექტორს შორის პირველი შეხვედრა ხმაურითა და მუქარით წარიმართა, რომ საქმეში ქურდებს ჩართავდნენ. თუმცა, მოგვიანებით ბექას ნათესავებმა აღარ ისურვეს, ცემის შესახებ პრესისა და პოლიციისათვის ეცნობებინათ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვს დირექტორი უმკურნალებდა. ნათესავების ასეთი გადაწყვეტილება იმის შიშითაც იყო გამოწვეული, რომ ბექა ინტერნატიდან არ გაერიცხათ.
ამირან ხუჯაძემ პირობა შეასრულა და დაზარალებულს უმკურნალა. თავის მხრივ, პირობა არც ბიბილეიშვილის ნათესავებს გაუტეხიათ, რომლებმაც ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლის კახა ჟორჟოლიანისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას, საერთოდ უარყვეს ბავშვის ცემის ფაქი. ეს კი პოლიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოკვლევა დაესრულებინა. პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის შამილ რობაქიძის განმარტებით, ჟორჟოლიანმა თავად ბავშვი ინტერნატში ვერ იპოვა. ეს მაშინ, როცა, ექიმის მითითებით, ბექას წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული და ინტერნატში იმყოფებოდა.
პოლიცია აღნიშნული ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ,,თავისუფლების ინსტიტუტის” ქუთაისის წარმომადგენლობა ქუთაისის პოლიციის სამმართველოს არასრულწლოვანთა ინსპექტორს თინათინ ღელეყვანს დაუკავშირდა. მოგვიანებით ინფორმაცია გაზეთ ,,P.S.”-ში გამოქვეყნდა. ამ ფაქტით დაინტერესდნენ სხვა საინფორმაციო საშუალებებიც, მათ შორის ,,24 საათი”. ამდენად, სამუსიკოსკოლა ინტერნატის ,,არამუსიკალურ ამბებს” ქუთაისის განათლების განყოფილებამდე რომ არა, განათლების სამინისტრომდე მაინც უნდა მიეღწია. თუმცა, მომხდარს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამირან ხუჯაძე არა მარტო აგრძელებს დირექტორის თანამდებობაზე ,,მოღვაწეობას”, არამედ მთელი მონდომებითა და სხვადასხვა მეთოდებით ამტკიცებს საკუთარ ,,უდანაშაულობას” და სასამართლოთი იმუქრება.
გაზეთ ,,P.S.”-ის რედაქციაში ამირან ხუჯაძის მხარდასაჭერად ორმოცამდე მშობელი და მასწავლებელი მოვიდა. თუმცა, დირექტორიგან განსხვავებით, მათ ვერ უარყვეს ბექა ბიბილეიშვილის ცემის ფაქტი და მიუხედავად ამისა, გულმოდგინედ ამტკიცებენ, რომ ამირან ხუჯაძე კარგი დირექტორია. ისინი აღნიშნავენ, რომ ბავშვებს უყვართ თავიანთი დირექტორი და რომ ,,ასეთი წვრილმანის გამო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა არც ღირს, ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია.”
ამირან ხუჯაძე ყველაფერ ამის უკან სამუსიკო სკოლა-ინტერნატის ყოფილი პედაგოგის ნაზი მიმინოშვილის ხელს ხედავს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი სწორედ მისი პროვოცირებულია. ნაზი მიმინოშვილი უკვე წლებია, რაც ყოფილ დირექტორს ედავება, რადგან აცხადებს, რომ სწორედ ხუჯაძემ გახადა იძულებული, დაეტოვებინა სამსახური.
* * *
ბექა ბიბილეიშვილი ნამდვილად სცემა ამირან ხუჯაძემ. ამ ფაქტის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა ბექას დეიდისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. პირადად ვესაუბრე ცემის ფაქტით აღშფოთებულ ბექას ბებიას, ბიცოლას და სხვა ახლობლებს. თითქმის ყველა გარიგება, რომელიც ბიბილეიშვილის ახლობლებსა და სკოლის დირექტორს შორის შედგა, ჩემთვის ცნობილია. ჩემთან საერთო ენის გამონახვას ამირან ხუჯაძეც ცდილობდა. მიუხედავად ყველაფრისა, შეუძლია კი მას დამიმტკიცოს, რომ ბექა ბიბილეიშვილი მას ნამდვილად არ უცემია?!






