![]() |
თავისუფლება №11, 2002 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გოგობერაშვილი თეა , ტაბატაძე თამარ, ხაინდრავა ივლიანე, ზურაბიშვილი დავით, ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.geპ.დ. 1289/2002 © თავისუფლების ინსტიტუტი, რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 შეკრების თავისუფლებისათვის |
▲back to top |
მიტინგებით და დემონსტრაციებით საქმე არ კეთდება!
ყველა თუ ქუჩაში გავიდა, ვინღა იმუშავებს!
რა უნდა ქალს ქუჩაში?
მიტინგებმა დააქცია ეს ქვეყანა!
ქუჩის აქციები დესტაბილიზაციას უწყობს ხელს და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ტიპიური არგუმენტებისა, რაც ჩვეულებრივ გამოითქმება ხოლმე მიტინგებისა და დემონსტრაციების წინააღმდეგ. მსგავს გამონათქვამებს ხშირად ვისმენთ როგორც პირადი საუბრებისას, ისე, ოფიციალურ პირთა საჯარო განცხადებების მეშვეობით.
ლაპარაკია სწორედ მიტინგებისა და დემონსტრაციების, როგორც აზრის გამოხატვის ფორმის, მიუღებლობაზე. თითქოს ეს იყოს რაღაც იმთავითვე ხულიგნური, ან ამორალური, ან ნორმალური ადამიანისთვის არასაკადრისი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მიტინგებისა და დემონსტრაციების მიმართ ქართულ საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, ეს არის მორალისტური მიდგომა. საკითხი შემდეგნაირად ისმის: მიტინგები კარგია თუ ცუდი? და იქვე გაიცემა პასუხიც: რა თქმა უნდა ცუდი.
ასეთი მიდგომა პრინციპულად არასწორია. თავისთავად მიტინგი ან დემონსტრაცია შეუძლებელია, იყოს კარგი ან ცუდი, ისევე როგორც სტატიის დაწერა თუ საჯარო გამოსვლა. რომელიმე კონკრეტული აქცია შესაძლოა, ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, ვიღაცისთვის სრულიად მისაღები, აქ უნივერსალური კრიტერიუმი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
მორალისტური, არსებითად კი უარყოფითი დამოკიდებულება ზოგადად მიტინგებისა და დემონსტრაციების მიმართ, რამდენიმე მიზეზითაა გაპირობებული. საჯარო გამოსვლები ასოცირდება არეულობასთან, უწესრიგობასთან, ქაოტურ პროცესებთან, როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. რაც მთავარია, მიტინგები და დემონსტრაციები აღიქმება მხოლოდ დამანგრეველ, დესტრუქციულ ფენომენად და არა აზრის გამოხატვის ფორმად.
ასეთი აღქმა გარკვეულწილად ბუნებრივია. ნებისმიერი მიტინგი და დემონსტრაცია ნამდვილად შეიცავს დესტრუქციულ მუხტს. როგორც წესი, საჯარო აქციები რაიმეს პროტესტის ნიშნად იმართება და არა აღმშენებლობის მიზნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მძიმე სოციალეკონომიკური პრობლემებით გაწამებულ მოსახლეობაში ძლიერია ტოტალიტარული წარსულის ნოსტალგია, წარსულისა, რომელიც ასოცირდება წესრიგთან, დასაქმებასთან, ცხელ წყალთან და 24 საათიან ელექტროენერგიასთან. ამ ტოტალიტარული წესრიგის რღვევა საქართველოში კი სწორედ მიტინგებით და დემონსტრაციებით დაიწყო.
ამიტომ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა მხრიდან ხშირია ამ განწყობით მანიპულირება, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, მათი ლოგიკა პრაქტიკულად ერთ პუნქტამდე დადის: ,,ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა, თქვენ კი ჩუმად იყავით, თორემ დესტაბილიზაცია მოხდება!”
სწორედ ესაა ანტიმიტინგური პროპაგანდის მთავარი მიზეზი და, თუ გნებავთ, ერთ-ერთი არგუმენტიც იმის სასარგებლოდ, თუ რისთვისაა საჭირო მიტინგები და დემონსტრაციები.
თუკი მორალისტურ მიდგომას გავემიჯნებით და არ დავიწყებთ მკითხაობას მიტინგების ავ-კარგზე, ძალიან ადვილად დავინახავთ, რომ მიტინგები და დემონსტრაციები სხვა არაფერია, თუ არა აზრის გამოხატვის ფორმა, შესაძლოა, ხშირად რადიკალური, შესაძლოა, ზოგჯერ ბევრისთვის მიუღებელიც, მაგრამ მაინც აზრის გამოხატვის საშუალება და სხვა არაფერი. შეკრებების თავისუფლება ადამიანის უფლებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი განმტკიცებულია საერთაშორისო კონვენციებით და ხელშეკრულებებით. უფრო მეტიც, შეკრებების თავისუფლების გარეშე თავისუფალ საზოგადოებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
შეკრებების თავისუფლების პრინციპი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრაზა წინასწარი ნებართვის გარეშე. ყველას ხშირად გვსმენია ისეთი გამოთქმა, როგორიცაა ,,არასანქცირებული მიტინგი,” არადა საქართველოს კონსტიტუციით არანაირ მიტინგს არანაირი სანქცია არ ჭირდება. ,,არასანქცირებული მიტინგის” ცნებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს და გამომდინარე ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებიდან, არც უნდა იცნობდეს.
ზემოთ ტოტალიტარიზმის ნოსტალგია ვახსენეთ. ეს საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა, რადგან ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძველი სისტემა იყო კარგი. დღევანდელი სისტემის არაეფექტურობა, დღევანდელი უწესრიგობა იმით კი არაა გამოწვეული, რომ ,,დემოკრატია არ ვარგა,” არამედ იმით, რომ საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნების პროცესი, ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება არასაკმარისად ხორციელდება, უფრო სწორად, არც კი ხორციელდება.
1968 წელს, მოსკოვში, წითელ მოედანზე, სულ ოთხი ადამიანი გამოვიდა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლის პროტესტის ნიშნად. ტოტალიტარული სისტემის პირობებში ეს პრაქტიკულად თავის გაწირვას უდრიდა და მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ ასეთ ქმედებას აზრი არ ჰქონდა - სულერთია, მაინც დაგაპატიმრებდნენ და მოღალატედ გამოგაცხადებდნენ. მაშინაც იძახდნენ ,,რა უნდა ქალს ქუჩაშიო” და ამტკიცებდნენ, რომ ,,მიტინგებით საქმე არ კეთდება” მაგრამ ეს ფაქტი ეპიზოდად არ დარჩენილა. საბჭოური პროპაგანდის მცდელობის მიუხედავად, ის იმდენად გახმაურდა, რომ სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინა. რუსულ ენაში თავგანწირვის ტოლფასი მორალური პროტესტის აღმნიშვნელი გამოთქმაც კი გაჩნდა - Выйдти на площадь. სადღეისოდ ეს ეპიზოდი საერთოდ დისიდენტური მოძრაობის ათვლის წერტილად ითვლება, მაგრამ მთავარი სხვაა: საბჭოთა სისტემის მესვეურებს ძალიან კარგად ესმოდათ, თუ რაოდენ სახიფათოა მათთვის თავისუფლად ჩატარებული მიტინგი, რადგან თუ გინდა რომ ადამიანს წაართვა თავისუფლება, მას აუცილებლად უნდა წაართვა შეკრებების თავისუფლება.
საზოგადოდ, მიტინგებისა და დემონსტრაციების უმეტესობა, როგორც წესი, რომელიმე სახელისუფლო სტრუქტურის, ან კონკრეტული ხელისუფალის წინააღმდეგაა მიმართული. ისიც ცხადია, რომ ნებისმიერი ხელისუფალისთვის მის წინააღმდეგ მიმართული საჯარო აქცია ერთობ უსიამოვნო ფაქტია. ამიტომ ყველა ხელისუფლება (,,კარგი” იქნება ის, თუ ,,ცუდი”), თავისი ბუნებით მიდრეკილია შეკრებების თავისუფლების შეზღუდვისკენ.
ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია თავად საზოგადოების პოზიცია, ის, თუ რამდენად აცნობიერებს საზოგადოება შეკრებების თავისუფლების მნიშვნელობას. არცერთ ქვეყანას არ გადმოცემია შეკრებების თავისუფლება ისტორიულ მემკვიდრეობად, ეს არის დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული ღირებულება და დღეს მსოფლიოში სწორედ ის ქვეყნებია ყველაზე წარმატებული, იმ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე, იმ ქვეყნებში ხორციელდება რეალურად კანონის უზენაესობის პრინციპი, სადაც შეკრებების თავისუფლებაა.
![]() |
2 შეკრებები და მანიფესტაციები გზამკვლევი |
▲back to top |
საქართველოს კანონის მიხედვით შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ:
შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.
● ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
● კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
● ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი |
საქართველოს კანონის მიხედვით შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ იკრძალება:
● შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას ან ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ;
● მოწოდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ;
● ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ ან სოციალურ შუღლს;
● შერების ან მანიფესტაციის ჩატარება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საოლქო და რაიონული სასამართლოების, პროკურატურის, ოლიციის, სასჯელთაღსრულების ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე სამთავრებო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შენობებში; იკრძალება ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება. |
!!! შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
● იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები;
● ტრანსპორტის მოძრობისათვის განზრახ დაბრკოლების შექმნა.
|
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით იკრძალება წინასწარი ნებართვის მიღება, საქართველოს კანონი აწესებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორების მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულებას. გაფრთხილება არ არის საჭირო ცალკეული მოქალაქეებისათვის, თუ ისინი აპირებენ საჯაროდ თავისი შეხედულებების გამოხატვას, თუმცა, მათ უფლება არ აქვთ ამისათვის გამოიყენონ შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტის და ხალხის მოძრაობა.
თუ თქვენ გეგმავთ, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, საჭიროა, გააფრთხილოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. გაფრთხილება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
● შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი, დაწყების და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო ვინაობა;
● მარწმუნებლის ანუ შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი პოლიტიკური პარტიის, გაერთიანების, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის შესახებ ინფორმაცია;
● პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო. |
გაფრთხილებას თან უნდა ერთვოდეს რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. გაფრთხილებას ხელს უნდა აწერდნენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციის და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები.
გაფრთხილებას ასევე უნდა დაერთოს წერილობითი აღნიშვნა აქციის მსვლელობისას სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმის შესახებ.
გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებაზე პასუხიმგებელ პირთან ერთად განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და მიიღოს წერილობითი რეკომენდაცია თუ:
● შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ფორმა, ადგილი და დრო ემთხვევა სხვა შეკრებას ან მანიფესტაციას, რომლის შესახებაც გაფრთხილება უფრო ადრეა მიღებული;
● აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;
● აქცია იგეგმება რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ დაწესებულებაში: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საოლქო და რაიონული სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთაღსრულების ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე სამთავრებო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შენობებში. |
საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სათანადო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეკრებისა და მანიფესტაციების წინასწარი აკრძალვის უფლება ჩამოერთვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს უფლება სასამართლოს გადაეცა.
![]() |
3 რელიგიის თავისუფლება მსოფლიოში |
▲back to top |
მოამზადეს
თეა გოგობერაშვილმა და თამუნა ტაბატაძემ
წინასიტყვაობა
რელიგიის თავისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა წარმოჩენილი. ამ გამოკვლევის მიზანია, გაარკვიოს რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ახალი ათასწლეულის დასაწყისში. იგი აღწერს, აფასებს და რელიგიის თავისუფლების დონის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობაც მსოფლიო მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენს. გამოკვლევა აღწერს განსაკუთრებით უხეშ დარღვევებსა და ასევე წარმოაჩენს რეგიონების შემადგენლობას აღმსარებლობის მიხედვით. ქვეყნები დალაგებულია იერარქიულად, რელიგიის თავისუფლების კლების მიხედვით (1 ნომრიდან 7-მდე, იხ. ცხრილი 21-ე და 22-ე გვერდებზე).
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეფასებისას ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში არსებულ საერთო მდგომარეობაზე და არა, მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რადგანაც არსებობს განსაკუთრებული სიტუაციები. მაგალითად, სამოქალაქო ომის დროს რელიგიის თავისუფლება შეზღუდულია, მთავრობას კი არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ეს გამოკვლევა არ მოიცავს მხოლოდ მორწმუნეებს, იგი ეხება როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ ადამიანებს. ათეისტთა შევიწროება ისეთივე დანაშაულია, როგორც ამა თუ იმ რელიგიური დაჯგუფებების დევნა. საზოგადოდ, წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ადამიანის უფლებათა ნებისმიერ დარღვევას, ოღონდ განსაკუთრებით კონცენტრირებულია რელიგიურ პრობლემებზე.
რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა
1997 წლის ბოლოს ნიუ-იორკ ტაიმსის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ა. მ. როზენტალმა აღიარა: ,,მე მივხვდი, რომ 10 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებულ რეპორტაჟებში, ჩანაწერებსა თუ სტატიებში, არცთუ იშვიათად შევხებივარ ადამიანის პოლიტიკურ, იურიდიულ, სამოქალაქო თუ პრესის უფლებებს, მაგრამ ამ საკითხებიდან უმთავრესს - თითქმის არასოდეს. ეს არის რწმენისა და სინდისის უფლება.” როზენტალის მიერ აღნიშნული ტენდენცია დღემდე ფართოდაა გავრცელებული.
რწმენის თავისუფლებასა თუ დევნაში არ იგულისხმება ,,რელიგიური” პიროვნებების უფლებათა დარღვევა. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა აღიარეს ესა თუ ის რელიგია, მათი უფლებების დარღვევის მეტი წილი რელიგიის ფაქტორითაა განპირობებული. უფრო მეტიც, ჩვენ ვეხებით არა მორწმუნე ხალხის დევნას, არამედ დევნას, რომლის საფუძველიც თავად რელიგიაა, ანუ, როდესაც პიროვნების რელიგია მისი დევნის ან დისკრიმინაციის საბაბია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მოვიცავთ ისეთ სიტუაციებს, როგორიცაა რუანდაში თითქოს და ეთნიკურ საფუძველზე მომხდარი გენოციდი, რომლის ნამდვილი მიზეზი რელიგიური ნიადაგი გახლდათ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალზე ცოტაა ისეთი შემთხვევები, სადაც სარწმუნოება კონფლიქტის ერთადერთი ფაქტორია. ჩვეულებრივ, რელიგია აღრეულია ეთნიკურ, პოლიტიკურ, ტერიტორიულ და ეკონომიკურ სფეროებთან. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ რელიგიური დევნა, როდესაც ვსვამთ კითხვას - ექნებოდა თუ არა ადგილი ჩაგვრას და დისკრიმინაციას, თუ მხედველობაში არ მივიღებდით რელიგიურ მრწამსს?
რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება რელიგიურ თავისუფლებასა თუ მის დევნაზე: ადამიანთა ხოცვა ამ მიზეზით უფრო ცუდია, თუ სხვა საბაბით? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, მიზეზი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს, უხეშადაა უგულვებელყოფილი. იქ, სადაც ადამიანთა სხვა უფლებების დარღვევაზე თამამად საუბრობენ, რელიგიური პრობლემა მიჩქმალულია. არც ისე დიდი ხნის წინ, ამ საკითხს საერთოდ არავინ განიხილავდა, თუმცა იგი დიდ ყურადღებას მოითხოვს, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან.
რელიგიის უგულვებელყოფა
როდესაც ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა რელიგიის თავისუფლება და რელიგიის ნიადაგზე დევნა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი ის ფაქტია, რომ ადამიანთა ცხოვრებაში თავად რელიგიაა სხვა სფეროებთან შედარებით უგულვებელყოფილი. არსებითი მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, არის თუ არა ესა თუ ის პიროვნება რელიგიური, არამედ რამდენად ვაცნობიერებთ როგორც ემპირიულ ფაქტს, რომ რწმენა პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების მთავარი ელემენტია.
რელიგიის უგულვებელყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დასავლურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული ტენდენცია ე.წ. ,,ყოფითი ახლომხედველობაა”. ეს ტერმინი შესაძლოა დახასიათდეს როგორც - ,,კაცობრიობის ცხოვრებაში რელიგიის როლის აღქმის უუნარობა.” ამგვარი ,,ახლომხედველობა” განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ე. წ. პერიფერიულ მასმედიაში. პოლიტიკური ანალიტიკოსი ედვარდ ლუტვიკი მიიჩნევს, რომ ,,პოლიტიკოსები, დიპლომატები, ჟურნალისტები და მეცნიერები, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისას თუ რეალობის ასახვისას მუდმივად განიხილავენ ეკონომიკურ მიზეზობრიობას, სოციალურ დიფერენციაციასა და პოლიტიკურ საკითხებს, კვლავ გულგრილად ეპყრობიან რელიგიის როლს.
ამგვარ ,,ახლომხედველობას” შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ერთ-ერთი ასეთი სავალალო შედეგი იყო აშშ-ს მიერ აიათოლა ჰომეინის მიმდევრების შეხედულებებისა და ძალის იგნორირება. ლუტვიკი აღნიშნავს, რომ ცენტრალურ სადაზვერო სამსახურს (ცსს) მხოლოდ ერთხელ შესთავაზეს ამგვარი პრობლემების შესწავლა, ანუ ირანში ,,ყველაზე ცნობილი რელიგიური ლიდერების საქმიანობის გამოკვლევა” და ისიც მალე შეწყვიტეს, რადგანაც მოცემული საკითხი სოციოლოგიის საქმედ მიიჩნიეს. როცა შაჰის რეჟიმი ინგრეოდა, აშშ-ის პოლიტიკური ანალიტიკოსები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მათ სტანდარტულად, მიღებული წვრთნის შესაბამისად, გამოიკვლიეს ეკონომიკური ცვალებადობა, კლასობრივი სტრუქტურა, სამხედრო ძალა და დაასკვნეს, რომ სანამ ეს ძალები შაჰის გვერდით დგანან, მისი უსაფრთხოება გარანტირებულია. ამავე დროს, რა თქმა უნდა, იყვნენ მოლებიც, რომლებიც ისლამურ გრძნობებს აღვივებდნენ, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ტენდენციები მხოლოდ ფოლკლორულ მოგონებებში იყო შემორჩენილი, რომლებიც ,,მოდერნიზაციასთან” ერთად გაქრნენ და საერთო არაფერი ჰქონდათ პოლიტიკური ძალის რეალურ სტრუქტურასთან. იმავე პრობლემამ თავი იჩინა ვიეტნამში, სადაც კონფლიქტის ყოველი დემოგრაფიული, ეკონომიკური, ეთნიკური, სოციალური და სამხედრო ასპექტი დეტალური განხილვის მთავარ საკითხად იქცა, ხოლო ღრმა რელიგიური განხეთქილება, რომელიც სამხრეთ ვიეტნამს აწუხებდა, თითქმის არც კი აღნიშნულა. დაძაბულობა, დომინანტ კათოლიკურ უმცირესობასა და შევიწროებულ ბუდისტურ უმრავლესობას შორის, უხეშად იყო იგნორირებული მანამ, სანამ ბუდისტმა ბერებმა საბოლოოდ არ მიმართეს უკიდურეს ზომებს, ანუ საზოგადოებრივ პარკებში თვითლიკვიდაციას, რათა ამერიკელთა ყურადღება მიეპყროთ ამ არანაკლებ სავალალო პრობლემაზე.” ამგვარი პარალელები, თუმცა ნაკლებად მაშოკირებელი, შეგვიძლია გავავლოთ ბოსნიის, ლიბანის, ფილიპინების, ნიკარაგუას, ინდოეთის, ისრაელისა და პალესტინის, საუდის არაბეთისა თუ ინდონეზიის მაგალითებზეც.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მოხდა ჩინეთში 1999 წელს. უეცრად ბეიჯინგში დაიწყო ფალუნგ გონგის 10.000 კაციანი მოძრაობის ორგანიზებული ქმედებები. ამ შემთხვევით აღშფოთებულმა ჩინეთის ხელმძღვანელობამ მკაცრ ზომებს მიმართა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს დაჯგუფება 75 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლიდა. არადა, ამ ,,უმნიშვნელო” დაჯგუფების არსებობა არა მარტო მთავრობას, არამედ მასმედიასაც გამორჩა მხედველობიდან. საერთოდ, დასავლური მედია იგნორირებას უკეთებს ჩინეთის რელიგიას, როგორც ამ სახელმწიფოს სამომავლო პოლიტიკის მნიშვნელოვან ფაქტს. ეს უგულვებელყოფა ხშირად გამოიხატება არა კონკრეტული მიმდინარეობისა თუ შემთხვევის იგნორირებით, არამედ მათი სხვაგვარად გააზრებით.
ეს განსაკუთრებით ახასიათებთ ამერიკელებს, რომლებიც რელიგიას იაზრებენ ბუნდოვან, ყოვლისმომცველ ტერმინ ,,ეთნიკურში”. მაგალითად, გამოჩენილმა ყოფილმა დიპლომატმა ჩესტერ კროკერმა ჩაატარა შესანიშნავი ლექცია საგარეო პოლიტიკის კვლევით ინსტიტუტში საკითხზე ,,როგორ განვიხილოთ ეთნიკური კონფლიქტები”. ამ პიროვნებამაც კი ჩრდილოეთ ირლანდიისა და ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი ახსნა როგორც ,,ეთნიკური”, თუმცა, ინდოეთი და პაკისტანი მხოლოდ იმიტომ არიან სხვადასხვა ქვეყნები, რომ მათ განსხვავებული რელიგია აქვთ. ანალოგიური მიზეზის გამოა გაყოფილი ირლანდიაც.
ქვემოთმოყვანილი მოვლენები აღწერილია ჟურნალ ,,ეკონომისტში” (The Economist.. 25. 09. 1999). ჟურნალის მიერ შრი-ლანკაში 54 ბუდისტის გაჟლეტვა მოხსენიებულია, როგორც ,,პირველი ეთნიკური წმენდა”, ხოლო ნიგერიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ბრძოლა, როგორც ,,კულტურული” დაპირისპირება. გაზეთი ,,ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნი” 1999 წლის 14 ივლისის ნომერში გამოთქვამს შიშს, რომ ქაშმირში ინდოელთა გამარჯვებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს მუსულმანთა ,,ეთნიკურ წმენდამდე”. ასევე, ,,ნიუ რიფაბლიკ” უპირისპირდება სუდანელების კონფლიქტს ,,მრავალეთნიკური დემოკრატიით” - რაც დასავლური სამყაროს ოცნებაა. ამგვარი წარმოდგენები მომდინარეობს ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენათა აღწერის გავლენით, სადაც ომი მართლმადიდებელთა, კათოლიკეთა და მუსულმანთა შორის შაბლონურად ხასიათდება, როგორც ,,ეთნიკური”. ამ შემთხვევაში, სიტყვა ,,ეთნიკური წმენდა” გამოვიყენეთ იმისათვის, რომ აღგვეწერა მუსულმანთა ხოცვა.
ჩვენი პრესა თუ პოლიტიკური ანალიზი ხშირად დასავლური საგანმანათლებლო კულტურის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც აკანონებს ისეთ კატეგორიას, როგორიცაა ,,კაცობრიობის საერთო აზრი”, ანდა ,,კეთილგონიერი კაცობრიობის საერთო აზრი”, უკიდურეს შემთხვევაში, ლაპარაკია ამერიკელების საერთო აზრზე. ყველაფერი, რაც ოკეანეთა გაღმა ხდება, ასიმილირებულია დასავლურ კრიტერიუმებთან. აქედან გამომდინარე, ისლამური ან ინდუსური აქტივისტები მიჩნეულია, როგორც ,,მემარჯვენე” ძალები. მაგრამ როგორ განვსაზღვროთ ,,მემარჯვენეები” და ,,მემარცხენეები” იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა აიოდჰაიში შენდება ინდუსების ტაძარი მეჩეთის გვერდით, ან იერუსალიმში - ებრაელთა სალოცავი მუსლიმანური ტაძრის ფონზე? ვერცერთი კატეგორია ვერ დაადგენს, თუ რომელია მათ შორის მემარჯვენე და მემარცხენე. მათი მნიშვნელობა შეგვიძლია გავიაზროთ მხოლოდ ღრმად ჩამჯდარი რელიგიური კონტექსტის გაგებით და ამგვარი გაგება ორმაგად აუცილებელია, რადგანაც ერთ-ერთმა ასეთმა კრიტერიუმმა შესაძლოა, ომი გამოიწვიოს.
ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო ურთიერთდაკავშირებულია. სასურველია, თუ რელიგიას ეთნიკურობასთან არ გავაერთიანებთ, მაგრამ ის, რასაც ძალზედ ხშირად ვხვდებით მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ვალდებულებაა, რომელიც გვაიძულებს მოვიხსენიოთ რელიგია მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო ფენომენად, რომლის ახსნა შესაძლებელია, მაგრამ თავად არასოდეს გამოიყენება რაიმეს ასახსნელად.
რელიგიისადმი სერიოზული მიდგომა
თუ საერთაშორისო საქმეებში რელიგიას სერიოზულად მივუდგებით, მაშინ ჩვენ შევძლებთ, მოვიცვათ ადამიანის საქმიანობის უფრო ფართო სფეროები, მათ შორის ყველა სახის უფლებები და თავისუფლებები. დიდი ხნით ადრე, სანამ სამუელ ჰანტინგტონი შექმნიდა თავის მნიშვნელოვან ნაშრომს ,,ცივილიზაციების შეხლა”, თეოლოგებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოში მუდმივი შეიარაღებული კონფლიქტი ტრადიციული რელიგიების ზღვარზეა კონცენტრირებული. შუა აღმოსავლეთი, სამხრეთ საჰარა, ბალკანეთი, კავკასია, ცენტრალური და სამხრეთ აზია ის ტერიტორიებია, სადაც ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და ინდუიზმი ერთადაა თავმოყრილი. აქ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე ბევრი ომი მოხდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ სად იბრძვის ხალხი და არა იმას, თუ რატომ. ეს არ არის აშკარა რელიგიური ომები. მაგრამ, რადგან რელიგია აყალიბებს კულტურას, სხვადასხვა კულტურის ხალხებს აქვთ განსხვავებული ისტორიები და შეხედულებები კაცობრიობის ცხოვრებაზე, ამიტომ სრულიად შესაძლებელია მათ შორის დაპირისპირება ამ საფუძველზე. ეს კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზეა წარმოქმნილი და შედეგად განაპირობებს პოლიტიკურ არამდგრადობას.
ჩინეთის მთავრობა რელიგიას სერიოზულად უდგება; ეს მთავრობის მიერ რელიგიის რეპრესირების ერთ-ერთი მიზეზია. 1992 წელს ჩინეთის პრესაში აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ,,გარდაქმნაში ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა” და ,,თუ ჩინეთს არ სურს, იგივე განმეორდეს თავის მიწაზე, წინასწარ უნდა მიიღოს სათანადო ზომები”. ეკლესიის წინამძღვრები გადმოგვცემენ, რომ ახლანდელი მთავრობის სიმკაცრე განაპირობა შიშმა, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული რელიგიური მოვლენებითაა გამოწვეული. ჩინეთის მთავრობის დოკუმენტებიც კი ფაქტიურად ლახავენ დემოკრატიას. მათი მიზანია იმ ცვლილებების თავიდან აცილება, რომლებმაც თავი იჩინა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
საჭიროა, რომ დემოკრატიით დაინტერესებულმა ხალხმა მეტი ყურადღება მიაქციოს რელიგიას. მაგალითად, ჩინეთის გაბედული პროდემოკრატული აქტივისტები, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მიმდევრები საკმაოდ ცოტანი არიან. ამ დროს ნაკლებად თუ ვინმეს აღელვებს ჩინეთის დისიდენტური ეკლესიები, რომელთა წევრების რაოდენობა მოკრძალებული ანგარიშით 5 მილიონს ითვლის (აღარ არის ლაპარაკი ოფიციალურ ეკლესიებში 15 მლ წევრზე) და სწრაფად იზრდება.
რომ არაფერი ვთქვათ ბალკანეთის კონფლიქტებზე, თურქეთსა და ინდოეთში ისლამური პარტიების დაწინაურებისა და ფუნდამენტალური ისლამიზმის ზრდის მაგალითებზე, ქვემოთ ჩამოთვლილი რელიგიური ხასიათის ტენდენციებიც მნიშვნელოვან ყურადღებასა და განსჯას იმსახურებენ:
1. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში რელიგიური უმცირესობისადმი არატოლერანტულობის სწრაფი და საგანგაშო ზრდა.
2. ძალადობისა და ომის ნიმუში სუბსაჰარის საზღვრის გაყოლებაზე ნიგერიიდან ეთიოპიამდე. ეს გამოწვეულია ქრისტიანთა და მუსულმანთა გაყოფით.
3. ქრისტიანობის სწრაფი ზრდა კორეაში (დღესდღეობით შეადგენს მოსახლეობის 25%25), ჩინეთში (1980 წელს მილიონიდან მინიმუმ 65 მილიონამდე), ტაივანსა და ინდონეზიაში.
4. დაძაბულობა ნიგერიასა და ინდოეთში. ჩრდილოეთ და ცენტრალური ნიგერიის რეგიონში რელიგიური ძალადობა (აქ უკანასკნელ წლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა) და შესაძლო რელიგიური ომის შიში ფართოდაა გავრცელებული. ინდონეზიაში სარწმუნოებრივი უთანხმოების ზრდა წინა პლანზეა წამოწეული. მას ახლანდელი ანტიჩინური ძალადობისაგან განსხვავებული დინამიკა აქვს. ეს ძირის გამოთხრით ემუქრება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინტერრელიგიური ტოლერანტობისა და კოოპერაციის მაგალითს. ორივე შემთხვევა არასტაბილურობისა და ძალადობის გამომწვევია, რომელიც შესაძლოა, რელიგიურ ფარგლებსაც კი გასცდეს.
5. ქრისტიანთა ნაკადის მასობრივი მიგრაცია შუა აღმოსავლეთიდან, რომელთა რიცხვი მილიონს აღწევს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. 50 წლის წინათ დადგენილ 25 პროცენტთან შედარებით, დღესდღეობით პალესტინელების მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენენ ქრისტიანები. ასეთივე მასობრივმა გამოსვლებმა თავი იჩინეს ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანში, თურქეთსა და ერაყში.
6. მართლმადიდებლობის, როგორც გამაერთიანებელი სიმბოლოს, აღმოცენება რუსეთში, ბალკანეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ნაწილში.
7. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტებში რელიგიის მზარდი როლის ატომური იარაღით გამძაფრება.
8. ლათინურ ამერიკაში ქარიზმატული პროტესტანტიზმის სწრაფი ზრდა.
აქ სულაც არ მივანიშნებთ იმ აბსურდულ მოსაზრებაზე, რომ ცალკე აღებული რელიგია, სხვა კულტურული, ეთნიკური, ეკონომიკური თუ სტრატეგიული ელემენტების გარეშე, არის ერთადერთი და მთავარი ფაქტორი - საზოგადოება ხომ კომპლექსია. მაგრამ ამგვარივე აბსურდული ფაქტია პოლიტიკური წყობის განხილვისას სარწმუნოებრივი როლის უარყოფა. სისტემატურად თვალყური უნდა ვადევნოთ რელიგიას, როგორც მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ფაქტორს; არასანდოდ მივიჩნიოთ ანალიზები, რომლებიც უგულვებელყოფენ რელიგიის დინამიკას. ასევე ფუჭია დისკუსია ადამიანთა უფლებებზე, სადაც უარყოფილია რელიგიის თავისუფლება და მისი როლი ადამიანის უფლებებში ადამიანის უფლებების საფუძველზე, მოგვეთხოვება გავზარდოთ მზრუნველობა რელიგიის თავისუფლებისათვის. ეს არ არის ვიწრო (საეკლესიო) სფერო: ისტორიულად ეს ადამიანის უფლებებში პირველი თავისუფლებაა. ასეთ თავისუფლებას დემოკრატიის ზრდისათვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ცალკეულ პოლიტიკურ ქმედებებს. ადამიანის უფლებების/რელიგიის თავისუფლების პოლიტიკა ძალზედ რთულია, სხვა უფლებებისა და თავისუფლებებისგან განსხვავებით იგი შეიცავს დამატებით სირთულეებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი მისი გაუთვალისწინებლობისთვის.
რელიგიის თავისუფლების ბუნება და რელიგიური დევნა
ამ გამოკვლევის მიზანია ქვეყანათა კლასიფიკაცია რელიგიის თავისუფლების კუთხით, მათი შედარება, და გარკვევა, თუ რა მოვლენა იჩენს თავს ამა თუ იმ სიტუაციაში. ამგვარ კლასიფიკაციას ბევრი ეწინააღმდეგება.თუმცა, ფაქტია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ნორვეგია, რელიგიური აღმსარებლობის თვალსაზრისით გაცილებით თავისუფალი სახელმწიფოა, ვიდრე, მაგალითად სუდანი. თუ ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ დავტოვებთ,ჩვენს კვლევას აზრი არ ექნება.
ოპონენტებმა შესაძლოა აღნიშნონ, რომ ქვეყანათა კლასიფიკაცია საკმაოდ რთული საკითხია და შეცდომაში ადვილად შეიძლება შეგვიყვანოს. ეს, რასაკვირველია, მართალია. ამიტომ, თუკი უფრო დეტალურად განვიხილავთ საკითხს, უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ძირითადად ორი მეთოდოლოგიური პრობლემა: კლასიფიკაცია სტანდარტული კრიტერიუმების გამოყენებით და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კრიტერიუმები.
კრიტერიუმთა ნარკვევი შემუშავებულია შემდეგ მასალებზე დაყრდნობით: სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო შეთანხმება, გაერთიანებული ერების დეკლარაცია ,,რელიგიური დისკრიმინაციის აღმოფხვრა”, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია, ვილი ფოტრის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები. რელიგიის თავისუფლების კვლევა უფრო შეზღუდულია და მკვეთრად განსხვავდება ადამიანთა სხვა უფლებათა კვლევისაგან. მაგალითისათვის ავიღოთ პრესის თავისუფლება. ამ მხრივ შედარებით ადვილია მოქმედება, რადგანაც მისი შესწავლისას ფოკუსირება ხდება სპეციფიკურ ორგანიზაციებზე და შეფასებაც დაკვირვების შედეგად იკვეთება, მაგრამ პრესის თავისუფლებისაგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლებას არ შეუძლია ყურადღება შეაჩეროს კონკრეტულ ორგანიზაციასა თუ ინდივიდუალურ პიროვნებაზე. რელიგიის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებათა საკმაოდ ბევრ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, მის კომპეტენციაში შედის სპეციფიკური ორგანოების, რელიგიური ტაძრების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების და სხვა ორგანიზაციების თავისუფლება. ასევე ის მოიცავს ინდივიდუალური ლოცვის, თაყვანისცემის, ტრადიციული რელიგიური ჩაცმის სტილის, კვების თავისუფლებასა და საერთოდ, ადამიანის უფლებებს, რომლებიც ეხება საკუთრივ რელიგიურ ორგანოებს, ინდივიდებს თუ მოქმედებებს. მაგალითად, სარწმუნოების თავისუფალი განაცხადი სიტყვის თავისუფლების საკითხია, ანუ ჩვენ არა მხოლოდ ,,რელიგიურ უფლებებს” ვითვალისწინებთ, არამედ ადამიანის უფლებებსაც, ის თავისი შინაარსით ასახავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას. კარგად უნდა გვესმოდეს რელიგიური პრობლემების არსი. უთანასწორო მოპყრობა, მტრული, არაკეთილგანწყობილი რელიგიური დისკრიმინაცია საჭიროებს სპეციფიკურ ყურადღებას. არსებობს მრავალი სიტუაცია, სადაც ნათლად არ ჩანს არის თუ არა ესა თუ ის ქმედება რწმენის თავისუფლების შელახვა. გთავაზობთ ზოგიერთ მაგალითს ავტორისეული ანალიზით:
● ცენტრალურ ამერიკაში მოღვაწე მღვდელი მოკლეს მისი ნაშრომების გამო, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა. იგი თვლიდა, რომ ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია რელიგიისათვის. ეს შემთხვევა არ არის რელიგიური დევნის მაგალითი, იმიტომ რომ ანალოგიურ სიტუაციაში შესაძლოა აღმოჩენილიყო ნებისმიერი სხვა რწმენის ან საერთოდ, ურწმუნო ადამიანი (ეს უეჭველად ადამიანის უფლებათა დარღვევაა და არა რელიგიის თავისუფლების), თუმცა, თუ რომელიმე ეკლესიას ადამიანის უფლებათა სფეროში ასეთი სამოძღვრებო პოლიტიკა აქვს, მაშინ მათი ყოველი შეზღუდვა არის რელიგიის თავისუფლების დარღვევა.
● ქვეყანა კრძალავს მრავალცოლიანობას და მრავალქმრიანობას, თუმცა ზოგ ქვეყანაში ეს დაშვებულია. ასეთი აკრძალვა არ არის რელიგიის თავისუფლების დარღვევა, რადგან, როგორც ვიცით, არცერთი რელიგია არ ავალდებულებს ადამიანებს მრავალცოლიანობას ან მრავალქმრიანობას.
● ქვეყანას აქვს სახელმწიფო რელიგია ან მისი ექვივალენტი, მაგრამ სხვა მხრივ რელიგიის თავისუფლება ნებადართულია. ეს ყოველთვის რელიგიური დისკრიმინაციის და ამავე დროს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია. აფინანსებს კი სახელმწიფო სხვა რელიგიურ დაჯგუფებებს ისე, როგორც სახელმწიფო ეკლესიას? აქვს ამ სხვა დაჯგუფებებს სახელმწიფო ეკლესიისნაირი პრივილეგიები? (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტი არ უარყოფს სახელმწიფო რელიგიას).
● რელიგიური ჯგუფი ყოველთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სეპარატისტული წარმონაქმნია. ეს ძალზედ რთული საკითხია, რადგან სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, აღმოფხვრას ყოველგვარი დანაწევრება და დაყოფა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი აღიარებს ,,ადამიანის თვითგამორკვევის უფლებას”. ასეთი ჯგუფების შევიწროება რელიგიური უფლების დარღვევაა, თუ თვით ამ ჯგუფს აქვს რელიგიური ინდივიდუალობა ან იურიდიული გამართლება (მოტივი). თუ ისინი იყვნენ დაკნინებულნი, დისკრიმინირებულნი, ასეთ შემთხვევაში სეპარატისტული ჯგუფის შევიწროებაც კი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაა. ამ ფონზე ადამიანის ნებისმიერი უფლებათა დარღვევა რელიგიის თავისუფლების შელახვაა. მაშასადამე, თუ რელიგიურად დასაბუთებული, თუმცა სეპარატისტული ჯგუფები ტიბეტში და სამხრეთ სუდანში არიან შევიწროებულნი, მათირელიგიის თავისუფლება დარღვეულია.
● თუ რელიგიურად დასაბუთებული სეპარატისტული ან სხვა ჯგუფი ჩადის ძალადობრივ ქმედებებს, ამ შემთხვევაში გასარკვევია, ეს ძალადობა თავდაცვითაა განპირობებული თუ საქმე გვაქვს მოძალადე ტერორისტულ ჯგუფთან.
● ბევრ ქვეყანაში, კანონის უმრავლესობა (განსაკუთრებით ოჯახისა და ქორწინების შესახებ) დანაწილებულია აღმსარებლური ხაზის მიხედვით - სხვადასხვა ჯგუფისათვის დამახასითებელი ქორწინებისა თუ განქორწინების წესებით. ეს არ არის რელიგიის თავისუფლების დარღვევა, თუ ჯგუფებისადმი დამოკიდებულება თანასწორია. ადამიანებს შეუძლიათ, სურვილისამებრ გადავიდნენ ერთი რელიგიიდან მეორეზე ან დაქორწინდნენ განსხვავებული მრწამსის წარმომადგენლებზე.
● არის თუ არა რელიგიის თავისუფლების დარღვევა მისიონერთა და სხვა რელიგიურ დაჯგუფებათა თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვა? ეს დამოკიდებული არის იმაზე, ახდენს თუ არა ეს შეზღუდვები დისკრიმინაციას რელიგიებზე, ან აქვს თუ არა საპირისპირო ეფექტი შინაურ ჯგუფებზე, რომლებიც უარყოფილნი არიან ადექვატური, კვალიფიციური ხელმძღვანელობისაგან. მთავრობის გადაწყვეტილება, დააფინანსოს თუ არა ესა თუ ის რელიგიური დაჯგუფება, ასახავს ქვეყანაში არსებული რელიგიის თავისუფლების დონეს. თუ მთავრობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს ამა თუ იმ რელიგიური დაჯგუფების დაფინანსებას, საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთან. ბევრ მაგალითს შეუძლია ნათლად გვიჩვენოს რელიგიის თავისუფლების დონე ამა თუ იმ ქვეყანაში. ზემოთმოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ძირითადი მიმართულებები;
ცხრილი 1: რელიგიის თავისუფლება რეგიონთა მიხედვით
* = ,,თავისუფალი” ** = ,,ნაწ. თავისუფალი” *** = ,,შეზღუდული “
ცხრილი 2: რელიგიის თავისუფლება აღმსარებლობის მიხედვით
* = ,,თავისუფალი” ** = ,,ნაწ. თავისუფალი” *** = ,,შეზღუდული “
● არის თუ არა რელიგიური შეზღუდვები ,,კეთილგონივრული”? არის კი ეს შეზღუდვები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტის ენით რომ ვთქვათ, ,,კანონით დაწესებული ან საჭირო, რათა დაცულ იქნეს მოქალაქეთა უსაფრთხოება, წესრიგი, ჯანმრთელობა, მორალი ან ძირითადი უფლებები”?
● არის თუ არა დისკრიმინაცია, განსხვავებული მოპყრობა სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებების მიმართ?
● რელიგიის თავისუფლება შესაძლოა, დაირღვეს მთავრობის ან სხვა რელიგიური ჯგუფების მიერ მაშინაც კი, თუ ეს ქმედება არ იქნება რელიგიური ნიადაგით მოტივირებული. მოტივი, თავისი არსით, არ ნიშნავს ძირითად სადაო საკითხს. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და არა მოტივი. თუ მთავრობა ავიწროებს პოლიტიკურ პარტიებს, გაზეთებსა და სხვა ჯგუფებს, და ამ გზით ეკლესიებს, მეჩეთებს, ტაძრებს, ამ შემთხვევაშიც ადგილი გვაქვს რელიგიის თავისუფლების დარღვევასთან.
ასე რომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ფაქტი, რომელიც არის ,,პოლიტიკური”, ,,ეკონომიკური” თუ ,,კულტურული”, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის რელიგიური ან პირიქით. ბევრი რამ არის როგორც ,,პოლიტიკური,” ისე ,,რელიგიურიც”; მაგალითად: ევროპისა და ლათინურ ამერიკის ქვეყნებში ბევრი ,,ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიაა. ჩინეთი ათეიზმშია ჩაფლული, ირანი კი ოფიციალურად ისლამურია; ხშირად იგივე ურთიერთმიმართებაშია
ა) ,,კულტურული” და ,,რელიგიური”: ტიბეტში კულტურა და რელიგია ურთიერთდაკავშირებულია, ასევეა მექსიკასა და ინდოეთში;
ბ) ,,ეკონომიკური” და ,,რელიგიური”: სუდანში თვითგამოცხადებული ჯიჰადი ყველანაირად ცდილობს ნავთობსაბადოებსა და ჰიდროელექტროსადგურებზე კონტროლის ხელში ჩაგდებას. ჩიაფასში(მექსიკა) ადგილობრივი კასიკები პროტესტანტებს დევნიან, რადგანაც ისინი უარს ამბობენ გადაიხადონ გადასახადი იმ საქონელზე, რომელიც გამოიყენება მათ მიერ უარყოფილ რელიგიურ ცერემონიებში.
ფაქტიურად, კომუნისტური თუ რადიკალურ - ისლამური წყობის გარდა, შედარებით იშვიათია პიროვნების რეპრესირება თავისი რწმენის გამო, თუ ეს რწმენა გავლენას არ ახდენს, ან არ ვნებს ცხოვრების სხვა ასპექტებს. ხშირად სწორად ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას მივყავართ რელიგიურ დევნამდე. უფრო მეტიც, რელიგია მჭიდრო კავშირშია ცხოვრების სხვა ფაქტებთან. მას შემდეგ, რაც რელიგია მიიჩნიეს ზოგადად რწმენის ფუნდამენტად, ის ჩვეულებრივ სხვა ყველა ცხოვრების სფეროსთან დაკავშირებულად აღიქმება. ყველა რელიგია მსოფლიოში ხაზს უსვამს ამ ფაქტს.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინდივიდუალური ქმედებები, არამედ ამ სიტუაციაში არსებული რელიგიური ფონიც. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ სამხრეთ აფრიკის რასობრივი იზოლაციის პერიოდს. ამ კონფლიქტში ნელსონ მანდელა თავისი რასის გამო არ დააპატიმრეს, თუმცა, მას ტერორიზმში ადანაშაულებდნენ, მთავრობა კი, განურჩევლად რასისა, ტერორიზმში მხილებულ ნებისმიერ ადამიანს, აპატიმრებდა. ნამიბიასა და ანგოლაში სამხრეთ აფრიკის ჯარები რასობრივ საფუძველზე კი არ იბრძოდნენ, არამედ ამგვარი ფილტრაციის თავიდან ასაშორებლად. შეგვიძლია მოცემულ შემთხვევებში ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და არა რასობრივი? რა თქმა უნდა, არა, რადგანაც კარგად ვიცით, რომ ეს იყო აპარტეიდის პოლიტიკა და არათეთრკანიან ადამიანთა დევნა პოლიტიკური ცხოვრებიდან. სწორედ ამ ფაქტმა აამხედრა მთავრობის წინააღმდეგ როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი ოპონენტები. რასობრივი დაყოფა ფონად გასდევდა თითქმის ყოველ სამთავრობო პოლიტიკურ ქმედებას. შედეგად, ინდივიდუალური, არარასობრივად მოტივირებული ქმედებების აღქმა მოცემული სისტემის მიხედვით ხდებოდა. ასევე, ის ხალხი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს რელიგიურ ასპექტს, შესაძლოა, ადვილად შეავიწროონ რელიგიური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად.
1941 წელს ელინორ რუზველტმა და ვენდელ ვილკიმ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად შექმნეს თავისუფლების სახლი. ,,რელიგიის თავისუფლების
ცენტრი” - ეს არის თვითდაფინანსებული პროექტი თავისუფლების სახლში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით რელიგიის თავისუფლების გაზრდის ეროვნული კამპანიის ავანგარდში იმყოფება. იგი დაფუძნდა 1986 წელს და შექმნის დღიდანვე აქვეყნებს სტატიებს საზღვარგარეთ რელიგიურ დაჯგუფებათა და ინდივიდთა დევნის შესახებ, იცავს მათ ინტერესებს მედიაში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში. იგი ასპონსორებს საგამომძიებო მისიებს და აიძულებს ვაშინგტონს, იბრძოლოს რელიგიის თავისუფლებისათვის მთელ მსოფლიოში. ,,ცენტრი” არის წევრიორგანიზაცია, რომელიც უშვებს საინფორმაციო ბიულეტენებს ორ თვეში ერთხელ პრეს-რელიზებს რელიგიური დევნის შესახებ და სხვა პერიოდულ გამოცემებს.
![]() |
4 გვი-შვე-ლეთ! |
▲back to top |
ივლიანე ხაინდრავა
თავდაპირველად - მადლობა. დიდი და გულწრფელი მადლობა მთლიანად დასავლეთსა და კერძოდ - ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმ ჭეშმარიტად ფასდაუდებელი დახმარებისათვის, საქართველოს (და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს) რომ გაუწია. ვგულისხმობ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ, ინტელექტუალურ და ნებისმიერ სხვა სახის დახმარებას, რომელიც არ დაგვკლებია გასული წლების განმავლობაში. სხვების მაგივრად არაფერს ვიტყვი - საკუთარი სათქმელი თავად თქვან. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მოგახსენებთ: რომ არა ეს შემწეობა, საქართველო ძნელად თუ მოაღწევდა თავის დღევანდელ, თუნდაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მდგომარეობამდე. სავარაუდოა, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მოსახლეობის დანაკარგიც ოფიციალურად დაფიქსირებულ მილიონს (საერთო რაოდენობის 20 პროცენტი) მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა. მოკლედ რომ ვთქვა, დასავლეთმა არა მხოლოდ ბოლო მოუსწრაფა ბოროტების იმპერიას, არამედ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა მის ნამსხვრევებს ქვეშ მოყოლილი ერები. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კომუნისტური სისტემის დაშლის სისწრაფემ ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა როგორც სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ. არსებითად, გეგმაზომიერი დემონტაჟის ნაცვლად ჩვენ მოწმენი (და მონაწილენი) გავხდით ჯაჭვური რეაქციის სისწრაფის ნგრევისა. მზაობა ამგვარი კატაკლიზმის მიმართ - სხვადასხვა დონისა სხვადასხვა რეგიონსა თუ ქვეყანაში - საზოგადოდ მაინც არც თუ მაღალი აღმოჩნდა, ისევ და ისევ, როგორც საკუთრივ სისტემის შიგნით, ისე მის გარეთაც. ან კი როგორ უნდა დახვედროდა კაცობრიობა სრულ მზადყოფნაში მანამდე გაუგონარ და გამოუცდელ მოვლენას? გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე წარმოქმნილი ვითარება ხომ მართლაც უპრეცედენტო იყო და ახალ გლობალურ რეალიებში (სწორედაც გლობალურში, რადგანაც კომუნიზმის კრახს გამოძახილი მთელს დედამიწაზე მოჰყვა) სამოქმედო რეცეპტები ვერავის მოეპოვებოდა. ამგვარ პირობებში ბევრი რამ ინტუიციის კარნახითა თუ ფანტაზიის მოხმობით კეთდებოდა და გზადაგზა გადასინჯვასაც მოითხოვდა. ბუნებრივია, საქმის ამგვარად კეთებას ტაქტიკური თუ სტრატეგიული ხასიათის შეცდომებიც ახლდა თან. ეს შეცდომები როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ერებს, ისე მათი დემოკრატიული განვითარებისათვის ხელის შემწყობ დასავლეთს მოუვიდა.
თუკი დასავლეთის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება ჩვენში კორუფციის მძლავრ წყაროდ გადაიქცა, ამისათვის ჩვენს ანგარებიან ჩინოვნიკებს უნდა მოვკითხოთ და არა მათ გულგრილ დასავლელ კოლეგებს. თუკი რეფორმები კარგა ხანია გაიყინა, ხოლო ბიუჯეტის სეკვესტრი ჩვეულ მოვლენად გადაგვექცა, მიზეზი ამისა ჩვენი სახელისუფლო სისტემის მანკიერ მხარეებში უნდა ვეძიოთ და არა იმ დასავლელ ექსპერტთა და მრჩეველთა შეცდომებში, ვისაც ვერ მოსთხოვ ქართული სპეციფიკის გათავისებას. თუკი პარლამენტი თვალსა და ხელს შუა ნახევრადლეგალური ბიზნესმენებისა და სადეპუტატო ხელშეუხებლობის სხვა მაძიებელთა თავშესაფრად გადაგვექცა, ამაში ბრალი არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს კი არა - თავად ამომრჩევლებს მიგვიძღვის.
ამჟამად - ბერლინის კედლის დანგრევის 12 წლისთავზე, უკვე შესაძლებელია იმ ეტაპის შეფასება, რომელსაც გარდამავალს (transition) უწოდებენ ხოლმე. არა იმ გაგებით, თითქოს გადასვლა ტოტალიტარული კომუნისტური სისტემიდან დემოკრატიისაკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ საყოველთაო ტრიუმფით დასრულდა, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესის სიჩქარე და წარმატებულობა სხვადასხვა რეგიონსა თუ ქვეყანაში საკმარისად სტაბილური პარამეტრებით ხასიათდება უკვე და, შესაბამისად, საკმაო სიზუსტის პროგნოზირებასაც ექვემდებარება.1 ამგვარად, ის რეალიები, ჯერ კიდევ გუშინ ახლად რომ გვეჩვენებოდა, თითქოს შეუმჩნევლად გადაგვექცა ჩვეულ ვითარებად, ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ მსოფლიოში ახალმა რეალიებმა და ახალმა პრიორიტეტებმაც დაისადგურა.
იმავდროულად, ახალი პრიორიტეტების გაჩენა სულაც არ ნიშნავს ძველებზე უარის თქმას. უფრო პირიქით - საერთაშორისო ტერორიზმის რეალური თუ პოტენციური პლაცდარმების თანამიმდევრული შეკვეცის აუცილებლობა ლამის ავტომატურად გულისხმობს დემოკრატიის არეალის განვრცობა-განმტკიცებას. ამ გადასახედიდან დასავლური დახმარების ოპტიმიზაცია იმ ქვეყნებსა და რეგიონებს, რომლებიც ,,ჩაეფლენ” (რომ არ ვთქვათ - ,,ჩაფლავდნენ” ) გარდამავალ პერიოდში, შეანელეს ან სულაც შეაჩერეს დემოკრატიის განვითარება (ზოგან კი უკუმიმართულებითაც მიბობღავენ), უპირველესი მნიშვნელობის ამოცანად მესახება. ამ ამოცანის წარმატებით გადასაწყვეტად საჭიროა განვლილი წლების გამოცდილების კრიტიკული გააზრება.
ხაზგასმით აღვნიშნავ: ვიზიარებ რა თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც დასავლეთის მარგი ქმედების კოეფიციენტი სასურველზე დაბალი აღმოჩნდა, ხოლო დასავლელ გადასახადების გადამხდელთა ფული ყოველთვის გონივრულად როდი იხარჯებოდა, იმთავითვე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ მცდელობას ამ წერილის წაკითხვისა ,,ჩემი შენ გითხარიო” პრინციპიდან გამომდინარე. ჩვენ თავად მიგვიძღვის უპირველესად ბრალი ჩვენსავე უბედურებებში. თუკი დასავლეთის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება ჩვენში კორუფციის მძლავრ წყაროდ გადაიქცა, ამისათვის ჩვენს ანგარებიან ჩინოვნიკებს უნდა მოვკითხოთ და არა მათ გულგრილ დასავლელ კოლეგებს. თუკი რეფორმები კარგა ხანია გაიყინა, ხოლო ბიუჯეტის სეკვესტრი ჩვეულ მოვლენად გადაგვექცა, მიზეზი ამისა ჩვენი სახელისუფლო სისტემის მანკიერ მხარეებში უნდა ვეძიოთ და არა იმ დასავლელ ექსპერტთა და მრჩეველთა შეცდომებში, ვისაც ვერ მოსთხოვ ქართული სპეციფიკის გათავისებას. თუკი პარლამენტი თვალსა და ხელს შუა ნახევრადლეგალური ბიზნესმენებისა და სადეპუტატო ხელშეუხებლობის სხვა მაძიებელთა თავშესაფრად გადაგვექცა, ამაში ბრალი არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს კი არა - თავად ამომრჩევლებს მიგვიძღვის. იმ ამომრჩევლებს, რომელთაგან ზოგი ჩალის ფასად ჰყიდის თავის ხმას, ზოგი - იმთავითვე აუხდენელ დაპირებებს უჭერს მხარს, ხოლო დანარჩენი - არას აკეთებს საიმისოდ, რათა მიცემული ხმა დანიშნულებამდე მივიდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, დამნაშავენი ვართ ჩვენ - საქართველოს და არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქენი.
მაგრამ რაკი დასავლური ფული იხარჯება და კვლავაც დაიხარჯება (არც პატარა ეთქმის ამ ფულს), ბუნებრივია სურვილი, რომ მან მაქსიმალური შედეგი მოიტანოს და უზრუნველყოს დასახული მიზნების მიღწევა. დასავლელი ბიუროკრატების ამოცანა მაშინ რომ არ მიჩნეულიყო ამოწურულად, როცა ისინი აქეთკენ გამოამგზავრებენ ჰუმანიტარული ტვირთის მორიგ პარტიას, ან მორიგსავე ტრანშს გადმორიცხავენ აქაური რეციპიენტის ანგარიშზე, არამედ მათ კვების პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობისა თუ ფულადი დახმარების ადრესატამდე ჩაღწევის კონტროლიც დავალებოდათ, მაშინ, ვინიცობაა, ჩვენს ჩინოვნიკებსაც მამაძაღლობის ნაკლები შესაძლებლობა დარჩენოდათ. ზოგ უცხოელ ექსპერტსა და ინვესტორს უხვად რომ არ დაერიგებინა სიტყვიერი თუ ფულადი ავანსები ჩვენს ხელისუფალთა კეთილი თუ უკეთური ზრახვების საფასურად, არამედ ღიად ელაპარაკა ქართველ მაღალჩინოსანთა არაკომპეტენტურობისა და გამომძალველობის შესახებ, ეგებ რეფორმებიც ცარიელ, მაგრამ ქუხილისმაგვარ სიტყვად არ ქცეულიყო, რომელიც შიშის ზარს სცემს რიგით მოქალაქეს. ჩვენს ერთობ თავისებურ არჩევნებზე დამსწრე საერთაშორისო მეთვალყურეებს უკან გადადგმული ნაბიჯი წინ გადადგმულად რომ არ შეეფასებინათ, ხოლო დასავლელ ლიდერებს თავი რომ შეეკავებინათ ჩვენი რეგიონის ქვეყნების პრეზიდენტებისათვის ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებში მიღწეული ,,გამარჯვების” მილოცვისაგან, ეგებ პერსპექტივებიც ოდნავ უკეთესი გვქონოდა, ვიდრე დღესდღეობით გვაქვს... საბოლოო ანგარიშით კი ხარჯი დასავლეთს გაცილებით ნაკლები ექნებოდა, შედეგი კი - მეტი.
თომას ვეისი (Thomas Weiss) - პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ქალაქ იუიორკის უნივერსიტეტიდან ყურადღებას ამახვილებს ფენომენზე, რომელსაც იგი ,,დახმარების ბნელ მხარეს” უწოდებს. უცხოური დახმარება შეიძლება მოგვევლინოს არა ოდენ კორუფციის მკვეთრი ზრდის, არამედ პოლიტიკური ან სამხედრო კონფლიქტების მიზეზადაც კი (როცა სახელისუფლო და კრიმინალური დაჯგუფებები ცდილობენ ამ დახმარების განაწილებაზე კონტროლის მოპოვებას). შედეგად კი ქვეყნის პრობლემები არამც თუ არ გადაიჭრება, არამედ კიდევ უფრო მძიმდება; მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობასა და ვითარებას ეკონომიკაში კვლავინდებურად არ უდგას საშველი. ამრიგად, უცხოური დახმარება იქცევა ადგილობრივი ელიტების გამდიდრების, ხშირად კი - არაეფექტური ან დამნაშავეძალისათვის ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებად. უცხოური დახმარების უნიჭოდ გამოყენება მანკიერ წრეში მოაქცევს ხოლმე სახელმწიფოს - ქვეყანა მოკლებულია რეალურ ხელშეწყობას, იგი არ ესწრაფვის კრიზისის დამოუკიდებლად დაძლევას, სხვისი მოწყალების მოლოდინშია, ხოლო ყოველი შემდგომი ინექცია დატაცების საგანი ხდება კვლავ და კვლავ. ზოგი მონაცემი მოწმობს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის გაწეული დახმარება (10 წლის მანძილზე კი მხოლოდ აშშ-ის დახმარებამ 14 მილიარდი დოლარი შეადგინა) ,,გამოყენებულია” კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მათთან დაახლოებული კრიმინალური და ბიზნეს-ლიდერების მიერ. მსოფლიო ბანკის ეკონომისტებმა დევიდ დოლარმა (David Dollar) და ლანტ პრიჩეტმა (Lant Pritchett) გააანალიზეს მსოფლიოს 113 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რომელიც გაწეული საერთაშორისო დახმარებიდან გამომდინარეობს. დასკვნა სამწუხაროა: ცუდი მთავრობებისა და ღატაკთა შედარებით მცირერიცხოვანი ფენის მქონე სახელმწიფოები უფრო ხშირად სარგებლობენ დახმარებით, ვიდრე კარგი მთავრობებისა და ღატაკთა მრავალრიცხოვანი ფენის მქონე ქვეყნები2.
ამ თემაზე მსჯელობას აქ აღარ გავაგრძელებ; მსურს, შევეხო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი დასავლეთის კომპლექსური დახმარების მხოლოდ იმ ასპექტებს, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან.
ადამიანები
ვერაფრით გამიგია, თუ რა განაპირობებს ყოფილი (ხანდახან კი - არა მხოლოდ ყოფილი) კაგებეშნიკების, პარტიული და კომკავშირული ფუნქციონერებისა და აქტივისტებისადმი დასავლურ კეთილგანწყობას. ვერ გამიგია, თუ რაში მდგომარეობს ის მორალური ან პროფესიული უპირატესობა, რომელიც ენიჭება მათ, ვინც ტოტალიტარული სისტემის სადარაჯოზე იდგა, იმ ხალხთან შედარებით, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა ტოტალიტარიზმის მორყევასა და დანგრევას. საკმარისია წესიერი და პატიოსანი ადამიანების დამსმენებმა, დამჭერებმა, დამხვრეტებმა წაიკნავლონ, რომ, როგორც ახლა აღმოაჩინეს, ის სისტემა, რომელსაც ისინი ათწლეულობით თავგანწირვით (სხვისი თავის გაწირვით) მსახურობდნენ, მანკიერი ყოფილა, რომ ლამის გარანტირებულად ჩაიხუტავენ, მოევლებიან, ადგილს მიუჩენენ. ნუთუ აქ წმინდა წყლის (უფრო სწორად - ბინძური) ანგარიშია მხოლოდ და მხოლოდ: წესიერი და პატიოსანი კაცი, ვინც (საკუთარი!) სიცოცხლის გაწირვის ფასად იბრძოდა დასავლურ ღირებულებათა დასამკვიდრებლად, ისედაც არსად გაგვექცევა, ხოლო თითოეული ,,მობრუნებული” - შენაძენია და ნათელი დადასტურება ცხოვრების დასავლური წესის უპირატესობისა საბჭოურთან შედარებით? მერწმუნეთ, ბატონებო, არ ღირს ესოდენი ზრუნვა ,,მობრუნებულთა” თაობაზე. მათ ხომ კომპარტიის ფულიც შერჩათ, კომკავშირისაც, საბჭოური სპეცსამსახურების სახსრებისა და შესაძლებლობების რიგიანი ნაწილიც; კორპორატიული სოლიდარობაც სჩვევიათ - შორიდან სცნობენ ერთმანეთს. ეგენი არ დაიკარგებიან ამ ცხოვრებაში. სჯობს წესიერი ხალხი იკითხოთ. ის ხალხი, ვინც თავს არ გაბეზღებთ საკუთარი დამსახურებების დაფასების მოთხოვნით.
კარგად მესმის - რომ არა დასავლეთის დახმარება, ახალშობილ მესამე სექტორს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მრავალი ინტელექტუალი, რომელიც ,,ზედმეტი” აღმოჩნდა საკუთარ სამშობლოში, ძნელად თუ გადარჩებოდა ფიზიკურად და, მით უმეტეს, პროფესიულად. მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, ложка дёгтя может испортить бочку меда. დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რა ზემოქმედებას ახდენს საზოგადოების მორალზე ვითარება, როცა ,,უკვდავთა” კასტა ჯერ არხეინად ცხოვრობდა საბჭოთა სისტემის მეშვეობით, ხოლო ახლა აგრძელებს არხეინ ცხოვრებას დასავლეთის დახმარებით. ეს - რაც ,,ჩვენს” ხალხს შეეხება. ორიოდ სიტყვა ვთქვათ მათზეც, ვინც რკინის ფარდის მტვრად ქცევის შემდეგ ჩვენი ხშირი სტუმარი გამხდარა. ვგულისხმობ დასავლელ ექსპერტებს, რომელთა უმრავლესობა საკუთარი საქმის ჩინებული მცოდნე გამოდგა და დროსა და ენერგიას არ ზოგავდა ჩვენთვის დახმარების აღმოსაჩენად. მაგრამ ისეთი ექსპერტებიც ჩამოსულან, ვისაც მიახლოებითი წარმოდგენაც არ ჰქონია ქართულ სინამდვილეზე, სამაგიეროდ უშურველად გვიზიარებდა ამერიკაში შტატის ლეგისლატურაში საარჩევნო კამპანიის დაგეგმვისა და კანდიდატების მიერ ფინანსთა მოზიდვის უახლეს მეთოდოლოგიას, ან მრავალსაუკუნოვანი კასტური ტრადიციების მქონე ინდოეთის სოფლებში community-building სფეროში დაგროვილ უნიკალურ გამოცდილებას. შესაძლოა, ამგვარი ინფორმაცია წარმოადგენს კიდეც თეორიულ ინტერესს შესაბამისი სფეროების ქართველი სპეციალისტებისთვის, მაგრამ ფართო გაგებით მსგავს თემატიკაზე აგებული სემინარებისა და ტრენინგების სარგებლიანობა ნულს თუ უტოლდება. უფრო მეტიც - ინდური რეალიების ღრმა ცოდნა ქართული რეალიების შესახებ ელემენტარული ცოდნის გარეშე (თუნდაც იმისა, რომ ქართველები საკუთარ ენაზე წერენ და ლაპარაკობენ, რომელი ენაც დაახლოებით ისეთსავე მიმართებაშია რუსულთან, როგორშიც ჰინდია ინგლისურთან), ერთის მხრივ შეურაცხყოფდა სემინარის მონაწილეებს, ხოლო მეორე მხრივ ,,ექსპერტის” მიმართ ერთგვარად აგდებულ დამოკიდებულებას წარმოშობდა. ჯამში კი ასეთი განწყობა არც შემოთავაზებული ინფორმაციის ათვისებასა და არც უცხოელი ექსპერტების ავტორიტეტის ზრდას უწყობდა ხელს.
არჩევნები
უნდა ვაღიარო, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში გამართულ არჩევნებზე დამსწრე საერთაშორისო მეთვალყურეებმა ნებსით თუ უნებლიედ ოდენ უტიფრად გაყალბებული არჩევნების ლეგალიზებას შეუწყვეს ხელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში. ჯერ კიდევ 1997 წლისათვის დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ამერიკელმა პოლიტოლოგმა თომას ქეროზერსმა აღნიშნა: ,,დემოკრატიის უმნიშვნელო გამოცდილების მქონე ქვეყნებში, კერძოდ - აფრიკასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში გამართული არჩევნების მიმართ უცხოელი მეთვალყურეების დამოკიდებულება ხშირად ასე გამოიხატება: ,,აბა, სხვა რას უნდა ველოდოთ?”. დემოკრატიისათვის ბრძოლაში საწყის ეტაპზე მყოფი საზოგადოების შეგულიანებაზე წინასწარ განწყობას შედეგად მოჰყვება არსებული სერიოზული პრობლემების მიჩუმათება”.3
ორი წლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ირენა ლასოტა კიდევ უფრო კატეგორიული იყო: ,,ერთ-ერთი ყველაზე უაზრო წამოწყება გახლდათ მოუმზადებელ დასავლელ მეთვალყურეთა ბრიგადების გაგზავნა მათთვის უცნობ ქვეყნებში გამართულ არჩევნებზე. გაუწვრთნელი მეთვალყურეები შერატონის სასტუმროებში ატარებდნენ არჩევნების წინა საღამოს, დილით მიაშურებდნენ ხოლმე საარჩევნო უბნებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფალნი ხშირად მათ თვალწინ ტენიდნენ ყალბ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში, შემდეგ კი ბრუნდებოდნენ შერატონში, რათა განეცხადებინათ: ,,ნეტავი ჩემს ქვეყანაშიც ასე შესანიშნავად ტარდებოდეს არჩევნები”.4
ეს ზუსტი და სამართლიანი დაკვირვებანი, თუმცაღა, არ გაითვალისწინეს სადაც ჯერ არს. მოვლენები გაკვალული გზით განვითარდა, რასაც მოწმობს 1999 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამსწრე დამოუკიდებელი მეთვალყურე, ცნობილი ჩეხი საზოგადო მოღვაწე პეტრუშკა შუსტროვა: ,,მაშ რატომაა, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, თითქოს საქართველოში გამართული არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯია? ზოგი რამ განგვიმარტა მაიქლ ოქსმა, რომელმაც მრავალ არჩევნებს გაუწია მეთვალყურეობა ეუთო-ს ეგიდით. ჯერ კიდევ არჩევნებამდე მან გვითხრა, რომ ვითარება საქართველოში ყაზახეთისას სჯობს. იგი სავსებით მართალია, მაგრამ ვგონებ, რომ საქართველოში არჩევნების პატიოსნება და სამართლიანობა შესაფასებელია ოდენ პროცედურის საქართველოსავე კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა შევარდნაძის გამარჯვებას. ეს გასაგებიცაა, რადგანაც შევარდნაძის სწრაფვა ევროპისაკენ გაცილებით უკეთ ეხმიანება თანამედროვე მსოფლიოს, ვიდრე აბაშიძის ორიენტაცია რუსეთზე, რაც დამატებითი პრობლემების მომასწავებელია ისედაც დაულაგებელი რეგიონისათვის. მაგრამ რა ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს? იმ მოქალაქეებს, ვინც უშუალო მოწმე გახდა გაყალბებისა, ახლა კი მათ არწმუნებენ, თითქოს ,,ცალკეულ დარღვევებს” გავლენა არ მოუხდენია საბოლოო შედეგებზე? ბოლოს და ბოლოს დემოკრატია ქვეყანაში ყალიბდება არა შევარდნაძის ან რომელიმე სხვა თვალსაჩინო პოლიტიკოსის მიერ, არამედ საჯარო საქმეებში ხალხის მონაწილეობით. საქართველოს მრავალი მოქალაქე კი თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს ,,უმაღლესი პოლიტიკური ინტერესების” გულისათვის. და კიდევ ერთი, არც თუ უმნიშვნელო ფაქტი: ნებისმიერი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საქართველო - ღრმად კორუმპირებული ქვეყანაა, ხოლო საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ელიტის გამოცვლის გარეშე ძნელად თუ წარმოსადგენია სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ წინსვლა”.5 შედეგად კი ის განუკითხაობა მივიღეთ, რომელმაც 2000 წლის 9 აპრილის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და აზერბაიჯანში 2002 წლის 24 აგვისტოს რეფერენდუმზე დაისადგურა. თუმცა, უხერხულიც კია მომხდარს ,,არჩევნები” და ,,რეფერენდუმი” ვუწოდოთ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დასავლეთი იმგვარ აღტაცებაში მოჰყავს ამ ტერმინებით შემკულ მოვლენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომ ის აღარად დაგიდევთ მოქალაქეთა პოლიტიკური ნების უტიფარ უგულებელყოფას. ამგვარი მიდგომა, სხვა თუ არაფერი - შეურაცხმყოფელია; ჩვენ თითქოს ველურებად აღგვიქვავენ, რომელთა წიაღშიც თუნდაც არჩევნებისმაგვარი პროცესის გამართვა თავისთავად გამორჩეულ მიღწევად მიიჩნევა და უფრო ცივილიზებულ თანამოძმეთა ეიფორიას იწვევს. იმავდროულად: ,,საქართველოს რესპუბლიკაში 1990 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები თავისუფალი და პლურალისტული იყო, ხოლო არჩევნებში მონაწილეთა პროცენტმა 70-ს გადააჭარბა. ეს ყოველივე - მიუხედავად საბჭოთა კანონებისა, საბჭოთა ზეწოლისა, ადგილობრივი და უცხოური ფულის ნაკლებობისა. ამგვარად, პირველ არჩევნებს კომუნიზმისაგან თავის დამღწევ ქვეყნებში არც მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები დასჭირვებია, არც საგანგებო ინიციატივები ამომრჩეველთა განათლებაგათვითცნობიერების საქმეში. ამომრჩევლებმა იცოდნენ, რომ ხმა უნდა მიეცათ საკუთარი ცხოვრების შეცვლის სასარგებლოდ, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში ისიც იცოდნენ, თუ ვისთვის მიეცათ, ხოლო ვისთვის არ მიეცათ ხმა”.6
არალიბერალური დემოკრატიების შესახებ გახმაურებული წერილის ავტორმა ფარიდ ზაქარიამ არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა: ,,თუკი ქვეყანა არჩევნებს ატარებს, ვაშინგტონიცა და მთელი მსოფლიოც მზად არიან ითმინონ ნებისმიერი რამ მთავრობისაგან, რომელიც ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ასე მოხდა ელცინის, აკაევის, მენემის შემთხვევაში. იმიჯისა და სიმბოლოების ეპოქაში ხომ ესოდენ ადვილია არჩევნების ვიდეოფირზე აღბეჭდვა (აბა, როგორ უნდა აჩვენო ტელევიზიით კანონის უზენაესობა?). მაგრამ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება, განსაკუთრებით კი - ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის”.7
მაგრამ რა ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს? იმ მოქალაქეებს, ვინც უშუალო მოწმე გახდა გაყალბებისა, ახლა კი მათ არწმუნებენ, თითქოს ,,ცალკეულ დარღვევებს” გავლენა არ მოუხდენია საბოლოო შედეგებზე? ბოლოს და ბოლოს დემოკრატია ქვეყანაში ყალიბდება არა შევარდნაძის ან რომელიმე სხვა თვალსაჩინო პოლიტიკოსის მიერ, არამედ საჯარო საქმეებში ხალხის მონაწილეობით. საქართველოს მრავალი მოქალაქე კი თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს ,,უმაღლესი პოლიტიკური ინტერესების” გულისათვის.
ამ ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად გვაგრძნობინებენ ხოლმე საუბრებში, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - თუმც კი მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ სულაც არ გახლავთ დემოკრატიის განვითარების ერთადერთი განმსაზღვრელი პარამეტრი. მართლაც ასეა. ერთგვარი ,,მათემატიკური” ფორმულაც კი ჩამოყალიბდა ამის თაობაზე: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - დემოკრატიის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. მაგრამ აუცილებელი ხომ არის! ანუ, თუკი ეს პირობა დარღვეულია, მაშასადამე საუბარიც უნდა გვქონდეს დემოკრატიისაგან განსხვავებულ რომელიღაც სხვა მოვლენაზე. თუ რომელ მოვლენაზე კონკრეტულად - ეს სხვა საუბრის თემაა. აქ კი მხოლოდ იმას დავძენ, რომ დასავლეთის ზოგი ინსტიტუტის წაქეზებით, რომელთა დანიშნულებაა დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის - არჩევნებზე მეთვალყურეობისა და შესაბამისი პროცედურების მკაცრი და პირუთვნელი შეფასების გზით, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების ადექვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს, ზოგ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში აღმოცენდა რაღაცა ახალი და უცხო, რასაც დემოკრატია ნამდვილად ვერ დაერქმევა. მაგრამ მაშინ ისმის კითხვა იმდაგვარი დახმარების მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც შედეგად მოსდევს საქართველოს ჩამოქვეითება ,,ელექტორული დემოკრატიის” ქვეყნების თანრიგიდან (1997-99 წ.წ.) ,,პარაზიტული ავტორიტარული ქვეყნების” თანრიგში (2000-01 წ.წ.).8 ნუთუ ეს არის დასავლეთის სტრატეგიის არსი?
სტრატეგია
მართებულია, დასმული კითხვა ამგვარად ჩამოვაყალიბოთ: რაში მდგომარეობს დასავლეთის სტრატეგია? მიზანი დეკლარირებული და გასაგებია: პოსტტოტალიტარული ქვეყნებისათვის დახმარების გაწევა დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებაგანვითარების საქმეში. სტრატეგიას კი რაც შეეხება, აქ ვითარება უფრო რთულია. გააზრებული სტრატეგია თავისთავად გულისხმობს გრძელვადიანი პროგრამის არსებობას, გამოკვეთილი პრიორიტეტებითა და შუალედური მიზნებით.
ჭეშმარიტად არასამთავრობო ორგანიზაციები სამხრეთ კავკასიაში სრულად არიან დამოკიდებულნი დასავლელ სპონსორებზე; ადგილობრივი ფული სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებისათვის ჯერჯერობით არ მოიპოვება. როგორ უნდა დაგეგმონ მათ საკუთარი საქმიანობა, ვთქვათ, საგანმანათლებლო სფეროში, ან კონკრეტულ ჯგუფებთან გრძელვადიანი ურთიერთობა, თუკი სპონსორები, როგორც წესი, აფინანსებენ მხოლოდ მოკლევადიან პროექტებს? ან - სულაც ერთჯერად ღონისძიებებს, რომელთაგან ყველაზე ძვირადღირებული ხშირად იქცევა ხოლმე ასო9 -ტურიზმად სასიამოვნო დროსტარებით? ნიშანდობლივია, რომ თავად დასავლელ ორგანიზაციებს სწორედაც რომ აქვთ გრძელვადიანი პროექტები (რომელთა ავკარგიანობა სერიოზული განსჯის თემაა), ხოლო ადგილობრივ შემსრულებლებს - არა.
ცალკეულ დასავლურ ფონდებსა და ინსტიტუტებს შორის კოორდინირების აშკარა ნაკლებობის გათვალისწინებით, ხშირად ვხდებით მოწმენი არარაციონალური პარალელიზმისა, როცა ერთდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრაქტიკულად ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევა ისე, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს ამის შესახებ. ანუ - ერთმანეთის გამოცდილებისა (დადებითი თუ უარყოფითი) და საქმიანობის შედეგების გათვალისწინების გარეშე ისინი ხელახლა იგონებენ ველოსიპედს. სხვადასხვა ეგიდით ტარდება სემინარები და ტრენინგები, რომლებიც წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთურთს არა მხოლოდ თემატიკით (რაც ბუნებრივია), არამედ - მონაწილეთა შემადგენლობითაც. ასე მაგალითად, ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან წამოიწყო საქართველოში მუშაობა არსებითად იმავე პროგრამითა და ადამიანთა იმავე კატეგორიასთან, ვისთანაც წლების განმავლობაში უკვე იმუშავა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI).
სემინარების მუდმივ მონაწილეთა კატეგორიაც ხანდახან გაოცებას იწვევს. ჩეხოვს უთქვამს: დიდხანს რომ სცემო კურდღელს, ასანთის ანთებასაც კი ასწავლიო. შესაძლოა, ასეც არის. ოღონდ ვიდრე კურდღლებს მივადგებით, ეგებ აჯობებს, ასანთის ანთება ვასწავლოთ მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვისაც ეს ჩვევა მომავალ ცხოვრებაში გამოადგება. რამეთუ კაცმა არ იცის, რა ხეირია ასანთმომარჯვებული კურდღლისაგან, ხანძარს თუ გააჩენს… საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) კი, მაგალითად, საოცარი დაჟინებით ყოველწლიურად უტარებს ტრენინგებს აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. როგორც დაადასტურა 24 აგვისტოს რეფერენდუმმა, შედეგსაც სანაქებოს მიაღწია. მართალი გითხრათ, ისიც ვერ გამიგია, თუ რატომ არის საჭირო ამდენი წელი არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების არც თუ ყველაზე რთული ხელობის შესასწავლად (თუკი კანონის მიხედვით ჩატარებაზეა საუბარი). ბოლოს და ბოლოს ქვანტური ფიზიკა ხომ არ არის...
საბოლოოდ კიდევ ერთ მტკივნეულ თემას შევეხები. დასავლელმა ფონდებმა და დონორებმა მართლაც რომ დააშინეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები: საკმარისია გამხილოთ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში, გრანტების გარეშე დაგტოვებთო! არა და პარტიაც არის და პარტიაც. არ იქნებოდა მართებული იმ არასამთავრობოების მხარდაჭერა, ვინც კომუნისტებთან, ნაცისტებთან და სხვა ფუნდამენტალისტებთან თანამშრომლობს. მაგრამ დემოკრატიული მიმდინარეობის პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთიზოლირება მხოლოდ გულუბრყვილოდ უგუნური კი არა - მავნე სტრატეგიაცაა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აქტიური დემოკრატიული რესურსი შეზღუდულია დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფებით, ჭეშმარიტად არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი მედიით, ცალკეული ,,არაორგანიზებული” ინტელექტუალებით. საკუთარი სახსრები ათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ და ამ თვალსაზრისით ისინი წინასწარვე წამგებიან მდგომარეობაში იმყოფებიან კომპარტიისა და კომკავშირის ფულს დაუფლებულ საბჭოთა ნომენკლატურასა და კომკავშირელ აქტივისტებთან შედარებით. არც წარსულზე ორიენტირებულ ანტიდემოკრატიულ ძალებთან უადვილდებათ პაექრობა, რამეთუ ამ უკანასკნელთა უცხოელ მფარველებს სულაც არ მიაჩნიათ სათაკილოდ თანამოაზრეების მრავალმხრივი მხარდაჭერა.
სხვას ყველაფერს თავი რომც დავანებოთ, სამოქალაქო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართ ამგვარი მიდგომა ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას წააგავს ძალიან: NDI-ს უფლება აქვს, ასოცირებული იყოს ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან, IRI-ს - რესპუბლიკურთან, ხოლო რომელიმე ქართულ think-tank-ს რატომღაც არავითარ შემთხვევაში არ ეგების დემოკრატიულ დაჯგუფებაში თავმოყრილი თანამოაზრეების მხარდაჭერა. ხომ არ მუშაობს ამგვარი სტრატეგია დეკლარირებული მიზნის საწინააღმდეგოდ?
ოღონდ ვიდრე კურდღლებს მივადგებით, ეგებ აჯობებს, ასანთის ანთება ვასწავლოთ მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვისაც ეს ჩვევა მომავალ ცხოვრებაში გამოადგება. რამეთუ კაცმა არ იცის, რა ხეირია ასანთმომარჯვებული კურდღლისაგან, ხანძარს თუ გააჩენს…
* * *
კიდევ ერთხელ ვადასტურებ: ჩვენი მრავალრიცხოვანი პრობლემები უპირველეს ყოვლისა ჩვენივე მოსაგვარებელია. ოღონდაც დასავლურ დახმარებას (ან, ღმერთმა დაგვიფაროს, უმისობას) ნამდვილად ძალუძს, მნიშვნელოვანწილად განაპირობოს დემოკრატიული განვითარების წარმატება თუ წარუმატებლობა. და რაკი ეს დახმარება არის, იგი უნდა იყოს რაციონალური, სტაბილური და... მოურიდებელი. დიახ - მოურიდებელი! ისეთი, როგორიც იყო ხორვატიის, სლოვაკეთისა თუ სერბიის შემთხვევაში, სადაც ფართო სამოქალაქოპარტიულმა კოალიციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მათი ქვეყნების დემოკრატიისაკენ შემობრუნებაში. დემოკრატიის განმტკიცება და მისი გავრცელების არეალის გაფართოება - დასავლეთის პოლიტიკის დედაბოძია და
რიდი მეტოქისა, რომელიც, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, არ ერიდება არანაირ ხერხს, რათა თავისი გაიტანოს - ვერაფერი სტრატეგიაა. როცა ერების ბედი სასწორზეა შეგდებული, მათმა მოკავშირეებმა თუ კეთილისმყოფელებმა მიზნის მისაღწევად მკაფიო, გონივრულ, თანამიმდევრულ და გამჭვირვალე გეგმას უნდა მისდიონ.
_____________________
1. იხ. მაგ.Thomas Carothers ,,The End of the Transition Paradigm”, Journal of Democracy, 13.1 (2002) 5-21
2. Washington ProFile, 2002 წლის 10 ოქტომბერი №70 (204) www.washprofile.org
3. Thomas Carothers ,,The Observers Observed “, Journal of Democracy 8.3 (1997) 17-31 (აქ და შემდგომში - თარგმანი ავტორისაა)
4. Irena Lasota ,,Sometimes Less Is More”, Journal of Democracy 10.4 (1999) 125-128
5. საერთაშორისო სააგენტო STINA, ყოველკვირეული ელექტრონული ბიულეტენი №149, www.stina.hr
6. Irena Lasota ,,Sometimes Less Is More”, Journal of Democracy 10.4 (1999) 125-128 7 Fareed Zakaria ,,The Rise of Illiberal Democracy”, Foreign Affairs №6, November-December, 1997
8. Nations in Transit, 2001, Edited by A.Karatnycky, A.Motyl and A.Schnetzer, Freedom House
9. ასო - არასამთავრობო ორგანიზაციის ქართული აბრევიატურა
![]() |
5 კარის დარაჯი |
▲back to top |
დავით ზურაბიშვილი
შესვლა აკრძალულია, ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
შესავალი: დიადიდან სასაცილომდე
ყველა განვითარებული ქვეყანა თავის თვითკმაყოფილებაში ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა განვითარებადი ქვეყანათავისებურად უკმაყოფილოა საკუთარი ბედით.
ყველაფერი აირია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სანამ მთელი დასავლეთი გორბიმანიის ეიფორიაში იმყოფებოდა, პერესტროიკით ინექცირებული საბჭოეთი ისე გაიფცქვნა, ვითარცა კომბოსტოს თავი. არადა რა კარგად მიდიოდა ყველაფერი: სახაროვი გამოუშვეს, ჰონეკერი დაიჭირეს, პინოჩეტი გადადგა, სოლჟენიცინი დაბრუნდა, სტალინი დაიგმო, ბროდსკი დაიბეჭდა, ჩაუშესკუ დაამხეს, ჰაველი აირჩიეს... და ხარობდა სრულიად დასავლეთი: პარიზელი ახალგაზრდობა ტყირპიანი გენსეკის გამოსახულებიანი მაისურებით ბირჟაობდა, ბერლინის კედლის ნანგრევებზე როჯერ უოტერსის ,,კედელი” ჟღერდა, და იყო სპიჩთაცვეანა - ,,ახალი მსოფლიო წესრიგი,” ,,ახალი აზროვნება,” ,,ერთიანი ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე” და ა. შ... ეჰ, კარგი დრო იყო... რასაკვირველია მათთვის, ვისაც დიადი ილუზიების ფონზე სასაცილოდ არ ჰყოფნიდა რეგიონული მასშტაბის ნაციონალისტთა დინების აღმა ჭყუმპალაობა და სერიოზულად ჯეროდა, რომ ტოტალიტარული იმპერიიდან დემოკრატიულ თანამეგობრობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. საბჭოთა კავშირი კი მაინც დაინგრა და ახლა ვეღარ გაიგებ ვინ მტერია, ვინ მოყვარე. აღმოსავლეთ ევროპა კიდევ ჰო, აი, ამ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში კი ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. კაცი რომ დღეს დიდი რეფორმატორი გგონია, ხვალ ქურდი და მამაძაღლი აღმოჩნდება. თანაც (ბედი არ გინდა?) ყველა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციებია, კულტურა, რელიგია, და მხოლოდ ოფიციალური პირები გვანან ერთმანეთს თავიანთი სამგანზომილებიანი ორპირობით: ერთს ლაპარაკობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. რაც მთავარია, ყველა უკმაყოფილოა, რადგან ყველა თვლის, რომ დასავლეთი მათ არასაკმარისად ეხმარება.
მაინც რა განსაზღვრავს განვითარებული ქვეყნების პოლიტიკას ამ არეულ მონასტერში? რა არის ის ამოსავალი წერტილი, რაზედაც დაფუძნებულია სრულიად დასავლეთის პოლიტიკური აქტივობები ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში?
ითვლება, რომ პოლიტიკა სერიოზული საქმეა. შეიძლება ამიტომაც, პოლიტიკაზე ღრმააზროვანი მსჯელობის დროს, ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე მთავარი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მთავარი ძალიან მარტივია. მას ყველა იცნობს და ამიტომ არავინ ცნობს.
ეს ყველასთვის ნაცნობი უცნობი არის სრულიად უმართებულოდ მივიწყებული, მისი უდიდებულესობა ბიუროკრატია, სახელმწიფო ბიუროკრატიის ბუნება. ქვემოთ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ ბიუროკრატია არა მარტო განსაზღვრავს დასავლეთის პოლიტიკას განვითარებადი ქვეყნების მიმართ, არამედ, უფრო მეტიც, სწორედ იგი გვევლინება დასავლური პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად.
მარადისობის კანონი
ცნობილია, რომ ბიუროკრატია, როგორც ასეთი, არასდროს არ არის ორიენტირებული შედეგზე. ამის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა. გავიხსენოთ თუნდაც ცნობილი ბესტსელერები: ,,პარკინსონის კანონები” და ,,პიტერის პრინციპი.” საერთო აზრით, ბიუროკრატიის ერთადერთი მიზანია სისტემის (საკუთრივ ბიუროკრატიული სისტემის) შეუფერხებელი ფუნქციონირება. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა შედეგი მოაქვს კარგად მომუშავე ბიუროკრატიულ მექანიზმს, მთავარია მუშაობდეს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა შუაშია აქ პოლიტიკა?
სწორედ რომ შუაშია. უფრო სწორად, თავშია. ნებისმიერი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო, ანუ ბიუროკრატიული სტრუქტურების მიერ. სხვა მექანიზმი პოლიტიკის გატარებისთვის არ არსებობს. ყოველი ბიუროკრატიული სტრუქტურა, თავის მხრივ, მკაცრად სტრუქტურიზებულია სამმართველოებად, სექტორებად, განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად და ა. შ. სტრუქტურული რგოლები კი დაკომპლექტებულია შესაბამისი საკადრო პერსონალით. სხვანაირად პოლიტიკის განხორციელება არ ხდება. ბიუროკრატიის გარეშე პოლიტიკა ისეთივე მკვდარი არს, როგორც რწმენა თვინიერ საქმეთა. პოლიტიკის სული, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიაშია განსხეულებული.
ბიუროკრატია არ ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ის შემსრულებელია და არა დამკვეთი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების (ბიუროკრატიის) მიერ შესრულებული მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. ასე რომ, ბიუროკრატია არა მარტო შემსრულებელია, არამედ, გარკვეულწილად, დაკვეთის შემომქმედიც.
ბიუროკრატიის ფაქტორი სრულიად განსაკუთრებულ როლს თამაშობს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის ან არის გარკვეული, ისტორიული ურთიერთობები, ანუ არსებობს გარკვეული ტრადიცია (მაგალითად, ინგლისი და საფრანგეთი), ანდა ასეთ ურთიერთობებს მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს და პრაქტიკულად არავითარი ტრადიცია არ არსებობს (მაგალითად, პერუ და პაკისტანი). ეს ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში აუცილებლად არსებობს ურთიერთობის გამოცდილება შესაბამის ბიუროკრატიული სტრუქტურებს შორის (სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები სხვანაირად წარმოუდგენელია), მეორე შემთხვევაში კი ასეთი გამოცდილება არ არსებობს.
ახლა, წარმოიდგინეთ, X ქვეყანა, რომლის შესაბამის უწყებებში არცერთი სტრუქტურულ რგოლი არ მუშაობს Y ქვეყანაზე. როგორი იქნება X-ის პოლიტიკური აქტივობა Y სახელმწიფოში? პასუხი უმარტივესია: არავითარი! არ არის ბიუროკრატია - არ არის პოლიტიკა.
ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლა და მომავალშიც ასე იქნება. პოლიტიკისა და ბიუროკრატიის ურთიერთობას მუდმივი, შეიძლება ითქვას, მარადიული ხასიათი აქვს. და დასავლეთის პოლიტიკაც, გნებავთ განვითარებული, გნებავთ განვითარებადი ქვეყნების მიმართ, ამ მარადისობის კანონით წარიმართება.
ნაწილი და მთელი
როდესაც ლაპარაკია დასავლეთის დამოკიდებულებაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ, ბიუროკრატიის ფაქტორი რატომღაც ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება. არადა, სულ ტყუილად. ბევრ ქართველ, უკრაინელ თუ უზბეკ ინტელექტუალს გულწრფელად უკვირს, რომ ამ, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით აშკარად უმნიშვნელოვანეს წერტილებში რატომაა დასავლეთის პოლიტიკა ასეთი ინერტული? მართლაცდა, რას დააკლებს აშშ-ს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების უფრო მკაფიო და ხმამაღალი დაფიქსირება, ვთქვათ, საქართველოში? რა მოხდება, ვთქვათ, თუ იგივე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს? რა თქმა უნდა, არც არაფერი, ერთბაშად რუსეთმა ომი არ დაუწყოს! მაგრამ შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში შედარებითი სიფრთხილით მხოლოდ იმიტომ იქცევა, რომ იქაური ბიუროკრატია სულა რაღაც ათიოდ წელია, რაც ასეთ ქვეყანას იცნობს. მეორე მაგალითი: რატომაა საფრანგეთის პოლიტიკა ასეთი აქტიური გეოსტრაგეიულად აბსოლუტურად უმნიშვნელო ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და რატომ ,,არ ინძრევა” ცენტრალურ აზიაში? იმიტომ რომ ცენტრალურ აფრიკასთან მიმართებაში ფრანგული ბიუროკრატიული სტრუქტურები ასი წელია მუშაობენ, უზბეკეთთან კი საქმე არასდროს ჰქონიათ.
მოკლედ, თუკი ზემოთ ნახსენები ,,მარადისობის კანონიდან” ამოვალთ, აბსოლუტურად ცხადი გახდება, რომ დასავლეთის პოლიტიკა ამ მიმართებით ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს.
ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. მანამდე ისინი სსრკ ფარგლებში ე. წ. მოკავშირე რესპუბლიკებს წარმოადგენდნენ. ახლა დავსვათ კითხვა: დასავლეთის ქვეყნების რომელი უწყებრივი რგოლი მუშაობდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე იმაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარებულიყო ამ მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ?
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მაშინ (სსრკ დაშლამდე) საკითხის ამგვარად დასმაც კი გამორიცხული იქნებოდა. ერთგვარი გამონაკლისი იყო ბალტიისპირეთი, რამდენადაც ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს დასავლეთი არ ცნობდა სსრკ შემადგენლობაში. რაც შეეხება უკრაინას, საქართველოს, უზბეკეთს და სხვა რესპუბლიკებს, ისინი განიხილებოდნენ საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის ორგანულ ნაწილად. ამიტომ ცალკე აღებული პოლიტიკა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო. დასავლეთის პოლიტიკური აქტივობის ობიექტი იყო საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო და ამ კონტექსტში (მხოლოდ და მხოლოდ ამ კონტექსტში!) ყოველი მოკავშირე რესპუბლიკისადმი ისეთივე ინტერესები არსებობდა, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის ინტერესები აიოვას შტატის, ან რაინვესტფალიის მიწის მიმართ.
ამ პრინციპზე იყო აწყობილი შესაბამისი ბიუროკრატიული სტრუქტურებიც. არცერთი სტრუქტურული რგოლი არ მუშაობდა საკუთრივ საქართველოზე თუ მოლდოვაზე.. როდესაც საქმე გაქვს ადამიანთან, შესაძლებელია, გაინტერესებდეს მისი ფსიქოლოგია, მიდრეკილებები, ინტერსები და ა.შ..., მაგრამ სრული უაზრობაა იმსჯელო მისი მარცხენა ხელის ცერა თითის მენტალიტეტზე. სხეულის ნებისმიერინაწილი საინტერესო შეიძლება იყოს მხოლოდ ,,ფიზიკური” თვალსაზრისით. მაგალითად, იმით, თუ როგორ აისახება კბილის ტკივილი ან კოჭის მოტეხილობა შენთვის საინტერესო ადამიანის განწყობაზე... დასავლეთს საქმე საბჭოთა კავშირთან ჰქონდა, ამიტომ მისი სხეულის ნაწილების, მოკავშირე რესპუბლიკების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება ხდებოდა მხოლოდ ერთიანი ანტისაბჭოური (ანუ ანტირუსული) სტრატეგიის ფარგლებში.
სანამ საბჭოეთი საბჭოეთობდა, ასეთი ,,ფეხის კოჭის” როლში გამოდიოდა ყველა (მინუს ბალტიისპირეთი) მოკავშირე რესპუბლიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ნაკლებად აცნობიერებენ. პოსტსაბჭოელ პოლიტოლოგთა უმრავლესობა გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული გეგმის მიხედვით განხორციელდა, მაშინ, როცა არცერთი დასავლელი პოლიტოლოგი ასე არ ფიქრობს და, მით უმეტეს არ ლაპარაკობს. მიზეზი მარტივია: დასავლეთში ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი მსგავსი გეგმა არ
არსებობდა. პოსტსაბჭოელმა ანალიტიკოსებმა კი ეტყობა ჯერაც ვერ ამოიგდეს თავიდან ის პროპაგანდისტული კლიშე, როცა საბჭოთა კავშირისთვის ყველაფერი არასასურველი ,,ამერიკული იმპერიალიზმის ვერაგულ ხრიკებს” მიეწერებოდა.
უარყოფილი საძირკველი
(არალირიკული გადახვევა)
მცირე ხნით გადავუხვიოთ მთავარ თემას და ბიუროკრატიის ფაქტორის საილუსტრაციოდ უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ, თუ რამდენად შესაძლებელია საბჭოთა კავშირის კოლაფსი დასავლური სპეცსამსახურების გამიზნული სტრატეგიის შედეგი ყოფილიყო.
დავუშვათ, არსებობდა გეგმა საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე. ამ შემთხვევაში ,,ამერიკულ იმპერიალიზმს” აუცილებლად ექნებოდა სსრკ-ს დაშლის პერსპექტივაზე მომუშავე ბიუროკრატიული სტრუქტურები. სხვანაირად გამორიცხულია, რადგან მიზანი მოითხოვს საშუალებას. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს, რომ ყოველ მოკავშირე რესპუბლიკაზე უნდა ემუშავა სპეციალურ განყოფილებას, შეესწავლა მათი ისტორიულ-კულტურულეთნოფსიქოლოგიური სპეციფიკა, დაედგინა ცენტრიდანული ტენდენციების მასტიმულირებელი ფაქტორები და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები. გარდა ამისა, სისტემატურად უნდა განხორციელებულიყო დაგეგმილი პერსპექტივის მუსირება მასმედიაში, პროპაგანდისტული ძალისხმევა მიმართულიყო ნაციონალისტი ლიდერების და არა მარტო უფლებადამცველი დისიდენტების მხარდასაჭერად და ა. შ., და ა.შ... უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოდელირებული მოვლენათა შესაძლო განვითარება სსრკს დაშლის შემდგომი პერიოდისთვის და, ასევე, წინასწარ შერჩეული ყოფილიყო მხარდასაჭერი პოლიტიკური ლიდერები ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის... ვინც გაბედავს და იტყვის, რომ ამდაგვარი აქტივობების მსგავსი რამ მაინც ხორციელდებოდა, პირველი ქვაც იმან ისროლოს...
და რახან არ ხორციელდებოდა, მაშასადამე არც იყო. პირიქით, ლამის ქვებიც კი ღაღადებენ, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირს ერთიან და განუყოფელ მთელად მიიჩნევდა. მარტო ის ფაქტი, რომ 90-იანი წლების დასაწყისისთვის არ არსებობდა ქართული ენის მცოდნე არც ერთი დასავლელი პოლიტოლოგი (არათუ სახელმწიფო მოხელე), სრულიად საკმარისია იმისთვის, რათა შესაბამისი დასკვნა გამოიტანო. ლოგიკა აქაც უმარტივესია: თუ იყო საბჭოთა კავშირის დაშლის გეგმა, მაშასადამე რეალურად განიხილებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივა; თუკი ასეთი რამ განიხილებოდა, მაშასადამე იყო ხალხი, ვინც ამას განიხილავდა; თუ იყო ასეთი ხალხი, მაშასადამე ისინი სისტემატურად იღებდნენ სათანადო ინფორმაციას უშუალოდ საქართველოდან; თუკი იღებდნენ ინფორმაციას, მაშასადამე იყვნენ საკონტაქტო პირები და სპეციალური ექსპერტები, და თუ იყვნენ ასეთი პირები, იქნებოდნენ ისეთებიც, რომელთაც აუცილებლად ეცოდინებოდათ ქართული. არადა არ იცოდნენ, მაშასადამე არ იყვნენ, მაშასადამე არც გეგმა ყოფილა.
საბჭოთა კავშირის დაშლა სრული მოულოდნელობა გამოდგა დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის. ამგვარ პერსპექტივაზე იქ მხოლოდ მრავალ სოვეტოლოგთაგან თითო-ოროლა თუ მსჯელობდა და მათი განაზრებებიც თეორიას არ გაცილებია. ფაქტია, რომ როცა საბჭოეთი უკვე აგონიაში იყო, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ პერესტროიკის ბურანით ბოლდებოდა. მათ არ ეგონათ პერესტროიზირებული საბჭოეთი ასე თვალსა და ხელს შუა თუ შემოეკოლაფსებოდათ. და როცა ფაქტის წინაშე დადგნენ, კიდევ დიდხანს ვერ აცნობიერებდნენ მომხდარი ფაქტის მნიშვნელობას. ისინი ჯიუტად აგრძელებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ერთ მთლიანობად აღქმას და ალალად მოუწოდებდნენ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს, მოეგვარებინათ ურთიერთობა დემოკრატიის გზაზე დამდგარ რუსეთთან. თბილისში 9 აპრილის ტრაგედიიის შემდეგ გორბაჩოვმა ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღო მშვიდობის ნობელის პრემია. ჯორჯ ბუში უფროსიც სრულიად გულწრფელი იყო, როდესაც 1990 წელს უკრაინელებს მოუწოდებდა არც ეოცნებათ დამოუკიდებლობაზე და თავი დაენებებინათ დინების აღმა ცურვისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ სწორედ მშენებლების გადაგდებული ქვა აღმოჩნდა ახალი პოლიტიკური რეალობის საძირკველი.
ახალი ღვინო ძველ ტიკებში: ახალი მსოფლიო, ძველი ბიუროკრატია
დასავლეთის პერესტროული და, პირველი ხანების პოსტპერესტროული პრორუსულობა, ჩვენებური ლიბერალები გულუბრყვილოდ რომ მიიჩნევდნენ შესაბამისი სპეცსამსახურების ღრმად კონსპირირებულ ანტირუსულ სტრატეგიად, ბიუროკრატიის ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად აიხსნება.
საქმე ის გახლავთ, რომ პერესტროიკის პოლიტიკა პრაქტიკულად სხვა არაფერი იყო, თუ არა დასავლეთის დეკლარირებული პრეტენზიების დაკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს რას მოითხოვდა დასავლეთი საბჭოთა კავშირისგან? სულ ორ რაღაცას: ერთის მხრივ, ,,რევოლუციის ექსპორტზე” უარის თქმას, ანუ მემარცხენე რადიკალური რეჟიმებისა დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას, და, მეორეს მხრივ, დემოკრატიზაციას, ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გადაწყობას დასავლურ-ლიბერალურ სტანდარტებზე. დასავლეთის ქვეყნების შესაბამისი ბიუროკრატიული სტრუქტურების სამუშაო მექანიზმი მთლიანად ამ ორ ფუნდამენტურ ორიენტირზე იყო აწყობილი. გორბაჩოვის ადმინისტრაციის პოლიტიკური ინიციატივები კი პირდაპირ ,,ჯდებოდა” დასავლეთის ბიუროკრატიის სამუშაო სქემებში - გერმანიის გაერთიანება, ვარშავის ბლოკის ლიკვიდაცია, დისიდენტების განთავისუფლება, ებრაელების თავისუფალი ემიგრაცია ისრაელში, დასავლური კაპიტალისთვის გზის გახსნა და ა. შ...
ეს იყო ის ამოცანები, რაზედაც მრავალრიცხოვან ოფისებში ასეულათასობით ადამიანი მუშაობდა: ადგენდა ანგარიშებს, აღრიცხავდა და ახარისხებდა. ამ თემებს ეძღვნებოდა რადიო და ტელეგადაცემები, ეწყობოდა საქმიანი შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები, იბეჭდებოდა ღია მოწოდებები და გასაიდუმლოებული ბარათები. და ასე გრძელდებოდა ათწლეულობით. იცვლებოდნენ თაობები, გროვდებოდა გამოცდილება, ყალიბდებოდა ტრადიციები, და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახებოდა და თავს იყრიდა ქაღალდებში - წიგნებში, ბროშურებში, ჟურნალ-გაზეთებში, მოხსენებებში, ანგარიშებში, ინსტრუქციებში, ცირკულარებში, და ცნობარებში. მერე მთელი ეს ქაღალდები თავსდებოდა არქივებში, დახარისხებულ- ჩაწიკწიკებული თავისი ბეჭედბლანკებით... და ამ ქაღალდების მოცულობა სულ მატულობდა. შესაბამისად, მატულობდა საქმე, მატულობდა დასაქმებულთა რიცხვი. იყო წარმატებებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ ორიენტირები უცვლელი რჩებოდა.
და უცებ მოდის გორბაჩოვი და იწყება დასავლეთის უმთავრესი პრეტენზიების დაკმაყოფილება. ზღაპარი რეალობად იქცევა და კეთილი ჯინი სახელად გორბი, ყველა თხოვნას მართლაც ჯადოსნური სისწრაფით ასრულებს: გერმანიის გაერთიანება? კი ბატონო! ავღანეთიდან ჯარების გაყვანა? ახლავე გავიყვანთ! ვარშავის ბლოკი დავშალოთ? დავშლით, აბა რას ვიზამთ! დისიდენტები გავათავისუფლოთ? ამ წუთში გავუშვებთ! და ა. შ., და ა. შ.
ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ,,სინამდვილეში” რას აპირებდა გორბაჩოვი და რამდენადშეესაბამებოდა მისი პოლიტიკური აქტივობები მისივე განზრახულობებს. მთავარი სხვაა: გამოდიოდა ისე, რომ დასავლეთის ბიუროკრატიული სტრუქტურების მუშაობა იყო არნახულად წარმატული. ბუნებრივია, ეს ვითარება აისახებოდა იმ ანგარიშებში, რომელთაც დასავლეთის ბიუროკრატიული სტრუქტურები ამზადებდნენ თავიანთი პოლიტიკური ლიდერებისთვის. აქედან გამომდინარე, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა შეუძლებელია არ ყოფილიყო პერესტროიკით მოხიბლული.
და უცებ ხდება აგვისტოს ცნობილი პუტჩი და საბჭოთა კავშირი თხუთმეტ სახელმწიფოდ იშლება. იქმნება სრულიად ახალი რეალობა, რომლისთვისაც დასავლური ბიუროკრატია აბსოლუტურად მოუმზადებელია: არ არსებობს არანაირი სამსახური, რომლის ფუნქციებიც ითვალისწინებდეს რაიმე აქტივობას იმ შემთხვევაში, როცა საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდებიან. აქედან გამომდინარე, დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს არ გააჩნიათ არანაირი ინსტიტუციონალური დასაყრდენი ახალ რეალიებში გასარკვევად. ამგვარი ინსტიტუციები სახელდახელოდ, პრაქტიკულად, ცარიელ ადგილზე იქმნება. და რა კადრებით უნდა შევსებულიყო ეს ახალი ინსტიტუციები? რასაკვირველია, აქ დასაქმდებოდა (და ასეც მოხდა) ის ხალხი, ვინც ადრე მუშაობდა საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის განხრით.
ეს არ იყო უბრალო, მექანიკური გადაადგილებები, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ლაპარაკია ასეულათასობით ადამიანზე, ძირითადად საშუალო და წვრილი რანგის მოხელეებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიას ყოველთვის რუსეთის ტერიტორიად აღიქვამდნენ. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ (და არც შეიძლება ჰქონოდათ), თუ რით განსხვავდება საქართველო ყირგიზეთისგან ან მოლდოვა ბელორუსიისგან. ის მოვლენები, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარდებოდა ახალ რეალიებზე მომუშავე ძველი ბიუროკრატიული კადრებისთვის უცხო და გაუგებარი იყო, მაგრამ ბიუროკრატიას პრინციპულად არ შეუძლია აღიაროს საკუთარი არაკომპეტენტურობა. ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან არაკომპეტენტურობის აღიარება ნიშნავს, რომ სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს და იგი უნდა შეიცვალოს.
როგორ უნდა ემუშავა ფორმით ახალ და შინაარსით ძველ ბიუროკრატიას ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში? პასუხი ერთია: ისე, როგორც მანამდე. სხვანაირად მუშაობა ამ ხალხმა უბრალოდ არ იცოდა. ამიტომაც მათი ყურადღების ცენტრში კვლავ ,,დემოკრატიზირებული რუსეთი” რჩებოდა. მხოლოდ ,,კარგი გორბი” შეიცვალა ,,კარგ ბორისით.” ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრეტენზიები და მოთხოვნილებები კი განიხილებოდა პრაქტიკულად ერთადერთი კუთხით: რამდენად სასარგებლო ან საზიანო იყო ეს რუსულელცინური დემოკრატიისთვის. მოკლედ პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავ აღიქმებოდა ერთიან რუსულ ორგანიზმად, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი ამ ერთიანი სხეულის კოორდინაციამოშლილ ნაწილებად. სრულებითაც არ იყო შემთხვევითი, რომ 1992 წელს ბარსელონაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ამ სახელმწიფოებს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მონაწილეობის უფლება არ დართო და ისინი დსთ-ს ეგიდით გამოვიდნენ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. საერთოდ, ბიუროკრატია მდგრადი სისტემაა და სწრაფ ტრანსფორმირებას არ ექვემდებარება. დასავლური ბიუროკრატია უცებ ვერ გადაეწყობოდა მუშაობის ერთი რეჟიმიდან მეორე, კარდინალურად განსხვავებულ რეჟიმზე. ბოლომდე გადაწყობილი არც ახლაც არ არის და მაშინ მით უმეტეს! ამიტომ პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ ხანებში დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, რომელთა წარმატებები საგარეო პოლიტიკაში დიდწილად იყო გაპირობებული პერესტროიკის ზღაპრული პერიოდით, ლამის უფრო პრორუსულები იყვნენ, ვიდრე თვითონ რუსები.
ბედის ირონია, ანუ გაამოთ!
მართლაც ბედის ირონიად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ვერ მოახერხა დაშლილი იმპერიის ერთგვარი რეინტეგრაცია, იყო ზუსტად ის, რაც განაპირობებდა დასავლეთის პრორუსულობას - ბიუროკრატიის ფაქტორი. საბჭოურრუსული სახელმწიფო ბიუროკრატია ტრადიციულად ანტიდასავლური ორიენტაციის გახლდათ. დასავლეთი იყო მტერი ¹ 1 და თუკი პერესტროიკის პოლიტიკამ დასავლური ბიუროკრატიის მუშაობა არნახულად წარმატებული გახადა, რუსული ბიუროკრატია სრული კრახის წინაშე აღმოჩნდა. დასავლეთის ბიუროკრატიისთვის ორიენტირი იყო ბერლინის კედლის დანგრევა და ვარშავის ბლოკის დაშლა, რუსული ბიუროკრატია კი პირიქით, კედლის გამაგრებასა და ბლოკის გაძლიერებაზე მუშაობდა. ამიტომ ის, რასაც გორბაჩოვი და მისი გუნდი აკეთებდა, არცერთ სამუშაო სქემაში არ ჯდებოდა. პერესტროიკის პოლიტიკამ ფაქტობრივად დაანგრია საბჭოთა კავშირის ინსტიტუციონალური ბაზისი, რასაც ბუნებრივად მოჰყვა საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევა.
პოსტპერესტროულ პერიოდს რუსეთი პრაქტიკულად ფუნქციამოშლილი ბიუროკრატიით შეხვდა. აწყობილი ბიუროკრატიის გარეშე კი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა მთლიანად ვოლუნტარისტულ და ირაციონალურ ხასიათს იღებს. რუსეთმა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარება, რომ მას უბრალოდ არ გააჩნდა მკაფიოდ გამოკვეთილი, მიზანმიმართული სტარტეგია არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში. და იმიტომაც არ გააჩნდა, რომ ელემენტარულად არ ფუნქციონირებდნენ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები, სადაც ამგვარი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება მოხდებოდა.
ეს იყო მთავარი მიზეზი, თორემ პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლებას ,,დემოკრატიული რუსეთის” სახელით მაშინ არც არაფერი უშლიდა ხელს. დასავლეთი, როგორც უკვე ვთქვით, ამ სივრცეს ჯერ კიდევ რუსულ პრიზმაში ჭვრეტდა, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები კი სახელმწიფოებრიობის ფორმირების სადებიუტო ეტაპზე იმყოფებოდნენ. მათ არ გააჩნდათ არც დამოუკიდებელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, არც ახალი სტატუსის შესატყვისი ინსტიტუციური სტრუქტურები, სათანადო გამოცდილებით. მმართველ კლასს კვლავ ძველი კომუნისტური ნომენკლატურა წარმოადგენდა, რომელიც მთლიანად პრორუსულპროსაბჭოთა მენტალიტეტის გახლდათ და მუდამ მზად იყო ,,დაკარგულ სამოთხეში” დასაბრუნებლად. რუსეთს თავისუფლად შეეძლო წმინდა ეკონომიკური ბერკეტებით, ელემენტარულად უკან შეესყიდა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, ხოლო სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები გამოეყენებინა რამდენიმე სტრატეგიული ამოცანის უზრუნველსაყოფად: ვთქვათ, დსთ-ს ფარგლებში დემოკრატიის სახელით ერთიანი სამანეთო ზონის, ერთიანი საზღვრების და ერთიანი თავდაცვის სისტემის დაფიქსირებისთვის. ამის წინააღმდეგ არც დასავლეთი წავიდოდა და არც ახალ სახელმწიფოთა მმართველი ელიტა, მაგრამ მაშინ რუსეთი უფრო საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ უხეში სამხედრო გამოხტომებით მოქმედებდა, ისიც არათანმიმდევრულად და გააზრებული სტრატეგიის გარეშე.
ამასობაში კი დრო გავიდა. დასავლურმა ბიუროკრატიამ გარკვეული გამოცდილება დააგროვა ახალ რეალობასთან ადაპტირების პროცესში. რაღაც გამოცდილება დააგროვეს ახალმა სახელმწიფოებმაც, რაც მათ ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებაშიც აისახა. რუსულმა ბიუროკრატიამ კი რეალურად მხოლოდ ახლა, პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას - ურთიერთობებს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის. ქაღალდი, მეტი ქაღალდი!
როდესაც საქართველოში ამერიკის საელჩო გაიხსნა, მის პერსონალში იყვნენ რუსული ენის მცოდნეები, მაგრამ ქართული არავინ იცოდა. დღეისათვის ამერიკის საელჩოს რამდენიმე წარმომადგენელმა უკვე სპეციალურად შეისწავლა ქართული ენა და ეს არ მომხდარა ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამო. უბრალოდ ამერიკული ბიუროკრატიის კაბინეტებში საქართველო დაფიქსირდა, როგორც სახელმწიფო. დასავლური ბიუროკრატია უკვე აღარ განიხილავს ბალტიისპირეთგამოკლებულ პოსტსაბჭოთა სივრცეს ერთიან რუსულ ორგანიზმად, თუმცა, ჯერ ვერც თორმეტ დამოუკიდებელ ორგანიზმად აღიქვამს.
პირველი შოკის შემდეგ მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცის ოთხ რეგიონად დახარისხება: რუსეთი, განაპირა აღმოსავლეთ ევროპა (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა), სამხრეთ კავკასია (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ცენტრალური აზია (ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი). რასაკვირველია, ესეც გამარტივებული აღქმაა და არც მთლად მართებული. ძნელია სერიოზულად ილაპარაკო, მაგალითად, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ან უზბეკეთისა და ტაჯიკეთის საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე, მაგრამ ბიუროკრატია მუდამ მიდრეკილია გამარტივებისკენ: რახან აღარ გამოდის ერთი, ჯობია იყოს ოთხი, ვიდრე თორმეტი. ერთიდან ოთხამდე დათვლას წლები დაჭირდა და სანამ თორმეტამდე დაითვლიან, კიდევ არაერთი წელი ჩაივლის.
ახლა დავსვათ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის უაღრესად აქტუალური კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დასავლეთის ინტერესები ამ ქვეყნების მიმართ გაიზარდოს და უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს?
აშშ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ბიუროკრატიის ბუნების საილუსტრაციოდ ხშირად მოჰყავდა ერთი შემთხვევა: როდესაც ჯარში ვმსახურობდი, მოგვივიდა ბრძანება არქივში გადაცემული დოკუმენტაციის ერთი ნაწილის განადგურებაზე. სულ ცოტა ხანში კი მეორე ბრძანება მოვიდა - სანამ გაანადგურებთ, მანამდე თითოეული დოკუმენტის ასლი გადაიღეთო.
ეს ანეგდოტი უაღრესად საგულისხმო მინიშნებას შეიცავს. ბიუროკრატია ყველაფერს ქაღალდზე აფიქსირებს: ყოველივე აღინუსხება, აღინიშნება და აღიწერება. ეს ნიშნავს, რომ რაც მეტია ერთი სახელმწიფოს ინტერესი მეორე სახელმწიფოს მიმართ, მით მეტია ინფორმაციის ნაკადი, და, შესაბამისად, მით მეტი ქაღალდი გროვდება ამ თემაზე. მაგრამ ასევე შეგვიძლია პირიქითაც ვთქვათ: რაც მეტი ქაღალდია დაგროვილი ერთ სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოზე, მით მეტია ინტერესი. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ,,რკინის წესი,” რომლის გამონაკლისი არ არსებობს.
აქედან გამომდინარე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს დასავლეთის ინტერესების გასაღვივებლად სულ უმარტივესი რამ ჭირდებათ: მათ უნდა უზრუნველყონ დასავლეთის ბიუროკრატიული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით დატვირთვა. აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა იმდენად ინფორმაციის შინაარსს, არამედ რაოდენობას. ყოველი ასეთი ინფორმაცია აუცილებლად აისახება ქაღალდზე და შეინახება რომელიმე თაროზე. რაც მეტი იქნება ქაღალდი, მით მეტი იქნება ადგილს დაიჭერს იგი თაროებზე, შესაბამისად, დადგება მომენტი, როცა საჭირო გახდება ამ ქაღალდებით დაკავებული საკადრო პერსონალის გაზრდა, შესაბამისად მოიმატებს იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ქაღალდებში დაფიქსირებულ სახელმწიფოზე მუშაობს, შესაბამისად გაძლიერდება ურთიერთობების ინტენსივობის ხარისხი ამ სახელმწიფოსთან, და, როგორც ლოგიკური შედეგი, აუცილებლად გაიზრდება ინტერესი ამავე სახელმწიფოს მიმართ!..
საკითხის ამგვარად დასმა შეიძლება ვინმეს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სახუმარო. ქაღალდებში განსხეულებული ინფორმაციის სიხშირე უზრუნველყოფს ურთიერთობების სიხშირეს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გარკვეული ტრადიციის, გარკვეული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ურთიერთობათა ტრადიცია კი, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, დიდწილად განსაზღვრავს ამ ურთიერთობის ხასიათს.
საგულისხმო მაგალითი: დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით მეტად საყვედურობენ, ვიდრე, მოლდოვეთს, უზბეკეთს ან სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ადამიანის სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა. მიზეზი აქაც იგივეა: საქართველოში რეალურად ფუნქციონირებენ დამოუკიდებელი და გავლენიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ უკვე რამდენიმე წელია, რაც მუდმივი კონტაქტი აქვთ დასავლურ სტრუქტურებთან. შესაბამისად, უფლებადაცვით სფეროში საქართველოზე გაცილებით მეტი ქაღალდია დაგროვილი, ვიდრე ვთქვათ, თურქმენეთზე, სადაც უფლებადაცვითი ორგანიზაციები საერთოდ არ არსებობენ. რაც მეტია ქვეყანაში უფლებადაცვითი ჯგუფები, მით მეტი დარღვევის ფაქტი აღირიცხება, შესაბამისად, მეტი ინფორმაცია გაედინება საზღვარგარეთ და, შესაბამისად, გროვდება მეტი ქაღალდი...
დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკური აქტივობების ინსტიტუციონალური საფუძველი დასავლური ბიუროკრატიაა. ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგაც. რა გეოსტრატეგიული პრიორიტეტების გადასინჯვაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი შესაბამისი ბიუროკრატიული სტრუქტურების მეშვეობით განხორციელდება, ბიუროკრატიას საბოლოო ჯამში ყველაფერი ქაღალდებამდე დაჰყავს.
თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ თვით ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პოლიტიკურ კურსს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდეს. სწორედ რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს!
ავიღოთ იგივე საქართველო. ლიბერალური რეფორმები ეკონომიკასა და პოლიტიკაში უზრუნველყოფს დასავლური ინვესტიციებისა და დასავლური ინსტიტუციების ზრდას. შესაბამისად იზრდენა ურთიერთობათა ინტენსივობა, შესაბამისად იზრდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, და, როგორც ლოგიკური შედეგი, იზრდება ქაღალდების რაოდენობა, აქედან გამომდინარე შედეგებით (იხ. ზემოთ). თავის დროზე საქართველო სწორედ რეფორმების ტემპით გამოირჩა დანარჩენი პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რაც სათანადო ანგარიშებში (ქაღალდებში) აისახა და დასავლეთის ინტერესიც ამ ქვეყნოს მიმართ გაიზარდა. ხოლო თუ დღეს საქართველოში კვლავ გაგრძელდება ლიბერალური რეფორმების ბლოკირების დღევანდელი კურსი, ეს გამოიწვევს დასავლური ინვესტიციების და ინსტიტუციების გადინებას. იკლებს ურთიერთობათა ინტენსივობა, დაიხურება პროგრამები, შესაბამისად იკლებს ქაღალდების რაოდენობა, აქედან გამომდინარე შედეგებით (იხ. ზემოთ კიდევ ერთხელ).
ბოლოთქმა: სანამ დარაჯი კარს დაკეტავს.
ის, რაც ითქვა საქართველოს მაგალითზე, შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც. ასე, რომ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შემდგომი ბედი მთლიანად მათ ხელშია. ყველაზე დიდი შეცდომა, ამ ქვეყნებში მოქმედი პროდასავლური ძალების მხრიდან იქნება მოლოდინი იმისა, რომ ინიციატივა დასავლეთიდან წამოვა. ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, თუ რაღაც 11 სექტემბრის მაგვარი მოვლენა არ მოხდა, თუმცა, ასეთ საგანგებო შემთხვევაშიც პრიორიტეტთა გადათამაშებას გარკვეული დრო დაჭირდება და ძველის ინერცია კიდევ კარგა ხანს გასტანს.
არაფერი ისე ადექვატურად არ წარმოსახავს დასავლეთის დამოკიდებულებას ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, და, საერთოდ, განვითარებადი ქვეყნების მიმართ, როგორც დარაჯი კანონის კართან - ძლევამოსილი ბიუროკრატიის სიმბოლო ფრანც კაფკას რომანიდან ,,პროცესი.” დასავლური ბიუროკრატია, ეს არის დასავლეთის კარის დარაჯი. მისი ფუნქციაა, ამ კარში უცხო არავინ შეუშვას. თუკი ვინმეს სურს შესვლა და ამისთვის დარაჯის ნებართვას ელოდება, ასეთ ნებართვას ის ისევე ვერ მიიღებს, როგორც კანონის კართან მოლოდინში ჩამომხმარი კაფკასეული პერსონაჟი, მაგრამ თუ შესვლის მსურველი ნებართვას კი არ დაელოდება, არამედ თვითონ გააღებს კარს, დარაჯი მას შეუშვებს.
დღეს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები მართლაც კაფკასეული პერსონაჟივით ყურყუტებენ დასავლეთის კარიბჭესთან და უცდიან როდის მოიღებს მათ თავზე მოწყალებას კარის დარაჯი - დასავლური სახელმწიფო ინსტიტუციების ეს პერსონიფიცირებული სუბიექტი. ამაოა მათი ლოდინი. დასავლეთის აქტივობა შეიძლება იყოს მხოლოდ საპასუხო და არა საინიციატივო. ბიუროკრატია და ინიციატივა ურთიერთგამომრიცხავი კატეგორიებია და თუ გავიზიარებთ იმ აზრს, რომ დასავლეთის პოლიტიკა ეფუძნება დასავლურ ბიუროკრატიას (რაც ნამდვილად ასეა), მაშინ პირველ ნაბიჯს დასავლეთიდან არასდროს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ბიუროკრატია ასევე არაფერს არ ტოვებს რეაგირების გარეშე, ამიტომ საპასუხო სვლა ყოველთვის გაკეთდება.
ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ რეალური შანსი - კაფკას იმდედგაცრუებული პერსინაჟისგან განსხვავებით შევიდნენ იმ კარში, რომელსაც მრისხანე დარაჯი იცავს. და პირველ რიგში სწორედ ლიბერალური რეფორმების ფორსირებული და თანმიმდევრული კურსი შეიძლება იყოს ის ინიციატივა, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობათა ინტენსივობის ზრდას, შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის მოცულობის ზრდას და ა. შ. და ა. შ.. (იხ. ზემოთ, უკანასკნელად).
და ბოლოს, რასაც გულწრფელად ვურჩევდი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც ასევე გულწრფელად სურთ შეაღონ დასავლეთის კარი და იმედით შესციცინებენ თვალებში მის დარაჯს, არის ერთი: გადაიკითხეთ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ. კაფკასეული პერსონაჟისგამ განსხვავებით შეიძლება ისიც ვერასდროს შეიტყონ, რომ ეს შესასვლელი სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი.
![]() |
6 ,,აკრძალული”, ,,არ შეიძლება”, ,,არ დაიშვას”… |
▲back to top |
კონსტიტუციის წინააღმდეგ და საკონსტიტუციოს სახელით
შეკრებების თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-11 მუხლითაა აღიარებული. საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებული კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, მოგვიანებით კი კანონში შეტანილი შესწორებები, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ფუნდამენტურ უფლებას ზღუდავს.
სწორედ ამიტომ 2002 წლის 11 აპრილს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონის ანტიკონსტიტუციური მუხლების გაუქმება მოითხოვეს.
2002 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩლეთა მოთხოვნები. სასამართლოს მიერ კანონის ორი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას დადებითად აფასებს ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი შოთა გრიგალაშვილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის მე-8 მუხლის მე-5 ქვეპუნქტი და დაადგინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, მიიღოს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ წინასწარი გაფრთხილება და მე-14 მუხლის პირველი ქვეპუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სათანადო ინფორმაციის არებობის შემთხვევაში, შეკრებისა და მანიფესტაციის წინასწარი აკრძალვის უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ჩამოართვა და სასამართლოს გადასცა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია”, რომლის წარმომადგენლის გიორგი ჩხეიძის აზრით:
ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლო არ ცნობს აბსოლუტური უფლების არსებობას და პირდაპირ აცხადებს, რომ ,,ადამიანისათვის მინიჭებული და აღიარებული უფლება ვერ იქნება განუსაზღვრელი და არ შეიძლება იყოს აბსოლუტური,” რითაც საეჭვოს ხდის კონსტიტუციით დეკლარირებულ უფლებებს. ამასთანავე, შეკრებისათვის დაწესებული წინასწარი გაფრთხილების 5 დღიანი ვადა ზღუდავს საზოგადოების უფლებას, დაუყოვნებელივ მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ მოვლენაზე შეკრებისა თუ მანიფესტაციის ფორმით. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული ვადა არათუ ზედმეტი, არამედ არასაკმარისიც კი შეიძლება იყოს ,,შეკრებისა და მანიფესტაციის სრულფასოვანი განხორციელების უზრუნველსაყოფად” და მაგალითად მოჰყავს რუსეთი, სადაც ანალოგიურ შემთხვევებში, 10 დღიანი ვადაა განსაზღვრული.
ჩვენ არ ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილებაში აღნიშნული პუნქტები, მაგალითად, შეკრებისა და მანიფესტაციის ,,აკრძალვის” შესაძლებლობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ასეთ აკრძალვებს და ტერმინებს „აკრძალულია,“ „არ შეიძლება,“ „არ შეიძლება დაიშვას“ და ა.შ. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მიმართ არ ცნობს. სხვათა შორის, ამ კანონში ასეთი ტერმინები საკმაოდ მრავლადაა. მაგალითად, მე-9 მუხლი იწყება შემდეგი სიტყვებით: აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება საქართველოს პარლამენტის შენობასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ა.შ. შეგვიძლია იმთავითვე მოვახდინოთ ამ ჩამონათვალის იგნორირება, რადგან მე-9 მუხლის პირველივე სიტყვა - „აკრძალულია“ - არაკონსტიტუციურია.
მართალია, საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს შეკრების თავისუფლება, მაგრამ კანონი მხოლოდ მოქალაქეთა ჯგუფს ანიჭებს ამ უფლებას. ბუნებრივია, იბადება კითხვა:
- რატომ ეზღუდებათ მოქალაქეობის არმქონე პირებს შეკრების უფლება?
საკმაოდ გაუგებარია მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები არ შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელი შეკრებასა და მანიფესტაციაზე. შეკრებასა და მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირი, ჩვენი აზრით, თანაბარი უფლებით სარგებლობს. ამიტომ, კანონის ეს ნორმაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მართალია, კონსტიტუცია უშვებს კანონით უცხოელთათვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის დაწესებას, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ შეკრება და მანიფესტაცია სრულებითაც არ ატარებდეს პოლიტიკურ ხასიათს. მაგალითად, რომელიმე დაწესებულების თანამშრომლებმა შესაძლოა, სახელფასო დავალიანება გააპროტესტონ.
კანონში კიდევ ორი ანტიკონსტიტუციური შეზღუდვაა. სახელდობრ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლება აქვს განსაზღვროს შეკრებების ჩატარების ისეთი ადგილი, სადაც საჭიროა წინასწარი ნებართვის აღება. მაგალითად, ასეთ ადგილებად თბილისის საკრებულომ რიყე, ვაკის პარკი და სხვა. ადგილები განსაზღვრა. კანონის მეორე პუნქტში, მართალია, ნათქვამია, რომ ეს სრულებითაც არ ნიშნავს შეკრების ადგილის შეზღუდვას, მაგრამ კონსტიტუციაში ცხადად არის აღნიშნული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მსგავსი უფლება არა აქვს. ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა იცნობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც რამოდენიმე ქვეყანაში, მაგალითად ხორვატიაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მსგავსი ადგილის განსაზღვრა.
ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების გამოტანიდან მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ძალოვან ორგანოებს ავალებს, შეიმუშაონ ცვლილებების პროექტი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით. სავსებით შესაძლებელია, იუსტიციის სამინისტრომ იხელმძღვანელოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით, რაც, ჩვენი აზრით, სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები კიდევ უფრო შემზღუდავი ხასიათის იქნება.
გიგა ბოკერია, ,,თავისუფლების ინსტიტუტი”:
საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა სამწუხარო რეალობა - საქართველოში არ არსებობს უზენაესი სასამართლო ორგანო, რომელიც კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ის ორგანო უნდა იყოს, რომელიც ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვის უკანასკნელი ინსტანციაა. ამ გადაწყვეტილებით კი მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოს კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ხელისუფლების ხელში. ,,დამფუძნებელ მამებს” (მემგონი, კონსტიტუციის შემქმნელებს) ამაზე უფრო ნათლად არცერთი უფლება არ განუმარტავთ. კონსტიტუცია აშკარად აცხადებს, რომ მანიფესტაციებთან დაკავშირებით წინასწარი შეზღუდვები დაუშვებელია და რომ მიტინგი ან მანიფესტაცია მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ღრმა იურიდიული ცოდნა არ არის საჭირო იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ რამდენად სამარცხვინოა ეს გადაწყვეტილება.
დისკუსიის საგანი შეიძლება გამხდარიყო ე.წ. ,,შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირების” კონსტიტუციურად ცნობა. მაგალითად, კანონს რომ დაედგინა, რომ ღამის 4 საათზე ბავშვთა სახლების წინ აპრიორი არავის აქვს დემონსტრაციების ჩატარების უფლება, მიუხედავად დემონსტრაციის შინაარსისა. ჩვენ შემთხვევაში კი, კანონი პრაქტიკულად პირდაპირ უშვებს, რომ დემონსტრაციის შეზღუდვის ერთ-ერთი მიზეზი მისი პოლიტიკური შინაარსი შეიძლება გახდეს.
მოამზადა გვანცა ლიპარტელიანმა